The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №11 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №11 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა დეკემბერი, 2004 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ.1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲back to top


ალია,1.12.04.
ქეთი ხატიაშვილი
ქართულ ეკლესიაში განხეთქილებას გლობალისტები აწყობენ?

სჭირდება თუ არა საქართველოს ეკლესიას რეფორმირება, ისევე, როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ეკლესიაში მოხდა? - წერს ავტორი. „სხვანაირად ამას თვითწმენდასაც ეძახიან. ეკლესია უნდა დატოვონ უღირსებმა (არა ერთხელ თქმულა, რომ სასულიერო პირებს შორის არიან ლოთები, ნარკომანები, უცოდინრები და ა.შ.).“

ტრადიციონალისტი გუბაზ სანიკიძე, მაგალითად, თვლის, რომ რეფორმების ჩატარების იდეა გლობალისტებიდან მოდის („ისინი ტრადიციებს ებრძვიან, და მათ შორის ტრადიციულ რელიგიებს“), ასე რომ „ბრძოლა გლობალისტებს და ანტიგლობალისტებს შორის მიმდინარეობს.“

ახალი ვერსია, 1-2.12.04.
რეზო გეთიაშვილი, ლევან სეფისკვერაძე
ანჩისხატის ეკლესიიდან ხატები იკარგება

ბოლო დროს მედია (მათ შორის საპატრიარქოს გამოცემები) ხშირად წერენ ეკლესიებიდან ხატებისა და საეკლესიო ნივთების დაკარგვის შესახებ, - წერს ავტორი. მაგალითად, 15 ნოემბერს ანჩისხატის ტაძრიდან მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დაიკარგა (ცნობა ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანმაც“ გაავრცელა), მეტეხის ეკლესიის ღვთისმშობლის „მოულოდნელი სიხარულის“ ხატი ბაზრობაზე იპოვნეს... და ასეთი ფაქტი მრავლადაა. ამას ეკლესიის მღვდელმსახურებიც ადასტურებენ. საპატრიარქოს სიწმინდეთა დაცვისა და მოძიების განყოფილებაში ჟურნალისტს განუცხადეს, რომ საპატრიარქო ყველა ასეთ ფაქტზე შესაძლოა ინფორმაციას ვერც კი ფლობდეს. თუ ეკლესიებში სიწმინდეთა დაცულობის ხარისხი ამდენად დაბალია, „ეჭვქვეშ დგება ხელოვნების მუზეუმის „ოქროს ფონდიდან“ საეკლესიო სიწმინდეების გადაცემა ეკლესიისათვის, - წერს ავტორი. ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგის თქმით, სამების საკათედრო ტაძარში მალე მოეწყობა სპეციალური საცავი და სიწმინდეები იქ დაესვენება. ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მცველი ელენე კავლელიშვილი ამბობს რომ ხატების დაკარგვის ხშირი ფაქტები „კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სასულიერო პირების მოთხოვნების აბსურდულობას, რაც ჩვენთან დაცული სიძველეების ტაძრებში გადატანას გულისხმობს.“

ახალი ვერსია, 3-4.12.04.
რეზო გეთიაშვილი, ლევან სეფისკვერაძე
ვართ თუ არა უძველესი სიწმინდეების ღირსნი?

28 ნოემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმაც მიანიშნა, რომ საეკლესიო საგნების ერთადერთი ადგილი სწორედ ეკლესიაა. სტატიაში მოყვანილი სამების ტაძრის წინამძღვარის სიტყვებით კი, „ჯობია ხატი მლოცველის ხელში დაიმტვრეს, ვიდრე მასთან ვერ ილოცო; არსებობდეს, მაგრამ არავისთვის და არაფრისთვის...“ წერილში მოყვანილია მეცნიერების აზრი იმის თაობასე, რომ სიწმინდეების ეკლესიებში გადატანა მათი დაღუპვის ტოლფასია.

ხვალინდელი დღე, 2.12.04.
ნინო ჯაფარიძე
მარად ცოცხალი ეკლესია

ავტორი იმ ისტორიულ როლზე საუბრობს, რომელიც შეასრულა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქვეყნის ეროვნული მსოფლმხედველობის, მისი კულტურის, თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში. შემდეგ ეკლესიის ირგვლივ შექმნილ დღევანდელ სიტუაციაზე საუბრობს, მოჰყავს ვრცელი ციტატა სასულიერო აკადემიის სტუდენტთა წერილიდან, სადაც ეკლესიის შიგნით არსებულ მანკიერებებზეა საუბარი. იმასაც უსვამს ხაზს, რომ ამ წერილს პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა - ჟურნალისტებო და პოლიტიკოსებო, ეკლესიაზე საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინეთო. „ის, რაზეც საპატრიარქოში და მის გარეთ ცალკეული დაჯგუფებები აჟიოტაჟის შექმნას ცდილობენ, დიდი ხანია სტკივა ქართველობას.“ - აღიარებს ავტორი, მაგრამ საპატრიარქოს ოპონენტებს ფორმას უწუნებს („შეცდომებზე ამ ფორმით მითითება არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პირად შეურაცხყოფადაც აღიქმება“). შემდეგ კი მოულოდნელ დასკვნას აკეთებს: „წერილის ავტორებმა იციან, მაგრამ არ სურთ აღიარება, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ქადაგებდა იზოლაციონიზმს, მას ყოველთვის მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა არა მხოლოდ დასავლურ-ქრისტიანულ, არამედ აღმოსავლურ მუსლიმანურ კულტურებთანაც, რომ ქართული საზოგადოება იმდენად ბნელი არ არის, მის წიაღში ფუნდამენტალიზმი იშვას.“

ახალი თაობა, 5.12.04.
თეა მარხვაიძე
საქართველოს პატრიარქი ხელშეუხებელია

საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ „არაჯანსაღი ვითარება“ იმის შემდეგ განიმუხტა, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსების ჩარევა ეკლესიის საქმეებში დაუშვებელია, - წერია სტატიაში. ცოტა ხნის წინ, ავტორის ცნობით, „საპატრიარქოს გარშემო არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრები უკვე შეხვდნენ პატრიარქს და აპირებენ სხვა „დაინტერესებულ მხარეებსაც“ შეხვდნენ. მისი ერთ-ერთი წევრის, გივი ბადაშვილის ცნობით, ამ ჯგუფის „მთავარი ამოცანაა დაიცვან პატრიარქი, მართლმადიდებლობა და ამით დაიცვან სამშობლო.“ ჯგუფის შექმნის ინიციატორები და მისი შემადგენლობა წერილში მითითებული არ არის. შემდეგ ავტორი საუბრობს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში („როდესაც ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, მაშინ ჩვენთან მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო... დღეს კი მოქმედი ეკლესიების რიცხვმა რვაასს მიაღწია“.) და დაწვრილებით გვიყვება მის ბიოგრაფიას. სტატიის ბოლოს მოყვანილია უწმინდესის საშობაო ეპისტოლეს ნაწყვეტი, სადაც იგი კანონის უზენაესობის პრინციპზე საუბრობს: „გამოდის, რომ ამ ადამიანებს (ამ პრინციპის დამცველებს - რედ.) მათ მიერ შემუშავებული წესები უფრო სწორი ჰგონიათ, ვიდრე კაცთა ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, ჩვენთვის ჯვარცმული იესო ქრისტეს მცნებები და დარიგებანი.“

ხვალინდელი დღე, 4-6.12.04.
ნინო ჯაფარიძე
რა ბედი ელის წმინდა რელიქვიებს

მართლმადიდებელი მრევლის მოთხოვნას, მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატი, ისევე, როგორც სხვა სიწმინდეები, ეკლესიას დაუბრუნდეს, კატეგორიულად არ ეთანხმებიან მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეები, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საეკლესიო პირობებში შენახვის შემთხვევაში მათ განადგურება ემუქრება. ავტორი ვარაუდობს, რომ ეს დავა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება. შეთანხმების მიხედვით, საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-საეკლესიო საგანძურის ნაწილი, სახელმწიფოსა და ეკლესიის საერთო მფლობელობაშია, თუმცა, ავტორის აზრით, ეს არ ეხება ისეთ რელიქვიებს, როგორიცაა მაცხოვრის ანჩისხატი.

24 საათი, 15.12.04.
თამარ დვალი
წმინდა სინოდის განჩინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე ომბუდსმენის ოფისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დეკანოზ ბასილ კობახიძის დასაცავად შეიკრიბნენ, გვატყობინებს ავტორი. შეკრების მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წმინდა სინოდს გადაწყვეტილი აქვს დეკანოზ ბასილ კობახიძის განკვეთა. ეს ინფორმაცია გამართლდა ნაწილობრივ - 14 დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინებით ბასილ კობახიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა, ხოლო დეკანოზ მიქაელ ასათიანს და მღვდელ ზაზა თევზაძეს გაფრთხილება მიეცათ.

ახალი თაობა, 16.12.04.
სოფო ჩიხლაძე
საპატრიარქო მზად არ არის რეფორმისათვის

14 დეკემბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დეკანოზ ბასილ კობახიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა, ხოლო დეკანოზ მიქაელ ასათიანს და მღვდელ ზაზა თევზაძეს გაფრთხილება მიეცათ. 15 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში რამოდენიმე არასამთავრიბო ორგანიზაციამ და საზოგადოების გარკვეულმა წრეებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. შეკრებილებმა ღია წერილით მიმართეს, როგორც წმინდა სინოდის წევრებს და საპატრიარქოს, ისე საზოგადოებას და ეკლესიის პრობლემებზე ღია დიალოგისკენ მოუწოდეს. დეკანოზი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ ემორჩილება სინოდის გადაწყვეტილებას, მაგრამ მას „უკანონოს და უსაფუძვლოს“ უწოდებს. ამბობს, რომ განჩინება „არ არის დასაბუთებული შესაბამისი კანონებითა და არგუმენტებით. ამ დადგენილების ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩაახშონ საჯარო კრიტიკის ხმა.“

რეზონანსი, 17.12.04.
რუსიკო მაჩაიძე
ეკლესიის საკითხებზე სააკაშვილის პოზიციას ელიან

ოპოზიციური პარტია „ახლები“ განგაშს ტეხენ იმის გამო, რომ მიუხედავად ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული საკონსტიტუციო ხელშეკრულებისა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი ეკლესიას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამას წინათ გაიმართა სემინარი, რომელზეც გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, ისევე როგორც სხვა კონფესიებს, განესაზღვროთ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. „ახლები“ აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოდან პარლამენტის თავმჯდომარის და იურიდიული კომიტეტის სახელზე გაიგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში დამატებების შეტანის გზით ყველა კონფესიისთვის თანაბარი სტატუსის განსაზღვრას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადახედვას. „ახლები“ თვლიან, რომ სამოქალაქო სექტორი უხეშად ერევა ეკლესიის საქმეებში და მოითხოვენ პრეზიდენტმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახალი თაობა, 17.12.04.
მედია-ნიუსი
კონსერვატორები ბასილ კობახიძეს ურჩევენ, სასამართლოს მიმართოს

კოსერვატიული პარტია პროტესტს გამოთქვამს და ცილისწამებად მიიჩნევს დეკანოზ ბასილ კობახიძის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებს, სადაც ისინი საპატრიარქოს „კლანს“ უწოდებენ და „შავბნელ საქმიანობაში“ ადანაშაულებენ. თუ მათ საპატრიარქოს ბრალეულობის დამადასტურებელი მასალები გააჩნიათ, მიმართონ სასამართლოს, თუ არა და, ბოდიში მოიხადონ, აცხადებენ კონსერვატორები და მოუწოდებენ მართლმადიდებელ მრევლს და მთელ ქართულ საზოგადოებას დაიცვან საპატრიარქო სხვადასხვა ანტიეკლესიური დაჯგუფებებისგან..

ახალი თაობა, 18.12.04.
შორენა კოწოწაშვილი
კობახიძემ ეკლესიაში არსებული კორუფცია უნდა დაამტკიცოს

17 დეკემბერს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანმა ირაკლი ანდრიაძემ საპატრიარქოში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ტოვებს ამ და სხვა თანამდებობებს, რომლებიც ეკავა საპატრიარქოში, რათა „შეუერთდეს საზოგადოების იმ მრავალრიცხოვან ჯგუფს, რომელიც დაიცავს ეკლესიას, მის ღირსებას იმ ცინიკური შეურაცხყოფისაგან... უპასუხისმგებლო და თავხედური კამპანიისაგან, რომელიც მთელი წელი მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესიასთან სოლიდარობის აქციას, რომელიც იმ დღეს საპატრიარქოს ეზოში სტუდენტების მიერ იყო დაგეგმილი, ანდრიაძემ გამაფრთხილებელი უწოდა. „დათქმულ დროს სიონის ტაძრის ეზოში რამოდენიმე ათეული სტუდენტი მივიდა და ანთებული სანთლებით ხელში ეკლესიას წრე შემოავლო. ამით მათ დააფიქსირეს, რომ ეკლესია ხელშეუხებელია და არავის, მათ შორის არც უცხოური გრანტებით გამდიდრებულებს, არ აქვთ უფლება ხელი აფათურონ მის ცხოვრებაში,“ - წერს ავტორი.

ახალი თაობა, 21.12.04.
მედია-ნიუსი
გიორგი ანდრიაძე ოპონენტებისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

საპატრიარქოს ყოფილმა მდივანმა გიორგი ანდრიაძემ ახალი ორგანიზაცია - „ნაციონალური ლობი“ - შექმნა, რომლის მიზანია „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.“ ამის შესახებ მან 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანდრიაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ მიმართავს სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გამოხატონ თავისი პოზიცია და დაიცვან მართლმადიდებლების, მათ შორის თავად ანდრიაძის, კონსტიტუციური უფლებები ისეთი ადამიანებისგან, როგორიც არიან ლევან რამიშვილი, ბასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია და ნაირა გელაშვილი.

რეზონანსი, 22.12.04.
ნინო ნოზაძე
არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდებ

„შეუცნობელ არს გზანი უფლისანი!“ ასე იწყებს ჟურნალისტი წერილს, რომელშიც მოგვითხრობს, რომ თურმე გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის აღსადგენად დახარჯული 188320 ლარი, რომელიც 2002-2003 წლებში შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოების“ ანგარიშიდან იყო გადარიცხული საპატრიარქოს შესაბამის ანგარიშზე, კანადელმა ინვესტორმა, საწარმოს 90% წილის მფლობელმა, მუსლიმანმა ჰუსეინ ალიმ გაიღო. ქველმოქმედის ერთადერთი სურვილი ის ყოფილა, „მართლმადიდებლებს სცოდნოდათ მისი არსებობის, ვინაობისა და აღმსარებლობის შესახებ.“ შუამავლები მას არწმუნებდნენ, რომ ეს ასეც იქნება. ახლახანს კი გაირკვა, რომ გორის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვრებმა ჰუსეინ ალის არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდნენ და პატივს ტაძრის აღდგენისთვის მხოლოდ ხსენებული საწარმოს მეორე მფლობელს, ავთო წერეთელს, მიაგებდნენ, მაშინ როდესაც მას დასახელებული საწარმოს მხოლოდ 10% წილი ეკუთვნის. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვა, როდესაც ჰუსეინ ალი თვითონ ეწვია გორის საკათედრო ტაძარს დასათვალიერებლად.

ხვალინდელი დღე, 24.12.04.
ნინო ჯაფარიძე
დაუმარცხებელი ეკლესია
რატომ ვერ გაუქმდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია

ავტორის ცნობით, ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებას საპატრიარქოში უარყოფენ, თუმცა მიანიშნებენ, რომ საქართველოში ვიღაცა მართლმადიდებლობას ებრძვის და მის ხელყოფას ცდილობს. „გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა (დასავლური, ბერძნული, რუსული) მართლმადიდებლობის, ან სულაც რეფორმაციის მომხრე დაჯგუფებები არსებობს. თითოეულ მათგანს საკათალიკოსო ტახტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს და პატრიარქის გადაყენებას ლამობს. ერთნი თუ მსოფლიო საეკლესიო საბჭოში კვლავ დაბრუნებას და ეკლესიის მოდერნიზებას ითხოვენ, მეორენი მისი წიაღიდან ქართული სამხმიანი გალობის ბერძნულით, ერთხმიანით ჩანაცვლებას ესწრაფვიან, მესამენი ხსნას მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან ერთობაში ხედავენ.“ - წერია სტატიაში. ავტორი ახალ ინფორმაციასაც გვაწვდის: თურმე, მავანთ, სავარაუდოდ ეს რეფორმატორთა ჯგუფია, საკათალიკოსო ტახტის და შესაბამისად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაც სურთ. ასეთი შესავლის შემდეგ ავტორი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიას მოგვითხრობს.

ალია, 23-24.12.04.
ქეთი ხატიაშვილი
ვის აწყობს საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმება?

„ხვალ, შესაძლოა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღარ ჰყავდეს... თავისუფლების ინსტიტუტს სულაც ამ წოდების გაუქმება სურსო“ - ასეთი სიახლით იწყებს ავტორი თავის სტატიას. მან, მისივე სიტყვებით, თვითონ არ იცის, ვინ არის ამ იდეის ავტორი, ან რა შედეგს მოიტანს ამ წოდების გაუქმება. თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერი ლევან რამიშვილი ყოველივე ამას უარყოფს. აცხადებს, რომ „ლიბერტის“ საპატრიარქოსაგან მხოლოდ ერთი რამ სურს - არ შეავიწროვოს იმ ხალხის უფლებები, ვინც მის პრობლემებზე, იგივე კორუფციაზე, საუბრობს და თვითწმენდა დაიწყოს.

სტატიაში საპატრიარქოს კულუარებში ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაზეცაა საუბარი: „ეს არის თემა, რომელზეც საქართველოში დღემდე ღიად არ საუბრობდნენ, თორემ პირად საუბრებში საეკლესიო ცხოვრება საერო ინტრიგებსა და ინტერესებს თითქმის არაფრით ჩამორჩება.“

რეზონანსი, 25.12.04.
განცხადება
საპატრიარქო 14 წლის წინ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს

„დღეიდან ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავათ მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი.“ საპატრიარქო კიდევ ერთხელ განმარტავს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს 1990 წ. 28 ოქტომბრის ბრძანებას, რომელმაც საქართველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია: „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სისხლისმღვრელი დაპირისპირების საშიშროება მაშინ მხოლოდ ქართველთა შორის იყო, და ბუნებრივია, ბრძანებაც მხოლოდ ამ ერის შვილებს შეეხებოდა. ამასთან ამ ბრძანების შესრულების შემთხვევაში, თავისთავად სერიოზული განსაცდელისაგან დაცული იქნებოდა საქართველოს სხვა დანარჩენი ერის წარმომადგენლების სიცოცხლე და მათი ცხოვრების ნორმალური პირობებიც. აქედან გამომდინარე, ეს იყო ზრუნვა არა მარტო ქართველთათვის.“

რეზონანსი, 27.12.04.
პაატა ზაქარეიშვილი
რომელი კანონია უზენაესი - საეკლესიო თუ სახელმწიფო

ავტორის აზრით, ეკლესიის გარშემო შექმნილ დაძაბულობას იწვევს იმის შეუსწავლელობა, რამდენად ვრცელდება ეკლესიის იურისდიქცია მის გარეთ და რამდენად თავსებადია სახელმწიფოს და ეკლესიის კანონები ერთმანეთთან, და თუ ამ საკითხს პასუხი არ გაეცა, სახელმწიფოს წინსვლა ეჭვქვეშ დადგება.

რეზონანსი, 29.12.04.
ოთარ ზოიძე
ლაშქრობა ეკლესიის წინააღმდეგ

ავტორის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „ერთი შეხედვით ლოგიკური არგუმენტაცია“, რომ ქვეყანაში არსებული ყველა სისტემისათვის, მათ შორის ეკლესიისათვის, კონსტიტუციით დადგენილი ნორმები უზენაესი უნდა იყოს, ტყუილია და მართლმადიდებელი ეკლესიის „დაშლა-დანაწევრებაზეა“ მიმართული. იგი თვლის, რომ „ეკლესიის შემოყვანა საერთო სამართლებლივ სივრცეში დაუშვებელია, ვინაიდან „შიდასაეკლესიო სივრცე არ ცნობს არც ერთ საერო სამართლებლივ აქტს (კონსტიტუციის ჩათვლით), გარდა სჯულის კანონისა. ამ სივრცის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას და ამ სივრცის მოწყობას სჯულის კანონის მიხედვით ცნობს საქართველოს სახელმწიფო („ცნობს“, „აღიარებს“ და არა ნებას რთავს)... შესაბამისად, შიდასაეკლესიო სივრცე და სახელმწიფო სივრცე ერთმანეთს არ კვეთს. კონსტიტუცია ვერ იარსებებს იქ, სადაც არ არსებობს, არ მოქმედებს... ადამიანის უფლებების დამრღვევი მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს.“

2 სასულიერო პრესა *

▲back to top


დეკემბრის გამოცემები დიდ ყურადღებას კვლავ ისტორიას და წმინდათა ცხოვრებას უთმობდნენ. გამოცემათა ნაწილი, კერძოდ „საპატრიარქოს უწყებანი“ და „კარიბჭე“, ისევ დაუბრუნდა საქართველოში მოღვაწე „სექტანტების“ თემას, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ნაკლებ აქტიურად შუქდებოდა.

დაიწყო ახალი ჟურნალის „დედა-ეკლესია“ გამოცემა, რომელიც თვეში ორჯერ გამოვა როგორც „საპატრიარქოს უწყებანის“ დამატება. პირველ ნომერში წმინდანთა ცხოვრება და ეკლესიური ტერმინოლოგიის განმარტებები ქვეყნდება. ასევე მრავლადაა „საპატრიარქოს უწყებანიდან“ გადმობეჭდილი მასალებიც.

__________________

* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

2.1 „შეთქმულება ეკლესიის წინააღდეგ“

▲back to top


დეკემბრის თვეში საზოგადოებისა და საერო მედიის ინტერესის სფეროში მოექცა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ საპატრიარქოში, მიმდინარე პროცესები. ეკლესიის აზრით, ნებისმიერი კრიტიკა ურწმუნოთა და არაპროფესიონალთა მიერ აგორებული კამპანიის ნაწილია.

„დღეს ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სამღვდელოების, პატრიარქისა და წმინდა სინოდის მისამართით. უხეშად მოიხსენიებენ სამღვდელოებას, და ამას, ძირითადად, ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ან ურწმუნონი არიან, ან არაეკლესიურნი, ან სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ იმისა, თუ რა არის ეკლესია.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №45, 3-9.12.04).

ასეთ კონტექსტში მოხსენიებულია, მაგალითად, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძეც: „ამ ბოლო დროს სატელევიზიო ეთერიდან თუ გაზეთი „24 საათის“ ფურცლებიდან წინასწარ დაგეგმილი სცენარებით „გვმოძღვრავს“ ქალბატონი ნინია კაკაბაძე, რომელიც ხშირად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის როლში გვევლინება.“ („სარწმუნოების ლანძღვა ტაძრის ძარცვაზე უარესია“, “დედა-ეკლესია“, №2, 12.2004. გვ. 23-28).

„ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია“ წმინდა სინოდის 14 დეკემბრის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემაც გახდა. სხდომის ოქმში ნათქვამია: „ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მასმედიის მეშვეობით თითქმის მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასეთმა უარყოფითმა ქმედებებმა ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათი მიიღო, რაც შესაძლოა საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს... ეკლესია მოუწოდებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ შიდა საეკლესიო საქმეებში ჩარევისაგან და სთავაზობს მათ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რათა ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობანი.“

სინოდმა ასევე განიხილა დეკანოზ ბასილ კობახიძის, დეკანოზ მიქაელ ასათიანისა და მღვდელ ზაზა თევზაძის საკითხები და განაჩინა: „დეკანოზ ბასილ კობახიძეს საეკლესიო კანონების უხეში დარღვევებისა და თვითნებობის გამო აეკრძალოს მღვდელმოქმედება. ანტიეკლესიური ქმედებებისა და იერარქიისადმი დაუმორჩილებლობის გამო, დეკანოზ მიქაელ ასათიანსა და მღვდელ ზაზა თევზაძეს მოციქულთა კანონის 39-ე და ლაოდიკიის კრების 57-ე მუხლის გათვალისწინებით მიეცეთ გაფრთხილება.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №47, 17-23.12.2004).

ამავე კამპანიის ფარგლებში „საპატრიარქოს უწყებანში“ გადმობეჭდილია საერო პრესიდან „ვარდების რევოლუციის“ ორი ლიდერის - ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის, ასევე ოპოზიციური და ნახევრად ოპოზიციური პარტიების - მემარჯვენეების, ლეიბორისტების, ტრადიციონალისტების, კონსერვატორების, „პარტია თავისუფლების“ - ლიდერთა გამონათქვამები მასზედ, რომ ისინი აღიარებენ ქართული ეკლესიის უდიდეს წვლილს ქვეყნის ისტორიაში და თვლიან, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემები მათი შიდა საქმეა და საერო პირები ამაში არ უნდა ჩაერიონ. („ეკლესიას მხარს უჭერენ“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №48, 24-31.12.2004).

„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს „კვირის პალიტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს: კითხვაზე „თქვენი აზრით, არის თუ არა მართული დაინტერესებული ძალის მიერ საპატრიარქოს საწინააღმდეგო კამპანია?“ გამოკითხულთა 45.3%-მა დადებითი პასუხი გასცა, უარყოფითი - 17%-მა, დანარჩენმა კი პასუხის გაცემა ვერ შეძლო. („საპატრიარქოს უწყებანი“,№45, 3-9.12.04). არც გაზეთი, არც „უწყებანი“ არ აზუსტებენ ამ „ბოროტი ძალების“ მისამართს.

ეკლესია თავის მხარდამჭერებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს: „ბოლო დროს ისმის მოწოდებები, რომ შეიკრიბონ ადამიანები მიტინგზე და გამოხატონ თავისი თანადგომა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს არ არის სწორი გზა. ...უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ უფალმა გაუხსნას მათ გონება და გული.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №45, 3-9.12.2004).

როგორც ჩანს, მართლმადიდებლობის დამცველთა ნაწილმა ყური არ ათხოვა ეკლესიის შეგონებას, და „საპატრიარქოს უწყებანის“ №48-ის ქრონიკაში განთავსებულია ინფორმაცია 17 დეკემბერს თბილისისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტების მიერ ჩატარებული გამაფრთხილებელი აქციების შესახებ: („საქართველოს ახალგაზრდობა მართლმადიდებლობის სადარაჯოზე დგას“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №48, 24-31.12.2004).

2.2 მართლმადიდებლობა და სხვა კონფესიები

▲back to top


ეკლესიის წინააღმდეგ მებძოლებს შორის დეკემბრის თვის გამოცემებში „სექტებიც“ არიან მოხსენიებულნი. პატრიარქი თვლის, რომ ფსევდო-კულტურისა და ცრუ ფასეულობების გავრცელებაში ბრალი სწორედ „სექტებს“ მიუძღვით: „მრავალნია, რომელთაც შემოაქვთ ყალბი ფასეულობანი. თუნდაც ავიღოთ ის სექტები, რომლებიც ასე უხვად შემოიჭრნენ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელს ევროპასა და საერთოდ მსოფლიოში. ...სავალალოა, რომ სექტანტები ჩვენ გვასწავლიან ამას (იგულისხმება ქველმოქმედება) და კიდევ იმას, რომ თურმე ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლობა არ არის სწორი და ხალხმა უნდა მიიღოს „იეღოველთა“ ან სხვა სექტანტების სარწმუნოება.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №45, 3-9.12.2004).

სექტანტების თემას ეხმაურება „კარიბჭეც“. ჟურნალი იხსენებს 1994 წელს პატრიარქის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ის სხვადასხვა კონფესიების მიერ წამოწყებულ აქტიურ პროზელიტიზმს აკრიტიკებს: „სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიისა და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკეები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.“ („ვინ უნდა „იხსნას“ „ხსნის არმიამ?!“, „კარიბჭე“,№11, 12.2004, გვ. 38-39).

ჟურნალი თვლის, რომ 1994 წლის შემდეგ სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა და სექტანტების, კერძოდ „ხსნის არმიის“ მუშაობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს: „მას აქეთ ათი წელი გავიდა, მაგრამ ამ საკითხს თუ არ მომატებია, ნამდვილად არ მოჰკლებია სიმწვავე. ტოტალიტარულ სექტებს შორის, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე ყოველი გზით ცდილობენ ქართველ მართლმადიდებელთა გადაბირებას, არის „ხსნის არმიაც“... მათი თქმით, ისინი ჯერ ადამიანის სულს ეხმარებიან თავიანთი სწავლებებით, მერე კი სხეულს - პროდუქტებითა და ტანსაცმლით. „ხსნის არმიის“ წარმომადგენელთა ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს, თუ რა „კეთილშობილური“ მიზნები ამოძრავებთ სინამდვილეში ჩვენს „მხსნელებსა“ და მათ მსგავს ტოტალიტარულ სექტებს საქართველოში.“ (იქვე).

მართლმადიდებელობის სხვა რელიგიებთან აღმატებულების თემას ეხმაურება ჟურნალი „ხვამლი“: „მართლმადიდებელი ეკლესია - როგორც ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, ვერასოდეს ჩათვლის ვერც კათოლიკებს, ვერც პროტესტანტებს, ვერც სხვადასხვა სექტებსა და ფილოსოფიებს, ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელ ორგანიზაციებად.“ („მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში“, „ხვამლი“,№4 (8), 2004, გვ. 10-12). ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ „რელიგიურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა გულისხმობს ცრურწმენათა, ღვთის მგმობ აღმსარებლობათა და ცრუეკლესიათა გათანაბრებას ღვთის ჭეშმარიტ ეკლესიასთან“.

2.3 სამყაროს დასასრულის მოახლოება

▲back to top


ეკლესიისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეზე საუბრობს „აცხოვნე სული შენი“. გაზეთი აქვეყნებს უცხოეთის ქრონიკას, რომელიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ევფრატის სათავეებთან კაშხალის მშენებლობის დაწყებას ეხება. ამასთან დაკავშირებით გაზეთს მოჰყავს ბერი პაისი ათონელის წინასწარმეტყველება: „როცა გაიგებთ, რომ თურქებმა სათავეებთან კაშხლით გადაკეტეს ევფრატის წყლები, სარწყავად გამოყენების მიზნით, მაშინ იცოდეთ, რომ უკვე შესული ვართ უდიდესი მსოფლიო ომის სამზადისში და ამგვარად იშლება გზა ჩინეთის 200 მილიონიანი არმიისთვის... ჩინელები გადალახავენ მდინარე ევფრატს 200 მილიონიანი არმიით და მიაღწევენ თავად იერუსალიმს.“ („აცხოვნე სული შენი“, №8 (26), 2004).

ანტიქრისტეს გაბატონების საფრთხეზეა საუბარი ჟურნალში „ხვამლი“: „თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სულ უფრო მეტად ამჟღავნებენ თავის ნამდვილ მიზანს, ეს მიზანი რელიგიური ხასიათისაა - ანტიქრისტეს გაბატონებისათვის მზადდება საჭირო სამართლებრივი და იდეოლოგიური ფონი.“ („მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში“, „ხვამლი“,№4 (8), 2004, გვ. 10-12).

2.4 ეკლესია და ლიბერალიზმი

▲back to top


პატრიარქის სიტყვა ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმზე გამოაქვეყნა მრავალმა ჟურნალ-გაზეთმა - „კანდელმა“№49, 10-16.12.2004, „საპატრიარქოს უწყებანმა“ №45, 3-9.12.2004, „კარიბჭემ“№11, 12.2004, გვ. 14-17 („ეს ერთადერთი საფუძველიც რომ გამოგვაცალონ, საქართველო აღარ იქნება“). ილია მეორის თქმით, ეკლესიისთვის მიუღებელია როგორც ლიბერალიზმი, ისე კონსერვატიზმი, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართლმადიდებლობა და ოქროს შუალედია: „თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, როგორებიცაა გლობალიზაცია, ინტეგრაციული მოვლენები და სხვა, მართლმადიდებელ ეკლესიებს ყველაზე მეტად მის წიაღში წარმოშობილი ლიბერალიზმი ემუქრება, რომელსაც ქრისტეს სხეულში შფოთი შემოაქვს და რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკლესიაში ფანატიზმის აღმოცენებას. ეს ორი მოვლენა, ლიბერალიზმი და ფანატიზმი, ყველაზე დიდი საცთურია თანამედროვე ეკლესიისა... შუა საუკუნეებში წარმოშობილმა ლიბერალიზმმა კაცობრიობა ათეიზმამდე მიიყვანა, კონსერვატორებმა კი - ფანატიზმამდე... ნუ იქნებით ნურც ლიბერალები და ნურც კონსერვატორები, იყავით ნამდვილი მართლმადიდებლები, ოქროს შუალედი მოძებნეთ... ლიბერალებს ჩამორჩენილები ვგონივართ, ფანატიკოსებს კი ლიბერალებად მივაჩნივართ. ასე რომ, ოქროს შუალედია მოსაძებნი, სამეუფო გზა, ნამდვილი, ჭეშმარიტი გზა, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა“.

წმინდა სინოდმა პატრიარქის ეს ქადაგება თავისი განჩინებით დააკანონა: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება რადიკალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას, როგორც ფსევდოკონსერვატიზმს, ისე ფსევდოლიბერალიზმს და მოუწოდებს მრევლს სამეუფო გზაზე სვლას.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №47, 17-23.12.2004).

2.5 მართლმადიდებლობა და ქართველობა

▲back to top


პატრიარქის ყოველკვირეულ ქადაგებებში კვლავ განახლდა საუბარი ქართველი ერის რჩეულობაზე და ღვთიურ მადლზე, რომელიც მასზეა გადმოსული: „ჩვენ უფალმა მოგვცა უდიდესი მადლი - ჯერ ის, რომ ამქვეყნად მოგვიყვანა, შემდეგ ის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ჭეშმარიტი სარწმუნოება გვაქვს, რაც არაფრით დაგვიმსახურებია. რამდენი მილიონი და მილიარდი ადამიანი არსებობს ამ სარწმუნოების გარეშე. უფალმა კი საქართველო აღამაღლა და მისცა მას ეს უდიდესი საუნჯე, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ!“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №45, 3-9.12.2004).

ილია მეორე ქადაგებს, რომ მართლმადიდებლობამ განაპირობა ქართველების ძლიერება, კულტურულ განვითარება და მიღწევები: „ძალიან ძლიერი იყო საქართველო და ამიტომ ძლიერია ქართული გენი, ქართული ნიჭი... ამბობენ, რომ თურქეთში 5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ისინი მუსულმანები არიან და იმდენად შეზღუდა ამ რელიგიამ, რომ მათ ვერაფერი შექმნეს ამ საუკუნეების განმავლობაში... ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი მუდამ ქმნიდა და დღესაც ქმნის საოცრებებს.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №45, 3-9.12.2004).

რადიკალურად განსხვავებული ქადაგება წაიკითხა პატრიარქმა ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, მისი თქმით, ქართველები სულაც არ არიან სხვებისგან გამორჩეულები: „როცა ვამბობთ, რომ საჭიროა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული სახე, - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ერი ვართ და განსაკუთრებული უფლებები მოგვცა უფალმა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №47, 17-23.12.2004).

საინტერესოა, რომ „საპატრიარქოს უწყებანის“ №48-ში გაიხსენეს პატრიარქის მიერ 1988 წლის 28 ოქტომბერს გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი ცხადდებოდა ქართველი ერის მტრად, ასევე მკვლელის სახელი შედიოდა საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში თაობიდან თაობაზე გადასაცემად. პატრიარქის ეს ბრძანება თავის დროზე ბევრმა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად აღიქვა. ეს ბრძანება გამოცემიდან ერთ წელში გაუქმდა, მაგრამ გაზეთის რედაქციამ საჭიროდ ჩათვალა მისი განმარტება: „აღნიშნული „საგანგებო ბრძანების“ დაწერას ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზანი: როგორმე შეეჩერებინა ქართველთა შორის ძმათამკვლელი ომის საფრთხე, რომლის საშიშროებაც კათოლიკოს-პატრიარქმა, როგორც ერის სულიერმა მოძღვარმა წინასწარ იგრძნო... სისხლისმღვრელი დაპირისპირების საშიშროება მაშინ მხოლოდ ქართველთა შორის იყო და ბუნებრივია, ბრძანებაც მხოლოდ ამ ერის შვილებს შეეხებოდა.“ („განმარტება საგანგებო ბრძანებისა“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №48, 24-31.12.2004).

2.6 ეკლესია და განათლების სისტემის რეფორმა

▲back to top


ეკლესიისთვის რომ მიუღებელია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ამაზე ყურადღებას კვლავ გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ ამახვილებს: „ჩვენ ამჯერად გვაწუხებს რეფორმა განათლების სისტემაში. ამიტომაც ვბეჭდავთ ფილიპ მარკუსის ამ წერილს, როგორც გამაფრთხილებელს, რადგანაც ვიდრე ამერიკულ ორიენტაციასთან ერთად მათი განათლების სისტემის მოდელსაც გადმოვიღებთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ თავად ამერიკული სკოლა ჩიხშია და გამოსავალს ეძებს, განათლების ამერიკული სისტემა „ღრმა კრიზისშია“ და თანამედროვე ამერიკელთა სერიოზულ საფიქრალად ქცეულა“

სტატიაში მიმოხილულია ამერიკის განათლების სისტემის კრიზისი, რომელიც 50-იან წლებში დაიწყო და თავის პიკს 80-იან წლებში მიაღწია. კერძოდ, საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მიერ გამოშვებული მოსწავლეების ცოდნის საერთო დონის ვარდნაზე და მოზარდთა შორის დანაშაულებების რიცხვის ზრდაზე - კერძოდ, „მკვლელობების, თვითმკვლელობების, უკანონო მშობიარობების ინდექსის თანმიმდევრულ და, სახიფათო და მკვეთრ ზრდაზე.“ („განათლების სისტემა - სამსჯავროზე!“, „აცხოვნე სული შენი“, №8, 2004).

2.7 ეკლესია და ქართული ჯარი

▲back to top


კაპელანის ინსტიტუტზე მსჯელობს დეკანოზი დავით კალანდაძე. იგი თან ახლდა ქართულ შენაერთებს ერაყში და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით თვლის, რომ აუცილებელია ჯარის ნაწილებში სასულიერო პირების არსებობა. ის ფაქტი, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება წარმოდგენილი იყოს ქართულ შენაერთებში, დეკანოზს არ მიაჩნია არამართლმადიდებელ მორწმუნეთა უფლებების დარღვევად: „თუ ქართულ ჯარს არ წაჰყვება მართლმადიდებელი მღვდელი, არ შეილახება არამართლმადიდებელთა ინტერესები?... არა მგონია, მართლმადიდებელ ჯარისკაცს თუ მოვაკლებთ ღვთისმსახურებას, ამით სხვა აღმსარებლობის უფლებები შეივსება.“ („ომში განცდილი მადლი“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №47, 17-23.2004).

2.8 ეკლესია და მეცნიერება

▲back to top


დეკემბრის გამოცემების უმრავლესობაში საკმაოდ აქტუალური იყო მეცნიერების თემა. ჟურნალ „კარიბჭეში“ გამოქვეყნებულია პატრიარქის სიტყვები: „ჭეშმარიტი ქრისტიანობა არც მეცნიერულ ცოდნას უარყოფს და არც ხელოვნებას, ოღონდ როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებდა, მეცნიერება სარწმუნოებით უნდა იყოს გასრულებული, ხოლო ხელოვნების ქმნილებები არა უზნეობის დამკვიდრებას, არამედ ადამიანის განწმენდასა და ამაღლებას ემსახურებოდეს.“ („ეს ერთადერთი საფუძველიც რომ გამოგვაცალონ, საქართველო აღარ იქნება“, „კარიბჭე“,№11, 12.2004, გვ 14- 17).

ჟურნალ „დედაეკლესიაში“ გამოქვეყნებულია ნაწყვეტი როი პიკოკის წიგნიდან „მარადისობის მოკლე ისტორია“: „პტოლემეოსიდან აინშტაინამდე გაჭიმულია უწყვეტი ჯაჭვი იმ მეცნიერებისა, რომელნიც ღმრთისაკენ, როგორც მაგნიტისაკენ, ისე მიილტვოდნენ: ნიუტონი საყრდენს კოპერნიკის, კეპლერის, გალილეის გოლიათურ მხრებზე გრძნობდა. ყველა მათგანს შემოქმედი უზენაესი გამგებელი ღმრთისა სწამდათ.“ („დედაეკლესია“,№2, 12.2004, გვ. 21.).

„აცხოვნე სული შენი“ აქვეყნებს გამოჩენილი მეცნიერების გამონათქვამებს რელიგიის შესახებ. მოყვანილია ამპერის, ლომონოსოვის, ფარადეის, გალილეის, პასკალისა გამონათქვამები. მაგალითად: „ბუნებრივ მოვლენებში ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორც ღვთიურ წერილში... ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად...“

რელიგიური პრესა კლონირების თემასაც ეხება და კლონირების თემას დარვინიზმის დისკრედიტაციისთვისაც იყენებს. ჟურნალ „ხვამლში“ კლონირება შეფასებულია, როგორც „საშინელი და კაცთმოძულე იდეა“: „კლონირების იდეა არის ერთ-ერთი იმ იდეათაგანი, დარვინიზმ-ევოლუციონიზმთან, ნიჰილიზმთან, კოსმოპოლიტიზმთან და სხვა მიმდინარეობებთან ერთად რომ ამზადებს ანტიქრისტეს ტახტს!“ („კლონირება, როგორც სეკულარიზებული და ანტითეისტური ცნობიერების ნაყოფი“, „ხვამლი“,№4, 2004, გვ. 28-29).

„საპატრიარქოს უწყებანი“ მოგვითხრობს 17 ნოემბერს ჩატარებული საღამოს შესახებ: „ადამიანი ბიოეთიკურ დროსა და სივრცეში“. საღამოს უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის პროფესორი, ბერდიაკონი ადამი ახალაძე უძღვებოდა, რომელმაც “ხაზი გაუსვა მეცნიერების სარწმუნოებასთან, ღვთისმეტყველებასთან, ფილოსოფიასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან დაახლოებისა და სულიერ ფენომენთა პრიმატის აღიარების მნიშვნელობას ბიოეთიკურ პრობლემათა და დილემათა გადაწყვეტის პროცესში.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №45, 3-9.12.2004).

2.9 ეკლესია და კვაზი-მეცნიერება

▲back to top


ეკლესია ამტკიცებს, რომ ასტროლოგია მართულია ეშმაკის მიერ. მაგალითად, ჟურნალ „მრევლში“ გამოქვეყნებულია არქიმანდრიტ რაფაელის შეფასება წიგნისა „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“. წიგნი 2001 წელს გამოსცა ზაურ ქოქრაშვილმა და შეეცადა ეჩვენებინა, რომ ასტროლოგიის საყრდენი თვით ბიბლიაშია მოცემული. ამასთან დაკავშირებით არქიმანდრიტი რაფაელი თვლის, რომ: „ასტროლოგიას შემოაქვს ბედისწერის ცნება, რომელიც დამახასიათებელია წარმართული ცრურწმენისათვის და მიუღებელია ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ასტროლოგიით საქმიანობა ისევეა აკრძალული ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიების მიერ, როგორც წარმართობა, როგორც ნებისმიერი სახის მკითხაობა და ჯადოქრობა.“ („რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?!“, „მრევლი“,№92, 2004, გვ 28-30).

გაზეთი „კანდელიც“ შეეცადა ეჩვენებინა, რომ პარანორმალური მოვლენების ახსნა სწორედ რელიგიური მოძღვრებიდან გამომდინარე შეიძლება. გაზეთმა ყურადღება ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე გაამახვილა. დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განმარტებით, ღმერთს სამყაროს შექმნის დროს, არავითარი მფრინავი ობიექტები არ შეუქმნია, ხოლო ის, რასაც ზოგჯერ ადამიანები ხედავენ, სინამდვილეში „ბოროტი ძალების მიერ შექმნილი მედიუმებია... ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფენომენი - „ჰუმანოიდები“ - (თავიანთი „წინასწარმეტყველებებითა“ და „დახმარებით“), პოლტერგეისტი, მაგები და ასტროლოგები, ექსტრასენსები, აღმოსავლური რელიგია - ყველაფერი ერთი, არაწმინდა ძალის სხვადასხვა ნაირსახეობაა, რომელიც ადამიანის სულის დასაპყრობად არის მიმართული“ („არსებობს თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ქრისტიანული სწავლების მიხედვით?“, „კანდელი“,№49, 10-16.12.2004).

2.10 ეკლესია და რეკლამა

▲back to top


რეკლამისადმი ეკლესიის დამოკიდებულებას გამოხატავს „კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატია - „რეკლამის რელიგია“. ავტორის განმარტებით: რეკლამა - „ცოდვა და მისი თავისუფლებაა... ჯოჯოხეთისაკენ მიმავალ უამისოდაც იოლ გზას იგი ასმაგად ამსუბუქებს და განამტკიცებს.“ რეკლამა „სატანური თანმიმდევრობით შთაგვაგონებს ყველაფრის პირიქით კეთებას და ვნებათა აღსრულებასაც აღწევს.“ („რეკლამის რელიგია“, „კარიბჭე“,№11, 12.2004, გვ. 43-44).

ავტორი თვლის, რომ რეკლამა მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ინფორმაციის მატარებელია, მისი „დამატებით გაფორმება“ კი კერპთაყვანისმცემლობას ბადებს, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ: „საფუნთუშეს წინ ფუნთუშა უნდა ეკიდოს, ღვინის სარდაფთან კი სასმისი იდგეს, მაგრამ თუ ამავე დროს ფუნთუშა მეძავს უჭირავს, ყურძნის მოსავალი კი რქიან არსებას, ეს ინფორმაცია კი აღარ არის, არამედ კერპთაყვანისცემისაკენ მოწოდებაა... თანამედროვე რეკლამა ნეოწარმართობაა, რომელმაც გარკვეული ფორმა მიიღო, მრავალი საცდური და ურიცხვი განსაცდელი წარმოშვა. სწორედ ეს აღგვძრავს რათა გავაძლიეროთ ბრძოლა (თუმცა კი მძიმე ბრძოლა) ამ წუთისოფლის ხიბლთან.“ (იქვე).