![]() |
ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი) №2 (5), აპრილი-ივნისი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ბიულეტენი მოამზადა: შოტა უტიაშვილმა. დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio. აპრილი-ივნისი |
![]() |
1 წარმომადგენლობა ევროკავშირის გაფართოებას აღნიშნავს |
▲ზევით დაბრუნება |
წარმომადგენლობა დღეს
,,ეს ყველაზე ამაღელვებელი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ახდა მთელი თაობის ოცნება, თაობისა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის იბრძოდა” - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა ირჟი ნეკვასილმა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლობის მეთაურმა ტორბენ ჰოლცემ სიმბოლურად ევროკავშირის დროშა გადასცა.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე ევროკავშირის დროშას გადასცემს ლატვიის საპატიო კონსულს რეგინა იაკობიძეს. ფოტო: რუბენ რუხკიანი
1 მაისს ჩეხეთი პოლონეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, უნგრეთთან, კვიპროსთან მალტასთან, სლოვაკიასა და სლოვენიასთან ერთად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამ გაფართოებას საფუძველი 1989 წელს, ბერლინის კედლის ნგრევამ ჩაუყარა. 1992 წელს კოპენჰაგენის ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ ამის სურვილი, და შეეძლოთ შესაბამისი კრიტერიუმების შესრულება, გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები.
დგანან (მარცხნიდან): ირენა სლიზევიჩუტე ჯიქია, ლიტვის საპატიო კონსული, იაცეკ მულტანოვსკი, პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სხედან: სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი ჰარი მოლენაარი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
,,გაფართოების შემდეგ, ახალი წევრები უამრავ პრობლემას წააწყდებიან, მათ შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მმართველობის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მშენებლობას. ეს რთული პროცესია, მაგრამ ძველი წევრების დახმარებით, ახალი ქვეყნები შეძლებენ სირთულეთა გადალახვას” - განაცხადა ელჩმა ტორბენ ჰოლცემ.
ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად 22 აპრილს დელეგაციამ უმასპინძლა ჩეხეთის ელჩს, პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ლიტვისა და ლატვიის საპატიო კონსულებს. ,,1 მაისი ჩვენთვის სიმბოლური დღეა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ დღეს პოლონეთის ცა არც უფრო ღრუბლიანი გახდება და არც უფრო მოწმენდილი. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რომელიც უნდა გავიაროთ, იმისათვის, რომ ყველას ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალოს”- განაცხადა იაცეკ მულტანოვსკიმ, პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ევროპის დღის და ევროპის გაფართოებისადმი მიძღვნილი კონცერტი 4 მაისს თბილისის ოპერაში. გორის გოგონათა მუსიკალური სკოლის გუნდი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
პროცესი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გაწევრიანებამდე მიიყვანა, საკმაოდ რთული იყო, და ამ სახელმწიფოებისაგან დიდი ძალისხმევა მოითხოვა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და სხვა მიმართულებებით.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას, თუ რა შანსები აქვს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ბატონმა ჰოლცემ უპასუხა: ,,მე არ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება როგორც მთავრობის, ისე მთლიანად მოსახლეობის მხრიდან. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკური რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის გზაზე. საქართველოს შეუძლია გაიზიაროს ევროკავშირის ახალი წევრების გამოცდილება და განამტკიცოს მათთან თანამშრომლობა”.
,,ლიტვა მზადაა, საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დააგროვა”-განაცხადა ლიტვის საპატიო კონსულმა ირენ სლიზევიჩუტე-ჯიქიამ.
ლატვიის საპატიო კონსულმა რეგინა იაკობიძემ განაცხადა, რომ ლატვია არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ხალხის დაუღალავი შრომით მან ბევრს მიაღწია. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო დასრულებულია. ლატვიამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს. საქართველოსათვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი წევრების გამოცდილების გაზიარება - განაცხადა ქალბატონმა იაკობიძემ.
,,ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყნებისაგან” - განაცხადა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა - ,,მათ აქვთ უნიკალური გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს ეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და მიღებული კანონების განხორციელებას. გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ხელისუფლებამაც და ხალხმაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც გაფართოებული ევროპა გვთავაზობს”.
მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოს მოუწევს, იგივეა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეასრულეს. ისინი კოპენჰაგენის საბჭოს მიერაა განსაზღვრული.
მარცხნიდან: რეგინა იაკობიძე, ლატვიის საპატიო კონსული, ირჟი ნეკვასილი, ჩეხეთის ელჩი, ირენა სლიზევიჩუტე-ჯიქია, ლატვიის საპატიო კონსული, ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და იაცეკ მულტანოვსკი, პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
● პირველი, პოლიტიკური კრიტერიუმები: კანდიდატ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს უზრუნველყოფს.
● მეორე, ეკონომიკური კრიტერიუმები: კანდიდატ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და უნდა შეძლონ კონკურენციის გაძლება
● მესამე, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საფინანსო და საკანონმდებლო სფეროებში.
ევროპის დღის და ევროპის გაფართოებისადმი მიძღვნილი კონცერტი 4 მაისს თბილისის ოპერაში. კამერული ორკესტრი გ. შილაკაძის დირიჟორობით. ფოტო: რუბენ რუხკიანი
გაფართოებული ევროკავშირი, რომელიც ამჟამად 25 წევრისაგან შედგება, სავარაუდოდ, 2007 წელს კიდევ ერთხელ გაფართოვდება. მაშინ, მას ალბათ, რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია შეუერთდება.
![]() |
2 საერთაშორისო დონორებმა საქართველოს უპრეცედენტო ფინანსური დახმარება გაუწიეს - 850 მილიონი ევრო/1 მილიარდი დოლარი |
▲ზევით დაბრუნება |
წარმომადგენლობა დღეს
2004 წლის 16 ივნისს ბრიუსელში ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ კონფერენციაზე თავი მოიყარეს საერთაშორისო დონორებმა 31 ქვეყნიდან და 12 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რათა ემსჯელათ უახლოეს წლებში დონორების საქმიანობის კოორდინაციისა და საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. კონფერენცია გახსნა საგარეო ურთიერთობების ევროკომისარმა, ბატონმა კრისტოფერ პატენმა. კონფერენციის თანათავმჯდომარეები იყვნენ ბ-ნი მაიკლ ლი, დირექტორის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა დირექტორატი და ბ-ნ შიგეუ კაცუ, მსოფლიო ბანიკის ვიცე პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის სახელით მოხსენებით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და კაბინეტის სხვა მინისტრები.
დონორები შეთანხმდნენ, რომ 2004-2006 წლებში ქვეყანას გამოუყოფენ დაახლოებით 850 მილიონ ევროს (1 მილიარდი აშშ დოლარი). ეს გულუხვი ჟესტი ნიშანია იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელსაც დონორთა თანამეგობრობა საქართველოს უცხადებს.
ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხა გამოიყო საქართველოში რეფორმების დასახმარებლად. ჰუმანიტარული დახმარების გათვალისწინებით, რომელიც ,,ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის” საშუალებით ხორციელდება, აგრეთვე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაციის პროგრამის ჩათვლით, ევროკავშირის დახმარება საქათველოსათვის 2004-2006 წლებში 137 მილიონ ევროს (164 მილიონი დოლარი) შეადგენს. წინა სამწლიან პერიოდთან შედერებით (2001-2003) ევროკავშირმა გააორმაგა დახმარებისათვის გათვალისწინებული თანხა. ევროკავშირის დახმარებას ემატება მისი თითოეული წევრის მიერ გამოყოფილ თანხებს. მთელი ეს დახმარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი უწევს 2003 წლის ნოემბრის ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ საააკაშვილს. ევროკავშირის დახმარება ითვალისწინებს საქართველოში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, კორუფციასთან ბრძოლას და სიღარიბესთნ დაკავშირებული სერიოზული პრობლემების აღმოფხვრას.
შეპირებული თანხა გამიზნულია ქვეყნის ბიუჯეტის მხარდაჭერისა და სასწრაფო ინვესტიციების განხორციელებისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სახელმწიფო მმართველობა, სიღარიბის დაძლევა, მათ შორის ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფა და განვითარება, ძირითადი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სასურსათო უსაფრთხოება.
მონაწილეებმა მოიწონეს სტრატეგიული ხედვა და უმთავრესი ინიციატივები, რომლებსაც ახორციელებს ქვეყნის ახალი ხელისუფლება. ეს უკანასკნელი უკვე შეუდგა ეროვნული გაჯანსაღების პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია აღმოფხვრას კორუფცია და განამტკიცოს სახელმწიფო მმართველობა, შექმნას აუცილებელი ენერგომარაგები, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მასშტაბების შემცირება ,,ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის” ფარგლებში.
![]() |
3 თბილისმა ვაჭრობის ქვეკომიტეტის მეოთხე შეხვედრას უმასპინძლა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
ევროკავშირ-საქართველოს ვაჭრობის, ეკონომიკისა და შესაბამისი იურიდიული საკითხების ქვეკომიტეტის სხდომა თბილისში, 2004 წლის 5 მაისს გაიმართა. სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი კურტ იული და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე.
მარცხნიდან: კავკასიის და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი კურტ იული, ამიერკავკასიაზე პასუხისმგებელი რიჩარდ ტიბელსი, ევროკომისიიის წარმომადგენლობის პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი ჟაკ ვანტომი და პროექტის მენეჯერი მარია იარერა. ფოტო: რუბენ რუხკიანი
ეს იყო ქვეკომიტეტის პირველი სხდომა ვარდების რევოლუციის შემდეგ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველმა მრჩეველმა, ბ-ნ ჟაკ ვანტომმა განაცხადა, ეს შეხვედრა იყო იმედისმომცემი ,,ახალი დასაწყისი” საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ბატონი იული და ბატონი სიხარულიძე სავსებით იზიარებდნენ ამ შეფასებას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ოფიციალური თბილისის მიერ კორუფციის დასაძლევად და ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები. ქართულმა მხარემ ევროპელ პარტნიორებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია (მასზე მოდის საქართველოს საგარეო ვაჭრობის 20%25-ზე მეტი). ბოლო ხანს საქართველო უფრო აქტიურად იყენებს პრეფერენციათა გენერალიზებულ სისტემას (Generalised System of Preferences (GSP)) და ევროკავშირისაგან ითხოვს, რომ საქართველო ჩართოს შრომის სპეციალური დაცვის ინიციატივაში (Special Labor Protection incentive), რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქონელბრუნვას კიდევ უფრო გაზრდიდა. შეხვედრაზე ქართული მხარისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ევროპაში ქართული ღვინოების ექსპორტისათვის ხელშეწყობა იყო. ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გადაწყდა ქართული ღვინოების სერტიფიცირების საკითხი და ევროკავშირთან ღვინის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების დადება ითხოვა. თავის მხრივ, ევროკომისიამ ყურადღება ძირითადად ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე გაამახვილა. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანა შეუერთდა
ბუდაპეშტის ხელშეკრულებასა და რომის კონვენციას. მიუხედავად ამისა, კომისია საქართველოსაგან ითხოვს ინტელექტუალური საკუთრების კანონების უფრო აქტიურ განხორციელებას. გადაწყდა, რომ ამ საკითში მიღწეული პროგრესი განიხილება ქვეკომიტეტის შემდეგ სხდომაზე, რომელიც 2005 წელს უნდა გაიმართოს.
ქართულმა მხარემ აცნობა კომისიას, რომ მას განზრახული აქვს საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და გადასახადების ამოღების გაუმჯობესება მინიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5 პროცენტით. ევროპელი ექსპერტების დახმარებით განზრახულია საბაჟო კოდექსის შეცვლაც. შეხვედრაზე ითქვა იმის შესახებაც, რომ შეიქმნა ახალი სამთავრობო ორგანო ,,ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო”, რომლის ძირითად ამოცანასაც უცხოელ ინვესტორთა და კომერსანტთა დახმარება წარმოადგენს.
გადასახადების გამარტივება, როგორც ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან ერთად, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის განმტკიცებისა და ლიცენზირების გაუმჯობესების აუცილებლობას.
შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე საკანონმდებლო რეფორმისა და ჰარმონიზაციის საკითხები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. გასულ წელს გამართული ანალოგიური სხდომისაგან განსხვავებით, ეს შეხვედრა ოპტიმიზმით იყო გამსჭვალული. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა შეძლებს სირთულეებთან გამკლავებას.
ევროკომისიიის წარმომადგენლობის პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი ჟაკ ვანტობი და კავკასიის და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი კურტ იული. ფოტო: რუბენ რუხკიანი
![]() |
4 ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირმა ათი საუკეთესო პროექტი შეარჩია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
ევროკავშირი რეგულარულად აფინანსებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს. პროგრამის ძირითადი მიზანია სწრაფი რეაგირება მოახდინოს არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებზე სამ პრიორიტეტულ სფეროში: კანონის უზენაესობის მხარდაჭერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, წამების წინააღმდეგ ბრძოლა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პროგრამით გამოყოფილი გრანტების საერთო ოდენობა 1 მილიონი ევროა.
ამა წლის 21 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადა 2003 წლის გრანტების კონკურსში გამარჯვებული ათი არასამთავრობო ორგანიზაცია. მიკროპროექტების პროგრამისათვის გამოყოფილი თანხა შეადგენდა 500 000 ევროს. 37 განაცხადიდან 10 საუკეთესო პროექტი შეირჩა.
გრანტების კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციებია: ,,დემოკრატ მესხთა კავშირი,” ,,ამქორი საქართველო,” უნარდაქვეითებულ ქალთა და უნარდაქვეითებულ ბავშვთა დედების ორგანიზაცია,” ,,რეგიონული ქსელი ბავშვებისათვის - კლარიტას XXI,” ,,შავი ზღვის ეკოაკადემია,” ,,სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი,” კავშირი ,,რეგიონული კვლევის ცენტრი,” ,,ტრანსფარენსი ინტერნეშანალ-საქართველო,” ,,ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი” და ,,წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი ,,თანადგომა.”
2003 წლის მიკროპროექტების კონკურსში გამარჯვებულები. ფოტო: რუბენ რუხკიანი
შარშანდელი კონკურსი გამოცხადდა 2003 წლის ივლიში და ითვალისწინებდა ქვემოჩჩამოთვლილი პროირიტეტული სფეროების დაფინანსებას:
ა. ეფექტური დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება
ბ. წამებისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვისა და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა
გ. რასიზმთან, ქსენოფობიასთან და უმცირესობათა ჯგუფების დისკრიმინაციასთან ბრძოლა
შერჩეული პროექტებში ასახულია ერთი ან რამოდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, აგრეთვე გათვალისწინებულია საქმიანობა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ბათუმში, ზუგდიდში და სამცხე-ჯავახეთში. ევროკავშირის მიერ ამ პროექტებისათვის გამოყოფილი გრანტი 17 000-დან 50 000-მდე მერყეობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ტომას ლეგი, პროექტის მენეჯერი
ტელ 995 32 94 37 63; Thomas.Legge@cec.eu.int
იულია იაკობი, პროექტის მენეჯერი
ტელ 995 32 94 37 63; Julia.Jacoby@cec.eu.int
![]() |
5 დემოკრატიული პოლიცია |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა
,,ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის” - განაცხადა სერ გარი ჯონსონმა, უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, თბილისში 5-7 მაისს გამართული კონფერენციის შემდეგ. ეს მოსაზრება ბევრმა გაიზიარა, ვინაიდან დამოუკიდებელი ცხოვრების 13 წლიან პერიოდში ეს კონფერენცია იყო პირველი მცდელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროექტის შექმნისა. შსს და მისი უმთავრესი კომპონენტი, პოლიცია საბჭოთა დროიდან მოყოლებული უფრო სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატად წარმოგვიდგებოდნენ, ვიდრე იმ ძალად, რომელსაც უნდა ემსახურა ხალხისათვის და დაეცვა იგი.
მარცხნიდან: პოლიციის ექსპერტი ევროკავშირიდან ჰენრი ბოლტონი, პოლიტიკური საკითხების სპეციალისტი ეუთოში, ვენა, ვიაჩესლავ ვორობიოვი და ანტი ტერორიზმის საკითხებში ეუთოს თბილისის ოფისის მრჩეველი ბოგდან ვორისტე. ფოტო: რუბენ რუხკიანი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადა, რომ რეფორმის პროექტს ის ძალიან სერიოზულად უდგება. ივნისის ბოლომდე სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, ხოლო თავად რეფორმა უნდა დაიწყოს არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. შეთანხმებულია, რომ რეფორმა იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ შედეგად მივიღოთ სამართალდამცავი სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონებს, სტანდარტებს, ჩვევებსა და ნორმებს.
სამინისტრო გეგმავს კრიმინალური, საპატრული და სასაზღვრო პოლიციის შექმნას, ასევე სპეციალური დანიშნულების ნაწილების დაფუძნებას, რომლებიც სრულად შეესაბამებიან ევროპული პოლიციის ნორმებსა და სტანდარტებს.
ახალმა საპატრულო პოლიციამ უარი უნდა თქვას დამსჯელობით ფუნქციაზე და უნდა ჩამოყალიბდეს სათემო პოლიციად, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება ადგილობრივი საზოგადოების სამსახური. ადგილობრივ მოსახლეობასთან, ხელისუფლებასთან, ბიზნესთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიციამ უნდა მოძებნოს ლოკალური პრობლემების ლოკალური გადაწყვეტები და ხალხს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
საპატრულო პოლიციის პრიორიტეტები იქნება დანაშაულის პრევენცია, უმნიშვნელო დანაშაულების გახსნა, ტრანსპორტის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ა.შ.
კრიმინალური პოლიცია კი თავის მუშაობაში აქტიურად გამოიყენებს პრო-აქტიური და რეაქტიული გამოძიების პრინციპებს, რაც მას მნიშვნელოვნად დაეხმარება დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა დასჯაში. ახალი სამსახური გააერთიანებს მოკვლევასა და გამოძიებას, რაც გამომძიებელს უფრო ეფექტურად მუშაობისა და პროკურორისათვის მეტად ხელშეწყობის საშუალებას მისცემს. კრიმინალური პოლიცია ყურადღებას სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულზე გაამახვილებს. ასეთი დანაშაულის გამოძიება ხშირად კომპლექსურია და სპეციალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. იმისათვის, რომ კრიმინალურ პოლიციას ამის საშუალება მიეცეს, საპატრულო პოლიციამ თავის თავზე უნდა აიღოს უმნიშვნელო დანაშაულების გამოძიება და მათი პროკურატურისათვის გადაცემა.
,,სერიოზული დანაშაულების” ნუსხა შეიცავს ტერორიზმს, სატრანსპორტო საშუალებების მოპარვას, უკანონო იარაღს, ნარკოტიკებს, სერიოზულ ძალადობრივ დანაშაულს (მკვლელობა, ძარცვა) და ა.შ.
ISAB-ის ხელმძღვანელი ესრ ჰარი ჯონსონი და გია კიკნაძე, რეფორმების ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
პოლიციის განცალკევებულ ნაწილად ჩამოყალიბდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტიც. პოლიციის სამივე შტოს წარმომადგენლები მსგავს პირველად ტრენინგს გაივლიან, რომლის დროსაც ყურადღება პოლიციურ ეთიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე გამახვილდება. ამის შემდეგ, ისინი სპეციალურ მომზადებას გაივლიან. თვითეული ნაწილი ტექნიკურად სათანადოდ იქნება აღჭურვილი. პოლიციამ უნდა შეძლოს მუშაობა პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით, მაგრამ ამავე დროს მათი ჩარევის გარეშე.
რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი პოლიციის დემილიტარიზაციაა. პოლიციის ეთიკა, წოდებები, ფორმები, დოქტრინები და დებულებები მთლიანად განსამხედროებული უნდა იყოს. საბრძოლო დანაყოფებმა უნდა დატოვონ პოლიცია. შინაგანი ჯარები, რომლებიც თავიანთი მძიმე ტექნიკითა და საჰაერო კომპონენტით დღეს უფრო საარმიო დანაყოფებს წააგავს, უნდა გადაიქცნენ დემილიტარიზებულ, პოლიციის დამხმარე ქვედანაყოფებად.
უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოსა და ევროკავშირის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს პოლიციის რეფორმის უდიდეს მნიშვნელობას როგორც მოქალაქეთა უსაფრთხოების გაუმჯობესების, ისე საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
,,ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა პოლიციამ დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები” - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს ანტიკორუფციული დეპარტამენტის დირექტორმა პავლე კუბლაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ისე როგორც ეროვნული უშიშროების საბჭო სრულად უჭერს მხარს რეფორმას. მისი განცხადებით, პოლიციის რეფორმა რეფორმების იმ დიდი პაკეტის ორგანული ნაწილია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებს ახორციელებს.
პოლიციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეფორმის საფუძველი უკვე მომზადებულია. მათი თქმით, პოლიციის ყველა მაღალჩინოსანი, რომლებიც ვერ აუწყვეს ფეხი დროის მოთხოვნებს, დათხოვილია სამსახურიდან. გადაწყვეტილების მიმღებნი ახლა ახალგაზრდა, რეფორმისტულად გაწყობილი ადამიანები არიან. პოლიციის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ წარსულში სამი ფაქტორის გამო, პოლიციის რეფორმაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ეს ფაქტორები იყო პოლიტიკური ნების ნაკლებობა, კორუფციული ვერტიკალი და დაუსჯელობის სინდრომი. შსს წარმომადგენელთა განცხადებით, სამივე ეს ფაქტორი მოხსნილია. რამდენჯერმე გაიზარდა პოლიციელთა ხელფასები.
,,ეს ძალიან სასარგებლო სემინარი იყო” - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ სემინარის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
,,ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რათა პოლიციის რეფორმას დაეხმაროს”. დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებიდან მოწვეულმა პოლიციის ექსპერტებმა და მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა.
![]() |
6 ევროკავშირი საქართველოს პროკურატურას რეფორმირებაში ეხმარება |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა
საქართველოში ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი პროკურატურას რეფორმის გატარებაში ეხმარება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სახელწოდებაა ,,საქართველოს პროკურატურის რეფორმა.” პროექტი მიზნად ისახავს პროკურატურის სტრუქტურის და ფუნქციების საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; ამავდროულად, პროკურატურის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფას. პროექტს განახორციელებს ,,ბრიტანეთის საბჭო,” ,,ალტეირ ასსესორეს” და დანიის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტი. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიონ ევროს.
მარცხნიდან: ბრიტანეთის საელჩოს პირველი მრჩეველი მაიკლ სიმენსი, პროექტის გუნდის ხელმძღვანელი პამელა ფაჰი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ჯო ბაკოვსკი, პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი სერგო ძაგნიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ვალერი ხაბურძანია. ფოტო: რუბენ რუხკიანი
2004 წლის 1 ივნისს, სასტუმრო მარიოტში გაიმართა ,,პროკურატურის რეფორმის” პროექტის პრეზენტაცია. ცერემონია გახსნა საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბატონმა ტორბენ ჰოლცემ, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა, ქალბატონმა ჯო ბაკოვსკიმ და ,,პროკურატურის რეფორმის” პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა პამელა ფაჰიმ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პროექტის როლს და იმ წვლილს, რომელსაც პროექტი შეიტანს საქართველოში კანონის უზენაესობის დამყარებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების და მისი ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საშუალებით.
მისასალმებელ სიტყვაში ბატონმა ჰოლცემ აღნიშნა: ,,წარსულში პროკურატურის მუშაობა ხშირ შემთხვევაში ემყარებოდა არა კანონის უზენაესობას, არამედ პოლიტიკურ ძალას. რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს პროკურატურის სიძლიერის შენარჩუნება და ამავდროულად, მისი მუშაობის კანონის უზენაესობის და დემოკრატიულ პრონციპებზე დამყარება.”
პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა პამელა ფაჰიმ აღნიშნა: ,,ბრიტანეთის საბჭო მოხარულია იმით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გენერალურ პროკურორთან თანამშრომლობს. ჩვენ ვაფასებთ პროკურატურის მხრიდან მიღებულ თანადგომას.”
პროექტის მიზანია პროკურატურის ადმინისტრაციული სტრუქტურის და ეფქტიანობის გაუმჯობესება და, ამავდროულად, მისი გამჭვირვალობის გაზრდა; ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის გამყარება და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს პროკურატურის ორი საექსპერიმენტო ოფისის გახსნას თბილისსა და ქუთაისში და მათი მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
პროექტი იყოფა ოთხ კომპონენტად:
● პროკურატურის ადმინისტრაციის გადასინჯვა მისი ეფექტიანი და გამჭვირვალე მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
● საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა - აღჭურვილობა და სპეციალურად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაინერგება ორ საექსპერიმენტო ოფისში (თბილისსა და ქუთაისში), ხელს შეუწყობს შემოსული საქმეების მართვას;
● პროკურორების მომზადება (ტრეინინგები) - გენერელური პროკურატურის თანამშრომლებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდება სწავლების ახალი პროგრამა საქართველოს და საერთაშორისო სამართალში. პროკურატურასთან კონსულტაციების შედეგად პროექტის ფარგლებში შემუშავდება ეთიკის კოდექსი პროკურატურისათვის.
● საზოგადოების ინფორმირება პროექტის შესახებ და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა - არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საზოგადოების პროკურატურის საქმიანობაში უკეთ გათვითცნობიერება.
პროკურატურის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პროექტის ჯგუფს დაეხმარება ოთხივე კომპონენტის განხორციელებაში.
პროექტის სრული ღირებულებაა 1 მილიონი ევრო, საიდნაც 800 000 ევრო ძირითადი პროექტის ღირებულებაა, ხოლო დამატებითი 200 000 ევრო გამოყოფილია აღჭურვილობის შესასყიდათ. პროექტი გაგრძელდება 2005 წლის აგვისტომდე.
დამატებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ:
პამელა ფაჰი - პროექტის ხელმძღვანელი
ტელ: 995 32 98 25 74
ელექტრონული ფოსტა: pamfah-99@yahoo.com
იულია იაკობი - პროექტის მენეჯერი
ტელ. 995 32 94 37 64
ელექტრონული ფოსტა: -Julia.Jacoby@cec.eu.int
პროექტის პრეზენტაცია. ფოტო: რუბენ რუხკიანი
![]() |
7 აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრები გახდნენ |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი დღეს
,,ევროკავშირის საბჭომ 2003 წლის 16 ივნისის და 2004 წლის 26 იანვრის მისივე გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაადასტურა სტაბილურობის, დემოკრატიის და კეთილდღეობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასიაში. ევროკავშირის საბჭომ გაითვალისწინა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, გენერალური მდივნის/უმაღლესი წარმომადგენლის (ხავიერ სოლანა) და სამხრეთ კავკასიასიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის (ჰეიკი ტალვიტი) რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრად ცნოს აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი,” ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ამიერკავკასიის სამი სახელმწიფო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წევრი გახდა. ამ გადაწყვეტილებით საბჭომ დაადასტურა, რომ ევროკავშირმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიასიის რეგიონში უფრო აქტიური მონაწილეობისათვის. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო მოუთმენლად ელოდა ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში” გაწევრიანებას.
ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკომისიის რეკომენდაცია სამხრეთ კავკასიის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. თავდაპირველად ევროკომისია თავს იკავებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში” ჩართვისაგან, თუმცა შემდეგ მისი პოზიცია შეიცვალა. ევროკომისიის რეკომენდაციაში (ე.წ. კომუნიკაციაში) ნათქვამია: ,,ევროკავშირი ძალზე დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და ამ რეგიონის განვითარებით. ევროპული საბჭოს მიერ 2003 წლის დეკემბერში მიღებული ევროპული უშიშროების სტრატეგია მკაფიოდ ასახელებს სამხრეთ კავკასიას ერთ-ერთ იმ რეგიონად, რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირმა ,,უფრო ძლიერი და აქტიური ინტერესი” უნდა გამოავლინოს. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, მიიღოს გადაწყვეტილება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართვის შესახებ. თითოეულს ამ ქვეყნებიდან უნდა მიეცეს თანაბარი საშუალება, განავითაროს ევროკავშირთან თავისი კავშირები ამ სისტემის ფარგლებში. ევროკავშირმა უნდა განიხილოს ამ ქვეყნებთან ერთად, მათი ინდივიდუალური დამსახურების გათვალისწინებით, მომავალში სამოქმედო გეგმების შემუშავების შესაძლებლობა.”
,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკას” საფუძვლად უდევს ინიციატივა გაფართოებული ევროპის შესახებ (ოფიციალური სახელწოდებაა ,,გაფართოებული ევროპა და მისი სამეზობლო: ურთიერთობების ახალი ჩარჩო ჩვენს მეზობლებთან აღმოსავლეთით და სამხრეთით”), რომელიც 2003 წელს შემუშავდა. ამ ინიციატივას წინ უძღოდა უმაღლესი წარმომადგენლის სოლანას და საგარეო ურთიერთობათა ევროკომისრის პატენის ერთობლივი წერილი 2002 წლის აგვისტოში.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელი ქვეყნებისთვის ევროკავშირის 2004 წლის გაფართოებით მოტანილი სარგებლობის გაზიარება - მათი სტაბილურობის, უშიშროებისა და კეთილდღეობის გაზრდა. ამ პოლიტიკის დანიშნულებაა, თავიდან აგვაცილოს გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების წარმოქმნა და შესთავაზოს ამ მეზობლებს შესაძლებლობა, პოლიტიკის, უშიშროების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ცხოვრებაში.
შემოთავაზებული მეთოდი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ისეთი პრიორიტეტების დასახვას, რომელთა შესრულება დააახლოებს მათ ევროკავშირთან. ეს პრიორიტეტები შევა ერთობლივად შეთანხმებულ სამოქმედო გეგმებში, რომლებიც შეეხება კონკრეტული საქმიანობის რიგ ძირითად სფეროებს: პოლიტიკურ დიალოგს და რეფორმას; ვაჭრობას და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თანდათანობით მოამზადებს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად; მართლმსაჯულებას და შინაურ საქმეებს; ენერგეტიკას, ტრანსპორტს, საინფორმაციო საზოგადოებას, გარემოს დაცვას, კვლევას და ინოვაციებს; სოციალურ პოლიტიკას და ადამიანებს შორის კონტაქტებს.
მეზობლებთან პრივილეგირებული ურთიერთობა დაემყარება საერთო ფასეულობების მიმართ ყველა მხარის ერთგულებას. ეს საერთო ფასეულობებია კანონის უზენაესობა, სათანადო მმართველობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა ჯგუფების უფლებების პატივისცემა, კარგი მეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობა და საბაზრო ეკონომიკისა და სტაბილური განვითარების პრინციპების დაცვა. გარდა ამისა, მოთხოვნილი იქნება ერთგულება ევროკავშირის საგარეო მოღვაწეობის ზოგიერთი კონკრეტული ასპექტის მიმართ, ეს ასპექტებია ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა, საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულება და კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართული მცდელობების გატარება.
,,სწორედ ამ ერთობლივი ფასეულობების გაზიარება უდევს საფუძვლად სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოსა და ეუთო-ში,” ნათქვამია კომუნიკაციაში. ,,აუცილებელია მეტი ძალისხმევა რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების დამკვიდრების მიმართულებით. თითოეულმა ამ სამი ქვეყნიდან უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მათი შეთანხმებების შესრულების შემდგომი წინსვლის მხრივ, კერძოდ, მათ ხელი უნდა შეუწყონ კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და კონფლიქტების მოგვარებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის მონაწილეობას ამ მიზნების მიღწევაში.”
იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი, გაფართოებული თანამშრომლობისთვის მომზადებაში, ევროკავშირი მზად არის, დახმარების დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით ხელი შეუწყოს საიმედო, კონკრეტული და სტაბილური რეფორმების გატარებისკენ მიმართულ მცდელობებს, განსაკუთრებით, ზემოთ აღნიშნულ პრიორიტეტულ სფეროებში. უნდა განვითარდეს თანამშრომლობა ენერგეტიკის დარგშიც, ვინაიდან სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია როგორც ენერგიის მოპოვების (კასპიის ზღვის აუზი), ისე ტრანზიტის თვალსაზრისით.
![]() |
8 განათლება სპორტის მეშვეობით საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი დღეს
ყოველი სამი ევროპელიდან ერთი რეგულარულად მისდევს სპორტის რომელიმე სახეობას. თუმცა, საჭიროა მეტი გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი ადამიანთა ცხოვრებისა და განათლების ორგანულ ნაწილად იქცეს. სპორტი ადამიანებს ეხმარება განვითარებაში, ასწავლის საზოგადოებასთან ურთიერთობებს, პატიოსანი თამაშის პრინციპებს, აგრეთვე აჩვევს მათ კონკურენციას.
2004 წელი ევროკავშირმა გამოაცხადა სპორტის მეშვეობით განათლების წლად. ამ ინიციატივის ამოცანა იყო საზოგადოების ყურადღების გამახვილება განათლების კონტექსტში სპორტის მნიშვნელობაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური აქტივობისადმი უფრო მეტი დროის დათმობა.
ინიციატივის ძირითად მიზნები შემდეგია:
1. სპორტულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ცხოველ ინტერესს გამოხატავს სპორტის ბევრი სახეობის მიმართ.
2. იმ ღირებულებების ხაზგასმა, რომლებიც საფუძვლად უდევს სპორტს. ადამიანებში ფიზიკური შესაძლებლობებისა და მონდომების განვითარება, ჯგუფური მუშაობის, სოლიდარობის, შემწყნარებლობისა და პატიოსანი თამაშის პრინციპების დანერგვა.
3. საზოგადოების ყურადღების მიქცევა განათლების სისტემაში კლასგარეშე სამუშაოსთვის.
4. მოსწავლეთა გაცვლების მნიშვნელობის ხაზგასმა, განსაკუთრებით მულტიკულტურულ გარემოში, სპორტული და კულტურული შეხვედრების მოწყობის გზით
5. გამოცდილების გაზიარება სპორტის გზით სოციალურად დაუცველი ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით 6. სასკოლო ცხოვრებაში ინტელექტუალურ და ფიზიკურ დატვირთვას შორის წონასწორობის მიღწევა, სასკოლო ცხოვრებაში სპორტის როლის გაზრდა
7. პროფესიულ სპორტში ჩაბმული ახალგაზრდების განათლების პრობლემების შესწავლა.
18 მაისს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ იმსაჯა თბილისის საფეხბურთო ჩემპიონატის ორი საფინალო მატჩი 5-6 და 7-8 კლასელთა შორის. ფოტო: რუბენ რუხკიანი
იმისათვის, რომ ხაზი გაესვა სპორტის მნიშვნელობისათვის საქართველოს განათლების სისტემაში და გამოეცხადებინა „განათლება სპორტის მეშვეობით“ ევროპული წლის დაწყება, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბ-ნ ტორბენ ჰოლცე და სახელმწიფო მინისტრი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ქ-ნ თამარ ბერუჩაშვილი ეწვივნენ თბილისის ტანვარჯიშისა და აკრობატიკის სკოლას, რომელსაც ბევრი საქართველოსა თუ ოლიმპიური ჩემპიონი აღუზრდია, მაგრამ ახლა ფინანსურ სიძნელეებს განიცდის. მიუხედავად ამისა, 40 წუთიანი სადემონსტრაციო პროგრამის დროს სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. ბ-ნ ჰოლცემ მადლობა გადაუხადა მწრთვნელებსაც და ბავშვებსაც სპორტისადმი მათი ერთგულებისათვის და საჩუქრები გადასცა. 18 მაისს კი დელეგაციის ხელმძღვანელმა იმსაჯა თბილისის საფეხბურთო ჩემპიონატის ორი საფინალო მატჩი 5-6 და 7-8 კლასელთა შორის.
![]() |
9 ევროკავშირის მეექვსე კვლევითი პროგრამა კავკასიაში |
▲ზევით დაბრუნება |
კონკურსი
თავის მიერ მომზადებული ამ დოკუმენტით, ევროკავშირის დელეგაცია წინადადებას აძლევს სამხრეთ კავკასიელ მკვლევარებს გამოიყენონ მეექვსე ჩარჩო პროგრამის შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთონ მასში როგორც რეგიონის, ისე მთელი ევროპის საკეთილდღეოდ.
ჩარჩო პროგრამა კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და სადემონსტრაციო ქმედებებისათვის (www.cordis.lu/fp6) წარმოადგენს იმ ძირითად ინსტრუმენტს, რომლითაც ევროკავშირი ახდენს კვლევების დაფინანსებას. ჩარჩო პროგრამები მოიცავენ ხუთწლიან პერიოდს. მათი განხორციელება 1984 წლიდან დაიწყო. ისინი საერთო ევროპულ დონეზე ხორციელდება და ეროვნულ და რეგიონულ პროგრამებს ავსებს. მის მართვას ახორციელებს ევროკომისია. მეექვსე ეტაპი, (ან მოკლედ, კვლევითი პროგრამა 6) მოიცავს პერიოდს 2002-დან 2006 წლამდე. მისი ბიუჯეტი 17,5 მილიარდ ევროს უდრის.
კვლევითი პროგრამა 6-ის მოქმედების არეალი სცდება ევროკავშირის ფარგლებს, იგი მოიცავს თითქმის მთელ კონტინენეტს, მათ შორის ასოცირებულ წევრებს, აგრეთვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგრობრობის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებს. საქართველოსა და სომხეთს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და დაფინანსების მოზიდვა.
ჩარჩო პროგრამის მიზანია სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება კვლევით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. ამგვარმა თანამშრომლობამ საბოლოოდ ევროპული სამეცნიერო არეალის შექმნამდე უნდა მიგვიყვანოს. კვლევით ორგანიზაციაში იგულისხმება ნებისმიერი ჯგუფი ან პიროვნება, რომელიც კვლევას ახორციელებს, მათ შორის ლაბორატორია, უნივერსიტეტი, დიდი ან მცირე საწარმო, სახელმწიფო ორგანიზაცია ან კერძო მკვლევარი.
მონაწილეობის მიღება ხორციელდება პროექტების მეშვეობით. დაფინანსება შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა პროექტმა, დაწყებული სამეცნიერო ლაბორატორიიდან, დამთავრებული მარკეტინგული დეპარტამენტით, პროექტი შეიძლება მოიცავდეს პროტოტიპების დემონსტრაციას, სამეცნიერო ქსელების მშენებლობასა და კოორდინაციას, შედეგების გავრცელებას და სტიპენდიების გაცემას.
პროექტში მონაწილეობა არ ნიშნავს მხოლოდ დაფინანსების მიღებას. მონაწილისათვის ხელმისაწვდომი ხდება ინტელექტუალური კაპიტალი, სამეცნიერო ქსელის კომპონენტები და მენეჯმენტი. ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია წარმატებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევისათვის.
აუცილებელია, რომ პროექტები ექცეოდეს პროგრამის ჩარჩოებში, მაგრამ თავად პროექტების შინაარსი მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ბიოლოგიური მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ახალი მასალები და სამრეწველო პროცესები, აერონავტიკა და კოსმოსი, საკვების ხარისხი და უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ეკოსისტემები, მოქალაქეები და მმართველობა ინფორმაციულ საზოგადოებაში და ბირთვული ენერგია. თვითეული მიმართულება აღწერილია სამუშაო პროგრამაში.
ქვემოთ ჩამოთვლილია შვიდი თემატური პრიორიტეტი:
თემატური პრიორიტეტები |
ამოცანები |
1. ბიოლოგია, გენეტიკა |
პოსტგენეტიკური კვლევების ინტეგრირება ბიო-ტექნოლოგიურ სფეროში. ვროპის მასშტაბით კვლევითი ინსტიტუტების (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო) ჰარმონიზაცია. ww.cordis.lu/fp6/lifescihaelth infodesks:rtd-genomics-biotec@cec.eu..int and rtd-diseases@cec.eu.int |
2. საინფორმაციო საზოგადოება |
ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ მიმართული ევროპული პოლიტიკისა და ,,ი-ევროპის სამოქმედო გეგმის“ პირდაპირი ხელშეწყობა. იმ ტექნოლოგიების საშუალო და გრძელვადიანი კვლევა და განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობენ კომპიუტერებისა და ქსელური ტექნოლოგიების უფრო ფართო გამოყენებას საყოფაცხოვრებო გარემოში. www.cordis.lu/ist/.infodesk:ist@cec.eu.int |
3. ნანო-ტექნოლოგიები და მეცნიერებები. მრავალფუნქციური მასალები. ახალი სამრეწველო პროცესები და მოწყობილობები |
ევროპული წარმოების გარდაქმნა რესურსტევადიდან ცოდნატევადისაკენ. საჭირო სამეცნიერო ბაზის შექმნა, ბუნებრივი გარემოსადმი მავნე ზემოქმედების შემიცირება. www.cordis.lu/fp6/nmp.htm.infodesk:rtd-aerospace@cec.eu.int |
4. აერონავტიკა და კოსმოსი |
კვლევისა და განვითარების კონსოლიდირება ,,ევროპაში აერონავტიკის კვლევის მრჩეველთა საბჭოსა“ და ,,ევროპის კოსმოსური სტრატეგიის“ ჩარჩოებში. ww.cordis.lu/aerospace.infodesk:rtd-aerospase@cec.eu.int |
5. საკვების ხარისხი და უსაფრთხოება |
ევროპელი მომხმარებლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა საკვების ხარისხის გაუმჯობესების, საკვების გადამუშავებაზე კონტროლის გამკაცრებისა და შესაბამისი გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით. კლასიკური ფორმულის ,,ფერმიდან ჩანგლამდე“ შეცვლა მომხმარებლის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით. www.cordis.lu/fp6/food.infodesk:rtd-food@cec.eu.int |
6. მდგრადი განვითარება, გლობალური ცვლილება და ეკოსისტემები |
ევროპაში იმ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ბაზის განმტკიცება. რომელიც საჭიროა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი განვითარების მოდელის განსახორციელებლად. სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით. გლობალური ცვლილებების უარყოფითი შედეგების შემსუბუქება. www.cordis.lu/sustdev,infodesks:rtd-energy@ cec.eu.int,rtd-sustainable@cec.eu.int.rtd-transport@cec.eu.int and tren-energy@cec.eu.int |
7. მოქალაქეები და მმართველობა საინფორმაციო საზოგადოებაში |
ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მობილიზაცია საინფორმციო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის უკეთ გაგების მიზნით. ამ საზოგადოებაში მოქალაქეებისა და მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობების კვლევა. www.cordis.lu/citizens,infodesk:rtd-citizens@cec.eu.int |
![]() |
10 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
შემდგომი ინფორმაციისათვის:
● ევროკავშირის ვებსაიტი: www.europa.eu.int
● საბერძნეთი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა: www.eu2004.nl
● ევროპის კომისიის საგარეო ურთიერთობები: www.europa.eu.int/comm/external-relations/index.htm
● „ევროპეიდის” ვებსაიტი: http://europa.eu.int/comm/europeaid/
სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. 38, ნინო ჩხეიძის. 38, თბილისი 380002, საქართველო