The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №20


ცხელი შოკოლადი №20


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ლომაძე ნინო, მორჩილაძე აკა, სუხიშვილი თამარ, ტურაშვილი დათო, კიკალეიშვილი სალომე , კორძაია-სამადაშვილი ანა, კარტოზია მანანა, ბაბუაძე თამარ, კაკულია სანდრო, პერეცი ევგენია, ყრუაშვილი ირა, ლომიძე ნინო, გვახარია გიორგი, ბუღაძე ლაშა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე ნიკო ტარიელაშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, თამარ სუხიშვილი, სანდრო კაკულია, გიორგი ლობჟანიძე, ირა ყრუაშვილი, ქეთი კორძახია, ნინო ლომაძე რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი, ლაშა ბუღაძე დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე ვიზაჟი ანუკა მურვანიძე რეკლამა ნატა ფედოსეევა, გვანცა გუშარაშვილი ნესტან ავალიანი დისტრიბუცია რატი ლორთქიფანიძე გამომცემელი M-publishing ჟურნალები: შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.ge



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

6 ივნისს დიდის ამბით დავემშვიდობე „შოკოლადს“. იმედი მქონდა, 2 კვირით მაინც შევძლებდი გადართვას ჩემს გაბერილ მუცელზე და მომავალ საგმირო საქმეებზე. 6-ში საღამოს დამირეკეს, კარგია, შორენა, დეკრეტში ყოფნაო? 7 ივნისს კი ბატონი ლაზარე მოევლინა ქვეყანას. მოკლედ, ვინ გაცალა ამოსუნთქვა. ახლაც, როგორც კი ლაზარეს ცხოვრება ადამიანურ დღის რეჟიმს დაემსგავსა, მე ისევ აქ ვარ.

გულითადი და მონატრებული სალამი ჩვენს ერთგულ მკითხველს „ცხელი შოკოლადის“ უკვე მეოცე ნომრის ფურცლებიდან.

იმედი მაქვს, კარგად დაისვენეთ, ანუ საკუთარი ყოველდღიური რეალობიდან დისტანცირდით, სწორად შეაჯამეთ განვლილი წელი და ახალ „სამუშაო წელს“ ახალი შემართებითა და ნოვატორული იდეებით ავსილი იწყებთ.

ჩვენც შევეცადეთ იგივე გაკვეკეთებინა, და მივხვდით, რომ მზად ვიყავით, თქვენთვის განახლებული „შოკოლადი“ შემოგვვეთაზებინა.

ეს სიახლეები ჟურნალის პირველივე ფურცლებიდან მოგხვდებათ თვალში და მათთვის, ვისაც არ უყვარს სიურპრიზები, ნება მომეცით, მოკლე ჩამონათვალი წარმოგიდგინოთ:

1. გასული თვის კულტურულ მიმოხილვებთან ერთად, „ცხელი შოკოლადი“ შეეცდება სამსახურისახლის მარშრუტი შინაარსიანად დაგირღვიოთ და გირჩიოთ, რას არ უნდა გამორჩეთ მომავალი თვის კულტურული ცხოვრებიდან.

2. თუ უფრო დეტალური აფიშა გაინტერესებთ, შორს აღარ მოგიწევთ წასვლა. ეს აფიშა ყოველთვიურად აქვე დაგხვდებათ.

3. „აქცენტები“ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რუბრიკაა. აქ იხილავთ ყველაფერს, რაზეც, ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა ფოკუსირდეს თქვენი ყურადღება.

4. რუბრიკა სახელწოდებით „პრომოუშენი“ იქნება ჩვენი მცდელობა იმისა, რომ პროპაგანდა გავუწიოთ ჩვენს მიერ მოწონებულ აქციას, მოვლენას, გამოფენას, ახალი ფილმის გამოსვლას თუ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის რაიმე მეცნიერულ აღმოჩენას. თან შევეცდებით თქვენამდე ისეთი ამბები მოვიტანოთ, რაც ცოტა ვინმეს თუ სმენია.

5. ამ ნომერში თქვენც სიცოცხლის სადავეებთან აღმოჩდებით, თუ გადაფურცლავთ გვერდებს, სადაც მეან-გინეკოლოგ დავით გაგუას ცხოვრების წესის ამსახველ ფოტომოთხრობას იხილავთ. ის 24 საათი „სტარტზეა“ და 25 წლის განმავლობაში, დაახლოებით 20,000 ადამიანი მოავლინა დედამიწას. „შოკოლადის“ მომავალ ნომრებშიც შევეცდებით ვიპოვოთ და გაგაცნოთ ის ადამიანები, ვისაც არაჩვეულებრივი ცხოვრების წესი აქვთ.

6. „პრუსტის კითხვარი“ იმ კითხვების კომპილაციაა, რომელიც თავად პრუსტს მორიგ ლიტერატურულ თავყრილობაზე დაუსვეს და მას შემდეგ, ეს კითხვარი ყველაზე ეფექტური საშუალება გახდა იმისათვის, რომ ადამიანი ერთ გვერდში გაიცნო.

იმედი მაქვს, ეს სიახლეები არ შეგაშინებთ და ჩვენი ჟურნალის ახალი ამბები თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. თუ არა, არ დანაღვლიანდეთ. აქ, რა თქმა უნდა, ისევ იხილავთ თქვენს ფავორიტებს, ოღონდ ცოტათი განსხვავებულ ამპლუაში.

დათო ტურაშვილის ესპანური ფოტომოთხრობები მაინც საქართველოს დასტრიალებდა თავს. ეს ადამიანი შორეულ ესპანეთშიც არ იშლის საზოგადოებრივ აქტივისტობას. ამიტომ მას მივეცით ტრიბუნა, საიდანაც უფრო თამამად შეძლებს გაგვაკრიტიკოს, ჭკუა დაგვარიგოს ან კეთილი სურვილები გვისურვოს.

აკა მორჩილაძის ახალ პროექტს კი „აკა მორჩილაძის პირადი ენციკლოპედია“ ქვია და აქ იხილავთ განმარტებებს ყველაფერზე, რაზეც აკას არ დაეზარება მოყოლა, ოღონდ მოკლედ, რადგან გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა უფრო დიდ შრომას მოითხოვს.

მათ კი, ვინც 10 ნომრის განმავლობაში აკას წიგნის ფურცლები აკინძა და შეაგროვა, დიდი მადლობა! ჩვენს რედაქციაში ჯერ კიდევ დევს „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“, ავტორის ავტოგრაფით, რასაკვირველია. ამიტომ, მოგვაკითხეთ.

და კიდევ, ერთი თხოვნა. მომავალი ნომრიდან გამოვაქვეყნებთ თქვენს გამოგზავნილ წერილებს, სადაც, იმედი გვაქვს, ძალიანაც არ გაგვაკრიტიკებთ. თუმცა, ქებაზე მეტად კრიტიკა გვადგება ხოლმე. ასე რომ, ნუ დაგვინდობთ.

ჩვენი ელ-ფოსტაა: posta@shokoladi.ge

ველი თქვენს გამოხმაურებებს!

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნინო ლომაძე

მოგესალმები, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობო მკითხველო! სულ ცოტა ხნის წინ, მეც თქვენს ურიცხვ რიგებში მივითვლებოდი, და ამიტომ ეს ტრიბუნა ჯერ ისე კარგად ვერ მომირგია.

დღეს ჩემი შოკოლადისეული დებიუტია!!!!! ასე რომ, შემინდეთ, თუკი სხვისი წერილის მოლოდინში, თვალში ჩემი ფოტო შემოგეჩხირათ. რა ვქნა, რომ აქ ასეთი წესი ყოფილა - ახალ ავტორებს თავიანთი სვეტებიც მოყვებათ ხოლმე კუდებად. თან ეს ამბავი დღეს, უფრო სწორად, ღამე გავიგე, დილას კი გამზადებული სვეტი რედაქტორს უნდა ჰქონდეს. დიდი ვერაფერი სიხარულია! ყველაფერი კი ასე დაიწყო: „ცხელი შოკოლადის“ ოფისში შესულს Lavazza-ს ყავის სურნელმა ცხვირში შემიხიცინა. ნელსურნელებას ბრმად გავყევი და ოთახების რიგის ბოლოს, ჩვენს მთავარ რედაქტორს თავზე წამოვადექი. არა, იმ დღეს ყავა არ მიმირთმევია, მგონი დავიმორცხვე, მაგრამ სამაგიეროდ, ერთი mission impossible მივიღე. აი, ზუსტად ამ ნომრისთვის, ახლა ხელში რომ გიჭირავთ და ნებიერად ათვალიერებთ, ის სპეც-პროექტი ჩამაბარეს, რომელსაც „უცნობი ცოლები“ ჰქვია. ამისთვის კი 8 „მეორე ნახევრის“ შერჩევა იყო საჭირო (მისაწვდომობის, დარცხვენილობის და მოუცლელობის გათვალისწინებით). ეს კი, ცოტა რთული აღმოჩნდა. არ ვიცი, კერძოდ რამ დააბნია ეს სასიამოვნო ქალბატონები: საზოგადოდ, ცნობილი ჟურნალისტის თავხედურმა სტერეოტიპმა, ჩემმა ზედმეტად თავაზიანმა სალამმა თუ კიდევ სხვა ათასმა გაურკვევლობამ, მაგრამ სწორედ ასე მოხდა და საკმაოდ ბევრმა უმალ უარით გამომისტუმრა. ამიტომ, deadline-ების სრული დარღვევით, ქოშინით და ცოტა ნერვიულობით დავასრულე ჩემი პირველი „სპეც-პროექტი“ „ცხელ შოკოლადში“

(თუ რაოდენ წარმატებით, ამას თავად იხილავთ).

P.S. და ნეტავი, ქუჩაში უდარდელად მიმავალს, თქვენ რომ გვერდს ამივლით და ჩემსავით უდარდელად ისევ გზას განაგრძობთ, როგორ უნდა გიცნოთ? ამას ძველ შოკოლადელებს ვკითხავ, აუცილებლად ეცოდინებათ!

0x01 graphic

აკა მორჩილაძე

მოკლედ, აზრების გამოთქმა რთულია.

მით უმეტეს, რომ ყველაფერი ლაროშფუკოს გამოუთქვამს და ასევე მარკუს ავრელიუსსაც.

მოკლედ აზრის გამოთქმა მით უფრო რთულია, როცა გამოსათქმელი არაფერი გაქვს.

ჰოოო…

ამის შემდეგ რა მოდის?

ამის შემდეგ მოდის ჩემი ამხანგის წერილი, სადაც საუცხოო ამბავია მოთხრობილი: დასავლეთ საქართველოს ერთს რომელსამე კოხტა ქალაქში, სულ პირველი თავზეხელაღებული და კაბალიერო ყოფილა ერთი მხნე კაცი. მრავალი თავგადასავალი გამოუვლია და სტრაჟნიკები ვერცერთხელ მისწვდენიან.

ერთხელაც წასულა წისქვილში, რახანღა მის დას იქ საფქვავი ჰქონიყო დატოვებული. ტომარა კი ჩაუდევს მანქანაში, მაგრამ ერთ კვირას შინ ვეღარ მისულა და დაატარებდა თურმე აქეთ-იქით. ერთხელაც თავს დასდგომიან კანონის დამცველები და საბუთი მოუთხოვიათ. რა საბუთი ექნებოდა? გაუჩხრეკიათ მანქანა და ფქვილის ტომარას ზედ არ წერებია ამ სახელოვანი აბრაგის სახელი და გვარი?! მეწისქვილეს რომ არ არეოდა.

ასე დაუკავებიათ, თუმცა გაგრძელება ამ ამბისა არ ვიცი…

საქართველო აგრარული ქვეყანაა.

ამ მოკლე აზრის გამოთქმას, მგონი, კარგა ხანს მოვუნდი.

0x01 graphic

თამარ სუხიშვილი

აი, მეც აქ ვარ. ბევრი ვიარე, თუ ცოტა ვიარე, ერთი წლის მერე ისევ „ცხელ შოკოლადს“ დავუბრუნდი.

იცით, რა იყო ეს ერთი წელიწადი ჩემთვის? ეს იყო მწვავე და ეჭვიანი შედარებების ერთი წელი - აი, ჩვენთან რომ ასე იყოს, აი, ჩვენთან რომ ასე იქცეოდნენ, ჩვენც რომ ასეთი გაწყობილი ქვეყანა გვქონდეს... თორემ ისე რა გვიჭირს? რომ გითხრათ, სიხარულით ფრთაშესხმული ჩამოვედი-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ეტყობა, ილიასი არ იყოს, ოთხი წელი უნდა შემესრულებინა. არა, აქეთ მართლა მომიხაროდა, მაგრამ კარგად რომ მივიხედ-მოვიხედე, ახლა უკვე იქით მიმიხარია და მიმიხარია, მაგრამ ფაფუ, გაფრინდა ჩემი თვითმფრინავი... არჩევანიც კი არ დამიტოვა, თუმცა არჩევნები კარზეა მომდგარი.

რედაქციაში მოვედი და აქაც არ გამახარეს - გინდა თუ არა, სვეტი დაგვიწერეო. ასეთი არაფერი მინახავს. ვეუბნები, ვერ ვწერ, ვეღარ ვწერ, სამშობლოსთან გაუცხოების სტრესი მაქვს-მეთქი (ქართველებს ხომ ყველას ეგრე გვემართება!) და, მაიცაო, ეგ ზღაპრები იმას მოუყევიო. ჩემს ოქსფორდულ ამბებს, იმედია, წაიკითხავთ. აქაურ ამბებში კი ჯერაც ვერ გავრკვეულვარ. მაინცდამაინც არც კი ვიცი, რა ხდება, უფრო სწორად, რატომ ხდება! რაც ჩამოვედი, მონდომებით ვცდილობ, საინფორმაციო გამოშვებებიდან სიახლეები ამოვკრიფო, მაგრამ მარტო სტადიონებსა და შადრევნებზე გვიყვებიან და, რა ვქნა, რომ არ მეხერხება ეს ფეხბურთის თამაში და არც შადრევნებისთვის მცხელა - სამ-სა-ხურს ვე-ძებ. ჰოდა, ახალი ჰობი მაქვს: CV-ს გზავნა. რაც ჩამოვედი, ვაგზავნი და ვაგზავნი. ისინიც არ მპასუხობენ და არ მპასუხობენ, ოქსფორდის პატივისცემაც სულ დაუკარგავთ. უკვე იმდენი გავაგზავნე, რომ სათვალავიც ამერია. ერთადერთი, გაეროს გენერალური მდივნის ვაკანსიაზე არ შემიტანია, სხვაგან - იცოცხლეთ. რა სამწუხაროა, სტუდენტი რომ არ ვარ, თორემ იქნებ სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში მაინც მიმეღო მონაწილეობა. არა, მართლა სამსახურს კი არ ვეძებ, მაგის მეტი რა არის. ისე, ჰობი მაქვს-მეთქი, ხომ გითხარით. ვინ იცის, იქნებ გინესის რეკორდზეც კი „გავიქაჩო“.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ერთხელ, ძილის წინ, ლიზარაზუმ მითხრა, წიქარა და წითელქუდა აღარ გამაგონო, რამე სხვა ზღაპარი მომიყევიო და სხვა რომ ვერაფერი გავიხსენე, ვიფიქრე „ვეფხისტყაოსანს“ შევაპარებ-მეთქი. დავიწყე და როსტევანისა და ავთანდილის ნადირობისას, უცხო მოყმეს რომ მივადექი წყლის პირას, ჩემი მოკლე ჭკუით, სათქმელი გავამარტივე. ბალიშზე თავქვეშხელებამოდებულ ლიზასაც მარტივად ვუთხარი, რომ მდინარის პირას მეფის მსახურებმა მოულოდნელად უცნობი ნახეს-მეთქი. ლიზარაზუს ისეთი ხარხარი აუტყდა, ძლივს ჩაძინებული სოფიოც გააღვიძა და რა გაცინებს-მეთქი, - მართლა გაკვირვებულმა ვკითხე.

მამი, ცოტა ხომ უნდა დაუფიქრდეო, - ჩემზე მეტად გაოცებულმა ლიზარაზუმ თავი წამოწია - უცნობს იქ რა უნდოდა, უცნობი ხომ რადიოში მუშაობსო...

მას შემდეგ ლიზას აღარ შევუწუხებივარ ძილის წინ და მას შემდეგ დანამდვილებით ვიცი, რომ ბავშვებისთვის ვერასოდეს ვერაფერს დავწერ თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატარების მოტყუება, უფროსებისაგან განსხვავებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა რადგან ყოველთვის მინდოდა რაღაც საჩუქარი გამეკეთებინა ბავშვებისთვის, პატარა მკითხველებზე ფიქრს მაინც ვერ დავანებე თავი, სანამ შარშან, ბილბაოში ყოფნისას, თამარ გამელაღდაშვილმა საყმაწვილო „დონ კიხოტეს“ თარგმნა არ მირჩია. მადრიდში დაბრუნებულს, ან იმ ღამეს ან მას შემდეგ, რაღა დამაძინებდა შუბისა და მუზარადის გარეშე და რამდენიმე თვე ესპანეთშიც და მერე საქართველოშიც, ამ თარგმანისთვის ვემზადებოდი. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სამშობლოდან მადრიდში დაბრუნებული, ახლა უკვე მზად ვარ ქართველ ბავშვებს საუკეთესო ესპანური საჩუქარი ჩამოვუტანო და ამ თარგმანზე მუშაობა რთულია, მაგრამ ენით აუწერელი, წარმოუდგენელი სიამოვნებაა.

სვეტის დაწერაც რომ მთხოვეს, ვერც წარმოვიდგინე სხვა თემა, რომელზეც საუბარს შევძლებდი, რადგან ახლა მთლიანად იმ საოცარ სამყაროში ვცხოვრობ, რომელიც ოთხასი წლის წინ სერვანტესმა შექმნა და პასუხისმგებლობის გარდა, ისეთი ბედნიერების განცდა მაქვს, რომელიც არა მგონია მიწიერი იყოს და არა მგონია, ამის გადმოსაცემად არათუ სვეტი, მთელი ჟურნალი მეყოს.

თუმცა ამ ჟურნალში სვეტების წერა ყველაზე მეტად მიყვარს...

0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

ზაფხული მიილია, სიცხეებმა „ჩაიარა“ და ჩემი დაპირებული რესტარტიც ჩავიტარე; ანუ, თავი ქალი-კიბორგი აღარ მგონია; აზრების მაგივრად, ფოლდერებში ჩაწყობილი ფაილები აღარ მაქვს და აღარც სამყაროს ვუმზერ ფოტოშოპის ეფექტებიდან.

ბავშვობაში არასდროს ვმდგარვარ ღია ფანჯარასთან და არც მოწმენდილი ცის ყურებით მომიკლავს თავი - იქნებ სუპერმენმა ჩამიქროლოს-მეთქი, მაგრამ კინოთეატრში მაინც წავედი და ჩემს ფოტოს კაცთან ერთად, ორსაათნახევარი ბრაიან სინგერის „სუპერმენის“ ყურებით მოვიკალი თავი. მთელი ეს მსხვერპლშეწირვა და ცისფერტრიკოიანი კაცი-ზევსის ყურება კი იმისთვის დამჭირდა, რომ მერე ორფურცელნახევარი ამეკრიფა Word-ში, და თქვენთვის რეცენზია დამეწერა. მერე, ორი დღე ტელეფონთან გავატარე, რომ მაქსიმალური ინფორმაცია შემეგროვებინა, და ერთ ლამაზ ბუკლეტად აგვეწყო იმის თაობაზე, თუ სად, როდის და რა ღონისძიება გაიმართება; ანუ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ ნომერში „ცხელი შოკოლადი - აფიშა“-თი გაგახსენებთ ხოლმე თავს.

ვაა, რა გოგო ვარ...

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

არ მჯერა, რომ შრომისმოყვარე ადამიანები არსებობენ. უნარიანი - კი ბატონო, მაგრამ მოყვარე?

სიზარმაცე პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. ენასაც კი სიზარმაცე ავითარებს - იმთავითვე მომხიბლა ამ ცნებამ: „სამეტყველო ძალისხმევის ეკონომია“. მაშ, რად არ უნდა გავწიო წერითი ძალისხმევის ეკონომია? იცით, როგორ წვიმს? განა უმჯობესი არ იქნება, მშვიდად ჩამოვჯდე სადმე, თბილ ბინაში, ფანჯრიდან აბუზულ ხალხს ვადევნო თვალი და ერთ-ორ მეგობარს - სადღა მაქვს დიდი თავყრილობის ნერვები?! - იმაზე ვესაუბრო, თუ როგორ განავითარა კაცობრიობა ღვთის მიერ ბოძებულმა ყველაზე დიდმა ნიჭმა - სიზარმაცემ...

მაგრამ ვაგლახ, „ცხელი შოკოლადის“ ძვირფასო მკითხველო! ამის ნაცვლად, რედაქციაში ვზივარ და კლავიატურას ვაკაკუნებ. ის ისეთსავე ხმებს გამოსცემს, როგორსაც ჩემი თუთიყუში, ადმირალი ნელსონი გამოსცემდა ხოლმე, როცა კვერცხის ცილას მიირთმევდა: თავის მსუქან, იასამნისფერ ენას აწკლაპუნებდა და კმაყოფილი ატრიალებდა ერთადერთ თვალს. მას თეთრ სერთუკზე ცისფერი ეპოლეტები ჰქონდა და ალიონზე ისეთ ხმაზე ყვიროდა! არც გადასაფარებელი შველოდა ამ საქმეს და არც ჩემი სასოწარკვეთილი ხვეწნა-მუდარა...

მაგრამ არა! მე არ გიამბობთ ნელსონის შესახებ! მე ძალიან ყოჩაღი გოგო ვარ! მე გიამბობთ, თუ რატომ ვკითხულობ ლაშა ბუღაძის წიგნებს, რატომ დავდივარ ეს თეატრის სრულიად არმოყვარული ქალი, მისი პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე. მე გიამბობთ შორეულ უცხო მხარეებში ადამიანთა უსაზღვრო სიბრიყვეზე, დიდ სიყვარულსა და დიდ ბოროტებაზე, და იმასაც მოგიყვებით, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი.

მაგრამ ამ პროცესში კლავიატურის ხმა ძალიან მიშლის ხელს: სულ ადმირალი ნელსონი მაგონდება. და საშინლად მეზარება წერა.

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

პირველი მულტიპლექსი კავკასიაში

კინოთეატრი რუსთაველი
21 სექტემბერი. 18 : 00

ყურადღება! ყველაზე დიდი სიურპრიზი კინოს მოყვარულთათვის! დღეიდან საქართველოში, უფრო სწორად კი მთელს კავკასიაში, პირველი მრავალდარბაზიანი კინოთეატრი ფუნქციონირებს!

ახალი „რუსთაველი“, ნებისმიერი გემოვნების და ასაკის მაყურებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, აქ ხომ ყოველ 15 წუთში, ახალი სეანსი გელოდებათ, რადგან თქვენს განკარგულებაში 5 თანამედროვე დარბაზია! საბავშვო ანიმაცია „გარფილდი 2“; სათავგადასავლო - „კარიბის ზღვის მეკობრეები 2“; საშინელებათა ჟანრის - „ზარი“ თუ სხვა ფილმები, კინოთეატრის დარბაზებში უკვე გადის.

რაც მთავარია, ინტელექტუალური კინოს მოყვარულთათვის „შავ-თეთრი“ დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც საფესტივალო ფილმები იქნება წარმოდგენილი.

0x01 graphic

ახალი LEVI'S STORE

ჭავჭავაძის 16
13 სექტემბერი. 17: 01

რა იცოდა ბიჭმა ლევი სტრაუსმა, როცა 1860 წელს პირველი ბრეზენტის შარვალი შეკერა, რომ მისი სახელი ისტორიაში შევიდოდა, ყოველდღე მილიონობით ადამიანი დალოცავდა ჯინსსა და მის გამომგონებელს.

13 სექტემბერს, ზუსტად 5:01 სთ-ზე, ჭავჭავაძის №16-ში ახალი levi's store გაიხსნა.

პერფორმანსი შთამბეჭდავი იყო: ჭავჭავაძეზე, ცხენებზე ამხედრებული ქოვბოები დასეირნობდნენ; ცოტა ხანში, გაცვეთილ ჯინსებში ჩაცმული ქოვბოები დიდ ქაღალდში „შეფუთულ“ levi's stores მიუახლოვდნენ. მაღაზიას ქაღალდი მთლიანად შემოახიეს და იქ შესულები, ცოტა ხანში ახალ „ლევისებში“ ჩაცმულები გამოვიდნენ.

P.S. ვიცი, რომ არ ხართ ქოვბოები და საერთოდ, არსებობენ კი დღეს ნამდვილი ქოვბოები? რა მნიშვნელობა აქვს, levi's store-ს კარი ყველასთვის ღიაა: ყველაზე მოდურებისთვისაც და მათთვისაც, ვისაც, უბრალოდ, გემრიელად ჩაცმა უყვარს.

0x01 graphic

და თქვენ იცნობთ საქართველოს?

გერმანია. ქალაქი ნიურნბერგი
1.09.06-30.10.06

რამდენიმე დღის წინ, ნიურნბერგში ერთი საინტერესო გამოფენა გაიხსნა. უფრო სწორად, ამ ფოტოგამოფენით ახალი პროექტი დაიწყო - „იცნობთ საქართველოს?“. მისი განხორციელება რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდიანტის, თამუნა გურჩიანის დამსახურებაა, რომელიც ბავარიის ამ ქალაქის მცხოვრებთათვის საქართველოს გაცნობას ქართული ფილმებით, ქართველი ფოტოგრაფების ფოტოებით და „ანჩისხატის“ კონცერტით აპირებს.

ფოტოგამოფენაზე ნათელა გრიგალაშვილის „სოფლის“, დავით მესხის „სპორტული სკოლის“, ლევან ხერხეულიძის „ფსიქიატრიულის“ და ბესო უზნაძის „სტალინის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. როგორც ამბობენ, ნიურნბერგელი დამთვალიერებელი იმდენად მოიხიბლულა ქართველი ფოტოგრაფების სერიებით, რომ ფილმების რეტროსპექტივასა და კონცერტზე ბევრ, ძალიან ბევრ ხალხს ელოდებიანო!

0x01 graphic

კრივის ხელთათმანიდან-ფოტოაპარატამდე

M გალერეა
12 სექტემბერი. 19 : 00

ვიღაცამ მისი ფოტოები ფერწერის აბსტრაქციულ ნამუშევრებს შეადარა და ვიღაცამ სინანულით აღნიშნა: ქართულ კრივს როგორ აკლიხარო...

დავით კვაჭაძე 1978 წლის ევროპის ჩემპიონია კრივში; ამჟამად პეტერბურგში ცხოვრობს და მთელ თავის დროს ფოტოგრაფიას უთმობს. მისი პერსონალური გამოფენები არაერთ ქვეყანაში გამართულა და ამჯერად, ის M გალერეას სტუმრობს.

„პეტერბურგის მოტივები“ - ეს არის ქალაქის ცივი ქუჩები და მარტოხელა ადამიანები, რომლებიც ისეთი მარტოსულები არიან, როგორც ქვის ქანდაკებები და ცარიელი სადარბაზოები... მერე კი ამ სიცივის აღქმას იმ ფერადი ფოტოთი ასრულებ, რომლის „სიცარიელეში“, ტოტზე ერთადერთ წითელ ფოთოლს ხედავ... აქ აღარც პეტერბურგის სუსხიანი ქარი გიბერავს და აღარც ყინვისგან მოხატული ფანჯრები გახსოვს...

0x01 graphic

ახალი სიცოცხლის დასაწყისი - აბსტრაქცია

გალერეა TMS
6 სექტემბერი. 13 : 00

„ექსპერიმენტებს ვატარებ აბსტრაქციული ხელოვნების სტილში. აბსტრაქცია - ეს ჩემთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისია“ - წერდა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე.

შურა ბანძელაძე - მხატვარი, რომელიც იმპრესიონიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმის მანერაში ხატავდა; რომლის სახელს, საქართველოში საეკლესიო კედლის მხატვრობის აღორძინება უკავშირდება; რომლის მიერ ილუსტრირებული „არსენას ლექსი“ - ბრნოს გრაფიკოსთა ბიენალეზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა; ხოლო მის გაფორმებულ „მაუგლი“-ზე თაობები აღიზარდნენ.

გალერეა „TMS“-ში, ქართული აბსტრაქციული სკოლის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელის, შურა ბანძელაძის აბსტრაქციული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი - „ძლიერი“ ხელით გაკეთებული ნამუშევრები, საიდანაც თვითმყოფადობა და ძლიერი ემოციური მუხტი ასხივებდა.

0x01 graphic

სიყვარული პატარა კაფეში

ერეკლე II-ის ქუჩა
16 სექტემბერი. 18 : 00

კალაში, ერეკლე მეფის 4-10-ში (საოცარი მისამართია, მაგრამ ასეა), გიორგი ბანძელაძემ და ნიკოლოზ ბახტაძემ კაფეს გახსნა განიზრახეს და თავად შეუდგნენ დარბაზის რემონტს.

და ისევე, როგორც ყველა ძველ სახლს, ამასაც აღმოაჩნდა თავისი საიდუმლო: სამალავში, ოდესღაც თეთრი აბრეშუმის მოსასხამი, კოხტა, კულულებიანი ქალბატონის ფოტოსურათი და 1906 წელს გამოცემული გაზეთი იპოვეს, სადაც მრავალ განცხადებასთან ერთად, ნათქვამია, რომ... სწორედ „მულენ ელექტრიკის“ წყალობით აღმოჩნდნენ გასულ საუკუნეში ამ პატარა სახლში საფრანგეთიდან ჩამოსული ეჟენ ლიბერმანი, რომელსაც თბილისელები, ცხადია, ჟენიად იცნობდნენ, და ერთ დროს პირმშვენიერი ვერონიკა პაირაზიანი. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ერთ დღეს გარდაიცვალნენ.

თუ შეყვარებული ბრძანდებით - აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ „მულენ ელექტრიკში“, რა იცით, და იქნებ მათი წყალი თქვენც გადაგესხათ...

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

4 „ცხელი შოკოლადი“ გირჩევთ...

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

აბა მითხარით, რას აკეთებთ, როცა სამუშაო დღე მთავრდება და გადაღლილი, ოფისის კარს მაგრად მოიჯახუნებთ? სახლში მიდიხართ? ჰო, შეიძლება, მაგრამ ყოველთვის როდი ვარგა ერთი სამსახურიდან მეორეში წასვლა?! დროის კარგად გატარება, მაქსიმალური რელაქსაცია და სიამოვნების მიღებაც ხომ აუცილებელია? როცა ყოველდღიური საქმეები ტვინის სულ ბოლო უჯრედში გადადის და ცენტრალურ ადგილს, დიდი ასოებით სიტყვა დასვენება იკავებს. ჰოდა, ასეა თუ ისე, ამ ნომრიდან მოყოლებული, ყოველთვიურად შევეცდები, თავისუფალი დროის სასიამოვნო გარემოსა და კომფორტში გაყვანაში დაგეხმაროთ და რამდენიმე, არც ისე ურიგო რჩევაც მოგცეთ.

0x01 graphic

ჯაზ კლუბი XX საუკუნე
8 სექტემბერი. 21 : 00

ბეთლემის .24

დამიჯერეთ, თუ ეს ადგილი არ იცით, აქ შემთხვევით ვერ აღმოჩნდებით. ის არც ცენტრალურ ქუჩაზეა და მით უმეტეს არც სანაპიროზე. სამაგიეროდ, თუ ბეთლემის წვრილ ქუჩაზე გადაწყვიტეთ ასეირნება, აუცილებლად შენიშნავთ ახლადგახსნილ სიმპათიურ სასტუმროს „XX საუკუნე“, რომლის პირველ სართულზე არსებულ ჯაზ-კლუბზეც ახლა გესაუბრებით. რატომ „XX საუკუნე“? იმიტომ, რომ ყველაზე დაჩაგრული საუკუნე აღმოჩნდა... აქაოდა აქვეაო, არასდროს არავის ახსოვსო და...

წამში, ქვის, აგურის და ხის დიზაინით შესრულებულ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში აღმოჩნდებით, სადაც მუდამ ჯაზს უსმენენ და პატარ-პატარა ყლუპებით გაგრილებულ ღვინოს მიირთმევენ... შაბათ-კვირას ჯაზის ცოცხალ კონცერტებს აწყობენ და სამომავლოდ, ჯაზის შემსრულებლებზე საღამოების გამართვას გეგმავენ... ამბობენ, აქ შემოსვლა შეზღუდული იქნებაო და... ჰო, აქ ფრედი ქოულსი დაუკრავსო...

ასე რომ, მართლა მთელი გულით გირჩევთ, უკან, „XX საუკუნეში“ სტუმრობას.

0x01 graphic

სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება და აგუტინი
14 სექტემბერი. 20 : 00

ლუბლიანას ქუჩა

ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია და კვირაში 3-4ჯერ მაინც გააქნევ-გამოაქნევთ კუნთებს, კარგი განწყობაც შეგინარჩუნდებათ და ფიზიკურადაც, რომ იტყვიან, ჯანზე იქნებით.

ამის საშუალებას კი ახლად გახსნილი „იან ჰომერის“ სახელობის სპორტული კომპლექსი გთავაზობთ.

კომპანია „ქართული ჩოგბურთის“ მიერ დაარსებული ეს კომპლექსი უამრავი ნაწილისგან შედგება: ცენტრალური კორტი, სასტუმრო, კორტები: 10 ღია და 3 დახურული, მინიფეხბურთის სტადიონი, აუზი, ფიტნეს-ცენტრი, საჩოგბურთო სკოლა, სპორტული მაღაზია, კაფე... ასე რომ, სულ რაღაც 2 თვეში კომპლექსი მთელი დატვირთვით ამუშავდება, იქ მისულს წამოსვლა აღარ მოგინდებათ და ჯანსაღი life

style-ით გააგრძელებთ დღეს.

თუმცა მანამდე, კორტების ოფიციალური გახსნა გაიმართა, რომელიც კომპანია „არტ ფორუმის“ მიერ იყო ორგანიზებული. გახსნა, სადაც სოლო კონცერტი სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ლეონიდ აგუტინმა გამართა.

0x01 graphic

პარფიუმერი
18 ოქტომბერი

კინოთეატრი ამირანი

თუკი საღამოხანს საქმე გამოგელევათ და დროის დიდ ეკრანთან გატარება მოგინდებათ, 18 ოქტომბრიდან შეგიძლიათ კინოთეატრ „ამირანს“ ეწვიოთ და პატრიკ ზიუსკინდის რომანის „პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია“ ეკრანული ვერსია ნახოთ.

1985 წელს დაწერილმა ზიუსკინდის რომანმა, მსოფლიო ბესტსელერებს შორის დაიკავა ადგილი; „ნიუ იორკ თაიმსის“ კრიტიკოსებმა „წლის რომანად“ შერაცხეს და „ნირვანას“ სოლისტმა კურტ ქობეინმა სიმღერა „Scentless Apprentice“ მიუძღვნა.

რომანის ეკრანიზებაზე წლები მიდიოდა დავა და რეჟისორობა ყველას უნდოდა: სკორცეზესაც, სპილბერგსაც, საბოსაც, პოლანსკისაც, ფორმანსაც და შლიონდორფსაც... თუმცა თვითონ რომანის ავტორი, მხოლოდ სტენლი კუბრიკს ხედავდა რეჟისორის სავარძელში. ამერიკელი რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ კი, ზიუსკინდმა ხელი ჩაიქნია და - რაც გინდათ ის გიქნიათო... ასე აღმოჩნდა „პარფიუმერი“ გერმანელი რეჟისორის („გაიქეცი ლოლა, გაიქეცი“), თომ ტიკვერის ხელში.

0x01 graphic

ფესტივალი ღია ცის ქვეშ
სექტემბერი/ოქტომბერი

გოეთეს ინსტიტუტი

გოეთეს ინსტიტუტმა, კაფე „გოეთესთან“ ერთად, თქვენთვის ძალიან საინტერესო საღამოების გამართვა გადაწყვიტა. ინსტიტუტის ეზოში გამართული კონცერტების ციკლი - „შემოდგომა 2006“, 14 სექტემბერს, მოცარტის საღამოთი გაიხსნა. თუმცა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეუერთდეთ ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალს, საინტერესო შემსრულებლებს მოუსმინოთ და კაფე „გოეთეს“ ამჟამინდელი მეიჯარის და რესტორან „ზანდუკელის 40“-ის მფლობელის, რაინერ კაუფმანის მრავალფეროვანი მენიუც იგემოთ.

28 სექტემბერს, ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი პიანისტი და მომღერალი ტონი ო' მალეი დაუკრავს, მეგობრებთან ერთად. 12 ოქტომბერს კი ანსამბლი „შინ“ წარსდგება მსმენელის წინაშე. ამ ანსამბლს არც წარდგენა და არც ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება. ზაზა მიმინოშვილის, ზურაბ გაგნიძის და მამუკა ღაღანიძის შესრულებული ქართული მუსიკა ხომ საუცხოოდაა გაჯერებული როკისა და ჯაზის ელემეტებით, ტანგოსა და ინდური რიტმებით.

5 პრუსტის კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვახუშტი კოტეტიშვილი
მწერალი

როგორ წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?

ჩემთვის მიწიერი სამოთხე ჩემი სამშობლოა, თუნდაც ისეთი, როგორიც არის.

თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან.

ალბათ ლამანჩელი იდალგო, რომელთანაც ბევრი რამ მაქვს საერთო.

თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი.

დავით აღმაშენებელი, განსაკუთრებით იმიტომ, „გალობანი სინანულისანი“ რომ ამოთქვა.

ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში.

ჩემი და - ლეილა. 13 წლის გოგონას კომუნისტური რეჟიმის „წყალობით“ ხელში შევრჩი 1 თვის ღლაპი და გმირულად შემომწირა მთელი თავისი ხანმოკლე და მოწამეობრივი ცხოვრება.

თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ.

სიკეთე, სიმართლე, ერთგულება.

თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება.

კანტს დავესესხები: „ორი რამ მაოცებს ქვეყნად: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში.

ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია.

წინასაარჩევნო დაპირებები.

თქვენი საყვარელი საქმიანობა.

ის, რაც მიკეთებია ცხოვრებაში.

არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?

ვინც ვარ.

თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება.

სიკეთე.

რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

სიკეთეს და ერთგულებას.

თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი.

ლმობიერება იმათ მიმართაც, ვინც ამას არ იმსახურებს.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?

ომი.

რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სამშობლოში.

თქვენი საყვარელი ფერი.

არ მიყვარს მყვირალა ფერები. წითელს ჟღალი მირჩევნია, ყვითელს - ჩალისფერი...

თქვენი საყვარელი ყვავილი.

მინდვრისანი.

თქვენი საყვარელი ჩიტი.

მტრედი.

ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპატიურად ხართ განწყობილი.

ყველა ბოროტი ბობოლა: ნერონი, კალიგულა, ჰიტლერი, სტალინი, ბერია...

რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოებული?

სიმღერის ნიჭით.

როგორ სიკვდილს ისურვებდით?

როგორსაც ღვთის წინაშე დავიმსახურებდი.

თქვენი დევიზი?

სანამ ცოცხალი ვარ, ვიყო ცოცხალი.

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

ცხოვრებაში იმდენი საშინელება განმიცდია, რომ იმუნიტეტი გამომიმუშავდა. ვეღარაფერი შემაშინებს.

რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ საკუთარ თავს ყველაზე მეტად?

ზემოთ აკი მოგახსენეთ, დონ-კიხოტთან ბევრი რამ მაქვს საერთო-მეთქი.

თქვენი ყველაზე უცნაური თვისება.

სიკეთე ბოროტთა მიმართ, როგორც შურისძიების ერთადერთი ჩემთვის მისაღები ფორმა.

რა შემთხვევაში ცრუობთ?

აკრძალულ სიგარეტს კიბეზე ჩუმ-ჩუმად რომ ვეწევი.

რომელ ფრაზებს ხმარობთ ყველაზე ხშირად ყოველდღიურ საუბარში?

მე იმდენს ვლაპარაკობ, რომ მის აღნუსხვას ერთი გამოთვლითი ცენტრი ვერ აუვიდოდა.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

გაფრენილ სიჭაბუკეს.

რომ შეგეძლოთ განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა, რას შეცვლიდით?

ვინატრებდი, რომ ცოცხალ მშობლებს მოვსწრებოდი.

რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?

ვერავითარმა წყობამ და მთავრობამ თავის ყურმიჭრილ მონად რომ ვერ მაქცია.

რაზე ოცნებობთ?

ვოცნებობ, რომ ჩემი გაუბედურებული სამშობლო ქცეულიყოს ყველასთვის საოცნებო ქვეყნად.

6 აქცენტი

▲ზევით დაბრუნება


ყურანის ქართული თარგმანი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გიორგი ლობჟანიძე

ამ თვის ბოლოს ქართულად პირველად გამოიცემა მუსლიმთა საღვთო წიგნის - ყურანის თარგმანი, რომელიც უშუალოდ არაბული ორიგინალიდან აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ შეასრულა.

გიორგი ამ თარგმანზე უკვე მეცამეტე წელია მუშაობს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი, მწერალ ნაირა გელაშვილის პროექტით, გერამნულ-ჰოლანდიურმა ფონდმა „ჰორიზონტმა“ დააფინანსა ყურანის ქართული თარგმანისა და კომენტირების პროცესი, რამაც მთარგმნელს საშუალება მისცა წლების წინათ დაწყებული საქმე წარმატებით დაესრულებინა.

ყურანის თარგმნას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს. მუსლიმთა საღვთო წიგნი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და თანაც არაერთგზისაა თარგმნილი, ქართულად პირველად XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის თაოსნობითა და ინიციატივით ფრანგულიდან თარგმნა თავისი დროის ჩინებულმა მოქართულემ პეტრე მირიანაშვილმა. ხსენებული თარგმანი დღეს უკვე მოძველებული და ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. თანაც მას არანარი სამეცნიერო აპარატი არ ერთვოდა, მეცნიერული მნიშვნელობა თითქმის იმთავითვე არ გააჩნდა.

დღემდე კი წიგნის არაბული დედნიდან შესრულებული ვერსია არ გვქონია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ლობჟანიძის თარგმანს თან ერთვის ვრცელი შესავალი წერილი და მუსლიმ ეგზეგეტიკოსთა და ევროპელ ისლამოლოგთა შრომებზე დაფუძნებული კომენტარები, შეიძლება წინდაწინვე ითქვას, რომ „კავკასიურმა სახლმა“, სადაც აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრში მიმდინარეობდა, არამხოლოდ ქართველ მაჰმადიანებს, არამედ საქართველოს წიგნიერ საზოგადოებას ჩინებული საჩუქარი გაუკეთა.

ყურანის ახალი თარგმანის წარდგინება ოქტომბრის თვისათვის იგეგმება.

ქარავანი ფურცელაძის 10-ში

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

„როგორ არ მერჩიოს ხმაურს არპეჯიო“ - ეს ქართველი პოეტის სიტყვებია. ეტყობა ასევე ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებმაც საჯარო ბიბლიოთეკის ნაგვით ამოვსებულ სველ დარბაზში ბიზნეს-სივრცე დაინახეს.

ისინი „არპეჯიოთი“ მოაწესრიგებენ ხმაურს, რომელიც არის ხოლმე ჩვეულებრივ კაფეებში. „არპეჯიო“ კი ის საუბრები გახდება, რომელიც კულტურათა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნისთვის ბუნებრივი და ორგანულია. კულტურათა დიალოგი აღმოსავლური აქცენტებით - უფრო ზუსტად, ასე ჟღერს ლიტერატურული კაფე „ქარავანის“ ფუძემდებელთა ჩანაფიქრი. კაფე ბინას საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის სარდაფში დაიდებს, გუდიაშვილისა და ფურცელაძის კუთხეში, შესასვლელი კი ფურცელაძის ქუჩიდან ექნება. ფურცელაძის 10 - აი, მისამართი, რომელიც გააქტუალურდება თქვენთვის, თუ იმაზე მეტი გინდათ იცოდეთ აღმოსავლეთზე, რომ აღმოსავლეთი სერთაშორისო ტერორიზმის სამშობლოა, რომ ისლამი აგრესიული რელიგიაა, რომ ჩადრში გახვეული ქალი ქმრის მონაა...

მოკლედ, თუ გინდათ სხვადასხვა სტერეოტიპის ნგრევაში ჩაებათ და ქართველი კაცისთვის ორგანული ტოლერანტული მიდგომის დამკვიდრებაში მიღოთ მონაწილეობა, მეტი უნდა იცოდეთ თანამედროვე მსოფლის შესახებ.

მათ, ვინც ქარავანი წამოშალა და დიდ და ხანგრძლივ მოგზაურობაში გვეპატიჟება მსოფლოს გარშემო, ტრადიციული გზამკვლევი უჭირავთ - წიგნი, მაგრამ მათი არპეჯიო არ იქნება მოსაწყენი, რადგან ცოდნას სხვადასხვა შეგრძნებებით ეზიარებით. წიგნს ექნება გემო, სუნი, ჟღერადობა და სულაც არ იქნება აუცილებელი, თვალით სტრიქონებს მიაშტერდე, თვალით უმშვენიერეს ინტერიერს დაინახავ, გულითადი და საინტერესო ადამიანებით სავსეს.

მანანა კარტოზია

მოცურავე

0x01 graphic

ზურა ხომასურიძე

მართლა არსებობს თუ არა დურმიშხან დუმბაძე? - ეს კითხვა კარგა ხანს გაჰყვა ყველა იმას, ვინც თავის დროზე ფილმი „მოცურავე“ ნახა და იმაშიც დარწმუნდა, რომ დურმიშხანმა საოცრება ჩაიდინა: მან ცურვით დაფარა ის მანძილი ბათუმსა და ფოთს შორს, რომელსაც ჩვეულებრივ, გემები გადიან.

დურმიშხან დუმბაძე მართლა არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობდა მისი პროტოტიპი მემედ ბედია - პირველი მარათონელი ქართველი და მოცურავე-მყვინთავი. დღეს კი არსებობს 30-გზის საქართველოს ჩემპიონი, ათენის ოლიმპიურ თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე, მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცურავის სიაში მყოფი ზურა ხომასურიძე. მათ საერთო რეკორდი აკავშირებთ. ბედიამ დიდი ხნის წინათ, ზურამ კი რამდენიმე დღის წინ, „მოცურავის“ სცენარი გაიმეორეს. ის, რაც ფილმში გვაქვს ნანახი, ზურამ 9 სექტემბერს მთელ საქართველოს აჩვენა.

დურმიშხან დუმბაძის რეკორდის გამეორება მას ჯერ კიდევ იმ დროიდან სურდა, როცა პირველად, ბავშვობაში „მოცურავე“ ნახა. შთაბეჭდილებამ არც წლების შემდეგ გაუარა, როცა უკვე თვითონაც უამრავი მეტრი წყალი ჰქონდა გადაცურული. და ერთხელაც, მეგობრების წრეში ყოფნისას, თქვა, რომ აუცილებლად უნდა გაეცოცხლებინა „მოცურავის“ ლეგენდა. ყველამ მხარი აუბა და წააქეზა, სპონსორებიც გამოჩნდნენ და დიდი გადაცურვის დღედ 9 სექტემბერი დაინიშნა. სანამ ბათუმის შუქურასთან შავ ზღვაში თავით გადაეშვებოდა, ზურამ ძალიან ბევრი ივარჯიშა. ლეგენდის გასაცოცხლებლად ხომ, პირველ რიგში, მას კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდებოდა. უნდა შეჩვეოდა საღამოს ცივ წყალს. ამიტომ სპეციალურად, საღამოობით ვარჯიშობდა. თბილისის ზღვაც ორჯერ გადაცურა სიგრძეში.

9 სექტემბერს, საღამოს 19:50 სთ-ზე, ზურა ხომასურიძემ ბათუმის შუქურადან ფოთის შუქურასკენ აიღო გეზი. მას სანავიგაციო სისტემით აღჭურვილი კატარღით, ასპარეზობის მთავარი მსაჯი ჰენრი კუპრაშვილი, მწვრთნელი, პირადი ექიმი და მეგობრები გვერდით მიჰყვებოდნენ. ცხადია, ეს დიდი სტიმული იყო. როცა ღამის გაყინულ წყალში მარტოობა და სიცივე ერთიანად ააკანკალებდა, ახსენდებოდა, რომ კატარღაზე მისიანები არიან და გზის გაგრძელების ძალა ემატებოდა.

3-4 საათის შემდეგ, ანუ დაახლოებით შუაღამისას, კანკალის და ტკივილის მეტს უკვე ვეღარაფერს გრძნობდა. სიცივისგან ვერც ზურგზე წვებოდა. მერე ერთხანს მარცხენა ფეხი მთლიანად გაუშეშდა - ვეღარ გრძნობდა. კიდევ კარგი, ცოტა ხნის შემდეგ, მგრძნობელობა კვლავ დაუბრუნდა.

„ვერ აღვწერ, რა გრძნობა გეუფლება ამ დროს. ალბათ, ასე ითქმება: ეს არის ტკივილი და კანკალი, ერთად აღებული, მაგრამ გაცილებით უფრო მეტს გრძნობ, ვიდრე ამ ორი სიტყვის გადმოცემას შეუძლია. მიზანი - ბოლო წერტილამდე მისვლა - ავტომატურობაში გადადის. ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ ქვეცნობიერად სწორედ მიზნისკენ მიდიხარ. ზუსტად ამიტომ, ასპარეზობის შეწყვეტა აზრადაც არ მოგდის. ხელს არ იქნევ კატარღისკენ და შველას არ ითხოვ. სწორად გამიგეთ და საქმეში მაზოხისტური სურვილებიც ერთვება: გტკივა, მაგრამ ცოტათი გსიამოვნებს კიდეც იმიტომ, რომ იცი - კიდევ მეტს გაუძლებ და მიზანს მაინც მიაღწევ“ - იხსენებს ზურა.

ბათუმი-ფოთის უმოკლესი საზღვაო მანძილი 60 კმ. მაგრამ ზურას სხვადასხვა დინების გამო, ზიგზაგურად ცურვა უწევდა და ამიტომ, 60-ის ნაცვლად, ჯამში 73 კილომეტრი იცურა.

როცა ნაპირზე გავიდა, უკვე შუადღის ორი საათი სრულდებოდა. ზურა კი ვერაფერს განიცდიდა. დაღლაც და ბედნიერებაც მერე უფრო იგრძნო - მშრალმა და ოვაციებით თავბრუდახვეულმა.

ახლა ზურაზე ამბობენ, რომ ლეგენდა გააცოცხლა. ეს უკვე დიდი მიზნის მიღწევაა. მაგრამ ამ წერტილზე შეჩერება მოცურავეს არ სურს. ის მიხვდა, რომ შეუძლია, თავის მარათონულ ცურვას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინოს. მაგალითად, მას მშვიდობის მისია დააკისროს. მშვიდობის ეგიდით, ახლა ზურას ფოთიდან ზევით - სოხუმისკენ გაცურვა სურს. ეს კეთილშობილური მიზანია. ზურა კი მიზანს ყოველთვის აღწევს ხოლმე.

თამარ ბაბუაძე

7 კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დათო ტურაშვილი
ილუსტრაცია: ლაშა ბუღაძე

როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები

ბავშვობაში ზაფხულის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულებს, პირველად სწორედ ასეთ დავალებას გვაძლევდნენ ხოლმე ჩვენი ძვირფასი მასწავლებლები და ჩვენც მონდომებით აღვწერდით ჩვენს საზაფხულო თავგადასავლებს და მგონი ეს იყო ყველაზე სასიამოვნო საშინაო დავალება პირადად ჩემთვის. სამშობლოდან ესპანეთში დაბრუნებულს, რასაკვირველია, არავინ მომთხოვს მადრიდის უნივერსიტეტში ასეთი დავალების შესრულებას წერილობით, მაგრამ ზეპირად კი (გამორჩეული ესპანური ზრდილობის გამო), ჩემი ნებისმიერი პროფესორი, მეგობარი, მეზობელი თუ უბრალოდ ნაცნობი, ამავე კითხვით მომმართავს და ბავშვობაში დაბრუნებაზე უკეთესი, აბა, რა უნდა იყოს. თანაც ამ ზაფხულს პირველად გავატარე არდადეგები სამშობლოში და ეს მოვლენა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ სულ რომ არავინ წაიკითხოს ეს ჩემი საშინაო დავალება, მაინც დავწერ. სულ ორიანები რომ მივიღო მკითხველებისგან, ესეც დიდად არ მატკენს გულს, რადგან ბავშვობაში დაბრუნება ისეთი სიამოვნებაა ჩემთვის, რომ ორიანებზე კი არა, საშემოდგომოზეც თანახმა ვარ. მართალია საშემოდგომოდ, როგორც წესი (აგერ უკვე მერამდენე წელია), ადამიანებს და ხმებს ითვლიან საქართველოში (წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით), მაგრამ ჩემს საშინაო დავალებას არჩევნებთან კავშირი არა აქვს და მიზეზი კი მარტივზე მარტივია - არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ და ამიტომაც ქვემოთქმული არც ვინმეს მხარდაჭერაა და არც მით უმეტეს ვინმესთან დაპირისპირება. ეს, უბრალოდ, სუბიექტური აზრია ყველაფერი იმის შესახებ, რაც სამშობლოში ერთწლიანი განშორების შემდეგ დამხვდა და ბავშვობაში დაბრუნება კი, ყოველთვის მინდოდა. მინდოდა მცოდნოდა, რამდენად განსხვავდება შორიდან დანახული საქართველო საქართველოში გატარებული არდადეგებისაგან და გულწრფელად ვაღიარებ და მიხარია, რომ ესპანეთში, ევროპასა და საერთოდ დასავლეთში (უკანასკნელ ხანს), საქართველოსადმი თანადგომა და სიმპათია იგრძნობა, რასაც უპირველესად იმპერიული რუსეთის საგარეო პოლიტიკა განაპირობებს და განსაკუთრებით მტრული კი ეს პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს და ეს დაპირისპირება აშკარად გვეხმარება დადებითი საერთაშორისო იმიჯის შექმნაში. დასავლეთის მხრიდან ჩვენს მიმართ თანაგრძნობას ლოგიკური ახსნა აქვს, რადგან რუსეთი უზარმაზარი იმპერიაა, ჩვენ კი პატარა ქვეყანა და თავისუფლებისათვის მებრძოლი მცირერიცხოვანი ხალხის მჩაგვრელების მხარდაჭერა დასავლეთში ძალიან ცუდ ტონად ითვლება. მართალია (ამერიკელებს, მაგალითად) თვითონაც შეუძლიათ სხვების დაჩაგვრა, თუ ეს მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის, მაგრამ ხმამაღლა (დასავლეთში) მოძალადეების მომხრეობას არავინ აღიარებს. ამიტომაც, ბოლო დროს (და განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ ქართული ღვინისთვის ომის გამოცხადების შემდეგ), ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი გაიზარდა, მაგრამ არის ერთი ტელეკადრი, რომელიც დასავლეთში კარგად ახსოვთ და ჯერჯერობით არ ივიწყებენ. როგორც ჩანს, თბილისში ამერიკის პრეზიდენტის სტუმრობის ამსახველმა მასალამ (მანადმე კი პირდაპირმა რეპორტაჟმა), მართლა მთელი მსოფლიო მოიარა, რადგან ესპანეთში, სადაც კი ვახსენე საქართველო, აუცილებლად გაოცებულებმა გაიხსენეს ასი ათასი ქართველი, რომელიც აღტაცებით შეეგება ბუშის საქართველოში ჩამობრძანებას. მათი გაკვირვება ბუნებრივია, რადგან ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს დასავლეთშიც მკვლელის სახელი აქვს და სადაც ჩადის, ყველგან სოფლის მეურნეობის წახდენილ პროდუქტებს ესვრიან. ამიტომაც იყო ბუში (თვითონაც) საკმაოდ გაკვირვებული ქართული მასპინძლობით და ამიტომაც არის უცხოელებისთვის ძნელი ასახსნელი, რომ ჩვენი ასეთი დახვედრა ამერიკისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა კი არ განაპირობა, არამედ სტუმრისათვის განსაკუთრებით თავმოწონების სურვილმა. (ამის გამო აღშფოთებულ ჩემს ერთ მადრიდელ პროფესორს შარშან გავეხუმრე კიდეც - ბუში კი არა, საქართველოში ბინ ლადენიც რომ ჩამოვიდეს სტუმრად, ხინკლებსა და ხაჭაპურებს იმასაც მივაფენთ და სულ ხორუმითა და შალახოთი გავისტუმრებთ-მეთქი). ჩვენ ასეთი უცნაური ხალხი ვართ და ისიც კი მახსოვს, როგორ ეპატიჟებოდა ჩვენი სხვა (თბილისის უნივერსიტეტის) პროფესორი გრაჩოვსა და როდიონოვს საქართველოში 9 აპრილის შემდეგ. მართალია, ზემოთქმული იდიოტიზმს უფრო ჰგავს, ვიდრე სტუმართმოყვარეობას, მაგრამ უცხოელებისთვის მაინც ძნელი გასაგებია ბევრი რამ ჩვენი ქვეყნის შესახებ და ამიტომაც არავის ვეუბნები, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯორჯ ბუშის სახელი ვუწოდეთ. რაღა ჩემგან უნდა გაიგონ ყველაფერი ცუდი და თუ მართლა აინტერესებთ საქართველო, თბილისში რომ ჩამობრძანდებიან, ის ქუჩა მაინც გზაზე შემოხვდებათ და ბარემ ადგილზე ინერვიულონ. სხვათა შორის, სანერვიულო ამერიკელებსაც ექნებათ საქართველოში და სულ ამაოდ აუქმებენ რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ნინია კაკაბაძე და ქეთი გაბუნია უმუშევრები რჩებიან, მათი მთავარი შეცდომა მცდარი ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ამერიკული პროპაგანდა აღარ სჭირდება და ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გააკეთა არჩევანი ამერიკის სასარგებლოდ. ის ასი ათასი ქართველი იმიტომ კი არ იდგა თავისულების მოედანზე ამერიკის დროშებით ხელში, რომ ბუში გაგიჟებით უყვართ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ორასი წელია რუსეთის ჯარი დგას და ჩვენ, ამ პატარა ქვეყანას, სხვა დიდი ქვეყნის დახმარების გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება. არადა, რუსები თავს მაინც არ გვანებებენ და ისე გვებრძვიან, თითქოს სხვა საქმე არაფერი ჰქონდეთ და ჩვენს გარდა სხვა ქვეყანაც არ არსებობდეს. როცა ჩვენს წინაპრებს ყველაზე მეტად სპარსული საფრთხე ემუქრებოდათ, რომაელებს ეპატიჟებოდნენ საქართველოში; როცა ბიზანტიელები გვავიწროვებდნენ, სელჯუკები იყვნენ ჩვენი მეკავშირეები; როცა ოსმალეთი ძლიერდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, თავრიზსა და ისპაჰანში მეგობრულ ფაქსებსა და იმეილებს ვგზავნიდით... ეს ალბათ თვითგადარჩენის ინსტინქტიც იყო და ინტუიციური აზროვნებისა და თავისუფლებისადმი გამძაფრებული ლტოლვის ხარჯზე, უზარმაზარი იმპერიები მოვინელეთ. ჩვენ კი ისევ აქ ვართ და ამერიკის მოძულე ქართველებს სულ ტყუილად აფრთხობთ თბილისში მათი მომრავლება, რადგან რუსებისაგან განსხვავებით (რუსებმა მხოლოდ მოსვლა იციან), ამერიკელები (ადრე თუ გვიან), წამსვლელი ხალხია და მათგან კი საქართველოში მხოლოდ ის დარჩება, რაც გამოგვადგება. ბიგმაკი რომ საცივს ვერ შეგვიცვლის, ადვილი დასაჯერებელია და თქვენც შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. მაგრამ თუ უფრო მეტის დაკარგვისა გეშინიათ (მაგალითად, მართლმადიდებლობისა, როგორც ამას ხშირად გაიგონებთ საქართველოში), მაშინ შეგიძლიათ კიდევ უფრო მშვიდად იყოთ, რადგან ზემოთქმულის დათმობა კიდევ უფრო რთულია; მეტიც, შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ოცსაუკუნოვანი ქრისტიანობისათვის იმ საფრთხეზე საუბარიც კი, რომელიც ალბათ ჩემსავით გსმენიათ საქართველოში ეკლესიის დამცველებისაგან - როგორც კი შემოვლენ ამერიკელები, მაშინვე მართლმადიდებლობას წაგვართმევენო. დარწმუნებული ვარ - ამ (რბილად რომ ვთქვათ) უცნაური აზრის დამკვიდრებას ჩვენში, რუსული სპეცსამსახურები მაქსიმალურად უწყობენ ხელს სწორედ იმ ბოროტების დასავიწყებლად, რაც მათ საქართველოს დაპყრობისთანავე ჩაიდინეს. დამპყრობლებისა და მოძალადეების მეტი რა ახსოვს საქართველოს, მაგრამ არცერთ მუსულმან აგრესორსაც კი არ აუკრძალავს ჩვენთვის ქართულად ლოცვა და ერთადერთი, ვინც ავტოკეფალია გააუქმა, „ერთმორწმუნე“ რუსეთი იყო. ათეული წლების მანძილზე, რუსები ძარცვავდნენ ქართულ ეკლესიამონასტრებს და თითქმის მთელი ქონება და სიმდიდრე რუსეთში გაიტანეს. რუსეთში გაიტანეს ასევე უნიკალური ქართული ხელნაწერები (ჩვენი ისტორიოგრაფიის სამი ათასზე მეტი ძეგლი) და კოცონზე დაწვეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ნამდვილად არ ვარ პროამერიკული ორიენტაციის, მაგრამ ამერიკელების არ მეშინია, რადგან იმაზე უარესს, რაც რუსებს საქართველოში აქვთ ჩადენილი, ამერიკელები ვერც მოიფიქრებენ და ამიტომაც მირჩევნია, ყველაფერში თანმიმდევრულები ვიყოთ - ჯერ რუსებს დავემშვიდობოთ და მერე ამერიკელებს...

რადგან სიტყვამ (და არდადეგებმა) მოიტანა, მინდა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყოს, რადგან სწორედ ევროპაში შეძლეს ჩვენსავით მცირერიცხოვანმა ხალხებმა თვითმყოფადობის შენარჩუნება და ისტორიული და თანამედროვე ფასეულობების შეთავსება. თანაც, ჩვენ უძველესი ევროპული ცივილიზაციის მემკვიდრეები ვართ და სინამდვილეში ევროპა ჩვენი ძველი სახლია, სადაც დაბრუნება მინდა. მაგრამ საქართველოში არდადეგებზე დაბრუნებისთანავე აღმოვაჩინე, რომ გვაქვს პრობლემა, რომლის გამოც კიდევ დიდხანს ვერ დავბრუნდებით ევროპულ სახლში და ეს პრობლემა ძნელი აღმოსაჩენი სულაც არ იყო, რადგან თბილისში ჩამოსვლისთანავე ისეთ სასამართლო პროცესზე მოვხვდი, ახლაც რომ მრცხვენია. დავესწარი როგორც გახმაურებულ, ასევე სრულიად უყურადღებოდ მიტოვებულ პროცესებსაც და როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ერთადერთი მოსამართლე, რომელსაც საქართველოში სამართლიანი განაჩენი გამოაქვს, აზდაკია - რამაზ ჩხიკვაძის შესრულებით და ისიც კარგა ხანია აღარ წარმოუდგენიათ რუსთაველის თეატრის სცენაზე. შემთხვევითი სულაც არ არის ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული ამ სპექტაკლის უცვლელი წარმატება და პოპულარობა საქართველოში, რადგან როგორც სცენაზე ელოდება მაყურებელი სამართალს, ასევე ადამიანი დღიდან გაჩენისა, სამართალს ეძებს და ადამიანისთვის თეატრშიც და ცხოვრებაშიც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც სამართალია. ხელისუფლება გამუდმებით ამტკიცებს, რომ სასამართლო რეფორმას დრო სჭირდება და ეს ნამდვილად ასეა, თუნდაც ახალი კადრების განათლებისა და ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მაგრამ არანაირი დრო არ სჭირდება სასამართლო რეფორმისადმი ნებისა და სურვილის გამოხატვას. პრეზიდენტმა რომ ერთხელ მაინც (ღიად ან თუნდაც არასაჯაროდ) გააფრთხილოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ სასამართლოს საქმიანობაში არ ჩაერიონ, რადგან სასამართლოს არსებობას მაშინ აქვს აზრი, თუ იგი დამოუკიდებელია, რომელი გაბედავს კანონის დარღვევას და ვინ გარისკავს საკუთარ სკამსა და კარიერას?! ამიტომაც საყვედურობს ძალიან ხშირად თვითონ ხელისუფლება ჩვენს საზოგადოებას, რომ საზოგადოების საკმაო ნაწილი მაინც ვერ ხედავს იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქვეყანაში ხდება. ვერ ხედავს კი იმიტომ, რომ საზოგადოების ეს ნაწილი აღარ არის საბჭოური ცნობიერების და მათ დარწმუნებით იციან, რომ ასფალტის დაგება კარგია, მაგრამ ადამიანის ღირსება და მისი უფლებები, კანონის უზენაესობა და თავისუფლება ცივილური სახელმწიფოს უმთავრესი საფუძველია.

რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად ვიყავი თურქეთში, ღამით გადავკვეთეთ საზღვარი და რამაც გამაოგნა - განათებული და გაჩახჩახებული სტადიონები იყო, სადაც შუაღამისას უამრავი ადამიანი თამაშობდა ფეხბურთს მწვანე საფარზე და ასეთ მოედნებს თუ თბილისშიც გახსნიდნენ ასე მალე, მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. არც ის წარმომედგინა, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამდენ ფულს ოდესმე დახარჯავდა რომელიმე ხელისუფლება საქართველოში გზებისა და გაყვანილობების შესაკეთებლად და მილებისა და კომუნიკაციების აღსადგენად. ვაღიარებ, რომ არ მეგონა. მაგრამ არც ის მეგონა, რომ ფასეულობებს, რომელთა გამოც ათასობით ვიდექით იმ წვიმიან ნოემბერში რუსთაველის პროსპექტზე, ასე უცებ დავივიწყებდით. პირადად არც იმ საბჭოური წარსულის დავიწყება მინდა, რომელსაც გავურბივართ და იმის დანახვაც მინდა, რაც აშკარად შეიცვალა და არდადეგების დროს პირადად ვნახე იმ სოფლების სკოლები, საიდანაც ერთიან ნაციონალურ გამოცდებზე აბიტურიენტებმა ყველაზე მეტი ქულები მიიღეს და ისინი (მანამდე) ვერასოდეს გახდებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები. ხარვეზები შეიძლება ბევრია და ალბათ მომავალშიც იქნება, მაგრამ იმას, რაც იყო, ხომ აშკარად ჯობია და მართლა სამარცხვინო იყო მისაღები გამოცდების დროს ათასობით დოლარების გადაყრა იმაში, რომ ჩვენი შვილები დებილებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ჩვენ ხომ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვიყავით სამყაროში, სადაც მშობლები ფულს იმაში იხდიდნენ, რომ მათი შვილები უსწავლელები დარჩენილიყვნენ და ალბათ ახლაც სიამოვნებით გადაიხდიან, რომ მიუშვან. ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მაინც. აბა, რა საქმეზე დგანან ხოლმე მშობლები მისაღები გამოცდების დროს შენობების წინ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. სწორედ არდადეგებზე, საკუთარი თვალით ვნახე (ტელევიზიით) ასეთი უცნაური სცენა - იმ შენობის წინ, სადაც აბიტურიენტები გამოცდებს აბარებდნენ, იდგა ადმინისტრაციის წარმომადგენელი მეგაფონით ხელში და იქვე, სიცხისაგან გათანგულ, დაღლილ და წამოწოლილ მშობლებს ხმამაღლა, განწირული ხმით მიმართავდა: მშობლებო, ნუ წვებით ბალახზე, გველები გიკბენენ!..

ზაფხულობით თბილისში მართლა გველი იცის და მართალია ძალიან შხამიანი არ არის, მაგრამ გველი მაინც არასასიამოვნოა.

ყველას ვეკითხები, რატომ წვანან ჩვენი მშობლები ბალახზე ან რატომ დგანან მისაღები გამოცდების დროს შენობების წინ და ტომ სოიერივით პასუხი არ არის. (ჩემი მშობლები რომ მისაღებ გამოცდებზე გამომყოლოდნენ, სირცხვილისაგან არასოდეს არსად არ ჩავაბარებდი და ამდენ ლაყბობას, რამე სასარგებლო ხელობა მაინც მეცოდინებოდა და კაი მშრომელი და გამრჯე კაციც ვიქნებოდი). თუ გვინდა, რომ საბჭოთა საქართველოც მალე დამთავრდეს, საბჭოთა კავშირი ჯერ ჩვენს ტვინებში უნდა მორჩეს და მერე დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა. ხელისუფლებაც, რისი შეცვლაც სურს, ახერხებს კიდეც და რასაც არ ცვლის, სწორედ რომ ცნობიერების ბრალია. ამ ცნობიერების გამო, კრიტიკასაც ვერ იტანს და ეჩვენება, რომ ისინი, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მტრები არიან. არადა, კრიტიკაზე უკეთესი დახმარება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არც არსებობს. (მტერი თემურ შაშიაშვილიც კი არ არის, რომელიც ათი წელი იმერეთის გუბერნატორი იყო, ოდესღაც უმშვენიერესი ქუთაისი ხიროსიმასავით დატოვა და ახლა სხვებს აკრიტიკებს. თუ რამის გაკეთება შეეძლო, იქ არ იყო?).

რაღაი ქუთაისი ვახსენეთ, იმ უკმაყოფილო ქუთაისელსაც გავიხსენებ, ვისი მარტივი და გენიალური ფრაზაც ტელევიზიით არდადეგებზე მოვისმინე:

- ამ მთავრობამ ეგი თბილისი და ბათუმი რომ გაალამაზეს, რავა, ქუთაისი საქართველო არ არის?

რავა არ არის და მეც იმიტომ მიხარია მისაღები გამოცდების სისტემის შეცვლა, რომ არა მხოლოდ თბილისის სამ პრესტიჟულ უბანში გაზრდილ აბიტურიენტებს ექნებათ უნივერსიტეტებში მოხვედრის შესაძლებლობა. საქართველოც აღარ იქნება საბჭოური, თავკომბალას ტიპის ქვეყანა, სადაც მხოლოდ დედაქალაქი არსებობს და ამიტომაც არის თბილისი ყველაზე პროვინციული დასახლება საქართველოში. (ამიტომაც გამახარა ბოლნისის “სიონის” ჩემპიონობამ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის „დინამოს“ ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდით)...

თბილისი და ბათუმი კი მართლაც ძალიან სწრაფად გალამაზდა და ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი და მიუხედავად ხშირი უგემოვნობისა (ყველაფერი კარგი, მათ შორის გემოვნებაც, ყველგან იშვიათობაა), მაინც სასიხარულოა, როცა შენს ქვეყანაში ამდენი რამე შენდება და არდადეგებზე ცოლისა და შვილების დაჟინებული მოთხოვნით, საკუთარი თვალით ვნახე შეცვლილი ბათუმი და აჭარა.

წელს ხელისუფლებამ აჭარაში კლიმატიც კი გამოცვალა და მთელი აგვისტოს განმავლობაში არ უწვიმია და მასპინძელი აჭარლებიც კი გაოგნებული უყურებდნენ აჭარის უღრუბლო ცას. კარგი ამინდების ბრალი იყო თუ საზეიმო განათების, რაც გონიოსა და კვარიათს შორის ხდებოდა ღამ-ღამობით - იმასთან შედარებით, იბიცა ბოდბეს დედათა მონასტერია. ამიტომაც, რამდენჯერმე რამდენიმე წლის წინანდელი კვარიათი გაგვახსენდა, როცა ეს სოფელი (როგორც კურორტი) ზვიად ხურცილავამ აღმოაჩინა და პირველად წავედით კვარიათში დასასვენებლად.

თუ ბათუმიდან გვიან, დაღამებულზე ვბრუნდებოდით ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კვარიათში სულ რამდენიმე სახლი იდგა, ისეთი სიბნელე და წყვდიადი იყო ხოლმე, რომ იმ სახლს, სადაც ვცხოვრობდით, ვერ ვაგნებდით ხოლმე და ქალბატონ ჟუჟუნას დილამდე ვუხმობდით საშველად. ქალბატონი ჟუჟუნა ჩვენი სახლის პატრონი იყო და მაშინ ცალ-ცალი კალოში ეცვა და ახლა უნდა ნახოთ მისი ტყავის “პლაშჩი”, რეზინის ჩექმები და იამამოტო უხმარი.

არაფერი გიხარიაო, როგორ არ მიხარია. კარგი ყველაფერი მიხარია და ისიც ვიცი, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და რუსებმა რომ ქართული ღვინო აკრძალეს რუსეთში, სიხარულისაგან გადარეული ვარ, რადგან ღვინო ძალიან მიყვარს და კარგ ქართულ ღვინოს კი არათუ რუსეთში, საქართველოშიც კი იშვიათად ნახავს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასზე მეტი ღვინის ჩამომსხმელი კომპანია არსებობს. ახლა ჩვენი მეღვინეები იძულებულები გახდებიან, ღვინოში არაფერი გაურიონ და ღვინის ხარისხზეც იფიქრონ (და არა მხოლოდ რაოდენობაზე), რადგან ევროპულ ბაზარზე ფეკალური მასალების შეტანა ისეთი ადვილი არ არის, როგორც რუსეთში. იმ ერთმა ჩვენმა უცნაურმა და ძალიან თვითკმაყოფილმა მინისტრმაც განა სიმართლე არ თქვა რუსეთის ბაზართან დაკავშირებით, რომ იქ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, მაგრამ იმაზე კი აღარ დაფიქრდა, რომ შეურაცხყოფა ჩვენ მოგვაყენა და არა რუსებს. (თუ ჩვენ ვიღაცისთვის მძღნერის მიყიდვა გვინდა, ეს ჩვენი პრობლემაა და არა იმ ვიღაცის, ვისაც ყველაფრის დალევა შეუძლია).

ჩემთვის ზაფხულის არდადეგები მაინც მარცხით დამთავრდა, როგორც დანარჩენი ქართველებისთვის, რადგან წამოსვლის წინ განახლებულ ეროვნულ სტადიონზე საფრანგეთთან მატჩს დავესწარი და მერე (რამდენიმე დღეში), თავი იმით დავიმშვიდე, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონი იტალიელებიც ჩვენსავით ახოხიალეს. ეროვნულ სტადიონზე კი (სამწუხაროდ), რაც არ მომწონდა საბჭოთა პერიოდიდან, ისევ ისე დატოვეს (კუთხეების უმახინჯესი დაბოლოება), მაგრამ სკამები დაამონტაჟეს (რაც მთავარია) და რაც ძალიან სასიხარულო იყო, პირველად ვნახე სამოცი ათასი ქართველი ერთად, რომლებიც არ იყვნენ შავებში ჩაცმულები და მარცხის მიუხედავად, გაღიმებულები და ლამაზები იყვნენ. მარცხი კი, იმედია, აღარ გვექნება ამ წელს და ამ წელს მადრიდის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის თანახმად, სოფელ-სოფელ უნდა მატარონ მთელს ესპანეთში ტოპონიმიკისა და ლინგვისტური კვლევებისათვის და „ცხელი შოკოლადის“ მკითხველებს უფრო საინტერესო წერილებსა და მოთხრობებს ესპანეთიდან ამიტომაც ვპირდები.

P.S. მგონი სულ სხვა რამეების დაწერას ვაპირებდი და მაინც იგივე გამომივიდა.

დარდმა იცის...

8 წერილი ოქსფორდიდან

▲ზევით დაბრუნება


ოქსფორდი: ჩემი კოლეჯისყვითელი ფურცლები

ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: პირადი არქივი

0x01 graphic

ჰითროუს აეროპორტში პატარა შეფერხება რომ არა, მშვენივრად ვიმგზავრე. ბორტიდან ფეხის გადმოდგმისთანავე დაგვეტაკნენ თეთრხალათიანები და სანამ რენტგენს არ გადაიღებთ, აეროპორტიდან ვერ გახვალთო, გამოგვიცხადეს. თავიდან ვიფიქრე, ეტყობა ტერორისტებმა შაჰიდის ქამრები ახალი საყლაპავი ასაფეთქებელი საშუალებებით შეცვალეს, გენური ინჟინერიით მოყვანილი ბრინჯის მარცვლებით ან რამე ამდაგვარით და იმის შიში აქვთ-მეთქი. მაგრამ ამასობაში ნამდვილი მიზეზიც გაირკვა: ყოფილი საბჭოეთის სივრცეში ტუბერკულოზი ყოფილა მოდებულიო. მე კი ვუთხარი, რომ ბოდიში მომითხოვია და ტუბერკულოზი, ჩიტის გრიპი და კიდევ ათასგვარი მაიმუნობა სულ თქვენისთანების წყალობით შემოვიდა ჩვენში-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა. ეტყობა, დიდი საზრიანობით არ გამოირჩეოდნენ, თორემ ხომ უნდა ეფიქრათ, რომ ამხელა გზაზე ვირუსის გასავრცელებლად არ ჩამოვიდოდი. ისიც ვკითხე, იქ, კუთხეში, ტიპები ხველებით რომ იხრჩობიან, ხომ არ ჯობია, იმათ ფილტვებსაც გადახედოთ-მეთქი, და - არაო, იმათ ტუბერკულოზი არ ემუქრებათ, ევროპასპორტები აქვთო. ეს ევროპასპორტი რაღა შუაში იყო? დოლბანდი რომ ეთქვა იმ ექიმს, კიდევ გავიგებდი.

მოკლედ, თავისუფალი ვარ. არც ევროპასპორტი მაქვს და არც ტუბერკულოზი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და უკვე ოქსფორდის გზას ვადგავარ. ჰითროუს აეროპორტიდან ოქსფორდამდე ავტობუსით საათის და ოცი წუთის სავალია, პიკის საათის დროს - ასე, ორი საათის.

ყველაზე მაგარი რა იყო, იცით? ოქსფორდში კაციშვილს არ ვიცნობდი და უკვე მეგობრები დამხვდნენ. სასაცილო ისტორიაა. ავტობუსიდან ჩამოვედი თუ არა, სამი ტანმორჩილი, ქერა, ყვითელმაისურიანი ბიჭი მოვიდა ჩემთან და ლამის ერთხმად მომამღერეს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, ახალჩამოსულ სტუდენტებს ვეხმარებით, დახმარება ხომ არ გჭირდებათო?

დიახ, მჭირდება, - ვუდასტურებ. მაშინ წამოგყვებით, - ამბობს ერთი და მეცნობა, - მარკი მქვია. კარგი, - უთანხმებს მეორე, - ჩვენ სხვებს დაველოდებით. მესამე თავს უქნევს. მარკი ჩემს ჩემოდანზე ხუთიოდე სანტიმეტრით მაღალია, მაგრამ მოწადინებული. მე კი თურმე მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ იმ დროს ჯერ ეს არ ვიცი. მერე კი ძალიან მეცოდება მარკი, თავისი წონა ჩემოდანს კიბეებზე თვინიერად რომ მიათრევს...

0x01 graphic

ოქსფორდი

0x01 graphic

უკვე ოქსფორდის სტუდენტი ვარ

0x01 graphic

ბოდლის ბიბლიოთეკა

აუუუ, რა მაგარი ოთახი მაქვს, იცით? ნამდვილი პენტჰაუსია. კედლები არ აქვს, სულ შემინულია. ფანჯრები ლითლ კლარენდონის ქუჩას გადაჰყურებს. სხვათა შორის, ძალიან პოპულარული ქუჩაა ოქსფორდში - პატარა და ცოცხალი, ადრე საეჭვო დაწესებულებებიც კი ამ ქუჩაზე ყოფილა. როგორც ჩანს, ძველ დროში უფრო „ზრუნავდნენ“ სტუდენტებზე. ვის აღარ ნახავთ აქ. ცენტრალური სუპერმარკეტის დაცვის უფროსიც კი ამ ქუჩაზე შემოუხვევს ხოლმე შესვენების დროს, ჩუმად ვისკი რომ “ჩაარტყას”. მთელ ქუჩას ვაკონტროლებ. ძალიან დაკავებული ვარ. თან დისერტაციაზეც ხომ ვმუშაობ.

სწავლაც დამეწყოოო.

სწავლა ოქსფორდში 1 ოქტომბერს იწყება. სასწავლო წელი სამ სასწავლო სემესტრს მოიცავს. თითოეულ სემესტრს თავისი სახელი ჰქვია: „მიქალმას“, „ჰილარი“ და „ტრინიტი“. სემესტრი ასტრონომიულად 9-კვირიანია, პრაქტიკულად კი - 8-კვირიანი, სემესტრის დღეებს ნულოვანი კვირიდან ითვლიან, სალექციო დღეებს კი - პირველი კვირიდან. ნულოვანი კვირა გაცნობის, განტვირთვის, გნებავთ, გარემოსთან შეგუებისა თუ სასწავლო განწყობის შექმნის კვირაა. „მიქალმას“ სემესტრის ნულოვანი კვირის დღეები წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხალისიანი დღეებია. ასეთი დიდი ჟრიამული კიდევ ერთხელ არის ოქსფორდში - საგამოცდო ციებ-ცხელების შემდეგ, ე.ი. სასწავლო წლის დასასრულს, როცა საყოველთაო აწყვეტა იწყება. ეს არის დღეში 14-საათიანი შრომის, ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეებისა და წვრილწვრილშრიფტიანი წიგნების კითხვით დაქვეითებული მხედველობის კომპენსაცია. არ ვაჭარბებ, ნამდვილად ასეა.

გამოცდის შედეგი, რომელიც ერთ თვეში იქნება, უკვე აღარავის ანაღვლებს. თუ მთელი წელი გაუძელი და გამოცდამდე მიაღწიე, ესე იგი, იქაც არ ჩაფლავდები. თუ მაღალი ქულები დააგროვე, ხომ მთლად გენიოსი ყოფილხარ, თუ არა და, გამსვლელი ქულა და მისი ჯანი. ორივე შემთხვევაში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრი ან მაგისტრი ხარ. მგონი ურიგოდ არ ჟღერს, არა? ასე რომ, გამოცდის შემდეგ ბაკალავრებსა და მაგისტრებს ცოტა ხნით ყველაფერი ეპატიებათ. მთავარია, იარაღი არ ატრიალონ. იარაღის ტრიალი კი აქ მოდაში არ არის. იარაღით უკვე პაკისტანელი სტუდენტებიც აღარ ერთობიან. ტრადიციული საგამოცდო გართობა უწყინარია: შამპანურით წუწაობა, ფქვილის ბოლქვებისა და ფერადი საღებავების სროლა, სინათლის ბოძებზე ან ქონგურებზე ძრომიალი და იქ უცნაური სიმბოლოების - ფერადი ბუშტებისა და ნაგვის ყუთების გამოფენა, სირბილი, ყვირილი, სრული სიგიჟე. საღამოს უკვე ყოფილი სტუდენტები გამარჯვებას ლუდხანაში აღნიშნავენ. სვამენ ყველაფერს - ლუდს, ვისკის, ჯინს, პორტვეინს, მერე ისევ ვისკის. თვრებიან, ზოგჯერ ღორებივითაც, ფხიზლდებიან, მერე ისევ თვრებიან. ეს დღეები ყველაზე გიჟური და ყველაზე ბედნიერი დღეებია ოქსფორდში, ცოტათი სევდიანიც: ეს უკვე წარსულია.

სასწავლო წლის დასაწყისი უფრო უდარდელია. ჯერ-ჯერობით არც გამოცდებზე ფიქრობ, არც მაინცდამაინც იმაზე, თუ რას გააკეთებ მომავალში, სწავლის დამთავრების შემდეგ. ჯერ სხვა საზრუნავი გაქვს. ცნობისმოყვარეობა გკლავს, ვინ იქნება შენი კარის მეზობელი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, როგორ ჩაივლის პირველი შეხვედრა ხელმძღვანელთან, ნეტა მეგობრებში თუ გაგიმართლებს, დატვირთული გრაფიკი გექნება თუ არა, რა ლექციები წაგეკითხება და ვინ წაგიკითხავს, არის თუ არა შენი კოლეჯის სიახლოვეს ბარი, რომელიც გვიანობამდე მუშაობს და ა.შ. და ა.შ.

ოქსფორდში ჩასვლის პირველივე დღიდანვე შენც ამ ქალაქის ნაწილი ხდები. აქ ყველაფერი მშობლიურია. ყველა გიღიმის, გესალმება, პროფესორებიც, კონსტებლებიც, ქუჩის მაწანწალებიც და ასე გგონია, თითქოს აქ დაიბადე და გაიზარდე. ამიტომ, მაინცდამაინც არ გსიამოვნებს, პირველ დღეებში ძველი სტუდენტები საკუთარ უპირატესობას რომ გაგრძნობინებენ და „ახალს“ გეძახიან (უფროსებს ეს „ახალი“ საბჭოური და, სულო ცოდვილო, პოსტსაბჭოური ჯარის „სალაგაში“ არ აგერიოთ, „შუა უზის დიდი ზღვარი“). ჰოდა, შენც ცდილობ ჭეშმარიტი ოქსფორდელი გახდე და ძველებს არ ჩამორჩე, დაძვრები ქალაქის მიყრუებულ უბნებში, გონებაში იბეჭდავ გაგონილ ჭორ-მართალს და ძველებივით განიცდი ცნობილი ლათინისტის, პროფესორ ფილიპ ჰარდის კემბრიჯში გადასვლის ამბავს, წლების განმავლობაში რომ აჯადოებდა სტუდენტებს ვერგილიუსის დეკლამაციით: „მოვა მძვინვარე კართაგენი, რომაელთ ციხეს დანთქმას უქადის...“ და ძველებიც კმაყოფილი არიან.

0x01 graphic

ჰაი სტრიტი

0x01 graphic

გამოცდები დამთავრდა

მე მოხიბლული ვარ ოქსფორდით და არა მგონია, ოდესმე განვიხიბლო. ისიც კი მჯერა, რომ ამბობენ, ჰიტლერს ოქსფორდი თავისი იმპერიის დედაქალაქად უნდოდა გადაექციაო. ვიცი, ისტორიკოსები არ დამეთანხმებიან, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ლეგენდასავითაა.

ლექციები ჯერ არ დაწყებულა და მგონი უკვე გადავიღალე. ჩვენს კოლეჯში იმდენი ღონისძიებაა დაგეგმილი, როდის რა მოვასწრო, აღარ ვიცი. თან ეს სულელური წვრილმანი საორგანიზაციო საკითხებიც რომ მაქვს მოსაგვარებელი? საერთო საცხოვრებელთან ხელშეკრულება უნდა გავაფორმო, კოლეჯის ექიმს დავუკავშირდე, მერე ეს ოხერი „ყვითელი ფურცლებიც“ ხომ ჩემი წასაკითხია?

ჰო, მართლა, „ყვითელი ფურცლები“ ჭეშმარიტად ოქსფორდული ტერმინია - იმ ბროშურას ჰქვია, რომელიც კოლეჯის შესახებ ყოველგვარ ინფორმაციას შეიცავს. რა დასამალია, „ყვითელ ფურცლებს“ მხოლოდ პედანტი სტუდენტები თუ კითხულობენ, მე კი პედანტი არ ვარ და ყვითელ ფურცლებს კი არა, ყვითელ პრესასაც არ ვკითხულობ. მარტო ის ვიცი, რომ ყველა კოლეჯს საკუთარი „ყვითელი ფურცლები“ აქვს, გარეკანზე კოლეჯის სახელი, გერბი და ზოგჯერ სიმბოლოც არის გამოსახული, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმბოლო არსებობს. ჩემი კოლეჯის სიმბოლო შავი კატაა, ეს კატა რეალური პერსონაჟია, დიდი, ძალიან შავი და საშინელი სნობი. არც კი იფიქროთ, რომ „ფისო-ფისოს“ დაძახებას გაუბედავთ და მოეფერებით. რა ფისო, სერიოზული კატაა. პოგო ჰქვია, ყელზე წითელი ბაფთა უკეთია სამშვენისივით და, არც მეტი, არც ნაკლები, კოლეჯში ცხოვრობს. ცხოვრობს კი არა, ქურდად არ ზის, რო? უნდა ნახოთ, როგორ დაიარება ბაღსა თუ ბიბლიოთეკაში, ზედ არ გვიყურებს, მაგისტრებს კი არა, დოქტურანტურის სტუდენტებსაც არაფრად აგდებს. აი, კატაც ამას ჰქვია.

თუ პოგო კოლეჯის დაარსების დღიდან კოლეჯის სიმბოლოა, მაშინ ის 127 წლის გამოდის, იმიტომ, რომ სომერვილის კოლეჯი 1879 წელს დაარსდა. რამდენადაც ვიცი, კატები მხოლოდ 15 წლამდე ცოცხლობენ. ასე რომ, იმ ვერსიას ვემხრობი, რომლის მიხედვითაც, პირველი სიმბოლო მისი დიდი დიდი ბებია უნდა ყოფილიყო და, როგორც ჩანს, ეს პოსტი მემკვიდრეობით გადადის.

0x01 graphic

შელდონის თეატრი. სტუდენტთა კურთხევის ცერემონიალი

0x01 graphic

საერთო საცხოვრებელი

0x01 graphic

წვეულება სწავლის დაწყების წინ

1879 წელს სომერვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კოლეჯის სტატუსი, სომერვილის დარბაზი ერქვა, კოლეჯის სტატუსი 15 წლის შემდეგ შეიძინა, 1894 წელს. ოქსფორდში ქალთა ხუთი დარბაზი არსებობდა და სომერვილი პირველი იყო ამ ხუთი დარბაზიდან, კოლეჯად რომ გადაკეთდა. ამიერიდან მას ჰყავდა საკუთარი მასწავლებლები, რომლებმაც საგანგებოდ ამ კოლეჯისათვის მისაღები გამოცდების პროგრამა შეადგინეს და ბიბლიოთეკაც დააარსეს. ეს იყო პირველი კოლეჯი, რომელსაც საკუთარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ოღონდ ბიბლიოთეკის დამაარსებელ ქალებს, პირველობის ამბიციებზე მეტად, სწავლის წყურვილი ამოძრავებდათ. იმ დროს ქალებს მამაკაცებთან ერთად უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში შესვლა ეკრძალებოდათ. ჰოდა, ეგრე არ უნდაო და... სომერვილის კოლეჯის ბიბლიოთეკა დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო შიდა ბიბლიოთეკაა.

სხვათა შორის, თავის დროზე ქალთა კოლეჯები მამაკაცთა კოლეჯებს თურმე სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ. ერთმა პროფესორმა ისიც კი მითხრა, რაც შერეული კოლეჯები გაჩნდა, ოქსფორდში სწავლის დონე დაეცაო. ჩემდა გასაკვირად, ამ ვერსიის ავტორი მამაკაცი იყო და არა ფემინისტი ქალბატონი. ამიტომაც უფრო დავუჯერე და სინანულის ნიშნად, თავიც გადავაქნიე. გულში კი გავიფიქრე: კიდევ კარგი, რომ დაეცა-მეთქი. რა გაუძლებდა!

სომერვილის კოლეჯში საპირისპირო სქესის წარმომადგენლები 1992 წლამდე არ გაჭაჭანებულან. ახლა ის უკვე შერეული კოლეჯია, თუმცა უმრავლესობა მდედრია და კოლეჯსაც ძირითადად ქალებმა გაუთქვეს სახელი. აქ სწავლობდა დოროთი ჰოჯკინი, რომელმაც პენიცილინის, ვიტამინ B12-ის და ინსულინის შემადგენლობის გამოკვლევისთვის 1964 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო. აქ მუშაობდა ბუკერისა და უაითბრედის პრემიების ლაურეატი აირის მერდოკი. ამ კოლეჯიდან წავიდნენ დიდ პოლიტიკაში მარგარეტ ტეტჩერი და ინდირა განდი. ეს კოლეჯი დაუმთავრებია არაერთ ცნობილ ჟურნალისტს, მეცნიერსა თუ პოლიტიკოს ქალბატონს.

კინაღამ მთავარი პერსონაჟი დამავიწყდა - „XIX საუკუნის მეცნიერების დედოფალი“ მერი სომერვილი - ქალი, რომლის სახელსაც ატარებს ეს კოლეჯი.

მერი სომერვილის ავტოპორტრეტი სასადილო დარბაზის შესასვლელში კიდია. ამ დარბაზში სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტებისა და პროფესორებისთვის დიდი ოფიციალური სადილი იმართება. წინასწარ ვიღებ საგანგებო მოსაწვევსაც, რომელშიც, წვეულების დეტალებთან ერთად, ისიც არის მითითებული, რომ სტუმართა ჩაცმულობა ოფიციალური უნდა იყოს: მამაკაცებს - კოსტიუმი და ჰალსტუხი, მანდილოსნებს - საღამოს კაბა, მოცუცქნული და სრულიად გამოუსადეგარი ხელჩანთა, სამკაული და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. და როცა იმ ფეხსაცმელს ვიცვამ, მძულს ყველაფერი - ოქსფორდიც, ფემინისტი ქალებიც, ჯეინ ოსტინიც და მაღალ ქუსლებზე ამხედრებული მაღალი საზოგადოებაც. მაგრამ რას იზამ, სხვაგვარად უსადილოდ დარჩები. იმითღა ვიმშვიდებ თავს, რომ დიდად სხვებსაც არ უხარიათ, საღამოობით წვიმიან ამინდშიც კი მრავლად ნახავთ ფეხშიშველა გოგოებს, ის საძულველი ფეხსაცმელები იღლიაში რომ აქვთ ამოჩრილი და შიშველი ფეხისგულებით უშუალოდ განიცდიან შეუბოჭავი ბუნებრიობის სიდიადეს.

0x01 graphic

ხელნაწერი ბოდლის ბიბლიოთეკიდან

0x01 graphic

სომერვილის კოლეჯი. 2005 - 2006 წელი

სხვა კოლეჯების სტუდენტებთან შედარებით მაინც გამიმართლა. ძირძველ, ტრადიციების მიმდევარ კოლეჯებში ასეთ დროს შავ მანტიებსაც იცვამენ და სადილის წინ თავიდან ბოლომდე კითხულობენ „მამაო ჩვენოს“. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი კოლეჯი თავნება წინაპართა ხაზს აგრძელებს და ტრადიციებს ცოტა ალმაცერად უყურებს. ამიტომ, ლოცვის დროს მხოლოდ სამ სიტყვას ვამბობთ - Pater Noster და Amen და მანტიასაც მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ვიცვამთ - გამოცდებზე, უნივერსიტეტის სტუდენტად კურთხევისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალებზე.

დიპლომებამდე დიდი დროა. ახლა არ ჩამოვედით? ჯერ ყველანი სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ კოლეჯის ფონზე. ცუდი ადგილი მოგვიძებნეს. მზე პირდაპირ თვალებში გვიჭყიტინებს, ამიტომ ფოტოგრაფების გაცვეთილი სახუმარო ფრაზა - Cheese - შედეგიანად ვერ მუშაობს, ღიმილი ნაძალადევია. გოგოებს ერთი სული აქვთ ჩრდილში გადაინაცვლონ და იმ რამდენიმე კინკილა ბიჭზე წაიჭორაონ, ბედმა ქალთა კოლეჯში რომ გადმოისროლა.

სულ მალე შელდონის თეატრის შენობაში სტუდენტად კურთხევის ცერემონიალი იწყება. მგონი, ცოტა ვღელავ.

წლის დასაწყისში კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალმოსულ სტუდენტთა ბაზრობაა. კოლეჯის შესასვლელთან ვიკრიბებით და დარაზმულები ქალაქის ცენტრისკენ მივემართებით. გზაში ვსაუბრობთ, ხან რაზე, ხან რაზე, ამინდზე - ნაკლებად (ამინდზე ინგლისში უკვე დიდი ხანია აღარ საუბრობენ; და ეს ამინდიც, მგონი, გამოსწორდა), უფრო - სპეციალობაზე, დისერტაციის თემაზე. თავიდან ინტერესით საუბრობ, მერე ორასმეშვიდედ იმეორებ უკვე გაზეპირებულ ტექსტს:

- მე? კლასიკურ ლიტერატურას ვსწავლობ.ვმუშაობ თემაზე - ფსიქიკური აშლილობა ბერძნულ ლიტერატურაში.

- მართლა? რა სასიამოვნოა. მეც კლასიკურ ლიტერატურას ვსწავლობ. ჩემი ხელმძღვანელი სკოტია, იცნობ? თემის სათაური ზუსტად არ მომიფიქრებია, მაგრამ ტრაგედიას „ვაწვები“, საკითხი ეს იქნება: ქალები, გველები და სხვა ბოროტი ქმნილებები.

მერე, საღამოს, ეს საუბრები ლუდხანაში ვისკისთან ან ლუდთან ერთად (თემას გააჩნია) გრძელდება და ახალ ნიუანსებს იძენს; მაგალითად, ასეთს:

- ესე იგი, საერთაშორისო ურთიერთობები, არა? ფუკუიამა რომ ჩამოდის გაზაფხულზე, ალბათ გეცოდინებათ. როგორ მინდა მის ლექციაზე მოვხვდე. და ბლერის პოლიტიკაზე რა აზრის ხართ? ბოდიში, დღეს ეტყობა ძალიან გადავიღალე. თქვენი სახელი? რა მითხარით?

- რა საბოდიშოა. ისე კი ძალიან ადვილი დასამახსოვრებელია. იტალიის პრემიერ-მინისტრის, უფრო სწორად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელი ხომ გახსოვთ? ბერლუსკონი, სილვიო ბერლუსკონი. ჰოდა, მეც თითქმის იგივე სახელი მქვია, მხოლოდ ერთ ხმოვანშია განსხვავება. ბოლოში ო-ს ნაცვლად უ-ა. სილვიუ, სილ-ვი-უ.

- რა შესანიშნავია. თქვენი სახელი უფრო ლამაზად ჟღერს. თქვენგან ალბათ კარგი დიპლომატი დადგება, ისეთი გარეგნობა გაქვთ. იტალიიდან ჩამოხვედით?

- არა, რუმინეთიდან...

- რუმინეთი? რა საუცხოოა! დრაკულას პარკში ნამყოფი ხართ?..

ან ასეთს:

- აბა თქვი „რენესანსი“?

- რა ვთქვა?

- რენესანსი. უბრალოდ მაინტერესებს, როგორ გამოთქვამ.

- კარგი. რე-ნე-სან-სი.

- აჰა, ამერიკელებიც ასე ვამბობთ. ეს ბრიტანელები კი, არავინ იცის, რატომ სვამენ მახვილს მეორე მარცვალზე.

- რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ბრიტანული გამოთქმა უფრო სწორია. ბოლოს და ბოლოს, ემილი, ამერიკელები სად იყავით, ჩვენ რომ სიტყვა „რენესანსს“ ვამბობდით?

- ჰოდა, ჩემო ძვირფასო მერი, იმიტომაც ამბობდით არასწორად. ჰო, მართლა, ხომ არ გაგიგია, ვინ იყო ის ბიჭი, დღეს სადილზე ჩვენს მოპირდაპირე მაგიდასთან რომ იჯდა?

- გააჩნია რომელი. იქ, სქელი ჯონის გვერდით, ორი სიმპათიური ბიჭი იჯდა: დანიელი და მაიკლი.

- მე გრძელთმიანი უფრო მომეწონა.

- ეგ მაიკლია, ახალი ზელანდიიდან. მაგრამ მაგას ვერც მუსიკაზე დაელაპარაკები, ვერც მხატვრობაზე.

- რატომ?

- იურისპრუდენციას სწავლობს.

- ოო, რა მოსაწყენია. ერთი ვისკი კიდევ ხომ არ შევუკვეთოთ?..

ამასობაში მეც, ცოტა არ იყოს, ავირიე და დამავიწყდა სად გავჩერდით. ჰო, ჯერ არ დაღამებულა, ჯერ ისევ დღეა, ბარებიც დაკეტილია და ბაზრობაზე მივდივართ. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი არაჩვეულებრივი სანახაობა დამხვდებოდა. ბოდლის ბიბლიოთეკისა და შელდონის თეატრის შენობებს შორის, ეზოში, უზარმაზარი თეთრი კარავია გაშლილი. იმ კარავში შედიხარ, მერე კარვიდან შენობაში გადაინაცვლებ და იკარგები. თავიდან აზრზე ვერ მოდიხარ, რა ხდება. ვიღაცა ხელში გაჩეჩებს პატარა საკანცელარიო კოლექციას, ოქსფორდის სტუდენტის გზამკვლევს და სტუდენტობას გილოცავს. მერე უცებ რაღაც ლატარიის გათამაშებაზე აღმოჩნდები. რა თქმა უნდა, ვერაფერს იგებ და ისევ წინ მიიწევ. გზადაგზა გთავაზობენ ბროშურებს, ბუკლეტებს, რაღაც მისამართებს გჩრიან ხელში და შენც ნელ-ნელა სტენდების თვალიერებას იწყებ. ეს სტენდები და ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სტენდებთან ტრიალებენ, უცებ აგიხსნიან, თუ რა ხდება შენს თავს. მოკლედ, სასწავლო დროის ორგანიზების გარდა, ყველა ნორმალურ სტუდენტს თავისუფალი დროის ორგანიზებაც ესაჭიროება. ამისათვის ოქსფორდში უამრავი წრე, კლუბი თუ ახალგაზრდული გაერთიანება არსებობს. ეს ბაზრობა კი, სადაც ყოველწლიურად უამრავი ახალი სტუდენტი იყრის თავს, ახალი წევრების მოძიებისა და რეკლამირების საუკეთესო ხერხია. პოტენციური წევრების მოზიდვა სხვადასხვა საშუალებით ხდება - სტენდების ორიგინალური დიზაინით, პრეზენტაციებით, იუმორით, ინდივიდუალური საუბრებით, მომხიბლავი ღიმილით და ა.შ. მოკლედ, ვისაც როგორ შეუძლია.

- არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ ჩვენი ბუკლეტი და მობრძანდით ჩვენს საზოგადოებაში. შაბათ საღამოს შოტლანდიური ცეკვების ასოციაციის შეკრებაზე გელით. თქვენ დაგხვდებათ ნაღდი შოტლანდიური ვისკი, ვაშლის ნამცხვარი, უამრავი საინტერესო ადამიანი და დიდი მხიარულება. პირველი ცეკვის გაკვეთილი უფასო იქნება. უფასოა ვისკიც და ვაშლის ნამცხვარიც. არ დაიზაროთ, მობრძანდით, და ეს წელიც სულ ცეკვა-ცეკვით ჩაივლის!

- თქვენ მუსულმანი ხართ, არა? ამას რა მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდა მუსულმანთა საზოგადოებაში ენერგიული და განათლებული ხალხი გვჭირდება. ყოველ კვირას ვიკრიბებით და ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც მუსულმანურ სამყაროს საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვეხმარებით ერაყში მიწისძვრით დაზარალებულებს, ჩვენ...

- ფილოსოფია სულ არ გაინტერესებთ? ცოტა მაინც არა? გაწევრიანდით, ინებეთ, ეს ჩემი იმეილია, გამომართვით, არ ინანებთ! მე რიჩარდი ვარ, იგივე რიჩი, სოკრატეს ასოციაციის პრეზიდენტი. მეც ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, საზოგადოებაში შინაურულად ზიგმუნდს მეძახიან. თუ გაწევრიანდებით, თქვენც ზიგმუნდს დამიძახებთ. ნუ ყოყმანობთ, თქვენი სახელი უკვე სიაში ჩავწერე...

თავიდან ყველაფერს გაფაციცებით ვუსმენ, ვერთობი, ახალ ნაცნობებს ვიძენ. მერე, ცოტა არ იყოს, თავი მიტრიალებს და უკვე აჩქარებული ნაბიჯით მივიწევ კარისკენ. გარეთ კიდევ კარგა ხანს ჩამესმის ნაცნობ-უცნობი ხმები:

- ოქსფორდის სახელგანთქმული ნიჩბოსნობის კლუბი ახალ წევრებს ელოდება. გაზაფხულზე გადამწყვეტი შეჯიბრი გველის კემბრიჯის ნიჩბოსნებთან.

- ფეხით მოსიარულეთა საზოგადოება შაბათკვირას უაღრესად საინტერესო ექსკურსიებს გთავაზობთ.

- გოლფის თამაში თუ გიცდიათ?

- ჭოკით ხტომაზე რას იტყვით?

- გუნდში არ გინდათ იმღეროთ? თქვენ რა, სმენა საერთოდ არ გაქვთ?

მერე აჟიტირებული მოვრბივარ შინ და ახალ დღიურში მთელი კვირის განრიგს ვადგენ. მაქსიმალურად უნდა დავიტვირთო, არაფერი არ უნდა გამომრჩეს: ორშაბათი - დილა: ნიჩბოსნობა; შუადღე: ლიტერატურისმოყვარულთა შეკრება; საღამო: კინოკლუბის ღონისძიება; სამშაბათი - დილა: გოლფი; შუადღე: ლექცია „ბრიტანული კულტურის თავისებურებები“; საღამო: რუანდაში ბავშვთა დახმარების ახალი პროექტის განხილვა; ოთხშაბათი - დილა: ლექცია თემაზე „მობილური ტელეფონები, კონსუმერიზმი და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები“, შუადღე: წიგნის პრეზენტაცია და შეხვედრა მწერალთან, საღამო: თეატრალური სტუდიის პრემიერა; პრემიერის შემდეგ - სპექტაკლის განხილვა და წვეულება; ხუთშაბათი - დილა: ნიჩბოსნობა (ისევ), შუადღე: ირლანდიური ცეკვები, საღამო: შოტლანდიური ცეკვები; პარასკევი - დილა...

ეეე, გაუტიე? სწავლა? ჰოო, სწავლა, კაცმა რომ თქვას, აქ ხომ სასწავლებლად ჩამოვედი. მოკლედ, ახალ განრიგს ვადგენ და ბიბლიოთეკაში მივდივარ...

სანამ წიგნსაცავამდე მივაღწევ, გრძელი, ოდნავ ჩაბნელებული დერეფანი უნდა გავიარო. დერეფნის კედლის მთელ სიგრძეზე პორტრეტები კიდია - სულ ქალბატონები არიან, კოლეჯის მხცოვანი მასწავლებლები. მკაცრი მამაკაცებივით გადმომყურებენ კედლიდან. მე კი ეს სულაც არ მსიამოვნებს და ნაბიჯს ვაჩქარებ. მეჩვენება, რომ ერთადერთი მერი სომერვილი იღიმება ჩუმად. როგორც ამბობენ, მასაც ჰყვარებია გართობა და ტაში-ტაში. ალგებრისადმი პირველი ინტერესი მოდების ჟურნალის თვალიერების დროს გასჩენია. ამ ჟურნალში ალგებრული ფორმულები დეკორაციის მიზნით იყო გამოყენებული და 15 წლის ცნობისმოყვარე მერი მათ ამოხსნას შეეცადა.

რომ იცოდეთ, ჯერ კიდევ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი, ჩემი ქუჩის მაწანწალებზე, კოლეჯის ინტრიგებზე, ელტონ ჯონის კონცერტზე, კაცთმოძულე ცხოველთა დამცველებზე, ბებერ როკერებზე...

სხვა დროს იყოს, ინგლისურ ჩაისთან ერთად.

9 პრომოუშენი

▲ზევით დაბრუნება


ვირტუალური არმია
საქართველო, სვანეთი, უშგული

0x01 graphic

პროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული გალერეა

პროექტის მონაწილეები:
ბრის მატეი (საფრანგეთი)
გერჰარდ შაბელი (გერმანია)
კრისტა ფოგელი (გერმანია)
ჰუსეინ ჰაკვერდი (აზერბაიჯანი)
გუგა კოტეტიშვილი (საქართველო)
ლევან დადიანი (საქართველო)
ზენი ბალაჟი (კოსოვო)
სტრეტჩი (აშშ)

პროექტის მხარდამჭერები:
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ავსტრიის ავიახაზები
ბანკი „რესპუბლიკა“
ტელეკომპანია „იმედი“
შპს „სანეტი“
შპს „ენგურჰესი“
შპს „პროფსერვისი“

...ვედებში ნათქვამია, რომ მრავალი ათასი წლის წინათ არსებობდა მებრძოლთა კასტა, კშატრიები, და მათი ძლევა არავის შეეძლო. მათ თავიანთი რელიგიური პრინციპები დაივიწყეს და ამის გამო სამყაროსათვის საშიშნი გახდნენ. სამყაროს გადასარჩენად დედამიწას უფლის ინკარნაცია - პარაშურამა მოევლინა. მან კშატრიებს სძლია, და მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო გაქცევა. მათ სამყაროს შუბლს - კავკასიონს მიაშურეს, და ცხრა მთის იქიდან მოსულები ცხრათავიანმა მთამ - შხარამ შეიფარა. ჰყვებიან, ამიტომაც ჰქვიაო სოფელს უშგული - უშიშარი გული. ეს ლეგენდაა.

…ოქროს საწმისი სამყაროსა და მისი წვდომის საიდუმლოა, მედეა ბუნების საიდუმლოს მფლობელი კოლხი ქალია. მან თავისი შვილები დახოცა, რადგან ამ საიდუმლოს გაცემა დაუშვებელი იყო - სამყარო ამას არ იმსახურებდა. სამყაროსა და ბუნების საიდუმლო კავკასიონზეა, სადაც ოდესღაც პრომეთე მიაჯაჭვეს ღმერთებმა. ეს მითია.

…ჩემი ბაბუა თავის დღიურში აღწერს, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თოვლიან კალთებზე ქლუხორისკენ უღელტეხილით მიმავალმა სვანებმა გაყინული გერმანელი სამხედროები იპოვეს - კავკასიის აღების ერთ-ერთი მცდელობის ნაშთი. ისინი უსახელოდ დაიხოცნენ: მეომრართა მიწაზე თავად აღარ იყვნენ მეომრები. უბრძოლველად დაღუპული უპატრონო მიცვალებულები ქალებმა დაიტირეს, მამაკაცებმა კი ზარი თქვეს. ეს ისტორიაა.

…იმასაც ამბობენ, რომ სვანეთის მთებში, შხარას კალთებშია ჩამალული სამყაროს დიდი საიდუმლო და თავისუფლების მომნიჭებელი ყველაზე დიდი საგანძური. სწორედ შხარას ძარღვიდან მოედინება ადამის მოდგმისთვის ესოდენ სანუკვარი ოქროს ნაკადი, რომლის მოსაპოვებლადაც თაობები იბრძოდნენ. ამბობენ, უშგულელმა მამაკაცებმა იციანო ამ საგანძურთან მიახლოვების გზა, მაგრამ ეს საიდუმლოა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. თუკი ძარღვს უცხოებმა მიაგნეს, თავისუფალი სვანეთი აღარ იარსებებს. აღარ იქნება უშგულიც - უშიშარ მებრძოლთა სამშობლო და საგანძურის მამაცი მცველი.

ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ბრის მატეი (საფრანგეთი)

0x01 graphic

გერჰარდ შაბელი (გერმანია)

0x01 graphic

გერჰარდ შაბელი (გერმანია)

0x01 graphic

ლევან დადიანი (საქართველო)

0x01 graphic

ზენი ბალაჟი (კოსოვო)

0x01 graphic

სტრეტჩი (აშშ)

0x01 graphic

ზენი ბალაჟი (კოსოვო)

0x01 graphic

კრისტა ფოგელი (გერმანია)

0x01 graphic

ბრის მატეი (საფრანგეთი)

ქვეყანა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დამკვიდრებული, საკუთარი ენის, რწმენისა და წეს-ჩვეულებების მქონე ადამიანთა ჯგუფია.

ქვეყანა სახელმწიფოა, თუკი აქვს ჰიმნი, გერბი, საკუთარი ფულადი ნიშანი და ჰყავს არმია.

კარგი არმია შემდგარი სახელმწიფოს ნიშანია.

არმია სამხედროებისგან შემდგარი დაჯგუფებაა.

სამხედრო - ეს სპეციალობაა.

ომს სამხედროები იწყებენ. მაგრამ ომს მეომრები იგებენ და აგებენ.

სამხედრო პირი მეომარი მხოლოდ ომში ხდება.

სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამხედროებისგან შემდგარი არმია, რომელიც ომის დროს მეომარი არმია გახდება.

სამხედროები მამაკაცები არიან.

ყველა სამხედროს უნდა, კარგი მეომარი იყოს, რადგან ყველა მამაკაცი ბუნებით მეომარია.

მეომარი შემდგარი მამაკაცია.

სამშობლოსთან და მის დაცვასთან იდენტიფიკაციის გარეშე ჯარისკაცები თავს არმიად ვერასოდეს იგრძნობენ.

არმია მამაკაცია. სამშობლო ქალია.

ჩვენი პროექტი, რა თქმა უნდა, თამაშია, კეთილი თამაში, რომლის ყველა მონაწილემ ზუსტად იცოდა და შემდეგ - იგრძნო, თუ რატომ ავიდა თავისუფალ სვანეთში: „ვეფხი და მოყმეს“ დამწერი ერი კვლავაც თავისი ძველი და მართალი ლოგიკით ცხოვრობს.

ქეთევან კორძახია

0x01 graphic

ჰუსეინ ჰაკვერდი (აზერბაიჯანი)

10 ცხოვრების წესი

▲ზევით დაბრუნება


სიცოცხლის სადავეებთან

დათო გაგუა

ავტორი: სანდრო კაკულია
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ინტერესი, რომელიც შეიძლება რომ მამაკაცს მედიცინის მიმართ გაუჩნდეს, ყოველთვის საინტერესო და ცოტა რთულად ასახსნელია ხოლმე, თუმცა როდესაც საქმე გინეკოლოგობას ეხება, ვითარება საგრძნობლად იცვლება და ყოველ ნიუანსსა თუ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გახსენებას, ბევრად მეტი დატვირთვა ენიჭება...

ბ-ნ დავითი პირველი მამაკაცი გინეკოლოგი იყო, რომლისთვისაც პირველი და ყველაზე მეტად გავრცელებული კითხვის - „რატომ გახდით ექიმი?“-ს დასმა მომიხდა. ვიფიქრე, ახლა მასაც სხვებივით გაუჭირდება და უამრავ რამეს მიედ-მოედება, სტუდენტობისა და, ზოგადად, ახალგაზრდობის წლებს გაიხსენებს, და მოყოლის დროს, ისიც ჩემთან ერთად დაიწყებს კითხვაზე პასუხის ძიებას-მეთქი (ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე), მაგრამ როგორც კი ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების გავლის გარეშე, სრულიად დამშვიდებულმა მითხრა, რომ: - „მინდოდა სიცოცხლის სადავეებთან ვყოფილიყავი“- ო. აი, მაშინ მივხვდი, რომ მომდევნო რამდენიმე წუთი ნაღდად კარგ ექიმთან მომიწევდა საუბარი. ამ სიტყვის პირდაპირი და ყველაზე კარგი გაგებით.

კარგი ექიმის სტანდარტული განსაზღვრება, ჩვენი ქვეყნის პირობებში ცოტა რთულიცაა და არასტანდარტულიც. თუმცა ჩემთვის ასე არასდროს ყოფილა. ყოველთვის მქონდა საუკეთესო ექიმის ჩემებური საზომი. ბ-ნ დავითის პიროვნულ პოზიტივებში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც კაბინეტის კარი ახალგაზრდა ცოლქმარმა შემოაღო, და რაღაც სამედიცინო გამოკვლევის ქაღალდით ხელში, მის მაგიდას მიუახლოვდნენ. გოგონა მორიდებით ჩამოჯდა სკამზე, ქმარმა ქაღალდი მიაწოდა...

- რა ვქნათ, ბ-ნ დავით? - ახალგაზრდა ქმარს და მომავალ მამას სახეზე დაღლა ეტყობოდა.

- რა უნდა ქნა? - მშვენიერი პასუხია.

0x01 graphic

დათო ექიმი აშკარად კმაყოფილი იყო. არ ვიცი იქ რა ეწერა, მაგრამ საუბრიდან გამომდინარე, ქალის სხეულში ახალი სიცოცხლის განვითარება საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, 15 წუთიანი საუბრის შემდეგ ახალგაზრდებს, რომლებსაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ ბავშვის გაჩენა, ბ-ნ დავითმა აზრი საკმაოდ იოლად შეუცვალა, და სახლში სრულიად ახალი გადაწყვეტილებით გაუშვა... ასეცაა, კარგი ექიმი დამაჯერებლად მოსაუბრე და კარგი მეგობარი უნდა იყოს, რომელიც ხანდახან ფსიქოლოგის ფუნქციებსაც ითავსებს.

„ექიმი ხანდახან მღვდელივითაა“ - მითხრა და ამით ჩემს კითხვას უპასუხა (მაინტერესებდა, როგორ ახერხებს იმას, რომ პაციენტებს ასეთ ინტიმურ სფეროებზე ასე თავისუფლად ალაპარაკებს).

მაგრამ როგორც კი მის ხელებში „კალკულატორი“ აღმოვაჩინე, სადაც 24 წლის საექიმო კარიერის განმავლობაში ნამშობიარებ ქალბატონებს ითვლიდა, მის პოპულარობაში საბოლოოდ დავრწმუნდი; იმაშიც, რომ ექიმი ხანდახან მღვდელივითაა, და რომ ხანდახან დათო გაგუა ფსიქოლოგის ფუნქციებსაც მშვენივრად ითავსებს, აბა სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა, ამ რაოდენობის პაციენტის მიღება. ციფრი მართლაც შთამბეჭდავია - 20 ათასი! ამ 20-იდან კი რამდენიმე 10-ეული კი სწორედ ფსიქოლოგიისა და პირადი დარწმუნების საფუძველზეა ნამშობიარები.

0x01 graphic

0x01 graphic

არც ის არის გასაკვირი, რომ ქალაქში ცნობილი ექიმია და ოჯახური ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, ცოლები ქმრებს, სავარაუდოდ, სამზარეულოში, საუზმის დროს უცხადებენ, რომ ხვალიდან დათო გაგუასთან იწყებენ სიარულს. კაცები ქალების ამ ფრაზას თავიდან ვერაფრით იგებენ, იძაბებიან, და მხოლოდ მას შემდეგ მშვიდდებიან, რაც ახალგაზრდა მეუღლე მაცდური ღიმილით ხელს მუცელზე მოისვამს. ამის მერეა, რომ იწყება გაუთავებელი ვიზიტები... სახლი-დიღომი... სამსახური-ცოლი-დიღომი... სახლი-სამსახური-სიდედრი-ცოლი-დათო გაგუა. ცხრათვიანი უცვლელი მარშრუტები. ფინიში - სამშობიარო ბლოკი, დასრულების ალამს დათო გაგუა წევს. გამარჯვების კვარცხლბეკი - გაწერის ოთახი... საერთო ნაყოფი! სოციალურ-ეკონომიკური, და ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური პროდუქტი. სასიამოვნო განცდაა - მსოფლიოს კიდევ ერთი გონიერი არსება შეემატა...

როცა გერმანელებმა სამშობიარო მოინახულეს, ნანახით გაოცდნენ, და ასეთივე სახეებით მხოლოდ ერთ რამეს ეკითხებოდნენ - რატომაა მოსაცდელი თქვენს კაბინეტზე დიდი? მათთვის ცოტა რთული ასახსნელია... როგორ უნდა ახსნა, რომ აქ მშობიარეს მხოლოდ ქმარი კი არა, მთელი სანათესაო და სამეგობრო მოყვება. დაახლოებით 20-30 ადამიანი. ჰოდა, მოსაცდელიც, შესაბამისად, ფართოა. საქართველო ხომ საკუთარი ტერიტორიული ზომების მიუხედავად, საკმაოდ დიდი ქვეყანაა... და რომ იქაური, ანუ უცხოური სამედიცინო ეთიკა და ნორმები კავკასიურ ქვეყანაში, ევროპული ნახტომ-ნაბიჯების მიუხედავად, არაპრაქტიკულია და ხშირად უკუჩვენებითაც ხასიათდება. შედეგი ნამდვილად არასასურველია. მაგალითად მშობიარობაზე ქმრის დასწრებაც გამოდგება. დათო გაგუა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მომავალ მამებს არჩევანის საშუალება მისცა - თუ მოინდომებდნენ, საკუთარი შვილის დაბადებას ლივე-ში ნახავდნენ; ხოლო ვინც ამას არ მოისურვებდა, მათთვის „პოლაროიდის“ ტიპის ფოტოკამერით დაბადების პირველსავე წამზე გადაღებულ ფოტოს მიართმევდნენ. ესეც კიდევ ერთი პიონერულ-გინეკოლოგიური სიახლე. მოკლედ, თუ რომელიმე ოჯახში, დაღლილდაქანცულ ქალსა და მის მხრებზე მოკალათებულ ახალშობილს იხილავთ, იცოდეთ, რომ ქალმა სწორედ დათო გაგუასთან იმშობიარა.

ფიზიოლოგიური იმპოტენცია! - საფრთხე, რომელიც ქართველ მამაკაცებს მშობიარობაზე დასწრების შემდეგ ემუქრებათ. არ შეიძლება ნახო ყველაფერი, და დარჩე ისეთი, როგორიც ყველაფრის ნახვამდე იყავი.

0x01 graphic

დათო ექიმი სამშობიაროს იმხელა დროს უთმობს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, - მეგობრებთან ერთად სადმე კარგად იქეიფოს, სახლში დაწურული ღვინო დალიოს (არაყს არ სვამს) ან საყვარელი ჰობით, ცურვით მაინც გაერთოს - ხშირად არ გამოსდის. ადრე ფეხბურთსაც თამაშობდა...

მიუხედავად იმისა, რომ მისი აუარებელი პაციენტებიდან ბევრთან ახლო ურთიერთობას არც გაწერისა და მშობიარობის შემდეგ წყვეტს, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დათო გაგუას იასამნისფერი უყვარს და ამიტომ მთელ სამშობიაროში სწორედ ეს ფერი დომინირებს. ვხედავ, ხელში ზუსტად ამ ფერის სანთებელას ათამაშებს. ალბათ არც ის იციან, რომ სახლში დაბრუნებული საჭმელს თვითონ არასდროს იმზადებს და არც მოუმზადებია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ იცის. დრო ამისთვის საკმაოდ ცოტა აქვს; რომ საყვარელი კერძი „ოჯახურია“; რომ ყველაზე საყვარელი დასვენება - ზღვაზე დასვენებაა და მზის ჩასვლის დროს ზღვას ელაპარაკება. ზოგიერთს, ვინც გაუსაძლის ტკივილებს მისი ზედამხედველობის ქვეშ გაუძლო, ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ იმას, ვინც თავზე ადგას, რამდენიმე დღით დასასვენებლად წასულს, საკუთარი პროფესიისადმი საშინელი მონატრების გრძნობა უჩნდება და ქალაქგარეთის აგარაკიდან თბილისის მხარეს იხედება - ერთი სული აქვს, სამშობიაროს როდის დაუბრუნდება....

ალბათ სიცოცხლის სათავეებთან ყოფნამ სწორედ ასეთი მიჩვევა იცის...

11 ისტორია

▲ზევით დაბრუნება


11.1 საკუთარი პერანგის ამარა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

„მწვანეებში“ საარჩევნოდ ემზადებოდნენ. საარჩევნო სტრატეგიის ჩამოყალიბება ფსიქოლოგიურ გათვლებსაც მოითხოვს და პარტიის ოფისში ფსიქოლოგთა ჯგუფი მოიწვიეს. ნინოც ამ ჯგუფის წევრი იყო. სამუშაო შეხვედრის დროს, ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამდა. ზურა ჟვანიას აზრის ჩამოყალიბება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ნინო უკვე შეყვარებული იყო.

0x01 graphic

მარცხნიდან მარჯვნივ - ლიზა, ნინო, ანჩო და ბუსა ჟვანიები

ახალგაზრდა პოლიტიკოსის აზროვნებით მოხიბლული ფსიქოლოგი უმალ მოქმედებაზე გადავიდა. შეადგინა 300 კითხვიანი კითხვარი, რომელიც, ზურას ხათრით, პარტიის ყველა წევრს შეავსებინა, მაგრამ ნინოს ინტერესის მთავარი ობიექტი, რა თქმა უნდა, ზურა იყო. კითხვარის შევსების მიზნით თუ საბაბით, ნინო ხშირად სტუმრობდა მის კაბინეტს. ზურაც მოთმინებით და თანმიმდევრულად პასუხობდა შეკითხვებს, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, ვიდრე მორიგი შეხვედრის დროს, სიცხემ არ შეაწუხა და ნინოს თბილისის ზღვაზე გასეირნება არ შესთავაზა. წავიდნენ და გემრიელადაც იცურავეს. მერე ზურა მანქანის ტარებას სწავლობდა და ნინო დაიმგზავრა, თუ არ გეშინია, გავიაროთო. მერე ზურამაც 300 კითხვა შეიტანა მათ ურთიერთობაში და ნელ-ნელა ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო. საღამოობით ბევრს ხეტიალობდნენ და საერთო მეგობრებთან, „მწვანეებთან“, ოთარ ყარალაშვილთან, ბაკურ სულაკაურთან ილხენდნენ. „დანარჩენი კი საიდუმლოა“ - მკაცრად უსვამს წერტილს ჩვენს ცნობისმოყვარეობას ნინო.

საიდუმლო არ არის ის, რომ ნინომ ძალიან მალე გააცნობიერა თავისი როლი ზურას ცხოვრებაში. ზურას პოლიტიკური ამბიცია, მიზნები და ინტერესები მისთვისაც მისაღები და საინტერესო იყო და გადაწყვიტა მაქსიმალურად დახმარებოდა. იმ 300 კითხვიანი კითხვარის პირველი კითხვაც - „ხომ არ აპირებ პოლიტიკიდან წასვლას?“ - ხომ ზურას მიზანდასახულობის გასარკვევად სჭირდებოდა. ნინომ მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო. ზურა უკვე 4 წელი აღარ მუშაობდა ბიოლოგად და მეცნიერებაში დაბრუნებას აღარ გეგმავდა.

ასე რომ, 25 წლის ნინო ქადაგიძე ზურა ჟვანიამ თავის პრეს-მდივნად დანიშნა და ამ დანიშვნიდან ერთ კვირაში ცოლადაც მოიყვანა.

მათი ოჯახური ისტორია შეიძლებოდა ორნაირად განვითარებულიყო. პირველი სცენარის მიხედვით, ნინოს შეეძლო ზურასგან დამოუკიდებლად, თავის კარიერის განვითარებას შესდგომოდა. მით უმეტეს, რომ მას თვითმყოფადობის საკმაოდ ძლიერი შინაგანი იმპულსი, ენერგია და გამოცდილება ჰქონდა.

0x01 graphic

ურეკი. 1996 წელი

0x01 graphic

დიღმის ტყე. 2002 წელი

0x01 graphic

პიკნიკი წყნეთში. 1998 წელი

ბავშვობიდანვე საკუთარი თავის აქტიურ ძიებაში იყო. იური მეჩითოვის სახელოსნოში დადიოდა და საინტერესო კადრების გადაღებას სწავლობდა. გონების სავარჯიშოდ კომაროვის სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების მერე მსახიობობა უნდოდა, მაგრამ ბოლოს მათემატიკოსობასა და მსახიობობას შორის რაღაც შუალედურს მიაგნო და ფსიქოლოგიურზე ჩააბარა. ხშირად დადიოდა მთაში და უკვირდა, როგორ ცხოვრობდნენ მშვიდად პლეხანოვზე მისი მშობლები ისე, რომ მთაში ერთხელაც არ იყვნენ ნამყოფი. სრიალებდა თხილამურებზე. კითხულობდა ბევრ წიგნს და უსმენდა მხოლოდ იმ ლექციებს, რომელიც აინტერესებდა. უფრო სწორად, ლექციებს საერთოდ არ უსმენდა და ლექციის დროს მერხში დამალულ წიგნებს თავჩარგული კითხულობდა. ლექტორები პატიობდნენ, რადგან ის წიგნები, რომლებსაც ნინო კითხულობდა, მათაც მოსწონდათ. ჯგუფ „ადიოშიც“ („ადიო“ მოგვიანებით „შინად“ გადაკეთდა) მღეროდა და მუსიკალურ გემოვნებას ჯაზურ კომპოზიციებზე ხვეწდა. მოკლედ, ნინო ინდივიდუალისტი იყო და თავის გზასაც მეტწილად თვითონ იკვალავდა. ამიტომ, შესაძლებელი იყო, ზურას გვერდითაც მისთვის დამახასიათებელი „ინდივიდუალური ექსტრემიზმით“ ეხელმძღვანელა და თავისი უნარებისთვის დამოუკიდებელი დინება მიეცა.

მაგრამ ნინომ, ინტუიციის წყალობით, თავისი გონიერება და „ექსტრემიზმი“ ზურას გვერდით, მათ საერთო ცხოვრებაში დააბანდა. ჟვანიების ოჯახის მეგობრები ამბობენ, რომ ეს ზურას დამსახურებაა, რომ ის თოკავდა და მიმართავდა ნინოს იმპულსებს და ინტერესებს. შეიძლება გარკვეულწილად ასეც იყო, რადგან ზურამ ნინო პოლიტიკიდან აბსოლუტურად გამიჯნა, აგერ ჩვენი შვილები, აგერ ქველმოქმედება და წიგნები, შენ ამ საქმეებს მიხედეო. მაგრამ ის, ვინც ცოტათი მაინც იცნობს ნინოს, მიხვდება, რომ მისთვის ზურას მიერ მონიშნულ სივრცეში ცხოვრება არცთუ ისე უინტერესო იყო. ნინოს თავისთავად ღირებულად და მნიშვნელოვნად მიაჩნდა ზურას საქმიანობა, რომელიც მისთვისაც საჭირო კომპონენტებს შეიცავდა: პოლიტიკურ ხედვას, მიზანდასახულობას, თავდაუზოგავ შრომას, ადამიანურ ურთიერთობებს, ადაპტირების უნარს, გამბედაობას და გამძლეობას.

„ყველაზე დიდი ექსტრემიზმი არის ის, რომ 15 წელი პროფესიონალი პოლიტიკოსის ცოლი ვიყავი. სრულიად ბედნიერი ვიყავი ამ დროს. ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანური კრიტერიუმებით და კატეგორიებით ცხოვრება, რომ აი, ჩაი დავლიეთ, ფილმს ვუყურეთ, ზაფხულში სადღაც დავისვენეთ, რაღაც ვიყიდეთ. არაფერი არ არსებობდა ამ სამყაროში იმ მიზნის გარდა, რომლისკენაც ზურა მიდიოდა. იყო მხოლოდ რაღაც დაძაბული მოლოდინი.“

ზურა თავს არ ზოგავდა და ნინოსაც არ აძლევდა ამის საშუალებას: „მის გვერდით არ არსებობდა რაღაც, რაზეც უკან დაიხევდი და არ გააკეთებდი. მის გვერდით საერთოდ არ ვიღლებოდი, რადგან ვხედავდი, რომ ეს ადამიანი ფანატურად იყო ანთებული. თვითონ, საქმის გარდა, არაფერზე ფიქრობდა“.

გამონაკლისი ადამიანებთან ურთიერთობა იყო და ამას ყოველთვის ყველაზე კარგად ახერხებდა. ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა პირადი, ძალიან სულიერი და ნიუანსებზე აწყობილი ურთიერთობა. ამასთან, შეუზღუდავი იყო ამ ურთიერთობების დიაპაზონი. ერთნაირი გულწრფელობითა და წარმატებით ურთიერთობდა მეგობრებთან, ხელოვანებთან, ეკლესიის მსახურებთან, პოლიტიკური სპექტრის მარგინალებთან, უცხო ადამიანებთან, პირად დაცვასთან, ჟურნალისტებთან. ზურა ჟვანია რომ ოპოზიციაში გადავიდა, ვიტალი ხაზარაძეს უტირია. მის მისაღებში დაძაბული სახეებით მომლოდინე ხალხი მისი კაბინეტიდან მხრებგაშლილი გამოდიოდა. ფოკის მონასტერში მეუფე ნიკოლოზთან ერთად ტრაპეზის დროს, გოკა გაბაშვილი კინაღამ ფოკაში ქოქოსარიუმის (ქოქოსის პლანტაციების) არსებობაში დაურწმუნებია. ხშირად თანაპარტიელებს ააბუნტებდა და „შატალოზე“, დიღმის ტყეებში მიყავდა. მოკლედ, ზურას მეგობრებს მოსაყოლი არ ელევათ.

0x01 graphic

წყნეთი. 2006 წელი

0x01 graphic

პარლამენტში წასვლამდე. 1998 წელი

გოკა გაბაშვილი ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობებს ის მისი არანორმალური დღის გრაფიკის ხარჯზე ახერხებდა. საქმიანი შეხვედრებიც კი შეეძლო ღამის 1, 2, 3 საათზე დაენიშნა, ან საათობით ელაპარაკა ნებისმიერი პროფესიის, ინტერესების ადამიანთან და მათი პრობლემებითა თუ შემოქმედებით საფუძვლიანად დაინტერესებულიყო.

მაგრამ ნინოსთან ზურა არ იყო უხვსიტყვიანი. „არ იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელიც მუდმივად გულს გიშლის, სულ რაღაცეებს გიყვება და თავის შინაგან განწყობაზე გელაპარაკება. ეს ყველაფერი უსიტყვოდ უნდა გეგრძნო. ეს იყო მთავარი. უმნიშვნელო ჟესტებით უნდა მიმხვდარიყავი მის სათქმელს.“ ეს რომ მოეხერხებინა, ნინო სრულად ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. ამიტომ კითხულობდა ყველა გაზეთს, უყურებდა ყველა გადაცემას და გარშემო ყველას ელაპარაკებოდა. გვიან ღამით შინ დაბრუნებულ ზურას ეგებებოდა და დაძინებამდე ხილისა და ტკბილეულის სუფრასთან ისეთ ამბებს ახვედრებდა, რომ აკვირვებდა. ამ გაკვირვებასაც, რა თქმა უნდა, ერთი ჩახველებით გამოხატავდა. ისეც მომხდარა, რომ ზოგჯერ, მეორე დღეს ნინოს შეფასებებსა და რეაქციებზე აგებდა თავის სატელევიზიო გამოსვლებს და მის დასმულ შეკითხვებზე პასუხს ახლა უკვე მთელ საზოგადოებას სთავაზობდა.

„ქუჩის აქციები რომ დაიწყო, დილით სახლიდან რომ გადიოდა, არ ვიცოდი, წავიდოდა თუ არა ამ აქციებზე. არ ვიცოდი, გადაწყვეტილი ჰქონდა მას მიშას გვერდით დგომა თუ არა“.

„წიგნის მაღაზიის გახსნაზე რომ ველაპარაკებოდი, ცალი ყურით მისმენდა. რომ გავხსენი, მგონი მოეწონა. კმაყოფილი ჩანდა - …პრეზენტაციაზე რაღაც ამაყად მიყურებდა.“

რაც დრო გადიოდა, კომუნიკაციის ეს ფორმა სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა და ნინოსთვისაც ზურასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნება იყო. თუმცა, ამ უსიტყვო მორატორიუმს ისევ ზურა არღვევდა და ნინოს და ბავშვების მონატრების საკომპენსაციოდ, მათზე შუაღამის თავდასხმებს აწყობდა. დააწიოკებდა მძინარე ოჯახს და იქამდე არ აძინებდა, ვიდრე მათთან თამაშითა და ფერებით გულს არ იჯერებდა.

„სრულიად დაუნდობელი იყო ოჯახის მიმართ. იქაც აბსოლუტურად ულიმიტო და უგრაფიკო იყო. შეეძლო ღამის პირველ საათზე ეთქვა - წამოდი, გამოგკვებავო და შინ მივყავდი“ - ამბობს გოკა.

ნინო ყოველთვის გულღიად ხვდებოდა ამ დაწიოკებებს. „ზურას ჰყავდა ისეთი მეუღლე, რომელთან ურთიერთობაც ყველა სტუმარს უხაროდა. ეს იქნებოდნენ ზურას მეგობრები, ელჩების მეუღლეები თუ ვინმე სხვა. ნინო ძალიან კარგად ქმნიდა ამ კეთილგანწყობილ გარემოს. თუმცა თვითონ არასოდეს იყო ყურადღების ეპიცენტრში“ - ამბობს ზურას მეგობარი, ეთერ მაისაშვილი.

ოჯახის ფოტოარქივს და ბავშვების მეხსიერებას მამის თავზე დაცხრომებთან ერთად, სახელგანთქმული საოჯახო პიკნიკები, ლაშქრობები და მოგზაურობები შემორჩა. სოფელ დიღომში ნავსაყუდელი ზურამ თვითონ მოაწყო. თავის ხელით ჩაიყვანა კიბე, დარგო ხეები, მოაწყო ორანჟერეა. ეზოს თვითონ უვლიდა, ბალახს თვითონ კრეჭდა. როგორც კი თავისუფალი დრო გაუჩნდებოდა, სულ იქ გარბოდა. დიღმის სახლის წყალობით, ჟვანიების ოჯახს სულ შემოვლილი ჰქონდა დიღმის ტყეები და ღობე-ყორე. ეს დრო მისთვისაც და ნინოსთვისაც საკრალური იყო. „ხშირად უთქვამს ჩემთვის, ყველაზე მშვიდად მაშინ ვარ, როდესაც სოფელში ბუხართან, სავარძელში ვზივარ და ნინო უკრავსო. ეს არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ყოფაო“ - ამბობს ქალბატონი ეთერი.

როგორც ზურას მეგობრები ჰყვებიან, თუ გადაღლილობისა და ცაიტნოტის დროს სამსახურიდან გასვლას ვერ ახერხებდა, ზურა მთელი ენთუზიაზმით თავის ოჯახზე იწყებდა ლაპარაკს და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ელაპარაკა. ჰყვებოდა, როგორ ეშინოდა, რომ ლიზას სწავლის მიმართ ინტერესი არ განელებოდა. ბუსაზე ამბობდა, უკვე ჩამოყალიბებული კაციაო. აინტერესებდა, ზრდასრულობამდე შეინარჩუნებდა თუ არა ის მიშა ბაბუასგან მემკვიდრეობით მიღებულ პატიოსნებასა და „ადამიანთა სევდას“.

თუ ზურა ოჯახის ფიზიკურ მონატრებას მასზე ფიქრით ანელებდა, ნინო ცდილობდა ის საქმეები ეკეთებინა, რითაც მაქსიმალურად დაეხმარებოდა ზურას. ბედნიერი იყო, როცა დეინსტიტუციონალიზაციის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრებს გულწრფელი ინტერესით ესწრებოდა და ბედნიერი იყო მაშინაც, როცა ბავშვთა სახლების სისტემის რეფორმისათვის საფუძვლიან მოკვლევას აწარმოებდა. „იმდენად დეტალურად მაინტერესებდა ეს ყველაფერი, რომ დავდიოდი ოჯახებში, სადაც მანამდე ეს ბავშვები იყვნენ, თითქმის ყველა ბავშვთა სახლში ნამყოფი ვარ; ყველა იმ ინსტიტუტშიც, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ. ახლა ეს ძალიან გამიჭირდებოდა. მაშინ ვიცოდი, რომ რეალურად რაღაცის შეცვლა შემეძლო... მეც ხელისუფლების ნაწილი ვიყავი“.

0x01 graphic

ზურას გარდაცვალების მერე, ნინოს ცხოვრება ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს არ იყო მხოლოდ საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ზურას პოლიტიკური ცხოვრება ხომ ის გარემო იყო, რითიც ნინო 24 საათი ცხოვრობდა. „მთავარი განსხვავება, ახლა ის არის, რომ ხელისუფლებისგან გამიჯნული ვარ. უკვე აღარ ვარ იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელთანაც 15 წლის განმავლობაში საკუთარ თავს ვაიგივებდი. ეს სრულიად სხვა მდგომარეოობაა. პრინციპში, ჯერ არ ვიცი, როგორი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვცდილობ ზუსტად ვიგრძნო, რა სივრცეში ვარ, რა არის სამყარო ჩემს გარშემო, რომელიც აშკარად შეიცვალა. და ეს გარდამავალი დრო ძალიან გაგრძელდა. ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა იმაზე, რომ ელემენტარულად ფსიქიკური ჯანმრთელობა შემენარჩუნებინა.“

ამაში ნინოს ჩვეულებრივი ვარჯიში ეხმარებოდა. „მეხმარება თვითდისციპლინა, რომელიც მშობლებმა ბავშვობიდან მასწავლეს. უნდა ადგე, ხელ-პირი დაიბანო, კბილები გაიხეხო და საქმეს მიხედო. აი, ეს არის მთელი ფილოსოფია.“ ზურას ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ნინომ ზამთრის სუსხიან დილას ბავშვები ლოგინიდან წამოყარა და სავარჯიშოდ გაიყვანა. ეტყობა მისი ორგანიზმი ამისთვის ჯერ მზად ვერ იყო, ხერხემალი გაუკავდა და სახლამდე მისვლა ვეღარ შეძლო. მაგრამ ერთ თვეში გამომჯობინდა და ვარჯიში ისევ გააგრძელა.

„ბოლო პერიოდი კი უფრო ისეთია, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ. აი, იგივე, რომ შენ აღარ ხარ ხელისუფლების ნაწილი, შენი საზოგადოებისთვის იმდენს ვეღარ გააკეთებ, რასაც აკეთებდი. ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს ჩემი ახალი სახე, ფუნქცია. რაღაცის ქმნის და ამით არსებობისთვის აზრის მინიჭების გარეშე, წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩემი ცხოვრება. დანარჩენი ჯერ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მზად ვარ გამოვიყენო ყველა შანსი.“

ფიქრის პერიოდში ბევრი პლასტია. „არის რაღაცეები, რასაც აფასებ, როგორც შენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებს, რომელსაც ზურა აშკარად თავისი ხედვით მიმართავდა. ყველაზე ტრაგიკული სწორედ ეს არის, რომ ბევრი რაღაც, რაზეც ფიქრობდა და რასაც მთლიანად, მთელი არსებით ემსახურებოდა, უცებ აღარ არის. ამდენი თავდაუზოგავი შრომა, ამდენი გამოცდილება... და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა ის ზენიტში იყო და მზად იყო კიდევ 20 წელი ვირვით ემუშავა და რაღაცეები ბოლომდე მიეყვანა“.

ნინოსთვის ეს გადამდები აღმოჩნდა. „საოცარია, როგორ იყო ეს ადამიანი ყოველ წამს თავის საქმით მონუსხული. ყველაფერი აინტერესებდა, ყველას პრობლემა მისი პრობლემა იყო. მეც ძალიან ვგავარ ზურას, თუმცა ზურას უნარი კიდევ სხვა იყო. სულ ვფიქრობ, რა მოვიფიქრო, როგორ მოვერგო ამ ახალ სიტუაციას, როგორ შეიძლება ჩემი ამ რაღაც ენერგიის, თუნდაც ჩემი გამოცდილების რაღაცნაირად მოხმარება“.

ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა, ნინოსთვის ზედმიწევნით გასაგები და ლოგიკური იყო, რადგან ამ გადაწყვეტილებების უკან, ყოველთვის ზურას შინაგანი ლოგიკა და გონიერება იდგა. „სულ ვფიქრობდი, როგორი მარტივი იყო ყველაფერი. ყველა მისი შემდგომი ნაბიჯი ძალიან გამჭვირვალედ და ნათლად ჩანდა. ის ყოველთვის ყველაფერს ხსნიდა და თან ამას ყველანაირი ქედმაღლობის გარეშე, ისე აკეთებდა, რომ შენც მისი თანამოაზრე ხდებოდი. ახლა კი ყველაფერი ძალიან გაუგებარი გახდა. ახლაღა ვხვდები, რომ საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გვერდით მიწევდა ცხოვრება.“

კიდევ ერთი ფიქრი, რაც ნინოს აწუხებდა, ზურას მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება იყო. ზურას მეგობრებსა და ნინოს შორის აზრთა სხვადასხვაობა რაღაც თემებზე, სხვადასხვა პოზიცია ან შეხედულება შეიძლება ძალიან მტკივნეული და დესტრუქციული ყოფილიყო მათი ურთიერთობისთვის. „ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მივხვდი, რომ თავი უნდა ამერიდებინა შეფასებებისაგან და ჩემი შეხედულებები ჩემთვის დამეტოვებინა. შევეცადე, რომ ის სივრცე, ის სიყვარული, რაც ზურასა და მის მეგობრებს შორის იყო და ჩვენც ვინაწილებდით, მაქსიმალურად გამეთავისუფლებინა პრობლემებისგან. ეს საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ უმეტესობასთან მგონი მოვახერხე. და იცი როგორ გამოვიდა? ვისაც ზურა გულწრფელად უყვარდა, იმასთან თავისთავად დარეგულირდა ყველაფერი. ვისთვისაც მასთან ურთიერთობა ხელოვნური აუცილებლობა იყო, იქ ვერაფერს გავხდი.“

ყველაზე რთული ნინოსთვის მარტოობასთან შეგუება აღმოჩნდა. „დედა ელისაბედი ჩემი მეგობარია და იმან მითხრა, შენც ახლა ჩემსავით მარტო ყოფნას უნდა შეეჩვიოო. ძალიან შემეშინდა, იმიტომ, რომ ის მონაზონია“. მაგრამ ზურას ცოლს წუწუნი არ ეპატიება და ამიტომ ამბობს: „ვნახოთ, რამდენი ხანი გავძლებ საკუთარი პერანგის ამარა“.

ნინოს მთავარი საზრუნავი ლიზა, ბუსა და ანჩოა. „უზარმაზარი პასუხისმგებლობის განცდა მაქვს ჩვენი შვილების მიმართ. მათ ხომ თბილი, ნათელი სახლი, მშვიდი და სითბოთი სავსე გარემო უნდა ჰქონდეთ.“ ნინო ამას უკვე ახერხებს. დაასრულა წყნეთის სამთავრობო აგარაკის რემონტი. იქაურობა ისეთი თბილი, სივრცული და მშვიდია, რომ სტუმრად ასულს წამოსვლა მართლა აღარ მოგინდება. ბავშვებიც იალაღზე არიან მიშვებული და სუფთა ჰაერისაგან ლოყები უღაჟღაჟებთ. სახლში 3 ბავშვი ისე თანაცხოვრობს, რომ მათი ჩამიჩუმიც არ ისმის. ნინოც უმეტეს დროს ბავშვებთან ატარებს. მისთვის ეს ყველაზე სასურველი დროა. კიდევ, ცდილობს ზურაზე ელაპარაკოს მათ. თვითონ ჟვანიები არიან და, რა თქმა უნდა, მამაზე არ ლაპარაკობენ. „არადა, არ მინდა, რომ ეს თემა დახურონ. მტკივნეულია, მაგრამ არ უნდა გახდეს ტაბუდადებული. თვითონ არასდროს მისვამენ შეკითხვებს, მაგრამ ზურაზე ლაპარაკს რომ ვიწყებ, თვალებგაფართოებული მისმენენ. სამი ჟვანია რომ მოგაშტერდება, ვერ არის შენი საქმე კარგად“.

ოჯახში დარჩენილი ერთადერთი კაცი, ბატონი ბესარიონი, იგივე ბუსა ჰუმანისტი და რომანტიკოსია. გლობალური დათბობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და მას მერე, დიდი ხნის განმავლობაში, მისი ყველა შეკითხვა ამ პრობლემის გარშემო იყო. დები ჩაგრავენო, ამბობენ, მაგრამ არა მგონია. ბუსას მათთან კინკლაობა გულთან ახლოს არასოდეს მიაქვს. მას კაცობრიობის ბედი უფრო ადარდებს. ვარდების რევოლუციის დროს, ბუსას მამასთან ერთად პარლამენტის წინ მიტინგზე დგომა „არც ისე კარგად“ ახსოვს, მაგრამ ალბათ არასდროს დაავიწყდება მასთან ერთად კენიაში მოგზაურობა.

ყველაზე პატარა ანა, იგივე ანჩო ჯერ მართლა პატარაა. სულ დედას ეხუტება და სულ იღიმის. მაგრამ ისიც უკვე ჭეშმარიტი ჟვანიაა.

„ამასწინათ, ანჩოს რაღაც ვაჩუქე და თავი შევიქე, ხომ ვარ-მეთქი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დედა. შემომხედა და მითხრა, მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს და დედის რა მოგახსენოო.“ ზურას დამოკიდებულებაც ასეთი ყოფილა. ის არასდროს აღნიშნავდა თავის ნამოქმედარს. რაც არ უნდა სერიოზული რამ გააკეთონ, არც ბავშვები ამახვილებენ რამეზე ყურადღებას, აი, რა მაგრები ვართო.

0x01 graphic

ცალკე ისტორიაა ქალბატონი ლიზა, უფროსი ჟვანია. ლიზა ყველაზე მეტად ჰგავს ზურას. ისიც ზურასავით გამოკვეთილი ლიდერია. „ლიზა არასდროს დადის მარტო. მის უკან ყოველთვის, მინიმუმ, 5 ბავშვი მოდის. ასე იყო ზურაც. მის კაბინეტში ან მოსაცდელში ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა.“

ლიზა სიტუაციების კონტროლის უბადლო ოსტატია. სერიოზული პოლიტიკოსივით ემზადებოდა თურმე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არჩევნებისთვის. გააკეთა პლაკატი, სადაც თანაკლასელებისთვის დაპირებები იყო ჩამოთვლილი. თვითონ შეარჩია პლაკატის ფერებიც. ჩათვალა, რომ ელექტორატის ფსიქოლოგიაზე ყვითელი და მწვანე ფერები (თუ გახსოვთ, „გაერთიანებული დემოკრატების“ ფერებიც ეს იყო) ყველაზე უკეთ იმუშავებდა. მერე აღმოაჩინა, რომ ჰყავს კონკურენტი, ბიჭი. არცთუ ისე დიდი ხნის ფიქრის მერე, მასთან მივიდა და გაერთიანება შესთავაზა, ასე მოგების უფრო დიდი შანსი გვექნებაო. სამწუხაროდ, არჩევნები ჩაიშალა, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ლიზა გაიმარჯვებდა.

დაუნდობელი კრიტიკულობითაც მამას ჰგავს. სულ ახლახანს, ნინოს კარადიდან ზურას ნაჩუქარი წითელი სარაფანი გადმოუღია. „იცი რას გეტყვი, ქალბატონო? გასაგებია, რომ შავები გაიხადე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ წითელი უნდა გეცვას“ - იყო ლიზას კომენტარი. არც იმის ნება მისცა დედას, რომ ბეწვის პალტო ეყიდა, მეტისმეტად ბურჯუაზიულად გამოიყურებიო.

წყნეთის სახლის რემონტის მერე, ნინოს თავის საძინებლისთვის ორსაწოლიანი ლოგინი უყიდია. ლიზას თაოსნობით ბავშვებს შეუცხადებიათ, რად გინდა ორსაწოლიანი ლოგინიო. ნინოს თავის მართლება მოუწია, სტუმარი რომ მოგვივა, თქვენ ჩემთან შეგეძლებათ დაძინებაო.

ხშირად ვყვები ლიზასთან ჩემი პირადი შეხების ამბავს. 12 წლის ლიზას ზურას მეგობარი 1000 დოლარს დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ ლიზა რამე საინტერესო ბიზნეს გეგმას დაწერდა. იფიქრა და საყმაწვილო ჟურნალის გაკეთება მოიფიქრა. კონსულტაციაზე ჩემთან მოვიდა. ბევრი შეკითხვა ჰქონდა და ძალიან ყურადღებით ისმენდა პასუხებს. მეც ყველაფერი მოვუყევი, სარედაქციო სამუშაოდან დაწყებული, მარკეტინგით და ფინანსებით დამთავრებული. მადლობა გადამიხადა და რედაქციიდან გასული არ იყო, რომ ნინოსთვის უთქვამს, ჟურნალით ჩვენ ვერ გავმდიდრდებითო. ასე რომ, ლიზას სერიოზული ბიზნეს-ალღოც აქვს.

ლიზა კარგადაც მღერის და კარგი სმენაც აქვს. ამით დედას დაემსგავსა, თუმცა პატარა ჟვანიებს, დიდი ჟვანიასგან განსხვავებით, ძალიან არ უყვართ, როცა დედა მღერის. მიდიან და პირზე ხელს აფარებენ. ნინოს კი სულ უნდა, რომ ლიზა ამღეროს. მან კი ჩვეული „იცი რას გეტყვი? სიმღერებს ფოთლებზე და ყვავილებზე არ ვიმღერებო“, გამოაცხადა.

საოჯახო ანეგდოტების უმეტესობაც ლიზაზეა. „ამასწინათ, მორიგ ლექციას ვუკითხავდი დროის განაწილებაზე და ვუხსნიდი, რომ უნდა ისწავლოს, იმუშაოს და პირადი ცხოვრებაც მოასწროს. მკითხა, შენ როგორ აკეთებდი ამასო. ვუთხარი, რომ გამიმართლა და ცხოვრებაში ზურა შემხვდა, რაც იშვიათობაა, ამიტომ ჩემი მაგალითი შეიძლება არ გამოგადგეს-მეთქი. დაფიქრდა და მითხრა, იცი რას გეტყვი, რომ გავიზრდები, მაგ დროს კაცები ცოლებს უკვე აღარ მოიყვანენო“, ანუ ტენდენცია დაინახა.

„ამასწინათ ტაი ჩიზე დავდიოდი, ბოტანიკურ ბაღში და ლიზა წავიყვანე. შემომხედა და მითხრა, რა არის ეს, დაკავდი რამე ექსტრემალური სპორტითო.“ მართალი იყო ლიზა, ნინო თავადაც ამბობს, ექსტრემის გარეშე, მის ცხოვრებას აზრი არ აქვს.

„თუ საინტერესო არაფერი ხდება, საშინელებებს ჩავდივარ, მაგალითად, ლექსების წერას ვიწყებ.“

ჩემთვის საინტერსოა ნინოს ლიტერატურული კაფეები. ნინოც ამაყობს თავის ბიზნესით. ლიზას თქმის არ იყოს, ვერც წიგნის მაღაზიების ქსელით გამდიდრდები, მაგრამ ნინოს ეს საქმე ძალიან ხიბლავს. „ჯერ ერთი, ჩემი წიგნის მაღაზიის წყალობით, ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე. მაგრამ, ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ეს იყო ძალიან სწორი გამოსავალი იმ მომენტში, რომ გამეკეთებინა საკუთარი ბიზნესი და საზოგადოებისთვის ეს მისაღები ყოფილიყო. პრინციპში, ერთადერთი მისაღები ფორმა იყო იმისთვის, რომ ჩემი ოჯახისთვის შემოსავალი მქონოდა“.

როგორც თვითონ ამბობს, ლმობიერი მენეჯერია. მაგრამ ახერხებს ყველაზე მთავარს: მას ენდობიან და ნებისმიერ გადაწყვეტილებას უთანხმებენ.

- როგორ გგონიათ, რას გავაკეთებ მომავალში? - გვეკითხება ნინო. ჩემი პასუხი იყო, „უკვე ძალიან ბევრს აკეთებთ“.

- რით, ქვებს რომ არ ვისვრი?

- თუნდაც.

ახლა ვხვდები, რომ ნინოსთვის ეს მართლაც არ არის საკმარისი.

ზურა ჟვანიას 15 წლიანი აკადემიის კურსდამთავრებული პოლიტიკისთვისაც მზად არის. მაგრამ პოლიტიკაში იშვიათია ის ღირებულებები, რისი მატარებელიც ზურა ჟვანიას და ნინო ქადაგიძის ოჯახია. თუ საზოგადოებაში თვითგადარჩენის ინსტინქტი არსებობს, მისიონერიც საკუთარ თავში უნდა იპოვოს. ამისთვის კი პოლიტიკოსობა სულაც არ არის აუცილებელი.

11.2 ლაშას ამბავი ანუ როგორ განიცადა ჟურნალისტმა სამი მარცხი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ილუსტრაცია: ლაშა ბუღაძე

0x01 graphic

მარცხი პირველი

0x01 graphic

თავდაპირველად, როცა ლაშა ბუღაძის ამბის დაწერა განვიზრახე, მეგონა, რომ ამაზე იოლი არაფერია: ეს ახალგაზრდა ბევრს და გასაგებად ლაპარაკობს, მისი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს და საერთოდ, ათასი წელია ვიცნობ. მაგრამ მერე გავბრიყვდი: მის შესახებ ოფიციალურ პუბლიკაციებს გადავავლე თვალი, და აღმოჩნდა, რომ ნურას უკაცრავად! „ახალი ჰარმსი“, „ქართველი სალმან რუშდი“ - რაღა ვქნა?

„პოლიტიკური პიესა“ შესანიშნავად იწყება: პასუხად კითხვაზე, იციან თუ არა, ვინ არის ციცინო, ირკვევა, რომ ზეცასა თუ ქვესკნელში მას არავინ იცნობს. საწყალი, საწყალი ციცინო...

ლაშა ბუღაძის შესახებ თხრობას ასე ნამდვილად ვერ დავიწყებთ - მას ყველა იცნობს. აქ არც კლასიკური ქართული ამბავი გამოგვადგება: „ყველა იცნობს და ყველას უყვარს“, რადგან მკითხველთა ნაწილს ჩვენი გმირი ძალიან აღიზიანებს. საბედნიეროდ, მის მიმართ კეთილად განწყობილი საზოგადოება ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია, და იმედია, შავრაზმელთა გამოსვლები ლაშას ნაკლებად უშლის ნერვებს.

ვინ თქვა ეს ბრძნული სიტყვები, ვაგლახ, არ მახსოვს: ნებისმიერი ლიტერატორისთვის ყველაზე საშინელი გამოცდა დუმილია. როცა ვინმე გაქებს - ამას რა ჯობს; როცა ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის მავნე ხარ - ეს იმის ნიშანია, რომ შენი ნაწერი წაიკითხეს, თუნდაც გაცოფებით, მაგრამ მაინც.

ის ჭეშმარიტება, რომ აღშფოთება საუკეთესო სარეკლამო საშუალებაა, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში სწორედ ერთ მცირეტირაჟიან ჟურნალში ლაშა ბუღაძის ერთი პატარა მოთხრობის გამოქვეყნებით დადასტურდა. მაგრამ ვინაიდან ეს ამბავი - და არა მოთხრობა - ყველას ახსოვს, აღარ მოვყვები. რაც მთავარია, ამ მოთხრობას რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია არ მოჰყოლია, არადა, ამასაც ხომ ამბობდნენ, წაიკითხავენ და დაგვბომბავენო, თითქოს სრულიად სერიოზული ადამიანები ამტკიცებდნენ, დაგვღუპავს, დაგვღუპავს უბედური რუსის ამბავიო! საერთოდ, ლიტერატორები და გამომცემლები, ჩანს, წუწურაქები არიან, თორემ მისცემდნენ ვინმე იდეურ ფსიქოპატს პატარა ქრთამს, თავისუფლების მოედანზე პატარა აუტოდაფე მოეწყობოდა და მერე გენახათ ტირაჟის გაზრდა და მაგარი ჰონორარები! სანახავიც როგორი იქნებოდა: „ქართული ენის სიწმინდისა და ჩვენი კარგად ყოფნის სახელით, მე ცეცხლს ვაძლევ...“ ცეცხლოვანი შოუ! მაღალი დონე!

ლაშა ბუღაძის არმომწონებელთათვის ასეთი ტექსტია დამახასიათებელი: „იმას რა წამაკითხებს! „ქალაქელი კაცის ამბავი“ - რა საშინელებაა! პატრიოტის ამბავი“ - ვის გაუბედა? „ბოლო ზარიც“ რომანია და „დონ კიხოტიც“? ერთ ღამეში წავიკითხე!“

გილოცავთ, ბატონო ლაშა! თქვენ ყველა გკითხულობთ, ე.ი. მოიგეთ!

თავად განსაჯეთ: აგვისტოში, ძალიან როცა ცხელოდა, მეგობარმა დარეკა, მერე რა, რომ ძალიან ცხელა, მოდით, სასწაულს გიამბობთო. სასწაული ლაშას ახალი რომანი აღმოჩნდა, ჯერ გამოუქვეყნებელი „ოქროს ხანა“, რომელიც ამ პატიოსან კაცს უკვე წაეკითხა, ისტერიულ ტემპში, და ახლა ასევე ისტერიულად გვიყვებოდა, და ჩვენც ისტერიულად ვიცინოდით, ლაშას პერსონაჟებივით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოქმედი პირი უმალვე ვიცანით და ყოველი ამბის დასრულების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „საცოდავი ესა და ეს! რას ერჩოდა?“ ლაშას ვუწინასწარმეტყველეთ თმით თრევა, ჯიპით გატანა და სხვა და სხვა, მაგრამ იმედია, „ოქროს ხანის“ გმირებს იუმორი ეყოფათ და არ გაცოფდებიან.

გასაოცარი კია: რატომ იცის ამ ბიჭმა ის, რაც, წესით, არც უნდა გაეგო, რა საქმე აქვს იმ ხალხთან, რომელსაც ასე შესანიშნავად აღწერს და რომელიც, თავისთავად, იმდენად ბრიყვია, რომ მისი ნაწარმოებების კითხვისას ბრაზისგან ცუდად არ ხდება? და როგორ აღწევს იმას, რომ მისი პერსონაჟების სრულიად ჩვეულებრივი სახელისა და გვარის წაკითხვაც კი სიცილს იწვევს - რატომ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან სასაცილოა.

MULTIGENIE

0x01 graphic

ყველა ახლობელი - მშობლები, ნათესავები, მეგობრები (და ისინი ძალიან უხვად არიან) - დარწმუნებული იყო, რომ ლაშა მხატვარი გახდებოდა. ის სულ ხატავდა. არა, სხვა რამეებსაც აკეთებდა: ბევრს კითხულობდა, თეატრი და ოპერა უყვარდა, მოკლედ, მრავალმხრივ განვითარებული ბავშვი გახლდათ, თან ძალიან ხალისიანი.

ერთადერთი, რაც არ გამოსდიოდა, საბუნებისმეტყველო საგნები იყო, და ქალბატონი ლამარა კიკნაძე, ბებიის და, მათემატიკოსი, ამას ვერაფრით ეგუებოდა. ის ლაშასთან ერთად ოთახში შეიკეტა - გეომეტრიას ჩაუსხდნენ.

ცოტა ხნის მერე ქალბატონი ლამარა ამაყად გამოვიდა სამზარეულოში და იქ მსხდომთ მოახსენა, რომ ლაშა ძალიან ჭკვიანი ბიჭია - ვინ თქვა, გეომეტრია არ იცისო? აი, ახლაც ზის და ამოცანებს ჩაჰკირკიტებს და აი, ნახავთ, როგორი ყოჩაღია!

ყოჩაღი ლაშა ბარემ ერთი საათი მუშაობდა, და როცა დაამთავრა, მთელი დასტა ქაღალდი ეჭირა ხელში - ნახატები: კუბების და პერპენდიკულარების ქვეშ მოყოლილი ადამიანები, ჰიპოთენუზებზე ჯვარცმულები, უბედური, უბედური ხალხი, რომელსაც, ლაშასი არ იყოს, მათემატიკამ სისხლი გაუშრო...

სამაგიეროდ, ძალიან კარგად ხატავდა.

მარცხი მეორე

0x01 graphic

ლაშამ მიამბო, რომ 1988 წელს მისმა ნამუშევარმა ახალგაზრდა კარიკატურისტების კონკურსზე გაიმარჯვა და ახლა ეს ნახატი ელენე ახვლედიანის სახელობის მუზეუმშია გამოფენილი. ზედ გამოხატულია პარლამენტის სხდომათა დარბაზი და კაცი, რომელსაც ხელში ვარდი უჭირავს! 1988-ში! ვაჰ! პასუხად კითხვაზე, „წინასწარმეტყველი ბრძანდები, ყმაწვილო?“ ლაშამ რაღაცა ჩაიბუტბუტა.

გახარებულმა მივაშურე ლევან ხერხეულიძეს, ფოტოგრაფს, მან კი - მუზეუმს, და იქ ლევანს მოახსენეს, არ გადაგაღებინებთო. რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამოფენა უნდა გავხსნათ და სულ არ გვინდა, ჩვენი ექსპონატი გადაიღოო. თუ ვინმეს ნახვა მოუნდება, მოვიდეს და ნახოსო.

ასე ჩამივარდა წყალში ამ სტატიის კიდევ ერთი კონცეფცია და სათაური „ლაშა წინასწარმეტყველიც“ არააქტუალური გახდა.

ახლა ლაშა აღარ ხატავს.

- რატომ?

- რა ვიცი. მორჩა.

აღარ მოუნდა. რა გაეწყობა.

გერმანულის მასწავლებელი, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, დღეს თავი ლაშას მეგობრად მიაჩნია - ძალიან ჰგავს ლაშას პატარა პიესების გმირებს, მგონი, ცოტა გამოშტერებულია, - გაკვირვებული იყო, რომ პატარა ბიჭს ფაუსტი უყვარდა. მას მერე ბარე ოცი წელი გავიდა, და ქალმა დღემდე არ აღირსა ოდესღაც დაპირებული „დოქტორ ფაუსტის სახლი“, ჩეხური თქმულება, მგონი, ერთადერთი რამ უბედური დოქტორის შესახებ, რომელსაც ლაშას ხელში არ გაუვლია.

და მაინც, რატომ ფაუსტი?

პირველი შეხვედრა მოხდა დეიდის, ეკა შარიქაძის წყალობით, რომელიც თოჯინების დიდოსტატი გახლავთ და იმხანად დაუზარლად მართავდა ხოლმე ბავშვებისთვის წარმოდგენებს. წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია: გაბრჭყვიალებული, ლამაზი, ჯადოსნური ფაუსტი! ლაშას ეს ამბავი ისე მოეწონა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, „ფაუსტი“ თავადაც დაედგა. ერთი ისაა, რომ ამ ავანტიურაზე ეზოში მხოლოდ გოგოების წამოგება შეძლო, ბიჭებმა დაირცხვინეს თუ რა მოხდა, არ ვიცი. საერთოდ, ხომ ძნელი გასაგებია ხოლმე, ლაშა ბუღაძის გმირებს რა ემართებათ.

შემდეგ კი, ბევრი წლის მერე, ლაშა ბუღაძემ „ნუგზარი და მეფისტოფელი“ დაწერა.

„ძალიან მიყვარს ეს სიუჟეტი,“ ჰყვება ლაშა, „თან მუდამ მაინტერესებდა იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა, მეფისტოფელი რომ საქართველოში გამოჩენილიყო და რომელიმე ქართველს რომ მასთან ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. შედეგად ძალიან ნეგატიური რამ გამოვიდა - გმირს ვერც კი გამოუგონია, პოზიტიური რა გააკეთოს. მეფისტოფელი ლამის ისტერიკაში ვარდება - ნუგზარს არც ფანტაზია აქვს და არც სიცოცხლის უნარი. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიწიქვეშეთის მოციქული უფრო მიმზიდველი ფიგურაა, ვიდრე მთავარი გმირი... ნუგზარი მარტოხელა, სრულიად ცარიელი ადამიანია, აბსოლუტური ნიჰილისტი. ის ფაუსტს არაფრით მოგვაგონებს, რადგან გოეთეს გმირისგან განსხვავებით, კითხვები საერთოდ არ ებადება. ეს მეფისტოფელს ძალიან თრგუნავს...“

და არამარტო მეფისტოფელს.

ლაშა ბუღაძე ვაკეში ცხოვრობს, სასაფლაოსთან - ეგ ვიცოდი. მაგრამ ერთგან - გერმანულ ინტერნეტგვერდზე! ამასაც მოვესწარი! - დავით ტურაშვილი წერს: „ლაშა ბუღაძე თბილისის სასაფლაოებთან ახლოს ცხოვრობს, იმდენად ახლოს, რომ სულ ეშინია, არასოდეს ეძინება, ზის და წერს. ზოგჯერ ერთ ღამეში ხუთ-ექვს პიესას წერს, მაგრამ მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი - ახალი აზროვნება ქართულ ლიტერატურაში“. ეს კი არ ვიცოდი.

- მართლა გეშინია? მეშვიდე სართულზე?

მიუხედავად იმისა, რომ ლაშას პიესების თუ „ბოლო ზარის“ გმირ მდედრებს, როგორც წესი, აბსოლუტურად დეგენერირებული მამრები მოსწონთ - ტიპიური იდიოტები, მხრებში უღონოდ მოხრილი და თან დაძაბული, წვრილი კრიმინალური ელემენტები, რომელთა ლექსიკური მარაგიც განსაცვიფრებლად შეზღუდულია და გონებრივი შესაძლებლობები - ფრიად საეჭვო, ლაშა ბუღაძე მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს დიდი სიყვარულით უყვართ. თან მისი თაყვანისმცემლების უმეტესობა იმდენად ჰგავს „ბოლო ზარის“ გმირებს, რა ასაკით და რა ქცევით, რომ სასაცილოც კია. მიბრძანდით ნებისმიერ პრეზენტაციაზე და თავად დარწმუნდებით: „აუ, ბუღაძე რა საყვარელიაა...“

მესამე მარცხი

0x01 graphic

განცვიფრებული ლაშა ძალიან კარგი სანახავია ხოლმე - ისე გულწრფელად ოგნდება, ისე აფრთხობს რაღაც გაუგებრობები... მერე ამას დაუზარლად ჰყვება, და ეს ნაამბობები არაფრით ჩამოუვარდება 25 პპ-ს, პატარა აბსურდულ პიესებს აფხაზეთის ომისშემდგომი საქართველოს შესახებ. ეს პიესები ძალიან სასაცილოა. ეს საერთოდ ახასიათებს ლაშა ბუღაძეს: სასწულებს გაიძახის და თან სასწულად, Остапа несло… მისი ამბები სასაცილოა და თან საკმაოდ საშინელი.

განვითარების რაღაც ეტაპზე, „ლაშას ამბავიც“ ასეთი უნდა ყოფილიყო: მის მიერ და მის შესახებ მოყოლილი პატარა ამბები. მაგრამ მერე არც ეს საქმე გამოვიდა, ანუ გამოვიდა „ღამის შოუ“, მე კი ნამდვილად არ ვარ მსგავსთა ტრფიალი.

და მაინც, ერთი პატარა ამბავი

0x01 graphic

პასუხად კითხვაზე, თუ რა ბედშია, ექსპო-2000-ის ფარგლებში ლიტერატურულ ექსპრესში მჯდომმა ლაშა ბაქრაძემ ლისაბონიდან სევდიანი წერილი გამოგზავნა: „ახვლედიანი დუმს. ბუღაევს ვაკე ენატრება“.

ამ მატარებელში, რომლითაც მთელი ევროპის მწერლები და პოეტები მიემართებოდნენ ლისაბონიდან სანკტ-პეტერბურგისკენ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გიო ახვლედიანი და ლაშა ბუღაძე წარმოადგენდნენ, ლაშა ბაქრაძე კი ამ საქმის ორგანიზატორი გახლდათ. თავდაპირველად ლისაბონში გიო ახვლედიანი და ბაქრაძე გაემგზავრნენ (ბოდიში მომითხოვია, რომ ბუღაძის გმირებივით გვარებით ვიხსენიებ, უბრალოდ, ისედაც სულ არეულობაა ამ ლაშების გამო. ჩემი ხელით ვწერე, „დრამატურგი ლაშა ბაქრაძე“-მეთქი, ის იმ დროს სულაც გერმანიაში იყო, ბუღაძის კაცი მყავდა მხედველობაში...).

მოკლედ, ბაქრაძე და ახვლედიანი ჩასხდნენ თვითმფრინავში და რამდენიმე საათის შემდეგ დასხდნენ სადღაც, როგორც გაირკვა - ბარსელონაში. რატომ - ძნელი სათქმელია, მაგრამ ბაქრაძე იფიცება, რომ მსგავსი რამ მასაც არ ენახა: თვითმფრინავი დაჯდა, ვინც ბარსელონაში იყო ჩასასვლელი, ჩავიდა, ვიღაცეები ამოვიდნენ, ცოტა გაჩიანის ავტობუსის პრინციპი იყო. შემდეგ კი, როცა უკვე ლისაბონში ჩაფრინდნენ, დაზაფრულმა გიო ახვლედიანმა თქვა, ბავშვი, ანუ ბუღაძე არ დაგვებნეს, იქაც ზღვაა და აქაც, რომ ჩამოვიდეს იმ თვითმფრინავიდან და დარჩეს ბარსელონაში ძეგლად, მერე რაღა ვქნათო? იკითხავს ლისაბონს და ვინ გაიგებს, რომ ლისაბონი ლისბოაა, და ვაი, ვაიო!

ჰო, ვერ იქნებოდა კარგი ამბავი.

მაგრამ ლაშა ბუღაძე ძალიან მამაცურად ჩაფრინდა ლისაბონში. განსაცდელი მერე დაიწყო: აეროპორტში არავინ დახვდა. არადა, უნდა დახვედროდნენ! აი, ვიღაცას მოაკითხეს, კაცს ხელში აბრაც უჭირავს, ლაშა კი დაივიწყეს.

დარბაზში აღარავინ დარჩა, აბრიანი კაცისა და ლაშას გარდა. კაციც გამწარებული ჩანდა, ლაშა ხომ საერთოდ. და ვინაიდან მეტი გასართობი მაინც აღარ ჰქონდა, აბრაზე წარწერას მოაჩერდა - და ყველაფერს მიხვდა.

აბრაზე ეწერა: „ლაქსა ბუქსაქსა“.

0x01 graphic

რაც კი ამ ქვეყანაში შექანებული დაიარება, ყველა ლაშა ბუღაძეს ეცემა ხოლმე, ამბებს უყვება, საკუთარ ნაწერებს აჩეჩებს წასაკითხად. თან ამ დალოცვილ ხალხს სულ რაღაც პრეტენზია აქვს. მას ათასი ჯურის ადამიანი ურეკავს და საოცრებებს უამბობს. და ლაშა ბუღაძეც მედგრად პასუხობს ყველა ზარს, სულ ზეპირად იცის სრულიად უცნობების ბიძაშვილ-მამიდაშვილების და სახლიკაცების ამბები.

როცა ამ ამბის დასაწერად შევხვდით, მაშინაც ეს ხდებოდა. ვინც კი ლიტერატურულ კაფეში შემოვიდა, ყველამ ლაშა გადაკოცნა, ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, ლაშა ყველას პასუხობდა და იღიმებოდა და ხარობდა, მე კი ნერვები მეშლებოდა და დიდი სიამოვნებით მოვიქნევდი ფანჯრიდან მის მობილურ ტელეფონს.

ნეტა, რა ძალა ადგას, რატომ უძლებს ეს კაცი ამდენ გადარეულს?

ვეჭვობ, რომ მასალას აგროვებს შემდეგი რომანისთვის.

0x01 graphic

11.3 ზოგიერთი რამ სოფიას შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ევგენია პერეცი
ინგლისურიდან თარგმნა ნანა ნიკოლაძემ
ფოტო: როიტერი

0x01 graphic

ჰოლივუდის პრივილეგირებულ ოჯახში დაბადებული სოფია კოპოლასთვის თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია: ოსკარიდა ოქროს გლობუსი მხატვრული ფილმისთვის - თარგმანში დაკარგული, შვილი, რომელსაც ფრანგი როკერის - ტომას მარსისგან ელოდება, მეგობართა ულტრაჰიპური წრე: ვეს ანდერსონი, ზო კასავეტესი და მარკ ჯეიკობსი. თუმცა, ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილს მძიმე დღეებიც გამოუვლია. ეს მაშინ, როცა 35 წლის რეჟისორის სკანდალური ფილმი მარია ანტუანეტა ამერიკის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა.

Originally published in VANITY FAIR. Copyright © 2006 by Evgenia Peretz

0x01 graphic

თუ ჰოლივუდი მართლა უმაღლესი სკოლაა, მაშინ „მაგარი ბიჭების“ ახალი ჯგუფი თეატრის უკანა გარდერობში კედებს იფერადებს, სოფია კოპოლა კი ამ ჯგუფისთვის დედა-ფუტკარია. ამ ჯგუფის წევრები არიან რეჟისორები: მისი მეგობარი ვეს ანდერსონი (Rushmore, Riyal Tenenbaums, Life Aquatic), პ.ტ. ანდერსონი (Magnolia, Punch-Drunk Love), მისი ყოფილი ქმარი - სპაიკ ჯონზი (Being John Malkovich, Adaptation), მისი საუკეთესო მეგობარი ზო კასავეტესი (რეჟისორ ჯონის ქალიშვილი, რომელიც ახლა თავის სადებიუტო მხატვრულ ფილმზე მუშაობს) და მისი უფროსი ძმა რომანი (ფილმ CQ-ს რეჟისორი). მსახიობები, მისი ბიძაშვილი ჯეისონ შვარცმანი (Rushmore-ისა და სოფიას ბოლო ფილმის, „მარია ანტუანეტას“ გმირი), რომელიც რომანთან და ვესთან ერთად, სცენარს წერს მისი მომდევნო ფილმისთვის და ბილ მიურეი (Rushmore, The life aquatic-ისა და სოფიას „თარგმანში დაკარგულის“ გმირი), მათი სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი, რომელსაც ისინი არატრადიციულ მოგზაურობებში დაჰყავს და წამყვანი სტუდიებისთვის განკუთვნილ სარეკომენდაციო წერილებს ხელს აწერს.

მათ თავს ბევრი საინტერესო რამ ხდება. ისინი 20 წლის წინანდელი „მაგარი ბიჭების“

თაობას არ გვანან. რობ ლოუსგან, ჩარლი შინისგან, ბრეტ ესტონ ელისისგან და სხვებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩვეულებრივ, მძიმე და ქაოტური ცხოვრება ჰქონდათ, სასმელსაც ეძალებოდნენ და პროსტიტუციასაც, ახალი თაობის „მაგარი ბიჭები“ წარმოსახვის მშვიდობიან სამეფოში ცხოვრობენ, სადაც უზენაესი ახალგაზრდული გულუბრყვილობა და უცოდველი გემოვნებაა. ეს არ არის უზნეოთა ჯგრო, ეს მოთამაშეთა ჯგუფია. მათი ხელოვნება არ არის სექსის, ფულის ან ძალადობის ხელოვნება. ეს გუნება-განწყობის ახირებული ხელოვნებაა: ციდან ბაყაყები ცვივა, მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ბრაზილიელი გიტარისტი დევიდ ბოუის სიმღერებს მღერის პორტუგალიურად... მათი პირადი ცხოვრებაც ასეთივე ნაზი და უწყინარია. ისინი თბილი და ექსცენტრული ოჯახებიდან არიან, მუშაობენ მეგობრებთან ერთად, მოგზაურობენ პარიზში, უსმენენ 70-იანი წლების მუსიკას, რომელიც აქამდე არავის მოუსმენია. მოკლედ, დახვეწილი სცენარია.

35 წლის სოფიას, ამ ყველაფერთან ერთად, მარკ ჯეიკობსის ხელჩანთაც აქვს, რომელსაც სოფიას სახელი ჰქვია. მალე სოფიასა და ცნობილი ფრანგული როკ-ჯგუფის - Phoenix-ის სოლისტს, ტომას მარსს პირველი შვილი ეყოლებათ. ამასთან, სოფია საოცარი უნარის პატრონია: მას შეუძლია გარშემომყოფნი მშვიდად და აუღელვებლად განაიარაღოს. და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ახერხებს. კოპოლა წლების განმავლობაში ჯეიკობსის მუზა იყო და, როგორც ჯეიკობსი ფიქრობს, სოფიას არ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ის საკულტო სტატუსი, რასაც მან მიაღწია.

„რასაც ხალხი ამბობს, მაგარია - გარედან ადევნებენ თვალს და ფიქრობენ, აი, ეს მესმის - ჰიპი მეგობრები, წარმატებული საქმიანობა, სხვანაირი ჩაცმულობა. მაგრამ სოფია, უბრალოდ, ძალიან ბუნებრივია.“ კოპოლა ცოტა სხვაგვარად ფიქრობს: „ყველგან ისეთი უგემოვნობა მძვინვარებს, რომ თუ ბუნებრივი ხარ...“ მხრებს იჩეჩავს. „არ ვიცი“.

სოფიას ფილმების წარმატება რომ არა, ბევრი ჩათვლიდა, რომ მან თავისი ცნობილი სახელი, ჩაცმულობა და კარგი მეგობრები საკუთარი იმიჯის შესაქმნელად მოხერხებულად გამოიყენა. მაგრამ მისი ფილმები დააფასეს. სოფიას სამივე ფილმი მისი თავისებურებების გაგრძელებაა. ეს ფილმები მასავით ჰაეროვანი, დახვეწილი, ბავშვური და თანაც ეფექტური გამოვიდა. პირველ მხატვრულ ფილმში „ქალწულების თვითმკვლელობა“ (1999 წელი) სოფიამ გარეუბანში მცხოვრები მოზარდების სიზმრისეული, მზით გახუნებული ყოფა გააცოცხლა და დაამტკიცა, რომ განწყობის ოსტატურად გადმოცემა შეუძლია. ფილმი „თარგმანში დაკარგული“ 2003 წელს არის გადაღებული. ამ ფილმში ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი ორ გაუცხოებულ მოგზაურს თამაშობენ, რომლებიც ტოკიოში ხვდებიან ერთმანეთს. „თარგმანში დაკარგული“ ნამდვილ აღმოჩენად აღიარეს. უკვე აღარავინ ამტკიცებდა იმას, რომ სოფიას წარმატებაში მის რეჟისორ მამას ან ქმარს მიუძღვოდა წვლილი. რეჟისორმა მაყურებელს შესთავაზა დახვეწილი სტილითა და ფარული იუმორით გაჯერებული სურათი, სადაც მობერებული სულის სიღრმეებიც იგრძნობოდა.

„ფოტოგრაფიით გატაცების საფეხურს ყველა გოგონა გადის, - ეუბნება იოჰანსონის გმირი შარლოტა მიურეის გმირ ბობს - შენს ფეხებს გადაუღე დებილი სურათები.“ 2003 წლის კინომოყვარულისთვის, ამ ფილმს ემოციურობის სწორედაც რომ ადეკვატური და ზომიერი დოზა ჰქონდა.

„თარგმანში დაკარგულმა“ 44 მილიონი დოლარის მოგება ნახა, ამას არავინ ელოდა. საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო სცენარისათვის ის „ოქროს გლობუსით“ დააჯილდოვეს. კინოაკადემიის 4 ნომინაციაშიც გაიმარჯვა და საუკეთესო სცენარისთვის „ოსკარი“ მოიპოვა. მაგრამ სოფიას სამყაროში სკოლის გაზეთის კარგი მიმოხილვები დიდად არ ფასობს. „ოსკარი“ ამაღელვებელია, ის მართლაც ამაღელვებელია, მაგრამ რა ვიცი...“ სოფია მხრებს იჩეჩავს, სიფრიფანა ხელით ცხელ შოკოლადს ურევს, მის ხმაში კალიფორნიელი გოგონას ინტონაციაც იგრძნობა და მოყირჭებული ტონიც. სოფიას ფილმები, როგორც ამბობს, მხოლოდ მისი მეგობრებისთვის არის განკუთვნილი; გაიცნობს თუ არა მათ მსოფლიო? - „ეს საკითხი სრულებითაც არ მანაღვლებს,“ - მშვიდად ამბობს სოფია.

0x01 graphic

0x01 graphic

კადრი ფილმიდან თარგმანში დაკარგული

0x01 graphic

კადრი ფილმიდან თარგმანში დაკარგული

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ქალწულების თვითმკვლელობა

0x01 graphic

კადრი ფილმიდან მარია ანტუანეტა

სამაგიეროდ, ეს საკითხი ანაღვლებს შონყ-ს, რომელმაც „მარია ანტუანეტაში“ 40 მილიონი ჩადო. ეს ფილმი ჭეშმარიტად კოპოლას განაცხადია: სკანდალური დედოფლის ავადმყოფური ფიქრების უნიკალური და თავისებური გამოხატვა. მაყურებელთა ერთმა ნაწილმა მიიღო ფილმი, ნაწილი - აღშფოთდა. (ეს ის იშვიათი ფილმია, რომლის კრიტიკასაც კანის ფესტივალზე ჩვენების შემდეგ, New York Times-მა გვერდიგვერდ ორი სვეტი დაუთმო, ერთში აქებდა და მეორეში აძაგებდა).

მოკლე ისტორია ასეთია: მარია ანტუანეტამ 14 წლის ასაკში დატოვა მშობლიური ავსტრია, რათა საფრანგეთის დედოფალი გამხდარიყო. საფრანგეთის სამეფო კარი უხეშად ჩაერია მისი და მეფე ლუი XVI-ს პირად ცხოვრებაში, აქ მუდმივად ამაზე მსჯელობდნენ, რატომ ვერ შეძლო დედოფალმა 7 წლის განმავლობაში მეფისთვის მემკვიდრის გაჩენა. გაღიზიანებულმა მარია ანტუანეტამ სხვა ცხოვრება არჩია. მისი ცხოვრების სტილი თვით სამეფო სტანდარტებისთვისაც კი მიუღებელი იყო. უამრავ ფულს ხარჯავდა გართობაზე, არც კი უცდია სამეფო გონივრულად ემართა და ამით საკუთარი იმიჯიც გაეუმჯობესებინა. („დაე, ჭამონ ნამცხვარი“ - ეს მისი სიტყვებია). თუმცა, ეს გულგრილობა იმ მოვლენებისადმი, რაც სამეფო კარს მიღმა ხდებოდა, ძვირად დაუჯდა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც ქვეყანა სრულ სიდუხჭირეში ჩაეფლო, ის გილიოტინაზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ სრულიად დამსახურებულადაც.

კოპოლას ფილმი ლედი ანტონია ფრეზერის ორიგინალურ ბიოგრაფიულ რომანზეა დაფუძნებული. ეს რომანი ადამიანური დეგრადირების კრიტიკა სულაც არ არის, პირიქით, მისი ზეიმია. ფილმში თანამედროვე ელემენტებია შესული. მასში არც ორგიებია და არც მეამბოხეთა ისტორიები. დედოფლის მსგავსად, კოპოლაც ნაკლებ ყურადღება აქცევს, თუ რა ხდება სამეფო კარს მიღმა. მას არ აღელვებს „საბრალოთა“ შიმშილი და უბედურება. ასეთი ეპიზოდების უგულებელყოფის გამო, ის თავისდაუნებურად პოლიტიკურ პოზიციას იკავებს.

სოფიამ კომფორტულად მოირგო იმ რეჟისორთა იმიჯი, რომლებიც რაღაც ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან და არ ანაღვლებთ ის, რაც მათ გარშემო ხდება. საბოლოოდ კი კოპოლა მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რაც მოხდა. როცა მაისში ფილმი კანის ფესტივალზე აჩვენეს, ბევრი ადამიანი შოკში ჩავარდა (ბოლოს და ბოლოს, ეს რივიერა იყო), სხვები აღშფოთდნენ (ბოლოს და ბოლოს, ეს იყო საფრანგეთი). როცა პრეს-კონფერენციაზე პირველმა კორესპონდენტმა დასვა შეკითხვა, ფილმს უკვე მოვლილი ჰქონდა მსოფლიო და ბევრის აღშფოთებასთან ერთად, საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა. და მაინც, ყველას - მაყურებლებსაც და კრიტიკოსებსაც აინტერესებდათ, რისი თქმა უნდოდა მას. „ხალხი მოდიოდა და მეკითხებოდა, როგორ გგონიათ, მისთვის თავი უნდა მოეკვეთათ?“ კოპოლას გაუკვირდა, როცა ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებლები მისი პოზიციის გარკვევას ცდილობდნენ. პოლიტიკური პოზიციის დაცვა საერთოდ კოპოლას სტილში არ არის და დიდად არც გამოსდის. „მე არ ვარ მონარქიის მომხრე“, - ამბობს იგი. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ფილმს ამერიკელი მაყურებელი. ისინიც შავ დღეს დააყრიან, თუ მასთან ერთად მოილხენენ და იმ გილიოტინას ამბავს დაუვიწყებენ.

0x01 graphic

სოფია კოპოლა და მისი ყოფილი ქმარი, რეჟისორი სპაიკ ჯონზი. ჰოლივუდი 2000 წელი.

0x01 graphic

ქვენთინ ტარანტინო და სოფია კოპოლაm 2004 წლის კანის კინოფესტივალზე

„მარია ანტუანეტას“ მთავარი გმირის მსგავსად, კოპოლაც ახალგაზრდა გოგონა იყო სამეფო იჯახიდან, ოღონდ ფრენსისის სამფლობელოში, სადაც არტისტიზმის ყველაზე მცირე გამოვლინებასაც კი დიდ პატივს სცემდნენ. პატარა გოგონების უდიდესი ნაწილი თოჯინებს აცმევს, სოფია ფურცლებს ხევდა ჟურნალებიდან, რათა მათი გარდერობის დიზაინი შეექმნა, - იგონებს მამამისი, არ ხუმრობს. „ყველა ბავშვის ხელოვნება ლამაზია“, - ამბობს იგი - როცა ახალგაზრდა მამა იყო, ყველაზე თამამი ფილმები - „ნათლიმამა“, „საუბარი“, „აპოკალიფსი ახლა“ მაშინ გადაიღო. აკირა კუროსავა და ვერნერ ჰერცოგი ნაპაში მათი დიდი ვიქტორიანული სტილის სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ. კოპოლების სახლს 256 აკრი ვენახი ეკრა გარს, სადაც ბავშვები - რომანი, სოფია და ჯან კარლო ყურძენს წურავდნენ. სრული ბუკოლიკური იდილია ჰქონდათ. ბავშვებს უფროსებთან ერთად სვამდნენ მაგიდასთან, სადაც მთავარი სასაუბრო თემა ფილმების გადაღება და სცენარების წერა იყო.

„მახსოვს 11 წლისა ვიყავი და მამაჩემი მოთხრობის სტრუქტურაზე ლაპარაკობდა. განა სხვა ვინმე მოუყვება 11 წლის ბავშვს ფილმების გადაღების შესახებ?“ - ფილმების გადაღება სოფიასთვის სასკოლო დავალების შესრულების ალტერნატიულ ფორმად იქცა.

„მახსოვს, გადავიღე პატარა ვიდეოფილმი ჯორჯ ვაშინგტონზე, იმის ნაცვლად, რომ თემა დამეწერა“.

კოპოლების ოჯახისათვის სამუშაო და თავისუფალი დრო ერთმანეთისგან გამიჯნული არ ყოფილა. როცა ფრენსისი დაჯდებოდა, მის გარშემო მთელი ოჯახი იყრიდა თავს. 1976 წელს, როცა ფილიპინებზე, „აპოკალიფსი დღეს“ გადაღებები მიმდინარეობდა, ისინი ერთად იყვნენ. სოფია თოჯინებს კაბებს უკერავდა. როცა დანარჩენი ფილმები - „აუტსაიდერები“, „კლუბი კოტონი“, „პეგი სიუს ცხოვრება“ გადაიღო, ფრენსისმა სოფიას პატარ-პატარა როლები მისცა, არა იმიტომ, რომ მამა გოგონას სამსახიობო კარიერაზე ფიქრობდა, არამედ იმისთვის, რომ ისიც გადასაღებ მოედანზე იყო. წლების მატებასთან ერთად, სოფიას მუსიკალური გემოვნებაც იხვეწებოდა, გოგონა მოდის ხელოვნებაშიც გაიწაფა.

Seventeen-ის ნაცვლად სოფია ფრანგულ Vogue-სა და The face-ს კითხულობდა.

თანატოლებში საზრიანობით გამორჩეული, წაბლისფერთმიანი გოგონა მამის მეგობრებში საყოველთაო აღტაცებას იწვევდა. ფრენსისი „კლუბი კოტონის“ გადაღებების დროს მომხდარ ერთ ამბავს იხსენებს; მისი ოჯახი მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუზე, სასტუმრო შერი-ნეზერლენდში, ცხოვრობდა: „ჩვენ სადღაც წავედით, დროის გასატარებლად და როცა დავბრუნდით, 11 წლის სოფია ენდი უორჰოლის მუხლზე დასკუპებულიყო და უაღრესად სერიოზულ საკითხებზე ესაუბრებოდა“.

0x01 graphic

სოფია კოპოლა ფილმ მარია ანტუანეტას გადასაღებ მოედანზე

0x01 graphic

სოფია კოპოლა 2006 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმის, მარია ანტუანეტას პრეს-კონფერენციაზე

0x01 graphic

სოფია კოპოლა მამასთან, რეჟისორ ფრენსის
ფორდ კოპოლასთან ერთად 2004 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე

რამდენიმე წლის მერე სოფიას ფოტოებს სტივენ მეისელი Vogue-სთვის იღებდა. ეს პერიოდი გახდა შთაგონების წყარო 1989 წელს გამოსული ფილმის, „ნიუ იორკული მოთხრობების“ კოპოლას მონაკვეთისა, რომელსაც „ცხოვრება ზუს გარეშე“ ჰქვია. ამ ფილმის სცენარის დაწერაში სოფიაც მონაწილეობდა (მან უამბო მამას, თუ როგორი იყო ცხოვრება მისი თვალთახედვით). და რა თქმა უნდა, ის კოსტიუმების შექმნაშიც მონაწილეობდა.

მაგრამ სოფიას ცხოვრების ეს ფანტასტიკური ბუშტი სასტიკმა რეალობამ შეძრა. მისი ძმა ჯან კარლო, რომელმაც ის პატარაობაში რომსა და პარიზში სამოგზაუროდ წაიყვანა, 22 წლის ასაკში დაიღუპა, სანაოსნო ინციდენტის დროს. გოგონა უეცრად გაიზარდა. თინეიჯერობის ბოლო წლებში ისიც ისევე იკმაყოფილებდა თავის მოთხოვნებს, როგორც მდიდარი გოგონების დიდი ნაწილი. გარკვეული ხნის განმავლობაში, სოფია კარლ ლაგერფელდის სტუდიაში მუშაობდა, მერე პარიზის Vogue-სა და Interview-სთვის იღებდა სურათებს. მერე ხელოვნების სკოლაში შევიდა, სადაც ხატვას სწავლობდა. გოგონა მამის ნებას დაჰყვა და „ნათლიმამა 3“-ში ალ პაჩინოს ქალიშვილის როლი ითამაშა. ეს ფილმი დაუნდობლად გააკრიტიკეს კინომცოდნეებმა, კრიტიკოსთა მთავარი სამიზნე სოფია გახლდათ. „მახსოვს, ჟურნალის გარეკანზე ასეთი წარწერა იყო: მან მამის ფილმი დაანგრია“, - ამბობს სოფია. სოფიამ მოდა აირჩია, მეგობართან ერთად “მილკ ფედის” ბრენდი დააარსა. მერე ზო კასავეტესთან ერთად, თოქ-შოუ შექმნა, გასართობ პროგრამას - Hi-Octane დაარქვეს. ისინი ქალაქში დაბოდიალობდნენ და ისეთ „მაგარ ბიჭებთან“ ლაზღანდარობდნენ, როგორიც იყო, მაგალითად, მისი ბიძაშვილი ნიკოლას ქეიჯი. „მაინცდამაინც კარგად არაფერი გამომდიოდა და ეს მაღიზიანებდა. მომწონდა ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ კონცენტრირებული არაფერზე ვყოფილვარ.“ სოფიას საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების პირველი პერიოდი დაუდგა.

„მან მკითხა, მამა, ნუთუ მხოლოდ დილეტანტი ვარ?“ - იხსენებს ფრენსისი. „არავითარ შემთხვევაში, პირიქით. ჯერ გააკეთე ყველაფერი ის, რაც მოგწონს და მერე მომავალი გვიჩვენებს, რა გზას დაადგე“, - უთქვამს დიდ რეჟისორს ქალიშვილისთვის.

მამის ალღო უტყუარი გამოდგა. 1998 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „Lick the Star“ გადაღების შემდეგ, სოფიას რეჟისორობა მოუნდა: ჯეფრი ეუგენიდესის “ქალწულების თვითმკვლელობის” მიხედვით გადაწყვიტა ფილმის გადაღება. ეს სცენარი ეკრანიზაციისთვის სხვებსაც ჰქონდათ შერჩეული. ვიზუალური მხარე - უილიამ ეგლსტონის ფოტოები და ბილ ოუენსის პორტრეტები, 70-იანი წლების „ფლეიბოის“ ფოტოგრაფია - სოფიას უკვე თავში უტრიალებდა, რაც გახდა კიდეც მისი ფილმის გადაღების პროცესისთვის ბიძგის მიმცემი. სოფიამ იცოდა, რომ მან რაღაც უნიკალურს მიაგნო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. პროდიუსერებმა სოფიას ვერსია მოიწონეს.

სოფიას - მშვიდ, უაგრესიო, ოდნავ ბურუსით მოცულ რეჟისორს დაახლოებით ისევე მოერგო ჰოლივუდის რეჟისორის იმიჯი, როგორც რუშ ლიმბოს - ტრაპეს ორდენის წევრი ბერისა. მამამისიც კი, რომელსაც სოფიას ნიჭიერებაში ეჭვი არ ეპარებოდა, ძალიან ნერვიულობდა. „ის ძალიან ქალურია, თანაც არც ისე დიდი გოგონაა. მაინტერესებს, როგორ გააკონტროლებს გაუწონასწორებელ მომენტებს, როგორც რეჟისორი“. მამამ დაარიგა, რომ სიტყვა action ყოველთვის მთელი ძალით უნდა ამოეთქვა, და მუდამ კამერის ერთ მხარეს მდგარიყო, მონიტორის მოპირდაპირე მხარეს, მსახიობებიდან 500 ფუტის დაშორებით. „მინდოდა გუნდში ყველას გაეგო, თუ ვინ იყო რეჟისორი“, - ამბობდა ფრენსისი. სოფია კი ისე მოიქცა, როგორც ამას მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ყველა ძლიერი ქალი გააკეთებდა: „გმადლობ, მამა, ახლა კი შეგიძლია წახვიდე“.

უკვე ნათელი იყო, რომ სოფიას მუშაობის საკუთარი მეთოდი ჰქონდა. მას არ უცდია მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის ქუდი მოერგო. რეჟისორობა მისი პიროვნების გამოხატულება იყო. „ის არ მოგცემთ მითითებებს, ეს შეგრძნების პროცესია“, - ამბობდა კირსტენ დანსტი, „ქალწულების თვითმკვლელობისა“ და „მარია ანტუანეტას“ გმირი. „ის ნებას გაძლევს, ბუნებრივად ამოისუნთქო“, „ქალწულების თვითმკვლელობაში“ რეპეტიციების დროს სენდვიჩების დამზადებაზე უფრო მეტ დროს ვხარჯავდით.“

ჯეისონ შვარცმანი, რომელიც „მარია ანტუანეტაში“ მეფე ლუი XVI-ს როლს ასრულებს, სოფიას ასე აღწერს: „ძალიან ნათლად გამოხატავდა სათქმელს, ჩვენ მისი ყოველი წინადადება გვესმოდა. ის იყო ძალიან ფოკუსირებული და ეფექტური“.

სოფიას მეგობრები და კოლეგები ამბობენ, რომ კინემატოგრაფიულმა ქაოსმა ძენის ხაზიდან გადახვევა ვერ აიძულა, ბოლოდროინდელმა გიჟურმა ფილმმაც კი, მისმა მასობრივმა სცენებმა, კოსტუმების სიმრავლემ, ფუნთუშების მთებმა და ვერსალში მუშაობამაც კი ვერაფერი შეცვალა.

„მე მისი ჭირვეულობა არასდროს მინახავს,“ - ამბობს შვარცმანი. „არასდროს მომისმენია მისი კატეგორიული განცხადებები: „ახლა ეს სცენა უნდა გადავიღოთ“, ან „ასე უნდა გავაკეთოთ“. ჩვენ ყოველთვის ქაოსის შუაგულში ვიყავით. სოფიას აღელვება არ ეტყობოდა.“ მისი მეგობრები, ჯეიკობსი, კასავეტესი, პროდიუსერი და სცენარისტი მიჩ გლეიზერი ქედს იხრიან მის წინაშე.

„სოფია ვერსალში იყო, ლუის კერძო ეკლესიაში, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და შთამბეჭდავ ადგილას, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ“, - ამბობს გლეიზერი, გარშემო ათასობით ადამიანი ირევა, მე სოფიას პირისპირ ვდგავარ. და მესმის, როგორ ამბობს მშვიდი, ჩიტივით ნაზი ხმით: „Action“. იწყება. და მერე ისევ ჩიტის ხმა: „ამოჭერით“. სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

სოფიას სულაც არ სჭირდება მამის კარნახი, როგორ გააკეთოს რაიმე, მაგრამ არის ერთი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებისგან ისწავლა: არასოდეს უღალატოს საკუთარ ხედვას. წლების განმავლობაში, ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა სოფიასთვის. ევროპული ფილმების, განსაკუთრებით კი ანტონიონისა და ფელინის ზეგავლენით, სადაც, როგორც ერთხელ თქვა სოფიამ, ადამიანები აქეთ-იქით დაბორიალობენ, სოფია უაღრესად ლაკონურ სცენარებს წერს. „თარგმანში დაკარგული“ სულ 88 გვერდია. საშუალო ზომის სცენარები, ასე, 120-გვერდიანია. სულაც არ არის საჭირო ტრადიციული მონათხრობი, ეს ერთგვარი სუსტი წერტილია. „ქალწულების თვითმკვლელობაში“ 5 ახალგაზრდა და თავის მოკვლას გადაწყვეტს. არც საზოგადოებამ და არც სოფიამ ზუსტად არ იციან, რატომ გადაწყვიტეს გოგონებმა ამ ნაბიჯის გადადგმა.

„მე არც კი დავინტერესებულვარ ამ მიზეზით“, - აღიარებს რეჟისორი. არც არის გასაკვირი, რომ ამ ფილმმა მოხიბლა მოდური რეჟისორები, მათ შორის, ვეს ანდერსონი. „მე მიყვარს ის ბიჭი, რომელიც მზის სათვალეს იკეთებს და გოგოსთვის თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად სახურავიდან ხტება,“ - ამბობს ანდერსონი „ქალწულების თვითმკვლელობაზე“. ეს რეჟისორი დღესდღეობით ფილმებით ძალიან იშვიათად არის ხოლმე აღტაცებული. სოფიასთვის ეს ფილმი იმიჯებზეა დამყარებული. მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ის ჯან კარლოს დაკარგვაზე ფიქრობდა. „ყველა ფილმს ჰქონდა ის, რაც მინდოდა გადმომეცა, მაგრამ არასდროს ვიცი, რა იქნება შემდეგ“.

„ქალწულების თვითმკვლელობის“ შემდეგ, სოფიამ „მარია ანტუანეტას“ სცენარის წერა დაიწყო, რითაც დიდი ხნის ინტერესი ვერსალის სასახლის ექსტრავაგანტური ყოფის მიმართ დაიკმაყოფილა. მაგრამ უფრო სხვა ამბავი, მიურეის და კიმონოს მონაწილეობით, მოსვენებას არ აძლევდა. გლეიზერი, რომელიც შეყვარებული იყო „თარგმანში დაკარგულზე“, მიხვდა, რომ ეს მისი ძველი მეგობრის - ბილ მიურეის როლი იყო. „მე მას 20 წელი ვიცნობდი, მაგრამ მისთვის არაფერი გამიგზავნია.“ - ამბობს გლეიზერი - „დავურეკე და ვუთხარი, რომ უცნაურია, მეგონა, რომ ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი, მაგრამ ვიცი, რომ ეს შენს ცხოვრებას შეცვლის“. 8 თვე სოფია მიურეის მესიჯებს თავის ნომერზე ტოვებდა. არც გლეიზერი აძლევდა ბილს მოსვენებას. „ის იმას აკეთებდა, რასაც ყოველთვის აკეთებს ხოლმე“ - ამბობს გლეიზერი.

ბილის ლოდინი იმდენად სიურეალისტური გახდა, რომ სოფიას ქმარმა, სპაიკ ჯონზმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ამ ფილმში არის მაგალითად ერთი ასეთი სცენა, როცა ფრენსისი თავის ქალიშვილს ეკითხება. „ბილისგან რაიმე ხომ არ გსმენია?“.

ერთ დღეს საერთო მეგობრის დაკრძალვიდან მომავალი გლეიზერი, მისი ცოლი კელი ლინჩი და მიურეი ნიუ იორკის რესტორანში შევიდნენ დასალევად. გლეიზერმა მიურეის უთხრა, რომ სოფია ქალაქში იყო. „დაურეკე“, - თქვა მიურეიმ. გლეიზერმა სოფიას დაურეკა და უთხრა, „სასწრაფოდ აქ გაჩნდი!“

„დანარჩენი მულტფილმის კადრებივით მახსოვს. ის ლამის სირბილით მოვიდა რესტორანში. ჩქარობდა. მისი თვალები სიყვარულს ასხივებდა. ის ქალური და დიადი იყო. ოთხეულმა რესტორანში ივახშმა და მიურეიმ და სოფიამ სცენარზე დაიწყეს მსჯელობა.

ფილმი იმაზე გაცილებით მეტი გამოვიდა, ვიდრე მიურეი და მისი კიმონოა. ამ ფილმში ყველგან სოფიას რეალური ცხოვრება იყო. სოფიამ ფილმში გადაიღო სკარლეტ იოჰანსონი, რომლის სტილი მომაჯადოებელი და სექსუალურია. თუმცა, ამ ფილმში სკოლის კურსდამთავრებულს ჰგავდა. შარლოტას გმირი ახალგაზრდა პრივილეგირებული გოგონაა, რომელსაც ცხოვრების მიზნის გამო პრობლემები აქვს - გმირი სოფიას პირად გამოცდილებას იმეორებს. „ამ პერიოდში საკუთარ თავს ვეკითხებოდი. „რა გამიკეთებია ცხოვრებაში?“ შარლოტას მსგავსად, სოფიასაც ჰქონდა სერიოზული ურთიერთობები მასზე უფროს მამაკაცებთან (ის მათ არ ასახელებს). შარლოტას ფოტოგრაფი ქმრის სახე სპაიკის, სოფიას ქმრის გამოხატულებაა, რომელთანაც მას იმ პერიოდში უთანხმოება ჰქონდა. „მე ახალი დაქორწინებული ვიყავი და ბევრი რამის გამო ვორჭოფობდი. (იმ პერიოდში „ჯონ მალკოვიჩის“ გადაღებებზე დადიოდა ხმები, რომ ჯონზს კამერონ დიასთან რომანი ჰქონდა გაჩაღებული. სოფია ამ დეტალზე არ ამახვილებს ყურადღებას).

ახლა სოფიას შეუძლია საკუთარი თავი დაადანაშაულოს, მაგრამ როგორც ყველა გავლენიან, „მაგარ ბავშვს“, მასაც შეუძლია ჩუმი რევანში. ფილმის დამთავრების შემდეგ, ჯონზი და დიასი აღარ იყვნენ აქტუალურები. სოფია კი ჯონზს გაშორდა. „ეს ჩემი, ეგრეთ წოდებული, ახალგაზრდული ურთიერთობა იყო“, - ამბობს ის გაყრის შემდეგ, რომელიც 8-წლიან თანაცხოვრებას მოჰყვა. „არ ვცხოვრობდი სწორად, არც მე და არც ის. ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვიყავი, თუ რა მინდოდა. როცა ეკითხებიან, პირადმა ცხოვრებამ გავლენა ხომ არ მოახდინა მის რეჟისორულ კარიერაზე, ის ემფატიკური - „არათი“ პასუხობს. „ოსკარის“ მიღებიდან რამდენიმე თვეში, „ცუდ ბიჭთან“ - ქვენთინ ტარანტინოსთან ურთიერთობა დაიწყო. ეს უკვე ორი წლის წინათ იყო. „ჭკუა არ მომეკითხებოდა“, - აცხადებს სოფია და ამ ურთიერთობაზე არაფერს ამბობს. სამაგიეროდ ამ ურთიერთობაზე ბევრს თავად ტარანტინო ლაპარაკობს.

„მარია ანტუანეტა“ მრავალი თვალსაზრისით წააგავს სოფიას ცხოვრების ტრილოგიის მესამე ნაწილს. „ქალწულების თვითმკვლელობა“ მისი თინეიჯერული წარმოსახვისა თუ ფანტაზიების ლამაზი ეკრანიზაცია იყო, „თარგმანში დაკარგული“ უფრო პირადი ისტორიაა, ამბავი კარზე მომდგარი წლებისა და გაუცხოებისა, „მარია ანტუანეტა“ კი სოფიას ქარაფშუტა, ქალური საწყისის ზეიმია. მისი არამდგრადი, ქალური მხარეა. სოფია განმარტავს, რომ ფრეიზერის წიგნი „მარია ანტუანეტა“ იმიტომ აირჩია, რომ ის არ არის ზედმიწევნითი, ჩასაფრებული ისტორიკოსი“.

როცა სოფია მარია ანტუანეტას გმირზე საუბრობს, ცხადი ხდება, რომ ის მასთან რაღაც მსგავსებას ხედავს. სოფია ცდილობს მარია ანტუანეტას კარგი მხარეები გვიჩვენოს. განსხვავება კი მარია ანტუანეტასა და სოფიას შორის ისაა, რომ ანტუანეტამ სამყაროს ზურგი აქცია, სოფიამ კი სამყაროში თავისი ცხოვრების გზა გაიკვლია - როგორც რეჟისორმა ქალმა, რომელიც ცდილობდა მამის ჩრდილისთვის დაეღწია თავი. თუმცა ეს „ჩრდილი“ „მარია ანტუანეტას“ გადაღების შემდეგაც არ აძლევდა მოსვენებას. “მამა დაგეხმარათ”? - მკითხეს კანის ფესტივალზე. აი, ასეთი რეაქცია მქონდა: მაცალეთ, ამომასუნთქეთ. კითხვები არ წყდებოდა. „ალბათ უფრო ადვილი უნდა იყოს?“; „თუ რამე პრობლემა გაქვთ, მამას მიმართავთ დახმარებისთვის?“ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა იშრომო, რათა ყველას დაუმტკიცო, რომ მართლა მაგარი ხარ და არა ვიღაც განებივრებული გოგონა,“ - ამბობს სოფია. უფროს ძმას, რომანს, რომელიც მისი მთავარი ნდობით აღჭურვილი პირია პირად და შემოქმედებით საკითხებში, ძალიან სწყინს, როცა მის დას ამგვარად ახასიათებენ: “ეს პრივილეგია არასწორად ესმით. განსაკუთრებით „მარია ანტუანეტასთან“ მიმართებაში. მათ თქვეს: მარიაანტუანეტა არის გოგონა, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს და ე.ი. ეს სოფიაა.“

და მაინც, არსებობს „თაიმსის“ ორი სტატია, ერთი სენტიმენტალურ-ემოციური, მეორე - დაუნდობელი. მათთვის, ვისაც მოსწონს ის, რასაც სოფია აკეთებს, „მარია ანტუანეტა“ სოფიაა - რადგან რეჟისორს მთლიანად გააზრებული აქვს თავის ობიექტის ემოციური გარემო და ის ფაქტი, რომ მისი უკომპრომისო ხედვა მხოლოდ ამის ძიებაშია, მის რეპუტაციას ჩრდილს არ აყენებს. „ძალიან მომწონს, რომ თქვენ მასთან ერთად რეალურად განიცდით მარია ანტუანეტას გრძნობებს თამაშის საშუალებით და არა იმ ყალბი სცენების მეშვეობით, რასაც მაყურებელი ფილმში ელოდება“, - ამბობს ფრენსისი, რომელიც შვილს ყოველთვის ურჩევდა, საკუთარ თავთან მართალი ყოფილიყო. თქვენ მუდმივად მისი გრძნობების მოზიარენი ხდებით.. ის თავიდან ბოლომდე სოფიას პიროვნებით არის გაჯერებული. დარწმუნებული ვარ, ეს სწორედ ის არის, რაც ჩემმა შვილებმა კინემატოგრაფში უნდა გააკეთონ. ღვინის წარმოებაში ამას terroir-ს ეძახიან, ეს ის არის, რაც მიწიდან მოდის.“

რაც შეეხება მეორე ტიპის რეაქციას. შეიძლება ის სოფიას ანაღვლებდეს, მაგრამ ეს არანაირად არ ჩანს. სხვა თუ არაფერი, ის ამჟამად მის ახალ პროექტზე, ბავშვის ყოლაზეა ორიენტირებული. მას ნიუ იორკსა და პარიზს შორის მოუწევს დროის განაწილება, სადაც მარსი ცხოვრობს. თუმცა, ისინი დაქორწინებას არ აპირებენ.

და კიდევ ერთი არგუმენტი მისი ფილმების კრიტიკოსებისათვის: სოფიას ურჩევნია მისმა ფილმებმა ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვიონ, ვიდრე ცალყბა და ზომიერ რეაქციას დასჯერდნენ. და თუ მაინდამაინც არ გინდათ მის ქილიკს მოეშვათ, უნდა გახსოვდეთ, რომ სოფია ფილმებს თქვენთვის მაინც არ იღებს“.

11.4 შეხვედრა ანა კალანდაძესთან

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ირა ყრუაშვილი

0x01 graphic

არჯაკელს მივართმევდი სიამოვნებით, ხვიარას, მაგრამ რომ არ ვიცი, რომელია. არც ის ვიცი, ადრე გაზაფხულზე ყვავის თუ ზაფხულის ხვატში. ვჩქარობ და მინდვრის გვირილებს ვირჩევ. კარს ღიმილით მიღებს და დიდ ოთახში შევყავარ.

რა სიმშვიდეა...

გვირილებმა დაიმშვენეს ინდური ლარნაკი. ასოციაცია: „მაღალი მხრები იმშვენებდნენ ინდურ აბრეშუმს“.

მზრუნველად მიმასპინძლდება. ხილი მომართვა. გარგარზე - გულს უხდება, სისხლის მიმოქცევას აწესრიგებსო (თუ რაღაც ამდაგვარი, ზუსტად არ მახსოვს).

კედლებს ქალბატონ ანას არაჩვეულებრივი პორტრეტები ამშვენებს - ქეთევან მაღალაშვილის, რობერტ სტურუას (მამა), ირაკლი თოიძის შესრულებით.

ირგვლივ წიგნები, წიგნები... მაგრამ ამ სიმშვიდეს არა მხოლოდ ნივთები, პირველ რიგში თავად ქალბატონი ანა ქმნის. არჯაკელზე კი ნუ დაღონდები, გაჩვენებო და კედელზე დიდ ჩარჩოში ფაქიზად დამაგრებული მაჩვენა იმ მშვენიერ ლექსთან ერთად.

დამაგვიანდა, თანაც ნახევარი საუკუნით დამაგვიანდა, რადგან სწორედ ნახევარი საუკუნის წინ მიართვა ეს არჯაკელი უნივერსიტეტის რექტორმა ნიკო კეცხოველმა თავის ყოფილ სტუდენტს და საოცარ პოეტს.

საუბარს ვაგრძელებთ. ისევ ის შეგრძნება, რა სიმშვიდეა...

ლექსთან მიახლოება ცოტა უცნაურად მოხდა.

ერთ ზაფხულს, მამიდამ პატარა ანა (იქნებოდა მესამე-მეოთხე კლასელი), მისი ძმები და კიდევ ნათესავი ბავშვები გურიაში, პაპისეულ სახლში დასასვენებლად წაიყვანა. ამდენი ბავშვი ერთად ძნელი მოსავლელი გახდა და მამიდა ამ აურზაურის დროებით მაინც დასამშვიდებლად შემოიკრებდა ბავშვებს და საინტერესო ამბებს უყვებოდა. ერთ საღამოს, ზუსტად ასეთი თავშეყრის დროს, პაპისეული ოდის წინ აღმართული ქედი უცებ გადანათდა, არც არაფერი - მთვარე ამოვიდა, მაგრამ სილამაზე იმდენად თვალშისაცემი იყო, ბავშვები გაოგნებული იხედებოდნენ ირგვლივ. მამიდამ კი (პედაგოგი გახლდათ და ბავშვების განწყობა არ გამოპარვია) დავალებად მისცა, რასაც ახლა გრძნობთ, ლექსად, მოთხრობად, ჩანახატად ან რა ფორმითაც გინდათ, ისე დაწერეთ და ხვალ მაჩვენეთო.

„ჩემს გარდა ყველას მშვიდად ეძინა. მე მთელი ღამე ვიწვალე და დილით მამიდას ლექსი მივართვი, ჩემი ნაფიქრი. ნეტავ ისე ძალიან არ შევექე, იქნებ კალამსაც აღარ მოვკიდებდი ხელს და გადავრჩებოდი ამ წამებას“.

კიდევ კარგი, მოიწონა მამიდამ. ისე კი, ამ ამბიდან კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი, ვიდრე ძმისშვილის ლექსებს წაიკითხავს. არა, პატარა ანას წერა არ შეუწყვეტია. უბრალოდ, საგულდაგულოდ მალავდა ამას და სკოლისდროინდელი ლექსები ყველა, უკლებლივ ყველა დახია. შევწუხდი - ვინ იცის, რა სტრიქონი გაჰყვა ნაკუწებს-მეთქი, მაგრამ ქალბატონმა ანამ დამამშვიდა, - „ეს ვარჯიში იყო, ვარჯიში დიდი პოეზიისთვის“-ო.

მერე სტუდენტობის წლები დაიწყო. ფილოლოგიურზე ჩააბარა, მაგრამ მალევე გულმა კავკასიური ენებისაკენ გაუწია და გადავიდა. ახლა კმაყოფილია მაშინდელი გადაწყვეტილებით, რადგან იმ საყოველთაო ურწმუნოების წლებში, ხელში ბიბლია და ახალი აღთქმა ეჭირა. ძველ ქართულს ამ წიგნებით სწავლობდნენ.

„იცით როგორი შეგრძნება მქონდა - თითქოს ძველ ენას, რომელსაც არაჩვეულებრივად უცხო სურნელი ასდიოდა, ეძინა ჩემში და მერე გაცოცხლდა, თითქოს თავისთავად მომძებნა ამ ყველაფერმა“ - ესეც ბედი იყო. უბედობა კი ის, რომ ყველა ადამიანისათვის საოცნებო სტუდენტობა ზუსტად ომის წლებს დაემთხვა. სიხარულისთვის არც გარემო იყო და არც შესაძლებლობა.

ჩუმი სიხარული და სასწაული კი ანას ოთახში ხდებოდა - ლექსებს წერდა და ისევ არავის აჩვენებდა - „ახლა რომ ვიხსენებ, ყველაზე თავისუფლად, ლაღად და მშვიდად მაშინ ვწერდი, რადგან არავინ იცოდა, რას ვაკეთებდი, მე კი საკუთარ თავთან ყოფნა ძალიან მიყვარს. ლექსებს დღიურებივით ვწერდი და ვინახავდი. ეს იმდენად პირადულ საქმედ მიმაჩნდა, რომ მამიდასაც კი ვუმალავდი. იცით? ჩემი ცხოვრების, შინაგანი სამყაროს შესახებ არავინ არასოდეს არაფერი იცოდა. რა ვქნა, ასეთი ვარ და ვერავის გამო ვერ შევიცვლებოდი“.

მამიდა კი ყველაფერს ხვდებოდა და დროდადრო ეუბნებოდა: „კარგი, ნუ წამაკითხებ, მხოლოდ ის მითხარი, ხომ მუშაობო და დადებითი პასუხის მიღებისას უხაროდა.

ერთ მშვენიერ დღეს კი ანასგან კატეგორიულად მოითხოვა, ნაწერები ეჩვენებინა. მეტი გზა არ იყო და ანაც დათანხმდა, აიღო დიდი რვეული, ლამაზად გადაწერა ლექსები და მამიდას მიართვა.

პოეზიისა და ლიტერატურის დამფასებელ ქალბატონს რა განწყობა დაეუფლებოდა ამ საოცრების წაკითხვის შემდეგ, ადვილი წარმოსადგენია - რვეულმა კი მოგზაურობა დაიწყო.

პირველად ლიტერატურული გაზეთის რედაქტორმა გიორგი ნატროშვილმა წაიკითხა. ის მაშინვე მიხვდა, საქმე სერიოზულ პოეტთან ჰქონდა და სასწრაფოდ მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე სიმონ ჩიქოვანი მოძებნა. ზუსტად იმ დროს, პარტიის კრება ტარდებოდა. ბატონმა სიმონმა კი კრება დატოვა და ნატროშვილს ლექსების გასაცნობად გაჰყვა. იმ დროს პარტიის კრების დატოვება იცით რას ნიშნავდა? - შეგიძლიათ ყველა საშინელება ერთად წარმოიდგინოთ.

„ისე კი გამიმართლა, რომ სიმონ ჩიქოვანი მწერალთა თავკაცი იყო, რადგან ის არაჩვეულებრივი პოეტი და ადამიანი გახლდათ“.

ერთ მშვენიერ დღეს კი დაუძახეს, - მოხვალ და მწერალთა კავშირის დარბაზში აუდიტორიას თვითონ წაუკითხავ შენს ლექსებსო. ძალიან მორცხვი გახლდათ და ბევრი ინერვიულა. წასვლით კი, აბა, მეტი რა გზა იყო - წავიდა.

იცით რა პერიოდია? - ომი ახალი დამთავრებულია. გაჭირვებაგამოვლილი ქვეყანა და ნაშიმშილები ხალხი. მაგრამ ისევ კომუნისტური ძლევამოსილებით ბრძოლა ცრურწმენასთან (ღმერთის რწმენას ეძახდნენ). ამან კი, ამ კაფანდარა გოგომ რა ცეცხლი დაანთო დარბაზში... „მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი“ ან „ცეცხლით წვავდნენ ტანთშეძარცვულ დედოფალსა - უდრეკ იყო დედოფალი“ თუ „გულზე დამადგით ფეხი დამადგით გულზე ყოველმან“ - გადაირია დარბაზი.

მაშინვე, იქვე, ვისაც ეს საქმე ებარა, წიგნის დაბეჭდვაზე, ფორმატზე და გაფორმებაზე დაიწყეს მსჯელობა, მაგრამ დრომ მკვეთრად შეაჩერა ყველაფერი.

ზუსტად იმ პერიოდში, ლენინგრადში ანა ახმატოვა გააკრიტიკეს „უიდეო“ ლექსებისათვის. კრიტიკის ქარცეცხლმა მთელ საბჭოეთს გადაუარა. და საქართველო როგორ დააკლდებოდა ამ პროცესს?! პირიქით, ერთგვარი ჟინითა და აზარტით, ვისაც არ ეზარებოდა, აკრიტიკებდა ანა კალანდაძის ლექსებს. უიდეოო - არა, კომუნისტებსაც არ აკლდა იუმორის გრძნობა.

პირველმა კრებულმა, რაღა თქმა უნდა, საკმაოდ დაიგვიანა. სტალინის სიკვდილის შემდეგ გამოიცა, მაგრამ ისე დაჩეხილი, ისე პატარა, რომ არც უნდა იმ წიგნის გახსენება. დასაბეჭდად კი როგორ ამზადებდნენ?! სიმონ ჩიქოვანი ეხმარებოდა, ახსოვს ზუსტად ასე ეუბნებოდა - „მოდი, უსათაუროდ დავბეჭდოთ, თორემ ეს სათაურები თვალებში ეჩხირებათ და აფეთებთო“.

პირველი კრებულის ასე დაჩეხვა კი მაინცდამაინც არ უნანია, რადგან მთელ საქართველოში მისი ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. მკითხველს კი რა დაავიწყებდა პორტის სანაპიროზე სტვენით მიმავალ, მხიარულ, ფეხშიშველა ბოშა ქალს, ქუჩის კუთხეში მორიდებით მდგარ ვარდების გამყიდველ შავთვალება გოგოს, როგორც თვითონ ამბობს - იეზიდს, ან ქერა ფშაველის ჩამოვლაზე შემკრთალ მჟაველას, ან ლამის სახლში შემოჭრილ თუთას.

ლექსებს იზეპირებდნენ, იზეპირებდნენ და მღეროდნენ: „ქარი გიმღერის ნანასა“...

ერთმა 17 წლის გოგონამ ხელით საგულდაგულოდ გადაწერა თურმე საყვარელი ლექსები და ის რვეული, სულ ახლახანს, ანუ სამოცი წლის შემდეგ, საყვარელ პოეტს იუბილეზე მიართვა. „საოცრად ამაღელვა ამ ამბავმა, ყველაზე მეტად ეს სიყვარული მახარებს და მაკვირვებს“-ო - მეუბნება ქალბატონი ანა.

სიხარული - გასაგებია;

გაკვირვება - გაუგებარი.

სტუდენტობის დროიდან, რასაც სიხარულით იხსენებს, ეს მთაში სავალდებულო ასვლები იყო სხვადასხვა კილოკავის ჩამოსატანად. „ჩვენ ფშაური კილო უნდა ჩამოგვეტანა, მაგრამ ხევსურული ჩამოვიტანეთ, რადგან მთელ ფშავში ერთი ხევსურული ოჯახი იყო - ირაკლი ოჩიაურის და ჩვენც იქ დავბინავდით. იცით რა იყო ჩემთვის პირველად მთაში ასვლა? - ოცნების ახდენას გავდა. სულ სხვა სამყაროში მოვხვდი და სამუდამოდ შემიყვარდა მთა“.

მთიდან კი ბევრი საოცარი ამბავი ახსოვს. მერე მოგვიანებით, ლექსებად რომ გადაიქცა.

ახსოვს, რა აღტაცებით უყვებოდა ირაკლი ოჩიაურის ბებია სტუდენტ გოგონებს ქისტებზე და ანას შენიშვნაზე, ისინი ხომ თქვენი მტრები, მოსისხლეები იყვნენო, ბებიას მკვეთრი ნათქვამი: „რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს“.

ახსოვს შეხვედრა ხევისბერებთან, ახსოვს ფშაურ ქორწილში მიიწვიეს სტუდენტები. საჩუქარი კი ჯერ იმ დროს რა ექნებოდათ, და მერე სახელდახელოდ ვერაფერი მოიფიქრეს და მყეფარმა (ქორწილის წამყვანს ასე ჰქვია) გამოიყვანა მდგომარეობიდან.

ახსოვს საგანგებოდ მისთვის მორთმეული ცხენი, მერე განწყობა, ლექსად ასე რომ გადაიქცა: „როცა ცხენები მოგვგვარეს - ნისლისფერაი ანასო“. ახლა თუ ავიდოდა მთაში? - „არა, მთა იმ ხალხთან ერთად მიყვარდა, ისინი კი იქ აღარ დამხვდებიან და...“

0x01 graphic

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

ისევ არჯაკელზე და ცოტაც სიყვარულზე

რა ერთგულად შეგინახათ-მეთქი არჯაკელმა საიდუმლო, მაგრამ არჯაკელის საქციელზე მეტად საიდუმლო მაინტერესებდა. გაუბედავად ვკითხე. იცით როგორი „არა“ მითხრა საიდუმლოს გამხელაზე? ზუსტად მინდა წარმოიდგინოთ, - ოდნავ გაპრანჭული, ოღონდ მტკიცე და ცოტაც ღიმილიანი.

საიდუმლო სიყვარულზე კი საიდუმლოდვე დარჩა.

როგორ იწერება ლექსი? „შთაბეჭდილებები, განცდები, ტკივილები და სიხარულები გროვდება და მერე ლექსად მოდის. როგორ? კაცმა არ იცის როგორ“.

ახსოვს, ერთხელ რადიო ჩართო. რომელიღაც სიმფონიას გადმოსცემდნენ, პირველად ისმენდა, მუსიკამ გაიტაცა, ფიქრით კი რატომღაც ყოვლად აუხსნელად, რიწის ტბას დასტრიალებდა. უნდა გენახათ მისი გაოცება, როცა მოგვიანებით გაიგო, რომ ანდრია ბალანჩივაძეს ეს სიმფონია რიწის ტბამ შთააგონა.

ვკითხე, ჩვენს პრაგმატულ დროს ლექსს ხომ არაფერი ემუქრება-მეთქი. გაიღიმა, „პოეზია ხომ ფაქიზი სულის ფუფუნებაა, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. პრაგმატიკოსებს კი თავისი საქმე აქვთ, აბა იმათ ლექსთან რა ხელი აქვთ“.

კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ჟურნალის ფურცლებზე რომ არ მოხვდა. თვითონ მთხოვა, „ჩვენს შორის დარჩეს“-ო. დარჩება, არჯაკელზე ნაკლები რით ვარ?!

12 უცნობი ცოლები

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: ნინო ლომიძე
ფოტო: დავით მესხი

ისინი მუდამ ყველაზე მყუდრო, უშფოთველ მდგომარეობასთან ასოცირდებიან: მოხერხებულ სავარძელთან ტელევიზორის წინ, სასადილო მაგიდასთან, სადაც ყოველთვის არის ის, რაც ძალიან გიყვარს; ქვემოდან დანახულ ფანჯარასთან - საიდანაც მუდამ გელიან; ჩუმ „დილა მშვიდობისა“-სთან. ისინი ხომ განწყობის შესაბამისი სასაუბრო თემების შერჩევის უბადლო ოსტატები არიან! ყველაზე უკეთ შეუძლიათ ჩრდილში მოკრძალებულად ყოფნის მოხდენა, გრძელი დღის მერე, დაღლილების ღიმილით შეგებება. - ისინი, ხომ მათი მეუღლეები არიან! გაიცანით! საზოგადოებისთვის ცნობილი, მუდამ დაკავებული და სატელევიზიო სტუდიების ხშირი თუ იშვიათი სტუმრების ცხოვრების თანამგზავრები სწორედ ასეთები არიან!

0x01 graphic

ირინა კლდიაშვილი

გოკა გაბაშვილის მეუღლე
გერმანისტი

თბილისის №21-ე სკოლის დირექტორის მოადგილე, გერმანული განყოფილების ხელმძღვანელი და მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

„ჩემს ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი ერთმანეთთან ლოგიკურადაა დაკავშირებული და წრეზე ტრიალებს. 11 წლის ვიყავი, პირველად მე-6 სკოლაში რომ მოვედი და მას მერე აქ ვარ. ასე მგონია, სკოლის გარეშე არასდროს მიცხოვრია. აქ ვნახე პირველად გოკაც.

დღეს ჩემი დილა ასე იწყება: მაღვიძარას საძულველი გამყინავი ხმა და მე (ახლა უკვე) ჩემს შვილთან, თინისთან ერთად, სკოლაში მივდივარ. ამჯერად გერმანულს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვასწავლი.

არ მეგონა, პატარებთან მუშაობა ასეთი რთული თუ იქნებოდა. მათი ყურადღების მიპყრობა და დაინტერესება ძალიან ძნელია! ამაში თინისთან ურთიერთობა მეხმარება. ისიც ჩემი მოსწავლეების ასაკისაა და კარგად ვიცი მათი ინტერესები, ვიცი რაზე საუბრობენ, რა ახარებთ და რა სწყინთ.

გაკვეთილების გარდა, სკოლაში კიდევ ძალიან ბევრი საქმეა. დღის 5 საათისთვის ვთავისუფლდები და დაღლილ-დაქანცული ისევ თინისთან ერთად სახლში ვბრუნდები. ამ დროს, ხშირად დედას სიტყვები მახსენდება: სკოლაში მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უნივერსიტეტში ლექციების კითხვა, იქნებ მუშაობის დაწყებისგან თავი შეიკავოო. მაგრამ ვხვდები, რომ სკოლა ჩემთვის მეტია, ვიდრე უბრალოდ „სამსახური“. ეს კედლები ჩემთვის ყველაზე საყვარელ და თბილ მოგონებებს ინახავს. ამ სკოლას უკავშირდება ჩემი ბავშვობა, მეგობრები, ოჯახი და ახლა უკვე შვილიც აქ სწავლობს.

დღეს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ვცდილობთ დავაბრუნოთ ლაღი, თავისუფალი განწყობა, ის აურა, რაც ოდესღაც ჩვენს სკოლაში ტრიალებდა. გაქანებული კომუნიზმის დროს, აქ ახალ აღთქმას ვკითხულობდით, ვსწავლობდით მითოლოგიას და რაც მთავარია, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობას ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული ედო საფუძვლად.

იცი, სკოლაში მუშაობა, მართლაც, ძალიან რთულია და დიდ ენერგიას ითხოვს,მაგრამ გადაღლილს, დერეფანში მოსწავლე (იმ დღეს უკვე მეათედ) რომ მომესალმება, მერე მოულოდნელად ჩამეხუტება და მეტყვის, რომ ძალიან ვუყვარვარ, დაღლა შეუმჩნევლად მიქრება და დადებითი მუხტით თავიდან ვივსები. ეს არის ჩემი შრომის ყველაზე დიდი კომპენსაცია და ყველაზე ძვირფასი საზღაური. აქ ჩემი მეორე სახლია.“

0x01 graphic

მარიკა ჭიჭინაძე

გოგა ხაინდრავას მეუღლე
მსახიობი

თეატრი - ეს არის ადგილი, რომელიც სულ პირვანდელ, ბავშვობის უძველეს მოგონებებთან ერთად ახსენდება. მამაც მსახიობი ჰყავდა და ეს ჯადოსნური, იდუმალი სამყაროც თავიდანვე მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. მხოლოდ მოგვიანებით, თეატრალურ ინსტიტუტში მიხვდა, რომ ურთულესი პროფესია აირჩია.

„გამიმართლა, ლილი იოსელიანის ჯგუფში რომ მოვხვდი. სწორედ მან დამანახა, რომ სინამდვილეში მსახიობობა ფსიქოლოგობას, ადამიანთმცოდნეობას ნიშნავს. გაინტერესებს და გიყვარს ადამიანი და მისი ცოცხალი შეგრძნებები. ხარ მუდამ მომართული, რომ პიროვნებები - თავიანთი წარსულით, ბიოგრაფიით ამოიცნო და მერე ეს წამიერი განცდები და ემოციები შენს როლებში გააცოცხლო.“

რუსთაველის თეატრის დასის წევრია და ახალ სეზონზე „ჰამლეტში“ არაერთგზის შესრულებულ გერტრუდას როლში, მაყურებლის წინაშე ისევ წარდგება. თვლის, რომ ნებისმიერი პროფესიის დაუფლებას დაუღალავი შრომა სჭირდება. ამ შრომაში კი ადამიანობის შენარჩუნებაა ძნელი.

„ადამიანობის და სულიერების დაკარგვის მეშინია. ჩვენს თაობას ნაკლებად ჰქონდა მატერიალისტური მისწრაფებები. ვიყურებოდით ცაში და გვიხაროდა. ახალი თაობის გამბედაობა, უშიშრობა მომწონს. მაგრამ თან მგონია, რაც ბუნებასთან კავშირი დაიკარგა, ტექნიკის და ცივილიზაციის უეცარმა განვითარებამ ადამიანს სულიერება დააკარგვინა.“

ბედნიერების აღქმაც თავისებური აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ოჯახი და საყვარელი ადამიანები არიან. სწამს, რომ ქვეყანაზე სიყვარულისთვის მოვიდა. „ადამიანები გვიან ხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სიყვარულშია. დილით რომ ვდგები, ვხედავ აზიდულ ხეებს და ჩიტების ჭიკჭიკი მესმის, გვერდით კი საყვარელი ადამიანების სიახლოვეს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ვცოცხლობ! ბედნიერების განცდაც სწორედ ეს არის.“

0x01 graphic

მაიკო გელოვანი

ნიაზ დიასამიძის მეუღლე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი

„5 წლის ვიყავი, პირველად ოპერისა და ბალეტის თეატრში, დეიდაჩემის, მანანა ეგაძის სანახავად რომ მივედი. მაშინ ბიზეს „კარმენი“ იდგმებოდა და მანანა კარმენის პარტიას ასრულებდა. გაიღო დიდი ხის კარი და უეცრად სრულიად უცხო და ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი: გამაოგნა ოპერის თეატრის სიდიდემ, უზარმაზარმა დარბაზებმა, ვეება გაბრდღვიალებულმა ჭაღმა. ეს ადგილი სახლივით შემიყვარდა და იმ დღის მერე, თეატრის ხშირი სტუმარი გავხდი. დავსეირნობდი კორიდორების უსასრულო ლაბირინთებში, ვიცოდი ყველა გასასვლელი. სპექტაკლის დაწყებამდე, კულისებში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ემზადებოდნენ მსახიობები სცენაზე გასასვლელად. სახლში დაბრუნებული კი დიდი მოდნომებით ვმღეროდი კარმენის „ხაბანერას“.

მახსოვს ის სპეციფიური, კულისებისთვის დამახასიათებელი (ფარდების, სცენის, დეკორაციების და კოსტიუმების ნაზავი) სუნი, რომელიც თეატრალური ინსტიტუტიდან თეატრში მისულს ისევ იქ დამხვდა. მაგრამ სადღაც გაქრა ბავშვობისდროინდელი ჯადოსნურობის შეგრძნება. თეატრში სულ სხვა - რეალური და მკაცრი სამყარო დამხვდა. იყო ბევრი სიხარული და გულის ტკენა, წარმატებული და ჩავარდნილი როლები - აი, ეს არის ჩემთვის ნამდვილი თეატრის ცხოვრება, რომელიც თავდაუზოგავ შრომას და სიყვარულს მოითხოვს. მართლა არ არის ადვილი, მაგრამ ეს ყველაფერი იმ წამებად ღირს, როდესაც ფარდის უკან დგახარ და სუნთქვაშეკრული ელოდები: გესმის ტანსაცმლის შრიალი, ლაპარაკი, დარბაზი ნელ-ნელა ივსება, მერე შუქი ქრება და იწყება - ყოველთვის ახალი და სხვანაირი. სპექტაკლი ხომ არასდროს მეორდება.

0x01 graphic

ნესტან ციციშვილი

დათო მაღრაძის მეუღლე
ფილოლოგი

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი

დღეს ადრე იწყებს. პროფესიით ფილოლოგი, ბოლო 7 წელი განათლების სისტემაში მუშაობს. ამჯერად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პროგრამაში საგანმანათლებლო პროექტებს ხელმძღვანელობს. „მომწონს ჩემი სამუშაო, რადგან მჯერა, მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები.“ გრძელი და დატვირთული დღის მერე, საღამოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. ამ დროს ისვენებს.

უყვარს მოგზაურობა. ახალი კულტურების, ხალხების, მათი ინტერესების და მისწრაფებების გაცნობა. წარუშლელი შთაბეჭდილება მას პარიზმა და ნიუ იორკმა დაუტოვა. „იქაური თავისუფლების სრული განცდა კარგა ხანს გამომყვა.“

ადამიანებში შინაგან თავისუფლებას, გონიერებას აფასებს. „თავისუფლების შეგრძნება არასდროს არ უნდა დაიკარგოს. შვილების აღზრდაშიც, ვფიქრობ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი - თავისუფლება. ცხოვრებაში ისინი არჩევანს მაინც თვითონ გააკეთებენ. ამიტომ იმისათვის, რომ ღირებულებათა სისტემა სწორად ჩამოუყალიბდეთ, სჯობს არა მითითებებით და დირექტივებით, არამედ მაგალითებით აღიზარდონ.“

0x01 graphic

ქეთი მეგრელიშვილი

ნოდარ ახალკაცის მეუღლე:

განათლებით ლიტერატურათმცოდე, ხელოვნებათმცოდნე, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მაგისტრი.

ფიქრობს, გაუმართლა, როდესაც სამოქალაქო ომის და ქვეყანაში დიდი ქაოსის პერიოდში, გერმანიაში სასწავლებლად წასვლა მოუხდა. სკოლიდან ქეთი, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად, გაცვლითი პროგრამის საშუალებით, მიუნხენის ერთ პრესტიჟულ და ლამაზ სკოლაში მოხვდა, სადაც, თურმე, მაღალი წრის წარმომადგენლების, ხშირად ბარონების შვილებიც სწავლობდნენ. ასე აღმოჩნდნენ ქართველი მოსწავლეები ერთ-ერთი ბარონის ოჯახში, საახალწლო სუფრაზე. პატარა ქეთის ბედით დიდი ბარონი დაინტერესდა და სრულიად მოულოდნელად, გერმანიის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, არც მეტი და არც ნაკლები, ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა.

ასე მოხვდა ქეთი ჰაიდელბერგში, სადაც უკვე 11 წელია ცხოვრობს. „ეს მთა-გორიანი პატარა ქალაქი, ინტერნაციონალური საზოგადოებით და ბევრი სტუდენტით, რატომღაც თბილისს მივამსგავსე და ძალიან შემიყვარდა.“ ფიქრობს, რომ მისი მსოფლმხედველობის და პიროვნების ჩამოყალიბებაზე სახლიდან შორს ყოფნამ, სხვადასხვა კულტურისა და მრწამსის ადამიანებთან შეხვედრამ თავისებურად იმოქმედა და დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანად აქცია. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობისა და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის წოდება უკვე მოიპოვა და ახლა სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს, თან ნოემბერში მეორე შვილს ელოდება.

უხარია, როცა ჩამოდის და ხედავს, რომ ცხოვრება აქაც იცვლება, ადამიანებს სიცოცხლის ხალისი უბრუნდება; ისევ დადიან თეატრში, ღამის თბილისიც ცოცხლდება.

იცის, რომ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდება. რატომ? - „იცი, აქ თავს ფიზიკურადაც კი უკეთ ვგრძნობ. უფრო თავისუფლად ვსუნთქავ, ცაც სხვანაირი მეჩვენება - დიდი და ღრმა. ეს უხილავი და ძნელად ასახსნელი გრძნობა მუდამ შენთანაა.“

0x01 graphic

თამუნა ციციშვილი

დათო კიკალიშვილის მეუღლე
ხელოვნებათმცოდნე

კედელზე პატარა გოგოს პორტრეტი კიდია. კუშტი, გამჭოლი მზერით მის წინ გადაშლილ სამყაროს მიჩერებია. თვალებში ცოცხალი სინათლის სხივი უბრწყინავს. ეს თამუნას ბავშვობაა. „ჩემთვის ეს იყო მოლოდინი, უსაზღვროდ დიდის და კარგის.“

ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა. ბავშვური სილაღე, თავისუფლების განცდა - მოვალეობა-ვალდებულებებმა, ყოფითმა საზრუნავმა თითქოს დაამძიმა და ჩაამუქა. „გამიჩნდა საოცარი დროის უკმარისობის შეგრძნება. დაპატარავდა ჩემი დღეც და ეს ოცდაოთხი საათი არაფერში აღარ მყოფნის.“

მისთვის ოჯახი მთავარი საზრუნავია და ფიქრობს, რომ ამაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია. ყველაზე მეტ თავისუფალ დროსაც შვილებთან, მეუღლესთან ერთად ატარებს. „ვიღაც მთელი წელი დაბადების დღეს ელოდება, ვინ - ახალ წელს, ჩვენ კი ყველანი ზაფხულის იმ ორი კვირის მოლოდინში ვართ, როცა მთელი ოჯახი ერთად ზღვაზე მივდივართ. როდესაც ყველაფრისაგან ვთავისუფლდებით და მთელ დროს ერთმანეთს ვუთმობთ.“

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე საკუთარ გალერეაზე ოცნებობს. „მხოლოდ 5 წელი შევძელი ჩემი პროფესიით მემუშავა - გალერეა „ვაჩეში“ (ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში) ექსპოზიციონერად.“ მერე უცბად მაგთიში მოხვდა და ახლაც იქ არის.

შვილების მომავალსაც აქ, საქართველოში ხედავს. „არ მინდა უკეთესი გარემოს საძებნელად სადმე შორს გადაიხვეწონ, მგონია ჩვენი საქმე ყველამ ჩვენს ქვეყანაში უნდა ვაკეთოთ.“

0x01 graphic

რუსიკო მაისურაძე

ვახო ბუცხრიკიძის მეუღლე:
GRDC-ის მთავარი იურისტი.

ბავშვობიდან იცოდა: ექნებოდა საინტერესო პროფესია და ნამდვილი პროფესიონალი გახდებოდა. დღეს თავისი არჩევანით კმაყოფილია. მისი აზრით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე იფიქროს. „ჩემთვის ყოველი დღე განსხვავებულია; ხვდები ახალ ადამიანებს, ვმართავ მოლაპარაკებებს. მუდმივად საკუთარი აზროვნების, ანალიზის უნარის გამოცდა მიწევს. ვერ ვიტან შეცდომებს და ვცდილობ ერთი და იგივე შეცდომა არასოდეს გავიმეორო.“

თვლის, რომ იურისტისთვის საჭირო თვისებები საკუთარ თავში ადრევე აღმოაჩინა. ბავშვობიდან შეეძლო დაუღალავად ეშრომა, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. “საოცრად ცნობისმოყვარე ვიყავი. სიახლეების ძიების სურვილი და მუდამ მომართული ყურადღება დღემდე შემომრჩა.”

ბავშვობა თბილი და მხიარული ახსოვს, გარშემო უამრავი ხალხი და დედა, რომელიც 14 წლის ასაკში დაკარგა. მაშინ მიხვდა, რომ ბავშვობა დამთავრდა. „აქ ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი იწყება. მივხვდი, რომ ჩემს თავზე თვითონ უნდა მეზრუნა, ბევრი მეშრომა და წარმატებისკენ მიმავალი გზაც სწორედ ეს იყო.“

მერე დაოჯახდა. მისთვის მოულოდნელად, ფასეულობები გადაფასდა. „თუკი ადრე მინდოდა, პირველ რიგში ქალი და კარგი პროფესიონალი ვყოფილიყავი, დღეს მინდა ვიყო კარგი დედა, კარგი მეუღლე და მერე ყველაფერი დანარჩენი. „ბევრი სითბო“ - ეს არის შვილების აღზრდის მისეული რეცეპტი.

მუსიკა და ხატვა ბავშვობიდან იზიდავდა. ორი წელია ფოტოგრაფიითაც დაინტერესდა, მაგრამ არასდროს ჰქონია საშუალება, საკუთარი გატაცებებისთვის მეტი დრო დაეთმო. არც ახლა აქვს. შვილები და ოჯახი თავისუფალ დროს მთლიანად უვსებენ. „ასე მგონია, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად არაფერია.“

არასდროს ფიქრობს მომავალზე, არ აწყობს გეგმებს. არ ფიქრობს იმაზე, თუ რა სიურპრიზებს უმზადებს ცხოვრება. ხომ არასდროს იცი, რა გელოდება ხვალ?!

0x01 graphic

ოლეგ ტიმჩენკოს ცოლი:

ია ყაჯრიშვილი,
მუსიკოსი

„კონსერვატორიის მერე, Over Flow-ში ვუკრავდი. მაგარი ჯგუფი იყო. მაგრამ მალე დაიშალა. მერე იყო ბევრი სხვაც. ჯერ ჰარდ rock-ს ვუკრავდი, მერე ექსპერიმენტულს (როკი), ახლა უფრო ჯაზით დავინტერესდი. შარშანაც გავიარე ჯაზის გაკვეთილები. ახლა ესპანეთში მინდა წასვლა სასწავლებლად... და საერთოდ, მინდა აქედან წასვლა... იცი მუსიკა როგორ არის? სულ უნდა აკეთო. ამ დაკვრაში რაღაც მოდის და იზრდები. არ აქვს მნიშვნელობა სად (ოღონდ არა რესტორანში), სულ უნდა დაუკრა. ისე, ერთი ათი დღე რესტორანშიც ვუკრავდი. ადრე, 91 წელი იყო. ვიოლინო გავტეხე და შესაკეთებლად სასწრაფოდ ფული დამჭირდა. იყო მაშინ ასეთი, ჩილინგარო, მაგარი ვიოლინოს შემკეთებელი. 200 მანეთი მომთხოვა. არ მინდოდა დედაჩემს გაეგო. ჰოდა, ჩემმა მეგობარმა ახალი რესტორანი იხსნება, კინოშნიკების, მხატვრის სახლში და იქ დაუკარიო. მეც დავუკარი. და არ მომეწონა. მოდიოდნენ ტიპები: დედა დამეღუპა და რამე ისეთი, ჩვენებური დაუკარიო, ან თბილისზე და მთაწმინდაზე არაფერი იციო? ჰოდა, ვიოლინო შევაკეთე და წამოვედი.

...საერთოდ, ქუჩაში ხეტიალისას, მაგარი თემები მოდის ხოლმე. აი, მიდიხარ შენთვის და უცებ რაღაცა (მუსიკალური) ფრაზა ჩაგესმის. ხვდები, რომ კარგია, მოგწონს. მაგრამ სახლში დაბრუნებულს თავში აღარაფერი გრჩება. ეს ერთი წამია და თუ არ დაიჭირე, მორჩა. ისევ უკვალოდ იკარგება“.

13 თავისუფლების დღიურები

▲ზევით დაბრუნება


ალექსანდრ ბლოკს უთქვამს, დღიური, დროდადრო მაინც, ყოველმა ჩვენგანმა უნდა წეროსო. მას მერე თითქმის ერთი საუკუნე გავიდა და დღეს დიდი პოეტის ეს რჩევა თუ შეგონება ცოტა ვინმეს თუ ახსენდება. დღიურმაც თანდათან დაკარგა ფუნქცია, საუკუნეების მანძილზე რომ ასრულებდა; თითქმის დავიწყებას მიეცა ცხოვრებისთვის თვალის მიდევნების, საკუთარ სულში ჩაღრმავების, სამყაროში მიმდინარე მოვლენათა აღნუსხვის ეს ერთ დროს უაღრესად გავრცელებული ფორმა...

გიფიქრიათ, რამდენად ფერგამოცლილი პორტრეტი შემოგვრჩებოდა, მაგალითად, გოეთესი, რომ არა მისი პირადი მდივნის, იოჰან პეტერ ეკერმანის დაწვრილებითი, პედანტურად ზუსტი ჩანაწერები, რომლებიც - დიდი მწერლის დაჟინებული მოთხოვნით - მხოლოდ მისი სიკვდილის შემდგომ გამოიცა? ან რაოდენ არასრული იქნებოდა ნაციონალ-სოციალისტების სასტიკ დანაშაულთა სურათი, რომ არა პატარა ებრაელი გოგონას, ანე ფრანკის სულის შემძვრელი და სასწაულებრივად გადარჩენილი დღიურები?

თავისუფლების დღიურებს ამგვარი პრეტენზია, ცხადია, არ აქვს და ვერც ექნება. რადიო თავისუფლებისეს პროექტი მხოლოდ ცდაა, მეტად თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანების დახმარებით აღვნუსხოთ ჩვენს გარშემო მომხდარი.

მე-19 საუკუნის ამერიკელმა სატირიკოსმა და პოეტმა ამბროუზ ბირსმა დღიურის ასეთი განმარტება შემოგვთავაზა: დღიური არის ყოველდღიური აღნუსხვა ცხოვრების იმ ეპიზოდებისა, რომლებიც საკუთარ თავს ისე შეგიძლია გაუზიარო, რომ არ გაწითლდეო. ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ეს სიტყვები განსაკუთრებით მაშინ ხდება საჩინო, როცა საქმე a priori ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ დღიურებთან გვაქვს. თავისუფლების დღიურები ასეთი დღიურებია - ისინი იმთავითვე სხვის გასაგონად იწერება, რაც გარკვეულწილად ამცირებს გულახდილობის ხარისხს. თუმცა, გულახდილობა დღიურის, როგორც ჟანრის, ერთადერთი მახასიათებელი არ არის: ჩანაწერის ავტორს დროდადრო ჟამთააღმწერლის ფუნქციის შეთავსებაც უხდება.

...წელიწადში 52 კვირაა. თავისუფლების დღიურებს 2006 წლის მანძილზე 52 ავტორი ეყოლება. ყოველ კვირადღეს ჩვენი რადიოს მსმენელს საშუალება აქვს, გასული კვირის მოვლენები დღიურის ავტორის გადმოსახედიდან შეაფასოს. თან, ახლებურად დაინახოს მისთვის კარგად ცნობილი ადამიანი - მწერალი თუ მხატვარი, პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე. ახალი წლის დამდეგს განზრახული გვაქვს, თავისუფლების დღიურები წიგნად გამოვცეთ. მანამდე კი ცხელი შოკოლადი ამ ჩანაწერთაგან ზოგიერთს თავის ფურცლებზე შემოგთავაზებთ. ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი 98 ცხელი შოკოლადი

დავით კაკაბაძე
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი

რადიო თავისუფლება

0x01 graphic

ლანა ღოღობერიძე

დღიურები

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

3 სექტემბერი, კვირა

კვირას, დილას პატარა ყოველდღიური რიტუალი: ვიღებ შხაპს, ვსვამ ყავას, ჩავდივარ მაღაზიაში, ჯულია მაძლევს ჩემთვის გადადებულ გაზეთებს - „24 საათს“, „კვირის პალიტრას“, „რეზონანსს“, „ალიას“, ვბრუნდები სახლში და შევდივარ ბაღში. ბაღი - ეს ჩემი პატარა, ასევე ყოველდღიური სიხარულია. მისი შექმნა ოციოდე წლის წინ დავიწყეთ მე და ჩემმა შვილებმა. საოცარი იყო ის პირველი პალმა, რომელიც ნუცამ, რაღაც სასწაულით, მეშვიდე სართულზე ამოათრია. ახლა ამ ბაღს, თავისი პალმებით, საშობაო ხეებით, ფიკუსებით, ჩვენი ოთახის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი უკავია, მთელი კედლის გასწვრივ გადაჭიმული ფანჯრების წინ, - ეს უზარმაზარი ფანჯრები მაშინ, 50-იანი წლების ბოლოს, ლადომ დააპროექტა თავისი სახელოსნოსთვის, რაც იმდროინდელ თბილისში სრულიად ახალი რამ იყო. შევდივარ ბაღში, ვაშორებ მცენარეებს ამ არნახული გვალვისგან გაყვითლებულ ფოთლებს, ვუსხამ წყალს - წელს განსაკუთრებით უხვად, სიამოვნებით ვუყურებ, როგორ ხარბად ეწაფებიან, და როგორ ადამიანებივით იკლავენ წყურვილს მცენარეები და როგორც ყოველთვის, ასეთ დროს, ცვეტაევას სიტყვები მახსენდება:

за этот ад, за этот бред,
пошли мне сад на старость лет,
сад одинокий, как сама...

ცვეტაევასთვის მარტო ბაღი კი არა, სიბერეც მიუწვდომელი აღმოჩნდა. მე კი, სიბერესაც მოვესწარი და ბაღიც მარგუნა ბედმა. მეტი რაღა მინდა? ბაღი, მარტოსული, როგორც მე თვითონ... ან, ბაღი, ჩემსავით მარტოსული... ის მართლაც რეალურად მეხმარება არსებობაში.

და ამ, ცოტა არ იყოს, დრამატული ნოტის გასაქარწყლებლად, ვიხსენებ მოარულ ნათქვამს: თუ სამოც წელს გადაბიჯებულს, დილას გაგეღვიძა და არაფერი გტკივა, შეამოწმე, ცოცხალი ხარ თუ არა. მეც ვამოწმებ, ანუ ვამოძრავებ ხელ-ფეხს, ვატრიალებ თავს, ვაკეთებ წელის წრიულ მოძრაობებს, - ამას, მგონი, ელემენტარულად ვარჯიში ჰქვია - ვრწმუნდები, რომ ცოცხალი ვარ და ვიწყებ ცხოვრებას.

მთელი დღის მანძილზე, გუშინდელი განწყობა გამომყვა - საფრანგეთთან თამაშით გამოწვეული, მძიმე. რაღაც უცნაურობები გვახასიათებს. კონცერტი თამაშის დაწყებამდე, თითქოს უკვე გამარჯვებას ვზეიმობთ. ხორუმი - გამარჯვების სიმბოლო. 20 ათასი ადამიანის გაბრწყინებული სახე, თითქოს უკვე მოვიგეთ. იმედი მშვენიერია, კიდევ უკეთესია ერთიანობა და განცდა იმისა, რომ ერთი გუნდი ვართ, კარგია განახლებული, მშვენიერი სტადიონი, მაგრამ შემაშფოთებელია ისევ მითოლოგიური აზროვნების ტყვეობაში ყოფნა. მართლა, გული მიკვდებოდა, ამდენ გაწბილებულ ადამიანს რომ ვუყურებდი. თან რის საფუძველზე? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს გრანდებს ვეთამაშებოდით, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიწყებთ აღმა სვლას. არ უნდა დავივიწყოთ, დამოუკიდებლობა რეალისტურ ხედვასაც გულისხმობს თავისთავად.

აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში. ეს ორი კვირა ჩემთვის ჩოგბურთით არის სავსე. თან რა განცდებით! 36 წლის ლეგენდარული აგასი მიდიოდა ჩოგბურთიდან! შესანიშნავად თამაშობდა, ორი წრე მოიგო, თან ძალიან ძლიერ ბაგდადისთან და მოულოდნელად, ყველასთვის უცნობ გერმანელთან წააგო. ქვითინებდა აგასი და მასთან ერთად 24 ათასი ფეხზე მდგომი მაყურებელი ერთდროულად ტაშს უკრავდა, ყვიროდა და ტიროდა. გარეგნულად ყველაზე მშვიდი შტეფი გრაფი იყო. ეს იყო რაღაც დიდის დასასრული და როგორც ყველა დასასრული - სევდიანი, დრამატული და ამაღლებული.

4 სექტემბერი. ორშაბათი.

კინოსტუდიაში კინოპროექტების შესარჩევი კომისიის სხდომაზე ვიყავი. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სტუდიაში აღარ ვყოფილვარ... ახლა აქ ყველაფერი უცხოა და მაინც მშობლიური. ჯერ - სრულიად დანგრეული გზა, რომლითაც ჩემი მანქანა დიდი გაჭირვებით მიიკვლევს გზას, მერე შენობა, ნახევრად ცარიელი, აქა-იქ საიდანღაც ამოტივტივდებიან სტუდიის ძველი თანამშრომლები, როგორც წარსულის აჩრდილები. უცნაური მღელვარება მიპყრობს. ეს ხომ ის სივრცეა, სადაც კინოცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა. ეს ის სამყაროა, სადაც კინო მბრძანებლობდა. მივდიოდი ცარიელ, ჩამოტყავებულ დერეფანში და უცებ ყველაფერი თვალწინ დამიდგა: გადაღებები, განხილვები, სადადგმო პროექტის დაცვა, ომი ცენზურასთან... თურმე ისიც რა კარგი იყო, როცა გაკრიტიკებდნენ, გებრძოდნენ, გაიძულებდნენ უკვე გადაღებულ მასალაში რაღაც შეგეცვალა... კარგი იმიტომ, რომ ესეც ცხოვრების ნაწილი იყო, ასეთი მიმზიდველი და სისხლსავსე კინო-ცხოვრების ნაწილი! კინო - საბოლოოდ დარჩა ეს ერთადერთი რამ, რაც იმ დროიდან ჩემს ნოსტალგიას იწვევს. კინო, და კიდევ - ახალგაზრდობა.

დღეს კი ისიც დამაიმედებლად მეჩვენა, რომ კინოცენტრის დირექტორის კაბინეტში ვისხედით, 22 წარმოდგენილ პროექტს ვიხილავდით და ვცდილობდით მათ შორის საუკეთესო აგვერჩია, რათა მათთვის პროექტის განვითარებისთვის თანხა მიგვეცა. საქმიანი და კოლეგიალური ატმოსფერო იყო.

5 სექტემბერი. სამშაბათი

დილას ცხელი წყლის გამათბობელი გაითიშა. ქეთი არ იყო და არ ვიცოდი, როგორ ჩამერთო. დავურეკე ნუცას, მან ამიხსნა, და თუმცა ტექნიკურ საკითხებში სრული ნული ვარ, მაინც მოვახერხე და ჩავრთე. პატარა გამარჯვება საკუთარ თავზე! და ამავე დროს, ძალიანაც სერიოზული, ვინაიდან კარგა ხანია მივხვდი, ასაკთან ერთად წვრილმანები შენს ცხოვრებაში სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. ასაკს პატარ-პატარა დაბრკოლებების წინაშე დაბნეულობაც თან ახლავს. აქედან დასკვნა - სანამ შეგიძლია წყლის გამათბობელი ჩართო - ღილაკი გადაწიო ნიშნულზე „რიზეტ“, გააჩერო რამდენიმე წამი, მერე თავის ადგილზე დააბრუნო - მანამდე სიბერეს შენთან არაფერი ესაქმება.

კინოსტუდიაში ისევ კომისიის შეკრება გვქონდა. პირველ ტურში შვიდ გამარჯვებულს შევხვდით. საინტერესო იყო მათთან საუბარი. მერე დავწერეთ ქულები და ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ქართული მხედრობა პოლონეთში და ლაზობური გუდასტვირი - ლაზობის ტკივილიანი ისტორია და აწმყო; ორივე პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი წარსულის და დღევანდელობის თვალსაზრისით. მიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, გია ჭუბაბრია გადაიღებს ფილმს. ასე, პატარ-პატარა ნიმუშებით საზოგადოებაში პოზიტიური ეროვნული ენერგია უნდა დაგროვდეს. რეალურ ფაქტებზე დამყარებული.

6 სექტემბერი. ოთხშაბათი.

მოვიდა ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჩემი შემცვლელი ევროპის საბჭოში. სტრასბურგში წასვლის წინ, დასამშვიდობებლად მოვიდა, თავისი ცოლი გამაცნო. ვაფასებ ასეთ კორექტულობას, რომელიც არცთუ ძალიან ხშირია დღევანდელ საქართველოში. თუ საერთოდ ადამიანთა ცხოვრებაში? აღარ გვაინტერესებს ის, ვინც მომავალში არ გვჭირდება...

ისევ ფეხბურთი. თამაში უკრაინასთან. საშინლად დამწყდა გული. აქ კი ნამდვილად გამოჩნდა, რომ გუნდი უკვე გვყავს და ძლიერ მეტოქესთან მოგებაც შეგვიძლია. ცოტა იღბალი, რა, ნუთუ არ დავიმსახურეთ?

დამირეკა ლაშა ბაქრაძემ. არქივში მუშაობისას აღმოაჩინა, რომ დედაჩემი პირველი ქალი რეჟისორი იყო საქართველოში, საბჭოთა კავშირში კი - პირველი ქალი რეჟისორი მხატვრულ კინოში. მნიშვნელოვნად მიაჩნია ეს ამბავი. ეძებს მასალებს. ლაშას შემართებით შთაგონებული, მეც მთელი დღე არქივში ვიქექებოდი; ანუ გავხსენი ის ძველებური, ოქროსფერი, დიდი ლადო მესხიშვილის ნაქონი სკივრი, რომელსაც მსახიობი ეტლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გასტროლებზე დაატარებდა და რომელიც ახლა ჩვენი ოთახის მთავარი რელიქვიაა. ამოვქექე ძველი ფოტოები, დოკუმენტები, მათ შორის შალვა მესხიშვილის ცნობილი გამოსვლები, მაგალითად, სტოლერმანის დასაცავად წარმოთქმული სიტყვა, და ვიპოვე დროით დაღდასმული ფოტოები - დედა გადაღებებზე, ძველი კინოსტუდიის დიდ პავილიონში, რაჭის მთებში, თანამშრომლებით გარშემორტყმული... კადრები ფილმებიდან...

საშინლად მაღელვებს ყველაფერი, რაც ყოფილ სამხრეთ ოსეთში ხდება.

წავიდა ბობოქარი ლადო, ჩემი უფროსი შვილიშვილი. ქეთი ამბობს, ტაიფუნმა გადაგვიარაო. სწავლას შუმანის სახელობის უნივერსიტეტში აგრძელებს, კარგად სწავლობს, თუმცა რამდენიმე ადამიანის დახმარების მიუხედავად, მარტო ყოფნა გაუჭირდა.

7 სექტემბერი. ხუთშაბათი.

ანა და მე ერთად ვიზეპირებთ გამრავლების ტაბულას.

ჩავედი ინგასთან. თვენახევრის წინ გარდაიცვალა რეზი. ძველი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი. კეთილშობილების, წესიერების, პროფესიაში ჩაღრმავების, მარადიულობის, ზრდილობის მოჰიკანი. ის ღირსების საკუთარი კოდექსით ცხოვრობდა. ასეთივეა ინგაც. ახლა გამოჩნდა, რამდენი ძალა და ღირსებაა ამ მოკრძალებულ ადამიანში. დღესაც კი იმის თავი ჰქონდა, რომ ჩემი და ქეთის მოსვლისთვის ნამცხვარი გამოეცხო. დიდი ადამიანის დიდი მწუხარება, რომელსაც არც მიჩქმალვა სჭირდება და არც აქცენტირება. ის თვითონ არის განმწმენდიც და ძალის მიმცემიც.

დამირეკა ადამ. შევთანხმდით, რომ დღეს ჩოგბურთს ვითამაშებდით. დრო რომ მოვიდა, ძალიან დამეზარა წასვლა. მერე გამახსენდა, რომ სიბერე - ეს პირველ რიგში, დაღლილობაა. დაღლილობა კი სიზარმაცესთან არის გადაჯაჭვული. დაღლილი ვარ, მეზარება... გავედი კორტებზე, ვითამაშე ჩოგბურთი - მთელი გატაცებით - და ცხოვრების სისავსით ბედნიერი დავბრუნდი შინ. ამას ის გამიგებს, ვინც იცის, რა სიხარულის მომტანია ერთი კარგად დარტყმული ბურთი. ჩოგბურთს ხომ ის თვისება აქვს, რომ ის ერთნაირად აბედნიერებს მსოფლიოს პირველ ჩოგანს და ჩემნაირ მოყვარულებს.

8 სექტემბერი. პარასკევი.

დარეკა ლაშამ. იპოვა დედას ერთი ფილმი - დოკუმენტური, „ბუბა“, და ნახა კიდეც. თავისი დროის შესაფერისი მშვენიერი ფილმიაო. ლაშას, როგორც ნამდვილ მკვლევარს, ძალიან აღელვებს ეს ფაქტები კინოს ისტორიის თვალსაზრისით. მე? ახლა შინაგანად უნდა მოვემზადო ფილმის სანახავად. ეს ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ დედა „იმ“ დროზე - დაჭერამდე - არასდროს არაფერს ამბობდა. ბევრი მიზეზის გამო, თავისი ცხოვრების მთელ ეპოქაზე ტაბუ ჰქონდა დადებული. თითქოს მისი არსებობა ციხით და გადასახლებით დაიწყო. კათარზისით. და მაქვს კი მე უფლება ეს ტაბუ დავარღვიო? ის კი ნამდვილად მინდა, რომ ჩვენმა მკითხველმა წაიკითხოს დედას მოთხრობები ციხის და გადასახლების შესახებ. მათში მართლაც საოცარი პიროვნება ჩანს.

9 სექტემბერი. შაბათი

ჩემმა შვილიშვილმა, ორი წლის ლანამ ტელეფონით მკითხა ჰამბურგიდან: დიდი ლანა, შენც იყავი დღეს საბავშვო ბაღშიო? დიდი ლანა - ასეთი სტატუსი მომანიჭეს ჩემმა შვილიშვილებმა. მეცინება, როცა ვაცნობიერებ, რა გულუბრყვილოდ სენტიმენტალურ განწყობაზე მაყენებს იმაზე ფიქრი, რომ 21-ე საუკუნის დედამიწაზე ირბენს პატარა ლანა, რომელიც შენი ნამდვილი გაგრძელებაა და რეალური უკვდავებაც.

მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობ. ეს ძნელია, მით უმეტეს, რომ კარგად ვიცი, არ მაქვს პაუზების დრო. არც დასვენება მინდა. პროექტი მზად არის, იწყება მოსამზადებელი ეტაპი, შექმნილია კონცეფცია. თითქოს ყველა თანახმაა, მაგრამ საშინლად იწელება დრო. დღევანდელი დღეც ისე გავიდა, რომ არავინ დამირეკა. მე კი მგონია, პროექტი რომ განხორციელდეს, ეს ბევრისთვის ამოსუნთქვა იქნება, ამოსუნთქვა შეურიგებლობისგან, მტრობისგან, სიძულვილისგან.

სხვა გზა არ არის, უნდა დაველოდო... მოლოდინიც ხომ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია!

14 აკა მორჩილაძის პირადი ენციკლოპედია

▲ზევით დაბრუნება


აკა მორჩილაძე

ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

ტოკიო

ტოკიოში ერთხელ მეც ვიყავი. ოცდამეორე სართულზე ვცხოვრობდი „კროუნ პლაზაში“ და დილით, ექვს საათზე მეღვიძებოდა. რატომ, არ ვიცი. მივადგებოდი ფანჯარას და ვხედავდი, როგორ ეკიდა მოპირდაპირე სახლის კედელზე ორი ჯაგრისიანი კაცი: ფანჯრებს აპრიალებდნენ.

ჩემი გამოთვლით, სადღაც ოცდამეთორმეტე სართულზე მაინც ეკიდნენ და დაბლა, დაბლა მოცოცავდნენ. კაი ხელობა იმათ ქონდათ: ყოველდღე ასე ეკიდნენ. მოკლედ, ასეთი ქალაქია. ამ ხელობის ხალხის გარეშე, ფანჯრიდან ვერც გამოიხედავ. არ გაწმენდენ ერთ კვირას და კაი დახლიც დაგიდგება.

რო ვთქვა, ტოკიო ლამაზია-თქო, ვერ ვიტყვი. რაღაცა სხვა რამეა, რაზეც ვერ იტყვი, ლამაზია, უშნოა, ოხერი თუ კარგი. ქუჩაზე, ზედ ასფალტზე შეიძლება ეწეროს, ჩვენთან არ ეწევიანო. შენს ფანჯარასთან შეიძლება მატარებელმა აიქროლოს სადღაც მაღლა. ფანაჯრა კი მეათე სართულის იყოს.

ტოკიოს სილამაზე მგონი საღამოს შვიდი საათიდან იწყება, როცა ჩამობნელებას დააპირებს. ისე, კიდევ ცა, შეიძლება უცებ ყვითელიც იყოს. მე რომ ვიყავი, ჰაერი ცხელი იყო, უნდა გეყლაპა ბამბის მაროჟნივით, სეზონია ეგეთიო.

ჰო, რო მოსაღამოვდება და სარეკლამო ამბავიც ირთვება. ეგ არი, რაც არი. ნამდვილი საგიჟეთი. მაგდენი დაუნანებელი შუქი ალაბათ არსად ანთია. ანთია კი არა, ეგ არი მთელი ქალაქი. ქალაქი კიდე იმხელაა, რო არც დასაწყისია აქ და არც ბოლო. არი ეგეთი ქალაქები დედამიწაზე. ამ დროს გინზაზე უნდა მოხვდე. იქ მთლად გასაგიჟებელი შუქისცემაა: წითელი, ყვითელი, ცისფერი და თეთრი. ვიღაცა იტყვის, შენ ლას ვეგასში არ ყოფილხარო. არ ვყოფილვარ. მაგრამ ტოკიო ასეა და... ამბობენ, გინზაზე ერთი კვადრატული მეტრი ფართობი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ერთი კვადრატული მეტრი ოქროო. საერთოდ, კიდევ, ტოკიოში ისე გამოდის, რომ სადღაც ძალიან დაბლა ხარ. სახლები ძალიან მაღალია და იმიტომ. ცა არ ჩანს. თუ დაინახე, როგორც მოგახსენეთ, შეიძლება ყვითელიც იყოს; ან იასამნისფერი.

მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ შეგიძლია უფრო დაბლაც მოხვდე. ტოკიოში მთავარი ამბები მიწისქვეშ ხდება. რამდენი სართულია მიწისქვეშ, ვერ ვიტყვი. იმდენი ნამდვილად არ არის, რამდენიც მიწის ზევით, მაგრამ მიწისქვეშეთი რომ არ იყოს, ტოკიოში გადაადგილება შეუძლებელი გამოვიდოდა, რადგან იქ სულ ტრაფიკია. მოკლედ, მთავარი ადგილები სადგურებია - რკინიგზის, მეტროსი: მიწისქვეშ მთელი პატარა ქალაქებია. ლიფტები ისევე უნდა იცოდე, როგორც ავტობუსები და მიხვალ სახლში. ისედაც, თუ გინდა, სულ ნუ ამოხვალ, იქ ყველაფერი ისეა გადაბმული ერთმანეთზე, რომ ცხოვრება შეიძლება. ოღონდ, გაჩვევას იაპონური ჭკუა უნდა. მოგეხსენებათ, იაპონური ჭკუა არა მაქვს, და ვერც იქაურ დამწერლობაში ვერკვევი.

საერთოდ კიდევ, იაპონია ისეთი ქვეყანაა, რომ უსულო საგანიც კი, ანუ ვთქვათ, მეტროს ბილეთების ავტომატი მადლობას გიხდის. ზრდილობის ხალხია ეგ ხალხი. კაცს თუ ცალი ხელით რამე მიაწოდე, უზრდელი ყოფილხარ. თუ ზურგი შეაქციე და ისე გაშორდი, ასევე უზრდელი ხარ: უკუსვლით, თავის კეთილი დაკვრით უნდა გამოეთხოვო. საერთოდ, იაპონური სალამ-ქალამი და ზრდილობა, მგონი, საუკეთესოა მსოფლიოში. იაპონური შემოღიმებაც. თვით იაკუძებიც კი მეტად კეთილღიმილიანნი გახლავან.

ტოკიოს მიწისქვეშეთი, დიახ... ვახ, ცენტრალურ სადგურზეო, დღეში სამი მილიონი კაცი გადი-გამოდისო და ისე გადი-გამოდისო, რომ ერთმანეთს მხარს არავინ გაჰკრავსო.

აი, ამდენი დავწერე და ვგრძნობ, რომ სისულელეს ჩავდივარ. ტოკიოზე როგორ უნდა დაწერო? სულ სხვანაირად, იმიტომ, რომ ტოკიოში არ საუზმობ ყავით, ორანჯით, ომლეტით და კრუასანით. კი, შეგიძლია, მარა იდიოტობაა. მთავარი იქ ის არის, რომ სხვაგან ხარ. ისეთ სამყაროში, რომელსაც ვერაფერს მიამსგავსებ. ცათამბჯენები ყველგან არის, სუშისაც უკვე ყველგან ჭამენ, ღამის შუქებითაც ვის გააკვირვებ, მაგრამ იქ არაფერი ისეთი არ არის, სხვაგან რომ გინახავს. იცი რას გეტყვი? ტაქსის კარი თავისით იღება ბოლომდე. მძღოლებს თეთრი ხელთათმანები უკეთიათ, სავარძლებზე კი თეთრი მაქმანებიანი შალითებია. ხო ვითომ არაფერი? სხვაგან არ არის.

მეტროში, ბაქნებზე კვადრატებია დახაზული. ეს ყოფილა, რომ თუ ქალებს საერთო რიგში დგომა არ უნდათ, აქ ჩადგებიან. თურმე, მოხდება ხოლმე, მატარებლის საერთო რიგში, სამსახურმოლეული კაცები უცხო ქალებს ხელებს წაუფათურებენ, ქალები კი ამტანად დუმან, რახანღა აქ თავშეკავება და თმენა წესია. ჰოდა, მოუგონეს ცალკე კვადრატები. ვისაც უნდა, იქ მოერიდება. სხვა არი, სხვა. კიდე ბევრჯერ დავწერ ტოკიოზე. ისე კიდე, მე უფრო კიოტო მომეწონა.

0x01 graphic

შონ კონერი

ჩემი ამხანაგი სულ პირველად რო ჩავიდა ლონდონში, ქუჩაზე გადადიოდა, შუქნიშანი და მთელი ამბავი. სულ პირველად იყო იქა, მგონი თექვსმეტი წლის წინ და მარცხენამარჯვენას ჯერ მიჩვეული არ იყო. ჰოდა, მანქანა დაეჯახა. რულზე კიდე, შონ კონერი იჯდა. მსუბუქად დაეჯახა, როგორც ბენდერზეა 12 სკამში: პასტრადავში ატძელალსია ლიოგკიმ ისპუგამ. ოღონდაც, მანქანიდან გადმომხტარი შონ კონერი რო დაინახა, მხოლოდ წამიერად დაიბნა და მიხვდა, რომ სულ სხვაგან იყო. სულ, სულ სხვაგან. მერე იქედან წამოსვლა გვარიანადაც გაუჭირდა. ერთხელ კიდევ კამილა პარკერ ბოულზი ნახა ერთი განთქმული მაღაზიიდან გამომავალი და ამბობს, ეგ ქალი ფოტოებზე ისეთი არ გამოდის, ცხოვრებაში გაცილებით სიმპათიურიაო. ვერაფერს ეტყვი, იმიტომ, რომ აბა ვის უნახავს ჩვენნაირ ხალხში კამილა პარკერ ბოულზი ქუჩაზე? მგონი არც შონ კონერი. ჰოდა, აგროვებს ამნაირ სახეებს. თუ ეგრეა, ერთხელ ჟოზე სარამაგუ ვნახე, მართალია ორას კაცთან ერთად, მაგრამ მაინც. ისე, სახეზე აღარ მახსოვს. ისეთი ამბავი იყო, დამანახე, დამანახეო.

0x01 graphic

ბუები

ბუ ვერცერთხელ ვერ დავინახე წესიერად. ჩვენთან, აგარაკზე მოდის ხოლმე ღამ-ღამობით. დაჯდება ბლის ხეზე და მოგუდულ კივილს დაიწყებს. თუ შეუყვირებ და აფრინდება, ტოტებში კიდევ ვერ ხედავ, ღამეა.

ჩემს მაღლა კიდე, დიტო ცხოვრობს. იმას ორჯერ ყავს ნანახი ბუ და კარგად შეთვალიერებულიც. ყველაფერი კიდევ იმის ბრალია, რო მე ბუხარი არა მაქვს.

ჰოდა, რა მოხდა დიტოსთან.

აგარაკის საქმე ხო როგორ არი, წამოხვედი და წამოხვედი. მთელი ზამთარი ისე გაივლის, რომ იქეთ ვერც გაიხედავ. ჰოდა, ამოვიდა დიტო გაზაფხულზე, დააღო კარ-ფანჯრები და ავიდა მანსარდაშიც: იქ ბილიარდი უდგას და ერთი პატარა ბუხარია. გააღო მანსარდის კარი და ბილიარდზე ბუ ზის: კაი დიდი და გაშტერებული. იყურება სადღაც და გარშემო სულ სკინტლები და ბუმბულებია. ზის ეს ბუ და იყურება არსად, დიდად არც დიტოს შემოსვლა აწუხებს.

საერთოდ, ტყვეობა ძნელია.

ბუ, ალბათ, მთელ ზამთარს იქ იყო. რა ვიცი, შეიძლება ნაკლებიც. ბუხრის მილიდან ჩამოვარდნილიყო. ეტყობა დააინტერესა და ასე ჩავარდა ტყვედ. ჯერ რა ხნის მშიერი უნდა ყოფილიყო. ანდა, საერთოდ, ცოცხალი როგორ გადარჩა. მოკლედ, როგორმე გარეთ ხომ უნდა გამოეყვანათ. ჰოდა, ხან აქედან მოუარა, ხან - იქიდან, უქსია, უყვირა, ეფერა, ელაპარაკა, ცრემლმორეულმა შეათვალიერა დასკინტლული ბილიარდის მაუდი და ძვრა ვერ უყო.

ჩვენ რა ვიცით ბუს ამბავი. ეგება თვალღიას ძინავს.

როგორც იყო, გააღვიძა. დიტომ ჯოხი უჩხიკინა ფერდებში და ბუმაც იფხიზლა. ვოტ, ძალიან ზანტად დაიქნია ფრთები და გაფრინდა. ოღონდაცო, დიტომ თქვა, რაღაცნაირად გაფრინდაო, მაღლა კი არა, დაბლაო. პირდაპირ ჭიშკარზე წავიდა კამიკაძესავითო და თვალები რომ დავხუჭე, ახლა შეასკდებაო, როცა გავახილე, აღარსად იყოო.

ჭეშმარიტია: ვერ გაუგებ ტყის არსებებს.

ამ ამბავმა საზოგადოდ მოაგარაკენი გაახალისა და დიტოს ქალაქადაც უამბნია ერთი თავისი ამხანაგისთვის, ეგრე იყოო, ბუხრიდან ბუ ჩამომივარდა სახლშიო და ვეღარ გაფრინდაო. ეჰო, ამხანაგს უთქვამს, ნეტავ კი არ გაგეშვა, როგორ მინდოდა ბუო. წავიყვანდიო.

ჰოდა, ჩაიარა ეგრე იმ ზაფხულმა, და დაიკეტა აგარაკები საზამთროდ და ჩამოვიდა გაზაფხულზე დიტო, დააღო ფანჯრები და კარები სახლში, რათა განიავდეს და ავიდა მანსარდაში და გააღო კარი.

ხოლო ბილიარდის მაგიდის კიდეზე ბუ ზის: ჩაბღაუჭებია კლანჭებით მაგიდის კიდეს, იყურება სადღაც, ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და არი ეგრე. გარშემო: კვლავაც სკინტლი და ბუმბული.

- ჰეი, ბუვ...

მგონი აღარა ჰქონდა იმის გაგება, რომ ბუა: გაშტერებული იყო ტყვეობისგან და შიმშილისგან.

ჰოდა, დიტოს ის ამხანაგი გაახსნდა, ბუ რომ უნდოდა. მოიმარჯვა ბადურა, უკნიდან შემოუარა გაშტერებულ ბუს და დაატყვევა. ბუს დიდად არ უდარდია. დარჩა იმ ბადეში სადღაც მაყურებელი.

დიტომ კიდევ, იმ ამხანაგს დაურეკა, ბუ დაგიჭირეო. იმან კიდევ, ეჰო, აღარ მინდა ბუო, თუმც კი გაოცდა, სად დამიჭირე ბუო.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გამოიყვანა ბადეში გახვეული ბუ დიტომ ეზოში და დასვა მიწაზე. გაათავისუფლა.

ბუ თურმე ერთხანს ეგრე იდგა და მერე ჩქარი ნაბიჯით წავიდა.

ფეხით წავიდაო, ამბობს დიტო და სიმართლე რომ გითხრათ, მჯერა.

წარმოვიდგინე კიდეც, მულტფილმებში რომ დადიან ბუები.

წავიდაო, გაუხვია სახლის უკან და რო ავედევნე, ვეღარ ვნახეო.

ბუხარი რო მქონოდა, მეც მეყოლებოდა ახლოდან ნანახი ბუები. თანაც ორჯერ.

დიტომ საკვამლე მილს თუნუქი გადააფარა: ცნობისმოყვარე ბუები ვეღარ ჩაეკვეტებიან და თავს ვერ დაიტუსაღებენ. ისე, ზოგჯერ ადამიანებსაც ემართებათ ეგრე. გაეკვეტებიან ხოლმე სადღაცა, ცნობისმოყვარეობის გამო და მერე იქედან ვეღარ გამოდიან. ყველგან დიტო ხო არ არი, რო გაზაფხულზე კარი გაგიღოს?

შევათვალიერებდი ბუს, ნამდვილად. მარტო ღამით ნანახს რას გამორჩები?! როგორც ალექსანდრ დიუმა იტყოდა, ღამით ყველა კატა შავია.

ცნობისმოყვარეობისთვის ტანჯულთ მივესალმოთ.

0x01 graphic

ჰაკ ფინი

მგონი საუკეთესო ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. ბიჭობაში ის უფრო ვაშლის კასრში ცხოვრობდა ხოლმე, მერე კი გამდიდრდა და ქვრივმა დუგლასმა იშვილა. თუმცა, ამას არ შეუცვლია. მაშინ რაღა ფინი იქნებოდა. ასე უბრალოდ და ადამიანურად ამბების მოყოლა, მგონი, არავის შეეძლო. რა ვიცი, მე მომწონდა მისი მონაყოლები. ყველაზე უკეთ ის მახსოვს, მისისიპიზე სახლი რომ მოცურავდა და ისა და ზანგი ჯიმი იქ რომ გადასხდნენ. უამრავი რამე იპოვეს იქ: სულ ნაირნაირი ნივთები. ჰოდა, ჰეკმა რომ ჩამოთვლა დაიწყო, რაები იპოვეს, კინაღამ გადავირიე. ძვირფასი ნივთები კი არ იყო, სულ უბრალო, მაგრამ ისე ჩამოთვალა, რომ ყველაფერი დავინახე. იქეთ მკვდარი კაცი ეგდო, და ჯიმმა ნაჭერი გადააფარა სახეზე, არ მიხვიდეო, ჰაკს უთხრა. აბა, ჰაკმა რა იცოდა, რომ ის კაცი მამამისი იყო. ბებერი ფინი: აგე, ვინ გახლდათ ნამდვილი გიჟი. სულ ტოლჩებით სვამდა არაყს. საინტერესოა, ჰაკი რომ მამამისს გაეზარდა, ასეთი ადამიანი გამოვიდოდა თუ თვითონაც ლოთი და აუტანელი იქნებოდა?

15 ცრემლიანი სათვალე ევრაზია

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გვახარია

ნაწილი მეთორმეტე 1984

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

0x01 graphic

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იური ანდროპოვმა ხელი მოაწერა ანდერძის სტილში დაწერილ ბრძანებულებას, რომელმაც „სიმართლის სამინისტროს“ მესვეურებს ძალიან გაურთულა სამუშაო.

კაცმა, რომელმაც კარიერა „სამიზდატთან“ ბრძოლით გაიკეთა და „ანტისაბჭოთა ლიტერატურის“ გამავრცელებლები ციხეებში ამოალპო, გადაწყვიტა თავისებურად აღენიშნა მთელ მსოფლიოში „ორუელის წლად“ გამოცხადებული „1984“.

ანდროპოვის სურვილით, საბჭოთა კავშირში ვიდეომაგნიტოფონების წარმოება დაიწყეს.

ჩვენს მშრომელებს ამიერიდან 1200 მანეთად შეეძლოთ შეეძინათ ვერცხლისფერი ვიდეომაგნიტოფონი „ბმ12“, რომელსაც „სდელანო ვ სსსრ“ კი ეწერა, მაგრამ შიგნეულობა იაპონური ჰქონდა და ამიტომ თითქმის ისევე მუშაობდა, როგორც ათჯერ უფრო ძვირადღირებული „სონი“ და „პანასონიკი“. უფრო მეტიც, „იქედან“ ჩამოტანილი ვიდეომანქანებისგან განსხვავებით, „ბმ12“-ს საბჭოთა ტელევიზიის გადაცემების ჩაწერაც შეეძლო. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სურვილი ჩემს ნაცნობ-მეგობრების წრეში არავის გაჩენია.

ძალიან ცუდი! შევხედავდით ახლა, როგორ მუშაობდა იმ დროს ქართული ტელევიზია და მეტი ყურადღებით შევათვალიერებდით იმ ხალხის სასამართლო პროცესს, რომელსაც, მგონი, დათო ტურაშვილმა „ჯინსების თაობა“ უწოდა.

და გავერთობოდით, არა?

გართობა არ ჰქვია იმას, რასაც ვაკეთებდით იმ დაწყევლილ ორუელის წელს - 84 წლის ზაფხულში? ბიჭვინთის პლაჟებზე ვეგდეთ და მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდით, ვინ მოაწერა ხელი შეწყალების ქაღალდს და ვინ - არა... მაგრად გავატარეთ დრო - ქართული ინტელიგენციის ავ-კარგზე მსჯელობით.

რამდენიმე გოგო საგანგებოდ ჩამოვიდა ბიჭვინთაში. რომელიღაც სანაყინეში დაგვინიშნა შეხვედრა და დავთარი გაამზადა. „ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს!“... მგონი ასე იწყებოდა მიმართვა... „თუ ბატონ შევარდნაძეს?“, ან იქნებ, უფრო ადამიანურად „ბატონო ედუარდ“? არ მახსოვს. მგონი არც წამიკითხავს ეს მიმართვა.

ოჰ, ეს კოლექტიური წერილები! ამის მერე, ერთხელ მოვაწერე კიდევ ხელი რაღაც კოლექტიურ სისულელეს და მერე ძალიან ვინანე. აი, ეს წერილი კი ნამდვილად მახსოვს, როგორ იწყებოდა; „ჩვენო მწყემსო!“... ფუ... როგორ შეიძლება „მწყემსი“ უწოდო ვინმეს? გამოდის, აღიარებ, რომ „ფარა“ ხარ?

მაგრამ „ჯინსების თაობის“ შეწყალების წერილისთვის აუცილებლად უნდა მომეწერა ხელი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ „რაოდენობა“ იყო მთავარი; რაც უფრო მეტი ადამიანი მოაწერდა, მით უფრო მეტი იყო იმ საწყალი ბიჭების გადარჩენის შანსი.

ხო, კინოში გვეგონა თავი. „კაგებე გვითვალთვალებს!“ - გაგვაფრთხილა ჭრელ სარაფანში გამოწყობილმა წერილის რომელიღაც ჩამომტანმა. გავიხედ-გამოვიხედე. სანაყინეში აფხაზი ოფიციანტების მეტი არავინ იყო. ამასობაში ბზიკი ჩამიძვრა დამდნარ ნაყინში... თან ამათ ვუსმენდი და თანაც, ვაკვირდებოდი, როგორ ცდილობდა თავის გადარჩენას.

ვერიკოს აქებდნენ და ადიდებდნენ - სულ უკანასკნელი სიტყვებით აგინა შევარდნაძე, როცა იმან ხელის მოწერაზე უარის თქმა შესთავაზაო. მგონი, გიგა ლორთქიფანიძესაც შეასხეს ხოტბა (სწორედ მაშინ დასრულდა „გეორგიევსკის ტრაქტატისადმი“ მიძღვნილი მისი ფილმის, „წიგნი ფიცისას“ გადაღება). მაგრამ უფრო დიდი ვნებით იმათზე ლაპარაკობდნენ, ვინც ხელის მოწერა უკან წაიღო.

ასე ისხდნენ, „კუპალნიკებსა“ და სარაფნებში, გარუჯული ქართველი გოგოები და ბიჭები ბიჭვინთის ცარიელ სანაყინეში და მხდალ თანამემამულეებს ამხელდნენ. „მაგის სპეტაკლებზე აღარ წავალთ!“, „მაგის ფილმებს აღარ ვნახავთ“... იმუქრებოდნენ.

გრძელზე გრძელი იყო ეს სია, მაგრამ ლანძღვა-გინება ყველას ერთნაირად ერგო. ჩემი ბზიკი რომ არა, უფრო ყურადღებით დავაკვირდებოდი ამ გოგო-ბიჭების გაცეცხლებულ სახეებს. მაგრამ მე უფრო ბზიკის ბედი მადარდებდა. უკვე რძედქცეულ ნაყინში სულ აღარ ჩანდა მისი შავ-ყვითელა მუცელი. თან მეცოდებოდა და თანაც, მეშინოდა, თავი არ გადაერჩინა და მე არ „შევეჭამე“.

პრინციპში, ეს გაცეცხლებული სახეები დიდად არც მაინტერესებდა. აბა, რატომაა საინტერესო ხალხი, რომელიც ადვილად იყენებს სიტუაციას, რათა საზოგადოებას თავისი „სპეტაკი ბუნება“ წარმოუჩინოს. აი, ახლა, რომელიმე მათგანისთვის იმ საწყალი რეჟისორის ჩაქოლვის უფლება რომ მიეცათ, აუცილებლად ჩაქოლავდნენ... რომ ეთქვა ვინმეს, ჩვენს ერს არ სჭირდება მხდალი არტისტები, კარიერისტები და კონფორმისტები, მიდით, ბიჭებო და გოგოებო, დაარტყით... დარწმუნებული ვარ, ცემით გაბერავდნენ.

რატომღაც მგონია, რომ ის საწყალი ბიჭები, „ჯინსების თაობა“ რომ დაარქვეს, პირველ რიგში, აი, ამ ხალხს გაურბოდნენ.

ის ბზიკი რომ არა, უკეთ აღვწერდი „კუპალნიკიანი“ გოგო-ბიჭების სახეებს და დაგარწმუნებდით, რომ ორუელის წლის ზაფხულში ქართული საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ გაერთო სიკვდილმისჯილი ახალგაზრდების ტრაგედიით და იმ ადამიანების ტრაგედიითაც, ვინც თვითმფინავის გატაცების დროს დაიღუპა.

ქართულ საზოგადოებას ყოველთვის უყვარდა მძაფრი ემოციები, ტრაგიკული მითები (რომელსაც, როგორც წესი, თავად იგონებდა), ვიღაცის გაფეტიშება („ხელის მოწერა უკან არ წაიღო“) და ვიღაცის გაწირვა („აღარ წავალ მის სპექტაკლებზე!“), ვიღაცის სატანად გამოცხადება და ვიღაცის ნაადრევი და დაუფიქრებელი გაიდეალება.

ადამიანები ამ ქვეყანაში 1984 წლამდე დაუხვრეტიათ. მათ შორის, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. მაგრამ ქართულ საზოგადოებას მხოლოდ ორუელის წლის ზაფხულში გაახსენდა, რომ სიკვდილით დასჯა - ბოროტებაა... გაახსენდა იმიტომ, რომ შანსი მიეცა შეექმნა მითი - კარგი ოჯახების შვილებზე, ლამაზ, ჭკვიან, განათლებულ, კარგად აღზრდილ ბავშვებზე, რომელთაც „ფრენა უნდოდათ“ („ბავშვები“ - ასე იხსენებდნენ იმ საწყალ ბიჭებს), მაგრამ ბოროტმა საბჭოთა ბიძიებმა ამის უფლება არ მისცეს.

მითს, როგორც ყოველთვის, ახალი პერსონაჟები მოჰყვება ხოლმე - მხდალები და გაბედულები, მატყუარები და სიმართლისთვის მებრძოლები... მითი მერე მყარად იმკვიდრებს ადგილს ცნობიერებაში (და სცენაზეც), თაობიდან თაობაში გადადის და იქცევა „მეცნიერებად“, რომელსაც „ისტორია“ ჰქვია.

ასეთ მითებში ადგილი არ რჩება „მეორეხარისხოვანი“, ნაკლებად კოლორიტული, უსახო მასისთვის ნაკლებად საინტერესო პერსონაჟებისთვის.

ანდროპოვის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში დაიწერა ცეკას დახურული წერილი, რომელშიც კრემლი ქართველ კომუნისტებს „თავმდაბალი ცხოვრებისკენ“ მოუწოდებდა. მოსკოვი შეშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, გაქრა „მუშათა კლასი“, რომ ქარხნებსა და ფაბრიკებში, დაზგასთან იდგნენ მხოლოდ რუსები, უკრაინელები, სომხები... ქუჩებს ხვეტდნენ ქურთები... მილიციაში მუშაობდნენ ოსები... ქართველები კი ისვენებდნენ - ფილმებს იღებდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ, „წილში ჯდებოდნენ“ („კანონიერი ქურდების“ რაოდენობით საქართველო მთელ საბჭოთა კავშირში ლიდერობდა), ზაფხულობით ბიჭვინთის პლაჟებზე ნებივრობდნენ, იმაზე მსჯელობდნენ, ვინ მოაწერა ხელი შეწყალების ქაღალდს და ვინ - არა.

ასეთი, შეზღუდული წრე წერდა საქართველოს უახლეს ისტორიას.

და კიდევ, დაზგასთან მდგარი „ნაცმენებისგან“ განსხვავებით, თითქმის ყველა ქართველის ოჯახში უკვე იდგა ვიდეომაგნიტოფონი. ზოგს „სონი“ ჰქონდა, „ზოგს „პანასონიკი“, ზოგსაც საბჭოთა წარმოების „ბმ12“. ამიტომ 1984 წლის აგვისტოში, ბიჭვინთის ცარიელ სანაყინეში, „შეწყალების წერილზე“ საუბარი და „ქართველი შადიმანების“ ლანძღვა-გინება, როგორღაც ბუნებრივად გადაიზარდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ თემაზე მსჯელობაში - ვის აქვს თბილისში ყველაზე კარგი ვიდეოკასეტები.

მით უმეტეს, რომ ამ ორ თემას ბევრი, ძალიან ბევრი ჰქონდა საერთო; აკი აღვნიშნე, სანაყინეში ხელის მოწერებს როცა ვაგროვებდით, ყველას ანტისაბჭოთა ამერიკული ფილმების გმირად წარმოგვედგინა თავი. სწორედ ამ ფილმებს დასდევდნენ ჯერ ანდროპოვის კაგებეს დუჟმორეული თანამშრომლები, მერე კი მისი მემკვიდრის, ჩერნენკოს აქტივისტი მილიციელები. ოპერაცია ყველგან ერთნაირად ტარდებოდა. სახლებს, სადაც საოჯახო სეანსების მოყვარულები უცხოური და „სამამულო“ წარმოების ვიდეომაგნიტოფონების გარშემო იკრიბებოდნენ, სინათლეს უთიშავდნენ (პოპულარული ქართული შეძახილი - „შუქი წავიდა!“ ჯერ არ იყო დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში). მასპინძელი ვერ ახერხებდა ვიდეოკასეტის გამოღებას, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ „ფაქტზე გამოჭერილისთვის“ ბორკილები დაედოთ და თავის ვიდეოკასეტებიანად „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის“, ანდა „პორნოგრაფიის გავრცელებისთვის“ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

84 წლის გაზაფხულზე მილიციის განყოფილებებს საზეიმოდ გადაეცათ ვიდეომაგნიტოფონი „ბმ12“, რომელსაც ცოტა ხანში გვერდი დაუმშვენეს, მართლაც შნო და ლაზათი მისცეს „ემანუელებმა“ და „რემბოებმა“, „კალიგულებმა“ და „ჯეიმს ბონდებმა“... თითქმის ყველა ფილმს ერთი და იგივე კაცი ახმოვანებდა, ვინმე ვიქტორ როზენცვაიგი (სხვა გვარი და სახელიც ჰქონდა - ლეონიდ ვოლოდარსკი)... არ ვიცი, როგორ ვერ მიაგნეს მის გზა-კვალს „სიმართლის სამინისტროს“ თანამშრომლებმა. შეიძლება მიაგნეს კიდეც, მაგრამ ჭირდებოდათ - მის მიერ გახმოვანებულ ფილმებს ხომ „ცეკას დაჩებზეც“ უყურებდნენ.

„- კინემატოგრაფისტთა კავშირში კომისიას ვქმნით. თავმჯდომარედ გნიშნავთ!“ - თითქმის მიბრძანა (რაც არ ჩვევია) ელდარ შენგელაიამ კინოკავშირის სამდივნოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ, ორუელის წლის გაზაფხულზე.

აღმოჩნდა, რომ ახალი კანონმდებლობით, საბჭოთა სასამართლო ვერ განსჯიდა ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ბრალდებულს, თუკი მის ვიდეოკოლექციას ექსპერტების კომისიის დასკვნა არ მოჰყვებოდა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, გოგი გვახარიას და კიდევ რამდენიმე კინომცოდნეს უნდა დაედგინა, შეიცავს თუ არა ესა თუ ის ფილმი პორნოგრაფიის, ანდა ანტისაბჭოთა აგიტაციის ელემენტებს!

ყოველთვის ვაფასებდი ელდარ შენგელაიას იუმორს!

თუმცა ელდარმა თვალის ჩაკვრით მიმანიშნა, რომ ნამდვილად არ ხუმრობდა.

იმ ზამთარს მილიციამ ერთი ყოფილი „ცეხავიკი“ დააპატიმრა. უკვე პენსიაზე გასულ მარტოხელა კაცს სახლში „კალიგულა“ აღმოუჩინეს (რა ჯანდაბად უნდოდა?). თბილისელებმა იცოდნენ, რომ „კალიგულა“ და კიდევ რამდენიმე ფილმი („მსუბუქი ეროტიკით“) მხოლოდ და მხოლოდ დაპატიმრების საბაბი იყო - შევარდნაძის ხელისუფლებას „გამფლანგველთან“ თავისი ანგარიშები ჰქონდა. სასამართლოზე ამ საწყალს კატეგორიულად მოუთხოვია „ექსპერტების“ დასკვნა - სპეციალისტებს, ე.ი. კინომცოდნეებს, დაეკითხეთ და ჰკითხეთ, არის თუ არა ეს ფილმი პორნოგრაფიაო.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მართლა გვკითხეს... კინოკავშირს „პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული“ კომისიის შედგენა მოსთხოვეს. ზაფხულის დასაწყისში კავშირში ხელახლა გამოგვიძახეს და ქაღალდის დიდი კონვერტი გადმოგვცეს. მე და ჩემს კოლეგას, მარინა კერესელიძეს ერთ კვირაში უნდა გვენახა სპეცოპერაციის დროს „ამოღებული“ ფილმები.

კასეტები ვიღაც ცხინვალელი მილიციონერისთვის წაურთმევიათ. მეზობელს დაუბეზღებია, საწყალი.

სამ კასეტას, ძალიან ჭუჭყიანი ყდით, ცხინვალის მილიციის წერილი ჰქონდა დართული: „საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირთან არსებულ საექსპერტო კომისიას, გთხოვთ უმოკლეს ვავადაში დაადგინოთ, რამდენად შეიცავს პორნოგრაფიის ელემენტებს სამხრეთ ოსეთის ოლქის ცხინვალის განყოფილების მილიციის თანამშრომლის, ვასილ მიხეილის ძე სანაკოევის ბინიდან ამოღებული ფილმები“.

ჩემთან, სახლში გავხსენით კონვერტი.

პირველ კასეტაზე დისნეის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იყო ჩაწერილი, ბობ ფოსის „კაბარესთან“ ერთად, რომელიც შუაზე წყდებოდა. მეორე კასეტაზე იმდროინდელი შავი ვიდეობაზრის ტოპ-ფილმი, ტურისტულ-ეროტიკული „ბერძნული ლეღვის ხე“, რომელიც ზანტად „გადავფურცლეთ“ იმ იმედით, რომ ხეირიან ფილმს მესამე კასეტაზე მაინც ვიხილავდით.

მესამე - ლილიანა კავანის „ღამის პორტიე“ იყო. თავიდან ბოლომდე ჩაწერილი, ცუდი ხარისხის ფირზე, უცნაური იისფერი ლაქებითა და იმ ებრაელი მთარგმნელის ხრინწიანი ხმით.

ორუელის წელს რაღაცნაირად ახლებურად აღიქმებოდა ეს უცნაური სურათი, ნაცისტების ყოფილი ოფიცრისა და მისი მსხვერპლის, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე-ქალის ეროტიკულ-სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც გვახსენებდა ერთ დავიწყებულ ჭეშმარიტებას - ძალადობას ადამიანი არა მხოლოდ მონად, არამედ სისტემის მხურვალე დამცველადაც შეუძლია აქციოს. ამ თვალსაზრისით, ლილიანა კავანის ერთი კარგი სურათი აქვს გადაღებული 60-იან წლებში, იტალიის ტელევიზიისთვის - ფილმი დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ ტყვე ქალებზე, რომლებიც გვიამბობენ, თუ როგორ ატარებენ შვებულებას ყოველ წელს დაჰაუში, სადაც, როგორც თავად ამბობენ, „რაღაც აუხსნელი, მისტიკური ძალა“ იზიდავთ.

„გავეცანით ვიდეოპროდუქციას. არცერთი ფილმი არ შეიცავს პორნოგრაფიის ელემენტებს“

ასეთი მოკლე დასკვნა დავურთეთ ცხინვალის მილიციის წერილს და ხელი მოვაწერეთ. ველოდით, როდის გამოგვიძახებდნენ კომისიის წევრებს მილიციაში, ანდა, მთლად უარესი, სანაკოევის სასამართლოზე. მაგრამ არავის შევუწუხებივართ. უფრო მეტიც, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს კომისია გააუქმეს და დაარსეს ახალი, რომელშიც ჩვენი სხვა კოლეგები შეიყვანეს. შეცვალეს მუშაობის სტილიც; ამჯერად კომისიის წევრებს მილიციის განყოფილებაში უნდა ენახათ ჩამორთმეული ფილმები. ჩემთვის უაღრესად საინტერესო იქნებოდა უფროსი კოლეგების, ღრმადპატივცემული ქალბატონების ხილვა ასეთ კოლექტიურ სეანსზე, თუნდაც იგივე „კალიგულას“ შემოწმების დროს... ნუთუ ჩვენი მილიციელები მათთან ერთად ტკბებოდნენ ძველი რომის ამ „ეროტიკული პორტრეტით“?

არა, უკაცრავად. რატომ ეროტიკით? წმინდა სისხლის პორნოგრაფიით.

მაგრამ ორუელის წლის მეორე ნახევარში, როცა თბილისური ოჯახებისთვის ვიდეომაგნიტოფონი ეგზოტიკად აღარ ითვლებოდა, კაგებესა და მილიციას „კალიგულა“ უკვე ნაკლებად აწუხებდა.

ქალაქში გავრცელდა ხმები, თენგიზ აბულაძემ ანტისაბჭოთა ფილმი გადაიღოო. ყველა იბრალებდა, რომ უკვე ნახა „მონანიება“ კასეტაზე; ის „მონანიება“, რომელშიც თავდაპირველად გეგა კობახიძე იყო გადაღებული.

გეგას სახელმა კიდევ უფრო გააერთიანა 84 წლის ზაფხულის მთავარი თემები - „ჯინსების თაობა“ და ფარული, საოჯახო ვიდეოსეანსები. ამიტომაც სწორედ გეგაზე საუბარმა გაახსენა ბიჭვინთის პლაჟებზე გარუჯულ გოგო-ბიჭობას „აკრძალული კინო“, რომლითაც თბილისში მე და ჩემი მეგობრები ყოველ საღამოს ვტკბებოდით.

ჩემს სახლში, ჩემს ოთახში ვტკბებოდით.

რამდენიმე წერტილი ვიცოდით, სადაც კოლექცია სისტემატიურად მდიდრდებოდა... ჰო, ასე ვამბობდით სწორედ - „ვაკის წერტილი“, „ავლაბრის წერტილი“... ასე ვეძახდით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს, რომელთაც მოსკოვის „შავ ვიდეობაზართან“ პირადად ჰქონდათ კავშირი. დროდადრო ვუკვეთდით ფილმებს. თუმცა ჩვენს პრეტენზიებს აბა ვინ დააკმაყოფილებდა? „რემბო“ და „ემანუელა“ რამდენიც გინდათ, როგორიც გინდათ... აი, პაზოლინიზე კი, უკაცრავად. დიდი-დიდი გიშოვოთ „ათას ერთი ღამე“, რომელსაც გარედან „ეროტიკა“ აწერია“

თუმცა რაღაცეების შოვნას მაინც ვახერხებდით. ბოლოს და ბოლოს, მორიგი სეანსი რომ არ ჩაგვშლოდა, კონცერტებს ვუყურებდით. არც ეს იყო ცუდი საქმე!

პრინციპში, კინო დიდად არც გვაინტერესებდა. „ვიდეო“ ჩვენთვის უფრო იმ სამოვარს ჰგავდა, ფოროსმანი რომ ოცნებობდა... ეკრანი ციმციმებდა, ხრინწიანი ხმა გაჰკიოდა „ტრახნი მენია, ტრახნი მენია“... ჩვენ კი ლოს ანჯელესის ოლიმპიადის ბოიკოტსა და „ჩრდილოეთის მდინარეების გადმოსვლის“ პროექტზე ვსაუბრობდით.

რა თქმა უნდა, ორუელის რომანზეც ვმსჯელობდით, რომლის „სამიზდატური ვერსია“ ყველას გვქონდა წაკითხული... ყველა ველოდით, როგორ დასრულდებოდა 84 წელი, რა მოხდებოდა ჩვენს „ევრაზიაში“... როგორ დასრულდებოდა დაბერებული ცეკას მდივნების ეს დაჩქარებული სვლა საიქიოში.

ძალიან კარგი ხალხი იკრიბებოდა ამ ოთახში! ჩემს სახლში!

სრულიად სხვადასხვანაირი ხალხი, ე.ი. კარგი ხალხი. ვიდეომაგნიტოფონის გარშემო თავმოყრილი სხვადასხვა თაობა, რომელსაც სჯეროდა - ჩვენ ამ პლანეტას ურთიერთობისთვის მოვევლინეთ.

მაგრამ ამათზე რატომ მამთქნარებდა მაშინ - „კუპალნიკიან“ გოგო-ბიჭებზე? რა დამიშავეს? რატომ გამაღიზიანა, მაგალითად, შეწყალების ბარათის ერთ-ერთი ჩამომტანის რეპლიკამ: „გავიგეთ, რომ თქვენთან, სახლში, კარგ სეანსებს აწყობთ... მართალია?“

სიტყვა, „სეანსი“ ამ „კუპალნიკიანი“ გოგოსგან, სიგარეტს სიგარეტზე რომ უკიდებდა, ამაზრზენად ჟღერდა. თითქოს სიტყვა „სეანსის“ მიღმა რაღაც სხვას გულისხმობდა

ჩემო საყვარელო მკითხველო, თუკი ქალი ხარ და სიგარეტს ეწევი და თუკი არ გიცნობ... უნდა გაწყენინო, მაგრამ უნდა ვაღიარო... შეიძლება ჩავთვალო, რომ „იმნაირი“ ხარ (როგორც იტყოდა მამაჩემი)...

გაგიკვირდა ალბათ, არა? ჩემგან გაგიკვირდა... მეც მიკვირს; თითქმის ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობარი ქალი სიგარეტს ეწევა და ვინმემ რომ თქვას მათზე, ბოზები არიანო, შეიძლება თავი გავუხეთქო.

მაგრამ თუკი არ გიცნობ?... რა ვქნა, უნდა ვაღიარო, რომ შეიძლება ასე ვიფიქრო. არ მიყვარს, უცნობი ქალი სიგარეტს რომ ეწევა. საერთოდ არ მიყვარს უცნობები. მეშინია მათი, ვისაც არ ვიცნობ.

პარანოიააო, იტყვი შენ, სიგარეტს რომ აბოლებ ახლა და ამ სტრიქონებს კითხულობ. შეიძლება სხვა სიტყვა თქვა - „ნარცისიზმი“, მაგალითად... კიდევ არსებობს დიაგნოზები; ადამიანი, რომელსაც უცხო ხალხის ეშინია და მხოლოდ თავისიანებთან გრძნობს თავს კარგად, ერთი ჩვეულებრივი ბანალური მოვლენაა - ძალიან დამახასიათებელია საბჭოთა ეპოქაში აღზრდილებისთვის.

ჰო, ეს არაა თავმდაბლობა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ეს კლასიკური ნარცისიზმია - ქართული საბჭოთა ავადმყოფობა, რომელმაც იმ წყეულ, ორუელის წელს, სხვა, უფრო საშიში (და ახალი) სენის, შიდსის შემოსვლამ შეაფერხა.

84 წელს შიდსისგან მოკვდა მიშელ ფუკო, მაგრამ ამ სენის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდით. ჯერ საკუთარ ნარცისიზმში ვლპებოდით. როცა კარგ საქმეს ვაკეთებდით, თუნდაც სიკვდილმისჯილი ახალგაზრდების შეწყალებას ვითხოვდით, გვინდოდა, ყველას დაენახა როგორი კეთილშობილები ვართ!

ვტიროდით, ვყვიროდით, ისტერიკებს ვაწყობდით, როგორც თეატრში, „ჯინსების თაობის“ ყურებისას... და ვილანძღებოდით, იმ ხალხს ვსჯიდით, რომლებმაც თბილისური ჭორების თანახმად, „თავიანთი ხელმოწერები უკან წაიღეს“... ამ ხალხს არ ვიცნობდით, არ ვიცოდით, სად და როგორ პირობებში უღალატეს მათ თავიანთ სინდისს... და საერთოდ, ხომ არ მოუგონეს ეს ყველაფერი? არ ვიცნობდით, ამიტომ ადვილად ვუპოვეთ ადგილი „იმნაირების“ სიაში.

„სიმართლის სამინისტროს“ პრინციპით, „უმეცრება ძალაა“, „სიმართლე - სიცრუეა“.

ამ ქვეყანაში არც „ჯინსების თაობის“ ტრაგედიას მოჰყვა კათარზისი. ჩვენ ხომ ბერძნების („უცხოების“) და მათი ტრაგედიების გვეშინია. ჩვენი თეატრი სხვანაირია - ოპერეტა, „ბერიკაობა“, მელოდრამა, შოუ (განსაკუთრებით „რეალითი“) გვიყვარს. ჩვენ შეგვიძლია ტრაგედია კარიკატურად, ფარსად ვაქციოთ (ასეთია, თუნდაც „მონანიება“) - სრული დამაჯერებლობით, „ისტორიულ ფაქტებზე“ დაყრდნობით ვამტკიცოთ, რომ მედეას თავისი შვილები არ დაუხოცავს, ევრიპიდემ მოუგონა... ქართველი ქალი შვილებს არ მოკლავდა!

სწორედ 84 წლის ზაფხულში, მედეას ძეგლთან, ბიჭვინთის ცარიელ სანაყინეში ვისხედით.

ეს სანაყინე ჩემთვის ცარიელი იყო, თორემ სინამდვილეში გვერდს მიმშვენებდა თბილისელი გოგო-ბიჭების მთელი არმია, სპეკულანტებთან შეძენილი „კუპალნიკებით“ და დევნის ბოდვით - „კაგებე გვითვალთვალებს!“ .

მაგრამ მაინც ვიჯექი ამ ხალხთან, რადგანაც სხვაგან არსად მქონდა წასასვლელი. ვიჯექი ამ სიცარიელეში, სადაც დროდადრო აფხაზი ოფიციანტების ხმამაღალი რეპლიკები ისმოდა ჩვენთვის უცნობ, აფხაზურ ენაზე. ვიჯექი და ვაკვირდებოდი, როგორ ღაფავდა სულს ჩემი ბზიკი; როგორ იხრჩობოდა წყალ-წყალა, რძედქცეულ იაფფასიან საბჭოთა ნაყინში.

0x01 graphic

16 პროზა

▲ზევით დაბრუნება


თბილისი
მეორე თავი

ავტორი: ლაშა ბუღაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

სანამ სქარბოროში აღმოჩნდებოდა, მანამდე დოლიძის ქუჩაზე, ვეებერთელა თეთრ კორპუსში ცხოვრობდა კოტიკო - პოეტ მამასთან, პოეტი მამის თაყვანისმცემელ დედასთან, პირველკურსელ ძმასთან და თხუთმეტი წლის რძალ, სკოლის მოსწავლე ხათუნასთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, ღამეებს იქ ატარებდა. დგომით უნივერსიტეტის ბაღში იდგა (აქვე სწავლობდა, უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე), მისვლით თეატრალურ ინსტიტუტთან მიდიოდა ხოლმე მანანიკოს სანახავად, ხოლო სირბილით გაპოლიტიკოსებულ ძმაკაცთან ერთად, ასაკით მასზე უფროს, ასევე დოლიძისქუჩელ

ლაშიკო როდონაიასთან ერთად დარბოდა. ლაშიკომ უთხრა, ფულსაც გაგაკეთებიებ და ბარემ საქმეშიც დამეხმარებიო. ლაშიკო როდონაია, სანამ გაპოლიტიკოსდებოდა, ხილიანის საძმოს ედგა სათავეში. ჩიქოვანზე და დოლიძეზე მაღაზია არ იყო, სადაც მას წილი არ ექნებოდა. შეუპოვრად აწიოკებდა ბახტრიონელებსაც და იპოდრომის საძმოსაც, ძმები კვაჭაძეები რომ ხელმძღვანელობდნენ. რომ არ გაპოლიტიკოსებულიყო და ძველებურად რომ ეცხოვრა, ხილიანის იმპერიის საზღვრებს, ალბათ, საგრძნობლად გააფართოვებდა და ვინ იცის, ეგებ, ვაჟას კვარტლებამდეც კი მიეღწია. თუმცა, როცა მისი უმცროსი ძმა, ირაკლა, კაიფში გაიპარა (ცხონებული კუს ტბაზე, ბულბულების ჭალაში იპოვეს: შარვალჩახდილს, ბარძაყში ჰქონდა შპრიცი გარჭობილი), როგორც თვითონ ამბობდა, რაღაც გადაეკეტა, მამა ზვიადს მიეკედლა ორი კვირით, რომელიც ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, ახალაშენებულ ტაძარში წირავდა და მართალია იქიდან ჩამობრუნებულმა ცოტა ხანში თვითონაც გაიჩხირა - ირაკლას პონტში მაგარი დანძრეული მაქ და თუ არ გავიჩხირავ, დარდი მომკლავსო - მაინც შეიცვალა: იპოდრომელებთან ზავი დადო, ვაჟას კვარტლების დაპყრობა-შემოერთებაზეც ფიქრს შეეშვა და თავისი საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში, გარაჟებთან, პატარა ეკლესიის აშენებას შეუდგა. ბახტრიონელებსაც, თავის ბიჭებთან ერთად, აწი მხოლოდ ამ მიზეზით თუ ააწიოკებდა. დააცხრებოდა, ვთქვათ, რომელიმე გზისპირა ჯიხურის, ან მოცუცქნული სასურსათეს (დიდ სუპერმარკეტებს ერიდებოდა, რადგან იმათ თავიანთი სისხლისმწოველები ჰყავდათ) მეპატრონეს და თუკი ახალი იყო, ხარკს დაადებდა, ხოლო თუკი ძველი - გაუზრდიდა. ფულის მიცემაზე უარის თქმა კი ლაშიკოსთვის არაფრით გამოდიოდა, - ბოლო-ბოლო, უხერხულიც კი იყო: კაცი ხომ ეკლესიას აშენებდა ძმის სახელზე!

ერთხელ, მაგალითად, ლაშიკოს ბიჭებმა ჟურნალ-გაზეთების ჯიხურის მეპატრონეს, ყოფილ მოჭიდავეს გადაუყენეს მანქანა, სალონში შეუხტნენ და აქაური ბიჭები ვართ, უბანს ვუყურებთ, ფულს ამა და ამ დროს მოჯვავო, უთხრეს. მაგრამ კაცი გაჯიუტდა, თქვენ რა უნდა მოგცეთ, მე თვითონ ორი კაპიკი მრჩებაო და უკან არც მაშინ დაუხევია, როცა ესენი ჯიხურის დაწვით დაემუქრნენ, მერე კი მოკვლითაც. მხოლოდ მაშინ შედრკა, როცა ბიჭებმა ეკლესიის აშენების ამბავი ამცნეს. აქამდე გეთქვათო, შეწუხდა კაცი, ის ადგილიც გაიხსენა, გარაჟების უკან, მანქანას იქ ვაყენებ ხოლმეო, და გულწრფელი აღტაცებაც გამოთქვა: დახატავს მაგ ეზოს ეკლესიაო.

ეკლესიის მშენებლობა გარაჟებთან ახალი დაწყებული იყო, რომ ლაშიკო როდონაიას კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს: ძმაკაცი და თანამებრძოლი, ენრი ჭკუასელი გაეპარა კაიფში. საცოდავი საბარგო ლიფტში აღესრულა - გაჭედილ ლიფტში იჩხირავდა ხოლმე. გამწარებული ლაშიკო ისევ მამა ზვიადს აადგა, მეოთხე მიკრორაიონში, კვლავ ორი კვირა დაჰყო ნუცუბიძის პლატოზე და მტკიცედ გადაწყვიტა, კაიფში გაპარულთა ძმათა სასაფლაო გაეკეთებინა. ყველა კაიფში გაპარული ერთად უნდა დავმარხოო, ამბობდა, ეგება ასე მაინც ჩავაჯმევიო მორფინისტებსო. თუმცა, როგორც კი ბარს დაუბრუნდა, მაშინვე გაიჩხირა, რადგან ფხიზლად გლოვა არაფრით შეეძლო - გული ეფლითებოდა დარდისგან.

იმ პატარა ბიჭებს შორის კი, რომელთაც დოლიძის ქუჩაზე ჩამომდგარი, მობირჟავე, მათზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი ლაშიკო როდონაია სიგარეტის ან ლუდის მოსატანად აგზავნიდა, კოტიკო მაჩიტაძეც იყო.

ირაკლა როდონაიას სიკვდილის შემდეგ, როცა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლაშიკომ თავისი სახლის სადარბაზოსთან წააჩერა მანქანა და იქვე მობირჟავე ბიჭებს, მათ შორის კოტიკოსაც, ბარო ბიჭებოო, ხელი აუწია (თავად ბირჟაზე დგომას უკვე აღარ კადრულობდა), კოტიკოს ისე მიაშტერდა, ეს უკანასკნელი ორი-სამი წლის რომ ყოფილიყო, უეჭველად ჩაიფსამდა შიშისგან. სანერვიულო კი, როგორც მალევე გაირკვა, არაფერი ჰქონდა, პირიქით, უნდა ეამაყა კიდეც, რადგან გარდაცვლილ ძმას, ირაკლას მიამსგავსა ლაშიკომ.

ირაკლაც ეგრე იდგაო ბირჟაზე, უთხრა. დგომით გავხარო.

მერე კი, როცა ლაშიკო გლოვასაც მორჩა და ჩხერასაც (ამ მხრივ, მართლაც შესაშური ნებისყოფა აღმოაჩნდა) და როცა ენრი ჭკუასელის კაიფში გაპარვის შემდეგ კოტიკომ სიკვდილსაც გადაარჩინა (ლაშიკო როდონაიას შუაღამისას, თავის მშენებარე ეკლესიასთან, გარაჟების უკან გაეჩერებინა მანქანა და პირში რევოლვერი ჩაედო, კოტიკომ კი სწორედ ამ დროს გადმოიხედა ფანჯრიდან - მისი ბინის ფანჯრები უკანა ეზოს გადაჰყურებდა - და ინსტინქტურად, ყურებზე აიფარა ხელები, თუმცა დაყვირებაც მოასწრო: „ლაშიკ, რას შვებიო!), გამორკვეულმა და გამოფხიზლებულმა ლაშიკო როდონაიამ კოტიკოს ეს არათუ არ დაუვიწყა, მადლობის ნიშნად, თავისი მანქანაც კი ათხოვა და ასეც უთხრა, ჩემი პატარა ძმა ხარ აწიო.

ასე შეიყვარა ლაშიკო როდონაიამ კოტიკო მაჩიტაძე. ცოტა ხანში კი ცოლიც მოიყვანა, ვაკე-საბურთალოს სუპერმარკეტთა მფლობელის ქალიშვილი.

ქორწილიდან ერთი თვის თავზე ლაშიკომ ძმაკაცები (კოტიკოც, მათ შორის) აბანოში წაიყვანა, ნაშები უნდა ავყაროთო. თუმცა ყველაზე დიდი ნომერი - სადაც ლაშიკოს უყვარდა ხოლმე განბანვა - დაკავებული დაუხვდა: ჩოხოსანთა პარტიის წევრებს დაეკავებინათ ბოზებთან ერთად.

ლაშიკო მთვრალი იყო, მთვრალი ლაშიკო კი ჩემ მტერს, თუკი რამეს ამოიჩემებდა, მორჩა, მიზანს მაინც მიაღწევდა.

შეშინებულ მექისე მამედას კარები გააღებინა და ჩოხოსნებს აბანოში შეუვარდა.

ოთხნი იყვნენ, ასაკოვანი კაცები, ჩოხები ტყავის სავარძელზე გადაეფინათ და ზეწარშემოხვეული მსუქანი ქალები ჩამოესვათ მუხლებზე, თან სადღეგრძელოებსაც ამბობდნენ.

კინაღამ გულები დაუსკდათ, როცა თვალებარეული ლაშიკო როდონაია დაინახეს (ყოველ შემთხვევაში, წნევა კი ნამდვილად აეწიათ) მართალია, ვერ იცნეს - აბა, საიდან უნდა ეცნოთ! - მაგრამ ეს ბიჭი რომ ჩოხოსანი არ იყო, მაშინვე მიხვდნენ.

- რა ხდება, ბაბუა, ხო მშვიდობაა? - მუხლები აუკანკალდა ყველაზე მოხუც ჩოხოსანს.

მსუქან ქალთაგან ერთ-ერთმა კი მოხუცებისგან განსხვავებით მაშინვე იცნო ლაშიკო და ჩოხოსანს, რომელსაც კალთაში ეჯდა, ყურში უჩურჩულა:

- როდონაიაა, საბურთალოელი გიჟი.

ლაშიკომ ზრდილობიანად დაიწყო:

- ბოდიშს გიხდით რა, ეგრე რო შემოგივარდით... ძმებთან ერთად ვართ და... ეხა, იმენნა, ისეთ პონტში გავიჩითეთ, რო, კი, უფროსი ხალხი ხართ და რამე, მარა მამედა პატარა ნომერში შეგიყვანთ, რა... ოთხი კაცი საკაიფოდ დაეტევით...

ლაშიკო უხუცეს ჩოხოსანს მიაშტერდა და ცოტა გაბრაზდა კიდეც:

- ეს ნომერი უნდა დაგვითმოთ, ბაბუ! როგორც მამას, ისე გეუბნები... აქ უნდა ვიბანაოთ...

მეორე ჩოხოსანმა, ულვაშებაწკეპილმა და სიმთვრალისგან ლოყებშეფაკლულმა, ჭაღარა მკერდზე ჩამოკიდებულ, ვეებერთელა ოქროს ჯვარს ჩაავლო ხელი და კედელთან მიგდებულ ხანჯალს გადახედა.

ამგენს ჩვენ თვალში ხო არ ვეპატარავებითო, ესეც თქვა.

ლაშიკომ კი იფიქრა, ბარემ ქალებსაც ავახევ და ისე გავაჯმევინებო.

- ქალაქელი ბიჭები ხართ, გეტყობათ, - გაიღიმა მესამე ჩოხოსანმა, - ზეიმი გვქონდა, ბიჭებო, არ გვინდა ეხლა ასეთი ლაპარაკი...

- არა, უბრალოდ, კაცურად გთხოვეთ... - ლაშიკო ისევ იმ პირველ, უხუცეს ჩოხოსანს მიმართავდა, მაინცდამაინც ამ შეშინებული ბერიკაცისგან ითხოვდა პასუხს, ის, მესამე კი არ და არ ჩუმდებოდა:

- ჩვენი ცნობილი კარდიოლოგი... ბატონი გურამ კაპანაძე მივიღეთ ჩოხოსანთა რიგებში... არაა ლამაზი... არ გამოგდით, შვილებო, კარგად...

სიმთვრალისგან ლოყებშეფაკლული ჩოხოსანი კარდიოლოგი გურამ კაპანაძე აღმოჩნდა.

მეოთხე, როგორც ჩანს, ყველაზე ფრთხილი ჩოხოსანი კი, ამასობაში, დერეფანში გამოვიდა, ფეხსაცმელებში ჩაკეცილი ნასკები ამოიცვა (ჩოხის ჩაცმას აღარ აპირებდა, დაკეცილი სამოქალაქო ტანსაცმელი და ფეხსაცმელები პარკით წამოეღო) და ასე, ფეხსაცმელებამოცმული, მუხლებამდე ნასკებაწეული, ტანზე ზეწარშემოხვეული, შეშინებული, მაგრამ მაინც სახეგაბადრული მიუბრუნდა პაწია სუფრას.

- ნუ ვახვეწნინებთ ამ კაი ბიჭებს, - თქვა მან, - ადექით, კაი ნომრებია იქითაც.

გურამ კაპანაძე კი აღელდა:

- ამათზე ნაკლები ბიჭები არც მე მყავს!

გურამ კაპანაძეს ტუჩთან სოსისის ნარჩენი მიწებებოდა და ლაშიკო როდონაია, სავარაუდოდ, სწორედ ამ სოსისმა გააღიზიანა.

- პირი დაიბანე, ბაბუ! - თქვა მან და ხელი ზურგს უკან წაიღო.

აქ კი მექისე მამედამ და იმ ოთხმა ტანზე ზეწარმოხვეულმა ქალმა იმარჯვეს - ჩოხოსნები, განსაკუთრებით კი კარდიოლოგი გურამ კაპანაძე, ხვეწნამუდარით და ჯიკავ-ჯიკავით გაიყვანეს დერეფანში, იქ უკეთესია, პატარა ნომერი კია, მაგრამ უფრო მყუდროაო.

ამ ასაკში ისედაც არაა ადვილი და ასეთი სტრესის მერე ჩოხოსნებს სულ მთლად დაეკარგათ ყველაფრის ხალისი - აღარც მექისე უნდოდათ და აღარც ქალები, ამ ამბავს ასე არ დავტოვებო, ყვიროდა გურამ კაპანაძე, არ გაპატიებთ ზეიმის ჩამწარებასო, დანარჩენები კი ხმის ამოღებას ვერც ბედავდნენ, სწრაფ-სწრაფად იცვამდნენ.

იმ მეოთხე, ყველაზე ფრთხილმა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ჩოხოსანმა, თავის პარკში ჩაყარა ოთხივე ხანჯალი, თან ხელები უკანკალებდა, ეს რა შარში გავეხვიეთ, აღარც ჩოხოსნობა მინდა და აღარც აბანოო.

კოტიკო, რა დასამალია და, ცოტა არ იყოს, უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ ლაშიკოთიც რომ იყო აღტაცებული, ამასაც თქმა არ უნდოდა. ეს თუ რამეს რქებით მიაწვება, არ არსებობს, თავისი არ გაიტანოსო, ფიქრობდა, მაგარი ჯიუტი ვინმე ყოფილაო.

თავის სამომავლო გეგმებზე კოტიკოსთან სწორედ აბანოში ალაპარაკდა:

- ჩემი სიმამრი... ისეთ პონტში... სირისტიანი ტიპი კია, მარა მაგარი მოქოქილია... პრეზიდენტის პარტიაშია... მომავალ არჩევნებზე შენც გაგიჩითავ ადგილსო, შენნაირები უნდაო, დაატკაზება არ მოსულაო, პატრიოტული პონტიაო... მეთქი, რა უნდა დავაატკაზო, მართლა ქუჩის ბიჭი კი არა ვარ, დედებიანა შევჭამ-მეთქი...

და ცხელ წყალში ჩაჯდა თუ არა, თავისი მკვდრებიც გაიხსენა: ცოცხლები რო ყოფილიყვნენ, იმისთანა უმნიცები იყვნენ, მაგ ტრაკების პარტიაში მაგათაც შევათრევდიო.

კოტიკოს დედა, პოეტი ქმრის თაყვანისმცემელი ქალბატონი იზო კვიჟინაძე, მისი შვილის ქუჩაში გასვლით - მერე კი ლაშიკოსთან მეგობრობით - კმაყოფილი სულაც არ იყო. არ მომწონს მაგის აქეთ-იქით წოწიალი, დაჯდეს და გამოცდებისთვის მოემზადოსო; ქმარი კი, პოეტი თენგიზ მაჩიტაძე, ასე პასუხობდა:

- მაგ ასაკში ყველა ეგრეა. კაცმა ქუჩაც უნდა იცოდეს, რა არი... გაიხსენე, მე რა ვიყავი... ანზორა ტყემალაძე, ოჩიკა, ვანიკო სულაქველიძე, რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო... დღე და ღამე ქუჩაში ვეყარეთ... მესმის ამ ბიჭის, მესმის ამ ბავშვების, რა ქნან, სახლში ხომ არ იჯდებიან...

თუმცა, იმ ავ სტატიებში - დროდადრო რაღაც უცნაურ გაზეთებში რომ აქვეყნებდა ხოლმე - ასეთი მშვიდი როდი იყო: თაობა გვეღუპებაო, მოთქვამდა პოეტი, სადღა არიან ნაღდი, ვაჟკაცი თბილისელი ბიჭები, ვაგლახ, ჭეშმარიტი ქალაქური რაინდობა წარსულს ჩაბარდაო.

მაგრამ არც ზედმეტად წიგნიერი ყმაწვილები მოწონდა პოეტს: ამათ თავისი ქვეყანა არ უყვართ და უცხოეთისკენ უჭირავთ თვალიო.

ჩემ დროს ისეთი ბიჭები იყვნენ, ასეთს ბარე ათს აჯობებდნენ ჭკუითო.

სხვანაირად ვიდექითო ქუჩაში. სხვანაირად ვჩხუბობდითო. დანას ათასში ერთხელ თუ ამოვიღებდითო. უმცროსიც ვიცოდით და უფროსიცო. მხარგაშლილები, ამაყები გავდი-გამოვდიოდით რუსთაველზეო.

დღეს კი სხვანაირად, ცუდად დგანანო ქუჩაში.

პოეტი თენგიზ მაჩიტაძე ოცდახუთი წიგნის ავტორი გახლდათ. მათ შორის სამი - ლექსების კრებულები: „საქართველო მკლავზე მიზის“, „ნიაბელი გოგონები“ და „კარისკაცის აღსარება“ - სახელმწიფო პრემიაზეც კი იყო წარდგენილი, ხოლო მისმა პოლიტიკურ-პუბლიცისტურმა რომანმა „მტრედები არასდროს ტყუიან“, რუსულად თარგმნის შემდეგ, ტაშკენტის ლიტერატორთა სახლის ჯილდოც კი მიიღო.

პოეტი თენგიზ მაჩიტაძე უკვე მეათე წელია ერთსა და იმავე სიზმარს ნახულობდა - თუ როგორ კიდებენ მემორიალურ დაფას მისი მშობლიური კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოსთან:

ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დიდი ქართველი პოეტი თენგიზ მაჩიტაძე

თუმცა, მიუხედავად ასეთი სიზმრებისა, საკუთარი პატივმოყვარეობით, ცოლის, იზო კვიჟინაძის გარდა არავის აწუხებდა - მის ბოლოდროინდელ წიგნებს ხომ მხოლოდ ქალბატონი იზო კითხულობდა თავიდან ბოლომდე, და არათუ კითხულობდა, ქმრის წიგნების გამოსაცემ ფულსაც შოულობდა - თენგოს ლექსების დაფინანსებას ხან მამიდაშვილის სიძეს, მენავთობეს და ხანაც ნათლულის სიმამრს, პროკურორს თხოვდა.

უყვარდა თავისი უღიარებელი საბურთალოელი გენიოსი და ეცოდებოდა, ისე არ აფასებენ, როგორც იმსახურებსო.

ცოლი თენგოსაც ძალიან უყვარდა. მხოლოდ ორჯერ ეღალატა მისთვის საბედისწეროდ: ერთხელ, ჯერ კიდევ საბჭოურ დროს, ლენინგრადში გამართულ ლიტერატორთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე აეკიდა ვიღაც ლიტველ ქალს და კინაღამ ოჯახიც დაანგრია ამ ქერათმიანი ქალის გამო, ხოლო მეორედ, უკვე გათავისუფლებულ საქართველოში, ნორჩმა კოლეგამ, ბათუმელმა პოეტმა ქალმა შეაყვარა თავი - მაგრამ თენგო იმდენს და ისე ჭოჭმანობდა, დაენგრია თუ არა ოჯახი, რომ მისი ჭოჭმანისგან, იზოს გარდა, ყველა დაიღალა. ლიტველი ქალიც და ბათუმელი პოეტიც. ორივე გაექცა.

მხოლოდ იზო არ გაექცა არსად. ქმარი სიჯიუტით შეინარჩუნა.

აი უფროს შვილს კი, კოტიკოს, გრძნობდა, კარგავდა. ქმარზე აღარც ნერვიულობდა - ვის რაღად უნდოდა ეს თმაჭაღარა, დოლიძისქუჩელი მგოსანი! - ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ჯდებოდა მისი შვილი ლაშიკო როდონაიას გრძელ, ტალახიან, თეთრ მანქანაში და ბრაზდებოდა, რომ ფანჯრის გამოღება და ძველებურად აკივლება აღარ შეეძლო: „კოტიკო, ამოდი სახლში ეხლავე!“

17 სოციალური რეკლამა

▲ზევით დაბრუნება


ომავალი სიარიბის გარე

რატომ?

150 მილიონმა ადამიანმა მსოფლიოში უკვე აიმაღლა ხმა სიღარიბის წინააღმდეგ. შენ შეგიძლია გახდე შემდეგი. შემოგვიერთდი, თუ გჯერა, რომ მომავალი სიღარიბის გარეშე შესაძლებელია.

როგორ?

მიიღე მონაწილეობა აქციაში ოცი ათასი ხმა სიღარიბის წინააღმდეგ: მიაწვდინე შენი ხმა საქართველოს მთავრობის წევრებს:

17 ოქტომბრამდე გააგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინება მაგთიდან და ჯეოსელიდან ნომერზე 17-10 (არავითარი დამატებითი გადასახადი, SMS-ის ღირებულება სტანდარტულია და 6 თეთრს შეადგენს).

დარეგისტრირდი ვებ-გვერდზე WWW.WHITEBAND.GE და უთხარი არა სიღარიბეს.

სამოქალაქო ალიანსი მომავალი სიღარიბის გარეშე ორმოცდაათი არასამთვრობო ორგანიზაციის და ასობით მხარდამჭერის გაერთიანებაა, რომელიც მოითხოვს სიღარიბის აღმოფხვრას და ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებას. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის გააქტიურება, რომ ერთობლივი ძალებით მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, დაძლიოს სიღარიბე.

მომავალი სიღარიბის გარეშე საერთაშორისო კოალიცია GLOBAL CALL TO ACTION AGAINST POVERTY წევრია. „გლობალური მოწოდება ქმედებისაკენ სიღარიბის დასაძლევად“ - არის საერთაშორისო მოძრაობა, რომლის მონაწილეებიც მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს, დაძლიონ სიღარიბე და შეასრულონ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები.

0x01 graphic

0x01 graphic

სერგი გვარჯალაძე

თუ მსოფლიო ლიდერებმა მოინდომეს, წელიწადში 10 მილიონ 900 ათასი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ მთავრობებმა საკუთარი დანაპირები შეასრულონ.

0x01 graphic

ნიკა კაჩაროვი

The Young Georgian Lolitaz

საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ღარიბია. სიღარიბის დამარცხება შესაძლებელია. შემოგვიერთდი!

0x01 graphic

დათო ლომიძე

String

საქართველოში ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს - მთავრი მიზეზი სიღარიბეა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა. ერთად ჩვენ ბევრი შეგვიძლია. შემოგვიერთდი!

0x01 graphic

ვახო ბაბუნაშვილი

Soft Eject

უთხარი „არა“ სიღარიბეს. უთხარი „არა“ შიმშილს, სასოწარკვეთას: 150 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში საკუთარ მთავრობებს სწორედ ამას სთხოვს. ამას მოვითხოვ მეც. მე ვარ ვახო ბაბუნაშვილი და მჯერა, რომ მომავალი სიღარიბის გარეშე შესაძლებელია.

0x01 graphic

ზაზა ხუციშვილი

ვაკის პარკი

შეიძლება მომედავო რიცხვებში, მაგრამ დამეთანხმები ფაქტებში: ღარიბი ადამიანები საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობენ. 2015 წლამდე მათი რაოდენობა უნდა განახევრდეს - ეს ვალდებულებაა, რომელიც მთავრობამ უნდა შეასრულოს. დრო არ ითმენს!.

0x01 graphic

GREEN MAMA

საქართველოს მთავრობას შესწევს ძალა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები სიღარიბის დასაძლევად. შემოგვიერთდი! ერთად მოვითხოვოთ მომავალი სიღარიბის გარეშე.

0x01 graphic

ბაკურ ბურდული

მე ვიცი, რომ 2015 წლამდე საქართველოში ორჯერ ნაკლები ღარიბი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს - ეს ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს. მე ვარ ბაკურ ბურდული, მომღერალი და მჯერა, რომ მომავალი სიღარიბის გარეშე შესაძლებელია.

0x01 graphic

უცნობი

მინდა, რომ მახლდეს მთელი ამალა, და ამ ამალით შემოვიარო მთელი სამყარო სიკეთე ვთესო, ჭირი ავყარო ამოვასუნთქო მთელი სამყარო

18 ფილმები, წიგნები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კომპლექსი და გრაფიტი

კინოთეატრი ამირანი.
22 სექტემბრიდან.

კოტე თაყაიშვილის „კომპლექსი“ და ვანო ბურდულის „გრაფიტი“, კინოსტუდია „სანგუკო ფილმს“-ის პროდუქციაა. სტუდიამ, რომელიც ქართული კინოს განვითარებას და კინოს შემოქმედთა დახმარებას ისახავს მიზნად, უკვე არაერთი პროექტი განახორციელა; მათ შორისაა დიტო ცინცაძის ფილმი „კაცი საელჩოდან“, რომელიც რეჟისორმა ზაფხულში გადაიღო.

„კომპლექსი“ კინოსტუდია „სანგუკოს“ პირველი და საკმაოდ წარმატებული პროდუქციაა. რომელმაც, New York International Independent Film and Video Festival-ზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარისთვის გაიმარჯვა. „გრაფიტში“ კი გიორგი ნაკაშიძეს და ნანკა კალატოზიშვილის იხილავთ. ფილმში, რომელიც ხულიო კორტოსარის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული, ფოტოგრაფისა და მწერლის სასიყვარულო ამბავია აღწერილია.

0x01 graphic

კინოფესტივალი პრომეთე

კინოთეატრი ამირანი.
10-15 ოქტომბერი.

წელს, მეშვიდედ ჩატარდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“, რომლის მსვლელობის მანძილზე, 70 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი.

როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, წელს ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებთან და რეჟისორებთან შეხვედრები გაიმართება; ფესტივალი საინტერესო მასტერ-კლასებით და ვორქშოფებით დაიტვირთება და კინოთეატრში პრესცენტრი იმუშავებს, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარებს ჟურნალისტებს.

10 ოქტომბერს „პრომეთე“ ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმით „ბაღები შემოდგომით“ გახსნის პროგრამას. ფესტივალის დასასრულს კი დიტო ცინცაძის ფილმი „კაცი საელჩოდან“ იქნება ნაჩვენები.

P.S. დიტო ცინცაძის ფილმს კინოთეატრი ფესტივალის დამთავრების შემდეგაც გაუშვებს დიდ დარბაზში.

0x01 graphic

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

კინოთეატრი ამირანი.
რეჟისორი: ოლივერ სთოუნი

ეს არის ფილმი, რომლის ფინალზე არ უნდა იმარჩიელო... ტრაგედია, რომელიც ჰოლივუდური ბლოქბასტერებით არაერთხელ უწინასწარმეტყველეს საკუთარ ხალხს ამერიკელებმა...

ფილმი, რომლის პირველი პრემიერა, სპეციალურად გაიმართა გადარჩენილი პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისთვის, და მაშველებად წასული ხალხისთვის.

ოლივერ სთოუნის ფილმი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“, არც პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და არც ფილმი-კატასტროფაა. ეს არის ამბავი ორი გადარჩენილი პოლიციელისა, რომლებიც 11 სექტემბერს, 22 საათის მანძილზე იყვნენ ჩახერგილები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში და ერთმანეთთან საუბრით უმკლავდებოდნენ სიკვდილს. სთოუნის კამერა მხოლოდ რამდენჯერმე ტოვებს ნანგრევებს, და ისიც იმიტომ, რომ ტერორიზმის მსხვერპლთა ახლ ბლები გვიჩვენოს,

თითოეულის სახლში შეგახედოს.

წიგნები

0x01 graphic

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა

რომანი
ოთარ ჭილაძე
გამომცემლობა არეტე 2006 წ.

ჩემი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ისეთი გაცრეცილია, ალაგ-ალაგ ასოებიც აღარ ჩანს. ახლა ეს წიგნი მეხუთედ გამოუციათ და დავინტერესდი - ვისთვის?

ალბათ, ჩემანირებისთვისაც, ვინც კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადაიკითხავს გზას შემდგარი კაცის ამბავს და საერთოდ, მათთვის, ვისაც უყვარს ასეთი ტონალობისა და განწყობის დასაწყისები, რაღაც დიდზე მიმანიშნებელნი: „ეს იმ დროინდელი ამბავია, როცა... კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და პირველი ნაბიჯი გადადგა უკან“.

მაგრამ მგონი, რომ ეს წიგნი უფრო მისთვისაა, ვინც ოთარ ჭილაძის რომანი ახალ წიგნში - გათანამედროვებულ და მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხში მოქცეული - პირველად უნდა წაიკითხოს. შემდეგ კი (ან მანამდე) ლევ ანინსკის ბოლოსიტყვაობაც დააყოლოს - რათა უკეთ გაერკვეს თავის ფიქრებსა და დასკვნებში. აქ ხომ ამდენი ნაცნობი სახელი და გმირი გხვდება, მაგრამ სრულიად ახლებურად ნაპოვნ სიუჟეტებში და განსაცდელებში. გავიგოთ, რა ამოძრავებთ მათ. რას ფიქრობს გზას შემდგარი კაცი. გავიგოთ, ან გავიხსენთ, თუნდაც - მეხუთედ. კარგი წიგნის ხელახლა განცდას რა სჯობს?!

0x01 graphic

სანამ დროა

ლექსების კრებული
შოთა იათაშვილი
გამომცემლობა სიესტა 2006 წ.

თუ ოდნავ მაინც ხართ პოეზიის ხასიათზე, აუცილებლად გადაშალეთ შოთა იათაშვილის 2005-06 წლებში დაწერილი ლექსების კრებული. ამ თხელ წიგნში. იპოვით ბევრ ადამიანობას, ბევრ წინააღმდეგობას, ბევრ სიყვარულს, მათ შორის, თარაზულსაც („ავიდოდი მაღლა, დაბლა შენ რომ არ იყო, ჩავიდოდი დაბლა, მაღლა შენ რომ არ იყო“); რთულ და მარტივ სიკვდილსაც („ცაზე მშვიდად მიცურავს ღრუბლის თეთრი ქულა, ვკვდები ფრიად მარტივად, ვკვდები ფრიად რთულად“); ბევრ ფერს, მათ შორის „გაშავებულ შავსაც“, დროში აღრეულ და ამიტომ მარადიულ მონატრებასაც („მომენატრე გუშინ. მომენატრე ხვალ. ამინდია კუშტი. ქარი კედლებს ხრავს“); და საერთოდ ბევრ აღრეულ დროს („მენატრება ზეგინდელი გუშინწინ, მენატრება ხვალინდელი გუშინ, მენატრება ის, რასაც დღეს ვაკეთებ, მოგონებად არეკლილი გულში“). პოეტის დროის ამ უცნაური შეგრძნებით მხოლოდ წიგნში დატკბით. თქვენ კი, სანამ მართლაც დროა, რეალურ დროში გადაშალეთ იათაშვილის ლექსების კრებული.

0x01 graphic

ეშმაკი და ქალბატონი პრიმი

რომანი
პაულო კოელიო
მთარგმნელი მზია გელაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2006 წ.

დიდი ხანია პაულო კოელიო აღარ გამხსენებია. მისი თავი ბაკურ სულაკაურის ქართულად თარგმნილმა რომანებმა გამახსენა. ქართულად კოელიოს წიგნები უხვად გამოსულა და დაგროვებულა. მათ შორისაა „ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“. თუ კოელიოს მკითხველი ხართ და რიო პედრას ნაპირზე მასთან ერთად უკვე იჯექით და ტიროდით (თანაც ქართულად!); და თუ იმასაც მიხვდით, რატომ გადაწყვიტა ვერონიკამ სიკვდილი, მაშინ შანტალ პრიმთან ერთადაც უნდა გამოიაროთ მისი ცდუნებებით სავსე თავგადასავალი. კოელიოს აზით, ეს არის წიგნი ცდუნების შესახებ. პატარა მთიან ქალაქ ვისკოსში ჩასული უცხო კაცი მთელ ქალაქს აურევს გონებას, დააეჭვებს თავიანთ გაუაზრებლად მიღებულ მორალურ პრინციპებში. ვინ ცდუნდება? რას იზამს შანტალ პრიმი, რომელსაც მდიდარი უცხოელი ყველაზე მეტად დაუახლოვდება?

„ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“ კოელიოს ტრილოგიის მესამე წიგნია. ასე რომ, თუ დანარჩენი ორი უკვე წაგიკითხავთ, ბარემ „ქალბატონი პრიმიც“ მიაყოლეთ. თარგმანი შესანიშნავია, კოელიო კი, თუ მოგწონთ, ისევ ისეთივეა, როგორც - ყოველთვის.

19 რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


სუპერმენის რეინკარნაცია ეკრანზე
ანუ მძინარე მზეთუნახავი + დისნეის ატრაქციონები + ბრაზილიური სერიალი

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

დეჟა-ვიუ მაშინ დამეწყო, როცა ჯონ ოტმანის ნაცნობი და კარგად მივიწყებული მელოდიის პირველმა ნოტებმა გაიჟღერა, რაღაც „ვარსკვლავთა ომების“ მსგავსი რეტრო-ტიტრები გამოჩნდა და ეკრანზე, მონატრებულმა ცისფერ ტრიკოიანმა კაცმა ჩამიქროლა.

სუპერმენი დაბრუნდა!!! ვაშააა - გაჰყვიროდნენ კომიქსომანი ამერიკელები, და ბრაიან სინგერი კდემამოსილად ხრიდა თავს - ჯერ სად ხართ... „ადამიანი იქსი“ ხომ გადავიღე?! თან ორი ნაწილი! ახლა ამ სუპერმენს მივხედოთ და დანარჩენები - ჩემზე იყოსო!

სუპერმენი 23 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ისევ ისეთი ახალგაზრდა, როგორიც 23 წლის წინ და ისეთივე ძლიერი, როგორც 23 წლის წინ. მთავარ როლზე გამოუცდელი ბრენდონ რუთი შეარჩიეს, რომელიც უბედურად ჰგავს 1978 წლის სუპერმენს, ცხონებულ კრისტოფერ რივს; საწყალი მარლონ ბრანდოც კი გააცოცხლეს (წინა სერიაში ის კლარკ კენტის, იგივე სუპერმენის მამას თამაშობდა), ძველი ფირიდან ნაკუწები ამოიღეს და ჰა შენ, ბრანდოც! ვითომდა არც მომკვდარაა... ჯინ ჰეკმანის მაგივრად (ალბათ დაბერდაო) კევინ სპეისი ათამაშეს და ვენესუელური სერიალების არ იყოს, „მე მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და არ გითხარი“ და „ჩემი შვილი, შენი შვილიცაა“ - სუპერმენს და მის საყვარელ ქალს შორის გაათამაშეს.

და მაინც, სად იყო ბიჭი სუპერმენი, იგივე კლარკ კენტი (სუპერმენის ქალაქური სახელი) იმ დროს, როცა შეყვარებული ლუის ლეინი (ქეით ბოსუორტი) გაუთხოვდა, ბოროტმოქმედი ლექს ლუიტერი (კევინ სპეისი) სიკვდილით დასჯას გადაურჩა და ბომბეიდან დაწყებული ანტარქტიკით დამთავრებული, ამდენი ბოროტმოქმედი დაუსჯელი დარჩა? აბა, რა ვიცი სად იყო, სინგერმა მისი გმირის ორივე სახეს მოუძებნა გამართლება და... სუპერმენი თავისი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად გაფრენილა კლიპტონზე, ხოლო კენტი... კენტი საკუთარი თავის ძიებაში, ტიბეტელ ლამებს სწვევია. მაგრამ, როგორც სუპერმენს არ დახვდა საკუთარი პლანეტა - ყველაფერი განადგურებულიყო, ისე კენტმა ვერ ისწავლა სიბრძნე, 70-იანებში შეკერილ ცისფერ ტრიკოში იფრინა და საყვარელ ქალს, ფილმის ბოლომდე აწყლიანებული თვალებით უყურა. ჰო, ერთხელ აფრენინა ქალაქის თავზე, ეგ იყო და ეგ.

რატომ? როგორ? საიდან? - ფილმის მერე, ეს კითხვები დიდად არ შეგაწუხებთ და თუ შეგაწუხათ, ეგეც არა უშავს, იმიტომ, რომ პასუხს მაინც ვერ მიიღებთ. არც რეჟისორი ცდილობს დიდად გმირთა გახსნას, რომ მაყურებელს ცოტა „ღრმად“ დაანახოს ხასიათები, ურთიერთობები; თუნდაც სუპერმენ-ლუიტერის დაპირისპირება, რომელიც „სიკეთე-ბოროტების“, „თეთრი-შავის“ პრიმიტიულ სქემას არ შორდება; ანდა სუპერმენის ყოფილი გოგოს ლოის ლეინის და მისი ამჟამინდელი ქმრის ხაზი, რომელიც იგივე რედაქციაში მუშაობს (რა კარგია, ყველა ერთადაა); ან კიდევ ლუიტერის საბრალო ქალის - კეტის პერსონაჟის არსებობით რა უნდოდა ეთქვა სინგერს? არადა, ეს ქალი რა დამაინტრიგებლად შემოვიდა ფილმში... თურმე არც არაფერი, ქალია რა, ერთი უტვინო, გულის სიღმეში სუპერმენზე შეყვარებული, რომელიც მის მოსისხლე მტერთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ, მოდით გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, გაინტერესებთ კი ეს პასუხები? დავიჯერო, დროის გასაყვანად და პოპკორნის საკნატუნოდ არ მოხვიდოდით? აბა მეტი რა გინდათ?! ნუ, გეთანხმებით, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ აღვფრთოვანებულიყავით ყოვლისშემძლე კლარკ კენტით, 2 საათნახევარი სულ არ იყო საჭირო! გვჯერა! გვჯერა! ისედაც ყველაფერი გვჯერა!

მაგრამ, ნუ დავუკარგავთ სინგერს იმ 260 მილიონს, რომელიც ფილმის შექმნისთვის დახარჯა და ჩვენც ხმამაღლა ვთქვათ - ხო, სინგერ, ხო! სუპერმენი დაბრუნდა!!! მერე რა, რომ ბოროტი ენები წერდნენ - კაცო, რაღა დროს ცისფერი ტრიკო და „ტანკეტკა“ ჩექმებია (არა, აშკარად „ტანკეტკები“ იყო), ეს ხომ 30-იანი წლები იყო... ახლა კი ახალი საუკუნე დაიწყო და... მოიცა, ეგ შენი სუპერმენი მართლა „ცისფერი“ ხომ არ არისო? ნურას უკაცრავად! სუპერმენს ნახევრად სუპერი, ნახევრად მიწიერი და თან ასთმით დაავადებული შვილი აღმოაჩნდა! მერე რა, რომ 5 წელი კაცმა არ იცის სად იყო, თავისუფალ დროს მხოლოდ ფრენაში ატარებს და საყვარელ ქალს დამნაშავის გამომეტყველებით, აწყლიანებული თვალებით უყურებს?! უყურებს და მეტს არაფერს ამბობს ან აკეთებს. და მერე რა, რომ ამერიკელებისთვის სულერთია, რაზე გადაიღებენ - დოსტოევსკიზე, შექსპირზე თუ 30-იანი წლების კომიქსზე? მთავარი ხომ „პური და სანახაობაა“! თუ გემოვნებაზე არ დაობენ, მაშინ ჩვენც ნუ შევედავებით, მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ საუკუნის წინ დაწერილი კომიქსი, დღეს ცოტა სასაცილოდ გამოიყურება და მასში ბევრი რამე ჩრჩილშეპარულია; თუნდაც საამაყო კოსტიუმი! ყველაზე კომიკური კი ისაა, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან სერიოზულად ხდება; და მთელი ფილმის მანძილზე არც რეჟისორს აწუხებს ირონია (რაც ძალიან სამწუხაროა) და მით უმეტეს, არც სუპერმენს. ირონია აქ არათუ მოიკოჭლებს, მისი ნატამალიც არ არის! მაშინაც კი, როცა ციდან ელვის სისწრაფით დაშვებულ, დაზიანებულ თვითმფრინავს, სუპერმენი თავისი ხელებით (ჩვეულებრივი ხელებით, მაგრამ რა ძალაა ამ ხელებში?!) გააჩერებს და გაგანია ბეისბოლის თამაშისას, მოედანზე დადებს (?), კარს ნაზად გამოგლეჯს და შიშისგან გაფითრებულ მგზავრებთან შევა, დაინახავს ლოის ლეინს - მას, ვისთვისაც ფოლადის გული ასე ძლიერ ძგერდა, ვინც (ჩვენთვის 23 წელი, თორემ ფილმის მიხედვით 5 წელი) 5 წელი არ ჰყავდა ნანახი და ვისი ქმარ-შვილიანობის გამო, 5 წუთის წინ ვისკით იკლავდა დარდს. და რას ამბობს? - „სტატისტიკის მიხედვით (არა, ამერიკელები გიჟდებიან სტატისტიკებზე) ფრენა გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებააო (ესეც შენ ამერიკული იუმორი) და რას იზამს? - გაფრინდება, რა თქმა უნდა.

რეჟისორი, ეფექტების გარდა, არაფერზე ფიქრობს და აჰა, შენ სინგერ, შენი მინუსიც! უნდოდა, რომ სუპერმენი დაებრუნებინა და დააბრუნა; უნდოდა, რომ კლარკ კენტს და მაყურებელს, გაზეთის რედაქციის ჩვენებისას, მუდმივად თვალებში გაჩხეროდა ლოის ლეინის და მისი ამჟამინდელი ქმრის 5 წლის ვაჟი, რომ ამით პატარა ინტრიგა შემოეტანა - 5 წლის? სუპერმენიც ამდენი ხნის წინ არ გაფრინდა??? და შემოიტანა კიდეც; რა გაუჭირდათ მის მშობლებს ასეთი, სიდუხჭირისა რომ არაფერი ეტყობოდათ, რომ ან ბაღში არ დადიოდა ის ბავშვი, ან ძიძა არ ჰყავდა? ცოტა რომანტიზმი უნდოდა და შემოიტანა, როცა დედა-შვილი ჯერ აცრემლებულები დაემშვიდობნენ „ვითომ“ მამას, და მერე „მძინარე მზეთუნახავის“ არ იყოს, კოცნით გამოაღვიძეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სუპერმენი (არ იცოდით, რეჟისორი ისე გათავხედდა, რომ სუპერმენი ნიუ იორკის საავადმყოფოშიც კი დააწვინა!); უნდოდა, რომ გაგვეხსენებინა, როგორი ბიჭი იყო პატარაობაში სუპერმენი და გაგვახსენა! ადამიან-ობობასაც კი შეშურდებოდა, ისე დაჰქრის და დაფრინავს ჯერ კიდევ პატარა სუპერმენი პლანტაციებში. ალბათ მისი შვილიც ასე ირბენს, აი მაშინ, როცა სინგერი მომდევნო სერიას გადაიღებს.

„ხალხს სჭირდება სექსი, ტრაგედია და სუპერმენი“ - ამბობს კლარკ კენტის რედაქტორი და ის ჭეშმარიტად მართალია! თუ ვერცერთ რუსულ ფილმს ვერ დამისახელებთ, სადაც თეთრ მაისურებში არ სხედან და არაყს არ ყლაპავენ, ისე ვერცერთ ამერიკულ ფილმს ვერ გაიხსენებთ (ალბათ იშვიათი გამონაკლისის გარდა), სადაც სექსი არ იყოს; ტრაგედიას რაც შეეხება, იმდენი იღეს ამერიკაზე და ნიუ იორკზე თავდასხმები, რომ... ჰა, და მიიღეს კიდეც; აი, სუპერმენი კი... კომიქსების ჰეროიკულ, ყოვლისშემძლე გმირთან იდენტიფიკაცია კარგა ხნის დაწყებული აქვთ მოძმე სამხრეთ კონტინეტელებს. მთავარია, ზედმეტი არ მოუვიდეთ, თორემ ცოტ-ცოტათი ყველაფერი მოსულა; სუპერმენი იქით იყოს და აგერ მადონა 2009 წელს თურმე კოსმოსში გეგმავს გაფრენას.

P.S. ბრაიან სინგერს ბრენდონ რუთთან კონტრაქტი პირდაპირ ლანჩის დროს დაუდია. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს სასაცილოდ დაუღვრია ფინჯანი ყავა მაგიდაზეო, ეწერა საიტზე. ღმერთოო...…რა სასაცილოაააა...

კატალინას წინააღმდეგ

ავტორი: თამარ ბაბუაძე

რომანი
ამელი ნოტომი
ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა
გამომცემლობა ჯეოპრინტი 2006 .

0x01 graphic

„ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს. თითქოს, შევეჩვიეთ ვიყოთ ის, ვინც ვართ... რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად გვესმის, ვინ არის პიროვნება, რომლის სახელითაც ვლაპარაკობთ და ვმოქმედებთ...

რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ? იქნებ ასეც სჯობს - საკუთარი თავი შეგვძულდებოდა, თუკი შევიცნობდით“ -ავტორისთვის ასე უჩვეულოდ სერიოზული მსჯელობით იწყება თხელტანიანი რომანი „კატალინას წინააღმდეგ“. თუმცა, არ იდარდოთ, ნოტომის სარკაზმი და იუმორი შემდეგ და შემდეგ იკრებს ძალას, ნელ-ნელა და შემპარავად და ისე მუსიკალურად დახვეწილი ტემპით, რომ პროფესიონალ პიანისტსაც შეშურდებოდა.

პრინციპში, ეს ფილოსოფიური მსჯელობა, რითაც ნოტომი რომანს იწყებს, ერთგვარი სატყუარა და მინიშნებაა იმაზე, რაც შემდეგ ფურცლებზე უნდა დატრიალდეს.

მთავარმა გმირმა, ემილიმ მართლა აღარ იცის, ვინ არის. ერთ დროს იცოდა, რომ ლათინური და ბერძნული ენების ერთი მოკრძალებული მასწავლებელი იყო, რომლის ცხოვრებაც უკვალოდ და მშვიდად ჩაივლიდა, საყვარელ მეუღლესთან ერთად, ერთ განმარტოებულ სახლში; მაგრამ ახლა აღარაფერი იცის. ეჭვიც კი ეპარება, იცოდა საერთოდ რამე?

ვინ დაურღვია ემილის შინაგანი წონასწორობა? ცოლმა? არა. მას ცოლი ძალიან უყვარს.

ემილი და ჯულიტა სამოც წელს გადაშორებული ცოლ-ქმარი არიან. ერთმანეთი ათი წლის ასაკიდან უყვარდათ და ორივემ ათი წლის ასაკიდანვე იცოდა - ისევე, როგორც მათმა მშობლებმა - რომ სულ ერთად იქნებოდნენ. ასეც მოხდა. მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, ერთ მივარდნილ სოფელში, ტყისა და მდინარის პირას, კედლებზე აცოცებულ გლიცინიებში ჩამალული სახლი იყიდეს - ოცნება აიხდინეს და მიხვდნენ, რომ ნამდვილი ბედნიერება ახლა იწყებოდა. სრულად მთელ ქვეყნიერებას განრიდებულებს შეეძლებოდათ დრო მხოლოდ ერთმანეთისთვის მიეძღვნათ.

ირგვლივ არაფერი იდგა. მოშორებით მხოლოდ ერთი სახლი ჩანდა. განსაცდელიც, რომელმაც ემილის და ჯულიეტას ბედნიერება მოუსპო, ამ სახლიდან წამოვიდა. განსაცდელს - სოფლის ექიმი, სიტყვაძუნწი, გონებაშეზღუდული და ჩასქელებული პალამედ ბერნადენი ერქვა. პირველ დღეს, შუადღის 4 საათზე მისი სტუმრობა ემილმა ჩვეულებრივ ამბად ჩათვალა და ზრდილობიანად აიტანა სტუმრის პრეტენზიული სიჩუმე. ზუსტად ექვს საათზე ბატონი ბერნადენი სახლში წავიდა. ემილსა და ჯულიეტას ეგონათ, რომ ყველაფერი ამით დამთავრდა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ამით დაიწყო: უცნაური სტუმარი ყოველდღე, ზუსტად 4 საათზე მოდიოდა, ჯდებოდა ამოჩემებულ სავარძელში, ჩუმად იჯდა, კითხვებზე პასუხად მხოლოდ „დიახ“-სა და „არა“-ს ამბობდა, ზუსტად ექვს საათზე კი მიდიოდა, რათა მეორე დღეს ისევ უკან დაბრუნებულიყო.

ემილი და ჯულიეტა - განსაკურებით მაინც ემილი - თანდათან კარგავდნენ მოთმინებას. მეოთხე დღეს სტუმარს სახლში არ დახვდნენ. მეხუთე დღეს, სტუმარმა კინაღამ კარი ჩამოუღო. მეექვსე დღეს სტუმარს გაშაყირება მოუნდომეს. მაგრამ ტრიუკმა არ გაამართლა. შემდეგ ცოლთან ერთად მოვიდა. ცოლი ცომის ერთი უფორმო მასა აღმოჩნდა - გონებრივად ჩამორჩენილი და იმდენად მახინჯი, რომ - საბრალოც.

ემილმა და ჯულიეტამ, ორიოდე თვეში, ამ გაუთავებელი ვიზიტების გამო, სიგიჟის ზღვარს მიაღწიეს. შემდეგ მოხდა რაღაც განსაკუთრებული. ამის წაკითხვას უკვე წიგნში გირჩევთ, რადგან უკვე ფინალამდე მივდივართ და არ მსურს, სიამოვნება, რომელიც ნოტომის მოულოდნელი ფინალების კითხვას ახლავს ხოლმე თან, წინასწარ გაგიქარწყლოთ. მთავარი ის არის, რომ ამ ჩაკეტილ სივრცეში - ამელის და ჯულიეტას მისაღებ ოთახში უამრავი ის კითხვა და საკითხი გაჩნდა, რაც თითოეულ ადამიანს აწუხებს: ქვეცნობიერში ჩაკარგული ზრდილობა, რომელიც სინამდვილეში ყალბია; საკუთარი თავის გამოცდა, რომელიც არცთუ სასიამოვნოდ მთავრდება; სიმხდალე და ამპარტავნება, რომელიც სიყვარულს გაკარგვინებს; მორალი, რომელსაც ზღვარი არ აქვს, თუ მიუშვებ; შინაგანი კომპლექსები, რომლებიც ისეთი საქციელისკენ გიბიძგებენ, რომლის გამკეთებელიც არ იცოდი, რომ იყავი...

უცნაური ის არის, რომ ავტორი ოთხ კედელში განვითარებულ მოქმედებას ისე ოსტატურად ძაბავს, სიუჟეტს იმგვარი სხარტი დიალოგებით, იუმორით და შედარებებით აჯერებს, რომ წიგნს ვერ წყდები, მით უფრო, რომ იცი - მალე რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი; ის, რამაც რომანის დასაწყისში უნდა დაგვაბრუნოს და გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე - „რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ?“

რაც შეეხება თვითონ ავტორს. ის აქამდე შეგნებულად არ გაგაცანით, რადგან მგონია, რომ უკვე იცნობთ. მისი ერთ-ერთი რომანი „შიშით და თრთოლვით“ შეიძლება ფილმადაც გქონდეთ ნანახი. თუმცა, ფილმს ნამდვილად ტექსტი ჯობია - ნოტომის იუმორი ხომ ამ რომანში პიკს აღწევს.

ქართულ ენაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ნოტომის „მკვლელის ჰიგიენა“. ფრანგულად და ინგლისურად კი - გაცილებით მეტი წიგნი. ამელი ნოტომი ხომ 14 რომანის ავტორია.

ეს იაპონიაში დაბადებული ბელგიელი მწერალი 1992 წლის აღმოჩენად ითვლება. ამ წელს მისი პირველი რომანი „მკვლელის ჰიგიენა“ გერმანიაში გამომცემელთა პრიზით დაჯილდოვდა. მას შემდეგ, წელი ნოტომს არ ჩაუგდია: 1993 წელს გამოსული რომანით „შეყვარებულის ამხედრება“ მან ორი პრიზი მოიპოვა და ლიტერატორთა ახალი თაობის ყველაზე იმედისმომცემი ავტორი გახდა. „კატალინას წინააღმდეგ“ 1995 წელს გამოსცა. „შიშით და თრთოლვით“ 1999 წელს საფრანგეთის აკადემიის გრან-პრით დაჯილდოვდა. მისი მისი ბოლო რომანი „გოგირდმჟავა“ 2005-ში გამოვიდა.

ვეჭვობ, ამელი ნოტომს უკვე ჰყავს თავისი ერთგული ქართველი მკითხველი. ამიტომ, იქნებ მალე ქართულ ენაზე „გოგირდმჟავაც“ ეთარგმნათ. მანამადე კი წაიკითხეთ „კატალინას წინააღმდეგ“ და დარწმუნდით, რომ 1993 წელს გაკეთებული პროგნოზი ამელი ნოტომმა გაამრთლა - ის ლიტერატორთა ახალი თაობის მართლაც გამორჩეული სახეა.

20 რადიო უცნობის ამბები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დიალოგები - FM 98-ზე

2005 წლის სექტემბერს, რადიო „უცნობის“ ეთერში პირველად გავიდა გადაცემა „დიალოგები“, სადაც წამყვანი ლაშა ბუღაძე, 45 წუთის მანძილზე, პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა მსმენელს დღის აქტუალურ თემაზე. მოკლედ, ყველაფერზე, რაც დღის მნიშვნელოვან ამბად ითვლებოდა: პოლიტიკაზე, სპორტზე, კულტურაზე...

მერე კი, იგივე შემართებით, FM 98-ზე ეკა კვესიტაძე ჰყვებოდა მნიშვნელოვან ამბებს „დიალოგებში“.

დღეიდან, რადიო „უცნობის“ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გადაცემა „დიალოგები“ კვლავ ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს - ამჯერად ეკა ხოფერიასთან ერთად. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად მომართეთ თქვენი რადიომიმღებები 17:00 საათზე და უსმინეთ, უსმინეთ ყველაზე საინტერესო გადაცემას FM დიაპაზონზე.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი