![]() |
ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი) №2 (8), ივნისი-აგვისტო, 2005 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio. ივნისი-აგვისტო |
![]() |
1 საქართველო ბოლონიის პროცესს უერთდება |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთი ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა შეუერთდა ბოლონიის პროცესს ნორვეგიის ქალაქ ბერგენში 19-20 მაისს გამართულ განათლების მინისტრების სამიტზე. 45 ქვეყნის განათლების მინისტრი შეიკრიბა ბერგენში, მათ შორის ბოლონიის პროცესის ხუთი ახალი წევრი ქვეყნის მინისტრები. ახალი წევრი ქვეყნების მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაატარონ ბოლონიის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები თავიანთი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემებში.
სამიტზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. დეკლარაციის თანახმად, 2010 წლისათვის მიღწეული უნდა იქნას შემდეგი მიზნები ერთიანი ევროპის საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დანერგვა ყველა ქვეყანაში, ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემის შემოღება, იმ არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თავისუფალ გადაადგილებას გაწევრიანებულ უნივერსიტეტებს შორის.
ბოლონიის პროცესში ჩართვის მიზნით 2004 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია, ხოლო 2005 წელს - ერთიანი ეროვნული გამოცდები. მართვისა და დაფინანსების თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით საქართველოს განათლების სამინისტრომ მკვეთრად გაზარდა განათლების დაფინანსება.
ალექსანდრე ლომაია, საქართველოს განათლების მინისტრი ხელს აწერს ბოლონიის დოკუმენტს. მოწოდებულია განათლების სამინისტროს მიერ
ბოლონიის პროცესი ოფიციალურად გაფორმდა 1999 წლის ივნისში, როდესაც 29 ქვეყნის განათლების მინისტრმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ბოლონიაში უმაღლესი განათლების სისტემების რეფორმირების თაობაზე. თითოეულმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება განახორციელოს უმაღლესი განათლების რეფორმა.
![]() |
2 საქართველოში სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის რეფორმირება დაიწყო |
▲ზევით დაბრუნება |
გამჭვირვალე, ეფექტური, უსაფრთხო და სანდო ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემის” (CARS) შესაქმნელად იუსტიციის სამინისტრომ სრულიად ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ამის საჭიროება წარმოშვა სამინისტროს მიერ აღებულმა ახალმა ვალდებულებებმა: პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემის უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იუსტიციის სამინისტროს გადაეცა. როგოარც მრავალ ოფიციალურ საჯარო გამოსვლაშია ნათქვამი, წინა ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სფეროდ, სწორედ, სამოქალაქო რეგისტრაცია ითვლებოდა.
განსაკუთრებით სცოდავდნენ პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გამცემი განყოფილებები. უკანასკნელი ცვლილებებიც ამ სენთან საბრძოლველად დაიწყო. ამ საქმეში დახმარების გაწევა ევროკავშირმაც გადაწყვიტა.
სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის რეფორმირება ,,იუსტიციის სამინისტროში პროფესიული დონის ამაღლების” პროექტის ერთი ნაწილია. ამ პროექტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ,,გაეროს განვითარების პროგრამა” (UNDP) ერთად მუშაობენ, დამფინანსებლის როლს კი ევროკავშირი (RRM) ასრულებს, ,,სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.” პროექტის საერთო ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა. ევროკავშირმა სამოქალაქო რეგისტრაცი-ის პროექტისათვის უკვე გამოყო 405 ათასი ევრო.
სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის რეფორმირების პროექტი 2005 წლის თებერვალში დაიწყო. მისი მთავარი მიზანია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას, რათა მან სრულად განახორციელოს დემოკრატიული მმართველობის შესაბამისი რეფორმები და ქვეყანაში კანონის მოქმედების ეფექტურობა ევროპულ სტანდარტებამდე აამაღლოს. დაწყებული პროექტი ძირითადად კონცენტრირებულია სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის მოდელის დანერგვასა და განვითარებაზე და მასში მომუშავე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებაზე, რაც ამ სისტემის სწრაფ გარდაქმნას შეუწყობს ხელს. ხუთი საპილოტო ოფისი უკვე გახსნილია მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, თბილისის საბურთალოს რაიონში ოფისი სექტემბერში გაიხსნება.
დაწყებული სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.მომსახურების და ტექნიკური სრულყოფის მიზნით ეს ოფისები ყველა საჭირო ინფორმაციას თავად გასცემენ და შესაბამის დოკუმენტაციასაც საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად ამუშავებენ. რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და მარნეულის განყოფილებები უკვე სრულადაა აღჭურვილი და ყოველი მათგანი ინტერნეტ- ქსელშია ჩართული.
პროფესიული დონის ამაღლების მიზნით იუსტიციის სამინისტროს 205 თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარდა მართვაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ოფიციალური კორსპონდენციისა და ჩანაწერების რეგისტრაციასა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობების, პასპორტებისა და სამოქალაქო რეგისტრაციის აქტების გაცემასა და რეგისტრაციას.
მარცხნიდან: ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ლანს კლარკი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი რუსთავის სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისში. მოწოდებულია UNDP-ის მიერ
სისტემის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები საერთო სახელწოდებით ,,საჯარო მოსამსახურეთა ბიბლიოთეკა” სახელმძღვანელოსა და ბროშურის სახით გამოიცა. აგრეთვე, მომზადდა და დაიბეჭდა ორი წიგნი სახელწოდებით ,,ნორმატიული აქტების კრებული სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელთათვის” და “საჯარო უწყებებში დოკუმენტაციის მართვა”.
კოტე კემულარია, იუსტიციის მინისტრი სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისის გახსნაზე მარნეულში. მოწოდებულია UNDP-ის მიერ
პროექტზე მომუშავე ხუთი ქართველი და ხუთი ევროპელი ექსპერტი თანხმდება იმ აზრზე, რომ სისტემა ჯერ ისევ დაწყებით სტადიაზეა და განვითარებასა და სერიოზულ გადახალისებას საჭიროებს. სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შესაბამისი აქტების ერთად თავმოყრაა. ოფისებს შორის ეს დოკუმენტაცია, ძირითადად, ფოსტით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ საფოსტო მომსახურება საქართველოში საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. ამ უხერხულობის დასაძლევად კურიერების ფუნქციას ხშირად თავად მოქალაქეები ასრულებენ, რაც დოკუმენტაციის მართვისას სერიოზულ პრობლემებს ქმნის. გარდა ამისა, სამოქალაქო სტატუსის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო სტატუსის შესახებ ჩანაწერების საცავში ინახება და მათი მოპოვება სამოქალაქო რეგისტრაციის უწყებათა არქივებიდან, იუსტიციის სამინისტროდან და სხვა სამთავრობო დაწესებულებიდან სათანადო კონტროლის გარეშე ხერხდება. ეს კი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის არასწორ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც საქართველოს ერთიან ადმინისტრაციულ კოდექსს ეწინააღმდეგება.
ბათუმის სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისი. მოწოდებულია UNDP-ის მიერ
ცალკე პრობლემაა თავად მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო რეგისტრაციის ვალდებულებებისადმი. კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადი პრობლემა თავად მოქალაქეებშია, რომლებიც ამ ვალდებულებებს იგნორირებას უწევენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო რეგისტრაციის პრაქტიკამ, ხშირ შემთხვევაში, არსებული კანონმდებლობისა და ინსტრუქციების შესრულებისას თავად სარეგისტრაციო ოფისებიც არაეფექტურად მუშაობენ ხოლმე.
ექსპერტთა ჯგუფმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციებით მიმართა. მათი თქმით, უმაღლეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს პირადი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დაცვის საკანონმდებლო ბაზის განვითარება, რაც პირადი ინფორმაციის შესახებ ევროკავშირის დირექტივას შეესაბამება და ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად იხვეწება. ამასთან ერთად, უნდა დაარსდეს დოკუმენტაციის დაცვის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც რეგულარულად განაახლებს სამოქალაქო რეგისტრაციის შესახებ აქტებს. ამ საქმეში წარმატების მისაღწევად უნდა განვითარდეს აუდიტორული ზედამხედველობის სისტემა, რომელიც გამუდმებით გააკონტროლებს არსებული საკანონმდებლო ნორმებისა და პროცედურების განხორციელების პროცესსა და მთლიანად სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
კოტე კემულარია, იუსტიციის მინისტრი და ადრიანა ლონგონი, ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისის გახსნაზე ქუთაისში. მოწოდებულია UNDP-ის მიერ
სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის რეფორმირება შეამცირებს კორუფციას და ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.
![]() |
3 ევროკავშირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მათი უფ.ლებების დაცვაში ეხმარება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში აქამდე ინვალიდობის სფეროში სახალხო დამცველის იდეაც არ არსებობდა. 50 ათასი ევროს ოდენობის ევროკავშირის გრანტით ჩატარებული ღონისძიებებისა და კვლევების შედეგად კი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თერთმეტი თვის განმავლობაში ინვალიდთა ინტერესების დამცველი ომბუცმენის ინსტიტუტის სრულყოფილი კონცეფცია ჩამოაყალიბა.
პროექტი 2004 წლის პირველ მაისს დაიწყო, როდესაც ,,საქართველოს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციის” თავმჯდომარის, მადონა ხარებავას საკმაოდ მასშტაბურმა პროექტმა ევროკომისიის მიერ 2003 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მოიგო.
ასოციაციის მიერ ზუგდიდში ორგანიზებული ტრენინგის მონაწილეები. მოწოდებულია ასოციაციის მიერ
2005 წლის პირველ აპრილამდე, ქალაქ ზუგდიდში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში და საქართველოს დედაქალაქში 20-მდე ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ფორუმი და საზოგადოებისა და მთავრობის წევრებთან შეხვედრები მოაწყო. მუშაობისას გაირკვა, რომ ასოციაციის მოქმედების არეალში თავად ინვალიდებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ინვალიდთა უფლებების დაცვის კანონიერი საფუძვლების შესახებ. პროექტში მონაწილეობის ენთუზიაზმი ამ ხალხში საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, თუმცა ასოციაციამ შეძლო მათთვის ინვალიდთა პრობლემების რეალური სურათისა და მათი მოგვარებისთვის ჯგუფური მუშაობის პერსპექტივების ჩვენება, რამაც ამ ხალხის ინტერესი მალევე გაზარდა. რეგულარულ ტრენინგებში, სემინარებსა და საინფორმაციოგაცნობით შეხვედრებში მონაწილეობა 350-მდე ადამიანმა მიიღო. ინვალიდთა პრობლემების უკეთ გასაცნობად მათი უმეტესობა რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ და როლურ თამაშებში ჩაერთო.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებსაც ასოციაცია ეხმარება. მოწოდებულია ასოციაციის მიერ
საზოგადოების დაინტერესება იმდენად გაიზარდა, რომ ასოციაციას სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ქალაქებში (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ქუთაისი) დამატებითი შეხვედრების ჩატარება მოუხდათ. სემინარებისა და ტრენინგების მიმდინარეობის პროცესს რეგულარულად აშუქებდა როგორც ადგილობრივი პრესა, ისე ქვეყნის წამყვანი მედია-საშუალებები. ტრენინგების დასრულებისთანავე მასში მონაწილე ჟურნალისტებს შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
უშუალო ბენეფიციართა (ინვალიდები, მათი ნათესავები, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 64 კაციანი ჯგუფი რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის კვლევებსა და სოციოლოგიურ გამოკითხვებში. მაგალითად, ინვალიდთა გენდერული პრობლემების დასადგენად მოწყობილმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ ქორწინებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მანდილოსნებს საზოგადოებრივი აზრი გაცილებით მეტად ზღუდავს ვიდრე მამაკაცებს.
ასოციაცია აქტიურად იკვლევდა საქართველოს კანონს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, კანონში მშენებლობის შესახებ და ა.შ. შეტანილ ცვლილებებს. ინვალიდობის სფეროში ომბუცმენის არსებობის პრაქტიკა ორგანიზაციამ განვითარებული ქვეყნების მაგალითზე (სულ 9: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია) შეისწავლა. ამავე პერიოდში ასოციაციის ინიციატივით ქართულ ენაზე ითარგმნა გაეროს მიერ შემუშავებული ინვალიდთა უფლებებისა და ღირსების დაცვისა და წახალისების საერთაშორისო კონვენციის პროექტი. ეს დოკუმენტი ასოციაციის ,,საქართველოს ინვალიდთა და ვეტერანთა არასამთავრობო კოალიციისა” და ,,ნაღმის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ქსელის” (Landmine Survivors Network) ვებ-გვერდებზე განთავსდა.
კვლევისას საქართველოში მოქმედ მრავალ კანონში მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩნდა. აშკარა გახდა, რომ საქართველოს ძირითად კანონში შესული საერთაშორისო სტანდარტები მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წინაშე სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებებისგან ათავისუფლებს. ამ კანონში დაუზუსტებელია ინვალიდობის ნიშნით შეზღუდვის შემთხვევები, იგნორირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიური და ინტეგრირებული სწავლების ფორმები, საქართველოს შრომის კოდექსში კი დაწვრილებითაა ჩამოყალიბებული ქალებისა და ახალგაზრდების შრომის ანაზღაურებისა და მათთვის დაწესებული შეღავათების გათვალისწინების წესები, ინვალიდებთან მიმართებაში კი ეს კანონი მხოლოდ მითითებით იფარგლება.
ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილეები. მოწოდებულია ასოციაციის მიერ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ დისკრიმინაციად ფიზიკური გარემოს მოუწყობლობა მიაჩნიათ. საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დაწესებულებებში ინვალიდთა ეტლებისთვის ასასვლელი ბილიკების, ე.წ. პანდუსების, გზებზე შესაბამისი საგზაო ნიშნების, საზოგადოებრივ შენობებში შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის სპეციალიზირებული მომსახურების არარსებობის შესახებ.
,,მე არ ვგრძნობ თავს ინვალიდად ციურიხის აეროპორტში, მაგრამ უმწეო და შეურაცხყოფილი ვარ თბილისის აეროპორტში, თბილისისა და ზუგდიდის ქუჩებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ამის მიზეზი ფიზიკური გარემოს ხელმიუწვდომლობაა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების არაადექვატური დამოკიდებულების შედეგია. ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სიტუაციებში სწორედ ეს დეტალები გაგრძნობინებენ თავს ინვალიდად,” ამბობს მადონა ხარებავა.
ასოციაციის რეკომენდაციით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ამგვარი პანდუსები ქალაქის 4 ნაგებობას: მოსწავლეახალგაზრდობის 2 სახლს, თეატრსა და ბაზარს მიაშენა.
ჩატარებული სამუშაოს კულმინაციად იქცა, ევროკავშირის დაფინანსებით სპეციალური ბროშურის შექმნა სახელწოდებით ,,ომბუცმენი ინვალიდობის სფეროში”. საქართველოს ისტორიაში პირველად ამ ბუკლეტში, რომელიც 750-ანი ტირაჟით ინგლისურ და ქართულ ენებზე გამოიცა და 62 ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნა, სრულყოფილად ჩამოყალიბდა ინვალიდობის სფეროში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობის კონცეფცია.
საკუთარი მუშაობის შედეგები და საქართველოში ინვალიდობის სფეროში ომბუცმენის არსებობის კონცეფცია ასოციაციამ რამდენიმე შეხვედრაზე პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და სახალხო დამცველს გააცნო.
,,მე მზად ვარ მხარი დავუჭირო ინვალიდობის სფეროში ომბუცმენის ინსტიტუტის დანერგვის იდეას, მაგრამ ფინანსური სიმწირის გამო ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ინვალიდობის სფეროში ომბუცმენის მოვალეობები შესაძლებელია შეითავსოს ომბუცმენმა სოციალურ სფეროში,” განაცხადა სოზარ სუბარმა, საქართველოს სახალხო დამცველმა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე კი პროგრამის ხელმძღვანელებს საკუთარი უწყების სრულ მხარდაჭერასა და პარლამენტის წინაშე შუამდგომლობას დაჰპირდა:
,,თუ საჭირო იქნება კანონში ცვლილებების შეტანა ტერმინოლოგიასთან თუ ინვალიდობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ.”
დღეს საქართველოში უკვე არსებობს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ რეალობასთან შესატყვისობაში მოყვანილი ინვალიდთა სფეროში სახალხო დამცველის ინსტიტუტის ჩამოყალიბების სრულყოფილი კონცეფცია. საკანონმდებლო ცვლილების პროექტად მისი ქცევა უკვე ქვეყანაში მოქმედი სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მოვალეობაა. საქართველოს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია კი მზად არის საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ამ პროექტის ფარგლებში ინვალიდობის სფეროში ომბუცმენის საპილოტო პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განახორციელოს.
![]() |
4 ვეხმარებით მ ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს |
▲ზევით დაბრუნება |
2 აგვისტოს თელავში პირველი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნა მოხდა პროექტის ,,ვისწავლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე” ფარგლებში. მსგავსი ცენტრების
გახსნა ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 900 000 ევროა. ამ თანხის 50%25-ს ევროკავშირი იხდის, დანარჩენს კი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision. პროექტის დამატებით ხარჯებს საქართველოს განათლების სამინისტრო გაიღებს.
ტრადიციული ქართული საცხოვრებელი სახლი - ახალგაზრდული ცენტრის შენობა თელავში. მოწოდებულია ასოციაციის მიერ
ცენტრში 14-20 წლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები დასაქმდებიან. ისინი ორგანიზებულად მიიღებენ განათლებას, რაც მათ სამოქალაქო დაინტერესებასა და სამუშაო უნარ-ჩვევებს საგრძნობლად აამაღლებს და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. ცენტრი უზრუნველყოფს ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის.
ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ეხმარება ან უშუალოდ აფინანსებს ამ პროექტს, ესწრებოდა თელავში ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი მმართველობის, საქართველოს და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ცენტრი ობოლი და მიუსაფარი ბავშვების ყოფილ თავშესაფარში გაიხსნა.
ცენტრი ქართულ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლში მდებარეობს. ეს სახლი განახლებულია და სოფლის სინამდვილეში, ობოლთა ძველი თავშესაფრის, საბჭოთა სტილის შენობის ფონზე განსაკუთრებით მხიარულად და მიმზიდველად გამოიყურება. კედლები თვითონ ბავშვებმა მოხატეს. განახლებული შენობა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების განახლებული ცხოვრების დასაწყისად უნდა იქცეს.
პროექტის მიზანია, მზრუნველობას მოკლებულ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს ფსიქოლოგიური და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. ტრენინგები და ამ ადამიანთა დასაქმების სამსახურები მოეწყობა სამ ქალაქშიბათუმში, ქუთაისსა და თელავში. შედეგად, ქვეყანაში სიღატაკე შემცირდება.
,,ნებისმიერ ქალაქში უამრავი სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს და თელავის ეს ცენტრი სწორედ მათზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა 14-20 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია ჩვენი ცენტრის წევრი გახდეს. ჩვენ გვინდა, რომ ცენტრში სასიამოვნო, არაფორმალური გარემო შეიქმნას, სადაც ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და გაუჩნდებათ დასაქმების რეალური პერსპექტივა. ჩვენ სერიოზული სამუშაო გავწიეთ, რათა ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, რადგან რეალურად ამ ადამიანების დასაქმება სწორედ მათ შეუძლიათ. ცენტრი ოფიციალურად დღეს იხსნება, თუმცა ჩვენ უკვე მოვასწარით 20 ახალგაზრდის დასაქმება. მეტიც, ჩვენ გვინდა შეგირდის ინსტიტუტის აღდგენა, რომ 15 წლის ასაკამდე ბავშვებმა შეძლონ სამსახურების პოვნა. ათი თინეიჯერი უკვე ჩავრთეთ სხვადასხვა სემინარებში ინსტრუქტორის ასისტენტებად,” ამბობს პროექტის მენეჯერი, დავით სუბელიანი.
პროექტის ერთი-ერთი უმთავრესი კომპონენტია დეინსტიტუციონალიზაცია ანუ 14-18 წლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფრების და სხვა ინსტიტუციონალური დახმარების ალტერნატივის გამოძებნა. დეინსტიტუციონალიზაციის შედეგად, ბავშვი ან დროებით მშობლებს იპოვის და გარკვეულ ასაკამდე ოჯახში აღიზრდება, ან თავის ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდება ან იცხოვრებს სპეციალურ სახლებში, რომლებიც მხოლოდ ბავშვების მცირე ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი.
ამ მიზნების განხორციელება ევალება პროექტის სოციალურ სამსახურს. ,,დღეს საქართველოს კანონმდებლობა თავშესაფრების დახურვითაა დაინტერესებული. ბავშვები, რომლებიც ასეთ სახლებში იზრდებიან, ხშირ შემთხვევაში, ელემენტარულ ცხოვრებისეულ უნარებსაც კი არ ფლობენ. ზოგჯერ, ხელ-პირის დაბანა და ლოგინის ალაგებაც კი ავიწყდებათ. ამიტომ ალტერნატიული გამოსავალი უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში ჩვენ ღარიბ ოჯახებთან ვმუშაობთ და ვცდილობთ, ბავშვები თავშესაფრებში არ მოხვდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ მშობლები, რომლებმაც უკვე მიატოვეს შვილები, როგორმე უკან დაიბრუნონ ისინიეს რეინტეგრაციული საქმიანობაა. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, დროებითი ოჯახის პრაქტიკა დავნერგოთ და პატარა ჯგუფებისთვის განკუთვნილი სახლები ავამოქმედოთ,” ამბობს პროექტის სოციალური ჯგუფის ხელმძღვანელი, ნანა ათუაშვილი.
საცდელი პროგრამა, რომელიც პატარა ჯგუფისთვის განკუთვნილ სახლებში ცხოვრებასა და აღზრდას ითვალისწინებს, უკვე მზად არის 8 ბავშვისთვის. მთავრობამ ცენტრის გახსნის ცერემონიალზე მცირე ჯგუფების პროგრამის განხორციელების უფლება პროექტს დაუთმო. სოციალური მუშაკების ჯგუფი პასუხისმგებლობას იღებს 8 აღსაზრდელზე და ასწავლის მათ, როგორ უნდა იცხოვრონ დამოუკიდებლად. თუ საცდელი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდება, ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ასეთი სახლი გაიხსნება.
![]() |
5 ბოლნისის ახალგაზრდულმა ცენტრმა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვა |
▲ზევით დაბრუნება |
27 მაისს, ბოლნისში თემთა შორის ურთიერთობის ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მიზანია საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი პროგრამების საშუალებით ერთმანეთთან დააკავშიროს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ახალგაზრდობა. ეს ორი რეგიონი, კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვნულია და განსაკუთრებით მჭიდროდაა დასახლებული ქართველებით, სომხებით, ბერძნებითა და აზერბაიჯანელებით.
ცენტრის გახსნის ცერემონიალი ბოლნისის კინოდარბაზში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ბავშვებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს. სხავდასხვა ეროვნების ბავშვებმა საქართველოს ჰიმნი და ეროვნული ცეკვები შეასრულეს, გამოვიდნენ სიტყვით და აუდიტორიას სხვადასხვა ენაზე მიმართეს. ,,ამ ცენტრის დაფუძნებით ჩვენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოვხატავთ,” განაცხადეს მათ ყველას გასაგონად.
ცენტრი წარმოადგენს საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებას, რომელიც მოზარდებისათვის შეკრების და ურთიერთობის ადგილი გახდება. მოზარდები ცენტრში 3-დან 6 თვემდე ხანგრძლივობის კურსებს გაივლიან. ეს კურსები გულისხმობს მშობლიური ენის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნებისა და შემოქმედებითი უნარების, მცირე ბიზნესის, კომპიუტერული უნარებისა და სპორტის შესწავლას - რაგბი
ბიჭებისთვის და ფრენბურთი გოგონებისთვის. მოხალისეებმა შეიძლება საკუთარი ინიციატივით უცხო ენებიც შეისწავლონ და აირჩიონ ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენები. პროექტი 2003 წლის აგვისტოში დაიწყო და 2006 წლამდე გაგრძელდება. სამიზნე ჯგუფი 12-20 წლის ბავშვებისაგან შედგება.
ხელოვნების გაკვეთილი ბოლნისის თემთა შორის ურთიერთობის ახალგაზრდულ ცენტრში. მოწოდებულია World Vision-is მიერ
პროექტის მთლიანი ღირებულება 840 ათასი ევროა. დაფინანსების 80%25 ევროკავშირის პროგრამიდან ,,ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ევროპული ინიციატივა” ხორციელდება, დანარჩენი 20%25 კი არასამთავრობო ორგანიზაციას World Vision გერმანიას ეკუთვნის. ამ ფულით ცენტრს საშუალება მიეცა 2 სართულიან სახლში განთავსებულიყო. სახლში მყუდრო გარემოა. ოთახები სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. კედლები 2 წყებად მომუშავე 60 ბავშვმა შეღება. მეორე სართულზე ხუთი ოთახია, მათ შორის, საკონფერენციო დარბაზი, ენის შემსწავლელი ოთახი და კომპიუტერული ლაბორატორია 9 სამუშაო მაგიდით. ადმინისტრაცია, რაგბის კლუბი და სამზარეულო პირველ სართულზეა. გაკვეთილებს ადგილობრივი მასწავლებლები ჩაატარებენ. ცენტრს საკუთარი ბარიც აქვს და როგორც ცენტრის დირექტორმა, ია ჩინჩალაძემ განაცხადა ,,ჩვენ მებაღეებიც ვართ და ბიზნეს გეგმის შედგენასაც ვგეგმავთ, რა დავრგოთ და როგორ დავამუშავოთ მიწა.”
ბოლნისის ახალგაზრდული ცენტრი მესამე თემთა შორის ურთიერთობის ახალგაზრდული ცენტრია საქართველოში. სხვა ცენტრები უკვე მუშაობენ ახალციხესა და მარნეულში. ასეთივე ცენტრი ნინოწმინდაში რემონტდება და ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება. ცენტრის გახსნის ცერემონიალს 50-მდე ბოლნისელი და იმ ქალაქის ბავშვი ესწრებოდა, სადაც უკვე ფუნქციონირებს მსგავსი ცენტრები. არტურ აკოფიანი, 15 წლის ბოლნისელი ბიჭი ამ მოვლენას ასე აფასებს: ,,ჩვენ ერთსა და იმავე ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენ ერთად ვისწავლით სხვადასხვა საგნებს ამ ცენტრში. ეს კი აუცილებლად დაგვაახლოვებს.”
![]() |
6 ქართველი ჟურნალისტები ევროკავშირსა და საქართველო-ში მის საქმიანობას ეცნობიან |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნებითა და მერხებით სავსე ოთახში, ჩამოშვებული ფარდების მიღმა, ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი აქტიურად ჩაება მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების - ადამიანის უფლებები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, კანონის უზენაესობა და კონფლიქტები - განხილვის პროცესში. ოთხი სემინარის განმავლობაში, რომლებიც ევროკომისიამ ,,კავკასიის ჟურნალისტიკის სკოლასთან” ერთად ჩაატარა, ინსტრუქტორებს და მომხსენებლებს ხშირად უხდებოდათ პრეზენტაციების შეწყვეტა, რათა ცნობისმოყვარე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხები გაეცათ. დრო შეუმჩნევლად გავიდა.
პრეზენტაციების ნაწილი ეთმობოდა ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფიციალურ პირთა, ასევე პროექტის მენეჯერთა გამოსვლებს, რომლებიც ჟურნალისტებს უხსნიდნენ თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, რა დახმარებას უწევს ის საქართველოს, რა ტიპის პროექტებს აფინანსებს და რა შედეგები მოაქვს ამ დახმარებას.
მეტი ეფექტურობისთვის, სემინარების კიდევ ერთი, ე.წ. ინსტრუქტორის ნაწილი, რომელსაც ,,კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის” ინსტრუქტორები, ჯოდი მაკფილიპსი და ბადრი კოპლატაძე წარმართავდნენ, დაეთმო პროფესიული უნარების განვითარებას: რა ინფორმაცია უნდა იყოს შესავალში; როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ანალიზი და საგაზეთო სტატიის სტრუქტურირება, როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია ინტერნეტით და ა.შ. ინსტრუქტორები თვალსაჩინოებისთვის ევროკავშირთან დაკავშირებულ პრესრელიზებს და სტატიებს განიხილავდნენ.
ჟურნალისტები ევროკომისიის წარმომადგენლობისა და კავკასიის ჟურნალისტიკის სკოლის მიერ ორგანიზებულ სემინარზე. მოწოდებულია ,,კავკასიის ჟურნალისტიკის სკოლის” მიერ
,,ამ სემინარებზე ბევრი ინფორმაცია მივიღე. ახლა ევროკავშირის შესახებ ნამდვილად იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე დღემდე ვიცოდი. ახლა ისიც ვიცი, ეს ინფორმაცია როგორ უნდა გამოვიყენო,” ამბობს სემინარის ერთ-ერთი მონაწილე, გაზეთ ,,ახალი ვერსიის” ჟურნალისტი, ნინო ხარაძე.
სემინარების დახურვის ცერემონიალზე, მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ყველა მათგანი თანხმდება, რომ სემინარებში მონაწილეობამ კარგი გამოცდილება შესძინათ.
სემინარი. მოწოდებულია ,,კავკასიის ჟურნალისტიკის სკოლის” მიერ
![]() |
7 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
დამატებითი ინფორმაციისათვის:
● ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში: www.delgeo.cec.eu.int
● დიდი ბრიტანეთი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა: http://www.eu2005.gov.uk
● ევროკომისიის საგარეო ურთიერთობები: www.europa.eu.int/comm/external_relations/index.htm
● ,,ევროპეიდის” ვებსაიტი: http://europa.eu.int/comm/europeaid/
სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. ნინო ჩხეიძის 38, თბილისი 0102, საქართველო ბიულეტენი მოამზადა: ელენე კვანჭილაშვილმა