![]() |
ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი) №3, ივნისი-აგვისტო, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ბიულეტენი მოამზადა: შოტა უტიაშვილმა. დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio.ივნისი-აგვისტო |
![]() |
1 ევროკავშირის ტროიკა და სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ერთდროულად ეწვივნენ |
▲ზევით დაბრუნება |
EU - Georgia Cooperation
8 ივლისს ევროკავშირმა შემოიღო სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტი და ამ თანამდებობაზე ჰეიკი ტალვიტი დანიშნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ევროპის კავშირის ტროიკას ვიზიტის დროს, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარგარიტა ბონივერი ხელმძღვანელობდა, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში. დელეგაციაში შედიოდნენ აგრეთვე შემდგომი თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის წარმომადგენლები, ევროპული საბჭოს სამდივნოსა და ევროკომისიის ოფიციალური პირები. დელეგაცია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ესტუმრა.
პრეზიდენტი შევარდნაძე ხვდება ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. Photo courtesy of Sakinformi
სპეციალური წარმომადგენლის დანიშნვა აშკარად მიანიშნებს სამხრეთ კავკასიისადმი ევროკავშირის მზარდ ინტერესზე-განაცხადეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის გაფართოვება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ამ ინტერესს.
9 ივლისს ტროიკის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი წერეთელს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს.
ტროიკას ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რადგანაც ამ დროს ხდება წარსულის შეფასება და მომავალი თანამშრომლობის გზების დასახვა. ტროიკას ვიზიტის დროს იგეგმება თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა, რომელიც მინისტრების დონეზე იმართება. უკანასკნელი ტროიკა საქართველოში 2001 წელს ჩამოვიდა და მასში შვედეთის საგარო საქმეთა მინისტრი ანა ლინდი, ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა და საგარეო ურთიერთობათა კომისარი, კრისტოფერ პატენი იღებდნენ მონაწილეობას.
ევროკავშირის სახელით, ქ-ნ ბონივერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების გადაჭრის გზებზეც. დელეგაციამ ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ გაერო-სა და ეუთო-სთან ერთად, ამ საქმეში ევროკავშირსაც შეაქვს თავისი წვლილი. ევროკავშირმა გამოთქვა დაინტერესება უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების თავიდან აცილებაში, მათ გადაჭრასა და პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციაში.
ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებზეც ახალდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს. ბ-ნი ტალვიტის მანდატი ასევე მოიცავს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას, ევროპის საბჭოს სამხრეთკავკასიური პოლიტიკის ფორმირებისათვის ხელშეწყობას და ევროკავშირისა და რეგიონს შორის დიალოგის გაღრმავებას.
ბ-ნი ტალვიტი უაღრესად გამოცდილი ფინელი დიპლომატია. იგი იყო ელჩი შვედეთში, რუსეთში და იუგოსლავიაში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ვიზიტის დროს დიდი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამასაც, რომელიც ახლახანს დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტმა. დელეგაციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს ამ პროგრამის განხორციელებას.
,,ევროკავშირს სურს გააღრმავოს პოლიტიკური ურთიერთობები რეგიონთან და ტროიკას ვიზიტის უმთავრესი მიზანიც ამის ხაზგასმაა“ - აცხადებენ დელეგაციის წევრები. საქართველოს მთავრობა მთლიანად იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობების განმტკიცება მის უმთავრეს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.
ქ-ნი მარგარიტა ბონივერი დელეგაციის წევრებთან ერთად
![]() |
2 თბილისში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა განიხილეს |
▲ზევით დაბრუნება |
EU - Georgia Cooperation
5 ივნისს თბილისში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა ორივე მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების შესრულებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
ეს თანამშრომლობის კომიტეტის მესამე სხდომა იყო. შეხვედრის კომენტირებისას ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ მინგარელიმ აღნიშნა: ,,ჩვენ გადავხედეთ გასული წლის მოვლენებსა და დავიწყეთ მომზადება თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრისათვის, რომელიც სექტემბრის ბოლოს ბრიუსელში უნდა გაიმართოს. ჩვენ სამ ძირითად საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება: პირველი რიგში ვისაუბრეთ საინვესტიციო კლიმატზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რათა ქვეყანამ შეძლოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. მთავრობამ უნდა გააორმაგოს თავისი მცდლობები კანონის უზენაესობის მისაღწევად, კორუფციასა და დამნაშავეობასთან საბრძოლველად.
ამ საკითხების მოსაგვარებლად, ჩვენ მზად ვართ, მთავრობას დავეხმაროთ. ამავე კონტექსტში, ვისაუბრეთ სავაჭრო საკითხებზე, როგორიცაა პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემა და ქართული ღვინის დაშვება ევროპულ ბაზარზე, ასევე საქართველოს ვალდებულობები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე.“
აღმ. ევროპის, კავკასიისა და ცენტრ. აზიის განყოფილების დირექტორი ჰიუ მინგარელი
მეორე განსახილველი თემა იყო ევროკავშირის დახმარება საქართველოსადმი, რაც მოიცავს ტასის-ს, სასურსათო უსაფრთხოებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპულ ინიციატივას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ა.შ. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა პროგრამების შესრულების მდგომარეობა. მოხარული ვართ, განვაცხადოთ, რომ ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსადმი დახმარების სტრატეგიის გადახედვა. ახალი სტრატეგია ქვეყნის სპეციფიურ მოთხოვნილებებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ამის შემდეგ გადავედით პოლიტიკურ თემატიკაზე. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს არჩევნებისათვის მზადება. იმედი გვაქვს, რომ ისინი თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ვისაუბრეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-სა და გაერო-ს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოავლინონ მოქნილობა და მიაღწიონ კომპრომისს.
ქ-ნ თამარ ბერუჩაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტასის-ის ეროვნულმა კოორდინატორმა განაცხადა: ,,განვიხილეთ ტასის-ის ახალი პრიორიტეტები, როგორიცაა ადმინისტრაციული რეფორმა, ტრანზიციის სოციალური შედეგების შემსუბუქება და კერძო სექტორის მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დონორები ისევე იქნებიან ჩართული მის განხორციელებაში, როგორც დაგეგმვაში“.
ორივე მხარე დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ (პთშ) შეთანხმება უფრო აქტიურად უნდა ამოქმედდეს და რომ საქართველოს მთავრობა ამ არასაკმარისად აქტიურია. ,,ჩვენ განვაცხადეთ, რომ იმედგაცრუებული ვართ კანონის უზენაესობის სისუსტით. როგორც ჩანს, მთავრობას არ გადაუგდამს ყველა საჭირო ნაბიჯი“ - აღნიშნა ბ-ნ მინგარელიმ.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ პთშ-ის პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. ჩვენ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. სწრაფი პროგრესია მიღწეული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის სფეროში, მაგრამ პრობლემად რჩება მიღებული კანონების აღსრულება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატსა და ეკონომიკურ ზრდაზე. მხოლოდ ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ შეიძლება საუბარი შემდგომ ინტეგრაციაზე“ - განაცხადა ქ-ნ ბერუჩაშვილმა.
პრობლემების მიუხედავად, მთავრობა აცხადებს, რომ ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება და მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ,,ამ საკითხზე როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი არსებობს“ - დასძინა ქ-ნ ბერუჩაშვილმა.
ევროკავშირი მზადაა დახმარებისათვის. ,,ჩვენ ხაზი გავუსვით თანამშრომლობისათვის მზადყოფნას“ - განაცხადა ბ-ნ მინგარელიმ. თუმცა, ევროკავშირი სულ უფრო მომთხოვნი გახდება ,,ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ პირობებს და დახმარებას მივმართავთ იმ სფეროებში, სადაც მთავრობა აჩვენებს, რომ იგი რეფორმების ერთგულია, უფრო ახლოს ვითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - დასძინა მან. სწორედ ეს არის ახლადმიღებულ ,,ქვეყნის დახმარების სტრატეგიულ დოკომუნეტში“ შეტანილი ძირითადი ცვლილებებიც.
ევროკომისიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცების მცდელობას. აღინიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ,,ახალი სამეზობლო ინიციატივა“. მართალია, კავკასია ამ ინიციატივაში არ შედის, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კავშირის გაფართოება საქართველოზე“ მაინც დადებით გავლენას მოახდენს. ,,კარები ღია რჩება“ - განაცხადა ბ-ნ მინგარელიმ.
ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტი შედგება ორივე მხარის მაღალი თანამდებობის პირებისაგან. ევროკავშირსაქართველოს თანამშრომლობის საბჭო იკრიბება წელიწადში ერთხელ, მინისტრების დონეზე და პოლიტიკურ მიმართულებას აძლევს საქართველოევროკავშირის თანამშრომლობას. საბჭოს შემდეგი სხდომა 2003 წლის სექტემბერში გაიმართება.“
![]() |
3 საბაჟოზე რეფორმები არასკმარისად სწრაფად მიმდინარეობს |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
ევროკომისიის დელეგაციის, აშშ-ის საელჩოს, ,,ევროსაბაჟოს”, საქართველოს საბაჟოს, ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და იუ-ეს-ეიდის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის დელეგაციისა და აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ერთობლივ შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საბაჟოზე მენეჯმენტის პროცესის გაუმჯობესებას მიეძღვნა. საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ბ-ნ თარხანმოურავმა წარადგინა საბაჟო სამსახურის ყოვლისმომცველი რეფორმის საკუთარი ხედვა. მისი აზრით, რეფორმამ უნდა მოიცვას როგორც საკანონმდებლო, ისე სტრუქტურული ასპექტები. მისი მიზანი საბაჟო შემოსავლების ზრდა და ვაჭრობის გამარტივება უნდა იყოს. საბაჟოს უფროსმა მადლობა გადაუხადა დონორებს, პირველ რიგში ევროკავშირსა და აშშ-ს გაწეული დახმარებისათვის და დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისათვის შემდგომი დახმარება ითხოვა. თარხან-მოურავმა აღიარა მის სტრუქტურაში სერიოზული პრობლემების არსებობა: ,,მიუხედავად ფართომასშტაბიანი დახმარებისა, საბაჟოს წინაშე უამრავი პრობლემა დგას. პრობლემებია თითქმის ყველა სექტორში”.
ბ-ნი თარხან-მოურავი და ბ-ნი მარტინ ბრაუნი. ფოტო რ. რუხკიანი
ევროკავშირი საბაჟო დეპარტამენტს 1998 წლიდან ეხმარება. მნიშვნელოვანი დახმარება გასწია იუ-ეს-ეიდმაც. მაგრამ, დონორები იმედგაცრუებული არიან პროგრესის ნელი ტემპით. ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური აჩვენებს, რომ იგი რეალურად გადის მოდერნიზაციას, იგი დარჩება სანდო პარტნიორად და გააგრძელებს დახმარების მიღებას” - განაცხადა ბ-ნ ჰოლცემ - ,,საბაჟოს მართვის სტრუქტურაში პერმანენტული ცვლილებები ხელს უშლის იქ მიმდინარე ტასის-ის პროექტისა და დახმარების სხვა პროექტების ეფექტურ განხორციელებას”. ,,პრობლემები უნდა გადაიჭრას მოდერნიზაციისა და არა ხელმძღვანელობის მუდმივი შეცვლის გზით” - დასძინა მან.
,,ევროსაბაჟოს” ხელმძღვანელმა მარტინ ბრაუნმა ხაზი გაუსვა საბაჟოს მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და აღნიშნა რეფორმების წარმატებით განხორციელების რამდენიმე მთავარი პირობა: 1. უმაღლესი მმართველობის მხარდაჭერა; 2. საზოგადოების მხარდაჭერა; 3. კომუნიკაციის გაუმჯობესება; 4. მენეჯმენტის სტაბილურობა, 5. გონივრული ტექნიკური დახმარება.
საბაჟოს მოდერნიზაციაში დახმარების მიზნით, ევროკომისია ახორციელებს პროექტს: ,,პროცედურების განხორციელება და საქართველოს საბაჟო სამსახურის შესწავლა” (დეტალურად იხ. ევროკავშირის ბიულეტენი, ნომერი 1). პროექტი, რომელსაც ,,ევროსაბაჟო“ ახორციელებს, მიზნად ისახავს საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზაციას მისი ევროპულთან დაახლოების გზით და პროცედურების სრულყოფას გრძელვადიანი სტრატეგიული მენეჯმენტის შემუშავებისა და ტრენინგის გზით.
ბ-ნი თარხან-მოურავი და ბ-ნი ჰოლცე ჟურნალისტებთან საუბრისას. ფოტო რ. რუხკიანი
დელეგაციისა და ,,ევროსაბაჟოს“ ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ შეახსენს საზოგადოებას, რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აკისრია საბაჟოს არა მხოლოდ შემოსავლების შეგროვების, არამედ ვაჭრობის გამარტივებისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში.
![]() |
4 ევროკომისია მხარს უჭერს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ევროპული ინიციატივის (აუდეი) ფარგლებში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ევროკომისიამ 500 ათასი ევრო გამოყო. ამ ინიციატივის 100 მილიონიანი ბიუჯეტიდან, საქართველო, როგორც ერთ-ერთი პილოტური ქვეყანა ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს იღებს.
ქართულ არასამთავრობოებს მოვუწოდებთ მიმართონ ევროკომისიას გრანტებისათვის, რომელთა მოცულობაც 3000-50000 ევრომდე (მიკროპროექტები) მერყეობს. დაფინანსების პრიორიტეტული სფეროები ქვემოთაა ჩამოთვლილი. პროექტების შეტანის ბოლო ვადა 15 სექტემბერი იყო. ამჟამად ხდება წარდგენილი პროექტების შეფასება. გამარჯვებულები 2003 წლის დეკემბერში გამოცხადდებიან.
პრიორიტეტი ა. კანონის უზენაესობისა და მმართველობის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა:
● კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის (პირველ რიგში პროკურატურის) დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, სისხლის სამართლის სასამართლოს რეფორმა
● მმართველობის სისტემის რეფორმა, ძირითადად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განვითარება და კორუფციასთან ბრძოლა
● კონფლიქტების შედეგების შერბილება, გადაჭრა ან აღმოფხვრა, განსაკუთრებით, განსხვავებული ინტერესების მშვიდობიანი თანაარსებობა პრიორიტეტი ბ. წამებისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადმიანის უფლებათა დაცვა:
● ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ციხეებში ჰუმანური პირობების შექმნას და წინასწარი ძიების პროცესში მყოფი ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან აცილებას.
პრიორიტეტი გ. ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის წინააღმდეგ და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.
● ქმედებები, რომლებიც მიმართულია რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად
აუდეი შეიქმნა, როგორც დონორი პროგრამა 1994 წელს, ევროპის პარლამენტის ინიციატივით. მისი მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებთა დაცვა ევროპის საზღვრებს გარეთ. მას მართავს ევროპის კომისია. მიკროპროექტების პროგრამის გარდა, აუდეი თავის მიზნებს ახორციელებს მაკროპროექტებისა (მინიმალური ბიუჯეტი 300 ათასი ევრო) და მიზნობრივი პროექტების (რომლებიც იწერება თავად ევროკომისიის მიერ) მეშვეობით.
![]() |
5 ექსპორტი გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
,,თუ საქართველოს სურს რომ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, ექსპორტის ხელშეწყობაა” - განაცხადა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,ექსპორტის განვითარების პროგრამის” პრეზენტაციაზე.
6 ივნისს ჩატარებულ პრეზენტაციაზე საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ (GEPA) საზოგადოებას წარუდგინა ექსპორტიორთა დახმარების 21-თვიანი პროგრამის შედეგები. ,,ექსპორტის განვითარების პროგრამა” მოიცავდა ქართველი მწარმოებლების გაგზავნას უცხოეთში, უცხოელი მყიდველების ვიზიტებს საქართველოში, ტრენინგს საექსპორტო მარკეტინგში და საექსპორტო მარკეტინგის გეგმების შედგენაში დახმარებას. სააგენტოს ტექნიკურ დახმარებას უწევდა ირლანდიური ,,ტი-დი-აი ჯგუფი”. პროექტი 2001 წლის სექტემბერში დაიწყო. იგი წარმოადგენდა, უფრო ადრე, 1999 წელს დაფინანსებული პროექტის გაგრძელებას.
პრეზენტაცია. Photo: courtesy of GEPA
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
● საექსპორტო მარკეტინგის გეგმის შედგენაში 25 კომპანიისათვის დახმარების გაწევა;
● საფინანსო დახმარება 20 კომპანიისათვის, თანადაფინანსების სქემის მეშვეობით
● სპეციალური ტრენინგი 17 კომპანიისათვის და ზოგადი ტრენინგი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში
● სავაჭრო-საექსპორტო ვიზიტები ესტონეთში, ფინეთსა და საბერძნეთში
● პოტენციური მყიდველების ვიზიტები რუსეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.
უკვე მიღწეულია კონკრეტული შედეგებიც. რვა კომპანიამ მიიღო საერთაშორისო შეკვეთები, კიდევ ოთხმა საქონლის საცდელი პარტია გააგზავნა, ხელმოწერილ იქნა რვა შეთანხმება დისტრიბუციის შესახებ და 11 კომპანია გავიდა ახალ საექსპორტო ბაზრებზე. გარდა ამისა, ყველა მონაწილე კომპანიამ გააუმჯობესა მარკეტინგის გეგმა, ხოლო ათმა კომპანიამ დაბეჭდა სარეკლამო მასალები და შექმნა საკუთარი ვებ-საიტი.
პროექტი ეკონომიკის რამდენიმე დარგს შეეხო: მეღვინეობა, სურსათის, რძის პროდუქტების, მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოება, საფეიქრო მრეწველობა, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ციფრული მედია, საგამომცემლო საქმე და სამოგზაურო მომსახურება. დახმარების უდიდესი ნაწილი მცირე და საშუალო საწარმოებმა მიიღეს.
თავისი გამოსვლისას, ევროკომისიის დელეგაციის პირველმა მრჩეველმა ბ-ნ ჟაკ ვანტომმა განაცხადა, რომ პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზუსტი სტრატეგის შერჩევის შემთხვევაში ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება ფეხი მოიკიდონ უცხოურ ბაზრებზე. ,,ქართული კომპანიები სწორად იქცევიან, როდესაც მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ამახვილებენ ყურადღებას. იმედი გვაქვს, რომ ასეთი და
მსგავსი პროექტები ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის საშუალებასაც მისცემს, რაც დღეს ბევრი ქართული კომპანიის ოცნებაა“.
სააგენტოების ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართული პროდუქციისათვის ყველაზე პერსპექტიურ ბაზრებს დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ. მაგრამ, ამ ბაზრებზე შეღწევას მთავრობის მხარდაჭერა ესაჭიროება. სემინარზე მთავრობას საჭირო ზომების ნუსხაც წარუდგინეს, რომელიც მოიცავს, ექსპორტიორთათვის რეგრესიული გადასახადის დაწესებას, საკონსულტაციო-მარკეტინგულ კონტრაქტებზე გადასახადების გაუქმებას, ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ კანონის მიღებას, საქართველოს საელჩოებში სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას და ა.შ. ეს რეკომენდაციები აისახება ეროვნულ საექსპორტო სტრატეგიაში, რომელიც ამჟამად მუშავდება.
ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად აუცილებელია სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემის განმტკიცებაც - დასძინა ბ-ნ ვანტომმა. თუ ეს პრობლემა მოგვარდა, ზოგიერთ ქართულ პროდუქტს, პირველ რიგში კი ღვინოს, აქვს კარგი შანსი თავისი ნიშა იპოვოს ევროპულ ბაზარზე.
მონაწილე კომპანიებმა პროექტის შედეგები დადებითად შეაფასეს. სააქციო საზოგადოება ,,ამალთეას” გენერალური დირექტორის, ზვიად ნეფარიძის თქმით, ,,პროექტის ფარგლებში გაწეულმა მომსახურებამ დადებითი გავლენა იქონია კომპანიის განვითარებაზე”. სს ,,მინას” მარკეტინგის დირექტორი, თამაზ ჭინჭარაული კი ამბობს: ,,თანადაფინანსების სქემით განხორციელებულმა მარკეტინგმა საშუალება მოგვცა, ახალი მომხმარებლები მოგვეძებნა”.
(მარჯვნიდან-მარცხნივ) ნ. თურნავა, ჟ. ვანტომი, გ. ღაღანიძე, გ. მორისეი. Photo: courtesy of GEPA
პროექტის ჯგუფის ლიდერის, გერი მორისეის აზრით, პროექტმა დაამტკიცა, რომ ქართულ კომპანიებს აქვთ საექსპორტო პოტენციალი და ეფექტური სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანებიც იქნებიან. ,,ის სტრატეგია, რომელიც ეფექტურია საშინაო ბაზარზე, შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს ექსპორტისათვის” - განაცხადა მან.
![]() |
6 ევროკავშირი საქართველოში ერთაშორისო ჰარმონიის მისაღწევად |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
ქართველებმა, რომლებმაც ბოლო ათწლეულში ორი ეთნიკური კონფლიქტი გამოიარეს, კარგად იციან ეროვნებათშორისი ჰარმონიის ფასი. ამგვარი ჰარმონია ყველა მოქალაქის თანასწორობას, ეთნიკურ ჯგუფებს შორის მჭიდრო კავშირს, ტოლერანტობასა და ეთნიკური ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრირებას უნდა ემყარებოდეს.
ახალდაწყებული პროექტი ,,თემთაშორისი ახალგაზრდული ცენტრები საქართველოში (თაცს)” ამ მიზნის მიღწევას ძალიან საინტერესო გზებით აპირებს. პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა ,,ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ევროპული ინიციატივის“ ფარგლებში. როგორც პილოტური ქვეყანა, საქართველო ამ პროგრამიდან ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს იღებს, რაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცებისაკენ მიმართული პროექტების დაფინანსებას ხმარდება.
პროექტი სამ წელს გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 840 000 ევროა. მას ,,უორლდვიჟენ ჯორჯია” და ,,უორლდვიჟენ ჯერმანი” განახორციელებენ ორი ადგილობრივი ორგანიზაციის ,,მრავალეროვანი საქართველოსა” და ,,რაგბის მხარდამჭერთა ლიგის” დახმარებით.
პროექტი შეეხება საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ უმცირესობას, სომხებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებიც, შესაბამისად ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ცხოვრობენ. თუ გავითვალისწინებთ მათ ისტორიულ სამშობლოებს შორის ომის მწარე გამოცდილებას, მათ შორის კონფლიქტის თავიდან აცილება და ნდობის აღდგენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.
პროექტის მიზანია ერთაშორის დიალოგს სპორტისა და ხელოვნების მეშვეობით შეუწყოს ხელი. შეიქმნება ოთხი ახალგზრდული ცენტრი, ორ-ორი თითო რეგიონში. ყველა ცენტრს ექნება თავისი სპორტდარბაზი, რომელთა აღდენაც პროექტის ძალებით მოხდება. ახალგაზრდობა რაგბიში და ფრანბურთში ივარჯიშებს. ყოველ წელს ჩატარდება რეგიონული და რეგიონთაშორისი შეჯიბრებები, რაც სხვადასხვა ეროვნებებს შორის კონტაქტის გაღრმავებასა და დამეგობრებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, რაგბის მხარდამჭერთა ლიგა იმედოვნებს, რომ მათი კურსდამთავრებულები, კავკასიის სამივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში ითამაშებენ.
თვითეულ ცენტრთან შეიქმნება ხელოვნებისა და ხელსაქმის სახელოსნოები. ჩატარდება ყოველწლიური ფესტივალები, რომლებიც თავს მოუყრის საქართველოში მცხორები სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლებს. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება თვითეულ ცენტრთან შექმნილი ენის სწავლების კურსები. არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში ქართულ ენას საკმაოდ ცუდად ფლობენ. ქართულის ცოდნა სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს.
სახელმწიფო ენის სწავლების გარდა, პროექტის ცდილობს ადგილობრივი ახალგაზრდობა სხვა ისეთი ცოდნითაც აღჭურვოს, რომელიც მათ მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ახალგაზრდები ისწავლიან მცირე ბიზნესის მენეჯმენტსა და ბუღალტერიას, ინტერნეტით სარგებლობას (პროექტის ვებ-საიტს სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდები შექმნიან), საკუთარი აზრების ნათლად ჩამოყალიბებასა და დებატების ხელოვნებას.
მარცხნიდან: გიზელა პული, ტომას ლეგი, ტორბენ ჰოლცე, თარჯიმანი, ჯეისონ ევანსი. ფოტო: ,,ჯორჯიან მესინჯერის“ არქივიდან
სავარაუდოდ, პროექტში 900-1600-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის ხელმძღვანელის, ტორბენ ჰოლცეს თქმით ,,სხვადასხვა ეროვნების ხალხს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებით, პირველ რიგში, საქართველო ისარგებლებს”.
![]() |
7 ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - იტალიის პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის გაფართოება
ევროკავშირის თავმჯდომარე1 ქვეყნის - იტალიის პრიორიტეტები
სამთავრობათშორისო კონფერენცია
თესალონიკის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, იტალია აპირებს ოქტომბერში სამთავრობათშორისო კონფერენციის მოწვევას და იმედოვნებს, რომ იგი უმოკლეს ვადაში დაასრულებს მუშაობას.
ჩვენი ეს სურვილი ნაკარნახევია დემოკრატიისა და გამჭვირვალობის პრინციპებით. გვსურს, რომ ევროკავშირის ის მოქალაქენი, როლებიც 2004 წლის ივნისში ახალ ევროპარლამენტს აირჩევენ, წინასწარ იყვნენ გათვითცნობიერებული ახალი საკონსტიტუციო ქარტიის შინაარსში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდება რომში 2004 წლის პირველი მაისიდან ევროპარლამენტის არჩევნების დღემდე.
ევროპის ეკონომიკა
იტალია დიდ ყურადღებას მიაქცევს ლისაბონის სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიზნების შესრულებას: 2010 წლისათვის ევროკავშირის ქცევას მსოფლიოს ყველაზე დინამიურ ეკონომიკად.
ეს თავის მხრივ ხელს შეგვიწყობს შრომის ბაზრის მოდერნიზაციაში. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებმაც უნდა ისარგებლონ სამეწარმეო კულტურის განმტკიცების, ცოდნის დაგროვებისა და გავრცელებისაკენ მიმართული პროგრამებით.
აუცილებელია საპენსიო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა.
ამ სტრატეგიის განხორციელებას ხელი უნდა შეუწყოს ეფექტური სატრანსპორტო სისტემის განვითარებამ, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.
უფრო დიდი ევროპისაკენ
მთავარი მიზანია ევროპის გაერთიანების დიადი პროცესის დასრულება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ კავშირის სიმძიმის ცენტრმა სამხრეთისაკენ გადმოინაცვლოს. საჭიროა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, რომლებიც ევროპის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ და რომლებმაც უმძიმესი დრო გამოიარეს, უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჩვენი წინადადებაა, შედგეს ბულგარეთთან და რუმინეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გრაფიკი, ამ ქვეყნების 2007 წელს გაწევრიანების მიზნით. რაც შეეხება თურქეთს, ჩვენ ერთობლივად უნდა მოვახდინოთ გაწევრიანებისაკენ სავალი გზის მონიტორინგი.
ახალი შინაარსით უნდა დაიტვირთოს ევროკავშირის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და დსთ-ის ევროპულ ქვეყნებთან, რათა ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ბრიუსელში თავმოყრილ სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს.
ევროპა და მსოფლიო
საერთაშორისო ასპარეზზე ევროპა უნდა გახდეს ძლიერი, ავტორიტეტული აქტორი, მან უნდა ისწავლოს ერთი ხმით ლაპარაკი. შეერთებულ შტატებთან ერთად მან მონაწილეობა უნდა მიიღოს პლანეტაზე ასებული მნიშვნელოვანი კრიზისების გადაწყვეტაში და ამით ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ამის მისაღწევად ევროპას სჭირდება შესაბამისი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა შეძლოს იმუშავოს ატლიანტიკურ ალიანსთან ერთად და არა მის საწინააღმდეგოდ.
მოქალაქეთა უსაფრთხოება
იტალია ბევრს გააკეთებს მოქალაქეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თან უნდა სდევდეს ტრანსნაციონალური დამნაშავეობისა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა. საჭიროა ,,ეუროპოლის” გაძლიერება, საგარეო საზღვრების მუდმივი კონტროლი, თავშესაფრის მაძიებელთათვის ერთიანი წესების შემოღება, თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არიან მიგრაციის წყარო ან სატრანზიტო პუნქტი და ევროკავშირის წევრებს შორის სავიზო საკითხებში თანამშრომლობის განმტკიცება.
ევროკავშირში იტალიის თავმჯდომარეობის ლოგო
___________________
1. იტალია თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 2003 წლის 1 ივნისს. ეს ტექსტი აღებულია თავმჯდომარე ქვეყნის ვებსაიტიდან: http://www.ueitalia2003.it/EN
![]() |
8 რითი დაეხმარება ვაჭრობის გამარტივება საქართველოს? |
▲ზევით დაბრუნება |
წარმომადგენლობა დღეს
12 აგვისტოს საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ ჟურნალისტებს წარუდგუნა ევროკავშირის ახალი ინიციატივა ,,ვაჭრობის გამარტივება“, რომელიც ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის კანკუნის (მექსიკა) სამიტისათვის მომზადდა.
ბევრი კომპანია, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაშია ჩართული, აცხადებს, რომ გართულებული ბიუროკრატიული პროცედურები საზღვრებზე ამცირებს იმპორტსა და ექსპორტს და ზრის ტრანზაქციის ხარჯებს. სხვადასხვა შეფასებებით ამის შედეგად მსოფლიო ბიზნესი წლიურად 200-300 მილიონ დოლარს კარგავს. ზედმეტი ბიუროკრატიზმისათვის გვერდის ავლა საერთაშორისო ბიზნესის ხარჯებს 2-3-ით შეამცირებდა. ,,ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ვაჭრობის გამარტივების ხელშეკრულების დადებას, რომელიც სასარგებლო იქნება მსო-ს ყველა წევრი ქვეყნისათვის. ახალმა წესებმა უნდა განსაზღვროს ის პროცედურები, რომლებიც უნდა გაიაროს საქონელმა საზღვრის გადალახვისას“ - ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მომზადებულ მემორანდუმში.
ფოთის პორტი. ფოტო: კ. კორდონიე
ვაჭრობის გამარტივება მოიცავს საბაჟოებისა და სხვა სამთავრობო უწყებების მეტ გამჭვირვალობას, მარტივ, ნათელ პროცედურებსა და წესებს, მათ შორის გახსნილ და ეფექტურ გასაჩივრების პროცესს. იმისათვის, რათა შემცირდეს საბაჟოზე დგომის დრო, ევროკავშირი უმჯობესად მიიჩნევს, წინასწარი დეკლარირებისა და შემდგომი აუდიტის სისტემის შემოღებას, ინფორმაციის გაცვლის სრული ავტომატიზაცია, ინტერნეტის გამოყენება კიდევ უფრო შეამცირებს ბიუროკრატიულ პროცედურებს.
ყველაზე მეტად ვაჭრობის გამარტივება განვითარებად ქვეყნებს წაადგებათ. თუმცა, რაკი ამ ქვეყნებს არ გააჩნიათ რეფორმების გატარებისათვის საჭირო რესურსები, მათ შეიძლება ვერ დააკმაყოფილონ საჭირო კრიტერიუმები და სანქციების წინაშე აღმოჩნდენ. ამის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი მოითხოვს მხოლოდ ზოგადი პრინციპებისა და არა ფორმალური კრიტერიუმების დაწესებას. გარდა ამისა, ევროკავშირი და განვითარებული ქვეყნები დაეხმარებიან უფრო ღარიბ ქვეყნებს საბაჟო პროცედურების გაუმჯობესებაში.
ფოთის პორტი. ფოტო: გ. წიბახაშვილი
როგორც ბ-ნ ჰოლცემ აღნიშნა, ვაჭრობის გამარტივება არ გულისხმობს საბაჟო ტარიფებისა და საბაჟო შემოსავლების შემცირებას, პირიქით, იგი საშუალებას აძლევს ქვეყნებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ დრო და რესურსები და გაზარდონ საბაჟოდან მიღებული შემოსავალი.
![]() |
9 ევროკომისიის წარმომადგენლობა თბილისის წიგნის ფესტივალზე მონაწილეობს |
▲ზევით დაბრუნება |
გამოფენა
18-22 ივნისს ევროკომისიის წარმომადგენლობამ მესამედ მიიღო მონაწილეობა თბილისში გამართულ წიგნის ფესტივალში, რომელიც წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ინიციატივით თბილისის ფილარმონიაში ტარდება. 2001 წლიდან მოყოლებული, ფესტივალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მკითხველებში, რომელთა შორის არიან სტუდენტები, მოსწავლეები, ინტელექტუალები, მეცნიერები და საზოგადოების სხვა ნაწილები. დელეგაციისათვის უკვე ტრადიციად იქცა, ფართოდ იყოს წარმოდგენილი კომპაქტდისკების, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ქართულენოვანი წიგნების მეშვეობით, რომლებიც უფასოდ რიგდება.
სტუდენტებისათვის მოწყობილ სემინარებთან ერთად, რომელსაც სისტემატურად აშუქებს ეს ბიულეტენი, ფესტივალზე ჩვენი ყოფნა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც
ზრდის ევროკავშირისადმი ინტერესს. შედეგად, განუხრელად იზრდება ევროკომისიის წარმომადგენლობის ცენტრში ვიზიტების რაოდენობა.
ფოტო რ. რუხკიანი
![]() |
10 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
შემდგომი ინფორმაციისათვის:
● ევროკავშირის ვებსაიტი: w w w.europa.eu.int
● ევროპის კომისიის საგარეო ურთიერთობები: www.europa.eu.int/comm/external-relations/index.htm
● საბერძნეთი - ევროკავშირის თავმჯდომარე: w w w.eu2003.gr
● ,,ევროპეიდის” ვებსაიტი: http://europa.eu.int/comm/europeaid/
სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. 38, ნინო ჩხეიძის. 38, თბილისი 380002, საქართველო