![]() |
წმინდა გრიგოლ ხანძთელი - „ყოველთა სათნოებათა შესაკრებელი“ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გაგოშაშვილი ნონო |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სტატია კრებულიდან ხანცთა - სულიერად მშობელი ქართველთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ი თბილისი 2002 რედაქტორი გურამ ბენაშვილი. ნესტან სულავა. კომპიუტერული უზრუნველყოფა: თინათინ დუგლაძე |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
ნონო გაგოშაშვილი
სათნოებათა მოყვარე სული, რომელიც უფლისკენ მიმავალ გზაზე მრავალგვარი სიკეთით იმოსება, დაფარულ ღვთაებრივ საიდუმლოთა თანაზიარი ხდება, ანუ სრულიქმნება. რადგან ადამიანი ქმნილებაა, იგი სრულად თავისუფალი არ არის ცოდვისაგან, მაგრამ „მოვალეა ემსგავსოს უფალს“, რაც შესაძლებელია „ადამიანის გონების ღვთისადმი მსგავსებით“.1
ღვთისკენ მავალ გზას წმიდა მამები საფეხურებრივად წარმოადგენენ, ყოველი ახალი საფეხური სულს უფრო აღმატებული მშვენიერებისაკენ მიუძღვის. წმ. გრიგოლ ნოსელს „ქებათა-ქების“ განმარტებებში მოცემული აქვს მოძღვრება ეპეკტასის შესახებ. ეს ტერმინი გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილია, როგორც „მიწთომაი“ ანუ წინწვდომა, რაც უფლისკენ სავალ გზაზე მარადიულ წინსვლაზე მიანიშნებს და მომდინარეობს პავლე მოციქულის სიტყვებიდან: „მარადის უკუნასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივწვდები“. აქედან გამომდინარე, ერთ საფეხურზე მოპოვებული ესა თუ ის სათნოება იმდენად გათავისებული ხდება ღვთისადმი მსწრაფველის მიერ, რომ ხდება მისი დავიწყება, ე.ი. აღარ მიმდინარეობს ბრძოლა მისი მოპოვებისათვის. ხოლო ყოველი შემდეგი საფეხური ახლის მომცველიცაა და რაღაცით აღემატება კიდეც მას. ცვალებადობის შესაძლებლობა ადამიანს აძლევს საშუალებას, არ იყოს ერთ მდგომარეობაში და ამგვარი „უმჯობესის გამორჩევით“ იღებს ცოდნას ღვთის შესახებ, რაც განაღმრთობს მას.
იმავე მოძღვრებას წმიდა გრიგოლ ნოსელი განავრცობს „მომიხსენენში“, ცხრა ნეტარების განმარტებისას. როდესაც იგი ნეტარებათა შესახებ საუბრობს, აღნიშნავს, რომ ნეტარების მომნიჭებელი სათნოებები განცალკევებით არ არსებობენ, თითოეული მათგანი, ცალ-ცალკე აღებული, ყველა დანარჩენის მომცველია. საბოლოოდ იქმნება ორგანული მთლიანობა, რისი საშუალებითაც „სრული და უცდომელი“ ცხოვრება მიიღწევა.
ამ მოძღვრების ფონზე საინტერესოდ გვეჩვენება წმიდა გრიგოლ ხანძთელის „ცხოვრების“ განხილვა. გიორგი მერჩულე წმიდანის ცხოვრების დასაწყისშივე ამახვილებს ყურადღებას წმიდა გრიგოლის გამორჩეული ნიშან-თვისებების შესახებ. იგი ბრძანებს: წმ. გრიგოლი ხანძთაში მოღვაწე „სულით ბრწყინვალე კაცთა“ შორის გამობრყძინდა, როგორც „მადლით სავსეჲ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანის ანგელოზი, სანატრელი გრიგოლი, სულიერად მამაჲ და წინამძღვარი, მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისა, ორთა მათ დიდებულთა მონასტერთა, რომელი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოე მამათა ახლად შენებასა მათსა“.2 გიორგი მერჩულე თითოეულ სახე-ნიშანში აერთიანებს ყველა იმ სათნოებას, რაც წმიდა გრიგოლმა ამქვეყნიური ღვაწლით მოიპოვა. პროფესორი რევაზ ბარამიძე აღნიშნავს: „ამ დახასიათებით მკითხველი წმიდა გრიგოლის ცხოვრების მთელი გზის თანაზიარი ხდება, ჭაბუკობის წლებიდან მოყოლებული ღრმა მოხუცებულობით დამთავრებული...ეს განყენებული, ზოგადი სახე საშუალებას გვაძლევს, რომ რეალურად, კონკრეტულად წარმოვიდგინოთ წმიდა გრიგოლ ხანცთელი“.3 მართლაც, ამ აღწერაში ნაკლებადაა ნაჩვენები უფლისაკენ საფეხურეობრივი სვლა წმიდანისა, რისი საშუალებითაც მან მაცხოვნებელი სათნოებები შეიძინა და საღვთო ნეტარება მოიპოვა. აქ ერთადაა თავმოყრილი ყველა საფეხური და გამოვლენილია ნიშნები სრულქმნილებისა, რომელიც ღმერთთან მიმყვანებელია. თითოეული ნიშნის ცალ-ცალკე განხილვა საშუალებას მოგვცემს წარმოვაჩინოთ წმიდა გრიგოლ ხანძთელის, როგორც სრულქმნილი ქრისტიანის ჭეშმარიტი სახე.
პირველ რიგში წმიდა გრიგოლი მადლით აღსავსე მოღვაწედაა მიჩნეული. საღვთო მადლი ღვთის ნიჭია, სულიწმიდის მეშვეობით ადამიანებზე გარდამოვლენილი, რომელიც აუცილებელია სულიერი ცხოვრების ყველა საფეხურზე. „მადლი ღვთისა“, რომელიც სულიწმიდით გარდამოედინება, მხოლოდ რჩეულთ ეძლევა. მისი ნაყოფნია: „სიკეთე, სიმრთელე, ჭეშმარიტება,...სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, მყუდროება, მარხვა, მოთმინება“ (გალატ. 5,22-23); ყოველგვარი ნიჭი მხოლოდ საშუალებაა უფრო დიდის, სიყვარულის მოსაპოვებლად, რომელთან შედარებით ყოველივე არარაობაა (I კორ. 13,3); ქრისტიანის მიზანია სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, ხოლო ყოველგვარი საღვთო ღვაწლი, მხოლოდ საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად.
წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ღვთის მადლის ზემოქმედება ჯერ კიდევ დედის საშოშივე ვლინდება. უფალმა წინასწარგანზრახულობით უწყის მისი გამორჩეულობის შესახებ და ღვთისვე ჩაგონებით, დედამისის მიერ, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი იქნა ღვთისადმი შეწირული (აქ იგი შედარებულია სამოელ წინასწარმეტყველსა და იოანე ნათლისმცემელს, წმიდა გრიგოლ ხანძთელის პირველსახეებსა და ანალოგიებზე საუბრობს პროფესორი რევაზ სირაძე. იხ. „ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები“, გვ. 80); იგი, ჯერ კიდევ ყრმა, შემოსილი იქნა მარხვის ნიჭით: „მარხვასა შინა იზარდებოდა...რამეთუ სიჩჩოჲთგანვე ღვინო და ხორცი არა შეხდა პირსა მისსა, ვინაჲთგან ქრისტესა განუკუთვნა სული თვისი სამკვიდრებელად და ხატიცა მონაზონებისაჲ ემოსა, რამეთუ თავისუფალ იყო იგი სიმღერისაგან ყრმათაჲსა და ყოვლისაგან აღრევისა კაცთაჲსა და მარტოდ იყოფვინ მას სადგურსა, რომელსა განწესებულ იყო. ამისთჳსცა დაყუდებულ უწოდიან მას სახელი“.4
ღვთის მადლის ზემოქმედება ჩანს წმ. გრიგოლის განსწავლულობაშიც. „მისი გულისხმიერებაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელ იყო ფრიად. რამეთუ მსწრაფლ დაისწავლნა დავითი, ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ, ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწვა მრავალთა ენათაჲ და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. მეტად მნიშვნელოვანია, რომ წმიდანის ასეთი განსწავლულობა მისი ასაკისთვის შეუფერებელია. აგიოგრაფი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მას ისეთ დონეზე შეუსწავლია ქრისტიანული სამოძღვრო სისტემა, რომ შეეძლო, „ღვარძლისაგან იფქლი გამოერჩია“, კერძოდ, ამა სოფლის ფილოსოფოსთა სიბრძნე „კეთილად“ შეისწავლა, რაც მისაღები იყო, შეიწყნარა და „ჰირკუალი“ განაგდო. ხშირად წმ. მამები მშობლებს არ ურჩევდნენ, რომ შვილებისთვის ადრეულ ასაკში გაეცნოთ ფილოსოფოსთა ნააზრევი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იგი მცდარ შეხედულებებს გამოიწვევდა. წმიდა გრიგოლს კი ეს საფრთხე არ დამუქრებია, პირიქით, „განითქუა სისრულეჲ იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის“. ადრეულ ასაკშივე მოიპოვა მან სიმდაბლე გულისა, სიგლახაკე სულისა, სიმყუდროვე ქცევისა, მოწყალება გონებისა. სიწმიდე, რომელიც მის გულში იყო დანერგილი, გახდა აღმომაცენებელი ღვთისმსახურების ჯეჯილისა, ნერგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა აღორძინდა მის სულში, ხოლო „ნაყოფი ღმრთისა სიყვარულისა გარდაემატა მათ შორის“. სიწმიდე გულში დანერგილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება აღორძინებული მის სულში და სიყვარული ღმრთისა, რომელიც „უმეტეის არს“ ყოველივეზე, სულიწმიდის ნიჭი, ღვთისგან ბოძებული.
მას უხვად ჰქონდა მომადლებული სხვა სათნოებებიც, კერძოდ, ლოცვის მადლი, სიმდაბლე, სიმშვიდე, განურისხველობა, უპოვარება, მოწყალება, დუმილი და მრავალი სხვა. ყოველივე ეს მან ოპიზაში მოღვაწეობის დროს შეიმოსა, როცა ხელი მიჰყო „ფიცხელ მონაზვნურ“ ღვაწლს.
როგორც აღვნიშნეთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სათნოებანი შეძენილია მისი მოღვაწეობის I პერიოდში, ხოლო შემდეგში უკვე ხდება მიღწეულის საქმით განხორციელება, ანუ იგი უკვე აღარ იბრძვის მათი მოპოვებისათვის და ღვთის ძიებისა და სრულქმნილების სხვა საფეხურებისაკენ ისწრაფვის. რადგან სრულქმნილება დაუსრულებელია, ამ გზაზე უფლის შეწევნა ყოველთვის აუცილებელია, ამდენად, წმიდა გრიგოლის მადლით სისავსე მოასწავებს იმას, რომ იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე არ გაცლია მას და ყველა მისი მოქმედება სულიწმიდის ნიშნით იყო აღბეჭდილი.
სისრულის შემდეგი ნიშანი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს გიორგი მერჩულე, გახლავთ წმიდა გრიგოლის „სიბრძნით განსრულება“. პავლე მოციქული სიბრძნეს სულიწმიდის ნიჭთა შორის ასახელებს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის აზრით, „ღვთისკენ მოღვაწეს სიყვარული და სურვილი იზიდავს, ანუ მისწრაფება სისრულისა და სრულქმნილებისაკენ. ამიტომაცაა იგი ბრძენი“.5
წმიდა გრიგოლის „სიბრძნით განსრულება“ გულისხმობს იმას, რომ მან გააკეთა კეთილი არჩევანი და ღვთის გზას დაადგა. იგი ცოდნას „ფილოსოფისობისათვის“ კი არ იყენებს, არამედ საქმით განახორციელებს. წმიდა გრიგოლ ნოსელი ტრაქტატში „სისრულისათვის“, სადაც წარმოდგენილია უფლის სახელები და განმარტებულია მათი სიმბოლიკა, ქრისტეს უწოდებს ღვთის სიბრძნეს. ამ სახელდებით - აღნიშნავს იგი, ჩვენ ვიღებთ ცოდნას ქრისტეს შესახებ, ასევე ვიგებთ, თუ როგორ უნდა ვადიდოთ უფალი და რატომ უნდა ვეთაყვანებოდეთ მას.
წმიდა გრიგოლი ასკვნის: სიბრძნემ მოიგონა ენით გამოუთქმელი დაბადების საკვირველება, ძალი შეუერთდა სიბრძნეს და განზრახული სრულყოფილებაში მოვიდა. ამიტომ, ვისაც ქრისტიანი ეწოდება, ეწოდება მას ბრძენი, ვინაიდან „სიბრძნეს გამოაჩინებს თავის თავში უმჯობესის გამორჩევით, რაც თავის მხრივ, სიკეთეს შეამეცნებინებს, ყოველივე ამით კი სრული და უცდომელი ცხოვრება მიიღწევა“.6
წმიდა გრიგოლი ბრძენია, უპირველესად იმიტომ, რომ შეიცნო შესაქმის სიდიადე, რომელმაც „საღმრთო წამისყოფით“ არსნი არსებად და დაბადებად“ მოიყვანა, რისი საშუალებითაც მან ქრისტე შეიმოსა.
წმიდა გრიგოლს ღვთისაგან მონიჭებული სიბრძნე გასდევს მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე და ვლინდება მთელ მის მოღვაწეობაში. აღსანიშნავია, რომ იგი როგორც ბრძენი, სიყრმიდანვეა განთქმული, რაც შემდეგშიც არაერთგზის წარმოაჩინა; კერძოდ, სამონასტრო ცხოვრების ორგანიზაციისას, საერო ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში, ბოროტებასთან ბრძოლაში, და სხვ. წმიდა გრიგოლის „ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე“ სიცოცხლის ბოლომდე არ შერყეულა, რაც ნათლად გამოჩნდა ჯავახეთში გამართულ კრებაზე.
გიორგი მერჩულე წმიდა გრიგოლს უწოდებს „დიდ მღვდელს“. მღვდლობა ახალი აღთქმის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. როგორც აღვნიშნეთ, სულიწმიდის მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას მადლი ეწოდება. მადლი, უპირველესად, ეკლესიის წმიდა საიდუმლოთა აღსრულებით პირდაპირი გზით ჩაიღვრება ქრისტიანის ცხოვრებაში. წმიდა საიდუმლოებანი ქრისტეს ეკლესიას ეკუთვნის, როგორც მასში სულიწმიდის განუშორებელი ნიშანი და მისი ჭეშმარიტების მოწმობა. საიდუმლოებები ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ აღესრულება. მათ მიერ ხდება მადლისმიერი ძალის გადაცემაც.7
აქედან გამომდინარე, მღვდლობა სულიწმიდის უდიდესი ნიჭია. მღვდელი, გიორგი მერჩულეს სწავლების მიხედვით, უნდა იყოს „უბრალოჲ ხელითა და წმიდაჲ გულითა“, რადგან ის, უპირველესად, წმიდა და უსისხლო მსხვერპლისა შემწირველია. ხოლო კაცთა ცხოვნება - „არა ვინაჲ არს, თჳნიერ მღდელობისა“. ყველა ის თვისება, რაც უნდა ახასიათებდეს მოძღვარს, მისმა ახლობლებმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა გრიგოლში დაინახეს. ამიტომაც აიძულეს იგი მღვდლობის პატივი მიეღო.
წმიდა გრიგოლ ნოსელი ზემოთხსენებულ ტრაქტატში საღვთო სახელთაგან გამოყოფს-მღვდელმთავარს. მღვდელმთავარში იგი მოიაზრებს ქრისტეს, რომელიც ჭეშმარიტად შეეწირა ჩვენს აღდგომას და თავადვე იყო მსხვერპლის შემწირველი . საიდანაც უნდა ვისწავლოთ, რომ ის, ვინც ქრისტეს გზას ადგას, თავის თავს მსხვერპლად სთავაზობს მას. პავლე მოციქულს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წარუდგინნეთ ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენნი“ (რომ. 12, 1); ამ შეწირვის მნიშვნელობა კი ის არის, რომ არ დავემსგავსოთ სოფელს, ჩვენი ნება შევცვალოთ გონების განახლებით, ხორციელი შევწიროთ სულიერს, „რამეთუ ზრახვაჲ იგი ხორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა” (ჯრომ.8,6); წმიდა გრიგოლ ხანძთელი ამიტომაც ხდება მორჩილი ახლობლების. იგი ემსგავსება მაცხოვარს, როგორც პირველმღვდელს და მთლიანად ეწირება მას, ემორჩილება მის ნებას და იღებს ხელდასხმას უფლისაგან. იგი, როგორც მღვდელი, ხდება უსისხლო მსხვერპლის შემწირველი უფლისადმი და ამავე დროს, ჭეშმარიტი მოძღვარი სულიერი სამწყსოსი. ჭეშმარიტი მოძღვარი რომ მბაძველი უნდა იყოს იესო ქრისტესი, ეს ჩანს წმიდა გრიგოლის ახლობლების სიტყვებში: „მორჩილ ექმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდელობითა, რომელმან ივნო ჩვენთვის და ჩვენ ყოველნი გუაცხოვნნა“.
ამდენად, წმ. გრიგოლ ხანძთელი როგორც „დიდი მღვდელი“ გიორგი მერჩულეს მიერ გააზრებულია წმიდა გრიგოლის მსგავსებასთან პირველმღვდელთან, რაც გამოიხატება მის უბიწო ცხოვრებასა და იმ დანიშნულებათა აღსრულებაში, რისკენაც „ამ პატივით“ მოუწოდა მას უფალმა. წმიდა გრიგოლის, როგორც „დიდი მღვდლის” სახე, ნათლად წარმოჩნდება ფებრონიას მიერ მიწერილ ეპისტოლეში წმიდა გრიგოლისადმი. იგი მას ასე მიმართავს: „წმიდაო მღვდელო, ეკლესიად წოდებულთა შორის მართალთა განსვენებულო, საღმრთოო მოძღვარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ხელმწიფეთა თვალუხვავად მამხილებელო და განმსწავლელო კვერთხითა სწავლისაჲთა, რომლისათვის სიტყვანი შენნი წინასწარმეტყველებრ აღესრულებიან კაცთა შორის“. დედა ფებრონიას ჩამოთვლილი წმიდა გრიგოლის, როგორც წმიდა მოძღვრის, სათნოებები ცხადყოფილია მის მიერ დაარსებული მონასტრების და მონასტრის წევრთა მიმართ პასუხისმგებლობაში, საერო პირებთან დამოკიდებულებასა და მათ ზნეობაზე მზრუნველობაში და სხვა.
წმიდა გრიგოლ ხანძთელი მთელი სისრულით გვევლინება, როგორც „კეთილად გამგებელი მოღვაწე“. წმიდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრების თანახმად, ყოვლი საქმის სრულმყოფელი და დასასრული ყოველი კეთილი „მოქალაქობისა“, ყოველი კეთილი საქმისა და სწავლებისა-ღმერთია. ღმერთმა გამოუჩინა „მას ჟამსა შინა“ ქართველ ერს წმიდა გრიგოლ ხანძთელი. წმიდა გრიგოლის, როგორც მოღვაწის სიბრძნე იმაშიც მდგომარეობს, რომ მან სარწმუნოება, როგორც საფუძველი ერის გადარჩენისა საწყისად დადო. წმიდა პავლე მოციქულის სწავლებით, ყოველივეს საფუძვლის დამდები არის უფალი, ყოველივე მასზე შენდება, რადგან „საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისაჲ (კორინ. 3-10).,
ღვთის ნება იყო, რომ წმიდა გრიგოლის მიერ აღორძინდა „არაბების მიერ აოხრებული და გადაბურებული საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი კუთხე ტაო-კლარჯეთი...აქ მან საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას, ააშენა მთელი რიგი მონასტრები და ტაძრები, რომელნიც კულტურის შესანიშნავ კერებად იქცნენ“.8 აქეთკენ VIII ს-ის მეორე ნახევარში ქართველი მოღვაწეები მიემართებიან „ვითარცა აღთქმულ ქვეყანაში, რათა იქედან კვლავ მოიპოვონ თავიანთი სამშობლო ქართლი და საქართველო“.9 ეს მისია აღსრულდა. იგი იქ აღმოჩნდა, როგორც „თავსაკიდური ლოდი“, რომელზეც აშენებული იქნა ერის ცხოვრების ორი კედელი, ერთი მხრივ, ეს ერის სულიერ ხსნაში გამოიხატებოდა და, მეორე მხრივ, ქვეყნის ფიზიკურად გადარჩენაში. განსაცდელი, რომელიც ერს უფლისაგან მოევლინა, მხოლოდ სულიერი სიწმიდით გახდებოდა დაძლეული, რაც, თავის მხრივ, ერს ფიზიკური განადგურებისაგან იხსნიდა. ერი საუფლო მაშინ ხდება, როცა ფიზიკური და სულიერი მხარე სიკეთითაა შემკობილი. უფლისადმი მსგავსება გრიგოლის, როგორც კეთილად განმგებელი მოღვაწისა, გამოიხატება იმაში, რომ იგი გახდა საფუძვლის დამდები თავსაკიდური ლოდი, რომელზეც შემდეგ საუკუნეებში დაშენდა სულიერად და ფიზიკურად ძლიერი საქართველო.
შემდეგი ნიშანი „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“, წმ. გრიგოლს, როგორც კეთილად გამგებელ მოღვაწეს მიემართება, რაშიც იგულისხმება ტაო-კლარჯეთის აღორძინება. ამ სიმბოლიკებზე არ შევჩერდებით, რადგან იგი საფუძვლიანად აქვს განმარტებული პროფესორ რევაზ სირაძეს.10
გიორგი მერჩულე წმიდა გრიგოლს სახელსდებს, როგორც „ზეცისა კაცს და ქუეყანის ანგელოზს“. ეს განსაზღვრება ორგზისაა მოხმობილ ცხოვრებაში. ერთი ნაწარმოების დასაწყისშივე, ჩვენს მიერ მოხმობილ დახასიათებაში და მეორე დასასრულს, როდესაც აღწერილია წმიდა გრიგოლის ამქვეყნიდან გასვლის ჟამი. აქ წმიდა გრიგოლი სიტყვების შემდეგ - მეორედ მოსვლამდე „ხორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან“, ქრისტეს მიერ მიუწვდომელი ნათლით შეიმკო, „რამეთუ ბანაკი ანგელოზთა უფლისათა გარემოადგა მას და პატიოსანთა საკმეველთა სულნელებამან აღავსო იგი ერი კრებული მამათაჲ“. აქვე აღნიშნულია, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა წმიდა მამის ცხოვრებაში. მას „აქუნ და ჩვეულებაჲ ზეცისა წმიდათა მთავრობათა ხილვისაჲ სულსა მას მართალსა. სწორედ მათგან ესმის მას სიხარულის გამომხატველი სიტყვები: „ნუ გეშინინ მოსვლად ჩვენ თანა მსახურო ქრისტესო, სანატრელო, რამეთუ გიწესს მეუფეჲ ცათაჲ ქრისტე“.
რატომ მოიხმო ეს სახელდება ავტორმა ცხოვრების დასაწყისში და დასასრულს და რაში გამოიხატება წმ. გრიგოლის „ზეცის კაცობა და ქვეყნის ანგელოზობა“. წმიდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრების მიხედვით, ადამიანის ბუნება მარტივი არ არის. ეს არის ფიზიკურისა და სულიერის ერთობაში მყოფობა, ხილულისა და უხილავის შეზავება. თითოეულს თავისი საზრდელი აქვს. „ხილული ესე საზრდელი ჴორცთა განაპოხებს, ხოლო სულიერი იგი-სულსა განამტკიცებს“; სულიერისა და ფიზიკურის ჰარმონიული შეზავება ნათლად ჩანს წმიდა გრიგოლის გარეგნული სახის აღწერისას; გიორგი მერჩულე გადმოგვცემს: „იგი იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო“. სულიერი უბიწოება იმაზე მიგვანიშნებს, რომ სხეულებრივ სიჯანსაღეს თან ახლდა სულის უმანკოება. ეს სხეულებრივი და სულიერი სრულქმნილება მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა: „მამაჲ გრიგოლ, ნებისა ქრისტეჲსა სამკვიდრებელი, სასწაულითა მოქმედი დიდებული, ფრიად გარდარეულად დაბერდა...ხოლო ფერი პირისა მისისაჲ არა იცვალა, არცა შეემთხვია თვალთა მისთა მრუმედ მხედველობაჲ და ხორცითა ძლიერ იყო, რაჲთურთით უძლურებაჲ სიკვდილამდე არა იპოვა მის თანა“. სხეულის სიჯანსაღე მისი სულის მდგომარეობის გამომხატველი იყო. გვამის სიმრთელე ქრისტიანისათვის, უპირველესად, საჭიროა იმისათვის, რომ აკეთოს ქველი საქმენი, გასწიოს ის ღვაწლი, რაც უფლისგან აქვს მინიჭებული (ამისკენ მოუწოდებს იაკობ ხუცესი შუშანიკს, როდესაც ეუბნება: ნუ „დაუმძიმებ ხორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ“).
წმ. გრიგოლი, როგორც „ქვეყნის კაცი და ზეცის ანგელოზი“, არაერთგზის წარმოჩნდა მის ცხოვრებაში. ყველაზე ცხადად კი მის მიერ აღსრულებულ სასწაულებში. ქვეძნის კაცობა „კეთილად განგებულ მოღვაწეობაში“ გამოიხატება, უდაბნოთა ქალაქმყოფობაში, მონასტერთა მართვა-გამგეობაში, ერისა და ღვთის სამსახურში. ხოლო ანგელოზობა ადამიანთა სულების მფარველობაში, რასაც დაუცხრომლად ეწეოდა „საღვთო მოძღვარი“. იგი მფარველ ანგელოზად ევლინება აშოტსა და „სიძვის დიაცს“, მფარველობს ადარნესეს მაცდუნებელ გარდაცვლილ ქალს, რომელსაც შესვენებულთა სულები არ იღებენ. ამ დროს ხდება გაერთიანება მიწისა და ცისა. იგი წუხილით წერს გარდაცვლილ დათ, რათა შენდობა ითხოვონ საწყალობელი დედაკაცისათვის, რომ ღირს იქმნეს „ყვალნი მისნი ყვალთა თანა თქვენთა და სული მისი, სულისა თქუენისა თანა“ დაესვენოს. წმიდა გრიგოლმა იგი სიცოცხლეშივე ამხილა ცოდვათა გამო, შენდობა კი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა. ამ ეპიზოდით სრულიად გამოვლინდა, რომ წმიდა გრიგოლი თავის ამქვეყნიური ღვაწლით იმდენად სრულ-იქმნა, მიწაზე მყოფი ზეციურ საქმეთ ეზიარა. ღვთაებრივი ნათელი მოსავს მას, რაც თვალხილულად არაერთგზის გამოჩნდა (სენაკში, ჯავახეთში), ქრისტეს სახელით ჩადის უამრავ სასწაულს, აქვს ნიჭი წინასწარმეტყველებისა, კურნებისა. მისი ეს ღვთაებრივი მადლი გადადის მოწაფეებზეც, რომლებიც სასწაულებით იქნენ „შემკობილნი“.
დაუცადებელი ამქვეყნიური ღვაწლით წმიდა გრიგოლმა ზეციური კაცობა დაიმკვიდრა, ხოლო, როგორც ერის სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი - ქვეყნის ანგელოზად მოგვევლინა, ხოლო როდესაც წმიდა გრიგოლს, როგორც „ზეცის კაცსა და ქვეყნის ანგელოზს“ ავტორი ორჯერ უწოდებს, ამით მიგვანიშნებს ღვთის მადლის ზემოქმედებაზე, რაც კანონზომიერად ვლინდება წმიდა გრიგოლის ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნისას, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან ახლდა და ასევე ცხადად გამოვლინდა მისი აღსასრულის ჟამს, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ზეცის (სულიერის) და ქვეყნის (კაცობრივის) ერთობლიობა.
გიორგი მერჩულე რამდენჯერმე მოიხსენიებს წმიდა გრიგოლს სანატრელად. თხზულების მიხედვით, „ნეტარება უკუე არს ყოველთა კეთილთა შესაკრებელი, რომლისაგან არც ერთი რაჲ კეთილთაგანი მოკლებულ არნ“. ჭეშმარიტ „ნეტარად“ მოიხსენიება თავად ღმერთი; წმ. გრიგოლ ხანძთელის ამ სახელით მოხსენიება მიმანიშნებელია იმისა, რომ იგი გახდა ყოველგვარი სიკეთის დაულევნელი წყარო და თავისი ღვთაებრივი თვისებებით ეზიარა შემოქმედს, ყოველგვარ სიკეთეს და სრულყოფილებას. ნეტარება მარადიულად უცვლელი მდგომარობაა „ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი კაცისა“, რაც მას უფლისაკენ სავალ გზაზე მიუძღვება. ამდენად, წმიდა გრიგოლი თავისი ამქვეყნიური ღვაწლით გახდა ნეტარი ღვთისა. სანატრელია იგი, რადგანაც მიიღო „მისაგებელი“, რომელსაც ყოველი ღვთის მეძიებელი სული უნდა ესწრაფვოდეს.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წმ. გრიგოლი სანატრლადაა მოხსენიებული. წმიდა გრიგოლ ნოსელის განმარტებით, ნეტარება - „ყოველთა სათნოებათა შესაკრებელია“, რომლის აღთქმული გვირგვინი - თავად უფალია. საგულისხმოა, რომ ყველა წინა ნიშნით - „მადლით სისავსე“, „კეთილად გამგებელი მოღვაწეობა“, „სიბრძნე“ და სხვა, წარმოჩენილია ის დაფარული, შინაგანი სათნოებანი, რის გამოც იგი სანატრელი შეიქმნა, შემდეგ კი დაკარგული ღვაწლის თვალხილული შედეგებია ნაჩვენები; კერძოდ, იგი გახდა ერის „სულიერი მამა და წინამძღვარი“, ააშენა ორი დიდებული მონასტერი, ხანძთა და შატბერდი, მოღვაწე მამათათვის იქმნა `სახე ყოველი კეთილისა“.
ამგვარად, გიორგი მერჩულეს მიერ წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დასაწყისში წარმოდგენილი წმიდანის სახე განაცხადებს მაცხოვრის მიერ დასახული გზის სრულყოფილად გავლას, რითაც მიიღწევა მსგავსება უფალთან. ის სახე-ნიშნები, რითაც წმიდა გრიგოლი აქ არის წარმოდგენილი, განხორციელებაა ქრისტეს ამავე სახელებში ჩადებული სიმბოლოებისა. ამავე დროს, ყველა ნიშანი ერთმანეთის მომცველია, რომელთა ერთობაშიც წმიდა გრიგოლის ღვაწლი მოიაზრება.
___________
დამოწმებული ლიტერატურა: 1. Св. Григорий Богословь. Восточные Отцы IV в. Париж. 1931. ст. 100. 2. ყველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი I, ილია აბულაძის რედაქციით. თბ., 1963; გვ. 249. 3. რ. ბარამიძე, „ქართული პროზის საკითხები“, თბ., 1996. 4.ძეგლები, I, გვ. 249. 5. Св. Григорий Богословь. გვ.100. 6. ხელნაწერი - A-55. 7. საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1995, გვ. 338. 8. რ. ბარამიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 95. 9. რ. სირაძე, ქართული აგიოგრაფია, თბ., 1987 წ., გვ. 191. 10. იქვე, გვ. 148-155.