![]() |
ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი) №3 (6), ივლისი-ოქტომბერი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio.ივლისი-ოქტომბერი |
![]() |
1 პრეზიდენტი რომანო პროდი საქართველოში 17-18 სექტემბერი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
სამხრეთ კავკასიაში ევროკომისიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ფარგლებში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეწვია ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი რომანო პროდი. პრეზიდენტის თქმით მისი საქართველოში ჩამოტანილი გზავნილი (,,მესიჯი”) მარტივია: ,,ევროკომისია საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს.”
ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ფოტო: ვახტანგ ბესელია
საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან შეხვედრებისას პრეზიდენტმა პროდიმ ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრად ცნობის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრობა არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას. მან მოუწოდა საქართველოს ხელმძღვანელობას სრულად გამოიყენონ თანამშრომლობის არსებული საშუალება ანუ ,,შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ,” რათა უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ევროკავშირთან. ბატონმა პროდიმ განმარტა, რომ შემდეგი ნაბიჯი ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ფარგლებში იქნება სამხრეთი კავკასიის ქვეყნების შესახებ ანგარიშების მომზადება; ამას მოყვება ინდივიდუალური ,,სამოქმედო გეგმის” მომზადება ყოველი მათგანის მიერ მიღწეულ წარმატებაზე დაყრდნობით.
,,სამოქმედო გეგმის” წარმატებით მოსამზადებლად პრეზიდენტმა პროდიმ მოუწოდა ხელისუფლებას გააძლიერონ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და კონფლიქტების მოგვარების სფეროში. პროდიმ აღნიშნა, რომ მან პოზიტიური გამოხმაურება მიიღო საქართველოს პრეზიდენტისაგან, პრემიერ მინისტრისაგან და პარლამენტის თავმჯდომარისაგან მათი მხრიდან რეფორმების პროცესის გაგრძელების თვალსაზრისით.
კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრებისას განიხილებოდა კონფლიქტების მოგვარებაა. პრეზიდენტმა პროდიმ დაბეჯითებით განაცხადა, რომ ევროკომისია ვერ ჩაერევა კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში, მაგრამ მას შეუძლია შესთავაზოს თანამშრომლობის სტრატეგია. საქართველომ თავისი გართულებული ურთიერთობა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით უნდა მოაგვაროს, განაცხადა პროდიმ. რაც შეეხება ევროკომისიას, ის დაეხმარება საქართველოს რეფორმებისა და კონფლიქტური ზონების რეაბილიტაციის პროცესში.
18 სექტემბერს სტუდენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრეზიდენტ პროდის გადაეცა უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი მისი პირადი წვლილისათვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში. პრეზიდენტმა პროდიმ განმარტა ის სარგებელი, რომელსაც ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” მოუტანს ქვეყანას, ანუ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ეკონომიკური ინტეგრაციის გარკვეული ხარისხი და გაღრმავებული პოლიტიკური თანამშრომლობა, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს ახალი გამყოფი ხაზის წარმოქმნა გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის. სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას პროდიმ მიმართა იქ მსხდომთ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის მომავალი ურთიერთობები სწორედ მათზეა დამოკიდებული, ანუ მათ მონდომებაზე, რომ სახელმწიფომ გამართულად იმუშაოს.
ევროკომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფოტო: ვახტანგ ბესელია
![]() |
2 ევროკომისარი პოტოჩნიკი ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკას” განმარტავს |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
ევროკომისარი იანეშ პოტოჩნიკი 5-6 ივლისს საქართველოს ეწვია. საქართველოში ვიზიტი განხორციელდა ევროკომისარის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში. პოტოჩნიკი აზერბაიჯანს 6-7 ივლისს ეწვია, სომხეთს კი 7-8 ივლისს. ვიზიტი შედეგად მოჰყვა ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს მიერ 14 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას სამხრეთი კავკასიის სამი სახელმწიფოს ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრად ცნობის შესახებ. ბატონი პოტოჩნიკი მიესალმა ამ სახელმწიფოების ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრობას და პარტნიორ ქვეყნებს აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობა განუმარტა.
ევროკომისარმა პოტოჩნიკმა განაცხადა: ,,საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში” გაერთიანება გვამცნობს ევროკავშირის სრულ მზადყოფნას მხარი დაუჭიროს სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოებში სტაბილური საზოგადოების მშენებლობის პროცესს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს დაეყრდნობა. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” არის სამივე სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის ძირითადი ინსტრუმენტი.”
ევროკომისარი პოტოჩნიკი შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრ ჟვანიას, და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. შეხვედრების შემდეგ ევროკომისარმა თქვა: ,,საქართველოს ხელმძღვანელობას კარგად ესმის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” მნიშვნელობა.” მათ კარგად ესმით, აგრეთვე, რომ ამ ინიციატივის წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.”
მას შემდეგ, რაც პოტოჩნიკმა ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” მიზნები განმარტა, მან განიხილა ის მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც ამ სახელმწიფოებმა ევროკავშირის მინისტრთა) საბჭოს გადაწყვეტილების განხორციელების მიზნით უნდა გადადგან. საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეხვედრების დროს განხილული იქნა, აგრეთვე, სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოების ევროკავშირთან ურთიერთობის ზოგადი საკითხები. ბატონმა პოტოჩნიკმა სთხოვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ კონფლიქტების მოგვარებას და მათ პრევენციას, აგრეთვე, ხაზი გაუსვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას. პოტოჩნიკმა განაცხადა, რომ ახლახანს ევროკავშირმა გამოყო 2,5 მილიონი ევრო რეაბილიტაციის პროექტებისათვის სამხრეთი ოსეთის რეგიონისათვის, თუმცა, ევროკავშირი არ არის უშუალოდ ჩართული კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
ევროკომისარი იანეშ პოტოჩნიკი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
პოტოჩნიკის ვიზიტი არის შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის მზარდი მცდელობისა გააძლიეროს პოლიტიკური ურთიერთობები რეგიონთან და უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების პრევენციაში, ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და პოსტ-კონფლიქტურ რეაბილიტაციაში.
პარლამენტარები ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” პრეზენტაციაზე პარლამენტში. ფოტო: რუბენ რუხკიანი
პოტოჩნიკმა ვიზიტისას ისაუბრა საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შესახებ და შესთავაზა საქართველოს ე.წ. თანდათანობითი მიდგომა გამოიყენოს. ,,მე სლოვენიელი ვარ. ჩემი ქვეყანა სულ ახლახან გაწევრიანდა ევროკავშირში”.
ზოგადი ინფორმაცია
2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრად ცნობის შესახებ. ამავდროულად, საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელიც ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ამოქმედების სტრატეგიას ასახავს.
,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” მიზანია, ევროკავშირის გაფართოებით (2004 წლის 1 მაისს) გამოწვეული დადებითი შედეგების მეზობელი ქვეყნებისათვის გაზიარება. ეს შედეგებია: სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. სამეზობლო პოლიტიკის მიზანია თავიდან აიცილოს ახალი გამყოფი ხაზის წარმოქმნა გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის, აგრეთვე, შესთავაზოს მათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტეგრაციას და გაღრმავებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” დაეხმარება იმ სტრატეგიული მიზნების მიღწევას, რომლებიც 2003 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ მიღებულ “ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიაშია” დასახული და ემსახურება ევროკავშირის სამეზობლოში უსაფრთხოების დამკვიდრებას.
საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობის სამართლებრივი საფუძველია თითოეულ ქვეყანასთან დადებული შეთანხმებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” ითვალისწინებს ევროკავშირთან შეთანხმებით სამხრეთი კავკასიის თითოეული სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ყოველი მათგანის მიერ მიღწეულ წარმატებაზე დაყრდნობით.
![]() |
3 წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ,,თანამშრომლობის ანგარიში - საქართველო 2003” |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
ევროკომისიის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ,,თანამშრომლობის ანგარიში - საქართველო 2003”, რომელშიც განხილულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, მოცემულია ინფორმაცია ევროპის კავშირის სახელით ევროკომისიის მიერ და აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში დაფინანსებული ძირითადი პროგრამების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, ევროპის კავშირმა თავისი დახმარების 24%25 (84 მილიონი ევრო) პროგრამა ტასისის ფარგლებში გამოყო. ასევე 84 მილიონი ევრო გამოიყო ევროკომისიის ჰუმანიტარული ოფისის ფარგლებში. რეაბილიტაციის პროგრამისთვის კონფლიქტის ზონებში 17.5 მილიონი ევრო გამოიყო. მხოლოდ 2003 წელს საქართველომ ევროპის კავშირისგან მიიღო 42 მილიონი ევრო. 1991 წლიდან ევროპის კავშირმა საქართველოს 600 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, რომელთაგან უმეტესობა გრანტის სახით იქნა გაცემული. აქედან გამომდინარე, ევროპის კავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის შემდეგ მესამე ადგილზეა დონორთა შორის საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების ოდენობის მიხედვით.
ანგარიშში ასევე აღწერილია 2003 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში: 16-17 ივნისს ბრიუსელში ევროპის კავშირის და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის მეხუთე შეხვედრა გაიმართა; 7 ივნისს მისი აღმატებულება ჰეიკი ტალვიტი დაინიშნა ევროპის კავშირის სპეციალურ წარმომადგნლად სამხრეთ კავკასიაში; ასევე ივნისში ევროპის კავშირის ,,სამეული” ,,ეწვია სამხრეთ კავკასიას; 30 სექტემბერს, ევროპის კავშირმა უმასპინძლა თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრას სომხეთთან, აზერბაიჯანთან
და საქართველოსთან. ევროპის კავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პირველად მიიღო მონაწილეობა ამ შეხვედრებში; ვარდების რევოლუციის შემდეგ, დეკემბრის ბოლოს, ჰეიკი ტალვიტი ეწვია საქართველოს, რათა შეხვედროდა ახალ დროებით ადმინსტრაციას და შეესწავლა უსწრაფესი დახმარების გზები და გრძელვადიანი განვითარების მიზნები.
მისი აღმატებულება ჰარი მოლენაარმა, რომელიც წარმოადგენს ევროპის კავშირის თამჯდომარე ქვეყანას, განაცხადა: ,,აღნიშნული ანგარიში ნათლად ასახავს ევროპის კავშირისა და მისი წევრი ქვეყნების საქმიანობას საქართველოში”.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნინო ღუდუშაური, პრესისა და ინფორმაციის სამსახური
ტელ 995 32 94 37 63;
ელ. ფოსტა: Nino.Gudushauri@cec.eu.int
![]() |
4 მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის საჰაერო ტრანსპორტის საკითხებზე |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიარებული ,,ღია ცის” პრინციპის თანახმად, მთავრობა ქვეყნის საავაციო ბაზრის ლიბერალიზაციას შეუდგა. ამ მხრივ პირველ კონკრეტულ ნაბიჯად ევროკავშირთან ჰორიზონტალური შეთანხმების ხელმოწერა უნდა იქცეს, რომელიც შეცვლის ევროკავშირის ცალკეულ წევრ-სახელმწიფოებთან ხელმოწერილი შეთანხმებების ზოგიერთ დებულებას და მოაწესრიგებს საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში, 21-22 სექტემბერს გაიმართა. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკომისიის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დირექტორატის წარმომადგენელი დენიელ გადერი. დელეგაციაში შედიოდნენ აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს, ავსტრიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები. ქართულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი მჟავანაძე მეთაურობდა. მოლაპარაკებები მეგობრულ და კონსტრუციულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
მარცხნიდან: გიორგი მჟავანაძე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი, ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თარჯიმანი და ჟაკ ვანტომი, ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების თანახმად, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ავიაკომპანიებს თანაბარი უფლებები აქვთ ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე. ახალი ,,ჰორიზონტალური შეთანხმება” შესაბამისობაში მოიყვანს საქართველოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ უკვე არსებულ ორმხრივ შეთანხმებებს. ხელშეკრულებას ხელი სამ თვეში უნდა მოეწეროს. მის ძალაში შესასვლელად საქართველოსა და ევროკავშირის წევრი-ქვეყნების პარლამენტების მიერ რატიფიკაციაა საჭირო.
მოლაპარაკებების დასასრულს, საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ტორბენ ჰოლცემ აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის სფეროში.
![]() |
5 პროკურატურაში საბეჭდი მანქანების ერა დამთავრდა |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა
,,ეს ის ოთახია, სადაც ყველა პროკურორი ისწავლის კომპიუტერთან მუშაობას. პროკურატურაში საბეჭდი მანქანების ერა დამთავრდა” - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ახალი კომპიუტერული სასწავლო ცენტრის პრეზენტაციისას, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართა. ადეიშვილის თქმით, ევროკომისიის დახმარებას ამ სფეროში რეფორმების გატარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გენერალური პროკურორი თავის გამოსვლაში შეეხო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობასაც.
მარცხნიდან: ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორი და ჯო ბაკოვსკი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
თავის მხრივ, საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ტორბენ ჰოლცემ განაცხადა, რომ რეფორმების მეორე ეტაპზე ყურადღება უფრო მეტად პროკურატურის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაზრდაზე გამახვილდება. ,,ამ კომპიუტერული ცენტრის გახსნა პროკურატურის მოდერნიზაციისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია” - განაცხადა მან.
პროექტის მიზანია პროკურატურის უკეთ ორგანიზება და მენეჯმენტის გაუმჯობესება, რათა ამ დაწესებულებამ შეძლოს ევროპის საბჭოს სტანდარტების დაკმაყოფილება. პროექტი დაყოფილია ოთხ კომპონენტად, რომელთაგან თითოეულს სპეციფიკური მიზნები და ამოცანები გააჩნია. ამ კომპონენტებიდან უკანასკნელი მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი პრინციპების ჩამოყალიბებასა და დანერგვას ითვალისწინებს.
ბატონმა ჰოლცემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ემყარება და დასძინა, რომ “საბოლოო ჯამში ევროკავშირის პროგრამები იმ ადამიანთა დახმარებისკენაა მიმართული, ვისაც პროკურატურასთან უხდება საქმის დაჭერა”. მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პროკურატურა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობა შეუძლია. ბატონი ჰოლცე პროკურატურას დახმარების პროგრამების გაფართოებას დაპირდა და ისიც აღნიშნა, რომ თავის მხრივ, საკუთარი მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, პროკურატურაც ძალზე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან.
ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ჯო ბაკოვსკიმ მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს და განაცხადა, რომ ევროპული კონსორციუმის ერთიანი მოღვაწეობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრობლემათა ფართო სპექტრს მოიცავს. როგორც პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა და სისხლის სამართლის საქმეთაწარმოების ექსპერტმა პამელა ფეჰიმ დამსწრეთ განუცხადა, 2005 წლის იანვარ-თებერვლამდე გენერალური პროკურატურის სამივე დეპარტამენტი აღიჭურვება კომპიუტერებით. გარდა ამისა, დაგეგმილია ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება: გენერალური პროკურატურის ინტერნეტ-საიტის გახსნა და შემოქმედებით-ინოვაციური სასწავლო ცენტრის დაარსება. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს, როგორც მინიმუმ, თბილისისა და ქუთაისის ყველა პროკურორის გადამზადებას.
პრეზენტაციის დასასრულს ზურაბ ადეიშვილმა და ტორბენ ჰოლცემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელშიც საუბარია იმ დაგეგმილ ნაბიჯებზე, რომლებიც პროკურატურის რეფორმირების პროექტის ფარგლებში უნდა გადაიდგას.
საქართველოს პროკურატურის რეფორმის პროექტი 2004 წლის აპრილში დაიწყო და 2005 წლის აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტის უშუალო მართვას ახორციელებს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. მას აფინანსებს ევროკავშირი ,,ტასის”-ის პროექტი. პროექტის ბიუჯეტია 800.000 ევრო და დამატებით 200.000 ევრო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. სისხლის სამართლის სისიტემის რეფორმის მხარდაჭერის მეშვეობით პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას. პროექტის მიზანია სისტემის ეფექტურობის გაზრდა და ამავე დროს გამჭვირვალობის ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და კორუფციასთან ბრძოლის გაღრმავება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
იულია იაკობი - პროექტის მენეჯერი
ტელ 995 32 94 37 63;
ელ. ფოსტა: Julia.Jacoby@cec.eu.int
მარცხნიდან: პამელა ფეჰი, ჯო ბაკოვსკი, ტორბენ ჰოლცე და ნონა წოწორია, გენერალური პროკურორის მოადგილე. ფოტო: რუბენ რუხკიანი
![]() |
6 ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში პრობაციის სისტემის დამკვიდრებას |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა
ჯერ კიდევ 2003 წლის ოქტომბერში ევროკავშირი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას საქართველოში პრობაციის სისტემის დამკვიდრების თაობაზე. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს
სამართალდამცავ სისტემაში არ არსებობდა ეფექტური მექანიზმები, რომლებიც მსჯავრდებულთა დამნაშავეებს ხელახალი დანაშაულის ჩადენისაგან შეაკავებდა. ევროპელი ექსპერტები მხარში ამოუდგნენ იუსტიციის სამინისტროში ახლადშექმნილ პრობაციის დეპარტამენტს, რომლის ფუნქციაა იმ მსჯავრდებულთა ზედამხედველობა, რომლებიც არასაპატიმრო სასჯელს იხდიან. დღეისათვის ეს სისტემა უკვე შექმნილია და მოქმედებს. ხუთი ათასამდე მსჯავრდებული კვირაში სამჯერ ცხადდებიან დეპარტამენტში, სადაც ანგარიშს აბარებენ თავიანთი საქციელის შესახებ და შეძლებისდაგვარად, დახმარებასაც იღებენ. პრობაციის დეპარტამენტის სამოცდაათამდე თანამშრომელი ქვეყნის შვიდ რეგიონულ ცენტრში მუშაობს.
პრობაციის დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს იმ პირებს, რომელთაც არასაპატიმრო სასჯელი მიესაჯათ, ან რომლებიც ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების ადგილებიდან. პრობაციის კონცეფცია საქართველოში 2000 წლიდან, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღების შემდეგ დაინერგა. კოდექსი უფლებას აძლევს სასამართლოებს დამნაშავეების მიმართ პრობაციის მეთოდი გამოიყენონ. თუმცა, კანონი, რომლითაც იუსტიციის სამინისტროში პრობაციის დეპარტამენტი შეიქმნა, პარლამენტმა მხოლოდ 2003 წელს მიიღო.
ევროკავშირმა დააფინანსა საკონსულტაციო პროექტი, რომელმაც ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყო აღნიშნული დეპარტამენტის ჩამოყალიბებას. პროექტი ამჟამად დასრულებულია. მისი შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, 23 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროში ჩატარდა სპეციალური პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა და საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბატონმა ტორბენ ჰოლცემ. მათი თქმით, პროექტის ძირითადი შედეგები შემდეგია:
● შეიქმნა კომპიუტერიზებული მონაცემთა ბაზა, რომელშიც უსაფრთხოდ ინახება მონაცემები თითოეული სამართალდამრღვევის შესახებ;
● პრობაციის ოფიცრებმა აითვისეს მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს, რამდენად საშიშია თითოეული მსჯავრდებული და რა ძირითადი საჭიროებები აქვს მას;
● დამუშავდა სასწავლო პროგრამა, რომელიც დამნაშავეებს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უკეთეს მეთოდებს ასწავლის.
იმისათვის, რომ მოხდეს მსჯავრდებულთა ხელახალი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხოლოდ მათი აღრიცხვა არ კმარა, საჭიროა მათი ჩართვა სოციალურ პროგრამებში და მათ დასაქმებაზე ზრუნვა - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გიორგი პაპუაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ტორბენ ჰოლცემ კი განაცხადა: ,,ვამაყობთ იმით, რომ ასე სწრაფად მოვახერხეთ დავხმარებოდით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ამ ინოვაციურ ინიციატივას. კომისიას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პრობაციის დეპარტამენტის გასამტკიცებლად ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს. ევროკავშირმა უკვე გამოყო 1,2 მილიონი ევრო ამ დეპარტამენტის დასახმარებლად მომავალში. დახმარება ,,სწრაფი რეაგირების მექანიზმისა” და ,,ტასის”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალს შორის, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების მხარდასაჭერად ახორციელებს. ,,ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოთქვა მზადყოფნა იმ მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც საქართველო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს უნდა მიუახლოვოს. პოლიტიკურმა ცვლილებებმა იმპულსი მისცა ევროკავშირს, რომელმაც ფული გამოყო ისეთი პროექტებისთვისაც კი, როგორიცაა საპატიმრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია”-განაცხადა ტორბენ ჰოლცემ. აპრილში, ტასისის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა დაიწყო იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური დეპარტამენტის დახმარების პროექტი. უფრო მეტიც, ევროკავშირმა გამოყო 2 მილიონი ევრო, რომელიც რუსთავში ახალი ციხის მშენებლობის დასრულებას უნდა მოხმარდეს.
პრობაციის სამსახურის ექსპერტი ქრის ფროსტი ქართველ პრობაციის ექსპერტებთან ერთად. ფოტო: რუბენ რუხკიანი
ევროკავშირი ასევე ახორციელებს პროკურატურის ტექნიკური დახმარების პროგრამას. რაც შეეხება პრობაციის სისტემას, ევროკავშირი მის დახმარებას კვლავაც აპირებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
იულია იაკობი - პროექტის მენეჯერი
ტელ 995 32 94 37 63;
ელ. ფოსტა: Julia.Jacoby@cec.eu.int
პრესკონფერენცია იუსტიციის სამინისტროშ. ფოტო: რუბენ რუხკიანი
![]() |
7 ახალი ევროპული მისია საქართველოში სამართლის სისტემის მხარდასაჭერად |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
22 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენლობაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ახალი მისიის დაწყებას მიეძღვნა. მისია სახელწოდებით ,,EUJUST TCEMIS” კანონის უზენაესობის საკითხებს ეხება. ეს პირველი ამგვარი მისიაა, რომელსაც ევროკავშირი ,,ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის” კონტექსტში ახორციელებს.
,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ სასამართლო და სამართალდაცვითი სისტემის რეფორმა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. კანონის უზენაესობის მისია წამოწყებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3 ივნისის ინიციატივის საპასუხოდ. უკვე 28 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისიის საქართველოში გაგზავნის თაობაზე. 16 ივლისს, ბრიუსელში მისიის გახსნა ოფიციალურად გამოცხადდა.
,,EUJUST TCEMIS” მისია, რომელსაც ერთწლიანი მანდატი აქვს, მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სისტემაში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრაში საქართველოს ხელისუფლებისათვის დახმარების გაწევა. მისიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია რეფორმების პროცესისადმი კოორდინირებული მიდგომის ჩამოყალიბება ისე, რომ ამ მისიამ შეავსოს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიერ გაწეული დახმარება.
მისიის ხელმძღვანელის, ქ-ნ სილვი პანცსის დანიშვნას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანა, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია მისია. ბ-ნ სოლანამ განაცხადა: ,,საქართველოში კანონის უზენაესობის მისიის დაწყება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე განხორციელდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ამ ქვეყანაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეფორმების გატარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ვაპირებ მჭიდროდ ვითანამშრომლო ამ მისიის ხელმძღვანელთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა მისია წარმატებული გამოდგეს”.
მარცხნიდან: სილვი პანცი, კანონის უზენაესობის მისიის ხელმძღვანელი, მაიკლ მატისენი, სამოქალაქო კრიზისის მენეჯმენტის დირექტორი ევროკავშირის საბჭოს გენერალურ დირექტორატში და რონალდ ჰორდიკი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
მისია, რომელსაც ქ-ნი სილვი პანცსი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის საკითხების ათი გამოცდილი ექსპერტისაგან შედგება. ისინი განთავსებული იქნებიან შემდეგ უწყებებში: იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, გენერალური და თბილისის საოლქო პროკურატურები, იუსტიციის საბჭო, უზენაესი სასამართლო და სახალხო დამცველის ოფისი.ექსპერტებმა შემდეგი ამოცანები უნდა შეასრულონ:
● საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებაში დახმარება, მათ შორის დახმარება ახალი კანონმდებლობის (მაგალითად, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის) შემუშავებაში. სტრატეგიის უმთავრესი მიზანია ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპული სტანდარტების მიღწევა.
● საქართველოს ხელისუფლების დახმარება სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული ზომების კოორდინაციაში
● სისხლის სამართლის სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა
მარცხნიდან: მაიკლ მატისენი, სამოქალაქო კრიზისის მენეჯმენტის დირექტორი ევროკავშირის საბჭოს გენერალურ დირექტორატში და რონალდ ჰორდიკი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი. ფოტო: რუბენ რუხკიანი
ამგვარი მისია პირველად ხორციელდება ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) ფარგლებში. ამდენად, იგი მნიშვნელოვანიაა ამ პოლიტიკის სამოქალაქო კომპონენტის განვითარების თვალსაზრისითაც. ამასთანავე, ეს არის ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პირველი მისია, რომელიც ბალკანეთისა და აფრიკის გარეთ ხორციელდება. ამ მისიის დაწყება დაემთხვა ევროკავშირის მიერ საქართველოს ,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ წევრად ცნობას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
მისიის ხელმძღვანელი, სილვი პანცი საფრანგეთის მოქალაქეა. ის დაიბადა პარიზში 1951 წელს. ის არის მოსამართლე ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილებით. კონკრეტულად, იყო ბოსნია-ჰერცოგოვინის უმაღლესი იურიდიული და საპროკურორო საბჭოს წევრი (2002-04), იურიდიული საქმეების დირექტორი, იუსტიციის თანამინისტრი (UNMIK) კოსოვო (1999-2001), გამოძიების უფროსი, საერთაშორისო სასამართლო ჰააგა (1996-99).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
www.eujust-themis.org
აგრეთვე http://www.delgeo.cec.eu.int
![]() |
8 ევროპული ფილმების კვირეული თბილისში |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო
18-25 სექტემბერს კინოთეატრ ,,რუსთაველში” გაიმართა ევროპული ფილმების კვირეული, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ჰოლანდიის საელჩოს მიერ. ევროპული ფილმების კვირეულმა აღაფრთოვანა მრავალი კინომოყვარული, რომლებსაც მიეცათ შესანიშნავი შესაძლებლობა ენახათ უკანასკნელი წლების საუკეთესო ევროპული ფილმები.
ჩვენება არაკომერციული იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო ფილმების ნახვა სულ რაღაც ერთ ლარად. ყველა ფილმი დუბლირებული იყო ქართულად და მათ უმრავლესობას ინგლისური ტიტრები ჰქონდა. პროგრამაში შედიოდა თერთმეტი ფილმი ჰოლანდიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ლუქსემბურგიდან, პორტუგალიიდან, ლიტვიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ ევროპული ფილმების კვირეული თბილისში ყოველ წელს აღინიშნება.
მაყურებელთა ფართო წრის მოზიდვის მიზნით, კვირეულის დაწყებამდე ჰოლანდიის ელჩმა ჰარი მოლენაარმა და კინოთეატრ ,,რუსთაველის” მენეჯერმა ირაკლი ჩიკვაიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ელჩმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანოა, მას აქვს საერთო კულტურული ფასეულობები, რომლებსაც ევროპული ფილმების კვირეულის განმავლობაში ქართველი მაყურებელიც გაიზიარებს. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ფილმების შერჩევისას ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც ქვეყნებმა ისარგებლეს ფილმების ხარისხი იყო. ჰარი მოლენაარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ფილმების კვირეული მხოლოდ დასაწყისია და ეს ღონისძიება კიდევ უფრო გაფართოვდება მომავალში.
თავის მხრივ, ირაკლი ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, პროგრამაში აგრეთვე შეტანილი იქნება ქართული ფილმები.
კინოთეატრი ,,რუსთაველი”
მარცხნიდან: ჟურნალისტი, ირაკლი ჩიკვაიძე, კინოთეატრ ,,რუსთაველი”- ს მენეჯერი, ჰარი მოლენაარი, ჰოლანდიის ელჩი და ლელა ლომია, ელჩის თანაშემწე”
სანდრა რულოფსი, პირველი ქალბატონი ევროპული ფილმების კვირეულის პრეზენტაციაზე. ფოტო: რუბენ რუხკიანი
![]() |
9 თბილისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობა ტრადიციად იქცა |
▲ზევით დაბრუნება |
დელეგაცია დღეს
ევროკომისიის წარმომადგენლობამ კვლავ მიიღო მონაწილეობა წიგნის ტრადიციულ ფესტივალში, რომელიც ფილარმონიის ფოიეში გაიმართა. ამჯერად ეს უკვე რიგით მეექვსე ფესტივალი გახლდათ. ფესტივალს მოუთმენლად ელოდებოდნენ მკითხველები, ვინაიდან ეს ერთადერთი ადგილია, სადაც წელიწადში ერთხელ თითქმის ყველა გამომცემელი და თბილისის წიგნის მოყვარული საზოგადოება ხვდება ერთმანეთს. წიგნის ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება ოთხი დღე გრძელდება.
,,რა სასიამოვნოა თქვენი სტენდის ნახვა”, ამბობს სტუდენტი, რომლის სახე ძალიან მეცნობა. ყოველ წელს ის რეგულარულად სტუმრობს ჩვენ სტენდს წიგნის ფეხტივალზე და არჩევს ევროკავშირის პუბლიკაციებს. ზოგჯერ ძნელიც არის ყველას მიაქციო ყურადღება, ვინაიდან რიგიც კი დგება. მათ შორის უმეტესად სტუდენტები და ახალგაზრდობაა, თუმცა სხვა თაობებიც დიდი ინტერესით ეცნობიან ევროპის კავშირის პუბლიკაციებს, რომლებიც უფასოდ რიგდება წიგნის ფესტივალზე.
,,როდის გახდება საქართველო ევროპის კავშირის წევრი?” გახლავთ შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვისვამს ახალგაზრდა თუ მოხუცი. აი, გვიახლოვდება ქალბატონი ევროპის კავშირის პატარა დროშით ხელში და არჩევს პუბლიკაციებს. სხვებსაც უჭირავთ იგივე დროშა ხელში. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის კავშირი გახდა თბილისის წიგნის ფესტივალის შემადგენელი ნაწილი.
მკითხველები თბილისის წიგნის ფესტივალზე. ფოტო: რუბენ რუხკიანი
![]() |
10 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
შემდგომი ინფორმაციისათვის:
● ევროკავშირის ვებსაიტი: www.europa.eu.int
● ჰოლანდია - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა: www.eu2004.nl
● ევროპის კომისიის საგარეო ურთიერთობები:
www.europa.eu.int/comm/external_relations/index.htm
● „ევროპეიდის” ვებსაიტი: http://europa.eu.int/comm/europeaid/
სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. ნინო ჩხეიძის. 38, თბილისი 0102, საქართველო