![]() |
თავისუფლება № 4 (28), აპრილი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ზოიძე ოთარ, ჯანდიერი გია , საყვარელიძე ფრიდონ , ტეიმანი სტივენ , კუბლაშვილი კოტე , უიარაღო თეიმურაზ (დიაკონი) |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო |
![]() |
1 25 პრინციპი საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ოთარ ზოიძე
გია ჯანდიერი
(შედგენილია პრეზიდენტობის კანდიდატისათვის, რომელსაც, ყველა მცდელობის მიუხედავად, ეს ნაშრომი ვერ მივაწოდეთ, რისთვისაც გულწრფელად ვწუხვართ...)
1. ,,არავითარი გადასახადები წარმომადგენლობის გარეშე”.
ამისათვის:
უზრუნველვყოფთ მოქალაქეთა საარჩევნო უფლების გარანტირებულ გამოყენებას. არჩევნებში მონაწილეობის უფლება უმთავრესი საშუალებაა, სასურველი სახელმწიფო მომსახურების მისაღებად. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უფლების დაკარგვა ნიშნავს სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაკარგვას და, შესაბამისად, გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებასაც.
2. ჩვენ შევქმნით ეკონომიკური თავისუფლების პირობებს.
ამისათვის:
სამეწარმეო გარემო დაეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, თანაბარუფლებიანობის, კანონისა და წესრიგის პრინციპებს. ხელისუფლების ჩარევა ეკონომიკაში გახდება მინიმალური, ხელისუფლების მონაწილეობა ეკონომიკურ პროცესებში შემოიფარგლება უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებით. ხელისუფლების უშუალო (ადმინისტრაციული) ჩარევა ბიზნესში დაიშვება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და კანონით დადგენილ ფარგლებში.
3. შევცვლით გარდაუვალ დანაშაულზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემას პატიოსან და თავისუფალ საქმიანობაზე დაფუძნებული სისტემით, უზრუნველვყოფთ მეწარმეობის ლეგალიზებას. მოვსპობთ კორუფციის სისტემურ (ინსტიტუციურ) საფუძვლებს.
ამისათვის:
მივიღებთ ახალ საგადასახადო კოდექსს, რომლითაც:
- გამარტივდება გადასახადების სისტემა, მკვეთრად შემცირდება გადასახადების რაოდენობა.
- არანაკლებ ორჯერ შემცირდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთი.
- საგადასახადო ვალდებულებები გახდება იმ ზომის, რომ მისი გადახდა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მეწარმისათვის.
- გადასახადების სრულად და დროულად გადახდა არ დააყენებს საფრთხის წინაშე გადამხდელის არსებობას და წარმოებაში შემდგომი ინვესტირების შესაძლებლობას. საქართველოში არსებული ნებისმიერი გადასახადი იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე შესაბამისი გადასახადის უმცირესი განაკვეთი ევროპაში.
- შემცირებული და გამარტივებული გადასახადის გადახდა იქნება უფრო მომგებიანი და ურისკო, ვიდრე ქრთამის გადახდა.
- გაუქმდება ორმაგი დაბეგვრა.
- საგადასახადო სისტემა, (მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირება) დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეუხებლობაზე.
- გადამხდელისა და ხელისუფლების ურთიერთობა დაეფუძნება პარტნიორობას და ურთიერთპასუხისმგებლობას.
საბანკო სისტემაში მოქცევის მიზნით, შევქმნით მიმდინარე და დანაგროვები ფულადი სახსრების მოძრაობის ეკონომიკურ სტიმულებს, შედეგად გაიზრდება ბანკების საკრედიტო რესურსები, ხელი შეეწყობა საბანკო სისტემის განვითარებასა და განმტკიცებას, კრედიტების გაიაფებას.
ახალი საგადასახადო კოდექსით გაუქმდება არსებული პრივილეგიები და შეღავათები, რომლებიც უპირატეს და შეღავათიან პირობებს უქმნის კონკრეტული დარგის ინდუსტრიას, კონკრეტულ საწარმოებს, აუქმებს კონკურენტულ გარემოს.
4. გავაუქმებთ პოლიტიკური კორუფციის ბუდეებს.
ამისათვის:
გავაუქმებთ სპეციალურ გადასახადებს, რომლითაც ივსება სპეციალური ფონდები. ეს ფონდები შეივსება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
შევქმნით ეფექტურ მექანიზმებს, რაც გამორიცხავს კორუფციას სხვადასხვა სახის საჯარო რეესტრებში (უძრავი ქონების, სამეწარმეო) და უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და მეწარმეების სწრაფ მომსახურებას.
მნიშვნელოვნად შევზღუდავთ, გავაუქმებთ და კერძო სექტორს გადავცემთ იმ ფუნქციებს, რომელთა განხორციელება ხდება საფასურის პირდაპირი თუ ფარული გადახდის გზით.
5. სამეწარმეო საქმიანობა გათავისუფლდება და აღარ იქნება დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ჩვენ დავუბრუნებთ ღირსებას ჩვენს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს.
ამისათვის:
სამეწარმეო საქმიანობის წარმატება ნებისმიერ დარგში არ იქნება დამოკიდებული სახელმწიფო მოხელეთა და გავლენიან კლანთა მფარველობაზე.
მნიშვნელოვნად შემცირებული და გამარტივებული გადასახადების გადახდის გზით ყველა პატიოსანი გადამხდელი გათავისუფლდება შიშისაგან, რაც მათ საშუალებას მისცემს, ღიად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, კანონიერად მოითხოვონ და მიიღონ სახელმწიფოსაგან ის მომსახურება, რომელსაც ელიან ხელისუფლებისაგან და რისთვისაც იხდიან გადასახადს.
ღირსეული და ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მოქალაქეები გახდებიან საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი დასაყრდენი.
6. გავაჯანსაღებთ ბიზნეს გარემოს.
ამისათვის:
შევქმნით ზედმეტად ან წინასწარ გადახდილი გადასახადების დროულად დაბრუნების ეფექტურ მექანიზმებს.
შევქმნით და ავამოქმედებთ გაკოტრების შესახებ ახალ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე მიმდინარე ჩავარდნების დროულ გამოვლენას და კრედიტორების და ინვესტორების უფლებების მაქსიმალურ დაცვას.
შევქმნით ახალ, გამარტივებულ პირობებს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად. უკანონოდ გამოვაცხადებთ სახელმწიფო ორგანოების ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად აყენებს უპირატეს პირობებში ზოგიერთ სუბიექტს.
დასჯად საქმიანობად ჩაითვლება ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ბაზრის განვითარებას.
7. მივიღებთ და ავამოქმედებთ ეკონომიკის სწრაფი ზრდისათვის აუცილებელ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტს.
ამისათვის:
შევქმნით ახალ, გაუმჯობესებულ პირობებს საფინანსო და სარესურსო ბაზრების ეფექტურად ასამოქმედებლად.
გავაუქმებთ ყველა ბარიერსა და ტარიფს, რომელიც ზღუდავს კონკურენციას. ხელს შევუწყობთ ექსპორტსა და ხარისხიანი საქონლის წარმოებას.
მოვაწესრიგებთ საბაჟო კანონმდებლობას, შევამცირებთ საბაჟო ტარიფებს და უზრუნველვყოფთ იმპორტის ლეგალურობას.
მკვეთრად გავაუმჯობესებთ უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების დაცვის პირობებს ისე, რომ ყოველმა ინვესტორმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. შევქმნით სტაბილურ სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს; დავადგენთ ნორმას, რომლის თანახმად, სამეწარმეო და საინვესტიციო პირობების შემცვლელი საკანონმდებლო აქტები ამოქმედდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, სათანადო დასაბუთებისა და გათვლების და მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
დავიწყებთ სახელმწიფო სალიცენზიო სისტემის ეტაპობრივ გაუქმებას და ხელს შევუწყობთ კერძო ასოციაციების წარმოშობას, რომლებიც თვითონვე იქნებიან მათში შემავალი საწარმოების საქმიანობის ხარისხის შემმოწმებლები და გარანტორები.
8. მოვაწესრიგებთ მოსახლეობისა და მისი აქტივების აღრიცხვას, რათა შესაძლებელი გახდეს სახსრების და სახელმწიფოს მიმართ არსებულ ვალდებულებათა შესრულების უკეთესი კონტროლი.
ამისათვის:
შევქმნით მოქალაქეთა აღრიცხვის ახალ ერთიან სისტემას, რომელიც სავალდებულო საგადასახადო რეგისტრაციას დაეფუძნება. ამ მონაცემთა ბაზაზე მოხდება საგადასახადო, საბაჟო, საარჩევნო, საემიგრაციო და სხვა სახის აღრიცხვაც. სანივთო უფლებათა რეესტრი უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფესა და სიმყარეს.
9. უზრუნველვყოფთ სახელშეკრულებო ვალდებულებათა და სასამართლოს გადაწყვეტილებათა იძულებითი აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნას.
ამისათვის:
შევქმნით და ავამოქმედებთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ვალდებულებათა სწრაფ და ეფექტურ იძულებით აღსრულებას, გაჭიანურებული და ძვირადღირებული სასამართლო პროცესების გვერდის ავლით. განვახორციელებთ სააღსრულებო სისტემის რეფორმას და უზრუნველვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებათა სწრაფად და ეფექტიანად აღსრულებას.
10. უზრუნველვყოფთ საკუთრების ინსტიტუტის დაცვასა და განვითარებას
ამისათვის:
კანონმდებლობაში შევიტანთ ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს კანონიერი საკუთრების ხელშეუხებლობას და, ამავე დროს, აღკვეთს საკუთრების უკანონოდ მოპოვების მცდელობას. კანონმდებლობა ასევე შექმნის ბუნებრივ (და არა ადმინისტრაციულ) შესაძლებლობებს, ქონების დროულად გადანაწილების მიზნით და გაცილებით გერგილიანი მეწარმეების სასარგებლოდ.
11. დავუბრუნებთ საქართველოს მოქალაქეებს იმედს, საქართველოშივე იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით, შევამცირებთ სიღარიბის დონეს.
ამისათვის:
სიღარიბის დაძლევის პოლიტიკის მთავარ იარაღად ეკონომიკურ ზრდას გამოვიყენებთ. განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ინვესტიციებს განათლებაში: ფინანსურ ინსტიტუტებს შევუქმნით სპეციალურ წამახალისებელ რეჟიმს, რათა დააფინანსონ განათლება და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ყველა დაინტერესებულ და შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი განათლება დაფინანსდება. მხოლოდ ასეთი გზით შეიძლება დავძლიოთ საერთაშორისო კონკურენცია და შევებრძოლოთ სიღარიბეს.
12. ხელს შევუწყობთ შრომის ლეგალური და ეფექტური ბაზრის ჩამოყალიბებას.
ამისათვის:
ახალი საგადასახადო და შრომის კანონმდებლობით უზრუნველვყოფთ შრომისა და შრომის ანაზღაურების ლეგალიზებას. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება უნდა გამოხატავდეს მისი შრომის საბაზრო ღირებულებას. დასაქმების სწორი პოლიტიკა საფუძველს შეუქმნის სწორ საგანმანათლებლო პოლიტიკას.
13. შევქმნით სოციალური დაცვის ახალ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე დავალიანებების დროულ დაფარვას, მიმდინარე პენსიების საარსებო მინიმუმამდე გაზრდას და ახალი თაობების მომავალზე ზრუნვას.
ამისათვის:
გამოვიყენებთ სახელმწიფოს მთლიან შესაძლებლობებს, გავერკვევით სახელმწიფო დახმარების მიმღებთა რეალურ მოთხოვნებში, ხელს შევუწყობთ კერძო სოციალური დაცვის ინსტიტუტებს, გავზრდით მოქალაქეთა საკუთარ პასუხისმგებლობას მათ სიბერეზე. საგრძნობლად გავაუმჯობესებთ სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფას. უფრო აქტიურად გამოვიყენებთ კერძო სადაზღვევო და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურებისათვის.
14. ხელს შევუწყობთ გლეხების ფერმერებად ჩამოყალიბებას.
ამისათვის:
გავაუქმებთ ყველა იმ კანონს, რომელიც ორიენტირებულია გლეხების არაპროდუქტიულ და მხოლოდ თავიანთი ოჯახების უზრუნველმყოფ საქმიანობაზე, მათი დაბალი კონკურენტული თვისებების წახალისებაზე.
მივაღწევთ იმას, რომ ფერმერმა დააკმაყოფილოს არა მხოლოდ თავისი ოჯახის მოთხოვნილებები, არამედ აწარმოოს არანაკლებ 10 ოჯახის სამყოფი პროდუქცია.
15. საგრძნობლად გავაჯანსაღებთ ენერგეტიკის სისტემას და გავაუმჯობესებთ ენერგომომარაგებას.
ამისათვის:
ენერგეტიკის პრობლემას გამოვაცლით პოლიტიკურ საფუძველს და დავიყვანთ მას ჩვეულებრივ, კერძო-სამოქალაქო სამართლებრივ მოდელზე: გადაიხდი - მიიღებ! ენერგეტიკის სისტემის ლიბერალიზაცია უზრუნველყოფს ენერგიის საბაზროსამართლებრივ განაწილებას, ინვესტირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ენერგოდამზოგავი რეჟიმებისა და საქმიანობის წახალისებას, ალტერნატიული წყაროების გამოძებნას, ელექტროენერგიის საფასურის შემცირებას რეგიონულ დონემდე. სახელმწიფოს ჩარევა ენერგეტიკაში დაიშვება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და კანონით დადგენილ ფარგლებში.
16. ბოლოს მოვუღებთ სახელმწიფო ვალების უპასუხისმგებლო და უსისტემო ზრდას.
ამისათვის:
მივიღებთ კანონებს, რომლითაც შესაძლებელი გახდება ვალების აღება მხოლოდ სისტემურად და კანონის ფარგლებში. ახალი კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს მდგრად განვითარებას და გამორიცხავს ვალების წარმოშობას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისათვის.
სპეციალური ნორმები დაწესდება სახელმწიფო ვალის წლიური და ერთობლივი ოდენობის, მათ შორის, საგარეო და საშინაო ვალების, მისი საპროცენტო უზრუნველყოფის ოდენობის, სახელმწიფო დეფიციტის ოდენობის, და ა.შ., ბიუჯეტთან შეფარდების მიხედვით.
17. დავადგენთ სახელმწიფოს ვალდებულებათა შესრულების ეფექტურ მექანიზმებს.
ამისათვის:
სახელმწიფო ვალის კანონი უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების, მათ შორის, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის განუხრელად დაცვასა და უზრუნველყოფას სახელმწიფო ქონებით. სახელმწიფო ვალების გადახდის დაგვიანების კომპენსაცია მოხდება მხოლოდ საბაზრო წესებით. დავადგენთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ვალდებულებების დროულად აღიარებისა და გადახდის ხელის შეშლისათვის.
18. შევქმნით ბიუჯეტის შედგენისა და შესრულებაზე კონტროლის თვისობრივად ახალ წესებს. გავზრდით და გავამყარებთ მთავრობის ფისკალურ დისციპლინასა და პასუხისმგებლობას.
ამისთვის:
მივიღებთ ახალ საბიუჯეტო კოდექსს, რომლითაც დადგინდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების ახალი პრინციპები, ბიუჯეტს ექნება კონკრეტული მიზნები, პრიორიტეტები და პასუხისმგებლობები.
ახალი საბიუჯეტო პროცედურები უზრუნველყოფს მთავრობის საქმიანობის და სახსრების ხარჯვის მკაცრ დისციპლინასა და პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და სისტემურობას.
საბიუჯეტო წესრიგი დაეყრდნობა დადგენილ ნორმებს, მაჩვენებლებსა და ინდიკატორებს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა (მათ შორის, ქონებრივი) ავტომატურად დადგება.
გავზრდით საბიუჯეტო კონტროლისა და ანგარიშგების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის ანგარიში მოიცავს როგორც დახარჯული სახსრების კანონიერების შესახებ ინფორმაციას, ასევე მიზნების და ამოცანების შესრულებისა და ეფექტურობის ანალიზს, კანონით დაწესებული ნორმების და ინდიკატორების შესრულების კონტროლს. ასეთი ბარიერები გააუქმებს გადასახადის გადამხდელთა სახსრების გაფლანგვისა და უგერგილოდ გამოყენების შესაძლებლობას.
19. ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიუჯეტის შედგენის პროცესისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით. ბიუჯეტი უნდა უზრუნველყოფდეს გადასახადის გადამხდელთათვის ხელისუფლების მხრიდან სასურველი მომსახურების უზრუნველყოფას.
ამისათვის:
საბიუჯეტო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნება საჯარო დაწესებულებათა ბიუჯეტებისა და საქმიანობის გეგმების საჯარო განხილვა, ამ მიზნით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა.
უზრუნველვყოფთ ასევე საზოგადოებას არა ზოგადი, არამედ ზუსტი ინფორმაციით საჯარო ინსტიტუტების მიერ დახარჯული ფინანსებისა და საქმიანობის შესახებ, რათა საზოგადოება კარგად ერკვეოდეს მის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯვის კანონიერებასა და ეფექტურობაში,
საკუთარ სარგებელში. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, მიიღოს ადეკვატური ზომები სამთავრობო პოლიტიკის შესაცვლელად იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმ მომსახურების გაწევას, რისთვისაც გადასახადის გადამხდელი იხდის გადასახადს.
20. შევამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს და ეტაპობრივად ავკრძალავთ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურ დაგეგმვას.
ამისათვის:
კანონმდებლობა გაითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივად გაუქმების ღონისძიებებს ისე, რომ 5 წლის შემდეგ საერთოდ აიკრძალოს ბიუჯეტის დეფიციტით დაგეგმვა.
ავკრძალავთ საქართველოს მთავრობის ზემოქმედებას ეროვნულ ბანკზე, რათა მან იმოქმედოს სრულიად დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.
21. მოვახდენთ ფისკალურ დეცენტრალიზაციას.
ამისათვის:
მივიღებთ ახალ კანონებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრალური და ადგილობრივი დონის საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნასა და გარანტირებას, ხაზინათა და შესაბამისად, სახაზინო ქონების გაყოფას. უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა ყველანაირი რესურსით, რათა თავისი საქმიანობა მან ცენტრალური ხელისუფლებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად გაწიოს.
22. სახელმწიფო ბიუჯეტზე მთავარი პასუხისმგებელი პირი პირადად საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
ამისათვის:
ახლებურად ჩამოყალიბდება სამთავრობო სტრუქტურა და გადანაწილდება საბიუჯეტო უფლებამოსილებები ისე, რომ საქმიანობის დაგეგმარებისა და ბიუჯეტის შედგენის მთავარ პასუხისმგებელ პირად იქცეს პრეზიდენტი.
23. მთავრობის ნებისმიერი წევრი და საჯარო მოსამსახურე ყოველდღიურად იგრძნობს პირად პასუხისმგებლობას მის მიერ გაწეული საქმიანობისათვის.
ამისათვის:
შევქმნით სამთავრობო საჯარო სამსახურის ახალ სისტემას, რომელშიც ნებისმიერი მოხელე იგრძნობს მის პირად პასუხისმგებლობას, დაექვემდებარება საზოგადოებრივ კონტროლს და ნებას, მიიღებს მისი შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას.
საჯარო მოხელის ანაზღაურება არ შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული საარსებო მინიმუმია, იგი მიახლოებული უნდა იყოს შრომის საბაზრო ღირებულებასთან.
საჯარო მოხელეთა რაოდენობა უნდა იყოს დაკავშირებული საჯარო დაწესებულებათა ფუნქციებთან და მათ პრიორიტეტულობასთან.
24. საჯარო სამსახურებს გარდავქმნით ეფექტურ ინსტიტუტებად.
ამისათვის:
საჯარო სამსახურების საქმიანობის მთავარ პრინციპებად იქცევა:
- კონკურენცია,
- მოტივაცია,
- დეცენტრალიზაცია,
- მომხმარებელზე ფოკუსირება,
- საქმიანობის გაზომვადობა (მეტი საქმე ნაკლები ღირებულებით).
- გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
25. ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც იგი არაეფექტურად ასრულებს და რომელთა შესრულება შესაძლებელია კომერციულ საწყისებზე.
ამისათვის:
ეტაპობრივად შევზღუდავთ სახელმწიფო საწარმოების რიცხვს და არ დავუშვებთ ახალი სახელმწიფო საწარმოების წარმოშობას, დავაწესებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საქმიანობაზე (პირადი ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით).
ახალი შემართებით შევუდგებით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას - ხალხს უნდა დაუბრუნდეს მისი შრომის შედეგები.
აღვკვეთთ ტოტალიტარიზმის შემობრუნების ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
![]() |
2 კორუფცია და ადამიანის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიდონ საყვარელიძე
ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ კორუფციისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლა, საქართველოს რეალიებზე რომ არაფერი ვთქვათ, კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაცაა. უკანასკნელ წლებში საქართველოში საკმაოდ ბევრი იწერება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ. ჩვენს პირობებში კორუფციის თემაც ერთერთი ყველაზე აქტუალურია და ამ მიმართულებით არაერთი სერიოზული პროექტი თუ გამოკვლევა განხორციელდა. თუმცა ნაკლებად მაგონდება პუბლიკაცია, რომელშიც ამ ორი მოვლენის ურთიერთმიმართებაზე იქნებოდა ლაპარაკი. ცხადია, რომ კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც უარყოფს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებების პატივისმცემლად და დამცველად ვერ გამოდგება. ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული ქმედებები ორი სხვადასხვა შეუთავსებელი პროცესი არ არის. ეს რთული და ურთიერთდამოკიდებული პროცესია. როგორც კორუფციის დაძლევა, ისე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება მოითხოვს ძლიერი და ინტეგრირებული სისტემის შექმნას. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში, ისე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი როლი სამოქალაქო საზოგადოებას ენიჭება. როდესაც სახელმწიფო არ ებრძვის კორუფციას და მის სხვა გამოვლინებებს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ვერც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს დაიცავს.
მაინც რომელი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უწყობს ხელს კორუფცია?
ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში ნათქვამია:
,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თავისი ღირსებითა და უფლებებით თანასწორი...'`
ადამიანის ღირსება -მისი განუყოფელი და თანდაყოლილი თვისება, რელიგიური და ფილოსოფიური საფუძვლების მიუხედავად, თავისუფლებასა და თანასწორობასთან ერთად, ის ფუნდამენტია, რომელზედაც დაფუძნებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
როდესაც ილახება ადამიანური ღირსება, არ არის თანასწორობა და სახელმწიფოს მხრიდან საშიშროება ექმნება ადამიანის თავისუფლებას, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ადამიანი ვერ განახორციელებს ვერც ერთ თავის უფლებასა და თავისუფლებას.
მაგრამ რა კავშირი აქვს ყოველივე ამასთან კორუფციას? - იკითხავს მკითხველი. აქვს, და თანაც უშუალო. და მე შევეცდები, მარტივი მაგალითების მოშველიებით უფრო მკაფიო გავხადო ამ პუბლიკაციის ძირითადი თეზისი - რომ კორუფცია ხელს უწყობს და ხშირად თავადაა ადამიანის უფლებების დარღვევის მთავარი მიზეზი. კორუფცია ხელს უწყობს ადამიანის ღირსების შელახვას, ხშირად კი თავად იწვევს მას.
ფაქტია, რომ ღირსების ცნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში გამოტანილი უმაღლესი ფასეულობაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ღირსება უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველია. როდესაც ადამიანის ღირსების შელახვაზე ვსაუბრობთ, წამსვე თვალწინ წარმოგვიდგება ნაცემი, შეურაცხყოფილი, ელექტროშოკთან მიერთებული და ნაწამები ადამიანი. ეს ყველაზე მკაფიო სურათია, რომელიც ადამიანის ღირსების შელახვაზე საუბრისას წარმოგვიდგება. მაგრამ განა ყველაზე ხშირად პატიმრის უფლებები ილახება?როდის ილახება ჩვენი ღირსება განსაკუთრებით ძლიერ?ყოფილხართ რომელიმე გამგეობაში - რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე?ან რომელიმე სამინისტროს ჩინოვნიკთან ხომ არ გქონიათ საქმე?უთუოდ გექნებოდათ. ჰოდა გაიხსენეთ, როგორ ხასიათზე წამოხვედით იქიდან. ასეა, ჩვენი ღირსება განსაკუთრებით ილახება მაშინ, როდესაც ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო დაწესებულებებს, სადაც შეხება გვაქვს ჩინოვნიკების უხეშობასთან, სადაც ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი მოსამსახურეც კი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ მის განკარგულებაში ვართ, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ვისაც არ სურს საკუთარი ღირსების შელახვა ან პრობლემების სწრაფად მოგვარება და ცხოვრების გამარტივება წადია - ძალიან მარტივ და ამასთან ერთად ეფექტურ გზას ირჩევს - კორუფციულ გარიგებაში შედის ზემოთ ხსენებულ ჩინოვნიკთან და ამას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს. ჩინოვნიკიც უმალ დამყოლი, ყურადღებიანი და თავაზიანი ხდება. ვისაც ასეთ გარიგებებზე წასვლა არ შეუძლია, ან არ კადრულობს მსგავს ქმედებას - განწირულია, საათობით იყურყუტოს პასპორტის რიგში, გამგეობებში და მერიებში, იდგეს მხრებაწურული და ღირსებაშელახული. ეს მომქანცველი საათები არა მარტო თრგუნავს ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი სახელმწიფოსთან შედარებით მხოლოდ პატარა კაცუნად წარმოუდგენია, არამედ ანგრევს მის ინდივიდუალობასაც. თუმცა, აქ არის ადამიანური ღირსების ერთი ასპექტი - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებების დაკმაყოფილების მოთხოვნა, ანუ უფლების გაცხადება. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უფლების გაცხადება, გარკვეულწილად მოკლებულია ღირსებას. ადამიანი, რომელიც აცხადებს უფლებას, რომელიც არ იხვეწება გაწვდილი ხელით - მომეცით, არამედ აცხადებს, რომ ეს მას ეკუთვნის - ღირსეულად იქცევა. აი, მარტივი მაგალითი კორუფციისა და საკუთარი ღირსების შელახვის წინააღმდეგ ბრძოლისა.
კორუფცია საფრთხეს უქმნის ადამიანის თავისუფლებას
ადამიანის უფლებების უმრავლესობა არ არის აბსოლუტური, ყოველთვის გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვა იმ ღირებულებათა დასაცავად, რომელთაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, მაგრამ ეს ყოველთვის კანონის საფუძველზე და კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა ასახავდეს არსებულ ვითარებას. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს.
თავისუფლებაა, როდესაც მე არ მაიძულებენ რაიმეს კეთებას, როცა არ არსებობს მრავლობითი აკრძალვები. მაგრამ სრული თავისუფლება და შესაძლებლობა - ყველაფერი აკეთო, რაც თავში მოგივა - ადამიანს იშვიათად აქვს. არის აკრძალვები მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო ნორმებში.
ზემოთ ვახსენეთ, რომ ბავშვობიდან მუდმივად გვაქვს შეხება სახელმწიფო დაწესებულებებთან, სახელმწიფო მოხელეებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან (სახელმწიფო საავადმყოფოებში), ჩინოვნიკებთან, რომელთა ნებაზეა დამოკიდებული მოგვცემენ თუ არა ბინის ორდერს, ჩაგვირთავენ თუ არა ტელეფონს და როგორ მოგვემსახურებიან, როდესაც გადასახადების გადასახდელად მივალთ. ვითარება კიდევ უფრო მძაფრდება ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც ხელისუფალნი დაეჭვდებიან, რომ ჩვენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩავდივართ, როდესაც საქმეში ჩაერთვება პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო... აი, სწორედ აქ არის ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე - თვითნებური დაპატიმრება, დაკავება, გაძევება, ან თვითნებური ჩხრეკა იწვევს ადამიანის თავისუფლების (ამ შემთხვევაში ხელშეუხებლობის უფლების) დარღვევას. ამასთან ერთად, კორუფცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე არანაკლებ არღვევს ადამიანის უფლებებს.
საგამოძიებო ორგანოების დაქსაქსულობა, დანაშაულის აღრიცხვის არსებული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერ მოხელეს, არ აღნუსხოს დანაშაულის ფაქტი, ეჭვმიტანილისგან ფულის გამოძალვისა და საქმის მიჩქმალვის საშუალებას იძლევა; ექსპერტიზის სისტემაში არსებული უაღრესად საშიში კორუფციული გარემო; კორუფციული გარიგების გზით მიღებული დიპლომი და, ამის შედეგად იურისტ მოხელეთა დაბალი პროფესიონალიზმი; მართლმსაჯულების სისტემის დაბალი ავტორიტეტი, რაც, თავის მხრივ, სულ უფრო მეტ მოსამართლეს უბიძგებს კორუფციისკენ - აი, ძალიან მოკლე ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც კორუფციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას.
უფრო მეტიც, ზოგიერთი, ერთი შეხედვით ,,უწყინარი” კორუფციული გარიგების შედეგად კორუფცია ჩვენი ძირითადი უფლების - სიცოცხლის თავისუფლების შემლახველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, თუ განათლების სამინისტროს კორუმპირებული თანამდებობის პირის მიერ სამშენებლო კომპანიასთან დადებული გარიგების საფუძველზე სკოლის მშენებლობისათვის შეიძინეს დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალა (მაგალითად ცემენტი), სკოლის შენობა შეიძლება ჩამოინგრეს და უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეიწიროს. ამრიგად, ამ შემთხვევაში დაირღვა არა მხოლოდ განათლების უფლება (სკოლა კი, როგორც მოგეხსენებათ განათლების უფლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია), არამედ მოსწავლეთა და მასწავლებელთა სიცოცხლის უფლება.
კორუფცია ხელს უწყობს უთანასწორობის დამკვიდრებას, ეს კი დისკრიმინაციის მიზეზი ხდება. ვაგრძელებთ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ციტირებას:
,,ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა...”
თანასწორობა, როგორც პოლიტიკური მოთხოვნა მე-18 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. ამერიკის ვირჯინიის შტატის უფლებათა ქარტია აცხადებდა, რომ ყველა ხალხი თავისი ბუნებით ფლობს თანასწორ თავისუფლებებს, დამოუკიდებლობის უფლებას და რიგ თანდაყოლილ უფლებებს. საფრანგეთში მიღებულმა 1793 წლის კონსტიტუციამ გამოაცხადა, რომ ხელისუფლება ყალიბდება იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს საკუთარი ბუნებრივი და განუყოფელი უფლებებით - თანასწორობით, თავისუფლებით, უსაფრთხოებით და საკუთრების უფლებით. 120 წლის შემდეგ ბოლშევიკურმა რევოლუციამ აღიარა მუშებისა და გლეხების უპირატესობა და საყოველთაო თანასწორობის ნაცვლად შემოიღო პროლეტარიატის დიქტატურა, მაგრამ პრაქტიკულად პროლეტარიატის დიქტატურა პარტიული ნომენკლატურის დიქტატურად გადაიქცა (რევოლუციების შემდეგ მსგავს მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი).
თანასწორობის ცნება თავისი მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია კი, ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ უფლებათა თანასწორობა ნიშნავს ადამიანების დაუსაბუთებელი დიფერენციაციის აკრძალვას. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შესაძლებელია სამართლებრივი სისტემის შექმნა დისკრიმინაციული დებულებების გარეშე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა თანასწორობა კანონის წინაშე. ასეთი თანასწორობის მიღწევა გაცილებით რთულია.
კორუფციის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ყველგან და ყოველთვის თანამდებობის პირები სხვადასხვაგვარად ექცევიან მდიდრებსა და ცნობილ ადამიანებს და განკიცხულებსა თუ საზოგადოებისათვის საძულველ ჯგუფებს. როდესაც სასამართლოში მდიდარი ადამიანი მოხვდება, ის საუკეთესო ადვოკატებს მიმართავს და მას უფრო მეტი ადვოკატი ეყოლება, ვიდრე ღარიბს. მაგრამ უთანასწორობა გაცილებით თვალშისაცემი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული, როდესაც შესაძლებელია, უფრო მეტიც, სახელმწიფოს მიერაა წახალისებული ქრთამის აღება, როდესაც შეიძლება მოისყიდო ნებისმიერი ჩინოვნიკი, კლერკი, მოსამართლე და პროკურორი. ამრიგად თანასწორობის დარღვევა იწვევს ადამიანის სამოქალაქო უფლებების, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების, აგრეთვე მისი საპროცესო უფლებების დარღვევას. საპროცესო თანასწორობა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ელემენტი გაქრება, თუ ერთ-ერთმა მხარემ მოისყიდა მოსამართლე, ან სასამართლოს რომელიმე თანამდებობის პირი, ან შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა იმ დოკუმენტებს, რომელზეც მეორე მხარეს ხელი არ მიუწვდებოდა, ან ამავე გზით გააქრო რომელიღაც მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მოსყიდული მოსამართლე ვერც მიუკერძოებელი იქნება და ვერც დამოუკიდებელი.
როდესაც ადამიანი ქრთამს თავაზობს საჯარო პირს (არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება ეს - ფულის, ძვირფასი საჩუქრის თუ უკიდურესად ხელგაშლილი ,,სტუმართმოყვარეობის'` სახით), ის სხვა ადამიანებთან შედარებით მყისვე იძენს პრივილეგირებულ სტატუსს, მათთან შედარებით, ვისაც ამავე მიზნით ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია. პრივილეგია იმაში გამოიხატება, რომ ეს ადამიანი სხვაზე სწრაფად და გამოცდის გარეშე აიღებს მართვის უფლებას, ან ურიგოდ მიიღებს კონტეინერს ბაზრობაზე, აიღებს პასპორტს ან ვიზას, სხვაზე სწრაფად და უპრებლომოდ განაბაჟებს ან სულაც არ განაბაჟებს შემოტანილ საქონელს, თავს აარიდებს გადასახადების გადახდას, სხვისი უბედურების ხარჯზე მოიგებს საქმეს სასამართლოში. ეს კი ავტომატურად იწვევს სხვა ადამიანების დისკრიმინაციას, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია ხელს უწყობს და ხშირ შემთხვევაში თავად იწვევს უთანასწორობის, და აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციის დამკვიდრებას. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ კორუფცია ადამიანური ღირსების, თანასწორობის და თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ადამიანის ყველა უფლება და თავისუფლება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ სწორედ ამ ცნებებზეა დაფუძნებული. ამრიგად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული ბრძოლაცაა.
![]() |
3 რა გზით წავა რუსეთი |
▲ზევით დაბრუნება |
სტივენ ტეიმანი
სენტ-ლუისის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ
დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში სამართლებრივი და სასამართლო რეფორმების მიმდინარეობას. უკვე მომეცა საშუალება, ჟურნალში ,,Росийская Юстиция” დამებეჭდა სტატია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ; აგრეთვე, გამოვაქვეყნე მართლმსაჯულების ამ ფორმის შედარებითი ანალიზი აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე (იხ. ,,Росийская Юстици” №11, 1996); ახლახან შევიტყვე მოსამართლეთა საბჭოს მიერ ინიცირებული ახალი იდეის - საბრალდებო გარიგების - დანერგვის შესახებ; გავეცანი ახალ პროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლისა ,,სასამართლო გამოძიების შემოკლებული წესი“. ასეთი ნაბიჯები სავსებით ლოგიკურია სამართლებრივი რეფორმის გაგრძელებისთვის, მაგრამ, სწორი არჩევანის გასაკეთებლად, საჭიროა, მეზობელ ქვეყნებსაც გადავხედოთ.
საკითხის ისტორია
თავდაპირველად სასამართლოში სისხლის სამართალწარმოება არაფორმალური იყო და შემოიფარგლებოდა საქმის გარჩევით დაზარალებულს (ან მის ოჯახს) და დამნაშავეს შორის. საფუძველი ყოველთვის იყო შურისძიება ჩადენილი დანაშაულის გამო. დროთა განმავლობაში, სისხლიანი შურისძიება ფორმალურმა პროცედურებმა შეცვალა, თუმცა, ოფიციალურ პირთა როლი სისხლისსამართლებრივი კონფლიქტების გადაწყვეტაში უმნიშვნელო დარჩა - არ არსებობდნენ სახელმწიფო ბრალმდებლები და პროფესიონალი მოსამართლეები. დაზარალებული თავად იყო ბრალმდებელი. თუკი დაზარალებული ფაქტზე წაასწრებდა დამნაშავეს (სისხლიანი ხელებით - In flagrante), მას მოსამართლეს გადასცემდა იარაღთან ან სხვა მტკიცებულებებთან ერთად. თვითგასამართლების თავიდან ასაცილებლად საკითხის გადაწყვეტას ანდობდნენ პატივცემულ მოქალაქეებს - თანამედროვე ნაფიცი მსაჯულების წინამორბედებს.
პროცედურა კი კვლავ პრიმიტიული რჩებოდა.
სიკვდილით დასჯა იშვიათად გამოიყენებოდა, ხოლო მოკლულის ოჯახს შეეძლო, დათანხმებულიყო ჯარიმაზე, რომელსაც ,,ვერგილდი“ ერქვა.
სისხლის სამართლის სასამართლო წარმოება იმ დროს იყო კერძო, შეჯიბრებითი და ნაკლებად განსხვავდებოდა სამოქალაქო პროცედურებისგან. თუმცა, ცენტრალიზებული, აბსოლუტური მონარქიის წარმოშობისთანავე სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს საქმე გახდა.თავდაპირველად, რიგით სისხლის სამართლის საქმეებში, ანუ ისეთ საქმეებში, სადაც დაზარალებული არსებობდა, სასამართლო წარმოება კერძო და შეჯიბრებით სტრუქტურას ინარჩუნებდა. ამავე დროს, ევროპის კონტინენტზე პროცედურის ახალი ტიპი განვითარდა. დანაშაულის ახალი შემადგენლობა ელიტარულმა და სასულიერო ხელისუფლებამ მოიფიქრა და იმგვარი იყო, რომ საქმეში დაზარალებული და მოწმე რეალურად არ ფიგურირებდა: მაგალითად, მონარქის შეურაცხყოფა (პასკვილი) ან მკრეხელობა (ერესი). ამ შემთხვევაში, დაზარალებულად მიიჩნიეს იქნა თვითონ სახელმწიფო, რომელსაც სპეციალური პროცესუალური მოღვაწე დასჭირდა. მას ,,მეცნიერულად'` უნდა დაედგინა, იყო თუ არა ჩადენილი ესა თუ ის ახალი, თავსატეხი დანაშაული. ასეთ წარმომადგენელს ,,მოსამართლეს“ ეძახდნენ. თანდათანობით სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო ისეთი საყოფაცხოვრებო დანაშაულის დევნაზეც, რომელიც მოქალაქეებს აყენებდა ზიანს. დაზარალებულის - როგორც კერძო ბრალმდებლის - ფიგურა თითქმის გაქრა. მისი ადგილი დაიკავა სახელმწიფო ჩინოვნიკმა - პროკურორმა ან სასამართლო გამომძიებელმა.
სისხლის სამართლის ,,მეცნიერებამ“ მტკიცებულების წარდგენის ფორმალური წესები შეითვისა. შესაძლებელი გახდა ბრალდებულის გასამართლება პირადი აღიარების გარეშე ისეთი საქმისთვის, რომელიც ჩადენილი იყო ,,In flagrante“ ან იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულს ორი მოწმე ესწრებოდა. თუმცა, სხვა საქმეებში ბრალის პირადი აღიარება ძველებურად აუცილებელ პირობად დარჩა. კანონიერ მეთოდად იყო მიჩნეული აღიარების მოპოვება წამებით, ხოლო დანაშაულის აღიარება ,,მტკიცებულებათა დედოფლად“ გადაიქცა. ამავე დროს, საეჭვო საშუალებებით მოპოვებული ჩვენებების ნამდვილობის აღიარებისთვის აუცილებელი გახდა ,,მეცნიერული“ დადასტურება სხვა მტკიცებულებებით. განსხვავებით ძველებური კერძო შეჯიბრებითი პროცედურისგან, რომელიც ზეპირად და ღიად ხორციელდებოდა, ხოლო მტკიცებულებები მხოლოდ ერთხელ იხილებოდა - პირდაპირ მოსამართლის წინაშე, - ახალი ინკვიზიციური პროცედურა წერითი და გასაიდუმლოებული იყო. ეს გულისხმობდა მტკიცებულებების მეცნიერულ და პედანტურ გადამუშავება-გარდაქმნას ზეპირიდან წერილობით ფორმაში და მის თავმოყრას ,,საქმეში“. ,,საქმე“ წარმოადგენდა დოკუმენტებით სავსე საქაღალდეს, რომელიც გადასახედად სასამართლო იერარქიის უმაღლეს ინსტანციებს გადაეცემოდა. სისხლისსამართლებრივი პროცედურის მთავარი ეტაპი იყო წინასწარი გამოძიება, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა, თავად ბრალდებული კი შედეგებს ზედამხედველობის ქვეშ ელოდებოდა. სასამართლო გამოძიება გულისხმობდა მოპოვებული და ,,საქმეში'` თავმოყრილი მტკიცებულებების კანონიერებისა და საკმარისობის დადგენას. ამავე დროს, ,,მეცნიერული“ ინკვიზიციის პირობებში, სასჯელი ძველ, შეჯიბრებით პროცესთან შედარებით, გაცილებით გამკაცრდა.
კონტინენტური ტრადიციები
ამერიკაში, ნაწილობრივ ინგლისში, ბრალმდებლის ფუნქციის მონოპოლიზაცია მოხდა, ხოლო დაზარალებული, როგორც სისხლის სამართლის პროცესის დამოუკიდებელი მონაწილე, სასამართლო წარმოების პროცედურიდან განიდევნა. თავად სამართალწარმოება დარჩა შეჯიბრებითი და ზოგჯერ არაფორმალური, რამდენადაც ის ბრალდებულს და ბრალმდებელს საშუალებას აძლევდა, ბრალის აღიარებაზე გარიგებულიყვნენ (საბრალდებო დასკვნის მოცულობის შემცირების, ან სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ). ე.წ. ,,შეთანხმება ბრალის აღიარებაზე“ ამერიკაში ცნობილი იყო ჯერ კიდევ XIX ს. დასაწყისში; ხოლო 1900 წლისთვის სისხლის სამართლის საქმეების 80%25 სწორედ ამგვარი შეთანხმების გზით წყდებოდა - ანუ ნაფიცი მსაჯულების წინაშე სასამართლო გამოძიების გარეშე. შემდგომში ჩვენ უფრო დეტალურად შევჩერდებით იმ ფაქტორზე, რომ სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტის ასეთი გამარტივებული ფორმები შემთხვევით არ გაჩენილა შეჯიბრებითი პროცესის ნიადაგზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებული გარიგების პრაქტიკა აშშ-ში ვითარდებოდა არა მხოლოდ დიდი მოცულობის სამართალწარმოების თავიდან ასაცილებლად. შეგახსენებთ, რომ საუკუნის დასაწყისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეეძლო, ერთი დღის განმავლობაში გამოეტანა ვერდიქტი სისხლის სამართლის ხუთი საქმის შესახებ. მხოლოდ 60-იანი წლების ე.წ. ,,სისხლის სამართლებრივი პროცედურების რევოლუციის“ შემდეგ, როცა დაცვის უფლება მნიშვნელოვნად გაფართოვდა, სისხლისსამართლებრივი პროცესები შედარებით გართულდა და გახანგრძლივდა. შეთანხმებათა სისტემის სათავეები, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეძიოთ ანგლოსაქსური იურისპრუდენციის ,,არამეცნიერულობაში“, როდესაც სასამართლო გამოძიების ძირითადი მიზანია საზოგადოების წიაღში წარმოქმნილი კონფლიქტების გადაჭრა და საზოგადოებრივი სიმშვიდის დამყარება; ჭეშმარიტების დადგენა კი მხოლოდ მეორეხარისხოვანი საშუალებაა ამ მიზნების მისაღწევად.
რუსეთსა და ევროპის კონტინენტზე არ იყო მიღებული ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა პროფესიონალი გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გარეშე. ამასთან, ისინი ვალდებულნი იყვნენ, აღძრულ საქმეზე ჭეშმარიტება დაედგინათ.
XIX საუკუნეში და XX საუკუნის პირველ ნახევარში ნაფიც მსაჯულთა კლასიკურ სასამართლოებზე ექსპერიმენტებს ევროპის კონტინენტის ქვეყნები ატარებდნენ: საფრანგეთი (1793-1941); გერმანია (1848 წლიდან უმეტეს მიწებზე, ხოლო 1871-დან 1924-მდე გაერთანებულ გერმანულ სახელმწიფოში); რუსეთი (1864-1917); ესპანეთი (1888-1939). თუმცა, ამ ქვეყნების უმრავლესობას პრაქტიკულად არ შეუცვლია გასაიდუმლოებული ინკვიზიციური გრძელვადიანი წინასწარი გამოძიება. მართალია, სისხლის სამართლის გამოძიება გახდა საჯარო და, უმეტეს წილად, ზეპირი, მაგრამ საქმეების განხილვის მეთოდი ადრინდელი დარჩა. მოსამართლე, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეობდა, ვალდებული იყო, ჭეშმარიტება დაედგინა და მასვე წარემართა მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეების, განსასჯელის, ექსპერტების დაკითხვა. თუმცა, 1872 წ. ესპანეთში მიიღეს სისხლის სამართლის პროცესუალური კანონი, რომელიც აწესებდა მეტ-ნაკლებად თანასწორუფლებიან შეჯიბრებით პროცედურას დაზარალებულის მონაწილეობით. ესპანეთში ბრალმდებელი მხარეები - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო (დაზარალებული) - საქმეზე თავიანთ წერილობით დასკვნებს ადგენდნენ, რასაც მოსდევდა დაცვის მხარის საპასუხო რეაქცია. დოკუმენტები შეიცავდა მხარეთა პოზიციებს დანაშაულთა შემადგენლობის შესახებ, აგრეთვე, კონკრეტული სასჯელის მოთხოვნას. უკვე XIXს. შუა პერიოდიდან ბრალდებულს შეეძლო, ბრალმდებლის მიერ განსაზღვრული სასჯელის კვალიფიკაციას დასთანხმებოდა. ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ,,თანხმობის“ შემთხვევაში, განაჩენი თავმჯდომარეს გამოჰქონდა. თუმცა, სხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგთში ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ იყო საკმარისი განაჩენის გამოსატანად.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე დიდი ცვლილებები მოხდა. გამოიკვეთა პედანტური, ხანგრძლივი, ზედმეტად ,,სამეცნიერო'`, პოსტინკვიზიციური სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოებისთვის გვერდის ავლის მისწრაფებები. 1948 წ. გერმანიაში საჯაროდ გაცხადდა ადრე ფარული პრაქტიკა ბრალის აღიარების შეთანხმებისა და სასამართლო გამოძიების შემცირების შესახებ, რაც უმაღლესმა და საკონსტიტუციო სასამართლოებმა მოიწონეს. 1988წ. იტალიაში მიღებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შემოიღეს შეჯიბრებითი სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოება გამარტივებული და შემოკლებული პროცედურებით, ასევე, შემოიღეს ბრალის აღიარების შეთანხმებების თავისებური ფორმა. სამართალწარმოებების შემცირებისა და ნაფიც მსაჯულთა შესახებ 1988 წ. და 1995 წ. მიღებული კანონების მეშვეობით, განმტკიცდა ესპანური ,,შეთანხმების“ პროცედურაც. საყურადღებოა ევროპაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მოწოდებულია სამართლებრივი პროცედურების შემცირებისა და გამარტივებისაკენ; ასევე, ყურადღებას იმსახურებს კლასიკური ამერიკული სისტემა ბრალის აღიარებაზე შეთანხმების შესახებ - რუსეთში მათი გამოყენების შესაძლებლობების შეფასებისთვის. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხის განხილვა: როგორ ზოგავს ახალი პროცედურები დროს და სასამართლო რესურსებს და რამდენად იძლევა საშუალებას, ავიცილოთ წინასწარი გამოძიება, წინასწარი მოსმენა და სასამართლო გამოძიება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას სისხლის სამართლის საქმის სამართლიან გადაწყვეტას.
გარიგებები ბრალის აღიარების შესახებ
ამერიკის სისხლის სამართლის პროცესში ბრალის აღიარების გარიგებების მთავარი მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებში საქმეების გამოძიების ხანგრძლივი პროცესის თავიდან აცილება. ანგლო-ამერიკული სისხლის სამართლის პროცესში წინასწარი გამოძიება - ეს არის არაფორმალური პოლიციური გამოძიება, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც დიდი ჟიურის განსახილველია. დიდი ჟიური წარმოადგენს 12-23 არაიურისტი მოქალაქისგან შემდგარ კოლეგიას, რომელიც პროკურორის ხელმძღვანელობით აწარმოებს ძიებას, როგორც წესი, რთული კორუფციული და ორგანიზებული დანაშაულის საქმეებზე (მაგ.: პრეზიდენტ კლინტონის ფინანსური საქმეებისა ან მისი კავშირების შესახებ მონიკა ლევინსკთან). რუსეთისაგან და კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ-ში წინასწარი გამოძიება მოკლე და სწრაფია, რადგან კანონი აწესებს დაუყოვნებლივ სასამართლო გამოძიებას, რომელიც გრძელდება 90-180 დღის განმავლობაში ბრალდებულის დაკავებიდან, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დღიდან.
გარიგება ბრალის აღიარების შესახებ შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ბრალის ადრეული აღიარება საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას არიდებული საქმის შეჯიბრებითი წესით წინასწარი მოსმენა, ან დიდი ჟიურის მიერ ბრალის მტკიცებულებების საკმარისობის შემოწმება. ბრალდებული ხშირად უარს ამბობს წინასწარი მოსმენების ჩატარებაზე, რასაც, როგორც წესი, მოსდევს სასჯელის შემსუბუქება, ან საბრალდებო დასკვნის მოცულობის შემცირება.
ამერიკული მართლმსაჯულებისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია ბრალდებულის უარი სასამართლო მოკვლევის ჩატარებაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში; რადგან ეს პროცედურა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღის, კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. როდესაც ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება, ამ შემთხვევაში არსებობს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის განსაკუთრებული წესი, რომელიც ზოგჯერ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მტკიცებულებების კვლევა და ვერდიქტის გამოტანა. პროკურორისთვისაც და დამცველისთვისაც ხელსაყრელია საქმეების გადაწყვეტა არაფორმალური შეთანხმებით ბრალის აღიარების შესახებ; ვინაიდან კლასიკურ შეჯიბრებით პროცესზე მათ მოუწევთ სასამართლო გამოძიების მომზადება, მოწმეების გამოძახება, მათი დაკითხვა, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილების დაძაბული მოლოდინი და ა.შ. ასეთ საქმეებში წარმატებას განაპირობებს ადვოკატისა და პროკურორის უნარები და პროფესიონალიზმი. ბრალდებულს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე, თუკი მას ელის თავისუფლების აღკვეთა 6 თვეზე მეტი ხნის ვადით. ეს არის მთავარი ,,სავაჭრო საგანი'` ბრალდებულის მხრიდან, როდესაც მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების შესახებ. ამ ფაქტორის გამო, საქმეთა 90%25 გარიგებით სრულდება. ხოლო საქმის სრული განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით და განსასჯელის ყველა იმ გარანტიით უზრუნველყოფა, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო ითვალისწინებს - იშვიათი და, როგორც წესი, ,,შოუ-პროცესის'` რიგის მოვლენაა.
ჩრდილოეთ კაროლინა ელფორდის წინააღმდეგ
ბრალდებულთან შეჯიბრში სახელმწიფო ბრალმდებლისათვის მთავარი ,,სავაჭრო საგანი'` არის მკაცრი, ხანდახან სასტიკი სასჯელის საშიშროება, მაგალითად, სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა. ეს საფრთხე ბრალდებულს აიძულებს, უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ.
მაგალითისთვის გავიხსენოთ აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ,,Bordenkirchev Hayes“ (434 V.S. 357 (1978)), როდესაც მიიჩნიეს, რომ პროკურორის მკაცრ ტაქტიკას არ შეუბღალავს სამართლიანი გარჩევის უფლება (due process): იმ შემთხვევაში, თუ საქმე აღიძვრებოდა ქურდობისთვის მცირე ოდენობის ზარალით (რაც ჩადენილი იყო საბუთების გაყალბებით), პროკურორმა ბრალდებულს შესთავაზა ხუთიდან რვა წლამდე სასჯელის ზომა; სამაგიეროდ კი მოითხოვა ბრალის აღიარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორი ბრალდებულს დაემუქრა, რომ აღძრავდა ახალ ბრალდებას დამამძიმებელ გარემოებაში (პირს რეციდივისტად მიიჩნევდა), რასაც შეეძლო, სამუდამო პატიმრობა გამოეწვია. ამის მიუხედავად, ბრალდებულმა გამოიყენა თავისი უფლება და მოითხოვა, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო ახალი ბრალდების მიხედვით და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამგვარი ზეწოლა ბრალის აღიარებასთან დაკავშირებული გარიგების მეშვეობით, ევროპაში სერიოზული კრიტიკის საგანია: სასჯელი არ შეიძლება დამძიმდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებულმა დაჟინებით მოითხოვა თავისი კონსტიტუციური უფლების - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს - გამოყენება (ეს კრიტიკაგასათვალისწინებელია მომავალში, როდესაც რუსულ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყება).
თუმცა, სასჯელის შემსუბუქება ბრალის აღიარების საფუძველზე შეიძლება გამართლდეს, თუკი აღიარება ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებებს უტოლდება. საფუძველს მოკლებული არ არის პრაგმატული მიდგომაც, როცა მსგავს შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილება სასამართლო სისტემის ფულადი სახსრების დაზოგვა.
პროფესიონალი მოსამართლეები მხარს უჭერენ გარიგებებს ბრალის აღიარების შესახებ და პრაქტიკაშიც მკაცრი სასჯელები გამოაქვთ ნაფიცი მსაჯულების მხრიდან გამამტყუნებელი ვერდიქტების საფუძველზე. მოსამართლეები ასევე უშუალოდ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში გარიგების თაობაზე (გამონაკლისს წარმოადგენს ფედერალური სასამართლოები და ზოგიერთი შტატის სასამართლო, სადაც მოსამართლეს აკრძალული აქვს ამგვარ პროცედურაში მონაწილეობა). შეგახსენებთ, რომ ამერიკულ შეჯიბრებით სისტემაში პროკურორისა და მოსამართლის ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია - მხოლოდ პროკურორია უფლებამოსილი, განსაზღვროს ბრალდების მოცულობა და ნებისმიერ დროს უარი თქვას მასზე; მეორე მხრივ, მხოლოდ მოსამართლეა უფლებამოსილი, განსაზღვროს სასჯელი. აქედან გამომდინარე, ორივე მხარის - პროკურორისა და მოსამართლის - მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ბრალდებისა და სასჯელის ზომის განსაზღვრა. რიგ შემთხვევაში, როცა პროკურორი უარს აცხადებს ბრალდების ზოგიერთ ნაწილზე, მაშინ ბრალდებული, თუკი მან ბრალი აღიარა, უფლებამოსილია, შევიდეს გარიგებაში მოსამართლესთან სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
მოსამართლე ვალდებულია, გადაამოწმოს ბრალდების ფაქტების საკმარისობა მანამ, სანამ იგი აღიარებას მიიღებს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო პირის მიერ ბრალის აღიარება მისი დამნაშავე თანამონაწილის სასარგებლოდ, ან წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით. თუმცა, სასამართლოს თავჯდომარეს არ აქვს ფორმალური წინასწარი გამოძიების მასალა, რის გამოც ხშირად რთულდება კანონის ამ მოთხოვნის შესრულება. უმაღლესი საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, პროკურორს ნება ეძლევა, ბრალის აღიარების მოლაპარაკებისას დაცვის მხარეს არ გაუმხილოს ის ფაქტი, რომ მას არ გააჩნია საკმარისი მამხილებელი მასალა, ან არ ჰყავს აუცილებელი მოწმეები (ანუ ბრალის არაღიარების შემთხვევაში, პროკურორს მოუწევს, შეწყვიტოს საქმე). ასეთი სახის ,,ტყუილი'` შესაძლებელია იმიტომ, რომ აშშ-ში ბრალდებულს არ გააჩნია უფლება, სრულად გაეცნოს თავისი საქმის მასალებს. აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების ,,North Carolina v. Alfrod (400 V.S. 25 (1970)'` მიხედვით, ბრალდებულს შეუძლია, მიიღოს გარიგება ბრალის აღიარების შესახებ უფრო მკაცრი სასჯელის აცილების მიზნით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი უარყოფს თავის ბრალს. ასეთ შემთხვევებში, მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მამხილებელი მასალა დამაჯერებელია.
იმასაც აღვნიშნავ, რომ ბევრი ასეთ პრაქტიკას უარყოფითად აფასებს. მკაცრი სასჯელით დაშინებას, ან ბრალდებულის მოტყუებას ბრალის აღიარების თაობაზე მოლაპარაკებისას, გერმანელი ავტორები ადარებენ იმავე მეთოდებით ეჭვმიტანილების დაკითხვას წინასწარი გამოძიების დროს, რაც გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.6ა მუხლით აკრძალულია. სისხლის სამართლის ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ჯონ ლანგბეინი მიიჩნევს, რომ ბრალის აღიარების გარიგებამ შეცვალა წამება, როგორც ეჭვმიტანილის თვითაღიარების საშუალება.
თანხმობა და სისხლისსამართლებრივი ბრძანებები
მივმართოთ ევროპულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ სასამართლო გამოძიების ჩატარება. ესპანეთი პრაქტიკულად ერთადერთი პოსტინკვიზიციური ევროპული ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა კვლევის თავიდან აცილება, თუ ბრალდებული საბრალდებო დასკვნას ეთანხმება. ბრალდებულს შეუძლია გამოხატოს თავისი კონფორმიდადი (თანხმობა) ან წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ, ან სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე, ან მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველ საქმეებში. თუმცა, მხარეები ერთმანეთს არ ,,ევაჭრებიან“. ,,თანხმობა“ მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალმდებლები ითხოვენ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას არა უმეტეს ექვსი წლის ვადისა. ამასთანავე, პროკურორი და დამცველი მართავენ მოლაპარაკებებს საბრალდებო დასკვნის მოცულობის შესაზღუდავად, რათა მიღწეულ იქნას კონფორმიდადი. სინამდვილეში, ესპანური კონფორმიდადი არ წარმოადგენს ბრალის აღიარებას. აშშ-სგან განსხვავებით, აქ არ არსებობს განმარტებები იმის შესახებ, რომ ბრალდებულს აქვს სრულფასოვანი სასამართლო გამოძიების უფლება; უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ; ბრალდების მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლება. თუმცა, ასეთი პროცედურა არ ეწინააღმდეგება ლეგალურობის პრინციპს (ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება 1992 წ. 7 მაისი). ესპანეთში კონფორმიდადის გზით წყდება სისხლის სამართლის საქმეთა 15-დან 30%25-მდე.
ესპანური ,,თანხმობა“ შესაძლოა სასარგებლო მოდელად იქცეს რუსეთის რეფორმისათვის, ვინაიდან, კონფორმიდადის მიღწევის შემდეგ, განაჩენი გამოაქვს მხოლოდ თავჯდომარე მოსამართლეს ბრალდების მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე. ამასთან, მოსამართლეს უფლება რჩება, გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი მაშინ, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებანი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთში ჭეშმარიტების დადგენის ინკვიზიციური პრინციპები უკვე გაუქმებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში. ხოლო შეჯიბრებითობის საკონსტიტუციო პრინციპი ხელს უწყობს ბრალდებულის როლის გაძლიერებას, როგორც სისხლის სამართალწარმოების სუბიექტისა, რადგან მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დასთანხმდეს წაყენებულ ბრალდებას.
იტალიაში 1988 წელს მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესულია ე.წ. ,,მხარეთა განცხადება სასჯელის განსაზღვრის შესახებ'`. ამ პროცედურის მეშვეობით შესაძლებელია სასამართლო გამოძიების არჩატარება იმ საქმეებზე, რომლებიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არა უმეტეს სამი წლის ვადისა. ისევე, როგორც ესპანურ კონფრომიდადში, ბრალდებული იტალიურ გარიგებაში (patejamento) თავს არ ცნობს დამნაშავედ და მოსამართლეს შეუძლია გაამართლოს იგი საკმარისი მტკიცებულების არარსებობისას. იტალიურ გარიგებაში სასჯელის შემსუბუქება გამოიხატება თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედით შემცირებით.
უმეტეს ევროპულ ქვეყნებში გამოიყენება ე.წ. ,,სისხლის სამართლებრივი ბრძანება'`, რათა მოკლე დროში იქნას განხილული მცირე სისხლისსამართლებრივი საქმეები, რომლებიც მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. გერმანული სისხლისსამართლებრივი ბრძანება პროკურორს საშუალებას აძლევს, ბრალდებულს განსაზღვრული ჯარიმა დააკისროს. პროკურორის წერილობითი შეთავაზების მიღების შემდეგ ბრალდებულს ორ კვირიანი ვადა ეძლევა იმისათვის, რომ დათანხმდეს შეთავაზებულ პროცედურას, ან უარყოს იგი და საქმის სასამართლო განხილვა მოითხოვოს. უარის არარსებობის შემთხვევაში, პროკურორის ბრძანება კანონიერ ძალას იძენს. პროკურორის წინადადების ასლი იგზავნება სასამართლოში, სადაც არასაკმარისი მტკიცებულებების შემთხვევაში ბრძანება უარყოფილია და სასამართლო განხილვა ინიშნება. პირველი ინსტანციის რაიონულ სასამართლოებში საქმეთა დაახლოებით 30%25 სისხლისამართლებრივი ბრძანების გზით იხილება. მაგალითად, იტალიაში სისხლისსამართლებრივ ბრძანებაზე თანხმობის შემთხვევაში, ბრალდებულს ჯარიმა უნახევრდება. სისხლისამართლებრივი ბრძანება 1972 წელს საფრანგეთშიც მიიღეს. იმის მიუხედავად, რომ იტალიური პატეჯამენტოს და ესპანური კონფორმიდადის სისხლისამართლებრივი ბრძანების მექანიზმები არ წარმოადგენს ამერიკული ტიპის გარიგებას, ესეც მხარეთა არაფორმალური მოლაპარაკებად რჩება მანამ, სანამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდება.
ესპანეთში ახალ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების მიერ განხილულ ზოგიერთ პირველ საქმეებში, ბრალდებულები ეთანხმებოდნენ საბრალდებო დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროკურორი შეამცირებდა თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნილ ვადას (Thaman, Stephen C. Spain Returns to Trial by Jury//Hastings International and Comparative Law Journal. T. 21. C. 313.) ბრალდების მოცულობის შემცირება შეუძლებელია არაინკვიზიციურ სასამართლო გამოძიებაში, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც პროკურორს არ აქვს უფლება, დანაშაულის შემადგენლობა შეცვალოს, ან უარი თქვას ბრალდებაზე საქმის სასამართლოში შესვლის შემდეგ. რუსულ შეჯიბრობით პროცესში ასეთი წინააღმდეგობა არაა, თუმცა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ბრალდების მოცულობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით.
რუსული პერსპექტივები
რუსეთის ფედერაციის სასამართლოთა საბჭოს რეზოლუცია მხარს უჭერს სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში პროკურორისა და დაცვის მხარის უფლებას, სასამართლო პროცესის საწყის სტადიაზე მოხდეს გარიგება ბრალის აღიარების შესახებ. ეს შეესაბამება როგორც შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს, ასევე ევროპის ქვეყნების პოსტინკვიზიციური რეფორმების ტენდენციებს. ჩემი თვალთახედვით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩართვა მოლაპარაკებებში გარიგების თაობაზე, თანაც, ზემო ინსტანციებში გასაჩივრების უფლების შენარჩუნებით - თუკი განაჩენი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. იმისთვის, რომ გამარტივდეს სასამართლო კონტროლი მხარეთა შეთანხმებაზე, მიზანშეწონილია, რომ შეღავათები გაითვალისწინოს კანონმდებლობამ (როგორც იტალიაში) ან დადგინდეს თავისუფლების აღკვეთის ვადის მაქსიმუმი (როგორც ესპანეთში /6 წელი/). გონივრულად გვესახება რუსეთის ფედერაციის სასამართლოთა საბჭოს წინადადება, ერთი მხრივ, ბრალის აღიარებასთან დაკავშირებული გარიგების კანონის მიღების შესახებ და, მეორე მხრივ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების შემოღების შესახებ; ვინაიდან გარიგება უკეთ მუშაობს სასამართლო წარმოების იმ სისტემაში, სადაც სასამართლო გამოძიების შედეგი არაპროგნოზირებადია. ბრალის აღიარების წინასწარი გარიგების შედეგად დაზოგილი სახსრები, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების გაფართოების მიზნით.
წინასწარი გამოძიების გამარტივება
ევროპის კონტინენტზე ბრალდებულის უფლება სწრაფი სასამართლო განხილვის თაობაზე, როგორც წესი, ირღვევა სისხლის სამართლის პროცესის სასამართლო განხილვის წინა ეტაპზე საქმის მასალების რთული, პედანტური წერილობით გაფორმების პროცედურის გამო. ამიტომაც არსებობს მთელი რიგი შეკვეცილი პროცედურებისა, რომლებიც მიმართულია წინასწარი გამოძიების ლიკვიდაციისკენ მცირე სამართალდარღვევის შემთხვევაში, ან ეჭვმიტანილის სამხილით დაკავებისას. ამის მაგალითია ინგლისელი და გერმანელი ხულიგნების გასამართლება დაჩქარებული წესით 1998 წელს საფრანგეთში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. იმ საქმეებში, რომლებიც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ეჭვმიტანილთა სამხილით დაკავების შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. ,,ეჭვმიტანილის სასწრაფო წარდგენა სასამართლოს წინაშე”.
საფრანგეთის სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით, შეკვეცილი სასამართლო წარმოება გამოიყენება ზრდასრულ პირთა მიმართ აღძრულ საქმეთა 90%25-ის შემთხვევაში. თუმცა, ასეთი პრაქტიკა გერმანიაში საკმაოდ იშვიათია და მისი გამოყენება თითქმის გამორიცხულია უცხოელი მოქალაქეების მიმართ. იტალიაში ეჭვმიტანილის სამხილით დაკავების ან ბრალის სრული აღიარების შემთხვევაში, პროკურორს უფლება აქვს, საქმე დაუყოვნებლივ /48 სთ-ში/ გადააგზავნოს სასამართლოში განსახილველად ,,პირდაპირი სასამართლო გამოძიების“ წესით. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო გამოძიება 15 დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
სხვა საქმეებზე, სადაც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები პირველი 9 დღის განმავლობაში დადგინდება, პროკურორს უფლება აქვს, ,,გამოტოვოს'` დამოუკიდებელ მოსამართლესთან წინასწარი მოსმენა და საქმე გადააგზავნოს სასამართლოში ,,დაუყოვნებლივი სასამართლო გამოძიებისთვის'`. 1988 წელს ესპანეთში მიიღეს ,,შეკვეცილი პროცედურა“, რომელიც იმ დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 9 წლის ვადით. ეს კანონი განსაზღვრავს წინასწარი გამოძიების გამარტივებას შეჯიბრობითობის პრინციპის გაძლიერებასთან ერთად და მოსამართლის უფლებამოსილების შეზღუდვას. წინასწარი გამოძიების მიმართ ასეთსავე მიდგომას ითვალისწინებს ესპანეთში მიღებული კანონი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ასეთი რეფორმების იდეა გულისხმობს ინკვიზიციური მოსამართლის გადაქცევას არბიტრად, რომელიც მიუკერძოებლად წყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა მხარეთა შუამდგომლობა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების განხილვის თაობაზე - როგორიცაა ,,წინასწარი მოსმენის მოსამართლე'` იტალიასა და გერმანიაში. შემცირებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს კონფორმიდადის ადრეულ ეტაპზე მიღწევის შესაძლებლობებს /ხშირად განაჩენი გამოაქვთ დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში/, ესპანეთში ახლა გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეთა უმრავლეს შემთხვევაში. რუსეთში სასამართლო განხილვისთვის მასალების წინასწარი მომზადების ე.წ. პროტოკოლური ფორმა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ აცილებულ იქნას ან შეიკვეცოს დიდი მოცულობის წინასწარი გამოძიება. ევროპული პოსტინკვიზიციური მართლმსაჯულების სხვა სისტემებიდან შესაძლებელია დამატებითი საშუალებებისგამოძებნა, რათა შემცირდეს პროცედურები უმნიშვნელო, მეტ-ნაკლებად არასაკამათო სისხლის სამართლის საქმეებისთვის.
სასამართლო გამოძიების გამარტივება
რუსეთის კანონში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების შესახებ შეტანილია სასამართლო გამოძიების გამარტივებული ფორმა იმ შემთხვევისთვის, როცა პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი სრულად აღიარებს ბრალს და მოსამართლე დარწმუნებულია ამ პირთა ბრალეულობაში. ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება დაუყოვნებლივ კამათზე გადასვლა, მაგრამ ეს არ არის ამერიკული პრაქტიკის მსგავსი ,,ბრალის აღიარება“, რადგან ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტი გამოაქვთ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისა და დამატებების პროექტი. ეს პროექტი პროცედურების გამარტივების საფუძველს შექმნის ყველა იმ საქმეში, რომლებიც სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას არაუმეტეს ხუთი წლის ვადისა. სასამართლო გამოძიების ასეთი გამარტივებული ვარიანტი უფრო შეჯიბრებითი სახისაა, ვიდრე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამჟამინდელი პროცედურა, რადგან ახალი ვარიანტი მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გარჩევას გულისხმობს. ეს იმას ჰგავს, რასაც ევროპის ქვეყნებში იყენებენ. ასე მაგალითად: არაფორმალური გერმანული გარიგებები /Absprechen/ სინამდვილეში წარმოადგენს შეთანხმებას სასამართლო გამოძიების გამარტივების შესახებ იმის სანაცვლოდ, რომ შეწყდეს დანაშაულის ზოგიერთი შემადგენლობა ან სასჯელის ზედა ზღვარმა დაიწიოს. ასეთი სახის არაფორმალურ შეთანხმებებს ადგილი აქვს საქმეთა დაახლოებით 30-40%25-ის შემთხვევაში და ეკონომიკურ დანაშაულთა საერთო რაოდენობის ნახევარში. ამ მოლაპარაკებებში ბრალდებული ეთანხმება ან არ ეთანხმება შუამდგომლობებს, რომ გამოკვლეულ იქნას გარკვეული მტკიცებულებები; ან ბრალს აღიარებს და ხელს უწყობს სასამართლო გამოძიების მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას. პროცესის წინარე სასამართლო ეტაპზე პროკურორსა და დაცვას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, სახელდობრ, საბრალდებო დასკვნის მოცულობის შემცირების შესახებ. საქმის სასამართლოში მოხვედრის შემდეგ სასჯელის შემცირების შესახებ მოლაპარაკებები წარმოებს სასამართლოს თავმჯდომარესა და დაცვას შორის.
იტალიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ე.წ. ,,შეკვეცილ წარმოებას“. წინასწარი გამოძიების დამთავრებისას, პროკურორის თანხმობის შემთხვევაში, ბრალდებულს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა საქმის შეკვეცილი წესით განხილვის შესახებ. საქმეს იხილავს წინასწარი გამოძიების მოსამართლე - წინასწარი გამოძიების წერილობითი მასალების მიხედვით და, თუკი შესაბამისი შუამდგომლობა არსებობს, ახალი გარემოებების გათვალისწინებით. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს სასჯელის შემცირებას საერთო ვადის 1/3-ით. ეს შეკვეცილი წესი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლის ნებისმიერ საქმეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასჯელი ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას. თანაც, დაზარალებულის თანხმობა აუცილებელი არ არის. იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმის შეკვეცილი ფორმით წარმოების შესახებ პროკურორის დაუსაბუთებელი უარის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება, სრულფასოვანი სასამართლო გამოძიების შემდეგ, სასჯელი 1/3-ით შეამციროს. ამრიგად, იტალიის ახალ, შეჯიბრებით სამართალწარმოებაში ბრალდებულს საშუალება ეძლევა, აირჩიოს თავისებური ინკვიზიციური წერილობითი ფორმის სასამართლო გამოძიება სასჯელის შეზღუდული ფარგლებით.
ესპანური შეკვეცილი წარმოება ითვალისწინებს სასამართლო გამოძიებაში რამდენიმე პროცესუალურ ცვლილებას იმისათვის, რომ დაჩქარდეს მტკიცებულებების კვლევა; მაგალითად, ჩვეულებრივი სასამართლო წესისგან განსხვავებით, განაჩენი შეიძლება ორი ექსპერტის დასკვნის ნაცვლად, ერთი ექსპერტის დასკვნას დაეყრდნოს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული სასამართლო გამოძიების შეკვეცილი წესი უფრო მოკრძალებული და ფრთხილია, ვიდრე გამარტივებული პროცედურები პოსტინკვიზიციურ ევროპულ ქვეყნებში. ამის მიუხედავად, ეს სიახლე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეჯიბრებითობის განსამტკიცებლად რუსულ სისხლის სამართლის პროცესში. ბრალის აღიარების შესახებ პირობებზე მოლაპარაკებები დაშვებულია თვით გერმანიის უმაღლესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ, თუმცა, ამ ქვეყნის სისხლის სამართალში რუსეთზე მეტადაა წარმოდგენილი ინკვიზიციური პროცედურები. ამიტომ, თეორიულად, რუსული შეჯიბრებითი მართლმსაჯულებისთვის სრულიად მისაღებია მოლაპარაკებები ბრალის აღიარების პირობებზე.
ქვემდებარეობით მანიპულირება
აშშ-ში და ინგლისში ბრალის აღიარების, ესპანეთში ,,თანხმობის გამოხატვის“ და იტალიაში ,,სასჯელის განსაზღვრის განცხადების'` შემდეგ სასამართლო გამოძიება აღარ წარმოებს. ინგლისში, აშშ-ში და საფრანგეთში ისტორიულადაა დამკვიდრებული სისხლის სამართლის საქმეზე ქვემდებარეობით მანიპულირების პრაქტიკა. ეს კეთდება იმისათვის, რათა აცილებულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქმე პროფესიონალმა მოსამართლეებმა განიხილონ გამარტივებულად და შედარებით პროგნოზირებადი წესით. საფრანგეთში იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ,,სკანდალური გამართლებები“, პროკურორები ბრალდებულს უყენებდენ უფრო მსუბუქ ბრალდებებს, ხშირად კი ისეთებსაც, რომლებიც დანაშაულის შემადგენლობას არ შეესაბამებოდა. საქმეები იხილებოდა არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, არამედ ქვემდგომ ,,გამასწორებელ სასამართლოში“, (Tribunals correctionnels) რომელიც სამი პროფესიონალი მოსამართლისგან შედგებოდა. თუმცა, ე.წ. correctionnalisation-ს კანონი არ ითვალისწინებდა, ის გასულ საუკუნეში საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს ჩუმი თანხმობით ფუნქციონირებდა და ასეთი პრაქტიკა დღემდე გრძელდება.
საქმეთა ქვემდებარეობით მანიპულირების პრაქტიკა ვითარდებოდა 1996-97წწ. ესპანეთში მიღებული ახალ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების პირველ წელს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების დროში გაწელილი და ძვირადღირებული პროცესის თავიდან ასაცილებლად, ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე საცხოვრებელში უკანონოდ შეღწევა, მუქარა, ქრთამი და ა.შ.) ბრალდებულს ბრალს უყენებდნენ უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის ან ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის. ამავდროულად, ასეთი საქმეების უმეტესობა კონფორმიდადის გზით წყდებოდა. ასეთისავე პრაქტიკას იყენებდნენ რუსეთში ნაფიც მსაჯულთა ახალი სასამართლოს ამოქმედების პირველ წლებში, რაც იწვევდა საქმეების დიდი ნაწილის განხილვას ნაფიც მსაჯულთა გარეშე. უფრო მეტიც, ასე განიხილეს აბსულუტურად ყველა საქმე, მაგალითად, ულიანოვსკის ოლქში.
,,საქმეთა ქვემდებარეობით“ თამაშს შემდეგი მიზანი აქვს: მანიპულირების მექანიზმისგან დამოუკიდებლად, სასჯელთა ზედა ზღვრის შემცირება პროპორციულია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა. აშშ-ს ზოგიერთ სასამართლო ოლქში არსებობს პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ბრალდებულის წახალისებას, რათა მან უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე - ერთპიროვნული მოსამართლის სასამართლო ძიების სასარგებლოდ. ამისთვის ყველაზე მკაცრი მოსამართლეები ინიშნებიან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების თავმჯდომარეებად, ხოლო ყველაზე ლმობიერნი ერთპიროვნულ მოსამართლეებად მუშაობენ. ასეთი პრაქტიკის გამო, ფილადელფიაში 45%25-მდე შემცირდა გარიგების და ბრალის აღიარების გზით გადაწყვეტილი საქმეები; ბრალდებულთა 49%25-მა აირჩია ერთპიროვნული მოსამართლის მიერ გასამართლება; ხოლო საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში განხილვა მხოლოდ 6%25-მა მოითხოვა.
აშშ-ში ერთპიროვნული მოსამართლის სასამართლო გამოძიებაში ხშირად მიმართავენ მტკიცებულებების დაშვების გამარტივებულ წესს, კერძოდ, დაიშვება, რომ განსასჯელი გამართლდეს წინასწარი განხილვის ოქმის საფუძველზე იმ წესით, რომელიც არსებითად არ განსხვავდება იტალიური ,,შეკვეცილი წარმოებისგან“. თუმცა, ასეთი სასამართლო გამოძიებანი ნაფიც მსაჯულთა გარეშე, რომელთაც არცთუ იშვიათად ,,ბრალის შენელებულ აღიარებას“ უწოდებენ, როგორც წესი, შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოტანით მთავრდება.
სისხლის სამართლის პროცედურის ახალი პრივატიზაცია?
დასავლეთის ქვეყნებში არსებული განუხრელი ტენდენცია სისხლის სამართლის სასამართლო წარმოებაში ფორმების შეკვეცისა და გამარტივების დანერგვის შესახებ მიჩნეულია სისხლის სამართლის პროცედურების ახალ პრივატიზაციად. თუკი შესაძლებელია დანაშაულის ჩადენის შემდეგ საზოგადოებრივი სიმშვიდის დამყარება დამნაშავესა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის მოლაპარაკებების გზით (დაზარალებულის მონაწილეობით და ზარალის ანაზღაურების ჩათვლით), რაღა საჭიროა პედანტური და ზოგჯერ პირმოთნე პრეტენზიები ჭეშმარიტების დადგენის შესახებ?
არაფორმალური შეთანხმების პროცედურები განვითარდა ძირითადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოების ჰუმანურ ნიადაგზე და შეიძლება უკეთესადაც ფუნქციონირებს, თუკი ბრალდებულს აქვს სასამართლოში თავის მართლების რეალური საშუალება.
სიმართლის დადგენის ინკვიზიციური პრინციპი, პირიქით, აბსოლუტურ, ცენტრალიზებულ რეჟიმში ჩამოყალიბდა და ხელს უწყობდა სისხლის სამართალწარმოების გამოყენებას პოლიტიკური რეპრესიებისთვის. უმრავლეს სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებები მოიპოვება დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ასეთი საქმეები მარტივად წყდება და მიზანშეუწონელია, განაჩენის გამოტანის დღე გადავადდეს მხოლოდ იმისათვის, რათა დაცულ იქნას საეჭვო, ფსევდომეცნიერული ინკვიზიციური პრინციპი, რომელიც ნელ-ნელა ქრება მართლმსაჯულების სცენიდან.
,,Росийская Юстиция“, М 10,11 1998 წ.
![]() |
4 ხელოვნების თავისუფლება (საქართველოს კონსტიტუციის მ. 23) |
▲ზევით დაბრუნება |
კოტე კუბლაშვილი
I. შესავალი
ბევრი დემოკრატიული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, რომელთა კონსტიტუციები ხელოვნების თავისუფლებაზე კონკრეტულ მითითებას არ შეიცავს, საქართველოს კონსტიტუცია ცალკე გამოყოფს ამ ძირითად უფლებას და 23-ე მუხლით აღიარებს მას:
,,1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.“
აღნიშნული მუხლის გაცნობისას, უპირველეს ყოვლისა, შესამჩნევია ერთი გარემოება: ტექსტში ვერ ვხვდებით სიტყვას ,,ხელოვნება“. პირველი პუნქტის მიხედვით, უზრუნველყოფილია ,,ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება“. მიუხედავად ამისა, უმჯობესი და მოსახერხებელი იქნება (ძირითადად) გამოვიყენოთ ტერმინი ,,ხელოვნების თავისუფლება“ (ან ,,ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება“). მით უმეტეს, რომ მე-2 პუნქტში უკვე სხვა ტერმინებია მოცემული - ,,შემოქმედებითი პროცესი“ და ,,შემოქმედებითი საქმიანობა“. ,,ხელოვნების თავისუფლება“ სრულად ასახავს და მოიცავს სამივე ზემოხსენებული ტერმინის და შესაბამისად, მთლიანად 23-ე მუხლის შინაარსს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისუფლების ძირითადი უფლებები უზრუნველყოფენ ადამიანის საქმიანობის და მოქმედების თავისუფალ სფეროს, რომელშიც სახელმწიფო საერთოდ ვერ ერევა ან ერევა მხოლოდ სპეციალური დასაბუთებით (კანონის საფუძველზე), ცხადი გახდება, რომ ხელოვნების თავისუფლება, ისევე როგორც ძირითადი უფლებების უმეტესობა, სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება.
კონსტიტუციის 23-ე მუხლის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ ხელოვნების თავისუფლება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ ყველა ადამიანისათვის და შესაბამისად წარმოადგენს არა ,,სამოქალაქო“, არამედ ,,ადამიანის უფლებას“.
II. ცნება
დაუშვებელია, თავისუფლების ეს გარანტია შეიზღუდოს ისეთი დეფინიციით, რომელიც განსხვავებულად აფასებს გამოსახვის რამდენიმე ფორმას და მხოლოდ ზოგიერთს აღიარებს ,,ხელოვნებად“. ,,ხელოვნების“ ცნება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული, განსაზღვრული დონით ან რაიმე ,,ძვირფასი“ თუ კლასიკური ხელოვნებით.
ხელოვნების (შემოქმედებითი საქმიანობის) მთავარი არსი არის თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი, რომლის დროსაც ხელოვანის შთაბეჭდილებები, გამოცდილება და წარმოდგენები უშუალო გამოხატულებას ჰპოვებს გამოსახვის კონკრეტული ფორმის საშუალებებით.
შემოქმედებითი საქმიანობა ფაქტობრივად წარმოადგენს ნაერთს გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი განცდებისა, რომელთა რაციონალური ახსნა შეუძლებელია.
შემოქმედებითი პროცესის დროს ერთად მოქმედებენ ინტუიცია, ფანტაზია და ხელოვნების გაგება. ეს პროცესი და მიღებული შედეგი (ხელოვნების ქმნილება) არის ხელოვანის პიროვნების უშუალო გამოხატულება, კერძოდ - ხელოვნება.
ზემოაღნიშნულ დებულებას ხელოვნების მატერიალურ ცნებას უწოდებენ. თუმცა, გაბატონებული სამართლებრივი შეხედულების თანახმად, ხელოვნების ცნების ამომწურავად განმარტება შეუძლებელია. ჯერ ვერ მოხერხდა ასეთი დეფინიციის ჩამოყალიბება და, როგორც ჩანს, თანამედროვე ცოდნის დონის მიხედვით, ვერც მოხერხდება. ზემოხსენებული მატერიალური ცნების გარდა დღეს გამოყოფენ ხელოვნების კიდევ ორ ცნებას: ფორმალურს და ღიას.
ხელოვნების ფორმალური ცნება მოიცავს შემოქმედების სხვადასხვა კონკრეტულ ფორმებს: მხატვრობას, პოეზიას, პროზას, მუსიკას, თეატრალურ და კინოხელოვნებას და ა.შ. ხელოვნების ღია ცნების მიხედვით კი, შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებათა მრავალფეროვნების გამო შესაძლებელია ხელოვნების ყოველი კონკრეტული ქმნილება (შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი) ფართო ინტერპრეტაციის გამოყენებით სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობით იქნეს გაგებული და ამით მნახველს ამოუწურავი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მიეწოდოს
III. დაცული სფერო
ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება იცავს და უზრუნველყოფს თავისუფალ შემოქმედებით პროცესს, სახელდობრ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
,,შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია'`.
კონსტიტუცია ამ დებულებით იმპერატიულად და გარკვევით აცხადებს, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ხელოვანისათვის იმის დადგენა, თუ როგორ უნდა აღიქვას მან სინამდვილე და როგორ უნდა ასახოს ეს ხედვა საკუთარ შემოქმედებაში. მხოლოდ თავად ხელოვანს შეუძლია, გადაწყვიტოს და განსაზღვროს სინამდვილესთან თავისი დამოკიდებულების ,,სისწორე“. გარდა ამისა,
,,შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურის დაუშვებლობა“
ნიშნავს, რომ
აკრძალულია შემოქმედებითი საქმიანობის მეთოდებზე, შინაარსსა და ტენდენციებზე ზემოქმედება, განსაკუთრებით - შემოქმედებითი საქმიანობის სფეროს შეზღუდვა ან ამ სფეროში შეჭრა, ანდა შემოქმედებითი პროცესისათვის ზოგადად სავალდებულო წესების დადგენა.
აქედან გამომდინარე, გამორიცხული და დაუშვებელია ჩარევა ხელოვანის მიერ თემის არჩევის თავისუფლებაში და ამ თემის შემოქმედებით ასახვაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ე.წ. ანგაჟირებული ხელოვნების სფეროს, რომელიც აქტუალურ თემებთან განსაკუთრებულ წინააღმდეგობაშია.
ხელოვნების თავისუფლებით დაცულ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, შედის თვით სახელოვნებო (შემოქმედებითი) საქმიანობა. ხელოვნების თავისუფლება უზრუნველყოფს და იცავს აგრეთვე ხელოვნების ქმნილების საზოგადოების, ხალხის წინაშე (მუზეუმში, გალერეაში) წარდგენისა და გავრცელების პროცესსაც, რის გარეშეც ხელოვნებას არავითარი ზემოქმედების ძალა არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლების გამოყენება შეუძლიათ არა მხოლოდ ხელოვნების ქმნილების ავტორებს, ანუ შემოქმედ პირებს, არამედ იმათაც, ვინც მონაწილეობს ხელოვნების ნაწარმის გავრცელებაში, მაგალითად, გამომცემელს, მუსიკალური დისკების ან ფილმების პროდიუსერს. ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ ცნობილმა და აღიარებულმა, პროფესიონალმა ხელოვანმა, არამედ ნებისმიერმა თვითნასწავლმა და ნაკლებად ცნობილმა სახელოვნებო საქმიანობით დაკავებულმა პირმაც. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად ღირებულია ხელოვანის მოცემული ნაშრომი, ანუ მაღალხარისხოვნად არის იგი შესრულებული, თუ საშუალო ან დაბალი დონის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია. ხელოვნების თავისუფლებით დაცულ სფეროში ხვდება აგრეთვე ე.წ. აღმაშფოთებელი ან არაესთეტური ნაწარმოებები და კონკრეტულ პირთა მიმართ აგრესიული გამონათქვამებიც, მაგალითად, სატირა, კარიკატურა, პოპსიმღერები და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას გამოსახვის ისეთ უჩვეულო ფორმებზე, როგორებიცაა პანტომიმა, ნაჭრებით შეფუთული საკანონმდებლო ორგანოს შენობა1 და სხვ. რეკლამა ხელოვნების რომელიმე ქმნილების შესახებ ასევე დაცულია ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლებით.
კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ხელშეუვალად აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი ცალსახად და გარკვევით აღიარებს საკუთრების უფლებას, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მოქალაქის - თავისუფალი პიროვნების - უმნიშვნელოვანესს უფლებას, კანონმდებელი 23-ე მუხლში მაინც გამოყოფს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებას“ და ამით ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების თავისუფლება იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, ანუ შემოქმედებითი ნაწარმოები მისი ავტორის (ხელოვანის) საკუთრებაა და ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია როგორც კონსტიტუციური, ისე შესაბამისი სამოქალაქოსამართლებრივი ნორმებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ფართოდ განმარტა აღნიშნული დებულება:
,,ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუვალობა ვრცელდება შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებზე ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში“.2
ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ ფიზიკურმა, არამედ იურიდიულმა პირებმაც. ესენია, მაგალითად, სახელოვნებო, მუსიკალური სასწავლებლები, ანსამბლები, ორკესტრები, თეატრები და სხვა გაერთიანებები. აღნიშნული ძირითადი უფლების გამოყენება დასაშვებია არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერაც. ეს გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: როგორც ცნობილია, საჯარო ხელისუფლება აფუძნებს და იმავდროულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის გაერთიანებების არსებობას, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ხელოვნებასთან. ასეთია, მაგალითად, გალერეები, მუზეუმები, ორკესტრები და თეატრები. მათი საშუალებით საზოგადოება ეცნობა ხელოვნების ნიმუშებს; ამავდროულად ამ გაერთიანებებს სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ჩარევის ისეთივე საშიშროება ემუქრებათ, როგორც ფიზიკურ პირებს. შესაბამისად, ისინიც ისევე უნდა იყვნენ დაცულნი ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლებით, როგორც ფიზიკური პირები. ამდენად, სახელოვნებო და მუსიკალურმა უმაღლესმა სასწავლებლებმაც და თეატრებმაც (რომლებიც შესაძლებელია იყვნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირები), საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ჩარევისაგან შესაძლოა, თავი სწორედ ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლების გამოყენებით დაიცვან.
IV. დაცულ სფეროში ჩარევა
ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ხელს უშლის შემოქმედს სახელოვნებო საქმიანობის განხორციელებაში და ამ საქმიანობის შედეგის (ხელოვნების ქმნილების) გავრცელებაში. სახელმწიფომ ამისათვის შესაძლებელია გამოიყენოს აკრძალვები და სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის სანქციები. თუმცა ასეთი ჩარევა შესაძლოა გამართლებული იყოს, რადგან იგი შეიძლება ეყრდნობოდეს კანონიერ საფუძველს. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი გარკვევით მიუთითებს, რომ
,,შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს“.
აღნიშნული დებულების ანალიზის შედეგად აშკარა ხდება, რომ კონსტიტუციით არ არის შეზღუდული თვით სახელოვნებო საქმიანობა ანუ შემოქმედებითი პროცესი. ამ ნაწილში ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება კონსტიტუციის მიერ აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და, შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან მისი რაიმე სახით (მაგალითად, კანონით) შეზღუდვა.
კონსტიტუცია გარკვეულ შეზღუდვას აწესებს მხოლოდ სახელოვნებო საქმიანობის შედეგის (,,შემოქმედებითი ნაწარმოების“) გავრცელების მიმართ.
ეს შემზღუდავი ნორმა, კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულების თანახმად, არის ,,სხვა ადამიანის კანონიერი უფლებები“. ამდენად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება შესაძლებელია, შეიზღუდოს ან აიკრძალოს მხოლოდ აღნიშნულ (სხვა ადამიანის კანონიერი უფლებების დარღვევის) და არა სხვა რაიმე საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ დაუშვებელია შემოქმედებითი ნაწარმოების (მაგალითად, რომანის) სხვადასხვა ნაწილების იზოლირებულად, ერთმანეთისაგან მოწყვეტილად განხილვა და შემდეგ მასზე მსჯელობა არა როგორც სახელოვნებო საქმიანობის ერთ განსაზღვრულ ფორმაზე, არამედ როგორც კონკრეტული აზრის გამოთქმაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ამ შემოქმედებითი ნაწარმოების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით აზრის თავისუფლებისათვის დადგენილი შემზღუდავი ნორმების გამოყენება, რაც გაცილებით მრავალრიცხოვანი და ფართოა, ვიდრე 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
,,სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებში“ იგულისხმება ყველა უფლება, რომელიც ადამიანს კონსტიტუციით ან კანონით აქვს უზრუნველყოფილი. ამ უფლებათა შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ ადამიანის ღირსება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლება. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ზოგად პიროვნულ უფლებაზე, თუმცა ყოველივე ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ან ადამიანის სხვა უფლებებს ე.წ. გენერალური უპირატესობა აქვთ ხელოვნების თავისუფლების მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ძირითად უფლებას წარმოადგენს და საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ძირითად უფლებათა შორის მსგავსი კონფლიქტის შემთხვევაში გამოიყენება შედარების ცნობილი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული გარემოებების მიხედვით უნდა აიწონ-დაიწონოს და შეფასდეს, თუ რომელ უფლებას მიეცეს უპირატესობა. დაუშვებელია იმ მოსაზრების გაზიარება, რომ ხელოვნების თავისუფლებასა და ადამიანის ღირსებას შორის კონფლიქტი კონსტიტუციის დონეზე და თანაც ღირსების დაცვის სასარგებლოდ თავიდანვე გადაწყვეტილია.
შედარების მეთოდის გამოყენება საჭიროა ყოველი კონკრეტული შემთხვევის გადაწყვეტისას, რათა არსებული გარემოებების საფუძველზე გაირკვეს, რომელ სამართლებრივ სიკეთეს მიენიჭოს უპირატესობა. შედარების მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევებში, როცა ხელოვანი კრიტიკულად წარმოსახავს ცოცხალ პიროვნებას და ამით მის ზოგად პიროვნულ უფლებაში ერევა. ამ დროს აუცილებლად უნდა გაირკვეს: (ა) არის თუ არა ეს პიროვნება ხელოვანის მიერ იმდენად თავისებურად წარმოსახული (ანუ მნიშვნელოვნად გაუცხოებული), რომ მისი ინდივიდუალურკონკრეტული სახე გამოსახვის საყოველთაოსიმბოლურ ფონთან შედარებით უკანა პლანზე გადადის და არ იგრძნობა, ან (ბ) წარმოსახა თუ არა ხელოვანმა ეს პიროვნება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად სინამდვილესთან მიახლოებულად და ამით განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაერია მის პიროვნულ უფლებაში. პირველ შემთხვევაში უპირატესობა ხელოვნების თავისუფლებას უნდა მიეცეს, ხოლო მეორეში, სავარაუდოდ, წინა პლანზე პიროვნული უფლების დაცვის ინტერესი გამოვა.
V. კონკრეტული სასამართლო საქმეები
როგორც აღინიშნა, ხელოვნების თავისუფლებით დაცულია სხვადასხვა პირთა კარიკატურები და მათზე დაწერილი პოპ-სიმღერები. ქვემოთ წარმოდგენილია ორი კონკრეტული საქმე, რომლებშიც დაწვრილებით არის განმარტებული კარიკატურისა და პოპ-სიმღერის, როგორც ხელოვნების თავისუფლებით დაცული შემოქმედებითი საქმიანობის კონკრეტული ფორმის, შინაარსი და მნიშვნელობა მათი ადამიანის ღირსებასა და ზოგად პიროვნულ უფლებასთან კოლიზიის დროს.3
საქმე №1: საქმე ეხება დავას ჟურნალ ,,პენტჰაუზსა“ (Penthouse) და ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოს ქალს შორის. 1985 წელს მოპასუხემ (,,პენტჰაუზის“ გამომცემელმა) გაავრცელა წლის ,,penthauzis VIP's კალენდარი“ (Penthause VIP's Kalender), რომლის 12 გვერდზე (თვეების შესაბამისად) კარიკატურულად იყვნენ გამოსახული ცნობილი პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მარტის თვის გვერდზე გამოსახული იყო პოლიტიკოსი ქალი (მოსარჩელე) შიშველ მდგომარეობაში, ნათლად ჩანდა მისი უკანა ტანი. წელზე მას შემორტყმული ჰქონდა რევოლვერის ქამარი და საბუდე, ხელში ეჭირა რევოლვერი და ეცვა მაღალი ჩექმები. ამ გამოსახულების გამო მოსარჩელე, რომელიც თავს შეურაცხყოფილად, დამცირებულად და ღირსებაშელახულად თვლიდა, მოპასუხისაგან მოითხოვდა კარიკატურის გამოქვეყნებით მისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის მატერიალურ (ფულად) ანაზღაურებას.
საქმის შინაარსის გაცნობის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს გასაჩივრებული გამოსახულების შესწავლა და ანალიზი, რის საფუძველზეც დადგინდება, შესაძლებელია თუ არა, მოსარჩელეს ჰქონდეს მისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის მატერიალური (ფულადი) ანაზღაურების პრეტენზია.
ა) დავიწყოთ იმით, რომ გასაჩივრებული გამოსახულება წარმოადგენს ხელოვნების ქმნილებას, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გარანტირებული ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლების საფუძველზე. იგი არის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის დასრულებული შედეგი, რომელშიც ავტორმა საკუთარი წარმოდგენები, გამოცდილება და შთაბეჭდილება გამოსახვის განსაზღვრული ფორმის საშუალებით - ამ შემთხვევაში ხატვის ფორმით - საჩვენებლად გამოიტანა. ამდენად, უკვე საეჭვოა, ამ გამოსახვით მართლსაწინააღმდეგოდ დაირღვა თუ არა (რასაც ამტკიცებს მოსარჩელე) მოსარჩელის კანონიერი უფლებები. აქ არაფერი იცვლება იმითაც, რომ მოსარჩელე ასაჩივრებს არა მხოლოდ კონკრეტულად გამოსახულებას, არამედ მოპასუხის მიერ მის გავრცელებასაც. საქმე ისაა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსტიტუციის 23-ე მუხლით განმტკიცებული ნორმა იცავს არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშს (შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს), არამედ ხელოვნების მოქმედების სფეროსაც ანუ მის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;
ბ) მიუხედავად ზემოთქმულისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ხელოვნების თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლება. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება შეიძლება აიკრძალოს, თუ იგი არღვევს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს (კონსტიტუციის მ. 23, პ. 3). ასეთია, მაგალითად, კონსტიტუციის მე-16 მუხლიდან გამომდინარე ადამიანის ზოგადი პიროვნული უფლება. ამ უფლების განსაკუთრებით მძიმე შელახვის დროს შესაძლოა, პიროვნული უფლების დაცვის ინტერესთან შედარებით ხელოვნების თავისუფლებამ უკანა პლანზე გადაიწიოს. ამიტომ გასაჩივრებულ გამოსახულებასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას: აქ საქმე გვაქვს მხოლოდ ავტორის (შემოქმედის) ფანტაზიის ნაყოფთან, კონკრეტულად - ნახატთან, და არა მოსარჩელის ფოტო- ან სხვა მსგავსი სახის სურათთან; იმავდროულად გამოსახულება წარმოადგენს კარიკატურას. კარიკატურა კი სწორედ იმით ხასიათდება, რომ ამ დროს შემოქმედებითი საშუალებით ხდება რეალურ სინამდვილეში არსებული, მაგრამ არცთუ ნათელი და მკაფიო სიმართლის დამახინჯება და გაუცხოება, რათა ეს სიმართლე, ავტორის წარმოსახვის შესაბამისად, უკეთესად გასაგები გახდეს. მეორე მხრივ, კარიკატურას შეიძლება მიზნად ჰქონდეს მხოლოდ იუმორისტული ეფექტისა და შედეგის მიღწევა. შესაბამისად, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ გასაჩივრებული გამოსახულება არის ნახატი (კარიკატურა), ანუ სინამდვილის შემოქმედებითად გაუცხოებული გამოხატვა, რომელიც თავისი შინაარსით არ შეესაბამება სინამდვილეს და არც არის სავალდებულო, რომ შეესაბამებოდეს მას. გამოსახულება აშკარად წარმოადგენს შემოქმედის გამოგონებას, მისი ფანტაზიის ნაყოფს, რითაც ფაქტობრივად არც არის გადმოცემული ავტორის რაიმე წარმოდგენა თუ აზრი; მისი მიზანი უფრო მეტად ტენდენციური შინაარსის გადმოცემაა. სწორედ ამ არგუმენტთა გამო, მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, აქ არ ხდება ჩარევა მოსარჩელის ინტიმურ სფეროში (ანუ მოსარჩელის პიროვნული უფლების დარღვევა), რადგან გასაჩივრებული გამოსახულებით მოსარჩელე არ არის ნაჩვენები (გამოსახული) რეალურად ,,შიშველი“ ფორმით;
გ) ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში გაცილებით მეტი მნიშვნელობა ექნება იმ გარემოების განხილვას, მოხდა თუ არა გასაჩივრებული გამოსახულებით მოსარჩელლის ღირსების შელახვა დაუშვებელი ფორმისა და ზედმეტად მძიმე შეურაცხყოფის გამო. საქმის შინაარსიდან ცნობილია, რომ, მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული ნახატი, უპირველეს ყოვლისა, არღვევს მისი, როგორც ქალის, ღირსებას, რადგან იგი ნახატზე წარმოდგენილია ქალისათვის შეურაცხმყოფელი, ღირსებაშემლახველი და სექსუალური ფორმით. არ შეიძლება ამ არგუმენტის გაზიარება. გასაჩივრებული ნახატი, როგორც ცნობილია, მოთავსებულია წლიურ კალენდარში; ამდენად, იგი ერთი დიდი ჟურნალის (ნაწარმოების) შემადგენელი ნაწილია და ამიტომ უნდა განვიხილოთ არა ცალკე, არამედ სწორედ ამ კალენდართან და მის შინაარსთან კავშირში. სწორედ ეს (ურთიერთ)კავშირი, ანუ ე.წ. კონტექსტი არის ის, რაც, ერთი მხრივ, ნათელს ხდის მასში ჩადებულ აზრს, მეორე მხრივ კი, აღწევს მკითხველამდე (მაყურებლამდე) და გადამწყვეტ გავლენას ახდენს მის წარმოდგენაზე კალენდრის მიმართ. სწორედ ამის შედეგად, სრულად წარმოჩინდება კალენდრის ობიექტური შინაარსი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კალენდარი, მოსარჩელისა და ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გარდა, მხოლოდ მამაკაცი პოლიტიკოსების კარიკატურებს შეიცავს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ისეთივე დამახინჯებული ფორმით, დაახლოებით იმავე პოზაში და ძირითადად შიშველი სახით, როგორც მოსარჩელე. ეს გარემოება ცხადად მიუთითებს, რომ მოსარჩელის გამოსახულება ნამდვილად არ არის მიმართული სპეციალურად მისი, როგორც ქალის წინააღმდეგ და ასევე არ გამოსახავს მას ღირსებაშელახულად, როგორც ქალს. ასევე ძნელად გასაზიარებელია მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ გამოსახულება მას წარმოადგენს ,,გამზადებულ მდგომარეობაში'`, ანუ როგორც მეძავს. ნახატზე ნათლად ჩანს, რომ კარიკატურის პერსონაჟი ეყრდნობა ხისაგან გაკეთებულ რაღაც საგანს, რომელსაც უფრო მეტად ცხენის უნაგირის ფორმა აქვს და კარგად არის ცნობილი პოპულარული ,,ვესტერნული'` ფილმებიდან. ნახატის ეს ნაწილი, აგრეთვე პერსონაჟის სპეციალური ჩექმები, რევოლვერის ჩასადებ ბუდესა და ქამართან ერთად აშკარად მიუთითებს ,,ვესტერნულ სცენაზე'`. ამ სცენის შინაარსს ვერ ცვლის ის პოზა, რომლითაც მოსარჩელე წარმოდგენილია მასზე (შიშველი უკანა ტანით), რადგან ეს პოზა მაინც არ აღძრავს ისეთ წარმოდგენას, თითქოს მოსარჩელე ე.წ. გამზადებულ მდგომარეობაშია, როგორც მეძავი. ამ წარმოდგენასთან სრულიად შეუსაბამოა ისიც, რომ ნახატზე კარიკატურის პერსონაჟს (ანუ მოსარჩელეს) მარჯვენა ხელში დიდი ,,ვესტერნული'` რევოლვერი უჭირავს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ნახატზე შიშველია, ასევე არ გვაძლევს ცალსახა საფუძველს მის მიერ წარმოდგენილი ინტერპრეტაციის გასაზიარებლად, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, კალენდარში მოთავსებული სხვა პოლიტიკოსებიც ძირითადად შიშველ მდგომარეობაში არიან, რაც სრულიადაც არ აღძრავს მსგავს წარმოდგენას;
დ) ზემოხსენებული ანალიზის შემდეგ ცხადი ხდება, რომ უკვე შესაძლებელია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ საკითხზე, რაიმე სხვა მიზეზების გამო ხომ არ იწვევს კარიკატურა მოსარჩელის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის, ღირსების შელახვას და, შესაბამისად, უნდა აუნაზაურდეს თუ არა მას მიყენებული არამატერიალური ზიანი, ანუ უნდა მიეცეს თუ არა ფულადი ანაზღაურება.
აღნიშნული საკითხის განხილვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე, როგორც ცნობილი პოლიტიკოსი, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. იგი საჯარო პირია და მისი საქმიანობა მთლიანად საჯაროობის პირობებში, საზოგადოების წინაშე მიმდინარეობს.
ასეთი საქმიანობა კი ყოველთვის განუყოფლად არის დაკავშირებული ,,შეტევებთან'`, ანუ კრიტიკასთან, საზოგადოებრივ, პუბლიკაციურ თავდასხმებთან, ამ პიროვნებისა და მისი მოღვაწეობის სინამდვილესთან შეუსაბამო წარმოდგენებთან, რომელთაგან ბევრი საკმაოდ მწვავე და გადაჭარბებულია, ზოგიერთი კი მისი უფლებების შემლახველი.
ძალიან ხშირად ყოველივე ეს დაკავშირებულია აღნიშნული საჯარო პირის კარიკატურულ გამოსახულებებთან. ეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსის ღირსება და პიროვნული უფლება უფრო ნაკლები წონისაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოქალაქის, რომელიც არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. მაგრამ რადგან პოლიტიკოსის საქმიანობის მიზანი სწორედ საჯარო ცხოვრების ცენტრში ყოფნა, საკუთარი პიროვნების საზოგადოებაში გამორჩეულად წარმოდგენა და დამკვიდრება, აგრეთვე საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული ზემოქმედებაა, მან თავიდანვე უნდა იცოდეს და შეეგუოს იმას, რომ მისი პიროვნება შეიძლება წარმოისახოს ისეთი სახითაც, რომელიც მნიშვნელოვნად გასცდება ,,წარმოსახვის მისთვის მოსაწონ ფარგლებს”, ანუ იგი შეიძლება წარმოსახონ სინამდვილესთან სრულიად შეუსაბამო ფორმით, თუ შინაარსით. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ეხება სწორედ კარიკატურას. როგორც ზემოთ აღინიშნა, კარიკატურის არსი სწორედ ისაა, რომ კარიკატურის შინაარსით რაღაც უნდა წარმოისახოს დამახინჯებული, არასწორი, სინამდვილესთან შეუსაბამო ფორმით.
სწორედ ამგვარად ეცნობა თავდაპირველად მის შინაარსს მნახველი, რომელიც შესაბამისად შეიგრძნობს კარიკატურის არსს და ამ ფორმით გადმოცემულ გამოსახულებას. ამიტომაც კარიკატურაში ძალზედ იშვიათად შეიძლება დავინახოთ გამოსახული პირის ღირსებისა და პიროვნული უფლების მძიმე შელახვა. გასაჩივრებულ გამოსახულებასთან დაკავშირებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე ასეთ ,,მძიმე შელახვასთან“ ნამდვილად არა გვაქვს. ის ფაქტი, რომ გამოსახულებაზე მოსარჩელე შიშველია, სრულიადაც არ ნიშნავს მისი ღირსების მნიშვნელოვან, მძიმე შელახვას, რადგან, ჯერ ერთი, გამოსახულება თავისი არსით თავიდანვე აღიქმება არა მისი რეალური შინაარსით, არამედ როგორც კარიკატურა და მეორეც, მოსარჩელის შიშველი ფორმით გამოსახვას სხვა პოლიტიკოსთა მსგავსი კარიკატურების კრებულში მხოლოდ მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელო წონა აქვს.4
საქმე №2: საქმის არსი: მოსარჩელე მსოფლიოში ცნობილი ჩოგბურთელი ქალია. მოპასუხემ, ,,გიჟი მოსწავლეების“ სახელით ცნობილმა პოპ-ჯგუფმა, 1992 წლის ზაფხულში ჩაწერა და გამოსცა ახალი სიმღერა, სათაურით ,,მე მინდა სიყვარული გავაკეთო შტეფი გრაფთან“ (I WANNA MAKE LOVE TO STEFFI GRAF). მოსარჩელე ამ სიმღერის გავრცელებაში ხედავს თავისი პიროვნული უფლების მძიმე დარღვევას და მოპასუხისაგან მოითხოვს მიყენებული არამატერიალური ზიანის შესაბამის მატერიალურ (ფულად) ანაზღაურებას.
პირველისაგან განსხვავებით, ამ საქმის განხილვისას სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარემ სიმღერის გავრცელებით განსაკუთრებით მძიმედ დაარღვია კონსტიტუციით დაცული მოსარჩელის პიროვნული უფლება, და მიყენებული არამატერიალური ზიანისათვის მოპასუხეს შესაბამისი მატერიალური (ფულადი) ანაზღაურება დააკისრა.
5. სააპელაციო სასამართლომაც მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეხედულება. მეტად საინტერესოა საქმის შინაარსის დაწვრილებით განხილვა და იმ გარემოებების ანალიზი, რომელთა საფუძველზედაც მიიღეს სასამართლოებმა ასეთი (შეიძლება ითქვას, საკამათო) გადაწყვეტილება.
ა) საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, სიმღერის რეფრენი შეიცავს მსმენელისათვის ფაქტის არსებობისა და მტკიცების ფორმით მიწოდებულ შინაარსს, რომ მოსარჩელემ (შტეფი გრაფმა) და მამამისმა ათასჯერ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. სიმღერის ტექსტში შტეფი გრაფი წარმოდგენილია სექსუალური თაყვანისცემის ობიექტად და ამით შეურაცხყოფილია მისი, როგორც ქალის, ღირსება. ის გამოთქმები, რომლებითაც გამოხატულია ეს ,,თაყვანისცემა“, შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მძიმე ფორმის შეურაცხყოფად და ცილისწამებად. პირველი ინსტანციის სასამართლოს ასეთ შეფასებას შესაძლოა, დავუპირისპიროთ ის არგუმენტი, რომ დაუშვებელია ხელოვნების ქმნილების (ამ შემთხვევაში - სიმღერის) ნაწილ-ნაწილგანხილვა, სიმღერის ერთიანი სხეულიდან ეფრენის ამოღება და მხოლოდ მისი შეფასება. აუცილებელია სიმღერის მთლიანად (მელოდიისა და სასიმღერო ტექსტის ჩათვლით) მოსმენა და მისი საერთო ზემოქმედების შეფასება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სულ სხვა სურათი დაიხატოს და მოსარჩელის პიროვნული უფლების დარღვევა სულაც არ ჩაითვალოს მძიმედ. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აქ მთავარი მაინც რეფრენი იყო (თუმცა აქვე ისმის კითხვა: რატომ?), რომელშიც მოსარჩელეს ბრალდება ათასჯერადი სექსუალური კავშირი მამასთან, რაც მაშინვე გასაგები ხდება ყველა მსმენელისათვის, ვინც თუნდაც მინიმალურ დონეზე იცის ინგლისური ენა. ამ სიტყვების მელოდიასთან ერთად წარმოთქმას არ მივყავართ აღნიშნული ფაქტის გაუცხოებასთან სიტყვათა თამაშითა თუ ალეგორიებით, რაც ასევე საკამათო შეფასებაა, მაგრამ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ მსმენელს სწორედ პირდაპირ და ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მიეწოდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოპ-ჯგუფ ,,გიჟი მოსწავლეების“ წევრებს სურთ ,,შტეფი გრაფთან სიყვარულის გაკეთება“, ,,ისევე, როგორც ეს მანამდე ათასჯერ გაუკეთებია მამამისს“. სასამართლოს აზრით, ,,ამ სიტყვების მელოდიური გახმოვანება არაფერს ცვლის მის შინაარსში“;
ბ) როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოს შეფასება საკამათოა და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად: ხომ არ შეიძლებოდა, სასამართლოს უფრო დაწვრილებით განეხილაპოპ-ჯგუფის პოზიციების დასაცავად ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლების ეფექტიანად გამოყენების საკითხი? აქ აუცილებლად უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ეს სიმღერა ხელოვნების ერთ-ერთ სახეს - სატირას და იმოქმედა თუ არა ამ ფორმით, რომელსაც ახასიათებს გადაჭარბება, დამახინჯება და გაუცხოება, და ამ საფუძველით ხომ არ შეიძლება სიმღერის დაქვემდებარება ისედაც რთულად განსასაზღვრი ხელოვნების სფეროსადმი. მართალია, ხელოვნების თავისუფლებაც არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლება და მასაც აქვს დადგენილი საზღვრები (საქართველოს კონსტიტუციის მ. 23, პ. 3), პირველ რიგში, სწორედ ადამიანის ღირსებისა და პიროვნული უფლების დაცვიდან გამომდინარე, მაგრამ, როგორც ჩვენს მიმოხილვაში აღვნიშნეთ, ღირსებისა და პიროვნული უფლების დაცვას არა აქვს თავიდანვე განსაზღვრული, ,,გენერალური უპირატესობა'` ხელოვნების თავისუფლების მიმართ. ხელოვნების თავისუფლების ძირითად უფლებასა და ადამიანის პიროვნულ უფლებას შორის ხშირი კოლიზიის გამო აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს აწონ-დაწონვა და შედარება ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო, მაგრამ ძირითადი უფლებებით დაცული ინტერესებისა. მოცემულ საქმეში ასეთი აწონდაწონვის შედეგად შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ უპირატესობა უნდა მიეცეს მოპასუხის ინტერესს. ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად შესაძლებელია მოვიხმოთ ის პრინციპი (რომელსაც მიჰყვება გერმანიის მუდმივი სასამართლო პრაქტიკა), რომ კარიკატურებისა და სატირისათვის სწორედ არსებითად დამახასიათებელია და ტიპურია გადაჭარბება, სინამდვილის დამახინჯება და გაუცხოება და რომ პიროვნებები, რომლებიც საჯარო ცხოვრების ცენტრში დგანან (როგორც ამ საქმეში - შტეფი გრაფი), განსაკუთრებით ხშირად წარმოადგენენ სატირული გამოხატვის საგანს. უფრო მეტიც, მოსარჩელე თავისი სპორტული მოღვაწეობის შედეგებითა და ავტორიტეტით გერმანიის სასამართლო პრაქტიკასა და იურიდიულ მეცნიერებაში ცნობილ ე.წ. აბსოლუტურ ისტორიულ პიროვნებას წარმოადგენს (ამიტომაც დგას იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში), ამდენად, იგი იძულებულია, შეეგუოს და მოითმინოს, როცა მასზე და მამამისზე მედიის მიერ და, საერთოდ, საზოგადოებაში, ვრცელდება ჭორები თუ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციები. მიუხედავად ასეთი მძლავრი არგუმენტებისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის სიმღერის შინაარსი აშკარად აჭარბებდა მოსათმენ (დასაშვებ) ფარგლებს. სასამართლოს აზრით, კონსტიტუციით დაცული თავისუფალი ადამიანის ღირსების ფუნდამენტში ჩარევის დროს (ამ ფუნდამენტს კი ადამიანის პიროვნული უფლება წარმოადგენს) ყოველთვის გვაქვს აღნიშნული ძირითადი უფლების მძიმე დარღვევა. სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ ასეთი დარღვევები, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უკვე აღარ არის დაცული (გადაფარული) ხელოვნების თავისუფლებით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოცემულ დავაშიც მოსარჩელის პიროვნული უფლების დარღვევა მოპასუხის მიერ არ შეიძლება გამართლდეს ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვის საფუძვლით.6
საქმე №3: საქმის არსი: თომას მანის შვილმა, გერმანიაში საკმაოდ ცნობილმა მწერალმა კლაუს მანმა 1936 წელს ჰოლანდიაში გამოაქვეყნა თავისი ნაწარმოები ,,მეფისტო - ერთი კარიერის რომანი“. ეს თხზულება 1956 წელს გამოიცა აღმოსავლეთ ბერლინში, 1963 წლისათვის მას გფრ-ში გამოსაცემად ამზადებდნენ. რომანში ასახული იყო უნიჭიერესი მსახიობის ჰენდრიკ ჰოფგენის (Hendrik Hofgen) აღმასვლა, რომელიც უარყოფს (გააყალბებს) თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, გაწყვეტს და ჩამოიშორებს ყოველგვარ ადამიანურ კავშირებსა და ეთიკურ თვისებებს, რათა ნაციონალ-სოციალისტურ ხელისუფლებას შეეკრას და გაიკეთოს ხელოვანის ბრწყინვალე კარიერა. კლაუს მანი თავისი რომანის მთავარ გმირს ახასიათებდა სიტყვებით: მას არა აქვს არავითარი ხასიათი და ნებისყოფა, მას ახასიათებს მხოლოდ პატივმოყვარეობა, განდიდების მანია და ნარცისიზმი; ის ,,არ არის ადამიანი, იგი მხოლოდ კომედიანტია“.
კლაუს მანს ამ პერსონაჟის პროტოტიპად გამოყენებული ჰყავდა გუსტავ გრუნდგენსი (Gustaf Grundgens). ეს იყო სახელგანთქმული მსახიობი, 1934-45 წლებში ბერლინის მსახიობთა სახლის და 1945 წლიდან სიკვდილამდე (1963) დასავლეთ გერმანიის მსახიობთა სახლების ინტენდანტი. 20-იან წლებში გრუნდგენსი მეგობრობდა კლაუს მანთან, ცოლად ჰყავდა მისი და, რომელსაც მოკლე ხანში გაშორდა. რომანის მთავარი გმირის, ჰენდრიკ ჰოფგენის მრავალი ნიშანი - მისი გარეგნული შესახედაობა, პიესები, რომლებშიც ის მთავარ როლებს განასახიერებდა, და მათი თანმიმდევრობა დროში, პრუსიის სახელმწიფო საბჭოს წევრობა და გენერალ-ინტენდანტის თანამდებობაზე დანიშვნა - შეესაბამებოდა გრუნდგენსის გარეგნობას და მის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას. რომანში ასევე მოქმედებდნენ პირები გრუნდგენსის მაშინდელი ახლო წრიდან. გრუნდგენსისა და რომანის მთავარი გმირის ურთიერთობის თაობაზე კლაუს მანმა 1942 წელს განმარტა, რომ თავისი ყოფილი სიძე მას ,,იდეალურ მოღალატედ“, ცინიზმისა და კორუფციის განსახიერებად მიაჩნდა. მისი სასირცხვილო დიდება იმდენად მომხიბლავი იყო, რომ მან, კლაუს მანმა, გადაწყვიტა ,,მეფისტო-გრუნდგენსის“ პორტრეტი თავის სატირულ რომანში გამოესახა. თუმცა მოგვიანებით მან რომანს დაურთო განმარტება, რომ ყველა პერსონაჟი წარმოადგენდა ზოგად ტიპს და არა პორტრეტს. გრუნდგენსის სარჩელის საფუძველზე, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ შვილმა გააგრძელა, სასამართლომ აკრძალა ნაწარმოების გამოქვეყნება გფრ-ში, რადგან, სასამართლოს აზრით, გრუნდგენსის პიროვნება, რომელიც აშკარად პროტოტიპად იყო გამოყენებული, იმავდროულად კლაუს მანის მიერ თავისუფლად, თვითნებურად გამოგონილი ნიშან-თვისებებითა და დეტალებით ძირითადად ნეგატიურად იყო წარმოდგენილი. აქ სასამართლომ იხელმძღვანელა ჩვენს მიმოხილვაში აღწერილი პრინციპით, რომლის მიხედვითაც, თუ ხელოვანმა მოცემული პიროვნება სინამდვილესთან მაქსიმალურად მიახლოებულად წარმოსახა და იმავდროულად მის სახეს დაამატა უარყოფითი თვისებები და ხასიათის ნიშნები, ამ დროს ხელოვანი განსაკუთრებით ინტენსიურად ერევა მის პიროვნულ უფლებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ რომანი წარმოადგენს ხელოვნების ქმნილებას, მაგრამ იმავდროულად იგი არის ,,პასკვილი რომანის ფორმაში“ და შეიცავს ზეპირ შეურაცხყოფას და ცილისწამებებს. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება (ხმათა თანაბრად გაყოფის გამო: 4 - 4) და აღიარა საერთო სასამართლოს ზემოხსენებული შეფასებები, რასაც ავტომატურად მივყავართ ხელოვნების თავისუფლების მიმართ პიროვნების დაცვისა და გრუნდგენსის ხსოვნის პატივისცემის უპირატესობასთან. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საფუძვლით უარყო რომანის გამოქვეყნების აკრძალვის წინააღმდეგ მიმართული გამომცემლის საკონსტიტუციო სარჩელი.
აღწერილ საქმესთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: ერთი მხრივ, აშკარაა, რომ საქმე მეტად რთული იყო. როგორც შინაარსიდან ჩანს, იმდენად ძნელი გახდა საერთო აზრამდე მისვლა, რომ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შორის ხმები თანაბრად გაიყო. შედეგად, სასამართლომ ვერ დაადგინა, ეწინააღმდეგებოდა თუ არა საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება რომანის გამოქვეყნების აკრძალვის შესახებ გერმანიის ძირითად კანონს. მხოლოდ ხმების თანაბრად გაყოფის გამო დარჩა ძალაში საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად ადვილი შესაძლებელია, საქმე სხვაგვარად გადაწყვეტილიყო, ანუ მოსამართლეთა უმრავლესობას ჩაეთვალა, რომ მიუხედავად გრუნდგენსის პიროვნების თავისებურად (თუნდაც უარყოფითად) წარმოსახვისა, უპირატესობა მაინც ხელოვნების თავისუფლების დაცვისათვის უნდა მიეცათ, რადგან გრუნდგენსი, საქვეყნოდ ცნობილი და დიდი გავლენის მქონე პიროვნება, როგორც საჯარო პირი (ანუ ,,აბსოლუტური ისტორიული პიროვნება“) იძულებული იყო, მოეთმინა და შეგუებოდა მასზე გარკვეულწილად დამახინჯებული და გაზვიადებული ამბის გავრცელებას. სავარაუდოა, რომ რომანის ავტორის გრუნდგენსთან ურთიერთობის დეტალებმა (ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მცირე ხანს ენათესავებოდნენ კიდეც) და მისმა კომენტარებმა (სადაც ის აშკარად მიუთითებდა გრუნდგენსზე, როგორც პროტოტიპზე, და სრულიად უარყოფითად ახასიათებდა მას, როგორც ადამიანს) სასამართლოს წევრებს შორის ზემოხსენებული აზრთა უთანხმოება გამოიწვია, რის შედეგადაც ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე ვერ გაირკვა, ასეთ შემთხვევაში რომელ კოლიდირებულ სამართლებრივ სიკეთეს უნდა მისცემოდა უპირატესობა.
საქმე №4: და ბოლოს, ძალიან მოკლედ კიდევ ერთი საქმის შესახებ, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთმა სასამართლომ განიხილა. საქმე ეხება აფიშას, როგორც კონკრეტული კინოფილმის რეკლამას, რომელიც, როგორც ჩვენს მიმოხილვაში აღვნიშნეთ, ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლებით არის დაცული.
საფრანგეთში კათოლიკეთა ერთერთი ჯგუფი ითხოვდა ბერძნული წარმოშობის ფრანგი რეჟისორის კონსტანტინ კოსტა გავრასის ახალი ფილმის (,,ამინ”) სარეკლამო აფიშის აკრძალვას. აფიშაზე გამოსახული იყო სვასტიკისა და ჯვრის კომბინაცია, ფილმი კი მოგვითხრობს ნაცისტების მბრძანებლობის პერიოდში კათოლიკური ეკლესიის ისტორიის საიდუმლოებით მოცულეპიზოდებზე. მოსარჩელე კათოლიკეთა აზრით, აფიშა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა, რადგან ,,მასზე ერთად არის მოცემული აბსოლუტური სიძულვილისა და აბსოლუტური სიყვარულის სიმბოლოები“. ბუნებრივია, რომ ასეთი არგუმენტით ხელოვნების თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას ნამდვილად არა აქვს პერსპექტივა. სასამართლომ სრულიად სამართლიანად გადაწყვიტა, რომ, ჯერ ერთი, არ არსებობს კანონი, ანუ სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფიშების გავრცელების აკრძალვა; რაც შეეხება აფიშის შინაარსს, ასევე დაუშვებელია, დაწესდეს კონკრეტული ნორმები, თუ რა უნდა გამოისახოს აფიშაზე და რა არა. უფრო ზუსტად, დაუშვებელია დადგენა იმისა, ჯვარი რომელ საგნებთან თუ სიმბოლოებთან ერთად და რა მდგომარეობაში უნდა გამოისახოს. ყოველი აფიშა გამოხატავს მისი ავტორის, ანუ ხელოვანის წარმოდგენას კონკრეტული ფილმის (თუ სპექტაკლის) შესახებ და არის მისი ფანტაზიის ნაყოფი. ამდენად, აფიშის გავრცელების აკრძალვა ან მისი შინაარსის შეცვლის მოთხოვნა ხელოვანთა შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს, რაც დაუშვებელი და ანტიკონსტიტუციურია. საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორედ ამ მოტივაციით არ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი.
_____________________
1. ეს ფაქტი მოხდა გერმანიაში, სადაც ორმა მხატვარმა ნაჭრებით მთლიანად შეფუთა გერმანიის რაიხსტაგის (დღეს ბუნდესტაგის ადგილსამყოფელი) ისტორიული შენობა. თითქმის ერთი წლის მანძილზე ამგვარად შეფუთული შენობა მოსახლეობის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა მთელი გერმანიის მასშტაბით, იზიდავდა უამრავ ტურისტს და ითვლებოდა განსაკუთრებული, გამორჩეული შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/77/11, 27 ივლისი, 1999.
3. ამ საქმეთა განხილვისას გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები, რათა უფრო ნათლად წარმოჩნდეს წინამდებარე მიმოხილვაში გაანალიზებული ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლების მნიშვნელობა.
4. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და მიუთითა კიდევ ერთ გარემოებაზე: მოსარჩელე ცნობილია თავისი პოლიტიკური გამოსვლებით ძალადობის წინააღმდეგ, მშვიდობისა და განიარაღების დასაცავად. კარიკატურა კი მას გამოსახავს ხელში რევოლვერით, ანუ იმ იარაღით, რომლითაც ძალადობის წინააღმდეგ იგი, როგორც პოლიტიკოსი, ყოველთვის აქტიურად ილაშქრებს. კარიკატურის ეს ასპექტიც მიუთითებს არა იმაზე, რომ თითქოს მოსარჩელე სინამდვილეში ითხოვს იარაღის ფლობასა და მისით სარგებლობას, რათა შემდეგ ეს იარაღი გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ აქ უფრო მეტად უნდა ვიგულისხმოთ სწორედ ის, რომ ამით კარიკატურა სიმბოლურად წარმოსახავს და მიუთითითებს სწორედ მოსარჩელის სხვებისაგან გამორჩეულ, ენერგიულ და გაცილებით მებრძოლ გამოსვლებზე, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გავრცელებისა და განიარაღების მოთხოვნის მიზნით. კარიკატურაზე ზემოთ აღწერილი ფორმით მოყვანილი ,,გადატრიალება'` და მოსარჩელის პოლიტიკური საქმიანობის შეფასება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს მის კანონიერ უფლებათა (მით უმეტეს მძიმე) დარღვევად. საქმის შინაარსი და სასამართლოს გადაწყვეტილება იხ.: NJW 1990, 32, შ. 1996-1997.
5. ცნობისათვის: სასამართლომ ეს თანხა 60 000 გერმანული მარკით განსაზღვრა.
6. ცნობისათვის: სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას შესაძლოა, დამატებითი სტიმული მისცა თავად მოპასუხეთა მოქმედებამ სიმღერის გავრცელების შემდეგ. მათ არავითარი სინანული არ გამოთქვეს მოსარჩელის მიმართ ამ სიმღერის დაწერისა თუ გავრცელების გამო და, პირიქით, ცდილობდნენ საჯაროდ დაემტკიცებინათ, რომ აქ სრულიადაც არ ირღვეოდა ,,ესოდენ მძიმედ'` მოსარჩელის პიროვნული უფლება. მათ შესძლეს ძალიან მალე ,,აეგორებინათ'` ეს თემა, ასევე პრესით გაავრცელეს ინფორმაცია მოსარჩელის მიერ სასამართლო საქმის წარმოების დაწყების შესახებ და გამოიყენეს ძალიან ცნობილი სატელევიზიო გადაცემა იმისათვის, რომ მათი პოპ-ჯგუფისა და სიმღერის მიმართ საზოგადოებისა და ფართო მოსახლეობის ყურადღება (მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, მაგალითად, ,,თინეიჯერებში“) დამატებით გაზრდილიყო. საქმის შინაარსი და სასამართლოს დასაბუთება იხ.: NJW 1994, H. 30, შ. 1963-64.
![]() |
5 ფანატიზმის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
დიაკონი თეიმურაზ უიარაღო
შუა საუკუნეებში ხელისუფალთა დამოკიდებულება რელიგიისადმი ერთი მკვეთრად გამოხატული ნიშან-თვისებით ხასიათდებოდა. სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილი ესა თუ ის სარწმუნოებრივი მოძღვრება მმართველი ძალის ხელში მძლავრ იარაღს წარმოადგენდა მოსახლეობის დასამორჩილებლად. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რომელიმე რელიგიას გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა, განსხვავებული აღმსარებლობის ხალხი მეტწილად განიცდიდა შევიწროებას, ზოგჯერ დევნასაც კი. სამეფო კარის მხრიდან ერთი რელიგიის მხარდაჭერა, რაც მრავალმხრივ პრივილეგიებში გამოიხატებოდა, განსხვავებული აღმსარებლობის მიმდევრებსა და არცთუ იშვიათად არატრადიციულად მოაზროვნეებს სავალალო მდგომარეობაში აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში გასულ საუკუნეში შესაძლებელი გახდა პიროვნების რელიგიური თავისუფლების და ხელშეუხებლობის აღიარება, რასაც ძირები ბიბლიურ სამყაროში მოეძებნება, რელიგიური ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის მსხვერპლი მაინც ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. ისტორიული მაგალითები უნდა დაგვეხმაროს უფრო ნათლად გავაცნობიეროთ ის სავალალო შედეგები, რაც შეუწყნარებლობას მოაქვს. ამ კუთხით საინტერესოა შუა საუკუნეების სახელმწიფოთა ცხოვრება. შევეცდები ცალკეული ისტორიული მაგალითების მოშველიებით ვაჩვენო ხელისუფალთა რელიგიისადმი დამოკიდებულების დინამიკა სხვადასხვა პოლიტიკური ვითარებისდა შესაბამისად:
საინტერესოა სასანიდი მეფეების ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება. 225 წელს ირანში უკვე არსებობდა საეპისკოპოსო. სასანიდები, რომლებიც ბაჰრამ I-ის დროიდან მტკიცე მაზდეანები იყვნენ, ხშირად დევნიდნენ ქრისტიანებს, რომელთაც რომაელთა იარაღად აღიქვამდნენ; სარწმუნოების დევნა ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ ნიადაგზე ხდებოდა. მაგალითად, შაპურ II -ის (309-379) მეფობისას ირანში შეიპყრეს იაკობ პრესვიტერი, დიაკვნები: აზატანი და ავდიკი. ფანატიკოსმა მაზდეანებმა წამების შემდეგ მათ ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში ფეხებით ჩამოკიდეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.
მეფე იეზდიგერდ I-ის დროს (399-421) დამოკიდებულება ქრისტიანთა მიმართ მკვეთრად შეიცვალა. გადმოცემის თანახმად, მეფე სნეულებისაგან ეპისკოპოსმა მარუთამ იხსნა. ამის გამო იეზდიგერდმა ქრისტიანებს ტაძართა აშენების და თავისუფალი მოღვაწეობის საშუალება მისცა. მაგრამ შემწყნარებლური დამოკიდებულებით წახალისებულმა სუზის ეპისკოპოსმა აბდიამ გადაწვა მაზდეანთა საკულტო ნაგებობა და მეფის ბრძანების მიუხედავად ის არ აღადგინა. აბდიას თავი მოჰკვეთეს და სხვა ქრისტიანების დევნაც განაახლეს. ფაქტიურად ეპისკოპოსს აბდიას ექსტრემისტულმა ქმედებამ განაპირობა ქრისტიანთა წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღება.
ფანატიზმი ეკლესიის მამათა ნაწერებში ავადმყოფურ სიგიჟედ ანუ ,,ეპილეფსიად“ იწოდება (საპირისპიროდ ,,საღი გონებისა“ ანუ ,,მრთელი ცნობიერებისა“). რჯულის მიმართ ფანატიკური, ბრმა დამოკიდებულება არაერთხელ გამხდარა დანაშაულის მიზეზი. საკმარისია გავიხსენოთ ერთი ფაქტი. ეპისკოპოსს კირილეს მღვდელმთავრობისას, 415 წელს ქალაქ ალექსანდრიაში სიშლეგით შეპყრობილმა ბრბომ აწამა და შემდეგ დაწვა ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის მეთაური ქალი ჰიპათია. მსგავსი ისტორიული მაგალითების საფუძველზე უნდა გავაცნობიეროთ ის საშიშროება, რაც სულიერ რეგრესს მოაქვს და პასუხი გავცეთ შეკითხვას - როგორი უნდა იყოს თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანის დამოკიდებულება ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის მიმართ?უეჭველია, ისეთი, როგორსაც მოითხოვს მართლმადიდებლობა. ე.ი. მართლმადიდებლური ცნობიერებით განმსჭვალული.
მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არასოდეს უნდა მოითხოვოს საკუთარი რელიგიის იდეოლოგიური მიზნით გამოყენება, რადგან ჩვენთვის მთავარია საკუთრივ მართლმადიდებლობის შინაგანი არსი და არა მისი დამახინჯებული მიზნებისთვის გამოყენება.
ქრისტიანული ცხოვრების წესი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. აქ მთავარია რწმენის გამართლება საქმეებით. მოციქული იაკობი გვახსენებს:
,,ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2. 26).
თუ მორწმუნე ადამიანს გულწრფელად სურს, ეკლესიის რიგები გზააბნეული ცხვრებით შეივსოს, იგი თავისი საქმეებით თავადვე უნდა იძლეოდეს მორწმუნის მაგალითს. ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანის ეკლესიაში მისასვლელი გზა მართლმადიდებელის ცხოვრებისეულ წესზე უნდა გადიოდეს. ეს სამოციქულო ტრადიციაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს. II საუკუნის მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წერს, რომ ქრისტიანებზე გავრცელებული ცრუ ხმები მათი ცხოვრების ხილვის შემდეგ გამიქარწყლდაო. როდესაც ამ წმინდანმა იხილა ქრისტიანთა შეუდრეკელობა და სამართლიანობა, თავადაც ქრისტიანი გახდა. ანალოგიური პროცესები დღესაც სახეზეა: მართლმადიდებლობა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რელიგია, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების შინაგანი წესის გამოვლენით არაერთი ამერიკელი მოქალაქე ხდება სამოციქულო ეკლესიის წევრი. აღარაფერს ვამბობთ ცენტრალური აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებზე, სადაც მართლმადიდებლობა შავკანიან მოსახლეობაში პროცენტულად ყველაზე მზარდი კონფესიაა.
ერთ-ერთ უძველესს ძეგლში ,,ეპისტოლე დიოგნეტესადმი“ ვკითხულობთ:
,,ქრისტიანები ელინთა ქალაქებშიც მკვიდრობენ და ბარბაროსთა შორისაც, შესაბამისად თითოეულის წილხვედრისა. ისინი ადგილობრივ ჩვეულებებსაც იცავენ ტანსაცმლით, ყოფით, მთელი დანარჩენი ცხოვრებით, თუმცა, ამასთან ერთად, მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად უჩვეულო წესსაც ავლენენ... მიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცასა შინა მოქალაქეობენ. არ ეურჩებიან დადგენილ კანონებს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესით იმარჯვებენ კანონებზე“.
მართლმადიდებელი ქრისტიანი ურყევი დარაჯია საკუთარი სარწმუნოებისა, რომელიც მისთვის ცხონების ერთადერთი გზაა, და შორს დგას ფანატიზმისგან. ამ კუთხით საინტერესოა საეკლესიო ტრადიცია. ყველა სახელოვანი მამა და ეკლესიის შეუვალი ავტორიტეტი იყენებდა გარეშე სიბრძნეს - ფილოსოფიას; ისინი განსწავლულნი იყვნენ საერო მეცნიერებებსა და კანონმდებლობაში. მათი ინტერესის სფეროში მთელი სამყარო იყო. ასე მაგალითად, წმ. პალადი ჰიელოპონელს ეკუთვნის ეგვიპტელი ბერმონაზვნების ცხოვრების ამსახველი ძეგლი ,,ლავსაიკონი“. იგივე საეკლესიო მოღვაწე ავტორია თხზულებისა ,,თხრობა ინდოელთა და ბრაჰმანთა შესახებ“. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ეკლესიის მამებს აინტერესებდათ ყველაფერი, მათ შორის განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანთა ცხოვრებაც. იმის გაცნობიერება, რომ შენ ჭეშმარიტების მფლობელი ხარ, უნდა გიხსნიდეს შინაგანი შიშს. მართლმადიდებელი უშიშრად უნდა ეცნობოდეს მისი წიაღის საზღვრებს მიღმა შექმნილს, და ,,საღი გონებით“ განსჯიდეს მოვლენებს. თუ ხარ ჭეშმარიტებაში, არ გაგიძნელდება დიალოგში შესვლა, რადგან გწამს - ჭეშმარიტება სიმართლის მხარეზეა.
ქრისტიანს არასდროს უნდა დაებადოს კითხვა: ვის დავეხმარო? მაცხოვარმა სამარიტელის შესახებ იგავით (ლუკა. 10.30) გვიჩვენა, რომ ყოველი ადამიანი ჩვენი სიყვარულის ობიექტია, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, სოციალური მდგომარეობისა. ხსენებულ იგავში უდიდესი სიკეთის განმახორციელებლად გვევლინება სამარიტელი - არაებრაელი, ანუ არაიუდაური რჯულის მიმდევარი. მაცხოვარმა სწორედ იგი დაგვისახა მიბაძვის მაგალითად და არა გაფანატებული ფარისევლები, რომელნიც თავიანთი ქმედებებით თესავდნენ შურსა და ღვარძლს. რწმენის უდიდეს ნიმუშს იძლევიან ქანაანელი დედაკაცი და რომაელი ასისთავი სახარებიდან. ამ უკანასკნელთან ურთიერთობის შემდეგ უფალი ბრძანებს:
,,ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა (მათე. 8.10).
ჩვენ მართლმადიდებლები - ,,ახალი ისრაელის'` მკვიდრნი, უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ მოულოდნელად არ დავკარგოთ ,,სასუფევლის ძეობა“ (მათე. 8.12). ყოველ ქრისტიანს ახსოვდეს წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვები - ,,ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა“. საღვთო ბუნების ბაძვა კი ურთიერთსიყვარულის, სიწმინდის და პატიოსნების გზაა, რაც თავის მხრივ გარანტიაა საყოველთაო მშვიდობისა.