![]() |
თავისუფლება № 8 (20), აგვისტო, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ადეიშვილი ზურაბ , ქადაგიშვილი თიკო, სტენჰოლმი ულლე, გუბელაძე ნატო , კოვაჩი ბილ, ბოკერია გიგა , პაპუაშვილი ნუგზარ |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია © თავისუფლება თავისუფლების ინსტიტუტის გამოცემა ყველა უფლება დაცულია WWW. LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 სანქცია დემოკრატიაზე ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სახელით |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ადეიშვილი
გარანტირებულია თუ არა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება?
ჩვენს ქვეყანაში მრავალი მცდარი სტერეოტიპი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი მცდარი ტერეოტიპია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია. უდავოა, რომ ფაქტების და მოსაზრებების გავრცელება შესაძლებელია, მაგრამ ეს კანონმდებლობით ან სასამართლო პრაქტიკით შექმნილი გარანტიებით სულაც არ არის განპირობებული. მიზეზი უფრო ხელისუფლების სისუსტეში უნდა ვეძებოთ, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ გააჩნია. სუსტი ხელისუფლება უუნაროა, ებრძოლოს სიტყვის თავისუფლებას (რომელმაც მას ძალიან მოაბეზრა თავი) ისევე, როგორც უუნაროა, ებრძოლოს კონტრაბანდას, კორუფციას და ა.შ. ამავე დროს, ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ გააჩნია, ვერასოდეს გაბედავს, იერიში მიიტანოს თავისუფალ მედიაზე, ხოლო თუ გაბედავს, ეს შეიძლება მისთვის სავალალოდ დასრულდეს. ამის საუკეთესო მაგალითად 2001 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენებიც გამოდგება.
თუმცა, სხვა მხრივ, ქართული კანონმდებლობა ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს ცივილიზებულ დემოკრატიებში არსებულ სტანდარტებს. სიტყვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების ერთი ნაწილი პოსტკომუნისტური ეპოქის გარიჟრაჟზეა მიღებული, ხოლო სხვა - მოძველებული ევროპული კონცეფციის კომპილაციას წარმოადგენს. ამას თუ წინააღმდეგობრივ სასამართლო პრაქტიკასაც დავუმატებთ, საკმაოდ მძიმე სურათს მივიღებთ. ერთადერთ პროგრესულ მოვლენად თავის დროზე, 1999 წელს, სისხლის სამართლის ახალი კოდექსის პროექტიდან შეურაცხყოფის ამოღება და ცილისწამების მხოლოდ ერთი ფორმის შენარჩუნება შეფასდა. მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ეს პროგრესული გადაწყვეტილებაც საფრთხის წინაშე დადგა - საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის რეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, თანაც ისეთი მოცულობით, რაც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ არსებობდა. პარლამენტში ამ პროექტს სერიოზული წინააღმდეგობა არ გამოუწვევია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის უმეტეს ნაწილს ნამდვილად არა აქვს გაცნობიერებული სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ფასეულობები.
ვითარცა შენ მე შეურაცხმყავ, ეგრეცა მე შენ უარგყავ
სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული შესწორება პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, თუმცა მისი მიღების წინააღმდეგი აღმასრულებელი ხელისუფლება არ ყოფილა. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანაზე იუსტიციის სამინისტროც მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულად ცხადდება ისეთი ცრუ ცნობის გავრცელება, რომელიც დანაშაულში ამხელს ან სხვაგვარად უტეხს სახელს სხვა პირს. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, დასჯადია მხოლოდ ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით. კანონპროექტის მიხედვით კი, პირის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა შესაძლებელია ნებისმიერი არასწორი ცნობის გავრცელების შემთხვევაში.
კანონპროექტი დამამძიმებელი გარემოებების საკმაოდ ვრცელ ნუსხას შეიცავს, კერძოდ, ცილისწამება ,,არაერთგზის, საჯარო გამოსვლისას... ჩადენილი ცილისწამებისთვის ადრე მსჯავრდებული პირის მიერ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალებით ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნით.“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ასეთი ცნობების გავრცელება ასევე დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ამისათვის პირს შესაძლოა, ორი წლით მოუწიოს ციხეში ,,გასეირნება“.
კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 1481 მუხლი, რომლითაც დასჯადად ცხადდება შეურაცხყოფა. შეურაცხყოფად ჩაითვლება სხვისი პატივისა და ღირსების შელახვა. ეს საკმაოდ ფართო განმარტებაა. 1999 წლამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, შეურაცხყოფად ითვლებოდა სხვისი პატივისა და ღირსების შელახვა, გამოხატული უხეში ფორმით. ანუ განსხვავება ის არის, რომ იმისდა მიუხედავად, მცდარია თუ უტყუარი გავრცელებული ინფორმაცია, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ამ უტყუარი ინფორმაციით მისი პატივი და ღირსება შეილახა, კანონპროექტის მიხედვით, დღის წესრიგში დგება პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე დროს, აუცილებელი არ არის, რომ პატივის და ღირსების შელახვა უწესო ფორმით იყოს გამოხატული. პრაქტიკულად, ნებისმიერი გამონათქვამისათვის, რომელიც ოდნავ მაინც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას, შესაძლებელია, ადამიანი სისხლის სამართლის წესით გასამართლდეს და ამისათვის მას სასჯელი დაედოს. მაგალითად, თუ ვინმე მკვლელობის ნამდვილ მონაწილეს ,,მკვლელს“ უწოდებს, მას უჩივლებენ და გაასამართლებენ იმ ადამიანის შეურაცხყოფისათვის, რომელიც სასამართლომ მსჯავრდებულად ცნო.
თუ ცილისწამება განზრახ დანაშაულს წარმოადგენს (პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ცრუ ცნობებს ავრცელებს), შეურაცხყოფა გაუფრთხილებლობითაცაა შესაძლებელი. ეს კიდევ უფრო ამარტივებს საკითხს, დაისვას ჟურნალისტთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ისევე როგორც ცილისწამებას, შეურაცხყოფასაც მაკვალიფიცირებელი ანუ დამამძიმებელი პუნქტები გააჩნია. უფრო მკაცრად ისჯება შეურაცხყოფა ,,არაერთგზის, საჯარო გამოსვლისას... ჩადენილი ცილისწამებისთვის ადრე მსჯავრდებული პირის მიერ“. ცილისწამების მსგავსად შეურაცხყოფა პრესის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ან კომპიუტერული ქსელის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დამამძიმებელ გარემოებად ცხადდება შეურაცხყოფა ან ცილისწამება, რამაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ასეთი ქმედებისათვის კანონპროექტი მაქსიმალურ სასჯელად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს დებულება ეხმიანება აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პოზიციას, რომლებიც ითხოვდნენ პასუხისმგებლობის გამკაცრებას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის თვითმკვლელობის შემდეგ.
დასჯადია თუ არა შეურცხყოფა და ცილისწამება დემოკრატიულ სამყაროში?
ცილისწამების და შეურაცხყოფის მომხრეები თავისი არგუმენტების გამყარებას ყოველთვის ევროპული სახელმწიფოების მაგალითებით ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ ასეთი ქმედებები ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობაში დასჯადია. ასეთი მტკიცება საფუძველს მოკლებულია. მართალია, რამოდენიმე სახელმწიფოში (ავსტრია, რუმინეთი, საბერძნეთი და ა.შ.) ცილისწამების რამოდენიმე ფორმა დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი დანაშაულებისათვის სასჯელის დადება თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს წარმოადგენს. რამოდენიმე ქვეყანაში მათ საერთოდ აღარ იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასეთ დანაშაულს ითვალისწინებს. ბევრ ქვეყანაში ამგვარი დანაშაულებები საერთოდ გაქრა სისხლის სამართლის კოდექსებიდან. სხვაგან კი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერები რუდიმენტის სახით შემორჩა და მას მხოლოდ ისტორიული და არასამართლებრივი ღირებულება გააჩნია.
იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სასამართლომ ცილისწამების მუხლი გამოიყენა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ასეთი განაჩენები სიტყვის თავისუფლებაში ჩარევად შეაფასა.
ცნობილ საქმეზე ლინგერსი ავსტრიის წინაააღმდეგ ევროსასამართლომ მიუთითა:
,,სასჯელი წარმოადგენს... თავისებურ ცენზურას. პოლიტიკური დისკუსიის კონტექსტში ამგვარი განაჩენის არსებობა ბევრ ჟურნალისტს გაუნელებს სურვილს, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემათა საჯარო განხილვაში. ამ განაჩენით დაწესებულ სანქციას შეუძლია, ხელი შეუშალოს პრესას, განახორციელოს მასზე დაკისრებული ამოცანა (ინფორმაციის გავრცელება) და შეასრულოს საზოგადოების ,,დარაჯის“ ფუნქცია.“
საქმეზე ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ აღნიშნა:
,,კონვენციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს, საზოგადოების პროგრესისა და საზოგადოების თითოეული წევრის თვითრეალიზაციის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. სიტყვის თავისუფლება მოიცავს არამარტო ,,ინფორმაციას“ ან ,,იდეას“, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან ან რომელიც ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან ამაღელვებელია. სწორედ ასეთია შემწყნარებლობის, ლიბერალიზმისა და პლურალიზმის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ,,დემოკრატიული საზოგადოება“ წარმოუდგენელია.“
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სულისკვეთებისათვის მიუღებელია ცილისწამების ან შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია. სწორედ ამიტომ ევროპის საბჭოს პატივის და ღირსების დაცვის საუკეთესო ფორმად სამოქალაქო სამართალწარმოება მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოხსენებაში, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობის მიმართ, პირდაპირაა მითითებული:
,,საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სისხლის სამართლის 148-ე მუხლში დამატებების შეტანა, და ეს მუხლი საერთოდ გააუქმოს.“
როგორც ხედავთ, ევროპის საბჭოს პოზიცია ცალსახადაა გამოხატული ცილისწამების და შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის საწინააღმდეგოდ.
თუკი ცილისწამების კრიმინალიზაცია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილია, ცილისწამებისათვის ან შეურაცხყოფისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლებრივი წესით არასოდეს ისჯებოდა. აშშ-ს კონსტიტუცია სიტყვის თავისუფლებისათვის იმდენად მნიშვნელოვან გარანტიებს აწესებს, რომ ამ კონცეფციაში
ცილისწამების კრიმინალიზაციისათვის ადგილი ნამდვილად ვერ გამოინახება. აშშ-ში სამართლებრივი წესით არათუ არ ისჯება ცილისწამება ან შეურაცხყოფა, არამედ ჟურნალისტს საჯარო პირზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც კი არ ეკისრება, თუ ეს ბოროტი განზრახვით არ არის გაკეთებული.
დასკვნა
სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმების შედეგად პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად აღარ წარედგინება. სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო სერიოზული საფრთხე ამჯერად თავიდან არის აცილებული. მაგრამ საფრთხე კვლავ რჩება. როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პარლამენტში პერიოდულად ჩნდებოდა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკისათვის სისხლის სამართლებრივ სანქციას ითვალისწინებდა. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანა დაავალა. ეს დავალება“ ცილისწამებისათვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ამასთანავე საჯარო მოხელის ცილისწამებისთვის - გაცილებით მკაცრ სასჯელს. ამ ცვლილებებს უკვე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომლის მოხსენებაში აღნიშნულია: დემოკრატიულ საზოგადოებაში ცილისწამებისათვის მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს. ჟურნალისტური სიტყვის კრიმინალიზაცია დაუშვებელია, მით უფრო დაუშვებელია გაზრდილი სანქცია საჯარო პირის ცილისწამებისათვის. იმედია, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც ამ კანონპროექტის ბედს გაიზიარებს.
![]() |
2 ჩვენი თქვენი ეთიკა |
▲ზევით დაბრუნება |
გასული წლის 16 სექტემბერს IRIS-საქართველოს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე ,,სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში“ პოლიტიკოსებმა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ორმხრივ ვალდებულებას ითვალისწინებდა. სახელდობრ:
,,პოლიტიკოსები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ სიტყვის თავისუფლების მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ,,სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის“ მიღება.“
,,სამოქალაქო სექტორი, მედიისა და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ თვითრეგულირების მექანიზმების ფორმირებისა და ჟურნალისტური ეთიკის მყარი პრინციპების შემუშავებისკენ, რისი უშუალო გამოხატულებაც იქნება მედიის ,,პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კოდექსი.“
,,სიტყვის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი მას შემდეგ საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში არ მოხვედრილა. პარლამენტმა 6 ივნისს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში იმ ცვლილებების შესატანად მოიცალა, რომლებიც ცილისწამების გამკაცრებასა და შეურაცხყოფის დამატებას შეეხება. მედიამ და უფლებადამცველებმა თავიანთი ვალდებულება შეასრულეს და 2003 წლის 14-15 მაისს ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ სემინარზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს ,,მედიის პროფესიული სტანდარტი“.
შემდეგი ეტაპი თვითრეგულირების ისეთი მექანიზმის შემუშავებაა, რომელიც ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით საინტერესო გამოცდილებაა აქვს შვედეთს. ამჯერად გთავაზობთ ორი შვედი პრესომბუდსმენის - ყოფილის და ამჟამინდელის მოსაზრებებს ჟურნალისტური თვითრეგულირების მექანიზმებზე.
![]() |
3 ...ქართველი ბიზნესმენი შვედ ომბუდსმენთან |
▲ზევით დაბრუნება |
პერ არნე იუგენიუსი
შვედეთის ყოფილი პრესომბუდსმენი
ლექცია
თბილისი, 13 დეკემბერი, 2002 წელი
თავდაპირველად მინდა წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი. მე ვიყავი შვედური გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი და ხელმძღვანელი. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ყველა რედაქტორი პასუხისმგებელია გაზეთზე. ერთის მხრივ, ეს ასეა, მაგრამ შვედეთში განსხვავებული სისტემა მოქმედებს. გაზეთის რედაქტორი და ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც გაზეთში იბეჭდება. ტექსტის დამწერს ლეგალური პასუხისმგებლობა არ აკისრია. პრესის კანონის თანახმად, ამ პასუხისმგებლობას თავად რედაქტორი იღებს საკუთარ თავზე. შესაძლოა, ეს ცოტა უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ცუდი ტექსტის დაწერა და ამით არაფერს ვაშავებთ. ზიანის მიყენება კი მაშინ ხდება, როცა ტექსტს ვაქვეყნებთ. ვინ უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა ტექსტის დაბეჭდვა? - სწორედ გაზეთის რედაქტორმა. არც ერთი ერი არ ცდილობს ამ სისტემის დანერგვას. ეს სისტემა შვედეთში უკვე ორასი წელია რაც მუშაობს და მას მხარს უჭერენ არა მარტო რედაქტორები, არამედ ჟურნალისტთა კავშირიც. სისტემამ გაამართლა და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ პასუხისმგებელი რედაქტორი სარედაქციო განყოფილებისთვის ერთგვარ ქოლგად იქცა.
თუ თქვენ გყავთ ახალგაზრდა გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც თქვენს გაზეთში აქვეყნებს სტატიებს, ის პასუხს არ აგებს თავის ნაწერზე და მას არავინ დაადანაშაულებს მისი ჟურნალისტური გამოძიების გამო. რისკის გაწევა უწევს რედაქტორს, ჟურნალისტს კი შეუძლია, წეროს და იმოქმედოს თავისუფლად. რადგანაც რედაქტორი ლეგალურად პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც გაზეთში ქვეყნდება, მას დიდი უფლებამოსილება ენიჭება: ის წყვეტს დაიბეჭდება თუ არა გაზეთში ესა თუ ის სტატია; ჟურნალისტთან ერთად განიხილავს მასალას და მიუთითებს შეცდომაზე, რადგან მომავალშიც მას მოუხდება ნაწერის შეფასება.
კიდევ ერთი დეტალი: ვინ არის ჟურნალისტი? შვედეთში ყველას აქვს უფლება, თავის თავს ჟურნალისტი უწოდოს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები არ წყვეტენ, თუ ვის შეიძლება დაერქვას ჟურნალისტი. არც მთავრობას აქვს ამის გადაწყვეტის უფლება და ეს შვედურსკანდინავიურიტრადიციაა.
შვედეთში ბევრი ომბუდსმენია (ომბუდსმენი შვედური სიტყვაა): პარლამენტის ომბუდსმენი; სამართლიანობის ომბუდსმენი; თანასწორუფლებიანობის ომბუდსმენი და პრესის ომბუდსმენი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ომბუდსმენს მთავრობა ნიშნავს, ზოგს მაღალი რანგის თანამდებობის პირი ან პარლამენტი. პრესომბუდსმენს კი ირჩევს არა მთავრობა ან პარლამენტი, არამედ სპეციალური კომისია, რომელიც თვითრეგულირების სისტემას წარმოადგენს.
საქართველოში შესაძლოა, ომბუდსმენებს შორის კონკურენცია არ მოეწონოთ, მაგრამ შვედეთი ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, რომ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რამდენიმე ომბუდსმენს ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუძლია ერთ საზოგადოებაში მუშაობა. ჩემი აზრით, თუ თქვენ საქართველოში თვითრეგულირების სისტემის შემოღება გსურთ, ეს ინიციატივა რამდენიმე ხარისხიანმა გაზეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ასეთ გაზეთებს ეყოლებათ ერთი საკუთარი ომბუდსმენი, რაც მათივე საქმიანობას მოუტანს სარგებელს. მეორე ალტერნატივაა თვითრეგულირების სისტემის შემოღება მთელი პრესისთვის, რაც გაცილებით რთული მისაღწევია. მესამე ვარიანტი არა მარტო პრესისთვის, არამედ ტელე და რადიო მაუწყებლობისთვის ანუ მთლიანად მედიასექტორისთვის თვითრეგულირების სისტემის დანერგვაა. შვედეთში განსხვავებული მოდელია: პრესომბუდსმენი მხოლოდ ბეჭდურ პრესას უძღვება და არა ტელევიზიას და რადიოს. ამ უკანასკნელ ორს შვედეთში თვითრეგულირების სისტემა საერთოდ არ გააჩნია. ჟურნალისტურ საქმიანობას და ხარისხს სამაუწყებლო კომისია აკონტროლებს. ასეა დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ალბათ, იკითხავთ - რატომ?
შვედეთს თავისუფალი, დამოუკიდებელი პრესის ორასწლიანი ტრადიცია აქვს. ბევრ სხვა ქვეყანაში კი პირიქით, ჯერ რადიო და შემდეგ სატელევიზიო კომპანიები წარმოადგენდნენ სახელმწიფო მონოპოლიებს და მათ სპეციალური სამაუწყებლო კომისია აკონტროლებდა. როგორც ხედავთ, რადიოს, ტელევიზიისა და პრესის მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
მოდით, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ ირჩევს პრესომბუდსმენს. შვედეთში ამ ინსტიტუტის უკან სამი დიდი მედიაორგანიზაცია დგას:
1. საგამომცემლო გაერთიანება, რომელიც დამქირავებელი, მესაკუთრე ორგანიზაციაა;
2. ჟურნალისტთა გაერთიანება. ის უნიკალურია. ყველა დამქირავებელი ორგანიზაცია, რომელიც ამ გაერთიანებასთან თანამშრომლობს, თანასწორუფლებიანია ისეთ დელიკატურ საკითხშიც, როგორიცაა თვითრეგულირების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ შვედეთში 1766 წლიდან არსებობს. პრესისა და აზრის გამოთქმის თავისუფლება გარანტირებულია უმთავრესი კანონით - კონსტიტუციით. პრესის თვითრეგულირების სისტემა, რომელიც იცავს საზოგადოების ინტერესებს, მსოფლიოში პირველად შვედმა ჟურნალისტებმა შექმნეს. პრესის საბჭო შვედეთში 1916 წელს დაარსდა, ხოლო პრესომბუდსმენის ინსტიტუტი 1969 წელს ჩამოყალიბდა. ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი შვედეთში პირველად 1923 წელს მიიღეს. მას შემდეგ ის რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სახელწოდებით: ,,ეთიკური ნორმები პრესის, რადიოსა და ტელევიზიისათვის“. ამ დოკუმენტის საფუძველზე მუშაობს დღესდღეობით შვედეთის პრესის საბჭო და მის მიერ დანიშნული პრესომბუდსმენი.
3. ეროვნული პრესკლუბი. ეს არის არაპოლიტიკური გაერთიანება და მისი წევრები არიან ჟურნალისტები, რედაქტორები, გაზეთის მფლობელები, ინტელექტუალი ხელმძღვანელები.
ამ სამმა ორგანიზაციამ დაარსა კომისია, რომელიც თანამშრომლობს პრესასთან, პასუხისმგებლია პრესის საბჭოს წესდებაზე, ასევე აკონტროლებს ეთიკის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. სამივე ორგანიზაცია აფინანსებს საბჭოს და პრესომბუდსმენს, თუმცა ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი გამომცემელთა გაერთიანებიდან მოდის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მთლიანი სისტემა დახმარებას არ ღებულობს მთავრობის ან პარლამენტისგან.
ახალი პრესომბუდსმენის არჩევისას შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ სამართლიანობის ომბუდსმენი და ზემოთნახსენები პრესორგანიზაციების თავმჯდომარეები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არავითარ მონაწილეობას არ იღებენ მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკოსები.
შვედეთში ჯერ პრესსაბჭო შეიქმნა (ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში), მოგვიანებით კი, 1969 წელს დაარსდა პრესომბუდსმენის სამსახური, რადგან პრესაში არსებული მდგომარეობა მეტად არასახარბიელო იყო და პრესსაბჭოს ბევრი მუშაობა უწევდა. ამიტომაც პრესომბუდსმენი თვითრეგულირების სისტემის უფრო გვიანი საფეხურია (1916-1969).
საინტერესოა ისიც, თუ როგორ მუშაობს თვითონ სისტემა: ყველას, ვინც თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის, ან რომელიმე გაზეთში არაზუსტ ინფორმაციას აღმოაჩენს, შეუძლია იჩივლოს პრესომბუდსმენთან. მთავარი პირობაა, რომ პუბლიკაცია უშუალოდ იმ ადამიანს ეხებოდეს, ვინც პრეტენზიას გამოთქვამს. რაც შეეხება ტელევიზიას, ყველას შეუძლია, უჩივლოს სამაუწყებლო კომისიას სატელევიზიო პროგრამების გამო, რადგან სატელევიზიო სისტემა მთლიანად საზოგადოების მიერ ფინანსდება და ამიტომ ყველა მოქალაქეს, ყველა გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება, იჩივლოს ნებისმიერ საკითხზე. პრესის თვითრეგულირების სისტემა კი ამ უფლებას მხოლოდ იმათ ანიჭებს, ვინც თვითონ დაზარალდა, ე.ი. ვისი უფლებაც შეილახა. მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას სტატია არ მოეწონა, საჩივარს არ განიხილავენ. აუცილებლად უნდა იყოს მიზეზი, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება მომჩივანთან. პრესომბუდსმენს შესაძლოა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმაც მიმართონ. მაგალითად, თუ რომელიმე ქართველი ბიზნესმენი არასახარბიელო სიტყვებით მოიხსენია რომელიმე შვედურმა გაზეთმა და მისი უფლებები შეილახა, ქართველ ბიზნესმენს შეუძლია, მიმართოს შვედეთის პრესომბუდსმენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრესომბუდსმენის კონსულტაციები და გაწეული დახმარება უფასოა. ასეთი პრაქტიკა გამართლებულია დემოკრატიული თვალსაზრისით: ყველა მოქალაქეს, ყველაზე ღარიბსაც კი ეძლევა საშუალება, მიმართოს პრესომბუდსმენს. შესაძლოა, პიროვნებამ იჩივლოს სასამართლოში პასუხისმგებელი რედაქტორის ან კომპანიის წინააღმდეგ და ფინანსური კომპენსაციაც მიიღოს, მაგრამ ეს რისკთან არის დაკავშირებული და ძვირიც ჯდება. პრესომბუდსმენის საშუალებით პრობლემის მოგვარება კი უფასოა. პრესომბუდსმენს შეიძლება მიმართონ მთავრობის წევრებმა, კომპანიებმა და ორგანიზაციებმაც კი.
შვედური პრაქტიკის თანახმად, არ შეიძლება ცილისმწამებლური პუბლიკაციების დაწერა იურიდიულ პირზე და შესაძლოა, ინდივიდუალურ პირებზე. მაგრამ შესაძლოა, ამგვარი რამ იურიდიულ პირებსაც შეემთხვეთ. გაზეთი მხოლოდ იმის გამო არ შეიზღუდება, რომ მასში რომელიმე გამოჩენილ პიროვნებაზე ცილისმწამებლური სტატია დაიბეჭდა. ეს ხარვეზი შეიძლება, შესწორებების საშუალებით მოგვარდეს.
გარკვეული შეზღუდვები პრეს-ომბუდსმენზეც ვრცელდება. შეტანილი საჩივარი უნდა ეხებოდეს სტატიას, რომელიც გაზეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში გამოქვეყნდა. ე.ი. პრესომბუდსმენი განიხილავს შედარებით ახალ მასალებს. განცხადების შეტანას აზრი არა აქვს ერთი წლის შემდეგ. 90 დღე არის დროის ლიმიტი. თუ პიროვნება 90 დღის განმავლობაში არ იმოქმედებს, პრესომბუდსმენი საკითხს აღარ განიხილავს.
პრესომბუდსმენს ორმხრივი მუშაობა უწევს:
1. როდესაც გაზეთი უშვებს შეცდომას, რომელიც შესწორებით ვერ გამოსწორდება და შესაძლოა, საქმე პრესსაბჭოს გადაეცეს;
2. როდესაც პრესომბუდსმენი მოლაპარაკებაზე მიდის გაზეთთან, ცდილობს საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარებას და გადაწყვეტილების მიღებას.
მაგალითად, სტატია იბეჭდება ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. პიროვნება უკავშირდება პრესომბუდსმენს და დახმარებას სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის შესწორების შესაძლებლობა არსებობს, პრესომბუდსმენი შესაძლოა, ტელეფონით დაუკავშირდეს გაზეთის რედაქტორს, განიხილოს მასთან ერთად შეცდომები და კვირის ბოლომდე პრობლემა მოგვარდეს. ეს არის თვითრეგულირების საუკეთესო სისტემა, რომელიც დახმარებას უწევს როგორც დაზარალებულ პირს, გაზეთსაც უამრავ პრობლემას უხსნის. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პრესომბუდსმენს რედაქტორად მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს, რადგანაც რედაქტორთან მას საკითხის მხოლოდ თეორიული გარჩევა არ მოუწევს.
ეთიკური ნორმების თანახმად, არ არის სასურველი განურჩევლად ყველაფერზე წერა. შვედეთში კი სისტემა კონცენტრირებულია იმაზე, შეილახა თუ არა სტატიაში კონკრეტული პიროვნების უფლებები, ანუ ეხებოდა თუ არა ცილისწამება თვით ამ პიროვნებას.
მთავარი ეთიკური ნორმაა, ჟურნალისტმა აუდიტორიას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამაზედაც ზრუნავს ომბუდსმენი. სისტემას, როცა პრესომბუდსმენი და მისი სამსახური ოპერატიულად უკავშირდება გაზეთს, შვედეთში დაუყონებლივი პრესის ეთიკას უწოდებენ.
მოამზადა თიკო ქადაგიშვილმა
![]() |
4 ,,პრესომბუდსმენი ცენზორი არ არის“ |
▲ზევით დაბრუნება |
ულლე სტენჰოლმი
ინტერვიუ შვედეთის ამჟამინდელ პრესომბუდსმენთან ულლე სტენჰოლმთან
ბატონო ულლე, როგორია თქვენი საქმიანობის სპეციფიკა, რა უფლებები და მოვალეობები აქვს შვედეთში პრესომბუდსმენს?
თავდაპირველად ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ჩვენი სისტემა არის პრესის მიერ ნებაყოფლობით შექმნილი და ახორციელებს კონტროლს ჟურნალისტიკის ეთიკური ნორმების დაცვაზე, ხელს უწყობს პრესის თავისუფლებას და ამავე დროს, იცავს საზოგადოების ინტერესებს. თუმცა, ამ სისტემას იურიდიული, კანონის ძალა არა აქვს.
პრესომბუდსმენის ინსტიტუტი ძირითადად გახლავთ პირველი ინსტანცია, რომელიც პრესის მიმართ არსებულ საჩივრებს განიხილავს. ჩვენთან საჩივარი უნდა შემოვიდეს პრესაში პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში და მომჩივანი პირადად უნდა იყოს შეურაცხყოფილი.
ომბუდსმენი, პირველ რიგში, შეისწავლის იმ ფაქტს, რომლის შესახებაც წერდა გაზეთი და თუ ჩათვლის, რომ საინფორმაციო საშუალებას არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, უარყოფით პასუხს გაუგზავნის მომჩივანს. ხოლო თუ ფაქტების შემოწმების შედეგად ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გაზეთმა მართლაც დაარღვია დადგენილი სტანდარტი, მას არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე ზომა რედაქციის მიმართ. ასეთ შემთხვევაში პრესომბუდსმენი საქმეს პრესის საბჭოს გადასცემს და მას გამოაქვს გადაწყვეტილება. უმრავლეს შემთხვევაში (80 პროცენტი) პრესის საბჭოსა და პრესომბუდსმენის აზრი ერთმანეთს ემთხვევა.
როდესაც პრესის საბჭოს გამოაქვს გაზეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რედაქცია ვალდებულია, გამოაქვეყნოს ეს კრიტიკული გადაწყვეტილება თვალსაჩინო ადგილზე და ამავე დროს, გადაიხადოს შესაბამისი ჯარიმა. მაღალტირაჟიანი გაზეთებისთვის ეს თანხა 25000 შვედურ კრონს (3000 დოლარს) შეადგენს, ხოლო დაბალტირაჟიანებისთვის - გაცილებით ნაკლებია.
ვისთან მიდის ეს თანხა - მომჩივანთან თუ?
მომჩივანთან არა. ჯარიმის სახით გადახდილი თანხა პრესის საბჭოს ბიუჯეტს ემატება. მომჩივანი საერთოდ ვერ იღებს თანხას, მას მხოლოდ მორალური გამართლება აქვს. თუ თანხა სურს, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიმართოს.
ძირითადად რა სახის საჩივრები შემოდის თქვენთან, მაინც რაზე ედავებიან პრესას?
უმეტეს შემთხვევებში ადამიანებს აღიზიანებთ, როცა პრესაში ქვეყნდება მათი სახელი, გვარი ან ფოტო უარყოფით კონტექსტში, ეს შეიძლება იყოს როგორც რიგითი ადამიანი, ასევე ჩინოვნიკი თუ პოლიტიკოსი...
იქნებ რაიმე კონკრეტული მაგალითი გაიხსენოთ...
ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე, თითოეული შემთხვევა ძალიან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია: როცა საქმე ეხება ოფიციალურ, საჯარო პირებს, ადამიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი თანამდებობები უჭირავთ, ისინი, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არიან, მეტად ითმინონ პრესის კრიტიკა. ხოლო თუ საქმე ეხება რიგით, ჩვეულებრივ ადამიანებს და პრესამ მათთან მიმართებაში დაარღვია ეთიკური ნორმები, ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრები ვართ პრესის მიმართ.
თუმცა, ბოლო პერიოდში მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა: ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაზეთის წინააღმდეგ საჩივარი შემოიტანა. მოხდა ასეთი ფაქტი - ამერიკაში 11 სექტემბრის ცნობილ მოვლენებამდე ორი დღით ადრე ამ ახალგაზრდას აეროპორტში, ხელჩანთაში დატენილი იარაღი აღმოუჩინეს. თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გადასცა ამ ახალგაზრდას გვარი და მასთან დაკავშირებული შემთხვევა. ის დააკავეს. სწორედ ამ ახალგაზრდამ შემოიტანა საჩივარი, რადგანაც თვლიდა, რომ მის მიმართ პრესამ ეთიკური ნორმები დაარღვია. მე ძალზედ ყურადღებით გავეცანი იმ მასალებს, რომლებიც გაზეთმა ამ პიროვნების შესახებ გამოაქვეყნა, მაგრამ ჩავთვალე, რომ საინფორმაციო საშუალებას ეთიკური ნორმები არ დაურღვევია, რადგანაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ფაქტი დააფიქსირეს და არსად უთქვამთ, რომ ეს პიროვნება რაიმეში იყო დამნაშავე. ამიტომ ეს საჩივარი არ დავაკმაყოფილე. მან გამოიყენა თავისი უფლება და ჩემი გადაწყვეტილება პრესის საბჭოში გაასაჩივრა. პრესის საბჭომაც ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგანაც გაზეთი მართალი იყო.
ბატონო ულლე, რამდენად არის დაშვებული ფარული კამერის გამოყენება შვედეთში?
ფარული კამერის გამოყენება შვედეთში კანონით არის დაშვებული, თუმცა, ეთიკური თვალსაზრისით ეს საკამათო თემაა. ამ საკითხთან დაკავშირებით არცთუ დიდი ხნის წინ ძალიან დიდი დისკუსია გაიმართა, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შვედეთის ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული პროგრამით (ეს პროგრამა იყენებს ფარული კამერის მეთოდს), გადაიცა პოლიტიკოსების ისეთი პირადი საუბრები ემიგრანტების შესახებ, რომელსაც აღნიშნული პოლიტიკოსები საჯაროდ და კამერის წინ არასოდეს იტყოდნენ. ეს მათი ფარული აზრები იყო...
პრინციპში, პირადად მე ყოველთვის მზად ვარ, დავიცვა ფარული კამერით მუშაობის მეთოდი, თუ საკითხი საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ რესპონდენტები არიან თანამდებობის პირები ან პოლიტიკოსები და არა - რიგითი ადამიანები. ამავდროულად ვთვლი, რომ არ უნდა არსებობდეს სხვა გზა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასეთ შემთხვევაში ფარული კამერით გადაღება ნამდვილადგამართლებულია.
საერთოდ, რამდენად ხშირია პრესის დაჯარიმების შემთხვევები შვედეთში?
ზუსტი ციფრის მოყვანა ასე სახელდახელოდ მიჭირს, თუმცა, პრესის დაჯარიმების შემთხვევები ნამდვილად არის. წელიწადში დაახლოებით 400-მდე საჩივარი შემოდის. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სისტემას ამ ჯარიმების სახით წელიწადში მილიონი კრონი შემოსავალი აქვს. მთლიანად ჩვენი წლიური ბიუჯეტი 4,5 მილიონი კრონია. ჯარიმების წილი დაახლოებით 20%25-ია. ბევრია ეს თუ ცოტა, თავად განსაჯეთ.
ბატონო ულლე, საქართველოში, სადაც ახლა მზადდება ნიადაგი თვითრეგულირების სისტემის შემუშავებისთვის, ჟურნალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ პრესის საბჭოსა თუ პრესომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება ქვეყანაში სიტყვისა და აზრის თავისუფლებას შეზღუდავს. რამდენად რეალურია ასეთი საშიშროება?
ძალიან კარგად მესმის, რომ ასეთი შეხედულება არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ - რუსეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და სხვაგანაც. ცხადია, ასეთი შიშის მიზეზი საბჭოური გამოცდილებაა. მათი არგუმენტია - როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ სახელმწიფო ცენზურას და ახლა რა საჭიროა საკუთარი თვითცენზურის შექმნა?
ჩვენ, შვედებს ასეთი ისტორიული გამოცდილება არა გვაქვს. სამაგიეროდ, ჩვენთან სიტყვისა და პრესის თავისუფლებას ძალზედ დიდი ხნის ისტორია აქვს და ეს თავისუფლება საკმაოდ ფართოცაა. პრესამ თვითონ შემოიღო ეს სისტემა, რათა საზოგადოების წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა აემაღლებინა. ჩვენ ცენზურა საუკუნეების მანძილზე არ გვქონია და ამდენად ჩვენში არც თვითრეგულირების სისტემა მიაჩნია ვინმეს ცენზურად. იგი საკმაოდ კარგად მუშაობს ჩვენთან. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც შეისწავლით და თავადვე შექმნით პრესის თვითრეგულირების ისეთ სისტემას, რომელიც მისაღები და გამოსადეგი იქნება თქვენი ქვეყნისთვის.
პირადად მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ თვითრეგულირების მექანიზმების შექმნა დადებითი პროცესია როგორც საზოგადოებისთვის, მკითხველისთვის, ისე - თვით პრესისთვისაც. ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს, წინასწარ იფიქრონ იმაზე, რასაც აკეთებენ. შვედეთში ყველაზე მნიშვნელოვანია სამი ძირითადი პრინციპი - სიმართლე, უფლება, თანაგრძნობა! - ჟურნალისტი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ამ პრინციპებს მუშაობის პროცესში. პრესომბუდსმენიკი თვალყურს ადევნებს სწორედ ჟურნალისტთა მხრიდან ეთიკური კოდექსის პრინციპების დაცვას. თუმცა, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პრესომბუდსმენი ნამდვილად არ არის ცენზორი!
ესაუბრა ნატო გუბელაძე
გაზეთ ,,P.S.“-ის მთავარი რედაქტორი
![]() |
5 ჟურნალისტიკა და პატრიოტიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ბილ კოვაჩი
2001 წლის 11 სექტემბერს ძალზედ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოექცა ყურადღების ცენტრში. 11 სექტემბრის წინა თუ შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო მოვლენების აღნუსხვა ყოველგვარი განმარტებებისა და დაზუსტებების გარეშე. მაგრამ საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი, რაც 11 სექტემბერს მოხდა იყო ის, რომ მილიონობით ამერიკელისათვის დროულმა, ზუსტმა და ყოვლისმომცველმა ინფორმაციამ უეცრად ისევ სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა.
საკაბელო და ტელემაუწყებლობები ისეთ ჩანაწერებს აკეთებდნენ, რომლებიც სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან არავის უხილავს. ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს აუდიტორია რეკორდულად გაიზარდა. ინტერნეტის საძიებო სისტემა ,,გუგლი” გადატვირთული იყო გაზეთებისა და ტელევიზიების ვებ-გვერდების ჩაწერით. პირველი იერიშის შემდგომ საათებში საინფორმაციო ვებ-გვერდების მოხმარება საოცრად გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი ათწლეულის წინათ ამერიკამ უარი თქვა სერიოზულ ახალ ამბებზე და ჭორების, რეკლამებისა და გართობის სამყაროში ჩაიძირა, უეცრად ჩვენ ხელმეორედ აღმოვაჩინეთ სანდო და უტყუარი ინფორმაციის შეუცვლელი ძალა.
დღევანდელ არაპროგნოზირებად და საშიშ მსოფლიოში საზოგადოებრივ ჟურნალისტიკას კვლავ განსაკუთრებული მისია აკისრია, რათა თავი გავართვათ წინასწარ დაუგეგმავ, საშიშ მოვლენებს, შევისწავლოთ საფრთხის წყარო და მისი ბუნება. სამყაროში, სადაც კომუნიკაციის ფორმები ლიმიტირებული არაა, რაზეც ყველას მიგვიწვდება ხელი, ეს დადასტურებული, კონტექსტუალურად დალაგებული ინფორმაციაა.
როცა სახეზეა ბუნებრივი კატასტროფა, ეკონომიკური მარცხი თუ ომი, ჩვენ ვიღებთ შესაბამისი ინფორმაციას. მაგრამ მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის აგონია და სასოწარკვეთა მინელდა და ჩვენ, როგორც ორგანიზებულმა ერმა მივიღეთ ეს გამოწვევა, ხელისუფლება და საზოგადოების უმეტესობა ილტვის, მოთოკოს მადა მიუკერძოებელ, დროულ და სარწმუნო ინფორმაციაზე.
მაშინ, როცა საზოგადოების მთავარი ინსტიტუტები საფრთხის წინაშეა და თვითმმართველ ხალხს ყველაზე მეტად ესაჭიროება ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ჟურნალისტებს სთხოვენ, არ დასვან შეკითხვები, არ გააღიზიანონ ხელისუფლება; სთხოვენ შეზღუდონ თავიანთი აგრესიული მონიტორინგი ძალაუფლების წარმომადგენლებზე, მოთოკონ თავიანთი სკეპტიკური ბუნება.
ხელისუფლების წარმომადგენლები და მათდაგვარად მოაზროვნენი ერთნაირად კითხულობენ: ,,თქვენ ჯერ ამერიკელი ხართ, თუ ჯერ ჟურნალისტი?” ეს შეკითხვა დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტიკის როლის ფუნდამენტურად არასწორ გაგებაზე მიუთითებს, არც ის არის სწორი, რომ პრესა აღშფოთებას მხოლოდ სარისკო მომენტში გამოხატავს.
მწამს, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გადაუდებელ, სარწმუნო და თანმიმდევრულ საგანმანათლებლო კამპანიას, რათა მოხდეს საზოგადოების გათვითცნობიერება იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ფაქტიურად, უმაღლესი მოქალაქეობრივი ვალის მოხდაა ჟურნალისტის მიერ მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგის წარმოება და შედეგებზე და მათ მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირება; ძალაუფლების წარმომადგენელთა და ძალაუფლების ინსტიტუტების ქცევის სკეპტიკურად განსჯა; საჯარო დებატების ხელშეწყობა.
ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ საზოგადოებისათვის, რომ ჟურნალისტი ყველაზე კარგად ასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს, როდესაც ის მიმომხილველად გვევლინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხი სტრესის ქვეშაა ან სწრაფი და დეზორიენტირებული ცვლილებების წინაშე დგას.
ბევრის აზრით, ჟურნალისტები მოცლილი აუტსაიდერები არიან, რადგანაც ისინი პირდაპირ არ არიან ჩართული სამოქალაქო აქტივობებში; ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება, დაკავშირებულია თავისი თანამოქალაქეების საჭიროებებთან თუ იმედებთან და იყენებს თავის დამოუკიდებლობას, რათა საზოგადოების ყველა წევრს დაეხმაროს, ეფექტურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში. ამ ურთიერთდამოკიდებულების სპეციფიკა მომდინარეობს, ერთის მხრივ, საზოგადოების მოთხოვნილებიდან დროულ, ზუსტ და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე; მეორეს მხრივ, თავად ჟურნალისტის ამოცანაა, დააინტერესოს საზოგადოება. ეს ჟურნალისტური ურთიერთდამოკიდებულება ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია.
ჟურნალისტი თავის დემოკრატიულობას, მოქალაქეობრიობასა და პატრიოტიზმს ყველაზე მეტად მაშინ ავლენს, როდესაც აგრესიულად ასრულებს თავის მოვალეობას და დამოუკიდებლად ამოწმებს დღის ახალ ამბებს; ინტერესდება ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებით; სააშკარაოზე გამოაქვს ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოების სურვილი მავანთ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ამოძრავებთ. ურთიერთდამოკიდებულების ეს ფორმა არ არის დამოკიდებული ჟურნალისტებზე. ჩვენი საზოგადოება ხედავს ამგვარ დამოუკიდებელ, ზოგჯერ გააფთრებულ მოქმედებას სხვათა მხრიდანაც, რაც ჩვენი თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი უფლებების დაცვისკენაა მიმართული. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად ექიმებისა და იურისტების ამგვარ დამოუკიდებელ ქცევას.
ჩვენ შესაძლოა აღგვაშფოთოს, მაგრამ გავიგოთ ის, რომ ექიმი ჯერ ციხის ბუნტის დროს დაჭრილი პატიმარი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს, შემდეგ კი ნაკლებად სერიოზულად დაჭრილ პოლიციელზე, რადგანაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ეს ექიმის მოვალეობაა და ყველას ინტერესშია, რომ ის ასეც მოიქცეს.
იგივე დამოუკიდებლობა გვეცნობა ჩვენ ადვოკატის მოქმედებაში, რომელიც მთელი ძალისხმევით იბრძვის, ყველაზე ურთულეს საქმეებშიც კი, სასამართლოში ხელისუფლებისგან დაიცვას თავისი კლიენტი - ამის მაგალითი ჯონ უოლკერ ლინდის აგრესიული დაცვაა. და გულის სიღრმეში ჩვენ გვესმის, რომ ყველა ჩვენგანის დაცვა კანონის უზენაესობის მოთხოვნაა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეხმარებით საზოგადოებას, გაიგოს ჟურნალისტის როლი, რომელიც ნათელს ჰფენს ისტორიას.
პირველმა პუბლიკაციებმა, რომლებიც ჩვენ თანამედროვე გაზეთების ანალოგიად შეიძლება განვიხილოთ და რომლებიც დასავლეთ ევროპაში მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, შესაძლებელი გახადა საზოგადოებრივი აზრის, როგორც ინსტიტუტის შექმნა სამყაროში, რომელიც თავად იყო ფორმირების პროცესში... ჟურნალისტიკის გარეშე, ანუ დამოუკიდებელი ინფორმაციის სანდო ნაკადის გარეშე, ურომლისოდაც საზოგადოებრივი აზრის შექმნა, მასზე ზრუნვა და მისი განახლება შეუძლებელია - გაქრება თვითმმართველობა. ჟურნალისტიკის და თვითმმართველობის წინსვლაც და წარუმატებლობაც ურთიერთდამოკიდებულია. ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ მარი გარფიენმა თავის გადაწყვეტილებაში, 70-იანი წლების საქმეზე ,,პენტაგონის გაზეთები” შეახსენა მთავრობას, რომელიც ვიეტნამის ომის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვას ცდილობდა, რომ
,,ერის უსაფრთხოება მხოლოდ სანგარი არ არის. უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფასეულობაა თავისუფალი ინსტიტუტებისათვის.“
ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამართლე გარფენის ნათქვამიდან იყო საზოგადოების ინფორმირებულობა ხელისუფლების მოქმედებაზე,განსაკუთრებით ომის პერიოდში.
საჭიროა, ასევე ხალხს გავაგებინოთ, რომ ის, რაც ჩვენ ვიცით, საზოგადოებაში ჟურნალისტის განსაკუთრებული როლისშედეგია და ჩვენც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. თუკი ჟურნალისტები ეფექტურად ამკვიდრებენ იმ დამოუკიდებლობას, რასაც მათი პროფესია მოითხოვს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამაც გაიგოს და მნიშვნელოვნად დააფასოს ეს ფუნქცია. ერთადერთი გზაა, დაარწმუნო ჟურნალისტი, იმოქმედოს თავისუფლების იმ გრძნობის შესაბამისად, რომელსაც მისი დამოუკიდებლობა საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბერმა ჩვენი ძირითადი თავისუფლებების (რასაც ეფუძნება ჩვენი ცხოვრება), სისუსტე მოგვაგონა, ბევრი ამ თავისუფლებებს ახლაც საჩუქრად იღებს ან არ შეუძლია გაიგოს, რას ნიშნავს ეს ყოველივე.
ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ოთხი ახლახან მომხდარი მოვლენა: მოვლენათა პირველი წყვილი ორი კვირის წინანდელია. ერთი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებელი სტუდენტის პუბლიკაცია ,,ვაშინგტონ პოსტში”, სადაც ის გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სწორი იყო ABC-ისმცდელობა, ტედ კოპელის გადაცემა ,,Nightline” დევიდ ლეთერმანით ჩაენაცვლებინა, რადგან ეთერში გვიან ღამით გასულმა ამ შოუმ აჩვენა, რომ ,,Saturday Night Live და MTV-ი ტრადიციულ ჟურნალისტიკაზე უფრო ეფექტური დამაკავშირებელი არხი იყო ცინიკურ ერსა და მის მთავრობას შორის.
ეს პუბლიკაცია იმ დღეს გამოჩნდა, როცა ტრადიციულმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ - საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა - ყოველწლიური ჯილდოების მფლობელები გამოავლინა, მათ შორის იყვნენ: ჯაკ პო - ტელეჟურნალისტი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა საიდუმლო მასალა, რომლებიც რუანდაში განხორციელებულ გენოციდში ანგლიკანელი ეპისკოპოსის მონაწილეობას ადასტურებდა; მარკ დევისი, რომელმაც გამოაშკარავა ავსტრალიის მთავრობის მცდელობა, მიეჩქმალა აღმოსავლეთ ტიმორში ხოცვა-ჟლეტვის დეტალები, და რიკ ტულსკის აღმოჩენა - აშშ იმიგრაციის საქმეთა მოსამართლეების სანიმუშო ქცევა, რომელთაც უარი თქვეს თავშესაფარის შესახებ სარჩელების განხილვაზე და დააბრუნეს ხალხი იქ, სადაც თავშესაფარი უნდა მიეღოთ. MTV-ის ღამის ეთერში ამ ისტორიათაგან არც ერთი არ მოხვედრილა.
მოვლენათა მეორე წყვილი რეალური ფოტოებია რამდენიმე კვირის წინანდელი ,,ვაშინგტონ პოსტიდან”. ერთის მხრივ, სახეზეა ახალგაზრდა ამერიკელი კაცი, რომელმაც ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა და, მეორეს მხრივ, ცხენოსანი პოლიციელი, რომელიც ცდილობდა მინიმუმამდე დაეყვანა მაღაზიებისა და სახლების გაპარტახება აშშ-ს №1 გზატკეცილის გასწვრივ,მერილენდის უნივერსიტეტის მახლობლად, სადაც სტუდენტები კალათბურთში გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ამ სახეების ერთობლიობამ დამარწმუნა, რომ 11 სექტემბრის მოვლენების მიუხედავად, ჩვენ ახლაც ვამყარებთ კავშირს თავისუფლებების ბუნებასა და იმ ვალდებულებებს შორის, რომელთაც ეს თავისუფლებებითითოეულ ჩვენგანს აკისრებენ, რათა გავაცნობიეროთ და დავიცვათ ეს ფასეულობები,განსაკუთრებით დაზარალებულ თაობასთან ერთად.
მართალია, ახალი ამბების მიწოდების სიჩქარე, ტექნიკა და ხასიათი შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ჟურნალისტიკის ძირითადი არსი: უზრუნველყოს მოქალაქეები მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ზუსტი ინფორმაციით ისე, რომ საზოგადოება თავისუფალი და თვითმმართველი იყოს. ამ დეფინიციამ იმდენად მყარად დაიმკვიდრა დროთა განმავლობაში ადგილი და ისე ღრმად ჩაიბეჭდა იმათ გონებაში, ვინც ახალ ამბებს ქმნის, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალზედ ძნელია ახალი ამბისა და ჟურნალისტიკის არსის დაშორება საზოგადოებისა და დემოკრატიის შენების იდეისაგან.
სამყარო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი, ზუსტი, სანდო და ფაქტობრივი ინფორმაციით, უფრო და უფრო მეტად ნაგვიანდება ჭორებით, მითქმა-მოთქმით, სპეკულაციითა და პროპაგანდით. ეს არის სამოქალაქო ჯანმრთელობის მომწამლავი მიქსტურა. ეს არის მიქსტურა, რომელიც უფრო და უფრო ნაკლებად ქმედითუნარიანს ხდის საზოგადოებას, ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში. ეს არის მიქსტურა, რომელიც სულ უფრო მეტად იწვევს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა თვითაღიარებული ელიტის მცდელობა, საზოგადოებას თავს მოახვიოს საკუთარი ნება.
იმისათვის, რომ საზოგადოებამ უკეთ გაიგოს ჟურნალისტის როლი და მნიშვნელობა როგორც ცალკეული ინდივიდებისათვის, ასევე თვითმმართველი ერთობის წევრებისთვის, ჟურნალისტებმა საზოგადოებასთან ახალი ურთიერთობა უნდა დაამყარონ და ჩართონ ის ინფორმაციის შეგროვების პროცესში. ბაზრის მოთხოვნილება ცხადია - საზოგადოებას დღეს ყველაზე გავლენიანი ძალა აყალიბებს, ამდენად თავად ჟურნალისტების ინტერესშია, იზრუნონ ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, კვალიფიციური ჟურნალისტიკის შესაქმნელად, რომელიც პირველ რიგში, მოქალაქეს ეყრდნობა. ცხადია, რომ ამის განსახორციელებლად საკვანძო არის ომბუდსმენის თანამდებობა. ომბუდსმენს შეუძლია, იყოს გზამკვლევი მაღალკვალიფიციურ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნილების შექმნის თვალსაზრისით, რადგანაც ჟურნალისტები ეხმარებიან საზოგადოებას, გაიგონ, როგორ კეთდება ძეხვი, ანუ როგორ მუშაობს თავად ჟურნალისტი; რა ინფორმაციას ეყრდნობა ჟურნალისტების გადაწყვეტილებები; რატომ არის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, რასაც ისინი აკეთებენ.
პირველ რიგში საჭიროა საზოგადოების აზროვნებაში არსებული გაუგებრობების გაფანტვა, ჩვენი ღირებულებების უფრო ნათლად არტიკულირების გზით. მაგალითად ავიღოთ ობიექტურობა, რომელსაც წიგნში ,,ჟურნალისტიკის ელემენტები” მე და ტომ როზენშტაილმა საკმაო ადგილი დავუთმეთ. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, თვით ჟურნალისტებშიც კი, რომ ობიექტურობა იმის საპირისპირო რამ არის, რაც განზრახული იყო. შედეგად, ჩვენი შემწეობით მკითხველი დაბნეულია და როგორც დონ ვიქლიფი ,,ჩიკაგო ტრიბუნის” ერთ-ერთ ამასწინანდელ სარედაქციო წერილში აღნიშნავს, ისინი მზად არიან, დაინახონ მიკერძოება ნებისმიერ სტატიაში, რომელსაც არ ეთანხმებიან.
როდესაც თავდაპირველად გაჩნდა იდეა, სულაც არ იგულისხმებოდა, რომ ჟურნალისტები თავისუფალნი იყვნენ მიკერძოებისაგან, ამ არგუმენტს ყველა ჩვენგანი იშველიებს. მაგრამ მხოლოდ საპირისპიროა მართებული. ტერმინი 20-იან წლებში გაჩნდა, თანდათანობით სულ უფრო მეტად ხდებოდა იმის გაცნობიერება, რომ ჟურნალისტები მიუკერძოებელნი არ იყვნენ. აქამდე ჟურნალისტები საუბრობდნენ იმაზე, რასაც რეალიზმი ჰქვია - იდეა, რომ ჟურნალისტები უბრალოდ მოიპოვებენ ფაქტებს, აგროვებენ მათ და სიმართლე თვითონ გამოავლენს თავის თავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფროიდი ავითარებდა თავის თეორიებს ქვეცნობიერის შესახებ და პიკასოს მსგავსი მხატვრები კუბიზმზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ; პროპაგანდისა და პრესის სააგენტოების როლის გაძლიერების გათვალისწინებით, რეპორტიორები და რედაქტორები ავითარებდნენ შეხედულებას ადამიანური სუბიექტივიზმის შესახებ. ჟურნალისტების კეთილი განზრახვა, ან როგორც ზოგი უწოდებს, ,,ღირსეული მცდელობა”, საკმარისი არ იყო...
არ შეიძლება, ინდივიდუალურმა რეპორტიორმა დაარღვიოს ზედაპირული სიზუსტე კონკრეტული ამბავის გადმოცემისას. მაგრამ პირველ სტატიას მოჰყვება მეორე, რომელშიც ინფორმაციის წყარო გამოეხმაურება პირველში დაშვებულ შეცდომებსა და გამოტოვებულ ფაქტებს, მეორეს მოსდევს მესამე და ა.შ. კონტექსტი ცხადი ხდება ყოველ შემდგომ დანამატში. ყველაზე მნიშვნელოვან და კომპლექსურ ამბებს მოჰყვება გამოხმაურებები სარედაქციო გვერდებზე, ,,თოქ შოუებში”, სარედაქციო წერილების საპასუხო გვერდებზე, წერილები რედაქტორს და სატელეფონო ზარები რადიო შოუებში, ანუ საზოგადო და პირადი საუბრების მთელი წყება. ეს პრაქტიკული სიმართლე თანდათან იღებს გამოქვაბულში მზარდი სტალაგმიტის სახეს, რომელიც დროთა განმავლობაში წვეთ-წვეთობით იზრდება. და ზრდის ეს პროცესი საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, გაერკვეს ამ პროცესში. ვუბიძგოთ მას, ჩაიხედოს დოკუმენტაციაში და დასვას უმთავრესი კითხვა - საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია? - თუ სტატიაში ამ შეკითხვაზე პასუხი არ არის, ეს არ არის ის ჟურნალისტიკა, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ გაცნობიერება - რაც ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაშია ჩადებული, სარისკო ჟამს - ობიექტურობა და იმის გაცნობიერება, რამდენად სახიფათოა მომავლისათვის ნამდვილი მიკერძოება, ყოველთვის შესაძლოა საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის ხსნა აღმოჩნდეს. თუ ჟურნალისტი სიმართლის მაძიებელია, ეს ნიშნავს, რომ ის მართალი და პატიოსანია თავისი აუდიტორიის წინაშე, ანუ არის სიმართლის მქადაგებელი. სხვა თუ არაფერი, ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს, ჟურნალისტი ისევე გახსნილად და გულწრფელად უმხელდეს აუდიტორიას, თუ რა იცის, საიდან იცის და რა არ იცის. ერთადერთი გზა, გულწრფელად უთხრა ხალხს იმის შესახებ, რაც იცი, არის რაც შეიძლება მეტი წყაროსა და მეთოდის მითითება.
საიდან იცი, რაც იცი?
ვინ არიან შენი ინფორმაციის წყაროები?
რამდენად სრულყოფილია მათი ინფორმაცია?
რა მიკერძოებას შეიძლება იჩენდნენ ისინი?
აქვთ მათ ინტერესთა კონფლიქტი?
რა არ ვიცით ჩვენ?
გამჭვირვალეობა, რომელსაც ომბუდსმენი წარმოადგენს, საზოგადოების მიმართ ჟურნალისტების პატივისცემის ნიშანია. ის საშუალებას აძლევს საზოგადოებას, განსაჯოს ინფორმაციის სარწმუნოობა, პროცესი, რომელიც მან გამოიარა და ინფორმაციის წყაროს მოტივები, ასევე პირადი დაინტერესება. ამ და სხვა მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟურნალისტებისა და საზოგადოების გაცილებით ღია ურთიერთობებს და ეხმარებიან საზოგადოებას, დასვან შეკითხვები, ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ მოთხოვნილება ხარისხზე. ეს კი საზოგადოებას რედაქციის მნიშვნელოვან მოკავშირედ აქცევს მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, აგდებს თუ არა მაღალკვალიფიციური ჟურნალისტიკა ფასს. განათლებული საზოგადოება უკეთ გაიგებს და შეაფასებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება იღებს საჭირო ინფორმაციას, რათა ეფექტურად ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს ინსტრუმენტი უფრო მეტად ღირებული ხდება, როცა საზოგადოება სტრესის ქვეშაა, როცა ჰაერი ჭორებითა და დეზინფორმაციითაა გაჟღენთილი; როცა გადაწყვეტილებები სიცრუეს ეფუძნება, ან შეცდომაში შეყვანას შესაძლოა, სერიოზული შედეგები, თვით სიკვდილიც კი მოჰყვეს.
დასავლურმა აზროვნებამ შვა ისეთი მძლავრი იდეა, რაც აქამდე არ არსებულა - ხალხის მიერ საკუთარი თავის მართვის იდეა. ხალხმა თავად შექმნა ინფორმაციის არაარტიკულირებადი თეორია, რომელსაც ამ იდეის მხარდამჭერი ჟურნალისტიკა უწოდა. ორი რამ - თვითმმართველობა და ჟურნალისტიკა - ან ერთად გაძლიერდება ან ერთად დამარცხდება.
ჩვენი განუწყვეტელი თავისუფლება საშიშ და ანარქიულ სამყაროში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არ დავივიწყებთ წარსულს - ინსტიტუტებს, რომლებმაც დედამიწის ზურგზე ყველაზე წარმატებულ და სათაყვანებელ ქვეყნად გვაქცია.
დასასრულს, თუ რამე გვასწავლა ისტორიამ, ეს არის ის, რომ თავისუფლება და დემოკრატია არ არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე ან მოქმედ ორგანიზაციებზე. თავისუფლება და დემოკრატია დამოკიდებულია ინდივიდებზე, რომლებიც არ უარყოფენ თავიანთ შეხედულებას, რომ ინფორმაციის თავისუფალი ნაკადი შესაძლებელს ხდის თავისუფლებასა და ადამიანურ ღირსებას.
თარგმნა ნინო მთვარელიშვილმა
![]() |
6 პოლიტიკური დაკვეთა მედიის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
გიგა ბოკერია
ემუქრება თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხე საქართველოში და რა ტენდენციებზე შეიძლება საუბარი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამის თაობაზე კომენტარი გიგა ბოკერიას ვთხოვეთ:
,,60 წუთთან” დაკავშირებით საოლქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ძალზედ სახიფათო და საგანგაშო ტენდენციას ცხადყოფს, - აღნიშნა მან,- ეს ტენდენციები აქამდეც შეიმჩნეოდა, მაგრამ გამოხატულება კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ახლა ჰპოვა. კერძოდ, გადაცემა ,,60 წუთის” ავტორები და რუსთავი 2, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანია, პრაქტიკულად იმის გამო დაისაჯნენ, რომ გაავრცელეს სხვა პირთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ამასთანავე გააცვნეს აუდიტორიას ოფიციალური დოკუმენტები. საოლქო სასამართლომ კი განაცხადა, რომ ჟურნალისტი შეიძლება დაისაჯოს ამა თუ იმ ცნობის, მათ შორის ოფიციალური ორგანოსგან მიღებული დოკუმენტის გავრცელებისთვის, თუკი ის სასამართლოში ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული ცნობები სიმართლეს შეესაბამება. თუკი არსებული სახიფათო ტენდენცია გაღრმავდა, ეს პრაქტიკულად გამოძიებითი ჟურნალისტიკის და საერთოდ, თავისუფალი ჟურნალისტიკის დასამარების ტოლფასი იქნება.
11 აგვისტოს საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ,,აკაკი ჩხაიძე ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის, აკაკი გოგიჩაიშვილისა და ალექსანდრე მაღლაფერიძის წინააღმდეგ” და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, აკაკი ჩხაიძის პატივის, ღირსებისა საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელების გამო ტელეკომპანიას, აკაკი გოგიჩაიშვილსა და პროგრამა ,,60 წუთის” რესპოდენტს ალექსანდრე მაღლაფერიძეს სოლიდარულად მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
სატელევიზიო გადაცემა, რომელსაც საოქლო სასამართლომ მილიონიანი სანქცია დაადო, სახელმწიფო მოხელესა და სამთავრობო ბლოკის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ჩხაიძეს კორუფციაში ამხელდა. ამ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, ნინო ზურიაშვილი ამერიკულმა ორგანიზაცია IRE-მ (გამომძიებელი ჟურნალისტები და რედაქტორები) გადაცემისთვის ,,საქართველოს რკინიგზა” 2002 წელს სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
თუ საუბარია ბატონი გოგიჩაიშვილის მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და კომენტარებზე, - ეს უფლება გარანტირებულია, როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ისე ევროსასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით. ჟურნალისტს აქვს შეფასებითი მსჯელობის უფლება და არ შეიძლება, ამისათვის მას პასუხი არც სისხლის სამართლებრივი და არც სამოქალაქო წესით მოეთხოვოს. ფაქტებზე დავა შესაძლებელია, ხოლო შეფასებები უაღრესად სუბიექტური რამ არის. ეს არაერთგზის დაადასტურა ევროსასამართლომ თავისი პრეცედენტული გადაწყვეტილებებით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის ასეთი ინტერპრეტაცია გადაწყვეტილებაში ,,ვანო ჩხარტიშვილი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ” ჩვენმა სასამართლომაც კი გაიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ბერძენიშვილმა აბსოლუტურად არასწორად წააგო საქმე, პრინციპში სასამართლომ თქვა, რომ შეფასებებისთვის დევნა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ეს სტანდარტი ჩვენსავე სასამართლოს აქვს საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებული. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა. უფრო მეტიც, რამდენიმე საქმეზე ევროსასამართლომ განაცხადა, რომ ჟურნალისტს აქვს გაზვიადების, ულტრირების, პროვოკაციის უფლებაც კი. თუმცა, ,,60 წუთთან” დაკავშირებულ საქმეში დისკუსია ასე ღრმად არც წასულა. აქ პირდაპირ ითქვა, რომ საკმარისია მოსარჩლემ, ამ შემთხვევაში ბატონმა ჩხაიძემ, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი და საჯარო ფიგურაა, განაცხადოს, რომ რაც მასზე ითქვა, არის ტყუილი, ჟურნალისტი მაშინათვე, ავტომატურად წააგებს საქმეს. თუკი ჟურნალისტი არ აჩვენებს, რომ მის მიერ ციტირებული მასალები, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტები არ შეესაბამება სინამდვილეს, ის წაგებისთვისაა განწირული. ეს კი აშკარად ცდება ჟურნალისტის როგორც კომპეტენციას, ისე შესაძლებლობებს.
ამასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჯარიმის ოდენობაც. ეს არის ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოდესმე ვინმესთვის დაუწესებიათ. თუკი მე-18 მუხლის ერთი დისპოზიცია, სადაც ლაპარაკია, რომ მოპასუხემ უნდა ამტკიცოს იმ ცნობების სინამდვილე, რომელიც მან გაავრცელა, მტკიცების ტვირთს მოპასუხეს აკისრებს, - იქ, სადაც საკითხი ზიანის ანაზღაურებას ეხება, გარკვევით წერია, რომ ქმედების ბრალეულობა უნდა გამოჩნდეს. ანუ, ბრალეულობა გულისხმობს იმას, რომ ადგილი უნდა ჰქონოდა განზრახვას. ამ შემთხვევაში კი არათუ განზრახვას არ ჰქონია ადგილი, არამედ ,,60 წუთმა” საშუალება მისცა ჩხაიძეს, პასუხი გაეცა ყველა ბრალდებაზე, რაც მან არ გააკეთა და არ ისარგებლა ამ საშუალებით. ჟურნალისტებმა მოიძიეს დოკუმენტები და ნაწილობრივ დაადასტურეს, რომ იქ მოყვანილი ფაქტები შეესაბამებოდა სინამდვილეს. ანუ, ამ შემთხვევაში არავითარ ბრალეულ ქმედებაზე არ არის საუბარი. კანონში ისიც გარკვევით წერია, რომ დაკისრებული თანხა გონივრულ საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარიმის დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა. სასამართლომ ამასთანავე უნდა მოიყვანოს ის კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრა თანხის მოცულობა. - მოსარჩელეს არაფერი უთქვამს იმ კრიტერიუმებზე, რომლებმაც მილიონით დააზარალა ბატონი ჩხაიძის ღირსება.
21 ივლისს ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის მხარეში თემურ შაშიაშვილმა გამოაქვეყნა ე.წ. მტრების სია და ჟურნალისტებს გააცნო წერილის შინაარსი, რომლის გაგზავნასაც, ის საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის სახელზე აპირებდა. წერილში შაშიაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ კრიტიკამ ზემოხსენებული ,,მტრების” მხრიდან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი მისი თანდასწრებით ავრცელებდა გაზეთებს, სადაც მისთვის მიუღებელი მასალები იყო გამოქვეყნებული და ა.შ. რწმუნებული უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამოც, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი ქმედებები არ ისჯება და მისი გამკაცრების სურვილსაც გამოთქვამდა. აღნიშნულ სიაში დასახელებული ერთ-ერთი პიროვნება გელა ხუნდაძე - ,,სამართლებრივი და სოციალურად დაუცველთა კავშირის” თავმჯდომარე - 2 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალად ედება 1993 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთიდან დიდი რაოდენობით ჩაის მითვისება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ,,IREX” წარმომადგენლები პრეს-კლუბის სესიაზე
ეროსი კიწმარიშვილი - ,,რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი
● 13 აგვისტოს ,,თავისუფლების ინსტიტუტში” გაიმართა პრეს-კლუბის სესია, რომელზეც მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება. განცხადებაში ნათქვამია: ,,ნებისმიერი მოქალაქის, ვისთვისაც ფასეულია დემოკრატიული ღირებულებები და სიტყვის თავისუფლება, ვალია, ხმა აიმაღლოს სიტყვის თავისუფლების ჩახშობის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება ამჟამად სასამართლოს გზით ცდილობს იმ ამოცანის შესრულებას, რასაც ორი წლის წინ ნოემბრის აქციები მოჰყვა. მაგრამ, როგორც ნოემბრის სახალხო გამოსვლებმა აჩვენა, ქართველი ხალხი არ შეეგუება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მორიგი გალაშქრება.”
● 14 აგვისტოს მოქალაქეთა კავშირის თბილისის დარბაზის შეკრებაზე სახელისუფლებო ბლოკის წევრებმა ტელეკომპანია ,,მზის” წინააღმდეგ გაილაშქრეს და დამოუკიდებელი ტელეარხის ფინანსური შემოწმება მოითხოვეს.
ჩვენ სასამართლო სისტემაში შექმნილი სამწუხარო ატმოსფეროდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არ იყო ერთი უსინდისო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს იყო სისტემის გადაწყვეტილება, რომელიც ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას. ეს იყო დამოუკიდებელი მედიის მისამართით გაგზავნილი მკაფიო სიგნალი, რომ თუ არ გაუწევენ ანგარიშს ხელისუფლებას, ამ გზით მარტივად გააკოტრებენ ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებას, მათ შორის ისეთ მსხვილსაც კი, როგორიც ,,რუსთავი 2”-ია, აღარაფერს ვამბობ შედარებით მომცრო საინფორმაციო საშუალებებზე.
არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობაა რეგიონებშიც, სადაც თავისუფლების ის ხარისხი არ არსებობს, რაც თბილისშია. ისეთ ეგზოტიკური რეგიონში, როგორიც აჭარაა, მუდმივად ჩანასახშივე ახშობენ ნებისმიერ მცდელობას - საინფორმაციო საშუალება, რომელიც შესაძლოა არც კრიტიკულია და არც ოპოზიციური და უბრალოდ ბოლომდე ლოიალური არ არის ბატონი აბაშიძის ხელისუფლების მიმართ, იმთავითვე განწირულია. ამის აშკარა მაგალითია გაზეთ ,,ბათუმელების” შემთხვევა (იხ. ,,თავისუფლება”, №7(19)), როცა სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით, ამასთანავე ყოველგვარი პროცედურების დარღვევით ხდება ამ გაზეთის ჩახშობა. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ აკონტროლებს ,,ბათუმელებს”.
შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონი შაშიაშვილის განცხადებები, როდესაც მან მტრების სია გამოაქვეყნა და ძირითად ბრალდებად მათ პრესკონფერენციებზე რწმუნებულის საწინააღმდეგო მასალების გავრცელება წაუყენა. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ კრიტიკისათვის დევნას აქვს ადგილი. მით უფრო, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ,,მტრების სიიდან” ძველი საქმის გამო ძალზედ საეჭვო იურიდიულ გარემოებებში დააპატიმრეს.
ასევე ნიშანდობლივია ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიის შემთხვევა. ტელეკომპანიას ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ადგილობრივი ეთერით მათ კმარას აქტივისტების ცნობილი დარბევა გააშუქეს.
სულ ბოლოს გაკეთდა განცხადებები ტელეკომპანია ,,მზის” წინააღმდეგ, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის მხრიდანაც, რომ საჭიროა იმის გარკვევა, თუ ვინ აფინანსებს ტელეკომპანიას, რომ აუტანელია ის, თუ როგორ განაწყობს ტელეკომპანია ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხს და ა.შ. ტელეკომპანია ,,მზის” შემთხვევაში ყველასთვის ცხადია, თუ ვინ არის დამფინანსებელი - ეს არის ღია მედია პროექტი. აქედან გამომდინარე ,,მზეს” ბუნებრივია აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სარედაქციო პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში.
ამ მაგალითების საფუძველზე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ადგილი აქვს მცდელობას, თბილისშიც ისეთივე სიტუაცია შეიქმნას, როგორიც საქართველოს რეგიონებშია, მაგალითად აჭარაში, სადაც პრაქტიკულად აღარ არსებობს საინფორმაციო საშუალება, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც არ არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ. დღეს ისეთივე ტიპის მცდელობას აქვს ადგილი, როგორიც 2001 წლის ნოემბერში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის უხეში მეთოდებით დახურვა იყო, ოღონდ ამჯერად, ერთი შეხედვით, უფრო ცივილური ფორმით - სასამართლო გადაწყვეტილებების გზით. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია ,,60 წუთის” საქმესთან დაკავშირებით ძალიან მწვავე იქნება. ბუნებრივია, ამ საქმეს ევროსასამართლოში მოგების პერსპექტივა აქვს, მაგრამ შესაძლებელია, იქამდე მოხერხდეს ევროსასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების მიღება აღსრულების შეჩერების შესახებ, ცხადია, თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ამ სამარცხვინო და უსამართლო გადაწყვეტილებას. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიო პროტესტი უნდა გამოხატოს ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
მოამზადა გვანცა ლიპარტელიანმა
![]() |
7 წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი ცილისწამების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ნუგზარ პაპუაშვილი
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე: 1825-1896) არა მარტო ღრმადმორწმუნე მოძღვარი, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი, არამედ ფსიქოლოგიც გახლდათ. მისი სახელგანთქმული ნაშრომი ,,ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები”, რომელიც რუსულ ენაზე დაიწერა და 1858 წელს გამოიცა, მთელს იმპერიაში იმხანად ერთადერთ სახელმძღვანელოდ ითვლებოდა ფსიქოლოგიის განხრით. სპეციალისტები მას დღესაც მაღალ შეფასებას აძლევენ და აღიარებენ, რომ ადამიანის სულიერი და მშვინვიერი, ე.ი. პნევმატური და ფსიქიური ბუნება აქ იშვიათი სრულყოფილებითაა წარმოჩენილი.
სამოძღვრო და პედაგოგიურ სარბიელზე წმ. ეპისკოპოს გაბრიელის ერთობ დიდი წარმატებები იმ ფაქტმა განაპირობა, რომ იგი ღრმად და პროფესიულად ერკვეოდა როგორც საღვთო წერილისა და ღვთისმეტყველების, ისე ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის საკვანძო საკითხებში.
გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები, რომლებშიც მორალისა და ყოფაცხოვრების არა ერთი და ორი მხარეა განხილული, გვარწმუნებს, რომ ცოდვა და დანაშაული ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთმანეთის განმაპირობებელი, მაგრამ მაინც სხვადასხვა კატეგორიებია.
ცოდვა ხილული შედეგების მიხედვით ორ კატეგორიად იყოფა, - საკუთრივ ცოდვად და დანაშაულად. მკაცრი აზრით და საბოლოო ანგარიშით ერთიც და მეორეც, რა თქმა უნდა, ცოდვაა, მაგრამ მათ შორის გარკვეული და, თანაც, თვალსაჩინო განსხვავებაა. პირველი ზნეობის სფეროს განეკუთვნება და მისი მოქმედების ველი სუბიექტის (ან სუბიექტების) გარშემო ტრიალებს, მეორე - იურისპრუდენციისას და მისი მოქმედების ველი სუბიექტის ფარგლებს სცილდება; მოიცავს ობიექტს (ან ობიექტებს), რომელსაც ვნებას აყენებს, აზიანებს და აზარალებს. ერთიც და მეორეც იმსახურებს სასჯელს, ოღონდ სხვადასხვა სახისას. პირველ შემთხვევაში სასჯელი ინდივიდუალური და ნებაყოფლობითია, რომელსაც სინანული ეწოდება და მისი აღმოცენება, ე.ი. საკუთარი თავის დასჯა, პიროვნების ზნეობაზეა დამოკიდებული (ამის თაობაზე შედარებით ვრცლად იხ. ,,თავისუფლება” №7(19)). შეიძლება თამამად ითქვას, რომ სინანული ზნეობის ერთერთი ძირითადი საზომი და ინდიკატორია. მეორე შემთხვევაში სასჯელი იძულებითია და არაა დამოკიდებული იმაზე, დამნაშავე მიცემულია თუ არა თვითსასჯელს, ე.ი. სინანულს. ესაა ადმინისტრაციული სასჯელი, რომელიც დანაშაულის ხარისხისა და მასშტაბის ტოლფასი უნდა იყოს. მისი იდეალი ანუ საბოლოო მიზანი სინანულია, მაგრამ სინანულმა რომ დაისადგუროს, ეს ინდივიდის გულმა და გონებამ უნდა მოიწადინოს. ამრიგად, დაეუფლება თუ არა პიროვნებას სინანული, მის ზნეობასა და სინდისზეა დამოკიდებული.
ერთი შეხედვით აქ სადავო არაფერია, მაგრამ არსებობს ისეთი ცოდვა, რომლის კვალიფიკაცია და დეფინიცია, შესაბამისად, - ნაცვალგების ანუ სასჯელის სახის განსაზღვრა ადვილად და მარტივად არ ხერხდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ამ სახის ცოდვათა რიცხვს განეკუთვნება ცილისწამება.
ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილია დავაკამათი, რომელმაც აღნიშნული პრობლემის გარშემო ბოლო დროს საქართველოში მწვავე ხასიათი მიიღო. ლაპარაკია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში იმ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც ცილისწამება სამოქალაქო წესით დასჯად დანაშაულთა კატეგორიას არ უნდა განეკუთვნოს.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი ქადაგებაში, რომლის ტექსტს მკითხველებს ქვემოთ ვთავაზობთ, დაბეზღებას ანუ შესმენას სულიერ სენს, ცოდვას და ვნებას უწოდებს. ბეზღება და შესმენა იგივე ცილისწამებაა, სულხან-საბა ორბელიანის თქმით - ,,გამოტყუვება”, ე.ი. ვინმეს მისამართით ტყუილის თქმა, რომელიც მთქმელის პიროვნულ სიმდაბლესა და ხასიათის გაუკუღმართებაზე მეტყველებს. წინამდებარე ქადაგებაში ხაზი იმ გარემოებას აქვს გასმული, რომ ცილისწამება არის ინდივიდუალური ცოდვა და მის მიერ არსებითად ზარალდება არა ის, ვისაც ცილს სწამებენ, არამედ ვინც ცილისმწამებელია. ავტორს მხედველობაში აქვს იესო ქრისტეს ცხრა ნეტარება (მათე 5:3-11), რომლის მიხედვით ბედნიერია ის, ვისაც უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ლანძღავენ, სდევნიან და ცილსა სწამებენ. მღვდელმთავარი აქ არაფერს ამბობს სახელმწიფო სასჯელის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცილისწამებას ადმინისტრაციული წესით დასჯად დანაშაულთა კატეგორიას არ მიაკუთვნებს.
ცილისწამება მისთვის, ვისაც ცილს სწამებენ, ბიბლიური მოძღვრების თანახმად, არის გამოცდა ანუ, ძველი ქართულით, განსაცდელი და ნებისმიერი განსაცდელის დანიშნულება ხომ პიროვნების განმტკიცება და სულიერი გამოწრთობაა? ხოლო ვინც ამ დანაშაულს ჩადის, ე.ი. ცოდვას იქმს, მისი ერთადერთი მსაჯული არის სინდისი და ეკლესია, თუკი იგი ინდივიდუალურად, პირადი რწმენის საფუძველზე, ეკუთვნის ეკლესიას, რომლის უპირველესი მიზანი თავის წევრთა შორის სინდისის გაღვიძება, გაღვივება და მისი მამხილებელი ხმის ამეტყველებაა.
![]() |
8 სიტყვა თქმული 6 მაისს, ამაღლებასა ზედა, დაბეზღებისათვის, 1882 წელსა |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა
ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. მათე 5:11
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!
თუმცა დღეს დიდი ქისტიანული დღესასწაულია და ჯერ იყო იმაზედ უბნობა თქვენთანა, გარნა ჩვენ განვიზრახეთ თქმა სიტყვისა სხვა საგანზედ, რომელზედაც ჯერედ ერთხელაც არ გვითქვამს თქვენს წინაშე და რომელზედაც უბნობა ერთობ საჭირო არის.
ერთი დიდი და მავნებელი, შემარცხვენელი ქვეყნისა, სულიერი სენი, ცოდვა და ვნება გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში და მოითხოვს ჩვენგან, მოვალეობისამებრ ჩვენისა, მივაქციოთ მასზედა ყურადღება და ვამხილოთ იგინი, რომელნიც ემორჩილებიან იმას და მით ირცხვენენ თავსა, ადაბლებენ სახელს და პატივს ჩვენი ქვეყნისას. რომელია ეს ვნება ანუ ცოდვა? ეს არის საიდუმლო შესმენა ანუ დაბეზღება კაცისა მთავრობასთან, სიტყვითა და უმეტესად საიდუმლო, უსახელო, ანუ მოგონებული სახელის წერილით. თუ ვისმეს ჩვენში შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე მას ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს და თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვა და სხვა ნაირს ბრალს დასდებს მასზედა.
ეს არის ერთობ სასირცხო და საზიზღარი საქმე! იგი გამოაჩენს დაცემულსა და მდაბიოსა ხასიათსა კაცისასა. ერთობ გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში ამისთანა ვნება! ნამეტნავად დაეცა ჩვენი ქვეყანა და მოაკლდა მას უმაღლესი მთავრობისაგან რწმუნება. გაკვირვებულია მთავრობა - რა ხალხია ეს ხალხიო: ერთმანეთს სვრიან, აშავებენ, სჭამენო. მართალია, სხვა ქვეყნებშიაც არის ამისთანა ცოდვა, მაგრამ არა იმ ზომად, როგორც ჩვენს ქვეყანაში. უეჭველია ისიც, რომ ერთი ანუ ორი რომ იყოს ერთ დიდ მხარეში ამისთანა ცუდი საქმის მოქმედი, მთელს ქვეყანას არ უნდა დაედვას ცუდი სახელი. მაგრამ ასეა ქვეყნის ჩვეულება და მიმართულება! ერთი კაცის მიმართულება და მოქმედება მრავალ სხვა კაცს, მის მეზობელს, გაუფუჭებს სახელს. ამისთვის ვსთქვი მე, რომ ჩვენს ქვეყანას გაუფუჭდა სახელი. გარნა, ვინც შეკრულია ამ ვნებით, ვინც შურიანია და ბოროტი გული აქვს, იმას რა ენაღვლება! იგი კმაყოფილია, თუ ვისმეს დაასხა თვისი შხამი, გესლი.
თუ ვინმე ამისთანა საცოდავი კაცი ისმენს ახლა ჩემს სიტყვებს, მას მე ერთს საბუთს მოვუყვან: ნუ ჰკარგავ ტყუილად დროებას და ხარჯს! რისთვის შრომობ? არაფერი გავლენა არა აქვს შენს შესმენას და დაბეზღებას? დიდი ხანია შეიტყო უმაღლესმა მთავრობამ, რა ფასი აქვს შენს დაბეზღებას და სრულიად ყურადღებას აღარ აძლევს მას. შენს თავს დიდს ცოდვაში და ღვთის წინაშე პასუხის გებაში აგდებ და შენს სურვილსაც ვერ აღასრულებ, ესე იგი, არავინ გიჯერებს. დიდ ცოდვაში შესდიხარ მეთქი, და ეს ცხადია: დაბეზღება, შესმენა არის ცილის წამება, ნაყოფი მტერობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტერობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი, და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.
გსურსა, ძმანო, მსმენელო, მოგიყვანო ერთი გასაკვირველი მაგალითი იმ აზრისა, რომ დამბეზღებელი თავის თავს ავნებს, ცოდვას იღებს თავის თავზედა და თავის სურვილს და განზრახვას ვერ აღსრულებს?
ოცდასამი წელიწადი ვარ მე ამ სამწყსოში, და ვგონებ, ნამეტანი არ იქნება, რომ ვსთქვა, ორასი მაინც, თუ არა მეტი, დაბეზღება და შესმენა მოუვიდა ჩემზე უმაღლეს მთავრობას. რა ცოდვა და უსჯულოება არ მომაწერეს იმ დაბეზღებაში! მაგალითებრ: კაცის კვლა ერთ დაბეზღებაში პირდაპირ იყო თქმული. რაჭაში, თვით საკურთხეველში, მღვდელი გურგენიძე მოკლაო, რომელიც მე არც კი მახსოვდა, თუ იყო ამ გვარის მღვდელი იქა. მრუშება, მეძაობა, ქურდობა, წმიდათა მპარაობა, ხელმწიფის ღალატობა! პირჯვრის წერა სულ არ ვიცი, უსამართლოცა ვარ, უღმერთო, ანგაარი ვარ, მოქრთამე და კიდევ სხვა მრავალი, ვინ მოიგონებს ახლა, ვის გაახსენდება! და რა გამოვიდა ყოველთა ამ ურცხვთა შესმენათა და დაბეზღებათაგან? სრულიად არაფერი! მთავრობას რომ მართლა დაეჯერებია ერთი მაინც ამათგანი, როგორღა დამაყენებდა აქ! ჭეშმარიტებას ვიტყვი, მე თვით იგინი მეცოდვებიან, რომელნიც ამდენს მაბეზღებენ, არა თუ ვემდური და ვუწყრები მათ! მე კი არ მამტყუნებენ, არამედ თავის თავს ამტყუნებენ; საკუთარის ხელით სიგელს სწერენ თვისი ცოდვისას, რომელიც მათ დღესა სასჯელისასა წარმოუდგება შესარცხვენელად. მე კი არ მავნებენ, იგინი თვის თავს ავნებენ; მე კი არ მაშავებენ, თავი თვისი გააშავეს და თვისი სამშობლო. ღვთის წინაშე დიდ პასუხის გებაში ჩავარდებიან, თუ არ შეინანეს.
ამაზედ უმეტეს რამეს გეტყვი, თუ გინდ არ დაიჯერო: მე კიდეც მიხარია და მადლობელი ვარ მათი, ვინც ასე მდევნის და მასმენს მთავრობასთან. ეს როგორ იქნებაო, იტყვი შენ, რა არის აქ სასიხარულოო? აი რა: ერთ კარგ წიგნში, რომელიც მე მიყვარს და თქვენცა, ესრედ არის დაწერილი: ,,ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ და სთქვან თქვენზედა ყოველი სიტყვა ბოროტი”. აი ეს სიტყვა მანუგეშებს მე. გაამრავლონ ჩემზედ ყვედრება, ცილისწამება, დაბეზღება, - ამით მე იგინი კეთილს მიყოფენ, სხვა რამე კეთილი და სათნო ღვთის წინაშე არაფერი მიქნია. ჩემი დიდი წოდება მე ცოდვილმა ვერ გავამართლე და ყოველთვის მეშინია, რომ არ დავისაჯო ღვთისაგან, გარნა იქნება ამით მაინც შემიწყნაროს ღმერთმა და არ დამსაჯოს, რომ ვითმენ ამას ყოველსა სულგრძელად. არ ვუჩივი მათ ღმერთთან ლოცვაში, არამედ კიდეც ვევედრები: მიუტეოს მათ, გაასწოროს მათი ცუდი ხასიათი. ვინ იცის, იქნება რაითმე შევსცოდე მათ, თუმცა არ მახსოვს, ვის და რით; გარნა, მაინც არ უნდა იქმოდენ ამისთანა საქმეს. უთუოდ ღვთის განგებით არის ეს, რომ ამოდენი ყვედრება, ცილისწამება და სიტყვა ბოროტი დამედვა მე. იქნება ამით ჰსურს ღმერთს განწმენდა ჩვენი ცოდვებისა და ცხონება ჩემი ცოდვილი სულისა.
და ისიც შეიძლება, რომ ჩემთა დამბეზღებელთაგანი და ცილის მწამებელთაგანი არა თუ დაჩაგრული იყოს ჩემგან, არამედ დაჯილდოებულიც: თუ იგი ერის კაცია, უთუოდ ერთი შენდობა მაინც მიუღია ჩემგან, ერთხელ მინც ჯვარი გადავსწერე მას. ესეც კეთილის ყოფაა. გარნა უფრო საფიქრელია, რომ, ის ჩემი მარადის დამბეზღებელი, არის ერთი ვინმე სასულიერო წოდების კაცი. იქნება ჩემგან კიდეც არის დაჯილდოებული და ამაღლებული, და მაინც მემტერება მე და ცდილობს გამაშმაოს - ესეც შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. მე ღმერთი უფრო შემიბრალებს და მომიტევებს ჩემს ცოდვებს, გარნა იმ საცოდავს უდიდესი ბრალი დაედება. მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურის ძიებისა და ცილის წამებისას, და თუ კეთილის მყოფელისა ვინმემ იკადრა ცილის წამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა? უკანასკნელს შემთხვევაში სწორედ ჩემ ცოდვილ თავზედაც აღსრულდა სიტყვა დავითნისა:
რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე (ანუ მაბეზღებდეს), რამეთუ ვსდევდი (ვეძებდი) სიმართლესა, იყვან ნება უფლისა! ამინ.
![]() |
9 სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
დასასრული. დასაწყისი იხ. ,,თავისუფლება”, №7(19)
სუფრაჟისტ1 კონსტანცა ლიტონს ინგლისის ციხეში იძულებით კვებავენ
(1910 წლის 18 იანვარი)
ქვემოთ მოყვანილი ისტორიული ფრაგმენტი2 ასახავს იმ ძალისხმევასა და მსხვერპლს, რომელიც დღეს ბევრისათვის თავისთავადი - ქალთა ხმის უფლებისათვის - თავის დროზე იყო გაღებული.
ჩვენ არ გვსურს ეს ფრაგმენტი არაძალადობრივი აქციის ნიმუშად წარმოგიდგინოთ. არც შიმშილობის აქციებისაკენ მოგიწოდებთ, უბრალოდ გვსურს, გიჩვენოთ, თუ რამოდენა თავგანწირვისთვის იყო მზად ქალბატონი ლიტონი (ის შეიძლებოდა სერიოზულად დაავადებულიყო და იძულებითი კვების გამო მომკვდარიყო კიდეც) ინგლისში ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად.
,,ერთ დღეს ჩემთან ციხის ექიმი შემოვიდა და მკითხა, რამდენი ხანი იყო, რაც ვშიმშილობდი. ვუპასუხე, რომ პარასკევს შუაღამით მივირთვი კარაქწასმული პური და ბანანი.” ,,ო, უკვე მეოთხე დღე ყოფილა, - თქვა მან, - დიდი დრო გასულა, ახლავე უნდა გაჭამო”.
ის დაჟინებით მოითხოვდა, საკვები ნებით მიმეღო. ავუხსენი, რომ ეს გამორიცხული იყო მანამ, ვიდრე ჩვენი კანონმდებლები ქალებს ხმის უფლებას არ მისცემდნენ.
ორმა მცველმა ხელები გამიკავა, ერთს ჩემი თავი ეჭირა, ხოლო მეორეს ფეხები. ექიმი ცდილობდა, ჩემს პირს მიწვდომოდა. პირი მოვკუმე და კბილები ერთმანეთს მჭიდროდ მივაბჯინე. წინააღმდეგობამ ექიმი გააღიზიანა, იგი წონასწორობიდან გამოვიდა და კბილების გაღებას ფოლადის ინსტრუმენტით ცდილობდა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ღრძილებზე მომაბჯინა. ტკივილი გაუსაძლისი გახდა, იძულებული გავხდი, პირი გამეღო, რის შემდეგაც მან პირში რაღაც ჩამთხარა და შეეცადა, ბუნებრივზე მეტად გაეღებინა ჩემთვის პირი. ბოლოს ყელში მილი ჩამიდო, რომელიც ძალიან განიერი და ამასთან 4 დიუმი სიგრძის იყო. მილი ზედმეტად ძლიერ გაღიზიანებას იწვევდა. ვიხუთებოდი. მილში საკვებს სწრაფად ასხამდნენ, რაც რამოდენიმე წამით ღებინებას იწვევდა, შემდეგ კუჭში გადადიოდა. ღებინების გრძნობისაგან სხეული და ფეხები მიცახცახებდა, მაგრამ მცველებს - თავით, ხოლო ექიმს მუხლებით ვყავდი დაჭერილი. ეს ბევრად უფრო საშინელი იყო, ვიდრე მე გადმოვცემ, ექიმსა და მცველებზე გული მერეოდა... როდესაც ექიმი სატუსაღოდან გადიოდა, საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში ვრჩებოდი. მცველები ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ რა უნდა ექნათ?..
დიდი ხანი არ გასულა, რაც გვერდითა კამერიდან ძალდატანებითი კვების ხმები მომესმა. ეს ელსი ჰოუეის აჭმევდნენ. როდესაც ეს საზიზღარი პროცესი დამთავრდა და ყველაფერი მიწყნარდა, კედელზე დავაკაკუნე და როგორც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე: ,,არავითარი დამორჩილება”, რასაც მეზობელი კამერიდან პასუხი მოჰყვა: ,,არავითარი დამორჩილება”.
ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ქალებს ჯერ კიდევ არ გააჩნდათ, პარლამენტში ბევრი უჭერდა მხარს ასეთ ცვლილებებს. 1897 წელს სხვადასხვა სუფრაჟისტული საზოგადოება, ქალთა სუფრაჟისტული საზოგადოებების ნაციონალურ კავშირში გაერთიანდა, რამაც მოძრაობის ერთიანობასა და ორგანიზებულობას შეუწყო ხელი. თუმცა, მთავრობის უმოქმედობით იმედგაცრუებული სუფრაჟისტული მოძრაობის ქალთა ერთი ნაწილი ემელინ პანქურსტისა და მისი ქალიშვილის კრისტაბელის ხელმძღვანელობით, მეტად აგრესიული გახდა.
1906 წელს ლიბერალური პარტიის სათავეში დაბრუნების შემდეგ პარლამენტმა 7 სუფრაჟისტული კანონპროექტი ჩააგდო, რის შედეგადაც ბევრი სუფრაჟისტი სულ უფრო მეტად ჩაერთო იმჟამად მოზღვავებულ ძალადობრივ აქციებში. ეს მებრძოლი ქალები, ანუ როგორც მათ ეძახდნენ, სუფრაჟისტები, ციხის გზას გაუყენეს, სადაც პროტესტს შიმშილობის აქციების ფორმით განაგრძობდნენ. ამასობაში, საზოგადოების მხარდაჭერა სუფრაჟისტ ქალთა მოძრაობის მიმართ სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა და ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მოთხოვნით უამრავი სახალხო დემონსტრაცია, გამოფენა და მსვლელობა იმართებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სუფრაჟისტულმა ორგანიზაციებმა თავიანთი ძალისხმევა საომარი მოქმედებების მონაწილეთა დახმარებაზე მიმართეს. მათმა ეფექტურმა ქმედებებმა საზოგადოება სუფრაჟისტი ქალების მიმართ გულწრფელი მხარდაჭერით განაწყო. ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მიცემის აუცილებლობა საბოლოოდ პარლამენტის წევრების უმრავლესობამ, სამივე წამყვანი პარტიიდან, აღიარა. შედეგად თემთა პალატამ სახალხო აქტი - 1917 წლის ივნისში, ხოლო ლორდთა პალატამ 1918 წლის თებერვალში მიიღო. აქტის თანახმად, 30 წელს მიღწეულ და 30 წლის ზემოთ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება მიენიჭათ.
ქალთა უფლებების პირველი კონვენტი
1848 წელს, ელიზაბეტ ქეიდი სტენტონმა და ლუკრეცია მოტმა, სენეკა ფოლსში (ნიუ-ორკის შტატი) ქალთა უფლებების კონვენტი მოიწვიეს, რის შესახებ განცხადება ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნეს. მათ ,,განზრახვათა და გადაწყვეტილებათა დეკლარაციის” შემუშავება გადაწყვიტეს. ტექსტის უმეტესი ნაწილი მათ დამოუკიდებლობის დეკლარაციის პაროდირების შედეგად შეადგინეს. ბოლო მომენტში ელიზაბეტმა თქვა:
ამ ქვეყნის ქალთა ვალია, დაიცვას არჩევნებში მონაწილეობის წმიდათაწმიდა უფლება.
მისი მეუღლე ფიქრობდა, რომ ელიზაბეტი ძალზედ შორს მიდიოდა, თვით ლუკრეცია მოტიც კი ეუბნებოდა ქეიდის: ,,...შენ ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებ! ჩვენ აუჩქარებლად უნდა ვიმოქმედოთ!” მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალთა კონვენტი იყო, იმ დროს წარმოუდგენელი იყო შეკრებისთვის ქალს ეხელმძღვანელა, ამიტომ თავმჯდომარედ მამაკაცი აირჩიეს.
სუზან. ბ. ენტონი
სუზან ბ. ენტონი 1820 წელს დაიბადა. მას, როგორც კვაკერს, ბევრად მეტი უპირატესობა გააჩნდა, რადგანაც კვაკერებს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის ძლიერი ტრადიცია ჰქონდათ. მამამისი ძალზედ ეხმარებოდა თავის ქალიშვილებს და ცდილობდა მათთვის საუკეთესო განათლება მიეცა. ის მათ საკუთარი თავის რწმენას უნერგავდა და დამოუკიდებლობას აჩვევდა. სუზანმა მალე სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ის პატიოსან და წესიერ ადამიანად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ოდნავ შეუწყნარებელი და ზნეობრივ შეფასებებშიც ზედმეტად მკაცრი იყო, ყოველივე ამას მისი იუმორის გრძნობა და ადამიანებისადმი თანაგრძნობა აწონასწორებდა. მან გადაწყვიტა, არასდროს დაქორწინებულიყო და საკუთარი თავი რეფორმატორული მოძრაობისათვის შეეწირა.
პირველი აქტიური საქმიანობა მან ალკოჰოლის საწინააღმდეგო ორგანიზაცია ,,სიფხიზლის ქალიშვილებში” დაიწყო. 1840 წლისათვის მამამისიც მგზნებარე აბოლიციონისტი გახდა.
მეორე დღეს კონვენტმა კენჭი უყარა განზრახვათა დეკლარაციას, ყველა რეზოლუცია უპრობლემოდ გავიდა, გარდა ერთისა, და ეს ერთი არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ეხებოდა. დამსწრეთა უმეტესობისათვის ეს უაღრესად ექსტრემალური მოთხოვნა აღმოჩნდა. მათი აზრით, ,,ზედმეტის” მოთხოვნა ისეთ ანტაგონიზმსა და დაცინვას გამოიწვევდა, რაც მოძრაობას ბოლოს მოუღებდა. ინტენსიური და ცხარე დებატების შემდეგ რეზოლუცია ძლივს მიიღეს.
სენეკა ფოლსში იმ დღეს შეკრებილ ქალთაგან, შარლოტ ვუდვორდი ერთადერთი იყო, ვინც 1920 წელს, აშშ კონსტიტუციის შესწორების შედეგად, არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლო.
კონვენტის მიზნებმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ ელიზაბეტიც კი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ ამ საქმეს მიჰყვებოდა, მაგრამ მან თანხმობა განაცხადა, მონაწილეობა მიეღო მეორე შეკრებაში, რომელიც ორი კვირის შემდეგ როჩესტერში იგეგმებოდა. ამ შეკრებას ორგანიზება ქალთა სხვა ჯგუფმა გაუკეთა, ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სესია ქალს წაეყვანა. ელიზაბეტმა და ლუკრეცია მოტმა ეს იდეა სახიფათოდ მიიჩნიეს და ,,საშიში ექსპერიმენტი” უწოდეს. ისინი დასაწყისშივე აპირებდნენ შეკრების დატოვებას, მაგრამ საბოლოოდ გადაარწმუნეს. მადლობა ღმერთს კომპრომისის უნარისათვის!
ქალთა უფლებები, მონობის გაუქმება და მოძრაობა ქრისტიანული სიფხიზლისათვის
ეს სამი მოძრაობა საკმაოდ მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგჯერ მათ შეუთავსებელი მიზნები ჰქონდათ. სტენტონისა და ენტონის მსგავსს ქალებს გამოცდილება მონობისა და სმის საწინააღმდეგო კამპანიებში ჰქონდათ მიღებული. ეს ჯგუფები ბევრ ქალს აერთიანებდნენ და მათ თავიანთი ,,ქსელიც” კი ჰქონდათ განვითარებული. ხშირად მათი გამოსვლები არა მხოლოდ მონობის გაუქმებას შეეხებოდა, არამედ ქალთა უფლებების გაფართოების მოწოდებებსაც შეიცავდა. თუმცა, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ელიზაბეტ ქეიდი სტენტონის იდეები რელიგიური ცრურწმენებისა და გაყრის გამარტივების შესახებ მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ ქრისტიანული სიფხიზლისთვის მოძრაობის წევრ ქალებს. დროდადრო ქალებს იმასაც კი სთხოვდნენ, რომ უარი ეთქვათ თანასწორობისა და ხმის უფლებისათვის ბრძოლაზე მანამ, ვიდრე ამ უფლებებს შავკანიანი მამაკაცები არ მოიპოვებდნენ. არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ ორივე მოთხოვნის ერთბაშად დაყენება ორთავეს რისკის ქვეშ აყენებდა. ეს სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირებას და მოძრაობის დაყოფას გამოიწვევდა.
სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად ქალთა უფლებებისათვის აქტივობები შეჩერდა. სუზან ბ. ენტონის კრებების მოწვევა სურდა, მაგრამ სახელმწიფო კრიზისის პირობებში სხვა ქალებისათვის ხმის მიწვდენა შეუძლებელი ხდებოდა. ქალები დარწმუნებული იყვენენ, რომ მშვიდობის დამყარებისთანავე, თავიანთი პატრიოტული წვლილისათვის შესაბამისად დაფასდებოდნენ და მათ მთავრობა ხმის უფლებას მისცემდა. სუზანი თვლიდა, რომ ეს გულუბრყვილო მოლოდინი იყო. სტენტონი ისევე გაცხარებით საუბრობდა, როგორც ბევრი მამაკაცი ლაპარაკობს დღეს, როცა საქმე რეფორმების აუცილებლობაზე მიდგება:
,,საზოგადოება, რომელიც დღეს მამაკაცის ძალის ქვეშ არის ორგანიზებული, სხვა არაფერია თუ არა ქალთა მოდგმის ერთი დიდი გაუპატიურება გზებზე, ციხეებში, თავშესაფარებში და ოჯახებში ისევე, როგორც მოდის სამყაროსა და სამუშაოზე. აქედან გამომდინარე უთანხმოება, სასოწარკვეთა, სულიერი დაცემა და ძალადობა იარსებებს მანამ, ვიდრე ადამიანთა მოდგმის დედა სოციალურ სფეროში დიქტატორი არ გახდება. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, მთელი ძალისხმევა მივმართოთ მისი როლის ასამაღლებლად და ვასწავლოთ კაცთა მოდგმას, რომ ღვთიურ სამყაროში არაფერია ისეთი წმინდა და ამაღლებული, როგორც ქალი.”
რეფორმა იბლოკება
მოძრაობა თანდათანობით იზრდებოდა. 1972 წლის არჩევნებზე სტენტონი და ენტონი მხარს რესპუბლიკელებს უჭერდნენ, რომელთა საარჩევნო პლატფორმაში ერთ-ერთ დაპირებას (რომელსაც ზოგიერთი სატყუარას ეძახდა) ,,დამატებითი უფლებების მინიჭებაზე ქალთა მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინება” წარმოადგენდა. 1872 წელს რესპუბლიკელთა გამარჯვებამ პარტიის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა, რითაც რეფორმების ერა დასრულდა, რადგან არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებს ქალთა უფლებებისადმი არავითარი ინტერესი არ გამოუვლენიათ. 1875 წელს, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ კონსტიტუციის მე-14 და მე-15 შესწორებები ქალებს ხმის უფლებას ანიჭებდა და ეს მოსაზრება თავის გადაწყვეტილებაშიც დაადასტურა - ,,ხმის უფლება” ის პრივილეგია იყო, რომელსაც სახელმწიფო, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა, მას მიანიჭებდა. თითქმის 50 წელი დასჭირდა ამ შეხედულების შეცვლასა და კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას.
სუზან ბ. ენტონიმ ნათლად დაასაბუთა ის, რომ მთავრობა ადამიანებს თავიანთ უფლებებს არ აძლევდა:
დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია, სხვადასხვა შტატების კონსტიტუციები და ტერიტორიალური ორგანული კანონები - ყველა ერთნაირად მოგვიწოდებს, დავიცვათ ადამიანი ღვთისგან ბოძებული უფლებებით სარგებლობისას. მაგრამ არც ერთი მათგანი არ ანიჭებს ადამიანს ამ უფლებებს.
ორგანიზაციებს შორის დაპირისპირება
მოძრაობა ყოველთვის ზარალდებოდა რანგირების გამო. 1869 წლის გახლეჩვის შედეგად შეიქმნა სუფრაჟისტ ქალთა ნაციონალური ასოციაცია (NWSA), სტენტონისა და ენტონის ხელმძღვანელობით და ამერიკელ ქალთა სუფრაჟისტული ასოციაცია (AWSA), ლუსი სტოუნისა და ჰარი ბლექუელის თაოსნობით. სუზან ბ. ენტონის აზრით, გაერთიანება უნდა მომხდარიყო ხმის უფლების იდეის გარშემო. სხვადასხვა ჯგუფები, ამერიკის ნაციონალური ქალთა სუფრაჟისტული ორგანიზაციის (NAWSA) შექმნის მიზნით, 1890 წელს გაერთიანდნენ. მათი მიზანი იყო: სხვა საკითხებში აზრთა სხვაობის იგნორირება მოეხდინათ და აქცენტი მხოლოდ ხმის უფლების მოპოვებაზე გადაეტანათ. ამგვარი ტაქტიკის გამო მოგვიანებით უთანხმოება წარმოიქმნა სტენტონთან, რომელსაც ქალთა გათავისუფლების გაცილებით შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა. მოძრაობაში მას მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი ერგო, რაც იმდროინდელი გაბატონებული რელიგიის მიმართ მისი მზარდი ანტიპატიით იყო გამოწვეული.
ელიზაბეტ ქეიდი სტენტონი
ელიზაბეტ ქეიდი სტენტონს ქალთა უფლებებისათვის მოძრაობის დამფუძნებელსა და ფილოსოფოსს უწოდებენ. მრავალი წლის განმავლობაში ის მოძრაობის მთავარი სპიკერი იყო. მისი შემწეობით არაერთი ამოცანის დასახვა მოხერხდა. ელიზაბეტი 1815 წელს, ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთში დაიბადა. მამამისი, მოსამართლე დენიელ ქეიდი, ცნობილი იურისტი და ნიუ-იორკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახლდათ. ელიზაბეტი ხუთი ქალიშვილიდან მეოთხე იყო, რომელიც ერთადერთი ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მამა ხელს უწყობდა ელიზაბეტს სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების გამომუშავების მხრივ. იმ დროისათვის მან ბევრად უკეთესი განათლება მიიღო, ვიდრე ეს მიღებული იყო. მამა ასწავლიდა მას, თუ როგორ შეიძლებოდა კანონების შეცვლა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ სურდა, თავისი ქალიშვილი ასეთ ,,არაქალურ” საქმიანობაში ჩართული ეხილა.
ელიზაბეტი ეჭვის თვალით უყურებდა იმ მქადაგებლებს, რომლებიც ,,ქალისათვის ადგილის მისაჩენად” ბიბლიურ გამონათქვამებს იშველიებდნენ. საკუთარ თავზე ის ამბობდა: ჩემმა რელიგიურმა ცრურწმენებმა ადგილი მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობილ რაციონალურ იდეებს დაუთმო და ... როცა ყველაფერს ახალი თვალსაწიერიდან შევხედე, უფრო და უფრო ბედნიერად ვიგრძენი თავი.”
1839 წელს ის ჰარი სტენტონს შეხვდა, მამაკაცს, რომელიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ მონობის საწინააღმდეგო მოძრაობაში. ძალიან მცირე დროში მან ელიზაბეტს ცოლობა სთხოვა და ელიზაბეტმაც მიიღო ეს წინადადება. ყველა ამქორწინების წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით კი ელიზაბეტის მამა, რომლისთვისაც მიუღებელნი იყვნენ აბოლიციონისტები, ამასთანავე მას ეჭვი ეპარებოდა, რომ სტანტონი მისი ქალიშვილის შენახვას შესძლებდა. ასეთი ზეწოლის გამო ელიზაბეტმა ნიშნობა ჩაშალა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ დამოუკიდებლად უნდა მიეღო გადაწყვეტილებები და საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრა. ისინი დაქორწინდნენ. ორთავეს ესმოდა, რომ ეს იყო თანასწორთა ქორწინება, სიტყვა ,,მორჩილება” საქორწინო ცერემონიალზე არავის უხსენებია. ელიზაბეტმა ქალიშვილობის გვარიცშეინარჩუნა და ელიზაბეტ ქეიდი სტენტონი გახდა.
სტენტონი - 1902 წელს, ხოლო ენტონი ოთხი წლის შემდეგ ისე გარდაიცვალნენ, რომ საარჩევნო ხმის უფლებით არ უსარგებლიათ. მათ სხვადასხვაგვარად იხსენიებენ. ბევრი მიმდევარი ენტონის ,,სუფრაჟისტთა წმინდანად” აღიქვამდა, რასაც არ ამბობდნენ სტენტონზე. ხმის უფლების მნიშვნელობის შესახებ მათმა საერთო მრწამსმა ორი სხვადასხვა მიმართულებით ჰპოვა ასახვა. სტენტონის ხედვა დამარცხდა. მოხდა მისი აკვიატებული იდეის - სოციალური რეფორმის სფეროში სუფრაჟისტთა ერთიანი პოლიტიკური პროგრამის შემუშავების შესახებ - დისკრედიტაცია. სანაცვლოდ, აქტუალური გახდა ენტონის ხედვა, რომ ქალთა პოლიტიკურ თანასწორობას არცერთმა სხვა საკითხმა არ უნდა შეუშალოს ხელი.
წარსულის გაკვეთილები
ვინც წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს, შეცდომების განმეორებისთვისაა განწირული.
ახლა კი შევეცადოთ, შევაჯამოთ წარსულის პოზიტიური გაკვეთილები. მაგალითების მოკლედ მიმოხილვისას, ჩვენ შეიძლება მოვლენები მხოლოდ ზედაპირულად შევიცნოთ.
● ძალადობის გარეშე მოქმედება რწმენაში უდიდესი ნახტომის გაკეთებას მოითხოვს - განიარაღება მას შემდეგ, რაც თქვენს სახლსა და ოჯახს დაბომბავენ; საშუალების მიცემა, გცემონ და არ შეეწინააღმდეგო... თითქოს ,,საღ აზრს” მაინცდამაინც არ შეესატყვისება.
● ცვლილება შესაძლებელია. ძალიან ხშირად ჩვენ მახეში ვართ გაბმულნი იმის გამო, რომ ვფიქრობთ: ,,რას იზამ, ეს ასეა.” და ისევ ისე განვაგრძობთ ავტობუსის უკანა სკამებზე ჯდომას... რას იზამ, ასეთია წესი. თუმცა, არასოდეს დაიჯეროთ, რომ ის, რაც დაწესებულია, სწორია; რომ დღეს დაწესებულის შეცვლა ხვალ შეუძლებელია.
● ადამიანი შეიძლება შეიცვალოს. რეალური ცვლილება შინაგანი სამყაროდან მოდის. არაძალადობრივ ქმედებებს, ადამიანების მზადყოფნას, აიტანონ ტანჯვა, შეუძლია, გული მოულბოს მოწინააღმდეგეს. ადამიანის ბუნებაშია ,,უმოწყალო” და ,,მტრულ” ქმედებებში სხვათა დადანაშაულება. როდესაც ეს სხვა სიყვარულით გპასუხობთ, და ბოროტების სანაცვლოდ ბოროტებას არ მოგიზღავთ - ეს თვითანალიზის საფუძველი ხდება.
● იქნება ეჭვი, უთახმოებაცა და წარუმატებლობაც - კინგის რამოდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ასევე იყო განდის შემთხვევაშიც - ორთავემ იცოდა, თუ რას ნიშნავდა მარცხთან პირისპირ შეჯახება. უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა დამახასიათებელია ყველა დიდი მოძრაობისთვის. მოწინააღმდეგე შეეცდება, ეს უთანხმოება საკუთარი ინტერესებისამებრ გამოიყენოს. როდესაც სატიაგჰარა მჩაგვრელის სიყვარულის, პატივისცემისა და მასზე ზრუნვისაკენ მოგიწოდებთ, იგივეს ითხოვს თქვენი მოძრაობის სხვა წევრების მიმართაც.
● საჯაროობის მნიშვნელობა - გაზეთებისა და ტელეკამერების ყურადღების ცენტრში ყოფნა დაგეხმარებათ, მიიტანოთ თქვენი სათქმელი ხალხამდე. ყველა წარმატებულმა მოძრაობამ საჯაროობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ამ მხრივ განდი და კინგი ორთავე ნაყოფიერად მუშაობდნენ და ბევრს წერდნენ. მათმა საქმიანობამ აღაფრთოვანა უბრალო ადამიანები.
● ირწმუნეთ ის, რისიც გჯერათ - თქვენი მრწამსი სიმხნევეს უნდა გმატებდეთ და მზად უნდა იყოთ, თქვენი რწმენის შესაბამისად იმოქმედოთ. ამ ქვეყნად ერთ ღირსეულ ადამიანზე მართლაც 999 ღირსების ქომაგი მოდის. აკეთეთ ის, რასაც მართებულად თვლით - მაშინაც კი, როცა სხვა არავინ გიერთდებათ და მარტო სიარული გიწევთ.
● მასების ერთობლივი მოქმედება - ამ მოძრაობებში ძირითადად ღარიბები მონაწილეობდნენ, ამისათვის მათ კოლეჯის დიპლომი სულაც არ მოეთხოვებოდათ. საჭიროა, ადამიანები ერთად შეიკრიბონ, მოუსმინონ გამოსვლებს, ენერგიით დაიმუხტონ. ლიდერებმა მათ მაგალითი უნდა მისცენ. არ არის საჭირო დიდ რეგიონში მოძრაობის კოორდინირება, ცენტრალიზებული კონტროლი და განრიგის შედგენა.თქვენი ორგანიზება მხოლოდ თქვენმა საერთო რწმენამ უნდა მოახდინოს, თქვენი შეშფოთება კი ერთი და იგივე ფორმით უნდა გამოხატოთ. ეს საშუალებას იძლევა, მოძრაობა ძალზედ სწრაფად გაფართოვდეს და ყველაზე პატარა ქალაქებსაც კი მოედოს.
არაძალადობრივი აქციები და რწმენა
თითქმის ყველა ჩვენგანს გარკვეულად სწამს ღმერთი, მაგრამ სწორედ ნასწავლ და განათლებულ ხალხში იქცა ღვთის იდეა ფილოსოფიურ საკითხად. ჩვენ ვხედავთ ღმერთში ,,პირველად მიზეზს”, სამყაროს ძირითად მამოძრავებელ ძალას. როდესაც ვცდილობთ, ვიყოთ ლოგიკურები და გავაცნობიეროთ, თუ ,,რატომ ემართებათ ცუდი კარგ ადამიანებს”, ეჭვქვეშ ვაყენებთ ჩვენ რწმენას მოსიყვარულე და ქმედითი ღმერთის მიმართ. ცხოვრებისეულ მოვლენებთან დამოკიდებულებაში ჩვენ პასიურები და თითქმის ,,მედგარნი” (სტოიკურები) ვხდებით - ამ მოსაზრებებს, უეჭველია, ღრმად პატივცემული კინგი უარყოფდა.
თუ ჩვენ ძველ აღთქმას გადავხედავთ და ვნახავთ, ვის რა შეხედულება ჰქონდა რწმენაზე, აბსოლუტურად განსხვავებულ გაკვეთილებს მივიღებთ. დრო და დრო ღმერთი მისი ,,რჩეული ხალხისაგან” ბრმა რწმენას ელის. ისინი არასოდეს დაიჯერებენ, რომ საკუთარი ძალისხმევით გადარჩნენ. ერთ-ერთ, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან მოთხრობაში ღმერთი უბრძანებს აბრაამს: ხელი მოკიდე შენს ერთადერთ ძეს, ისააკს, რომელიც შენ ძალიან გიყვარს და მსხვერპლად შემომწირე. ჩემთვის არაჩვეულებრივი ახსნაა, როცა აბრაამის საბოლოო ქმედება ეწინააღმდეგება, მის წინა ნაბიჯებს. აბრაამი ყოველთვის იყო კარგი მოლაპარაკე და მატყუარა (საკუთარი ცოლიც კი საკუთარ დად გაასაღა). მაგრამ ფინალური და მთავარი მოვლენის დროს ის ჩუმადაა. როდესაც ბოლოს ისააკი მას ეკითხება: მამა, ჩვენ გვაქვს ცეცხლი და შეშა, მაგრამ სად არის მსხვერპლი? - აბრაამი პასუხად ამბობს: ნუ სწუხარ შვილო, ღმერთი მოგვცემს.
როგორც ქრისტიანებმა, ჩვენ მხოლოდ ,,მამაო ჩვენოს” უნდა მივმართოთ. ლოცვას, რომელიც იწყება სიტყვით ,,აბბა”. ჩვენ უნდა დავინახოთ ღმერთში მოსიყვარულე მშობელი, რომელიც ზრუნავს ჩვენზე და უპასუხებს ჩვენს ვედრებას. ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს!
ჩემი გადაწყვეტილება პროტესტის შესახებ ღრმა რწმენას მოითხოვს. ჩვენ მოგვიწოდებენ, მოკრძალებულად და რწმენით ვიმოქმედოთ. ვიდრე სამართლიანობისთვის ბრძოლას განვაგრძობ, მე მთლიანად გამოვრიცხავ სხვათა მიმართ ძალადობის ან აგრესიის გამოვლენას, რადგანაც ეს ჩემი საქმე არ არის. ,,ტერორისტი” ღმერთის ძალაუფლებას საკუთარ ხელში იღებს და ბევრს სჯერა, რომ ამ ძალისმიერი ქმედებით ღვთის ნება სრულდება.
თუ თქვენ არაძალისმიერი მეთოდებით იმოქმედებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არასოდეს ინანებთ, რაც ჩაიდინეთ. ჩვენი ქმედებებით შესაძლოა, დასახულ მიზანს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, თქვენ აძლევთ რწმენის შესანიშნავ მაგალითს ყველას, ვინც ამ გზაზე თქვენ შეგხვდებათ.
რატომ ავირჩიე სამოქალაქო დაუმორჩილებლობა?
ჯონ მურტარი
(წერილის ასლი, რომელიც ადგილობრივ გაზეთს გაეგზავნა, მაგრამ არასოდეს გამოქვეყნებულა)
რედაქტორებო!
დღეს ციხეში ჩემი პროტესტის მეთოთხმეტე დღეა. ვიფიქრე, მომეწერა თქვენთვის, რა მიზანს ისახავს ეს პროტესტი, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუ არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მეთოდის შესახებ ვიმსჯელებდით.
გასულ კვირას დაწყებითი სკოლის ბავშვები ციხისა და პატიმართა საკნების დასათვალიერებლად მოიყვანეს. ზოგიერთი ბავშვი აქტიურად ცდილობდა ,,კრიმინალების” დანახვას. საღამოს, სადილის დროს ერთ კაცს ამის შესახებ ვესაუბრებოდი. მან მითხრა, რომ შეშინებული იყო, მის პატარა გოგონებს არ დაენახათ იგი. მისი შვილებიც ამ სკოლაში დადიოდნენ.
როცა საკანში დავბრუნდი, ჩემი ვაჟის, დომენიკის შესახებ დავფიქრდი. ისიც რომ მოსულიყო და დავენახე, როგორც პროტესტის მონაწილე, ნეტავ რას იტყოდა ის?
რედაქტორებო, მითხარით რა შეიძლება თქვას ბავშვმა, რომლის მშობლებიც დაპატიმრებული არიან სამოქალაქო დაუმორჩილების გამო?
კიდევ ერთ ფართოდ გავრცელებულ საწინააღმდეგო მოსაზრებას წავაწყდი პოლიციელების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მხრიდან. მათი აზრით, პროტესტი ციხეში დროის ფუჭი კარგვაა, გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვაა. 24 თებერვალს დროებით გათავისუფლებამდე მოსამართლე პირანომ მითხრა: ,,ბატონო მურტარ, მე არ ვუგულველყოფ თქვენს უფლებას, გამოხატოთ პროტესტი. მაგრამ არ მოგცემთ საშუალებას, ეს გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე გააკეთოთ”.
რედაქტორებო, განა ასეთი ფორმის პროტესტი ტვირთია საზოგადოებისათვის?
მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ იმისათვის, რომ 60-იანი წლების მრავალი პროტესტი გავიხსენო, მათ შორის, როგორც ძალადობრივი, ასევე არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ეს იყო ხალხის მცდელობები, გამოესწორებინათ საზოგადოებაში არსებული ნაკლოვანებები, რომელთა მოგვარება საკანონმდებლო და სამართალდამცავმა სისტემებმა დროულად და ეფექტურად ვერ მოახერხეს.
ახალგაზრდობაში მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის ცხოვრებას ვეცნობოდი. ორთავეს ღრმა რწმენა ჰქონდათ. მოძრაობები, რომელთაც ისინი უძღვებოდნენ, განსხვავდებოდა იმ მოძრაობებისაგან, რომელთაც კონფრონტაცია და მუქარა ახლდათ თან. განსხვავდებოდა იმ მოძრაობებისაგან, რომლებიც ძალას მიმართავდნენ და მოქმედებდნენ პრინციპით - ,,მიზანი ამართლებს საშუალებას”. განდი და კინგი პატივისცემით ეპყრობოდნენ მჩაგვრელებს. მათ სჯეროდათ, ადამიანების სიკეთის, იმათიც კი, ვინც ტკივილს აყენებდა. განდიმ ერთხელ აღნიშნა, ,,როგორ უნდა მოელოდე ვინმესგან შენი იდეის აღიარებას, თუკი მას დაცინვითა და ზიზღით ეპყრობი?”.
მათი მიმდევრები ცემაზე და სიკვდილზე ნებაყოფლობით ისე მიდიოდნენ, რომ წინააღმდეგობასაც კი არ უწევდნენ. ამგვარი ქმედებით, მჩაგვრელთა უმრავლესობა (რომლებიც მართლაც გამოირჩეოდნენ გულისხმიერებით) გარდაიქმნა.
საუკუნის ბოლოს დავიწყებას მიეცა ბევრი მაგალითი და შეურაცხმყოფელ სახელებს, კონფრონტაციასა და ძალადობას მივმართავთ. სად არის აბორტის მოწინააღმდეგე იმ პროტესტანტის რწმენა, რომელიც სხვა ადამიანის მოკვლას გადაწყვეტს? თუ ვინმეს სიკეთის მოსაპოვებლად ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება სურს - ეს უპირველეს ყოვლისა, თავად პროტესტანტი უნდა იყოს. ნუთუ დაგვავიწყდა ქრისტეს მაგალითი.
დავუბრუნდეთ თავდაპირველ შეკითხვებს. მე მსურს შემოგთავაზოთ ჩემი პასუხები:
მოსამართლე პირანოს სალინას ხალხისათვის, რომლებიც მის სასამართლო დარბაზში მოიყრიდნენ თავს, ალბათ, ერთი რამ უნდა ეთქვა: ,,შეხედეთ, ეს არის უბედური კაცი, რადგანაც მას არ შეუძლია, მოინახულოს საკუთარი ვაჟი გაყრის შემდეგ. დიახ... ის ციხეში მიდის. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რამე დაუშავა. იმიტომ კი არა, რომ მან გაიტაცა შვილი. იმიტომ კი არა, რომ მან მოსამართლეს მიაყენა შეურაცყოფა... იგი მიდის ციხეში, რადგანაც მას ასე სურს. იგი ცდილობს დაგვანახოს, რომ სისტემას გაუმჯობესება სჭირდება... მეგობრებო, მე ვაპირებ, რომ იგი დავტოვო ციხეში თქვენს ხარჯზე. უთხარით ეს ამბავი თქვენს მეგობრებს და პროტესტის მშვიდობიანი ფორმისაკენ მოუწოდეთ მათ. მე მირჩევნია ასეულობით მისნაირს მივუსაჯო პატიმრობა, ვიდრე ნამდვილი ძალადობის ერთი საქმეც კი განვიხილო. მემგონი, კარგი გარიგებაა!”
და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ჩემი შვილი დომენიკი ეტყვის მეგობრებს: ,,ციხეში რომ ზის, მამაჩემია. მას სურდა უფრო ხშირად ვენახე. მას არასოდეს დაუშავებია რამე. მამაჩემს უნდა, რომ ყველამ გაიგოს, თუ როგორ ვუყვარვარ. ის ცდილობს ყველას დაგვეხმაროს... და ამიტომაც მიყვარს ის.”
იმედი მაქვს, რომ თქვენი მზრუნველობა დადებითად იმოქმედებს ,,პოტენციურ მოძალადეებზე” (ადამიანები, რომელთაც არა აქვთ ჩადენილი ძალადობა, მაგრამ უნებისყოფობისა და მიმბაძველობის გამო შეიძლება გახდნენ მოძალადეები) და ალბათ, ხელს შეუწყობს მათში სიმტკიცისა და სიკეთისაკენ სწრაფვას. საზოგადოება სარგებელს მიიღებს ამისგან.
____________________
1. ქალთა თანასწორობის მომხრე. სიტყვიდან ,,suffrage“ - საარჩევნო უფლება.
2. Carey, John. 1987. Eyewitness to History. Avon Books.
გამოყენებული ლიტერატურა:
Carey, John. 1987. Eyewitness to History. Avon Books.
DuBois, Ellen Carol. 1981. Elizabeth Cady Stanton & Susan B. Anthony,
Correspondence, Writings, Speeches. New York: Schocken Books.
Fischer, Louis. 1950. The Life of Mahatma Gandhi. New York, NY: Harper and Rowe.
Fortini, Arnaldo. 1981. Trans. Helen Moak. Francis of Assisi. New York: Crossroad Publishing.
Gurko, MIrian. 1974. The Ladies of Seneca Falls. New York: Macmillan Publishers.
Kazantzakis, Nikos. 1962. Saint Francis. New York, NY: Simon & Schuster.
Oates, Steven B. 1982. Let the Trumpet Sound - The Life of Dr. Martin Luther King Jr. New York, NY: Mentor Books.
Thoureau, Henry D. 1983. Walden; and, Civil Disobedience. Middlesex, England: Penguin Book Ltd.