The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი (იანვარი 2005. №1)


ცხელი შოკოლადი (იანვარი 2005. №1)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კვინიკაძე ნესტან, ახალაშვილი ნათია, ტურაშვილი დათო, დემეტრაძე ნიკოლოზ, ბაგრატიონ-გრუზინსკი მაია, მორჩილაძე აკა, კორძაია-სამადაშვილი ანა, კირვალიძე სოფიო, ბაბუაძე თამარ
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ყდაზე: ნუცა კუხიანიძე ფოტო: დავით მესხი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე ნატა ფედოსეევა ნომერზე მუშაობდნენ ნენე კვინიკაძე ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე ნათია ახალაშვილი ნანა ნიკოლაძე სტილისტი გაგა ლომიძე ფოტო დათო მესხი მელისა ონელი ილუსტრაცია გიორგი ბოხუა დიზაინი დავით თეთრაძე ირაკლი ჯაველიძე დისტრიბუცია კოკა სვანიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge MSA თბილისი სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: shorena@cezanne-web.com © „m Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია



1 ნატა+ ნიკა

▲back to top


ექსკლუზივი

ავტორი: ნენე კვინიკაძე
ფოტო: საიმონ რიჩარდსონი
დავით მესხი

0x01 graphic

1987 წელია, ზაფხული. ასზე მეტი გოგო-ბიჭი ახალგაზრდული ღიმილითა და სახის უცნაური მიმიკით, ხან ერთმანეთს ეტმასნება, ხანაც განმარტოვებულები ჩურჩულებენ. ხან არის ტანგო, ზოგჯერ აჟიტირებული შეძახილი, უფრო ხშირად სიმღერა, - ერთი სიტყვით, თეატრალური ინსტიტუტის მისაღები გამოცდები.

სახასიათო გარეგნობის გოგონა, მინაზე გამოკრული ტურების განრიგს ათვალიერებს. და უეცრად, 80-იანების თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მოტოციკლეტი გამოჩნდა. ეს ის დროა, „ჰარლეი დევიდსონი“ მხოლოდ მეზობლის ჟურნალში რომ გაქვს ნანახი, და მეზობელსაც ახლობელმა რომ ათხოვა.

მოტოციკლეტმა სიჩქარეს უკლო და ინსტიტუტთან გაჩერდა. გადმოდის ბიჭი, გამონაბოლქვისაგან თავიდან ბოლომდე შავი, - ალბათ, მთელი სეზონი მოტოციკლეტზე გაატარა. გამოკრულ საგამოცდო გრაფიკს უახლოვდება და დინჯად იწყებს კითხვას.

იმ წუთიდან სულ რაღაც 24 საათში მათი ისტორიაც დაიწყო. ნატა და ნიკა. მეორე დღეა. პირველი ტურისთვის თავშეყრილ აბიტურიენტებს შორის ისიც გამოჩნდა, ამჯერად სუფთა და მოწესრიგებული.

ყველას ინდივიდუალური ეტიუდი ჰქონდა გასათამაშებელი,მათ - საერთო. კოსტიუმებს თვითონ იგონებდნენ. ნიკაგველი უნდა ყოფილიყო, ამიტომ შავი სამოსის ასაჭრელებლად კედლის ცარცის გამოყენება სცადეს. ყველა ჩართული იყო ამ პროცესში, მაგრამ გველის იმიჯის შექმნაში განსაკუთრებული აქტიურობით ის უცნაური გოგონა გამოირჩეოდა, რომელსაც კურდღლის როლი ერგო და გველისთვის უნდა გაეწია პარტნიორობა.

ერთობლივი ეტიუდი გველისა და კურდღლის გათამაშებით, დრამატული ფინალის ნაცვლად, Happy End -ით დასრულდა. ნიკამ ნატას ყვავილი მიართვა და როლში შეჭრილები, ხტუნვახტუნვით გაუყვნენ ცენტრალურ ქუჩას.

თავიდან თავბრუს ხვევას ჰგავს... თეატრალურ ინსტიტუტში ასე ხდება ხოლმე, - რეპეტიციების და გართობის დელიკატური ბალანსი, ქაოსის ქორეოგრაფია და აქამდე უხილავთან ზიარება. აქ ალერგიაც კი “ეგზოტიკური” იცის - სცენის მტვერისგან გამოწვეული.

მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. მეგობრობა დილიდან ღამემდე, - თეატრალურში სულ რაღაც რამდენიმე ლექსსა და სიმღერაში ისე შემოგეპარება საღამო, რომ ვეღარაფერს ასწრებ. მეორე დღეს ისევ იგივე. აქ ერთმანეთის ამოცნობა ხდება, ინტერესთა გაზიარება უფრო ახლობელს ხდის მეორე ადამიანს. ხელიდან ხელში გადადის ერთი აჩემებული წიგნი და, რაც უფრო უცნაურია შენი ჩაცმის სტილი, მით უფრო ფასობს შენი ინდივიდუალიზმი.

18 თებერვალია. ნატას დაბადების დღე. დილით დედა აღვიძებს და ეუბნება: ნატა ჩქარა გაიხედე, გარეთ რა ხდებაო. ნატა ლოგინიდან წამოხტა და ხედავს - თხილამურის ორ ჯოხზე გაჭიმულია ზეწარი, რომელზეც წითელი საღებავით წერია „გილოცავ“ და პატარა მინდვრის ყვავილები აქა-იქ არის მიმოფანტული.

საღამოს სტუმრები მოვიდნენ. „მე მინდა, რომ სიურპრიზის ავტორი ნიკა იყოს, მაგრამ არავინ ტყდება, არც მინიშნებას იძლევა. ბოლოს მე თვითონ მივედი და ვეკითხები ნიკას: ვინ გააკეთა? „არ ვიცი”, - მპასუხობს მშრალად. გავბრაზდი. თუ ნიკას არ გაუკეთებია, არანაკლებ საინტერესოა მომხდარზე მისი რეაქციაც : ნეტა თუ იეჭვიანებს?

იქნებ იმან მომიწყო? იქნებ ამან? და დავიწყე ბიჭების ჩამოთვლა. ამით ისე გამწარდა, რომ აღიარა: ოღონდ თავი დამანებე, მე გავაკეთეო. ღამით გვიან თავისივე ზეწარი, რომელზეც იწვა, აუღია და ჩუმად გაუკეთებია წარწერა”.

სიყვარულისთვის სახელის დარქმევას უცხო კაცი დასჭირდა. მათ შემთხვევაში ეს მართლაც უცხოელი იყო. იმ დროისთვის უცხოელის ქუჩაში ხილვა, უცხოპლანეტელის გამოჩენას უდრიდა. ამიტომ, სრულიად მიზანმიმართულად, სტუდენტებთან დასაახლოვებლად სპეციალურად იწვევდნენ ხოლმე საზღვარს მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს.

ერთობლივი სეირნობები, გართობა და საუბრები არჩეულ პროფესიებზე. იმ დღესაც ასე იყო, როდესაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ახლად დამეგობრებულ წყვილს ჰკითხა - თქვენ შეყვარებულები ხართ? - დიახ, - უპასუხა ბიჭმა. გოგონა მოულოდნელობისაგან ადგილზე გაშეშდა.

გაცნობიდან ერთი წლის თავზე, ნატა მურვანიძემ და ნიკა თავაძემ იქორწინეს. ქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ პრობლემები გაჩნდა. ნატა ბავშვს ელოდებოდა და ტოქსიკოზი აღმოაჩნდა. საქორწინო მოგზაურობა ყველაზე ცუდ მოგონებად იქცა.

ამასობაში თეატრალურში ბიუხნერის „ბოიცეკი” იდგმებოდა. ნატას ფეხმძიმობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ამიტომ მასაც, სხვების მსგავსად, ერგო როლი - მას მარია უნდა განესახიერებინა. ერთ მიზანსცენაში ნატა მაგიდაზე უნდა შემხტარიყო. ნახტომი გააკეთა და მოულოდნელად პედაგოგმა შეჰკივლა:

- კი მარა, მე რაღაც მითხრეს.

- რა? - უტიფრად ჩაეძია ნატა.

- რომ მთლად კარგად ვერ ხარ...

- რა, ავად ვარ?

- არა...

- არ ვარ ავად!

0x01 graphic

ამით გამოვაცხადე, რომ მუშაობა შემიძლია და ვთამაშობდი კიდეც.

ზაფხულისთვის ჯგუფი მიმოიფანტა. ტოქსიკოზმა გაიარა და ორივენი ბავშზე ფიქრით ირთობდა თავს. შესანიშნავი პერიოდი დადგა. ნატას მუცელი დაეტყო.

იმ წელს 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, ამიტომ სწავლა სექტემბრის მაგივრად, პირველ ოქტომბერს დაიწყო. ნიკუშა ინსტიტუტში მივიდა და მამა ვარო განაცხადა.

„სხვისი ბავშვები სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ჩემი რომ მეჭირა, ცოტა უცნაური იყო. ბედნიერებას ვგრძნობდი, თუმცა მაინც პატარა ვიყავი.”

ამას ნატას და ნუკუშას პოზიციებისთვის ბრძოლა მოჰყვა: ვინ აბანავებდა პირველი, ვინ უკეთ გამოუცვლიდა. ნიკუშა იტყოდა: მე მთელი ცხოვრება ბავშვებს ვაბანავებდი, ნატა წიგნებიდან ამოკითხული ფრაზებით პასუხობდა. „იმის მაგივრად, რომ მოვდუნებულიყავით და ბედნიერებით ტკბობა შეგვეგრძნო, ერთმანეთს ვჭამდით: დედა უფრო კარგია, თუ მამა?!”

იმ პერიოდში ნატასთან ცხოვრობდნენ. რადგან პატარა ჰყავდათ, მშობლები ეხმარებოდნენ. ახალ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. „სულ ვფიქრობ, ცალკე რომ გვეცხოვრა, ასეთი დრამატული სურათი არ იქნებოდა. ბავშვის აღზრდაში ჩვენი მშობლების ჩარევაც კი გაღიზიანებას იწვევდა. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი პრობლემები, რაც ყველგან ჩნდება, სადაც ეს დროზე ადრე ხდება.” ნიკუშა თავის სახლში გადავიდა. ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ცუდად ვგრძნობთ თავს. ერთ ჯგუფში ვსწავლობთ, ყოველდღე გვიწევს შეხვედრა. ვჯიუტობთ: თვითონ გადადგას პირველი ნაბიჯი! მე როტომ უნდა დავურეკო? და ასე შემდეგ. ასეთ დროს მშვიდობის მტრედი გამოჩნდება ხოლმე, რომელსაც კარგი ამბები დააქვს აქეთ-იქით. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, და შედეგიც გამოიღო, რადგან შერიგების იმედი გააღვივა. მე ყოველთვის ნიკასგან ველოდებოდი პირველ ნაბიჯს, ჩემგან ეს ფლირტის დონეზე ხდებოდა, პროვოცირებას მე ვახდენდი, მაგრამ გადაწყვეტილებას ის იღებდა. ამ მხრივ სუსტი ვარ.”

როცა ურთიერთობა აირია, ნიკამ ნატას ნახატი გამოუგზავნა, სადაც ადამიანებიც და სამყაროც, რომელშიც ცხოვრობდნენ, ზუსტად იყო ასახული - უსიტყვოდ ითქვა მთავარი.

რაღაც მოხდა, აფეთქდა, - „ელექტრონები...” „надо жить“

PAUSE

ნატას ათასებში გამოარჩევ - სადად იცვამს: კედები, ფართხუნა შარვალი, განიერი ქურთუკი („მთავარია არ შემცივდეს, ან არ დამცხეს”), ნაწნავი და რაღა თქმა უნდა, სახე - კოსმეტიკის გარეშე.

ჩაცმისთვის დროს არ კარგავს, თუმცაღა, სხვისი მრავალფეროვანი მორთულობა ძალიან მოსწონს. ახალგაზრდას ყველაფერი უხდება, ასაკში კი უამრავი დრო გჭირდება უკან დასაბრუნებლად.”

ნატას საუცხოო აღნაგობამ, დამახასიათებელმა სიარულის მანერამ, მეტყველმა ნაკვთებმა შეუძლებელია ინტერესი არ აღძრას.

ოღონდ კომპლიმენტი არა! ნატა არ ეკუთვნის ქალების იმ რიცხვს, რომლებსაც ცხოვრების ბოლომდე ახსოვთ ყველა ის კომპლიმენტი, რაც კი ოდესმე მიუღიათ.

რაღა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება პროფესიულ შეფასებებზე. თუ შენი შრომა ადრესატამდე მივიდა, ბედნიერი რჩები, რადგან სწორედ ამისთვის იწვალე.

ნატას არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე, დღემდე უცნაურს უწოდებს სცენაზე აღმოჩენას. „ვძერწავდი, ვხატავდი, - უფრო თითქოს მამისკენ ვიყავი”. უკვე თხუთმეტი წლის ასაკში მამამ ნატას უთხრა - „ძერწავ კარგად, ხატავ ცუდად, ამიტომ, თუ აკადემიაში გინდა ჩაბარება, ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“

„ეს რომ სხვისი მშობლები ყოფილიყვნენ, ხომ ვიტყოდი, ნეტავი ჩემები იყვნენ-მეთქი?!“ - ასე ფიქრობდა ნატა სკოლის ასაკში, რაც შემდეგ პროფესიულ შეფასებად იქცა - თვითკონტროლი, ობიექტის ან მოვლენის გარედან დანახვა. მშობლების ოჯახი მისთვის დღემდე იდეალურ მოდელად რჩება.

აუდიტორია თითქოს ყოველთვის ირჩევს დრამას. რაც უფრო ტრაგიკული ბედის მატარებელია ცნობილი ადამიანი, მით უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს თაყვანისმცემელზე. დამოკიდებულება სიბრალულს და სიმპათიას ერთდროულად მოიაზრებს და შენც მოგწონს „მისნაირად განვლილი ცხოვრება” - იმედგაცრუება, ნარკოტიკებში შვების ძიება და მაინც ვაჟკაცური შემართება - „надо жить”.

ცნობილი ადამიანების ისტორიებს რაღაც აქვთ საერთო. რა არის ეს: მარტოსულობა თუ ტრაგიკული ბედი? რა არის მათი დამაკავშირებელი ხაზი? იქნებ ეს ყველაფერი გამონაგონია?

„მე არ მყოლია მამა ლოთი, მამაჩემს დედა არასოდეს უცემია. სახლიდან არავის გამოვუგდივარ თექვსმეტი წლის ასკში, - დღემდე ერთად ვცხოვრობთ. რაც ოჯახმა მომცა, მეც მის შესაბამისად ვაგრძელებ ცხოვრებას. იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შექმნა, სურვილია საჭირო. როცა ადამიანში სიბრალულის გრძნობას აღვივებ, სამუდამოდ ისადგურებ მის ცნობიერებაში. მე მსახიობი ვარ, ვთამაშობ, მე მაყურებელს ვაცოდებ ჩემს გმირს. ეს აპლოდისმენტის ასპროცენტიანი გარანტიაა. თუ შენ შეგეცოდა გმირი... მე არ მგონია ეს საინტერესო. პირადად მე საცოდავი ადამიანები ნაკლებად მომწონს. ეს სისუსტის გამოვლენა მგონია. ამის დათრგუნვას უფრო უნდა ცდილობდე, ვიდრე სააშკარაოზე გამოტანას.”

ამისთვის საჭიროა სიძლიერე. ქალი კოსმიურად უფრო ძლიერია, თუმცაღა გამუდმებით თავისზე ძლიერის ძიებაშია. ალბათ ამიტომაა, რომ ხშირ შემთხვევაში, ტრფობის სარეცელზეც კი ქალი მამაკაცისაგან ელის გმირს. როგორები არიან ეს გმირები?

„მე არ მგონია, რამდენიმე გმირის აუცილებლობა არსებობდეს. როცა ერთზე ხარ კონცენტრირებული, გმირიც ის არის.”

და თუ შენ თვითონ ხარ გმირი?

PLAY

პირველ გაყრას, პირველი შერიგება მოჰყვა. ამჯერად შეყვარებულების როლები აირჩიეს. ამას, მოულოდნელად, მშობლებთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად, ნიკას იერუსალიმში გამგზავრება დაემთხვა. აქცია წმინდა მიწაზე ფეხით ჩასვლას ითვალისწინებდა. ამიტომ ნიკუშა ხუთი თვით წავიდა. „ალბათ საინტერესო იყო... რადგან მერე, როდესაც თავად აღმოვჩნდი იერუსალიმში, მეც მომინდა ჩამოსვლა და ფეხით ისევ იქ დაბრუნება. თანაც მარტო.”

ხუთი თვის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა. ნიკა დაბრუნდა, ბევრი წყლით, კენჭებით, ქვიშით. მთელი უდაბნო ჩემოდანში ჩაატია. „სახლში პატარა ისრაელი მოვაწყვეთ, ოღონდ აქედან, - კაბადოკიიდან. ეს იყო ყველაზე ძვირფასი საჩუქრები და, თავისთავად, სხვანაირი დაბრუნება. ერთი წელი მშვიდად ვიყავით.”

„მთელი ოჯახი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. საკმაოდ რთული იყო, რადგან არ გვქონდა დასამალი ოთახი: ხომ ხდება, რომ ხანდახან მარტო, შენთვის გინდა ყოფნა. სახლში, პრინციპში, ურთიერთობა ოჯახთან გვქონდა და არა ერთმანეთთან. შეიძლება ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვკარგავდით. ურთიერთობა არ იყო სათანადოდ მყარი. ერთადერთი, რამაც იმ დროს გადამარჩინა, მთელი დატვირთვით მუშაობა იყო - ნონსტოპი. რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუასთან დილიდან ღამემდე ვმუშაობდი. სხვა რამეზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა. ზედმეტად გამოვიფიტე.”

0x01 graphic

ისევ განშორება. ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ყველაფერი უკან დარჩა - ოციანი წლების ვალსებიც და ბებიების პოლკებიც. აღარც ლონდონი ჰგავს დიკენსის დროინდელს და არც შენ ხარ ისეთი, როგორიც წინათ. თანდათან ირკვევა, რომ შენს გვერდით გატარებული ღამე, სულაც არ არის ჩვენი საერთო დღე, - თუნდაც კალენდარის მიხედვით.

მე უცხო ქალაქებისკენ მიმიწევს გული.

პეტერბურგი, ლონდონი... მხოლოდ უკან დაბრუნებული ვახერხებ პერცეფციას. რეპეტიციები და გადაღებები კიდევ უფრო მისტიურ ელფერს ანიჭებს ქალაქს და ამიტომ მიჭირს მისი სრულყოფილი აღქმა. არის ოცნების ქვეყნებიც. „ჯერ არ ვარ მზად, თუმცა, აუცილებლად წავალ იტალიაში, წავალ და იქ მოვკვდები.”

მე სულაც არ მაქვს ილუზია, რომ სხვაგან კარგად ვიქნები. ამას არც ოჯახის გამო ვამბობ და არც საქმის. არის უამრავი რაღაც, რასაც ვერ ვეგუები, მაგალითად, ჭუჭყიან ქალაქში ცხოვრებას. ვერ ვეგუები ღამის პირველ საათზე ავტომობილის სიგნალს. არა, იმიტომ კი არა, რომ ვწუხდები, - მე ხუთ საათამდე არ მძინავს - უბრალოდ, დამოკიდებულება მაოცებს, როცა სხვაზე არ ფიქრობენ. „გაკრიალებულ“ გერმანიაში ჩემი ქალაქი აუცილებლად მომენატრება. თუმცა, რატომ უნდა მომინდეს წასვლა იმ ქალაქიდან, სადაც რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე მოღვაწეობენ?!

პირველი მსახიობი ქალი, რომელმაც სცენაზე გაიხადა! ეს თავის დროზე რევოლუციის ტოლფასი იყო. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ისეთი არაფერი. შხაპში ტანსაცმლით ხომ ვერ შეხვალ... თუ შეხვალ, უნდა გაამართლო კიდეც. თუ სიშიშვლე მაყურებელს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ რატომაც არა. „მაგრამ მე არ მაქვს იდეალური სხეული. იდეალური არც არაფერი მაქვს.”

სიამოვნებას მანიჭებს პროცესი, რეპეტიცია, სანამ საშუალება გაქვს ძიების, ცვლილების მოხდენის. მერე უკვე შენი ნამუშევარი შენ აღარ გეკუთვნის. ქირურგისთვის ოპერაციის პროცესია მთავარი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ახარებს ჯანმრთელი ადამიანის ხილვა, მაგრამ მთავარი მისთვის ის არის, რომ ადამიანი ხელიდან გამოგლიჯოს სიკვდილს.

ნატა გებულობს, რომ „იავნანაში” როლზე დაამტკიცეს. ბედის ირონია თუ რაღაც ამის მსგავსი: „იავნანაში” ნიკუშასაც იღებენ. დაშორებულებს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი უნდა ეთამაშათ. „ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მთელი ოთხი წლის მანძილზე, სპექტაკლებში ან მამა-შვილს ვთამაშობდით, ან და-ძმას, და მაინდამაინც ახლა, როცა შერიგებაზე საუბარი არ არის, პირველად გვიწევს ცოლ-ქმრის თამაში. მიუხედავად ყველაფრისა, თამაში არ დაგვჭირვებია, რადგან ეს გრძნობა ჩვენში ქვეცნობირად არსებობდა, რაც ფილმსაც წაადგა. კინო ხომ ვერ იტანს გადამეტებულ თამაშს?! ქვეცნობიერად ერთად ყოფნა გვინდოდა... მაინც არ შევრიგებულვართ. ვიკრიბებოდით გადასაღებ მოედანზე, ვურთიერთობდით ადამიანურად, მაგრამ სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობდით.”

ამის შემდეგ ნატამ „ცხოვრება იდიოტისა” ითამაშა. საერთოდ, არავის ეპატიჟება ხოლმე პრემიერაზე. როცა იცის, რომ დარბაზში ახლობელი ზის, ხელი ეშლება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სცენის მეოთხე კედელზე, რომელსაც დიდ შავ ორმოდ აღიქვამ, ფანჯარა გაიღოს და იქიდან ნაცნობმა ყურება დაგიწყოს.

არ იცოდა, თუ იმ დღეს ნიკუშა ესწრებოდა სპექტაკლს. მხოლოდ გრიმის მოშორების შემდეგ, გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ ის იდგა და ელოდებოდა: ჩამეხუტა, მომილოცა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა. მე შინ წავედი.

გვიან ღამით, ეზოში, მაღალ გისოსებზე, რომელზეც მცოცავი ეკლიანი ვარდია გაშვებული, საშინელი ბრახუნი გაისმა. შევშინდი, მაგრამ ნიკა შემრჩა, დიდი თაიგულით ხელში. მოვიდა და დარჩა. შევრიგდით... ერთი კვირით“.

ასე ხდებოდა გამუდმებით. ნატა გადაღებებზე წავიდოდა, დაბრუნებულს კი აღარ ჰყავდა ქმარი.

„პეტერბურგში გადაღებებზე ვიყავი. მოულოდნელად ციკლონი დაგვატყდა თავს, მინუს 25 გრადუსში კაბებით უნდა გვევლო. ყინვისგან კამერის ლინზები სკდებოდა. იასამნისფერი ვიყავი. ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი. აეროპორტში დედაჩემი დამხვდა. ნიკუშა რომ მოვიკითხე, მითხრა, ავად არის და თავისთან წევსო. 17 ნოემბერი იყო, კოტეს (კოტე მახარაძე) დაბადების დღე. ნიკუშას იქედან დავურეკე:

- მე ჩამოვედი.

- ვიცი, რო ჩამოხვედი.

- რა ვქნათ?

- მე ავად ვარ!

- ხოო...

- კაი წავედი.

ამის მერე აღარ დამირეკავს. ასე პრინციპულობის გამო ვიქცეოდი. საპასუხო ნაბიჯს ველოდებოდი. ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მთელი რვა წლის მანძილზე შერიგების და დაშორების თაბრუდამხვევი ქაოსი იყო.

თუმცა, რა დისტანციაზეც არ უნდა წახვიდე საყვარელი ადამიანისაგან, მაინც არის შეგრძნება, თითქოს სხვადასხვა ოთახებში ერთი საერთო კარი გაკავშირებთ. ძალიან ხშირად დგებით ამ კართან, ორივენი სახელურს ნელ-ნელა აპარებთ ხელს. გინდა გამოაღო და ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ... ფეხაკრეფით ისევ უკან ბრუნდები, რაღაც დრომდე, ხვალამდე. მერე ისევ იგივე.

და რადგან ტრიუმფალური თაღის ორი სვეტიდან ერთი ყოველთვის სიზმარია, ამიტომ ორივე ერთდროულად აღებს კარს: „უკვე დიდები ვიყავით. ორივენი კომპრომისზე წავედით. თან ის მაგნიტიც ამუშავდა, - სადაც არ უნდა იყო, მაინც რომ გაპოვნინებს მეორეს. ჩვენ ბევრ რაღაცას გადავაბიჯეთ, რადგან ერთად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო.

დათო დოიაშვილი გოგლა ლეონიძის საღამოს აკეთებდა. საერთო მეგობრები შევიკრიბეთ. მათ შორის მეც და ნიკუშაც. ფანტასტიური პერიოდი იყო, ვიცინოდით, ვერთობოდით. თან ისე მოხდა, რომ მანმადე ყველას რთული სამუშაო ჰქონდა, და აქ თითქოს განტვირთვას ვახერხებდით. ზაფხული იყო. გოგა გველესიანმა გადაწყვიტა, რომ ყველანი ერთად წავსულიყავით ხარაგაულში, მასთან სახლში: იქ ჩანჩქერებია, არ არსებობს, უნდა გაჩვენოთ!

ხარაგაულში წასვლა ბავშვთან ერთად გადავწყვიტე. სუფთა ჰაერზე იქნება, თან მამამისთან ერთად. დავტვირთეთ ორი მანქანა, - ნიკუშასი და დოისი. მე, რა თქმა უნდა, დოისთან ვიჯექი, რადგან ნიკუშასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ცოტას ვიკბინებოდით და ოფიციალურად მივმართავდით ერთმანეთს.”

მანქანა სხვა მიმართულებით წავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული ბლეფი. ნიკუშას აგარაკზე, წეროვანში მივიდნენ. ნატას სუნთქვა შეეკრა, რადგან ეს ის ადგილი იყო, სადაც ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები ჰქონდა გატარებული და შესაბამისად, მტკივნეული იყო იქ დაბრუნება.

0x01 graphic

ნატას, ამჯერად შვილის ხათრით, არფერი გაუპროტესტებია, უბრალოდ, სრული სამი დღე ხმა არ ამოუღია.

იქ ყოფნის დროს ნიკუშა მოიწამლა, ყველა მას უვლიდა. ერთ საღამოს ნატამ წამალი შეუტანა. ნიკამ ხელი მოჰკიდა და უთხრა, რომ რაღაცის თქმა სურდა. სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდნენ.

„იმ დღეს, აივანზე, ერთმანეთს ყველაფერი ვუთხარით, რაც კი ოდესმე გვწყენია. ბავშვებს დავემსგავსეთ: მე რომ შენ მაშინ... შენ არ მითხარი?...”

ქალაქში ერთად დაბრუნდნენ. ნატა სოჭში გაემგზავრა „კინოტავრზე”, სადაც მისი ფილმი მონაწილეობდა. არა! აღარ დაშორებულან. ცალკე ყოფნის ათი დღე ურთიერთობის საბოლოოდ გაღრმავებისთვის საუკეთესო აღმოჩნდა.

მერე ისევ თავიდან დაიწყო,- სეირნობა ანწლის გვირაბებში, ვიდეო იმიჯებში, დათოვლილ ხეებს შორის. ისინი ყველაფერს თავიდან იწყებდნენ. თითქოს ერთი ცნობილი რომანის გმირების მსგავსად, გულში იმეორებდნენ - დამიბრუნე ჩემი ვარსკვლავი! ბავშვივით ჯიუტები ისევ ერთად ყოფნით სიგიჟემდე ბედნიერები იყვნენ, ორივე ნანობდა.

„ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. ახლა 34 წლის ვარ და ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. ყველაფერი, რაც გადამხდა, აუცილებელი იყო. თუმცა არის სინანული, რაც ყოველ ღამე, ყოველ დილით მოსვენებას არ მაძლევს, - ანუ ის, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვატკინე გული. მხოლოდ ამის გამო მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება. როცა რაღაცას აკეთებ, მარტო არ ხარ, შენთან ერთად ადამიანების ჯგუფიც მონაწილეობს. ფრთხილად უნდა იყო. ხანდახან ასე არ გამოდის, და რა დასანანია, რომ ერთი შეცდომა საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე.

იმ რვა წელიწადს თან ვნანობ და თან - არა. თუ მე და ნიკუშა მხოლოდ ამ გზით დავუბრუნდებოდით ერთმანეთს, მაშინ - არა... თუ ერთად ყოფნა ტკივილების გარეშეც შესაძლებელი იყო, მაშინ - ვნანობ.”

სეზონის მიწურულია. იტალიის სამხრეთი მზის ჩასვლების სიამოვნებისაგან ლამის არის საზღვარს გასცდეს და „უცხოეთს” ჩაენავლოს. სანაპიროს მხოლოდ შეყვარებული წყვილები შემორჩნენ. გამჟღავნებული ალერსი და თამამი კოცნა.

ვზივარ ბუნგალოში. ამდენ ხალხში მხოლოდ ერთი წყვილი ავარჩიე და ვუმზერ. ჩალის სკამზე ბიჭი ჩემგან ზურგით ზის. მის მოპირდაპირე მხარეს, ასეთივე სკამზე ქალბატონია მოკალათებული, რომელსაც შიშველი ფეხები, უცნობის მუხლებზე უწყვია. ღია ფერის სიფრიფანა კაბა აცვია, გრძელი თმა გაშლილი აქვს და იღიმება. მე თვალს არ ვაშორებ მათ. ქალბატონი ძალიან ჰგავს რომელიღაც მსახიობს, იქნებ არის კიდეც. მე ახლაც შთამბეჭდავი სიზმარივით მახსოვს ეს სცენა - შეყვარებულების ერთი ჩვეულებრივი დღე.

ჩემს ნივთებს თავს ვუყრი, ვდგები და დინჯად ვბრუნდები სასტუმროს ნომერში. მუშაობას ვაგრძელებ: ვიღებ დიქტოფონს და კასეტის გაშიფვრას ვიწყებ:

„არაფერი არ მომხდარა ისე, შემთხვევით... წყალივით არაფერს ჩაუვლია. თითებს შუა გადიოდა ყველაფერი, - მეხებოდა და ვგრძნობდი, ანუ ჩემი ხელები ამ დინებაში იყო და წინააღმდეგობას უწევდა მას.“

0x01 graphic

2 წყვილები

▲back to top


სპეც-პროექტი

ნათია ახალაშვილი
დავით მესხი

0x01 graphic

ჰეზერ ზიმენი, მასწავლებელი
ლადო ბურდული, მუსიკოსი

ჰეზერი - ჩვენი ერთად ცხოვრება თავისუფალი არჩევანია. გვიყვარს ერთმანეთი და მოგვწონს ერთად ყოფნა. სიმართლე გითხრათ, ლადო ძალიან რთული პიროვნებაა და ძნელია იმის ახსნა, რა მიზიდავს მასში. მომწონს, რომ არაფერს შეუძლია მისი წყობიდან გამოყვანა. ძალიან ენერგიულია.

ლადო - ვალი მაქვს და ვერ ვიშორებ... მიყვარს, მომწონს, მივეჩვიე... მუდმივი სიყვარული ისეთი რთული რაღაცაა... ცხადია, რომ სჯერათ მუდმივი სიყვარულის და იმიტომ უყვარდებათ ერთმანეთი. მაგისი რწმენა რომ არ იყოს, არც შეუყვარდებოდათ. მუდმივი სიყვარულს ბევრი შრომა და მუშაობა სჭირდება, ფორმებს იცვლის და როცა ამ სხვა ფორმებისთვის შენ მზად არ ხარ, სიყვარული უბრალოდ კვდება. ლატარეასავით არის, არსებობს იდეაში, მაგრამ ყველა ამის ღირსი ვერ ხდება. არიან გამარჯვებულებიც, ვინც ამ „პრიზს” იღებენ.

ის რომ ვიცოდე ოცი წლის შემდეგ რა იქნება, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ისე გარბის დრო... რა ვიცი… ისე, ასე შორს ვერ ვიყურები. ორმოც წლამდე კი ვიყავი იმედებით, მაგრამ მერე უკვე ისე იცვლება ასაკი, რომ თუ ისევ ოცნებებში რჩები, უკვე ფსიქიატრიულის პაციენტი ხდები. აქედან გამომდინარე, დღევანდლი რიტმით თუ გავაგრძელე ცხოვრება, არა მგონია, რომ რამე რადიკალურად შეიცვალოს.

0x01 graphic

ნინო თარხან-მოურავი, მსახიობი
თემიკო ჭიჭინაძე, მსახიობი

ნინო - მახსოვს, ჯერ კიდევ შეყვარებულობის ხანა გვქონდა. დილას რა დროსაც არ უნდა გამეღვიძა, კარს რომ გავაღებდი, ძირს ვარდების თაიგული მხვდებოდა. ეს არასოდეს დამავიწყდება.

თემური - მანამ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, მეგობრები, კოლეგები ვიყავით. ვხვდებოდით ყოველ დღე. ეტაპობრივად მეგობრობა გადაიზარდა სიყვარულში, ერთ დღეს სხვანაირად რომ შეხედავ ადამიანს, რომელსაც საუკუნეა იცნობ და მიხვდები, რომ, თურმე ის ყოფილა ვისაც ამდენ ხანს ეძებდი. ასე დაგვემართა. მწამს, რომ არსებობს მარადიული სიყვარული. უბრალოდ, სტადიები აქვს. თავიდან რაღაც გაუთვითცნობიერებელი ემოციებია, შემდეგ გადადის სხვა ურთიერთობაში და ეს ყველაფერი ერთად რომ იკრიბება, სიყვარულის ცალკე კონგლომერატი გამოდის. მე არ ვიცი ამ ყველაფერს რა ქვია. თუ დაგცალდა, რომ პირველი სიყვარული ოჯახში გადაიტანო და ოჯახად აქციო, როცა წრე შეიკვრება, ამ ყველაფრის დანგრევა ძალიან ძნელია.

ნინოს ბევრი თვისება მომწონს. ისე ერთად ვერ ვიქნებოდით. თუნდაც ის, რომ საოცრად უყვარს თავისი ოჯახი, შვილი. გვერდში დგომა იცის საოცარი. ძალიან გვეხმარება ის, რომ ერთი პროფესია გვაქვს. მხარდამხარ მივდივართ ყოველთვის.

0x01 graphic

რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი
თემურ ბადრიაშვილი, რეჟისორი

რუსუდანი - 18 წლის ვიყავი. დედასთან სამსახურში (თოჯინების თეატრში) მივედი და თემური იქ გავიცანი, გამოსაშვებ სპექტაკლს დგამდა. მე მეათე კლასში ვიყავი, ის კი ინსტიტუტს ამთავრებდა და გული დამწყდა, ყურადღებას ვერ მივიქცევდი. მაშინ ავსტრიაში მივდიოდი. ერთი წლის შემდეგ შეხვედრის ადგილი იგივე თოჯინების თეატრი იყო და დაბადების დღეზე დამპატიჟა. ნელ-ნელა დავმეგობრდით და ორ წელიწადში დავქორწინდით.

სიყვარული უბრალოდ ფორმებს იცვლის - ჯერ არის მძაფრი, შემდეგ ხდება მშვიდი, შემდეგ არის მეგობრობასიყვარული, შემდეგ ურთიერთგაგებასა და მიჩვევაში გადადის და ამ ყველაფერს სიყვარული ჰქვია.

თემური - მუდმივი სიყვარულის მჯერა და ამაში არაფერი ისეთი გასაოცარი არ არის. პირიქით როცა ხდება, ის უფრო მიკვირს ხოლმე.

ჩვენი ურთიერთობა არ მგონია, რომ შეიცვალოს. შეიძლება შეიცვალოს ჩვენს გარშემო ყოფა. ურთიერთობა ისეთივე დარჩება როგორიც პირველი დღიდან გვაქვს. ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, გაგება და მეგობრობა.

0x01 graphic

დეა ვადაჭკორია, სტომატოლოგი
დათო ებრალიძე, უროლოგი

დეა - ერთხელ სტაჟირებაზე მივდიოდი ავსტრიაში. მაშინ შეყვარებულები ვიყავით, ოღონდ არავინ იცოდა. დავემშვიდობე და ავედი თვითმფრინავში. უკვე უნდა გაფრენილიყო, რომ გამცილებელი შემოვიდა, ჩემი სახელი და გვარი იკითხა და უზარმაზარი თაიგული გადმომცა. თაიგულში იდო ბარათი, რომლის ფონზეც სულ ჩემი სახელი და რომ ვუყვარდი ის ეწერა.

20 წლის შემდეგ, ვფიქრობ, ღირებულებები, რომლებიც გვქვს და რაც გვაკავშირებს ისევ გვექნება, უბრალოდ ასაკი მოგვემატება და უფრო შევეჩვევით ერთმანეთს.

დათო - დეას საჩუქარი ყოველთვის ისეთია, რომელიც ძალიან გინდა იმ დროს. ერთი მახსენდება - ორი წლის წინ ესპანეთში ვიყავი წასული. წასვლამდე გავყიდეთ მანქანა და ჩამოსვლის შემდეგ ვაპირებდი ყიდვას. რომ ჩამოვედი დეამ დამახვედრა მთელი სამეცნიერო კვლევა, თუ რომელი მანქანა იყო ოპტიმალური იმ მომენტისათვის და ჰქონდა დასაბუთებული პასუხი - რატომ, თან მანქანის ისეთ დეტალებზე ლაპარაკობდა, რომლებშიც მეც კი ვერ ვერკვევი... მანქანა არჩეული დამხვდა. ისეთი დამაჯერებელი იყო, აღარაფერი შემიცვლია, პირდაპირ ვიყიდეთ. კვლევა ჰქონდა ჩატარებული.

20 წლის შემდეგ რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით, ალბათ უფრო დიდი ოჯახით. იმედი მაქვს, რომ მაგ დროისთვის ჩვენი საზრუნავი არა გენერატორის ბენზინი, გაზის „ბალონები”, სახლის ფანჯრებზე მჭიდრო გისოსების დამაგრება და მსგავსი იქნება, არამედ - რაიმე უფრო ლამაზი და რომანტიული.

0x01 graphic

ქეთი უკლება, ეკონომისტი
გუგა ახალაძე, პრომოუტერი

ქეთი - მე 15 წლის ვიყავი როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა. შემდეგ დავშორდით რაღაც პერიოდი და მერე თავიდან დავიწყეთ ყველაფერი, დაახლოებით, ორი წლის წინ.

ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენი სიყვარული ისევ განმეორდა.

გუგა - ზუსტად არ მახსოვს ქეთა როდის შემიყვარდა, 16 თუ 17 წლის ასაკში. მერე რაღაც პერიოდი ერთად ვიყავით. შემდეგ ცხოვრება ისე წავიდა, რომ მე ჩემი ძალიან გრძელი გზა გავიარე და ქეთამ - თავისი და აი, თითქმის ათი წლის შემდეგ ისევ დავუბრუნდით ერთმანეთს.

გერმანიში ვიყავი, ქეთა მიდიოდა ჰაიტიზე (სამი დღე უნდა ეფრინა). გერმანიაში გზად ერთი დღე უნდა გაჩერებულიყო. ცხადია, შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. ორი თვის უნახავი მყავდა და მერე კიდევ რამდენ ხანს ვერ ვნახავდი, ღმერთმა იცოდა. და ამ ყველაზე დიდი სიურპრიზის მოლოდინში, ეს ჩვენი შეხვედრა ჩაიშალა.

0x01 graphic

ნინო ჯაფიაშვილი, ჟურნალისტი
დათო მაკარიძე, დიზაინერი

ნინო - ერთმანეთი ხუთი წლის წინ შეგვიყვარდა. დათოს ცხოვრება უხარია, ბედნიერი ადამიანია და არ ართულებს სიტუაციებს. ერთხელ შვედეთში ვიყავი სასწავლო სემინარებზე რამდენიმე თვით. მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით. სკოლაში ინტერნეტი მხოლოდ ერთ კომპიუტერთან იყო და ერთ დღესაც ი-მეილის შემოწმებისას დათოს წერილი აღმოვაჩინე, რომელიც ვერაფრით გავხსენი. რაღაც უცნაურ ფორმატში იყო. მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე საქართველოდან და ვერ ვხსნიდი. მთელი სკოლა დაფაცურდა, ყველა „კომპიუტერშჩიკი” მობილიზებული იყო და ერთი საათის წვალების შემდეგ გახსნილი ფაილის შინაარსი შემდეგი აღმოჩნდა - ორმოდან ეშმაკი ხტებოდა და მღეროდა. მე ძალიან შემრცხვა, სხვებმა ერთი კი შემომხედეს გაოცებით და მერე ხარხარი აუტყდათ.

დათო - იქნება 5-6 წელი, რაც ერთმანეთი შეგვიყვარდა და მჯერა, რომ მუდმივი სიყვარული არსებობს და სხვანაირი მე არ მესმის. ნინოში ყველაზე ძალიან მისი ბუნებრიობა მომწონს. 20 წლის შემდეგ ალბათ, ლაპარაკი აღარ დაგჭირდება.

0x01 graphic

დათო დობორჯგინიძე, ბანკირი
ლიკა მარუაშვილი, ბანკირი

ლიკა - ერთად ვმუშაობდით ბანკ „ქართუში”. მე მისი განყოფილების უფროსი ვიყავი და თავიდან უფროსისა და ქვეშევრდომის ურთიერთობა გვქონდა. დაახლოვებით ერთი წელი ვიცნობდით ერთმანეთს. დათოს ჰქონდა რაღაც გრძნობა და მე ძალიან სხვანაირად ვუყურებდი ამას. მერე სტაჟირებაზე ინგლისში წავედი ექვსი თვით და იქ, ეტყობა, ნოსტალგიური გრძნობა გამიჩნდა. რომ ჩამოვედი, რაღაც სხვანაირად შევხვდით და ამის შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა და გადაიზარდა სიყვარულში. ვთვლი, რომ სიყვარული არ არის ერათნაირი გრძნობა. ძალიან ბევრი ეტაპებისგან შედგება ნამდვილი გრძნობა. სულ სხვანაირია თავიდან შეყვარებულობა და აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობა აკავშირებთ ადამიანებს 3-4 წლის შემდეგ და კიდევ უფრო განსხვავებული 20 წლის შემდეგ. მგონია, რომ წყვილს შეიძლება სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე აკავშირებდეს. უბრალოდ სხვადასხვა ტიპისაა.

ჩვენ ნაკლებად ვუკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს. იმდენად გახსნილი ურთიერთობა გვაქვს, რომ ვერ ვახერხებთ რამის დამალვას. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ერთი იყო. მაშინ ჯერ ცოლ-ქმარი არ ვიყავით. ჩემი დაბადების დღე იყო და მომიტანა ძალიან ბევრი ბუშტები. მაგრამ, მთლად სიურპრიზი არ გამოუვიდა, იმიტომ, რომ ქუჩაში აბერინებდა და მე ფანჯრიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს.

დათო - სიყვარულს არ აღვიქვამ როგორც მოკლე დროით მოვლენას. აღვიქვამ, როგორც ხანგრძლივ დროში განგძობად ფუნქციუნალურ წარმონაქმნს, რომელშიც არ არის აუცილებელი თავიდან როგორი ქიმიურად აღგზნებადი დამოკიდებულება გქონდა, იგივე გაგრძელდეს ბოლომდე. ის შეჩვევა, ურთიერთობა, პატარ-პატარა სიამოვნებები და სიხარულები, რაც გაკავშირებს ამ ადამიანთან, რაც მოგწონს მასში და არ მოგწონს, ერთობლიობაში ქმნის იმ სიყვარულს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მიგყვება.

ჩემთვის, ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც მისი აყოლიება იყო. ასაკით ჩემზე უფროსია და თავიდან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა, ჩვენი ურთიერთობა არ გამოვაო და იმდენი მოვახერხე, რომ დავარწმუნე და შევძელი მომეხვია თავზე ჩვენი ურთიერთობა. ისიც დიდი სიურპრიზია, რომ ამდენ ხანს გაძლო.

0x01 graphic

გიორგი ჟორჟოლიანი, მუსიკოსი
თეა მაქაცარია, დამდგმელი ქორეოგრაფი

გიორგი - ერთმანეთი ლიკანის სანატორიუმში გავიცანით და ორივე რაღაც მძიმე, ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინ 17 წლის ვიყავი და იმის მერე ერთად ვცხოვრობთ, ხან გერმანიში, ხან მოსკოვში, ხან თბილისში, ყველგან - ერთად. მუდმივ სიყვარულს მე ჩემს ცხოვრებაში ვახორციელებ, მე შევძელი ამეშენებინა. თავისთავად ეს არ არსებობს, მას ბევრი შენება, გაცნობიერება და გათავისება სჭირდება. ბრმად და ინფანტილურად ასეთი სიყვარული საერთოდ არ არსებობს. მე თეას ყველაფერი მომწონს, ყველა თვისება. უკვე მთლიანად ჩემი ნაწილია - ჩემი ცხოვრების და შემეცნების. ყოველდღიურ რუტინას ჩვენ სიურპრიზებით ვუხალისებთ ერთმანეთს. სიურპრიზები შეიძლება აბსოლუტური მინიმუმიდან მაქსიმუმამდე ავიდეს. ყველა სიურპრიზი სიხარულის მომტანია და ისე კონკრეტულად, ორ თვეში შვილი გაგვიჩნდება. ოცი წლის შემდეგაც ისევე წარმომიდგენია ჩვენი ურთიერთობა, როგორიც დღესაა.

თეა - ერთმანეთი ლიკანში გავიცანით, თავიდან საკურორტო რომანივით იყო, მაგრამ იქვე არ დამთავრებულა, უკვე თერთმეტი წელია გრძელდება. მერე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით დიდ ხანს და მერე გადაიზარდა სიყვარულში. მუდმივი სიყვარულის მჯერა. მთლიანად მომწონს მისი ყველაფერი და მთლიანად მიყვარს თავისი მინუსებითა და პლუსებით. ყოველდღე არის სიურპრიზი და ყოველდღე არის საჩუქარი. ჩვენი ურთიერთობა ოცი წლის შემდეგაც ისეთივე ემოციური და „бурный” წარმომიდგენია, როგორიც დღესაა, ოღონდ რეინკარნაციაში - სხვა ფაზაში. ასეთივე საინტერესო იქნება და აქტუალური.

0x01 graphic

თეონა თავართქილაძე, დიზაინერი
რეზო არველაძე, ქიმიკოსი

თეონა - მე და რეზი მეგობრები ვიყავით. მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, მაშინ მე 16 წლის ვიყავი. ჩემი პარიზში წასვლის გამო ძალიან ვიჩხუბეთ და დავშორდით. ერთერთ ჩამოსვლაზე, როცა, სწავლის კიდევ ერთი წელი მქონდა დარჩენილი, ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს და დავქორწინდით. მჯერა, რომ მუდმივი სიყვარული არსებობს, ოღონდაც, აქვს სხვადსხვა ეტაპი და გრძნობაც ამ ეტაპების მიხედვით იცვლება. სიყვარული მუდმივია, ოღონდ სხვადასხვანაირი. რეზის იუმორი ცხოვრებაში მეხმარება. კამათიც არ გამოგვდის ამის გამო. ისეთ რაღაცას მეტყვის უცებ, რომ არ არსებობს, არ გამეცინოს. ძალიან ყურადღებიანია და ერთგული. დაახლოებით 2 წლის წინ, მოხდა ისე, რომ ჩემს დაბადების დღეს ვხვდებოდით ცალცალკე. მე კიევში მქონდა ჩვენება და რეზი კი ეროვნული ნაკრების თამაშზე უნდა ყოფილიყო. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, რომ ერთად არ ვიყავით ჩემს დაბადების დღეზე, რომელიც 19 აპრილსაა. თვრამეტში ღამე გემზე, რესტორანში ვვახშმობდით. მარხვაზე ვიყავი და მხოლოდ შემწვარი კარტოფილი მქონდა შეკვეთილი. ყველას კერძი მოიტანეს ჩემის გარდა და მიკვირდა მხოლოდ ჩემს საჭმელს რომ დასჭირდა ამდენი დრო. იმდენად ვიყავით საქმეზე საუბრით გართული, რომ ყურადღება არც მიგვიქცევია 12 საათის შესრულებისთვის. უცბად ოფიციანტი ჩემსკენ წამოვიდა თავდახურული ლანგრით. გამიკვირდა, იმას ვფიქრობდი, ეს რა უბედურებაა, კარტოფილი, როდის აქეთ დააქვთ ასე მეთქი და ოფიციანტმა ხმამაღლა გამომიცხადა, - რეზო გილოცავთ დაბადების დღესო. სახურავი ახადა და იმ ლანგარზე ჩემი საყვარელი სუნამო, წერილი და კიდევ რაღაც საჩუქრები იყო. დღემდე ვერ გამოვიძიე, როგორ მოახერხა ამის მოწყობა.

რეზო - ზუსტად არ მახსოვს ერთმანეთი როდის შეგვიყვარდა, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მე კი ვარ ოთხი წლით უფროსი, მაგრამ საერთო წრე გვყავდა. მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მერე ვიჩხუბეთ, თეოს პარიზში წასვლის გამო და აღარ ვკონტაქტობდით. მერე ისევ შევხვდით და ეს შეხვედრა ქორწინებით დამთავრდა. მჯერა, რომ მუდმივი სიყვარული არსებობს. თეოსი ყველაზე ძალიან ის მომწონს - დილას ადრე რომ დგება. სიურპრიზად მახსოვს, ერთხელ გერმანიაში დამადგა უდროო დროს. უფრო სწორად, რომ არ ველოდი მაშინ. 20 წლის შემდეგ ჩემი თავი ცილინდრით წარმომიდგენია, თეონა - ბერეტით და რომელიმე ქუჩაზე საღამოობით ვისეირნებთ.

0x01 graphic

ნუნუკა ხიზანიშვილი, აღმოსავლეთმცოდნე
გიორგი ლიფონავა, რეჟისორი

ნუნუკა - 9 წლის წინ პერფორმანს თეატრში ვიყავი და იქ ვნახე პირველად. მაშინ გიოს ჯგუფი ჰქონდა და იქ მღეროდა. ძალიან მომეწონა. მაშინ სხვა მიყვარდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მივხვდი, მომწონდა - გავიცანი. 7-8 თვე ერთად დავდიოდით. როცა ვიგრძენით, რომ ეს საკმარისი არ იყო, საცხოვრებლად ერთად გადავედით.

როცა ვიცინი, გიო, დელფინს მამსგავსებს. ერთი პერიოდი, ხშირად დადიოდა მივლინებაში და იქედან სუვენირად ყოველთვის დელფინები ჩამოჰქონდა.

20 წლის შემდეგ არ ვიცი, ერთად ვიქნებით, თუ - არა, მაგრამ გიორგის ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება.

გიორგი - ერთმანეთი დაახლოვებით ათი წლის წინ გავიცანით. თავიდან შვიდი წლის განმავლობაში ძალიან ეჭვიანი იყო, ყველა ჩემს მივლინებაში წასვლას მტკივნეულად განიცდიდა. პასპორტიც კი დაუმალია, რომ არ წავსულიყავი. სულ პრობლემა გვქონდა. ძირითადად მე დავდიოდი მივლინებებში, თვითონ არსად უწევდა ხოლმე წასვლა. ერთხელ იყო, რომ მე ვერ მოვახერხე სამსახურის გამო და რამდენიმე დღით მარტო წავიდა ქობულეთში. იქედან ჩამოსულმა პირდაპირ სამსახურში მომაკითხა და ისეთი ლამაზი იყო, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ისეთი წითელი მოწნული მუხლამდე სანდლები ეცვა, მაშინ რომ არავის ჰქონდა, წითელივე ქვედა ბოლო და თეთრი მაისური, და ეს ყველაფერი ისე უხდებოდა ნამზეურზე, მთელი სამსახური ნუნუკაზე ლაპარაკობდა. დაახლოვებით 2 წელია შეიცვალა და აღარ ეჭვიანობს, ძმაკაცივით მყავს.

3 მე საკუთარ თავს „შენობით“ ვესაუბრები

▲back to top


ექსკლუზივი

ავტორი: ნენე კვინიკაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

„I drive around all day.
I have clothes in my car, music, chocolate…It's great“.
ჟურნალი „Interview”
2003 April

- ნუცა!
პასუხი არ არის
- შენ პატარა ხარ, ჯერ ვერ ხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას!
- არ მინდა!
- გიო არაჩვეულებრივი რეჟისორია.იცი ვისთან ერთად უნდა ითამაშო? ამ ხალხის გაცნობა მაინც არ გინდა?
- არა!

0x01 graphic

არა, მეგობარო!!!

მიუხედავად იმისა რომ ნუცას იმ დროისთვის მსახიობობა სენივით ჰქონდა შეყრილი და თავის „დასის“ დახმარებით, გამუდმებით სპექტაკლებს მართავდა, ფილმში გადაღებაზე მაინც ვერ დაიყოლიეს. ეს გაუცნობიერებელი შიში იყო, თამაში მთავრდებოდა და ცხოვრებაში ნამდვილი კინოკამერა და მსახიობები უნდა შემოსულიყვნენ.

ნუცას ის ფილმები აჩვენეს, რომლებშიც მისი მომავალი პარტნიორი თამაშობდა. ცხრა წლის გოგონა გაოცებული დარჩა და საბოლოოდ, გიო მგელაძის „არა მეგობაროში” მონაწილეობაზე დათანხმდა. მთავარმა მოქმედმა გმირმა კი აშკარად მოხიბლა. ეს ლევან აბაშიძე იყო.

ნუცა რეჟისორმა ლევანის გასაცნობად წაიყვანა: „ნახატივით მახსოვს ფერები, ეზო მწვანეში იყო ჩაფლული, სახლის კარი გაიღო და გამოვიდა ახლად გაღვიძებული ლევანი, - თმააჩეჩილი, საცვლით და გამწვანებული ეზოსფერი მაისურით.”

ამ დღის შემდეგ მეგობრობა დაიწყო, რაც უთავბოლო სეირნობას, სახინკლეების შემოვლას და სტუმრად სიარულს გულისხმობდა. ნუცას ცნობიერებაში რაღაც ძვირფასი ილექებოდა. ამაყობდა, რომ გაიცნო, უყვარს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.

ნუცას სცენები თამაშ-თამაშში გადაიღეს, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. ცხრა წლის გოგონას ძალიან მოსწონდა გადაღების პროცესი: ჩართული კამერა, ხალხი, მუხტი. გადაღებები დიდხანს გაიწელა, ხან რაღაც აკლდათ, ხან ერთი აგვიანებდა ხან მეორე. ნუცას დედა გიო მგელაძეს აფრთხილებდა, მალე დაამთავრე, ნუცა ამერიკაში უნდა წავიყვანოო.

დაიწყო ზაფხული, - აგარაკების სტიქია. ნუცა ოჯახთან ერთად ახალდაბას ეწვია. ლევან აბაშიძესთან მეგობრობა კვლავ გრძელდებოდა, ის ხშირად სტუმრობდა პატარა პარტნიორის საზაფხულო სამყაროს. ნუცას სამყაროში კი, მართალია, გაუაზრებელი, მაგრამ პირველი სიყვარული უკვე იყო. ლევანის ამოსვლა და შემდეგ წასვლა ბავშვისთვის უცხო გრძნობით შეპყობილ ნუცას გულს უჩქარებდა და იმ დღესაც, როდესაც გაიგო ლევანი ჩამოვიდაო, აჟიტირებულმა ჩაირბინა კიბე, მერე ეზო და... ლევანი შეყვარებულთან ერთად ესტუმრა ახალდაბაში დაბინავებულ ოჯახს. ნუცა თავის ოთახში ჩაიკეტა და მის წასვლამდე სტუმრებთან აღარ გამოსულა. უფროსები ხვდებოდნენ რაშიც იყო საქმე, - ნუცამ იეჭვიანა.

„ფანჯარასთან ვიდექი, დარაბების ღრიჭოდან ვხედავდი ლევანს, რომელიც ხელს მიქნევდა და მემშვიდობებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ მხედავდა: ნუცა! დაბადების დღეზე აუცილებლად ამოვალ! - მითხრა და წავიდა. ამის მერე აღარ მინახავს, ექვსი სექტემბრის შემდეგ, კი აღარც არავის. ის დრო იმ ფერებში მახსოვს, როგორი ესთეტიკაც არის „არა, მეგობარო!..”-ში.”

ნუცა სკოლიდან გამოიყვანეს. პირველი შოკი - ძვირფასი ადამიანის დაღუპვა - ცხრა წლის ასაკში განიცადა. და ლევანს დაჰპირდა: მე აუცილებლად გავხდები მსახიობი.

Another Georgia

ერთ დროს ტელევიზორში ნანახი ამერიკა, ახლა ნუცას სახლი უნდა გამხდარიყო. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება - ეს იყო დისნეილენდი, მიკი მაუსის ჭიქა, რომელიც ჩასვლისთანავე შეიძინა. კიდევ იყო „რუსალოჩკას” ტორტი. ზაფხული და დიდი ცისფერი აუზი. ეს ყველაფერი თბილისური ერთფეროვნების შემდეგ ხდებოდა. ომი, დათრგუნული ხალხი და გაჭირვება: „მახსოვს, ბაბუაჩემმა რომ „აუდი” იყიდა, იმ დროს ეს ერთერთი პირველი უცხოური მანქანა იყო ქალაქში. ოჯახში დიდი ამბავი ატყდა, ჩვენ რატომ უნდა გვყავდეს კარგი მანქანა, როცა სხვებს საჭმლის ფული არ აქვთ! დღის სინათლეზე „აუდი” ერთხელაც არ გამოგვიყვანია, თვალშისაცემი რომ არ ყოფილიყო. მხოლოდ გვიან ღამით ბაბუა მანქანაში ჩაგვსვამდა და ქალაქს წრეს ვურტყამდით.”

ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ატლანტა კულტურული შოკი იქნებოდა. თუმცა, ყველაფერი წინ იყო. ნუცა სკოლაში მიიყვანეს, სადაც ერთი უცნაური რამ აღმოაჩინა: ამერიკა სულაც არ ყოფილა „ამერიკა”.

სკოლაში ჯინსებით და მაისურით მივიდა. მეორე დღესაც იგივე ეცვა; ამერიკელმა თანატოლებმა ნუცა აითვალწუნეს, ფული არ გაქვსო, დასცინოდნენ. მერე იყო ენის ბარიერი: სიტყვა შეეშლებოდა თუ არა, მთელი კლასი სიცილს იწყებდა. ტიპურ თბილისურ გარემოში გაზრდილი, ვერაფრით ხვდებოდა სად მოხვდა, რატომ ხდებოდა ასე. არადა, ქართულ სკოლაში სწავლის დროს, ყველა ახალ კლასელს უცხოობას უადვილებდა, ახლა კი თავად აღმოჩნდა უცხო და, აქედან გამომდინარე, უცნაური და მარტოსული. ყოველი დღე ტირილით მთავრდებოდა - არ მინდა აქ ცხოვრება! ნუცა თავის სამყაროში ჩაიკეტა. კლასში თვითდამკვიდრების მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან ნუცამ გამოაცხადა, მე ფილმში ვარ გადაღებულიო. ახლა ამაზე დასცინეს - ეს მატყუარაც ყოფილაო. მერე თქვა, ბებიაჩემი თავადი იყო და ჩვენ სასახლეც კი გვაქვსო. ეს ზღვარს გადასვლად შეაფასეს და მასწავლებელმა სკოლაში ნუცას დედა დაიბარა: თქვენი შვილი ავად არის, ქრონიკულად იტყუება!

0x01 graphic

ახლა უკვე ყველაფერს ებრძოდა და არაფერი მოსწონდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ ზამთარ-ზაფხულ დედას თბილისში ჩამოჰყავდა ხოლმე, სადაც ენერგიით ივსებოდა და პირველი კვირის მანძილზე, ყოველ დილით სიზმარში ეგონა თავი. ისევ ამერიკაში დაბრუნებულს, თავისიანებთან გატარებული დღეები, გარკვეული დროის მანძილზე ჰყოფნიდა.

და აი, ძლივს! კლასში ახალი ბავშვი გადმოვიდა, ბრაზილიელი, რომელიც ანალოგიურ ქარცეცხლში გაატარეს. ნუცა მაშინვე დაუმეგობრდა, რომ წყენა შემსუბუქებოდა ბრაზილიელს და თითქმის დღე არ გავიდოდა, ერთად რომ არ ყოფილიყვნენ. დაიწყო საიდუმლოებების გაცვლა, ხალისიც თავისით მოვიდა.

არდადეგები ახლოვდებოდა. მეგობრები ერთმანეთს ატირებულები გამოეთხოვნენ. დაბრუნებულმა ნუცამ კი, კიდევ ერთი შოკი მიიღო - ბრაზილიელი მეგობარი ახლა უკვე ჩინებულად მორგებოდა კლასის სიტუაციას და ნუცას ზედაც არ უყურებდა. ერთადერთი საყრდენი თოთხმეტი წლის ნუცასთვის ისევ თავისი ქვეყანა იყო: რაც უნდათ, ის თქვან ჩემზე; მერე რა, დამცინონ, ჩემი სამშობლო ხომ მაინც სხვაგან არის.

ჯულიეტას დაკარგული კოცნები

ნუცაც ადამინების იმ რიცხვს ეკუთვნის, ვის ცნობიერებაშიც ძეფირელის „რომეო და ჯულიეტამ” სიყვარულზე წარმოდგენა მთლიანად შეცვალა. ამ მაგიურ ამბავს ისეთი ზემოქმედება მოუხდენია, რომ ეს ფილმი ნუცას დიდ ოჯახში ბავშვებისთვის დღემდე იკრძალება.

ამ დღიდან, რეალობა თავგანწირული სიყვარულის იდეას გაემიჯნა. თან ზაფხულია, თან ნუცა საყვარელ თბილისშია. მეგობრები მოგროვდნენ და ნუცას ირგვლივ შემოკრებილები სტუმრად მიდიან.

- ნუცა! - ეუბნება ერთერთი, - იქ მოვა ცუდი ბიჭი, უზრდელურ სიტყვებს ამბობს და სულ ქუჩაში დგას, იცოდე არ მოგეწონოს!

- რატომ უნდა მომეწონოს? - დაეჭვდა ნუცა.

- იმიტომ, რომ ძალიან ლამაზია.

ბიჭი შემოსული არ იყო, რომ ნუცამ თავისი განცდების რეალიზებისთვის საუკეთესო ობიექტი აღმოაჩინა. არადა, მეორე დღეს ამერიკაში ბრუნდებოდა. ჩასვლის დღიდან მთელი ერთი წლის მანძილზე „რომეოს” გმირს ქმნიდა და ხვეწდა: ალბათ ამ შემთხვევაში ასე მოიქცევა, ალბათ ასე იტყვის. მოკლედ, ერთ წელიწადში იდეალური ადამიანი გამოიძერწა.

თბილისში დაბრუნება და სატელეფონო საუბრების დაწყება ერთმანეთს დაემთხვა. უგონოდ შეყვარებულებმა არავის მოუსმინეს, არც ანგარიში გაუწიეს ვინმეს და იქორწინეს.

ცხოვრება ჩვეულებრივი დინამიკით მიდიოდა, ახალგაზრდული განწყობა და სიხალასე. ერთ დღესაც ნუცასთვის ცნობილი გახდა, რომ კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე მთავარი როლისთვის ეძებს გოგონას. ნუცამ იცოდა, რომ ფილმში გადაღების უფლებას ახლადშეუღლებული ქმრისგან ვერ მიიღებდა, ამიტომ ახალ როლზე ფიქრი პერიოდულად მოდიოდა, მაგრამ იქვე იფანტებოდა. ცოტა ხანში ნუცას ახსენდება ერთ დროს მიცემული პირობა და აშკარა სიმძაფრით იგი არჩევანის წინაშე დგება: პირადი ცხოვრება თუ კინო?!

მოულოდნელად ნუცა იღებს ტელეფონს და ნანა ჯორჯაძესთან რეკავს:

- გამარჯობათ, მე ნუცა კუხიანიძე ვარ. კიდევ ეძებთ გოგონას როლისთვის?

- ჩვენ უკვე ვიპოვეთ... მაგრამ იქნებ მაინც მოხვიდეთ.

ნუცა ფოტოსინჯებზე წავიდა. საცვლების ამარა დააყენეს და სინჯები გააკეთეს.

სახლში დაბრუნებული ქმარს უხსნის, რომ ამ ფილმზე შესანიშნავი ხალხი მუშაობს. სთავაზობს, თვითონაც წაჰყვეს და რამე თუ არ მოეწონება, უსიტყვოდ დაბრუნდება უკან.

სტუდიაში მისულ ქმარს ნუცას ფოტოები ხვდება. აქ უკვე განხეთქილება იწყება. როლზე დამტკიცებული, რეჟისორს ეუბნება - „გადავიფიქრე”.

ურთიერთობა იძაბება, ამასობაში ნუცას არ ასვენებს ერთი აკვიატებული აზრი - კინო. თვალწინ წარმოუდგება ბავშვობაში დადგმული სპექტაკლები, „არა მეგობაროს” გადაღებები...

ქმართან ნაჩხუბარი, ერთ საღამოს დედასთან ერთად კაფეში წავიდა. მოულოდნელად კარი გაიღო და გიო მგელაძე შემოვიდა: „ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე გიო ასეთი მოწესრიგებული, წვერგაპარსული, ცისფერი პერანგით, ლამაზი ქუდით. გიო ჩვენთან დაჯდა. მკითხა, მივედი თუ არა ნანასთან. მე გამოვუცხადე, რომ ვერ მივიდოდი. სამი საათის მანძილზე გიოს მონოლოგს ვისმენდით; ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მისი პირით ლევან აბაშიძე მესაუბრებოდა და მარწმუნებდა, კინოს გზას გავყოლოდი.”

ნუცამ დაიჯერა, რომ ეს ღმერთის მინიშნება იყო და ამის არდანახვა სისულელე იქნებოდა, ამიტომ მეორე დღესვე გადასაღებ მოედანზე მივიდა.

და უეცრად, ამდენი კონფლიქტის და სირთულეების შემდეგ, თექვსმეტი წლის ნუცა საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდა. მასშტაბური და სერიოზული იყო ყველაფერი: ზაფხული, ახალი ხალხის გაცნობა, ათასნაირი კოსტიუმები.

გადაღებები საბერძნეთში უნდა გაგრძელებულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოდესღაც დედის ნაამბობი მითების, ზღაპრების და ღმერთების ქვეყნის შესახებ, ნუცასთვის რეალობად იქცეოდა.

მარტო, მშობლების გარეშე, უცხო ქვეყანაში პირველად უხდებოდა გამგზავრება. ყველანი ერთ სასტუმროში ცხოვრობენ. დიდი ავტობუსით საბერძნეთის მთიან სოფლებში მოგზაურობენ. ნუცა ყველაზე პატარაა, თანაც, მთავარი როლის შემსრულებელი. ყველა თავს ევლება.

ჩაკეტილი სივრციდან ღმერთების ქალაქში აღმოჩენილი ნუცა, აქ გაიცნობს ფილმის ოპერატორ ფედონ პაპამიხაილს - ვიმ ვენდერსთან ნამუშევარ, ჰოლივუდში წარმატებულ პიროვნებას და ამერიკელი კინოკლასიკოსის, ჯო კასავეტესის დის შვილს. და რაც ყველაზე მთავარია, შესანიშნავ ადამიანს: „სულ მეგონა, რომ უცხოელთან ნაკლები საერთო შეიძლება მქონდეს, მაგრამ ფედონი ის ადამიანი იყო, ვინც ეს წარმოდგენა დაანგრია. აღმოჩნდა, რომ ოცი წლით უფროს უცხოელთან შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. ჩვენი ინტერესები და განცდები ემთხვეოდა. ნახევრად ბერძენი, ნახევრად გერმანელი ოპერატორი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ერთ დროს, ოცი წლის ასაკში, ნიუ-იორკში ჩასული საბოლოოდ მოაჯადოვა მანჰეტენის განათებამ. მე ოპერატორი გავხდები, - თქვა და ამის შემდეგ აღარაფერს გაუკვირვებია.”

ფედონი დღემდე ნუცას გვერდითაა. ხუთი წლის წინ დაწყებული „მასტერკლასები”, რასაც ნუცა ბავშვური სიჯიუტით ხშირად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა: „მე ეს ვიცი!“ - თავისდაუნებურად ილექებოდა ახალგაზრდულ ცნობიერებაში და ალბათ ამიტომაც, მადლიერი ნუცა ამბობს, რომ ადამიანად ჩამოყალიბებაში მას ფედონი დაეხმარა.

„27 დაკარგული კოცნა”-ს გადაღებები დასრულდა. ყველა თავის გზაზე წავიდა. ნუცა თბილისს შემორჩა. რაც ამერიკაში აკლდა, იმას ინაზღაურებდა: დიდი ოჯახი, მეგობრები და ემოციები.

ვიდრე ფილმი დამონტაჟდება, გახმოვანდება და გამოვა - ეს ხანგრძლივი პროცესია. ნუცა თავის ფიქრებს უღრმავდებოდა: რადგან ყველაფერს ორი მხარე აქვს, გამოდის, რომ ვერც ვერასოდეს გაიგებ, რა ჯობია. გრძნობების დროზე ადრე ჩამოყალიბება იმ განცდებმაც განაპირობა, რაც ჯერ კიდევ არასრულწლოვანს დაატყდა თავს: ჯერ იყო ლევანის დაკარგვა; შემდეგ კი ოჯახში პირველი ტრაგედია მოხდა - ნუცას სამი თვის დეიდაშვილი დაეღუპა.

„27 დაკარგული კოცნის” მოლოდინში ნუცა ატლანტაში ჩავიდა დედასთან. ერთ კვირაში ტელეფონმა დარეკა. ეს ფედონი იყო, რომელიც ნუცას ლოს ანჯელესში ეპატიჟებოდა.

0x01 graphic

0x01 graphic

კულტურული შოკი

„მახსოვს პალმები და ზღაპრული ამინდი. იანვარი იყო, მაგრამ როგორც მივხვდი, ეს ლოს ანჯელესისთვის ჩვეულებრივი ამინდი იყო.”

ნუცა ფედონის გარემოცვას ეცნობოდა. ეს წარმატებული ინტელექტუალების წრე იყო, რომელიც ჰოლივუდის სივრცეში ათქვეფას, განცალკევებით ყოფნას ამჯობინებდა. იანუშ კამინსკი („შინდლერის სიის” ოპერატორი), ჯო კასავეტესის შვილები და სხვა უამრავი საინტერესო ადამიანი.

ნუცა ჩვეულებრივად იღებდა ყველაფერს. მორალური გადასახედიდან აფასებდა ამ ხალხს, რადგან კარგად ჰქონდა გააზრებული ის, რომ, მაგალითად, ტომ კრუზის გაცნობა საინტერესოა, მას ხომ მთელი ბავშვობა ტელევიზორში ხედავდა. მაგრამ თუ ტომ კრუზი ცუდი ადამიანია, რა საერთო შეიძლება იპოვო მასთან. ასეთი კრიტერიუმით დაიწყო ამერიკული კინოს სამყაროსთან ზიარება.

ლოს ანჯელესში ჩასვლისას ნუცა თექვსმეტი წლის იყო. აქედან გამომდინარე, უფლებები შეზღუდული ჰქონდა - ვერც კლუბებში ერთობოდა, არც მანქანის მართვის უფლებას აძლევდნენ და რადგან შესანიშნავ სახლში ცხოვრობდა, გასართობს გარეთ აღარ ეძებდა. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, იქ მაინც ზაფხული იქნებოდა, უამრავი წიგნი, ფილმები და მუსიკა. ეს ის პერიოდია, როცა ნუცამ საკუთარ თავს დრო დაუთმო და ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზა.

„მივხვდი, რომ საკუთარ თავთან შენობით უნდა საუბრობდე, თორემ სხვებთან კონტაქტი გაგიჭირდება.” ამაში მას ფედონი ეხმარებოდა.

ნუცას ცხოვრების დაგეგმვა არასოდეს უცდია, თუმცა, ბავშვობაში ამერიკას ქვეცნობიერად მაინც მსახიობობას უკავშირებდა: იქ არის სამსახიობო სკოლები, ჰოლივუდი და აქედან გამომდინარე, შანსიც მეტია. მაგრამ ოცნება სადღაც მიიკარგებოდა ხოლმე; უფრო ზუსტად კი, ასი პროცენტით სრულდებოდა, თანაც ისე სწრაფად, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებდა.

ასე იყო იმ დღესაც, როცა საოცნებო ლოს ანჯელესიდან თბილისში დაბრუნებულმა შეიტყო: „27 დაკარგული კოცნა” კანის ფესტივალზე წარადგინეს. ნუცაც მიწვეულია.

კანის ფესტივალი

ფესტივალზე ნუცა გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა. გაზაფხული და ჩვიდმეტი წლის მსახიობი. ევროპაში ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კლუბის კარი ღიაა. ნუცა ემოციებს ირგვლივ მყოფ ქართველებს უზიარებს, ხოლო გემზე გამართულ წვეულებებს მისი ეროტიულობით დაბალანსებული ბავშვური გამომეტყველება ამშვენებს.

ამას თბილისური პრემიერაც მოჰყვა. მერე პრიზები. და აჭრელდა ჟურნალ-გაზეთები. ყველაზე ხშირად, ეკრანზე ჯულიეტას დაბრუნების შესახებ წერდნენ. აღნიშნავდნენ, რომ ასაკით პატარა გოგონას უჩვეულოდ ბოხი ხმა აქვს, არის გამხდარი, ჯინსებით და ბოტასებით დადის. ბავშვობაში ამერიკაში ცხოვრობდა და კიდევ...

ნუცა ჩვეული სასიამოვნო სიმშვიდით ხვდება წარმატებას. კულტურული შოკის ქარცეცხლში დროზე ადრე მოხვედრილი, ისევ სიყვარულში ეძებს სიმშვიდეს.

ამ პერიოდში ახალი სასიყარულო ამბავი და შესაბამისად, ახლი წრე იკვრება. აქეთ-იქით მოგზაურობის გამო, ნუცას ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. ეს ინტერვალები თავისებურად მოქმედებდა. ამიტომ ახლად შეძენელი მეგობრები მისთვის უძვირფასესი გახდა.

0x01 graphic

„არ მომწონს თბილისური დოგმით გამოწვეული, ჯგუფებად და კლანებად დაყოფილი საზოგადოება. ამ მხრივ ამერიკამ გადამარჩინა”. არადა, ყველაზე მეტად მაინც თბილისი უყვარს. აქედან ვერსად წავალო, - ასე ამბობს.

ამერიკაში სწავლის გაგრძელებას ისევ პირადი ცხოვრება არჩია. არ უსმენდა რჩევებს აგენტის პოვნის და ამერიკაში დაბრუნების შესახებ. რადგან სიყვარული გაჩნდა, ამერიკამ აქტუალობა დაკარგა, მაგრამ ეს გაორება გამუდმებით იჩენს ხოლმე თავს, თანაც ისეთი სიძლიერით, რომ თავს კარგავ.

დაიწყო ისევ იგივე: აქ ვიყო, თუ იქ? „ბოლოს მივხვდი, ეს ქვეყნების ბრალი სულაც არ არის. თუ მშვიდად არ ხარ, ეს პირველ რიგში შენი ბრალია.”

ნუცა ისევ ამერიკაში გაემგზავრა, დედასთან. დეპრესიამ შეიპყრო, დათრგუნული იყო: „ვერ ვხვდებოდი ვინ ვიყავი, ვხედავდი დიდ შავ სივრცეს, სადაც ნათელი პერსპექტივა არ ჩანდა. ვიწექი ლოგინში. ცოტას ვლაპარაკობდი და უეცრად, ერთ დღესაც, დილის რვა საათზე რეკავს ტელეფონი. ეს კასტინგების აგენტი - სუზი ფიგისი იყო, რომელიც ლონდონიდან გვეხმიანებოდა. რეჟისორი ნილ ჯორდანი ახალი ფილმისთვის გოგონას ეძებდა“.

„27 დაკარგული კოცნა“ მას პარიზში უნახავს და ნუცასთან შეხვედრა სურდა. „გაოგნებულებმა ინტერნეტში ნილ ჯორდანის ძებნა დავიწყეთ. დაუჯერებელია, მისი ყველა ფილმი ნანახი გვაქვს. შესანიშნავი რეჟისორია!

ისევ კინომ მიშველა“.

TR Y EN D RE MEMBER THI S NAME Cook-in-aza

ლონდონის სასტუმროს ფოიეში ნუცა ნილ ჯორდანს შეხვდა. თბილისური დეპრესიული იერი, ავარიის შედეგად თვალთან მიღებული ნაიარევი, შავად შეღებილი თმა - ასე გამოიყურებოდა ქართველი გოგონა, რომელსაც დიდი რეჟისორი ტექსტს აკითხებდა. რეპეტიციის დასრულების შემდეგ ნუცა ნომერში ავიდა, სადაც კვლავინდებურად გაისმა სატელეფონო ზარი და ნუცა ისევ ფოიეში იხმეს. ჩაურთეს მუსიკა და აცეკვეს. ამის შემდეგ შუქზე გაიყვანეს და ნაიარევს დააკვირდნენ, - ალბათ გაქრობას მოვახერხებთ. მერე ახალგაზრდა მსახიობს მადლობა გადაუხადეს და გამოეთხოვნენ.

ნუცა ატლანტაში დაბრუნდა, სადაც ძალიან მალე ისევ შეეხმიანა ფილმის დირექტორი და აუწყა: როლზე დამტკიცებული ხართ. მარტში ნიცაში ჩამობრძანდებით გადაღებებზე. რადგან ნუცა არასრულწლოვანი იყო, ჰონორარს დედამისს უთანხმებდნენ:

- თქვენი შვილის ჰონორარი 10 ათასი დოლარია...

ნუცას დედამ აღფრთოვანება ვერ მოასწრო, რომ აგენტმა უეცრად დააყოლა:

- 10 ათასი დოლარი კვირაში... კვირაში.

ნუცა ახალ ზღაპულ სამყაროში აღმოჩნდა: მაისი, სასტუმრო ზღვის ხედით, ბევრი ფული: „სასწრაფოდ უამრავი ტანსაცმელი ვიყიდე, რაც დღემდე შემომრჩა. დედაჩემი, ჩემი და და მეგობრები ჩავიყვანე, ლონდონიდან ჩემი მეგობარი, თეონა ჩამოდიოდა ხოლმე. რაც მთავარია, ჩემი პარტნიორი ნიკ ნოლტი იყო.”

გადასაღებ მოედანზე ნუცა ყველას დაუმეგობრდა. ამ მხრივ მან სტერეოტიპები დაანგრია. „იქ მსახიობი ისეთ სიმაღლეზე აჰყავთ, რომ თავში აზრად არავის მოუვა მძღოლებთან და გამნათებლებთან მეგობრობა“. ნუცა გამონაკლისი იყო, ზემოდან არავის უყურებდა. გამუდმებით საქართველოზე უამბობდა მათ. გამოცდილი, კინოინდუსტრიაში დაბერებული ადამიანები პირდაღებულები უსმენდნენ 17 წლის გოგონას, რომელიც გადასაღებ მოედანს არ სცილდებოდა მაშინაც კი, როცა მისი გადაღების დღე არ იყო, ყოველ დილით, მაღვიძარას ზარის დარეკვამდე ათი წუთით ადრე ეღვიძებოდა.

0x01 graphic

„როლი გამიადვილდა, რადგან ნილ ჯორდანი ყოველთვის ზუსტ შენიშვნებს მაძლევდა, მეორეს მხრივ კი ნიკ ნოლტი მეხმარებოდა, საუკეთესო თაობის ჰოლივუდელი. ახლანდელ ჰოლივუდში ხომ ნამდვილი კრიზისია - ჰოლივუდი ერთ დიდ ფაბრიკად იქცა, სადაც კონვეირული წესით ამზადებენ პროდუქციას.”

„მე და ნუცა ერთ დონეზე ვართ“, - ამბობდა ნიკ ნოლტი, მიუხედავად იმისა, რომ ის სახელგანთქმული მსახიობი იყო. ნიკ ნოლტმა ნუცას თავისი აგენტი გააცნო და შემდგომ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

გადაღების ბოლო დღე იყო. ნუცას სცენები ამ დროისთვის უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ მაინც გადასაღებ მოედანზე ტრიალებდა.

დარჩენილი სცენა, რომელშიც ნიკ ნოლტი მონაწილეობდა, უაზროდ გაიწელა. რაღაცა აკლია კადრს - ფიქრობდა ნიკიც და ნილიც და უეცრად, ორივე ხვდება, რომ ამ კადრში ნუცას აუცილებლობაა. სასწრაფოდ ჩააცვეს, გრიმი გაუკეთეს და გადაიღეს.

„კარგი ქურდის” გადაღებები დასრულდა. ღამე ბანკეტი იყო. ტელეფონის ნომრები იცვლებოდა: ჩეკი კარიო, რალფ ფაინსი, კუსტურიცა, ნიკ ნოლტი... და კიდევ უამრავ შესანიშნავ ადამიანს უნდა გამოთხოვებოდა ზღაპარში მოხვედრილი ქართველი მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ ინტერვიუში იტყვის: I'm still in shock that I'm here.

თბილისიდან ჩამოტანილი სუვენირები: ხმლები, ქუდები,სამაჯურები, სამახსოვროდ დაურიგდა გადამღებ ჯგუფს, რადგან დამთავრდა კინოს გადაღება და ერთი დიდი ოჯახი უნდა დაშლილიყო; რადგან შეიძლება ვეღარასოდეს ნახო ადამიანები, რომლებთან შეხვედრამაც დაგარწმუნა, რომ როცა კინოს იღებ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან ხარ, ან ვინ ხარ.

ვიდრე კვლავინდებურად გამიჯნურებული, საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში საკუთარი მანქანით დასეირნობდა, პრესა სტატიებით აჭრელდა - პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან მოვლენილი ნუცა: ვინ არის ეს გამხდარი, პატარა გოგონა, - სექსუალური ხმით და სამხრეთული აქცენტის გარეშე? ჯულიანა მურისა და მერილ სტრიპის ფანი, თვლის რომ ჯო კასავეტესი საუკეთესო რეჟისორია. ნუცას კეთილი ძაღლის თვალები და შერონ სთოუნის ხმა აქვს... ამერიკაში მხოლოდ ლოს ანჯელესი უყვარს და საკუთარი ქვეყნის მიმართ მძაფრი განცდა გააჩნია.

ამ დროისთვის ნუცას კვლავინდებურად არჩევანის გაკეთება უწევს: ამერიკაში სწავლის გაგრძელება, თუ პირადი ცხოვრება.

„კარგი ქურდის” გახმოვანებაც დასრულდა. როლებზე შემოთავაზება არ ჩანს. არადა, ნუცას ენატრება კინო. ისევ ქაოსი დაიწყო. მოულოდნელად იღუპება მისი შეყვარებული.

ამ დღიდან ყველაფერი იცვლება. ნუცა ერთ ადგილას ზის და ვერავის და ვერაფერს ვერ ხედავს. მას კინოს სიყვარულიც დაავიწყდა. ხალხთან, მათ შორის ფედონთან კავშირიც გაწყვიტა.

სადილად ჯერემი აირონსთან

იტალიაში მცხოვრებმა ხორვატმა რეჟისორმა ნინა მიმიცამ, რომელიც იტალიელების დაფინანსებით პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად ემზადებოდა, ოპერატორობა ფედონს შესთავაზა და შესაბამისად, სცენარიც მიაწოდა. ოპერატორი სცენარს თვითმფრინავში გაეცნო და მაშინვე ნინას დაუკავშირდა:

- მთავარი როლის შემსრულებელი - მატილდა უკვე ნაპოვნი გყავს?

- არა, და ახლაც მის ძებნაში ვარ.

- მე ვიცნობ ამ გოგოს, - უპასუხა ფედონმა.

ნუცას დათანხმება რთული იყო, რადგან ღრმა დეპრესიაში მყოფს გადაღებების თავი არ ჰქონდა. ახლობლების დაჟინებული თხოვნის და რჩევის შედეგად, ნუცა საბოლოოდ დათანხმდა. ახლა უკვე გამოცდილი მსახიობი ჩასვლისთანავე მატილდას როლზე დაამტკიცეს. პარტნიორებით გათამამებული, ამჯერადაც ლეგენდარული ჯერემი აირონსის გვერდით აღმოჩნდა.

0x01 graphic

ფილმში მოქმედება ბალკანეთის ომის ფონზე ვითარდება. ნუცასთვის როლი რთული ასათვისებელი არ ყოფილა, ამას შინაგანი განწყობაც უწყობდა ხელს: „მარტოობის საშინელი განცდა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფედონი იქ იყო - ძვირფასი მეგობარი, რომელსაც გადასაღებ მოედანზე უკვე მეორედ ვხვდებოდი. კამერის წინ რომ ვდგებოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი.”

ეს ის დრო იყო, როცა ნუცამ ცხოვრებაზე წარმოდგენა შეიცვალა და უფრო ფრთხილი გახდა. ამ სამი თვის მანძილზე ნუცა მოვლენებზე დაკვირვებას მიეჩვია, შორიდან უყურებდა და ისე აფასებდა. ეს ერთგვარი გამოფხიზლების პერიოდი იყო. ცუდად ყოფნას სხვებიც ატყობდნენ.

ერთ საღამოს ჯერემი აირონსმა პარტნიორი სადილზე დაპატიჟა. დასხდნენ. საუბარს ინტერვიუს სახე მიეცა: „კითხვებს მისვამდა: ვინ ხარ? როგორ ცხოვრობ? რას ფიქრობ? და უეცრად გავიხსენი და ყველაფერი, რაც მაწუხებდა, მტკიოდა და ვფიქრობდი, სრულიად უცხოს, ჯერემი აირონსს ვუამბე. როლში შევიჭერი და ხელებით, აჟიტირებული ვესაუბრებოდი. თავად ეს ინგლისელი ინტელექტუალი თევზს მიირთმევდა და თავს დინჯად მიქნევდა: “Yes… I know what you mean“.

მე და ჯერემიმ ერთმანეთს გავუგეთ. შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებული ინგლისელია და საერთოდ არ ჰგავს თუნდაც ნიკ ნოლტს, რომელიც ტიპური ჰიპია.”

ამ ხალხისგან ნუცა ცხოვრებას სწავლობდა. ეცნობოდა გარემოს, სადაც მათი მსოფლმხედველობა ყალიბდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ნუცასთვის გაუგებარ თემებზე ლაპარაკობდნენ, ეს ცოცხალი ლეგენდები მაინც ჩვეულებრივი და შესანიშნავი ადამიანები არიან.

ნუცას ქალაქი

ცოტა ხნით ატლანტაში ჩასულს, ქუჩაში მოულონელად უცნობები შემოეხვივნენ. ნუცა დააკვირდა და ის კლასელები ამოიცნო, მთელი ბავშვობა რომ კოშმარად უქციეს. ახლა კი მათ წინ იდგა ცნობილი მსახიობი, რომელიც თურმე არ იტყუებოდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრების ტიპური სცენარი, ნუცას შემთხვევაშიც განხორციელდა, თუმცა, მას კლასელებისთვის სამაგიერო არ გადაუხდია, რადგან ნუცას და მასთან ერთად ნიკ ნოლტს და ნილ ჯორდანს, „კარგი ქურდის” თბილისურ პრემიერაზე თავისი ქალაქი ელოდებოდა.

0x01 graphic

ერთ დროს გადასაღებ მოედანზე საქართველოს შესახებ მოსმენილმა ამბებმა მოლოდინს გადააჭარბა. ღირსშესანიშნაობები და პიკნიკები ქალაქგარეთ, საჩუქრების უზომო რაოდენობა, სითბო და გადაჭარბებული ემოციების გამოხატვა. თბილისი ნიკ ნოლტის საყვარელ ქალაქად იქცა.

ნუცა იმიჯს უფრთხილდება. ფიქრობს, რომ გამუდმებით ტელევიზიით გამოჩენა ცნობილ ადამიანს იდუმალებას ართმევს: „ყველამ იცის ბრიტნი სპირსის საცვლების ამბავი, მაგრამ მერილ სტრიპი საკუთარ თავზე არასოდეს საუბრობს, ამას მისი ფილმებით ისედაც ხვდები.”

თბილისში ყოფნის პერიოდში ნუცამ კიდევ ერთ ფილმში ითამაშა. ეს იყო ლევან თუთბერიძის „მოგზაურობა ყარაბახში”: „პატარა როლია, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი. ზოგჯერ მაყურებელს ის ერთი წამი ამახსოვრდება ხოლმე მთელი ცხოვრების მანძილზე.”

მერე ისევ ამერიკა, - ეს დაუსრულებელი გაორება. მერე ისევ თბილისი: მე მივხვდი, რომ რაღაც პერიოდი აქ ცხოვრება მჭირდება, ჩემიანები... ვიცი, რომ აქ ცხოვრება ყველაზე ძნელია, მაგრამ თუ შემიძლია რაიმე სასიკეთო გავაკეთო ჩემი ქვეყანისთვის, მაშინ აქ ვიქნები, ვერსად გადავიხვეწები. სადაც არ ჩავედი, მე და ჩემი ქვეყანა ხელჩაკიდებულები ვიყავით და ყველას ვაცნობდი, - გაიცანით ეს ჩემი ქვეყანაა“.

„Girl with perfect, sexily accented English“ ბოლოს ჩიკაგოს სტუმრობდა, სადაც რეჟისორ ბრიუს ტერისის ფილმში “ბინძური სამუშაო” იღებდა მონაწილეობას . ეს დაბალბიუჯეტიანი ფილმია DV-cam-ზე.

„ყველა ფილმს თავისი განწყობა აქვს და როლსაც აქედან გამომდინარე ქმნი“.

0x01 graphic

საუკეთესო პარტნიორად და მეგობრად ნიკ ნოლტს ასახელებს, ოცნებობს შონ პენის გაცნობაზე. ყველაზე მეტად კი ლევან აბაშიძე ენატრება: „მინდა მხედავდეს. ჩემთვის ლევანი სიმბოლოა.”

გპირდები

„ამ ეტაპზე არაფერს ვნანობ. იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ ჩემი შინაგანი ზნეობისთვის არასოდეს მიღალატია.

გული მწყდება, რომ კარგად ვერ გავუფრთხილდი ძვირფას ადამიანებს, მაგრამ ღმერთს ერთი დღეც არ მივუტოვებივარ.

მთავარი ჩემთვის სიყვარულია, სიყვარული ადამიანებს შორის.

ვსწავლობ შეცდომებზე.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიცი, რა მინდა.

ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ასე რომ არ იყოს, სამუდამოდ გადავიხვეწებოდი იქ, სადაც ადვილია ცხოვრება.

ხშირად ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ სიტუაცია გამოუვალი მგონია ხოლმე. ამას წინათ, ერთ-ერთი ასეთი „ჩავარდნის“ დროს დაწერილი წერილი ვიპოვნე, რომელსაც მეგობარს ვწერდი. ამ წერილში მას რაღაცეებს ვპირდებოდი: გპირდები, რომ ვიმოგზაურებ ქვეყნებში; გპირდები, რომ ფანტასტიურ კონცერტებს დავესწრები; გპირდები, რომ გავიცნობ საუკეთესო ადამიანებს; გპირდები, სიკეთეს გავაკეთებ, არავის ვაწყენინებ, სულ მეყვარება... წერილი სავსე იყო დაპირებებით. ვისაც მივწერე, ის დაიღუპა, მე კი აღმოვაჩინე, რომ დაპირებულიდან ძალიან ცოტა რამ ავასრულე... სულ ცუდ ხასიათზე ვარ.

მერე მივხვდი - მინდა თუ არა, არ ვარ მარტო. ამიტომ არ მაქვს უფლება, სამყაროში არსებულ სიბნელეს თავი დავაჩაგვრინო. ასეთ შემთხვევაში ხომ უფრო გამიადვილდება ცხოვრება.

მე არ ვარ გამორჩეული. თუ კარგად ვარ, მინდა გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდეს და ბედნიერებას ვუნაწილებდე.

0x01 graphic

საკუთარ თავს ჩემს ქვეყანასთან ვაიგივებ. ამიტომ, რასაც ერთს ვპირდები, მეორეზეც ვრცელდება. ვპირდები, რომ არასოდეს ვუღალატებ ჩემს მრწამსს. სულ ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ.

როგორი ვარ და... მე ჩემს თავს შენობით ვესაუბრები!“

0x01 graphic

4 ფოტომოთხრობა

▲back to top


4.1 ჰიპოკრატე

▲back to top


დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ეს ფოტო ინგლისში, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილი ექიმიც ინგლისელია; უფრო სწორად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, წარმოშობით კი შეიძლება უელსელი იყოს, ან შოტლანდიელი. იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ნამდვილად არ არის. ეს არ არის ქართველი ექიმი, ბრიტანელი ექიმია, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი წარმოთქმული აქვს და იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღასრულოს თავისი მოვალეობა, ფეხებზე გორგოლაჭებიანი „როლიკები” აქვს დამაგრებული. ეს წუთია ავადმყოფთან გამოიძახეს და კი არ მიდის საშველად, მიჰქრის. მოკლედ, მიიჩქარის.

საქართველოშიც რამდენი კარგი ექიმია - ისინი, ვინც მოვალეობის აღსრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სიამოვნებით აკეთებენ იმას, რაც ევალებათ. მაგრამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი არეულია და აღარავის უკვირს, რომ (მაგალითად) კანონს ყველაზე მეტად (და ხშირად) ისინი არღვევენ, ვისაც კანონის დაცვა ევალება, მე მაინც გამაკვირვა იმ ქართველი ექიმების საქციელმა, ერთ ჩემს მეგობარს რომ შეხვდნენ (თუ დახვდნენ) თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იმ ქვეყანაში, სადაც ოფიციანტიც შეიძლება „ძველი ბიჭი” იყოს და ისეთი ხმით გკითხოს „რამდენი ხინკალი გინდა, ძმაო”, რომ ყელში აღარ გადაგივიდეს; იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე შეიძლება გაგაჩერონ „ბლატნოი” პოლიციელებმა, რომელთაც ხელფასს არ აძლევენ, მაგრამ აძლევენ იარაღს და ყოველდღე საყაჩაღოდ უშვებენ ქუჩაში, რაღა უნდა გიკვირდეს. მაგრამ მე მაინც ჩემი მეგობრის უცნაურმა ისტორიამ გამაკვირვა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ მეგონა რომ „ძველი ბიჭი” ექიმებიც არსებობდნენ.

შეიძლება იმ ჩემს მეგობარსაც ეგონა, რომ ექიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ავადმყოფს დაეხმაროს და როცა არყით მოწამლული საკაცით მიიყვანეს საავადმყოფოში და კარგა ხანს ყურადღება არ მიაქციეს, ალბათ, მასაც გაუკვირდა ეს უცნაური გულგრილობა. შეიძლება, მან იფიქრა, ვკვდებიო და არ იცოდა ის, რაც ექიმებმა იცოდნენ, - რომ ასე სწრაფად არ მოკვდებოდა. ფაქტია, რომ ჯერ გაკვირვებულმა მოითხოვა ექიმი და მერე კი - გაბრაზებულმა. სიმართლე რომ ვთქვა, შესაძლოა იმ ჩემმა მეგობარმა ცოტა უხეში ფორმით (ვთქვათ, ხმამაღლა და კატეგორიულად) მოითხოვა ექიმი, მაგრამ განა ეს საფუძველს აძლევს რომელიმე ექიმს ის გააკეთოს, რაც იქ მოხდა?..

ხომ დაუჯერებელია, მაგრამ როცა ექიმი მოიყვანეს და მან მოწამლულ ავადმყოფს ჰკითხა, რა გაყვირებსო და ამ უკანასკნელმა კი ისევ გაუმეორა „აკვიატებული” ფრაზა - ამ საავადმყოფოში რა გულგრილად ექცევიან ავადმყოფებსო, მორიგე ექიმმა (ყურადღება!) ჩემი უზრდელი მეგობარი საკაციდან გადმოათრია და იმდენი ურტყა, სანამ ხმაურმა მთავარი ექიმის კაბინეტამდე არ მიაღწია. მართალია, მთავარ ექიმს ჩემი (ძირს დაგდებული) მეგობრისთვის მორიგე ექიმის დარად, ხელი არ დაურტყამს, მაგრამ (კოლეგიალობის ამბავში) აწ უკვე დასისხლიანებულ პაციენტს ერთი ისეთი ჭიტლაყი ამოსცხო, რომ სისხლის დანახვაზე და ჩემი მეგობრის ამონაკვნესზე - აქედან თუ გავაღწიე, დედებს მოგიტყნავთო, - ექთნებმაც იხუვლეს და ავადმყოფი ძირს აღარ დაუშვიათ. როგორც მოგვიანებით იმ ჩემმა მეგობარმა გაიხსენა, თურმე ის უფრო სიამოვნებდა დერეფნის კედელზე რომ თავს არტყმევინებდნენ, რადგან დარტყმისაგან პირდაპირ იატაკზე დანარცხება (მოწამლულზე) უფრო მტკივნეული ყოფილა და აუტანელი. მაინც ყველაფერი აიტანა და გაუძლო და რაც მთავარია გადარჩა. თუმცა ამ ისტორიას უფრო საშინელი გაგრძელება აქვს და მხოლოდ იმიტომ აღარ მოვყვები, რომ ამ საშინელ დროსა და გარემოში, ჩვენ რომ ვცხოვრობთ, მაინც კეთილად მინდა დავასრულო ჩემი მეგობრის ამბავი. და მაინც ის მინდა გისურვოთ, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდი - ცხოვრება წამლისა და ექიმის გარეშე..

4.2 კარდენახი

▲back to top


დათო ტურაშვილი

0x01 graphic

შარშან ზაფხულს, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ჩემს მეგობარს, იტალიელ მწერალს როკო კარბონეს, თან ჩამოჰყვა ცნობილი ფოტოხელოვანი ფაბიო პონციო. ფაბიო პონციომ, ძველი რომაელების პირდაპირმა ჩამომავალმა (როგორც თბილისელმა გოგონებმა მერე თქვეს, პირდაპირ, გადასარევმა ბიჭმა), პირდაპირ მითხრა, რომ სწორედ იმ ეკლესიის ნახვა სურდა, რომელიც სამოცდაათიან წლებში ანრი კარტიებრესონმა საქართველოში სტუმრობისას გადაიღო. სულ არ იყო ძნელი მისახვედრი, რომ ფაბიო პონციო ალავერდს გულისხმობდა (ალავერდობაზე გადაღებულს) და კარტიებრესონის ნაკვალევს, მეორე დღესვე გავყევით. გავემგზავრეთ ჩემი (ამჯერად ქართველი) მეგობრის, გიორგი ხელაშვილის ავტომობილით კაჭრეთის გავლით, სადაც ჩემპიონი მწვადისა და ყურძნის ლიმონათის მირთმევისას, პირველად შევნიშნე იტალიური ცრემლი. თუმცა, ეს ჩვენი სტუმრების მხოლოდ მოკრძალებული მცდელობა იყო აღფრთოვანების გამოხატვისა და კაჭრეთში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც ალავერდში გველოდა. ალავერდის ნახვის შემდეგ, ფაბიო პონციო, უბრალოდ ატირდა. ერთი კი ვიფიქრე, მილანში დაბადებულ და ამჟამად რომში მცხოვრებ, მრავალგზის მსოფლიომოვლილ ამ ფაბიოს, ამ ალავერდის ნახვამ გული აგრე რად აუჩუყამეთქი და თვითონვე ამიხსნა. თურმე სახელოვანი პედაგოგის სწორედ ალავერდში გადაღებულმა ფოტომ განსაზღვრა მისი პროფესიული არჩევანი და ფაბიომ ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა აუცილებლად ჩასულიყო იმ ქვეყანაში, რომელსაც კარტიებრესონი სამოცდაათიან წლებში ესტუმრა. ჯერ კიდევ მაშინ, ისიც გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ქართული ტაძარი ენახა, სადაც დიდმა ფრანგმა ხელოვანმა ფოტო გადაიღო და ამდენი წლის შემდეგ, ფაბიო პონციომ ოცნება რომ აიხდინა, ცრემლიც ვერ შეიკავა. ზუსტად ის ადგილიც მოძებნა, სადაც კარტიებრესონი იდგა, როცა იმ ლეგენდარულ ფოტოს იღებდა. თუმცა, მთავარი მაინც წინ იყო.

ალავერდის შემდეგ, სანამ თელავი და სიღნაღი დავათვალიერეთ, მოსაღამოვდა კიდეც და გიო ხელაშვილმა თქვა, გასაღები თან მაქვს და ბარემ კარდენახში, პაპაჩემის სახლში დავრჩეთო. ვიყიდეთ პური და ყველი; ღვინო და ყურძენი იქ, სახლში დაგვხვდა. მეტი რა გვინდოდა. ღვინო ჩვენს სტუმრებსაც ძალიან მოეწონათ და შუქი რომ მოვიდა, უკვე კარგა ტკბილად ვიყავით. დაწოლასაც ვაპირებდით, რომ ფაბიო პონციო დიდი ოთახის კედელზე, ჩარჩოიან ფოტოს მიადგა და აიჩემა - ეს აშკარად ძალიან ჰგავს კარტიე-ბრესონის ხელწერასო. აქ საიდან მოხვდებოდაო, - კი შევეცადეთ მის დამშვიდებას, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, უჯრამ (გიო ხელაშვილის მეტსახელია) თბილისში, ბებიამისთან დარეკა და იმ ფოტოს ასავალ-დასავალი დაწვრილებით გამოჰკითხა. გიორგი ხელაშვილის ძვირფასმა ბებიამ იმ უცნაური ფრანგი კაცის გვარი ვერა, მაგრამ სახელი კი სწორად გაიხსენა - ბევრი ფოტოაპარატით რომ ესტუმრა მათ ოჯახს 1972 წელს და ერთი ღამე მათთან, კარდენახში დარჩა. წელი ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ შენ ზუსტად იმ წელს დაიბადე, ბებო გენაცვალოსო. ფაბიო პონციოს რომ ეს ყველაფერი ვუთარგმნეთ, გულზე ხელი მოიკიდა, თვალები გაუფართოვდა სიხარულისა და გაოცებისაგან და ის საწოლი მანახეთ, სადაც კარტიე-ბრესონს ეძინაო. უჯრამ ისევ შეაწუხა ძვირფასი ბებო და ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო. მერე ზუსტად ის საწოლიც აჩვენა ფაბიოს, სადაც მის ფოტოგურუს ეძინა ოცდაათი წლის წინ და ნებართვა აღარ უკითხავს, ისე ჩაწვა მისთვის ყველაზე ისტორიულ ლოგინში. მერე იწვა და ტიროდა. ადგილზე, საწოლში მივუტანდით ხოლმე განსხვავებულს, დალევდა, ამოიოხრებდა, ჭერს ახედავდა ცრემლიანი თვალებით და მღეროდა. თან ტიროდა, თითქმის დილამდე.

თბილისში მეორე დღეს დავბრუნდით. მესამე დღეს ყაზბეგში წავედით. სამებაზე ასულ ფაბიო პონციოს ისე მოეწონა მთვრალი მოხევეები, რომ იქვე მოინათლა მართლმადიდებლად და ასე მოულოდნელად დათმო კათოლიციზმი. როკო კარბონეს რომ ვკითხე მიზეზი, გაეცინა - ალბათ გადასახადების გადახდა აღარ უნდაო და ამ თემაზე აღარ გვისაუბრია. მერე კვარიათში წავიყვანეთ, სადაც ამდენი ლამაზი გოგოს ერთად ნახვას იტალიელებმა ვეღარ გაუძლეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ფაბიო პონციომ თავისი ფოტოფირები მე დამიტოვა, - ჩამოვალო და ალბათ ჩამოვა. საქართველოში მხოლოდ ერთხელ არავინ ჩამოდის...

4.3 სალვატორე კოკუცა

▲back to top


დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ჩემგან მარჯვნივ გიო ახვლედიანი ზის, მარცხნივ - კახა ბუაჩიძე და ეს, ჩვენი სტუდენტობის დროინდელი აქციაა უნივერსიტეტის ბაღში. ერთ დღეს, აი ასე, დიდი ქუდები დავიხურეთ და მაშინდელი რეჟიმის მიმართ ჩვენი მოკრძალებული პროტესტი გამოვხატეთ. თუმცა, პროტესტის ასეთ ფორმას მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, მანამდეც, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მივმართეთ, მაგრამ სკოლის დროინდელი ფოტო ასეთი, აეროდრომის ტიპის ქუდებში, არ გაგვაჩნია. „აეროდრომი“ ასეთ ქუდებს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაარქვეს. სინამდვილეში მათი ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და მაშინდელ თბილისსა თუ ქუთაისში ამ ქუდებს სულ სხვა სახელს უწოდებდნენ. საბჭოთა პერიოდში კი (სამოციანი წლების შემდგომ), ქართველის სტერეოტიპი (კინემატოგრაფიის გავლენით) სწორედ ამ ქუდთან იყო ასოცირებული. ასეთი ქართველი რუსულ ქალაქში ან გამყიდველად მუშაობდა, ან მწვადებს წვავდა, მაგრამ ცოტა მოდებილო იყო და აუცილებლად კეთილი. ქართველები იმ რუსულ (არა მარტო რუსულ), საბჭოთა ფილმებში, ძირითადად, დადებითი პერსონაჟები იყვნენ და (ამ მხრივ) მათთან შედავება ძნელი იყო, მაგრამ ძაღლის თავიც სწორედ მანდ იყო დამარხული, რადგან ის დადებითი ქართველები მხოლოდ წვრილი ვაჭრები იყვნენ, ან ყვავილებს ჰყიდნენ, ან ქაბაბს ამზადებდნენ რუსეთის პროვინციულ ქალაქებში. რაც შეეხება სიდებილეს, ამას იმდენად ოსტატურად აკეთებდნენ საბჭოთა რეჟისორები, რომ შეკამათების შემთხვევაში საკმაოდ იოლად დაამტკიცებდნენ, რომ ამ მოდებილო ქართველში გულისხმობდნენ ჩვენი ხასიათის პოეტურობასა და რომანტიზმს. თუმცა, დაკვირვებული თვალი (ჩვენ კი სხვა რა საქმე გვქონდა), მაინც ადვილად შეამჩნევდა მორიგ საბჭოულ მზაკვრობას და ეს პროპაგანდა იმდენად მუხანათური იყო, რომ არა მხოლოდ სხვა საბჭოთა ხალხებმა, ჩვენც კინაღამ დავივიწყეთ, რომ უძველესი და უმდიდრესი კულტურისა და ცივილიზაციის მემკვიდრეები ვიყავით...

თვითონ ამ ქუდების ისტორიაც რუსულ, ოღონდ სხვა მზაკვრობას უკავშირდება, რომელიც 1871 წელს დაიწყო, როცა რუსებმა თბილისში იტალიური ოპერის შენობა დაწვეს. ჯერ ააშენეს (ახლანდელი თავისუფლების მოედანზე), მერე კი გასაგები მიზეზების გამო, თვითონვე დაწვეს და იტალიური დასი უმუშევარი დარჩა. განსაკუთრებით ოპერის ქალ მომღერლებს გაუჭირდათ, რადგან მიუხედავად ოპერის პოპულარობისა მაშინდელს თბილისში, როგორც (დღემდე შემონახული) მათი საჩივრებიდან ირკვევა, სცენაზე მდგარ ქალს იმდროინდელ საქართველოში იდეალური რეპუტაცია მაინც არ ჰქონდა და სხვაგან დასაქმება, როგორც ჩანს, მათთვის ძნელი უნდა ყოფილიყო (აღარაფერს ვამბობ აქვე, საქართველოში გათხოვებაზე). რაც შეეხება იტალიელ კაცებს, მხოლოდ რამდენიმე მომღერალი დაბრუნდა უკან, იტალიაში. დასის ძირითადი ნაწილი კი თბილისში დარჩა. ისინი თითქმის ოცი წლის მანძილზე უკვე აქ ცხოვრობდნენ და თანაც ახალი ოპერის აშენების იმედს მაინც არ კარგავდნენ. ახალი ოპერის შენობა მართლაც ააშენეს, მაგრამ მხოლოდ რუსული რეპერტუარისა და რუსული დასისათვის და იტალიელებიც იძულებულები გახდნენ, სხვა საქმისათვის მოეკიდათ ხელი. მათ შორის იყო ტენორი სალვატორე კოკუცა, წარმოშობით სიცილიელი, რომელმაც მამის ხელობა გაიხსენა და ახლანდელი თამარ მეფის გამზირზე სიცილიური ქუდების ატელიე გახსნა. მაშინ იქ ძირითადად გერმანელები ცხოვრობდნენ და სალვატორე კოკუცა ფიქრობდა, რომ გერმანელები უფრო იქნებოდნენ მისი პოტენციური კლიენტები, ვიდრე ქართველები. მაგრამ სიცილიელი ტენორი (მაშინ უკვე ყოფილი ტენორი) შეცდა, რადგან კოკუცას ქუდებისადმი განსაკუთრებული ინტერესი ქართველებმა უფრო გამოიჩინეს. სიცილიელიც არ დაიბნა და რადგან ქუთაისი (მაშინ) უფრო ქართული ქალაქი იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თბილისში ქართველები ცოტანი ცხოვრობდნენ, სალვატორე კოკუცამ თავისი ქუდების ატელიე ქუთაისშიც გახსნა. იმერლებმა იმერული ტემპით (როგორც ეს ხდება ხოლმე) აიტაცეს სიცილიური სიახლე და კოკუცას ქუდები იმერული სისწრაფით გავრცელდა დასავლეთ საქართველოში. (სხვათა შორის, გამოთქმა „კოკუცა ქუდი ეხურაო” ბოლო დრომდე არსებობდა ჩვენში და მგონი ახლაც არსებობს).

თუმცა მოდის ერთი უცნაური თვისების გამო, ეს ქუდები საქართველოში დროებით გაქრა, მაგრამ მხოლოდ დროებით - მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეს მოდა (იმ უცნაური თვისების გამო) ისევ დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად აღარავის ახსოვდა, რომ ამ ქუდების ისტორია სინამდვილეში სიცილიელი ტენორის, სალვატორე კოკუცას სახელს უკავშირდება და არა რომელიმე ქუთაისელი ან თბილისელი მექუდის ხსოვნას.

მაშინ, უნივერსიტეტის ბაღში, იმ სხვა სტუდენტების გაკვირვებული სახეებიც მახსოვს, ვისაც უკვე სულ სხვა თაობა ერქვა და სულ სხვა ქუდები ეხურათ. ჩვენ ჩვენი (სახლებში მოძიებული, უკვე ჩამოწერილი) ქუდები მოვირგეთ და პირველ კორპუსთან ჩამოვსხედით. ვისხედით მანამ, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა აქციამ არ გაამართლა და იპოდრომის მიმართულებით, „ისინდში” გადავინაცვლეთ. „ისინდში” მაშინდელს სახელოვან სახინკლეში კი აღარავინ იუცხოვა არც ჩვენი ქუდები, არც ჩვენი გეგმები და ოცნებები: კახა ბუაჩიძემ თქვა, - უნივერსიტეტს რომ დავამთავრებთ, თუშეთში წავიდეთ საცხოვრებლადო. მაგრამ ეს იყო მაშინ, ჩვენი სტუდენტობის დროს. ახლა კი, ალბათ ნებისმიერ სახინკლეშიც გაუკვირდებათ კლიენტები სალვატორე კოკუცას სიცილიური ქუდებით.

თუმცა, ეს ქუდები, ალბათ მაინც დაბრუნდებიან...

4.4 I.R.A.

▲back to top


დათო ტურაშვილი

0x01 graphic

სულ არ ჰგავდა შინეიდ ო'კონორს - ჰქონდა წითელი, ხუჭუჭი თმა და ჭორფლიანი სახე, მაგრამ რამდენჯერაც დავინახავდი, იმდენჯერ მახსენდებოდა შინეიდ ო'კონორი და ალბათ იმიტომ, რომ ესეც ირლანდიელი იყო. ვხედავდი კი ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), ლექციებზე, სადაც ლექტორებს შეკითხვებით არასოდეს მიმართავდა და ყოველთვის ჩუმად იჯდა. როცა ჩვენი ინგლისელი პროფესორები ისეთი მონდომებით ხუმრობდნენ, რომ დანარჩენი სტუდენტები თავშეუკავებლად ხარხარებდნენ, მაშინაც კი ჩუმად იყო და რაღაცაზე ფიქრობდა. ის არასოდეს მინახავს არც იმ პაბში, სადაც მთელი უნივერსიტეტი იკრიბებოდა ხოლმე პარასკევ საღამოს და ჩვენი ძვირფასი ლექტორები სტუდენტებთან ერთად სვამდნენ შუაღამემდე, ზოგჯერ დილამდე... სანამდეც შეეძლოთ.

ერთხელ კინოშიც დავპატიჟე. ლონდონში ყველაფერი ძვირია, მაგრამ იაფ კინოთეატრს მაინც მივაგენი ლესთერსქვერზე და იქ დავდიოდი ხოლმე. უარი მითხრა.

მეორეჯერაც დავპატიჟე, რადგან მართლა მაინტერესებდა, ასეთი სერიოზული სახით რაზე ფიქრობდა, თანაც გამუდმებით და იმის გარკვევაც მინდოდა, რატომ სწავლობდა ჩვენთან ერთად, თუ ის ირლანდიელი იყო. ირლანდიელი კი ნამდვილად იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ინგლისური (ჩვენგან განსხვავებით), პირველადი ენა უნდა ყოფილიყო და წესით, სულ სხვა პროგრამით უნდა ესწავლა. მეორედაც რომ უარი მითხრა, ჩვენმა პროფესორმა, პარასკეობით რომ ვისკის ჭიქას მიჭახუნებდა მონდომებით, ასეთივე მონდომებით ამიხსნა, რომ არიან ირლანდიელები, რომლებიც პრინციპულად არ მიიჩნევენ ინგლისურს მშობლიურ ენად და ასეთ შემთხვევებში, ისინიც თქვენი პროგრამით სწავლობენო. ასეთმა პასუხმა კიდევ უფრო დამაინტერესა და მესამედაც ვაპირებდი დაპატიჟებას, მაგრამ კვირას ჰაიდ-პარკში წასვლა თვითონ შემომთავაზა. ერთმანეთს მარბლ არჩის ამოსასვლელთან შევხვდით. გამორჩეულად მზიანი დღე იყო და როგორც ასეთ დღეებში ხდება ხოლმე, პარკში უამრავი ადამიანი დაგვხვდა. ძირითადად მზეს ეფიცხებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უსმენდა ირლანდიელ ორატორს, რომელიც ინგლისელთა იმპერიულ პოლიტიკას საკმაოდ ომახიანად აკრიტიკებდა. ჩვენც ვიდექით და ვუსმენდით, თუმცა, პირადად, ბალახზე წამოწოლა მერჩივნა, მაგრამ იმ ირლანდიელ ორატორს ისე გაუგრძელდა სიტყვა, რომ საშინლად დავიღალე. ამანაც შემატყო და გაეღიმა. პირველად ვნახე გაღიმებული და რადგან გაღიმებული ვნახე, ბოლომდე გავუძელი ინგლისელების ლანძღვას.

მერე ვიწექით ბალახზე, რომლის სუნიც ისევე მსიამოვნებდა, როგორც მზე ლონდონის ცაზე და ამ ირლანდიელი გოგოს სიახლოვე, რომელიც სულ არ იყო ლამაზი, მაგრამ ყველაზე ახლოს იყო ჩემთან და ვაკოცე ისე, როგორც საყვარელ ბავშვებს კოცნიან. მე ვაკოცე ლოყაზე, თვითონ ტუჩებში მაკოცა და მერე, როცა მეც ვკოცნიდი ტუჩებში, გამახსენდა, რომ ამის გამო ულტრალიბერალურ ლონდონშიც კი შეიძლება დაგაჯარიმონ, თუ ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხდება. ეს რომ ვუთხარი, აშკარად გაუხარდა, მითხრა, უკეთესი იქნება თუ დაგვაპატიმრებენ, რადგან მთელი მსოფლიო გაიგებს, როგორი არადემოკრატიულია ინგლისი და ისე სწრაფად გაიხადა, რომ უხერხულობისა და მოულოდნელობისაგან, არც ვიცოდი რა უნდა მექნა. ყველაფერს ჩემს მაგივრადაც თვითონ აკეთებდა და ერთადერთი რასაც მე ვაკეთებდი ვლოცულობდი, რომ პოლიცია არ მოსულიყო დღისით, მზისით შუაგულ ლონდონში, ღია ცის ქვეშ, უამრავი თვითმხილველის თვალწინ, ჩვენი აღვირახსნილობის აღსაკვეთად. როცა დამემშვიდობა, მომეჩვენა რომ თვალები სველი ჰქონდა.

მეორე დღეს ორშაბათი იყო, თუმცა, ლექციებზე არ მოსულა. შუადღისას გოგი ძოძუაშვილს უნდა შევხვედროდი სოჰოს მისადგომებთან, მაგრამ ქუჩაში არ გაგვიშვეს - ტერორისტებმა სითიში რაღაც შენობა ააფეთქესო და ორი საათით მთელი ლონდონი დაცარიელდა. მხოლოდ საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, BBC 2-ზე ვნახე ჩემი ჭორფლიანი, უკვე დაპატიმრებული ირლანდიელი. . .

5 მე უარს ვამბობ მეფის ასულობაზე

▲back to top


ექსკლუზივი

მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი

ავტორი: ნიკოლოზ დემეტრაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

თბილისში სეირნობით დაღლილები კაფეში ყავის დასალევად შევედით. მე ოსმალურ ყავას შევექცევი და გაოცებული ვუმზერ გვერდით მაგიდაზე მსხდომ გოგონებს, უფრო სწორად, ერთ-ერთს, - ჯინსებსა და ბოტასებში გამოწყობილს, ნაწნავი რომ მხარზე გადმოუგდია. თვალის ჭრილი - თხელი და ნაზი - რაღაც ძვირფასს მაგონებს. ზის თამბაქოს კვამლში გახვეულ კაფეში, ესპრესოს მიირთმევს. ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა ამ გენის გამოყვანას. ისეთი მშვენიერია, თითქოს უცხოელ დამპყრობლებს არაფერი დაუშავებიათ მისი წინაპრებისთვის.

ზის მოკრძალებული სახის გამომეტყველებით და მეორე გოგონას რაღაცას უყვება.

- მე ერთმნიშვნელოვნად უარს ვამბობ მეფის ასულობაზე.

მომესმა?

ერთხელ, სკოლაში სწავლის პერიოდში, მე და ჩემს დას - ანას, მასწავლებელმა გვკითხა, რას ნიშნავს ბაგრატიონ გრუზინსკიო. ჩვენ ვერ ავუხსენით. მერე მამამ დაგვისვა და მარტივად, 8-9 წლის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე აგვიხსნა: იმ დროიდან, როცა მეფე გადააგდეს, ჩვენი გვარი ასე იწერებოდა - ბაგრატიონ-გრუზინსკი. თუ რა პროცესები და საიდუმლოებები იმალებოდა ამის უკან, ბავშვის ცნობიერებისთვის ნაადრევი იყო. ამიტომ დიდგვაროვან წინაპართა ისტორიასთან ზიარება უფრო ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.

სვეტიცხოველში საკურთხევლის წინ ბაბუაჩემის მამა იყო დაკრძალული. იქ ჩასულები მის საფლავზე სანთლებს ვანთებდით ხოლმე. მოწიწება და სიამაყის შეგრძნება დროდადრო ჩემში ილექებოდა. როცა ბაბუაც იქ გადაასვენეს, ეს განცდა კიდევ უფრო გაიზარდა.

სხვა ბავშვების მსგავსად, მეც პრინცესობაზე ვოცნებობდი. კაბებს ვიკერავდი, დიდს და თეთრს. უფრო დიუმასთან ამოკითხული პრინცესობა მხიბლავდა, რადგან არასოდეს მიფიქრია, ძველი დრო რომ ყოფილიყო, მეც ხომ მეფის ასული ვიქნებოდი. თან, ჩვენი მეფის ასულები ბავშვის ფანტაზიისთვის უინტერესო სისადავით გამოირჩეოდნენ. ბავშვის წარმოდგენაში სასახლე მდიდრულს და მორთულს უკავშირდება. როცა ჩვენებურ დარეჯანის სასახლეში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ჩვენი სამეფო კარი სრულიად განსხვავებული ტვირთია. აქ თავშეკავებულობა ჭარბობს.

გვარისა და წარმომავლობის მიმართ არასდროს მქონია განსაკუთრებული დამოკიდებულება. უცნაური გაუცხოება მაქვს. განსხვავებულს ვერაფერს ვხედავ. ისეთივე ვარ, როგორც აქ მცხოვრები გოგონების ოთხმოცი პროცენტი. როდესაც კონკრეტულ ფორმალურ გარემოებათა გამო ჩემი გვარის დასახელება მიწევს, ცნობისმოყვარე მზერას ვგრძნობ ხოლმე. ნეტავი რა არის უჩვეულო?

ოჯახში ყურადღებას არ გვიმახვილებდნენ: განსხვავებულები ხართ ან სხვებს არ გავხართო. „უქარქაშო ხმლებს” და ქართულ ლიტერატურას გვაკითხებდნენ. მერე წაკითხულს მამას ვაბარებდით.

ძირფესვიანად დღემდე არ ვიცი ჩვენი გვარის ისტორია. უფრო იმიტომ, რომ ჩემი გვარი გათავისებული არ მაქვს. დისტანციას ვგრძნობ. ნუთუ იმ დიდი გვარის გაგრძელება ვარ?!

ჩემს დას უფრო გამძაფრებული დამოკიდებულება აქვს. ალბათ იმიტომ, რომ, რადგან უფროსია, თავს ვალდებულად თვლის. მისი შვილი ბაგრატიონ გრუზინსკის გვარს ატარებს. მე ასეთი სურვილი არ გამჩენია. ჩემი მხრიდან არაკორექტულიც იქნებოდა, რადგან, თუ ოდესმე რაიმე შეიცვალა, მაინც უფროსობით გადადის ეს მემკვიდრეობა.

მთელი ამ წლების მანძილზე, მამას თქვენობით ვესაუბრებით. ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებაა. ვხვდები, ეს წარსულის გადმონაშთი უნდა იყოს. ბაბუაჩემიც თქვენობით ესაუბრებოდა დედას, მაგრამ ისინი იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ, სადაც თავაზიანობის ასეთი ხარისხი გამართლებული იყო. მამამ ჩვენს დროშიც იგივე გაიმეორა. არ ვიცი, ნოსტალგია იყო?

ფაქტია, როცა გავაანალიზე, რომ ჩვენს სამეგობრო წრეში მშობელს არავინ მიმართავდა „თქვენობით”, საშინლად განვიცადე. ამან მამასთან ურთიერთობაზეც იმოქმედა. ოჯახში ამ განცდაზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ განსხვავებულობის შეგრძნება გვეუფლებოდა.

როცა სტუმრად ვიყავი და შინ ვრეკავდი, ტელეფონთან მამა თუ შემხვდებოდა, ლაპარაკს ვერიდებოდი, რადგან იქ მყოფები შენიშნავდნენ: სახლში ვრეკავ, თუმცა, მამას თქვენობით მივმართავ. ამაზე საუბარი ახლა შედარებით ადვილია, რადაგან უკვე დიდი ვარ.

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. ნორვეგიაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, სკოლიდან მოსწავლეები შეკრიბეს და რამდენიმე მეცხრეკლასელი სადღესასწაულო ცერემონიალზე დასასწრებად ოსლოს გავემგზავრეთ.

მოსკოვიდან მივფრინავდით. საელჩოში შესულებს, უეცრად მომმართეს: პრინცესა თქვენ ბრძანდებით? ამ სიტყვის სიმძაფრე პირველად მაშინ ვიგრძენი. მაგრამ, როცა ოსლოში მიღებაზე, ნორვეგიის სამეფო კარის წარმომადგენლები აივანზე ჩამწკრივებულები ვიხილე, - ეს მდგომარეობა ისეთი მიუწვდომელი მეჩვენა, რომ კიდევ უფრო გამიმძაფრდა გაუცხოება. ამიტომ, როცა ნორვეგიელ ბავშვებთან ერთად მოწყობილ საღამოზე გამოაცხადეს, საქართველოდან პრინცესაა ჩამოსულიო, ვერაფრით მივხვდი, რატომ მოჰყვა ამას დიდი აჟიოტაჟი, ავტოგრაფების თხოვნა და შეძახილები. მეკითხებოდნენ, როგორ ცხოვრობ, რაზე ფიქრობ? მე დავიბენი. ყველაფერი ხომ ჩვეულებრივად მიდის ჩემს ცხოვრებაში?!

შეზღუდულები არ ვყოფილვართ. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს 11 საათზე შინ უნდა ვყოფილიყავით, თითქმის ყველგან წასვლის უფლება გვქონდა. სტუმრებიც ხშირად მოდიოდნენ.

პატარა ვიყავი, როცა ჩვენთან გამუდმებით რეკავდნენ კინოსტუდიიდან. ლეილას ჰყავს ქალიშვილი, იქნებ სინჯებზე მოვიყვანოთ! ოცზე მეტი ფოტო-სინჯი მაქვს გაკეთებული.

ერთ-ერთი ასეთი სინჯის შემდეგ, კინორეჟისორმა მიშა კალატოზიშვილმა, რომელიც „მატეო ფალკონეს“ მიხედვით „რჩეულს“ იღებდა, მცხეთაში ჩამომაკითხა. მე ყრუ-მუნჯი გოგონა უნდა მეთამაშა - გოგონა, რომელიც უბედურების მოახლოებას გრძნობს, მაგრამ დედას ვერ უხსნის განცდას.

რეჟისორი მეუბნება: აი, ეს არის ლუკა, ვისი მეგობარიც უნდა ითამაშო, ხარ ყრუ-მუნჯი. ახლა მიდი და როგორც გინდა, ხელებით და ფეხებით აუხსენი ეს სიტყვები: სად ხარ დაკარგული ამდენ ხანს, მე ხომ ძალიან მომენატრე.

ბავშვური თავხედობა თუ არა, აბა როგორ მივედი და რა გავაკეთე ისეთი, რომ იმწამსვე თქვეს: დამტკიცებულია, წავედით სიღნაღში.

თორმეტი წლის ვიყავი. ამიყვანეს მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის უცნობი ჟესტების და მიმიკების ათვისებაში მეხმარებოდა.

გადაღებები საერთოდ არ მხიბლავდა. სკოლის გაცდენა მიწევდა და ძალიან განვიცდიდი, რომ თბილისში ახლა უჩემოდ მიდიოდა ცხოვრება. მახსოვს, „მატორ!” უკვე ნათქვამი იყო, როცა გაბრაზებული, საკუთარ თავს ვეუბნებოდი - რა მინდა ახლა აქ?

ყველასთვის ცნობილი ფაქტი იყო, რომ მიშა კალატოზიშვილს გადასაღებ მოედანზე უცენზურო სიტყვებით მიმართვა ახასიათებდა (გადაღების დროს ასეთი რამ, ერთგვარად, გამართლებულიც არის). მახსოვს, გაკვირვებული ამბობდა - საკმარისია გადასაღებ მოედანზე მაია გამოჩნდეს და განწყობა მეცვლება. ვერაფრით ვხსნი, რას მიკეთებს ეს თორმეტი წლის გოგონა.

გარკვეული დროის შემდეგ, ისევ კინოსტუდიაში აღმოვჩნდი დედასთან ერთად. დერეფანში რეჟისორი ნანა ჯანელიძე შეგვხვდა. იმ დროის „იავნანას” გადაღებას აპირებდა და ქეთოს როლისთვის გოგონას ეძებდნენ. გვთხოვეს და ჩვენც რეჟისორის ოთახში აღმოვჩნდით.

ნანამ „იავნანას” ჩემთვის უკვე ცნობილი სიუჟეტის თხრობა დაიწყო. ნელ-ნელა ემოციებით ვივსებოდი. კულმინაციამდე რომ მივიდა, თვალები ამიცრემლიანდა. ალბათ, იმ წამს ქეთოს ამბავი მძაფრად შევიგრძენი. ამას რეჟისორიც მიხვდა. ვიდეოსინჯები გამიკეთეს და ფილმზე დამამტკიცეს.

ეს დრო გარდატეხის პერიოდს დაემთხვა - როცა არც ბავშვი ხარ და არც ქალი. ჩემი თავი საშინლად არ მომწონდა. „რჩეულისაგან” განსხვავებით, ფლეგმატური და ზედაპირული ვიყავი. იქ ხომ ბავშვური გამბედაობა მაინც მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე ყველას ვიცნობდი, მიყვარდა და მომწონდა, არც ამას მოვუხიბლივარ.

„იავნანას” პრემიერა დღესასწაულივით იყო, რადგან იმ პერიოდში ქალაქი ახალი ფილმებით გათამამებული არ ყოფილა. ქუჩაში მცნობდნენ, - ეს მომწონდა, მაგრამ მალევე გადავაფასე, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის. მამას პოზიციაც ვიცოდი - მსახიობობა აკრძალული მქონდა, მაგრამ არც ვაპროტესტებდი. ეს, უბრალოდ, დროებითი გართობა იყო. ამიტომ, არც ვნანობდი, როცა როლებზე არ მიწვევდნენ. რაღაც მონაკვეთი დასრულდა თითქოს და იქ თავისი ადგილი დაიკავა.

ჩემი და ერთი წლით უფროსია. პატარაობიდან, ხელოვნურად, ტყუპებად გვაქციეს: ბაღშიც და სკოლაშიც ერთად შეგვიყვანეს. ჩვენს შორის უცნაური დამოკიდებულება გაჩნდა - ტყუპები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვართ მიჯაჭვული.

სადღაც მეათე კლასში ირკვევა, რომ განსხვავებული ინტერესები გვაქვს - მე ჰუმანიტარული საგნები არ მხიბლავს, ანას მათემატიკა არ აინტერესებს. ასე რომ, ძალაუნებურად გავიყავით.

მე ფსიქოლოგია ავირჩიე; ავირჩიე იმ პერიოდში, როცა საკუთარ თავში დიდი ცვლილება ვიგრძენი. თუმცა არჩევანი გავაკეთე არა ჩემს შესაცნობად, არამედ ფსიქოლოგიაში ჩასაღრმავებლად. ჩემს არჩევანში დღემდე დარწმუნებული ვარ.

სასიყვარულო ისტორიაც ისეთივე სადა და სიურპრიზებს მოკლებულია, როგორც სხვა დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შევიტყვე, რომ ერთ ბიჭს, ნიკას მოვწონდი. თაყვანისმცემლებით განებივრებულს, მაშინ ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-6 სკოლაში ვსწავლობდი, ის - ბროსეს ქუჩაზე.

ნიკა მორიდებული ჩანდა. ამიტომ კარგად მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავიცანი, როცა ჩემს დას დაუმეგობრდა და სტუმრად სიარული დაიწყო.

0x01 graphic

18 წლის ვიყავი. რადგან სიმპათიას ვგრძნობდი, სიდინჯეს ვინარჩუნებდი. ისიც, მორიდებული, ჩემგან ელოდა ინიციატივას. იდგა უხერხული სიჩუმე, რასაც ჩემი და არღვევდა ხოლმე.

ნიკა მაშინ ავსტრიაში სწავლობდა და 3-4 თვე იქ უწევდა ყოფნა. მხოლოდ მისი ავსტრიაში ყოფნისას მონატრებამ მიმახვედრა, რომ მიყვარს.

ურთიერთობა ძალიან ფაქიზი იყო. ხელს ხელზე არ მახებდა. დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ სერიოზული ჰქონდა. ერთხელ პატარები ვიყავით, როცა დამირეკა და სადილზე დამპატიჟა. სახლში ვთქვი, სადილზე დამპატიჟესმეთქი. ბევრი იცინეს. მე აღარ წავსულვარ.

1996-97 წლებია. თბილისი იცვლება. შიმშილობა წარსულს ჩაბარდა და ქალაქში ახალი კაფე-ბარები ჩნდება.

ჩემს ოჯახს ნიკას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია, კარგად იცნობდნენ ხშირ სტუმარს. თან, რახან მეც სიამოვნებით ვთანხმდებოდი მასთან ერთად სეირნობას, ამიტომ არ აუკრძალავთ.

ხელის თხოვნაც ძალიან ოფიციალურად მოხდა. ნიკა მამასთან კაბინეტში შევიდა, ძალიან ღელავდა, მაგრამ ჩემი ხელი წინააღმდეგობის გარეშე მოიპოვა.

ქორწილი ისეთი იყო, როგორიც მინდოდა: ლამაზი სტუმრები, შესანიშნავი სუფრა.

- კაბა?

- კაბა - დიდი, ვეებერთელა, ცისფერი იყო და რძიანი ყავისფერით იყო გაწყობილი. ნაწნავებში ყვავილები მქონდა. არანაირი აქსესუარი, მხოლოდ ჯვარი მეკეთა. მაკიაჟიც სადა და მსუბუქი

0x01 graphic

სახლიც ისეთი გვქონდა, როგორიც მინდოდა - მყუდრო. ნიკას ეს სახლი ძალიან უყვარს. თითოეული ნივთის ისტორია იცის. ამ სივრცეს მივეჩვიეთ.

- როგორი ხარ?

- ზედსართავები უნდა ვთქვა?... არ მიყვარს სიურპრიზები. არ ვარ მეოცნებე. საკუთარ ოჯახზე ვოცნებობდი და ამისრულდა კიდეც.

შემიძლია ერთ რამეზე ვიყო ორიენტირებული: ვაკეთო ის, რასაც ჩემგან ელიან და არა ის, რაც მხოლოდ მე მსურს. საკუთარ თავს ვაფასებ არა ჩემი გადასახედიდან, არამედ სხვისი თვალით. არც კი ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. მაგრამ ანგარიშს ვუწევ ყველას. სითამამე მაკლია.

არ მიყვარს სამკაულები. არასოდეს ჩავიცვამ ისეთ კაბას, რომელიც არ მიხდება. ყველაფერში ზომიერება მომწონს. გამოსასვლელი ტანსაცმელი ძალიან ცოტა მაქვს, ამიტომ ყოველთვის, როცა ამის საჭიროება დგება, პრობლემა მექმნება.

არც რომანტიული ვარ. არ ვიცი გარემოს, თუ ბუნების გამო, მაგრამ პრაგმატულ ადამიანად ჩამოვყალიბდი. ვარ მშვიდი. მირჩევნია სახლში ყოფნა, დასვენება. არ ვარ ემოციური. მუსიკა დიდად არ მასვენებს, უფრო წიგნები, პოეზიაზე მეტად - პროზა მირჩევნია. ფსიქოლოგიური წყობის მიხედვით, ფლეგმატური ვარ. ნიკუშას დახურული სივრცე არ ჰყოფნის, სულ გარეთ უნდა. თუმცა იდეურად ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. ისიც დინჯია, ფიზიკურადაც ეტყობა ეს სიდინჯე.

- წარუშლელი შთაბეჭდილება?

- ბოლო ოთხი წელია, უნარშეზღუდულ ბავშვებთან კონტაქტი მიწევს. თავიდან სხვის პრაქტიკას ვაკვირდებოდი, ახლა დამოუკიდებელი პრაქტიკა დაიწყო.

პირველად დიდ დერეფანში დავინახე დაახლოებით 50- მდე ბავშვი, სხვადასხვა უნარშეზღუდვებით. ერთმანეთში ლანდებივით ირეოდნენ. ამდენი და ასეთი თვალების შემხედვარეს, ტირილი მომინდა. მერე მივეჩვიე. მიხაროდა, რომ რაღაცით ვუმსუბუქებდი ტკივილს.

ახლა სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლის პირობა დაგვიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშასთან და ჩემს ორ შვილთან ერთად ვიქნები, მაინც ორად გაყოფილი ვარ; მიჭირს იმათი დატოვება, ძალიან მომეჩვიენ. ადაპტაციისთვის მათ დიდი დრო სჭირდებათ. ბავშვი უცხო ხელს გრძნობს. მათ შემთხვევაში ხომ ძალიან ნელა მიდიხარ წინ, ყოველი პატარა ნაბიჯი უკვე გამარჯვებაა.

უცხო ქალაქში ცხოვრების შემთხვევაში, მეშინია არ მოვიწყინო. გამუდმებით ახალი შთაბეჭდილების ძიებაში ვიქნები, მაგრამ დიდ ქალაქში მაინც იმ შემთხვევაში გავძლებ, თუ ჩემი გარემოცვა იქ მეყოლება.

დროდადრო რაღაცეების გადაფასება მიხდება. მეგონა, პარიზი საუკეთესო ქალაქი იყო. საქორწინო მოგზაურობისთვისაც ეს ზღაპრული ადგილი ავირჩიე, მაგრამ იმედი გამიცრუვდა.

შარშან პრაღაში აღმოვჩნდი, - მართალია ნიკას გარეშე, მაგრამ ამ ქალაქმა გამაოგნა. პრაღამ აშკარად აჯობა პარიზს.

მე და ჩემი ორი მეგობარი ჩეხეთიდან ჰოლანდიაში ავტობუსით გადავედით. ავტობუსი ევროპელებით იყო სავსე. გერმანიის საზღვარს ღამით მივადექით. გვეძინა. უეცრად ჩვენ სამნი გაგვაღვიძეს, ჩაგვიყვანეს ავტობუსიდან. ალბათ, ამდენ ევროპელში ქართული გვარების გარევამ დააეჭვა ისინი.

0x01 graphic

ჩემი გვარის შესახებ შეძახილებს და ოვაციებს უკვე მივეჩვიე. მაგრამ ამას ღიმილით ვხვდები.

მიუნხენში ბებიას მეგობართან ხანგრძლივად ვცხოვრობდით ხოლმე. “ROYAL FAMILY”, - ასე გვეძახდა. ყველას ეუბნებოდა სამეფო კარის შთამომავალი მყავს სტუმრადო და მთხოვდა, სტუმრებისთვის ჩემი საგვარეულოს შესახებ მომეთხრო. ბებიას სერიოზულად წყინდა, როცა მისთვის ნაცნობი სამეფო კარის შთამომავლები ცოლად სხვებს ირთავდნენ და არა მის შვილიშვილებს. მე მეღიმებოდა.

ვერ გამიგია, რატომ დავობენ ბაგრატიონობაზე გამუდმებით. აქ ხომ ყველაფერი უფრო მარტივად არის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ერეკლეს შემდეგ მეშვიდე თაობა მამაჩემზე გადმოდის. ან უფროსს არ ჰყავდა ძე, ან მომდევნო ძმა დაიღუპა. კამათი შეიძლება იყოს იმაზე, თუ ვინ გავამეფოთ: იმერეთის ბაგრატიონები თუ კახეთის ბაგრატიონები. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ჩვენი დიდი ბაბუა სვეტიცხოვლის საკურთხევლიდან პირველ რიგშია დაკრძალული და მხოლოდ შემდეგ მოდიან მუხრანელი ბაგრატიონები, დავითიშვილები. იმხანად ხომ არავინ დაუშვებდა შეცდომას.

ასე რომ, უკანასკნელი მეფე ნამდვილად ბატონი ნუგზარია.

- გულის სიღრმეში?

- რაღა თქმა უნდა, მიფიქრია. მიფიქრია იმაზე, ჩვენთან რომ კონსტიტუციური მონარქია ყოფილიყო. მაგრამ ჩემი თავი იქ ელიზავეტას მსგავს მდგომარეობაში, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. მე არ მაქვს ის ძალა და უნარი, რაც მონარქს უნდა ჰქონდეს. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ ჩემში შიშს იწვევს. მირჩევნია სხვაზე ვიყო დამოკიდებული, ვიდრე მთელი ქვეყანა ჩემს ხელში იყოს. ამიტომ, უარს ვამბობ მეფის ასულობაზე.

6 სერიალი

▲back to top


6.1 ვთამაშობთ თბილისობანას

▲back to top


ავტორი: აკა მორჩილაძე

იმედიანი შესავალი, მოთხრობილი აწგარდაცვლილი მეგობრის, კიკილას მიერ

არ გეცნობებით, თუ არ წაგიკითხავთ „აგვისტოს პასიანსი.” ის წიგნი ჩემმა ნაცნობმა დაწერა და ბევრი ტყუილიც თქვა იქა, მაგრამ ჩემი და ზურა ჟურულის მეგობრობის შესახებ რაც მოგახსენათ, ნამდვილი იყო. მაშინ მე ცოცხალი გახლდით და გერმანიიდანაც გახარებული დავბრუნდი, რადგან შემატყობინეს: კიკილ, ძმობილო ყურშავ, თბილისში მზემ გამოანათა და ახლა ყველა შენებრ მგრძნობიარე კაცს შეუძლია ამ ქალაქში ჩამოვიდეს, ბრონეჟილეტის გარეშე იაროს და ქალთა გულები მოინადიროსო.

აქვე მოგახსენებთ, რომ ეს იყო იმ მატყუარა წელიწადს, როცა ეგონათ, რომ მზემ საბოლოოდ გამოანათა და სულ ზაფხული იქნება.

ო-ო, ის იყო საამური დრო.

ის იყო ბედნიერი დრო ახალი ცხოვრების დასაწყისისა, თუმცა შემდგომში ტყუილი გამოდგა და მე კვლავ წავედი გერმანიაში, საიდანც კვლავ დავბრუნდი, რათა აქ ვიღაც სულელ ქალს შემთხვევითი გასროლით შემოვკვდომოდი.

და საღამოებიც რა მშვენიერი იყო!

შეღამებულზე ისმოდა არა სროლა და მანქანების იმგვარი ღმული, პატრონის მაგარ ბიჭობას რომ მიგახვედრებდა, არამედ ჩიტების გალობა და საიდანღაც გაცოცხლებული „ბიტლზის” მუსიკა, რადგან ეროვნული პოპი ჯერ არ არსებობდა.

და ფანჯრები გამოეღოთ თამამად! თამამად, სულ ბოლომდე და თუთისა თუ არა, ცაცხვის ფოთლები მაინც იჭრებოდა ოთახში.

სადღა იყო ის გიჟმაჟი, არეული გაზაფხული, სადღა იყო ხმაური და ჟამი თოფოსან ყმაწვილთა პირველობისა, იარაღის და ქსივ-საბუთეულის ტრიალისა.

ბევრი დაეჭირათ, ბევრი მიმალულიყო, ბევრიც გადარჩენილიყო. გადარჩენილიყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიარაღებულ რაზმეულებში არ ირიცხებოდა კვლის, ჩაგვრისა და მოხვეჭისათვის, არამედ ოდინდელ, თუმცაღა უკვე დაფშვნილ ოცნებათა ასასრულელებლად. უბრალოდ რომ ითქვას, სამშობლოს სამსახურისთვის, თუმცა არც სამშობლოსი იცოდა ბევრი რამ და არც სამსახურისა.

ამათ შორიახლო ტრიალებდა ზურა ჟურულიც, ჩემი კლასელი, ძმა და მეგობარი, აწ უკვე ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი. მხნე, ახოვანი, მხარბეჭიანი: კეხიანი ცხვირითა და ძვირფასი სათვალით, შიშველ ფეხებზე მორგებული ინსპექტორ-იმპერიალებით.

ასეთი იყო, როცა დავბრუნდი, და ვთხოვდი, სათვალე მოიხსენი-მეთქი, რადგან მინდოდა თვალებში ჩამეხედა მისთვის. ერთხელ დავთვერით, სადღაც, ვერანდაზე. ძალიან დავთვერით და მოვხსენი ის სათვალე და გავისროლე ძალიან შორს, თვალები კი ჰქონდა უსუფთავესი და ეგებ დარდიანი.

- ზურა ჟურული! - დავიკივლე მაშინ მე - ზურა ჟურული, მხედრიონელი, რიგითი!

ზურა ჟურული მაშინ იყო მხედართა ერთობის წევრი, როცა ადამიანები ცოტას და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილნი ისროდნენ და ამ ლაშქარში ორმოციოდე კაცი თუ შეყრილიყო. მერე, არეულობისდაკვალად, გული აიყარა და არც აფხაზეთში ყოფილა და არც ზუგდიდისკენ წასულა. ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ეგებ მიხალ ვალერიანოვიჩი ელაპარაკა, იმან ააყრევინა გული, რადგან მიხალ ვალერიანოვიჩი დიდად გამოცდილი კაცი იყო, ნამინისტრისმოადგილარი კომუნისტების ბოლოს ბოლოსწინა მთავრობაში და რახანღა დაატყო, რომ მისი უმცროსი ვაჟი ნამდვილ მეთოფეობისკენ მიექანებოდა, შეაჩერა. კაციც ის იყო, გაჩერებას ჭკუა უნდოდა. ჩვეულებრივ, ვერც აჩერებდნენ და უხაროდათ კიდეც, აი, ჩვენმა შვილებმა როგორი რამეები შეძლესო, ვაჟკაცობის საკითხშიო.

დატრიალებული გამორკვევის ჟამს ზურა ჟურული აღარავის გახსენებია, ისე, როგორც სხვა ათასი არგაყაჩაღებული პატიოსანი მებრძოლი.

მე კი წავედი და ისევ ჩამოვედი, რადგან ქუჩებში გამოჩნდა თეთრი სკამები და მოხდენილი ქოლგები, ხოლო ჭავჭავაძეზე, რუსთაველსა და პლეხანოვზე სცადეს აღედგინათ განადგურებული კულტურა კაფესი, ხოლო პეროვზე ირლანდიურმა ლუდმა მოიდგა ქაფი და მექსიკური საჭმელი აშიშხინდა ტაფაზე. დაიხსნა „ბისტროები” და ახალ-ახალი რესტორნები, ხოლო კლუბების პატრონები შეიქნენ გამოჩენილი ადამიანები ხელოვნების დარგიდანაც კი და ესე ყოველი გამოდგა უხიფათო და საამოდ დროის გასატარებელი, რადგან უდროო დროს იქ აღარ შეეხეტებოდა ხელთოფიანი ვინმე ამაყი ბიჭი და არ დასძახებდა, აბა, გამოდით, ვინც მაგარი ხართო.

სწორედ ამ დროს, ზურა ჟურული, უკვე ოცდაათი წლისა, იყო არა მებრძოლი, არამედ ბიზნესმენი და შესაბამის თვალყურისმგდებთა პატრონობით, დაკვეთითა და დახმარებით თბილისის სამ სავაჭრო წერტილს ამარაგებდა წყლის გამათბობელი ელექტრონული კასრებით.

თბილისის ქუჩებში კი დაქრიალებდა ჰაეროვნება წელიწადის სამი დროისა: ხალხს გახსენებოდა, რომ ფრთები აქვს და გაეშელა ეს ფრთები, დამშვიდებულს იმითა, რომ, როგორც იქნა, პოლიციამ იპყრა საზოგადო წესრიგის სათავენი.

თბილისის კაზინოებში ამ დროს ტევა აღარ იყო, ხოლო თბილისში ტევა აღარ იყო კაზინოებისა. ოსმალეთიდან და ისრაელიდანაც კი მოდიოდნენ აქ ყომარის გასაგორებლად. იქ, სადაც ადრე იყო ყოვლად უვარგისი დაწესებულებები და წიგნის უსარგებლო მაღაზიები, კაზინოები დაეხსნათ. წკრიალებდა მობილური. თბილისში მობილური წკრიალებდა! კრუპიეთა მთელი დივიზია მოქმედებდა შვებით ამომსუნთქავ ქალაქში და რამდენმა გარეუბნელმა კოხტა გოგომ იშოვნა სამსახური რესტორანში, კაფესა, თუ კაზინოში?

შევხაროდი ამ დროებას. შიდაუბნელმა ქალებმა კი ბუტიკები დახსნეს და იქ არაჩვეულებრივი ფასის ჩვეულებრივი რამეები ჩამოკიდეს.

და ბანკები?

განა ის დრო-ჟამი იდგა ბანკები რომ ხალხის ფულს მოხვეტდნენ და აორთქლდებოდნენ? აჰ, და ბანკის მცველები? და იქ მომუშავე ცისფერპერანგიანი თმაგადავარცხნილი ბიჭები?

ვინღა იცოდა თუ არსებობდა ამგვარი სამოთხეები!

და ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მორჩა, რომ ამერიკამ გადაწყვიტა ჩვენი თავი არავის დაანებოს და რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან დაიწყო, დაიწყო, როგორც იქნა რაღაცეები დაიწყო.

აჰ, ეს იყო საამური დრო! თბილისში შრიალებდა ყველაფერი, კაბებით დაწყებული, ფულით დასრულებული. მეძავნი კი, ყველაზე იაფნი, ისე გათამამებულიყვნენ რომ უკვე ქუჩებში იდგნენ, ხოლო ორთქლის აბანო კი ყოველ ჩიხსა და ქუჩაბანდში იშვა.

ეს იყო საუცხოო დრო, მოლოდინი თბილი ზამთრისა და ხმაურიანი სასამართლო სხდომებისა. საკაბელო ტელევიზია გაიაფებულიყო, პური აღარ ძვირდებოდა და მათხოვართა და ღატაკთა რიცხვი იზრდებოდა მაშინ, როცა მდიდართა ოდენობა უცვლელი იყო. ქალაქში ჩანდნენ უცხოელები. ჩვენსა, ვაკეში ბინები პანტაპუნტით ქირავდებოდა.

ამ დროს, ჩვენი ძმაკაცი ზურა ჟურული ცალკე დასახლებულიყო.

ერთ არცთუ ლამაზ, თუმცაღა განთქმულ აღმართზე, ლოჯებმოშენებულ, გემივით სახლში დამდგარიყო. თავად ზურას ეს ადგილი არასოდეს უყვარდა, მაგრამ ოჯახს ადრევე შეეგულებინა და შეესყიდა კიდეც მისთვის სამოთახიანი ბინა, რომელშიაც ბოლო დრომდე არ უცხოვრია. იქ მხოლოდ ხანდახან თუ შეივლიდა, თოფ-იარაღით სიარულის ჟამს.

ზურა ჟურულს ჰყავდა დედა, დეიდა ეთერიკო, მამა მიხალ ვალერიანოვიჩი, ანუ ძია მიშა, დედაზე ბარე თორმეტი წლით უფროსი და უკვე ღრმად მოხუცებული, მაგრამ მაინც იშკილებზე მყოფი და ძველი, სერიოზული პარტმუშაკი: კაცი ინტრიგას გადაყოლებული, ნატანჯი, ჭკვიანი და საიდანღაც მარადიული ქონების მფლობელი.

და, რა თქმა უნდა, ჰყავდა ძმა - გვარიანად უფროსი მერაბა, ძველი ვაკელი, აწ რაღაც თანამდებობაზე მომუშავე უშიშროების მომარაგებაში: მერაბ ჟურული ოჯახითურთ.

და ისინი, ყველანი ცხოვრობდნენ ჭავჭავაძის გამზირზე. მაგრამ ამ გაზაფხულზე ზურამ ცოლი შეირთო და წავიდა აღმართზე აგებულ კორპუსში. სხვანაირად არ გამოდიოდა.

მის ოთახში, ჭავჭავაძეზე, წამოზრდილი ძმისშვილი, ეთერიკო-ეთუნა შევიდა, ზურამ კი დაიკავა სამოთახიანი იმ, მისთვის არცთუ ძვირფას უბანში და თან წაიყვანა ძმის ნაჩუქარი პატარა ჯიპი „ფეროზა.”

მე ვარ კიკილა, იგივე ყურშა და მოგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი თითქმის ჩემს თვალწინ მოხდა:

ამბავი მათი სიყვარულისა არ იყო გრძელი და არც ეკლიანი.

ზურამ ერთი ქეიფიდან გააცილა თათუნა. გააცილა კი არა, მანქანით რომ ჩამოარიგებენ გოგოებს ნაკლებად მთვრალები, ასე იყო და ალბათ ისე გამოვიდა, რომ თათუნა ბოლოს მიიყვანა. ვხვდები, რაც მოხდა: გოგო მშვიდი და მოხდენილი ეჩვენა. მშვიდი პირველ რიგში. მე ვიცნობდი ზურას, მას ეგონა, რომ სიმშვიდეს დაეძებდა ამ ახალ დროში. მან არ იცოდა, რომ ცოლი კაცის სიმშვიდე კი არა, მისი სინდისია. ეს არც მე ვიცოდი და ნიცელი ეპისკოპოსის, ელჩანინოვის წიგნში ამოვიკითხე.

მის ძმას, მერაბს ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა, ლიკა. ზურას უბრალოდ კარგი ეყოლებოდა.

ვიცი, როგორც იქნებოდა. ოღონდ ზურა არ იცნობდა თათუნას, მე კი შევხვედროდი, ასე, ოცჯერ მაინც, წინა ცხოვრებაში. მისი სიმშვიდე გაუგებარი სიმშვიდე იყო, დაახლოებით ისეთი, ზღვა რომ ღელავს და ვიღაც უცქერის ისე, თითქოს არაფერს უყურებსო. აი, ბრმასავით, რა. თათუნას მამა ერთ დროს ფილოლოგიის პროფესორი ყოფილიყო საბურთალოს უბანში. უპარტიო, მაგრამ ცნობილი რეპეტიტორი. ძალიან ცნობილი და ძალიან ჭკვიანი. გაბრიელ მარსელის ნაწერებს მაშინ კითხულობდა, როცა მისი კოლეგების უმრავლესობას მარსელი მხოლოდ ქალაქი ეგონა, უმცირესობს კი ქალაქიც და პრუსტიც.

ორი წლის წინათ, ინფარქტით მიეღო უფალს.

მიხალ ვალერიანოვიჩს არაფერი უთქვამს, გულში კი ალბათ გაეხარდა.

მე იქ ვიყავი, როცა ჩაიღიმა და ჩაახველა. დეიდა ეთერიკოს კი ხომ ყოველთვის ასე უყვარდა ნამდვილი ინტელიგენცია, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობდა.

და ასე იყო, ჩუმი, პატარა ქორწილი.

ზურას მეჯვარე ნიკა იყო, თათუნასი კი... აბა, რა საინტერესოა?

განაა არ ვხედავდი? დასახლდნენ და თათუნას, სიმშვიდე მდუმარებად და გულცივობად, თუ რაღაც ასეთად იქცა. ზურას კი ყვირილი შეუყვარდა. უცაბედი შეყვირებები სისულელეთა გამო.

სხვაფრივ არა უშავდათ.

რა უნდა დაშავებოდათ?

იყო მშვენიერი დრო: ჟამი ფერთა სიმრავლისა, ერთგვარად მძინარა სიცოცხლისა, ტკბილად მოჭუტული თვალებისა და იმედის მუსიკისა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი გამოდგა.

წყნეთელ ზახოდას დაუწერელი მემუარებიდან

I თავი, შინაურულად მოთხრობილი ტელეფონის დაზუზუნების შესახებ

მისმინეთ, ძმანო: როცა ქალი ოცდაათი წლისაა, უკვე თვრამეტი წელიწადია კითხულობს წიგნებს და ამ საქმიანობას ვერაფრით შეშვებია, ის ქალი, მკითხველი ქალია. სხვანაირად კი იშვიათი ქალია, რადგან ოცდაათი წლისა ისე მოყრილა რომ ქალთა რომანებს არ კითხულობს და ტელესერიალებს არ უყურებს.

რას ნიშნავს ოცდაათი წლის, ახალგათხოვილი მკითხველი ქალი, რომელიც ხუთიოდ თვის წინათ ქალწული იყო? ჩაუფიქრდით, სერ. თქვენა გგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი მკითხველია?

თანაც, ფილოლოგოსი. ფილოლოგიურზე არ სწავლობდა? კლასიკურზე. კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტი გოგო კი სხვა მოდგმაა. სულ სხვა მოდგმა. მაგრამ ზურამ ეგეთები არ იცოდა. რა იცოდა ზურამ უნივერსიტეტის? ზურა გეპეის კადრი იყო. კლასიკური ფილოლოგოსი სხვა მარკა იყო, სევდა, გონება, ევრიპიდე, ინტელიგენტური გატაცებები, გაწელილი რომანები, ოიდიპოსები და აპულეუსები. სიგარეტსაც კი არ ეწეოდნენ კლასიკური ფილოლოგიის შემსწავლელი გოგოები, გვიან იწყებდნენ. გამოხედვა კი ბინდიანი, ძალიან შორიდან.

აი, ვთქვათ, თათუნა წიგნებს ალაგებდა იმ დღეს. წიგნები ბევრი ჰქონდათ, სულ მამისეული სახლიდან მოტანილი. მთელი კედელი ეჭირა იმ მესამე ოთახში, რომელსაც ზურა თათუნას კაბინეტს ეძახდა. ჰოოო-და, ვთქვათ კი არა, ალაგებდა., მე რომ შევეხეტე. ამ ლაგებისას გადმოვარდა თხელყდიანი, არცთუ ლამაზად გაფორმებული „მშვიდობით, იარაღო.” რა თქმა უნდა, რუსულად.

თათუნამ წიგნი განზე გადადო და დალაგებას რომ მორჩა, მიუბრუნდა.

ოდესღაც, ალბათ სკოლის დამთავრების წელიწადს წაიკითხა ეს წიგნი და მერე აღარცკი გახსენებია. მაშინაც გულსგარეთ კითხულობდა, უფრო იმიტომ რომ ჰემინგუეის დაწერილი იყო, თორემ ასეთი რომანები არ უყვარდა. ეს იყო ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხა. მერეღა მისწვდა მოთხრობებს და გაუკვირდა, მამამ რაღა ეს „მშვიდობით, იარაღო” მომაჩეჩა, მოთხრობები ხომ ბევრად უკეთესიაო.

ზურა და მე რომ სამზარეულოში ვისხედით, ის სასტუმრო ოთახში, დივანზე მიწოლილიყო და უინტერესოდ ფურცლავდა ამ წიგნს, რომელიც ეგებ სწორედ იმიტომ მიაჩეჩა მამამისმა, რომ ეთქვა, უკვე ქალი ხარ და მზად იყავი, სიყვარული ასეთიც შეიძლება იყოსო.

იყო ეგეთი უმბეტო ეკოს პირველი კომუნისტური გამოცემა, წითელყდიანი, როგორც საბჭოთა კონსტიტუცია, ზედ ეწერა „დეტექტივ-2”. მეც მქონდა, მაგრამ გერმანიაში რომ მივდიოდი არაერთი წიგნი მივაყიდე და მათ შორის ეგეც. თათუნას ეს წიგნი გადაშლილი ედო ხოლმე სამზარეულოს მაგიდაზე. კითხულობდა და კითხულობდა.

სწორედ ის საღამო იყო. თუ არ იყო და მაინც ის იქნებოდა, რადგან საღამოები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და თუ კაცს კარგად იცნობ, იოლი მისახვედრია რა ხდება მის სახლში.

ასე იქნებოდა, რადგან დაახლოებით ვიცი ეს ამბავი და არ მგონია, რაიმე შემეშალოს.

- თათუნ, თათუნ, - უკნიდან წამოეპარა ზურა - წიგნებს კითხულობ? სულ წიგნებს კითხულობ. ვა რა წითელია... ლენინზე ხო არ არი?

- არა, - გაეცინა თათუნას.

- აბა, სტალინზე?

თათუნამ წიგნი დახურა, მხოლოდ თითი ჩატოვა შიგ. თავი გადააგდო და ზურას ახედა.

- სირცხვილია ეგეთი ჭკვიანი ცოლი რო მყავს. სხვებს ყავთ ეგეთი ჭკვიანი ცოლები? - და კისერში ჩაუყო ცხვირი. - ა?..

თათუნამ ფრთხილად მოიშორა ცხვირი და ცხვირის პატრონი, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.

- ეხლა მისმინე, - თქვა ზურამ, - ეხლა მე ვიბანავებ. ათ წუთში გარეთ ვარ. სინამმინამკიდენაროდა, ზნაჩით, მე ვიბანავებ, შენ გაემზადე. პეროვზე არიან ბიჭები და გოგოებიც იქ არიან.

- დავრჩები, რა, - რაფას მიეყრდნო თათუნა, - არ შემიძლია ეხლა... აი, ვიჯდები და დავისვენებ.

- მიიხედე, - ფანჯრისკენ გატყორცნა ხელი ზურამ - მიიხედე, რა ამინდია. გავარტყი პეროვს, მცხეთაში წავიდეთ. რა გვინდა პეროვზე?

- ხო არ არი აუცილებელი ჩემი წამოსვლა... გეხვეწები, რა. შენ წადი. ოღონდ არ დათვრე და არ იჩხუბო.

- როდის ვჩხუბობ, ე, - ზურა ღიღინით წავიდა დერეფნისკენ - რა ქალი ხარ, კუკლუშ, როგორი ხვეწნა იცი..

თათუნა ტელევიზორთან ჩაჯდა და არხები ნებაზე მიუშვა.

- სად არი ლურჯი პირახოცი? - მოისმა საწოლი ოთახიდან, - სად არი ჩემი ლურჯი პირსახოცი?

- პირველ თაროზე, - თითქოს წაიჩურჩულა თათუნამ, - სადაც ყოველთვის არი.

- თათუნ სად არი ლურჯი პირსახოცი? - ნიფხვისამარა გამოვარდა ზურა, - ხო შეილება ყოველთვის ერთ ადგილას იყოს?

- იქ არი, - თქვა თათუნამ.

- სად არი, აბა? მიდი და ნახე, თუ არი! გაინძერი რა, ვერ ხედავ, ტიტველი ვარ?

თათუნა ზანტად წამოდგა და საწოლი ოთახისკენ წავიდა.

- დროზე რა, დროზე! - აბაზანის კარი გამოგლიჯა ზურამ, - დროზე!

თათუნამ კარადის კარი გამოაღო და პირსახოცი აიღო.

- ე, სად იყო?

- სადაც არი ხოლმე, - თქვა თათუნამ.

- ბარაბაშკა გვყავს ამ სახლში, - შეიკეტა ზურა.

თათუნა ისევ ტელევიზორთან ჩაჯდა და არხები გააჩერა.

სწორედ ამ დროს დაიზუზუნა ტელეფონმა. - დიახ..

- ქალბატონი თამარი ბრძანდებით? - მოისმა ყურმილში.

- კოკა, - თქვა თათუნამ, - მორჩი...

რომელი კოკა? მე კოკა არა ვარ. წყალსაც ვერ მოვიტან. ვერც ერთხელ..

- კოკა.. ზურა აბაზანაშია. გამოვა და წამოვა, - თათუნამ ყურმილი დაკიდა.

ტელეფონი იმწამსვე აზუზუნდა.

- ქალბატონო თამარ.. - თათუნამ ყურმილი აპარატზე მიაგდო და წამოდგა

ტელეფონმა კვლავ არ მოისვენა.

- დიახ..

- გთხოვთ, არ დაკიდოთ. არავითარი კოკა მე არა ვარ. საერთოდ არ ვიცი ვინ არი ეგ თქვენი კოკა. არ დაკიდოთ, თორემ უარესი მოხდება..

- რა უარესი? - გაუკვირდა თათუნას.

- ტელევიზორი ჩართული გაქვთ? - ჰკითხა უცნობმა.

- კი..

- რომელ არხზე?

- დისქავერიზე, - თქვა თათუნამ უაზროდ.

- ეხლა რომელი საათია? ხო.. .ჯერჯერობით გქონდეთ მაგ დისქავერიზე. რაღაცას მაინც ისწავლით. ცხრის ნახევარზე მეთორმეტე არხზე გადართეთ და კრიმინალურ ქრონიკას უყურეთ. იქ აჩვენებენ გლდანში მოკლულ მეძავ ზოია კასაბროდოვას. ჩვიდმეტი ჭრილობა! დიდი დანა! დანა კი არა, ხანჯალი! - ის ვიღაც სულმოუთქმელად ლაპარაკობდა, - პოლიციამ ამ დილით იპოვა, ისე კი ორი დღის აფატრულია!.. ხანჯლით კი არა, პურის დანით! ალესილი პურის დანა ისე შედიგამოდის სხეულში, ისე ტრიალებს... - აღტაცებამ გაიჟღერა ყურმილში.

თათუნამ არ იცოდა, რატომ უსმენდა. ალბათ იმიტომ, რომ კოკა ეგონა, მაგრამ კოკა არასოდეს ამბობდა ასეთ რამეებს, იტყოდა, პროკურატურიდან გაწუხებთო.

უცნობმა თითქოს იგრძნო, მსმენელი მოიქანცაო და თქვა:

- მეტს აღარ შეგაწუხებთ, ქალბატონო თამარ! ჯერჯერობით არ შეგაწუხებთ. ერთიც და მორჩა. ის წყეული პუტანკა მე ავკუწე. მე! ყური კი ნივთმტკიცებად წამოვიღე. ვაგროვებ ასეთ რაღაცეებს. ჯერჯერობით... უყურეთ ქრონიკას!.. ტამ-ტატატამ-ტარარარაააამ.. დღეს, თბილისში.. - და დაკიდა.

თათუნამ სიტყვის ჩადგმაც კი ვერ მოახერხა.

იჯდა და ზურას ძმაკაცების ხმებს იხსენებდა. არ იყო. არცერთი! რა სისულელეა? ვიღაც დეგენერატი. ხო, მაგრამ იცოდა. ქალბატონი თამარი! კოკამ იცოდა ხოლმე ასე. ააა, იმან არ იცის რომელი თამარი ვარ, თამრიკო, თამუნა, თაკო, თათია, თათუნა, თათა თუ, რომელია კიდევ?

იცის ნომერი და... მაგრამ ასე საშინელი ფიქრი გამოდის.

უკეთესია იფიქრო, რომ ვიღაც სულელმა ნომერი აკრიფა და სახელი მოარტყა.

თათუნამ სიგარეტს მოუკიდა.

აბაზანის კარის ხმა მოისმა. ზურა ხასიათზე გამოსულიყო.

- ვინ დარეკა, კუკლუშ? სულ რეკავდა და რეკავდა...

- ვიღაც სულელმა, - თქვა თათუნამ, - სხვაგან ხვდებოდა და არ ჯეროდა.

- ლაპარაკობდა?

- კი, - ამოიოხრა თათუნამ.

- მე მეგონა ის იყო.

- ის?

- ხო, მდუმარე.

- ხოოო...

მდუმარე თათუნამ დაარქვა. იყო ასეთი. რეკავდა და ხმას არ იღებდა. ზურა სულ დედას აგინებდა. ძალიან ბრაზობდა. თათუნას არ მოსწონდა მდუმარეს არსებობა. ეშინოდა კიდეც. ვინმე ისეთი მდუმარე ხომ არ არის, ვისაც ზურამ მეთოფეობის დროს აწყენინაო. სანამ გაყვებოდა, გოგოები ისე აშინებდნენ ზურას თოფიანობის ამბებით... თვითონ ზურა კიდევ, არაფერს ამბობდა, მხოლოდ შეაგინებდა ხოლმე.

განაწყენებულთა რეკვა ცნობილი ამბავი იყო იმ დროს. ოღონდ ისინი არ დუმდნენ, პირდპირ იწყევლებოდნენ. თავიდან თათუნას ეგონა, ზურას რომელიმე ძველი შეყვარებული, ან სულაც მიტოვებული, ან არმიტოვებული საყვარელი დუმსო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, განაწყენებული, ან დაჩაგრული უფრო იქნებაო. ასე უფრო საშიში იყო და ამ აზრს მიემხრო.

მდუმარე. შეიძლება მდუმარეა და ხმა ამოიღო, დაშინება გადაწყვიტა. მაგრამ მდუმარეს რა „ქალბატონო” აუტყდებოდა?

- ესეიგი, არ მოდიხარ, - ზურა გრძელ ძეწკვზე შებმულ მანქანის გასაღებს ატრიალებდა, - არ მოდიხარ. ჰა? რა თვალი გაგიშტერდა?

- ა,ხო... არა, - თითქოს გამოფხიზლდა თათუნა.

- რა გჭირს? - აიჭრა ზურა, - რა გჭირს?

- არაფერი. მეძინება...

- დაიძინე, რა... დაიძინე და შენც დაწყნარდები და მეც... წავედი, - კარი გაიჯახუნა ზურამ.

„უნდა მეთქვა,” გაიფიქრა თათუნამ, „უნდა მეთქვა. გადაირეოდა...”

ვინ იყო?

კრიმინალური ქრონიკაო. თათუნა სამზარეულოში გავიდა და საათისკენ გაექცა თვალი. უკან გამობრუნდა და არხებს ჩამოუარა. თვითონაც არ იცოდა, რატომ დაუწყო ძებნა იმ მეთორმეტე არხს. აქამდე არასდროს ეცქირა ამ დაწყევლილი კრიმინალური ქრონიკისთვის.

ათ წუთში დაიწყებოდა. თათუნამ თვალები დახუჭა.

წამყვანს ძალით გაახალგაზრდავებული, ბებრული ხმა ჰქონდა. ისე ლაპარაკობდა, ასი წლის წინათ რომ ტრაგედიებს კითხულობდნენ სცენიდან. თათუნამ ზუსტად არ იცოდა, როგორ კითხულობდნენ ტრაგედიებს სცენიდან ასი წლის წინათ, მაგრამ იფიქრა, რომ სწორედ ისე კითხულობდნენ, როგორც ეს კაცი კითხულობდა ყაჩაღობისა და ძარცვაგლეჯის ნუსხას. ხმა ცდილობდა შემზარავი და გულში ჩამწვდომი ყოფილიყო. მუსიკისთვის ბახი შეეწუხებინათ და სხვა დროს ეგებ გაგცინებოდა კიდეც, მაგრამ ახლა სწორედ ბახის ზურგსუკან ელოდა მტერი.

„გლდანის მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში, ვინმე თამილა ჯანხუთაშვილის კუთვნილ ბინაზე, პოლიციამ... ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინა. მოკლულს მიყენებული აქვს ჭრილობები ცივი იარაღით. მოკვეთილი აქვს მარცხენა ყური. ბინაში აღმოჩენილი საბუთების მიხედვით გვამი, სავარაუდოდ, კრასნოდარში დაბადებულ ოცდათხუთმეტი წლის ზოია კასაბროდოვას ეკუთვნის. იგი, მეზობელთა თქმით, უკვე ორ თვეზე მეტია ცხოვრობს ჯანხუთაშვილის ბინაზე, რომელიც ათასი ჯურის ნაძირალათა თავშეყრის ადგილადაა ცნობილი. მეზობლებისავე ცნობით, ჯანხუთაშვილს ბინა გაქირავებული აქვს ქირავნობის კანონის დარღვევით, თვითონ კი თურქეთშია წასული. მიმდინარეობს მოკვლევა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე...”

თათუნამ თვალები გაახილა და გადამრთველის ღილაკს დააწვა. იყო. აი, ეს საშინელება. აი, ვინ დარეკა. აი, რა საშინელებაა. წამოხტა და რატომღაც ფანჯარა მიაჯახუნა.

ტელეფონის ხმა იყო.

- ქალბატონო თამარ!

თათუნას გული წაუვიდა. გული წაუვიდა და ეგ იყო. სხვას რას ქვია გულის წასვლა?

- ახლაც არ გჯერათ? - ჩაიხითხითა უცნობმა, - ლეგენდარული დელისელი მანიაკი გელაპარაკებათ. ის კვლავ გამოჩნდა...

თათუნამ ყურმილი დაახეთქა. ყურებზე ხელისგულები მიიჭირა და მოიკუნტა.

ტელეფონი ჯიუტად ზუზუნებდა მთელ ხუთ წუთს. ხუთი

წუთი ცოტაა?

- დიახ, - შეეცადა მხნედ დახვედროდა.

- ნუ დაკიდებთ, ქალბატონო თამარ. სად გამექცევით?

მეოთხე სართულიდან ხო ვერ გადახტებით? თქვენი მეუღლე მანქანაში ჩაჯდა და წაგრიალდა. კარგი მანქანაა... თქვენ კიდევ სულ მარტო, სულ მარტო. მარტოსულები დაეძებენ ერთმანეთს. ასე არ არის?

- რა გინდა? - სხვა ვეღარაფერი ამოთქვა თათუნამ.

- შენობითზე გადავედით? იყოს შენობით, - გაეხარდა მანიაკს, - რა მინდა და არც არაფერი. მინდა იცოდეთ, რომ მე ვიცი. კინო იყო ეგეთი, არ გახსოვთ? მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი. აი, ეს მინდა. დამეგობრება გადავწყვიტე. თქვენი ქმრის არ მეშინია. ვერ მომწვდება. იმიტომ, რომ მიუწვდომელი ვარ.

- რა გინდათ ჩემგან? - ატირდა თათუნა, - რაღა მე...

- მესაიდუმლეს შერჩევა უნდა, - თქვა უცნობმა

მშვიდად, - კეთილშობილი ადამიანის პოვნა ძნელია. ჩვენს შორის კი ერთი ნაბიჯია, მე ზუსტად ვიცი. ჩვენ ერთმანეთს შევეწყობით, ჩვენ ბედნიერი ვიქნებით. ასეა, აი. მე თქვენ აგირჩიეთ. ჩემს საგმირო საქმეებს თქვენ მოგიძღვნით... მელოდეთ! - და მანიაკმა დაკიდა.

თათუნა დივანის კუთხეში მიყუჟულიყო.

„დაწერილს კითხულობდა,” ასე იფიქრა, როცა ამოსუნთქვა შეძლო. „ასე არ ლაპარაკობენ. დაწერილს კითხულობდა.”

მისამართიც იცის, სართულიც იცის, ზურასაც იცნობს. წავიდაო. ეზოში დგას? მოკლა? მკვლელია? მაშაყირებს, ხო? ვაიმე, ვაიმე, ვაიმე.

ვაიმე!

თათუნამ ტელევიზორს დაუწია და ფანჯარა ჩაკეტა. „აქ არ მოვიდეს. წავყოლოდი... ამას არ ჯობდა? წავყოლოდი.”

7 წითელი პორნოგრაფი

▲back to top


ექსკლუზივი

ელფრიდე იელინეკი
ანა კორძაია-სამადაშვილი

10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, მწერალ ელფრიდე იელინეკს 2004 წლის ნობელის პრემია გადაეცა. მიუხედავად მეგობრების და თავად გიუნტერ გრასის დაჟინებული თხოვნისა, სოციალური კლაუსტროფობიის მძიმე ფორმით ტანჯულმა ავსტრიელმა ავტორმა განაცხადა, რომ ჯილდოს გადაცემას პირადად ვერ დაესწრებოდა და მისი სამადლობელი სიტყვა შვედეთის აკადემიას ვიდეოჩანაწერის სახით წარუდგინეს. გულდასაწყვეტი კია, ჩინებული სანახავები იქნებოდნენ ერთად შვედეთის მეფე და სკანდალური ავტორი...

მისი წიგნები აგრესიულია - როგორც იძულებითი თავდაცვის აქტი. მათი კითხვა დიდად სასიამოვნო არაა, და არც მათ უთბობს გულს, ვისაც ეხება. „ჭუჭყიანი საქმეც ხომ ვინმემ უნდა აკეთოს,” - ამბობს ელფრიდე იელინეკი და ომს და ტყუილს, ფაშიზმს და პორნოგრაფიას, ქალებს და მამაკაცებს, მოკლედ, მთელს სამყაროს გულისხმობს.

დიდი ქალაქის წყნარ კუნძულზე იწყება ჩვენი ამბავი, რომელიც მალევე დასრულდება.

ბედისწერა აქ არ ჭრის.

თუ ვინმეს ბედი აქვს, კაცი ყოფილა. თუ ბედი ეღირსა, ქალია.

სამწუხაროდ, აქ ცხოვრება განზე რჩება, მხოლოდ სამუშაოა უცვლელი. ზოგჯერ ზოგი ქალი ცდილობს, განზე დარჩენილ ცხოვრებას მიეტმასნოს და ცოტა წაიჭორაოს მაინც.

სამწუხაროდ, ცხოვრება ხშირად მანქანით ჩაიქროლებს ხოლმე, ველოსიპედით ვერ დაეწევი.

ნახვამდის!”

ელფრიდე იელინეკი, საყვარლები

თუკი ელფრიდე იელინეკის ერთი ნაწარმოები მაინც გაქვთ წაკითხული, ვთქვათ, „პიანისტი ქალი”, რომლითაც პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებით ამავე სახელწოდების ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ დაინტერესდნენ, აუცილებლად გაიზიარებთ ჩემს აზრს: ამ მწერლის მიმართ გულგრილი მკითხველი არ არსებობს. ის ან ძალიან მოსწონთ (ღვთის წინაშე, ასეთები იშვიათად შემომყრიან, თბილისელი „ინტელექტუალების” მიერ რატომღაც იქედნურად მოხსენიებული და ჩემთვის კი ერთობ სიმპათიური ერთიორი „ლევაკი” თუა აღტაცებული), ან სძულთ - ეს ხალხი უმრავლესობას წარმოადგენს. არიან ისეთებიც, ვისაც ის საშინლად აღიზიანებს, მაგრამ მაინც აღიარებენ, რომ ქალბატონი ელფრიდე იელინეკი, მისი პარანოიული განწყობის და რადიკალურ-ფემინისტური შემართების მიუხედავად, არაჩვეულებრივი მწერალია. მე სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს განვეკუთვნები.

გარდა იმისა, რომ დეპრესიულ პროზას ვერ ვიტან, თუნდაც იმიტომ, რომ დეპრესია ჩემიც მეყოფა და საერთოდ, თავისი დეპრესია ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს, ხოლო „ჩერნუხა”, ისევე, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობას, ყელში მაქვს ამოსული და სულაც არ მიმაჩნია, რომ ვინმემ კიდევ ერთხელ უნდა შემახსენოს, შენი ყოფა ნეხვია და საბოლოოდ, თუ მანამდე რამე სხვა უბედურება არ დაგეტაკა, აუცილებლად დაბერდები, ავად გახდები და მოკვდებიო, ელფრიდე იელინეკის თავდადებული მკითხველი გახლავართ. ის საშინელებას შესანიშნავად წერს და თავისი აშკარად ნაღრძობი ფსიქიკის მიუხედავად, ძალიან მიმზიდველი ქალი ბრძანდება. და როცა გამოცხადდა, ელფრიდე იელინეკი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდაო, ბედნიერი ვიყავი, თუნდაც იმის გამო, რომ ამ ამბავმა მრავალს მოუშალა ნერვები, ნეონაცისტებით დაწყებული და „საყვარლების” ქართული თარგმანის ხელნაწერის მკითხველი რამდენიმე პაწია მორალისტით დამთავრებული, ანუ სწორედ მათ, ვინც მე მიშლიან ხოლმე ნერვებს. და ის ფაქტი, რომ ქალბატონმა იელინეკმა მათთვის სათანადოდ მოახერხა ნერვების მოშლა, ჩემს მოშლილ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედო.

ელფრიდე იელინეკი მონოტონურად, ხშირად მდაბიო, მაგრამ ყოველთვის ძალიან მუსიკალური ენით აღწერს ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ნეგატიურია, მახინჯი და სასტიკი. ერთ ადრეულ ინტერვიუში მწერალმა თავად თქვა, რომ მის მიერ მოთხრობილიდან ყველაზე ნაზი და რომანტიკული ორი ვამპირი ქალის მიერ კუბოში ატეხილი სექსის ამბავი იყო - კი, ვამპირები არიან, მაგრამ ერთმანეთი ხომ უყვართ! განსაკუთრებით უსიამოვნო ის ფაქტი გახლავთ, რომ ელფრიდე იელინეკი დიდოსტატია, თუნდაც სიძულვილისა, მაგრამ დიდოსტატი, და მის მიერ ნაჩვენები სამყაროს სურათი მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს - ძალიან ძნელია, ასეთ ავტორს შეედავო, რომ ის აფრენს, რომ სინამდვილეში ცხოვრება მშვენიერია, საზოგადოება - დიდებული, და კაცებს და ქალებს უანგაროდ და ნაზად უყვართ ერთმანეთი. კარგი, რა!

მაგალითად: პატარა მოთხრობაში, რომელიც ოდესღაც ერთ ჟურნალში წავიკითხე და რომლესაც, ძალიან კი ვეცადე, მაგრამ ვეღარ მივაგენი, ელფრიდე იელინეკი შესანიშნავ მიდამოს აღწერს - მდინარე, წიწვნარი, სუფთა ჰაერი, ქალი და მამაკაციც საუკეთესოდ ერწყმიან გარემოს, და როცა კაცი თავის ქალს სცემს და ამცირებს, ის - მოგეხსენებათ, ქალების ნაზი და მგრძნობიარე სქესის წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობენ სილამაზეს და მსგავსებს - გარემოს მშვენიერებით ტკბება. ბუნება ხომ ძალიან ლამაზია! ისევე, როგორც ბრიგიტას ახლადშეღებილი თმა, მწიფე წაბლივით რომ ბზინავს მზეზე. რა ლამაზია!

შემთხვევის ამბავია, როგორ იქნება: იცოცხლებს ბრიგიტა ჰაინცთან თუ მოკვდება.

აქ არანაირი კანონზომიერება არ არსებობს. ბრიგიტას ბედი ისე გადაწყდება, როგორც უწერია. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას შვრება ბრიგიტა და რას წარმოადგენს; მნიშვნელოვანია ჰაინცი და ის, თუ რას შვრება იგი და რას წარმოადგენს.

ბრიგიტას და ჰაინცს ამბავი არ აქვთ...”

ელფრიდე იელინეკი, საყვარლები

რადიკალური და შეპყრობილი - ბევრი ვერაფერი დახასიათებაა! - ელფრიდე იელინეკი 1946 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ისეთ პრივინციაში, ახლაც რომ მოწყენილობისგან სული ამოგხდება, და მაშინ ალბათ მთლად კოშმარი იყო.

მამამისი ჩეხურ-ებრაული წარმოშობის სოციალისტი გახლდათ, ქიმიკოსი იყო და ომის ინდუსტრიას ემსახურებოდა. ნაცისტებს ის თავისი ცოლის, ანუ ელფრიდეს დედის წყალობით გადაურჩა, რომელსაც არიელობის შესახებ ყალბი საბუთი ჰქონდა (ასეთი რამეც არსებობდა, თან არა ბნელ დროში და ბნელ მხარეში, არამედ რამდენიმე ათეული წლის წინათ, ევროპის შუაგულში). დედა, გერმანულ-რუმინული სისხლის მქონე კათოლიკე, ელფრიდე იელინეკმა „პიანისტ ქალში” აღწერა - დედისა და ქალიშვილის ჩახლართული ურთიერთობის და ქალიშვილისა და მისი საყვარლის მაზოხისტური თანაცხოვრების ამბავი ისეთი შემზარავია, სიცოცხლის ხალისი დაგეკარგებათ, მაგრამ თან ძალიან შთამბეჭდავიცაა - მოკლედ, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად ელფრიდე იელინეკი ბრძანდება („პიანისტ ქალთან” დაკავშირებით ერთ რამეს გირჩევდით: ბავშვებს, ასაკგადასულ ქალწულებს და მართლმორწმუნეებს ნუ შესთავაზებთ, - ან გაგიჟდებიან, ან გამხეცდებიან. მაგრამ თუ საკუთარი თავის იმედი ოდნავ მაინც გაქვთ, აუცილებლად წაიკითხეთ, თუნდაც იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მოხდეს). დედ-მამის შესახებ ქალბატონ იელინეკს ნათქვამი აქვს, ამ ორმა დიდმა სამყარომ დამფრქვაო. თან გვიანი ბავშვი იყო: როცა გაჩნდა, მამამისი 48 წლისა იყო, დედა - 43-ის. საერთოდ, ქალბატონ იელინეკს რომ ჰკითხოთ, სულ ოჯახის ბრალია ყველაფერი. მაგალითად: „მამასთან ნორმალური ურთიერთობა არასოდეს მქონია. მეტისმეტად სუსტი პიროვნება იყო და მალე გაგიჟდა”. 1969 წელს ეს პატიოსანი კაცი ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა, და ამ ფონზე ქალბატონ იელინეკს საკუთარ ფსიქიურ პრობლემებსა და მკურნალობაზეც უყვარს საუბარი. „სკოლიდან მოყოლებული, მტანჯავს შიშები”. რა კარგია!

სწორედ ებრაელმა და გიჟმა მამამ გაზარდა ელფრიდე გააფთრებულ ანტიფაშისტად: „როცა პატარა ვიყავი, იძულებით დავყავდი ხოლმე კინოში, სადაც გვამების მთებს აჩვენებდნენ”.

„იძულებით” - ეს სიტყვა მასთან საუბარში ხშირად ჟღერს, ისევე, როგორც „დისციპლინა”. „ამ მორჩილების რეფლექსებს სულ ვგრძნობ და ვებრძვი,” ჩივის ქალბატონი იელინეკი. „აუცილებლად უნდა დავძლიო”.

მამის კვალად, ელფრიდე არამარტო ანტიფაშისტი, არამედ არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბავშვიც იყო. ნიჭიერი გოგონა, რომელმაც ვენის კონსერვატორიაში ჯერ კიდევ სკოლის დროს დაიწყო ორღანისა და ფლეიტის კლასებში სიარული და სულ მალე კომპოზიციის ხელოვნებითაც დაინტერესდა, რამდენიმე სემესტრის განმავლობაში ვენის უნივერსიტეტში თეატრთმცოდნეობას და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა - და მერე გააფრინა. მთელი 1968 წელი მან მშობლების, ანუ დიქტატორი დედისა და შიზოფრენიკი მამის სახლში სრულ იზოლაციაში გაატარა, ოთახებში ბოლთას სცემდა და კედლებს თავს ურტყამდა - სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამის მერე მან თავისი პირველი ლექსები დაწერა, რომელთა წაკითხვას მტერსაც არ ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად პოეზიაა, ვერაფერს ვიტყვი.

0x01 graphic

ის სტუდენტურ მოძრაობაში და ჟურნალ „მანუსკრიპტეს” ირგვლივ გამართულ ლიტერატურულ დისკუსიებში ჩაება. ელფრიდემ „ძალიან დიდი წარმატებით” დაამთავრა კონსერვატორიის საორღანო კლასი - თავის დროზე დაკვრა დედამ აიძულა, როიალი ახლაც სახლში უდგას. „წესით, ვინმესთვის უნდა მიმეცა,” ქალბატონი იელინეკიც იპრანჭება ხოლმე. „ძალიან ცოტას ვუკრავ. ამ დროს კარგი აკომპანიატორი ვარ”.

ის ბერლინში, რომში ცხოვრობდა და გათხოვდა კიდეც - გოტფრიდ ჰიუნგსბერგსი, რომელიც ამჟამადაც მისი ქმარია, თუმცა მიუნხენში ცხოვრობს, 60-იანებში რაინერ ვერნერ ფასბინდერის წრეში ტრიალებდა. ცხადია, შვილი არა ჰყავს, არასოდეს გაუჩენია „ჭუპრივით თეთრი, მჩხავანა ძუძუმწოვარი” - ელფრიდე იელინეკმა უარი თქვა ერთადერთ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც მარტო, მამაკაცის მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებდა.

მისი რომანტიკული თავგადასავლების შესახებ „ბილდმაც” კი არაფერი დაწერა და მეც ბევრი არაფერი ვიცი. ქალბატონი იელინეკი ხალისით ჰყვება თავისი არაჯანსაღი ფსიქიკის შესახებ, თავის მოკვლის საუკეთესო ხერხებსაც გასწავლით, მაგრამ საყვარელი მამაკაცების თემას არ ეხება. მისი მეუღლის შესახებ ცნობილია, რომ ის მარტოსულია და ელფრიდეს მის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული აქვს. ცნობილია - ეს თავად მწერალმა ბრძანა, თორემ ვინ რას გაუგებდა - რომ ელფრიდე სიამოვნებით იქნებოდა ლესბოსელი, რადგან ქალებთან ურთიერთობა ურჩევნია მამაკაცებთან ჭიდილს, მაგრამ ლესბოსელი არაა, რადგან ქალები უყვარს, მაგრამ არ მოსწონს. ცნობილია, რომ ქალბატონ იელინეკს ლამაზად ჩაცმა სჩვევია და ეს საქმე ჩინებულადაც გამოსდის, მაგრამ ვერ იტანს, როცა ვინმე ათვალიერებს ან, მთლად უარესი, გამოლაპარაკებას ცდილობს, ანუ მე დიდად ვერ გავიგე, რისთვის იპრანჭება.

ცნობილია, რომ ქალბატონმა ელფრიდემ ერთხელ ერთი ილუსტრირებული გამოცემისთვის შიშველმა და ლოგინზე მიჯაჭვულმა გადაიღო სურათი (ფოტო არ მინახავს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ძალიან მიმზიდველი ქალია და სხეულიც ლამაზი აქვს, ალბათ ურიგო სანახავი არ იქნებოდა). თავისი ასეთი გამოსვლა მან იმით განმარტა, რომ სტატიის ავტორი ჟურნალისტი ქალი იყო და ძალიან სთხოვა, და ის კი ქალებს უარს ძნელად ეუბნება. კიდევ: ერთხელ ქალბატონმა იელინეკმა დიდი სამართებელი გახსნა და ვაგინა დაისერა, მამაკაცთა მიერ ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ეს ორი ამბავი რამდენიმე წლის წინათ (მაშინ ნობელის პრემიაზე არავის უფიქრია) საგანგებოდ მისთვის მიძღვნილ ჟურნალ „დუ”-ში ამოვიკითხე და ახლა ძალიან მიკვირს, რომ ჟურნალისტებმა ხმაური არ ატეხეს. თუმცა რა, დაისერა და დაისერა, ბოლოსდაბოლოს, მისი ვაგინა იყო და მისი სამართებელი...

0x01 graphic

ბნელდება, ტყეში ცხოველები შარიშურობენ, მელას სოროში ფაჩუნი ისმის. ორი დაღლილი კაცი მიიჩქარის შარაზე, სახლში უნდათ, ოჯახთან და ტელევიზორთან. აქა-იქ სინათლე ირთვება. ზოგ სამზარეულოში ბავშვები ყვირიან. დედა ვახშამს აწყობს სუფრაზე. პროჟექტორი მძიმედ გადაივლის ნისლებს. ტყე ბუნება არაა. ტყე სამუშაო ადგილია. პატრიოტულ რომანს ხომ არ ვწერ, ბოლოსდაბოლოს!”

ელფრიდე იელინეკი, საყვარლები

ელფრიდე იელინეკს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა ყოველთვის ფრიად სადავო ავტორი იყო. მისი შემოქმედების ძირითადი თემები მდედრის სექსუალობა და ავსტრიის საზოგადოებაა, რომლისთვისაც ნაცისტური წარსული დღემდე ვერ უპატიებია. არაერთგზის უთქვამს, ავსტრია კანიბალების ქვეყანააო. ყველა სიკეთესთან ერთად, 1974-დან 1991 წლამდე იელინეკი ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო, და თუმცა დღეს კომუნისტებიც სძულს, ის კვლავ შემართებით ებრძვის მემარჯვენე ექსტრემისტებს, უპირველეს ყოვლისა, იორგ ჰაიდერის პარტიას.

ცხადია, არც იორგ ჰაიდერია ელფრიდე იელინეკის ტრფიალი. სატელევიზიო გადაცემაში „შეხვედრის ადგილი - კულტურა” მან ნობელის პრემიის ლაურეატი თანამემამულე საშინლად გააკრიტიკა. მისი თქმით, იელინეკმა მხოლოდ იმის წყალობით გაითქვა სახელი, რომ „ავსტრიას ცუდი ამინდი შეუქმნა”, და რომ პრიზის მინიჭებაც ამ უმსგავსობამ განაპირობა: „საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილი მის (ელფრიდე იელინეკის - ა.კ.ს.) მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ჩემთვის ამას ლიტერატურასთან არაფერი აქვს საერთო”. მოკლედ, ჰაიდერი ძალიან გაჯავრებულია, მის მიერ „მიწასთან გასწორებული” ელფრიდე კი მოკრძალებით შენიშნავს, რომ ჰაიდერისთვის არაფერს აქვს ლიტერატურასთან რამე საერთო, რადგან თავად ჰაიდერს ლიტერატურასთან არაფერი აქვს საერთო და ა.შ. სიტყვაპასუხში ჰაიდერი ელფის ვერ მოერევა.

სამაგიეროდ, მწერლის დაცვა ქვეყნის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა იტვირთა. მან იმავე გადაცემაში ბრძანა, რომ „იელინეკის უკომპრომისობა პატივისცემას იმსახურებს. იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ეს ავტორი ძალიან მკაფიოდ აყალიბებს, არადა, საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხომ თავისთავად არ იგულისხმება”.

გარდა ამისა, ქვეყნის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ანდრეას ქოლი იელინეკის თავდადებული თაყვანისმცემელი ყოფილა. მანაც გაილაშქრა თავისი საყვარელი მწერლის დასაცავად. ქოლის თქმით, იელინეკის შემოქმედების სიყვარული მისი პოლიტიკური მრწამსის მიუღებლობის შემთხვევაშიც შეიძლება - თავად ის სწორედ ასე იქცევა: „ბოლოსდაბოლოს, ჩვენს ქვეყანაში აზრის თავისუფლება არსებობს”.

აშკარად არსებობს, თორემ ქალბატონ იელინეკს ამდენ ჯილდოს ვინ მისცემდა!

0x01 graphic

მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ სიყვარული, როგორც იქნა, მობრძანდა, და არა მახინჯი, ნახმარი, გალოთებული, გამოფიტული, ჩვეულებრივი, ნაძირალა ხის მჭრელისა, არამედ ლამაზი, გალოთებული, ჩასკვნილი, ჩვეულებრივი, ნაძირალა ხის მჭრელისა. ეს მთელს ამ ამბავს არაჩვეულებრივად აქცევს.”

ელფრიდე იელინეკი, საყვარლები

კრიტიკოსების მიერ „წითელ პორნოგრაფად” შერაცხული მწერალი ნობელის პრემიაზე დიდ იმედებს არ ამყარებს. ელფრიდე იელინეკი იმ აზრს „ეთამაშება”, რომ ერთ მშვენიერ დღეს წერას საერთოდ დაანებებს თავს. მისთვის წერა „საჭირო რამ” ყოფილა, და თუმცა სინამდვილეში სიამოვნებს კიდეც, გადაწყვეტილი აქვს, რომ ამიერიდან ის უნდა აკეთოს, რაც უბრალოდ გაუხარდება და არა ის, რაც საჭიროა.

გაზეთ „ველთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ელფრიდე იელინეკმა წერის მიმართ დამოკიდებულება ჩამოაყალიბა - მე რომ მსგავსი რამ მეთქვა, აღარავინ მომესალმებოდა, ქუჩაში დამხვდებოდნენ და მცემდნენ: „ეს ისეთი რამაა, საკუთარი ნებით რომ აირევ გულს”. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე სიამოვნებით უკეთებია, ახლა ცოტა სხვა აზრებიც მოსვლია თავში, კერძოდ, ის, რომ გულისრევა კმარა. მართალია, თავად წერის პროცესს მაინც არ შეეშვება, უბრალოდ, ამიერიდან საკუთარი თავისთვის დაწერს, ანუ მისი გულისრევის შედეგებს ჩვენ ვეღარ გავეცნობით.

როგორც მოგახსენეთ, იმთავითვე გაირკვა, რომ ქალბატონი იელინეკი ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს არ დაესწრება - არ შეუძლია. ძირითადად, ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ გული მოგიკვდეთ: ო, როგორი მძიმეა ყველაფერი ამ სიფრიფანა ქალისთვის! ნობელის პრემიაც კი: “ჩემთვის ეს მეტისმეტად დიდი პატივია,” ამბობს ქალბატონი იელინეკი. „წარმოუდგენელია, რომ ახლა ხალხი ბეკეტისა და ჰემინგუეის გვერდით მაყენებს”. მაგრამ მწერლის მოკრძალებულ ტონს მაინცდამაინც ნუ ენდობით, რადგან ის აუცილებლად დაურთავს: „ამავე დროს ეს პრიზი აგრესიული აქტია,” და მერე კვლავ ანგელოზივით აღაპყრობს მზერას: „ამას ვერ ვუძლებ, ამ დაჟინებულ მზერას, იმას, რომ ყველა მომჩერებია. ერთხელაც იქნება და ვეღარ გავძლებ”.

ის ერთ პატარა და არაღირსშესანიშნავ სახლში ცხოვრობს, რომელიც ქალაქის ასეთსავე პატარა და არაღირსშესანიშნავ ნაწილში დგას - ვენის ცენტრიდან ოციოდე წუთის სავალია ჰიუტელდორფამდე, რომელიც მწვანე ბორცვებზეა გაშენებული. ეს სახლი დედამისისა ყოფილა, დედას კი ჩვენი გმირი მაინცდამაინც ტკბილად არ იხსენებს: „ყველაზე დიდ პატივს იმ ადამიანებს ვცემ, ვინც სხვებს უვლიან, მაგრამ დედის მოვლის შემდეგ სიბერის პანიკური შიში დამჩემდა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა დროულად უნდა მოიკლას თავი”.

სახლი ნაცრისფრად და ყავისფრადაა შეღებილი, და ისეთი ფანჯრები აქვს, რომ უმალვე მიხვდებით - ამ სახლში მცხოვრებს ან ხმაურის, ან მძარცველების არაჯანსაღი შიში უნდა ჰქონდეს. ბაღის შესასვლელში ორი ზარია, მაგრამ აბრებზე სახელები არ წერია.

მე რომ მკითხოთ, უკვე კმარა დასაზაფრად.

ძალიან თუ გაგიმართლათ, ვთქვათ, თუ საუბარი ნობელის პრემიის გადაცემას უნდა შეეხოს, კარს ელფრიდე იელინეკი გაგიღებთ - მუდამ ელეგანტური, საუკეთესო მაკიაჟით. აუცილებლად გაგიღიმებთ, მაგრამ აუცილებლად დაღლილი სახე ექნება, აქაოდა, სულ არ მიხარია თქვენი დანახვა, მაგრამ საქმე საქმეა, რა გაეწყობაო.

მე მგონი, მას საერთოდ არაფერი უხარია და აღარც გაუხარდება.

თუკი ნირი საბოლოოდ არ წაგიხდებათ, კიბეს აუყვებით და ნათელ მისაღებში ამოყოფთ თავს, სადაც რაღაც ვარდისფერი სურათი კიდია და ლამის მთელი მსოფლიოს გაზეთებია მიმოფანტული - ტელევიზორში სულ ამას აჩვენებენ, თორემ მე იქ არ ვყოფილვარ. თეთრ დივანზე დათუნია ზის - ცხადია, სათამაშო, ვარდისფერ ბალიშზე მფლობელის სახელია ამოქარგული: „ელფი”.

„ერთადერთი, რაც მინდა, განმარტოებით ცხოვრებაა. მხოლოდ ის მინდა, თავი დამანებონ,” - მსოფლიოს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს მიღების შემდეგ ქალბატონი იელინეკი სულ ამის მტკიცებაში იყო, და იქვე თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ჰყვებოდა: რომ პოლიტიკოსებს არ შეეშვება, სანამ კიბოს არ გაუჩენს, რომ კვლავაც პიესებს დაწერს. „ეს საქმე ძალიან მომწონს,” ბრძანა მან, როცა საუბარი დრამატურგიას შეეხო. „მომწონს, როცა ჩემს ფანტაზიას სხვა ვინმე იტაცებს. მე დიდად ვაფასებ ამ თამაშს რეჟისორებთან. რაც მინდა, ეს თავადაც მომეხსენება, უმალ ის მაინტერესებს, რას გააკეთებს ამისგან ვინმე სხვა”. მისი ახალი პიესა ერაყის ომს ეძღვნება, შემდგომ კი „მარია სტიუარტის” მისეულ ვერსიას გავეცნობით. „მოჩვენებები და საშინელებები იქნება, გოთური ნოველა”, - ესღა გვაკლდა, ვითომ ყოფითი საშინელებები არ იყო საკმარისი! მაგრამ ელფრიდე იელინეკის თქმით, ავსტრიის თემა მისთვის უკვე ამოწურულია, ტკბილს და საამურს ის ვერაფერს დაწერს, არადა, ხომ უნდა წეროს?!

ეს როგორ გავიგოთ, ფრაუ იელინეკ? აკი მოვრჩი წერას და გულისრევასო?

8 მამაკაცი მამაკაცების შესახებ

▲back to top


ექსკლუზივი

ავტორი: სოფიო კირვალიძე

ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ერთი ფრანგი რეჟისორი გავიცანი, დღემდე ვერ დამიდგენია, ფრანგი იყო თუ უბრალოდ პარიზში მცხოვრები. ასე თუ ისე, გავიცანი. მას ჰქვია იაკობ ბერგერი, ახალგაზრდა, ფრიად სასიამოვნო კაცია, ღვთის წყალობით, ჩემთვის გასაგებ ენაზე მოსაუბრე, და ჩაის სმისა და ყოვლად გაუსაძლისი კულტურათა დიალოგის გარდა, ერთი საინტერესო საქმითაც ვიყავით დაკავებული: ის მიყვებოდა თავის თავგადასავლებს, შორეულ ქვეყნებში გადახდენილ ფათერაკებს... მოკლედ, ძალიან ნასიამოვნები გახლდით, სანამ ერთ მშვენიერ საღამოს არ გაირკვა, რომ მას მამამისი ეჯავრება, რომ ფილმი, რომლის საჩვენებლადაც ის ჩვენს მზიან ქალაქს ესტუმრა, სწორედ იმის გამო გადაუღია, რომ საკუთარი მამა, ლამის საკულტო მწერალი, დიდი სიძულვილით სძულს, რომ ამ ფილმით ის მამამისისთვის ჭკუის სწავლებას ეცადა, მაგრამ მამამ, ცხადია, ვერაფერი გაიგო და ახლა საერთოდ აღარ ელაპარაკება. აღმოჩნდა, რომ სიძულვილის მიზეზი - ვერასოდეს წარმოიდგენთ! - ის ყოფილა, რომ მამა ძალიან მაგარია, რომ მისი წიგნები საყოველთაო მოწონებით სარგებლობს, რომ ის ქალებს უყვართ და სხვა და სხვა - რომელი ერთი ჩამოვთვალო; და ეს ყველაფერი მის ვაჟს ჩაგრავდა და სწორედ ამიტომ გადაუღია მშვენიერ რეჟისორს და მართლა კარგ ბიჭს, იაკობ ბერგერს, ფილმი „შეიყვარე მამაშენი”, და სწორედ ამის გამო მიუწვევია მას მთავარი როლების შემსრულებლებად ჟერარ დეპარდიე და მისი ვაჟი - ამ უკანასკნელს, რეჟისორისა არ იყოს, თურმე მამა ეჯავრება, დაახლოებით იმავე მიზეზების გამო.

რა უბედურებაა!

მე კი ბედნიერი ქალი ვარ, რადგან ჩემს გარშემო მყოფთა უმრავლესობა მამით ამაყობს, განურჩევლად იმისა, მართლაც საამაყონი არიან ეს მამები თუ არა. ხოლო თუ მამა ცალსახად საამაყოა, ამას რა სჯობს? თუმცა ავმა მოწინააღმდეგემ შეიძლება მითხრას, ქალი ხარ და არაფერი გესმის, შენთვის კია მამა ყველაზე დიდი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ღონიერი, მაგრამ მამისა და ვაჟის ურთიერთობა სულ სხვააო, და ამიტომ გადავწყვიტე, ამ ვინ იცის და მართლა ჩახლართული ამბის გასარკვევად ბატონ ლაშა თაბუკაშვილისთვის მიმემართა.

თუკი საოცარი ამბავი შეგემთხვათ და ბატონ ლაშას არ იცნობთ, მოგახსენებთ, რომ ის არის მწერალი, დრამატურგი, მეუღლესთან, ქალბატონ მედეასთან ერთად ნათელ სახლში ცხოვრობს, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ლამაზი შვილიშვილი, მრავალი მეგობარი და მრავალი თაყვანისმცემელი - მოკლედ, დიდი მამის მიერ დაჩაგრულისა არაფერი ეტყობა. მე მგონი, სულ პირიქით.

ასე თუ ისე, ბატონ ლაშა თაბუკაშვილის სტუმარი გახლდით, და ის შესანიშნავ ამბებს მიყვებოდა, რომელთაგანაც ზოგის თქვენთვის მოყოლასაც ვეცდები, ზოგს კი არ მოვყვები, რადგან თუ საჭიროდ ჩათვლის, ბატონი ლაშა თავადაც გიამბობთ. წესით, იმაზე ვაპირებდით საუბარს, თუ როგორი რამაა კარგი კაცის შვილობა და კიდევ ერთი კარგი კაცის შესახებაც მინდოდა ამბების მოსმენა. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ზოგადად კარგი კაცების შესახებ ვისაუბრეთ, უფრო სწორედ, ბატონი ლაშა ლაპარაკობდა, მე კი გულმოდგინედ ვუქნევდი თავს, და ვიმედოვნებდი, რომ ეს შესანიშნავი კაცები მართლა არსებობენ, მთხრობელის ფანტაზიის ნაყოფი არ არიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩემი მარადიული რწმენა ცრუ არაა - ქალებს და კაცებს ყოველთვის ეყვარებათ ერთმანეთი.

ბატონ ლაშას ჩემი შეკითხვა დიდად არ გაჰკვირვებია. ბრძანა, რომ მრავალ კაცს, რომელსაც ცნობილი მამა ჰყავს, შეჯიბრის გრძნობა მართლაც უჩნდება, და ამასთან დაკავშირებით ლევ ტოლსტოის თოთხმეტი შვილის სევდიანი ამბავი გაიხსენა: არცერთმა არ ივარგა, და მათმა დედამ თქვა, ზოგჯერ ბუნება ისვენებსო. ისე, დედას რომ ჩემს შესახებ ასეთი რამ ეთქვა, ალბათ დარდით მოვკვდებოდი...

„არ ვიცი, რამდენად დაისვენა ბუნებამ ჩემთან დაკავშირებით,” - ჩემი აქტიური თავის ქნევა არ შეიმჩნია, „მაგრამ შეჯიბრის გრძნობა არასოდეს მქონია, რადგან აპრიორი ვიცოდი, რომ რეზო ყველა პუნქტში ჩემზე მაღლა იდგა. ეს არ მთრგუნავდა. პირიქით, ეს იყო ჩემი მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ მამისთვის თავი მომეწონებინა, დაწყებული წერით, დამთავრებული, ელემენტარულად, ლამაზი ჩხუბით. რეზოს თვალს სულ ვგრძნობდი და ახლაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, თუ რას იტყოდა და როგორ შეაფასებდა ამა თუ იმ ამბავს”.

თურმე მამა-შვილს უამრავი კონფლიქტიც მოსდიოდა, „მე ძალიან გალაღებული ვიყავი, ის კი პანიკიორი მამა იყო”. მამამ იცოდა, რა ხიფათები ელის კაცს, რომელიც თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის. თვითდამკვიდრებისთვის? „მე ეს მჭირდებოდა, ყველა დარგში, რადგან მედეას და რეზოს შვილი ვიყავი. ღვთის წყალობით, ამის გამო სილაღე არ დამიკარგავს და ეს კომპლექსში არ გადამსვლია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მე რომ ვყოფილიყავი, ვთქვათ, მწყემსის შვილი, უფრო იოლი იქნებოდა ყველაფერი...”

. . .

„უცხოელი მეგობრები ხუმრობით მსაყვედურობდნენ ხოლმე, რომ национальная заостренность მახასიათებს, იმ მცირედის გამოც კი, რის უფლებასაც თავს ვაძლევდი,” - ამასთან დაკავშირებით ბატონმა ლაშამ ასეთი ამბავი გაიხსენა: „მამას ვეჭიდავებოდი. ექვსი წლის ვიყავი. მამა იყო ჯალალ-ედ-დინი და მე ვიყავი ერეკლე მეფე - ექვსი წლის ბიჭს ქრონოლოგიური ცდომილებები ეპატიება. ჰოდა, ფეხი რომ გავუყარე, უცაბედად მე თვითონ გავიშხლართე და დავუყვირე, შენ ხარ ერეკლე მეფე და მე ვარ ჯალალ-ედ-დინი-მეთქი, დაცემის პროცესში მოვასწარი ამის დაყვირება...” ამ ფონზე ბატონ ლაშას, ცოტა არ იყოს, ეცინება იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი კოსმოპოლიტიზმითა თუ სამყაროს მოქალაქეობით ტრაბახობენ, თუმცა ერთის მხრივ, ეს ძალიან მოსახერხებელი პოზიციაა. თავად სულ სხვა სკოლა აქვს გავლილი

0x01 graphic

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ფეხში დაჭრილი ბიჭი მამამ და დედამ რომ ამოიყვანეს სახლში... სროლა... ჩემი ძიძა ნასტია პირჯვარს რომ მაწერინებდა... რუსთაველზე ვცხოვრობდით მაშინ, ლუქსის თავზე, კომუნალურ ბინაში. საპირველმაისო დღესასწაულების წინ ჩვენი აივნის ქვეშ ტანკები იდგა ხოლმე. იმ საბედისწერო 9 მარტის შემდეგაც, პირველი მაისის დილას, ტანკებით იყო გაძეძგვილი ქუჩა. მეძინა. მამა მოვიდა. გარიჟრაჟს ცოტა უკლდა. რეზომ ხელი დამტაცა მძინარეს, აივანზე გამიყვანა ხელში ატაცებული და რუსთაველზე გამწკრივებულ ჩაჩქანიან, ტანკისტებს გადამახედა, შემდეგ რუსულად დაიყვირა: „შვილო, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები!” შემდეგ ძირს დამსვა და მეორე სართულიდან ისკუპა სალდათების გინებაზე საპასუხოდ. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა, ჯარისკაცები ხიშტზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი ფეხშიშველა, გრძელი ღამის პერანგის ამარა გამოვარდა გარეთ და გადაეფარა... მერე მეზობლებიც ჩაერივნენ. არ ვიცი, რატომ დაინდეს მამა ან დედა, ალბათ ძალიან ლამაზი იყო მედეა! მერე გამახსენდა მამას ეს აღზევება, როცა სხვებთან ერთად მე და ჩემი უფროსი ვაჟიშვილიც დავდექით იმ გარეწრებთან საომრად 9 აპრილს სამი ათეული წლის შემდეგ”.

ლამაზი ამბავია, მაგრამ ყოველდღიური ყოფა ნებისმიერ მითს და მითოლოგიურ პერსონაჟს აფერმკრთალებს, და ის, ვისზედაც სხვები ზეაღმატებულ ხარისხში ლაპარაკობენ და რენესანსულ ტიპადაც მიიჩნევენ - მაგალითად, ბატონი რეზო თაბუკაშვილი, - სინამდვილეში ხომ ზუსტად ისეთივეა, როგორიც ყველანი ვართ: ხან სიმპათიური ადამიანია, ხან ცუდ გუნებაზეა და აუტანელი ხდება. „უცნაური რამ მოხდა - მე მამის მიმართ რომანტიკული აღქმა ბოლომდე დამრჩა. უმძიმეს დღეებშიც კი, როცა ნარკოტიკის გარეშე ყოფნა შეუძლებელი იყო, ის გამაყუჩებლებზე უარს ამბობდა, ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად. ჰქონდა თვითტრენინგი: ახლა ამ ტკივილს დავაპატარავებ, დავიყვან პატარა ნაპერწკალამდე, მერე წყალს დავასხამ და ჩავაქრობ

რომანის გმირივით. საერთოდ, რასაც ბატონი ლაშა ჰყვებოდა, უფრო გმირის შესახებ ნაამბობს ჰგავდა, ვიდრე რეალური მამაკაცის გახსენებას. „ჩემთვის ლიტერატურული გმირები და რეზო ძალიან ხშირად იგივდებოდნენ. თვითონ მწერლებსაც ჰგავდა, მაგალითად, ჯეკ ლონდონს, ჰემინგუეის. საოცარი მსგავსებაა - გარეგნობას არ ვგულისხმობ. ყველაზე მეტად შინაგანი დაუცველობით ჰგავდა: ძლიერი მამაკაცები, რომლებსაც იმუნიტეტი არა აქვთ”. - და რომლებსაც უნდა გავახსენოთ ხოლმე, რომ ძალიან კარგი ბიჭები არიან, ნუ დავინანებთ

0x01 graphic

იცით, რომ როცა ფოლკნერს ჰემინგუეის შესახებ ჰკითხეს, ფოლკნერმა თქვა, მშიშარააო. ვაი! უვაჟკაცეს ჰემინგუეიზე ამან ისე საშინლად იმოქმედა, რომ მან სამ გენერალს მიაწერინა ფოლკნერისთვის წერილი, როგორი უშიშარი მეომარი იყო, როგორ ქედმოუხრელად იდგა ტყვიების ქვეშ - მოკლედ, ბავშვური რეაქცია ჰქონდა. ფოლკნერი შეძრწუნებულა, რომ არასწორად გაუგეს. მან ახსნა, სხვა შიშს ვგულისხმობდიო: „თქვენ წერთ იმას, რაც აბსოლუტური სიზუსტით, ზედმიწევნით კარგად იცით და არ გყოფნით გამბედაობა, გასცდეთ ამ ბარიერს და შებედოთ იქ, სადაც არაფერი არ იცით”.

„ეს უკვე გენიოსების თამაშებია,” განმარტავს ბატონი ლაშა. „აი, თავად ფოლკნერი კი დიდი ფანტაზიორი იყო. რას აღარ ჰყვებოდა თავის თავზე, ლამის თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ იყო გადმომხტარი...”

ბატონმა ლაშამ მითხრა, რომ მამაკაცი ბავშვობაში ბევრს ტყუის, არარსებულ ამბებს, არარსებულ გმირობებს იგონებს. ვერაფრით გავიხსენე, გოგოებიც იტყუებიან? მაგრამ ეს სხვა თემაა. ბიჭების ტყუილებთან დაკავშირებით კი ვაჟა გიგაშვილს ჰქონია ერთ მოთხრობაში ნათქვამი - მწერალს მიმართავს, თუ როგორ სჭირდება მას ბავშვობის ტყუილების განხორციელება და ზოგჯერ პროვოცირებაც იმისა, რომ იმ ხიფათში ჩაიგდოს თავი და ისე გამოვიდეს იმ ხიფათიდან, როგორც ბავშვობაში მოუყოლია... რამდენი ტყუილი უთქვამს ოდესღაც საბრალო ფოლკნერს!

ცუდია და ადრეა, როცა სიყმაწვილეში ვინმეს ასე უყვარხარ, ეს ცუდ ჩვევებს ავითარებს. მერე ფიქრობთ, რომ უკვე მოვიდა. გჯერათ, რომ სიყვარული სადღაც გელით, უბრალოდ, უნდა იპოვნოთ. თქვენ მისი იმედი გაქვთ. ეძებთ, იმედი გაქვთ, ელით. დედის სიყვარულთან ერთად სიყმაწვილის გარიჟრაჟზე პირობა გეძლევათ, რომელსაც ცხოვრება არასოდეს შეასრულებს...”

რომან გარი, „დაპირება ალიონზე”

„დედასთან ბიჭებს ყველაფერი ეპატიებათ,” განმარტავს ბატონი ლაშა. „ჭიპლარი არ გადაუჭრიათ - ეს მანამდე ვთქვი, სანამ ამ ფრაზას რომან გარისთან წავიკითხავდი”. მამა-შვილის მეგობრობა კი ნებისმიერი ფორმის ფამილარობას და ლაზღანდარობას გამორიცხავდა - დისტანციას იცავდნენ. ისე, რთულია ისეთ კაცთან ლაზღანდარობა, რომელიც რომანტიზმს ყოველდღიურ ყოფაშიც არ კარგავს, ყოველთვის იპრანჭება - კარგი გაგებით - და არასოდეს დაენახვება დედათქვენს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მას შეიძლება არ მოეწონოს.

„ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე: რატომ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ ეს წამი არ გაქრეს, რომ სხვებმაც ნახონ ასეთი რეზო. კი მახსოვს ლიძავის სახლის აივანი და ნადირობიდან დაბრუნებული, ახლად შხაპმიღებული და წვერგაპარსული რეზო, რაღაც ხავერდის კურტაკი ჰქონდა და ეწეოდა, ჩაფიქრებული იდგა. გული შემეკუმშა წამო, გაჩერდი!”

...ქართველებს შესანიშნავი სიტყვა გვაქვს: ოჯახიშვილი. რა კარგია, როცა პასუხად კითხვაზე: „ვისი შვილი ხარ?” გაწითლდები. ამ შეკითხვაზე პასუხის თამამად გაცემა ძალიან დიდი ბედნიერებაა. თქვენ რას იტყვით?

0x01 graphic

წაგიკითხავთ „კომოციო”? თუ არა - ძალიან გირჩევთ. ერთმა ქალმა მითხრა, „შესანიშნავი შვიდეულის” ნახვის მერე შვიდი ღამე არ მეძინა და ახლა ზუსტად ვიცი, როგორ კაცზე უნდა ვიოცნებოო; ჰოდა, თუ ქალი ბრძანდებით, „კომოციოს” შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ რაინდის მოლოდინში ხართ - ცხადია, თუ უკვე არ შემოგეყარათ, ხოლო თუ მამაკაცი ბრძანდებით, ზუსტად გეცოდინებათ, როგორ კაცზე ოცნებობენ ქალები. მართალია, არავის უხარია, როცა მისი კაცი დასისხლიანებული, ნაცემი და, რბილად რომ ვთქვათ, ნასვამი ბრუნდება შინ, მაგრამ, მეორეს მხრივ, მამაკაცები, რომლებიც უცნობი და პრინციპში, გაუგებარი ქალების გამო მდინარეში ხტებიან... რა კარგია! საიდან ასეთი ბიჭები, ბატონო ლაშა?

„რაინდული კოდექსი - მე ცხოვრებაშიც შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ისევე, როგორც ლიტერატურული გმირები, ამ კოდექსის მატარებლები იყვნენ. მათ თავიანთი სიცოცხლით, თავიანთი სიკვდილითაც დაამტკიცეს, რომ ეს მოგონილი ამბავი არაა. თუნდაც მისიმა. იმის გამო, რომ სამურაის სულის დაცემას შეესწრო, მან ხარაკირი გაიკეთა”.

1970 წლის 25 ნოემბერს იუკიო მისიმამ ნაციონალისტური დაჯგუფების, „ფარის საზოგადოების” ფორმა ჩაიცვა და ძველებური სამურაის ხმალი მოიმარჯვა. სახლიდან გასვლის წინ მან გამოსაჩენ ადგილას დადო თავის უკანასკნელი რომანის, „ანგელოზის დაცემის” ბოლო გვერდები და ბარათი: „ადამიანის სიცოცხლე შეზღუდულია, მაგრამ მე მარად სიცოცხლეს ვისურვებდი”.

- შტაბში იარაღით როგორ შემოგიშვეს? - ჰკითხა მწერალს გაკვირვებულმა გენერალმა მისიტამ.

- არ იდარდოთ, ეს სამუზეუმო რელიქვიაა, მეთექვსმეტე საუკუნე, სეკის სკოლა. ნახეთ, რა ნაკეთობაა!

როდესაც გენერალი მდიდრულად მორთული ხმლის დასათვალიერებლად დაიხარა, „ფარის საზოგადოების” წევრებმა მას ყელში თავსაფარი წაუჭირეს და სულ მალე გენერალი სავარძელზე იყო დაბმული.

მისიმამ შეპყრობილ გენერალს თავისი მოთხოვნები წაუყენა: თავდაცვის ძალები პლაცზე უნდა დამწკრივებულიყვნენ მისიმას სიტყვის მოსასმენად. გენერალი დათანხმდა.

აივნიდან „ფარის საზოგადოების” წევრები ფურცლებს ისროდნენ - მისიმას მოწოდებას, მის უკანასკნელ ნაწარმოებს: „მოდით, დავუბრონოთ იაპონიას მისი წარსული დიდება, მოდით, მოვკვდეთ. ნუთუ მხოლოდ სიცოცხლეს აფასებთ და სულის კვდომაზე დაყაბულდებით?.. ჩვენ გაჩვენებთ, რომ ჩვენს სიცოცხლეზე დიდი ფასეულობა არსებობს. ეს არც თავისუფლებაა და არც დემოკრატია. ეს იაპონიაა! იაპონია, ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანა. იაპონია, რომელიც გვიყვარს”.

აივანზე გასულ მისიმას თავზე თეთრი თავსაფარი ეხურა, ამომავალი მზის წითელი წრითა და შუასაუკუნეების სამურაის ლოზუნგით დამშვენებული:

- „თავდაცვის ძალები” იაპონიის უკანასკნელი იმედი მეგონა, იაპონური სულის უკანასკნელი ციხე-სიმაგრე. მაგრამ დღეს იაპონელები მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. სადაა თქვენი ეროვნული სული?.. უნდა აღდგეთ. იაპონიის დასაცავად! დიახ, იაპონიის დასაცავად! იაპონური ტრადიციებისა! ჩვენი ისტორიისა! ჩვენი კულტურისა! იმპერატორისა! რატომ არ იღვიძებთ?

- აღდგება ვინმე ჩემთან ერთად?

- იცით, რა არის მეომრის გზა, მახვილის გზა? რას ნიშნავს მახვილი იაპონელისთვის?

- თქვენ არ ხართ მეომრები. თქვენ არ აღდგებით. თქვენ არაფერს გააკეთებთ.

ჭეშმარიტი სამურაის ტრადიციის თანახმად, მისიმამ გაიხადა და მუცელი ხმლით გადაიხსნა. სეპუკუ - ისევე იწერება, როგორც ევროპელთათვის ცნობილი ხარაკირი, „გაკეთილშობილებას” ნიშნავს.

ერთგულ მოსწავლეს მისთვის თავი უნდა მოეკვეთა. ან ღელავდა, ან გამოუცდელი იყო: თავისი საქმე მხოლოდ მესამე ჯერზე აღასრულა, რის შემდეგაც, მოძღვრის კვალდაკვალ, მანაც მუცელი გადაიხსნა.

„ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ამ ანთხლეულ თბილისში. ბოლო ჟამს სულ შავ-თეთრად აღვიქვამ საყვარელ ქალაქს.”

ლაშა თაბუკაშვილი, „კომოციო”

„ვაჟკაცი, ნათელი, განათლებული... სიტყვა „ნათელს” ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყო ნაკითხი, ენციკლოპედიურად ერუდირებული, მაგრამ „განათლებული” ინტელექტის გამოსხივებასაც ნიშნავს. აქ პიროვნული ფაქტორი მუშაობს. სევდიანი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს შტაინერის და განსაკუთრებით კი ფროიდის წაკითხვა „თხა და გიგოს” შემდეგ, „ტომ სოიერის” და სათავგადასავლო წიგნების გამოტოვებით”.

იმის სევდიანი მაგალითებიც გვაქვს, თუ როგორ ნაადრევად დაბერებულან 20 წლის ბიჭები, რომლებიც, ილია ჭავჭავაძის თქმით, ცხოვრებას ლეკის ნაბადივით ჯერ არ გაუთელია, როგორ დამსგავსებიან ისინი 60 წლის, კარგად გალახულ და ქედმოდრეკილ კაცებს. „ძალიან ბევრი რამ არის გარშემო, რის გამოც მამაკაცმა შეიძლება ისედაც ქედი მოიხაროს - შფოთვა ოჯახზე, შენს ახლობელზე, რომლებსაც ზოგჯერ ქედუხრელობის გამო საშინელ მდგომარეობაშიც აგდებ. ცხოვრება ბევრ საცდუნებელს გიგზავნის, კომფორტს, მატერიალურ კეთილდღეობას, და სწორედ მაშინ ძალიან სასარგებლოა ხოლმე იმის გახსენება, რომ შენ სხვა რამეს ამბობ, რომ სხვას ფიქრობ, და როგორ კოხტადაც არ უნდა მოეწყო, ამ პრინციპულ საკითხში კომპრომისზე თუ წახვედი, სარკეში ვეღარ ჩაიხედავ”.

ისე, სიტყვები და ცნებები აშკარად ტრანსფორმაციას განიცდის. „აქტივისტი” ჩვენთვის ძალიან კონკრეტული, კომკავშირული ცნება იყო, ბატონმა ლაშამ კი მითხრა, რომ ადრე კიდევ ერთ რამეს ნიშნავდა - ციხის ადმინისტრაციასთან შეკრულ ადამიანს, დამბეზღებელს. “ერთს ვკითხე: რატომ მიხვედი-მეთქი სუკში, რომანტიკაა, „მაიორი პრონინი” წაიკითხე, თუ რა? არა, იმის გამო, რომ შური ვიძიო ჩემს დამჩაგვრელებზე, ვინც ბავშვობა გამიმწარესო”. რა მოწყალე იქნებოდა!

„არ არსებობს ბიჭი, რომელიც არასოდეს გალახულა, მეც უამრავჯერ გავლახულვარ, ძვალი არა მაქვს მთელი. ვაჟკაცობად ითვლებოდა ბოდიშის მოხდა, ვაჟკაცობად ითვლებოდა პატიება. არიქა, ვერ ვაპატიებ, იტყვიან, რომ მშიშარა ვარ - ეს ავადმყოფობაში გადაზრდილი თვითდამტკიცებაა. მახსოვს, ტელევიზორით გამოაცხადეს, რომ რეზო თაბუკაშვილს სისხლი სჭირდება, და საბურთალოზე სისხლის ჩასაბარებლად კილომეტრიანი რიგი დადგა. მანამდე ბომბოს, ჩემს უმცროს ვაჟიშვილს და მის მეგობრებს კონფლიქტი ჰქონდათ საბურთალოელ ბიჭებთან - კიდევ კარგი, მერე შერიგდნენ და დამეგობრდნენ, თორემ შეიძლება ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. ბომბო მივიდა და ურიგოდ შესვლას აპირებდა. წინ ის ბიჭები იდგენენ, ბომბოს ბაბუისთვის აპირებდნენ სისხლის მიცემას. წინ არ გაუშვეს, ის შენთვის ბაბუაა და ჩვენთვის რეზო თაბუკაშვილიო, თავისთან კი დაიყენეს. ეს მიყვარს თბილისში, ნოსტალგია სხვა რამაა”.

მე კი ნოსტალგია მაქვს. მე მენატრებიან ხოლმე კეტებიანი, გახეხილჯინსებიანი ბიჭები, რომლებიც როკს უსმენდნენ, მთაში დადიოდნენ და ზუსტად იცოდნენ, რომ კარგი კაცებისთვის სისხლი აუცილებლად უნდა მიეცათ. რაღაც, აღარ ჩანან, დაბერდნენ ალბათ... თორემ ეპატაჟი იმათი გეკითხათ: „ოპლა, ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ვარსებობთ!” ნოდარ დუმაბაძეს აუხსნია, თუ როგორ ხდება ხელოვანის ხერხემალში გადატეხა: ლანძღვით, გადაჭარბებული ქებით და სიჩუმით - და სიჩუმე ყველაზე საშინელია, ახალგაზრდა კაცს სიჩუმე ზარავს. „ეს ჯანსაღი გრძნობაა და იმასაც არა უშავს, რომ ახალგაზრდებს ნაკლები თვითირონია აქვთ, ნაკლებად თვითკრიტიკულნი არიან, და ჰგონიათ, რომ მათი არამცთუ გაკეთებული, არამედ ნაოცნებარიც გეოლოგიურ ცვლილებებს მოახდენს და ქანებს შეძრავს... მაგრამ ისეთ რამეს არ უნდა შეუტიო, რაც მრავალთათვის ფასეულია, საყვარელი ქვეყნის საყვარელი ხალხის ხერხემალს, იმას, რამაც დღემდე მოგვიტანა”.

ბატონი ლაშას თქმით, ამგვარი ქმედება საკუთარი თავის გაბახებას ნიშნავს, კასტრირებას - თუ ასეთებს საერთოდ აქვთ რამე საკასტრაციო... რა კარგია, ვინმეს ძალიან გალანძღვას რომ დავაპირებ, სწორედ ასე ვეტყვი.

იმის გამო, რომ რამდენჯერმე შევხვედრივარ, მისი ნაწარმოებები წაკითხული მაქვს და მისგან მრავალი თბილი სიტყვა მსმენია, მიმაჩნდა, რომ ბატონ ლაშა თაბუკაშვილს ვიცნობდი - ჰოდა, ძალიან შევცდი, რადგან იმ დღეს, როცა მისი სტუმარი ვიყავი და ქალბატონ მედეას მიერ მორთმეულ ყავას გეახლებოდით, სულ სხვა კაცი დავინახე, კვლავ მაღალი, კვლავ კეთილმოსურნე, მაგრამ თან - რა ვიცი, ვეცდები, ავხსნა: ასე დიდი ხარების სიახლოვეს ვგრძნობ ხოლმე თავს - კეთილია, მომთმენი, თბილი, მაგრამ ჩემი ზომის არსებისთვის მეტისმეტად ღონიერი, და როგორ ძალიანაც არ უნდა მომწონდნენ, ხელის ხლებას ვერ ვუბედავ, მეშინიასავით, არადა, სასიამოვნო გრძნობაა... მოკლედ, არ ვიცი.

მხოლოდ იმას დავურთავდი, რომ ბატონ ლაშა თაბუკაშვილს დიდი ქათინაური მიუღია: მასთან მიმართებაში რამდენიმე ადამიანმა ათოსი ახსენა. „თუ ჩემზე რამემ განსაკუთრებით იმოქმედა, „სამი მუშკეტერია”. ახლაც ახსოვს იმ წიგნის სურნელი, საძაგელ თარგმანში ჰქონდა წაკითხული. „წიგნი მეგობრობაზე, მეგობრისთვის თავდადებაზე - თავისთავად შედევრია, ჩემი დახასიათება არ სჭირდება. ათოსი ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი გმირია, აბსოლუტურად რეალური სახე, და არანაირი იდეალიზაცია დიუმას არ უცდია”.

ვოლტერს უთქვამს: „თქვენი აზრები ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, აუტანელიც კი. მაგრამ მე სიცოცხლეს გავწირავდი იმისთვის, რომ თქვენ ამ აზრების გამოთქმის უფლება გქონდეთ”. ჰოდა, მეც გაგიზიარეთ ჩემი აზრი ერთი კაცის შესახებ. ესაა და ეს.

9 ნოველა

▲back to top


9.1 თბილისი. ნოემბერი 2004 წელი

▲back to top


ანა კორძაია-სამადაშვილი

2.11.2004

ჩამოვედი. მთლად ტყუილი არ უთქვამთ: არ ცივა, მაგრამ რაღაცნაირი არაამინდია. ისე, მე რა, ჩვენთან ხომ ნუ იტყვი. უბრალოდ, სხვას ველოდი.

ამ ახალ რვეულში აღარ გახსენებ და აღარ მოგმართავ - გადაწყდა. ყოველ შემთხვევაში, სანამ საქართველოში ვარ. მერე ვნახოთ. იქნებ მერე წერა სულ აღარ დამჭირდეს და პირდაპირ შენ გითხრა ხოლმე ყველაფერი. ისე, აქამდეც რომ მეთქვა, რას ვაგებდი, მაგრამ რა ვიცი. მოკლედ, როგორც მოგახსენე, ჯერჯერობით მაინც ვეცდები. თუ მაინც მოგმართე, ეგეც არაფერი - ავიღებ და იმ გვერდს ამოვხევ, ვინ რას გაიგებს.

სადაც მე ვცხოვრობ, აქ ერთი ქალია. ვინაა, ვერ მივხვდი, - ან დიასახლისია, ან ისიც აქ ცხოვრობს, მოკლედ, ვერ მივხვდი. არც ამან იცის ჩემთვის გასაგები რაიმე ენა და ვერც მე ვაგებინებ. ჩემს ოთახში კარი დაუკაკუნებლად შემოაფრიალა და მითხრა: „პარდონ“. გავუღიმე, მეთქი, ოთახი აერია. ერთ სამ წუთში კიდევ შემოვიდა, ისევ დაუკაკუნებლად, და თან პატარა ბიჭი შემოიყვანა. ბიჭმა მითარგმნა, რომ რადგან დღეს ამ ჭერქვეშ ღამეს პირველად ვათევ, ბალიშქვეშ ეს უნდა ამოვიდო, ვიფიქრო და სურვილი ამისრულდება. რა უნდა ამოვიდო-მეთქი. აი, ესო, და ქალს ხელიდან პატარა თეფში გამოართვა. მე ვერ მივხვდი. იმ ქალმა გამიცინა, - მაგარი ჯანმრთელი კბილები კი აქვს, რამე რომ იყოს, ხელსაც მომაკვნეტს, - და მითხრა: „მაგია, მაგია“, და კიდევ რაღაცა. ბიჭმა მითარგმნა: „კარგი მაგია“.

ახლა არ ვიცი, ამ თეფშს რა ვუყო. კარგია თუ ცუდია, მაგია მაგიაა, რა ვიცი. ის ქალიც ვერ გავიგე, რანაირია - ლამაზი ა, მახინჯია, მომწონს, არ მომწონს. რაღაცა მაგია კია - ერთ პატარა თეფშზე რამდენი დამაწერინა.

ან რაზე ვიფიქრო, რომ ამიხდეს. გამოფენაზე თუ რაზე? გადავწყვიტე, რომ შენზე არც ვიფიქრებ და არც დავწერ.

აბა, რაზე ვიფიქრო.

3.11.2004

იმედია, თეფშის დამსახურება არაა, მაგრამ ამიხდა: მზემ გამოანათა. გარეთ დილიდანვე აყვირდა ვიღაც. მერე მითხრეს, რომ იოგურტის გამყიდველია. ამ უბანში საერთოდ სულ ყვირიან, ბევრი გამყიდველია და ბევრი აბანო: ბორცვებივით გუმბათები, ხალიჩები, და ცოტა სიღრმეში სულ ორთოდოქსები დადიან, წვერმოშვებული კაცები და თავშალშემოხვეული ქალები, იმიტომ, რომ აქ უამრავი ეკლესიაა თავმოყრილი. გალერეებიც აქაა, ჩვენი ქარვასლაც, მაგრამ ორთოდოქსების სული უფრო ტრიალებს. დიდად არ მომწონს ეს წვერიანი კაცები და თავშლიანი ქალები. კაცები ჯიქურ მიყურებენ, ქალები კი სულ არ მიყურებენ, არც მათ მოვწონვარ დიდად. თეფშის ახდენილი სურვილი მაინცდამაინც ხანგრძლივი არ გამოდგა. აცივდა. ადრე დაბნელდა, ორი დღის წინ გადაუწევიათ დრო. რატომ - ვერ გავიგე, და ჩემმა აქაურმა ნაცნობებმაც ვერაფერი მითხრეს.

. . .

აქ საჭმელი გემრიელია, ოღონდ იმდენი ნიგოზია და იმდენი სუნელი, ალბათ ღვიძლი ამომიტრიალდება. უკვე მესამენაირი ხაჭაპური შევჭამე. ესენი სულ ხაჭაპურს ჭამენ, ყველიან პურს, ოღონდ სულ ნაირ-ნაირს.

დღეს მთავარ ქუჩაზე, დიდ გალერეაში ფოტოგამოფენა იყო. ბრიტანელებისო, მითხრეს, მაგრამ სინამდვილეში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფებისა დამხვდა. ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა და ფოტოების ნაცვლად სულ ხალხს ვათვალიერებდი. არაუშავს, ხვალ ან ზეგ კიდევ მივალ და ვნახავ, რა მოსწონს ამ ხალხს.

ახლა ვატოს სადღაც მივყავარ, ვიღაც არტისტებთან, ალბათ გვიან დავბრუნდები, ამიტომ დასაწერს ახლავე ვწერ.

თეფში აღარაა, აღარც ის ქალი მინახავს. ისე, დღეს აქ უკვე მეორე ღამეს გავათევ და მაინც აღარ გაჭრის იმის მოკლევადიანი მაგია.

4.11.2004

ძალიან მძიმე ღვინო იყო. გემო კი ჰქონდა კარგი, მაგრამ დილით თავი კინაღამ გამისკდა. იმ ფოტოგამოფენაზე ნაღდად აღარ ვიყავი წამსვლელი, ჩემი გამჭირვებოდა. ახლაც ვერა ვარ მაინცდამაინც მხნედ და აღარც ჩემი გამოფენა მადარდებს დიდად.

ვატო მაინც ჯანზეა. რომ ვუთხარი, დილით ვკვდებოდი და იმ ქალმა გრაპა დამალევინა-მეთქი, ბევრი იმხიარულა.

ის ქალი, რა თქმა უნდა, ისევ დაუკაკუნებლად შემოვიდა, ერთი შემომხედა, გაიცინა და გავიდა. მერე იმ პატარა ბიჭმა მომიტანა ერთი ჭიქა საზიზღარი, ტკბილი ყავა და რაღაც სუნიანი, მღვრიე სითხე, უშველებელი ბროლის ჭიქით. ეს არის გრაპაო, ბიჭმა მითხრა, და სანამ არ დავლიე, თვალი არ მოუცილებია. მერე რაღაცა დაიძახა და ქალმა დერეფნიდან უპასუხა.

მერე დამეძინა და ვატოს მოსვლამდე მკვდარივით მეძინა.

. . .

რა კარგია, რომ თბილა. გამოფენაც გადავაგორეთ. ხალხი უხვად იყო, თითქოს კმაყოფილები ჩანდნენ, მაგრამ რას გაიგებ. გასაგებია, რომ რასები არ არსებობს, რომ ეროვნება ერთობ განუსაზღვრელი რამაა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემთვის ეს ხალხი მაინც გაუგებარია და უცხო, ცოტა შესაშინებელი. მეტისმეტად ხმამაღლა ლაპარაკობენ, თითქოს სულ ჩხუბობენ. ქართველ ქალებს დაბინდული თვალები აქვთ, არ უბრჭყვიალებთ. რასაც მე ვუყურე, ან გაქვავებული სახით არიან, ან ხმამაღლა, თავგადაგდებულები იცინიან. მამაკაცებს დიდად არ დავკვირვებივარ, ნაკლებად მაინტერესებს და თან, რა დასამალია და, მეტისმეტად აგრესიულებად მეჩვენებიან.

შენ ხომ ამ დღიურს მაინც არ წაიკითავ და თუ წაიკითხე, ხომ ნამდვილად იცი, რომ ადამიანების, როგორც წესი, არ მეშინია. არც ამათი მეშინია, რა სისულელეა. უბრალოდ, ვერიდები.

5.11.2004

დღეს ისევ სისულელეში გავეხვიე. ვინ მექაჩებოდა, მაგრამ ეს ქართული სამზარეულო, ძირითადად, ხაჭაპური, აი, ის ყველიანი პური, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა. პირველ დღეებში კიდევ ხალისი იყო, ახლა კი აღარ მიხარია, თან სულ მეორდება და მეორდება. პირველ დღეებში ვერთობოდი, რომ მიხსნიდნენ, რა რა იყო, და იმასაც ამბობდნენ, პირველად თუ ჭამ, ჩაიფიქრე და სურვილი აგიხდებაო. მე ვერც სურვილებს ვიგონებდი და მერე პირველადაც აღარ ვჭამდი. მოკლედ, უკვე მომბეზრდა.

ვატოს ვკითხე, ნამცხვრის ჭამა და ყავის დალევა თუ მოუნდა კაცს, რა უნდა ქნას-მეთქი. დიდება ღმერთს, ვატოს პატრიოტული გრძნობები, როგორც წესი, ძალიან საღ ფარგლებშია მოქცეული და სისულელეებზე არ ბრაზდება ხოლმე. აქ მითხრეს, რომ ის ძალიან ძველი და ძალიან ცნობილი თავადური გვარის წარმომადგენელია, რომ ამ გვარის შვილები სულ დიდ-დიდი მოღვაწეები იყვნენ და ზოგის ძეგლიც კი დგას თბილისში. ვატოს არისტოკრატის სნობიზმი სულ არ ეტყობა, მასთან ლაპარაკიც ადვილია და საქმის კეთებაც. მოკლედ, ნორმალური კაცია.

ჰოდა, ვატოს ვკითხე, ნამცხარი და ყავა რომ მომინდეს, სად წავიდე-მეთქი, და მითხრა, ლიტერატურულ კაფეშიო. ძალიან ხმაურიან ქუჩაზე აღმოვჩნდი, ნახევარი საათი ვცდილობდი გადასასვლელზე გადასვლას, მერეღა დავინახე, მიწისქვეშა გადასასვლელი ყოფილა, მაგრამ რომ ჩავიხედე, ძალიან უსუფთაო იყო და ხალხიც არ ჩანდა და აღარ ჩავედი. იქ თუ მომკლეს, რაღა გამოვა.

კაფეშიც უამრავი ხალხი იყო, ძირითადად, ქალები. ერთს ყავის ჭიქა რატომღაც პიანინოზე ედგა, მაგიდაზე კი - საფერფლე. იმას მივუჯექი ჩემი ნამცხვებიანად. ნამცხვარი კარგი იყო.

როგორც ყველამ, ამანაც დამკითხა, საიდან ჩამოვედი, რას ვაკეთებ, საერთოდ, რა მინდა. ერთადერთი, არ უკითხავს, მოგწონს საქართველო თუ არაო. ეწეოდა და ეწეოდა, ერთ ჭიქა ყავას ბარე ათი ღერი მიაყოლა. მერე ჩაი მოუტანეს, ამანაც, სრულიად მოულოდნელად, ცალი ფეხსაცმელი გაიხადა, ფეხი სკამზე შემოდო და ზედ კაბა გადაიფარა. ამ ქართველ ქალებს ხომ ან უმოკლესი კაბები აცვიათ, ისეთი, საცვალი რომ უჩანთ ხოლმე დახრისას, ან კაბის კალთაში იბლანდებიან. საერთოდ, რაღაცნაირად აცვიათ, ვერ ვხვდები, მომწონს თუ არა. მოკლე მაისურებიდან ღინღლიანი მუცლები უჩანთ, პრინციპში, საინტერესოა, მაგრამ რა ვიცი. მამაჩემს ასეთ ჩაცმულობაზე სულ თირკმელები ახსენდება. რას იზამ, მოხუცია. მე კი საქართველოში სულ ამ ღინღლიან მუცლებს ვუყურებ, მიკროავტობუსებში კი - ღინღლიან ზურგებს და „გეპის” საცვლებს. ნეტა, რატომაა აქ „გეპი” ასეთი პოპულარული? უნდა ვიკითხო.

ამ ქალს უგრძელესი კაბა ეცვა და როგორც კაფეში მყოფი ქალების უმრავლესობას, შუადღისასაც საღამოს დასრულებული მაკიაჟი აქვს გაკეთებული. პომადა იმდენი უსვია, საფერფლეში ყველა კოლმუხს ეტყობა. მე ეს ძალიან მომწონს, ოღონდ არ ვიცი, ასეთ ქალს რაზე უნდა ველაპარაკო ან რა უნდა მოვუხერხო. ინგლისური კი კარგად იცის.

ვკითხე, ეს რისი ნიშანია, რომ მეტი აღარ გინდათ მეთქი? მან მითხრა, რომ თურქეთში შვრებიან ასე, როცა ჩაი აღარ უნდათ. ის კი მკითხაობას აპირებს. როგორ? როგორ და მარტივად, ნალექზე. თავის თავს უნდა უმკითხაოს. მერე მკითხა, შენ ხომ არ მიმკითხავებო. მე ვუთხარი, რომ არ შემიძლია და ასეთების არ მჯერა. ძალიან მიგიქარავსო. ზუსტად ასე მითხრა და მთლად დავიბენი, იმიტომ რომ მანამდე უზრდელისა არაფერი ეტყობოდა.

ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და მერე მითხრა, თუ გინდა, ყავა დალიე და მე ჩაგიხედავო. ეს ყავა კი არა, ახლა რომ სვამ, - სხვა, თურქულიო, და პასუხი არ მაცალა, ოფიციანტ გოგოს რაღაცა უთხრა და მომახსენა, ახლავე მოიტანსო.

მე ვუთხარი, რომ აქ ყველა რაღაც სურვილის ასრულებას მპირდება და არ ვიცი, რა უნდა ვისურვო. საერთოდ, არ ვიცი, რა მინდა. მითხრა, რომ ეს სისულელეა - ისევ იუზრდელა, მაგრამ რა ვქნა; რომ ყველას რაღაცა უნდა, ოღონდ ზოგი ბედავს, რომ რაღაცა უნდოდეს, ზოგი კი - ვერა. აი, მას ბევრი რამ უნდა და, სხვათა შორის, უსრულდება კიდეც. ყოველთვის უსრულდება - და ახალ სიგარეტს მოუკიდა.

მეც მომინდა მოწევა და სანამ ჯიბეებში ვიქექებოდი, ამან სიგარეტი პირიდან გამოიღო და მომცა. აი, ასე, პირდაპირ, ძველი საყვარელივით. პომადით გასვრილი სიგარეტი. გამოვართვი, რა უნდა მექნა. მითხრა, აი, შენ რომ თქვი, არაფერი არ მინდა და სურვილი არა მაქვსო, სიგარეტი ხომ გინდოდაო, და რომ მოგინდა, ხომ აგისრულდა კიდეცო.

მე მისი ლოგიკა დიდად ვერ გავიგე, მაგრამ რა ვქნა. გამოვართვი სიგარეტი და ქურთუკის ჩაცმა დავიწყე. მოუხერხებელი კი იყო, სანამ ვიკრავდი, ბოლი თვალს მწვავდა, რაღაც ახლაც მეცრემლება. რას შვრებიო. მივდივარ-მეთქი და დიდი მადლობა სასიამოვნო საზოგადოებისა და სიგარეტისთვის-მეთქი. კაი, შენს ყავას მე დავლევო.

ახლა მგონია, რომ იმ ქალს მართლა სულელი ვეგონე. შენც სულელი გგონივარ ხოლმე, ჰო? მართლა ვერ ვხვდები, ასეთ დროს რა უნდა ვქნა.

. . .

ის ქალი იქ ისე იჯდა, ნამდვილად სულ იქ ზის. არც პიანინოზე ყავის დადგმა დაუშალეს, ეტყობა, იქაურია. ხვალ ვატოს ვთხოვ, რომ გამომყვეს და მასთან ერთად როცა ვიქნები, უფრო გავიგებ, რა ქალია.

აი, სურვილიც გამიჩნდა. ესე იგი, შემისრულდება.

6.11.2004

დღეს საქართველოს ძველ დედაქალაქში მივდივართ. იქ ძველი ტაძრები ყოფილა. ვატომ თქვა, ვნახოთ, თუ დროზე გავედით, გორშიც წაგიყვან, სტალინის მუზეუმშიო. ეს კი საინტერესოა, მაგრამ დროზე აშკარად ვერ გავდივართ, ვერ გავიგე, რატომ იგვიანებენ, ამიტომაც ვწერ ახლა. თან საღამოს ალბათ გვიან მოვალთ, იმიტომ რომ ერთმა ბიჭმა, ისიც ქარვასლაში გავიცანი, მითხრა, რომ მცხეთაში მაგარ რესტორანში ვივახშმებთო.

მე აღარ დავლევ ღვინოს. ქართველი კაცები უფრო არაყს სვამენ და ალბათ უკეთ ესმით ეს საქმე.

. . .

გორში აღარ წავსულვართ, სამ საათში დაბნელდებოდა და აღარ ღირდა. ძველ დედაქალაქში ვიყავით და კარგი იყო, მშვენიერი. ბევრი ისტორია მიამბეს, ოღონდ, სულ სევდიანები: ხან ბერი ჩავარდა მდინარეში იმიტომ, რომ ქალი შეუყვარდა, ხან მთაზე დამარხეს ვიღაცა მაგარი მეფე, ხან მთაზე რომ ტაძარია, იმაში მტრებმა საჯინიბოები გამართეს.

ყველაზე ბევრს წმინდა ნინოზე მიყვებოდნენ და ძალიან მომეწონა. მართალია, მე სულ სხვანაირი მგონია, ისეთი კი არა, ხატებზე რომაა, მიკნავებული. მე მგონია, რომ ის ძალიან ლამაზი გოგო იყო, რამხელა გზა გამოიარა, თან ფეხით, და მაინც მეფეს მოუნდა ცოლად. თან, ეტყობა, მაგარი გოგოც იყო, რომ კერპები ლეწა და რა ვიცი, რა აღარ ჰქნა, და სულ არ ეშინოდა.

ქალების მონასტერში სულ სხვანაირი ქალები იყვნენ. მე ასეთები არ შემიძლია, კი მომწონს, შავები და მუქები რომ აცვიათ და შებურულები რომ არიან, ვერც კი მიხვდები, ახალგაზრდაა თუ მოხუცი, სახეში რას ჩახედავ. მაგრამ არ ვიცი, ასეთ ქალს რაზე უნდა ველაპარაკო ან რა უნდა მოვუხერხო. ორთოდოქსები საერთოდ სხვანაირები არიან. რომ გამოვდიოდით, ერთი ასეთი ქალი, მონაზონი იყო ალბათ, თეთრ ჯიპში ჩაჯდა, საჭეს მიუჯდა, და გამოვშტერდი. ალბათ გალავანს რომ გაცდება, სიგარეტს მოსწევს, ასევე, შებურული, და სახეც ასეთივე მკაცრი ექნება. აუჰ! მაგრამ ალბათ ტაძარში ასეთების ფიქრი არ შეიძლება.

. . .

მცხეთიდან კი ადრე წამოვედით, მაგრამ ლიტერატურულ კაფეში მაინც არ მივსულვართ, დავიღალე და თან მაინც ღვინო ვსვი, არაყს ძალიან ცუდი გემო ჰქონდა. არა უშავს, ხვალ გამოვიძინებ და ისე მივალ ქარვასლაში.

ის ქალი კიდევ იძახდა, ისურვე და შეგისრულდებაო. მართლა ეგრე რომ იყოს, რა მიჭირდა.

. . .

მინდა, სახლში რომ ჩამოვალ, შენთან აღარაფერი მქონდეს გასარჩევი. ძალიან მინდა, რომ აღარ გეპრანჭებოდე და შენ მაინც მოგწონდე, ჩემთან ერთად ყოფნა გიხაროდეს და თან ამაყობდე, რომ მე ყველაზე ნიჭიერი ვარ, ყველაზე მაგარი, და ყველა გოგოს შურდეს, რომ შენთან ერთად ვარ.

რაებს ვწერ. აშკარად დამათრეს. არა უშავს, ხვალ ამოვხევ.

7.11.2004

გამოფენასთან დაკავშირებით ყველა კომპლიმენტებს მეუბნება. მსიამოვნებს, მაგრამ აღარ ვიცი, მართლა ასე ფიქრობენ თუ უბრალოდ ზრდილობას იჩენენ. როცა მე არ მომმართავენ, ქართულად იწყებენ ხოლმე ლაპარაკს, მარტო ვატოა ტაქტიანი, ჩემი თანდასწრებით ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკს ერიდება, მაგრამ დანარჩენებმა, პრინციპში, არც იციან ისეთი ინგლისური. ჰოდა, ქართულად როცა იწყებენ ხოლმე ლაპარაკს, სულ მგონია, რომ ჩემზე ლაპარაკობენ და ვღელავ. ეს რომ ვატოს ვუთხრა, ალბათ გაეცინება ან ეგონება, რომ პარანოია მჭირს. არადა, ვღელავ და რა ვქნა.

ეს დღეები ხომ სულ ქარვასლის ხალხთან ერთად ვარ და სულ არტზე ვლაპარაკობთ. უფრო ისინი ლაპარაკობენ, იგივეს, რასაც არტისტები მთელს მსოფლიოში ლაპარაკობენ.

სადაც კი ვყოფილვარ, არტისტები სულ ყველგან ერთნაირები არიან. ამათ უმრავლესობას კი სულაც დიდ-დიდი ხანი უცხოვრია ევროპაში და რა ვიცი, სად აღარა. ამიტომ გარეგნობის და ენის გარდა დანარჩენი არტისტებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. ვერც გაიგებ, ზოგი მართლა ისეთი გაჭირვებულია, რომ კბილებს ვერ იკეთებს, თუ პოზაა ასეთი. ისე, იმ მხატვრის კბილებმა მართლა ცუდად გამხადა. რა საშინელებაა, ჯერ ახალგაზრდა კაცია და თავმოყვარეობა არა აქვს? თუნდაც ბებერი იყოს. კოხტა გოგო კი ახლდა. ნეტა, როგორ კოცნის ის კოხტა გოგო? ალბათ იმასაც ჭირს უკვე რაღაცა უბედურება, პარადონტოზი ან რაღაც ეგეთი. ფუ.

გოგომ მიამბო, რომ რამდენიმე ხნის წინ ფანჯარაში მტრედი შეუფრინდა, მერე ერთმა მეგობარმა გოგომ სიზმარში ნახა, რომ მას, ანუ თვითონ ამ გოგოს, ჩიტი ჰყავდა, ჭრელი, - პრიალა, წვეტიანი, კოხტა ნისკარტით და მერე ამ უკბილო კაცმა ნახატი აჩუქა, ჩიტი. მერე-მეთქი. მერეო, აი, უცხო ჩიტიც გაგიცანიო, და მოკვდა სიცილით. პარადონტოზი არ ეტყობა, მაგრამ ცოტა დარტყმული კია. არც დღეს ვარ ლიტერატურულ კაფეში წამსვლელი. საღამოს ვიღაც ფოტოგრაფთან მივდივართ სტუმრად. იმის ნამუშევრები კი ვნახე, მშვენიერი ჩანს, მაგრამ კაცი ჯერ არ მინახავს. ბიჭებმა თქვეს, მაგარი გრაპა აქვს ხოლმეო. ესე იგი, ისევ დავთვრები და ხვალ თავი გამისკდება.

ნეტა, ის ჩემი ქალი სად დაიკარგა? ხვალ თუ თავი გამისკდა, იმედია, გრაპას მომიტანს.

მე ალბათ გავლოთდები.

. . .

არ მეძინება. ჯერ კი დამეძინა, მაგრამ ახლა გამეღვიძა და თავი მისკდება. ვიფიქრე, გურამის ამბებს დავწერ-მეთქი, მაგრამ აშკარად არა მაქვს ამის თავი. თავი გამისკდა.

წინა ჩანაწერები წავიკითხე და არაფერსაც არ დავხევ. რატომ უნდა დავხიო, მაინც არ იქნები არაფრის წამკითხველი, სულ არ გკიდია?

8.11.2004

მე მგონი, ეს ჩემი მეზობელი თუ ვერ გავიგე, ვინ ოხერი, მოკლედ ის ქალი შემიყვარდება. რომ გავიღვიძე, სულელივით ველოდი, როდის შემოვარდებოდა.

რომ შემოვიდა, გამეცინა, იმასაც ეცინებოდა. ეტყობა, სახლის წინ დგანან საღამოობით ვიღაცეები და უყვებიან, მთვრალი როდის ვბრუნდები ხოლმე. ერთი უნდა დავაკვირდე. არადა, მე რომ მკითხო, არც ფეხი მერევა და საერთოდ, სულ არ მეტყობა სიმთვრალე. ამჯერად გრაპას მაგივრად მინერალური წყალი შემომიტანა, ეგეც კარგი იყო. გურამის გრაპას გემო ახლაც მაქვს პირში. ისე, მართლა კარგი იყო. სანამ წყალს ვსვამდი, ოთახში დაბორიალობდა. შემეშინდა, ფარდა არ გადაწიოსმეთქი, მზის შუქი გადამრევდა, მაგრამ არ ქნა. ალბათ მთელი ცხოვრება ლოთებს უვლის.

„ფინიშ?” ფინიშ-მეთქი. გავიდა.

წყალი არ მოდიოდა. ახლაც არ მოდის. ახლა მივხვდი, რატომ დგას ხოლმე მიკროავტობუსებში მძიმე სუნი. არაუშავს, ვატოს ვთხოვ, რამეს მომიხერხებს.

. . .

აბანოში ვიყავი. ამიერიდან ყოველდღე იქ ვივლი, რას ვწუწაობდი აქამდე იმ კარადისხელა სააბაზანოში. მერე ზემოთ ავედით სადღაც, იქაც გუმბათები იყო, და ძალიან ჩაოხრებულ ჩაიხანაში მაგარი ჩაი დავლიეთ. ისევ კარგი ამინდია.

ნეტა ადრე არ ბნელდებოდეს. რომ ბნელა, ლიტერატურულ კაფემდე მისვლა მეზარება, თორემ მივიდოდი და იმ ქალს დავპატიჟებდი ამ ჩაიხანაში. ნაღდად არ იქნება ნამყოფი. ასეთი მოვლილი და დახატული ქალები აქ ალბათ არც დადიან.

ჩემი მეზობლის თუ რაღაც ქალის დაპატიჟებას აზრი არა აქვს, ვერც ვილაპარაკებთ და თან ეს ჩაიხანაც ჩემზე უკეთ ეცოდინება.

ძალიან მინდა, ვინმე სადმე დავპატიჟო, თორემ სულ საქმე და საქმე. საღამოობით კი კარგია ხოლმე. ისედაც კარგია, მაგრამ მაინც. საქმე და საქმეზე ლაპარაკი სახლშიც მეყოფა.

ბიჭებმა მითხრეს, რომ იქ, გუმბათებთან რომ ახალი დიდი აბანოა, იქ პროსტიტუტკები არიან. ამას რომ ამბობდნენ, რაღაც უხამსად ეცინებოდათ და მეც ასევე გავუცინე.

მომინდა მეც სექს-ტური. იდიოტი ვარ. რა კარგია, რომ ამ ნაწერებს არასოდეს წაიკითხავ. თუმცა, რომ წაგეკითხა... რა ვიცი.

რა მინდა, რომ იეჭვიანო? რა სისულელეა.

9.11.2004

დღეს ისევ გურამთან ვიყავი. გურამმა ინგლისური არ იცის, ცდილობდა გერმანულად აეხსნა რაღაცეები, მაგრამ ვერაფერი გავიგე. მასთან კიდევ ორი ფოტოგრაფი იყო, ქალები - ლიზა და ირა. მე როგორც მივხვდი, ისინი ქართველები არ არიან. ამ ორ გოგოს გამოფენა ყოფილა იმ დღეს ბრიტანელების გამოფენაზე და ძალიან შემრცხვა, რომ ვერაფერი ვუთხარი - არცერთი ფოტო არ მახსოვს და არც ესენი მახსოვდნენ.

ნეტა ადრევე გამეცნო ეს გოგოები. ძალიან მხიარულები არიან და საინტერესოები. ლიზა დიდია, თეთრი, ხმამაღლა იცინის, სულ არ ერიდება. რუსულად ლაპარაკობდნენ და ლიზა სულ იცინოდა. მისი ფოტოსურათი გურამს კიბესთან აქვს აყუდებული, თავის სერიაში, სადაც ნიღბიანი ადამიანები ჰყავს გადაღებული. იმ ფოტოზე ლიზას შავი ტუჩები აქვს და უზარმაზარი ენა აქვს გამოყოფილი. მაგარი ფოტოა და ლიზაც მაგარი გოგოა. წვეთს არ სვამს და მაინც სულ იცინის.

ის ირა უფრო ფოტომოდელს ჰგავს, ვიდრე ფოტოგრაფს, მაგრამ გურამმა თქვა, რომ კარგი ფოტოგრაფია. ნიღბიანი ირას პორტრეტი არ მინახავს. გრძელი, ჩალისფერი თმა აქვს და მწვანე თვალები, მაგრამ კანი მუქი აქვს. ისიც მხიარულია, მაგრამ ჩუმად იცინის. რაც იქ ვიყავი, სულ ჩუმად იჯდა კითხეში და ასე იღიმებოდა. რაღაცეებზე კი მელაპარაკა, შენი ნამუშევრები ვნახე და მომეწონაო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ამდენს უკვე მივხვდი.

მეორე სართულზე გურამს საძინებელი ოთახი აქვს მოწყობილი. იქ რატომ ავედი, აღარ მახსოვს, მგონი დასარეკად, მაგრამ კიდევ კარგი, ავედი. კედელზე ისეთი ფოტო კიდია, პირი დავაღე. ფოტოც მაგარია, მოდელი კი ისეთია! ცოტა შენნაირი, მაგრამ რადგან შენ ამის წამკითხავი მაინც არ ხარ, უშიშრად ვიტყვი, რომ შენზე ბევრად ლამაზია. მოგეწონაო, ირამ ამომძახა. ძალიან-მეთქი, და ლიზამ ხმამაღლა გაიცინა, ოღონდ ვერ მივხვდი, რაზე. იმედია, მე არ დამცინა. არ დამცინებდა, მაგარი უბოროტო გოგო ჩანს. ირამ მითხრა, რომ ის გოგო თბილისში აღარ ცხოვრობს, ევროპაში წასულა, იქ ვიღაც მაგარი ფოტოგრაფები იღებენო. ლიზას, გურამის და ირას მოდელი ყოფილა. ძალიან აქეს, მაგრამ ეს აღარაა აქტუალური.

მერე გურამი სადღაც იყო წასასვლელი და ლიზა, ირა და მე ლიტერატურულ კაფეში წავედით. მათთან ერთად ყველაფერი სხვანაირად იყო, სულ ვიცინოდით, სხვადასხვანაირი ნამცხვრები ავიღეთ და ერთმანეთს ვუმასპინძლდებოდით. ის ქალი პიანინოსთან არ იჯდა, საერთოდ არ გამოჩენილა. ახლა, საღამოს, ყველაფერი სხვანაირი იყო, აღარც ქალების მაკიაჟი იყო თვალშისაცემი. ძალიან კარგი, რომ კიდევ ერთხელ მივედი და ის ამბავი რაღაც სიზმარივით აღარ გამყვება.

გოგოებს ვკითხე, თქვენ თუ მკითხაობთ ხოლმემეთქი. ხანდახანო. გისრულდებათ ხოლმე-მეთქი? ძირითადად, კიო.

ამ ქვეყანაში ვისაც რა არ უნდა ჰკითხო, იძახის, ყველაფერი კარგად იქნება, ყველა სურვილი ახდება, ძალიან ბედნიერები ვიქნებითო. საამისო დიდად არაფერი ეტყობათ, ისიც არ მესმის, რანაირად ცხოვრობენ, ან ფული საიდან აქვთ და საერთოდ, რამის ხალისი. სულ ომი სჭირთ, სულ რაღაც არჩევნებია, სულ პოლიტიკოსებს აგინებენ, ქუჩაში სულ მათხოვრები დარბიან, ლამისაა, მანქანებს ქვეშ შეუცვივდნენ. ჯერ მარტო ფოტოები რომ ნახო, სრული დეპრესიაა - და მაინც რაღაცით ხარობენ, თან ამერიკელებივით კი არა, მგონი მართლა უხარიათ. ეტყობა, რაღაც სხვანაირი სურვილები აქვთ, რომლებიც უხდებათ, ვთქვათ, იმ ქალის არ იყოს, იმ დღეს რომ პიანინოსთან იჯდა, სიგარეტი უნდათ და ვინმე აწვდით, ან რა ვიცი, რამე მსგავსი, და ეს ახარებთ.

ისე, შეიძლება, ჰავის ბრალიც იყოს. სულ მზეა და სულ თბილა. ეს უკვე კარგია.

10.11.2004

მე მგონი, მეც გრიპი მჭირს. ყელი მტკივა, ცალი ყური დამიგუბდა და საერთოდ, ცუდად ვარ. ქარვასლაში რამდენიმე გოგო იყო ავად, ალბათ იმათგან გადამედო. ძალიან მწყდება გული.

ვატომ მითხრა, რომ მაგ საქმეს აბანო შველის. წავედი აბანოში, ოღონდ ცალკე კი არა, საერთო განყოფილებაში. დიდხანს ვიყავი. იმ მასაჟისტმა თუ მბანელმა, თუ რაც ჰქვია, მაგრად იმუშავა. დავიღალე. საერთოდ, იქ მიმსვლელი აღარ ვარ: ბანჯგვლიანი კაცები, ზოგი ისეთი მუცლით, გული რომ გაგისკდება; თან ყველა გამოსაუბრებას ცდილობდა და ვერ ახერხებდა. იატაკიც ზინტლიანი იყო.

ისე, მაგრად გავხურდი და სახლში რომ მივედი, აღარაფერი მტკიოდა. უბრალოდ, მოწყვეტილი ვიყავი. ეგ არაფერი, ვატომ მითხრა, შეგიძლია მთელი დღე დაისვენოო, მერე გეტყვით, რასაც მოვილაპარაკებთო. ამიტომ შევედი რაღაც მინიმარკეტში და ქალს ვუთხარი, გრაპა მინდა-მეთქი.

იმან ვერაფერი გაიგო და სხვას დაუძახა. იმანაც ვერ გაიგო და მივხვდი, რომ გრაპა რა იყო, არ იცოდნენ. სამაგიეროდ, ვოდკა იცოდნენ და პატარა ბოთლი ვიყიდე.

სახლში ეს ვოდკა დავლიე და ძალიან დიდი ჭიქით ძალიან ცხელი და ძალიან ტკბილი ჩაი მივაყოლე, შიგ ბევრი ლიმონიც ჩავაწურე - ეს ვატომ მასწავლა. მერე ჩემი წამლებიც დავლიე და დავიძინე. მზე კი იყო, მაგრამ მალე დაბნელდებოდა.

მერე, სამიოდე საათში გამეღვიძა და მას აქეთია, ვარ ასე, ისევ ყელი მტკივა და ახლა ორივე ყური მაქვს დაგუბებული. რა მეშველება?

. . .

გამოფენას ზედ დაკეტვამდე მივუსწარი და ამიტომ დიდად ვერ დავათვალიერე. ავეჯი იყო, ვიღაც ცნობილი ქართველი დიზაინერის. ის კაციც იქ იყო, მაგრამ ინგლისური დიდად არ ეხერხებოდა და ვერ ვილაპარაკეთ.

მე მეგონა, რომ გალერეაში ლიზას და ირას შევხვდებოდი, მითხრეს, მივალთო, მაგრამ არ იყვნენ. ეტყობა, დამაგვიანდა. იმ კაცსაც ვერ ვკითხე, დიზაინერს, იქნებ სულაც არ იცნობს. მერე მაინც წავედი ლიტერატურულ კაფეში, მაგრამ იქაც არ დამხვდნენ, იქ ვიღაც კაცები გამეფებულიყვნენ და „ჩემი” მაკიაჟიანი გოგოები კანტი-კუნტად თუ ისხდნენ. არც პიანინოს ქალი ჩანდა. მოკლედ, ცუდი დღე გამოვიდა.

ახლა ისევ ჩემს ლოგინში ვწევარ და არ ვიცი, რა ვაკეთო. ისევ მეძინება. ახლა ვატოს დავურეკავ და ვეტყვი, რომ კარგად ვარ და ხვალ დილიდან მივალ ქარვასლაში. წამლებს დავლევ და ეგ იქნება.

ნეტა ლიზასთვის ან ირასთვის ტელეფონი გამომერთმია. ისე, არც თვითონ უკითხავთ. ეტყობა, აღარ უნდათ ჩემთან შეხვედრა.

რა საინტერესოა, შენ საერთოდ, ოდესმე მართლა მოგწონდი? ისიც საინტერესოა, აი, იმ პიანინოს ქალთან რომ ურთიერთობა გამომსვლოდა, შენზე საერთოდ ვიფიქრებდი თუ არა?

რა ურთიერთობა უნდა გამომსვლოდა. საერთოდ, ის ქალი სახეზეც აღარ მახსოვს.

11.11.2004

ვერ ვხვდები, ამ ხალხს რანაირი ხელოვნება მოსწონს. საერთოდ, რა ხალხია. თუ გურამი მოსწონთ, რატომ დადიან ისეთ სასწაულ გამოფენებზე, დღეს რომ ვიყავი? არადა, ზუსტად ერთი და იგივე ხალხი დადის ყველგან, მეც კი ვცნობ სახეზე, და ყველგან ერთნაირი სახით დადიან. რა ხალხია, ვერც კი ვხვდები: საშუალო ხნისა, თინეიჯერები ნაღდად არ არიან, თითქოს განათლებული და განვითარებული, თითქოს კრიტიკული, თან ფული არა აქვთ, თან ქარვასლასთან რომ მდიდრული კაფეა, იქ სხედან გამოუსვლელად, ქალებს მეორე ხელის ტანსაცმელი აცვიათ და უახლესი სუნამოს სუნს აფრქვევენ. რა კარგია, რომ სუნამოებში მაინც გამარკვიე, რამე ხეირი მაინც ხომ უნდა მქონოდა შენგან.

ერთი ასეთი ხელოვანი თუ რა ვიცი, ხელოვნების მოყვარული და რაღაცა, დიდხანს მელაპარაკა, რომ ჩემს სამშობლოში ნამყოფია, რომ ზამთარში თხილამურებით ისრიალა და რომ ჩვენთან მაგარი ტბებია. შვეიცარიაში ყოფილა. არც გამეცინა და არც გავღიზიანებულვარ, რა ვუყო ახლა.

გამოფენის მერე იმ სნობურ კაფეში წავედით. ქუჩაზე ახალი ძეგლია, ფარაჯანოვის, რომელიც ქართველი ყოფილა; უფრო სწორად, სომეხი, მაგრამ თბილისელი. მე ის ძეგლი მომეწონა, შვეიცარიაში ნამყოფმა ხელოვანმა თუ ხელოვნებათმცოდნემ კი თქვა, კარლსონიაო, და თვალი ჩამიკრა. რატომაა კარლსონი, რახან დაფრინავს? მე ძალიანაც მომწონს.

ალბათ მართლა ავად ვარ. მთელი დღე ყველაფერი მაღიზიანებდა. იმ კაფეში სულმთლად გავმწარდი, რაღაც სუნიანი სანთლები ენთო, გოგოები კი იყვნენ ლამაზები, მაგრამ სულ მობილურები ჰქონდათ ჩაბღუჯული, ან ღრმააზროვნად ეწეოდნენ და თვალებს ბლიტავდნენ. ჩვენს სუფრასთან ერთ ქალს ვკითხე, შედარებით ცოცხალს ჰგავდა, ყავაში ხომ არ ჩამიხედავთ-მეთქი, და სიცილით მოკვდა.

ვატო არ წამოგვყვა, ეტყობა, მთლად არ ვაფრენ, რაღაც არ იყო კარგი ადგილი.

საღამოს ძველ ქალაქში გადავწყვიტე გასეირნება. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ზედა ქუჩებში ვეღარ შევბედე, ძალიან ჩაბნელებული იყო, კაცი არ ჭაჭანებდა. არაუშავს, იქ ხვალ-ზეგ ავალ, კიდევ მთელი კვირა უნდა ვიყო აქ.

. . .

რომ არ დავწერო, გავსკდები. ისე გადავირიე, კინაღამ ვატოს დავურეკე მოსაყოლად, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდხანს მოვუნდებოდი.

ის-ის იყო, ჩავიძინე, რომ კარის სახელურს ვიღაცა დაეჯაჯგურა და მერე ისე დააბრახუნა, გული გამისკდა. ვინ ხარ-მეთქი, და ქალის ხმამ რაღაცა მიპასუხა. თითქოს გაჯავრებული იყო.

ავდექი, ჩავიცვი, გავაღე. მთელი ეს დრო სულ აკაკუნებდა, გამაგიჟა. რომ გავაღე, ის ჩემი მეზობლის ქალი იყო. ხელში, ღმერთია მოწმე, არ მეჩვენებოდა, ყავის ჭიქა ეჭირა.

ისე შემოვიდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვეხვეწებოდი, მოდი-მოდი-მეთქი. ჭიქა კომოდზე შემოდგა და თვალით მანიშნა, მიდიო. მე თვალით საათისკენ ვანიშნე, შუაღამე ხდებოდა. თავი გააქნია, აქაოდა, ვერ გავიგეო.

დავლიე ის ყავა. გაგრილებული იყო, უცებ დავლიე. ბოლო ყლუპი არ გამაკეთებინა, ხელში მწვდა - საშინლად ფამილარულები არიან ეს ქართველი ქალები, და ზუსტად იმ პიანინოს ქალივით დაატრიალა: იქით-აქეთ, სითხე ლამბაქზე დაასხა და ჭიქა ზედ ჩემს მოსაწვევებზე დაამხო. კინაღამ ვუყვირე, მაგრამ რა აზრი ჰქონდა. მხარზე ხელი დამიტყაპუნა, არცთუ მსუბუქად, და გავიდა. კარი ღია დატოვა, მივხვდი, რომ დაბრუნდებოდა.

ამჯერად პატარა ბიჭის ნაცვლად ერთი პატარა, მრგვალი, ყვითლად თმაშეღებილი, წარბებდაპუტული, ტყავისშარვლიანი გოგო შემოიყოლა, ძალიან სასაცილო. საღეჭი რეზინი ბეჭედზე ჰქონდა მიკრული, თავისი ყავის სმას რომ მორჩა, ისევ პირში გაიქანა. ამ გოგომ მშვენიერი ინგლისური იცოდა, ცხადია, ყველაფერი მკითხა, აღმსარებლობაც კი. ორივენი ჩემს ლოგინზე ჩამოსხდნენ, ყვითელთავიანი ლაპარაკობდა, ის მეორე კი ჩემს ჭიქას ჩაუღრმავდა. ალაპარაკდა, ყვითელი თარგმნიდა.

მითხრა, რომ მე ვერაფერი გამიგია; გრძელი გზა იმისთვის მქონდა, რომ რამე გამეგო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე. შენზეც მელაპარაკა, მითხრა, რომ შენ ის არ ხარ, რაც მე მინდა რომ იყო, რომ ბევრად მეტი ხარ და ამიტომაა, რომ არაფერი გამოდის. უცებ გამიჯავრდა და მითხრა, რომ მე მეტისმეტად ბევრის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს; რომ სანამ შენზე ასე ფიქრს კიდევ გავბედავ, არაფერი მეღირსება; რომ ჩემი ნამუშევარი, რაც არ უნდა გავაკეთო, გაუბედავი იქნება. მან მითხრა, რომ შენ ჩემი იდეური ერთგულება და შენზე ფიქრი კი არ გჭირდება, ის გჭირდება, რომ მე აღარაფერი დაგიმალო, როგორც - თეატრალურად გადმოაბრუნა და ზედ ცხვირთან მომიტანა ყავის ჭიქა - ამ ჭიქაში არ იმალება არაფერი.

მერე მითხრა, რომ წინ ერთი დიდი გზა მაქვს - ალბათ შინისკენ მიმავალი - და ერთი მოკლე, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მე ის პატარა გზა დიდ სიხარულს მომიტანს და კიდევ ერთხელ მექნება იმის შანსი, რომ რაღაცა გავიგო. რა უნდა გავიგო-მეთქი? ეგ შენ იციო, მითხრა. მერე მითხრა, რომ მე უკვე მაქვს წარმატება და კიდევ მექნება, მაგრამ ის “კიდევ” - სხვა საქმეში, იმაში არა, რასაც ახლა ვაკეთებ. მითხრა, რომ ამ გრძელი გზის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძველი, თითქოს სამუდამოდ წასული ქალი დაბრუნდება, ოღონდ ძალიან მოულოდნელად, სულ ცოტა ხნით, „და იფიქრებ, რომ სახლში დაბრუნდი”. ვინ ქალი? მხრები აიჩეჩა. ახლა ჩაიფიქრე და თითი ჩაყავიო.

ისევ სურვილი. რა უნდა მესურვა? საერთოდ, რა სისულელეა ეს ყავა! არაფერიც არ ჩავიფიქრე და ისე ჩავყავი თითი. ჩაიხედა და თითი თვითონაც ამოუსვა.

„არაფრისგან არაფერი გამოდის,” თარგმნა ყვითელთავიანმა. „ხომ ვთქვი, ვერაფერი ვერ გაიგე”.

წავიდნენ. ყვითელთავიანმა ღამე მშვიდობისა მისურვა.

მე ამ უზრდელი ქალის, ცოტა არ იყოს, მეშინია. დღე რომ იყოს, კიდევ რა უშავს. ვეცდები, ხვალ გვიან დავბრუნდე, ან სულაც ვატოსთან დავრჩე, ან ლიზას და ირას ვთხოვო, რომ ღამით ჩემთან წამოვიდნენ. სექსი რა შუაშია, უბრალოდ, ვიცინებთ მაინც.

12.11.2004

ჩემი სახლის ზემოთ, ქალაქი ულამაზესი ყოფილა! კარგი შემოდგომაა, ძალიან თბილა. ამის აღწერა რომ დავიწყო, შაქრიანი სანტიმენტები გამომივა, მაგრამ მართლა ასეა და რა ვქნა.

ახლა ერთ კაფეში ვზივარ, ქალაქის ახალ ნაწილში, ჩემი მოგზაურობის ქუჩებიდან საკმაოდ შორს. ესეც ლიტერატორთა კაფეა, ოღონდ სულ სხვანაირი. ქვედა სართულზე ვიღაცა ახალგაზრდა ლექტორს ოთხი მონდომებული სტუდენტი ჰყავს ყავაზე დაპატიჟებული, როგორც მივხვდი, კაფკაზე ლაპარაკობენ, ოღონდ როგორც კი ზემოთ ადგილი გათავისუფლდა, იქ გადავინაცვლე. აქედან ქუჩასაც ვხედავ და ოფიციანტის დაჭერაც უფრო მეიოლება.

მთელი მაგიდა ჩემს განკარგულებაშია, ამიტომ თავისუფლად ვწერ. ჩემს პირდაპირ ერთი ახალგაზრდა კაცი ზის, ტერორისტს ჰგავს, ჩაის სვამს და რაღაცას მონდომებით კითხულობს. ჩვენს ქალებს ასეთი კაცები ძალიან იზიდავენ, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი შავები არიან თუ რატომ? ის დიდი ძაღლიც ამ კაცის ყოფილა. ზრდილობიანი ძაღლია, ფანჯარაში კაცივით იყურება, მხოლოდ ვიღაც გოგოებს მიახტა ერთხელ, ისინიც ნაცნობები ყოფილან და არ შეეშინდათ, მაგრამ კაცმა მაინც რაღაცა უთხრა და ძაღლი კვლავ ფანჯარას დაუბრუნდა.

დღეს კარგი დღეა.

სულ ახალგაზრდა გოგოები შემოლაგდნენ, ალბათ სტუდენტები არიან. ერთ მაგიდას ხუთი გოგო მიუჯდა და ორი ჭიქა წვენი აიღეს. საწყალი კაფეს მფლობელი! არა, აი, ყავაც მოაქვთ. დალევენ, დაატრიალებენ და უამბობენ ერთმანეთს ათასგვარ სისულელეს.

სულ ასეთი დღეები რომ მქონდეს, ჩემს სიცოცხლეში ვერაფერს გავაკეთებდი. ვიჯდებოდი ასე, დიდი ფანჯრის წინ და ვიჯდებოდი და ვიჯდებოდი.

პატარები ნახე, რა! ხან იმ ტერორისტს უყურებენ მრავალმნიშვნელოვნად, ხან - მე. ტერორისტი ზედაც არ უყურებს, წიგნს ფურცლავს, მე კი ავვარდი. ეგ რომ ჩემს ქვეყანაში იყოს, ეგეც ავარდებოდა ჩვენს გოგოებზე, მაგას რა თქმა უნდა.

ცხადია, სანთებელა მთხოვეს. ახლა ამას დავწერ - რომ იფიქრონ, რომ რაღაცას მართლა ვწერ - და გადავჯდები.

13.11.2004

გუშინ ვიყავი თბილისურ ღამის კლუბში, რომელსაც რატომღაც ბერლინი ჰქვია. რაღაც ინდუსტრიული შენობა უნდა ყოფილიყო, უზარმაზარი ფართია. ძალიან გვიან მივედით, პირველი იქნებოდა. მე მთვრალი ვიყავი და ამიტომ არ ვიცი, ჩემი თანამგზავრი გოგოები როგორ იყვნენ. ალბათ ისინიც მთვრალები იყვნენ.

გუშინ მთელი დღე არ გამხსენებიხარ. დღეს თავი არ მტკივა და წავალ ახლა ვატოსთან, გუშინდელებს ვუამბობ და მერე, საღამოს, ვატო მე და თინიკოს სანსუსიში გვპატიჟებს, სასახლეში კი არა, კაფეში.

სულ გამოვტვინდი, რა იყო ახლა ეს, ხუმრობა?

. . .

თინიკომ მითხრა, რომ ცოტა შვედური იცის, ოდესღაც ერთი კაცი ასწავლიდა, რომელიც ახლა გამომცემელია. გინდა, გაგაცნოო? რისთვის-მეთქი. რომ შვედურად ილაპარაკოთო.

მე არც შვედურის მცოდნე გამომცემელი მინდა, არც შვედურად ლაპარაკი, არც ის მინდა, რომ თინიკომ შვედურად ილაპარაკოს და საერთოდ, არაფერი არ მინდა. როცა გაირკვა, რომ თინიკო შორს ცხოვრობს და ამიტომ ტაქსით უნდა წავიდეს სახლში, ძალიან გამიხარდა და ტაქსის ფულიც გადავუხადე. წავიდა. დღეს ამის გარდა, მგონი, არაფერი გამხარებია.

სამი დღე ყველაფერს გავუძლებ, თბილისსაც კი. არც სახლში წასვლა მიხარია დიდად და ისევ შენთან ურთიერთობების რკვევა მახარებს.

ფანჯრის ქვეშ კატები ჩხავიან. რა დროის კატების ქორწილია! ამ ქვეყანაში კატებიც ადამიანებივით არიან გარეკილი - არც წელიწადის დრო იციან, ყვირიან, ღნავიან, სულელებივით იქცევიან.

ახლა რომ იმ ქალმა კარი შემომიღოს, გადავირევი. დავკეტავ და შუქსაც ჩავაქრობ, იქნებ გადავრჩე.

ისე, ნეტა შემოვიდეს, ყველაფერს ვეტყვი, რასაც მასზე და მისნაირებზე ვფიქრობ. ინგლისური კი არ იცის, მაგრამ გავაგებინებდი.

14.11.2004

კაფე „პარნასში” ხალხი შუადღიდან სვამდა. ის ტერორისტი ბიჭი მხოლოდ ჩაის სვამდა, ყველა გოგო ესალმებოდა და ყველასთან საუკეთესოდ იქცეოდა: უღიმოდა, გულითადად ელაპარაკებოდა. დღეს ძაღლი არ ახლდა, ცალბორბალა ჰქონდა კედელზე აყუდებული. ტერორისტის სახე, სამხედრო შარვალი და ლამაზი გოგოები და ცალბორბალა. ხვალაც თუ მოვიდა, სურათს გადავუღებ.

ვიღაც ქალებმა მიყურეს, მიყურეს და მოსაწვევი მომცეს, რაღაც გალერეაში. მე იქ წამსვლელი არა ვარ, მაგრამ ჯიბეში მაინც ჩავიდე, ზრდილობის ამბავია.

დღეს „პარნასში” პირველად მოვისმინე პოლიტიკური დიალოგი, უფრო სწორად, მონოლოგი, თუ მიტინგი, თუ რა ვიცი. მე თუ რამე მესმის, პოლიტიკური იყო. ერთ სუფრასთან სამნი ისხდნენ: ერთი ჟღალი ბიჭი, ერთი სათვალიანი, დიდი ბიჭი და ერთი ქალი, დაუდგენელი ასაკის, ისეთი ჩაცმული, უნისექსი რომ ჰქვია, მხოლოდ თმა ჰქონდა ხვეული და გაჩეჩილი და ყველა თითზე ვერცხლის ბეჭდები ეკეთა. მოკლედ, ნამდვილად ქალი იყო. ჯერ თავისთვის ლაპარაკობდნენ რაღაცას, მერე იმ ტერორისტსაც გამოელაპარაკნენ და მერე კიდევ ერთი ქალი მიუჯდა, ძველ რამდენიღაცგულდენიანს ჰგავდა, ოქროსფერი თმით და ყვითელი პალტოთი. ლამაზი ქალი იყო, გრძელი თითები ჰქონდა. რომ დაჯდა, თავისი ჩაფართხუნებული, უგრძელესი კაბა ლაჯებში ჩაიკეცა და დავინახე, რომ ფეხები ჰქონდა ისეთი, სულ უკაბოდ უნდა ევლო. ჰოდა, მიუჯდა ეს ქალი და ატყდა ერთი ამბავი.

უნისექსი საშინლად ცხარობდა. როგორც ჩანს, მჭევრმეტყველი იყო, გრძელ წინადადებებს ამბობდა და პერიოდულად საკმაოდ ცუდ რაღაცეებსაც აკეთებდა ხელებით. საერთოდ, აშკარად ვიღაცის წამოცმაზე ლაპარაკობდა, ვიფიქრე, ფემინისტია-მეთქი. ძალიან დავინტერესდი, რა ხდებოდა. რა ჩემი საქმეა, მაგრამ რამე ხომ უნდა მეკეთებინა. ხვალ კამერას აუცილებლად წამოვიღებ, იქნებ კიდევ იყვნენ.

მაგარი ამბავი იყო. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ჩეჩნეთზე ლაპარაკობდნენ და ქალები და ჟღალი ერთს აწვებოდნენ, სათვალიანი - რაღაცა სხვას. ტერორისტს ყველაფერი აშკარად ესმოდა და მგონი ისიც ქალების მხარეზე იყო. თვითონ არ ჩარეულა, მხოლოდ ოქროსთმიანი გაიშვერდა ხოლმე მისკენ ხელს, აშკარად მოწმედ მოჰყავდა. ნეტა, ის ტერორისტი ჩეჩენი იყო?

მერე უნისექსი სულ გაგიჟდა და „ფაშისტის” ძახილი დაიწყო. ვიფიქრე, მალე რამე ჰიმნს შემოსძახებსმეთქი და მართლა არ იმღერა? რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ჰიმნი რომ იყო, ფაქტია, ნამდვილად გაგონილი მაქვს, ოღონდ ვერ ვიხსენებ. ოქროსთმიანმა მუშტიც კი შეკრა და რიტმს აჰყვა. უნისექსს ბევრი ვერაფერი ხმა ჰქონდა, მაგრამ ძალიან გულით იმღერა, და ჩემდა გასაოცრად, სათვალიანიც აჰყვა.

ნეტა ვატოც ყოფილიყო, გამარკვევდა მაინც, რა ხდებოდა. წესით, იმ მზეთუნახავს ინგლისური უნდა სცოდნოდა, მაგრამ ხომ არ ვეტყოდი, მითარგმნე, რას ყვირით-მეთქი.

ისე, მაინც უზრდელი ხალხია ქართველები. რა აღრიალებთ? წარმომიდგენია, რა ამბავი იქნებოდა აქ გასულ წელს, რევოლუციის დროს. რამდენს იღრიალებდნენ! საოცარია, რომ ერთმანეთი არ დახოცეს. თუმცა, რა: ამათაც იყვირეს, იყვირეს და მერე ვოდკა შეუკვეთეს, ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ და ერთი ჭიქიდან აყოლებდნენ წყალს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყველაფერი შოუა. სადღეგრძელოები რომ შოუა, უკვე მივხვდი. თავს ირთობენ. იმ ბერლინში რომ ვიყავით, სადღეგრძელო არავის უთქვამს, თუმცა კი ბევრი ვსვით. არც ვატო და მისი მეგობრები ამბობენ ხოლმე სადღეგრძელოებს, იმიტომ რომ რაღაცას აკეთებენ და რაღაცას ფიქრობენ და სისულელეების სალაპარაკოდ დრო არ რჩებათ.

წესით, არც ის უნისექსი და მისი მზეთუნახავი დაქალი უნდა ყოფილიყვნენ მოცლილები. ოქროსთმიანს გვერდით უზარმაზარი ჩანთა ედგა, - ან როგორ ათრევს, უნისექსს კი სამ წუთში ერთხელ მობილური უწკრიალებდა, მართალია, სულ თიშავდა, იმის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ურეკავდნენ. მაშასადამე, ვიღაცას რაღაცაში სჭირდებოდა და რაღაცის მაქნისი იყო. აბა, თაყვანისმცემლები რომ არ დაურეკავდნენ, მაგას მეც კი მივხვდი: ასეთ ქალს ან რა უნდა უთხრა ან რა უნდა მოუხერხო. ასეთს ისევ შენ მირჩევნიხარ, ზუსტად მაინც ვხვდები, რომ ასეთთან თუ ისეთთან, მაინც ქალთან მაქვს საქმე.

15.11.2004

ამ ქალაქში წიგნების მაღაზიაში რაც კი წიგნი მომხვდა თვალში, ყველა გურამის გაფორმებულია. ქართული ლიტერატურის ინგლისურ ჟურნალსაც ეგ უკეთებს გარეკანს. მის შესახებ მისივე ილუსტრაციებით ერთი პატარა წიგნიც ვიყიდე, რომ ჩამოვალ, აუცილებლად გაჩვენებ.

რა საშინელებაა, მართლა მალე ჩამოვალ. მე კი მეგონა, რომ თბილისში ყოფნა რამეს მომცემდა. ისე, როგორ არ მომცა: ბიოგრაფიაში ქართულ-შვედურ პროექტში მონაწილეობა ჩამეწერება, ახალი ქვეყანა ვნახე, რა ვიცი, ვიღაცეები გავიცანი, ვატოსთან ერთად მერეც ბევრ რამეს გავაკეთებ, სახლში მოსაყოლიც მექნება, ბოლოსდაბოლოს. მეტი, პრინციპში, რა მეგონა? არც არაფერი. მე აქ არც დიდ სიყვარულს დავდევნებივარ და არც სულის ცხონებას. ასეთი ქვეყანა უამრავია დედამიწაზე და ქართული პოლიფონიისა და ხაჭაპურების გარეშეც გავალ ფონს.

მგონი, მაინც მენანება. რა მენანება?

. . .

ვატოს ნაცნობთან ვიყავით, ძველ ქალაქში. უზარმაზარი ბინა იყო, საკმაოდ ჩამოტყავებული, მაგრამ მაინც დიდებული. რა აღარ ეკიდა კედლებზე: ხალიჩა, დაბინდული სარკე თავის ანგელოზებიანვარდებიანი ჩარჩოთი, დიდი ნახატები, სულ ანგელოზები და ვარდები, ასევე ანგელოზებიან-ვარდებიან ჩარჩოებით. წესით, გასაცოფებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან კარგი იყო. ახლაც ვფიქრობ, რატომ. ერთი პირობა, ვიფიქრე, რომ ასეთი სახლები იმიტომ მძულს, რომ მე არა მაქვს და სინამდვილეში მინდა, რომ მქონდეს. მაგრამ არა მგონია. რომ მქონდეს, იმავე დღეს გავყიდდი იმ ანგელოზებს და ვარდებს და რემონტსაც გავაკეთებდი. და აღარ იქნებოდა ასეთი სახლი.

იმისთვის, რომ მთლად გამეფრინა, მრგვალი მაგიდის თავზე აბაჟური ეკიდა, სუფრა იყო თეთრი და თეთრადვე მოქარგული, და ჩაისთან ტკბილი ორცხობილები მოგვართვეს. კატაც დადიოდა იქითაქეთ, მართალია, სხვა ქართველი კატებივით არ უთავხედია, არ შემომხტომია და არც ჩემს შარვალზე გაულესავს კლანჭები.

მასპინძელი ოდესღაც ფერმწერი ყოფილა, ახლა კი თურმე რაღაც დიპლომატიურ ამბავშია გაბმული. სადღაც ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის ქალი იყო, ვატოსთან ჰქონდა სალაპარაკო, აღარ მიკითხავს, რა უნდოდა, არც ბევრი ულაპარაკია. ცოტა ხანს ვიყავით, ჩაი დავლიეთ და მორჩა. უბრალოდ, როცა ჩამოვდიოდით, გამოგვაცილა და თვითონ მაღაზიაში შევიდა, და სანამ ჩვენ ტაქსს ვაჩერებდით, დიდი ვოდკას ბოთლით გამოვიდა იქიდან. ვატოს ვკითხე, სვამს-მეთქი? კი, ვერ მიხვდი, ისედაც მთვრალი იყოო.

მე, ეტყობა, მართლა ვერაფერს ვხვდები და ვერც გავიგებ. ასეთ სახლში ცხოვრობს, ასეთი სამსახური აქვს და სვამს? თან მთლად შუადღისას? თან მარტო? ჩვენთვის არაფერი შემოუთავაზებია.

16.11.2004

რა საოცრებაა - ხვალ მივდივარ. სულ ეს იყო ორი კვირა. ბოლოჯერ ვწერ ამ დღიურში, ახლა ჩავწერ და ჩანთაში ჩავდებ და მორჩა, რომ ხვალ უთენია სულელივით არ ვირბინო და არ ვეძებო.

რაც გადავიკითხე, ბევრი ვერაფერი სიხარულია. მთელი ეს დრო არაფერი მომხდარა და არაფერი დამიწერია. არც გამოფენაზე მიწერია რამე, არც შენზე. საერთოდ, გამოფენა თითქოს დამავიწყდა კიდეც. შენზე კიდე რომ მიწერია თავიდან, არ გახსენებ-მეთქი - ეგ სისულელეა, როგორ არ გახსენო, აბა, ვინ ვახსენო?

ის კი ვიფიქრე, იმ ქალს აღარ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ ახლა, შუადღისას, სხვა არაფერი არც მომხდარა. საერთოდ, იდიოტური ამბავია, მაგრამ რომელია, აბა, ჭკვიანური? მოკლედ, ღვინო რომ ვიყიდე - სხვათა შორის, შენთვის საჩუქრად, ძვირფასო - დიდი აბანოს გვერდით, ვიწრო ქუჩა რომ ადის, კიბიანი, იქ იდგა და ხალიჩას რეცხავდა. ასე, შუა ქუჩაში ჰქონდა დაფენილი, ზედ შლანგით ცივი წყალი მიშვერილი, კაბის კალთა წელში ჰქონდა ჩაკრეფილი და ხალიჩას გამეტებით უსვამდა ჯაგრისს. ჩემი ნაბიჯების ხმა ნამდვილად არ გაუგონია, მაგრამ რომ ჩავუარე, ამოიხედა და მარცხენა, თავისუფალი ხელის შუათითი ამიწია. თან გამიცინა. დიდი, ჯანმრთელი, თეთრი კბილები.

იმედია, ღვინო ივარგებს. ვატომ მითხრა, რომ ჭაჭა უნდა მეყიდა, ქართული გრაპა, მაგრამ ჩვენს მინიმარკეტში არ ჰქონდათ და მის საძებნელად ქალაქში სიარული უკვე მეზარება. მით უმეტეს, რომ დღეს ბოლო დღეა და ისედაც ბევრი რამე მაქვს მოსასწრები.

9.2 წითელ წინდაში ბუხართან ჩამოკიდებული ფიქრები

▲back to top


0x01 graphic

ავტორი: თამარ ბაბუაძე

ფოტო: დავით მესხი

როგორც ხედავთ, არსად წავსულვარ და არც არსად წავალ. ამ ზამთარსაც ანი-დან ჰოემდე თბილისში გავატარებ. ამას ისიც დაემატება, რომ, ალბათ, არც თოვლი მოვა; თუ მოვა და, თქვენც კარგად იცით, რა მოხდება მეორე დღესვე. ამ დროისთვის მე უკვე გამოვლილი მექნება: იუშჩენკოს ძახილში გატარებული ნარინჯისფერი და არც ისე ტკბილი ნოემბერი, და გამოვლილი მექნება დეკემბერიც რაღაც დიდი სიახლის მოლოდინში. ამ დროისთვის მე კიდევ ერთხელ, არ ვიცი უკვე მერამდენედ, მექნება გაფიქრებული, რომ თბილისი რეალურად იმ თავის GMT+4-ის დროის ზონასაც ჩამორჩება, რომელშიც ცხოვრობს; რომ თბილისი თავის საათს სულ სხვაგან ასწორებს და არა გრინვიჩზე; რომ თბილისში ახალი წლის დადგომა მხოლოდ ბაზარში ნიგოზზე, გოჭსა და ინდაურზე ზევით ავარდნილ ფასებს ეტყობა და კიდევ, სულ რამდენიმე მაღაზიის დეკორაციას, ისიც 1 იანვრის მოსვლამდე ორი-სამი კვირით ადრე. და ეს მაშინ, როცა... თუმცა, ჯერ არ გვინდა. ჯერ, ალბათ, ის გამახსენდება, რომ თბილისს კიდევ ერთი უცნაურობა სჭირს. აქ ერთხელ არაფერი ხდება. აქ ყველაფერი ორმაგდება, ან სამმაგდება - ახალი წელიც, შობაც და, როგორც ახლახან გავიგე, სიყვარულის დღეც.

რა შველის ხოლმე ამ დროს ადამიანს? გადახალისება. რთულია, მაგრამ მის განხორციელებაში, ალბათ, ისევ ჩემი მთავარი მხსნელი - ვირტუალური რეალობა დამეხმარება. მით უფრო, რომ კარგად ვიცი, ჩვენთანაც, საქართველოში, უკვე წლებია, ინტერნეტში ყველა ყველაფერს პოულობს - ზოგი სიყვარულს, ზოგი მეგობარს, ზოგი ნუგეშს, ზოგი დავიწყებას და ზოგიც საჩუქარს.

* * *

საჩუქარი აი, რა უნდა ვიპოვოთ ამჯერად www. მისამართებზე. რატომ? არ არის აუცილებელი შესაძენად; ალბათ, უფრო გასართობად, ესთეტური სიამოვნების მისაღებად, დაღლილობის მოსახსნელად, მოკლედ, როგორც გენებოთ.

რა არის თქვენი ჰოუმფეიჯი? თუ ის არის აჰოო ან რაიმე მსგავსი საძიებელი, მაშინ ჯერ კიდევ ოქტომბრიდან მოგჭრიდათ თვალს საახალწლო დეკორაციები თოვლიანი პეიზაჟი, ირმებშებმული მარხილი და სანტა კლაუსი. შენიშნავდით სარეკლამო განცხადებებსაც „საჩუქრები ყველასთვის”, „ყველაზე მოდური საჩუქრები”, „საჩუქრების ცხელი ათეული”...

თითქმის იმავე პერიოდიდან ევროპულ რეალობასაც სამშვენისებად იგივე სათაურები და დეკორაციები გაუჩნდა. ანუ წელსაც არაფერი შეიცვალა და საახალწლო განწყობა ვირტუალურ და რეალურ რეალობებში ერთნაირად, ორიოდე თვით ადრე შეიქმნა.

ეს კი კარგია. მაშინ, როცა ორივე რეალობა ერთმანეთის აზრებს კითხულობს და ერთმანეთს ემთხვევა, ადამიანებსაც უმსუბუქდებათ ხოლმე გაორების განცდა და უფრო დამშვიდებული სინდისით გადაეშვებიან ხოლმე ან ერთში, ან მეორეში და თან დარწმუნებულები არიან, რომ ვირტუალურიც და რეალურიც ცხოვრება ერთია.

ეს მოჩვენებითი ერთიანობის, მსგავსების ასოციაცია კი ყველაზე ხელშესახებად სწორედ ამ პერიოდში წინასაახალწლო დღეებში იქმნება ხოლმე.

თავად განსაჯეთ: ამ დროს ინტერნეტ-საიტებიდანაც ხომ თითქმის ისეთივე სიცხადით გადმოდის საზეიმო განწყობა შენზე, როგორც პარიზში, შანზელიზეზე, რომელიმე პომპეზურად მორთული მაღაზიის კარის შეღებისას.

ამაღელვებელი, თბილი, ძალიან დადებითი განცდა ორივე შემთხვევაში ერთია: სუსხიანი დღეა, ფარებანთებული მანქანებით გადაჭედილ ქუჩაზე ფეხით მიაბიჯებ, საახალწლოდ მორთული უმშვენიერესი ვიტრინებიდან არჩევ ყველაზე მიმზიდველს, დაბლა ჩამოსწევ სახელურს, შედიხარ და პარიზული ზამთრის სუსხიანი ჰაერის ნაცვლად, სახეში ესენციის სასიამოვნო, მსუბუქი სურნელი გხვდება. შიგნით თბილა, დაბალ ხმაზე უკრავს საშობაო მუსიკა, ლამაზი ფრანგი ქალები გიღიმიან, შენ კი თვალში უამრავი სასურველი ნივთი გეჩხირება - ზოგი შეფუთული, ზოგიც შესაფუთი, მაგრამ ყველა საახალწლოდ საგანგებოდ გამოპრანჭული. მერე წამის მეათედებში გახსენდება იმ ადამიანების სახელები, რომელთაც საჩუქრები უნდა შეურჩიო და ყველა ნივთი ერთდროულად თავისკენ გიხმობს - მიყიდე, მიყიდე...

სუსხიდან თბილ, საჩუქრებით სავსე, სურნელოვან სივრცეში შესვლის ძალიან რეალურ განცდას, ჯერაც ვერ მივმხვდარვარ როგორ, მაგრამ ცნობილი მაღაზიების საშობაოდ გამოპრანჭული ვირტუალური სახლებიც აფრქვევენ. ასეა victoria's secret-ის ვებ-გვერდზეც, Chopard-თანაც, Omega-სთანაც და Tiffany-სთანაც.

ფანტაზიები ბიუსტჰალტერის თემაზე

ჯერ საით გავეშუროთ? იყოს victoria's secret-ი. ვაღებთ კარს, შევდივართ და საცვლებში გამოწყობილი ნაომი კემპბელი გვხვდება. თავზე ვარდისფერი ვარდი უკეთია, ხსნის საჩუქრებით სავსე ვარდისფერ კოლოფს და ტუჩებით აძრობს ვარდისფერ ლენტს... არ შეიძლება ნანახმა საჩუქრებისა და ზეიმის გუნებაზე არ დაგაყენოს. და როცა მშვენიერი სურათის ცქერით იჯერებ გულს, თვალი ძალაუნებურად იქვე, კუთხეში, წარწერისკენ გაგექცევა: „იპოვეთ საჩუქრები ფასის და კატეგორიის მიხედვით”, მერე კი თვალი ხარბად გადაიკითხავს გრძელ და მაცდუნებელ სიასაც.

საჩუქარი თეთრეული:

სექსუალური ფუფუნება;

სახალისო საცვლები;

ფლანელის პიჟამოები;

კომფორტული საღამურები;

ხალათები და ჩუსტები.

საშობაო პარფიუმერია, აბაზანისა და რელაქსაციის ნაწარმი;

საიუველირო პროდუქცია და აქსესუარები;

მოკლედ, აქაა ყველაფერი, რაც ნებისმიერი ქალის გულს მოიგებს. თუმცა, არის გამონაკლისებიც. victoria's secret საშობაოდ მილიონერ ქალბატონებს გრანდიოზულ სიურპრიზს სთავაზობს. ეს სიურპრიზი ერთი ბუნდოვანი ფრაზის მიღმა იმალება: „მილიონდოლარიანი სასაჩუქრე კომპლექტები”. აჭერ ფრაზას თითს, გადადიხარ ახალ გვერდზე და ეკრანზე გამოდის მოდელი ტაირა ბენქსი, რომელსაც ათ მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერი აცვია. ეს უნიკალური რამ (მას მოწიწებისგან ვერც საცვალს ვუწოდებ და ვერც ქალის თეთრეულის ნაწილს, ის უფრო რაღაც ხელოვნების ნიმუშია) საიუველირო კომპანია Mouavad-ს სპეციალურად victoria's secret-ისთვის დაუმზადებია.

ბიუსტჰალტერს ამშვენებს მსხლის ფორმის 70-კარატიანი ბრილიანტის თვალი, რომელიც 18-კარატიან თეთრ ოქროში ზის, გარშემო კი 112-კარატიანი ოქროს ფრთები აკრავს; ფრთები, როგორც ანგელოზთან ასოციაცია. victoria's secretis ცნობილი სარეკლამო კამპანია ხომ სწორედ სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი ანგელოზების - სუპერ-მოდელების იდეაზეა აგებული.

ამ ხელოვნების ნიმუშის შექმნაზე Mouvad-ის ოსტატებს 275 საათის განმავლობაში უმუშავიათ. მერე კი შრომა და ნაკეთობა ერთად ათ მილიონ დოლარად შეუფასებიათ. ტყუილად ნუ გეგონებათ, რომ „ბიუსტჰალტერი ფანტაზია- 2004” (ასე ჰქვია ამ „რაღაცას” ოფიციალურად თორემ, მე კიდევ არ ვიცი, მოწიწებისგან როგორ მოვიხსენიო ის) პატრონის გარეშე დარჩება. მილიონერებს ხომ, დანარჩენებისგან განსხვავებით, ცდუნების უფლებაც აქვთ და ყიდვისაც... ასე რომ, ეს მშვენიერი რამ აუცილებლად გაიხვევა ვიცტორია'ს სეცრეტ-ის ვარდისფერ ქაღალდში, შეიკვრება ვარდისფერი ლენტით; ისეთით, როგორიც ამ ლამაზი სამყაროს ზღურბლზე ნაომი კემპბელს ეჭირა ხელში და სადღესასწაულოდ რომელიმე მდიდრულ სახლში, ნაძვის ხის ქვეშ დაიდება...

ბრილიანტებით ამავსე”

„აავსე საყვარელი ადამიანი ბრილიანტებით” ასეთია მოწოდება, რომელიც სასაუზმოდ Tiffany-ში შევლილ მამაკაცებს ხვდებათ და რომელიც მათ საყვარელი ქალის უძვირფასესი სამკაულით დაჯილდოებას ურჩევს. თუმცა, შეთავაზება ცალმხრივი არ არის, Tiffany-ს სადღესასწაულოდ გადახალისებული ვირტუალური რეზიდენცია იგივე რჩევას ქალებსაც აძლევს. ერთი სიტყვით, იდეა ასეთია - საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი Tiffany-ს აქსესუარია.

აქ ფასებიც საუკეთესოა: გულებიანი სამაჯური, ბრილიანტებითა და პლატინით - 7.500 დოლარი; ბეჭედი, 18- კარატიან ოქროში ჩასმული ბრილიანტებით - 2.500 დოლარი; ასევე პლატინისა და ბრილიანტის გულსაბნევი - 8.350 დოლარი.

მოკლედ, Tiffany-ს სამყაროში ყველაფერი ძველებურად ექსკლუზიური და მშვენიერია. ხოლო საახალწლოდ ეს მისამართი ყველაზე გამორჩეულ აურას ავრცელებს პლატინის თეთრი სიცივითა და ბრწყინვალებით გაჯერებულს, შორეულს, ნათელს და ძალიან დახვეწილს.

ორიგინალურ საახალწლო იდეებს არც Chopard-ის სახლში უჩივიან. სადღესასწაულო განწყობას აქ მსუბუქი იუმორი ახლავს თან, რასაც უძვირფასესი საათი, საათზე მოციმციმე ბრილიანტებიანი ფიფქები და წარწერა Happy Snowflake (ბედნიერი ფიფქი) გადმოსცემს.

Happy Snowflake - Chopard-ის საათია. სარტყელი 18- კარატიანი თეთრი ოქროსგანაა დამზადებული. ფიფქები თეთრ ფირფიტაზეც ხატია, ციფრების გარშემო კი, წრეზე, ბრილიანტის სამი პატარა თვალი და და ერთი ბრილიანტებით მოოჭვილი ფიფქი მოძრაობს თავისუფლად.

ეს საათი ქალისთვისაა; როგორც საიუველირო სახლის ექსპერტები ამბობენ, სპორტული ქალისთვის, რომელსაც ზამთარი და ახალი წელი უყვარს. თუმცა, იქვე საჩუქრების შერჩევა საყვარელი მამაკაცებისთვისაც შეიძლება. საიტის მარცხენა კუთხეში რატომღაც სამი ცნობილი სახელი წერია: პრინცი ჩარლზი, ელტონ ჯონი და ხოსე კარერასი. ვთქვათ, კარერასი ავირჩიეთ, წამიერად გადავდივართ ახალ გვერდზე, რომელზეც მამაკაცის საათები გამოდის. ფირფიტაზე სახელი კარერასია ამოტვიფრული, ზოგს ბერლინის თეატრი ახატია, ზოგს - ბარსელონის.

დიდი მკითხაობა აღარ დასჭირდება იმას, რომ პრინცი ჩარლზის სახელობის საათს ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის ემბლემა ამშვენებს, ელტონ ჯონისა კი - მომღერლისთვის დამახასიათებელი მყვირალა და გაბედული ფერებითა და დიზაინით გამოირჩევა (ერთ-ერთი საათის სამაჯური ავტომობილის საბურავის ასოციაციასაც კი ტოვებს).

თუმცა, სჯობს, Chopard-ის კარიც ისევე მალე გამოვიხუროთ, როგორც Tiffany-დან გამოვიქეცით, თორემ, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ სიმყარეზე.

გოტიეს ნარინჯისფერი იდეები

ექსკლუზიურ საჩუქრებს რა გამოლევს, მდიდრული სავაჭრო ნიშნები ხომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ნოვატორული იდეების, ორიგინალური გადაწყვეტის, დახვეწილი პროდუქციის გამოშვებაში. თუმცა, არის ერთი ადგილი, რომელსაც, ვიცი, თქვენც დიდი სიამოვნებით მოინახულებდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ სახლის მასპინძლად, რამდენიმე ხნის წინ ჟან პოლ გოტიე დანიშნეს. ეს Hermes-ის რეზიდენციაა, ანუ თავსაფრების, შარფების, ყელსახვევების სამყარო. იქ გოტიე და მისი ასისტენტები ზამთრის სუსხისგან დასაცავად უძვირფასეს და უმშვენიერეს შარფებს გვიქსოვენ და გვიკერავენ. ქაშმირს აბრეშუმი ცვლის, ვარდისფრის ტონებს - ნარინჯისფერი, ზამთრის განწყობას - ზაფხულისა და ზღვის სანაპიროს ასოციაციები, თვითონ შარფებს კი ჰალსტუხები. ათასი ფერია, ათასი იდეა, ათასი ფორმა. ყველაფერს „მაღალი საზოგადოების” განცდა და ის იდუმალება ახლავს თან, ეს ტერმინი რომ გულისხმობს.

თუმცა, ჩვენ პირდაპირ Hermes-ის მისაღებ ოთახში შევიჭერით, არადა კეთილგანწყობა, რითაც იქ გოტიე გვხვდება, ზღურბლიდანვე იგრძნობა. პირველ გვერდზე, ანუ კართან, თეთრ ფონზე ნარინჯისფერი ნაძვის ხე დგას, ბავშვურად, ერთი ხელის მოსმით დახატული, წვერზე ყვითელი ვარსკვლავი ციმციმებს, იქვე კი ოკრო-ბოკრო ასოებით წერია: “საჩუქრები ნარინჯისფერ ყუთში აწყვია”... ვხსნით ყუთს და იქ Hermes-ის ლოგოთი დამშვენებული, ზამთრის ნარინჯისფერი ქუდი და კაშნე გვხვდება. ხომ არ გვავიწყდება? ამ ჩვენს ვირტუალურ რეალობაში მართალია, ძალიან თბილა და ძალიან დახვეწილი, ამაღელვებელი განწყობა სუფევს, მაგრამ გარეთ ზამთარია და ცივა. კეთილი კაცი, ჟან პოლ გოტიე კი ზის თავის თბილ სახლში, აგიზგიზებულ ბუხართან და ჩვენთვის ნარინჯისფერ კაშნეებს ქსოვს... რომ არ შეგვცივდეს...

სხეულის მოვლის პოეზია

საახალწლო სამზადისს პარფიუმერული სახლებისა და ე.წ. “ბოდი შოფების” ფანჯრებიც დაუორთქლავს. გარედან, ქუჩიდან ამ განათებული და შეორთქლილი შუშების დანახვა საოცარი შინაგანი სითბოთი და სიმშვიდით გავსებს. ამ განცდას არაფერი შეედრება თან რაღაც სასიამოვნო და იდუმალი სიახლის მოლოდინი გიპყრობს, და თან იცი, რომ შიგნით ყველაფერი შენია და ახლობელი. შეხვალ და შენს სამყაროში აღმოჩნდები, ძალიან ქალურსა და ესთეტურში.

0x01 graphic

კომპიუტერთან ჯდომისას კი რაც არ უნდა პლაზმურ მონიტორში ვიცქირებოდეთ, ამ გრძნობის მხოლოდ წარმოდგენა გვიწევს. ჰოდა, ჩვენც გამოვიყენოთ ვირტუალური სინამდვილის ეს ხიბლი, წარმოვიდგნოთ, რომ ვთქვათ, მილანში, Lancome-ის მაღაზიის ვიტრინასთან ვდგავართ, კიდევ ერთხელ შევავლოთ გარედან თვალი აციმციმებულ შუშებს, ჩავისუნთქოთ ზამთრის გამჭვირვალე, ცივი ჰაერი და ზღურბლს გადავაბიჯოთ.

შიგნით, როგორც ყველგან, აქაც თბილა. ღია შოკოლადისფერ ფონზე, ოქროსფერ კორსეტიან კაბაში გამოწყობილი მოდელი გვხვდება. მას ხელები წინ აქვს გაწვდილი გვერდიდან წამოსულ დიდ კაშკაშა ბურთსა და ათას აბრჭყვიალებულ ფიფქს ხვდება ამ ჟესტით და თან მაცდუნებელი მზერით, სრულიად უსიტყვოდ, მაღაზიის სიღრმეებისკენ გვიტყუებს. ბრილიანტები მის კაბასაც აციმციმებენ და ეკრანსაც. მერე კი, თუ დავყვებით მოდელის ნებას და 2004 წლის საშობაო სეზონის Lancome-თან ერთად გატარებას გადავწყვეტთ, უკვე იმ სურნელსაც შევიგრძნობთ, ეს სამყარო რომ აფრქვევს.

იგივე, ღია შოკოლადისფერი ტონისა და აციმციმებული ბრილიანტების ფონზე ერთმანეთს ცვლიან პარფიუმერული კომპლექტები: Tresor, სლოგანით, რომ „სიყვარული განძია”; Miracle, გამამხნევებელი განცხადებით, რომ „სასწაულს შენ თვითონ ქმნი”; Poeme, პოეტური მოწოდებით, რომ „გამოხატე სათქმელი სრულიად უსიტყვოდ”...

იქვეა კიდევ ერთი მაცდუნებელი ფრაზა: „ვარსკვლავების სასაჩუქრე კომპლექტები”. ეს ტრაფარეტი კი უკვე „ლანკომის” საგანგებოდ შობისთვის „გამოპრანჭული” ნაწარმის მთელ სპექტრს გულისხმობს:

ხელში ავიღოთ თუნდაც დისკოს ფორმის კოლოფი, რომელშიც ბრჭყვიალა ტუჩის საცხებია მოთავსებული. Lancome გვატყობინებს: “შობის მთელი ჯადოსნური ძალა ამ ტუჩის საცხშია თავმოყრილი... მასზე უარს ვერავინ იტყვის. ჩვენ მისი შემცველობა კიდევ უფრო სველი და კაშკაშა გავხადეთ, ვიდრე უწინ იყო! ისიამოვნეთ ამ საჩუქრით; საცხით, რომელიც ნაძვის ხის სათამაშოსავით კაშკაშებს, ვარსკვლავიანი ცის მსგავსად ციმციმებს, შამპანურივით შუშხუნებს...”

ვიცი, გარეთ გამოსვლა არ გინდათ, ეს ხომ ჩვენი სამყაროა, მაგრამ თუ დაგპირდებით, რომ Lancome-დან პირდაპირ Estee Lauder-ის გაკაშკაშებული და დაორთქლილი ვიტრინისკენ გავეშურებით, იქნებ გამომყვეთ კიდეც? იქ ხომ სულ სხვანაირად თბილა: ღია შოკოლადისფერს გამომწვევი და ვნებიანი წითელი ფონი ცვლის, “ზღურბლთან” მდგომი გოგონაც სქელი და ბლანტი, ბროწეულისფერი საცხით შეღებილი ტუჩებით გვიყურებს, საჩუქრის წითელ კოლოფს ბედნიერი სახით ხსნის და იქვე გაკეთებულ წარწერას გვაკითხებს: 2004 წლის შობა. ესტი ლაუდერი. გაახარეთ ის”...

ვირტუალური VS.
ვირტუალური

0x01 graphic

სწორად მიხვდით: მე თქვენ ზედა მისამართიდან განზრახ გამოგიტყუეთ, თორემ, უკვე ვირტუალური შეგრძნებები იმდენად რეალური და სასურველი ხდებოდა, რომ შემეშინდა, აღარ ვიტყვი რის. თუმცა, ამაღლებული მუხტი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. საჩუქრების თემაზე მედიტაცია ხომ კვლავაც გრძელდება. სხეულსა და თვალს მგონი, გარეგნულად ბრჭყვიალა ნივთების ცქერით საკმარისად ვასიამოვნეთ. ახლა შინაგანი ბრჭყვიალის დრო დადგა.

რა იწვევს ხოლმე ყველაზე მეტად ამ შინაგან ბრჭყვიალს სიყვარულის გარდა? ცხადია, წიგნები, ანუ იმ ვირტუალობაზე უფრო ძველი და ინტიმური ვირტუალობა, რომელსაც ამ წუთებშიც მივმართავთ. მგონი, არ ღირს დებატების მოწყობა იმ თემაზე, ინტერნეტი მოერევა თუ წიგნი (მით უფრო, რომ საკითხის ასე დასმა უკვე არასწორია, რადგან ინტერნეტიც წიგნის სამსახურში დგას, უბრალოდ მან გადაასხვაფერა კითხვის ჩვევა და პროცესი). ამას ჯობია, კიდევ ერთხელ დავხუჭოთ თვალი რეალური სამყაროს აღმქმელი თვალი და გავახილოთ მეორე - წარმოსახვებისა და მოჩვენებების სამყაროს აღმქმელი და სად წავიდეთ?

...ლონდონით დავიწყოთ. ჩეარინგ ქროს როუდი.

როცა წიგნებზე ვსაუბრობთ, ამ ქუჩაზე გაუვლელობა უბრალოდ არ შეიძლება. ტრაფალგარ სკვერზე, ჩეარინგ ქროსის მეტროსადგურიდან ამოვალთ და 10-15 წუთი ფეხით ვისეირნებთ. ჩავუვლით ლესტერ სკვერსა და კემბრიჯის მოედანს და სეირნობით მივადგებით ჩეარინგ ქროსს, სადაც წიგნებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების სამოთხეა, კაფებარებითა და სამოგზაურო აღჭურვილობის მაღაზიებითურთ.

აქ ყველანაირი განცდა შეიძლება დაგეუფლოს:

ერთი ციცქნა მაღაზიის ხასხასა მწავნე ხის კარი ჭრიალით იღება და წამსვე გაწკრიალდება თაღზე ჩამოკიდებული ზარი. შედიხარ და ხედავ, ხის ძველ თაროებზე დაუდევრად შემოლაგებულ წიგნებს ძველს და ახალს, გაცრეცილს და ჯერაც გადაუშლელს, გამხდარს და მსუქანს... მიდიხარ ახლოს, და მთელი ძალით ისუნთქავ სუნს - წიგნის სუნს. მერე იხედები განზე და ხედავ, მტვრის ნამცეცები მზის სხივებზე როგორ დაფარფატებენ...

ასეთი არაჰიგიენური დეტალის რომანტიზებაც ხომ მხოლოდ წიგნის მაღაზიაში ყოფნისას კარგავს ყალბ სენტიმენტალიზმს, რადგან იქ მართლაც ასეა ხოლმე.

მეორე კარი. ამჯერად გაცილებით ფართო და მასიური. მის იქით მთელი საწიგნეთია. ეს Foyles-ია, როგორც თვითონ უწოდებენ თავს, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე მოუწესრიგებელი წიგნების მაღაზია. იქ გამოცემების მთელი დეპარტამენტებია: ისტორია, პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, მხატვრული ლიტერატურა, სამზარეულო, სპორტი... თავისი ქვედეპარტამენტებით. თითქმის 7 მილიონამდე სათაურით. იქ სიცოცხლე დუღს. უამრავი ხალხი ირევა, ზოგი თაროებს შორის დადის და საჩუქრად სასურველ გამოცემას არჩევს, ზოგიც იქვე, რბილ იატაკზე ჩამჯდარა და კითხულობს... იქ ცნობილი მწერლები მიდიან ხოლმე და ახალ წიგნებზე ავტოგრაფებს არიგებენ. 8 დეკემბერს ელფრიდე იელინეკის ნობელის პრემიით დაჯილდოებასთან დაკავშირებით მისი „ფორტეპიანოს მასწავლებლის” კითხვის საღამოც მოუწყვიათ.

მოკლედ, ეს ლონდონური ლაბირინთია, საიდანაც ვერასდროს ვერ გამოხვალ, თუ ისევ „ქირურგიულად” არ ჩავერიე პროცესში და ჩეარინგ ქროსიდან შორს შტატებში, Barnes and Noble-ში არ გადაგიყვანეთ. ამ ქსელის თითოეული მაღაზიაც ბიბლიოფილების ნამდვილი სამოთხეა. ისევ ის რბილი იატაკი, ნებისმიერ კუთხეში არჩეული წიგნით წამოწოლის უფლება, დაბალი და მშვიდი მუსიკა, სითბო და ყავის მძაფრი არომატი. გარეთ კი ცივა...

ძველი და პატარა, თუნდაც ბუკინისტური მაღაზიებისგან განსხვავებით, ამ უნივერსალური ცენტრების კიდევ ერთი ხიბლი ის არის, რომ იქ წიგნებთან ერთად მუსიკალური და ვიდეო ციფრული დისკებიც იყიდება, თანაც ამოუწურავი არჩევანით, რომელიც წარსულსაც აერთიანებს და აწმყოსაც და თან ეს ყველაფერი საშობაო დღესასწაულთანაა დაკავშირებული. ანუ, აქ არის: ფრენკ სინატრას საშობაო კოლექციაც და უძველესი კინო-კლასიკაც „სასწაული 34-ე ქუჩაზე”; აქვეა U2-ც თავისი ახალი ალბომით და საერთოდ, ყველა, ნამდვილად ყველა. თუ არჩევანის ზღვაში სასურველი საჩუქრის შერჩევა მაინც ვერ შევძელით, იქვე თაროებზე ჩამონტაჟებული მაგნიტოფონები დაგვეხმარება. ყველაფერს მოვუსმენთ წინასწარ, სანამ ყიდვას გადავწყვეტდეთ.

მერე შეფუთვის დროც დადგება. მხიარული ფერი, სქელი ლენტი, დიდი კოლოფი...

გამოფხიზლება

მე კი, როგორც თავადაც შენიშნავდით, ისევ აქ ვარ და, ალბათ, არც არსად წავალ. ამ ზამთარსაც ანი-დან ჰოემდე თბილისში გავატარებ. მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ახალი წელი მოდის და ამაღლებულ განწყობას, რომელზეც ზევით გესაუბრებოდით, უკვე ყველგან ვგრძნობ ინტერნეტს გარეთაც კი ანუ, თბილისშიც, სახლშიც და ტელეეკრანზეც.

თუმცა, თუ ფანტაზიის გავარჯიშება, წარმოსახვის ამუშავება და მაქსიმალური ესთეტური სიამოვნების მიღება გსურთ, თბილისიდან მაინც ისევ ინტერნეტში გამგზავრებას გირჩევდით. ამაში, Chopard-ის, Hermes-ის და დანარჩენი სავაჭრო სახლების ღირსეულმა დახვედრამაც დამარწმუნა.

ის, რაც ზევით წარმოგიდგინეთ, საკუთარი გემოვნებით შევარჩიე. შეგიძლიათ არ მენდოთ და Cartier-საც ეწვიოთ, ჯორჯო არმანისაც და Prada-საც. მასპინძლობა ვირტუალურ სამყაროში არც მათ ეშლებათ. უფრო ფართო სპექტრისთვის კი კიდევ ორიოდე სამყაროს მისამართი ვიცი ეს Neimam Marcius-ი მდიდარი ამერიკელების კატალოგი და ნიუ იორკული ცენტრის Saks Fifth Avenue-ს ვირტუალური მისამართებია. იქ საჩუქრებს ნებისმიერი სფეროდან აარჩევთ - ჰალსტუხებიდან დაწყებული ციფრული ვიდეო დისკებით დამთავრებული, თანაც იქ ყველაფერი სახელობითი, ექსკლუზიური და ძვირფასია. ასე რომ, წარმატებულ ვაჭრობას თუ არა, გახალისებას მაინც გისურვებთ.

10 45 კოქტეილი

▲back to top


სპეც-პროექტი

0x01 graphic

ფოტო დავით მესხი

No Cocktail
No Par ty

Martini, shaken, not stirred - ხომ არსებობს ასოციაციური მეხსიერება? ჰოდა, ბევრს უთქვამს, რომ კოქტეილის ხსენებაზე, აუცილებლად ეს ფრაზა ახსენდება, ჯეიმს ბონდის ისეთივე საყვარელი და გავრცელებული ფრაზა, როგორიცაა: My name is Bond, James Bond.

ჩვენც კოქტეილები ვახსენეთ და მეხსიერებაში ისევ ეს მრავალგზის გაცვეთილი სიტყვები ამოტივტივდა - ხან შონ კონერი, ხან ტიმოთი დალტონი და ხან პირს ბროსნანი რომ წარმოთქვამდა თანაბარი დამაჯერებლობით, ისე, თითქოს, რეცეპტის ერთი დეტალიც რომ გამოგეტოვებინა, ან მარტინის ათქვეფისას ხელის მოძრაობის ტრაექტორია რომ შეგშლოდა, ქვეყანა დაიქცეოდა.

არადა, სპეციალისტებს რომ ჰკითხოთ, ასეთი, ერთი შეხედვით, წვრილმანი ლაფსუსების დროს, ქვეყანა მართლაც იქცევა. ყველა საქმეს ხომ ცოდნა უნდა, კოქტეილებს კი განსაკუთრებით - ბევრისთვის ეს პროცესი ხელოვნების რანგშიცაა აყვანილი და იმიტომ.

ახლა სწორედ ამ ჭეშმარიტებაში შევეცდებით დაგარწმუნოთ - რომ კოქტეილი მთლად მაღალი ხელოვნება თუ არ არის, ერთი დიდი და სასიამოვნო რიტუალია, რომლის შესრულებაც განსაკუთრებულად დროული სწორედ წლის ამ პერიოდშია - ზამთრის საყოველთაო დღესასწაულების ფონზე.

ცხადია, თრობის ქართული ხალხური საშუალებების დავიწყებას არავინ გვავალდებულებს. უბრალოდ, ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისთვის ურიგო არ იქნება, გვახსოვდეს, რომ კოქტეილი ყოველივე ტრადიციულის კარგი ალტერნატივაც არის - ავარჯიშებ ფანტაზიას, თვალს ატკბობ ათასი ფერით, რომელთაც „კრემ დე ბანანი” თუ „ბლუ კურასაო” აფრქვევს და - ქმნი. ქმნი სილამაზეს - ალბათ, ისეთივე რუდუნებით, როგორც ჯონ გალიანო ქმნის ესკიზებს თავისი ექსცენტრიული მოდელებისთვის; და როგორც ნებისმიერი მხატვარი - შემდეგ მილიონად შეფასებულ ფერწერულ ტილოს. მერე, ალბათ, სახელსაც შენი ქმნილებისთვის ისეთივე სერიოზულობით არჩევ, როგორც პოეტი - რითმას.

ჰოდა, იქნებ, ერთხელ ჩვენც, არასპეციალისტებსაც, შემოქმედებითობის გამოვლენა არა მარტო გოზინაყთან მიმართებაში, კოქტეილების შემთხვევაშიც მოგვინდეს. ამის იმედით, გეპატიჟებით გემრიელ და სურნელოვან სამყაროში, რომელიც საახალწლოდ, სპეციალურად თქვენთვის, გამოცდილმა ბარმენებმა მოამზადეს.

თუმცა, ეს „მოსაწვევი ბარათიც” მორიგ ასოციაციურ „ბმულზე” უნდა ავაგოთ: უზარმაზარ დარბაზში დიდი მხიარულება დგას. მუსიკა, ხმაური, ერთმანეთში ირევა სიცილი, ლაპარაკი, გრძელფეხებიანი გოგონები ბროლის ბოკლებით მიდი-მოდიან. წვეულებაზე თვითდაჯერებული იერით ჯორჯ ქლუნი მიდის. აკაკუნებს. კარს შავგვრემანი, ლამაზი გოგო უღებს. ქლუნის ჰგონია, რომ ამ კარის გაღება და დარბაზში თავმოყრილი საქალეთის გულის კარის გაღება ერთია. თუმცა, მოულოდნელად, გოგონა მას ზღურბლზე აჩერებს და ეკითხება? No Martini? პასუხი უარყოფითია - სტუმარი თავისი მამაკაცური ქარიზმის იმედად, ხელცარიელი გამოცხადდა, მარტინის გარეშე. რის შემდეგაც გოგონა გაოცებულ ქლუნის ხელს ჰკრავს, კარს ცხვირწინ უჯახუნებს და ამბობს: No Martini, No Party.

...ეს ეპიზოდი მარტინის 2003 წლის სარეკლამო კამპანიიდან იყო. ჩვენს საახალწლო წვეულებაზე ჯორჯ ქლუნი მოსვლას, მგონი, არ აპირებს. თუმცა, ხელს მაინც არაფერი გვიშლის, მედიდური სახით ვთქვათ - No Cocktail, No Party და, უარყოფილი კინოვარსკვლავისგან განსხვავებით, კარიც გაბედულად შევაღოთ - ფანტაზიით, ბევრი უცნაური და სახალისო სახელით, ეგზოტიკური ხილითა და ალკოჰოლით სავსე, ნელი თრობის სამყაროს კარი.

0x01 graphic

ცისფერი ლაგუნა

0x01 graphic

40გ. არაყი
10გ. ლურჯი კურასაო
20გ. ლიმონის წვენი
ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ლიმონის წვენი, ლიქიორი, არაყი და ათქვიფეთ.

დიდი ბარიერული რიფი

0x01 graphic

40გ. ვისკი
20გ. ლიქიორი კრემ დე კაკაო
10გ. ლურჯი კურასაო
50გ. რძე
ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ყინულიან
შეიკერში. შემდეგ ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

ჟანგიანი ლურსმანი

60გ. ვისკი
40გ. ლიქიორი დრამბუი
ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ლიქიორი და დაამატეთ ვისკი.

შუაღამის მზე

0x01 graphic

30გ. არაყი
20გ. ლიქიორი კვანტრო
20გ. ლიქიორი აპრიკოტ ბრენდი
20გ. გრენადინი
10გ. ლიმონის წვენი
ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში.

რობ როი

0x01 graphic

60გ. შოტლანდიური ვისკი
40გ. წითელი ვერმუტი
ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

ბანანა დაიკირი

0x01 graphic

60გ. თეთრი რომი ბაკარდი
30გ. ლიქიორი კრემ დე ბანანი
10გ. ლიმონის წვენი
ჩაყარეთ ყინული ბლენდერში, დაასხით ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ.

დაიკირი

60გ. თეთრი რომი
30გ. ლიმონის წვენი
10გ. შაქრის სიროფი
ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში და გადაასხით დამსხვრეული ყინულით სავსე ჭიქაში.

პინა კოლადა

0x01 graphic

40გ. ლიქიორი მანგაროკა
40გ. თეთრი რომი ბაკარდი
20გ. ანანასის წვენი
ჩაყარეთ ყინული ბლენდერში, დაასხით ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ.

ოქროს კადილაკი

0x01 graphic

30გ. ლიქიორი გალიანო
30გ. თეთრი ლიქიორი კრემ დე კაკაო
30გ. ნაღები
ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში 15 წამის განმავლობაში ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი. გაფილტრეთ და გადაასხით ყინულიან ჭიქაში.

პრემიუმ ლაითი

0x01 graphic

25გ. ლიქიორი კვანტრო
25გ. ლიქიორი მალიბუ
50გ. თეთრი რომი ბაკარდი
15გ. ლურჯუ კურასაო
150გ. ტონიკი
ჩაასხით ჭიქაში კვანტრო, მალიბუ, ბაკარდი და კურასაო. მოურიეთ და დაამატეთ ტონიკი.

პერფექტ მარტინი

0x01 graphic

10გ. მშრალი ვერმუტი
10გ. წითელი ვერმუტი
80გ. ჯინი
ერთი მესამედი ყინულით სავსე ჭიქაში ჩაასხით ინგრედიენტები. მოურიეთ და გაფილტრეთ.

მილანო

0x01 graphic

40გ. ვისკი
30გ. მარტინი ბიანკო
30გ. კამპარი
ჩაასხით ინგრედიენტები ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ.

ალუბლის კოქტეილი

0x01 graphic

25გ. ჩერი ბრენდი
25გ. ბანანის ლიქიორი
25გ. კივის ლიქიორი
ჩაასხით ჭიქაში თანმიმდევრობით, ფენაფენად.

ახალი რუსი

20გ. გრენადინი
20გ. ლურჯი კურასაო
20გ. არაყი
აღნიშნული ინგრედიენტები თანმიმდევრობით, ფენებად ჩაასხით ჭიქაში.

0x01 graphic

შავი რუსი

40გ. ყავის ლიქიორი
50გ. არაყი
ჩაასხით ლიქიორი ყინულიან ჭიქაში და დაამატეთ არაყი.

თეთრი რუსი

40გ. ყავის ლიქიორი
50გ. არაყი
20გ. რძე
ყინულიან ჭიქაში თანმიმდევრობით ჩაასხით ლიქიორი, არაყი და რძე.

ამერიკანო

0x01 graphic

50გ. წითელი ვერმუტი
50გ. კამპარი
სოდიანი წყალი გემოვნების მიხედვით კამპარი და ვერმუტი ჩაასხით ყინულიან ჭიქაში და დაამატეთ სოდიანი წყალი.

კირ როიალი

0x01 graphic

90გ. შამპანური
10გ. კრემ დე კასისი
ჩაასხით ჭიქაში ლიქიორი და შამპანური.

ბრონქსი

0x01 graphic

40გ. ჯინი
20გ. ტკბილი ვერმუტი
20გ. მშრალი ვერმუტი
20გ. ფორთოხლის წვენი
ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ინგრედიენტები და ათქვიფეთ. გაფილტრეთ და გადაასხით ჭიქაში.

აკაპულკო

0x01 graphic

40გ. ტეკილა
20გ. ანანასის წვენი
20გ. ლიმონის წვენი
20გ. ლიქიორი „კვანტრო” ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში.

ენერჯაიზერი

20გ. ლიქიორი პასოა
50გ. ლიქიორი კვანტრო
10გ. ლიქიორი მალიბუ
10გ. ლიქიორი კრემ დე ბანანი
150გ. რედ ბული ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

მოჰიტო

0x01 graphic

50გ. თეთრი რომი ბაკარდი
70გ. ტონიკი
ლიმონი
პიტნის ფურცლები
შაქარი გემოვნების მიხედვით
ჩაყარეთ ჭიქაში წვრილად დაჭრილი ლიმონი, შაქარი და პიტნის ფურცლები. დანაყეთ. დაამატეთ დამსხვრეული ყინული, დაასხით ბაკარდი და ტონიკი.

მილქ-შეიკი

0x01 graphic

50გ. ატმის წვენი
50გ. მანგოს წვენი
50გ. ანასის წვენი
100გ. რძე
20გ. გრენადინი
1/2 ბანანი

ყინულთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში.

სტინგერი

0x01 graphic

70გ. ბრენდი
30გ. მენთოლის ლიქიორი
ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ლიქიორი და ბრენდი. ათქვიფეთ, გაფილტრეთ და გადაასხით ჭიქაში.

ტამპიკო

30გ. ლიმონის წვენი
40გ. კამპარი
30გ. ლიქიორი კვანტრო
ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ლიმონის წვენი, კამპარი, კვანტრო და მოურიეთ.

გარიბალდი

0x01 graphic

50გ. კამპარი
100გ. ფორთოხლის წვენი
ჩაასხით ინგრედიენტები ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ.

უალკოჰოლო იოგურტის კოქტეილი

0x01 graphic

50გ. ნაყინი
50გ. იოგურტი
10გ. ფორთოხლის წვენი
10გ. ალუბლის წვენი
10გ. ატმის წვენი
10გ. ანანასის წვენი
5გ. გრენადინი
1/3 ბანანი
ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში.

მარგარიტა

0x01 graphic

40გ. ტეკილა
40გ. ლიქიორი კვანტრო
30გ. ლიმონის წვენი
კოქტეილის ჭიქის პირს მოავლეთ მარილი. ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ინგრედიენტები და ათქვიფეთ. გაფილტრეთ და გადაასხით ჭიქაში.

სთროუბერი მარგარიტა

40გ. ტეკილა
40გ. ლიქიორი კვანტრო
30გ. ლიმონის წვენი
30გ. მარწყვის ლიქიორი
1-2ც. მარწყვი
ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში.

ბრაზილიური ღამე

0x01 graphic

40გ. ლიქიორი მანგაროკა
30გ. არაყი
10გ. ლურჯი კურასაო
ყინულიან შეიკერში ჩაასხით ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ. შემდეგ გადაასხით ყინულიან ჭიქაში.

ტეკილა სან რაიზი

0x01 graphic

50გ. ტეკილა
100გ. ფორთოხლის წვენი
ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ფორთოხლის წვენი და ტეკილა, მოურიეთ.

სამოთხე

20გ. ფორთოხლის წვენი
30გ. ლიქიორი აპრიკოტ ბრენდი
50გ. ჯინი
ათქვიფეთ შიკერში ყინულთან ერთად.

ემანუელა

0x01 graphic

20გ. არაყი
20. ამარეტო
20გ. ლურჯი კურასაო
40გ. ფორთოხლის წვენი
ყინულიან შეიკერში ჩაასხით ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ. შემდეგ ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

სისხლიანი მერი

0x01 graphic

50გ. არაყი
100გ. ტომატის წვენი
5გ. ლიმონის წვენი
რამოდენიმე წვეთი ტობასკო
მარილი და შავი პილპილი გემოვნების მიხედვით
ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში.

სისხლიანი მარია

50გ. ტეკილა
100გ. ტომატის წვენი
5გ. ლიმონის წვენი
რამოდენიმე წვეთი ტობასკო
მარილი და შავი პილპილი გემოვნების მიხედვით ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში.

ლონგ აილენდ აის თი

0x01 graphic

15გ. ლიქიორი კვანტრო
15გ. რომი ბაკარდი
15გ. ჯინი
15გ. ტეკილა
15გ. არაყი
15გ. ლიმონის წვენი
30გ. ფორთოხლის წვენი
100გ. კოკა-კოლა
ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

კრაზანა

0x01 graphic

50გ. არაყი
20გ. ბანანის ლიქიორი
200გ. ლუდი
ყინულიან ჭიქაში ჩაასხით არაყი და ბანანის ლიქიორი. დაამატეთ ლუდი.

კუბა ლიბრე

0x01 graphic

50გ. რომი ბაკარდი
100გ. კოკა-კოლა
ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

მწვანე თვალები

0x01 graphic

30გ. არაყი
50გ. ფორთოხლის წვენი
10გ. ლურჯი კურასაო
ყინულიან ჭიქაში ჩაასხით არაყი და ფორთოხლის წვენი, ოდნავ მოურიეთ და დაუმატეთ კურასაო.

ტკბილი ტაბუ

0x01 graphic

20გ. ჯინი
10გ. კამპარი
10გ. ლიქიორი კვანტრო
60გ. ფორთოხლის წვენი
ჩაასხით ინგრედიენტები ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ.

გამაგრილებელი ჯული პი

0x01 graphic

30გ. არაყი
10გ. მენთოლის ლიქიორი „პეპერმენტი”
50გ. ანანასის წვენი
ყველა ინგრედიენტი ჩაასხით ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ.

ალუბლის უალკოჰოლო კოქტეილი

60გ. ალუბლის წვენი
30გ. თაფლი
30გ. ფორთოხლის წვენი
გაყინული ხილის ასორტი
ათქვიფეთ ბლენდერში ალუბლის წვენი, თაფლი და ფორთოხლის წვენი. მოათავსეთ ჭიქაში წვრილად დაჭრილი ხილის ნაჭრები და დაასხით ათქვეფილი მასა.

მე და შენ

0x01 graphic

20გ. ლიქიორი კვანტრო
40გ. გრეიპფრუტის წვენი
10გ. ლიმონის წვენი
40გ. სპრაიტი
ჩაყარეთ ჭიქაში დამსხვრეული ყინული და დაასხით ინგრედიენტები.

ფრენჩ ქონექშენი

0x01 graphic

50გ. კონიაკი
50გ. ლიქიორი ამარეტო
ყინულიან ჭიქაში ჩაასხით კონიაკი, ლიქიორი და მოურიეთ.

ორგაზმი ყვირილით

0x01 graphic

30გ. ლიქიორი გალიანო
15გ. ლიქიორი კვანტრო
30გ. ლიქიორი ბეილისი
15გ. ლიქიორი კალოა
ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში და ჩაასხით დამსხვრეული ყინულით სავსე ჭიქაში.