![]() |
ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი) № 2, მარტი-მაისი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ბიულეტენი, ბიულეტენი მოამზადა: შოტა უტიაშვილმა. დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio |
![]() |
1 ,,გვინდა, რომ ევროკავშირის დახმარების ყველა საშუალება ჰარმონიულად მუშაობდეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
წარმომადგენლობა დღეს
ინტერვიუ საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელთან, ქ-ნ ადრიანა ლონგონისთან
ფოტო: ევროკომისიის წარმომადგენლობა
კითხვა: რა არხების მეშვეობით ახორციელებს ევროკავშირი დახმარების პროგრამების საქართველოში?
პასუხი: ევროკავშირმა საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენა 1992 წლიდან დაიწყო. დახმარების გამოყოფა რამდენიმე ძირითადი არხით ხდებოდა, ისეთებით, როგორიცაა ,,ტასისი“ (ტექნიკური დახმარება ახლადდამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის), ექო (ევროკომისიის ჰუმანიტარული ოფისი), სასურსათო უსაფრთხოება და სხვ. განვლილი 11 წლის მანძილზე დახმარების პრიორიტეტები, რასაკვირველია, შეიცვალა. მიმდინარე წელს ევროკავშირმა განაახლა დახმარების რამოდენიმე პროგრამა, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო შეჩერებული იყო. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს დახმარების სტრატეგიული გეგმის (Country Strategy Paper) გადახედვა.
,,ტასისის“ საქმიანობა ამჟამად ორი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდება: 1. ინსტიტუციური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს დახმარებას დემოკრატიის მშენებლობასა და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებაში; 2. გარდამავალი ეტაპის სოციალური შედეგების შემსუბუქება. კერძო სექტორის მხარდაჭერა, რაც გასულ წლებში ,,ტასის“-ის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, დღეს უკვე პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
ამჟამად, ,,ტასის“-ის ფარგლებში ჩვენ ორ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომლებიც სამართლებრივი რეფორმის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პირველი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების, ხოლო მეორე პროკურატურის რეფორმირებას შეეხება. ვაპირებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდამჭერი პროექტის დაწყებას (ბიუჯეტის მართვა), აგრეთვე დავეხმარებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მენეჯმენტის სფეროში.
რაც შეეხება მეორე კომპონენტს, სხვა დონორებთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს პირველადი ჯანდაცვის სფეროში. პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს შესაძლებელობების გამტკიცებას, მეორე მხრივ კი კლინიკების რეაბილიტაციას (დაწვრილებით ამ თემაზე იხ. ბიულეტენი #1).
როგორც აღვნიშნე, ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის სტრატეგიის ამსახველ დოკუმენტს საქართველოსათვის. ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული ორი პრიორიტეტი არ შეიცვლება.
კითხვა: ვინ იღებს გადაწყვეტილებას დახმარების განაწილების შესახებ?
პასუხი: დახმარების სტრატეგიის შემუშავება ბრიუსელში, ჩვენს პოლიტიკურ ოფისში ხდება (საგარეო ურთიერთობათა დირექტორატში). მის საფუძველზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დგება ორწლიანი ინდიკატური გეგმა. იგი გარდაიქმნება ორწლიან სამოქმედო პროგრამად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ანუ, დახმარების განაწილებასა და პროექტების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ქართულ და ევროპულ მხარეებს შორის მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს.
კითხვა: დაგვისახელეთ ბოლო წლების რამდენიმე ყველაზე წარმატებული პროექტი.
პასუხი: ამჟამად მიმდინარეობს მესამე ფაზა პროექტისა, რომლის ფარგლებშიც ხდება ქართულ-ევროპული პოლიტიკური და სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მხარდაჭერა. ცენტრი ეხმარება მთავრობას ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზებაში. მთავრობა ახლა მუშაობს ჰარმონიზების ეროვნულ პროგრამაზე, რომლის განხორციელებაში ჩვენც დავეხმარებით. ცენტრის მიზანი მხოლოდ საკანონმდებლო ჰარმონიზება არ არის. იგი ხელს შეუწყობს იმ უწყებების შესაძლებლობების გაზრდას, რომლებმაც პროგრამა უნდა განახორციელონ და ხელსაყრელი გარემო შექმნან მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის.
,,ტასის“-მა მხარი დაუჭირა მართლმსაჯულების სახელმწიფო კომისიას. დახმარების ერთ-ერთი შედეგი იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.
ზემოთნახსენები პროექტები პროკურატურასა და პენიტენციალურ სისტემაში სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ჩვენი ქმედებების თანმიმდევრულუბა, რათა მომავალში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
კითხვა: თუ დაეხმარება ევროკომისია საქართველოს მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში?
პასუხი: წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ტორბენ ჰოლცე, არის ელჩთა სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისაკენ. ჩვენ ასევე ვართ ტექნიკური სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელიც ელჩებს ეხმარება. ჩვენ ვგეგმავთ პროექტების განხორციელებას სამოქალაქო განათლების სფეროში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენთვის ესეც პრიორიტეტული საკითხია, ჩვენ არამხოლოდ მთავრობას მოვუწოდებთ, არამედ საზოგადოებასთანაც ვმუშაობთ.
ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის პრეზენტაცია. ფოტო: შოთა უტიაშვილი
კითხვა: თქვენ დახმარების ახალი სტრატეგია ახსენეთ. რითი განსხვავდება იგი ძველისაგან?
პასუხი: ვფიქრობ დიდი განსხვავება არ იქნება, თუმცა ახალი სტრატეგია მთავრობისაგან უფრო მკაფიოდ მოითხოვს, რომ მან ყველაფერი გააკეთოს რეფორმების გასატარებლად.
კითხვა: რამდენად მტკიცეა მთავრობის სურვილი, გაატაროს რეფორმები?
პასუხი: ვფიქრობ, რომ სირთულეების მიუხედავად, მთავრობა მაინც დგამს ნაბიჯებს წინ. ჩვენ მზადა ვართ მას დახმარება აღმოვუჩინოთ მცირე ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშიც კი. საქართველოში, ისევე როგორც გარდამავალ პერიოდში მყოფ სხვა ქვეყნებში, მოკლე დროში ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას არ უნდა ველოდეთ. ამიტომ, დიალოგის გაგრძელება ძალზე მნიშვნელოვანია. მე არ ვიტყოდი, რომ საქმე ადგილიდან არ იძვრის. ასე რომ იყოს, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნებოდა.
კითხვა: რას იტყვით დახმარების სხვა არხებზე?
პასუხი: ჩვენ გვაქვს ასევე სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც ბიუჯეტს ეხმარება სასოფლო-სამეურნეო, სოციალური და საგანმანათლებლო სფეროების დაფინანსებაში. ამჟამად, ვფიქრობთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ეს არხი უფრო ეფექტურად. ჩვენ შევეცდებით, დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეფორმების გატარებასა და პროგრამის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
ექო ეხმარება მთავრობას დასავლეთ საქართველოში გვალვის შედეგების დაძლევაში. ექოს კავკასიის ოფისი უკვე დახურული იყო, მაგრამ სიღარიბის ზრდასთან ერთად, მისი ხელახლა გახსნა მოგვიწია. ექოს დაბრუნება არ არის კარგი ნიშანი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ჰუმანიტარული დახმარება განვითარების ხელშეწყობას დავუკავშიროთ.
გვაქვს კიდევ ერთი ძალზე საინტერესო ინიციატივა. საქართველო არჩეული, როგორც საკვანძო ქვეყანა „ადამიანის უფლებათა ინიციატივისათვის.” ამ საკითხზე ჩვენ პროექტებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განვახორციელებთ. უკვე მზადდება შესაბამისი დოკუმენტები. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ეს პროექტები გვინდა „ტასის“-იდანაც შევავსოთ. გვინდა, რომ ევროკავშირის დახმარების ყველა საშუალება ჰარმონიულად მუშაობდეს.
როგორც ცნობილია, ამჟამად წარმომადგენლობა „დეკონცენტრაციის” პროცესშია. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს უშუალოდ ვადევნოთ თვალყური პროექტების განხორციელებას, და ადგილზე შევაფასოთ საჭიროებები. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგი. საბოლოო ჯამში, ეს გაზრდის ჩვენი პროექტების ეფექტიანობას.
![]() |
2 ევროპარლამენტი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანგადაწყვეტასა და დევნილთა დაბრუნებას უჭერს მხარს |
▲ზევით დაბრუნება |
წარმომადგენლობა დღეს
ევროპარლამენტის წევრი ქ-ნი ურსულა შლაიხერი. ფოტო: ზაზა გაჩეჩილაძე
24-28 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა ევროპის პარლამენტის წევრთა დელეგაცია კონსტიტუციურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ქ-ნ ურსულა შლაიხერის, ბ-ნ დემეტრიო ვოლჩიჩის, ქ-ნ მარი ან ისლერ ბეგინის და ბ-ნ ფრედი ბლეკის შემადგენლობით.
დელეგაციამ, რომელსაც ქ-ნი შლაიხერი მეთაურობდა, შეისწავლა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით არსებული ვითარება. ქ-ნმა შლაიხერმა ხაზი გაუსვა ვითარების განსაკუთრებულ სირთულეს და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დელეგაციას ყველა მხარესათან შეხვედრის საშუალება მიეცა. მან მწუხარებით აღნიშნა კონფლიქტის გადაჭრის საქმეში პროგრესის არარსებობა.
დელეგაციამ მხარი დაუჭირა აფხაზეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისაკენ მიმართულ მცდელობას. დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინიგანსაკუთრებული იმედით ელიან„საქართველოს საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრას, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს. ითქვა, რომ ამ მზარდი მნიშვნელობის მქონერეგიონში ევროკავშირმა კიდევ უფრო
აქტიური როლი უნდა შეასრულოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში „ტროიკას” დაგეგმილი ვიზიტი და გამოითქვა იმედი, რომ იგი ხელს შეუწყობს მხარეთა შემდგომ დაახლოებას. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპარლამენტის წინადადება, რეგიონში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილის დანიშნვის შესახებ. ეს რეგიონის მიმართ ყურადღებასაც გაზრდის, და ეუთო-სა და გაერო-სთან ერთობლივი მუშაობით, კონფლიქტების მოგვარებასაც წინ წასწევს. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ევროკავშირიც, დიდ ყურადღებას აქცევს ჰუმანიტარული დახმარების დევნილებამდე მიტანას და მათ სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
ქ-ნ შლაიხერმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით. ყველა უმცირესობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული და გარანტირებული შესაბამისი კანონმდებლობით. დელეგაციამ აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ ომისაგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ჯერაც ბევრი არაფერი გაკეთებულა. მათ ხაზი გაუსვეს იმ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომელიც ევროკავშირს გააჩნია ყოფილ მტრებს შორის უნდობლობისა და სიძულვილის დაძლევის საქმეში. დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტების მოგვარებას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევაში.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელებს, მათ შორის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. გაიმართა შეხვედრა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთანაც. აფხაზეთში დელეგაცია შეხვდა დე-ფაქტო „ხელისუფლების” წევრებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
![]() |
3 ქართველი სტუდენტები ევროკავშირის გაფართოებით დაინტერესდნენ |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო: რუბენ რუხკიანი
23 აპრილს ევროკომისიის წარმომადგენლობამ გამართა ტრადიციული სემინარი/მრგვალი მაგიდა სტუდენტებისათვის ევროკავშირის გაფართოების შესახებ. ეს უკვე მეოთხე ამგვარი ღონისძიებაა, რომელსაც ევროკომისიის წარმომადგენლობა მასპინძლობს და იგი სულ უფრო მეტ სტუდენტს იზიდავს. სწორედ ამ გაზრდილი დაინტერესების გამო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართა.
სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილიც თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს წარმოადგენდა, უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბატონი ტორბენ ჰოლცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქ-ნ თამარ ბერუჩაშვილის, ჩეხეთის ელჩის იეჟი ნეკვასილის, პოლონეთის საქმეთა რწმუნებულის იაცეკ მულტანოვსკის, ევროკავშირის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან.
მისასალმებელ სიტყვაში ბ-ნ ჰოლცემ ევროკავშირის გაფართოების ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება. მან დეტალურად განმარტა კოპენჰაგენის კრიტერიუმების არსი და ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს მთავრობას.
ქ-ნ ბერუჩაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპულ ინსტიტუტებში სრული ინტეგრირება ქვეყნისათვის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ქ-ნ ბერუჩაშვილის თქმით ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მისწრაფება უკვე დადებითად აისახება ქვეყნის შიდა განვითარებაზე, რამდენადაც საქართველო ცდილობს თავისი ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას.
თავისი გამოსვლის ბოლოს ქ-ნ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ევროკავშირისადმი საქართველოს სამი ძირითადი თხოვნის შესახებ: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის როლის გაზრდა და რეგიონში კავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშნვა, ევროკავშირის ჩართვა „საქართველოს მეგობართა ჯგუფში” (გაეროს გენ. მდივანთან არსებული ეს ჯგუფი ცდილობს ხელი შუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას) და საქართველოს ჩართვა ევროკავშირის სამეზობლოს (Wider Europe) ინიციატივაში.
ევროკავშირის ექსპერტმა ბ-ნ კახა გოგოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრირების პროცესის ძირითად ასპექტებზე, იმ პროცედურებზე, რომლებიც ინტეგრირების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ და იმ მოთხოვნებზე, რომლებიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. თსუ ლექტორმა ბ-ნ გაბრიჩიძემ, ძირითადად გაფართოების იურიდიულ ასპექტებზე ისაუბრა.
ყველაზე ცოცხალი გამოდგა შეხვედრის ბოლო ნაწილი, როდესაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ ელჩებისათვის კითხვები დაესვათ. ბევრი მათგანისათვის მაღალი რანგის დიპლომატებთან ეს პირველი შეხვედრა იყო. ახალგაზრდებმა ისაუბრეს როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ისე ერთიანი ევროპის შესახებ თავიანთ წარმოადგენებზე.
![]() |
4 ევროკავშირი ქართველ იურისტებს იურიდიულ თეორიას და პრაქტიკას შორის სხვაობის დაძლევაში ეხმარება |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
კანონის უზენაესობის განმტკიცება და საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა პროგრამა ,,ტასის“-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მუშაობს რა ერთდროულად პროკურატურასთან, პენიტენციალურ სისტემასთან და სასამართლოებთან, ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დაეხმაროს სისტემური, ყოველისმომცველი რეფორმის გატარებაში.
2 მაისს ევროკომისიის წარმომადგენლობაში გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის: „სისხლის სამართლის პრაქტიკის კომენტარები - ეკონომიკური დანაშაული” პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში მოხდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, თელავისა და გორის რაიონული სასამართლოების განაჩენთა ანალიზი.
ეს პროექტი ფაქტობრივად წარმოადგენს წინა პროექტის გაგრძელებას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის პირველი ნაწილის - ადამიანის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ანალიზს შეეხება. პროექტის შედეგად გამოიცა წიგნი „სისხლის სამართლის პრაქტიკის კომენტარები”, რომელშიც მოცემულია პროფესიონალი იურისტების კომენტარი სისხლის სამართლის საქმეებზე.
„სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება კომენტარების თანხლებით სიახლეა ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში” - განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ლადო ჭანტურიამ. „ამგვარი პრაქტიკის დანერგვა დიდად წაადგება ქართული იურისპრუდენციის განვითარებას” - დასძინა მან.
ორივე პროექტს რამდენიმე ძირითადი მიზანი აერთიანებს: სისხლის სამართლის კოდექსის არასწორი ინტერპრეტაციის ფაქტების გამოვლენა და მოსამართლეებთან ერთად მათი განხილვა, რამაც თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს კოდექსის უკეთ გააზრებასა და გამოყენებას; სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი შესწორებების შეტანა, და ბოლოს სტუდენტებისათვის კარგი სახელმძღვანელო მასალის შექმნა.
„ჩვენი კანონმდებლობა გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე იურიდიული აზროვნება - განაცხადა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გია ხუბუამ - რაც ჩვენს იურისტებს უძნელებს ახალი საკანონმდებლო აქტების სწორად გაგებასა და გამოყენებას”.
„ამ ქვეყანაში იურიდიულ თეორიასა და პრაქტიკას შორის ტრადიციულად, ყოველთვის დიდი სხვაობა არსებობდა - ამბობს პროექტის ყველაზე უხუცესი მონაწილე, პროფ. ოთარ გამყრელიძე - ასეთი წიგნების გამოცემა და ამასთან ერთად მოსამართლეთა მომზადება უდავოდ ხელს შეუწყობს ამ სხვაობის დაძლევას”.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პროფ. ლადო ჭანტურია და ელჩი ტორბენ ჰოლცე პრეზენტაციისას. ფოტო: დავით ხიზანიშვილი
![]() |
5 ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამას |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
,,ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამების” (EDPRP) მხარდაჭერა პარტნიორ განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობაში ევროკავშირის ძირითად პრიორიტეტად იქცა. ,,ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამებს“ (თავდაპირველად ისინი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა შეიმუშავეს) თვითოეული ქვეყანა საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს, მაგრამ ამ პროგრამებს აქვთ საერთო მიზანი: სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის განახევრება. ამგვარ პროგრამებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს გაერო-მ და რიგმა დონორმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ. პროგრამა მიზნად ისახავს არა მხოლოდ სიღარიბის დაძლევასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის (პროგრამა მოიცავს პერიოდს 2015 წლამდე) ხელშეწყობას, არამედ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებსაც, როგორიცაა დემოკრატიის გაღრმავება, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტების პრევენცია, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაცია და ვაჭრობის ქცევა ეკონომიკური ზრდის მძლავრ ინსტრუმენტად, მდგრადი განვითარება, სოციალურ და გარემოსდაცვით ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობა და ა.შ.
პროგრამის შემუშავებაში ევროკავშირმა საქართველოს მნიშვენლოვანი ტექნიკური დახმარება გამოუყო, დააფინანსა რა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპელი ექსპერტების ხელმძღვანელობით მუშაობდა. ჯგუფმა განსაზღვრა მაკროეკონომიკური პარამეტრები, შეიმუშავა მაკროეკონომიკური სცენარები (პესიმისტური, რეალისტური და ოპტიმისტური), დაეხმარა მთავრობას გასატარებელი ღონისძიებების თანმიმდევრობის განსაზღვრაში, შეიმუშავა ეკონომიკური მოდელი, რომლითაც შესაძლებელია სანდო პროგნოზების გაკეთება და ჩამოაყალიბა ის ინდიკატორები, რომლითაც შესაძლებელია პროგრამის მიმდინარეობის შედეგების შეფასება.
თავისი მუშაობის შედეგები ჯგუფმა 21 თებერვალს ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა წარმომადგენლობის საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი, ქ-ნი ადრიანა ლონგონი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში და პროგრამის ეროვნული კოორდინატორი, ბ-ნი თემურ ბასილია.
![]() |
6 სუფთა წარმოება ევროკავშირის ხელშეწყობით |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
19 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა ახალი რეგიონული პროექტის „სუფთა წარმოების ხელშეწყობა ზოგიერთ ახლადდამოუკიდებელ სახელმწიფოში: საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი”. პროექტს ევროკავშირის ,,ტასის“-ის პროგრამა აფინანსებს.
როგორც საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, ქ-ნ ადრიანა ლონგონიმ განაცხადა: „ეს ინიციატივა საქართველოში როგორც გარემოს დაცვას, ისე სამრწველო ეფექტიანობის გაზრდას დიდად წაადგება”. სუფთა წარმოება მოიცავს როგორ გარემოს დაბინძურების შემცირებას, ისე ნედლეულის დაზოგვასა და ენერგიის ეკონომიას. აღიარებულია, რომ ამგვარი წარმოება სასარგებლოა არამხოლოდ საზოგადოებისათვის, არამედ მეწარმისთვისაც, რადგან საგრძნობლად ზრდის ეფექტიანობას. პროექტის ფარგლებში პარტნიორები ევროკავშირიდან და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს გაუზიარებენ გამოცდილებას და აჩვენებენ ქართველ მეწარმეებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ამავდროულად ეკონომიკურად მომგებიანიცაა. „სუფთა წარმოება ყველა მხარისათვის მომგებიანია” - ამბობს ქ-ნი ლონგონი.
ფოტო: სუფთა წარმოების პროექტი
პროექტის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები გაივლიან სათანადო მომზადებას და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობით კიდევ უფრო განიმტკიცებენ ცოდნას. გათვალისწინებულია რამდენიმე ქართულ საწარმოში სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება. ევროპელი ექსპერტები მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც შესაბამის სამინისტროებთან, ისე ,,კავკასიის რეგიონულ გარემოსაცვით ცენტრთან,“ რომელიც ასევე ,,ტასის“-ის მიერაა შექმნილი.
პრეზენტაციისას პროექტის დირექტორმა ჯონ ბაკარაკმა განაცხადა, რომ პროექტი დაეხმარება ქართველ მეწარმეებს ერთი მხრივ საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილებაში, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესში წარმატების მიღწევაში.
პროექტს ოთხი მთავარი მიზანიაქვს: 1. არსებული ვითარების (მათ შორის საკანონმდებლო და ბიზნესგარემოს) შეფასება, სუფთა წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა; 2. შესაძლებელობათა გაზრდა სუფთა წარმოების სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მდინარისპირა ზონებზე. 3. ადგილობრივ საწარმოებში 1-3 საცდელი პროექტის განხორციელება; 4. აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების გათვითცნობიერება.
პროექტს უშუალოდ განახორციელებს სპეციალური ჯგუფი მარეკ ვასილევსკის ხელმძღვანელობით. იგი დიდი ხანია ამ პრობლემებზე მუშაობს პოლონეთში. მას დაეხმარებიან ევროპელი ექსპერტები და ქართული კომპანიის „ზენიტ გამას” წარმომადგენელი.
პროექტი გამოავლენს ქართულ საწარმოებს, სადაც განხორციელდება სუფთა წარმოების კონცეფციის დემონსტრირება. ნაჩვენები იქნება, რომ ნაკლები ნედლეულით, ნაკლები ნარჩენებით, ნაკლები ენერგიითა და ნაკლები გამონაბოლქვით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. საწარმოებმა თავად უნდა გამონახონ საჭირო ფინანსური რესურსები, ჯგუფი მათ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. პროექტი 4 წელი გაგრძელდება. მისი ბიუჯეტი 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ბ-ნი რიჩარდ ლაქსი, პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა
Tel: (995 32) 94 37 63
Richard.Lax@cec.eu.int
ბ-ნი დავით გირგვლიანი - პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე
Tel : 22-17-71; Fax: 25-03-13
zgc@access.sanet.ge
![]() |
7 ჩავატაროთ ფინანსური ანალიზი დამოუკიდებლად |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
ქართველი სახელმწიფო მოხელეების და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების თანამშრომლებისათვის თბილისში ჩატარდა მომზადების კურსი ფინანსურ და ეკონომკურ ანალიზში. მასში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. კურსები, რომლები 17-21 თებერვალს გაიმართა, ჩაატარეს ,,GFA Management“-ის თანამშრომლებმა დოქტორმა ვინფრიდ ზეტელმეიერმა და ქ-ნ კატია კნიშევსკიმ. „პროექტების ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის შესავლის” კურსს 20 მონაწილე დაესწრო.
„ევროკომისიის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და პროექტების მონაწილეებმა უნდა იცოდნენ დამოუკიდებელი ფინანსური ანალიზის ჩატარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დეკონცენტრაციის პროცესის გამო, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა იზრდება” - განაცხადა დოქტორმა ზეტელმეიერმა.
კურსების მიზანი იყო მონაწილეთათვის ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის საჭიროების ახსნა, პროექტის შეფასებისას მისი ფინანსური და ეკონომიკური კომპონენტის ხარისხიანობის შემოწმება, და ,,ტექნიკური დავალების“ ეკონომიკური და ფინანსური ნაწილის შედგენა და შეფასება.
ამგვარი მომზადების კურსის ჩატარება, სპეციალისტების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც დასავლური სტილის ფინანსური მენეჯმენტის გამოცდილება ჯერ კიდევ ძალიან მწირია.
![]() |
8 „მოგესალმებით, ევროპელებო!” |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის გაფართოება
„მოგესალმებით, ევროპელებო!” მიმართა ლიტვის პრეზიდენტმა როლანდას პაკსასმა ვილნიუსში შეკრებილ ხალხს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რეფერენდუმის შედეგები, რომლითაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ხმა მისცა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„საოცარია, როდესაც ხედავ, როგორ შეიცვალა ლიტვა და რა სისწრაფით!” - განაცხადა მან - „ბოლოსდაბოლოს, სულ 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ტანკებისაგან თავდასაცავად პარლამენტის წინ ბარიკადები იყო აღმართული”.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრიანება აღიქმება, როგორც ტოტალიტარული სისტემიდან და გეგმური ეკონომიკიდან დემოკრატიაზე, საბაზრო ეკონომიკასა და კანონის უზენაესობაზე გადასვლის შედეგი. „ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან ერთად, ხალხმა ყოვლისმომცველი და ხანდახან მტკივნეული რეფორმების წარმატებაც იზეიმა” - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა კვაშნევსკიმ.
ლიტვა იყო მეოთხე ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანებას. 10-11 მაისს გამართულ პლებისციტში მოსახლეობის 64%25 მიიღო მონაწილეობა. 91%25 ხმა მისცა კავშირში გაწევრიანებას.
რეფერენდუმები დაინიშნა ყველა კანდიდატ ქვეყანაში, გარდა კვიპროსისა. აქამდე გამართულ შვიდივე რეფერენდუმში მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
ფოტო: მედიათეკა
7-8 ივნისს გამართული რეფერენდუმის წინ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა დისიდენტმა, ლეხ ვალენსამ განაცხადა: „მე ხმას მივცემ იმ რწმენით, რომ რეფერენდუმის დღეს ჩემი ბრძოლა დასრულდა. ჩემი ცხოვრების მიზანი მიღწეულია. პოლონეთს შეუძლია არჩევანის გაკეთება. ჩვენ მოვახერხეთ დემოკრატიის აშენება და ამაში ჩემი დამსახურებაც არის”. „დღეს თქვენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას ქმნით” განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ პოლონელი ხალხისადმი მიმართვაში.
პოლონელების 58%25 მივიდა საარჩევნო ურნებთან, ხოლო 77%25 გაწევრიანებას მისცა ხმა. „ჩვენ ევროპულ ოჯახში დავბუნდით” - განაცხადა პრეზიდენტმა კვაშნევსკიმ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისას. „დღევანდელი გადაწყვეტილება შემობრუნების წერტილია პოლონეთის ისტორიაში. დიდი, ამაყი ერი ასრულებს ისტორიის ერთ ტრაგიკულ ხანას და იკავებს ადგილს, რომელიც მას ევროპული ინტეგრაციის დაწყებიდანვე ეკუთვნოდა” - ნათქვამია პროდის მიერ გაგზავნილმისალოც წერილში.
გაფართოებასთან დაკავშირებით როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატ ქვეყნებში არსებობდა გარკვეული ეჭვები. კანიდადატ სახელმწიფოებში მოსახლეობას ეშინოდა ფასების ზრდის, დასავლური კომპანიების მხრიდან კონკურენციის, ახალი კანონებისა და სოფლის მეურნეობის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობისა. დასავლეთ ევროპაში უფრო შესაძლო მიგრაციისა და უმუშევრობის ზრდის ეშინოდათ.
თუმცა, ამ პრობლემების უმეტესობა ან არც დამდგარა, ან გადაიჭრა. მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანება პოლონეთის მთლიან შიდა პროდუქტს ყოველწლიურად დამატებით 1,5%25 გაზრდის. აღმოსავლეთ ევროპელი ფერმერებიც, დასავლელების მსგავსად, მიიღებენ სუბსიდიას. უნგრეთში ჩატარებულმა კვლევაც ცხადყო, რომ ბევრი დასავლური კომპანია გადმოიტანს წარმოებას აღმოსავლეთში, სადაც მუშახელი უფრო იაფია. ეს კი, თავის მხრივ ხელს შეწყობს დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ აღმავლობას.
რაც შეეხება დასავლელების შიშს იმიგრაციის ზრდის შესახებ, კომისარმა გაფართოების საკითხებში, ვერჰოიგენმა განაცხადა: „ექსპერტების პროგნოზით, მიგრაცია მუშახელის 2%25 არ გადააჭარბებს. ფაქტობრივად, იგი კი არ გაამწვავებს მიგრაციის პრობლემას, პირიქით შეამცირებს მას. ევროკავშირის წევრობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. „ხალხიც შინ დარჩება ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად”.
პირველი ქვეყანა, სადაც გაფართოების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, იყო მალტა. 9 მარტის რეფერენდუმში მალტელთა უმრავლესობამ გაწევრიანებას მისცა ხმა. „მადლობა ღმერთს ამისათვის. ამიერიდან ჩვენ მომავალი გვაქვს. დიდ ქვეყნებთან ერთად ცხოვრება ჩვენთვის საოცარი რამ იქნება” - განაცხადა გაფართოების ერთ-ერთმა აქტივისტმა, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი ადამი ხალხს რეფერენდუმის შედეგებს ულოცავდა.
ორი კვირის შემდეგ მალტას სლოვენია მიჰყვა. იგი ყოფილი იუგოსლავიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირს უერთდება, და ამავე დროს, ყველაზე აყვავებული ახალი დემოკრატიაც. რეალურად, სლოვენიაში ორი რეფერენდუმი გაიმართა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ორივე შემთხვევაში, სლოვენიელებმა კითხვას დადებითი პასუხი გასცეს.
პრემიერ-მინისტრმა ანტონ როპმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია შედეგებით. „ეს ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია” - თქვა მან.
მესამე ქვეყანა, სადაც რეფერენდუმი ჩატარდა, უნგრეთი იყო. ამომრჩეველთა 84%25 მა ევროკავშირში გაწევრიანებას მისცა ხმა. შედეგები ფეირვერკითა და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიით - ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნით აღინიშნა. „უნგრელებმა, როგორც ეს კარგ მშობლებს შეჰფერის, თავიანთი შვილების მომავალს მისცეს ხმა” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეგეისიმ.
16-17 მაისს რეფერენდუმი სლოვაკიაში ჩატარდა, და ისევე როგორც ყველგან, გაწევრიანების მომხრეთა ტრიუმფით აღინიშნა. პრემიერ-მინისტრ მეჩიარის ავტოკრატიული მმართველობის შემდეგ სლოვაკებმა დემოკრატიული, რეფორმისტული მთავრობა აირჩიეს, რამაც ქვეყანას ევროკავშირისაკენ გაუხსნა გზა. სლოვაკია ახლაც ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება, მაგრამ სლოვაკებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ეკონომიკური წინსვლაც მოჰყვება.
ჩეხეთში პლებისციტი 13-14 ივნისს გაიმართა. პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად, ჩეხეთი წევრობისათვის ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყანაა. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე საერთოევროპული საშუალოს 70%25 უდრის. რეფორმები თითქმის ყველა სფეროში განხორციელდა. ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ევროკავშირის მხურვალე მხარდამჭერად ითვლება. „ჩემთვის ევროკავშირი პირველი, გიგანტური და პატივსაცემი მცდელობაა იმისა, რომ კონტინენტის ორგანიზება მოლაპარაკებებით, მშვიდობიანი გზით, დემოკრატიისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მოხდეს” - განაცხადა მან.
რეფერენდუმები კიდევ ჩასატარებელია ლატვიასა და ესტონეთში. ორივე ქვეყანაში, მოსახლეობა გაწევრიანებას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს. მაშინ კი, 2004 წლის 1 მაისისათვის დაგეგმილ გაფართოებას წინ აღარაფერი დაუდგება.
![]() |
9 ჩვენს მეზობლებთან ერთად ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის გაფართოება
ნაწყვეტი სტატიიდან
რომანო პროდი - ევროკომისიის პრეზიდენტი
კრის პატენი - საგარეო ურთიერთობათა კომისარი
ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. გაწევრინაბისათვის მომზადების პროცესში 10 კანდიდატი ქვეყანა გახდა მეგობარი, პარტნიორი და ჩვენს დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებს იზიარებს. შემდეგი, ვინც გაწევრიანებისათვის მომზადების გზას დაადგება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იქნებიან. მაგრამ ამგვარი სტრატეგია დაუსრულებელი ვერ იქნება. სადამდე მივალთ ასე? ასე შეიძლება ევროკავშირის შემადგენლობაში ახალი ზელანდიაც აღმოჩნდეს. ცხადია, რომ ბოლოსდაბოლოს, ევროკავშირის გაფართოებას საზღვარი უნდა დაედოს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება დღეს მისაღები არ არის, მაგრამ ამ თემაზე დებატების დაწყება უკვე საჭიროა.
მომავალ წელს დაგეგმილი გაფართოება ბადებს კითხვას, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენი ღირებულებებისა და საბაზრო ეკონომიკის გავრცელების პროცესი მაშინ, როდესაც პარტნიორ ქვეყნებს ჯერჯერობით ევროკავშირში გაწევრიანებას არ ვთავაზობთ.
ევროპის კომისია ამ საკითხის ირგვლივ თავის მოსაზრებას წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს.
ჩვენი წინადადებაა „ახალი სამეზობლო ინიციატივა”, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მისგან გეოგრაფიულად ახლოს არიან. სხვა სიტყვებით, გაფართოებული ევროპის ირგვლივ უნდა შეიქმნას მეგობრების რკალი. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გამოცდილების გათვალისწინებას, რომელიც მეზობლებთან ურთიერთობაში ახალ წევრ ქვეყნებს გააჩნიათ. იმისათვის რათა არ დავუშვათ ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების აღმოცენება, კონტინენტის დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, კავშირის წევრებად და არაწევრებად, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ საერთო პრობლემების აღმოფხვრაზე, იქნება ის მიგრაცია, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა თუ რეგიონული განვითარება.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირმა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ სახელმწიფოებს ახალი იდეები უნდა შესთავაზოს, უნდა დაუშვას ისინი ევროკავშირის შიდა ბაზარზე, შესთავაზოს ყველაფერი, გარდა კავშირის ინსტიტუტების მუშაობაში მონაწილეობისა.
კონკრეტულად, ეს უნდა გამოიხატოს ამ ქვეყნებისათვის ოთხი თავისუფლების მიცემის პერსპექტივაში. საუბარია ადამიანთა, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებაზე. ამ პოლიტიკის მიზანი თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენებაში მდგომარეობს, დაწყებული ტრანსპორტიდან და ენერგეტიკიდან, დამთავრებული გარემოს დაცვით, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობით. შესაძლებელი უნდა იყოს საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთობლივი ბრძოლაც.
ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში შევლენ, ევროკავშირის უფრო დიდ დახმარებას მიიღებენ: როგორც ფინანსურ დახმარებას, ისე უფრო სპეციფიკურ პროგრამებს, რომლებიც მათ ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს კონკრეტული მიზნების დასახვას და მათი განხორციელების გრაფიკის შემუშავებას, მიღწეული წარმატების მუდმივ შეფასებას.
რას მოგვიტანს ეს რეალურად? ევროკავშირის წევრებისათვის ეს ნიშნავს მეგობრების რკალის გაჩენას, რომლებიც იგივე მიმართულებით მიდიან, საითაც ევროკავშირი და, შესაძლებელია, საერთო ბაზარს მაკარეხიდან მოსკოვამდე, და მისგან გამომდინარე ახალ შესაძლებლობებს. ჩვენი მეზობლებისათვის ეს ნიშნავს გარანტიას, რომ გაფართოების ახალი ტალღა ევროკავშირთან ურთიერთობაში მათთვისაც ახალ პერსპექტივას შექმნის. ნაცვლად იმისა, რომ ახალი ციხესიმაგრის კედლის მიღმა დარჩნენ, მათ შეუძლიათ შეუერთდნენ მსოფლიოში ყველაზე დიდ საერთო ბაზარს.
ახლო მომავლისათვის, ეს ყველა ჩვენთაგანისათვის მისაღები საერთო მიზანია: თანამშრომლობა მეზობლებს შორის, ისე რომ არც ევროკავშირში შექმნილ წონასწორობას შეექმნას საფრთხე და არც იმ ქვეყნებს დაეკისროთ ზეამბიციური ამოცანების გადაჭრა, რომელთაც კავშირში გაწევრიანება სურთ. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არის გზა ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისაკენ. შედეგად, თუ ჩვენი მეზობლები ამ ინიციატივას დაეთანხმებიან, პლანეტის მნიშვნელოვან ნაწილზე ჩამოყალიბდება უფრო დემოკრატიული და წარმატებული საზოგადოება.
![]() |
10 ათენის სამიტი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის გაფართოება
„ბერლინის კედელი დღეს საბოლოოდ დაემხო” - განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა იან პიტერ ბალკენენდემ ათენში ევროკავშირთან მიერთების ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ.
16 აპრილს ევროკავშირის 15-მა წევრმა და 10-მა კანდიდატმა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2004 წლის 1 მაისს ევროკავშირის რიგებს ათი ქვეყანა შეემატება.
ათენში მომხდარ ისტორიულ მოვლენას ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის საელჩო გამოეხმაურა. გაფართოების აღსანიშნავად, საბერძნეთის ელჩმა ქ-მა კონსტანტინა მავროსკელიდუმ საზეიმო მიღება მოაწყო. თავმჯდომარე ქვეყნის სახელით მან მიმართა სტუმრებს: „ყველაზე მნიშვენლოვანი დღე ევროპის ისტორიაში” - ასე დაახასიათა მან 16 აპრილი.
მარეკ მულტანოვსკი, პოლონეთის საქმეთა რწმუნებული რეგინა იაკობიძე, ლატვიის საპატიო კონსული კონსტანტინა მავროსკელიდუ, საბერძნეთის ელჩიირენ ჯიქია, ლიტვის საპატიო კონსული. ელჩი მავროსკელიდუს არქივიდან
„ევროკავშირის შექმნით საერთაშორისო ურთიერთობებში სრულიად ახალი პროცესი დაიწყო - განაცხადა მან - ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი მეოცე საუკუნეში და იმედი მომავალი საუკუნისათვის.”
„მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ევროპული ინტეგრაციის 50 წლისათვის თვალის გადავლება გვარწმუნებს, რომ პროექტი წარმატებული გამოდგა. ყოფილ მტრებს დღეს ერთმანეთთან აკავშირებს საერთო ვალუტა - ევრო. ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებს ისინი საერთო ინსტიტუტების მეშვეობით აგვარებენ. ერთმანეთს შორის წამოჭრილ პრობლემებს ევროპელები ახლა მშვიდობიანი გზებით წყვეტენ, კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაყრდნობით.”
„ერთიანობას მოჰყვა აყვავებაც. „საერთო მცდელობის შედეგად, ევროპელ მოქალაქეთა ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. საერთო ბაზარმა და ვაჭრობის ინტენსიფიკაციამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი” - ამბობს ქ-ნი მავროსკელიდუ.
![]() |
11 9 მაისი ევროპის დღეა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის დღე
15 მაისს, სასტუმრო თბილისი-მარიოტში ევროკომისიის წარმომადგენლობამ ევროპის დღის - 9 მაისის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას უმასპინძლა. ტრადიციულ ზეიმზე მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ისინი იხსენებდნენ 1950 წლის 9 მაისს, დღეს, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა წამოაყენა წინადადება ზენაციონალური ევროპული ინსტიტუტის შექმნის შესახებ, რომელსაც ევროპა მომავალში ომის საშინელებისაგან უნდა დაეცვა. რობერტ შუმანისათვის ევროკავშირი უნდა ყოფილიყო მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კულტურებსა და ადამიანებს. ევროკავშირმა, ისე როგორც ევროპის საბჭომ, მიიღო ევროპის დროშა: 12 ოქროს ვარსკვლავი ცისფერ ფონზე და ევროპის ჰიმნი: ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა”. როგორც დროშა, ისე ჰიმნი ევროპის სიმბოლოებად იქცა. 9 მაისს მათ ყველგან დაინახავთ და მოისმენთ.
ქ-ნი და ბ-ნი ტორბენ ჰოლცე და საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი ირაკლი მენაღარიშვილი. ფოტო: გია ჩხატარაშვილი
დღეს ევროკავშირი 15 წევრი ქვეყნისაგან* შედგება. წევრთა რაოდენობა სულ მალე ათით გაიზრდება, რაც ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფრთოება იქნება. კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკია და სლოვენია ევროპულ ოჯახს მას შემდეგ შეუერთდებიან, რაც დასრულდება რატიფიკაციის პროცესი როგორც წევრ, ისე კანდიდატ ქვეყნებში. შედეგად ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობა 25-ს მიაღწევს. გაფართოების შემდეგ ევროკავშირის ფართობი 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობის რაოდენობა კი 450 მილიონ ადამიანს მიაღწევს.
ევროპის კავშირი რამდენიმე ინსტიტუტისაგან შედგება. ისეთებისაგან, როგორიცაა ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, სასამართლო და ა.შ. ევროკომისიის წარმომადგენლობები, იმის მსგავსი, რაც საქართველოშია, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. წარმომადგენლობა საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს.
ევროპული ინტეგრაცია ერთ დღეში არ მომხდარა. უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული 1957 წელს რომის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. დღეს ევროკავშირი გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც კონტინენტზე პოლიტიკურ სტაბილურობაში, ისე ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ სფეროებში. 2002 წელს კავშირმა შეასრულა დიდი ხნის წინ დასახული მიზანი: შემოიღო ერთიანი ვალუტა - ევრო.
ფოტო: გია ჩხატარაშვილი
ევროკავშირი თავის მოქალაქეებს ემსახურება. ინარჩუნებენ რა თავიანთ ღირებულებებს, წეს-ჩვეულებებსა და ენებს, ევროპის მოქალაქეები შესანიშნავად გრძნობენ თავს „ევროპულ სახლში”. ევროპის დღეც სწორედ ევროპულობის საკუთესო ნიშან-თვისებების გამოხატულებაა.
____________________
* დღეს ევროკავშირის წევრები არიან ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი
![]() |
12 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
შემდგომი ინფორმაციისათვის:
● ევროკავშირის ვებსაიტი: www.europa.eu.int
● ევროპის კომისიის საგარეო ურთიერთობები: www.europa.eu.int/comm/external-relations/index. htm
● საბერძნეთი - ევროკავშირის თავმჯდომარე: www.eu2003.gr
● „ევროპეიდის” ვებსაიტი: http://europa.eu.int/comm/europeaid/
სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. 38, ნინო ჩხეიძის. 38, თბილისი 380002, საქართველო