![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №18 ბიულეტენი |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
| საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
| თარიღი: 2005 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: პრესის მიმოხილვა ივლისი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
„24 საათი“, 5.07.05.
„24 საათის“ ინფორმაცია
მწერლის ანათემა
„სულიერების, მეცნიერების და კულტურის აღორძინების და განვითარების“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი მდივნის, გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო რომანისთვის „ჩვენი უცოდველობა, მამავ“ (გამომცემლობა „ოქტავა“, 2004 წ.) ახალგაზრდა ქართველი მწერალის, ზურაბ მესხის ანათემას აპირებს. რომანი შეულამაზებლად და გულახდილად მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ ბედზე და ჩვენი ცხოვრების მანკიერ მხარეებს ამხელს. რომანის გმირებს შორის მღვდლებიც არიან; მთავრი გმირი მღვდლის შვილია, მაგრამ საპატრიარქოს რისხვა ერთმა იმ უმნიშვნელო პერსონაჟმა დაიმსახურა, რომელიც რომანში სულ რამდენიმე წინადადებით მოიხსენიება: „ყოფილა ვინმე როენა თუაშვილი... ეკლესიის მთავრობაში ვიღაც გავლენიანი... ეს როენა თუაშვილი ყოფილა მღვდლების კაგებე, თუ რაღაც ეგეთი... ამ თუაშვილს მღვდლები და ეპისკოპოსები ფეხქვეშ ეგებიან თურმე, მიაქვთ საჩუქრები და რაღაცეები, რადგან მაგაზეა დამოკიდებული მათი კარიერა...“ ამ ლიტერატურულ გმირში პატრიარქის რეფერენტს და, ბევრის აზრით, ეკლესიის ყოვლისშემძლე მმართველს, შორენა თეთრუაშვილს თავი ამოუცვნია. „შორენა ძალიან გაბრაზებულა“ - უთქვამს, გაზეთის ცნობით, გიორგი ზვიადაძეს.
„ვერსია“, 8-10.07.05.
სოფო იმნაძე ქუთაისიდან
იეღოველები „დასავლეთ საქართველოს ცენტრს“ აშენებენ
ეს ცენტრი, სტატიის ავტორის ინფორმაციით, ქუთაისში იეღოველების მიერ შეძენილი ძველი სახლის ადგილზე უნდა მოეწყოს. „სექტანტებმა ე.წ. საოფისე ადგილი მიზანმიმართულად შეარჩიეს. ტაბიძის ქუჩა ქუთაისის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია, აქვეა მე-2 საშუალო სკოლა, ბაღი და სამშობიარო სახლი“, - აღნიშნულია სტატიაში. გასულ კვირას ქუჩის მაცხოვრებლებმა მომავალ „ცენტრს“ ფანჯრები ჩაულეწეს და მის შესასვლელთან რკინის ჯვარი აღმართეს. გარდა ამისა უკვე შეგროვებულია 2000-მდე ხელმოწერა, რათა „სექტანტებს“ მშენებლობის უფლება არ მიეცეთ.
„ახალი თაობა“, 16.07.05.
შორენა კოკორაშვილი
იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ხელშეკრულება დაიდო
გაზეთის ინფორმაციით, 15 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოსთან არსებული რელიგიური საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა კონფესიებისადმი სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს, ისაუბრეს არმიაში და პენიტენციალურ დაწესებულებებში კაპელანის ინსტიტუტის შემოღების შესახებაც. საბჭომ განიხილა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა მონასტრებში შეეძლებათ. აქვე გაზეთში იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას სიტყვებია მოყვანილი, რომელიც მოწმობს, რომ საპატრიარქოს და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმებულა ხელშეკრულება, რომელიც, მინისტრის სიტყვებით, „ითვალისწინებს ალტერნატიული სასჯელის მოხდას ტაძრების მშენებლობაზე“.
„ახალი შვიდი დღე“, 15-21.07.05.
მარინე ჯანიაშვილი
სახალხო დამცველი და რელიგიური ექსტრემიზმის მსხვერპლნი
სახალხო დამცველის აპარატთან დაფუძნებულმა რელიგიათა საბჭომ, რომელიც ოცამდე რელიგიურ მიმდინარეობას აერთიანებს, 13 ივლისს ომბუდსმენის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე რელიგიურ ნიადაგზე ბოლო სამი თვის განმავლობაში მომხდარი თავდასხმების და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის თაობაზე ომბუდსმენის ოფისში „ცხელი ხაზით“ შემოსული 12 განცხადება განიხილეს.
პუბლიკაციაში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
20 აპრილს უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იეღოვას მოწმეებს - ლ. ცხოვრებაძეს და გ. პავლიაშვილს, რადგან ამ უკანასკნელებმა მისი დამოძღვრა სცადეს. დაზარალებულბის მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ მათ თავისი მხრიდანაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მხარდაჭერით შეგულიანებულმა მამაკაცმა იეღოვას მოწმეებს ხელმეორედ სცემა. სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობისა და თავისუფლების სამმართველოს უფროსმა ბექა მინდიაშვილმა ინციდენტის გასარკვევად წერილით მიმართა თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსს გიორგი გრიგალაშვილს, რომლის პასუხში ნათქვამია, რომ პოლიციის გამოძახება არ დასტურდება.
5 ივლისს ომბუდსმენის ოფისს მიმართა საერთშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო-ჰუმანიტარული კავშირის ხელმძღვანელმა, პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთი განშტოების „ღმერთის საელჩოს“ პასტორმა გიორგი ბარბაქაძემ. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ივნისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი შარაშენიძემ და მის მიერ გამოძახებულმა გლდანის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მას და მის თანამოძმეებს მუქარის გამოყენებით შეაწყვეტინეს ჰუმანიტარული აქცია - მოძრავი კინოპროექტორის საშუალებით ფილმ „იესოს“ ჩვენება მუხიანის დასახლებაში. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა.
3 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონის მკვიდრმა, იეღოვას მოწმემ ს. ხაჩატურიანმა. ის აცხადებდა, რომ გამწვევი კომისიის მიერ მოტყუებით იყო გაწვეული სავალდებულო სახედრო სამსახურში, მაშინ როდესაც მრწამსიდან გამომდინარე ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში წასვლას ითხოვდა. სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ხაჩატურიანი გადაყვანილი იქნა ალტერნატიულ სამსახურში.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლენის ზრდის ტენდენციას და აღნიშნა, რომ მისი ოფისის რეკომენდაციების მიუხედავად, პოლიციამ და პროკურატურამ განცხადებების დიდი უმრავლესობა რეაგირების გარეშე დატოვა.
„ქრონიკა“, 18-24.07.05.
ლევან ცალუღელაშვილი
რატომ ურტყამენ და აგინებენ საქართველოში „იეღოველებს“ ყველაზე ხშირად
„რელიგიურ შეუწყნარებლობას და ექსტრემიზმს საქართველოში, როგორც ჩანს, ვერც ბასილი მკალავიშვილის დაპატიმრებამ უშველა და ვერც რელიგიური საბჭოების ხელმოწერებით გაჭრელებულმა მემორანდუმებმა. იეღოვას მოწმეებს ისევ გამეტებით ურტყამენ.“ - წერს შესავალში ჟურნალისტი და იმ პრესკონფერენციის შესახებ მსჯელობს, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში 13 ივლისს გაიმართა. მართალია, წერს პუბლიკაციის ავტორი, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ევანგელური ეკლესიის „სიცოცხლის სიტყვის“ მქადაგებლებს ია ჯინჭველაშვილს და გაიოზ შვანგირაძეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ორსაანტის გამგებელი დაემუქრა და ქადაგება აუკრძალა, მაგრამ ომბუდსმენის აპარატს „მხოლოდ იეღოველების ცემა-ტყეპის ფაქტები აქვს“. „იეღოველებისთვის ღონივრად მოქნეული მამაპაპური მუშტის“ ასახსნელად კი გაზეთი შეთქმულების საკმაოდ ჩახლართულ თეორიას გვთავაზობს: „წამებულების იმიჯი იეღოველებისთვის მომგებიანი იმიტომ არის, რომ ისინი ამ დროს თავს გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს ადარებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მათ დასაცავათ გრანტებს იჯიბავენ, სახალხო დამცველს მუშაობაში ეთვლება... ბასილი მკალავიშვილი ციხეშია, ვიღას „შესჩივლონ“ უსაქმურად დარჩენილმა „ინსტიტუტებმა“? გამოსავალი ერთადერთია: აცემინოს „იეღოვას მოწმემ“ თავი ვიღაცას, ვისაც ამ რელიგიურად აღტკინებულის მოსმენის ნერვები არა აქვს...“ „ქრონიკა“ აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით, ეს სქემა წარმატებით მუშაობს.
„ხვალინდელი დღე“, 21.07.05.
ნათია ინაური (ინტერპრესნიუსი)
ყველა რელიგიური მიმდინარეობა ერთმანეთს გაუთანაბრდება?
ჟურნალისტი ესაუბრება საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. საუბრის თემაა კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც ომბუდსმენის ოფისში მუშავდება და რომელსაც, როგორც გაზეთი ვარაუდობს, საზოგადოებაში უამრავი მოწინააღმდეგე ეყოლება, ვინაიდან ამ კანონპროექტის მიხედვით ყველა რელიგიური მიმდინარეობა, „იქნება ეს კანონიკური თუ ე.წ. სექტანტური“, მართლმადიდებელ ეკლესისას უთანაბრდება
სუბარის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივა იმან განაპირობა, რომ საქართველოში მოქმედი რამოდენიმე ეკლესიისთვის, მათ შორის სომხური სამოციქულო და რომის კათოლიკური ეკლესიებისათვის, მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობას შეეძლება რეგისტრაციაში გატარდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით. რელიგიური ორგანიზაციისათვის საჯარო პირის იურიდიული სტატუსის მისანიჭებლად კი ან სპეციალური კანონი უნდა მიიღონ, ან ხელშეკრულება გააფორმონ სახელმწიფოსთან. ომბუდსმენი არცერთ გზას არ გამორიცხავს. მისი სიტყვებით, თუ რელიგიური ორგანიზაციები ხელშეკრულების გზას აირჩევენ, მათთან ისეთი ხელშეკრულება, როგორიც მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატია, არ დაიდება. ის სხვა რანგის ხელშეკრულება იქნება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო აღიარებს ამა თუ იმ ეკლესიის სტატუსს და მის უფლებრივ მდგომარეობას. რაც შეეხება „სექტანტების“ მართლმადიდებლებთან გათანაბრებას, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „კანონი სექტანტს და არა სექტანტს ვერ გამოჰყოფს, ანუ იგი ყველა რელიგიურ ჯგუფზე ერთნაირად ვრცელდება, და საქართველოში ყველას უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული“.
„რეზონანსი“, 22.07.05.
ხათუნა ომანიძე
თუ „იეღოველები“ დარჩებიან, აქ შეიძლება მკვლელობა მოხდეს
ქუთაისში უკიდურესად გამწვავდა კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „სექტანტების“ ფარულ ზრახვებს. ისინი დარწმუნებულნი არინ, რომ იეღოვას მოწმეებმა მათ ქუჩაზე ძველი სახლი ფარული მიზნით შეიძინეს და მისი რეკონსტრუქციის შემდეგ იქ მთელი დასავლეთ საქართველოს იეღოველთა ცენტრი ამოქმედდება. სახლის მეპატრონეები ამას უარყოფენ. საქმე, როგორც წერს ჟურნალისტი, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მივიდა - არა ერთი მუქარის შემდეგ ქუჩის მაცხოვრებლებმა იეღოველებს ქვები დაუშინეს და ერთ-ერთ მათგანს თავში მოახვედრეს. მომხდარზე საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა, მაგრამ რაიონის პროკურორის მოადგილის გოგიტა გოგლიჩიძის განცხადებით, დამნაშავის დადგენა ვერ ხერხდება. იეღოვას მოწმეთა ადვოკატის მანუჩარ ციმინტიას სიტყვებით კი, დაზარალებულებმა მოძალადის ვინაობა მშვენივრად იციან და მისი გვარი პროკურატურასაც დაუსახელეს.
ქალაქის არქიტექტურულმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება იეღოვას მოწმეების მიერ შეძენილ სახლში უნებართვო სარემონტო სამუშაოების შეჩერების თაობაზე. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სახლის მფლობელები მხოლოდ სახურავის ფილებს ცვლიდნენ, რასაც, კანონის მიხედვით, არავითარი ნებართვა არ სჭირდება. თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდა და გენერალური პროკურორის ჩარევით დაიმუქრა. ჯერჯერობით კი, წერს ჟურნალისტი, „ზედ იეღოველების სახლთან მეუფე კალისტრატეს კურთხევით დიდი რკინის ჯვარი დაიდგა“.
„ალია“, 23-25.07.05.
კავკას-პრესი
ბასილი მკალავიშვილის სააპელაციო სასამართლო განახლდა
საოლქო სასამრთლოში ბასილი მკალავიშვილისა და პეტრე ივანიძის სააპელაციო პროცესი განახლდა. მათი ადვოკატები აპროტესტებენ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ბაპტისტურ-ევანგელისტური ლიტერატურის განადგურებისათვის“ ბასილ მკალავიშვილს 7, ხოლო პეტრე ივანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაკითხეს. სასამართლოს მორიგი სხდომა 29 ივლისს გაიმართება.
„ქრონიკა“, 25-31, 07.05.
რუბრიკა „რელიგია“
საქართველოში ქრისტიანულ ეკლესიათა ეკუმენური საბჭო მოქმედებს
რელიგიურმა საბჭომ, რომელიც საპატრიარქოში შეიქმნა, მუშობა დაიწყო, და მის პირველ შეხვედრაზე სომხურმა და კათოლიკურმა ეკლესიამ თავიანთ სტატუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ქრისტიანულ ეკლესიათა ეკუმენური საბჭო მოქმედებს, რომელიც საქართველოს ყველა კონფესიას აერთიანებს.“
„ქრონიკა“, 25-31, 07.05.
ლევან ცალუღელაშვილი
„მეუფე ნიკოლოზმა მეუფე ვაზგენს, სომხების ეპისკოპოსს, სატელეფონო საუბარში უთხრა, ჩვენ შორის სისხლია დაღვრილი და დიალოგზე ვერ წამოვალო“...
გაზეთი აღწერს ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარაში 17 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ადგილობრივი სომხები ფიზიკურად გაუსწოდნენ თბილისიდან საპატრიარქოს ინიციატივით ჩასულ ქართველ სტუდენტებს და მათ თანმხლებ ოთხ მონაზონს. რამოდენიმე ადამიანს, მათ შორის ორ მონაზონს, სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა. თვითმხილველები, წერს გაზეთი, აცხადებენ, რომ ნაცემთა შორის არიან სომეხი ახალგაზრდებიც, რომლებიც სტუმრების დაცვას შეეცადნენ.
პუბლიკაციაში მოყვანილია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ბექა მინდიაშვილის მონათხრობი, საიდანაც ვიგებთ, რომ პირველ დღეს სოფლის მოსახლეობას კარგი შეხვედრა მოუწყვია ჩასულებისათვის, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც სტუმრებს სოფლის პატარა ძველ ეკლესიაში, რომლის კუთვნილებაც დღემდე სომხური და ქართული ეკლესიების დავის საგანია, რელიგიური რიტუალის ჩატარება უცდიათ, მოსახლეობა შეწინააღმდეგებია. საპასუხოდ თბილისელმა სტუდენტებმა ეკლესიის თავზე ქართული დროშა აღმართეს, რასაც უკვე ცემა-ტყეპა მოჰყვა.
მინდიაშვილის თანახმად, ახალქალაქის გამგებელმა არაფერი იცოდა საპატრიარქოს მიერ მოწყობილი რელიგიური დატვირთვის მქონე ექსპედიციის შესახებ. მართალია, ასეთი ლაშქრობების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მხარის ეპარქიის მეთაურმა მეუფე ნიკოლოზმა გამგეობას ექსპედიციის თაობაზე არაფერი შეატყობინა, ასევე არაფერი შეატყობინა სომეხ სასულიერო პირებს, რომლებთანაც საერთოდ არავითარი კონტაქტი არ აქვს; მეტიც, როდესაც მას სომხური ეკლესიის ეპარქიის მეთაური ვაზგენი დაუკავშირდა ტელეფონით, სავარაუდოდ იმისთვის, რომ კონფლიქტი ერთად დაერეგულირებინათ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: ჩვენ შორის სისხლია(?) და ამის გამო დიალოგზე ვერ წამოვალო. ეს ამბავი მეუფე ნიკოლოზმა თვითონ მოუთხრო სახალხო დამცველს და ბექა მინდიაშვილს.
„ქრონიკამ“ სცადა მასთან ინტერვიუ, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით სომხური ეპარქიის მეთაურმა, ვაზგენ მირზახანიანმა ქართველ ხალხს და სამღვდელოებას საჯაროდ მოუხადა ბოდიში მომხდარის გამო.
„ხვალინდელი დღე“, 26.07.05.
ინტერპრესნიუსი
გიორგი ანდრიაძე მკვლელობების სერიაზე საუბრობს
საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკლესიაზე შეტევის მორიგ რაუნდს შეიძლება წინ „უბედურ შემთხვევათა“ სერია უსწრებდეს, რომლთა მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი გახდება, მათ შორის თვით ანდრიაძეც. ამის საფუძველს ანდრიაძეს ის ჭორები აძლევს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება წიგნს - „ჩვენი უცოდველობა, მამავ“, რომლის ირგვლივ, ანდრიაძის თქმით, ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი - ეს წიგნი ამზადებს საზოგადოებას, რათა იგი გაგებით შეხვდეს „საეკლესიო თემასთან დაკავშირებული პირების პიკანტურ ადგილებსა და გარემოებებში უბედური შემთხვევით გარდაცვალებას. ამით კი დამკვეთნი ორ კურდღელს დაიჭერენ - ადამიანსაც მოიშორებენ და სახელსაც შეულახავენ“.
„საქართველოს რესპუბლიკა“, 28.07.05.
ლია ჭიღლაძე
მიაყრიან ახლა ბავშვებს სექტანტურ ლიტერატურას
ჟურნალისტს მოჰყავს თავისუფლების ინსტიტუტის წევრის გორგი მელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სკოლების ბიბლიოთეკებში შეიძლება ნებისმიერი სახის ლიტერატურა შევიდეს, მათ შორის რელიგიურიც, ოღონდ ყველანაირი რელიგიის შესახებ ლიტერატურა თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს. რელიგიური სიმბოლიკა არ უნდა გამოფინონ. მასწავლებელს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, ჯვრის ან სხვა რელიგიური სიმბოლოს გამოსაჩენ ადგილას ტარება უნდა აეკრძალოს და ა.შ. და ამ განცხადებაზე კომენტარს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თამჯდომარეს, მამა გიორგი გამრეკელს სთხოვს.
მამა გიორგის მიაჩნია, რომ სასკოლო ბიბლიოთეკაში ლიტერატურა მკაცრად უნდა შეირჩეს სასკოლო პროგრამების შესაბამისად. სკოლებში „სწავლა-განათლების და არა თვითნებობის გარემო უნდა შეიქმნას“. იგი თვლის, რომ მთავარი დამკვეთი სკოლაში მშობელია და ზემოხსენებული მიდგომა მშობლის უფლებების დარღვევადაც მიაჩნია. რაც შეეხება რელიგიური სიმბოლოების ტარებას, პროტოპრესვიტერის სიტყვებით, ეს „აღმასრებლობის გულწრფელი აღიარებაა... თუკი ყველას აუკრძალავენ ნიშნის ტარებას, მაშინ ჩვენ ვაიძულებთ, რომ ათეისტური გამოსახულება ატარონ, ანუ ურწმუნოება. ეს რა, არ არის ათეიზმის პროპაგანდა?“
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა ზოგადი განათლების კანონის ის პუნქტი, რომელიც კრძალავს ცენზურას სკოლის ბიბლიოთეკაში, მამა გიორგი პასუხობს: „ნუ გვაშინებენ სიტყვა ცენზურით, თუ ცენზურის უკან დგას პედაგოგის გულისხმიერი პოზიცია... ის ცენზორი კი არ იქნება, არამედ წინამძღოლი წიგნის სამყაროში.“ მამა გიორგის უკვირს, რატომ უნდა მოქმედებდეს განათლების სამინისტრო თავისუფლების ინსტიტუტის დიქტატის ქვეშ და არ ისმენდეს ეკლესიის შეგონებას. იგი იმედს არ კარგავს, რომ საპარტრიარქოსა და სამინისტროს შორის ურთიერთგაგება მიიღწევა.
![]() |
2 სასულიერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
მიმდინარე თვის რელიგიურ პრესაში წინა თვეებისაგან განსხვავებული ტენდენციები არ შეინიშნება.
![]() |
2.1 საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სამყარო |
▲ზევით დაბრუნება |
იერუსალიმის საპატრიარქოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო 24 მაისს, კონსტანტინოპოლში, წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში პანორთოდოქსული სინოდი გაიმართა. შეკრებას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაც ესწრებოდა. ჟურნალი „ხვამლი“ დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პრორექტორ, დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან ინტერვიუს ბეჭდავს.
კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციამ კორუფციაში ბრალდებულ იერუსალიმის პატრიარქ ირინეოსს, მამა გიორგი პასუხობს: „პატრიარქ ირინეოსის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა კანონიკურობას, საეკლესიო სამართალს, საეკლესიო ღირსებას. აგრეთვე იმას, რომ ეს საკითხი შესწავლილიყო უფრო გამოწვლილვით“. („ხვამლი“ №2. 2005 წ. გვ. 8-9)
![]() |
2.2 შიდასაეკლესიო ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „ხვამლი“ ა.წ.-ის 27 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შემდგარი წმინდა სინოდის სხდომის მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს. სინოდის განჩინება ასე გამოიყურება:
წმინდა სინოდმა დაადასტურა კონსტანტინოპოლის შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციეს მიერ განცხადებული პოზიციის მართებულობა.
განაჩინეს: ნარკომანიასთან ბრძოლა პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სკოლის მოწაფეებზე ზრუნვას და მათ დაცვას ამ სენისაგან.
წმიდა სინოდმა კაცის კვლის ტოლფას ცოდვად და ღვთისა და ერის ღალატად შეაფასა ნარკოტიკების გამავრცელებელთა საქმიანობა.
სამი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია), მთავარეპისკოპოს გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) და ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) მიერ კათოლიკოს პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილის გამო შეიქმნა კომისია, მთავარეპისკოპოს თეოდორე (ჭუაძე), მთავარეპისკოპოს საბას (გოგიბერია) და ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) შემადგენლობით („ხვამლი“ №2, 2005 გვ.7).
![]() |
2.3 მართლმადიდებელი ეკლესია და „სექტები“ |
▲ზევით დაბრუნება |
მიმდინარე თვის რელიგიური პრესა კვლავ ეხება სექტებისა და სექტანტებისადმი მართლმადიდებელთა დამოკიდებულების საკითხს.
ამ თემას ეძღვნება „საპარტიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომლის ავტორი, სასულიერო აკადემიისა და სემინარიეს სექტოლოგიის პედაგოგი კობა ჩიჩილაძე, საუბარობს იმის შესახებ, რომ სასულიერო სწავლა-მოძღვრებას მოკლებული თანამედროვე ქართველები უმართებულო დამოკიდებულებას ავლენენ სექტანტებისადმი - ან ექცევიან მათი გავლენის ქვეშ, ან ცდილობენ მათ პიროვნულ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ავტორი თვლის, რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ საქართველოში რელიგიის კანონის არარსებობაა. ხელისუფლება ვერ აქცევს კანონის ნორმებში სექტანტთა ფსიქოლოგიურ „ძალადობა-აგრესიას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. მოსახლეობა კი ამას, სამწუხაროდ, ფიზიკური ძალადობით პასუხობს, რაც, ავტორის აზრით, დაუშვებელია. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს მწვალებელთა ფიზიკური დასჯის ფაქტი. წმინდა მამები მიანიშნებენ, რომ ცრუ, ეშმაკისეული რელიგია ჭეშმარიტი რელიგიისაგან იმითაც განირჩევა, რომ ის ძალდატანებას მიმართავს; სარწმუნოებისათვის ფიზიკური დევნა სატანის მოგონილია... სექტანტობის წინააღმდეგ მართლმორწმუნეთა ბრძოლა ჭეშმარიტი მოძღვრების ქადაგების საშუალებით ხდება. მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესად დაუდ ლოცვებში მწვალებელთათვისაც ელოცათ.
ავტორი ასკვნის, რომ სექტების „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური“ მოწოდებების წინააღმდეგ დამსჯელი ზომების მიღება სამართალდამცავთა პრეროგატივაა, მორწმუნეებს შეუძლიათ მხოლოდ მოუწოდონ ხელისუფლებას აღასრულონ დაკისრებული მოვალეობა („საპატრიარქოს უწყებანი“ №29. 28.07.05. გვ. 15-16.)
„საპატრიარქოს უწყებანის“ რუბრიკაში „კითხვა-პასუხი“ დასმულია ასეთი კითხვა:
რამდენად მართებულია სექტანტების შეხედულ შესახებ, რომ ადამიანმა არ უნდა იმსახუროს ჯარში?
პასუხში აღნიშნულია, რომ ამგვარი შეხედულება უმართებულოა - ჩვენი წინაპრებისთვის ეკლესიას არასოდეს აუკრძალავს „სამშობლოს დაცვა. უფრო მეტიც, თვითონ ეკლესიასაც კი ჰყავს იმგვარი წმინდანები, რომლებიც მხოლოდ მხედრები იყვნენ. მაგ. წმ. დიმიტრი თესალონიკელი, ქართველებისაგან განსაკუთრებით შეყვარებული წმ. გიორგი და სხვა“. სამხედრო ვალის აღსრულება კურთხეულია ეკლესიის მიერ და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №26.7-13.07.05, გვ. 21.).
![]() |
2.4 საპატრიარქოს თანამშრომლობა სხვა კონფესიებთან |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „ხვამლი“ ბეჭდავს ინფორმაციას საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი რელიგიათა საკოორდინაციო ცენტრის შესახებ. ცენტრის ძირითადი პრიორიტეტებია:
სახოგადოებაში სახელმწიფოებრივი აზრის ხელშეწყობა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ზრუნვა
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება
სოციალური მსახურება
ზრუნვა მშვიდობიანი და სტაბილური კავკასიისათვის („ხვამლი“ №2, 2005 წ. გვ.17).
![]() |
2.5 დამოკიდებულება ეკუმენური მოძრაობის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
არაქრისტიანული რელიგიების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის პრესაში პრაქტიკულად არ გვხვდება არც კათოლიციზმის კრიტიკას აქვს ადგილი. თუმცა უცვლელი რჩება დამოკიდებულება ეკუმენური მოძრაობის მიმართ.
ჟურნალი „მრევლი“ ბეჭდავს ბერძენი სასულიერო პირების მიმართვას საბერძნეთის ეკლესიის იერარქებისადმი. წერილის ხელმომწერთა შორის ჭარბობენ შავი სამღვდელოების წარმომადგენლები და ღვთისმეტყველები. შესავალში აღნიშნულია, რომ ეს რამდენიმე თვეა საბერძნეთის ოფიციალურ პრესაში ეკუმენური მოძრაობისა და ევროკონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის წინააღმდეგ სტატიები იბეჭდება. ჟურნალი გვამცნობს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მიმართვა ერთ-ერთი ამ წერილთაგანი ყოფილა.
მიმართვის ავტორები მწუხარებას და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საბერძნეთის ეკლესიამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) მისიონერობის და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა, რადგან შეუძლებელია „ღვთიური ჭეშმარიტების ერთადერთი მფლობელი, მართლმადიდებელი ეკლესია - შეუერთდეს ამგვარ საქმიანობას და არ უღალატოს საკუთარ რწმენას, არ აცდუნოს კეთილმორწმუნე მრევლი“.
ხელმომწერთა აზრით, ეკუმენიზმი ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრების იძულებით ვითარდება გათანაბრების გლობალიზაციისეული პრინციპით და მიზნად ქრისტიანთა ერთობას კი არ ისახავს, არამედ ზერელიგიის ჩამოყალიბებისათვის იღწვის. „იგი ხასიათდება არა მხოლოდ ზემწვალებლობით, არამედ ზემწვალებლობაზე გაცილებით უარესად“. რაც მთავარია, დაახლოების ამგვარი მეთოდების გამოყენებისას მწვალებლები არასოდეს იცვლიან თავიანთ შეხედულებას: „ეკუმენისტურ მოძრაობაში მართლმადიდებლების ერთსაუკუნოვანი და ემს-ში ორმოცდაათწლიანი მონაწილეობის შემდეგ მართლმადიდებლობასა და პროტესტანტებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა“, - წერია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ეკლესიის უმაღლეს იერარქებს გაემიჯნონ ემს-ს, ეკუმენურ მოძრაობას („მრევლი“ №47. 2005 წ., გვ. 18-21).
![]() |
2.6 ეკლესია და განათლების სისტემა: |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთი „აღმსარებელი“ ბეჭდავს ინტერვიუს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავჯდომარესთან, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელთან, რომელიც კვლავ საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტსა და განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხს ეხება...
მამა გიორგი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი შენიშვნები, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს. პროტოპრესვიტერის მტკიცებით, მათი ძირითადი მოთხოვნები იყო:
„გაეთვალისწინებინათ სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის საკონსტიტუციო შეთანხმება.
პედაგოგების უფლებების დაცვა.
დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს ინსტიტუტების ურთიერთმიმართება
ნიჭიერი ბავშვებისათვის სპეციალური პროგრამებისა და სკოლების შექმნა.“
ყოველივე ამის ნაცვლად სამინისტრო „თავისუფლების ინსტიტუტის“ მოთხოვნებს ითვალისწინებს, კერძოდ:
„რელიგიის სწავლების ნეიტრალურობა ანუ ათეისტურობა
ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცეს სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს შეასწავლოს რელიგია და ჩაატაროს რელიგიური რიტუალი.
სრული თავისუფლება ყოველგვარი გაკონტროლების გარეშე ნებისმიერი სჯულის წარმომადგენლებს“.
„ეს ცვლილებები რომ თავიდანვე ყოფილიყო ჩადებული კანონპროექტში, შესაბამისად ხალხის რეაქცია იქნებოდა. სანამ ხალხი გონს მოეგო, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გათვალისწინებული შენიშვნები შეიტანეს“.
მიუხედავად ამისა, მამა გიორგის აზრით, „ურთიერთანამშრომლობა განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის უნდა გაგრძელდეს“ („აღმსარებელი“ №6, 06-07.05. გვ. 3.).
![]() |
2.7 დამოკიდებულება მედიისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
„ხვამლი“ მედიისადმი საპატრიარქოს სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულ პრესაში ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების თაობაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, მრევლსა და საზოგადოებაში შფოთი შეაქვს და „გზას უხსნის საერო პრესის ფურცლებზე შიდა საეკლესიო საკითხებზე არაჯანსაღ პოლემიკას“.
საპატრიარქო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისაგან. („ხვამლი“ №2, 2005 წ., გვ. 15).
![]() |
2.8 ეკლესია და ჩაცმულობა |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთი „კანდელი“ თავის ფურცლებზე მნიშვნელოვან ადგილს უთმობს იმაზე მსჯელობას, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქრისტიანის, განსაკუთრებით კი მანდილოსნის შესამოსელი. ამ საკითხზე საუბრობს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი. მისი აზრით, ღმერთმა შესამოსელი ადამიანს სირცხვილისა და სიშიშვლის დასაფარავად მისცა. დღეს კი უამრავი გოგონა შემოდის ეკლესიაში შეუფერებლად ჩაცმული. მხოლოდ მოდას აყოლა დიდი ცოდვაა და ასეთი ადამიანები „ჯოჯოხეთის სწავლებით დადიან“.
კითხვაზე, თუ რატომ ეკრძალებათ მანდილოსნებს შარვლის ჩაცმა, მამა გიორგი პასუხობს:
დიდი სჯულის კანონში პირდაპირ წერია, ნუ შეიმოსება ქალი მამაკაცის ტანსაცმლით და ნუ ჩაიცვამს მამაკაცი ქალის ტანსაცმელს. მიუხედავად ამისა, ეკლესიაში ახლად შემოსულ ადამიანს უნდა დავაცადოთ, „ვიდრე მისი გული ღვთის სიყვარულით აივსება, შემდეგ თვითონ გაიხდის შარვალს და ქრისტიანულად შეიმოსება („კანდელი“, №25. 15-21.07.05., გვ. .2).
აღნიშნული თემა გრძელდება გაზეთ „კანდელის“ მომდევნო ნომერშიც.
მამა გიორგი ამჯერად საუბრობს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ქრისტიანის მიერ სამკაულის ტარება, როგორი ვარცხნილობა უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს და რატომ ითვლება უტიფრობად ფეხის ფეხზე გადადებით ჯდომა.
„ქალს მანდილი აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ლოცვის დროს, როგორც მორჩილების სიმბოლო. რაც შეეხება ვარცხნილობას, პავლე მოციქული ბრძანებს: „ქალისთვის დიდებაა გრძელი თმა, ხოლო მამაკაცისთვის - სამარცხვინო“. სამკაულთაგან განსაკუთრებული ყურადღება საყურის ტარების წესზეა გამახვილებული. «საყურე ადრე მონობის ნიშანი იყო, - აღნიშნავს მამა გიორგი, - და როდესაც ადამიანს ყურზე საყურე ეკეთა, ის წარმოადგენდა მონათმფლობელის საკუთრებას. ქართველებმა ეს წესი ბრმად გადმოვიღეთ და დღეს ზოგიერთი მამაკაციც ატარებს საყურეს. მისი რაოდენობა ადამიანის ორიენტაციაზეც მიუთითებს. ეს ყველაფერი სამარცხვინოა“...
რაც შეეხება ფეხის ფეხზე გადადებით ჯდომას, ეს არის „საზოგადოების, საკუთარი თავისა და სარწმუნოების უპატივცემულობა ესე ამბობს ეკლესია, წმინდა წერილი და ჩვენზეა დამოკიდებული, გავითვალისწინებთ თუ არა ამ რჩევას“, - დასძენს მამა გიორგი („კანდელი“. №27 24.07.05, გვ. 2).
ქრისტიანის ქცევისა და ჩაცმის შესახებ სტატიას ბეჭდავს ჟურნალი „კრიალოსანი“.
კითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს გამომწვევად ჩაცმა გარშემომყოფებზე, გვპასუხობენ, რომ გამომწვევად ჩაცმული ქალის დანახვა განსაზღვრულ ემოციურ განცდას აღძვრავს მამაკაცში, რაც თავის მხრივ იწვევს ორგანოთა სისტემების გაძლიერებულ მუშაობას, ჰორმონების უმიზნოდ გამოყოფას, რაც იწვევს გადაღლას, ცვეთას. ნებისმიერ დაწესებულებაში გამომწვევად ჩაცმული ქალი არასამუშაო ატმოსფეროს ქმნის, აბრკოლებს მუშაობას.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტვინის უჯრედებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ გამაღიზიანებლებთან ადაპტაცია ახასიათებს. მამაკაცებს თანდათან უვითარდებათ მავნე ჩვევა და ძლიერ ინტიმურ გამღიზიანებლებზე მგრძნობელობა მკვეთრად უქვეითდებათ, რაც დასაჭურისების ტოლფასია. „გამომწვევად ჩაცმა - ეს არის ქალის ძალადობა მამაკაცზე“. („კრიალოსანი“ №6, 06-07. 2005 წ. გვ. 36)
„საპატრიარქოს უწყებანი“-ს რუბრიკა „კითხვა-პასუხი“ თანამედროვე საყოფაცხოვრებო საკითხებისადმი ეკლესიის დამოკიდებულებას ეხება.
სკოლის პედაგოგი კითხულობს: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც მოსწავლეთა შორის სიგარეტის მოწევის შემთხვევები ხშირდება, გოგონები კი იმგვარი ტანსაცმლით დადიან, რომ სხეულის ინტიმური ნაწილები უჩანთ?
პასუხში აღნიშნულია, რომ პრობლემის ძირი ბავშვებისა და მათი მშობლების არაეკლესიურობაა („საპატრიარქოს უწყებანი“ №27. 7-13.07.05, გვ. 20).
![]() |
2.9 ეკლესია და პარაფილოსოფია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „ხვამლი“ ბეჭდავს სტატიას სათაურით „თეოსოფია და ანთროპოსოფია ქრისტიანობის შუქზე“. პუბლიკაციის მიხედვით, თეოსოფიის რელიგიური სინკრეტიზმის ამოცანაა რელიგიისადმი გულგრილობის გამომუშავება, „თავისუფლება“, რომლის შედეგიც ღმრთისგან განდგომა და ანტიქრისტიანობაა. ინიღბება რა ქრიასტიანობის სახელით, თეოსოფია და ანთროპოსოფია მხოლოდ მოჩვენებითი ქრისტიანობაა. ყველა ქრისტიანული ცნება, რომელსაც თეოსოფია და ანთროპოსოფია ეხება, გაუკუღმართებულია. ამიტომ ასკვნის ავტორი, ეს მოძღვრებები ქრისტიანული კი არა, სწორედ რომ ანტიქრიასტიანულია („ხვამლი“ №2, 2005 წ., გვ. 19-20.).