![]() |
თავისუფლება № 4 (40), აპრილი, 2005 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გვახარია გიორგი, კუბლაშვილი კოტე |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა კორექტურა: დალი ცქიტიშვილი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გიგა ფრანგიშვილის ფოტო |
![]() |
1 ,,ჩოხა-მედია“ და ,,ცენზურა-ფართი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
ამ წერილის სათაურმა თავად წერილის შინაარსი მთლიანად რომ არ განსაზღვროს, ქართულ ბეჭდურ მედიაში პოპულარულ იმ ავტორებს რომ არ დავემსგავსო, რომლებიც ყველაფერზე ქილიკობენ და განუწყვეტლივ გვმოძღვრავენ ,,დახვეწილი გემოვნების'` და ,,მაღალი ინტელიგენტურობის” პრეტენზიით, თავიდანვე ვაღიარებ - ვერაფრით ვთავისუფლდები საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებული ცნობიერებისაგან - კუას ვკარგავ ეგრეთ წოდებულ ,,ეზოპეს სტილზე”, იყვარს ქვეტექსტები და გამოცანები, სტრიქონებს შორის დაბადებული აზრები. ე.ი. ცენზურა არც გუშინ მიშლიდა ხელს და დღესაც არ მიქმნის დისკომფორტს, პირიქით, გარკვეული თვალსაზრისით მეხმარება კიდეც ,,ავამუშავო” ჩემი ფანტაზია.
საბჭოთა ეპოქამ იმ ხალხს, ვისაც კულტურის, ხელოვნების, მედიის (და თუ გნებავთ, პოლიტიკის) სამყაროში მოგვიხდა ცხოვრება, ერთის მხრივ, გვასწავლა, როგორ უნდა გამოგვეყენებინა განსხვავებული სიტყვიერი, თუ ბგერითი კომბინაციები იმისათვის, რომ ჩვენი ადრესატისთვის - მკითხველისთვის, მსმენელისთვის ,,ჩაგვეკრა თვალი”; მეორეს მხრივ კი, ჩამოაყალიბა მანიპულატორი - ჟურნალისტების, მანიპულატორი - ხელოვანების თუ პოლიტიკოსების მთელი არმია, განმანათლებლურ-დიდაქტიკური სტილი, რომელიც დიდად არ განსხვავდება გაზეთ ,,პრავდას” სტილისაგან. ჩვენ, საბჭოთა ეპოქაში ნასწავლ ხალხს გულის სიღრმეში ისევ გვინდა დავიჯეროთ, რომ ,,სილამაზე იხსნის სამყაროს”, რომ განათლებული ადამიანი არასდროს ჩაიდენს ბოროტებას, რომ ჟურნალისტიკა - შემოქმედებაა, ანალიზია, ქვეტექსტებია და არა ფაქტებისა და ინფორმაციის მოწოდება.
სწორედ გაზეთი ,,პრავდა” ახსენა ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ტრენინგზე, ,,რადიო თავისუფლების” ქართულ ბიუროში. ეს ქალბატონი გვთხოვდა, ყოველთვის დავყრდნობოდით ფაქტებს და უარი გვეთქვა მსმენელის მანიპულაციაზე. ,,ენდეთ რადიომსმენელს!” - გვიმეორებდა იგი და გატაცებით გვიამბობდა სამხრეთ აფრიკაში მუშაობის გამოცდილებაზე, სადაც იგი, ადგილობრივი რადიოსთვის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ობიექტურად აშუქებდა. სწორედ ასე გვითხრა, მნიშვნელოვან მოვლენებსო... ჩემმა კითხვამ - ვინ განსაზღვრავდა ამ მოვლენების მნიშვნელოვნებას, - ბრიტანელი ქალბატონი ძალიან გააკვირვა... რა თქმა უნდა, მეო... კითხვამ - არის თუ არა მნიშვნელოვანის შერჩევა და ამ მოვლენის თუნდაც ობიექტური გაშუქება ობიექტური ჟურნალისტიკა, ქალბატონი ტრენერი ძალიან გააღიზიანა. რა თქმა უნდა, იგი - ჟურნალისტი, რომელიც მანამდე გვთხოვდა, გავთავისუფლებულიყავით საბჭოურ-ესთეტიკური სნობიზმისგან - არ იცნობდა ჩემი საყვარელი რეჟისორის, სერგეი ეიზენშტეინის ნაშრომებს მონტაჟის შესახებ, რომლებშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ კინოხელოვნება და მედია თავის თავში მოიცავს მანიპულაციას, თუნდაც იმიტომ, რომ ეყრდნობა შერჩევის პრინციპს, ე.ი. მონტაჟს, ე.ი. ,,გამოტოვებას”, ყველაფრის ართქმას და რომ საუბარი ობიექტურ ჟურნალისტიკაზე - ფარისევლობაა და მეტი არაფერი.
ტრენერებს თავიანთი შეგირდებიც ჰყავთ. ბევრი მათგანი დღეს ქართულ მედიაში მუშაობს და ამტკიცებს, რომ ობიექტურად ასახავს მოვლენებს. ,,ეგზოტიკურ ტელეარხებს” თუ არ ჩავთვლით, ქართული ელექტრონული მედიის ,,ახალი ამბები” თითქოს მართლაც აღარ ჰგავს საბჭოთა ეპოქის საინფორმაციო გადაცემას. ჟურნალისტები თავს უფლებას არ აძლევენ, შეაფასონ მოვლენა და ადამიანები, რომელთაც ეძღვნებათ ეს სიუჟეტი. მაგრამ კინო და ტელე ენაში მეტნაკლებად გათვითცნობიერებელ ხალხს ვერაფერს გამოაპარებ... მაგალითად, თუკი რომელიმე სიუჟეტის ავტორი, ან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ,,გულში” მაინც სიმპათიითაა განწყობილი რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ, ან ჭირდება იგი, სიუჟეტის გადასაღებად იგი აუცილებლად კარგ ოპერატორს წაიყვანს - კარგად გაანათებენ, ფონსაც კარგს მოუძებნიან (თუ საჭიროა, პოლიტიკოსის მაგიდაზე ,,დაბრძანებულ” ღვთისმშობლის ხატს ჩართავენ ეგრეთ წოდებულ ,,პერებივკაში”, ანუ ჩადგმულ კადრში)... აი, გურამ შარაძე კი შეიძლება, დაზარალდეს... თუკი ბატონმა გურამმა პრესკონფერენცია გამართა, აუცილებლად უჩვენებენ ერთ შორ ხედს მაინც - კალმისტარმომარჯვებული ჟურნალისტი-გოგონებით, რათა მაყურებელი დარწმუნდეს, რომ შარაძის პრესკონფერენცია დღეს ძველი მაგიდის გარშემო შემომსხდარ სამ ან ოთხ კალმისტარმომარჯვებულ გოგონას აინტერესებს მხოლოდ.
ეგრეთ წოდებულ შერჩევაზე, ანუ დაგეგმვაზე აღარაფერს ვამბობ... ტელევიზიამ ისწავლა, რომელი სიუჟეტი უნდა გავიდეს პირველი და რომელი მეორე, რომელი სიუჟეტი რომელს უნდა მოჰყვეს. საინფორმაციო გადაცემაში იქმნება მონტაჟურ კომბინაციებზე აგებული მთელი დრამატურგია, რომელსაც ყველაფერი შეგვიძლია ვუწოდოთ გარდა, ,,ობიექტურის”.
საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს გაიარეს ,,ბრიტანულ-ქართულ-აფრიკული” მეცადინეობის მსგავსი ტრენინგები (მათი უმრავლესობა ხომ არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა), ძალზე კარგად ფლობს მედიის ამ ენას, ამ კომბინაციებსა და რეკომბინაციებს. შესაძლებელია, ეიზენშტეინისა და ჰიჩკოკის ნაშრომები არ წაუკითხავთ, მაგრამ ის კი კარგად იციან, როგორ აეწყოს ,,პიარი“, როგორ ,,მიუთითოს“ (და არა - ,,უჩვენოს“) მედიამ, თუ რა ხდება ქვეყანაში. როცა ,,მისათითებელი“ მასალა არაა, ან ამავე ხელისუფლების ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, აუცილებელი ხდება ,,გამოტოვება“, საინფორმაციო გადაცემების ბლოკებში ჩნდება პრეზიდენტის, ან სხვა ,,პირველების“ პრესკონფერენციები, ტელემონოლოგები, როგორც, ჰიჩკოკს თუ დავესესხებით, ,,რეაქტიული ეპიზოდები“, რომლებმაც ამ შემთხვევაში ინფორმაციის ვაკუუმი უნდა შეავსონ ტელემაყურებელში და ცოტათი მაინც გაართონ პუბლიკა. რეაქტიული კვაზიდოკუმენტალისტიკა, შეიძლება, საზოგადოებაში მეტნაკლებად პოპულარულ თემებზეც აიგოს. მაგალითად, სასწაულზე... რომელიღაც ეკლესიაში ხატმა იტირა, რა არის ამაზე უფრო შთამბეჭდავი მოწყენილი პუბლიკისათვის? ან სამხედრო-პატრიოტული სიუჟეტები... რატომ არ უნდა გავამხნევოთ ხალხი, დავაიმედოთ ,,საჯარო სიუჟეტებით?“ რატომ არ უნდა აღვადგინოთ ვითომ ესთეტიკა, რომელმაც თავის დროზე ძალიანაც გაამართლა - ,,სტალინური კლასიციზმი'` - ახალი სახეებით: პრეზიდენტი და ბავშვები, პრეზიდენტი და ეთნიკური უმცირესობა, პრეზიდენტი და პენსიონერები, პრეზიდენტი და დროშა, პრეზიდენტი და წარჩინებული სტუდენტები, პრეზიდენტი და ბალეტი, პრეზიდენტი და ,,ხალხის მტრები“... შევქმნათ ერთად - ,,ჩოხა-მედიამ“ და ჩოხაში გამოწყობილმა ხელისუფლებამ!
და აქ იკვრება ერთი წრე, რომელსაც პირობითად შეიძლება, სახელისუფლო-ჟურნალისტური ,,ტუსოვკა“ ან ,,ფართი“ ვუწოდოთ და რომლის ჩამოყალიბება ჩვენში რევოლუციამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ,,ტუსოვკა“ საკმაოდ სახალისო, მაგრამ, ამავე დროს, ულმობელი რამაა - ახლანდელ ხელისუფლებასთან მრავალჯერ ნატუსოვკარ ჟურნალისტებს თითქმის ფეხით შეუძლიათ შეაღონ მინისტრების კარები (და არა მარტო მინისტრების), დაურეკონ გასაიდუმლოებულ მობილურზე, გული გადაუშალონ. არავის აქვს სურვილი, დაემსგავსოს ,,კალმისტარმომარჯვებულ გოგონას“, რომელიც რომელიღაც ეგზოტიკურ გაზეთში მუშაობს.
მაგრამ ეს არ არის ცალმხრივი სიყვარული. ხელისუფლებაც ურეკავს ჟურნალისტებს და მათთან ერთად მონაწილეობს ქვეყნის ვირტუალურ მშენებლობაში. აქაც ,,ქართული ტუსოვკისთვის'` დამახასიათებელი ორმაგი მორალი მოქმედებს. ტელეკამერების წინ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პირადად მათ არ უგრძვნიათ ხელისუფლების ზეწოლა, კამერის მიღმა (და ტუსოვკის მიღმა) კი ჩივიან ცენზურის მომძლავრებაზე და აღიარებენ, რომ შევარდნაძის დროს უფრო თავისუფლად მუშაობდნენ.
ასეა. ჟურნალისტები უფრო თავისუფლად მუშაობდნენ, უფრო სწორად გრძნობდნენ იმ ბედნიერებას, რასაც ხელისუფლებისგან შორს ყოფნა ჰქვია. იმხანად, ჩვენი ჟურნალისტების უმრავლესობას, უბრალოდ, დრო არ ჰქონდა, საბჭოთა კულტურის საყვარელი სიტყვები რომ გავიხსენოთ, - თვითჩაღრმავებისთვის, განათლების მიღებისთვის. საქმე იყო ბევრი; თუნდაც საგამოძიებო ჟურნალისტიკა... ასევე აგებული, მანიპულაციაზე და რეაქტიულ კადრებზე, მაგრამ მაინც მოქმედი, ცოცხალი და ეფექტური. დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ არ სჭირდება ცხარე დებატები, საგამოძიებო ჟურნალისტიკა... ახლა ანალიზის დროაო, გვარწმუნებს... და ისევ აღწევს გამარჯვებას ტუსოვკაში. ხელისუფლებამ იცის, რომ ,,ტუსოვკებში“ შეკედლებული ჟურნალისტები ვერასდროს გაბედავენ არაპოპულარული თემების ანალიზს, არ იტყვიან, მაგალითად, ,,მაჰმადიანი მესხები“, რადგან ამით პოპულარობას დაკარგავენ და მტერს გაიჩენენ, არ დაინტერესდებიან საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანებით, მარგინალებით, რადგან უმრავლესობას თავად არ ეხატება გულზე ყველა, ვინც ,,საზოგადოება-ტუსოვკის“ ნორმებს არ ემორჩილება. ხელისუფლებას ისიც კარგად აქვს გააზრებული, რომ ტრენინგგამოვლილმა ჟურნალისტებმა, შესაძლოა, კარგად იცოდნენ მონტაჟი, კამერის დაყენება, სიტყვების კომბინაციები, მაგრამ ანალიზში შევარდნაძის ეპოქაში აღზრდილი ჟურნალისტიკა უსუსურზე უსუსურია. ამისათვის მას განათლება სჭირდება, თვითჩაღრმავება, რისი დროც ფოფხაძის ლექციებზე, ლელა წურწუმიასა და აჩი მეფარიძის სიმღერებზე აღზრდილ ჟურნალისტურ გვარდიას არასდროს ჰქონია. იმხანად მას ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა შეუვარდე რესპონდენტს ფანჯრიდან, როცა ის კარს არ გიღებს, ანუ აკრობატიკაში წვრთნიდნენ. მაგრამ ფანჯარაში შეძვრომა უმრავლესობას არ დასჭირდა - პოლიტიკოსებმა ეს ხალხი თავის ,,ტუსოვკაში“ მიიღეს... და რომ არ მიეღოთ, თავად პოლიტიკოსები დაზარალდებოდნენ. აბა, რომელ ჟურნალისტს არ უთქვამს პოლიტიკოსზე, რომელმაც იგი პირადად გაანაწყენა - მაგას რას ვუზამ, ნახოსო.
90-იანი წლების მეორე ნახევარში ქართულ ჟურნალისტიკაში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს პროფესია ან საყვარელი საქმიანობის - ჭორაობის უბრალო სახეცვლილება გახდა, ან კიდევ არაჩვეულებრივი საშუალება, ელიტაში შესაძვრენად. ,,ელიტას“ კი იმხანად სწორედ პოლიტიკოსები და მათთან დაახლოებული შოუბიზნესის ვარსკვლავები შეადგენდნენ. ტუსოვკაში აღმოჩენილი ჟურნალისტი ბედნიერი იყო იმით, რომ ხელისუფალს (უფრო მეტად, მომავალ, ე.ი. დღევანდელ ხელისუფალს) შენობით მიმართავდა - ასრულდა მისი ოცნება, გაირკვა, რომ განათლება, წიგნი, ისტორიის, რელიგიის, კონსტიტუციის, კანონების ცოდნა სულაც არ არის საჭირო სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ ეჭვი მაინც ღრღნიდა - ვაითუ, ვჭირდები და მხოლოდ ამიტომ მეპატიჟება ფართიზეო.
ეს ეჭვი და ეს ტრფობა, ეს უნდობლობა და ეს აღფრთოვანება - ეს წინააღმდეგობრივი, თანაც ძალიან ადამიანური გრძნობები ბადებენ კორუფციას მედიაში, რომლის შესახებ არავინ ლაპარაკობს... ლაპარაკობენ ხელისუფლების მხრიდან პრესაზე ზეწოლაზე, მაგრამ არავის უნდა აღიარება, რომ პრესა ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მედიაში არ იმუშავებენ მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანები, რომელთა მოღვაწეობას არ განსაზღვრავს სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელთა დამორჩილება შეუძლებელი იქნება, რომლებიც არ იქნებიან ტელემაგნატებისა თუ ხელისუფალთა მანიპულაციის ობიექტები და შესაბამისად, არც ისინი მოინდომებენ ვინმეთი მანიპულაციას, აღარ იტყვიან ,,მაგას რას ვუზამ, ნახეთო“ - არც პოლიტიკოსებზე და, რაც მთავარია, არც ხალხზე, მკითხველზე, მაყურებელზე.
ასეთ მედიას ვერ შექმნის საბჭოთა ეპოქაში აღზრდილი ჩემი თაობა. ჩვენ ჭკუას ვკარგავთ ეზოპეს ენაზე და გვიხარია კიდეც, როცა პირდაპირ ვერ ვამბობთ სათქმელს, ე.ი. ცენზურა მხოლოდ და მხოლოდ ,,მადლია“ ჩვენთვის. ჩვენ გვეშინია მასკულტურის და ვერ ვთავისუფლდებით სნობური ქედმაღლობისგან. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ მოვა მესია, კარგი პრეზიდენტი, კარგი მენეჯერი, საზოგადოებრივი ტელევიზიის ინტელექტუალური შეფი და ქვეყანაც გადარჩება. მოკლედ, ჩვენს თაობაში ,,კომკავშირული სწორების“ ვნება ისევ ცოცხალია. მაგრამ ასეთ მედიას ვერ შექმნიან ვერც პოსტსაბჭოთა ეპოქაში მოსული ახალი აკრობატი - კომკავშირლები, რომლებმაც ,,კომკავშირი“ უბრალოდ ჩაანაცვლეს ატირებული ხატებითა და სამხედრო-პატრიოტული მარშებით.
ასეთი მედია შეიქმნება მხოლოდ მაშინ, როცა თავად საზოგადოება გახდება თავისუფალი... როცა ,,ჩოხა-ფართის“ მსგავს ფოლკლორიზებულ ოპერეტაში შეგროვილი პოლიტიკოსები, მომღერლები და ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ ხალხით მანიპულაციას, ე.ი. ხალხს ,,ვეღარაფერს უზამენ“, როცა მკითხველი, მაყურებელი მიხვდება, რომ გაზეთი და ტელევიზორი მას ვერასდროს მიაწვდის სრულიად ობიექტურ ინფორმაციას თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი, რაოდენ კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეს მას, ვერასდროს გახდება ობიექტური; როცა მკითხველი, მაყურებელი ადვილად აღარ გადაყლაპავს ხელისუფლებისა და მედიის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად დადგმულ პიარაქციებს, როცა ქვეყანაში ხალხი ერთხელ და სამუდამოდ იტყვის უარს სტალინურ კლასიციზმზე.
![]() |
2 მილტონის არეოპაგიტიკა და თანამედროვე ,,პირველი შესწორება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ვინსენტ ბლაზი
სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ ლიბერალურ არგუმენტს დღეს რამდენიმე მხრიდან უტევენ. მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული იდეების მატარებელი კრიტიკოსები საკითხისადმი ძალზედ მარტივ მიდგომად მიიჩნევენ მტკიცებას იმის შესახებ, რომ გამოხატვის დერეგულირება ხელს უწყობს ჭეშმარიტების ძიებას, თვითმმართველობის იდეას, ინდივიდის დამოუკიდებლობასა თუ კონცენტრირებული ძალაუფლების გაკონტროლებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტყვის თავისუფლება სათანადოდ ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებს, თავისუფლებას მაინც უწევს გარკვეული ხარკის გაღება, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, საკმარისად არაა შეფასებული და გაზომილი ლიბერალურ თეორიებში.
საზოგადოდ და, განსაკუთრებით, სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში, ლიბერალიზმი აღიქმება როგორც ზედმეტად დოქტრინალური მოვლენა, რომელიც მეტისმეტად დარწმუნებულია ადამიანის შესაძლებლობებსა და ზრახვებში, ძალზედ თვითკმაყოფილია და მეტისმეტად უდიერად ეკიდება პასუხისმგებლობისა და ღირსების საკითხებს. მეტიც, ლიბერალიზმს გარკვეულწილად ელიტისტურად მიიჩნევენ, ერთის მხრივ, ინტელექტუალური წიაღსვლებისაკენ მიდრეკილების და მეორეს მხრივ, რწმენის, სიყვარულის, ტრადიციის, უსაფრთხოებისა და საკუთარი წარმომავლობის იგნორირების გამო. ასევე მიიჩნევენ, რომ პირველი შესწორების ლიბერალური ხედვა კომუნიკაციური ძალაუფლების არათანაბარი გავრცელების, ტექნოლოგიების გავლენისა და მორალური ზიანის პოტენციური სიმძიმის იგნორირებას ახდენს.
ზემოთ მოყვანილ კრიტიკულ მოსაზრებებს ნაწილობრივ ან სრულად მართლაც აქვთ არსებობის უფლება, მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ კრიტიციზმის ჯეროვან შეფასებას, თუკი ლიბერალურ ტრადიციას მხოლოდ რედუქციული კუთხით განვიხილავთ; თუკი მას საკვანძო მომენტებიდან განვაცალკევებთ ანუ მოხდება ისტორიული დაპირისპირებების, ,,დასკვნების» დაჩეხვა და გაუბრალოება.
ამგვარი რედუქციული მიდგომის გამო ყველაზე მეტად ჯონ მილტონის 1644 წლის ტრაქტატი - ,,არეოპაგიტიკა” დაზარალდა. გარკვეული თვალსაზრისით, სიტყვის თავისუფლების ტრადიციის ეს ფუძემდებლური ესსე უხვად შეიცავს სადისკუსიო თემებს, რაც ვლინდება არა მარტო გონებამახვილურ, მჭერმეტყველურ და შთამბეჭდავ სახეებში, რომელთაც მკითხველი ავტორისაგან მოელის, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და თეოლოგიურ სოფისტიკაციაში; ეს ვლინდება იმ ცოდნასა და ენთუზიაზმში, რომელიც მილტონის რევოლუციურმა ბრძოლამ შვა. თანამედროვე იურისტებს მილტონის ესსესთან შეხება, ძირითადად, მისი ორი პასაჟის გამო უხდებათ:
,,თუმც კი ამგვარი საზრისი ეზოში ავი ძაღლივითაა აშვებული, რა მერე - სულ ტყუილად ვცდილობთ აკრძალვებისა და ლიცენზირებების მეშვეობით მის ადგილზე დაბმას: ოდეს ყოფილა, ჭეშმარიტებას საკუთარ სამყოფელამდე გზა ვერ გაეკვალოს? ტყუილ-მართალის შეხლისას სიმართლეს ღია და პატიოსანი კონკურენციის პირობები სჭირდება მხოლოდ.
მე რა - განათუ პაპიზმისა და მისი ცრურწმენების შესაწყნარებლად გამოვდივარ აქ: როგორც თავად ის ებრძვის და ლახავს როგორც რწმენის თავისუფლების, ეგრევე სხვა სამოქალაქო უფლებებს, ჩვენც ასევე უნდა მოვეპყრათ მას, გარნა ცდა არ უნდა დავაკლოთ, რათა ერთი საშუალებაც არ დაგვრჩეს სუსტი ნების მქონეთა შესაწევნად თუ გზა-კვალ არეულთა მოსაბრუნებლად გამოუყენებელი.“
ერთობლიობაში ეს ციტატები თავის თავში მოიცავენ იმ შეცდომებს, რაც სიტყვის თავისუფლების ლიბერალურ ტრადიციას ახასიათებდა: ფასეულობებისა და ჯანსაღი აზრის გადაჭარბებული რწმენა, თვითკმაყოფილება, ტოლერანტობის საფუძველშივე ურყოფა. თუმცა საქმე უფრო რთულადაა როგორც მილტონის ტრაქტატთან, ასევე იმ ტრადიციასთან მიმართებაში, რომლის ჩამოყალიბებასაც მან შეუწყო ხელი.
,,აეროპაგიტიკის“ ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, განსაკუთრებით კონტექსტუალურად და რამდენიმე მივიწყებული თემის წამოწევის გზით, წარმოაჩენს სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ გამოთქმულ იმ რამდენიმე არგუმენტს, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში სათანადო ყურადღება არ ეთმობოდათ; ამავე დროს უკუაგდებს იმ არგუმენტებს, რომელთაც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ნიჭებდნენ როგორც მომხრეები, ასევე კრიტიკოსებიც. რასაკვირველია, რაოდენ შორსმჭვრეტელი და გონებამახვილურიც არ უნდა იყოს ნაწარმოები, მე-17 საუკუნეში დაწერილ არც ერთ პამფლეტს არ ძალუძს, პასუხი გასცეს 1990-იან წლებში კრიტიკოსთა მიერ გამოთქმულ ყველა არგუმენტს. ამისდა მიუხედავად, ამგვარ ნაშრომს მაინც ძალუძს, წამოჭრას საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომდევნო ისტორიული ეპოქისათვის. მას შეუძლია, სიტყვის თავისუფლების ტრადიციის თანამედროვე კრიტიკოსების საპასუხო არგუმენტად მოუხმოს მილტონის რამოდენიმე ციტატას ცენზურის შესახებ, რომელიც დღესაც ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება.
II
როდესაც 1640 წლის ნოემბერში ფინანსური კრიზისის გამო ჩარლზ I იძულებული გახდა ,,ხანგრძლივი პარლამენტი“ მოეწვია, საფუძველი ჩაეყარა დინამიურ პოლიტიკურ პროცესებს, რამაც ორი წელიც არ იყო გასული, რომ ინგლისი სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, ათწლეულის ბოლოს კი მეფის თავის მოკვეთით დასრულდა. ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ვარსკვლავის პალატის სასამართლოს (Court of Star Chamber) გაუქმება, რომელიც არასახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა და პრაქტიკულად მეფის საიდუმლო საბჭოს არმოადგენდა. ეს უკანასკნელი პოლიტიკურ ოპონენტებთან, რელიგიურ დისიდენტებთან და მათთან ანგარიშსწორების ორგანო იყო, ვინც არ ემორჩილებოდა მონარქიის მიერ ხელდასმულ პოლიგრაფიული საქმის მონოპოლიებს. სასამართლოს გაუქმებით, ფაქტიურად, გაუქმდა საუკუნეზე მეტ ხანს არსებული ლიცენზირების სისტემა. ამგვარად, სახელმწიფო რეგულირებაში წარმოიქმნა გარკვეული წყვეტა, რაც რეალურად სამეფო ძალაუფლებაზე მიტანილი იერიში უფრო იყო, ვიდრე გააზრებული პოლიტიკა ავისუფალი პრესის დასაცავად.
უშუალო შედეგი, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვა, პოლიტიკური და რელიგიური იდეების ინგლისისათვის უპრეცედენტო აყვავება იყო. ტიუდორებისა და სტიუარტების დინასტიების ლიცენზირების სისტემა ცვალებადი იყო, თუმცა ზოგჯერ დრაკონულ სახესაც კი იღებდა, ხშირად კორუმპირებული იყო და გამონაკლისებსაც უშვებდა. 1641 წელს პრესის მაკონტროლებელი ორგანოს გაუქმებამ განაპირობა საგრძნობი ზრდა როგორც პლურალიზმის, ასევე სამართლებრივი დაცვის მასშტაბების მხრივ. ერთ-ერთი შეფასების თანახმად, თუ 1640 წელს მხოლოდ 22 პამფლეტი იყო გამოქვეყნებული, მომდევნო წელს ამ მაჩვენებელმა 1,966-ს მიაღწია.
სწორედ ამ ვითარებაში, როცა მონარქიის მოწი ნააღმდეგე სხვადასხვა ჯგუფებს შორის გაცხოველებული დისკუსია მიმდინარეობდა, მეფე ჩარლზმა 1642 წლის აგვისტოში, ნოტინგემში, თავისი სტანდარტი წამოაყენა. სამოქალაქო ომის დაწყებამდე მცირედი დრო იყო დარჩენილი.
მონარქიის მომხრეთა რეაქციამ არ დააყოვნა. მას შემდეგ, რაც 1642 წლის განმავლობაში დაპირისპირების მოგვარების რამდენიმე სქემა წარუმატებელი აღმოჩნდა, თემთა პალატის ორმა მეხუთედმა და ლორდთა პალატის წევრთა უმრავლესობამ მეფის მხარე დაიჭირეს. სამოქალაქო ომის პირველმა ბრძოლებმა ვერც ერთი მხარის უპირატესობა ვერ გამოავლინა. 1643 წლის შუა ხანს პარლამენტის ჯარებმა რამდენიმე სერიოზული მარცხი იწვნიეს. მათმა რწმენამ, ვისაც პარლამენტარიზმის იდეის ღვთიური წარმომავლობის სჯეროდა, რყევა დაიწყო.
საკუთარ რიგებში ერთიანობის მოშლისა და სამეფო პროპაგანდის ეფექტურობით შეშფოთებულმა პარლამენტმა 1643 წელს გადაწყვიტა, ბეჭდვაზე სახელმწიფო კონტროლი აღედგინა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მხოლოდ მცირე რაოდენობის სტამბებს მიეცა მუშაობის გაგრძელების საშუალება. ბეჭდვის პატენტის მფლობელები გადმოიბირეს სავაჭრო ორგანიზაციისა და გამომცემელთა კომპანიის მეშვეობით, რათა მათ გამოევლინათ და მართლმსაჯულებისათვის გადაეცათ ყველა, ვინც ლიცენზიის გარეშე აწარმოებდა საგამომცემლო საქმიანობას. ამდენად, მონოპოლიის უპირატესობის ეკონომიკური ინტერესი რელიგიური და პოლიტიკური კონფორმიზმის მოთხოვნილებას შეერწყა.
დაინიშნენ სპეციალიზირებული ლიცენზიის გამცემები, რომლებიც ტექსტების შინაარსობრივ მხარეს სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ამოწმებდნენ. მაგალითად, ოთხი ცენზორი დაინიშნა სამართლის დარგში წიგნების შესამოწმებლად, სამი - ისტორიასა და ფილოსოფიაში, ერთი ,,მათემატიკაში, ალმანახებსა და წინასწარმეტყველების სფეროში“. ცენზურას პარლამენტი, როგორც წესი, საკუთარი კომიტეტების მეშვეობით ახორციელებდა. აპატიმრებდნენ არა მხოლოდ ერეტიკოს ,,დამნაშავე“ ავტორებსა და გამომცემლებს, არამედ იმ ცენზორებსაც, ვინც ლოიალურობას იჩენდა ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც დაპატიმრებას უკავშირდებოდა.
იმ ხანად, როცა საბრძოლო სულისკვეთება დაბალი იყო და მიღებული იყო ლიცენზირების შესახებ დადგენილება, პარლამენტის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მათ აღარ შეეძლოთ, გადაევადებინათ იმ პოტენციურად ფეთქებადსაშიში რელიგიური საკითხების სამომავლოდ გადაწყვეტა, რომელთა განხილვაც მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან ანტიროიალისტური კოალიციის დაქსაქსვის შიშით. ახლა მათ სჭირდებოდათ ალიანსი შოტლანდიელებთან. პარლამენტარიზმის იდეის დასაცავად, საკუთარი სამხედრო ძალების მოშველიების სანაცვლოდ, შოტლანდიელებს სურდათ, ინგლისში რელიგიური პრობლემა მკაცრი პრესბიტერიანიზმის მეშვეობით მოეგვარებინათ.
მოვლენების განვითარების ამგვარმა პერსპექტივამ პარლამენტის რიგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარლამენტის წევრი საკუთარ თავს პრესბიტერიანელად თვლიდა, მათი უმრავლესობა სიმპათიით როდი იყო განწყობილი მკაცრი კალვინისტური თეოლოგიისა და სეკულარული ინსტიტუტების თეოკრატიული სუბორდინაციის მიმართ, რაც დამახასიათებელი იყო შოტლანდიური პრესბიტერიანიზმისათვის.
ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის იმედით, პარლამენტმა ჩამოაყალიბა ვესტმინსტერის ასამბლეა, რომელიც 120 ინგლისელი კლერიკალის, ლორდთა და თემთა პალატის 30 დილეტანტი და შოტლანდიის რვა წარმომადგენლისაგან შედგებოდა. ასამბლეაში თეოლოგიურ საკითხებზე დებატები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებული სიმწვავე და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა კონგრეგაციონალური ავტონომიურობა და ტოლერანტობა. ასამბლეაში მიმდინარე დისკუსია გავრცელდა თემთა პალატაში, მქადაგებელთა შორის, საჯარისო ბანაკებში და რაღა თქმა უნდა, ქუჩაში, რასაც რელიგიურ ტოლერანტობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ესსეს შექმნა მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი 1643 წელს ლიცენზირების შესახებ დადგენილების იგნორირებით გამოქვეყნდა.
ეკლესიის მართვისა და ტოლერანტობის შესახებ მიმდინარე ფუნდამენტურ დისკუსიაში ჯონ მილტონი თავდაპირველად არ მონაწილეობდა. თუმცა 1641 წელს მან უარი თქვა რუდუნებით მოპოვებულ პოეტის კარიერაზე და შეუერთდა ,,პამფლეტების ომს“, რომელიც იმხანად მიმდინარეობდა და რითაც, როგორც თვითონ იგონებს, ,,წყნარი და სასიამოვნო მარტოობა“ გაწირა ანუ - ,,მოკამათე,“ ,,თავგადადებულ მოპაექრედ, პოლემისტად იქცა“.. იგი კონტროვერციალისტი გახდა, ცხადია, იმ მიზნით, რომ დაპირისპირებოდა ანგლიკანი ეპისკოპოსების უცოდინრობას, გამყიდველობასა და სიზარმაცეს. ხუთი პამფლეტი, რომელიც მან ამ ერთობ მნიშვნელოვანი მიზნით შექმნა, კარგად წარმოაჩენს მისი კალმის სიბასრესა და პირად განწყობას, თუმცა არ მიანიშნებს მილტონის დიდ ინტერესზე იმ თეოლოგიური საკითხების მიმართ, რაც ვესტმინსტერსა და მთელ პურიტანულ ქვეყანას შუაზე ხლეჩდა. როცა ინგლისის ეკლესია გაუქმდა, ხოლო ეპისკოპოსები ლორდთა პალატიდან გააძევეს, მილტონმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოდ ნაკლებმნიშვნელოვან, მაგრამ პირადად მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - განქორწინების ლეგიტიმურ საფუძვლებზე.
1642 წლის ზაფხულში მან იმოგზაურა ოქსფორდში, სადაც მალევე დაქორწინდა მამამისის ერთ-ერთი მევალის მიმზიდველ ახალგაზრდა ქალიშვილზე. მილტონზე ჩვიდმეტი წლით უმცროსი მერი პაუელი სამეფო კარზე გართობას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ჩანს, ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო თავის მწიგნობარ, ღვთისმოსავ და სახელოვან მეუღლესთან. ამავე დროს, მერი მონარქიის მომხრეთა ოჯახიდან იყო. მილტონთან ერთად ლონდონში დაახლოებით ერთი თვის თანაცხოვრების შემდეგ, მან მიატოვა მეუღლე და მშობლების ოჯახს დაუბრუნდა. მალე სამოქალაქო ომი დაიწყო და მომდევნო სამი წლის მანძილზე მერი სამეფო ბანაკის ციტადელში - ოქსფორდში დარჩა.
ისეთი ამაყი და იდეალისტი ადამიანისათვის, როგორიც ჯონ მილტონი იყო, ეს გამანადგურებელი ცხოვრებისეული გამოცდა აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ პურიტანული თეოლოგიის თანახმად, ქორწინების სიყვარული ღვთის სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მილტონს მისი მეუღლე საბოლოოდ მაინც დაუბრუნდა და ოთხი შვილიც გაუჩინა (იგი მეოთხე შვილზე მშობიარობას გადაჰყვა), მერის წასვლით გამოწვეულმა ტანჯვამ მილტონი დააფიქრა, თუ რამდენად გამართლებული იყო ქორწინების შეწყვეტა მარტოოდენ მეუღლეთა შეუთავსებლობის საფუძველზე, ყოველგვარი ღალატის გარეშე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა და რა ინტერპრეტაციაც ეძლეოდა იმ ხანად ბიბლიას. მილტონის 1643 წლის პამფლეტს ,,განქორწინების დოქტრინა და დისციპლინა” კარგად აჯამებს ჯეიმს ჰოლი ჰანფორდი:
,,მთავარი იდეა არის ის, რომ ხასიათის შეუთავსებლობა გაცილებით მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ქორწინების მაღალი ფასეულობებისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა და რომ საჭიროა, მხარეთა ნების გადამწყვეტი მნიშვნელობის აღიარება, როდესაც საქმე საქორწინო კავშირის შენარჩუნებას ან გაწყვეტას ეხება... ეს პრინციპი შესანიშნავად ესადაგება ჯონ მილტონის მთელს ფილოსოფიას. იგი ქორწინებას უფრო სულიერ კავშირად განიხილავდა, ვიდრე ხორციელად და სწორედ ამიტომ არ ეთანხმებოდა საყოველთაოდ აღიარებულ იდეას იმის შესახებ, რომ ქორწინება მხოლოდ ფიზიკურ მიზეზთა გამო შეიძლება, დანგრეულიყო. მილტონისათვის მიუღებელი იყო ორი ადამიანის იძულება, გარეშე ჩარევით, შეენარჩუნებინათ ქორწინება მაშინ, როცა ურთიერთსიყვარული და სიმპათია აღარ არსებობდა. მილტონის ასეთმა შეხედულებამ განაპირობა კიდეც მისი კრიტიკა არსებული ნორმის მიმართ.”
საკუთარი განქორწინების გაანალიზებისას, რაც მან მნიშვნელოვნად გააღრმავა მეორე გამოცემასა და კიდევ სამ ტრაქტატში, მილტონმა შემოგვთავაზა არგუმენტები ჭეშმარიტების ბუნების, ადათის ძალის, შეთანხმების პრინციპების შესახებ. ეს მოსაზრებები მან განავრცო მომდევნო პოლემიკაში, მათ შორის ,,აეროპაგიტიკაშიც”. ამ ძალისხმევის უშუალო შედეგი კი იყო ის, რომ ინგლისელი და შოტლანდიელი პრესბიტერიანელების თვალში მილტონი წარმოჩინდა როგორც ამორალური აზრების მატარებელი, საშიში რადიკალი. ერთერთი მღვდელი იმდენად შორს წავიდა, რომ მილტონის მიმართ თემთა პალატაში გამოთქმული ბრალდებები, თავისი ქადაგების მთავარ თემადაც კი აქცია. განქორწინების შესახებ მილტონის თვალსაზრისის გაბედულობისა და ორიგინალურობის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ სექსუალური ინსინუაცია აშკარად უსამართლო და ძალზედ გამანადგურებელი აღმოჩნდა მისთვის. რაშიც არ უნდა დაადანაშაულონ მილტონი, თვითდისციპლინის ნაკლებობასა თუ იმათ მსგავსებაში, ვინც საკუთარ იმპულსებსაა დამონებული, უეჭველია, რომ შეფასებები გადაჭარბებულია. განქორწინების შესახებ მილტონის შეხედულებები სათავეს იღებდა არა გახრწნილობიდან, არამედ იდეალიზმისა და მოვალეობის ქრისტიანული განცდიდან. გამკიცხავი ტონი და ცილისწამებაც კი, რაც განქორწინების შესახებ მის პამფლეტებში იკითხება, მნიშვნელოვნად განაპირობებს ,,აეროპაგიტიკაში” მილტონის მიერ გამოთქმულ დასკვნას, რომ ვესტმინსტერის ასამბლეასა და პარლამენტში მომძლავრებული პრესბიტერიანელები ისეთივე გაბღენძილები, ფანატიკოსები და პოტენციური დესპოტები ყვნენ, როგორც მათ მიერ მოძულებული ანგლიკანები, რომელთა იერარქიის დამხობა პურიტანული რევოლუციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. როგორც მან მოგვიანებით თავის ერთ-ერთ სონეტში აღნიშნა:
„ახალი პრესბიტერი, ეს იგივეა, რაც ძველი მღვდელი, თანაც უარესი.“
როგორც ჩანს, მილტონი შეეცადა, მოეპოვებინა ლიცენზია ,,განქორწინების დოქტრინისა და დისციპლინის“ გამოსაქვეყნებლად. უარის მიღების შემდეგ, მან ტრაქტატი კანონის გვერდის ავლით მაინც დაბეჭდა. განქორწინების შესახებ მისი მხოლოდ ერთადერთი პამფლეტი გამოქვეყნდა ლეგალურად და ისიც გვიანდელი ნაშრომი. შესაძლოა, ცენზურასთან ურთიერთობის გამოცდილებამ განაპირობა კიდეც მის მიერ წამოწყებული პოლემიკა ლიცენზირების წინააღმდეგ. ისიც შესაძლებელია, რომ მილტონმა ,,აეროპაგიტიკა“ ლონდონელი მესტამბეების თხოვნითაც დაწერა. პოლიტიკურად აქტიურმა ამ ჯგუფმა, რომელთანაც მილტონს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა, ლიცენზირების დადგენილების მთელი სიმკაცრით ამოქმედების შემთხვევაში, დაინახა საფრთხე, რომელიც მათი საქმიანობის სიცოცხლისუნარიანობას ემუქრებოდა, რადგან პარლამენტთან ახლო ურთიერთობებში მყოფი რამდენიმე ფავორიტი სტამბა მონოპოლიურობის საფრთხეს ქმნიდა. ,,აეროპაგიტიკაში“ ორივე ზემოთ ნახსენები ფაქტორია ასახული, ისევე როგორც მილტონის მზარდი წუხილი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებსა და ტოლერანტობაზე.
III
,,აეროპაგიტიკა“ არის მიმართვა ინგლისის პარლამენტისადმი, უფრო წერილობითი, ვიდრე ზეპირი. სიტყვა შესრულებული რიტორიკის კლასიკური წესების დაცვით. სახელწოდების შერჩევისას მილტონი დაეყრდნო ისოკრატეს ანალოგიურ მიმართვას, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 355 წელსაა შექმნილი, როგორც მიმართვა ათენის ეკლესიისადმი. ხსენებულ მიმართვაში ისოკრატე არეოპაგუსის არისტოკრატული საბჭოსათვის გარკვეული უფლებამოსილებების დაბრუნებას მოითხოვდა. რიტორიკის წესების დაცვით, მილტონმა პარლამენტს ცენზურის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისაკენ მოუწოდა და საკუთარი არგუმენტი ოთხ თეზისად ჩამოაყალიბა. დასაწყისში, მილტონი ცენზურის იდეის ავტორებს ეხება, იმათ, ,,ვისთანაც თქვენ საქმის დაჭერასაც არ იკადრებდით.“ შემდეგ იგი საუბრობს იმაზე, თუ ,,რა უნდა ვიფიქროთ ზოგადად ნაკითხობის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ რა წიგნებთან გვაქვს საქმე.“ მილტონის მესამე არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ლიცენზირების დადგენილება ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს იმ პრაქტიკული წინააღმდეგობების გამო, რომლებიც მისი აღსრულების დროს იჩენს თავს. მეოთხე არგუმენტში იგი აფასებს ამ სქემის ღირებულებას განათლებასთან, ასევე ეროვნულ, პოლიტიკურ და რელიგიურ აღორძინებასთან მიმართებაში. ცენზურის საფუძვლების კვლევისას, მილტონის მთავარ მიზანს არსებული პრაქტიკის რომაულ კათოლიციზმთან დაკავშირება წარმოადგენს. იგი ამტკიცებს, რომ რომის იმპერიის გვიანდელი პერიოდის ერთი მონაკვეთის გარდა, სიტყვის თავისუფლების რეგულირება ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში ძალზე იშვიათი მოვლენა იყო და მას არასდროს შეუძენია ყოვლისმომცველი ხასიათი. სისტემატურ ცენზურას საფუძველი მხოლოდ 1418 წელს ჩაეყარა, როდესაც ვატიკანმა აკრძალა რეფორმაციის ფუძემდებლების - ვიკლიფისა და ჰუსის ნაწერები, რამაც კულმინაციას რამდენიმე წლის შემდეგ, ტრენტის საბჭოს ცნობილი რეპრესიებისა და ესპანური ინკვიზიციის დროს მიაღწია. მკითხველის ანტიკათოლიკური განწყობით მანიპულირებისას, მილტონი აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ცენზურის იდეა ინგლისში შემოტანილია და დამკვიდრებულია ანგლიკანი ეპისკოპოსების მიერ, ის ,,ისე სულელურადაა რომანიზირებული, რომ ბრძანების სიტყვა ისევ ლათინურადაა დაწერილი“.
გარდა ამისა, კათოლიციზმთან კავშირის წარმოჩენის მილტონისეული მცდელობა და ისტორიული ექსკურსი სხვა მიზნებსაც ემსახურება. იგი ამტკიცებს, რომ ლიცენზირება შედარებით ახალი მოვლენაა, რომლისგანაც ისტორიის მანძილზე თავს იკავებდნენ განათლებული სახელმწიფოები და რომელიც ყოველთვის ხასიათდებოდა ფარული მიზნების მისაღწევად შერჩევითი იმპლიმენტაციით. მაგალითად, პაპის ცენზორები არ ,,შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ერეტიკული საქმეებით,“ არამედ თავიანთ ძალაუფლებას განავრცობდნენ ,,ყველა საკითხზე, რაც კი მათ არ ეპიტნავებოდათ.“ მილტონისეული მეორე არგუმენტი ზოგადად ნაკითხობის მნიშვნელობას შეეხება. ,,აეროპაგიტიკის“ დასაწყისში იგი ახასიათებს წიგნებს, როგორც ,,სუფთა ძალას და იმ ცოცხალი ინტელექტის გამოვლენას, რომელიც მათ ასაზრდოებთ,“ შემდეგ, იგი აღწერს, თუ რა სარგებლობა მოუტანა მოსეს, დანიელს, პავლესა და სხვა უდიდეს თეოლოგებს წარმართი ავტორების კითხვამ. იმ მოსაზრების საპასუხოდ, რომ მავნე იდეების თავისუფალი ცირკულაციის შემთხვევაში, მათი ზემოქმედება გაიზრდება, მილტონი ამტკიცებს, რომ ერეტიკული იდეები ყოველთვის შეძლებს გავრცელებას, ბეჭდვითი საშუალების გარეშეც. თუ რამ შეაფერხებს ცოდვის გავრცელებას, მხოლოდ და მხოლოდ
განათლებული ხალხის ძალა და ნებაა, განათლებულ ხალხს კი ბოროტების შესახებ ცოდნის მიღებაც მართებს. თავისუფლების ღირებულებაზე საუბრისას, მილტონი გამუდმებით უბრუნდება იმ ძლიერ ეფექტს, რასაც მკითხველის ბუნებაზე თავისუფლება ახდენს.
მესამე თეზისის განვითარებისას, რომ ლიცენზირების დადგენილება ვერ მიაღწევს სასურველ მიზანს, მილტონი თანამედროვე პრაგმატიკოსის პოზიციიდან საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა, გაანალიზდეს, თუ რა მიზნით ხდება წიგნების ლიცენზირება. ეს ნაწილობრივ ცოდვების არიდებას ისახავს მიზნად და ამდენად, უთუოდ უშედეგო მცდელობაა. იმისათვის, რომ კონტროლი ეფექტური იყოს, საჭიროა, მოვიცვათ ცოდვის ყველა საფუძველი - სიმღერა, ცეკვა, სიცრუე, აივნებზე ჭორაობა, ჭამასმა, გამომწვევი ჩაცმულობა და უსაქმურობის ცდუნება. პარლამენტის ქმედება, მოახდინოს წიგნების ბეჭდვის ლიცენზირება
,,იმ კაცის ქცევას გვაგონებს, ჭიშკარს რომ კეტავდა, ემანდ ეზოში ყვავყორნები არ შემომიფრინდნენო“...
უფრო მეტიც, ლიცენზირების შესახებ დადგენილების შესაძლო შედეგებზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ, თუ რაოდენ რთულია ნაწერის გონივრულად განსჯა და რამდენად ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის სამსახური დაკომპლექტებული იყოს განსწავლული ადამიანებით.
,,...ხოლო ასეთი კაცი, იმის მაგივრად, საკუთარი სულიერი ინტერესების სფეროს მიხედოს, უნდა დაჯდეს და თვალი დაიფსოს ათასგვარი უვარგისი, ყოველ შემთხვევაში, მისთვის მაინც უინტერესო ნაწერთა ქექვით? ორიოდ ფურცლის გაცნობა ხომ ვერასგზით მისცემს საშუალებას, ვთქვათ, მთელს კრებულს გამოუტანოს მსჯავრი... და სად ვიპოვით მერე ამისთანა ხალხის შემცვლელთ? თუ ისევ საშუალო გაგების, ცოდნისა და უნარის მქონე, ოღონდაც მუყაითი კორექტორების იმედზეღა მივუშვათ საქმე?“
- ამგვარი მსჯელობანი მილტონის სიტყვაში არაერთგზის იჩენს თავს.
მილტონისეული არგუმენტის მეოთხე და ყველაზე ვრცელი ნაწილი ეხება იმ ,,გაცხადებულ ზიანს“, რომელიც ცენზურას მოაქვს. ამ ნაწილში იგი გვთავაზობს რამდენიმე მოსაზრებას, რომელთაგან ბევრი ეფუძნება პოსტულატს, რომლის თანახმადაც, ჯანსაღი დისკუსია სასარგებლოა როგორც ადამიანის სულისათვის, ასევე რჩეული ერისათვის. მას განსაკუთრებით აფიქრებს რელიგიური და ინტელექტუალური ენერგიის ჩაცხრობის პრობლემა. პასიურობა და მისი ტყუპის ცალი კონფორმიზმი მილტონისათვის უპირველესი ცოდვაა. იგი შიშობდა, რომ ცენზურა წაახალისებდა ორივე მათგანს.
,,ამიერიდან - ამბობს იგი, - განცხრომით ცხოვრება მარტოოდენ ამაღლებული მატერიების მიმართ უინტერესობა და ინერტულობა იქნება“.
პოლემიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე მსჯელობას მილტონის ყველაზე გაბედულ მოსაზრებასთან მივყავართ. იმის ნაცვლად, რომ რეფორმაციისთვის საფრთხის შემცველად მივიჩნიოთ რადიკალური რელიგიური იდეების გამოხატვა, მილტონი ამტკიცებს, რომ სექტებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ძალუძთ ხსნის ერთობლივ ძიებაში. იგი ლონდონს აღწერს როგორც ,,თავისუფლების დიდ სახლს'`, სადაც ,,აზრის თავისუფლება ბუდობს: „იქ, სადაც კლერიკალებს სექტანტიზმისა და სქიზმის აჩრდილი ელანდებათ“ მილტონი ,,ცოდნისაკენ მიდრეკასა და ცოდნის ძიების წყურვილს“ ხედავს, ,,ცნობისწადილის ღვთითბოძებულ ნიჭს“ ამჩნევს; საკუთარი სარწმუნოებრივი შეხედულებების მიუხედავად, იგი ყოველგვარ აზრთა გაცვლა-გამოცვლას მიესალმება:
,,საცა ცოდნის წყურვილია, მუნ მრავლად ბჭობენ, განსჯიან, წერენ - აზრი აზრია აზრის შესახებ, და კაცი საკუთარ აზრს სწავლის პროცესში იქმნის“.
სექტებს რაც შეეხება, იგი უბრალო შეწყნარებასა თუ მირქმაზე მეტს ითხოვს მათ მიმართ და ერის რელიგიურ აღორძინებაში მათს უცილობელ როლზედაც კი მიუთითებს:
,,ბევრი იქნება სქიზმაცა და უბრალო დავა-კამათიც, რათა ღვთის სახლის საშენებლად ვარგისი კლდის ქანები ფშუტე ქვისაგან განვარჩიოთ“..
ეჭვგარეშეა, ამ მხსნელ ,,მრავალ სქიზმასა და განხეთქილებას“ შორის მილტონი არ გულისხმობს კათოლიციზმს. რწმენის ამ სისტემას იგი ,,ძლიერი და ჯანსაღი შფოთის“ ნაწილად არ მიიჩნევს, ,,გვერდიგვერდ მავალი ბილიკები, საერთო გზას რომ ვერ გაგიმრუდებენ“. მისი ნაკლებტოლერანტულობა მეტისმეტად ავიწროებს თანამედროვე მკითხველის არეალს. იგი აღნიშნავს, რომ კათოლიკური დოქტრინა არ აღიარებს ,,სამოქალაქო უზენაესობას“ და შეუწყნარებელია სხვა რელიგიების მიმართ. 29 წლის შემდეგაც კი, თავის უკანასკნელ პამფლეტში, მილტონი კვლავ საუბრობს იმის შესახებ, თუ ,,ვითარ არიდებს პაპი ხალხს [სამოქალაქო წესებისადმი] მორჩილებას“ და როგორ აგზავნის იგი ,,თავის მსტოვრებსა და ემისრებს მეფისა და პარლამენტის გასანადგურებლად.“
მილტონის აპოლოგეტები გვახსენებენ იმ საშინელებას, რომელმაც მე-17 საუკუნის განმავლობაში მრავალი ინგლისელის სიცოცხლე შეიწირა. ისინი შიშობდნენ, რომ ენით აუღწერელი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც ოცდაათწლიანი ომის დროს კონტინენტზე ჰქონდა ადგილი, ხელს შეუწყობდა კუნძულებზე სამხედრო გზით კონტრრეფორმაციის გაძლიერებას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც მათ შეისწავლეს, იყო 1606 წლის ვენეციური ინტერდიქტი, რომლის ძალითაც ვატიკანმა ფორმალურად განავრცო თავისი სამოქალაქო ძალაუფლება პოლიტიკურ ჯგუფებზე, რაც ბევრმა ინგლისელმა რესპუბლიკელმა მოდელადაც კი აიღო. მილტონი ხოტბას ასხამს ვატიკანის წინააღმდეგობის ლიდერს ფრა პაოლო სარპის, როგორც ადამიანს, რომელმაც ,,ნიღაბი ჩამოხსნა“ ,,პაპის“ რეპრესიების სისასტიკეს (სარპის მამხილებელი ნაწარმოები ,,ტრენტის საბჭოს ისტორია” იმ პერიოდის ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა). მილტონი ასევე იხსენებს 1630-იან წლებში თავის მოგზაურობას იტალიაში, სადაც მას საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა სარპის უახლოეს მეგობარს. ,,სწორედ ამ დროს,' - იხსენებს იგი, - ,,მე ვიპოვე და მოვინახულე ცნობილი გალელეო, ინკვიზიციაში დაბერებული პატიმარი, რომელიც რადიკალურად განსხვავებულად აზროვნებდა, ვიდრე ფრანცისკანელი და დომინიკელი ცენზორები.“ კათოლიკეთა მიმართ მილტონის ფრთხილი დამოკიდებულების კიდევ ერთი მიზეზი იყო 1605 წლის გაი ფაუკსის შეთქმულება, რომელიც ინგლისის პარლამენტის აფეთქებას ისახავდა მიზნად და რომლის თავიდან აცილებას დღესაც აღნიშნავენ ინგლისში.
ამავე დროს, არასწორი იქნებოდა, თუ კათოლიკების მიმართ მილტონის არატოლერანტულ დამოკიდებულებას მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებით ავხსნიდით. მილტონმა არ განავრცო შემწყნარებლური დამოკიდებულება კათოლიკების მიმართ, რადგან მიაჩნდა, რომ მათ არ ხელეწიფებოდათ სულიერი ჭეშმარიტების ძიებაში რაიმე წვლილის შეტანა. მილტონს სჯეროდა პროგესული შემეცნებისა.
,,სინათლე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ჩვენ მოგვეცა“, - მიმართავდა იგი თავის თანამემამულეებს, - ,,არა მისი ნათების გამო, არამედ იმისათვის, რათა ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენთვის მიუწვდომელი“. ,,ვეძიოთ ცოდნა არა ჩვენი ცოდნის საფუძველზე... არამედ ჭეშმარიტება თვით ჭეშმარიტების გულისათვის დავიახლოვოთ...“,
- ასე აღწერს იგი პროცესს, რომელიც რელიგიის თავისუფლებამ შეიძლება, მხოლოდ წაახალისოს.
სიტყვათა შეთანხმება ,,ჩვენ ვიცით“ მილტონისათვის კათოლიკური მრწამსის სწავლების კიდევ ერთ ფუნდამენტურ სიცრუეს წარმოადგენს. მათ, ვინც უარყოფს ბიბლიის უზენაესობას და ამკვიდრებს მიწიერ სასულიერო იერარქიას, მათ, ვინც ,,თავისუფალ გონებასა და ქრისტიანულ თავისუფლებას ადამიანთა წეს-ჩვეულებებთან აიგივებს“... არ ძალუძთ გახდნენ იმის ნაწილი, რასაც მილტონი ,,ჭეშმარიტების ძმურ ძიებას უწოდებს“. ამავე დროს, მილტონი არ ამტკიცებს, რომ მან ღვთის თაყვანისცემის ჭეშმარიტ გზას მიაგნო. ფაქტიურად, იგი დასცინის ვესტმინსტერის ასამბლეიდან მომდინარე აბსოლუტურ ლიტურგიულ თვითდაჯერებულობას. ,,ნებისმიერი“, - ამბობს იგი, -
,,ვინც კი მზვაობს და სჯერა, რეფორმების იმგვარ მწვერვალს ვუწიეთ, რაგვარიც ჯადოსნურ სარკეში თუ მოგველანდებოდა მხოლოდ, ამა რწმენით მარტოოდენ იმას გვიჩვენებს, რამდენად შორს დგას იგი რეალობისაგან“.
მაგრამ მილტონი ამავე დროს ამტკიცებს, რომ პროგრესულმა შემეცნებამ აჩვენა რამდენიმე რწმენის, მათ შორის კათოლიკური რელიგიის ფუნდამენტური დოგმების სიმცდარე. როგორც ,,აეროპაგიტიკის“ ,,იელ პრეს“-ის გამოცემის რედაქტორი პროფესორი ერნესტ სირლუკი ასკვნის,
,,ჩვენ შესაძლოა, ზედმეტად მკაცრად მივიჩნიოთ კათოლიციზმის მილტონისეული გაკიცხვა, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ იგი შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ტოლერანტობისაკენ მისეულ მოწოდებას“.
IV
როგორც სამოქალაქო, ასევე რელიგიური მოტივით კათოლიციზმის კრიტიკა ,,აეროპაგიტიკას“ განსაკუთრებულად დრომოჭმულად წარმოაჩენს. ამდენად, ისმის კითხვა - თუ რა შეუძლია შეჰმატოს მე-17 საუკუნის ამ პოლემიკურ თხზულებას თანამედროვე მსოფლიოს, რომელიც არანაკლებაა დაქსაქსული და დაბნეული, ვიდრე მილტონის ეპოქა; სადაც ტექნოლოგიური, დემოგრაფიული და ინტელექტუალური განვითარების გამო, ბევრად უფრო გართულებულია ურთიერთობები, ვიდრე ამის წარმოდგენას მილტონი შეძლებდა? თუ საკითხს უფრო დავაკონკრეტებთ, ლიბერალური ტრადიციის, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ და ახლა უნდა შევაფასოთ, რომელი პოსტულატის წარმოჩენაა შესაძლებელი მილტონის არგუმენტებისა და ხასიათების საშუალებით?
ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, უდნა გაგაფრთხილოთ: ჩვენ არ უნდა შევეცადოთ მილტონის სეკულარიზაციას. რელიგიური მრწამსი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა როგორც მის, ასევე მკითხველის აზროვნებაში. და მე არ ვგულისხმობ რაციონალისტურ, ლატიტუდინარიან რელიგიურ შეხედულებებს, რომელთაც შეუძლიათ, ახსნან შემდგომი ეპოქების ისეთი მოაზროვნეების შემწყნარებლური პოზიცია, როგორიცაა ჯეფერსონი და მადისონი, და შესაძლოა, ჯონ ლოკიც კი. მილტონი ბიბლიას (ძველ ებრაულად და ბერძნულად) ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში კითხულობდა. მის კალამს ასევე ეკუთვნის მეტად თამამი ღვთისმეტყველური ტრაქტატი. როდესაც მისი პოლიტიკური სამყარო ნანგრევებში მოჰყვა სტიუარტების დინასტიის აღდგენისას, ძველის დაბრუნებას მიესალმა ინგლისელების უმრავლესობა, ვისზეც მილტონი უწინ დიდ იმედებს ამყარებდა. ამ მოვლენას მილტონმა უპასუხა ქრისტიანული ეპიკური ნაწარმოებით, რომელიც ყველაზე მეტად შემდეგი სიტყვების გამოა ცნობილი - ,,თუკი მარადიულ ნებას დაამკვიდრებ, და გზანი უფლისანიც ცხადი გახდება კაცთათვის...“ მათ, ვინც არ ვიზიარებთ ამ ბრძნულ თეოლოგიურ შეხედულებებს, შეგვიძლია, ვიხეიროთ მისი ნააზრევის ზოგიერთი მახასიათებლით და საჩვენოდაც კი გამოვიყენოთ იგი. თუმცა ,,ინტელექტუალური ნარჩენების გატანის“ ეს სარისკო პროცესი დიდ სიფრთხილესა და ცოდნას მოითხოვს.
მოდით, დეტალურად განვმარტოთ ,,აეროპაგიტიკაში“ გადმოცემული სამი მნიშვნელოვანი იდეა. მართალია, სიტყვის თავისუფლების თანამედროვე სეკულარული არგუმენტის განვითარებით დაინტერესებული თანამედროვე მკითხველი შესაძლოა, იდეების სიმრავლემ გაიტაცოს, თუმცა ჩამონათვალის გაზრდა უდავოდ არასწორი იქნებოდა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მილტონისეული თითოეული იდეის არსს მთლიანად რელიგიური საფუძველი აქვს, რის გამოც ანალოგიური, მაგრამ სეკულარული იდეები უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე ცნებები, რომლებიც მილტონის ნააზრევიდან სრულებითაც არ მომდინარეობს.
ერთ-ერთი ასეთი იდეის არსი არის ის, რომ სიმართლე იმდენად ძლიერია, ცენზორის იძულებითი ჩარევის მიუხედავად, იგი მაინც გაიმარჯვებს. სწორედ ეს თვალსაზრისია გადმოცემული ცნობილი ,,დოქტრინის ქარის“ ერთ-ერთ პასაჟში, სადაც ავტორი გამაოგნებელ, თუმცა უხეირო მეტაფორას მოუხმობს. ჭეშმარიტებასთან მიმართებით მილტონი ტრაქტატის სხვა ნაწილშიც ამტკიცებს:
,,მას არ სჭირდება არავითარი პოლიტიკა, სტრატეგია, ლიცენზირება იმისათვის, რომ გამარჯვება იზეიმოს... სიცრუე და ცდომილება მისი ძალის მიმართ მხოლოდ გამომგონებლობისა და თავდაცვის იმედადაა.“
რასაკვირველია, მილტონის მიერ თავისუფლების მნიშვნელობის განჭვრეტა მისეული არგუმენტების განსაკუთრებული ნაწილია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ავტორის მიერ ჭეშმარიტების ძალის განზოგადება არც ემპირიულ, არც დიდაქტიკურ საფუძველს არ ეფუძნება. ამ შემთხვევაში მილტონი კიდევ ერთხელ ადასტურებდა მის რწმენას ღვთიურ შორსმჭვრეტელობაში.
,,მათთვის, ვინც არ უწყის,“ - ამბობს იგი - ,,ჭეშმარიტება ძლიერია ყოვლისშემძლის შემდეგ.“
მილტონს მიაჩნია, რომ
,,არეულ დროებაში სიცრუის მქადაგებლები ყველაზე მეტად ცდილობენ ცდუნებას.“
თუმცა დიდად არ უნდა ვიდარდოთ, რადგან
,,ღმერთი იახლოვებს მათ, ვინც გამორჩეული ნიჭითა და ძალისხმევის უნარითაა დაჯილდოებული... რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე.“
ადამიანის შემეცნების უნარის შეზღუდულობასაც იგი ზებუნებრივ ძალას მიაწერს:
,,რაკიღა სწორედ ამგვარად გადმოდის ღვთის მადლი მის ეკლესიასა ზედა - ნაწილ-ნაწილ, ჯერი-ჯერზე, რათა მოკვდავთა თვალებმა სრულად შეითვისონ მისი ბრწყინვალება“.
მოვა დრო და მილტონის სამყაროში ჭეშმარიტება გაიმარჯვებს იმ საფუძვლით, რასაც არ შეიძლება მოეძებნოს სეკულარული ანალოგია.
მილტონის აზროვნების მეორე მახასიათებელი გახლავთ ის, რომ პირველი შესწორების მომხრეებს არაფერი ესაქმებათ იმასთან, თუ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ არსებულ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ არგუმენტებს შორის. საქმე ეხება მოსაზრებას, რომ ჭეშმარიტების ძიების მცდელობა, ანუ ადამიანის შემეცნების გაფართოება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. თანამედროვე ლიბერალებისთვის ხშირად ეს მიმზიდველი არგუმენტია და ზოგიერთი, მაგალითად, ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კატალოგის შემქმნელები, ვერ უძლებს ცდუნებას, საკუთარი შეხედულებების დასაცავად მილტონს მოუხმოს. ,,აეროპაგიტიკის“ რამდენიმე ყველაზე სიტყვაკაზმული პასაჟი განადიდებს განათლების მნიშვნელობასა და ღირებულებას. თავისი აბსურდული, თუმცა კეთილგანწყობილი სიტყვაკაზმულობით მილტონი მწერლებს ახასიათებს როგორც ,,ცოდნის გაღრმავების საქმეში ცოდნის ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებელთ“. იგი ამბობს, რომ
,,წიგნი კეთილი სულის საზრდოა, ცხოვრების შემდგომ ცხოვრებისთვის განმზადებელი.“
იგი ჭეშმარიტებას ,,ჩვენს ყველაზე ღირებულ შენაძენს“ უწოდებს. ამავე დროს ჭეშმარიტების მაძიებლებით მილტონის აღფრთოვანება არ შემოიფარგლება მისი მსგავსი, იშვიათი ნიჭით დაჯილდოვებული მცირერიცხოვანი ადამიანებით. 1644 წლის ლონდონში მას უხაროდა, რომ ,,ღვთის ყველა შვილი წინასწარმეტყველი გამხდარა“. იგი პატრიოტიზმსაც მიმართავდა:
,,ინგლისი არის ერი, რომელიც მოწოდებულია, ეძიოს ცოდნა... მუდმივად ახლის ძიებაში მყოფი და გასჯისაკენ მიდრეკილი“.
მილტონის რწმენა ჭეშმარიტების შეცნობის პრიორიტეტულობისა, ისევე როგორც ჭეშმარიტების ძალის რწმენა თეოლოგიიდან მომდინარეობს. უდიდესი პროექტი, რომელმაც ინგლისის ყველაზე ნიჭიერი ხალხი ერთად შეჰყარა, მილტონისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,რეფორმაციის რეფორმირება იყო.“ გავიხსენოთ მისი დროის ლონდონი, ,,თავისუფლების სახლი“, სადაც ,,ლამპებთან მიმსხდარი მოქალაქეები, ერთობოდნენ, ეძიებდნენ და მსჯელობდნენ ახალ შეხედულებებსა და იდეებზე“. იმავე წინადადებაში მილტონი განმარტავს, თუ რატომ არიან ეს ენერგიული მოაზროვნეები ასეთი შრომისმოყვარენი: ,,რათა პატივისცემისა და ერთგულების გზით, მოახლოებული რეფორმაცია წარმოაჩინონ“. როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად ,,ცოდვისა და სიყალბის სამეფოში უშიშარი ძიება“ ღვთის ნებისა და ღვთიური საქმის აღმოჩენაა, ხსნის პოვნაა, რათა ,,ვეძიოთ უკვდავების გვირგვინი“ და განვიცადოთ ,,ჭეშმარიტი მებრძოლი ქრისტიანის“ სულიერი ბრძოლა.
მე არ ვამტკიცებ, რომ მილტონის უსაზღვრო ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას სეკულარული მნიშვნელობა არა აქვს. იგი მთელს ინგლისში ლათინურის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე იყო, მან ზეპირად იცოდა ორი რომაელი პოეტის - ვირგილიუსისა და ოვიდიუსის თითქმის მთელი შემოქმედება. მილტონი ასევე იჩენდა დიდ ინტერესს თავისი დროის ასტრონომიული აღმოჩენების მიმართ, რამაც ასახვა ,,დაკარგულ სამოთხეშიც“ ჰპოვა. მილტონის კალამს ასევე ეკუთვნის ინგლისის ვრცელი და რუსეთის მოკლე ისტორია. იგი იყო როგორც რენესანსის, ასევე რეფორმაციის ეპოქის შვილი. თუმცა რამდენადაც მილტონი აფასებდა სეკულარული ცოდნის მრავალ ფორმას, ,,აეროპაგიტიკისეული“ არგუმენტი თავისუფლებისთვისაა გამიზნული: პურიტანი წმინდანის ქრისტიანული თავისუფლება, რომელიც ღვთის ნაწილობრივ გაცხადებული ჭეშმარიტების ძიებაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიკვლევთ არა ხეირს ჭეშმარიტების ძიებისა, არამედ მისი უპირატესობის საკითხს. უპირატესობის მილტონისეული ხედვა, ჩემი აზრით, მას ქრისტიან პერფექციონისტად წარმოაჩენს და არა უტილიტარისტ პრაქტიკოსად.
,,ერთი სათნო კაცის ქმედებანი მუდამ უფრო კეთილად ეთნიება ღმერთს, ვინემ ათი ბილწის უმოქმედობა“...
სწორედ ამიტომ, მილტონისათვის ცოდნის ძიება არ შეიძლება დაბალანსდეს იმ მატერიალურ ზიანთან, რომელიც მას თან სდევს და რომელსაც მილტონი სრულიად აცნობიერებს.
მესამე მილტონისეული იდეა, რომელიც თანამედროვეობაში გავრცელდა, არის ის, რომ სიყალბის მხილება მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების შესაფასებლად. ცრუ აზრებს იგი ახასიათებს როგორც ,,ჭუჭყს და ნაცარს“, რომელთაც ,,მაინც ძალუძთ ჭეშმარიტების ჯავშნის გაპრიალება“. იგი აღწერს, თუ როგორ შეუძლია საღად მოაზროვნე მკითხველს, გამოიყენოს ცუდი წიგნები ,,შემეცნებისთვის, სიყალბის დადგენის, წინდახედულობისა და გამომხატველობისთვის“. მილტონის ნაშრომებიდან ორასზე მეტი წლის შემდეგ ჯონ სტიუარტ მილმა თავისი ეპოქალური ესსე თავისუფლებაზე ზემოთმოყვანილი იდეების სეკულარულ პერიფრაზირებას დააფუძნა. მე არ შემაქვს ეჭვი ამ არგუმენტების ჭეშმარიტებაში. მეტიც, ჩემი აზრით, ის ორი გვერდი, სადაც ციცერონზე დაყრდნობით მილი ამტკიცებს, რომ ადამიანი უნდა ეცადოს, მეტად შემოქმედებითად და გაგებით მოეკიდოს ოპონენტის აზრების შეცნობას, ვიდრე საკუთარს, ამ ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟია. თუკი ყველა ადვოკატი და სწავლული საქმის დაწყებამდე ამ ორ გვერდს გადაიკითხავდა, სამყარო გაცილებით უკეთესი გახდებოდა. ეს ნააზრევი ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა იგი მილტონს არ ეკუთვნის. რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს სიყალბე ჭეშმარიტების შესაცნობად, ან სისულელე სიბრძნის მისაკვლევად, ან ჰიპერბოლიზაცია სიზუსტის აღმოსაჩენად, ან რადიკალიზმი ზომიერების საპოვნელად, ,,აეროპაგიტიკაში'` მილტონის არგუმენტაცია უცხო იდეების სეკულარული შეფასებისათვის მცირედ საფუძველს იძლევა. რადგანაც თავად მილტონი არ ეძიებდა ყოვლისმომცველ შთაბეჭდილებებს და არც დიალექტიკურ საშუალებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად იგი ორივეს ფლობდა. იგი ძალზედ აფასებდა ცდუნებებთან გამკლავების უნარს. ქრისტიანული თავისუფლების განუყოფელი ნაწილი - ღვთის მსახურებაში თვითდისციპლინა, მილტონისათვის თავისუფლების უმთავრესი სამიზნეა, რისკენაც იგი ინგლისელ ხალხს მოუწოდებდა. ,,ის, რაც ჩვენ გაგვწმენდს, გამოცდაა'` და ,,ყოველივე საწინააღმდეგოთი გამოიცდება“.
,,თავისუფლად დაშვებული წიგნები ჩვენი სიკეთის მიერი გამოცდაცაა და ჭეშმარიტების გამოცდის გზაც“.
სწორედ ამიტომ ,,ნება ღვთისა გვანიჭებს იმ გონს, ჩვენი თვითკმაყოფილებისა და თვითკმარობის დაძლევაც რომ ძალუძს“. ,,გამოცდა. და წვრთნა“ - წარმოდგენები სრულიად ფიზიკურია და შეიძლება ითქვას, მებრძოლიც. ამ შემთხვევაში მილტონს აფიქრებს არა ინტელექტუალური ცნობის წადილის დაკმაყოფილება, არამედ ქრისტიანული დისციპლინა.
დრო რომ საშუალებას იძლეოდეს, ასევე შემეძლო, მომეხდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ მომდინარეობს ჭეშმარიტების შესახებ მილტონისეული რწმენა მისი რელიგიური წარმოდგენებიდან. მაგალითად, ის, თუ როგორ ემყარება ადამიანური განსჯის მცდარობა პოსტლაპსარელი ადამიანის დაცემას, რასაც ნაკლებად აქვს საერთო თანამედროვე სკეპტიციზმთან იმის შესახებ, რომ მილტონის რადიკალური და ერთი შეხედვით უცნაური იდეების მიმართ მხურვალე სიმპათია მომდინარეობდა მისი რწმენიდან, რომ ათასწლეულთა მანძილზე ღვთის სიტყვა შესაძლოა, სრულიად არარეალური წყაროებიდან მომდინარეობდეს. ჩემი პრინციპული მოსაზრება ერთმნიშვნელოვანია: ,,აეროპაგიტიკისეული“ არგუმენტაციის ის თეზისები, რომლებიც მთლიანად ემყარება მილტონის წარმოდგენებს ჭეშმარიტების, მისი ბუნების, ძალის, ფუნქციისა და მნიშვნელობის შესახებ, ვერ გამოდგება სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად სეკულარული თვალსაზრისით. მეტიც, ის ზღვარი, რომელიც მილტონმა ტოლერანტობის პრინციპთან მიმართებაში აღიარა, ვერ დაგვეხმარება, განვსაზღვროთ შეზღუდვები გამომხატველობითი თავისუფლებისთვის თანამედროვეობაში.“
V
მაშ, რაღა დარჩა? შეუძლია თუ არა ,,აეროპაგიტიკას“ რაიმენაირად დაგვეხმაროს თანამედროვე პირველი შესწორების ინტერპრეტაციისას? როგორც უკვე გამოიცანით, მე ვთვლი, რომ შეუძლია.
,,თუ სერიოზულად ვიკითხავდით,“ - ამბობს მილტონი მისი პამფლეტის ,,განქორწინების დოქტრინა და დისციპლინა“ დასაწყისში,
,,და განათუ უდროო იქნებოდა ამგვარი კითხვა: ყოველ მოძღვართაგან რომელმა მეტი დაიმოწაფა - სულიერი რწმენისა თუ ცხოვრებისეული ქცევის ჩათვლით? პასუხი ალბათ, მარტივია: წეს-ჩვევები; და თუმც სათნოება ყველაზე ძვირად ფასობს, ხოლო აზროვნება უმარტივესი გამოხატულებაა თავად სულისა, საუკეთესო მასწავლებლად სწორედაც რომ წეს-ჩვეულებანი რჩება“.
მილტონისათვის რომ ეკითხათ მისი დროის ყველაზე პატივსაცემი მეორე მასწავლებლის შესახებ, იგი უეჭველად დაასახელებდა ძალაუფლებას. ,,აეროპაგიტიკა“ გაცილებით მეტ რამეს შეეხება, ვიდრე მარტოოდენ რელიგიურ ჭეშმარიტებას: სიტყვის თავისუფლების მილტონისეული აპოლოგია მნიშვნელოვნად ეყრდნობა მის ერთ დაკვირვებას, რომელსაც იგი ამ ტრაქტატში სხვადასხვა ფორმით რამდენჯერმე იმეორებს, კერძოდ ის, რომ პოლიტიკური მთლიანობის განმსაზღვრელი მახასიათებელი მისი სიცოცხლისუნარიანობაა და რომ შეუძლებელია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, ხოლო სტაგნაცია გარდაუვალი იქნება, თუ ტრადიციისა და ძალაუფლების მზა რეცეპტებს არავინ დააყენებს ეჭვქვეშ. მილტონის თეოლოგია თანამედროვეებისათვის შესაძლოა, მოძველებულად ან არადამაჯერებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ პოლიტიკური დინამიკის მისეული აღქმა ყურადღებას უდავოდ იმსახურებს.
მილტონს ხშირად ახასიათებდნენ როგორც მეოცნებეს, თუმცა იგი დიდად აფასებდა ზუსტი დაკვირვებების ხელოვნებას. იგი ეთაყვანებოდა მაკიაველის და ისტორიის დაწერის საკითხში ფლორენციული სტილის მიმდევრად მოგვევლინა. ,,აეროპაგიტიკა'` გაჯერებულია პოლიტიკური რეალიზმის ჟარგონებით:
,,მითიური ატლანტიდის არარსებული პოლიტიკით მსოფლიოსაგან გამიჯვნა, განა, რა ხეირს მოგვიტანს...“ - ამბობს იგი.
ამის ნაცვლად, იგი ურჩევს თანამემამულეებს:
,,სჯობს ჭკუას ვუხმოთ, როს ამქვეყნიურ ბოროტებასთან გვაქვს საქმე...“
,,დაკარგული სამოთხის“ მე-8 წიგნში ანგელოზი რაფაელი ურჩევს ადამს,
,,იყავი თავმდაბლად ბრძენი... და არა იოცნებო სხვა სამყაროთა შესახებ“.
,,აეროპაგიტიკის“ თავმდაბალი სიბრძნე ძალზე მნიშვნელოვანია. მე უკვე აღვწერე, თუ როგორი დაჟინებით ამტკიცებს მილტონი, რომ შეუძლებელია ჯეროვნად შეფასდეს ლიცენზირების პოლიტიკა თავად მისი რეგულატორების შესაძლებლობების, სამუშაო პირობების, ლოიალობის და ტემპერამენტის გათვალისწინების გარეშე. საკუთარ არგუმენტს იგი ასევე ამყარებს დარწმუნების დინამიკასთან დაკავშირებით და აკეთებს ამას რამდენიმე პრაქტიკულ დაკვირვებაზე დაყრდნობით.
,,...მერედა, რაღა ქმნის სურვილი უნდა დარჩეთ მეცნიერთ, მწერალთ, მგოსანმუსიკოსთ, თუკი მუდამ პატრიარქალური მორჭმით მჯდომარე ლიცენზატორის შიში ექნათ?“
მილტონი ასევე აცნობიერებდა, თუ რამდენად აუცილებელია რევიზიის უნარი, რათა იყო ავტორი და თუ როგორ შეუძლია ცენზორის ნაძალადევმა შემოჭრამ დაანგრიოს სრულყოფილი სიტყვა, შესაფერისი ფრაზა და ზუსტი ფორმულირება. ,,უდიდესი მელანქოლია და გაღიზიანება, რომელიც შეიძლება“ შეემთხვეს შრომისმოყვარე მწერალს, ამბობს იგი, არის მისი ნაშრომის გამოქვეყნების გაჯანჯლება, რის გამოც მან შეიძლება ,,დაკარგოს ყველაზე ზუსტი აზრები და წიგნი გამოსცეს“ ყველაზე უარესი ფორმით, რაც კი შეიძლებოდა. ეს შეიძლება მილტონის განუსაზღვრელი განათლებულობის სიამაყიდან მომდინარე შეშფოთებად მოჩანდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ მის მიერ ერთგვარად მოუწესრიგებელი პირდაპირობისა და გულწრფელობის მნიშვნელობის აღიარება შეიძლება, მის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიან წინასწარმეტყველებად ჩაითვალოს.
იგი ამტკიცებს ცენზურის გარდაუვალ უნაყოფობას და ამავე დროს საუბრობს უფრო მკაცრ ზომებზე, რომლებსაც ეს უნაყოფობა წარმოშობს. მილტონის პროგნოზით, ყოველი მცდარი ცენზორული ქმედება უფრო მეტ ამგვარ მოქმედებას გამოიწვევს ,,რაც ყოველ ჩვენთაგანს სასაცილოდ და დაქანცულად წარმოგვაჩენს და თანაც გაგვაღიზიანებს.“ იგი ასევე გამოყოფს ლიცენზირების მეორე პრაქტიკულ შედეგს, როცა ცენზორული გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა ხშირად ნაწილდება რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებიც ამის შედეგად ახერხებენ, თავი აარიდონ ანგარიშვალდებულებას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა, რომელიც თანამედროვე ადმინისტრაციული სახელმწიფოს სენიცაა.
,,არც თუ ისე იშვიათია“ - წერს მილტონი, - ,,რომ სატიტულო ფურცელზე ნებართვის აღმნიშვნელი ხუთი ხელრთვა ერთიმეორის მიყოლებით იწონებს თავს, თავად ავტორისა კი, ღარიბი ნათესავივით, ნაშრომის სადღაც ბოლოში მიკუნჭულა...“
ამ მეტაფორაში მილტონი კათოლიკეებს გულისხმობს . სხვა შემთხვევაში კი იგი ცენზორებს მოიხსენიებს როგორც ,,გაუმაძღარ ბერებს“. თუმცა, ,,აეროპაგიტიკაში“ მოცემული აზრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მილტონი ახალ პრესბიტერიანელ ცენზორებსაც ისეთივე ზღვარგადასულებად, ანგარიშვალდებულების არმქონედ და როგორც თვითონ ამბობს, ,,ნასუქად“ მიიჩნევს, როგორც მათ წინამორბედებს რომში, მადრიდსა და კენტერბერიაში. ,,ეპისკოპალური ხელოვნება კვლავაც ფესვთა გადგმას იწყებს“ - ამბობს იგი, რაც ძალზე ჰგავს ლორდ აქტონის უწინდელ გამონათქვამებს.
ძალაუფლების გარყვნილების შესახებ მილტონის შეხედულება ასევე უდიდეს ყურადღებას იმსახურებს. ამასთან, თანამედროვეობის სიტყვის თავისუფლების დისკურსისათვის არანაკლებ მართალი, თუმც ნაკლებად ცნობილია მის მიერ გამოთქმული აზრი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი წესრიგი, საზოგადოებრივი მორალი და მოქალაქეთა შორის ურთიერთპატივისცემა ვერ მიიღწევა მხოლოდ იძულებითი კანონებით. ბოროტებისა და უწესრიგობის რეალისტური, თუმცა ეფექტური კონტროლი, მილტონის თანახმად, უნდა დაემყაროს, ,,ბრძნული განათლების, რელიგიური და სამოქალაქო საკვების დაუწერელ, მაგრამ შეუზღუდავ კანონებს.“ ესენი, როგორც პლატონი აღიარებდა
,,ამქვეყნიურ ურთიერთობათა ქვაკუთხედს, ყოველი დაწერილი კანონის საფუძველსა თუ საყრდენს წარმოადგენს.“
ხელისუფლება, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებს საკუთარ მოქალაქეებს, რომელიც ბედავს, ,,არ ენდოს მათ ინგლისური პამფლეტით“, ამ საყრდენი სახსრებისა და კავშირების ატროფიას იხილავს. პარლამენტის მიერ შემოღებულ ცენზურას მილტონი უწოდებს ჩვეულებრივი ხალხის ნამუსის შეურაცხყოფას, მათ როგორც ,,...ბიწიერ, უგონო, საფუძველმოკლებულს... რწმენაში იმდენად გზააბნეულს, რომ მის გონებას ცენზორის რეტორტაში გამოხდილი საკვებიღა შეიძლება მიეწოდოს“.
შეიძლება რომელიმე მკითხველი შეცდეს და დაეთანხმოს ცენზორებს, რომ ლონდონის ქუჩებში ხალხი 1644 წელს მართლაც ,,ყოვლად უპრინციპო და უსახურ ბრბოს წარმოადგენდა, ნებისმიერ ნაბეჭდ ფურცელს რომ დააცხრებოდა ბიწიერების ჟინით ატანილი... [ოღონდ, მაგრამ?]“. უნდა ითქვას, რომ თანამედროვეობის დემაგოგები კარგად მოერგებოდნენ ზემოთ ხსენებულ აღწერას. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ კიდეც, რომ მასობრივი კომუნიკაციის ტექნოლოგიებს უწინ არასდროს შეუძენიათ აუდიტორიის მგრძნობელობისათვის ეგზომი საფრთხე. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ წინააღმდეგობებს რაღაც ძალა გააჩნდათ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ეს არგუმენტი არ აძლევდა მილტონის დროის ცენზორებს მოსვენებას. მაშინ, მასობროვი კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგია ცენზურაგაუვლელი, მდარე ქაღალდზე დაბეჭდილი და სახალხო ენით შესრულებული პამფლეტები იყო, რომლებსაც ნაკლებად ჰქონდათ რაიმე საერთო ღრმა თეოლოგიურ წიაღსვლებთან. ასეთი პამფლეტების ახალ აუდიტორიას ჰობსისეული უბატონო ადამიანები შეადგენდნენ, რომელთაგან მრავალი უწინ სრულიად უწიგნური სექტარიანელი იყო. საზოგადოებრივი წესრიგის მცველებს რეფორმაციის დასასრულებლად ომის წამოწყების იდეაც კი გაუჩნდათ, რაკი მასები ასე მგრძნობიარენი აღმოჩნდებოდნენ მათი მანიპულირების ასეთი ,,ამორალური ხერხების“ მიმართ. თავის მხრივ, მილტონი ფიქრობდა, რომ ომი და რეფორმაციის შემდგომი განვითარება მხოლოდ თავისუფალი აზრისათვის აყვავების ნების მიცემის შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი.
ზემოთ მოყვანილი წინააღმდეგობა იყო ფუნდამენტური, თუმცა არა ემპირიული. ყოველთვის იარსებებენ დემაგოგები, გულუბრყვილო მასები; როგორც წესი, ყოველთვის იქნება ახალი ტექნოლოგიები; და ხშირად იარსებებს სწრაფად განსახორციელებელი, მაგრამ ადვილადმოწყვლადი სოციალური პროექტები. ის, თუ როგორ გადავწყვეტთ ჩვენ თავისუფლების მნიშვნელოვან საკითხებს, სულაც არაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შევაფასებთ რაიმეს ღირებულებასა და სარგებელს. როგორც მილტონი აღიარებდა, სიტყვის თავისუფლების გათავისების გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს კონტროლირებული ან გათვლილი. მეტიც, მილტონის ჩვენი დროის ყველაზე გამჭრიახი მკვლევარის, სტენლი ფიშის აზრით, ჩვენ გავითავისებთ მომავალს იმ სიტყვის თავისუფლების დაცვით, რომელსაც ვერც კი აღვწერთ.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, და ამას მე ,,აეროპაგიტიკის“ უმთავრეს მტკიცებად მივიჩნევ, შეუზღუდავი კამათისადმი მტკიცე ვალდებულებისა და იმის გარეშე, რასაც ჯერემი ვალდრონი ყველაზე გავრცელებულ ,,ეთიკურ კონფრონტაციას“ უწოდებს, შეუძლებელია ცოცხალი, ენერგიული და ადაპტაციისადმი მზაობის მატარებელი საზოგადოების არსებობა.
მაკიაველის მსგავსად, მილტონიც დაკავებული იყო პოლიტიკური ენერგიის საკითხით. იგი დიდად აფასებდა ნების სიძლიერეს, აღქმის გამჭრიახობას, მოწადინებულობას, თვითდისციპლინას, ვალდებულებას, ფართო თვალსაწიერს, შეურყევლობას; იგი ვერ იტანდა ზედმეტ სიმკაცრეს, უძრაობას, უკან დახევას, მხდალობას, ვიწრო აზროვნებას, გაუბედაობას, სიზარმაცეს და ძალაუფლების თაყვანისცემას.
,,მე ვერ შევაქებ“, - ამბობს იგი, - ,,მხდალ და მონასტრულ ღირსებას, გამოუყენებელს, რომელიც არასდროს გამოდის გარეთ და ვერასდროს იხილავს თვის მოწინააღმდეგეს“.
პასუხობს რა საკუთარ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მეტი წესრიგის, მეტი სტანდარტების, მეტი რელიგიის შესწავლისას მეტი კონტროლის აუცილებლობას ამტკიცებდნენ, მილტონი ამრეზით აღწერს -
,,იმ შესაძლო მონაგარს, ამ გზით რომ მიიღება: მდარე, სიცოცხლედაცლილ ცოდნას: ,,და რა საამო იქნებოდა ამდაგვარი, ყოვლის დამჯერე, უსახური მასის ცქერა! ამის წარმოდგენაც კი იანვრის სუსხზე უმალ მიყინავს სისხლს ძარღვებში...“
იგი კიცხავს ორთოდოქსალურობის მცველთ.
,,თავისუფლებისათვის უდიდესი საფრთხე ინერტული ხალხია.“
ეს აზრი არის არა მილტონის კალმის ნაყოფი, არამედ ეკუთვნის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრანდეისს, რომელიც მან საქმეში ვიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ გამოთქვა. ეს ფრაზა შესანიშნავად ჩაჯდებოდა ,,აეროპაგიტიკაშიც“.
დინამიზმისა და ვალდებულების მიმართ მილტონის წუხილი მისი რელიგიური წარმოდგენების კიდევ ერთ ნაყოფად შეიძლება, განვიხილოთ. აქტიური, წინდახედული, შეუპოვარი სულიერი ბრძოლა პურიტანიზმის ყველა ვერსიაში მის ფუძემდებლურ პოსტულატს წარმოადგენდა. თუმცა მილტონის ერთ-ერთი დამსახურება ამ ეთიკური ნორმის პოლიტიკური ცხოვრების ფართე სპექტრზე გავრცობაში მდგომარეობს. ,,აეროპაგიტიკა'` იწყება და მთავრდება დაკვირვებით, რომ
,,ცუდ და კარგ ხელისუფლებაში შეცდომები თითქმის ყოველთვის თანაბრად შემთხვევითია.“
ხოლო ის, რაც განასხვავებს ბრძენ მმართველს სულელისაგან, არის შეცდომების აღქმისა და გამოსწორების უნარი, კრიტიკისადმი ღიაობა და ცვლილებისადმი მზადყოფნა. ესსეს ეპიგრაფი, რომელიც ევრიპიდეს ,,მვედრებელი ქალების“ უხეირო თარგმანია, ამბობს, რომ კერძო მოქალაქეთა რჩევას შეუძლია, დადებითი წვლილი შეიტანოს ხელისუფლების ადაპტაციისა და თვითგამოსწორების პროცესში. სახალხო დემოკრატიის თანამედროვე მხარდამჭერი ალექსანდრე მაიკლჯონი, ალბათ, მილტონის ამ არგუმენტზე დაყრდნობით, დემოკრატიული პროცესისათვის სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებდა, რაც შეცდომა იქნებოდა. სამოქალაქო მმართველობაში მილტონის ინტერესი არ აღემატებოდა მის ინტერესს ეკლესიურ მმართველობაში, რომელიც, თავის მხრივ, ღრმა სულაც არ იყო. იგი მხარს უჭერდა მმართველობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც კი დაიცავდა ტოლერანტობის პრინციპს. თუმცა ეს შეიძლება იყოს ერთგვარად აღრეული კონსტიტუცია უზენაესი ძალაუფლების მქონე პარლამენტში, სადაც ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი წვრილი ფეოდალები და მცირედ - მეფისმკვლელი ლორდი პროტექტორი [ოლივერ კრომველი] თავისი ახალი მოდელის არმიითურთ. იგი არ იყო დემოკრატი, გარდა ამ სიტყვის სფეციფიური გაგებისა, რადგან მას სჯეროდა, რომ ყოველი მოქალაქე არის საკუთარივე გონების ბატონი, რომელიც მან უნდა გამოიყენოს საზოგადოების გასაცოცხლებლად და მისი ლიდერების ანგარიშვალდებულების მისაღწევად. მეფის მკვლელი ჰერცოგის შესახებ ერთ-ერთ თავის პამფლეტში, ,,მეფეთა და მაგისტრატთა მემკვიდრეობა“ მილტონი პირდაპირ ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ნამდვილად გამომდინარეობს მართულთა თანხმობიდან. თუმცა ეს სულაც არ ახასიათებს მას როგორც საპარლამენტო დემოკრატიის ამაგდარს, როგორც იმდროინდელი ლიტერატურისათვის ერთი თვალის გადავლებამ შეიძლება, გვაფიქრებინოს.
VI
მილტონისეული სიბრძნის საპოვნელად, რაც თანამედროვე ,,პირველი შესწორების'` უკეთ შეცნობაში დაგვეხმარება, სულაც არ არის საჭირო მისი სკეპტიკოსად ან დემოკრატად წარმოჩინება. საკმარისია, იგი დავაფასოთ იმისათვის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა: ნიჭიერ და გაბედულ მწერალს, ,,ღირსების არისტოკრატიისადმი'` სიმპათიით განწყობილს, რომელმაც დაუვიწყარი სახით აღწერა, თუ როგორ შეიძლება იქცეს იარაღად სიტყვის თავისუფლება პოლიტიკური სტაგნაციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. მილტონი ბევრს ვერაფერს გვასწავლის ჭეშმარიტებისა და დემოკრატიის შესახებ, თუმცა ბევრს გვეუბნება კორუფციის, ანგარიშვალდებულების, პიროვნების ხასიათისა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. ამ თვალსაზრისით, ,,პირველი შესწორების“ შესახებ ავტორთა შორის მას უფრო მეტი აქვს საერთო ედისონთან, ვიდრე ჯონ სტიუარტ მილთან, მეტი აკავშირებს მოსამართლე ბლეკთან, ვიდრე მოსამართლე ჰოლმსთან. ჩემი აზრით, ამგვარი პარალელები მილტონს დღეისათვის უფრო საინტერესოდ წასაკითხ ავტორად წარმოაჩენს.
ბოლო წლებში სიტყვის თავისუფლების ლიბერალური არგუმენტაცია მცდარი ფოკუსის გამო დიდად დაზარალდა. თანამედროვე კრიტიკოსებმა მართებულად შეუტიეს სიმართლისა და დემოკრატიის სახელით გაკეთებულ, გადამეტებული თავისუფლებისადმი ექსტრავაგანტულ მოწოდებებს. სასამართლო გადაწყვეტილებებით გამხნევებულმა ზოგიერთმა ასეთმა კრიტიკოსმა სიტყვის თავისუფლების რეგულირების საკუთარი ,,ატლანტური და უტოპიური“ სქემებიც შეიმუშავა, ამჯერად ანგელოზთა მხარეს. თუმცა ,,აეროპაგიტიკა“ გვეუბნება: იმისათვის, რათა დავიჯეროთ, რომ ცენზორის ძალაუფლებას ოდესმე გამოიყენებენ მიკერძოებულად და შურის საძიებლად, ამისათვის ,,ბოროტების სამყარო“ უნდა მოვკვეთოთ. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური და სოციალური დაუძლურება . კოლექტიური მიზანდასახულობის, ნებისა და წინააღმდეგობათა გემოს შესუსტება . არის რისკი, რომელსაც ყველაზე მეტად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და რეგულირებისგან უნდა მოველოდეთ. მილტონის მოძველებული პოლემიკის ეს ,,მესიჯები“ უკვდავია.
თარგმნა გიორგი კანდელაკმა
![]() |
3 საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
კონსტანტინე კუბლაშვილი
შესავალი
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება. შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების მსგავსად (მ. 25), ეს უფლებაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების თვითგანვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, მრავალპარტიული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით შექმნილი თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების არსებითი შემადგენელი ნაწილი და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპია. მრავალპარტიული სისტემის გარეშე შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფოს დემოკრატიულობაზე ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, 26-ე მუხლის დებულება საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის შესახებ არის საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ნორმა.
საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების ზემოაღნიშნული განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავდაპირველად აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციით შექმნილი თავისუფალი დემოკრატიულიწესწყობილების ძირითადი შინაარსის მიმოხილვა, რითაც კიდევ უფრო წარმოჩინდება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისათვის 26-ე მუხლით აღიარებული ძირითადი უფლების გადამწყვეტი მნიშვნელობა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება ადამიანის ძირითადი უფლებებით შექმნილ ღირებულებათა სისტემას მოიცავს. სწორედ ეს უფლებები, როგორც უზენაესი და ხელშეუვალი ღირებულებები, წარმოადგენს თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების საფუძველს. აქედან გამომდინარე, ამ წესწყობილების ქვაკუთხედი თავისუფალი და ღირსებადაცული ადამიანია, თავისუფლება და თანასწორობა კი - სახელმწიფოებრივი ერთიანობის მუდმივი და ძირითადი ღირებულებები. ამდენად, თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება ტოტალიტარული სახელმწიფოს აბსოლუტურად საპირისპირო წესრიგია, რადგან ტოტალიტარული სახელმწიფო სრულიად გამორიცხავს და უარყოფს ადამიანის ღირსებას, თავისუფლებასა და თანასწორობას. ის მოსაზრება, რომ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სახის თავისუფალი დემოკრატიული წეს-წყობილება, მცდარია. იგი ეყრდნობა თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების ცნების აღრევას სახელმწიფო წყობილების იმ ფორმებთან, რომლებშიც ეს წესწყობილება შეიძლება აისახოს. თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების ფუნქციონირება უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ,,თამაშის წესების“ სისტემით. საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი აზრისა და პრესის, შეკრებებისა და მანიფესტაციების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის თავისუფლებები განაპირობებს და უზრუნველყოფს საქართველოში მრავალპარტიული სისტემის არსებობას და უფლებას ორგანიზებულ პოლიტიკურ ოპოზიციაზე. შედარებით მოკლე ვადებში რეგულარულად განმეორებული თავისუფალი არჩევნები უზრუნველყოფს ხალხის კონტროლს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ ძალაუფლების გამოყენებაზე. ხალხის წარმომადგენლობა (პარლამენტი) აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას. სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა, ურთიერთკონტროლირებად და ურთიერთშემზღუდავ შტოებზე განაწილების პრინციპი გამორიცხავს ერთ ხელისუფლებაში (ძირითადად საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში) ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრირებას. ძირითადი უფლებებით მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილია ცხოვრებისა და საქმიანობის თავისუფალი სფეროები. ამ უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი სასამართლო, მთელ სახელმწიფო სისტემას კი - უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციური მართლმსაჯულება (საკონსტიტუციო სასამართლო).
იმის გამო, რომ თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება, თავისი საჯაროობიდან, გახსნილობიდან, მრავალმხრივი გარანტიებიდან და ზოგადად მოქალაქეთა და საზოგადოების თავისუფლებიდან გამომდინარე, მუდმივად საფრთხეშია, იგი თავს იცავს იმ ძალებისაგან, რომლებიც სარგებლობენ ასეთი თავისუფლებით და მის უზენაეს ღირებულებებს, კონსტიტუციურ საფუძვლებს და მისი ,,თამაშის წესებს“ პრინციპულად ეწინააღმდეგებიან. თავდაცვის ნორმები ძირითადად მოცემულია კონსტიტუციაში და შემდეგ გავრცობილია სხვადასხვა კანონში. აქ შეიძლება დავასახელოთ, მაგალითად, კონსტიტუციის 26-ე მუხლით განსაზღვრული პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობის შეჩერებისა და აკრძალვის შესაძლებლობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით შექმნილი თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება შეიძლება, განვსაზღვროთ როგორც წესრიგი, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ტოტალიტარულ და თვითნებურ მმართველობას და წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის წესრიგს. იგი ეფუძნება მოქმედი უმრავლესობის ნებას, შესაბამისად, ხალხის თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და თანასწორობას. ამ წყობილების ფუნდამენტური პრინციპებია:
(1) კონსტიტუციით აღიარებული და დაკონკრეტებულია ადამიანის უფლებების, უპირველესად კი ადამიანის ღირსების, სიცოცხლისა და საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების პატივისცემა,
(2) ხალხის სუვერენიტეტი,
(3) ხელისუფლების დანაწილება,
(4) ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე,
(5) აღმასრულებელი ხელისუფლების კანონებით შებოჭვა,
(6) სასამართლოს დამოუკიდებლობა,
(7) მრავალპარტიულობა და შანსების თანასწორობა ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რათა კონსტიტუციის შესაბამისად შექმნან ოპოზიცია და განახორციელონ ხელისუფლების კონტროლი.
როგორც ვხედავთ, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლება დემოკრატიული წესწყობილების არსებითი შემადგენელი ნაწილია, სწორედ ის უზრუნველყოფს მრავალპარტიული სისტემის არსებობას, რომლის საფუძველზეც ყალიბდება უმრავლესობა, ამასთან ერთად, ამ ძირითადი უფლების გამოყენებით სხვა პოლიტიკურ ძალებს უფლება აქვთ, შექმნან ოპოზიცია და განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა, რაც ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ფუძემდებლური პრინციპია.
დაცული სფერო
საზოგადოებრივი გაერთიანებებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან უნდა გამოვყოთ ,,საზოგადოებრივი გაერთიანებები“, რომელიც ფართო ცნებაა და გულისხმობს ზოგადად გაერთიანებებს, მათ შორის, პროფესიულ კავშირებს (,,მათ შორის პროფესიული კავშირები“ - მ. 26, პ. 1), რომლებიც იქმნება შრომის სფეროში, და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ ხალხისპოლიტიკური ნების ჩამოყალიბების პროცესში. საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის ძირითადი უფლება მოიცავს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე კომპონენტებს. როგორც ინდივიდუალური უფლება, იგი უზრუნველყოფს ადამიანის მოქმედებისა და საქმიანობის თავისუფლების ელემენტარულ ფორმას, კერძოდ, ყოველი ადამიანის შესაძლებლობას, სხვა ადამიანებთან ერთად გაერთიანდეს კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფში. ამავე დროს, ამით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენოს ძირითადი უფლებები არა მხოლოდ თვითონ, როგორც ინდივიდმა, არამედ სხვებთან ერთად, გაერთიანების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ 26-ე მუხლით გარანტირებული ძირითადი უფლება ე.წ. ორმაგი უფლებაა, რადგან ამ უფლებით დაცული არიან არა მარტო გაერთიანების წევრები, როგორც ცალკეული ინდივიდები (ინდივიდუალური უფლება), არამედ აგრეთვე როგორც ერთი მთლიანობა - მათი გაერთიანება (კოლექტიური უფლება), ანუ იგი სახელმწიფოს ჩარევისაგან იცავს უშუალოდ გაერთიანებებს. საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის ძირითადი უფლება, როგორც კონსტიტუციით შექმნილი თავისუფალი დემოკრატიული წყობილების ერთერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტი, წარმოადგენს აგრეთვე სოციალური ჯგუფების თავისუფალი ჩამოყალიბების პრინციპის საფუძველს. ეს პრინციპი არსებითად განსხვავდება როგორც ფეოდალიზმის ეპოქის სახელმწიფოების ორგანიზაციული ფორმისაგან, სადაც საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა იყო არა თავისუფალი, არამედ დამოკიდებული ადამიანების წარმომავლობასა ან პროფესიაზე, ისე უახლოესი წარსულისა და ზოგიერთი თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოს წყობილებისაგან, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრება მთლიანად ზემოდან ქვემოთ, ხელისუფლებისაგან არის ორგანიზებული.
ყველაფერი ეს მოკლედ ასეც შეიძლება გადმოვცეთ: პოზიტიური მხრივ დაცულია ინდივიდთა ინიციატივა, შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანება (ან შეუერთდნენ უკვე შექმნილ გაერთიანებას) და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. ნეგატიური მხრივ კი - უზრუნველყოფილია გაერთიანებაში და მის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გაერთიანებიდან გამოსვლა.
დაცული სფერო მოიცავს ყოველი გაერთიანების უფლებას შექმნასა და არსებობაზე. დაცულია მოქალაქეთა უფლება თავად, დამოუკიდებლად და თავისუფლად განსაზღვრონ გაერთიანების შექმნის დრო, მიზანი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელი და ადგილმდებარეობა (იურიდიული მისამართი). ასევე დაცულია გაერთიანების უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სტრუქტურის, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურისა და გაერთიანების საქმიანობის წარმართვის შესახებ. ამ უფლების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თავისუფალი გაერთიანების შექმნა და არსებობა. დაცულია აგრეთვე გაერთიანებისათვის სახელის მინიჭების უფლება.
კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ძირითადი უფლება უზრუნველყოფილია საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა (,,ყველას აქვს...“). იმავე მუხლის მე-2 პუნქტი კი პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს. ეს დებულება უშუალოდ უკავშირდება კონსტიტუციის 27-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც,
,,სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა“.
გარდა ამისა, ამ ძირითადი უფლების შინაარსიდან გამომდინარე, იგი მოიცავს მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - გაერთიანებებს და არა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რადგან ამ უკანასკნელთა წარმოშობა დაკავშირებულია ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტის გამოცემასთან და არა ფიზიკურ პირთა ინიციატივასთან. ეს კარგად ჩანს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნებიდან, რომელიც მოცემულია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის1 მე-2 მუხლში:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.“
მიუხედვად იმისა, რომ საზოგადოებრივ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის ძირითადი უფლება არ მოიცავს საჯარო-სამართლებრივ გაერთიანებებს, ამ გაერთიანებათა არსებობა დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით, რომლის მიხედვითაც, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება, ერთი მხრივ, მე-17 მუხლთან კავშირში და მის საფუძველზე, მოიცავს ადამიანის პიროვნულ უფლებებს, მეორე მხრივ კი - უზრუნველყოფს ადამიანის საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ნებისმიერი მოქმედება და საქმიანობა, რომელიც არ მიეკუთვნება მისი პირადი ცხოვრების სფეროს და არ ხვდება პიროვნული უფლებით დაცულ სფეროში, დაცულია საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებით. ამ თავისუფლების ყოვლისმომცველი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება მისი შინაარსი მოკლედ ასე გადმოვცეთ: ,,ყველას შეუძლია, გააკეთოს (ან არ გააკეთოს) ის, რაც მას სურს“. სწორედ ამ თვალსაზრისით კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება საზოგადოებრივ გაერთიანებათა თავისუფლებას, რადგან მე-16 მუხლით უზრუნველყოფილია პროფესიული ნიშნით შექმნილი არა საზოგადოებრივი (პროფესიული კავშირები), არამედ საჯარო სამართლებრივი გაერთიანებების (როგორიცაა სავაჭრო, ექიმთა და ადვოკატთა პალატები) შექმნა და არსებობა. მე-16 მუხლიდან გამომდინარე, ამ ორგანიზაციებში იძულებითი წევრობა ნიშნავს ჩარევას მე-16 მუხლით - ადამიანის საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებით დაცულ სფეროში. მაგრამ ეს ჩარევა შეიძლება კონსტიტუციურ სამართლებრივად გამართლებული იყოს და თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გაერთიანება სახელმწიფომ დაარსა ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად. აქ იგულისხმება ისეთი ამოცანები, რომელთა შესრულებაზეც არსებობს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია მხოლოდ ინდივიდთა კერძო ინიციატივით ან მხოლოდ სახელმწიფოს მხრივ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ეს მიდგომა კონკრეტული საქმის განხილვისას (,,ლე კომპტი, ვან ლევენი და დემეიერი ბელგიის წინააღმდეგ“2) და განაცხადა, რომ ბელგიის ექიმებს შეიძლება დაეკისროთ ვალდებულება, გაერთიანდნენ ,,ექიმთა ორდენში, რომლის მიზანია სამედიცინო ეთიკისა და მისი წევრების პატივის, თავისუფლების, სანდოობისა და ღირსების დაცვა“. ორდენი საჯარო სამართლებრივი გაერთიანება იყო და ასრულებდა სახელმწიფო რეგულირების ფუნქციებს სამედიცინო სფეროში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) შინაარსს, მით უმეტეს, რომ ორდენის წევრებს არ ეკრძალებოდათ სხვა გაერთიანებებში გაწევრიანება.
გაერთიანებათა თავისუფლება (როგორც ხშირად უწოდებენ საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის ძირითად უფლებას) პრაქტიკულად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი წესების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ინდივიდთა თავისუფალი ნების საფუძველზე შექმნილ გაერთიანებებს განუსაზღვრავენ ადგილს არსებულ სამართლებრივ სისტემაში, უზრუნველყოფენ მათ და მათი წევრების უფლებებს, აგრეთვე ითვალისწინებენ სხვა ინდივიდთა და საზოგადოების ინტერესებს. ასეთი დებულებების არსებობას თავიდანვე გულისხმობს და მოითხოვს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანებათა თავისუფლება, ამიტომ საკანონმდებლო ხელისუფლება არა მარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, შეიმუშაოს სამართლის ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს გაერთიანებათა თავისუფლების რეალურ განხორციელებას. გაერთიანებათა შექმნისა და არსებობის შესახებ სამართლის ნორმები ჩამოყალიბებული უნდა იყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს გაერთიანებათა უფლებაუნარიანობა და გამართული ფუნქციონირება.
ზემოაღნიშნული ნორმები საქართველოში დადგენილია სამოქალაქო კოდექსით, რომლის 24-49-ე მუხლების საფუძველზეც, უზრუნველყოფილია საზოგადოებრივ გაერთიანებათა (კავშირის, ფონდის) შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება. კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი გაერთიანება შეიძლება, შეიქმნას და არსებობდეს კავშირის (ასოციაციის) ან ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. კავშირი, ფონდი არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიზანიც არ არის სამეწარმეო საქმიანობა (მ. 30). საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან განსხვავებით, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონში ან მის დამფუძნებელ დოკუმენტებში აღნიშნული მიზნების შესაბამისი საქმიანობა, კავშირს (და ფონდს), როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საზოგადოებრივ გაერთიანებას, უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებით გათვალისწინებული (მ. 25). პროფესიულ კავშირებთან მიმართებით ანალოგიურ ნორმებს ადგენს საქართველოს კანონი ,,პროფესიული კავშირების შესახებ“.3
დაცულ სფეროში ჩარევა
საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლება. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ამ უფლებაში ჩარევის საფუძვლებს, რომელთა მიხედვითაც, შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დაცულ სფეროში ჩარევა. ნებისმიერი სხვა საფუძვლით საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა თუ საქმიანობისათვის ხელის შეშლა დაცულ სფეროში სახელმწიფოს მიერ გაუმართლებელი ჩარევა იქნება. ასეთი ჩარევის მაგალითია გაერთიანების შექმნის პროცესში ხელისუფლების მიერ სამართლებრივი დაბრკოლებების შექმნა, გაუმართლებელი დამატებითი მოთხოვნების დადგენა, გაერთიანების რეგისტრაციის ვადების დაუდგენლობა, აგრეთვე პროცედურის ზედმეტად გართულება. ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმებია კონსტიტუციის 26-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძველზე გაერთიანების საქმიანობის შეჩერება და მისი აკრძალვა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების ძირითადი უფლებით პოზიტიური მხრივ დაცულია ინდივიდთა ინიციატივა, შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანება (ან შეუერთდნენ უკვე შექმნილ გაერთიანებას) და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. ნეგატიური მხრივ კი უზრუნველყოფილია გაერთიანებაში და მის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გაერთიანებიდან გამოსვლა. ამ განსაზღვრებიდან ნათლად ჩანს, რომ საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობითობა, ანუ ადამიანებს უფლება აქვთ, ყოველგვარი იძულებისაგან დამოუკიდებლად თავად მიიღონ გაერთიანების შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის გადაწყვეტილება. მეორე მხრივ კი, ასევე ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით უარი თქვან გაერთიანების შექმნაზე ან მის საქმიანობაში მონაწილეობაზე და გამოვიდნენ გაერთიანების შემადგენლობიდან. აქედან გამომდინარე, ნებაყოფლობითობის პრინციპის საწინააღმდეგო და დაცულ სფეროში გაუმართლებელი საკანონმდებლო ჩარევა იქნება ისეთი ნორმა, რომელიც დაავალდებულებს ადამიანს რომელიმე გაერთიანების წევრობას ან აუკრძალავს გაერთიანების დატოვებას. მოცემული ძირითადი უფლების საწინააღმდეგო იქნება ასევე თავად გაერთიანების შიდაორგანიზაციული წესებით დადგენილი წევრობის სავალდებულობა და წევრობის დატოვების დაუშვებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ეს მიდგომა კონკრეტულ საქმეზე (იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ4) მიღებული გადაწყვეტილებით. ამ საქმის მიხედვით, კონკრეტულ პირებს (განმცხადებლებს) ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით, თუ ისინი არ გაწევრიანდებოდნენ პროფკავშირებში. სასამართლომ განაცხადა, რომ არავინ არ შეიძლება აიძულონ, გაწევრიანდეს რომელიმე გაერთიანებაში, მათ შორის პროფკავშირში, რადგან გაერთიანების თავისუფლება მოიცავს გაერთიანებაში გაწევრიანებისაგან თავის შეკავების, გაწევრიანებაზე უარის თქმის უფლებასაც. მსგავსი ვითარება განიხილა სასამართლომ საქმეში სიგურიონსონი ისლანდიის წინააღმდეგ5 და დაადგინა, რომ კერძო გაერთიანებებში გაწევრიანების მოთხოვნა, როგორც ლიცენზიის მიღების პირობა, მისაღწევი მიზნის არათანაზომიერი საშუალებაა.
საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ საქმეში (,,იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“) სასამართლომ პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება აღიარა ,,გაერთიანების თავისუფლების განსაკუთრებულ ასპექტად“. ,,პროფკავშირების შექმნის უფლება მოიცავს, მაგალითად, მათ მიერ საკუთარი წესების შემუშავებას, უფლებას დამოუკიდებლად აწარმოონ მოლაპარაკება, შექმნან ფედერაციები და ა.შ.“ აღნიშნულთან ერთად სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ გაერთიანების თავისუფლება გულისხმობს პროფკავშირების მიმართ არჩევანის თავისუფლებასაც და კვლავ ხაზი გაუსვა ნებაყოფლობითობის პრინციპს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ პროფკავშირების საქმიანობის ძირითადი პრინციპები უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს საკანონმდებლო აქტებით, რომელთა შექმნისას სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებრივ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების შინაარსი და ნებაყოფლობითობის პრინციპი. საქართველოს კანონი. პროფესიული კავშირების შესახებ. შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და აცხადებს, რომ
,,პროფესიული კავშირები არის საქმიანობის მიხედვით საერთო საწარმო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია მისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა დაინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. (მ. 2, პ. 1).
ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში. ამ დებულების მიხედვით, ,,დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.'` აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უფლებამოსილი და, ამასთანავე, ვალდებულიც არის, არ დაუშვას საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების დამხობა ან შეცვლა და ამისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები. 26-ე მუხლის აღნიშნული ნორმა სახელმწიფოს აძლევს კონსტიტუციური წესრიგის პრევენციული დაცვის შესაძლებლობას, რადგან აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს კონსტიტუციური უფლებამოსილება იმისათვის, რათა თავიდანვე, დროულად და ქმედითად აღკვეთოს სახელმწიფოს, მისი არსებობისა და ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე, რომელიც წარმოიშობა სისხლისსამართლებრივად დასჯადი და ანტიკონსტიტუციური კოლექტიური მისწრაფებებისგან. აღნიშნულთან ერთად, საჭიროა არსებობდეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საკანონმდებლო პროცედურა. ამ პროცედურის, ანუ განსახილველ ძირითად უფლებაში ჩარევისა და აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედების სახელმწიფოსათვის სავალდებულო ძირითადი პრინციპები დადგენილია კონსტიტუციის იმავე მუხლის მე-6 პუნქტით:
,,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“
კონსტიტუციის აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების ან მათი აკრძალვის პროცედურა განისაზღვროს საკანონმდებლო აქტით, ამ შემთხვევაში ორგანული კანონით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, სწორედ ,,კანონიერების'` კრიტერიუმია გადამწყვეტი ელემენტი მოცემული ძირითადი უფლების შეზღუდვისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლით კონკრეტულად და ვიწროდ მიზანმიმართულად დაწესებული.
საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში მიღებულია ორგანული კანონი ,,საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ'`,6 რომელიც განსაზღვრავს ,,კავშირის, ფონდის, პროფესიული კავშირისა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლებსა და წესს'` (მ. 1). აღნიშნულ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, რომელსაც შეუძლია ,,3 თვემდე ვადით შეაჩეროს იმ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე'` (მ. 3, პ. 1). სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია ,,საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობას'` (მ. 4). სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერების ან აკრძალვის შესახებ შეიძლება, გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში.
პოლიტიკური პარტიები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,საზოგადოებრივი გაერთიანებები“ ფართო ცნებაა და ზოგადად მოქალაქეთა გაერთიანებების შექმნას გულისხმობს. მოქალაქეთა გაერთიანების ერთ-ერთი სახეა პოლიტიკური პარტია, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებისათვის და სწორედ ამიტომ გამორჩეულად არის მითითებული კონსტიტუციის 26-ე მუხლში.
1. ცნება და დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების ცნებას, მათი შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, აგრეთვე მათი აკრძალვის წესს განსაზღვრავს
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'` საქართველოს ორგანული კანონი.7 ამ კანონის პირველი მუხლის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ...(პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება...“
,,პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურსამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში“ (მ. 2).
აღსანიშნავია, რომ ორგანული კანონის მხოლოდ მე-4 მუხლშია მოცემული მოკლე დებულება პარტიის იურიდიული ბუნების შესახებ: ,,პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი მიუთითებს, რომ პარტია არის ,,საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაცია“ - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (მ. 1509, ნაწ. 1, ქვპ. ,,ე“). კოდექსის ეს ნორმა საკმაოდ საკამათოა. როგორც აღინიშნა, ორგანული კანონი არ მიიჩნევს პარტიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ასეთი მიდგომა სავსებით შეესაბამება პოლიტიკური პარტიის ბუნებას, რომელიც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური ნაწილია, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირება და მისი თავისუფალი გამოხატვა კი ძირითადად სწორედ პარტიების საშუალებით ხორციელდება. გარდა ამისა, პარტია, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან განსხვავებით, არ წარმოიშობა კანონის ან ხელისუფლების სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე. ორგანული კანონი მხოლოდ პარტიის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელ წესებს, აგრეთვე რეგისტრაციის პროცედურას ადგენს, პოლიტიკური პარტია კი არსებობს არა იმის გამო, რომ არსებობს ეს ორგანული კანონი, არამედ იმიტომ, რომ კონსტიტუციით შეიქმნა თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება, რომლის განუყოფელი და ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია პოლიტიკური პარტიები. ამით კონსტიტუცია ფაქტობრივად ავალდებულებს სახელმწიფო ხელისუფლებას, შეიმუშაოს პოლიტიკურ პარტიათა გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო წესები, რაც განხორციელდა ზემოხსენებული ორგანული კანონით. ამდენად, პარტია შინაარსობრივად სრულიად განსხვავდება ყველა სხვა იურიდიული პირისგან, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან.
საწინააღმდეგო მოსაზრების მიხედვით, რომელიც სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ დებულებას ეყრდნობა, იმ გარემოებას, რომ პოლიტიკური პარტია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, განაპირობებს პარტიის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა შექმნაში და არა ის, თუ რა უდევს საფუძვლად მის შექმნას - ნების თავისუფალი გამოვლენა თუ ადმინისტრაციული აქტი. ამ ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრების სამართლებრივი არგუმენტაციის შედარება გვიჩვენებს, რომ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'` ორგანული კანონის დებულებები გაცილებით მეტად შეესაბამება პოლიტიკური პარტიის ნამდვილ შინაარსს და იურიდიულ ბუნებას, ვიდრე სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა.
2. დაცულ სფეროში ჩარევა და ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი
პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის ძირითად უფლებაში ჩარევა ან პარტიის აკრძალვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, იმავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურით. აღსანიშნავია, რომ ამ ძირითად უფლებაში ჩარევა, სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა მსგავსად, შეიძლება მოხდეს ჯერ კიდევ რეგისტრაციის ეტაპზე. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ფონდი და კავშირი - რეგისტრირდება ასევე იუსტიციის სამინისტროში). სამინისტრო უფლებამოსილია, უარი უთხრას პარტიას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებულ მოთხოვნებს ან ორგანული კანონის სხვა დებულებებს. მოცემულ ძირითად უფლებაში ამ გარკვეულწილად პრევენციულ ჩარევას საფუძვლად უდევს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ (იმავე პუნქტით განსაზღვრულ) შემთხვევებში დაუშვებელია საზოგადოებრივ გაერთიანებათა და პოლიტიკური პარტიების არა მარტო ,,საქმიანობა“, არამედ ,,შექმნაც“. საზოგადოებრივ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების განხილვისას უკვე აღინიშნა, რომ დაცულ სფეროში პრევენციული ჩარევა აუცილებელია იმისათვის, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს საშუალება, თავიდანვე დროულად და ქმედითად აღკვეთოს სახელმწიფოს, მისი არსებობისა და ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე, რომელიც წარმოიშობა სისხლისსამართლებრივად დასჯადი და ანტიკონსტიტუციური კოლექტიური მისწრაფებებიდან.
კონსტიტუციის 26-ე მუხლით დადგენილია კიდევ ორი შეზღუდვა, რომელთაგან პირველის მიხედვით, ,,დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა.“ (პ. 4). ეს შეზღუდვა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებთან ერთად, წარმოადგენს გაერთიანებათა თავისუფლებით დაცულ სფეროში სახელმწიფო ჩარევის კონსტიტუციურ საფუძველს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, აკრძალოს კონკრეტული პოლიტიკური პარტია.
26-ე მუხლის მე-5 პუნქტით გაერთიანების თავისუფლება ეზღუდება პირთა გარკვეულ კატეგორიას. ამ პუნქტის მიხედვით,
,,პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.“
მოცემული დებულების მიზანია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოცემული კატეგორიის საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
ყველაზე მძიმე და რადიკალურ ჩარევას საერთოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კონკრეტულად კი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის ძირითად უფლებაში წარმოადგენს მათი აკრძალვა. სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებებისაგან განსხვავებით, რომელთა აკრძალვის საკითხსაც საერთო სასამართლოები იხილავენ, ორგანული კანონის თანახმად, ,,პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით...“ (მ. 35). ამ დებულების საფუძველი, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებული მნიშვნელობაა, მეორე მხრივ კი, კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს ,,მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის“ საკითხები. ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, აკრძალოს მხოლოდ ის პარტია,
,,რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირებები“ (მ. 36).
__________________________
1. 1999 წლის 28 მაისი.
2. Le Compte, Van Leuven and de Meyere v. Belgium, 23 June, 1981.
3. 1997 წლის 2 აპრილი.
4. Young, James and Webster v. the United Kongdom, 13 August, 1981.
5. Sigurjonsson v. Iceland, 30 June, 1993.
6. 1997 წლის 14 ნოემბერი.
7. 1997 წლის 31 ოქტომბერი.
![]() |
4 სიღარიბის ხაფანგი |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელი ორი დეკადა ორი ისეთი მასშტაბური ექპერიმენტის მოწმე გახდა, როგორიცაა, ერთის მხრივ, ცენტრალური დაგეგმარების მეურნეობების (ყოფილი საბჭოთა კავშირი), და მეორეს მხრივ, განვითარებადი ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის, სადაც ასევე მძლავრობს ცენტრალური დაგეგმარება (ასეთს თქვენ იპოვნიდით 1950-1980 წლების ლათინურ ამერიკაში), ტრანსფორმირება ეფექტური საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებად. უმრავლესობის გასაკვირად უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტებს შედეგად ეკონომიკური ზრდა არ მოჰყოლია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ათუხთუხდა, აქოშინდა და 1998 წლის შემდეგ კოლაპსი განიცადა. ლათინური ამერიკის მეურნეობებს, ჩილეს გამოკლებით, შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდა. უმეტეს ქვეყნებში სახეზე იყო ეკონომიკის მძლავრი ზრდა, ამ პროცესის თანმდევი ასეთივე მძლავრი ჩავარდნებით. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არგენტინის ფიასკოა. ამავე ტენდენციაციაზე მეტყველებს ლათინური ამერიკის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი: 2002 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რეალურ ფასებში იგივე დონეზე დარჩა, რაც 1980 წელს იყო.
რთული ქორწინება: მთავრობა და ბაზარი
ამ ჩავარდნების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკური სქემა - ეგრეთწოდებული ვოშინგტონის კონსენსუსი - რომელიც ამყარებდა რუსეთისა და ლათინური ამერიკის ექსპერიმენტებს, ფატალურ ნაკლს შეიცავდა: იგი დასაშვებად მიიჩნევდა, ეფექტური ბაზრების შესაქმნელად ეკონომიკური რეფორმების გატარებას, თანმდევი პროცესის - პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმირების გარეშე. ეს უკანასკნელი მთავრობის შესაზღუდად და საკუთრების უფლებებისა და ინდივიდუალური თავისუფლების გარანტიების შესაქმნელადაა აუცილებელი.
ამ წარუმატებლობის მიზეზი არის ის, რომ ,,თავისუფალი ბაზარი“ პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს, რომ ცალკეულმა ინდივიდმა ან ორგანიზაციამ უზრუნველყოს ხელშეკრულებებისა და საკუთრების უფლებების იძულებითი განხორციელება. ასეთი მაიძულებლის გარეშე, გარიგებები ყველასთვის თავისუფალია: ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ; შესაბამისად, ყველა საკუთარი ინტერესის შესატყვისად მოქმედებს. გარდაუვალი შედეგი, როგორც თომას ჰობსი ,,ლევიათანში'` გვაფრთხილებს, არის გარიგებების დაბალი დონე. უფრო მეტიც, სანდოობის მოსაპოვებლად, პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებითი და საკუთრებითი უფლებების დაცვას, უნდა შეეძლოს, აიძულოს ხალხი, მისდიოს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს უთუოდ იმას ნიშნავს, რომ მაიძულებელი უნდა იყოს მთავრობა. ფაქტიურად, მსოფლიო ისტორია არ იცნობს ისეთ შემთხვევას, როცა მაღალგანვითარებული საბაზრო სისტემა მაღალგანვითარებული პოლიტიკური სისტემის გარეშე არსებობს.
აუცილებელი კავშირი მთავრობასა და ბაზარს შორის წარმოშობს წინააღმდეგობრივ პრობლემას. მთავრობას გადამწყვეტი როლი აკისრია სახელშეკრულებო და საკუთრებითი უფლებების უზრუნველყოფის მხრივ. ამავე დროს, ნებისმიერ მთავრობას, რომელიც საკმარისად ძლიერია, რათა უზრუნველყოს საკუთრებითი უფლებები, იმის ძალაც შესწევს, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინოს ამ უფლებების ანულირება, სრული ექსპროპრიაციის ან კერძო საკუთრებიდან მიღებული მთლიანი მოგების დაბეგვრის გზით. მთავრობებს, რეალურად, საკმაო სტიმული აქვთ საიმისოდ, რომ ასე იმოქმედონ. პირველ რიგში, მთავრობას სჭირდება შემოსავალი პოლიტიკური თვითგადარჩენისთვის. მან უნდა გაიღოს ხარჯები, რათა მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა, დაიცვას თავი გარე და შიდა მტრებისაგან. მეორეც, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ამომრჩეველი, როგორც წესი, მოითხოვს, მთავრობამ გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება, რათა უზრუნველყოს ისინი ეკონომიკური სარგებლით. ხშირად, ამ სარგებლის მიღება სხვა ეკონომიკური აგენტების საკუთრებითი უფლებების ხარჯზე ხდება. მათ შეიძლება, მოითხოვონ, მაგალითად, ის, რომ მთავრობამ დაბეგროს მათი კონკურენტების მთლიანი მოგება და უზრუნველყოს ისინი მონოპოლიური უფლებებით, დაიცვას კონკურენციისაგან ან მიანიჭოს სხვა სპეციფიური პრივილეგიები.
ამრიგად, ადამიანებს ახასიათებთ ორი თანდაყოლილი ტენდენცია: ადამ სმითის თანახმად, ადამიანებს აქვთ ბარტერული გაცვლის, საქონლის გაცვლისა და ვაჭრობის მიდრეკილება. მეორე თვისება, რომელიც თომას ჰობსის მიხედვით, კაცთა მოდგმას ისევე ახასიათებს, როგორც პირველი, შემდეგია: პოლიტიკის გამოყენება იმისათვის, რათა აიძულონ სხვები, გადასცენ მათ საკუთარი სიმდიდრე და სიმდიდრის წყაროები.
შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური პრობლემა არის სათანადო საშუალებების შექმნა, რათა მთავრობის საქმიანობა მოექცეს კალაპოტში და იგი მოგვევლინოს ბაზრის მხარდამჭერად და არა შემაფერხებლად. ეკონომიკური განვითარების ამ ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრის ერთი მიდგომა გულისხმობს ისეთი პოლიტიკური ლიდერების მოძებნას, რომელთაც სწორი ფასეულობები და ხედვები აქვთ. თუმცა ამ მიდგომის პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკურ მოთამაშეთა უნარს, მიიღონ კარგი გადაწყვეტილებები პირადი თვისებები უფრო განაპირობებს, ვიდრე პოლიტიკური სტიმულები, რომელთაც ისინი იღებენ. უდავოა, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობენ ექსტრაორდინარული ინდივიდები, რომლებიც იღებენ მძიმე გადაწყვეტილებებს და იცავენ მათ იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ნაბიჯებს პირადად მათთვის. თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით განვითარებული დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური წარმატება, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების მიუხედავად, არ შეიძლება მიეწეროს იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნებს გაცილებით მეტი გამორჩეული ადამიანი ჰყავდათ.
ეკონომიკური განვითარების ამ ფუნდამენტური პრობლემის გადაწყვეტის მეორე მიდგომა გულისხმობს პოლიტიკური ლიდერების ჩამოცილებას ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან. ეს მიდგომა განსაკუთრებით ხაზგასმულია ვოშინგტონის კონსენსუსში. მისი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ქმნის მძლავრ სტიმულს ორთავე მხარისათვის - პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისათვის - მოახდინონ პოლიტიკის ფორმირების პროცესის პოლიტიზირება. ფაქტიურად, მსოფლიოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, პოლიტიკურ ლიდერებს გადამწყვეტი როლი არ ეთამაშათ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. შესაბამისად, ეს ხედვა უტოპიური და არარეალისტურია.
ეს დაკვირვებები იმის მაუწყებელია, რომ ამ პრობლემის დიაგნოზი, რომელიც ეკონომიკურ ლიტერატურასა და ვოშინგტონის კონსენსუსშია ჩამოყალიბებული (სახელდობრ ის, რომ განვითარება მოითხოვს პოლიტიკის დაშორებას ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან), - არასწორია. ნებისმიერი ცდა, დავაშოროთ პოლიტიკა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს გარდაუვლად გამოიწვევს ეკონომიკურ ჩავარდნას.
სიცოცხლისუნარიან ბაზარს სჭირდება მთავრობა, მაგრამ არა ნებისმიერი. საჭიროა ინსტიტუტები, რომლებიც შეზღუდავენ მთავრობას, რათა ეს უკანასკნელი დრაკონულად არ ჩაერიოს ბაზრის საქმიანობაში. ამრიგად, განვითარების პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს პოლიტიკური ინსტიტუტების ისეთ მოწყობას, რომელიც შეზღუდავს მთავრობისა და მთავრობის ცალკეული წევრების დისკრეციასა და ძალაუფლებას. ეს უცილობლად მოითხოვს ისეთი ინსტიტუტების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებათა დაცვას. როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი, თავისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო სწავლული ასკვნის:
,,არსებობს ერთადერთი პრინციპი, რომელსაც შეუძლია, თავისუფალი საზოგადოების დაცვა: სახელდობრ, აღსრულების გარდა, ყველასთვის სავალდებულო წესის, ნებისმიერი ძალადობის მკაცრი პრევენცია.“
განვითარებად სამყაროში იმდენადაა მართვის პრობლემა, რამდენადაც ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. თქმა არ უნდა, განვითარებად ქვეყნებში ფუნდამენტური პრობლემაა არა ის, რომ იქ საკუთრების უფლებები არ არსებობს, არამედ ის, რომ მთავრობას შეუძლია, ცალკეულ პირთა საკუთრების დაცვის ხარჯზე, იმავდროულად დაარღვიოს ან შეზღუდოს სხვათა უფლებები. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა განვითარებადი ქვეყნების მთავრობები თვითნებურად ახდენენ ზოგიერთი ინდივიდის საკუთრებითი უფლებების ხელახალ გადანაწილებას იმათ სასარგებლოდ, ვინც მთავრობის კეთილგანწყობით სარგებლობს. მთავრობებს ასევე შეუძლიათ, ისე წარმართონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომ განამტკიცონ რჩეული ჯგუფების საკუთრებითი უფლებები (მაგალითად, მისცენ საგადასახადო შეღავათები ან საზოგადოებრივი რესურსების ექსპლუატაციის გზით, დააჯილდოვონ ისინი კონცესიებით).
არის შემთხვევები, როდესაც მთავრობა ჩიხში ექცევა ამ პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების გამო და მათ საკუთარი ფისკალური ინტერესებისთვის მიმართავს. განვიხილოთ, მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში მექსიკაში ბანკების პრივატიზების გამოცდილება. როდესაც მექსიკის მთავრობამ მოახდინა ბანკების პრივატიზება, მან შექმნა ძლიერ კონცენტრირებული საბანკო სისტემა. ბანკების შემსყიდველთა აზრით, მათთვის ეს მიმზიდველად გამოიყურებოდა, რადგანაც მათ ერთმანეთისთვის კონკურენცია არ უნდა გაეწიათ. ასეთი ვითარება მიმზიდველად გამოიყურებოდა მთავრობისთვისაც: ამ გზით შესაძლებელი იყო მეტი შემოსავლის მიღება, რადგანაც ინვესტორები ოლიგოპოლიაში მეტს გადაიხდიდნენ, ვიდრე იმ ფირმაში, რომელსაც ძლიერ კონკურენტულ გარემოში მოუწევდა საქმიანობა. რჩებოდა ერთადერთი პრობლემა: მთავრობის შემოსავლების მაქსიმალური ზრდა ნიშნავდა იმას, რომ საბანკო სისტემის ძირითადი კაპიტალი ბანკების შეძენას უნდა მოხმარებოდა; მცირედი სახსრები რჩებოდა რეზერვების უზრუნველსაყოფად, რაც ეკონომიკური არამდგრადობისგან თავდაცვისთვისაა განკუთვნილი. შედეგი ტრაგიკული იყო: პრივატიზებიდან ოთხი წლის შემდეგ, პესოს დევალვაციის წნეხის ქვეშ, საბანკო სისტემამ კოლაფსი განიცადა. ამ რისკის შედეგი მექსიკელი გადასახადის გადამხდელს 100 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც მექსიკის წლიური მშპ-ს დაახლოებით 20%25-ს შეადგენს.
სანქციები და სტიმულები
ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია შეზღუდული მთავრობის არსებობა. მაგრამ საკმაოდ რთულია პასუხი შეკითხვაზე - როგორ. ამ კითხვას ყველაზე ადრე მეჩვიდმეტე საუკუნის ორმა დიდმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა - თომას ჰობსმა და ჯონ ლოკმა უპასუხეს. ეს კითხვა იბადებოდა აშშ-ს კონსტიტუციის წერისას მიმდინარე დებატების დროსაც. უდავოა, რომ ეს იყო მთავარი თემა ფედერალისტთა გაზეთებშიც. უახლოეს წარსულში იგივე საკითხი წამოჭრეს გავლენიანმა ეკონომისტებმა: ფრიდრიხ ჰაიეკმა და ჯეიმს ბიუქენენმა.
არ არსებობს მარტივი რეცეპტი შეზღუდული მთავრობისათვის. ჯერჯერობით ორი პრინციპია გამოკვეთილი. პირველი, ქვეყანამ უნდა შექმნას მექანიზმები და სტიმულები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისა და დონეებისათვის, რათა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გადააჭარბებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მათ ერთმანეთის მიმართ აამოქმედონ სანქციები. მეორე, ეს სანქციები არ შეიძლება განხორციელდეს თვითნებურად ან ad hoc-ის წესით: სანქციის მექანიზმები, თავის მხრივ, კანონით უნდა იყოს შეზღუდული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანქციები არ უნდა იყოს მკაცრი (რეალურად, თუ სანქცია მკაცრი არ არის, იგი სანდო არ არის).
ასეთი სანქციების მექანიზმებისა და სტიმულების შესაქმნელად არსებითად, ორი წესი არსებობს. ერთი არის შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, რომელიც ზღუდავს მძლავრ ცენტრალურ ხელისუფლებას. ასეთ სისტემაში, პოლიტიკური კონკურენცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოთამაშეთა შორის აჩენს სტიმულს ამ მოთამაშეთა მიერ ერთმანეთის მოქმედების კონტროლისათვის. საფრანგეთი ასეთი სისტემის კარგი მაგალითია.
ხელისუფლების შეზღუდვის მეორე გზა არის ფედერალიზმი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების სხვადასხვა დონეების მიერ ერთმანეთის შეზღუდვას. აქ ურთიერთკონტროლის სტიმული ხელისუფლების ცალკეულ დონეს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე უჩნდება. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ ადგილობრივი, შტატისა და ფედერალური მთავრობა, თითოეული ცალცალკე ბეგრავს კონკრეტულ საწარმოს. ყოველმა მათგანმა იცის, რომ გადასახადის გაზრდა არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს დამატებითი ინვესტიციისათვის (ისევე, როგორც სხვა ეკონომიკური დაბრკოლებების შექმნა), რაც საბოლოოდ ამცირებს გადასახადის თანხას, რომლის მიღებასაც ხელისუფლების კონკრეტული დონე ამ ფირმიდან გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების თითოულ დონეს აქვს ძლიერი სტიმული, შეამციროს გადასახადი, რომელსაც ხელისუფლების სხვა დონე ამ ფირმიდან იღებს. შედეგად, ხელისუფლების ერთი დონის ქმედება, რომელიც ზღუდავს ფირმის საკუთრებით უფლებებს, ამასთანავე იწვევს გადასახადის ოდენობის შემცირებას, რაც, ნებისმიერ სხვა დონის ხელისუფლებას შეეძლო შეეგროვებინა. საბოლოოდ ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლების თითოეული დონე არსებითად აბალანსებს სხვა დონეებს, ცენტრალურ მთავრობაში შეკავებისა და გაწონასწორების საჭიროების გარეშეც. ასეთი სისტემის კარგი მაგალითია კანადა.
შეერთებული შტატები არის ორივე სისტემის არაჩვეულებრივი კომბინაცია: ის მოიცავს როგორც შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას ეროვნულ მთავრობაში, ასევე მძლავრ ფედერალურ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უწევს ურთიერთობა მრავალ ინსტიტუტთან, რომელიც ზღუდავს მის თვითნებურ საქმიანობას - ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლოს, შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების და აღმასრულებელი ფედერალური სააგენტოების პროფესიული სამოქალაქო სამსახურების ჩათვლით. ძალაუფლების შეზღუდვის ორივე მეთოდის კომბინაცია უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დაცვის უჩვეულოდ მაღალ ხარისხს.
განვითარებადი სამყაროს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ამ ქვეყნებში არც ერთი ეს სისტემა არ მოქმედებს. ფედერალიზმი და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა ხშირად მარტოოდენ ქაღალდზე - არსებობს, როგორც მექსიკასა და არგენტინაში - მაგრამ რეალობაში არ მოქმედებს. ძალაუფლება ძალიან კონცენტრირებულია ორი თვალსაზრისით: ცენტრალურ მთავრობას აქვს ზედმეტად დიდი ძალაუფლება ფედერალურ სისტემაზე, და ფედერალურ მთავრობაში პრეზიდენტი ფლობს ზედმეტ ძალაუფლებას. ამის გამო ადგილი აქვს თვითნებურ ქცევასა და განვითარების შეფერხებას.
ჩვენ სრულებითაც არ ვამტკიცებთ, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მხოლოდ მთავრობის შემზღუდავი კონსტიტუციაა საჭირო - თუნდაც ორივე, შეკავებისა და გაწონასწორების და ფედერაციული სისტემები. ფაქტიურად, არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც დიდწილად მიბაძეს აშშ-ს კონსტიტუციას - ამის მაგალითია ლიბერია - მაგრამ მათ არც შეზღუდული მთავრობა და არც ეკონომიკური ზრდა არ აქვთ. იმისათვის, რომ კონსტიტუციებმა და კანონებმა პრაქტიკულად იმუშაონ, საჭიროა სხვა რამეც - განათლებული ხალხი, რომელსაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.
თუმცა ეკონომიკური რეფორმის არავითარი ცდა არ გაამართლებს, თუ მოხდება პოლიტიკური რეფორმის თანამდევი საჭიროების იგნორირება. პოლიტიკური საფუძვლისათვის ყურადღების მიქცევის გარეშე, ბაზრები ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, დონორი ორგანიზაციები ყურადღებას უნდა აქცევდნენ ბაზრების პოლიტიკურ უსაფრთხოებას ისევე, როგორც ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მათ შექმნას უზრუნველყოფს.
თარგმნა გია ჯანდიერმა
ჰუვერის ინსტიტუტის დაიჯესტი, 2002 წლის №4. ორიგინალის ნახვა შესაძლებელია მისამართზე:
http://www.hoover.stanford.edu/publications/digest/024/haber.html