The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №49


ცხელი შოკოლადი №49


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ლომაძე ნინო, ბუხრიკიძე დავით, ქანთარია ქეთი, ბაბუაძე თამარ, ჩიხლაძე დავით, კორძაია-სამადაშვილი ანა, ბაქრაძე აკაკი, რამიშვილი ლევან, ანთაძე ია, გვახარია გიორგი, ჭაავა სოფო, კაჭკაჭიშვილი იაგო, კიკალეიშვილი სალომე, ბექიშვილი ნინო, ნათვუდი ტომ, მაისურაძე გიორგი, მორჩილაძე აკა, ჯანაშია სიმონ, მეიფარიანი თამარ, გოგუაძე ნინო, გახელაძე გიორგი, ამზაშვილი თამარ
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მაისი 2009 გარეკანზე: ლელა ხომერიკი, სერგო რატიანი, ქეთი გურჩიანი, გიგი თევზაძე ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი ნინო ლომაძე აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო სვანიძე კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, ნინო ჯაფიაშვილი, სოფო ჭაავა, ნინო ბექიშვილი, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით ჩიხლაძე, ქეთი ქანთარია, ტომ ნათვუდი, აკა მორჩილაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი. ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, მარიკა ქოჩიაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა: ლელა შუბითიძე სარეკლამო გაყიდვები ნესტან ავალიანი დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი შორენა შავერდაშვილი გამომცემლობა: შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ.: 912326 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სხვა გამოცემები: ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები, დიალოგი, თიბისი და თიბისელები. სტამბა: შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140, ტელ.: 357002 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება გამომცემლობის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შორენა შავერდაშვილი

შემდეგი ნომრიდან „ცხელი შოკოლადის“ მკითხველი ვხდები, რაც იმას ნიშნავს, რომ მეც მკითხველის პოზიციიდან შევძლებ ჟურნალის აღქმას. თუმცა, როგორც გამომცემელი, ალბათ განყენებულ მკითხველად მაინც ვერ გარდავისახები, მაგრამ მგონია, რომ ახლა უფრო შევძლებ ჟურნალის ინსპირირებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.

„ცხელ შოკოლადს“ კი ჰყავს ახალი რედაქტორი, ნინო ლომაძე, რომელიც ორი წლის განმავლობაში ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი იყო. გარდა იმისა, რომ ნინომ ძალიან კარგად იცის ჟურნალის ძლიერი და სუსტი მხარეები, ის უბრალოდ ფანტასტიური და ეგოცენტრიზმისაგან სრულიად დაცლილი ადამიანია, რომელსაც აქვს შანსი „ცხელ შოკოლადში“ თავისი ემოციები და ხედვა ჩადოს და ძველი, მაგრამ ახალი „შოკოლადი“ შექმნას. იმედი მაქვს, ნინო მოახერხებს იმასაც, რასაც მე ძალიან იშვიათად ვახერხებდი - წერას ჟურნალისათვის. ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საერთო გვაქვს: ვართ რედაქტორები და ვოცნებობთ ჟურნალისტობაზე.

თუმცა, მე ჯერჯერობით მაინც ვერ ვიხდენ ოცნებებს. მაისიდან ვიწყებთ ახალი ჟურნალის, „ლიბერალის“ გამოცემას. „ლიბერალმა“ საკმაოდ ამბიციური ამოცანები დაისახა - ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები; მიმდინარე ამბების ყოველკვირეული ანალიზი; მარგინალიზებული თემების გააქტუალურება საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო ამბების ტენდენციების კვლევა; რაც მთავარია, აუთენტური და ახალი საინფორმაციო ველის შექმნა, რომელიც ცოტა უფრო მეტად გაამრავალფეროვნებს ქართული მედიის ერთფეროვან სივრცეს. ბეჭდურ გამოცემასთან ერთად, ჟურნალს ექნება ვებ-პორტალიც, რომელიც ეცდება სრულად გამოიყენოს ახალი მედიის შესაძლებლობები და „ლიბერალის“ ინტერნეტ-გამოცემა ავტორთა ბლოგებითა და მულტიმედიის კომპონენტებით შეავსოს. მოკლედ, სრულიად „მესიანისტური“ მიზნები გვაქვს, მაგრამ იმედია, მართლა იდეალიზმზე დგას ეს სამყარო.

ვიდრე სამყაროს გადარჩენის ახალ ბერკეტს ავამუშავებთ, დიდი მადლობა „ცხელ შოკოლადს“. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თითქმის 5 წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრება.

0x01 graphic

ნინო ლომაძე

ყველაფერი ახალი ჩემთვის ერთნაირად იწყება - ახალი გამოწვევების, იდეების, შთაგონების ხიბლს პასუხისმგებლობის სიმძიმე წონის. ჟურნალის საავტორო გვერდებიდან ჩემი აქ გადმონაცვლებაც არ ყოფილა გამონაკლისი. დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ საბჭოთა განათლების მემკვიდრეობას გაუცნობიერებლად მეც ვატარებ. მემკვიდრეობას, სადაც ახალი და უცხო პირველ რიგში საშიშს ნიშნავს, სადაც ყველა ფასეულობა მხოლოდ კოლექტიური შეიძლება იყოს და ყველაზე ძვირფასი სტაბილურობა და მოჩვენებითი სიმშვიდეა.

ქვეცნობიერში ჩარჩენილი დოგმები ყველაზე კრიტიკულ მომენტში იჩენს ხოლმე თავს და შემოქმედებითი განვითარების მუხტს აჩერებს.

ამ მემკვიდრეობისგან განთავისუფლება ლიბერალური განათლების სისტემით შეიძლება. ამ იდეების დამკვიდრება განსაკუთრებით ჩაკეტილ საზოგადოებაშია მნიშვნელოვანი, იქ, სადაც ადამიანები ყველაზე ნაკლებად არიან მზად სტერეოტიპებთან და დოგმებთან ბრძოლისათვის.

ჩვენ კი, ვინც განათლების ასაკში ფორმალურად აღარ ვართ, ალბათ უფრო მეტად იდეალისტები უნდა ვიყოთ და დავიჯეროთ, რომ ყველაფერი გამოგვივა და ამ ფუნდამენტური გარდატეხის მონაწილეები ჩვენც შეიძლება ვიყოთ.

მიხარია, რომ ჩემი პირველი „ცხელი შოკოლადი“ თქვენთან ერთად განათლებაზე ფიქრს და მსჯელობას იწყებს.

0x01 graphic

დავით ბუხრიკიძე

როგორც ჩანს, მხატვარ იოზეფ ბოისის საქმე მაინც უკვდავია. 60-იანი წლების ბოლოს დიუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი და შთამბეჭდავზე უფრო სასტიკი პერფორმანსი (სახელწოდებით „მკვდარი კურდღელი“) ამ დღეებში უცნაური ფორმით გაცოცხლდა. ავლაბარში, საქართველოს ორგზის კურთხეული პრეზიდენტის ჯერ კიდევ მშენებარე რეზიდენციასთან ოპოზიციის მხარდამჭერმა ახალგაზრდებმა ამგვარი „აქცია“ ჩაიდინეს: ჯერ სტაფილოები და კომბოსტოს ნარჩენები გადაისროლეს დამცავი მესრის მიღმა, შემდეგ კი მოცახცახე კურდღელს წითელი ლენტი შეაბეს და ისიც სახიფათო „ზონაში“ გადასვეს.

დაბნეული კურდღელი ვერაფრით მიხვდა, რატომ აღმოჩნდა გიგანტური ზომის მოასფალტებულ ეზოში მარტო, სადაც სიმწვანის ნასახიც არ იყო და, ცხადია, ვერც იმდენი იფიქრა, თუ რატომ გაწირეს გავეშებულმა ადამიანებმა, რომლებიც უკვე მესრის მეორე მხარეს, ჩაცუცქულები „კურდღლურს“ ცეკვავდნენ... და სადღაც გაიქცა, გაუჩინარდა, ოღონდ სად, ეს უკვე არც ერთ ტელეკამერას არ უჩვენებია. არ ვაპირებ, პოლიტიკური ნიშნით შევაფასო „ავლაბრული პერფორმანსის“ ხარისხი და მიზნები, რომელიც გასაგები და პრიმიტიულია. აღარც იმაზე ვდავობ, რომ ნებისმიერი მიზნით ნებისმიერი საშუალების გამართლება შეიძლება. მხოლოდ კითხვას ვსვამ: სად არის ახლა ის უბედური კურდღელი? და თუ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა საზოგადოებას როგორღაც მაინც აღელვებს (არ ვიცი, იქნებ არც აღელვებს), აქვს თუ არა მას უფლება, გარკვეული ტიპის ადამიანების ამგვარ არაადამიანურ ქცევას შესაბამისად და კანონის ენაზე უპასუხოს. გაქონილ ფიცრებზე მიჭედებული მკვდარი კურდღელი, რომელსაც იოზეფ ბოისის პერფორმანსის მიხედვით სისასტიკის პროვოცირება უნდა გამოეწვია მაყურებელში (და რომლის გამოც, მას, სხვათა შორის, ბევრი პრობლემა შეექმნა), ჩვენს რეალობაში იქცა აგრესიის გამოხატულების რეალურ, ჩვეულ და არამხატვრულ ფორმად. ასე რომ, თუ რაიმე აქციაზე ვიტრინებს არ ვამტვრევთ და მანქანებს არ ვწვავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პროტესტის ფორმები ევროპულზე უკეთესი და ცივილიზებულია. უბრალოდ, ჩვენ ჯერ მცირე ზომის ცხოველებიდან, სულიერი არსებებიდან ვიწყებთ. ბოლოს და ბოლოს, ერთი ცოცხალი კურდღელი ხომ ერთ ნახმარ BMW-ზე იაფია.

0x01 graphic

ქეთი ქანთარია

„ცხელი შოკოლადის“ ახალი ნომრის გამოსვლისთვის მსოფლიოს ეცოდინება, წარმოთქვა თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორი ჯადოსნური სიტყვა - „სომეხთა გენოციდი“. მათ წარმოთქმასაც და წარმოუთქმელობასაც დიდი რეზონანსი ექნება. ზნეობრივი არჩევნის გაკეთება ჯერაც ბევრს უჭირს, მსოფლიო დირექტორის განჩინებას ელოდებიან.

სანამ მსოფლიო ერთ ადამიანს პირში შეჩერებია, მე ჩემი პატარა ამბები, პატარა ადგილები მახსენდება: როცა სომხურ საკითხზე წერა პირველად მომიწია, და წაკითხულ მასალას თავში „თაროებზე ვალაგებდი“, გაგრაში აღმოვჩნდი; მარტი იყო და საკურორტო სეზონისიქითა გაგრა პირველად ვნახე. ადამიანები იქ ისე ცხოვრობდნენ, როგორც ჩვენ - თბილისში. დილაობით პურის მანქანები და მაწვნის ქილების ჭახაჭუხი მაღვიძებდა. მაშინ პირველად გამიჩნდა აფხაზი მეგობარი, ჩვენს ურთიერთობაზე მეგობართან პირველად ვილაპარაკე. მეორე წელს იმავე წყალში ვეღარ შევედი: ჩემს იქ ყოფნაში ომი დაიწყო.

გაზაფხულისპირა ძველ გაგრაში, ორ მთას შუა, ბუნება გამაოგნებლად იღვიძებდა, იმ ჰაერით დათრობა შეიძლებოდა. იმაზე მშვენიერი ცხოვრებაში მარტო ერთი ადგილი მინახავს, იქვე, ხოსტასა და მაცესტას შორის. მაშინ მეგონა, რომ შორეული წინაპრების მიწაზე ვიდექი. დიდი ხნის მერე მითურმა ქსოვილმა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გამჭვირვალობა შეიძინა და მის უკან მონათესავე ხალხების ბედი დავინახე. მაშინ შევიტყვე, რომ ის უბიხების - მკვდარი ხალხის მიწა იყო. ამ ხალხმა მუჰაჯირობის პერიოდში რუსებს თითქმის მთლიანად შეაკლა თავი, რადგან დანებების პრაქტიკა არ ჰქონდათ. ადიღეებისთვის „შავი ზღვა“ ავბედითი სახელწოდებაა - მის ფსკერზე ათიათასობით წინაპრის ძვლები ეგულებათ. მათი სახლობის ადგილებში დიდი იმპერია ოლიმპიადას მოაწყობს. ინგუშეთში სწორედ ახლა, უცეცხლოდ და უკვამლოდ, 37 წელი მეორდება. ყველაზე ძნელი 40 000 ჩეჩენი ბავშვის ხსენებაა, რომლებიც ჩვენს გვერდით, ჩვენს დროში დახოცეს. ამათ ჩვენ მაინც ღირსეული, სერიოზული ერი ვგონივართ, ჩვენს ნაკლზე თვალს ხუჭავენ, ჩვენგან სასიკეთო ამბავს - მეხსიერების გაღვიძებას მოელიან. მეხსიერება, სამართლიანობის და სოლიდარობის სურვილი თუ არა, არც ვიცი, ზნეობრივ არსებებად სხვა რა გვაქცევს.

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

ჩემმა აბიტურიენტობამ ჭრაქის არა და, ლამფის შუქზე კი ჩაიარა. არქეოლოგობა მინდოდა, მაგრამ არაო, - მანდ არავის ვიცნობთ და ნუ გავრისკავთო, - ჩემებმა. მაშინ „გეპეის ჰუმანიტარული“ ფაკულტეტი ქუხდა. თუ არქეოლოგობა არა, ანტიკვარიატის ექსპერტი ვიქნები-მეთქი, - გამოვაცხადე. კიდევ ხელების გასავსავებით შემხვდნენ, - ხო იცი, მანდ რაც ხდება - წინასწარ აქვთ შედგენილი მისაღები აბიტურიენტების სიები, გააჩნია რამდენს გადავიხდით, შეიძლება არც მიხვიდე გამოცდებზე, თუ მიხვედი და, „შპარგალკასაც“ თვითონ მოგცემენ და ზედ ატმის ცივ წვენსაც დაგაყოლებინებენ, რომ არ დაგსიცხოს; ჩვენ კიდევ, არც იქ ვიცნობთ არავისო. მერე იმ მოსაზრებით, რომ, - შენ ხომ წერა გიყვარსო და კიდევ იმ მოსაზრებით, რომ - იქ საჭირო ადამიანებს ვიცნობთო, - თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი შემომთავაზეს, სადაც ეს საჭირო ადამიანები „ცოდნას არ დამიკარგავდნენ“ (ჩემს დროს ამ ფრაზას დიდი დრამატული დატვირთვა ჰქონდა) და იმ ქულებს დამიწერდნენ, რაც მეკუთვნოდა. 40-დან 39 ქულა დავაგროვე, მაგრამ დიდად არ გამხარებია, რადგან საჭირო ადამიანები იყვნენ შუაში. შემდეგ, როცა სწავლა დაიწყო, გავიცანი ლექტორი, რომელიც დედაჩემის ლექტორიც იყო და ისევ დედაჩემის სტუდენტობის დროინდელი ყავისფერი ხელჩანთით დადიოდა; გახსნიდა ხელჩანთას, ამოალაგებდა დაჟანგული ლითონის კლიშეებს და გვიამბობდა, როგორ იბეჭდება გაზეთი. გავიცანი მეორე ლექტორიც, რომელსაც სქელი, ასფურცლიანი საერთო რვეული ედო მუხლებზე მერხის ქვეშ, იქ კითხულობდა უახლესი ქართული ლიტერატურის დაკონსპექტებულ ანალიზს, თავს ზევით არასდროს წევდა, შიგადაშიგ კი, სტუდენტების ხმაურის მიუხედავად, მონოტონურად ისმოდა ნერწყვით დასველებული თითით გადაშლილი ფურცლის შრიალი. მეოთხე ლექტორის გამოცდაც მახსენდება - ჩვენზე უფროსი სტუდენტების რჩევა გავითვალისწინეთ, - მაგას ტკბილეული უყვარსო, - და ყველანი „ბონბონერკებით“ გამოვცხადდით. მე გვიან შევედი და კარგად მახსოვს, როგორ დავადე ჩემი წილი „ბონბონერკა“ ლექტორის მაგიდაზე უკვე სვეტად აღმართული შოკოლადის კოლოფებს. მეხუთე ლექტორის გამოცდაც არ დამავიწყდება, რომელიც დათვრა და გამოცდა რომ ჰქონდა, დაავიწყდა. შინ რომ დავურეკეთ, გვიპასუხეს, გუშინ ღამე სახლში არ მოსულაო. მეექვსე საგანიც მახსოვს, „ბრმად ბეჭდვა“ ერქვა. ერთ პატარა, ნესტიან ოთახში საბეჭდი მანქანები იდგა და ჩვენ, კომპიუტერების ეპოქაში, ბეჭდვა ასე უნდა გვესწავლა. შოკი და გადაფასებები კი მას მერე დამეწყო, როცა ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკულ კოლეჯში აღმოვჩნდი. თუმცა, ჯერაც გაურკვევლობაში ვიყავი, ჯერაც არაფერი გამეგო დასავლეთში გავრცელებული განათლების ტიპების, ლიბერალური განათლების უპირატესობის და ა.შ. შესახებ. ამიტომ წლის ბოლოს, როდესაც კოლეჯში მივიღე დიპლომი, რომელსაც ეწერა: AA in Liberal Arts and Sciences - გამიკვირდა, არსად რომ არ იყო ნახსენები ჩემი ჟურნალისტიკა, გამიკვირდა ასეთი ზოგადი დიპლომი რომ მომაჩეჩეს და გამიტყდა - ამით საქართველოში ვის რა გავაგებინო, რა მისწავლია-მეთქი... ამიტომ ვამბობ ხოლმე ახლა, რომ თავიდან მინდა ვიყო სტუდენტი, რადგან სტუდენტობის ნამდვილი ხიბლი, ამერიკაში გატარებული იმ ერთი წლის გარდა, აღარ განმიცდია. ამიტომ ვწერ ახლა წერილს იმ საგანმანათლებლო კონცეფციასა და იმ ტიპის უნივერსიტეტზე, რომელშიც დღესაც, ამ ასაკშიც სიამოვნებით ვისწავლიდი.

2 მაღაზიები მოსამსახურე ქალებისთვის ანუ კულტურასა და კომფორტს შორის

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

რადგან ამ ნომრის კულტურის რევიუში უნებლიეთ ბევრი ყურადღების მიქცევა გვიხდება ხელოვნებასა და ხალხს შორის კავშირზე, არ შეიძლება ცოტა უფრო ბურჟუაზიულად არ მივუდგეთ ამ საკითხს, მთლად კომუნისტობა რომ არ დაგვწამონ და ორი შესანიშნავი არტისტული მაღაზიის შესახებ გაცნობოთ, რომელთაგან ერთი სულ ახალი გახსნილია და შანიძის 6 ნომერში ფუნქციონირებს (ორშაბათის გარდა), ხოლო მეორე რკინის რიგშია და ასევე ორშაბათობით დახურულია. გამოსასვლელ დღედ ორშაბათის არჩევა მათი მეპატრონეების არტისტულ ხასიათზე უნდა მიგვანიშნებდეს.

არტ ლავკა ბალერინამ და მუსიკოსმა, ქეთათომ და მხატვარმა ფისო ზარიძემ გახსნეს სულ რაღაც ორი თვის წინ. ეს არის ტიპური ბურჟუაზიული მაღაზია, როგორიც, საბჭოთა რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ალბათ ასეთი უნდა ყოფილიყო თბილისში ყველა მაღაზია, იქნებოდა ეს სახლის მოსართავი საჭიროებების თუ სასურსათო. ის, რომ შარდენის ქუჩა ამას ცდილობს და, შეიძლება, სხვაც ბევრი ასეთ თბილისურ, გარდასულ ბურჟუაზიულობას აიდეალებს, რა თქმა უნდა, ძალზე მომხიბვლელია და საკუთარი ქალაქის სილამაზეზე ზრუნვად ითვლება. მაგრამ ის დრო ჩავლილია და როდესაც ასეთი აღდგენა ხდება, ამგვარად დამუშავებული გარემო ან გულთბილი რეტროს სახეს იღებს, ან ბუნებრივი კომფორტის ტიპური დასავლური დოგმატია - მაგალითად, პარიზის. მაგრამ, მართლაც დიდი დრო გავიდა. ხელოვნება სამყაროს წარმმართველი ფაქტორიც იყო, როდესაც მხატვრების გარშემო ბრუნავდა მსოფლიო ვნებების იმპერია. მერე კი „იაპების“ თაობაც მოვიდა და არტისტებმა ისევ კაზუალური ჩაცმულობა ან ჩანთაგადაკიდებული ბიზნესმენის იმიჯი ან თვით ბიზნესი აირჩიეს და დღეს ასეთ აღდგენილ ბურჟუაზიულ კაფეებში დეკადანსი აღარასდროს მოხდება.

დღეს ხელოვნება ხალხისთვისაა, ხელოვანებს კი ბიზნესი დარჩათ. ხალხისთვის არა ისე, საბჭოური მანერით, როდესაც ის მაინც ჯერ კიდევ იყო ხელოვნება, არამედ იმგვარად, რომ ხელოვნება უკვე მთლიანად დეკორატიულია. მაღაზიის თაროებზე კარლო კაჭარავას დარჩენილი საღებავებით დახატული კერამიკული ნაწარმი დევს. მას არტისტული, არაერთგვაროვანი სამკაულები უმშვენებს გვერდს, მაგალითად, ბეჭდები, რომლებზეც მინიატურული თეფშია, ზედ მოთავსებული მინიატურული ჰამბურგერით, ერბოკვერცხით ან ჰოთდოგით და კეტჩუპიც და კომბოსტოს მწვანე ფოთოლიც კარგად გამოირჩევა. რა თქმა უნდა, აქ კარლო კაჭარავა მეტად ასატანი და მისაღებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც 21-ე საუკუნეში მოუხდა ცხოვრება და სილამაზის და ეკონომიკის იქით დრო არაფრისთვის აქვს. არტ ლავკა საკუთარი გემოვნებით შერჩეულ წიგნებსაც სთავაზობს მყიდველს (თუ მკითხველს). აქ არის ხორხე ლუის ბორხესის, ლაშა ბუღაძის, ჯეიმს ჯოისის, რატი ამაღლობელის, ზურაბ რთველიაშვილის, კოტე ყუბანეიშვილის პროზა და ლექსები, ლამაზად გამოცემული „სიესტას“ მიერ და მაღაზიის შეკვეთით არჩეული.

0x01 graphic

სახლის გასაფორმებლად უამრავი თინეიჯერული თუ სახასიათო დეკორატიული ნიმუშია გასაყიდად დალაგებული. გვერდით კი მხატვართა ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებსაც ნახავთ, რომლებიც აუცილებლად გაზრდიან რომელიმე რაფინირებული ბინის სიმყუდროვეს, თუ, რა თქმა უნდა, გამოსაფენი სივრცის ინტერიერსაც გაითვალისწინებთ. ბინის აუდიო გაფორმებისთვის აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული ელექტრონული მუსიკის რომელიმე CD, ირაკლი ჩარკვიანის და ქეთათოს ალბომი, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც მეინსტრიმში შეგხვდებათ. ანუ, როდესაც პროგრესულმა არტისტებმა დეკორატიულობის ნიშაში გადაინაცვლეს, ან როდესაც ანდერგრაუნდი ბურჟუაზიული ხდება, შეიძლება ვილაპარაკოთ საქართველოს დასავლეთთან რეალურ დროში დაწევის ნიშნებზე. ეს შეიძლება, უბრალოდ, იმითაც იყოს განპირობებული, რომ მოწინავე ესთეტიკის არტისტები ყოველთვის მომეტებულ ყურადღებას აქცევდნენ ფორმას და ეს გაფერმკრთალებული ზღვარი ბურჟუაზიასთან ყოველთვის დამაბნეველი და მაცდუნებელიც იყო.

კოტე ყუბანეიშვილის სუვენირ შოპი, მეიდ ინ მეიდან („დამზადებულია მეიდანში“), რომელიც შარდენისა და რკინის რიგის გზაგასაყარზე მდებარეობს და რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და შარდენის ქუჩაზე უზრუნველად მოსეირნეებს მხატვრული მრავალფეროვნების შანსს აძლევს, ასეთივე არტისტული იმპულსის მაღაზიაა. თუმცა, რადგან მისი მფლობელი პოეტია, აქ იდეოლოგიასაც მეტს უნდა ველოდოთ, რაც მომხმარებელთა ნარცისული თუ, უბრალოდ, ადამიანური საჭიროებების ადვილი დაკმაყოფილების საშუალებას ყოველთვის არ უნდა უწყობდეს ხელს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოტე ყუბანეიშვილს ირონია, სარკაზმი და სხვა მსგავსი რეგისტრის ერთდროს არამაღალი სტილის გრძნობები სრულფასოვან სტრატეგიულ ელემენტებად აქვს შეტანილი საკუთარ პოეტურ არსენალში.

აქ, ძირითადად, თვითონ ყუბანეიშვილის ნაწარმი იყიდება - მაისურები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ამკრძალავი საგზაო ნიშნების სტიკერები, წიგნები, დისკები და სხვა და ყველაფერს მისთვის ჩვეული ორ-სტრიქონიანი ლექსი აქვს მიბეჭდილი. თუ 20-იან წლებში ჩიჩერინი პრიანიკებს და სხვადასხვა ნამცხვრებს აწერდა საკუთარ ლექსებს და მხოლოდ ასე გამოსცემდა მათ, მაშინ გამოდის, რომ კოტე ყუბანეიშვილი ამ ფუტურისტული ტრადიციის პირდაპირი მემკვიდრეა და არც ის ავიწყდება, რომ თვითონ დღევანდელ დღეს, 2000-იანების თბილისში ცხოვრობს, სადაც უბრალო ნამცხვარზე და ჩაიზე ნებაყოფლობით ლამის აღარავინ დაგეწვევა. „ჩაი ყავით/ჯიბეში ხელი“ - ეს ჩემი ფავორიტია ამ მაღაზიის საქონელს შორის, რადგან არა მხოლოდ საკუთარ თავში ქმნის იუმორს, არამედ იმის პერსპექტივასაც აჩვენებს, რომ თუ რომელიმე მეპატრონე მაგიდის ასეთ დასაფარებელს შეიძენს საკუთარი კაფესთვის, მაშინ ამით თავის არცთუ მდიდარ და ოპტიმიზმისკენ განწყობილ კლიენტებს მათს რეალურ სტატუსსაც შეახსენებს.

ასე რომ, კოტე ყუბანეიშვილის მაღაზია ფუტურისტული სულისკვეთების ცდუნებას ვერ უმკლავდება და არცთუ ისე მოწადინეა, რომ მთლიანად განზავდეს ბიზნესის თანამედროვე მოდის დინებასთან. სხვა რომ არაფერი, აქ ხომ სხვათა წიგნებიც აწყვია თაროებზე და არა მხოლოდ წიგნების თანმხლები ატრიბუტიკა, ვთქვათ, ყავის და ჩაის ფინჯნები. ისინი ბევრი არ არის და ამიტომ, მაინც უფრო იდეოლოგიური დატვირთვა აქვს წიგნების ამ ნაკრებს, განსხვავებით ქეთათოს წმინდა პირადი სადეგუსტაციო სენტიმენტებისაგან. აქ დევს: ვახუშტი კოტეტიშვილი, იოსიფ ბროდსკი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, დათო მაღრაძე. აქვე არის მისი ახალი კრებული „ყავდა უბანს ერთი შვილი კოტე ყუბანეიშვილი“, რომლის რეკლამაც აქვეა - „კოტეს ახალი წიგნებით გადასარევად იქნებით“. აქ არის მისი თარგმანების ახალი წიგნიც, სადაც მის მიერ შესრულებული, მართლაც, უზადო თარგმანებია ინგლისელი, ფრანგი თუ რუსი პოეტების. ბესტსელერი მაღაზიაში 30-ლარიანი მაისურია, რომელსაც ფიროსმანის მოქეიფე ყარაჩოღელების სცენა აქვს დახატული და აწერია ქართულ-ინგლისური სიტყვათშეხამება „ქეიფTown“.

მთავარი საკულტო სიმბოლო კი მაინც ჩემთვის უცნობი ავტორის, რუსუდან მეგრელიშვილის, „ვეფხისტყაოსნის“ მოცულობის და ფორმატის მქონე ლექსების წიგნია, ცენტრალური ადგილიდან მყიდველისაკენ მომზირალი, ასეთივე დამაჯერებელი და ლაკონური სათაურით „პოეზია“. ეს კოტე ყუბანეიშვილის იდეოლოგიური სიმბოლოა, მისი პოზიცია ქართული ყოვლისწამლეკავი, პათეტიკური ენის დევალვაციით მაინც აღფრთოვანებული ადამიანის - არტისტის, რომელმაც ვერც ელიტარულ ხელოვნებას უღალატა, ვერც ელემენტარულ თბილისურ საზოგადოებრივ კეთილმოსურნეობას და ვერც საკუთარი, მოდური ბიზნესის ქონის თანამედროვე პრივილეგიას. და თუ მეიდანში რომელიმე მეიდი (Maid) შემოეხეტება, ის აუცილებლად კოტე ყუბანეიშვილის თანამედროვე მკითხველიც იქნება, წიგნის კი არა, თვითონ მაღაზიის მკითხველი.

3 თურქული ვარიაციები ხელოვნებასა და მოსახლეობას შორის

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

თბილისში ჩამოვიდა თურქული სახელოვნებო პროექტი სახელწოდებით „ორმხრივი ვიზიტი“, რომელიც ინიცირებულია სტამბოლში, მხატვარ სელდა ასალის მიერ, ხოლო მისი კურატორია სერა ოზჰანი. 4 აპრილს, აბრეშუმის მუზეუმში, პროექტის რეპრეზენტაციაზე სწორედ სერა ოზჰანი გვაცნობდა პროექტის სპეციფიკასა და მასში მონაწილე არტისტებს. თურქეთიდან პროექტში კიდევ 7 მხატვარი მონაწილეობს: ენდამ აჯარი, ვოლკან ასლანი, სერდარ ატესერი, ფატმა ჯიფთჯი, ზერენ გოკტანი, გოძე ილკინი, ჯერან ოიკუტი და გოცკე სუვარი, ხოლო საქართველოდან სოფო ტაბატაძეა წარმოდგენილი. პროექტის პირველი ნაწილი საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში მოგზაურობისაგან შედგება, მეორე ნაწილი კი თურქეთში საპასუხო ვიზიტს მოიცავს, სადაც მხატვრები ერთობლივად იმუშავებენ სტამბოლის თუთუნ დეპოში. საბოლოოდ, გამოფენა 14 ნოემბერს გაიხსნება სტამბოლში.

პროექტის მიზანია, ამ მოგზაურობის დროს თითოეულმა მონაწილემ მოგვცეს საკუთარი აღწერა და შთაბეჭდილება, გამოხატვის ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს რეგიონებში ეთნო-სოციალური ნიმუშების კოლექციონერობა თუ ქალაქში მხატვრის მხოლოდღა სიარულის ამსახველი სადოკუმენტაციო კადრები. ანუ, როგორც სარეაბილიტაციო იდიოსინკრაზიის მქონე ყველა თანამედროვე სახელოვნებო პროექტი, აქ გალერეის გარე თავისუფლება სრულიად შეუზღუდავია და სამუშაოს სასურველ სიიოლეს და კომფორტულ ამორფულობას სძენს. მხატვრებისთვის ეს იქნება ერთგვარი მულტიმედია დღიურების წარმოება, სადაც ისინი შეიტანენ საარქივო ხასიათის მასალებს სხვადასხვა ადამიანებთან შეხვდრების და შთაბეჭდილებების შესახებ. სოციალური ასპექტი აქ ალბათ მთავარი პრიორიტეტია, სანამ პროექტი საბოლოო გამოფენის სახეს მიიღებს.

სერა ოზჰანმა აუდიტორიას ასევე გააცნო პროექტის ორგანიზატორის, სელდა ასალის მიერ შარშან განხორციელებული პროექტები: „ყველაფერი ტყუილების შესახებ“, „ყველაფერი კარგად იქნება“ და „კარგი არაფერია“. მან მოგვითხრო, რომ 2006 წლის 29 დეკემბერს გაიხსნა გამოფენა „ყველაფერი კარგად იქნება“, ცოტა ხანში კი, 19 იანვარს, მოკლული იქნა სომეხი-თურქი ჟურნალისტი ჰრანტ დინკი. მეორე დღეს მხატვრები საგანგებოდ შეიკრიბნენ ამ მოვლენის გასაპროტესტებელი ვორკშოპის გასახსნელად და გამოფენის სახელწოდებაც შეიცვალა - „კარგი არაფერია“.

მთელ ამ საქმიანობას თავს უყრის „აპარტამენტის პროექტი“, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. მის მფლობელობაშია 24 კვ. მეტრი ფართობის სახელოსნო სტამბოლის ცენტრში, სადაც პროექტი სისტემატურად მასპინძლობს ინტერდისციპლინალურ, არტისტულ გამოფენებს, სხვადასხვა ინსტალაციებს და პერფორმანსებს.

ჯერან ოიკუტი წლევანდელი ტურნეს დროს გეგმავს შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების ბავშვებთან, სადაც მოაგროვებს მათ მიერ შესრულებულ ნახატებს და შემდეგ ამ ნახატებით ანიმაციებს გააკეთებს. ამ ურთიერთობამ უნდა წარმოაჩინოს ბავშვების პრობლემატიკა, მათი შიშები, იმედები, ოცნებები და გაუმხელელი ემოციები. ეს სამუშაო მხატვარმა 2007 წელს დაიწყო, რასაც ამჯერადაც გააგრძელებს საქართველოში.

„აპარტამენტის პროექტის“ ასეთ დამახასიათებელ აქტივობას სერა ოზჰანი „ხმის მიცემის უფლებას“ უწოდებს, სადაც მხატვარი საშუალებას აძლევს ქალაქის ან რეგიონების მოსახლეობის ფართო ფენებს, საჯაროდ განაცხადონ საკუთარი პოზიციები სხვადახვა სოციალურ თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, მაგალითად, იმუშავებს მეორე ინიციატივა, სადაც „ხმის უფლება“ მიეცემათ ქალებს. კერძოდ, მათს მიერ თავისუფალ თემაზე გამოხატული სათქმელით დაიწერება ტექსტი სიმღერებისთვის, რომლებიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

ასევე დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში შეგროვდეს იავნანას შესრულების უბრალო, ყოველდღიური ვერსიები. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ჩანაწერი უკვე ნაჩვენები იქნა კიდეც აბრეშუმის მუზეუმში. ის, რომ ეკრანზე ჩანდა მოუვლელი, რეგიონში მცხოვრები ქალი, რომელიც კამერის წინ ივნანას ოდნავ გაკვირვებული, მაგრამ მაინც სიხარულით ასრულებდა, ერთ საინტერესო ჰიპოთეზას ადასტურებს, რომ ფილოსოფიურობა უბრალოებასთან დიალოგში ყოველთვის ირონიულ ელფერს იძენს პირველისდა სამწუხაროდ. აი, ეს ჰიპოთეზაც:

0x01 graphic

ფლუქსუსის არტისტის, რეი ჯონსონის არტისტული გამონაგონი, რასაც დღეს, როგორც მოძრაობას, მეილ არტი ეწოდება, გასცდა მისი ავტორის პირადი მფლობელობის საზღვრებს და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ასეულობით არტისტი მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ მონაწილეობს საკორესპონდენციო პროექტებში, არამედ ვიწრო მეილ-არტისტულ კარიერასაც კი იქმნის. ინტერნეტით სარგებლობამდე დიდი ხნით ადრე ასეთი მასშტაბური, დემოკრატიული თანამშრომლობების იდეა სწორედ მეილ არტმა მოიტანა. მისი ხიბლი კი მაინც იმაშია, რომ ნიუ იორკელმა ავტორმა, რომელიც თითქოს აღარავის ახსოვს, საკუთარ ნამუშევარში ისეთი ინტერაქტიური და გლობალური გავრცელების პოტენცია მოათავსა, რაც დღემდე ფართოვდება და ნაირგვარ სახეს იღებს. მეილ-არტი სწორედ რომ ამ არტისტის პირადი ნამუშევარია და ალბათ ამაში არის ის გამორჩეული ირონიაც, რაც იოკო ონოს, ჯონ კეიჯის, ჯორჯ მაჩიუნასის, დიკ ჰიგინსის თუ სხვათა ნამუშევრებში გამოსჭვიოდა.

სოციალური კვლევები და არტის ლიბერალიზაცია, ასე თუ ისე, მაინც ყველა იმ პერიოდის არტისტის დამსახურებაა. გასაკვირი არ არის, რომ დღეს თანამედროვე ხელოვნების უმეტესი ნაწილი პრიორიტეტულად იყენებს ეთნოგრაფიულ თუ ანთროპოლოგიურ მიდგომას არტისტულ საქმიანობაში, როგორც სამხატვრო ეგოს შემცირების უტყუარ ნიშანს ცხოვრების დანარჩენ, უპრეტენზიო სფეროებთან კეთილშობილი გათანაბრებისთვის. სამხატვრო რეპრეზენტაციები სამეცნიერო ან არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციებს უფრო ჰგავს. ერთი მხრივ, ეს თითქოს ხელმისაწვდომს ხდის ხელოვნებას ყველასთვის, მეორე მხრივ კი, სწორედ ასეთი მოწყალების ჟესტით შეიძლება მნიშვნელოვანი ზღვარი წარმოიქმნას არტისტისა და მაყურებლის ცნობიერებაში. უბრალოებასთან ასეთი ორმაგი მიდგომით ზოგჯერ უფრო მეტი ელიტარულობის შთაბეჭდილება იქმნება. ის, რომ შეგიძლია მოულოდნელად ფართო ეკრანზე გამოიყვანო რეგიონის უბრალო ადამიანი, რომელსაც აზრადაც არ მოსდის, რომ მისი არაინტელექტუალური საუბარი ან მოუწესრიგებელი შესახედაობა სოფისტიკური ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს, სულაც არ იძლევა რომელიმე მესამე მსოფლიოს ქვეყნის აუდიტორიაში მოულოდნელი, დამცინავი რეაქციისგან დაზღვევას. ფლუქსის სოციალური პროექტები, პირიქით, ადამიანური ფაქტორის წამოწევას და ალეატორიკულ რეაბილიტაციას ემსახურებოდა და არა ხელოვნების საზღვრებს გარეთ მყოფი ბუნებრიობისაგან თვითმიზნური და ე.წ. პოლიტკორექტული ესთეტიკის შექმნას.

შეიძლება ამიტომაც, დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ასეთი მსუბუქი ანთროპოლოგიური პროექტებით არის დაკავებული, ნიუ იორკში ან ლონდონში კრიტიკოსების მთავარ ყურადღებას მაინც ენდი უერჰოლის ან მეთიუ ბარნის მდიდრული იმპერიალისტური მონუსხვა იქცევს, ხოლო ამერიკელ კომპოზიტორს, ჯონ კეიჯს, მისი უტოპიური სოციალური პროექტების მიღმა, სწორედ რევოლუციური ლირიულობის მიხედვით განიხილავენ უდიდეს არტისტად.

სოფო ტაბატაძემ საკუთარ გამოკვეთილ ხელწერასთან აბსოლუტურ თანხმობაში მყოფი ჩასატარებელი სამუშაოს საინტერესო მონახაზი შემოგვთავაზა. ის შეეცდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში ყოფნისას მოიპოვოს მოსახლეობის უშუალო შეხედულება საქართველოს შესახებ, რაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელ იმიჯს თუ ამ იმიჯის წარმოების გზებს სხვადასხვა რაკურსით დაგვანახებს.

მაგრამ, შედგება თუ არა სულ სხვა, ჩვენ მიერ აღნიშნული ესთეტიკური პრობლემატიკის გადამწყვეტი ორმხრივი ვიზიტი ახალ ხელოვნებასა და ე.წ. მოსახლეობას შორის, ამას დრო დაგვანახებს. ამ ნერვიული მოლოდინიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ხელოვანების წინაშე არცთუ ისე იოლი ამოცანები დგას, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს მიუჩვეველი თვალისთვის.

4 ბიბლიოთეკაში ან დროებით კვარცხლბეკზე

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

0x01 graphic

ამ ბოლო პერიოდში ჩვენში ლიტერატურა პრეზენტაციული გახდა. მწერლები ცდილობენ მკითხველი საკუთარ სიმარტოვეში აღარ დატოვონ და ხშირად გამოჩნდნენ მის თვალწინ პომპეზურობის პრეტენზიის მქონე სხვადასხვა ანტურაჟით. როგორც ჩანს, მწერლის ის მორიდებული იმიჯი, რასაც, თუნდაც, დოსტოევსკი და ბიბლიოთეკა გვთავაზობდა, აქ მალე საერთოდ დავიწყებული იქნება.

გასულ თვეს არაერთი ლიტერატურული მოვლენა იყო თბილისის კულტურულ სცენაზე, სადაც ვნახავდით, რომ ლიტერატურული ივენთები პომპეზურობის გარეშეც აღიქმება. „კავკასიურ სახლში“ პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა გამართა ტრაგიკომიკური ფარსი „გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან“; ხოლო მოგვიანებით ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში ლია სტურუას პოეზიის საღამო გაიმართა, სადაც პოეტს რატომღაც თვითონვე ეუხერხულებოდა, რა დროს პოეზიააო, დაწყებისას თქვა.

იქ, სადაც პოეზია უკვე აღარ ფლობს საკუთარ სწორად განსაზღვრულ ადგილს, პოეტი უკვე თავისი პოზით აბრუნებს მას ჩვენთან. ამ ორ, სხვადასხვა თაობის პოეტთან თვალშისაცემი სწორედ პოზა იყო, ეგზისტენციური გამოვლინების ძალა, რასაც ალბათ პოეზიის მაგიურ პირველსაწყისებთან მივყავართ.

ლია სტურუამ საბჭოთა ქართული, მზიური უდარდელობის ყველაზე გამოხატულ ეპოქაში, 70-იან წლებში შემოიტანა ფემინური, თბილი განთავისუფლების ნიშანი ქართულ მასკულინისტურ იმპერიაში. როგორც პოეტმა გივი ალხაზიშვილმა შენიშნა, პოეტი ქალის დამსახურების მთავარი კლიშე, ვერლიბრი არაფერ შუაშია. მშვიდი, თხრობითი მეტყველების გზით გალაკტიონის პოეტიკის თავისებური მემკვიდრეობის ველში მოქცევა არის ის, რაც ლია სტურუას სტილს გამოარჩევს. კომუნისტური ბედნიერი ლიბერალიზაციის პერიოდის ამსახველი მისი ტროპი შემდგომი სამწერლო ძვრების წინაპირობაც აღმოჩნდა - როდესაც 90-იან, რევოლუციურ წლებში ლიტერატურა გასცდა საკუთარ საზღვრებს და საგამოფენო დარბაზების ფორმა შეითვისა.

კრიტიკოსმა მანანა კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ლოცვაა ის მთავარი კომპონენტი, რაც პოეტის ტექსტის, ლექსის საფუძველში დევს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოცვა და პოზა, როგორც პოეტური ნიშანი, როგორც ფორმისა და სათქმელის ერთიანობის ცოცხალი სიმბოლო არის ის ერთადერთი ადგილი, რის ძებნასაც დღეს ვიწყებთ ახალი, რთული ორიენტირების გარკვევისას.

27 მარტს, „კავკასიურ სახლში“ პოეტი გიორგი ბუნდოვანი პოეზიის იდენტურობის დღევანდელ გარკვევებს ტრაგიკომიკური ფარსით, პოეზიის პანაშვიდით შეეგება. მან პირველივე ლექსით განაცხადა „პოეზია მოკვდა, საქართველო - გვამი“. ასეთივე მძიმე და მაინც, სადღაც, მხიარული მანქანურობით მან ასევე ჩამოთვალა, რომ თავისუფლდება ყველაფრისგან, რაც კი აქამდე შეუქმნია; რომ დღეს არანაირი ხელშეწყობა აღარ დარჩა შემოქმედებისთვის; რომ ის სხვა პოეტების შემოქმედებას არ გულისხმობს; რომ აღარ დაწერს არაფერს, სანამ დრო და სიტუაცია უკეთესობისაკენ არ შეიცვლება და სხვ. ვინმეს შემთხვევით რომ შემოეხედა, ალბათ თვალებს არ დაუჯერებდა, რომ პანაშვიდზე შეიძლება ასე კოლექტიურად იცინოდნენ და თან ფოტო და ვიდეო კამერები იღებდეს ხაზგასმით მოქუფრულ, წიგნით ხელში მდგომ ჭირისუფალს. ცხადია, ყოველი გათამაშება რაღაც სინამდვილესაც შეიცავს და აქ არც ჩვეულებრივი პოეტური ამბიციაა გამორიცხული, რომ მისი ახალი კრებულის, „ანტიყოფის მანიფესტის“ გამოსვლით, პოეტი სულაც დასამარებას უწინასწარმეტყველებდა დანარჩენ კოლეგა პოეტთა შემოქმედებას.

გიორგი ბუნდოვანის ხელწერაში მთავარი სწორედ ეს არაერთგვაროვანი და ამავე დროს უშუალო ატმოსფეროა, სადაც აუდიტორიის რეაგირების ამპლიტუდა დაბნეულობიდან გულიან სიცილამდე და მძაფრ დისკუსიამდე მერყეობს.

ესეც პოზაა, იმ გამახალისებელ პოზათაგანი, რითიც შეიძლება შედგებოდეს ქართული ლიტერატურული აქტიურობა და რაც კვარცხლბეკზე ასვლის ჩუმი და დამთრგუნველი ვნებებისაგან ხანდახან მაინც ამოგვასუნთქებს.

ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ირინა ხუციშვილი

5 ულრიკე!

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

„პროტესტი - მე ვაცხადებ, რომ ესა და ეს ხელს არ მაძლევს.

წინააღმდეგობა - მე ვიქცევი ისე, რომ ის, რაც ხელს არ მაძლევს, არსებობას შეწყვეტს.

პროტესტი - მე ვაცხადებ, რომ მორჩა, მე ამაში მონაწილეობას აღარ მივიღებ.

წინააღმდეგობა - მე ვიქცევი ისე, რომ დანარჩენებიც აღარ მიიღებენ ამაში მონაწილეობას.“

სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩემი ნათქვამი არაა. ულრიკე მაინჰოფს დავესესხე, ის კი, თავის მხრივ, Black Power-ის რომელიღაც დელეგატს დასესხებია.

დიდი ხანია, სულ არ გამხსენებია არც ულრიკე მაინჰოფი და არც მისი „პროტესტი და წინააღმდეგობა“. საერთოდ, ის ჩემთვის მუდამ მხოლოდ ბრწყინვალე პუბლიცისტი იყო, პიროვნულად კი - სრულიად გაუგებარი, თუმცა არაჩვეულებრივი ქალი. უბრალოდ, ტერორისტები არ მიყვარს.

მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ორი რამ იცის მტკიცედ:

პირველი: ომი დაუშვებელია. ომს და კაცისკვლას არაფერი ამართლებს. პასუხად კითხვაზე: „აბა, როგორ?..“, მოგახსენებთ, რომ არ ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე წმინდა და ხელშეუხებელია, არავისა აქვს უფლება, ცალკეული ადამიანის თუ მთელი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყვიტოს, და ის, ვინც თავს ამის უფლებას აძლევს, უბრალოდ, ღორია.

მეორე: ვიცი, რომ დემოკრატია სახელმწიფო მოწყობის ერთადერთი ფორმაა, რომელიც ადამიანური ღირსების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ესაა და ეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ასე გვგონია.

ჩვენ ვართ ისინი, ვინც თავის საქმეს აკეთებენ. ავად თუ კარგად, მაგრამ თავისას. ჩვენ გვეგონა, რომ თუ ამ ქვეყანაში ყველა თავის საქმეს გააკეთებს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გვეგონა, რომ თუ არ აურევ, არაფერი იქნება დასალაგებელი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყველაზე კარგი მმართველი ისაა, ვისი არსებობაც საერთოდ არ გახსენდება. ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა, და ყველაზე მეტად ის გვიყვარდა, განურჩევლად იმისა, ნახევრად ბერძნები ვართ, მეოთხედად ბელორუსები თუ მთლიანად ქართველები. ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი იცვლება და ესეც გაივლის - არეულობის ოცი წელიწადი, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს კარგად გავაკეთებთ და ყველაფერი ისე შესანიშნავად წარიმართება, რომ არასოდეს არავის მოუნდება ჩვენგან წასვლა. და იმასაც ვფიქრობდით, რომ თუ დიდხანს ვისხდებოდით მდინარის პირას, ადრე თუ გვიან ტალღებს მტრების გვამები ჩამოჰყვებოდა.

ასე ვფიქრობდით - და ძალიან ვცდებოდით.

როცა ვიღაცა ცრუობდა, ღრიალებდა, იპარავდა, კლავდა, მიწასთან ასწორებდა, ჩვენ მხოლოდ პროტესტს გამოვთქვამდით. ჩვენ წინააღმდეგობა არასოდეს გაგვიწევია - და ძალიან შევცდით.

მავანთ ჰგონიათ, რომ კაცობრიობა მხოლოდ ორ ნაწილად იყოფა: ისინი, ვისაც მართვა უნდათ (როგორც წესი, გარეწრები) და ისინი, ვისაც უნდათ, რომ მართონ (ტოტალურად იდიოტები). მავანთ არ ახსოვთ, რომ ჩვენც ვარსებობთ: ისინი, ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე.

ჩვენ ვარსებობთ.

ჩვენ ეს ყველაფერი ხელს არ გვაძლევს.

ჩვენ ამაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

არ დავემორჩილებით კანონს, რომლის მიღებაშიც არ ვმონაწილეობთ, და არც იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ინტერესებს არ წარმოადგენს - ვაგლახ, არც ესაა ჩემი სიტყვები. მაგრამ თუ მაინც ასე გაგრძელდა, პროტესტიდან წინააღმდეგობამდე მივალთ და სავალდებულო საკითხავად ვაქცევთ ულრიკე მაინჰოფს.

6 მორიგება

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

1991 წლის სექტემბერი

ავტორი: აკაკი ბაქრაძე

0x01 graphic

ფოტო: გოგი ცაგარელი
თბილისი, 1991

0x01 graphic

REUTERS
თბილისი, აპრილი 2009

დღეს საქართველოში რომ უმძიმესი ვითარებაა, ამას ახსნა-განმარტება უკვე აღარ სჭირდება. ამას მთელი ჩვენი ხალხი ხედავს და დიდად არის ამით შეწუხებული. ამ რამდენიმე დღის წინათ გაზეთ „საქართველოში“ (1991 წ., №17) პაწია ინტერვიუ გამოვაქვეყნე, სადაც ვთქვი, - „დღეს შექმნილ ვითარებაში არსებობს ხსნის ერთადერთი გზა - პარიტეტულ საფუძველზე ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა. კონფრონტაციის გზა საქართველოს არ ყოფნის უფსკრულში მიაქანებს“. რა თქმა უნდა, ყურადღება ამას არც ერთმა მხარემ არ მიაქცია. მართალია, რაც ეს ვთქვი, მას მერე რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ესეც მოძველებულია. იგი აღარ გამოდგება. დრო წავიდა. მოლაპარაკების იმედი თანდათან ქრება. რჩება საშიში ალტერნატივა: ან პრეზიდენტი უნდა გადადგეს ან ძალით დათრგუნოს ოპოზიციური მოძრაობა. როგორც ერთი, ისე მეორე დიდი საფრთხით იმუქრება.

მე თუ მკითხავს კაცი, ვიტყვი, რომ ოპოზიციური მოძრაობის ჩახშობა უკვე ვეღარ მოხერხდება. ამ ცდას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება. იგი მძაფრ და ხანგრძლივ სამოქალაქო ომში გადაიზრდება. სამოქალაქო ომით იმუქრება პრეზიდენტის გადადგომაც. მას არა მარტო მოწინააღმდეგეები ჰყავს, არამედ მომხრეებიც, ძალიან მრავლადაც. თუ პრეზიდენტი გადადგება, მაშინ მისი მომხრეების მოძრაობა დაიწყება. არც დაძაბულობის შენელება მოხდება და არც ვითარების განმუხტვა. ასე რომ, მოვექეცით ჩიხურ მდგომარეობაში.

თუ ძალიან დიდი მოთმინება, შორსმჭვრეტელობა, ჭკუა არ გამოვიჩინეთ, თუ არ დავძაბეთ ჩვენი სულიერი და გონებრივი შესაძლებლობანი, ჩიხურ მდგომარეობას თავს ვერ დავაღწევთ.

ახლანდელი კონკრეტული კრიზისი - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება და საერთო მძიმე მდგომარეობა გამოიწვია უმთავრესი პრობლემის მოუწესრიგებლობამ. ამ პრობლემის მოუწესრიგებლობა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და შეიძლება ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ეს პრობლემა გახლავთ ეკონომიკური პრობლემა.

ეკონომიკური პრობლემის მოგვარების რაიმე გზა, თუნდაც ნიშანი, ჯერჯერობით არ ჩანს. სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა. არ ვიცით, როგორ გავაუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა, რა გზას დავადგეთ. ამას ერთვის სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად - ეთნიკური. მოსალოდნელია, ეთნიკური კონფლიქტები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იჩინოს მწვავედ თავი. ეთნო კონფლიქტებს უნდა მივაკუთვნოთ სამხრეთ საქართველოდან გასახლებული თურქების პრობლემაც.

პრობლემების ზღვაში ჩავიძირეთ, მაგრამ, როგორ გადავწყვიტოთ ისინი, არ ვიცით. მათ მოსაგვარებლად მზად არ ვართ. ამ ვითარებაში ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად საქართველოში მძვინვარებს, ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს, როგორც ცალკეული პიროვნებისათვის, ისე მთელი ერისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს უნდა ეყოს გამჭრიახობაც, მოთმინებაც, თავდაჭერილობაც, ჭკუაც, რომ დაიწყონ დიალოგი. ამ დიალოგის გზით გამოიძებნოს ის საფუძველი, რაც კონფლიქტის გადაწყვეტაში დაგვეხმარება. მართალია, პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას, რადგან თანდათანობით ვრწმუნდები, რომ მორიგების გზები, შეთანხმების გზები დაიკარგა. არცერთ მხარეს მორიგების სურვილი არა აქვს. ამიტომ, რასაც ვამბობ, ის მხოლოდ კეთილი სურვილი შეიძლება იყოს, ფიქრი იყოს, რომელსაც რეალური განხორციელება არ უწერია. უფრო მოსალოდნელი ის არის, რომ ჩვენ მივესიოთ ერთმანეთს დახოცვა-ჟლეტა გავაჩაღოთ. რა მწარეც უნდა იყოს ამის თქმა, მაინც უნდა ითქვას. ჩვენმა ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს, კარგად უნდა წარმოიდგინოს, რა დიდი საფრთხე ემუქრება მას.

ამ ვითარებაში პოლიტიკური სიბრძნე, ყველა კეთილი თვისების გამოჩენა უპირველესად და უმთავრესად ხელისუფლებას, კონკრეტულად პრეზიდენტს მოეთხოვება. არსებობს ერთი, ასე ვთქვათ, კანონი თუ წესი, ფორმულა, რომლის თანახმად, ყველა კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში შეიქმნება, დამნაშავე ყოველთვის ხელისუფლებაა. კრიზისს იწვევს ხელისუფლების შეცდომები, მისი უუნარობა მართოს ქვეყანა, თავიდან აიცილოს გართულებანი, რაც ახლავს საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ა.შ. ცხოვრებას. ამიტომ, დღეს, საქართველოში არსებული საზოგადოებრივი კრიზისის მოგვარებაში უპირველესი როლი თავად ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. მან უნდა მისცეს ხალხს საშუალება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კრიზისის მოწესრიგებაში, რომ როგორ მე ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დამთავრდეს. მაგრამ ჩვენ თავს კიდევ ერთი უბედურება დაგვატყდა. ისიც უშლის ხელს კრიზისის მოგვარებას. ეს გახლავთ ინფორმაციის ცალმხრივობა. ხალხი ინფორმირებული არ არის. ქართველმა ხალხმა სამოცდაათი წელიწადი იცხოვრა ისე, რომ ობიექტური ინფორმაცია არ მიუღია. ხალხი იყო პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ეს გზა დღესაც არ უარვყავით; პირიქით, გავაღრმავეთ იგი. მე მიმაჩნია, რომ რასაც დღეს ტელევიზია აკეთებს, ეს არის გამოუსწორებელი დანაშაული. ტელევიზია ავრცელებს ცრუ ცილისმწამებლურ „ინფორმაციას“. ისედაც დაბნეულ ხალხს კიდევ უფრო მეტად უბნევს გზა-კვალს. თუ ტელევიზიამ თავისი საქმიანობა არ შეცვალა, იგი იქნება როგორც ბოროტმოქმედი, დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე. უნდა შეწყდეს ტელევიზიის საშუალებით ხალხის გაღიზიანების პროცესი, თორემ ეს გამოიწვევს კატასტროფას. ახლა ამოცანა ის არის, რომ ხალხი დავამშვიდოთ. მას უნდა მიეცეს ახსნა-განმარტება - რა ხდება და რატომ. მერე კი მშვიდობიან ატმოსფეროში მოიძებნოს კრიზისის მომგვარებელი გზები. რამდენადაც გაძლიერდება ისტერია, იმდენად უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით. ბოლოს კი ყველაფერი დამთავრდება საშინელი სისხლის ღვრით. ამიტომ ინფორმაციები უნდა იყოს ფართო და მრავალმხრივი, მშვიდი, რამდენადაც შესაძლებელია, ობიექტური, დასაბუთებული. ხალხმა თავად უნდა მოახერხოს ვითარებაში გარკვევა, რომ ბოლოს მონაწილეობა მიიღოს კრიზისის მოგვარებაში.

ეს ერთი. მეორე, რომელიც ძალიან ართულებს მდგომარეობას და ძალიან გვიშლის ხელს კრიზისის მოგვარებაში, გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ გადავეჩვიეთ აზროვნებას. რა თქმა უნდა, სამოცდაათმა წელიწადმა ძლიერი გავლენა მოახდინა ჩვენს გონებაზე. ამ გავლენისაგან თავის დაღწევა უცბად არ მოხერხდება და მას წლები დასჭირდება, მაგრამ გონების გათავისუფლებაზე ზრუნვა ახლავე უნდა დავიწყოთ. ნახეთ, რა იბეჭდება ჩვენს პრესაში, რა წიგნები გამოდის (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა). რა დონეა აზროვნების, როგორ წალეკა ყველაფერი უშვერი ლანძღვა-გინების ღვართქაფმა. როცა ამას ყველაფერს აწონ-დაწონით, ერთ დასკვნას გააკეთებთ - ჩვენ დავანებეთ საერთოდ აზროვნებას თავი. ეს კი ძალიან სახიფათოა.

ყველა საქმეს აზროვნება სჭირდება, რადგან აზროვნების თვინიერ, არ არსებობს შემოქმედება. თუ ადამიანი აზროვნებს, იგი თავის საქმეს შემოქმედებითად უდგება. შემოქმედებითი დამოკიდებულება სჭირდება ყველაფერს - დაწყებულს მეეზოვის საქმიანობიდან, დამთავრებულს მეცნიერებისა და პოლიტიკის უმაღლესი სფეროებით. რამდენად თავისუფლად იაზროვნებს ადამიანი, იმდენად მეტი გონივრული აზრი დაიბადება, რაც დაეხმარება არსებული მდგომარეობის გამოსწორებას.

როცა მდგომარეობის გამოსწორება ვახსენე, არ ვგულისხმობდი მარტო ამჟამინდელ კრიზისს, არამედ ვგულისხმობდი ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ, ზნეობრივ კრიზისს, საერთოდ ყოველგვარ კრიზისს, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა დღეს. თუ თანდათანობით არ შევეჩვიეთ აზროვნებას, თუ აზროვნება არ გავათავისუფლეთ, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოვახერხებთ. დავადგებით ზნეობრივი, გონებრივი, შემოქმედებითი დაქვეითების გზას, დაკნინების გზას. ამით ყველა ერთად ჩავიდენთ დანაშაულს ჩვენი ხალხის მიმართ. თუ ხალხის აზროვნება ვერ გავათავისუფლეთ, ვერ გავათავისუფლებთ მას შემოქმედებისათვის, ხოლო თუ შემოქმედებით არ იცხოვრებს ხალხი, იგი ვერც კრიზისებს მოაგვარებს და ვერც მომავალს ააშენებს.

დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბრძოლა შესაძლებელია მშვიდობიანი გზით წარიმართოს, თუ ერთმანეთს დაველაპარაკებით, როგორც მოაზროვნე ადამიანები და არა როგორც ისტერიკაში ჩავარდნილი შეშლილები, სხვაგვარად სამოქალაქო ომამდე მივალთ.

სამოქალაქო ომი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავწირავთ ჩვენს ერს დასაღუპავად. არაფერი ისე საშინელი არ არის, როგორც სამოქალაქო ომი. დღეს კი ისეთი ვითარებაა, რომ წუთი წუთზეა მოსალოდნელი სამოქალაქო ომის დაწყება. საკმარისია ერთი პატარა შეცდომაც, რომ ხოცვა-ჟლეტა გაჩაღდეს. ამ სიტუაციაში ისტერია არ არის საჭირო. არც იმ ადამიანების გამოყვანაა ტელევიზიით საჭირო, ვისაც მდგომარეობის სირთულე არ ესმის და ისტერიულად გაჰკივიან ყოველგვარ სიბრიყვეს. ასპარეზი იმ ადამიანებს უნდა დაეთმოთ, ვისაც შეუძლია მშვიდად იმსჯელოს, ყველაფერი სწორად აწონ-დაწონოს, ვინც სიძულვილით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ პრაქტიკული გონებით, ვისაც ვითარების შესაბამისი გონივრული დასკვნის გაკეთება შეუძლია. თუ ასეთ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება საზოგადოებასთან საუბრისა, მაშინ ისტერიას ვერაფრით დავაცხრობთ. ისტერიას კი ყოველთვის ცუდი, კატასტროფული შედეგი მოაქვს.

მართალია, კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტულად მეც ვერაფერს გთავაზობთ, რადგან მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. როგორც წეღან მოგახსენეთ, რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი წინადადება უკვე მოძველდა. მოსალოდნელია, რომ ახლა ნათქვამი რაიმე კონკრეტული წინადადებაც უკვე ერთი ან ორი საათის შემდეგ აღარ ვარგოდეს. ამიტომ ყველა გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ყური უნდა მივუგდოთ, რომ მრავალი მოსაზრება დავაგროვოთ. მათ შორის რომელიმე შეიძლება კრიზისის მოსაგვარებლად რეალურად გამოდგეს.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი კრიზისი ხელისუფლების სერიოზული შეცდომების შედეგია. ცხადია, ამ შეცდომების გასწორება უცბად არ მოხერხდება. რაკი შეცდომები ხდებოდა გარკვეული დროის მანძილზე, ბუნებრივია, მის გამოსწორებასაც დრო უნდა.

ახალი ხელისუფლება, ცოტახანია, რაც არსებობს. ერთი თვის შემდეგ შეუსრულდება არსებობის ერთი წელიწადი. საზოგადოება იმას არ ითხოვს, რომ ამ ერთ წელიწადში რაღაც განსაკუთრებული ცვლილებანი მოეხდინათ. იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც საქართველო სამოცდაათი წლის მანძილზე ჩავარდა, ერთსა და ორ წელიწადში არ მოხერხდება. ეს ყველა ჭკუათმყოფელ ადამიანს ეს მის. საქართველოს მდგომარეობის გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება, შეიძლება საუკუნეც. დროს გარდა, დასჭირდება დიდი შრომა, გონიერება, სიბრძნე. ჩვენ რომ დანარჩენ მსოფლიოს, დანარჩენ კაცობრიობას გავუთანაბრდეთ, ამისათვის სასწაულის მოხდენა დაგვჭირდება. ამიტომ თუ საზოგადოება რაიმეს ითხოვს, ითხოვს ერთს - ყველა მიმართულებით საქმის სერიოზულად დაწყებას. ითხოვს იმის დანახვას, რომ გზას სწორი მიმართულებით დავადექით. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენ შვიდი ათეული წელიწადი ვიყავით ტოტალური რეჟიმის პირობებში, რამაც ჩვენ უსაშველოდ ჩამოგვარჩინა. ამ ჩამორჩენის გამოსწორება არ მოხერხდება ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელი ხერხებით. ჩამორჩენის გამოსწორება შეიძლება მოხერხდეს აზროვნების გათავისუფლებით, თავისუფლების კონსტიტუციური ფორმებით, კანონების ფორმებით. პრესის, ტელე-რადიოს საშუალებით უნდა გაგვეხსნა გზა თავისუფალი არსებობისაკენ. იმედი უნდა მიგვეცა, რომ მათ არაფერი ემუქრებათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები ისევე არიან შეპყრობილი არსებობის შიშით, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს იყვნენ. არსებობის შიშით შეპყრობილი ადამიანისაგან არ არის მოსალოდნელი გონივრული ნაბიჯი. იგი დამფრთხალ ცხოველს ჰგავს და საით გაიქცევა, კაცმა არ იცის.

არსებობის შიში და გულის გატეხვა სულ უბრალო რამემ გამოიწვია. სამოცდაათი წლის მანძილზე, ზოგჯერ მალულად და ზოგჯერ აშკარად, სულ იმაზე ვწუწუნებდით, რომ კომუნისტური უზენაესი საბჭო ხელის აწევით ხმის მიმცემი მანქანაა, მეტი არაფერი. 1990 წლის 28 ოქტომბერს კომუნისტური უზენაესი საბჭო შეიცვალა ახლით, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ეს ახალიც ხელის აწევით ხმის მიმცემი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო ჩაენერგა რწმენა, რომ ქართველმა ხალხმა მიაღწია იურიდიულ, კონსტიტუციურ თავისუფლებას, რომ ნიადაგი მომზადდა თავისუფალი აზროვნებისათვის, სიტყვისათვის, რომ დაცულია კანონის უზენაესობა, რომ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობა არაფრით იქნება შეზღუდულ-გაუქმებული. ამით თავად უზენაესი საბჭო მოიგებდა, რადგან არ მოაკლდებოდა ცოცხალი აზრის ნაკადი. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არგუმენტირებული, დასაბუთებული აზრთა სხვადასხვაობა, ხალხს საშუალებას მისცემდა, დაენახა, რომ თავისუფალი ცხოვრებისაკენ ნაბიჯი გადავდგით. შიშიც თანდათან გაქრებოდა და რწმენაც განმტკიცდებოდა. მაგრამ ამის უნარი ახალ უზენაეს საბჭოს არ აღმოაჩნდა.

ზოგჯერ ტელევიზიის საშუალებით, ზოგჯერ მითქმა-მოთქმით და ჭორით, ზოგჯერ ამა თუ იმ დეპუტატის გამოტანილი ამბით ვიცით, რა შეხლა-შემოხლაა, რა დავა და ბრძოლაა უზენაეს საბჭოში, მაგრამ ეს არ იძლევა ვითარებაზე სწორ წარმოდგენას, სიმართლე სრულად არ ვიცით. ხალხს თუ გულახდილად სიმართლე არ ვუთხარით, საქმე სასიკეთოდ არ წავა. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბება.

ვერც მთავრობამ მოახერხა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სიტყვიერი დაპირება არ კმარა. ხალხმა მკაფიოდ უნდა დაინახოს, დღეს თუ ეს გაკეთდა, ხვალ სხვა გაკეთდება, ზეგ - კიდევ სხვა და ა.შ. მდგომარეობის სირთულე მოითხოვს სწრაფ აზროვნებასაც და სწრაფ ქმედებასაც. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განუზომლად, აუწონ-დაუწონავად, დარეტიანებულივით ვიმოქმედოთ, მაგრამ მოქმედება, კონკრეტული და მკაფიო, აუცილებელია.

წინათაც მითქვამს, იცის ეს ჩვენმა საზოგადოებამ, და ახლაც ვიმეორებ: კომუნისტური რეჟიმის დროს ძალაუფლება სამ ძალას ჰქონდა გაყოფილი - პარტოკრატიას, ბიუროკრატიას და კლეპტოკრატიას. პარტოკრატია დაემხო, მთელ სსრკ-ში დაემხო, მაგრამ ბიუროკრატია და კლეპტოკრატია ისევ ძველებურად პარპაშებს. დღევანდელი კრიზისიც ბიუროკრატიისა და კლეპტოკრატიის პარპაშმა გამოიწვია. ხალხი ამას ხედავს. შეიძლება ყველას ეს გაცნობიერებული არა აქვს, მაგრამ ინსტინქტით გრძნობს. ამიტომ ახლა უმთავრესი ამოცანა ბიუროკრატიისა და კლეპტოკრატიის დამხობაა. მათი განადგურებაა. ამ მხრივ, ჯერჯერობით საიმედო პირი არაფერს უჩანს. პირიქით, თუ ჩანს რაიმე, ჩანს ის, რომ ბიუროკრატიაც და კლეპტოკრატიაც თავს არხეინად გრძნობს, მყარად გრძნობს. თავიანთ სურვილებსაც გვკარნახობენ და ახორციელებენ კიდეც. ამიტომ ახლა მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა წარიმართოს, რომ ისინი (ბიუროკრატია და კლეპტოკრატია) მოვიცილოთ. ამ გზით უნდა შევძლოთ იმ წინააღმდეგობათა დაძლევა, რომელიც იწვევს იმგვარ კრიზისებს, რაც დღეს გვაქვს. მართალია, ლაპარაკი ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ეს პრობლემათა სიმრავლის ბრალია. მარტო ერთი პრობლემის მოგვარებით საქმეს არ ეშველება. ყველა პრობლემა, რომელიც დღეს გვაწუხებს, ერთიანად უნდა მოწესრიგდეს. თუ ასე არ მოხდა, ვერ გადავწყვეტთ საქართველოს მომავლის ბედსაც.

დიდ შეცდომას დავუშვებდით, თუ ვიფიქრებდით, რომ დღევანდელი კრიზისი გამოწვეულია ორი ძალის ბრძოლით ხელისუფლებისათვის. ერთია ის ძალა, რომელსაც ძალაუფლება უკვე აქვს და მეორეა ის ძალა, რომელიც მიილტვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. შეიძლება ასეთი ვინმეც ურევია ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისათვის. აქ უფრო ღრმა ფესვებია, ვიდრე ეს ჩვენ ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. ბრძოლის არსი არ უნდა გავამარტივოთ. მაშინ ვერავითარ დადებით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. კონფლიქტს ვერ მოვაგვარებთ. დღევანდელი კრიზისის არსში ღრმად უნდა ჩავიხედოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს მომავლისათვის. მაშინ, რაკი ორივე მხარეს ერთი მიზანი აქვს, შესაძლებელი გახდება დიალოგი. თუ ის ვიფიქრეთ, რომ ერთმანეთისათვის მაღალი სკამის წართმევა უნდათ, მაშინ დიალოგი არ ჩატარდება. პრობლემა გადაწყდება ძალმომრეობით. ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ძალა აღმოაჩნდება.

თუ დიალოგი შედგება და ამ საუბრის შედეგად მიღებული იქნება გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომისა, იგი უნდა გადადგეს. ეს მისი გადაწყვეტილებაც იქნება. ეს იმ საქმის გაგრძელებაც იქნება, რასაც ემსახურებოდა მთელი ცხოვრება. ეს არ იქნება მისი დამარცხება. ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯი. პოლიტიკოსმა, თუ იგი მართლა პოლიტიკოსია, უნდა იცოდეს - როდის იაროს წინ, როდის დაიხიოს უკან, როდის გამოვიდეს ასპარეზზე და როდის გავიდეს იქიდან. გადადგომა პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. დღეს გადადგები, ხვალ ისევ დაბრუნდები. ნურავინ დაინახავს ამაში რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას. ევროპელი პოლიტიკოსები, ზოგიერთი მაინც, ბევრჯერ გადამდგარან და ბევრჯერ უკან დაბრუნებულან, რადგან გადადგომა, როგორც ითქვა, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ხერხია.

ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ მე ან ერთ მხარეზე ვდგავარ ან მეორეზე. ან ერთს ვუჭერ მხარს ან მეორეს. მე მესამე ქართული ძალის შექმნის მომხრე ვარ. იმ მესამე ქართული ძალისა, რომელიც ორივე მხარეზე მაღლა დადგება, რომელსაც მეტი მოთმინების უნარი აღმოაჩნდება, მეტი სიბრძნე, მეტი გამჭრიახობა, მომავლის ხედვის უკეთესი ნიჭიც. იმ მესამე ძალას ვემხრობი, რომელიც შეძლებს დაპირისპირებულთა მორიგებას. პიროვნულად როგორც უნდა გვძულდეს ერთმანეთი, მაინც მტკიცედ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ჩვენ ყველას ერთი ამოცანა გვაკისრია - საქართველოს გადარჩენა. ეს იმ დაჯგუფებათა გადარჩენასაც გულისხმობს, რომელიც დღეს ერთმანეთს უპირისპირდება. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ. ჩვენ ყველას შეგვიძლია მისთვის სიკეთის გაკეთება იმ ნიჭის შესაბამისად, რითაც ღმერთმა დაგვაჯილდოვა. თუ მესამე ქართული ძალა არ აღმოჩნდა, თუ მისი ასპარეზზე გამოყვანა ვერ შევძელით, მაშინ მოხდება ისეთი კატასტროფა, რომლის მსგავსი საქართველოს ისტორი ამ შეიძლება არც იცოდეს. ამ კატასტროფისათვის პასუხს ჩვენ ყველანი თანაბრად ვაგებთ, გაუთვალისწინებლად იმისა, ვინ ვის მხარეს იდგა ან, საერთოდ, მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში.

დღეს ადამიანები ერთმანეთს ხმლით, მშვილდ-ისრით და კეტით არ ებრძვიან. ებრძვიან საშინელი, ტოტალურად გამანადგურებელი იარაღით. მართალია, ეს საშინელი იარაღი ქართველებს არ გვაქვს, მაგრამ აქვს უცხო ძალას. ამ უცხოს შეუძლია იფიქროს: ამ ჭირვეული ქართველების მოსვენება დამშვიდებას საშველი არ დაადგა, გაუთავებლად ერთმანეთს ჭამენ, მოდით, საერთოდ გავაქროთ ისინი და დაგვაყარონ ყუმბარები. ამისათვის პასუხს მათ არავინ მოსთხოვს. ამგვარი კატასტროფები მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და პასუხი არავის არავისთვის მოუთხოვნია.

ამ დიდი საფრთხე-საშიშროების გამო მიმაჩნია, რომ გვჭირდება მესამე ქართული ძალა, რომელიც კონფლიქტში ჩაბმულ ორივე მხარეზე ამაღლდება. მაღალი პოზიციიდან დახედავს ვითარებას და შესთავაზებს როგორც ერთს, ისე მეორე მხარეს ყველასათვის მისაღებ გადაწყვეტილებას.

ყველა სხვა გზა, ჩემი აზრით (ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე), მიდის სისხლიანი ძმათამკვლელი კატასტროფისაკენ. ეს კი ქართველ ხალხს უფსკრულში მიაქანებს.

7 ისინი და სხვები

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ისევ რევოლუციასა და მიღმა დარჩენილებზე

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

0x01 graphic

ვინ თქვა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ? თუ სახელისუფლო ინსტინქტი და ყნოსვა განვითარებული გაქვს, რაც მთავარია, ბრძოლის გამოცდილება, მიზნები და ჟინი გაქვს, შეიძლება იმავე მდინარეში ისე შეხვიდე, თითქოს პირველად აპირებ. თუნდაც „სიღრმე და კალაპოტი“ სრულიად სხვა იყოს. შეიძლება ისევ დაუღალავად იყვირო ხალხის თავისუფალ ნებასა და ამბოხის უფლებაზე. გაშლილი კარვები ჩადგა (მგონი ერთადერთი, რაც კარგად ვისწავლეთ), ყოველდღე გადაკეტო ქუჩები, მოითხოვო სატელევიზიო ეთერი, ისევ მტკიცედ და შეუპოვრად იყვირო, - „გადადექი, გადადექი!“

ყველაფერი შეიძლება. რადგან, ერთი ბრძენისა არ იყოს, თუ კანონი ერთხელ და საბედისწეროდ დაირღვა, ის აუცილებლად დაირღვევა შემდეგაც. თუ შეიძლებოდა 90 პროცენტით არჩეული კანონიერი პრეზიდენტის შეიარაღებული დამხობა 1991 წელს, თუ შეიძლებოდა 2000 წელს არჩეული სხვა პრეზიდენტის გადაყენება და პარლამენტში შეჭრა 2003 წელს, ე.ი. შესაძლებელია ახლაც.

ხელისუფლებისათვის ერთი და იმავე მეთოდებით ბრძოლა ლამის უკვე გაცვეთილ მეტაფორად იქცა; მით უმეტეს, როცა პრეზიდენტის გადაყენებისათვის 2009 წელს წაგებული ომი და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა არანაკლებ სერიოზული მიზეზია, ვიდრე 2003 წელს საერთაშორისო დონეზე დადასტურებული გაყალბებული არჩევნები. მაგრამ ეს - ერთი შეხედვით. სინამდვილეში აპრილის ამბოხის მიზეზები სრულიად სხვაგვარია და უსამართლოდ დაჩაგრული, უმუშევარი თუ ღირსებააყრილი ხალხის პროტესტის მიღმა უფრო პირადი, პარტიული თუ კონტრრევოლუციური სულისკვეთება ჩანს, ვიდრე ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის რეალური სურვილი.

პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამა თუ იმ დოზით უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და რომლებიც პრეზიდენტს წვრილმან თუ „მსხვილმან“ დანაშაულს უთვლიან, თავად გადასცეს მას მართვის უსაზღვრო ბერკეტები, როცა 2004 წელს (სხვათა შორის, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის შემადგენლობით) იგი ლამის მონარქის უფლებებით აღჭურვეს, და ამის გამო პროტესტი მაშინ არავის გამოუთქვამს. ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე ოპოზიცია, როგორც წესი, მაშინ ლაპარაკობს, როცა ეს დროშიც და პოლიტიკურადაც მომგებიანია და არა იმიტომ, რომ ეს საზოგადოების კეთილდღეობის ან დემოკრატიის საწინააღმდეგო აქტია. ხოლო ადამიანები, რომელთა სახელითაც ამდენი გადატრიალება-რევოლუციები მოხდა, სინამდვილეში რეალური დემოკრატიული ღირებულებებისა თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის მიღმა რჩებოდნენ და რჩებიან.

რევოლუციურ ჭეშმარიტებებს დამცინავი ფარდობითობა ახასიათებს: ყოველი „ჩადენილი“ რევოლუციის შემდეგ ამბოხის მიზეზი ისევ არსებობს, რადგან კანონის გათელვის „უფლება“ ისევ კანონის სახელით ან სულაც კონსტიტუციაზე გადაბიჯებით ხდება. და როცა ხელისუფლება ცდილობს, „ვარდების რევოლუციის“ მიზეზები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აუცილებელი განახლებით ან თავისთვის სასარგებლო სხვა არგუმენტებით ახსნას, ეს რევოლუციაზე „ვეტოს“ უფლებას უფრო წააგავს. მაგრამ, როგორც უნდა ვთქვათ, 2003 წელს „გაკეთებული“ რევოლუცია (ოპოზიციის გარედან დაფინანსება, დასავლური ტექნოლოგიები, ელექტრონული მედიის მხარდაჭერა, დავრდომილი რეჟიმი, ხალხის უკმაყოფილება და ა.შ.) წარმატებული აღმოჩნდა, ოღონდ ცუდად განვითარებული სცენარითა და პესიმისტური ფინალით.

დღეს იგივე გზის გამეორება ოპოზიციისთვის ბევრად რთულია საგარეო მხარდაჭერისა თუ ფინანსური რესურსის გარეშე. ამავე დროს, მისი მიზნები, მოქმედების მასშტაბი, დაქსაქსულობა, თანამედროვეობისთვის არაშესატყვისი ენა, დემოკრატიულობის ხარისხი არანაკლებ საეჭვოა, ვიდრე 2003 წლის შემოდგომაზე ენერგიული „სააკაშვილისა და კომპანიის“ მოქმედება. მოკლედ, ისევ იმ წრეზე დავბრუნდით, როგორც 18 წლის წინ, ან როგორც 2003 წელს. „კავკასიური ჯადო-წრე“ (როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რობერტ სტურუამ) კიდევ ერთხელ შეიკრა.

წრეში კვლავ უმწიფარი ბავშვი-სახელმწიფოა, ანუ ხალხი, რომელსაც შუაზე გაგლეჯვას ისევ დემოკრატიის, ადამიანის უფლების, თავისუფლების, სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციის სახელით უპირებენ. რეალურად კი ამ „ბავშვის“ სახელით ხელისუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს, რადგან განაწილებელი ხელისუფლებისა და ქონების ხელახლა გაყოფა ყველა რევოლუციისა თუ აჯანყების თანამდევი პრინციპია.

რასაკვირველია, როგორც მაშინ, სააკაშვილთან დაახლოებულ პირებს (და არა მის გუნდს, რადგან გაირკვა, რომ ასეთი გუნდური პრინციპი საერთოდ არ არსებობდა - ჟვანია ცოცხალი აღარ არის, ხოლო ბურჯანაძე სადაც არის და რატომაც - გასაგებია), დღესაც ჭრელ და ამორფულ ოპოზიციას სახელისუფლო მადა საშიშად გაღვიძებული აქვს - სურს „რქებიც და ჩლიქებიც“. 9 აპრილიც ამისთვის დიდ მზადებას ჰგავდა, მომხრეების შეძლებისდაგვარი ორგანიზებით და რაღაც უფრო შთამაგონებელ-სუგესთეზიური მეთოდებით, ვიდრე გასულ წელს; რადგან იანვარში პოლიტიკური პროცესებით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ ხალხში გასაგები პოლიტიკური აპათია გააჩინა. ამჯერად ოპოზიციამ „ინფრასტრუქტურა“ გაცილებით სახიერი გახადა და არეალი უფრო გააფართოვა - კარვები პრეზიდენტის ახალ რეზიდენციასთან, კოსტავას ქუჩაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან, შენობებისა და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ა.შ.

ისევ გავიხსენოთ „კავკასიური ცარცის წრე“, აზდაკის ფრაზა: „რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა იგებს თუ აგებს ომებს, ხალხი ყოველთვის წაგებულია“. წაგებული ხალხის მეტაფორა ყოველთვის აქტუალური ხდებოდა არჩევნების, რევოლუციების თუ ომების შემდეგ, როცა რეალურ დაპირებებს განსაკუთრებული არაფერი მოჰქონდა. უახლესი ისტორიის განმავლობაში სურათი არ შეცვლილა - ისევ კარვები, დროშები, მიტინგები, შეკრებები პარლამენტის შენობის წინ და დაუსრულებელი ცეკვა-თამაში, უფრო ზუსტად - „მარადიული პოლიტიკური ტინგიცი“ (როგორც ერთმა რეჟისორმა-ქალბატონმა მითხრა). ეს, იმედგაცრუების გარდა, უკვე, ზოგადად, პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობას და ნეგატიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. ამაში კი თავად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი და უკვე პაროდიული როლი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს თავად წარმოუდგენიათ.

მოტყუებული, შეცდენილი და მიტოვებული ხალხი მანიპულაციის შესანიშნავი საშუალებაა. იგი კარგი დეკორაციაა შეღებილი შენობების ფასადების, განახლებული მოედნების ან მეფრინველეობის ფაბრიკის გახსნაზე, მაგრამ უხერხული და სრულიად არასაჭირო, როცა ამდენ შეცდომასა თუ უაზრო ომში დაღუპულებზე პასუხს გთხოვს.

როცა ერთი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ბიოგრაფიით ოპორტუნისტიციაა და ინტელექტუალიც, პირდაპირ აცხადებს, რომ „ნეიტრალური ხალხი ახლა დამნაშავეა“, ჩნდება ბუნებრივი კითხვა - რატომ უნდა იყოს ხალხი ჩართული ამგვარი პოლიტიკური ბრძოლებისა თუ გადანაწილების პროცესში? რატომ უნდა დადგეს აუცილებლად ვინმეს მხარეს? და თუ ასეა საჭირო, მაშინ რას ნიშნავს სამოქალაქო თანხმობა და სამოქალაქო მშვიდობა საერთოდ.

ჩვენს საზოგადოებას დაპირისპირებულობა ძალიან ძვირად დაუჯდა, რომ იგი ხელახლა არ გავაღვივოთ და პარტიული თუ პოლიტიკური სიმპათიების მიღმა კატასტროფის წინაშე მდგარი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ გავითვალისწინოთ. ამიტომაა, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში სამოქალაქო, მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალიან უფრთხილდებიან და საზოგადოებაც, ძირითადად, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანებისაგან შედგება და არა დაპირისპირებული ბანაკებისაგან. და თუ მაინც არსებობს ეს დაპირისპირება, იგი ძირითადად სოციალური, ფსიქოლოგიური, ეთნიკური ან, გარკვეულწილად, რელიგიური ხასიათისაა, რაც საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ გვემუქრება.

ოცი წლის განმავლობაში მიტინგებზე დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი გვესმის „ტირან და უზურპატორ პრეზიდენტზე“ (ჯერ გამსახურდიაზე, შემდეგ შევარდნაძეზე, ამჯერად უკვე სააკაშვილზე) და არცთუ ბუნდოვანი ეჭვი ჩნდება, რომ „მოღალატე ნეიტრალური“ ხალხი მხოლოდ ამ „ტირანიის“ წინააღმდეგ ბრძოლის უსასრულო, მშვიდობიანი, მთვლემარე, მაგრამ მაინც სეისმური იარაღია. ხოლო როცა ბიძგებს ვიგრძნობთ, გვიანი იქნება, რადგან კატასტროფა გარდუვალად დადგება.

...კლასიკური მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურას ერთი ძირითადი ტონი განსაზღვრავს. ყველაფერი დანარჩენი - თემის განვითარება, მელოდიის ცვლილება, ლინეარულობა, კადენცია, ვარიაცია, კოდა - ამ მიზანს ემსახურება და, შესაბამისად, მას ეყრდნობა. და რადგან ტონალობა ყველაფრის განმსაზღრელია, ყველაფერი მისკენ მიილტვის, ყველა ბგერა თუ აკორდი მას უბრუნდება; ნაწილი აუცილებლად ერთდება მთელთან, გაწყვეტილი პაუზები თუ მელოდიური ხაზები ერთ მთლიანობად იკვრება და ფინალურ აკორდებში საწყისთან ანუ მთავარ თემასთან ერთდება - მინორში ან მაჟორში. სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და მშვიდობა სწორედ ასეთი ერთი, ძირითადი ტონალობის ირგვლივ უნდა იკრიბებოდეს, მას ექვემდებარებოდეს; ხოლო „მინორი“ და „მაჟორი“ პოლიტიკური გემოვნების საკითხად უნდა იქცეს და არა სხვადასხვა პარტიის მიერ „ნეიტრალური“ ხალხით უსასრულო ვაჭრობისა და დაპირისპირების საგნად... სხვათა შორის, იმ პოლიტიკოსის მომდევნო ფრაზისაც არ მჯერა, რომ „ასეთ ადამიანებს ძველ საბერძნეთში წვავდნენ“.

დაბოლოს, ერთი ნაცნობი პარაფრაზიც. ისე, სახალისო შეგონებისთვის: თუ გვსურს მშვიდობა, ვემზადოთ არჩევნებისათვის, სადაც „ნეიტრალურად მოღალატე“ ადამიანების ხმების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გადამწყვეტი იქნება, ვიდრე მათი ქუჩაში წახალისება, ან სამიტინგო ყიჟინა - „გადადექი, გადადექი!“

8 სისტემური გადატვირთვა

▲ზევით დაბრუნება


iსაქართველო

ლევან რამიშვილი
www.facebook.com

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

ფრანკლინ დელანო რუზველტი ამბობდა, ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს თავად შიშია. კრიზისის შიშით რეფორმებზე უარის თქმა რეფორმის მოწინააღმდეგეთა დაშოშმინებას არ იწვევს. უფრო პირიქით - რეფორმების ტემპის შენელება სისუსტის ნიშანია. როცა პოლიტიკური ძალა სუსტად გამოიყურება, ეს მისი ოპონენტების პროვოცირებას ახდენს, რომ კიდევ უფრო მეტი გამეტებით შეუტიონ. გადარჩენისთვის საჭიროა, იყო ძლიერი. როგორც საულ ალინსკის „წესები რადიკალთათვის“ გვასწავლის, მთავარია არა ის, თუ რა რეალურ ძალას ფლობ, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს მოწინააღმდეგე შენს ხელთ არსებულ ძალას. ამიტომ რეფორმები კრიზისის დაძლევის და ხელისუფლების პოლიტიკური თვითგადარჩენის ერთადერთი გზაა.

90-იანი წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ თავისთავად ხმაურიანი ანტისისტემური ოპოზიციის არსებობა ან ხელისუფლების არაპოპულარობა არც ძალაუფლების შენარჩუნებას უქმნის საფრთხეს და არც პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისათვის არსებით დაბრკოლებას წარმოადგენს. მაგალითად, შევარდნაძე არასდროს არ იყო პოპულარული. საზოგადოებაში მეტად თუ ნაკლებად ყოველთვის მისი საწინააღმდეგო განწყობები დომინირებდა. მიუხედავად ამისა, მისმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა რელევანტური გამხდარიყო და პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენა მოეხდინა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი შემთხვევა, როცა ქუჩაში გამოსულმა ხალხმა პოლიტიკური ძვრების გამოწვევა მოახერხა, იყო ვარდების რევოლუცია. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ტრადიციულ ოპონენტებს უბრალოდ არ აღმოაჩნდათ უნარი ქუჩაში გამოსული ბიომასა პოლიტიკურ ძალად ექციათ, ვინაიდან მათ ვერ მოახერხეს საკუთარი მომხრეების მკაფიო სტრატეგიისა და პროგრამის ირგვლივ გაერთიანება.

დღევანდელი ოპოზიცია თავისი შინაარსით, ფორმით და მეტწილად პირადი შემადგენლობითაც - 90-იანი წლების პოლიტიკური მარგინალებისგან არაფრით განსხვავდება. ამ ხალხს შეუძლიათ უსასრულოდ გააგრძელონ რიტუალური პროტესტი, მაგრამ ისტორიის შეჩერება და ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლა მათ ძალას აღემატება.

თუ ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ასე თუ ისე ვახერხებდით ანტისისტემური ელემენტების ნეიტრალიზებას და ჩვენი საკუთარი პროგრამის განხორციელებას, რატომ უნდა ვუწე ვდეთ მათ ახლა იმაზე მეტად ანგარიშს, ვიდრე ჩვენი დამოუკიდებელი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე?

მცირედი კრიტიკის მიმართაც კი უკიდურესად შეუწყნარებელი, შეთქმულების თეორიებით შეპყრობილი, ყოველგვარ ხედვას მოკლებული, ძალაუფლებას მოწყურებული და მუდმივად ხელმოცარული ეგომანიაკები, რომლებიც არ წარმოადგენენ არავის, საკუთარი თავების გარდა, უკვე 30 წელია, ქართულ პოლიტიკაში დომინირებენ. არაფერი პრინციპულად ახალი დღეს არ ხდება.

ქართულ პოლიტიკას რბილი სისტემური გადატვირთვა სჭირდება. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ საით და რა ტემპით წავა ქვეყანა ამ გადატვირთვის შემდეგ, კვლავ ღია კითხვად რჩება. ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ, საზოგადოებამ უნდა მოვძებნოთ. ნორმალურ ვითარებაში ალტერნატივების გენერირება და საზოგადოებამდე მიტანა ოპოზიციის ფუნქციაა, მაგრამ ის არსებითად პოლიტიკური პროცესებიდან საკუთარი თავის თვითგანდევნითაა დაკავებული.

ამიტომ უნდა დავივიწყოთ პოლიტოლოგიის ქრესტომათიული რეცეპტები, ამოვიდეთ ამ რეალობიდან და ჩვენი სტრატეგია მას მოვარგოთ. არ უნდა დაველოდოთ შეურაცხადი ოპოზიციის აღმოცენებას და ინიციატივა ხელში ჩვენ უნდა ავიღოთ. არარეალისტურია მოლოდინი, რომ რომელიმე ძველი ან ახალი ოპოზიციური პარტია გახდება რამენაირი რეფორმების წარმმართველი ან თუნდაც მაინიცირებელი ძალა. ქართული ოპოზიცია ცდილობს პროცესების შეჩერებას და არა მასში მონაწილეობას ან მის წარმართვას.

მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენი დამოუკიდებელი არსებობის მთელ პერიოდში იცვლებოდა მმართველი პარტიის სახელი - სოციალ-დემოკრატები, მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა. უცვლელი რჩებოდა დომინანტური პარტიის სისტემა. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებდა, ყველა ეს მიზეზი დღემდე არსებობს. თუ რატომ ვერ ხერხდება ორ ან მრავალ პარტიული სისტემის ფორმირება, ეს თემა ცალკე განხილვას მოითხოვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - პოლიტიკური კონკურენცია არ იყო, არ არის და უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, არც იქნება დამყარებული პარტიებზე.

საპროტესტო ელექტორატი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად არ გადაიქცევა, მაგრამ იმედგაცრუების შედეგად ის კვლავ პოლიტიკურად ირელევანტური გახდება. ამის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს შარშან გამართული 2 არჩევნები - საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ იმდენივე ხმა მიიღო რაც სააკაშვილმა საპრეზიდენტოზე, მაგრამ ოპოზიციის მომხრეთა დიდი ნაწილის აბსტენცეიზმის შედეგად მმართველმა პარტიამ დეპუტატთა მანდატების 80%25 მოიპოვა.

აროგანტულმა ოპოზიციამ მოლოდინების ინფლაცია გამოიწვია და ვერ შეძლო მათი დაკმაყოფილება. მათი მომხრეები უფრო და უფრო ფრუსტრირებულები ხდებიან, ისინი კი იმდენად არიან მოწყვეტილები რეალობას, რომ შეუპოვრად განაგრძობენ ჩიხისკენ მიმავალი გზით სვლას.

პარტიული კონკურენციის არარსებობა არ ნიშნავს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ბაზარი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსსა თუ ინტერესთა ჯგუფს შორის ვაჭრობას აქვს ადგილი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ ინტერეს ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ვართ და ამ ბაზარზე წარმატების მისაღწევად უკეთ ორგანიზებული, უფრო არტიკულირებული, მოტივირებული, მიზანმიმართული უნდა ვიყოთ.

ქუჩის პოლიტიკის მარცხი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჩვენი გადაჯგუფებისა და რეფორმების პროცესის სადავეების ხელში ასაღებად. ამისთვის ხელახლა უნდა ავაშენოთ პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ახალი პოლიტიკური ინიციატივების გენერირების, ჩვენი იდეების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანის და საზოგადოებასთან უკუკავშირის შესაძლებლობას მოგვცემს.

პლურალისტურ გარემოში ანტისისტემური, შეურაცხადი ელემენტები არ გაქრებიან, სისტემური გადატვირთვა უბრალოდ მათ არ მისცემს საშუალებას, რომ მეინსტრიმი გახდნენ და საჯარო დებატების დღის წესრიგზე ექსკლუზიური კონტროლი დააწესონ. იმ გარემო ში კი, სადაც იდეების ბაზარზე თავისუფალ კონკურენციაში კრეატიულობით, დინამიზმით, ინოვაციურობითა და სოციალური დაკვეთის დაკმაყოფილების უნარით უნდა გაიმარჯვო, ბუნებრივად მოხდება დღეს არსებული ოპოზიციის მარგინალიზაცია. დამარცხდება ის, ვისაც არ აქვს ხედვა, ნათელი პროგრამა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მათი მობილიზება გვჭირდება, ვინც ამ ღირებულებებს და იდეებს იზიარებს. პოლიტიკური პროცესის გასაცოცხლებლად ჩვენი ყურადღება მოქალაქეებისთვის აქტუალურ პრობლემებზე უნდა გამახვილდეს. უნდა შევქმნათ რეფორმების ახალი პროგრამა და უნდა ავირჩიოთ ის საკითხები, რომლებიც მხარდამჭერთა ფართო კოალიციის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს.

პოლიტიკური ალტერნატივები საზოგადოებას ტრადიციული მედიის გვერდის ავლით უნდა შევთავაზოთ. ამის მდიდარ შესაძლებლობებს წებ 2.0 გვაძლევს. უფრო აგრესიულად უნდა ვლობირებდეთ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ახალ ტალღას. მთავარია ფოკუსი არ დავკარგოთ. უნდა დავიცვათ დისციპლინა როგორც თემებთან, ასევე მათი საზოგადოებამდე მიტანის ფორმებთან დაკავშირებით.

ნიცშე ამბობდა, რომ რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. 9 აპრილის არშემდგარი კონტრრევოლუციის შედეგად ხელისუფლება პოზიციების კონსოლიდირებას მოახდენს, მაგრამ თუ რა კურსს აირჩევს იგი, ეს მეტწილად ჩვენს აქტივობაზეა დამოკიდებული.

12.04.2009

9 მგონი, დიდ შარში ვართ...

▲ზევით დაბრუნება


iსაქართველო

ია ანთაძე
www.tavisupleba.org

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

ძალადობას მაინც ვერ ავცდით. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ 7 ნოემბრის შეცდომას არ გაიმეორებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მხოლოდ მიტინგის დარბევას ეხება. ახლა უფრო დაკვირვებით ვიხსენებ სოზარ სუბარის საპარლამენტო გამოსვლას, როცა თქვა, - შარშან, 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გადაწყდა, მომიტინგეები როგორ უნდა ეცემათო. როგორც მე აღვიქვი, მაშინ ზუსტად იმაზე ყოფილა საუბარი, რომ მიტინგიდან წამოსულ ადამიანებს სათითაოდ უნდა გასწორებოდნენ. 2007 წლის 5 და 6 ნოემბერს ვის როგორ სცემეს, ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლო დღეებში სულ ის შეხვედრა მახსენდება, შარშან ვანო მერაბიშვილის კაბინეტში რომ შედგა. ალბათ, გავა დრო და იმის მთქმელიც გამოჩნდება, ახლა ვინ და როგორ გადაწყვიტა, - მიტინგის დარბევა არ გვინდა, მაგრამ აქტიურ ბიჭებს ჭკუის სწავლება არ აწყენთო.

„საქართველოში ნაცემი კაცი ჩმორია და ვეღარ იბლატავებს“, - ეს არის ფილოსოფია იმ ძალადობისა, რაც 9 აპრილის შემდეგ ხორციელდება. ნაცემებს შორის ჩემი ნაცნობებიც არიან - სიმპათიური ადამიანები. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა აკავშირებთ მათ ან „ჩმორობის“ და ან „ბლატაობის“ ინსტიტუტთან. რომ ვერ მიხვდები, ესეც ფილოსოფიის ნაწილია: შენს თავს ვერანაირი ნიშნით ვეღარ ამორიცხავ საცემების სიიდან და რამდენჯერაც მიტინგზე წახვალ, იმდენჯერ გული უნდა გეუბნებოდეს, - მორიგი მსხვერპლი შენ ხომ არ ხარო.

რაკი ძალადობაზე ვლაპარაკობ, რამდენიმე სიტყვას იმ „პროექტზეც“ ვიტყვი, დასუფთავების სამსახურმა რომ განახორციელა. ერთ ვარაუდს გამოვთქვამ: რაკი ხელისუფლების უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი, რომ მიტინგები არ უნდა დაირბეს და რაკი ამ გადაწყვეტილების შესრულება ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობაა, გამოდის, გიგი უგულავას ბიჭები შეცვივდნენ ვანო მერაბიშვილის მიერ დაცული ტერიტორიის ეპიცენტრში, მიანგრმოანგრიეს იქაურობა და გაცვივდნენ. ამოცანა გვეკითხება: რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს და ვისთან ათანხმებს დედაქალაქის მერი უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებას?

ახლა იმ ძალადობაზე ვიტყვი, რამაც პირადად მე გული ყველაზე მეტად მატკინა. ეს ამბავი სხვებზე უკეთ ახალგაზრდებმა იციან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა ვაჟი, რამდენიმე დღის წინ მიტინგის ორგანიზატორებთან მივიდა და სიტყვა ითხოვა. ის დრო იყო, მიტინგზე რომ გამომსვლელიც და მომსმენიც ცოტავდება ხოლმე. სიტყვა სიხარულით მისცეს, - აი, ახალგაზრდებიც ჩვენთან არიანო. შოთა ადამაშვილმა - ასე ჰქვია იმ ბიჭს - თავისი სათქმელი პირდაპირ დაიწყო: „ადამიანები მიტინგზე დგომით კი არ იზრდებიან, არამედ წიგნის კითხვით. მე განათლების მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ. ჩვენი ენა ხომ გვიყვარს და რატომ ვიგინებით?..“ მომიტინგეებმა რომ პროტესტი სტვენით და შეძახილებით გამოხატეს, არ გამკვირვებია. მიტინგის წამყვანმა გიორგი კობახიძემ რომ თავისი აზრი გამოთქვა, - თუ რამე გვეშლება, მეგობრებმა გაგვისწორონ და არა ახალგაზრდებმაო, - არც ეს მომხვედრია გულზე. მაგრამ გაოგნებული მაშინ დავრჩი, როცა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე დალაგებულად მსჯელობს დემოკრატიასა და დასავლურ ღირებულებებზე, უცებ გამოაცხადა, - ეს პატარა პროვოკაცია იყო და ყურადღება არ მივაქციოთო.

ამასობაში შოთამ, რომელიც ჩემი ყოფილი სტუდენტია და რომელსაც დიდ პატივს ვცემ სწორედ თავისი ინიციატივიანი და საინტერესო ხასიათის გამო, თავისი ჩანთა და გიტარა აიღო და სცენა უშფოთველად დატოვა. ამ ინციდენტს, სულ მცირე, ის შედეგი მოჰყვა, რომ მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში შოთა ადამაშვილის ამბავი საინტერნეტო ბლოგებისა და ფორუმების მთავარი თემა გახდა. ახალგაზრდების ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი, რომელიც ბლოგოსფეროშია ჩაფლული, ცუდ სიტყვებს არ იშურებდა ოპოზიციისა და მისი მიტინგების მიმართ.

მე შემაწუხა მომიტინგეების მხრიდან ახალგაზრდა კაცისადმი გამოვლენილმა პროტესტმა და გულგრილობამ, რადგან მისი სიტყვები ყველაზე ნაკლებად სწორედ პროტესტს და გულგრილობას იმსახურებდა; და არანაკლებ შემაწუხა ახალგაზრდების აგრესიამ მომიტინგეების მიმართ, რადგან ამ აგრესიაშიც, თავისი მუხტით და ხარისხით, ძალადობის დიდი პოტენცია დავინახე. მოგვიანებით, როცა შოთა ადამაშვილის ამბავმა „საკან N5“-შიც შეაღწია, იქ მარტივად ითქვა: ამ ბიჭმა რაღაც იბოდიალა და არავის უცემია, ჩვენ კი სასიკვდილოდ გვიმეტებენო. ასე მარტივად რომ იყოს საქმე... რევოლუციამდე მიშა სააკაშვილმა ისეთი კარგი ლაპარაკი იცოდა დემოკრატიაზე, ხალხის მმართველობაზე, სა მართლებრივ სახელმწიფოზე... მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ერთი მყარი ვერტიკალი ააშენა და თქვა, - ეს არის ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდითო. ოპოზიციაც ბევრს ლაპარაკობს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ღირებულებებზე. როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და სცენაზე თავისუფალი ადამიანი გამოჩნდება, მაშინ იწყება ტესტი: არათუ არ უნდა ვცემოთ, არათუ საქმე არ უნდა გავურჩიოთ, არც პროვოკატორად უნდა მოვნათლოთ და, სულაც პირიქით, შესაბამისად უნდა დავაფასოთ მისი ღირსება და ინიციატივა.

აი, ეს რომ არ ხდება, უფრო იმიტომ ვართ დიდ შარში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება თავის ძალადობრივ ბუნებას დღითიდღე სულ უფრო მეტად ავლენს. როგორი უნდა იყოს უკეთესი საქართველო, რომელზეც ამ დღეებში ყველა ჩვენებურად ვფიქრობთ? მინდა, შოთამ თქვას თავისი აზრი და, ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, თქვენს მოსაზრებებსაც მოუთმენლად ველოდები.

16.04.2009

10 ინჟინრები და „სულის ინჟინრები“

▲ზევით დაბრუნება


iსაქართველო

გიორგი გვახარია
www.tavisupleba.org

0x01 graphic

„ჩვენ დამძიმებული ვართ კულტურით,“ - აღნიშნა სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ 8 აპრილს, ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე და დაუმატა: „ჩვენ გვაქვს ძველი კულტურა, მაგრამ ვართ ახალგაზრდა სახელმწიფო. შესაბამისად, არსებობს ღრმა დაპირისპირება ძველ კულტურასა და ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის.“

„ძველი კულტურისთვის“ უცხოა მოქალაქის, მოქალაქეთა ურთიერთკონტროლის, კანონის უზენაესობის გაგება. ამიტომ სილამაზე - ის, რასაც დოსტოევსკი სამყაროს გადარჩენის საშუალებად მიიჩნევდა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აფერხებდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას... თანაც რა? ეს სილამაზე - ასახული წიგნებში, სიმღერებში, ნახატებში - საუკუნეებია, არსებობს. მაგრამ სამყაროს გადარჩე ნას, ბოროტებისა და სიძულვილისგან მის განთავისუფლებას, ვერა და ვერ დაადგა საშველი.

იქნებ მართლაც „ჩასარეცხები“ არიან ეს ესთეტები, ადამიანთა „სულების ინჟინრები“, თუკი არაფრით უთმობენ ადგილს ნამდვილ ინჟინრებს, ქვეყნის აშენება რომ ევალებათ? იქნებ სწორედაც რომ ამ ძველი კულტურით ტკბობა განსაზღვრავს ქარიზმის, მადლის უპირატესობას შრომაზე, განათლებაზე, ინსტიტუტებზე?

არ ჰქონდათ ეს „ძველი კულტურა“ ბალტიისპირელებს, მაგრამ დამოუკიდებლები არიან დღეს.

შეერთებულ შტატებზე არაფერს ვამბობ. ამერიკაზე უფრო ძველი მუხა მიდგას ეზოშიო, - უთქვამთ „საკანში“... ანუ, რატომ უნდა იცხოვროს ამერიკელმა ჩემზე უკეთო?

ემზარ ჯგერენაიამაც გაიხსენა, რა იწერებოდა საქართველოში მაშინ, როცა ამერიკელი ქვეყნის აშენებას იწყებდა:

„პირველი, რაც თვალში მოგვხვდება, ესაა ამ ეპოქის ქართველების ორიენტაცია ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და არა სოციალურ ფილოსოფიაზე. ქართული აზრი უაღრესად მწირია პიროვნების თავისუფლების, სახელმწიფოს რაობის კვლევისას. თეიმურაზ მეორე, მაგალითად, ამ დროს წერს „ხილთა ქებას“: „მარწყვმა თქვა, მოვალ პირველად, მე ვერ მომისწრებს ხილია...“

თეიმურაზი წერს „გაბაასებას რუსთველთან“, სადაც რუსი ქალბატონის, ბუტურლინას სილამაზით მოხიბლული პოეტი რუსთაველს მიმართავს და ამბობს: ამ რუს ქალბატონთან ნესტან-დარეჯანის სილამაზე რა მოსატანიაო... ბუტურლინას ეუბნება, რუსთაველმა ვიღაც ნესტან-დარეჯანი გამოიგონა, თქვენ რომ ენახეთ, ამას ხომ არ გააკეთებდა... ცუდ დროში მოუწია ცხოვრებაო...

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ემზარ ჯგერენაიამ გაიხსენა გერმანელი სოციოლოგის, ჰელმუტ პლესნერის ნაშრომი, „დაგვიანებული ერი“. როგორც ანალოგია - მე-19 საუკუნის გერმანია და 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველო; პლესნერი ცდილობდა, აეხსნა, როგორ მივიდა გერმანია ნაციონალ-სოციალიზმამდე. მისი აზრით, გერმანიაში არ მოხდა განმანათლებლობის იდეების საფუძვლიანი ათვისება, გერმანიაში დააგვიანა ინდუსტრიალიზაციის პროცესმა, გერმანიამ ვერ შექმნა სახელმწიფო და ყოველივე ამას უმძიმესი შედეგი მოჰყვა: ქვეყანას უცბად დაატყდა თავს ნაციონალიზმი, რომელიც ნაციზმის ფორმით გამოვლინდა.

საქართველოში ეს პროცესი შედარებით მსუბუქად წარიმართა. ჯერ იყო და, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა ქართველებს და მთელ მსოფლიოს: არსებობენ ევროპელები, მაგრამ არსებობენ უძველესი ევროპელები - ქართველებიო... მაგრამ ოპოზიცია, როგორც ჩანს, დიდად არ აღფრთოვანებულა სააკაშვილის ამ მოსაზრებით. „ისინი ცდილობენ, მართონ ქვეყანა, რომელსაც არ იცნობენ, და, როგორც ჩანს, ვერც ვერასდროს გაუგებენ, რადგან უფესვოები და უჯიშოები არიან,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 9 აპრილს გამართულ მიტინგზე, მერე კი დააკონკრეტა:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ოცი წელი გაგვიგრძელდა ჩვენი ქვეყნის დალაგება, ჩვენს ისტორიასთან, სამიათასწლიან ისტორიასთან ეს ოცი წელი ერთი თვალის დახამხამებაა. დღევანდელი ჩვენი შეკრება არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ მოვაწყობთ ჩვენ ქვეყანას. არავისზე ნაკლები მემკვიდრეობა არა გვაქვს, უფრო მეტიც - ბარე ათი ერი არ იქნება მსოფლიოში, ვისაც ასეთი მემკვიდრეობა აქვს. ჩვენ მარადიულობასთან ნაზიარები ერი ვართ!“

ორივეს - ემზარ ჯგერენაიასაც და გუბაზ სანიკიძესაც - ოვაციები გაუმართეს. ემზარს - ბიოლის ფონდში შეკრებილმა ინტელექტუალებმა - ასე, სამოცმა კაცმა; გუბაზს - პარლამენტის წინ შეგროვილმა ხალხმა - სამოცი ათასმა...

13.04.2009

11 ხვალაც აქ იქნები, ხო?

▲ზევით დაბრუნება


გამოკითხვა

ავტორი: სოფო ჭაავა
ფოტო: ეკა ქადაგიშვილი

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე რომ გასულიყავით, აუცილებლად ნახავდით ერთ ნაცნობს მაინც. მას გაუხარდებოდა თქვენი ნახვა და თქვენც - მისი. იგრძნობდით რაღაცნაირ ერთიანობას, თანამოაზრეობას, მოიკითხავდით, გაიგებდით, თქვენი საერთო ნაცნობებიდან კიდევ ვინ იყო აქციაზე მისული. მერე გაცვლიდით პროგნოზებს - გადადგება - არ გადადგება, თბილისშია-ბათუმშია, დაარბევს - არ დაარბევს. შეთანხმდებოდით აუცილებლად - რაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ხომ განსხვავებული აზრის ძიების დრო არ არის.

მარტო თქვენ კი არა, ნაცნობს ისინიც ნახავდნენ, ვინც ამ ჟურნალს არ კითხულობს და ისინიც, ვინც მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცის. იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ჟურნალის საყიდელი 5 ლარი თვიური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ისეთებიც, ვინც ყოველთვიურად, ხუთს კი არა, ხუთას ლარს გადაიხდიდნენ, ამ ფასად გაზეთ „კომუნისტის“ ახალი ნომრის ყიდვა რომ შეიძლებოდეს.

დამშვიდობებისას თქვენი ნაცნობი გკითხავდათ: ხვალ აქ გნახავ, ხო? თუ მოტყუება არ გინდა, ამ დროს ხელი უნდა აუწიო და გაუღიმო - ყველაფერს შეიძლება ნიშნავდეს, გააჩნია იმ შენს ნაცნობს რისი გაგება უნდა პასუხად. სანამ მეორე, დიდი ხნის უნახავ ამხანაგს შეხვდებოდით, მარტო გაიკვლევდით გზას ხალხის ლაბირინთში, მოისმენდით „-ჯოს“-ს და „წადი“-ს და არც ერთ გეგმას, არც ერთ არგუმენტს.

ადვილი იქნებოდა ამ აქციის გაშარჟება, მისი დავიწყება და „სააკნების“ ქალაქის პარალელურ ქალაქში ცხოვრება, ლეგიტიმური პროტესტის, უკმაყოფილების, თუნდაც გაბრაზების არგუმენტები მართლა რომ არ არსებობდეს. 9 აპრილიდან დღემდე ბევრი პოლიტიკური „მარგალიტი“ მოვისმინეთ თხრობით და სიმღერით. იყო მოწოდება „ბირჟების შექმნის“ და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საუბრის. სად არის ამ დროს ჩვენი ადგილი?

რატომ მოხვედით და რას ელით 9 აპრილისგან? ეს კითხვა აქციის ბევრ მონაწილეს დავუსვით. ალბათ მათ შორისაც ნახავთ ერთ ნაცნობს მაინც.

ანონიმი“, უნივერსიტეტის პედაგოგი

0x01 graphic

ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ალბათ ერთდროულად პროტესტი და მხარდაჭერაა. მხარდაჭერა აქციის ორგანიზატორების და ხალხის მიმართ. და პროტესტი იმ ყველაფრის გამო, რაც ქვეყანაში სუფევს. სამსახურიც მაქვს და ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი მეგობრები, ჩემი დამსახურებული ხალხი აქ, ქუჩაში დგას. ოპოზიციიდან თითქმის ყველას ვუჭერ მხარს, რადგან ერთნაირად ფიქრობენ. მომწონს ფორუმი, კონსერვატორები, გაჩეჩილაძე.

ნინო ცხადაია, სტუდენტი

0x01 graphic

ხალხს ვუცხადებ თანადგომას და აქციაზე იმიტომ მოვედი. ვაპროტესტებ უსამართლობას ქვეყანაში. პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში გაჩეჩილაძეს დავუჭერ მხარს.

დოდო ნიკოლაიშვილი, ინჟინერი

0x01 graphic

ვითხოვ სააკაშვილის წასვლას, მეტს არაფერს. ყველაფერს ვაპროტესტებ იმ დღიდან, რაც სააკაშვილი მოვიდა. დღემდე, კარგი არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი გააფუჭა. მე მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს ავირჩევდი პრეზიდენტად და ავირჩევ კიდეც.

ციცო, მაგული, ნონა, ტყიბულიდან

0x01 graphic

ვითხოვთ განთავისუფლებას ამ ჯალათებისგან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. არ გვინდა ხალხი შიმშილით იხოცებოდეს. არ გვინდა ქართველი დედა ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ მიდიოდეს. აი, ამისთვის ვიბრძვით, აი, ამიტომ მოვედით დღეს. დღევანდელი პროტესტით არ გადაწყდება ესა. მაგრამ სააკაშვილი აუცილებლად უნდა წავიდეს.

არ ვიცით ვის ავირჩევთ, ვნახოთ, ვის რა პროგრამა ექნება. გვესიმპატიურება უპრეზიდენტო ქვეყანა.

ნონა ჩიკვილაძე, 42 წლის, გერმანისტი

0x01 graphic

მოვედი იმიტომ, რომ არ მომწონს ეს მთავრობა, რა თქმა უნდა. მიშას გასაცილებლად მოვედი. არ მომწონს, საშინლად არ მომწონს ეგ კაცი. არაფერი არ მომწონს ამ კაცის. რა შეიძლება მომეწონოს, მხოლოდ ფერადი სახლები? არ მინდა! საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციიდან განვიხილავ ალასანიას.

გულიკო კიტოვანი, მუსიკათმცოდნე

0x01 graphic

ჩემი ერი შეურაცხყოფილია და იმიტომ მოვედი, თორემ არც მშია, არც მწყურია, არც არაფერი მაკლია, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ. იმიტომ, რომ სამშობლო აღარ მაქვს. აი, ის ძველი ქართველები რომ იყვნენ, ერთმანეთის სიყვარული რომ იყო, ერთობა რომ იყო, ის აღარ არის და აღარ მინდა ესეთ საქართველოში ცხოვრება.

გენადი კვიტავა, ინჟინერ-ტექნოლოგი

0x01 graphic

გაერთიანებული ძალებით უნდა გადავაყენოთ ეს ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილი. უპირველესი მიზეზია ის, რომ დახოცა ხალხი; მეორე - სოციალური პირობები - საშინელება. სასამართლოზე საყვედურსაც ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ საერთოდ არ არსებობს. ძირითადი საკითხებია: მკვლელობები, სასამართლო, უმუშევრობა. ოპოზიციიდან ეროვნული ფორუმი - შარტავა, გუბაზ სანიკიძე მომწონს.

სანდრო ფოჩხუა, სტუდენტი

0x01 graphic

მოვედი იმისთვის, რისთვისაც ყველა, რო გადადგეს მიშა. მიზეზი, რავი ბევრია, რამდენი ჩამოგითვალოთ? ხალხს არ ეხმარება არაფრით, მატყუარა ტიპია და პროსტა, არ მომწონს. ჩემი სუბიექტური აზრია, ხო შეიძლება? დღეს რომ გადადგება, არ ველი, მაგრამ ამ დღეებში გადადგება. ჩემი მოვალეობაა რომ აქ ვიდგე, ხალხთან ერთად, რომელიმე პარტიის გულისთვის არ ვდგევარ. ვინ უნდა მოვიდეს მაგაზე ჯერ არ მიფიქრია.

რამაზ გვარლიანი, დევნილი აფხაზეთიდან, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი

0x01 graphic

მინდა გამოვხატო პროტესტი. უნდა დავანახოთ იმ ხალხს, რომელიც ხელისუფლებაშია, რომ სახელმწიფოში ყველაფერი არ არის რიგზე. და, შესაბამისად, წამოვიდნენ სისტემურ ცვლილებებზე. დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, ფაქტიურად ჩამოშლილია სახელმწიფო. კონკრეტული ადამიანი ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის. სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს, ხელისუფლებაში შესაბამისი პოლიტიკური ნების გუნდი უნდა მოვიდეს და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე.

დოდო კონტუაძე

0x01 graphic

ჩემი მოტივაცია ის არის, რომ კიდევ ერთხელ გაიგოს, კიდევ ერთხელ დაინახოს ჩვენმა სახელოვანმა პრეზიდენტმა, ხალხს როგორ უყვარს. ხომ იძახის, მე ჩემი მომხრეები მყავსო? ნეტავ, ვინ არის მისი მომხრე? ის 5-6 კაცი, თავისი გარემოცვიდან? ასე რომ, მართლა ბევრს ველოდებით დღევანდელი დღიდან და ხვალ-ზეგ. სურვილი გვაქვს, რომ მორჩეს ბოლო-ბოლო და ცოტა სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვროთ და ისეთი ავირჩიოთ, ვინც მართლა ხალხის უმრავლესობას უნდა. ისევ ყოფილი პრეზიდენტის იმედი მაქვს, ლევან გაჩეჩილაძეს ვგულისხმობ. როცა ის ლაპარაკობს, ეჭვი არაფერში არ მეპარება. მის სიმართლეში ეჭვი არ მეპარება და ნდობა ყველაზე დიდი ფაქტორია ასეთ დროს.

გიორგი, 24 წლის, დისტრიბუტორი

0x01 graphic

მიშას წინააღმდეგი ვარ სერიოზულად. არაფერი არ მომწონს მიშას გაკეთებული აბსოლუტურად. გადადგეს მიშა. ოპოზიციიდან ლევან გაჩეჩილაძეს ვემხრობი. სუფთა ადამიანია და იცის თავისი საქმე.

12 ქართული პოლიტიკის დახშული წრე

▲ზევით დაბრუნება


ანალიზი

როდესაც რიცხვები მნიშვნელობენ, ანუ მეინსტრიმი ქართულად

ავტორი: იაგო კაჭკაჭიშვილი
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

0x01 graphic

მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ (რომელიც ჩაატარა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ 1400 რესპონდენტზე) აჩვენა, რომ ქ. თბილისში საარჩევნო ასაკის (18 წლის და ზევით) მოსახლეობის 22%25 აპირებდა 9 აპრილის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი თბილისში დაახლოებით 800 000-ია, ამასთან, გამოკითხვის შედეგებს 3%25-იანი ცდომილების ფარგლებში ჰქონდა ობიექტურობის პრეტენზია, აბსოლუტურ მაჩვენებლებში 150 000 თბილისელს მაინც ჰქონდა აქციაში მონაწილეობა გადაწყვეტილი. ცხადია, გადაწყვეტილების მიღებასა და გადაწყვეტილების შესრულებას შორის (როგორც კოგნიტურ და ქცევით აქტებს შორის) არსებობს განსაზღვრული (მენტალური, ემოციური, სოციალური) ბარიერები, თუმცა ნამდვილად მქონდა იმის მოლოდინი, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე, სულ მცირე, 100 000 ადამიანი უნდა მისულიყო.

მომიტინგეთა რაოდენობა 9 აპრილს მეტ-ნაკლები სიზუსტით არავის დაუთვლია, თუმცა, ვფიქრობ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის „წინასწარმეტყველება“ ახდა - მიტინგზე ათეულ ათასობით ადამიანი მივიდა.

რატომ ვამახვილებთ რაოდენობაზე ყურადღებას?

საქმე ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არის ე.წ. „მეინსტრიმზე“ (Mainstream), ანუ უმრავლესობაზე ორიენტირებული საზოგადოება. ჩვენთან ყურადღებას იმსახურებს ის, რაც დიდი რიცხვებით გამოიხატება. გვავიწყდება (ან ჯერ კიდევ არ ვიცით), რომ სრულყოფილი დემოკრატია არა მხოლოდ უმრავლესობის ნების აღსრულე ბას ემსახურება, არამედ (იქნებ, უპირატესადაც) უმცირესობათა „ხმას“ უსმენს და ითვალისწინებს. საქართველოში ნებისმიერი უმცირესობა (ცხადია, მეტ-ნაკლები ხარისხით) განწირულია მარგინალიზაციისათვის - ის, რაც „მეინსტრიმის“ მიმართ არაადაპტაციურია, აღიქმება ნაკლოვანად, არასრულყოფილად, სასირცხვილოდ. დავაკვირდეთ, რითაა ტრადიციულად გაჯერებული პოლიტიკური პროტესტი საქართველოში: მუდმივად კეთდება აქცენტი ოპოზიციურ პარტიათა „საყოველთაო გაერთიანებაზე“, ამომრჩევლები აბსოლუტურად ლოიალურნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ სრულიად სხვადასხვა პროფილის, პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და ორიენტაციის პოლიტიკური ძალები ერთად დადგნენ და მტკიცე კავშირი შეკრან.

დღესაც, არსებითად, იგივე ვითარებაა. ნიუანსური განსხვავება ისაა, რომ თუ, ვთქვათ, 2007 წლის საპროტესტო ტალღა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან საყოველთაო ინსტიტუციურ გაერთიანებას მოითხოვდა („გაერთიანებული ოპოზიციის“ ფარგლებში), დღეს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია პოლიტიკურ პარტიათა მოზაიკურობა. თუმცა, ეს სიჭრელე აშკარად ბაცდება „მეინსტრიმული“ რადიკალური განწყობის ფონზე, რაც ხელისუფლების (კონკრეტულად, პრეზიდენტის) უპირობო შეცვლისკენაა მიმართული. თუ ვინმე ამ „მეინსტრიმს“ არ უერთდება, აღიქმება მარგინალ, კვაზი-ოპოზიციონერად, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, გზააბნეულია, ხოლო, უარეს შემთხვევაში, გარიგებულია ხელისუფლებასთან. მოვიყვან ერთერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოსვლის ფრაგმენტს (არა აქვს აზრი ვინაობის დასახელებას, რადგან ასეთი რამ თითქმის ნებისმიერს შეეძლო ეთქვა):

„ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ რომელიმე ოპოზიციური ძალა გამოეყოს ამ ერთიანობას... განხეთქილება შემოიტანოს ოპოზიციაში და სხვადასხვა მეთოდებით ... ამას ცდილობს ... ამ მცდელობებს ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით და, მე მგონი, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზია (ხელისუფლებისთვის), რომ სრულიად ოპოზიცია ერთმანეთის გვერდით დგას, დგას საზოგადოების გვერდით, რომლის მოთხოვნა არის პრეზიდენტის გადადგომა“ (www.civil.ge/16 aprili/09).

ფაქტია, რომ დღეს სოციალური დაკვეთა ისევ „საყოველთაო გაერთიანებაზეა“. როგორც ცნობილია, „ალიანსს საქართველოსთვის“ და „ეროვნულ ფორუმს“ აპრილის საპ როტესტო აქციების მიმართ რამდენადმე განსხვავებული პოზიცია ეკავათ და ქუჩის დემონსტრაციებში ბოლომდე და აქტიურად ჩართულობას არ აპირებდნენ. თუმცა, „მეინსტრიმულმა“ იდეოლოგიამ ისინი მაინც ჩააბა საერთო ფერხულში, ვინაიდან მიხვდნენ, რომ განზე დგომის ან სხვაგვარი ტაქტიკის შემთხვევაში, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებად იქცეოდნენ; მეტიც: ი. ალასანიას მოუწია ახსნაგანმარტების მიცემა იმაზე, რომ მისი უწყინარი განცხადება - „ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მეორე მხარის მხრიდან, თუ თავად როგორ ფიქრობს კრიზისიდან გამოსვლას“ - არ უქადის არანაირ საფრთხეს პრეზიდენტის უპირობო გადადგომის ძირითად გზავნილს. სხვა მაგალითი: ს. ზურაბიშვილი, თავისი უკიდურესი რადიკალიზმით, სრულებით არ ჰგავს ევროპელ რაციონალურ პოლიტიკოსს. მან პოლიტიკური „აურა“ გამოიცვალა, რადგან მიხვდა - „ევროპელობა“ მარგინალ პოლიტიკოსად აქცევდა.

ცნობილია, რომ რევოლუციას „მეინსტრიმული“ იდეოლოგია ასაზრდოებს. რევოლუცია ხომ შეურიგებელია ალტერნატივების მიმართ; ცდილობს, შთანთქას მთელი რეალობა და როდესაც ეს ევოლუციურად შეუძლებელი ხდება (არასაკმარისი წანამძღვრების არსებობის გამო), იწყებს რეალობაში ქირურგიულ ჩარევას. 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ იყო ამის კლასიკური გამოვლინება. მახსოვს მ. სააკაშვილის მიერ რევოლუციის დღეებში გაკეთებული ოდიოზური განცხადებები. მაშინ, როგორც წესი, ვერავინ ბედავდა ამ განცხადებების კრიტიკას და თუ ვინმე ბედავდა, გარანტირებული ჰქონდა პოლიტიკურ „სვალკაზე“ მოხვედრა. „ახალ მემარჯვენეებს“ (სწორედ იმიტომ, რომ 2003 წელს „მეინსტრიმს“ არ შეუერთდნენ და პარლამენტში გამოცხადდნენ) დღემდე ბრალს სდებენ გაკოტრებულ შევარდნაძესთან კოლაბორაციონიზმში და ისინიც დღემდე თავს იმართლებენ.

განსხვავება 2003 წლის „გავარდისფერებულ“ „მეინსტრიმსა“ და დღევანდელობას შორის ისაა, რომ „ვარდების“ რევოლუციას, შესაძლოა, უფრო მძლავრი სოციალური დასაყრდენი ჰქონდა, თუმცა, უკეთესი ფინანსური უზრუნველყოფის და პრეზიდენტის (ე. შევარდნაძის) ნაკლებად ხისტი ძალაუფლების ფონზე.

ზემოთქმული მოწმობს, რომ საქართველოში „მეინსტრიმი“ სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურის ნაწილია; უფრო სწორად, თავად არის სტრუქტურა, ანუ კოლექტიური ცნობიერების მყარი ფორმა, რომელიც იქვემდებარებს ცალკეული ინდივიდების (მათ შორის, ცალკეული პოლიტიკოსების) ნებას. ეს დომინანტური სტრუქტურაა, რომელიც (როგორც სოციოლოგები იტყვიან) ქმნის „ლეგიტიმურ წესრიგს“. ეს წესრიგი მნიშვნელობს მაშინაც კი, როდესაც მას ვინმე უარყოფს, რამდენადაც უარმყოფელს მარგინალად აქცევს. ამდენად, „მეინსტრიმზე“ ორიენტაცია არ არის ვინმეს კერძო არჩევანი, არამედ მხოლოდ ასეთ პოლიტიკას შეუძლია დღეს რეალური ცვლილებების გამოწვევა ქვეყანაში. ქართული დემოკრატია ისევ მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს ცნობს.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

რა იქნება შემდეგ, თუ მიშა წავიდა?

ეს შეკითხვა დღეს ძალზე ხშირად ისმის და არა მხოლოდ იმათგან, ვინც არსებული ხელისუფლების მიმართ ლოიალურადაა განწყობილი. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს პოსტ-სააკაშვილის პერიოდის გაურკვევლობა და ბუნდოვანება. ერთი შეხედვით, ეს სავსებით ბუნებრივი წუხილია, თუმცა, თუ დავაკვირდებით, კითხვას - რა იქნება შემდეგ? - ორი საპირისპირო განწყობა ასაზრდოებს:

განწყობა პირველი: შეკითხვის დამსმელთა ერთი (ალბათ, დომინანტური) ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ ალტერნატიულ (ოპოზიციურ) პოლიტიკურ ველში არ ჩანს ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი, ქარიზმული ლიდერი. პოსტსაბჭოთა საქართველოში, პოლიტიკური კატაკლიზმების ყველა ეტაპზე, ყოველთვის ჩნდებოდა ხალხის „მამა“, რომელსაც ხელეწიფებოდა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება და რომელიც ამას გააკეთებდა ყველაზე უკეთ, მისი გამორჩეული (უჩვეულო) უნარების წყალობით. ასეთი პატერნალისტური განწყობა (ლათინური სიტყვა პატერნ სწორედ „მამას“ აღნიშნავს) უადვილებდა ადამიანებს პოლიტიკურ არჩევანს. ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, ფაქტობრივად, იყო არა პოლიტიკური სისტემის (ან, სტრუქტურის) ცვლილება, არამედ გაკოტრებული ქარიზმის ახალი ქარიზმით ჩანაცვლების ეიფორია. დღევანდელი ვითარების თავისებურება სწორედ ისაა, რომ, ერთი მხრივ, არსებობს ასეთი ეიფორიის წყურვილი, თუმცა, არ არსებობს კონკრეტული ადრესატი, ვინც ამ წყურვილს მოკლავს. დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე მოქმედ არც ერთ ლიდერს არ მიეწერება „მაგიურობის“ ნიშანი, რითაც თავის დროზე გამოარჩიეს ზ. გამსახურდია, ე. შევარდნაძე და მ. სააკაშვილი. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს გმირს, რომელიც არ ჩანს და სწორედ ესაა საზოგადოების ამ ნაწილის იმედგაცრუების წყარო.

როგორც მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების საპრეზიდენტო რეიტინგებს შორის სხვაობა, როგორც წესი, 5%25-ს არ აჭარბებს. ეს არატიპური მოვლენაა: პოლიტიკური კრიზისების პერიოდებში ყოველთვის ხდებოდა ამომრჩეველთა სიმპათიების კონცენტრირება რომელიმე ლიდერზე. დღეს ეს ასე არ არის. თუმცა, როგორც ითქვა, სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი პატერნალიზმისაგან განთავისუფლების ჯანსაღ ტენდენციაზე კი არ მიუთითებს, არამედ ნეგატიური ეფექტი აქვს - ამომრჩეველი ფრუსტრირებულია.

კიდევ ერთი თავისებურება, რაც გამოარჩევს პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ რეალობას და ბუნებრივად უკავშირდება პატერნალისტურ განწყობებს, ამომრჩეველთა „ნეგატიური მობილიზაციაა“. ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერა მომავალ პოლიტიკურ ფავორიტს ყოველთვის გამოცხადე ბული ჰქონდა იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუპოვარი და სწორხაზოვანი იყო მისი ბრძოლა არსებული რეჟიმის და ყავლგასული „მამის“ წინააღმდეგ და რამდენად ხმაურიანად იყო დეკლარირებული პატრიოტულ-ნაციონალისტური ლოზუნგები (გაუთავებელი „გაუმარჯოს“ ფონზე). ნეგატიური მობილიზაცია იყო განმსაზღვრელი ანტიკომუნისტურ, ანტიზვიადისტურ, ანტიშევარდნაძისტურ მოძრაობებში. ახლაც იგივე გრძელდება, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი კორექტივით: საპროტესტოდ გამოსულმა მოსახლეობამ იცის, რომ არ უნდა სააკაშვილი, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, არ არსებობს ჩამნაცვლებელი, რომელზეც მოხდება საყოველთაო და ირაციონალური (ან არარაციონალური) კონცენტრაცია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დღეს პრეზიდენტის გადადგომის პოლიტიკური პროექტის განხორციელებას სერიოზულ ბარიერად ექცა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში სააკაშვილის უალტერნატივო ჩამნაცვლებლის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა.

განწყობა მეორე: საზოგადოების გარკვეულ (შედარებით მცირე) ნაწილს ზემოაღნიშნული შეკითხვა უჩნდება არა პოლიტიკურ სპექტრში „მამის“ ვერპოვნის, არამედ იმ ალტერნატიული სოციალურ-პოლიტიკური პროექტების არარსებობის (ან ბუნდოვანების) გამო, რამაც სააკაშვილის შემდგომი რეალობა უნდა ააშენოს. ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის არ გამართულა არც ერთი საჯარო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საარჩევნო კანონმდებლობა გვჭირდება არსებულის ნაცვლად, ძალაუფლების როგორი გადანაწილებაა უფრო მიზანშეწონილი, პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის როგორი მოდელები გვჭირდება და ა.შ. დღეს თითქმის არავის, არც პოლიტიკოსებს და არც მოქალაქეებს, არ აინტერესებთ ასეთ რუტინულ და მოსაწყენ ამოცანებზე ზრუნვა. არადა, არასაპარლამენტო ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც თავი პარლამენტის გარეთ დაიტოვა, საჯაროდ გვპირდებოდა, რომ შექმნიდა ალტერნატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც სწორედ დემოკრატიული საზოგადოებისთვის შესაფერის სტრატეგიულ დოკუმენტებს მოამზადებდა. შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, რომ ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაქვეყნეს თავიანთი სამოქმედო პროგრამები. თუმცა, საქმე სინთეზურ ძალისხმევას ეხება, როდესაც ესა თუ ის პროექტი (მაგ., საარჩევნო კოდექსი) მიიღება დაინტერესებულ ჯგუფებს შორის დისკუსიებში ჩართვით და წარმოადგენს კონსენსუსის შედეგად მოპოვებულ ლეგიტიმურ პროდუქტს.

დიაგრამა 1

როგორ აფასებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას?

0x01 graphic

დიაგრამა 2

უჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?

0x01 graphic

დიაგრამა 3

უჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილის გადადგომას
და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?
(საქართველო)

0x01 graphic

არის თუ არა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმური?

მოვიტან მარტის მეორე ნახევარში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის კიდევ ერთ საინტერესო შედეგს: შეკითხვაზე - როგორ აფასებთ პრეზიდენტ მ. სააკაშვილის საქმიანობას? - თბილისელებმა და საქართველოს სხვა რეგიონებში მაცხოვრებელმა საარჩევნო ასაკის (18+) რესპონდენტებმა განსხვავებულად უპასუხეს: თბილისელთა გამოკვეთილი უმრავლესობა (60%25) პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად (36%25) ან უფრო უარყოფითად (24%25) აფასებს; რეგიონებში ანალოგიური მაჩვენებელია 46%25 (აქედან 26%25 - „უარყოფითად“, ხოლო 20%25 - „უფრო უარყოფითად“). თბილისი და რეგიონები ერთმანეთისაგან სააკაშვილის საქმიანობის დადებით შეფასებებშიც შორდება: თბილისელები - 33%25, ხოლო რეგიონები - 49%25 (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში პრევალირებს არა ცალსახა, არამედ ზომიერად დადებითი შეფასება) (იხ. დიაგრამა №1):

მაშასადამე, რეგიონებში შეფასებები სააკაშვილის საქმიანობის შესახებ გაყოფილია დადებით და უარყოფით შეფასებებს შორის, ხოლო თბილისში დომინანტურია უარყოფითი შეფასება. თუ მონაცემებს მთელი საქართველოსთვის დავთვლით, პრეზიდენტის მოღვაწეობის ნეგატიური შეფასება გადასწონის პოზიტიურს (ნეგატიური - 53%25, პოზიტიური - 40%25).

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ არაადეკვატურია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ იმის მტკიცება, თითქოს მ. სააკაშვილი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. არაობიექტურია, აგრეთვე, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დამუნათება იმაზე მითითებით, რომ ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით: „შენ წადი, მე უნდა მოვიდე“. დღევანდელი ხელისუფლება 5 წლის წინ სწორედ ასეთი ამბიციით მოვიდა სათავეში. ამდენად, მისთვის საბედისწეროა შემდეგი შეკითხვა: რატომ იყო 2003 წელს ვარდებით ხელში პარლამენტში შეჭრა ლეგიტიმური აქტი, ხოლო დღეს იგივე განზრახვა - დანაშაული? რევოლუცია, როგორც პოლიტიკური ცვლილებების ინსტრუმენტი, ყოველთვის ტოვებს მეტასტაზებს, რომლებიც რაღაც დროს იჩენს თავს და ახალი ძალით იფეთქებს. ხომ ვხედავთ, ისევ დავბრუნდით რევოლუ ციურ რეჟიმში. არა მგონია, პარლამენტში შეჭრის პოტენციური მსურველი დღეს უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე 2003 წელს. ხოლო, არგუმენტი, რომ მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება იყო უფრო უარესი, ვიდრე დღეს სააკაშვილის ხელისუფლებაა, გარკვეულწილად პირობითია - ამომრჩევლების სუბიექტური განწყობა სააკაშვილის მოღვაწეობის მიმართ დღეს, როგორც ვნახეთ, უარყოფით ველშია მოქცეული.

თუმცა, ახლა ისიც ვიკითხოთ, რამდენად ადეკვატურია ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა მიერ გაკეთებული განცხადებები სააკაშვილის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ამოწურვის შესახებ, რის გამოც, ის უნდა გადადგეს? დავსვათ მარტივი ამოცანა: ვინ შეიძლება დღეს იყოს სააკაშვილის გადადგომის მომხრე? რასაკვირველია, პირველ რიგში, ის, ვინც მის საქმიანობას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებს, აგრეთვე, გარკვეული ნაწილი იმათგან, ვინც გამოთქვამს შეფასებას „უფრო უარყოფითად“. თუ ზემოაღნიშნულ მონაცემებს ამ თვალსაზრისით შევხედავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის საქმიანობის უარყოფით ჭრილში შემფასებელთაგან ყველა არ იქნება მისი გადადგომის მომხრე.

გამოკითხვამ დაადასტურა ეს ვარაუდი. შეკითხვაზე: „უჭერთ თუ არა მხარს მ. სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას?“, რესპონდენტებმა ასე უპასუხეს (იხ. დიაგრამა №2):

როგორც მონაცემები აჩვენებს, სააკაშვილის გადადგომის მომხრეთა ხვედრითი წილი ჩამორჩება მისი მოღვაწეობის ნეგატიურად შემფასებელთა რაოდენობას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (თბილისში გადადგომის მომხრეა ყოველი მეორე გამოკითხული, ხოლო რეგიონებში - ყოველი მესამე). მაშასადამე, სააკაშვილის მოღვაწეობის უარყოფითი შეფასება ავტომატურად არ ნიშნავს მისი გადადგომისთვის მხარდაჭერას: თბილისშიც და რეგიონებშიც არსებობს არარადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ელექტორატი (საშუალოდ 10%25), რომელიც პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფით ჭრილში აფასებს, თუმცა, მხარს არ უჭერს მის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

ახლა დავსვათ ძირითადი კითხვა: იმ ვითარებაში, როდესაც რადიკალურად განწყობილი (ანუ, სააკაშვილის გადადგომის მომხრე) ოპოზიციური ელექტორატი თბილისში 50%25-ს შეადგენს, ხოლო რეგიონებში 35%25-ს, არის თუ არა ეს საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმურად ჩაითვალოს?

ამ შეკითხვას შეიძლება განსხვავებული პასუხები გაეცეს. გააჩნია, რას ჩავთვლით ამოსავალ პუნქტად. ალბათ, ყველაზე ობიექტური იქნება ამოსავლად ავირჩიოთ საპრეზიდენტო არჩევნების ის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მან მოაგროვა 50%25+1 ხმა. ამ წინაპირობის გათვალისწინებით და იმ ჰიპოთეტური (ანალიტიკური) დაშვებით, რომ საარჩევნო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი (თბილისი და რეგიონები), შეიძლება დავასკვნათ, რომ მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმურია ქ. თბილისის მასშტაბით, ხოლო არ არის ლეგიტიმური რეგიონებისათვის.

რასაკვირველია, წმინდა ანალიტიკური მოსაზრებით, რეგიონების დიფერენცირებაც შესაძლებელია იმ კუთხით, თუ რომელ რეგიონშია სააკაშვილის ძალაუფლება აღიარებული ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ და რომელში - არა. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს რეგიონები სრულებითაც არ არიან ჰომოგენურნი და ხშირად წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან (მაგ,, ზემოაღნიშნული გამოკითხვა აჩვენებს ტენდენციას, რომ სააკაშვილს ნდობის მაღალი რეიტინგი აქვს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ხოლო კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მას გამოკვეთილ უნდობლობას უცხადებენ).

თუმცა, ისიც ცხადია, რომ პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხი რეალურ პოლიტიკაში წყდება არა ცალკეული ტერიტორიული ერთეულების, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, თუ გამოკითხვის მონაცემებს მთელი საქართველოსთვის დავითვლით, სააკაშვილის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით, სურათი ასე გამოიყურება (იხ. დიაგრამა №3):

ამრიგად, რეპრეზენტატული სოციოლოგიური გამოკითხვის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეს საქართველოში მ. სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, იმყოფება ლეგიტიმურობის ზღვარზე: ის ვერ აგროვებს საკმარის ხმებს როგორც იმისთვის, რომ მისი ძალაუფლება აღიაროს ამომრჩეველთა 50%25+1-მა ნაწილმა, ისე იმისთვის, რომ მისი არალეგიტიმურობა ცნოს ამომრჩეველთა ამავე რაოდენობამ.

რა არის ასეთ ვითარებაში პოზიტიური გამოსავალი?

როგორც ჩანს, გამოსავალი არ შეიძლება იყოს ორ უკიდურესობაში, როგორიცაა 1. სააკაშვილის მიერ ძალაუფლების არსებული ხარისხის შენარჩუნება და 2. სააკაშვილის ვადამდელი გადადგომა. საჭიროა ამ პოლუსებს შორის შუალედური რგოლების ამოქმედება, რაც უთუოდ უნდა იყოს არსებული პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილება, ამ სტრუქტურის ერთეულებს შორის ძალაუფლების ახლებური გადანაწილებით, რაც ძირეულად შეცვლის ერთი პირის ხელში ძალაუფლების უზურპაციის დღეს არსებულ მოდელს.

13 LIGAMUS და ადამიანის სამი თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ლელა ხომერიკი, სერგო რატიანი, ქეთი გურჩიანი, გიგი თევზაძე

0x01 graphic

ია ნოდია, დავით პაიჭაძე, დავით აფრასიძე

შენ 18 წლის ხარ. საერთაშორისო ურთიერთობები გაინტერესებს. მიდიხარ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე 7 მარტს და გულის სიღრმეში ცოტათი გიკვირს, რომ პირდაპირ, მარტივად და შენი მენტალობისთვის გასაგებ სააზროვნო ენაზე არსად არაა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხსენება. შენ გმასპინძლობენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანპროფესორები და სანამ ცდილობ, გაერკვე, რა შუაშია ამ ყველაფერთან საერთაშორისო ურთიერთობები, ისინი გიხსნიან, რომ: შენ, პრინციპში, ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ ზუსტად გქონდეს გააზრებული, რა გინდა იყო. ამიტომ გთავაზობენ: პირველ ერთ წელიწადს გასწავლით ცოტას, რაც შენ გაინტერესებს და მეტს, რაც შენ გჭირდება. ვიტრიალებთ შენი ინტერესების გარშემო და ოდნავ უფრო შორსაც მათგან. პირველ ერთ წელიწადს ჩვენ გაგათავისუფლებთ პროფესიის არჩევის მძიმე პასუხისმგებლობისგან, სანაცვლოდ, ჩვენ გაგიხსნით თვალსაწიერს და ვეცდებით, დაგანახოთ ის, რისი დანახვაც შეუძლებელია, თუკი მხოლოდ კარიერის აწყობაზე ფიქრობ. ჩვენ გასწავლით სამყაროს აღქმის ათასგვარ ხერხს, ჩამოგიყალიბებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოთქმის, გააზრებული გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციის მოპოვების და გამოყენების უნარს; ანუ, მოგამზადებთ ყველა შენი დიდი არჩევანისთვის, დიდი დისკუსიისთვის, დიდი გამოწვევისთვის. მერე უკვე, კი, ბატონო, აირჩიე შენი ძირითადი და მეორადი სპეციალობები (ისევ იმ მიზეზით, რომ დაიზღვიო თავი სამომავლო რისკებისგან), ტურიზმის მენეჯმენტი იქნება ეს, ევროპისმცოდნეობა, თუ მოლეკულური ბიოლოგია.

გარდატეხას შენში ეს ერთი ღია კარის დღე ვერ მოახდენს. მაგრამ თუ ეროვნული გამოცდების სააპლიკაციო ფორმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ სასწავლებლად ჭავჭავაძის უნივერსი ტეტი ჩაწერე, ესე იგი, ყინული შენშიც გალღვა - ლიბერალური განათლებისკენ გადაიხარე. ლიბერალური განათლება კი სწორედ ისაა, რაც ზემოთ აღგიწერე და ისიც, რასაც ჭავჭავაძის უნივერსიტეტი გთავაზობს.

ჭავჭავაძის უნივერსიტეტის შესახებ კვლევას სწორედ მისი იდეისა და ღირებულებითი პლატფორმის გარკვევით ვიწყებ, გასარემონტებელი თუ გარემონტებული დერეფნების, აუდიტორიებისა და საპირფარეშოების გვერდის ავლით; თან ჩემი ფაკულტეტის ერთი ყოფილი დეკანი მახსენდება, რომელიც უნივერსიტეტში თავის დროზე რეფორმატორობის ამბიციით მოვიდა. პირველ რიგში, მან ჩვენს კორპუსში საპირფარეშო გაარემონტა. როგორც თავად მიიჩნევდა, ეს სიმბოლური აქტი იყო და ნიშნავდა იმას, რომ ბატონი დეკანი მოღვაწეობას ყველაზე ჩამყაყებული შრეების გამოსწორებით იწყებდა. მისი წასვლის შემდეგ ჩემს ფაკულტეტს მართლა შერჩა ევრორემონტიანი საპირფარეშო, მაგრამ რეფორმატორუ ლი აზროვნება მეტს ვეღარ გასწვდა, ფაკულტეტის იდეურ-შინაარსობრივი პლატფორმა კვლავაც ძველებურად ყარდა. მას შემდეგ აღარ მჯერა გარეგნული ბრჭყვიალის. ამიტომ ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შესვლისას განგებ ვარიდებ თვალს კაბინეტში მიმოფანტულ აქსესუარებს, აფრიკულ ნიღბებსა და შუბებს, აკვალანგსა და უცნაურ სკამს, რომლებიც მფლობელის არაორდინალურობასა და მრავალფეროვან ინტერესებზე მიუთითებს, და ყურადღება მთლიანად გიგი თევზაძის ნაამბობზე გადამაქვს.

0x01 graphic

ამირან ჯამრიშვილი, დავით თარხნიშვილი, ნინო ფირცხალავა, დავით მიქელაძე

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიბერალური განათლების პრინციპით მოქმედებს. ეს ამოსავალი პრინციპია და ამაზე თავიდანვე შევთანხმდით. შემდეგ იდეური ხაზი ასე გრძელდება: „ზოგადად ყველა უნივერსიტეტი არსებობს ადამიანის ბედნიერებისათვის. იმისათვის, რომ ცხოვრება ადვილი, წარმატებული და სასიამოვნო გახდეს. რომ წარმოიდგინოთ განათლებული საზოგადოება, აღმოაჩენთ, რომ ასეთ საზოგადოებაში ყველაფერი ადვილია - არჩევნებიც, ხელისუფლების ცვლაც და მარტივად - ცხოვრებაც. ამიტომ ზოგადად უნივერსიტეტის ფუნქციაა, მეცნიერება გამოყენებითი გახადოს (არა პირდაპირი - მოგების მოტანის აზრით) და ბევრი განათლებული ადამიანი გამოუშვას,“ - მიხსნის გიგი თევზაძე და ამბობს, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის როლი თავიდანვე სწორედ ასე წარმოედგინა - „უნივერსიტეტი, რომლის ქვაკუთხედიც კვლევაა“. ასე ფიქრობდნენ ის მეცნიერებიც, რომლებიც გიგი თევზაძესთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდნენ - ეს ახალი უნივერსიტეტის დაარსებამდე, ანუ 2006 წლამდე ხდებოდა. ამ ადამიანებს განათლების ახალი მოდელის კონცეფცია აერთიანებდათ და შეძლეს, თავიანთი ფაკულტეტი დიდ უნივერსიტეტში პატარა ნოვატორულ ოაზისად ექციათ; ანუ, მომავალი უნივერსიტეტის საყრდენი პრინციპები განესაზღვრათ და საქართველოში განსახორციელებელი დიდი „ლიბერალური ექსპერიმენტისთვის“ მომზადებულიყვნენ. ეს ის დრო იყო, როცა განათლების რეფორმა ძალაში შევიდა და სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური და ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის უნივერსიტეტების ბაზაზე ერთი უნივერსიტეტის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა. 2007 წლის აგვისტოში განათლების მინისტრმა დაამტკიცა ახალი უნივერსიტეტის წესდება და ბრძანა, რომ ის ძალაში უნდა შესულიყო ამოქმედებისთანავე.

0x01 graphic

ვანო მურუსიძე, დიმიტრი ჯაფარიძე, ნათია გაბრიჩიძე

ასე „შევიდა ძალაში“ დიდი ექსპერიმენტი, რომლის საყრდენიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, კვლევა გახდა. ახლა კი გეტყვით, როგორ შეიძლება, კვლევა იქცეს ნოვაციად. მარტივად. გახსნისთანავე ჭავჭავაძის უნივერსიტეტში იმ საბჭოთა ტრადიციის რღვევა დაიწყო, რომელმაც ხელოვნურად და განზრახ დააშორა ერთმანეთს კვლევისა და სწავლის პროცესი; ერთმანეთისგან გამიჯნა ერთი ორგანული სხეული იმ მოტივით, რომ სასწავლო პროცესში შემთხვევით არ შეეღწია რომელიმე არასანდო მეცნიერის მიერ დათესილ ანტისაბჭოურ ვირუსს. „რამდენი დისიდენტი მეცნიერი მოღვაწეობდა საბჭოთა კვლევით დაწესებულებებში წლების განმავლობაში ისე, რომ სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ და ერთი ლექციაც არ წაუკითხავთ,“ - კიდევ უფრო მიკონკრეტებს პრობლემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ინერციით შემორჩენილი ტრადიციის რღვევა კი კვლევითი დაწესებულებების შემოერთებას გულისხმობს. რადგან თუკი კვლევისა და სწავლის პროცესი ცალ-ცალკე მიმდინარეობს, არც ერთია წარმატებული. ჭავჭავაძის უნივერსიტეტში გაერთიანდა გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორია, სეისმოლოგიის მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი, ყაზბეგის მაღალი მთის ეკოლოგიის ინსტიტუტი და საზღვაო კვლევების ცენტრი გრიგოლეთში - პირველი კვლევითი ცენტრი, რომელიც სსრკ-ს შემდეგ აშენდა.

ამან, ცხადია, ისედაც რეფორმის პროცესში მყოფ უნივერსიტეტს დამატებითი საფიქრალი გაუჩინა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტი, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული, განუახლებელი და ძველებური ყაიდის ადამიანური რესურსით გარკვეულწილად ახალი საუნივერსიტეტო სისტემის ტვირთადაც კი იქცა. თუმცა, ამის გამო, რეფორმის შეუქცევადი პროცესი ვერ შეჩერდებოდა, ამიტომ სიახლის მორგება საკუთარ თავზე კვლევითმა ინსტიტუტებმაც დაიწყეს. პირველი „გარღვევა“, რაც შეერთების შემდეგ მოხდა, იყო ის, რომ ინსტიტუტები შესაბამისი პროფილის ფაკულტეტების სივრცეში გაერთიანდნენ და, როგორც რექტორი ამბობს, თავიანთ პირველად დანიშნულებას დაუბრუნდნენ - სასწავლო პროცესთან გადაჯაჭვულ კვლევას.

გიგი თევზაძე თითქმის ყოველთვის მოზომილად კი იღიმება და ემოციებსაც ზომიერად გადმოსცემს, მაგრამ როდესაც ამ სიახლეზე საუბრობს, სიამაყეს ვერ მალავს. თუმცა, აშკარად ეტყობა ისიც, რომ ეს არ არის მონოპოლისტის სიამაყე, რომელმაც ბაზარზე ყველა მეტოქე უკან ჩამოიტოვა დაგროვებული უძრავი ქონებითა და მამულების რაოდენობით. ახლა ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს ასტრონომიული დაკვირვებისთვის ობსერვატორიის გამოყენება შეუძლიათ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს - სეისმოლოგიის ინსტიტუტის კვლევით პროექტებზე მიუწვდებათ ხელი, ზოოლოგებს კი, უნივერსიტეტსა და თბილისის ზოოპარკს შორის გაფორმებული მემორანდუმის წყალობით, საკვლევ არეალად ზოოპარკის რესურსის გამოყენებაც შეუძლიათ.

0x01 graphic

გიგა ზედანია, სიმონ ჯანაშია, რეზო კიკნაძე, თამარ ტალიაშვილი

როგორც სერგო რატიანი მიამბობს, კვლევითი ინსტიტუტების შემოერთების პროცესი დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ ინსტიტუტების გაუქმებამდე მეცნიერებმა ლექციების კითხვა დაიწყეს ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, ობსერვატორიიდან 11 მეცნიერი გახდა პროფესორი, სეისმოლოგიის ცენტრიდან - 6; და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გაწყდა ზღვარი აუდიტორიასა და ლაბორატორიას შორის.

გიგი თევზაძე სავარძლიდან დგება, კომპიუტერთან მივყავართ და გრიგოლეთის საზღვაო კვლევებისთვის ახლახან შეძენილი ძველი გემის ფოტოს გვიჩვენებს. გემი შერემონტდება, სათანადო კვლევითი ტექნიკით აღიჭურვება და ღია ზღვაში გაიყვანს ხოლმე მკვლევარ პროფესორებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შავი ზღვის ფსკერის გამოსაკვლევად.

ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდება. კვლევით გემს საქართველოს შავ ზღვაში, მგონი, ჯერ არ უცურია და არც შავი ზღვის ბიოლოგიისა და არქეოლოგიის სისტემური კვლევა ჩატარებულა.

მთლიანობაში, ჭავჭავაძეში 30-ზე მეტი აქტიური კვლევითი პროექტი მიმდინარეობს. უნივერსიტეტის საერთო 19-მილიონიანი ბიუჯეტის (აქედან სახელმწიფოს წილი 5 მლნ ლარია, რომელიც საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებზეა გამოყოფილი) 14 პროცენტი ყოველწლიურად მხოლოდ კვლევაზე იხარჯება. ახლახან გაიხსნა სრულიად ახალი, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა, რომელსაც გია ნოდია უხელმძღვანელებს. გია ნოდია ამბობს, რომ ეს იქნება რეგიონული ცენტრი იმ პოლიტოლოგიურ-სოციოლოგიური პრობლემების საკვლევად, რომელიც კავკასიაშია თავმოყრილი. „კავკასიაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი აზროვნების, მიდგომების და განწყობების პრობლემებამდე დადის. საქართველო, აზროვნებისა და დასავლური იდეებისადმი გახსნილობის თვალსაზრისით, წინ წასული ქვეყანაა. ჩვენ წინ, დასავლეთისკენ ვიყურებით და ხშირად უკან გვრჩება ხოლმე კავკასია.“ კავკასიის კვლევის ცენტრი კი რეგიონს მოაქცევს ფოკუსში და კავკასიელი სპეციალისტებისთვის თავისუფალ სააზროვნო და კვლევით სივრცეს შექმნის.

0x01 graphic

გიგი თევზაძეს უნივერსიტეტში რეფორმების შემდეგი ტალღა ასე წარმოუდგენია - საერთო ქოლგის ქვეშ გაერთიანებული რამდენიმე განსხვავებული ტიპის ინსტიტუტი და პროფესორ-მეცნიერები, რომლებიც დისციპლინების და ფაკულტეტების მიღმა მოღვაწეობენ. ზოოლოგები, ბოტანიკოსები, გეოფიზიკოსები, არქეოლო გები, სოციოლოგები და ეთნოგრაფები საერთო კვლევებზე მუშაობენ და აბსოლუტურად თავისუფლად მოძრაობენ უნივერსიტეტის შიგნით. ამის მიღწევა რექტორს ფაკულტეტების გაუქმებითა და ინსტიტუტების შემოღებით სურს. უკვე მიმდინარე კვლევებზე ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მეცნიერები ერთად მუშაობენ. აი, მაგალითად, სულ ახლახან წამოწყებული კვლევა ავიღოთ. გიგი თევზაძე მიამბობს, როგორ იკვლევენ სოციოლოგები და ბიოლოგები საქართველოში მტაცებლების და ადამიანის ურთიერთობას - ეს თავისთავად საინტერესო და თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში მოდური თემაა, და გამოყენებითი მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს. „ცალ-ცალკე ამ საკითხის მეტ-ნაკლებად სრული გამოკვლევა შეუძლებელი იქნებოდა,“ - ამბობს გიგი თევზაძე. მალე ამავე უნივერსიტეტში დაფუძნდება შუასაუკუნეების ცენტრი, რომელიც მრავალი პროფილის მქონე სპეციალისტს გააერთიანებს და საქართველოს შუასაუკუნეებს ყოველმხრივ გამოიკვლევს - ეთნოგრაფიულ-ისტორიულ-სოციოლოგიურ-ფილოსოფიურ-და ასე შემდეგ-ურად.

ამ ყველაფერს, რაც ზევით მოგახსენეთ, გაცილებით უფრო მოკლედ და ლაკონურად უნივერსიტეტის დროშა და მოტო გვეუბნება: ოთხად გაყოფილ დროშაზე ლათინური ასოებით წერია სიტყვა: LIGAMUS - ანუ „ჩვენ ვაერთიანებთ“. იდეაში, ეს ფრაზა გულისხმობს ორი უნივერსიტეტის და რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანებას, მაგრამ უფრო განზოგადებულად რომ ვიმსჯელოთ, „ჩვენ ვაერთიანებთ“ ალბათ იმ ერთობასაც ნიშნავს, რომელშიც თავისუფალი, განათლებული და მრავალმხრივი ინტერესის მქონე ადამიანები შედიან. ეს 21-ე საუკუნის ადამიანები არიან. უნივერსიტეტის რექტორს სურს, თავისი სტუდენტები სწორედ ამ საუკუნის შესაბამისად გაზარდოს: „21-ე საუკუნის ადამიანი კავშირების ადამიანია, ეს კავშირები მას ანიჭებს სიმყარეს და თავისუფლებას. დღევანდელი ქართული საზოგადოება არ გახლავთ კავშირებზე აწყობილი. ასე მეჩვენება, რომ ჩვენ ჯერაც შუასაუკუნეობრივი მოდელით ვცხოვრობთ, რომლის მიხედვითაც, ადამიანი სამყაროს ცენტრია, რომელიც მარტო, დამოუკიდებლად არის ძლიერი.“

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ერთობა სტუდენტებს სამ თავისუფლებასაც ჰპირდება. ესენია: სინდისის, არჩევანის და მსჯელობის თავისუფლება. გიგი თევზაძე ამბობს, რომ სამივე თავისუფლებით სარგებლობა სტუდენტებსაც ისევე შეუძლიათ, როგორც პროფესორებს; თუმცა, რადგან პროცესი ახალი დაწყებულია, ჯერ ამ თავისუფალი გარემოს ეშხს მთელი სისავსით ალბათ მხოლოდ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ახალმისული პროფესორები გრძნობენ და აფასებენ. გია ნოდიასთვის ლიბერალური განათლე ბის მოდელის მთელ გაერთიანებულ უნივერსიტეტზე გავრცობა ერთგვარი ექსპერიმენტია. „აქ ვხედავ სისტემურ და გულწრფელ მცდელობას, აიგოს უნივერსიტეტის ცხოვრება რაციონალურ და ლოგიკურ საფუძველზე. მეორე მხრივ, ვაფასებ ძალისხმევას, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რაც შეიძლება, მეტმა ნიჭიერმა ადამიანმა.“

იდეურ დონეზე ყველაფერი საათივით გამართული, მისაღები და მომხიბვლელია. თუმცა, ჭავჭავაძის უნივერსიტეტი იმხელა გაერთიანებაა, რომ ამ იდეების ერთი ხელის მოსმით საქმედ ქცევა რთული ამბავია. ძველი პროფესურისთვის ახალი სისტემა ჩინურივით უცხო და რთულად გასაგები იყო. გიგი თევზაძე ამბობს, რომ ადამიანური რესურსების ნაკლებობა, ზოგიერთ დარგში კი - საერთოდ არარსებობა, ყველაზე მწვავე პრობლემაა, მაგრამ ამის მართვა და გადალახვა შესაძლებელია. „გვყავს ხალხი, ვისაც აქვს პრაქტიკული, ან მომიჯნავე მიმართულებებში კვლევითი მუშაობის გამოცდილება, გვაქვს კონტაქტები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან. ამ ფაქტორების გადაკვეთაზე, როგორც წესი, ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს.“

ამ პრობლემასვე ებმის არანაკლებ მწვავე საკითხი - პროფესორების სწავლების მეთოდიკა. გიგი თევზაძე მიხსნის, რომ ბევრ მათგანს უჭირს, დაშორდეს საკუთარ, საბჭოთა გამოცდილებას და აღარ ასწავლოს ისე, როგორც მიჩვეული იყო; შეცვალონ მიდგომა, თითქოსდა, სტუდენტი მათი საკუთრებაა და მათ დასაინტერესებლად არავითარი დამატებითი ფორმების და მექანიზმების მოფიქრება არაა საჭირო. „არადა, ჩვენთან ბისმიერ ლექციაზე შეიძლება იჯდეს სტუდენტი, ვისთვისაც ესა თუ ის სალექციო კურსი მისი მთავარი სპეციალობის ნაწილია; სტუდენტი, ვისთვისაც ეს მეორადი სპეციალობაა; და სტუდენტი, რომელიც ამ სალექციო კურსს უბრალოდ ინტერესის გამო ესწრება. პროფესორმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ სამივე ტიპის სტუდენტი მაქსიმალურად დააინტერესოს, თორემ შეიძლება მისი ყურადღება პირველივე ლექციაზე დაკარგოს,“ - ამბობს რექტორი.

თამარ ტალიაშვილი ჭავჭავაძის უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. მისი ნაამბობიდან ვხვდები, რომ პრობლემა მარტივად პედაგოგების ასაკი და მოძველებული ფასეულობები კი არ არის, არამედ ის თეორიები, რითაც მათ პედაგოგიკა თავის დროზე ისწავლეს. „პედაგოგიკის თეორია, ეს ის დისციპლინაა, რომელიც ყველაზე მეტად არის მიბმული სახელმწიფო პოლიტიკასთან. ის თეორიული ბაზა, რომელიც საბჭოთა სისტემაში შეიქმნა, საბჭოთა ადამიანის აღზრდაზე იყო მიმართული. ახალ რეალობას საბჭოთა ადამიანები აღარ სჭირდება.“ - ამბობს თამარ ტალიაშვილი.

თუკი წინათ პედაგოგიურ უნივერსიტეტში ცალკე და პედაგოგიკისგან ოდნავ განყენებულადაც კი ისწავლებოდა ფსიქოლოგია, ახლა ამოქმედდა ახალი პროგრამა - განათლების ფსიქოლოგია, მომავალ პედაგოგებს ასწავლიან განათლების ტექნოლოგიებს, ასწავლიან განათლების მეცნიერების თანამედროვე აზროვნების თეორიებს. ამ საერთო პროგრამებში შედის სალექციო კურსები სასწავლო კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის კვლევის, კლასის მართვის შესახებ. სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სპეციალური განათლება მართვაშიც - ეს პროგრამა განათლების მართვის სპეციალისტებს, მაგალითად, სკოლის დირექტორებსა და რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს მოამზადებს.

განათლების ფაკულტეტს პირველი გამოშვება მხოლოდ 2010 წელს ექნება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, რთულია განსაზღვრო, რა სიკეთე მოიტანა განათლების ახლებურმა სწავლებამ და კიდევ უფრო რთულია, განსაზღვრო - როგორ აისახება შემდეგ ახლებურად მომზადებული პედაგოგების გავლენა სკოლის მოსწავლეებზე.

სერგო რატიანი მიამბობს, თუ რა სტრატეგია აირჩია ძველი პროფესორების მიმართ გაერთიანებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. ისინი არსად გაუშვიათ. მათ ხუთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნეს ხელფასები და სასწავლო გარემო. ამ პროგრამას მილევადი პროგრამები დაარქვეს, ანუ კურსები, რომლებიც გაერთიანებულ უნივერსიტეტს წარსულიდან მემკვიდრეობად დარჩა და რომლებიც დასრულების შემდეგ აღარ განახლდება. თავიანთი ახალი იდეებისა და მიდგომების დასანერგად კი გამოაცხადეს პირველი მიღება ახალ სასწავლო პროგრამებზე და დიდი ლიბერალური ექსპერიმენტიც I კურსის სტუდენტებისთვის დაიწყეს. დაიწყო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება. სერგო რატიანი ამბობს, რომ ძველ პროფესორებს ამასობაში ეძლევათ შანსი, დააკვირდნენ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებს, თავად გადაემზადონ და გააქტიურდნენ.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის დეპარტამენტი; ანუ ბაზა და სისტემა იმისთვის, რომ რეფორმის მტკივნეული პროცესი შემსუბუქდეს, პროფესორებმა თავიანთი თავი ახალ სისტემაშიც იპოვონ, შექმნილია. „ჩვენ ვქმნით პირობებს. აქ უკვე ბევრი მეცნიერი აკეთებს იმას, რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდოდა,“ - ამბობს გიგი თევზაძე.

გია ნოდიასთვის ყველაზე ღირებული სტუდენტებთან დიალოგური, ინტერაქტიული ურთიერთობაა, რომლის დროსაც ისინი კრიტიკული აზროვნების უნარს ამჟღავნებენ. მისი სალექციო კურსი თავისუფალ მეცნიერებებში ისეა აწყობილი, რომ სტუდენტებმა იმსჯელონ და თავიანთ რეალობა დაუკავშირონ, ვთქვათ, კანტის კატეგორიულ იმპერატივს.

ლექციაზე დაგვიანებით შევდივარ. სტუდენტები უკვე შუა მსჯელობაში არიან. „რატომ არის სავალდებულო, რომ ადამიანი არ გამოიყენო საშუალებად?“ „იმიტომ, რომ ადამიანი არის აბსოლუტური ღირებულების მატარებელი.“ „მაშინ რას იტყოდა კანტი ადამიანზე, რომელსაც ისეთი სრულყოფილი გონება არ აქვს? ასე შეიძლება მივიდეთ ფაშიზმამდე“... „კანტი ამბობს, რომ ყოველი ადამიანი ფლობს უნარს, შექმნას უნივერსალური წესები, თუკი, ის უარყოფს დანარჩენ ყველაფერს. რას იტყვით, ასეთი შემოთავაზება რომ მიიღოთ კანტისგან?“ „1-2 საათი დღეში შეიძლება კანონების მიღება განტვირთვისთვის, ანდა უქმეებზე.“ - ლექციაზე კანტის შემოთავაზება დიდ მხიარულებას იწვევს. სტუდენტები ათასგვარ კითხვას სვამენ, კანტის დებულებებს ცალ-ცალკე არგებენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას. მსჯელობა ხურდება, გია ნოდიას „ლეგენდა ნარაიამაზე“ ახსენდება, კანტიდან იაპონურ კულტურამდე მიდიან. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „კატეგორიულ იმპერატივს“ ამხელა მხიარულება შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

ალბათ, სწორედ ეს არის თავისუფალი აზროვნება და კავშირების მქონე ადამიანის მოდელი, რომელზეც გიგი თევზაძე მიამბობდა. თუკი, სტუდენტს შეუძლია დრო და ადამიანები, ფილოსოფია და რეალობა, სხვადასხვა კულტურა დაუკავშიროს ერთმანეთს, ესე იგი, უნივერსიტეტის კონცეფცია მიზანს აღწევს. სტუდენტები იცვლებიან.

თუმცა, გიგა ზედანია, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანია, ფიქრობს, რომ სტუდენტების ეს ცვლილება მთლად ის არ არის, რაც ლიბერალური განათლების ჩანაფიქრში დევს. „მაგალითად, ამერიკაში ახალგაზრდებზე, რომლებმაც არაფერი იციან, მაგრამ სწავლა სურთ, ასე ამბობენ, - ისინი არიან უცოდინარნი, მაგრამ მონდომებულნი. ჩვენთანაც ჩნდებიან მონდომებული სტუდენტები, მაგრამ მათი მონდომება სწორ ღირებულებებს არ ეფუძნება. მათ დიდ ნაწილს სწავლა კვლავაც მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ შემდეგ კარგი სამსახური იშოვოს. ალბათ ამიტომაც ჩვენთან ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე 1 ადგილზე 70 მსურველი მოდის. სწავლა იმისთვის, რომ თვალსაწიერი გაიფართოვოს, მრავალმხრივმა ცოდნამ ცნობიერი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს, დოგმატურ აზროვნებას დაემშვიდობოს, ბევრს არ უნდა.“

ქეთი გურჩიანი, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, სტუდენტებში კიდევ ერთ პრობლემას ამჩნევს. ეს არის დაბნეულობა და გაუცხოება, რასაც დიდი არჩევანი იწვევს: „ხშირად მიგრძვნია სტუდენტებისგან, რომ მათ ურჩევნიათ, ჩვენ შევუდგინოთ სასწავლო საგნების ჩამონათვალი; ურჩევნიათ, ნათლად განვუსაზღვროთ, რომ ახლა და ამ კურსზე ესა და ეს საგანი უნდა ისწავლონ. არადა, მთელი ხიბლი სწორედ არჩევანის თავისუფლებაა. ჩვენ მათ ვეუბნებით, ესა და ეს საგანი, რომელიც შენ გაინტერესებს, იკითხება შემოდგომაზე, ანდა გაზაფხულზე, მოდი, შენ თვითონ განსაზღვრე, როდის გინდა დაესწრო ამ კურსს. ვფიქრობ, რომ დაბნეულობის მიზეზი გამძაფრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც თვითონ უნდა გადაწყვიტონ რაღაც საკითხი, ესე იგი, პასუხისმგებლობაც მათვე ეკისრებათ. ამას კი შეჩვეულნი არ არიან.“

ჭავჭავაძის უნივერსიტეტში იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით ისეთ სტუდენტებსაც, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით არც ლიბერალური განათლების მთავარი პრინციპები და არც ის, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ახალია. ერთ-ერთ ლექციაზე რამდენიმე სტუდენტთან გასაუბრებას ვცდილობ. ვუხსნი, რომ მინდა, მოვისმინო მათი აზრი უნივერსიტეტზე, რომელიც სრულიად ახალი ტიპის სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. სტუდენტები კი დაბნეული სახით კითხვას უკან მიბრუნებენ: „ახალი ტიპის? არც ვიცოდი“. შესაძლოა, ეს უცოდინრობა კომუნიკაციის პრობლემაა, ანდა თვითონ სტუდენტების ნაწილის შინაგანი ჩაკეტილობა, თუმცა, ვფიქრობ, უფრო მეორე ვერსიაა.

ასეა თუ ისე, ვფიქრობ, რომ თუ შენ 18 წლის ხარ, მგონი, ეს გარემო, რომელიც ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ეტაპობრივად იქმნება, მომხიბვლელი და შენი ასაკისთვის უფრო იდეალისტური უნდა იყოს. გიგა ზედანია მიყვება: „სტუდენტებისთვის პირველი წლის საფუძველ-კურსი არის შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. ეს არის შესანიშნავი შანსი, დიდი ფილოსოფოსების, სოციოლოგების, ანთროპოლოგების, ფიზიკოსების ანდა ბიოლოგების ნააზრევით მაქსიმალურად მრავალფეროვნად აღიქვა სამყარო. ეს არის შანსი, რაც ჩემი სტუდენტობის პერიოდში, თუკი პირად ინიციატივას არ გამოვიჩენდი, არ მქონია: ანუ წაიკითხო პლატონი, ფუკო, მაკიაველი, ფროიდი თუ ნიცშე. ერთი წლის განმავლობაში ტვინი ასხა ტექსტებზე, რომლებიც რთულია აღსაქმელად, მაგრამ ერთი წლის მერე შეიქმნა უფრო ადეკვატური წარმოდგენა სამყაროზე.“

გიგა ზედანია მიამბობს, რომ მომავალი წლიდან სტუდენტებს შესთავაზებენ თემატურ შესავალ კურსებს, სამომავლო პროფესიის არჩევაში რომ მაქსიმალურად დაეხმარონ. მაგალითად, პირველკურსელს შეეძლება, მოისმინოს კურსი სახელწოდებით: „პლატონიდან ნატო-მდე“, ანდა „სექსუალობის ისტორია“...

უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ნინო ფირცხალავა გიგა ზედანიას მოსაზრებას უფრო ავრცობს და მიყვება, რომ სწორედ თავისუფალი აზროვნების ხელშესაწყობად შემოიღეს მათ ფაკულტეტზე სრულიად ახალი სალექციო კურსი - შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, იგივე კომპერატივისტიკა. „ეს უკვე ახალი აღარ არის დასავლეთში, მაგრამ სიახლეა ჩვენთან. სტუდენტებს ეპოქებს, პერსონაჟებს, ჟანრებსა და ავტორებს შორის განსხვავებებსა და მსგავსებებზე ვესაუბრებით და ვცდილობთ, შევქმნათ კონტექსტი ამა თუ იმ ლიტერატურული ნიმუშის შესასწავლად.“ ეს კურსი უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტზე მაგისტრანტებს ეკითხებათ. „ამას წინათ, ერთმა სტუდენტმა რატომღაც აირჩია მადამ ბოვარი და მერე ისე, რომ მე არც ჩავრეულვარ, თვითონვე მოიძიეს პარალელები სხვადასხვა კულტურის ლიტერატურაში. მე კი ჩუმად ვიჯექი და სიამოვნებით ვუსმენდი მათ მსჯელობას,“ - ამბობს ნინო ფირცხალავა.

ახლა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია მუშავდება. სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის შესახებ: „სტუდენტებისთვის, ვფიქრობ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საკუთარი კულტურა, ისტორია და ლიტერატურა სწორედ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში წარმოიდგინოს და გაიაზროს. თანაც, მაქსიმალურად კონკრეტულად, სპეციფიკურად და მასშტაბურად. მოზაიკური ცოდნა ერთ სურათად უნდა იქცეს. ამიტომ გვინდა, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კურსი ქართული ლიტერატურის შესწავლას დავახმაროთ.“ ამ მიმართულებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ბელა წიფურია აწყობს ორ კვირაში ერთხელ სემინარებს.

თამარ ტალიაშვილი მიხსნის, რომ არსებობს მასწავლებლის სამი მოდელი. ერთი - ცოდნაზე ორიენტირებული მასწავლებელი, მეორე - რომელიც ცოდნასთან ერთად ყველა საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევას ფლობს და მესამე - მასწავლებელი მკვლევარი, რომელმაც იცის, როგორ გამოიკვლიოს საკუთარი სასწავლო პროცესი, როგორ გადაჭრას მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები. „ამ მესამე მოდელამდე როდის მივალთ, არ ვიცი, თუმცა, კარგია, რომ ორიენტირი განსაზღვრულია, ჩვენ სწორი გზით მივდივართ,“ - ამბობს ის.

ჩემი შეხვედრები ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორებთან გრძელდება. თანდათან ვრწმუნდები, რომ მათი უმრავლესობა სწორედ მკვლევარი-პედაგოგია. ქეთი მაყაშვილი განათლების ფაკულტეტზე განათლების ფსიქოლოგიას კითხულობს, კვლევა კი მისი სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილია. ვინაიდან, მისი საქმე და მიმართულება სრულიად ახალია, კვლევის გარეშე არც გამოვა. მისი ორი მოდული - ეფექტური სკოლა ცხოვრებაში თანამონაწილეობისთვის და თანამშრომლობის ხელშეწყობა მრავალფეროვანი მასალის შეჯერებითაა შექმნილი. მოდულში მონაწილეობენ სტუდენტები, რომლებიც განათლების ფსიქოლოგიას სწავლობენ, სტუდენტები, რომლებიც სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგები უნდა გამოვიდნენ და სტუდენტები, რომლებიც სპეციალური პედაგოგები იქნებიან - ანუ დაეუფლებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სწავლების ძირეულ პრინციპებს. ლექციები ერთად უტარდებათ. დღეს ისინი გეგმავენ გაკვეთილს, რომელზეც ერთად უნდა იმუშაონ. ქეთი მაყაშვილი აძლევს დავალებას - შემდეგ გაკვეთილზე მათ კლასს ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი „რას ჰქვიან თავისუფლება?“ უნდა აუხსნან. იყოფიან ჯგუფებად, ტექსტს კითხულობენ და სამივე მიმართულებით ამუშავებენ ამ კონკრეტული გაკვეთილის აწყობის სქემას.

სპეც.პედაგოგები კი თეორიული ცოდნის პრაქტიკას იქვე, ჭავჭავაძის უნივერსიტეტში გადიან. ქეთი მაყაშვილი და მაია ბაგრატიონი ხელმძღვანელობენ სტუდენტების რეაბილიტაციის ცენტრს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები ქსეროქსის აპარატებთან მუშაობენ. უნივერსიტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების სტუდენტებს კი საშუალება აქვთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის თეორიულად ნასწავლი უნარ-ჩვევები იქვე გამოსცადონ.

მაია ბაგრატიონი მიხსნის, რომ მომავალ ოკუპაციურ თერაპევტებს ასწავლიან არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე ზრუნვას, არამედ იმ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა მათთვის სამსახურის საშოვნელად. სტუდენტების ახლანდელი დავალება ასეთია: უნდა ჩამოიარონ კომპანიები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასაქმება შესთავაზონ.

როგორ დაგეგმეს ვაჟა-ფშაველას წერილის მიხედვით გაკვეთილი, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ამოცანა კონკრეტულად იყო დასმული, სახელმძღვანელოები კი ახალი და სრულყოფილი აქვთ.

გიგი თევზაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის კიდევ ერთი ფუნქცია კომფორტული სააზროვნო სივრცეების შექმნაა. ასეთივე სივრცეა ბიბლიოთეკა და წიგნების მაღაზია, სადაც, როცა უნდა შეხვიდე, სულ შეხვდები კონსპექტებ და წიგნებგაშლილი სტუდენტების ჯგუფებს. სწორედ ამ სივრცეში შეიძლება იგრძნო ყველაზე ხელშესახებად ის, რომ უნივერსიტეტის იდეები სტუდენტურ სინამდვილეში რეალიზდება.

21 წლის ელენე მებაღიშვილი, ფილოსოფიის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის ადმინისტრატორიცაა. ელენეს ევალება წიგნის მომწოდებლებთან ურთიერთობა, გადარიცხვები, თანამშრომლებთან ურთიერთობა, საბავშვო ოთახის მოვლა. ჰო, საბავშვო ოთახიც დიდი სიახლეა - სტუდენტებს, რომელთაც შვილები ჰყავთ და ლექციაზე დასწრების პრობლემა აქვთ, შვილები შეუძლიათ აქ დატოვონ.

„სკოლის დამთავრების შემდეგ კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მინდოდა ჩაბარება, ვფიქრობდი, რამე ისეთი დარგი ამერჩია, რაც მათემატიკასთან იქნებოდა კავშირში. მაგრამ როცა ხარ 16 წლის, ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, კონკრეტულად რა გინდა. ამიტომ საბოლოოდ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ჩავაბარე, რადგან ვფიქრობდი, თუ ჩემს პროფესიას ვერ ვიპოვნიდი, მრავალმხრივ ცოდნას მაინც შევიძენდი. გამიმართლა,“ - ამბობს ელენე.

ელენე მათ შორისაა, ვინც დიდ საგანმანათლებლო ექსპერიმენტში მონაწილეობს. ამ ექსპერიმენტის კრიტიკა და მარცვალ-მარცვალ გაჩხრეკა შეიძლება, მაგრამ ახალი კონცეფცია ჯერჯერობით დანერგვის პროცესშია. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად დასახული ორიენტირებია. გიგი თევზაძე ამბობს: „სტრუქტურული მოწყობის მხრივ, ჯერ პირველი საფეხურიც არ დაგვიძლევია. ყველა ჩვენი პროექტი მხოლოდ ახლა იწყებს დამოუკიდებელ განვითარებას. თუმცა, მაგალითად, საქართველოს ტბებისა და მღვიმეების შესწავლა, საზღვაო ბიოლოგია და არქეოლოგია, საბოლოო შედეგის გარეშეც კი საკუთარ ინოვაციურობაზე მეტყველებენ.“ როგორც კვლევას, ისე უნივერსიტეტის სტრუქტურულ ჩამოყალიბებას რისკიც ბევრი ახლავს, ყველაზე პირდაპირი დარტყმა დაწყებული რეფორმების სტაგნაცია იქნება. „თუმცა, მთავარი რისკი მაინც ჩვენს თავშია - თუკი შევჩერდით, არ გავაგრძელეთ კვლევის, სწავლების, თუ უბრალოდ საკუთარი თავის გამოხატვის, მაქსიმალურად მრავალფეროვანი სივრცეების შექმნა - ჩვენ თვითონვე დავამარცხებთ საკუთარ თავს, სხვისი დახმარება არ დაგვჭირდება.“

14 მოსწავლეები და მასწავლებლები

▲ზევით დაბრუნება


სპეცპროექტი

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ვიცი, რომ არც იდეალური მოსწავლე ვყოფილვარ და არც იდეალური მასწავლებელი მყოლია ოდესმე. ყველანაირები იყვნენ, მათ შორის ისეთებიც, ვინც წამდაუწუმ „რეგვენოს“ გვეძახდა, თავში ცარცს გვიკაკუნებდა და მის მწირ ხელფასს გვამადლიდა, თითქოს ესეც ჩვენი ბრალი ყოფილიყო. ისტორიის და ქართულის მაგივრად „სანტა-ბარბარას“ მორიგ სერიას განვიხილავდით ხოლმე და გეოგრაფიაზე, პარალელური კლასის ბიჭებზე ვლაპარაკობდით. ასე მეგონა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმის ბრალი იყო, რომ ჩემმა „სკოლობანამ“ სწორედ იმ დროს ჩაიარა, როდესაც ადამიანები ქუჩებში გასათბობად გამოდიოდნენ და ცეცხლმოკიდებულ, შავად აგიზგიზებულ საბურავებზე ითბობდნენ ხელებს.

ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვიგრძენი სკოლის სუნი, ცისფრად შეღებილი კედლების სიცივე და კიბეებთან ერთ დიდ ჭყლეტაშიც კი მოვყევი, აი ისეთში, უფროსკლასელები დიდი ნაბიჯებით რომ ახტებიან საფეხურებს და თვალებდაჭყეტილები, დიდ ზურგჩანთიანი პირველკლასელები ფეხებში რომ გებლანდებიან. ზოგ სკოლაში პირდაპირ მივედი ჩემს რესპონდენტებთან, ზოგან კი ლამის ფიცის დადება დამჭირდა დირექტორთან, რომ „ცუდს“ არაფერს ვიკითხავდი. მართალია, ეს „ცუდი“ დღემდე ვერ გავიგე, რას ნიშნავს, მაგრამ - მაინც. მოსწავლეებთან საქმე უფრო მარტივად იყო. პირდაპირ გეუბნებიან იმას, რაც მოსწონთ და რაც - არა. მასწავლებლებთან კი... თითქმის ყველა იდეალურ სურათს გიქმნის - „ასე უნდა მოიქცე“, „ბავშვს ეს არასდროს არ უნდა აკადრო“... თუმცა უცებ, ისეთი შეფასების ან კომენტარის გაკეთება შეუძლიათ, რომ თავადვე ამსხვრევენ რამდენიმე წამის წინ შექმნილ ხატს.

ამ სპეცპროექტით სწორედ იმის გარკვევა მინდოდა, თუ როგორია დღევანდელი სკოლა? რამდენად ჰგავს თუ არ ჰგავს ის „ჩემს სკოლებს“? რა უნდათ მოსწავლეებს და როგორია დღევანდელი მასწავლებელი?

ნათია ფხალაძე
XI კლასი
161- სკოლა

0x01 graphic

კარგი მასწავლებლებიც გვყავს, მაგრამ ზოგს უცნაურობებიც ახასიათებს. ლურჯ მანიკურზე? კი შემქმნია პრობლემა და მეორე დღესაც ლურჯით მოვსულვარ. მგონი, ეს შეზღუდვები არა მარტო სკოლებში, არამედ საზოგადოებაშია. ჩემთვის ყველაზე მთავარია ინდივიდუალიზმი, თბილისი კი, რაღაც ჩარჩოებშია მოქცეული. მასწავლებლები ცოტა დაკომპლექსებულები არიან და ამიტომ ყველაფერს პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ. მგონი, ყველას უნდა, რომ ჩვენ სხვანაირები ვიყოთ, არა ისეთები, როგორებიც ვართ. რაღაცნაირები, ერთნაირები, ინკუბატორივით. სახლშიც ეგ უნდათ და აქაც. ამ სკოლაშიც ბევრი არის ეგეთი - ერთნაირი.

არ ვარ კონფლიქტური და ვცდილობ, ყველაფერი ღიმილით შევამსუბუქო. თუნდაც ავხსნა, რომ არ არის კატასტროფა, სკოლაში პირსინგით თუ მივალ. არც ის ბიჭია უბედურება, რომელსაც თმები ქერად აქვს შეღებილი. ძალიან ზრდილობიანად ამიხსნია - მას, ეს არ უნდა გეთქვათ, ასე არ უნდა გაგეკეთებინათ. არ მიყვარს, როდესაც ბავშვებს ამ დროს ისტერიკა ემართებათ... აი, ჩემი მეგობარი მუშტს ურტყამდა დაფას, - ტელეფონი დამიბრუნეთო. ერთხელ ქიმიის მასწავლებელს ექსტაზის შემადგენლობა ვკითხე და მშვიდად მიპასუხა, არ უჩხუბია. არადა, რუსულის გაკვეთილზე, გოგოებმა რაღაცაზე ჰეროინი ვახსენეთ და მასწავლებელმა - თქვენ გოგოები ხართ? ასეთი რაღაცები როგორ უნდა იცოდეთო! კარგი რა, რომელი საუკუნეა...

მასწავლებელი ალბათ განსაკუთრებული უნდა იყოს, ბოდიშის მოხდა რომ შეეძლოს. აი, ნათია, ხელოვნების მასწავლებელია ასეთი. როგორც ადამიანებს ისე გვექცევა. ზოგჯერ მგონია, რომ მასწავლებლები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ... არა, ისე არც ჩვენ ვაკლებთ. ჰგონიათ, რომ დაწერენ ორიანს და ამით დაგვიმორჩილებენ. უბრალოდ, თავს იტყუებენ. არიან ბავშვები, რომლებსაც ნიშნით აშინებენ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც აზროვნებ, ნიშანი არ უნდა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი.

არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან მასწავლებლებთან, თავიანთ პირად პრობლემებზე უყვებიან და რჩევებსაც ეკითხებიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ. ვიცი, რომ ის მაინც მასწავლებელია.

ზოგჯერ ჩვენც გვეშლება რაღაცები, მაგრამ მათზე მაინც უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. საბოლოო ჯამში ყველაფერი ადვილად მოგვარებადია, თუ ყველა ვეცდებით, ერთმანეთს გავუგოთ. მე რომ მოვდივარ ლურჯად შეღებილი ფრჩხილებით, ესე იგი, ეს არის რაღაც, რაც ჩემია. ეს მე ვარ.

ელისო ჩუბინიშვილი
ისტორიის მასწავლებელი, დამრიგებელი
161- სკოლა

0x01 graphic

სწავლა სწორედ ეს არის - აზროვნების სწავლა და იმ კითხვების გაჩენა, რომლებზეც პასუხები ჩვენ არ გვაქვს. ყველაზე მთავარია, მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობა იცოდეს. როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, მინდოდა, ბევრი ჩემი ახლობელი და მეგობარი მომეყვანა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესანიშნავი ადამიანები და თავისი საქმის მცოდნენი არიან, ის, რასაც ჰქვია ბავშვების საზოგადოებასთან ურთიერთობა, ცალკე საკითხია. ამას ან ახერხებ, ან - ვერა.

სერიოზულად ბავშვს ვერასოდეს ვუბრაზდები, იმიტომ, რომ ეს არ არის კონფლიქტი თანასწორთა შორის. თუ მე ოდესმე დამიკარგავს წონასწორობა, გავშორებივარ იმ სიტუაციას. ვცდილობ, არ ვთქვა ზედმეტი სიტყვა. თუმცა, როცა საჭირო ყოფილა ბოდიშიც მომიხდია. ახლაც, ორ მოსწავლესთან მაქვს პრობლემა, რაღაცაში ვერ შევეწყეთ ერთმანეთს. ვცდილობ, დავარეგულირო, მივხვდე, რა დისკომფორტი შევუქმენი. მასწავლებელი მეგობარი? გამორიცხულია. მასწავლებლის პროფესიას ძალიან ხშირად ვადარებ ექიმისას. შეიძლება, რომ ექიმი იყოს მეგობარი და არ გატკინოს? თუ იმ დაავადებას სჭირდება, უნდა იყოს მტკივნეული, უნდა იყოს რთული. უბრალოდ, მასწავლებელი ამ პროცესის სწორი წარმმართველი უნდა იყოს. უნდა ხვდებოდეს მოსწავლის საქციელის მოტივაციას. როცა მყოლია ძალიან რთული, ჩაკეტილი ბავშვები, მივსულვარ ქართულის მასწავლებელთან, რომელიც მათი დამრიგებელი იყო და მასთან უფრო ახლოს იყვნენ. მიკითხავს, აი, იმ ბავშვმა რა იცის დღეს? რა გიპასუხა? და ჩემს გაკვეთილზე ვცდილობდი, ისე წამეყვანა საუბარი, რომ დამესვა ზუსტად ის კითხვა, რაზეც ვიცოდი, რომ ეს კონკრეტული ბავშვი მიპასუხებდა და „ნუუ, ნანუკა, შენ რა მაგარი ხარ!!!“ ანუ გარკვეულ მოტივაციას აძლევ, რომ გაგეხსნას, სურვილი გაუჩნდეს... თავის დროზე, როცა ახალი დაწყებული მქონდა პედაგოგობა და საკუთარი ჩავარდნები დავინახე, მაშინ ძალიან დამეხმარა ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი. დავჯექი და წავიკითხე უამრავი სპეციალური ლიტერატურა. თუ მასწავლებელი არ თანამშრომლობს ფსიქოლოგთან, არ კითხულობს საჭირო ლიტერატურას, არ ეცნობა უახლოეს მასალებს, გამოკვლევებს, ისე...

ყველა რთული ბავშვი ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. მასწავლებელი სულ უნდა მისდევდე ყველაფერს, არ შეიძლება გამომადგეს მხოლოდ ის, რაც 20 წლის წინ ვისწავლე. უნდა იყო თანამედროვე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანამედროვე ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა. თუ მე ეს ვერ შევძელი, ვერც ჩვენი ურთიერთობა შედგება. შეიძლება ჩვენ ერთნაირად არ ვაფასებდეთ მოვლენებს, მაგრამ მე უნდა მესმოდეს მისი.

ნანა მაჭარაშვილი
ბიოლოგიის მასწავლებელი, დამრიგებელი
ბარბარეს სახელობის გლდანის გიმნაზია

0x01 graphic

ამ სკოლაში, რამდენიმე წელია, ვასწავლი. მანამდე ჭიათურის რაიონში ვასწავლიდი. მიყვარს ჩემი სპეციალობა, ბავშვები. მათაც რომ ჰკითხო, ალბათ ერთ-ერთ საყვარელ მასწავლებლად დამასახელებენ. მიუხედავად ამ ცხოვრების სიდუხჭირისა, სამსახურის გამოცვლას არ ვაპირებ. ახლად შექმნილი ოჯახი მყავს, რომელიც ბევრს მოითხოვს, მაგრამ სკოლა და ბავშვები? ამას არაფერი ჯობია.

მასწავლებელს კარგი განათლება უნდა ჰქონდეს და მოსწავლეების უნდა ესმოდეს. კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, მსახიობიც. აი ახლა, ჯერ დავლოცე ბავშვები და მერე დავტუქსე, იმიტომ, რომ ამ დღეების გამო, ეკლესიაში დადიოდნენ და სკოლას აცდენდნენ.

არ ვეჩხუბები, ისე, საყვედურნარევს ვეუბნები ხოლმე და მერე ერიდებათ, აღარ აკეთებენ. თავისებურები არიან. მათთან ურთიერთობაში მთავარია, გასაღები მოძებნო. არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ კლასს ვერ შევწყობოდი. ბიჭებს უფრო მეტი რიდი აქვთ, განსაკუთრებით ქალი მასწავლებლების მიმართ. აი, მე ახლა ერთი ბავშვი მყავს შემჩნეული, რომ ეწევა. დავინახე, ერთხელ ხელი უკან ჰქონდა. რა გაქვს-მეთქი, - და, - არაფერიო. მთელ სკოლაში 3-4 ბავშვი თუ ეწევა. მაგასაც ვწუხვარ და იქნებ რამენაირად გადავაჩვიო.

მინდა მოვუწოდო, რომ ისწავლონ, მარტო კომპიუტერთან ურთიერთობა არ არის საკმარისი, წიგნი ცოდნის წყაროა.

ნინი ბერიშვილი
Xკლასი
ბარბარეს სახელობის გლდანის გიმნაზია

0x01 graphic

სკოლაში კარგია. თან ვსწავლობთ, თან ვერთობით, ყირაზე ვდგავართ, მასწავლებლებსაც ვამწარებთ, ეს ხომ ყველა მოსწავლის ჩვევაა. ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს, მეგობრულები არიან და ეს მთავარია. პირველ რიგში, მეგობრები ვართ და მერე მოსწავლე-მასწავლებლები. ყოველ შემთხვევაში, აქ ასეა. ჩვენ უფრო ხათრი და რიდი გვაქვს მასწავლებლებთან.

მახსოვს მე-7 კლასში ვიყავი და მასწავლებელმა თავში წამომარტყა, ორი დღე აღარ შევდიოდი მის გაკვეთილზე. მერე შევრიგდით, გულში ჩადება არ ვიცი.

სკოლის გარდა, ცეკვაზე დავდივარ, ფოტოგრაფია მიტაცებს. აქ კი ინგლისური მიყვარს ძალიან, მათემატიკა და ქართულიც. ქართულის გაკვეთილები ალბათ მასწავლებლის გამო მიყვარს. ყველა თემაზე შემიძლია მასთან საუბარი. არადა, მანამდე ისეთი საშინელი ქართულის მასწავლებელი გვყავდა. ვაჟა-ფშაველას კონსპექტი მომცა და გაკვეთილზე სულ უკუღმა წავუკითხე 3 გვერდი, მარცხნიდან მარჯვნივ. მანამდე გავაფრთხილე, - არ ვიცი გაკვეთილი-თქო და რაღას მიძახებდა? თან ვუცეკვე. ვუთხარი, - თქვენ რომ თავმოყვარეობა გქონდეთ, აქ არ შემოხვიდოდით-თქო; მაინც შემოდიოდა. მერე გარიცხეს, თუ თვითონ წავიდა, არ ვიცი. ასე გვეუბნებოდა, - გაიძრეთ ქუდები, ჩემს ნერვებზე სინჯულობთ, წავიკითხოთ „ალუზა ქეთელაური“ და „სტუმართ-მასპინძელი“. ვუსწორებდით და მაინც თავისებურად ამბობდა. წიგნს ეძახდა წინგს და, სკოლიდან რომ წავიდა, მერე ორი კვირა მეც წინგს ვიძახდი. სულხან საბა ჰქონდა დამთავრებული, ჩვენ ვხუმრობდით, - ალბათ დიპლომი ნაყიდი აქვსო. თუ რამის ყიდვა, ან ჭამა გვინდოდა, ყველაფერს მაგის გაკვეთილზე ვაკეთებდით.

აქ ყველა მასწავლებელი თუ მოსწავლე სხვადასხვანაირია. ყველას არ შეუძლია თითოეულ ბავშვში ინდივიდი დაინახოს. მასწავლებელმა ურთიერთობა უნდა შეძლოს, პირველ რიგში, მეგობრები უნდა ვიყოთ. მე ასე ვარ, ჩემი ბევრი საიდუმლო იციან მასწავლებლებმა.

ახლა იმაზე ვეკამათებოდი მასწავლებელს, რომ დიდ ხუთშაბათს, სკოლაში არ მოვალ-თქო. 12 სახარებაზე გვინდა წასვლა, რა გვინდა მაგ დროს სკოლაში?! კლასში მხოლოდ ორი ბავშვია, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს. ნეტა ჩვენც ლოცვით ვიწყებდეთ გაკვეთილებს... ხშირად სკოლაში წამოსვლის გამო, ვერ ვასწრებ დილის ლოცვების კითხვას, არადა, აქ რომ წავიკითხოთ, ჩვენც დავწყნარდებით და ის დღეც კარგად წავა. სამწუხაროდ, რელიგიას არ ვსწავლობთ, არადა, ძალიან გვინდა.

ლაშა ქავთარაძე
XII კლასი
მუხიანის სკოლა - ლიცეუმი პრომეთე

0x01 graphic

ჩემთვის ცხოვრების მიზანია სწავლა. არ მინდა ერთი უბნის პატარა ბიჭად დავრჩე და „ბირჟაზე“ ვიდგე. მინდა, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოვყალიბდე და ამის საშუალებას დღეს, ჩემი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სწორედ ეს სკოლა მაძლევს. ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი ცოდნა მივიღო, შეიძლება კემბრიჯის დონის არა, მაგრამ საქართველოს დონეზე, ვთვლი, რომ ეს სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ მეათე კლასიდან გადმოვედი... რა შედარებაა, საჯაროსგან განსხვავებით, აქ ბავშვებიც სხვანაირები არიან. აქ უფრო გიგებენ, რომ შენ გინდა სწავლა, საჯაროში კი... იქ შეიძლება პრობლემები შეგექმნას იმის გამო, რომ ხარ ბიჭი და გინდა სწავლა. რას ამბობ? ამის გამო, ჩხუბი არ მომსვლია, მაგრამ ქილიკი და ასეთი რაღაცები ყოფილა. თუმცა, თავად რომ არ მეცადა თავის არიდება და გაცლა, შეიძლება მართლა რაღაც მომხდარიყო. ისე, მარტო ბიჭები კი არა, გოგონებიც ასე ფიქრობდნენ. აქ ვიპოვე ჩემი თავი, არავის უკვირს, რომ ბიჭს უნდა სწავლა. შევიძინე მეგობრები. ვისაც სწავლა უნდა, იმათთვის აქ ნამდვილი სამოთხეა. მუხიანის საჯარო სკოლებში მეცხრე კლასის შემდეგ აღარავინ დადის სკოლაში. უფრო გასართობად თუ შეივლიან.

ვფიქრობ, რომ მასწავლებელი, პირველ რიგში, დისტანციაზე უნდა იყოს მოსწავლესთან. არ უნდა მიაყენოს მოსწავლეებს შეურაცხყოფა. არიან უზრდელი მასწავლებლები, საჯაროში მყავდა ასეთები. ხშირად პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიოდნენ - „რა დედამ გაგზარდა“, „რა ოჯახში გაიზარდე“. კომუნისტურ მასწავლებლებს სჭირთ ეგრე. როგორ გითხრათ, ზოგი ცდილობს ახალ რელსებზე გადმოსვლას, მაგრამ ბოლოში ეს იდეოლოგია მაინც გამოჩნდება ხოლმე.

თავისუფალი დრო მართლა არ მაქვს. სახლში არც კომპიუტერი მაქვს, ამიტომ წიგნებს ვკითხულობ, ან მეგობრებს ვხვდები. მაღიზიანებს, როცა მასწავლებლები ჩემს აზრს არ სცემენ პატივს. ჩემი ოცნებაა, სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდე. აი, იქ შეგიძლია მიიღო წესიერი განათლება. რაც უნდა მოხდეს, სულ რომ დედამიწა დაიქცეს, მაინც წავალ ლონდონში.

მიმოზა მჟავია
ქართულის მასწავლებელი, დამრიგებელი
მუხიანის სკოლა - ლიცეუმი პრომეთე

0x01 graphic

აქ მოდიან ბავშვები, ვისაც სწავლა უნდა. აი ლაშა, ის სულ ისეთი მონდომებულია, იმდენი კითხვა უჩნდება, რომ ზოგჯერ სპეციალურად, გაკვეთილის ახსნამდე თავიდან გადამიკითხავს დამატებითი მასალები, ვიცოდი, მოვიდოდა და მკითხავდა. როდესაც ქართულის გაკვეთილი გვეწყება, ლაშა მეუბნება, - ახლა შეჯიბრი გვეწყება, ვინ ვის მოუგებს, ჩვენ თუ თქვენო. მე მათი აზრი მაინტერესებს და არა დაზეპირებული მასალა, ამიტომაა, რომ გაკვეთილი საინტერესო გამოდის და ბავშვსაც ბევრი მიაქვს. ეს თაობა ყველაფერს სხვანაირად აღიქვამს და შენც, მასწავლებელმა უნდა შეძლო, რომ არ ჩამორჩე დროს. ჩვენი თაობის მასწავლებლების ხედვა სწავლაზე და სწავლის პრინციპებზეა აგებული, ახალგაზრდების გამოყენებაზე. ბავშვმა მოიძია, ნახა, მაგრამ ძირითადი ცოდნა არ აქვს, ჩვენ თაობას კი სწორედ ამ ძირითადის მიცემა შეუძლია. რა უნდა მისცეს იმ მასწავლებელმა, რომელმაც 2 წლის წინ თავად დაამთავრა უმაღლესი? აქ უკვე აღარ არის ის, რასაც სულისა და ხორცის ერთობა ჰქვია. რაც დრო გადის, მით უფრო უკითხავი თაობა მოდის. აი, ისევ მაგალითად ლაშა. რომ მოვიდა, არ იცოდა, ვინ იყო პრომეთე, არადა, ამ სახელობისაა ეს სკოლა. ვახსენე მიჯაჭვული ამირანი, მან არ იცოდა თქმულება ამირანზე. როგორ არ იცი ამირანზე თქმულება-თქო; რა ვქნა, დედაჩემი მუშაობს, არ სცალია, მამაჩემიც მუშაობს, მე ლიტერატურას არავინ მაწვდიდაო. გამეცინა და, - ლაშა, შვილო, ყველა ასეთი ბნელი როგორ გყავდა ოჯახში-თქო; რატომ მაყენებთ შეურაცხყოფასო? მე ვუთხარი, - შეურაცხყოფა არ არის, შვილო, ეს, რანაირად შეიძლება ეს არ იცოდე-თქო. მოდიან აბსოლუტურად უცოდინარები და მერე აქ ჩვენ ვასწავლით. ახლა ლაშას რომ ჰკითხო, ჩემი 20 წიგნი მაინც უდევს სახლში... ჩვენ რომ არ ვყავდეთ მაგათ, ზერელედ ეცოდინებოდათ ყველაფერი.

ბიჭებთან ურთიერთობა რთულიცაა და საინტერესოც. თუმცა, ისეთი გოგოც მყავდა, რომელიც რამდენჯერმე ტუალეტიდან გამოვიყვანე სიგარეტით. ის, რაც ჩვენი სკოლისთვის სრულიად მიუღებელია. გოგო ეწეოდა სიგარეტს. მაშინ მითხრა, - მეტს მართლა აღარ გავაკეთებო და... რა ვიცი, მერე სხვა სკოლაში გადავიდა, - მე ამას ვერ გავუძლებო. არა, აქ სიმკაცრეა, არანაირი კოსტიუმით ჯდომა კლასში, არანაირი გაშლილი თმები. ხომ ხედავ, ბიჭები ფორმით დადიან. ჩვენ ამ რეჟიმით ვაღწევთ შედეგს.

მაგდა ჯანელიძე
ისტორიის მასწავლებელი, დამრიგებელი
21- სკოლა

0x01 graphic

განათლებით არქეოლოგი ვარ. იმდროინდელი მე-6 სკოლის დირექტორი ჩემი ახლობელი იყო, ადგილი გათავისუფლდა და მითხრა, - მოდი, ვცადოთო. მაშინ 22-23 წლის ვიყავი. რთული იყო, მაგრამ თავის დანებება არასდროს მიფიქრია. ახალგაზრდებთან ურთიერთობა მომწონს. ყოველთვის თანამედროვე ხარ, საღად მოაზროვნე. სულ ვეუბნები, - შეიძლება შენ უფრო სწორი ხარ, შენ უფრო ჭკვიანური თქვი. როცა ის გენდობა და გრძნობს, რომ შენ არ ებრძვი, მისი კეთილმოსურნე ხარ, ის შენიანია. არასდროს მქონია ბავშვებთან პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ძალიან მკაცრი მასწავლებლის სახელი მაქვს.

ეს არის ის, რაც გამოცდილებასთან ერთად მოვიდა. გაკვეთილზე პირველად რომ შევედი, კარტს თამაშობდნენ, ქაოსი იყო... მივხვდი, რომ ან უნდა „მოვრეოდი“ ან უნდა „მომრეოდნენ“. მორევის გზა კი საღი უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე ერთი შეხედვით ვხვდები, როგორი კლასია, როგორ უნდა ვიმუშავო, რა გზები უნდა გამოვნახო.

ახლანდელი თაობა უფრო სხარტი და თამამია. ვიღაც ამას უზრდელობას არქმევს. მე კი არ მაღიზიანებს, როდესაც მოსწავლე როგორც ტოლს, ისე მელაპარაკება. როცა ბავშვს ებრძვი, ყოველთვის აგებ. ამ ბრძოლაში გამარჯვებული მასწავლებელი არასდროს მინახავს. რას იზამ? ცუდ ნიშანს დაუწერ? ნიშანი ჩემ დროს იყოს მნიშვნელოვანი. დღეს თუ ბავშვი თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, შეუძლია კომისია მოიწვიოს. კი, ბევრ რამეს აპროტესტებენ. უფრო სწორად, ყველაფერს აპროტესტებენ. ბავშვს, პირველ რიგში, კარგად უნდა ასწავლო და დაანახო, რომ შენი საქმის პროფესიონალი ხარ. პირდაპირ ვეუბნები - მინდა, რომ კლასში მისმენდეს ყველა, ვუყვარდე ყველას და ისე წახვიდეთ ამ სკოლიდან, რომ ბევრი თუ არა, ცოტა მაინც იცოდეთ. ვცდილობ, ყველას თავის ენაზე ველაპარაკო, უკანაც დამიხევია, თუ მიგრძვნია რომ ასე აჯობებდა. მოსწავლისთვის საინტერესო თუ არ გახადე საგანი, არაფერი გამოვა. რამდენიმე პედაგოგმა საკუთარი სახსრებით ეს 5 კაბინეტი გავაკეთეთ, რაღაც სხვა აურაა, მოსწონთ ბავშვებს აქ ყოფნა, სახლებიდანაც მოუტანიათ რაღაც ნივთები.

თან კიდევ, იცი, რა... მასწავლებელი სულ სცენაზე დგას, ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. თმის ღერიდან დაწყებული ჩანთით დამთავრებული ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. ვცდილობ, ყოველთვის მქონდეს იმაზე ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებთ. თუნდაც ეს ჩემთვის უინტერესო, რაღაც მუსიკალური მიმდინარეობა იყოს. არ მინდა, ოდესმე თქვან-ოო, მაგდა მასმა ეს არ იცის!

ნინია ბალავაძე
XI კლასი
21- სკოლა (ყოფილი 6)

0x01 graphic

რისთვის დავდივარ სკოლაში? წესით - სასწავლებლად... ვსწავლობ იმას, რაც მაინტერესებს, ვცდილობ, ცოტა მეტი გავიგო მასწავლებლისგან, ისიც მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია აგიხსნას და გაგაგებინოს, ყველას რომ შეეძლოს...

ზოგჯერ მგონია, რომ მასწავლებლებისთვის მთავარი მხოლოდ პარაგრაფის ახსნაა. გაიგე თუ ვერ გაიგე, რა იცი, რა გაინტერესებს - ეს არავის ანაღვლებს. აინტერესებთ, რას იზუთხავ და არა ის, რას იგებ. ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩემი სიტყვებით მომიყოლია, ჩემი აზრი გამომითქვამს ტექსტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ აინტერესებთ, - წიგნში ასე არ წერიაო! არა, ყველა ასეთი არ არის. აი, მაგალითად ისტორიის მასწავლებელი, ის შენ აზროვნებას, ანალიზის გაკეთებას გთხოვს და არა მშრალად, ზეპირად მოყოლას. მაგრამ, მგონი, მთავარი იცი, რა არის? სკოლაში წასვლის მაგივრად, ხშირად დავრჩენილვარ სახლში. მერჩივნა, წიგნი წამეკითხა, ფილმი მენახა... ასე შეიძლება უფრო მეტი გაიგო, ვიდრე სკოლაში. შეიძლება არ გიყვარდეს საგანი, მაგრამ მასწავლებელმა უნდა დაგაინტერესოს. როცა საგანი არ მაინტერესებს, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი და უფრო მეტად იმ მასწავლებლის ბრალია; ანუ სწავლის პროცესი საინტერესო უნდა იყოს! აი, თუნდაც, ადრე კოლეჯში ვიყავი, იქ ბევრად კარგი იყო, ვიდრე აქ, საჯაროში. ქიმიას, რომელიც არ მაინტერესებს, ისე გვასწავლიდნენ, რომ, გინდა არ გინდა, დაგაინტერესებდა. აქ გადმოვედი და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წარმოსახვაში უნდა წარმოვიდგინო... იცი, რა უინტერესოა ასე? კი, დილით ვიყავი სკოლაში, დავწერე საკონტროლო და წამოვედი. მერე ისეთი გაკვეთილები იწყება, სადაც მხოლოდ დაფას უნდა უყურო და საინტერესო არაფერი მოხდება.

ვცდილობ, თვითონ შევავსო თავისუფალი დრო, ფოტოებს ვიღებ, მეგობრებთან ერთად სტენსილებს ვაკეთებ, ფესტივალის გაკეთება გვინდა... კერძოდ ვემზადები... მართალი რომ გითხრა, სკოლაზე მეტს წიგნებიდან და ინტერნეტიდან ვიგებ.

კარგი იქნება, თუ ბავშვის აზრს მოუსმენენ და არ გააკრიტიკებენ, როდესაც ის იტყვის - მე ვფიქრობ ასე. რადგან მასწავლებელი გქვია, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შენ ხარ მართალი.

რუსო თევზაძე
გეოგრაფიის მასწავლებელი, დამრიგებელი
24- სკოლა

0x01 graphic

მეც ეს სკოლა დავამთავრე, ჩემი შვილიც აქ სწავლობდა. პედაგოგი დასჭირდათ და შემთხვევით შევტოპე. ეს შეტოპვა, 2 წელია, გრძელდება, მაგრამ ძალიან კარგი აღმოჩნდა ჩემთვის, იმდენი ცუდი დავინახე სამზარეულოში... პედაგოგების დამოკიდებულებაში: „შენ როგორ ბედავ, აი, მე ვარ...“ ვინ ხარ? შენ ისწავლე რაღაც და ახლა ამ ცოდნას გადასცემ. ამას ნებისმიერი გააკეთებს. მთავარია, იყო ადამიანი. უნივერსიტეტისგან განსხვავებით, აქ მეტი ძალისხმევა გჭირდება, ბრძოლა გჭირდება. იცი, რატომ? უხეშად რომ ვთქვა, სტუდენტი არ გირჩევს საქმეს, შეგნებული აქვს, რომ უნდა სწავლა, ბავშვი კი არ გითმობს, სულ გებრძვის. პირველივე დღეს შევედი კლასში, რომელზეც მეუბნებოდნენ: საშინელი კლასია, რეციდივისტები არიან... შეშინებული ვიყავი. მართალია, დღეს ყველაზე დაბალი მოსწრების არის ჩემი კლასი, მაგრამ ყველაზე მაგრები არიან. მერე რა, რომ მაგალითად ერთ ბიჭს მთელი ამ ხნის მანძილზე საკუთარი სახელი და გვარიც კი არ უთქვამს ჩემთვის, საერთოდ არაფერს არ აკეთებს. ის კარგი ადამიანი და პიროვნებაა. და მერე რა, რომ ასეთია? არა, მე განათლებას არ უარვყოფ, რა სისულელეა, უბრალოდ, მას არ უნდა და მორჩა. რა ქნას და, არ იცის ბიოლოგიის მეათე გაკვეთილი. არ მესმის, როცა ამბობენ, - „არ მესმის, მაგას როგორ უნდა დავუწერო ნიშანი.“ ის თვლის რომ არ სჭირდება. ჰოდა, დაანებე რა თავი! მაშინ ეს მასწავლებელი გეტყვის, - კი მაგრამ, მაშინ რა უნდა სკოლაში? წავიდესო. სად წავიდეს? დღეს აღარ არის ტექნიკუმების სისტემა, ამიტომ ყველამ სკოლაში უნდა ისწავლოს, ცუდია, მაგრამ ასეა. თან X-XI კლასებში რომ იწყებ ბრძოლას... მერე მოყვება - შენ ცუდი დედა გყავს, ცუდი მამა გყავს და შენ რა იქნები...

ახლაც ის მასწავლებლები არიან, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ხომ ვერ გაახსენებ ყველაფერს?! სრულებით არ აქვთ შეცვლილი მენტალიტეტი, თან იცი რა, კიდევ მასწავლიან! არა გეოგრაფიას და ისტორიას, არამედ ქცევას, მე დღემდე მასწავლიან და მერე... „აი, ჩვენ ძველები“ და მრავალწერტილი. კონფლიქტები ჩვენთან? ძალიან ბევრი მომხდარა. პედაგოგისთვის მშობელსაც კი გაურტყამს, იმის გამო, რომ მას ბავშვისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. ძველებს იცი, რა აქვთ? არ თმობენ, არა და არა! ჩარჩოებში არიან, დოგმატურები და ამით თვითონვე აგებენ.

ნოდარ ფუტკარაძე (რიკო)
XII კლასი
24- სკოლა

0x01 graphic

რა ვიცი, განათლების მისაღებად დავდივარ. საზოგადოებასთან გაქვს კონტაქტი და მაგიტომ... არა, ადრე ვითვლებოდით რთულ კლასად, მერე ნელ-ნელა დავიშალეთ და... კარგი მასწავლებელი კომუნიკაბელური, ძველ დროში ჩარჩენილი არ უნდა იყოს. თანამედროვე, გამგებიანი, განათლებული...

არა, 40 წუთი ფიზიკურად ვერ ვჩერდები კლასში. უნდა ავდგე, გავიარო... არა, არანაირი პრობლემა, ვეუბნები, - გავალ და, - გავდივარ რა. შეზღუდულიც არაფერში ვარ. კი, ვეწევი. გარეთ გავდივართ ხოლმე ეზოში. კონფლიქტი? ადრე, ბავშვობაში, 6-7-ე კლასში ნიშნებს მაკლებდნენ ხოლმე, მერე ერთი პერიოდი აღარ მინდოდა სწავლა, მერე ისევ დავიწყე. ზოგი ამბობს, - რა საჭიროა, რაც მინდა, ის საგნები უნდა ვისწავლოო, ზოგი ვაფშე არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ახლა ყველა ცდილობს რაღაცას. გაუნათლებელი არ მინდა დავრჩე, ეგრე ვერაფერს მიაღწევ. ვსწავლობ, მინდა, ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. ჰო, სახლში ვმეცადინეობ ხოლმე... საყვარელი საგნები? რა ვიცი... ყველა ერთნაირად მომწონს. ეკონომიურზე ვაპირებ ჩაბარებას, ბიზნესი და მართვა მინდა. თავისუფალ დროს კომპიუტერთან ვატარებ, უფრო ხშირად გარეთ გავდივარ. ჩემი სკოლა? ძალიან მომწონს. ყველაფერს მაძლევს, რაც საჭიროა. ანუ ჰო, ჩემი სკოლა ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

დალი ქაჯაია
რუსულის მასწავლებელი, დამრიგებელი
53- სკოლა

0x01 graphic

ვიღაცას ტკბილი ენა შველის, ვიღაცას - უფრო მკაცრი ტონი. პედაგოგობა ძალიან რთულია. მკაცრი ტონი, მით უმეტეს ამ თაობასთან, არ შეიძლება. ამათ ჭკუამდე უნდა დახვიდე, რისი გაკეთებაც სამწუხაროდ გვიწევს ხოლმე. თუ რაღაც სასწაულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, პრობლემები არასდროს მქონია ბავშვებთან. მოსწავლესთან შედარებით, დღევანდელი მასწავლებელი შეზღუდულია უფლებებში. მათ ბევრი რამის უფლება აქვთ, მაშინ, როდესაც შენ, მათი კლასიდან გაგდებაც კი აღარ შეგიძლია. ჩვენ ძალიან ბევრს ვიტანთ, სამწუხაროდ, ეს პროფესია დაუფასებელი აღმოჩნდა ყველა თვალსაზრისით: მორალურით თუ მატერიალურით. არადა, მასწავლებელი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ის არ არის, ადამიანი ვერ გახდება პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. ხომ ასეა? მასწავლებელი არის თითოეულის დედა. საიდუმლოც უთქვამთ ჩემთვის. უნდა იცოდე და გრძნობდე, რითი სუნთქავს თითოეული. ჰო, მე ვახერხებ. ბევრი ახერხებს ამას ჩვენს სკოლაში, ზუსტად იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ. ვთვლი, რომ მოწოდებით პედაგოგი ვიყავი და ვარ კიდეც.

ახლანდელი ბავშვები, როგორც მტვერსასრუტი, ისე ისრუტავენ ყველაფერს, იმ გარემოს, რაშიც უწევთ ცხოვრება. დღევანდელ ბავშვებში აგრესიაც ბევრია, თუნდაც ტელევიზიაც სცოდავს ამ მხრივ. არ შეიძლება სულ აგრესიას უყურო. ჩვენ „ვინი პუხზე“ და „ნუ პაგადიზე“ გავიზარდეთ, ახლა კი თამაშებიც ისეთია, სულ ვიღაც უნდა მოკლა, რომ შემდეგ ეტაპზე გადახვიდე.

რა თქმა უნდა, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია. მეც მათთან ერთად ვიზრდები და ვსწავლობ. მართალია, შიში შეიქმს სიყვარულსაო, - მაგრამ არა ამ თაობასთან, აქ არ გამოვა.

ანი ცეცხლაძე
XI კლასი
53- სკოლა

0x01 graphic

მშობლებმა მითხრეს, უნდა იაროო, და ამიტომ დავიწყე სკოლაში სიარული. მერე მოგვიანებით მივხვდი, რომ თუ გინდა, განათლებას ისედაც მიიღებ. ადრე ლიცეუმში დავდიოდი და საჯარო სკოლაში რომ გადმოვედი, ცუდად გავხდი. არაფერი არ ხდება და იმიტომ. მარტო ერთ თვეში 3 დირექტორი გამოვიცვალეთ, დაცვას 2 ლარს ვაძლევდით, სკოლიდან რომ გავეშვით. ამისთვის მასწავლებლის ხელმოწერაც გაგვიყალბებია. სკოლაში არ ვსწავლობ. ბოლოს გამოცდისთვის მოვემზადები და ეგაა. რა აზრი აქვს, იქ ყოველდღე სიარულს? მე თვითონ ვმეცადინეობ, სემესტრის ბოლოს გამოცდისთვის მივალ და ეგაა.

სახლში უფრო კარგად ვიგებ. კლასში სულ ყაყანი და ქაოსია. მეც რა ვაკეთო, ვზივარ და ჩემს მეგობარს ველაპარაკები. ვიღაც ეწევა, ფანჯარასთან მიდის და აბოლებს, მერე მასწავლებლებს ეშლებათ ნერვები, სკანდალს აწყობენ, კივიან... და ეს ყველაფერი უნდა ისმინო. არა, ამას ჯობია, შენ თვითონ ისწავლო.

აი, მათემატიკა, ცოტა ვერ არის. ბავშვებს აგინებს ხოლმე: სობაკა, ტუგადუმ, შე ცალტვინა, თავში ის ხომ არ გაქვსო, - ასეც უთქვამს. ჩვენ - „ვზაიმნოს“ ვპასუხობთ. შევეჩვიეთ, მაგრამ ახლებს უჭირთ, მშობლები მოჰყავთ ხოლმე. მასწავლებელი კი პასუხობს - ასე სიყვარულით ვეუბნებიო.

გაკვეთილზე რაღაცებს ვიგონებთ ხოლმე, ვერთობით - ვითომ ჩემს კლასელს ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა, მერე ვითომ ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ მეგობრებმა... ნუ, ადრე ერთს თავი გავუტეხე „პენალით“. მერე დირექტორთან აღმოვჩნდი და მაგიდაზე ფეხები შემოვუწყვე. ადრე უფრო ვგიჟობდი, ახლა ნაკლებად.

მგონი, დიდი ხანია, რაც მასწავლებლები არიან და დაიღალნენ, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან. მაღალი კლასები ისეთი ასაკია, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გვაქვს, იმათ კი უნდათ სულ თავჩახრილები ვიყოთ. მასწავლებელი ახალგაზრდა უნდა იყოს, უფრო გაუადვილდება ურთიერთობა. ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, თავისი საქმე იცოდეს. წიგნიდან არ უნდა დამაზეპირებინოს! ეგრე წიგნში ხომ მეც ჩავიხედავ! მოზარდის ფსიქიკაში უნდა ერკვეოდეს. ერთხელ მასწავლებელს ვკითხე, - ვერ გავიგე და თქვენი მოვალეობაა ამიხსნათმეთქი, ის კი კლასს მიუბრუნდა, - თქვენ გაიგეთო, - იკითხა. ჰოო, თავი დაუქნიეს. - ჰოდა, ჩემი მოვალეობა არ არის შენ აგიხსნაო, - მიპასუხა. არა, მასწავლებელი არ უნდა იყოს მეგობარი, უნდა ითამაშოს, რომ მეგობარია. იმიტომ, რომ თუ მეგობარია, თვითონ მიუწევს რაღაცების დათმობა. მასწავლებლებს ერთს ვეტყოდი, - თავი დამანებეთ! მომბეზრდა, „მკიდია“, მე თვითონ გამოვალ თუ მომინდა!

ინეზა იამანიძე
მასწავლებელი, დირექტორი
საავტორო კერძო სკოლა ვერის უბნის ლიცეუმი

0x01 graphic

სკოლა არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც მთელი ქვეყნის მომავალი შენდება. ვეთანხმები ერთ ძალიან დიდ პედაგოგს, წინა საუკუნეებიდან, რომელიც ამბობდა, რომ არაფერია იმაზე დიდი თანამდებობა, ვიდრე სკოლის დირექტორობა, ისევ და ისევ იმის გამო, რაც ზემოთ ითქვა. ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა და მარადი მოუსვენრობა. მასწავლებელი კლასში შესვლისას მთელ სამყაროს წყდება, ის არის მხოლოდ იქ და უნდა იფიქროს მხოლოდ მის მიზანზე. მასწავლებელმა ისე უნდა ქნას, რომ მოწაფემ ყოველ დღე თქვას - აი დღეს, მე რაღაც შემემატა. ყველა მოსწავლე ცალკე სამყაროა და მათი ერთად შეერთება, ეს ფაქტობრივად არმიის მართვაა, როცა გენერალი გარკვეულ ბრძანებებს იძლევა. თუმცა სკოლა არა ძალადობაზე, არამედ ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. 30-40 წელია, რაც ამ სფეროში ვარ და დამიჯერეთ, არასდროს შემირჩევია პირველკლასელები რაიმე კონკურსით, ჩვენ არავინ გვყავს დასაკარგი. ყველა ბავშვი არის პროდუქტი, რომლის დამუშავება შეიძლება ისე, როგორც შენ გინდა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იცოდე სისტემა. თუ გენდობიან, ბოლომდე გენდობიან და შენი ერთგულები არიან. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი სკოლის ბიჭებმა ვიღაცებთან იჩხუბეს და ბოლოს პოლიციაც კი მივიდა. მეორე დღეს, როდესაც ერთმანეთში ჩხუბის დეტალებს არკვევდნენ, ერთს უთქვამს, - პოლიციაში ალბათ ინეზა მასწავლებელმა დარეკაო. იცით, როგორ სცემეს ის ბიჭი? რამდენიმე დღე სკოლაში ვერ დადიოდა, - შენ ეგ როგორ თქვიო. ყველაფერს გრძნობენ, რა გინდა მისთვის, როგორც ექცევი.

გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, გახდილი და ძალიან მოკლე - ეს არაფრით არ შეიძლება. რაღაც მომენტში ეწყებათ ჰორმონების გამოყოფა, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა და ეს არაჩვეულებრივად საყურადღებო მომენტია, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს. ტკბილად და გემრიელად თუ აუხსნი, რას იწვევს ეს მის საპირისპირო სქესში და იმ სექსუალურ ანბანზეც გადახვალთ, აი იქ, თავისი თავიც შეზიზღდება ბავშვს.

კი, მარიამი აქ სწავლობდა. მე დღესაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მასთან. როდესაც მარიამი თმაშეღებილი მოვიდა, არ მომეწონა. თან თმებით მთელი სახის დაფარვაც სცადა. მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. დავიწყე ლიტერატურის ძებნა ინტერნეტში: „ემო“, „მასონი“ და გავცნობიერდი, იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინათ ასეთი კლუბები და სექტები არ არსებობდა. მე მივედი მარიამის დედასთან და ვესაუბრე. გავუზიარე, რასაც ვფიქრობდი. მართალი რომ გითხრათ, მარიამის გამო, ბევრი ვიარე ოპერის ბაღში, სადაც კედლებზე უცნაური ნახატებია, გაერთიანებული მასონების ლოგოებია... როდესაც სკოლაში არ მოდიოდა, მე იქ მივდიოდი და მადლობა ღმერთს, არასდროს მინახავს იმ ბაღში. ამიტომაც მთავარია, ყურადღებით იყო და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება, მანამდე, დროულად მიუსწრო.

მარი გაგნიძე
IX კლასი
195- სკოლა

0x01 graphic

ცუდია, როდესაც კლასში 30-40 ბავშვია, გაკვეთილი ისე გადის, რომ მასწავლებლები სიის ამოკითხვას ძლივს ასწრებენ და თან ნორმალურადაც ვერ გიხსნიან ახალ გაკვეთილს. ამიტომ ბევრ რაღაცაზე სახლში შენ თვითონ უნდა იმტვრიო თავი. ცუდია.

მასწავლებელმა ყველასთან უნდა შეძლოს კონტაქტის დამყარება. ზოგჯერ მგონია, რომ ოღონდ ნიშანი დაწერონ და კლასიდან გავიდნენ, მეტი არაფერი აინტერესებთ. ამ სკოლაში რამდენიმე თვეა, რაც გადმოვედი. ადრე „ვერის უბნის“ ლიცეუმში ვიყავი. სულ 6 ბავშვი ვისხედით კლასში და, ამ საჯარო სკოლისგან განსხვავებით, ნიშნებს უფრო სამართლიანად წერდნენ. აქ კი... თუ მასწავლებელს მოსწონხარ, ხარ ზრდილობიანი და, უზრდელურად რომ ვთქვა, „ეტენები“ კიდეც, მაშინ უპრობლემოდ იღებ კარგ ნიშნებს. გადმოვედი იმიტომ, რომ იქ რაღაც პრობლემები მქონდა, ძირითადად ჩაცმაზე, გარეგნობაზე, თან მაშინ თმაც შეღებილი მქონდა მწვანედ. არაფერი ისეთი, უბრალოდ სხვებისგან ცოტათი განვსხვავდებოდი. მაგრამ თუ არ მოსწონთ, როგორც მაცვია, მაშინ შემოიღონ ფორმები და ხო, ვივლი ფორმით. რატომაც არა?! ინტერესი არ მაქვს გაკვეთილებზე სიარულის. მაგალითად, როცა ქართული მაქვს, ვცდილობ, კლასში ვიყო. კარგი მასწავლებელია, ბავშვების დაწყნარება შეუძლია და გაკვეთილზე სიჩუმეა. შეუძლია აგიხსნას ისე, რომ გაიგო. სხვები ჯერ ვერ აწყნარებენ კლასს, მერე იქ სრული ყაყანია და თან სულ გემუქრებიან, გაგრიცხავ, ორს დაგიწერ... რა ვიცი, რა საჭიროა ეს მუქარა.

პირველი კლასიდან ვსწავლობთ რელიგიას, უფრო სწორად - მართლმადიდებლობას. შეიძლება ამ დროს მასწავლებელმა აგვიხსნას, რომ არსებობს სხვა რელიგიებიც და ცოტა მაინც მოგვიყვეს სხვა რელიგიებზე? იქნებ შენ თვითონ არ იცი, რა გინდა და რომ გაიზრდები, გინდა გადაწყვიტო? ჩემთან ებრაელი ბავშვი სწავლობდა და ამ გაკვეთილიდან ათავისუფლებდნენ. მგონი, ყველგან ასეა, ერთი-ორი სკოლაა, რომელზეც გამიგია, რომ სხვა რელიგიებსაც ასწავლიან. ლიცეუმში, კლასში შესვლისას პირჯვარი უნდა გადაგვეწერა. გაკვეთილს ლოცვით ვიწყებდით. თუ მასწავლებელი დაინახავდა, რომ მარტო პირს ვამოძრავებდით და ლოცვას ხმამაღლა არ ვამბობდით, გვეჩხუბებოდა. ჩემს მეგობრებს სხვა სკოლებშიც იგივე პრობლემები აქვთ. უნდა გენახა, რა მოხდა, ჰელოუინზე რომ წავედი. მასონური კლუბის წევრი ხარო, - ისიც კი მითხრეს... გაკვეთილზე მასწავლებელი მე მიყურებდა და თქვა, - რა უნდა ელაპარაკო იმ ბავშვის მშობელს, რომელიც შვილს ჰელოუინზე გაუშვებსო. დედაჩემი სკოლაშიც დაიბარეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰელოუინის მნიშვნელობაც არ იციან. რელიგიის მასწავლებელი მიმტკიცებდა, - ჰელოუინი ინგლისური სიტყვიდან HELL მოდის და ჯოჯოხეთს ნიშნავსო. სულ გაგიჟდა, რომ ავუხსენი, - მას, ჰელოუინი ინგლისურად სხვანაირად იწერება და ეს ჯოჯოხეთს არ ნიშნავს-თქო.

გიორგი მარგიანი
XI კლასი
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

0x01 graphic

უკეთესი განათლების მისაღებად თბილისში ყველაზე დიდ შანსს ეს სკოლა მაძლევს, და რა თქმა უნდა - შესაძლებლობას, რომ სწავლა უცხოეთში გავაგრძელო. კლასში 60-მდე ბავშვი ვართ, მაგრამ ისე ვართ გადანაწილებულები, რომ ყოველ გაკვეთილზე 15 ვსხედვართ და მთელი დღის მანძილზე შენ სხვადასხვა 15 ჯგუფელთან გიწევს ყოფნა. ჩვეულებრივ სკოლაში, როცა გაკვეთილი არ იცი, შეგიძლია უკან დაჯდე, აქ ასე ვერ გააკეთებ. ამ მრგვალი მაგიდის გამო, ხან ვის გვერდით აღმოჩნდები და ხან - ვისი. მასწავლებელიც ჩვენთან ერთად ჯდება და ყველა ერთ დონეზე ვართ. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, აქ უფრო გიადვილდება სწავლა, არადა, დასაწყისში სწავლების ამ მეთოდიკას ცოტა კრიტიკულადაც ვუყურებდი. როდესაც მასწავლებლებს ვკითხეთ, თუ რატომ არის მაინცდამაინც მე-9 კლასიდან მიღება, ასე აგვიხსნეს, რომ ეს ის ასაკია, როდესაც უფრო ჩამოყალიბებული ხარ, შენ ირჩევ აქ მოსვლას და ირჩევ სწავლას. არავინ გაძალებს.

გაკვეთილზე შეიძლება არ იყო მომზადებული, ვერ მოასწრო სახლში მეცადინეობა, მაგრამ დისკუსიის დროს ისეთ თემებზე ვლაპარაკობთ, რომ მაინც ერთვები, სულ აქტიურობ, ვერ იქნები ჩუმად. ახლა ქართულში ილიას გავდივართ და ამასთან დაკავშირებით სპექტაკლი დავდგით, ანუ იგივე პრობლემა - დღევანდელობაში. ბათუმის უნივერსიტეტში წარმოვადგინეთ.

გაკვეთილების შემდეგ ხშირად ვრჩებით ხან ბიბლიოთეკაში, ხან ისე კლასში, და მასწავლებელთან ერთად რაღაცებზე ვსაუბრობთ. აქ სავალდებულოა, რომელიმე კლუბში იყო გაწევრიანებული: კინო კლუბში, ინტელექტუალთა კლუბში, საფეხბურთო, საკალათბურთო... მე არქეოლოგიურ კლუბში ვიყავი და გათხრებზეც წაგვიყვანეს.

მთავარი მაინც ალბათ ის არის, რომ აქ გეხმარებიან შენ თვითონ მიხვიდე სწორ აზრამდე. შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვმუშაობთ.

ლევან გიგინეიშვილი
ქართულის მასწავლებელი
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

0x01 graphic

იმისათვის, რომ ბავშვი დააინტერესო, მასწავლებელი თავად უნდა იყოს ცნობისმოყვარე. აქ სხვა მეთოდით ვასწავლით. ფაქტობრივად, გაკვეთილებს სემინარული სტილით ვატარებთ. ავალებ, სახლში წაიკითხონ რაღაც მასალა, მეორე დღეს მოდიხარ, ჯდები ამ მრგვალ მაგიდასთან და იმართება დისკუსია. სწორედ ასე ხდება აზრების გაცვლა-გამოცვლა. ფაქტობრივად, კლასი ამ დიალოგში იქმნება. წინასწარ დაგეგმილი არაფერი არ არის, საით წავა ეს დიალოგი არავინ იცის, ამიტომ ყველა კლასი უნიკალურია, რადგან ერთი და იგივე მასალა, ყველგან სხვადასხვანაირად ირჩევა. თუ გადავუხვიეთ თემას, მასწავლებელი მოდერატორის როლს ასრულებს და შემოქმედებითად ძალიან საინტერესო პროცესი გამოდის. ასეთ ინტერაქტივში ისიც გვეხმარება, რომ თითოეული ჯგუფი 15 ბავშვისგან შედგება. ერთმანეთის მოსმენას სწავლობენ, სწრაფად, ცოცხლად, იმ წუთას გამოთქმულ აზრზე რეაგირებას. როგორც გინდა, ისე შეგიძლია ჩაერთო გაკვეთილში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგად უნდა იცოდე მოსწავლეების მენტალობა და შენი ეპოქის მაჯისცემა. როდესაც შეძლებ და მისთვის უინტერესო მასალას ისე მიაწვდი, რომ ინტერესის საკუთარ კაუჭს გაუჩენ და თანამედროვეობასთან დააკავშირებინებ, ეგრევე ინტერესი უჩნდებათ. მერე შენ თვითონ შეიძლება გაგიკვირდეს, როგორ შეიძლებოდა რუსთაველის ან „გრიგოლ ხანძთელის“ პასაჟს ასეთი აზრები გაეჩინა და თანამედრო დისკუსიის საზრდო გამხდარიყო.

არა, პედაგოგობა ძალიან საინტერესოა. სწავლისას თუ სწავლებისას სულ გაცემ-მიღების პროცესში ხარ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი სხვაა, სკოლა უფრო... ოჯახივითაა. ბავშვებისგან ძალიან ბევრი საინტერესო შეიძლება გაიგო. აქ ემოციურადაც უფრო დატვირთული ხარ. შეიძლება რისხვა გაჩნდეს, რომელიც მიმართული უნდა იყოს საქციელზე და არა ბავშვზე. შენ კი არა ხარ ცუდი, არამედ ის, რაც გააკეთე, გვერდიდან უნდა დაანახო. როგორც კი ბავშვი იგრძნობს, რომ შენ პირადად მასზე გადაიტანე ბრაზი, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი დამარცხდა. კი, რელსებიდან მეც დავცურებულვარ, მაგრამ ამის მერე ბოდიში მომიხდია, თუ მივხვდი, რომ გადავამეტე. ან უფრო კარგი, პლატონის მეთოდს ვიყენებ; ერთხელ, ძალიან გაბრაზებულა თავის მოწაფეზე და ქსენოკრატეს სთხოვა, - შენ დასაჯეო. მე ვერ დავსჯი, რადგან გაბრაზებული ვარ და ობიექტური ვერ ვიქნებიო. ვყოფილვარ ძალიან გაბრაზებული, არაფერი არ მითქვამს არც იმ დღეს, არც მეორე დღეს... როცა დავწყნარებულვარ, მხოლოდ მერე.

15 სასკოლო რეფორმა

▲ზევით დაბრუნება


დისკუსია

ავტორი: ნინო ბექიშვილი

0x01 graphic

მონაწილეები:

სიმონ ჯანაშია
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი

თამარ მეიფარიანი
პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი

ნინო გოგუაძე
„ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი

გიორგი გახელაძე
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საზოგადოებრივ მეცნიერებათა
ჯგუფის ექსპერტი

თამარ ამზაშვილი
161-ე საჯარო სკოლის დირექტორი

BCG-ის მიერ 2005 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების თაობაზე მოსახლეობის აზრის გამოკვლევა იყო, ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა: გამოკითხულთა 65.9 %25 მიიჩნევდა, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა წარმატებული იქნებოდა; 66,8 %25 დარწმუნებული იყო, რომ რეფორმა ხელს შეუწყობდა განათლების პროგრამების გაუმჯობესებას და პროფესიონალიზმისა და განათლების დონის ამაღლებას. თუმცა, ამასთანავე, რეფორმას თან სდევდა კრიტიკაც - მასწავლებელთა კვალიფიკაციის, სახელმძღვანელოების ხარისხისა, თუ უფროსკლასელთა გაკვეთილებზე დასწრების თვალსაზრისით. სკოლა დღეს ბევრი მწვავე პრობლემის წინაშე დგას. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქართველი მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. ჩვენი საუბარი სწორედ სკოლას შეეხო.

ნინო ბექიშვილი: რა ამოცანები იდგა 2004 წელს თქვენ წინაშე; ამ ამოცანებიდან რა შესრულდა? რა ვერ შესრულდა? რატომ? რამდენ წელზე იყო გათვლილი რეფორმა, რომ რეალური შედეგები დაგვენახა?

სიმონ ჯანაშია: ყველაფერი ძირეულად უნდა შეგვეცვალა - დაწყებული კონცეფციიდან, დამთავრებული - ინფრასტრუქტურით. ახალ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჯერ უნდა შეგვექმნა კანონმდებლობა, შემდეგ კი ის სერვისები, რაც ახალი ტიპის განათლების სისტემის დანერგვისთვის იყო აუცილებელი. გვჭირდებოდა საზოგადოების თანხმობა და პოლიტიკოსების კეთილგანწყობა. უნდა შეგვექმნა აბსოლუტურად ახალი სისტემა - ხარისხზე და ბავშვზე ორიენტირებული განათლება, რომელიც კონცეპტუალურად ხალ პრინციპებზე იქნებოდა აგებული. შეიცვალა მიდგომა. ადრე სახელმწიფო ამბობდა, - ჩვენ ვაძლევთ განათლებასო, - ჩვენ კი დღეს ვამბობთ, რომ ვქმნით ისეთ გარემოს, რომ ადამიანებმა განათლება მიიღონ. ეს სხვადასხვა რამით გამოიხატება - როგორც დაფინანსების, ასევე მართვის და შინაარსის განსაზღვრით. დღეს განათლების მართვა მისი მენეჯმენტით შეიცვალა. შეიცვალა ძველი ადმინისტრაციული სისტემა, როდესაც ინიციატივები ზემოდან მოდიოდა და ქვევით მხოლოდ ასრულებდნენ. იმ ტიპის სისტემის დანერგვა გვინდა, სადაც, იდეალურ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო ადმინისტრირებას კი არ ახდენს, არამედ, მინისტრის მრჩეველია. მინისტრი კი ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა მთელ სამინისტროში. ეს გულისხმობს, რომ სახელმწიფო არ ქირაობს მასწავლებელს, არ შეაქვს სკოლაში მერხი, არ განსაზღვრავს სწავლების შინაარსის რეგლამენტირებას, არამედ თვითონ სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, ეს ყველაფერი იქირაონ. ეს არის კონცეპტუალური ცვლილება. განათლების შინაარსთან ეს სისტემა ასე მოქმედებს: სამინისტრო არ ახდენს შინაარსის მკაცრ რეგლამენტირებას და მთელი აქცენტი გადატანილია შედეგებზე.

ნინო ბექიშვილი: ეს შედეგი როგორ დადგება, თუ სისტემა არ არის შინაარსზე ორიენტირებული?

0x01 graphic

სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია: გააჩნია, შინაარსს რას დავარქმევთ. ადამიანს უნდა ჩამოუყალიბდეს გარკვეული უნარები, მან უნდა იცოდეს რაღაც, უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული გარკვეული დამოკიდებულებები. იმისთვის, რომ თქვენ იცოდეთ, რა არის პარიზი, შეიძლება ბევრი გზა გაიაროთ - უყუროთ სამეცნიერო გადაცემას, წაიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა, ან ჩახვიდეთ, პარიზის ქუჩებში გაიაროთ. ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირი აზრი ჩამოგიყალიბდებათ პარიზზე. სტანდარტული განათლება არ არსებობს, თითოეული ადამიანის განათლება უნიკალურია.

გიორგი გახელაძე: ვინმეს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ცვლილება ერთ წელიწადში განხორციელდებოდა და ორ წელიწადში შედეგი გვექნებოდა? სასკოლო განათლების სისტემის გარდაქმნის პროექტზე 1999 წელს დაიწყო საუბარი, პროექტის დაწერა 2000 წლის ბოლოს დასრულდა და 2012 წლამდე იყო სიმონ ჯანაშია გათვლილი. 2000-2003 წლებში რამდენიმე გუნდი გამოიცვალა ამ პროექტმა და მხოლოდ 2004 წლიდან მოხდა სასიკეთო ძვრა - განათლების პოლიტიკის დამგეგმავ ჯგუფს პოლიტიკური ხელისუფლებიდან მხარდაჭერა ჰქონდა, რაც სისტემის გარდაქმნისთვის აუცილებელი იყო.

ნინო გოგუაძე: რეფორმის ვიზუალიზაცია ეგრეთ წოდებული დირექტორების ლოტოტრონების შემდეგ მოხდა. ამას დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა და ხალხიც მიხვდა, რომ განათლების სისტემაში რაღაც კარგად ვერ იყო. მინდა გითხრათ, რომ ლოტოტრონები ცის ნამად მოგეჩვენებოდათ თქვენი (მიმართავს სიმონ ჯანაშიას) და გიგი თევზაძის კანონპროექტის ფონზე. 2004 წელს დავწერე წერილი და დავარქვი განათლების „სისტემის სასიკვდილო განაჩენი“.

მთელი სასწავლო პროცესი მხოლოდ არჩევნებზე იყო ორიენტირებული, ხდებოდა გაუთავებელი არჩევნები, მშობლების, მასწავლებლების, 5 ბავშვს შეეძლო შეექმნა კლუბი, პირველკლასელი შეიძლება ყოფილიყო სამეურვეო საბჭოში. რატომ არ დაებადა ვინმეს ეჭვი, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანებს ნორმალურად წარემართათ რეფორმა? სასწავლო პროცესი ქაოსით იყო მოცული და სწავლისთვის, განათლების მიღებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა.

სიმონ ჯანაშია: თქვენ ამბობთ, რომ შეუძლებელია, ჩვენ კარგი სისტემა შეგვექმნა, იმიტომ, რომ კანონპროექტის პირველი ვარინატი არ ვარგოდა? გეთანხმებით, ნამდვილად ცუდი იყო ის პირველი ვარიანტი, და ამიტომაც შესწორდა.

0x01 graphic

ნინო გოგუაძე

ნინო ბექიშვილი: იმ კანონპროექტზე საუბარი, რომელიც ბევრჯერ შეიცვალა და დღესაც იცვლება, მგონი, არ ღირს... თამარ ამზაშვილს მინდა ვკითხო, როგორ მუშაობს ეს ახალი კანონმდებლობა სკოლაში? გიქმნით თუ არა კომფორტს მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს?

თამარ ამზაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ეს კანონი იდეალურია, მაგრამ, ამ კანონის მიხედვით, სკოლას რეალური ავტონომია აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სკოლას ჰყავს კარგი მენეჯერი, შესაძლებელია საინტერესო შემოქმედებითი მუშაობა. კანონმდებლობა დისკომფორტს ნამდვილად არ გვიქმნის. როცა სკოლაში მივედი სამუშაოდ, ყველაზე უფრო მძიმე, რაც იქ დამხვდა და რასაც არ მოველოდი, ეს გაუთვითცნობიერებელი მასწავლებელია. მძიმედ დგას ადამიანური რესურსების პრობლემა, ეს თუ არ მოგვარდა, ერთი ადგილის ტკეპნა გამოგვივა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ 1989 წლიდან 1999 წლამდე, მთელი 10 წელი, სანამ რეალურად არ დაიწყო რეფორმაზე საუბარი, საქართველოში იყო სრული ქაოსი. მეცხრე კლასელები ატესტატს იღებდნენ და უმაღლეს სასწავლებელში აბარებდნენ. დღეს უკვე ვიმკით ამ შედეგებს. ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ძირითადი აქცენტი არ გავაკეთეთ მასწავლებლებზე. ვერაფრით ვერ გაიგო მასწავლებელმა ის სიახლე, რაც რეფორმამ მოიტანა. ვუხსნით მასწავლებელს, რომ ამოვვარდით იმ სისტემიდან, როცა თელავის სკოლადამთავრებულს შეეძლო ტარტუს უნივერსიტეტში ჩაბარება. ახალ სისტემას ვქნით და რაღაცნაირად უნდა მოვერგოთ მას, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში - უშედეგოდ. ყველა სკოლას არ აქვს იმის საშუალება, რომ ჰყავდეს გამოცდილი დირექტორი, მთელ საქართველოში 100 კარგ დირექტორსაც კი ვერ ჩამოთვლი. ამ კარგ დირექტორებსაც არ აქვთ საშუალება, თავისი მიკროსამყარო შექმნან, იმიტომ, რომ სახსრები არ ყოფნით. ვაუჩერული დაფინანსება ისეთ დიდ სკოლასაც არ ყოფნის, როგორიც ჩვენია. დაფინანსების წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. როცა კონცეპტუალურად მომზადებული რესურსი არ მყავს, სახელმძღვანელოები სუსტია, არ მაქვს კარგი მართვა, არ მყოფნის ფული, როგორ მივიღო კარგი შედეგი? ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ სახელმძღვანელო მხოლოდ ერთ-ერთი რესურსია, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში - ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რომ სახელმძღვანელოებს წერდეს ჯგუფი, სადაც იმუშავებენ ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები, სახელმძღვანელო იმ პარამეტრებში ჯდებოდეს, რაც პოლიტიკურ დოკუმენტშია გაწერილი. რეფორმა წარმატებით ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ პედაგოგი ძალიან მოუმზადებელია. დაფინანსების მხრივ მაინც უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ სკოლამ თვითონ შეძლოს კადრების მომზადება.

ნინო ბექიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ერთიანი შიდა პროდუქტის 2%25-ზე ცოტა მეტს ხარჯავს განათლებაზე. ის, რომ სკოლას ჯერჯერობით დიდად არაფერი ეტყობა, დაფინანსების ბრალია - ანუ, ზოგადად, განათლების სახელმწიფო პოლიტიკის და იმის, რომ ქვეყნისთვის განათლება, მიუხედავად დეკლარირებისა, არ აღმოჩნდა პრიორიტეტული? თუ ამავე დაფინანსების შემთხვევაში, შეიძლებოდა რეალური შედეგების მიღწევა?

სიმონ ჯანაშია: შეუძლებელია სისტემა გაჯანსაღდეს, თუ მოტივირებული ადამიანები არ მოვლენ, ასეთი ადამიანები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვლენ, თუ მატერიალური დაინტერესება იქნება. ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ ხელფასით შეიძლება ღირსეულად იცხოვრო. მაგრამ მასწავლებელს ხელფასი რომ მოუმატო, ის ავტომატურად უკეთესი არ გახდება, თუმცა, პასუხისმგებლობა ნამდვილად იმატებს. იმატებს შანსიც, რომ მასწავლებლები მოიზიდო, რომ უმაღლეს სასწავლებლებშიც მეტმა სტუდენტმა აირჩიოს პედაგოგის პროფესია. მთავრობის სტრატეგია აქამდე ასეთი იყო: იყო განსაზღვრული თანხა, ბიუჯეტი უსასრულოდ ვერ გაიწელება. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ, რადგან არ იყო მზად მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტები, და არ არსებობდნენ სერვისის მომწოდებლები, ვისაც მასწავლებლები უნდა მოემზადებინა, ფულის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურაში ჩაგვედო. ჰქონდა თუ არა ამას შედეგი? ვიდრე არ იყო სკოლაში გათბობა, მთელ საქართველოში სკოლებში ზამთარში ბავშვების 30 პროცენტი არ დადიოდა. შეიძლებოდა, მასწავლებლებისთვის მიგვეცა ხელფასი, მაგრამ გათბობის არარსებობის გამო, ბავშვები სკოლაში მაინც არ ივლიდნენ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღების დროს ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი. ჩაიდო თუ არა თანხა მასწავლებლებში? 2004 წელს მასწავლებლების დიდ ნაწილს არ ჰქონდა მიღებული ერთი წლის ხელფასი და მათ ეს ხელფასები აიღეს; ანუ, მასწავლებლების პირობები გაუმჯობესდა. ახალი კონცეფციის მიხედვით, სკოლამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, ჰყავდეს დაბალხელფასიანი და არასერტიფიცირებული თუ მაღალხელფასიანი და სერტიფიცირებული მასწავლებელი. ამის დასარეგულირებლად სკოლების აკრედიტაციის მექანიზმი შემოვიტანეთ. მოტივაციას ვუქმნით სკოლას, რომ რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღოს, მას გადაუხადოს მეტი ხელფასი, ანუ მინიმალური იყოს სახელმწიფოს ჩარევა და ბაზარი გახდეს განმსაზღვრელი. მე თუ სკოლის დირექტორი ვარ და მინდა მოვიზიდო ბავშვები, რატომ მივცემ კარგ მასწავლებელს დაბალ ხელფასს და ცუდს მაღალს? ან სამინისტრომ რატომ უნდა დამიწესოს, - კარგს მეტი მიეცი და ცუდს ნაკლებიო? ვთვლი, რომ ეს სისტემა იმუშავებს იმ ქვეყანაში, სადაც არის მენეჯმენტის მაღალი კულტურა. სადაც მენეჯერებმა იციან, როგორ იმოქმედონ. შეცდომა ალბათ ის იყო, რომ, რადგან სერტიფიცირება პირდაპირ არ ნიშნავდა პირობების გაუმჯობესებას, მასწავლებლების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა მას. პირიქით რომ ყოფილიყო, მომხრენი იქნებოდნენ. განერვიულდნენ თუ არა მასწავლებლები, პოლიტიკოსებიც განერვიულდნენ და სერტიფიცირება გადაიდო...

თამარ ამზაშვილი: ხელფასით ცუდი და კარგი მასწავლებელი არ განისაზღვრება. ვერ ჩაატარებ ცუდ გაკვეთილს, თუ ხარ კარგი მასწავლებელი. როცა სამინისტროში ვმუშაობდი, მეგონა, რომ რეფორმის განხორციელება არ გაგვიჭირდებოდა. სკოლაში რომ მივედი, მივხვდი, რომ დაკარგულია ქვიშის საათის პრინციპი. ქვემოდანაც უნდა წამოსულიყო რაღაც ინიციატივები. კარგად მომზადებული მასწავლებლები უნდა ჩართულიყვნენ ამ პროცესში, ისინი ყოველთვის საჭიროებებზე არიან ორიენტირებულები. ინტეგრირებულმა სწავლებამ თბილისის საუკეთესო სკოლაში ძალიან მძიმე შედეგი დატოვა. როგორც კი ჩნდება კითხვა „რატომ?“, ბავშვი ჩუმდება. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მასწავლებელი მოუმზადებელი დახვდა ახალ სასწავლო გეგმას.

0x01 graphic

თამარ მეიფარიანი

თამუნა მეიფარიანი: ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ 10 წელია, ეს საუბარი მიდის. მართლა მილიონები დაიხარჯა, და არაფერი გაკეთებულა. დღეს მასწავლებელი რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე მაშინ იყო, როცა ეს რეფორმა დაიწყო. მასწავლებელი დღეს სრულ გაურკვევლობაშია. საერთოდ, თავიდანვე დაიგეგმა უამრავი უსაგნო ღონისძიება ამ ბევრი მილიონის ფარგლებში. მაგალითად, მასწავლებლის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სრულიად გაუგებარი სიმპოზიუმი ან სკოლის ბაზაზე ჩატარებული ტრენინგები. მასწავლებელი დარჩა ისეთივე „ფარჩაკი“, როგორიც მანამდე იყო. ეს ყველაფერი კარტოზიას დროს დაიწყო და დღესაც გრძელდება - დანერგვისა და პილოტირების ტრენინგები მიდის და ისევ ვერ გაიგო მასწავლებელმა, რას მოვითხოვთ მისგან. მასწავლებელთა სერტიფიცირება კი კიდევ დიდი ხნითაა გადადებული.

სიმონ ჯანაშია: მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რისთვის ამზადებ. ამისთვის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მომზადდა. კვლევების მიხედვით, მასწავლებლები გაცილებით უფრო აქტიურად ასწავლიან დღეს, უფრო მეტად უსვამენ ისეთ კითხვებს მოსწავლეებს, რაც კრიტიკულ აზროვნებას აყალიბებს, უფრო მეტად აცლიან ბავშვებს პასუხს, უკეთ მუშაობენ ჯგუფებში, ვიდრე მანამ, სანამ ტრენინგები დაიწყებოდა. იმის თქმა, რომ ნაბიჯები არ გადაიდგა, არ შეიძლება. მაგრამ მასწავლებელთა მომზადებაზე ნამდვილად იმაზე ნაკლები დაიხარჯა, რაც შედეგის მისაღწევად იყო საჭირო.

გიორგი გახელაძე: ადამიანური რესურსის განვითარებისთვის მარტო ფული არ არის საჭირო, არამედ ის, რომ მასწავლებლებს დავანახოთ საკუთარ პროფესიონალიზმზე ზრუნვის რეალური საჭიროება. სერტიფიცირების პროცესი უნდა დაწყებულიყო დაგეგმილ ვადაში. ვადის გადაწევამ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მოხდა, დაუკარგა სტიმული მასწავლებელს და იმათაც, ვისაც უნდა მოემზადებინა პროფესიული განვითარების პროგრამა.

ნინო ბექიშვილი: დღეს საქართველოს სკოლებში უფროსკლასელების მხოლოდ ის ნაწილი სწავლობს, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში აპირებს სწავლის გაგრძელებას. დანარჩენები - ზარმაცობენ. მოხდა ისე, რომ სკოლის პროგრამა არ ემთხვევა იმ პროგრამას, რომელსაც უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. ეკარგება თუ არა ამით, გარკვეულწილად, სკოლას ფუნქცია?

ნინო გოგუაძე: სკოლამ საერთოდ დაკარგა ფუნქცია. სკოლაში მიღებული განათლება არ განსაზღვრავს მოსწავლის შემდგომ ბედს. ამიტომ, XI-XII კლასებში ის, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა, გამოცდებისთვის მომზადებას რეპეტიტორებთან იწყებს. დღეს განათლების უწყვეტობის პრინციპი დარღვეულია, როდესაც დამამთავრებელ კლასებში სკოლა არ ამზადებს ბავშვს უმაღლესში ჩასაბარებლად.

სიმონ ჯანაშია: განათლების უწყვეტობის პრინციპი იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი, ფორმალური განათლების გარეშეც, მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებს განათლებას. განათლების უწყვეტობის პრინციპი არ დარღვეულა. ყოველ წელს 60 ათასი მოსწავლე ამთავრებს სკოლას. აქედან დაახლოებით 20 ათასი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. პრობლემა ის კი არ არის, შეთანხმებულია თუ არა ეს ორი უწყება, არამედ ის, რა მოჰყვება ამას შედეგად. შედეგი კი ასეთია: დღეს უამრავი უფროსკლასელი არ დადის სკოლაში. ბევრი მოსწავლე თვლის, რომ ვერ იღებს იმ განათლებას სკოლაში, რაც სჭირდება. მაგრამ, მოდი ასე ვთქვათ - სკოლა უფრო კარგ განათლებას აძლევს თუ ის რეპეტიტორები, რომელთანაც მოსწავლეები მიდიან? რეპეტიტორი ამეორებინებს მხოლოდ იმას, რაც მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სჭირდებათ. საქართველო მარტო თბილისი ხომ არ არის? რეპეტიტორების უმრავლესობა სწორედ სკოლის მასწავლებელია. სისტემაა ისე მოწყობილი, რომ მოსწავლეს სკოლაში სიარული არ უნდა. მიდის იმასთან, ვინც მეტ გარანტიას აძლევს. იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს, უმაღლეს სასწავლებლებში ადგილების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, მისაღებ გამოცდებზე რისკი უნდა შემცირდეს.

ნინო გოგუაძე: თუკი სკოლა უფრო უკეთეს განათლებას აძლევს, მაშინ რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორებთან?

სიმონ ჯანაშია: ავიღოთ ქართულის პროგრამა - მეტყველებას, წერას, კითხვას, აზროვნებას სწორედ სკოლა ასწავლის ბავშვებს. ბავშვისთვის სკოლას არ დაუკარგავს საგანმანათლებლო ფუნქცია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სკოლას გაცილებით დიდ პატივს სცემენ რეგიონებში, საქართველოს სოფლებში, ვიდრე თბილისში.

ნინო ბექიშვილი: რას ფიქრობთ სკოლისა და პოლიციის თანამშრომლობაზე? არის თუ არა სკოლაში პოლიციელის ადგილი? ვანო მერაბიშვილის ბოლო ინიციატივას ვგულისხმობ, როცა მან წერილები დაუგზავნა მასწავლებლებს და, მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, მათ ნებაყოფლობითი თანამშრომლობა შესთავაზა.

სიმონ ჯანაშია: ამას სასიკეთო შედეგი ექნება, მაგრამ ამ შედეგს არ ექნება იმხელა წონა, რომ, ზოგადად, სიტუაცია შეცვალოს სკოლაში. იმ სკოლებში, სადაც პოლიციელები გაკვეთილებს ატარებენ, მათ მიმართ ნდობა გაიზარდა. საზოგადოების და, შესაბამისად, ბავშვების ნაწილი ვერ გრძნობს, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს, ნაწილს კი პირიქით - ძალიან აწუხებს ეს სახელმწიფო. ამის გარდა, მოსწავლეებმა არ იციან, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ მუშაობს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვებს, მაგალითად, სასამართლოში მივიყვანთ. ამაში ცუდი არაფერი არ არის.

0x01 graphic

გიორგი გახელაძე

გიორგი გახელაძე: შსს-ს ინიციატივა ერთჯერად შეხვედრებს გულისხმობს. სამართალდამცავი წელიწადში სამჯერ მივა სკოლაში, გაეცნობა მოსწავლეებს, გაესაუბრება კანონიერების დაცვის სარგებლობაზე. ამას საგანმანათლებლო თვალსაზრისით დიდი გავლენა არ ექნება. ამ პროექტის მიზანია, რომ სამართალდამცავი რაიმე თანამშრომლობაში შევიდეს სკოლასთან. სხვაგვარად ის ისედაც ემსახურება სასკოლო საზოგადოებას. ეს მრავალეტაპიანი პროგრამა პოლიციის აკადემიაში მუშავდება ჩვენთან თანამშრომლობით - გვეკითხებიან, კონსულტაციებს იღებენ.

ნინო გოგუაძე: ეს პროგრამა მისაღები იქნებოდა დემოკრატიულ, ცივილიზებულ და განვითარებულ სახელმწიფო სისტემაში, სადაც პოლიცია კი არ არის სახელმწიფოს ხერხემალი, არამედ - სასამართლო. ჩვენთან სხვა დამოკიდებულებაა პოლიციისადმი; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციელების კომპეტენცია, სამოქალაქო განათლება თავად პოლიციელებს უნდა მივცეთ. მგონია, რომ ამ ეტაპზე პოლიციის შესვლა სკოლაში ძალიან ბევრ ეჭვს გააჩენს. სკოლა არ არის იზოლირებული დანარჩენი საზოგადოებისგან, თუ ქვეყანაში პოლიცია მოიქცევა ისე, როგორც იქცევა, ეს პროგრამა მოსწავლეებს პოლიციისადმი დამოკიდებულებას ვერ შეუცვლის.

გიორგი გახელაძე: მიწევს პასუხების გაცემა იმ საპილოტე პროგრამის შედეგებზე დაყრდნობით, რომლის მონაწილეც ვიყავი 2008-09 სასწავლო წელს. სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის ფარგლებში 18 სკოლაში 15 პოლიციელი მუშაობდა. ეს იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი „ჰარმონია“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლების შეთანხმებული, მემორანდუმით გამტკიცებული სამართლებრივი კულტურის პროგრამა. სპეციალურად, კონკურსის წესით შეირჩნენ პოლიციელები და ჩაუტარდათ წვრთნა. ორი თვის განმავლობაში მასწავლებლებმა და პოლიციელებმა მეცხრეკლასელებს 10 გაკვეთილი ჩაუტარეს. ისეთ უბნებშიც კი, სადაც სტერეოტიპი პოლიციის მიმართ უარყოფითია, მაგალითად, მთაწმინდაზე, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ბავშვები ისევ ელოდებიან, როდის ჩაუტარებენ პოლიციელები გაკვეთილს. მაგრამ ერთდროულად ამის გაკეთება საქართველოს ყველა სკოლაში წარმოუდგენელია და ამის ილუზია არც არავის აქვს.

ნინო გოგუაძე: აქვე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც, საბედნიეროდ, ჯერ ვერ განხორციელდა. ყველა სკოლაში უნდა შემოღებულიყო მასწავლებელთა ქცევის კოდექსი, სადაც ნულოვანი ტოლერანტობა იყო გამოცხადებული ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეების მიმართ და მომავალში იგეგმებოდა ასეთი მოსწავლეების ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა. ეს იდეა ნამდვილად არსებობდა. საითკენ მივდივართ?

სიმონ ჯანაშია: ქცევის კოდექსი არ იყო იმისთვის, რომ ვინმე დასჯილიყო. ნულოვანი ტოლერანტობა, ბავშვის კი არა, სწორედ ქცევის მიმართ იყო გამოცხადებული. ალტერნატიულ სკოლებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მოსწავლეს ძალიან ბევრი საფეხური უნდა გაევლო იმისთვის, რომ ვინმეს ჩაეთვალა, უქმნიდა თუ არა ის სხვებს საფრთხეს. თუ ბავშვი რაღაცას დააშავებს და სკოლა არ იტყვის, რომ ეს ცუდია, ბავშვი, ბუნებრივია, მეორეჯერ უარესს გააკეთებს. კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში ნეგატიური ფორმულირება მართლაც იყო, მაგრამ საბოლოო ვარიანტში შეიცვალა. რა იყო ის ალტერნატიული სკოლა? ეს იყო საშუალება, რომ არ მოხვედრილიყავი კოლონიაში. სამუდამოდ არავის აგზავნიდნენ ასეთ სკოლაში. საქართველოში დღესაც არსებობს ასეთი სპეციალური სკოლები, მაგალითად - სამტრედიასა და კაჭრეთში.

გიორგი გახელაძე: სასკოლო სასწავლო გეგმის დონეზე სკოლა თავისუფალია. ჩვენ შევთავაზეთ სკოლას სასწავლო გეგმაში დასანერგი რამდენიმე პროგრამა, დაწყებით კლასებში ესაა ტოლერანტობის პროგრამა, რომელზეც უდიდესი მოთხოვნაა, არა მარტო საქართველოში, მოსკოვის და ნიქოზიის ქართულმა სკოლებმაც კი მოითხოვეს ეს პროგრამა, ასევე საგზაო უსაფრთხოებისა და სამართლებრივი კულტურის პროგრამები. როცა ეროვნული შეფასება ჩატარდება IX კლასელებთან სამოქალაქო განათლებაში და მოსწავლეთა მიღწევების გაზომილი შედეგები გვექნება, მაშინ უფრო უპრიანი იქნება საუბარი იმაზე, სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამა გავზარდოთ, შევამციროთ, თუ შევცვალოთ.

სიმონ ჯანაშია: ის, რომ სამოქალაქო განათლება ასწავლო საგნის დონეზე, ნამდვილად არაა საკმარისი. საზოგადოებაც შესაბამისი უნდა იყოს.

ნინო ბექიშვილი: ცალკე საკითხია საჯარო სკოლების აკრედიტაცია. სკოლები ხომ სახელმწიფოს საკუთრებაშია? ანუ თავად სახელმწიფო საკუთარ თავს უწესებს რაღაც მოთხოვნას და თუ ეს მოთხოვნა არ სრულდება, სკოლას ხურავს?

გიორგი გახელაძე: აკრედიტაციის პროცესი ერთი საერთო სქემით ხორციელდება და გულისხმობს, ერთი მხრივ, სკოლის მიერ საკუთარი საქმიანობის შესწავლას - თვითშეფასების განხორციელებას და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გარე შეფასებას. ამ ორი შეფასების საფუძველზე, რომელსაც აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საბჭოს წევრები განიხილავენ, მოხდება აკრედიტაციის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აკრედიტაციას ორი ძირითადი მიზანი აქვს: საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

0x01 graphic

თამარ ამზაშვილი

ნინო გოგუაძე: თავიდან იყო ასეთი პროექტი, რომ თუ აკრედიტაციას ვერ გაივლიდა, სკოლა იხურებოდა და ატესტატს არ გასცემდა, ბავშვები ჰაერში რჩებოდნენ. ახლა აღარ არის ასე?

გიორგი გახელაძე: არა, მაგრამ ახლანდელ კანონშიც არის ერთი კაზუსი. კანონის დონეზე აკრედიტაციის პროცესის სამართლებრივი შედეგის ოთხი კატეგორიაა განსაზღვრული - მინიჭება, პირობითი, არმინიჭება და გაუქმება. ეს ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე. პირობითის და არმინიჭების შემთხვევაში, კერძო სკოლებთან აღწერილია, რა მოხდება და კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. სახელმწიფო სკოლებთან მიმართებაში კი, სამწუხაროდ, მკაფიოდ აღწერილი არ არის. აკრედიტაციის ცენტრმა სკოლებს თანამშრომლობა სთხოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 64-მა სკოლამ გამოაგზავნა შენიშვნები.

ნინო გოგუაძე: თავის დროზე ერთ-ერთი ხელშეუხებელი რამ იყო განათლების რეფორმა. განათლების სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო სკოლებზე, მათი დამხმარე უნდა იყოს. კი არ უნდა დავხუროთ სკოლები, განსაკუთრებით რეგიონებში, ხელი უნდა შევუწყოთ. მაქვს ძალიან ადამიანური შემოთავაზება, რომ რაც არ ვარგა, ვთქვათ, ვეძებოთ გამოსწორების გზები. რაც კარგია, ისიც შევაფასოთ. მასწავლებლის პრობლემა კი მართლაც ძალიან მწვავედ დგას და არც გადაჭრის გზები მოჩანს.

16 სომხური საკითხი: უპასუხო კითხვა

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: ქეთი ქანთარია

0x01 graphic

სომეხი დევნილები სირიისკენ მიმავალ გზაზე, 1915

0x01 graphic

სტამბული, 24 აპრილი 1915

0x01 graphic

1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი

რაც უფრო ღრმად ვსწავლობდი ისტორიას, მით უფრო იზრდებოდა იმ მსხვერპლის რიცხვი, რომლის ტანჯვის თანაგანცდას ვცდილობდი. მივხვდი, რომ მეხსიერება ადამიანს მხოლოდ წარსულის დასამახსოვრებლად არ სჭირდება, ხსოვნამ მისი სინდისიც უნდა გამოაღვიძოს. მერე გენოციდების თანამედროვე მაგალითები შემომხვდა, 1915 წლის სომხების ხოცვა-ჟლეტის მსგავსი...

ჩემ თავში გაბედული გეგმა იშვა. ვფიქრობდი, როგორ მომეხერხებინა, რომ თურქეთს ამ კონვენციის რატიფიცირება პირველ ოც ქვეყანას შორის მოეხდინა. ეს სომეხთა წინაშე მათი დანაშაულის საზღაური იქნებოდა. თუმცა ვიცი, რომ განხილვისას ყველა მხარე ერთ რამეზე საუბარს აირიდებდა - იმაზე, რაც ყოველ მათგანს ფიქრში ექნებოდა: სომხებზე...

სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ვიღას ახსოვს?
ადოლფ ჰიტლერი

პირველი ფრაზები ეკუთვნის პოლონური წარმოშობის ებრაელ იურისტს, რაფაელ ლემკინს, რომელმაც XX საუკუნის 30-იან წლებში საერთაშორისო სისხლის სამართალში შემოიღო ტერმინი „გენოციდი“. მისი ჩანაწერები ნათელს ხდის, რომ ტერმინის შემუშავებისას გუნებაში სწორედ ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომეხთა ხოცვა-ჟლეტვა ჰქონდა. ტერმინმა საერთაშორისო სტატუსი 1948 წელს შეიძინა, როდესაც გაერო-მ მიიღო კონვენცია „გენოციდის შესახებ“. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სომეხთა გენოციდის აღიარების მოწინააღმდეგე იურისტები და ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურება ამ კონვენციაზე მიღებულ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

გენოციდი (ბერძნ. „გენოს“ - ჯიში, თემი და ლათ. „ცაედო“ - ვკლავ), საერთაშირისო სამართალში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების რასისტული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით მიზანმიმართულ განადგურებას შეესატყვისება. ზოგიერთი მოსაზრებით, გენოციდი შეიძლება მიეწეროს კონკრეტულ ხელისუფლებას და არა სახელმწიფოს. სომეხთა ტრაგედიის გენოციდად აღიარების მოწინააღმდეგე ზოგი იურისტი აცხადებს, რომ გაერო-ს 1948 წლის დოკუმენტს რეტროაქტიული, ანუ წარსულზე მიმართული მოქმედება არ გააჩნია, იგი მსგავსი ქმედებების სამომავლო შეფასებისთვისაა მიღებული. ვენის კონვენციის 28-ე მუხლი ხელშეკრულებების შესახებ ხელშეკრულებების რეტროაქტიულ მოქმედებას კრძალავს, მაგრამ თვით ეს დოკუმენტი ძალაში 1980 წელს შევიდა, ამიტომ კონვენციაზე „გენოციდის შესახებ“ უკუქმედების ძალა არ გააჩნია.

სომხები თავიანთი ტრაგედიის წლისთავებს 24 აპრილს აღნიშნავენ. 1915 წელს ამ დღეს კონსტანტინოპოლში სომეხი ერის საუკეთესო წარმომადგენლების დეპორტაცია დაიწყო, მათი ნაწილი კი დახოცეს. გენოციდის (რაკი სომხებისთვის ასეთი შეფასება სადავო არაა) პიკად 1915 წელი ითვლება. 1915-16 წლებში ოტომანთა იმპერიაში სომეხთა მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ დაახლოებით 1-1,5 მილიონი სომეხი იმსხვერპლა. თუმცა, ამ ტრაგედიას სხვადასხვა ჩარჩოებში: 1853-1923, 1876-1923 აქცევენ და, შესაბამისად, ზოგიერთი მონაცემით, ამ პერიოდის მსხვერპლთა მთლიანი რიცხვი 3 მილიონს აღწევს.

როგორც ვხედავთ, ორივე განვრცობილ ჩარჩოს ამოსავლად რუსეთთურქეთის ორი ომის დასაწყისი აქვს. „სომხური საკითხის“ აღმოცენებას ოტომანთა იმპერიაში საფუძველი სწორედ ამ ომებმა, და ამ და შემდგომ წლებში თურქეთის სომხების მიერ რუსეთის აქტიურმა მხარდაჭერამ მოუმზადა.

მე-15 საუკუნეში თურქთა მიერ დაპყრობილ ბიზანტიურ მიწებს შორის კილიკიის სომხური სამეფოც შედიოდა, რომელიც კილიკიაში 1080 წელს დაარსდა. მისი მოსახლეობა ვასპურაკანიდან, ანისიდან და კარიდან (ყარსი) გადასახლებული სომხებისგან შედგებოდა. სახელმწიფომ, რომელშიც უშუალოდ სომხური და ევროპული ტრადიცია ერთმანეთს საინტერესოდ შეერწყა, სამი საუკუნე იარსება. მას ბოლო მოუღო ეგვიპტელი მამლუქების თავდასხმებმა. ამგვარად, ბიზანტიის დაცემის მომენტისთვის აქ მრავალრიცხოვანი სომხური მოსახლეობა იყო. მე-17 საუკუნის შუა წლებში ოსმალეთს სპარსეთთან დადებული ხელშეკრულებით კვლავ ერგო სომხური მიწები. ესენი არზრუმის, ყარსის, სებასტიის, ვანისა და დიარბექირის ვილაიეთებად დაიყო. ამგვარად, იმპერიის სომხობის უდიდესი ნაწილი თავის ისტორიულ, თურქთაგან დაპყრობილ მიწებზე სახლობდა.

მე-19 საუკუნემდე იმპერიამ არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობით მოატანა და ევროპის სახელმწიფოებზე დამოკიდებული, ნახევრად კოლონიური ქვეყანა შეიქნა. გარდა ეკონომიკურისა, ევროპასა და რუსეთს ოსმალეთის მიმართ პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესებიც ჰქონდა. თურქეთის დაშლას მხოლოდ ინგლისისა და საფრანგეთის მიერ წარმოებული სტატუს კვო-ს პოლიტიკა აჩერებდა. ამის წყალობით დიდი ხნით გადაიდო იმპერიის დაპყრობილი ერების გათავისუფლებაც - თურქეთის ქრისტიანების ინტერესებით სპეკულირება ქრისტიანულ სახელმწიფოებს იმპერიის შინაგან საქმეებში ჩარევას უადვილებდა.

1853 წელს ნიკოლოზ I-მა სულთანს მოთხოვნა წაუყენა: ამ უკანასკნელს თურქეთის მართლმადიდებელ ქრისტიანებზე რუსეთის პროტექტორატი უნდა ეღიარებინა. ინგლისის და საფრანგეთის გავლენით, თურქეთმა მოთხოვნაზე უარი განაცხადა. დაიწყო სამწლიანი ომი, რომელიც თურქეთმა მოიგო, მაგრამ საფრანგეთის და ინგლისის გავლენა იმპერიაზე კიდევ უფრო გაძლიერდა.

1877-78 წლების ომი რუსეთმა ამგვარი გავლენის მოსაპოვებლად დაიწყო. 1878 წელს რუსული ჯარი სტამბოლს მიუახლოვდა და თურქეთს მისთვის მეტად წამგებიან ზავზე მოუხდა დათანხმება. მან ქრისტიანული ქვეყნების დიდი წილი დაკარგა. ამავე წელს სომხური საკითხი პირველად გახდა საერთაშორისო მოლაპარაკებების საგანი.

ქრისტიანული მოსახლეობის სასარგებლოდ რეფორმების გატარებას ოსმალეთს 1856 წლის პარიზის ტრაქტატიც ავალდებულებდა. თუმცა, ამ დოკუმენტში სომხების საჭიროებებზე არაფერი იყო ნათქვამი. ამ ფაქტს ზოგიერთი ავტორი იმით ხსნის, რომ სომხები, იმპერიაში შემავალი სხვა ერებისგან განსხვავებით, არასდროს აჯანყებულან - მხოლოდ ჩივილს სჯერდებოდნენ.

თურქეთი და რუსეთი 1878 წელს სან-სტეფანოს ტრაქტატით შეთანხმდნენ, რომ სომხებით დასახლებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ თურქეთი სომხების სასარგებლოდ რეფორმებს გაატარებდა და მათ უსაფრთხოებას დაიცავდა. თუმცა, ხელშეკრულების ოქმში და საზავო კონვენციაში სომხების ხსენება გაქრა, რამაც ისინი ძალზე შეაშფოთა. ეს შეცდომა მხოლოდ სომეხთა პატრიარქის, ნერსესის დაჟინებით გამოსწორდა. პარაგრაფი ძალაში ამ სახით რომ დარჩენილიყო, რუსეთს სომხურ პროვინციაზე რეალური პროტექტორატის განხორციელება შეეძლო, მაგრამ ახლა საქმეში რუსეთის გავლენის ზრდით შეშფოთებული ევროპული სახელმწიფოები ჩაერთნენ. შემდგომ წლებში მათმა მცდელობამ ეს გავლენა სხვაგვარად გადაანაწილა, მაგრამ თურქეთის სომხები უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ახლა თურქეთი სახელმწიფოთა ურთიერთდაპირისპირებული ბანაკების წინაშე შეიქნა პასუხისმგებელი, მისმა ვალდებულებამ ორაზროვანი მნიშვნელობა შეიძინა. ასეთი პროტექტორების ხელში მოსალოდნელი იყო, რომ ჯოხი როდესმე პროტეჟეზე გადატყდებოდა. ამგვარად, სომხურმა საკითხმა სახელდება მიიღო, მაგრამ მისი გადაჭრა მისი არც ერთი „მფარველის“ ინტერესს არ ემთხვეოდა.

0x01 graphic

სომეხი დევნილები სირიაში, 1915

0x01 graphic

1915 წლის გენოციდს გადარჩნილი სომხები

ამ პერიოდის ევროპელი ავტორები სომეხთა აბსოლუტურ უდანაშაულობას თურქული სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთსულოვნად ამტკიცებენ. „სომხებს არა მარტო ჰქონდათ უფლება, არამედ მათი წმიდათაწმიდა მოვალეობაც იყო, აღმდგარიყვნენ და ჩამოეგდოთ ის ჯოჯოხეთური მთვარობა, რომელსაც ისინი დამამცირებელი ყოფისთვის ჰყავს განწირული“, „დაპყრობილი ქვეყნის მართვის ხანგრძლივობა ამ მმართველობას როდი აკანონებს“ - და მაინც, ამ და მსგავსი გამონათქვამების ავტორებიც კი სომეხთა აჯანყების ფაქტს უარყოფენ, და ამგვარი უარყოფა მართლაც გაკვირვებას იწვევს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ასეთი ფაქტების მიჩქმალვა რაიმე განზრახვით ხდებოდა, თუ ინფორმაციის უქონლობით იყო გამოწვეული?

სინამდვილეში, სწორედ იმ დროს, როდესაც ყველა ეს ნაშრომი თუ დოკუმენტი იქმნებოდა, სომეხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თურქეთში საკმაოდ ძლიერი იყო. 1862 წელს ზედიზედ ხდება აჯანყებები მთიან კილიკიაში, ზეითუნსა და ვანში, მომდევნო წელს - მუმში, 70-იან წლებში აჯანყებების ახალი სერია იწყება, მეამბოხეები სამთავრობო ჯარის ნაწილებს ესხმიან და ანადგურებენ. რუსეთ-თურქეთის ორივე ომში ათასობით სომეხი იბრძოდა, რუსი გენერლები თურქეთის სომეხთა მხრიდან „უანგარო სიმპათიასა და მნიშვნელოვან დახმარებაზე“ საუბრობენ და წერენ. რუსეთის მხარის გენერლობიდან ოთხი: ლორისმელიქოვი, ტერ-გუკასოვი, ლაზარევი და შელკოვნიკოვი სომეხი იყო; მეორე ომის წარმატებულობა მნიშვნელოვანწილად სწორედ მათი დამსახურებაა; თვითმხილველების მოგონებები მოწმობს, რომ რუსები თურქეთის სომხურ პროვინციებში ვერც კი გრძნობდნენ, რომ მტრის მიწაზე იმყოფებოდნენ, რადგან მოსახლეობა მათ, როგორც განმათავისუფლებლებს - სიხარულით და იმედით ხვდებოდათ. დასავლეთ სომხების მეამბოხეთა ორგანიზაციებს აღმოსავლეთის სომხობასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული.

თურქი ავტორები რეალობის სხვა მხარის წარმოჩენას ცდილობენ: სომხებს თურქეთში, მათი აზრით, შესაშური სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ; თურქულ ინტელექტუალურ, პოლიტიკურ თუ საქმიან ელიტაში მათი წილი ძალზე დიდი იყო, ფართო უფლებებით სარგებლობდნენ და მოსაპოვებელი თუ საბრძოლო არაფერი გააჩნდათ. თურქების აზრით, სომეხთა აჯანყებებს მასობრივი ხასიათი არ ექნებოდა, სასულიერო ფენის ბევრ წარმომადგენელს და ნაციონალისტურ ორგანიზაციებს „გნჩაკს“ და „დაშნაკცუთიუნს“ სომხურ მოსახლეობაზე საკუთარი გავლენა ბოროტად რომ არ გამოეყენებინათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს ორგანიზაციები 80-იან წლებში წარმოიქმნა, სომეხთა აჯანყებები კი მანამდეც ხდებოდა.

აშკარა ხდება საგულისხმო წინააღმდეგობა, რომელსაც სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შეფასებისას გვერდს ვერ ავუვლით: მე-19-20 საუკუნის თურქეთი სომხურ მიწებსა და სომხურ მოსახლეობას უკვე შეთვისებულ, ასიმილირებულ ელემენტად ხედავდა, ან სურდა, რომ ასეთად დაენახა, სომხებს ასეთი თვითიდენტობა არ ჰქონდათ.

სომხური საკითხით მანიპულირება ევროპის სახელმწიფოებისთვის თურქეთის შინაგან საქმეებში ჩარევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა, თავად თურქეთისთვის კი - მეტისმეტად მტკივნეულ საკითხად.

რუსეთის, როგორც მეზობელი ქვეყნის, როლი განსაკუთრებით დიდი იყო. რუსეთ-თურქეთის ომების დროს და შემდგომაც, თითქმის ორი ათეული წელიწადის განმავლობაში, სანამ მის ინტერესებში იყო, რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს თურქეთის სომხობას, ასაჯანყებლად აქეზებდა; სომეხ მეამბოხეებსა და რუსულ ჯარს შორის სრული ერთსულოვნება სუფევდა. რუსული არმიის თუ დიპლომატიის ყოველ გამარჯვებას თურქეთში სომეხთა აჯანყებების სერია მოსდევდა. ევროპის სახელმწიფოები დასავლელ სომხებზე გავლენის გასაზრდელად მათთვის კათოლიკურ, ანგლიკანურ თუ პროტესტანტულ მისიებს, სკოლებს, პანსიონებს და საავადმყოფოებს აარსებდნენ. მხოლოდ გერმანია იყო თურქეთის მოკავშირე სახელმწიფო. მაგრამ თუ ამ სახელმწიფოს როლი, განზრახვა და სიმპათიები აშკარად და დაუფარავად ჩანდა, რუსეთის ვერაგულმა პოლიტიკამ დასავლეთის სომხებს გაცილებით მეტად ავნო.

სულთან აბდულ-ჰამიდის ხელისუფლებამ ამ რამდენიმე ექსპანსიონისტის ბუნებას ალღო აუღო და 90-იან წლებში გადაწყვიტა, მათი სპეკულაციების მუდმივი ობიექტისათვის, „ვერაგი და ურჯულო“ ერისთვის თავისებურად მოევლო. ამ პერიოდში რუსი დიპლომატი ვანიდან იტყობინებოდა: „ყველაზე მაღალი რანგის სამთავრობო პირები ამბობენ, რომ აქ სომხების მიერ მეორე ბულგარეთი მზადდება, მაგრამ ისინი (თურქები) მსგავს საკითხებში გამოცდილები არიან, და მთავრობისათვის საზიანო ელემენტის დახრჩობას შეძლებენ. ამგვარად, „სომხურ საკითხსაც“ ბოლო მოეღება.“

90-იან წლებში აბდულ-ჰამიდის გეგმა ფართო მასშტაბით განხორციელდა. 1894 წლის აგვისტოში დაიწყო სასუნის დარბევა, რომელსაც 10 000 სომეხის სიცოცხლე შეეწირა. ზოგი იმდროინდელი დოკუმენტიდან ჩანს, რომ თურქები სომეხ მეამბოხეებს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაში სდებდნენ ბრალს, და საკუთარ ქმედებებს საპასუხო შურისძიებად თვლიდნენ. 1895 წელს მოხდა სომხების დარბევა კონსტანტინოპოლში, სადაც ყველაზე ბევრი გავლენიანი და მდიდარი სომეხი ცხოვრობდა. თურქეთის რეგულარული ჯარის, „ჰამიდიებისა“ და ხანდახან მათ რაზმებთან მიერთებული ქურთების სადამსჯელო ოპერაციების სერია იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში და მთელ დასავლეთ სომხეთში: ვანში, ხარბერდში, დიარბექირში, არზრუმში, მარაშსა და სებასტიაში გაგრძელდა.

მაშინ ბევრი ევროპელი და რუსი ავტორი ამ ამბების მიზეზად ქრისტიანთა მიმართ მუსლიმების სიძულვილს ასახელებდა. იმერეთის სომხური ეპარქიის მეთაური კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა: „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სომხების მიმართ თურქების სიძულვილისა და მათი დევნისა რუსეთის მიმართ სომხობის ერთგულებაა, რომელიც მან თურქეთთან გადატანილ ყველა ომში გვაჩვენა.“

თურქეთის ამბებს ევროპაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1895 წელს ჩესტერში გლადსტონმა სომეხთა მხარდასაჭერი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც მთელს ევროპაში გავრცელდა და დაუსრულებელი ციტირების წყაროდ იქცა. „სომეხი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია ქრისტიანულ სამყაროში. ეს მშვიდობიანი და გონიერი ერია…... თუ ოდნავ მაინც შეგვრჩენია ჰუმანურობა, თუკი საკუთარი ღირსება რამედ გვიღირს….. უნდა ჩავერიოთ.“ ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ცოტა ხნით ადრე გლადსტონმა ირლანდიელთა ამბოხება არანაკლები სისასტიკით ჩაახშო.

თურქეთის მთავრობამ ევროპის შეშფოთებული სახელმწიფოებისგან კიდევ ერთი კოლექტიური ნოტა მიიღო. იმავდროულად, მათი დიპლომატების არაოფიციალურ კორესპონდენციაში ასეთი განწყობა იკითხებოდა: „ფილანტროპმა, შესაძლოა, ციხის დათვალიერებისას ძალიანაც განიცადოს, თუკი ხუნდებდადებულ პატიმარს დაინახავს, მაგრამ არ მგონია, საჩივლელად დრო დაკარგოს, თუკი შეიტყობს, რომ ის პატიმარი სიკვდილმისჯილი იყო.“

სომხების დარბევები მეოცე საუკუნის დასაწყისშიც გრძელდებოდა, მაგრამ ისეთი მასობრივი ხასიათი აღარ ჰქონია, როგორც - 1895-96 წლებში. საუკუნის დასაწყისი იმპერიაში საგანგაშო სიტუაციით აღინიშნა. რუსეთისა და ირანის 1905 წლის რევოლუციებმა გავლენა თვით თურქული მოსახლეობის გარკვეულ სოციალურ წრეებზეც იქონია. აბდულ-ჰამიდის მმართველობის ფორმა მსოფლიოს პოლიტიკური სიტუაციის ფონზე აშკარად ანაქრონისტული იყო. 1903 წელს ჟან ჟორესმა პარიზში წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ევროპას, მხოლოდ თურქეთის ქრისტიანულ მოსახლეობაზე კი არა, ეთნიკურად თურქი მოსახლეობის უფლებებზეც უნდა ეზრუნა. „ისინი (თურქები) უკვე თავადაც განიცდიან ისეთ შევიწროებას, როგორც სხვა ერებს ავიწროვებდნენ.“ ეს უკვე დასაცემად განწირული იმპერიის სიმპტომი იყო.

სომხების მიმართ გაღიზიანების კიდევ ერთი მიზეზი სწორედ თურქების ამ მძიმე მდგომარეობაში იმალებოდა. სომხები ხომ ბევრ, და განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ სფეროში იყვნენ დაწინაურებულნი. მაშინ, როცა ევროპულ კაპიტალს თურქეთის ბაზარი გარედან ჰქონდა დაპყრობილი, ქვეყნის შიგნით ეკონომიკის ბერკეტები უმთავრესად სომხებს ეპყრათ. თურქული ეროვნული ბანკის დირექტორიც კი ეთნიკურად სომეხი იყო, ნავთობის ცნობილი მაგნატი გულბენკიანი, თანაც - დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. თურქეთის ბურჟუაზია ამ ფონზე საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა.

ასეთ ვითარებაში გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე „ახალგაზრდა თურქების“ ორგანიზაცია, რომელიც ორივე ეთნოსმა იმედისმომცემ ძალად აღიქვა. მას ძლიერი გავლენა ჰქონდა თურქეთის ბურჟუაზიაზე, ოფიცრობაზე, პროგრესულ პროდასავლურ წრეებზე, თან სომხურ და სხვა ეროვნების რევოლუციურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა, და 1908 წელს ხელისუფლებაში მათი მხარდაჭერითაც მოვიდა. „ახალგაზრდა თურქებმა“ თავი პარტიად გამოაცხადეს, კონსტიტუცია აღადგინეს, პარლამენტი მოიწვიეს, მაგრამ სომხები მალე დარწმუნდნენ, რომ მათი მხარდაჭერით მოსული ხელისუფლებაც თურქული იყო და ეროვნული საკითხი მათგან განსხვავებულად ესმოდათ.

ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თურქეთის სომხობამ იმედის თვალი ისევ რუსეთს მიაპყრო. ახალმა ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ძველი ხერხით განაგრძო, და 1909 წელს ადანის სომეხთა უსასტიკესმა ხოცვა-ჟლეტამაც არ დააყოვნა. მოვლენები გარკვეულ მომენტამდე ძველი სცენარით ვითარდებოდა: სომხური საკითხით სპეკულირების შესაძლებლობა კვლავ გაჩნდა. რუსეთმა მეზობელი სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩარევა განაახლა. რუსი დიპლომატების მიწერ-მოწერაში ასეთი, არა მხოლოდ ფორმულირების, არამედ პრიორიტეტთა რიგის მხრივაც სიმპტომატური ჩანაწერები ჩნდება: „რუსეთი მიმდინარე მოვლენების უბრალო მოწმედ არ უნდა დარჩეს, თურქები ამ ოლქების დაკავებით უნდა შეაჩეროს. ასე რომ მოიქცევა, ერთი მხრივ, უშუალოდ მიუახლოვდება თავის დიდ ამოცანას(!), მეორე მხრივ, ისევ ქრისტიანული მოსახლეობის მფარველისა და განმათავისუფლებლის როლში წარმოჩინდება.“

მაგრამ, ამავე პერიოდში რუსულ პოლიტიკაში ერთი ახალი ფაქტორი ჩნდება: სიტუაცია ორივე - რუსეთის და თურქეთის იმპერიაშიც შეცვლილია. „ახალგაზრდა თურქებს“ სომხურ ელემენტთან სიამტკბილობა მოთავებული აქვს. ამიერიდან მათი გზები ეროვნული საკითხის გამო იყრება;

რუსეთში, დიდი ხანია, რევოლუციური სიტუაციაა. იქმნება საშიშროება - დასავლეთ სომხებისა და ამიერკავკასიის, ამ მღვრიე და ფეთქებადსაშიში რეგიონის რევოლუციურ მოძრაობათა გაერთიანების შესაძლებლობა. ეს კი ხელს არც ერთ იმპერიას არ აძლევს.

ამგვარად, რუსეთის გენერალური შტაბის დოკუმენტზე ამგვარი მინაწერი კეთდება: „სომხური ნაციონალური საკითხის წამოჭრა სრულებით არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, რომელსაც კავკასიაში სომხებით დასახლებული მთელი ოლქები აქვს.“ გრაფი მურავიოვი ვილჰელმ II-ს წერს: „სომხური ეროვნული მოძრაობა ... საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის ნაწილია და ჩანასახშივე უნდა იქნას ჩახშობილი.“ რუსეთისთვისაც და თურქეთისთვისაც კარგადაა ცნობილი დაშნაკების სწრაფვა „დიდი სომხეთის“ აღდგენისკენ. სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან მარკოვი კითხულობს: „რაში სჭირდება რუსეთს კავკასიის საზღვარზე დიდი სომხეთი? ეს ხომ მეორე მაკედონიაზე უარესია, ეს მეორე პოლონეთია.“

1913 წელს, როცა ამიერკავკასიის საზღვრებს 40 000 სომეხი ლტოლვილი მოადგა, რუსულმა დიპლომატიამ მათ ისეთი „დახვედრა“ მოუწყო, რომ ამ სასოწარკვეთილი ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ თურქეთში დაბრუნდა.

1914 წელს ე.წ. ტრიუმვირატის მმართველობის პერიოდში თურქეთი გერმანიის გამო I მსოფლიო ომში აღმოჩნდა ჩათრეული. თურქეთის და რუსეთის ბრძოლა ამ ომში, სადაც ისინი დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკებში იყვნენ გაერთიანებულნი, მიზნად ისახავდა, ერთმანეთისთვის რაც შეიძლება მეტი მიწა წაეტაცებინათ. ამის გამო სომხური საკითხის გაღვივება მისთვის სახიფათო იყო: ხომ შეიძლებოდა, რუსეთის იმპერიას საკუთარი სომხეთიც დაეკარგა? მაგრამ გადამწყვეტი სხვა ფაქტორი გამოდგა: თურქეთის სომხეთი მტრის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კარგი პლაცდარმი იყო, და რუსეთმა სომხების წაქეზების ძველი, ნაცადი პოლიტიკა განაახლა.

1914 წელს არზრუმში სომხებთან მოსალაპარაკებლად თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ, რათა რუსეთ-თურქეთის შეჯახების შემთხვევაში სომხების პოზიცია გაერკვიათ, და სომხებისგან ყველა შეთავაზებაზე კატეგორიული უარი მიიღეს. მაშინ თურქმა დელეგატებმა განაცხადეს: „აშკარაა, რომ კავკასიაში სომხები რუსებს ემხრობიან და თურქეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. თურქეთის წარუმატებლობის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ, სომხებს დაგაწვებათ.“

დასავლეთ სომხეთიდან ბევრი იქაური მკვიდრი, მათ შორის დაშნაკები, რუსეთში გადადიოდნენ, რომ თურქების წინააღდეგ მის ჯარში ებრძოლათ. რუსების წაქეზებით მოხალისეთა რაზმები თურქეთის ტერიტორიაზეც იქმნებოდა. მაშინ თურქეთის მთავრობამ ბრძანებულება გამოსცა, რომელშიც ერთგან ნათქვამი იყო: „აშკარაა, რომ როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისევ წამოიჭრება სომხური საკითხი, რომელიც, უკვე ნახევარი საუკუნეა, საერთაშორისო საკითხად იქცა, და თურქეთის გულს ლახვარივით ესობა. ამიტომ „ახალგაზრდა თურქების“ მთავრობამ და იტიხადის კომიტეტმა გადაწყვიტეს, სომხური საკითხის ხელახალი აღმოცენება თავიდან აიცილონ.“

სომხური საკითხის არიდება კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - თურქეთში სომხები აღარ უნდა დარჩენილიყვნენ. სომხების 1915 წლის უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტამდე დიდი დრო აღარ რჩებოდა. ამ ხალხის პერიოდული განადგურება და მასობრივი დეპორტაციები 1922 წლამდე გრძელდებოდა.

სომეხი ერი სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან დღემდე აყენებს ამ ტრაგედიის გენოციდად ცნობის საკითხს. თურქეთის მხარეს საწინააღმდეგო არგუმენტები მოაქვს. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც ორ ერს განსხვავებული ისტორიული რეტროსპექტივა, ისტორიული წარსულის განსხვავებული წაკითხვა გააჩნია. ის, რაც ერთი მხარისთვის სახელმწიფო ინტერესების ვერაგულ ღალატად განიხილება, მეორისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა იყო. „დაპყრობილი ქვეყნის მართვის ხანგრძლივობა ამ მმართველობას როდი აკანონებს; არც მისი მსხვერპლნი არიან ვალდებულნი, მას უერთგულონ; მათ კანონიერი უფლება აქვთ, უცხო მმართველობიდან თავი პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში დაიხსნან …...“ (არმინ ვეგნერი). უცხო მმართველობიდან საქართველოს ყოველი დახსნაც მხოლოდ იმგვარი ხელსაყრელი მომენტებით სარგებლობის შედეგად ხდებოდა შესაძლებელი, როგორიც სომეხთათვის დამპყრობელი ქვეყნის დასუსტება და ამა თუ იმ ომში მონაწილეობა იყო.

თუმცა, სომეხთა გენოციდის აღიარების საწინააღმდეგო არგუმენტად თურქებს მხოლოდ ის არ მოაქვთ, რომ ეს ერი ფაქტობრივად მათი მუდმივი მეხუთე კოლონა იყო. თურქი ისტორიკოსები და მათი ევროპელი კოლეგები, მაგალითად, აღიარებული მეცნიერები ნორმან სთოუნი, ბერნარ ლიუსი, ჟილ ვაინშტაინი უარყოფენ მათი განადგურების მიზანმიმართულ ხასიათს, რაც გენოციდის აღიარების აუცილებელი პირობაა. ამ შინაარსის ოსმალური დოკუმენტები მართლაც, პრაქტიკულად, არ არსებობს, მაგრამ 1978 წლიდან გერმანიაში დევნილის სტატუსით მცხოვრები თურქი ისტორიკოსი თანერ აქჩამი, რომელიც ამ საკითხში ორჰან ფამუქის და ორი წლის წინ მოკლული სომეხი ჟურნალისტის, გრანტ დინკის თანამოაზრეა, წერს, რომ მსგავსი დოკუმენტების ძიება ერთი შეცდომითაა გამოწვეული: სომეხი და დასავლელი ისტორიკოსები არ იცნობენ ოსმალების ტრადიციულ დამოკიდებულებას წერილობითი დოკუმენტების მიმართ - ეს ტრადიცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბრძანებულებების სიტყვიერ ხასიათს გულისხმობს. თავის გახმაურებულ წიგნში „თურქული ეროვნული ცნობიერება და სომხური საკითხი“ აქჩამი საინტერესო და ღრმა ანალიზს გვთავაზობს, თუ რატომ ადევს ტაბუ სომხურ საკითხს დღევანდელ თურქეთში. აი, მის მიერ ჩამოთვლილი მიზეზები: ისტორიული ცნობიერების და მეხსიერების არქონა; ეროვნულ ცნობიერებაში მომხდარი წყვეტა, რისი მიზეზიც რესპუბლიკური პერიოდის თაობების მიერ ყოველივე ოსმალურის ზიზღში, 600-წლიანი ისტორიისათვის, მისი ისლამურობისთვის ხაზის გადასმაში, წარსულის დავიწყების სურვილში იმალება; თურქი ერი დემოგრაფიულადაც „ახალგაზრდაა“. თურქეთის რესპუბლიკური პერიოდი მართლაც წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, ოსმალური წარსულის სიძულვილი იკვეთება, მეორე მხრივ კი - ოსმალური პერიოდის დანაშაულებათა უარყოფის ან დავიწყების სურვილი. მართალია, თურქეთის ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა ორი წლის წინ კამპანია „სომხებო, შეგვინდეთ“ წამოიწყო, მაგრამ თურქეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტაზე არაფერი იცის, ხოლო 2008 წელს ერდოღანმა განაცხადა: „ეს დანაშაული ჩვენ არ ჩაგვიდენია, და პატიება არავისთვის გვაქვს სათხოვნი.“ 2007 წელს, როცა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა სომეხთა გენოციდის აღიარებას ამზადებდა, თურქეთი ამერიკას სავაჭრო ურთიერთობათა გაწყვეტითა და ერაყში შეჭრით დაემუქრა. სხვა რომ არაფერი, სახელმწიფოს მიერ გენოციდის ჩადენის აღიარება მას უზარმაზარ მატერიალურ კომპენსაციას აკისრებს. არადა, თურქეთს გაერთიანებული ევროპის წევრობის მოსაპოვებლად სომეხთა გენოციდის აღიარებას სთხოვენ.

სომეხთა გენოციდი მსოფლიოს 22-მა სახელმწიფომ აღიარა, ზოგიერთ მათგანში ამ გენოციდის უარყოფა, ჰოლოკოსტის მსგავსად, სამართლებრივად ისჯება, მაგრამ როგორც უნდა ამტკიცონ მოწინააღმდეგებმა, რომ გენოციდის კვლევა პოლიტიკოსების კი არა, ისტორიკოსების საქმეა, აშკარაა: აღიარება-აუღიარებლობის საკითხი პოლიტიკური საკითხია: არ აღიარებს ის, ვინც თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებას გაურბის და მათ შორის არიან - თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, აზერბაიჯანი, ისრაელი, რომელიც, ჰოლოკოსტთან მკაფიო პარალელის მიუხედავად, არ ივიწყებს, რომ მუსლიმური ქვეყნებიდან ისრაელის სახელმწიფო პირველმა თურქეთმა აღიარა, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა. აშშ-ში, მისი 42 შტატის აღიარების მიუხედავად, სომხური საკითხი ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ სპეკულაციების თემა ხდება. გავლენიანი სომხური დიასპორის მხარდაჭერას ყოველი კანდიდატი ეძებს, მაგრამ წინასაარჩევნო ემოციურ თანადგომას და ბუნდოვან დაპირებებს აქამდე მხოლოდ არჩევნების შემდგომი დუმილი მოსდევდა.

ბარაკ ობამამ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ამერიკას ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც ამ საკითხზე სრულ სიმართლეს იტყვის, და რომ ასეთი პრეზიდენტი თავად იქნება. 6 აპრილს თურქეთის პარლამენტში გამოსვლამდე მან განაცხადა, რომ პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა არც სიტყვა „გენოციდი“ უხსენებია. ახლა მთელი მსოფლიო, და მით უფრო სომეხი ერი, 24 აპრილს ელის: ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტები ტრადიციულად ამერიკის სომხურ დიასპორას სიტყვით მიმართავენ. ბარაკ ობამას სიტყვის ფასს მისი ამომრჩეველი ამ დღეს შეიტყობს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ხომ შუქურაა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც საკუთარი ზნეობრივი არჩევნის გაკეთება აქამდე ვერ მოახერხეს, ან არ ისურვეს.

რუსი პოლიტიკოსები ამ საყოველთაო მოლოდინს ალბათ ირონიით აზავებენ, მაგრამ საინტერესოა, რა შედეგს მოუტანს მსგავსი გენოციდის აღიარების პრეცედენტი ქვეყანას, რომელსაც უკრაინაში, ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გენოციდების სერია აქვს ჩადენილი, მათ შორის ჩეჩნეთში - სულ ახლახან. გენოციდის აღიარებას მისგან ადიღე-ჩერქეზებიც მოითხოვენ. ეს მოთხოვნა სოჭის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივასთანაა დაკავშირებული. თუმცა, შესაძლოა, სომეხთა გენოციდის აღიარებისა და კავკასიის რეგიონის მომდევნო ათწლეულების პერსპექტივის ფონზე, ეს ოლიმპიადა წვრილმანად იქცეს. ისიც საინტერესოა, დაუჭერს თუ არა მხარს სომხეთი მისი პარტნიორი ქვეყნისადმი ჩრდილოკავკასიელთა სამართლიან მოთხოვნას.

17 დემოკრატიის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: ტომ ნათვუდი
თარგმნა ქეთი ქანთარიამ

0x01 graphic

ბევრი ფილოსოფოსი სახელმწიფო მოწყობის ტიპთა ცვალებადობას ევოლუციად ან პრიმიტიული კომუნალური სისტემიდან დემოკრატიაზე გადასვლად განიხილავს. ითვლება, რომ უკანასკნელმა ფორმაციამ კომუნიზმის კონცეფციასთან მძაფრ იდეოლოგიურ კონკურენციას გაუძლო და ერთადერთ დომინანტურ მოწყობად იქცა; მეტიც, სხვა, მეტ-ნაკლებად ხილული ალტერნატივების უქონლობის ფონზე, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების გამარჯვება არა მხოლოდ ცივი ომის დასრულების, არამედ, გარკვეული აზრით, კაცობრიობის ისტორიის დასასრულის განწყობას ბადებს.

ისტორიის დასასრული, შესაბამისად, მსხვილი კონფლიქტების დასრულებას და კაცობრიობის მშვიდობიან განვითარებაზე გადასვლას უნდა ნიშნავდეს. მაგრამ ასე არ მომხდარა. ვერავინ იტყვის, რომ შეიარაღებული კონფლიქტების რიცხვი ან დაძაბულობა მსოფლიოში კლებულობს, და რომ „ისტორიის დასასრულის“ შემდეგ ისინი თავისთავად გვარდება. რა თქმა უნდა, ამის ახსნა კონფლიქტურ რეგიონებში გარდამავალი მდგომარეობითაც შეიძლება; ამ რეგიონებისთვის ისტორია ახლა სრულდება. მაგრამ ჯერჯერობით იმის საფუძველი არ ჩანს, რომ ამგვარი ახსნა მარქსიზმის აპოლოგეტების არგუმენტებზე უფრო ღირებულად ჩავთვალოთ, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში მსოფლიო კომუნისტური რევოლუციის შეგვიანებას ყოველ დილით ახალ-ახალი მიზეზებით ხსნიდნენ.

დემოკრატიული მოწყობა მართლაც საუკეთესოა მათ შორის, რაც ადამიანს სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე მოუგონია. დემოკრატიისგან ყველაზე შორს მდგომი, ყველაზე ჩამორჩენილი რეჟიმებიც კი დემოკრატიისკენ სვლას ან შესაბამისი რეფორმების გატარების განზრახვას იჩემებენ, თავს საკუთარი ხალხის ჩამორჩენილობით იმართლებენ, და აცხადებენ, რომ საზოგადოებას დრო სჭირდება დემოკრატიისთვის შესამზადებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეჭვქვეშ ისინიც კი არ აყენებენ, ვინც არსობრივად მისი წინააღმდეგია. არსებობს პოლიტიკური მოწყობის სისტემათა ევოლუციის ან, ყოველ შემთხვევაში იმის, რასაც ევოლუციად იხსენიებენ, ორი გავრცელებული ვერსია. ერთ-ერთ მათგანში პოლიტიკური წყობის ცვლა საწარმოო ძალების შეცვლილ თანაფარდობას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, წარმოების ტექნოლოგიათა ცვლა განაპირობებს. თუმცა, იმ მომენტიდან, რაც მარქსისტული იდეოლოგიის გაუმართაობა ნათელი გახდა, ეჭვი ამ ინტერპრეტაციის მიმართაც გაჩნდა. შესაძლოა, ეს ჰიპოთეზა გასული საუკუნეების განვითარებას კიდეც ასახავდა, მაგრამ, კომუნიზმის ნაცვლად, დემოკრატიაზე გადასვლა რომ ახსნან, მარქსისტებს უამრავი ad hoc ესაჭიროებათ. მეორე, საპირისპირო ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ეკონომიკურ განვითარებას ბიძგს იდეები აძლევს, ალბათ არანაკლებ საკამათო უნდა იყოს. მაქს ვებერის იდეებმა ეკონომიკის ფუქციონირებისათვის ინსტიტუციების როლის გაგებაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ფუნდამენტური ეკონომიკური სტიმულები მაინც ინსტიტუციურად დამოუკიდებელია. რა თქმა უნდა, არსებობს ეკონომიკური აგენტები, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მოგების მაქსიმიზაციის მიზნებს ეწინააღმდეგება, მაგრამ კონკურენცია, როგორც გადარჩენისთვის ბრძოლა, საბოლოოდ ბაზარზე ადგილს სწორედ იმათ უმკვიდრებს, ვინც მოგების მოსაპოვებლად მაქსიმალური შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად და აღწევს. ისიც საინტერესოა, როგორ დაამარცხებდა ლიბერალური იდეები და დემოკრატია კომუნიზმს, საბჭოთა კავშირს ატომური იარაღი პირველს რომ შეექმნა, ან კიდევ, განიცდიდა კი კრახს ფაშისტური გერმანიის იდეოლოგია, ამ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომი რომ მოეგო?

ადამიანები გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ადამიანური ღირსების დაცვის უფლება ნებისმიერ მათგანს აქვს. მათთვის, ვისაც ეს უფლება სხვა ყველაფრის საყრდენად მიაჩნია, სახელმწიფოს მოწყობის ერთადერთი შესაძლებელი ფორმა დემოკრატიაა - წყობა, რომელიც ადამიანს თავისუფლებებსა და თანაბარ საარჩევნო უფლებას ანიჭებს, რის გარეშეც, ერთის ღირსება აუცილებლად შეილახებოდა საზოგადოების მეორე წევრისგან. ადამიანების ღირსებას, თავისუფლებასა და თანასწორობას დამცველები ყველაზე ჩამორჩენილ და უუფლებო საზოგადოებაშიც კი მოეძებნება, თუნდაც თავიანთ გარემოში ამის განხორციელების ხერხი არ მოეპოვებოდეთ. ჩვენი წარმოდგენით, ამ ფასეულობათა მარადიულობა უდავოა. თუკი ვინმე იმის გარკვევას ცდილობს, რა აზრისანი იყვნენ ამასთან დაკავშირებით სპარსეთის, ჩინეთისა თუ რუსეთის უუფლებო მკვიდრნი, მათ ზუსტი პასუხის გამოცნობაც თამამად შეუძლიათ. ამ ქვეყნებში ადამიანებს ახლაც თითქმის ისეთივე მწირი უფლებები აქვთ, როგორც საუკუნეების წინ, თუმცა საკუთარი უუფლებობა და მონური მდგომარეობა სამართლიანად და ბუნებრივად არავის მიაჩნია; სრულფასოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა ალბათ დაადასტურებდა ამ ვარაუდს.

„კანონებს ზნეობრივ ძალას ადამიანები სძენენ, და მათივე დამოკიდებულებით კარგავენ ისინი იმავე ძალას. რაკი მთლიანი ყოველთვის მის ნაწილზე მეტია, მაშინ უსამართლობა იქნება, რომ რომელიმე ერთი ნაწილისთვის მისაღები კანონები მთლიანს მიეწეროს; ხოლო რაკი ადამიანები თანასწორები არიან, უსამართლობაა, ადამიანი სხვის მიერ შექმნილი კანონით იზღუდებოდეს. ადამიანები სინამდვილეში იმ კანონებით იმართებიან, რომლებიც საყოველთაო შეთანხმებითაა მიღებული. მონარქს, რომელსაც ძალაუფლებას საკანონმდებლო ხელისუფლება ანიჭებს, მისივე ნების განსახორციელებლად, ეს ძალაუფლება იმდენი უნდა ჰქონდეს, რომ ინდივიდები დაიმორჩილოს, მაგრამ ხალხის მეტ ნაწილზე საბატონოდ არ უნდა ჰყოფნიდეს. იგი პასუხს ხალხის წინაშე აგებს და კანონს ემორჩილება. ხალხი, რომელმაც იგი დანიშნა და მოვალეობები დააკისრა, უნდა ხედავდეს, რომ მონარქი კონსტიტუციას იცავს; ხოლო თუ არ იცავს, ხალხს მისი გადაყენების ძალაუფლება უნდა გააჩნდეს... მოქალაქეთა უფლებები მათს აღმსარებლობაზე არაა დამოკიდებული; რწმენის გამო ვერავინ დაისჯება.“ ეს სიტყვები, ფილოსოფოსთაგან თანამედროვე ლიბერალიზმის საუკეთესო წარმომადგენელს რომ შეეფერება, თითქმის შვიდი საუკუნის წინ მარსილიუს პადუელმა დაწერა. მაგრამ წარსულ ეპოქებში ლიბერალური აზროვნების ნიმუშები რომც არ მოგვეპოვებოდეს, თავისუფლებისა და თანასწორობის ფასეულობათა მარადიულობაში ეჭვის შეტანა მაინც შეუძლებელია. საბედნიეროდ, თავისუფლებისთვის თავგადადებული მებრძოლების ნაკლებობა არც ერთ ეპოქაში არ შეინიშნება; კაცობრიობის ზედროული ღირებულებების შესახებ წარმოდგენაც მათი წყალობით გვაქვს. ამათგან ყველაზე სახელგანთქმულნი ძველი საბერძნეთის და რომის ქალაქებში ცხოვრობდნენ. ამ ქალაქების მაცხოვრებლების რწმენა, რომ ღირსება და თავისუფლება ბუნებრივად ეკუთვნოდათ, ბევრ დღევანდელ საზოგადოებას გამოადგება სამაგალითოდ. მაგრამ უფლებათა თანაბრობის მხრივ, წარსულში კიდევ უფრო დემოკრატიული საზოგადოებებიც არსებობდა. ერთი ასეთი კავკასიის მთებში ვიპოვე. ამ ქვეყანას, ძველი ქართული მემატიანეების მიხედვით, ადრე დურძუკეთი (ახლანდელი ინგუშეთი) ერქვა. ეს ხალხი, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დემოკრატიის პირობებში ცხოვრობდა. რთული ლანდშაფტისა და საუცხოო თავდაცვითი ნაგებობების წყალობით, ინგუშები თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას მე-19 საუკუნემდე იცავდნენ, იცავდნენ მოწყობას, რომელიც თითოეული ადამიანის თანასწორობას და ღირსებას უზრუნველყოფდა. რუსეთის მიერ ინგუშეთის კოლონიურ დაპყრობამდე მათი მტრები მუსლიმანური იმპერიები და მათი ვასალები იყვნენ. მუსლიმანური იმპერიების ქრისტიანულით შეცვლა ამ ქვეყნის ბედს არანაირად არ შეცვლიდა; მაგრამ რუსეთი კავკასიის პირველი აზიელი დამპყრობი იყო, რომელმაც თანდათანობით მთელი საქართველოს დაპყრობა მოახერხა და საკუთარი მმართველობა კავკასიის ორივე მხარეს დაამკვიდრა. საქართველოს სახით დაიკარგა ის ერთადერთი მოკავშირე, რომელიც კავკასიის სამხრეთში იმავე მტრებს, იმავე იმპერიებს იგერიებდა. ინგუშეთი რუსეთის იმპერიის შიდა ტერიტორიად იქცა; მისი საზოგადოებრივი მოწყობის შემდგომი ბედიც ამ გარემოებამ გადაწყვიტა.

0x01 graphic

ინგუშების და ქართველი მთიელების დემოკრატიული ტრადიცია დღემდე არ გამქრალა და თანამედროვე ინგუშეთის და საქართველოს საზოგადოებრივ განვითარებაზე გავლენას კვლავ ახდენს. ძველი დემოკრატიის ეს დაკარგული სამყარო ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ერთი კი სრულიად აშკარაა: წარსულის დემოკრატიები მცირე ტერიტორიის მქონე სახელმწიფოები იყო. დემოკრატიის რომელი ნიმუშიც არ უნდა ამოტივტივდეს გასული საუკუნეებიდან, დარწმუნებული ვარ, ყოველ მათგანს სწორედ ეს მსგავსება გააერთიანებს. ეს კანონზომიერება, ჩემი აზრით, ფუნდამენტურ დემოკრატიულ თავისუფლებათა დიდ ტერიტორიებზე გადაშლის და უზრუნველყოფის შეუძლებლობით აიხსნება. ძველი ბერძნული ქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლოთ მთავარ მოედანზე შეკრებილიყვნენ და ერთმანეთისთვის მოსაზრებები გაეზიარებინათ; მაგრამ სრულიად ბერძნული დისპუტი, კავშირგაბმულობისა თუ საინფორმაციო საშუალებების უქონლობის გამო, შეუძლებელი იყო. რომის მაგალითს რომ დავაკვირდეთ, საინტერესო დინამიკას დავინახავთ: როგორც კი რომი ტერიტორიების შემატებას შეუდგა, დემოკრატიულმა თავისუფლებებმა უკუსვლა იწყო, და სახელმწიფო კლასიკურ იმპერიად იქცა. საკომუნიკაციო საშუალებების განუვითარებლობა ის მთავარი წინააღმდეგობა იყო, რომელიც უწინდელ საუკუნეებში დემოკრატიის განვითარებას შეუძლებელს ხდიდა. ამასთან ჯარის რიცხოვნება ბრძოლებში გადამწყვეტ როლს თამაშობდა, მაშასადამე, დემოკრატიებს, ტირანიებთან შებრძოლების შემთხვევაში, გამარჯვების ნაკლები შანსი ჰქონდათ, რაც წარსულში დემოკრატიების სიმცირეს ხსნის. თუმცა, კომუნიკაციის სფეროში ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოებრივი მოწყობის ცვლას ვერ ხსნის. კომუნიკაციების განვითარება აუცილებელია, მაგრამ დიდ ტერიტორიებზე დემოკრატიის გასავრცელებლად ეს არასაკმარისი პირობაა. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციები მხოლოდ შეთავაზებას უზრუნველყოფს, მაგრამ არსებობს თუ არა დემოკრატიის მოთხოვნილება, ეს ყოველი ცალკეული საზოგადოების თავისუფლებისმოყვარეობასა და თანასწორობის სურვილზეა დამოკიდებული; იმ უფლებების და ამოსავალი შესაძლებლობების ქონის სურვილზე, რომელიც მოცემულ საზოგადოებაში მოცემული მოწყობის არსებობას განსაზღვრავს. საზოგადოება, რომელიც დიდი სახელმწიფოს შექმნის გზაზეა შემდგარი და ამ გზას ომებით მიიკვლევს, უკვე თავისთავადაა დაპყრობილი და დამორჩილებული - საკუთარი ხელისუფლების მიერ. ამიტომ რომელიღაც „ნულოვან“ წერტილში იდეოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა პირველი იმპერია შედგა, ტექნოლოგიურმა შეზღუდვებმა და ინერციამ იგი ჭეშმარიტ ღირებულებებს მაღალი კედლით ჩამოაშორა.

შეხედულება, რომ საყოველთაო თანასწორობის იდეა ქრისტიანობიდან მოდის, დემოკრატია კი დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია, არათუ სიზუსტესაა მოკლებული, არამედ არაპროდუქტიულიცაა, იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ერებს მუდმივი და უნივერსალური ღირებულებების გზაზე ამ მაღალ კედელს ახვედრებს. საყოველთაო თანასწორობა ქრისტიანობიდან, როგორც ასეთიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ნებისმიერი მონოთეისტური რელიგიიდან, რომლებშიც ღმერთი ტრანსცენდენტურია, ადამიანები კი - მის წინაშე თანასწორნი. ამ თვალსაზრისით, მინდა ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებების აქტუალიზაცია ევროპაში პირველად სწორედ პროტესტანტობამ მოახდინა, როცა საერო პირსა და სულიერ მოძღვარს შორის ზღვრები შეამცირა, საეკლესიო იერარქია კი ქრისტიანული მონოთეიზმის გასაძლიერებლად გააუქმა.

0x01 graphic

საერთოდ, რელიგია არადემოკრატიული რეჟიმების დასაყრდენი მეტისმეტად ხშირად გამხდარა, მაგრამ ეს მტკიცება არ შეეხება მკაცრ მონოთეიზმს, რომელიც ასეთი რეჟიმისთვის არათუ დასაყრდენად არ გამოდგება, არამედ, გასაგები მიზეზის გამო, პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ხელისუფლება ყოველთვის პოლითეიზმს და ქურუმების მისთვის დამახასიათებელ ინსტიტუტს ემყარება, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის დგას; ინსტიტუტი ხელისუფლებას კურთხევას აძლევს და მის ლეგიტიმაციას ახდენს, ან ყველა ხერხს მიმართავს, რომ იმთავითვე მონოთეისტურ რელიგიაში პოლითეიზმის ელემენტები შეიტანოს. ნიშანდობლივია, რომ იგივე მარსილიუს პადუელი მღვდლის ფუნქციას კრიტიკულად უდგებოდა, უფრო სიმბოლურ ელემენტად თვლიდა და ღვთაებრივსა და მიწიერს შორის მის შუამავლობას ეჭვქვეშ აყენებდა. მარსილიუსი თავის შეხედულებებში იმდენად თანმიმდევრული აღმოჩნდა, რომ კონსტანტინე იმპერატორის ნათლობის შემდგომდროინდელ ეკლესიას ცოდვიან ორგანიზაციად მიიჩნევდა, რომელიც საკუთარ ფუნქციას უფლის განზრახვას არ უქვემდებარებს. მართალია, ისლამში მღვდლის ფუნქციის მქონე სასულიერო პირი ფორმალურად არ არსებობს, მისი დოქტრინა კი მონოთეისტურად ითვლება, მაგრამ პრაქტიკაში საქმე სხვაგვარადაა. იმამები ისეთივე დახურულ კასტას ქმნიან, როგორსაც განმანათლობამდელი ქრისტიანული სამღვდელოება, ამ რელიგიის რეალური ფორმები კი მას შემდეგ დამახინჯდა, რაც ჯერ არაბთა იმპერიაში, ხალიფების სამსახურში ჩადგა, შემდეგ - ოსმალეთის იმპერიაში. ისლამი თავის პროტესტანტულ რეფორმას ჯერაც მოელის, რაც სამყაროს ამ ნაწილში დემოკრატიის მდგომარეობას ყველაზე კარგად ასახავს.

ბუნებრივია, რომ ათეიზმი დემოკრატიას ისეთსავე სამსახურს გაუწევს, როგორსაც მონოთეიზმი. ერთი მხრივ, სიმპტომატურია, რომ ათეიზმი ევროპაში ძალზე პოპულარულია; მეორე მხრივ კი, კომუნიზმს, ლიბერალიზმის მოქიშპე იდეოლოგიას, რამდენიც უნდა ვეძახოთ ათეისტური, არსით იგი წარმართული რელიგიაა, რომელსაც საკუთარი პანთეონი, ღმერთები, წინასწარმეტყველები, წმინდა სწავლება და ქურუმების კასტა ჰყავს. ლიბერალიზმის მეორე მეტოქეს - ფაშიზმს თუ განვიხილავთ, ფაშიზმმა პოლითეისტური რელიგიის ყველა ატრიბუტით შემოსვლა უბრალოდ ვერ მოასწრო, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ევროპა ის ადგილი გამოდგა, სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად სამი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს: გაჩნდა ახალი ტიპის კომუნიკაციები, შესაბამისად კი, ტერიტორიულად მსხვილ სახელმწიფოებში დემოკრატიის წარმოშობის პრინციპული შესაძლებლობა, პროტესტანტული იდეების წყალობით მოხდა თავისუფლების და თანასწორობის მოთხოვნილების აქტუალიზაცია, და ბოლოს, ევროპელები სამხედრო თვალსაზრისით ისე მომძლავრდნენ, რომ იმპერიებს თავადაც ემუქრებოდნენ.

მეოცე საუკუნის ბოლოს ისე ჩანდა, თითქოს დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება მომხდარია, ლიბერალიზმს კი საფრთხე ამიერიდან აღარასოდეს დაემუქრება. მაშ რატომაა, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც გამოხატვის თავისუფლება ღარიბ საზოგადოებებშიც კი არსებობს, სახელმწიფოების საზღვრები კი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ისტორიის დასასრული მაინც არ დამდგარა?

ჩამორჩენილ საზოგადოებათა მთავარი პრობლემა ტრადიციებია, რომლებიც საუკუნეების ინერციისგან ვერ თავისუფლდება. თავისუფლების, თანასწორობის და პირადი ღირსების, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ღირებულებებმა დევალვაცია განიცადა - ამ ხალხების დათრგუნვა უზარმაზარ იმპერიებში, რომელიც მხოლოდ ტირანიები შეიძლებოდა ყოფილიყო, საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. კორპორატიული ინტერესი ამ ქვეყნების თანამედროვე მთავრობებს დემოკრატიის დამკვიდრების ბუნებრივ მოწინააღმდეგედ აქცევს. ამის გამო, ამ ქვეყნების ხელისუფლებები ყოველთვის შეეცდებიან, საკუთარ მოქალაქეებში ფეხმოკიდებულ ფობიებს და ტრადიციებს მოეჭიდონ, რათა მდგომარეობა შეინარჩუნონ და განიმტკიცონ. თავდაცვის ასეთი მოდელის შესანიშნავ ნიმუშს მაჰმადიანური სამყარო და რუსეთი წარმოადგენენ. პირველი რეჟიმების შენარჩუნების აუცილებლობას ქადაგებს, და უსაფუძვლოდ ამტკიცებს, თითქოს ისლამსა და დემოკრატიას შორის შეუთავსებელი წინააღმდეგობები არსებობდეს. მეორე ყველასათვის გაუგებარ ენაზე საკუთარი გზის ქონას იჩემებს, საკუთარ წყობას კი სუვერენულ დემოკრატიას უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არავის განუმარტავს, რაში მდგომარეობს ამგვარი დემოკრატიის არსი. საბოლოოდ, ამ სტრატეგიებს საფუძვლად შესაბამისი საზოგადოებების მდგომარეობა უდევს: იმის მაგივრად, რომ საკუთარი რეალობა გაიაზრონ და აუცილებელი რეფორმები გაატარონ, არაბებიც და რუსებიც სულ ახალ-ახალი მითებით იტყუებენ თავს.

არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატიულ მმართველობას ეკონომიკური აყვავება და სიმდიდრე მოაქვს. ერთი მხრივ, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ დემოკრატიიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრაქტიკა ამას მოწმობს. მეორე მხრივ, ასეთი დამოკიდებულება მართლა რომ არსებობდეს, ძნელი ასახსნელი იქნებოდა, რატომ არ დაამკვიდრა მერკანტილურმა კაცობრიობამ ეს სისტემები ათასწლეულების უკან. დემოკრატიის დამკვიდრების საფასურად გამდიდრების შეპირება, მე მარტო სიცრუე კი არა, ლიბერალიზმის ყველაზე ფუნდამენტური იდეის შეურაცხყოფა მგონია. ეს იმას ჰგავს, რომ ვინმემ ადამიანებს საუკეთესო მრწამსისთვის ფული გადაუხადოს.

დემოკრატია მხოლოდ ერთი რამის გარანტიას იძლევა - პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების. დიახ, სამოქალაქო უფლებები, რომლებიც სამართლიანადაა შეზავებული პასუხისმგებლობით, ხშირად ეროვნული პროდუქტის ზრდის და სიმდიდრის საწინდარია, მაგრამ საამისო გარანტიები არ არსებობს. როცა ადამიანები დემოკრატიის გზას ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად ადგებიან, მაშინ შედეგი მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორსაც თანამედროვე რუსეთის მაგალითზე ვხედავთ. ჩემი აზრით, ამ ტერიტორიებზე მეტი დემოკრატიის ავტომატურ დამკვიდრებას ვერც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარება მოიტანს, და, შესაძლებელი რომ იყოს, ვერც ტერიტორიული დაყოფა. როდესაც ადამიანები საკუთარი ჩამორჩენილობის თავისებური ახსნით კმაყოფილები არიან და თავს იტყუებენ, ასეთ დროს სიტყვის თავისუფლებას შედეგად მხოლოდ ნაციონალისტური, რელიგიური ან კულტუროლოგიური განსაკუთრებულობის იდეების დაუბრკოლებელი გავრცელება მოაქვს. ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონე პრინციპულად შესაძლებელს ხდის, რომ დემოკრატია ტერიტორიულად დიდ სახელმწიფოებში დამყარდეს, მაგრამ თავად ეს ტექნოლოგიები საზოგადოებრივი განვითარების მიმართ ნეიტრალურია. დემოკრატიული ღირებულებების პრობლემა განვითარებული ნაციების წინაშეც დგას, და ლიბერალური ღირებულებების შენარჩუნება სიფხიზლის გარეშე, თავისთავად არ ხდება. ძნელი სათქმელია, რომელი საფრთხე იქნება გადამწყვეტი: ტერორიზმი, ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა რამ, მაგრამ დემოკრატიისაგან უკუსვლა სავსებით შესაძლებელია დასავლეთშიც კი, და ამ შემთხვევაში, განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ადამიანთა ცნობიერებაზე კონტროლი ტოტალურ მასშტაბებს მიიღებს. თანამედროვე სამყაროში დემოკრატიის წინსვლა ოპტიმიზმის საფუძველს ისედაც არ იძლევა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სანამ შესაბამისი ღირებულებები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიაღწევს, გარდაუვალი უკუსვლა იქამდე დაიწყება. ჯერ ერთი, დასავლური საზოგადოება, ვფიქრობ, კარგად ვერ აცნობიერებს, რა საფრთხეს შეიცავს არათავისუფალ ქვეყნებთან მეზობლობა. ჩვენს საკუთარ მთავრობებსაც კორპორატიული ინტერესები აქვს, ცუდმა მაგალითებმა - ტერორიზმის საშიშროებით საზოგადოების შანტაჟმა უკვე გვიჩვენა, რამდენად გადამდები შეიძლება იყოს ისინი. მეორე: დემოკრატიისათვის მისიონერული როლის მინიჭება გაუმართლებელია და უაზრო - როგორც ვნახეთ, ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, ვინც საკუთარი მიზნების მისაღწევად კაცობრიობის საუკეთესო მისწრაფებებს იყენებს და ასეთი ქცევით მათ დისკრედიტაციას ახდენს.

ამასთან, საფიქრებელია, რომ წინ დემოკრატიზაციის კიდევ ერთი ტალღაც გველის. ჯერ ერთი, ამას ხელს ბიზნესის ახალი მოდელების გაჩენა შეუწყობს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ადამიანებს სამეწარმეო თავისუფლებას ჰპირდება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი კომპანია Apple-ის iPhone პროექტია, რომლის წარმოუდგენელი კომერციული წარმატება ჭეშმარიტად ლიბერალური სულისკვეთების პოლიტიკურმა იდეამ განაპირობა; მეორე, ენერგობალანსში ნავთობის წილის შემცირება, ალტერნატიული საწვავის სახეობათა გაჩენა ბევრ ტირანიას საარსებო რესურსს წაართმევს. თუკი მთვარეზე ჰელიუმ-3-ის მოპოვების და ბირთვულ საწვავად შემდგომი გამოყენების გეგმა რეალური გამოდგა, მაშინ მესამე სამყაროში პოლიტიკური რყევების მასშტაბები სრულიად არაპროგნოზირებადი იქნება.

სახელმწიფოს უამრავი ფუნქცია აქვს, მაგრამ ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების თანასწორობა, ღირსების განმტკიცება და დაცვა. ეს ის ერთადერთი ფუნქციაა, რომელსაც კერძო ხასიათი ვერ ექნება, მისი განხორციელება მხოლოდ საზოგადოებრივი თანხმობით და მცდელობებით შეიძლება. ამის გამო, დემოკრატია მხოლოდ საზოგადოებრივი მოწყობის ის ერთადერთი ტიპი კი არაა, რომელსაც ადამიანი იმსახურებს, არამედ სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი ამგვარი ფორმაც. არადემოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ძალაუფლებას ძალით ან ცრუ იდეოლოგიებით ინარჩუნებენ, ამ თვალსაზრისით, ცხოველთა ჯოგს უფრო შეიძლება შევადაროთ, ან ტოტალური ყალთაბანდობის ნიმუშად ვაღიაროთ, ვიდრე საერთაშორისო სამართლის სუბიექტ დემოკრატიებს გავუტოლოთ. თუმცა, ამგვარი პოზიცია თავისუფალ ნაციებსა და მესამე სამყაროს შორის ურთიერთობათა მკვეთრი გამწვავების მიზეზად არ უნდა იქცეს. ის გარემოება, რომ აშშ, სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ზესახელმწიფოა, მსოფლიო დემოკრატიისთვის ბედის საჩუქარი უფროა, ვიდრე კანონზომიერება. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს უპირატესობა ტირანიის მხარეს იყო, და ორი მონსტრი, ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს რომ არ შეჯახებოდა, თანამედროვე მსოფლიო ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ტირანიები ყველაზე მეტად ასეთი შეპირისპირებით არიან დაინტერესებულნი: როცა გარეშე მტერი არ არსებობს, მისი გამოგონება უხდებათ, და ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოსახლეობის მობილიზაციისთვის საგარეო საფრთხით მანიპულირებენ; ხოლო როდესაც საქმე შეიარაღებულ კონფლიქტზე მიდგება, ტირანიები ყოველთვის შეუზღუდავ შესაძლებლობებს გამოიყენებენ და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს დაუნანებლად და დაუსჯელად გასწირავენ. დემოკრატიის სამხედრო გამარჯვებაც კი არასდროს შეუწყობს ხელს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებათა ზრდას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრიორიტეტულობა სახელმწიფო იურისდიქციაზე მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმების არასრულფასოვნებას კი არ ავლენს, არამედ ისეთი მძაფრი პრობლემების გადაჭრის უნივერსალურ საფუძველს იძლევა, როგორიცაა, მაგალითად, შეიარაღებული სეპარატიზმი. პრობლემის მიმართ დღევანდელი მიდგომა გადაუწყვეტელ დილემას გვიქმნის: ერთ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დგას, მეორეზე - ერთა თვითგამორკვევის პრინციპი. მაგრამ როცა ახალი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივას ადამიანის უფლებათა პოზიციიდან განვიხილავთ, დილემის ფუნდამენტური გადაწყვეტაც გვეძლევა. ჯერ ერთი, ახალი სახელმწიფოს შექმნა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული, თუკი არსებულ რეჟიმში ადამიანის და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები სისტემატურად ირღვეოდა; მეორეც, ახალი სახელმწიფოს შექმნა ამ უფლებების საიმედო გარანტიას უნდა იძლეოდეს; და მესამე, ახალი სახელმწიფო მხოლოდ დემოკრატია შეიძლება იყოს. ამ პირობების შესრულებით ახალი წარმონაქმნი, მეტროპოლიის სურვილის საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა იქნას ცნობილი.

ამგვარი პოზიცია შეიარაღებულ სეპარატიზმს, რომელიც „არასატიტულო“ ერის წარმომადგენლებს, უუფლებო ან დევნილის მდგომარეობისთვის წირავს, ხოლო ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში, ფაქტობრივად, მკვლელები ექცევიან, აღიარების შანსს აღარ უტოვებს. ნათქვამი სრულიად სამართლიანია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში. ამ ტერიტორიების ცნობას პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი სახელმწიფო არ ითავებს, მით უფრო, როცა მოქალაქეთა დიდი უმეტესობა ელემენტარულ უფლებებსაა მოკლებული და იძულებით განდევნილი. საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიებზე ქართველების მასობრივი ჩასახლება რომც მომხდარიყო, სახელმწიფო პასუხისმგებლობის ამ მოქალაქეებზე გადატანა სრული აბსურდია. ამასთან, აფხაზური და ოსური ხელისუფლებები ბანალური ბანდიტური რეჟიმებია, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის არანაირი თავისუფლებები არ მიუნიჭებიათ. თუ კოსოვოს შემთხვევას განვიხილავთ, მართალია, მისი აღიარება მაღალ იდეალებს მთლად არ შეესაბამებოდა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე სერბეთი ალბანელთა მიმართ სისტემატურ ძალადობას მართლაც მიმართავდა, რომლის შეჩერება მხოლოდ ჩრდილო-ატლანტური ალიანსის სამხედრო მისიის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. ამას გარდა, ალბანელები მხარეში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, მაშასადამე, რეფერენდუმის შედეგებიც ლეგიტიმურად უნდა ჩაითვალოს. სერბებს კოსოვოში ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ, და სერბული უმცირესობის უფლებათა დასაცავად მექანიზმები არსებობს. მაშასადამე, ამგვარი აღიარება გამართლებულია, მაგრამ საქართველოს ანალოგიური პრობლემების გადაჭრისას პრეცედენტად ვერ ჩაითვლება.

თავისუფლებისა და საყოველთაო თანასწორობის ღირებულებები ეჭვმიუტანელია, ისინი ადამიანს დაბადებიდანვე ენიჭება. ძველად, არასრულყოფილი კომუნიკაციებისა და ომის ტექნოლოგიათა იმდროინდელ პირობებში, დემოკრატიის განვითარება მხოლოდ მცირე ტერიტორიებზე და ერთეულ შემთხვევებში იყო შესაძლებელი. წარსულის დემოკრატიები ძალადობის და მონობის იმპერიათა ოკეანეში თავისუფლებისა და ღირსების პატარა კუნძულები იყო. წარსულის დემოკრატიათა უკანასკნელი მკვიდრი მეტ პატივისცემას და გაგებას იმსახურებს, ვიდრე დიდ-დიდი დამყრობლები, რომლებიც სამყაროში დესპოტიას და ტირანიას ავრცელებდნენ. ამ ტირანიების ექო მსოფლიოში დღემდე ისმის. თავისუფალ ადამიანად ქცევა, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვა ყველა დროში უფრო რთული იყო, ვიდრე დაპყრობა ან მორჩილება. განმანათლებლობის ეპოქამ დემოკრატიული განვითარების ტალღა ააგორა, რომლის ინერცია ლიბერალურ კაცობრიობას დღემდე საფუძველს უმაგრებს. სავარაუდოა, რომ ეს ინერცია კიდევ გარკვეულ ხანს ივარგებს, მაგრამ მომავალში დემოკრატიისგან უკუქცევა, მისი იდეალებისგან დაშორება ასევე შესაძლებელია, უფრო კი - გარდაუვალია. კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია, მაგრამ ძლიერი და თავისუფალი ადამიანის კვალდაკვალ მართლაც შეიძლება უსუსური და ნების უქონელი ადამიანი მოვიდეს, რომელიც ტირანიაში დაბრუნებას შესაძლებელს გახდის. როცა ფ. ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“ პირველად წავიკითხე, ყველაზე მეტად ისტორიის გარდაუვალი დასასრულის კატეგორიულად პროგნოზირებამ დამაფიქრა. ფატალობასთან შეჭიდების თავისუფალი ადამიანისთვის ბუნებრივმა სურვილმა მრავალი ფიქრი აღმიძრა. დემოკრატიისგან უკუქცევის კიდევ უფრო პესიმისტურ პროგნოზზე თავიდან არც მიფიქრია, თუმცა, საბოლოო ჯამში, სანანებელი არაფერი მაქვს. პირველად მეუფლება შორეულ წინაპრებთან ერთიანობის საოცარი განცდა, რომლებიც თავისუფლებას და ღირსებას ჩვენსავით აფასებდნენ, და - მომავალ თაობებთან, რომლებსაც ყოფიერების ამ მარადიული ღირებულებებისთვის მუდმივი ბრძოლის გაგრძელება მოუწევთ.

18 პატრიოტიზმი - „ჭეშმარიტება“, რომელიც ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას

▲ზევით დაბრუნება


საავტორო

ავტორი: გიორგი მაისურაძე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

0x01 graphic

ჭეშმარიტება, რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას

1989 წლის ივნისის ბოლოს თბილისის ფილარმონიის დიდ დარბაზში ჩატარებულ სახალხო ფრონტის დამფუძნებელ ყრილობაზე მერაბ მამარდაშვილმა წარმოთქვა სიტყვა, რომლიდანაც მხოლოდ ერთადერთი ფრაზა იქნა აღქმული და დამახსოვრებული: „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“! მამარდაშვილის ეს სიტყვა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბეჭდვითი სახით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ჩართულია მასზე გადაღებულ რამდენიმე დოკუმენტურ ფილმში. მსგავსი აზრი მან გაიმეორა იმავე წლის 25 ივნისს გაზეთ Заря Востока-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც, რომელიც Философия действительности-ს სათაურით გამოქვეყნდა. ამ წინადადებას მაშინ არა მხოლოდ ფილარმონიის დარბაზში, არამედ იმდროინდელ ქართულ პოლიტიკურ „დისკუსიებში“ უზარმაზარი აჟიოტაჟი მოჰყვა და, შეიძლება ითქვას, რომ მამარდაშვილის ყველაზე ცნობილ გამონათქვამადაც ჩაიწერა ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა უდიდესმა ნაწილმა ეს სიტყვები ლამის სამშობლოს ღალატად და ყველაზე დიდ ეროვნულ სიწმინდეზე თავდასხმად აღიქვა. თვით ფილოსოფოსის მიმართ კეთილად განწყობილი უმცირესობაც კი რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: ამ აზრის ხმამაღლა და საჯაროდ გაზიარება უკვე ავტომატურად ნიშნავდა ეროვნული მოძრაობის უდიდესი ნაწილის რისხვის სამიზნედ ქცევას. ასეთ ნაბიჯს კი გამბედაობასთან ერთად მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ფხიზელი გონება ესაჭიროებოდა, რომლის დეფიციტსაც იმ დროს საქართველოს ინტელექტუალური ნაწილი ერთობ მძაფრად განიცდიდა.

არადა, მამარდაშვილის ამ სიტყვებისათვის ფილოსოფიური კონტექსტის მოძებნა შეიძლებოდა: რადგანაც იგი იმ ტიპის მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთათვისაც არსებობს ერთი „თავისთავადი“ ფილოსოფია, ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც სხვადასხვა დროსა და გარემოში ადამიანები განსხვავებული ენითა და ფორმით გადმოსცემენ, მაშინ ეს ჭეშმარიტებაც ყველანაირ ლოკალურ და დროით კონტექსტზე მაღლა დგას და არანაირ სეპარატიზმს არ ექვემდებარება; ანუ არ შეიძლება არსებობდეს ქართული, რუსული, ინგლისური და ა.შ. ჭეშმარიტებები - არსებობს მხოლოდ ერთი, რომელიც ყველასათვის საყოველთაო და უნივერსალურია. თუმცაკი ფილარმონიაში წარმოთქმულ სიტყვაში, რომლიდანაც მხოლოდ ეს ერთი ფრაზა ამოიჭრა, მამარდაშვილი ბევრად უფრო კონკრეტულ და ყველასათვის საკმაოდ გასაგებ საგნებზე ლაპარაკობდა; კერძოდ, იგი აქ, გარეგნულად მაინც, მორწმუნე-ქრისტიან აუდიტორიას ესაუბრებოდა სრულიად კონკრეტულად ჭეშმარიტების ქრისტიანულ გაგებაზე, ახსენებდა მათ, რომ ჭეშმარიტების უნივერსალურობა და მისი ყველაფერზე მაღლა დაყენება ქრისტიანული მსოფლმხედველობის უმთავრესი პრინციპია და რომ ქრისტიანობა კატეგორიულად გამორიცხავს ეროვნულობის იდეის ჭეშმარიტებაზე წინ თუ მაღლა დაყენებას. ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში კი მამარდაშვილი ამ თავის ფრაზას დამატებით განმარტებას უძებნის და ამბობს, რომ „მას შემდეგ, რაც გაჩნდა სახარებისეული ათვლის წერტილი, მას შემდეგ, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერებაც: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოიფარგლოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც იგი იქმნება.“ ეროვნული კულტურა კი პიროვნულ საწყისებზეა აგებული, რომლებიც, თავის მხრივ, არა ეთნიკური ან ნაციონალური ხასიათისაა, არამედ უნივერსალურია. „თუ ერში გავანადგურებთ პიროვნულ საწყისებს, რომლებიც არა ნაციონალური, არამედ თავად ადამიანის ისტორიული საწყისებია, დამოუკიდებლად მისი ეთნიკური მიკუთვნებულობისაგან, მაშინ ერის საუკეთესო ნიშან-თვისებები გაქრება. ამასთანავე იგი (პიროვნული საწყისი - გ.მ.) ყოველგვარი სულიერების საფუძველიცაა, რადგანაც მისი არსია ის, რომ სამშობლოზე მაღლა ყოველთვის ჭეშმარიტება დგას, რაც, სხვათა შორის, ქრისტიანული მცნებაა“. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მამარდაშვილი ორი რამით აპელირებდა: ის, რაზეც ეროვნული კულტურა დგას, არის, პირველ რიგში, პიროვნული საწყისი, რომელიც არა ეთნიკური, არამედ უნივერსალისტური მნიშვნელობისაა; ანუ, მაგალითად, რუსთაველი მნიშვნელოვანია როგორც უნივერსალისტური ღირებულებების შემქმნელი და არა იმიტომ, რომ ქართველია, ისევე, როგორც შექსპირში ფასეულია არა მისი ინგლისელობა, არამედ მისი შემოქმედების მსოფლიო მნიშვნელობა, რამდენადაც ეთნიკურობაც და ეროვნულობაც თავისთავად არ წარმოადგენს უნივერსალისტურ ღირებულებას, არამედ არის უნივერსალურის ლოკალური, კერძო ნაირსახეობა, რომელიც იმდენადაა ღირებული, რამდენადაც იგი ამ ცალკეულის საზღვრებს სცილდება და საყოველთაოსთან კავშირში იმყოფება. ეს პრინციპი კი ყველაზე ცხადად ერთერთმა პირველმა უნივერსალისტურმა რელიგიამ - ქრისტიანობამ აქცია საკუთარ ფუნდამენტად, სადაც ჭეშმარიტება, რომლის შემეცნებაც იოანეს სახარების მიხედვით განმათავისუფლებელია, ყოველგვარ ვიწრო ეთნიკურ, ნაციონალურ, კლასობრივ თუ სქესობრივ საზღვრებზე მაღლა დგას, რაც პირდაპირაა განცხადებული უძველესი ქრისტიანული ტექსტების ავტორის - პავლე მოციქულის მიერ: „რადგანაც თქვენ ყველანი ხართ ღვთის შვილები იესო ქრისტესადმი რწმენით“ (გალატელთა მიმართ, 3; 26) და „აქ არავინაა არც ებრაელი და არც ბერძენი, არც მონა, არც თავისუფალი, არც მამაკაცი, არც ქალი, რადგანაც თქვენ ხართ სამუდამოდ ერთნი იესო ქრისტეში“ (იქვე, 3; 28). უკვე ახალი აღთქმის ბერძნული ენა სიტყვა „ეთნოსს“ წარმართობასთან აიგივებს. ადრექრისტიანი ღვთისმეტყველები კი, რომელთა თხზულებებსაც ეფუძნება ქრისტიანული მსოფლმხედველობა, აცხადებდნენ, რომ ნაცია, ანუ სისხლით მონათესავეთა ერთობა, როგორი მნიშვნელობითაც ეს სიტყვა გვიანანტიკურ ხანაში იხმარებოდა, ის საპყრობილეა, რომლიდანაც „კოსმოკრატოსი“, ანუ „სამყაროს ხელისუფალი“ ქრისტე ადამიანებს ათავისუფლებს. ქრისტიანობა მისი ფუძემდებლების, პირველ რიგში კი პავლე მოციქულის წარმოდგენით, იმდენადაა მსოფლიო რელიგია, რამდენადაც ყველა ხალხზე, ეთნოსზე, ერზე მაღლა დგას, ხოლო ქრისტიანთა ერთობისათვის კი განმსაზღვრელი მხოლოდ ევქარისტიული კავშირია, რომლისათვისაც ყოველგვარი ეთნიკური, სოციალური თუ სქესობრივი ნიშნით მიკერძოება ყოვლად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის „სამშობლო“ მხოლოდ წარმომავლობის აღმნიშვნელია, რომელსაც, „მისამართის“ გარდა, არანაირი სხვა ფუნქცია არ გააჩნია. ყველა ადამიანი კი გაერთიანებული უნდა იყოს „ქრისტეს სხეულში“, რომელსაც ერთადერთი მსოფლიო ეკლესია განასახიერებს, და მის კურთხევაზეა დამოკიდებული საერო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. თუმცაკი სამყაროს ასეთი სურათი არასდროს ბოლომდე არ ასახულა პოლიტიკურ რეალობაში და, განსაკუთრებით ევროპაში, საერო ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირების მთავარი საფუძველიც გამხდარა. ეს ბრძოლა ბოლოს ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა, რამაც ერების, ეროვნული სახელმწიფოების და ნაციონალიზმის წარმოშობა განაპირობა. ამის წინაპირობა კი პოლიტიკურ და იურიდიულ ტერმინ „სამშობლოს“ გაჩენა იყო.

ტერმინ სამშობლოს გამოგონება

XIII საუკუნის ევროპაში სამხედრო ერთგულების ფიცის დადების რიტუალში გაჩნდა ახალი იურიდიული ფორმულა - „მეფისა და სამშობლოსათვის“. თუკი აქამდე საქრისტიანოში პოლიტიკური ლოიალობის ერთადერთი სუბიექტი მონარქი იყო, მის გვერდით ადგილი ახალმა სუბიექტმა - „პატრიამ“ ანუ „სამშობლომ“ დაიკავა. სამშობლოსა და მისი ხელისუფლისადმი ერთგულება კი ზესახელმწიფოებრივი და ზენაციონალური რომის ეკლესიის ჰეგემონიისაგან ემანსიპაციის დასაწყისს ნიშნავდა. ამასთანავე თავად სიტყვა სამშობლომაც სრულიად ახალი, მისთვის აქამდე უცნობი პოლიტიკური ტერმინის შინაარსი შეიძინა. თუმცა, სამშობლოს ანუ მამულის ცნება წინაქრისტიანული ხანიდანაა ცნობილი და, როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ წარმომავლობის ან საცხოვრებელ ადგილს აღნიშნავდა. ძველმა ბერძნებმა გამოიგონეს ტერმინი „პატრიოტიც“ (პატრიოტაი), რომელსაც ქალაქის (პოლისის) მკვიდრნი, ანუ „მოქალაქეები“ (პოლიტაი) ირონიულად პერიფერიის, სოფლების მოსახლეობას უწოდებდნენ. ამდენად პატრიოტი თავდაპირველად „მამულის“ (პატრის), მიწის მკვიდრს, ანუ გლეხს ნიშნავდა და თავისი შინაარსით, დღევანდელი გაგებით, „პროვინციალს“ შეესატყვისებოდა. მაგრამ უკვე რომის იმპერიაში გაჩნდა ახალი იდეოლოგიური ფორმულა, რომელმაც „მამულის“, „სამშობლოს“ ცნებას პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა. ეს იყო pro patria mori - „მამულისათვის სიკვდილი“, რომელშიც უკვე არა საკუთარი წარმოშობის ადგილი ან მთელი რომის იმპერიის გეოგრაფიული საზღვრები, არამედ ის პრინციპები და იდეალები იგულისხმებოდა, რომლებსაც ეს იმპერია განასახიერებდა, იქნება ეს რომაული სამართალი თუ მოქალაქეობა, რომი, როგორც სამყაროს ცენტრი თუ რომაული ცხოვრების სტილი, ანუ რომის აბსტრაქტული იდეა. ამგვარი აბსტრაჰირება სამშოსამშობლოს ცნების პროტოტიპად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომელიც თავგანწირვის, მსხვერპლის იდეიდან იბადება. მსხვერპლს კი წინარემოდერნულ საზოგადოებაში ერთადერთი დანიშნულება აქვს: იგი საკრალურია და ამდენად საკულტო, რელიგიური შინაარსის. შესაბამისადაც აბსტრაქტულ იდეად წარმოდგენილი „მამული“, ანუ წარმომავლობის ადგილი, რომელიც ვიწრო-გეოგრაფიულ დატვირთვას კარგავს და ზეგეოგრაფიულ და ზენათესაურ იდეად განზოგადდება, რელიგიური რწმენა-წარმოდგენის რანგში ადის, რომელიც მის დამცველთაგან საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღების მზადყოფნას მოითხოვს. ამავე დროს ესაა ერთგვარი „პოლიტიკური რელიგია“, რამდენადაც საკულტო თაყვანისცემის სუბიექტი არა რომელიმე კონკრეტული ღვთაება, არამედ ღვთაებრივ რანგში აყვანილი პოლიტიკური იდეა, იდეოლოგიაა. არც ერთ კანონმდებლობას არ შეუძლია ადამიანისგან საკუთარი სიცოცხლის ვინმეს ან რაიმესთვის გაწირვა მოითხოვოს, თუ ის არ იღებს რელიგიური მცნების ხასიათს. ამით კი „მამულისათვის თავგანწირვა“ ღვთაებრივობისკენ გზად წარმოისახება.

ქრისტიანობამ, ჯვარცმის სახით, სრულყოფილი მსხვერპლის იდეა დაამკვიდრა. ის, არა მხოლოდ როგორც უნივერსალისტური რელიგია, რომელიც ყოველგვარ წარმომავლობასა და ეთნიკურობაზე მაღლა დგას, არამედ როგორც მონოთეისტური სარწმუნოება, ვერც ერთი სხვა ღვთაების არსებობას ვერ დაუშვებდა და ამიერიდან თავგანწირვა მხოლოდ იმ უმაღლესი და ერთადერთი ჭეშმარიტებისათვის იყო შესაძლებელი, რომელსაც თავად ქრისტე განასახიერებდა; მამული კი, როგორც საკრალური მიწა, რომელზეც გაღმერთებული წინაპრები და სხვადასხვა სახის მფარველი სულები ბინადრობენ, ქრისტიანობისთვის წარმართობის განსახიერებაა. ლათინური ტერმინი პაგანუსი, რომლის მიხედვითაც წარმართობის ცნება გაჩნდა, სიტყვასიტყვით „სოფლურს“, „მიწისეულს“, „მამულურს“ ნიშნავს. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება დაპირისპირება, ერთი მხრივ, მრავალეთნიკურ და მულტიკულტურულ ქალაქურ ცხოვრების ფორმას, რომელიც „უცხოსთან“ მუდმივ შეხებაშია და, მეორე მხრივ, მკაცრად ტრადიციულ სოფელს შორის, სადაც უპირატესობა ყოველთვის ადგილობრივ, ლოკალურ წეს-ჩვეულებებს ენიჭება. ეკლესია იძულებულიც კია, შეეგუოს ამ „კუთხურ პატრიოტიზმს“, იმ პირობით, თუ ის ფორმალურად მაინც ქრისტიანულ სახელს დაირქმევს.

ამგვარად, პატრიოტიზმი, თუ ის, რასაც შემდგომში ეს სახელი დაერქვა, დასაბამს ლოკალურ-სოფლური ტრადიციულობიდან იღებს და როგორც უცხო და უნიადაგო უნივერსალიზმს, ასევე უნივერსალისტურ იდეებზე ორიენტირებულ ინდივიდუალისტურ კულტურას უპირისპირდება. ესაა კონფლიქტი საავტორო შემოქმედებასა და ანონიმურ ტრადიციას შორის, რომელიც პიროვნულ საწყისს არ ცნობს და მხოლოდ კოლექტიური პროდუქცია და საკუთრებაა, ანუ „ხალხურია“. მაგრამ იმისათვის, რომ საკუთარი მიწის, მამულის თაყვანისცემის ხალხური ტრადიცია პოლიტიკურ ზეიდეოლოგიად გარდაიქმნას, საჭიროა, თავად აქამდე „უხმო“ ხალხმა ამოიღოს ხმა, მოიპოვოს უფლებები, გახდეს სუვერენული. ფრანგი განმანათლებლის ჟან-ჟაკ რუსოს მიერ შექმნილი წარმოდგენა „სუვერენული ხალხის“ შესახებ, რომელიც „საზოგადოებრივი შეთანხმების“ საფუძველზე ერთიანდება და ერად, ნაციად ყალიბდება, საკუთარ ერთობას იმ მოდელის მიხედვით ქმნის, რომელიც მის ტრადიციულობაშია შემონახული. ლათინური სიტყვა natio, რომლისგანაც ნაცია - ერის ცნება მომდინარეობს, სისხლით მონათესავეთა ერთობას აღნიშნავს. ნათესაობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი კი საერთო წინაპრებია, რომლებსაც წინაქრისტიანულ ხანაში ღმერთების ადგილი უკავიათ. მათ შესახებ შეთხზულ მითებსა თუ ლეგენდებში ისინი თემის ფუძემდებლებად, მის მფარველ და ბოროტი ძალებისგან დამცველებად წარმოჩინდებიან. „ბოროტი ძალები“ კი ხშირად სხვა გვარ-ტომის ხალხია, ანუ სხვა წინაპართა შთამომავლები. როცა ქრისტიანული უნივერსალიზმი ასეთ „ნაციონალიზმს“ დაუპირისპირდა, მან განსხვავებული წარმომავლობა უარყო და ყველა ადამიანი ერთ საერთო წინაპარს დაუკავშირა („თუ ქრისტიანნი ხართ, მაშინ აბრაამის შვილებიც ხართ...“ გალატელთა მიმართ, 3; 29). სეკულარიზაციით წარმოშობილი ერები კი საკუთარი ერთობის მთავარი ფაქტორის და ლოიალობის უმაღლესი სუბიექტის - სამშობლოს კონსტრუქციას ხალხურ ტრადიციებში შემონახულ „წარმართულ“ პრინციპებზე აგებენ; განსაკუთრებით XIX საუკუნეში ერების გაჩენის პროცესს თან ახლავს ახალი, ნაციონალური მითოლოგიების შეთხზვა, რომელშიც წინაქრისტიანული ღვთაებები ისტორიულ პიროვნებებთან ერთად ეროვნულ გმირთა და სახელოვან წინაპართა პანთეონად ცოცხლდება. თავად „პანთეონი“, რომელიც ბერძნულად „ყველა ღმერთს“ ნიშნავს და რომლის ტაძარიც წინაქრისტიანული რომის მთავარი საკულტო ობიექტი იყო, ეროვნული გმირებისა და სახელოვანი მამულიშვილების განსასვენებლის სახით აღორძინდა ნაციონალიზმის ხანაში. ეროვნულ პანთეონებში აღზევებულმა პიროვნებებმა კი ისეთივე ფუნქცია შეიძინეს, როგორიც პაგანურ წარმოდგენებში წინაპართა სულებს ჰქონდათ: ერის შემქმნელი მამები, საინტეგრაციო ფიგურები, კულტურის მფარველები და უმაღლესი ავტორიტეტები, რომელთა თაყვანისცემამაც ერთგვარი რელიგიურთან მიმსგავსებული შინაარსი შეიძინა. ამ „რელიგიის“ სახელია პატრიოტიზმი, რომელმაც საკუთარი არსებობის ორი საუკუნის მანძილზე მითოლოგიებისა და თეოლოგიების მთელი სერიები შექმნა, სხვადასხვა სახის რეფორმაცია და ტრანსფორმაცია განიცადა და XXI საუკუნის დამდეგს ახალი რელიგიური სიმძაფრითა და მრავალფეროვნებით გამოჩნდა.

პატრიოტიზმი, როგორც რელიგია

პატრიოტიზმი, როგორც რელიგიური ნაირსახეობა, ტრადიციულ-ხალხური რწმენა-წარმოდგენებისგან მომდინარეობს, რომელიც კონკრეტული პიროვნებების მიერ იმ მოძღვრებად გარდაიქმნება, რამაც ხალხთა ახალი ერთობა - ერი, ნაცია უნდა შეაკავშიროს და მის ამგვარ მთლიანობას ერთად ყოფნის საზრისი მისცეს და საერთო მიზნები დაუსახოს. ასეთი „სტილიზაციის“ შემდეგ იგი ისევ ხალხს უბრუნდება და თაყვანისცემისა და მორჩილების ახალი უზენაესი იდეალის - სამშობლოს ირგვლივ აერთიანებს. „სამშობლო“ ამ რელიგიურ ნაირსახეობაში იმ ადგილს იკავებს, რომელიც მონოთეისტურ რელიგიებში ღმერთს უკავია. იგია ის ხატი, რომელსაც ყველა სხვა ხატი და სიწმინდე უნდა დაექვემდებაროს და რომელიც ამ სარწმუნოების სახეს და ხასიათს განსაზღვრავს.

როგორც უკვე ითქვა, სამშობლოზე წარმოდგენას საფუძვლად შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთი (მამული) უდევს, რომელიც, ერთი მხრივ, დაბადების ადგილია, მეორე მხრივ კი - წინაპართა განსასვენებელი. მასზე უფლება ადამიანს წარმომავლობის ლოგიკით ენიჭება, რომელიც ყველაზე ნათლად თავად „სა-მშობლოს“, „მამ-ულის“ ეტიმოლოგიაშია ასახული: ის „მშობლის“, „მამისაა“, ანუ „წინაპართა მიწაა“. ამით სამშობლო ყოველთვის ისტორიული სამშობლოცაა, რომელიც სისხლისა და მიწის ისტორიულ ერთობას გულისხმობს. ამისათვის კი ჯერ „ისტორია“ უნდა შეითხზას, რომელიც ერად გაერთიანებულ ხალხს კოლექტიურ მეხსიერებად მიეწოდება. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს კოლექტიური თუ ისტორიული მეხსიერება ხალხიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ნაციონალიზმის იდეოლოგთა, პირველ რიგში, მწერლების, ისტორიკოსებისა და ფილოლოგების მიერ შეთხზული კონსტრუქციაა, რომელიც ადამიანებში ინერგება და მათ ისტორიული მეხსიერების სიმულაციას უქმნის. მაგალითად, როდესაც XIX საუკუნის გერმანიაში არმინიუსის, ანუ იგივე ჰერმანის, როგორც ეროვნული გმირის კულტი გაჩნდა, არა იმიტომ, რომ იმდროინდელი გერმანიის მოსახლეობა ძველი გერმანული ტომების ბრძოლას რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ თავის ისტორიულ ხსოვნაში ინახავდა, არამედ იმიტომ, რომ გერმანული ნაციონალიზმის იდეოლოგებმა ა.წ. I საუკუნის ნახევრად ლეგენდარული ადამიანისგან გერმანელი ერის გმირი წინაპრის ისტორია შეთხზეს და იგი სათაყვანებელ ფიგურად აქციეს. უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის ასეთი ისტორიები მიწაზე იქნა გადმოტანილი, სადაც მათი ხსოვნისა და თაყვანისცემის ადგილების სახე მიიღო. ამით უკვე თავად მიწა გასაკრალურდა, ტერიტორია გადაიქცა სამშობლოდ - საყოველთაო საკულტო ობიექტად, უზენაესი ღვთაების მატერიალურ ფორმად.

0x01 graphic

ასეთი საკრალიზაცია კი სამშობლოს მითოლოგიური პერსონაჟებითა თუ საგნებით დასახლებას საჭიროებს. ესაა, პირველ რიგში, წინაპართა პანთეონი, - ისტორიული თუ მითოლოგიური ფიგურები, რომლებსაც, როგორც არქაულ თუ ტრადიციულ საზოგადოებებში - წინაპართა სულებს, ერის შექმნა, მისი მამობა და წინამძღოლობა მიეწერებათ. განსხვავებით არქაულისაგან, ნაციონალისტური მითოლოგიები არა ანონიმური, არამედ საავტორო ნამუშევრებია და ისინი სრულიად კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. „ეროვნული გმირები“ და „სახელოვანი წინაპრები“, როგორც ერის „უკვდავი სულები“, ის ავტორიტეტებია, რომელთა მაგალითზეც და რომელთა სახელითაც ეროვნული კულტურის გარეგნობა განისაზღვრება და ეროვნული იდენტობა კანონდება. მათგან, უფრო სწორედ, მათი ნააზრევის დამახინჯებით, კონტექსტიდან ამოგლეჯითა თუ ტენდენციური ინტერპრეტაციით ეროვნული ღირებულებებისა და ნორმატივების მთელი იდეოლოგიები იქმნება, რომელთა მიხედვით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენად შეესატყვისება ამა თუ იმ პიროვნების იდეოლოგიურ ინსტრუმენტად გამოყენება მისი ნააზრევის გაგებას; პირიქით, მათი ეროვნულ პანთეონში აღზევება და ერის სანიმუშო შვილებად შერაცხვა ხშირად მათივე ცხოვრებისა და შემოქმედების სრული გაყალბების შედეგიცაა. ამის საუკეთესო მაგალითად გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე გამოდგება, რომელიც გერმანელებს „ქერათმიან მხეცებს“ უწოდებდა და ახლად შექმნილი გაერთიანებული გერმანიის იმპერიის დაუნდობელი კრიტიკოსი, შეიძლება ითქვას, მოძულეც კი იყო; გერმანულმა ფაშიზმმა კი იგი საკუთარ იდეოლოგიურ წინამორბედად და პროფეტად შერაცხა.

„ერის მამებისა“ და „ეროვნული გმირების“ ფუნქცია მხოლოდ კულტურული იდენტობით არ შემოიფარგლება. მათი მთავარი „მესიჯი“ იმ რწმენის შექმნა და განმტკიცებაა, რომ ყოველი ინდივიდი სამშობლოს ეკუთვნის და მისი ცხოვრების ერთადერთი თუ არა, მთავარი აზრი და დანიშნულება სამშობლოს სამსახური და მისთვის თავის გაწირვის ვალდებულებაა. აქ ყველაზე ნათლად ვლინდება პატრიოტიზმის რელიგიური ხასიათი, რომლის მსხვერპლშეწირვის რიტუალიც „შვილების“ თავდადებით აღესრულება. თომას ჯეფერსონის ცნობილ სიტყვებს, - „თავისუფლების ხე დროდადრო უნდა მოირწყას პატრიოტებისა და ტირანების სიხლით“, - რელიგიური ალეგორიის შინაარსიცა აქვს: „თავისუფლების ხე“, რომელიც წინაქრისტიანული რელიგიური სიმბოლოა და მოწესრიგებულ სამყაროს, ანუ კოსმოსს აღნიშნავს, ნაციონალიზმის ეპოქაში სამშობლოს განსახიერებად იქცევა. სამშობლო კი პატრიოტებმა საკუთარი სისხლით უნდა გაათავისუფლონ ტირანიისაგან. „ტირანია“ როგორც ადგილობრივი, მონარქიული აბსოლუტიზმი და ეკლესიის ლოცვა-კურთხევაზე დამყარებული „ძველი რეჟიმი“, ასევე უცხო დამპყრობელიცაა. ორივე შემთხვევაში სამშობლო საკუთარი შვილების დაღვრილი სისხლიდან იბადება და ამავე სისხლით იკვებება. ეს მომენტი განსაკუთრებული სიმძაფრით დაპყრობილ, კოლონიის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში გამოიხატა, სადაც თავგანწირვის იდეამ რელიგიური ექსტაზის ჟღერადობა შეიძინა. სამაგალითოდ ილია ჭავჭავაძის რამდენიმე სტრიქონის გახსენებაც შეიძლება, რომლებშიც მამულის რელიგიის ლამის მთელი მსხვერპლშეწირვის მისტერიებია ნაჩვენები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლექსი „ნანა“, რომელშიც დედა საკუთარ ახალშობილ შვილს მამულისათვის მსხვერპლად ზრდის: „ჩემი მამულისათვის/მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,/მისი სიკეთისათვის/გაგწირავ და გაბრძოლებ.../მამულს მიგცა ზეცამა/და თუ ზედ დააკვდები,/ნუგეშ-იცეს დედამა“. შვილის სიკვდილით კი დედა მამ-ულს აცოცხლებს: „აღსრულდები ღიმილით,/რომ მამულს არ უმტყუნე,/და შენ შენი სიკვდილით/მის სიკვდილი დათრგუნე“. აქ „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველზე“ ალუზიაში, ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა შვილის თავგანწირვის ფასად მამ-ულის გაცოცხლებითაა შეცვლილი.

პატრიოტიზმი პატრიის, სამშობლოს ყველა სხვა იდეალზე, მათ შორის, საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა დაყენებას, მისდამი უსიტყვო მორჩილებას ნიშნავს. ასეთი პერსპექტივიდან თითოეული ინდივიდი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს თმობს მამულისათვის, წმინდა სტატისტიკაა, ისევე, როგორც ომში დაღუპულ ჯარისკაცთა სასაფლაოები თუ უცნობი ჯარისკაცის საფლავები, რომელთა მეშვეობით სიკვდილს, ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლის ამ უზენაესი თაყვანისცემის იდეალისათვის მსხვერპლად გაღებას ძეგლი ედგმება.

როგორც ადრე ეკლესია ჰპირდებოდა რჯულისათვის მებრძოლებსა და თავგანწირულებს სამოთხეში მოხვედრას, ისე ახალი სარწმუნოება - პატრიოტიზმიც ანიჭებს უკვდავებას მამულისათვის თავდადებულ გმირებს და მათ განადგურებულ სიცოცხლეებს სამომავლო მსხვერპლშეწირვის რიტუალების სანიმუშოდ იყენებს. ასეთი სულისკვეთებით შთაგონებულმა ნაციონალიზმებმა სამყარო პირველ და მეორე მსოფლიო ომებამდე მიიყვანეს. XX საუკუნის მეორე ნახევარში კი, განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში სრული სიმწვავით დაისვა პატრიოტიზმის, როგორც თავისთავად ცხადი, აქსიომური ჭეშმარიტების გადასინჯვის აუცილებლობა. მისი რეანიმაცია, ხოლო შემდეგ სრულიად ისტერიული ფორმით აფეთქება კი სწორედ საბჭოური ორიენტაციის ტოტალიტარულ სისტემებში და მათ მემკვიდრე ქვეყნებში მოხდა, რისი ლოგიკური დაგვირგვინებაც 90-იანი წლების სისხლისღვრები იყო.

სამშობლო - ეს მე ვარ!
„Читайте, завидуйте, я гражданин Советского Союза!“
ვლადიმირ მაიაკოვსკი

„სამშობლო - ეს მე ვარ“ არის პარაფრაზი საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV-ის ცნობილ გამონათქვამისა: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“ და ის იმ რადიკალურ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას ასახავს, რაც მსოფლიო ისტორიაში საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა: შუა საუკუნეების პოლიტიკური წესრიგი, რომლის ლოიალობის ერთადერთი სუბიექტიც მონარქი იყო, „სამშობლომ“ შეცვალა. „სამშობლო“ კი „მამული-შვილებისგან“ შედგება და თითოეულ მათგანს უფლება მიეცა, განაცხადებინა, რომ იგი „სამშობლოა“. ასეთი წარმოდგენა პატრიოტიზმის, როგორც სამშობლოს თაყვანისცემის „რელიგიის“ სხვა ასპექტზე მიუთითებს, რომელიც რელიგიური მსხვერპლშეწირვიდან პოლიტიკურ პრაგმატიკაზე გადადის; ანუ გარდა გმირის შარავანდედით შემოსვისა, პატრიოტიზმი მამული-შვილებს სხვა, მიწიერ სიკეთეებსაც ჰპირდება.

ვინაიდან ყოველი ადამიანი, რომელიც ეროვნული ნიშნით ერთიანდება, „მშობლიური მიწის“ ნაყოფი, მისი ბიო-პოლიტიკური მოსავალია, თითოეულ მათგანზე და მის ნახელავზეც საავტორო უფლება ყოველთვის ამ კოლექტიური ზესაკუთრების მფლობელობაში რჩება. სამშობლო იმდენადაა ჩემი, რამდენადაც მე მას ვეკუთვნი და სადაც უნდა ვიყო, ყველგან მისი წარმომადგენელი ვარ, რამდენადაც მის საკუთრებად, მის მატარებლად ვრჩები. რადგანაც სამშობლო სისხლისა და მიწის ერთობაა, იგი გენეალოგიისა და გეოგრაფიის თანხვედრას გულისხმობს. შესაბამისად, „მშობლიურ მიწაზე“ მყოფი სხვა ეროვნების ადამიანიც, უკეთეს შემთხვევაში, „სტუმრად“, უარესში კი ოკუპანტად, უცხო ქვეყნის ჯაშუშად და მტრად აღიქმება, რომლის ყოფნაც შეურაცხყოფს და ბღალავს მამულის წინაპართა სისხლითა და ძვლებით ნაკურთხ წმინდა მიწას. ამიტომაც მამულისთვის ბრძოლა მისი გარეშე თუ შიდა მტრების წინააღმდეგ ყოველთვის არა მხოლოდ „სამართლიანი“, არამედ „წმინდა“ ომიცაა. პატრიოტიზმი თავისი არსით სამხედრო, მილიტარული იდეოლოგიაა, რომელიც „მტრის“, „უცხოს“ მიმართ ძალადობისათვის მზადყოფნას მოითხოვს. მისი საბოლოო მიზანი ყველაზე ღიად და შეულამაზებლად გერმანელ ნაცისტთა ერთი ცნობილი სიმღერის სიტყვებშია ფორმულირებული: „დღეს ჩვენ გვეკუთვნის გერმანია, და ხვალ კი მთელი მსოფლიო!“

გაუმართლებელი პატრიოტული იდეოლოგიებისათვის არა თავისთავად ომი და კვლა, არამედ მხოლოდ „ძმათამკვლელი ომია“, რამდენადაც იგი ერთი წარმომავლობის ხალხის გამრავლებასა და გავრცელებას ეწინააღმდეგება. დემოგრაფიული პოლიტიკა, ნაციონალისტური თვალსაზრისით, სწორედ საკუთარი „მოდგმის“ ადამიანების მატებას ნიშნავს, „უცხოთა“ კლების ხარჯზე. თუმცაკი, დემოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა უცხოელთა ინტეგრაცია ან სულაც ასიმილაციაა. ეს პოლიტიკა ორ ძირითად ასპექტს მოიცავს: ერთი მხრივ, სამშობლოზე უფლება მხოლოდ მის შვილებს ენიჭებათ. მეორე მხრივ, საჭიროა „მამულიშვილებმა“ საკუთარი თავიც და „უცხოებიც“ დაარწმუნონ თავისი სამშობლოს განსაკუთრებულობასა და უპირატესობაში. ამ მიზნით ყველაფერი, რაც „სამშობლოს“ ენობრივ და გეოგრაფიულ საზღვრებში შექმნილა და იქმნება, სრულ ნაციონალიზაციას განიცდის და „სამშობლოს“, მისი „შვილების“ კოლექტიურ საკუთრებად ცხადდება. თუმცაკი, ამ „საკუთრების“ ფლობისა და მოხმარების ერთადერთი ფორმა ეროვნული სიამაყეა, რომელიც პატრიოტიზმის ერთ-ერთ უმთავრეს და ყველაზე მეტად „პრაგმატულ“ კომპონენტს წარმოადგენს.

„ეროვნული სიამაყე“ ყველაფერ იმის თანაავტორობის პრეტენზიაა, რაც სამშობლოს საკუთრებადაა მიჩნეული. მაგალითად, როდესაც ქართველი პატრიოტი ამაყია რუსთაველით, მას თავი „ვეფხისტყაოსნის“ თანაავტორად მიაჩნია, რამდენადაც ეს ქმნილება „სამშობლოს“ ეკუთვნის, სამშობლო კი ყოველი ქართველია. თუ ქართველი პატრიოტი სიამაყით ლაპარაკობს დავით აღმაშენებელზე, მას ამ დროს საკუთარი თავი დიდგორის ბრძოლის ვეტერანი ჰგონია, ხოლო თუ იტყვის, რომ იგი უძველესი ერის და კულტურის წარმომადგენელია, მისი ცნობიერებაც იმ განუსაზღვრელ დროში, იმ „იყო და არა იყო რაში“ იმყოფება, სადაც სამყაროში მხოლოდ ერთი კულტურული ხალხი - მისი გამოგონილი წინაპრები არსებობენ. იგი ამაყია იმით, რაც მას არ შეუქმნია, გაუკეთებია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სამშობლოსადმი საკუთარი მიკუთვნებულობითა და მემკვიდრეობის ლოგიკით, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ასეთი ილუზიის უფლებას კი საკუთარი თავის პირველი პირის მრავლობით რიცხვში გამოსახვა იძლევა: პატრიოტისთვის არსებობს მხოლოდ კოლექტიური „ჩვენ“, რომელიც ყოველგვარ „სინგულარულობას“ - საკუთარ და არასაკუთარ „მე“-ს, თითოეული ინდივიდის ერთჯერადობასა და განუმეორებლობას შთანთქავს და ერთ უპიროვნო იდენტობად გადაადნობს. სამშობლო ასეთ იდენტობათა ჯამს წარმოადგენს. პატრიოტის ჩვენში კი სამშობლოს აწმყოც და წარსულიც იგულისხმება, მისი პირით „დიდ წინაპართა“ მთელი პანთეონი ლაპარაკობს, რომელიც ისეთივე ფიქციაა, როგორიც ამაყი პატრიოტის უფლება, საკუთარი თავი საამაყო ადამიანთა შთამომავლად რომ წარმოიდგინოს. მისი სიამაყისგან გაბადრული სახის უკან კი სხვა არაფერი დგას, გარდა სხვისი ნაღვაწის და ნამუშევრის დატაცებისა და მითვისების ინსტინქტისა: ეროვნული სიამაყე ყველა პარაზიტს საშუალებას აძლევს, „წილში ჩაუჯდეს“ ადამიანებს, რომლებსაც ამაყ პატრიოტთან ხელოვნურად შეკოწიწებული და კონსტრუირებული ისტორიული და კულტურული ერთობის გარდა, საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ სწორედ სიამაყე აძლევს პატრიოტს საშუალებას, რათა საკუთარი თავიც, რაღაც დიდის ავტორად თუ არა, ნაწილად მაინც წარმოიდგინოს.

სამშობლოს სახელით
პატრიოტიზმი ნაძირალის უკანასკნელი თავშესაფარია
სემიუელ ჯონსონი

მითოსური თუ პოეტური ხატები, რომლებითაც სამშობლოს იდეაა შემოსილი, ასევე პათეტიკა, რომელიც სამშობლოს სადღეგრძელოს წარმოთქმისას თუ ეროვნული ჰიმნის ფეხზე წამომდგარი და მკერდზე მუშტმიბჯენილი სმენისას პატრიოტების ამაყი სახეებიდან გამოსჭვივის და ამაღლებული სახელით - სამშობლოს სიყვარულითაა ცნობილი, არაჩვეულებრივად ნიღბავს პატრიოტიზმის უმთავრეს ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური ძალაუფლება იმართება და ცალკეული ადამიანებისა თუ ჯგუფების ხელისუფლებად გარდაიქმნება. ხელისუფლება სამშობლოზე, სამშობლოსათვის და სამშობლოს სახელით ხორციელდება. ეს პრინციპია ხელისუფლების სათავეც და მისი რეალიზების ობიექტიც, რომლითაც თანაბრად სარგებლობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობებიც და ძალაუფლების მანიით დასნეულებული დიქტატორები თუ პოლიტიკური ავანტიურისტები. ხელისუფლებმა, თუ მისთვის მებრძოლებმა, განსხვავებით რიგითი პატრიოტებისაგან, ზუსტად იციან, რა არის საჭირო და სასარგებლო სამშობლოსათვის და ამ მიზნისათვის ისინი პატრიოტული გრძნობების მობილიზებით მოქმედებენ. პატრიოტული ეიფორიის შექმნა მრავალგზის ნაცადი საშუალებაა ხელისუფლების მოპოვებისა თუ შენარჩუნებისათვის, ხოლო მის ფონზე ადვილად შეიძლება ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან და ამით ხალხის მანიპულაცია. მსოფლიოს ახალ და უახლეს ისტორიებში ამის უამრავი მაგალითია, როდესაც პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სოციალური თუ ეკონომიკური სირთულეებისათვის თავის გართმევის უნარი არ გააჩნიათ, სრულიად ხელოვნურად პატრიოტულ ისტერიებს ტეხავენ, სამშობლოს საფრთხეში ყოფნაზე ლაპარაკობენ და მისი გადარჩენის მიზნით ხელისუფლების გადამეტებით გამოყენებას ან მის კანონზე გადაბიჯებით მოპოვებას მოითხოვენ. XX საუკუნის 20-იან წლებში გერმანელი სამართალმცოდნის კარლ შმიტის კლასიკურ ფრაზად ქცეული ფორმულირება - „სუვერენი არის ის, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს“ - ხელისუფლების იმ განსაკუთრებულ უფლებამოსილებაზე მიუთითებს, რომელსაც ის სამშობლოს ხსნის სახელით მოიპოვებს. თუმცაკი, პრობლემის სათავე თავად პატრიოტული პათოსია, რომელიც პერმანენტული საგანგებო მდგომარეობის ატმოსფეროს ქმნის, სადაც სრულიად მეორეხარისხოვანია იმ სუვერენის ვინაობა, ვინც ამით ისარგებლებს და კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს გადააბიჯებს. XX საუკუნის ისტორია სამშობლოს, მისი სიყვარულისა თუ გადარჩენის სახელით ადამიანურობისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებით ყველაზე მეტადაა დამძიმებული. ამ ფაქტის გაცნობიერებამ დასავლეთის საზოგადოებები პატრიოტიზმის კონცეფციების საფუძვლიანი გადასინჯვის აუცილებლობის წინაშე დააყენა. უკვე 60-იანი წლებიდან ამ ტერმინს, უმეტესწილად, „სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ ჩაენაცვლა, ხოლო სამშობლოს სიყვარულის რიტორიკა მხოლოდ კონსერვატორულ პოლიტიკურ დისკურსებშიღა შემორჩა წარსულის ეგზოტიკურ გადმონაშთად. თუმცა, საბჭოთა სისტემის ნგრევასთან ერთად პატრიოტიზმი ხელახლა გაცოცხლდა პოსტ-ტოტალიტარულ ქვეყნებში, სადაც იგი რელიგიურ ჰიბრიდად გადაიქცა. როდესაც 1989 წელს მერაბ მამარდაშვილი შეეცადა თბილისის ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოებისათვის განემარტა, რომ ნაციონალიზმს და პატრიოტულ ლოზუნგებს ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან საერთო არაფერი აქვს და ქრისტიანობა ჭეშმარიტების ყველაფერზე მაღლა დაყენებას ნიშნავს, მის წინაშე არა ქრისტიანი ხალხი, არამედ უკვე ქრისტიანული გარეგნობის ნაციონალისტური ჰიბრიდი იდგა, რომელიც საკუთარი „ჭეშმარიტების“ ნებისმიერი მეთოდებით ყველასათვის თავს მოხვევას ცდილობდა. პოლიტიკური ავანტიურისტები და დემაგოგები ახლა უკვე ღმერთისა და სამშობლოს სახელით აჩაღებდნენ ეროვნულ და რელიგიურ შუღლს, წამლავდნენ ადამიანებს სიძულვილისა და სისხლისღვრისაკენ მოწოდებებით, რომლის მეშვეობითაც მათი ძალაუფლება და გავლენა ძლიერდებოდა, ისინი იმოსებოდნენ ეროვნული გმირების, სამშობლოს განმათავისუფლებლებისა და მოწამეების შარავანდედებით. მათი „ნამოღვაწარი“ კი ათეულობით ათასი უდანაშაულო მსხვერპლი, დანგრეული და გადამწვარი სახლები, ლტოლვილები და უსამშობლოოდ დარჩენილი ადამიანია.

თუკი 90-იანი წლების ბოლოს დასავლეთის ზეწოლის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში ნაციონალისტური ექსტრემიზმისა და პატრიოტული ეიფორიების განეიტრალება მოხერხდა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ წამოწყებულმა რიტორიკამ ახალი იმპულსები შემატა რელიგიურპატრიოტულ ჰიბრიდს. ამან ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ასეთი რიტორიკა ცალსახად ერთი სახელმწიფოს იმპერიალისტურ ამბიციებსა და ზრახვებთან გაიგივდა. ამან დასავლეთის საზოგადოება, განსაკუთრებით მისი ინტელექტუალური წრეები, კიდევ ერთხელ დააფიქრა პატრიოტიზმის ყალბ და მანიპულატორულ ბუნებაზე, რომელიც ისევ ახალ-ახალ საშუალებებს აძლევს პოლიტიკურ დემაგოგებს უფრო მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად, ხოლო ათასობით დაღუპული და ცხოვრებადანგრეული ადამიანი მხოლოდ „კოლატერალური ზარალის“ სახელწოდებით უჩინარდება „სამშობლოს“, „სარწმუნოების“ და სხვა ამაღლებული „იდეალებისათვის“ ბრძოლაში...

P.S. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ამ ტექსტის წერა საფრანგეთის ქალაქ მარსელში მიხდება - იმ ადგილას, სადაც შეიქმნა საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი „მარსელიოზა“, რომელიც მერე სახელმწიფო ჰიმნად გადაიქცა და სწორედ მის ტექსტში გაჩნდა ტერმინები „სამშობლო“ (la patrie) და „მამულიშვილი“ (enfants de la patrie). აქედან ინტერნეტით თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან „პატრიოტობასა“ თუ „მართლმორწმუნეობაში“. ამ ფარსს, რომელიც, უკვე ორი ათწლეულია, წარმატებით იდგმება თბილისის ქუჩებში, დასასრული არ უჩანს, შეიძლება ერთი ელემენტარული კითხვის არგაჩენის გამო: იქნებ ქართული საზოგადოების ვერგანვითარებისა და საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს ვერაშენების მიზეზი ის საყოველთაო ჭეშმარიტებად აღიარებული და ხელშეუხებელი, არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი ლოზუნგები იყოს, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე ერთ წრეში გვატრიალებს, საიდანაც არანაირი გამოსავალი არ მოჩანს?

19 აღმართს შეყოლილი გაწელილი სიჩუმე

▲ზევით დაბრუნება


საავტორო

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

იქ ასეა: მატარებელი ოკეანის კიდეს მიუყვება.

ერთ მხარეს ოკეანეა, მეორე მხარეს ვენახები.

ამაზე ტკბილი იშვიათად რომ რამე მენახოს.

პირველი მატარებელი აპოლონიას სადგურიდან შვიდის წუთებზე გადის.

ეგრე თერთმეტის წუთებისთვის კი უკვე ბენტუს სადგურში შესრიალდება.

ეს მაშინ, როცა სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიდიხარ.

ორივენაირად კარგია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაც, და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენაც.

ოღონდ, მე მაინც აპოლონიადან წასვლა მირჩევნია, დედაქალაქიდან რომ გადიხარ, დილის ექვს საათზე, ფეხზედგომელა რომ სვამ ყავას სადგურის კაფეში, სადაც ოკეანის სისხამის ჰაერი გეხმარება, მაინც სხვაა.

იმ საათს, იმ სადგურის თავზე ცაა, რომელსაც ზღვისგან ვერ გაარჩევ.

ჯერ მზეც არა ჩანს ისე, რომ სუნთქვა შეგიხუთოს და რაღაცნაირი ნიავიც უბერავს.

ყავა კი იქ ისეთია, როგორც ალბათ არსად მსოფლიოში. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულად ადუღებენ, არამედ იმიტომ, რომ ყავა იქ სასმელი არ არის, არამედ ყოფის და გონების ნაწილი. არ მგონია სადმე დღეში იმდენჯერ სვამდე ყავას, რამდენჯერაც იქ.

იქ, იმ ქალაქში, აღმართებზე ახვეულ ქუჩაზე არის მსოფლიოში პირველი ყავახანა და იქავე არის მსოფლიოში პირველი ყავის საფქვავების მაღაზია.

რა მოგენატრება კაცს და ეს მგზავრობა. სამხრეთიდან ჩრდილოთისკენ ადრიან დილით. მენატრება კარგა ხანია და სულაც არ მიკვირს, რადგან ადამიანს ის ენატრება, რაც თავისად უგრძვნია.

ეს არის მგზავრობა ლისაბონიდან პორტოსკენ. ეს რკინიგზა კი ლამის მთელი პორტუგალიის წყლისპირს მიუყვება.

პორტუგალია ასეთი ქვეყანაა. ეს გზაც ლამაზი და წყნარი გამოდის.

ლისაბონი და პორტო კიდეც გვანან ერთმანეთს და არცა გვანან. ლისაბონი ბევრად დიდია. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს.

როცა იქაურობაზე ფიქრობ, სულ სხვა რამ გახსენდება.

გახსენებაც არ არის, არც მოგონება. შეგრძნებაა. რაღაცნაირი. ყოველგვარ მოგონებაზე ცოცხალი რომ არის ხოლმე.

ამის აღწერა ცოტა არ იყოს ძნელია, მაგრამ შეიძლება.

მგონი ეს, ერთი გაწელილი სიჩუმეა. ალბათ ნაშუადღევის სიჩუმე, რომელიც მაღლა მიუყვება არცთუ ვიწრო და გვარიანად ციცაბო ქუჩას ქალაქ პორტოში. ამ ქუჩას სანტა კატერინა ჰქვია. წმინდა ეკატერინეს ქუჩა. წმინდა ეკატერინე სიყვარულის დამცველია. ქუჩა ისეთია, ერთი აღმართი რომ თავდება, მეორე, უფრო ციცაბო იწყება. ქუჩის ცალ მხარეს ყოველთვის მზეა.

კაცი მაღლა მიუყვება ამ ქუჩას თვლემის საათების დროს, როცა სიცხე სუნთქვას უშლის ხელს. მიაბიჯებს ჩრდილის მხარეს. ხედავს ყვავილებს ქოთნებში, ვიწრო და მაღალი ფანჯრების სადგამებში რომ გამოუდგამთ. ხედავს უძრავ ფარდებს და გარინდულ კაფეს პატრონს, ცარიელი კაფეს წინ რომ ჩამომჯდარა და იყურება არსაითკენ, ასევე უძრავი.

ეს გაწელილი და უძრავი, მზით განათებული სიჩუმე ისეთი შთამბეჭდავია, ისეთი მიუჩვეველი სადმე სხვაგან გაზრდილი კაცისთვის, რომ აუცილებლად გაფიქრებინებს, რომ პორტუგალია სწორედ ეს სიჩუმეა.

ვია სანტა კატერინაზე აწელილი ნაშუადღევის სიჩუმე ერთადერთი ნამდვილად არ არის. გაწელილ სიჩუმეს იმდენი გამოხატულება და ფორმა აქვს პორტუგალიაში, რომ იმათი აღწერა ერთ კარგა მოზრდილ წიგნს მოითხოვს.

ყველაზე ცნობილ და ალბათ უმნიშვნელოვანეს პორტუგალიურ წიგნს „შფოთის წიგნი“ ჰქვია. ანდა „არასიმშვიდის წიგნი“. არ ვიცი, როგორც უფრო მოუხდება. სათაური უცნაურად შეიძლება ჟღერდეს იმ ქვეყნისთვის, სადაც იშვიათი შეყვირებაც კი სულაც არ გაისმის როგორც ყვირილი.

ასეა თუ ისე, ეს წიგნი პოეტ ფერნანდო პესოას დღიურების კრებულია. რჩეული, უფრო სწორად რომ ვთქვათ.

ეს არის საოცარი წიგნი. მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რაც კი მსოფლიოში არსებობს.

ეს სწორედ ის არის, რაც იმ გაწელილი სიჩუმის უკან დგას.

უძრაობა, ურყევობა, სიჩუმე, სიმშვიდე და ამ დროს კი არამშვიდი ფიქრი ამათ უკან.

პესოა ერთგან აღწერს იმ ქუჩას, რომელზეც მრავალი წელი გაატარა ლისაბონში. ერთ ბოლოში ცხოვრობდა და მეორეში მუშაობდა. ვია ლოს დორადორეს, თუ არ ვცდები. ოქრომჭედელთა ქუჩა.

პესოა აღწერს მარადიულობას და უცვლელობას ამ ქუჩისას, რომელსაც ყოველ დილით მიუყვება სამსახურისკენ. ის იქ სხვა რამეზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს სურათი არის მთავარი სურათი პორტუგალიის ორი დიდი ქალაქისა. ზუსტად ასეა.

სწორედ ეს არის, რაც ლისაბონის შიგნით ძევს და იგივე კი პორტოშიაც შემიმჩნევია.

ალბათ ასეა ყველგან. იქ ბევრ პატარა ქალაქში მოვხვედრილვარ.

ყავა რომ ვახსენე. ყავას ყველგან ურტყამენ. ყავის სმას ყველგან თავისი იერი აქვს. ესპრესოები და მთელი ამბავი. პარიზში ასეთი იერი აქვს, ვიტრინასთან ჩამწკრივებულ სკამებზე, ნეაპოლში ისეთი იერი აქვს, მილანში სხვა და რა ვიცი, კიდევ, ბრაზილიებში და არგენიტინებში ხომ სულ სხვა ექნება. იქით არ ვიცი.

ლისაბონში ყავას თან ახლავს ისეთი რამეები, რაც კვლავ და კვლავ სიჩუმისაა. გაწელილი, მაგრამ სავსე სიჩუმისა. იქ ყველაფერი უფრო ნელია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რაღაცნაირად ნელი. სიზანტის გამო კი არა. ყველაფერს რაღაც ყოვნი აქვს. სულ სხვა ტემპი და სულ სხვა მოძრაობა.

ყავის სმაც ასეთია.

კაცი ისე ზის, რომ სხვაგან ამგვარად სასადილოდაც არ დაჯდებიან. იერი ხანგრძლივობისა აქვს. ყავის ჭიქა კი ერთი ბეწო. პორტუგალია მწეველი ქვეყანაა.

ესეც არ არის გასაკვირი.

როდესაც პორტუგალიელი ყავას სვამს, იქ აუცილებლად იგულისხმება სივრცე. სივრცისა და თვალების გარეშე ყავის სმა წარმოუდგენელია.

იქაური თვალები სევდიანია, ღრმა და ფიქრიანი. სივრცე ალბათ ოკეანის არსებობას გულისხმობს. ცქერის უსაზღვრო თავისუფლებას.

ეს სურათი კვლავაც გაწელილი სიჩუმის სურათია. ოღონდ სივრცე და სევდიანი თვალები „არასიმშვიდის წიგნს“ გაგვახსენებენ.

მელანქოლია ლისაბონის აუცილებელი სუნთქვაა.

ოკეანის სივრცის ცქერის საშუალება, უხსოვარი დროიდან რომ მოსდგამს თაკარა მზეში მცხოვრებ კაცს, ალბათ უფრო სიჩუმეს შობს, ვიდრე რაღაც სხვაგვარ გამოხატვის საშუალებას.

ლისაბონში, მადურეირაში, ნავსადგურის კიდეზე დაიბადა ფადო. ქალაქური სიმღერა, რომელიც სხვაგან სტუდენტებმაც კი აიტაცეს.

ფადო გრძელია. მასში იპოვი ცოტა ესპანეთს და ცოტა არაბეთს ალბათ.

სინამდვილეში კი ეს ლისაბონია, ფადო გაწელილი სიჩუმის სიმღერაა. ის გრძელი ჰანგია. მისი სიტყვაც კი გრძელია.

ფადო სიყვარულის სიმღერაა, მაგრამ ფადო სწორედ ის არის, რასაც ხანდახან გაწელილი სიჩუმე გამოხატავს.

ნავსადგურები. მსოფლიოს ლეგენდარული ნავსადგურები.

მზეში გემოშეცვლილი ღვინის ქალაქი. თითო სირჩა პორტი. გრძელი აგურით ნაშენი ქარხნები. პორტი ასეთი სასმელია, ერთი ბეწო პორცია უნდა წრუპო. დიდხანს. ეგებ უფრო დიდხანს, ვიდრე ყავა.

თვალები-თქო. თვალები ვახსენე. იქ უხალისობა კი არ არის, პირიქით, ისეთი ხალისია, ბარეორს შეშურდება. სხვა რამეს ვამბობ. კაეშანი. სივრცით და სინათლით სავსე კაეშანი პაწაწინა ზღვისპირა ქუჩაზე.

სიჩუმეები.

არსად არ არის ასეთი სიჩუმეები. ადამიანი არსად არ დუმს ასე. მრავალმნიშვნელოვნად და მსგავსი ჩვეულებრივი რამეებით კი არა. სულ სხვაგვარად.

ასეთი სავსე და მდიდარი დუმილი არ არსებობს.

მე არ შემხვედრია და რა ვიცი. ეგებ არსებობს კიდეც სადმე.

და ცნობილი პორტუგალიური სიტყვა.

სოდად.

ყველასთვის ნაცნობი სიტყვა.

რომელიც ალბათ გამოხატავს ყველაფერ ამას. სოდად - სევდაა, კაეშანია.

მგონია სადღაც დავწერე ამის შესახებ. რას გაიხსენებ. ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად გამოგდის.

სოდად - უბრალოდ სევდა და კაეშანი არ არის.

ახლა თუ გამომივა, ჩამოვარკარაკებ.

სოდად -ეს არის დროში და სივრცეში გაწელილი სევდისა და ერთგვარი გამოუვალობის გრძნობა, რომელსაც ეგებ თან ახლავდეს იმედის თხელი, ოღონდ კი ნამდვილი ძაფი.

აბა, რა ვიცი, თუ გამომივიდა.

ფადოებში ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას.

ასე ჩანს, რომ სოდად სავსებით შეეხამება გაწელილ ნაშაუდღევის სიჩუმეს.

სრულიად.

ეს ძალიან თავისებური სურათია, პორტუგალიური ქალაქების სურათი. ძალიან ჰარმონიულიც იმავდროულად.

მსოფლიოში არის მიწები, რომლებშიც ვერანაირ ჰარმონიას ვერ გრძნობ. ალბათ ჰარმონიაც ათასგვარია, მაგრამ აი, იქ სიჩუმის ჰარმონიაა.

მიდიხარ, მიყვები და ასე გგონია... სულ არ არის სასაცილო. რაღაცნაირად ისე გრძნობ ამ ყველაფერს, ისეთ საიდუმლოს ხედავ ამაში, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი არ მოიხმარო. მოიხმარო კი არა, შენი არ გახდეს.

არ ვიცი, ამას რაიმე კავშირი აქვს თუ არა რელიგიასთან, ანდა პოლიტიკასთან. პოლიტიკა რა სახსენებლია საერთოდ, როცა გაწელილ სიჩუმეზე ლაპარაკობ და იმის ამოცნობას ცდილობ, რამხელა რამ შეიძლება იყოს ამ გაწელილი სიჩუმის უკან, მაგრამ, ჰა, შემძვრალია ეს პოლიტიკა ნაირგვარ ადგილებში და იმის გამოდევნას კი უნდა ძალიან დიდ შრომა.

ალბათ იქნება კავშირი. რელიგიასთან აუცილებლად. რაღაცნაირი ფორმით. ოღონდ მეცნიერი ვერ ვარ ესენი რომ ვილაპარაკო.

ჩემთვის უფრო გემრიელი სწორედ ეს არის. საიდუმლო, გაწელილი სიჩუმის უკან მიმალული უსიტყვო და უომო შფოთისა. სულის საქმისა, რომელსაც დაფარვა უხდება.

ის მატარებელიც, თავში რომ ვახსენე, რაღაცნაირად ორ სიმშვიდეს შუა მიექანება, ოკეანესა და ვენახებს შორის.

არ ვიცი, ალბათ ამიტომ მენატრება ხოლმე ლისაბონიც და პორტოც და მათ შორის გაბმული გზაც, რომელიც რამდენჯერმე გამივლია.

ამ ქალაქების სხვა ათას მაგიას კი სხვა დროს შევწვდები. პატარა და დიდი სიხარულები, რომლებიც იქაა განფენილი, განუმეორებელი და გემრიელია.

უბრალოდ, მე მაინც ნაშუადღევის გაწელილი სიჩუმე მირჩევნია. რომელიც სიმშვიდეს კი ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში სიმშვიდე არ არის, არამედ ადამიანის ფიქრი. ალბათ ფიქრი, რომელსაც ვერასოდეს დაეხსნები, მაგრამ რომელსაც წარმოთქმითაც არ დაუკარგავ გემოს.

ხმა ხომ ხშირად ასეთი უბრალო და მარტივია ხოლმე.

ლისაბონსა და პორტოზე მინდოდა მომეყოლა.

ეჰ, იქ დროება ყოფილააა…

მაგრამ ახლა, გაწელილი სიჩუმე მირჩევნია.