![]() |
ცხელი შოკოლადი (ნოემბერი, 2005 №10) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მორჩილაძე აკა, კაკულია სანდრო, ბაბუაძე თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, შავერდაშვილი შორენა, რულოვსი სანდრა, ყანჩელი გია, გვახარია გიორგი, კიკალეიშვილი სალომე, გობადი ბაჰმან, ბაბლუანი გელა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: ნიკა ანთიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია აკა მორჩილაძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
აკა მორჩილაძე
წიგნის დახევა ცუდი რამეა, მაგრამ რას იზამ, ვიღაცას დაუხევია.
ალბათ დრო-ჟამის მსვლელობას და სხვა ისეთ რამეებს ადამიანი ვერაფრით შეებრძოლება.
თქვენს წიანაშეა ერთი განადგურებული ბიბლიოთეკის ნაშთები.
სხვანაირად რომ ვთქვათ, სრულიად უცნობი, დახეული და დაკარგული წიგნების გადარჩენილი ფურცლები.
ცხადია, ფურცლები სხვადასხვა წიგნებიდანაა, ეს წიგნები კი მაღაზიებში აღარ იყიდება.
და რომც იყიდებოდეს, ვინ მოიკლავს თავს მათი ყიდვით?
მოკლედ, ასეა:
ძველი ბიბლიოთეკის ნაშთები.
სანდრო კაკულია
ახალი ავტორი ვარ და ამიტომ ეს ჩემი ფოტოც ახალია. დაყენებული სახეც იშვიათად მაქვს და, საერთოდ, ჩემი პორტრეტული ფოტოები ნერვებს მიშლის. ნერვებაშლილი, თმებს არასდროს ვიშლი... ხელებს კი ვშლი და ვშლი! ხელებგაშლილი, ნერვებაშლილი... მერე ჩემს ნაწერებსაც ეტყობა ხოლმე - აშლილ-დაშლილები არიან.
მთავარია, აქ ჩემს ახალ კოლეგებს (საშინელი სიტყვაა „კოლეგა“) აშლილ-დაშლილი იშვიათად დავენახო... თუმცა ასეთ დროს, რთულად შესამჩნევი ვხდები. ფერვმკრთალდები, ვნაცრისფრდები და თუ დროზე არ დავიწყე ფიქრი, საერთოდ ვქრები... შეიძლება რედაქციაშიც მოვიდე, მაგრამ თქვენ ვერაფერს დაინახავთ, ანუ ვერაფრით დამინახავთ. ჰოდა იცოდეთ, როცა გეგონებათ, რომ მარტო ხართ, შეიძლება თქვენთან ერთად ვიყო, ფალიაშვილის რედაქციის ევრორემონტიან კედლებს შორის, ყოველ ოთახში და ყოველ თქვენგანთან... ყოველ ნომერში და ყველა მკითხველის დაუვიწყარ ფიქრებში!
თამარ ბაბუაძე
ხშირად მინატრია, რა მოხდება, წერა დამავიწყდეს, მერე ხომ იძულებული გავხდებოდი, ერთი კამერა მეყიდა და მოყოლის ნაცვლად, ყველაფერი ფირზე აღმებეჭდა-მეთქი.
ეს ამ თვეში სამჯერ მომინდა:
I - როცა სახურავზე ვიდექი და მასხარას ვეკითხებოდი, აქედან „გავრიკას“ სახურავი ჩანს-მეთქი? კიო, აი, იქიდან გამოჩნდებაო და თუნუქის სახურავის პიკზე ავბობღდით. კუტუზოვის კორპუსები ჩანდა. აქეთ - ჭავჭავაძე, ბევრი მანქანებით; ისმოდა პატრულის სიგნალი, ძალიან დაბლა ვერტმფრენი დაგვტრიალებდა. ამ ინტენსივობის გამო, თავი ნიუ იორკში მეგონა, სულ ცოტა, U2-ს კლიპის გადაღებაზე; ვიდექი და თან ვცდილობდი, მომეფიქრებინა, როგორ დამეწერა მასხარაზე ისე, მაქსიმალურად ზუსტი ემოცია რომ გადმომეცა.
II - როცა გია ყანჩელის გვერდით ვიჯექი, მის პაუზებს და წინადადებებს თანაბარი ინტერესით ვუსმენდი და თვალს მის თითებს ვაყოლებდი: ხელში კალამი ეჭირა, სტრიქონებს ხაზს ავლებდა და მეუბნებოდა: აქ ეს
ჯობია, იქ - ის...
III - როცა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დედა-შვილები გავიცანი; როცა მივხვდი, რა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს ეს ურთიერთობა და საერთოდ დამუნჯება მომინდა - ისეთი ძვირფასი გამოდგა თემა...
მოკლედ, მე კი ვნატრობდი, მაგრამ კიდევ კარგი, „ამინმა“ (იმ „ამინმა“, ანა რომ გაცნობთ გვერდზე სვეტში) ჩემთან ამ დროს არ ჩამოიარა. არ ჩამოიარა და ნატვრა ნატვრად დარჩა: რისი გადაღებაც მინდოდა, სხვამ გადაიღო, თანაც ჩემზე უკეთ, მე კი - ძველებურად დავწერე. რა ვიცი, ნახეთ, აბა...
ანა კორძაია-სამადაშვილი
„ჩინელის“ გმირებისა არ იყოს, დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა ოცნება, ადრე თუ გვიან, ხდება. გასაოცარია, მაგრამ ასეა.
პატარა გოგო როცა ვიყავი და რამეს ვინატრებდი ხოლმე, დედა მეუბნებოდა, ფრთხილად ინატრე, ამინმა არ ჩამოიაროსო. შესანიშნავი ვინმეა ეს ამინი. როგორც ჩანს, ერთხელ მან სწორედ მაშინ ჩამოიარა, როცა ვამბობდი, მოგზაურობა მინდა-მეთქი - და აჰა! ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გზაში მაქვს გატარებული და ბედნიერი ადამიანი ვარ.
მართალია, ისიც მომხდარა, განსაკუთრებით, დაბინდებისას, რომ შურით შემიხედავს უცხო ქვეყნის უცხო ხალხის ფანჯრებში ანთებული სინათლისთვის და ძალიან მომნდომებია შინ დაბრუნება. მაგრამ ერთხელ ერთმა ტრაილერის ბრძენმა მძღოლმა მითხრა, რომ იმ ფანჯრებიდან მრავალი ადამიანი შურით შესცქერის გზაზე ჩავლილ სინათლეს, და მრავალს უნდა, გზას დაადგეს.
ჩემი შინ დაბრუნების სურვილიც ყოველთვის ხდება. ალბათ ისინიც გადიან დიდ გზაზე, ვისაც ეს გულით უნდათ. მოკლედ, მთავარია, ვინატროთ ხოლმე. ოღონდ ძალიან, ძალიან ფრთხილად.
აი, ამსტერდამში ჩასვლა მინდოდა - და ჩავედი. „კლაუსტროფობის ჩანაწერები“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფრთხილად უნდა ინატრო, რადგან იმ დროს შეიძლება ამინმა ჩამოიაროს და ყველაფერი აგისრულოს - მერე, რას აპირებ?
![]() |
2 Ich Bin Ein Grosser... მასხარა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
გამოყენებულია გიორგი მასხარაშვილის ნამუშევრები
მასხარაზე ამბობენ, მასხარააო;
ან: უცნაურიაო;
ან: მხატვარიაო;
ან: გარეკილიაო:
ან: რეჟისორობსო;
ან: ეგ, რომელია, დიდ ძაღლთან ერთად რო დადისო?
ან: მე გუდაურიდან ვიცი, ჰელისქის ვერტმფრენების გამყოლი იყოო;
ან: მთამსვლელია, კაი ბიჭია, მარშრუტებზეც დადიოდაო;
ან: სახურავებზე აქვს გადახრა და კიდევ კედლებზე გიჟდებაო;
ან: „მზიურის“ ფესტივალიდან მახსოვს, ძირს გაშლილ ტილოებზე ხატავდაო;
ან: ფესტივალის მატარებელზე ვნახე, სამტრედიის სადგურს აფერადებდაო.
ან: ეგ ის არ არის, კამერა რომ წაიღო ჩვენგან და გააფუჭაო?
ან: ლევან ზაქარეიშვილის ფილმში „თბილისი-თბილისი“ არ თამაშობს მთავარ როლსო?
ან: აუ, მაგას რა ჰქვიაო?
- გიორგი! გიორგიიიიი!
ვა, პასუხი არის. მოიხედა, ე.ი. გიორგიზეც რეაგირებს.
აბა, ახლა ასე:
- ეე, მასხარ! მასხააარ! - ნუ, ეს თავისთავად.
- და რა გიკვირს რო, საერთოდ? იგონებ ახლა რაღაცას. შენ თამუნა ხარ, ბაბუს გეძახიან, რომელი უფრო შენია? ჰოდა, ეგრე ვარ მეც. სკოლაში, ინსტიტუტში - ყველა მასხარას მეძახდა. ორი კაცი ლაპარაკობს, ერთმა არ იცის, რა მქვია, ის მეორე კიდე მასხარად აცნობს ჩემს თავს და იმასაც ჰგონია, რომ ეს სახელი ჩემი ნატურიდან გამომდინარე მქვია. ახსნას არ ვიწყებ. მერე რა. ეგრე ნახევარი თბილისი მასხარა შეიძლება იყოს. რა, არა? თბილისში რომ არანორმალურები ცხოვრობენ, მაგდენი სად გინახავს. არანორმალური კარგი გაგებით - მხიარულები.
- კარგი, ხო, დაწყნარდი.
მოკლედ, მთავარია, მოიხედა. ახლა ინტერვიუზე:
- ორზე მოვიდე?
- მოდი! ჩოხა მეცვას?
- ახალუხიც.
თბილისი. 28 სექტემბერი, 2005 წ.
...
- აუ, კიდე კაი, გამახსენდა, ყვავილები უნდა მომერწყა. ბოთლში წყალი თავდება. ჩაიდნით დადის და რწყავს.
- ეე, დავმდუღრე, მგონი. ჩაი ხო არ გინდათ, ისე?
...
ფოტოგრაფმა გადაიღო და წავიდა. ფანჯარასთან ვდგავარ და მასხარას შემობრუნებას ველოდები. სრული სიჩუმეა და უცებ - საშინელი ჰევი მეტალი, თუ რაღაც მსგავსი მეორე ოთახიდან, მერლინ მენსონის სახე დამიდგა თვალწინ, შევხტი, მოვტრიალდი და მენსონის ნაცვლად, მასხარას კმაყოფილი სახე კარებში:
- ჰეეე, შეგეშინდა? ახლა შენ ინტერვიუს აიღებ?
- ხო, ეს ვინ არი? - მაგიდაზე ინდიელების პორტრეტები ყრია.
- ეგ ჯერონიმო, ყველაზე ცნობილი ინდიელი ყაჩაღი. მომწონს ინდიელები და აფრიკელი ზანგები. სომალელები შენ გაბერილმუცლიანი ტიპები გგონია? არა, მაგარი ლამაზი ხალხია. ეგ ჩართულია ახლა? აუ, რა დამსწრესავითაა. წამო, რა ლოჯში. ჭყო იცი? ერთხელ მაგას მაგარი რამე გავუკეთე, ნახე:
მაგიდაზე დიდ ქილაში რეზინის ფერადი ბურთულები ყრია. მუჭით იღებს ბევრს, მერე ტრიალდება და ზევით მთელი ძალით ისვრის. ბურთები დიდი ხმაურით ხაზავენ წრფეებს მთელ ლოჯში, ჭერიდან იატაკამდე. რაღაც მულტიმედიური ინსტალაციასავით გამოდის.
- მაგარი იყო. ჭყოიძე გაგიჟდა. რა ეფექტი ჰქონდა, იცი? მასხარა დადის და ბურთებს აგროვებს, მე უკან დავყვები და ვეკითხები:
- ეს ფიტულები შენია?
- არა, ეს ბაბუაჩემის კოლექციაა. ჩემი კოლექციები იქით არის. ზღვის ცხოველები, ნიჟარები - სადაც მხვდება, ვყიდულობ. ეს ნახე, პალმის ქერქისგან გავაკეთე - საკრავია რაღაც.
- და ეს? - წესით თუნუქის, ისე კი პლასტმასის ჯარისკაცი შუა ოთახში დგას. წითელი ფორმა აქა-იქ გაცვეთია და, მგონი, იმ ზღაპარივით ძველია, რომლიდანაც თვითონ არის.
- ეგ ნიუ იორკში ქუჩაში ვიპოვე. სადარბაზოსთან იდგა. წამოვიყვანე.
და ახლა მე, მასხარა და ჯარისკაცი შუა ოთახში ვდგავართ. მასხარა ნიუ იორკზე მიყვება. ერთი გაფიქრება წარმოვიდგენ, როგორ მოდის კენედის აეროპორტში იღლიაში ამოჩრილი ჯარისკაცით, მაგრამ იმიჯს სასწრაფოდ ვიშორებ თავიდან - რა დროს წარმოდგენებია, ისედაც ოთახიდან ოთახში დავდივართ და ისე ვიწერთ ინტერვიუს (თუ ამას ინტერვიუ ჰქვია) - არ ჯდება და რა ვქნა...
თუმცა, ეგეც კარგია, ყაჩაღი ჯერონიმოდან ნიუ იორკს მივადექით. ე.ი., ბოლო პუნქტიდან ვიწყებთ, ისე, როგორც CV-ს.
NEW YORK. ზაფხული, 2005 წ.
ამ ქალაქში, ძირითადად, ბუნდოვანი და ზედმეტად განზოგადებული მიზნებით ჩადიან ხოლმე. ჩემოდანში უდევთ დიდი იმედები, ცოტა ფული, არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნის შინდისფერი პასპორტი და ახლობლის ნაცნობის კარის მეზობლის მისამართი, ყურში ექოსავით ჩარჩენილი ფრაზით: „აუცილებლად ნახე, დაგეხმარება”. თბილისური ამბავი.
შთაბეჭდილება თავიდან ისეთივე შაბლონურია, როგორც ნიუ იორკის შაბლონადქცეული ხედები. თუ ამერიკულ ფილმებს კარგად უყურებ ხოლმე, აეროპორტიდან ქალაქამდე მისასვლელ გზასაც კი ცნობ. შენი და ნიუ იორკის ნამდვილი ნაცნობობა კი მერე იწყება, ქუჩებში ხეტიალით, სხვის ფანჯრებში ანთებულ შუქებზე აღძრული შურით და იმედების მსხვრევით: თურმე, ვაი, არათუ, ყველაზე პატარა გალერეასაც კი არ აინტერესებს შენი ნახატები, საერთოდ, შენი არსებობაც კი არავის სჭირდება. ჯიბეში ფურცელზე წაწერილ მისამართს იღებ და ახლობლის ნაცნობის კარის მეზობლის ძებნას იწყებ, მაგრამ ვერ პოულობ. მერე სადღაც გადაეყრები შენისთანა გზააბნეულ ქართველს და ერთად იწყება თავგადასავლები, ნიუ იორკულ ანტურაჟში მომხდარი მრავალგვარი ტიპის შარით სავსე და, ცხადია, თბილისური იდიოტიზმის თანხლებითაც - „ეე, რას მიყურებ, ბიჭო!“ ეს „ბიჭო“ დაჟინებული და მრავლისმეტყველი მზერის მქონე შავკანიანი შეიძლება იყოს.
მერე რა ხდება? როგორ გითხრათ, ეს ხომ კინოა? ფინალს მასხარა ვერ გასცემს. აი, ჩამოუვა ფირი, დაამონტაჟებენ, გამოუშვებენ და ჩვენ თვითონ ვნახოთ, რა გამოვიდა მისი ნიუ იორკული შთაბეჭდილებების მიხედვით გადაღებული ფილმისგან. ხო, სცენარიც თავისია. ფილმის გადაღების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნიუ იორკში გუკა რჩეულიშვილს, ნუცა კუხიანიძეს და მიშა მესხს შეხვდა. ნუცა, მიშა და სანდრო ჩიქოვანი მთავარ როლებს თამაშობენ, გუკა - პროდიუსერია, მასხარა - რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, დამდგმელი მხატვარი.
დანარჩენები? - დანარჩენები იყვნენ ორი ხმის ოპერატორი და რამდენიმე ამერიკელი მსახიობი, მათ შორის ერთი - შემთხვევით გამოჭერილიც. როგორ? ასე:
„სიზმარი №7“. გიორგი მასხარაშვილი
„ერთი სცენაა ეგეთი, მიშას გმირი ბორანზე დგას, გვერდზე უცხო გოგოს ამჩნევს და ვითომ თავისთვის ამბობს: - იმ შენობის 21-ე სართული ჩემია. გოგო მოიხედავს და ეუბნება - really? შემ დეგი კადრი უკვე მათი სექსია. მოკლედ, ეს გოგო გვჭირდებოდა. დავდექი ბორანზე, მართლა ვნახე ვიღაც გოგო და ვეუბნები, ნიუ იორკზე დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებ, იდეა ეგეთია, სუბიექტური კამერით ვიღებ ხალხს და რაღაცეებს ვეკითხები-მეთქი. ახლა მე შენ გეტყვი რაღაცას, კამერით გადაგიღებ და შენ გაიკვირვე და ობიექტივში მკითხე - really? დამთანხმდა და ეგრე ჩავწერე ეგ გოგო. შემდეგ კადრში კი სახე არ ჩანს“.
გადასაღები მოედანი? ყველგან იყო:
„ფილმი ხო ახალგაზრდა მხატვრის შთაბეჭდილებებზეა და ყველგან ვიღებდით. შიდა სცენებს მეგობრის სახლში, ერთ ოთახში ვიღებდით... გალერეის სცენასაც და სახლისაც“.
შთაბეჭდილებები, რაზეც ფილმი ააგო:
„მერე ხვდები, რომ ბევრნაირია ნიუ იორკი. ჩვენ სულ დავეხეტებოდით. მანჰეტენის ქვედა ნახევარი სულ ზეპირად ვიცი. მახსოვს, ყველა ქუჩის კუთხეში რომელი „ბომჟი“ ცხოვრობს და ვინ რას ჰყიდის. აი, ეს ჯარისკაციც ქუჩაში ვიპოვე. ეგეთი გადაყრილი ნივთებისგან შეგიძლია სახლი მოიწყო, თავისი საწოლით, კარადით, კომპიუტერით, მართალია ძველი გამოშვების, მაგრამ მუშა მდგომარეობაში. შეიძლება, წვიმაში მიდიოდე, სადმე ქუჩის კუთხეში კიდევ გადაგდებული ქოლგა ნახო, გაშალო და გზა გააგრძელო. მერე კიდევ უბნები... ჰარლემის ქუჩებში მანქანები ჰყავთ ჩაყენებული, ფანჯრები ღიაა, მანქანებიდანაც მუსიკა ისმის და სახლებიდანაც. ყოველ ორ მეტრში დგანან და ჭამენ ქათმის ფეხებს, ცხიმიანებს. ზოგი აფრიკულ ტანსაცმელშია, ზოგს კოსტიუმი აცვია, ზოგი რეპერია. უამრავი საპარიკმახეროა, სხვადასხვა „პრიჩოსკების“ ფოტოებია გამოკიდებული... შამპუნების სუნი... მაგარი სიჭრელე“...
სტოპ, მასხარა, დანარჩენი - ფილმში.
ბაქო. 2001 წელი ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
სტამბული ორჯერ. 2003 წ.
- პირველი უცხო ქალაქი ჩემთვის იყო სტამბული. არა, არა, მეშლება, მოსკოვი. აუ, არა - სოხუმი იყო. ხო, ხო, საზღვარგარეთ პირველად ვიყავი აფხაზეთში. მერე უკვე ევროპაში გავიარე - მოსკოვში. არა, სერიოზულად გეუბნები, სტამბული უფრო მეტად ევროპაა, ვიდრე მოსკოვი და ბევრად უფრო აზიაც, ვიდრე დანარჩენი აზია. სულ კარნავალის პონტია.
- რატომ გეღიმება?
- შეყვარებული ვიყავი.
- რა ერქვა?
- რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ სახელს გეტყვი.
- სად გაიცანი?
- ფესტივალზე ვიყავით ერთად, ბაქოში. რეჟისორია. მაგრა ავაწყვეთ.
- ჩაკითხვები და... ?
- ხო, რა. ერთად ვიყავით. ხოშიანად. მაგრამ ძაან პირადულია, დიქტოფონში არ მოიყოლება და მოდი, სტამბულზე გეტყვი, რა.
სტამბულზე ამბობს:
„როცა ჩვეულებრივი ტურისტი ხარ, გადიხარ ჩვეულებრივ გზას, დადიხარ ფართო ქუჩებზე, დაინახავ დიდ შენობას. რა უნდა იყოს, თუ არა მუზეუმი? შედიხარ, ათვალიერებ. მოსაღამოვდება, შენ მაინც სეირნობ, მაგრამ მხოლოდ იქ, სადაც ყველა დანარჩენი ტურისტი - გაჩახჩახებულ ქუჩებში, გვერდს ძლივს უქცევ სხვებს. ამ ფონზე, სულ სხვაა, როცა სტამბულს იქაური დაგანახებს, შიგნიდან. როცა იცის, რომელი ქუჩიდან რომელზე გაგიყვანოს, როცა ყველა სიტუაციას გიხსნის. რა, ჩილიმი და კაფეები? არა, ეგ სტამბულის ეშხი საერთოდ არაა. კაფეში ჯდომა და ჩილიმის მოწევა ტურისტებისთვისაა - ის, რაც ზედაპირზე დევს და რასაც ეგრევე დაინახავ. აი, იმას ჰგავს - კინოს სახლის კიბეებზე ცუდად გაკეთებული ქართული ხანჯლები რომაა გამოფენილი ტურისტებისთვის. მე მართლა გამიმართლა, რომ ასეთი კარგი გიდი მყავდა.
- რატომ დაშორდი?
- რავი, რა... ჩვენს ურთიერთობაში რაც კინო იყო, მაგარი იყო. ნამდვილი კინო იყო თავიდან. მაგრამ მერე, რატომაც დავშორდით, ეგ უკვე ტელესერიალი გახდა... ეგეთი რაღაცეები იმდენად პირადულია, რომ не для всех, რა. разве что, ერთი მთელი საღამო ჩაისთან. ისე, ახლაც შეყვარებული ვარ. საკმაოდ დიდი ხანია. როცა მიყვარს, ყოველთვის სტაბილურად მიყვარს ხოლმე.
სულ ეგაა სიყვარულზე და სტამბულზე - ყველაზე დიდი შთაბეჭდილებების ქალაქზე.
თბილისი, საბავშვო ბაღი და აკადემია.
კარზე ზარია. მასხარასთვის ხსნასავით რეკავს ისე, როგორც საკლასო ოთახში დარეკილი ზარი - სწორედ მაშინ, როცა მასწავლებელი დაფასთან გიძახებს. მასხარასაც უხარია, თხრობას წყვეტს და კარისკენ გარბის. მერე ბრუნდება. მერე ისევ დგება, ლოლიპოპი მოაქვს და სავარძელში ჯდება, სანამ პირში გაიქანებდეს კანფეტს, ჰაერში აქნევს და დამძახის:
- დავაი, რუბაი.
- მეე?
- შენ ეგ გაუშვი, დიქტოფონი.
გაშვებულია და აი, რა:
...სანამ მასხარა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარებდა, ძირითადად, ხატავდა. ხატვა მაშინ დაიწყო, როცა, საერთოდ, ბავშვები იწყებენ ხოლმე საბავშვო ბაღში.
„იქვე მივხვდი, რომ ცხოვრებაში ზუსტად ამის კეთება მინდოდა“. არა, მართლა პატარა იყო, როცა თვითონვე მოსწონდა, რასაც ხატავდა. რას და დანარჩენებივით თვითმფრინავებს და ტანკებს, იქით ფაშისტების არტილერია, აქეთ - ჩვენების; ცეცხლწაკიდებული სახლები და მეხანძრეები წყლის ჭავლით - მოკლედ, სკოლამდელი და უმცროსკლასელი ბიჭის სახატავი რვეულის განუყრელი თემატიკა... ოღონდ ეს ყველაფერი - ფურცელზე გაცილებით უფრო სრულყოფილად გადატანილი, ვიდრე სხვების:
ბაქო. 2001 წელი. ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
„ჩემს ნახატებზე სროლა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იყო, რიკოშეტებს ვაკეთებდი, ასხლეტილ ტყვიებს, დაჭრილებს, რაღაც დინამიკაში იყო ყველაფერი“. 12-13 წლის იყო, სკოლაშიც რომ დაიწყეს აღნიშვნა - აი, ეს კარგად ხატავს. მოეწონა. უბრალო ფაქტის აღმნიშვნელმა წინადადებამ, „მე ვხატავ“, პათეტიკა შეიძინა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ ყველაფრის სწავლა თავიდან უნდა დაეწყო და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მერე ორი პერსონალური გამოფენაც მოაწყო. ახლა ხატავს, როცა სცალია და ამბობს:
„არასდროს არავისთვის არაფრის მიწოდება არ მინდოდა, ვიზუალური შთაბეჭდილების გარდა. სათქმელი? რა სათქმელი, ამბავია ყველაფერი. ეს ამბავი თუ მოიცავს სათქმელსაც, ეგ კაია. მგონი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ეფექტზე გათვლილი ამბავი იმიტომ, რომ კინოც და მხატვრობაც, პირველ რიგში, სანახაობაა“.
„მზიურის“ ფესტივალიც ისევე, როგორც ყველა ღია ცის ქვეშ მოწყობილი ღონისძიება, პირველ რიგში, სწორედ სანახაობის ამ პრინციპით გაკეთდა. მხატვრებს იქვე, მიწაზე გაშლილ ტილოებზე უნდა დაეხატათ და მერე ნახატები მზიურის ხეივნებში გამოეფინათ. მასხარას იმ წელს დიპლომი უნდა დაეცვა. დავალება კი გაკეთებული არ ჰქონდა. ამიტომ მზიურში დახატული დიდი ტილო წაიღო აკადემიაში. სხვები ურჩევდნენ, კომისიისთვის ეს ნახატი არ ეჩვენებინა, რადგან საერთოდ არ ჯდებოდა სადიპლომო ნამუშევრის სტანდარტში. მაგრამ მასხარამ ტილო აკეცა, ჭერში დაამაგრა. მერე, როცა მისი დიპლომის წარდგენის ჯერი დადგა, თოკი ჩამოქაჩა და ტილო კედელზე ჩამოიშალა. აღმოჩნდა, რომ - პირიქით, ნამუშევარმა დიდი ეფექტი მოახდინა. ყველაზე სკეპტიკურ კრიტიკას ვისგანაც ელოდა, პირველად მან შეაქო.
ასეთი შოუსთვის დამახასიათებელი ეფექტები არა მარტო დიპლომის დაცვას, „მატარებლის ფესტივალსაც“ და „მზიურსაც“ მრავლად ჰქონდა.
„ერთხელ მზიურში სცენაზე ავიჭერით. ჯგუფი „კაიზერსოუსი“ - მე, ბესელა, დუტკა, ბახალა, კოტე თაყაიშვილი და შევუბერეთ გოზალ-პანკი. გოზალაააა, გოზალაააა და მერე დასარტყამები, გიტარა და მერე ტექსტი: „გოზალაა, მომეე ჟუვაჩკაა“... დიდი ამბავი იყო. კასეტაზეც მაქვს ჩაწერილი. მოიცა, მოგასმენინებ. გოზალა ხო იცი, 55-ე სკოლასთან ჟუვაჩკებს ყიდდა“.
- აი, ეგეთი ამბები მომიყევი, რაა.
- ეგეთების მეტი რა არის, უნდა გამახსენდეს ოღონდ.
- კარგი, ორი ამბავი შენზეა, - თან ორ თითს ჰაერში ვაქნევ.
- ორი ამბავი, ორი ამბავი, - თვითონაც თითების გაპრანჭული რხევით მემშვიდობება.
ნაწყვეტი. 29 სექტემბერი, 2005 წ.
ლიზას ვურეკავ, ასათიანს, ჩვენს არტ-რედაქტორს. მასხარასთან მოსალაპარაკებლად არის წასული - ჟურნალის ყდისთვის სახურავზე აძრომის და იქ ფოტო-გადაღებების იდეა უნდა „შეაპაროს“ და მაინტერესებს, როგორ პროგრესირებს მოლაპარაკებები. ლიზას ნაცვლად, ბიჭი მპასუხობს.
- ლიზას სთხოვეთ, თუ შეიძლება?
- ლიზა ვარ.
- ე, მასხარა, შენ ხარ? ბაბუ ვარ.
- ვიცი, რომ ბაბუ ხარ, წავიკითხე. ოღონდ მე მასხარა არ ვარ, მე ლიზა ვარ.
- უი, ლიზა, როგორ ხარ? მასხარა მანდ არის? თუ შეიძლება, დაუძახე რაა.
- მოიცაა.
და მხოლოდ ასეთი მანევრირების შემდეგ მოვიპოვე ლიზა.
კადრი ფილმიდან: „გავრიკა“
კინო და ექსპერიმენტები. 30 სექტემბერი, 2005 წ.
მერე უკვე სახურავზე ვდგავართ და ველოდებით, როდის ამოიტანენ ყვითელ სავარძელს, რომელშიც მასხარა უნდა ჩავსვათ და გადავიღოთ. სანამ დანარჩენები ამოვლენ, შემადგენლობა უცვლელია - ისევ მე, მასხარა და ჯარისკაცი, ამჯერად თუნუქის სახურავზე.
„სულ სახურავზე არ ვიყავი? მთელი ბავშვობა. კარლსონივით. კი, მიყვარდა კარლსონი. და მეც მყავდა კარლსონი. რა, არ გჯერა? ბავშვებთან ერთადაც ავდიოდი და მარტოც. როცა მარტო ვიყავი, თამაშებს ვიგონებდი, ვითომ მკვლელი ვარ და სახურავზე ვცხოვრობ“.
ზუსტად აქედან წამოვიდა „გავრიკას“ - მასხარას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის იდეა-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ ბავშვობისდროინდელ სახურავის თამაშებს რომ უკავშირდება, ფაქტია.
„გავრიკა“ მასხარასთვის ექსპერიმენტია. უფრო ზედაპირული ამბავი, ვიზუალურ მხარეზე აქცენტირებული. მთავარ როლში მასხარას უცვლელი მსახიობი, პროფესიით ოპერატორი გოგა დევდარიანი თამაშობს:
„ჩვენ ერთი სასტავი ვართ. ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. ისეთ დროში დავიწყეთ კინოს გადაღება, როცა ნათხოვარი კამერებით გვიწევდა მუშაობა და ყველაფერს ვაკეთებდით, რისი კეთებაც შეგვეძლო. ერთმანეთის ფილმებს ვოპერატორობდით, ვმხატვრობდით, ვთამაშობდით, რელსებსაც ვზიდავდით. ერთმანეთის ფილმებზე მუშაობისას ვსწავლობდით. მერე ვიღაცამ დაგვაბრალა, მაგათ კლანი აქვთ და კლანური ფასეულობებიდან ვერ გამოვიდნენო. არადა, რა კლანი, სამეგობროა რა - მე, გოგა, ირაკლი, თაკო, ქეთი, ნენე, და თუ ერთად ვიყავით, მარტო მაგიტომ გამოგვდიოდა, თუ რამე გამოგვდიოდა საერთოდ“.
„პუსიკას ხელები“. გიორგი მასხარაშვილი
მასხარა ინსტიტუტში ლევან ზაქარეიშვილის სახელოსნოში მოხვდა. პირველი საკურსო ფილმი, სახურავის ნაცვლად, კედელზე გადაიღო. უფრო სწორად, ბიჭზე, რომელმაც კედლის იქით გაიხედა და ის დაინახა, რაც ასე ძალიან ენატრებოდა.
„წარმოიდგენ, რომ ციფრული კამერა არ იყო ქალაქში? და ჰენდი ქამებიც თითო-ოროლას ჰქონდა. მათ შორის ილუშკა სუხიშვილს. ინსტიტუტში რა, სუპერ VHS-ი იყო, ისიც დამტვრეული და იმაზეც რიგი იყო. ამიტომ, თუ არც არაფერს გადაიღებდი, არც მოგეკითხებოდა. „რაც გინდა, ჰქენი“-ს პონტი იყო. კიდევ კარგი, მაშინ ვმუშაობდი და ფული მქონდა. გუდაურში ჰელისქის ვერტმფრენზე ტურისტების ჯგუფებს ვიღებდი. სეზონზე ნაშოვნ ფულს ფილმისთვის ვაგროვებდი. პირველი საკურსოსთვის ფილმი 500 თუ 600 დოლარად გადავიღე. თან თავხედიც ვიყავი. კამერაზე „აუდიენციაში“ მივედი. კოკა ყანდიაშვილი დაგვეხმარა კამერითაც და სამონტაჟოთიც. ოღონდ გაგვიფუჭდა მისი კამერა. მერე ილუშკამ გვათხოვა, ისიც გაგვიფუჭდა. ეგ უკვე ბათუმში მოხდა. შემთხვევით გადავეყარე ცოტნე ბაკურიას, „აჭარის“ ტელევიზიაში წაგვიყვანა, იქ სულ ორი კამერა ჰქონდათ, მაინც დაგვეხმარნენ.
სხვათა შორის, „კედელი“ მოეწონათ. სტუდენტურ ფესტივალზე საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის ავიღეთ ჯილდოები. 2001-ში ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალზე ბაქოში წავედით და იქ გრან-პრი მოგვცეს. ახლა თუ მომწონს „კედელი“? პირველია, რა. რაღაცეები ცოტა უცნაურად გამოიყურება. აბა, საერთოდ არ ვიცოდით, რა გვექნა?!...“
მეორე ფილმზე გოგა ხაინდრავა დაეხმარა და სტუდია „АБК“ - „მთელმა სამეგობრომ იქ ავიდგით ფეხი. როცა შეკვეთები იყო, კლიპებზე, რეკლამებზე ვმუშაობდით, როცა - არა, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ეს სტუდია ჩვენთვის ნამდვილი ტრამპლინი იყო“.
იქვე გაიცნო ბებეც - იშვიათი გამონაკლისი დანარჩენ თბილისელ როტვეილერებს შორის. ის „აშეინიკის“ გარეშე დადის. ეს იმიტომ, რომ ბებე ჭკვიანია. ბებეს თავისი ისტორია აქვს, რომელშიც კიდევ სხვა პერსონაჟები მონაწილეობენ და ეს ყველაფერი რომ გავიხსენოთ, თემიდან ძალიან გადავუხვევთ. ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვით, როგორ უყვართ ბებე და როგორ უყვარს ბებეს ყველა. ასეთი ფრაზების გარდა: „ბებე, ერთ წუთს აქ დამელოდე, რა და ახლავე მოვალ“, ისიც ესმის, როდის არის კადრში და როდის არ იღებენ, ანუ როდის უნდა იპოზიოროს კამერის წინ და როდის უნდა მოშორდეს გადასაღებ მოედანს. მასხარა ბებესთან ერთად ხშირად დადის ხოლმე. „რას ამბობ, ბებეს მთელი თბილისი იცნობს. ერთ-ერთი ჩვენგანია, რა“.
თბილისი და ლევანი. 7 წლის წინ.
ლევან ზაქარეიშვილის სახელოსნოში სწავლისას, თბილისი ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორც მისსავე ფილმში. 7 წლის მანძილზე გაწელილ გადაღებებს მასხარა ბოლო სამი თვის განმავლობაში შეუერთდა. თავიდან ჩართვა გაუჭირდა, შემდეგ სხვებს აკვირდებოდა და სწავლობდა. „განსაკუთრებული არაფერი, რა. ლევანმა მთხოვა და მივედი. თავიდანვე ეგეთი ურთიერთობა გვქონდა. ძველ ფილმებს კინოთეატრებში ვუყურებდით. რესტორნებშიც ხშირად დავდიოდით მთელი ჯგუფი და იქაც კინოზე ვლაპარაკობდით. პახმელიაზეც გამოვსულვართ ხშირად ერთად და მაშინაც კინო იყო მთავარი თემა. სულ ლექცია გვქონდა, რა... და დღესაც თუ ერთად ვსხედვართ, ლექცია გრძელდება. ლექცია რა, ვარჩევთ რაღაცეებს“.
Info: საქართველოს კინო-ცენტრმა აშშ-ს კინოაკადემიას „თბილისი-თბილისის“ წარდგენის შესახებ გაუგზავნა განაცხადი. ანუ, ზაქარეიშვილის ფილმს აქვს შანსი, „ოსკარის“ ცერემონიალზე მოხვდეს.
მასხარას კინო-Resume: „ნახატზე შემიძლია ვთქვა, რომ გამომსვლია. კინოში ჯერ ექსპერიმენტებია. ვსწავლობ, რა“.
მთა შიგადაშიგ სულ.
- ეს ბათინკები და ამოყრილი ჩანთა რას ნიშნავს, მიდიხარ სადმე?
- პირიქით, ჩამოვედი. სვანეთში ვიყავი, მყინვარწვერზე, უცხოელებთან ერთად. სამუშაოა, რა. მერე ეგრე მოსკოვში წავედი და ჩანთა უბრალოდ ამოვყარე, რომ არ ჩაშმორებულიყო.
მასხარა მთაში 16 წლიდან დადის. ადრე უფრო სერიოზულად ეკიდებოდა საკითხს. ვარჯიშობდა კიდეც, მარშრუტებზეც მიდიოდა. 2002 წლის ივლისის ბოლოს - მისივე თქმით, მაშინ, როცა თბილისელი გოგოები ზღვაზე იზაგრებოდნენ, თვითონ უშბის „პადუშკაზე“ „პეშჩერაში“ ეძინა, მწვერვალზე ასასვლელად ემზადებოდა და დროდადრო, მეგობრის კამერაში აცხადებდა: „გამარჯობა, დღეს 30 ივლისია, გილოცავთ ახალ წელს“, ანდა „გამარჯობა, მოგესალმებათ მესტიის ტელევიზიის გასართობ-შემეცნებითი გადაცემა...“
„მოსაყოლი რა, მართლა ძაან მაგარი იყო. სულ სხვა ამბავია. კრისტალური სიჩუმეა გარშემო და ჰაერსაც არაფრის სუნი არ აქვს, იმდენად გამჭვირვალეა... აუ, ეს რა მაგარი რაღაცეები ვთქვი, ტო. არა, მართლა მაგარია“.
ფოტო: ლიზა ასათიანი
სახურავი, 30 სექტემბერი, 2005 წ.
გადაღებებს ვასრულებთ. მზეც აღარ იქნებაო, - ამბობს ნიკო და აპარატურის ალაგებას იწყებს. მასხარა კი თურმე ზუსტად ახლა იწყებს შოუს: სავარძელში წამოიმართა. ნაცისტი ოფიცერივით თითი მოგვიშვირა და ბოლო ხმაზე აღრიალდა: Ich bin eine grosse arsch... და კიდევ ბევრი მისთანა, მაგრამ გაურკვეველი სისაძაგლე იძახა... აი, ბოლოს მაინც გაგიჟდაო, - ვიღაცამ თქვა ჩემს გვერდით.
ჩვენ სახურავზე ვიდექით, ვუყურებდით ყვითელ სავარძელში გერმანელი ოფიცერივით წამომართულ მასხარას და კარგი შოუთი კმაყოფილი მაყურებლის გამომეტყველებით ვიღიმებოდით. ზოგი ფოტოებსაც უღებდა... რაღაც შევსევდიანდი. მაგრამ რა დროს სევდაა, იქნებ კიდევ რამე მომიყვეს-მეთქი, ვიფიქრე - მაშინ ხომ ორი თითით ორ ამბავს დამპირდა. თუმცა, აღარაფერი მიკითხავს. ქვევით ჩამოვედით და გავისეირნოთო, მითხრეს, მერე სადმე ჩაიც დავლიოთო. მაშინ ისევ გავხალისდი და ვთქვი, აი, ეს მენატრებოდა-მეთქი...
![]() |
3 იდეალისტის ნაამბობი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ოქტომბრის ბოლოს, უფრო ზუსტად, 31 ოქტომბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის, „იდეალისტის ნაამბობი“-ს ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ჰოლანდიაში ეს წიგნი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოიცა და უკვე ათი ათასობით გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ „იდეალისტის ნაამბობი“, ძირითადად, ჰოლანდიელი პუბლიკისათვის არის დაწერილი და მასში ხშირად შეხვდებით ქართული ისტორიისა და კულტურის განმარტებებს, ქართველი მკითხველისთვის წიგნის თარგმანი კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს სწორედ იმ პიროვნული ელემენტების გამო, რასაც ჩვენი პირველი ლედი ასე გულწრფელად და დეტალურად გვიყვება.
ქალბატონ სანდრასთან ჩვენი საუბარიც სწორედ ამ წიგნის გარშემო იყო. თუმცა, იმის გამო, რომ სააკაშვილებისა და რულოვსების ოჯახში მეორე შვილს ელოდებიან, ჩვენ ამ მოლოდინზეც და სანდრას ახალ შეგრძნებებზეც ვისაუბრეთ. ამასთანავე, მინდა გახაროთ, რომ ინტერვიუსთან ერთად, ჩვენ საშუალება გვაქვს შემოგთავაზოთ ნაწყვეტები ამ წიგნის პირველი და მეორე თავებიდან.
რა იყო თქვენთვის ამ წიგნის დაწერის მთავარი იმპულსი?
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როცა ვარდების რევოლუცია მოხდა და ბელგიიდან და ჰოლანდიიდან რამდენიმე გამომცემლობა გამომეხმაურა. ყოველთვის ვგრძნობდი წერის იმპულსს და ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან დიდი ამოცანა იყო. თან ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა ამის დაწერა.
ამ პროცესში მივხვდი, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემი ბიჭის გაზრდის პერიოდში, არასდროს გავჩერებულვართ. ყოველთვის მოძრაობაში ვიყავით. წერის დროს ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ამ ყველაფერის აწონ-დაწონვა და გადახარშვა. ალბათ, ამიტომ იკითხება წიგნი წყალივით. მკითხველმა წიგნი ვერ უნდა დადოს, იმიტომ, რომ ცხოვრებაც ასეთი იყო. არ დაგვისვენია, არ გავჩერებულვართ. ეს ათი წელიც წყალივით მიდიოდა: ბავშვი იზრდებოდა, ქმარი წინაურდებოდა. მეც გავიზარდე ამ ინტეგრაციაში, ამ ჩემს ახალ ოჯახთან, საქართველოსთან შეგუებაში. ეს ყველაფერი ერთი პროცესი იყო და პიროვნული, პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული გამოცდილება ერთ ჯამში იხარშებოდა. საქართველოსთან ინტეგრაცია, ბავშვის გაზრდა, პოლიტიკურ კიბეზე ასვლა - ეს ყველაფერი ამ წიგნში ჰარმონიულად, ერთად არის თავმოყრილი და 10 წლის შემდეგ, სწორედ ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დინება იყო.
ბოლო წერტილი რომ დავსვი, ამოვისუნთქე. ეპილოგში მიწერია, რომ 2004 წელმა წერაში გაიარა. ამ პერიოდზეც ვწერ, მაგრამ ძალიან ცოტას. ჩემთვის მთავარი იყო პროცესის აღწერა, იმიტომ, რომ პროცესი, ძალიან ხშირად, უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე შედეგი. უფრო საინტერესოა, რა გზა გაიარე, რა პრინციპებით, რა ოცნებებით, რა ამბიციებით და რა იდეალებით. 2004 წელს ეს უკვე შედეგი იყო და, შესაბამისად, ამ წიგნისთვის ნაკლებად საინტერესო.
ჰოლანდიაში სულ მეკითხებოდნენ, მეორე ტომს ხომ არ აპირებო. ამ ეტაპზე, არა მგონია. ამისთვის მასალას განსაკუთრებულად არ ვაგროვებ. თუ ოდესმე რამის დაწერას გადავწყვეტ, ბუნებრივ მასალას, ჩემს წერილებსა და ბლოკნოტებს გამოვიყენებ.
ვოცნებობ, რომ კიდევ რაღაცეები დავწერო საქართველოზე. მაგალითად, ჭიათურაში, 90 წლის წინ, ცხოვრობდნენ ბელგიელი ძმები. მათაც ჰქონდათ დღიური, ჰოლანდიურ ენაზე დაწერილი. მე ეს დღიური წავიკითხე და დამაინტერესა. ეს ყველაფერი დარკვეთში ხდებოდა. ვიყავი, ვნახე მათი ძველი სახლის ნაშთები, მეზობლები, რომლებსაც ახსოვდათ რაღაც-რაღაცეები. ვნახე მათი მამის საფლავი. მინდა მათზე დავწერო. წარმოიდგინე, 90 წლის წინ, სადღაც შორეულ ქართულ სოფელში, ჩემნაირად გაზრდილი, ჩემნაირი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ბელგიელები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ ძმას, რომანიც ჰქონია ვიღაც გოგონასთან. იყო ღალატიც. ამ ყველაფერს ალბათ იმ გოგონას თვალით მოვყვები. ის მაშინ 17-18 წლისა იქნებოდა. მისი მეუღლე 40 წელზე მეტის იყო. უცბად მეზობლად გამოჩნდა 2 ახალგაზრდა ბელგიელი... ისინი შესანიშნავად უკრავდნენ პიანინოზე, იცოდნენ ენები, სხვანაირი მენტალიტეტი და ურთიერთობები ჰქონდათ. ამ გოგოს ერთ-ერთი ძმა შეუყვარდა. მე ძალიან კარგად შემიძლია იმ გოგონას გრძნობების გაგება. კარგად შემიძლია წარმოვიდგინო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ვიცი, რა არის საქართველო და ვიცი, რა სხვაობაა ჩვენს კულტურებს შორის. ამიტომ, თუ ოდესმე დავწერ, ამ ამბავს დავწერ.
პირველი ორი თავის კითხვისას მომეჩვენა, რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიმბოლური დამთხვევაა. თქვენი შეხვედრა, უკრაინა, წითელი ვარდები...
წერისას თვითონაც მიკვირდა, რამდენი დამთხვევა იყო. სიმბოლოები, ისტორიული მომენტების დასწრება.. შემთხვევით არაფერი ხდება. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი ოცნება იყო. ალბათ წაკითხული გაქვთ დედაჩემისთვის მიწერილი წერილი, სადაც ვამბობ, რომ მინდა საქართველოს გმირი ან დედოფალი გავხდე. რამ დამაწერინა ეს? (ეს წერილი შენახული მაქვს და შემიძლია ვაჩვენო ყველა ურწმუნო თომას.) ყოველთვის გვქონდა შინაგანი რწმენა იმისა, რომ ჩვენ საქართველოში დიდი როლი უნდა გვეთამაშა. მაშინ პატარა ვიყავი, 24 წლის გოგონა და, ალბათ, ეს გულუბრყვილო მოტივაცია იყო. მაგრამ თუ რაიმე ძალიან გინდა და ამისთვის ყოველდღე რაღაცას აკეთებ, აუცილებლად გამოდის.
როგორი გამოხმაურება ჰქონდა თქვენს წიგნს ჰოლანდიაში?
ჩემი წიგნი ჰოლანდიასა და დანიაში 10 ათასობით გაიყიდა. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ 2006 წლის დასაწყისში უკვე მეოთხე ტირაჟი გამოდის. წაიკითხა ყველამ, ვისაც ოდესმე საქართველოსთან შეხება ჰქონია - მეცნიერებს, კონსულტანტებს, ქართველების ჰოლანდიელ მეგობრებს. თუმცა, მგონი ნელ-ნელა ფართოვდება მკითხველების აუდიტორია. ეს ძალიან კარგია, რადგან მინდა, რომ საქართველომ ჰოლანდიასა და ბელგიაში თავის ადგილი დაიმკვიდროს. ამ წიგნის მკითხველი საქართველოს მიმართ გულგრილი ვერ დარჩება. სულით და გულით მაქვს დაწერილი და ისე გულწრფელად, რომ შეუძლებელია, თუნდაც არ გქონდეს რაიმე შეხება საქართველოსთან, მის კულტურასთან და არ დაგაინტერესოს მან.
იმ ქართველებისგან, რომლებიც ჰოლანდიაში ცხოვრობენ და ენა ისწავლეს, ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღე. ეს ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის სარკეაო, მითხრეს. ძალიან სასაცილო მომენტებიც იყო. სამი კვირის განმავლობაში, წიგნის წარსადგენად სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში მიწვევდნენ. წიგნიდან იმ ციტატებს ვკითხულობდი, რომელიც იმ აუდიტორიას უფრო მოეწონებოდა. ამსტერდამში ასობით ქართველს შევხვდი, ეს ღონისძიება ფონდმა „ჰოლანდია-საქართველო“ და ფონდმა „ბაგრატიონი“ მოაწყვეს. მაშინ, რა თქმა უნდა, შევარჩიე ციტატები მიშას ბავშვობაზე, დედამთილთან ურთიერთობაზე, ჰოლანდიის შესახებ კრიტიკულ კომენტარებზე. სხვათა შორის, ჰოლანდიის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ, კრიტიკულად ვუყურებ იქაურ ამბებს. საქართველოს მიმართაც კრიტიკული ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ორივე მხარე გავითვალისწინო.
როგორია ოჯახში ახალი ადამიანის მოლოდინი?
ედუარდი სულმოუთქმელად ელოდება თავის ძმას ან დას. ის ხომ უკვე დიდია და არ ეჭვიანობს. პირიქით. მეუბნება, კიდევ ორი თვე რა ამბავიაო?! ნუ გეშინია, ახლა ვართ წყნარად, მერე ის დრო მოგენტარება, როცა მუცელში იყო-მეთქი, ვპასუხობ.
დედამთილს გოგო უნდა, რადგან ბიჭი ჰყავს, ძმა ჰყავს, ვაჟიშვილი ჰყავს და შვილიშვილიც ვაჟი ჰყავს. სულ კაცები არიან ოჯახში.
ისე, ამჯერად ორსულობის შეგრძნებები სულ სხვანაირია. მაშინ პატარები ვიყავით. ახლა უკვე გამოცდილები ვართ. ახლა, როგორც დედა, ალბათ უფრო წყნარად ვიქნები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გამოცდილი მაქვს. როგორც ჩემს ჩანაწერებში ვკითხულობ, ბავშვობაში ედუარდი ხშირად ავადმყოფობდა. მაშინ საქართველოში ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. ხანდახან ვერ ვეგუებოდი, მიჭირდა. ახლა უკვე ფესვგადგმული ვარ, უკვე კარგად ვიცი აქაური ღირებულებები, ვინ რას წარმოადგენს, როგორი მენტალიტეტია, როგორი სამედიცინო მომსახურებაა, როგორი ჩვევები - ეს ყველაფერი გავიარე.
ახლა უფრო სხვანაირად გამოვიყურები, ვიდრე მაშინ. ედუარდი ზაფხულში, ჰოლანდიაში დაიბადა. ეს კი ზამთარში, საქართველოში დაიბადება. ჩემი მშობლები დეკემბრის დასაწყისიდან ალბათ აქ იქნებიან, ჩემი მშობიარობა რომ არ გამოეპაროთ. ედუარდი ორი კვირით ადრე დაიბადა და შიშობენ, ახლაც ასე არ მოხდეს.
როგორ ზრდიდით ედუარდს, რა შეხედულებებით, რა პრინციპებით?
ედუარდი ათი წლის წინ გაჩნდა. 3-4 წლის ასაკიდან უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მაშინ მიშა უკვე ცნობილი ფიგურა იყო. ეს მისთვის ახალი ამბავი არ არის. ის მიჩვეულია ყურადღებას და ეს არის მისი დიდი პლუსი. ამ პოპულარობის ფონზეა გაზრდილი და, მგონი, ეს ძალას მატებს. მაგრამ ბავშვმაც უნდა იფიქროს თავის მომავალზე, რომ ყოველთვის არ იქნება ამ გარემოცვაში. მინდა, რომ პირველ რიგში იყოს ქართველი და უყვარდეს თავისი სამშობლო. ვამაყობ, რომ ჰოლანდიურად წერა-კითხვა იცის. თუმცა, ჰოლანდიურად ჩემი ლექსიკონით ლაპარაკობს. როცა ედუარდს უსმენენ, ჩემი ნათესავები ამბობენ, სანდრა ლაპარაკობსო.
ამ ყველაფერთან ერთად, მინდა გახსნილი ადამიანიც იყოს, იცოდეს ენები და ესმოდეს, რომ საქართველოს გარდა, არის უამრავი სხვა ქვეყანა, უამრავი სხვა კულტურა. ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგად იცოდეს გეოგრაფია. სკოლაშიც ასწავლიან, მაგრამ მეც ვეხმარები. ხშირად რუკაზე ვირჩევთ ხოლმე რამე ქვეყანას და მასზე ვლაპარაკობთ. მაგალითად, ნიკარაგუაზე, მალიზე. ვეუბნები, ნახე, შენხელა ბიჭები ცხოვრობენ ხეზე, ან ცხოვრობენ მიწის ქვეშ, ან ქარხანაში მუშაობენ მთელი დღე. მინდა კოსმოპოლიტად გაიზარდოს.
ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჰუმანიტარული თვისებებიც ჰქონდეს. ეს, სხვათა შორის, დედის და მამის მხრიდან ისედაც მოსდევს. ამიტომ ვუხსნი, რატომ ავირჩიე დასახმარებლად მაგალითად ეს სკოლა, რატომ ჩავატარე ესა და ეს ჰუმანიტარული აქცია, ან რატომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა. ვფიქრობ, რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება, 10 წლის ბიჭისთვის გასაგებია. ის ხომ უკვე ზრდასრულივით აზროვნებს. ამიტომ, ხშირად ვრთავ დისკუსიებში. მინდა, რომ ნელ-ნელა ყველაფრის საქმის კურსში იყოს. მერე თვითონ გააკეთებს არჩევანს, საით წავა. ჩვენ, უბრალოდ, ვამზადებთ ისე, როგორც მე თვითონ ვიყავი მომზადებული.
როცა თქვენს თავს იხსენებთ, გაქვთ თუ არა გაუცხოების შეგრძნება თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპთან? ანუ, რამდენად შეიცვალეთ?
გაუცხოებას ნაკლებად ვგრძნობ. მგონი, ისეთი დავრჩი, როგორიც ვიყავი. რა თქმა უნდა, იყო მომენტი, როცა ყველაფერი - კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი - უკან, დასავლეთ ევროპაში მოვიტოვე და ცხოვრება მეორე სამშობლოში, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე. 10 წლის გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ რისკზე წავედი. მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდა ვიცხოვრო. ახლა რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ალბათ იგივეს გავაკეთებდი იმიტომ, რომ ეს ბუნებაში დევს და სხვანაირად არ შეგიძლია.
ინტერვიუს ორგანიზებისთვის „ცხელი შოკოლადი“ მადლობას უხდის გამომცემლობა ლინკის დირექტორს, ქ-ნ ინგრიდ დეხრავეს.
>>>
სანდრა ელისაბედ რულოვსი
საქართველოს პირველი ლედი
იდეალისტის ნაამბობი
ავტორი: სანდრა ელისაბედ რულოვსი
გამომცემელი: ინგრიდ დეხრავე, გამომცემლობა „LINK“
მთარგმნელი: დავით ღოლიჯაშვილი
რედაქტორი: მარიკა ერქომაიშვილი
კორექტორი: ირენ მახარაძე
ფრაგმენტები წიგნიდან
„ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, მწერალი გამოვსულიყავი. ჩემი პირველი მოთხრობისთვის ფსევდონიმიც კი მქონდა მოფიქრებული: „არდნას სვოლურ“ (ჩემი სახელი და გვარი შებრუნებით). ჟღერადობა მომწონდა, ჩემი აზრით, ცოტა რუსულსაც ჩამოჰგავდა. მინდოდა, მეწერა და ცნობილი გავმხდარიყავი. არადა, პირიქით მოხდა - ჯერ ცნობილი გავხდი, წერა კი მერე დავიწყე. ეს კი სულ სხვა თვალთახედვის კუთხეა! ახლა უკვე მოგონილი კი არა, ნამდვილი ამბები უნდა აღვწერო, რომლებმაც სახელი გამითქვა, რომლებიც საქართველოში მოხდა.
რამდენიმე წელია თან დავატარებ საქართველოს, უფრო სწორად, საქართველოს ფორმის ოქროს კულონს. ამ ჟესტით იმის აღნიშვნა მინდა, რომ ამ ქვეყნის ბედ-იღბალს ვიზიარებ. ქართულ ენაში ერთი კარგი სიტყვაა - მეუღლე. ჩემი თავი სწორედ ასე წარმომიდგენია: ვხედავ, როგორ ვეწევი ჩემს ხართან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე უღელს...“
* * *
„ეს უნივერსიტეტის კაფეტერიაში მოხდა. სწავლა ორიოდე დღის დაწყებულ მქონდა, თანაკურსელების ნაწილს უკვე ვიცნობდი. ლანგრით ხელში ცარიელი ოთხადგილიანი მაგიდა მოვძებნე და დავჯექი. წვნიანი მოვხვრიპე თუ არა, მაგიდას მაღალი ყმაწვილი მოადგა და მორცხვად ჩამოჯდა მოპირდაპირე კუთხეში. მუქი ლურჯი შარვალი და მოკლესახელოებიანი პერანგი ეცვა, ყელსახვევიც ეკეთა. ერთმანეთი მალულად შევათვალიერეთ და არაფერი შევიმჩნიეთ. სიმპათიური ყმაწვილია, გავიფიქრე გუნებაში, ალბათ ფრანგია. მალე კიდევ ერთი მაღალი ყმაწვილი მოგვადგა და ჩემს პირდაპირ, „ფრანგი“ ყმაწვილის გვერდით დაჯდა. მას უკვე ვიცნობდი, ოივინდი ერქვა და ნორვეგიელი იყო. ბოლოს მეოთხეც შემოგვემატა - ესპანელი გოგონა როსიო. მასაც ვიცნობდი, ჩემი თანაჯგუფელი იყო.
საუბარი ოივინდმა დაიწყო. „ფრანგ“ ყმაწვილს ჰკითხა, სადაური ხარო და ამ უკანასკნელმაც უპასუხა (ეს ამბავი უკვე მილიონჯერ მიამბია ქართველი ჟურნალისტებისთვის):
„I am from Georgia, but not Georgia in America.“
ამის გაგონებაზე წვნიანი კინაღამ სასულეში გადამცდა. საქართველოში ხომ ნამყოფი ვიყავი!
- მე ვიცი საქართველო, შარშან ვიყავი იქ! - მივახალე მაშინვე. ახლა მიშამ დააღო გაოცებისგან პირი. გახარებულმა ვუამბე, რომ ქუთაისში ათი დღე დავყავი და ყველაფერმა ძალიან მომხიბლა. მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა - ის, რომ ძაღლებს, ცოტა არ იყოს, სასტიკად ექცეოდნენ! მოკლედ, გაგვიჩნდა საუბრის თემა და თანაც როგორი! ოივინდს და როსიოს ბევრი არაფერი ჰქონდათ დასამატებელი, ამიტომ იმავე საღამოს მე და მიშა სტუდენტური კომპლექსის კორიდორში შევხვდით და მან ქართულ ანბანში წამამეცადინა. სიხარულს ვერ მალავდა. ბლომად სიტყვები და გამოთქმები ისევ მახსოვდა, თუმცა ერთი წელი გასულიყო...
მეორე დღეს სტრასბურგის საკათედრო ტაძრის კოშკზე ავედით და მიშამ თავისი ძველებური „ზენიტით“ ფოტოსურათები გადამიღო. ბოლოს და ბოლოს ის თვეც მიიწურა. მისამართები და ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ყურებამდე შეყვარებულები ერთმანეთს დავშორდით. ის თბილისში დაბრუნდა, მე - ბრუსელში.”
ზელანდიის ფლანდრიის ბუნებაში, ერთი თვის დედა. 1995 წლის აგვისტო
* * *
„თუ რამ ექსტრავერტული თვისებები მაქვს, მამის მხრიდან გამომყვა. აქ უკვე ფლამანდიური სისხლი იგრძნობა. ბებიაჩემი, ივონ ჰეიზე, ბელგიელი ქალი იყო. ხუთი ქალისა და ორი ვაჟიშვილის პატრონს საკმაოდ გულღია ხასიათი ჰქონდა. შვილებს ყოველდღე ურეკავდა, ხოლო თხუთმეტ შვილიშვილს ნაირ-ნაირი ტკბილეულით ანებივრებდა. მამაჩემი, რომლის სრული სახელია ედუარდ ფლორიმუნდუს ალბერტუსი (ხომ შესანიშნავად ჟღერს?!), ამდენი ქალიშვილის შემდეგ მოვლენილი პირველი ვაჟი იყო. ამიტომ შიდა საოჯახო საქმეებში დამძალებელი არასდროს ჰყოლია. თუ მარტოა, ეხერხება ერბოკვერცხის შეწვა და მაკარონის შეთბობა, თუ არადა, სულ კითხულობს, როდის იქნება მზად საჭმელი.“
* * *
„სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჩემი მშობლების დევიზია. რამდენი წელია ხორცს საერთოდ აღარ ეტანებიან, ტკბილეულსა და სასმელს კი - ზომიერად, ხოლო ავტომობილს ისევ ველოსიპედს ამჯობინებენ. მამას კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ჯანსაღი ჩვევა ისაა, რომ სადილის შემდეგ, სანამ კვლავ თავის კანტორას მიაშურებდეს, ყავისფერი ველვეტის ღრმა სავარძელში ჯდება და ერთი საათი თვალს ატყუებს. ძველად ასეთ დროს კალთაში ვუძვრებოდი და ვცდილობდი მასთან ერთად შეწყობით მესუნთქა. მის კალთაში ამქვეყნად არაფრის მეშინოდა.“
შინ, ტერნეზენში, დედასთან და მამასთან ერთად. 2004 წლის ოქტომბერი.
სერგო ედიშერაშვილის ფოტო
ქორწინება ნიუ-იორკში, 1993 წლის 17 ნოემბერი
* * *
„მრავალი ამერიკელის მსგავსად, ტარაკნები არც ჩვენ გვაკლია. შარშან კიევში მიშას ჩინური ყვითელი ცარცი უყიდია და ახლა ძალიან გამოგვადგა. ყველგან, სადაც კი ტარაკნები ბუდობენ, ზოლები გაავლო. რომ შევიხედე, ვიფიქრე, რაღაც ახალი მწერი გაგვჩენია-თქო, მაგრამ მალე მივხვდი - ტარაკანა იყო. ალბათ ჩინურ ცარცზე გადაიარა, ან შეჭამა. გაყვითლებულიყო და აცა-ბაცა დადიოდა. ვინ იცის, აზიდებდა კიდეც. ჰოდა, მის ტანჯვას მაშინვე მოვუღე ბოლო. მას შემდეგ ტარაკნები თვალით აღარ მინახავს. ალბათ სადღაც შეძვრნენ და თათბირობენ, რა ძალებით გაუმკლავდნენ ჩინურ შხამს. კიდევ კარგი, აქედან ხუთ დღეში გადავდივართ...“
* * *
„ერთხელ ნიუ-იორკში ბიძია თემურს ვესტუმრეთ. მიშამ კარადიდან „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი გადმოიღო და დამავალა, რომ ეს შუასაუკუნეებისდროინდელი საგმირო ეპოსი ქორწილამდე წამეკითხა. დღეს ძალიან მიხარია, რომ ასეც მოვიქეცი, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ საშუალებით უკეთ დავინახე, რად უღირთ ქართველებს ერთგულება, მეგობრობა და რამდენად მამაცნი არიან ისინი. ქართველისთვის მეგობარი რომ განსაკუთრებით ფასობდა, მაშინაც შევნიშნე, როდესაც ერთ ქართველ სტუდენტს ფული დასჭირდა და მიშასგან 100 დოლარი ისესხა. როდის დაგვიბრუნებს-მეთქი, ვიკითხე (ფული ხომ არც ჩვენ გვქონდა თავზე საყრელად!), მიშამ კი მისაყვედურა და ამიხსნა, ქართველები ასეთ კითხვას არ სვამენ, იმ 100 დოლარს კი ალბათ ვეღარასდროს ვიხილავთო, თან იქვე დაამატა, ჩვენც რომ დაგვჭირდეს, მეგობრები დაგვეხმარებიანო. ცოტა ძნელად გასაგები ლოგიკა კი იყო ჰოლანდიელი გოგონასთვის!
იმავე წლის 17 ნოემბერს მიშა და მისი „სანდრიუშა“ კანონიერად დაქორწინდნენ. ეს საკმაოდ სპონტანურად მოხდა. ხელისმომკიდედ ერთი ქართველი სტუდენტი გვყავდა, სახელად ბაჩა. შავკანიანმა ქალმა, ხელს რომ გვაწერნებდა, ჩვენს მოწმეს დაღეჭილი ინგლისურით ჰკითხა: „წინააღმდეგი ხომ არ ხართ?“ რაზეც ბაჩამ სწრაფად მიუგო: „იეს, იეს“. მიშა მოუტრიალდა: „რას ამბობ, ბიჭო, ნოუ უნდა გეთქვა!“
ცერემონიალის შემდეგ (რომლის დროსაც ხელში წითელი ვარდი მეჭირა) სამივენი რესტორანში გავემართეთ და ქათმის კერძი მივირთვით. მე და მიშამ ლამაზი ფოტო გადავიღეთ სითი ჰოლის (მერიის) შესასვლელთან: ორივე შავ-თეთრ ფერებში ვართ, თავებმიბჯენილნი, მე ხელში ვარდი მიჭირავს, უკან კი ამერიკის დროშა ფრიალებს.”
* * *
„სტუმრები არც სხვა დროს გვაკლდა. მათთვის მეტწილად ბორშჩს, ბოსტნეულის სალათას და რაიმე ბრინჯიანს ვამზადებდი. რამდენჯერმე მიშა ბრაიტონ ბიჩზეც წავიდა, რათა ხინკალი და თონის პური მოეტანა და ვახშმისთვის ქართული ელფერი მიეცა. მახსოვს, პირველად წიწიბურა რომ მოიტანა და მოხარშა, დამწვარი ბრინჯი მეგონა. წიწიბურა დიდი ხნის შემდეგ შემიყვარდა. ცოტა მარილთან და კარაქთან ერთად ძალიან ნოყიერი საკვებია, თან ვერც აღნაგობას დაუშავებს რამეს.“
„როცა დედას დაბადების დღემ მოაწია, მე, 25 წლის მადლიერმა შვილმა, ემოციური წერილი გავამზადე. თითქოს უკვე ვგრძნობდი, რასაც მომიტანდა ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები.
„აიღე ნებისმიერი მოვლენა, რომელიც შენს ცხოვრებაში მომხდარა, ან თუნდაც მოგზაურობა! თუ თავიდან ბოლომდე გონების თვალით არ გაივლი და დაამუშავებ, ჩათვალე, რომ არც განგიცდია. ეს რამდენიმე საფეხურს მოიცავს: ჯერ უნდა ილაპარაკო, მერე იტირო, იცინო, აღტაცებით გაიხსენო, ისევ შიში იგრძნო, აღწერო და ბოლოს, ფოტოალბომში დააარქივო. ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მახსენდება: აი, მაშინ შეცდომა დავუშვი... იმან გული დამწყვიტა... და მაინც, რა კარგია, რომ ასეთი რამ გამოვცადე!.. რამდენი ვიმოგზაურე, რამდენი ვისწავლე და ვნახე, რაც შემდეგ ცხოვრებაში გამომადგა... არაფერს ვნანობ, თავი არსად წამიგია. ბედნიერი ვარ, სიხარულით, ოპტიმიზმითა და სიცოცხლით სავსე. მინდა, ცაში ვინავარდო... მინდა, საქართველოს დედოფალი ან გმირი გავხდე... მინდა, ჰუმანიტარულ მოძრაობაში გადატრიალება მოვახდინო... მინდა, სიცოცხლის ჟინი ჩემს შვილებსაც გადავცე... ეს, მგონი, ცოტა არაა?!.. (...)
თქვენ ალბათ ჩემი მომავალი გაწუხებთ. წუხილი წმინდა სიყვარულია! (...) თქვენი მთავარი საზრუნავი ხომ ისაა, რომ მე ბედნიერი ვიყო. ოცდახუთი წელია ამ საქმეს თავს წარმატებით ართმევთ. უბედური დიდხანს არასდროს ვყოფილვარ, მალევე ვპოულობდი ახალ-ახალ გზებს, რომ ცხოვრება გამელამაზებინა. მაშ, მომდევნო ოცდახუთი წელი რატომღა ვიქნები უბედური? მე არ მაკლია კარგი, ჯანსაღი აღზრდა, ბრწყინვალე განათლება, რომელიც ყოველთვის გამომადგება. (...) მე ჩემს ცხოვრებას თავად განვაგებ და ამისთვის საკმარისი ძალაც შემწევს. ადრეც მითქვამს: ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წინ პრობლემები, დაბრკოლებები მელის და ბრძოლა მომიწევს. გამორიცხული არაა! ქვეყანაში, სადაც მუდამ სამოქალაქო ომის სუნი ტრიალებს და მოსახლეობის ორი მესამედი საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ბევრს ალბათ შეშურდება. შეშურდება ჩვენი ბედნიერება, სიმდიდრე, კარიერა. ალბათ იქნება მუქარა, ზეწოლა, დასმენა. იქნება სასტიკი სცენები. ცხადია, ამისთვის „მზად“ ვერასდროს ვიქნები და არც საკმარისი ძალა მექნება, მაგრამ იმისთვის მაინც ვარ მზად, რომ ვნახო, გამოვცადო, უღელი ვზიდო და ვიბრძოლო. (...) და რაც უნდა შორს წავიდე, მუდამ ჩემთან იქნება სითბო, რომელიც ამ ბუდიდან გამყვა. იმედი მაქვს, ჩემი ახალი ოჯახისთვის თავადაც ასეთივე თბილ ბუდეს მოვაწყობ. ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება. გადახედეთ ნათესავებს, ნაცნობებს! მაგრამ მე კარგი მაგალითი მაქვს, ეს კი უკვე სანახევროდ გაკეთებული საქმეა. (...) ვინ იცის, ოცდახუთი წლის შემდეგ, როცა ორმოცდაათის გავხდები, ქართულად, ინგლისურად ან ნიდერლანდურად მეც ასეთივე წერილი მივიღო. როგორ მინდა, მართლა ასე მოხდეს! მე ხომ ვიცი, როგორი სიყვარულითა და მადლიერებით არის დაწერილი ეს წერილი. ჰოდა, მაშინ წრეც შეიკვრება.
თქვენი ქალიშვილი სანდრა ელისაბედი“...
კურსდამთავრებული მიშა. უკანა პლანზე პროფესორი ოსკარ შახტერი
* * *
„ნიუ-იორკში რომ დავბრუნდით, მეორე დღეს ჩვენი გაცნობიდან შვიდი თვე სრულდებოდა. ამის აღსანიშნავად საღამოს ჩვენს საყვარელ „ინდიან კაფეში“ ვაპირებდით წასვლას. მე შხაპს ვიღებდი და მიშას გავძახე, შამპუნი შემომიტანე-მეთქი. მიშამ ფეხსაცმელები გაიძრო და შამპუნით ხელში პირდაპირ შხაპის ქვეშ შემოვარდა. წინდები, ჯინსის შარვალი და პერანგი ისევ ეცვა და (წყალგაუმტარი) საათიც ეკეთა. იმდენი ვიცინე, სულს ძლივს ვიბრუნებდი.“
* * *
„ნიუ-იორკში სკოლის მოსწავლესავით მიყვარდა ჩაცმა: წითლად და შავად კუბოკრული შოტლანდიური ქვედაბოლო, შავი აბრეშუმის ქურთუკი, შავი ელასტიური რეიტუზები და შავი ლაქის ტუფლები. შესაბამისად, თმასაც წითელი ბაფთით ვიკრავდი. შინ კი თბილი პიჟამისამარა დავიარებოდი და თმაც დაუდევრად მქონდა აკეცილი. გიული რომ ასე დამინახავდა, მოწონებას ვერ მალავდა: „სანდრიუშა!“ მიშაც დაამატებდა: „ხომ საყვარელია?“
* * *
„ამასობაში მე უკვე სიას ვადგენდი, თუ ვისთვის დაგვეგზავნა საქორწინო მოსაწვევები. გვინდოდა თბილისში დაბრუნებისთანავე ჯვარი დაგვეწერა და დიდი ქორწილიც გადაგვეხადა. ამისთვის 1994 წლის სექტემბერი შევარჩიეთ, ხელისმოწერის ათი თვისთავი. ჰოლანდიიდან ჩემი ძველი უბის წიგნაკი გამომიგზავნეს. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული მეგობრები და ნაცნობები რომ დავიანგარიშე, 250 კაცი გამომივიდა. მოსაწვევებს ტექსტი სამ ენაზე წავაწერეთ: ინგლისურად, ნიდერლანდურად და ქართულად. ჩემი მეგობრები ალბათ გაოცებისგან პირს დააღებდნენ, როცა ჰოლანდიიდან მოწვევას მიიღებდნენ ადამიანისგან, რომელმაც ბელგიაში ფრანგული და გერმანული ისწავლა, საფრანგეთში საქმრო გაიცნო, ამერიკაში საცხოვრებლად გაემგზავრა და ახლა ჯვარს საქართველოში იწერდა! მართლაც, პასუხებმა არ დააყოვნა, ზღვასავით მოგვასკდა.“
* * *
„მე და მიშას ძალიან გვიყვარდა ხაჭოს ნამცხვარი, „ჩიზქეიქი“, თუმცა საქორწილოდ ცოტათი მაინც უნდა დაგვეკლო წონაში. აგვისტოს ბოლოს უკვე დარჩენილ დღეებს ვითვლიდით, რომ საბოლოოდ აგვეკრა გუდა-ნაბადი. მე ხომ პირველად უნდა მენახა თბილისი, ქალაქი, სადაც ერთად ვიცხოვრებდით, ოჯახს შევქმნიდით, ვიშრომებდით, ვიცინებდით და ვიტირებდით. ჩემი ქართველი ნათესავებიდან ჯერჯერობით მხოლოდ დედამთილს ვიცნობდი. ვინ იცის, როგორ მიმიღებდნენ ისინი? მოვეწონებოდი? მოუწონებდნენ მიშას არჩევანს? როგორ უნდა მოვქცეულიყავი ჯვრისწერისას? მე ხომ კათოლიკე ვიყავი, მაგრამ ვაპირებდი, მართლმადიდებლობა მიმეღო. ამის თაობაზე მამაჩემის ბიძას, ადრიანს დავუკავშირდი, კათოლიკური ეკლესიის პასტორს. მან დამლოცა და მითხრა, რაც მთავარია ქრისტიანად დარჩები და ქრისტიანული ფასეულობების დაცვით გააგრძელებ ცხოვრებასო. 1999 წელს, როცა რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოში ჩამოვიდა, აუდიენციაზე არ წავედი. არ ვიცოდი, იყო თუ არა იქ ჩემი, ყოფილი კათოლიკეს, ადგილი. თუმცა შემდეგ ბევრი ვინანე.“
* * *
“დადგა გამგზავრების დღეც... ჯვრის დასაწერად თბილისში მივფრინავდით! გადაფრენაც და გადმოფრენაც კიევის გავლით გვქონდა. კიევში ორივე ჯერზე რამდენიმე დღით გავჩერდით და ერთგვარი „საქორწინო მოგზაურობა“ მოვიწყვეთ. ჩვენი ბარგი 40 და 12-კილოგრამიანი ორი ჩემოდნისგან და 250 დოლარად ნაყიდი ტელევიზორისგან შედგებოდა. ტელევიზორი გიულისთვის მიგვქონდა. დანარჩენი ავლა-დიდება ერთ ქართველ მეგობარს მივაბარეთ და ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ახალ ბინაში გადავიტანდით. ფრანკფურტის თავზე რომ ვიყავით, სტიუარდესამ გვაუწყა, ქალაქის თავზე ვართო. მე და მიშამ სიყვარულით გადავხედეთ ერთმანეთს. გამოფრენისას აეროპორტში გვიან გავიარეთ რეგისტრაცია და ამიტომ სალონში ცალ-ცალკე ადგილებზე მოვხვდით. მე საშინლად ვნერვიულობდი: როგორც იქნა, იმ ქალაქში მივდივარ, სადაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა გავატარო. ვინ იცის, იქნებ ქუჩაში გამოსვლაც კი საშიში იყოს?
სოფელი ჭანიეთი გურიაში, სადაც 2003 წლის შემოდგომაზე ფონდმა SOCO-მ სასკოლო წიგნები ჩაიტანა.
ერთი წელიც არაა გასული, რაც ომმა წალეკა აფხაზეთი, ომის კვალი არც დედაქალაქს დაკლებია... სწორედ ამის გამო ჯვირსწერაზე მარტო ჩემი ძმა, დედაჩემი და მამაჩემი მოდიოდნენ, დანარჩენმა ნათესავებმა და მეგობრებმა კი ჩამოსვლა ვერ გაბედეს და იმას დასჯერდნენ, რომ ჩემებს მოსალოცი ბარათები და საჩუქრები გამოატანეს (საჩუქრები, ჩვენივე თხოვნით, კონვერტში ჩადებული ფული იყო - ტიპიური ჰოლანდიური, პრაქტიკული საჩუქარი).“
* * *
„დაუვიწყარი იყო აეროპორტში დახვედრა. ნახევარ სანათესაოს მოეყარა თავი. ხელში ყვავილები ეჭირათ. მათთან პირველივე გასაუბრებამ (ჩემი რუსული პრაქტიკაში გამოვცადე) დამარწმუნა, რომ მიშას არჩევანს უწონებდნენ. ეს საქართველოში ჩემი მეორე სტუმრობა იყო, ოღონდ პირველისგან სრულიად განსხვავებული. ახლა ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლო გახდებოდა.”
დედა და შვილი. 2002 წ. რაფაელ არზუმანოვის ფოტო
შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 2003 წლის დეკემბერი
* * *
„საქორწილო დარბაზში ჰოლანდიიდან მიღებული მოსალოცი ბარათები თოკით მქონდა გაჭიმული. სუფრაზე მუსიკოსებიც გვყავდა, რომლებმაც პირველივე სავალდებულო სადღეგრძელოების შემდეგ სიმღერა დაიწყეს. იყო ცეკვაც. უეცრად, შუა ქეიფში გასაბერი ბუშტი გასკდა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ყველას სროლის ხმები გაახსენდა, სულ რაღაც ერთი წლის წინ თბილისის ქუჩებში გაუთავებლად რომ ისმოდა. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე, ჩემს ძმასა და ჩემს მშობლებს ქალაქის ქუჩებში საფრთხე არ გვიგრძვნია. ტურისტების მსგავსად დაუბრკოლებლად ვმოძრაობდით და თბილისის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდით.
ჯვრისწერიდან რამდენიმე დღეში ისევ ნიუ-იორკში გავფრინდით. შუა გზაზე კვლავ კიევში გავჩერდით და მდინარე დნეპრზე ნავით ვისერინეთ. ჩემი ძმა და მშობლები კი თბილისში კიდევ რამდენიმე დღე დარჩნენ და ერთ დღეს საპიკნიკოდ კუს ტბაზეც ავიდნენ.“
* * *
„მიშა წამითაც არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. სულ უნდა მეკითხა, მესწავლა, წინ-წინ მევლო. მე თუ სადავეებს მივუშვებდი, ის მუდამ გვერდში მყავდა, რომ მას აეღო. მიშას უკვე მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთი წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრიდა. ერთხელ ვუთხარი, თუ ვერ გახვალ, გული არ დაგწყდეს-მეთქი და მაშინ გამიმხილა, რომ მწვერვალს უმიზნებდა და კიდეც დაიპყრობდა, თუკი მეც მხარში დავუდგებოდი!
- თუ არაფრის გწამს, მაშინ შენი ძალ-ღონე და მონდომება ვერაფრით დაგეხმარება! - ამიხსნა მიშამ, როგორც მტკიცე, მიზანდასახულ კაცს შეეფერება. 1994 წლის სექტემბრის მიწურულს ჩემებს მივწერე:
„მიხეილს, თავისი დრამატული ქართული ხასიათით, ღრმად სწამს, რომ „ლიდერის“ ცხოვრება ია-ვარდით ვერ იქნება მოფენილი, რომ საჭიროა პრინციპები, რომლებსაც არ უღალატებ და რომლისთვისაც იბრძოლებ. მდიდარი შეიძლება ვერ გახდეს, პოლიტიკა არაა სარფიანი საქმე, არადა, მას პოლიტიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია! სამაგიეროდ, ჩემგან შეიძლება კარგი საქმოსანი დადგეს. თანაც, რომელი გაჭირვებული ამომრჩეველი მოგცემს ხმას, თუ თავად ფუფუნებაში ცხოვრობ? ალბათ უკვე თქვენც ხვდებით, რომ მიხეილს, როგორც ნამდვილ მამაკაცს, გმირობა სწადია და არის კიდეც გმირი! მეც ეს მახარებს! ღრმად მჯერა, რომ ის (კომერციულ) ეშმაკს სულს არ მიჰყიდის!“
* * *
„ჩვენს ახალგაზრდა ქართველ პოლიტიკოსებს საღამოობით ჰოლანდიურად ჩაშუშულ კომბოსტოს ვუმზადებდი, რასაც ისინი თითებს აკვნეტდნენ, დილაობით კი - პილპილიან კექსს, მდნარ ყველიან და ძეხვიან ბუტერბროდებს. ამგვარი სასუსნავი ყოველთვის ჩამომქონდა, როცა კი სამშობლოში წასვლას ვახერხებდი. მინდოდა, იქ გატარებული ტკბილი დღეების მოგონება დიდხანს გამყოლოდა.
ზურაბი (ჟვანია) ჩვენს საყვარელ „ინდიან კაფეშიც“ წავიყვანეთ. როცა 2004 წელს შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩავედით, მე და მიშამ ძველი დრო გავიხსენეთ და „ინდიან კაფეში“ შევიარეთ. თუმცა, ცხადია, ვერც ძველ დროს დავიბრუნებდით და მენიუშიც ბევრი რამ შეცვლილიყო. ჰერაკლიტეს სიტყვები გაგვახსენდა: „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ!“
* * *
„ამერიკაში გატარებული ბოლო თვეები იოლი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგად გამობრძმედილ ცოლ-ქმრად ვითვლებოდით, მაინც გაურკვეველი მომავლის წინაშე ვიდექით. ორივეს მძიმე განსაცდელი გველოდა. მიშას კარზე მომდგარი „იურისტთა გამოცდა“ და თავისი სადოქტორო გეგმები აფიქრებდა, მე - ჩემი ფეხმძიმობა და მშობიარობა. როგორ იქნება საქმე, თუკი მიშა სწავლას გააგრძელებს? იქნებ, მე ვიმუშაო და თან ვისწავლო, თუკი ბავშვს დღისით ვინმეს დავუტოვებთ? სად ვიშოვით სწავლისა და ძიძის ფულს? დააყენებს მიშა თავის კანდიდატურას 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში? თუ ასე მოიქცევა, მაშინ საქართველოში მოგვიწევს დაბრუნება! ხომ არ მისაყვედურებენ ჩემები, როცა ფეხმძიმობის ბოლო თვეს მათთან გავატარებ: როგორ აპირებ თავის გატანას, როცა არ იცი, სად იქნები ორი თვის შემდეგ?!”
* * *
„გადავწყვიტეთ, ნიუ-იორკთან გამოსამშვიდობებლად კიდევ ერთხელ წავსულიყავით მეტროპოლიტან ოპერაში და „ტოსკაში“ პავაროტის გამოსვლა მოგვესმინა. დილის ექვსის ნახევარზე ბილეთების რიგში ჩავდექი, რომ მის ჰელენთან ფეხზე დასადგომი ბილეთები შემეკვეთა ათ დოლარად. შემდეგ კაფეში შევედი, ჩაი და ბაგელი ავიღე და რამდენიმე საათი გავჩერდი, რომ გამზადებული ბილეთების წამოსაღებად მივბრუნებულიყავი. წარმოიდგინეთ ამის შემდეგ ჩვენი სიხარული, როცა კენედის აეროპორტიდან ავფრინდით. წინ საყვარელი ევროპა გველოდა, იმის იქით კი გაურკვეველი და მაინც იმედით სავსე მომავალი, მუცლით
კი ბავშვი მიმყავდა - Made in the USA!“
![]() |
4 დედები და შვილები |
▲ზევით დაბრუნება |
სპეც-პროექტი
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
დედა: ნატო გაგნიძე, დრამატურგი
შვილი: ნინი ბუკია, რადიო „უცნობის“ წამყვანი
შვილი: დედაჩემის აზრს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როცა ეთერში ვარ, სულ ვნატრობ ხოლმე, ნეტა, დედა არ მისმენდეს. როცა ვწერ, ვერ ვაკითხებ. ერთადერთი, სადაც დედაჩემი ობიექტურობის შეგრძნებას კარგავს, ჩემი ნახატებია. პიკასო ვგონივარ, მგონი. ისე, ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს, იმპულსურია და განცდებით სავსე. როცა ვთხოვდებოდი, ორივე ვტიროდით, დღემდე სულ პატარა ბავშვივით მეფერება, მაგრამ ბოლო დროს ჩემს შვილს, მაშოს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და ჩემთვის ვეღარ იცლის.
დედა: ერთადერთი შვილი მყავს და ყველაფერი მისთვის მინდა. ამაში არაბუნებრივი არაფერია. მართლა ვფიქრობ, რომ დედობა მსხვერპლის გაღების უნარს ნიშნავს. შეიძლება გყავდეს ბევრი შვილი და დედა მაინც არ იყო - ეს სულ სხვა რამეა.
შვილი: მე და დედაჩემი მეგობრებიც ვართ. მან ყოველთვის იცოდა ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი და დღესაც არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს. ხშირად გარდერობიც საერთო გვაქვს, ჯინსები, როლინგები...
დედა: ნინის რაც აღარ უნდა, ავტომატურად მე გადმომელოცება ხოლმე...
დედა: თინიკო ჩხეიძე, გერმანისტი
შვილი: სალომე ხელაშვილი, მის საქართველო-2005
შვილი: რით გგავარ, თინიკო?
დედა: არაფრით. მგავხარ არაფრით და განვსხვავდებით ყველაფრით. მოკლედ და ლაკონურად ასეა.
შვილი: შეიძლება, შენსავით ჯიუტი და ამაყი ვარ.
დედა: სამაგიეროდ, ხარ ჩემზე ნელი, მშვიდი, სულ შენს აჩქარებაში ვარ. „სალომე, მოემზადე“ - დილიდან იწყება ხოლმე.
შვილი: მე კი ვერ ვხვდები, საიდან გაქვს ამდენი ენერგია. წარმოიდგინე, როცა მთელი დღე მუშაობს, დარბის, საღამოს მაინც არ ელევა ენერგია და ხალისი.
დედა: შენ კიდევ ხანდახან ჩემზე უფრო სერიოზულიც ხარ ხოლმე. როცა ჩემს მეგობრებთან ერთად ვზივარ და სალომე შემოდის, მომენტალურად ყველა წყნარდება.
შვილი: ჰო, თითქმის, აი, ისე, მკაცრი ქმარი რომ შემოდის სახლში. არადა, თვითონ იყო მკაცრი დედა. სხვა ბავშვები თუ 12 საათამდე რჩებოდნენ ეზოში, მე ათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, საიდუმლოებები არ მქონდა. ყველაფერს მიგებდა. თხილამურებით ერთად სრიალი გვიყვარს, ხშირად დავდივართ ხოლმე.
დედა: სალომე ძალიან დამოუკიდებელია. მოფერება? დიდად არცერთს არ გვიყვარს მოფერება - ამაში ნამდვილად ვუგებთ ერთმანეთს.
დედა: ნანა ჯანელიძე, რეჟისორი
შვილი: ნინუცა აბულაძე, არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი
დედა: ნინუცას ვცდილობ, ისე ვეურთიერთო, რომ ჩემი თავი გავიხსენო ამ ასაკში და მივხვდე, რას ფიქრობს, რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს. ჩემს აზრს თავს არასდროს ვახვევ, მაგრამ მაინც მინდა ხოლმე, გზა ვაჩვენო, რჩევა მივცე. ვცდილობ, ერთი და იგივე წიგნები ვიკითხოთ, ერთნაირ მუსიკას ვუსმინოთ.
შვილი: ნანა ლოიალურია, მასთან ურთიერთობა საინტერესოა. ნანასგან გამომდინარე, ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, ნამდვილად მისი დამსახურებაა, რომ მომწონს. არა, მართლა მომწონს, არ ვპოზიორობ.
დედა: ჩვენ წყნეთში ვცხოვრობთ და განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ თავს, როცა მე და ნინუცა თბილისში მანქანით მოვდივართ. ფანჯრები ჩაწეული გვაქვს, მაგნიტოფონი ბოლო ხმაზეა ჩართული - სულ ერთია რა - ან რომელიმე ოპერა, ან რაიმე პოპჰიტიც და ჩვენც ბოლო ხმაზე ვკივით.
დედა: მარინა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი
შვილი: თიკა შურღაია, სკოლის მოსწავლე
შვილი: სულ მეუბნებიან, დედას გავხარო, მაგრამ მე ვერ ვამსგავსებ საკუთარ თავს. სხვათა შორის, წელს პირველად გავიაზრე, რომ დედა გაცილებით უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ჩვეულებრივი დედა. მივხვდი, რომ ისე მიყურებს, როგორც დიდს. რჩევებიც მეგობრული აქვს, ყველაფერზე შეგვიძლია ლაპარაკი და ერთი მუსიკის მოსმენაც, მაგალითად „ბითლზის“.
დედა: მიუხედავად იმისა, რომ თიკა ძალიან არ მგავს, მოულოდნელად ისეთ მსგავსებას დავიჭერ ხოლმე, რომ თვითონ მიკვირს, ან თავს გადააქნევს, ან რამეს იტყვის ისე, როგორც მე. ძალიან საინტერესოა ამ ურთიერთობაზე დაკვირვება - თან ჩემი გამეორებაა თითქოს, თან სულ სხვა ადამიანია. მეგობრები? თიკა ჯერ ყოველთვის შვილი იქნება ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს, დიდი ხანია, რაც ჩემი მეგობარიცაა.
შვილი: იცი, რატომ გვაქვს ასეთი ურთიერთობა? იმიტომ, რომ სულ ცალკე ვცხოვრობდით - მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. რაც იყო, ყველაფერი ჩვენ ოთხს შორის წყდებოდა. ასეა ახლაც.
დედა: მეგი კაჭარავა, მუსიკოსი
შვილი: ზუზუ, „ვულე ვუს“ P.R. მენეჯერი
შვილი: მეგის შვილი ხარო, ხშირად მეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ერთმანეთს არაფრით ვგავართ. ალბათ, იერი მაქვს მისი და კიდევ ხასიათი. ერთნაირად ხალისიანები ვართ. ეს ის თვისებაა, რომელიც მისგან მერგო და კიდევ კარგი, რომ ასეა.
დედა: მე კი, ნინკას ერთი თვისება მომწონს ძალიან, რაც მე თვითონ არ მაქვს - კარგი მოსმენა იცის, მთელი გულისყურით ისმენს სხვისი განცდის შესახებ და თუ საიდუმლოს შენახვაა საჭირო, ვერც ამაში შეედრება ვინმე. ძალიან თბილია, მეც ასეთი ვარ და სულ ვეფერებით ერთმანეთს.
შვილი: კიდევ, ერთად ვგიჟობთ ხოლმე. სად? თუნდაც სახლში, როცა სტუმრები გვყავს.
დედა: კოსტიუმირებულ წვეულებებს ვმართავთ. მე როიალთან ვზივარ, ყველანი ვმღერით, ვცეკვავთ, ვმხიარულობთ.
შვილი: გულახდილი? რა თქმა უნდა, ვარ. მაგრამ ყველაფერს დედასთან მაინც არ ვამბობ. არა იმიტომ, რომ ვერ გამიგებს, უბრალოდ, ვიცავ და არ მინდა, ვანერვიულო. როცა ცუდი ამბავი ჩაივლის, მერე ვეუბნები ხოლმე.
დედა: თათული დოლიძე, მსახიობი
შვილი: სალომე გოგიტიძე, ინგლისური ენის სპეციალისტი
დედა: სალომეს ასაკის მეგობრები მყავს, ანუ გახსნილი ვარ და ასაკი ურთიერთობების დასამყარებლად ჩემთვის ბარიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩემს შვილთან მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ჩვენს შორის მაინც იგრძნობა ზღვარი.
შვილი: ეს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ხდება. უბრალოდ ასეა, უცხო თვალი ყოველთვის მიხვდება, რომ ჩვენ დედა-შვილი ვართ. თათულის დედას ვეძახი და მეც მომწონს, ჩემი შვილიც რომ ასე მომმართავს.
დედა: მე და სალომეს ისიც გვაერთიანებს, რომ აზროვნებით ორივე ჰუმანიტარები ვართ, ხელოვნება გვიყვარს. ხშირად ჩვენი გემოვნებაც ემთხვევა ერთმანეთს.
შვილი: იმ ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, როცა გოგოებს დედის ქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი კაბების ჩაცმა უყვართ, დედაჩემის ერთი თვისება მომწონს ძალიან: ის მთელი არსებით იხარჯება საქმისთვის. რასაც ხელს მოკიდებს, ბოლომდე რაღაც განსაკუთრებული ხალისით აკეთებს. ხასიათი ეტყობა ხოლმე მის ნახელავს. ვცდილობ, მეც ასეთი ვიყო.
დედა: ნანა იოსელიანი, მოჭადრაკე
შვილი: ნინო კუპრაშვილი, მარკეტინგის სპეციალისტი
დედა: ერთადერთი თვისება, რაც გვაერთიანებს, მოწესრიგებულობაა. სხვა მხრივ, მგონი, არც არაფრით მგავხარ, ხო? ვატყობ, რომ ჟინი და ორთაბრძოლის უნარი, რაც მე სპორტმა გამომიმუშავა, შენ გაკლია.
შვილი: ერთხელ სახლში შემთხვევით შენი ძველი რვეული ვნახე, სულ ჭადრაკის სვლებით იყო სავსე. გავგიჟდი... მე ბებიამ და ბაბუამ მიმიყვანეს ჭადრაკზე, მაგრამ არ მინდოდა, თავი დავანებე. ახლა წესიერად სვლებიც არ ვიცი. სხვები ხშირად მეუბნებიან, რომ ლაპარაკის მანერით და ქცევით გგავარ, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ. გარეგნობით ხომ ისე განვსხვავდებით, ვერც იტყვი, რომ დედა-შვილი ვართ.
დედა: ხო, კიდევ აი, რით განვსხვავდებით. 21 წლის ვიყავი, როცა შვილი გამიჩნდა, მეორე ბავშვზე აღარც მიფიქრია, იმდენად დაკავებული ვიყავი. ახლა ნინო 22 წლისაა, პატარა ქეთა ჰყავს და მეორეს ელოდება... ალბათ, კარგიცაა ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება. მე ამისთვის აღარ მოვიცალე...
დედა: ლია ბაგრატიონი, მხატვარი-კერამიკოსი
შვილი: თინათინ ასათიანი, ჟურნალისტი, ჟურნალი „ანაბეჭდი“
დედა: ალბათ, მკაცრი დედა მერქვა. ბავშვები თავიდანვე მივაჩვიე გარკვეული ქცევის წესების დაცვას. მაგალითად, „რა“-ს მაგივრად „ბატონო“ უნდა ეთქვათ. ეს და კიდევ სხვა მსგავსი ნიუანსები ჩემთვის იმდენად ორგანულია, რომ სხვანაირად ვერც წარმომედგინა.
თინა, ალბათ, მგავს რაღაცეებით, მაგრამ მას აქვს თვისებები, რომელიც ჩემთვის ღირსებები უფროა, და ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ვამბობ, რომ მეც მინდა, ასეთი ვიყო. მაგალითად, თინა ჩემზე უფრო ახლოს დგას არა ფუყე, არა მოჩვენებითი, არა მოგონილი რეალობისგან; უფრო თავისუფალია კლიშეებისგან. ცხადია, მეც არ ვარ ბოლომდე კლიშეებზე აწყობილი, მაგრამ თინას ეს უკეთ გამოსდის.
შვილი: დედაც და მეც დისტანციურები ვართ, ამიტომ ჩვენს ურთიერთობაშიც არის ზღვარი. თუმცა, მე და დედა მეგობრებიც ვართ. მომთხოვნია. თავიდანვე ასეთი იყო და ეს დღემდე დიდ სტიმულს მაძლევს. მასთან მისვლა და რჩევის კითხვა, ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ყოველთვის ძალიან მეხმარება. ახლა, როცა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ურთიერთობის ახალი ფორმა გვაქვს - ერთმანეთს წერილებს ვწერთ. რა თქმა უნდა, ტელეფონითაც ვსაუბრობთ, და არც ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ იმეილებს უფრო მეტი გულახდილობა და ემოცია მოაქვს - ის, რისი გამოხატვაც ყოველდღიურ ურთიერთობებში ხშირად შეუძლებელია.
საერთოდ, არასდროს არ მინდოდა, ვინმესთვის მიმებაძა. ეს ბავშვობიდან ასე იყო, ამიტომ, არ ვიცი, ვგავარ თუ არა დედას, ან მინდოდა თუ არა მისნაირი ვყოფილიყავი. თუმცა, ერთი კი ნამდვილად ასეა - თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი და ლამაზი დედა მყავს.
დედა: ნანი ჩიქვინიძე, მსახიობი
შვილი: დეიკო ჩხეიძე, ინგლისური ენის სპეციალისტი, კომპანია „ბიპი“
დედა: დეა გარეგნობით ყოველთვის უფრო მამას ჰგავდა.
შვილი: კი, მაგრამ ახლა, როცა ძველი ტელე-სპექტაკლების გამეორება დაიწყეს, ძალიან ბევრი მეუბნება, რომ თურმე, როგორ ვგავარ დედას.
დედა: თან ჩემი ხასიათი აქვს, გაწონასწორებულია. რბილი, ახლა რომ ვუყურებ, როგორი ურთიერთობა აქვს ქმართან და შვილებთან, კიდევ უფრო ბევრ საერთოს ვხედავ დეიკოსთან. თუმცა, თან მეჩვენება, რომ ჩემზე უფრო ჩაკეტილია. მე შინაგანად გახსნაში პროფესია დამეხმარა, სცენა და გადასაღები მოედანი.
შვილი: მსახიობობა? ალბათ, ისე ძალიან არ მინდოდა, თორემ გავხდებოდი კიდეც. სამაგიეროდ, ბავშვობიდან ვგიჟდებოდი დედის პროფესიაზე, ვცდილობდი, მიმებაძა. მთელი მისი რეპერტუარი ვიცოდი ზეპირად და ყველა მისი პარტნიორი მამაკაცი მიყვარდა.
დედა: პირველი დიდი სიყვარული ხუთი წლის ასაკში ეწვია, რეზო ჩხიკვიშვილი შეუყვარდა...
ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, მაგრამ სანერვიულო რაც არის, მე ყოველთვის სხვებისგან ვიგებ, თანაც როცა ყველაფერი ჩავლილია ხოლმე. ეს მზრუნველობას ნიშნავს, ფიქრობს, რომ ამით მიცავს.
დედა: ნელი კობიაშვილი, ტელეჟურნალისტი
შვილი: ინა სიხარულიძე, კომპანია „ჯეოსელი“
შვილი: რაც ჩემში არ მოსწონს, ამბობს, რომ მამისგან გამომყვა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, ძალიან განსხვავებული ტიპები ვართ, გარეგნულადაც და ხასიათითაც. მე უფრო სპორტული ვარ, ამით მართლა მამას ვგავარ, მაგრამ ჩემს თავს ვატყობ, რომ რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვემსაგავსები დედას. და ხმა გვაქვს ერთნაირი, ტელეფონში ვერ გვარჩევენ.
დედა: მგონი არც მეგობრები გვქვია, ხო?
შვილი: არა და მე ყოველთვის მიკვირდა ჩემი მეგობრების, რომლებიც ამბობდნენ, რომ დედებს ყველაფერს ეუბნებიან. დედაჩემი ჩემს შესახებ ყოველთვის ბოლოს გებულობდა ყველაფერს. არა იმიტომ, რომ მეშინოდა, უბრალოდ, ზედმეტი კომენტარების თავიდან აცილება მინდოდა.
დედა: თუნდაც გათხოვება. ინა 17 წლის გათხოვდა, მოიტაცეს და ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო... ახლა ვიცი, რომ შვილი დამოუკიდებელი ადამიანია და მის ცხოვრებაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენას არც უნდა ეცადო, მაგრამ თავიდან ასე ნამდვილად არ ვფიქრობდი.
შვილი: ახლა ძალიან დაკავებულები ვართ. კვირაში ერთი-ორჯერ ვახერხებთ შეხვედრას. სადმე დავსხდებით ხოლმე, თუნდაც კაფეში და მთელი კვირის მანძილზე დაგროვილ თემებზე ვლაპარაკობთ. საერთო თემები? ოჯახი და ჩემი შვილები.
![]() |
5 ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნო |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
გამოყენებულია ირაკლი ბუგიანიშვილის, ლევან მინდიაშვილის, მალხაზ დათაშვილის და ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები
თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, გალერეა „უნივერსის“ ეზოში, იქ, სადაც სრულიად მოულოდნელად ლამაზ ნიშაში ერთი ჯღანი ონკანია გამოშვერილი, ყოველდღე საშინელი ხმაურია: მეთუნუქე (მდაბიურად - ჟესტიანშჩიკი) სულ რაღაცას აბრახუნებს, ჩემთვის გაუგებარი დანადგარები ზუზუნებს და წუის - მოკლედ, ნევროზის საწინდარია და, შესაბამისად, ყველა ჯაჯღანებს და უკმაყოფილოა. მაგრამ თუ ამ განსაცდელს გაუძლებთ და ხელმარჯვნივ, კიბეს აუყვებით, მოხვდებით სულ სხვაგან - ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოში, სადაც ოთხი ახალგაზრდა კაცი მუშაობს. ისინი მეგობრობენ, მუშაობენ და თვლიან, რომ „წინა საუკუნემ ანტიკულტურა და ანტიღირებულებები დაგვიტოვა, ახალი ხელოვნება პრინციპულად ღირებულებათა რეაბილიტირებას უნდა შეეცადოს“.
კაცები არიან ვახტანგ (ჩვენთვის ტატო) ახალკაციშვილი, მალხაზ დათაშვილი, ლევან მინდიაშვილი და ირაკლი ბუგიანიშვილი - ეს უკანასკნელი ამჟამად კარლსრუეს სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მაგრამ სექტემბრის ბოლოს თბილისში იყო ჩამოსული, მასაც ზემოხსენებულ სახელოსნოში შევხვდით.
ამ ოთხ ადამიანს მიაჩნია, რომ ხელოვნება არ არის რებუსი, რომელსაც როგორც არ უნდა შეეცადო, მაინც ვერ ამოხსნი, თუკი თავად ავტორმა არ აგიხსნა. მათი აზრით, ხელოვნება არც სანაგვე ყუთია, რომელშიც ხელოვანმა მთელი ხილული თუ უხილავი სამყაროსადმი დაგროვილი სიძულვილი და ბოღმა უნდა გადმოანთხიოს. ისინი თვლიან, რომ ხელოვნება ღირებულებათა ვიზუალური წარმოჩენაა, რომელნიც შეიძლება სხვადასხვა იყოს სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ წარმომადგენელთათვის, მაგრამ თავად ღირებულებათა არსებობაა უმთავრესი. ამ ახალგაზრდებმა უკვე მრავალი გამოფენა გამართეს, და ვინაიდან ხელოვნებათმცოდნე არ გახლავართ და არც იმდენად გავკადნიერებულვარ, რომ მათი შემოქმედების განხილვას შევუდგე, უბრალოდ, გამოფენების მოკლე ნუსხას შემოგთავაზებთ:
ვაზი და ზაფხული. 2005. ტატო
„გიგა“/2000/ლევანი„ანანო“/2004/ლევანი
2003 - სასტუმრო „საქართველო“, თბილისი (საქართველო);
სანატორიუმი „ბორჯომი - ლიკანი“, ლიკანი;
გალერეა „CultiG7“, მანჰაიმი (გერმანია),
„თბილისი - ხელოვნება საქართველოდან II“;
2004 - გალერეა „უნივერსი“, თბილისი - „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნო”;
არტ ფესტივალი “პონტო”, გონიო (საქართველო);
სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი (საქართველო) - საშობაო არტ ფესტივალი (ვახტანგ ტატო ახალკაციშვილის ნამუშევარი დაჯილდოვდა III პრემიით);
2005 ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნო, თბილისი - ღია კარის დღე;
იმპულსი 2005, საერთაშორისო არტ ბაზრობა, ოსნაბრუკი (გერმანია), (ჯგუფი დაჯილდოვდა მთავარი პრიზით);
გალერეა „CultiG7“, მანჰაიმი (გერმანია), „თბილისი - ხელოვნება საქართველოდან III“;
2005 გალერეა „Borgoarte“, ბორგომანერო (იტალია) - „Tbilisi Impronte“;
2005 La Maison Caucase, პარიზი (საფრანგეთი) - „The 20's“;
2005 შერატონ მეტეხი პალასი, თბილისი - „Art Card“.
მათ ხელოვნებას აღარ შევეხები. თუ ამ კაცების შემოქმედებით დაინტერესდებით, გალერეა „უნივერსს“ ეწვიეთ, ან ინტერნეტ-გვერდს: www.figurativeart.ge. მე კი, სიმართლე გითხრათ, თავად ეს კაცები უფრო მაინტერესებდნენ, და აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგი კაცები არიან, თავიანთ ნამუშევრებსაც კი არ ჩამოუვარდებიან.
ლევანი და ტატო
ხუთი წლისა როცა იყო, ლევან მინდიაშვილი ავარიაში მოხვდა და თავი საავადმყოფოში ამოჰყო. ბავშვთა საავადმყოფო სამხატვრო აკადემიის მოპირდაპირე მხარესაა და ლევანი ხალისით ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც იმ შენობის წინ ხდებოდა: როგორ გადაჰქონდათ ნახატები, ძველებს და უვარგისებს როგორ ყრიდნენ... ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თვითონაც მხატვარი გახდებოდა.
ბიცოლა ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და მისი წიგნებიდან ლევანს ყველაზე მეტად ანატომიის სახელმძღვანელო მოსწონდა. ერთხელაც - მაშინ სულ პატარა იყო, - თავის დას შესთავაზა: „გინდა, შიშველი ქალი დაგიხატო?“ დამ, მუხანათურად, კიო, და მერე ნახატი დედას მიუცუნცულა: „აი, რა გააკეთა ლევანმა!“
ამბავი მამის ყურამდე არ მისულა, მაგრამ სასჯელი მაინც სასტიკი იყო: ლევანს ნახატი საკუთარი ხელით დაახევინეს...
„საყვარლები“/მგზავრები/2005/ლევანი
თავიდან ლევანი და ტატო დამეგობრდნენ, ღრმა ბავშვობაში, ანუ სამხატვრო სკოლის მეორე კლასში. ლევანის თქმით, ითვლებოდა, რომ ტატო ყველაზე კარგად ხატავდა, ყველაზე მაგარი იყო, ლამის თითით საჩვენებელი ყოფილა: „ეს ის არის!“
პატარა ლევანს ძალიან უნდოდა ტატოს კეთილგანწყობის მოპოვება. სულ მის გვერდით ჯდებოდა და კითხვებს უსვამდა, გულმოდგინედ ეკონტაქტებოდა - და თურმე, თავს აბეზრებდა. ერთხელ ტატოს ისიც კი უთქვამს, დიდი ცანცარა არსება ხარო. რა გულდასაწყვეტია!
როგორც აღმოჩნდა, ტატოს თავისი გასჭირვებოდა. ის და მისი მეგობარი, ამირანი, სკოლაში ერთად მივიდნენ, ერთად უნდოდათ ყოფნა, და უცებ, ტატოს გვერდით სულ ლევანი ჯდებოდა! „ხათრიანი კი იყო,“ ჰყვება ახლა ტატო. „რომ ვუთხარი, გადაჯექი-მეთქი, გადაჯდა“.
მაგრამ სულ ცოტა ხანში ლევანი და ტატო დამეგობრდნენ და მას აქეთია, სულ ერთად არიან, ლევანი ტატოს მეჯვარეც იყო და მისი შვილის ნათლიაც გახლავთ.
სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია
მახოს დამეგობრება სულ სხვაგვარად მოხდა. ისიც სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, ოღონდ არა ფერწერას, არამედ ქანდაკებას. მას ტატო და ლევანი გულწრფელად არ მოსწონდა: „მე მათზე ერთი წლით უმცროსი ვიყავი,“ ჰყვება მახო. „ესენი „ძაან თანამედროვე“ ტიპები იყვნენ, ჰიპობდნენ თუ პანკობდნენ, ვერ გაიგებდი. ტატოს „აეროსმიტი“ უყვარდა, ლევანს - „ნირვანა“, ხომ ხვდები... მე კი წესიერი ბავშვი ვიყავი, სკოლიდან პირდაპირ სახლში მივდიოდი ხოლმე...“
ლევანი ამტკიცებს, ცუდს არაფერს ვშვრებოდი, უბრალოდ, დახეული ჯინსები მეცვა ხოლმე და რაღაცას ვაპროტესტებდი, ოღონდ რას, არ ვიციო. თუმცა თვითონაც ხვდებოდა, რომ მახოს ეჯავრებოდა: „სახეზე ეწერა ხოლმე, ერთი ეს დამაჭერინა სადმეო...“ ისე, მახო მართლა ამბობდა ხოლმე მასზე ცუდ რამეებს, და ეს „ტკბილი“ ურთიერთობა ხუთი წელი გრძელდებოდა.
სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების დრო როცა დადგა, ლევანმა და ტატომ მომზადება დაიწყეს. „ტარიელ სუჯაშვილთან დავდიოდით,“ მიამბო ტატომ. ეტყობა, შემეტყო, რომ მის შესახებ არაფერი ვიცი, და დასძინა: „არაჩვეულებრივი მხატვარი და მოქანდაკეა, და ღირსია, რომ არავინ იცნობს - ძალიან თავმდაბალია...“ ლევანი ქანდაკებაში ცალკე ემზადებოდა, და აი, ერთ დღესაც უთხრეს, წამოდი, შენს კონკურენტს გაგაცნობთო. შევიდნენ ოთახში და იქ - ცხადია! მახო დახვდა. „სახეზე საოცარი იმედგაცრუება აღებეჭდა, თითქოს თქვა, ოღონდ ეს არაო,“ ჰყვება მხიარულად ლევანი. „შემეცოდა, თან გავერთე“.
მართლაც ასე ყოფილა საქმე, ლევანი არ შემცდარა. მახო ჰყვება, რომ ხშირად ფიქრობდა ხოლმე, ნეტა, ვის შევხვდებიო აკადემიაში. „წესით, ლევანთან ერთად ყოფნის საფრთხე არ მემუქრებოდა, ის და ტატო ხომ ფერწერაზე სწავლობდნენ, წესით, რა შუაში იყო... მაგრამ მაინც გამკრავდა ხოლმე გულში: ოღონდ ლევანი არა! და როცა პედაგოგმა ლევანი შემოიყვანა... ისე, ლევანსაც შეეშალა სახე...“
შემდეგ კი დამეგობრდნენ და უკვე სამნი იყვნენ: ლევანი, ტატო, მახო.
„ვიქტორი“/2003/ირაკლი
ეს მოხდა პეტერბურგში
ერთხელაც სამხატვრო აკადემიის ოცდაათი სტუდენტი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, პრაქტიკის გასავლელად. ჯერ ათი საათის განმავლობაში მიკროავტობუსში ისხდნენ, შემდეგ კი სამი დღე და ორი ღამე მატარებელში გაატარეს. საბედნიეროდ, მთელი ვაგონი მათი იყო. ტატომ გვიამბო, მხოლოდ ერთი უცხო გვყავდაო, ჩუქჩა, თავის შვილიშვილთან ერთად. მთელი გზა თევზს ჭამდნენო - უჰ, რა იქნებოდა სამი დღის თევზი! დანარჩენები კი უცებ დაჯგუფდნენ: „ლოთები - ცალკე, მასწავლებლები - ნაშებთან, უაზრო გოგოები - ცალკე...“ ლევანი, ტატო და მახო, ცხადია, ერთად იყვნენ, პლაცკარტის ზედა თაროზე კი მდუმარედ იჯდა ირაკლი. „აშკარად დუღდა,“ ჰყვება ლევანი. „უნდა ამოხეთქოს, ხელოვნებაზე ილაპარაკოს...“ ამ საქმისთვის მან ჯერ ტატო ამოირჩია.
ტატო: „ირაკლი და მე სამი დღე ვთამაშობდით ჭადრაკს“.
ირაკლი: „ჰო, სულ მიგებდა, მაგრამ მერე წიგნი ვიყიდე, ჩავუჯექი და მე მოვუგე“.
ტატო: „ჰო, ცოტა წინააღმდეგობას მიწევდი“.
ირაკლი: „არა, გიგებდი!“
მერე ერთი წელი სულ ჭადრაკს თამაშობდნენ, აკადემიის ეზოში დაფები დაალაგეს, ჯგუფები ფულს აგროვებდნენ ჭადრაკის საყიდლად...
იმ მატარებელში კი განუწყვეტლივ ლაპარაკობდნენ - ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე, მოკლედ, ყველაფერზე, და გადაწყდა, რომ ამიერიდან სულ ერთად იქნებოდნენ.
მართალია, მერე ირაკლი სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა - როგორც მოგახსენეთ, ახლაც იქ სწავლობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის; ისინი კვლავ ერთად არიან - ხან ირაკლი ჩამოდის, ხან სხვები ეწვევიან ხოლმე - და დიდ, წარმატებულ გამოფენებს მართავენ.
„ვაზები“/2001/ტატო
„კომპოზიცია“/2000/ტატო
პორტრეტები
დანარჩენი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთმანეთს ხშირად ხატავენ, ირაკლის მხოლოდ ლევანი ჰყავს რამდენჯერმე დახატული, რადგან პორტრეტებმა მხოლოდ გერმანიაში გაიტაცა.
აი, ლევანის პორტრეტისტობა კი სევდიანად დაიწყო: „თავდაპირველად, როცა ვინმეს ვხატავდი ხოლმე, იმ ადამიანს სრული კატასტროფა ემართებოდა. მახო როცა უნდა დამეხატა, სახლში საშინელი სკანდალი მოუვიდა, ტატო დავხატე და ტატო ცოლს გაშორდა... მახომ მირჩია, არავინ დახატოო, მე კიდე თავს ვდებდი, პორტრეტისტი უნდა გამოვიდე-მეთქი, და აჰა... მაგრამ მერე ყველაფერი გამოსწორდა“. ეს უკანასკნელი ამბავი განსაკუთრებით მეამა, რადგან - მეც ხომ უნდა გავიპრანჭო! - ლევანმა მითხრა, დაგხატავო.
ლევანი: „ყველაზე საშინელი სახატავი ირაკლია. ვერ ისვენებს. გამაგიჟა. რომ დავუტატანე, ეწყინა და რამდენიმე წუთით გაჩერდა, და რაც მოვასწარი, ეგ იყო... საერთოდ, როცა ვინმეს ხატავ, ჯობს დაივიწყო, რომ ადამიანია. ადრე სულ ვწუხდი ხოლმე და სულ ვეკითხებოდი, ხომ არ დაიღალე, ხომ მოხერხებულად ზიხარ, მერე მივხვდი, რომ ისიც წუხდებოდა, ვისაც ვხატავდი, და მეც“.
რატომღაც მეგობრებს არ მოსწონთ, როგორ ზის ხოლმე ტატო, თვლიან, რომ მოუხერხებლად. ტატო თავისი ჯდომით ძალიან კმაყოფილია, ვერაფრით ვერ ხვდება, რას ერჩიან - აზის ხელებს და ბედნიერად იღიმება.
ცოლი
ამ ოთხი მამაკაციდან მეუღლე მხოლოდ ტატოს ჰყავს. მე თუ მკითხავთ, დიდი მიღწევაა - ხომ ვიცი, ქალებმა როგორი სასტიკი ეჭვიანობა იციან, და ალბათ არც მამაკაცები უკლებენ.
ეს გმირი ქალი გახლავთ ირინა დოლიძე, ასევე სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული. ის ბატიკის ხელოვნებას ეუფლებოდა, მაგრამ ამჟამად მუშაობას ვერ ასწრებს - ბავშვს უვლის.
ტატო: „უკვე სამი წელია, ჩემი მეუღლეა. არადა, არ მინდოდა, ხელოვანი ცოლი მყოლოდა, ვფიქრობდი, ერთ სახლში ორი მხატვარი მეტისმეტია-მეთქი. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. თან ძალიან მივლის“. იქვე ტატომ დაიჩივლა, ნახევრად აჭარელია და ნახევრად გურული, მთლად სიმონა დოლიძის ჩამომავალიო. „ცუდ დღეში ვარ. პატარა და საყვარელი ქალია, მაგრამ ოოო!“
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მეგობარმა, ამირან პატარქალაშვილმა, რომელიც ასევე ფერმწერი გახლდათ, მაგრამ ამჟამად არქიტექტორია, ტატო სტუმრად წაიყვანა, იტალიურ ეზოში, სადაც ერთ ოთახში ორი გოგონა ცხოვრობდა, ირინა და თაკო. „სულ არ ვიყავი შეყვარების ხასიათზე,“ ჰყვება ტატო. „თან უშავესები იყვნენ, ბათუმიდან ახალი ჩამოსულები.“ მერე იყო დიდი თაიგულები, ვნებათაღელვა და საბოლოოდ, ამირანმა თაკო ითხოვა ცოლად, ტატომ კი - ირინა.
და მეგობრები? მათ ირინა ერთსულოვნად მოიწონეს. „საერთოდ, ძალიან ვენდობით ერთმანეთს,“ ჰყვება ლევანი. „ბრმა ნდობა გვაქვს, ხელოვნებაშიც და საერთოდ, ცხოვრებაშიც. ესეც რომ ვნახეთ, ვუთხარით, ნუ ხარ, ბიჭო, ეჭვებში, ძალიან კარგი გოგოა, მიდი, მიდი!“
„ვაზი“/2005/ტატო
თინა. ლევანის მიერ მოთხრობილი და დაწერილი ამბავი
პირველად როგორ ვნახე, აღარ მახსოვს. ერთი ის მახსოვს ზუსტად, რომ ჩვენთან, სახელოსნოში მოდიოდა გოგო, რომელიც თვალებს ძალიან უშნოდ წკურავდა და არაორაზროვნად მიღიმოდა ხოლმე. გრძელი, მუქი ფერის თმა მუდამ გაშლილი ჰქონდა, რის გამოც მოგრძო, გამხდარ სახეზე ნაკვთები კიდევ უფრო გამომსახველი ხდებოდა, მშვენიერი აღნაგობის იყო, ოღონდ ისეთი მინი ეცვა და ისეთ უხერხულ მოძრაობებს აკეთებდა, რომ თვალები სად წამეღო, აღარ ვიცოდი. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ თუკი ერთ წამს ბავშვურად ნაზი და ლამის არაამქვეყნიური არსება გეგონებოდა, მეორე წამს მზერაში ბიწიერება და ზნედაცემულობა გამოსჭვიოდა. ის საკმაოდ პატარა იყო იმისათვის, რომ ქუჩის ქალი ყოფილიყო, მაგრამ ვერც უბიწოებისა და სათნოების სიმბოლოდ გამოდგებოდა, ეს კი ჩემს იდეალისტურ შეხედულებებს ვერაფრით შეესაბამებოდა და ამიტომ ძალიან მიჭირდა ერთგვაროვანი აზრის და დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
არც ჩვენი პირველი დიალოგი მახსოვს. ერთი ვკითხე, ახმატოვა თუ გიყვარს-მეთქი (იმ დროს განსაკუთრებული სიშმაგით ვეწაფებოდი ახმატოვას და ესენინს და ლექსებსაც კი ვწერდი, თან не то что там ქართულად, არამედ რუსულად!), რაზეც დაბნეულმა მიპასუხა - არ მინახავს, ვერაფერს გეტყვიო. აუ, აზრზე არაა არაფრის-მეთქი, გავიფიქრე ოდნავ გულდაწყვეტილმა, მაგრამ მალევე ისეთი რაღაც მკითხა, მე რომ არ მქონდა წარმოდგენა. ასე რომ, ბარი-ბარში ვიყავით და მშვენივრად ავეწყვეთ.
ჩვენი თინა ფოტოგრაფი გახლდათ, უფრო სწორად, ფოტოხელოვანი - რაღა თქმა უნდა დამწყები და ძალიან ნიჭიერი. ერთხელ გამომიცხადა, სუფთა ძველი ფრანგული კინოს გმირებს გავხარ და ძალიან მინდა გადაგიღოო. მე რა თქმა უნდა, შევიფერე, რადგან იმხანად ყველაფერ ფრანგულზე ვგიჟდებოდი, ფრანგულს თავადვე ვსწავლობდი, თმა მქონდა მოშვებული, რვამეტრიანი კაშნე ათასჯერ მქონდა კისერზე შემოხვეული და, საერთოდ, თავი ისე მეჭირა, თითქოს თბილისის გაპარტახებულ აკადემიაში კი არა, პარიზის „l`ekol de boz aR“-ში ვემზადებოდი ჩასაბარებლად, მაგრამ რომ მითხრა ახლავე და აქვეო, დაბნეულმა გავხედე ჩემს მეტრს, (ანუ, ჩვენებურად, მასწავლებელს). მან კმაყოფილი ღიმილით თავი დამიკრა და მე და ჩემი ფოტოგრაფი აკადემიის ახალი კორპუსისკენ გავეშურეთ.
ერთ-ერთ დაცარიელებულ აუდიტორიაში შევედით და თინამ მითხრა, ჩემი კურტკა ჩაიცვი, ფოტოზე ეს უფრო კარგად გამოვაო. აბა როგორ უნდა ამეხსნა მისთვის, რომ ჩემი დაუდევარი ჩაცმის სტილის თითოეული შტრიხი ხანგრძლივი და მტკივნეული ძიების შედეგი იყო და რომ მისი ახალი, შავი ლაიკის, „კლიონკასავით“ პრიალა კურტკა ნამდვილად ვერ მოვიდოდა ჩემს ძველ, ნამდვილი ტყავის, საგულდაგულოდ გახეხილ კოსტიუმთან. ამას რაღა თქმა უნდა ვერ ავუხსნიდი და ამიტომ მდუმარედ დავმორჩილდი. აივანზე გავედით და იმდენ ხანს მიღებდა, სანამ ზუბალაშვილების საავადმყოფოს ყველა ცნობისმოყვარეს არ მოვბეზრდით და თავი არ დაგვანებეს. არ გამჭირვებია და არც მაინცდამაინც დავღლილვარ, ერთადერთ უხერხულობას ის ქმნიდა, რომ თინას ძალიან ძველი ზენიტი ჰქონდა, ექსპონომეტრით ზემოთ, ამიტომ ყოველი კადრისთვის სახესთან მოჰქონდა ობიექტივი შუქის დასარეგულირებლად. მასთან ერთად კი, დასაშვებზე მეტად მიახლოვდებოდა მისი საშუალოზე ოდნავ დიდი, ეტყობა გულდასმით ნაზელი, მშვენიერი მოყვანილობის მკერდიც. ჰოდა, ცოტა ეს მიფანტავდა გონებას, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. მან ხან თავისი ბეჭედი გამიკეთა, ხანაც რაღაც ქაღალდის ხელჩანთა დამაჭერინა, მოკლედ, ძალ-ღონე არ დაიშურა, მთლად ჰომოსექსუალისტი თუ არა, ტრანსვესტიტი მაინც რომ მგონებოდა თავი და საბოლოოდ, როგორც იქნა, თქვა, მოვრჩითო. წამოსვლისას ხელკავი გამიკეთა და ისე მჭიდროდ მომეკრა, რომ მისი ერთი მკერდი ლამის მთლად ჩემს იღლიაში მოექცა. ასე გვრიტებივით ჩახუტებულები მოვემართებოდით სახელოსნოსკენ რომლის ზღურბლზეც ჩემი მეტრი (ჩვენებურად, მასწავლებელი) გველოდა (ეტყობა ისე შეგვაგვიანდა, შეშფოთდა, ძალიან ხომ არ გაუტიეს ბავშვებმაო) და კმაყოფილი გვიღიმოდა, თან აუფარავი ინტერესი არ შორდებოდა სახიდან.
ვა, Фотозвезда! - მომაძახა და შიგნით შებრუნდა.
ჩვენც შევყევით. თინამ მეასედ მომცა თავისი ტელეფონის ნომერი და მითხრა, დამირეკეო. მეც მეასედ დავპირდი, რომ დავურეკავდი, თუმც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, ჩემგან რა უნდოდა, უფრო სწორად, კი ვიცოდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, მაინცდამაინც ჩემგან რატომ უნდოდა. ჩემთვის ქალი, მით უმეტეს იმხანად, არ ყოფილა საზოგადო მოხმარების საგანი, ხოლო სექსი მხოლოდ სექსისათვის, ყოველგვარი სიყვარულისა თუ, გინდაც, გატაცების გარეშე, წარმოუდგენელი სიმდაბლისა და ცხოველური ინსტინქტების გამოვლინებად და ქალის საშინელ შეურაცხყოფად მიმაჩნდა, ამიტომაც არ დამირეკავს. ირმა ერთხანს კიდე ეცადა. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან შთამბეჭდავად, და ბოლოს შემეშვა.
შემდეგ გავიგე, რომ სხვა ქვეყანაში გათხოვდა, მერე ისევ თბილისში გამოთხოვდა და, საბოლოოდ, ელიტაში გაერიასავით. ქუჩაში რომ მხვდება, თუ კავალერი ახლავს, ნაწყენ-გამომწვევ მზერას მესვრის (აბა, უზრდელი კი არ არის „ნივიჟუ“ დამადოს) და ჩამივლის ხოლმე, თუ მარტოა - შეხედულებისამებრ წყვეტს. მე ეს ყველაფერი საოცრად მახალისებს და, საერთოდაც, ფეხებზე მკიდიასავით (უკაცრავად პასუხი კია), უბრალოდ, იმ ფოტოებისთვის თვალი არსად მომიკრავს, არც ჩემთვის უჩვენებია და ერთიც ვნახოთ და სადმე გამოფენაზე აღმოვაჩინო - აი, მაშინ კი ნამდვილად ვიხალისებ.
. . .
რაც არ უნდა იძახონ, რომ შემოდგომა ტკბილი დროა, მე ამას არასოდეს დავიჯერებ. ცივა, სველა, წინ ზამთარია - ნეტა, რა უნდა მიხაროდეს? მრავალწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ზამთრისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადო ხოლმე: მაგიდას ჭრელი სუფრა გადავაფარო, რამე ძალიან ფერადოვანი ჩავიცვა, სულელური ფერის ლაქი წავისვა და შეძლებისდაგვარად სიმპათიურ ადამიანებთან მქონდეს საქმე, - იმისთვის, რომ რუხი და ცივი ყოფა გავილამაზო. და ამის გამო, ერთიათად მიხარია, რომ ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოში ზამთრის დადგომამდე ამოვყავი თავი. მართალია, ირაკლი გერმანიაში იქნება, მაგრამ დანარჩენები თბილისში რჩებიან, გალერეა „უნივერსთან“, ხმაურიან ეზოში, და როცა ძალიან შემცივდება და გავმწარდები, ნიშის თავზე, ხელმარჯვნივ ავუყვები კიბეს: ზუსტად მეცოდინება, რომ ცხელ ჩაისაც დამალევინებენ და კარგ ნამუშევრებსაც მაჩვენებენ, და გული გამითბება - როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.
![]() |
6 გია ყანჩელი დიალოგსა და სიჩუმეში |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე/გია ყანჩელის პირადი არქივი
ფოტო: გია ჩხატარაშვილის
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს გია ყანჩელის მესამე ინტერვიუა საქართველოში. ჩანაფიქრის მიხედვით, მესამე უნდა ყოფილიყო ყველაზე ხანგრძლივიც, მაგრამ მანამდე გამოიცა წიგნი, რომელმაც ჩანაფიქრი შეცვალა, წიგნის წაკითხვამ კი - ჩვენი კითხვების წყობა და შინაარსიც („გია ყანჩელი დიალოგებში“, გამომცემლობა „მუსიკა“, მოსკოვი, 2005 წ).
„ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვასაც შეძლებენ არაპროფესიონალებიც, რადგან ისეთი გასაღებია მოძებნილი, რომ ჩვეულებრივი მკითხველიც დაინტერესდება“ - მიიჩნევს გამოცემის მთავარი გმირი, რომელიც ავტორთან, მუსიკათმცოდნე ნატალია ზეიფასთან ხანგრძლივი საუბრების შემდეგ, უწვრილმანეს დეტალებამდე იხსენებს საკუთარ ბიოგრაფიას.
ასე რომ, ვარღვევთ ამბის განვითარების კლასიკურ ხაზს და გია ყანჩელს ორმაგად წარმოგიდგენთ: თბილისში ჩაწერილი მცირე დიალოგითა და წიგნიდან ამოჭრილი საინტერესო ეპიზოდებით.
- ბატონო გია, ამ წიგნით იხსენებთ ყველაფერს საკუთარი ცხოვრების შესახებ. რას ნიშნავს ეს გამოცემა თქვენთვის?
- ყველაფრის გახსენება შეუძლებელია და ეს არც მინდა. ამ წიგნში, უბრალოდ, შეძლებისდაგვარად სრულად არის აღწერილი ჩემი ცხოვრება. წიგნი ჩემი და ნატალია ზეიფასის დიალოგებზე აიგო. ეს ქალბატონი ჩემი მუსიკის სპეციალისტად ითვლება. და ამიტომ ეს საუბრებიც, რამდენადაც შემიძლია შევაფასო, მან მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართა.
- იდეაც ნატალია ზეიფასს ეკუთვნოდა?
- არა, იდეა ერთ მოსკოველ გამომცემელს, გვარად კარმანოვს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში მცხოვრები მუსიკათმცოდნის, სოლომონ ვოლკოვის წიგნები ნახა. ვოლკოვმა დიალოგის ასეთივე პრინციპით ორი წიგნი გამოსცა: საუბრები ბალანჩინთან და ბროდსკისთან. იქნებ თქვენც ჩაწეროთ ასეთივე დიალოგი, მასთან, ვისთანაც ისურვებთო, - მთხოვა კარმანოვმა. თუმცა, მოსკოვში იშვიათად ჩავდივარ და ამიტომ, შეთანხმება შეთანხმებად დარჩა. შემდეგ ამ პროექტით გამომცემლობა „მუსიკა“ დაინტერესდა და, როგორც ხედავთ, პროექტი განახორციელა.
- პიანისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსის გახსნაზე, როცა ორკესტრმა თქვენი ნაწარმოები „სტუმრად ბავშვობაში“ დაასრულა და თქვენ სცენაზე ახვედით, აშკარად გეტყობოდათ აღფრთოვანება.
- ეს ნაწარმოები ჰობოისტ ბარტ შნეემანისთვის დავწერე მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ანსამბლში მყავდა მოსმენილი და არც ვიცოდი, რეალურად როგორი სოლისტი იყო. პრემიერა ამსტერდამში შედგა და სწორედ იქ აღმოვაჩინე, თუ როგორი მაღალი რანგის შემსრულებელი ყოფილა ის. თბილისში შნეემანი ლევ მარკიზმა მოიწვია. „სტუმრად ბავშვობაში“ მან აქაც ბრწყინვალედ შეასრულა. ისე, სასიამოვნოა, თუ სცენაზე ასვლისას აღფრთოვანება შემატყვეთ, რადგან ეს პროცედურა მაინცდამაინც არ მიყვარს. ასე რომ, თქვენ იშვიათ გამონაკლისს შეესწარით.
- რა ხდება დარბაზში, როცა ორკესტრი იკავებს ადგილს, დირიჟორი აძლევს ნიშანს და იწყება კონცერტი? ახერხებთ თუ არა თქვენი მუსიკისგან განზე გადგომას და დარბაზში ჯდომისას, ჩვეულებრივი მსმენელის რანგში გადასვლას?
- არა, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილი მაქვს, რომ რაიმე შეცდომა არ მოხდეს. ასეთი შეცდომები ხომ მრავლად არის, რაც, უბრალოდ, საბედნიეროდ, ხშირად მსმენელისთვის შეუმჩნეველი რჩება. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ატმოსფეროს, რომელიც დარბაზში ნაწარმოების შესრულებისას სუფევს; როცა მყარდება კონტაქტი სცენას და დარბაზს შორის. ყოველივე ამის გამტარი დირიჟორი ხდება. ამიტომ მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, თანაც თავიდანვე. სწორი ტემპის შერჩევა ჩემი მუსიკისთვის გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმ და ნელ მუსიკას ვწერ, ამ ნელ ტემპშიც უამრავი გრადაცია არსებობს. როდესაც ტემპს ოდნავ მაინც ცვლი, ფორმა ირღვევა და კონტაქტი, რომელზეც მოგახსენებდით, არ მყარდება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში კი სწორედ ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დადგომასაც ხშირად ვნატრობ ხოლმე.
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ჩანახატი: რობერტ სტურუა და ჯანსუღ კახიძე უსმენენ გია ყანჩელს (ბორჯომი. 1983 წ.)
არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ჩემი მუსიკის შესრულებისას არასასურველია. ეს გახლავთ ხველება დარბაზში, რაც, ცხადია, ნაწარმოების აღქმას საშინლად უშლის ხელს. მახსოვს, ნიუ იორკში, ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად მქონდა პრემიერა და როცა პროგრამისთვის მცირე ზომის ტექსტის დაწერა მთხოვეს, დავწერე: „მოკრძალებით მივმართავ ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის მსმენელებს, ხმამაღლა ახველონ ხმამაღალ ადგილებში და ჩუმ ადგილებში ხვლებისგან შეძლებისდაგვარად შეიკავონ თავი“. მეგონა, ტექსტს არ დაბეჭდავდნენ, მაგრამ პროგრამა სწორედ ამ ტექსტით გამოქვეყნდა.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
- თქვენს ერთ-ერთ ბოლო პროექტზე, „იმბერზე“ მუშაობისას აღნიშნეთ, რომ გიჭირთ უცხო რეჟისორთან მუშაობა, რადგანაც რობიკო სტურუა არ არის თქვენს გვერდით; ჯანსუღ კახიძის გარდაცვალებამ კი მეორედ დაგაობლათ - ესეც თქვენი სიტყვებია. ბატონო გია, გიჭირთ თანამოაზრეების პოვნა?
- რობიკო, ჯანსუღი, გოგი მესხიშვილი - მათთან უამრავი რამ მაკავშირებს და რთულია იმის გამოხატვა, თუ რამდენად ძვირფასები არიან ეს ადამიანები ჩემთვის. მათთან ერთად იმდენი იდეა განმიხორციელებია, რომ მართლაც მიჭირს სხვებთან მუშაობა. „იმბერის“ პროექტზეც მსურდა, ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. როგორც ჩანს, მოწვეული კახიძე, მოწვეული სტურუა, მოწვეული მესხიშვილი - დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, რამდენადაც ვიცი, პიროვნება, რომელმაც დადგმა მხატვრულად გააფორმა, მადონასთან და დიდ პოპ-ვარსკვლავებთან იყო ნამუშევარი და, ალბათ, მისი მოწვევაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ასეა თუ ისე, იძულებული გავხდი, ჩემების გარეშე მემუშავა.
ეს არ იყო სპექტაკლი, ეს უფრო ბუნების წიაღში, საარტილერიო პოლიგონად გადაქცეულ სოფელში გაშლილი წარმოდგენა გახლდათ. ანსამბლი „რუსთავი“, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, ჩემი თხოვნით მოიწვიეს. ისინი მონაწილეობდნენ ფოლკლორულ ნაწილშიც და ჩემს ნაწარმოებშიც, რომელსაც ჰქვია „ლითლ იმბერ“.
- თქვენი პასპორტი ვიზებითაა სავსე და ესეც რომ არა, გეოგრაფიის ცოტა უცნაური შეგრძნება გაქვთ: ამბობთ, რომ კვლავაც ცხოვრობთ საქართველოში, მაშინ, როცა რეალურად ანტვერპენში ხართ; და დასძენთ, რომ საზღვარგარეთ თავს ყოველთვის ისე გრძნობთ, როგორც შემოქმედებით სახლში. არ გიჭირთ ასე ყოფნა? ანტვერპენთან საერთოდ არ გაქვთ კონტაქტი?
- საზღვარგარეთ ყოფნა ნამდვილად გამიჭირდებოდა, მუდმივად რომ არ მქონდეს სამუშაო. ამის გარეშე, იქ ვერ ვიცხოვრებდი. რაც შეეხება ჩემს საზღვარგარეთულ გასვლებს, 90-იან წლებამდეც თვეობით მივდიოდი ხოლმე თბილისიდან. აქ მხოლოდ კინო და თეატრალური მუსიკის წერა შემეძლო და ამიტომ, სხვა ნაწარმოებების შესაქმნელად შემოქმედებით სახლებს მივმართავდი. სომხეთში არის პატარა ქალაქი დილიჟანი, სადაც წლების წინ შემოქმედებითი სახლი აშენდა. ჩემი სიმფონიებიდან ექვსი დილიჟანში დავწერე, თითო სიმფონიაზე ორნახევარ წელიწადს ვმუშაობდი და ახლა თავად წარმოიდგინეთ, რამდენი დრო გავატარე იქ. თბილისში ორი-სამი დღით, ერთი კვირით ჩამოვდიოდი ხოლმე და ისევ უკან ვბრუნდებოდი. შემდეგ, როდესაც ბორჯომში შემოქმედთა სახლი აშენდა, იქ გადავედი. პირველ კოტეჯში დავწერე ოპერა, მეშვიდე სიმფონია და კიდევ ბევრი სხვა ნაწარმოები.
ასე რომ, ჩემს ქალაქთან მოშორებას შეჩვეული ვარ. როცა 1991 წელს ბერლინში წავედი, იქაც თავი ისე ვიგრძენი, როგორც შემოქმედებით სახლში. სხვანაირად არც შეიძლებოდა - გერმანიის ხელოვნების აკადემიის სტიპენდია ძალიან კარგ პირობებს ითვალისწინებს. როცა სტიპენდია დამიმთავრდა, თბილისში დაიწყო საშინელი არეულობა. მე კი ვიზა მქონდა, ცოტა თანხაც შემომრჩა და ამიტომ დავრჩი. თან გადავწყვიტე, როცა ფული გამითავდება, სახლში მერე დავბრუნდები-მეთქი. მას მერე არ მიმთავრდება ფული, პირიქით...
1995 წელს ანტვერპენის ორკესტრისგან მივიღე შემოთავაზება (იმ დროს ძალიან კარგი ორკესტრი გახლდათ). სწორედ იმ პერიოდში, როსტროპოვიჩის თხოვნით ვწერდი ნაწარმოებს, როსტროპოვიჩი კი დათანხმდა, პრემიერა ანტვერპენის ორკესტრთან ერთად შეესრულებინა. ასე წავედი ბელგიის ამ ქალაქში, იქაც სამსარ-თულიანი სახლი დამხვდა, მშვენიერი ბაღით - ნამდვილი შემოქმედებითი სახლი. როცა ეს ერთწლიანი კონტრაქტიც ამოიწურა, კვლავაც არჩევანის წინაშე დავდექი - ან ბერლინში უნდა დავბრუნებულიყავი, ან ანტვერპენში დავრჩენილიყავი. მე იქვე დავრჩი, რადგან ანტვერპენი, თავისი სულით, ბევრად უფრო მაგონებდა თბილისს. ინტერნაციონალური, საპორტო ქალაქია და კარგი ადგილმდებარეობა აქვს, ძალიან ახლოსაა პარიზთან, ამსტერდამთან... ასე შევრჩი იქ და შემოქმედებითი სახლი ახლა ჩემთვის ანტვერპენშია. ნამდვილად არ მიჭირს, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ქართულ არხს ვუყურებ, რაც სატელიტით გადაიცემა.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ანტვერპენელებთან იმდენად არ მაქვს კონტაქტი, რამდენადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან. გარდა ამისა, მეც ხშირად მიწევს მოგზაურობა. შენგენის ქვეყნებში ბელგიური პირადობის ბარათით მივდივარ, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც იმდენად ხშირად მიწევს წასვლა, რომ ხომ ხედავთ, იძულებული გავხდი, პასპორტი მესამედ გამომეცვალა.
- „წავედი, რათა არ ვხედავდე?“ - ასე ითარგმნება ლათინურად Abii ne viderem, არა?
- „განვშორდი, რომ არ ვიხილო“ - შეიძლება ასეც.
- გრძელდება ეს განწყობა?
- ერთი მხრივ, გრძელდება, მეორე მხრივ - არა. ცხოვრებაა, განწყობა იცვლება, ან სიმძაფრეს კარგავს ან პირიქით. როცა ეს ნაწარმოები დავწერე, თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. მაშინ მივიღე პირველი შეკვეთა ნაწარმოების დაწერაზე ამსტერდამიდან. ინიციატორი ლევ მარკიზი იყო. მე ჯერაც ბერლინში ვცხოვრობდი და ყველანაირად ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა თბილისში. ინფორმაციის ერთადერთი წყარო „რადიო თავისუფლება“ იყო რუსულ ენაზე. ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაში მეზობელი მეხმარებოდა, მრავალი ენის მცოდნე, ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანი. ის საღამოობით „ბი ბი სი“-ს ცნობებს ისმენდა, აკონსპექტებდა და დილაობით ჩემი ბინის კარებში აცურებდა ფურცელს. ასე ვიგებდი ახალ ამბებს. მანვე მოიფიქრა სათაური ამ ნაწარმოებისთვის - „განვშორდი, რომ არ ვიხილო“.
- თქვენს ნაწარმოებებს ხშირად სხვები არქმევენ ხოლმე სათაურს, ბერლინელი მეზობლის გარდა, თუნდაც გიდონ კრემერი გავიხსენოთ. ბატონო გია, ეს ერთგვარი ტესტი ხომ არ არის იმის შესამოწმებლად, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ესმით თუ არა თქვენი ახლად შექმნილი ნაწარმოების?
- არა, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად არის. გიდონ კრემერი (მას, როგორც მუსიკოსს და პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ) ჩემი თხოვნით მართლაც არქმევს ხოლმე ჩემს ნაწარმოებებს სახელს. „სტიქსიც“ მან მოიფიქრა და „თითების ანაბეჭდებიც“. ის გრძნობს თითოეულ იმ ნიუანსს, რომელიც ჩემს მუსიკას ახასიათებს, მაგრამ ცხადია, სათაურზე მსჯელობისას რაღაცეებს ვუკონკრეტებ ხოლმე, მაგალითად, ხანგრძლივობას, ტემპს, ვეუბნები, არის თუ არა ნაწარმოებში სიტყვები, თან ასეთ შემთხვევებში მე ხომ არ ვიყენებ დამთავრებულ პოეტურ ნაწარმოებებს, პირიქით, მთლიანი ტექსტიდან ვარჩევ ხოლმე ცალკეულ ფრაზებს, სათაურებს, სიტყვებს. მაგალითად, „სტიქსზე“ მუშაობისას, რობიკო სპექტაკლს საბერძნეთში დგამდა. მე და მისი მეუღლე დუდანა კვესელავა კი დავსხედით და კეთილხმოვანი ქართული სიტყვების გახსენება დავიწყეთ... ამ ყველაფერს ვუყვები გიდონს. მერე გადმომირეკავს ხოლმე და მეუბნება თავის აზრს.
- ენაზეც მინდა, გკითხოთ. თქვენ არც გიცდიათ სრულყოფილად გესწავლათ რომელიმე უცხო ენა, თუნდაც ინგლისური. რატომ? და აქვე კიდევ ერთი, მგონია, რომ თქვენ როგორც ქართულ, ისე უცხო ენებს ისე განიცდით, როგორც მუსიკას, თუნდაც სათაური „უარზონი“ გავიხსენოთ.
- უცხო ენები, კერძოდ, ინგლისური ვიცი იმ დონეზე, რაც რეპეტიციების დროს დირიჟორებთან და მუსიკოსებთან ურთიერთობისთვისაა საჭირო. მით უმეტეს, რომ ამ დროს იტალიური ტერმინოლოგიის გამოყენებაც მიხდება - ეს ტერმინები კი ყველამ იცის. დანარჩენ შემთხვევებში ჩემი მეუღლე მეხმარება.
რაც შეეხება „უარზონს“, ძალიან მარტივად გადაწყდა ყველაფერი. ამ ნაწარმოების დაწერა როტერდამის ფილარმონიის ორკესტრმა მთხოვა. ის პირველად ვალერი გერგიევის 50 წლის იუბილეზე შესრულდა. პარტიტურა უკვე დამთავრებული მქონდა და სათაურს ვეძებდი, როცა შვეიცარიაში ფესტივალზე გერგიევის დას შევხვდი. ეს ქალბატონი ვოკალის შესანიშნავი პედაგოგია და შვეიცარიაში თავის კლასთან ერთად იყო ჩამოსული. გერგიევი წარმოშობით ოსია და ამიტომ, მის დას ვთხოვე, რამდენიმე ოსური სიტყვა ეთქვა ჩემთვის - იქნებ სათაურისთვის გამომდგომოდა. მან უცებ წარმოთქვა „უარზონ“, რაც ნიშნავს სიყვარულს. მომეწონა. შემდეგ კი ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ თითქმის იგივე ჟღერადობის War Zone ინგლისურად „საომარ ზონას“ ნიშნავს - ეს აბსოლუტური დამთხვევა იყო, მაგრამ მათ შორის აშკარა იდეური კავშირიც არსებობდა და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ღია წერილში, რომელსაც გერგიევის იუბილესთვის დავწერდი, ამ ორ სიტყვას გადავათამაშებდი: ომი და სიყვარული - მათ შორის ხომ მართლაც ერთი ნაბიჯია...
- როცა ანტვერპენში ხართ, მუსიკალურ მაღაზიებში ხშირად შედიხართ? ეცნობით ახალ მუსიკას?
- მაღაზიებში იშვიათად შევდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ყველა კარგ მაღაზიაში, სადაც თანამედროვე მუსიკაც არის წარმოდგენილი, ცალკე სექციები აქვს დათმობილი იგივე შნიტკეს, პიარტს, გუბაიდულინას, არსებობს ჩემი სექციაც. მაგრამ მაღაზიებში სიარული არ მიყვარს, თანაც ისედაც უამრავ დისკს მიგზავნიან სახლში და ნეტავ, მქონდეს იმდენი დრო, რომ ყველას მოსმენა შევძლო.
ახლა, ინფარქტის მერე, ფეხით სიარული მჭირდება ხოლმე. ყველაზე მეტად სიარულს ვერ ვიტან, მაგრამ იძულებული ვარ, ექიმის მითითება შევასრულო და სუფთა ჰაერზე ვისეირნო. ამიტომ პარკამდე მივდივარ მანქანით, თან მიმაქვს ფლეერი და ვუსმენ მუსიკას. როცა მბეზრდება თანამედროვე კოლეგების მუსიკა, მალერის მეცხრე სიმფონია მიმაქვს, ანდა ბახი გლენ გულდის შესრულებით, მერე ისევ ვუბრუნდები თანამედროვე მუსიკას.
- სიარულის გარდა, არც ცეკვა გყვარებიათ არასდროს. „ვალს-ბოსტონს“ კი უძღვნით მეუღლეს, რომელთანაც არასდროს გიცეკვიათ.
- „ვალს-ბოსტონს“, რომელიც ამერიკელი დირიჟორის, დენის რასელ დეივისის თხოვნით დავწერე, მართლაც ერთვის ასეთი მიძღვნა: „ჩემს მეუღლეს, რომელთანაც არასდროს მიცეკვია“. სხვათა შორის, არა მარტო ჩემს მეუღლესთან, საერთოდ არავისთან არ მიცეკვია. იმიტომ, რომ ყოველთვის მე ვიჯექი ინსტრუმენტთან, ვუკრავდი და სხვები ცეკვავდნენ. თქვენს ჟურნალში წავიკითხე, თუ რამხელა სიამოვნებას ჰგვრის ილია სუხიშვილს ცეკვა. შესანიშნავია, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, ყველანი ერთნაირები რომ ვიყოთ და ერთნაირი გატაცებები გვქონდეს. როგორც გითხარით, არც სიარული მიყვარს. ანდა, რატომ უნდა მიყვარდეს? ინსტრუმენტთან ჯდომა მირჩევნია.
- „სევდისფერი ქვეყანა“ - ეს ალუზია საიდან წამოვიდა?
- რომელიღაც ქართულ გაზეთში წავიკითხე, ძალიან მომეწონა და ასეც დავარქვი ერთ-ერთ ნაწარმოებს. რუსულად ძალიან კარგად ითარგმნა - печаль ზუსტად ის სიტყვაა, რა განწყობაც სიტყვა „სევდას“ მოაქვს, რასაც ვერ ვიტყვი გერმანულ თარგმანზე. სიტყვა trauer - სულ სხვა, უფრო მუქ ასოციაციას იწვევს ჩვენში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან პროდიუსერსაც ძალიან მოეწონა და ასე გახდა „სევდისფერი ქვეყანა“ Trauerfarbenes Land („პრემიერა ბონში, ბეთჰოვენის დარბაზში უნდა გამართულიყო და ამიტომ იყო აუცილებელი სათაურის გერმანულად მითითება“ - წიგნიდან).
- სევდისფერი მარადიული ფერია?
- ყველა დროში, ახლაც კი, თუ მანქანით გაივლით საქართველოში, ვთქვათ, დასავლეთისკენ, მანქანის ფანჯრიდანაც კი თვალში მოგხვდებათ შავი ფერის ტანსაცმელი, განსაკუთრებით მანდილოსნებზე. შავი სამოსი - ეს თითქოს ჩვენი ტრადიციაც გახდა, რადგან სულ ვიღაცის წასვლას ვგლოვობთ და შავი კი გლოვისთვის ყველაზე შესაფერია... ეს რაც შეეხება ჩაცმას, მაგრამ ბედ-იღბალიც რომ სირთულებით სავსე გვაქვს? მეორე მხრივ, განა, გინახავთ სადმე ვარდისფერი ქვეყანა? ნაწარმოების ანოტაციაშიც ვსვამ ამ კითხვას: არსებობს კი ისეთი ქვეყანა, რომელიც არ არის სევდისფერი? მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი.
- ამჯერად საით? ანუ ახალი ვიზები თქვენს პასპორტში.
- ჯერ მოსკოვში მივდივარ, შემდეგ მანჩესტერში, ჩემი შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით ველი. ერთ-ერთ ცენტრალურ კონცერტს, რომელზეც ჩემი ორი სიმფონია სრულდება, ძალიან ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორი ჯეიმს მაქმილანი დირიჟორობს და იმიტომ. ეს წინასწარ არც ვიცოდი, მაქმილანს თვითონ გამოუთქვამს დირიჟორობის სურვილი და გულწრფელად გამეხარდა. ასე რომ, ჯერ მოსკოვი, შემდეგ მანჩესტერი და ბოლოს - ანტვერპენი.
ამონაწერი წიგნიდან
ბავშვობა
...
„დავიბადე ბორჯომში, სადაც ზაფხულის თვეებს მთელი ქართული ინტელიგენცია ატარებდა ხოლმე. მამაჩემმა ბორჯომის ხეობაში რამდენიმე ბავშვთა სანატორიუმი გახსნა და შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა პატარა ცემის სანატორიუმის მთავარ ექიმად და დირექტორად... სულ ახლახანს შევიტყვე ერთი ოჯახური გადმოცემის შესახებ, რომელიც ჩემს დაბადებას უკავშირდება. თითქოს, ბებიაქალმა, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, დედას უთხრა: თქვენი შვილი ბედნიერი იქნება და მუსიკოსი გახდება იმიტომ, რომ მას უცხო ფორმის ყურები, ლამაზი თითები და მუცელზე ხალი აქვს“.
...
„ბავშვობაში, ომის დროს, დადგებოდა თუ არა ადრეული გაზაფხული, სოფელში მაგზავნიდნენ ბებიასთან... ჩავდიოდით ზესტაფონში და იქედან ურმით ძალიან დიდხანს მივდიოდით ხოლმე ალავერდის გორაკიან გზებზე... ახლა ანტვერპენში, იმ ოთახის ფანჯრიდან, სადაც ვმუშაობ, აშოლტილი ალვის ხეები ჩანს, ექვსი თუ შვიდი... ზაფხულში აივნის კარი ღიაა და მუშაობის დროს, ფოთლების შრიალის ხმა ჩამესმის. ამ ხმას ისე მივეჩვიე, რომ ანტვერპენული ზამთრის ბოლოსკენ, დიდი მოლოდინით ველი ხეების აშრიალებას... ისინი რატომღაც სულ ალავერდში გატარებულ ბავშვობას მახსენებენ“.
...
„არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკალურ ოჯახში იბადებიან. მამაჩემი ექიმი იყო, დედა - დიასახლისი. ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა, ოჯახის მარჩენალი, ომში გაიწვიეს და ჩვენ მარტონი დავრჩით. ძალიან გვიჭირდა და ცხადია, არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ მუსიკა მომესმინა. ერთადერთი სერიოზული მცდელობა - რომ პატარა ბიჭი დიდი ხელოვნებისთვის ეზიარებინა - მეზობელ ქალს ჰქონდა. ერთხელ ამ უაღრესად ინტელიგენტმა ქალბატონმა შეგვკრიბა ქუჩის ბავშვები, მთელი დღეების განმავლობაში ეზოში ბურთს რომ დავდევდით, და ოპერაში „ევგენი ონეგინზე“ წაგვიყვანა...
ოპერის თეატრიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწყალ ქალს ტროლეიბუსი დაეჯახა. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ენით აუწერელი შიში მეზობელი ქალის გამო და დუელის სცენა „ონეგინიდან“.
...
„დიუკ ელინგტონი, სტენ კენტონი, ეროლ გარნერი, ოსკარ პიტერსონი, ელა ფიცჯერალდი - სინამდვილეში აი, რა ავსებდა ჩემს ცხოვრებას.
იყო, ასეთი ფირფიტა: ჯაზის პიანისტი ალექსანდრ ცფასმანი ასრულებს პოპურის „მზიური ველის სერენადიდან“. ბიძაჩემმა კი ამერიკიდან ჩამოიტანა ფირფიტები, რომლებზედაც 30-იანი წლების პოპულარული ფოქსტროტები იყო ჩაწერილი... ერთხელ გავიტანე სახლიდან თხუთმეტივე ფირფიტა... და გადავცვალე ცფასმანის ერთ გატეხილ და დაწებებულ ფირფიტაზე“.
...
„ჩვენს გვერდით 11-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა. საერთო ტუალეტით ვსარგებლობდით. როცა 12 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, მშობლებს კომუნალურ ტუალეტში ვემალებოდი. ეს საშინელი საიდუმლო მეზობელი ოჯახის უფროსმა გახსნა. ის პირდაპირ მივიდა მამაჩემთან და მოახსენა: იქნებ, თქვენს შვილს სახლში მოწევის უფლება მისცეთ, ჩვენ რომ ტუალეტით სარგებლობა შევძლოთო... მაგრამ სიგარეტზე უარი ვერც ექიმმა მამამ მათქმევინა და ვერც იმ ექიმებმა, რომლებიც ინფარქტის შემდეგ მკურნალობდნენ. და დღეს მუშაობისთვის რამდენიმე რბილი ფანქრის, საშლელის, სათლელის და კარგი ჩაის გარდა, მჭირდება ორი საფერფლე და ორი სანთებელა“.
...
„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს, ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე. ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო... ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს - „იოჰან სებასტიან ბახი“...
გეოგრაფია
„უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ათი წლის განმავლობაში, ანტვერპენის შეყვარებაც მოვასწარი. ამიტომ არ მესმის, როგორ ვერ გაითავისეს ამ შესანიშნავი საპორტო ქალაქის სახელი ჩემმა მეგობრებმა... მაგალითად, ანდრეი ბიტოვი „ანტვერპენის“ ნაცვლად, ყოველთვის „ამსტერდამს“ ამბობდა. ბოლოს, გადავწყვიტე, მის განათლებაზე მეზრუნა და ავუხსენი, რომ ანტვერპენი ბელგიაშია, ამსტერდამი - ჰოლანდიაში. მან მიპასუხა: ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, მაპატიე, აღარ ამერევა. გავიდა ნახევარი საათი და მეკითხება: „გია, როდის დაბრუნდები იმ შენს როტერდამში“...
სხვათა შორის, ამსტერდამი ჩემთვის „მშობლიური“ ქალაქივითაა - იქ ხომ ჩემი ოთხი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა შესრულდა; როტერდამში კი - ერთის: გერგიევის საიუბილეო ფესტივალზე იქ პირველად შესრულდა „უარზონი“.
ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელი და იური ბაშმეტი 1989 წ.
„სტიქსი“. ჯანსუღ კახიძე
„საშინლად განვიცდი იმ ფაქტს, რომ „სტიქსი“ ჩემი ბოლო ნაწარმოებია, რომლის დირიჟორობაც ჯანსუღმა მოასწრო... როცა თბილისში არც შუქი იყო და არც გათბობა, თბილისის მუსიკალურ ცენტრში ორკესტრი „სონი ქლასიქალისთვის“ იწერდა დისკს. ელექტროენერგია დარბაზს გენერატორით მიეწოდებოდა. მუსიკოსები თითებამოჭრილი ხელთათმანებით უკრავდნენ, ჯანსუღი კი დირიჟორის პულტთან „დუბლიონკით“ და „უშანკით“ იდგა... მიუხედავად ამისა, მიშა კილოსანიძის და ჯანსუღის წყალობით, ჩანაწერი იდეალური გამოვიდა“.
ფანატი
„თავს პოპულარულ ადამიანად არ ვგრძნობ... თაყვანისმცემლები, ამ სიტყვის გავრცელებული გაგებით, და მით უმეტეს, ფანატები არასდროს მყოლია; თუმცა, იყო ერთი გამონაკლისი:
ერთხელ გერმანიაში, კონცერტის შემდეგ, ერთი ჩასკვნილი ახალგაზრდა მოვიდა და მორცხვად მთხოვა ავტოგრაფი დისკზე. მისი სახე დამამახსოვრდა იმიტომ, რომ მას შემდეგ ყველა ჩემს კონცერტს ესწრებოდა, თან არა მხოლოდ გერმანიაში. ამ კაცს ვხედავდი საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ბელგიაში. ყოველ ჯერზე, მორცხვი ღიმილით მომიახლოვდებოდა და მეკითხებოდა, დავესწრები თუ არა შემდეგ დაგეგმილ კონცერტს. ბოლოს, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, გაგვეცნო ეს ყმაწვილი. მიუნსტერში გენერალური რეპეტიციიდან გამოვდიოდით, როცა ის ავტოსადგომზე შევნიშნეთ, თავისი ძველი „ოპელის“ გვერდით იდგა. თავაზიანი მოკითხვის შემდეგ, დავინტერესდი მისი პროფესიით... გაირკვა, რომ მზარეული იყო.
- რომელ რესტორანში მუშაობთ?
- რესტორანში არა, მე სულით ავადმყოფთა თავშესაფრის სასადილოში ვმუშაობ, ფრანკფურტთან ახლოს.
...თომასს მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი, მერე კი მოულოდნელად გაქრა. მე კი, როცა მასზე ვფიქრობ, ჩემდაუნებურად, სინდისის ქენჯნას ვგრძნობ ხოლმე: ჩემი ნელი და დინამიკური კონტრასტებით სავსე მუსიკის მოსმენამ ხომ არ შეუწყო ხელი იმას, რომ ეს სიმპათიური ახალგაზრდა, თავშესაფრის სამზარეულოდან პალატაში გადაიყვანეს?“
ECM Records 1992 წ.
სიჩუმე დარბაზში!
„დირიჟორი მარკუს სტენცი ავსტრალიაში „თითის ანაბეჭდების“ პრემიერას დირიჟორობდა. სტენცი გამოვიდა სცენაზე, დადგა პულტთან, მობრუნდა პუბლიკისკენ და ლაპარაკი დაიწყო. ცხადია, მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ როცა დარბაზში სიცილი ატყდა, ჩემი მეუღლე გადმოიხარა და ეს შესანიშნავი სფიჩი სინქრონულად მითარგმნა. გაირკვა, რომ სტენცმა დარბაზში ხველების პრობლემის მოხსნის კარდინალური გზა გამონახა. მან თქვა: „ამას ჯერ მე გავაკეთებ, მერე თქვენ გიდირიჟორებთ, და ყველანი ერთად იმდენს ვახველებთ, რამდენიც გაგვეხარდება. დავიწყებთ პარტერით - ჯერ მარცხენა ფრთა, შემდეგ შუა ნაწილი, ბოლოს მარჯვენა ფრთა. შემდეგ მე თავს მაღლა ავწევ და ხველებას პირველი იარუსი დაიწყებს, მას მეორე და მესამე მოყვება“. ბოლოს სტენცი „ოსკარის“ ცერემონიალის წამყვანებსაც დაესესხა: „and the oscar goes to…- და „ოსკარი“ მას გადაეცემა, ვინც ყველაზე ხმამაღლა დაახველებს“.
სტენცმა ეს სფიჩი იმიტომ წარმოთქვა, რომ დარბაზი სიჩუმის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. დირიჟორის ხერხმა გაჭრა. კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა“.
ჯეჯანსუღ კახიძესთან ერთად რეპეტიციაზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში
ЛЮЛЯ
„1965 წლის ზაფხულში, კინოდან ჩემი პირველი დიდი ჰონორარით სახლში რემონტის გაკეთება გადავწყვიტე... ჩვენთან, მესამე სართულზე წყალი ცუდად მოდიოდა, ამიტომ რემონტი საშინლად გაჯანჯლდა, რის გამოც სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი. ერთ დღეს მეგობარი მოვიდა და მითხრა: პირველ სართულზე ერთი სიმპათიური გოგო ცხოვრობს. მის ბინაში წყალი სულ მოდის. მოიყვანე ცოლად და შეგეძლება, პირველ სართულზე გადაივლო შხაპი, მერე კი წყალი მესამეზეც აიყვანოო. მახსოვს, ერთად გადავიხედეთ ფანჯრიდან და პირველად ასე დავინახე ჩემი მომავალი ცოლი... მერე დავურეკე და ისე, რომ არ მითქვამს, ვინ ვიყავი, განვუცხადე: „მსურს, ცოლად შეგირთოთ“. თავიდან, ცხადია, გამითიშა. ასე გრძელდებოდა ორ წელიწადს. პირველ ორ თვეს ეგრევე მიკიდებდა ყურმილს, მეორე ორ თვეს - ორი წინადადების შემდეგ, მერე - მესამე წინადადების დასრულებისთანავე, თანდათან ლაპარაკიც დავიწყეთ. თავიდან არ იცოდა, მე რომ ვიყავი, შემდეგ მიხვდა, მაგრამ მე ამის შესახებ უფრო გვიან გავიგე... პარალელურად, ჩვენს საუბრებში ჩვენი მეგობრებიც ჩაერთნენ...
ერთხელ მე და რობიკომ Люля-ს საჩუქარი გავუგზავნეთ. ვიყიდეთ ერთი 7-8 კილოგრამიანი, ლამაზი მოყვანილობის ჰოლანდიური ყველი, რომელიც რობიკომ თავისებურად გააფორმა. მოხატა, პატარა ფიგურები მიამაგრა, ფანტასტიკური რამე გამოვიდა...
ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს შევხვდით. ჯერ Люля და მისი მეგობრები დავპატიჟე ხინკალზე, შემდეგ რობიკოს ვეწვიეთ სახლში და ბოლოს დავქორწინდით... ამის შემდეგ, მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება დავიწყე: არავითარი საყოფაცხოვრებო პრობლემა აღარ მეხებოდა, ბავშვების აღზრდაზეც Люля ზრუნავდა... თან მუშაობდა.
...დასავლეთში გადასახლების შემდეგ კი, მან საკუთარ თავზე აიღო მთელი ჩემი მიმოწერაც, სატელეფონო ზარებიც და ინტრვიუებისა და ანოტაციების თარგმანიც ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა, ჩემი ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებებისთვის Люля შექსპირის ციტატებსაც კი ეძებს ხოლმე. სათაურიც ნაწარმოებისთვის, რომელიც ნიუ იორკის ფილარმონიიის ორკესტრს ათასწლეულის პროექტისთვის დავუწერე - And farewell goes out sighing - მან შემირჩია. არაჩვეულებრივი სათაურია. უბრალოდ, არაფრით არ შემიძლია მისი წარმოთქმა...
... Люля-ს ბევრჯერ ვთხოვე, სახლში ინგლისურად მელაპარაკე-მეთქი, მაგრამ ერთად გატარებულ მეოთხე ათწლეულში, ჩვენს მშობლიურ ენაზეც სულ უფრო იშვიათად გვიწევს საუბარი: ან ერთმანეთის წინადადების დამთავრებამდე გვესმის, ანდა ისე განსხვავდება ჩვენი შეხედულებები, რომ გაჩუმებას ვარჩევთ“...
იან გარბარეკი, დენის რასელ დეივისი და გია ყანჩელი შტუტგარტში „ღამის ლოცვების“ პრემიერაზე 1995 წ.
გია ყანჩელი. ანტვერპენი
MISTER KANCHELI?
„...ერთხელ რუდოლფ ვერტენმა ქალაქ გენტის ახლოს, პატარა სოფელში დაგვითმო სახლი, სანამ ანტვერპენში ახალ სახლს მოვძებნიდით და სანამ მის ორკესტრთან ერთად, ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანიისთვის ჩავწერდით „სევდა ნათელს“.
სახლის პირველ სართულზე როიალი იდგა. იმხანად „ვალს-ბოსტონს“ ვწერდი და, ძირითადად, ღამით ვმუშაობდი. ერთხელ, დაახლოებით პირველის ნახევარი იქნებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა. Люля-ს უკვე ეძინა, იძულებული გავხდი, მეპასუხა. ვერტენი იყო. რადგან მან იცოდა, რომ რამდენიმე წელს ბერლინში ვცხოვრობდი, ჩათვალა, რომ გერმანულად კარგად ვლაპარაკობდი და სწრაფად მომაყარა რაღაც; ისე სწრაფად, რომ ვერც შევაწყვეტინე. როცა დაამთავრა, მხოლოდ მერე ვთხოვე:
- Rudolf, bitte, langsam.
ვერტენმა თავისი მონოლოგი ახლა უფრო ნელა გაიმეორა. მე მაინც ვერაფერი გავიგე და მეორედ ვთხოვე:
- Rudolf, for me better English, please once more.
გერმანულს ვერტენის შესანიშნავი ინგლისური მოჰყვა და მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა, როგორმე აუცილებლად უნდა გამეგო, რა უნდოდა. მთელი ყურადღება მოვიკრიბე და ტექსტი ასე გავშიფრე: ხვალ რეპეტიციაზე არ იქნება პიანისტი, ფორტეპიანოს პარტია კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ იქნებ, შენ თვითონ დაუკრა?
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ბოლოს „ჩემებური“ ინგლისურით ვუპასუხე:
-Rudolf, I'm not a good pianist. But I think it's possible.
შემდეგ ისევ დავუბრუნდი ინსტრუმენტს და განვაგრძე დაკვრა.
...მხოლოდ მეორე დღეს, ჩემი ცოლის დახმარებით გავიგე, რას მეუბნებოდა ვერტენი წინა ღამით:
მეზობელმა დარეკა და მითხრა, რომ სახლში მიცვალებული ჰყავთ დასვენებული, თქვენთან კი ვიღაც ძალიან ხმამაღლა უკრავს როიალზე ერთი და იმავე მელოდიას. იქნებ, შეაწყვეტინოოთო.
„ქარი ქრის“
„ჩემი ქალიშვილი რვა წლის იყო, როცა ერთხელ მუსიკის გაკვეთილიდან სახლში ატირებული დაბრუნდა. თავს უხერხულად გრძნობდა იმიტომ, რომ მასწავლებელმა ჩემთან დააბარა, ნატოსთვის რაიმე პატარა პიესა დამეწერა, რომელსაც ის მუსიკალური სკოლის კონცერტზე შეასრულებდა... ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა, როცა ჩემი შვილის სკოლისდროინდელი რვეული ვიპოვე და დავიწყებული „ნატა-ვალსის“ მელოდიის დაკვრა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, გავიაზრე, რომ პირველი ფრაზა რიტმით ემთხვევა გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი შედევრის „ქარი ქრის“ პირველ სიტყვებს. გადავშალე წიგნი და გუნებაში „მივამღერე“ დანარჩენი სტრიქონებიც. გაირკვა, რომ მთელი ლექსი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ემთხვევა მუსიკას. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს უბრალოდ იღბლიანი დამთხვევა იყო, მაგრამ მაინც, როგორია, როცა ასეთ რამეს მხოლოდ მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ აღმოაჩენ?“
ბოლოს:
პირველად მე და რობიკო კაპიტალისტურ ქვეყანაში ერთად მოვხვდით. დასავლეთ გერმანიაში ჩავედით. პატარა სასტუმროში დაგვაბინავეს. დილას სასაუზმოდ ქვევით ჩავედით. ავიღე სუფრიდან კარგად დაბრაწული, ჰაეროვანი ფუნთუშა, ხვავიანად გადავუსვი კარაქი, ჩავკბიჩე პირველი ლუკმა და გაოცებულმა, რობიკოს ვუთხარი:
- რობიკო, ამ კარაქს რაღაც უცნაური გემო აქვს.
ის ძლივს მოწყდა თავის ფუნთუშას, დანანებით გადმომხედა და მითხრა:
- უცნაური გემო იმ კარაქს ჰქონდა, აქამდე რომ ჭამდი...
და ახლა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე: იქნებ, უფრო ძირეულ საკითხებშიც ვცდებოდი მანამდე? იქნებ, მთელი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა მეცხოვრა?
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, პასუხს ამ კითხვაზე ვერასდროს გავიგებ...
![]() |
7 კლაუსტროფობის ჩანაწერებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
- რა უნდა ამ ქალს? - ვიკითხე მორბენალ ბილიკზე, რომელსაც, წესით, ესკალატორი არ უნდა ერქვას, რადგან სწორზე მიდის თუ მიგორავს; მოკლედ, არ ვიცი, რა ჰქვია, მთავარია, მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ.
ყოველთვის, როცა ამსტერდამში, სკიპჰოლის აეროპორტში ვხვდები, არა თვითმფრინავიდან გამოსვლისას ან საპასპორტო კონტროლის გავლისას მეღვიძება, არამედ სწორედ აქ, ამ მოგორავე თუ მორბენალ გზაზე. ალბათ იმიტომ, რომ ვიზაფრები: დროის გაუგებარ მონაკვეთებში მესმის არაამქვეყნიური, ნაზი, შემპარავი ქალის ხმა. რა უნდა ამ ქალს?
- mind your steps.
- ანუ?
- ფეხქვეშ იყურე, კისერი არ მოიტეხოო.
კარგი. გასაგებია. ძალიან ვეცდები.
ამსტერდამი. ტრანზიტი
თავიდანვე მოგახსენებთ, რომ პატარა ნივთები მძულს და ჩაკეტილი სივრცის მეშინია. ჩემი ჯოჯოხეთი ტურნიკეტებია, „ხრუშჩოვკებში“ და ესპრესოს ჭიქების დანახვაზე ცუდად ვხდები, მეტრო და ტანზე მომდგარი მაისურები არ მსიამოვნებს, ლიფტი და ფაიფურის სუვენირებიც არ მიხარია. როგორც ჩანს, წინა დაბადებაში ცოცხლად დამმარხეს. ან ამსტერდამელი ვიყავი.
ამსტერდამს ძალიან ლამაზი ღერბი აქვს: სამი ჯვარი. მშვენიერი სანახავია, სადა და მოხდენილი. ერთი ისაა, რომ თავის დროზე ეს სამი ჯვარი ბევრი ვერაფერი სიხარული ყოფილა: ერთი წყალდიდობაა, მეორე - ხანძარი, მესამე კი - შავი ჭირი. ოდესღაც ამსტერდამს ეს სამი განსაცდელი სულ თან სდევდა, ამჯერად კი მხოლოდ სიმბოლოა, სამი ჯვარი, რომლებიც ამსტერდამელებმა ამაყად ატარეს. შავი ჭირი ცუდ მოგონებადღა დარჩა, განსხვავებით ჭლექისგან, რომლის ავი აჩრდილიც აქ, როგორც ჩანს, კვლავ დაბორიალობს. სხვაგვარად უცხოელ სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ფილტვების შემოწმებას არავინ მოსთხოვდა.
ჭლექის ამბავი სულ არაა გასაკვირი, რადგან ამსტერდამი წყალზე დგას. მე მგონი, აქ მიწა საერთოდ არ არის, სულ წყალია, არხები, არხებზე - კუზიანი ხიდები, კუზიანი იმისთვის კი არა, რომ ქვეშ გემი გაეტიოს - მაინც ვერასოდეს გაეტევა, - არამედ იმისთვის, რომ ქალაქის მცხოვრებლები სულ ერთნაირად ბრტყელი გზის თელვისგან არ გადაირიონ და ეგონოთ, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერი და მრავალფეროვანია.
იგივე პრინციპითაა მიხვეულ-მოხვეული ენით უთქმელად ვიწრო კიბეებიც, ძველი ამსტერდამის სახლებში ასაღწევი საწამებელი მოწყობილობა. საშუალოსტატისტიკური ამერიკელი იქ ვერასოდეს შეეტევა. თუ სახლის თავდაპირველი მფლობელი ექსტრემალურად წუწურაქი იყო, კიბე მთლად ციცაბოდ ადის, ისე, რომ ცხვირით საფეხურებს ებჯინები. ეგზოტიკური ამბავია, თუ ამსტერდამში ტრანზიტით ხარ.
კიბეების სივიწროვე იმით აიხსნება, რომ ამ ქალაქში მიწის ნაკვეთი - ცხადია! ძალიან ძვირი ღირდა. შესაბამისად, სახლების მფლობელები ცდილობდნენ, ოთახები კიბეების ხარჯზე გაეზარდათ და აჰა, შედეგიც. ოთახებიც უციცქნესია და კიბეებიც. სააბაზანოებზე აღარაფერს ვიტყვი. კედლის კარადაში გიბანავიათ? ერთი დიდი ევროპული ფირმის დევიზი გამახსენდა: „სიძუნწე სექსუალურია“.
მაგრამ მოდით, ჩემს ფობიას შევეშვები და კარგს ვიტყვი. კერძოდ, იმას, რომ ამსტერდამი - ციტატა გზამკვლევიდან - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პატარა ქალაქია; რომ თავისი არხებისა და სახელგანთქმული მუზეუმების წყალობით, ის ევროპის ყველაზე რომანტიკული და ლამაზი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კერაა.
მეთორმეტე საუკუნის ბოლომდე აქ არავინ ცხოვრობდა - სულ არ მიკვირს, უფრო საოცარი ისაა, რომ დღეს ცხოვრობენ. აქ სულ ჭაობი ყოფილა, უამრავი დიდი და პატარა მდინარე, ნესტი, კოღოები და უბედურება. მერე კი მდინარე ამსტელის ჯებირის ირგვლივ ხალხი დასახლდა. მათ თევზაობით და ვაჭრობით გაჰქონდათ თავი, და მალე იმას მიაღწიეს, რომ წყალთან ბრძოლის შედეგად მოპოვებულ პატარა ხმელეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ამსტერდამელები იმთავითვე ყოჩაღი ხალხი იყო: ვაჭრობდნენ, გემებს აშენებდნენ და ინდოეთშიც კი გზავნიდნენ, და მდიდრდებოდნენ და მდიდრდებოდნენ. ისიც კი შეძლეს, რომ მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად აქციეს ამსტელის პირას გაშენებული ქალაქი.
დღევანდელ ქალაქსაც ეტყობა, რომ მის მცხოვრებლებს თავიანთი მიღწევებით თავი დიდად მოჰქონდათ - და სავსებით სამართლიანად. წავიკითხე, რომ იმ ოქროს ხანიდან, ანუ XVI-XVIII საუკუნეებიდან აქ 1300 ხიდი შემორჩა და შვიდ ათასამდე ვაჭრის სახლი. როგორც ჩანს, ამათ ვერც ხანძარი მოერია და ვერც წყალდიდობები.
ამ სახლებმა გამაგიჟა თავის სიციცქნით და სიკოხტავით. შაქარლამას ჰგავს. სულ მგონია, რომ მივეყუდო, დაინგრევამეთქი. ამაყი წარწერები „Anno Domini ესა და ეს“, გულს სულ არ მიჩუყებს, თუმცა, ცხადია, ლამაზია. ისინი აცაბაცა დგას, წამოპირქვავებული, რადგან საქონლის საცავები სხვენში იყო განლაგებული და ყველაფერი კაუჭებზე გამობმული ბაგირებით აჰქონდათ ზედა სართულებზე - ზემოხსენებული საოცარი კიბით ხომ ვერაფერს აიტანდნენ, სარდაფებში კი წყალი დგებოდა.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება ფანჯრებთან მიმაგრებულმა სარკეებმა მოახდინა. ისინი ძალიან საინტერესო საქმისთვის არსებობდა და, რამაც საბოლოოდ მომიღო ბოლო, დღესაც არსებობს: როცა კარზე ვინმე მიადგებათ ხოლმე, ამსტერდამელები ამ სარკეში იხედებიან. სადარბაზოსთან მდგომი ვერ დაინახავს, თვითონ კი დაინახავენ! და თუ სტუმარი არასასურველია, კარს არ გაუღებენ! და ისიც ვერასოდეს მიხვდება, რომ სახლში ვიღაცა იყო და კარი არ გაუღო! რა არი!?
გარდა ამისა, ქალაქში უამრავი მუზეუმია: ეროვნული, ვან გოგისა, რემბრანდტისა, ანა ფრანკისა, ასევე გემების, ბიბლიის, ებრაული ისტორიის - სულ ორმოცამდე ყოფილა. ერთი ისაა, რომ მე ამ სიხარულებს არ ვზიარებივარ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ამსტერდამში მხოლოდ ტრანზიტით ვარ ნამყოფი. ამ მოკლე დროში მხოლოდ იმაში დარწმუნება მოვასწარი, რომ ქართველი ტურისტი, ცოტა არ იყოს, ბეცი გახლავთ.
მოგეხსენებათ, ამსტერდამიდან ჩამოსულ ქართველთა უმრავლესობა ჰყვება, როგორ ეგრეთ ლეგალურად ეწეოდა მარიხუანას, რა მაგარი გოგოები ნახა (ან ტარამპარამპარამ) წითელ უბანში და როგორ დაგიჟდნენ მის გამო ეს გოგოები, და იმასაც არ დაივიწყებს, რომ ამსტერდამში მცხოვრები ქართველები!.. მეგასექსი, მრავალფეროვანი ორიენტაცია! არადა, დარწმუნებული ვარ, ანა ფრანკის მუზეუმიდან გამოსვლისას, ხელმძღვანეეს ჩვენი ინფორმატორი ისე შეავსებდა ტოლერანტობის ტესტს, რომ თავისი შეგნებულობით თვით ამსტერდამელებსაც გააოცებდა.
ტურისტების გარკვეული ნაწილი სადგურიდან გამოსვლისთანავე ამსტერდამის სახელგანთქმულ coff eshop-ებში იდებს ბინას - ნეტავი მათ გაძლებას! თუმცა, ყველა ხომ ჩემსავით კლაუსტროფობი არაა, რომ ყურებთან მიტანილი მუხლებით ჯდომა და ფერდში ბრგე არიელის იდაყვები აგიჟებდეს. ეს დაწესებულებები კი მართლაც საინტერესო ადგილია. მე ერთი საღამო „როკერაიში“ გავატარე და ძალიან ვიხალისე.
იქაურობა ფსევდოეზოთერული სტილის გამარჯვებაა. კედლებს მანდალები ამშვენებს - კიდევ კარგი, პრიმიტიული, თორემ რომელიმე მომხმარებელი აუცილებლად გასხივოსნდებოდა. როცა რამდენიმე ადამიანს თავზე გადავაბიჯე, კუთხეში მივიკუნჭე და ეს მანდალა აღმოვაჩინე, გამახსენდა შესანიშნავი უმაღლესი სასწავლებელი, რომლის აბრაც ამსტერდამის ქუჩაზე ვნახე, სასულიერო ხასიათისა (სახელი კი მახსოვს, მაგრამ არ დავწერ, არ მიჩივლონ). ჰოდა, „როკერაის“ გადამკიდემ, დიდხანს ვიფიქრე, როგორ ჟღერს ნიდერლანდურად „აჰამ ბრაჰმასმი“… აფსუს, სტიპენდიების ასაკი გადამივიდა.
„როკერაის“ დავუბრუნდეთ. აქ ყველაფერი შეიძლება, გარდა 18 წლამდე ბავშვების შესვლისა, ხუთ გრამზე მეტი მოსაწევის ერთბაშად ყიდვისა, მობილური ტელეფონის ეკრანში ჩაშტერებისა და თავსაბურავის ხმარებისა. პირველი აკრძალვის მიზეზი გავიგე, დანარჩენებისა - ვერა, მაგრამ არცერთი არ მედარდებოდა, რადგან არცერთი არ მეხებოდა. ძალიან მინდოდა „როკერაის“ მფლობელთან გასაუბრება, მაგრამ ეს შავსაყურეებიანი ყმაწვილი ისეთი ენთუზიაზმით უყოფდა ორ ლამაზ ქალს წელში ხელს, რომ ნამდვილად ვერ გავუფუჭებდი გუნებას. არადა, საინტერესო იყო, ვის რას დაუშავებდა - რომ მქონოდა - ჩემი ქუდი.
მშვენიერი გოგო მუშაობს “როკერაიში”, საბრინა. სწორედ ისეთი სვირინგები აქვს, მთელი ცხოვრება რომ მინდოდა და ვერაფრით რომ ვერ გავიკეთე - ტკივილისაც მეშინია და იმისაც, რომ ერთ დღეს საშინლად მომბეზრდება და ხელებს დავიჭრი. საბრინას კი, როგორც ჩანს, მსგავსები სულ არ აწუხებს, ისევე, როგორც სივიწროვე. ხალისიანი არსებაა, თან ლამაზი.
დანამდვილებით არ ვიცი, სალაპარაკოდ არ ეცალა, მაგრამ ალბათ ჩემი აღტაცების ობიექტი, საბრინა, ძალიან კმაყოფილია, რომ სამსახური იშოვა. სხვა დროს, ალბათ, სწავლობს, იმ გოგოების დარად, თავიანთი მადისაღმძვრელი სხეულების საჩვენებლად უვიწროეს ქუჩაზე უციცქნესი ოთახების ფანჯრებში რომ არიან გამომდგარი და გულგრილად შესცქერიან გამვლელ-გამომვლელებს. შესანიშნავი სანახაობაა: დგანან, ამთქნარებენ, ცვილით ეპილაციას იკეთებენ… ისეთი პატარა ქუჩაა, ისეთი პატარა ოთახებია! ამ ქალების კლიენტების ფსიქიკის სიმდგრადე და ფიზიკური მონაცემები ჩემში აღტაცებას იწვევს.
ეს ქალები, ქართულ-ამსტერდამული მითოლოგიის უცვლელი გმირები, რიგითი ნიდერლანდელები არიან. ცნობისთვის: მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს, რაც მთავარია, სტუდენტებს, აქ არავინ ამუშავებს, მათ ლეგალურად მხოლოდ ათი საათი ეძლევათ ლუკმაპურის მოსაპოვებლად, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელი გადაწყვეტს, რომ მის მიღმა გზა არა აქვს და სათანადო უწყებაში საგანგებო განაცხადს შეიტანს, ეს ადამიანი მინდა და სხვა არავინო. წითელ უბანში მომუშავე ქალები კი სერიოზული ხალხია და არა ის საზოგადოება, სულშიჩამწვდომ ლეგენდებს რომ ჰყვება ხოლმე დაკარგული სიყვარულისა და დუხჭირი ყოფის შესახებ. ამსტერდამელი სახელგანთქმული მეძავები მუშა-მოსამსახურეები არიან, გადასახადებს წესიერად იხდიან, და, სხვათა შორის, მათთან ურთიერთობა ყველაზე უსაფრთხო საქმეა - ამ ქალების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო და ქალაქი ზრუნავენ. ქალაქი იმაზეც ზრუნავს, რომ ამ კანიონივით ვიწრო ქუჩებში ფოტოსურათი არავინ გადაიღოს - ვისი რა საქმეა, ვიტრინაშია ადამიანი გამოდებული თუ დახლთან.
წლევანდელი შემოდგომა ამსტარდამელთათვის შოკისმომგვრელად თბილი იყო. დაიბნენ. დაბნეული პატრონების დაბნეული ძაღლები ქუჩაში უადგილო ადგილას ისაქმებდნენ და არა ამ საქმისთვის გამოყოფილ აკურატულ კვადრატებზე. ტაქსის მძღოლი უკმაყოფილებას ვერ მალავდა, კლიენტურა მზემ დამიფრთხოო. ფსიქოთერაპევტები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ შემოსავლიანი პროფესიის არჩევის გამო.
კიდევ კარგი, დარმა გაამართლა, თორემ მაშინ გენახათ ფობიები! მახსოვს, პირველად ამ ქალაქს რამდენიმე საათით ვესტუმრე. ცა თავზე მემხობოდა, ყველაფერი რუხი იყო, ველოსიპედები, ველოსიპედები, ქოლგები, რუხი ადამიანები, რუხი სახლები... სადაა, ამსტერდამელნო, თქვენი ნაქები ტიტები და უძირო ზეცა?
ამ ჯერზე კი მზე ანათებდა და გული მომეცა, და ჩავიდინე ის, რაც არასოდეს მიქნია და რასაც მთელი სიცოცხლე გულმოდგინედ ვარიდებდი თავს: ქართველებთან ვიყავი სტუმრად. ალბათ, გამოგიცდიათ დასავლეთში წასულ თანამემამულეებთან ურთიერთობის სიამოვნება: თვალებმინაბული გოგოები გიტარას აჩხაკუნებენ, „ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“, მამაკაცები სადღეგრძელოებს ამბობენ, ისინი არასოდეს სწავლობენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც ცხოვრობენ და იქაურობა სძულთ, ისევე, როგორც საქართველო, ერთმანეთი და საერთოდ, ყველაფერი. ჯოჯოხეთი.
მაგრამ ამსტერდამში ჩემს თავს საოცრება დატრიალდა - ერთ საღამოს ჩემი მასპინძლები იყვნენ ქართველები და თან ბავშვები, და მე, მეფე ჰეროდეს ინკარნაცია, მაინც ბედნიერი ვიყავი. გთხოვთ, იცნობდეთ: ანა ხერხეულიძე, მისი ძმა მამუკა და ნიკო ნიკურაძე - ეს უკანასკნელი ნამდვილი ამსტერდამელია, აქ ექვსი თვისა ჩამოსულა.
ანა საბალეტო სკოლაში დადის, იმიტომ, რომ დედას უნდოდა ასე. თავად ანას კაპუერა მოსწონს, ბრაზილიური ჩხუბი - საშინლად კი ჟღერს, მაგრამ ძალიან ლამაზი რამ ყოფილა, არაკონტაქტური თავდაცვის ხელოვნება. ანას აქვს მოცურავის და მყვინთავის დიპლომები და მალე მაშველის დიპლომსაც აიღებს, ხოლო როცა ის რომელიმე დიდი საბალეტო თეატრის სცენაზე იცეკვებს, მე აუცილებლად გადავდებ თავს, ჩავალ, პირველ რიგში დავჯდები და ვიამაყებ, რომ ის ჩემი სეხნია და ჩემიანია.
მამუკა ჯერ მხოლოდ ცხრა წლისაა და უკვე ჩემპიონი, არამარტო ქუჩის ფეხბურთში, არამედ jos water graars meer-ისაც. მრავალი ბავშვიდან ის აირჩიეს და თავიდან თავისზე ბევრად უფროსებთან ერთად თამაშობდა. მან და ნიკომ ჩემს თვალწინაც აჯობეს ყველას, ქუჩის სტადიონზე, რომელშიც ერთი საათით რომ ჩამსვა, ვეღარასოდეს გამოვალ - გალიებითაა გარშემორტყმული. მაგრამ ჩვენი ბიჭები ჯანმრთელი ხალხია, მაგრად ითამაშეს: მამუკა ხომ თავისთავად, და ნიკოსაც თავის გუნდში წელს ყველაზე ბევრი ბურთი ჰქონია გატანილი. ძალიან მინდოდა, მეღრიანცელა, ჰკა მაგათა, ჰკა-მეთქი, მაგრამ მოზარდთა ფსიქიკას გავუფრთხილდი.
ნიკა ნიკურაძე, ანა და მამუკა ხერხეულიძეები
უაღრესად სასიამოვნო საზოგადოება იყო, ლამაზი, ხალისიანი და იმედისმომცემი. ვიჯექი სტადიონთან, შემოდგომის ამსტერდამისთვის უჩვეულოდ თბილ საღამოს, და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგადაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს თავს მაინც, თუნდაც იმის გამო, რომ ასეთ არაჩვეულბრივ ანას ჩემთან ურთიერთობის ხალისი ჰქონდა. ამსტერდამელი ქართველი ბავშვები ძალიან კარგები არიან და საერთოდ, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება.
![]() |
8 სიყვარული ანტისკვოტში |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
გამომყევი, მკითხველო! ვინ თქვა, რომ ამქვეყნად ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობს! დაე, გაუხმეს ცრუს ის უმსგავსო ენა!
მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტადან“
სკვოტირება ძალიან მარტივი საქმეა: ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს არა აქვს იმის უფლება, რომ შენობების მფლობელობა დაიჩემოს, და ყველა პიროვნებას აქვს იმის უფლება, რომ თვითონ აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, მიტოვებულ შენობებში სახლდებიან.
სკვოტირებამ ჰიპების მოძრაობის დროს განსაკუთრებით გაშალა ფრთები - კომუნები სადმე ხომ უნდა განთავსებულიყო!? ჰიპები შენობებს ესეოდნენ, აჭედილ კარ-ფანჯარას ფიცრებს აცლიდნენ, არასასურველი მნახველებისგან თავდასაცავად ბარიკადებს აშენებდნენ და იქ ეწეოდნენ თავიან კულტურულ და არამარტო კულტურულ ცხოვრებას. ჰიპებისთვის ეს შემოქმედებითი სივრცეც იყო და საცხოვრებელი სახლიც.
სახელმწიფო იძულებული გახდა, ამ განსაცდელისთვის მეტ-ნაკლებად კანონიერი სახე მიეცა. სკვოტების არსებობა აღიარეს და გადაწყვიტეს, ჯანდაბას, იყვნენო. თუმცა, სკვოტის მხოლოდ შექმნა არ კმარა, შენარჩუნებაც უნდა. თან ვერაფრით ვერ ვიტყვი, კარგი საცხოვრებელია-მეთქი. ადამიანს გააჩნია. მე აღარც ამდენი ხმაური შემიძლია, აღარც უსასრულო წვეულებები. მას კი, ვის გამოც ეს თემა აღვძარი, კიდევ ერთი უბედურება სჭირს - სიბინძურეს ვერ უძლებს. არეულობას - კი, სიბინძურეს - ვერა. ამიტომ მას სკვოტს „ანტისკვოტი“ ურჩევნია.
ეს გახლავთ ქრისტო, პატარა, მწვანეთვალება, ხალისიანი გოგო. წითელი თმა აქვს, ბუნებამ როგორი არგუნა - დიდად არ ახსოვს. ქრისტოს მწვანე ფერი მუდამ ეჯავრებოდა, ამჟამად კი სულ უფრო ხშირად ყიდულობს მწვანე ტანსაცმელს, რაც მასაც აკვირვებს და მის მეგობარ ნონოსაც.
ქრისტო და ნონო თბილისელები არიან. დღეს ისინი ამსტერდამში ცხოვრობენ, ბინაში, რომელიც, ამსტერდამული მასშტაბებით რომ ვიმსჯელოთ, დიდია. სააბაზანო ქრისტოსთვისაც კი მოცუცქნულია, მაგრამ ამას ვინ ჩივის. მთავარია, ოთახს დიდი ფანჯრები აქვს.
ერთ მხარეს ფანჯარა ბანს გადაჰყურებს. ბანზე, საკვამლურებზე, უამრავი ფლეგმატური კატა ზის. სულ იქ სხედან. მსგავსი არაფერი მინახავს. ისხდნენ კატები, არაფერს შვრებოდნენ. მერე მთლად ჰორორი დატრიალდა: წერო მოფრინდა. მე მოვკვდე. მოფრენის პროცესს ვერ შევესწარი, ფოტოგრაფ დათო მესხის ხმაზე მოვიხედე. „წერო,“ დაიჩურჩულა მან. „დედას გეფიცები“. წერო ფრთაგაშლილი იდგა, მზეს ეფიცხებოდა, ნიავი მკერდზე ბუმბულს უფრიალებდა, და კატები ამხელა ბუტერბროტს არად აგდებდნენ. ქრისტომ მითხრა, რომ ეს ცხოველები საერთოდაც წაუდებილებენ, ზოგჯერ თუ გაიღვიძებს ხოლმე მათში რაღაცა სიცოცხლისმაგვარი. მაშინ წერო ერთ-ორ ნაბიჯს გადადგამს და კატებს ეკითხება: „ბატონო?“ „არა, არაფერი,“ პასუხობენ კატები, „ისე, ჩვენთვის ვთქვით რაღაცა“...
აი, ასე: ერთ მხარეს წერო და კატები, მეორე მხარეს კი - მოხუცთა სახლი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ და სადაც ენით უთქმელი სევდაა. ის ფანჯარა ნონოს ძალიან არ უყვარს, რადგან დაბალი რაფა აქვს და ეშინია, რომ ქრისტო გადავარდება. ქრისტოსაც არ უყვარს ის ფანჯარა, რადგან იქიდან დიდი სევდა ჩანს. „ერთხელ ვიყურებოდი და დავინახე ძალიან, ძალიან მოხუცი ქალი, სულ შიშველი. თეთრი თმა ჰქონდა, გაშლილი, და ყავას თუ რაღაცას ისხამდა...“ ცუდ ამინდში ჟალუზების გაკვანძული თოკები ფრიად კონკრეტული დანიშნულების ყულფებს ჰგავს, და ქრისტოს ეს არ უხარია, რადგან ის ახალგაზრდა, მხიარული გოგოა, და მსგავსებს თავს არ გააფუჭებინებს.
ზუსტად ვიცოდი, რომ ამსტერდამში მიწისძვრა არ მოხდებოდა, და ამიტომ ჩავთვალე, რომ მე მაყანყალებს ხოლმე უშნოდ. მაგრამ არა! სახლი მართლა გადაქანდება ხოლმე იქით-აქეთ. რა პრინციპით შვრება ამას, ვერ მივხვდი, მაგრამ შვრება. ეს სახლი ქრისტოს და ნონოს უფასოდ ერგოთ: სახელმწიფომ სამართლიანად განსაჯა, რომ თუ შიგ ვინმე სანდოს არ შეასახლებდნენ, მშვენიერ უბანში განლაგებულ ბინას სკვოტერები დაეპატრონებოდნენ, მათთან ურთიერთობის გარკვევა კი რთული და ნერვებისმომშლელი საქმეა. აი, ასე აღმოჩნდნენ ქრისტო და ნონო ე.წ. ანტისკვოტში, მართალია, სულ სამი თვით. მერე, ამა წლის 31 დეკემბერს, ბინა უნდა დაცალონ, ანუ ფანჯრიდან ჩაუშვან მთელი ავლა-დიდება - კიბეზე ვერასოდეს ჩაიტანენ, იქ ქრისტოსხელა ადამიანიც კი ძლივს ამოძვრება...
მაგრამ იმ დღეს, როცა ეს სტუმართმოყვარე სივრცე უნდა დამეტოვებინა, კარს კაცი მოადგა, რაღაც უწყებიდან. არ მესიამოვნა, ბეჭდიანი ბლანკებისა და ოფიციალური წერილებისგან კარგს არაფერს ველი ხოლმე. მაგრამ - ვაშა! წერილი იუწყებოდა, რომ ქრისტოს და ნონოს მშვენიერი შობა-ახალწელიწადი ექნებათ, რომ ამ სახლში შეუძლიათ თებერვლამდე იცხოვრონ, ვაშა, ვაშა!
ქრისტო ოდესღაც უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მერე ვეღარ გაძლო და მესამე კურსის დახურვის შემდეგ თავი დაანება. ამჟამად ის ამსტერდამის რიტფელდის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის სტუდენტია.
მე ბნელი ვარ. „ნონო, რიტფელდი ვინ იყო?“
ნონომ მიამბო, რომ გერიტ რიტფელდი საუკუნის დასაწყისში მოძრაობა „დე სტიილის“ ერთ-ერთი პიონერი იყო, რომ მან შექმნა პროტოტიპი სკამისა Red/Blue, რომ მერე Steltman-ის სკამში „მტკიცე ხის ელემენტებსა და გეომეტრიულ ფორმალიზმს დაუბრუნდა“. კიდევ, გერიტ რიტფელდს სახლი აუშენებია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, ოღონდ ნონოს ის სახლი არ მოსწონს.
მე: „სკამი როგორია?“
ნონო: „კარგია. უბრალოდ, დასაჯდომად არ ვარგა“.
მაგარი ყოფილა.
ასე თუ ისე, თბილისიდან ჩამოსულმა ქრისტომ რიტფელდის აკადემიაში დაიწყო სწავლა. ქრისტომ მიამბო, რომ აკადემიის შენობა ქალაქის გარეუბანში დგას და ფაბრიკას უფრო ჰგავს, ვიდრე სასწავლო დაწესებულებას, აკადემიის გვერდით კი სასაფლაოა, სადაც ადამიანების ნაშთებს დილაუთენია, ცხრა საათზე კრძალავენ ხოლმე და ჭირისუფლები საათზე იყურებიან: ჩქარა, ჩქარა, სამსახურში აგვიანდებათ... საღამოობით კი ქრისტო რესტორანში მუშაობს და თუ კარგი დღე იქნა, იქვე, ჯაზ-კლუბ „ალკოშიც“, სადაც ნორჩ ბერძენთან ერთად ბარში ტრიალებს. სამზარეულოში მომუშავე ავღანელ ბიჭებს ძალიან უყვართ ქრისტო, მძიმე საქმეს არიდებენ ხოლმე, ქრისტოს კი ერთი ლამაზი ავღანელის პორტრეტის გაკეთება უნდა, ოღონდ ჯერ ვერ გადაუღო, იმიტომ, რომ ის კამერის დანახვისთანავე უგვანოდ იწყებს პრანჭვას.
ქრისტო და ნონო თბილისში დამეგობრდნენ - ორთავენი ზღაპრის თეატრში მუშაობდნენ. ერთად ცხოვრების პირველი თვე სიონში გაატარეს. მათმა მეგობარმა, ვანჩომ ჩაიქირქილა, იმალებოდითო. „არაფერსაც არ ვიმალებოდით,“ არ დაუთმო ქრისტომ. „უბრალოდ, ცოტა ხანს მარტოებს გვინდოდა ყოფნა“. მერე პავლოვის ქუჩაზე იქირავეს ბინა, რომელიც ქრისტოს დღესაც ძალიან ენატრება. ეს ბინა ენატრება, აუღელვებლად, მშვიდად ჩაის სმა და მეგობრები. დღეს ქრისტოს მეგობრები მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტული, ბინაც ჩააბარეს და აუღელვებელი ყოფისაც რა გითხრათ... მოკლედ, პატარა ქრისტოს თბილისი აღარ არსებობს. სამაგიეროდ, ახლა ამსტერდამში ვსვამთ ჩაის. სამაგიეროდ, არსებობს ნონო, და ეს ძალიან კარგია, რადგან ქრისტოს და ნონოს ერთმანეთი უყვართ.
ნონო თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, რეჟისორობას აპირებდა, მაგრამ მერე მანაც ამსტერდამისკენ, იმავე აკადემიისკენ აიღო გეზი. სასაცილოდ წამოსულან ჰოლანდიაში - ახლაა სასაცილო, თორემ იმ საღამოს, როცა მეგობრები მათთან გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე იყვნენ, მაინცდამაინც სამხიარულოდ არ ჰქონდათ საქმე: პასპორტები კიევში იყო (რა ლოგიკაა, მაინც ვერ მიხვდებით, გრძელი ამბავია და მისი თხრობით თავს არ შეგაწყენთ), საპრეზიდენტო დელეგაციის რომელიღაცა წევრს უნდა ჩამოეტანა, და ფრენა გადაიდო თუ რაღაც მსგავსი უბედურება მოხდა, და ქრისტომ და ნონომ ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, ეღირსებოდათ გაფრენა თუ არა... მაგრამ გაფრინდნენ. ოღონდ ნონომ სულ მალე გადაწყვიტა, რომ რიტფელდის აკადემია მისი საქმე არ იყო.
ამჟამად ის ჰააგაში სწავლობს, ყოველდღე ორმოც წუთს ჯერ იქით გადის მატარებლით და მერე - აქეთ. საოცარ ამბებს ჰყვებოდა ნონო სწავლების სისტემისა და პედაგოგების შესახებ, მაგრამ ვინაიდან ნიდერლანდების საგანმანათლებლო სისტემის შესახებ თხრობა არაა ჩემი მიზანი, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ უცხოელი, კერძოდ, მესამე მსოფლიოდან ჩასული სტუდენტი ამსტერდამში ბოლო ადამიანია: ის სხვებზე მეტ გადასახადს იხდის, სხვა სტუდენტებისთვის არსებული არანაირი შეღავათით არ სარგებლობს და მუშაობის უფლება, პრაქტიკულად, არა აქვს. მაგრამ ქრისტო და ნონო ყველაფერ ამას მედგრად უძლებენ, და მე ვხვდები, რატომ. ალბათ, თქვენც.
ერთხელ ისეთი ვითარებაც კი შეიქმნა, რომ ნონოს ნიდერლანდებში დარჩენა-არდარჩენაზე იყო საუბარი. „რასაკვირველია, ვინერვიულე და სულ დაძაბული ვიყავი,“ მიამბო ქრისტომ, „მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ არაფერიც არ ხდება. წავა ნონო და მეც წავალ. მაინც ერთად ვიქნებით. და მომეშვა. ახლა აღარაფერზე ვნერვიულობ“. ნონო თვლის, რომ შეუძლებელია, რამე არასწორად მოხდეს: „მე რომ ვიზა არ გამიგრძელონ, რა, მე წავალ და ეს დარჩება? შეუძლებელია“. მართლაც, მათი ცალ-ცალკე წარმოდგენა შეუძლებელია. რატომ, თორემ კი.
![]() |
9 გიო. თავისუფლების სურნელი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
„პიცუნდაში წავალ, ჩემი თვითმფრინავი აფრინდება ცაში, თხუთმეტ წუთში უფრო ახლოს ვნახავ მზეს.“
გიო მგელაძის ფილმიდან „ჩემი თვითმფრინავი“
როდესაც გიო მგელაძის შესახებ ობიექტური ცნობების მოპოვებას ვცდილობდი, აღმოვაჩინე C$besuchskьnsten Nr. 37, 1998 წლის ზაფხულის გამოცემა, სადაც ავტორი ჩემი გმირის შესახებ თხრობას ფედერიკო ფელინის სიტყვებით იწყებს:
მთავარი გმირი ფილმისა „ჩემი თვითმფრინავი“, რომელსაც გიო მგელაძე ამსტერდამში იღებდა და რომლის წყალობითაც მას ამჯერად არა ვერის უბანში, არამედ ამსტერდამის ცენტრალური სადგურის წინ შევხვდი, ჯუნა გახლავთ - მის როლს ჯუნა თუთბერიძე ასრულებს. თავად ფილმის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან, გიოს თქმით, ის სულ იცვლება: სცენარი ერთია, ის, რასაც გადაიღებ - სხვა, მონტაჟის შემდეგ ახალი რამ ჩნდება, გახმოვანება კიდევ განსხვავებულ რამეს ქმნის და ბოლოს - ეს უკვე არა გიოს, არამედ ჩემი მოკრძალებული აზრი გახლავთ - ყველა თავის ფილმს ხედავს, ანუ სულ სხვადასხვას.
იგივე შეიძლება ითქვას იმის შესახებაც, რასაც გიო მგელაძე წერს. წაკითხვა ერთია, მის მიერ წაკითხულის მოსმენა - სხვა. თუ არ მოგისმენიათ, გიამბობთ, რომ „თბილისური ლავ სტორის“ პრეზენტაცია „მწვანე ტალღაზე“ სავარაუდო ერთი საათის ნაცვლად, უსასრულოდ გაგრძელდა, და მე გიოს წარმატება კი მიხაროდა, მაგრამ მსმენელთა ფართო მასების ენთუზიაზმი ბოლოს მიღებდა, რადგან წამყვანი ვიყავი და გადაცემა არასოდეს დამთავრდა და მე კი ძალიან, უღმერთოდ მტკიოდა თავი.
საოცარი ადგილია ამსტერდამი. ყველაფერი გამახსენდა, რაც კი ოდესმე გამჭირვებია. კიდევ კარგი, გიო მგელაძე იქ იყო.
მაშ, ასე, „ჩემი თვითმფრინავი“. ციტატა სცენარიდან:
„ჯუნა ვერელია... ჯუნას უყვარს ვერა. აქ დაიბადა და აქ გაიზარდა, მამამისიც, ბაბუამისიც. ჯუნას ვერელი მეგობრები ამაყობენ ვერელობით. ჯუნა არა. ჯუნა არაფრით და ვერაფრით ვერ და არ ამაყობს, იმიტო რო არ არი ამაყი, და კიდე ჯუნას არაფერი არ უკვირს. არც ის, რატო ამაყობენ მისი ვერელი ძმაკაცები ვერელობით, უბრალოდ ვერ ხვდება რა არის ამაში საამაყო, მაგრამ არ უკვირს, ეს კი არა, მართლა არაფერი კი არა და აღარაფერი აღარ უკვირს. ადრე ბევრი რაღაც უკვირდა. როდის, რის მერე აღარ უკვირს ჯუნამ არ იცის, იმიტო რო არ უფიქრია ამაზე. ვთქვათ უცებ ჯუნას კარის მეზობელი ციცო უცებ, ჯუნას თვალწინ რო აფრინდეს და ცაში გაფრინდეს ჯუნას ესეც არ გაუკვირდება, არა იმიტო რო გამოსირებულია, პირიქით, ძაან მაგარი როჟაა, უბრალოდ იმდენი რაღაც ნახა და განიცადა დაბადებიდან თავის 24 წლის განმავლობაში რო ალბათ ერთ მთელ მცირერიცხოვან „ცივილიზებულ“ ერს ეყოფა ერთი ცხოვრება, შეიძლება ორიც. ჯუნამ ზუსტად იცის რო ვისაც ყველაზე ძაან უყვარს, ის ყველაზე კაი ტიპია, თან ამას ხედავს და გრძნობს. თუ დაინახა შენში და იგრძნო რო შენ შეგიძლია ძაან გიყვარდეს, მაშინ ჯუნას შენი დანახვა ყოველთვის ძაან გაუხარდება, დანახვაც და ურთიერთობაც”.
ჯუნა ძალიან მომეწონა. კაცი, რომელსაც „ალბათ ეშინია ან ჯერ ეშინია... ეშინია სიკვდილისაც და მოკვლისაც“, რომლის სამი ოცნებაც ახდა, და რომელიც გმირობას სჩადის, ერთიათად გმირულს სწორედ იმის გამო, რომ თან ეშინია და თან ოცნებებიც უხდება - ფილმს ხომ არ მოვყვები. მხოლოდ იმას დავურთავ, რომ თინანოს, რომელიც ჯუნას „ძაან უყვარს, ყველაზე ძაან დედამიწის ზურგზე და ენატრება ყველაზე ძაან“, თინათინ ჯავახიშვილი თამაშობს, უფრო სწორად, ითამაშებს. ის „ღამის, უკაცრიელ ამსტერდამში ჩამოივლის, ჯუნას ტელეფონის ჯიხურს ჩაუვლის, შეჩერდება, მიბრუნდება და აღმოაჩენს რო ჯუნაა. ჯიხურის კარს გამოაღებს და მძინარე ჯუნას ჩაეხუტება, თვალებიდან ცრემლები წამოუვა, ჯუნას დაკოცნის და იტყვის, „ჯუნა, ჩემი ჯუნა...“
სცენარის წაკითხვის შემდეგ გიოს ერთმა ნიდერლანდელმა კოლეგამ თქვა, ცოტა არ იყოს, ცდუნებასავითაა, იქნებ ვეცე, გადავიღო და გიოზე ადრე მივცე დასრულებული სახე, რა მოხდება როო. პრინციპში, არც არაფერი. უბრალოდ, გიოს „თბილისური ლავ სტორის“ გმირის მსგავსად, წავალ მარნეულში და ყველაზე ჰევი ჯადოს გავუკეთებ. სულ მარტივი ამბავია: „ლაით ჯადოს თუ უკვეთავ, ტიპს მაგრა ენძრევა და არა-ლაითი ჯადო, აი, ძაან მაგრა გენძრევა, პროსტა შეიძლება დაიბრიდო რა“.
ჩემი ჩასვლისთვის ფილმის ძირითადი ნაწილი უკვე გადაღებული იყო. ოპერატორი გიორგი ბერიძე გახლდათ, გადაღებებში, ჯუნა თუთბერიძის გარდა, მგონი ყველა გიოს ნაცნობი იღებდა მონაწილეობას - ყოველ შემთხვევაში, ყველამ მითხრა, გიომ გადამიღოო. დარჩენილ რამდენიმე ეპიზოდს თბილისში მიხედავენ, მანამდე კი რეჟისორი თავის ვაჟთან, ლუკასთან ერთად, ველოსიპედით სერავდა ამსტერდამს და ტოტალურად კმაყოფილი ჩანდა.
გიოს ძალიან ლამაზი ქუდი ეხურა, ბამბისა, ალბათ ვინმე ჯამაიკელი ბებოს ხელით მოქსოვილი. ასეთ ქუდში უამრავი თმის შემალვა შეიძლება, თუმცა გიოს ის ამ საქმისთვის აღარ სჭირდება: თმა შეუჭრია და ისე ახალგაზრდად გამოიყურებოდა! მისი თქმით, დიდძალ თმას თითქოს დიდი წონაც გაჰყვა თან.
სანამ გიო ამსტერდამში იყო, მე ეს ქალაქიც კი მომწონდა. ჩემისგან განსხვავებით, გიოს ამსტერდამი შესანიშნავი ადგილია, სადაც ყოველთვის შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. იქ თავისუფალი ხარ და მშვიდი, და ალბათ დიდი დრო რომ გაგვეტარებინა ერთად, ზღაპრების წერას დავიწყებდი და ნებისმიერ ფასად ვეცდებოდი დედოფალ ბეატრისის დაბადების დღეზე მოხვედრას.
ამჯერად კი ჩემი თანამგზავრი გოგოები რესტორნის მფლობელს შესაბრალისად სთხოვდნენ საჭირო ოთახში შეშვებას; მე დიქტოფონს ვებრძოდი და დავმარცხდი; გიო ჰყვებოდა არამარტო ამსტერდამულ და თბილისურ, არამედ ნეპალურ და ტიბეტურ ამბებსაც, თან ისე, რომ ვეღარ ვხვდებოდი, რაინჰოლდ მესნერის „ბროლის ჰორიზონტში“ ჰქონდა ამოკითხული, თუ თვითონ ნახა.
...ნეპალში, კატმანდუში, ბასანტა პურის და დურბარის მოედნების კუთხეში, სამსართულიანი სასახლე დგას, კუმარი გჰარის, ცოცხალი ქალღმერთის სამყოფელი. ამბობენ, თუკი ეზოში შეაღწიე და წმინდა ნეპალურ ენაზე შესძახე: „ო, ჩემო ქალღმერთო!“, კუმარი მოწყალედ გაჩვენებსო თავის მშვენიერ სახეს.
ამბობენ, რომ დიდი, დიდი ხნის წინათ, როცა ღმერთები ჯერ კიდევ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ, ერთი ქალღმერთი მეფეს ეწვია, სასაუბროდ და კამათლის გასაგორებლად. მეფეს ქალღმერთი, ცხადია, თავდავიწყებით შეუყვარდა და ისე გაკადნიერდა, რომ მისთვის ხელის მოხვევა სცადა. შეურაცხყოფილმა ქალღმერთმა ადამიანებს ზურგი აქცია, მაგრამ ვინაიდან მაინც ქალღმერთი იყო და, შესაბამისად, მოწყალე, მეფეს მაინც შეუნდო და პატარა, უბიწო გოგონას სახით ეჩვენებოდა ხოლმე, გოგონასი, რომელსაც არცერთი წვეთი სისხლი არ ჰქონდა დაკარგული.
აი, ეს გოგონაა კუმარი. ის კუმარია მანამ, სანამ სისხლს არ დაღვრის, სულ ერთია, როგორ - კანს გაიკაწრავს თუ დაქალდება. სისხლის წვეთი - და ქალღმერთი ჩვეულებრივ გოგოდ გადაიქცევა და მის ადგილს სხვა კუმარი დაიკავებს.
კუმარი სამი-ოთხი წლისაა, შავთვალება, შავთმიანი, ქათქათა კბილებით, უნაკლო კანით. ის ძალიან ჯანმრთელია და არასოდეს არაფერი სტკენია, და თან არაჩვეულებრივად მამაცია: გაქალღმერთებამდე დიდ გამოცდას უტარებენ, ისეთ საშინელს, რომ ყველაზე გულადი მამაკაცებიც ვერ უძლებენ ხოლმე.
კუმარის ხილვის პატივი გიოს და ლუკასაც ხვდათ წილად, და იქ სასწაულიც მოხდა: ქალღმერთმა ლუკა შეამჩნია. ნეტა, რა ხდებოდა იმის პატარა გულში? ერთი კია, დარბაზიდან გაბრძანებისას მობრუნდა და ლუკას მზერა გააყოლა.
ადრე თუ გვიან, კუმარი სახლში ბრუნდება და ჩვეულებრივი გოგო ხდება. ალბათ, ის კუმარიც უკვე დაბრუნებულია და ვინ იცის - მოდი, ვიოცნებოთ! - ლუკაც აგონდება ხოლმე, თავისი ქალღმერთობისდროინდელი ერთადერთი მამაკაცი.
...და იმ საღამოს, ამსტერდამში, მეჩვენებოდა, რომ ეს აუტანლად პატარა ქუჩაც მყუდროა და თბილი, და თვალები რომ კარგად გავახილო, ჰიმალაებსაც დავინახავ, მხოლოდ ალიონზე ან მზის ჩასვლისას რომ მოჩანს ხოლმე კატმანდუდან.
გიო სწორედ ისეთ ბინაში ცხოვრობდა, როგორშიც სხვა დროს აუცილებლად თავს მოვიკლავდი: ოცდამეერთე საუკუნის დოსტოევსკური ჰორორი, გრძელი, კასტრირებული სივრცე, დაბალი ჭერი. ღვთის წინაშე, აივანი კი ჰქონდა, იქიდან მოჩანდა არხი, ხელმარჯვნივ - ხიდი, მოპირდაპირე მხარეს - მშვიდად, ჩუმად და მოსაწყენად მცხოვრები მოქალაქეების კოხტა ბინები. ერთი საღამო იმ კარგ სახლში მარტომ გავატარე და ვიფიქრე: აი, ახლა რომ უცებ გიო გაგიჟდეს და არ მომაკითხოს, და მე რომ, რა ვიცი, რაღაცა დამემართოს, ხომ ისე მოვკვდები და ისე გავალ ბოროტსა და კეთილს მიღმა, რომ ვერავინ გაიგებს. მაგრამ, დიდება ღმერთს, გიო მოვიდა. მე კი მანამდე აივანზე გადავდექი, წყალში იხვები ცურავდნენ, უამრავი თოლია თავხედურად მოითხოვდა დაპურებას, და მეც ვყარე პურის ნატეხები, და ისინი პურს ჰაერში იჭერდნენ. კარგი იყო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ გიოსთან ვიყავი სტუმრად და თან ზუსტად ვიცოდი - ეს ამბავი დიდხანს არ გასტანს, თორემ ერთ მშვენიერ, მშვიდ დღეს პურის ნაცვლად, ნამდვილად მე გადავეშვებოდი ლამაზი, მშვიდი არხის მშვიდ წყალში.
გიოსთან ერთად კი დაბალჭერიანი ბინის ატანაც შევძელი და ველოსიპედის საბარგულზეც მედგრად ვიჯექი. ეს უკანასკნელი, წესით, ნამდვილი ჯოჯოხეთია, განსაკუთრებით, ქვაფენილზე. ჭრილობები ისეთი ჩნდება, ჯგუფური გაუპატიურების შედეგებს ჰგავს. მაგრამ მე ვდუმდი. მეტსაც მოგახსენებთ, კმაყოფილი გახლდით: თვალებს ვაცეცებდი, გულმოდგინედ ვცდილობდი, ფეხი რკინის ბოძებისთვის ამერიდებინა, და ასეთად დამამახსოვრდა ამსტერდამი - ქალაქი-მშვიდობა, გიო მგელაძის მწვანე ზურგსუკნიდან დანახული.
…სადღაც წავიკითხე, იქ, სადაც ბედნიერი იყავი, ნუღარ დაბრუნდებიო. ამიტომ უკანა გზაზე ამსტერდამის აეროპორტიდან აღარ გავსულვარ. მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება ცაში, თხუთმეტ წუთში უფრო ახლოს ვნახავ მზეს. მანამდე კი ისევ ის - უუუ! შემზარავი ქალი მეუბნება არაამქვეყნიური, ნაზი, შემპარავი ხმით:
- mind your steps.
ფეხქვეშ იყურე, კისერი არ მოიტეხო.
კარგი. გასაგებია. ძალიან ვეცდები.
„ქართული კინო უცნაური ფენომენია, განსაკუთრებული, ფილოსოფიურად ნათელი, დახვეწილი და იმავდროულად ბავშვურად სუფთა და უბიწო. მასში ყველაფერია, რაც ჩემში ყვირილს იწვევს და მათქმევინებს, რომ ეს (ჩემი ყვირილი) უბრალო რამ არაა“.
„ნამდვილად ცოცხალი ადამიანი - ეს არის ადამიანი ახლა და აქ. ის არ ცოცხლობს წარსულით, ის არ ცოცხლობს მომავლით; ის ამ წამშია, ამ წამისთვის ცხოვრობს, და ეს წამია ყველაფერი“.
„რასაც არ უნდა შვრებოდე, გააკეთე სიხარულით, გააკეთე სიყვარულით. თუ შეგიძლია გულით გაიღიმო, ვინმეს ხელი ჩაჰკიდო და გაიღიმო, ეს დიდი შემოქმედებითი აქტია. უბრალოდ, მოეხვიე ვინმეს, გულში ჩაიკარი - მოსიყვარულე მზერას მთელი სამყაროს შეცვლა შეუძლია“.
ჩემი საყვარელი წიგნიდან
![]() |
10 ლაიფციგი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქი, სადაც ხელისუფლებას დასცინიან და ბახს უსმენენ
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი
„ვიცი, რომ გეჩქარებათ…... მეც მეჩქარება. მაგრამ რა ვქნა, პროფკავშირების მოთხოვნაა! ავტობუსი ორ საათში ერთხელ უნდა გავაჩერო და ზუსტად 20 წუთი დავისვენო“. - გამოგვიცხადა ავტობუსის მძღოლმა ქართული კულტურის კვირეულის მონაწილეებს, ვისაც ფრანკფურტის აეროპორტიდან საქსონიის მიწაზე, ქალაქ ლაიფციგში გვეჩქარებოდა.
ლაიფციგის ფესტივალის ორგანიზატორებმა ამ კვირეულს მაღალფარდოვანი სახელი, „ქართული სული“ დაარქვეს. თუმცა, ვეჭვობ, რომ ფესტივალის გახსნამდე მაინცდამაინც კარგად ვერ გაერკვნენ ამ ქართული სულის ნიუანსებში. ასე რომ ყოფილიყო, მძღოლი არ გვეტყოდა, მაინც კი, მეჩქარება კეთილო ხალხო, გვიანდება, ღამის 12 საათზე ლაიფციგში ქართული სუფრა გველოდება, მაგრამ რა ვქნა, კანონი - კანონიაო... გააჩერებდა თავისთვის ავტობუსს, გვეტყოდა, დავიღალეო და ასე, ჩვენს ქილიკს მაინც გადაურჩებოდა.
მაგრამ არა... გერმანელი - გერმანელია. და როცა საქმე წესიერებასა და პუნქტუალურობას ეხება, განსხვავება არ არსებობს - აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელს შორის.
მერწმუნეთ, „ქართულო სულებო“... ეს დიდი, დიდი სტერეოტიპია, წვრილი ბურჟუებისა და ბავარიელი ბიურგერების მოგონილია, თითქოს გერმანიის გართიანების მიუხედავად, „დასავლეთი - მაინც დასავლეთია, აღმოსავლეთი კი - აღმოსავლეთი“, ე.ი. თითქოს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობა დღემდე ვერ გათავისუფლებულა კომუნისტური მენტალიტეტისგან.
ლაიფციგში პირველად 70-იან წლებში მოვხვდი და კარგად მახსოვს საბჭოთა საქართველოს სტუდენტური დელეგაციის აღფრთოვანება გოეთესა და ბახის ქალაქით. ჩვენმა გიდმა გვითხრა მაშინ, საქსონელები რაღაცით ვგავართ ქართველებს, ყოველთვის დავცინით ხელისუფალთ და იმისათვის, რომ მასთან თანამშრომლობის ცდუნებას არ ავყვეთ, ცხოვრების წესად კულტურას და რელიგიას ვირჩევთ.
1989 წლის შემოდგომაზე, როცა თბილისში, ტელევიზიით შევიტყვე, რა მოხდა ლაიფციგში წმ. ნიკოლოზის ტაძართან, როგორ გადაიზარდა „ორშაბათის წირვა“ ანტიკომუნისტურ ამბოხში, როგორ მოედო ეს ბუნტი მთელს აღმოსავლეთ გერმანიას (შემდეგ მთელს აღმოსავლეთ ევროპას), სწორედ ამ ლაიფციგელი გოგონას სიტყვები გამახსენდა.
რელიგია და კულტურა, როგორც თავისუფლება.
მოწესრიგებული პროტესტანტობა (წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ხომ თავად მარტინ ლუთერი ატარებდა ხოლმე წირვას) და მოწესრიგებული კულტურა - ბახი, გოეთე, შუმანი, მენდელსონი, შილერი, თავისუფლების მეხოტბენი... აი, ესაა „ლაიფციგის სული“.
შილერმა ამ ქალაქში დაწერა „სიხარულის ოდა“.
ამ ქალაქში, აუერბახის სახელგანთქმულ ლუდხანაში ქმნიდა გოეთე თავის უკვდავ სტროფებს.
ამ ქალაქში გახსნა ფელიქს მენდელსონმა პირველი გერმანული კონსერვატორია.
ამ ქალაქში, წმ. თომას ტაძარში, კაპელმაისტერობდა ბახი.
ამ ქალაქში, 350 წლის წინ, დაიბეჭდა მსოფლიოში პირველი ყოველდღიური გაზეთი.
სწორედ ლაიფციგს მიანიჭა 1507 წელს იმპერატორმა მაქსიმილიანე პირველმა, „ბაზრობების ქალაქის“ სტატუსი.
სწორედ ლაიფციგში აშენდა 1683 წელს ევროპაში მესამე საოპერო თეატრი.
მერე ნაცისტები მოვიდნენ. ომის დროს, თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქი. ნაცისტები კომუნისტებმა შეცვალეს. „პატარა პარიზი“ (დიახ, „პატარა პარიზი“ - გოეთემ არა თბილისს, არამედ ლაიფციგს შეარქვა) „ხრუშჩოვკებით“ გაავსეს. მაგრამ აქაური მოსახლეობა, სტუდენტები, რომლებიც მსოფლიოში უძველეს უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ბახს უსმენდნენ და გოეთეს იზეპირებდნენ, დასავლეთ გერმანიის ტელევიზიას უყურებდნენ და იდენტურობის, „გერმანული სულის“ შენარჩუნებას ცდილობდნენ.
გერმანიის გართიანების შემდეგ, რაღაც ფანტასტიკური ტემპებით დაიწყო ლაიფციგის მშენებლობა-აღდგენა. „ხრუშჩოვკებს“ თითქმის მთლიანად შეუცვალეს ფასადები, ბინები გააფართოვეს. 1996 წელს აშენდა ახალი საგამოფენო კომპლექსი, 80 მეტრი სიმაღლის მინის პავილიონი, უნიკალური ნაგებობა ევროპაში. რამდენიმე წლის წინ კი - „პორშსა“ და BMW-ს ქარხნები, რამაც ლაიფციგს არა მარტო კულტურული, არამედ ინდუსტრიული ცენტრის სტატუსი მიანიჭა.
2006 წელს სწორედ ამ ქალაქში უნდა გაიმართოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.
ფეხბურთის გულშემატკივრებს, ვინც ლაიფციგში გამგზავრებას გეგმავთ, კიდევ ერთი სტერეოტიპის დანგრევა მოგიწევთ; ნუ იფიქრებთ, რომ საქსონიის ამ ქალაქში, ისევე როგორც მთელ გერმანიაში, ლუდის კულტია... არა და არა. ყოველი მეორე ლაიფციგელი გეტყვით, რომ ყავას უფრო ხშირად უკვეთს კაფეში, ვიდრე ლუდს. ამიტომაცაა სავსე ეს ქალაქი მყუდრო ყავახანებით, რომელთა შორის „კაფე-ბუმი“ უძველესია... ჯერ კიდევ 1694 წელს გაიხსნა.
კაფეები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე გერმანიის დასავლეთ მიწებზე. ზოგიერთი კაფე, განსაკუთრებით სტუდენტების საყვარელ რაიონში, კონევიცში, გერმანიისთვის უცნაური რეჟიმით მუშაობს. კაფეს არ დახურავენ, სანამ უკანასკნელი კლიენტი არ გამოცლის ფინჯან ყავას და არ გაახსენდება, რომ ძილის დროა, დილით სამსახურშია წასასვლელი.
ცხადია, თუკი აქვს სამუშაო... აღმოსავლეთ გერმანიაში ხომ, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ხალხი არ იღლება ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობაზე ლაპარაკით.
მიუხედავად ამისა, ლაიფციგის მოსახლეობამ უკანასკნელ არჩევნებზე მაინც არ მისცა ხმა ანგელ ვინკლერის პარტიას. როგორც აქ დაფუძნებულმა ქართველმა, ბატონმა გიამ გვითხრა, გერმანიაში ხალხი შეეჩვია უმუშევრობას, გაზარმაცდა...
უამრავ ადამიანს მოსწონს კიდეც ასეთი ცხოვრება; რა უჭირს, იღებს სოციალურ დახმარებას, იმდენს, რომ კაფეში დაჯდეს და ერთ ევროდ ყავა ან ლუდი დალიოს... რა ჯანდაბად უნდა მუშაობა, როცა ასე უფრო თავისუფლად გრძნობს თავს?
შიმშილით არ მოკვდება, ყავას დალევს, შეიძლება წმ. თომას ტაძარში მუქთად გამართულ საორღანო მუსიკასაც მოუსმინოს, მაგრამ ყველგან ვერ მოხვდება; მაგალითად, არასდროს გაიმეტებს 15 ევროს ლაიფციგის ოპერაში თუ ფილარმონიაში წასასვლელად, არ ეყოფა ფული თუნდაც ქართული კულტურის ფესტივალზე დასასწრებად.
ეტყობა, სწორედ ეკონომიკურ კრიზისს უნდა დავაბრალოთ ცარიელი დარბაზები, რომელშიც „ქართული სულის“ ღონისძიებები გაიმართა. თუმცა ამას ის ხალხი, ვინც გოჩა კაპანაძის სპექტაკლს, „მედეას“ დაესწრო, სულ სხვანაირად ხსნის: „ორგანიზატორებს ფესტივალის გამართვა მინიმალური ბიუჯეტით მოუხდათ. იმის ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ აფიშები დაებეჭდათ და ქალაქში გამოეკრათ,“ - გვითხრა ფრანგმა სოციოლოგმა ნიკომ, რომელიც აქაურ უნივერსიტეტში სწავლობს და „ქართული სულით“ გატაცებული, ქართული ენის სწავლასაც აპირებს.
არადა, ორგანიზატორებმა ფესტივალისთვის მართლაც რომ მრავალფეროვანი პროგრამა მოიგონეს - თეატრი, კინო, ფოლკლორი, ალტერნატიული მუსიკა, თქვენ წარმოიდგინეთ, ღონისძიება, რომელსაც „ქართული სუფრა“ ერქვა... სრულიად განსხვავებულ ჟანრში დანახული საქართველო - დაწყებული ფოლკლორით, ამ ფესტივალის ნამდვილი აღმოჩენით, ანსამბლების „ხრიდოლისა“ და „სტუმარის“ ერთობლივი კონცერტით, დასრულებული ნიკა მაჩაიძის, გოგი ძოძუაშვილისა და ტუსია ბერიძის კონცერტებით, აქაური „ანდერგრაუნდის“ საყვარელ დარბაზებში „უტასა“ და „ნატოში“
ნახევრადცარიელ დარბაზში დაკვრაც რთულია და თამაშიც. მაგრამ, ეტყობა, ისიც სტერეოტიპია, რომ გერმანელებისგან განსხვავებით, ქართველები მოუწესრიგებელი და უდისციპლინო ხალხი ვართ. „მედეა“ ქართველმა მსახიობებმა ისეთი მონდომებით ითამაშეს, რომ მგონი ასე, თბილისში, „თავისუფალი თეატრის“ სცენაზეც არ უთამაშიათ... ის „მედეა“ ითამაშეს, რომელშიც გოჩა კაპანაძე კიდევ ერთი მითის დანგრევას ცდილობს და ამტკიცებს, რომ კოლხ ქალს თავისი შვილები არ მოუკლავს...
ლაიფციგში „მედეას“ ამგვარი ინტერპრეტაცია გაგებით მიიღეს. სპექტაკლის გერმანულ პრემიერამდე, „ქართული სულის“ პროგრამით არაერთი ლექცია გაიმართა პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში, ქართულ კულტურაზე, თეატრზე, კინოზე, მოეწყო პრემიერა სერგი გვარჯალაძის ფილმისა „ელექტრონავტები“, რომლის გმირები, ქართული „ანდერგრაუნდის“ ძველი და ახალი წარმომადგენლები, გატაცებით ყვებიან ელექტრონული მუსიკის შესაძლებლობებზე. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მსოფლიოში გაითქვა სახელი, ზოგმა დიდი ხნის წინ დატოვა საქართველო და ახლა ლონდონში მუშაობს - იქაურ „ოფიციალურ მუსიკას“ უპირისპირდება.
„ქართული სული“ ხომ მეამბოხე სულია!
ქართველები ხომ, საქსონელების მსგავსად, დავცინით ხელისუფლებს და ათასგვარ მითებს, ანეგდოტებს ვიგონებთ მასზე, რომ როგორმე გავთავისუფლდეთ მასზე დამოკიდებულებისგან.
მაგრამ ქართველები ჯერ მხოლოდ ფასადებს ვღებავთ და, ლაიფციგელებისგან განსხვავებით, „შიგნიდან“ არ ვაშენებთ, საძირკველს არ ვუმაგრებთ კულტურას.
ქართველებს ჯერ არ შეგვიძლია ავაშენოთ თუნდაც ევროპაში ყველაზე ლამაზი, ლაიფციგის ვაგზლის მსგავსი შენობა, უზარმაზარი მასშტაბების და, ამავე დროს, საოცრად მყუდრო ნაგებობა, მთელი ქალაქი, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინად იქცა.
ქართველებს ჯერ არ შეგვიძლია გავუგოთ ლაიფციგელ მძღოლს, რომელიც პროფკავშირების ბრძანებას ემორჩილება... და არა იმიტომ, რომ პედანტია, ან ჯარიმის ეშინია. უბრალოდ, ესმის, რომ გზაზე აუცილებლად უნდა დაისვენოს, მაშინაც კი, როცა ეჩქარება, ან ჰგონია, რომ არ არის დაღლილი; ესმის, რომ ადამიანები გადაჰყავს და მათ უნდა გაუფრთხილდეს.
![]() |
11 სამი ქალი და წიგნები ფრანკფურტში |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
მაინის ფრანკფურტი გერმანიაში ერთადერთი ქალაქია, რომელსაც სქაილაინი აქვს. ეს ინფორმაცია ხიდზე მდგომს ისეთი სიამაყით მომახსენეს, რომ აშკარად აღსანიშნავია, თორემ ცათამბჯენები მაშინ სულ არ მაღელვებდა; მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვჩნდი ბანკებთან მზის ჩასვლისას და მივხვდი, რატომ ამაყობენ ფრანკფურტელები თავიანთი პრიალა მონსტრებით: საოცარი, განუმეორებელი სანახაობა იყო.
ჩემთვის ორი ფრანკფურტი არსებობს - ფრანკფურტი წიგნის ბაზრობის დროს და ფრანკფურტი სხვა დროს. პირველი ოცნების ქალაქია, მეორე კი სულ არ მომწონს, და რომ არა იმის შიში, ჩემს მარად უკმაყოფილო და იქედნური სახით მობაასე თანამემამულეებს დავემსგავსები-მეთქი, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ერთი ბურჟუაზიული, არაფრისმომცემი ქალაქია - ცხადია, შევცდებოდი, მაგრამ რა ვქნა, ყოველი სატრანზიტო გადაფრენის დროს, რამდენიმესაათიანი გაჩერებაც კი ძალიან მაღიზიანებს ხოლმე. არადა, რა შესანიშნავია ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა და ბაზრობის დროს - მდინარე მაინის ნაპირებზე გაშენებული ქალაქი ფრანკფურტი!
ლორელაის ქუჩაზე
პირველი ფრანკფურტელი, რომლის გაცნობის პატივიც წილად მხვდა, გახლდათ ლორელაის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი ლანგერი - სირცხვილია, მაგრამ სახელი არ მახსოვს. მე მისი სტუმარი ვიყავი, განსაცვიფრებელი პრინციპით: პენსიაზე გასული, ოდესღაც კი ქალთა ექიმი ქალბატონი ლანგერი მესამე მსოფლიოს მდედრების დიდი მოამაგე ყოფილა და იმ შორეულ 1997 წელს გადაუწყვეტია, ქართველი გამომ ცემელი ქალი აეშენებინა - და ამაშენა, ღმერთი უშველის.
ლორელაის ქუჩაზე, რომელიც ისევე ზღაპრულად გამოიყურება, როგორი ზღაპრული სახელიც აქვს, ქალბატონ ლანგერს რამდენიმე სახლი ჰქონდა, სამი თუ ოთხი, ზუსტად არ მახსოვს. წითელი აგურის სახლებია, კოხტა, პატარა ბაღებით. ქალბატონმა ლანგერმა ამიხსნა, რომ ის და მისი მეუღლე, ასევე ექიმი, მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობ დნენ, კაპიკს კაპიკზე აწებებდნენ და ამის შედეგად ახლა მას, ქალბატონ ლანგერს, უზრუნველყოფილი და ბედნიერი სიბერე აქვს. მისი მეუღლე გარდაიცვალა - მე გადავწყვიტე, რომ შრომამ გაწყვიტა წელში, მისი ვაჟი ბავარიაში ცხოვრობს და წელიწადში ორჯერ ჩამოდის კიდეც, ის კი, ქალბატონი ლანგერი, ამხელა ქონების ბატონ-პატრონია და თავის ანჩხლ ძაღლთან, საცოდავ რიკოსთან ერთად - მოკვდა მერე ის ცხოველი, ლორელაის ქუჩაზე იმ წელს ჩავლილმა ერთადერთმა მანქანამ გაიტანა - აი, ასე ცხოვრობს, კარგად და ბედნიერად. ფარდები არ უნდა - რა აქვს დასამალი? საერთოდ, მას, ქალბატონ ლანგერს, არაფრისა არ ეშინია. ჰო, ყვავილები უყვარს, ადრე ეწეოდა და ახლა იმ ფულით, რა ფულითაც სიგარეტს ყიდულობდა ხოლმე, ყვავილებს ყიდულობს.
ამ უფარდო, ყვავილებიანი, პატიოსანი შრომით ნაყიდი სახლის პირველი სართული მთლიანად ჩემს განკარგულებაში იყო. მქონდა უშველებელი საძინებელი ოთახი, მოედანივით სააბაზანო და ფინური აბანოც კი. ძალიან კარგი იყო.
მაგრამ ბაზრობა უფრო კარგი იყო. დიდი ქალაქი დიდ ქალაქში, წიგნების ქალაქი, სადაც გამოცდილი ხალხი დარბაზიდან დარბაზში ავტობუსით მიემგზავრება - ეს მე ვიყავი ბრიყვი, პირველ დღეს ერთბაშად განვიზრახე ყველაფრის მოვლა და მესამე დარბაზში გმირულად დავეცი. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი წიგნები მოგწონთ და რისი ნახვა გნებავთ - აქ ყველაფერია, მთელი მსოფლიოდან.
შეიძლება სულ არ გაინტერესებთ, წიგნში რა წერია - ვერავის გაამტყუნებ, კაცია და ბუნება. ასეთებისთვის წიგნის ხელოვნების ფონდის სტენდზე - თურმე, ასეთიც არსებობს - გამოფენილი იყო ათასამდე (ეწერა, ცხადია, დათვლას არავინ დაუწყებდა) წიგნი, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში „2004 წლის ყველაზე ლამაზი გერმანული წიგნი“. იქვე Book Art International-მა 33 ქვეყანაში გამოცემული ყველაზე მშვენიერი წიგნები გამოფინა.
ცნობისმოყვარეთათვის წელსაც იყო წარმოდგენილი „წიგნის ხელოვნება სახურავის ქვეშ“ - ხელნაკეთი წიგნები, ცალკეული ოსტატების და პატარა სახელოსნოების ნამუშევრები. იმის გამო, რომ სტუმარი ქვეყანა კორეა იყო (გახსნის ცერემონიას სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა და მასთან ერთად - ქვეყნის წარსადგენად ჩაფიქრებული ხუთასი ღონისძიების მონაწილეც), ამ ქვეყნის წიგნის ხელოვნება წელს განსაკუთრებით უხვად იყო წარმოდგენილი - ტრადიციულ ქაღალდზე თუ ლითონის ფორფიტებზე დაბეჭდილი, ხელით აკინძული წიგნები. თუ არ დაიზარებდით, ოსტატები თავად გიამბობდნენ, რა როგორ კეთდება. რას გაიგებდით, სხვა ამბავია, მაგრამ სახალისო ნამდვილად იყო.
კორეამ თავისი ნამდვილად საამაყო სახე ფრანკფურტელებს და მათთან ერთად მთელს წიგნიერ მსოფლიოს აჩვენა. ბაზრობის დროს, არაფერია ჟურნალისტის წიგნაკის ფასი - მისი მფლობელისთვის ყველაფერი უფასო სიამოვნებაა, კორეელთა ბუდისტური მხატვრობაც, ფაიფურიც, ძველისძველი ტრაქტატებიც, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებიც.
წელს ბაზრობა 57-ჯერ გაიმართა. გახსნაზე დიდი ამბები ტრიალებდა: ასზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 7000 მონაწილე გამომცემელსა და უამრავ ჟურნალისტს მიესალმნენ მაინის ფრანკფურტის მერი პეტრა როთი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი, გერმანიის წიგნებით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარე დიტერ შორმანი და მრავალი სხვა - ვშიშობ, დანარჩენთა სახელები ქართველ მკითხველს დიდად ვერ გაახარებს. გახსნას, ცხადია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოოსი უძღვებოდა.
გამომცემლები, ავტორები, ლიტერატურული აგენტები, წიგნით მოვაჭრეები და საერთოდ, საქმის მცოდნე ხალხი აქ დიდ, ძალიან დიდ ფულს აკეთებს: ბაზრობაა. ჩემისთანებს კი უამრავი შანსი აქვთ, ისეთი წიგნები აკრიფონ, როგორების შესახებაც მანამდე ვერ იოცნებებდნენ - არა მარტო შეიძინონ, არამედ სიტყვის სრული მნიშვნელობით აკრიფონ კიდეც, რადგან ბაზრობის დახურვის დღეს ცალკეულ გამომცემელთან წიგნის ყიდვა დიდი ფასდაკლებით შეიძლება, და თუ თავმოყვარეობას დაივიწყებთ (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დროს ეს განსაკუთრებით იოლია - ხვალვე არ გიცნონ წირვაზე!), ცოტა ხნის ხვეწნისა და ღრეჭის შემდეგ თავმობეზრებული გამომცემლობა ამორჩეულ წიგნს გაჩუქებთ კიდეც, ცხადია, თუ მთლად ოცმოციათასი ევრო არ ღირს.
აქ შეიძლება არუნდატი როის ან იაშარ ქემალისთანა მწერლებს გადაეყარო, ისეთ გამომცემლებს ესაუბრო, რომელთა ამბებიც ყველასთვის სამაგალითო და ცოტა შესაშური იყო - ვთქვათ, ბატონ ზიდლერს; როგორია? ცალკეულ სტენდებთან მშვენიერი კოქტეილის დალევაც შეიძლება, და, რაც მთავარია, ლიტერატურული აგენტებისგან წიგნის სამყაროს ჭორების, ჭორების, ჭორების მოსმენა!
ქალაქის ქუჩებში კი ხდება ის, რასაც სახალხო ზეიმი ჰქვია. პატარაობაში რომ ასეთი კარუსელები მენახა, ალბათ უფრო მაღალი და ჭკვიანი გავიზრდებოდი. ისეთი გემრიელი რამეები იყიდება! იმდენნაირი მუსიკაა და საერთოდ, იმდენი სიხარული!
იმ უკვე შორეულ 1997 წელსაც ასე იყო: მეგობართან, ფრანკფურტის კარგად მცოდნე ლაშა ბაქრაძესთან ერთად ე.წ. ძირითად ჯგუფს, ანუ დანარჩენ ქართველ გამომცემლებს ჩამოვცილდით და დიდხანს ვისეირნეთ გაბრჭყვიალებულ ქუჩებში. არც კი ციოდა, რადგან ცხელი ვაშლის ღვინო ვსვით და დიდი თიხის მათლაფებიდან გერმანული სამზარეულოს სიამაყეც მივირთვით - შუფნუდელნ, რომელიც ძალიან მიყვარს და ამიტომ ითვლება, რომ პროლეტარული გემოვნება მაქვს.
ასეთი ამბების მერე - ალბათ, გჯერათ - შინ ძალიან გვიან ვბრუნდებოდი ხოლმე, და ერთ მშვენიერ დღეს, საუზმის დროს, თავს ქალბატონ ლანგერის რისხვა დამატყდა.
ქალბატონმა ლანგერმა მომახსენა, რომ მან იმისთვის კი არ დამპატიჟა, რომ მთელი დღე გარეთ ვყოფილიყავი გავარდნილი, არამედ იმისთვის, რომ ჩემთან ურთიერთობა ჰქონოდა, რომ ბაზრობა საღამოს შვიდ საათზე იკეტება და იქიდან ლორელაის ქუჩამდე, დიდი-დიდი, ნახევარი საათის გზაა, მე კი... და ა.შ.
ერიჰა! დავივიწყე, რომ დედამ მასწავლა, უფროსს არ შეეპასუხოო, და ქალბატონ ლანგერს ვუამბე, რისთვისაც ჩამოვედი. მე მას ვუამბე, რომ ძალიან მომწონს, მაგრამ თავშესაფრის ფასად მის გადიობას არ ვაპირებ, რომ ზრდასრული ადამიანი ვარ და სწორედ იქ წავალ, სადაც გამეხარდება, რომ მესამე მსოფლიოდან გამოწერილი შაპიტოს ცირკის როლი აბსოლუტურად არ მახარებს, დიდად მადლობელი ვარ პატივისცემისთვის და თავს აღარ შევაწყენ, წავალ. იქვე, სრულიად უნამუსოდ, გერმანელი ერის ისტორიულ ბრალსაც გადავწვდი. Остапа несло.
ქალბატონმა ლანგერმა მითხრა, რომ არასწორად გავუგე. უბრალოდ, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ზრდასრული ვარ - საშინელი, გაუგონარი ტყუილი! ამიტომ იღელვა, ვაიდა, პატარა გოგოს ვინმემ რამე აწყენინაო, თორემ რას ამბობ, ღმერთო ჩემო! იცით, ჩემს ასაკში როგორი კუნტრუშა გოგო ყოფილა ქალბატონი ლანგერი?!
მოკლედ, შევრიგდით. ცოტა კი შემრცხვა, რომ მოხუცს ვაწყენინე, მაგრამ, როგორც ჩანს, იმას რაღაცა მოეწონა, ალბათ ჩემი გაკაპასება ფემინისტურ შემართებად ჩათვალა, და ბოლოს ისიც კი შემომთავაზა, მე დასასვენებლად ვაპირებ წასვლას და თუ გინდა, ვიზა გაიგრძელე და ჩემს სახლში იცხოვრეო. გული ამიჩუყა. საერთოდ, კარგი ქალი იყო, ოღონდ ცოტა მარტოხელა და უბედური. შემდეგ ბაზრობაზე უკვე სხვაგან დავსახლდი და როცა მოვინახულე, ძალიან იწყინა, ეგ რატომ ჰქენიო. რაღაც ბრიყვული ტყუილი ვუთხარი. მწარედ იტირა, რიკო მანქანამ გაიტანაო. მეტი არაფერი გეწყინოს-მეთქი, ქალბატონო ლანგერ. იმედია, აღარაფერი ეწყინებოდა. მე ის აღარასოდეს მინახავს და ლორელაის ქუჩაზე აღარასოდეს გამივლია - კარზე რომ სხვა აბრა დამხვდეს, გული გამისკდება. გაგეცინებთ და ეტყობა, შემიყვარდა ქალბატონი ლანგერი.
უბრალოდ, მარია
ქალბატონი მარია კი ეტყობა კი არა, ნამდვილად შემიყვარდა. პაწაწინა, კოხტა პანსიონი ჰქონდა, მგონი, ტევტონთა მოედანზე. ეს პანსიონი რამდენიმე წლის განმავლობაში სრულიად ქართველ გამომცემელთა თავშესაფარი იყო - ერთი წუწურაქი კაცის პანსიონის შემდეგ, ქალბატონ მარიასთან სამოთხის კარი გაგვეხსნა. თავად ქალბატონი მარია-ელიზაბეტ რაინვალდი მუნჯი კინოს ვარსკვლავს ჰგავდა, მასაც ძაღლი ჰყავდა, ნიკო, ზარივით ხმა ჰქონდა პუდელის, ტაქსას და კიდევ რაღაც გასაჭირის ნარევს.
ქალბატონი მარია კაკაოთი და ფუნთუშებით მიმასპინძლდებოდა ხოლმე და რაღაც საჩუქრებსაც მიგზავნიდა. შამპუნები და მსგავსები, ცხადია, აღარ მაქვს, ერთი წიგნი კი შემრჩა: „ღიმილი მზის სხივივითაა“, ლამაზი ფოტოები და ბრიყვული ლექსები, ლურჯი ლენტით იკვრება და ზედ ათასგვარი სიკეთეც წაუწერია საყვარელ მარია-ელიზაბეტს.
...იმ წელს ალბათ განსაკუთრებით საოცარი სანახავი ვიყავი - ამაყად მეცვა ქურთუკი, რომელიც თავად ბერლინის კედლის დანგრევას შეესწრო, და ჩემი საბჭოთა банный чемоданчик მთლად დამაგრეველ შთაბეჭდილებას ახდენდა.
მაინცდამაინც იმ ავადსახსენებელი ქურთუკითა და უშველებელი ბათინკებით აღმოვჩნდი სამ ქართველ გამომცემელთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე. ღვთის წინაშე, არც ვიცოდით, სად მივიდოდით, ვიფიქრეთ, მძიმე დღის მერე რამე ბუტერბროტს მაინც გავკრავთ-მეთქი კბილს...
დარბაზში შესულებმა აღმოავჩინეთ, რომ ის უსაშველოდ დიდი იყო, კედლებთან დიდძალი ბარაქა ელაგა - სულ ნაირნაირი კერძები. სცენაზე იდგა წამყვანი - მთლად პიტერ უსტინოვი. ქალებს ეცვათ საღამოს კაბები, ჩვენ - ბათინკები და ჯანდაბა.
ლელა ხომერიკი (ანუ „ახალი თარგმანები”) შეიშმუშნა. გია შერვაშიძე (გამომცემლობა „ნეკერი”) დასევდიანდა. მე გუნება წამიხდა. ოთარ ყარალაშვილმა კი გამოსავალი მონახა. მან თქვა, რომ ჩვენ ალტერნატიული გამომცემლების სახე უნდა მიგვეღო.
შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა: ბევრი ვიცეკვეთ, უგემრიელესი კერძები მივირთვით, უცხო ღვინოებს გავუსინჯეთ გემო... მართალია, ოთარი უკმაყოფილო დაგვირჩა, რიოელი მოცეკვავე ისე მეცეკვა, თვალებში ერთხელაც არ ჩაუხედავსო, ხოლო მე და ლელამ ერთი ეგზოტიკური ხილის შეჭმის შემდეგღა აღმოვაჩინეთ, რომ ის არ იჭმეოდა, მხოლოდ მოსართავი იყო. მაგრამ ვერაფერმა წაგვახდინა - ვერც მარცხებმა, ვერც ორთოპედიულმა ბათინკებმა. ფრიად კმაყოფილები დავბრუნდით სახლში.
მაგრამ ჩვენი ქალბატონი მარია, ლამაზი, მოხდენილი ქალბატონი მარია, ალტერნატიულ გამომცემლობებსა და მსგავსებს არ აღიარებდა. მას ვუყვარდი. ერთ საღამოს ოთახში უცხო ჩანთა დამხვდა - წითელი, კოხტა, ივ სენ ლორანისა - ვაიმე! ჩანთა გახსნილი იყო და შიგ ჩემი ნივთები ეწყო.
ქალბატონმა მარიამ მითხრა, რომ კიოლნი, სადაც მე ბაზრობის შემდეგ მივდიოდი, ბურჟუაზიული ქალაქია - ისე, არც ფრანკფურტია ხუჩიტანის უღრანი; იმ ქალაქში შეიძლება ვინმეს თვალში არ მოუვიდეს ჩემი ანტიკვარული ჩემოდანი, ამიტომ აჯობებს, რომ ეს წითელი, კოხტა ჩანთა კოხტად გადავიკიდო მხარზე. ჰო, და ეს სუნამოც დავისხა ხოლმე. იცი, როგორ უყვართ მამაკაცებს სუნამოები? კიოლნში მშ ვენიერი მამაკაცები არიან, გაეპრანჭე, ცოლად გაჰყევი და მერე ჩემთან ხშირად ჩამოდი ხოლმე სტუმრადო...
აღარასოდეს ჩავსულვარ, რადგან ქალბატონი მარია სტუმრებს აღარ იღებს. არც ყურმილს იღებს, თორემ მჯერა, რომ მაინც მიმიღებდა. გადავიკიდებდი მის წითელ ჩანთას და მივადგებოდი: „დილა მშვიდობისა, ფრაუ რაინვალდ!“
გერმანული დემოკრატიის აკვანში
1950 წლიდან, გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანება მშვიდობის პრემიას გასცემს. პატივის გარდა, ეს ჯილდო 15 ათას ევროსაც გულისხმობს. ტრადიციულად, ცერემონია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში იმართება.
თავისთავად, საინტერესო ამბავია, მაგრამ ჩემთვის ის ყველაზე მომხიბვლელი იმ ნიშნით გახლდათ, რომ დაჯილდოება ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარში ხდება, იქ, სადაც 1848 წელს გერმანიის დემოკრატიული განვითარებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე „ფრანკფურტის ეროვნული სათათბიროს“ შეკრება შედგა.
ცხადია, ძალიანაც მინდოდა 1998 წლის 1 ოქტომბერს წმინდა პავლეს ტაძარში მოხვედრა, მარტინ ვალზერის ნახვა და მოსმენა ხომ მინდოდა და მინდოდა! და როცა ჩემმა იმჟამინდელმა შეფმა, ბატონმა შმიტ-ბრაულმა მითხრა, აი შენ მოსაწვევი, ოღონდ დედაჩემიც გაიყოლეო, ყურებს არ დავუჯერე. საგულდაგულოდ მოვემზადე, მშვენიერ ქალბატონ მარიასაც კი ვაჩვენე, რის ჩაცმასაც ვაპირებდი. ქალბატონმა მარიამ მირჩია, დილიდან ნუ გამოეწყობი, ცერემონიამდე ერთი საათით ადრე შემოირბინე, ქალბატონ შმიტ-ბრაულს მე გავართობო. მოკლედ, დიდი გეგმები დავაწყე და სადგურში გავედი ქალბატონ შმიტ-ბრაულის დასახვედრად - ძირძველ ფრანკფურტელს, უკანასკნელი 35 წელია, არცერთი ბაზრობა არ ჩაუგდია. ახლაც საგანგებოდ ამ საქმეზე მობრძანდებოდა.
როცა ბაქანზე გადმოვიდა, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ის იყო 84 წლისა, ეკეთა ძვირფასი სამკაული, ჰქონდა პარკინსონის დაავადება უმძიმეს ფორმაში და ოცი წლის გოგოსავით ბრჭყვიალა და თან ძალიან, ძალიან ბრძენი თვალები. ასეთი იყო ქალბატონი შმიტ-ბრაული, რომელმაც გაცნობისთანავე მაგრძნობინა, რომ ვძულვარ.
ღმერთო ჩემო, რატომ? იმიტომ, რომ მისმა შვილმა მისთვის ვერ მოიცალა, ვიღაც დაუდგენელი ეროვნების დაუდგენელი ქალი გამოუგზავნა მომვლელად - მას, ქალბატონ შმიტ-ბრაულს? შენ ვინ ხარ საერთოდ? არ გაბედო, ხელი არ შემაშველო! და ბარბაცით წავიდა ყავახანისკენ.
ჩავყევი. მაგიდა შეარჩია და ჩამოჯდა. ზედაც არ მიყურებდა. აკანკალებდა. ვკითხე, რა შევუკვეთო-მეთქი. მე თვითონაც მოვახერხებო. კარგი-მეთქი. ყავა შეუკვეთა და ვერ დალია და სიბრალულისგან ცუდად გავხდი.
რაღა ბევრი გავაგრძელო. ცერემონიამდე დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჯერ მეჩხუბა და ემიგრანტი მაიმუნი მიძახა - არც მე დავაკელი და რასისტი ვირისთავი ვუძახე, მერე გადაწყვიტა, რომ ჩემი ატანა შეიძლება და მეც ვუთხარი, რომ მასზე უარესებიც ამიტანია, მერე მითხრა, რომ არა მიშავს და მეც ვუთხარი, კარგი ბებო ხარ-მეთქი, მერე თავისი ამბები მიამბო და მკითხა, გინდა, ბაზრობის მერე ჩემთან წამოდი საცხოვრებლად, რა ჯანდაბად გინდა ჩემს შვილთან მუშაობაო. ჩვენ ორ ხმაში მივალანძღეთ მისი ვაჟი, ფემინისტები და ნაცისტები, დავგმეთ ვიეტნამის ომი და მაკდონალდსში მკვებავი ფრანკფურტელები. მოკლედ, გადავრჩი, გავერთე კიდეც, მაგრამ წმინდა პავლეს ტაძრამდე შინ შევლა ვერ მოვასწარი და ევროპელ ინტელექტუალთა და პოლიტიკოსთა თავყრილობაზე ვორონცოვის სექონდ-ჰენდში ნაყიდი ჯინსებითა და მყინვარწვერზე ნამყოფი ვიბრამებით აღმოვჩნდი.
როგორ ეამა ქალბატონ შმიტ-ბრაულს!
„შეხედე,“ მითხრა მან, „რა მაგარია! ყველა შენ გიყურებს! ალბათ ნობელიანტი ჰგონიხარ!“
„რატომ?“ - გამიკვირდა.
„აბა, სხვა ვინ გაბედავდა გერმანიის წმინდათაწმინდაში ასე შემოსვლას!“
წელს, 23 ოქტომბერს, წმინდა პავლეს ტაძარში მშვიდობის პრემია ორხან პამუკს გადასცეს. მაგრამ მე ეს აღარ მინახავს, რადგან აღარ მყავს ღვთის რისხვა, ქალბატონი შმიტბრაული.
![]() |
12 მეექვსედ „პრომეთე“-ზე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
4-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით, კინოს მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალს „პრომეთე“, სადაც ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი 90-მდე ნამუშევარი - დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები იყო წარმოდგენილი...
5 დღის მანძილზე, ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ ფილმებს სამი კინოდარბაზის - „ამირანის”, „რუსთაველის“ და კინოს სახლის ეკრანები დაეთმო.
მრავალი საინტერესო ჩვენების შემდეგ, კინოფესტივალი გუშინ, კინოთეატრ „ამირანში“ საზეიმოდ დაიხურა. დახურვაზე სიტყვით გამოვიდნენ...
მოკლედ, ეს რომ ყოველდღიური გაზეთი იყოს, სტატიის წერას დაახლოებით ასე დავიწყებდი. ტრადიციად ქცეული, მინისტრების მისასალმებელი სხარტი გამონათქვამების შემდეგ, მალევე მოგახსენებდით გამარჯვებულების ვინაობას, ერთი-ორი სიტყვით გეტყოდით, თუ როგორ ჩაიარა ფესტივალმა; იმასაც დავამატებდი, თუ რა კარგია, რომ ახალი ფილმების ნახვის საშუალება გვქონდა-მეთქი და სამომავლოდ რაღაც-რაღაცეებსაც ვუსურვებდი „პრომეთეს“. მორჩა. ესაა და ეს.
მაგრამ ჩვენ ხომ არც ყოველდღიური გაზეთი ვართ და, რაც მთავარია, შუა ღამით არც მე გამოვქცეულვარ დახურვიდან პირდაპირ რედაქციაში, სადაც წინასწარ გაკეთებული მონახაზის მიხედვით, ჩქარა დავიწყებდი ტექსტის აკრეფას.
ჰოდა, რადგან ასე არ არის და „ცხელი შოკოლადის“ ჯერ კიდევ ცარიელ ფურცლებზე დროც საკმაო მაქვს და სივრცეც, ამიტომ გამიძელით და...
თბილისის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ და „ცხელი შოკოლადი“ წარმოგიდგენთ:
„6 დღიანი „კინო-ვოიაჟის“, შთაბეჭდილებების და სუბიექტური განცდების შესახებ“
ახალი არაფერია. გარდა იმისა, რომ დგახარ ან ზიხარ (პრინციპში, არ აქვს დიდი მნიშვნელობა) გრძელი პროგრამით ხელში, აქეთ-იქით აცეცებ თვალებს, ირჩევ შენთვის საინტერესო ფილმს, რომელიც ყოველთვის, თითქოს ჯიბრზე ემთხვევა რომელიმე საკონკურსო ფილმს და ცდილობ, არჩევანი გააკეთო. ინტერნეტით სხვადასხვა ინფორმაცია მოქექო, შემოხაზო სასურველი კინოდარბაზი და სეანსის დაწყების საათი და იმ იმედით მიხვიდე, რომ ფილმი სადაც ეწერა იქ იქნება, რომელ საათზეც ეწერა იმ საათზე იქნება, და რომ საერთოდ... იქნება?
მართალია, წლევანდელი „პრომეთე“ ყველაზე ნაკლებად უნდა დავადანაშაულოთ მსგავს „პერიპეტიებსა და სიურპრიზებში” (როგორც ჩანს, ამ მხრივ საქმე უკეთესობისკენ მიდის). მაგრამ ერთს ხომ ვერა და ვერ წაართმევ - იმ ძირითად მინუსს, რომელიც ფესტივალს მუდამ ახასიათებდა და რაც, სამწუხაროდ, არც ამჯერად გახდა გამონაკლისი. სამი ჟიური: ძირითადი, ფიპრესის და ფარაჯანოვის სახელობის... 40-მდე მოწვეული სტუმარი: რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები საფრანგეთიდან, ირანიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან... მაგრამ მათთან შეხვედრა და ფესტივალის მსვლელობის მანძილზე, თუნდაც ჟიურის წევრების გაცნობა, ისეთივე შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც... ჯეკ ნიკოლსონთან ერთად საუზმე, მაგალითად. არ ვიცი, ვისი ან რისი ბრალია, რომ ფესტივალი არასდროს არ ცდილობს მაყურებელს, ქართველ თუ მოწვეულ „კინოშნიკებს“ ახალი ურთიერთობების, კონტაქტების დამყარების საშუალება მისცეს! ფესტივალი ხომ ის ადგილია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საერთო ინტერესის მქონე ხალხს უყრის თავს, აცნობს და აერთიანებს!
აქ კი... უნდა გვეჭიროს ფესტივალის ლამაზად „შეფუთული“ კატალოგი და იქიდან მომზირალი სახეების დეტალურად შესწავლის შემდეგ, წინა რიგებში მსხდომ უცხოელთა ვინაობის ამოცნობა ვცადოთ - „აა, ეს ბაჰმან კიაროსტამი ყოფილა...“ ან - „ეს რაღაც ჟიურის თავმჯდომარე იონიკე ოლუნდის ფოტო რომაა, იმას ჰგავს ძალიან, ისაა თუ...“
რაც შეეხება სურვილებს, უფრო საინტერესო პროგრამის, საინტერესო სტუმრების და ნაყოფიერი სამუშაო-სემინარების მოწყობას ვუსურვებ...
მაგრამ რა დროს სურვილები და დამშვიდობებაა?! ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. ჰოდა, ამიტომაც:
კადრები ფილმიდან: „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“
ზოგადად, ფესტივალის გახსნის, მსვლელობის და დახურვის შესახებ.
ფესტივალი გაიხსნა ფილმით, რომელიც შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ქვემოთ მოხსენიებული სახელები და გვარები ამის იმედს იძლეოდა - რეჟისორი გიორგი შენგელაია, მსახიობები: ზურა ყიფშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, ზაზა პაპუაშვილი, გოგა პიპინაშვილი... სამწუხაროდ, საერთო ჯამში, ფილმი არა მარტო სუსტი, არამედ საკმაოდ მდარე გემოვნებით გაკეთებული გამოდგა. რაღაც შუალედური ფელინის გმირებსა და იაფფასიან კომედიას შორის...
კადრები ფილმიდან: „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“
საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იღებდა მონაწილეობას - ბრაზილიური, შვედური, ბელგიური, რუსული, ირანული, ფრანგული და ქართული კინო... ფესტივალის კულმინაციის, ანუ დაჯილდოების ცერემონიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სწორედ იმან განაპირობა, რომ 12 საკონკურსო ფილმიდან სამი, ქართველი რეჟისორების უკვე არაერთ ფესტივალზე პრიზირებული ნამუშევარი იყო: ლევან თუთბერიძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ (აკა მორჩილაძის რომანის მიხედვით), ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი“ და გელა ბაბლუანის ფილმი „ცამეტი“ (რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლუიჯი დე ლაურენტისის სახელობის პრიზით, „მომავლის ლომით“ დაჯილდოვდა).
თუმცა, წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში, გამარჯვებულთა ვინაობის გამოცნობას დიდი წინასწარმეტყველება არ დასჭირვებია. ალბათ არც ჟიური იდგა დიდი დილემის წინაშე... ფესტივალის ორი ფავორიტი ხომ თავიდანვე გამოვლინდა - ირანელი ქურთი ბაჰმან გობადის მრავალ კინოფესტივალზე პრიზირებული ფილმი „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“ („ოქროს პრომეთე“) და საფრანგეთში გადაღებული ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გელა ბაბლუანის ფილმი „ცამეტი“ („ვერცხლის პრომეთე“).
კადრი ფილმიდან: „ლიმონის არაყი“
ამჯერად, პრიზირებულ ფილმებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან მომდევნო გვერდებზე ეს ისედაც გელით! ამიტომ, ორიოდე სიტყვით საკონკურსო ფილმებში მონაწილე ორი ლევანის ორ ფილმზე მოგახსენებთ; ფილმებს, რომელთაც იმდენივე აქვთ საერთო, რამდენიც განსხვავება - ორივე ფილმი საქართველოს უახლესი წარსულის, 90-იანი წლების ყოფაზე, საშოვარზე ქუჩაში გამოსულ ხალხზე, არეულ ცხოვრებაზე, დაკარგულ თაობაზე მოგვითხრობს. მაგრამ სხვადასხვა ჭრილსა და რაკურსშია დანახული. თუ თუთბერიძე-მორჩილაძის კინო-მოგზაურობა იმდროინდელი თბილისის ქაოსურ სამყაროში თავისი სიმსუბუქით, სხარტი დიალოგებით და საერთო განწყობით გხიბლავს და გამახსოვრდება, ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი” გინდა, რომ საერთოდ არ გახსოვდეს! ესაა განწირულთა და სასოწარკვეთილთა სამყარო, სადაც გმირი მომავალი ფილმისთვის წერს სცენარს. დრამატულ შავ-თეთრ ფრაგმენტებად დანახულ უახლეს ქართულ სინამდვილეს თუ ნეო ნეორეალიზმს, გარკვეულ მომენტებში, საკმაოდ ხელოვნური ელფერი ჰქონდა და ხელოვნურადვე ამძიმებდა ფილმს.
„მოგზაურობა ყარაბაღში“, რომელმაც „პრომეთე“-ზე საკმაოდ პრესტიჟული პრიზი - „ფიპრესის“ ჟიურის პრიზი აიღო, უკვე დიდი ხანია გადის თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ თქვენგანსაც მოეწონა.
გაცილებით საინტერესო იყო წელს ის ფილმები, რომლებიც ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. „ახალი გერმანული კინო“, რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა და MEDEA FILM PRODUCTION SERVICE -მა წარმოადგინა. ფილმები, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის აღსანიშნავად, საერთო თემით ერთიანდებოდა: ფოლკერ შლონდორფის „მეცხრე დღე“, მარკ როტემუნდის „ვერცხლის დათვის“ მფლობელი „სოფი შოლი“, ოლივერ ჰირშბიგელის „აღსასრული“...
კადრი ფილმიდან: „2046“
„ევროპული კინოს ფორუმზე“ წარმოდგენილი იყო ფრანსუა ოზონის „5X2“, ერმანო ოლმის, აბას კიაროსტამის და კენ ლოუჩის ერთობლივი ფილმი „ბილეთები“, ჰინერ სალეემის „ლიმონის არაყი“... ამ უკანასკნელ ფილმს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ერაყელმა ქურთმა რეჟისორმა ჰინერ სალეემმა სომხეთის მაღალმთიან სოფელში გადაიღო, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ხვდა წილად და რამდენიმე მნიშვნელოვან პრიზთან ერთად, ვენეციის „სან მარკოს“ პრიზითაც დაჯილდოვდა. აქ, ლურჯი ცის ფონზე, თოვლით გადაპენტილ მიყრუებულ სივრცეში, მის გმირებს აღარაფერი დარჩენიათ გასაყიდი, საკუთარი თავიც კი... ხოლო ერთდროულად პირქუში და მაცდურად ლამაზი ბუნების ფონზე, საყოფაცხოვრებო საგნებიც კი საოცრად სიმბოლურ და პოეტურ მნიშვნელობას იძენენ - მარტოობის, ადამიანობის და სიკეთის საგა, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენთან თითქმის ცარიელი კინოდარბაზი დახვდა.
თუმცა... არა, არ შემიძლია, რომ არ მოგიყვეთ ეს პატარა ისტორია, რომელიც ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ქართველ მსახიობს ზაალ ჩიქობავას გადახდა. საწყალ ზაალს ისიც არ ეყო, რომ გადაღებები საშინელ პირობებში, „სომხურ“ მინუს 25 გრადუსში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. ყველაფერი დამთავრდა, ფილმმაც პრიზები და მოწონება დაიმსახურა და ზალიკომ იფიქრა - რა მაგარია, ფილმს dvd-ზე ვიშოვი და მეგობრებთანაც მოვიწონებ თავსო... dvd კი იყიდა, და ალბათ მეგობრებსაც უთხრა, მოდით, ნახეთო, რომ ტიტრებში, საკუთარი გმირის გასწვრივ, მოულოდნელად ამოიკითხა - შემსრულებელი: ზაჰალ კარიელაშვილი... ეს შეცდომა არა მარტო მის dvd-ზე, არამედ ჩემს dvd-ზე და თქვენს dvd-ზეც ასე იქნება. და საერთოდაც, ინტერნეტ ქსელის ყველა მისამართზე, სადაც კი შეიძლება ფილმზე ინფორმაციის მოპოვება, ყველგან დიდი ასოებით წერია - ზაჰალ კარიელაშვილი. ნამდვილად არ ვიცი, ვისი დაუდევრობით გახდა ზაალ ჩიქობავა ზაჰალ კარიელაშვილი, მაგრამ... ისე, კარიელაშვილს თავისი ისტორია აქვს. მაგრამ ეგ შორს წაგვიყვანს, არ გვინდა; მთავარია, რომ ეს თავად ზალიკომაც კარგად იცის! მე კი, უბრალოდ, მინდოდა, რომ თქვენც გცოდნოდათ ჩიქობავა-კარიელაშვილის სევდიანი ისტორია. და თუ ოდესმე ამ ფილმს მოჰკრავდით თვალს, ტიტრებში ზაჰალ კარიელაშვილის დანახვისთანავე, გაგექნიათ თავი და გეთქვათ - ნტ, ნტ, ნტ, ხედავ, რა უქნიათ!!!
კადრები ფილმიდან: „მძინარე ბავშვები“
კადრები ფილმიდან: „მძინარე ბავშვები“
შორეული „ჰორიზონტები“ - ფესტივალის ის ნაწილია, რომელიც აზიურ კინოს წარმოადგენს. ვონ კარ ვაის ეგზოტიკური სილამაზის „2046“, იოიჩი საის მრავალჯერ პრიზირებული „სისხლი და ძვლები“, სადაც მთავარ როლს შესანიშნავად ასრულებდა იაპონური კინოს წამყვანი რეჟისორი და მსახიობი ტაკეში კიტანო. ფილმს პოპულარული კორეული ნოველა და ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად. როგორ იმკვიდრებს თავს კორეელი ემიგრანტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იაპონიაში. სადისტური ბუნების მქონე ადამიანი, რომელიც რასაც კი ეხება, ყველას და ყველაფერს ანადგურებს: ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, სიცოცხლეს... შთამბეჭდავად გადმოცემულ ადამიანების ტრაგედიას, შეუძლებელია გულგრილი დაეტოვებინა მაყურებელი. მაყურებელი, რომელიც ორსაათნახევრის მანძილზე, იოიჩი საის ძალადობის და სისასტიკის თვითმხილველი იყო.
ისრაელელი ამოს გიტაის 11 სექტემბერზე გაკეთებული 5 წუთიანი ფილმი კი, გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ფესტივალზე ნაჩვენები მისი სრულმეტრაჟიანი „ალილა“.
ფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“, 9 ოქტომბერს ჟული ბერტუჩელის ფილმით „რაც ოთარი წავიდა“ დაიხურა. ფილმი, რომელიც ქართულ სინამდვილეზე და საქართველოშია გადაღებული, გარკვეული მიზეზების გამო, დიდხანს მიუწვდომელი იყო ქართველი მაყურებლისთვის. და ვფიქრობ, მსოფლიო ფესტივალებზე ფილმის გარშემო შექმნილი დადებითი რეზონანსი, ჩვენების შემდეგ ქართველმა მაყურებელმაც გაიზიარა.
და მაინც: თბილისის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალის შეფასებისას, გარკვეულ კრიტიკულ შეფასებებთან ერთად, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რაც წლევანდელ „პრომეთე“-ს წინამორბედებისგან გამოარჩევდა: გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი და ტიტულოვანი ფილმი, კიდევ უფრო მეტი ქართული ნამუშევარი: მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი თუ ანიმაციური ფილმები.
კადრები ფილმიდან: „რაც ოთარი წავიდა“
რაც შეეხება მთავარს:
„ოქროს პრომეთე“ გადაეცა ბაჰმან გობადის, ფილმისათვის „კუებსაც შეუძლია ფრენა“ (ირანი, საფრანგეთი, ერაყი);
„ვერცხლის პრომეთე“ გელა ბაბლუანს, ფილმისათვის „ცამეტი“ (საფრანგეთი, საქართველო);
ფარაჯანოვის სახელობის პრიზი, მინანქრის ბროწეულის ფიგურა იასმინ კასარის, ფილმისათვის „მძინარე ბავშვი“ (ბელგია, მაროკო);
ხოლო „ფიპრესის“ საერთაშორისო ჟიურის პრიზი ლევან თუთბერიძეს, ფილმისათვის „მოგზაურობა ყარაბაღში“ (საქართველო).
![]() |
13 „მეე? ქურთი ვარ!“ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ბაჰმან გობადის პირადი არქივიდან
„- საიდან ხარ?
- მეე? ქურთი ვარ.
- აა... და რა ხდება ბაღდადში? ჰოდა, სადამი...
როცა პასუხობ, რომ ქურთი ხარ, ყველასთვის მაშინვე პოლიტიკასთან ასოცირდები, პოლიტიკურ ქურთად; იმიტომ, რომ ქურთისტანი სავსეა ომით და სიკვდილით. არავინ, არასდროს საუბრობს ქურთ მუსიკოსებზე, მწერლებსა და პოეტებზე. სწორედ მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: „ბაჰბან, შენ უნდა დაიჭირო კამერა ტყვიის მაგივრად, და ამაზე ფილმები გადაიღო.”
ეს მანამდე იყო, სანამ კინოს კეთებას დავიწყებდი. ახლა კი, როცა ჩემს ფილმებს ვუყურებ, ვხედავ, რომ სავსეა პოლიტიკით. მაგრამ არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ვარ. არა. იმიტომ, რომ ასეთია ქურთთა ცხოვრება.”
ბაჰმან გობადი ირანელი ქურთი რეჟისორია;
მისი პირველი ფილმი „ცხოვრება ნისლში“, ირანული კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ დოკუმენტურ ფილმად აღიარეს;
რამდენიმე წლის წინ, „მთვრალი ცხენების ჟამით“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს კამერა“ და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ბაჰმან გობადის ბოლო ნამუშევარი „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“, ირანული კინოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ფილმად დასახელდა;
ფილმმა უკვე 30-მდე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა;
ბაჰმან გობადის „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“-ს მთელი ამერიკა ნახავს თებერვალში, როდესაც ფილმს „ოსკარების“ საკონკურსო ჩვენებაზე უჩვენებენ.
ისინი პატარა ბავშვები არიან. უპატრონოდ დარჩენილი, ლტოლვილი ბავშვები. ირან-ერაყის საზღვარზე, კარვებში ცხოვრობენ. მათი ცხოვრება - დანაღმულ ველებზე ბომბების შეგროვება და ჩაბარებაა. რა იცი, რას იყიდი აღებული ფულით? საჭმელს, იარაღს ან... სატელიტს! თუნდაც. მიუერთებენ სოფელში დარჩენილ თითო-ოროლა ტელევიზორს და ახალ ამბებსაც მოისმენენ. მართალია, ინგლისური არავინ იცის და არაფერი ესმით, მაგრამ მაინც... სადაცაა ხომ ომი დაიწყება! ამერიკა-ერაყის ომი! ჰოდა, რა იცი, რა მოხდება როცა „ყველაზე მაგარი ამერიკელები“ შემოვლენ?!
ბევრნი არიან. დილაობით ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს და მალევე იშლებიან. ზოგი დანაღმული ველის გასანაღმად მიდის, ზოგი კი სატვირთო მანქანებიდან, საკუთარ თავზე ორჯერ დიდი, ცარიელი ყუმბარების გადმოსაზიდად. მერე მოირბენენ 13 წლის ბელად „სატელიტთან“ (რომელიც სატელიტების დაყენების ოსტატია) და ანგარიშს აბარებენ, ვინ რამდენი შეაგროვა, ვინ როგორ შეაგროვა, რაიმე უბედური შემთხვევა ხომ არ მოხდა...
აგრინი და ჰერგოვი კი და-ძმა არიან. ზოგჯერ თუ ხვდებიან ველზე, „საქმეზე“ წასულები „სატელიტს“ და მის ბიჭებს. „ეს რა, აგრინის ძმაა?“ - კითხულობენ ისინი პატარა, თითქმის ბრმა ბავშვზე, რომელსაც გოგო მუდამ ზურგზე მოკიდებული, თან დაათრევს. ვინ არის? ძმაა? ყველგან თან დაათრევს, როგორც საკუთარ ნაადრევ ტვირთს, „სახლს“, ჯავშანს, როგორც კუ.
ბრმა ბავშვის დანახვა კი, მხოლოდ ერთს ახსენებს...
არა, უნდა გათავისუფლდეს! უნდა! კი, მაგრამ როგორ?...
და თქვენ განა არ იცოდით, რომ კუებსაც შეუძლიათ ფრენა?!
თუნდაც უზარმაზარი, გამეხებული ერაყის მთებიდან?!
„კუებსაც შეუძლიათ ფრენა“ თბილისის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალ „პრომეთეს“ უდავო ფავორიტი იყო. სან სებასტიანის „ოქროს ნიჟარის“ შემდეგ, ფილმი თბილისში გამოიგზავნა და მთავარი პრიზი „ოქროს პრომეთე” მოიპოვა.
- ალბათ, მეასეჯერ უკითხავთ, მაგრამ მაინც... თქვენ ირანის ქურთისტანში, ბანეჰში დაიბადეთ. რა იყო ის, რასაც პატარა ბაჰმანი გაღვიძებისთანავე ხედავდა?
- „არასდროს მიცხოვრია ირანის ქურთისტანის გარეთ. იქ დავიბადე და გავიზარდე, ირან-ერაყის საზღვართან. პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე ვხედავდი და რაც ჩემს მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი, ეს არის დათოვლილი გარემო და ღამით ქუჩის ძაღლების უწყვეტი ყმუილი და ყეფა.“
- ყველაზე მძაფრი შეგრძნება, ფრაგმენტი...
- „დედაჩემის დახმარება და უძილო ღამეები... მამაჩემის წასვლა სახლიდან... მას მერე, ოჯახის უფროსის როლი დამეკისრა.“
- ფრაგმენტი ინტერვიუდან: „მე ვარ სავსე ტანჯვით და ტკივილით. იმით, რაც ასე ჭარბადაა ამ ფილმებში“...
- „მე ხომ იმ მიწის შვილი ვარ, რომლის გული სავსეა ტანჯვით და ტკივილით. იმ მიწის შვილი ვარ, რომლის მოსახლეობის 95%25 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველდღიურად ახალ-ახალი ომის მოწმენი ვხდებით და საკუთარ თავზე გადაგვაქვს მთელი ცვლილებები.“
- რა იყო, სანამ „კუებსაც შეუძლია ფრენა“-ზე დაიწყებდით მუშაობას?
- „სულ სხვა რაღაცის გაკეთება მინდოდა. ეს უნდა ყოფილიყო ფილმი ჩემს წარსულზე, ცხოვრებაზე. მაგრამ ბაღდადში აღმოვჩნდი, ზუსტად ამერიკა-ერაყის ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. იქ თან მქონდა ჩემი კამერა და ყველაფერს ვიღებდი, ვაფიქსირებდი. იმდენი საშინელება ვნახე - ომი, უბედური ბავშვები... დაბრუნებული, გადაღებულ მასალას რომ ვუყურებდი, მივხვდი, ფილმი უნდა გამეკეთებინა მათზე. ფილმი ომის წინააღმდეგ. ამიტომ დავბრუნდი და გარკვეული პერიოდი მათთან ერთად ვცხოვრობდი.
მინდოდა, რომ პირველი ვყოფილიყავი, ვინც სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, ბაღდადში ფილმს გადაიღებდა.“
- როგორი იყო ფილმის მოსამზადებელი პერიოდი, გადაღებები?
- „გადაღებები სამი თვე გრძელდებოდა. თან საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა ჩრდილოეთ ერაყში, გაუმართავი ტექნიკით... თუმცა, მოსამზადებელი პერიოდი გაცილებით გრძელი აღმოჩნდა და ბევრი ადამიანი მეხმარებოდა. იმ რეგიონში თითქმის არ არის განვითარებული კინოინდუსტრია და ამიტომ, მთელი ჯგუფის შეგროვება დაგვჭირდა. მთავარი როლის შემსრულებლების შესარჩევად, ვიდეო- და ფოტოაპარატებით ქალაქიდან ქალაქში დავდიოდით, ბავშვებს ვუღებდით, მასალებს ვაგროვებდით.“
- როდესაც ომს, მხოლოდ ტელევიზიით ხედავ, იქ მომხდარი ამბები საშინელებათა წიგნში ნანახ ნახატებს ჰგავს. ვინ არიან მთავარი როლის შემსრულებლები?
- „ყველა ბავშვი ერაყის ქურთისტანიდან არის. ავაზ ლატიფი, რომელიც აგრინის როლს ასრულებს, ცხოვრობდა სოფელში, სადაც საერთოდ არ იციან, რა არის ელექტროენერგია; ფილმის შემსრულებლებს შორის სორან ებრაჰიმი („სატელიტი“) ერთადერთი ბავშვია, რომელსაც ტელევიზორი აქვს ნანახი. ჰირეშ ფეისალი (ჰერგოვი) განსხვავებული ბავშვი იყო. 7 წლის ასაკში მავთულებში გახლართული ჩიტი დაინახა და მისი გათავისუფლება მოინდომა... ძლიერი ძაბვა იყო, რამაც მთლიანად მოაწყვიტა ხელები...
მათთან მუშაობა, ერთდროულად, სახალისოც იყო და რთულიც. მათთან ერთად დიდხანს ვცხოვრობდი და ჩვენ შორის ისეთი ემოციური კავშირი დამყარდა, როგორც საკუთარ შვილებთან“.
- რატომ არიან ბაჰმან გობადის „სასტიკი ცხოვრების“ ეპიცენტრში მუდამ ბავშვები? („მთვრალი ცხენების ჟამი“, „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“) ვინ არიან ისინი? საიდან მოდიან? საით მიდიან?
- „ჩემს ფილმებში ბავშვები ბავშვებს ჰგვანან, მაგრამ მათ დიდი სული აქვთ. ისინი ისე ფიქრობენ და მოქმედებენ, როგორც ზრდასრულები. მეტიც, ზრდასრული ადამიანებივით იტანჯებიან. ეს ბავშვები, ჩემი ბავშვობის ნაწილები, ფრაგმენტები არიან. მართალია, საზოგადოებასაც ეკუთვნიან, მაგრამ მათ დედამიწის ზურგზე არავინ აქცევს ყურადღებას. არცერთ ქვეყანაში არ არიან ისეთი მიტოვებულები, როგორც აქ. ყველაფერი საკუთარ თავზე გადააქვთ, უცხო ქვეყნების შემოტევაც კი.
ქურთი ბავშვები, თვალის ახელისთანავე, დედის ბედნიერ სახეს კი არ ხედავენ, არამედ მხოლოდ ცეცხლმოკიდებულ სახლს და დაჭრილ ადამიანებს. ბავშვები აქ პირველ სიტყვებს „დედას“ და „მამას“ კი არ ამბობენ, არამედ „ბომბი... ომი... გაიქეცი, გაიქეცი...“
მაგრამ ქურთები - ეს არის ერი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ფული საჭმლისთვის, მაგრამ დაბეჭდოს წიგნი; ვერ მიიღოს ნორმალური განათლება, მაგრამ გაიზარდოს კულტურულ და საზრიან ადამიანად; თუნდაც ვერ ისწავლოს კინოსკოლაში, მაგრამ... მე ხომ გამოვედი რეჟისორი? როგორ ხდება ეს? იმ წუთიდან მოყოლებული, როცა ამ ქვეყანაში იბადები, შენი მშობლების, მათი მშობლების, საკუთარ ისტორიებზე იზრდები; იმ გიჟურ ისტორიებზე, რომელსაც ვერასდროს ვერსად ვერ ამოიკითხავთ, ვერც მარკესთან ან თუნდაც კუნდერასთან. ესენი ხომ ქურთები არიან! და ეს მათი ცხოვრებაა!“
![]() |
14 7 ფრაგმენტი გელა ბაბლუანის ცხოვრებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე/კადრები ფილმიდან
იმ დღეს, ისეთი გადაჭედილი იყო „ამირანის“ კინოდარბაზი, რომ ცოტა ეჭვიც კი შეგეპარებოდა - შემთხვევით დღეს ხომ არ არის დახურვაო!
ფესტივალის მსვლელობის მანძილზე, სამად სამჯერ იყო ამდენი მაყურებელი:
პირველად - გახსნაზე;
მეორედ - იმ დღეს;
მესამედ - დახურვაზე. (ამიტომ ის ეჭვი, აბსოლუტურად ლოგიკური იყო).
ასეთი აპლოდისმენტებით და ოვაციით, „პრომეთეს“ მაყურებელი სამჯერ გაისარჯა:
პირველად - გახნაზე;
მეორედ - იმ დღეს;
მესამედ - დახურვაზე. (ამიტომ ვიმეორებ, რომ ის ეჭვი აბსოლუტურად ლოგიკური იყომეთქი!).
„ცამეტი“ საფრანგეთი, საქართველო, 2004.
რეჟისორი: გელა ბაბლუანი
სცენარის ავტორი: გელა ბაბლუანი
ოპერატორი: ტარიელ მელიავა
როლებში: გიორგი ბაბლუანი, აგუსტინ ლაგრანი, აურელიან რეკუანი...
ნამდვილად არ შემცდარან ისინი, ვინც ამბობს, რომ:
- გელა ბაბლუანი თითქმის არ ლაპარაკობს და ინტერვიუზე დაგტანჯავსო...
- კითხვაზე პასუხის არიდება ისეთივე ოსტატობით შეუძლია, როგორც სიგარეტის სიგარეტზე მოკიდებაო...
- ნიჭიერი და როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე „პერსპექტიული ახალგაზრდააო“...
- შენზე ორჯერ მეტად უფრო იტანჯება, - ვერ ჰყვება და რა ჰქნასო?!...
თუმცა, შევეცდები ისევე ფრაგმენტულად გიამბოთ „ვერცხლის პრომეთესა“ და წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის ლუიჯი დე ლაურენტისის სახელობის „მომავლის ლომის“ პრიზიორ ქართველ რეჟისორზე, როგორც თვითონ ჰყვებოდა იმ დღეს, კინოსტუდიის ცივ, უზარმაზარ პავილიონში, „პრომეთეს“ დახურვამდე 6 საათით ადრე.
ისე, ამბობენზე გამახსენდა... იმ დღეს, იმასაც ამბობდნენ, „ცამეტის“ ჩვენებაზე, კინოთეატრში შესავლელი არც ერთი ბილეთი აღარ იყო, ნახევარი ხალხი ქუჩაში დარჩა, რადგან ბილეთები სულ სვანებმა იყიდესო...
ფრაგმენტი №1 „13“
ცამეტი? ჩვენთან ეს ციფრი, რაღაც უბედურების მომტანად ითვლება. არადა, არის ქვეყნები, სადაც პირიქითაა. რაღაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ისევე გაგიმართლოს, როგორც გმირს დასაწყისში; ან ისევე დაგღუპოს, როგორც ბოლოში. თუმცა ციფრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი ხომ თვითონ ქმნის თავის ბედს, საითაც უნდა, იქით მიჰყავს ცხოვრება. იყო ვერსიები, რომ იქნებ სხვა ფინალი ყოფილიყო... რომ საკმარისი იყო, რაც გამოიარა, მაგრამ... ცხოვრებაც ხომ ასეთია?! ის არასდროს არაფერს არ გპატიობს! ფილმის გმირმა დასახული მიზანი მაინც განახორციელა - ის, რისთვისაც წავიდა და დანარჩენი...
„ცამეტი“ ეს არის ფილმი, რომლის 90 წუთიან მსვლელობას, მონუსხული ადევნებ თვალს. შავ-თეთრი ფილმი ადამიანების, ცხოვრების, შემთხვევითობის და ბედისწერის შესახებ, რომლის ახალგაზრდა გმირი, ფულის შოვნის მიზნით, გაურკვეველ თამაშში ებმება. თამაშში, რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს; თამაშში, რომელიც ცხოვრების უსამართლო წესებს ჰგავს! ჩვენებიდან გამოსულს, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს შავი ზოლებით დახაზული თეთრი ნათურა, რევოლვერის ბარაბნების ტრიალის გულისწამღები ხმა, მთავარი როლის შესანიშნავი შემსრულებლის გიორგი ბაბლუანის (გელას ძმა) აკანკალებული ნაკვთები და ჩახუთული, მძიმე სივრცე... საოცარი მუხტი, ენერგია, დინამიკა, რიტმი, რომელიც ელვასავით მოჰქონდა ფილმს.
„წერისას, სცენარმა ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა. მაგრამ, პირველი ვარიანტიდან დაწყებული, ფილმს შავ-თეთრად ვხედავდი. ეს თავისებურ ტონს აძლევდა ფილმს, სადაც მთელი ყურადღება ამბავზე და პერსონაჟებზე გადადიოდა. გადაღებები საკმაოდ გაიწელა იმიტომ, რომ არ მქონდა საჭირო თანხა. მაგრამ არც ჯდომა და ლოდინი მინდოდა. ჯერ ერთი ნაწილი გადავიღე, რაღაც პერიოდის შემდეგ მეორე. და როცა ეს დავამონტაჟე და სადაც საჭირო იყო ვაჩვენე, უცებ ბევრი დისტრიბუტორი მომადგა, ყველას უნდოდა ფილმი.“
გადაღებები პარიზში, პიკარდიში, ნორმანდიაში მიმდინარეობდა. ფილმის ძირითადი ნაწილი, პარიზის ორსეს მუზეუმის არქიტექტორის სახლშია გადაღებული - „ამ სახლზე უამრავ საზიზღრობას ჰყვებიან, თურმე რა არ მომხდარა იქ... მეპატრონე დიდი ხნის წინ გარდაცვლილა და სახლს შთამომავლები ყიდდნენ. შეხვიდოდი თუ არა, რაღაც უცნაური შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს ყველაფერს სიკვდილის სუნი ასდიოდა... მოკლედ, ბევრი აღარ გვიფიქრია და მაშინვე ავირჩიეთ.“
ფრაგმენტი №2 „ქილები და ამბები“, ანუ დავიწყოთ თავიდან
- „საშინელი მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგიჟდებოდი აივნიდან ცარიელი ქილების გადაყრაზე!!! სავსეს ვერ ვერეოდი, თორემ... როგორც კი დროს ვიხელთებდი, აივანზე გავრბოდი და მიდი... დედაჩემს თურმე სულ ეშინოდა გარეთ გადახედვა, რომ რამე უბედური სურათი არ დაენახა.“ ერთხელაც... - იმედია მაპატიებენ ბაბლუანები, და რადგან გელას დედის სახელი არ ვიცი, ქალბატონ დედას ვუწოდებ - მიდის ქალბატონი დედა ქუჩაში, გადის სახლთან და... გაქვავებულ მეზობელს არ ხედავს?! იფიქრა - ამ საწყალს რა მოუვიდაო, რომ გაქვავებულ-გაუბედურებული და შოკში ჩავარდნილი მეზობლის ფეხებთან წვრილწვრილ ნამსხვრევებად დაქუცმაცებული, აწ უკვე ყოფილი ქილა ამოიცნო... ხომ გითხარით, გელა ბევრს არ ჰყვებამეთქი, მაგრამ მე ჩემით წარმოვიდგინე ამბის გაგრძელება - დედა გამწარებული იხედება ზემოთ და... აივნის ღრიჭოებიდან, ბედნიერებისგან მოციმციმე ორ ცალ თვალს ხედავს!!!
ყველაზე მეტად მამასთან ერთად სეირნობა უყვარდა. როგორც უფროსი შვილი, ყველგან და ყოველთვის თან ახლდა. მაგრამ აი, იყო ერთი ადგილი, რომელიც არათუ არ მოსწონდა, საშინელ სისულელედ მიაჩნდა იქ ყოფნა და იქ მყოფი ხალხიც! - გადასაღები მოედანი, სადაც ყველა დიდ დროს ხარჯავს რაღაც უაზრობაზე. დადიან, აწყობენ, ალაგებენ რაღაცეებს და რისთვის?... იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა დაიყვიროს - მატოოორ... და წამებში რაღაც გადაიღონ! ჰმ, რა უაზრო ტანჯვა-წამებააა, - ფიქრობდა მამის გვერდით, სკამზე შემოსკუპული და ნამდვილად არ წარმოედგინა, რომ წლების მერე, თვითონ დადგებოდა ასეთ „სულელურ“ გადასაღებ მოედანზე ბევრი, ბევრი ადამიანის წინ და დაიყვირებდა - მატოოორ...
რაზეც არასდროს უოცნებია: მაგალითად, მეხანძრის ან პოლიციელის თავბრუდამხვევ კარიერაზე. არა, არასდროს. აბა? - წერა. „თუ კინო არა, მაშინ მწერალი ვიქნებოდი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს წერა. სულ ვწერდი მოთხრობებს. 7 წელია, რაც რომანს ვწერ და ჯერ ვერ დავამთავრე... მოკლედ, მწერლობისკენ წავიდოდი”.
ფრაგმენტი №3 „ბევრსკოლელი ბაბლუ“
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სკოლა გამოვიცვალე, ჩემს სკოლად მაინც 53-ეს ვთვლი. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ... კლასში ჯდომას, რა თქმა უნდა, სკოლის წინ დგომა მერჩივნა. ზუსტად პირდაპირ, ყაზბეგის ქუჩის ჩასახვევში.“ ამის წარმოდგენა არც ისე რთულია: 90-იანი წლების თბილისი, საშუალო სკოლა, ხმაურით, გაყინული ოთახებით და მასწავლებლების წუწუნით ცხოვრებაზე... გარეთ კი, ამავე სკოლის ერთად მოქუჩებული ბიჭები. ზოგი ჩაცუცქული, ზოგი გაჯგიმული და ზოგიც მობუზული ჩიტივით რამეზე შემომჯდარი. მხოლოდ ლამაზი გოგოს გავლა რომ იწვევს წამიერ მდუმარებას, რასაც ენერგიული განხილვა მოჰყვება ხოლმე: ვინ იყო ის, ნეტავ სად ცხოვრობს ის... მერე, სკოლის უკან, პატარა ბაღში, ანუ “კაი ადგილას“ ასვლა. „ყველაზე კარგად ხელის მოქნევა და კითხვა მეხერხებოდა. ჰოდა, ავდიოდით ხოლმე ზემოთ... სულ რაღაც საქმის გარჩევაში ვიყავით, სულ ქაოსი იყო, სულ რაღაც ხდებოდა. ამ ყველაფერმა, ძალიან იმოქმედა ჩემს ჩამოყალიბებაზე“.
რა უნდა ჰყვარებოდა იმ დროს, 90-იანის „ფასეულობებში“ ჩამოყალიბებულ გელას?! დიდი არაფერი: მეგობრებთან ერთად „კაი ადგილას“ ყოფნა, „ნათლიმამას“ - ხაზგასმით აღნიშნული - პირველი ნაწილის და „ერთხელ ამერიკაში“ მეასეჯერ ნახვა და ამ ყველაფერთან ერთობ შეუფერებელი საქმიანობა - კითხვა. „ბევრს ვკითხულობდი და ეს დამეხმარა იმ დროიდან, იმ პერიოდიდან გამოსვლაში.“
არ ვიცი, რამდენად ქართულად ჟღერს ზემოთ ხსენებული ბევრსკოლელი, მაგრამ ბევრუნივერსიტეტელს რომ სჯობს, ფაქტია. ბევრსკოლელი გელა ხომ მერე ბევრუნივერსიტეტელიც გახდა.
„ვიღაცამ მითხრა, ი.ეს.ემ-ი კარგი სასწავლებელია, საინტერესო და რაც მთავარია, კარგად ასწავლიანო. ჰოდა, მეც იქ ჩავაბარე, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ორი წელი ვისწავლე იმიტომ, რომ მერე პარიზში გადავედით...“ არა, არა, დაიცადეთ. იქამდე კიდევ მოხდა რაღაცეები. მაგალითად, როცა მამამისთან ერთად დაბრუნდა ერთ-ერთი კინოფესტივალიდან. მთელი ღამის უძილო, ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ... დედამ დაიწყო - რას ჰქვია, დღესაც გააცდენ?! სწავლა ისედაც სამი დღეა, რაც დაიწყო და შენ ჯერ არ ყოფილხარო! რა ექნა, წავიდა. ღამის უძილო, ნამგზავრი და ცუდ ხასიათზე... იქ კი ვიღაცამ - შენ, ბიჭო, რაღაცაო და... ბედად, სასწავლებლის შესასვლელთან, დიდი ხნის უნახავი ძმაკაცები დახვდნენ მანქანებით: საბურთალოდან, მთაწმინდიდან, ვერიდან... ჰოდა, იქ ამბავი დატრიალდააა...
მოკლე დასკვნა: უმაღლესის და ბევრსკოლელი ბაბლუს ურთიერთობა, პირველივე დღიდან ყოვლად უმსგავსოდ დაიწყო - იმ დღესვე გადმოუწყვეს საბუთები - სასწრაფოდ დატოვე სასწავლებელიო!
ფრაგმენტი №4 „პარიზი“
„95 წელი იყო. კარგად მახსოვს, ყველანი სახლში ვიყავით. ჩემი პატარა და, სონიჩკა იჯდა და რაღაცას წერდა. ამ დროს, ზუსტად 10 მეტრში, ეზოში ვიღაცამ ავტომატის ჯერი მისცა და მთელი მჭიდი ჩაცალა. საშინელი ხმა იყო, ლამის ყველაფერი დაინგრა... ჩემი და კი წყნარად იჯდა, ისე, რომ არც განძრეულა და აგრძელებდა წერას. მახსოვს, მაშინ თემურმა თქვა - კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, თუ ბავშვს ამაზე არავითარი რეაქცია არ აქვსო.
ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ერთ დღესაც ჩაბარგდნენ. პარიზში მიდიოდნენ, დროებით. „რა უნდა გააკეთოს 16-17 წლის ბიჭმა, რომელიც 1995 წლის თბილისური ცხოვრებიდან პირდაპირ პარიზში აღმოჩნდა? ცივილიზაციას მოკლებული ადამიანი, პირველ რიგში მიდიხარ იქ, რაც ცხოვრების კულმინაცია გგონია - დისკოთეკა. მერე აღმოაჩენ, რომ კულმინაცია კი არა, ყველაზე ჩაძირული სიტუაციაა. ყველა ჩამოსულია, ყველა თავისი პარიზის პოვნას ცდილობს და ყველა მხოლოდ გართობაზე ფიქრობს“. პარიზში ჩასული აბარებს იქ, სადაც ჩასულ სტუდენტთა უმრავლესობა, - ანუ ენის კურსებზე; სორბონის უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ცივილიზაციის კურსებზე, სადაც როგორც წესი, ყველა და ყოველთვის უკეთესი კომუნიკაციისათვის ინგლისურად საუბრობს. ცოტა ხანი აქ, მერე იურიდიული ფაკულტეტი... ორ წელიწადში ისევ სხვაგან, ანუ უკვე კინოსკოლაში და... „არ მომეწონა, ცოტა ხანში გამოვედი და ისევ სორბონაში, კინო ფაკულტეტზე შევედი. რა გითხრა, განათლება ისეთი რამეა, რა პროფილისაც არ უნდა იყოს მაინც გამოგადგება. იმ დარგებისაც კი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება არც არასდროს დაგჭირდეს. გარდა ამისა, სხვადასხვაგვარი აზროვნების, მენტალიტეტის, შეხედულების მქონე ადამიანებს ხვდები. ეს ძალიან გეხმარება. განსაკუთრებით წერისას“.
ფრაგმენტი №5 „ცოტა რამ კინოზე“
- „ადრევე დავიწყე მუშაობა. კინო პროდუქციაში ვმუშაობდი, სადაც სცენარისტებს ვეხმარებოდით. ვისხედით რამდენიმე „მკითხველი“, ვკითხულობდით სცენარებს. მერე ვწერდით რეზიუმეს, შეფასებას და ამაში გვიხდიდნენ ფულს. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო. სულ მინდოდა, რომ უფრო მემუშავა, ვიდრე თეორიულად მესწავლა. ამიტომ, მალევე დავიწყე გადაღება. ჩემთვის გადაღება.“
ჯერ შეკვეთებზე მუშაობდა. ძირითადად, ეს იყო სხვადასხვა ქარხნის შეკვეთა. ქარხნის? შეკვეთა? კინოზე? ჰო, ჰო, შეკვეთა. მაგალითად, დოკუმენტური მასალა იმაზე, თუ რა კარგად, სუფთად და რაც მთავარია, რა საოცრად მუშაობენ ელექტრო ან ლიმონათის ქარხნის მუშები?! „ამაზე მუშაობა საშინელი ტანჯვა იყო, მაგრამ რას იზამდი? რაღაცით ხომ უნდა დაგეწყო?!”. ისიც იდგა და უკმაყოფილო სახით, მაგრამ მაინც იღებდა და იღებდა მუშათა კლასის წარმატებაზე ფილმებს, სანამ თავის პირველ ფილმზე არ დაიწყო მუშაობა, - ვიდეოზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელზეც ზუსტად ორწელიწადნახევარი იმუშავა. „ეს სამეცადინო პერიოდივით იყო. ნელ-ნელა ვაკეთებდი, მსახიობებთან მუშაობას, კადრის აწყობას ვსწავლობდი. არსად მეჩქარებოდა.”
ისე, ერთხელ თავისი სცენარიც აღმოჩნდა სხვა პროდუქციის „მკითხველთა“ ხელში. კონკურსი ტარდებოდა და გელამაც გააგზავნა სცენარი. შანსი არც ისე დიდი იყო. უცებ გაიგო, რომ მისი სცენარი, 80 სცენარს შორის, შვიდეულში გასულიყო და გასაუბრებაზე იწვევდნენ. შვიდიდან სამი გადიოდა. შანსი ერთიორად იზრდებოდა, როცა ჰკითხეს:
- თქვენი საყვარელი რეჟისორი?
- მამაჩემი.
- ჰმ, გასაგებია.
ამ მოკლე და ლაკონურმა პასუხმა ყველაფერი იმ ექვსი დარჩენილი სცენარისტის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ფრაგმენტი №6 „მამა“
„თემური ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. მამა-შვილური ურთიერთობა არასდროს გვქონია. ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის, ყველგან ერთად დავდიოდით. ჩემს საქმეში ძალიან მეხმარება იმიტომ რომ ვიცი, როცა არ უნდა დამჭირდეს, ყველაფერზე შემიძლია რჩევა ვკითხო. როცა ვიღებდი, ვამონტაჟებდი, თუ რამეში ეჭვი მეპარებოდა... ასეთ დროს ყოველთვის ჩემს გვერდით იყო”.
ფრაგმენტი №7 „ეხლა?“
- ვიცი, რომ ეხლა რომელიღაც ფესტივალზეა, ფილმი აქვს წაღებული.
- თბილისში არც ისე ხშირად ჩამოდის. ბოლოს მამის, თემურ ბაბლუანის გადაღებებზე იყო ამ ზაფხულს და... ჰო, იმის წინ საკუთარ ქორწილში, რომელიც ორდღიანივით გააკეთეს - ერთი იქ და ერთი აქ.
- მეუღლესთან ერთად, საფრანგეთში, ვერსალის სასახლესთან ახლოს ცხოვრობს. „კიდევ კარგი, ჩემი ცოლი სხვა პროფესიის ადამიანია, თორემ სახლშიც რომ კინოზე მელაპარაკა, ან გავგიჟდებოდი ან დავახრჩობდი”.
- თბილისიდან ისე არ წავა, თუ ერთხელ მაინც არ აიარა 53-ე სკოლასთან.
- ისევ გიჟდება ამერიკულ მაფიოზურ ფილმებზე...
- პარიზში კი... „ეხლა უკვე ძალიან ბევრი საქმე მაქვს და სულ, სულ ვმუშაობ.“
- ცოტა ადრე კი... ხშირად შეგეძლოთ დაგენახათ მეტრო „ოდეონთან“, კაფე „დანტონში“, სადაც საყვარელ მაგიდასთან, ერთი ჭიქა ფინჯანი ყავით უყვარს ჯდომა და წერა... წერა - სხვადასხვა ამბების, ისტორიების, მოთხრობების.
![]() |
15 აკა მორჩილაძის სხვისი წიგნებიდან ამოხეული ფურცლები |
▲ზევით დაბრუნება |
შეაგროვეთ „აკა მორჩილაძის სხვისი წიგნებიდან ამოხეული ფურცლები“ -ის 10 ნომრის განმავლობაში {XI.2005 - VIII.2006} და საჩუქრად მიიღეთ აკა მორჩილაძის ახალი წიგნი „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ ავტოგრაფით
<....>...კამპანია მიემართება ორთაჭალის ბაღებისაკენ, სადაც სუფრის ალაგებას ვერავინ ასწრებდავერასდროს. მთელი ამ ამბებიდან გამოსჩანსყანწებით სმა და არღანი, ერთი სურათი სოლოლაკში, აბრუნებისა და იქ შეხვედრა ტურფა ჟენვიევ ბლოსთან, რომელსაც სამოღვაწეო ფსევდონიმად აქვს მერსედეს. მარველი შეძახილით: მერსედეს, ედმონ დანტესი გამოიქცა ციხიდან, რათა შენ ენახე, მას უვარდება ოთახშიდა არის ოფლიანი, მოღეღილი და აქვითინდება. ჟენვიევ ბლო ამბობს, რომ სწორედ რომ ქვეყნის დასალიერია ეს თბილისი, საზღვარია, სადაც იწყებაგზა ჯანდაბისა, რადგან ერთადერთი ფრანგულად მოლაპარაკე კლიენტი ჰყავს და ისიც ასეთი, რომელიც ერთ წელიწადს დაკარგული იყო. მარველი ჰკვნესის: მიზერაბლე, მიზერაბლე.და ამის შემდეგ, სრულიად ვეღარაფერს ვიგებთ,თუ რა ემართება ამ ჩვენს გაბურძგვნილ კნიაზს,ვინაიდან იწყება გრძელი მონათხრობი ჟენვიევ ბლოს ცხოვრებისა, რომელიც ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ჩვიდმეტჯერ გაემგზავრა ტფილისიდან და თვრამეტჯერ დაბრუნდა. ასეამბობდა თვითონ და პირიქეთა არითმეტიკისა არა სჯეროდა. საერთოდ, ავტორს, კაპ. საგინოვს კალამი გაექცევა ხოლმე, როცა ქალებს მიადგება. ის სწერამს: „ჟენვიევა ბლო ისე უხდებოდა ტფილისს, რომ ოთახიდან არც კი გამოდიოდა.იმას რომ ქუჩაში ევლო, თფილისი დაინგრეოდა. თფილისი მიჩვეულია ეშხსა, მაგრამ თითქოს ოკიანის ქარბორბალამ აიტაცა შორეულ კორალისრიფიდან ჟენვიევ ბლო და თან ააყოლა მარჯნისფერი ქერცლი, ხენდროსფერი ციმციმი მისიტანისა. რატომ ჩამოვარდა იგი თიფლისში, ძნელი მისახვედრია, ისევე, როგორც საიდუმლოება მისი გაუხდელი კორსეტისა, თუმცა, ის, რაიცა მოსკდებოდა ამ კორსეტიდან ასე დაუნანებლად, საკმაო იყო, რომ კაცი, რომელსაც შეუძლია დაფიქრება ქალის გამო, ფეხშიშველი გასულიყო თოვლში და ევლო მთელი ღამე, რათა მიეღწია იმ ორი ლამპით განათებულ ოთახამდე, სადაც მოჭრიალე სავარძელში იჯდა ჟენვიევა ბლო, რომელიც დღის სინათლეზე უფრო ლამაზი იყო,ვიდრე ნაშუაღამევს. ეს კი შეუძლებელია, თუ ქალის გაჩენაში მართლა ღმერთი არ გარეულა.ლამპის ყვითელი შუქი მხოლოდ მალავდა ჟენვიევა ბლოს, ეს ლამპის შუქი მისი საფარი იყო,რომ დაგენახათ ჩვეულებრივ ქალად, უბრალოდ კარგ მეძავად. მხოლოდ რამდენიმე კაცს თუენახა დღის შუქზე ჟენვიევა ბლო, მერსედეს დაიმათში ერთი იყო სოსიკო მარველი, რომელმაცვერ ისწავლა წვერის დავარცხნა.“
ამას მოსდევს მოგრძო ამბავი კვლავ ჟენვიევ ბლოს ცხოვრებისა, გაწყობილი ნაირგვარ იმიმზიდველი ხერხებით, როგორიცაა, ვთქვათ,ამბავი, თუ როგორ დაინახა იმპერატორნიკოლოზ მეორემ თავისი გადახდილი ეტლიდან ალექსანდრ დორფის საშაქარლამოდან გამომავალი ჟენვიევ ბლო. ეს იყო ტფილისში, იმპერატორის ვიზიტისას, მიმდინარე ამბიდან ოციწლით ადრე. როგორც ამბობენ, პოლკოვნიკ ნიკოლოზ პირველს გულს დაჰბეჭდვია ეს ქალიდა ეტლის საჩქარო მობრუნება უბრძანებია.მეეტლეს მოუბრუნებია, ოღონდ კი იმგვარისიჩქარით გაურეკია ცხენები, რომ ეტლი გადაყირავებულა მდინარე ვერეს პირად და იმადგილას მადლიერ ხალხს ჯვარი აღუმართავს მეფის გადარჩენის ნიშნად. აი, ასეთ ამბავთა რიგში, უეცრად კვლავ ჩანან მარველი, კნიაზკურკა თურქესტანიშვილი და ექიმი ქიქოძე: ცხენებზე ამხედრებულნი მიჰქრიან ალბათ დიღმის ველისკენ. როგორცა სჩანს, მარველიამ დროს საბოლოოდ ფხიზლდება იმ გაუგონარ სიმთვრალიდან, ღამით რომ მოედო და ეკითხება თავის მეგობრებს:
- ვინ შემსვა ცხენზე? ვისი ცხენია ესა?
- ნათხოვარი გვაქს, - პირქუშად პასუხობს ექიმი ქიქოძე, კურკა კი უსიტყვოდ მიაჭენებს წინ.
- შენ... იყავი ჩვენთან ერთად?
- არა, - პასუხობს ექიმი ქიქოძე. - მაგრამ
შენ დამნიშნე სეკუნდანტად და ერთი საათის წინათ გამაღვიძეთ.
- მე მაქვს დუელი? ვისთან?
აქ კურკა შეაყენებს ცხენს და არცთუ უდარდელად ამბობს:
მომაყოლო. შენც იქ იყავი და დაგეხსომებინა. ახლა მივალთ და ისინიც არ იქნებიან შორს. თითები ამოძრავე, ხელები გაითბე. რა იცი, რა მოხდეს, ხმალში ჩხუბი ძნელია.
- ხმალშიო?
- მაშ, ხმალი მოითხოვე...
რაღა თქმა უნდა, დიდი გაუგებრობაა იმ დროის ტფილისში დუელი, თან ხმალში და თან დიღმის ველზე. აქ დუელები, ჩვეულებრივ, ბოლომდი არ მიდიდოდა, მორიგებით და შერიგებით თავდებოდა. და არც კაპ.საგინოვმა მიიყვანაბოლომდი ეს საქმე: გადარეულმა ყიჟინამ,კივილმა, საიდანღაც გამოვარდნილმა ცხრაცხენოსანმა, - რაც მეტად ჰგავდა მთიელთა ძველებურ თავდასხმას, როცა ისინი ქართველების მოსატაცებლად შემოშლიგინდებოდნენ ხოლმე ჩვენსა, - ჩაშალა დუელი. მაგრამ ესენიმთიელები არ იყვნენ. თითო მოხდენილმა კომბალმა ცხენიდან ჩამოაგდო თავადი კურკადა ექიმი ქიქოძე, რომლებიც დარეტიანებულები დაეყარნენ მიწაზე, მარველისთვის კი კომბალიარავის დაურტყამს, უსწრაფესად წამოაფარესთავზე ტომარა, ფერდში ხანჯალი მიაჭირეს დაცხენიდან ცხენზე გადაათრიეს. პატარძალსავითმომიტაცეს, გაიფიქრა მარველმა. <...>
<...> თამარა მამიდას კი ასეთი ჩვევა ჰქონდა: საუზმის თუ სადილის შემდეგ, ის დიდხანს რჩებოდა მაგიდასთან, მყუდროდ დამჯდარი, მაგიდაზე მკერდჩამოდებული და ჩასცქეროდა ხოლმე ცარიელ ფინჯანს, რომელსაც კურდღლები ეხატა.
ამ დროს ის პურის ნამცეცებს კრეფდა ლანგრიდანდა თითებით აწვალებდა, ისე და იმდენხანს, რომ პატარა ბურთულები გამოსდიოდადა ამ ბურთულებს, ისე, რომ არც დახედავდა,თავისი ფინჯნის გვერდით ჩაამწკრივებდა ხოლმე.ათი-თხუთმეტი მოგროვდებოდა და ერთისული მქონდა, ხელი მეტაცა ამათთვის, მაგრამ სანამ თამარა მამიდა არ წამოდგებოდა, ვერმოვახერხებდი, მერე კი ბებიაჩემი მიშლიდა.
ამიტომაც, კარგად მახსოვს თამარა მამიდას თითები, ისინიც კარგა ჩაფუმფულებულები, ოღონდაც არცთუ უშნო. ჩაფუმფულებული უშნო როგორ იქნებოდა?
იმ დროში, თამარა მამიდას ასაკისა და იერის ქალებს მანიკიური არასდროს ჰქონდათ და დიდად არც ბეჭდებითა და სამაჯურებით იმშვენებდნენ თითებსა და მაჯებს. კიდევ მეტი, თამარა მამიდას საერთოდ არ ჰქონდა სამკაულები. მხოლოდ, მარცხენა ხელის არათითზე ეკეთა ერთადერთი ბეჭედი, ოქროსი და ბრტყელი, ყოველგვარი თვლებისა და სხვა რთული მორთულობების გარეშე.
არ მენახა, რომ ბეჭედზე სიტყვა ყოფილიყო ამოტვიფრული.
2.
ჩვენი სახლი რვაოთახიანი აეგოთ, ხოლო ეზოში ვარდები და შეშის საწყობი იყო. ვარდები ორ მწკრივად, შეშის საწყობი კი სულ ბოლოში, ნაძვის შორიახლოს.
ნაძვი ჩვენი მდგმურის, თებროლეს ვაჟის დარგული იყო და ყველანი ძალიან ვუფრთხილდებოდით, რადგან ვაჟი ადრევე გარდაცვლილიყო: დაღუპულიყო რაღაც სულელური შემთხვევისას.
ის ჩვენი მდგმურის ვაჟი ჩვენსავე უბნელ ძველ ქურდებს ყოფილიყო გადაკიდებული ა იმათ, საქმეებზე სიარულისას, შემტყობინებლად ეყენათ ხოლმე. რამდენჯერმე უნდა დაეჭირათ კიდეც, როგორც ყველაზე უპატრონო დამნაშავე და ბებიაჩემმა მამაჩემს ათხოვნინა ვიღაცეებზე და გადაარჩინეს, მერე კი რაღაც სამუშაოც უშოვეს, სტამბაში თუ სადღაც, სადაც დაიღუპა კიდეც: ფეხი დაუცდა და დიდ ჩარხს ჩამოარტყა საფეთქელი. ვინ იცის, ეგებ იმ ძველ ქურდებთან ყოფნა უკეთესად დაეცადა.
ჰოდა, მისი დარგული იყო ის ხე და მის ქვეშ ბებიაჩემმა კოხტა, ორადგილიანი სკამიც დადგა, სადაც ხან ვინ იჯდა და ხან - ვინ. ამ ნაძვის ხის გაყოლებაზე, სულ იასამნების ბუჩქები იყო.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პირველად სწორედ მაშინ შემეშინდა თამარა მამიდასი, როცა იმ ნაძვის ძირას, ბებიაჩემის კოხტა სკამზე მჯდომი და უცხვირსახოცოდ აქვითინებული ვნახე.
მე მხიარულად შევაბიჯე ბაღში. ეტობა, რაღაც უნდა გამეფუჭებინა.
ის კი აქვითინებული დამიხვდა.
ვერც შემამაჩნია. აი, ასე გავქვავდი და მერე, უკან გამოქცევა ვეღარ მოვიფიქრე: განზე ავუხვიე, ღობეს გავყევი და შეშის ფარდულში შევვარდი, რაც უარესი გამოდგა, რადგან იქედან მთლად ახლოში ჩანდა აქვითინებული თამარა მამიდა და მისი, მსოფლიოში ყველაზე მძიმე ფეხები.
მან ვერ შემამჩნია, რადგან ვერავის შეამჩნევდა დედამიწის ზურგზე.
როდის როდის წამოდგა და წალასლასდა სახლის უკანა კარისკენ, ასეთი უზარმაზარი.
მე მსწრაფლ ბებიას მოვახსენე, რომ თამარა მამიდა ბაღში ტიროდა. შემომიბღვირა და სიჩუმე მიბრძანა. თამარა მამიდა უკვე სულ სხვა ოთახში იყო, ჩვენ კი სამზარეულოში. საერთოდ, კიდევ, თამარა მამიდა იმ ჩვენი რვა ოთახიდან მხოლოდ სამში თუ შედიოდა. არა მხოლოდ საწოლ ოთახებს ერიდებოდა, არამედ ორ დიდ სასტუმრო ოთახსაც. სამზარეულო, შუშაბანდიდა პატარა ოთახი, სხვანაირად კაბინეტიც რომ დაერქმეოდა და რომელშიც იძინებდა ხოლმე ჩვენთან დარჩენისას: ამათ გარდა, სხვაგან არცკი შეიხედავდა.
3.
თამარა მამიდა მაშინ გავიცანი, როდესც ბაბაუაჩემი გარდაიცვალა. მანამდე თუ მენახა, აღარც კი ვიცი. <...>
<...>ეს ამბავი ბრაუნაუში დამემართა- როგორც ჰიტლერი იტყოდა, მდინარე ინის პირას, ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე. სადგურზე მოულოდნელად პოლიციამ დამაკავა, როგორცსაეჭვო იერის ახალგაზრდა კაცი. არ გამკვირვებია იმიტომ, რომ თორმეტი სექტემბერი იყო. ბრაუნაუ დახატული ქალაქია, ვერც იფიქრებ, რომ ჰიტლერი აქ დაიბადა. ჩემი პასპორტი კიდევ უფრო დააეჭვებდა პოლიციას - გეგონება ქართული პასპორტი იმიტომ არსებობს, რომ თავისუფალი ევროპის პოლიციელები დააეჭვოს, განსაკუთრებით გერმანულად მოლაპარაკენი. ბრაუნაუში არ არის ცათამბჯენები და დიდი თვითმფრინავები. ერთი დიდი თვითმფრინავის ჩრდილი, თუ ზემოდან გადაუფრენს, მთლიანად დაფარავს ქალაქს. მიუხედავად ამისა, მე მაინც დამაკავეს, რადგან წინა დღით ნიუ იორკში თვითმფრინავები შეასკდნენ ცათამბჯენებს.
ჰიტლერი ამბობს, რომ სიმბოლურად დაიბადა ბრაუნაუში, რათა ავსტრია და გერმანია საბოლოოდ გაეერთიანებინა. მე წაკითხული მაქვს რონალდ დალის ერთი მოთხრობა, სადაც აღწერილია,როგორ დაიბადა ჰიტლერი ბრაუნაუს ერთ-ერთ პატარა სასტუმროში. ამიტომ, პოლიციელებს ვუთხარი, რომ ჩემი პიესა ბერლინში უნდა დაიდგას, ბრაუნაუში კი იმიტომ ვარ, რომ ჰიტლერზე ვფიქრობ.
ჰიტლერის ხსენება დროული იყო, ისინი წამით დაიბნენ და წამით დაბნეულს დრო სჭირდება, რათა რიხი აღიდგინოს. მაინც წამიყვანეს პოლიციაში, სადაც საკანში არ შევუყვანივარ, ერთ სკამზე დამსვეს და ლოდინი მიბრძანეს. ჩემს გვერდით ერთი ხმელი და გაბრაზებული კაცი იჯდა, მთვრალი. ეცვა პროვინციელი ავსტრიელების საყვარელი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, დიდი წესრიგიანობით შეკრული და ბუტბუტებდა რაღაცეებს.
ძალიან დიდხანს ვიცდიდით. მე ერთ საათს, ეს მთვრალი - კიდევ მეტს. ამიტომ, ბევრი რამე გავიგეთ ერთმანეთზე. რაც გავუმხილეთ ერთმანეთს, საკმაო იყო. ძველი მოთხილამურე გამოდგა, უფრო ზუსტად, ტრამპლინიდან მხტომელი იყო და თურმე ნაკრებშიც კი მოხვედრილიყო, რაც მსოფლიოს ჩემპიონობის საშუალებას აძლევდა, მაგრამ სამარცხვინოდ დაეთხოვათ ნაკრებიდან და შეჯიბრებებში მონაწილეობაც აეკრძალათ. ბრაუნაუში რა უნდოდა, არ ვიცი, მაგრამ თურმე უღმერთოდ თვრებოდა და ასე მოფრინავდა ტრამპლინიდან. სხვანაირად არ შეეძლო. ამ სიმთვრალეს მწვრთნელებს უმალავდა, <...>
![]() |
16 ზამთრის ბედ აურა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სანდრო კაკულია
ილუსტრაცია: გიორგი მარი
ჩვენი ეზოს ახალგაზრდებიდან ზამთრის კურორტზე მხოლოდ ერთი - გიგილო იყო ნამყოფი. 93-ში, გაგანია ომის დროს, მამამისი ფრონტიდან დაბრუნდა: ძალიან დავიღალე, უნდა დავისვენოო.
აგვისტო იქნებოდა. ხოდა, გიგილოც ნიშნისმოგებით გვეტყოდა ხოლმე: “თქვე ტყიურებო, აზრზე არა ხართ, იქ რა მაგარია, სულ თოვლია და... საერთოდ, გიგილოს აზრების თავმოყრა და ერთ თემაზე კონცენტრირება უღირდა, ამიტომაც სულ ამ „და“-ზე ყოვნდებოდა და...
ჩვენც, სანამ ყმაწვილები ვიყავით, გიგილოს ჩვენზე ერთი თავით მაღლა მდგომად მივიჩნევდით. ის ხომ ისეთ ადგილას იყო ნამყოფი, რომელზეც ჩვენი წარმოდგენა მხოლოდ მისი ნაამბობით შემოიფარგლებოდა:
- აუ, აზრზე ხარ, გაგანია ზაფხულშიც კი თოვლი დევს...
იმ დროს, რაც ქვეყნიდან გაქცევა სხვისთვის ნატვრად ქცეულიყო, ისევე მაგრად გვინდოდა ჩვენ გუდაურში წასვლა თუ ასვლა.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სამზარეულოში ვსადილობდი. ფანჯრის მხარეს ვიჯექი, საიდანაც ჩემს საყვარელ ეზოს ვუცქერდი და ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, რომ მტვრიან ეზოში რაიმე სასიამოვნო აღმომეჩინა, რითაც ჭამისას თავს გავირთობდი, ვერაფერი ვიპოვე!
შიგადაშიგ, სომეხი მოხუცების ჯოგი ჩაივლიდა წინ („ჯოგი“ - სხვას ვერაფერს ვუწოდებ) ამომხედავდნენ, მერე ერთმანეთს გადახედავდნენ და თვალებით მწყევლიდნენ.
სახლის ფასადზე დედაჩემს ამობრუნებული ნალი ჰქონდა დაკიდებული. ამიტომაც, მშვიდად ვიყავი, ჩემს შუათითს ვუჩვენებდი და ნალზე ვანიშნებდი. მოკლედ, დაღვრემილი სახით, მადაწამხდარი, ალუმინის ჩანგლით ლობიოს ნახევრად უმ მარცვლებს ვჭყლეტდი; იმ ჩანგლით, რომელიც ბებიაჩემს საირმის რომელიღაც ბანაკიდან წამოუღია...
სამზარეულოში დედა შემოვიდა.
- დედა, რატომაა ლობიო უმი?
- რატომაა?
- ხოდა, მეც რომ არ ვიცი, მაგიტომ გეკითხები.
- დედი, მომისმინე, მაგას ჯობია, მკითხო: ვინ აღმოაჩინა ამერიკა? რა არის ეკვატორი? ვისი დედაქალაქია რომი...
ასე უყვარდა დედაჩემს თემის გადატანა და ჩემი ნერვების აშლა.
ამ დროს, მთელი ეზოს ბავშვები 8-9 წლისანი ვიყავით, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ამერიკის აღმოჩენას კოლუმბს მიაწერდნენ, ეკვატორი დედამიწას ორ ნაწილად ჰყოფს და რომი ვინმეს დედაქალაქი კი არა, იტალიისაა:
- დედა, ვისი კი არა რისი!
- მაგის თქმას, ჯობია.... და დაიწყო ისევ თემის გადატანა, მე კი მისი ხმა ნელ-ნელა დაგუდულად მესმოდა და თავში მხოლოდ ერთი რამ - გუდაური მიტრიალებდა.
ვფიქრობდი მაშინ, როცა აქ მთელ ქალაქს 40 გრადუსიან სიცხეში სული ეხუთებოდა, - იქ, სადღაც, მთაში ყველაფერი თეთრი თოვლის ქვეშაა მოქცეული-მეთქი.
- რა უნდა, დედიკო, ივლისში თოვლს გუდაურში?
თურმე კი არ ვფიქრობდი, ხმამაღლა ვბოდავდი:
- აბა, როგორ არა?! არ იცი? იქ ახლა თოვლი დევს.
- საიდან მოიტანე? ვინ გითხრა?
- გიგილომ. შარშანწინ იყო... ამ დროს...
დედაჩემს, ცხოვრებაში პირველად შევნიშნე, რომ პატარის უაზრო ნათქვამზე დიდივით გაეღიმა:
- იტყუება ეგ შენი გიგილო, იქ თოვლი მხოლოდ ზამთრობითაა... რატომ არ ჭამ ლობიოს?
სანამ დედა ზამთრიდან ლობიოს სასარგებლო თვისებებზე გადახტებოდა, მე უკვე ეზოს შუაგულში ვიდექი და განგაშის ზარებს ვრეკავდი. ყველანი ჩემს გარშემო შემოიკრიბნენ (რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვები).
- რა იყო? რა მოხდა?
- გიგილომ მოგვატყუა, ამ დროს იქ თოვლი არ არის!
- სად?
მივხვდი, რომ გაუგებრად ვსაუბრობდი.
- სად და გუდაურში!
ამოვისუნთქე...
- ახლა რა უნდა ვქნათ?
- რა და, გიგილო ტყუილისათვის დასასჯელია!
- ხო, ხო... - აყვირდნენ ბავშვები.
როგორც ყოველთვის, დასჯის ფორმებსა თუ ხერხებს ერთმანეთს ასწრებდნენ. ზოგმა იქვე თეორიებიც კი შექმნა.
ზოგმა თქვა: ზამთრამდე მოვიცადოთ, აქაც მოთოვს და მერე თოვლში გავგუდოთო, ზოგმა - დავიჭიროთ და თეთრად გადავღებოთ, დაე, მუდამ თოვლისფერი იყოსო! ზოგმაც სახურავზე, მზის ქვეშ დავაგდოთ - დადნეს, როგორც თოვლიო!
მოკლედ, ბევრი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გიგილო, უბრალოდ, გვეცემა. თან, ვიცოდით, რომ ახლა სახლში სიცხიანი იწვა. ჩვენი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, მისი სახლიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო. ამიტომაც, სახლში შესაღწევად, მისი ავადმყოფობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ და...
სანამ ეზოში ავიდოდით, წამლებისა და ტკბილეულის საყიდლად მეზობლებს ფული დავადებინეთ. ზოგმა კარი ცხვირწინ მოგვიხურა, ზოგმაც საერთოდ არ გაგვიღო:
- ვიცით, რისთვისც მოხვედით, კაპიკს არ მოგცემთ, მკვლელებოო! - კარის უკნიდან ჩვენი მომსმენი და დამსმენი მეზობლების შეძახილები ისმოდა. მხოლოდ ლოთმა თემურამ გვაჩუქა მორჩენილი არაყი, თავისივე ბოთლით.
კარი გიგილოს კეთილმა დედიკომ გაგვიღო.
ნანო დეიდამ, რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო... გაგვიღიმა და სახლში შეგვიძღვა. ჩვენც გავუღიმეთ, დაახლოებით მისი, ან მისთვის მოსაწონი გამომეტყველება მივიღეთ და ოთახში შევედით, სადაც გიგილო იწვა.
რა იცოდა დედამ, ვის უშვებდა საკუთარ, ტკბილი სიტყვით გაზრდილ, მატყუარა შვილთან!
გიგილომ, რომელიც უკვე მიცვალებულს ჰგავდა, ლოგინიდან თავი ოდნავ წამოწია. ჩვენ რომ დაგვინახა, ჯერ გაიღიმა, შემდეგ კი მიხვდა, რაშიც იყო საქმე.
საერთოდ ასე იყო: თუ ეზოს ყველა ბავშვი, მთელი შემადგენლობით, სახლში გესტუმრებოდა, თანაც ავადმყოფობისას, - ეს მხოლოდ ცუდის მომასწავებელი იყო... ჩვენ იმხანად ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა.
ნანო დეიდამ - ბავშვებო, ახლა მე გავედი, აბა თქვენ იცითო, - და გავიდა. გიგილოს უნდოდა ეყვირა ან, უარეს შემთხვევაში, დედა არ გაეშვა. მას ხომ ახლა აღარაფერი უშველიდა! მიხვდა, რომ მისი წუთები დათვლილი იყო:
- რატომ მოხვედით?
- მოგვენატრე... - ბოროტულად იხუმრა სქელმა დათომ.
- აუფ, კარგი რა, მე რაღას მატყუებთ? ჩვენ არ ვიყავით, ერთად რომ ვესტუმრეთ გვანცას? მაშინ მეც ზუსტად ეგეთი სახე მქონდა, როგორიც ახლა გაქვთ. თქვენ...
- გვანცაც, შენნაირად, ღირსი იყო! (ცნობისათვის: გვანცამ, ჩვენმა მეზობელმა გოგომ, სხვა უბნელ ბიჭს, რომელმაც სახლამდე მოაცილა, ეზოს ჭიშკართან ტუჩებში აკოცა. ჩვენ კი, ეზოს შერცხვენისა და ქალის იდეალის წახდენისთვის, პირი ამოვუკერეთ!)
- მითხარით, რა გინდათ? - ძლივს ლუღლუღებდა და ცივი ოფლი ასხამდა.
- მატყუარა ხარ, გიგილო! ზაფხულში გუდაურში თოვლი არ დევს...
- აუფ!.. - ერთი ეს მოასწრო, რის შემდეგაც სქელმა დათომ ხელ-ფეხი გაუკავა, დანარჩენებმა კი თემურას ნაჩუქარი არაყი, ძალით გაღებულ პირში ჩავასხით. დათვრა. გაბრუებულს, შიშველ სხეულზე იქვე დაგდებული ძმრიანი ტილო სულ ნეკნებში ვურტყით.
პერიოდულად ბალიშს ვაფარებდით და გალურჯებამდე ვგუდავდით... მერე ვიღებდით და... ასე რამდენჯერმე.
მახსოვს მისი ხროტინი და სხეულის უაზრო, ნახევრად მკვდრის მოძრაობები.
20 წუთი ვაწამეთ მატყუარა გიგილო. ხან ვკლავდით, ხან ვაცოცხლებდით...
წამოვედით. ნანო დეიდამ ისევ ჩვეული კეთილშობილებით გამოგვაცილა და მადლობაც გადაგვიხადა.
„ნეტავ იცოდე, რისთვის გვეუბნები მადლობას“ - გავიფიქრე და....
გარეთ გამოსულებს, გზად ხელოვნებათმცოდნის შეშლილი კივილი დაგვეწია.
მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი გავიდა. რამდენიმე კი არა, ლამის მთელი ათწლეული. ზოგი 16-ის გახდა, ზოგიც 17-ის. მე, ასე, 16-17-ის ვიქნებოდი.
ზამთრის ერთ სუსხიან დღეს, მამაჩემის სოფლელ-შორეული სტუმარი ქალი გვესტუმრა.
ამ ქართულად მოსუქებულ, ლოყებზე კაპილარებდამსკდარ, როხროხა (კიდევ კარგი, ზორბას არ ვამბობ) ქალბატონს, რომელსაც, რაც თავი მახსოვს, სულ ერთი შავი ყელიანი სვიტერი, იმავე ფერის განიერი, კოჭებამდე კაბა და შავი ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელი აცვია - კუსაია ჰქვია.
კუსაია წელიწადის დროებად დაყოფის გავრცელებულ თეორიას ემხრობოდა და ამბობდა, რომ სოფლელი ნათესავი ქალაქში წელიწადში ოთხჯერ მაინც უნდა ჩამოვიდესო.
ჰოდა, ასე იყო: მარტი, ივლისი, ოქტომბერი და იანვარი, ახალი წლის შემდეგ.
მამაჩემი ამბობდა, რაჩემფეხებად მჭირდება მაგის დამპალი ნარჩენები იანვარში? ახალ წლამდე მოიტანოს, თუ უნდაო.
პირში ვერაფერს ეუბნებოდა, ზურგს უკან კი...
როცა კუსაია ჩვენთანაა, მე სულ ეზოში ვარ და მოხუცებს ინგლისურად ვაგინებ!
ამ მძიმე ქალბატონს თავი საკუთარ სახლში ჰგონია ხოლმე და „ქალაქური არდადეგების“ დროს, მთელს ოჯახს პროვინციულ ტერორში გვამყოფებს!
დილით ყველაზე ადრე ეგ დგება, 7 საათზე და ტელევიზორს ბოლო ხმაზე რთავს, ძალით! შემდეგ დედა დგება, რომელიც სტუმრის თავის მოსაწონად, იმწუთასვე სამზარეულოში შერბის და საჭმლის მომზადებას იწყებს.
სოფლელი ქალბატონი დედას უჟმური სახით ხვდება და არც ესალმება. დედას ეშინია კუსაიასი! მამას მოჩვენებითი პატივისცემა აბრკოლებს: „რას იტყოდა საწყალი დედაჩემიო“. ხოდა, რომ იტყოდა და ახლა ვერაფერს იტყვის, მაგიტომ უნდა მოუნგრიო ეგ სახე! - მინდა ვუთხრა, მაგრამ მეშინია, პირიქით არ მოხდეს. მამას არ უყვარს ჩემთან კამათი.
ერთხელაც, ეზოდან სახლში გამგელებული ავვარდი. შესვლითანავე ვიგრძენი, რომ გაზქურაზე რაღაც უნდა მდგარიყო. სადილს ჩემთან ყოველთვის დედა ამზადებს, თუმცა ამ დღეს სამზარეულოში დედას მაგივრად, კუსაია დამხვდა:
- აბა, რა შობი, მომიყევი.
- აუუ, აღარ მშია... - დავიჯღანე და გასვლა დავაპირე.
- სა მიხვალ?
- ეზოში.
- ეზოდან არ მოდიხარ?
- ხო და ახლა ისევ ეზოში...
- დაჯექი აქ! - მხარზე თავისი ორფუთიანი ხელის მტევანი დამაჭირა და სკამზე დამსვა, უფრო სწორად, დამამიწა.
- ჭამე, რაც არის, თორემ მოგცხებ ალიყურს!...
იმ დროს არ ვიცოდი ალიყურის მნიშვნელობა. სიტყვა ჟღერადობით უფრო ცუდ რამეს მივამსგავსე და ოთახიდან გავვარდი:
- დედა, კუსაიამ შემაგინა.
- რას ამბობ, დედი, საიდან მოიტანე?
- ეე, გეუბნები შემაგინა-მეთქი...
დედაჩემს, რომელსაც კუსაიასი ძალიან ეშინოდა, ჩემი სიტყვების შემდეგ, ეტყობა უფრო მაგრად შეეშინდა და აბაზანაში შევარდა.
ვიცოდი, ჯერ ნიჩაბს ჩაირტყამდა, შემდეგ კი იბანავებდა. ისევ გარეთ გავედი.
- ბიჭებო, კუსაიას რაღაც უნდა მოვუხერხოთ, დამეხმარეთ რა...
მოვიფიქრეთ გზა ხსნისაკენ და აი, რა:
- კუსაია დეიდაა!
- რომელი ხარ? - იმ ოთახის კარს, სადაც ეძინა, ყოველთვის შიგნიდან კეტავდა.
- მე ვარ.
- რა გინდა?
- რას აკეთებთ? გძინავთ?
- რა შენი საქმეა?...
- კუსაია დეიდა, თქვენებმა დარეკეს სოფლიდან... უცბად კარი გაიღო:
- მერე რაო? - იმხელაზე იყვირა, რომ იქვე, კუთხეში გული ამერია.
- ოო, როგორი სუსტი ხარ, მამაშენივით ჩია კაცი ხარ... ქალის ხმაზე გული გერევა
- არა, არა, რას ამბობთ. ეს მე თქვენს ხმაზე მერევა გული, თორემ ისე...
- გაჩუმდი! რა თქვეს ჩემებმა?
- რა და, ვიღაც მეზობელი მოგკვდომიათ.
- რაიოო?
აუფ... კიდევ მერევა.
- დედაააა!
- კუსაია დეიდა, ნუ ყვირით.
- დედუუუ! - ყვიროდა კუსაია.
იმ დღეს პირღებინებით გავსკდი. მეორე დილით, სამი კილო დავიკელი. თუმცა, მაინც კარგ ხასიათზე ავდექი. კუსაია, წესით, უკვე სოფელში უნდა დაბრუნებულიყო.
მის ოთახში შევიხედე. გავიღიმე. მერე სამზარეულოში, იქაც გავიღიმე.
სასწრაფოდ ვისაუზმე და ეზოში გავედი:
- ე, გამოვიდა! - უკვე კიბეზევე მიმწყევლეს მოხუცებმა.
- მალე ეგ წყევლა უკან მოგიბრუნდებათ! - ისევ ნალზე და შუათითზე მივანიშნე.
ბავშვები ლოთ თემურასთან ვსვამდით, როცა დედაჩემმა დამიძახა:
- რატომ მოატყუე კუსაია, რა გინდოდა?
რა უნდა მეთქვა? მხრები ავიჩეჩე. „საწყალმა ძალიან ინერვიულაო“.
- როგორ გაიგო?
- უკვე ბარგს აწყობდა, როცა სოფლიდან მართლა დარეკეს.
- ახლა სად არის?
- ბაზარში. მალე მოვა...
უცბად კუსაიასთან ერთად გატარებული მომავალი დღეები წარმოვიდგინე და კინაღამ გავგიჟდი. დედაჩემს საძინებლიდან ნიჩაბი წინასწარ გამოვუტანე და:
- დედა, მე გუდაურში მივდივარ...
მანაც წყნარად გამომართვა და...
შემდგომ დღეს, ეზოს ჭიშკართან შევხვდით ერთმანეთს და გუდაურისაკენ გავემგზავრეთ. ხუთნი ვიყავით.
წამოსვლის წინ, გიგილო კიდევ ვცემეთ. მოხუც მეზობლებს პირჯვარი გადავწერეთ, ლოთ თემურას არაყი გამოვართვით და... რამდენიმე საათში იქ ვიყავით. პირველად, თოვლიან მთაში!
სამარშრუტო ტაქსმა, როგორც შემდეგ გაირკვა, ცნობილ სასტუმროსთან ჩამოგვსვა. აზრზე არ ვიყავით, რა უნდა გვექნა. თან, მაგრად გვციოდა:
- რა ვქნათ? სად უნდა დავიძინოთ?
- აგერ, აქ...
სასტუმრომ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე თვით მთამ ან თოვლმა. ჩვენ არცერთი არ ვყოფილვართ მსგავს შენობაში:
- მოდი, ჩავიფიქროთ...
სქელმა დათომ მეზობელ მეოცნებეს თავში წამოარტყა.
- რა გნებავთ?
- სადმე ბარგის დაყრა და ჭამა.
- აა... ე.ი., ნომერი გნებავთ კვებით?
- არა, დეიდა, რად გვინდა ნომერი? ოთახი გვინდა, სადაც საწოლი და ელემენტარული პირობები გვექნება, თბილისიდან ვართ ჩამოსულები...
- რა გეტყობათ თქვენ თბილისელობის? - ჩაიბურტყუნა ქალმა და:
- ნუგზააარრ...
მოვიდა ნუგზარი. ორ წუთში კი გარეთ გაგვყარეს.
სქელი დათო იქაჩებოდა: “ახლა შევუვარდები იმ ქალს და თავს გავუხევო!”
- რა გინდა იმ ქალისგან? ნუგზართან მიდი, თუ კაცი ხარ!
- გვყავდა ერთი პროვოკატორიც.
- რამდენი გვაქვს ფული?
- ორმოცდაათი.
- გზის ფული?
- გზიანად ორმოცდაათი.
- რა ღირდა ნომერი?
- სამასი.
- თავს მოვიკლააავ! - ისტერიკაში ჩავარდა პროვოკატორი.
მეოცნებემ, მოდით მთაზე ავიდეთ, იქ დავსხდეთ და იქედან მთელ ქვეყანას გადმოვხედოთო... სიტყვა სახეში გარტყმულმა დათოს სქელმა ხელმა გააწყვეტინა.
ჩვენს წინ, ერთმანეთის მიყოლებით, უცხოური მანქანები ჩერდებოდნენ. წინ ახალგაზრდა, ჩვენზე 5-დან 10-წლამდე უფროსი ბიჭები, გვერდით მათი რჩეულები, უკან კი - რჩეულის მეგობრები. სიცილი, ხარხარი, შიგადაშიგ კივილიც, საფულეების ცაში და თავზე ერთდროული ყრა!
- ჩვენ ეგრე რატომ არ ვართ?
- კითხე მამაშენს!
ამ ყინვაში ასეთი ცივი პასუხი, გულზე უეცარი ჭვალის მიზეზი გახდა და საწყალი მეოცნებე თოვლში უგონოდ ჩაეფლო. პროვოკატორმა ყვირილი დაიწყო, ახლა ეს თუ აქ მოკვდა, ამ სასტუმროს ვუჩივლებთ და დიდ ფულს ვიშოვითო. რამდენიმე წამით ყველანი გავშეშდით - დიდ ფულზე ფიქრმა თურმე ასე იცის. ცოტა ხანში ჩემმა სქელმა მეზობელმა პროვოკატორს მუცელში წიხლი ჩაარტყა და ჩვენც უმალვე გამოვფხიზლდით. ძლივს მოვასულიერეთ.
თემურას ნაჩუქარი არაყი გავხსენით და იქვე, სასტუმროს წინ, თოვლში, ჯერ დავსხედით, შემდეგ უკვე ჩავწექით. დილით დაცვამ გაგვაღვიძა, თურმე შენობის წინ ყოფნაც აკრძალული ყოფილა. ჩვენ ჯერ კიდევ ნასვამები და მშივრები ვიყავით...
პროვოკატორი სასტუმროში შევუშვით და ვუთხარით, ჩვენი ჯიბისა და სტატუსის შესაბამისი სახლის ან ოთახის პოვნის გარეშე თუ გამოხვალ, აქვე ხევში ჩაგაგდებთ და შენებს ვეტყვით, რომ რუსი ცოლი მოიყვანა და ხაბაროვსკში წავიდა-თქო.
პროვოკატორის დედა რუსი იყო, მამამისს კიდევ ეშინოდა, ამანაც იგივე შეცდომა არ დაუშვას, არ დამღუპოსო. ამიტომაც, სახლიდან ყველა რუსული წიგნი გააქრო, სკოლაში მასწავლებელს შეუთანხმდა და, რუსულის მაგივრად, ინდურს ასწავლიდა. ამ კაცთან რუსი ქალის ხსენება, გინების ტოლფასი იყო! ამიტომაც შეაღებინა ირკუტსკელ მაშა დეიდას თმა შავად და ქართველ მანანად აქცია!
პროვოკატორი რამდენიმე წუთში მხნედ დაბრუნდა:
- აქვეა გერდა დეიდა. თურმე თავის სახლს აქირავებს... თან იაფად...
ორი საათის სიარულის შემდეგ, სიტყვა „აქვეა“ პროვოკატორს ლამის 1000-ჯერ გავამეორებინეთ. ძვირად დაუჯდა!
- რა ვიცი, ეგრე მითხრეს, აქვეაო...
სინამდვილეში გერდა დეიდას სახლი იქ აღმოვაჩინეთ, სადაც დიდი რკინის წარწერა დაბა ფასანაურში შესვლას გვატყობინებს. თანაც „დეიდა“ იმდენად გადაჭარბებული შეფასება აღმოჩნდა მომაკვდავი გერდასთვის, რომ ამ ცრუ ინფორმაციისათვის პროვოკატორმა, - აი, ახლა, რუს დედას გეფიცებით, მაგათ მართლა თუ არ ვუჩივლოო, - იყვირა.
მეოცნებემ, - ეჰ, ნეტავ შენი გეგმები ასრულდეს, იქნებ მართლა გავმდიდრდეთო...
სქელმა დათომ, - მაგათ მაგ ტყუილზე ამ გვამის დასამარხ ფულს თუ გამოვართმევთ, თორემ ჩვენ ვინ რას მოგვცემსო, - და გამწარებული პროვოკატორი კიბიდან დააგორა.
გერდას მივუახლოვდი. მისაღებ ოთახში, სავარძელში გაუნძრევლად იჯდა, მუხლებზე შალის საბანი ჰქონდა გადაფარებული, თვალები დახუჭული და ღრმად სუნთქავდა. მის ბებერ ფილტვებს შიგადაშიგ ხროტინიც მოჰყვებოდა.
- ალბათ სძინავს, უნდა გავაღვიძოთ...
- ქალბატონო გერდაა... - მეოცნებემ ნაზად წაიღიღინა, დათომ მას ხელი ჰკრა და მოხუცს ზედ ყურთან შესძახა. არაფერი. მასპინძელს წარბიც არ შეხრია.
გერდას მხარზე ხელი დავადე და მსუბუქად შევარხიე. ისევ არაფერი. პროვოკატორმა, ეგ ქალი ალბათ კომაშია, თავი გაანებთ. როცა იქნება, მოკვდება, მანამდე კი მოდით, ოთახებში განვთავსდეთო. სქელ დათოს მისი გალახვა უნდოდა, მაგრამ ამჯერად ხელი არ გაუნძრევია.
ჩვენ ორ ოთახში ორ-ორნი შევედით. ვიღაც გვაკლდა:
- ვინ გვაკლია? - ყველამ მხრები აიჩეჩა. რომ მოვდიოდით, ხუთნი ვიყავით. მერე სასტუმროსთანაც... გონების მცირედი დაძაბვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მეზობელი ვანიკო ჩვენთან აღარ იყო.
- ღამით ერთად არ ვსვამდით?
- ჰო, მაგრამ ახლა სად არის?
ვერაფრით გავიხსენეთ, თუმცა მალევე დაგვავიწყდა. ამის მიზეზი კი ჩვენი გამოფიტული კუჭები იყო. სახლის სამზარეულოში შევედით და თუნუქის ცარიელი ქვაბების მეტი, ვერაფერი აღმოვაჩინეთ:
- რა ვქნათ?
- გერდას ბაღი ექნება...
გავედით ბაღში:
- თოვლს თუ შევჭამთ. ეს ფული, რაც გვაქვს, აქ თუ დავხარჯეთ, უკან, თბილისში ვეღარ ჩავალთ.
- თუ არ შევჭამეთ და შიმშილით დავიხოცეთ, ისედაც ვერ მივდივართ!
რელსიდან გადმოგდებული ვაგონი შევნიშნეთ, წარწერით - „სასაუზმე“. შევედით და პირველი, რაც დავინახეთ, მძინარე შუახნის მამაკაცი იყო. ვაგონის ერთ ბოლოში, ალბათ, ნახევარი საუკუნის გამორთული დახლმაცივარი, მეორეში კი - საბურავები და მანქანის ნაწილები ეყარა.
- გამარჯობა.
მძინარე ფასანაურელმა უჟმურად ამოგვხედა.
პასუხს არ გვცემს!
- ახლა მე მაგას ნაღდად ვცემ! - სქელ დათოს თვალებში სისხლი ჩაუგუბდა.
- ცემ და მერე მთელი სოფელი ჩვენ გვცემს.
- გახსოვს ზაფხული?...
- რა იყო? - ფასანაურელმა ხმა ამოიღო და დათოს ენა ჩაუვარდა, უკან დაიხია და უდარდელი, უმანკო და უკონფლიქტო სახე მიიღო.
- დილა მშვიდობისა, ჩვენ თბილისელი სტუმრები ვართ... ძალზე მოხარული ვართ, რომ ჩვენი სამშობლოს ასეთ ლამაზ კუთხეს ვეწვიეთ და... - მეოცნებეს სიტყვა სასულეში გაეჩხირა, როცა კაცი ფეხზე წამოდგა და თავი ოდნავ დახარა, რათა ვაგონის ჭერისთვის არ აერტყა. პროვოკატორმა, - ეს ნაღდად გინესის რეკორდსმენი გახდება, ჩვენ წარვადგენთ და დიდ ფულს ვიშოვითო...
- ეს სასაუზმეა!
- ხოდა, ჩვენც გვშია, მაგიტომ შემოვედით.
მაგიდას მოსცილდა და დახლს მიუახლოვდა:
- აგერ, რაც დევს, ეგ არის...
ვიტრინის მიღმა ორი სოსისი, უმი ხორცი, რამდენიმე ხახვი, ხუთი კვერცხი და სამარილე დავინახეთ.
- რა არის ეს?! - მეოცნებემ თვალები დახუჭა.
- რა გინდა, შვილო? ბრმა ხარ? ვერ ხედავ, რაც დევს?
- ვერა! ხომ ხედავთ, რომ თვალები აქვს დახუჭული! - პროვოკატორმა მეგობარი დაიცვა.
- პური გააქვთ?
- კი.
- მოგვეცით სამი პური, ერთი კილო ხორცი და ხუთი კვერცხი.
- უკაცრავად, ეს ცხვრის ხორცი ხომ არ არის? - მეოცნებემ თვალები გაახილა.
- შენ რა, ცხვრის ხორცს არ ჭამ?
- არა.
- ხოო... - ცოტა ხანს ჩაფიქრდა, - არა, არ არის, ძროხისაა. ცხვრის ხორცს აქ რა უნდა?!
- კვერცხი ძველია?
- ამ წუთის დადებული!
- პური მოგვეცით რა, თუ შეიძლება, - მე ისევ პურს ვდარდობ.
დახლს ქვემოთ ხელი ჩაყო და ორი ქართული პური ამოიღო. ერთი ცალი ორად გატეხა, ჩვენს წინ დაყარა და ჩუმად დაითვალა:
- 20 ლარისაა!
მინდოდა მეკითხა, დედათქვენს შემთხვევით ლარისა ხომ არ ქვია-მეთქი, მაგრამ აღარ ვკითხე... ფულის დარდი მქონდა:
- 20 ლარი რა ამბავია?
- რა ამბავია და სიძვირეა!
პროვოკატორმა ძალები მოიკრიბა და დაიწყო:
- რა ღირს კვერცხი?
- თითო - ლარი!
- პური?
- ორი ლარი.
- ხორცი?
- ათი! 21-ისაა მაგრამ ოცს გახდევინებთ.
- რანაირად? ორ პურს სამად როგორ თვლით?
- აბა ორი პური? - რეკორდსმენმა პროვოკატორს ისე შეუბღვირა, რომ მეოცნებეს ორივე თვალი მწარედ აუთამაშდა.
- სამია! ვერ ხედავ, შვილო?
მაგრად გვატყუებდა. შიმშილმა თავები დაგვავიწყა, ვინ ჩიოდა, ერთიდან ორად გაჩენილ პურს ან ხუთ ლარად ნაყიდ ხუთ ცალ კვერცხს?! ფული გადავუხადეთ. არც მადლობა გვითქვამს და არც ნახამდის, ანდა რისთვის უნდა გვეთქვა?
სახლში დავბრუნდით და ის იყო გამხეცებულები ჭამას უნდა შევდგომოდით, რომ, ჩვენდა გასაოცრად, მოხუცი გერდა იქ აღარ დაგვხვდა, სადაც დავტოვეთ:
- ე, აქ არ იჯდა?
- აგერ, ამ სავარძელში.
- აბა კომაშიაო?
ერთ ჯგუფად შევიკარით... გერდა ალბათ ჩვენზე ნადირობდა!
მეოცნებე მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო, სქელმა დათომ მას წიხლი ამოარტყა და იქვე იატაკზე გააგორა. პროვოკატორმა, - აფსუს, კამერა როგორ არ გვაქვს, ახლა ხომ ფილმს გადავიღებდით და მერე ძვირად გავყიდდითო!
ერთ-ერთი საძინებლიდან კი ჭრიალის ხმა შემოგვესმა...
სქელმა დათომ ძირს დაგდებულ და შიშისგან მოკუნტულ მეოცნებეს გასძახა:
- ე, შენ ბარემ მანდ ხარ და მიდი, ნახე, რა ხდებაო... ის საცოდავი, ეტყობა, შოკში იყო და ყველანაირი შეწინააღმდეგების გარეშე, ოთახში შევიდა:
- აქ არის!
გერდა ოთახში იჯდა. თვალებდახუჭული, მუხლებზე ისევ ის შალი ჰქონდა წაფარებული.
- აქ როგორ მოხვდა?
- ალბათ გვატყუებს!
- გერდააა! - სქელმა დათომ გერდას წამოყენება სცადა...
რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ, რომ გათიშული მასპინძელი როგორმე გამოგვეფხიზლებინა, თავი გავანებეთ და მთელი ჩვენი ყურადღება კუჭის ამოვსებაზე გადავიტანეთ.
კვერცხები უკვე მოხარშული აღმოჩნდა, პურები ქვაზე მაგრები და ხორცი - ცხვრის. სქელმა დათომ იქედან მატყლის მთელი ბღუჯა ამოიღო:
- ნახე... - მეოცნებეს ზედ სახესთან მიუტანა და რამდენჯერმე ცხვირწინ აუთამაშა, რაზეც ამ უკანასკნელს ნერვიულობისაგან ცხვირიდან სისხლი წასკდა და ბეტონის იატაკზე დაენარცხა. პროვოკატორმა, - ყველა რუს დედას ვფიცავარ, მთელ ამ რაიონს თუ არ ვუჩივლო და მწარედ არ ვანანოო...
დაღამდა.
გადავწყვიტეთ, რომ ოთახიდან ოთახში გერდას მოგზაურობისგან თავდაცვის მიზნით, ყველას ერთ ოთახში დაგვეძინა. ასეც მოვიქეცით.
სანამ დაგვეძინებოდა, ვისაუბრეთ:
პროვოკატორი: - რისთვის ჩამოვედით?
სქელი დათო: - გაჩუმდი, მეძინება!
მე: - წესით, გუდაურში დასასვენებლად, სასრიალოდ და...
მეოცნებე: - ნამდვილი იდიოტები ვართ...
სქელი დათო: - ვართ კი არა, ხარ!
მეოცნებე: - შენ ნამდვილად ხარ!
სქელი დათო: - გაჩუმდი, თორემ ავდგები და გერდასთან გაგსვამ ოთახში.
ხმა აღარ ამოუღია... მალე ყველას ჩაგვეძინა. მეორე დღისთვის ისევ გუდაურში ასვლა გადავწყვიტეთ. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ ღამით ყველას სწორედ ეს კურორტი დაგვსიზმრებია... იმ ძვირფას სასტუმროში, ცალ-ცალკე ნომერში, ხალათმოცმულნი... ფოიეში მომსახურე პერსონალი, რომელიც ფეხქვეშ გვეგებოდა... გარეთ, სადგომზე, ჩვენი ძვირადღირებული მანქანები და გოგონები... ისინიც სადგომზე (?!). მოკლედ, ეს საოცნებო სიზმრები ისევ მეოცნებეს განწირულმა ხმამ დაგვიმსხვრია:
- მიშველეეთ! ვაიმეე! ააა! - ყვიროდა და ისტერიულად ერთ ადგილას დახტოდა. ყველანი ფეხზე წამოვხტით.
- რა იყო? რა მოხდა? რა მოგივიდა?
- გერდა! გერდა! იქ გერდა ზის! - სანთებელა ავანთე და იმ კუთხისკენ მივბრუნდი, საითკენაც ჩვენი „გაჭაღარავებული“ მეოცნებე იშვერდა ხელს. მისი საწოლის თავთან გერდა იჯდა! თვალებდახუჭული, გაშეშებული, მუხლებზე შალგადაფარებული.
სქელმა დათომ, დაბნეულობისგან, პროვოკატორს სახეში ხელი გაარტყა და პირდაპირ გერდას ჩაუგდო ფეხებში. თვითონ კი გარეთ გავარდა და გუნდაობა დაიწყო...
პროვოკატორს შიშისგან გული წაუვიდა და აღარც განძრეულა. მეოცნებე სამზარეულოში გავარდა და დარჩენილი უმი ცხვრის ხორცის ჭამა დაიწყო. თან ყვიროდა და უაზრო მოძრაობებს აკეთებდა. მე ადგილიდან ფეხი ვერ მოვიცვალე, სანთებელა ხელებში მადნებოდა, ხოლო როცა სიმწარე ძვლამდე ვიგრძენი, გერდას ვესროლე და ფეხებთან ავუფეთქე. პროვოკატორი აზრზე მოვიდა, ჩვენ კი, სულ მალე, კივილ-კივილით სახლიდან გამოვვარდით და გონებადაკარგულები, თოვლიან გზას გავუდექით. გამთენიისას, სამარშრუტო ტაქსით ქალაქში ნერვიული ტიკებით დავბრუნდით.
სქელი დათო გუნდებს აკეთებდა. პროვოკატორი თვალებს და პირს ერთნაირად ამოძრავებდა. მეოცნებეს ეგონა, რომ მატყლს ჩეჩავდა. მე კი გამუდმებით სანთებელას ვანთებდი...
ეზოში შესულებს, მოხუცმა მეზობლებმა შუათითები გვიჩვენეს და სამ ენაზე მაგრად მიგვაწყევლეს. სახლში ავედი. დედა დივანზე იწვა და ნიჩბით სახეს ინიავებდა. რომ დამინახა, ეგრევე ჩაირტყა და სააბაზანოში შევარდა! სამზარეულოდან კი დოინჯშემორტყმული კუსაია გამოჩნდა:
- პატარა დემონო, ჩამეხვედი, არა?!
- არა! - თავი გავაქნიე.
- მოი აქ, უნდა მოგცხო ალიყური!
იატაკის ჯოხი ჩემს დანევროზებულ თავზე გადატყდა. ხმაურზე ოთახიდან მამა გამოვარდა და კუსაიას სახე მუშტით გაუნგრია:
- აბა, ახლა დავაი ჩემი სახლიდან და ქალაქიდანო!...
ზამთრის არდადეგები მიიწურა...
სწავლა დაიწყო და რამდენიმე კვირაში, გუდაურული ამბები და მოჩვენებადქცეული გერდა დეიდა ყველას დაგვავიწყდა. წინ ბევრად უფრო საინტერესო - სკოლაში სწავლის ბოლო სემესტრი გველოდებოდა...
1 მაისი, 2005 წელი
![]() |
17 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
მესამე ნაწილი 1974 / 75
გიორგი გვახარია
ტესტოსტერონი
ძალიანაც ცდებით, თუ გგონიათ, რომ ხალხი კინოთეატრში ყოველთვის კინოს სანახავად მიდის. ასე რომ იყოს, ზოგიერთი რეჟისორი ჩაბნელებულ კინოდარბაზს „გაცნობის კლუბად“ არ გადააქცევდა. აი, როგორც გოდარი, მაგალითად. ან ფრანსუა ტრიუფო. ალმოდოვარზე აღარაფერს ვამბობ; მის „მატადორში“, მაგალითად, სისხლიანი სასიყვარულო კორიდა მას შემდეგ ჩაისახება, რაც სასოწარკვეთილი საყვარლები ერთმანეთს კინოთეატრში გაიცნობენ; გრეგორი პეკისა და ჯენიფერ ჯონსის უმანკო ამბორზე ისე აღიგზნებიან, რომ ვნებისგან თავბრუ დაეხვევათ და კინოთეატრის ტულეტში ჩაიკეტებიან.
ეკრანზე, კინგ ვიდორის სურათში „დუელი მზეზე“, სასიკვდილოდ დაჭრილი შეყვარებულები, მარია და დიეგო ერთმანეთს უკანასკნელ ამბორს ჩუქნიან (დიეგო: „მარია, გინდა მნახო როგორ ვკვდები?“. მარია: „კი, საყვარელო“). აქ კი, მადრიდის კინოდარბაზში, ასევე დიეგო და ასევე მარია, ოღონდაც „რეალში“, მხოლოდ ახლა იწყებენ სასიყვარულო ქვესკნელის ოღრო-ჩოღრო გზაზე სიარულს.
მარიას და დიეგოს ბედმა გაუღიმა. ვინ წავიდოდა 80-იანი წლების ფერად მადრიდში, სადაც ჯერ კიდევ გენერალი ფრანკოს რეჟიმის დამხობას ზეიმობდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაღებული შავ-თეთრი ამერიკული ფილმის სანახავად? „მატადორში“ კინოდარბაზიც ცარიელია და კინოთეატრის ტუალეტიც.
აი, 70-იანი წლების კიკეთში კი საზაფხულო, ღია კინო-თეატრი არასდროს იყო ცარიელი. თუმცა ხალხი არც აქ დადიოდა კინოს სანახავად. ტესტოსტერონის მოზღვავებას უკვე კარგად დასვენებული და გამოძინებული ქართველობა აქაც ვერ უმკლავდებოდა. და აბა სად უნდა დაცლილიყო ვნებებისგან, თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე? ასეთი ადგილი კი 1974 წლის ზაფხულის კიკეთში მხოლოდ და მხოლოდ მინდორში მოწყობილი კინო იყო.
ტესტოსტერონს „გამარჯვების ჰორმონს“ უწოდებენ. სისხლში მისი შემცველობა იზრდება, როცა ადამიანი გამარჯვებას აღწევს. ტრიუმფის გრძნობა ქმნის კმაყოფილების განცდას, კაცშიც და ქალშიც. ამიტომაცაა, რომ პუბლიკა (ყოველთვის და ყველგან უკმაყოფილო), როგორც წესი, რაღაც ფიზიოლოგიურ სიამოვნებას განიცდის „ჰეპი-ენდებზე“. ორი საათი თანაუგრძნობ რომელიმე გლადიატორს, მერე კი, ფინალში გგონია, რომ შენ მიაღწიე გამარჯვებას. ფინალურ კადრებზე უკვე ჰორმონები გაწვება და პირველივე შემხვედრს გინდა დაუმტკიცო, როგორი მაგარი ბიჭი (ან გოგო) ხარ.
1974 წლის კიკეთში ასეთი ჰეპი-ენდები არავის ჭირდებოდა. პრინციპში, არც ჰქონდა მნიშვნელობა, რას უჩვენებდა კიკეთის მექანიკოსი იურა. ყველა ისედაც გამარჯვებულად გრძნობდა თავს; უმრავლესობას აქ საკუთარი აგარაკი ჰქონდა, და მიუხედავად იმისა, რომ „პროტექციონიზმთან ბრძოლის“ ამ ეტაპზე (1974 წელს საგანგებო დადგენილებაც კი გამოვიდა) ხალხს ცხვარიჭამიასა და წყნეთში ნაკვეთები ჩამოართვეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მონაცემით, 72-74 წლებში საქართველოში 25 000 ადამიანი დააპატიმრეს, მოხერხებულმა ქართველებმა ადვილად გადაუფორმეს სახლები თავიანთ აკადემიკოს ნათესავებს და ახლა კიკეთში ისვენებდნენ. უფრო სწორად, ვისვენებდით. პროფესორებისა და აკადემიკოსების შვილიშვილები.
ჩვენ, ვინც წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში, ტესტოსტერონის მოზღვავებას ორმაგად ვგრძნობდით. მე, ალბათ, სამმაგად, რადგან ოქროს მედალოსანს, აკადემიაში მოსაწყობად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება დამჭირდა. ივლისში ყველაზე სწრაფად დავწერე ეგრეთ წოდებული „რეფერატი“ დელაკრუას სურათზე „მაროკოელი, რომელიც ცხენს ხედნის“ და ყველაზე პრესტიჟულ, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ყველაზე პირველი მოვეწყვე.
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ითვლებოდა „მცოდნეობის“ სპეციალობა პრესტიჟულად შევარდნაძე-ბრეჟნევის ეპოქის საქართველოში. შესაძლებელია, ქართველები მართლაც ჭკუას ვკარგავთ რაღაცის ან ვიღაცის შეფასება-გასამართლებაზე? იმხანად, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა „ძაღლობას“ ნიშნავდა, სხვისი განკითხვისა და განსჯის საუკეთესო საშუალება „მცოდნეობა“ და „კრიტიკოსობა“ გახდა. ეს პროფესია საშუალებას გაძლევდა, შური გეძია ყველაზე, ვინც ოდესმე გატკინა გული და სიყვარული აგეხსნა იმისთვის, ვისაც მიუწვდომლად მიიჩნევდი. მე, რა თქმა უნდა, იმის ნაცვლად, რომ დელაკრუას ცხენებზე მეწერა, მერჩივნა თმაგაჩეჩილი ანა მანიანისთვის ამეხსნა სიყვარული (1974 წლის ზაფხულში, მანიანის გარდაცვალების წლისთვაზე, ცენტრალურმა ტელევიზიამ უჩვენა მისი უკანასკნელი ფილმი „სამი ქალი“, საოცრება, რომლის ერთ ნოველაში „რომის დედა“ ომში დაჭრილ და დასახიჩრებულ ჯარისკაცებს უმღერის და სიმღერის დროს ტირილს იწყებს. ამბობენ, რომ ტირილი სცენარით არ იყო განსაზღვრული - უბრალოდ, ანას ის ხალხი გაახსენდა, ვინც ცხოვრება დაუნგრია), მაგრამ ხომ გაცნობეთ უკვე - თეატრალურში არ გამიშვეს. არც სარეჟისოროზე, არც კინომცოდნეობაზე.
არადა, როგორ მშურდა დათო დათუაშვილის, ჩემი კიკეთელი მეგობრის, რომელიც იმხანად კინომცოდნეობის ფაკულტეტზე მესამე კურსზე გადავიდა. დილით გამომივლიდა ხოლმე კინოჟურნალებით ხელში და სასეირნოდ მეპატიჟებოდა. ერთი ადგილი ავიჩემეთ ორივემ - მინდორი, სადაც 1948 წელს გათხრები უწარმოებიათ. მოგვიანებით ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში დაწერეს კიდეც, რომ აქ ჩატარებული ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილ სამარხში „მიცვალებულები ესვენა თავით ჩრდილოეთისკენ, ძლიერ მოკრუნჩხულ პოზაში. ქალები - მარცხენა გვერდზე, მამაკაცები - მარჯვენაზე“.
ჰოდა, ასე გავშლიდით ხოლმე ფარდაგს ყოფილ სამარხზე და „ძლიერ მოკრუნჩხულ პოზაში“ კინოზე ვსაუბრობდით. დათოს იმხანად ახლად აღმოცენებული პოლონური კინოს ეგრეთ წოდებული „მორალური თაობა“ უყვარდა. აღფრთოვანებული იყო „იყო შაშვი მგალობლით“, რომელსაც თბილისში ცარიელ დარბაზებში უჩვენებდნენ. ფარდაგზე მოკრუნჩხულები, ხან ჭიანჭველა რომ გვაჯდებოდა თავზე და ხან შავი ხოჭო, ცაში ვიყურებოდით და გია აღლაძეზე ვკამათობდით. ვინაა ეს კაცი? ქართველი, რომელსაც საქმის გაკეთება არ შეუძლია და ღმერთისგან ნაბოძებ ნიჭს სისულელეებში ხარჯავს, თუ ქართველი, რომელიც სწორედაც რომ ადამიანებთან ურთიერთობისთვის არის გაჩენილი?
მე - პირველ ვერსიას ვემხრობოდი, დათო - მეორეს. ეტყობა მაშინ გაიყო უკვე ჩვენი გზები. მოგვიანებით მის პროფესიაში გადავსახლდები და გოეთეს ფანი გავხდები. იმ გოეთესი, რომელიც ამბობდა, ყველაზე საშინელი ცოდვა ცუდად გაკეთებული საქმეაო. დათო კი - წმინდა მამებს აირჩევს, მეუფე დანიელი გახდება და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, სოხუმელ დევნილებთან ერთად, სვანეთის თოვლიან ბილიკებს გადმოივლის. მე - ინდივიდუალიზმის, პიროვნული თავისუფლებისა და მამა-გოეთეს „დივანის“ მხურვალე დამცველი გავხდები, მეუფე დანიელი კი დედა-ეკლესიისა. მე - შრომისა. ის კი - ლოცვისა. თუმცა ჩემს წარმოდგენაში მეუფე დანიელი ყოველთვის დარჩება დათო, რომელმაც 1979 წლის ზაფხულში, მოსკოვის კინოფესტივალზე, ფელინის „ორკესტრის რეპეტიციის“ დასრულების შემდეგ, სრულიად პარალიზებული ბიჭი, მხრებზე შემისვა და კინოთეატრ „უდარნიკიდან“ ტაქსის გაჩერებამდე ასე, ხელით მატარა. ძალიან რომ არ შემშინებოდა (შემოდგომაზე ოპერაცია მელოდა), ნინო როტას მელოდიას მიმღეროდა და მეხვეწებოდა, ამყევიო.
1974 წლის ზაფხულში დათომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ხდებოდა ქართულ ეკლესიაში, როგორ გაქურდეს საპატრიარქო და როგორ გახდა ეს ამბავი ერთ-ერთი საბაბი ქვეყანაში „ადამიანის უფლებათა დამცველი საინიციატივო ჯგუფის“ შექმნისა; როგორ გავრცელდა „სამიზდატებში“ ინფორმაცია პატიმართა წამების შესახებ; როგორ ემზადებოდა ზვიად გამსახურდია „ოქროს საწმისის“ გამოსაცემად. ვსაუბრობდით ვასილი შუკშინზე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა მთელი ქვეყანა მის „წითელ ძახველზე“ ტიროდა და წარმოდგენა არ გვქონდა, რომ სწორედ იმ დროს, კიკეთის ცას რომ შევყურებდით და ჩვენს ოფლიან სხეულზე ჭიანჭველების მოძრაობას ვაკვირდებოდით, პოლ ალენმა და ბილ გეიტსმა „Micro-Soft“-ს ჩაუყარეს საფუძველი, მოსკოვში კი დისიდენტების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო - ქვეყანა დატოვა ვიქტორ ნეკრასოვმა - კაცმა, რომელმაც ემიგრაციამდე ცოტა ხნით ადრე, საოცარი წერილი გამოაქვეყნა „იყო შაშვი მგალობელზე“, სათაურით „იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ“; ანტისაბჭოთა მწერალმა, რომელიც დათოსი არ იყოს, იოსელიანს მიმართავდა: არა, ოთარ, ნუ ქილიკობ შენს გმირზე, შენ გიყვარს გია აღლაძეო.
მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მოსკოვში ჩემი საყვარელი მარკ შაგალის გამოფენა გაიხსნა და რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აუცილებლად უნდა მენახა ეს ექსპოზიცია. თანაც რა, არ დავიმსახურე? ყველაფერში გამარჯვებული ვიყავი და ხომ უნდა დამეხარჯა სადმე ტესტოსტერონი? მით უმეტეს, რომ ქართველი ბიჭები ამას, როგორც წესი, სწორედ მოსკოვში აკეთებდნენ.
შაგალის გამოფენის ამბავი პრესაში არ გახმაურებულა. ხელისუფლებას ჭყლეტის შეეშინდა და განგებ აურია ტვინი მხატვრის თაყვანისმცემლებს - ჯერ დაწერეს, გამოფენა ლენინგრადის „რუსულ მუზეუმში“ მოეწყობაო, მერე კი ექსპოზიცია „ტრეტიაკოვკაში“ გახსნეს.
შაგალის გამოფენის სანახავად მაინც წავიდოდი, რომ არა კიკეთის კინო, რომელიც ყველაფერთან ერთად, „საინფორმაციო საშუალების“ როლსაც ასრულებდა.
პრინციპში, ეს არც იყო ჩვეულებრივი კინოთეატრი. უფრო შემოღობილ ეზოს ჰგავდა, დიდი ეკრანითა და კინომექანიკოსის ჯიხურით, რომლის კედელზე მექანიკოსი იურა აფიშას აკრავდა ხოლმე. კიკეთის კინოს გრძელი ხის სკამები საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ზედმეტი ენერგიისგან გასათავისუფლებლად თუ არა, ამის ილუზიის შესაქმნელად მაინც... ახალგაზრდები კინოში ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ (ქართველებს გვიყვარს ჯგუფ-ჯგუფად სიარული), მერე ერთბაშად ორ რიგს იკავებდნენ, რათა ბიჭებს გოგოებისთვის „შეზლონგის“ მაგივრობა გაეწიათ. ზოგჯერ კითხულობდნენ კიდეც, ჩემი შეზლონგი დღეს ვინ იქნებაო. ხშირად გენდერული როლები იცვლებოდა და შეზლონგის როლს გოგოები თამაშობდნენ. ასეთ მდგომარეობაში, ცხადია, კინოს არავინ უყურებდა.
ნამდვილი შეზლონგებით აქ უფროსები დადიოდნენ; მშობლები, ბებიები, ბაბუები, მამიდები, ბიცოლები. ზოგჯერ მათ ახალგაზრდები ემსახურებოდნენ - მიაცილებდნენ ხოლმე ბებოს, კინოს ღობესთან სავარძალს ან სკამს უდგამდნენ, მერე კი რიგებს შორის იკავებდნენ ადგილს, რათა როგორმე შეხებოდნენ ერთმანეთს.
ერთხელ კინოში ჩემი ყურადღება უცნაურმა წყვილმა მიიპყრო. უფრო სწორად, სავარძელმა, რომელსაც მოათრევდა ახალგაზრდა, გრძელთმიანი ბიჭი, ძალიან გახეხილი ჯინსებით. ჭაღარათმიანი ქალი ახლდა. ასე, 50 წლისა. ქალი კოჭლობდა და განუწყვეტლივ, თითქმის დემონსტრატიულად ისწორებდა გულზე დაკიდებულ ჯვარს (აბსოლუტური ეგზოტიკა 70-იანი წლების საქართველოში!). საწყალი ბიჭი თან ორი ადამიანისთვის განკუთვნილ უზარმაზარ სარწეველას (შეიძლება ითქვას, „ტახტს“) მოათრევდა და თან ამ ქალბატონს გზას უკვალავდა. დიდხანს ეძებეს ღობესთან ადგილი და ბოლოს ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ.
მერე „ელვირა მადიგანიც“ დაიწყო. ყველამ ზეპირად ვიცოდით ეს შვედური ფილმი. იმხანად, საქართველოს ტელევიზია განუწყვეტლივ უჩვენებდა ბუ ვიდერბერგის სურათის იმ ფრაგმენტს, შეყვარებული ცხელი შოკოლადი 179 წყვილი პეპელას რომ დასდევს, მოცარტის 21-ე კონცერტის უკვე შლაგერადქცეული ანდანტეს ფონზე. განსაკუთრებით გაზაფხულზე უჩვენებდნენ, როცა ბუნება იღვიძებს და სიყვარული ყველას უნდა... არადა, ვისაც ახსოვს, როგორ მთავრდება ეს სურათი, როგორ იკლავენ თავს დეზერტირი ოფიცერი და ბაგირზე მოსიარულე ელვირა მადიგანი, დამეთანხმება, ალბათ, რომ ბუ ვიდერბერგს სულაც არ გადაუღია ნოსტალგიური სურათი. პირიქით, ბედნიერება აქ იმ პეპელას ჰგავს, რომელსაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია; მზით განათებული მდელოები, პოეტურფერწერული კადრები თავისი მოცარტით, ის ზღვარია, რომლის იქით უკუნეთია, წყვდიადია... აი, როგორც რენუართან (მხატვარ-მამასთან და კინორეჟისორ-შვილთან); ჯანმრთელობის კულტი, ხორციელი ცხოვრების სიყვარული იმდენად გაძლიერებულია, თითქმის არაბუნებრივი, რომ მაყურებელი ადვილად გრძნობს მოახლოებულ ტრაგედიას, აღელვებას, ნგრევას. მზის სხივების ძლიერი ნაკადი მაყურებლის დაბრმავებას იწყებს და სინათლე თავისთავად გადაიზრდება წყვდიადში.
როგორც შაგალთან.
„გვაყურებინეთ რა კინოს!“ - შესძახა გრძელთმიანმა ბიჭმა, როცა შუა რიგებში თვითმკვლელობის სცენაზე ხორხოცი ატეხეს.
„წადი, შე პიდარასტო!“ - დაიყვირა ვიღაცამ. გრძელთმიანმა მაშინვე იმ ქალბატონს შეხედა, გვერდზე რომ ეჯდა. ეტყობა აინტერესებდა, გაიგო თუ არა ქალმა ეს წამოძახება. არ შეიმჩნიეს. არადა, აშკარად გაიგეს. მე ხომ მათ გვერდით ვიყავი.
სეანსი რომ დასრულდა, ის „კამანდა“, შენიშვნაზე რომ ავარდა, ეზოში საქმის გასარჩევად მოემზადა. გარჩევები კიკეთის კინოში თითქმის ყოველი სეანსის დასრულების შემდეგ ეწყობოდა. „ზედა კიკეთელები“ „ქვედა კიკეთელებს“ ურტყამდნენ, ან, პირიქით. ზოგჯერ თბილისელები - ადგილობრივებს უბათქუნებდნენ, ზოგჯერ წყნეთიდან ამოსულ სტუმრებს, ზოგჯერ გოგოს ვერ იყოფდნენ. მაგრამ ერთ შენიშვნას, ერთ რეპლიკას რომ ჩხუბი გამოეწვია, მე არ მახსოვს.
სანამ წყვილი თავის დიდ სარწეველას გამოიტანდა, მე უკვე გარეთ ვიყავი. „კამანდას“ კარგად ვიცნობდი. ერთი მათგანი ჩემი მეზობელი იყო. „სამი მუშკეტერი“ უყვარდა ჩემსავით და ბავშვობაში „მუშკეტერობანას“ ვთამაშობდით კიდეც. ჩემი მეგობრები არიან, ვუთხარი, ეგ კოჭლი ქალი ნერვიულია და იმან დააძახებინა-მეთქი. კაი, ჯანდაბას თქვენი თავიო, თქვა და „კამანდა“ დაშალა. ეჭვი მაქვს, რომ იმ კოჭლმა ქალმა ყური მოკრა ჩვენს საუბარს. აბა, რატომ გამომეცნაურებოდა, როგორც კი გარეთ გამოვიდა?
„რა გქვიათ, ბიჭო-კეთილო?“... ხო, ზუსტად ასე თქვა, არქაულად.
„მე აკადემიაში ჩავაბარე!“
მერამდენედ მომივიდა იმ ზაფხულს ეს? გაცნობის დროს ყველას ახალ ამბავს ვატყობინებდი. მეგონა, სიცილს დაიწყებდნენ. მაგრამ მათი რეაქცია კიდევ უფრო უცნაური იყო.
„მართლა? ჯიმი უკვე მესამე კურსზეა აკადემიაში“
ასეთ სიტყვა-პასუხზე გამეცინებოდა, რომ არა სახელი „ჯიმი“. ეგრევე მივხვდი, რომ გრძელთმიანმა ყმაწვილმა ფსევდონიმი ჰენდრიქსის პატივსაცემად შეირქვა. საოცრად გავდა. ცოტა მანერული იყო, რაღაც ყალბად იღრიცებოდა და ნამდვილი ჯიმისგან განსხვავებით, თმა სწორი ჰქონდა. მაგრამ სახის ნაკვთებით თითქოს ჯიმის მამის, ჯეიმს ალ ჰენდრიქსის პირდაპირი მემკვიდრე იყო. დიდი სარწეველა ზუსტად ისე ეჭირა, როგორც ჯიმის - გიტარა. მარცხენა ხელით. ვიფიქრე, ამ შეჩვენებულს, ჯიმი ჰენდრიქსი თუ უყვარს, დედამისთან ერთად რას დადის კინოში-მეთქი. აღმოჩნდა, რომ შევცდი. კოჭლი ქალი - მამიდა აღმოჩნდა
ჯიმი ხმას თითქმის არ იღებდა. ქალი კი ისე გადამეღობა, თითქოს წასვლას მიკრძალავდა, თითქოს მიბრძანებდა, ახლა მე მომისმინეო.
„ელვირა მადიგანი ბევრჯერ მაქვს ნანახი. მაგრამ აგარაკზე რადიო არ გვაქვს, მე კი ისე მომენატრა მუსიკა, რომ ჯიმის კინოში წამოსვლა ვთხოვე. ვინ გაყურებინა, ან ვინ მოგასმენინა! ველურები, ნამდვილი ველურები“
მერე თქვა, ჩემი ჯიმი გიჟდება ჰენდრიქსზეო. წამდაუწუმ ჯვარს ისწორებდა და იმეორებდა, ხომ გავს, ხომ გავსო. აღიარა, რომ თავად ოჯახი არ აქვს, ჯიმი მისი გაზრდილია, აღელვებს ძმისშვილის გატაცება როკ-მუსიკით და ოცნებობს, იგი „ჭეშმარიტ მუსიკას“ აზიაროს. ძალიან პათეტიკურად და ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა. ჯიმიმ რამდენჯერმე შენიშვნაც მისცა, ხოლო მერე, როცა ქალმა მოცარტზე დაიწყო მსჯელობა, ჯიმიმ სარწეველა ბალახზე დადგა, შემომხედა, ისევ მოიღრიცა და მხრები აიჩეჩა, თითქოს ნიშანი მომცა, რა ვქნა, ახლა ამას ვერავინ გააჩერებსო. კიკეთის კინოდან გამოსული ხალხი ჯერ კიდევ ეძებდა ერთმანეთს. ქალები ბავშვებს უყვიროდნენ - „გიორგი!“, „აჩიკო!“, „ნათია!“, „ხათუნა!“ (70-იანი წლების პოპულარული სახელები)... ქოროს გოდებასავით ისმოდა ეს შეძახილები, კოჭლი ქალის მონოლოგის ფონზე.
„იცით, ბატონო გოგი, შინაბერებს ყველაზე კარგად გვესმის მოცარტი“ (ვინ დავიფიცო, რომ დამიჯეროთ, მაგრამ მართლა ასე მომმართა 17 წლის ბიჭს, „ბატონო გოგი“). „ერთი პიანისტი იყო, მარია ვენიამინოვნა იუდინა...“. აქ ჯიმიმ გააწყვეტინა. ვიფიქრე, ეტყვის, დაღამდა, კიკეთის ძაღლები ყმუიან, რა დროს იუდინაა... არა... სულ სხვა რამე ჰკითხა - გამაგებინე ერთი, იმ ქალს სულ მამის სახელით რატომ იხსენიებო.
„დიახ... პიანისტი იყო ასეთი. შინაბერა. მარტოხელა ქალი. ომის მერე, მოსკოვის ფილარმონიაში მოცარტის მე-20 და 23-ე კონცერტები დაუკრა. პირდაპირი რეპორტაჟი იყო რადიოთი. სტალინი ისე აღფრთოვანებულა, რომ რადიოში დაურეკავს და უთქვამს „Красивую музыку играете! Пришлите завтра пластинку!“ რადიოს დირექტორს ვერ გაუბედავს ეთქვა, რომ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემდნენ და რომ ფირფიტა არ არსებობდა. სასწრაფოდ გამოუძახიათ ორკესტრი და იუდინა, რათა დისკი ღამით ჩაეწერათ. დირიჟორს შიშისგან გული წასვლია. ბოლოს ყველაფერი თავის თავზე იუდინამ აიღო. დილით ფირფიტა გენერალ-სიმუსს მიართვეს. მეორე დღეს კი, პიანისტმა ბელადისგან ფულადი პრემია მიიღო მადლობის წერილით...“
„პაუზებს ნუ აკეთებ... ამ ადგილას სულ რატომ ჩერდები ხოლმე? მიდი, მოუყევი!“ - ჩაურთო მოულოდნელად ჯიმიმ და ისევ მოღრიცა თავისი გამხდარი სხეული
„მე ვაკეთებ პაუზებს?“ - გაუკვირდა მამიდამისს და გააგრძელა: „იუდინამ სტალინს წერილი გაუგზავნა: ამ ფულს შევწირავ ეკლესიას, რათა თქვენი ცოდვილი სულის გადარჩენაზე ილოცონო“.
ვიმეორებ, ეს ამბავი პირველად 1974 წლის ზაფხულში გავიგე. შოსტაკოვიჩის მოგონებები, რომელშიც კომპოზიტორი იუდინას გმირობის შესახებ ყვება, დასავლეთში მხოლოდ 1980 წელს გამოვა. ამ ისტორიას მერე კიდევ მოვისმენ სხვა ხალხისგან. მაგრამ ამ კოჭლმა ქალმა საიდან იცოდა ეს ამბავი?
მინდოდა, მეკითხა, როგორ გადარჩა იუდინა, როგორ არ დახვრიტეს ამის შემდეგ, მაგრამ ქალი ისევ თავის ჯიმის მიუბრუნდა:
„მოსკოვში უნდოდა წასვლა, შაგალის გამოფენაზე, მაგრამ აზრი არ აქვს. ჯიმის მეგობრები უკან დაბრუნდნენ. ყველა ბილეთი კრემლმა დაიტაცა თურმე“.
„კრემლმა!“... სტალინისა და იუდინას ისტორიის მოსმენის შემდეგ, განსაკუთრებით ამაზრზენად ჟღერდა ეს სიტყვა. ეგრევე გავიფიქრე, „რა ჯანდაბა უნდათ შაგალის გამოფენაზე? კაცს ჯერ სიცოცხლე გაუმწარეს, გააქციეს, მერე „ფორმალისტს“, „სიონისტს“, „ურიას“ ეძახდნენ. ახლა კი მისი ფერად-ფერადი ზღაპრებით ტკბებიან და ჩვენ არ გვიშვებენ?“
ფიქრებმა ისე გამიტაცა, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ აწიეს ერთად თავიანთი სარწეველა. მითხრეს, ქვედა კიკეთში ვცხოვრობთო, მანქანამ უნდა მოგვაკითხოსო. ძველი „მოსკვიჩი“ მოვიდა. სიბნელეში ვერც კი დავინახე, ვინ იჯდა საჭესთან. ჯიმიმ სარწეველა საბარგულში ჩატენა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: „აკადემიაში სანამ მოხვალ, თმები უნდა მოუშვა, искусствовед, მოგიხდება“... მერე თქვა, გესმის, მამალი ყივის უკვეო, და პატარა პაუზის მერე დაუმატა, „დიდი მადლობა!“.
მამიდას არ იკითხავთ? ისე ჩაჯდა მანქანაში, რომ არც კი გამომემშვიდობა, თავისი სახელიც არ მითხრა. იუდინას ამბავი ჩაარაკრაკა და წავიდა.
1 ოქტომბერს, როცა აკადემიაში მივედი, ჯიმი საერთოდ აღარ მახსოვდა. მაგრამ შაგალი ვერ დავივიწყე.
თითქოს „ბნელი გვირაბიდან მზის შუქზე მოვხვდი“ - წერდა მარკ შაგალი, როცა რუსეთიდან ევროპაში ჩავიდა. ეს არ იყო უბრალო მეტაფორა. პარიზში შაგალმა, რომელმაც ფოვისტების გავლენა განიცადა, მართლაც ნახა ფერის სამყარო. სწორედ ისეთი, მე რომ ვნახე აკადემიაში. თითქოს გაცოცხლდა რომელიღაც ფერადი სიზმარი. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა - 70-იანი წლების შავ-თეთრ თბილისში სტუდენტები ისე იცვამდნენ, როგორც დასავლეთში. იაგო დეკანოზიშვილი, მაგალითად, დადიოდა კომბინეზონის ფორმის ჯინსებით, რომლის მსგავსი კინოშიც კი არ მენახა. ილიკო ზაუტაშვილს იმსიგრძე თმა ჰქონდა, რომ სულ მიკვირდა, როგორ გამოდიოდა ასე ქუჩაში. აკადემიაში ფეხშველა სიარულიც შეგეძლო. აქ არავინ მოგცემდა შენიშვნას. ხალხი ერთმანეთს უღიმოდა. საათობით იდგა ეზოში. ზოგი შტაინერზე ლაპარაკობდა, ზოგი - გურჯიევზე. „ბალახზე“ აღარაფერს ვამბობ. პლანის სუნი აკადემიის შიდა ეზოშიც კი იგრძნობოდა ხოლმე.
ჩვენ, „შამპუნში დაბანილი მცოდნეები“, ამ სამყაროსთან დისტანციას ვინარჩუნებდით. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ მედალოსანმა „პაი-ბავშვებმა“, სწავლის დაწყების პირველსავე დღეს სიგარეტი გავაბოლეთ. ყველას ხველება აგვიტყდა.
იმ ოთახიდან, სადაც ლექციები გვიტარდებოდა, აკადემიის ეზოს მივჩერებოდით ხოლმე. კომენტარებს ვუკეთებდით ჩვენთვის ამ სრულიად ახალ სამყაროს. ერთი გოგო ავიჩემე, ცნობილი მსახიობის შვილი. ეგ ქალიშვილი არაა, ამან და ამან მოატყუაო, მითხრეს ჩემმა თანაკურსელებმა. რამდენად ეგზოტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმხანად ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავდა.
მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის. მხატვრები, არქიტექტორები სულ სხვა დროში და სხვა სივრცეში ცხოვრობდნენ. მეც ნელ-ნელა შევეჩვიე ამ გარემოს და თმის გაზრდა დავიწყე. სახლში უკვე შეეგუენ იმას, რომ აკადემიაში ვსწავლობ. შეიძლებოდა კიდევ უფრო გავთამამებულიყავი, რომ არა ფაქტი, რომელმაც 1974 წლის ნოემბერში მთელი აკადემია შეაზანზარა.
„ჯიმი მოუკლავთ, ბიჭებო, წუხელ, ვაკის პარკში!“ - უყვირა „გამოყენებითის“ ერთმა სტუდენტმა თანაკურსელებს, რომლებიც ჩვენს სართულზე, პარტისტორიის ლექციაზე შედიოდნენ. გვარი ვიკითხე, არაფერს მეუბნებოდა. მიზეზი ვიკითხე - ზოგმა თქვა, მილიციამ თმა შეაჭრა და ცემით მოკლაო; ზოგმა თქვა, კაიფში გაიპარა, არ მოუკლავთო; გოგოებმა მითხრეს, „პიდარასტი“ იყოო.
ეგრევე თავის დაწყნარება დავიწყე. ეს ჯიმი „კიკეთელი“ რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც ხომ შემხვდებოდა აკადემიაში? იქნებ სულაც სხვა ჯიმი იყო? ჰენდრიქსს ჰგავდაო, კი მითხრეს, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსს იქნებ სხვაც ჰგავდა 70-იანი წლების საქართველოში? ცხადია, ამის გადამოწმება ძნელი არ იყო. შემეძლო მისი კურსელებისთვის მეკითხა, ეგ ჯიმი ამ ზაფხულს კიკეთში ხომ არ ისვენებდა? მისამართი შემეძლო გამეგო და მივსულიყავი... იმ კარგ ქალთან, იმ ტიკტიკა მამიდასთან... მაგრამ „შამპუნში გაზრდილი“ ბიჭი ამას როგორ გავბედავდი? ჩემი თანაკურსელებისთვისაც კი არ მითქვამს, რომ ჯიმის ვიცნობდი. თანაც, ხომ შეიძლება იმ ფანტაზიორმა ქალმა მოიგონა, აკადემიაში სწავლობსო?
ასეა თუ ისე, აკადემიამ ჯიმი მალე დაივიწყა. ეზოში ისევ პლანის სუნი იდგა. მე და ჩემი თანაკურსელები სიგარეტის მოწევის დროს აღარ ვახველებდით.
1984 წელს თბილისში ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, ნაუმ კლეიმანმა მარია იუდინას ფირფიტა ჩამომიტანა. კალინინზე, „მელოდიაში“ იყიდებოდა. ფირფიტაზე რომ წავიკითხე „архивная запись 1946 года“, მაშინვე შენ გამახსენდიო.
მარია ვენიამინოვნა იუდინა! მისი სახელი მართლა ასე უნდა წარმოთქვას კაცმა. მოცარტს სულ სხვანაირად უკრავს იმიტომ, რომ იცის, ვინ უნდა იყოს მისი მსმენელი. მისი ერთადერთი მსმენელი! ვერ გაიგებს კაცი, თან ლოცავს და თანაც, თითქოს წყევლის. სტალინს ლოცავს და სტალინიზმს წყევლის.
თან ლოცავს და თან წყევლის სასტიკ, უვიც, ყველაფერში დარწმუნებულ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლით ცხოვრება, ეშინიათ ამის და ამიტომ სძულთ ყველა, ვინც თავის თავს ვერ ღალატობს, სძულთ ყველაფერი ცოცხალი, მოძრავი, ცვალებადი, ჭრელი. თან ლოცავს და თან წყევლის იმათ, ვინც ღმერთისა და ბუნებისგან ნაბოძებ ენერგიას კაცისკვლაში ხარჯავს, ვინც თუნდაც სიტყვით კლავს ცოცხალ არსებებს.
ამ ჩანაწერს ვერა და ვერ ველეოდი. ყველგან, თუკი ამის საშუალება მქონდა, მოცარტის მეოცე კონცერტს ხმამაღლა ვუკრავდი, ხალხს რომ მოესმინა - კიკეთში, სადაც აღარასდროს მინახავს კოჭლი მამიდა, თავისი ჯიმით; ბიჭვინთაში...
1986 წელს ბიჭვინთის კინემატოგრაფისტთა სახლში მე და ჩემს ერთ მეგობარს ცნობილი რუსი კინორეჟისორის, სერგეი გერასიმოვისა და მისი მეუღლის, ტამარა მაკაროვას გვერდით ოთახში მოგვიხდა ცხოვრება. გერასიმოვი საბჭოთა კინოს დიდი ჩინოვნიკი იყო. ყველა დროს მოერგო. თავისი ფილმებით (და თავისი ქცევით) სტალინიც არაერთხელ ასიამოვნა.
იუდინას მოცარტს ისე ხმამაღლა ვუკრავდით, რომ აქაური ადმინისტრაციისგან რამდენჯერმე შენიშვნაც მივიღეთ. ერთხელ, მორიგი „კონცერტის“ დროს, კარზე კაკუნი გაისმა.
სერგეი აპოლინაროვიჩ გერასიმოვი იყო. გამიღიმა და სიტყვასიტყვით ასე მითხრა:
„Красивую музыку играете!“
![]() |
18 ჩინელი ანუ ინატრე რამე II სერია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, დავით მესხი, ნიკო ტარიელაშვილი
მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, გაგა- ზურაბ ალავერდაშვილი, მარიშკა -
ატალია მანჯგალაძე, მაქსი - გიორგი ლიფონავა
© „M Pუბლისჰინგ“ საავტორო უფლებები დაცულია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება
აკრძალულია.
წინა სერიაში...
- და-და?!!!
ეს ვინღაა, იფიქრა ლიზამ.
- ედიკას სთხოვეთ!
- ვინ ხარ?
- ელისაბედი, - როგორ ჟღერს!?
- აა... რა გინდა?
ვახ!
- სულის ცხონება. - ლიზა გაბრაზებას იწყებდა. ქალს სამაგალითოდ საზიზღარი ხმა ჰქონდა. ნეტა, სად შოულობს ედიკა ამ იდიოტებს... კიდევ რას ჰკითხავს ეს საოცრება?
მაგრამ საოცრება მოულოდნელად მოიქცა.
- ააა... ენდიიი!
- ბიჭო, ვინაა ეს სასწაული? ლიზა ვარ.
- კარგი, გადმოგირეკავ.
- ვერაფერი ვერ გავიგე, - შესჩივლა ლიზამ გაგას.
გაგამ საერთოდ ვერ გაიგო, რას აპირებდა ლიზა, ვერ გაიგო, როგორ გაარკვევდა ვიღაც ედიკი მარიშკას ასავალ-დასავალს, რა კავშირი ჰქონდა ედიკს მარიშკას მითოლოგიურ ბებიებთან... ვერც გაიგო და არც აინტერესებდა, თავისი გასჭირვებოდა: ცოლმა დაურეკა, ტელეფონის გამორთვა როგორ გაბედე, შე ფურთხო, მოეთერი სახლშიო, და ახლა პატარა გაგამ აღარ იცოდა, ვისი ეშინოდა უფრო მეტად - ცოლის თუ ლიზასი.
- მე არ წამოვიდე? - გაგა ძალიან ცმუკავდა.
- არა, - უპასუხა ლიზამ.
„უცნაურად იპრანჭება,“ შენიშნა გაგამ. „რატომ იპრანჭება?“
- ლიზ, ასე რატომ იპრანჭები?
- ვა! - მოუტრიალდა ლიზა, - ხომ არ ეჭვიანობ?
- ცოტა.
- კარგია!
„მართლა მაგრად გამოიყურება,“ ფიქრობდა გაგა.
- მართლა კარგად გამოიყურები. საერთოდ, ლამაზი გოგო ხარ. თუ გინდა, მიგაცილებ.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ლიზა გაკვირვებული მოტრიალდა.
- რა დაგემართა?
- არაფერი.
- მაინც?
- არაფერი. ძალიან მომწონხარ. ჰა?
უყვარდა ეს საქმე საწყალ ლიზას და მოკალი!
„სულ სექსმა დამღუპა,“ გაიფიქრა ლიზამ. „რა დროს ესაა...
ანტიმიაუ უნდა ვიყიდო...“
კაცი ლეგენდა ედიკი
ედიკა, ოქრო კაცი. მისი ასაკი, საქმიანობის სფერო და მსგავსები ვერავინ ვერასოდეს დაადგინა. ქალებს ის ძალიან უყვართ, მამაკაცებს - ნაკლებად, იმიტომ, რომ ქალებს უყვართ. ედიკა ყველაფერ ამის მიმართ აბსოლუტურად ტრანსცედენტულია.
გაიცანით, ღირს: კაცი-ლეგენდა, ედიკი
...ედიკას ცხოვრებაში ერთადერთი ტრაგედია ჰქონდა: სახელი. აბა, ვის დაარწმუნებდა, რომ ეს სახელი გენიალობის ზღვარზე მდგომმა მამამ იმის გამო დაარქვა, რომ ინგლისის ისტორიის სპეციალისტი იყო და უბედური ედუარდი სწორედ იმ დღეს მოევლინა მიწას, როცა მამიკომ ედუარდ მეორისადმი მიძღვნილი დისერტაცია ზარ-ზეიმით დაიცვა?
სამაგიეროდ, ღმერთმა ედიკას დიდი ეშმაკობა და უსაზღვრო ამბიციები უბოძა. ედიკას ფულის შოვნის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა, თავის დიდ მოძღვრად გურჯიევი მიაჩნდა და სულ ბეღურების იადონებად გადაღებვის ამბავს იხსენებდა ხოლმე აღტაცებით.
ცოდვა გამხელილი ჯობს და ლიზა ედიკას მიმართ მთლად გულგრილი არ ყოფილა. ისიც უნდა ითქვას, რომ ედიკას მიმართ გულგრილი ქალი იშვიათი მოვლენა იყო, ყველას მოსწონდა, ლამაზს, მახინჯს, ბებერს, ახალგაზრდას, - დანარჩენი მამრების გულის გასახეთქად და გასაოცრად. ედიკაზე ნაწყენი გოგო საერთოდ არავის ენახა. მიუხედავად ამისა, ედიკას ცხოვრების დროებითი თანამგზავრები, როგორც წესი, უსულელესი არსებები იყვნენ, ქერად შეღებილები, სასტიკად მოპირკეთებული, გრძელფეხებები და მოსაწყენები. ეს უცნაურობა ლიზას მარადიული ინტერესის საგანი იყო და ახლაც ამით დაიწყო ედიკასთან საუბარი.
ლიზა ედიკას ახალ ბინაში მივიდა სტუმრად, მშენებარე კორპუსის ბოლო სართულს ფეხით აასკდა, რადგან ნაძირალა ლიფტში ხურდა იყო ჩასაგდები და ლიზას ორმოცდაათთეთრიანი ძალიან დაენანა, სხვა კი არ ჰქონდა. ედიკა, ქალებისა არ იყოს, ბინებსაც ხშირად იცვლიდა, თუმცა ამ საქმეში, ქალებისგან განსხვავებით, გემოვნება არ ღალატობდა, ერთი ის იყო, სულ ბოლო სართულებს ირჩევდა. ვაჰ, რა უცნაურია...
ქალი-უცნაურობა, რაღაც უცნაურობაში გამოწყობილი, ლიზას კარებში შეხვდა და ერთადერთი სიტყვა უთხრა: „პაკააა...“
- ვაჰ, რა უცნაურია, - მსჯელობდა ლიზა. - თითქოს რა უშავს, ლამაზიც კი ეთქმის, მაგრამ ნამდვილი დებილია. როგორ უძლებ?
ედიკამ ჩაიცინა.
- გამაგებინე, ენდიიის რატომ გეძახის? არ მითხრა, ვორჰოლის ამბავშიო, თორემ გავაფრენ!
- არა, რა ვორჰოლი, ვორჰოლი არა, ზარატუშტრა. ეგ მართლა დებილია... აბა, დებილის გარდა ვინ დაიჯერებს, რომ მაგრად ვმკითხაობ?!
???
-ჰო, ჰო, ვმკითხაობ. კლიენტი ეგონე, თორემ რას დაგიძახებდა.
- რა, ყავაზე მკითხაობ?
- არა, პირდაპირ.
ედიკას ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული. ის იყო მეზღვაური, სამხედრო კორესპონდენტი, მაკლერი, გამცილებელი, რესტორნის მფლობელი, თურქეთში ერთი დისკოთეკის ინტერიერისთვისაც კი ჰქონდა ფული აღებული და საქართველოში ვარდისფერი იხვების ჩამოყვანაც უნდოდა, - მაგარი ბუმბული ჰქონიათ იმ იხვებს, დიდი კვერცხები და ნაზი ხორცი, მერე რა, რომ ბუნებაში არ არსებობდნენ? მაგრამ მკითხაობა?
- ეგ ყველაზე ადვილია, ლიზავეტა. აი, ნახე. გინდა, გიმკითხაო?
- თუ ძმა ხარ...
- არა, მაცალე. მართლა გიმკითხავებ. აი, ნახე: შენ გაქვს პრობლემა, არ თქვა, არაო, აბა, ჩემთან რამ მოგიყვანა?
- მე - კაი, მაგრამ სხვებს რას ეუბნები?
- იგივეს. აბა, უპრობლემოდ ენდისთან ქალს რა უნდა? თან კაცურადაც იხდიან, 25 ევროს.
- თან ევროს... ზოგი რა მაგრადაა...
- მეც მანდ ვარ. იასნია, პრობლემაა, თუ კონკრეტული არა, საზოგადო მაინც. რა, სისულელე პრობლემა არაა? თან ჭამე, დებილი კია, მაგრამ ნამცხვარი სად იყიდოს, ეგ კარგად იცის... ჰო, მერე. ქალი რომ 25 ევროს იხდის, ხომ იასნია, ფულის პრობლემა არა აქვს, ზნაჩიტ, პრობლემა კაცია.
- აცდი! მე სხვა საქმეზე ვარ!
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, პრობლემა მაინც კაცია, თორემ ჩემთან რატომ მოხვიდოდი? ის კაცი რომ პრობლემა არ იყოს, თვითონ რა, ვერ დაგეხმარებოდა? მე რომ კაცს ვჯობივარ, რა კაცი უნდა იყოს, აზრზე ხარ? პრობლემაა, აბა, რაა... ჰოდა, ახლა ხომ აპირებ იმის მოყოლას, რა პრობლემაა, აი, ეგრე იწყებს ყველა ქალი მოყოლას. ერთი საათიდან ორმოცი წუთი ქალები ბაზრობენ, მე კი ვუსმენ. იცი, როგორი კმაყოფილები არიან? სულ მლოცავენ.
- ისინიც და მათი ძუძუებიც?
- აბა?! მე თან უფრო იაფი ვარ, ვიდრე ფსიქოთერაპევტი, ერთ ზახოდზე ვარჩენ ყველას.
- წინასწარმეტყველებებს რას უშვრები? რომ არ ახდეს, ხომ დაგახრჩობენ „ენდიიი“ ნაშები?
- ხდება და რატომ დამახრჩობენ?
- რა ხდება?
- რასაც ვეუბნები. უბრალოდ, ვეუბნები: თუ გინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდა, სახლში მიმინო არ შეუშვა და ნათაგვარი ჭურჭლიდან არ ჭამო. სულ ტყუილად იცინი! ნასრედინზე წიგნი არ წაგიკითხავს? მიმინოს, იასნია, სახლში არ შეუშვებს, სად იშოვის ცენტრალურ ვაკეში, მაგრამ რომელ რესტორანში რა ჭურჭლიდან ჭამა, იცის? იასნია, არ იცის. ისიც იასნია, რომ სადღაც რესტორნებში და კაფეებში ჭამს... ე, კსტატი, გასასვლელები ვართ. გოგოებს უნდა შევხვდე და იქ პა ხოდუ დავილაპარაკოთ. ჰა, ნუ ნერვიულობ, მაგათ არც ყურებში ესმით და ვერც იმახსოვრებენ...
სანამ ედიკა იცვამდა - ფეხსაცმელს, მეტით თავი არ შეუწუხებია, - ლიზამ გეზი საპირფარეშოსკენ აიღო. უჰ, კარგი ტუალეტი ჰქონდა ედიკას: კალათაში კროსვორდების ჟურნალები ეწყო! ფანქარიც! ესე იგი...
„ხნიერთა ბატონობა - ჰერონტოკრატია, ბავშვთა ბატონობა... ვა, როგორ იქნება...“ ლიზამ ჭერს ახედა - და ვეღარ ჩამოიხედა.
- ჰა, ლიზა, ცოტა მე დამიტოვე, - ედიკა აკაკუნებდა და ლიზას არ ესმოდა, რადგან ჭერიდან ანგელოზები დასცქეროდნენ, ვარდისფერტაკოიანი, ოქროსკულულებიანი. მერცხლები დაფრენდნენ, ანგელოზები იღიმებოდნენ და მოსასაქმებლად ჩამომჯდართ ყვავილებს აფრქვევდნენ.
ამ მერცხლებს და ყვავილებს ლიზა ათას მერცხალსა და ყვავილში გამოარჩევდა. ასე ხატვა მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო ამქვეყნად: მაქსს.
- ბიჭო, ეს ვინ მოხატა?
ედიკა დაიბნა.
- რა?
- მაქსის ნახატია?
- რა?
- ანგელოზი. ნუ მაბოლებ!
- რას გაბოლებ?!
- ტუალეტში ანგელოზი ვინ დახატა? მაქსმა?
ედიკამ კარი მდუმარედ გააღო.
- ბიჭო, ეგ ხომ მოკვდა.
- ჰო, მეც გავიგე.
- მერე, როდის მოხატა?
- რა გინდა, ლიზა? რას გადაეკიდე იმ ანგელოზს? მე რომ მკითხო, ძალიან ლამაზია. ჰა, გამოდი, თორემ გამასწრებენ გოგოები.
მერე კი, ლიფტში, ედიკამ ლიზას ძალიან სერიოზულად უთხრა:
- შეეშვი, ლიზა. ბევრის ცოდნა მალე დაგაბერებს.
...ისხდნენ გოგოები, ყველას რაღაც თათუთასნაირი ერქვა და ლიზამ ვერ დაიმახსოვრა. მარტო თათუთა დაამახსოვრდა, იმიტომ რომ ერთმა, როგორ ვთქვა, რომელმა, მოკლედ, ერთ-ერთმა ნასოლარიუმალმა ედიკას და ლიზას, უფრო სწორად, ედიკას დანახვაზე დაიძახა:
- აუ, თათუთ, ენდი მოვიდა! ენდი, პრივეტ! აუ!
გოგოები ლამაზები იყვნენ. ისინი არ იღიმებოდნენ, რადგან ეს ასექსუალურია, ისინი კრიჭაშეკრულები ლაპარაკობდნენ, რადგან ეს სექსუალურია, და ლიზას ზედაც არ უყურებდნენ, რადგან ოოო... არ იცობდნენ და ოოო... მერე ის საოცრებაც მოვიდა, ედიკას ტურფა, და გოგოები მასზე გადაერთნენ, და ლიზა მიხვდა, რომ საოცრება - ჰოი, საოცრებავ! ეკლესიური ყოფილა, და თავზე ის საოცრება იმიტომ ჰქონდა დახვეული, რომ ეკლესიაში თავსაბურავის გარეშე არ უშვებდნენ. სწორედ ეს სიტყვა თქვა: თავსაბურავი, და ლიზა საბოლოოდ გაშტერდა.
საბედნიეროდ, გოგოებს მართლა არაფერი ესმოდათ და ენდიიისთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ - ძირითადად „აუუუ“ და „ჯიპები“ ისმოდა - ლიზამ ედიკას აუხსნა, რომ ორი მოხუცი ქალის გაცნობა სჭირდებოდა, თან ახლოს გაცნობა, ოღონდ მათი არც სახელი იცოდა, არც გვარი.
უნდა ითქვას, რომ ედიკას არ გაჰკვირვებია.
- ბინა გინდა?
- კი, და ბებიების დახოცვა. მოიცა, რა... უბრალოდ, უნდა გავიცნო და კარებთან ხომ არ ჩავუსაფრდები.
- აბა, რად გინდა? კაი, კაი... სადაა სახლი?
ლიზას ტოპოგრაფიული იდიოტიზმი სჭირდა, მაგრამ გაგას სიტყვების გადმოცემა მაინც მოახერხა.
- ჰეჰე!
- რა გაგიხარდა?
- ჰეჰე! - ედიკა გახალისდა, მაგრამ რას გახალისდა! ლიზას ერთი მწარედ უჩქმიტა კიდეც.
- ჰა! რა იყო?
- გინდა, ვისკი დავლიოთ?
- მინდა. ჰა, რა გაგიხარდა?
- ვინ იყო, მკითხაობა არ იციო? ლილი და ზიზი, მარიშკას ბებიები, ჰა, ლიზო? წავიდა გოგო და მემკვიდრეობაზე ჩალიჩობ, პატარა გოგო?
- ნუ გადებილდი, რა მემკვიდრეობა.
- აბა, უნდა მოუარო? ლიზა, შე მაგარო!
- შენ რა იცი მარიშკას ბებიები?
- ჰეჰე! ეჭვიანობ, ლიზო?
ო, ედიკ, შე დამპალო, ფიქრობდა ლიზა და ედიკას თვალს არ აშორებდა. დამპალო და პედოფილო!
- არა, ლიზ, - ედიკა უცებ დასერიოზულდა. მგონი მართლა აზრებს კითხულობს! - არ იფიქრო. ხომ იცი, მე ბავშვებს და მოხუცებს არ ვეკარები. ეგ ქალები ერთხელ ვნახე, ის გოგო მივიყვანე მაგათთან, მაგარი ნამტირალევი, ქუჩაში ხომ არ დავაგდებდი, და მაგრად მთხოვა, ლიზას არ უთხრაო. ვიფიქრე, რატომ მალავს-მეთქი, მაგრამ რა ჩემი საქმეა...
- ეენდ, აღარ დალიო, რაა... - ვაჰ, რამსიგრძე ფრაზა თქვა თათუთამ! თუ არა, ეს თათუთა არაა... თუ თათუთაა?
...„ჯიგარია ედიკა,“ ფიქრობდა შინისკენ მიმავალი ლიზა. „ხომ ვამბობდი, ჯიგარია. ყველაფერი კარგად იქნება... ცივა. ვაჰ, რა პაზორნი ქალები იყვნენ...“
მობილურმა დაიწრიპინა. „ვიღაცას გავახსენდი... გაგას. ედიკა!“
endis gaeshvi tore gananeb
თათუთა ნახე, რა!
torem jados gamiketeb? mand ar momikvano
პასუხი აღარ მოსულა.
...ეს რა სილამაზეა! გაგა, ოქრო შენა, ოქრო! შემოსასვლელში იმხელა თაიგული იდგა, ლიზა თვალებს არ უჯერებდა. ყველგან სანთლები ენთო: სარკესთან, ბუფეტზე, ფანჯრის რაფებზე, საზეიმოდ გაშლილ მაგიდაზე. ბარაბულკა! დედიკო, როგორ მიყვარს ბარაბულკა! მუსიკა - ალიჰან სამედოვი! ღმერთო ჩემო!
- გაგა! ავოე! გაგა!
სააბაზანოდან ხმაური ისმოდა. იქაც სანთლები! და ახალი შამპუნი! ანგელოზს სარეცხიც კი შეუყრია მანქანაში! გაგა, ჩემო ანგელოზო!
ერთი ისაა, რომ გაგა არ იყო. არსად. ე! დაიცა, და სანთლები ასე დატოვა იმ დაუნმა? და წყალი რომ წასულიყო, ახალ მანქანას ვინ იყიდდა? ეს რაღაა?
ლიზამ შუქი აანთო და ჯადოქრობაც გაქრა: ისევ ჩამოტყავებული კედლები, ჭერზე - მჭვარტლი და აბლაბუდა... და ძველ, მრავალ ჭირნახულ ტახტზე - ბარათი:
„წავედი, ლიზა. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ირინა მიყვარს და იმასაც ვუყვარვარ. ხომ იცი, ასე არ გამოდის ხოლმე. შენ მაგარი გოგო ხარ.“
ოოო!
- გაგა!? ახლა შენ ყურმილი არ დაკიდო! რა მაყვირებს?! შეიტენე შენი რომანტიკა, ბლიად! ცეცხლს მიკიდებდი, ბლიად? რა პადსტავკები? ვერ დამირეკე, შე... რა მორჩა? მორჩა, იასნია, მორჩა! მერე, ჩინელი? მაგასაც ვნახავთ! მოუყევი უკვე შენს ბოზ ცოლს თუ ჯერ არა? ვა, მალადეც, როგორ მოგივიდა?.. არსად დაგეკარგოს! რა თქვი? მანდ არ მომიყვანო, ხომ იცი, მომსვლელი ვარ!
ესეც ასე. ლიზამ სანთლებს ჩამოუარა და ჩააქრო. მორჩა. ნახე, ამ დებილს ერთი თეფში და ერთი ჭიქა რომ დაუდგამს: დაჯე, ლიზო და ჭამე! მარტომ!
დედიშენისა!
ლიზა ისევ ტელეფონს დაწვდა. „თქვენი ნომერი...“ ბლინ!
- მე ვარ, ჩემო ლა-მა-ზო! აბა, ერთი ედიკას დაუძახე! ჩქარა!
„ლაწირაკი ვირიშვილი!“ - ბრაზობდა ლიზა. „არ შემჭამეს ამ ლაწირაკებმა? ა! პედოკრატია!“
- ისევ მე ვარ! ედიკ! არა, არა, გელოდები! გამახსენდა და იქ, კროსვორდში, პედოკრატია ჩაწერე!
...გაგას ძალიან ცუდად ეძინა. უ, რა ცუდად ეძინა! ესიზმრა, რომ ლიზასთან ერთად ცეკვავდა. სანთლები ენთო, თბილოდა. ლიზო, ლიზო... უცებ ლიზა მასზე მაღალი გახდა და გაგამ ახედა: მაქსი! მაქსმა გაუღიმა და დაიხარა, ყურში რაღაც უნდა ეთქვა და გაგას ძალიან შეეშინდა და გაეღვიძა. ლიზა!
მაგრამ ლიზა არ იყო. სამაგიეროდ, ფანჯრის რაფაზე კაცი იჯდა, ეწეოდა და გაგამ იცნო: მაქსი. მაქსი ეწეოდა და გაგას უღიმოდა.
„ღმერთო, რატომ არ მეღვიძება?“ - ფიქრობდა დაზაფრული გაგა. „რატომ არ მეღვიძება, ღმერთო!“
გაგრძელება შემდეგ ნომერში>>>