The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №30


ცხელი შოკოლადი №30


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გვახარია გიორგი, კიკალეიშვილი სალომე, ტურაშვილი დათო, ცეცაძე მაია, წულაია მედიკო, ანთაძე მარი, კორძაია-სამადაშვილი ანა, გაფრინდაშვილი ლელა, სადღობელაშვილი ქეთი, ბურდული ნინო, ბერძენიშვილი ლევან, ზაზაშვილი ნატო, მორჩილაძე აკა, ბექიშვილი ნინო, ბერიშვილი იური, პიტი ბრედ, ტუტუ დესმუნდ, თოლორდავა კახა, დეფრანჩესკო ჯოი, ლომაძე ნინო, ნადირაძე გიორგი, სუხიშვილი თამარ, ბაბუაძე თამარ, ბაქრაძე ლაშა, სუმბაძე მაია, მაკარიძე დავით, კაკაბაძე გიორგი, ბუაჩიძე ანდრო, დეხრავე ინგრიდ, იათაშვილი შოთა, თოფურია თეა, პაპინი ჯოვანი, პაიჭაძე დავით, ოდიკაძე გელა, ამირანაშვილი თომა, არგანაშვილი გია
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აგვისტო-სექტემბერი, 2007, მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი, მედიკო წულაია, მაია სუმბაძე, დავით მაკარიძე, მალხაზ ხარბედია, გიორგი კაკაბაძე, გია არგანაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, დავით პაიჭაძე, ლაშა ბუღაძე, ინგრიდ დეხრავე, შოთა იათაშვილი, თეა თოფურია, გელა ოდიკაძე, თომა ამირანაშვილი, მაგდა კალანდაძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე სარეკლამო განყოფილების დირექტორი ირინა მატოიანი სარეკლამო განყოფილება გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი, ნინო ძიძაძე რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.ge



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ამ გვერდს ცარიელს. მრავალმნიშვნელოვნების ხაზგასასმელად სამწერტლს დავსვამდი და ეს ყველაზე უკეთ გამოხატავდა ჩემს დამოკიდებულებას ამ ნომრის მიმართ. თუმცა, სამოგზაუროდ წასულს, შეიძლება გზამკვლევი დაჭირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო არდადეგებია, ბოლო ერთი თვის მანძილზე, „ცხელი შოკოლადის“ კეთების პროცესში, ბევრი ვიმეცადინე. ვიმეცადინე გოგი გვახარიას „ცრემლიანი სათვალის“ ახალ თავზე, რადგან „1994 წელი“ ქვეტექსტებითა და წინააღმდეგობებით არის სავსე და გაბნევს, ვერ ხვდები, თავად ავტორის დამოკიდებულებას იმ მოვლენების მიმართ, რაზეც ყვება. ამიტომ, მას მხოლოდ გზამკვლევის ფუნქცია აქვს საკუთარ თავში მოგზაურობისათვის და თავად უნდა მიხვდე, რა სჯობს - პაციფიზმი თუ მილიტარიზმი, გმირობა თუ „პატარა ადამიანობა“, კომპრომისი თუ უკომპრომისობა. გავიგე, რომ ნებისმიერი იდეოლოგია თავისუფლების ხარისხს ზღუდავს და სიმართლეს გაშორებს. გავიგე, რომ განთავისუფლდე, ამიტომ უნდა „მოკლა“ ის, რაც გიყვარს.

ვიმეცადინე სალომე ასათიანის ტექსტზეც და მივხვდი, რომ პოლიტკორექტულობა ახშობს მრავალფეროვნებას და გამოხატვის თავისუფლებას. სალომეს ინტერვიუშიც ნაკლები სპონტანურობაა, სამაგიეროდ, მრავლადაა თემები, რომლებიც დაგვაფიქრებს. რას ნიშნავს, იყო ტოლერანტული, ან სტუმართმოყვარე? ვის ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ - „ჩვენ ქართველები“? ისევ მითებით ვჟონგლიორობთ თუ რეალობას ვუსწორებთ თვალს? არის თუ არა ჩვენთვის მრავალფეროვნება ორგანული? კითხვები ხომ უფრო საინტერესოა, ვიდრე პასუხები.

ვიმეცადინე თემაზე „ხელოვნება და ესტეთიზმი“. რატომ გვინდა, რომ ხელოვნება იყოს ესტეთური? რატომ ვანიჭებთ ფორმას უფრო დიდ მნიშვნელობას, ვიდრე შინაარს („ვის ეშინია სველი წრის?“)? რატომ გვეშინია სიშიშვლისა და ბუნებრიობის და შეიძლება თუ არა, მდინარეში კაბით მობანავე ქალი თავისუფალი იყოს (А где Люда? ანუ „დაისის“ კაბის დაისი)?

თუ ფიქრი გეზარებათ, ეს ნომერი ცოტა ხნით გვერზე გადადეთ და მოგვიანებით წაიკითხეთ. ან, იმოგზაურეთ „ცხელ შოკოლადის“ ავტორებთან ერთად. სამოგზაურო ადგილები ამ ნომერში მრავლადაა. მხოლოდ გეოგრაფიულ ადგილებს არ ვგულიხმობ - დათო ტურაშვილი და აკა მორჩილაძე დროში მოგზაურობასაც გვთავაზობენ. გახსოვთ, გოზალა ჭავჭავაძის პროსპექტზე „დონალდოებსა“ და „ბაზუკებს“ რომ ყიდიდა? ან სკოლის ჩანთაში ჩაღვრილი სამელნე? ტროლეიბუსები და სტალინის ფოტოიანი სახლები? ჰო, იყო და არა იყო რა.

ახლა ხომ ზაფხულია და უფრო მეტი დრო გაქვთ? იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად საკუთარ თავში, დროსა და ვირტუალურ სივრცეში, ქალაქებსა და ქვეყნებში. რა იცით, რა ხდება და გზად რას გადააწყდებით?

„ცხელმა შოკოლადმაც“ სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა.

ამიტომ, 25 სექტემბრამდე გემშვიდობებით და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, ჩვენთან ერთად.

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი გვახარია

0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ხშირად მემართება ასე. დავჯდები, ვწერ და როგორც კი შევამჩნევ, რომ ჭკუის დარიგებას ვიწყებ, ანდა, ვგრძნობ, რომ რაღაცას მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის გულის მოსაგებად ვამტკიცებ, ეგრევე delete-ს ვეამბორები ხოლმე საჩვენებელი თითით. მაგრამ ამ „სათვალემ“ მთლიანად გაცვითა ჩემი კლავიატურის ეგ „ღილაკი“. მთელი თვე ვწერდი. თანაც ასე - ერთს ვამტკიცებდი, მერე ვშლიდი და სრულიად საწინააღმდეგოს მტკიცებას ვიწყებდი. ეს ზაფხულიც ასე აეწყო - ყველა რაღაცას უმტკიცებდა ერთმანეთს - ახლობლები ჩხუბობდნენ, ერთი აზრი მეორეს უტევდა... და, რადგანაც ძალიან მიყვარს ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები, ყველა ეს აზრი რაღაცნაირად გავითავისე.

„სათვალეც“ ასეთი გამოვიდა - აზრების ბრძოლა, აზრების ომი ჩვენს თავში, იმ ხალხის თავში, ვინც ვერ ვიტანთ ძალადობას და ვამტკიცებთ, რომ მშვიდობისმყოფელები ვართ.

სანამ დავბეჭდავდი, მეგობრებს წავაკითხე. ზოგმა მითხრა, თვითირონია აკლიაო, ზოგმა, იმდენად გინდა თვითირონიული იყო, რომ შენს ღირებულებებს დასცინიო, ზოგმა, გმირი გგონია თავი და იმდენად გაგიჟდი, რომ ამას პირდაპირ წერო, ზოგმა, როგორ არ გრცხვენია, პაციფისტებს - დეზერტირებს ეძახიო, ზოგმა რა და ზოგმა რა. ყველაზე კარგი „მეილი“ ნესტან ცეცხლაძემ გამომიგზავნა, ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა: „გოგი, ფრთხილად იყავი, კონსტრუქციების ნგრევის პროცესში თავზე რამე არ დაგეცეს და „იზმებთან“ ბრძოლაში კიდევ ერთი „იზმი“ არ გაგეჩითოს!“

ასეა. რაც უფრო ვუახლოვდები „ცრემლიანი სათვალის“ ფინალს, მით უფრო ძნელი ხდება წერა. ისტორიის შეფასებას დისტანცია ჭირდება. დისტანცია კი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. ძალიან გეშინია, ის, რაც დღეს ასე მოგწონს, ხვალ შენივე ქილიკის საგანი არ გახდეს.

ჰოდა, იცოდეთ, ეს „სათვალე“ ამ შიშისა და ნევროზების შედეგია. მითუმეტეს, რომ 1994 წელი, ალბათ, ყველაზე ნევროტული ხანაა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ოჰ, როგორ მიყვარს ნესტანი!

სალომე კიკალეიშვილი

ნამდვილად ჩემი წერაა ეს ოხერი პორტუგალია. რა ვქნა და, ერთი აუხდენელი ოცნება დამჩემდა ამ ჟურნალისტ ქალს. ყველგან პორტუგალია მელანდება და მასზე ერთი გემრიელი სტატიის გამოცხობა, უკვე აუხდენელ ოცნებად მექცა. ყოველ დღე ოფისში მარტო იმიტომ დავდივარ, ველოდები როდის მეტყვიან - მიდი სალომე, შენს ვასკო და გამაზე დაწერეო. ისე, ვასკო და გამასი რა მოგახსენოთ, მაგრამ პორტუგალია, რომ დედამიწის უშველებელ ზურგზე განლაგებული ნამდვილი სამოთხეა, ფაქტია. ჯერ კიდევ თვითმფრინავის ილუმინატორიდან, ლისაბონის დანახვისას ისე ავღელდი, რომ ემოციები ვერ დავმალე და სულ იმ დედებს დავემსგავსე, გაგანია ივლისში, მაღლივ კორპუსთან ჩამწკრივებულები რომ დგანან და საკუთარი თუ სხვისი შვილის დანახვაზე - უი, დედა შემოგევლოსო აცრემლიანებული თვალებით რომ გაიძახიან. აი ასე, ილუმინატორს ცხვირმიჭყლეტილი ვიჯექი ლუფტჰანზას თვითმფრინავში და სრული ნეტარებით ვუყურებდი წითელი კრამიტის თავებიან თეთრ, ოკრო-ბოკროდ ჩაწიკწიკებულ ქათქათა სახლებს, ატლანტიკის ოკეანის მიქცევა-მოქცევას და მსოფლიოს შვიდ საოცრებაში მოხვედრილ იესო ქრისტეს უშველებელ ქანდაკებას.

ხომ ხედავთ, სვეტი, სვეტიო და სპეც-პროექტისა არ იყოს, აქაც პორტუგალია ავირჩიე თემად, რადგან ჩვენში დარჩეს და, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სვეტს ჩემი რედაქტორიც წაიკითხავს და იქნებ მეც მეშველოს რამე, ოთახში დამიბაროს და მითხრას - მიდი სალომე, შენს ვასკო და გამაზე დაწერეო. ჰო, ისე, ვასკო და გამასი არ იყოს, პორტუგალიის მერე ინდოეთის დასალაშქრად მივდივარ, ნიუ დელის კინოფესტივალზე. ასე რომ, მიფრთხილდით, მთავარია ემანდაც არ გავჭედო, თორეეემ...

სანამ დაიწყება „იყო და არა იყო რა,“ მინდა ფრაგმენტულად მაინც გავიხსენო მიზეზი, რის გამოც სინამდვილეში ყველაფერი დაიწყო, რასაც ჩვენს წიგნში ამოიკითხავთ და ჯერაც არ დამთავრებულა.

უფრო სწორედ, არსებობდა არა ერთი, არამედ უამრავი მიზეზი იმისათვის, რომ ადამიანებს უარი ეთქვათ საბჭოურ გარემოში ცხოვრებაზე და ეოცნებათ და ებრძოლათ თავისუფლების დასაბრუნებლად.

როგორც ჩანს, თავისუფლებადაკარგული ადამიანები, ისეთ თვისებებსაც კარგავენ ხოლმე, შემდეგი თაობებისთვის დაუჯერებელი თუ არა, ღიმილისმომგვრელი მაინც რომ ხდება.

ალბათ, ამიტომაც ახალი თაობის ქართველებს განსაკუთრებით უჭირთ იმის დაჯერება, რაც ბასა ჯანიკაშვილის წიგნში ხდება, რომელსაც ძალიან პროზაული სახელი ჰქვია - „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი.“

მართალია, სათაური (ალბათ, სიზუსტის გამო) პროზაული აქვს, მაგრამ ამ წიგნში ისე პოეტურად და მსუბუქად არის აღწერილი საბჭოური ყოფის აბსურდი, რომ ის, ვისაც საბჭოთა კავშირში თვითონ არ უცხოვრია, შეიძლება არც კი გაბრაზდეს.

ჩვენ კი პირიქით - ჩვენს მკითხველს ნამდვილად ვერ დავპირდებით, რომ ყოველთვის გაეღიმება ჩვენი წიგნის კითხვისას, რადგან ჩვენს უახლეს ისტორიაში საკმაოდ ბევრი მწარე შეცდომა და გაკვეთილია.

თუმცა, დავით გურამიშვილის რჩევას, ამ შემთხვევაში ვერ გავითვალისწინებთ (ჯერ მწარე და კვლავ ტკბილის თვალსაზრისით) და მაინც ხუმრობით დავიწყებთ, მითუმეტეს რომ ბასა ჯანიკაშვილმა რამდენიმე ხუმრობა უბრალოდ გამოტოვა და თანაც ყოველ ხუმრობაში მოგეხსენებათ რომ სიმართლის მარცვალია და თანაც, ზოგჯერ

ძალიან დიდი.

მოკლედ,

იყო და არა იყო რა...

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

წრეში დატრიალებული სველი აგრესია

ბავშვთა ეროვნული გალერეა. 12 ივლისი. 19:00

„სველი წრე“ - ასე ლაკონურად და დამაინტრიგებლად ჟღერდა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულების პერფორმანსის სახელწოდება, რომელიც ბავშვთა ეროვნულ გალერეაში წარმოადგინეს. დარბაზის ინტერიერის შუაგულში წრეზე დამსხდარმა ექვსმა ახალგაზრდამ (ელენე ნავერიანი, გაგო, გიორგი მარი, მელანო, მარი წიკლაური, ვაჟიკო მარი) ერთმანეთს პირდაპირ სახეში („ფურთხის უკანასკნელ წვეთამდე“) აფურთხეს და ოდნავ შემცბარ პუბლიკას ნათლად მიანიშნეს, რომ მათი ნამუშევარი ჩვენს რეალობაში არსებულ აგრესიას პირდაპირ ასახავს და გადმოსცემს, რომ აგრესია მხოლოდ ცემა-ტყეპა არ არის, არამედ გარკვეული ძალაა, რომელსაც რაღაც მიზნამდეც მიჰყავხარ.

სტუდენტების მიერ დადგმული პერფორმანსი იმითაც იყო უჩვეულო, რომ არც დაგეგმილი დასაწყისი ჰქონია და არც ლოგიკური დასასრული. არც რაიმე სახის დიდაქტიკურ დატვირთვას ატარებდა და მით უმეტეს არც არაფერს ქადაგებდა. ამიტომაც გამოვიდა პერფორმანსის ფორმა ბუნებრივი და ნატურალური. მათ დაგროვილი ენერგია მხოლოდ „მოწესრიგებული აგრესიის“ სახით გამოხატეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი „სველი წრის“ ავტორებისთვის ხალხის რეაქცია იყო, რომელთაც პერფორმანსი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით აღიქვეს. როცა წარმოდგენის ბოლოს დამსწრე საზოგადოება მსჯელობს, ეს ნიშნავს, რომ იდეის ავტორების გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ავტორი: მაია ცეცაძე

ბუცეფალის დაბრუნება.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

„ბუცეფალი“ ასე დაარქვა ოლეგ ტიმჩენკომ თავის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 5 ივნისს შარდენის ქუჩაზე გალერეა „ბაიაში“ გაიხსნა. ასე დააბრუნა მხატვარმა ჩვენს წარმოდგენაში ლეგენდარული იმპერატორის ალექსანდრე მაკედონელის განუყრელი თანამგზავრი, მისი ყველა ტრიუმფალური გამარჯვების და დაცემის მომსწრე და მონაწილე მფრინავი ცხენი. მხატვარმა ზუსტად მონახა ფატალური მსგავსება წარსულის მრისხანე აჩრდილსა და ბავშვობაში მიტოვებულ სათამაშოებს შორის, რომლებიც ისე თავისთავად და შეუმჩნევლად მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან, რომ ვერც კი ვასწრებთ მათთან დამშვიდობებას. ისე, ხანდახან რომელიმე მხატვარი ან მუსიკოსი, ან პოეტი თუ მოახერხებს გაგვახსენოს ჩვენი ცხოვრების ის მომენტები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს ვერ უძლებენ და სადღაც შორს, ბავშვობაში რჩებიან.... წითელი და თეთრი აქცენტები კიდევ უფრო მძაფრ ჟღერადობას აძლევს მუშტაიდის ბაღიდან გალერეის კედლებზე გადმოსულ მოგონებებს და ერთობლიობაში იქმნება საოცარი თეატრალური წარმოდგენა, როდესაც საგამოფენო სივრცეში შემოსული ყველა ადამიანი მხატვრის ქმედების თანამონაწილე ხდება. ასეთი იყო 5 ივნისს შარდენის ქუჩა, სავსე სიხარულით, გახსნილი ღიმილით, მეგობრების სითბოთი და კიდევ რაღაცით, რაც ასე აუხსნელი და სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა ადამიანისათვის.

ავტორი: მედიკო წულაია

პირველი ქართველი ფოტოგრაფის მემკვიდრეობა

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

პირველი ქართველი ფოტოგრაფის - ალექსანდრე როინაშვილის სიძველისგან გაყვითლებულ ფოტოექსპოზიციას, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლის“ საგამოფენო დარბაზი მასპინძლობდა. მისი ნეგატივები და ფოტოსურათები, რომლებიც დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაშია გაერთიანებული, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში მოიძიეს. პროექტის ავტორმა, ლიკა მამაცაშვილმა კი როინაშვილის შემოქმედების ამსახველ მასალებს, მის მეორე წიგნში მოუყარა თავი და ფოტოგრაფის პორტრეტები თემატური სახელწოდებით დაყო: „არისტოკრატია“ და „სხვადასხვა“. წიგნში ასევე შესულია მე-19 საუკუნის პრესა როინაშვილის შეასახებ და ფოტოგრაფის პირადი არქივი. ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგამოფენა და მეორე წიგნის პრეზენტაცია ერთდროულად მოეწყო. ექსპოზიცია მე-19 საუკუნის თბილისისა და მისი შემოგარენის საერთო ხედებს, ძველ ციხე-სიმაგრეებს, სტიქიის ამსახველ კადრებს და ოჯახურ პორტრეტებს მოიცავდა.

იმ დროს თბილისის ცენტრში 3 ფოტოსალონის მქონე შემოქმედის ფოტოობიექტივმა ძველი ქართული იერსახე შემოგვინახა, თუმცა, დღეს მისი, ერმაკოვისა და კიდევ რამდენიმე ფოტოგრაფის მემკვიდრეობა ერთმანეთშია არეული და ავტორების დადგენას საჭიროებს.

ავტორი: მაია ცეცაძე

ნანა გერასიმოვას ქართული ჩვენება

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

5 ივლისის ცხელ საღამოს რკინის რიგის ქუჩაზე გადაადგილებაც კი ჭირდა. საგანგებოდ მოწვეულმა სტუმრებმა „არტ-გალერი ლაინის“ გახსნისა და ნანა გერასიმოვას პროექტ „ქართულის“ პრეზენტაციაზე მოიყარეს თავი. მხატვარ-დიზაინერის ბოლო პროექტი გალერეის სივრცეში პერსონალურ გამოფენას და ღია ცის ქვეშ კოლექცია „ქართულის“ ჩვენებას ითვალისწინებდა.

პროექტი ნამდვილად ქართულ სულს რომ წარმოაჩენდა, ამაში სტუმრები ჩვენების მოლოდინშივე დარწმუნდნენ, რადგან საღამო დათქმულ დროს 1 საათით გვიან დაიწყო. თუმცა, მოლოდინმა გაამართლა და სტუმრებმაც ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი ჩვენება იხილეს: ჯინსებთან შეხამებული ფერადი მაისურები, ორიგინალური ორნამენტებით გაფორმებული აქსესუარები: ჩანთები, ქუდები, შარფები... თავისუფალი სტილის სამოსში გამოწყობილი მოდელები კი ნიაზ დიასამიძის რაჩიტატივს ფეხს ენერგიულად უწყობდნენ. „არტ-გალერი ლაინის“ ინტერიერი ნანა გერასიმოვას „ქართულ“ ფერწერასაც მასპინძლობდა, სადაც ავტორმა ძირითადათ ძველი თბილისის პეიზაჟები გამოფინა.

განსაკუთრებული მოწონება კი, ჩვენებაზე, დიზაინერის მკვეთრი ფაქტურისგან შექმნილმა და სხვადასხვა ფორმის მაისურებმა დაიმსახურა, რომლეთა ქართულთან სიახლოვეს ყველა მიხვდება, ვისაც ქართულად კითხვა შეუძლია. ჩაიცვამთ და გულზე გარკვევით გეწერებათ - „ქართული“.

თუკი ჩვენებაზე შეკრებილ საზოგადოებას ნანა გერასიმოვას კოლექცია ქართულთან ერთად მოდურიც მოეჩვენა, მისი საკიდი „არტ-გალერი ლაინში“ ხშირად შესავსებიც გახდება.

ავტორი: მაია ცეცაძე

კონტრაპუნქტი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

„ეს ყველაფერი დღევანდელი საქართველოს ცხოვრებას ასახავს, თანაც, ამ გამომსახველობითი საშუალებების შერწყმით ხერხდება სინამდვილის ახლებური ასახვა, რომელიც მაქსიმალურად აახლოვებს მსმენელს, მკითხველსა და მაყურებელს ობიექტურ რეალობასთანო“- შეგვპირდა რადიო „თავისუფლება“ და 27 ივნისს „ქარვასლაში“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და თბილისის ისტორიის მუზეუმთან ერთად უჩვეულო გამოფენზე მიგვიწვია. გამოფენას „კონტრაპუნქტი“ ერქვა და ეს სახელი მშვენივრად ხსნიდა მის არსსაც და მიზანსაც. ჩვენში მიმდინარე და ახლო წარსულში მომხდარი პროცესები ფოტოს, ტექსტის და აუდიომასალის საშულებით უნდა გაცოცხლებულიყო. გამოფენაზე 14 ქართველი ფოტოგრაფის დოკუმენტური ფოტოები იყო წარმოდგენილი, ვნახეთ უკვე კარგად ცნობილი კადრებიც და რამდენიმე ახალი ფოტოც. დარბაზში ისმოდა რადიო „თავისუფლების“ გადაცემების აუდიოჩანაწერები. კედლებზე კი, თითოეული ფოტოს ქვემოთ იმავე რადიოში გადაცემული ტექსტების წაკითხვაც შეიძლებოდა. ტექსტები, პირდაპირ თუ არა, ასოციაციურად მაინც უკავშირდებოდა ფოტოს. მგონი, ეს გამოფენა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმით იყო, რომ დაგვანახა - ქართულ მედიას, გარდა იმ არაეთიკური კაკაფონისაა, რასაც ჩვეულებრივ, ტელევიზია გვთავაზობს ხოლმე, თურმე, შეუძლია, ასეთიც იყოს - კულტურული, კორექტული, ესთეტიკურიც და ამასთანავე - უკომპრომისოც. წარმოდგენილი მასალა ნამდვილად იძლეოდა ამ ფიქრის საბაბს.

„კონტრაპუნქტი“ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც რადიო „თავისუფლება“ მომავალში ისევ გააგრძელებს.

ავტორი: მარი ანთაძე

Pen-მარათონი - 2007

0x01 graphic

0x01 graphic

იდეა, რომელიც გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელს, თამარ ლებანიძეს ხუთი წლის წინათ გაუჩნდა, ძალიანაც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და წლევანდელი, მეხუთე Pen-მარათონი მართლაც შესაფერის ადგილას - წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა 28-29 ივნისს. კონკურსის მონაწილეებს ფესტივალის ორგანიზატორებმა, არც მეტი, არც ნაკლები, ზღაპრის დაწერა დაავალეს. ისინიც შეუდგნენ საქმეს, იოლი ხომ არ არის 30 საათში, თუნდაც, მცირე ზომის სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა. ჟიურის მიერ მკაცრად შერჩეულმა კონკურსანტებმა, თავი არ შეირცხვინეს და 13 ივლისს გამომცემლობა „დიოგენემ“ და კონკურსის სპონსორებმა (ზაზა დარასელის ფონდი, „თელიანი ველი“, საქართველოს ბანკი“ და CHF საქართველოს წარმომადგენლობა) რესტორან Two Side-ში დაჯილდოვების ცერემონია და Pen-მარათონის კრებულის პრეზენტაცია გამართეს. პირველი პრიზი და „ვერცხლის დიოგენე“ ბაჩო კვირტიას გადაეცა ზღაპრისათვის - „თეთრი ალები“, მეორე პრემია - ჯანო ჯიქიძეს ზღაპრისათვის - „იშმანდაგური“, მესამე პრემია და ზაზა დარასელის ფონდის სპეციალური პრიზი, პერსონალური კომპიუტერი, ნინო გუგეშაშვილს, ზღაპრისათვის „ანაგრამა“. ტელეკომპანია რუსთავი2-მა თეა თოფურია დააჯილდოვა სპეციალური პრიზით, „დინამიკური სახეებისთვის“.

ავტორი: მარი ანთაძე

4 მოდის ახალი ფოტოგრაფი!

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

ამა წლის 2 ოქტომბერს, 18 საათზე, თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (ქარვასლაში) იხსნება გამოფენა, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს: ბაუჰაუზის ფოტოგრაფია. გამოფენის საქართველოში ჩამოსვლას თბილისის გოეთეს ინსტიტუტს ვუმადლით. შესანიშნავი გამოფენაა - 28 თებერვლამდე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიბრძანდეთ და ამაში თავად დარწმუნდებით.

სახელგანთქმული და პრაქტიკულად უცნობი სახელები, ფოტოსურათები, რომლებიც ნებისმიერ თავმოყვარე ფოტოგრაფს უნახავს და ის პატარა შედევრები, რომლებიც მხოლოდ კერძო კოლექციების დახმარებით შემოგვრჩა: ბაუჰაუზის ფოტოგრაფია უსაზღვროდ მდიდარია და საუკეთესოდ გადმოგვცემს თავისი დროის - დიდი იმედების და დიდი იმედგაცრუების ხანის სულს.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

. . .

1919 წელს ვალტერ გროპიუსმა, არქიტექტორმა, ვაიმარის ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი და გამოყენებითი ხელოვნების სკოლა გააერთიანა და ბაუჰაუზი დააარსა. მასწავლებლებად გროპიუსი თანამოაზრეებს იწვევდა, მათ, ვინც სავსებით იზიარებდნენ მის „მანიფესტში“ ჩამოყალიბებულ იდეებს:

„ნებისმიერი შემოქმედების უზენაესი მიზანი მშენებლობაა! უწინ სახვითი ხელოვნება დიად არქიტექტურას იყო დაქვემდებარებული, და მისი ყველაზე კეთილშობილური ფუნქცია მხოლოდ არქიტექტურული ნაგებობების დეკორირებაში მდგომარეობდა. დღეს თვითკმაყოფილი სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა არ იმჩნევენ ერთმანეთს, და ამის გამოსწორება მხოლოდ ყველა ხელობის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება. არქიტექტორები, ფერმწერები და მოქანდაკეები უნდა დაუბრუნდნენ მშენებლობის კომპოზიტური ხასიათის გაგებას, როგორც პროცესისა მთლიანობაში, ისევე მის მრავალრიცხოვან ნაწილებში. და მაშინ მათი შრომა ჭეშმარიტი არქიტექტურული აზრით იქნება სავსე, რომელიც „სალონიურმა ხელოვნებამ“ დაკარგა. ძველ სკოლებს ასეთი ერთო ბის შექმნა არ შეეძლო. და მართლაც, როგორ შეძლებდნენ, თუკი ხელოვნების შესწავლა შეუძლებელია? სკოლა საწარმო სახელოსნოებს უნდა დაუბრუნდეს. დიზაინერისა და გამოყენებითი ხელოვანის სამყარო, რომელიც უწინ მხოლოდ გრაფიკისა და ფერწერისგან შედგებოდა, უნდა იქცეს სამყაროდ, რომელშიც ნამუშევრები ნამდვილად იქმნება. და ჩვენს დროში ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთი სუფთა ხელოვნებით ტკბებიან, ისევე, როგორც ძველ დროში, შეგირდებად რომ დაეწყოთ მუშაობა, ახლა აღარ გვეყოლებოდა უნაყოფო „მხატვრები“, რომლებიც ფუჭი სამხატვრო პრაქტიკით არიან დაკავებული, და მათი ცოდნა და ხელობა დიად პრაქტიკულ მიღწევებს მოხმარდებოდა. არქიტექტორები, მხატვრები - ყველანი ხელოსნობას უნდა დავუბრუნდეთ! იმიტომ, რომ „პროფესიული ხელოვნება“ - ასეთი რამ არ არსებობს. მხატვარსა და ხელოსანს შორის განსხვავება არ არსებობს. მხატვარი უბრალოდ უფრო განვითარებული ხელოსანია. ზეცას დიდება, შთაგონების იშვიათ წამებში ხელოვნება შეიძლება შეუცნობლად ნაყოფიერი გახდეს. მაგრამ ხელოსნობის საფუძველი ყოველი მხატვრისთვის აუცილებელია. სწორედ ისაა ჭეშმარიტი ხელოვნების წყარო. დროა შევქმნათ ხელოსათა ახალი გილდია, კლასობრივ განსხვავებებს მოკლებული, ნაცვლად იმისა, რომ ხელოვნებასა და ხელოსნობას შორის ახალი ბარიერი აღვმართოთ! მოდით, გავაერთიანოთ ჩვენი სურვილები და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მომავლის შენობას. ეს შენობა ერთობლივი ფორმით წარმოადგენს არქიტექტურას, ქანდაკებას და ფერწერას. და ერთ დღეს მილიონობით მუშის ხელით ის, როგორც მომავალი ახალი რწმენის კრისტალური სიმბოლო, ზეცამდე აღიმართება.“

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ვიზუალური მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ ნათია მიქელაძე-ბახსოლიანსა და ქალბატონ თამთა გოჩიტაშვილს.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

5 ვის ეშინია „სველი წრის“?

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

დასავლეთს რადიკალური კინოთი, დიდი ხანია, ვეღარ გააკვირვებ. რამდენი სისხლიც არ უნდა უჩვენო ეკრანზე და რაოდენ ნატურალისტურადაც არ უნდა გაატარო ადამიანის სხეული ხორცსაკეპ მანქანაში, აღშფოთებით აღარავინ აღშფოთდება. უფრო სიცილით გასკდებიან. როგორც, მაგალითად, ქუენთინ ტარანტინოს ახალ ფილმზე.

ასეთი სიტუაცია იყო 1985 წელსაც, როცა ფრანგმა რეჟისორმა ქალმა, ანიეს ვარდამ ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ მოიპოვა ფილმისთვის „სახურავისა და კანონის გარეშე“. თუმცა სურათის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფრანგულ საზოგადოებას ცოტა არ იყოს აღელვება დაეტყო. ფილმის გმირი, ახალგაზრდა ქალი, სახელად მონა, უსახლკარო მათხოვარია, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში ხეტიალობს, კარდაკარ დადის. არაფერი აქვს ძველი საძილე ტომრის გარდა. ერთხელაც, პოლიცია მონას გაყინულ ცხედარს გადაეყრება. გამოკითხავენ იმ ხალხს, ვისაც გოგონა ერთხელ მაინც უნახავს და დაასკვნიან: „მიცვალებულის ვინაობა ვერ დაზუსტდა. გაირკვა, მხოლოდ, რომ მას „მონა“ ერქვა. ასოციალური ახალგაზრდა იყო“... მოწმეები ანიეს ვარდას გმირს ერთი და იგივე სიტყვებით ახასიათებენ „ჭუჭყიანი, დაუბანელი, უხეში...“. ერთი ძალიან სანდომიანი ქალბატონი, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ეკოლოგიის პრობლემებს იკვლევს, მონას ასე იგონებს: „მანქანაში როცა ჩამიჯდა, გამოველაპარაკე, დახმარება შევთავაზე, მაგრამ ისეთი მძაფრი სუნი ჰქონდა, ისე ყარდა, რომ გული წამივიდა!“

ვენეციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ანიეს ვარდამ განაცხადა: „ფილმის გადაღების დროს ვცხოვრობდით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც დაბანის საშუალება არ ჰქონდათ, რომელთაც საერთოდ არ იცოდნენ, რა არის ცხელი წყალი. პირველად საშინლად გაგვიჭირდა, მაგრამ მალე შევეჩვიეთ და მივხვდით, რომ „სუნი“ - კონკრეტული კულტურის მოგონილი ცნებაა, აკვიატებული გრძნობაა, რომელიც ოდესღაც მოიგონეს ადამიანებმა... „ცუდი სუნი“ ხომ არაერთი შავბნელი იდეოლოგიის წინაპირობა გამხდარა“.

ბუნებრივია, ანიეს ვარდას თითქმის ვერავინ გაუგო. ისევე როგორც ვერავინ გაუგო მის გმირს - მონას... არა იმდენად ადამიანების, რამდენადაც კულტურის მიერ დევნილ გოგონას... „სახურავისა და კანონის გარეშე“ მცხოვრებ მარგინალურ არსებას, რომელმაც ვერაფერი დატოვა დედამიწაზე, „მყრალი სუნის“ გარდა.

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა სადიპლომო პერფორმენსმა „სველი წრე“ რატომღაც ანიეს ვარდას ფილმი გამახსენა. უფრო სწორად, არა იმდენად პერფორმანსმა, რამდენადაც იმან, თუ როგორ აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ ეს უმტკივნეულო „ანცობა“.

„ანცობად“ პერფომერფანსი თავად გარემოებამ გადააქცია. თავდაპირველად აქცია ეროვნულ გალერეაში უნდა გამართულიყო. მაგრამ მოგვიანებით, აკადემიის სტუდენტები იძულებულნი გახდნენ შეეცვალათ აქციის ადგილი. მათი პერფორმენსისთვის ბავშვთა სურათების გალერეა გამოიყო.

ექვსმა მხატვარმა - მთლიანად თეთრებში (თანაც ხაზგასმით გაკრიალებულ, სუფთა და აკურატულად შეკრულ „თეთრებში“) გამოწყობილმა გოგონებმა და ბიჭებმა, წრე შეკრეს და მაყურებლის თანდასწრებით, ფურთხება დაიწყეს. ტუმბოებზე ისხდნენ და ერთმანეთს აფურთხებდნენ - თანაც რიტმის მკაცრი დაცვით და საათის ისრის მიმართულებით - ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე... ცხადია, ასეთი „სველი წრე“ გაცილებით უფრო ეფექტური, უფრო პროვოკაციული იქნებოდა ეროვნულ გალერეაში... გამოვიდოდა, რომ ახალგაზრდები იმის ფონზე იფურთხებოდნენ, რასაც ჩვენში „კულტურას“ უწოდებენ - მაღალ კულტურას, რომელსაც შეუძლია იხსნას სამყარო, მაგრამ, ამავე დროს, თაობები „დააჩმოროს“, დათრგუნოს ახალგაზრდები. ისინი მიაფურთხებდნენ „კულტურას“, რომელიც თუკი ვერ განვითარდა, ათასნაირ სტერეოტიპს შექმნის და შესაძლებელია, „მკვლელის“ როლშიც კი მოგვევლინოს... რომ არა „მყრალი სუნი“ , მონას ხომ აუცილებლად შეიფარებდა ის ინტელექტუალი ფრანგი ქალბატონი. მაშინ ხომ აღარ გაიყინებოდა ეს უმწეო არსება? მაგრამ კულტურას სად სცალია უმწეო არსებებისთვის?

ბავშვთა ნახატების გალერიის ცარიელ და ცხელ დარბაზში პერფორმენსი უკვე სხვაგვარად აღიქმებოდა - აკადემიის კურსდამთავრებულები ჰგავდნენ ბავშვებს, რომელთაც აღარაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ აფურთხონ ერთმანეთს.

„დეტექტივი იქნებაო“ გვარწმუნებდა, „პერფორმანსისტების“ პედაგოგი. ჰოდა, ჩვენც დეტექტივს ველოდით. გვეგონა, რომ ეს მონოტონური ფურთხება ბოლოს რაღაცით დასრულდებოდა - თუნდაც კოცნაში გადაიზრდებოდა... ხალხმა გაიცინა, სურათები გადაიღო და დაიშალა. აზრი გამოიკვეთა - ჩვენ განუწყვეტლივ გვაფურთხებენ... და ეს რიტუალი უსასრულოდ გრძელდება. ჩვენ გვაფურთხებენ, ამიტომ, ჩვენც ვისწავლეთ ფურთხება - ზიზღით ცხოვრება... ისე, როგორც წარმოადგინეს „სველი წრე“ აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა - როცა გაფურთხებენ, იმას კი არ პასუხობ, ვინც მოგაფურთხა, არამედ შენს გვერდზე მჯდომს უხდი სამაგიეროს... და, კიდევ - ყველაზე მთავარი; როცა ამას მხატვარი აკეთებს, ის უნებურად აღიარებს კიდეც, რომ თანამედროვე კულტურა თავად ემსგავსება „კოლექტიური ფურთხების“ ამ ტრაგიკომიკურ რიტუალს.

პერფორმენსზე მობრძანებული პუბლიკა უაღრესად ცივილურად მოიქცა. კაცი იფიქრებდა, რომ ჩვენ უკვე არა მარტო „უძველესი ევროპელები“, არამედ ევროკავშირის უძველესი წევრები ვართ, თითქოს ჩვენც დავემსგავსეთ დასავლელ მაყურებელს, რომელსაც დღეს ვეღარაფრით გააკვირვებ. მაყურებელს შორის ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იყვირებდა - „შეწყვიტეთ ეს საზიზღრობა!“, ანდა, თავად შეაფურთხებდა ახალგაზრდა მხატვრებს. აქციის დასრულების შემდეგ, იფიქრებდით, რომ ექვსმა ახალგაზრდამ მიზანს ვერ მიაღწია, პერფორმენსი წარუმატებლად დასრულდა... „პერფორმენსი“ ხომ პუბლიკის კოლექტიური არაცნობიერის აქტივიზაციას ემსახურება. აქ კი, რა მოხდა? გადაიღეს სურათები, ფირზე აღბეჭდეს ფურთხით დაფარული სახეები და წავიდნენ.

გადაღებული მასალა საღამოს ვიხილეთ, საინფორმაციო გამოშვებებში. უფრო მეტიც, „იმედმა“ ახალგაზრდობის ანცობას მეორე (!) სიუჟეტი მიუძღვნა „დროებაში“. ჯერ გურამ შარაძის მკვლელობა გაგვახსენეს, შარაძის ქალიშვილმა გვითხრა, რომ ეს „საწყალი, უბედური, ზრდილობიანი“ არსება მკვლელი ვერ იქნებოდა, მერე კი „სველი წრის“ შესახებ გვიამბეს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინემატოგრაფიული ხერხის, „ინტელექტუალური მონტაჟის“ თანახმად, აქ ორი მოვლენა ისე დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ მაყურებელი უნდა მიმხვდარიყო - ბატონი გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ არა მარტო „თურქებს“ ჩამოასახლებენ და ლევილის მამულებს გაყიდიან, არამედ აი, ასეთ ხალხს გაეხსნება გზა!

ამის მერე ვიხილეთ ფურთხით მოცული ბიჭებისა და გოგონების სახეები. ამის მერე ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდებმა მადლობა უნდა გადაუხადონ ჩვენს ტელევიზიებს. იქ, საბავშვო გალერეაში, პერფორმენსი თეატრს გავდა - შორიდან არ ჩანდა „მიფურთხებული სახეები“. ტელევიზიამ კი პერფორმენსი - კინოდ აქცია. გვიჩვენა ახალგაზრდა მხატვრების ახლო ხედები, რომლებმაც დაახლოებით ისე იმოქმედა ქართულ საზოგადოებაზე, როგორც დასავლელ მაყურებელზე 1928 წელს გადაღებულმა ლუის ბუნუელის ფილმმა „ანდალუზელი ნაგაზი“... პუბლიკა თვალს ხუჭავდა იმ კადრზე, რომელშიც სამართებელი ადამიანის თვალს ჭრის.

ახალგაზრდა მხატვრებმა მადლობა უნდა გადაუხადონ ჩვენს ტელევიზიებს იმიტომაც, რომ არც ერთმა, საზოგადოებრივი არხის გარდა, არ ახსნა პერფორმენსის მნიშვნელობა, არ უამბო იმ აქციებზე, რომელიც განუწყვეტლივ ტარდება დასავლეთში (მათ შორის ბევრად უფრო აგრესიულზე, ვიდრე „ფურთხებაა“)... არ უთხრა მაყურებელს, რომ დიპლომების დაცვა დასავლეთის სამხატვრო სასწავლებლებში დიდი ხანია აღარ ხდება მოლბერტზე დადებული სურათებისა და რეცენზენტების თანხლებით... ამ ექვს ახალგაზრდას კი აკადემიაში სწავლის დროს უკვე იმდენი აქვს გაკეთებული (დახატული), რომ შეუძლია ასეთი პერფორმენსით დაასრულოს სწავლა... ასეთი ინფორმაცია რომ მოეწოდებინათ მაყურებლისთვის, შესაძლებელია, პუბლიკას აგრესია აღარ გამოეხატა, აღარ ეძახა „ფუ, ფუ...“. მაშინ, რაღა აზრი ექნებოდა პერფორმენსს?

მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ქართული საზოგადოების ასეთ აგრესიას ეს ახალგაზრდებიც არ ელოდნენ. რომელი მათგანი იფიქრებდა, რომ ეს „სამარცხვინო ფაქტი“ მათ მშობლებს, განათლების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გია ბუღაძეს, ნაცმოძრაობას და თვით, მიხეილ სააკაშვილს დაბრალდებოდა? („რას გვიშვება ეს სააკაშვილი!“)... რომელი მათგანი იფიქრებდა, რომ თბილისის ინტერნეტ ფორუმზე აი, ასე გამოეხმაურებოდნენ „სველ წრეს“?

„ერთი რამე ვიცი მხოლოდ დანამდვილებით - არჩევნებამდე როგორმე დიდი სუნთქვა უნდა ავიღოთ და გავუძლოთ, მერე ყველანი გამოვცხადდეთ და ბოლომდე ვუპატრონოთ საკუთარ ხმებს - შეცდომის დაშვების არანაირი უფლება აღარ გვაქვს“ (ამ მოსაზრების ავტორს ავატარად ჟულიეტ ბინოშის სურათი აქვს ... რა ვქნა... მერე იტყვით, რას გადაეკიდა ამ ქალსო)!

„ფუ რა საშინელება იყო. რა ჩამოაბანინებდათ იმ საზიზღრობას“

„უხ, გარყვნილმა აზრმა გამიელვა თავში. მიფურთხების პონტში, ოღონდ არა ნერწყვის და არა პირით.“

ეს უკანასკნელი პოსტი განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩევა. ამ პოსტით ნათელი ხდება, რომ „სველი წრის“ ავტორებმა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების სარკე წარმოგვიდგინეს, არამედ დაგვანახეს, როგორ გვაფურთხებენ და როგორ ვიფურთხებით (ამ მხრივ, ქართველებს რატომღაც ლიფტები უყვართ. ლიფტებში მოსდით ნერწყვი). „სველი წრის“ პერფორმანსმა საზოგადოების არარეალიზებულ სექსუალურ ვნებებსა და ფანტაზიებზეც ითამაშა. „არა ნერწყვით, და არა პირით...“, ე.ი. ფალოსით? ე.ი. სპერმით? და თუკი მიფურთხებული სახე მაყურებელს პორნოგრაფიულ კინოში გავრცელებულ ცნობილ კადრს აგონებს, რა არის აქ საშიში და საზიზღარი? სექსი? სპერმა?

ამაზე კიდევ ერთი აკრძალული ფილმი გამახსენდა - ეიზენშტეინის „გენერალური ხაზი“. იქაა ასეთი სცენა - მწველავ ქალს, მარფა ლაპკინას, სახეზე რძის წვეთები ეშხეფება. თვალს ხუჭავს, მაგრამ სახე ბედნიერი აქვს. იმდენად ბედნიერი, რომ საბჭოთა ცენზურამ სასწრაფოდ ამოიღო ეს კადრი, როგორც „გაუგებარი სიმბოლო“, რომელმაც მაყურებელში შეიძლება „სექსუალური აქტის ასოციაცია შექმნას“.

0x01 graphic

მაგრამ, სპერმა ხომ სიცოცხლის სიმბოლოა, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო? რა არის, ასე გეშინიათ სიცოცხლის? ასე გეზიზღებათ?

ანდა, „სველმა წრემ“ როგორ შეგაშინათ ასე, როცა ყოველ წუთას დედას იფიცებით?

თუმცა, რატომ იფიცებით? დღეს უფრო „ჩემი დედა!...“ ასე იგინებით!

იგინებით და იფურთხებით. თუმცა, ავატარად ხანდახან „უმწიკვლო“ ქალის, ჟულიეტ ბინოშის სურათს იყენებთ.

6 А где Люда? ანუ „დაისის“ კაბის დაისი

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ვუძღვნი გოგონებს და ქალებს, რომლებიც მდინარეში კაბებით ბანაობენ

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი

0x01 graphic

ქართულ ლუდს რომ „ალუდა“ დაარქვეს, არავის გაკვირვებია. მაგრამ, როგორც ჩანს, სახელწოდებამ მყიდველთ სიუხვე ვერ განაპირობა და ამიტომ საქმეში რეკლამა ჩართეს. იგი ჩემთვის პორნოგრაფიის პროპაგანდა უფრო იყო, ვიდრე - ამ სასმელის პრეზენტაცია. თუმცა, სწორედ მისი ამგვარი ბუნება გახდა პოპულარობის მიზეზი. წარმოიდგინეთ: დედის და ბედის ნებიერა, რუსულენოვანი კაცი აბანოში მიდის.

რა საკვირველია, - იხდის და ხორციელ სიამეებს ეძლევა. გარანტირებული წყლის და ორთქლის აბაზანის, ქაფმოდებული ლუდის მიღების შემდეგ, გაკვირვებული ამბობს: А где Люда? ქალი კადრში არ ჩანს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ არც კაბა აცვია და არც საცურაო კოსტიუმი, რადგან ჩაცმული ქალი ლუდთან, აბანოსთან და „ქაფთან“ არ ასოცირდება, არ აღაგზნებს.

ბოლოს ნებიერა, ადარებს რა ლუდით და ქალით მიღებულ სიამოვნებებს, დაასკვნის: Алуда лучше, чем Люда-ო. ეტყობა, ქალმა ჩრდილოელი სტუმრის პატივსაცემად „დაისის“ კაბა ჩაიცვა და მორჩილების ნიშნად ბავშვური/შვილობილის სახეც მიიღო. მაგრამ რადგან мужик-ი არც ნეკროფილი იყო და არც - პედოფილი, „ქაფი“ კი გამოუშვა, მაგრამ ლუდის სმა უფრო სასიამოვნოდ ჩათვალა და ეს გულწრფელად აღიარა.

მე ამ мужик-ს და Люда-ს საერთოდ მოვაშთობდი აქედან როგორც გენდერული, ისე - პოლიტიკური მოსაზრებების გამო. კლიპს კი ასეთ შინაარსს მივცემდი:

ხევსური ალუდა ლუდს ხარშავს, მაგრამ თვალი იქვე მოფუსფუსე, ხინკლის მოხვევით გართული მზექალასკენ გაურბის. აღარ იცის - როგორ გამოელაპარაკოს და უცებ:

მზექალა - ვაჟაუ, შენთან დაწოლა
ნეტავი დამდვა ვალადა!

გალაღდა ვაჟი და უკვე თამამად გაესიტყვა ქალს:
ალუდა - დავწვეთ, ლუდი ვსვათ, სხვაიცა გამოვა თავისთავადა!

მაგრამ ამ სცენარით „აბანოიდები“ (ეს ცნება აღებულია forum. ge-დან, რომელმაც თანამედროვე საქართველოში აბანოს პოპულარობაში დაეჭვების ნიშანწყალიც კი არ დამიტოვა) დაგვეჩაგრებიან და მართლა ქართული ლუდის რეკლამა გამოგვივა და არა - გარყვნილების. ასეთი რეკლამის შემდეგ „პოსეიდონის“ სტუმრები ლუდს აღარ მიეძალებოდნენ და ეს, ბორდელად ქცეული აბანო ვერ იმუშავებდა.

„ალუდას“ მხარი მალე სხვა, სახინკლეებისა და განცხრომის ობიექტების არანაკლებ ბილწმა მოწოდებებმა დაუმშვენა და ქართული ტელევიზიებიც საკმაოდ უცნაურად იტკბარუნებდნენ პირს ვნების აღმძვრელი დაწესებულებების ჩვენებით. არც მართლმადიდებელ მშობლებს და სტუდენტებს, არც ქართულ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილებს ამოუღიათ ხმა. მაგრამ მათ ხომ მხოლოდ იმაზე აქვთ რეაქცია, როცა ვინმე მისი ნებით და სახალხოდ იხდის და ვინც ამბობს, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი არჩევანია და ჩემი პასუხისმგებლობაა ანუ როცა პიროვნება თვითონ ადგენს თავის მორალს და სხვები მის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევიან. თორემ Люда-მ ისე გაიხადა და „ვალიც ისე მოიხადა“, რომ არავის დაუნახია.

ეტყობა, მან „ქართული სექსუალობის“ დაუფლების სპეციალური ტრეინინგი გაიარა. ხომ გახსოვთ, ეს ახალი ფენომენი, სულ ცოტა ხნის წინ, მუსიკალური არხის სახემ რომ შემოგვთავაზა: „ქართული სექსუალობა უფრო „დაისის“ კაბაში აღიქმება (მაინტერესებს ამ გოგოს ვკითხო: თუ „დაისით“ ასე მოხიბლულია, მაშინ რატომ არ უშვებს მის ეთერში არიებს ან ცეკვებს ამ ოპერიდან? - ლ.გ.), როცა ყველაფერი დაფარულია და მამაკაცს ფანტაზიის უნარი აქვს. ეს კაბა არის ქართული, ტრადიციული სამოსი, სადაც მამაკაცს ეძლევა საშუალება ფანტაზია გაიღვივოს (ახლა კი ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს კაბა ეცვა Люда-ს! ლ.გ), წარმოიდგინოს, როგორია ეს ქალის ტანი შიგნით და არა ის, რომ ყველაფერი გახდილი გვქონდეს და ფანტაზიის უნარი საერთოდ არ დავუტოვოთ მამაკაცს.

„მე მირჩევნია მდარე ხარისხის ჟურნალში ვიყო ძალიან ბავშვური სახით, ვიდრე „პლეიბოი“-ში ვულგარული სახით“.

ამ გამოსვლამ საგონებელში ჩამაგდო. ძლივს მოვუყარე თავი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა მინდა ვცადო: რატომ უნდა ჰქონდეს ზრდასრულ ადამიანს ბავშვური სახე? რატომ უნდა ჰქონდეს ამავე ადამიანს სხვადასხვა სახე ორ, თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟურნალში?

უცნაური იყო გაავებული წინააღმდეგობა და აჟიოტაჟი „პლეიბოის“ ფოტოსესიის მონაწილე გოგონების წინააღმდეგ, რომელთაც თქვეს, რომ ეს მათი პროფესიაა, მათი არჩევანია და არაფერი უზნეო და ვულგარული ამაში არ არის.

მაგრამ, საზოგადოებრივი მორალის გუშაგებს საოცრად არ სიამოვნებთ, როცა მათ ეუბნები, რომ შენი სხეული შენია და სხვისი არავისი.

ამ მორალისტებს მინდა გამოვეხმაურო და ვუთხრა ის, რაშიც დიდი ხანია დავრწმუნდი: როგორც ყველა ჩაცმულის ქცევა არ არის მისაბაძი, ისე ყველა შიშველზე ვერ ვიტყვით, რომ სამაგალითოა. მაგალითად, ჩაცმული პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია ვერ იქნება მისაბაძი, რადგან მას შეუძლია კომპეტენტურად ილაპარაკოს იმაზე, რაც თვალით არ უნახავს და ვერ დაუჯერებია, რომ ერთს სიშიშვლე სიამოვნებს და მოსწონს, მეორეს - შემოსილობა. შენც მიდი და აირჩიე და სხვებს ნუ ჩაქოლავ იმისათვის, რომ ჯერ ვერ გადაგიწყვეტია რომელი აირჩიო.

ეს ხომ არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი, როგორც ისტორიებში, რომლებიც მორალისტების საპასუხოდ უნებურად გამახსენდა და მინდა თქვენც გაგახსენოთ.

სემიონი იცმევს/ირჩევს დედის კაბას

8 წლის სემიონი ანდრეი პლატონოვის ერთი მოთხრობის გმირია. დედამისმა მეოთხე შვილი გააჩინა და გამთენიისას გარდაიცვალა. მამა საგონებელშია ჩავარდნილი: ტირის, თავში ხელებს იცემს, პატარებს ემალება. სემიონი კი - სასწრაფოდ იცვამს დედის კაბას და ამბობს:

„- მოდი, მე ვიქნები მათი დედა!

ახლა, კაბაში გამოწყობილი, ბავშვური ნაღვლიანი სახით, სემიონი ისევე ჰგავდა გოგოს, როგორც - ბიჭს. ცოტა დიდი რომ ყოფილიყო, - გოგოც გეგონებოდათ...

- ქუჩაში ბავშვები გოგოს დაგიძახებენ! - ეუბნება ზახარი. ახლა სულელი გოგო ხარ და არა - ბიჭი.

- დამიძახონ, მალე მობეზრდებათ. მე მაინც მივეჩვევი გოგოდ ყოფნას.... მამა, მოდი დედა დავბანოთ, გავაპატიოსნოთ, მერე რამდენიც გინდა იტირე, ტირილი მეც მინდა - ერთად ვიტიროთ!“

ხომ ხედავთ, როგორ უყურებს სემიონი გახდა-ჩაცმას და საზოგადოებრივ აზრს? მისთვის მთავარია, რომ და-ძმამ უდედობა არ შეამჩნიოს, არ იგრძნოს და ამით არ დაიჩაგრონ პატარები. როცა სასწორზე სიცოცხლე გიდევს, მაშინ რას მიქვია ტოლ-ამხანაგების ქილიკი? ჰოდა, სემიონიც სიცოცხლეს, დედის კაბას ირჩევს და ზუსტად იცის, რომ მართალია!

0x01 graphic

0x01 graphic

უკანასკნელი შაბაში

მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოში საშინელი სიღარიბეა. 1898 წელსაა დაწერილი ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „თინას ლეკური“.

ახალგაზრდობაში ცნობილი მოლეკურე თინას შვილიშვილები, სიცივისა და შიმშილისაგან შეწუხებულები, მგლებივით ყმუიან. ორი კომლის მოშორებით კი - ბატონის დღეობაა, რამაც მოხუცს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა გულში.

„თინამ პირი დაიბანა, თავზე სუფთა, ათასის საკერებლით დაკონკილი თეთრი ჯალაშის ლეჩაქი მოიხვია, ფეხებზე სუფთა ღაზლის წინდები ჩაიცვა, ფოსტლების ნაგლეჯში ფეხი წაჰყო და დუდუკის ხმისკენ გაეშურა.

...დარბაზის გაღებულ კარებში შევიდა, მოცეკვავე ყმაწვილთან მიიჭრა და გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს, დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო. სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა: გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი?.. თავმომწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ, ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე დააწყო და მომღიმარი თვალები, ვითომ არშიყობით დამჭკნარ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდე მიაღწია...

...დედაბერი უცებ შესდგა, თვალები გადაატრიალა. ერთი მძლავრად ამოიფშვინა და იატაკზე დაეცა...

უეცრად ობლებიც გამოჩნდნენ, დამტირებლები. არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ხმა არ არღვევდა იმ საშინელ სურათს...

- მოწყალება ობლებს! - წამოაყრანტალა ვიღაცამ.

გულგალმობიერებულმა საზოგადოებამ ხელი იკრა ჯიბეს და უხვად გასცა მოწყალება.

თინას ლოცვა ასრულდა. იმან სამუდამოდ განისვენა და მისმა უკანასკნელმა „შაბაშმა“ მის ობლებს ლუკმა გაუჩინა.

ეს, საუკუნისწინანდელი ამბავიც ხომ მიგვახვედრებს, რომ თინაც სიცოცხლის გადასარჩენად გამოეწყო და უკანასკნელად იცეკვა „ლეკური“.

მარო, სხვები და მაროს არჩევანი

ზაქარია ფალიაშვილის ლირიკულ-დრამატული ოპერა „დაისი“ 1923 წელს, ვალერიან გუნიას ლიბრეტოს საფუძველზე შეიქმნა.

ახალგაზრდა ქალი, მარო მოკლებულია ყოველგვარ თავისუფლებას. მის ბედს ჯერ მშობლები განაგებენ, შემდეგ - საქმრო. უფროსების ნების ძალით იგი ასისთავ კიაზოზე ინიშნება. ქალიშვილს კი - თავისი ბავშვობის მეგობარი, მალხაზი უყვარს. ეს საიდუმლო სოფლის მასხარამ, ცანგალამ, საქმროს აცნობა.

მტრის შემოსევის მოგერიების ნაცვლად, ეჭვით დაავადებული კიაზო ორთაბრძოლაში იწვევს მალხაზს და საიქიოს გაისტუმრებს. ასისთავს ხალხის მრისხანე სასამართლო ელოდება.

სამივე ახალგაზრდის ბედნიერების მზე ჩაესვენა. მარო დასტირის საყვარელ ადამიანს. კაბებს და საქმროს ის ვერასოდეს ირჩევდა და ამიერიდანაც ვერ აირჩევს, რადგან მას არ შეუძლია აირჩიოს: სამშობლო, ტრადიცია და მშობლების ვერდიქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - მისი გრძნობა და სურვილები.

სემიონის, თინას და მაროს ბედი გვაფიქრებინებს, რომ ბავშვისთვის, მოხუცისათვის და ახალგაზრდისთვის ყველაზე მთავარი არჩევანის თავისუფლებაა. ჩაცმაც და გახდაც შენი პერსონალური არჩევანი უნდა იყოს. ყველა საკითხი ჯერ შენს თავთან უნდა გაარკვიო და შემდეგ - მეგობრებს, ნათესავებს და მოძღვარს დაეკითხო, რადგან შენს საქციელზე მხოლოდ შენ აგებ პასუხს.

არიან გოგონები, რომლებიც მოძღვარმაც რომ დართოს ნება, - მაინც ჩაცმულები იბანავებენ მდინარეში, რადგან ეს მათი არჩევანია და არა - სხვების. მათ უბრალოდ არ სიამოვნებთ საკუთარ სხეულზე მიმართული მზერა, არც ვინმეს სიშიშვლეზე ეშლებათ ნერვები და ამის გამო ქვებს არავის ესვრიან. სწორედ ისინი ამჩნევენ, რომ „დაისის“ კაბის დაისს საქართველოში ხელს უწყობს არა ის, ვინც თავისი სხეული თავისი ნებით გამოაჩინა, არამედ ის, ვინც ამას უზნეობა უწოდა, რადგან მას ამის ნება არ დართეს.

7 ძირს ავტორიტეტი! გაუმარჯოს ავტორიტეტს!

▲ზევით დაბრუნება


დისკუსია

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ნინო ბურდული, ლევან ბერძენიშვილი, ქეთი სადღობელაშვილი, ნატო ზაზაშვილი

ავტორიტეტს საყოველთაოდ აღიარებული გავლენის მქონე პიროვნებას უწოდებენ. კომუნისტური ეპოქის იდეოლოგებს თითქმის ყველა სფეროში სჭირდებოდათ ავტორიტეტები, მათი მეშვეობით უკეთ რომ ემართათ სიტუაცია და კომუნიკაცია დაემყარებინათ საზოგადოების გარკვეულ წრეებთან. ამ ინერციით დღემდე საზოგადოების ერთი, კერპსშეჩვეული ნაწილი დევიზით - გაუმარჯოს ავტორიტეტს! - მუდმივად ავტორიტეტების ძიებასა და ტყვეობაშია, მეორე ნაწილი, რომელსაც ჰეროსტრატეს კომპლექსი ვერ მოუშორებია, დევიზით - ძირს ავტორიტეტი! - ავტორიტეტების ნგრევა-ჩარეცხვას ითხოვს. ძალზე მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ავტორიტეტების მიმართ ბუნებრივი, კრიტიკული რეფლექსია გააჩნია და კითხვების გარეშე, უპირობოდ ვერავის იღებს. ვინ ქმნის და ამკვიდრებს ავტორიტეტებს, სჭირდება თუ არა ადამიანს ავტორიტეტი და აქვს თუ არა საზოგადოებას ჯანსაღი დამოკიდებულება ავტორიტეტების მიმართ. დისკუსიაში მონაწილეობენ: პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი, მსახიობი ნინო ბურდული და ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი.

ლევანი - დღეს სიტყვა ავტორიტეტის ნაცვლად უფრო მეტად ტერმინ ელიტას ვხმარობთ. საბჭოთა ტიპის სახელმწიფოში მწერლების, კომპოზიტორების, მსახიობების, რეჟისორებისა და მეცნიერების ელიტა გამოყენებული იყო იმისათვის, რომ მართვაში მიეღოთ მონაწილეობა. შევარდნაძე ამ თვალსაზრისით იყო კლასიკური „პატრიოტი“, იცოდა „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ცნობდა ამ სამ ელიტას, მთავარი იყო მამულის ელიტა ანუ ისტორიკოსები, რომელთაც განუსაზღვრელი როლი ჰქონდათ, ენა, ანუ მწერლები და სარწმუნოება, ანუ სამღვდელოების უმაღლესი წარმომადგენლები, ვინც ამ ფორმულაში ვერ ჯდებოდა, ნაკლებად ელიტარულები იყვნენ. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ელიტის როლი იცვლებოდა, ზვიად გამსახურდიამ საერთოდ უარი თქვა არაპოლიტიკურ ელიტაზე და გამოვიდა ფორმულით, რომ არ სჭირდება ინტელიგენცია, რადგან თვითონ არის ინტელიგენტი. შევარდნაძემ დააბრუნა ის, რაც იცოდა, მაგრამ პოლიტიკურ ელიტას ძველმა ელიტამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. დღევანდელი ხელისუფლება გააფთრებით ებრძვის ყველა ავტორიტეტს და ელიტას, საკუთარის გარდა. პრეზიდენტი თითს გაიშვერს და ამბობს - თქვენს წინაშეა ნამდვილი გმირი. ყოველდღე პოულობენ და აპიარებენ ორ, სამ, ხუთ, ჩვიდმეტ გმირსა და ავტორიტეტს.

ქეთი - გასაგებია, რომ ხელისუფლება ავტორიტეტების ერთგვარ ჩანაცვლებას ახდენს და ვინც მისიანი არ არის, არც ცნობს, მაგრამ თვითონ საზოგადოება რითაა ამ მხრივ ხელისუფლებაზე უკეთესი?

ნატო - ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ გყავდეს ავტორიტეტი, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. პირველი ავტორიტეტი ადამიანისთვის, მითუმეტეს ბავშვისათვის არის მშობელი, რადგან ოჯახი არის გარანტი არა მარტო იმისა, რომ ბავშვს დაუკმაყოფილდეს ბაზისური მოთხოვნილებები - საკვებით და საცხოვრებლით, არამედ უსაფრთხოებითაც იქნას უზრუნველყოფილი. ზრდასთან ერთად მშობელს სხვა ავტორიტეტები ენაცვლებიან. სკოლა ის მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ადამიანი პირველად გამოდის ოჯახიდან და სოციალურ ურთიერთობებს ამყარებს. დღეს ყველა აღნიშნავს სკოლაში ავტორიტეტების ნაკლებობას, ფაქტია, სკოლაში პედაგოგი აღარ არის ავტორიტეტული ან თუ არის, ავტორიტარული ტიპის პედაგოგია, რომელიც ძალისმიერად ურთიერთობს ბავშვთან, როცა ავტორიტარული პედაგოგი ხდება ავტორიტეტული, შეუძლებელია ამან ზემოქმედება არ მოახდინოს ბავშვის შემდგომ ცნობიერებაზე. საკუთარი თავიდან თუ გამოვალ, ნამდვილად მყავს ავტორიტეტი და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პრობლემა იქმნება მაშინ, როცა შენთვის ავტორიტეტულ პიროვნებას ან ჯგუფს გააკერპებ, სოციალურ იერარქიაში მაღლა დააყენებ და ქვემოდან უყურებ. ახლა ვფიქრობდი, ივანე ჯავახიშვილის დროს რომ მესწავლა უნივერსიტეტში, რასაკვირველია, ის ავტორიტეტი იქნებოდა ჩემთვის, რადგან ის გავლენა და ძალაუფლება, რაც ავტორიტეტს აქვს, ჩემთვის ცოდნას, განათლებას და ღირებულებებს ეფუძნება.

ნინო - პირადად ჩემთვის ავტორიტეტი ყოველთვის იყო ძალაუფლებას მოკლებული, მაგრამ პატივსაცემი და ღირსეული ადამიანი, ასეთი ბევრი არ არის. ავტორიტეტები ნამდვილად იყვნენ მშობლები, რადგან ურთიერთობები ოჯახში ნორმალურად იყო აწყობილი. სკოლაშიც იყო ერთი-ორი მასწავლებელი, მაგრამ მათი ავტორიტეტი შემოიფარგლებოდა იმ საგნებით, რასაც მასწავლიდნენ. ინსტიტუტში ავტორიტეტულობის მაგალითი იყო ქალბატონი ლილი იოსელიანი, გარდა იმისა, რომ თავისი სფერო კარგად იცის, მაღალი ღირსებების მატარებელიცაა. ბატონი მიხეილ თუმანიშვილი უდაო ავტორიტეტი იყო თავის პროფესიაში. საერთოდ, მგონია, რომ ავტორიტეტების გარეშე ძნელია ცხოვრება, მაგრამ ავტორიტეტი ორგვარი არსებობს: შემოთავაზებული და ნამდვილი, რომელიც თავად მოიპოვებს ამ სტატუსს. სამწუხაროდ, საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის შემოთავაზებული, ლობირებული ავტორიტეტი უფრო მისაღები აღმოჩნდა, რადგან საზოგადოება არ აკეთებს ანალიზს, რის გამო გახდა ის ავტორიტეტი, რა საშუალებებს მიმართა იმისათვის, რომ ძალაუფლება მოეპოვებინა. ნამდვილი ავტორიტეტები ის პიროვნებები არიან, ვისგანაც ნებისმიერი ადამიანი სწავლობს ან იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ინტერესს აღვივებს ამა თუ იმ სფეროს მიმართ. ჩემთვის ავტორიტეტია ყველა ის მწერალი, ვინც სამყარო აღმომაჩენინა, ყველა ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი, ვისთან ურთიერთობაც ახალი გზის გახსნის იმპულსი ყოფილა. თუმცა ხელშეუხებელი ავტორიტეტი - რახან ამან თქვა, ეს ასეა! - არ არსებობს. მშობლების ავტორიტეტობის თემას მივუბრუნდები, ორი ბიჭი მყავს, 20 და 13 წლის. მახსოვს როგორი რთული ურთიერთობა მქონდა უფროსთან, როდესაც მეგობრების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ხშირად დგება მომენტი, როცა მეგობარი ხდება ავტორიტეტი, მშობელი მაინც უფრო ძალაუფლების მქონე ავტორიტეტია, თანატოლი კი ძალაუფლებას მაშინ იძენს, თუ დაემორჩილები, ამ დროს ცუდი და კარგი გავლენების გარკვევა აუცილებელია და მშობელი ამ შემთხვევაში უნდა დაეხმაროს შვილს.

ქეთი - ხომ არ ხდება ისე, რომ ოჯახიდან დაწყებული, ჯერ მშობელია ავტორიტეტი, მერე სკოლასა და ინსტიტუტში პედაგოგი, მერე კიდევ ვიღაც შემოემატება და ასე ნელნელა ვიხუნძლებით ავტორიტეტებით, ყველაფერში მათ ვიმოწმებთ და ნაკლები დრო გვრჩება საკუთარი თავის ზრდის, საკუთარ თავზე დამოკიდებულების, პასუხისმგებლობის განსაზღვრის და გააზრების. ალბათ, ამის ბრალია საზოგადოების მძაფრი რეაქციები იმ რეფლექსიაზე, რომელიც ავტორიტეტების მიმართ გამოითქმება ხოლმე. ამის მაგალითია ბატონი ლევანი, რომელმაც გაბედა და ილია ჭავჭავაძის პოეზიაზე საკუთარი აზრი გამოთქვა, გამახსენდა ის თავდასხმებიც, რომელიც მოჰყვა რობერტ სტურუას აზრებს „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. მაინტერესებს, უკრიტიკოდ, კითხვების გარეშე, უპირობოდ შეიძლება ავტორიტეტების მიღება და აღიარება? შეუმცდარი ადამიანი ხომ ბუნებაში არ არსებობს?

ლევანი - ავტორიტეტები იცოცხლეთ, კარგი რამ არის, მაგრამ კრიტიკული აზროვნება აუცილებელია. უნდა ვთქვათ სიმართლე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ავტორიტეტი ამა თუ იმ სიტუაციაშია ავტორიტეტი, თორემ ყველაფერში ავტორიტეტი ჯერ არ დაბადებულა და ვერც დაიბადებოდა. ჩვენ ახლა ვართ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც 19 მილიონი დასახელების წიგნი ინახება, წარმოუდგენელია, რომელიმე ავტორიტეტმა ამის ერთი მემილიონედი იცოდეს კარგად, შესაბამისად ყველაფრის მცოდნე ავტორიტეტი ვერავინ იქნება. ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი დედამიწის ზურგზე დაბადებულ ქართველთაგან არის ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ყველაზე დიდი ქართველი პოეტი არათუ არ არის ილია ჭავჭავაძე, არამედ სულ არ არის დიდი პოეტების სიაში, ილიას პუბლიცისტიკა, მისი განსაზღვრება ქართველი ხალხის ისტორიული ბედის, მისი ლიდერობა იმ ხალხისა, რომელსაც პატრონი არ ჰყავდა, მისი მოკრძალებულობა, მისი ევროპელობა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ილია ჭავჭავაძის ლექსები იმ ქვეყანაში, სადაც იყო რუსთაველი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონი. ამ აზრმა გამოიწვია გაღიზიანება და ჩაითვალა, რომ ეს ეპატაჟის სახეა და მე პოპულარობას ვეძებ, მაგრამ გადავიტანეთ ეს ყველაფერი მე და საზოგადოებამ, ანუ ცოცხალი დავრჩი. ავტორიტეტი რომ სიტუაციურია, ამაზე სარტრიც ამბობდა: არ მჯერა, რომ გმირი გმირულად სვამს ჩაისო. უმარტივესი მაგალითი: არ არსებობს ჰეგელზე დიდი ავტორიტეტი ფილოსოფიაში, მაგრამ ჰეგელმა, შემოიჭრა რა კლასიკურ ფილოლოგიაში და გააანალიზა „ანტიგონე“, გაირკვა, რომ აზრზე არ არის, როგორ იქმნება ანტიკური ტრაგედია და რა პრინციპებზეა აგებული, საერთოდ ვერ გაიგო სოფოკლე და ღრმა სიბრიყვე დაწერა, პირველკურსელს რომ არ ეპატიება, ისეთი. ვისაც „ანტიგონე“ არ წაუკითხავს, ჰგონია, რომ ჰეგელი მართალია. ასეთი ავტორიტეტები არიან უპასუხისმგებლოები. როცა ავტორიტეტი რაღაცას ამბობს, მას ავიწყდება ის, რომ შეიძლება ცდებოდეს.

0x01 graphic

ჩვენთან ავტორიტეტობის საფუძველი ჯერაც ვერ გახდა ცოდნა, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და ღირსება, რომელიც კიდევ უფრო მაღალი საფეხურია ჩემთვის. დღევანდელი საზოგადოებისთვის ავტორიტეტია ის, ვინც ახერხებს ძალაუფლების მოპოვებას.

ქეთი - არსებობს შეგრძნება, რომ - „მე ავტორიტეტი ვარ“! თქვენ გაქვთ ეს შეგრძნება?

ლევანი - რა თქმა უნდა, არის. როგორც თქვენ გრძნობთ თქვენს წინაშე მყოფი ასაკით უფროსია თუ უმცროსი, ინტელექტით თქვენზე მაღლა დგას თუ დაბლა, იმასაც გრძნობთ, კონკრეტული ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ხართ თუ არა ავტორიტეტი, ამის შესაბამისად ჩნდება პასუხისმგებლობაც. ნებისმიერ ადამიანს აქვს კომპეტენციის ზღვარი და როცა აზრს გეკითხებიან და გეუბნებიან, რომ ავტორიტეტი ხარ, შეიძლება მაგარი სისულელე თქვა იმ სფეროზე საუბრისას, რომელიც ნაკლებად გესმის, რაც მოუვიდა ჰეგელს, ან თუნდაც პლატონს. კაცობრიობის ისტორიაში პლატონზე დიდი გენიოსი თავის სფეროში არ დაბადებულა, მაგრამ როდესაც სირაკუზში წავიდა სახელმწიფოს ასაშენებლად, ორჯერვე ჩაფლავდა და ისეთი იდიოტობა ააშენა, იქიდან ძლივს გამოასწრო ცოცხალმა, რადგან პლატონი, თეორეტიკოსი და დიდი ფილოსოფოსი, აღმოჩნდა ცუდი პოლიტიკოსი. ყველა დისიდენტი, რომელიც სათავეში მოდის, როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე ცუდი მმართველი, იმიტომ რომ დამანგრევლის დისკურსში - დავანგრიოთ, დავლეწოთ, ავბობოქრდეთ, ავღელდეთ - მაგარია, მაგრამ როცა პრეზიდენტი გახდება, ღელავს და დამანგრევლის დისკურსი შემოაქვს, რაც ამ შემთხვევისათვის უკვე სხვა როლია. ჩვენი დღევანდელი ხელისუფალი ავტორიტეტი იყო, როგორც დამანგრეველი, მაგრამ როგორც მაშენებელი ავტორიტეტი აღარ არის, ამიტომ როცა ასაშენებელი იქნება, ის იტყვის: მოდი, ჯერ დავანგრიოთ, მერე ავაშენოთ.

ქეთი - პირადად მე, ხელისუფლებაზე მეტად მაღელვებს ჩვენი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია მისთვის მიუღებელი აზრების გამო თავისივე შექმნილი ავტორიტეტი სასიკვდილოდაც კი გაიმეტოს.

ლევანი - ილიაც ხომ იმიტომ მოკლეს, რომ თავისი ავტორიტეტით ისარგებლა და საზოგადოებას უთხრა სიმართლე: ნუ გძინავს, ხელი გაანძრიე, იშრომე, იმოქმედე, არ ვარგიხარო! რამაც ყველა გააღიზიანა. ჩემგან რომ იცავდნენ, ისეთი ხალხის მოკლულია ილია ჭავჭავაძე, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენდა ქართული საზოგადოებისთვის, საზოგადოებას აღიზიანებს, როცა სიმართლეს ეუბნებიან, დღეს ჩვენთან საზოგადოება ყველაზე მაღალი ავტორიტეტია, რა სისულელეც უნდა ჩაიდინოს, უნდა ვაქოთ და ვადიდოთ.

ქეთი - თქვენთვის ვინ არის ავტორიტეტი?

0x01 graphic

ავტორიტეტების მსხვრევა კი არ არის საჭირო, არამედ საჭიროა ავტორიტეტების გამოკვეთა იმ ნაწილებში, სადაც ისინი ნამდვილად ავტორიტეტები არიან. კრიტიკის გარეშე არ უნდა დარჩეს არც ერთი ავტორიტეტი და შესაბამისად, მივალთ იმ აზრამდე, რომ კითხვები უნდა დაისვას ყოველთვის.

ლევანი - ისევ ისინი, ვინც იყვნენ, სამწუხაროდ, რამე განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ცოცხალ ავტორიტეტებზე თუ არის ლაპარაკი, სფეროს გააჩნია. ენათმეცნიერების სფეროში კვლავ ავტორიტეტია თამაზ გამყრელიძე, ჩვენს მეცნიერებაშიც დარჩნენ ავტორიტეტები. თუ ნამდვილია, ყველა მსახიობი ავტორიტეტია, თუ ყალბია და ტელევიზია ან რომელიმე სპონსორი ქმნის მისგან ავტორიტეტს, ეს ყოველთვის მაღიზიანებს. იმ დარგში, რომელიც მაღელვებს - პოეზიასა და მწერლობაში ცოტა შემოგვაკლდა ავტორიტეტები და ეს არის გარკვეული ბედნიერება, რადგან მინდა მწერალი იყოს მწერალი და მისგან არ ველოდე პასუხს კითხვაზე - რა უნდა ქნას საქართველომ. ამას ვეკითხებოდით მწერალს მაშინ, როცა სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ როგორც კი ქვეყანა ჩნდება, პოლიტიკოსებს თავისი წილი მიაქვთ, მწერლებს რჩებათ ის ურყევი ავტორიტეტი, რომელიც მათ ტალანტზეა დამოკიდებული, შეუძლიათ თქვან, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ ქვეყანა იქით არ წავიდეს, მაგალითად, რუსეთი არ წავიდა იქით, საითაც გენიალური მწერლები ტოლსტოი ან დოსტოევსკი ასწავლიდნენ. ამ დღეებში მოხდა პუტინისა და სოლჟენიცინის შეხვედრა, სოლჟენიცინი არის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა КГБ-ს, პუტინი არის კაცი, რომელიც КГБ-დან მოვიდა ხელისუფლებაში და რვა წელია რუსეთის კაგებიზაციას ეწევა, ისაუბრეს და შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს, ანუ სოლჟენიცინის ავტორიტეტი განულდა, როგორც კაცისა, ვინც პოლიტიკა იცის, სამაგიეროდ დარჩა ის ავტორიტეტი, რომელმაც ამხილა კომუნიზმი. ის ნაწილი ავტორიტეტისა, რომელიც მასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, აღარ გვყავს. რაგინდ მაგარი მეცნიერიც უნდა იყოს თამაზ გამყრელიძე, ერთი წამითაც არ მჯერა, რომ შეუძლია თქვას, როგორ ვიმოქმედოთ რთულ ვითარებაში.

ქეთი - უმეტეს შემთხვევაში, როცა ადამიანი სხვა სფეროში გადადის, მართლაც ანგრევს იმ ავტორიტეტს, რომელიც თავის სფეროში მოიპოვა. თქვენს პროფესიულ ავტორიტეტს პოლიტიკამ მოუმატა რამე თუ დააკლო?

ლევანი - მე ვარ პროფესიონალი მასწავლებელი, ამიტომ სადაც უნდა ვიყო, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვცდილობ ვიღაცას რაღაც ვასწავლო, სხვათაშორის, ამაზე ქართული საქმე არ არსებობს.

ქეთი - მოდით, ვთქვათ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებამ უფრო კრიტიკულად შეხედოს ავტორიტეტებს, რითაც პირველ რიგში მათ შეცდომებისაგან დაიცავს.

ნატო - როცა ჩვენს ყოფას ვუყურებ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ხანდახან პესიმიზმი მიპყრობს ხოლმე, მაგრამ კარგად თუ დაუფიქრდები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივი და ნორმალურია. თუკი რევოლუცია შედარებით მოკლე ხანში შეიძლება მოხდეს, ცნობიერების ცვლილებას დრო სჭირდება. ის, რომ ჩვენს საზოგადოებას თვითკრიტიკისა და სხვათა კრიტიკის უნარი ჰქონდეს, მოვლენების სიღრმისეული წვდომისკენ იყოს მიმართული, ჯერჯერობით სასურველი დოზით არ არის, მაგრამ ოდესმე ალბათ ესეც იქნება. დღეს ისე გამოვიდა, რომ ამ საზოგადოებისთვის მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტები არსებობენ, პროფესიულ სფეროებში ავტორიტეტები ნაკლებად ან საერთოდ არ აინტერესებთ, მერეც, არ ვიცით, რა ხდება რეგიონებში, გლეხისთვის ვინ არის ავტორიტეტი. ინდივიდებთან კი, ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ ყველა ხომ არ არის ჩამოყალიბებული, ძლიერი მეთი.

ნინო - არ მგონია, რომ ფასეულობები ასე მკვეთრად შეიცვალა, რაც 20 წლის წინ იყო, დაახლოებით იგივე კრიტერიუმებით ზომავს უმრავლესობა, ანუ ჩვენთან ავტორიტეტობის საფუძველი ჯერაც ვერ გახდა ცოდნა, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და ღირსება, რომელიც კიდევ უფრო მაღალი საფეხურია ჩემთვის. დღევანდელი საზოგადოებისთვის ავტორიტეტია ის, ვინც ახერხებს ძალაუფლების მოპოვებას, ანუ „ყოჩაღობა“ უფრო მეტი საფუძველი გახდა ავტორიტეტის მოსაპოვებლად და ავტორიტეტობა დაემსგავსა ყბადაღებულ პოპულარობას, ვინც ტელევიზორში ხშირად გამოჩნდება, ის ხდება ავტორიტეტი, ტელევიზიებშიც ხომ ის ადამიანები მოღვაწეობენ, რომლებიც ამ პრინციპით ირჩევენ ავტორიტეტებს.

ქეთი - საზოგადოებაც უპირობოდ იღებს „ტელეავტორიტეტების“მიერ შეთავაზებულ ავტორიტეტებს, არადა, ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ დროს ანტირეკლამის პრინციპი მაინც იმოქმედებდა.

დღეს ბევრი ძველი ავტორიტეტი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების გარკვეული წრისგანაც ჩასარეცხთა სიაში აღმოჩნდა, რამდენად მისაღებია ავტორიტეტთა გადაფასების ეს ფორმა.

ნინო - ამ ტერმინის მოწონება ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ვთქვათ ისიც, რომ ნაწილი იმ ე.წ ავტორიტეტებისა რაღაცა სხვა მანქანებით იყვნენ ავტორიტეტები და როცა ამ სტატუსს კარგავენ პროტესტს გამოთქვამენ, მართალი გითხრათ, ვინც მართლა ავტორიტეტია, ის ყველაზე ნაკლებად ჩანს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ასეთი სახით ბრძოლა ჩემთვის მიუღებელია, მითუმეტეს, როცა ჩანაცვლება ხდება კიდევ უფრო უარესი კანდიდატურებით, თუკი მეუბნები, რომ ეს არ არის ავტორიტეტი, მაშინ მართლა ღირსეული, რეალური ავტორიტეტი უნდა წარმოადგინო და მაგალითი მისცე საზოგადოებას. ეს თემა უკავშირდება ტელევიზიასაც - მოქალაქეობრივი თვითშეგნება, პასუხისმგებლობა იმისა, რა ძალაუფლება გააჩნია, ჩვენს ტელევიზიებს აბსოლუტურად არა აქვთ და ეს ვლინდება არა მარტო ფსევდო ავტორიტეტების პროპაგანდაში.

0x01 graphic

ნატო - ჩვენ საზოგადოებას აკლია განათლება და სამოქალაქო ცნობიერება, ეს ცნება 20 წლის წინ რას ნიშნავდა, არ ვიცოდით. ნელ-ნელა ხდება იმის აღქმა და სწავლა, როგორ გავაცნობიერო ჩემი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. პრეზიდენტი არ მომწონს - ჩემი წილი დავინახო ამაში, საქმე ვაკეთო, შრომა არ დავიშურო. თუ ყველა თავის საქმეს მიხედავს, ასეთი დამოკიდებულება ვირუსივით გავრცელდება, ცნობიერების მეტამორფოზას დრო და დიდი შრომა სჭირდება. ქვას რომ დიდი ტალღა გადაუვლის და უკან წავა, ქვა ისევ ისე რჩება, მაგრამ თუ ქვას ერთი წვეთი სისტემატურად, დიდხანს ეცემა, შეიძლება გაიხვრიტოს.

ქეთი - კრიმინალური ავტორიტეტების ნგრევა სრულიად სამართლიანად დაიწყო ხელისუფლებამ, მაგრამ გაუგებარი დარჩა, რითი ჩაანაცვლა ისინი: პოლიციით, პატრულით, თუ რეზერვისტებით.

ლევანი - სამწუხაროდ, მოხდა არა ფუნქციის, არამედ ხალხის გამოცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფუნქციას სხვა აიღებს ძალიან მარტივად. მივესალმები იმას, რომ ქურდის ადგილი ციხეშია, მაგრამ ქურდის ავტორიტეტი რაც იყო, დარჩა და ეს ავტორიტეტი შეიძინა, მაგალითად, პარტიულმა ბოსმა, ანუ სხვაგან მოხდა გადანაწილება. სამართალს კვლავ ვერ ვენდობით, ჩაწყობები ისევ ხდება, არადა, ახალი ცხოვრება იქმნება იქ, სადაც იქმნება სამართლიანი სასამართლო. თუ არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ქურდის ინსტიტუტის ადგილი კვლავ დარჩება, ამიტომ ადამიანთან ბრძოლა კი არ არის მთავარი, მთავარია ბრძოლა ფუნქციასთან. ასევეა ხელოვნებაც, ნინოს ვეთანხმები, როდესაც ჩასარეცხებზეა ლაპარაკი, უნდა გაგვაღიზიანოს ტერმინმა და მიდგომამ, თორემ ხელოვნური ავტორიტეტები ისედაც გაუქმდება. ტელევიზიას არ აქვს უნარი საზოგადოებას თავს მოახვიოს რამე, მათ დაიჯერეს, რომ ეს შეუძლიათ, თორემ სინამდვილეში ასე არ არის. მთავარი ამ ქვეყანაში იყო, არის და იქნება საზოგადოება. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება არის გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ბნელი, ჩვენ ყველა მათთან ერთად, თორემ ჩვენი ელიტა მეტნაკლებად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ევროპის სიტუაციას რომ გადავხედოთ, ყველაზე კარგი, ბრიტანული საზოგადოების მაგალითს გეტყვით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ პირველი ნომერი ავტორიტეტი არის უინსტონ ჩერჩილი. მეორე ნომერი ბიზნესმენია, მეხუთე ადგილზეა შექსპირი, ყველაზე დიდი ბრიტანელი. ბრიტანეთის ნაცია ნორმალური ნაციაა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს მას, ვისზედაც დამოკიდებულია მისი ცხოვრება, არ ივიწყებს სულიერ ლიდერებსაც, მაგრამ მეორე ადგილზე აყენებს ბიზნესს, იცის, რკინიგზა რომ არ გაეყვანათ, პრობლემა იქნებოდა. ჩვენთანაც პირველ ადგილზე პოლიტიკოსია, დავით აღმაშენებელი, ანუ ჩვენი ჩერჩილი, მაგრამ ნახეთ მეორე, მესამე, მეოთხე ადგილი.... სადაა რუსთაველი, ათეულშიც ვერ ხვდება, როგორ, ზურაბ ჟვანია, მიშა სააკაშვილი ათეულში არიან და ილია ჭავჭავაძე ან რუსთაველი პერიფერიაზე იყოს? ვაჟა-ფშაველასა და ბარათაშვილზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი. მეორეც, სად არის ქართველი ბიზნესმენი? საქართველოში სანამ არ იქნება ნამდვილი მეწარმე, რომელიც ხალხს დაასაქმებს, მანამ ვერც ერთი ტელევიზია ვერ გახდის ავტორიტეტულს, რამდენიც არ უნდა აქონ და ადიდონ ბიზნესმენები. ივანიშვილი რა თქმა უნდა არის ავტორიტეტული ფიგურა, მაგრამ, ეს არის წმინდა ქართული ავტორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ უნდა იყოს ავტორიტეტი იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობს ანუ ბიზნესში და უნდა ავტორიტეტული იყოს ქველმოქმედებაში, ნახევარი საქართველო მისი ქველმოქმედების ნაყოფს იმკის და კაციშვილმა არ იცის, მისი ბიზნესი რაში მდგომარეობს. საყვედურს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ქველმოქმედება დიდი ტალანტია, მაგრამ ჩვენთვის ის უფრო დიდი ავტორიტეტი იქნებოდა, მისი ბიზნესი რომ ეჩვენებინა და მაგალითი ყოფილიყო, როგორც ბიზნესმენი.

ქეთი - რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა ავტორიტეტებთან მიმართებაში, მოვდგეთ და ვამსხვრიოთ, თუ გავაანალიზოთ და ისე ვაღიაროთ?

ლევანი - ჩვენი კომპლექსი იმაში მდგომარეობს, რომ გვყავს ავტორიტეტების მთელი წყება, რომლებიც გვაწუხებებენ, იმიტომ, რომ ყოველ წუთს შეიძლება გითხრან - შენ არ იქცევი ისე, როგორც ვთქვათ, გრიგოლ ხანძთელი. იმის თქმა მინდა, რომ თუ წარსულის ავტორიტეტები გვაწუხებენ, მათგან უნდა გავთავისუფლდეთ. აი, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი, ხომ იყო დიდი ავტორიტეტი. 900 აზრიდან 800 შეცდომა ხომ დაუშვა, უკვე დადგა დრო, გავბედოთ და ვთქვათ ივანე ჯავახიშვილის შეცდომების შესახებ. მაგალითად, მან თქვა, რომ არსებობს იბერიულ-კავკასიური ერთობა, ეს იყო შეცდომა, რომელიც დღეს იცის ყველამ, მაგრამ იმის თქმა, რომ ივანე ჯავახიშვილს შეეშალა, არ შეიძლება, იმიტომ რომ კაცი ხუთლარიანზეა დახატული.

ქეთი - მორიგი ანათემა ხომ არ გელოდებათ?

ლევანი - უკვე არა, იმიტომ რომ ყველამ იცის - დადგა დრო კრიტიკული გადააზრებისა. ის კაცი ქმნიდა ისტორიას. როცა ქმნი, შეცდომასაც უშვებ.

ქეთი - თუმცა შეცდომების აღიარება არ ამცირებს ადამიანს. ისტორიის გააზრებისთვის დაფარული შეცდომა უფრო დიდი შეცდომა არაა?

ლევანი - რა თქმა უნდა, მაშინ იქნება ნამდვილი ავტორიტეტი, თუ იტყვით, რომ ადამიანი იყო და რაღაც ნაწილში შეცდომები ჰქონდა, ნამდვილში დაუჯერებ ავტორიტეტს, მაგრამ თუ ყალბი იქნება, აღარ დაუჯერებ. მაგალითად, ძალიან სერიოზული და დიდი ფილოსოფოსია შოპენჰაუერი, მაგრამ მაგის მიხედვით ქალებთან დამოკიდებულება არ უნდა ავაწყოთ - ის თვლიდა, რომ ყველა ქალის ოცნებაა მისი ქმარი მოკვდეს და დარჩენილი ქონება გაანიავოს. შეიძლება ასეთი რამეც, მაგრამ არა მგონია ეს იყოს ქალების მთავარი ღირსება. მართალი ბრძანდებით. ავტორიტეტების მსხვრევა კი არ არის საჭირო, არამედ საჭიროა ავტორიტეტების გამოკვეთა იმ ნაწილებში, სადაც ისინი ნამდვილად ავტორიტეტები არიან. კრიტიკის გარეშე არ უნდა დარჩეს არც ერთი ავტორიტეტი და შესაბამისად მივალთ იმ აზრამდე, რომ კითხვები უნდა დაისვას ყოველთვის.

0x01 graphic

თუ ავტორიტეტი კერპად არ გადაიქცევა, მაშინ გაუმარჯოს ავტორიტეტს და თუ კერპად გადაიქცევა, მაშინ ნებისმიერი ავტორიტეტი ძირს.

ნატო - ეს კრიტიკული დამოკიდებულება და კითხვები მარტო სხვებს კი არა, საკუთარ თავსაც ეხება, ანუ არ უნდა ეშინოდეს ადამიანს საკუთარ თავზე თუ პროფესიულ საქმიანობაში ჯერ თავის თავთან აღიაროს შეცდომები. იშვიათია ადამიანი, ვისაც გამბედაობა ყოფნის საკუთარ თავსაც ისე შეხედოს, როგორც უყურებს სხვას. როცა სულ სხვას აკრიტიკებ, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთი კრიტიკა მიიღოს, მაგრამ თუ აჩვენებ, რომ მარტო დიდ ავტორიტეტებს კი არ აკრიტიკებ, ასევე უყურებ და აღიქვამ საკუთარ თავსაც, მაშინ საზოგადოება დაგიჯერებს და გაღიზიანების ნაცვლად თანამოაზრედაც გაგიხდება.

ნინო - ალბათ, უფრო სწორი სიტყვა იქნება არა კრიტიკა, არამედ ანალიზი და თვითანალიზი. როდესაც პროფესიის ანბანს ვსწავლობდი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის აღქმა გარედან, ანუ შეფასება ჩემი ფსიქოფიზიკური აპარატის. თუ არ ვიცი, ჩემი შესაძლებლობებით რისი გამოვლენა შემიძლია, ვერ მოვძებნი იმ ხერხებს, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია ვიხმარო მიზნის მისაღწევად. ანალიზი რასაკვირველია მოიცავს კრიტიკასაც, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი თვითანალიზის უქონლობა მგონია.

ლევანი - თვითანალიზი და მუდმივად სწავლების პროცესი აუცილებელია, იმიტომ რომ 30-40 წლის წინ მოპოვებულ ავტორიტეტს განმტკიცება სჭირდება. ჩემთვის იდეალი ასეთი ავტორიტეტებისა არის ძველი ბერძნული საზოგადოება, სადაც, სოფოკლე რომ ვარ, დავწერე ერთი ნაწარმოები და წელს მოვიგე ყველაფერი, გაისად რომ გავალ, შეიძლება ყველაფერი წავაგო, ამიტომ ყოველწლიურად უნდა ვამტკიცო, რომ მაგარი ვარ. „ოიდიპოს მეფის“ დამწერს შეეძლო წამოწოლილიყო მხართეძოზე, მაგრამ არა, როცა „ოიდიპოსი“ დაწერა და აღიარეს, მეორე წელს რაღაც დაწერა, რომელიც ჩავარდა და თქვეს, ეს ვინ ყოფილა, არაფერი არ ესმის თეატრში, ამის მერე 90-ზე მეტი ტრაგედია დაწერა. რა დააწერინებდა, ეს სისტემა რომ არ ყოფილიყო, ანუ ავტორიტეტობა უნდა იყოს მუდმივი ბრძოლის საგანი, უნდა იპოვებდე ამ ავტორიტეტს, მუდმივად უნდა მოწმდებოდე, მუდმივად უნდა გიტარებდნენ გამოცდას, მაშინ იქცევი მსოფლიო ავტორიტეტად. რაც ბრძანეთ თვითანალიზთან დაკავშირებით, ეს არის ღრმა აზრი -დამნაშავეებს სხვაგან რომ ვეძებთ, პირველ რიგში ჩვენ ვართ დამნაშავეები, იმიტომ რომ არ ვეწევით თვითგანვითარებას, თუ ადამიანი აღარ სწავლობს, დამთავრებულია მისი საქმეც და მისი ავტორიტეტობაც. ძირითადი პრობლემა ჩვენი საზოგადოებისა არის სურვილი - დაამთავროს სწავლა, არადა, სწავლა უნდა გაგრძელდეს, უფრო სწორედ, უნდა დაიწყოს. მაშინ გაგვიჩნდება კითხვებიც: აი, იმ დიდმა ავტორიტეტმა ასე რომ თქვა, ეს მართლა ასეა? მაგალითად, უზარმაზარი ავტორიტეტია ფროიდი, ვინც მას ებრძვის და ამბობს, რომ ფროიდი თავიდან ბოლომდე სისულელეა, მეღიმება ხოლმე, მაგრამ ფროიდმა რიგ შემთხვევებში, თუნდაც, მის საყვარელ სიზმრის ანალიზში მაინც დაუშვა შეცდომები.

ქეთი - ავტორიტეტისა და დროის თემა რომ შემოვიტანოთ, მუშაობს თუ არა დრო ავტორიტეტების სასარგებლოდ, რომ დაუფიქრდე, რამდენი ისეთი ავტორიტეტი წაიღო დრომ, ადრე რომ ქუხდა.

ლევანი - დრო წაიღებს წასაღებ ავტორიტეტებს, მაგრამ, არის სხვა ტიპის ავტორიტეტებიც, რომელთაც შეხება ჰქონდათ არა თანამედროვეობასთან, არამედ უკვდავებასთან. დღეს შეიძლება ბავშვმა უფრო მეტი იცოდეს მათემატიკაში, ვიდრე პითაგორამ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ პითაგორა მუდმივად იქნება ავტორიტეტი, იმის თქმა მინდა, რომ თუ ავტორიტეტი უკვდავია, ყოველთვის გამოგვადგება, საზოგადოებას სჭირდება ავტორიტეტი, ოღონდ ის ხელოვნურად არ იქმნება.

ნინო - ავტორიტეტი არსებობს კონკრეტულ დროსა და სივრცეში და თანამედროვეობისთვის მისი როლი განსაზღვრულია, მაგრამ ავტორიტეტი კაცობრიობის ისტორიისგან მოწყვეტილად არ უნდა განვიხილოთ, რადგან მას თავისი კონკრეტული ადგილი აქვს იმის გათვალისწინებით, მანამდე რა ხდებოდა მის სამოღვაწეო სფეროში და თავად მან რა საფეხური გაიარა, რა ნაბიჯები გადადგა წინ, ანუ როგორ ზის უფრო ვრცელ სურათში დეტალად. ამ კრიტერიუმითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ალბათ ავტორიტეტის შეფასებისას.

0x01 graphic

როცა სულ სხვას აკრიტიკებ, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთი კრიტიკა მიიღოს, მაგრამ თუ აჩვენებ, რომ მარტო დიდ ავტორიტეტებს კი არ აკრიტიკებ, ასევე უყურებ და აღიქვამ საკუთარ თავსაც, მაშინ საზოგადოება დაგიჯერებს და გაღიზიანების ნაცვლად თანამოაზრედაც გაგიხდება.

ქეთი - უავტორიტეტო საზოგადოება რომ წარმოვიდგინოთ, გაამართლებს ასეთი საზოგადოება?

ლევანი - უავტორიტეტო საზოგადოება აღწერილია ევგენი ზამიატინის რომანში Мы და ჰაქსლის რომანში О, Дивный Новый мир - ესაა სამყარო, სადაც ადამიანებს არ ჰყავთ ავტორიტეტები, სამაგიეროდ აქვთ ნომრები, მაგრამ იქაც კი 503-ე ნომერმა შეიძლება ილიდეროს. ჯულიან მორენომ, სოციომეტრიის შემქმნელმა თქვა, რომ ადამიანი იბადება თავისი წილი არჩევნის პოტენციალით, რომ მას აირჩევენ ანუ ავტორიტეტული ადამიანი იბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ავტორიტეტი რასაც იტყვის, ყველაფერი ჭეშმარიტებაა. მარტივ რამეს გეტყვით, ქართული გრამატიკის კონსტრუქცია თავიდან ბოლომდე მოახდინა აკაკი შანიძემ. პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ქართული გრამატიკა ითხოვს არა თუ ახალ აკაკი შანიძეს, არამედ, ერთხელ მაინც რაღაცის ნორმალურად განსაზღვრას. აკაკი შანიძე ხომ იყო დიდი ავტორიტეტი. დღეს ვკითხულობ და უბრალოდ ვერ ვიგებ, რას ამბობს, ამიხსენით, გვარი რა არის, ქცევა რა არის, ინვერსია რა არის. ვერ განმარტა იმ კაცმა, ერთი კაცი როგორ მოერეოდა ამხელა ენას. დღეს როცა კითხვა ისმის: რატომ არავინ იცის გრამატიკა, იმიტომ რომ არ ვარგა გრამატიკის სახელმძღვანელო. თუ იტყვით, რომ ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი ავტორიტეტი და აქ უნდა გავჩერდეთ, მუდმივად გვექნება პრობლემა. მერეც, მთელი მსოფლიო ხატავს ლათინურ შრიფტს, რომლითაც დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი სარგებლობს, ქართული შრიფტი XIX - XX საუკუნეში სამმა კაცმა დახატა. გეკითხებით, ქართული შრიფტი ივარგებს? რა თქმა უნდა არა. როგორც კი ამას იტყვი, იმ წუთში ავტორიტეტები დგებიან - როგორ თუ არ ვარგა, ჩვენი ყველას ჯობია. როგორ ჯობია, როცა შენი ბოლო შრიფტი დაიხატა 50 წლის წინ, ახლა რომ რაღაცას ჯღაბნიან, უკაცრავად, მაგრამ შრიფტთან არაფერი აქვს საერთო. შესაბამისად, სანამ ასეთი ავტორიტეტები უკრიტიკოდ არიან დარჩენილები, სანამ წარსული არ არის გააზრებული, მანამ ავტორიტეტების შექმნა მოხდება იგივე წესით. როცა კრიტიკულ, ანალიტიკურ აზროვნებას დაიწყებ, იმასაც აღმოაჩენ, რომ ზრდის პოტენციალი გაქვს და გუშინდელი დღით კმაყოფილი არა ხარ, ამ შემთხვევაში ამთავრებ მთავარ ქართულ საქმიანობას - ტრაბახს და იწყებ ახალ ქართულ საქმიანობას - საკუთარი თავის გაძლიერებას, რომელსაც მუდმივად აკეთებდა ილია ჭავჭავაძე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ის დიდი კაცი იყო.

ნატო - თუ საზოგადოებაც ჩაებმება თვითგანვითარების პროცესში, გარკვეულად ყველაფერი შესაბამისობაში მოვა და ის ავტორიტეტები, რომელიც თუნდაც პოლიტიკურ სფეროში გვყავს, ძალიან მალე აღარ გვეყოლება.

ქეთი - წეღან ვთქვით, რომ სახელმწიფომ უკვე დაიწყო ახალი ავტორიტეტების შექმნის პროცესი, ამის პარალელურად ყალიბდება გმირის გამომყვანი და დამდგენი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც.

ლევანი - სახელმწიფოს რომ ეს სურვილი აქვს, უკვე შევატყვეთ, ასეთი კლიპიც კი გაკეთდა: მოდის კაცი და ქვევით აწერია - ბანკირი, მოდის ქალი და აწერია პედაგოგი, მოდის ახალგაზრდა და აწერია პატრიოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკირი და პედაგოგი არ შეიძლება იყოს პატრიოტი, ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიური შეცდომაა, თორემ ყველამ იცის, რომ გმირი კეთდება. ისტორიული და მითოლოგიური გმირებიც კი გაკეთებულია. დიდი გმირი არ იყო აქილევსი, არამედ, დიდ პოეტს, ჰომეროსს შეხვდა - ამბობს უზარმაზარი ავტორიტეტი და ეს ღრმა აზრია, რადგან გმირის, მითის ქმნას სჭირდება დიდი ხალხი, ესქილე ან ჰომეროსი. როდესაც გეუბნებიან: ნახე, რა მაგარია, კაცს კი სცემა და აგინა, მაგრამ მერე ბოდიში მოუხადა, ჰგონიათ, რომ გმირს ქმნიან ასეთი კაცისაგან. გმირის კეთებაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ამას სჭირდება გააზრება, გემოვნება და რაც მთავარია, ტალანტი.

ნატო - დიდი ხანია ვმუშაობ აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებთან, რომელთაც წამება გამოიარეს და ისინი ნამდვილი გმირები არიან ჩემთვის. ერთი ქალბატონი მიყვებოდა, როგორ აწამეს, როცა ვკითხე, როგორ გადაიტანე-მეთქი, მითხრა, სანამ ტყვედ ჩავვარდებოდი, ვუყურე ქართველები როგორ აწამებდნენ ჩემს მეზობელ აფხაზებს და ვერაფრით დავეხმარე, რადგან შემეშინდა, როცა მე მაწამებდნენ, დამსახურებულად მივიღე ეს წამება, იმიტომ რომ ჩემმა გაზრდილმა შვილმა, ანუ ქართველმა კაცმა რაც გააკეთა, სხვისი გაზრდილი შვილიც იგივეს აკეთებდაო, სწორედ ეს არის თვითანალიზი, რაც ჩემთვის გმირობის ტოლფასია.

ლევანი - შემიძლია შემოგეხმიანოთ და გითხრათ, ვინ გადარჩება ციხეში, ვინ არ გადაგვარდება და სახეს არ დაკარგავს. ციხიდან სულიერად ძლიერი გამოდის სწორედ ის, ვისაც ჰგონია, რომ რა დღეშიცაა ეს არის სწორი და სამართლიანი. შეიძლება უსამართლოდ დაგაპატიმრონ, მაგრამ თუ შენს თავში იპოვი იმდენ ცოდვას, რისთვისაც ასეთი მდგომარეობა დაიმსახურე, აუცილებლად გადარჩები. ეს არის უბრალო ფორმულაში ჩასმული ზნეობრივი გმირობა, რომელიც მდგომარეობს სიცოცხლისა და არა სიკვდილის დამკვიდრებაში. ციხის ერთ ამბავსაც გავიხსენებ, იუბილარი ვარ და ხალხი მყავს დაპატიჟებული ჩაიზე და 35 კაპიკიან „რიბნი პაშტეტზე“, შენი საჭმელი რომ სხვისთვის გაიმეტო ციხეში ესეც დიდი გმირობაა, თამადად მყავს მიხეილ პალიაკოვი, უგანათლებულესი ადამიანი და პასტერნაკის დიდი ექსპერტი, ციხეში სადღეგრძელო ისმევა ძალიან სწრაფად, რადგან ჩაი მალე ცივდება. გამოვიდა მიხეილი და თქვა: Армяне, народ трагическый. რაფიკ პაპაიანი და გენრიხ ალთუნიანი ჭკუაზე არ არიან სიხარულით, რადგან ითქვა მთავარი სიტყვა და ქართველების დაფინანსებულ სუფრაზე შეაქეს სომხები. ამას როგორ გადაიტანდა ჩემი მეგობარი ჯონი ლაშქარაშვილი, იმწუთას დასვა კითხვა: А грузины? მიხეილმა ჩვენი წესები და ქართული სუფრა ბრწყინვალედ იცოდა და დაარტყა თერთმეტმეტრიანი პენალი - А грузины, თქვა მან, Народ героический. განსხვავება იმაში დაინახა, რომ ზონაში სომხები აღნიშნავდნენ 22 აპრილს, თავისი გენოციდის დღეს, ქართველები კი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. სომხები ამბობდნენ - ძალიან მაგრები ვიქნებოდით, მილიონნახევარი კაცი რომ არ ამოეჟუჟათ, ანუ სხვა ტკივილზე ლაპარაკობდნენ, ხოლო ქართველები, ეს უპასუხისმგებლო გიჟვრაცუები ამბობდნენ - ჩვენი მომავალი წინ არის. ამ თვალსაზრისით გმირული ნაწილი უპასუხისმგებლობასაც ნიშნავს, მაგარი გმირები მაშინ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობის სწავლასაც შევძლებთ. ქართველებს არ უყვართ ტირილი, მათ უყვართ სიცილი. ტირილი ადამიანური თვისებაა, სიცილი - ღვთაებრივი, ამიტომ არ გვჭირდება ზედმეტი გმირები, თითოეულ ჩვენგანში ისედაც ზის გმირი.

ქეთი - რეზიუმეს სახით ვთქვათ, რა ლოგიკურ კავშირს ხედავთ ამ ორ მიმართებას შორის: ძირს ავტორიტეტი! გაუმარჯოს ავტორიტეტს!

0x01 graphic

ჩემთვის ავტორიტეტია ყველა ის მწერალი, ვინც სამყარო აღმომაჩენინა, ყველა ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი, ვისთან ურთიერთობაც ახალი გზის გახსნის იმპულსი ყოფილა. თუმცა ხელშეუხებელი ავტორიტეტი -რახან ამან თქვა, ეს ასეა! - არ არსებობს.

ნატო - თუ ავტორიტეტი კერპად არ გადაიქცევა, მაშინ გაუმარჯოს ავტორიტეტს და თუ კერპად გადაიქცევა, მაშინ ნებისმიერი ავტორიტეტი ძირს.

ლევანი - ავტორიტეტობა მძიმე ტვირთია, როცა ოიდიპოსთან მივიდნენ და უთხრეს, შენ ხომ გმირი ხარ, სფინქსისგან გადაგვარჩინე, ახლაც ჩაიდინე გმირობაო და შეკვეთილი გმირობა მოსთხოვეს, რითაც დამთავრდა ეს ამბავი, ყველამ იცის. ავტორიტეტები ხშირად უძლურნი არიან გამოწვევას უპასუხონ, რადგან არ არსებობს მყარი, 100%25-იანი ავტორიტეტი, ამიტომ ავტორიტეტებს „კი“ და „არა“ ერთდროულად, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან კერპს ვაცალკევებთ და რაც ნამდვილია, იმას ვიღებთ, თუმცა, იმის მომხრეც არა ვარ, ვიღაცამ ჭეშმარიტების პრივატიზაცია მოახდინოს და როცა ავტორიტეტი ამბობს, რომ ორჯერ ორი ოთხია, მან იძახოს, არა, ოთხი კი არა, ხუთია.

ნინო - ყველაზე ადამიანური ადამიანთა შორის - ასე შემიძლია დავახასიათო ავტორიტეტი, რომლის გარეშეც ეს სამყარო ჩემთვის სამყარო არ იქნებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ცოცხალია ის, რაც ვითარდება, კრიტიკული აზროვნება აუცილებლად მიმაჩნია. თუ სიცილის უნარი ადამიანისთვის მთავარია, გამოდის, რომ თვითირონია ასევე აუცილებელი ყოფილა, ამიტომ შეგვიძლია ძალზე მშვიდად თვითანალიზიც გავაკეთოთ და ჩვენს თავზეც ვიცინოთ, ამით მხოლოდ საკუთარი თავისა და საერთო ჯამში საზოგადოების განვითარებას შევუწყობთ ხელს.

დისკუსია გაიმართა ლიტერატურულ კაფე ქარავანში

8 ხმამაღალი ფიქრები ინდოეთზე

▲ზევით დაბრუნება


წერილი ინდოეთიდან

ავტორი: მედიკო წულაია
ფოტო: მედიკო წულაია, გუგა კოტეტიშვილი

ვარ მხოლოდ დასაწყისში, შემდეგ რაღაც იწყება და მე აღარ ვარ“.
ნიჟინსკი

0x01 graphic

0x01 graphic

გუშინდელ დღესავით მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი ინდოეთში: გაი ღო თვითმფრინავის კარი და ტრაპზე გადადგმული პირველივე ნაბიჯი თავბრუდამხვევი აღმოჩნდა. არასოდეს დამავიწყდება ის სუნი, ორთქლი, თუ ტალღა, რომელმაც რაღაც ძალიან ძველი, ევოლუციის რომელიღაც საფეხურზე დავიწყებული და ღრმად ქვეცნობიერში დალექილი შეგრძნება ისევ ნაცნობი და ახლობელი გახადა. მას შემდეგ უკვე შვიდი წელი გავიდა და მაინც, დელის აეროპორტში ყოველ წელს იგივე შეგრძნება მეუფლება. მერე ქალაქისაკენ მიმავალი გზა იწყება. რიქშის მძღოლი თავაზიანი ღიმილით გიყურებს და უდარდელი ღიღინით მიგაქროლებს „პახარგანჯისაკენ“. „მეინ ბაზარ, აჯაი გესტ ჰაუზ“. ეუბნები მძღოლს და მისთვის უკვე გასაგებია, რომ ინდოეთში ახალი კაცი არა ხარ. „პახარგანჯზე“ მისულს ერთი სული გაქვს, ბარგი სასტუმროში დაყარო და ნაცნობ ადგილებს მიაშურო: სად ყავას დალევ, სად წიგნების მაღაზიაში შეივლი, მერე ნაცნობ გამყიდველს მიაკითხავ საჭირო ნივთების შესაძენად. იქვე, ასაწონ აპარტში ერთ რუპიას (რუპია ინდური ფულის ერთეულია), ჩააგდებ, ინდოეთში ჩასვლის დღეს საკუთარ წონას დააფიქსირებ და ისიც იცი, რომ წამოსვლის დღეს იმავეს გააკეთებ და შენი წონა 7-8 კილოგრამით ნაკლები იქნება. მოკლედ, ნამდვილი ცხოვრება იწყება, ის ცხოვრება, სადაც „მე“ და წარსული მხოლოდ დასაწყისშია და შემდეგ იწყება რაღაც, სადაც „მე“-ს ადგილი უკვე აღარ არის. იწყება თავგადასავლებით, მოგზაურობებით, ახალი ნაცნობებით, ძველ მეგობრებთან შეხვედრებით, საყვარელი თუ ჯერაც უცნობი ადგილების მონახულებით და რაც მთავარია, თავისუფლების უჩვეულო განცდით, როცა ჰაერი იმდენია, რომ ფილტვები ძლივს გყოფნის ჩასასუნთქად.

მთელ დედამიწაზე რომ შეიცვალოს სიცოცხლის ფორმა, ალბათ „პახარგანჯზე“ არაფერი შეიცვლება. ახლის და ძველის ასეთ ნაზავს ვერსად შეხვდებით. ყველაფერი ერთმანეთში ირევა: ადამიანი, ძროხა (ძროხა დელიში ისევე თავისუფლედ გადაადგილდება, როგორც ადამიანი). ღმერთები, მუსიკა, სუნი. საოცარი ატმოსფერო იქმნება და მუდმივად გრძნობ მსუბუქ თავბრუხვევას. თითქოს უხილავი ძალა გმართავს და ნელ-ნელა გიმორჩილებს. ინდოეთში ჩასვლის დღეს გამაფრთხილეს, „თუ იქით არ დაეჯახე ვინმეს, აქეთ არავინ დაგეჯახებაო“. დიდხანს მიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ ამ მოჩვენებით ქაოსში იდეალური წესრიგია. თუ ქალაქის პულსაციას არ დაემორჩილები, სჯობს მეორე დღესვე დაიხურო ქუდი და გაეცალო იქაურობას.

ადამიანები ნელა დადიან, აუჩქარებლად. თითქოს დრო გაჩერდა და საათი მხოლოდ შენთვის აგრძელებს მუშაობას. დელი ის ქალაქია, რომელიც ან მიგიღებს და თავს შეგაყვარებს, ანდაც, საერთოდაც უნდა დაივიწყო მისი არსებობა. არსებობს ინდური გამოთქმა; „ახლა დელი შორია“, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეიძლება, იყო დელიში, მაგრამ ვერც კი მიხვიდე ახლოს მასთან, სწორედ აქედან იწყება ინდოეთის სიყვარულიც. თუკი შესძელი და გახსენი გული ამ სიყვარულისთვის, მაშინ შენს თვალწინ გადაიშლება ის უთვალავი საიდუმლო ცოდნა და სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ინდურ ვედებსა და მანტრებში ინახება (ვედა, მანტრა იგივე ლოცვაა, საიდუმლო წერილია, სანსკრიტზე), სწორედ ისე, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, ერთი ჯადოსნური სიტყვა და მთელი ინდოეთი შენს თვალწინ აღმოჩნდება. დრო კი იმდენი გაქვს, რომ არც კი იცი, რა უყო. თითქოს სიზმარი და რეალობა ერთმანეთში არეულა და კაეშანს მისცემიხარ. თანდათანობით გტოვებს შფოთვა და ასე ნელ-ნელა შემოდის შენში აზია უზარმაზარ, ცხელ, გავარვარებულ მზის დისკოსთან ერთად.

27.04.2007. გოა. ანჯუნა.

შენ შეგიძლია ლექსი დაყო სიტყვებად,
მაგრამ, შემდეგ ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს.
და როცა არის მთელი, ეს მეტია, ვიდრე სიტყვები“.
რაჯნეში

0x01 graphic

ვზივარ ცარიელ ფურცელთან და ყველა მხრიდან ათასი ფიქრი მოდის. თითქოს უხილავი ძაფები მიჭირავს ხელში და ვერ ამირჩევია, რომელს გავყვე, რომელი მიმიყვანს სასურველ მიზნამდე. ეს ცარიელი ფურცელი დელის მატარებლების სადგურს მაგონებს. მატარებლები უამრავი მიმართულებით გადიან. ადამიანების რაოდენობა ყველა შენს წარმოდგენას აღემატება და უცბად ხვდები, რა მასშტაბებთან გაქვს საქმე. თუ ზუსტად არ იცი, რა გინდა, ღმერთმა იცის, სად ამოყოფ თავს. წესიერ პასუხსაც არავინ გაღირსებს. საკუთარ თავზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ ხარ და მეტი არავინ. კრიტიკულ სიტუაციაში მოხვედრილს, რამდენჯერ მინატრია, რომ ეს მარტივი რამ ბავშვობაში ესწავლებინა ვინმეს ჩემთვის. უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ შენი სტაბილურობაა. და კიდევ, დროის შეგრძნებაა. დრო ინდოეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს - „ინდიან თაიმ“, და თუკი, მარადიულობამ ვერაფერი დააკლო ამ კანონს, შენ ერთი ნამდვილად ვერაფერს შეცვლი. ზედმეტი მოძრაობები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. აქ იწყებს მუშაობას მთელი შენი გამოცდილება, ალღო და ბედნიერი ხარ, როცა ამ აურზაურში საკუთარ ადგილს პოულობ.

ვისაც არ უმგზავრია ინდური მატარებლით, მას არ უნახავს ინდოეთი. გაგიგონიათ სადმე ყრუ-მუნჯი მღეროდეს, დამიჯერეთ, აქ ასეთი რამეც შესაძლებელია. „ჩაი-ჩაია, ჩაია“ სიმღერასავით ჩაგესმის ყურში დამტარებლის ხმა. წყალი სულ სხვა მნიშვნელობას იძენს შენს ცხოვრებაში. მატარებელი მოძრაობს ნელა, მაგრამ დაჟინებით, თითქოს ლიანდაგებს არა აქვს ბოლო. წარამარა იხედები საათზე, რადგან ინდოეთში მანძილს კილომეტრებით კი არა, დროით ზომავენ. სიცხე ნელ-ნელა აუტანელი ხდება. ყოველ გაჩერებაზე ჩადიხარ და არც კი იცი, მოასწრებ თუ არა უკან ამოსვლას. მთავარია, პასპორტი და ფული მუდამ თან გქონდეს, თორემ დაიღუპები.

ხანდახან გულში ფიქრობ, ჯობდა, საერთოდაც არ აგეტეხა ეს მოგზაურობა, მაგრამ როგორც კი მატარებლის ფანჯარაში გაიხედავ, ეს აზრი უმალ გშორდება. ფილმის კადრებივით ცვლიან ერთმანეთს უკიდეგანო, ზანტი მდინარეები, სწრაფი ჩანჩქერები, პურისა და ბრინჯის ყანები, მზის ჩასვლები და ამოსვლები, პალმები და ბანანის ხეები, ფარშევანგები და მაიმუნები, პატარ-პატარა სოფლები და დიდი ქალაქები. და კიდევ ფერები, ათასნაირი, თითქოს შენი თვალები ათასჯერ მეტი ინტენსვიობით იწყებს მუშაობას და ტვინიც საოცარი სისწრაფით აღიქვამს დანახულს. „დიდი ხანია, ოცნებად მქონდა - წავსულიყავი სადმე რკინიგზით. აი, ჩამოვხტი მატარებლიდან და არც კი ვიცი, საით წავიდე.“ მახსენდება იაპონელი პოეტის ისიკავა ტაკიბოკუს ტანკა. მოლოდინი თანდათან აუტანელი ხდება. მატარებელი დაჟინებით მიიწევს სამხრეთისაკენ და უცებ ეჭვი გეპარება, რომ დედამიწა მრგვალია. ხომ შეიძლება, სამ სპილოს, ან სულაც სამ ვეშაპს უჭირავს ჩვენი ცისფერი პლანეტა, სწორედ ისე, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს ეგონათ, მაგრამ არა, ეს ხომ წარსულში იყო. რა არის წარსული და მომავალი, შენ ხარ „აქ ეხლა“ და დამთავრდა. სინამდვილე იქ იწყება, სადაც მის აღქმას იწყებ. ფიქრები უსასრულოდ ირევიან თავში და სასიამოვნოდ დაღლილს შეგიძლია, მშვიდად დაიძინო - გამოღვიძებულს იგივე სურათი დაგხვდება. ასე ნელ-ნელა ეძლევი სიზმრის ტკბილ ზმანებას. მატარებელი კი აგრძელებს თავის უსასრულო გზას სამხრეთისაკენ.

28. 04. 2007.ანჯუნა. გოა.

ისე, ტყუილად, არაფრის გამო
მინდა გავიქცე ამ მინდორ-ველზე.
რბილად დაგებულ მოლზე ვირბინო,
სანამ სული არ შემიგუბდება!
ისიკავა ტაკი ბოკუ

0x01 graphic

„დიდ სილამაზეს სიტყვა რად უნდა“, წერს აღმოსავლელი პოეტი, მაგრამ ადამიანი მაინც მიდრეკილია სიტყვებით გამოხატოს თვალით ნანახი და გულით აღქმული. ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული წუთები, რომლებიც აღარ განმეორდება. სწორედ ასეთი მომენტების აღბეჭდვის სურვილი ბადებს შემოქმედებით იმპულსს, რის გარასეც წარმოუდგენელია მოაზროვნე ადამიანის არსებობა. სწორედ ამ იმპულსმა მოგვიტანა ცივილიზაცია იმ ფორმით, რომელიც დღეს გვაქვს. სწორედ ამ იმპულსის გამო ჩამოდის ინდოეთში ათასობით მაძიებელი უხსოვარი დროიდან. ჰიმალაებში, ერთ-ერთ პატარა სოფელში, ინტერნეტ ოფისში შესული, სახტად დავრჩი, როდესაც კედელზე „ვეფხისტყაოსნის“ ზიჩისეული ილუსტრაციის რეპროდუქცია დავინახე, მერე გაოცება თანდათან სიამაყის გრძნობამ შეცვალა, რადგანაც, უცბად აღმოვაჩინე, რომ ჩვენი წინაპრები სულ სხვა გეოგრაფიული მარშრუტებით მოძრაობდნენ და მათი წარმოდგენაც უფრო ახლოს იყო აზიურ ხედვასთან. თვითონ წესი და ადათი, ცხოვრების მოწყობის ფორმა, რაც ყველაზე კარგად მუსიკაში და გამოყენებით ხელოვნებაში გამოიხატება, იმდენად ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ცნება ინდო-ევროპელი აბსოლუტურდ გავითავისე.

ფესვები იმდენად ღრმად მიდის, რომ მათი მოჭრა შეუძლებელია. საერთოდ, საჭიროა კი ფესვების მოჭრა? როგორ გაიხაროს ახალმა ტოტმა, თუკი ფესვები არ არსებობს? რატომ უნდა იყო ნახევარი, როდესაც არსებობს გამთლიანების შესაძლებლობა?

რამდენიმე წლის წინ დარამსალაში აღმოვჩნდი, ცნობისათვის, ეს მხარე ინდური ტიბეტია და დალაი-ლამას რეზიდენციაც სწორედ აქ არის. ის კი არა, იმდენად გამიმართლა, რომ მასთან საჯარო აუდიენციაზეც მოვხვდი. ისე, უბრალოდ, ყოველგვარი დაგეგმის გარეშე. თურმე, ნუ იტყვით, ტიბეტელები წლების განმავლობაში ელოდებიან ასეთ შემთხვევას. მთელი თვე შევყოვნდით ამ მართლაც საოცარი სილამაზის და ენერგეტიკის მატარებელ ადგილას.

ერთ-ერთ საღამოს ჩანჩქერის სათავისკენ გავისეირნეთ და გზად პატარა გამოქვაბული შეგვხვდა. პატარა-მეთქი ვამბობ, თორემ შიგნით იმდენი რამ დაგვხვდა, მთელ წიგნსაც ეყოფოდა. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და გამოქვაბულის კედლები მთლიანად დაფარული იყო პატარ-პატარა წარწერებით და ნახატებით. ალბათ, მსოფლიოში არსებულ ყველა დამწერლობას ნახავდით. აკლდა მხოლოდ ქართული. ჩვენც ცოტა ხანს ვიფიქრეთ, იქვე ოთახის კუთხეში მოთავსებული საღებავები გავაზავეთ და ქართული წარწერაც შევმატეთ ამ უჩვეულო გამოფენას. „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“, დიახ, ასეც არის და ამ სიბრძნეს ეხლა ჰიმალაების მთებშიც წაიკითხავს ჩვენებური კაცი და მიხვდება, რომ მანამდე აქ სხვა ქართველებიც ყოფილან, ხოლო მისთვის, ვინც არ იცის ქართული (და ეს იქნება თითქმის ყველა არაქართველი), შოთას ფრაზა ულამაზეს ჩუქურთმად დარჩება.

0x01 graphic

ინდოეთი დღემდე ქართველების წარმოდგენაში მხოლოდ ოცნებასთან არის ასოცირებული. არადა, სინამდვილეში ეს უზარმაზარი ქვეყანაა, მდიდარი ბუნებით, მზარდი ეკონომიკური პოტენციალით, სავსებით რეალური და თანამედროვე. აქ ყველა ეროვნების ადამიანი ჩამოდის სამოგზაუროდ, და ვისაც ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი ამ დალოცვილ მიწაზე, ყველას უნდა უკან დაბრუნება. ეს რაღაც დაავადებასავითაა. ინდოეთიდან წამოსვლის წინ გიჩნდება აუხსნელი გრძნობა, თითქოს, ვერ მოასწარი რაღაც ყველაზე მთავარის ნახვა, თითქოს სულის რომელიღაც ნაწილი გრჩება, რომელიც მუდმივად გაბრუნებს უკან. გამოთქმაც კი არსებობს: „ინდოეთით მოწამლული“. და ეს არც არის გასაკვირი. განა ბევრი დარჩა დედამიწაზე ისეთი ადგილი, სადაც ისე უბრალოდ შეგიძლია მოიკიდო ზურგჩანთა მხრებზე და „არხეინად“ წახვიდე სამოგზაუროდ, ყოველგვარი წინწასწარი გეგმების გარეშე? არხეინად-მეთქი, რომ ვამბობ, იმას კი არ ნიშნავს, ფეხი-ფეხზე გადაიდო და არაფერი აკეთო (თუმცა ზოგიერთები ამასაც ახერხებენ). პირიქით, საქმე იმდენია, საიდან დაიწყო არ იცი, მაგრამ თვით მოგზაურობის კონცეფცია იმდენად მიმზიდველია და მრავლისმომცველი, იმდენად ახლოს მიყავხარ საკუთარ თავთან, რომ, როგორც იტყვიან, „ჩიტი ბრდღვნად ღირს“. თუ საზოგადოებრივი სტერეოტიპებისგან თავის დაღწევას მოახერხებ და მსოფლიოს მოგზაურთა უზარმაზარ არმიას შეუერთდები, ეს არც თუ ისე „უსარგებლო“ და „უინტერესო“ ნიშად იქცევა შენს ცხოვრებაში. ძველად, უხსოვარ დროში სწორედ ესე დადიოდნენ დერვიშები ინდოეთში სავაჭრო ქარავნებთან ერთად. ვაჭრები და მაძიებლები ხომ ყველა დროში საუკეთესო თანამგზავრები იყვნენ. სწორედ ისინი იკვლევდნენ გზას ახალ-ახალი ადგილებისაკენ და უზარმაზარ გამოცდილებას აგროვებდნენ, როგორც მატერიალურ, ისე სულიერ პლასტზე, რადგანაც არ არსებობს სულიერება მატერიის გარეშე, რადგანაც სხეული და სული განუყოფელია ერთმანეთისგან. იპოვო ზღვარი, ოქროს კვეთა ამ ორ მდგომარეობას შორის, კარგი დასაწყისია, რომ საკუთარი არსი და პიროვნება ერთმანეთს დაუახლოვო და გამთლიანდე. ალბათ, ასეც არის ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი და მამოძრავებელი ძალა. ასეთია ევოლუციის პროცესის ურყევი კანონი.

28. 04. 2007. ანჯუნა. გოა.

სადღაც, კუნძულზე,
აღმოსავლეთ ოკეანეში
წყლის პირას ვზივარ თვალცრემლიანი
და პაწაწინა კიბორჩხალას
ვეთამაშები
ისიკავა ტაკი ბოკუ

0x01 graphic

0x01 graphic

მთვარის გავსებას ორი დღე უკლია. სიცხე თანდათან აუტანელი ხდება. უკვე 31 აპრილია. ახლოვდება „მუნსუნი“, წვიმების სეზონი. ყოველ დღე ვიღაცას ვაცილებთ. კარგი იქნება, ვინმე მაინც დარჩეს, ვინც ჩვენ გაგვაცილებს. ბუნება გააქტიურდა, როგორც არასდროს. გოაში დაღლილობა იგრძნობა. სეზონის ბოლოა და ყველა საოცრად მოშვებულია. გუშინ არამბულში ვიყავით და მეგობრებს დავემშვიდობეთ, თუმცაღა, შეიძლება ნეპალში ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. „ჯორჯია ფორევერ“ - ასე გვემშვიდობებიან ჩვენი მოსკოველი მეგობრები და ამ ფრაზაში დევს მათი სიყვარული და მონატრება საქართველოს მიმართ. ჩვენ ვიპოვეთ ახალი მიწა მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის.

ჩვენ დავქრივართ მოტოციკლეტებით სანაპიროდან სანაპიროზე, ვბანაობთ არაბეთის ზღვაში, ერთად ვაკვირდებით მზის დისკოს ბრუნვას დედამიწის გარშემო. ჰორიზონტი ისე შორსაა, თვალი ძლივს სწვდება. ხანდახან გონება ვერც კი ასწრებს ამდენი სილამაზის დატევას და გრძნობ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ვიბრაცია იმდენად სწრაფია, რომ გეშინია და თვალებს ხუჭავ, თუმცაღა, თვალებდახუჭულიც იმავე მდგომარეობაში ხვდები. ჩვენ ჩვენი დროის „მეკობრეები“ ვართ. გოა ხომ პორტუგალიელმა მეკობრეებმა აღმოაჩინეს და დაასახლეს. ჩვენც ასე, ჩვენით გავიკვლიეთ გზა თავისუფლების კუნძულისაკენ. ხანდახან მგონია, რომ ყველა დაუმორჩილებელი და მეამბოხე სულის ადამიანმა აქ მოიყარა თავი და ამიტომაც, მიწაც, ჰაერიც ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. ლეგენდა დასავლელი ჰიპების შესახებ სულაც არაა მხოლოდ წარსული და ლიტერატურა. ეს მხოლოდ ცხოვრების წესია. იმ ადამიანების ცხოვრების წესი, ვისაც თავისუფლება უმთავრეს მიზნად გაუხდიათ. ეს ყველაფერი „აქ, ახლა“ არსებობს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მართლა სურს გაიგოს და გაიზიაროს 60-70-იანი წლების „ახალი ველურების“ სულისკვეთება, ნებისმიერ დროს შეუძლია ამის გაკეთება. ის, რისი გამოტოვებაც ჩვენს წინა თაობას მოუწია პოლიტიკოსების ამბიციების გამო, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ჩვენთვის. სინამდვილეში, ჯაჭვი არც გამწყდარა, რადგანაც, სანამ სიცოცხლის ის ფორმა არსებობს, რასაც ადამიანი ჰქვია, თავისუფლება ყოველთვის იქნება არსებობის უმაღლესი მიზანი. იცვლება მხოლოდ ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სასურველ მიზანს. სინამდვილეში, ალბათ, ასეც არის მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესი.

0x01 graphic

სეზონის ბოლოს აღარ არიან ტურისტები. იაპონელებმაც იმატეს. ერთ კვირაში ვარანასში მივდივართ, ინდოეთის წმიდათაწმინდა ქალაქში და ძალიან მიხარია.

ვერც კი ვიგრძენი, ისე სწრაფად გავიდა დრო. თბილისში, ალბათ, უკვე გაზაფხულია და მალე აკაცია და იასამანი აყვავდება... დღეს შაბათია და საღამოსთვის ყველა ემზადება. სეზონის უკანასკნელი ღამის მარკეტია. ღამის მარკეტი ხომ გოას მშვენაბაა. უამრავი ხალხია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული, რათა აჩვენოს თავისი ოსტატობა. ცოცხალი მუსიკა, ათასნაირი ქვეყნის სამზარეულო და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი იმდენია, რომ თვალები გიჭრელდება და პირველ ჯერზე გიჭირს რაიმე ამოარჩიო. ეს თავისუფალი ბაზრობაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოცადოს თავისი შესაძლებლობები. ესაა მცდელობა თავი დააღწიო სახელმწიფო სტუქტურებს და იყო თავისუფალი შემოქმედი. თავისუფალი არა მხოლოდ აზრებით, არამედ მატერიალურადაც, რაც უფრო მეტად კრეატიულს გხდის და საზოგადოებრივი აზრისგან გათავისუფლებს. ბაზრობის მერე, ალბათ, „ფართიც“ იქნება, სადმე პლიაჟზე, ღია ცის ქვეშ. ეგრეთ წოდებული „ოფენ ეარ' ფართი და ცეკვა დილამდე, სანამ უკანასკნელი ძალა არ გამოგეცლება და დაღლილი სახლისკენ აიღებ გეზს. ან იქნებ, სულაც „ჩაპორაში“ ამოყო თავი „ჯუს ცენტრში“ წვენის დასალევად, ან ისაუზმო სადმე „კიორლისში“, „ფრიკების“ საყვარელ ადგილას და ვინმეს წინა დღის შთაბეჭდილებები გაუზიარო. ყველაფერი შენს ხელშია. ლიმიტი არ არსებობს. შენა ხარ შენი თავის ბატონი. წინა ღამის სიგიჟის გამო არავინ შეგაქებს და არც არავინ გაგკიცხავს. ყველაფერი ხდება „ფორ ფან“, საუკეთესო განწყობისათვის. „ინ ინდია საბკაჩ მილეგა“, ამბობენ ინდოელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთში ყველაფერი შესაძლებელია. სწორედ აქედან იწყება იმის შეგრძნება, რომ თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არ არის და არც ისე ადვილია, როგორც მავანს წარმოუდგენია.

ალბათ, არავის სჭირდება იმდენი წონასწორობა და დაკვირვებულობა, როგორც ადამიანს, რომელმაც თავისი დროის მიწყობა თვითონ გადაწყვიტა, ოღონდ, ამას, რა თქმა უნდა, დიდი ნებისყოფა და სიმტკიცე სჭირდება. „ადამიანი რომელიც იზრდება, ბევრჯერ უნდა შეეწინააღმდეგოს საკუთარ თავს“, ალბათ, მხოლოდ ასე შეიძლება ნამდვილი გამოცდილების დაგროვება.

ამას წინათ, ოლდ გოა მოვინახულეთ, გოას ძველი დედაქალაქი და გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოგვეძებნა ქეთევან წამებულის საფლავი. უფრო სწორედ, ადგილი, სადაც პორტუგალიელი მისიონერები მის წმინდა მკლავს ინახავდნენ. საოცარია, მაგრამ ინტუიციამ ზუსტად იმ ტაძართან მიგვიყვანა, სადც სამარხი იყო. ტაძარი მიწისძვრის შედაგად დანგრეულია და მისი აღდგენა მიმდინარეობს. ჩვენს შეკითხვაზე გიდი გვპასუხობს, რომ არავითარი ნეშტი არ არსებობს, მაგრამ ნანგრევებში შესულებს ინდუსი მუშა ფრთხილად და პატივისცემით გვაჩვენებს იმ ადგილს, სადაც რაღაც საიდუმლო ყუთი უპოვნიათ და ჩვენც, მოწიწებით ვცემთ თაყვანს ჩვენი დიდი წინაპრის ხსოვნას. სამახსოვროდ ქვის პატარა ნატეხები მოგვაქვს სამარხის კედლიდან. ალბათ, ის დროც დადგება, როდესაც ნათელი მოეფინება ამ ისტორიას და ქართველები მოახერხებენ სათანადო პატივი მიაგონ დედოფლის ხსოვნას...

ერთი კვირაც და, შევუდგებით გზას ნეპელისაკენ. დაიწყება ახალი თავგადასავალი. აუტანელი სიცხეა და წერას ვწყვეტ... შეუძლებელია ერთ წერილში ჩაატიო ყველაფერი ინდოეთის შესახებ და მეც შევეცადე მეამბო ყველაფერზეც და არაფერზეც, ისე, ზოგადად. ცოტათი სუბიექტური თუ ვარ მომიტევეთ, მე ხომ ეკვატორთან ესე ახლოს ვარ და ჯერაც „მოწამლული“ ვარ ინდოეთის სიყვარულით.

02.05 2007. ანჯუნა. გოა.

პ. ს. დღეს სავსე მთვარეა და გუშინ მთელი ღამე თვალს ვადავნებდით მთვარის გავსებას სიტარის ჯადოსნური მუსიკის თანხლებით...

03. 05. ანჯუნა. გოა. მადევა.

განგების ნებით წერილის გამოქვეყნებას თბილისში ჩამოვასწარი და უფრო ნათელი რომ გამეხადა ჩემი აზრების მდინარება, გადავწყვიტე, ერთი ამბავი კიდევ მომოეთხრო. არსებობს ერთი ჰაიკუ, რომელიც ასეთ ამბავს ყვება: ბერი კვეთს ქუჩას, კედელთან ყვავილია, ყოველდღიური ყვავილი, ისეთი, როგორსაც ყველგან შეხვდები. ბერი უყურებს. პირველად შეხედა ბერმა ყვავილს მართლა - ის ისეთი ჩვეულებრივია, ისეთი უბრალო. ადრე, ბერს არასოდეს შეუწუხებია თავი, მართლა შეეხედა ყვავილისათვის. ჩვეულებრივ ყვავილს არასოდეს უმზერენ, იმდენად უბრალოა, რომ ეგრევე ივიწყებენ. ბერსაც ეს ყვავილი ადრე არასოდეს უნახავს. პირველად თავის სიცოცხლეში ახლა იხილა ის და ეს შეხვედრა უნიკალური გახდა. აქ ყვავილი ყოველთვის იყო და ბერს ელოდა. ბერს არასოდეს შეუხედავს მისთვის და ამის გამო წუხს. და, აი, რაღაც ხდება. ყვავილიც არის, ბერიც დგას და ცეკვავს. ხდება სატორი. ვიღაც ეკითხება ბერს: „რას აკეთებ“ ის პასუხობს: „რაღაც უჩვეულო ვიხილე ამ ყვავილში, ყვავილი ყოველთვის მელოდა. მისთვის არასოდეს შემიხედავს - მაგრამ დღეს შევხვდით.“ ახლა ყვავილი აღარ არის უბრალო. ბერმა შეაღწია ყვავილში და ყვავილმა შეაღწია ბერში.

როცა ეს ჰაიკუ წავიკითხე, რაღაც უჩვეულო სევდა ვიგრძენი. ამდენი საოცარი ამბიდან რატომღაც სწორედ ეს ისტორია გამახსენდა დღეს. ჩემზე განსაკუთრებით ბერის მზადყოფნამ იმოქმედა ყვავილის დასანახად. მართლაც, ასეა, როდესაც ადამიანი მზად არის სასწაულთან შესახვედრად, მაშინ მთელი სამყარო მისთვის არაჩვეულებრივ ელფერს იძენს და სიცოცხლეც ერთ უსასრულო დღესასწაულს ემსგავსება. და თუ, მოგზაური იწყებს თავის გზაზე სიარულს, ის სახლში აუცილებლად დაბრუნდება.

თბილისი. 07.07.2007.

0x01 graphic

მოგზაურისთვის საჭირო რჩევები: ნიუდელი.

დელში ვჩერდებით 2-3 დღე. ვარკვევთ, რა მიმართულებით ვიწყებთ მოგზაურობას. ვყიდულობთ აუცილებელ ნივთებს და ზამთრის ტანსაცმელს სასტუმროში ვინახავთ.

ფულის ერთეული: ინდური რუპიაა 1 ამერიკული დოლარი 43 რუპიის ტოლფასია.

ძირითადი საკვები:

ბრინჯი ბოსტნეულით, (ვეჯ ფრაი რაის) ბრინჯი ქათმის ჩახოხბილით. (ჩიქენ ქარი რაის) პური, ნანი (ლავაში), შემწვარი კარტოფილი, სალათები.

ხილი ნაირ-ნაირი. მანგო (მაისიდან), ბანანი, ანანასი, ყურძენი, ლიჩი...

დღეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ. წყალი, ნატურალური წვენები, ლასი (გლიასეს გავს), (განსაკუთრებით გემრიელია ბანანის ლასი).

სჯობს ინდურ სამზარეულოს ნელ-ნელა შეეჩვიოთ, რომ შემდეგ მატარებელში ან ავტობუსში მსუბუქად იგრძნოთ თავი)

გადაადგილების ძირითადი საშუალებები:

რიქშა, ველო რიქშა, მეტრო (ეხლახანს ააშენეს იაპონელებმა), ფასზე სჯობს წინასწარ შეთანხმდეთ. ისე, საკუთარ ფეხებს არაფერი სჯობს.

ძირითადი მარკეტები:

მეინ ბაზარი. პალიკა ბაზარი. კაროლ ბაკი. სადა ბაზარი.

აქ შენი საფულის ზომის მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც ინდოეთში დაგჭირდებათ. შეიძლება რიქშის მძღოლს შეუთანხმდეთ და ერთ დღეში ყველაფერს მოგატარებთ. დანარჩენს თვითონაც მიხვდებით.

ძირითადი მარშრუტები:

ჩრდილოეთი: ჰიმალაები. კულუ-მანალი. რიშიკეში. ლეეჰ...

მგზავრობის ხანგრძლივობა 17-18 საათი.

ღამის ავტობუსი - ფასი 250-300 რუპია.

დარამსალა - დალაი ლამას რეზიდენცია. ქაშმირი.

მგზავრობის ხანგრძლივობა 15-16-საათი. ღამის

ავტობუსი ფასი - 250 რუპია. (7-8 ლარი)

დასავლეთი: რაჯასტანი. ჯაიპური. უდაიპური. პუშკარი.

მგზავრობის ხანგრძლივობა 14 საათი. ღამის ავტობუსი. ფასი - 200-250 რუპია.

სამხრეთი: ბომბეი. გოა. კერალა. კარნატაკა.

მგზავრობას ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ფასის და შესაბამისი კომფორტის მიხედვით.

დაწყებული 600 რუპიიდან და ზევით ინფორმაციას ნებისმიერ ფორინერ ტურისტ ოფისში მოგცემენ. აღმოსავლეთით: კალკუტა. ვარანასი. ჩენაი. კაჯურაჰო. დარჯალინგი.

ტამილნადუ. შეგიძლიათ გადახვიდეთ ნეპალში. მოკლედ, დანარჩენს თუ დაინტერესდით თვითონაც გაიგებთ. ზურგჩანთა მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, თუ გინდათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

9 გზა მშვიდობისა!

▲ზევით დაბრუნება


წერილი აჭარიდან

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ნინო ძანძავა, თამარ სუხიშვილი, თამაზ დავარაშვილი

0x01 graphic

ფოტო: ნინო ძანძავა

იცი ის მხარე, სადაც ლიმონი ყვავის?

ბათუმის სიმბოლოდ დელფინი ითვლება. ამბობენ, რომ დელფინები მიაცილებენ ზღვაში მიმავალ გემებს, ხოლო მათ, ვინც კარგ საქმეზე შემოდიან ქალაქში, მხიარული ძახილით ეგებებიანო.

თქვენც აუცილებლად შემოგხვდებიან - თუ გაგიმართლათ და ცხადია, კარგ საქმეზე ხართ ჩაბრძანებული.

ბათუმის შესახებ ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა. წავიკითხე, რომ რომის იმპერატორ ადრიანეს ბატონობის დროსაც ახსენეს ბათისი - პატარა სამხედრო სადგური. ისიც მსმენია, ბიზანტიურ წყაროებშიც აქებენ და ადიდებენო. ისე, იმათი დიდება რად გვინდა, ჩვენც ხომ ვიცით, რომ ბათუმი შესანიშნავი ქალაქია.

რომაელების შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა და თამარციხე, ანუ ბათუმი და მისი მიმდებარე მიწები თავადი გურიელების სამფლობელოში შევიდა. კახაბერის დროს, მეთხუთმეტე საუკუნეში, თურქებმა ლაზისტანი დაიპყრეს და მასთან ერთად ბათუმიც. მერე, 1564-ში, კვლავ გურიელმა, რასტიმამ, ბათუმი თურქებს წაართვა, მერე ისევ თურქებმა გაიმარჯვეს და ციხე-სიმაგრე ააშენეს. 1609-ში მამია გურიელმა თურქები სასტიკად დაამარცხა, მაგრამ მერე ის კვლავ თურქებმა ჩაიგდეს ხელში და 1878 წლამდე იქ იყვნენ გამაგრებული.

საბრალო ბათუმი! რა დღეები გამოუვლია...

0x01 graphic

ფოტო: ნინო ძანძავა

0x01 graphic

ფოტო: თამაზ დავარაშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი ჰყვება, რომ XVIII საუკუნეში ბათუმი პატარა, კოხტა ქალაქი იყო და მშვენიერი ციხე-კოშკი ჰქონდა. მოგზაურმა ანდრიან დიუპრემ კი, რომელმაც სანაპირო 1807 წელს მოინახულა, ბრძანა, ეს ქალაქი კი არა, სოფელიაო - სულ ორი ათასი კაცი ცხოვრობს, სახლები სანაპიროზე და ტყეებშია მიმოფანტული, მალარია მძვინვარებს და საერთოდ, ცუდი ადგილიაო.

მოკლედ, კაცმა არ იცის, სინამდვილეში რა ხდებოდა. ჩვენ კარგი დავიჯეროთ.

1878 წელს ბათუმი რუსეთს გადაეცა და ბერლინის ტრაქტატის საფუძველზე, პორტო ფრანკოდ გამოცხადდა. ქალაქში ვაჭრობა განვითარდა და მოსახლეობაც გაიზარდა. ვინ აღარ ცხოვრობდა - ქართველები, ბერძნები, თურქები, სომხები, აფხაზები, რუსები, პოლონელები, ებრაელები, ჩინელები, სპარსები... და ყველამ კვალი დატოვა, თან სერიოზული. თუნდაც პარკი ავიღოთ, აი, ის, ღამით რომ ჩაივლი და მაგნოლიების სურნელი რომ გონს აგირევს. მისი პირველი პროექტი გერმანელი მებაღის, რესლერისა ყოფილა, მისი საქმე ფრანგმა დ'ალფონსმა გააგრძელა და ქართველმა იასონ გორდეზიანმა დააგვირგვინა. ამ ჩვენს თანამემამულეს გამოცდილება დიდი ჰქონდა - ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაშიც მიუძღოდა წვლილი.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბათუმში კავკასიის ოლქის მთავარი საბაჟო ყოფილა. აქ იყო საკარანტინო დაწესებულებები, სატყეო მეურნეობები, თურქეთის გენერალური საკონსულო, საბერძნეთის, იტალიის, სპარსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის საკონსულოები, ავსტრია-უნგრეთის, ინგლისის, ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდე ბის, ნორვეგიისა და შვედეთის ვიცე-საკონსულოები - რა იქნა ეს ყველაფერი?

0x01 graphic

ფოტო: ნინო ძანძავა

წვიმს და წვიმს! 1885 წლის 11-დან 13 აგვისტომდე იმდენი მოწვიმა, რამდენიც თბილისსა და იალტაში - ერთი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, ყველგან კამელიები, მაგნოლიები, ლიმონი ყვავის და იანვარშიც კი ვარდებია გაფურჩქნული - მოკლედ, სამოთხეა.

და ვინაიდან სამოთხის ჰავისა არაფერი ვიცით, მაგრამ ის კი გვსმენია, რომ იქაურობა წალკოტია, შეგვიძლია მშვიდად ვუწოდოთ ბათუმს სამოთხის კარი - ზღვის, ყავის სურნელის და დიდი სიყვარულის ქალაქი.

- Ну что, Анка, поехали?
- Уговорил, речистый!

ამ პრინციპით ამოვყავით თავი შეკრებაზე, რომელსაც ინტერრელიგიური რეგიონალური კონფერენცია ერქვა, მე და ჩემმა მეგობარმა თამაზ დავარაშვილმა, რისთვისაც ღონისძიების ორგანიზატორის, რუსუდან ავალიშვილის დიდად მადლობელი ვარ. სინამდვილეში, ერთობ ეკლექტური მსოფლმხედველობის მქონე ანას იქ ბევრი არაფერი მექნებოდა სათქმელი - უმალ ექსპონატად გამოვდგებოდი, ნათელ დასტურად იმისა, რომ სხვადასხვა კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობა არამარტო ერთ სახელმწიფოში, არამედ ერთ ადამიანშიც კი სავსებით შესაძლებელია.

კონგრესი მშვენიერი იყო, საზოგადოება - ჩინებული, ამინდი - კიდევ უკეთესი, მაგრამ ყველაზე საამო ის ფაქტი გახლდათ, რომ მოქმედება ბათუმში ხდებოდა. ზუსტად ვიცოდი - მორჩება საქმე, ხელს ვტაცებ ჩემს ძვირფას თაზაზელოს და მასთან ერთად გავეშურები იქ, სადაც ყველა ოცნება ცხადდება: ციხისძირში. როგორც გაირკვა, სულ ტყუილად ვიცოდი.

ქვეყანა სიუ

ცისქვეშეთში ჰყვებოდნენ, რომ სადღაც არსებობს ქვეყანა, სადაც ყველაფერი კარგია. იქაც იგივე ხდება, რაც დანარჩენ დედამიწაზე: მზე ამოდის და ჩადის, იქაც ზღვაა და კლდეები, იქაც ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ყველა და ყველაფერი ძალიან კარგია. იმ ქვეყანაში სურვილები ხდება, ისეთიც კი, რომ არც გიფიქრია, მინდაო. ამ ქვეყანას ჰქვია ქვეყანა სიუ.

სიუში მოხვედრა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ერთი ისაა, რომ იქ სამუდამოდ ვერავინ დარჩება, უნდა - არ უნდა, წამოსვლა მოუწევს. და კიდევ: ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანა სიუში ჩასული აღმოაჩენს, რომ ის აღარ არსებობს. იყო და აღარაა. ის მარადიული არაა, ერთი პატარა ქვეყანა სიუა მხოლოდ, დიდი სამოთხის წინკარი.

0x01 graphic

ფოტო: თამარ სუხიშვილი

. . .

სავსებით რეალური ადგილია: ციხისძირი. გეხსომებათ: აქ უძველესი ციხე-სიმაგრე პეტრას ნანგრევებია. ეს ციხე - უწინ ქალაქი ყოფილა - ჩვენი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნითაა დათარიღებული. აქ ლაზები ცხოვრობდნენ და ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი ააშენა.

ამ ქალაქზე გადიოდა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის, სპარსეთისა და სომხეთის პროვინციებთან აკავშირებდა. ციხე-სიმაგრე აუღებელი იყო. ამბობდნენ, მოჯადოებულია და ღამღამობით კედლები ჩურჩულებენ, არავის დავნებდებითო. მაგრამ მე ღამით არ ავსულვარ და რაც არ ვიცი, არ ვიცი.

სამაგიეროდ, ღამით სხვა ციხე-სიმაგრეში ვყოფილვარ, იქვე, სულ ახლოს. ერთი უზარმაზარი თაღი უნდა გაგევლო და იქ იყავი. ამ ადგილს „ციხე-სიმაგრე ზღვის თავზე“ ერქვა, ეს ლათინურად ეწერა კედელზე მიკრულ დაფას. თუმცა, მთლად ციხე-სიმაგრე არ ეთქმოდა, უმალ პატარა სასახლე იყო, კლდიდან ამოზრდილი. ზღვამდე კიბე ჩადიოდა და ტალღები კლდეებს ეხეთქებოდა.

სასახლე წალკოტში იდგა, მწვანე კონცხის ბოტანიკურის დარ ბაღში. ეზოში, პატარა აუზში, ოქროს თევზები ცურავდნენ და ვიცოდით, რომ ის უზარმაზარი პალმა ორასი წლისა იყო!

ეს სახლი ოდესღაც ერთ მამაც მეომარს, ახალგაზრდა პოლკონიკ პომორსკის აუშენებია. გარდა იმისა, რომ ომებში გამოუჩენია თავი, მისი სიმამაცე იმაშიც გამოიხატებოდა, რომ აქ დასახლდა: ყველას მიაჩნდა, რომ სანაპიროზე ავსულები ცხოვრობდნენ, მარადმწვანე ტყეში ათასგვარი სენი იყო ჩაბუდებული და ცხოვრება კი არა, გავლაც არ ღირდა. ნურას უკაცრავად! პოლკოვნიკს არც ავი სული ეკარებოდა და არც ციებ-ცხელება. მან საუკეთესო მებაღეები და ხუროთმოძღვრები დაიბარა და იქ, სადაც მანამდე არავინ ცხოვრობდა, საარაკო ბაღი გააშენა და სალ კლდეზე ოცნების სახლი აღმართა.

პოლკოვნიკი თავისი სახლით ძალიან ამაყობდა - და სავსებით სამართლიანად. ოთხივე აივნიდან ისეთი ხედი იშლებოდა - ეუჰ! წინ რკინიგზა გადიოდა და ლომისთავებიან თუჯის ფანჩატურზე წარწერა იწონებდა თავს: ციხისძირი.

პოლკოვნიკის მეზობლად გენერალი ცხოვრობდა, მამონტოვი. აივლიდა ხოლმე პოლკოვნიკი მანდარინის ხეებით დაბურულ მარმარილოს კიბეს, ესტუმრებოდა თავის გენერალს, ჭადრაკს ითამაშებდა, ამ მთისას, იმ ბარისას იტყოდა…

მაგრამ ერთ დღეს პოლკოვნიკს მარცხენა მხარზე ვიღაც საძაგელი ჩამოუსკუპდა და იმდენს ეჩიჩინა, სანამ ბანქოში ყველაფერი არ წააგებინა, ციხისძირის სახლიც კი! ციხე-სიმაგრე ზღვის თავზე სხვა ბატონს ჩაბარდა, კონიაკით მოვაჭრეს, რომელმაც კლდეში გამოკვეთილ უზარმაზარ, თაღებიან სარდაფებში მუხის კასრებით საუკეთესო სასმელი შეიტანა - მეც კი მინახავს ის კასრები, იმხანად ჩემზე მაღლები, და კონიაკის სუნიც მახსოვს… მაგრამ ეს ძალიან ბევრი წლის შემდეგ მოხდა. მაშინ კი, როცა პოლკოვნიკმა პომორსკიმ ბანქოში სახლი წააგო, ციხისძირში დიდი ტრაგედია დატრიალდა: სასახლის პირველმა მფლობელმა თავი მოიკლა, თან ისე კი არა, როგორც სამხედროთა წესია - იარაღით, არამედ კიბეზე დაეშვა, ზღვაში შევიდა და ერთ დროს მისი საყვარელი შავი ზღვის ტალღებში თავი დაიხრჩო.

ასე იყო ეს ამბავი, რომელსაც იმდენი წელი ვისმენდი, რამდენი წლისაც ვარ. ზუსტად იმდენი წელი, რამდენი წლისაც გახლავართ, ყველასთან ერთად, ვინც კი ოდესმე მყვარებია, კვლავ და კვლავ ვბრუნდებოდი ჩემს სიუში, სახლში, რომელსაც უბედური პოლკოვნიკი პომორსკი გადაჰყვა.

ღამით იქ ზღვის თავზე იმდენი ვარსკვლავი ინთებოდა, რომ ყურება ჭირდა - ძნელია, როცა ზუსტად ხედავ, სად წყდება შენი ბედი. ვარსკვლავები ცვიოდა და ცვიოდა, ჩაფიქრებას ვერ ვასწრებდით. მებადურები თევზს იჭერდნენ, რაღაცნაირად, უცნაურად - თითზე ჰქონდათ ძუა გამობმული, დაქაჩავდა ძუა და მთვარის შუქზე უამრავი ვერცხლისფერი თევზი აბრჭყვიალდებოდა ხოლმე. ციხისძირის სახლი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და წელიწადის ყოველ დროს ულამაზესი იყო, და ყველაფერი უხდებოდა, აჭარის უსასრულო წვიმაც და ნოემბრის ქარიც. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ერქვა ხოლმე - სანატორიუმი „ნაუკა“ თუ „შუქურა“ - რა ბედენაა, ეს იყო ციხე-სიმაგრე ზღვის თავზე, ქვეყანა სიუ, სადაც ყოველთვის ყველაფერი კარგია და ყველა ოცნება ხდება.

და აჰა, ჩავედით მე და თაზაზელო და აღმოვაჩინე, რომ აღარ არსებობს ქვეყანა სიუ! იყო და აღარაა. დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. აღარაფერი ეშველება. მორჩა. ვეღარც მე ვნახავ და ვეღარც თქვენ. მე რა მიშავს, ოდესღაც მაინც შევირგე, მაგრამ, მეორეს მხრივ, თქვენ რა გიშავთ, - თუ არ ყოფილხართ, არც გული გეტკინებოდათ.

აღარ არსებობს ჩემი სამოთხე. მარადიული არ ყოფილა. ერთი პატარა ქვეყანა სიუ ყოფილა მხოლოდ, დიდი სამოთხის წინკარი.

აქცია

ცისქვეშეთში ჰყვებოდნენ, რომ არსებობენ მაქციები. ისინი სწორედ მაშინ ჩნდებიან მავანთა ცხოვრებაში, როცა ძალიან გიჭირს, მაგალითად, ვიღაცა გიყვარს და სულ ტყუილად, ან მიხვალ სიუში და აღარ დაგხვდება.

ძნელი სათქმელია, ვინაა სინამდვილეში მაქცია, მაგრამ მაგას არცა აქვს მნიშვნელობა. სულ არაა აუცილებელი, ვიღაცას დღედაღამ სდიო და სულში ჩაუძვრე, სანამ გაჯავრებულ გულზე მაგნოლიის ფესვად ან რამე მსგავსად არ გადაიქცევა. ხოლო თუ ნერვებს არ აუშლი, მაქცია მხოლოდ სიხარულს მოგიტანს - დაგიმტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ამიერიდან ერთიათად კარგად იქნება.

იმ საღამოს ზემოთ მოთხრობილის გამო გამწარებული გახლდით, თან ძალიან. და გამწარებულ გულზე გავიცანი კაცი, რომლის დანახვისთანავე დავასკვენი, რომ ის მაქციაა, თორემ, აბა, მაინცდამაინც ახლა და აქ როგორ გაჩნდა?! დარდი არ გქონდეს, ისეთებს გაჩვენებო! და მაჩვენა, და მიამბო, და მე თქვენ გიამბობთ ამბავს ალექსანდრე თევზაძისა, რომელმაც ოდესღაც დიპლომატის კარიერაზე უარი თქვა - დიდება ღმერთს! და ჩემი მშვენიერი ცხოვრების რამდენიმე დღე მთლად დღესასწაულად გადააქცია.

. . .

ვერაფრით ვერ ვხვდები, ამ მხარეს მახინჯაური რად ჰქვია - ის თუ მახინჯია, აღარ ყოფილა საშველი. ალექსანდრემ მიამბო, რომ დიდი, დიდი ხნის წინათ ოსმალოებს ერთი ქართველის ცოლ-შვილი დაუხოცავთ, თავად კაცი ტყვედ აუყვანიათ და ძალიან დაუსახიჩრებიათ: ყურები და ცხვირი დაუჭრიათ. ქართველმა გაქცევა შეძლო, ლაშქარი შეკრიბა და სწორედ ამ ადგილას სასტიკად დაამარცხა ოსმალოები. ისინი გარბოდნენ და ყვიროდნენ: მახინჯი გიაური, მახინჯი გიაური! რა გაეწყობა, მძიმე ისტორია გვაქვს.

სამაგიეროდ, „მწვანე კონცხი“ დიდებულად ჟღერს. ყველა ენაზე ამაყად შეგიძლია თქვა, რომ მწვანე კონცხზე ცხოვრობ.

მაშ, ასე: მახინჯაურს რომ გაივლით, მწვანე კონცხზე, სერპანტინზე, სულ ზემოთ, სახლი დგას. ამ სახლიდან ხედი იშლება: ზღვა, ცოტა სანაპირო და ზღვაში გამავალი გემები. ბაღი სამოთხისაა, სახლი - საოცნებო, ხედი - გასაოცარი (ხედავთ, რამდენი კარგი სიტყვა მცოდნია!). ეს სახლი ალექსანდრე თევზაძეს ეკუთვნის.

თავად მოჰყვა, რომ დიდი მოგზაურობიდან აჭარაში დაბრუნებულმა სწორედ ამ ადგილას გააჩერა მანქანა და აქედან გადახედა ბათუმს. ჰყვება, რომ მაშინ იფიქრა, აქ რომ სახლი მქონდეს, საერთოდ არსად აღარ წავალო. შინ მისული მამამ კვლავ სერპანტინზე აიყვანა, სწორედ იქ, სადაც მანამდე იდგა, და უთხრა, რომ ეს მისია, მისი ეზოა, მისი სახლის ადგილი - საჩუქარი. და მას აქეთაა, ალექსანდრე თევზაძე ყველაზე ლამაზ ადგილას, ყველაზე ლამაზ სახლში ცხოვრობს.

უწინ სხვა სახლი იყო, გურიაში, ზემო ხეთში. ისიც ძალიან კარგი სახლი ყოფილა, ოღონდ სხვანაირი. სახლამდე მანქანა არ ადიოდა, კარგახანს უნდა გევლო ფეხით, მერე კი იყო სამოთხეები - ძველი სახლი, რომელშიც ოცდახუთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ალექსანდრემ დიდი ცვლილებები აღმოაჩინა: ყველაფერი უფრო პატარა დახვდა, ვიდრე უწინ ეგონა - ეზოც, ვენახიც, ხეებიც. სახლი აღარ დგას, მაგრამ ალექსანდრე ოდესმე ააშენებს, ზუსტად იქ და ზუსტად ისეთს, როგორიც იდგა, პატარა მარნით და ზამბარიანი საწოლებით.

მანამდე კი, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი გმირი მწვანე კონცხზე ცხოვრობს, აივნის რიკულებს ლურჯად ღებავს და, მე მგონი, ჩინებულად გრძნობს თავს თავის მეგობრებთან და ჯილდოსთან ერთად.

ჯილდო ლაბრადორი გახლავთ, მრავალ ადამიანზე ბევრად უფრო ზრდილი, კეთილი და გამგონი. საუკეთესო ზნე აქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, ყოველთვის ყველას გულს ვერ მოიგებ. თავისდაუნებურად ამ კარგმა ცხოველმა ალეკოს საუკეთესო მეგობარს, ანდრია ბერძენიშვილს, გული ატკინა.

ალექსანდრეს თქმით, ზამთარში ბათუმში არამარტო ახალი ადამიანის, არამედ საერთოდ ადამიანის დანახვაც ჭირს. ამიტომ საღამოს კაფეში მისულ ალეკოს და ანდროს უმალვე თვალში მოხვდათ მეზობელ მაგიდასთან მჯდომი ქალი - მოკლეკაბიანი, ძალიან გრძელფეხება, უზარმაზარი წამწამებით და წელამდე ქერა თმით. ქალი ჯილდომაც შეამჩნია და რა აღარ ქნა: ყურადღება არ მოაკლო, ეფერა, თავი მოაწონა. შედეგი ის გახლდათ, რომ კაფედან გასვლისას ჯილდო ქალს გაჰყვა და აღარ დაბრუნდა!

ჯილდოს საძებნელად ქუჩაში გასულ ალექსანდრეს მშვენიერი სცენა დახვდა: ქალი მანქანას ქოქავდა, წინა სავარძელში კი ამაყად იჯდა ბედით კმაყოფილი ჯილდო. როგორია? ქალი ალექსანდრეს შეევედრა, ამაღამ ეს საოცრება ჩემთან გამოუშვიო. ვაჭმევ, ვასმევ, ცივ ნიავს არ მივაკარებ და ხვალ დილით აქვე მოგიყვანო. ასე არავისთვის არაფერი მითხოვია, გულს ნუ მატკენო. რა გაეწყობოდა: ჯილდო სტუმრად წავიდა, ალექსანდრე კი კაფეში დაბრუნდა.

და აი, ანდრია აღშფოთდა: როგორ!? ჯილდო, კარგი თუ ცუდი, მაგრამ მაინც ძაღლი ჯილდო ლამაზ ქალს გაჰყვა და ორი ჯანმრთელი მამაკაცი მთელი საღამო ერთმანეთის შემყურე უნდა ყოფილიყო? ანდრიამ გაჯავრებით გადაჰკრა ასი გრამი, ქურთუკი ჩაიცვა და წავიდა. მართალია, ამჟამად ჯილდოსთან კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მის გულში რა ტრიალებს, კაცმა არ იცის.

უცხო ქალები - განსაკუთრებული თემა. შორს, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნთან, დილით აივანზე გასული ალექსანდრე თევზაძის თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: ოკეანის სანაპიროზე ზღვის ლომები იწვნენ, მათთან ერთად კი - ქალები. თან ერთობ შიშვლები. თან გარუჯულები. თან ლამაზები, თან ზღვის ლომებთან ერთად. ალბათ ასეთ დროს ძალიან ჭირს გურჯობა...

ალექსანდრე თევზაძე მრავალი შორეული ქვეყნის, უცხო მხარის და ოკეანის ამბებს ჰყვება, ყოველგვარი სანტიმენტების და ზედმეტი ემოციების გარეშე. ის მოჰყვა, როგორ გაუთამამდა ოდესღაც ინდოეთის ოკეანეს და კინაღამ დაიხრჩო. ინდოეთში დიდხანს ცხოვრობდა და იქ, გოაში გაიკეთა ეს სვირინგი. იქ ერთ ასეთ წვეულებაზე რუსი მწერალი ქალი გაუცნია, რომელიც „შავ უფლისწულს“ ეძახდა და მასზე წიგნიც დაწერა, ოღონდ რა - არ ვიცით (მე, ეჭვიანი, იმედს ვიტოვებ, რომ არ ვარგა): იმის მერე ალექსანდრე მოსკოვში არ ყოფილა, სულ სხვა ქვეყნებში იარა, სხვა მხარეებში.

ასე, 2003 წელს კვლავ ოკეანის პირას შეხვდა, ოღონდ უკვე არა ინდოეთში, არამედ იოჰანესბურგში. იქ, სანაპიროსთან, სრულიად მოულოდნელად გადააწყდა მშვენიერ გოგონას, რომელიც დიდი თავყრილობიდან გამოსულიყო, და ერთად უყურეს, როგორ ამოდიოდა ოკეანიდან მზე და მასთან ერთად - ახალი წელი, და ალეკო ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი იყო, და მე მჯერა. მე თუ მკითხავთ, ახალი ყველაფერი კარგია, წელიც, ოკეანეც, გოგონაც. თავად განსაჯეთ: ალექსანდრეს ყველა უჩიჩინებდა, მაინცდამაინც ნამიბიაში ნუ ჩაფრინდები და აფრიკაში ნუ მოიკლავო თავს, მაგრამ მაინც გაემგზავრა და აჰა - ექვსი ჯადოსნური თვე გაატარა სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე, იქ იყო, სადაც ყველაზე წმინდა წყლის ალმასები მოიპოვება, ლომები მიდი-მოდიან, მზე ოკეანიდან ამოდის და საერთოდ, კარგია, ძალიან კარგია.

ახლაც იქაურ დოლებს აბრაგუნებს - აივნიდან ისმის. კედელზე სპარსული რამ ჰკიდია, მთლად ხალიჩა არაა, რა ჰქვია ასეთ რამეს, არ ვიცი. აქვე მჯდომი ახალგაზრდა ერთბაშად სამ გოგოს უგზავნის სასიყვარულო გზავნილებს - ნეტა სახელები თუ აერევა... ბატონი ჯილდო ხალიჩაზე ფშვინავს და ალბათ მომავალ ძაღლების კონკურსზე ხედავს სიზმარს. ჩვენ კი კვლავ იმ თემას დავუბრუნდებით: მაქცია.

მაქციებზე ჰყვებიან, რომც მოკვდნენ, არაფერი დააკლდებათო. ჰოდა, ალეკოს საქმეც ასეა. ერთ დღეს ბათუმის ერთ გაზეთში ცნობა გამოქვეყნდა, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ ქუჩაზე სროლა ატყდა და დაზარალებული ალექსანდრე თევზაძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. იქვე მთლად გულისგასახეთქი ფოტოსურათიც იყო დაბეჭდილი: ასფალტზე თეთრად შემოხაზული ადამიანის კონტური - არც მეტი, არც ნაკლები, ალეკო თევზაძის ცხედრის ანაბეჭდი.

ეს გაზეთი ალეკომ საავადმყოფოში აღმოაჩინა - მართლა დაჭრეს, და რომ გამოფხიზლდა, აღმოჩნდა, რომ გულზე ედო. ახლა ჰყვება, რომ ცოტა არ იყოს, დაიბნა და გაკვირვებით შესცქეროდა იქვე მწოლ ანდრიას: აშკარად ორთავენი ცოცხლები იყვნენ.

- როგორ ფიქრობ, - კითხულობს ალეკო, - ადამიანებს ბავშვობაში რომ უთხრა, როგორი ცხოვრება ელით, რამდენი მიაღწევდა ზრდასრულ ასაკამდე?

ძნელი სათქმელია. ერთი კი ვიცი: ნებისმიერს რომ უთხრა, მდინარე ონდუნდოზონანანანდანას ნახავ (მე მოვკვდე, ასე ჰქვია, რუკიდან დასახელება სიტყვასიტყვით გადმოვიბეჭდე, ოკაუკუეჯოსთანაა), ქაიროსთან ორ ულამაზეს ქალთან ერთად მანქანით მზის ჩასვლას აედევნები ან უდაბნოს ცხელ ღამეში პირამიდის თავზე დადგომა გიწერიაო, ნამდვილად ეცდება იმ დღემდე მიღწევას.

მეფეთა ველზე მისულ ალექსანდრეს აუხსნეს, რომ გვიანია და პირამიდებთან მისვლა აღარ შეიძლება. ალექსანდრემ გადაწყვიტა, რომ შეიძლება. გამცილებელმა ბრძანა, დამიჭერენ და მეშინიაო, დატოვა სტუმრები უდაბნოში და წავიდა. ალექსანდრემ კი პირამიდაზე ასვლა დაიწყო.

არცთუ იოლი საქმეა: დიდი ქვითაა ნაგები. მაგრამ ალბათ თავზე მოქცევა ერთიათად ტკბილი ხდება. ალექსანდრემ პერანგი გაიხადა, ის-ის იყო, აღტაცებას უნდა მისცემოდა - და თვალისმომჭრელი სინათლე, გაუგებარი შეძახილები: დაიწყო ლაზერ-შოუ, საოცარი სანახაობა, და დამსწრეთა გულის გასახეთქად მიკერინოსის პირამიდას მამაკაცი აგვირგვინებდა. ტაში!

მერე იყო დიდი აყალმაყალი, პოლიცია, ახსნაგანმარტებები და სხვა და სხვა, მაგრამ ეგ არაფერი. ვეჭვობ, რომ ჩვენს გმირს დიდად არ უღელვია. რამდენიმე ფაქტი რომ არა, ვიფიქრებდი, სულ არ ღელავს-მეთქი.

მაგრამ არა. უღელვია, თან ძალიან. ერთხელ - იოჰანესბურგთან, სადაც რატომღაც თავი გადადო და ყველაზე მკვირცხლ ცხენს შემოევლო. ცხენს ბევრი არ უფიქრია და, ალეკოს თქმით, აიწყვიტა, მიმიქარავს პორშე კარერა... იქაურ ხეებს ქვასავით ფოთლები ჰქონია, ბევრი ვერაფერი სიხარულია. იმ არამზადა ცხენის სურათს ჩვენი გმირი დღესაც ინახავს, ისე, სამახსოვროდ.

მეორე ამბავი ცოტა უარესია. შავ ზღვაში ორი კაცი იღუპებოდა, ტალღებს ვერ ერეოდნენ, და ალეკომ შეცურა, რაღაც სამაშველო რგოლით ხელში. კი, მიუსწრო და გადარჩნენ, მაგრამ სანამ ვერტმფრენი მოვიდოდა, შეეშინდა. ამას გაოცებული ჰყვება, და მეც მიკვირს - რატომ შეეშინდა, ნეტა არ იცის, რომ მაქციებს დახრჩობა არ უწერიათ?

. . .

თბილისში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რომ მწვანე კონცხზე გატარებული დღეები მესიზმრა. არ ყოფილა. საერთოდ, არ არსებობს.

არსებობს! კვლავ მწვანე კონცხზე ვარ! კვლავ არავინ და არაფერი მაღიზიანებს და ცხოვრება მშვენიერია, როგორც ქვეყანა სიუში, როგორც მაქციები გვპირდებიან ხოლმე, როგორც დიდი ხნის წინათ, ბავშვობაში, გზაში რომ ვთამაშობდით: ვინც რამე სულიერს პირველი დაინახავს, უნდა დასძახოს და სხვებმა მისი ხმა უნდა გამოსცენ - მუუუ! ხომ გახსოვთ, ინდაური ჭირს ხოლმე.

შესაბამისად, საყვარელო მკითხველო: თუკი ვინმე სადმე გეპატიჟება, უმალ დათანხმდი, ენაწყლიანს, და თუკი გზაზე მაქცია შემოგეყარა, პირჯვრისწერით ნუ გაიქცევი. რა იცი, ეგებ ქვეყანა სიუში მიჰყავხარ.

ჰოდა, ამ კარგი ზაფხულის დამდეგს გულით გისურვებ: გზა მშვიდობისა!

10 უმცროსკლასელის მოგონებები

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: აკა მორჩილაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

პირველი რაღაცეები

პირველი გაზეთი, რომელიც მახსოვს, გაზეთი „პრავდაა“.

მის პირველ გვერდზე ბრეჟნევის ფოტო იყო, გვარიანად დიდი, მაგიდასთან იჯდა და ჩასცქეროდა თავის ქაღალდებს.

რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, ვინ იყო ეს კაცი, ბებიაჩემს ვკითხე. ბებიაჩემმა მითხრა, რომ ბრეჟნევია. მეტი არაფერი.

ააა-ჰააააააააააა!...ეს ის კაცია, მჟავანაძე რომ მოხსნა, ვიფიქრე მე.

კარგად მახსოვს, ზუსტად ასე ვიფიქრე. იმიტომ, რომ მანამდე დიდად გამიკვირდა, სახლში რომ ლაპარაკობდნენ, მჟავანაძე მოხსნესო და ვიკითხე, მჟავანაძე როგორ მოხსნეს, თავისი ნება არ იყო, მოხსნიდნენ, თუ არა თქო?

ესე იგი, ვიცოდი რო მჟავანაძე ყველას უფროსია და ისიც ვიცოდი, მოხსნა რასაც ნიშნავს.

არაო, მამაჩემმა მითხრა, მაგის ნება არ იყო, ბრეჟნევის ნება იყოო. ეტყობა, კარგად ამიხსნა ეს ამბავი, იმიტომ რომ ბრეჟნევი დავიმახსოვრე.

საერთოდ, მამაჩემმა კარგი ახსნა იცოდა.

ჩვენი ეზოს კარს რომ გამოაღებდი, ქვემოთ მთელი თბილისი ჩანდა. ეზოს წინ სკამეიკა იდგა და იქ ვიჯექი ხოლმე, ქვემოთ არ მიშვებდნენ.

ეს ბებიაჩემის სახლი იყო: ნახალოვკის ერთერთ გორაზე, ეზოთი და უკან კიდევ ბაღით. ჩვენი სახლი შენდებოდა და იქ ვიყავით. ხო, ამ სკამეიკაზე რომ დაჯდებოდი, ჩანდა, როგორ ჩადიოდა მზე თბილისის თავზე. ცოტათი მეშინოდა კიდეც, ისე კარგად ჩანდა.

ერთხელ, მამაჩემი სამსახურიდან მოდიოდა და მე კი, იმ სკამეიკაზე ვიჯექი. ბებიაჩემი ყოველი მხრიდან ხიფათთა მომლოდინე ბებია იყო და მარტოდ დიდხანს არ დამტოვებდა ხოლმე, ამიტომ ჩამოვიდოდა და მომიჯდებოდა გვერდით. ანდა, რაიმე ხილს ჩამომიტანდა სახლიდან.

მაშინ ვაშლი ჩამომიტანა.

ისე კარგად მახსოვს ის ვაშლი, ხატვა კარგად რომ მესწავლა, ახლაც უზუსტესად დავხატავდი. მე კიდევ, თუ რამე არ მიყვარს ცხოვრებაში, ვაშლის კბეჩაა. იმ ვაშლს არც შევჭამდი: შინ რო შევბრუნდებოდი, სადმე მივმალავდი და ეგ იქნებოდა. ჰოდა, მამაჩემი ამოდიოდა ჩვენს აღმართ ქუჩაზე და გვერდითაც მომიჯდა.

მახსოვს რო ვუთხარი:

- მზე ჩადის...

მან კი მომიგო, რომ მზე არ ჩადის და დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და რომ დედამიწა მრგვალია. დახედა ჩემს ვაშლს და მითხრა:

- აი, ასეთია..

მიავლო ყუნწში ხელი და ნელა დაატრიალა.

ვააააახ...

მე ახლაც არ მჯერა, რო დედამიწა მთლად მრგვალია, მაგრამ მაშინ გვარიანად დავიბენი. ამას მაშინ ნამდვილად ვერ გავიგებდი, იმიტომ, რომ მერეც ვერ გავიგე, მაგრამ ეს დაბზრიალებული ვაშლი და ჩამავალი მზე კი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

კიდევ რა მახსოვს იმ დროიდან? გამრავლების ტაბულას რომ ვერ ვსწავლობდი და რომ რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა წარმოუდგენლად თეთრი, პირადად ჩემთვის შემაშფოთებლად მოულოდნელი სახე და ფეხშიშველი დადიოდა სცენაზე.

ჰო, თეატრში წამიყვანეს. ასევე პირველად. წითელი ფეხსაცმელები მეცვა, დღევანდელი ინსპექტორებისნაირი, ოღონდ, წითელი. იდგმებოდა „ყვარყვარე“. მგონი, საერთოდ აღდგომა იყო და თეატრშიც იმ დღეს წავედით. ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემხელებს თეატრში არ უშვებენ და ძალიან კარგად უნდა მოვიქცე, რომ იქედან არ გამომაბუნძულონ. ამიტომ გვარიანად მეშინოდა. აბა, თუ არ შემიშვეს და დავრჩი იქ მარტო, რაღა ვქნა? ის აღარ მიფიქრია, რო მარტოს არავინ დამტოვებდა.

რამაზ ჩხიკვაძე იყო ფეხშიშველი და ძალიან თეთრი სახით. შევშფოთდი. მანამდე მგონი ჰიტლერივით ეცვა და იყო ყვითელი სახით. საერთოდ, ბევრს მოძრაობდნენ და გადი-გამოდიოდნენ და თეატრი მომეწონა, თანაც სცენაზე გადახდილი მანქანაც შემოაგორეს, ოღონდ, არ მომეწონა, რომ ნამდვილი ბორბლები არ ჰქონდა. ვგიჟდებოდი გადახდილ მანქანებზე. ოღონდაც, მეგონა, რომ ფეხშიშველი სიარული არ შეიძლებოდა და ვფიქრობდი, ასე როგორ გამოუშვეს ეს კაცი სცენაზე, ეტყობა, გამოპარულია-მეთქი. თანაც, გამიკვირდა, წარამარა ტანსაცმელს იცვლიდა და ისე გამოდიოდა და თუ მაგდენი ტანსაცმელი აქვს, ერთი ფეხსაცმელი რა გახდამეთქი. მოკლედ, ბავშვისთვის თეატრში სულ სხვა რამეებია საინტერესო.

საერთოდ კიდევ, თუ სკამეიკაზე არ ვიჯექი, ბებიაჩემის ბაღში ყოფნა მიყვარდა. ბაღს საერთო ღობე ჰქონდა ჩვენი მეზობლის, გოგიას ბაღთან. რახან სულ იმ ბაღში ვიყავი, იქაურობის ბევრი რამე მახსოვს და დიდადაც მენატრება, ოღონდ, ის ამბავი წასულია: იქ ვეღარასდროს მოვხვდები.

გოგიას ლეღვის ხეები ედგა ეზოში, ღობის კიდეზე იყო ჩამწკრივებული, მაგრამ მერე გოგიამ ცისფერი 21 იყიდა, ანუ ძველი ვოლგა და ლეღვები გარაჟს შეეწირა. ბებიაჩემს კი ვარდები ჰქონდა, ვარდები და უზარმაზარი იასამანი, ცოტა ყურძენი და ეგ იყო. ბაღში პატარა სათავსოც იყო, რომლის გვერდითა მხრიდან შეშის საწყობი იყო. შეშა, მაშ რა. დიდ ოთახში უშველებელი კაფელის ფეჩი იდგა, აქეთ, შუშაბანდში, ჩვეულებრივი. მახსოვს, ამ ფეჩის გარშემო მსხდომი ბაბუაჩემის დები, ვერიჩკა და პელაგია, სულ შავებში. მგონი, ეს იმის შემდეგ იყო, ბაბუა რომ გარდაიცვალა.

ბაღში კი, კიდევ ერთი რამ იყო: დიდი ფიჭვი. ის დუძიკას დაერგო. დუძიკას მე აღარ მოვსწრებივარ, მაგრამ მის შესახებ ყვებოდნენ და ხშირად ახსენებდნენ. ჩვენი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდნენ მისი დედა და და. ისინი, მგონი, ბებიაჩემის მდგმურებად ითვლებოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროიდან, თუმცა, მდგმურობა ფრიად სიმბოლური იყო. ასე მახსოვს.

საერთოდ, ჩვენი და გოგიას სახლების პირველ სართულებზე მდგმურები ცხოვრობდნენ, ეზოში კი იდგა თუთის ხე და საერთო ონკანი. მე ამ პირველი სართულების უფანჯრო სახლებში სრულიად გაჩვეული ადამიანი გახდით. ის კარგად მახსოვს, რომ არცერთ კარს საკეტი არ ჰქონდა. არც ჩვენსას, და არც იმათსას. პირდაპირი მნიშვნელობით არ ჰქონდა, ისე კი არა, ახლა რომ ამბობენ, თბილისში კარი არ იკეტებოდაო და რაღაც გადატანითი მნიშვნელობის იერი რომ დაჰკრავს. მართლა არ ჰქონდა. ანჯამები ჰქონდა და ერთადერთხელ ვნახე, რომ დაკეტეს: ზაფხულში ქალაქგარეთ მივდიოდით და შინ საერთოდ არავინ რჩებოდა მთელი ორი თვით. ჰოდა, ბებიაჩემმა, საიდანღაც ძველებური ბოქლომი გამოაძრო და იმით დაკეტა. სხვა დროს, იქ დასაკეტი არაფერი იყო, ის ავეჯიც მახსოვს და საერთოდ, ვინ უნდა შემოსულიყო? უცხო იქ არავინ დადიოდა. ანდაო, ესეც მახსოვს, მერე ამბობდა ბებიაჩემი, დუძიკას გამო აქეთ ვინ გამოიხედავდაო. დუძიკას ფოტოც მახსოვს. აი, 50-იანი წლების ფილმებში რომ ბიჭები არიან, იმათ ჩამოჰგავდა. ულვაში, ღიმილი, უკან გადავარცხნილი თმა... დუძიკა ერთხანს ნახალოვკელ ქურდებს მეგობრობდაო, მერე კი სამსახურიც ეშოვნა, ძალიან ეცადა ყველა, რომ ამ წრეს მოშორებოდა. მეგობრები ღამით შემოუვლიდნენ ხოლმე. დედაჩემი მეუბნებოდა, პატარები რომ ვიყავით, ძილში ხშირად ჩაგვესმოდა მოგუდული დაძახილი: დუძიკ, დუძიკ...

ცხადია, ღამით იყო სალაპარაკო და საქმეც ღამით იყო. დედაჩემი და მისი დები კი დღემდე რაღაცნაირად, ძალიან თბილად იხსენებენ დუძიკას, რომელიც ეზოს გარეთ მათი სრული პატრონი იყო. ძალიან კეთილი იყოო, სრულიად არაადამიანურად კეთილიო. ისიც ყოფილა, რომ ბებიაჩემი შუშაბანდიდან გავარდნია დამძახებლებს, თავი დაანებეთ, რა შეჭამეთ ეს ბიჭიო, მაგრამ დუძიკა ყოველთვის მიდიოდა. მერე, იმ დროის იშვიათ ავტოკატასტროფაში დაღუპულა... რამდენჯერ, მათი კარის წინ მჯდომს მესმოდა გრძელი და ტირილნარევი ჩურჩული: ეს დედა ელაპარაკებოდა ხოლმე გარდაცვლილ დუძიკას. დუძიკას დედა ჩემი დიდი მეგობარი იყო. ძალიან მომწონდა პირველი სართულის სახლებში ბოდიალი, ასევე გოგიასთანაც, სადაც ერთი ჩემთვის სრულიად მაგიური ნივთი იდო გარდერობის თავზე: ირემი, რომელიც ყულაბაც გახლდათ. ირემი ზუსტად რომ ნამდვილი ირემივით იყო შეღებილი და პირდაპირ თვალებში გიყურებდა.

სხვა ბავშვი იმ ეზოში არ იყო და როგორც ჩანს, ამიტომაც დავეხეტებოდი მეზობლების სახლებში. სრულიად ჩვეულებრივი რამ იყო, დიდები ისე გელაპარაკებოდნენ, როგორც დიდს.

ყვარყვარეს შიშველი ფეხების ამბავმა, ალბათ, იმიტომ შემაშფოთა, რომ მანამდე მრავალგზის მქონდა ნანახი, როგორ შეუშვერდა ეზოს ონკანს ჯერ გადაპარსულ თავს, მერე კი, შიშველ ფეხებს ჩვენი ქვედა მეზობელი, ვანიჩკა ჯიკაევი. ვანიჩკა დროული და მრავლისმნახველი კაცი გახლდათ, უშველებელი, ჩაგრეხილი ჭაღარა ულვაში ჰქონდა და ცისფერი უმკლავო მაიკა ეცვა ხოლმე. ასე, სახალხოდ იბანდა ფეხებს, ცივი წყლით, რაც მაოცებდა და მაშფოთებდა კიდეც, ბებიაჩემი რაღაცას წაილაპარაკებდა ხოლმე, როცა შუშაბანდის მინებიდან ონკანს შეყუდებულ ვანიჩკას მოჰკრავდა თვალს. მგონი, კარგს არაფერს. ამიტომ, ეს ამბავი მაშფოთებდა. ვანიჩკას, სტალინური ქუდი ეხურა ხოლმე. ასეთივე ქუდით იყო ის იმ ფოტოზე, მათ სახლში, სადაც ვანიჩაკს მიერ ციხეში გაკეთებული წვრილმანების შესანახი ყუთი იწონებდა თავს.

ფოტო სწორედ ამ ყუთის სახურავში იყო ჩასმული. იქ ვანიჩკა ახალგაზრდა გახლდათ. ალბათ, ციხიდან გამოუგზავნა თავის ცოლს, ფროსიას. ფროსია ცისფერთვალება და ჩამრგვალებული ქალი იყო, ცხინვალიდან შვილიშვილები ჩამოუდიოდნენ ხოლმე. ხოლო ის ყუთი, რომელიც ძალიან მომწონდა, შავად შეეღებათ და ალისფერი ვარდებით მოეხატათ. ახ, ძალიან მომწონდა, მაგრამ შიგ ნემსები და ძაფები ეწყო და ეს მეტად მიცრუებდა იმედს.

ერთხელ ვანიჩკამ პირადი არქივის, თუ რაღაც ამგვარის წმენდა მოაწყო: აი, სახლიდან რომ უსარგებლო ნივთებს გამოიტან გადასაყრელად, ჰოდა, სარეცხის თოკზე ვიღაც მელოტი კაცის ფოტო ჩამოკიდა.

ეს ვინ არის მეთქი, და ხრუშჩოვიაო.

ხრუშჩოვი ნამდვილად არ ვიცოდი, ვანიჩკამ კი მეტი დამაჯერებლობისთვის დაამტა:

- ამან გამომიშვა მე, თორე ახლაც იქ ვიქნებოდი.

საიდან გამოუშვა, სად იქნებოდა, რა ჯანდაბა... ხრუშჩოვი ცისფერ ფონზე იყო გადაღებული და იღიმებოდა. სახლში ამოვედი და ბებიაჩემს ვკითხე, ის კაცი ვინ არის-მეთქი. ბებიაჩემმა ტუჩებზე მიიდო თითი. საერთოდ, ფრთხილი ქალი გახლდათ, კომუნისტებისა ძალიან ეშინოდა. თუმცა, ეს სიფრთხილე პირობითი იყო. ანუ, მე არაფერს მეტყოდა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცეებს მაინც ამბობდა და ყურს მოვკრავდი ხოლმე. ეტყობა მამახსოვრდებოდა, იმიტომ, რომ ერთხელ მშვენიერი ამბავი მოხდა.

ეს ამბავი არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემი დღემდე ჰყვება:

მამას ტროლეიბუსით მოვყავდი საბურთალოდან. გეპეის პირველი კორპუსის ქვედა მხარეს, ხილიანის ასახვევში ლენინის ძეგლი იდგა. ერთი ხო იდგა მოედანზე, მეორე იქ, მერე მესამეც დადგეს მთავრობის ახალი სახლის წინ: ლენინი რაზლივში. ხო, მარა, ახლა გეპეისთან რომ იდგა იმასთან გვაქვს საქმე... მოკლედ, ტროლეიბუსი რატომღაც შეყოვნდა იმ ადგილას და მეც ეტყობა, სულ აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს და დავინახე ეს ძეგლი.

მამაჩემი ამბობდა, მოკლედ მკითხეო, ყოველგვარი შესავლების გარეშეო:

- ლენინი?

- ჰო, ლენინი.

- ამან დააქცია ქვეყანა.

ეს იყო ბებიაჩემის ცნობილი ფრაზა. სადაც თვალს მოკრავდა, თურმე, ასე ამბობდა.

ტროლეიბუსში ყველა იცინოდა. თურმე, მე რა ვიცი, მაგრამ მაინცდამაინც ტკბილი ეპიზოდი არ იყო.

მერე მამაჩემს ვეკითხებოდი, ტროლეიბუსიდან ჩამომიყვანე-მეთქი? და ჩამოგიყვანე არა, ის კიდეო.

საქართველო მაინც სხვანაირი ქვეყანა იყო იმ საბჭოთა კავშირში. ისე, სახლში, სტალინის ფოტოებსაც მივაგენი და ბოლოს და ბოლოს ვიკითხე, ესენი რატო გვაქვს, ვანიჩკას რო ხრუშჩოვი აქ იმიტო-მეთქი? ბებიამ კი მითხრა, ადრე ყველას ჰქონდა სახლშიო, ისე გვედო ხოლმეო.

გვარიანი ფოტოპორტრეტები იყო, ეტყობა, კარის ფოტოგრაფის გადაღებული, იმიტომ, რომ ისეთები აღარსად მინახავს.

მოკლედ, საბჭოთა ლიდერებთან პირველი შეხვედრები ასეთი იყო, იქაც ყვარყვარე დაუმატე და თითქოს, არა უშავს.

ხო, დიდ ოთახში ტელევიზორი „რეკორდი“ გვქონდა და იქ სხვადასხვა რამეებს ვხედავდი: კერძოდ, ფეხბურთს და ვცნობდი პროგრამა „მოამბის“ წამყვანს, გვარად ძიგუას: ჭაღარა, სათვალიანი კაცი იყო. საერთოდ არ მახსოვს, პირველი ფილმი, რომელიც ტელევიზორში ვნახე, ფეხბურთის რაღაცეები კი მახსოვს, მგონი, ეროსის ხმა, გვარი და სახელი გივი ნოდია და რაც მართლა კარგად მახსოვს, დინამო-ტოტენჰემის თამაშის ეპიზოდი, როცა კახი ასათიანმა გოლი გაიტანა. ჩანს, ფეხბურთი მაშინ უკვე ძალიან მიყვარდა და ეს პირველი გოლიც იმიტომ დამამახსოვრდა. ეტყობა, ისიც ვიცოდი, რომ ორ კვირაში საპასუხო თამაშია ლონდონში, რომელსაც მე აბა გვიანი საათის გამო ვინ მაყურებინებდა და ამიტომაც, სკოლაში წასვლის წინ მძინარე მამაჩემს დავადექი თავს.

- წავაგეთ... ხუთით ერთი წავაგეთ - ეს სიტყვებიც ზუსტად მახსოვს.

ესეც პირველი წაგება. მე რომ მახსოვს, თორემ იმ წლებში დინამო უფრო აგებდა, ვიდრე იგებდა.

კიდევ რა მახსოვს, იცი, როცა ვიძინებდი, ბაბუა მომიჯდებოდა ხოლმე და ზღაპრებს მიყვებოდა. მაგრამ ეს ამ ფეხბურთამდე იყო, იმიტომ, რომ ბაბუა ადრე გარდაიცვალა. ბაბუაჩემის პერსონაჟი თაგვი იყო და ვირთხუშ პეტროვიჩი ერქვა. ძალიან მომწონს ეს სახელი. საერთოდ, არ მახსოვს ის ზღაპრები, მაგრამ სახელი ძალიან კოხტად იყო შერჩეული. მერე ჩემი ძილისწინა ზღაპრები დეიდაჩემმა გადაიბარა. ისინი გოჭზე და მის ამხანაგებზე იყო. ყველაზე კარგი წიგნი კი, რომელიც იმ დროს მქონდა, ჩექმებიანი კატა გახლდათ: რო გადაშლი და ნახატები რო ამოდის, ისეთი, მგონი შემომეხია ის წიგნი, მხოლოდ ყდა მახსოვს. ხოლო პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, უფრო სწორად კი, ხშირად ვკითხულობდი, ენ ჰოგარტის „მაფინი“ იყო. მაფინი ჩოჩორს ერქვა, მოგეხსნებათ, და ეს წიგნი ძალიან მომწონდა. შორიახლო ტრიალებდა „ბიძია თომას ქოხიც“, მაგრამ მისი ყდისა მეშინოდა. ყდაზე სრულიად სულისშემძვრელი ბორკილებდადებული საბრალო ზანგი ეხატა და ამიტომ, წიგნი არ მომწონდა.

მეორე შუშაბანდის ბოლოში კიდევ ერთი პატარა ოთახი იყო და მთელი წიგნები იქ ელაგა. მე, ცხადია სურათებიანი წიგნები მომწონდა, მაგრამ ისინი იქ ძნელად მოიპოვებოდა. ამიტომ, ყდაზე თუ იყო სურათი, ისეთ წიგნსაც დავხედავდი ხოლმე. ასეთი იყო, ჯეინ ეარი, თუმცა, ეს ყდაც სრულიად შემაშფოთებელი იყო ჩემთვის, ჯეინს ისეთი ნირწამხდარი, თუ გაავებული სახე ჰქონდა, რომ იმის ხშირად შეხედვას ვინ გაბედავდა.

0x01 graphic

ღამღამობით, ძილის წინ, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ცხენზე ვზივარ და სადღაც მივაჭენებ. ერთი ყვითელი სათამაშო რევოლვერი მქონდა, მგონი, სმიტ ვესონის ყაიდაზე ჩამოსხმული, ახლა რომ ვფიქრობ, ნაგანს ნამდვილად არ ჰგავდა. თეთრი ტარი ჰქონდა და ტარზე კი ირემი ეხატა. მაშინ ბევრს ჰქონდა ასეთი რევოლვერები, მგონი, ყველაზე ხადავოი სათამაშო იმ დროის პატარა ბიჭებს შორის. ეს რევოლვერი სულ თან დამქონდა და ძილის წინ ბალიშის ქვეშაც ვინახავდი ხოლმე. არ ვიცი, რატომ, შესაძლოა, რაღაც ფილმი ვნახე, რომელიც არ მახსოვს, იმიტომ, რომ ოდნავ წამოზრდილს, სწორედ ისეთი ფილმები მომწონდა, რევოლვერებს რომ დაატრიალებენ ხოლმე. მაშინ, ჩემ ტოლებში, ვესტერნებზე და კოვბოებზე იმდენად არ იყო ლაპარაკი, უფრო ასეთი სიტყვა იყო: მექსიკელები. ანუ, დიდშლიაპიანი კაცი, ყველა მექსიკელი იყო.

მაშინ ხომ გოიკო მიტიჩის დროებაც გახლდათ, მისი შავ-თეთრი ფილმებისა, მერე ფერადი ვინიტუებიც მოჰყვა, მაგრამ ეს უფრო გვიანდელი ამბავია, მჟავანაძის ახალმოხსნილობის ბავშვობაში კი ესენი ნამდვილად შავ-თეთრი იყო.

აჰ, რაგვარი შურით ვუცქერდი მოზრდილ ყმაწვილს, რომელიც გვიამბობდა ფილმს - „დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვილები“. რას ნიშნავდა ეს სათაური, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინაიდან ასტრონომიაზე არავინ მესაუბრებოდა, მაგრამ მაინც მეტად შემშურდა, რომ ვიღაცეები ნაზიარებნი იყვნენ ამ სრულიად მიმზიდველ სახელს.

სამაგიეროდ, კარგად მახსოვს პირველი ფილმი, რომელიც კინოში ვნახე, კვლავ და კვლავ მამაჩემთან ერთად: ეს იყო საბჭოთა რობიზონ კრუზო, დღის სეანსი. იქ ამბობდნენ, პარასკევას ქართველი თამაშობსო. ახლა ვიცი, რომ ირაკლი ხიზანიშვილი თამაშობდა.

მზიანი დღე იყო, კინოდან რომ გამოვედით სინათლემ თვალი მომჭრა. რობინზონ კრუზო წაკითხული არ მქონდა, მაგრამ წიგნი კი მენახა. მენახა კი არა, ჩემი იყო.

ბაჩამ მაჩუქა.

ბაჩა სრულაიდ უნიკალური პერსონაჟი გახლდათ.

პირველი საჩუქრი, რომელიც მახსოვს, ბურთების სასროლი თოფი იყო, რომელიც საავადმყოფოშივე მომიტანეს, როცა გლანდები ამომაჭრეს. გლანდების კაციც მახსოვს: რომელსაც შუბლზე ის მრგვალი, ნახვრეტიანი სარკე ჰქონდა მიმაგრებული და მეჩხუბებოდა რაღაცეებს, როცა მაჭრიდა. ეტყობა მტკიოდა და ცუდად ვიქცეოდი, იმიტომ, რომ მეუბნებოდა, ეხლა შევწყვეტ ოპერაციასო. გეგონება ვიცოდი, რას ნიშნავს ოპერაციის შეწყვეტა. მერე იმ სარკეზე სისხლის წვეთები დავინახე და ეს თოფიც ჩამახუტეს, რომელიც იქვე, საავადმყოფოშივე გამიტყდა. შინ პაბედამ მოგვიყვანა, ან სად იპოვეს ეგეთი მანქანა. სქელი საროჩკა მეცვა, ბამბაზიის. მაგრამ ახლა თოფზე არ ვლაპარაკობ, არამედ, პირველ წიგნებზე, რომლებიც მაჩუქეს.

ბაჩა, დაბალი, ასევე ჩამრგვალებული, შავგვრემანი ქალი იყო: ბაბუაჩემის ახლო ნათესავი, საბავშვო ლექსების მწერალი. ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და ღამითაც რჩებოდა უქმეებზე. უამრავი რამის მოყოლა იცოდა და როგორც ეტყობა, შინ იშვიათი ბიბლიოთეკა ჰქონდა: განსაკუთრებით ოციანი, ოცდაათიანი წლების ქართული წიგნებისა. ამას ახლა ვატყობ, წიგნებს მჩუქნიდა ხოლმე და ისინი ოცდაათიანი წლებისა იყო. ჯერ რობინზონ კრუზო მომიტანა და მაჩუქა, მერე კი, ტომ სოიერის თავგადასავალი. ძალიან ძველი ტომ სოიერი იყო, ელენე ახვლედიანის ნახატებით. ინდიელი ჯოს მაგივრად ინდოელი ჯო ეწერა: ეტყობა, მაშინ ასე თარგმნიდნენ. ნახატები იყო დაუვიწყარი. ახლაც მახსოვს. მაშინ ის წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ კი ვათვალიერებდი ხოლმე. ხმარებისგან გაცრეცილი, დაშლილი და თამბაქოსფერი ფურცლები ჰქონდა. ნახატებზე, ბიჭებს და გოგოებს რაღაცნაირი სახეები ჰქონდათ, დაჭყეტილი თვალები, ჩაცინებებიც სრულიად თაღლითური, მოძრაობებიც მაგარი იყო.

ბაჩა დიდად დრამატული ბედის ქალი იყო. ესეც, რა თქმა უნდა, მერე გავიგე, მარტოობა სძულდა და აშინებდა, სულ მარტო კი იყო. ძალიან მაგარი მოყოლა იცოდა. რას მიყვებოდა, დიდად არ მახსოვს, მაგრამ მაგრად რო მიყვებოდა, ეს ნამდვილია. სულ ვფიქრობდი, ნეტავ ამ წიგნებს ოდესმე თუ წავიკითხავ-მეთქი. სახლში წიგნების მეტი რა იყო, მაგრამ ბაჩას მოყოლილები მაინც სხვა გემოსი გახლდათ.

ქართული ფანტასტიკური რომანები თუ გსმენიათ ოცდაათიანი წლებისა? მგონი ივანე ყიფიანის წიგნს მიყვებოდა, სადაც პერსონაჟს გიორგი მოგელი ერქვა. გიორგი მოგელი: აგე, დღემდე მახსოვს ეს კაცი, რომელიც თეთრ კოსტუმში წარმომედგინა. ბაჩა ამბობდა, ამ წიგნშიო, ადამიანები საჭმელს არ ჭამენ, ბეჭდებს იკეთებენ და ასე ძღებიანო. ესეც ქართული ნაუჩნი ფანტასტიკა.

ეს გიორგი მოგელი მხოლოდ ბაჩას მონაყოლიდან მახსოვს, მერე ისე ვიფიქრე, ივანე ყიფიანის პერსონაჟი უნდა იყოს-მეთქი, ყიფიანის ნაწერებს კი ეგრეც ვერ მივწვდი.

ყველაზე უფრო რაც არ მიყვარდა, კალამი და სამელნე იყო. მე ზუსტად იმის ბოლოს მოვესწარი, რომ, მგონი, მეოთხე კლასამდე, ჩანთაზე ნაქსოვ ტომსიკაში ჩადებული სამელნე მეჭირა და პენალში კალამი მედო. ეს მეტად არ მომწონდა, და რატომ არ ვიცი. ეტყობა, თხუპნიაობის გამო. სუფთა წერაშიც, პერსპექტივა არ გამაჩნდა... ოღონდ, ეხლა სკოლის რაღაცეებზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, უცებ ვიფიქრე, რა არ მიყვარდა-მეთქი და სწორედ რომ კალამი, რაც შემდგომში გვარიანი უცნაურობა გამოდგა. ასევე მეჯავრებოდა ყველანაირი ხორცი და ჩემი ჭმევა ტრაგედია იყო.

იცით რა მიყვარდა? ეზოს წინ ჭიშკართან რომ ვიჯექი იმ სკამეიკაზე და ბაბუაჩემი რომ ამოდიოდა აღმართზე, მუქი მწვანე ფართო ხალათი ეცვა, იყო მსუქანი და თავზე საზაფხულო შლაპა ეხურა. ვის გავდა და ჟან გაბენს. ერთხელ აიღო და შლაპა ანთებული სიგარეტით გამოწვა შუა ადგილას, რის შემდეგაც გამოაცხადა, ზაფხულია, სიცხეა და ჰაერი უკეთ იმოძრავებსო. ასეთი ონავრული რამეები ეხერხებოდა. სულაც არ დარდობდა, შლაპა რო გამოიწვა. აბა, მე გამომეწვა შლაპა. რა ამბავი ატყდებოდა?

რო ამოდიოდა აღმართზე, გავიქცეოდი ხოლმე და დავეტაკებოდი. მგონი, ცხოვრებაც ეს არის, თან პატარა რო ხარ, გამოგდის ასეთი რაღაცეები. ახლა, რომც მოგინდეს გაქცევა და დატაკება, ასჯერ დაფიქრდები. ეს სიყვარულებიც, რაღაცნაირად შეკავებულია ხოლმე, ანდა ადამიანები ჩვეულებრივები ხდებიან, თუ რა არი, არ ვიცი. მგონი, ნამდვილი ადამიანი მაშინ ხარ, როცა პატარა ხარ, მერე, ვიღაცა ხარ, იმის ნახევარიც არა, ბავშვობაში რომ იყავი.

პირველი სიბნელეც მახსოვს. ანუ, პირველი შუქის წასვლა. დედაჩემმა კინოში წამიყვანა, თუმცა, მგონი, მაშინ უკვე ცხრა წლისა ვიქნებოდი. კინო იყო, „ვერის უბნის მელოდიები“. მოვედით სახლში და ბნელა, ბებიას ძველი ლამპები ჰქონდა. ვახ, როგორ წავხდი. სახლში რო მოვდიოდით, იმას ვფიქრობდი, ეხლა მედროგე პავლეს დავხატავ-მეთქი. ლამპის შუქზე, აბა, რა უნდა დამეხატა, დიდი ვერაფერი. მაშინ ასეთ რამეებს ვაკეთებდი ხოლმე: რვეულის სულ ბოლო გვერდზე სახეს ვხატავდი, მერე, ზედა ფურცლებზე, სახის ფორმაზე ამოვჭრიდი ადგილს და ტანსაცემლს ვუხატავდი. ერთი ათს რომ გავაკეთებდი, ასე გამოდიოდა, რო თავი ერთია, ტანსაცმელი კი სულ სხვადასხვა. რატომ მომწონდა ასე, არ ვიცი. გადაშლიდი, სხვა ტანსაცმელია, ისევ გადაშლიდი, კიდევ სხვა და ასე გაუთავებლად. ლამპის შუქზე მაინც დავხატე, მაგრამ მგონი, მალევე ჩამაგდეს ლოგინში, მაინც ბნელაო. ამ სიბნელემ როგორც მახსოვს, გვარიანად შემაწუხა, ბებიამ კი თქვა, ომის დროს სულ სიბნელე იყო, რომც გქონოდა შუქი, მაინც უნდა ჩაგექრო, თვითმფირნავებიდან ქალაქი რომ ვერ დაენახათო. ისიც მოაყოლა, დაბლა ვიდექით ხოლმე, ქუჩის ბოლოში, მორიგეებადო.

იფ, ღამით მორიგეობა ჩვენი ქუჩის ბოლოში... დიდებული რამედ წარმოვიდგინე, იმიტომ, რომ ღამეები მომწონდა. ზოგჯერ ზაფხულში, თუ შემთხვევით არ დამაძინებდნენ, ეზოშიც კი ჩავდიოდი ხოლმე, ნიავი უბერავდა და სკამეიკაზე მეზობლები ისხდნენ. დიდი ბიჭები, ანდა რომელიმე ამომვლელი ჩაიმუხლებდა ამ სკამეიკაზე მსხდომებთან. ვიღაცა ონკანს მოუშვებდა და ეს ხმაც უხდებოდა იმ ზაფხულის ღამეს, ვარსკვლავებიც მახსოვს. ჰოდა, მორიგეობა მთლად მშვენიერი რამ იქნებოდა. ომისა არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ბებია ხშირად ახსენებდა ომს. უმცროსი ძმა, რომელიც თურმე, სწორედ აი, იმ ოთახში ცხოვრობდა, სადაც ახლა წიგნები იყო, გამთენიისას გაპარულიყო და მოხალისედ ჩაწერილიყო. ომი ჯერ კი არ იყო, მაგრამ ეს წასულა და ორიოდ კვირაში დაწყებულა კიდეც. ბებიას ჰქონდა მისი ერთადერთი წერილი, ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე გამოგზავნილი: ზედ შემშრალი ცრემლებით. ძალიან ხალისიანი წერილი იყო, როცა გავიზარდე, მერე წავიკითხე.

მაგრამ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვარზე ხდებოდა: იქ პირველ სამ დღეში მოასწორეს ყველაფერი გერმანელებმა. ან სიკვდილი იყო, ან ტყვეობა და რახან ძმის დაღუპვის ცნობა არ მიუღიათ, ბებია ცოტათი მაინც ყოველთვის ფიქრობდა, რომ ის სადმე სხვაგანაა, რომელიმე ქვეყანაში.

რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს ძნელი დასაჯერებელი იყო, რადგან უცხოეთში დარჩენილი ყოფილი ტყვეები საქართვლეოში უკვე ჩამოდიოდნენ კიდეც. ის კი არ ჩანდა. ბებია და მისი დები რომ შეიკრიბებოდნენ, აუცილებლად ლაპარაკობდნენ თავიანთ პატარა ძმაზე. აგერ, ბოლო დრომდე ასე იყო. ერთხელ, ამბავიც კი მოიტანა ვიღაცამ, იუგოსლავიაში ნამყოფი კაცისგან მოთხრობილი, ტაქსში ჩავჯექიო და მძღოლი ძალიან გავდა თქვენს ძმასო, გამომიტყდა რომ ქართველი იყო, ოღონდ სახელი არ მითხრაო... ეს, მგონი, 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა. არ მგონია, ის ყოფილიყო.

იქ ჭიშაკრთან ჩემი ჯდომისას კი, ხანდახან მოდიოდა მაღალი და შავტუხა ბიჭი გელა, რომელსაც ასანთი ჰქონდა, ჭიანჭველების ბუდეებს ეძებდა და მერე მოკიდებული ასანთით დასდევდა ამ ჭიანჭველებს.

ეხლა კიდევ ერთი რამე გამახსენდა.

ერიკა დევდსონ.

ეს იყო პირველი უცოხური სახელი და გვარი, რომელიც დამამახსოვრდა. ოღონდ ამ ამბავს სხვა დროს მოვყვები.

ერთხელ კიდევ, ბაბუას ვყავდი წაყვანილი სადღაც და ბორია პაიჭაძე შეგვხვდა.

მისი ხმა მახსოვს.

11 ყველაფერი სალომე ასათიანის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ანკეტა

განათლება:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინომცოდნეობის ფაკულტეტი

  • სასექსის უნივერსიტეტი, ინგლისი; მაგისტრის წოდება, მედიის მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, მაგისტრის წოდება, გენდერის მეცნიერებათა ფაკულტეტი

ზოგიერთი აკადემიური ნაშრომი (რომელთა სათაურების თარგმნაც კი გაგვიჭირდა)

  • კულტურული გლობალიზაცია, მულტიკულტურალიზმი და პოსტ-კოლონიური მდგომარეობა - გადაკვეთის წერტილები“

  • „ახალი ჰოლივუდის მამაკაცები: კრიტიკული მდგომარეობა“

  • „ქალი-დედები: გიჟი სურვილის ლაბირინთებში“

  • „დარღვეული იზოლაცია და კულტურული იმპორტი: როკ მუსიკა საბჭოთა საქართველოში და ფრანკოს პერიოდის ესპანეთში, 1960-70 წლები“.

პროფესიული საქმიანობა:

  • ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ახალი ამბების ცენტრალური სამსახური

ოჯახური მდგომარეობა:

  • მეუღლე - ადრიანი

განსაკუთრებული ნიშნები:

  • ექს-მწეველი

  • აქვს კარგი იუმორის გრძნობა

  • აზროვნებს სხარტად და ლაპარაკობს ძალიან სწრაფად

  • კლასიკური ტყუპებია - არაპროგნოზირებადი, ჯიუტი, ურთიერთგამომრიცხავი, ცნობისმოყვარე და სწრაფი

სალომეს იარლიყები არ უყვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე მესამე პირში წერა თითქმის შეუძლებელია. მე მხოლოდ იმის თქმის უფლება მაქვს, რომ ტომ ვეითსის ფანია და ვეგეტარიანელი. ეს ორად ორი იარლიყია, რაც მასში პრინციპულ დისკომფორტს არ იწვევს. ამიტომ, კულტურულ გლობალიზაციაზე, მემარცხენეობაზე, ფემინიზმზსა და მასკულინიზმზე, ნაციონალიზმსა და მრავალფეროვანებაზე, მედიასა და ჟურნალისტიკაზე და, რაც მთავარია, გულწრფელ სენტიმენტებზე, სალომე პირველ პირში თავად მოგითხობთ.

სალომეს იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, თან დიპლომატია და დაგინდობთ, სტალინზმისა და ფსევდო-ტოლერანტობის საფრთხეების განმარტებასთან ერთად, იმასაც გეტყვით, როგორ უნდა დაამარცხოთ ქსენოფობია და სიგარეტი!

უხსოვარ დროს

უხსოვარი დროიდან მეშვიდე კლასამდე წარჩინებული, წესიერი, ხუთოსანი ბავშვი ვიყავი. დედასთან ერთად ვმღეროდი, თეატრში მალვინას მათამაშებდა - ცისფერთვლებიანი, თმებიც ცისფერად მქონდა შეღებილი.

მერვე კლასიდან რადიკალურად შევიცვალე. წავედი ზაფხულის არდადეგებზე და სექტემბერში სულ სხვანაირი დავბრუნდი - მომატებული, თმა შეჭრილი. დავიწყე შატალოებზე სიარული, რაღაც პერიოდი ნიშნებიც გამიფუჭდა. სხვა ინტერესები გამიჩნდა. დავიწყე როკის სმენა. დამაინტერესა 1968 წლის მოვლენებმა და ჰიპებმა, ოღონდ, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი. ვუსმენდი ჯიმ მორისონს და ვწერდი მოთხრობებს მორისონის გავლენით, მწვანე გველებზე, მეფე-ხვლიკებზე და რა ვიცი. მოკლედ, სხვა რომანტიკა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. გავხდი მელანქოლიური, რომ არ ვთქვა, დეპრესიული - როგორც ხდება ხოლმე ხშირად, ამ ასაკში. ამან გამოიწვია გაუცხოება ჩემი თანატოლების მიმართ. პირველი სერიოზული, გაცნობიერებული განცდა, რომ „მე ცოტა სხვანაირი ვარ“ ეგ იყო. წარმოიდგინე, 15-16 წლის ხარ და ბიჭები, ვისაც ეპრანჭები, ოჯახის წევრები, მეგობრები გეუბნებიან, რომ შენ „ქალის გარდა ყველაფერი ხარ“, იმიტომ, რომ არ იხატები, ქუსლებზე ვერ დგები. შეიძლება ცდილობ, მაგრამ ვერ დგები. თან ამ პერიოდში ხომ სხეული გეცვლება, ფსიქიკა გეცვლება, გოგოს მითუმეტეს. მოკლედ, 2-3 წელი ჩემს თავს კარგად ვერც ვფლობდი, არც ვიცნობდი და ჩემს სხეულთანაც გაუცხოება მქონდა.

ამ გაუცხოების და კომპლექსების მიუხედავად, სკოლის დრო მაინც კარგად მახსენდება. თუმცა, სკოლის პერიოდის ბევრი მეგობარი, სამწუხაროდ, დავკარგე. ერთი სოფო შემომრჩა. ოღონდ, მას, ალბათ, უკვე მეგობარი აღარც ჰქვია - 25 წელია ვმეგობრობთ, უკვე ჩემი ცხოვრების ორგანული ნაწილია. ჩემი პირველი „რომანიც“ სკოლას უკავშირდება, თუმცა, მგონი უკვე მაშინ მქონდა გარკვეული იდეოლოგიური პრობლემები - განსაკუთრებეთ გენდერულ პლანში. გვქონდა პრობლემები. ახლა კი. შეიძლება. პათეტიურად ჟღერდეს, მაგრამ ვიდრე გავიგებდი გენდერი და ფემინიზმი რა იყო, უკვე აშკარა პროტესტი მქონდა „ქართულ-ტრადიციული“ ურთიერთობების წესების მიმართ - ქალმა რომ თავისი ადგილი უნდა იცოდეს და კაცმა - თავისი და რაღაც ასეთი სისულელეები. ამიტომაც. გამიხარდა მოგვიანებით იმის აღმოჩენა, რომ თურმე, ამ ყველაფერს თავის სახელი ჰქვია და ამ ყველაფერზე ძალიან ბევრმა ჭკვიანმა ხალხმა იფიქრა.

მოკლედ, გარდატეხის ასაკში ძალიან ინტენსიური ცვლილებები მოხდა ჩემს თავს. მერე მშობლებს დავუჯერე და უნივერსიტეტში, დასავლეთ-ევროპულზე ჩავაბარე. დედაჩემი განსაკუთრებით აქტიურობდა. ინგლისური უკვე კარგად ვიცოდი და მითხრა, ინგლისურის სპეციალისტი გამოდი, იმიტომ, რომ მარტოს რომ მოგიწიოს თავის რჩენა, სტუდენტებს მოამზადებ და შემოსავალი გექნებაო.

უნივერსიტეტში ერთი სემესტრი ვისწავლე და მერე ინგლისში წავედი. პირველად, ენის კურსებზე, სამი თვით. ეს არის სადღაც 1994 წელი. ინგლისში წასვლა ერთგვარი პირველი გარდატეხა იყო. მანამდე ეტაპები შემზადება იყო ამ ცვლილებებისთვის. დამატებით ორი თვე დავრჩი - ოფიციანტად ვმუშაობდი და ჩემს პირველ დამოუკიდებელ ცხოვრებას იქ ვეზიარე.

0x01 graphic

მწვანე ტალღა

„მწვანე ტალღაზე“ მისვლა როკ დიჯეად 1996 წელს - ესეც ერთ-ერთი საეტაპო მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ჩემით მივედი და იქ მართლა სხვა სამყარო დამხვდა. პირველად ტომ ვეითსი იქ მომხვდა ყურში. Blue Valentines უკრავდნენ. არც ტომ ვეითსი ვიცოდი. მაშინ ვგიჟდებოდი ჯიმ მორისონზე, ჯენის ჯოპლინზე. მინდოდა ჯენის ჯოპლინს ფიზიკურად დავმსგავსებოდი და ამას ყველანაირად ვცდილობდი. ვკითხულობდი რაღაცეებს და 68 წლის ამბების სრული რომანტიზაცია მქონდა, რაც, სხვათა შორის, დღემდე მაქვს გამოყოლილი, ოღონდ, იმედი მაქვს, ცოტა უფრო ღრმად და არა ისე ინფანტილურად, როგორც მაშინ. თუმცა, ვინ იცის.

იქ ბევრი კარგი ადამიანი დამხვდა. ხშირად, ღამის ცვლაში ვიყავი ხოლმე როკ-დიჯეი. რადიო მაშინ მეთვრამეტე სართულზე იყო და წარმოიდგინე, უყურებდი მთელს 72 ცხელი შოკოლადი „ერთ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და ადრიანზე სულ მესმოდა, რომ არის ერთი ძალიან სიმპათიური ბალკანელი ბიჭი. ვიღაცეები იმასაც ამბობდნენ, ჯეიმს დინს ჰგავსო. ბოლო-ბოლო ერთ-ერთ საშობაო წვეულებაზე გავიცანი და სრულიად მოვიხიბლე“. ისტორია ქალაქს, ჩაბნელებულს და უშუქოს. ხალხი ბატარიებით უსმენდა რადიოს, გვირეკავდა, გვიკვეთავდა სიმღერებს... ძალიან საინტერესო ადამიანები რეკავდნენ - ვეტერანი როკერები, თავის დროზე რენტგენის ფირფიტებს რომ უსმენდნენ, და ახალგაზრდები, რომლებიც ნირვანას და თანამედროვე როკს ითხოვდნენ. მსმენელები რადიოშიც მოდიოდნენ ხოლმე, ვუსმენდით მუსიკას და ვლაპარაკობდით. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ ალტერნატიული, სუბკულტურული ცხოვრებით ჩვენს გვერდით ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

დიდი დინამიკები გვქონდა, ფანჯრებს ვაღებდით და როკს ვუკრავდით ბოლო ხმაზე. ჩაბნელებული ქალაქი და როკი. ნამდვილი რომანტიკა!.. ასე გაგრძელდა 2 წელი. ფანტასტური დრო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომების შედეგად დანგრეული იყო ყველაფერი. ის შესაძლებლობა, რომელიც მე მომეცა, მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდებს, ალბათ, ძალიან იშვიათად ეძლევათ.

მერე, საქართველში ყოველ ჩამოსვლაზე მწვანე ტალღაში ვბრუნდებოდი ხოლმე. რაღაც პერიოდში ციკლსაც ვაკეთებდი - „სექსუალური რევოლუცია“ ერქვა. ვიწვევდი სტუმრებს და ვლაპარაკობდით ყველაფერზე - დაწყებული სკოლაში სექსუალური განათლებით, უმცირესობებით, ხელოვნებაში სექსის რეპრეზენტაციით, დამთავრებული შიდსით, „ქალწულობის ინსტიტუტით“, და ეროტული ქარიზმის ფენომენით.

სხვათა შორის, ჩემი გამოცდილებით შთაგონებულმა, ჩემმა უმცროსმა დამ, ნატუკამ, უკვე სკოლის ბოლო კლასებში დაიწყო დიჯეად მუშაობა. დღესაც რადიოშია - „უცნობში“ - ახლა უკვე ახალი ამბები მიყავს. ძალიან მიხარია ნატა რომ მყავს. ერთმანეთს თან ძალიან ვგავართ, და თან სრულიად სხვადასხვანაირები ვართ. ისიც ისეთივე ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელია, როგორიც მე ვიყავი მის ასაკში. თუმცა, ჩემთან შედარებით, ბევრად უფრო მშვიდია და თავდაჯერებული. ალბათ, იმის გამოც, რომ ჩემნაირი უფროსი და ყავს ჭკუის მასწავლებლის როლში!.

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ნადირაძე

ჩემი თიჩერი

ინგლისიდან რომ დავბრუნდი, 1994 წელს, მივხვდი, რომ სხვა ფაკულტეტზე მინდოდა გადასვლა. ამ დროს ტელევიზორში სულ გოგი გვახარია ჩანდა და როგორც ბევრი სხვა, მეც აღტაცებული ვიყავი მისი გადაცემებით. ამიტომ დასავლეთ-ევროპულიდან საბუთები გამოვიტანე, სახლში ვთქვი, მე აქ ვეღარ გავაგრძელებ სწავლას-მეთქი და უფასო ფაკულტეტიდან ფასიანზე, კინომცოდნეობაზე გადავედი.

გოგი კინოს ისტორიას და თეორიას მიკითხავდა. ნამდვილი კერპი იყი სტუდენტებისთვის. არასოდეს დამავიწყდება, პირველად მეორე კურსზე როგორ მკითხა რაღაც ფილმზე, მოგეწონაო? ჩემი აზრი აინტერესებდა. ეს უსერიოზულესი ამბავი იყო მაშინ. ახლა მართლა ნოსტალგიურად მახსენდება ის პერიოდი. წარმომიდგენია, თვითონაც როგორ იცინებს ამ ჩემი მოგონებების წაკითხვისას.

მერე უკვე გადაცემის კეთება დავიწყეთ ერთად და ამან ძალიან შემმატა თავდაჯერებულობა. თვითონ შემომთავაზა მოულოდნელად, მოდი „მწვანე ტალღაზე“ გადაცემა გავაკეთოთო. გადაცემას „ვერტიკალური მონტაჟი“ ერქვა, და კინომუსიკაზე იყო. წამყვანები გოგი და მე ვიყავით.

მოგვიანებით, „ფსიქოს“ პერიოდში ვეხმარებოდი, კლიპებს ვაკეთებდი და ღია ეთერში ტელეფონებს ვპასუხობდი. ეგეც როგორი გამართლებაა! სხვა ქვეყნებში რომელ სტუდენტს ეძლევა საშუალება აიღოს პაზოლინის, ფელინის და კენ ლოუჩის ფილმებიდან კადრები და კლიპი ააწყოს. ხომ გამორიცხულია? ამ დროს მე სრული თავისუფლება მქონდა. ვიღებდით ერთ თემას კინემატოგრაფის ისტორიაში, ვთქვათ ნარკომანიას, ან კერპთაყვანისმცემლობას, ან რომელიმე რეჟისორის შემოქმედებას. მერე გოგისთან კონსულტაციით და შთაგონებით, ვიღებდი რამდენიმე ფილმს, სადაც ეს თემა იყო განვითარებული. იქიდან ვკრებდი კადრებს, ვადებდი მუსიკას და ვწერდი ტექსტს. რამდენიმე კლიპი ძალიან კარგი გამომივიდა... ახლაც რომ ვუყურებ, მომწონს. მაგალითად პაზოლინი... ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. თითქოს მაშინ რაღაც იწყებოდა.

„ფსიქო“ სალონური გადაცემა კი არა, ბომბი იყო. საზოგადოებრივ აჟიოტაჟს იწვევდა. სალონური გადაცემები ამას ვერ ახერხებდნენ.

დღემდე ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამართლება გოგისთან შეხვედრაა. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა. გოგისთან ურთიერთობისას მთლიანად გამიქრა იმის შეგრძნება, რომ სხვანაირი ვარ და რომ ჩემი არავის ესმის. პირიქით. ჩვენი ურთიერთობა სრული კომფორტი და ახალი სამყაროს აღმოჩენა იყო. თუ ვინმემ მოახდინა ჩემზე პირველი და მართლა წარუშლელი ზეგავლენა, ბებიის მერე, რომლის გაზრდილიც ვარ, გოგი იყო, ნამდვილად. ჩემი „თიჩერი.“

0x01 graphic

REUTER/tom veiTsi

პირველი საყრდენი

დედაჩემი 20 წლის იყო მე რომ გამაჩინა. ვარსკვლავი იყო, მომღერალი და იმ პერიოდში ახალი დაწყებული ქონდა მამაჩემთან ერთად კვარტეტში სიმღერა.

ისინი ბევრს მოგზაურობდნენ და ბუნებრივია, ბებიას მოუწია ჩემი გაზრდა, დედის დედას. ბებიაზე ახლობელი ადამიანი დღემდე არ მყავს. სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა თავის შვილებთან, მკაცრი დედა იყო. მე კი ძალიან მიადველდებოდა ბებია-ბაბუასთან ურთიერთობა. ბებია არც ფემინისტურ პოლიტიკას იცნობს და არც გენდერის თეორიებს - თვითონ დიასახლისია, პერსპექტიული, ნიჭიერი სტუდენტი იყო, მაგრამ შვილების გამო სახლში დაჯდომა მოუწია - მაგრამ მე შეგნებულად, პრინციპულად არ მასწავლა კერვა. სულ მეუბნებოდა, ისეთი სამსახური უნდა გქონდეს, რომ სხვებმა შეგიკერონო. საჭმლის კეთება მე თვითონ მაინტერესებდა, ვუყურებდი და რაღაცეები ვისწავლე. ბიჭებთან ურთიერთობაზეც ბებია მეუბნებოდა, შენ არაფერი დათმო, შენს თავზე იფიქრე, მთავარია, შენი საქმე, შენი განწყობა, განვითარება, კარიერაო. ბებია რომ მაგას გეტყვის, საქართველოში!.. სახლში ასეთი საყრდენის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა.

ბაბუა? - ბაბუა მყავს ფანტასტიური. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. საოცრად ნიჭიერი, ლაღი, ხმაურიანი, მღერის და დღემდე ჩოგბურთს თამაშობს, ყოველ შაბათ-კვირას. ცოტა ხნის წინ, ადრიანს ჰყავდა თავის პროფესორი და მისი ცოლი სტუმრად. ერთ საღამოს ჩვენთანაც მოვიდნენ სახლში და ბაბუამ ისე უმღერა, უცეკვა და სადღეგრძელოები უთხრა, გადარეულები წავიდნენ, „აგულიიიიი“-ს ძახილით.

მოკლედ, მთელი ბავშვობა ბებია-ბაბუასთან მაქვს გატარებული და თბილისში ადრიანთან ერთად რომ დავბრუნდი, ისევ მათთან ერთად ვიცხოვრეთ. არც გვქონია ცალკე ცხოვრების სურვილი. ადრიანსაც უკვე თავის ურთიერთობა აქვს მათთან. ბაბუა და ის ნარდს და დომინოს თამაშობენ ხოლმე ხშირად.

ადრიანი

უკვე მეორედ რომ წავედი ინგლისში, ბრაიტონში, მაგისტრატურაზე, 1999 წელს, ეს უკვე საბოლოო გარდატეხა იყო ჩემს ცხოვრებაში. იქ ჩემი ფორმირება მოხდა როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული ან თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით. მაშინ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ სტიპენდიების კონკურსში გავიმარჯვე და ასე წავედი. დღეს თუ რამე შეხედულება მაქვს, ან რაღაცაზე ჩამოყალიბებული წარმოდგენა, ძირითადად ინგლისში გატარებული იმ ერთი წლის დამსახურებაა. ადრიანიც იქ შემხვდა.

ადრიანთან სასაცილო ისტორია იყო. ბრაიტონში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. თვითონ სწავლის პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. დღე და ღამე ბიბლიოთეკაში ვათენებდი, იქ მეძინა ფაქტობრივად, მაგრამ, არც ერთი წუთით არ მიგვრძნია, რომ „ვმეცადინეობდი“. ახალი თეორიები და კონცეფციები აღმოვაჩინე. საოცარი, მართლა ეიფორიული პერიოდი იყო - ეგეთი აღარასოდეს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მერეც ბევრი ვისწავლე.

მოკლედ, ერთ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და ადრიანზე სულ მესმოდა, რომ არის ერთი ძალიან სიმპათიური ბალკანელი ბიჭი. ვიღაცეები იმასაც ამბობდნენ, ჯეიმს დინს ჰგავსო. ბოლოს საშობაო წვეულებაზე გავიცანი და მართლა მოვიხიბლე. მაშინ თვითონაც სხვანაირი იყო, ძალიან გამხდარი და რაღაცნაირი სასაცილო, დაჟინებული გამოხედვა ჰქონდა - ეტყობა ესმოდა კომპლიმენტები და იფერებდა. მოკლედ, მომეწონა. მაგრამ არ ვიცი, უბრალოდ, არ მჯეროდა ღრმა და რომანტიკული სიყვარულის იდეის, თუ იმიტომ, რომ დაღლილი და ტრავმირებული ვიყავი წინა ურთიერთობის დასასრულით, გადავწყვიტე, რომ სერიოზულ ურთიერთობას ვერ დავიწყებდი. ვსეირნობდით, კინოში დავდიოდით. ოღონდ პირველივე დღეს, როგორც კი მივხვდით, რომ აღარ ვართ მხოლოდ მეგობრები, ვუთხარი, რომ ჩვენს შორის სერიოზული ვერაფერი მოხდება, კარგი ბიჭი ხარ, მომწონხარ და მოდი, სანამ აქ ვართ, ვიყოთ ერთად-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა.

ასე ვიყავით მთელი წელი. კინოში დავდიოდით, კაფეში ვისხედით, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით. საერთო მართლა ბევრი გვქონდა - სხვა თუ არაფერი, ჩვენი ქვეყნები გავდა ერთმანეთს პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობით. თუმცა ასეთი „მსუბუქი რომანი“ დიდხანს ვერ გავაგრძელეთ - ზაფხულში, თავის დაბადების დღეზე, ადრიანმა მითხრა რომ ასე, „კონტრაქტებით“ ურთიერთობა აღარ უნდოდა. ბრაიტონში, სანაპიროზე ვისხედით, კოცონები გვენთო, ვმღეროდით და ვიცინოდით - ბევრნი ვიყავით, ადრიანის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. რაღაცნაირი, „ჰიპური“ ღამე იყო, მართლა ლაღი და თავისუფალი. და უცებ გამომიცხადა, ცივი და რაციონალური ხარ, როგორ შეგიძლია ასე „კონტრაქტებით“ ურთიერთობაო. გული დამწყდა, ჩავთვალე რომ ისევ არ გამიმართლა და „ვერ გამიგეს“. კიდევ კარგი მერე ბუდაპეშტში წავედით.

0x01 graphic

მეორე შანსი - ბუდაპეშტი

ასეთი განცდა იმიტომ იყო, რომ ადრიანმაც და მეც ერთად მივიღეთ სტიპენდიები ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, და ინგლისიდან ორივე ბუდაპეშტში მოვხვდით. წარმოიდგინე, ადრიანსაც რომ არ მიეღო ეს სტიპენდია და ერთად არ წავსულიყავით, ვერასოდეს ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს. ახლა რომ ვფიქრობ ამაზე, ძალიან მეშინია. ალბათ, თან ვერც კი მივხვდებოდი, ვინ დავკარგე.

ბუდაპეშტში რომ ჩავედით, ცოტა ხანს ისევ მხოლოდ ამხანაგები ვიყავით. სტუდენტური ცხოვრების შესაფერისად, სტიპენდიის დასაზოგად ბინა ერთად ვიქირავეთ. მთელი ერთი სემესტრი ადრიანს ინგლისელი გერლფრენდი ჰყავდა - მოდიოდა, ერთად ვსადილობდით. ჩემთანაც ვიღაცეები ჩდებოდნენ და ქრებოდნენ. მაგრამ, ამ ერთი სემესტრის განმავლობაში მე და ადრიანი უკვე მართლა ძალიან დავმეგობრდით - ტელევიზორს ერთად ვუყურებდით, სადილს ერთად ვაკეთებდით, ვიცინოდით. და მალე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარს. მოკლედ, ძალიან გაგვიმართლა - ჯერ ქართველმა და ალბანელმა რომ ერთმანეთი ინგლისში გავიცანით, და მერე უნგრეთში რომ აღმოვჩნდით ერთად. პირველი შანსი გავუშვი ხელიდან, მაგრამ მეორეც მომეცა. ასე რომ, ხანდახან თუ ზემოთ ავიხედები ხოლმე, ამაზე ვფიქრობ. ადრიანი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლებაა!

0x01 graphic

დედა და მასკულინური გენეოლოგია

ოჯახში განსხვავებული ღირებულებები გვაქვს, მაგრამ ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს კარგი იუმორის გრძნობაა. ეს გვშველის. დედაჩემა და მამაჩემა იმიტომ გაძლეს ერთად, რომ შეუძლიათ, შუა კონფლიქტის დროს, ყოველგვარი მოგვარების და გადაწყვეტის გარეშე, ორივემ სიცილი დაიწყოს. მამასთან მე ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა მქონდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. ალბათ, პირველ რიგში იმის გამო, რომ იუმორი გვაქვს ზუსტად ერთნაირი.

ძალიან მალე მივხვდი, რომ დედის მიმართ პრეტენზიები ბანალურია და მეტი არაფერი. შვილზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. პირველად რომ ვნახე ბერგმანის „შემოდგომის სონატა“, ძალიან დამაფიქრა ამ ფილმმა. მერე ინგლისში რომ წავედი, მედიის პარალელურად, გენდერის საკითხებს ვსწავლობდი. მაშინ ფსიქოანალიზით ვიყავი გატაცებული, განსაკუთრებით ფსიქოანალიზის ფემინისტური კრიტიკით. რამდენიმე ავტორი

პირველად წავიკითხე. დედასთან ურთიერთობის გააზრებაში განსაკუთრებით დამეხმარა, ფრანგი ქალია ასეთი, ლუს ირიგარე. ახლა ზედმიწევნით სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ, მაგრამ მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ოყო. სწორედ ის წერს ქალიშვილების და დედების ურთიერთობის რეპრეზენტაციზე დასავლურ კულტურაში. ამბობს, რომ ბიჭების და დედების ჰარმონიული ურთიერთობების ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ ბერძნულ მითოლოგიაში დემეტრასა და კორას მერე, გოგოებსა და დედებს შორის ჰარმონიური ურთიერთობის შემთხვევა კულტურაში თითქმის არ ყოფილაო. ამ ურთიერთობას ყოველთვის რაღაც პრობლემა ახლავს თან, ან კაცია შუაში. ეს ფროიდთან უკვე მოცემულობაა, რომ გოგონა პატარაობიდან დედის მიმართ გაუცხოებას გრძნობს და თუ მას მამასთან მიჯაჭვულობა არ უჩდება, ის უკვე პათოლოგიურად ვითარდება. ანუ, დედის მიმართ ანტაგონიზმი ნორმალურ განვითარებად ითვლება. ეს კი ფემინისტებისათვის, რასაკვირველია, პატრიარქალური კულტურის მორიგი გამოვლინებაა.

მერე ვნახე ალმოდოვარის „მაღალი ქუსლები“ - დღემდე ვთვლი, რომ ასეთი ფილმი დედის და ქალიშვილის ურთიერთობაზე არ არსებობს. „შემოდგომის სონატაზე“ და „მაღალ ქუსლებზე“ თემაც კი დავწერე - შედარებითი ანალიზი. მახსოვს, ერთხელ დავურეკე დედაჩემს ინგლისიდან და ვუთხარი, რომ ჩვენს შორის მთავარი პრობლემა მასკულინური გენეოლოგია ყოფილა-მეთქი. ვერ გაიგო, რასაკვირველია, მაგრამ მეც ნახევრად ხუმრობით დავურეკე. მოკლედ... რაღაც ასაკამდე მქონდა დედის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, ბევრს ვკამათობდით, არა მხოლოდ ჩვენს ურთიერთობაზე, ზოგად და განყენებულ თემებზეც. მაგრამ, მაინც ვთვლი, რომ ეს სერიოზულ პრობლემად არასოდეს ქცეულა. რაღაცეები არ მოსწონდა, ჩემი ცხოვრების სტილი არ ესმოდა. დღემდე არ მოსწონს რაღაცეები, ვერ ხვდება, მაგალითად, ბავშვი რატომ არ მყავს, მაგრამ ასეთი სხვადასხვაობა ალბათ ნორმალურია.

ახლა ძალიანაც მომწონს, რომ ცნობილი, ლამაზი და ცოტა ექსტრავაგანტული დედა მყავს. ურთიერთობაც ძალიან კარგი გვაქვს - ხშირად მე ვარიგებ ხოლმე ჭკუას. სრული თანასწორობაა!..

მოკლედ, ბევრი რაღაც შვილზეც არის დამოკიდებული და არ შეიძლება მშობლების მიმართ გაუთავებელი პრეტენზიები. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, არსებობენ ცუდი დედები და მამები, მაგრამ უფრო ხშირად არსებობენ სულელი და ეგოისტი შვილებიო.

სადისერტაციო თემები და მნიშვნელოვანი ფიგურები

ინგლისში, მას-მედიის თეორიების და კვლევის მეთოდების სწავლისას, განსაკუთრებით გამიტაცა გენდერის ფილოსოფიამ. ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ იქ საშუალება მომეცა ძალიან ბევრი მიმართულება და მიდგომა შემესწავლა.

იმდენად დავინტერესდი, რომ სასექსის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოპოვების მერე, გადავწყვიტე, პირდაპირ მეორე მაგისტრატურა დამეწყო, და გენდერის ირგვლივ არსებული ლიტერატურა მესწავლა. ამისათვის წავედი ბუდაპეშტში. სხვათა შორის, დავიტრაბახებ და ვიტყვი, რომ ორივე მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მაქვს დაცული.

ძალიან საინტერესო იყო იმ სიღრმის და მრავალფეროვნების აღმოჩენა, რომელიც „ფემინიზმს“, როგორც ფენომენს ახასიათებს. რომ არსებობს ლიბერალური, მარქსისტული, პოსტმოდერნისტული, „განსხვავების“ თუ სხვა „ფემინიზმები“ თავთავიანთი გამოვლინებებით როგორც პოლიტიკურ, ისე აკადემიურ სფეროში; რომ, მაგალითად, ბევრი ფემინისტისთვის ქალის და მამაკაცის თანასწორობის იდეა მიუღებელი და ქალების მასკულინიზაციის ტოლფასია, ვინაიდან ამით ქალები მხოლოდ მოირგებენ იმ აგრესიულ ცივილიზაციას, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა არ მიუღიათ.

თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ფემინიზმის და ქალთა პრობლემებზე დაწერილ ლიტერატურაზე მეტ ყურადღებას იმ ტექსტებს ვუთმობდი, რომლებიც „უმრავლესობებზე“ - ამ შემთხვევაში, მამაკაცებზე, და მასკულინურ იერსახეებზე იყო. ინგლისში სწავლას რომ ვამთავრებდი, მაშინ გამოვიდა ჰოლივუდის ცნობილი ფილმი American Beauty, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უწინარესად იმის გამო, რომ ღიად ასახავდა ე.წ. „მასკულინური კრიზისის“ ფენომენს. სამაგისტრო დისერტაცია სწორედ ამაზე დავწერე - რას ნიშნავს ეს კრიზისი, და იყო თუ არა ოდესმე პოპულარულ კინოში ისეთი ეპოქა, რომელშიც მთავარი გმირი, მამაკაცი არ განიცდიდა „კრიზისს“. ეს ძალიან საინტერესო სფეროა, განსაკუთრებით, თუ ქრონოლოგიურ ანალიზს მიმართავ - ზედმიწევნით თავდაჯერებული ჰემფრი ბოგარტი და კლარკ გეიბლი, უაღრესად მასკულინური, მაგრამ ისტერიული მარლონ ბრანდო, 80-იანი წლების გროტესკული კაცი-კარიკატურები, შვარცნეგერი და სტალონე, და ბოლოს „კრიზისში“ მყოფი გმირები...

ქალებიდან მამაკაცებზე - ან, თუ განვაზოგადებთ, უმცირესობიდან უმრავლესობაზე - აქცენტის გადატანაში ერთგვარი პოლიტიკური მუხტი დევს. როცა მხოლოდ უმცირესობებზე - ქალებზე, შავკანიანებზე, ჰომოსექსუალებზე - მათ უფლებებზე და პრობლემებზეა ლაპარაკი - ამით ერთგვარად ძლიერდება ის აზრი, რომ „ნორმას“ პრობლემები არ აქვს. რომ მამაკაცი, ჰეტეროსექსუალი, თეთრკანიანი უპრობლემო, ბუნებრივი კატეგორიებია. ასე კი ნამდვილად არ არის.

ისე, საქართველოში მაჩოები გენდერზე და ქალთა უფლებებზე დამცინავად რომ მიწყებენ ლაპარაკს, ვპასუხობ, ორი დისერტაცია კაცებზე მაქვს დაწერილი-მეთქი. ეს კი დიდ დაბნეულობას იწვევს ხოლმე. ჭრის. ალბათ, მოვა დრო და გენდერის რომელიმე ახალგაზრდა მკვლევარი ქართველი მამაკაცის სტერეოტიპზეც დაწერს. მასალა უამრავია - მარტო ქართველი კაცის და რუსი ქალის მითი რად ღირს... დღემდე შეგხვდებათ საბჭოთა დროის ნოსტალგია, და მოგონებები მამაკაცების პიკანტურ თავგადასავლებზე მოსკოვში. ალბათ, ამაში ერთგვარი კომპენსაციის ვნებაც იდო - კოლონიზატორის და კოლონიზებულის ურთიერთობის მოდელი. „შენ კი ხარ რუსეთი, რომელსაც დაპყრობილი გყავარ, მაგრამ, სამაგიეროდ, შენი ქალები ჩემზე გიჟდებიან, და მეც მოვდივარ და მათ ვიპყრობ“...

მეორე დისერტაცია, ბუდაპეშტში, გენდერის, ეთნიკურობის, და რასობრივი ნიშნის გადაკვეთაზე დავწერე - იმაზე, თუ რა მოსდით ფილმებში მასკულინურ იერსახეებს როცა შემოდის ეთნიკური, ეგზოტიკური პერსონაჟი. ისევ ჰოლივუდის შთაგონებით - ზუსტად იმ დროს გამოვიდა რამდენიმე ფილმი, სადაც ვარსკვლავები, ბრედ პიტი და ჯონი დეპი, მოხეტიალე ბოშებს თამაშობდნენ. ორივე პერსონაჟი ზუსტად ესადაგებოდა იმ პარადოქსული, მაგრამ მაინც ერთგანზომილებიანი მოდელის ელემენტებს, რომლითაც „უცხოს“ რეპრეზენტაცია ხდება დასავლურ კულტურაში. „ბოშა“ თავისუფლების სიმბოლოა, ეროტულია, ეგზოტიკურია - თან საშიში, დესტრუქციული და ირაციონალურია.

ამ რეპრეზენტაციული კოდებით სავსეა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, და არა მარტო ადგილობრივ, ქართულ მედიაში. ნახეთ, რეკლამები Malaysia Truly Asia, და მსგავსი... რასაკვირველია, არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს წაკითხული ედუარდ საიდის „ორიენტალიზმი“, რომელიც ხსნის, რომ ეს რეპრეზენტაციული კოდები, ეგზოტიკური აზია და რაციონალური ევროპა, თავისი სულისკვეთებით კოლონიურია, მაგრამ, პოპულარულ დონეზე რაღაც ცოდნა უნდა არსებობდეს... სხვათა შორის, საქართველოც თანდათან იწყებს თავისი თავის ამგვარ რეპრეზენტირებას, ფოლკლორული კლიპების და რეკლამების გატანას გარეთ ტურისტების მოსაზიდად, და ძალიან საინტერესოა, რა კოდები და სტერეოტიპები დამკვიდრდება ამ პროცესში.

ედუარდ საიდი ახლა საიდან გამახსენდა... თავის დროზე, „ორიენტალიზმი“ პირველად რომ წავიკითხე, იშვიათად მქონია ასეთი განცდა, ვფიქრობდი, ეს წიგნი მე უნდა დამეწერა-მეთქი. ეს იყო ყველაფერი, რაზეც ვფიქრობდი, რაც მაწუხებდა და ნაწილ-ნაწილ ვიცოდი სხვა ტექსტებიდან, მაგრამ ასე თავმოყრილი არსად მენახა. ძალიან მიყვარს ეს წიგნი.

გრამშის „ციხის დღიურებზეც“ ასეთი განცდა მქონდა. სხვათაშორის, ნოდარ ლადარიამ თარგმნა „ციხის დღიურები“ და მე ვარ ტექსტის სამეცნიერო რედაქტორი, რაც ძალიან მიხარია.

ასევე, როგორც ვთქვი, ლუს ირიგარეა განსაკუთრებული ფიგურა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იდეალისტია და ზოგჯერ ძალიან ნაივური. მისული ნაივურიც. მხატვრული ლიტერატურიდან - კორტასარი. 18 წლის ვიყავი პირველად რომ წავიკითხე და ვთქვი, რომ ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი. მაშაყირებდნენ, შენ ყველაფერზე რასაც კითხულობ, ეგრე ამბობო. მაგრამ კორტასარი დარჩა. მენატრება ხოლმე ის ემოცია, რაც მისი რომანების და მოთხრობების პირველად წაკითხვისგან მაქვს მიღებული. თუმცა სხვა ავტორებიც არიან. კერუაკი, მაგალითად...

ძალიან მიყვარს სიუზან ზონტაგი. გამორჩეულად...

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლებაც ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი განსაკუთრებული ეტაპია. იქ ყველა საფეხური გავიარე - თავიდან შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი, ვაკეთებდი ყოველკვირეულ გადაცემას უმცირესობებზე „სხვა სახე“. ამ გადაცემის გაკეთება ჩემი სრულად გააზრებული, იდეოლოგიური გადაწყვეტილება იყო. საქართველოში არსებობს საოცარი მრავალფეროვნება არა მარტო ვიწრო, „ენჯიოშნიკური“ გაგებით. ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გარდა, არის ბევრად ფართო სპექტრი ცხოვრების სტილის, მსოფლმხედველობის, მენტალიტეტის... ნახევარი წელი ვიმუშავე ამ ციკლზე და უამრავი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ბევრი ადამიანი გავიცანი. როგორც კი ოდნავ გადაწევ ფასადს, სტერილურს, სტაბილურს და ერთფეროვანს, იმის იქით უამრავი საინტერესო რამე ხდება.

მერე წავედი პრაღაში, სამი თვით, პრაქტიკის გასავლელად. მალე ქართული სამსახურის პრაღის წარმომადგენლობაში შტატი განთავისუფლდა და მიმიღეს. ქართულ რედაქციაში თითქმის ორი წელი ვიმუშავე. ძალიან ბევრი რამ მომცა ამ პერიოდმა. ვაკეთებდი ყველაფერს, როგორც ჟანრობრივი, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური თვალსაზრისით. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ერთ გადაცემაში ჩემი სხვადასხვა სიუჟეტი გადიოდა - ირანის ატომურ პროგრამაზე და დეივიდ ბოუის 60 წლისთავზე, მაგალითად. ეგრეა, იქ, ყველა ყველაფერს აკეთებს. ამაზე ხშირად ვხუმრობდით კიდეც.

ბევრი რამ ვისწავლე - მოდერაცია, ახალი ამბები, ინტერვიუები. პოლიტიკურად დინამიკური პერიოდებიც დამემთხვა და რამდენიმე ძალიან საინტერესო ინტერვიუც ჩავწერე.

ბოლო სამი თვეა გადავედი ახალი ამბების ცენტრალურ სამსახურში. აღარ მიმყავს გადაცემები, ეთერში აღარ ვარ. ახლა უკვე ვწერ ორიგინალურ მასალებს ინგლისურად. ეს მასალები უკვე მთლიანი მოხმარებისთვისაა, რადიო ხომ ოცდაათამდე ენაზე მაუწყებლობს. ძალიან მომწონს - სხვა ტემპია, მუშაობის სხვა სტილი, სხვა ადამიანები... არის დღეები, როცა ორი მასალის გაკეთება გვიწევს. „ნიუსრუმის“ ტემპს და დინამიკას ვსწავლობ. პარალელურად მუშაობ თემებზე, რომელიც არ არის ახალ ამბებზე მიბმული. მაგალითად, ახლახანს მოვრჩი თემის წერას, არის თუ არა სამხრეთი კავკასია „რეგიონი“..

პლურალიზმი და ეკლექტიკა

დასანანი ის არის, რომ დღეს საქართველოში არ ჩანს რეალური პლურალიზმის განვითარების პერსპექტივა, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკის სფეროში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალია. რატომ არ იქმნება საქართველოში პოლიტიკური პარტიების სისტემა? გამოცდილება არ არის? საბჭოური პოლიტიკური კულტურიდან მოვდივართ? მმართველი პარტიაც კი არ არის კონკრეტულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე შემდგარი ძალა. ეს არის ხუთი თუ ექვსი ინდივიდის გარშემო შემოკრებილი პარტია და ამორფული, გაუგებარი ასეულები. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების გამოსვლების ანალიზი რომ გააკეთო, ეს ტექსტი ურთიერთგამომრიცხავი ელემენტებით იქნება სავსე.

მილიტარისტულ-პატრიოტული ლოზუნგი, მემამემარცხენე სენტიმენტი და მერე უცებ მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური რიტორიკა ერთად ისმის ხოლმე. ეს ეკლექტიკა საინტერესოა, მაგრამ კარგი, ალბათ, არ არის.

ჩვენ, ქართველები

მნიშვნელოვან ფასეულობებზე ლაპარაკი - პლურალიზმი იქნება ეს, ლიბერალური დემოკრატია თუ მულტიკულტურალიზმი - ხდება ძალიან ზედაპირულად, ისევ საბჭოთა ლოზუნგების დონეზე. მაგალითად, გავხსნათ აზერბაიჯანული თეატრი! ამას ემატება გამაღიზიანებელი დიდაქტიკა, რომ ასე უნდა ვცხოვრობდეთ და ეს არის დემოკრატია. ამ დროს კი, რეალურად, მხოლოდ ზემოდან ქვემოთ „ჭკუის სწავლებას“ იშვიათად მოაქვს შედეგი... და ხშირად უკუშედეგით მთავრდება ხოლმე.

ლოზუნგების დონეზე კი იმიტომ რჩება, რომ ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ ეთნიკური ნაციონალიზმის ბატონობისგან გათავისუფლებას. სადღეგრძელოდ ქცეული ნაციონალიზმისგან. ბუნებრივია, ნაციონალიზმი კარგი იარაღია, ძალიან დიდი ემოციური მუხტის მატარებელი იარაღი. თუმცა, ბევრი სხვა „იზმისგან“ განსხვავებით, ნაციონალიზმს არ ჰყოლია თავისი დიდი მოაზროვნეები, ისეთი „მამები', როგორებიც იყვნენ, მაგალითად, მარქსი მარქსიზმისთვის და ჰობსი ლიბერალიზმისთვის. მაგრამ, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ყველაზე მეტი ემოციის მობილიზება სწორედ ნაციონალურ სენტიმენტს შეუძლია - სხვა თუ არაფერი, ამან მოიტანა ფაშიზმიც და ნაციზმიც. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურებს მუდმივად ექნებათ ამ ემოციებით თამაშის ცდუნება. ეს ძალაუფლების და გნებავთ, რეიტინგის მოპოვებისთვის ძალიან ადვილი გზაა - მიმართო მასას - „ჩვენ, ქართველები“. მაგრამ ვინ შედის ამ ქართველებში და ვინ არა? ეს „ქართველები“ ხომ ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენთან კი, ხშირად ადამიანი ქართულად მეტყველებს, საქართველოში დაიბადა და აქვე ცხოვრობს, და მასზე მაინც, ბებია სომეხი ყავდაო გაიძახიან.

არადა, საქართველოს მართლა შეუძლია ლაღი, გახსნილი და მრავალფეროვანი ქვეყანა იყოს. უნდა გამოჩნდეს ის წვლილი, რომელიც კულტურულ ისტორიაში ე.წ. „უმცირესობებს“ აქვთ შეტანილი; ის მრავალფეროვნება, რომელიც ამ ქვეყანას ყოველთვის ახასიათებდა და დღესაც ახასიათებს - არა მხოლოდ ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში, არამედ, ცხოვრების სტილების, შეხედულებების და მსოფლმხედველობების თვალსაზრისითაც...

კიდევ ერთი ქართული მითი - სტუმართმოყვარეობა

საინტერესოა, რა მოუვა, ვთქვათ, ქართული სტუმართმოყვარეობის მითს გლობალიზაციასთან ერთად. მაგალითად, თბილისში უკვე აშკარად იგრძნობა ჩინელების საწინააღმდეგო ემოცია. ალბათ, ეს სტერეოტიპი, რომ ქართველი სტუმართმოყვარეა, იმიტომ, რომ ჩამოვა მდიდარი დასავლელი და მას სიმღერით, ქეიფით და საჭმლით მოვხიბლავთ, მალე აღარ იქნება ერთმნიშვნელოვანი. სტუმარი არ არის მხოლოდ გაპრანჭული მდიდარი. პირიქით, ორი მესამედი სამყარო არ არის მდიდარი, და მითუმეტეს, არ არის ევროპული. და თუ მართლა სტუმართმოყვარეობაზე ვლაპარაკობთ, მაშინ არ შეიძლება სტუმრის გამორჩევა. ვინ უნდა მიიღო და ვინ - არა. ეგ უკვე სუფთა რასიზმია.

ქართველების და სომხების ეს გაუთავებელი საგა ხომ ცალკე თემაა. იგივე ხდებოდა - შორს რომ არ წავიდეთ - ბალკანეთის ქვეყნებში, 90-იან წლებში. ხორვატები და სერბები ერთმანეთისგან განსხვავებულობის დამტკიცებას სულ პატარა დეტალებით, ვთქვათ, სხვადასხვა სიგარეტის მოწევით ცდილობდნენ. რეალურად კი, ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. პატარა სხვაობები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ... დაახლოებით იგივე ხდება ჩვენთან. ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსი, რასაკვირველია, ცალკე პრობლემაა, მაგრამ ის, რომ თბილისის ენციკლოპედიაა გამოსული და თბილისის ენციკლოპედიაში არ არის ნახსენები ხუდადოვი და აზარიანცი - ეს სერიოზული საკითხია. ვლაპარაკობთ ენციკლოპედიაზე - ეს ხომ არ არის ვიღაც მარგინალი, ფაშისტურად განწყობილი, ერთი რომელიღაცა ისტორიკოსის ნაშრომი. ეს ენციკლოპედიაა, სადაც ფაქტები უნდა იყოს. ეს ხომ ძალიან ინფანტილური დამოკიდებულებაა. ისტორია ხომ ქართველების მოგონილი არ არის და ვიცით, რომ ისტორიას ხშირად პოპულისტური მიზნებისთვის იყენებენ და ის არასოდეს არ არის ობიექტური, მაგრამ ეს ალბათ გამორჩეულად ინფანტილური დამოკიდებულებაა - როცა ქალაქში, კოლექტიურ, ვერბალურ მახსოვრობაში არის სახელები და ენციკლოპედიაში, საერთოდ არ არის.

საზოგადოების ფსევდო იმიჯი

წეღან „ზემოდან ქვემოთ“ წამოსულ დიდაქტიკაზე ვლაპარაკობდით - რაც, რასაკვირველია, მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხება. მგონია, რომ ეს ტენდენცია უფრო ზოგადია - საზოგადოების წარმოჩინება როგორც, ერთი მხროვ, დასავლეთში განათლება მიღებული ლიბერალების, და მეორე მხრივ კი შავრაზმელი, ფუნდამენტალისტი ქსენოფობების. ეს უკანასკნელები უნდა „გაანათლონ“ და წინ წაუძღვნენ. ამას ბოლშევიკური ელფერი დაკრავს. არის, რასაკვირველია, დიდი სეგმენტი საზოგადოების, რომელიც მართლა შოვინისტურად და ქსენოფობიურად აზროვნებს, მაგრამ ასე არ არის ყველა. არა მგონია, რომ საზოგადოება მართლა ასეა დაყოფილი. აქცენტი გამაზე, მრავალფეროვნებაზე უნდა იყოს, რომელიც არსებობს, მე ეს ნამდვილად ვიცი, მჯერა, გამოცდილი მაქვს. საზოგადოება არ არის მარტო წითელი ინტელიგენცია, შავბნელი ქსენოფობები (ქურდული ქვე-სეგმენტის ჩათვლით) და პროდასავლური ლიბერალები. დღეს, სამწუხაროდ, მარტო ეს სეგმენტები ჩანს, რიტორიკულადაც, თითქოს მარტო ეს სამი „ენა“ თუ ტერმინოლოგია გვესმის. უფლებებზე დაყრდნობილი „ენჯიოშნკების“ ენა, რელიგიურ სენტიმენტებზე, სისხლის და გენის ცნებებზე დაყრდნობილი „შავრაზმელების“ ენა და საბჭოთა კლიშეებზე დაყრდნობილი „ინტელიგენციის“ ენა. ეს კი, ჩემი აზრით, საზოგადოების ფსევდო სახეა. აქ გადამწყვეტი როლის შესრულება მედიას შეუძლია. განსაკუთრებით, ალბათ, საზოგადოებრივ მედიას. რეპრეზენტირებით, დისკუსიით, რეალური დებატებით უნდა გამოჩდეს მრავალფეროვნება. ამისათვის აქეთ-იქით გახედვ-გამოხედვაა საჭირო. მეტი არაფერი.

ქვის კედელი

რას ნიშნავს, იყავი ტოლერანტული ჩემს მიმართ? ან გამოიჩინე ემპათია ჩემს მიმართ? ტერმინი „ტოლერანტობა“ პროტესტს იწვევს ჩემში, იმიტომ, რომ ამაში თავისთავადაა იერარქია ჩადებული. ვის აქვს იმის უფლება და საშუალება იყოს ტოლერანტული ვიღაცის მიმართ - უმცირესობა ხომ ვერ იქნება ტოლერანტული უმრავლესობის მიმართ? ამიტომ, ეს დამოკიდებულება ამყარებს არსებულ იერარქიებს. სწორედ ამაში დასავლეთის გამოცდილება ძალიან მომწონს - ვთქვათ, Stone Wall-ის პრინციპი - კარგად გააზრებული, პოლიტიკურად აგრესიული, ღიად დაფიქსირებული პოზოცია უმცირესობის მხრიდან, რომ ჩვენ ვარსებობთ, და მოგწონვარ-არმოგწონვარ, სულერთია. ჩვენ უნდა ვიარსებოთ. თუ არ მოგწონვარ, ჩემი კი არა, შენი პრობლემაა. არ შეიძლება ვიღაცის ცხოვრების წესმა გაგაღიზიანოს, თუ შენ კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრების წესით. თუ რაღაცეები არ გაქვს მოგვარებული და ვიღაცეები იმდენად გაღიზიანებენ, რომ მზად ხარ მოკლა - უნდა დაფიქრდე შენ რა გჭირს, იმას კი არა. ამიტომ, ეს რბილი და თბილი დამოკიდებულება, რომ მოდი რა „შემიწყნარე“ იმიტომ, რომ მე ვარ განსხვავებული და დისკრიმინირებული, მცდარია.

ბელადის ვნება

პათეთიკურად ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვა - ჩემი აზრით, ფართო გაგებით პოლიტიკური კულტურის განუვითარებლობის მთავარი მიზეზი სტალინისტური მენტალიტეტია... პოსტ-საბჭოთა პერიოდში ქვეყანამ სამი „ლიდერი“ აირჩია - ხმათა თითქმის 100 პროცენტით, როგორც საიდანღაც მოვლენილი მესია. ორიგინალური არ იქნება თუ ვიტყვი რომ ამაში „სტალინის“ - ბელადის - მოთხოვნილება დევს. ეს არ არის არც სააკაშვილის, არც შევარდნაძის არც გამსახურდიას ბრალი, ეს სტალინის და სტალინიზმის ბრალია. საქართველოში არ მომხდარა სტალინიზმის და ზოგადად, საბჭოთა კავშირის სიღრმისეული გააზრება და დისკრედიტაცია - ის, რაც მოხდა, ვთქვათ, გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების ირგვლივ. იქ კი, სადაც ბელადის ვნებაა, დემოკრატიაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია...

როგორ დავანგრიოთ სტერეოტიპები

თუ ვინმეს რამე შემიძლია ვურჩიო, იმავე მთავრობას, საგანმანათლო და გაცვლითი პროგრამების მაქსიმალური დაფინანსებაა. მოგზაურობა და ადამიანების გაცნობა სტერეიტიპებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. როცა ადამიანს იცნობ, იქ უკვე გამორიცხულია ზოგადი კატეგორიებით და კლიშეებით იაზროვნო და ფობიები გქონდეს თავში.

დღეს ადრიანიც და მეც ამაზე ვლაპარაკობდით - როგორი ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გვყავს ძალიან კარგი მეგობრები. ნაცნობები კი არა, მართლა მეგობრები. ვცდილობთ, ბევრი ვიმოგზაუროთ, მათთან ჩავიდეთ. ეს არის მთავარი. დიდაქტიკა და სახელმძღვანელოები ტოლერანტობაზე არაფერს მოიტანს. საზღვრები ღიაა და მაქსიმალური ინტენსივობით უნდა გავუშვათ ბავშვები და სტუდენტები უცხოეთში სასწავლებლად, დასასვენებლად. მე რომ ვიღებდე გადაწვეტილებას, ამას გავაკეთებდი პირველ, მეორე და მესამე რიგშიც. მთელს რესურსს ამას მოვახმარდი. ოღონდ, ერთი პირობით - რომ მართლა ისწავლიან და სტუდენტური ცხოვრებითაც იცხოვრებენ. ქართველების ჯგუფურად სიარული, ერთმანეთის სახლებში ხინკლების კეთება და ხაჭაპურების ცხობა არ ითვლება.

იდეოლოგიური ჰარმონია

ადრიანმა რომ გამიცნო, ნამდვილი პოლიტიკური რადიკალი ვიყავი. ღამეებს კითხვაში ვატარებდი. ინგლისში, მაგისტრატურაზე რომ ჩავედი და მეორე კვირაში რომ უცბად ტროცკი და ლენინი მიხსენეს, ალტიუსერი და ფრანკფურტის სკოლა წამაკითხეს და მერე გრამში, ვიფიქრე, ესენი ხომ არ მაშაყირებენ-მეთქი. ჩვენთან ხომ ეს მიდგომები და თეორიები ჯერ კიდევ დისკრედიტირებულია საბჭოთა გამოცდილების გამო. ახლა ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. სხვანაირად ძალიან საინტერესო მოაზროვნეებს ვერ გავიცნობდი. გრამში ჩემთვის დღემდე განსაკუთრებულია. ალბათ, იმიტომ, რომ თბილისში, სტუდენტობის დროს, როცა კინოს ისტორიას ვსწავლობდი, პაზოლინის ვაღმერთებდი და ვიცოდი რომ მას გრამში ძალიან უყვარდა. ასე რომ, გრამშის მიმართ გულგრილი თავიდანვე არ ვყოფილვარ. სხვათაშორის, ადრიანისგან გავიგე, რომ ნახევრად ალბანელი ყოფილა. თუნდაც ნაციონალიზმის, როგორც იდეოლოგიის გამოყენების გაგება თუ გინდა, გრამში უნდა წაიკითხო. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგად ხსნის როგორ ხდება ესა თუ ის იდეოლოგია ბუნებრივი, ჰეგემონური, იმდენად, რომ ამ სრულიად ხელოვნურ კონსტრუქციის ასეთად აღქმა და ანალიზიც კი რთულია.

იმ პერიოდში, გარეგნულადაც სხვანაირი ვიყავი, რაღაცნაირი აფორიაქებული და დაძაბული. ადრიანი სხვა ტიპია - დინჯი, მშვიდი, გაწონასწორებული. მაშინ გაუთავებლად ვკამათობდით ხოლმე - სხვა მეგობრებთან ერთად - იმაზე, თუ საით მიდის სამყარო და როგორი გადასარჩენია. ბევრი დღემდე მაშაყირებს იმ პერიოდის გამო - თმაგაშლილი, ბობოქარი ფემინისტი იყავი და „ჰეგემონიააააა“, გაიძახოდიო. დიდად არც ახლა შემცვლია შეხედულებები ან პოლიტიკური ორიენტაცია. მაგრამ, ამ ბოლო დროს ნერვებს ვზოგავ და თუ ვატყობ, რომ იდეოლოგიურ კამათს აზრი არ აქვს, ვეცლები. ერთადერთი რაზეც მე და ადრიანი ამ ბოლო დროს ვკამათობთ, ტომ ვეითსის თაყვანისმცემელთა ფორუმია, სადაც - ვაღიარებ - ზედმეტად დიდ დროს ვატარებ.

რატომ ატარებს სალომე ტომ ვეითსის ფორუმზე ბევრ დროს

ტომ ვეითსის ფორუმი ჩემი ცხოვრების ერთერთი ბოლო აღმოჩენაა.

ყოველთვის მეცინებოდა ინტერნეტ-ფორუმზე, ინტერნეტ საზოგადოებებზე. სულ ვამბობდი, იმდენი საქმე და მეგობარი მყავს, სად მცალია ინტერნეტისთვის-მეთქი.

თურმე, არასოდეს არ უნდა თქვა, არასოდეს. რა იცი, რა ხდება.

ამ ფორუმის აღმოჩენის შემდეგ უკვე 4-5 თვე გავიდა, ეიფორიამ გამიარა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს. ბევრი ახალი მეგობარი მყავს, მართლა სრულფასოვანი მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ თვალით არ მინახავს არც ერთი. თუმცა, სახელებით და ფოტოებით ვიცნობთ ერთმანეთს. პირადადაც ვაპირებთ შეხვედრას. ტომ ვეიტსის ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი სხვა განყოფილებაც არის - მუსიკაზე, ლიტერატურაზე, კინოზე. ერთმანეთის ამბებზეც ვჭორაობთ ხოლმე. ტომ ვეიტსის გამოა, ალბათ, რომ სნობიზმის, და ინტელექტუალური პრანჭვისგან საერთოდ დაცლილია ეს ფორუმი. გულწრფელია და სადა. ამ ფორუმმა მიმახვედრა, მართლა რა მაგარი რამეა ინტერნეტი. ერთი და იგივე ინტერესის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რეალურ დროში ველაპარაკებით ერთმანეთს ამ ინტერესის შესახებ!..

რთული კითხვაა, რატომ მიყვარს ტომ ვეიტსი. მის მიმართ იმდენად ემოციური დამოკიდებულება მაქვს, და მისი მუსიკა ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპთან, რომ ამაზე რაციონალური საუბარიც კი მიჭირს. საერთოდ, მუსიკის სმენა ბავშვობიდან ჩვევად მაქვს ქცეული - დედაჩემის მუსიკის გარდა, ჩვენთან სახლში სულ ბიტლზი, დორსი და როლინგ სტოუნსი ისმოდა, მელომანი ბიძის წყალობით. დღესაც სულ მუსიკას ვუსმენ - მუშაობის პროცესში, დასვენების დროს, გზაში... უკვე წლებია, გამუდმებით ვუსმენ ჰენდრიქსს, ჯოპლინს, დორსს, ლედ ზეპელინს, პერლ ჯემს, საუნდგარდენს, ჯეფ ბაკლის, მაილს დევისს... მაგრამ ტომ ვეიტსის მსგავსად არავინ მიყვარს. სხვა ვერც ერთი მუსიკოსის თაყვანისმცემლებთან ვილაპარაკებდი საათობით ინტერნეტ-ფორუმებზე.

ვეიტსის მუსიკა სულ სხვაა, აბსოლუტურად გამორჩეულია ყველაფრისგან - წარმოუდგენლად საინტერესო და მრავალფეროვანია. თან, მუსიკალური გემოვნების გარდა, არის კიდევ მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი და ფილოსოფია რომელსაც ეს კაცი ატარებს, და რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუდმივად ტრანსფორმირდება. 70-80 წლების ტომ ვეითსი, ოთხმოცდაათიანების და დღევანდელი სულ სხვადასხვაა. მისი ყოველი ახალი ალბომი ახალი სიღრმის აღმოჩენაა. რაც უცვლელი რჩება, ნონ-კონფორმიზმი და უკომპრომისობაა. ალბათ, ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან - ამტკიცებს, რომ დღევანდელ კონფორმისტულ, ფარისევლურ, კომერციულ სამყაროში შეიძლება, რომ ბოლომდე უკომპრომისო დარჩე. ერთი ტომ ვეიტსი - არ ვიცი, არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო - გადაწონის 100,000 ჰალსტუხიან და გამოპრანჭულ პოლიტიკოსს, ბიზნესმენს თუ შოუ-ბიზნესის „ვარსკვლავს“. მის ფონზე ეს ყველაფერი კომიკური და ძალიან ორდინარული ხდება.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კონცერტებს აღარ მართავს. ფორუმზე ძალიან ველოდებით რომ ახალ ტურს გამოაცხადებს. მის კონცერტზე მოხვედრა ჩემი ცხოვრების მუდმივი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა.

არასოდეს დამავიწყდება, 90-იან წლებში, „მწვანე ტალღაზე“ მუშაობის დრო. დიჯეები თითქმის გამუდმებით ვკამათობდით ხოლმე - ზოგს უფრო მძიმე როკი მოსწონდა, ზოგს შედარებით მსუბუქი, ზოგი მხოლოდ კლასიკური როკის მომხრე იყო, ზოგი კი შიგადაშიგ ელექტრონულ მუსიკასას უშვებდა ხოლმე ეთერში. ვხოცავდით ერთმანეთს რეპერტუარის გამო. ერთადერთი მუსიკოსი, რომელიც ყველას ერთნაირად მოგვწონდა, ტომ ვეიტსი იყო. მგონი მარტო ერთი ალბომი გვქონდა, Blue Valentine - და სუყველანი გავგიჟდით ამ ალბომში შესულ სიმღერაზე, Blue Valentines. ამ სიმღერას დაახლოებით საათში ხუთჯერ ვუშვებდით. ბოლოს მაკა ჯახუა, ჩვენი უფროსი, ამ დისკს სეიფში კეტავდა ხოლმე - და სწორიც იყო, იმიტომ რომ როცა არ უნდა ჩაგერთო რადიო, მწვანე ტალღაზე სულ ეს სიმღერა ტრიალებდა. ძალიან მელანქოლიური, ლირიკული სიმღერაა, გიტარის თანხლებით, ხელმოცარულ სიყვარულზე. მერე სეიფის კოდი ვისწავლეთ, თუ დისკის სხვა ასლები მოვიტანეთ. ვუშვებდით ისტერიულად ამ სიმღერას, ვიჯექით და ბედნიერები ვუსმენდით.

ვეიტსთან ტელეფონით ინტერვიუს ჩაწერაზეც ვოცნებობ. ძალიან რთული კია ეს საქმე, მაგრამ იქნებ გამოვიდეს. ამ ბოლო დროს, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობს. სახლშია, საყვარელ ცოლთან ერთად 3 შვილს ზრდის და ჯერ-ჯერობით კონცერტებსაც არ ატარებს. ცოტა ხნის წინ ერთ თოკ-შოუში იყო მიწვეული. იუმორი აქვს, მართლა საოცარი. მუსიკას რომ დაანებოს თავი, საუკეთესო კომიკოსი იქნება. კონცერტების დროსაც ბევრს ლაპარაკობს. მოკლედ, წამყვანს უყვებოდა, რომ ღამე ბავშვების ოთახთან გავიარე და უფროსი შვილები პატარას ეუბნებოდნენ, არასოდეს, არასოდეს თხოვო მამას საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებაო. გული დამწყდა, ასეთი რა დავაშავეო, ამბობდა. ალბათ, როცა დაეხმარა, რაღაც ისეთი ექსცენტრიული უთხრა, რომ ბავშვებმა ხელი ჩაიქნიეს.

როგორ გახდა სალომე არამწეველი

2 წლის წინ დავანებე მოწევას თავი. 30 თუ 31 ივლისის ღამეს, გადავაგდე ბოლო „ბიჩოკი“ და ვთქვი, რომ ეს ჩემი ბოლო სიგარეტი იყო. კარგა ხნით ადრე მივხვდი, რომ ძალიან დამოკიდებული ვხდებოდი სიგარეტზე. ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი კოლოფის გარეშე და ამის გამო უკვე საშინელი დისკომფორტი მქონდა. რაღაც ადგილებს ვსაზღვრავდი - იქ როცა მოვხვდები, მოვწევ, იქ მოწევა არ შეიძლება. პრაღაში, სამსახურში არსად არ შეიძლება მოწევა, გარეთ უნდა გახვიდე. მაგრამ, იმდენად ძნელი მეგონა მოწევისთვის თავის დანებება, რომ არც კი ვცდილობდი.

ერთი ამხანაგი მყავს, საქართველოზე შეყვარებული ერთი ირლანდიელი ბიჭი, რომელიც აქ გადმოსახლდა, ჩემი მეზობელი გახდა. მე და ის, ორი გიჟი მწეველი, სიგარეტის თავგადაკლული სიყვარულით ვიყავით გაერთიანებული, ხშირად ვამბობდით ხოლმე, რომ არასოდეს დავანებებდით.

ერთხელაც ჩამოვიდა თბილისში და მოწევა რამდენიმე თვის დანებებული ჰქონდა. თურმე ორი ახლო ნათესავი ერთდროულად გარდაეცვალა, ერთ-ერთი - სიგარეტთან დაკავშირებული დაავადებით. მე საბედნიეროდ გამიმართლა, ეგეთი შოკი არ მიმიღია, მაგრამ მახსოვს კაფეში ვისხედით და მთელი საღამო ვფიქრობდი, რომ ეს უკვე აუტანელია - ამან თუ დაანება, მე როგორ ვერ უნდა დავანებო. ადრიანი არ ეწევა და ისიც სულ მთხოვდა, დაანებეო. ვიფიქრე, აბა ვცდი-მეთქი.

პირველი დღეები დაძაბული ვიყავი. ახლა ცუდად გავხდები, ახლა ლომკა დამეწყება-მეთქი, ვფიქრობდი. მერე ერთ მშვენიერ დღეს, მეხუთემეექვსე დღეს მივხვდი, რომ ცუდად კი არ ვიყავი, ცუდად გახდომის მეშინოდა. დისკომფორტი როგორ არ არის, მაგრამ მსუბუქი გაციების თუ სურდოს ტოლფასია, და ესეც ერთ კვირაში გადის.

მერე უკვე ძალიან ადვილია. როგორც კი გაიაზრებ, რომ არც ისე ცუდად არ ხარ, როგორც გეგონა რომ იქნებოდი, მერე მიდის კარგად. მართლა მგონია, რომ ეს მითი, რომ სიგარეტისთვის თავის დანებება ძნელია, თამბაქოს კომპანიების მოგონილია იმისათვის, რომ ხალხი დააშინონ და დანებების სურვილი არ გაუჩნდეთ, ან დანებების პროცესში კიდევ უფრო მეტი სტრესი შეუქმნან.

მერე ჩემს ირგვლივ ბევრმა დაანება. დღემდე რომ მხვდებიან ძველი ნაცნობები, ვერ იჯერებენ, რომ არა-მწეველი გავხდი. ბაბუა ძალიან ამაყობს ჩემით - წლების წინ, მანაც ერთ დღეში გადააგდო სიგარეტი. არადა, მანამდე უამრავს ეწეოდაო, ბებია მიყვება ხოლმე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და ვისაც უნდა გავუწევ კონსულტაციას, თუნდაც იმეილით, როგორ დაანებონ მოწევას თავი. თუმცა ასეთი „ქადაგება“ ზოგჯერ უკუშედეგს იწვევს. მაგალითად, მე ალან კარის წიგნი რომ არ წამეკითხა, კიდევ უფრო ადრე დავანებებდი მოწევას თავს. ძალიან ამიშალა ნერვები. თუმცა, ინდივიდუალურია, ბევრს უშველა. ბევრს შველის სუროგატები, საღეჭი რეზინები და ტაბლეტები. მე საერთოდ არაფერი გამომიყენებია. მართლა ადვილია და სადღაც ერთ თვეში მიხვდებით, რომ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგით.

კარგი მედია და საინტერესო რესპონდენტები

ვიცი რომ სნობურად ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვა - ძალიან მიყვარს ბრიტანეთის მედია, და ყველაზე ხშირად მას ვუყურებ, ვუსმენ ან ვკითხულობ. Channel 4, რომელიც სამწუხაროდ სატელიტზე არ გადის და მარტო ინგლისში შეგიძლია უყურო, ჩემი საყვარელი ტელევიზიაა. ძალიან კარგად გამოსდით ინტელექტუალური შინაარსის შეთავსება რადიკალურ სულისკვეთებასთან და მასობრივ ფორმატებთან. BBC ტელევიზიაც მიყვარს და რადიოც. Hard Talk-ის ახალი წამყვანი, სტივენ საკური, ჩემთვის მისაბაძი ჟურნალისტია. მინდა, ასე პროფესიონალურად ვიღებდე ინტერვიუებს!..

ჩემს ინტერვიუებს რაც შეეხება, ალბათ, ერთერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ტერი დევისთან მქონდა. ეს ის პერიოდია, ქართველებს რომ ასახლებდნენ რუსეთიდან, საშინელ პირობებში ამყოფებნენ და რამდენიმე ადამიანიც რომ გარდაიცვალა. მოკლედ, ინტერვიუს დროს მითხრა, ვიდრე ფაქტები არ მეცოდინება, რეაგირებას ვერ მოვახდენ, მედიის რეპორტებზე დაყრდნობით ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთო. ამ დროს კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროსაბჭოში ჩვენი ელჩი, ზურა ჭიაბერაშვილი აქტიურად მუშაობდა სწორედ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

ეტყობა, იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ძალიან შევუტიე. პროფესიული თვალსაზრისით, კარგი ინტერვიუ გამომივიდა, კრიტიკული და საინტერესო.

ჯორჯ სორისთან მქონდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ორი წლის წინ, რევოლუციის მერე. მის წვლილზე რევოლუციაში. საინტერესო შემთხვევა იყო ჯონ მაკკეინთან (ახლა უკვე ძალიან სნობურად გამომდის!). წინა დღეს შევუთანხმდი მის მდივანს ინტერვიუზე. ვარდების რევოლუციის მეორე წლისთავზე ვაკეთებდი გადაცემას და მინდოდა მისი კომენტარი ჩამეწერა, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის. მეორე დღეს ჯონ მაკეინმა დათქმულ დროს თვითონ გადმორეკა რადიოში და მელოდნენ, როდის გადავრთავ-გადმოვრთავდი ტელეფონებს, რომ ჩაწერაზე გამეშვა. ძალიან თბილად მახსენდება ეს ფაქტი.

ისევ რადიო თავისუფლება

ის მისია, რასაც რადიო თავისუფლება ასრულებს, აბსოლუტურად ცარიელი ნიშაა დღეს საქართველოში.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩამოყალიბდა აზრი, რომ „კარგი“ მედია ის არის, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. კონკრეტულად რას აკრიტიკებს, არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომაც, ძალიან ხშირად ეს არ არის არსობრივი კრიტიკა. მეტიც - ხშირად ეს კრიტიკა გარკვეული ძალების ინტერესებით არის მოტივირებული, და არა ჟურნალისტიკის პრონციპებით. ჟურნალისტს არავინ სთხოვს მარმარილოს კოშკურაზე შემოჯდომას. რასაკვირველია, მას უნდა ჰქონდეს პოზიცია, მაგრამ ლაპარაკია პროფესიული სტანდარტების, ეთიკის დაცვაზე. რადიო „თავისუფლებას“ ჰქვია რადიო „თავისუფლება“. მას არ ქვია - როგორც ჩვენი რადიოს პრეზიდენტმა ამას წინათ თქვა და ძალიან მომეწონა - რადიო რელატივიზმი, ან რადიო ფარდობითობა. აქედან გამომდინარე, რადიო თავისუფლებას კონკრეტული მიზანი აქვს - დემოკრატიული ფასეულობების გამყარება, ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალურად არაპრივილეგირებული ჯგუფების ინტერესების დაცვა. ამიტომაც, ვერ იქნება ის ვერასოდეს ნეიტრალური, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით. მაგრამ ის რომ, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური თუ ბიზნეს ძალის ინტერესები გამოხატოს, და იმის მიხედვით იყოს მიკერძოებული ან მიუკერძოებელი, ეს ამ რადიოს მახასიათებელი ვერასოდეს იქნება. და ამით არის ის დღევანდელ ქართულ მედია სივრცეში უნიკალური.

მედის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებაა. ინფორმაცია უნდა იყოს მრავალფეროვანი, ღრმა, და მართლაც კრიტიკული - ოღონდ კრიტიკული, ფართო, ანალიტიკური მნიშვნელობით. დანარჩენს აუდიტორია - ხალხი - თვითონ მიხვდება.

ასევე, საქართველოში თითქმის არ შუქდება საერთაშორისო პოლიტიკა. წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, რომ აღარაფერი ვთქვათ აზიასა და აფრიკაზე, რომელიც, ალბათ, აღარც გვახსოვს, სად არის. ვერ ვიტყვი, რომ რადიო თავისუფლება მთელს გლობუსს თანაბრად ფარავს, მაგრამ რადიოს ქართული სამსახურის შეგნებული პოლიტიკაა, რომ უცხოეთის ამბები მიაწოდოს ქართველ მსმენელს და წარმოაჩინოს, თუ რა კავშირი აქვს ამ პროცესებს საქართველოსთან, და პირიქით, რა გავლენას ახდენს ლოკალური მოვლენები გლობალურზე.

ჯერ-ჯერობით ბოლო გაჩერება - პრაღა

თუ დამიჯერებ, არასოდეს დავმსხდარვართ მე და ადრიანი ჩვენს გეგმებზე სერიოზულად სალაპარაკოდ. ისე გაირბინა დრომ, რომ ვერც მივხვდით. უკვე 6 წელია ერთად ვართ, მაგრამ არასოდეს გვქონია რუტინული, სტაბილური ცხოვრების წესი. რომ გვეთქვა - მოდი ბავშვზე ვიფიქროთ, ან, თუნდაც, მაგიდა ვიყიდოთ. ჩვენი არსად არაფერი გვაქვს, ყველგან მიმოფანტული გვაქვს ნივთები, წიგნები, ტანსაცმელი... რაც ადრე ძალიან მომწონდა, მაგრამ ახლა უკვე ცოტა მბეზრდება. თუმცა, იმდენად ინტენსიური და საინტერესო იყო ბოლო 10 წელი, არ ვნანობ.

ბოლოს ცოტა რთული პერიოდი გვქონდა. მე პრაღაში ვიყავი, ადრიანი ძირითადად იტალიაში. მე როცა პრაღაში გადავედი, იმ წელს ადრიანმა სადოქტორო დისერტაციაზე დაიწყო მუშაობა ფლორენციის ევროპულ უნივერსიტეტში. სხვათა შორის, ალბანეთის და საქართველოს შედარებით ანალიზზე მუშაობს - იკვლევს, როგორ აღიქვამდნენ „ევროპის“ იდეას ქართველი და ალბანელი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები მეოცე საუკუნის დასაწყისში, კომუნისტების პერიოდში, და დღეს. ევროპა არა როგორც გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ როგორც სიმბოლური ფენომენი, იდეა. ქართული წყაროების კითხვაში მეც ვეხმარები, თუმცა თვითონაც კარგად კითხულობს და წერს ქართულად. იტალიაში უკვე ყველა საჭირო კურსი გაიარა, გამოცდები ჩააბარა, და აწი სულ ჩემთან ერთად იქნება, პრაღაში. ახლა მხოლოდ უნდა წეროს. მაგრამ აქამდე, რთული პერიოდი იყო. საქართველოს და ალბანეთის მოქალაქეებს, ყოველ ფეხის გადადგმაზე ვიზა გვჭირდებოდა, თავიდან ველოდებოდით ამ ვიზებს, მე ჩეხეთში, ის იტალიაში. თან მე ჯანმრთელობა არ მქონდა კარგად, თვალზე მქონდა რაღაც პრობლემები. ახლა ყველაფერი უკეთაა, ადრიანი პრაღაშია, მე ჩემი ახალი სამსახური მომწონს და ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი დავრჩებით იქ, მიუხედავად იმისა, რომ ხმაურიანი, დიდი მეგაპოლისები უფრო მომწონს.

როცა ამბიციურ ფიქრებს მივეცემი ხოლმე, ვფიქრობ, რომ მე გავაკეთებდი ძალიან კარგ ტელევიზიას, რადიოს, გადავიღებდი კარგ ფილმს და დავწერდი კარგ წიგნს. ვიმღერებდი კიდეც, როცა დედა არ მომისმენდა, მაგრამ - არ ვიცი. ეს ოცნების დროს ხდება, როცა ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. არ ვფიქრობ მომავალზე, რომ არ მოგატყუო.

იმედი მაქვს, რომ მექნება საინტერესო საქმე, ისევ მეყოლება ერთმანეთზე გიჟი და საინტერესო მეგობრები. აი, სად ვიქნები, ეგ ძალიან რთული კითხვაა. ჩემს თავს თუ ჩავეძიები, მაინც თბილისზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, ასე ვფიქრობ უკვე 10 წელია. ჩამოვდივარ და ისევ წასვლა მიწევს...

ერთადერთი რაც ნამდვილად მინდა, რომ იყოს: სადაც ვიქნები, როგორც ვიქნები, მინდა, რომ ადრიანთან ერთად ვიყო. სანამ ადრიანი იქნება ჩემთან, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ეგრეა...

P.S.

სალომეს sms: კიდევ 15 წუთი მჭირდება რა, შხაპი უნდა მივიღო. ვაუთოებდი და საშინლად დამცხა. გავიკვირვე, კიდეც აუთოვებ-მეთქი.

- ვაუთოებ რომელია, ზეწრები და საბნის პირები დავაწყვე დასტა-დასტად. ასე ვიცით მემარცხენეებმა! - მართლა გითხრა, ვაუთოებო? მეცინება. ეგ იგივეა, მე რომ გითხრა, ფეხბურთს ვთამაშობდი და ზარი ვერ გავიგეო - მომწერა პასუხად სალომეს მეგობარმა, გოგი გვახარიამ.

ასეა. სალომე ჭკვიანიც არის და ზეწრების უთოობაც არ ეზარება, ტომ ვეითსის მუსიკის ფონზე. რა სჯობს მრავალფეროვნებას!

შენიშვნა: სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები სალომე ასათიანს ეკუთვნის და არ გამოხატავს რადიო თავისუფლების პოზიციას.

12 არტ-პროვოკატორი ჩარჩოს გარეშე

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

იური ბერიშვილი (ფერწერა)

ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

პერსონალური გამოფენები:

1994 - თბილისი, ცისფერი გალერეა
1999 - „აბსურდის ილუზია - ძენ საგანი“ - N გალერეა
2000 -Fecit - TMS გალერეა
2002 - Emygration - აშშ საელჩო
2004 - TMS გალერეა
2007 - TMS გალერეა

კოლექციები და ფონდები:

მსოფლიო ბანკი, ვაშინგტონი, აშშ ნორტონ და ნენსი დოდჯების ნონკომფორმიზმის ფონდი, ზიმერლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, აშშ კოლოდზეის თანამედროვე ხელოვნების ფონდი „ახალი ხელოვნების კოლექცია“, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, აშშ. საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი/საქართველოს ეროვნული გალერეა, აშშ საელჩო გერმანიის საელჩო ქორთიარდ მარიოტი „მაგთი GSM“ - თბილისი

პროექტები:

პროექტი - Berish-Cinema - 2002
გუგენჰაიმის მუზეუმი - კოლოდზეის თანამედროვე ხელოვნების ფონდი/არქივი/

აშშ პროექტი - ალი ბაბუ და ყაჩაღები
ცარიცინოს თანამედროვე ხელოვნების ფონდი რუსეთი/არქივი/2003

0x01 graphic

ვან გოგისა არ იყოს, იგი ხელოვნებაშიც ზუსტად იქ დგას, სადაც მხატვრობაში. თუმცა, პირადად მე შორსა ვარ განზრახვისაგან, ბერიშვილი დავასაჩუქრო ისეთი ბანალური დითირამბებით, როგორიცაა: ეთიკურობა, ნონკონფორმიზმი და ა.შ. ერთი კია, იგი მართლაც უკომპრომისო მხატვარია და ეს თვისება ხელსაც კი უშლის, ლაღად ჩაეწეროს არტისტურ სოცლანდშაფტში. იგი არასდროს ელაქუცება რეციპიენტს, არ ცდილობს მისი გულის მოგებას, ანდა, თვალის მოტყუებას, პირიქით, გამუდმებით უწყობს მაყურებელს ერთგვარ პროვოკაციას, აბნევს, ყოველივე ამით კი, ლამობს თვალის რეფლექსია განუვითაროს მას...

დავით ანდრიაძე.
არტ-კრიტიკოსი

იური ბერიშვილი დღეს ნამუშევრებს სახელებს აღარ არქმევს, ადრე არქმევდა, დღეს ის პირისპირ გვტოვებს ნახატთან, თვლის, რომ მის ნახატებს სახელი არ სჭირდება, ის კი არა, ჩარჩოშიც არ სვამს, - არც ჩარჩო და საზღვარი სჭირდება ნახატსო, ამბობს, - „როგორც კი ჩარჩოში სვამ ნამუშევარს, ის იმ წუთას ხდება საგანი, რომელიც უნდა გაიყიდოს. არ მიყვარს ჩარჩოები. აღმოსავლურ მინიატურებს, იაპონურ აკვარელებს სულ არა აქვთ ჩარჩო“. ის თვითონაც ეგეთია, სულ ცდილობს ამ ჩარჩოების გარღვევას და, არც არის გასაკვირი - იური ბერიშვილი მხატვარია.

პირველად რომ შევხვდი, ეგრევე მკითხა, - შემომხედეთ, ვგავარ მხატვარს? იური მაღალია, მე - დაბალი. ავხედე და, მართლა არ ჰგავს-მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე, ხმამაღლა არაფერი მითქვამს

- ვგავარ მხატვარს? არ მაცვია ისე, როგორც მხატვრები იცვამენ, არ ვარ საღებავებით მოთხვრილი, არ ვსვამ, ტუსოვკებს არ ვეკარები. პალიტრასაც კი არ ვხმარობ, ხელს მიშლის, ზედმეტი დროის კარგვაა ჩემთვის. სიმართლე გითხრა, „მხატვარი“ სოციალური სახელი უფროა. ბავშვობიდან სულ ვხატავდი, ვკითხულობდი, მუსიკას ვუსმენდი (არადა, აღმოჩნდა, რომ თურმე, რაგბსაც პროფესიონალურად თამაშობდა). არა მაქვს დიდი პრეტენზია, ასე ვცხოვრობ, ფოთოლივით, ჰაერივით, თავისუფალი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ როცა რაღაცას ვაკეთებ, მჯერა ჩემი თავის.

დილას დგება, ბუნებაში გადის, აქვე თბილისში, იპოდრომზე, ან ლისის ტბაზე, ან სადმე, ახლომახლო. სეირნობს, მერე ვიღაცეებს ხვდება, მერე ხატავს. ღამღამობითაც ხატავს თურმე და ძალიან უყვარს ღამე. სულ ხატავს. სახელოსნოც კი არა აქვს, არც ჰქონია არასდროს, იცის საკუთარი თავისა და შემოქმედების ფასი, და ამაზე ხმამაღლა საუბარს არ ერიდება, თვლის, რომ იმ სივრცეში არ მოხვდა, სადაც მის შემოქმედებას გაიგებდნენ და დააფასებდნენ.

ისე მოხდა, რომ ბერიშვილს უცხოეთში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე ჩვენში. მისი ნამუშევრები ამერიკისა და ევროპის ცნობილ კოლექციებშია, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის კოლექციაში კოლდერის, პიკასოსა და მიროს გვერდითაა გამოფენილი. თვითონ - ძველი საბჭოეთის საზღვრებს არასდროს გასცილებია. არადა, ძალიან უნდოდა წასვლა, უბრალოდ, ასე მოხდაო, ამბობს. მშვენიერი მოსაუბრეა, ვსაუბრობთ მხატვრობაზე, მერე ცხოვრებაზე, მუსიკაზე, პოეზიაზე, მერე ისევ მხატვრობას ვუბრუნდებით, მაინც ფერწერის ირგვლივ ვტრიალებთ.

- როდის მუშაობთ ყველაზე კარგად და რა ახდენს ყველაზე დიდ ზეგავლენას თვითონ ამ პროცესზე, ხატვაზე? რა გაძლევთ იმპულსს? რა გიშლით ხელს?

- მუშაობა ყოველთვის შემიძლია, თუ ფიზიკურად კარგად ვარ და თუ იმ დროს ხელს არავინ მიშლის. მუშაობა მარტოს მიყვარს, დამსწრეების გარეშე, თუ ეს მუსიკა ან სიჩუმე არ არის. ბუნებრივია, ზეგავლენას ჩემი განწყობა და იმ იდეის მომხიბვლელობაც ახდენს, რომელსაც ვხედავ და განვიცდი, კიდევ - მუსიკა, ხშირად ვუსმენ მუშაობისას. იმპულსი, მართლა არ ვიცი, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში - ფერი, მისი ხარისხი და ენერგია. ზოგჯერ მზე ან ღამეც.

იური ოთხმოციანელია, ეს, ალბათ, ყველაზე მკაფიო და ნათელი თაობაა თანამედროვე ქართულ მხატვრობაში. თაობაა, რომელმაც უკვე ამ სახელით შევა ისტორიაში - ოთხმოციანელები.

- ქართულ მხატვრობაში რამდენიმე თაობა იყო, დიდი ოსტატების, აქ, ჩვენთანაც პატარა აფეთქება მოხდა, ზოგადად, ეს პერიოდი, 80-იანი წლები, მაგარი დრო იყო - გენიალური ანსამბლები, ჯაზი, კინო. მაგრამ, ამასთანავე, ეს იყო ჯანმრთელი სულის დეკადანსის დასაწყისი. როცა ოქროს ეპოქა ყვავის და ვერავინ ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში უკვე ჭკნება. 90-იანების მერე ეს ყველაფერი თითქოს დაიკარგა. ჩვენი თაობაც აჰყვა დროს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსალურმა აზროვნებამ, ვიღაცეები ანთროპოსოფიით იყვნენ გატაცებულები, ვიღაცეები - ეზოთერიკით, ვიღაცეები - ახალი ხელოვნებით, ბოისით, კონცეპტუალიზმით და ა.შ. ეს ფანტასტიკური წლები იყო. მაშინ „ინასტრანაია ლიტერატურა“ გამოდიოდა, სერიოზული ნაწარმოებები ითარგმნებოდა. და ჩვენი თაობაც ჩართული იყო ამ დიდ პროცესში.

იური ბერიშვილი წლების მანძილზე პროფესიონალი რაგბისტიც გახლდათ.

- ეს იყო ცხოვრების ძალიან კარგი და მძაფრი პერიოდი. რაგბს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. რამდენჯერმე აკადემიაში ორიანიც კი დამიწერეს რაგბის გამო. დავდიოდი შეკრებებზე, თამაშებზე და ვაცდენდი ლექციებს, მერე არჩევანის წინაშე დავდექი: ან რაგბი უნდა მეთამაშა, ან მხატვარი უნდა ვყოფილიყავი. და, რა თქმა უნდა, მხატვრობა ვარჩიე. სხვა გზა არა მაქვს.. ასეთი არჩევანი რომ დამიყენო - მხატვრობა თუ სამშობლო, ისევ მხატვრობას ავირჩევ. ვისაც რა უნდა, ის თქვას, ამის გარეშე არ შემიძლია. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩემს ფერწერას უპატრონებს სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მივიღებ. ჩემთვის ქვეყანა, სამშობლო არის მხატვრობა. სხვა არაფერი ვიცი. არა ვარ პატრიოტი, ეს სიტყვა თვითცილისწამებაა, დიდი ტყუილია...

0x01 graphic

0x01 graphic

სპილოსძვლისფერი შლაპიანი სილუეტით, 2007, ტილო, ზეთი, 100X130 სმ.

0x01 graphic

მუ, 1990, ტილო, ზეთი, 80X80 სმ

0x01 graphic

აბსტრაქცია, 2007, ტილო, ზეთი, 125X100 სმ

- კი, მაგრამ ამის გამო ხალხი კვდებოდა.

- არა, არა, ადამიანები მიწის, ოჯახის, შვილების გამო კვდებოდნენ, ბუნების გამოც. იდეისთვის მეც მოვკვდები. ოღონდ ეს სიტყვა - პატრიოტიზმი, არ მომწონს. ბალანჩინი არ იყო პატრიოტი? ლექსო თორაძე, ოთარ იოსელიანი უდიდესი პატრიოტები არიან. საქართველოს სახელი არ არის მათი შემოქმედება? ხომ ვამაყობთ? თავისუფლება მაგარი რამეა. ხელოვანს არ სჭირდება ეს საზღვრები. როცა ქვეყანა ამაყობს თავისი გენეტიკური პროდუქტით, მერე აღარ აინტერესებთ, ვინ იყო პატრიოტი და ვინ არა. სოციუმში ვცდილობ არ გავერიო, მასის ტიპი არ ვარ. უცხოეთში რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად მეტს გავაკეთებდი. რეალურად ასეა - იგებს ის, ვინც დროს იგებს. მე კი დრო დავკარგე. მესამე მთავრობას რომ ველოდებოდით, და რეალურად არაფერიც არ შეცვლილა ჩვენი თაობისთვის, რომელიც მთავარი დასაყრდენი იყო „ნეოროზენკრეიცერებისთვის“ და მათი ყანწმაგარი ოპონენტებისათვის. აქ კულტურა შეიცვალა ფიზკულტურით და ფინკულტურით (ფინანსისტების კიტჩკულტურით), მატერიალიზმის უსირცხვილო აპოლოგიით და მატერიალისტური პარადიგმებით. ამ პროცესსაც ჰყავს თავისი „მხატვრები“, საკუთარი პოსტმოდერნისტული სტილებით, ყველაფრის მცოდნე ტელეწამყვანებით და ჯიბის მაჰატმებით. შეხედეთ რა სოციალურ-აბსურდული პერფორმენსია... საბოლოოდ, ფრთა ჩავიქნიე. ტყე შეუნახე შვილებსა.. ჰოდა, მეც ტყე ვარ, თუ არა? თანაც მრავალფეროვანი, თავისი აკრძალული ნაყოფით, სადაც ბაობაბებიც იზრდებიან და წითელქუდებიც დარბიან, ზოგი ჩვენი ბავშვობის დროიდან, ზოგიც - ეროტული და უკვე ცხოვრებაგამოვლილი - პოსტმოდერნისტული დროიდან.. მქონდა ერთი აბსურდულ-ირონიული კონცეფცია-აქცია. პროექტს „ალი ბაბუ და ყაჩაღები“ ერქვა, აქცია თავდებოდა კოლაჟით - დიდი მუყაოს გულზე წითელი ვარდებით და ირონიული წარწერით - „ჰეპი ენდ“. ეს იყო 2002 წელს. თითქოს ვიწინასწარმეტყველეთ ის, რაც მერე 2003 წლის ნოემბერში მოხდა. ტელეჩანაწერიც არსებობს. სამი წლის შემდეგ კი მარატ გელმანმა ეს იდეა გამოიყენა გამოფენაში - „რასია 2“, ეს იყო ჩემი ერთგვარი პროტესტი და გაღიზიანება სოციუმის მიმართ. აქაურობა, რა თქმა უნდა, მიყვარს. რაც არ მიყვარს, არც მინდა იმაზე ლაპარაკი, ხატვა ყველაფერს მავიწყებს, შემოქმედების მეტი არაფერი მაქვს, ესაა ჩემი სოციალური ბრენდი.

0x01 graphic

ტიბეტი, 1989, ტილო, ზეთი, 80x80 სმ

0x01 graphic

აბსტრაქცია, 2006, ტილო, ზეთი, 75X60 სმ

- თქვენი გამოფენებიდან, რომელია თქვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვნი და გამორჩეული?

- პირველი სოლო გამოფენა, 1994 წელს მქონდა ეროვნულ გალერეაში. დაუვიწყარი გრძნობა იყო. ეს იყო პირველი გამოფენა ომის შემდეგ. გალერეის გარეთ დარჩა გადამწვარი რუსთაველი. მეჩვენებოდა, რომ უცნაურ სამშობლოში მოვხვდი, სადაც არავინ იცოდა რა იყო ომი, ერთადერთი იარაღი ფერის ესთეტიკა, სიჩუმე და გრძნობა იყო, რომლითაც ტილოები თავს იცავდნენ შემთხვევითი „სხვებისგან“. მეც იქ ვიყავი. მერე, 1999 წელს იყო - „ძენ საგანი - აბსურდის ილუზია“, ამ პროექტის გამეორებას ვაპირებ. გავიხსენებ 1989 წლის „დამოუკიდებელი ასოციაციების“ გამოფენასაც, რომელიც ძირითადად სერგო კენჭაძემ და მე გავაკეთეთ მხატვრის სახლში. მაშინ მივიღე პირველი „სიამოვნება“ გურამ პეტრიაშვილის გულითადი და „კულტურული“ საქვეყნო კრიტიკისგან - მე და დავით კაკაბაძე არაეროვნულ მხატვრობაში დაგვადანაშაულა. გამოფენები მქონია ამერიკაში, ზიმერლიში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, პარიზში, ხუან მიროს საგამოფენო დარბაზში, წელს ვაშინგტონში, „ატრიუმში“, მსოფლიო ბანკის საგამოფენო დარბაზში, საიდანაც მერე ამ კოლექციაში მოვხვდი.

- როგორი გრძნობა გრჩებათ პერსონალური გამოფენების შემდეგ? რაიმე ეტაპი მთავრდება?

- ეს მხოლოდ სოციალური მომენტია, სინამდვილეში არაფერი იცვლება გამოფენის შემდეგ. გამოფენა არის ობიექტი, რომელსაც აქ სხვადასხვა მიზეზის გამო, უბრალოდ, ვერ აკეთებ იდეალურად. არა, ნამდვილად არ იცვლება არაფერი. ჩვენთან არაა გალერეების სტრუქტურა. დასავლეთში სხვანაირად ხდება. გალერეები აფინანსებენ მხატვარს. მხატვარი მშვიდად მუშაობს, მერე გამოფენას აწყობს და გალერეა თვითონ ზრუნავს გაყიდვაზე. მთელი სისტემაა, ადამიანში რისი რესურსიცაა, ზუსტად იმდენს გააკეთებს, მე ვიცი, რაც შემიძლია.

უკვე მეორეჯერ ვხვდები იური ბერიშვილს და ვფიქრობ, რომ ასკეტია. ვეუბნები კიდეც, თვითონ უარობს, არაო.

- ასკეტური კი არა, პრაგმატული ტიპი ვარ, რას მოიგებ, ბევრი რომ დალიო, ნარკოტიკი გაიკეთო, დრო რომ ატარო? ისეთ დროს ვატარებ ამ მოგზაურობაში, ფერწერა რომ ჰქვია, ბვვრს არც დაესიზმრება, ამას ასკეტიზმთან საერთო არაფერი აქვს. ასკეტი ცდილობს, გრძნობები ჩაიხშოს, მე - პირიქით, შეხედეთ ჩემს ნახატებს!

- მიგაჩნიით, რომ სოციალურად აქტიური უნდა იყოს მხატვარი? უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში? დღეს ეს დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა ჩვენში.

- არა. ნამდვილად არა, ეს არაა მხატვრის საქმე, სამწუხაროდ, ხშირად პოლიტიკაში ერთვებიან დაკომპლექსებულები, მეგალომანები, ძალაუფლების სიყვარულით დაავადებულები. მხატვარი უნდა იყოს აუთენტური. სოციუმი უკვეთავს და უდგენს ადამიანს ნორმას. ბავშვი თავისუფალი იბადება, მერე იზრდება და მიდის მასზე ნადირობა ოჯახის, სკოლის, სოციალური ინსტიტუტების, საზოგადოების მიერ და საბოლოოდ მონა ხდება სოციუმისა და არა მეგობარი. რაც უფრო ინდივიდუალურია ადამიანი, რაც უფრო და მოუკიდებელი და ღრმა სტრუქტურაა კოსმოსის, რაც უფრო ძნელად იმართება საზოგადობის მიერ, მით უფრო მეტად არ უყვარს ის საზოგადოებას. თუ ის ნეგატიური ძალაა, საზოგადოება ცდილობს გაანადგუროს, თუ პოზიტიურია, მაინც არ უყვართ. ეს არაა ახალი ამბავი.

- გწყდებათ გული, ნახატი მყიდველს რომ მიაქვს, თუ ფიქრობთ, დამაცადეთ, უკეთესს გავაკეთებ!

- ყოველთვის არა, მაგრამ არის ისეთი ნამუშევრები, რომლებიც დამნანებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთ ძუნწ მყიდველთან გაქვს საქმე, რომელიც არასდროს დაგინდობს (მით მეტად, რაც უფრო მდიდარია), გევაჭრება. ამ მაგიურ რიტუალს რამდენიმე კვირის გამნავლობაში იმეორებს, ჯერ სახლში სარკესთან, მერე ჩემს სახლში - სურათთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს აბსტრაქციაა (რატომღაც!). ამ დროს თავი უნამუსო და ბოროტი მგონია, რომ იმის მდგომარეობაში არ შევდივარ და „ვაწვალებ“ და სირცხვილისგან არ ვიცი, რა ვქნა. საბოლოოდ, ის თავისას აღწევს და ხვდება ისტორიაში, იაფად... ტრეტიაკოვის, შჩუკინის და მედიჩებისგან განსხვავებით. როგორ გგონიათ, ამის შემდეგ უკეთესს არ გავაკეთებ?

ნახატებს აღარ ვარქმევ სახელებს, ადრე ვარქმევდი, ხატავ და ერთხელაც შეიძელება მოვიდეს ის, ძენში სატორის რომ ეძახიან, ამ ნახატს „ახლა“ ჰქვია, რამდენიმე ნახატს - „უმიზეზო ლანდაშაფტი“. ერთ ნახატს „კვირადღე“ დავარქვი, კვირადღესავით ნათელი გამოვიდა და იმიტომ. მაქვს სერია „ღამე“, მიყვარს ღამე და ღამღამობით მუშაობა. მისტიკური დროა ღამე. ხომ გითხარით, მხატვრობა მოგზაურობაა, ბილეთი არ სჭირდება, ბენზინი სჭირდება მარტო, ეს ბენზინია - ჯანმრთელობა, საღებავები, და დაცვა სოციუმისგან. ამ ყველაფერს უბრალოდ ვუყურებ. ვხედავ, ვიზიონერი ვარ, და რასაც ვხედავ, იმას ვხატავ. მთარგმნელი ვარ, მხატვრობის ენაზე ვთარგმნი იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. მხატვრობა ჩუმი ხელოვნებაა, არ სჭირდება სიტყვები, ტვინი კი არ ერთვება, ინტუიციით ხდება ეს. ყველაფერს ჩემი ქვეცნობიერებიდან და ხედვიდან ვაკეთებ, ამიტომაცაა ჩემი. მხატვრები ხშირად კომპილატორობენ და არა მარტო ქართველები, რა უნდა ქნა? ინტერნეტით პლაგიატობას ვერ დაუმტკიცებ ვიღაც ზოტს ნიუ-იორკში. (იური ბერიშვილის ნამუშევრები, რომლებიც არტ-ლონდონზეა გამოფენილი, ვიღაც ამერიკელ ზოტს პირდაპირ გადაუხატავს, თურმე, საიტიც გაუკეთებია და ყიდის კიდეც)

სულ ვცვლი სტილებს, ვაკეთებ ტრანსფორმაციებს, მიყვარს არტ-პროვოკაციები. პროვოკატორი ვარ ხელოვნებაში. ესაა ის, რაც არასდროს გბეზრდება, და შეიძლება იქამდე მიიყვანო, რომ სტილი სულ გაქრეს, და საბოლოოდ ტრანსცენდენტამდე მიხვიდე, თავისუფალი ხარ, მიდიხარ სივრცემდე, ფერამდე, მერე ფერს იქით, ფერი პირველი ოქტავაა, იმის იქით სხვა ოქტავებია, სხვა ნათებებია.

0x01 graphic

ღამე, 2007, ტილო, ზეთი, 52X70 სმ

ბერიშვილი ბევრ ნახატში ამუშავებს აღმოსავლურ თემატიკას, დახატული აქვს - ვედანტა, ტიბეტი. მთელი პროექტი -ძენ საგანი - აბსურდის ილუზია, ოღონდ მასთან მხოლოდ თემატიკა და აქცენტებია აღმოსავლური, ისე კი, ბერიშვილის მხატვრობა ევროპული ხელოვნების ნაწილია.

- აზიაში ვარ დაბადებული, ორი კვირა ვიცხოვრე იქ. ვხუმრობ ხოლმე, აღმოსავლეთით გატაცება ჩემი ესთეტური გარყვნილების ერთ-ერთი დადასტურებაა-მეთქი, - სინამდვილეში, აღმოსავლეთმა ბევრი რამ მომცა, გადამარჩინა. უბრალოება მასწავლა. იაპონელებს აქვთ ეს პრინციპი, აქ პირველ ადგილას ყოველთვის მეტაფიზიკა დგას, დასავლური ხელოვნება კი სულ რაღაცის გამართლებას ეძებს - სიუჟეტის, ამბის, თვითონ ხელოვნების გამართლებას. რუსებს ხომ საერთოდ, მძიმედ აქვთ ამ მხრივ საქმე, რაც ვიზუალურ ხელოვნებას შეეხება, თუ რუსულ ავანგარდს არ ჩავთვლით და კიდევ ხატწერას, იმას, რასაც რუბლიოვი აკეთებდა. ეს სულიერი სფეროა. მიყვარს სიმშვიდე, არ მიყვარს ფორიაქი, მაზოხისტი არა ვარ, რეალურად აღმოსავლეთის ხელოვნება დასაბამიდან არ შეცვლილა. ვიღაცამ იცოდა ხალიჩების ქსოვა და ქსოვდა, ვიღაც იაპონიაში გენიალურ აკვარელებს ხატავდა, ვიღაც ჰაიკუებს წერდა. დასავლეთი კი ახალი ადგილია, რომელიც დინამიურიდ ვითარდება. აღმოსავლეთი ძალიან დამეხმარა, ავცდი დეპრესიას, ავცდი სოციალურ მასწავლებლებს და ჩემი გზით მივდივარ...

- თქვენი ნახატები მსოფლიოს პრესტიჟულ გალერეებშია.

- და არასდროს არ მინახავს ისინი იქ, იმიტომ, რომ იქ არასოდეს ვყოფილვარ - ჩემმა ფერწერამ დამასწრო. ვიცი, სად მივდივარ მხატვრობაში, ვექტორი ნაღდად ვიცი, ის არ ვიცი, სად და როდის თავდება, ეს ღმერთმა იცის მხოლოდ. ვილემ დე კუნინგს იცით რა ისტორია ჰქონდა? წავიდა ნიდერლანდებიდან ამერიკაში, და როცა ვარსკვლავი გახდა ამერიკელებმა მოქალაქეობის მიღება სთხოვეს, ჩადეს მასში ინვესტიცია და დღეს ამაყობენ, რომ კუნინგი ამერიკელი მხატვარია. ობიექტი რომ გააკეთო, ამისთვის კულტურული სივრცეა საჭირო, უცხოეთში ამას აკეთებ, აქ - ვერა. იქ აფასებენ ასეთ ხელოვნებას, აქ როგორც ჩანს, ჯერ არაა ამის დრო. საქართველოს დღეს ჩემი მხატვრობა არ სჭირდება, სჭირდება პური და წესიერი მართვა. ოთარ იოსელიანი რომ წავიდა, კინოს იღებს. ფერწერა, რომელსაც მე ვაკეთებ, უნდა გააკეთო პარიზში, იტალიაში, ან შტატებში. აქ სხვა პრობლემაა, აქ საგნებს აგროვებენ, და არ უნდათ თანამედროვე, თავისუფალი მხატვრობა, რომელსაც არა აქვს ნაციონალური აქცენტი. ფიროსმანსაც კი არ ჰქონია ეს ნაციონალური აქცენტი, ფორმა ჰქონდა ნაციონალური, თორემ ფიროსმანის ვერცხლისფერი ველასკესის დონეზეა. თანაც, გადაწყვეტილებებს მძიმედ ვიღებ, დიდხანს ვფიქრობ, ჩემი მძიმე თავია ჩემი კონკურენტი...

- ნაციონალური აქცენტები ახსენეთ, გლობალიზაციის მომხრე ხართ?

- არა, სხვა რამ ვიგულისხმე. გლობალიზაცია რამდენიმე მილიონი წლის წინ დაიწყო. ამიტომ, ჩვენ გამოცდილების მილიონერები ვართ, მაგრამ ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ და ვეძებთ ამ ბუნებრივი პროცესის პროკურორს, რომელსაც „კრიმინალმა“ სოციოლოგებმა გლობალიზაცია დაარქვეს.

ქართულ ნაციონალურ აქცენტებში საგნებისადმი სიყვარული და მსუქანი ხელოვნება ვიგულისხმე, ვიტრინის ხელოვნება, რომელიც შაქარმოყრილ ტორტს ჰგავს. ნამდვილი ხელოვნება ღვინოსავითაა ან მწვანე ჩაივით. მე კი, მწვანე ჩაის ვსვამ, ოღონდ, უშაქროდ.

ბერიშვილის მართლაც გამორჩეული და უნიკალური კოლორისტიკის ფონზე ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება რამდენიმე შავ-თეთრ, უფრო სწორედ, სეპიას ტონალობაში შესრულებული სურათი. სწორედ ესაა მისი ჯერ დაუმთავრებელი პროექტი, რომელსაც ირონიით Berish-Cinema დაარქვა...

- ცხოვრება კადრებია, შენც ერთ-ერთი კადრი ხარ. თუ გინდათ, კინო დაარქვით, ჩემს ცხოვრებას ისე ვუყურებ, როგორც ფრაგმენტს ფრაგმენტებში. მიყვარს კინო, მაგრამ, არ მიყვარს ძალიან ჭკვიანური კინო, აი, რუსები „ზაუმნის“ რომ ეძახიან, ისეთი. არ მიყვარს ტარკოვკსკი, პირველად რომ ვნახე, გამიკვირდა და მომეწონა, მერე კიდევ ვნახე და ვიფიქრე, როცა შენს წინაშეა ამხელა მემკვიდრეობა, კულტურა, მამაშენის ლექსები, მერე ამ ყველაფერს აერთებ და „ზაუმნი“ ფილმს იღებ, ეს უკვე არაა დიდი კინო. მიყვარს ფელინი, ანტონიონი, სატიადჯიტ რეი, იოსელიანი. იმ დროიდან მოვიდივარ, როცა მეტრები იღებდნენ კინოს, და არა ფოტოგრაფები. ამ ნახატებში შავ-თეთრი ფირის ფერი გავაცოცხლე. ესეც იმ წლების ნოსტალგიაა, არ ვფიქრობდი იმაზე, რა გამოვიდოდა, ამაზე არასდროს ვფიქრობ ხატვისას, ჯერ სულში უნდა მოხდეს პროცესში ჩართვა და მერე უნდა გადათარგმნო ყველაფერი ფერწერის ენაზე. როგორც სამურაიმ, ხმლის ერთი მოქნევით რომ აგვარებს საქმეს. არ მიყვარს სიტყვა ბრძოლა, მაგრამ ესეც ბრძოლასავითაა. სადღაც ბუნებაში არსებობს მომხიბვლელი იდეა, რომელიც საჩუქარია, თუ დაინახე, ხელიდან არ უნდა გაუშვა. ეს კინოპროექტიც აქედან მოვიდა. ჯერჯერობით ვმუშაობ, ვნახოთ რა გამოვა.

იურის ბინა-სახელოსნოში ჯერ დაუმთავრებელი ნიუ ჰკიდია, რომელსაც თვალს ვერ ვაშორებ, თითქოს დაცლილია ფორმისგან, არადა, ძალიან სხეულებრივია და ეროტული.

- ნიუს რომ ხატავ, მაქსიმალურად ეროტული უნდა იყოს, ასხივებდეს, ანათებდეს, არ მრცხვენია ამის და არც იმაზე ვფიქრობ, ვიღაცამ უხამსობად არ აღიქვას. დღეს თუ არა, ხვალ მაინც მიგიღებენ. ახლა არავის უკვირს შავჩულქებიანი ქალი, ლოტრეკმა რომ გააკეთა თავის დროზე, მაშინ უკვირდათ. ქალი შეუცნობადი ობიექტია, სხვადასხვა ნათება აქვს. არასდროს ვხატავ კონკრეტულ ქალებს. უფრო კონკრეტული ის ენერგიაა, რომელიც მახატვინებს. მომწონს და ვაკეთებ. ერთი ეროტული პეიზაჟიც მაქვს დახატული. კულტურულმა ადამიანმა ყოველთვის იცის ზღვარი.

შემოქმედება ლოცვაა და უზენაესის ყურისკენაა მიმართულიო, ამბობდა იოსიფ ბროდსკი, თან ამატებდა. პოეტისთვის იდეალური თანამოსაუბრე ანგელოზიაო. ეს ის თემაა, რომელზეც, ხმამაღლა ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, უხერხულიც კია, მაგრამ, ჩვენი საუბრის ბოლოს, იური ბერიშვილი თვითონ შეეხო ამ თემას, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ირგვლივ მისი ნახატები ეწყო და მომეჩვენა, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდა, ეს ბუნებრივი და მოსალოდნელიც კი იყო მისგან.

- ეს სამყარო ქურუმებმა გადაარჩინეს, ხელოვანიც ქურუმია, მას ტრანცენდენტთან აქვს შეხება, დიდი დირიჟორი ქურუმია, ინტერპრეტატორი კი არაა, ის სხვაა, ის ლოცულობს, ლოცულობს ისე, სანამდეც მიუშვებენ, მისტერიებთან აქვს საქმე, ელ გრეკო ბრინჯაოა, ველასკესი - ოქრო. აღმოსავლეთსაც ესაა აქვს. სიტყვაში ამას აკეთებდნენ შექსპირი, დოსტოევსკი, ბროდსკი, გალაკტიონი, ჯოისი - ნამდვილი ქურუმები, მლოცველები იყვნენ. მუსიკაში ბახი, რომელსაც სულ ვუსმენ. ჯაზსაც მაგარი ქურუმები ჰყავდა, ფერწერას ხომ, თავისთავად...

ფერის განზომილებაში როცა ხვდები, უნდა გახდე გამტარი, მაქსიმალური წვა ტრანცენდენტის დავალებაა, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, იქ არ არსებობს არც მტერი, არც შური, არც ბოროტება. მთაზე ხომ ვერ ახვალ ღიპით, და რომ ახვალ, იმას კი არ იტყვი, აი, რამსიმაღლე მთა დავიპყარიო, იტყვი - რა ლამაზად ჩანს აქიდან ცა და ვარსკვლავებიო! ფერის მეტაფიზიკა, ფერის ვიბრაცია რომ დაინახო, დიდი საჩუქარია. როცა კაცი ნამუშევართან მიდის, ინტელექტუალური ეგო უნდა გადააგდოს, მაქსიმალურად გათავისუფლდეს და აუცილებლად მიხვდება, ვის შეხვდა - გამვლელს თუ ქურუმს....

იური ბერიშვილი დღეს ერთ-ერთ წარმატებულ აბსტრაქციონისტად ითვლება, თუმცა, თვითონ სხვანაირად ფიქრობს ...

- მეორადობის ექსპლუატატორი არ უნდა გახდე. რაიმე გარე ინფორმაციის საფუძველზე კი არ უნდა გააკეთო ობიექტი, არამედ შინაგანად უნდა იყო მზად ამისთვის. თავისუფლების მომენტი ფორმაში - სულ ესაა აბსტრაქციონიზმი, ყველამ იცის ეს ისტორია, „წითელქუდა“ რომ დავხატე და მეუბნებოდნენ, მგელი სად არისო, მგელი ისაა, ვინც ამას უყურებს-მეთქი, მგელი მე ვარ, მხატვარია მგელი. მერე მომეწონა ეს ირონია და მეორე წითელქუდაც გავაკეთე. ძალიან ეროტული წითელქუდა, პოსტმოდერნიზმის ეპოქის წითელქუდა, ნახევრად აბსტრაქტული ფიგურატივი, სადღაც შორს ბაობაბი დგას, რა შუაშია, მაგრამ მაინც გავაკეთე. იქვე სადღაც მგელია, სადაა, მხოლოდ მე ვიცი.

- ქართულ ავანგარდიზმზე რას იტყვით?

- ავანგარდიზმი დღეს უკვე გადაიქცა ყავანგარდიზმად და სალონებში გადაინაცვლა, სადაც პოულობს კიდეც თავის უკომპრომისო ვატერლოებს პატარ-პატარა ნაპოლეონებით. ანდერგრაუნდი დიდი ხანია მოკვდა. დაგვრჩა ოვერგრაუნდი, ამისთვის კი, საჭიროა ფრთები და... ლურჯი პასპორტი კოსმოსში...

13 წავალ, დაველაპარაკები, რა იცი, რა ხდება?!

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, არქივი

0x01 graphic

ერთ მონჯღრეულ შენობაში ვართ. მე, ლევანი, ზაზა და ზაზას მწვრთნელი ავთო. „რამდენი პროცენტია თოკის გაწყვეტის?“ - ძალიან სერიოზული გამომეტყველებით ეკითხება ლევან ხერხეულიძე, ხელოვნურ კედელზე ასაცოცებლად მომზადებულ ზაზა რუსაძეს, რომელმაც ახალი თოკი და ასაცოცებლად საჭირო ახლად შეძენილი აღჭურვილობა უნდა გამოსცადოს. მართალია, კითხვა უპასუხოდ არ დარჩა და ზაზას მწვრთნელმა რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგრამ მე და ზაზამ განგებ, რაღაცეებზე ხმამაღლა დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ვერაფერი გაგვეგო. ჰოდა, სანამ ლევან ხერხეულიძე აპარატის ობიექტივში იყურებოდა, ჩემთვის, კუთხეში მოვკალათდი და ვცდილობდი, ყველაფერი გამეხსენებინა, რაც ჩემს დღევანდელ რესპოდენტზე ვიცოდი, რაც თავად მოუყოლია და სხვებისგან მომისმენია.

ბევრი არაფერი ვიცოდი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ოდესღაც ოთხი ნომერი სათვალე ეკეთა და ყოველ კვირა, „საყმაწვილო ტელევიზიის“ ეთერში, თანატოლი ამერიკელების, გერმანელების თუ კიდევ სხვა ქვეყნების მოზარდებზე გვიყვებოდა ამბებს. 18 წლის იყო, როცა საქართველოდან წავიდა და ბერლინში დასახლდა. როცა საყმაწვილო ტელევიზიას და იმ დროის საქართველოს მოდურ ინსტიტუტებს გაექცა. ბერლინის ბაბელსბერგის კინო-სკოლა დაამთავრა და მას მერე, მთელ თავის დროს მოგზაურობას და კინოს კეთებას უთმობს. ისიც ვიცი, რომ სახლი არა აქვს, რადგან ამ კითხვას მოკლედ პასუხობს: „სახლი? ალბათ, ჩემი სახლია თბილისი, ბერლინი, კიოლნი და ამსტერდამიც“, ის ადგილები, სადაც კინოს კეთების სურვილის გამო მოხვდა; ვიცი, რომ მისმა სადიპლომო ფილმმა „ბანდიტები“, რომელიც 1983 წლის თვითმფრინავის ბიჭების გახმაურებულ ამბავს ეხებოდა, დიდი წარმატება მოიპოვა და ახლაც, მისი აქ ჩამოსვლა ახალ პროექტს უკავშირდება. საქმე მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს ეხება, ჰოდა, ამიტომაც ვიფიქრე, წავალ, ვცდი, დაველაპარაკები, რა იცი რა ხდება?!

0x01 graphic

ბერლინში გაქცევა - სასწავლებლად მივდივარ.

95 წელია. მთელს ქალაქში დენი არ არის და ამიტომ, CD-ზე ჩაწერილი წერილი და CV ვერსად ამობეჭდა. წერეთლის მეტროდან ბახტრიონის ქუჩამდე, ფოტოს გასამჟღავნებელი სითხეები ხელით ათრია, მაგრამ ისეთი ხარისხის ფოტოები დაბეჭდა, აი, აპარატის გამოგონების ეპოქაში, ანუ მე-19 საუკუნეში, პირველი ფოტოგრაფები რომ ბეჭდავდნენ. მთელი საბუთები თავიდან დაწერა, ამჯერად უკვე კალმით, ფოტოებთან ერთად ერთ დიდ კონვერტში ჩაყარა და იმდროინდელი ქალაქის სიამაყე - ნოვო-ალექსეევკას სახელობის თბილისის ჩამორღვეულ აეროპორტში წაიღო. კონვერტი და 20 მარკა უცნობ პილოტს გადასცა და სთხოვა - თუ შეიძლება, გერმანიაში რომ ჩახვალთ, ეს კონვერტი საფოსტო ყუთში ჩააგდეთო. ის კაცი გერმანიაშიც ჩაფრინდა და ამბის შემდეგი განვითარებიდან გამომდინარე, კონვერტი საფოსტო ყუთშიც ჩააგდო, რადგან სულ მალე, ბაბელსბერგის კინო-სკოლიდან, პასუხი მოვიდა -

ზაზა რუსაძე ჩაირიცხა კინო სკოლაში, გთხოვთ ჩამობრძანდეთო.

- „არანაირი გაუცხოება არ მქონია, პირიქით, ისე მომწონდა მარტო ყოფნა... მარტო ტიპი ვარ, ვგიჟდები მარტოობაზე. რაც ძალიან დიდი დოზით მჭირდება. ვგიჟდები ისეთ ადგილებზე, როგორიც ნეიტრალური ზონებია: ავტობანები, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები; არც ერთ ადგილს არ ვეკუთვნი და ეს ძალიან მომწონს. თბილისში რომ იტყვი, მარტოს მინდა სასეირნოდ წასვლაო, ყველა ფიქრობს, რომ თავი უნდა მოიკლა. შარშან ფუნიკულიორზე ავედი, კარგი იყო, ბევრი ვისეირნე. ბოლოს ძაღლიანი დაცვა გამომეკიდა - ეს ადგილი გაყიდულია, კერძო საკუთრებაა და „დავაი“ ახლა აქედან, დროზე მოუსვიო. მერე ახალი ადგილი ვიპოვე - მცხეთაში, გზის პირას. რამდენიმე რესტორანია და ერთ ადგილას, ხის ძირას, მაგიდა დგას. მივდივარ, ლიმონათს ვსვამ და უკან მოვდივარ. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, სახლში ინტერნეტი არ მქონდა და მითხრეს, შარდენზე წადი, იქ ვაირლესიაო. მოვდიოდი, ვითომ სამუშაოდ და ყველაფერი იმით თავდებოდა, რომ 8 საათის განმავლობაში სულ ვიღაცეებს ვხვდებოდი, ვლაპარაკობდი, რაც სასიამოვნოა, მაგრამ... ინტიმურობა არ აქვს ამ ქალაქს.

ძალიან მომეწონა ის ბერლინი, რომელიც გარდამავალ პერიოდში დამხვდა. ჯერ კიდევ არ ჰქონდა ერთიანი სახე, ყველაფერი იქმნებოდა და ყველასთვის ღია ქალაქი იყო. იქ, სადაც დღეს ცენტრებია, მატარებელიც კი არ ჩერდებოდა - სადგური გაუქმებული იყო. მხატვრებს რაღაც ნანგრევებში ჰქონდათ ატელიეები და ყველაფერი ჯერ მხოლოდ იქმნებოდა, ყველგან გრაფიტი გხვდებოდა... ეს ყველაფერი ძალიან ცოცხალი იყო. მაგრამ, ამ 11 წლის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა, ის კაფეები, სადაც გცნობდნენ და ყოველ დღე დადიოდი, ტურისტული ცენტრები გახდა, ძალიან გამაღიზიანა უცებ გაჩენილმა ჰომოგენურმა სუბკულტურამ, ყველა ხელოვნებას აკეთებდა, ყველას ერთნაირი გემოვნება გაუჩნდა... ამიტომ კროიცბერგში გადავედი, დასავლური უბანია, რომელსაც ნაკლებად შეეხო ეს ცვლილება, თურქების უბანია და ძალიან ინტერნაციონალური ადგილია.

საკმაოდ გამიჭირდა. რთულია, თან ისწავლო და თან ფინანსურ მხარეს მიხედო. ჯერ, რაღაცნაირად ორივე გამომდიოდა, მერე ერთი წელი აკადემიურის აღება დამჭირდა, რომ სწავლისთვის ფული დამეგროვებინა. ყველგან ვმუშაობდი: კაფეში, მშენებლობაზე, პლაზმაც ჩამიბარებია საავადმყოფოში, იმიტომ რომ 40 მარკას მიხდიდნენ. თუმცა, ვერ გეტყვი, რამდენად საჭირო იყო ასეთი რადიკალური გამოცდები.

თუ კონცენტრირებული ხარ რამეზე და იმედს არ კარგავ, ყველაფერი გამოვა. დღეს ბევრი ქართველია გერმანიაში, რომლებიც ჩამოდიან და იტყუებიან, რომ იციან რა არის გერმანული კულტურა თუ გერმანული საზოგადოება. ნამდვილად ვიცი, რომ თავიანთი საცხოვრებელი სახლის კედლებს არ გასცილებიან და არც გერმანელ მეგობრებთან ჰქონიათ ურთიერთობა. ანუ რაღაც ჩაკეტილი დიასპორა შექმნეს. სამწუხაროდ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს აქ, მთავრობაში სხედან და საზოგადოების მოწყობის ევროპულ მოდელს ქადაგებენ.

თუმცა, ეს ჩემი წასვლა... იცი რა, ასე დაერქვა - სასწავლებლად წასვლა, თორემ სინამდვილეში, ეს გაქცევა იყო, ბევრი რამისგან გაქცევა.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გაქცევა

გაგანია საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე, საკმაოდ ნომენკლატურულ ოჯახში. ჩემი დიდი ბაბუა იუსტიციის მინისტრი იყო, ანუ დავიბადე ოჯახში, რომელიც... მორგებულ-არმორგებული, არ ვიცი, მაგრამ დისიდენტების ოჯახი ნამდვილად არ იყო და მატერიალური თვალსაზრისითაც კარგად ვიყავით. ყველაფერი მქონდა, მაშინ არც სისტემა და არც მსგავსი რაღაცეები არ მაღელვებდა, უბრალოდ, ეს ყველაფერი, უცბად, ჩემს თვალწინ დაინგრა, ნანგრევებად იქცა. სისტემის გაქრობა, ნგრევა ოჯახშიც, რასაც პრივილეგიების გაქრობა და მატერიალური პრობლემები მოჰყვა. მახსოვს, ერთხელ, სახლში დიდი არეულობა იყო. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა, იმიტომ, რომ დღესაც, არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი არ არის მზად იმისათვის, რაიმე რომ მიამბოს იმ ამბავზე. ვერ ვხვდებოდი, რატომ იყვნენ ოჯახის წევრები ოთახში ჩაკეტილები, სადაც არ მიშვებდნენ. ხვდები, რომ რაღაც ხდება, მაგრამ, შენ არ გეუბნებიან, დღემდე არ ვიცი რა მოხდა, რაღაცნაირი მისტიური შურისძიება იყო სხვა ოჯახისა ჩემს ოჯახზე, რომელიც იმდენად ბუნდოვანია, რომ ჩემს ვერსიას ვაწყობ.

სკოლაში ხუთოსანი ვიყავი, უფრო სწორედ, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი. შეიძლება, იმდენად ქაოტური ვარ შინაგანად, რომ ეს გარეგნული წესრიგი თუ პედანტურობა, დასაბალანსებლად მჭირდება, არ ვიცი. ყოველთვის ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი, ყველა მასწავლებელი გიჟდებოდა ჩემზე და ამან ერთი პერიოდი კინაღამ დამღუპა, წარმოდგენა არ მაქვს ქიმიაზე, ფიზიკაზე, მათემატიკაზე, გეომეტრიაზე. ვერ წარმოედგინათ, რომ რაღაც არ ვიცოდი; თან ავანტიურისტი ვიყავი, ქართული ენის გამოცდაზე გავდიოდი, ვიღებდი ბილეთს - ქართული რომანტიზმი, არაფერი არ ვიცოდი და ვიწყებდი ნოვალისის ლექსებზე ლაპარაკს, რომელიც გერმანულიდან ვიცოდი; ვყვებოდი ვიქტორ ჰიუგოზე... მერე აღარაფერს მეკითხებოდნენ, აბა, ეს ხომ თავისთავად ეცოდინებაო... სკოლას რომ ვიხსენებ, რასაც ბაღზე გეუბნებოდი, ის მახსენდება: დაუფარავი სისასტიკე, იერარქიული წყობა... ნამდვილი ჯოჯოხეთი. ალბათ, ეს კიდევ იმის ბრალია, რომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და ვერ ვისხლეტ რაღაცეებს. სხვანაირი ტიპი ვიყავი და ამიტომ... ჰო, თან გაბრაზებული და ჯიუტი ბავშვი ვიყავი. დაძალება გამორიცხული იყო. ბავშვობის ფოტოებს რომ ვუყურებ, ყველგან ძალიან გაბრაზებული სახე მაქვს. ზღვაში არ მიყვარდა შესვლა, 6 წლამდე ვერავინ ვერ მოახერხა რომ წყალში შევეყვანე, არ მინდოდა და მორჩა. ახლა? კი ჯიუტი ვარ, ოღონდ იცი... ამ სიჯიუტეს დამხმარე იარაღად ვიყენებ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ცოდნა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია, ინტუიციაა. გამოცდილება მიჩვენებს, რომ ის, რასაც ინტუიტიურად ვგრძნობ, ყოველთვის მართალია.

0x01 graphic

ერთ დღეს, რუსულის მასწავლებელმა გვითხრა, რაღაც კასტინგი არის ტელევიზიაში და არ გინდათ, სცადეთო. მე და ნინო სურგულაძე წავედით და ასე აღმოვჩნდი „საყმაწვილო ტელევიზიაში“. კარგად ვერთობოდით, პროგრამას განათლების სამინისტრო აფინანსებდა და დავდიოდით ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, სულ ვმოგზაურობდით, სხვადასხვა რეპორტაჟებს ვაკეთებდით. 12 წლიდან ჩემი ფული მქონდა და ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი. უბრალოდ, ერთხელ, რაღაც მომენტში, ჩემს გადაცემას ვუყურებდი და დავინახე ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან ბრძნულ აზრებს იძახდა, ოღონდ, ამ სიბრძნის მიღმა, არანაირი გამოცდილება, არანაირი ცოდნა არ იყო. რაღაც დისბალანსი ვიგრძენი, ხარ მორგებული რაღაც ფორმას, კარგად მეტყველებ, დაწერილ ტექსტებს კითხულობ და გინდა არ გინდა, ბაძავ ვიღაცეებს, უფროს წამყვანებს. მივხვდი, რომ რაღაც სიყალბე იყო ჩემში. თან, მერე, უცბად წამოვიდა შემოთავაზებები, ანუ იკვეთებოდა ჩემი მომავალი ცხოვრება: ვრჩები ტელევიზიაში, ვიქნები გადაცემების წამყვანი... ამ ყველაფერს ცნობიერად გავექეცი. კი, ტელევიზია დიდი გამოცდილება იყო... ვიღაცეები ქუჩაში მცნობდნენ, ვიღაცეები დამცინოდნენ. მაგრამ ეს იყო გზა, რომელიც აღარ მზრდიდა და ერთ მიღწეულ ეტაპზე მაჩერებდა, მე კი პირადი ზრდის პროცესი მაინტერესებდა. როცა ყველაფერი თავად უნდა ნახო, გამოსცადო... ცხოვრებაში დინებასაც გავყოლილვარ, რომელსაც მაგრად მივუხეთქებივარ კლდეს, მაგრამ... მერე მთავარი ისაა, როგორ ამოცოცდები! ამიტომ, რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე, უარი მეთქვა ამ ყველაფერზე და წავსულიყავი იმ ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობდა, სადაც არანაირი პრივილეგია არ მქონდა. აქ საკმაოდ რთულია მოიპოვო თავისუფლება შენი განვითარებისთვის. ძალიან ჩაკეტილი და კლაუსტროფობიური საზოგადოება ვართ, ყველა ყველას იცნობს, სნობებიც ვართ, გვაინტერესებს ვინ ვისი შვილია, შვილიშვილია და ეს რაღაც გამზადებულ ფორმას გვაძლევს, რომელიც ხანდახან, ცარიელია. ალბათ, ამასაც გავექეცი და ამის გამო პატივს ვცემ ჩემს თავს. ირონია მიყვარს, ცინიზმს ვერ ვიტან, არადა, ბავშვობაში საშინელი ცინიკოსი ვიყავი. ეს შევცვალე ჩემს თავში, თუმცა, მაშინ ეს ჩემი თავდაცვის მექანიზმი იყო. არადა, მართლა უკანასკნელ თვისებად მიმაჩნია ადამიანში.

0x01 graphic

სხეულის მეხსიერებით მახსოვს ჩემი ნაბიჯების სიჩქარე, როგორ ვმოძრაობდი, ჩქარა მივდიოდი, რომ ავცდენოდი ქუჩის „ბირჟებს“. რაც თითქოს ახლა ისევ ბრუნდება, დანების ტრიალით და დაჭრებით.

გენიალური ფილმია „ნათლიმამა“, მაგრამ ამ ფილმმა დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს. მერე დაიწყო ომი, არეულობა, ქურდობის ინსტიტუტი და შენი სიძლიერის დამტკიცების აუცილებლობა, ანუ ის, რაშიც მე, ვერანაირად ვერ ვეწერებოდი. ჯერ ფიზიკურად სუსტი ვიყავი, ამ მასიური ფორმიდან ამოვარდნილი, დიდი სათვალით დავდიოდი, მინუს 4 მქონდა, ზურგჩანთა მოკიდებული, რაც ასევე სირცხვილი იყო, „პაპკით“ უნდა გევლო! თან ტელევიზიით გამოვდიოდი... ბუნებრივია, იმათში აგრესიას ვიწვევდი, ვინც სხვა მოდელით ცხოვრობდა. დედიკოს ბიჭი და მათი ძალადობის სამიზნე ხარ. მერე შეყვარებული ვიყავი სკოლაში და მეორე კასტამ მაშინვე გამაფრთხილა - ამ გოგოსთან არ დაგინახო გავლილიო...

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მეე? ძალიან სუსტი ვარ და ამის გამო სიძლიერეს ვინვითარებ, მჯერა, რაც ხარ შინაგანად, იმის საპირისპიროს ანვითარებ.

აგრესიული? პოტენციურად ძალიან აგრესიული ვარ, ოღონდ არარეალიზებული აგრესია მაქვს. ჩხუბით არ მიჩხუბია, არავინ დამიჭრია, ტვინით კი ბევრჯერ მივსულვარ იქამდე, რომ აი, ახლა ვგლეჯ სახეში, მაგრამ, არასდროს გამიკეთებია. ჩემი ძმა ორი წლით უფროსია, ძმებს შორის ყოველთვის ძალიან რთული ურთიერთობაა. ძალიან განსხვავებულები ვართ, ჩემმა ძმამ რეალიზაცია გაუკეთა თავის სურვილებს, შეიძლება ბევრი რამ არასწორი იყო, მაგრამ მაინც. მე არ ვიყავი რეალიზებული მთლიანად, ყოველთვის უფრო წესიერი ადამიანი ვიყავი, წესიერად ვიქცეოდი. რაღაც მხრივ, ჩემი ძმა უფრო საინტერესო პერსონაჟია, თავისი ცხოვრებით და სირთულეებით. მე სირთულეები მქონდა ამ ქუჩის ინსტიტუტთან, ჩემი ძმა კი, ამის ნაწილი იყო. რაღაც კლიჩკები ჰქონდა ეზოში და მგონი, ისევ ჩემი ძმის გამო არ მცემდნენ, არ ვიცი. ეს ყველაფერი, სიჯიუტე იყო თუ ინდივიდუალიზმი, არ ვიცი, მაგრამ ამაში ვერაფერს ვხედავდი არასწორს.

ერთი პერიოდი, წინა კბილები ცოტა დაშორებული მქონდა ერთმანეთს და ფურთხება დავიწყე. მერე ერთხელ, აი, თითქოს შენი თავიდან რომ გამოხვალ და გვერდიდან შეხედავ, ისე შევხედე საკუთარ თავს და რაც დავინახე, არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა. მე, მე არ ვიყავი, ამიტომ, მეორე დღესვე შევწყვიტე. დანაც ჩავიდე ჯიბეში, მაგრამ... უცხო სხეულივით იყო, რომც დამჭირვებოდა, ვერ გამოვიყენებდი. ინდივიდუალიზმის და დემოკრატიის მომხრე ვარ, რომელიც იმას ამბობს, რომ არსებობს სხვადასხვა ფორმების თანაარსებობის საშუალება და არ არის აუცილებელი, ყველა ერთმანეთს ეთანხმდებოდეს, არა?!

ერთხელ ბანაკში ავღმოჩნდი - ზერკალნაია ერქვა. სკოლიდან გაგვიშვეს, მამაჩემი ცკ-ში მუშაობდა, მე პიონერული რაზმის ხელმძღვანელი ვიყავი თუ რაღაც ამდაგვარი, მოკლედ, როგორც მაშინ ამბობდნენ, საკმაოდ ელიტარული ბანაკი იყო, ფინეთის საზღვარზე. ერთი თვე ბანაკის წესით ვცხოვრობდი, მახსოვს, ყველას უნდა გვემორიგევა ლენინის დროშასთან. ბავშვისთვის, ძალიან ძნელია ერთი საათი გაუნძრევლად, ხელაწეული დგომა. თან ზაფხულში, ჩაკეტილ სივრცეში. სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, გავიგე, რომ ვიღაცას გული წასვლია. ჩემი ჯერი რომ დადგა, დავდექი. გაუნძრევლად ვიდექი და უცებ, კედელზე პატარა თარო დავინახე, რომელზეც ვალერიანკის წვეთები იდო! უკვე გამზადებული! მერე ვთამაშობდით თამაშს - ზარნიცა ერქვა. ომის მდგომარეობაა, თამაშობ, ვითომ ომია, გაქვს მორიგეობა, დროშას უნდა უყარაულო ღამე, ასე სამი-ოთხი საათისთვის. სიგიჟეა, როცა ხვდები, რომ რაღაცისთვის გწრთვნიან! და ყველაზე ცუდი ისაა, რომ დღეს, საქართველოში ისევ მკვიდრდება ეს ფორმა, უბრალოდ, სახელი აქვს შეცვლილი. ჰო, რაც არ უნდა იყოს, დღეს რომ ადამიანი გაცილებით თავისუფალია, ამას ლაპარაკიც არ უნდა. მაგრამ... ისიც ფაქტია, რომ ადამიანის მანიპულირების ისეთი ფარული მექანიზმები მოქმედებს, რასაც ვერ ვხვდებით და ვერ ვხედავთ. ამაზე ბებიაჩემის ისტორია მახსენდება. დედაჩემის დედა ქიმიკოსი იყო და გერმანიაში გაუშვეს სამუშაოდ. იქიდან რომ დაბრუნდა, მალევე, მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. 56 წლის იყო. ოღონდ ძალიან უცნაურად ჰქონდა ეს სიმსივნე, ანუ ისეთი ფორმით, რომლითაც არ ჩნდება; რაღაც ერთ ზოლად, მკერდის მთელს გაყოლებაზე ჰქონდა დაავადება. მერე, რაღაც პერიოდის შემდეგ დედაჩემმა გაიხსენა, რომ როცა ბებია გერმანიაზე უყვებოდა, სულ ახსენებდა, რომ ლაბორატორიაში, მეტალის მაღალი მაგიდები იდგა, რომელიც მკერდის ზუსტად იმ ადგილამდე წვდებოდა, სადაც სიმსივნე გაუჩნდა. ახლა წარმოიდგინე, ადამიანი, ქიმიკოსი, საბჭოთა დროში ცხოვრობს, ჰყავს ოჯახი, მატერიალურადაც უზრუნველყოფილია და თურმე ატომურ რადიოაქტიურ ნივთიერებებს აკეთებს, ისე, რომ არ იცის, რასთან აქვს საქმე... ისე, ჩვენც ჩერნობილის თაობა არ ვართ? კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ იმ დღეს ჩემი და დაიბადა. და ვერ გავიგე, რატომ არ გამიშვეს ეზოში, გარეთ, სათამაშოდ, სადაც ძალიან წვიმდა.

რაღაც პერიოდი, რადიოში დავიწყე მუშაობა. ღამის ცვლაში ვიყავი, მე ხომ ღამის ტიპი ვარ. მომწონდა რადიოში ყოფნა, მარტო ვიჯექი ბნელ ოთახში და მთელი ღამე ვლაპარაკობდი, მუსიკას ვუშვებდი. არადა, იცი რა საშიში დრო იყო?! რადიო გეოლოგიის ინსტიტუტში იყო, სპორტის სასახლის უკან. როცა მივდიოდი, იმას გამოუშვებდნენ, ვინც შიგ იყო, მერე მე შემიშვებდნენ და გარედან მკეტავდნენ, რომ ვიღაცა არ შემომვარდნოდა. ძალიან აქტიური ვიყავი და როცა ცხოვრება ასე მდორედ მიდიოდა, თვითონ ვიგონებდი რაღაცეებს, საქმეს ვიგონებდი. ახლა, ბერლინში, ტელევიზიაში „დოიჩე ველეში“ ვმუშაობ, საინფორმაციო გადაცემებს ვამონტაჟებ და იქაც ღამის ცვლა მაქვს აღებული. ყველაზე რთული იუგოსლავიის ომის დროს იყო. ისეთი რაღაცეების მონტაჟი მიხდებოდა, რომ... ისეთ რაღაცეებს ვხედავდი, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს არ ვუშვებდით, მაგრამ... ითრგუნები, ძალიან ითრგუნები, ამიტომ ტელევიზორს თითქმის აღარ ვუყურებ. ტელევიზია ხომ არასდროს გვეუბნება იმას, რომ დღესაც ამოვიდა მზე, რომ დედამიწა ისევ ტრიალებს უსასრულო კოსმოსში...

ჩემი მეგობარი, აჩიკო ერისთავი, მოსკოვში მუშაობს, ბურდენკოს კლინიკაში, ნეიროქირურგია. ძალიან მინდოდა ოპერაციაზე დასწრება და იმდენ ხანს ვეხვეწე ჩამოვალ-მეთქი, რომ ყველაფერი მომიგვარა, ანუ ნებართვა აიღო პაციენტისგანაც და კლინიკისგან, 5 საათიან ოპერაციას დავესწარი, თან ფოტოებს ვიღებდი. უყურებ სხეულის ამ ნაწილს, სადაც ამხელა საოცრება დევს, ამხელა კომპლექსურობა, თითოეული ადამიანი ისეთი დიდი გამოცანაა... ამ ყველაფერს ჩემს ახალ ფილმშიც გამოვიყენებ, როცა ერთ-ერთ გმირს ტვინის ოპერაციას უკეთებენ, ბრილიანტს პოულობენ. როგორც გაკრისტალებული აზრების სიმბოლოს. აზრი ხომ ნელ-ნელა იბადება, ილექება, როგორც კრისტალი, რომელიც ყველაზე მკვრივია, მაგარია, შუშას და მეტალსაც კი ჭრის. დოსტოევსკის ფრაზაა, რომელიც ძალიან მიყვარს „ადამიანი ეს საიდუმლოა, რომელსაც ვერასდროს ამოიცნობ, მაგრამ ამ გამოცნობისას, შენ შეგიძლია გახდე ადამიანი“, ეს არის ამოცანა, სხვა მიზანს ვერ ვხედავ ჩემს ცხოვრებაში, გავიგო ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადამიანს და არ დავკმაყოფილდე გამზადებული, მკვდარი ცოდნით. შეიძლება, ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ თუ არ გააცოცხლე ეს ცოდნა, მკვდარია; დიმიტრი ამბობს - მე, სიმართლე ვარ, რა ამბიციურია ხო? მაგრამ არა, თუ მე არ მივიღე მონაწილეობა სიმართლის შექმნაში, ის არ არსებობს ჩემთვის“.

ვინ არის დიმიტრი?

ზოგადად კინოს და უცნაური სახელწოდების კინოსცენარის - ჩემი საბნის ნაკეცის შესახებ

დიმიტრი 30 წლისაა, არ იცის, რომ ეს სახელი შესტაკოვიჩის საპატივსაცემოდ დაერქვა და ვერც იმას ხვდება, რომ ჯერ მხოლოდ ფურცლებზე არსებობს; მომავალი ფილმის სასცენარო ფურცლებზე. ის საკუთარ ავტორს ჰგავს: ასაკით, უცხოეთში სწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებით, საზოგადოების მარწუხებიდან თავის დაღწევის სურვილით და ამით გამოწვეული ახალი ჰობით - კლდეზე ცოცვით, რომლის პროცესში არ არსებობს გუშინ და ხვალ, სადაც არსებობს მხოლოდ ის ერთი წამი, როცა ხელით მოსაჭიდ ადგილს ეძებ. სადაც, ყველაზე საინტერესო მას მერე იწყება, რაც ერთ-ერთი მორიგი აცოცების დროს, დიმიტრი და ანდრეი (ფილმის მეორე გმირი) უცნაურ ტყეს აღმოაჩენენ და სადაც, ეს უკანასკნელი მისტიურად უჩინარდება. ჩვენ კი, მაყურებელი, მთელი ფილმი იმის გარკვევას ვცდილობთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მაშინ, როცა ორმა კაცმა, უცნაურ ტყეს მიაგნო. დამაინტრიგებლად ჟღერს, არა?! ორი წელია რაც ამ სცენარზე მუშაობს. ის თითქოს ნელ-ნელა მოჰყვებოდა ზაზას, თავისთვის პარალელურ რეჟიმში არსებობდა. არსებობდა მაშინაც, როცა ის და დიტო ცინცაძე, დიტოს ბოლო ფილმის „კაცი საელჩოდან“ სცენარს წერდნენ; როცა ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და დიდი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ამსტერდამში აღმოჩნდა. მისი დიდი ხნის მეგობარი, რეჟისორი ინეკე სმითი ხომ ამდენს ურჩევდა, ჩასულიყო ამსტერდამში, სადაც უმაღლეს სარეჟისორო კურსებს გაივლიდა, ზაზა კი... ზაზას წარმოედგინა, რომ უნდა მჯდარიყო ჯგუფში და კოლექტიურად ეწერა სცენარი; რისი გაფიქრებაც და უსიამოვნო ჟრუანტელის დავლა მთელ ტანში ერთი იყო. მოკლედ ახსნა - „არ შემიძლია, ვერ ვფუნქციონირებ მსგავს სიტუაციებშიო“, თუმცა ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა. ექვსი თვე ცხოვრობდა ამსტერდამში, ჰქონდა კარგი სტიპენდია და იჯდა თავისთვის, წერდა სცენარს.

არადა, როდესაც ჯერ კიდევ 2003 წელს, ბერლინში, ბაბელსბერგის კინო-სკოლა დაამთავრა, დილემის წინაშე დადგა - რჩებოდა გერმანიაში თუ სადმე უნდა წასულიყო. მართალი გითხრათ, ძალიან არ მოეწონა ეს კონკრეტიკა, როცა უნდა გადაწყვიტო - „მით უმეტეს, როცა კინოზეა ლაპარაკი, რეჟისურაზე, ხვდები რომ არასწორია იყო ერთ ადგილას“. ამიტომ, ცოტა რადიკალური ტერორი მოუწყო თავის თავს - „გავათავისუფლე ჩემი თავი იმისგან, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის: სიმშვიდე, სახლი, სივრცე, ჩემი სივრცე და მოგზაურობა დავიწყე“. თავისი მატერიალური მე, ბერლინელი თურქების მეორად მაღაზიას უბოძა, თავისთვის ძვირფასი მასალები და ფოტოები ლეპტოპში მიასკანერა და - „მოკლედ, წავედი ჯერ ნიუ იორკში, მერე 4 თვე L.A-ში ვცხოვრობდი. მერე ისევ ბერლინი, ამტერდამი... ეს პერიოდი რომ დამთავრდა, ისევ - ახლა სად? და რაღაცნაირად, ლოგიკურად გაჩნდა აქ ჩამოსვლის იდეა. აქ მინდა გადაღება, აქ მინდა ყოფნა, ჩამოვედი, დავაარსე საპროდიუსერო კოპმანია zazarfilm. მართალი გითხრა, ეს მოდელი, რომ მთლიანად არსად არ ვარ, არამედ, სულ სადღაც ვარ და სულ რაღაც კონტექსტით, ძალიან მომწონს. ანუ, უბრალოდ კი არ ვირჩევ სივრცეს, საქმის გამო მჭირდება აქ ყოფნა, საქმის გამო მინდოდა ამსტერდამში ყოფნაც. ეს უფრო ამართლებს, ადამიანები ხომ ზარმაცები ვართ და სულ გვგონია, რომ ადგილებშია პრობლემა, მე იმიტომ ვერ ვაკეთებ ახლა რაღაცას, რომ აქ ვარ და ახლა ეს არ მაქვს; ამ დროს კი შიგნით მიდის ეს პროცესები და თუ ამას სწორად წარმართავ, მერე ადგილი უკვე სულერთია. რასაკვირველია, ბევრ ადგილს აქვს თავისი ენერგეტიკა და ბევრ რამესაც განსაზღვრავს, მაგრამ... მაგალითად, ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ L.A.-ში, იმიტომ რომ მივხვდი, კინოს კონტექსტში ეს რადიკალურად სხვა სამყაროა, შეუძლებელი და ნამდვილი ჯოჯოხეთია იქ ცხოვრება. ეს არის სივრცე, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან კინემატოგრაფისტები, მსახიობები, მომღერლები, აი, ამ ამერიკული ოცნებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყანაში არსებობს. ოცნებით, რომ ერთ დღეს, შეიძლება, ვიღაცამ მოგაქციოს ყურადღება და შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია, ფილოსოფიურად მიუღებელია ასეთი აზროვნება, იმიტომ, რომ შანსი გეძლევა ყოველ წამს, შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვი ისევ თავიდან მოდის შემდეგ წამში. იქ კი, სულ გესმის, რომ სადღაც უნდა მიხვიდე, ვიღაცის ყურადღება რამენაირად უნდა მიიქციო; უნდა შეხვდე იმას და ამიტომ, იქნებ რაღაცნაირად მასთან კერძო წვეულებაზე აღმოჩნდე და ეს კერძო წვეულება, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ვიღაც ხალხია, რომელიც სრულიად შემთხვევით ცურავს რომელიღაც აუზში და ამ ცურვის დროს, შეიძლება დაგელაპარაკოს კინოზე, აქვს ნახევარი წუთი, რომ მოგიყვეს, რა მაგარი იდეა აქვს და ა.შ. და ა.შ. ვერანაირად ვერ ვფუნქციონირებ ამ სისტემაში, ანუ თუ ვიღაცა არ მენდობა, ნაკლებად შემიძლია ვიყო პროდუქტიული, თუ მენდობი, მაშინ თვალდახუჭული გავივლი ბაწარზე და არ ჩამოვარდები. თან იქ იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ შენ კი აღარ განსაზღვრავ რამეს, გარემო განგსაზღვრავს შენ. L.A. კი არ გზრდის, იქ სულ იმაზე ფიქრობ, რომ გაღიმებული სახით რაიმე დინებაში ჩავარდე. სადაც არც ერთი წამით არა გაქვს უფლება იყო სუსტი, იყო გულახდილი. თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ გაქვს მოპოვებული გარკვეული სტატუსი, მაგრამ, თუUამ სტატუსისთვის ჩემი თავი უნდა დავკარგო, მაშინ არა, აღარ მინდა. ფაქტიურად L.A.-დან პირდაპირ სამეგრელოში მოვხვდი. ჩემს სოფელში, მთიან სამეგრელოში. თვენახევარი ვიყავი მარტო, მშობლებისთვის ცოტა გაუგებარი იყო და შეშინდნენ, რანაირად არის იქ, მარტო?! რა სჭირს?! რა უნდა ჭამოს?!... არადა, იცი რა მაგარი იყო... ძალიან დავიცალე, დავმშვიდდი.

ძველი სახლია, 1901 წელს, ჩემმა დიდმა ბაბუამ ააშენა. მართალია, დღეს იქ არავინ ცხოვრობს, მაგრამ ძველი კედლებიდან გამუდმებით გიყურებენ უცნობი წინაპრების შავ-თეთრი ფოტოები. უცნაური ცხოვრებით ცხოვრობ. დილით იღვიძებ, მანქანის ხმა არ გესმის, შენი თავის გარდა, არაფერი სხვა არ განსაზღვრავს შენ დილას. გინდა, გვიან ადგები, ჩახვალ და ბალახზე წამოწვები. ფიქრობ სცენარზე, ოღონდ ძალიან ქაოტურად. უბრალოდ ვიჯექი და ბლოკნოტში ვიწერდი ყველაფერს. მერე ენა, არასაკმარისი აღმოჩნდა რაღაცეების გამოსახატად და სქემების გაკეთება დავიწყე, ეს სქემები პატარა, სასაცილო ნახატებად იქცა, ჩანახატებს ვაკეთებდი და ძალიან პროდუქტიული პროცესი იყო, მთლიანად ჩავერთე საკუთარ თავში და საკუთარ თავთან ურთიერთობაში. ამან იმდენად დამაინტერესა, რომ მშვენიერი დიალოგი გავმართე საკუთარ თავთან“.

საწერი მაგიდა აივანზე გაიტანა. სადღაც ძველი ლარნაკი იპოვა და მაგიდის კუთხეში, ლამაზად დადო. საშინელი პედანტია, არ ეზარებოდა ყოველ დილით ახალი ყვავილის ძებნაში მთელი ეზო მოევლო და მაგიდაზე, ახალ-ახალი ნატურმორტები გაეკეთებინა. ყოველ დილით ახალი ნატურმორტი, მაგიდა აივანზე, აბსოლუტური სიმშვიდე, მაღლა კავკასიონის დათოვლილი მთები და... მოკლედ, თავისი თავისთვის კომფორტის და სიმყუდროვის შექმნა ყოველთვის ხუთიანზე შეეძლო.

- „ერთხელ უცნაური რაღაც მოხდა. ვზივარ, ვწერ და ვხედავ, რომ ბოლი ასდის მაგიდას. რამდენიმე წამი აბსოლუტური შოკი იყო, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ლარნაკში, მზის სხივი არეკლილა, როგორც ლუპაში, ისე მოხდა კონცენტრირება და ამ სხივმა, ხის მაგიდის ზედაპირის ამოწვა დაიწყო; შავი ხაზი დავინახე, იცი რა... იმდენად საოცარი იყო, რომ მივხვდი, ეს ფილმი ნამდვილად უნდა გავაკეთო-თქო. მერე ცინიკურად შევხედე ამას, ნიშანი არა... მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ჯადოსნური მოვლენა იყო და წარმოიდგინე, აი ამ შემართებით და აღტკინებით, თან ის, რომ ჩამოვედი, ამდენი წლის მერე ვბრუნდები, ნახევრად, მაგრამ მაინც ვბრუნდები, სცენარი დასაფინანსებლად კინოცენტრში, კონკურსზე გავიტანე. არ დამაფინანსეს, რას იზამ, კონკურსი იყო და ვერ გავიმარჯვე. ერთადერთი, ემოციურად შემეხო ის, რომ კომისიას არც კი მოუნდა ჩემთან მეორე ტურში საუბარი. ძალიან გავბრაზდი. საშინლად გავბრაზდი. თუმცა, იმ დღესვე დამირეკეს ჰოლანდიიდან და მითხრეს, რომ როტერდამის საერთაშორისო კინოფონდი აფინანსებდა ჩემს სცენარს და მაძლევდნენ პროექტის განვითარებისთვის საჭირო თანხას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემიძლია აქ ვიყო, ვიმოგზაურო, ვიარო კლდეზე ცოცვაზე, ვიარო სპექტაკლებზე... ვიღაცისთვის ეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, თითქოს ვერთობი, მაგრამ ეს ჩემი საქმის ნაწილია, თუ მსახიობები ვერ ვნახე, თუ ფილმებს არ ვუყურე, ისე არაფერი გამოვა.

საერთოდ, იცი, როგორ ხდება... რაღაც ეტაპზე აცნობიერებ, რომ ცხოვრებაში ციკლები არსებობს, ციკლები, როცა ვიზრდებით და ეს ყველასთან სხვადასხვანაირად ხდება.

ძალიან გავიზარდე და ძალიან მომწონს ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდა გაცივებასთან არის დაკავშირებული. როცა იზრდები, თითქოს ცივდები, ინტენსიურობას კარგავ, რადიკალურად აღარ განიცდი რაღაცეებს. აღმოჩნდა, რომ იმდენი ჩავისუნთქე, თუ არ ამოვისუნთქე, გავსკდები. და, ალბათ, ამ სცენარით უნდა ამოვისუნთქო. იოსიფ მანდერშტამის მეუღლის მოგონებებს ვკითხულობდი, რომელიც წერს, რომ 20-იანი წლების საბჭოთა კავშირი, ძალიან უცნაური იყოო, ადამიანები კი არ საუბრობდნენ, ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთსო. რასაც მერე შიფრავს: საუბარი გულისხმობს იმას, რომ მე და შენ ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ არ ვიცით რაზე ვსაუბრობთ, ანუ აზრებს ვცვლით; ის აზრები იმ წამში იბადება, იმ წამში ცოცხლდება, ის თავისთავად უნიკალურია, ერთჯერადია, საუბარი ამ გაცვლას გულისხმობსო. ამბის მიყოლისას კი, აზრები აღარ იცვლებაო; და ჩემთვის, დღევანდელი კინო სამწუხაროდ ამას აკეთებს, აზრებს კი აღარ ცვლის, აზროვნების წრეში კი აღარ გვაგდებს, ამბებს გვიყვება, რაც, უკვე მოყოლილია, ამიტომ ვაფასებ იმ კინოს, რომელიც აზროვნების წრეში მაგდებს, ქართველებიდან ეს არის ოთარ იოსელიანი, იწყება ფილმი და მე აზროვნების წრეში ვარ, იქ ამბავს კი არ მიყვებიან... ჩემი ფილმიც მინდა, რომ ასეთი იყოს... ეს გამოძიება, თრილერი კი არაა, მაყურებელთან ერთად ხმამაღლა აზროვნების მცდელობაა. ეს ხომ ხელოვნებაა და ჩვენ გვაქვს ის პრივილეგია, რომ ვიღაცა ჩვენს ფიქრებში დავპატიჟოთ.

ჩემთვის ამას აქვს აზრი და არა იმას, რომ მოვყვე, როგორ ჩავედი ბერლინში და როგორ გამიჭირდა იქ ყოფნა, როგორ შევეხალე უცხო კულტურას. ქვეყანას, სადაც ძალიან გამიჭირდა ფინანსურად, მაგრამ, აქ ხომ საპასუხო არაფერია?! იმაზე ვწუხვარ, რომ კინოს ნელ-ნელა ინფორმაციული დატვირთვა ეძლევა, სოციალური ამბები მოდის წინა პლანზე, ყველა არხს რეალითი შოუები აქვს ატაცებული, მწერლები სპეციალურად წერენ, რომ ეს ამბავი ნამდვილ ამბავზეა აგებული, მერე კარგად რომ გაიყიდოს წიგნი. ეს, ზოგადი მოვლენაა და მინდა, რაღაცნაირად, ქვეცნობიერად დავუპირისპირდე ამას. შეიძლება ამბიციურია, მაგრამ, ეს ხდება ჩემში“.

ამ ზოგად მოვლენას თვითონაც ვერ გაექცა, მაშინ, როცა სადიპლომო ფილმის თემად, ერთი ნამდვილი ამბავი აიღო. „ბანდიტებზე“ გიყვებით, დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც 83 წელს, თვითმფრინავის ბიჭებს ეხებოდა.

- „ეს პირველი ფილმი იყო, სადაც ფიქრი დავიწყე. პირველი ფილმი, სადაც ადამიანური აზროვნების ჩიხები დავინახე, სადაც ფიქრს გავყევი და პასუხი ვერ ვიპოვე. უბრალოდ, ერთ დღეს მართლა მივხვდი, რომ ჩემი თავისუფლება, ის რომ, აქეთ-იქით დავდივარ, რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. დავინტერესდი, რა კავშირია ჩემს თავისუფლებასა და იმ აღტკინებულ ნაბიჯს შორის, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ამიტომ დავიწყე ამ მასალაზე ფიქრი, მივხვდი რომ არაფერი არ ვიცოდი. კადრი გამახსენდა - ცისფერი ფონი, სადაც ზის დიქტორი, რაღაცას ლაპარაკობს, სახლში ჩემთან კი დიდი ყურადღებით უსმენენ, მე რვა წლის ვარ და ვერაფერს ვერ ვხვდები. უნივერსალური ამბავი აღმოჩნდა, ის არის სიყვარულზე, ღალატზე, ფატალიზმზე. ის ხომ დოსტოევსკის პოტენციის ამბავია. სამი წელი დაჭირდა ამ ფილმის გადაღებას, რთული იყო არქივებში შესვლა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო იყო, დიდი მისტიფიკაცია იყო ამ ამბის შესახებ, რაც, პრინციპში, დღემდე გრძელდება. იყო დიდი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხი ვერ გავეცი, თუმცა, გააჩნია საიდან შეხედავ, სიმართლე სულ იცვლება. როცა ქარიზმატულ ადამიანებს ვუყურებ, რომლებიც ასეთ ნაბიჯზე მიდიან, სისტემას სახეში აფუთხებენ, მაგრამ... ამ დროს მოდის აზრი, კი მაგრამ სხვები? ის მგზავრები, რომლებიც მშვიდად მიფრინავდნენ ბათუმში? და აქ უცებ ბზარები ჩნდება, ეს ჩიხია, სადაც სიმართლე და ობიექტურობა არ არსებობს და სწორედ ამის აღწერა მინდოდა ფილმში. ამ ფილმით მინდოდა მეთქვა, ნუ ვიქნებით ასეთი რადიკალურები, თუმცა... მე თვითონაც ვერ დავმალე სიმპათია მათ მიმართ. ფილმი „არტეს“ დაკვეთით გადავიღე, მაგრამ, მახსოვს როგორ გაჯანჯლდა ყველაფერი, ამბობდნენ - ამბავი მოგვწონს, მაგრამ რეჟისორი გამოცვალეთ, ვერ ვენდობითო. საბოლოოდ, ფილმმა ბევრი ფესტივალი მოიარა და როცა „არტეზე“ ჩვენების შემდეგ, ფილმის რეიტინგი მოვიდა, ისე გამიხარდა - ჩავარდნაა, მაგრამ ჩემთვის ისეთი სიხარული იყო, წარმოვიდგინე, რომ 48 ათასი ადამიანი ამ ამბავზე ფიქრობდა, რომ ერთად ვუყურებდით, მართალია, გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ ერთად ვფიქრობდით! სულ მეშინოდა, რაიმე პოლიტიკური სარჩული არ მოეძებნათ, ფილმი უკვე მზად მქონდა, როცა აქ ვარდების რევოლუციის პერიოდი დაიწყო, მირეკავდნენ, სწორედ ახლაა ფილმის ჩვენების დროო; სწორედ ახლა არ არის მაგ ფილმის ჩვენების დრო-მეთქი და არ ჩამოვიტანე.“

ამ ამბიდან რამდენიმე წელი იყო გასული, როცა ზაზა საქართველოში, სოფელ მეტეხში აღმოჩნდა, სადაც ინეკე სმითი, დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ფილმს უცნაური სახელით - „პუტინის დედა“. ზაზა რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა და ინტერვიუების ხაზი, ფაქტობრივად მას მიჰყავდა. ვერა პუტინა სოფელ მეტეხში ცხოვრობს, სოფლის შესასვლელში რომ იკითხოთ - სად ცხოვრობს პუტინის დედაო, აგერ იქითკენო - გეტყვიან და ხელით იმ ადგილს დაგანახებენ, სადაც უბრალო სოფლის სახლში, ერთი უბრალო რუსის ქალი - ვერა ცხოვრობს. ეტყობა სოფელში, დიდი ხნით ჩასული უცხოელები რომ დაუნახავთ, ვიღაცვიღაცეებს უფიქრიათ, რა იცი, რაში გამოგადგებიანო და ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, მთელი გადამღები ჯგუფი, გასაოცარი დიალოგის მომსწრე გახდა. საქმე ის იყო, რომ ვერას მიკროფონის მოხსნა დავიწყებია და... მოკლედ, აი, რა მოხდა. ეზოს ჭიშკართან, მეზობლის ქალი იდგა, ქალიშვილთან ერთად და არ ეშვებოდა ვერას, ის კაცი რომ გყავთ (ის კაცი - ჰოლანდიელი პროდიუსერი დენისი) გამოიყვანე გარეთ, ჩემი ქალიშვილი გავაცნოთო, რა იცი, რა მოხდებაო... ვერა პუტინა კი, აბა, რისი პუტინა იყო, რომ ამ საჩოთირო სიტუაციიდან, მშრალი არ გამომძვრალიყო და უთქვამს - „რას ამბობ? შენ რა, არ იცი, რა რთული სიტუაციაა ჰოლანდიაში? ხალხი შიმშილით იხოცება, ერთი მოგასმენინა რა ამბებს ჰყვებიან ეს საწყლები, სულ გული დაგეთუთქებაო. მე რომ მიყვარხარ, მაგიტომ გეუბნები, თორემ რა, მოდი და შემოიყვანე შენი ქალიშვილიო“. იმ დღის მერე, ის ქალი თავისი ქალიშვილით არც არავის უნახავს, და საერთოდ, სათოფეზეც აღარავინ ეკარებოდა საშიმშილეთიდან ჩამოსულ უცხოელებს.

- „არ ვიცი რამდენად ღირს იმაზე ლაპარაკი, როცა გამიტაცა ელექტონულმა მუსიკამ და მასთან დაკავშირებულმა ყველანაირმა ნარკოტიკმა, ძაან საფრთხილო საქმეა ამაზე ლაპარაკი. რომ დავიწყო რაღაცეების მოყოლა, ყველაფერი იმდენად ლამაზად გამოჩნდება და ისე გამოვა, თითქოს ვიღაცას რეკლამას უკეთებ.

თავისთავად, ყველა ჩემი გადაწყვეტილება, აქედან ევროპაში წასვლის, მერე ევროპიდან - ამერიკაში და ა.შ. რაღაც პირადულითაც არის განპირობებული. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი განცდები, სასიყვარულო ისტორიები, მაგრამ, რამდენად მინდა ამაზე ლაპარაკი, ან რამდენად საინტერესოა ვიღაცისთვის ამის მოსმენა ან წაკითხვა, არ ვიცი... მარსელ პრუსტის ერთი წერილია, სადაც წერს - კრიტიკოსები, ბალზაკის ბიოგრაფიას კითხულობენ და ასე უნდათ გაიგონ, რა დაწერაო; როცა, ამ დროს პირიქითაა, ბალზაკის ლიტერატურიდან შეგიძლია გაიგო მისი ცხოვრება და არა მისი ბიოგრაფიიდანო. მეც მინდა, რომ ჩემზე არა ჩემი ბიოგრაფიით, არამედ ჩემი ხელოვნების გამო ილაპარაკონ.

ჩემი პროფესიის ნაწილი ხომ ავანტიურაა. გინდა არ გინდა, უნდა შეგეძლოს რომ პროდიუსერები დაიყოლიო. თანაც, ისე უნდა მოახერხო ყველაფრის წარმართვა, რომ შენ უძღვებოდე საქმეს და არა პროდიუსერი. გაცნობის, კონტაქტების დამყარების ყველაზე კარგი საშუალება კინოფესტივალებია, ამიტომ ვხუმრობ ხოლმე: მორჩაა, ახლა დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის პროსტიტუციაა. ანუ აქ, სულ გიწევს თამაში, თუმცა... აქაც, შარდენზეც, ყველა თამაშობს და თან მშვენივრად!

ჩემი ოცნება? ჩემი ფილმია. არ ვიცი, შეიძლება ახალგაზრდა რეჟისორისთვის ცოტა მიუწვდომელია, მაგრამ... ერთ-ერთი როლისთვის ძალიან მინდა ინა ჩურიკოვა მოვიწვიო. თან იმასაც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი და, რატომაც არა?! ვცდი, წავალ, დაველაპარაკები, რა იცი, რა ხდება?!“

14 კავშირი ტუტუსთან

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ავტორი: ბრედ პიტი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

0x01 graphic

ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი, გაეროს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი და ირლანდიელი მომღერალი ბონო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დაოსში. 2006 წელი.

0x01 graphic

REUTERS/Pascal Lauener

ყველა მოქალაქე, რომელსაც შეუძლია, თავისი სტატუსის, წარსულის, რელიგიის, რეგალიის და ა.შ. მიუხედავად, ობიექტურად შეაფასოს თავისი ქვეყნის ქმედებები და პირადად თავისი შესაძლებლობები, მოაზროვნე მოქალაქეა.

ბოლო დროს, ასეთი მოქალაქეები ამერიკაში პოლიტიკური აქტიურობისათვის ყველაზე მოულოდნელ ადგილას - ჰოლივუდში გაჩნდნენ. ირლანდიელი ბონოს გარდა ჩარლი შინმა, სიუზენ სარანდონმა, ტიმ რობინსმა, ჯორჯ ქლუნიმ, შონ პენმა და ანჯელინა ჯოლიმაც დაიწყეს თავიანთი ვარსკვლავური პოპულარობის გამოყენება გლობალურ პოლიტიკაში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქ აქტიურ მოქალაქედ იქცა ბრედ პიტიც. ის ახლა იმას აკეთებს, რასაც მისგან არავინ ელოდა. ჟურნალი „თაიმიც“ რამდენიმე ხნის წინ წერდა: როცა მამაკაცს ისეთი გარეგნობა აქვს, როგორიც ბრედ პიტს - მისგან ცოტაც გაკმაყოფილებს, კერძოდ კი, ბლოკბასტერებში მონაწილეობა და ვარსკვლავ მსახიობ ქალებთან ცხოვრება. თუმცა, ამგვარ სტატუსს თვითონ ბრედ პიტი ვერ შეეგუა და დღეს უკვე აქტიურ მოქალაქედ იქცა. ის ამბობს: „ბოლო 15 წლის განმავლობაში მქონდა იმის ფუფუნება, რომ ბევრი მემოგზაურა. გამოცდილებამ დამანახა, რომ უცხო ქვეყნებში საზოგადოებები ამერიკას თანდათან სულ უფრო სხვაგვარად აღიქვამენ, ვიდრე წინათ. დღეს, მსოფლიოში სწრაფად გავრცელებადი მოსაზრების მიხედვით, ჩვენ, ამერიკელები, ოპორტუნისტები ვართ, სხვებს მხოლოდ მაშინ ვეხმარებით, როცა შექმნილ სიტუაციაში საჩვენო სარგებელს ვხედავთ. მაგრამ ეს არ არის ამერიკის სრული სურათი. ასეთები ჩვენ არ ვართ და ცხადია, ეს არც ჩვენი ისტორიაა“.

ასე რომ, ბრედ პიტს სურს, სამაგალითო მოქალაქე იყოს. მისი აზრით, რომ თუ იმოქმედებ, მსოფლიოში ზოგადი სურათის შეცვლა ნამდვილად შეიძლება და პიტიც მოქმედებს.

2004 წელს მან დემოკრატ ჯონ კერის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით დაიწყო და ჰოლივუდში თავისი სახლის წინა ფასადზე კერის დიდი საარჩევნო პლაკატი ჩამოკიდა.

შემდეგ ქარიშხალ „კატრინას“ მიერ დანგრეული ახალი ორლეანის აღდგენის პროცესში მონაწილეობდა. ის შარშან, ზაფხულში თავისი ოჯახითურთ გადასახლდა კიდეც ორლეანში, დაუმეგობრდა მწვანეთა ორგანიზაცია Global Green-ს და მათთან ერთად გამოავლინა ეკოლოგიურად უსაფრთხო არქიტექტურის კონკურსის ხუთი ფინალისტი ფირმა, რომელთაც ახალ ორლეანში 10 ათასამდე ეკოლოგიურად სუფთა სტრუქტურა უნდა ააშენონ აღმართონ.

შარშან ნოემბერში ბრედ პიტი კალიფორნიაში 87-ე შესწორებასაც აქტიურად უჭერდა მხარს, რომლის მიხედვითაც, ნავთობკომპანიებზე სპეციალური გადასახადი უნდა დაწესდეს და აკრეფილი 4 მილიარდი დოლარით ალტერნატიული საწვავისა და ეკოლოგიურად სუფთა მანქანების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.

ბრედ პიტს მხედველობის მიღმა არც აფრიკის კონტინენტი დარჩენია. უკვე რამდენიმე წელია, ბრედ პიტი აფრიკაში დადის, ჰუმანიტარულ დახმარებაზე ზრუნავს და სურს, ამერიკის ბიუჯეტის ერთი პროცენტი აფრიკის მოსახლეობის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების განვითარებისა და სუფთა წყლითა და საკვებით მომარაგების ფონდში გადარიცხოს. გარდა ამისა, ბრედ პიტი მხარს უჭერს აფრიკისთვის ვალების გაქვითვას და სავაჭრო სისტემის რეფორმასაც.

რამდენიმე თვის წინ კი ასეთი რამ მოხდა: მოქალაქე პიტის ინტერესები დაემთხვა ჟურნალ Vanity Fair-ის ინიციატივას, რომ ჟურნალის ერთი გამოშვება მთლიანად აფრიკის კონტინენტისთვის დაეთმო, ხოლო ჟურნალის აწყობის უფლება მოწვეული რედაქტორისთვის მიენდოთ. ასე აღმოჩნდა რედაქტორის რანგში - ბონო, ხოლო ინტერვიუერის რანგში - ბრედ პიტი. პიტს კორესპონდენტობა არ გასჭირვებია. ის განათლებით ჟურნალისტია, ჟურნლისტიკას 1982-86 წლებში მისურის უნივერსიტეტში ეუფლებოდა. ასე რომ, ჟურნალ Vanity Fair-ისთვის სამხრეთ აფრიკის ეპისკოპოსთან, დესმონდ ტუტუსთან ინტერვიუს იოლად გაართვა თავი.

თანაც, ტუტუსთან შეხვედრა და საუბარი ისედაც სურდა. ბრედ პიტის რესპონდენტი ხომ სამხრეთ აფრიკის ცოცხალი მატიანეა. 1975 წელს, აფრიკასა და ლონდონში სპეციალური თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ ტუტუ იოჰანესბურგში ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელმთავარი გახდა - პირველი შავკანიანი, რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა. მისი ანტი-აპარტეიდული გამოსვლებიც ყველაზე აქტიურად ამ პერიოდში დაიწყო.

ამ პერიოდშივე გამძაფრდა ანტი-აპარტეიდული მოძრაობა ზოგადად ქვეყანაში. ანუ, ახდა ის, რაზეც დესმონდ ტუტუ პრემიერ-მინისტრ ვორსტერს რამდენიმე წლით ადრე პირად წერილში სწერდა: რომ სამხრეთ აფრიკაში სიტუაცია დენთის კასრს ჰგავს - ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს. მინისტრმა მღვდელს არ უპასუხა. სამხრეთ აფრიკაში კი სიტუაცია მართლაც აფეთქდა.

დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის არაძალადობრივ გზას უჭერდა მხარს და ფიქრობდა, რომ საჭიროა, უცხო ქვეყნებმა აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკას ეკონომიკური ბოიკოტი გამოუცხადოს. 1976 წელს ლესოტოს ეპისკოპოსად დანიშვნისა და 1978 წელს სამხრეთ აფრიკის ეკლესიების საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ მისი ქადაგებები და ლექციები ნაბეჭდი სახით უკვე ყველგან ვრცელდებოდა. ტუტუ ლექციების წასაკითხად ბევრს მოგზაურობდა, აფრიკაშიც და საზღვარგარეთაც. 1982 წელს გამოქვეყნდა მისი ლექციების კრებული „ღვთიური მიზანი“, ხოლო ქადაგებების კრებული - 1983 წელს. თავის ნააზრევში ტუტუ სასტიკად გმობდა სამხრეთ აფრიკის თეთრკანიან მთავრობას, მაგრამ აკრიტიკებდა რამდენიმე ანტი-აპართეიდული დაჯგუფების ძალადობრივ ტაქტიკასაც. თვლიდა, რომ საჭიროა მოლაპარაკება და რომ ტერორიზმი გამოსავალი არ არის...

1984 წელს სამხრეთ აფრიკელ ეპისკოპოსს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. 1985 წელს ის იოჰანესბურგის პირველი შავკანიანი ანგლიკანი ეპისკოპოსი გახდა, 1986 წელს კი - კეიპ ტაუნის. აპარტეიდის დასრულების შემდეგ, 1995 წელს ნელსონ მანდელამ დესმონდ ტუტუ „სიმართლის და შერიგების საბჭოს“ თავმჯდომარედ დანიშნა. ეს ორგანიზაცია აპარტეიდის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის აურაცხელ ფაქტს იძიებდა და საჭირო შემთხვევაში დამნაშავეების ამნესტიას აწერდა ხელს. 1999 წლამდე საბჭომ 7 ათასამდე საქმე განიხილა და აქედან მხოლოდ 150 ბრალდებულის შეწყალებას მოაწერა ხელი. დანარჩენების საქმეები შესაბამის ორგანოებს შემდგომი ძიებისთვის გადაეცა.

დესმონდ ტუტუს პრინციპულობის გამო, საბჭოს მუშაობას უამრავი სკანდალი სდევდა თან. მათი საშუალებით იმგვარ ფაქტებს ეხდებოდა ფარდა, რის შესახებაც ხმამაღლა ვერ იმსჯელებდნენ. მაგალითად, საბჭოს მუშაობის შემდეგ ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა პოლკოვნიკ იუჯინ დე კოკს, რომელიც აფრიკელების გამოსვლებს სასტიკი მეთოდებით ახშობდა. დესმონდ ტუტუს საბჭო არც ანტი-აპარტეიდულად განწყობილ აფრიკელებს ინდობდა. მათ ამხილეს ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე ვინი მადიკიზელა-მანდელაც და ბრალი აპარტეიდის პერიოდში ძალადობაში დასდეს...

დესმონდ ტუტუ ნობელის გარდა უამრავ ჰუმანიტარულ ჯილდოს ფლობს, მათ შორის, განდის სახელობის ჯილდოსაც. მსოფლიო პოლიტიკურ მეტყველებას კი სწორედ ტუტუსგან დარჩა ერთი ცოცხალი შედარება: პოსტ-აპარტეიდული სამხრეთ აფრიკა - ეს ცისარტყელას ქვეყანაა - ანუ ქვეყანა, სადაც ერთად ცხოვრობს უამრავი ეთნოსის წარმომადგენელი...

დღეს დესმონდ ტუტუ შიდსის გლობალური ალიანსის საპატიო თავმჯდომარეა. 2006 წლის 30 ნოემბრიდან გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მანდატით შექმნილ მისიას ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც ისრაელში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მოძიება და დადგენაა. როგორც ამბობენ, ამ ოპერაციების დროს უამრავი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა.

უკვე ხანშიშესული ეპისკოპოსი კვლავაც პოლიტიკურად აქტიური ფიგურაა. ის მსოფლიოში ცნობილ ოც სხვა აკადემიკოს, პოლიტიკოს და საზოგადო მოღვაწესთან ერთად გაეროს გენერალური მდივნის კიდევ ერთ ინიციატიავაში მონაწილეობს. Alliance of Civilizations - ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის მიზანიც ექსტრემიზმის ჩახშობა და იმ კულტურული და სოციალური ბარიერების გადალახვაა, რომელიც დასავლეთისა და მუსლიმური სამყაროს პოლარიზებას და მტრობას იწვევს.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც 76 წლის ეპისკოპოსი და თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე დესმონდ ტუტუ ბრედ პიტს იმ გლობალურ იდეებზე ესაუბრება, რომელთა განზოგადება და მთელ მსოფლიოზე მორგება, ტუტუს აზრით, პლანეტას გადაარჩენს. ეს ცისარტყელას ქვეყნის გაკვეთილი იქნება.

მთარგმნელისგან

ინტერვიუ დესმუნდ ტუტუსთან

ავტორი: ბრედ პიტი

0x01 graphic

ბრედ პიტი: მართლა ძალიან მიხარია, თქვენთან საუბრის საშუალება რომ მომეცა.

დესმონდ ტუტუ: თქვენ რა იცით! იმას ვგულისხმობ, რომ ჩემმა ფასმა მოიმატა მას შემდეგ, რაც ხალხმა გაიგო, რომ თქვენთან უნდა მესაუბრა...

.. არა, დამამთავრებინეთ. მე ყველა თქვენი ფილმი მინახავს და თქვენი დიდი ფანი ვარ.

.. მადლობა. ღმერთმა დაგლოცოს.

.. რას ნიშნავს უბუნტუს კონცეფცია, რომლის შესახებაც სულ ვკითხულობ და ვკითხულობ?

.. უბუნტუ არის ადამიანად ყოფნის არსი. და ჩვენს ენაზე ადამიანსაც ვეძახით უბუნტუს და უბუნტუს ვხმარობთ, როგორც არსებით სახელსაც, როცა გვინდა ვთქვათ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი. ძირეულად, უბუნტუ ისაა, რასაც ყველაზე ხშირად ძველ აღთქმაში აწყდები. სწორედ ძველი აღთქმის ტექსტებში - ვთქვათ, იგივე ფსალმუნების კითხვისას - ხანდახან ვერ ხვდები ზუსტად, თუ რა იგულისხმება „მე“-ში: მხოლოდ ერთი ინდივიდი, თუ ინდივიდთა კრებითი გაგება. ჩვენთანაც ასეა: ადამიანს ვაფასებთ სხვა ადამიანებთან მიმართებაში. არ შეიძლება იყო ადამიანი და სხვა ადამიანებისგან განცალკევებით იდგე. ადამიანი მხოლოდ ურთიერთობებში ხარ.

.. ესე იგი, თქვენ ადამიანთან ურთიერთკავშირზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე მელაპარაკებით.

.. დიახ, ჩვენ ყველანი ერთ მთლიან ურთიერთკავშირში ვართ. დარწმუნებული ვარ, ნანახი გაქვს ფილმი The Defi ant Ones. ეს არის ფილმი ორი მსჯავრდებულის შესახებ. ერთი თეთრკანიანია, მეორე - შავკანიანი. ისინი ციხიდან გაქცევას ახერხებენ, მაგრამ ერთმანეთისგან გაქცევას - ვერა. ხვრელს გაიყვანენ, ერთი მოახერხებს და ხვრელის ბოლომდე გავა, თითქმის უკვე თავისუფალია, თითქმის უკვე გარეთაა, როცა მიხვდება, რომ არა, სინამდვილეში მარტო ვერსად წავა, იმიტომ, რომ ხელბორკილების გარდა, რაღაც უხილავი სულიერი ბორკილიც ადევს, რითაც თავის მეგობართან სამუდამოდაა დაკავშირებული. ამიტომ, ისევ უკან ჩაძვრება და მიხვდება, გაქცევა მხოლოდ ერთადაა შესაძლებელი. ასეა და, ჩვენც ვამბობთ: მე შენ მჭირდები მთელი შენი რაობით და არსებით, რომ მეც სრულყოფილად ვიყო ის, რაც ვარ. ეს იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის თავისთავად, დამოუკიდებლად სრული. რადგან, სინამდვილეში ერთი ადამიანის სისრულე არაადამიანური თვისებაა.

.. არა მგონია, ინგლისურ ენაში გვქონდეს ერთი სიტყვა, რომელიც ამ აზრს ბოლომდე გადმოსცემდეს.

.. მეც არა მგონია, ასეთი სიტყვა მოინახოს.

.. და რა ხდება დიდ რელიგიებთან დაკავშირებით? რატომ არ შეიძლება ამ დიდმა რელიგიებმა ერთმანეთთან საერთო ნახონ? რას იცავენ ისინი? ჩემს აზრს მოგახსენებთ: როცა მუდმივი საფრთხის განცდა გაქვს და მუდმივად იმის მტკიცება გჭირდება, რომ მხოლოდ შენი გზაა ჭეშმარიტი, ეს რწმენის ნაკლებობას ნიშნავს.

.. დიახ, მგონი მართალი ბრძანდებით. რასაც თქვენ ამტკიცებთ, არის ის, რომ პრობლემა რელიგიებში არ არის, რადგან რელიგია სინამდვილეში ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანს შობს... აიღეთ, თუნდაც ბუდიზმი. ბუდიზმმა შვა დალაი ლამა. აიღეთ ინდუიზმი - მან შვა მაჰათმა განდი. ქრისტიანობის ნაყოფია დედა ტერეზა, მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი. ეს საერთო სურათია, რომელსაც ვერსად წაუხვალ, უნდა აღიარო. მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება, ერთმა რამემ შვას კარგიც და ცუდიც? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არსებობდა იგივე კუ კლუქს კლანი. კუ კლუქს კლანი იჩემებდა, რომ ქრისტიანობის პრინციპებით მოქმედებდა. ანდა, შეხედეთ, რას აკეთებენ ჩრდილოეთ ირლანდიაში. შენც უყურებ ამ ყველაფერს და ასკვნი: არა, ეს არ არის რელიგიის და რწმენის პრობლემა, რადგან არასდროს არც ერთი რელიგია მორწმუნისგან არ ითხოვს მკვლელობას. არც ერთ რელიგიას არ უქადაგია ერთი ადამიანის მიერ მეორის შევიწროება.

0x01 graphic

REUTERS

.. არის თუ არა ეს სიცრუე, როცა ამბობენ, რომ რელიგიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ ადამიანური ღირსებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში? თქვენ რას გვეტყვით...

.. როცა კოფი ანანი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისგან Alliance of Civilizations-ისგან მოხსენებას გაეცნო, თქვა: „პრობლემაა არა რწმენა, არამედ - მორწმუნე“.

.. ასე რომ, უდავოა - დისკრიმინაციას ქრისტიანულ რელიგიაში ადგილი არ აქვს. დღეს კი ამერიკაში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი ჰომოსექსუალების უფლებებსა და თანასწორობაზე.

.. მე მაგალითად, ვერ გამაჩუმებ. მე იმ რეალობიდან მოვდივარ, სადაც ადამიანებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ იმის გამო, რასაც, რომც მოენდომებინათ, ვერ შეცვლიდნენ - თავიანთი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ჩვენ იმიტომ ვიტანჯებოდით, რომ არ გვქონდა თეთრი კანი. შემდეგ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ეკლესია არ აღიარებდა ქალს და ჩვენც კაცობრიობის უდიდეს ნაწილს განვიკითხავდით და ვსჯიდით კვლავაც იმის გამო, რასაც ვერ შეცვლიდნენ - თავიანთი სქესის გამო. და ამიტომ დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ყველაფერი შეიცვალა. ბედნიერი ვარ, რომ აპარტეიდი წარსულს ჩაბარდა. ხოლო მაშინ, როცა ეს ყველაფერი იყო, მე ვერ ვჩუმდებოდი. ჩემი არსების არც ერთ ნაწილს გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეეძლო, იმიტომ, რომ ვხედავდი, ხალხს სჯიდნენ, დევნიდნენ, ისე ეპყრობოდნენ, როგორც ადამიანის მოდგმაზე დაბლა მდგომ არსებებს და მხოლოდ იმის გამო, რასაც ვერ შეცვლიდნენ - მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. ვერ წარმოვიდგენ, რომ ღმერთი, რომლისაც მწამს, ანუ იესო ქრისტე, მართლა მფარველობდეს იმ ადამიანთა მცირე ჯგუფის დევნას, რომელსაც ისედაც დევნიან. ქრისტე, რომლისაც მწამს, არის ღმერთი, რომელიც მუდამ დამცირებულთა, წამებულთა მხარეს იყო, მეტიც, მან განსაცდელში თავი სწორედ ამის გამო ჩაიგდო. ჩვენი, ანგლიკანური ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. ეს ყველაფერი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის გამო. ასე მგონია, უფალი ცხარე ცრემლით მოსთქვამს. მოსთქვამს იმიტომ, რომ მაშინ, როცა კაცობრიობას ამდენი ტკივილი აქვს, ადამიანი თავის ენერგიას, დროს და რესურსებს ამ თემას ახარჯავს.

.. ხელებს ვწევ - ამაზე უფრო ვეღარ დაგეთანხმებით. გმადლობთ, რომ ეს ყველაფერი თქვით.

თქვენ ბევრი გილაპარაკიათ ნელსონ მანდელაზე იმის შესახებ, თუ როგორ ჰქონდა მასაც და სამხრეთ აფრიკასაც უფლება, აპარტეიდის რეჟიმიდან მრისხანებითა და სამაგიეროს გადახდის სურვილით გამოსულიყვნენ. თქვენ კი რადიკალური იდეით გამოხვედით და სიმართლისა და შერიგების საბჭო შექმენით. მალევე, დადექით არჩევანის წინაშე. ორ ცნობილ გზას შორის ერთს უნდა გაყოლოდით. პირველი იყო, სამაგიეროს მიგების სამართალი, როგორც ნიურმბერგში მოხდა. მეორე კი, საერთო შეწყალების გზა იყო. თქვენ კი, ქვეყნის განკურნება გადაწყვიტეთ და სამართლის ახალი განსაზღვრება განკურნების სამართალი ჩამოაყალიბეთ.

.. რაღაც გაგებით, ჩვენს მიერ არჩეული გზა ისევ უბუნტუსთან გვაბრუნებს. ესეც გარკვეულწილად, უბუნტუ იყო. უბუნტუს კონცეფციის მიხედვით, ყველაზე დიდი მონაპოვარი საერთო სახალხო ჰარმონიაა. მრისხანება, შურისძიება - მისი ანტონიმებია. მაგრამ ერთს მინდა ხაზი გავუსვა. ნუ დაგრჩებათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს სამყაროს ხედვის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო აფრიკული გზაა. ცოტა ხნის წინ, სტუდენტებს ერთი ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ისტორია ვუამბე. ის თეთრკანიანი იყო, ემი ბილი ერქვა. აფრიკაში შტატებიდან ფულბრაიტის სტიპენდიით ჩავიდა. ერთ დღეს თავისი შავკანიანი მეგობრები მანქანით ქალაქიდან სახლამდე, ერთ პატარა დასახლებამდე ჩაიყვანა. როცა დაბაში შევიდნენ, ემი ბილის მანქანა ახალგაზრდების ბრბომ შენიშნა. ეს ბიჭები ერთ-ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ და ასეთი დევიზი ჰქონდათ: „თითო უცხოელზე თითო ტყვია“. ამ ადამიანების მიზანი თეთრკანიანებისგან მათი ქვეყნის გაწმენდა იყო. დაინახეს ემი ბილი. გადმოიყვანეს მანქანიდან. ემი გაიქცა. მერე დაეცა. ბიჭები წაესივნენ და ცემეს. სხეული დანით დაუსერეს. სასტიკი წესით მოკლეს. მერე ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დაჯგუფების ლიდერებად ითვლებოდნენ, დააპატიმრეს და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ ჩვენს ორგანიზაციას - სიმართლისა და შერიგების საბჭოს ამნესტიის თხოვნით მიმართეს. ამ დროს კალიფორნიიდან აფრიკაში ემი ბილის თეთრკანიანი მშობლები ჩამოვიდნენ. გრძელი გზა გაიარეს და კეიპ თაუნში შეჩერდნენ, სადაც დამნაშავეების ამნესტიის საკითხი უნდა განხილულიყო. ემის მშობლებს სრული უფლება ჰქონდათ, თავიანთი შვილის მკვლელების ამნსტიას წინ აღდგომოდნენ. მაგრამ ამის მაგივრად იცით, რა გააკეთეს? ადგნენ და თქვეს: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ახალგაზრდების თხოვნას შეწყალების შესახებ“. განსაცვიფრებელი რამ მოხდა. მაგრამ ეს კიდევ არ იყო ყველაფერი. მას შემდეგ, რაც ეს ბიჭები გაათავისუფლეს, ემის მშობლებმა კეიპ-თაუნში ემი ბილის სახელობის ფონდი ჩამოაყალიბეს. ფონდის ერთ-ერთი მიზანი იყო, იმ შავკანიანი ბავშვების გადარჩენა, რომლებიც პატარ-პატარა აფრიკულ დასახლებებში ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. ამ ამოცანის განსახორციელებლად მათ სამსახურში თავიანთი გოგონას ორი მთავარი მკვლელი აიყვანეს.

0x01 graphic

REUTERS

.. ასე რომ, განკურნების სამართალს შესწევს უნარი ძალადობის ციკლი დაასრულოს, არა?

.. დიახ, სინამდვილეში ეს კაცობრიობის უნივერსალური ნიშან-თვისებაა - ისწრაფვოს არა შურისძიებისკენ, არამედ მშვიდობისა და შერიგებისკენ.

.. მაშინ, ღირს კიდეც, გკითხოთ, თუ რა მოიმკეს იმ საზოგადოებებმა, რომელთაც სამაგიეროს მიზღვის გზა აირჩიეს, ვთქვათ იგივე შიას ჯგუფმა ერაყში? ესეც ზუსტად თქვენს ნააზრევს უკავშირდება. როგორი იქნება მათი მომავალი? თქვენ ხომ სამაგიეროს გადახდის გზას განიხილავთ, როგორც რაღაც კოშმარს, რომელიც სულ უკან გიბრუნდება და მუდამ თან გსდევს.

.. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს, ეს მართლაც საშინელებაა, მაგრამ, თქვენ თვითონ ნახეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მოხდება ერთი ინციდენტი და მას მაშინვე მეორე მოსდევს, მერე უკვე სამდება, ბევრდება... სამაგიეროს უხდიან მტერს და ამიტომაც ეს პროცესი არასდროს სრულდება. ანუ გამოდის, რომ პროცესი იღებს სპირალის ფორმას, რომელიც იკლაკნება, იწელება და არასდროს მთავრდება. ეს ჩვენი იდეა კი, ცხადია, ადამიანური ურთიერთობებიდან, ქვეყნების ურთიერთობამდე ზოგადდება. არც ერთ იმ ქვეყანას არ აქვს გადარჩენის შანსი, რომელიც ცხოვრობს დევიზით: „თვალი თვალის წილ“. განდი ამბობდა, როცა საზოგადოებაზე ეს კანონი ვრცელდება, ბოლოს ყველა ბრმავდება... ვოცნებობ, ნეტა, პაციფისტი ვიყო. არადა, არ ვარ. მე, უბრალოდ, მშვიდობის მოყვარული ვარ.

.. ისტორიული მაგალითები ცხადყოფს, რომ სადაც კი უსამართლობას და უთანასწორობას აქვს ადგილი, იქ მუდამ ნგრევაც არის. მგონი, თქვენ ეს ცოტა სხვანაირად გაქვთ ნათქვამი, დაახლოებით ასე: ამ გზას მშვიდობა მძევალი ხდება. დღევანდელ მსოფლიოში გამეფებული დაუცველობის შეგრძნების ფონზე, სულ უფრო წარმოუდგენლად დიდ თანხას ახარჯავენ დაცვითი სისტემების შექმნას. ეს კი შემდეგ იმაზე აისახება, რომ სხვებისთვის დახმარების გაწევა ავიწყდებათ. თქვენ ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ალტრუიზმს არ განიხილავთ. სინამდვილეში, ეს მცდარი შეხედულებაა. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება, ინვესტიციების ჩადება აფრიკაში, ანუ იმ რეგიონებში, სადაც განხეთქილება და უთანასწორობაა გამეფებული, ჩვენსავე ინტერესშია. თქვენ რას იტყოდით ამ საკითხის შესახებ?

.. საქმე ძალიან მარტივადაა, თუ საზოგადოება ღარიბია, ის ლოგიკურად ხდება არასტაბილურობის სათავეც. თუ ამ ღარიბ საზოგადოებას წაეხმარებიან და იქაურობას მომგებიანს გახდიან, მაშინ ის არასტაბილურობის კერიდან კარგ საბაზრო ასპარეზად იქცევა ხოლმე. ამ საზოგადოებაში დამზადებულ ნაწარმს უფრო მეტი დაინტერესებული კლიენტი გაუჩნდება. ჩვენ ვაკეთებთ მშვენიერ პიარს და ეს კარგია. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ჩვენივე თავს ვუკეთებთ სასარგებლო საქმეს, რადგან ვამბობთ, რომ ამ პოტენციურად არაჩვეულებრივი ბაზრის გამოყენება მალე ჩვენვე შეგვეძლება.

პირადად მე, ვერ ვხვდები, როგორ შეგვიძლია, ვხარჯოთ წარმოუდგენლად დიდ თანხები თავდაცვაზე. ზუსტად არ ვიცი, რა ჯდება, მაგრამ ხომ ფაქტია - ლაპარაკია კოშმარულად დიდ თანხებზე, მილიარდებზე, ტრილიონებზე... ისღა დამრჩენია, ვიმედოვნო, რომ ჯერ თქვენნაირი ადამიანები და შემდეგ ჩვენნაირი უბრალო ადამიანებიც ხმას აიმაღლებენ და იტყვიან: „მოდი, შევწყვიტოთ ეს სისულელე. ეს უბრალოდ, უაზრობაა. ამხელა თანხების გამოყოფა თავდაცვის სისტემების შექმნაზე უკუშედეგს იწვევს - დღევანდელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანი თავს კიდევ უფრო დაუცველად გრძნობს“. ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ძვირადღირებული თავდაცვის სისტემა ამერიკას აქვს. მაგრამ მისი მწყობრიდან გამოყვანა ერთი კაბელის მჭრელითაც შეიძლება. ანუ გამოდის, რომ არ არსებობს 100 პროცენტით დაცული და საიმედო სისტემა. გარწმუნებთ, გაცილებით უკეთესია, ჯერ მეგობრები შეიძინო, ვიდრე ყველა შენი მტერი გეგონოს იქამდე, სანამ საწინააღმდეგოში არ დარწმუნდები... სულ ამის თქმას ვცდილობ ხოლმე და ახლაც გავიმეორებ: თქვენ გინდათ, აწარმოოთ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ? ერთს გეტყვით მხოლოდ: ამ ომს ვერ მოიგებთ! მორჩა! ამ ომს ვერ მოიგებთ მანამ, სანამ არ ეცდებით და იმ ფაქტორებს ძირფესვიანად არ ამოფხვრით, რაც ხალხის სასოწარკვეთის და გამწარების მიზეზია. მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრებთ, რომ უკვე შეგიძლიათ, მშვიდად ისხდეთ და აღარ განერვიულებდეთ ის ფაქტი, რომ ვიღაც თქვენზე გაბრაზებულია და შურისძიებას აპირებს.

.. წინ დიდი რვიანის სამიტი გველის, ჩვენ კი ძალიან ბევრ რამეს დავპირდით აფრიკას. იყავით გულწრფელი და გვითხარით, როგორ ვახერხებთ პირობის შესრულებას?

.. მთელი ამ ამბის პოზიტიური მხარეა ის, რომ მათ ნელ-ნელა უფრო ნათლად გაიაზრეს, რომ ჩვენც მათ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ჰუმანიტარული დახმარება? - კი ბატონო, კარგია. ვალის გაქვითვა? - ეგეც კარგია. მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს, როცა საშინელი სავაჭრო წესები გაქვს. ნახეთ, რას აკეთებენ სუბსიდიებთან დაკავშირებით. სუბსიდიებს აძლევენ ევროპელ ფერმერებს, მათ რომ ჩვენს ბაზარზე თავიანთი საქონლის გაყიდვა უფრო ნაკლებ ფასში შეძლონ და ჩვენ კი გვეუბნებიან: „მოიყვანეთ თქვენი მოსავალი და გაყიდეთ, მაგრამ არ დააწესოთ ტარიფები. არ დააწესოთ ტარიფები, რათა ხელი არ შეუშალოთ ჩვენი საქონლის შემოტანას თქვენს ქვეყანაში. ტარიფებს ჩვენ თვითონვე დაგიწესებთ და ამას ისე გავაკეთებთ, რომ თქვენმა ნაწარმა ჩვენს ბაზარზე იოლად ვერ შემოაღწიოს“. მსგავსი დამოკიდებულება უბრალოდ ალოგიკური და უაზროა. თუ საქმის გაკეთება სერიოზულად გვინდა, მაშინ უნდა დავიწყოთ საუბარი უფრო სამართლიან ეკონომიკურ წყობაზე.

.. დიახ, რა თქმა უნდა, საჭიროა წყობა, რომელიც დაფუძნებულია სამართლიან დამოკიდებულებაზე და არა იმ ბიჭებზე, მაგიდასთან პირველებმა რომ მიასწრეს და ვალები გაქვითეს. თქვენ ერთხელ აპარტეიდზე თქვით, რომ ის დამყარებული იყო ექსკლუზიურობის პრინციპზე. რა ვქნა, მგონია, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს ჩვენი სავაჭრო სისტემის შემთხვევაშიც.

.. ყოჩაღ შენ! ხუთიანი გეკუთვნის ჩემს კლასში. ისე კარგად გამოგდით ყველაფერი, რომ ძალიან კარგ სემინარზე მგონია თავი.

.. ღირსეულად ვიფერებ.

.. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის უნარი და პოტენციალი, რომ ყველა ვარჩინოთ, ყველა, მთელს პლანეტაზე. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალიც, რომ ყველას ჰქონდეს სუფთა წყალი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ყველა ბავშვს გაუკეთდეს საჭირო აცრები. შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ იმ სნეულებათა უმრავლესობა, რითაც უამრავი ბავშვი ჩვენი პლანეტის უღარიბეს ქვეყნებში იტანჯება. და ღვთის გულისთვის! რატომ არ შეგვიძლია იმ ფაქტის აღიარება, რომ არ შეგწევს უნარი, გქონდეს სრული აპარტეიდული უსაფრთხოება? გამორიცხულია, მიაღწიო აპარტეიდულ აღორძინებას. თუ აპირებ, შეიქმნას თავდაცვის სისტემა, მაშინ ის გამონაკლისების გარეშე ყველას უნდა იცავდეს. თუ გინდა, იყო თავისუფალი, უბრალოდ ვერ შეძლებ ამ ფასეულობით კარანტინის პირობებში დატკბე. თუ გინდა, თავისუფალი იყო, მაშინ ყველა, აბსოლუტურად ყველა შენს გარშემო, თავისუფალი უნდა იყოს. და ბოლოს, თუ გინდა, იყო ადამიანი, მარტო ვერ იქნები. ადამიანები ადამიანურობას ერთად აღწევენ.

0x01 graphic

REUTERS

15 ინტერვიუ ჯოი დეფრანჩესკოსთან

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

- იმ ინსტრუმენტის (ორგანი Hammond B3) ისტორია, რომელზეც თქვენ უკრავთ, საკმაოდ დრამატულია. წლების განმავლობაში ის ხან გასაოცარი პოპულარობით სარგებლობდა, ხან კი საერთოდ ქრებოდა მუსიკალური სცენიდან. ამ ინსტრუმენტმა მართლაც რომ უცნაური გზა განვლო ეკლესიებიდან და კინოთეატრებიდან დაწყებული და ჯაზ-კლუბებით და როკბენდებით დამთავრებული. ჰამონდი ძალიან პოპულარული იყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში, სამოციანებსა და სამოცდაათიანების დასაწყისში, შემდეგ კი მოულოდნელად, 1975 წელს, კომპანია ჰამონდი თუ არ ვცდები დაიხურა...

- არა, კომპანია არ დახურულა; 1975 წელს „ჰამონდმა“ შეწყვიტა B3-ტიპის ორგანების გამოშვება, მოგვიანებით კი კომპანია გაიყიდა., არ მახსოვს რომელ წელს...

- 1992 წელს. დღეს ის ჰამონდ-სუძუკის სახელით ფუნქციონირებს...

- დიახ, და ის დღეს B3-ის ტიპის საოცრად დახვეწილ დიგიტალურ ორგანებს უშვებს, თუმცა, ბევრი ვიცი ისეთი, ვინც უამრავ ფულს გადაიხდიდა „ჰამონდის“ ძველ, ორიგინალურ მოდელში ან მის ნაწილებში...

- მოკლედ, დაწყებული სამოცდაათიანი წლების შუიდან ჰამონდის პოპულარობა შესამჩნევად დაეცა და ეს ოთხმოციანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. მერე კი, 1989 წელს, Columbia- თქვენი პირველი ალბომი ALL OF ME გამოუშვა და თვალის დახამხამებაში ყველაფერი შეიცვალა; ჰამონდი კვლავ პოპულარული გახდა, არადა, იმ წელს თქვენი ალბომი ორგანისტის მიერ ჩაწერილი ერთადერთი დისკი იყო მუსიკალურ ბაზარზე. რა მოხდა, როგორ ახსნით ინსტრუმენტის ასეთ მერყევ პოპულარობას?

- ორგანზე ბევრი არაორგანისტი მუსიკოსი უკრავდა, მაგალითად ფეთს უოლერი, ქაუნთ ბეისი და სხვები, მაგრამ ვერავინ მოახერხა მისი ასე „მორჯულება“, როგორც ეს ჯიმი სმითმა გააკეთა. მთელი ეს „ორგანული პროცესი“ მისი დაწყებულია და მისივე მეშვეობით ეს ინსტრუმენტი ნელ-ნელა მუსიკის სხვა ჟანრებშიც შეიჭრა, - ბლუზში, როქნ-როლსა და პოპში... ყველაფერი ეს ერთი მუსიკოსის წყალობით მოხდა. შესაბამისად, მისი გავლენა მომდევნო თაობის ისეთ მუსიკოსებზე, როგორებიც არიან, ჯექ მაქდაფი, ჯიმი მაქგრიფი და სხვები, საკმაოდ დიდი იყო. ორგანი ძალიან პოპულარული იყო ორმოცდაათიანების დასასრულს და სამოციანებსა და სამოცდაათიანების დასაწყისში, მერე კი, მოხდა ის, რომ ინსტრუმენტი „გაიყინა“.. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითქმის მთელი შემდგომი თხუთმეტი წლის განმავლობაში ვერავინ მოახერხა „ჰამონდის“ მეშვეობით მუსიკის განახლება, მისი ახალ სიმაღლეზე აყვანა, სუფთა მუსიკალური თუ ტექნიკური თვალსაზრისით. „ჰამონდზე“ განსხვავებულად არავინ აღარ უკრავდა; არ ჩანდნენ ახალი სახეები. სწორედ ამ დროს შეწყვიტა კომპანიამ B3-ის გამოშვება და „ჰამონდს“ გრძელვადიანი „შესვენების“ პერიოდი დაუდგა. 1989 წელი, როდესაც მე ჩემი პირველი დისკი ჩავწერე, ინსტრუმენტის დაბრუნების მომენტად იქცა და ეს იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავის მოესმინა ორგანზე ასეთი დაკვრის მანერა. ჩემმა დისკმა თავიდან გააღვივა ინტერესი „ჰამონდ B3“-სადმი.. ამას კი ის მოყვა, რომ დანარჩენი ორგანისტებიც დაუბრუნდნენ სცენას, ხოლო კომპანიამ თავიდან დაიწყო B3-ის გამოშვება, თანაც „ჰამონდი“ ცდილობდა, ისეთი ინსტრუმენტების შექმნას, რომლებსაც ისევ ის ძველებური საუნდი ექნებოდათ. მე იმ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი (დეფრანჩესკოს იმ წელს 17 წელი შეუსრულდა კ.თ), მაგრამ ბედის წყალობით ისე მოხდა, რომ მე ამ იდიომის განვითარებაში წვლილი შევიტანე.

0x01 graphic

0x01 graphic

- ესე იგი, ჰამონდის ხანგრძლივი დადუმების ძირითადი მიზეზი მაინც ის იყო, რომ მუსიკოსებმა ვერ მოახერხეს ორგანის მეშვეობით მუსიკის ზრდა, არა?

- დიახ, და ალბათ, ისიც, რომ რაღაც მომენტიდან დაწყებული სინთეზატორები გაბატონდნენ მუსიკის სხვადასხვა სტილებში. ბოლოს და ბოლოს, სინთეზატორი ხომ „ჰამონდზე“ უფრო მსუბუქი და ადვილად გადასაადგილებელი ინსტრუმენტია...

- თქვენ რა, დღემდე თან დაატარებთ თქვენს ჰამონდს ტურნეებში?

- დიახ, მაგრამ ძირითადად შტატებში ტურნეების დროს...

ტერორიზმის ხანაში ჰამონდის ქალაქიდან ქალაქში და ქვეყნიდან ქვეყანაში ტარება საკმაოდ სარისკო საქმე უნდა იყოს, განსაკუთრებით საზღვრებზე შემოწმებების დროს...

- ჰო, ეს მართლაც პრობლემატურია, მაგრამ მე დიდი ავტობუსი მყავს და ამიტომაც, შტატებში ტურნეების დროს ჩვენ ძირითადად ავტობუსით გადავაადგილდებით ხოლმე.

- ეს გავარკვიეთ; მოდით ეხლა ოდნავ წინ წავიწიოთ: დამწყები მუსიკოსისთვის ორი ტიპის ზეგავლენაზეა შესაძლებელი საუბარი: პირველი, ეს ის მუსიკოსები არიან, ვის ჩანაწერებსაც დამწყები მუსიკოსი უსმენს და ცდილობს მიბაძვის გზით ისწავლოს რაიმე, მეორე კი, ის მუსიკოსები, ვისთანაც დებიუტანტებს უშუალოდ უწევთ დაკვრა. თქვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი ოდნავ განსხვავებულია; თქვენთვის მუსიკის შესწავლა ოჯახშივე დაიწყო თქვენივე მამის ჯონ პაპა დეფრანჩესკოს მეშვეობით... მაინტერესებს, ორგანზე დაკვრა ძირითადად მამის და მისი კოლეგა მუსიკოსების წამხედურობით დაიწყეთ თუ თვითონ მუსიკამ იმოქმედა თქვენზე?

- ალბათ, ორივე ვერსია მართალია. მამაჩემი დღესაც უკრავს და გარკვეული თვალსაზრისით, დღემდე ჩემი მასწავლებელია. რაც თავი მახსოვს „ჰამონდი“ სულ ჩვენს სახლში იდგა, მაგრამ მამაჩემს არასდროს დაუძალებია ჩემთვის რომ დაკვრა მესწავლა. უბრალოდ, მე ძალიან მომწონდა „ჰამონდის“ საუნდი, დღესაც მომწონს, ზუსტად ისევე, როგორც ბავშვობაში... სულ რაღაც ოთხი წლის ვიყავი, როდესაც მე თვითონ, ნელ-ნელა დავიწყე დაკვრა. დავუმატებდი იმასაც, რომ ამაში მამის მეგობრებიც დამეხმარნენ. გაინტერესებთ, ვინ იყვნენ მისი მეგობრები? მაშ ასე: ჯიმი სმითი, რიჩარდ „გრუვ“ ჰოლმსი, ჩარლზ ერლანდი, ჯიმი მაქგრიფი, მოკლედ, ყველა დროის უდიდესი ორგანისტები. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენთან სახლში, ან მე მივყვებოდი მამას კლუბებში, სადაც ხშირად იმართებოდა ჯემ-სეშენები. წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს მუსიკით დაინტერესებული მოზარდისათვის, როდესაც მის სახლში ჯიმი სმითი მიდის და მთელი საღამო ორგანზე უკრავს?

- წარმომიდგენია... ასეთი მუსიკოსების გვერზე რამდენად ძნელი იყო თქვენთვის თქვენივე იდენტურობის ძიების პროცესი?

- იცით, ალბათ, ყველა დამწყები მუსიკოსი ასე იწყებს ამა თუ იმ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლას; სხვისი მუსიკის სმენით და მიბაძვით... შენ ცდილობ, რომ მოსმენილი ნოტი ნოტში გაიმეორო, მერე კი, მოგვიანებით, თუ ამის ნიჭი აღმოგაჩნდა, ნელ-ნელა იწყებ მოსმენილის შენებურად ინტერპრეტაციას. როდესაც დიდ მუსიკოსებს უსმენ, ხვდები, რომ ყველა მათგანი თავის თავს „აპარებს“ იმაში, რასაც უკრავს. მათი ყოველი სოლო „ავტოპორტრეტია“.. სწორედ ამიტომაცაა, რომ ერთი ნოტიც კი საკმარისია, რომ მიხვდე, თუ ვის უსმენ. ჩემი „მოგზაურობა“ მუსიკაში სხვების გამოცდილებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ხშირად, დიდი მუსიკოსები თავისი ფეხით მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან სახლში; შეუძლებელი იყო ასეთი ცდუნებისათვის გაგეძლო. მათი წასვლის შემდეგ კი შეუძლებელი იყო ჩემი ინსტრუმენტისგან აგლეჯა...

- ინტერვიუსთვის მზადების დროს ერთ საინტერესო რამეს გადავაწყდი: აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა დიდი ორგანისტი, თქვენი ჩათვლით, ფილადელფიიდანაა; რა ხდებოდა ასეთი განსაკუთრებული ფილადელფიაში, რამაც ის ჰამონდის დედაქალაქად აქცია?

- ეს ასეა, მაგრამ მე აზრზე არა ვარ თუ რატომ მოხდა ასე. ისევე, როგორც დეთროითი ასოცირდება გიტარის მძიმე, ინდუსტრიალურ საუნდთან, ასევე ასოცირდება ფილადელფია „ჰამონდთან“. მამაჩემი და მისი მეგობრები ხუმრობდნენ ხოლმე, რომ ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ „ჰამონდის“ შტატიტან გატანის დროს, როდესაც მუსიკოსები ტურნეში მიდიოდნენ, მათ სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ შტატის სასაზღვრო პოლიციასთან და ამიტომაც, ის ფილადელფიელები, ვინც ორგანზე უკრავდნენ, ქალაქში დარჩენას ამჯობინებდნენ; დანარჩენი მუსიკოსები კი იმის გამო, რომ ისინი ხშირად ვერ ახერხებდნენ დიდი ორგანისტების ცოცხლად მოსმენას თავთავიანთ ქალაქებსა თუ შტატებში, ფილადელფიელების მოსასმენად აქ ჩამოდიოდნენ და მერე სამუდამოდ რჩებოდნენ ფილადელფიაში... ეს უბრალოდ, ხუმრობაა; სინამდვილეში კი, ღმერთმა უწყის, რატომ მოხდა ასე...

- მე ისიც შევამჩნიე, რომ ორგანისტებს შორის რაღაც ძალიან ბევრი სმითები არიან: ჯიმი სმითი, ლონი სმითი, ჯონი ჰამონდ სმითი...

- ესეც სრულიად აუხსნელი ფენომენია. რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორს ამაზე ხარისხის დაცვაც კი შეუძლია... ეტყობა, ჯერ არ მიუქცევიათ ამ ფაქტისთვის ყურადღება. თქვენც ნუ ეტყვით...

0x01 graphic

ჰამონდიან ბენდებს ორმოცდაათიანებში ხალხის და თემის ხმას უწოდებდნენ... როგორ გგონიათ, ჰამონდი ასეთივე ხალხური რჩება ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში?

- ჰო, ასე ამბობდნენ ხოლმე და ალბათ, იმიტომ, რომ „ჰამონდს“ ძალიან „ადამიანური“ საუნდი აქვს... ის ძალიან სულიერი ინსტრუმენტია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ინსტრუმენტს წირვების დროს იყენებდნენ და დღესაც იყენებენ ხოლმე და ამიტომაც, მისი მოსმენისას ეს სულიერება თითქოს თქვენში აღწევს ინსტრუმენტის საუნდის მეშვეობით და მისივე „სულიერი“ წარსულის გამო. „ჰამონდის“ საუნდი განსაკუთრებულ ტალღაზე „იჭერს“ მსმენელის ყურადღებას. ეს საუნდი განსაკუთრებით პოპულარული სამოციანებში იმიტომ გახდა, განსაკუთრებით შავკანიან მოსახლეობაში, რომ როდესაც დაღლილ-დაქანცული ადამიანები სამუშაოებიდან ბრუნდებოდნენ, ორგანის საუნდი მათ სტრესის მოხსნაში ეხმარებოდა; თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, - სამოციანები ზედმეტად ემოციური იყო პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იყო ადამიანების პოლიტიკური შეგნების გამოღვიძების ხანა და ხშირად, განსაკუთრებით შეერთებული შტატებში, გიტარების მძიმე საუნდთან ერთად ადამიანებს „ჰამონდის“ სულიერი საუნდიც ესაჭიროებოდათ სჭირდებოდათ...

- მიგაჩნიათ, რომ ორგანს დღესაც იგივე ფუნქცია ესკისრება?

- აბსოლუტურად. უბრალოდ, დღეს ორგანის საუნდი მუსიკალური მეინსტრიმის ნაწილი გახდა. პირადად ჩემთვის, ინსტრუმენტის ეს „ხალხურობა“ უკვე ტრადიციის ნაწილია, რომელიც არსად გამქრალა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემში იმდენმა სხვა მუსიკალურმა გავლენამ „შემოირბინა“, რომ უბრალოდ, შეუძლებელი იყო ამ გავლენების უგულველყოფა. ნებისმიერი ინსტრუმენტი ერთმანეთს რაღაცას „ასწავლის“. მე ვერ წავუყურადებდი იმას, თუ რას აკეთებდნენ პიანისტები, საქსოფონისტები, ბასისტები და ასე შემდეგ. მათი ზეგავლენა ჩემი შესრულების მანერას ამდიდრებდა და მაიძულებდა ახლებურად გამეაზრებინა „ჰამონდზე“ დაკვრის ჩემებური მანერა, იქნებოდა ეს ტექნიკური თუ ჰარმონიული ასპექტები.

- დღესდღეობით ჯაზის სამყაროში ჯაზის დეფინიციისაგან თავის არიდების საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს; თქვენც იმ ბანაკიდან ბრძანდებით?

- არა, უბრალოდ ასეთ მცირე დროში ძალიან გამიჭირდება ჯაზზე სიღრმისეულად საუბარი. მე მგონია, რომ ერთ რომ, რაც უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ - არსებობს ორი სახის მუსიკა: ცუდი და კარგი. ჩვენ ვამბობთ „ჯაზი“, „როკი“ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ მივალთ იქამდე, როდესაც უბრალოდ ვიტყვით - მუსიკა. ახალგაზრდები, რომლებსაც ტვინი არა აქვთ კატეგორიებით მოწამლული, როდესაც უსმენენ ჩვენს მუსიკას, მათ ის იმიტომ მოსწონთ, რომ ეს მუსიკა მათ რაღაცას აგრძნობინებს. სამწუხაროდ, რადიოები და ტელევიზიები სულ სხვა სახის მუსიკის პრომოცირებას ეწევიან; ეს მათ სინდისზე იყოს. მანამდე კი ის, რასაც ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ, იზრდება და ვითარდება; ის სუნთქავს და მოძრაობს. ის სამუდამო მუსიკაა და არა რაღაც ფაზა მუსიკის ისტორიაში...

- ჯაზის ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ჯაზის ტრადიცია ინოვაცია არაა. ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ საკუთარი იდენტურობის მოპოვება ჯაზში მისივე ტრადიციული არსენალის გამოყენებითაა შესაძლებელი ისე, რომ მოხმარებული ტრადიცია კლიშედ არ იქცეს.

- ამაზე საკმაოდ გამიჭირდება პასუხის გაცემა. პირადად მე ჯაზს „მიღმაც“ ვიღებ იმას, რაც მომწონს და ამას ჩემს მუსიკაში ვიყენებ ხოლმე. ჯაზი კი ძალიან სპეციფიური და უკვე კარგად გამოყენებული ლექსიკონია, რის გამოც ჯაზმენებს ხშირად უწევთ ამ ჯუნგლებში ახალი ბილიკების ძიება, ვინაიდან ჯაზს უკვე დიდი ხნის განმავლობაში უკრავენ და ბევრი ბილიკი უკვე გაკვალულია. ახლებს ახალი ბილიკების გაკაფვა უწევთ, ეს კი, ძალიან, ძალიან ძნელია. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ისაა, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს და გვიზიდავს და რაც ნამდვილად ღირს ცდად...

- აი, ერთი ციტატა: ინოვატორები ისინი არიან, ვინც ახერხებს ჯაზში უკვე არსებული ენის რეინტერპრეტაციას. უდაოდ, თქვენ ეს მოახერხეთ, მაგრამ საინტერესოა, თქვენ თვითონ როგორ აფასებთ ამ მიღწევას?

- მე, უბრალოდ ვუკრავ და ვიმედოვნებ, რომ ადამიანებს მოეწონებათ ის, რასაც უსმენენ, მაგრამ თუ არ მოეწონებათ, ეს მე ვერ შემაჩერებს. „ჰამონდის“ ისტორიას კიდევ ერთხელ თუ დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩემამდე არავინ უკრავდა ორგანზე ისე, როგორც მე. მერე კი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მე მიმდევრები გამომიჩნდნენ, რომლებიც დღესაც ჩემს მიერ დაწყებულ ტრადიციას აგრძელებენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც რაღაც სრულიად ახალს შემატებს ამ ტრადიციას. ასე რომ, ჩემი ძირითადი ღვაწლი არსებული ტრადიციიის და თვითონ ინსტრუმენტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაა.

- სულ ესაა?

- რა, საკმარისი არაა? კარგით, მოდით, იმასაც დავუმატებ, რომ მე ძირფესვიანად შევცვალე „ჰამონდზე“ დაკვრის სტილი. ჩემი მიდგომა ჰარმონიისადმი დღესაც აიძულებს ახალგაზრდა ორგანისტებს ყურადღება მიაქციონ „ჰამონდზე“ დაკვრის ჰარმონიულ ასპექტებს. იცით, ორგანზე დაკვრა საკმაოდ ძნელია; ჩვენ ხშირად ვხუმრობთ, რომ დაკვრისას ჩვენი ტვინი რამოდენიმე „ადამიანად“ იხლიჩება. პირველი კლავიშებზე უკრავს, მეორე ფეხებით პედლებზე, მესამე დანარჩენ მუსიკოსებს უსმენს, მეოთხე კი სოლირებს..

- ლესთერ ბოუიმ ერთხელ თქვა, რომ მუსიკოსს ბევრ ბენდში დაკვრა იმისთვის ესაჭიროება, რომ მუსიკალური ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს; თქვენი დღევანდელი ბენდი რა სახის მუსიკალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში გეხმარებათ?

ბაირონ ლანდჰამთან, ჩემს დრამერთან, უკვე თვრამეტი წელია ვუკრავ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ბაირონი მუსიკალური არქივია; მასში ყველა სახის მუსიკა „შეედინება“ - ინდური, აფრიკული, ბრაზილიური... მანაც ბევრი ისწავლა ჩემგან და ის სტილი, რასაც ჩვენ ახლა ვუკრავთ, ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი ყოველი ტურნე სხვადასხვა მუსიკალური იდეების ჩვენივე სტილში მოქცევის მცდელობაა. ჩვენ მსოფლიო მუსიკას ჩვენივე სტილის ჩარჩოებში წარვუდგენთ მსმენელს და ეს პროცესი ამოუწურავია.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

- რონ ბლეიკის დამატებით რა შეემატა ბენდს?

- რამოდენიმე წლის წინ, რონის ალბომზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ორგანის და საქსოფონის კომბინაცია რაღაც განსხვავებულის შექმნისაკენ მიბიძგებდა; ის განსხვვავებულ ჟღერადობას სძენდა ბენდს; რონი კი, დამეთანხმებით, სრულიად უნიკალური მუსიკოსია. გადავწყვიტე, მისთვის მეთხოვა ტურნეში წამოსულიყო ჩემთან ერთად; ვიფიქრე, რომ კარგად გავერთობოდით; თანაც, ასეთი „გართობების“ დროს ჩვენ ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. მე „მსმენელი“ მუსიკოსი ვარ. ვგულისხმობ იმას, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგისაგან განსხვავებით, მე ბევრ მუსიკას ვუსმენ; ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მუსიკის ევოლუციისათვის თვალის გადევნება.

- და თუ საჭიროა რაღაც-რაღაცეებს იყენებთ კიდეც თქვენსავე მუსიკაში, არა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე იმასაც დავუმატებ, რომ ტრადიციაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მუსიკოსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი, რაც მისი ინდივიდუალობის გარანტიაა. სხვანაირად ჯაზის დაკვრა წარმოუდგენელია.

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჯაზის წარსული იმდენადაა მითოლოგიზირებული, რომ ხშირად ის ხელს უშლის მუსიკას წინსვლაში? ანუ, რამდენად ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმეტად ხშირი ოჰ, მაილზი, ოჰ, სონი როლინზი, ოჰ, ჯონ ქოლთრეინი წამოძახილები მუსიკაში?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს გარდაუვალია და გარკვეული თვალსაზრისით გასაგებიცაა. დღესდღეობით აღარ არიან მაილზის და ქოლთრეინისნაირი ლიდერი ფიგურები და ამიტომაც, ბევრი მისტირის იმ დროს. მაგრამ, იცით რას გეტყვით, მაილზიც ასე იყო. როდესაც მე მასთან ვუკრავდი, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტვინს ვუხვრეტდი შეკითხვებით მუსიკაზე და მუსიკოსებზე. მაილზი ყოველთვის მოთმინებით და ყურადღებით ეკიდებოდა ჩემს დაუსრულებელ შეკითხვებს და ყოველთვის მპასუხობდა ხოლმე და იცით, რა შევამჩნიე? ისიც, როგორც დღეს მე ან ჩემი თაობის ნებისმიერი მუსიკოსი, მხოლოდ თავის უფროს კოლეგებზე საუბრობდა ხოლმე. დღეს აქ ჩემს მაგივრად მაილზი რომ მჯდარიყო, ის დიზიზე, ქლარქ თერიზე, როი ელდრიჯზე ან საჩმოზე ისაუბრებდა. ხშირად აწმყოდან წარსული უფრო მდიდარი ჩანს და ჯაზის შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

- არადა, ამ მხრივ დღეს თითქოს ყველაფერი ბევრად უკეთესია, - არსებობს უამრავი ჯაზის სკოლა არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც, ინტერნეტის მეშვეობით ბევრად გაადვილებულია მუსიკის გაყიდვა, მოკლედ, მუსიკოსებისათვის თითქოს უფრო მეტი შესაძლებლობებია გახსნილი და მაინც, ისინი გამუდმებით წუწუნებენ იმაზე, თუ როგორი ძნელია ჯაზის ინდუსტრიაში გადარჩენა. თქვენც კრიზისის განმცხადებელი ხართ?

- არა, პირადად ჩემთვის ეს ასე არაა; მე დღესაც ბევრს ვუკრავ და საკმაოდ ბევრი მსმენელიც მყავს. მე მიყვარს ის რასაც ვაკეთებ, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ბევრი ძალიან მაგარი, ჩემზე ბევრად უკეთესი მუსიკოსი, გაჭირვებით ირჩენს თავს თა ვისი მუსიკით. ეს კი იმიტომ, რომ მათი მუსიკის კატეგორიზაცია ინდუსტრიის ხელთაა. ინდუსტრიის აზრით კი, მათი მუსიკა ზედმეტად რთულია მსმენელისათვის, რომელიც პრიმიტიულ მელოდიებს მიაჩვიეს მთელი ამ წლების განმავლობაში. მე გამიმართლა, რადგანაც ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ვატყობ, რომ ეს ყველაზე მთავარი რამაა ჩემს ცხოვრებაში. დაკვრის პროცესი მე ბედნიერად მამყოფებს ბედნიერებას მანიჭებს. უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და არავითარ შემთხვევაში არ შეცვალო კურსი მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულად მოაჩვენო თავი მსმენელს. შეიძლება განსხვავებული გახდე კიდეც, მაგრამ, არ გიყვარდეს ის, რასაც უკრავ; მაშინ კი, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ჩემთვის მსმენელისაგან წამოსული დადებითი ენერგია ყველაფერია. ეს ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ზონაში ხვდები, სადაც მუსიკის ყველა ელემენტი თითქოსდა ახლებურად და საოცარი სიძლიერით ეფინება მსმენელს. აი ასეთი წამები შეუდარებელია!

- მე ვიცი, რომ ჰამონდის საუნდი ძალიან პოპულარულია დიჯეებსა და ჰიფ-ჰოფერებში და ისინი ხშირად იყენებენ ჩარლზ ერლანდის, ჯონ ჰამონდ სმითის, ლონი სმითის და სხვების საუნდს. თქვენც გასამპლებული ხართ?

- წარმოდგენა არა მაქვს; ალბათ, კი. ორგანის საუნდი ძალიან „ფანკურია“ და ეს მოწონთ დიჯეებს და ჰიფ-ჰოფერებს, მაგრამ მე მართლა არ ვიცი „გასამპლებული“ ვარ თუ არა.

- მოდით ცოტა ხნით ისევ ძველებს დავუბრუნდეთ. თქვენ ბევრს გაწუხებენ შეკითხვებით მაილსზე, მაგრამ თქვენ არანაკლებ დიდებულ მუსიკოსებთან დაგიკრავთ, ბობი ჰათჩერსონთან, ჯონ მაქლაფლინთან...

- ჯორჯ ქოულმენთან... მე მასთან ერთად ჩემი უკანასკნელი ალბომი Live: The Authorized Bootleg ჩავწერე. საოცარი მუსიკოსია, არა? გაიხსენეთ თუ როგორ დაუკრა მან მაილზთან ცნობილ ალბომზე My Funny Valebtine - Four and More. დღეს ის უკვე 71 წლისაა, მაგრამ უწინდებური ენერგიით უკრავს. ალბომს თუ მოუსმენთ ნამდვილად გაგიჭირდებათ იმის გარჩევა ვინაა 71 წლის, მე თუ ის. სწორედ ამიტომაცაა ასე რომ აღმერთებენ ახალგაზრდა მუსიკოსები თავის უფროს კოლეგებს.

- ვიცი, რომ მსგავსი შეკითხვებით თავი მობეზრებული გაქვთ, მაგრამ მაინც საინტერესოა რისი შესწავლა მოახერხეთ მათგან?

- არა, არა, შეკითხვები მათზე მე თავს არასდროს მომაბეზრებს. ინტერვიუს დაწყებამდე მე სწორედ მაილსზე ვესაუბრებოდი ჩემი ბენდის წევრებს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ჩემი უფროსი კოლეგები, ვინაიდან დაკვრა სწორედ მათი მუსიკის სმენის შედეგად ვისწავლე; ყველაფერი, რაც მე ვიცი, მათ მასწავლეს. მე უბრალოდ რაღაც ჩემი დავამატე მათ აღმოჩენილს. ეხლა კი შეეცადეთ წარმოიდგინოთ თუ რა უნდა მეგრძნო, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ამ დიდ მუსიკოსებს ჩემთან დაკვრის სურვილი აქვთ. ეს საოცრად დიდი პატივია ჩემთვის და მე არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხოლმე ხელიდან, თუ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. მათ იმდენი რამ იციან, იმდენის გადმოცემის უნარი აქვთ! როდესაც მათთან უკრავ, გგონია, რომ რაღაც კარგი გააკეთე ცხოვრებაში! ეს საოცარი შეგრძნებაა! ყველა ეს ადამიანი იმდენად რეალიზებულია, რომ მათი მსოფლხედველობა საოცრად დადებითია. სხვათა შორის, ბობი ჰათჩერსონთან მე თბილისის შემდეგ დავუკრავ, გერმანიში... ეს ის მუსიკოსები არიან, ვისთანაც დაკვრას ბავშვობიდან ვოცნებობდი. დღეს კი, მე მათთან ერთად ვუკრავ. ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს მუსიკოსს?

16 საზაფხულო მოგზაურობანი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: ნინო ლომაძე

ეს წელიწადის მეხუთე, დამოუკიდებელი დროა, საზაფხულო არდადეგების წინა პერიოდი. როცა ქალაქის ურბანული სიგიჟისაგან თავის დაღწევის და შორს გადაკარგვის მოლოდინი პიკს აღწევს. როგორც წესი, ამ დროს, დიდად არც სამუშაოზე გეფიქრება და არც კარზე მომდგარი საზიზღარი დედლაინები გაღელვებს. ივლისის სიცხეც გვარიანად გთენთავს და ფიქრებიც ძირითადად ერთი შინაარსისაა - სად დავისვენო, ვისთან ერთად წავიდე, ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დავიდო დროებითი ბინა თუ ყველაზე ჯანმრთელად და სასიამოვნოდ დავიღალო - დაკიდულ ბილიკებზე ხეტიალით, ზურგჩანთის თრევით, როდესაც დღე ხანდახან გათენებამდე იწყება და ღამეები ცეცხლის იისფერი ალის ფონზე მოყოლილი ამბებით და ალკოჰოლით სრულდება.

თუ ჯერ არაფერი დაგიგეგმავთ, მომდევნო გვერდებს თვალი გადაავლეთ. ჩვენი ავტორები თავიანთ ყველაზე შთამბეჭდავ მოგზაურობაზე მოგითხრობენ. იქნებ, სწორედ ახლა, თქვენი ზაფხულის დაგეგმვისას, საოცნებო მარშრუტი ან მისამართი რომელიმე პატარა ტექსტიდან ამოიკითხოთ.

ერთი სიტყვით - ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

0x01 graphic

ფოტო: გოგა ჩანადირი

17 კაპადოკია

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ნადირაძე

0x01 graphic

0x01 graphic

თუ მშობლიური აჭარის კურორტების ერთფეროვნებამ დაგღალათ და თურქეთის ძვირადღირებული, სრული მომსახურების საგზურების გაგონებაზეც უკვე მთქნარების შეტევა გეწყებათ, მოდით კაპადოკიაში წადით, თუნდაც რამოდენიმე დღით.

ანკარიდან თუ ღამის ავტობუსს დაემგზავრებით, კაპადოკიაში დილის 5-6 საათზე ჩახვალთ. ეს მარშრუტი შედარებით იაფიც დაგიჯდებათ და კაპადოკიის (ჩემთვის) ყველაზე დიდ ღირშესანიშნაობასაც მხოლოდ ასე ნახავთ. ზუსტად ვიცი, დასასვენებლად წასულებს დილის 5 საათზე გაღვიძება ჩემსავით ძალიან დაგეზარებათ, მხოლოდ იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გათენება ნახოთ. როცა ვარდისფერი სინათლე ჰორიზონტის ჩათვლით მთელს სიბრტყეს ედება და ველზე უზარმაზარი ფალოსის ფორმის კრატერები ჩნდება (არაჩვეულებრივი გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს). ეს ვულკანების შედეგად სრულიად ბუნებრივი წარმოშობის კირქვის კრატერებია, რომლებსაც ადრე ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, როგორც ნაყოფიერების ღვთაებებს. დღეს, ამ ხრიოკ მინდვრებს „სიყვარულის ველებს“ ეძახიან და ბლომად ტურისტებს დაატარებენ. ცოტა ხანში ვარდისფერი ყვითლით იცვლება და ეს უშველებელი ამფითეატრის ფორმის ქალაქი მთლიანად ოქროსფერდება. ამ ფიქრებში ხარ, როცა კლდეებიდან უზარმაზარი, ლურჯი, წითელი, ყვითელი, მწვანე ცეპელინები (საჰაერო ბუშტი) ამოფრინდება. ეს ფერადი ბუშტები სულ მთლად გაბნევს და ყველაზე ბანალურად რომ ვთქვა, თავი რომელიმე აღმოსავლური ზღაპრის გმირი გგონია. თვალებით უნებურად ჯინმომწყვდეულ სურასაც ეძებ და გუნებაში სამ სურვილსაც უცბად ჩამოითვლი. თუ სიმაღლის არ გეშინიათ, ცეპელინებით მოგზაურობა კაპადოკიის ქალაქების ზემოდან დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა.

მერე რომელიმე ტურისტულ სააგენტოს მიაკითხეთ, სულ ერთია რომელში მოხვდებით - ყველგან უმაღლეს დონეზე მოგემსახურებიან. ფასის, ადგილმდებარეობისა და ხედების გათვალისწინებით სასურველ სასტუმროს სულ იოლად იპოვნით. ძველ ქვაბულებში აშენებულ სასტუმროში გაჩერებას გულწრფელად გირჩევთ, სიძველის და თანამედროვეობის სინთეზს ყველაზე მძაფრად სწორედ ამ ქვაბულებში იგრძნობთ.

თუ კაპადოკიის ყველა პატარა ქალაქის დათვალიერებას გადაწყვეტთ, გირჩევთ მანქანა იქირავოთ. სულ ექვსი თუ შვიდი ქალაქია და ყველა მათგანი თავის პატარა საიდუმლოს ინახავს. ავანოსში ადგილობრივი წარმოების კერამიკის ჭურჭელს დაათვალიერებთ. უძველეს ქრისტიანულ ქალაქ გომერეს ქვაბულებში მართლმადიდებლურ ფრესკებს აღმოაჩენთ და ულამაზეს ხალიჩებს, ფანდაგებს და ხურჯინებს შეიძენთ.

საღამოს დაღლილები თქვენი სასტუმროს ვერანდაზე, ჩირაღდნებით გაბრდღვიალებულ პატარა რესტორანში მოკალათდებით და ადგილობრივი ან ნებისმიერი უცხოური სამზარეულოს გემრიელ კერძებს მიირთმევთ. მერე გარშემო კლდეების ყველა ფერდობიდან წამოსული სხვადასხვა მუსიკის ხმა ერთმანეთში აირევა. ალკოჰოლიც სასიამოვნოდ დაივლის ტანში და პიერ პაოლო პაზოლინის „ათას ერთ ღამე“ უკვე მეორედ დაიწყება.

18 პორტუგალია

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

როგორც კი მიუნჰენის უშველებელი აეროპორტის მარწუხებს თავი დავაღწიე, სადაც სატელეფონო ჯიხურივით წამოჭიმულ უშნო და სუნიან კაბინებში ასე, 90 კაცთან ერთად ვეწეოდი და თავი ქილაში მჭიდროდ ჩაჭეჭყილი გერმანული სარდელი მეგონა, ცოტა ვინერვიულე - რაღაც მთლად გულის გასახარად ვერ დაიწყო ეს ამბავი და ნეტავ იქ, რა მოხდება-მეთქი. როგორ მიმიღებს მე პორტუგალია და როგორ მივიღებ მე მას - ამ ფიქრებში გავატარე 2-3 საათი გერმანია-პორტუგალიის საჰაერო სივრცეში და ლისაბონის აეროპორტში პირველი, რაც კედელზე გაკრული წავიკითხე - „მოწიეთ ყველგან, სადაც გაგიხარდებათ. ზემოთ ნაჩვენები ნიშნის ქვეშ ნუ... თორემ ისე, თქვენ შემოგევლოთ ჩვენი თავიო...“ - მეამა.

აეროპორტი ქალაქის ცენტრშია და ამიტომ, ტაქსით სარგებლობა იმდენად იაფია, რომ როცა მრიცხველი 8-9 ევროს დაწერს - ეს შენ ჩემგან, ბავშვებს უყიდე რამეო - შეიძლება ტაქსის მძღოლს ქართულად მიაძახოთ და ერთი-ორი ევროც დაუმატოთ.

არა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თუ პორტუგალიაში არ ყოფილხართ, მაშინ ბევრი რამ დაგიკარგავთ ცხოვრებაში; თუ ერთხელ მაინც არ დასწრებიხართ წმ. ანტონიოს სახელობის სადღესასწაულო კარნავალს და აჟიტირებულ, ტემპერამენტიან პორტუგალიელებთან ერთად თქვენც არ გიცეკვიათ მოედანზე; წმ. ჯორჯის ციხე-სიმაგრეში, კედლებზე არ გიფოფხიათ და თუ ერთხელ მაინც არ ჩაგივლიათ ტეჟოს სანაპირო ზოლზე, სადაც უცნაური სახლების შემხედვარე, თავი თეატრალურ დეკორაციებში გგონიათ. ჰო, ყვითელ ტრამვაიში როცა ახვალთ, სჯობს პირდაპირ არ იყუროთ, რადგან „სულ ზევით, ზევიიით“ ისეთ ვიწრო გზებზე მიიკლაკნება, რომ გული გისკდება - ახლა ვერ მოუხვევს, ახლა შეასკდება, ახლა გადაჭყლეტს... მერე ბალახებამოსულ სახლებს დაათვალიერებ და შორსმჭვრეტი მზერით იესო ქრისტეს იმ უშველებელ ქანდაკებას გახედავ, რომელიც მსოფლიოს ახალ 7 საოცრებაში შევიდა, მართალია იმ საოცრებებში რიო დე ჟანეიროს იესოა შესული, მაგრამ მერე რა... შეხედავ და იგივეა რა! არადა, ამ ყველაფრის ნახვა, ძალიან მისაღებ თანხად შეგიძლიათ. თვითმფრინავის ბილეთი ხომ იგივე დაგიჯდებათ, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამგზავრება, „დონ ხოსესთან“ ატლანტიკის ოკეანის დელიკატესებს სულ რაღაც 12-15 ევროდ დააგემოვნებთ და ედენის თეატრის შენობაში წამოჭიმულ ტყეს, ნამდვილ ტყეს, ღამის განათების ფონზე შეათვალიერებთ. თუ გემრიელად ჭყუმპალაობა მოგენატრებათ, მაშინ ტროას ნახევარკუნძულზე გირჩევთ გაემგზავროთ. ლისაბონიდან, უშველებელი ხიდით გადახვალთ სეტუბალში და იქიდან, სულ რაღაც 1,5 ევროდ გემით გადაკვეთთ ოკეანეს. მართალია, გაყინული ატლანტიკის ოკეანეში ცურვაზე არც უნდა იოცნებოთ, მაგრამ ჩალის ქოლგის ქვეშ, ყვითელ ქვიშაზე განთხმულს ეს ნამდვილად არ შეგაწუხებთ. ხოლო თუ ჩემსავით, ოკეანის ზოლს ყურებში ipod გაჩრილი გაუყვებით, უცბად მოვარდნილი ტალღა ipod-საც დაგისველებთ და გაფართოვებუილი თვალებით ნუდისტურ პლაჟზეც ამოჰყოფთ თავს.

მერე? მერე ისევ ლისაბონი, „დონ კარლოსის“ ჭრელი მეთლახით გაფორმებული კაფე ავენიდა ლიბერდადეზე, გრილზე შემწვარი ტკაცუნა კანიანი თევზეული და ზღაპრულ პორტუგალიურ ენაზე მიღებული კომპლიმენტები, რომ თქვენ, დღეს, შეუდარებლად გამოიყურებით. მეტი რაღა უნდა ინატრო ამ სამოთხეში? კარგი, ჰო, მეორე დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „კოლუმბის“ ქუჩებში სეირნობა და...

ლისაბონი ხომ არც პარიზივით პრეტენზიულია და არც ბერლინივით „ჩვეულებრივი“! ლისაბონი, უბრალოდ, საშინლად მაგარია.

19 სინოპი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

გოგი გვახარია

0x01 graphic

არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებდი ჩემს ნავსაყუდელს, ყველაზე კარგ დასასვენებელ ადგილს ამ პლანეტაზე, რადგან დასვენება ჩემთვის, პირველ რიგში, თანამემამულეებისგან დასვენებას გულისხმობს; არ გეწყინოს საყვარელო მკითხველო, მაგრამ ვერანაირად ვერ „დავაპიარებდი“ ადგილს, სადაც ქართველს (საერთოდ, ტურისტს) ფაქტობრივად არ შეუღწევია. არა და როგორ მოეწონებოდა! ზღვა, რომელიც ისეთი გამჭვირვალეა, როგორც ლიძავაში, როგორც ანტონიონის ფილმში „წითელი უდაბნო“, ქვიშიანი ნაპირი, საუცხოო კლიმატი ცხელი დღეები და გრილი ღამეები (არავითარი კონდინციონერი არ გჭირდება!), უკეთილშობილესი ადამიანები, რომლებმაც ლამის ტაში შემოჰკრან ბედნიერებისგან, როცა გაიგებენ რომ „გურჯი“ ხარ, დაბალი ფასები და სრული კომფორტი - დიდი და სუფთა აუზი, სამზარეულო ოროთახიან ნომერში, უგემრიელესი „სიმიჩიე“, ე.ი. მზესუმზირამოყრილი „ბუბლიკები“, რომელსაც ყოველ დილით, საუზმეზე, თაფლში აწობ, უყურებ ზღვას და სამოთხეში გგონია თავი.

მაგრამ, ვიცი რა „გურჯის“ ბუნება, ვიცი რა, რომ დაეზარება ბათუმიდან 12-13 საათი ჩახჩახი ავტობუსით (თანაც, სარფის საზღვარი დროზე თუ ვერ გაიარა, მინიმუმ 3 გადაჯდომა დასჭირდება), სიამოვნებით დავასახელებ ჩემს ნავსაყუდელს, აგერ უკვე მერვედ რომ ვაპირებ წელს წასვლას - ესაა სინოპი! პატარა და უძველესი თურქული ქალაქი-კონცხი, რომელიც შუაგულ ზღვაშია შეჭრილი. თავადაა ქალაქი-განდეგილი. აქედან ყველა დასახლებული ცენტრი შორსაა. არსად არ მუშაობს ტვინი ისე კარგად, როგორც სინოპში!

მაგრამ, თუკი არა ხართ „ტიპიური გურჯი“, ე.ი. გადაადგილება და „ჩახჩახიც“ განიჭებთ სიამოვნებას და ზღვაზე იმიტომ არ მიდიხართ, რომ თქვენს თანამემამულეებს „ახალი კუპალნიკი“ უჩვენოთ, თუკი დასვენება თქვენთვის განდეგილობას და ცივილიზაციისგან შორს ყოფნას ნიშნავს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სინოპში!

20 უშგული

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ფოტო: ტატო კოტეტიშვილი პროექტისთვის ვირტუალური არმია

თუ სვანეთში არ ყოფილხართ, საქართველო არ გინახავთ. ხოლო თუ უშგულის შესახებ არა გსმენიათ - აბა, რაზეა საუბარი... ეს ევროპის ყველაზე მაღალი სოფელია, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებული, შეფენილია შხარას სამხრეთ ფერდზე, ენგურის სათავეებთან.

უშგულის აღწერა შეუძლებელია - თავად უნდა ნახოთ. აბა, რა გიამბოთ თამარის რეზიდენციებზე, კოშკების ქალაქზე, შვიდ სალოცავზე, როგორ მოგიყვეთ, როგორია თვალუწვდენელი ალპური ველები, ენგურის გრიალი და ბრჭყვიალა, ამქვეყნად ყველაზე თვალწარმტაცი შხარა?

თუ საქართველოში ცხოვრობთ, აქ მოხვედრა არ გაგიჭირდებათ. ყველაზე მარტივი გზა ასეთია: ზუგდიდში ავტოსადგურში მიბრძანდით, კოშკთან, იქ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს გაესაუბრეთ და გაემგზავრეთ მესტიაში. თუ საკუთარი წნევის იმედი დიდად არა გაქვთ, შეგიძლიათ, ერთი ღამე იქაც გაათენოთ - ამ თემაზე კვლავ მძღოლს გაესაუბრეთ. შემდეგ კი კვლავ სამარშრუტო ტაქსი, უკვე სხვაგვარი - და გასწიეთ უშგულისკენ. გზაში ნამდვილად არ მოიწყენთ, თავისუფალი სვანეთის ბუნება არაფერს შეედრება, თან კვლავ მძღოლთან გექნებათ საუბარი თემაზე: ვისთან ჯობს ღამისთევა.

ვისთანაც არ უნდა მოხვდეთ, არ ინანებთ. ყველა უშგულელი ქალბატონი ჩინებული მზარეულია და კუბდარი, ჭვიშტარი, ხაჭაპური და სხვა სიკეთე არ მოგაკლდებათ. და ყველა სახლიდან დიდებული ხედი იშლება - საითაც არ უნდა გაიხედოთ, უშგულია, საქართველოს ყველაზე ლამაზი მხარე.

21 კორფუ (კერკირა)

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

თამარ სუხიშვილი

0x01 graphic

ფოტო: თამარ სუხიშვილი

ტურისტული სეზონი აქ კარგა დიდი ხნის წინ გაიხსნა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტალღამ ოდისევსი ნაპირზე გამორიყა... ის კორფუს ერთ-ერთი პირველი ტურისტი გახლდათ. ნეტა სადა ვარ და რომელ ქვეყანაშიო? - თავის თავს ჩაეკითხა ელინთა გზააბნეული გმირი. მას მერე ყველას, ვისაც კი ამ კუნძულზე ფეხი დაუდგამს, აღტაცებისგან გაოცებულს სწორედ ეს კითხვა ებადება. მზე ცალ თვალს გამოაჭყეტს თუ არა, აქაურობა მოუსვენარი ტურისტებით ივსება, ძირითადად - უცხოელებით. ზოგი ათენიდან თვითმფრინავით მოფრინავს, ზოგი კი - ბორნით ჩამოდის იღუმენიცადან - ასე დასვენება შედარებით იაფი ჯდება. ვიმეორებ - შედარებით. თორემ ფასებს სეზონზე ცეცხლი უკიდია.

ჩვენი მეგზურიც ოდისევსის სეხნია გახლდათ. თუმცა, წინაპრისგან განსხვავებით, დიდი გონებამახვილობით არ გამოირჩეოდა. ამიტომაც მოხერხებულად გაგვაცურა მისმა თანამემამულე ტაქსის მძღოლმა. სანამ სასტუმრომდე მიგვიყვანდა, ერთი ციცქნა კუნძულს ბარე შვიდჯერ დაარტყა წრე. მერე კი შემოიკრა თავში ხელი ჩვენმა გმირმა, მაგრამ ის მძღოლი უკვე კმაყოფილი ილხენდა გვერდზე ტავერნაში. ასე რომ, ტაქსისტებთან ყურადღებით იყავით. ოდისევსი მოატყუეს და უცხოტომელებს დაინდობენ?! მერედა, რამდენი გაუცურებიათ?! თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამხელა გზა ცურვისთვის არ გამოიარეთ?

ალბათ რაღაც ჯადო აქვს აქაურობას. როდესაც ციხესიმაგრის წვერში მოექცევით და მთელ კუნძულს გადმოხედავთ, მერე გამჭვირვალე იონიის ზღვის ტალღებსაც გაეთამაშებით და ერთხელ მაინც „პალაია ანაკტორას“ (ძველი სასახლეები) ბაღებში ყინულიან „ფრაპეს“ (ჩვენებურად თუ მოვთარგმნით, ცივი ყავაა) ან ბერძნულ ყავას დააგემოვნებთ და ზედ უზოსაც დააყოლებთ (უზო ბერძნული არაყია და უზომოდ ნუ მიეძალებით!), ჩათვალეთ, რომ აქედან ვეღარასოდეს გააღწევთ, მანამ სანამ ბოლო კაპიკების თვლას არ დაიწყებთ. და იმ ბოლო კაპიკებსაც ზღვაში გადაუძახებთ იმის იმედით, რომ ოდესმე კიდევ მოხვდეთ ამ დაუვიწყარ ჯადოსნურ წრეში.

პატარა კუნძულის გრძელი და ფათერაკიანი ისტორია პოსეიდონის სატრფიალო თავგადასავლიდან იწყება. ზღვების მბრძანებელს თავდავიწყებით შეჰყვარებია ნიმფა კორკირა (თუ კერკირა) და ამ ლამაზი კუნძულისთვისაც, სადაც ახლაც შემონახულია ანტიკური ხანის პოსეიდონის ტაძრის ნანგრევები, მისი სახელი დაურქმევია. დღეს ბერძნები კუნძულს კერკირას ეძახიან, სხვები - კორფუს, ანუ მწვერვალებს და იმ ორ ციხესიმაგრეს გულისხმობენ, რომლებიც გარს ერტყმის ძველ ქალაქს. ძველი ქალაქი ლაბირინთივითაა დაქსელილი ვიწრო ქუჩებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვენეციური არქიტექტურა იქცევს. ქალაქის დიდი ნაწილი იტალიელების აშენებულია. სიმართლე რომ გითხრათ, სული კი ამოგვხდა ამ ლაბირინთში, ესეც ჩვენი ოდისევსის წყალობით. წმინდა სპირიდონის ტაძრის ძებნაში მთელი ერთი საათის განმავლობაში ვტკეპნიდით ერთსა და იმავე ადგილს და დიდხანს ვისმენდით ლეგენდებს ქალაქის მფარველი წმინდანის შესახებ. არადა, ეს ტაძარი ზედ ჩვენს ცხვირწინ არ აღმოჩნდა?

ჰო, კიდევ ერთი ლეგენდა. ერთხანს თურმე კოლხეთიდან გამოქცეული არგონავტებიც აქ იმალებოდნენ...

ლეგენდებს რა გამოლევს? ყველა ტურისტს ხომ საკუთარი ზაფხულის ლეგენდა მოაქვს ამ ლამაზი კუნძულიდან...

22 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

▲ზევით დაბრუნება


კახა თოლორდავა

0x01 graphic

WWF CAUCASUS PO

ჩემთვის, ისევე, ალბათ, როგორც ბევრი დანარჩენისათვისაც, სრულყოფილი დასვენება ხარისხიან დაღლასაც გულისხმობს; ვინაიდან უკანასკნელი ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში მე საქართველოს აღმოჩენით (არა, ბრჭყალების ხმარება ტყუილის თქმას ნიშნავს) ვარ დაკავებული და თანაც ყველაზე ხარისხიანად სიარულის დროს ვიღლები ხოლმე (ჰენრი დევიდ თოროს სრულიად გენიალურ სიარულს რომ შევეშვათ, სულ რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე, რომ ცნობილი გერმანელი რეჟისორისთვის ვერნერ ჰერცოგისათვის სიარული ერთგვარი რიტუალის ფორმა და უარყოფითი ენერგიისაგან განთავისუფლების საშუალება ყოფილა; ოთხმოციან წლებში მან ფეხით გაიარა მანძილი მიუნხენიდან პარიზამდე იმ იმედით, რომ მისი მასწავლებელი, რომელიც სერიოზულად ავად იყო ამ რიტუალის შედეგად განიკურნებოდა). ამიტომაც, აი ერთი ახლო, ადვილად განსახორციელებელი, ვითომ ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი, მაგრამ დამიჯერეთ, სინამდვილეში სრულიად უცნობი და საოცარი სილამაზის, აბსოლუტურად ხარისხიანად დამღლელი დისტინაცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. წინასწარ გაფრთხილებთ, - აქ საქმე ლამის 76 000 ჰექტარზე გაშლილ ველურ ბუნებასთან გექნებათ და არა კარუსელებიან და შადრევნებიან პარკთან, ხოლო მათთვის, ვისაც კუს ტბის მიმდებარე გამწვანებული ტერიტორია ჰგონია, აქ ჩამოსვლა დიდი სიურპრიზი იქნება. ეს ის ადგილია, სადაც პირველ ჩასვლაზე, მარშრუტიდან უკან დაბრუნებისას საღამოს თერთმეტ საათზე, მეტყევეების რჩევით შევჩერდით და ხელებგაშლილები მდუმარედ ვიდექით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მერე, კი დავინახე თუ როგორ განათდა და მკვეთრად გამოიკვეთა ჩემს გვერდზე მდგარი ადამიანების კონტურები. იმ საღამოს მე პირველად ვნახე, თუ როგორ ანათებენ ციცინათელებით დახუნძლული ადამიანები. მას შემდეგ მე კიდევ ბევრჯერ ვყოფილვარ ეროვნულ პარკში (ერთხელ ზამთარშიც ერთ პაკისტანელ სტუმართან ერთად, რომელიც ისე მონუსხა დაბარდნილი ტყის სილამაზემ, რომ სრულიად მოულოდნელად, მან ყველას თვალწინ თოვლის ჭამა დაიწყო) და ყოველ ჩასვლაზე სუნთქვის შემაჩერებელი სილამაზით გამოწვეული აუჰ, შენი!- რაოდენობა მატულობს და მატულობს (მე აუჰ, შენი!- ყველაზე ერთგული მეგობარი ვარ... რა მნიშვნელობა აქვს მეთერთმეტე თუ ასორმოცდამეორე?). აქ რამდენიმე, ან თუნდაც ერთი დღის განმავლობაში დარჩენა (პარკში რამოდენიმე ტურისტული თავშესაფარი და დასაბანაკებელი ადგილია) ზუსტად ისეთივე ენერგეტიკული მუხტის მიღების გარანტიაა, როგორც დედამიწის ნებისმიერ კუთხეში არსებულ გამორჩეულ ბუნებრივ გარემოში. ეხლა კი, თუ ოდნავ მაინც დაგაინტერესეთ, შებრძანდით საიტზე www.welcome@borjomi-kharagauli-np.ge და თქვენ თვითონ აირჩიეთ მარშრუტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხარისიხნი დაღლილობის გასაჩხერად.

23 Route 61

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

ერთ ჩვეულებრივ დღეს, რომელიც ბევრი წლის წინ იყო, ჩემმა შვეიცარიელმა მეგობარმა დენიელ ვონვილმა მითხრა, ამერიკაში სამოგზაუროდ მივდივარო. გამეცინა. იმიტომ, რომ იმ ერთ ჩვეულებრივ დღეს ეს დიალოგი მე და დენიელს შორის სწორედ შუაგულ ამერიკაში გაიმართა - მინესოტას შტატის პატარა ქალაქ როჩესტერის კოლეჯში. ამ დიალოგამდე კი, მე და დენიელს ჩვენი ერთწლიანი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, ერთად გვქონდა მოვლილი შუა-დასავლეთ ამერიკის ყველა დიდი ქალაქი, ცალ-ცალკე კი მას - ფლორიდა, მე - ლოს ანჯელესი.

ამიტომ ჩემი ჭკუით, ვიხუმრე, აბა, მთელ ამ წელიწადს რაც ჩვენ ამერიკაში ვიმოგზაურეთ, იმას რაღა ერქვა-მეთქი.

Route 66 გაგიგიაო? - შორიდან მომიარა.

დენიელი ჩვენს ჯგუფში ყველაზე უფროსი იყო - 21 წლის და ყველაზე ინტელექტუალიც. ამიტომ გამიხარდა, რომ ვიცოდი, Route 66 - პირველი ამერიკული გზატკეცილი ჩიკაგოდან ლოს ანჯელესამდე. მაგრამ, არ მაცალა სიხარული:

დულუთში რომ ნატაშას მშობლებთან ერთად ამ ზამთარში იყავი, იცი ვინ დაიბადა მაგ ქალაქშიო?

მეორე კითხვასაც გავუძელი, ბობ დილანი-მეთქი და თანდათან დავიწყე აზრზე მოსვლა, თუ საითკენ მიყავდა დენიელს დიალოგი.

და რომელი გზატკეცილის პირას დაიბადა, იციო? აბა, რა ვიცოდი.

highway 61-ის გვერდითო.

და იცი რას ეძახდნენ მაგ გზასო? ბლუზის გზატკეცილსო, ყველა მაგ გზაზე იდო, ვინც ბლუზს უკრავდა და მერე ბობ დილანიცო.

და „გზაზე“ წაკითხული გაქვსო? - აგრძელებდა ჩემს დაკითხვას, კიდევ უფრო ნათლად რომ განემარტა, რას გულისხმობდა.

გავჩუმდი.

გაუხარდა. თითით დამცინა და მერე უკვე გიჟივით მომაყარა:

ჰოდა, ეგრეო. თქვენ რომ ყველანი თქვენ-თქვენს ქვეყნებში გაფრინდებით, მე ნიუ იორკში დავრჩები, იქ ბიძაჩემი ბაზელიდან ჩამოვა, მანქანას დავიქირავებთ, რუკებს ვიყიდით, სურსათ-სანოვაგესაც და წავიდააა, ერთი ოკეანიდან მეორის ნაპირებამდეო... სულ სხვანაირად ვიმოგზაურებო, იცი რა ფართობზეა გზების ეს სისტემა გადაჭიმულიო? 75 ათასი კილომეტრზეო! ათასი შტატის საზღვარს გავივლიო; ღამ-ღამობით მიყრუებულ და განათებულ ფერმებს ჩავუქროლებ, სადაც „ბუდვაიზერით“ გაბერილმა ფერმერებმა თავიანთი შტატის დედაქალაქის სახელიც ძლივს იციანო; ძველ ხის ბარებში მოკლე უნიფორმიან, სქელ ოფიციანტს ერბო-კვერცხს შევაწვევინებ ბეკონით და ზედ სქელ ამერიკულ ბლინებს დავაყოლებ კარამელის სოუსითო; ლაპარაკი ხო იცი, როგორ მიყვარს და ყველას გამოველაპარაკებიო; ჯერ მორყეულ მიუზიქ-ბოქსში 25 ცენტიანებს ჩავაგდებ, რამე ვუდსტოკურს დავატრიალებ, მერე ულვაშებიან და კომბინიზონიან ბიძებს მივუბრუნდები, ბოყინს ვაცლი და მერე ვკითხავ, რას ფიქრობენ კლინტონის და მონიკა ლევინსკის სიყვარულზეო (ეგ დრო იყო მაშინ); ბენზინგასამართ სადგურებზე რომ მანქანას ბაკს გავუვსებთ, მე და ბიძაჩემი ჩვენ-ჩვენ ბაკებს დავიცლითო; იაფფასიან მოტელებში დავიძინებ, უცნაური სახელები რომ ჰქვიათო. პატარა ქალაქი, დიდი ქალაქი, მანქანების საცობები და გზაზე შეხვედრილი მოტოციკლეტისტთა ბანდები, პატრულები და უდაბნოს გზატკეცილები, ლას ვეგასი, კანიონები, კალიფორნია და ბოლოს ფრისკოო - გიჟივით ლაპარაკობდა. Real America ხო გესმის, რაც არის? ჰოდა, ეგ მექნებაო.

პირდაღებული ვუსმენდი. თან მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ფრისკო რომ იგივე სან ფრანცისკოა, მარშრუტი - ნიუ იორკი-სანფრანცისკო კი, ის საოცნებო გზაა, რაზეც, თურმე, წიგნებიც დაიწერა, ფილმებიც გადაიღეს, მაგრამ მაინც არ გაცვდა და არ დაილია.

ჰოდა, ახლა როცა ამ დიალოგის თუ დენიელის გიჟური მონოლოგის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ამ სპეც-პროექტისთვის სწორედ, დენიელის გზა გამახსენდა. ალბათ, იმიტომაც გამახსენდა, რომ უკვე დიდი ხანია, ვიცი - ამერიკაში ასე მოგზაურობა ძალიან კარგი წიგნის კითხვას ჰგავს, რომლის მთავარი გმირიც და ავტორიც შენ და შენი მეგზურები ხართ.

მოკლედ, წავიკითხავდი ამ წიგნს, რასაც real america ჰქვია და თქვენც გირჩევდით. ეს ის არის, რაც ნამდვილია და რაც ბუშის პოლიტიკის, ჰოლივუდის კინოპროდუქციის, ამერიკის თავდაცვის სისტემის და დიდი მეგაპოლისების უკან არ ჩანს.

თუ ჩემზე მეტი ფული გაქვს, ახლავე შეგიძლია, ნახო საიტი www.alamo.com, მერე ჩახვიდე ნიუ-იორკში, დაიქირავო მანქანა, იყიდო რუკები, სურსათ-სანოვაგე და იქიდან წავიდა ბოლომდეეე - ფრისკომდე!

24 დართლო

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

არასოდეს დამისვენია და ამიტომაც დასვენებასთან დაკავშირებით ვერავის დავეხმარები რაიმე რჩევით, თუმცა სიამოვნებით შემიძლია გავიხსენო სოფელი დართლო მთა-თუშეთში, სადაც სტუდენტობის მეგობრებთან ერთად ჩავრჩი ორი კვირის მანძილზე.

მივდიოდით ხევსურეთისკენ ზურგჩანთებით და თუშეთიდან უნდა გადავსულიყავით აწუნთის უღელტეხილით, მაგრამ დაიწყო გადაუღებელი, კოკისპირული წვიმები და სოფელ დართლოში შეგვიფარეს ორი დღით. მესამე დღეს კი გამოიდარა, მაგრამ გზის გაგრძელება იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ შევძელით, რომ დაგვაბინავეს იმ სახლის გვერდით, სადაც ლელა თათარაიძე ცხოვრობდა. ქალბატონი ლელა რომ გარმონს გაწელავდა საღამოობით, არაყი უკვე მიღებული გვქონდა საკმარისი რაოდენობით და ნირვანასაც ისეთი სისწრაფით ვუახლოვდებოდი ხოლმე, რომ დართლოს დატოვება მართლა ძნელი იყო. თანაც ეს ხდებოდა საფიხვნოზე, სადაც ცეცხლის გარშემო დავსხდებოდით ხოლმე სტუმარ-მასპინძლებიანად და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ ავხედავდი სიმღერის დროს, აღარსად მეჩქარებოდა.

დღისით ვკითხულობდით წიგნებს, მერე აივანზე ვთამაშობდით ჯოკერს, მერე ვსვამდით არაყს და საღამოს გავდიოდით საფიხვნოზე, სადაც ლელა თათარაიძე მღეროდა.

მგონი, ნამდვილი დასვენებაც ეგ არის და როცა დავიღლები ხოლმე, ყოველთვის დართლო მახსენდება და ისე მენატრება, როგორც ლელა თათარაიძის ჯადოსნური ხმა...

25 მიმოსვლანი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ლაშა ბაქრაძე

0x01 graphic

ფოტო: ლაშა ბაქრაძე

ჩემთვის ეგრეთ წოდებული პასიური დასვენება ჰორორია. სადმე ზღვისპირას ერთი-ორი კვირის გატარება: საუზმე - ზღვა - სადილი - ზღვა - ვახშამი - ბანქო ან უკეთეს შემთხვევაში „ტანცი“ და კოქტეილები კი არ მასვენებს, მღლის. ერთხელ და ერთადერთხელ ათიოდე წლის წინათ გერმანიიდან ასე „პუტიოკვა-საგზურით“ ვიყავი ტუნისში (თანაც საყვარელ ქალთან ერთად) და მერე ერთი თვე დამჭირდა ამ „დასვენებისგან“ დასვენება.

მიყვარს მოძრაობა, მოგზაურობა, რაღაც ახალის ნახვა, შეცნობა. ახალი მაინცდამაინც უცხოეთს არ ნიშნავს, საქართველოშიც (კავკასიაზე რომ არაფერი ვთქვათ) უამრავია ადგილი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად ბევრს ვმოგზაურობ, არ მინახავს. საერთოდ, იშვიათია ხალხი, რომელიც ქართველებივით ვითომ ამაყობდეს თავისი ქვეყნით და ასე ცუდად იცნობდეს თავის ქვეყანას. თბილისი-სარფის გზაზეც კი ბევრი საინტერესოს ნახვა შეიძლება, თუ კაცი ოდნავ გზიდან გადაუხვევს. მეორე მხრივ, შეიძლება ასეც ჯობს ბუნებისთვის, რადგან ქართველი სადაც მიდის, ნაგვის მთებს ტოვებს.

უცხოეთში ძირითადად ისეთ ქვეყნებსა და ქალაქებში ვმოგზაურობ, სადაც ნაცნობ-მეგობრები მყავს, რადგან მე ტურისტივით ხელში სამოგზაურო წიგნით, მხოლოდ ტურისტული ატრაქციონების ნახვა არ მიყვარს - მაინტერესებს როგორც ცხოვრობენ ადამიანები, რას ჭამენ (სამზარეულო კულტურის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩემთვის), რაზე ლაპარაკობენ, მაინტერესებს არა მარტო მუზეუმები, არამედ ყოველდღიური ცხოვრება. როდესაც შეგიძლია იცხოვრო ანდალუზიაში, პატარა სოფელში ალპუხარას მთებში და სოფლელებთან ერთად ფიესტებზე იარო ან კრეტაზე მეთევზეებთან ერთად გახვიდე ზღვაში ან ტოსკანაში, მონტეპულიჩანოს ვენახებში ყურძენი დაკრიფო, დიდი ბედნიერებაა. სრულიად სხვაა, როდესაც არა ტურისტებისთვის განკუთვნილ რესტორნებში ზიხარ სადღაც დიდ მოედანზე სადაც უამრავი ხალხი ირევა, არამედ იქვე მოედანთან მეოთხე იტალიურ ეზოში (ისე როგორც ფლორენციაში) ძველ პიცერიაში ხარ, სადაც თავის დროზე წითელი არმიის ბრიგადების წევრები ტერორისტულ აქტებს გეგმავდენენ ან ბარსელონაში, „ლა პალომას“ დისკოთეკაზე, სადაც 9 საათამდე მოხუცები ვალსს და ზოგჯერ ცოტა მიმკვდარებულ კატალონიურ სარდანას ცეკვავენ, ხოლო როცა ათზე ახალგაზრდებისთვის დიჯეები გამოდიან სცენაზე მეორე სართულის ხის ბალკონებიდან აკვირდებიან, როგორ ირჯებიან მათი შვილიშვილები, იქვე ბარსელონაში, ბარიო ჩინოში, პატარა მეცხრამეტე საუკუნის ბარებში, სადაც ტურისტი ალბათ არასდროს ხვდება ან ქალაქის მეორე ბოლოში, სამოციანი წლების ჯიმლეტ ბარში, სადაც ჰაერიც კი ტესტოსტერონით გაჯერებული გგონია. რა ჯობია, საშობაოდ ბუდაპეშტში ოტოს დედის დამზადებულ კერძებს ან აუცილებელ თორმეტკერძიან საშობაო სუფრას კრაკოვში? თუ არავის იცნობ, ასეთ ადგილებში ვერ მოხვდები. ისიც უნდა ვაღიარო, რომ სასტუმროების ფული არასდროს მქონია და ამიტომაც, თუ იშვიათად რაიმე საქმიან ვიზიტზე არ დამპატიჟეს, მეგობრების იმედად უნდა ვიყო. ბედად უამრავი უცხოელი მეგობარი მყავს და უფრო მეტ ადგილას ვარ დაპატიჟებული, ვიდრე, სამწუხაროდ, ამის დრო და საშუალება მაქვს.

ბავშვობიდან მინდოდა მენახა რომი, და მხოლოდ ახლახან ვიყავი, რადგან მანამდე იქ არავის ვიცნობდი. („მესამე რომი - მოსკოვით“ დავიწყე, მერე მეორე რომში - კონსტანტინოპოლ-სტამბულში ვიყავი და ბოლოს პირველ რომამდეც მივაღწიე, ქალაქამდე, რომელსაც ყველა ევროპული ცივილიზაციის დიდი მეტროპოლია იმეორებს, ქალაქთა დედა-მდე. კარგია, რომ ბოლოს ვნახე, თორემ, შეიძლება, ლონდონსა და პარიზსაც აღარ მოეხდინა ისეთი შთაბეჭდილება, როგორიც რომის უნახავზე მოახდინეს). ირანშიც, სადაც ყოველთვის მინდოდა მოხვედრა, გამოჩნდნენ მეგობრები, ვისთანაც ჩასვლა ღირს. კარგა ხანია დრო მოვიდა ევროპიდან აზიაში, შორეულ აღმოსავლეთში, ამერიკასა და ჩემი ბავშვობის ოცნება - აფრიკაში გადავინაცვლო. არ არის ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით არ წავიდოდი. თვით გზაში ყოფნაც და არა მხოლოდ რაიმე საბოლოო მიზნამდე მიღწევა სიამოვნებას მგვრის. მოძრაობაა ჩემი დასვენება.

26 აბრები

▲ზევით დაბრუნება


ფოტო-პროექტი

ავტორი: მაია სუმბაძე

0x01 graphic

ეს ხელნაკეთი აბრები გარდამავალმა ეპოქამ მოიტანა და ნელ-ნელა ქრება. მათი დიზაინი ჩვენი ყოფისა და დროისთვის ძალიან ორგანულია, გასნხვავებით თანამედროვე, დახვეწილი, ევროპული დიზაინისგან, რომელიც ჩვენთან მზა-მზარეულად შემოდის და მათ ცვლის. თან ეს პროცესი ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ გვინდოდა ამ ნიმუშების ფირზე აღბეჭდვა.

0x01 graphic

0x01 graphic

27 dreamhackers

▲ზევით დაბრუნება


ესსე

ავტორი: დავით მაკარიძე

Ya me di al poder que a mi destino rige.
No me agarro ya de nada, para asi no tener nada que defender.
No tengo pensamientos, para asi poder ver.
No temo ya a nada, para asi poder acordarme de mi.
Sereno y dcsprendido, me dejara el aguila pasar a la libertad.

Carlos Castaneda. El don del aguila1

კიბერსამყაროში მოგზაურობამ კიდევ ერთხელ დამაყენა დილემის წინაშე: ვინ ვართ ჩვენ, მხოლოდ ერთი უაზრო რგოლი ევოლუციის ჯაჭვში, თუ შემოქმედის ხატი? პირველს პირადად მე ეგზისტენციალურ კრიზისამდე მივყავარ. გულისრევის მძაფრი გრძნობა და სასოწარკვეთილება მეუფლება საკუთარ თავს დიდი მექანიზმის თუნდაც სრულყოფილ კბილანად რომ წარმოვიდგენ. თუმცა, არ შეამჩნიო მუდმივად როგორ იბრძვიან არსებები გადარჩენისთვის, გამარჯვებისთვის და საკუთარი სასიცოცხლო სივრცის გაფართოებისათვის, სირაქლემას მოუხერხებელ პოზაში დგომას ნიშნავს. ცხადია ისიც, რომ თუ ჩვენ მხოლოდ მატერიის გადამამუშავებელი ავტომატები ვართ, ერთადერთი გზა თვითრეალიზაციისათვის სწორედ რომ ველური ბრძოლაა. რესურსების უკმარისობის პირობებში ყოველთვის ვიქნებით იძულებული ერთმანეთს პირიდან წავგლიჯოთ ნადავლი. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი არსებობა, მართლაც, მხოლოდ მატერიალური სამყაროთი შემოიფარგლება.

მეორე გზა, რომელიც გვიმხელს, რომ ჩვენ შემოქმედის ხატად ვართ შექმნილი, ისეთივე თავისუფალი ნებით, ალბათ, არაფრისაგან რაიმეს შექმნის ისეთივე უნარით, გვთავაზობს თვითრეალიზაციას არა ბრძოლის, არამედ თანამშრომლობის გზით. როდესაც ძალგიძს საგნები პირველყოფილი წყვდიადიდან გამოიტანო, შესაჯიბრიც არაფერია და გასაყოფიც. და უფრო საინტერესო ხდება სხვებთან ერთად უცნაური სამყაროების შექმნა.

კიბერსივრცემ დამანახა, თუ როგორ შეიძლება ადამიანების ძალისხმევა ერთმანეთთან დაპირისპირებას კი არა, ახალი, საინტერესო გარემოს შექმნას მოხმარდეს. თუმცა, ძნელია იმ ჩვევების დათმობა, რომელსაც გარემო მთელი ცხოვრების მანძილზე გვიყალიბებდა. ალბათ, ამიტომაცაა სასუფეველში მოხვედრა ასე რთული. კიბერსივრცეც მცირედ, მაგრამ მაინც სასუფეველს წააგავს თავისი შესაძლებლობებით. ჩვენ კი, ჩვენი ჩვევები ვირტუალურ სამყაროშიც შევიტანეთ, იქ, სადაც ჯერ თითქოს ყველაფერი საკმარისია, სადაც შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ სიახლის ძიებას მოვახმაროთ.

როგორც ჩემმა ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა: „მომავალი უფრო სწრაფად გვიახლოვდება, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა“. და ახალი რეალობის ეს ტალღა მალე ყველა ჩვენთაგანს გადაუვლის. ტალღა, რომელიც წალეკავს ყველაფერს ძველს, დრომოჭმულს და ალბათ, ეპოქების წინ დამარხულ პირველყოფილ სიბრძნესაც შლამს გადააცლის.

მე მივენდე ძალას, რომელიც განაგებს ჩემს ბედს, მე არაფერს ვეჭიდები, და არც არაფერი მექნება დასაცავი, მე არ მაქვს აზრები, ამიტომაც მე ვიხილავ, მე არაფრის მეშინია, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ დამავიწყდება, განდგომილი, მსუბუქი სულით არწივს გვერდზე ჩავუფრენ, რომ მოვიპოვო თავისუფლება.

კარლოს კასტანედა. არწივის ნაბოძვარი

საინტერესოა რას ვიხილავთ, როდესაც რეალობა თავის მორიგ საიდუმლოს გაგვიმხელს. მანამდე კი, იძულებულები, ნამცეც-ნამცეც ვაგროვებთ ცოდნას და ვცდილობთ იდუმალი მოზაიკა ავაწყოთ.

კიბერსივრცეში პირველი გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, ალბათ, ინტერესთა ჯგუფების შექმნა იყო. ადამიანმა მალე მოუძებნა ახალ საკომუნიკაციო ინსტრუმენტს არაპირდაპირი გამოყენების სფერო და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო კიბერსოციუმის ჩამოყალიბება. დღეს გლობალურ ქსელში ათასობით ინტერესთა ჯგუფია მეილ-ლისტების, ფორუმების და ჩეთების სახით. ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს ვირტუალურ სამყაროში, რათა გაუზიარონ ერთმანეთს აზრები, მოუსმინონ ან იკამათონ. ზოგიერთი ასეთი საზოგადოება უფრო მჭიდროდ აერთიანებს თავის წევრებს, ვიდრე რეალური სამყაროს სხვადასხვა დაჯგუფება. ვირტუალური საზოგადოებების ერთი ნაწილი ღიაა ყველასათვის, მეორე კი დახურული. ხანდახან, ასეთ ჯგუფში მოხვედრისათვის ახალ წევრებს გარკვეული ინიციაციის გავლაც კი სჭირდებათ.

ერთი-ორ კიბერსოციუმთან მეც მქონდა ურთიერთობა რამდენიმე წლის განმავლობაში. კეშუნჩიკი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის მეილ-ლისტის მოდერატორია. - გამარჯობა, დიდი ხანია აღარ გვისაუბრია. როგორ მიდის საქმეები?

კეშუნჩიკი - კარგად. ამ ბოლო დროს ხალხი ცოტა პასიური გახდა. ვცდილობ, რაიმეთი დავქოქო, ვნახოთ, რა გამოვა.

- დიდი ხანია რაც ქსელში მოღვაწეობ. გახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი?

კეშუნჩიკი - სულ თავიდან? მაშინ კომპი არ მქონდა. 96-97-ში. სახლში „პოისკი“ მქონდა, ეკრანის მაგივრად ტელევიზორით. ჩემ მეგობარს სამსახურში ჰქონდა ქსელი. ხანდახან მივდიოდი მასთან და ექოკონფერენციებს1 ვუყურებდი. ეს მაშინ ჩემთვის ნამდვილი სასწაული იყო. ჩავეწერე კასტანედას2 მიმდევრების რომელიღაც ინგლისურენოვან კონფერენციაში, საინტერესო ადამიანები გავიცანი. მიმოწერა მქონდა მათთან. სახლში „პოისკზე“ ვკრეფდი ტექსტს და შემდეგ მეგობარი უგზავნიდა სამსახურიდან. ისინი მაგიით და სიზმრებით იყვნენ გატაცებულები. ეს ყველაფერი სასწაულს გავდა. მაშინ ისეთივე აღფრთოვანებული ვიყავი, როგორც ეხლანდელი ახალბედები არიან.

- შენი მეილ-ლისტი როგორ შექმენი?

კეშუნჩიკი - 2001-ში სერგეი იზრიგი გავიცანი. მეგობარმა მითხრა რომ toltecdreaming3-ში

საინტერესო ტიპი გამოჩნდა და მისი სტატია გამომიგზავნა. ეს მისი პირველი სტატია იყო, საშინელი ინგლისურით წერდა. მე ჩავეწერე ამ კონფერენციაში და ასე გავიცანი სერგეი. დავითანხმე რუსულენოვანი სიზმრების მოყვარულებისათვის დაეწერა. მაშინ ariml4-ში ვიყავი. იზრიგიც სწორედ მანდ მივიყვანე. კარგი პრომოუშენი გავუკეთე ქსელში. ბევრი ახალი წევრი ჩაეწერა ariml-ში. ოღონდ სერგეი იქ დიდხანს ვერ გაჩერდა. ამბობდა რომ ხალხს მისი არ ესმოდა. ცალკე განყოფილებაც გაუკეთეს, იქაც შევკრიბეთ ხალხი, მაგრამ ვერც იქ გაჩერდა. ის ყველაფერზე ბრაზდებოდა. უბრალო შეკამათებაზეც კი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მოდერირებადი მეილ-ლისტი გამეკეთებინა, ისეთი, სადაც ლოიალურ ატმოსფეროს შევინარჩუნებდი და მივცემდი იზრიგის საშუალებას მსურველებისათვის რაიმე ესწავლებინა. მაშინ ამ ლისტს dreamhackers ერქვა, იზრიგის თანამოაზრეთა ჯგუფის სახელის მიხედვით.

1993 წლის ნოემბერში დაცვის კერძო სამსახურის C.K. საინფორმაციო-ანალიტიკურმა ჯგუფმა უცნაური დაკვეთა მიიღო ძილისა და სიზმრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაზე. ამავე წლის დეკემბერში ჯგუფს დამატებით თხოვეს ჩაეტარებინათ მოსახლეობის ფართომასშტაბიანი გამოკითხვა სიზმრების შესახებ. თავიდანვე გამოირიცხა მკითხაობისა და სიზმრისეული სახეების ინტერპრეტაციის თემა. შემკვეთის მხრიდან ჯგუფში ჩაერთვნენ სერგეი იზრიგი და დიმიტრი ვოლოხი. 1994 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით 10 ათასამდე ადამიანი გამოკითხეს. მაისში ვოლოხი მოსკოვის გარეუბანში იპოვეს მოკლული. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაცვის სამსახურში მუშაობდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები. მათ აინტერესებდათ ვინ იყო ასეთი უცნაური პროექტის დამკვეთი და ვოლოხს თანამშრომლობა შესთავაზეს. მან უარი განაცხადა და იზრიგის გაფრთხილებაც მოასწრო.

1995 წლის თებერვალში ვილნიუსში ჩატარდა სემინარი გაცნობიერებული სიზმრების შესახებ. მოგვიანებით, ივლისში გამოიცა ბროშურა, რომელშიც პირველად აღწერეს სიზმრების კარტოგრაფირების მეთოდი. უშიშროება გავიდა სემინარის ორგანიზატორებზე. ორმა მათგანმა ფოტოებზე სერგეი იზრიგი ამოიცნო. სექტემბერში, ქორწინებამდე ოთხი დღით ადრე, იზრიგის საცოლე მოიტაცეს და მხეცურად მოკლეს. დამნაშავეები ვერ იპოვეს, მაგრამ რამდენიმე დღეში იზრიგის პირველი ჯგუფის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. იზრიგიმ გაქცევა და მეგობრების დახმარებით ბელორუსიაში გადასვლა მოახერხა.

1998 წლის ოქტომბერში ნოვოსიბირსკში დაიჭირეს ძმები მურავიოვები, რომლებიც „სიზმრების ჰაკერების“ ჯგუფის წევრები იყვნენ. მათგან უშიშროებამ ჯგუფის მუშაობაზე საკმაოდ დიდ ინფორმაცია გაიგო. 2000 წელს კი უშიშროების საიდუმლო ლაბორატორიაში, რომელიც ცნობიერების სასაზღვრო მდგომარეობებს იკვლევდა, უცნაური ზარების სერია გაისმა. ზარების ავტორს მიაგნეს. დაკავებულმა ახალგაზრდამ დაკითხვისას აღიარა, რომ ტელეფონის ნომერი სიზმარში ნახა. შემდგომ გაირკვა, რომ ის „სიზმრების ჰაკერების“ ჯგუფის წევრი იყო.

2000 წლის ოქტომბერში იზრიგი ФСБ-ს თანამშრომლებს შეხვდა და სთხოვა გაეთავისუფლებინათ დაკავებული „ჰაკერები“. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჯგუფის კვლევების მასალებს გამოაქვეყნებდა. 2001 წლის თებერვალში იზრიგიმ ინფორმაციის ინტერნეტში გამოქვეყნება დაიწყო. აპრილში დაკავებულები გაათავისუფლეს.

2001 წლის განმავლობაში ბევრი ახალი წევრი შეუერთდა „ჰაკერების“ ჯგუფს. იზრიგის მეგობრების ძალისხმევით შეიქმნა „სიზმრების ჰაკერების“ ვებგვერდი და ფორუმი.

სერგეი იზრიგი. ჯგუფ სიზმრების ჰაკერების საჯარო ისტორია.

- როგორც ვხედავ დიდი ხნის გამოცდილება გაქვს კიბერსაზოგადოებებთან ურთიერთობის. შენი აზრით რითი განსხვავდებიან ისინი რეალური ჯგუფებისაგან?

კეშუნჩიკი - რეალობაში ენერგეტიკული კავშირი უფრო ძლიერია. არავერბალური ურთიერთობა აქ ბევრს განსაზღვრავს. ხშირად ლაპარაკი არცაა საჭირო. ქსელში იძულებული ხარ, უფრო მეტი ილაპარაკო. ქსელში დაუსჯელობის სინდრომიც მეტია. შეიძლება ვინმეს შეაგინო და არავინ დაგინაყავს სახეს. თუმცა უპირატესობაც ბევრია. აქ მთელი მსოფლიოა მისაწვდომი. რელურ სამყაროში შენს გვერდით თანამოაზრე შეიძლება ვერც იპოვო, ინტერნეტში კი მათ ადვილად მიაგნებ.

- როგორ ფიქრობ, ქსელი შეუწყობს ხელს საზოგადოებას, ნაკლებად კონფორმისტული გახდეს?

კეშუნჩიკი - ალბათ, კი. რეალობაში ძნელია არ მოერგო მეზობელ პეტიას დიდი მუშტებით. ქსელი კი სამყაროს აფართოებს. შეგიძლია ბევრ ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა. ადრე მარტო პეტიას იცნობდი მეზობელი ეზოდან, ახლა კი შეგიძლია გაიცნო ბევრი სხვაც, სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან. არ ვიცი შეცვლის თუ არა ეს საზოგადოებას, მაგრამ მე ბევრი მეგობარი ვიპოვე ქსელში. ბევრთან რეალობაშიც მაქვს ურთიერთობა. და რა თქმა უნდა, ქსელთან კავშირი რომ არ მქონდეს, ჩემი ცხოვრება ნამდვილად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.

- რა არის ქსელში ურთიერთობის ყველაზე დიდი ნაკლი?

კეშუნჩიკი - ის რომ ადამიანი გვერდით არაა. არ შეგიძლია შეეხო, იგრძნო რას განიცდის. ალბათ, ყველაფერი ინფორმაციის სიმწირეშია. მარტო სმაილიკებით ძნელია გამოხატო ემოციების მთელი სპექტრი.

- მაგრამ მაინც მილიონობით ადამიანი სწორედ ასე ამჯობინებს ურთიერთობას. შენი აზრით, მაინც რა არის ის, რაც ინტერნეტ-საზოგადოებებს კრავს?

კეშუნჩიკი - საერთო ინტერესები. თუმცა, ხშირად ქარიზმატული ლიდერიც მნიშვნელოვანია. მაგალითად ისეთი, როგორიც იზრიგი იყო. დღეისათვის ინტერნეტში გაცილებით მეტი ინტერესთა ჯგუფია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. რეალურ ცხოვრებაში ჯგუფები ძირითადად ადგილმდებარეობის მიხედვით იქმნება და უფრო ხშირად დიდი ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი. ინტერნეტში მთავარი საერთო მიზანი და ინფორმაციის გაცვლაა. რეალობაში მეგობრის სანახავად დიდი მანძილების დაფარვა და დრო გჭირდება. ინტერნეტი საშუალებას გაძლევს, უბრალოდ, ბმულზე დაწკაპუნებით დაუკავშირდე ვისაც გინდა დედამიწის მეორე მხარეზეც კი. თუმცა, პასუხისმგებლობაც მცირეა. თუ გეზარება წერილის დაწერა - არ წერ. რეალურ ცხოვრებაში კი ძნელია თავი აარიდო პასუხის გაცემას.

ქსელური პროექტები ქსელის კანონებით ვითარდება, რომლებიც ოფლაინური კანონებისაგან ძირითად სტატუსის ამაღლებისათვის ბრძოლის მეთოდებით განსხვავდება. „რეალურ სამყაროში“ თქვენი სტატუსი დამოკიდებულია იმაზე, რასაც თქვენ ფლობთ, რა ტიტულები და სამეცნიერო ხარისხები გაქვთ, რა თანამდებობა გიკავიათ. ქსელში თქვენზე მსჯელობენ იმით, რასაც თქვენ გასცემთ.

პაველ პროტასოვი. Русский Журнал.
П@утина, выпуск 65.

- შენ თქვი, რომ იზრიგი ქარიზმატული ლიდერი იყო. რითი იყო ის განსაკუთრებული?

კეშუნჩიკი - პირველ რიგში მაინც მომხიბვლელობით. ამაში მას ვერავინ შეედრებოდა. „ჰაკერების“ მთელი ეს ისტორია, ინტრიგები, შეთქმულების თეორიები და რა თქმა უნდა უნიკალური მეთოდებიც ამას ხელს უწყობდა. მე არა მგონია, რომ მისი მეთოდები უფრო ეფექტური ყოფილიყო ვიდრე მაგალითად ДЭИР5-ის ან NLP6-სი, მაგრამ უფრო მიმზიდველი რომ იყო, ცხადია. შეიძლება ზოგისთვის ისინი მუშაობდნენ. ვიცნობ რამდენიმეს, ვინც ამბობს, რომ თუნდაც „სიზმრების კარტოგრაფირებით“ ან „მედიჩის პასიანსით“7 ბევრ რამეს მიაღწია. მაგრამ მაინც, ეს მეთოდები არ გამოდგა უმრავლესობისთვის.

გარდა ამისა, თვითონ იზრიგიც ცდილობდა რაც შეიძლება ბევრისთვის მიეწვდინა ხმა, წარმოეჩინა თავი ქსელში. მისი ჯგუფის წევრები ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა ფორუმებზე, ხშირად სკანდალური განცხადებებით და ავრცელებდნენ ინფორმაციას „ჰაკერების“ შესახებ. მახსოვს ერთ-ერთი „ჰაკერი“ როგორ დაუპირისპირდა კსენძიუკს8 საკუთარ ფორუმზე, მაშინ ყალბი მისამართებიდანაც კი აგზავნიდა წერილებს. იზრიგი რამდენიმე გოგოს დაყოლიებას ცდილობდა ლისტში, ჩემსაც მათ შორის, რომ დაეწერათ წიგნი ჰაკერებზე.

ზოგიერთმა ლისტში მეც დამაბრალა, რომ კსენძიუკმა გადამიბირა და დამაპირისპირა ჰაკერებს. მაგრამ მე არავის დავპირისპირებივარ და არც იზრიგისთან მიჩხუბია. რაც შეეხება კსენძიუკს, მას არ ვთვლიდი ღირსეულ მოწინააღმდეგედ და ამას ყოველთვის ვეუბნებოდი იზრიგის. თუმცა, ის რატომღაც მნიშვნელოვნად თვლიდა მასთან ბრძოლას. ისე იზრიგის პარანოიდალურ გამონათქვამებში ჩანდა, როგორ ეძებდა ის მტრებს ყველგან, ჩვენს რიგებშიც კი. ФСБ-სთან დაკავშირებული ისტორიაც გამოგონილი თუ არა გაზვიადებული მაინც მგონია. ესეც იზრიგის ქარიზმატულობის ნაწილი იყო. ის თავიდანვე ამბობდა, რომ უნდოდა ის საიდუმლო ინფორმაცია გამოექვეყნებინა, რომელსაც ფლობდნენ ჰაკერები, რადგან არ უნდოდათ, რომ მხოლოდ ძალოვანებისთვის ყოფილიყო ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

ჰაკერების თანამედროვე სუბკულტურის აღწერისას, ფსიქოლოგები ჩვენ „შეპყრობილ პროგრამისტებს“ გვიწოდებენ - ადამიანებს, რომლებიც რეალურ სამყაროს „მსოფლიო სუპერკომპიუტერის ოპერაციულ სისტემად“ აღიქვამენ. ეს სასიამოვნო შეფასება მცირე შესწორებას ითხოვს. სინამდვილეში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თითოეული პროგრამა თავისი კანონებით და პრინციპებით დამოუკიდებლად მცხოვრებ „სამყაროს“ წარმოადგენს. ამ „სამყაროებში“ ხეტიალისას ჰაკერი საკმაოდ რთულ საინფორმაციო სტრუქტურებში და დაცულ სისტემებში შესვლის და მოგზაურობის უნარს იძენს. ის იკვლევს მათ, ტკბება მათი სილამაზით და ხშირად ზოგიერთ იდეას თავისი პირადი მიზნებისათვის იყენებს. შევეცდები იმ ჰაკერული ჯგუფის გამოცდილება აღგიწეროთ, რომელმაც ადამიანის ტვინის ერთ-ერთ ყველაზე რთულ „პროგრამაში“ - სიზმრების სამყაროში შეჭრა გადაწყვიტა.

პროექტმა, რომელიც დაახლოებით რვა წლის წინ დაიწყო, ავტორები საინტერესო შედეგამდე მიიყვანა. მეთოდი იმით იყო უნიკალური, რომ სიზმრებთან მუშაობისას დაცული პროგრამების „გატეხვის“ ჰაკერული მეთოდი და ხელოვნური სივრცეების აგების რამოდენიმე კონცეფცია გამოიყენებოდა.

ის, რომ სიზმრები „დაცული პროგრამაა“, ყველამ საკუთარი გამოცდილებით იცის. ადამიანები ძილში ცხოვრების მესამედს ატარებენ. სიზმრები ხუთი ათასი წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევის ობიექტი იყო. რა მოგვცა ამან? პრაქტიკულად არაფერი. წარმოიდგინეთ კაცობრიობის მიერ ყოველდღიურ სამყაროზე 50 საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, და შეადარეთ ის ამავე პერიოდის სიზმრების ფაქტურას. წარმოუდგენელი შეუსაბამობაა!

მე თვითშემეცნების საინტერესო და ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ, რომელიც ჯერჯერობით არც არავის აუხსნია და არც ავტორიტეტების ქონიანი თითებით არის გაცრეცილი. თქვენს წინაშე მოქმედების სახელმძღვანელოა, რომელიც ცოტათი გზამკვლევს წააგავს. შეგიძლიათ ის იმ მრავალგანზომილებიან სამყაროს პორტალად ჩათვალოთ, რომელიც ელის თქვენს აღმოჩენებს. ამ გზაზე ყოველი მოარული პირველია. და სწორედ ამიტომ, თქვენზეა დამოკიდებული ამ მეთოდის განვითარება და მისი ფილოსოფიური დასაბუთება...

სიზმარი ზემოქმედებების აღწერაა, რომელსაც ჩვენი ტვინი გადასცემს ცნობიერებას. სიზმრისეული სამყარო ილუზიაა. სინამდვილეში, თითოეული სიზმარი აღქმის ბუშტია, რომელიც რომელიღაც დროის კონკრეტულ მომენტში ქმედების, ადგილის, პერსონაჟების, თქვენი ემოციების და განცდების აღწერას შეიცავს. იმას, რასაც ჩვენ სიზმრების სამყაროს ვუწოდებთ „ბუშტების“ გროვაა - სიცარიელე სიცარიელეში, რომელიც ქაოსისაგან თხელი აპკითაა გამოყოფილი.

თქვენ იტყვით, რომ ეს ყველაზე სულელური იდეაა, რომელიც გაიგონეთ ამ ბოლო დროს. მაგრამ ის ერთ არანორმალურ ჰაკერს მოუვიდა თავში, ასე რომ ნურაფრის გაგიკვირდებათ.

ჩვენ გადავწყვიტეთ სიზმრისეული „აღქმის ბუშტუკების“ გროვა შეგვეცვალა ადამიანური ცნობიერების იმ მატრიცის ზუსტი ასლით, რომელიც ჩვენ სიზმრისეულ სამყაროს აღგვიწერს. თითოეულ ჩვენგანს სიზმრების რუკა უნდა შეედგინა და ერთიანი სურათის მისაღებად მასზე „ფაზლი-ბუშტუკები“ განეთავსებინა....

სერგეი იზრიგი. სიზმრების ჰაკერები

- ინტერნეტში ძნელია მიხვდე თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა სინამდვილეში. შენი აზრით იზრიგი მართლა არსებობდა თუ მის უკან სხვა პიროვნება იდგა?

კეშუნჩიკი - არ ვიცი. თუმცა იზრიგიც და „ჰაკერებიც“ სხვადასხვა ფორუმებზე სხვადასხვა ნიკით სარგებლობდნენ. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში იყო მეგობრების არც ისე დიდი ჯგუფი, რომლებიც თავისთვის ეწეოდნენ პრაქტიკას, მიაგნეს რამდენიმე საინტერესო მეთოდს, თუმცა ის გმირობები, რომლებსაც ისინი თავის თავს მიაწერდნენ, მე არარეალურად თუ არა, გაზვიადებულად მაინც მიმაჩნია. ალბათ, ამ მასალების გამოქვეყნება ქსელში და ხალხის დაინტერესება ერთი დიდი ექსპერიმენტი იყო. უნდოდათ შეემოწმებინათ, რამდენად იმუშავებდა მათი იდეები. იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ იზრიგის სახელით ქსელში სერგეი ტროფიმოვი9 მოქმედებდა.

მე დავშორდი „ჰაკერებს“ და ამიტომაც შევუცვალე ამ ლისტს სახელი.

...ვირტუალურ სივრცეში პიროვნების რეალურობა მხოლოდ თვითპრეზენტაციის რეალურობით განისაზღვრება. ამავე დროს პოსტმოდერნისტული კულტურის ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ დღეისათვის „მე“, როგორც მარეგულირებელი და შინაარსწარმომქმნელი სტრუქტურა ჭარბი გახდა, სოციალურად აუცილებელი მხოლოდ ინდივიდუალურობის ინსცენირებაა, შედეგად პიროვნება თავის თავს მხოლოდ „მე“-ს ფასადით, ანუ თვითპრეზენტაციით ავლენს. ვირტუალური სივრცე ადამიანს ნებისმიერი სახის კონსტრუირების მაქსიმალურ საშუალებებს სთავაზობს. განუსაზღვრელობის პოსტმოდერნისტული მდგომარეობა სიცოცხლეს შთაბერავს კრეატიულ სუბიექტს. სოციალური ორიენტირების დაკარგვის გამო მატულობს სოციალური დამოკიდებულებების და საკუთარი იდენტურობის კონსტრუირების აუცილებლობა. ვირტუალურ სივრცეში სოციალური კონსტრუირების შესაძლებლობების ნათელი გამოვლინებაა ქსელური საზოგადოებების წარმოშობა და აქტიური განვითარება...

. . ბელინსკაია. ქსელური საზოგადოების ჯგუფური დინამიკის პრობლემისათვის.
2000 წლის 25 მაისი.

მარტიშენკო ვიქტორი ერთერთი იმათთაგანია, ვინც ამ ფორუმზე იზრიგის გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ის რადიოელექტრონული მოწყობილებების ინჟინერ-კონსტრუქტორია, მუშაობს ინჟინრად და ხშირად ყოფისთვის თუ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისათვის სხვადასხვა ელექტრონული აპარატების კონსტრუირებითაა დაკავებული.

- ვიქტორ, როდის დაიწყე ურთიერთობა ქსელურ საზოგადოებებში?

ვიქტორი - 1998-დან ფიდონეტში ექო-კონფერენციებს ვნახულობდი. მაშინ ეს ჩემთვის ქსელში ურთიერთობის ერთადერთი საშუალება იყო, რადგანაც, ინტერნეტი ძალიან ძვირი იყო. ვათვალიერებდი ექო-კონფერენციების სიას და ცნობისმოყვარეობის გამო ჩავეწერე ru.magic და su.magic-ში. „ჰაკერები“ გოოგლეში ვიპოვე. შემთხვევით ავკრიფე რაღაც და გამომიგდო „სიზმრების ჰაკერები“. დამაინტერესა და შევედი ამ ბმულით.

- შენი აზრით, დიდი განსხვავებაა ქსელური ჯგუფებსა და რეალურ ჯგუფებს შორის?

ვიქტორი - ქსელურ ჯგუფებში ადამიანები სხვადასხვა კუთხიდან გვხვდებიან, რეალობაში მათი ურთიერთობა წარმოუდგენელი იქნებოდა. მათ საერთო ინტერესები აერთიანებთ. ყველაზე დიდი განსხვავება კი ჯგუფის წევრების რიცხვია. რეალობაში ძნელი წარმოსადგენია ურთიერთობა 300 კაციან ჯგუფში, ქსელში კი დარწმუნებული ხარ, რომ თითოეული მათგანი მიიღებს შენს შეტყობინებას. გარდა ამისა, ქსელში ურთიერთობა უფრო გახსნილია და გაცილებით ადვილია უცხო ადამიანებთან საუბარი. რეალობაში ძნელია იპოვო თანამოაზრეები და ხშირად ადამიანი გარემოცვას ეხამება, იღებს მათ ინტერესებს, მიზნებს. ინტერნეტი ხელს გიწყობს არ გახდე კონფორმისტი. თანაც, ინტერნეტში ხეტიალისას ადამიანი თავის თავში ისეთ ახალ ინტერესებს აღმოაჩენს, რისი ეჭვიც კი არ ქონდა.

ინტერნეტ-მისიონერების როლს ტელესაკომუნიკაციო კომპანიები ასრულებენ. მათ ყველას ერთი მისია აქვთ - მისცენ ადამიანს საშუალება დაუკავშირდეს დანარჩენ კაცობრიობას მისი კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობით. ინტერნეტის საშუალებით თითოეულ ადამიანს შეუძლია უშუალოდ მთელ მსოფლიოსთან ურთიერთობა, თანაც იმ ენაზე, რომელიც მისთვის მოსახერხებელია. ინტერნეტის საშუალებით ადამიანებმა შეზღუდული ფიზიკური უნარებით თავისი ადგილი იპოვეს საზოგადოებაში და მათმა ცხოვრებამ ახალი აზრი შეიძინა. ქალაქები და ქვეყნები, სადაც არ არის ან შეზღუდულია ინტერნეტი უკვე ვეღარ განვითარდებიან ნორმალურად, ისინი განწირულები არიან სტაგნაციისთვის. დედამიწა ნამდვილად ჩვენ საერთო სახლად გადაიქცა და თითოეული ცალკეული მოქმედება ან უმოქმედობა მთელ კაცობრიობაზე ახდენს გავლენას. ხელისუფალთა ნებისმიერი საიდუმლო ხრიკი, ჩანაფიქრი ნათლად ჩანს, მაშინაც კი, როდესაც ისინი ამის შესახებ არ საუბრობენ. და ათასობით კილომეტრიდან შესამჩნევია დიადი საქმეები ერთი პატარა ადამიანისაც კი. ეს ინტერნეტია...

Речка Бо. ინტერნეტი, როგორც ახალი რელიგიური პარადიგმა. TRON-ის სიახლეები.
2007 წლის 12 აპრილი.

- როგორ ფიქრობ ქსელი შეცვლის საზოგადოებას? და საით?

ვიქტორი - საზოგადოება ქსელის გამოჩენისას შეიცვალა. რა მიმართულებით ვერ ვიტყვი. ქსელი უბრალოდ ადამიანს არჩევანის მეტ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ ამას როგორ გამოიყენებს, დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე.

ქსელის გარეშე ცხოვრება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა და არც კი გვექნებოდა წარმოდგენა ბევრ ისეთ რამეზე, რითიც ეხლა ვართ გატაცებულები. შეიძლება ზოგიერთი უბრალოდ ერთობა ქსელში ყოფნით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათთვის, ვინც მიჩვეულია ცოდნის მოპოვებას, ეს პირველ რიგში ცოდნის წყაროა და არა დროის გაყვანის საშუალება.

- შენ ამ მეილ-ლისტის წევრი მას შემდეგ გახდი, რაც „ჰაკერებმაც“ და ბევრმა მათმა ერთგულმა მიმდევარმა დატოვა ის. რამ მიგიზიდა იმაში, რასაც „ჰაკერები“ ლაპარაკობდნენ?

ვიქტორი - მათმა გამოკვლევებმა ძალიან დამაინტერესა. მომეწონა ის, რომ ისინი იყენებდნენ არა მარტო სხვების მეთოდებს, არამედ არ რცხვენოდათ შეემუშავებინათ საკუთარიც, ავტორიტეტების მიუხედავად. ალბათ, იმიტომ მომეწონა, რომ მეც ცოტათი ასეთივე ავანტიურისტი ვარ და რამდენიც არ უნდა მითხრან, რომ „ასე არავინ არ აკეთებს“ და „ამით შენ ვერაფერს ვერ მიაღწევ“, ჩემსას მაინც გავაკეთებ, სანამ თვითონ არ დავრწმუნდები. ხოლო იზრიგი ყველაზე იღბლიანი მკვლევარი იყო და დიდ პატივს ვცემ მას იმიტომ, რომ შექმნა ეს ჯგუფი. და თუნდაც ყველაფერი რასაც ის ლაპარაკობდა გამოგონილი ყოფილიყო, მისი იდეები მაინც საუცხოო იყო და მშვენიერი რეზულტატიც მივიღეთ.

„სიზმრების ჰაკერები“ - კარლოს კასტანედას რუსი მიმდევრების ჯგუფია. კასტანედას შემოქმედების და ფილოსოფიის სხვა თაყვანისმცემელთაგან განსხვავებით „სიზმრების ჰაკერებმა“ გაცნობიერებულ სიზმრებთან მუშაობის საკუთარი უნიკალური მეთოდები შეიმუშავეს. ქსელში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ჰაკერების“ საქმიანობით დაინტერესდნენ უშიშროების სამსახურები და მალე ამ ჯგუფის ვებ-გვერდი დაიხურა. ჯგუფის ლიდერის სერგეი იზრიგის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია. ჯგუფის წევრები აშკარად აღარ ჩანან ქსელში. ჯგუფის საიტის ვარიანტი შემონახულია სხვა ჰოსტინგზე.

http://ru.wikipedia.org/

სერგეი ტროფიმოვის ИБИ10-ს სერიაში გამოცემული ნაწარმოებების ანოტაციაში ის მოხსენიებულია, როგორც სერგეი იზრიგის სულიერი მასწავლებელი და მეგობარი. ქსელში ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ის იდგა სერგეი იზრიგის სახელის უკან. როგორც თვითონ ამბობს იზრიგი ნიჭიერი მკვლევარი იყო, მაგრამ ის მოკლეს. თუმცა არ აკონკრეტებს ვინ, მაგრამ, მის ნაწარმოებებში ნათლად ჩანს თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული იზრიგის მკვლელობით. რა თქმა უნდა, სინამდვილის დადგენა დიდ და თითქმის განუხორციელებელ გამოძიებას მოითხოვს. სერგეი ტროფიმოვი სწორედ ამ იდუმალებით მოცული სინამდვილის დადგენას და გამომზეურებას ცდილობს, თუმცა ბევრისათვის ის სინამდვილე, რომელზეც ტროფიმოვი ლაპარაკობს შეიძლება, წარმოსახვის ზღვარს სცილდება.

- სერგეი, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ხარ „ჰაკერების“ გარდა, რომელიც ქსელის გარეთ იცნობდი იზრიგის და მის თანაგუნდელებს. შეგიძლია მომიყვე უფრო დაწვრილებით მის შესახებ? სერგეი ტროფიმოვი - ეს პირადი ისტორიაა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლდე. რა სარგებელი გექნება იმისაგან, თუ გაიგებ მისი ცხოვრების დეტალებს? მოდი ამაზე საუბარს თავი დავანებოთ. მან მოგვცა ყველაფერი, რისი მოცემაც უნდოდა. მაგრამ ყველაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, რაც უნდოდა. კიდევ სამიოდე წელი რომ დასცლოდა იზრიგი, ალბათ, რადიკალურად შეცვლიდა კაცობრიობის ისტორიას.

- იზრიგის ერთ-ერთი მთავარი იდეა ე.წ. „მედიჩის პასიანსის“ გამოყენება იყო მოვლენების ჯაჭვით მანიპულირებისათვის. მან ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მეთოდი ჯონ დიმ11 ასწავლა თავის დროზე მარია მედიჩის12. რა კავშირი ქონდათ „ჰაკერებს“ ჯონ დის იდეებთან და კიდევ ვის გავლენას განიცდიდნენ ისინი?

სერგეი ტროფიმოვი - ჯონ დიმ ორი ტრაქტატი დაწერა სულიერ არსებებთან კონტაქტებზე, ის მათ ანგელოზებს ეძახდა. ტრაქტატები ლათინურადაა დაწერილი და არაა ნათარგმნი თანამედროვე ენებზე. ერთერთ მათგანში ის კონტროლირებადი სიზმრების ტექნიკას აღწერს. მეორეში კი კაზუალური სამყაროს საინტერესო თავისებურებებზე მოგვითხრობს. ალბათ, რაღაც კავშირი ჯონ დისა და „ჰაკერების“ იდეებს შორის იყო.

- თუ იცი სად არიან დანარჩენი „ჰაკერები“ და ამჟამად რას აკეთებენ?

სერგეი ტროფიმოვი - ამ მომენტისათვის ისინი ძირითადად „მოვლენათა ჰორიზონტების“ კვლევით არიან დაკავებულები, ეს ძალიან საინტერესო და სერიოზული თემაა და სინგულარობასა13 და ე.წ. „ჭიების ხვრელების“14 კვლევებთანაა დაკავშირებული. მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ცდილობენ არ გამოჩნდნენ საზოგადოებაში და ჯერჯერობით საკუთარი კვლევების შედეგების გამოქვეყნებისგანაც თავს იკავებენ.

- „სიზმრების ჰაკერების“ ისტორიით და მათი სამყაროთი ბევრი დაინტერესდა. თქვენც დაწერეთ მათზე რამდენიმე ნაწარმოები. რა არის სინამდვილე და რა მხატვრული გამონაგონი?

სერგეი ტროფიმოვი - ჰო, ვიცი, ბევრმა მოხერხებულმა ადამიანმა გამოიყენა ახალი საინტერესო მასალა თავისი პოპულარობის მოსაპოვებლად. მაგრამ, ის რაც დაწერეს რეუტოვმა, ქსენძიუკმა და მისთანებმა „ჰაკერებზე“, სინამდვილესთან არანაირ კავშირში არ არის. ის ნოველები რომლებიც კი ИБИ-ს სერიაში გამოვაქვეყნე ჰაკერებზე, ფანტასტიკაა. თუმცა, მასში მე რუსეთის პარაფსიქოლოგიური ინსტიტუტების რეალურ მუშაობაზე არსებული ზოგიერთი ცნობა გამოვიყენე.

- იზრიგიც და „ჰაკერებიც“ საზოგადოებისათვის ცნობილი ქსელის საშუალებით გახდნენ. მათ რამდენიმე კიბერსოციუმის ჩამოყალიბებასაც კი შეუწყვეს ხელი. რას ფიქრობ, რა როლი აკისრია ქსელს კაცობრიობის ისტორიაში?

სერგეი ტროფიმოვი - ქსელს მე უფრო ფართოდ აღვიქვამ, ვიდრე მხოლოდ უსაზღვრო ინფორმაციის წყაროს და კომუნიკაციის მოხერხებულ საშუალებას. ჩემი აზრით ქსელი გარკვეულ წილად ცნობიერი არსებაა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია პლანეტა დედამიწა ვუწოდოთ. ადამიანები თავისი აღქმის შეზღუდულობისა და ეგოცენტრულობის გამო თავის თავს ბუნების გვირგვინად თვლიან. მაგრამ სხვა „გვირგვინებიც“ არსებობს. ზოგიერთი მათგანი პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. ჩვენ გარდამავალი რგოლი ვართ პარაზიტებსა და შემოქმედ არსებებს შორის. თუმცა ნაწილობრივ პარაზიტულ ცხოვრებას ვეწევით, უნარი გვაქვს შევცვალოთ გარემო, შევქმნათ ვირტუალური სამყაროები და ტექნიკური მოწყობილობები. მაგრამ მაინც, ამ პლანეტის შვილები ვართ, ქსელის ნაშიერები. თუ მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაფერს ჩვენს გარშემო ქსელური სტრუქტურა აქვს, ჩვენ ორგანიზმსაც კი. ინტერნეტი მხოლოდ ქსელის კერძო გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, ის გვაძლევს უპირატესობას, მაგრამ ეს ქსელთან, პლანეტასთან, კონტაქტის უპირატესობაა და ის, რა თქმა უნდა, შეცვლის ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში. ის ადამიანები, ვინც ბევრ დროს ატარებენ ინტერნეტში, საზოგადოებას უკვე არანორმალურებად ეჩვენება. ისინი იცვლებიან, ისინი ეწყობიან ქსელს, მათ აზროვნების განსაკუთრებული ტიპი უყალიბდებათ. ეს ევოლუციის ფაზაა. და ეს კარგი ნიშანია. კაცობრიობა ვითარდება იმ სფეროებში, რომლებიც სახეობის გადარჩენისათვისაა მნიშვნელოვანი.

სერგეი ტროფიმოვმა სხვა, შედარებით არასახარბიელო პროგნოზებიც გააკეთა კაცობრიობის მომავლის შესახებ. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. რაც შეეხება სიზმრების ჰაკერებს, ჩემი აზრით, მათი სახით კიდევ ერთი საოცარი, საინტერესო, შეიძლება ავანტიურისტული და პროვოკაციული ჯგუფი გაქრა ინტერნეტიდან. თუმცა, მათ შესახებ გამოძახილი ჯერ კიდევ ისმის ქსელის უსაზღვრო სივრცეში: მათ შესახებ მსჯელობენ ფორუმებზე, მათ ჯერ კიდევ ბევრი მიმდევარი ყავთ, ბევრი მოწინააღმდეგე და მტერიც კი. მათი იდეები ბევრ მხატვრულ თუ ფილოსოფიურ ნაწარმოებში გამოჩნდა და ალბათ, კიდევ გამოჩნდება. მათ შესახებ უკვე დაიწერა მოთხრობები და რომანიც კი. თუმცა სინამდვილეში სად წავიდა და რა ბედი ეწია სერგეი იზრიგის, ინტერნეტ საზოგადოებისათვის ჯერ-ჯერობით უცნობია. მაგრამ, მინდა იმის იმედი დავიტოვო, რომ მისი ახალი ავატარა ვირტუალურ სამყაროში ახალ პროვოკაციას ამზადებს ჩვენი გონების გამოსაფხიზლებლად.

- შარშან ზაფხულში ინტერნეტში გამოჩნდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მკვლევარების ერთ-ერთმა ჯგუფმა შეძლო ტელეპორტაცია სხვა სამყაროში. ჩვენი ინსტიტუტი დაინტერესდა ამ ინფორმაციით, და ანალიტიკურმა ჯგუფმა გამაოგნებელი მონაცემები მოგვაწოდა ... ხელისუფლებამ ჰკითხა თავის სამეცნიერო კონსულტანტებს: „თქვენ შეგიძლიათ ამ რეზულტატების განმეორება ან თუნდაც ახსნა?“ მეცნიერებმა უპასუხეს: „არა, რადგან ის რაზედაც ისინი საუბრობენ, ფიზიკურად შეუძლებელია განხორციელდეს“. ხელისუფლებამ გაღიზიანებულმა დაიღრინა: „კი, მაგრამ რა ვუყოთ ამ ფოტოებს, აგენტების მოხსენებებს, რეალურ ფაქტებს?“ „არაფერი“ - უპასუხეს სწავლულებმა - „რადგან ეს ერესია და ამიტომ მთელი თქვენი მასალები შეუძლებელია ვაღიაროთ, როგორც მეცნიერული მონაცემები.“ „კი, მაგრამ მაშინ რა ვუყოთ ამ ფოკუსნიკებს?“ - იკითხა ხელისუფლებამ - „სხვა ქვეყანამ რომ გადაიბიროს?“ „უბრალოდ მოიშორეთ“ - ურჩიეს სამეცნიერო კონსულტანტებმა - „რაში გვჭირდება ეს გონების ამღვრევა და სამეცნიერო მსოფლმხედველობის საფუძვლების შერყევა? გარდა ამისა, ეს შეიტანს ქაოსს ეკონომიკაში და ძალაუფლების გადანაწილებაში...“

სერგეი ტროფიმოვი. წითელი კეფირი

__________

1. ექოკონფერენცია - განსაზღვრული თემატიკის შეტყობინებების ნაკრები ფიდონეტის ქსელში. თავისი გარეგნობით, ფუნქციონალური შესაძლებლობებით, სოციალური შემადგენლობით და .. ინტერნეტის ქსელში ახალი ამბების ჯგუფს წააგავს.

ფიდონეტი - საერთაშორისო არაკომერციული ქსელი, რომელიც 1984 წელს ორმა ამერიკელმა პროგრამისტმა: ტომ ჯენინგსმა და ჯონ მედილმა შექმნეს. ლეგენდის მიხედვით ფიდო ტომ ჯენინგსის ძაღლის მეტსახელი იყო.

2. კასტანედა, კარლოს (1925-1998) - ამერიკელი ანტროპოლოგი, მწერალი, მისტიკოსი. განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს და 70-იან წლებში.

3. toltecdreaming - კარლოს კასტანედას მიმდევართა ინგლისურენოვანი მეილ-ლისტი.

4. ARIML (Alternative Russian Ixtlan Mail List) - კარლოს კასტანედას მიმდევართა რუსულენოვანი მეილ-ლისტი.

5. ДЭИР (школа дальнейшего энерго-информационного развития) - ორგანიზაცია რომელიც თავის თავს წარმოაჩენს როგორც მსმენელების სოციალური ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებულ სასწავლო სკოლად.

6. NLP - ნეირო ლინგვისტური პროგრამირება.

7. მედიჩის პასიანსი - პასიანსი, რომელიც ლეგენდის მიხედვით გამოიგონა ჯონ დიმ და ასწავლა მარია მედიჩის, როგორც მომავლის პროგნოზირების და მართვის ხერხი.

8. კსენძიუკი, ალექსი პეტრეს ძე - მწერალი, მისტიკოსი. თავის ნაწარმოებებში ის ინტერპრეტაციას უკეთებს და ანვითარებს კარლოს კასტანედას სწავლებას.

9. ტროფიმოვი, სერგეი პავლეს ძე - მწერალი და მთარგმნელი, ცხოვრობს და მუშაობს . რიგაში, ლატვია. 1983-1991 წლებში იყო ლიტერატურული მოძრაობა სამიზდატის აქტიური მონაწილე. თარგმნიდა ოკულტურ და ფანტასტიკურ ლიტერატურას. 1994-1998 წლებში მუშაობდა გამომცემლობა პოლარისში.

10. ИБИ - ფანტასტიკური მოთხრობების სერია . ტროფიმოვის ავტორობით, რომლეიც სანკტპეტერბურგის გამომცემლობა Весь-ში გამოიცა.

11. ჯონ დი (1527 წლის 13 ივლისი - 1609 წლის 26 მარტი) - უელსელი მათემატიკოსი, ასტრონომი, ასტროლოგი, გეოგრაფი და ოკულტისტი. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აგრეთვე მიუძღვნა ალქიმიას, მკითხაობას და ჰერმეტულ ფილოსოფიას.

12. მარია მედიჩი (1573 წლის 26 აპრილი - 1642 წლის 3 ივლისი) - საფრანგეთის დედოფალი, მეფე ჰენრი IV-ის მეუღლე. მოგვიანებით თავისი შვილის მეფე ლუი XIII-ის რეგენტი. 1617-1621 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში.

13. სინგულარობა გრავიტაციული - არე, სადაც სივრცით-დროითი კონტინიუმის სიმრუდე მიისწრაფვის უსასრულობისაკენ ან წყდება, ან მეტრიკა ხასიათდება სხვა პათოლოგიური თვისებებით, რომელთა გონივრული ფიზიკური ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

14. ჭიის ხვრელი - ხვრელი, რომელიც ჰიპერსივრცის გავლით აკავშირებს სივრცე-დროის კონტინიუმის ორ ადგილს. ტერმინი დაამკვიდრა ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა 1957 წელს.

28 იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


უახლესი ისტორია

წიგნიდან
იყო და არა იყო რა

ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: იური მეჩითოვი

0x01 graphic

საბჭოთა პერიოდის მამებს ერთი უცნაური ხუმრობა ჰქონდათ, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო საბჭოთა საქართველოში. ახლა შეიძლება დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ უფროსები სიამოვნებით წაავლებდნენ ხოლმე პატარებს ყურებში ხელებს, ასწევდნენ მაღლა სიცილით და შვილებს მართლა ძალიან დებილური შეკითხვით მიმართავდნენ:

- გინდა მოსკოვი დაგანახო?

გარდა უცნაურისა, ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ხუმრობაც, მაგრამ მთავარი აქ მაინც არ იყო გაწელილი ყურების ტკივილი, ყველაზე სამწუხარო იყო დაპყრობილი ხალხის ცნობიერება - არასოდეს უთქვამს არცერთ ქართველ საბჭოთა მამას თავისი შვილისთვის, ლონდონს ან პარიზს დაგანახებო, რადგან საბჭოთა ადამიანისათვის სამყარო იწყებოდა მოსკოვით და იქვე მთავრდებოდა. ქართველებისთვისაც მოსკოვი და საბჭოთა იმპერია იყო მთელს დედამიწაზე ერთ-ერთი უძლიერესი, კოსმოსის ამთვისებელი ზესახელმწიფო და ვინც ასე არ ფიქრობდა, ისინი უკვე კარგა ხნის დახვრეტილები იყვნენ, ან ციხეებში ისხდნენ ან სამზარეულოებში და ქართული ჩაის ხვრეპდნენ, რომელსაც სოციალისტური შრომის გმირი თამარ ყუფუნია წარმოუდგენელი სისწრაფით კრეფდა. იყვნენ მოხალისე სკეპტიკოსებიც, რომლებიც ყოველდღე სვამდნენ ღვინოს პროტესტის ნიშნად (და არა ჩაის) და თბილისის ბირჟებზე იდგნენ მანამ, სანამ მილიცია გამოივლიდა კატეგორიული მოთხოვნით - დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ უსაქმურები. 1961 წლის 12 აპრილსაც ვერაზე, პეტრე მელიქიშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში, ყოფილი დუქნის („ტანც-გეურქას“) წინ, ამაყად იდგა რამდენიმე ახალგაზრდა მოქალაქე და მილიციელების გამოჩენამდე ცოტა ზედმეტად ხმაურიანად, მაგრამ დარდიმანდულად მუსაიფობდა. თუმცა, სანამ მილიცია მოვიდოდა, მშობლიურ ბირჟას (როგორც ერთგვარ სამსახურს) ტაატით მიუახლოვდა წინაღამენათევი და ნამთვრალევი, იმავე უბნის მკვიდრი რობინზონ ჯამასპიშვილი. სწორედ იმ დილით, როგორც კაცობრიობისათვის ცნობილია (იმავე კაცობრიობის ისტორიაში პირველად), ადამიანმა (კოსმონავტმა იური გაგარინმა), განახორციელა ღია კოსმოსში გაფრენა და ეს ინფორმაცია მიაწოდეს კიდეც ბირჟაზე ახალმოსულ, ნაბახუსევ ქართველ ახალგაზრდას, რომელმაც საპასუხოდ თქვა ისტორიული, დაუვიწყარი ფრაზა:

- მაგასა ჭამს ბიჭო, რობიზონა ჯამასპიშვილი?!.

როგორი დაუჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო რობიზონ ჯამასპიშვილისთვის საბჭოთა კოსმონავტიკის წარმატება, იური გაგარინი მაინც გაფრინდა კოსმოსში, იქიდან მთელს კაცობრიობასა და განსაკუთრებით კი, ანა მანიანის მხურვალედ მიესალმა და დედამიწაზეც მშვიდობიანად დაბრუნდა. მეტიც, საბჭოთა სისტემის უპირატესობის პროპაგანდის მიზნით ბედნიერ იური გაგარინს მთელს დედამიწაზე ბუშტებითა და ყვავილებით დაატარებდნენ და ეს იყო პირველი საბჭოთა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ სოციალისტური ქვეყნების მოქალაქეებს უღიმოდა, არამედ მთელს დედამიწას. შეიძლება, ამ ღიმილს ემსხვერპლა კიდეც მოგვიანებით, როცა დარდისაგან სმა დაიწყო და სრულიად უკონტროლოც გახდა - შესაბამისად არასასურველიც საბჭოთა ხელისუფლებისათვის და ის გაქრა ცაში, როგორც მილიონობით ადამიანი საბჭოთა მიწაზე.

აღარ იყო იური გაგარინი და, შესაბამისად, აღარ იყო პრობლემაც, რომელსაც იგი საბჭოთა ხელისუფლებას უცხოეთიდან დაბრუნებული უქმნიდა ხოლმე, რადგან ის ყოველთვის გულწრფელად ყვებოდა ყველაფრის შესახებ, რაც დასავლეთში მოსწონდა. განსაკუთრებით გიჟდებოდა ნამდვილ ამერიკულ ჯინსებზე და ოცნებობდა ნამდვილი ჯინსების წარმოებაზე მშობლიურ საბჭოთა კავშირშიც, რომ საბჭოთა მშრომელებსაც ჰქონდათ კარგი ჯინსები და მათაც, ამერიკელი მშრომელებივით, ამაყად ევლოთ საბჭოთა ქალაქების ქუჩებში.

სხვებს თუ ეეჭვებოდათ, გაგარინმა ხომ დანამდვილებით იცოდა, რომ კოსმოსის ათვისებაში საბჭოთა კავშირს, ბადალი არ ჰყავდა მაშინდელ მსოფლიოში და ჯინსების შეკერვას კი რაღა უნდოდა, მაგრამ იური გაგარინმა არ იცოდა, რომ ჯინსების შეკერვას ნემსისა და ძაფის გარდა, კიდევ რაღაც სჭირდებოდა, რაც საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, არ იყო. თუმცა, სურვილი კაპიტალისტური უპირატესობის დამარცხებისა იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა საქართველოში, კერძოდ კი ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში, ჯინსების შეკერვა მაინც დაიწყეს. არჩევანიც არ იყო შემთხვევითი, რადგან სურამში, (იქვე ხაშურთან), ქართველი ებრაელები ნამდვილ ჯინსებს ჰყიდნენ ჩუმად და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ამ ისტორიულ პროგრამას მაშინდელი ცეკას კულუარებში მართლაც საეტაპო სახელი ერქვა: „ჯინსებისა ჯინსებითა დამთრგუნველი!“...

პროგრამა კი მშვენიერი იყო და ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკაში შეკერილ პირველ ქართულ ჯინსებსაც მშვენიერი სახელი („ბაკურიანი“) ერქვა, მაგრამ, ამ პროგრამის ხარისხიანად განხორციელება მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა (გასაგები მიზეზების გამო), და ის ქართული ჯინსისმაგვარი შარვალიც, მხოლოდ ხაშურიდან ბაკურიანამდე ძლებდა ერთჯერადი მოხმარებისათვის და შეგეძლო ბაკურიანის მისადგომებთან ისე გადაგეგდო, გულიც არ დაგწყვეტოდა. იური გაგარინიც ისე მოკვდა, რომ საბჭოთა ჯინსები მაინც არ ეღირსა და მისი წინასწარმეტყველური ხუმრობაც გამართლდა - საბჭოთა კავშირი სწორედ იმიტომ დაიშალა, რომ კოსმოსის ამთვისებელ ზესახელმწიფოში, ჯინსების შეკერვა, უბრალოდ, ვერ შეძლეს.

თუმცა, ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოში მაინც ეწერა, რომ იური გაგარინმა კოსმოსში გაჭრა ფანჯარა. ის იყო პირველი და ისტორიის სახელმძღვანელოში ასევე ეწერა, რომ პეტრე პირველმაც გაჭრა ფანჯარა, ოღონდ ევროპაში და ჩვენ ზუსტად არც ვიცოდით, რას ნიშნავდა ევროპაში ფანჯრის გაჭრა, მაგრამ გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო დაახლოებით იგივე, რასაც გოზალა აკეთებდა ჭავჭავაძის პროსპექტზე.

გოზალა იყო ქურთი ან იეზიდი, ან ორივე ერთად და იჯდა ჭავჭავაძეზე ათასხუთასი ულამაზესი კაბით შემოსილი, როგორც ჭრელი ხიდი თბილისსა და ევროპას (ასევე დანარჩენ კაცობრიობას შორის) და იყო იმავე ასაკის, რასაც ჩვენი ქალაქი ითვლიდა დღიდან დაარსებისა, რადგან დღიდან მისი დაარსებისა, გოზალა თბილისში ცხოვრობდა.

იგი ნათესავებიანად ცხოვრობდა სადღაც ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ხეობაში, სანამ იქ ცათამბჯენებს ააშენებდნენ და მათი სიმღერების ხმა უფრო მაღლაც ადიოდა ხოლმე, როცა ჰქონდათ ქორწილი ან რომელიმე დღესასწაული რომელიმე ღმერთის სადიდებლად. თუმცა, ისინი ძირითადად მზეზე ლოცულობდნენ და მზეს ეთაყვანებოდნენ, რომელიც ჩვენ, მათგან განსხვავებით, დიდი ხნის წინ მივატოვეთ და მხოლოდ ცეცხლის თაყვანისცემა დავიტოვეთ და ისიც მხოლოდ პატარებისათვის. მაშინაც, ბავშვობაშიც, მხოლოდ ბავშვებს ახსოვდათ ზუსტად ის დღე, როცა საქართველოს ყველა სოფელსა და თბილისის ყველა უბანში კოცონს ააგიზგიზებდნენ ხოლმე და იმ კოცონების გარშემო კი ძალიან ბევრი საუკუნის წინანდელ რიტუალს ასრულებდნენ, რომელიც მხოლოდ პატარებს ახსოვდათ გენეტიკური მეხსიერების წყალობით. უფროსებს კი (ჩვენს საბჭოთა მშობლებს), არათუ ჩვენი მაზდეანური და წარმართული წარსული, ქრისტიანული აწმყოც დავიწყებული ჰქონდათ დროებით მაინც და თბილისის ქუჩებსა და ეზოებში დანთებული ცეცხლი, ჯორდანო ბრუნოს შესანდობარი ეგონათ.

თვითონ გოზალა კი ცეცხლთაყვანისმცემელი არ ყოფილა, ის ეთაყვანებოდა მზეს, ისევე, როგორც მისი წინაპრები ოცდაათი საუკუნის წინ და ეფიცხებოდა იმავე მზეს ჭავჭავაძის პროსპექტზე და თბილისის თაკარა მზის ქვეშ გველოდებოდა ჩვენ - ათეისტი მშობლების საბჭოთა ბავშვებს. ჩვენ მონდომებით ვაგროვებდით სახლიდან გამოტანებულ ფულს და ზოგჯერ ვითმენდით და არ ვჭამდით შესვენებებზე გაკვეთილებს შორის, რადგან გაკვეთილების შემდეგ ჩვენ გველოდებოდა გოზალა - ერთადერთი ფანჯარა საქართველოდან ევროპაში, ერთადერთი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოც იმავე პლანეტაზე არსებობდა, სადაც დანარჩენი კაცობრიობა და გოზალა თან ატარებდა იმ დანარჩენი ცივილიზაციის სამ ნიშანს: პედროს, დონალდოს და სუპერბაზუკას...

პედრო ღირდა ორმოცდაათი კაპიკი, დონალდო კი - მანეთი (სუპერბაზუკის ფასი მერყეობდა მომხმარებლის მოთხოვნილების მიხედვით). პედროს ინახავდა მეთორმეტე კაბის შიგნით და სანამ გოზალა გადამალულ ცივილიზაციას ეძებდა, ჩვენ ვკანკალებდით ცივილიზაციასთან კონტაქტის მოლოდინში და როცა გოზალა (როგორც იქნა) გამოიღებდა (მეთორმეტე კაბის ქვემოდან) სანატრელ პედროს, ჩვენ ვღეჭავდით მას როგორც სამოთხის ბაღის აკრძალულ ხილს და მზად ვიყავით სამოთხიდან გამოძევებისთვისაც კი ამ სიამოვნების სანაცვლად, მაგრამ საბჭოთა მილიცია სხვაგვარად ფიქრობდა. მილიცია ებრძოდა ქორვაჭრებსა და გადამყიდველებს (ქორვაჭარი მაშინ (საბჭოთა ეკრანიდან) უფრო შემაძრწუნებლად ჟღერდა ვიდრე ფრინველის გრიპი), მაგრამ ქორვაჭრებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ იმ მილიციელებსაც (ვინც ატენის ქუჩაზე გოზალას დასაპატიმრებლად ჩავიდოდნენ), ისევე აკლდათ პედრო და ჯინსები, როგორც საბჭოთა საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს და ამიტომაც, გოზალა ისევ იჯდა ჭავჭავაძეზე ათას ხუთასი ჭრელი, მაგრამ ულამაზესი გაშლილი კაბით.

0x01 graphic

გოზალა იყო უფრო პუტკუნა, ვიდრე მსუქანი და როცა ჭავჭავაძეზე იჯდა მოვლილი, მაგრამ დაღლილი ფარშევანგივით, შეიძლება, არც იცოდა, რომ ის იყო უძველესი ასირიული ცივილიზაციის ჩამომავალი და არა უბრალოდ აისორი, როგორც მას (და მათ) თბილისში უწოდებდნენ. თბილისში მათი დასახლებები სხვაგანაც იყო, მაგრამ ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირებზე ჩასახლებული გოზალას ნათესაობა მაინც ყველაზე ხმაურიანი იყო, რადგან იქ ბოშებიც ცხოვრობდნენ - ინდოეთიდან ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოში ჩარჩენილი ბოშები, რომლებსაც ევროპისკენ აღარ ეჩქარებოდათ. აქ, მდინარე ვერეს ნაპირებზე, ატენის ქუჩის ბოლოში, იყო ყველაფერი, რისთვისაც ბოშები ინდოეთიდან დაიძრნენ და ბოშურ ბედნიერებას კი შეიძლება ყველგან მიაგნოს ბოშამ, სადაც თავისუფლებას ეძებს. მთელს საბჭოთა იმპერიაშიც სწორედ ბოშები იყვნენ ერთადერთი თავისუფალი ხალხი და მხოლოდ ბოშები ცხოვრობდნენ ისე, როგორც მათ სურდათ და მოსწონდათ. მხოლოდ მათთვის არ არსებობდა საზღვარი, რომლითაც საბჭოთა ხალხები დანარჩენი ცივილიზაციისაგან იყვნენ შემოღობილები და არავინ იცოდა, როგორ შლიდნენ და აქრობდნენ საზღვრებს ბოშები იქ, სადაც ამ საზღვრების გადაკვეთა ჩიტებსაც უჭირდათ. ბოშები კი ჩიტებივით თავისუფლები იყვნენ და გარდა იმისა რომ ფრენაც შეეძლოთ, ჩიტებისაგან განსხვავებით პასპორტებიც არ ჰქონდათ. ისიც არავინ იცოდა საიდან ჰქონდათ ბოშებს ყველაფერი, რაც საბჭოთა ბავშვებს აკლდათ და ისიც არავინ იცოდა, საიდან ჰქონდა გოზალას სანატრელი პედრო და დონალდო. თუმცა გოზალა არ იყო ბოშა და ის ძველი შუმერულ-ასურიული ცივილიზაციის მემკვიდრე გახლდათ თბილისში, ატენის ქუჩაზე, მდინარე ვერეს მიტოვებულ ნაპირებზე.

ატენის ხეობაში პედროს გამო ჩასვლა როგორ დაგვეზარებოდა (თუკი უფროსკლასელები თბილისიდან სურამში დადიოდნენ ჯინსების მოსარგებად), მაგრამ ამის აუცილებლობა, უბრალოდ არ იყო. გოზალა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჯიპა ჰქონდა დამთავრებული და არც იესემი, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხებში მაინც მშვენივრად ერკვეოდა (დიპლომების გარეშეც) და ზუსტად იცოდა, რომ ჭავჭავაძის ხალხმრავალ პროსპექტზე, ყველაზე დიდი სკოლის წინ, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჯდომა, ყველაზე მომგებიანი იყო მისი ბიზნესის განვითარებისა და მისი მრავალტანჯული ხალხის კეთილდღეობისათვის.

გოზალა იყო მთავარი ფანჯარა ევროპაში, მაგრამ საქართველოს მაშინ კიდევ რამდენიმე (პატარა) სარკმელიც აკავშირებდა სხვა, დანარჩენ ცივილიზაციებთან და ჯინსებთან ერთად თბილისამდე საღეჭი რეზინებიც აღწევდნენ. საღეჭ რეზინებს საქართველოში მრავალი სახელი ჰქონდათ, გასაგები მიზეზის გამო, და მათ უწოდებდნენ როგორც „ჟუვაჩკებს“, ასევე „ჟივაჩკებს“, „ჟუაჩკებს“ და „ზივაჩკებსაც“ კი. იყვნენ ადამიანები საბჭოთა საქართველოში, რომლებიც საღეჭ რეზინებს კევებს უწოდებდნენ (ალბათ ფიჭვის ხეების გავლენით) და ბოლოს ამ ტერმინმა იმძლავრა კიდეც. საბჭოთა ხელისუფლებაში კი იმძლავრა სურვილმა ადგილობრივი, საბჭოური კევწარმოების შექმნისა დასავლური, მავნე გავლენებისაგან ხალხის დასაცავად და პირველად (1917 წლის გადატრიალების შემდეგ), კრემლმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტბიუროს სპეციალურ სხდომაზე. სხდომა იყო გრძელი და მძიმე, რადგან მომხსენებლები დიდხანს საუბრობდნენ კაპიტალისტების მზაკვრულ და ვერაგულ გეგმებზე საბჭოთა ახალგაზრდობის გარყვნის მიზნით და ბოლოს, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა იკითხა, თუ ვინ გადაარჩენდა საბჭოთა ახალგაზრდების მომავალს, სხდომაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

დუმილი ფრთხილი ჩახველებით დაარღვია საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელმა და მან ფრთხილადვე გამოთქვა ვარაუდი (ამ თვალსაზრისით) მომავალი სომხური მესიანური მისიის შესახებ, თუ სომხები საღეჭი რეზინის წარმოების ნებართვას მიიღებდნენ.

ერევანთან ძალიან ახლოს, ძალიან მოკლე დროში, კევების პირველი საბჭოთა ქარხანა მართლაც გაიხსნა და ამ ქარხანაში დამზადებული საღეჭი რეზინები ძალიან მალე, მთელს საბჭოთა იმპერიაში იყიდებოდა, ისევე, როგორც ყველგან თბილისის მაღაზიებში. ეს მართლაც ძნელად დასაჯერებელი სიახლე იყო საბჭოთა ბავშვებისთვის, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარ არიან ისინი, ვისაც ერევნის ევი არ დაუღეჭავს, რადგან ეს იყო ქვა და არა რეზინა და ქვის დაღეჭვაც თუ შეიძლებოდა, ქართველებმა მართლა არ იცოდნენ.

ქართველებმა (საუკუნეების მანძილზე) იცოდნენ, რომ მათ წინაპრებს შორის იყო ვინმე ნაცარქექია, რომელმაც არაერთხელ ადინა ქვას წვენი. ქართველებმა ასევე იცოდნენ, რომ ქვის გადაყლაპვა შეიძლებოდა, მაგრამ ქვის დაღეჭვაზე, საბჭოთა სომხეთის ექსპერიმენტამდე, წარმოდგენა არ ჰქონდათ. ქვის გადაყლაპვა კი, არათუ შესაძლებელი, სასურველიც კი იყო ქართველებისთვის ქალაქში შესვლის წინ. ეს ტრადიციაც იმიტომ გაჩნდა, რომ ქართველები ძირითადად სოფლებში ცხოვრობდნენ და ის რაც ქალაქებში ხდებოდა, იმდენად უჩვეული იყო მათთვის, რომ, ემანდ ქალაქმა არ დაგვცადოსო და პირველშესვლის წინ კენჭებს ყლაპავდნენ. წესი იყო კენჭის გადაყლაპვისა, მაგრამ განსაკუთრებით მონდომებული (ან შეშინებული) ქართველები, ქვებსაც ეტანებოდნენ, (ვაითუ კენჭმა არ იკმაროსო). ილია ჭავჭავაძესაც (პირველად რომ თბილისს მიადგა) კენჭი გადააყლაპეს და თურმე ბევრიც იცინა, მაგრამ ქვის დაღეჭვაც თუ მოუწევდათ მის საყვარელ ქვეყანაში ადამიანებს, დიდი ილიაც კი ვერ წარმოიდგენდა. არადა, სულ რაღაც ერთი საუკუნის შემდეგ, სულ სხვა გზით წასულმა მისმა ხალხმა, ქვათა ღაღადის მოსმენასა და წაკითხვას, ისევ ქვების ღეჭვა ამჯობინა სომხების წყალობით. მართალია უფროსები თავს იკავებდნენ და ერევნის კევწარმოებას არც აღიარებდნენ, მაგრამ ქართველი პიონერები მაშინ ტექნოლოგიურად სრულიად ჩამორჩენილი საბჭოთა სტომატოლოგიის კლიენტები ხდებოდნენ.

პიონერები კი ძალიან ბევრნი იყვნენ და პიონერების ორგანიზაცია თითქმის მაშინვე გაჩნდა, როცა ბოლშევიკებმა შეიარაღებული გადატრიალება მოახდინეს რუსეთში და ძალაუფლებას დაეპატრონნენ. გამოსაგონებელიც ბევრი არაფერი იყო, რადგან ბოისკაუტები უკვე არსებობდნენ, საბჭოთა ხელისუფლებამ კი ინგლისელების გამოცდილებას საბჭოური ატრიბუტიკა და იდეოლოგია დაამატა. განსხვავებაც სწორედ ის იყო, რომ სკაუტი (მაგალითად ინგლისში), შეიძლება სურვილისამებრ გამხდარიყავი, მაგრამ პიონერობა საბჭოთა კავშირში, ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელი იყო და წითელი ყელსაბამითაც აუცილებლად გაგნასკვავდნენ. ამ წითელი ყელსაბამით შეგეძლო თავიც ჩამოგეხრჩო, მაგრამ ბოლშევიკების მზაკვრობაც სწორედ ის იყო, რომ თავის ჩამოხრჩობაზე ფიქრს რომ იწყებდი, პიონერი უკვე აღარ იყავი - კომკავშირული სამკერდე ნიშანი გელოდა. კომკავშირში შესვლა აღარ იყო აუცილებელი (თუმცა იყო მასობრივი), მაგრამ ის უპირატესობა ჰქონდა, რომ წითელი ყელსახვევის ტარებას უკვე აღარ მოითხოვდნენ შენგან და რაც მთავარია, კომკავშირის სამკერდე ნიშანი იყო ძალიან პატარა. მართალია ოფიციალურად, განუყრელად შენთან ერთად უნდა ყოფილიყო კომკავშირის სამკერდე ნიშანიც, მაგრამ სკოლის უნიფორმა ისეთი იყო (საბჭოთა პერიოდში), რომ ყველაფერი სულერთი ხდებოდა შენთვის, მათ შორის კომკავშირიც.

საბჭოთა სკოლის უნიფორმაც ბიჭებისთვის თავიდან იყო ქვის, რომელსაც აბრტყელებდნენ და კერავდნენ შარვლებად და კოსტუმებად, თუმცა ყველანაირი ქვა (ამ მიზნით) ბუნებრივია არ გამოიყენებოდა. რუსები უპირატესობას ანიჭებდნენ რიყის ქვებს, რომლებსაც წყალი ვეღარ წვდებოდა (შესაბამისად იმ ქვებს სტაბილური ფერი ჰქონდათ), მაგრამ კონკრეტულად, რა ფერის იყო საბჭოთა სკოლის უნიფორმა, მაშინაც ძნელი სათქმელი იყო და ახლა მითუმეტეს ძნელია.

ეს იყო კაცობრიობისათვის მანამდე სრულიად უცნობი, ენითაღუწერელი ფერი, რომელსაც არათუ ცისარტყელა, მიწის არცერთი სარტყელიც არ შეიცავდა. თუმცა, ბოლშევიკები გაურკვევლობას ვერ იტანდნენ და მოგვიანებით სკოლის ფორმებიც შეცვალეს და მშობლებმაც ამოისუნთქეს, რადგან სანამ საბჭოთა კავშირში ავტოკალამი (ეგრეთწოდებული პასტა) გაჩნდებოდა, მოწაფეებს სკოლაში ჩანთებზე წამოკონწიალებული სამელნეები დაჰქონდათ. ბუნებრივია, სამელნე მელნით სავსე უნდა ყოფილიყო (შიგ საწერი კალმის ჩასაწობად) და ადვილი წარმოსადგენია, როგორი მელანშიამოტუტყნულები ბრუნდებოდნენ შინ საბჭოთა მოწაფეები. რასაკვირველია, ეს არ იყო გიშრის ტბის მელანი (სხვათა შორის, ბერბერულ ალჟირშია), რომელსაც შოთა რუსთაველი ხმარობდა, მაგრამ (ტვინში თუ არა), ტანსაცმელზე ლურჯ კვალს მაინც ტოვებდა. ჰოდა, რადგანაც მელანი ლურჯი იყო (და საბჭოთა მოწაფეც მაინც ისვრებოდა), საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სკოლის უნიფორმაც, ბარემ ლურჯი ყოფილიყო. იმ ლურჯ სიახლეს მოსკოვის ფორმა ერქვა.

სინამდვილეში ყველა ფორმა (სკოლაც, ჯარიც და ავიაციაც) მხოლოდ მოსკოვის იყო, მაგრამ იმ ლურჯ შარვალსა და პიჯაკს იმიტომ დაერქვა მოსკოვის ფორმა, რომ დასაწყისში ეს სიახლე მხოლოდ მოსკოვში მცხოვრობ მოწაფეებს ეცვათ. იმპერიის დედაქალაქი მოსკოვი იყო, ჩვენ კი მხოლოდ პროვინციული გუბერნია-რესპუბლიკა ვიყავით და საქართველომდე ახალი ფორმების ჩამოღწევას მაინც დრო უნდოდა. თუმცა, მაინც იყვნენ ქართველი მამები (და, ალბათ, ყველაზე მეტნი სხვა რესპუბლიკებთან შედარებით), რომლებსაც გული არ უთმენდათ (ისე უნდოდათ შვილების გახარება) და მოსკოვში მიფრინავდნენ. იქ, მოსკოვში, სადღაც, კრემლთან ახლოს, იყო ორი მაღაზია, ორი ქართული სიხარული, სადაც ქართველი ქალები ფლოსტებითაც კი დატყაპუნებდნენ ხოლმე (თუ იქვე, რომელიმე სასტუმროში ცხოვრობდნენ), მაგრამ მოსკოვის ფორმები, ძირითადად, მაინც ქართველ მამებს ჩამოჰქონდათ. ყიდულობდნენ იმ ორი დიდი მაღაზიიდან ერთ-ერთში, რომელთა სახელებიც ყველა ქართველმა დედამ იცოდა, თუმცა ამ სახელების მნიშვნელობა ისეთივე გაუგებარი და ამოუხსნელი იყო მათთვის, როგორც ფლოსტები და ჩუსტები.

მოსკოვისა და საბჭოთა იმპერიის ორ ყველაზე დიდ მაღაზიაში (სადაც ქართველი ქალების ნახვა შეიძლებოდა ჩუსტებშიც და ფლოსტებშიც), ზოგჯერ უცხოური წარმოების ფეხსაცმელებიც იყიდებოდა. ქართველები, მაშინაც განსაკუთრებით მგრძნობიარენი, ფეხსაცმელების მიმართ იყვნენ და ფეხსაცმელის მიმართ საქართველოში, მაშინაც განსაკუთრებული მოთხოვნილება არსებობდა. ამიტომაც გუმში და ცუმში, ფეხსაცმელების ახალი პარტიის (ეგრეთწოდებული იმპორტულის) გამოჩენის ამბავი, დაუყოვნებლივ აღწევდა მოსკოვიდან ათასზე მეტი კილომეტრით დაშორებულ საბჭოთა საქართველომდე. თბილისში (გასგები მიზეზების გამო) განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდებოდა ცნობები გუმისა და ცუმის განახლების შესახებ და ქართველები ისევ მოსკოვში მიფრინავდნენ. ძირითადად ეს იყო „ცებოს“ (ჩეხური ან სხვა სოციალისტური წარმოების ფეხსაცმელი) და იშვიათად „ტოპმენი“ ან „სალამანდრა“ (კაპწარმოებისა), მაგრამ ფეხშიშველი სიარული ქართველებს იმთავითვე არ უყვარდათ, როგორც (მაგალითად) რიგში დგომა. თუმცა, რიგში დგომა მათ არ უწევდათ, რადგან ისინი რიგსაც ყიდულობდნენ (რიგის ნომერს საბჭოთა მოქალაქეებს, მაღაზიების მისადგომებთან, პირდაპირ ხელებზე აწერდნენ) და ფეხსაცმელშეძენილ ქართველ კაცებს ისღა დარჩენოდათ რომ ადგილობრივი (ან დედაქალაქში დანარჩენი რუსეთიდან ჩამოსული) ქალები მოეტყნათ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტიმურ კავშირში შესვლა, ქართველი მამაკაცებისათვის საკმაოდ იოლი იყო, რადგან რუსი ქალებისათვის (უმრავლესობისათვის) მაშინ სექსუალური ალტერნატივა, არ არსებობდა. ასეთი ქალების აღმოჩენა მოსკოვში ან რუსეთის ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ რესტორანში ძალიან ადვილი იყო და რაც მთავარია, ისინი არ იყვნენ პუტანკები კლასიკური ან დღევანდელი გაგებით. ისინი არ ითხოვდნენ ფულს სექსის სანაცვლოდ და ხშირ შემთხვევაში რესტორანში დაპატიჟებითაც კმაყოფილდებოდნენ. იმ კმაყოფილ და ბედნიერ ქალებს (ძირითადად), ჰქონდათ თმის უცნაური, დაკოსილი ვარცხნილობა და გიჟდებოდნენ ცეკვებზე. ხოლო თმის ვარცხნილობის გავლენით გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, თბილისის საპარიკმახეროების ვიტრინებზეც კი არსებობდა საკმაოდ სურეალისტური შინარსის განცხადებები: „ვაკეთებთ პოლონურ ქოჩორ ბუჩქს...“

პოლონეთი მაგარი ქვეყანა იყო და რუსებს ყოველთვის ებრძოდა, მაგრამ მაშინაც კი, როცა პოლონელებს ხვრეტდნენ თავისუფლების გამო, პოლონელი ბარიგები საბჭოთა საქართველომდეც კი აღწევდნენ კომერციული მიზნების განსახორციელებლად. მოსკოვის დამოკიდებულებაც პოლონეთის მიმართ იცვლებოდა ხოლმე და თუ ზოგჯერ პოლონეთის საზღვარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, არცთუ იშვიათად გახსნიდნენ ხოლმე და ათასობით საბჭოთა ტურისტს, პოლონეთში უშვებდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველებიც (შეიძლება სხვებზე მეტნიც) და მათ პოლონეთიდან ნამდვილი საღეჭი რეზინები ჩამოჰქონდათ - ისეთები, როგორიც გოზალას ჰქონდა ან ისეთები, თბილისის სახელმწიფო ცირკთან რომ ჰყიდდნენ რომელიღაც მომთაბარე თუ მოხეტიალე ტომის ქალები. ცირკის მისადგომებთან (რომელიც ბოლოს ქართველ პუტანკებს დარჩათ), ჯადოსნური ჟუვაჩკებიც კი იყიდებოდა, მაგრამ თვითონ ცირკში მოხვედრა, ერთობ პრობლემატურიც კი იყო, თუ თბილისში საგასტროლოდ (მაგალითად) იგორ კიო ჩამოდიოდა. რადგან სხვა შოუ და სანახაობა არ არსებობდა, არათუ კიოს ცირკს, ოთარ რატიანის წარმოდგენასაც კი, მთელი თბილისი და საქართველო ესწრებოდა დიდიან-პატარიანად. უფროსებიც ისევე სიამოვნებითა და სიხარულით დადიოდნენ ცირკში, როგორც პატარები და ბავშვებისაგან განსხვავებით, ქართველ მამებს, ცირკისაკენ გული (და თვალები), სხვა მიზეზის გამოც მიუწევდათ. ცირკი იყო ერთადერთი ადგილი მაშინ, სადაც შიშველი ქალების ნახვა შეიძლებოდა, თუმცა აკრობატებს შორის, ასაკოვანი ქალებიც იყვნენ ხოლმე და მალაყების შესრულებისას, მათ გამო, ხალხი ღელავდა კიდეც. ამ აღელვებულ ხალხს კიდევ უფრო ძაბავდა ხოლმე ორკესტრი, რომელიც ცოცხლად ასრულებდა მკაცრად განსაზღვრულ რეპერტუარს, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი მშვიდობიანად სრულდებოდა. ხალხიც იშლებოდა, დედები და ბავშვები სახლში მიდიოდნენ ბუშტებით. მამები კი ყვავილებით ხელში, ცირკის უკანა გამოსასვლელთან ელოდნენ თავგანწირულ აკრობატებს. აკრობატი ქალები (რუსები ან ზოგადად სლავები) სასტუმროში ცხოვრობდნენ საბურთალოზე, სადაც შამპანურით აღინიშნებოდა ხოლმე ყოველი წარმოდგენის წარმატებული დამთავრება...

29 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


დარჩით ჩვენთან!“

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

გიორგი გვახარია
ნაწილი ოცდამეორე

1994

სანამ პროგრამას დავგეგმავდით, თავისი წიგნი მაჩუქა - „ჩარლი. „პატარა ადამიანი“? არა, გმირი“.

რასაკვირველია, შევეკამათე, როგორ იყო გმირი, მთელი ცხოვრება გმირებს და კერპებს დასცინოდა-მეთქი.

ვიგრძენი, რომ ეწყინა. მისი წყენინება კი არ მაწყობდა; როცა ვეტყოდი, რის ჩვენებას ვაპირებ „სარკმელში“, გაიბუტებოდა და ისევ დამიწყებდა ახსნას, რომ ჩემი გადაცემა „ილუზიონს“ არ უნდა დაემსგავსოს.

შეფი როცა გაგიბრაზდებათ, გირჩევთ, არასდროს დაიხიოთ უკან. უბრალოდ, შეეცადეთ კონფლიქტს (ან, მოსალოდნელ კონფლიქტს) ექსცენტრული კომედიის სახე მისცეთ.

„ბატონო ოთარ, იცით, გუშინ ინსპექტორმა გამაჩერა. სანამ საბუთებს ვუჩვენებდი, შემათვალიერა და მკითხა: „უი, შენ სეფიაშვილი არა ხარ?“

მეგონა, ესიამოვნებოდა. არა, ამ ამბავმა დიდად არ მოხიბლა.

„ვეღარ დამიმახსოვრა რა ამ ხალხმა. ხან ოთარ სეფიაშვილს მეძახიან, ხანაც იცით, ვის? სერგი გვარჯალაძეს!“

ალბათ, იმიტომ, რომ ერთი წელი არ იყავი საქართველოშიო, მოკლედ მომიჭრა და მიმანიშნა, რომ საქმეზე უნდა გადავსულიყავით. მაგრამ საქმეზე ლაპარაკი ჯერ ადრე იყო. წავაგებდი.

შეფებთან ურთიერთობის ეს რეცეპტი, ცხადია, უნივერსალური არ არის. შეფსაც გააჩნია; ოთარ სეფიაშვილი, კაცი, რომელმაც საქართველოს კინო შეაყვარა, განსაკუთრებული შეფი იყო. შეფი-კინომანი. ყველა კინომანს კი ერთი საერთო თვისება აქვს - ცნობისმოყვარეობა. კინომანები სტატიკურ სივრცეს ვერ იტანენ. იღზნებიან კამათზე და სანთლით ეძებენ ადამიანებს, რომლებიც უკვე შექმნილ „კონსტრუქციებს“ დაუნგრევენ.

პაზოლინიზე ჩამოვუგდე სიტყვა. ვიცი, რომ არ გიყვართ ეგ კაცი და მოდით, მე ვუჩვენებ-მეთქი მის ფილმებს.

„- კარგი რა. პაზოლინი რა რეჟისორია - კომუნისტი და თანაც პედერასტი!“

ჰო, დამავიწყდა. თუკი შეფმა ჰომოფობური აზრი გამოთქვა, „გენეტიკურ რეკომბინაციებზე“ მსჯელობა არ დაიწყოთ. კამათი იქამდე მივა, რომ „ეს არაბუნებრივია“, „სოდომის და გომორის ცოდვაა“... მერე აუცილებლად დაგეზარებათ ლაპარაკი. სჯობს, ყურადღების გადატანის გამოცდილ ხერხს მიმართოთ.

„- ბატონო ოთარ, ვისკონტის ფოტო რომ გიკიდიათ კაბინეტში...ეტყობა არ იცით. პედერასტიც იყო და სხვათა შორის, კომუნისტიც“

მიტრიალდა და კაბინეტის კუთხეში, ჭიკარტით დამაგრებულ სურათს შეხედა - ლუკინო ვისკონტი „ლეოპარდის“ გადაღებაზე, ბერტ ლანკასტერის გვერდით.

„მაგრამ, ეგ ხომ ზემოდან იწვა? ასე არ არის?“

ეს თქვა და გაეღიმა. ოღონდ, ჩემს ენამოსწრებულობაზე კი არა, ჩემს ეშმაკობაზე გაეღიმა. იცოდა, რომ დიდი ხანია „გამოჭერილი“ მყავდა - ვისკონტი მისი სისუსტე იყო. მისი და ჩემი სისუსტე.

სუსტებს კი ჩხუბი სად შეგვიძლია? ადვილად ვთმობთ ყველაფერს. რაღაცნაირად... გვეზარება ჩხუბი. ყველაზე ხშირად „ჰოს“ ვამბობთ და მუდმივად ვიპარებით ბრძოლის ველიდან. ჩვენს დეზერტირობას კი იმით ვამართლებთ, რომ „ძალადობა არ შეგვიძლია“. ლამაზი სახელიც დაგვარქვეს - „პაციფისტები“!

რა თქმა უნდა, პაციფისტებს შორის მხდალიც ბევრია და კონფორმისტიც. „რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ ნუ იომებთ, რადგან ომი ჩემს პატარა სამყოფელს გამინადგურებს და ვაი-ვაგლახით შეგროვილს დამიკარგავს“. ამის მერე იწყება - „მე ყველა მიყვარს“, „მტერი ჩემთვის არ არსებობს“ - რიტორიკა, რომელსაც კაცობრიობა პაციფისტებს მიაწერს ხოლმე.

მაგრამ იესო ქრისტეს, ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნიო, რომ ამბობდა, „წვრილ ბურჟუას“ ნამდვილად ვერ უწოდებ. ვერც შაკიამუნის (იგივე ბუდას) დააბრალებ, მშიშარა იყო და ამიტომ უარყოფდა ძალადობასო. ვერც ჯენის ჯოპლინზე იტყვი, ფარისევლობდა, როცა ვუდსტოკის ფესტივალზე განაცხადა, ჩვენ არ გვჭირდება ლიდერი, ჩვენ ერთმანეთი გვყავსო.

თუკი მილიტარისტებს ეჩხუბებით, გირჩევთ, პაციფისტების გამართლება არ დაიწყოთ. უბრალოდ, ეს კარგი ხალხი ჩამოთვალეთ. გარწმუნებთ, გაგეცლებიან. ოღონდაც გახსოვდეთ, მტრედი, მართალია, შინაურ ფრინველად ითვლება, და, როგორც წესი, უწყინარია, თუკი გაბრაზდა - ყვავ-ყორნებსაც გამოთხრის თვალებს. ისტორიაში ყოველთვის დგება მომენტი, როცა ადამიანთა საყოველთაო ძმობის მეხოტბენი (ე.ი. პაციფისტები) უპირისპირდებიან იმათ, ვინც ძმობას (ან „და-ძმობას“) არ ცნობს. ადამიანები თავისუფლებას ქადაგებენ, სახიფათო მტრის მიმართ კი იძულებულნი არიან, იარაღი გამოიყენონ. იარაღის სახეს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა - შეიძლება ტანკი იყოს, შეიძლება ავტომატი, შეიძლება შურდული, კომბალი, ან, უბრალოდ, სიტყვა. ამ უკანასკნელს რომ ადამიანის მოკვლა შეუძლია, პაციფისტებმა კარგად იციან. მაგრამ, აბა, სხვა რა ქნან? „ამბობენ“ და კლავენ. „სახიფათო მტერი“ კი, იცოცხლე, პაციფისტებსაც ბლომად ჰყავთ.

„პარანოიკი იყო ეგ შენი პაზოლინი. ოიდიპოსის კომპლექსით დათრგუნული. ამას კი...“

დიდხანს ეძებდა სიტყვას. სრული კომფორტისთვის წამოდგა, სკამი მოატრიალა, ზურგი შემაქცია და ვისკონტი-ლანკასტერის ფოტოს „დათვალიერება“ დაიწყო

„...ამათ კი ესმოდათ, რომ დათმობა გმირობაა“

ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა ეს სიტყვები. როგორც ქართველები იტყვიან - „გულდაკლებულად“.

ის-ის იყო „პაზოს“ გამართლება უნდა დამეწყო, რომ ოთარ სეფიაშვილის კაბინეტში ტელევიზიის ერთი თანამშრომელი შემოვიდა, გაზეთ „7 დღით“ ხელში. შუახნის, ჭაღარა ქალი იყო, რომელიც რატომღაც ასე მესალმებოდა „გამარჯობა, გვახარია!“. გულწრფელი ქალი - არასოდეს მალავდა, რომ ვერ მიტანდა.

„ბატონ ოთართან არა მაქვს საქმე. შენ გეძებდი, ბოშო... რა არის ეს? ტელევიზია არ გყოფნით და ახლა გაზეთებიდან გვასწავლით ჭკუას?“

ჯერ ვიფიქრე, ჩემმა წერილმა გააღიზიანა მეთქი - ბერლინის ფესტივალის მიმოხილვამ, სათაურით „სექსუალური უმცირესობანი, რევოლუცია და შიდსი“. წერილში საგანგებოდ იყო გამოყოფილი ადვოკატის სიტყვები „ფილადელფიაში“: „ამერიკის კონსტიტუციაში არ წერია, რომ ყველა ნორმალური ადამიანი თანასწორია. იქ წერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია!“

0x01 graphic

მაგრამ აღმოჩნდა, რომ „შვიდ დღეში“ ჭაღარა ქალბატონი აღაშფოთა არა ჩემმა, არამედ მაია გოგოლაძისა და ლია ტოკლიკიშვილის წერილმა „და ხვალ იყო ომი...“ ოთარ სეფიაშვილს გაზეთი გადაუშალა და საგანგებოდ შემოხაზული ადგილი წაუკითხა: „საქართველოს ომს ვერ მოაგებინებდა ზეადამიანობისა და ძმაბიჭობის ინსტიტუტი“

ასეთი პუბლიკაციების გამო „7 დღეს“ განუწყვეტლივ არბევდნენ. თანაც, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები. რედაქციაში ხუმრობდნენ, რომ გაზეთმა მთელი საქართველო გააერთიანა - ზვიად გამსახურდიას მომხრეები (ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალება შევარდნაძის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა და რომ გამსახურდია ჰელსინკში იმყოფება), კანცელარია, „ედპ“ (საწყალი დათო ბუხრიკიძე - მაგრად მოხვდა მაშინ ყბაში), პარლამენტი...

„პაციფიზმი“ - ის ბრალდება იყო, რომელიც ლამის მთელმა საქართველომ დაუდო გაზეთს. „7 დღეს“ ნაკლებად აინტერესებდა „გუშინდელი“, ან, თუნდაც „ხვალინდელი“ ომი. წლის დასაწყისში, როცა გაზეთში დაიბეჭდა პუბლიკაცია სათაურით „მხედრიონი და ოპერა“, ნათელი გახდა, რომ გაზეთი ერთ ძალიან სერიოზულ თემაზე აპირებდა დისკუსიის დაწყებას - ომი, მაშინაც კი, როცა წაგებულია, ჯარისკაცს გმირულ სახეს ანიჭებს. თუმცა, ამავე დროს, სწორედ ომი აჩვევს ჯარისკაცს სისასტიკეს. სწორედ ომი ამძაფრებს ძალაუფლებისკენ სწრაფვის ვნებას.

„მხედრიონის“ ლიდერების, ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობა თბილისის ცენტრში.

რუსთავის „მხედრიონის“ ლიდერის, თემურ ტალახაძის მკვლელობა (მისი თანხმობის გარეშე რუსთავში მაშინ ჯიხურსაც კი ვერ გახსნიდი).

ერთნი ამტკიცებდნენ, ძალაუფლების გადანაწილება დაიწყოო. მეორენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 94 წელს საქართველოში თავად ხელისუფლება მოგვევლინა ტერორისტის როლში - მთავრობა იმ ხალხისგან თავისუფლდებოდა, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში.

შეფმა ისევ მოატრიალა სკამი. ჭაღარა ქალბატონს გაზეთი გამოართვა. გადაათვალიერა და ღრმად ამოიოხრა:

„საწყალი თენგიზი!“

არ მახსოვდა, რომ „7 დღის“ ამ სკანდალურ ნომერში დათო ბუხრიკიძემ თენგიზ აბულაძის დაკრძალვის ცერემონია აღწერა. ჩამოთვალა ხალხი, ვინც სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა - ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, ვახტანგ გოგუაძე... და დაუმატა: „ეს იყო ხელოვანის დაკრძალვა, რომელსაც ბევრი ახალი და ძველი არავიძე მიუყვებოდა“

„დათოს წერილზე ამბობთ? ეგ ბიჭი ჩემი პირველი სტუდენტია!“

ამაყად განვაცხადე და რატომღაც იმ ჭაღარათმიან ქალს გავხედე, ხან „გვახარიას“ რომ მეძახდა, ხანაც „ბოშოს“.

„შენ რომ არ გიყვარს „მონანიება“? არ გემორჩილებიან ყოფილი სტუდენტები?“

გადავწყვიტე ამეხსნა შეფისთვის, რომ მხოლოდ მიხარია, როცა სტუდენტები პედაგოგების აზრების ტირაჟირებას არ ეწევიან... რომ თაობების ომი ბუნებრივია. ამით ორ კურდღელს მოვკლავდი - „პაზოსაც“ ვუშველიდი (თავისი ოიდიპოს კომპლექსით) და იმ ჭაღარა ქალბატონსაც დავარწმუნებდი, რომ მე არა ვარ პაციფისტი! არა ვარ!

სიგარეტს მოვუკიდე და დიდი მონოლოგისთვის მოვემზადე. მაგრამ ქალმა არ მაცალა:

„იცი რატომაა ეს გაზეთი საზიზღრობა, ბოშო? სანამ შენი რედაქცია ბანდიტიზმში დაადანაშაულებდა „მხედრიონს“, ჯერ, სჯობდა, გაერკვია, ვინ აფინანსებს სატელევიზიო ფესტივალ „მანას“, რომლის ჟიურის თავმჯდომარე ამ გაზეთის აქტიური ავტორი - გვახარიაა!“

აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე - „მანა“! პირველი სატელევიზიო ფესტივალი, რომლის გამოც ნახევარი ტელევიზია აღარ მესალმებოდა. განსაკუთრებით ფინალის წინ, როცა საუკეთესო გადაცემების, საუკეთესო წამყვანების ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა, მაგალითად, გადაცემა „ტაიმ-აუტის“ ავტორი ნატო ონიანი... სამაგიეროდ ნომინანტებს შორის ლიდერობდა ტელეკომპანია „იბერვიზია“, რომელსაც, როგორც ბოროტი ხალხი ამბობდა, ბოდიში კალამბურისთვის, მაგრამ მართლაც „ბოროტები“ აკონტროლებდნენ.

ნომინანტებს შორის არ იყო „ილუზიონიც“. ეს პროგრამა საერთოდ არ იყო წარდგენილი სატელევიზიო ფესტივალზე.

0x01 graphic

„...ამათ კი ესმოდათ, რომ დათმობა გმირობაა“ - ამიტომ ხომ არ მითხრა ეს ოთარმა?

„ჭაღარა ქალი“ მართალი აღმოჩნდა - პირველი „მანას“ ფინალურ შოუში, რომელიც ფილარმონიაში მოეწყო, „ფინანსური დახმარებისთვის“ საგანგებოდ გადაუხადეს მადლობა ჟიურის წევრს, კოტე ჯაბას-ძე იოსელიანს. თუმცა ეს კაცი ხომ ჟიურის არც ერთ სხდომას არ დასწრებია?! მხოლოდ დასკვნით შეხვედრაზე მოვიდა. ისიც დაგვიანებით, როცა გამარჯვებულების ვინაობა უკვე გარკვეული იყო.

მაგრამ სინდისი, ხომ იცით, როგორი მუხთალი რამეა. რამდენიც არ უნდა იმართლო თავი, თუკი გაიღვიძა, დედას გიტირებს!

30-იანი წლების ამერიკულ ტრილერებში ხდება ასე. პერსონაჟს თავში რაღაც აზრი მოსდის, მაგრამ ჯერ ვერაფერს ხვდება. სამაგიეროდ, ამ „გამონათებას“ გრძნობს მაყურებელი, რომელიც ელოდება, როდის გაიაზრებს გმირი სიახლეს, როდის მიხვდება, რომ „კონსტრუქცია“ დაენგრა თავში. კლასიკური ამერიკული ტრილერის, უფრო სწორად „ფილმ-ნუარის“ დრამატურგიის კანონით, „გამონათების“ შემდეგ გმირის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს.

ჰოდა, თუკი თქვენს თავს ახლა „ფილმნუარის“ მაყურებლად წარმოიდგენთ, დაინახავთ სატელევიზიო ფესტივალ „მანას“ ცოტა არ იყოს დაბნეულ და გუნებაწახდილ ჟიურის თავმჯდომარეს, რომელმაც იგრძნო, რომ უსამართლობის სამსახურში ჩადგა. იგრძნო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა ეს.

ჩანთაში ჩავიდე „ჩაპლინი“ და „მანას“ ჟიურისგან დაჩაგრულ ტელევიზიის ვეტერანებს გამოვემშვიდობე. ვითომ ვერ გავიგე რა მომაძახა შეფმა: „ვისკონტიზე როდის ვილაპარაკოთ, გოგი?“

მეორე დღეს, „ილუზიონში“ ოთარ სეფიაშვილმა „ვესტსაიდის ისტორია“ აჩვენა. რობერტ უაიზის, ჯერომ რობინსისა და ლეონარდ ბერნსტაინის ამ ფილმს „ვესტსაიდის ამბავი“ უწოდა და ილაპარაკა უფრო მეტი, ვიდრე, ჩვეულებრივ, ლაპარაკობდა ხოლმე. რა ვიცი. დღესაც მგონია, რომ ყველას მიმართავდა მაშინ - ძველ და ახალ არავიძეებს, იმათ, ვინც თავის თავს „ბოროტები“ უწოდა და იმათაც, ვინც დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობას და სილამაზეს ემსახურებოდა.

მეც მომმართავდა.

1961 წელს გადაღებული „ვესტსაიდის ისტორია“ ჩვენს ეკრანებზე მხოლოდ 1980 წელს გამოუშვეს. 20 წუთი ამოჭრეს, რამდენიმე სიმღერა კი რომელიღაც ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს „გაახმოვანებინეს“ რუსულ ენაზე.

ნომერი პირველი მიუზიკლი მსოფლიო კინოს ისტორიაში საბჭოთა ეკრანებიდან რამდენიმე დღეში მოიხსნა. პუბლიკა ჯგუფ-ჯგუფად გადიოდა კინოთეატრებიდან. კრიტიკოსებსაც ძალიან სწორხაზოვნად მოეჩვენათ ეს ყველაფერი. მითუმეტეს, რომ მარიას და განსაკუთრებით ტონის როლების შემსრულებლები ცუდად თამაშობენ და არც ისე კარგად მღერიან.

„ვესტსაიდის ისტორიას“ მეც მერჩივნა თუნდაც რობერტ უაიზის ძველი, ჯერ კიდევ მაკარტიზმის ხანაში გადაღებული ფილმი „დღე, როცა დედამიწა გაჩერდა“... იქ უცხოპლანეტელი ჩადის ვაშინგტონში და ევედრება ხალხს შეწყვიტონ დაპირისპირება და სისხლისღვრა. არ ემორჩილებიან. უცხოპლანეტელი იძულებულია მთელ დედამიწაზე გამორთოს ელექტროენერგია.

სასაცილო ფილმი იყო. სასაცილო - რა თქმა უნდა დასავლეთისთვის, რომელიც უკვე ხარხარებდა ძალადობის სცენებზე კინოში. 1994 წელს მსოფლიოს ქუენტინ ტარანტინო მოევლინა თავისი „მაკულატურით“... ვის რაღაში აინტერესებდა ბანდების ბრძოლა „ვესტსაიდის ისტორიაში“? თანაც, სიმღერ-სიმღერითა და ცეკვით? ანდა, ვის რაში აინტერესებდა ომწაგებული და გაპარტახებული საქართველო, სადაც... არა, რაღაც დაუგვიანდა „7 დღეს“. „ზეადამიანობისა და ძმაბიჭობის ინსტიტუტი“ მას შემდეგ დაინგრა, რაც დამარცხებული ძმაბიჭები და მათი ავტორიტეტი-ზეადამიანები ნადავლით ხელში დაუბრუნდნენ დედაქალაქს. აღმოჩნდა, რომ ყოფილ „ძმაბიჭებს“ დღისით, მზისით შეუძლიათ სისხლის გუბეში ჩაახრჩონ ძმაკაცები სწორედ იმიტომ, რომ თავადაც გაუჩნდათ სურვილი გადაიქცნენ „ავტორიტეტზე ადამიანად“

ისე, ლეონარდ ბერნსტაინი კარგი ხუმარა კაცი იყო. დაწერა კიდეც ერთხელ, რა გახდა ეს ბეთჰოვენი, სადაც წახვალ ყველგან ბეთჰოვენს უკრავენო - საკონცერტო დარბაზებში, რომლებიც დიდი კომპოზიტორების ბიუსტებითაა გაფორმებული, ცენტრში ყოველთვის ბეთჰოვენი დგასო, თუკი დაღუპულ გმირებს ეძღვნება კონცერტი, აუცილებლად „ჰეროიკული“ სიმფონიის ნაწყვეტს უკრავენო, გაეროს კონცერტებზე ხომ საერთოდ - მეცხრე სიმფონია აუცილებელიაო!

„მეცხრე სიმფონიის ფინალის მელოდია - ლუდის ბარს უხდება, მეხუთე სიმფონიის ნაწილები კი მხოლოდ სამ აკორდზეა აწყობილი“ - ქილოკობდა მაესტრო... ქილიკობდა, თუმცა ყველამ იცოდა, ბერნსტაინი ბეთჰოვენს აღმერთებდა! ასეთი „თამაშით“, რომელსაც, ალბათ შეიძლება, აზროვნება ვუწოდოთ, მაესტრო მხოლოდ და მხოლოდ კერპისგან გათავისუფლებას ცდილობდა. ბერნსტაინმა იცოდა, რომ კერპის, ე.ი. „ზეადამიანის“, ე.ი. „ავტორიტეტის“ სიყვარული მაინც და მაინც კარგად არ მთავრდება ხოლმე. იცოდა და, ამიტომაც დაწერა, ალბათ, ულამაზესი მუსიკა „ვესტსაიდის ისტორიისთვის“, მუსიკა, რომელსაც შეუძლია „მხეცი ჩაკლას კაცში“ (იოსებ სტალინი).

94 წლის იმ წვიმიან შაბათ-საღამოს ოთარს, როგორც ჩანს, სჯეროდა, რომ „ბოროტები“ და „კეთილები“, მათგან დევნილი ზვიადისტები და ისინიც, ვინც წლის დასაწყისში ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში, „მოქალაქეთა კავშირში“ გაერთიანდა, ცრემლებით დაიხრჩობდნენ თავს ბერნსტაინის მუსიკაზე. შესავალ სიტყვაში გვთხოვა, ყური დავუგდოთ, როგორ მეორდება ფინალში მიუზიკლის ყველაზე სევდიანი თემა Somewhere, თითქოს იმის მისანიშნებლად, რომ ჰო, ჰო, (სუსტების საყვარელი სიტყვა) „ძმაბიჭობისა და ავტორიტეტების ინსტიტუტს“, ისევე როგორც შურს, ეჭვიანობას, ფანატიზმს, ნიუანსების შეგრძნების უუნარობას, აუცილებლად მიჰყავს ხალხი ძალადობამდე. ჰო, ჰო... ომი - ტანკებით, ავტომატებით, შურდულებითა თუ სიტყვებით - ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, მაგრამ სადღაც ხომ არსებობს ხსნა, სადღაც ხომ არიან ცოცხალი არსებები, რომელთაც აქვთ საოცარი უნარი თქვან „ჰო“ და ამავე დროს, „არა“ იგულისხმონ, იქილიკონ ბეთჰოვენზე და ამ ქილიკით აუხსნან სიყვარული.

სატელევიზიო გადაცემების რეიტინგები იმხანად არ არსებობდა. ამიტომ „ვესტსაიდის ისტორიაზე“ ჟიურის წევრებს ვკითხე, „მანელების“ მორიგ სხდომაზე. მხრები როცა აიჩეჩეს მივხვდი, რომ „ილუზიონს“ იმ საღამოს არავინ უყურა - მწვავე პოლიტიკური გადაცემა იყო, თურმე, „იბერვიზიაზე“. მგონი, არავინ ნახა მაშინ ნომერი პირველი მიუზიკლი, მგონი არავინ მოუსმინა ოთარ სეფიაშვილს.

ჩემს გარდა. სატელევიზიო ფესტივალ „მანას“ ჟიურის თავმჯდომარის გარდა, რომელმაც მაშინ უკვე გაიაზრა, რომ „ინსტიტუტების“ მანიპულაციის მსხვერპლი ხდებოდა.

ჟიურის თავმჯდომარეობა უაღესად საინტერესო სამუშაოა. პირადად მე ყოველთვის მიმართლებდა - ობერჰაუზენში, ნიონში, ანჟეში... ყოველთვის ვარწმუნებდი ჟიურის სხვა წევრებს, რომ სწორედ ეს, და არა რომელიმე სხვა ფილმია მთავარი პრიზის ღირსი. შედარებით გამიჭირდა ობერჰაუზენის ფესტივალზე, სადაც ჟიურის დასკვნით სხდომაზე ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა მაიძულა მეთქვა ისეთი რამ, რისთვისაც სხვას თვალებს დავთხრიდი: „ქალი რომაა რეჟისორი იმიტომ ქაჩავთ არა? კარგად გიცნობთ ფემინისტებს!“.

ასეა, ჩემო ძვირფასო პაციფისტებო... დამარცხება არავის უყვარს. გამარჯვების მისაღწევად კი, რა არ შეიძლება წამოცდეს კაცს (და სხვათა შორის, ქალსაც).

„მანას“ ჟიურის სხდომებზე, რომელსაც არა მარტო ჟიურის წევრები ესწრებოდნენ, „წამოცდენები“ საშიში იყო. არადა. როგორ არ მინდოდა გაემარჯვა იმას, ვისაც ყველანაირად „ქაჩავდნენ“!

Somewhere დილიდან მიტრიალებდა თავში. ჟიურის სხდომაზეც ვღიღინებდი. მუსიკას კი, ხომ იცით, რა ახასიათებს? გადადება იცის! ეს თქვენ გგონიათ, რომ „გულში მღერით“. სინამდვილეში, თუკი მუსიკა აგეკვიატათ, ერთ-ორ ბგერას მაინც გამოუშვებთ გარეთ და სხვასაც აიძულებთ იღიღინოს.

Somewhere მხეცს კლავს კაცში (და ქალში)

ტელევიზიის ვეტერანებს პრიზები მაინც გადავაცემინეთ. თუმცა მთავარი მაინც სხვა იყო; ათასნაირი ზეწოლის მიუხედავად სატელევიზიო ფესტივალ „მანას“ გამარჯვებული შედარებით თავისუფალი და შედარებით დამოუკიდებელი მეორე არხი გახდა!

მეორე არხი თავისი განუმეორებელი სერგით, პირველად რომ აჩვენა ტელევიზორში პრეზერვატივი სრულიად საქართველოს და დააყოლა: „ეს, პრეზერვატივია!“

ახლა საჭირო იყო გამიჯვნა ამ ხელოვნურად შექმნილი სანახაობისგან, რომელსაც, როგორც შოუს შეიძლება არა უშავდა (დღეს ასეთ შოუს ვეღარავინ დგამს), მაგრამ ყველაფერი, რაც სცენაზე ხდებოდა - კონვერტების გახსნა, სიხარულის ცრემლები, მოულოდნელობაზე თამაში, მაინც კატასტროფულად არაადეკვატური იყო.

მეც უნდა გამეხსნა კონვერტი და დარბაზისთვის, რომელსაც ძველი და ახალი არავიძეები ამშვენებდნენ, მეთქვა: „აბა, ვნახოთ, ვინ გახდა გამარჯვებული?“

„ჰოს“ თქმაზე ადვილი არაფერი იყო - გამოხვიდოდი, პატარა პაუზას დაარტყამდი „სტანისლავსკის სტილში“ და გამოაცხადებდი გამარჯვებულს. მერე ამოვიდოდა სცენაზე ის კარგი კაცი, ზაზა დარასელი, მიულოცავდი და სინდისი აღარ შეგაწუხებდა. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა გული გერევა ამ ტოტალურ ტყუილზე, როცა Somewhere გიტრიალებს თავში და „დარჩით ჩვენთააან!“ არ გემღერება?

ექსცენტრიკა - ჟანრი, რომელიც ცენტრს გაშორებს და ანგრევს ყალბ კონსტრუქციებს. ესაა ყოველთვის გამოსავალი!

გამოვედი გაკაშკაშებულ სცენაზე ცამპა-რუმპას თანხლებით და დარბაზს გამოვუცხადე: „მე ჟიურის თავმჯდომარე ვარ, რა აზრი აქვს ამ კონვერტის გახსნას, როცა შედეგები უკვე ვიცი. ვერ დავიწყებ, ახლა, თქვენს მოტყუებას - სატელევიზიო ფესტივალ „მანას“ გამარჯვებული - მეორე არხი!“

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ის ჭაღარათმიანი ქალი ტკბილად მომესალმა ტელევიზიის კიბეზე, მივხვდი, რომ გმირობა ჩავიდინე! ნუ, ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. არავინ გავანაწყენე და თან, სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია. მოკლედ „ჰოც“ და „არაც“... ოთარიც აღარ ერეოდა ჩემს პროგრამაში. ის „ილუზიონს“ აკეთებდა, მე - „სარკმელს“.

ოქტომბერში, როცა ბერტ ლანკასტერის გარდაცვალების ამბავი გავიგე, შეიძლება ითქვას „მისასამძიმრებლად“ შევედი მის კაბინეტში. უკვე იცოდა.

„ამ შაბათს, ალბათ, „ლეოპარდს“ უჩვენებთ არა?“

ეს რომ ვკითხე, ჩვენი დაუმთავრებელი საუბარი გამახსენდა ვისკონტიზე. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ლანკასტერის სიკვდილს „ლეოპარდით“ გამოეხმაურებოდა. მითუმეტეს, რომ თავადი სალინას სიტყვები „გავიდა დრო ლომებისა და ლეოპარდებისა, მოვიდა დრო ტურებისა და აფთრებისა“, ოთარ სეფიაშვილისთვის იმ დროს განსაკუთრებით მტკივნეული უნდა ყოფილიყო.

„დათმობა გმირობაა“... ამას არ იმეორებდა „ვესტსაიდის ისტორიის“ ჩვენების წინ?

არაო. ბევრი ვიფიქრე და მაინც „ნიურბერგის პროცესი“ ავირჩიეო.

„ჰო. აქტუალურია. შევარდნაძემ ხომ განაცხადა გუშინ, ჩვენც ბევრი რამე გვაქვს აფხაზებთან მიქარულიო. ისევ ილაპარაკა პროვინციულ ფაშიზმზე. უსმინეთ?“

„ნიურბერგის პროცესთან“ ამას კავშირი არა აქვსო. და საერთოდ... შესავალი უკვე ჩავწერეთ, ფაქტობრივად მხოლოდ ლანკასტერის ბიოგრაფიას ვყვებიო.

„მე კი, იცით, როგორ დამეხმარა თქვენი შესავალი „ვესტსაიდის ისტორიისთვის“?

ამაზე არ მიპასუხა. არადა, მიმანიშნა, რომ მშვენივრად გაიგო რას ვგულისხმობდი.

0x01 graphic

„- ხედავ როგორი დამთხვევაა? ორივე ფილმი ერთ წელსაა გადაღებული. თანაც ჰოლივუდში... უფრო მეტიც, იმ წელს შენი პაზოლინი თავის პირველ ფილმს იღებდა, ჩვენი ვისკონტი კი ლოურენს ოლივიეს ეხვეწებოდა, „ლეოპარდში“ ითამაშეო. მაგრამ ნახა „ნიურბერგის პროცესი“, ლანკასტერით აღფრთოვანდა და გეგმები შეცვალა“

მერე დააყოლა, კინოში ხშირად ხდება ასეო, ერთი უმნიშვნელო ფილმი შედევრის წინაპირობა ხდებაო.

რა თქმა უნდა, ამიტომ არ გაიხსენა 1961 წელი. ამიტომ არ მიაყოლა ერთმანეთს „ვესტსაიდის ისტორია“, „აკატონე“, „ნიურბერგის პროცესი“ და „ლეოპარდი“. ჭეშმარიტი კინომანი მხოლოდ ერთი შეხედვითაა სუსტი და დამთმობი. არადა, იცით რითაა შეიარაღებული? ისტორიის სქელი ჯაჭვით, რომელიც ქვას ქვაზე არ დატოვებს, თუკი „მშვიდობის მტრედი“ გაგვიბრაზდა. ჭეშმარიტმა კინომანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ისტორია ფილმივითაა აწყობილი - მონტაჟურად. ერთი მოვლენა თავის თავში ბადებს მეორეს, ერთი არსება - სხვას; სუსტი-ძლიერს, უმწეო-ზეადამიანს... და პირიქით.

ჟურნალისტი წერს: „საქართველოს ომს ვერ მოაგებინებდა ზეადამიანობისა და ძმაბიჭობის ინსტიტუტი“, კინომანი ამას კითხულობს და ფიქრობს, მერედა, ვინ შეუწყო ხელი ამ ინსტიტუტების შექმნას, ვის, ან რას უნდა მოვთხოვოთ პასუხი - ჩვენს კულტურას? რელიგიას? საბჭოთა სისტემას? მილიტარისტებს? პაციფისტებს? იქნებ ამ „ძმაბიჭების“ მშობლებს, უსიყვარულოდ რომ მიაგდეს თავიანთი შვილები ქუჩაში, ანდა, პირიქით, მთელი ცხოვრება რომ უჩიჩინებდნენ, მამას და „მამებს“ აუცილებლად უნდა დაუჩოქოო? როგორ დავიძვრინოთ თავი უსიყვარულობისა და ძალადობის ამ მორევისგან - ისტორიისგან, რომელიც ბერძნულად „თხრობას“, „მოთხრობას“ ნიშნავს?

„ნიურბერგის პროცესს“ შესავალი მართლაც არ სჭირდებოდა. ყველასთვის ცხადი იყო, რომ კრამერმა გადაიღო არა ნაცისტი დამნაშავეების, არამედ ისტორიის გასამართლება. ბერტ ლანკასტერის გმირი, ერნსტ იანგი, ყოფილი მოსამართლე, რომელიც ახლა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა, სხვებისგან განსხვავებით, თავს არ იმართლებს. ხანდახან ეღიმება მხოლოდ ადვოკატზე, რომელიც ამტკიცებს, ეს კაცი თავისი ქვეყნის კანონებს იცავდაო. მხოლოდ ფინალში წარმოთქვამს გრძელზე გრძელ, მართლაც რომ შექსპირისეული მასშტაბის მონოლოგს. მთელი კადრი „ივსება“ ბერტ ლანკასტერის ცრემლიანი თვალებით. რექვიემივით ჟღერს მისი სიტყვები: „მე დამნაშავე ვარ, რადგან ისტორიას ვემსახურებოდი და არა კაცობრიობას. დამნაშავე ვარ, რადგან ვერ გავემიჯნე დროს. ოღონდ, გემუდარებით, ოდესმე, ისტორიაც გაასამართლეთ!“

„ბატონო ოთარ, გადაცემის იდეა მომივიდა. მომავალ წელს კინოს ასი წლისთავი უნდა ვიზეიმოთ. შეიძლება მეგობრებთან ერთად ახალი ციკლი დავიწყო? კინო, როგორც მეოცე საუკუნის ისტორია... სათაურიც მოვიფიქრე - „თეთრი კვადრატი“

დაიწყეო მითხრა. მკითხა, ეგ მეგობრები ვინ არიანო.

ახალგაზრდებს ვთხოვე, 25 წლის ბიჭები არიან-მეთქი.

გასვლის წინ კი დავაყოლე: „სხვათა შორის, ჩემგან განსხვავებით, „მონანიება“ ძალიან უყვართ!“

ერთი წლის შემდეგ, „თეთრი კვადრატი“ სატელევიზიო ფესტივალ „მანა 95“-ს ნომინანტი გახდა. გავიგე, რომ „მანას“ ორგანიზატორებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ჟიურის, „გვახარიას გადაცემა“ გამარჯვებულად არ გამოეცხადებინა. ფინალურ შოუზე დასასწრებად გადაცემის სამ ავტორს ერთი მოსაწვევი გამოგვიგზავნეს. გიორგიმ და კახამ (25 წლის ბიჭებმა, „მონანიება“ რომ მოსწონდათ) მირჩიეს, ბოიკოტი გამოგვეცხადებინა მოქალაქეთა კავშირის ძალისხმევით ჩატარებული ფესტივალისთვის. ასეც მოვიქეცით. მოსაწვევი ჩვენს მეგობარს, დათო მელიქიშვილს გადავეცით და ვთხოვეთ, თუკი მაინც გავიმარჯვებდით, სცენაზე ასულიყო და ჩვენი წერილი წაეკითხა.

„მანას“ სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა. „საუკეთესო კინოგადაცემის ნომინაციაში გაიმარჯვა გადაცემამ „თეთრი კვადრატი!“ - საზეიმოდ გამოაცხადა ნინო ზაუტაშვილმა კონვერტის გახსნის შემდეგ.

დათოს „პროჟექტორები“ მიანათეს და „ცამპარუმპა“ ჩაურთეს. ხელებს კი აქნევდა საწყალი, მე არაფერ შუაში ვარო. მაგრამ მაინც გაუმართეს ოვაციები (ტრანსლაციის რეჟისორმა ამ დროს რატომღაც დარბაზში მოკალათებული ძველი და ახალი არავიძეები გვიჩვენა)

ავიდა და თქვა: „ამ გადაცემასთან მე არაფერი მაკავშირებს. ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, წამეკითხა ეს წერილი... „თეთრ კვადრატს“ სამი ავტორი ჰყავს. მაგრამ დაგვსაჯეს და მხოლოდ ერთი მოსაწვევი გამოგვიგზავნეს. ალბათ იმიტომ, რომ მე, გიორგი გვახარია, სატელევიზიო ფესტივალ „მანა 94“-ის ჟიურის თავმჯდომარე, ვიღაც-ვიღაცეების მანიპულაციებს არ დავმორჩილდი“

დათომ სიტყვა „მანიპულაცია“ ვაი-ვაგლახით წაიკითხა. გაუჭირდა ჩემი საზიზღარი „ხელის“ გარკვევა.

ნინო ზაუტაშვილმა, ძალიან კარგიო თქვა და დაბნეულობისგან ტაში დასცხო. დარბაზიც აყვა. ისინიც - არავიძეები! ნეტავ რას უკრავდნენ ტაშს?

საოცარი რა იყო იცით? ჟიურის თავმჯდომარე, კოტე მახარაძე, ფინალურ შოუს „ავადმყოფობის გამო“ არ დაესწრო. დღემდე ვერ გამირკვევია, რატომ.

მეორე დღეს, ის ჭაღარა ქალი ტელევიზიის კიბეზე შემხვდა. აღარც „ბოშო“ უთქვამს და აღარც „გვახარია“. პირდაპირ გადავიდა საქმეზე:

„ხლა ისევ გმირი გგონია თავი, არა? მაგრამ მე ხომ ვერ მომატყუებ. ეგ, ალბათ, იმ ახალგაზრდების იდეა იყო? კაი ბიჭები არიან ეგენი. გადაეცი ჩემგან - იქნებ გიშველონ რამე!“

ჰო, ჰო, გმირი არა ვარ, „პატარა ადამიანი“ ვარ მეთქი. მაგრამ, შევატყვე, რომ არ დამიჯერა.

კარგი ქალი იყო.

30 პირადი ენციკლოპედია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

ტბილისი 1942 წელს...

ერთი რაღაცნარი წიგნის დაწერა გადავწყვიტე. ვითომ, მოქმედება თბილისში ხდება 1942 წელს, ოღონდ, საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი არ არის, დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასე დავიწყე.

პირველი - ჩვენ ჩამოვედით მატარებლით, მხოლოდ ათი წუთის დაგვიანებით, გაჩახჩახებულ, მზიან ამინდში, ვიგრძენით ბაქნის ხმაური და თვალთა წინაშე გაირბინა დამხვდურთა სამოსის გადღაბნილმა, მაგრამ სასიამოვნო ფერებმა. ჩვენ დაგვიხვდნენ მღვდლები და მსახიობები. მსახიობები იტალიური სახალხო თეატრის სამოსში გამოწყობილიყვნენ. არლეკინი ყირას გადადიოდა ზედ ჩვენი ვაგონის კართან.

ბაქნის ფილაქანი თეთრი იყო, თითქოს რბილიც.

მე მეგონა, რომ ინკოგნიტოდ ჩამოვედით, მაგრამ თურმე გვხვდებოდნენ. ჰასტინგსი შეცბუნდა, როცა მღვდლებმა, ჯამებში ჩაყვეს ფუნჯები და წყალი გვასხურეს, მაგრამ მე ვიცოდი აღმოსავლეთის ორთოდოქსული ეკლესიის რიტუალები და არ გამკვირვებია. თაიგულები საოცარი იყო, ულამაზესი, მათ ზღვის სუნი ასდიოდა და დასვლებულმა ჰასტინგსმა წაიბურტყუნა, ნეტავ ნომერი ზღვის მხარეს იყოსო. ვიღაცა გასხლტა ვაგონის კარში ჩვენი ბაგაჟის მისახედად. მას ფართო, ქამარშემორტყმული იქაური პლაშჩი ეცვა, რომელსაც ჩოხა ჰქვია და ვერცხლისფერი სამხრეები უბზინავდა, რამდენიმე საბრძოლო მედალთან ერთად.

ამ გაუგებრობაში რუხკოსტუმიანი მაღალი კაცი მოგვადგა და ისე, რომ მღვდლებსა და ჩვენს შორის არ ჩამდგარიყო, ლამის შეუმჩნევლად წამჩურჩულა:

- მე ინსპექტორი მასხულია ვარ... მომყევით, მისიე... ესენი თქვენ არ გხვდებიან. შეეშალათ. მომეცით თქვენი თაიგულები.

მერე სათითოად ემთხვია ხელზე ოთხივე მღვდელს, და ჭრელ და ფერადოვან კაბა-სამოსთა და თაიგულთა ბრბოში გაშლილი ხელით გაგვიკვალა გზა სადგურის სიღმისაკენ.

- ოტელ მეტროპოლში დადგებით. ცხელი წყალი ოთახებში გაქვთ. აბაზანა მისიე...

ესა თქვა და იქუხა კიდეც. საკი ხელიდან გავაგდე და თეთრ ფილაქანს გავეკარი. თვალის კიდით დავინახე ჩემს გვერდით განრთხმული ჰასტინგსი. მერე კი დავინახე, ადამინთა ფეხები. კოხტა ქალის კოჭები და წითელი, ჩხვლეტიაქუსლიანი ფეხსაცმელები. შიში სადღაც გაჰქრა და ადგილი მსუბუქ ეროტიკას დაუთმო.

ვიგრძენი, რომ მკლავში ვიღაცამ მომხვია ხელი და წამომაყენა. ინსპექტორი იყო.

ჰასტინგსი კი ისევ იწვა.

- ბოდიში მსიე... წყეული რუსები... ეს ტყუილი აფეთქება იყო. მხოლოდ ხმა, რათა ხალხში შიში დათესონ... ინსპექტორი ტანსაცმელს მიფერთხავდა, ხელისგულის ღონიერი ჩამოქნევით - საერთოდ ასაფეთქებელ ყუმბარას შვიდნაირი ხმა აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომელს როგორი... ეს უბრალო სატკაცუნო იყო. აჰა, დივერსანტი უკვე აუყვანიათ.

დავინახეთ, როგორ მოჰყავდა სამ შავოსან პოლიციელს, ცუდად ჩაცმული გაუპარსავი კაცი.

- თუმცა, ალბათ, ამ საბრალომ არაფერი იცის, მას ორიოდ გროში გადაუხადეს და ცრუ საფეთქებლის ხალხმრავალ ადგილას დახეთქება სთხოვეს. შეხედეთ, დაყრუვებულა.

მე არ ვიცოდი, როგორ უნდა შეატყო კაცს, ყრუა თუ არა, თუ არ გამოველაპარაკები, ანდა ერთხანს მაინც თუ არ დააკვირდები, მაგრამ ინსპექტორმა დამამშვიდა:

- ისინი ყველანი ყრუვდებიან... ათიოდ კაცია მთელ თბილისში, ვინც ესენი ააფეთქა... წამობრძანდით, წამობრძანდით. ვინმეს თვალში არ შევეჩხიროთ. აქაც ჯაშუშები ტრიალე ბენ... თქვენს ბაგაჟზე იზრუნებენ, - უთხრა მან ჰასტინგსს, რომელიც ჩვენს მატარებელს გასცქეროდა ფეხზე წამოდგომის შემდეგ.

ჩვენ ჩქარი ნაბიჯით შევედით სადგურის დიდ დარბაზში, სადაც ასევე უამრავი ხალხი ირეოდა და მაინც მოისმოდა საგუნდო სიმღერა.

საკმაოდ ახლოს ჩავუარეთ გუნდს, რომელიც, ალბათ, რაღაც საგალობელს მღეროდა.

- აჰ, რკინიგზელთა გუნდია, - თქვა ინსპექტორმა - სუსტია... ორი ჰყავთ კარგი მომღერალი. ყველას კონტრდაზვერვის გუნდი სჯობს...

ჩვენ გამოვედით და გავიარეთ ხმალამოწვდილი საპატიო ყარაულის ორმხრივი მწკრივის შუაში, სადაც ოცდაოთხი გვარდიულად ჩაცმული ექვსი ფუტის სიმაღლეზე შერჩეული ხმალგაშიშვლებული ჯარისკაცი იდგა.

მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს საპატიო ყარაული ჩვენს საპატივცემულოდ გამწკრივებულიყო. ამას ვერც მივხვდებოდით, რადგან მწკრივებს შუა ხელბარგიანი ხალხი თავისუფლად გადიგამოდიოდა. ხმლები გასაოცრად ელავდა მზის შუქზე.

მერე ძალიან უცნაურ და მოულოდნელ მანქანაში ჩავსხედით. მანქანა იყო ისეთი, რომ შიგ კაცი გაიმართებოდა: შიგ ჩიპენდდეილის ორი ნამდვილი სავარძელი იდგა.

მანქანა კონტრდაზვერვის უფროსის პირადი საკუთრება ყოფილიყო. ამიტომ, მის უკანა კედელზე, რომელსაც კარი ჰქონდა, მგონი საოჯახო ფოტოები ეკიდა. ამდენი ულვაში არასოდეს მინახავს, ჰასტინგსმა კი თქვა, მეტიც შემხვედრიაო.

კარი გაიღო და იქედან გამოვიდა ოთხი კაცი, რომლებსაც თეთრი სერთუკები ეცვათ, ჩაწნული ოქროსფერი სამხრეებით. ისინი ცნობილი რესტორნის მიმტანებს ჰგავდნენ, მაგრამ მე რატომღაც ვიფიქრე, რომ კონტრდაზვერვის ოფიცრები არიან, თუმცაღა, მაინც ოფიციანტები გამოდგნენ, რადგან ინსპექტორის მოკლე ბრძანების შემდეგ კარსიქით გაუჩინარდნენ და მალევე გამოჩნდნენ, ღვინის ბოთლებითა და ხემსით დატვირთული სინებით.

ეს დასაწყისი სასტიკად არ მომეწონა და გუშინ სხვანირად დავიწყე.

მეორე - ბევრი რამ იყო საინტერესო და მოულოდნელი თბილისში ჩვენი ჩასვლისას: ჯერ იყო და ბაქანზე ვიღაცეებში ავერიეთ და მღვდლებმა წყალი გვაპკურეს, იტალიური კომედიის სამოსში გამოწყობილმა მსახიობემა კი ყვავილები მოგვართვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაგნო ინსპექტორმა მასხულიამ, მერე კი, ზედ ბაქანზე ბომბიც აფეთქდა, რომელიც ყალბი გამოდგა და როცა მე და ჰასტინგსი მიწას გავეკარით, გარშემომყოფთ სიცილი დაგვაყარეს, რადგანაც თვითონ მშვენივრად არჩევენ ყალბი და ნამდვილი ყუმბარების ხმას და ნაყინის ლოკვა არც კი შეუწყვეტიათ. მსახიობებისგან შემთხვევით მოძღვნილ ყვავილებს ზღვის გასაოცარი სუნი ასდიოდა, რის გამოც წყალნაპკურებმა ჰასტინგსმა თქვა, ნეტავ ჩემი ნომრის ფანჯარა ზღვის მხარეს გადიოდესო, მგონი, ამ ოცნებისკენ სადგურის თეთრი ფილაქანიც უბიძგებდა, წარმოუდგენლად რბილი და თბილი. მერე გავიარეთ ოცდაოთხხმლიანი საპატიო ყარაული სადგურის მთავარ შესავლელში, რომელიც თურმე ჩვენთვის ყოფილიყო მოწყობილი ადგილობრივი კონტრდაზვერვის მიერ, თუმცა, მწკრივებს შუა თავისუფლად მიმოდიოდა ხელბარგიანი ხალხი. შემდეგ, იქედან საგანგებო მანქანით წამოყვანილნი მზით გაჩახჩახებულ მოედანზე შევესწარით კინოფილმის გადაღებას: სცენაში ასამდე რუხ კოსტუმში გამოწყობილი სტატისტი მონაწილეობდა: როგორც აგვიხსნეს, ისინი საგანგებო სამსახურის გადაცმულ მუშაკებს განასახიერებდნენ და რუსთა ჯაშუშის დაჭერას ცდილობდნენ, რაც მგონი გამოუვიდათ კიდეც. ჩვენი მანქანა კინაღამ გადაღებაში მოჰყვა. თურმე, ჩვეულებრივ, კინოსტუდია დეკორაციებს აშენებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კადრში ძეგლი უნდა გამოჩენილიყო და მისი ბუტაფორია ვერ გააკეთეს, რადგან მოქანდაკე გარდაცვლილიყო.

ინსპექტორი მასხულია ისეთი მუშაკი ჩანდა, რომ მისი სმენა ძალიან სასარგებლო იყო. ინგლისური საგანგებოდ, კონტრდაზვერვაში შესვლის შემდეგ ესწავლა. როდესაც შეამჩნია, რომ ჰასტინგს მანქანის სარკმლიდან თვალი მიურბის კოხტად ჩაცმული, ქალებისკენ, გვირჩია:

- ჩვენს ქვეყანაში კაცს ყოველთვის უნდა გაუღიმოთ, ქალებს კი - არასდროს, ვინაიდან მერე კაცებს ვეღარ გაუღიმებთ.

ჩვენ უნდა გავჩერებულიყავით სასტუმრო ლონდონში, რომელიც, ალბათ, წყნარ ადგილას, მიმალულად მდებარეობდა, ვინაიდან, ყოველთვის ასეთ ადგილას ვჩერდებით ხოლმე. სინადვილეში, სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთ ფართო და ხალხმრავალ ავენიუზე აღმოჩნდა და კარგა დიდიც გამოდგა. ძველებური შენობა იყო და კარში მთლად იასამნისფერ, მოოქროვილ სამოსში გამოწყობილი პრიალა კოკარდიანი თეთრწვერა შვეიცარი იდგა.

შიგ რომ შევედით, მაღალი კლასი კიდევ უფრო თვალში საცემი შეიქნა, რამაც ჰასტინგსი გაახარა, მაგრამ გაირკვა, რომ სასტუმრო ლონდონი სულაც არ არის სასტუმრო, არამედ აქაური კონტრდაზვერვის ერთ-ერთი შენობაა და სასტუმორს იერი ბუტაფორიულად აქვს. სასტუმროდ მხოლოდ ორი სართული გამოიყენება, ხოლო ზედა ოთხ სართულზე, შენიღბულად მუშაობს აქაური კონტრდაზვერვა, მაცხოვრებლები კი, ძირითადად ჩვენ ვართ, ანდა სხვა ჩვენნაირი აგენტები.

სასტუმროს რესტორანი თურმე საღამოობით ყოველთვის სავსეა, თუმცა, ჩვენ იქ საღამოს შესვლა არ გვირჩიეს და მოგვცეს საერთო ნომერი, რამაც ჰასტინგსი ჩამოღრუბლა, ინსპექტორმა მასხულიამ კი აგივხსნა, რომ ეს ონსპირაციისთვის კეთდება. საწოლი კი განიერი და კარგი ჩანდა, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ ჰასტინგსთან ერთად წოლა მომიხდებოდა. რას ვიზმადით, ინსტრუქცია ინსტრუქციაა.

მოგვართვეს საუზმე და მასხულიამ, რომელიც იქვე, მეოთხე სართულზე მუშაობდა, დაგვიტოვა ბარათი: საღამოს ცხრა საათზე კაფე „თუთებში“ უნდა მივსულიყავით და იქ პირველად უნდა შევხვედროდით ოფიცერს, რომელიც საქმის არსს გაგვაცნობდა.

საერთოდ, ამ მივლინების მოსურნე არ ვიყავი, მაგრამ ჩვენისთანა ხალხის გადაადგილების ამბავს მოგეხსენებათ, ვინცა წყვეტს. ჯგუფი თავიდანვე ორკაციანი იგულისხმებოდა: მე, როგორც მეთაური და ოპერაციის წამყვანი და ჰასტინგსი, როგორც მკვლელობის ლიცენზიის მქონე მუშაკი.

თბილისში კარგახანს მოვდიოდით, ომის დროს მისი უდიდებულესობის მზვერავების გადაადგილება, იოლი არ არის. მთელი ევროპის გადმოკვეთა ოდნავ შემოვლით მოგვიხდა, მაგრამ სტამბულში ტრანსინდურ ექსპრესს დავაჯექით, რომელმაც ჩვენი ჩამოსვლიდან ოცდახუთ წუთში, გეზი ისევ სამხრეთ აღმოსავლეთით აიღო.

- შეიძლება ქალაქში გავიდეთ? - ჰკითხა ჰასტინგსმა მასხულიას.

- რა თქმა უნდა.. თქვენ რა იარაღი გაქვთ? იარაღი იქონიეთ, თორემ ეს გადაჭარბებულ ინტერესს გამოიწვევს, - თქვა ინსპეტორმა.

- გამოსაჩენ ადგილას?

- არა, - ფერდი გვაჩვენა მასხულიამ - აი, ასე... სადმე რომ ჩამოსხდებით, რომ იგრძნობოდეს, რომ აქ იარაღია.

- რატომ?

- ტრადიცაა ასეთი. უიაღარო კაცი შეიძლება ჰომოსექსუალისტი იყოს. არ შემოგხედავენ კარგად. ჩვენთან იარაღის ტარების უფლება ყველას აქვს.

- ომის დროსაც?

- განსაკუთრებით ომის დროს. პრეზიდენტის განაკარგულებით, თხუთმეტი წლიდან ყველას შეუძლია იარაღის ტარება. როგორ აგიხსნათ... თუ კაცს სამსახური აქვს, თუ ოჯახს ინახავს, მას იარაღიც აქვს... მოგეხსენებათ, აქ ყოველ საათს შეიძლება ომი დაიწყოს. ჩვენ ჰიტლერს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ სტალინი ჩვენი პირველი მტერია.

ახლა ესეც არ მომწონს. მგონი, ეს ამბავი არასდროს დამთავრდება.

31 ცხელი შოკოლდი - ლიტერტურა

▲ზევით დაბრუნება


31.1 პირველი ხუთწლედი

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა - საბა 2007

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი მოლოდინით აღსავსე დღესასწაულია მწერლებისთვის, მძიმე შრომა ჟიურის შემადგენლობისთვის და საინტერესო სამუშაო მასმედიისთვის. თუმცა, საქართველოს მაგალითზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან ლიტერატურისადმი ჩვენი მოსახლეობის ინტერესი საოცრად დაბალია; ეს „საბას“ ლიტერატურული კონკურსის რიგით მეხუთე ცერემონიალმაც დაადასტურა. მოვლენას, რომელიც თავისი მნიშვნელობით საქართველოს ნებისმიერ სპორტულ ჩემპიონატს უტოლდება, სულ რამდენიმე წუთიანი სიუჟეტი დაუთმეს ტელეარხებმა და ორიოდე ენაკვიმატი წერილი გაზეთებმა.

როგორც ჩანს, მიზეზი, რის გამოც შეიძლება მაყურებელმა ამ კონკურსის ტრანსლაციას თვალი ადევნოს, არ არსებობს. ასეთი მიზეზი არაერთია, მაგრამ უმთავრესი მწერალსა და მკითხველს შორის გაწყვეტილი ურთიერთობებია.

ალბათ, უმადური უნდა იყო, რომ „თიბისი“- ბანკის ღვაწლი არ დააფასო და არაფერი თქვა იმ თანხებზე, რომელიც კონკურსში გამარჯვებულებს, რაღაც დროით, ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს. მაგრამ თანხები ძირითად ლიტერატურულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია ჟან პოლ სარტრის მაგალითი, რომელმაც ნობელის პრემიაზე განაცხადა უარი. 250 ათასი შვედური კრონი ბევრად მეტი იყო ვიდრე ჩვენი ქართული პრემია, მაგრამ სარტრს გაცილებით დიდი არგუმენტი ჰქონდა, რომ იგი არ აეღო.

ობიექტურად რომ ვთქვათ, განა პრემიას შეუძლია ლიტერატურაში მწერლის ადგილის განსაზღვრა? მისი მნიშვნელობის შეფასება? შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვინც წელს ვერ აიღო „საბას“ პრემია, მაგრამ შესაძლებელია გაისად აიღოს, წლევანდელ ლაურეატებზე უარესი მწერალია? ან შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნობელიანტები“: რომენ როლანი, ანატოლ ფრანსი, ან ელფრიდე ელინეკი გაცილებით დიდი მწერლები არიან ვიდრე ნობელის გარეშე დარჩენილი: ტოლსტოი, რილკე, ჯოისი და სხვები? ნამდვილი პრობლემა პრემიის მიღება ან მიუღებლობა კი არა, ნიჭიერი ლიტერატურის შექმნაა.

საქართველოში წელიწადში ოცამდე რომანი მაინც იწერება და ნაწერს მელანი არ შეშრობია, ისე მიარბენინებენ ავტორები სტამბაში დასაბეჭდად იმ დროს, როდესაც კარგი რომანი მხოლოდ ასწლეულში ათი-თხუთმეტი თუ გამოჩნდება, ისიც მსოფლიოში. ჩვენთვის ლიტერატურა აღარც არისტოკრატთა თავშესაქცევია, არც სისტემის იდეოლოგია და არც მკითხველთან ურთიერთობის ფორმა. როგორც ჩანს, დღეს ჩვენს საზოგადოებაში მწერლის როლი მხოლოდ გამოცემული წიგნების რეკორდული რაოდენობით განისაზღვრება. ამიტომაც პერიოდი საბადან-საბამდე ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებობს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დაბრკოლება: თითქმის ყოველ კონკურსზე გაისმის ერთი და იგივე სახელები და მოჩანს ერთი და იგივე სახეები. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს იქმნება ახალი ოფიციალური ლიტერატურა, ხოლო ეს ავტორები მისი მოციქულები არიან. გამორიცხული არაა, რომ მალე მკითხველმა მათი ტექსტებიც კონკრეტული დოგმების, ქცევის ნორმებისა და მორალის ახალ ინსტრუქციად აღიქვას. მართალია კონკურსზე ერთი საინტერესო ნომინაციაც არსებობს - „ლიტერატურული დებიუტი“, რომელმაც ახალბედა ავტორებს გზა უნდა გაუხსნას, მაგრამ სინამდვილეში ამ ნომინაციაში გამარჯვება მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ წლევანდელი (ან გასული წლის) ჟიური ამა თუ იმ ავტორს ენდო და მას სამომავლოდ ლიტერატურული შანსი მისცა. როგორ გამოიყენებენ ამ შანსს, ეს უკვე თავად ამ ავტორების გადასაწყვეტია, ზოგი როგორც ლიტერატორი გაიზრდება და გაცილებით უკეთეს ნაწარმოებს დაწერს, ზოგსაც პრემია თავში აუვარდება და მხოლოდ მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილდება. მთავარი ისაა, რომ ლიტერატურული დებიუტის ნომინაციას ახალი არტურ რემბოს აღმოჩენა არ შეუძლია და ამას უნდა შევურიგდეთ. საქართველოში ლიტერატურული ფენომენების პოვნა რამდენჯერმე წარუმატებლად დამთავრდა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან დიდ მწერლად არავინ იბადება, დიდ მწერლებად წლების მანძილზე დაუღალავი ფიქრის, ეჭვის, შემოქმედებითი კრიზისის, შეცდომების, ძიებებისა და ექსპერიმენტების შედეგად ხდებიან.

წლევანდელ „საბაზე“ ერთი არაჩვეულებრივი პრეცედენტი მოხდა: დრამატურგიის ნომინაციაში ჯილდო არცერთი ნომინანტისთვის არ გადაუციათ. ეს ჟიურის პრინციპული საქციელი გახლდათ და კარგი იქნება, თუ მსგავს შემთხვევებში იგი წესად იქცევა მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგია ქართული ლიტერატურის ყველაზე პრობლემური გვარია და მას განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება სჭირდება. საქმე ისაა, რომ ყველა მწერალი არ იცნობს დრამატურგიის კანონებს და პიესებს შესაბამისი გამოცდილების გარეშე წერს. პიესა მოთხრობისაგან ან ნოველისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგან იგი სცენის კანონებს ემორჩილება. დრამატურგია პირველ რიგში განსაკუთრებულ მოქმედებას, ორიგინალურ მიზანსცენებს, კომპოზიციის გრძნობას და ბევრ სხვა ნიუანსს მოითხოვს, აქ ფურცელზე აზროვნება საკმარისი არ გახლავთ. პიესა ძირითადად სცენაზე უნდა იქმნებოდეს; დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობის საერთო ძალისხმევით. ყოველ შემთხვევაში ასე წერდნენ შექსპირი და მოლიერი და არც თუ ისე ცუდად გამოსდიოდათ. ამიტომ ნურავის ეწყინება, თუ ჟიურიმ მის პიესაში მხოლოდ ლიტერატურა დაინახა და არა სამყაროს თეატრალური ხედვა.

რადგან ორიგინალური ტექსტების შექმნა ჯერ-ჯერობით მძიმე ტვირთად დაგვწოლია, მსოფლიო შედევრების თარგმნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბაჩანა ბრეგვაძის, ჯემალ აჯიაშვილის, დავით წერედიანის და თამაზ ჩხენკელის ღვაწლის დაფასებაც ამის დადასტურებაა, მაგრამ (ეს მაგრამ უკვე გამომცემლებს ეხება), როდესაც ასეთი მთარგმნელები გვყავს, ნუთუ არ შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება გავიზიაროთ და მათ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავტორების თარგმნა შევუკვეთოთ?

მართალია, მწერალსა და მკითხველს შორის შუამავლობა კრიტიკასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაზე მოძულებული და უმადური საქმიანობაა, მწერლებს კრიტიკული წერილები სძულთ, მკითხველებს წაკითხვა ეზარებათ, გამომცემლები კი მისი დაბეჭდვისაგან ყველანაირად იკავებენ თავს. თუმცა მათი ბეჭდვით ყველაზე მეტად მოგებულნი ისევ გამომცემლები დარჩებოდნენ, რადგან ობიექტური კრიტიკოსი ყოველთვის პატრიარქივითაა, მის ნათქვამ სიტყვას მწერლის წმინდანად შერაცხვა ან ეკლესიიდან განკვეთა შეუძლია.

ამიტომ, თუ მკითხველს ნიჭიერ და გემოვნებიან ლიტერატურას ვერ შევთავაზებთ, თუ დღენიადაგ მათი რიცხვის გაზრდაზე არ ვიფიქრებთ, ნებისმიერი კონკურსი მისი ორგანიზატორებისთვის, მწერლებისთვის, გამომცემლებისთვის, წიგნის მაღაზიების მეპატრონეთათვის და ა.შ... ცარიელ ტრიბუნებზე გამართულ ჩემპიონატს დაემსგავსება, საიდანაც შეგვიძლია ომახიანად შევძახოთ: „პირველი ხუთწლედის წარმატებით დასრულებას გილოცავთ, ამხანაგებო!“.

31.2 ჟანრის მკვლელობა

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა - კრიტიკა

ავტორი: ლაშა ბუღაძე

0x01 graphic

ანუ როგორ კითხულობენ პიესებს საქართველოში

წელს მეხუთედ ჩატარდა ლიტერატურულ პრემია „საბას“ კონკურსი. ჟიურიმ, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, გასულ წელს გამოცემული წიგნები განიხილა და გამარჯვებულებიც გამოავლინა. გამარჯვებული, ტრადიციულად, რვა ავტორი უნდა ყოფილიყო, და ერთიც კონკურსგარეშე - ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის, მაგრამ „საბა“, სამწუხაროდ, მხოლოდ შვიდ ავტორს ერგო და არა რვას, ანუ პრემიები მხოლოდ შვიდ ნომინაციაზე გაიცა. შესაბამისად, დაიჩაგრა არა მხოლოდ კონკრეტული ავტორი ან რჩეულთა სიაში შესული ავტორთა ჯგუფი, არამედ მთელი ჟანრი - დრამატურგია. ზემოთ მკითხველს შევახსენე, რომ „საბას“ ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება - წესდება აქვს „საბას“ ასეთი - თუმცა, ლიტერატურულ მსაჯულთა ცვლის მიუხედავად, ქართული დრამატურგიის მიმართ დამოკიდებულება, როგორც წესი, ყოველთვის უარყოფითია.

„საბას“ ჟიურის წევრი ოდესღაც თქვენი მონა-მორჩილიც გახლდათ და მას ახსოვს, როგორ ცდილობდა ზოგიერთი მისი კოლეგა ჯერ კიდევ მაშინ, საქართველოში ამ ისედაც უავტორიტეტო ჟანრის ჩაწიხლვას, საერთოდ ნუ გავცემთ პრემიას პიესებშიო. იგივე განმეორდა მომდევნო, თუ იმის შემდგომ „საბაზეც“, როცა კვლავაც მოინდომეს ქართული პიესების დასჯა და ეს ბრძნული სიტყვები რომ არ ეთქვა ჟიურის ერთ-ერთ წევრს - „რას შვრებით, ხალხო, ბანკი 4000 ლარს გვჩუქნის, ჩვენ კი უკან ვუბრუნებთ და საწყალ დრამატურგს არ ვაძლევთო.“ - ქართული დრამატურგია უკვე მაშინ დარჩებოდა შეფასების გარეშე. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ქართული დრამატურგია „საბაზე“ ოთხჯერ გადაურჩა სიკვდილს, წელს კი, მეხუთედ, სამწუხაროდ, ვეღარ. საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი დამოკიდებულება ჟიურის წევრებს სხვა ჟანრების მიმართ არასდროს უჩნდებათ - წარმოუდგენელია, რომ მსაჯულთა შვიდეულმა ოდესმე ასეთი სისასტიკე გამოიჩინოს პოეზიის, ან, ვთქვათ, პროზაული კრებულის (ანუ მოთხრობების) ნომინაციის განხილვისას. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა საშინლად გამოიყურებოდეს პოეტური ნომინაცია, ვერცერთი ჟიურის წევრი ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, მოდი, წელს პოეტებს ჯილდო არ მივცეთო, - უარესიდან ცუდს ამოარჩევენ და იმას მისცემენ, და ეს მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ პოეზია ავტორიტეტული ჟანრია საქართველოში, დრამატურგია კი არა, უავტორიტეტოა!

ნუთუ მართლაც ასეთი უნიჭო ტექსტები იქმნება საქართველოში სცენისათვის, რომ ყველაზე უნიჭო პოეტები, მემოთხრობეები, რომანისტები და ესეისტებიც კი მათ სჯობიან! ნუთუ მართლაც ასეთი დიდი სხვაობაა ცუდ ქართულ პიესასა და ცუდ ქართულ ლექსს შორის, რაკი ცუდი ქართული პიესის გამო მთლიანად ჟანრი იჩაგრება, ხოლო ცუდი ქართული ლექსი მხოლოდ მისი ავტორის პრობლემად რჩება. გულწრფელად ვერ გამიგია, როგორ შეიძლება, რომ ასეთი მომთხოვნი და სასტიკი იყო ერთი ჟანრის მიმართ, სხვა ჟანრების დასჯა კი - თუკი მაინც და მაინც ვინმეს ან რამის დასჯა გაქვს გადაწყვეტილი - აზრადაც არ მოგდიოდეს! განა შესაძლებელია ცალმხრივად, ან ნაწილობრივ ობიექტურობა. თავს უფლებას მივცემ და ეჭვს გამოვთქვამ, მწერლებს - ნუგზარ შატაიძეს, ირაკლი სამსონაძეს, ან გურამ ბათიაშვილს შეფასების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ, ეს ავტორები თავთავიანთი მოთხრობებით, რომანებით, ლექსებით ან პუბლიცისტური სტატიებით რომ ყოფილიყვნენ „საბაზე“ წარდგენილები - მათი დანაშაული ტექსტიდან პერსონაჟის სახელის მსხვილი ასოებით გამოცალკევება, ვრცელი აღწერილობების ნაცვლად მოკლე რემარკების დაწერა და ნაწარმოების არა წერტილით, არამედ სიტყვა „ფარდით“ დასრულებაა. როცა ნუგზარ შატაიძის, ან ირაკლი სამსონაძის მოთხრობებს ვკითხულობთ, ასეთი ბრაზიანები აღარ ვართ, პირიქით, დაუფარავად გამოვთქვამთ მათ მიმართ აღტაცებას, მაგრამ, თუკი იმავე ავტორებმა გაბედეს და პიესებიც შემოგვკადრეს, ნურას უკაცრავად, იმისთანა პრინციპულობას გამოვიჩენთ, მთებს შევაზანზარებთ. ნუთუ, ასე შესამჩნევად იცვლება ამ ავტორთა წერის სტილი თეატრისათვის განკუთვნილ ტექსტებში. რასაკვირველია, არა. მწერალი ნუგზარ შატაიძე პიესებშიც მწერალ ნუგზარ შატაიძედ რჩება და, ვფიქრობ, მისი დრამატურგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელიც სწორედ ესაა. იგივეს თქმა შეიძლება სხვა ავტორებზეც. აქედან გამომდინარე, თუკი მოგვწონს ამა თუ იმ მწერლის ენა და სტილი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, როგორ შეიძლება ის მოგვწონდეს მხოლოდ ნაწილობრივ, ჟანრების მიხედვით.

შესაძლებელია, არ მოგვეწონოს კონკრეტული ავტორის კონკრეტული ტექსტი და ერთი ტექსტი მეორე ტექსტზე უარესად ან უკეთესად მიგვაჩნდეს, მაგრამ როცა განსაკუთრებულ აგრესიას და, ვიმეორებ, ვითომდა ობიექტურობას კრიტიკოსები მაინც და მაინც ერთი ჟანრის მიმართ იჩენენ, ძალაუნებურად გიჩნდება შეკითხვა: ამოჩემებული გაქვთ, ბატონებო, ეს ქართული დრამატურგია. ეროვნული დრამატურგია ქართულ ლიტერატურულ ოჯახს მიტმასნილი გერია, თუ უპატრონო მაწანწალა, რომლის აორთქლების შემთხვევაშიც კაციშვილი არ მოიკითხავს მის ასავალ-დასავალს. ჩემი აზრით, ქართული დრამატურგიისადმი ა პრიორი ცუდი დამოკიდებულება მხოლოდ უხეიროდ დაწერილი ქართული პიესების ბრალი არ უნდა იყოს, აქ, როგორც ჩანს, ბევრად უფრო შავად არის საქმე, ვიდრე გვგონია: უბრალოდ, პიესების კითხვა გვეზარება, ან, უფრო უარესი, არ ვიცით, როგორ წავიკითხოთ ისინი - პიესების კითხვის ტრადიცია საქართველოში ხომ არასდროს ყოფილა! თუმცა, ამის მაგივრად, ტრადიციად იქცა სტერეოტიპი - რომ ქართული პიესა ნებისმიერ შემთხვევაში უვარგისია! ვაღიარებ, ძნელია ებრძოლო ამ სტერეოტიპს, როცა რეალურად ქართული დრამატურგია ორად ორ ავტორზე, დავით კლდიაშვილზე და პოლიკარპე კაკაბაძეზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ოსტატთა მიერ, როგორებიც რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი, ავქსენტი ცაგარელი და „თბილისელი მოლიერი“ გაბრიელ სუნდუკიანცია, საქართველოში მანამდეც იწერებოდა შესანიშნავი, დღეს უკვე კულტად ქცეული პიესები („ხანუმა“, „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“, „პეპო“ და ა.შ.), მაგრამ უკვე შემდეგ, მეოცე საუკუნეში, კომუნისტურმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულმა პათოსმა თითქმის მთლიანად შთანთქა ქართული დრამატურგია და რომ არა პოლიკარპე კაკაბაძე თავისი შედევრით „ყვარყვარე თუთაბერი“, სიტყვების „ეროვნული დრამატურგიის“ ხსენებაზე ქართველ მაყურებელს მხოლოდ მკვდარი ენა, ყალბი პერსონაჟები, ყურით მოთრეული უინტერესო სიუჟეტები და გულისამრევი პათეტიკა გაახსენდებოდა.

ქართული დრამატურგია, ჩემი აზრით, საინტერესო მხოლოდ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში გახდა. თამაზ ჭილაძის, ლაშა თაბუკაშვილის, გურამ ბათიაშვილის, ლალი როსებას, შადიმან შამანაძისა და ირაკლი სამსონაძის პიესებმა, ვფიქრობ, შეძლეს და ნაწილობრივ მაინც აღუდგინეს ქართველ დრამატურგს ავტორიტეტი. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში მაინც ბევრად უფრო მეტი უნიჭო პიესა იწერებოდა, ვიდრე ნიჭიერი, შესაბამისად, სტერეოტიპიც უვარგისი ქართული დრამატურგიის შესახებ დღემდე მყარია და ქართველი რეჟისორების დიდი ნაწილიც, რომლებიც ქართულ პიესების დადგმას აპირებენ, პიესის სათაურის წაკითხვისთანავე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ტექსტის არა მხოლოდ დადგმა, არამედ სიუჟეტის შეცვლა, სცენების ამოღება ან ჩატენვა, პერსონაჟთა დამატება ან, პირიქით, შეკვეცა და გამართვაა საჭირო. ასე რომ, ზემოთ ტყუილად არ მითქვამს ქართული დრამატურგიისადმი სკეპტიკურ-უარყოფითი დამოკიდებულება ტრადიციად იქცა-მეთქი, სტერეოტიპს, რომელსაც პირობითად „ქართველი დრამატურგები უნიჭოები არიან“ ჰქვია, ისე ღრმად აქვს ზოგიერთი მკითხველის გონებაში ფესვები გადგმული, რომ უკვე ვეჭვობ, ქართველად რომ დაბადებულიყო შექსპირიც კი და რომელიმე მათგანისთვის თავისი ახლად დაწერილი პიესა მიეცა წასაკითხად, მაინც დაიჭყანებოდნენ და იტყოდნენ: აჰ, თუკი თქვენც ქართველი დრამატურგი ბრძანდებით, ნუ, ესე იგი, აუცილებლად რაღაც იდიოტობა გექნებათ დაწერილიო.

ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ იმ სივრცეში, სადაც გასაგებ მიზეზთა გამო ქართულ დრამატურგიაზე მოირების წყევლასავით ადევნებული, ტრადიციად ქცეული სტერეოტიპების შესახებ არაფერი სმენიათ და სადაც მხოლოდ გემოვნებაა ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება მოიწონონ ან დაიწუნონ ესა თუ ის პიესა, ტექსტებს, რომელთაც აქ ასე ზერელედ ეპყრობიან, იქ კითხულობენ, წარმატებით დგამენ და აჯილდოვებენ კიდეც, და როცა ერთსა და იმავე პიესას საქართველოს საზღვრებს მიღმა ასეთი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეკიდებიან და აქ კი საერთოდ არც აღიარებენ პიესად, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ცნობილი ანდაზა შინაური მღვდლის შესახებ და არ გაგახსენდნენ თავად ქართველი სნობებიც, რომელთა აზრითაც, ალბათ, ქართული დრამატურგია არა საკმარისად აღიარებულია უცხოეთში და, აქედან გამომდინარე, სათანადო „სვეტცკობა“ აკლია. თუმცა, ბოლო-ბოლო, სნობიზმი სულაც არ არის დიდი ტრაგედია, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჩვენგან განსხვავებით სრულიად სხვაგვარად ესმით სიტყვა „პასუხისმგებლობის“ მნიშვნელობა ევროპულ ან თუნდაც თითქოსდა ჩვენთვის კარგად ცნობილ რუსულ თეატრში. მოსკოვის ერთ-ერთ ახალგაზრდულ თეატრში პირადად ჩემზე არა იმდენად ინტერპრეტაციამ, რამდენადაც, პირველ რიგში, პიესის ტექსტის მიმართ რეჟისორთა და მსახიობთა ინტერესმა და ყურადღებამ მოახდინა შთაბეჭდილება. დრამატურგის თითოეულ სიტყვას, რაიმენაირ მითითებას თუ სასვენ ნიშანს ისე დაუღალავად და ენერგიულად აანალიზებედნენ, რომ უნებურად უხურხულადაც კი ვიგძნენი თავი. ამ დროს, რა არის ამაში უცნაური და არაჩვეულებრივი. მაგრამ გაგიკვირდება, აბა რა, როცა გაგახსენდება რომელიმე რიგითი ქართველი რეჟისორი, ან თუნდაც ოდინდელი მაესტრო, რომლისთვისაც პიესის ტექსტი მხოლოდ დანაღმული ველია, დრამატურგი კი - პოტენციური მტერი, რომლის ნახელავის დადგმაც მხოლოდ მისი დაშლით, დახერხვით, პლასტიკური ოპერაციებითა და ათასნაირი საჭირო თუ არასაჭირო ფოკუსებითაა შესაძლებელი.

0x01 graphic

ქართველ რეჟისორთა უმეტესობა - ორიოდ კაცის გამოკლებით, ალბათ, - პიესის ტექსტს კი არ ხსნის, არამედ კონფლიქტი აქვს მასთან, და რაც უფრო სასტიკი, სისხლიანი და მასშტაბურია ეს კონფლიქტი, მით უფრო კმაყოფილია რეჟისორიც. ასეთებს, ინტერპრეტაცია სიუჟეტის შეცვლაც ჰგონიათ, რადგან მათთვის პიესის ტექსტი მხოლოდ ბალასტია, რომელიც მათსავე ფსევდო-ფილოსოფიურ-პანტომიმურ იდეებს უნდა მოერგოს (არც კი მეგონა, თუ ოდესმე წყვილად ვიხმარდი ამ სიტყვებს, მაგრამ ამნაირი სპექტაკლები მართლაც საკმაოდ მოხშირდა საქართველოში: რეჟისორი ფილოსოფოსობს, მსახიობები კი ცეკვავენ! უკვე მგონია, რომ ქართველ რეჟისორებს სადღაც, რომელიღაც საკურთხეველთან ფიციც კი აქვთ ნათქვამი: „არც ერთი სპექტაკლი ცეკვის, ბოლის და ფურცლების გადმოყრის გარეშე!“). კლასიკური თუ არაკლასიკური პიესების ტექსტებს ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ცვლიან და აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში. რამდენჯერ გამიგონია ასეთი უტიფრული ფრაზა ზოგიერთი თავკერძასაგან: „ხელახლა გადავწერე, რა. რეპეტიციებზე პახოდუ ვყრიდი სცენებს და ახლებს ვუმატებდი!“ მე ისეთი მსახიობებიც მინახავს, ამაყად რომ ჩაულაპარაკებიათ, მთელი პიესა არც წამიკითხავს, მარტო ჩემი სათქმელი სიტყვები წავიკითხეო, რა აზრი აქვს თავიდან ბოლომდე წაკითხვას, თუკი რეჟისორი მაინც ყველაფერს შეცვლისო.

ამისთანა ვანდალიზმს კლასიკოსი კი გაუძლებს, მაგრამ იმ ავტორმა რაღა ჰქნას, რომლის პიესასაც მაყურებელი სწორედ სპექტაკლის სახით ეცნობა პირველად - განა იმ ყველაფერზე, რაც რეჟისორმა ჩაუმატა ან მოუკლო, მას არ მოუწევს პასუხის გაცემა?! არიან კი დღეს ისეთი ცნობისმოყვარე მაყურებლები, რომელნიც სპექტაკლის ნახვისთანავე წიგნის მაღაზიებს მიაშურებენ, იმავე ავტორის იმავე პიესას შეიძენენ და ტექსტს თეატრში ნანახს შეადარებენ. კი აბა, თან გადაგყვებიან! თუკი რეჟისორის მიერ მიწებ-მოწებებულ პიესაფრანკენშტაინს არ მოიწონებენ, უმალ ისევ დრამატურგს გალანძღავენ საქართველოში და არა რეჟისორს, გაადაარჩინა პიესა, უფრო უარესი იყოო. კლასიკოსს კი რა დაუშავდება. არც არაფერი. რაც არ უნდა შევცვალოთ სიუჟეტი „ოტელოში“ და მთავარ გმირს სულ ერთი-მეორეს მიყოლებით რომ დავახრჩობინოთ კასიო, იაგო და ემილია, მაყურებელს მაინც ემახსოვრება, რომ სინამდვილეში ეჭვიანმა მავრმა სათნო დეზდემონა გაიმეტა სასიკვდილოდ და არა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები. როგორც არ უნდა გაჯიუტდეს „ჰამლეტის“ დამდგმელი, ცნობილ სიტყვებს პიესის მთავარ გმირს არაფრით ვათქმევინებო, დარბაზში მჯდომი თუნდაც ერთი წიგნიერი მაყურებლის მეხსიერებაში დანიის უფლისწული მაინც ჩაიკითხავს „ყოფნა-არყოფნის“ მონოლოგს და რამდენიც არ უნდა ახრჩოს ოფელია ჰამლეტმა ან რა სიხშირითაც არ უნდა აფეხმძიმოს ოტელომ ემილია ან თუნდაც იაგო, შექსპირს ამ ოინბაზობებით მაინც ვერაფერს დავაკლებთ, რადგან მისი სიუჟეტები უკვე კარგა ხანია არქეტიპებადაა ქცეული. მაგრამ სრულიად განსხვავებული პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს, როცა ახალი პიესა პირველად ისხამს ხორცს სცენაზე, - კარგი იქნება, თუკი ასეთ დროს მაინც გავიხსენებთ, რომ ინტერპრეტაცია სულაც არ ნიშნავს პიესის დასახიჩრებას. თუმცა, რეჟისორებს, მსახიობებს და მითუმეტეს, მაყურებელს რა უნდა მოთხოვო, როცა დრამატურგის ნახელავს თეატრალური კრიტიკოსებიც კი, არა ტექსტის, არამედ სპექტაკლის მიხედვით განიხილავენ. საქართველოში პიესების კითხვა თეატრალურ სამყაროში მოღვაწე პროფესორებსაც რომ ეზარებათ, ამაში სულ ცოტა ხნის წინ, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დრამატურგის, „აბსურდის თეატრის მამის“, ეჟენ იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალის“ პრემიერის შემდეგაც დავრწმუნდი. მხცოვანმა თეატრალმა, რომელიც, როგორც იქვე გაირკვა, სტუდენტებსაც კი უკითხავს ლექციებს თეატრის შესახებ, ჯერ ასე უცნაურად მიულოცა ერთ-ერთ მსახიობს: რას იზამ, შენ კი კაი იყავი, მაგრამ პიესაა ცუდიო, მერე კი აქეთ გამოგვხედა და ყველას გასაგონად იკითხა: პიესის ავტორი ვინააო. ნეტავ, რომელ თეატრზე ან რა თეატრზე უკითხავს ეს ქალი ლექციებს სტუდენტებს. ან იქნებ თვლის, რომ დრამატურგია სულაც არ არის თეატრი. მაგრამ თუკი დრამატურგიას არც ლიტერატურის ნაწილად მოიაზრებენ ზოგ-ზოგიერთები?! თუ უცხოური პიესა, რაკი ის უცხოურია, ითვლება დრამატურგიად და ლიტერატურად (მერე რა, თუკი მას იონესკოს გენიალური ქმნილება არ მოეწონა!), ქართული კი, რაკი ის ქართულია - არა. თუმცა, მიუხედავად ამ ინტელექტუალური, სნობური, თუ საგემოვნებო სკეპტიციზმისა, ერთგვარ პარადოქსთანაც გვაქვს საქმე: ქართული პიესები ხშირად და აქტიურად იდგმება საქართველოს თეატრების სცენებზე, - რეჟისორები ჩეხავენ, ჭრიან, ასხვაფერებენ, მაგრამ მაინც დგამენ, და სწორედ ესაა გასაკვირი! მუდმივად იმას გაიძახიან, რომ ქართული დრამატურგია არ არსებობს და კარგი ქართული პიესის მოლოდინში არიან, თეატრები კი, ამის პარალელურად, ქართული პიესებითაა გადავსებული, და თუკი აქვე ბოლოდროინდელ სტატისტიკასაც მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით, რომ ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ თანამედროვე ქართულ პიესებსა ჰყავთ.

გახსოვთ, ალბათ, ლაშა თაბუკაშვილის „მერე რა, რომ სველია სველი იასამანის“ ანშლაგები რუსთაველის თეატრში, აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ ახმეტელში, ირაკლი სოლომანაშვილის „რადიო.!“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ „თავისუფალ თეატრში“ და ა.შ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს პიესები და ვართ თუ არა კმაყოფილები ამ პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების მხატვრული ხარისხით, ფაქტი ფაქტად რჩება - მაყურებელი მეტწილად სოციალურ ტექსტებს ანიჭებს უპირატესობას. და ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ გახლავთ - ევროპულ წამყვან თეატრებშიც მხოლოდ ოთხმოცი პროცენტი უკავია კლასიკას, დანარჩენი კი თანამედროვე დრამატურგიაა. თუმცა, ამით სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ მაინცდამაინც მაყურებელი უნდა ჰკარნახობდეს დრამატურგსა და რეჟისორს, როგორი პიესები წერონ და როგორი სპექტაკლები დადგან. ესთეტიკურ ნორმებს შემოქმედი აყალიბებს და არა მაყურებელი - „დაკვეთა“ არ უნდა მოდიოდეს დარბაზიდან. ამ ილუზიით უკვე საკმარისად მოიტყუეს თავი ქართველმა თეატრალებმა და ამიტომაც დაემსგავსა ქართული სპექტაკლების დიდი ნაწილი საესტრადო კონცერტებსა და შოუებს. მე ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეატრი რაიმენაირი სახის ტაძარია, ან ინტელექტუალთა კლუბი (თუმცა, შესაძლოა, ასეთი თეატრიც საინტერესო იყოს), მაგრამ იუმორსა და გართობასაც ხომ აქვს თავისი ხარისხი! ქართული თეატრის აშკარა და ღრმა მსოფლმხედველური თუ ფორმისეული კრიზისის მიზეზების შესახებ ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ასეთი შთამბეჭდავი სხვაობაა ჩვენს თეატრალურ პროცესებსა და თუნდაც მხოლოდ ევროპულ თეატრალურ პროცესებს შორის. ცა და დედამიწა, როგორც იტყვიან. თუმცა, კრიზისის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზზე მაინც შევჩერდები და ამჯერადაც ისევ თეატრალების, საუკეთესო შემთხვევაში, არაცნობისმოყვარეობაზე, უარესში კი, გაუნათლებლობაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში თბილისის თეატრებში უცხოელი დრამატურგების მხოლოდ სამი თუ ოთხი პიესაა დადგმული. როცა ამ უცნაური მოვლენის მიზეზს ვეკითხები ზოგიერთ ქართველ რეჟისორს, კიდევ უფრო უცნაურ პასუხს ვიგებ მათგან: „არ არი და!“ ანუ, აქ იგულისხმება, რომ რეჟისორმა არ იცის, სად და როგორ მოიძიოს თანამედროვე უცხოური პიესა! ან, სავარაუდოდ, არცერთხელ არ შესულა წიგნის მაღაზიაში (ინტერნეტში შესვლაზე აღარაფერს ვამბობ!), ან, უბრალოდ, კითხვა ეზარება. რა საჭიროა კითხვა. წავა, ნახავს რომელიმე ადგილობრივი ცოცხალი კლასიკოსის სპექტაკლს, პიესის შინაარსს სპექტაკლიდან შეიტყობს, თუკი სპექტაკლი მოეწონება, პიესასაც მოიპოვებს, კლასიკოსზე უკეთესად დავდგამო, იტყვის, მართლაც დადგამს და კლასიკოსზე უკეთესად ვერა, მაგრამ კლასიკოსის სპექტაკლს კი ნამდვილად მიამგვანებს. უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც ორი შესანიშნავი წიგნი დაიბეჭდა, სადაც ოცამდე თანამედროვე ამერიკული, ფრანგული, გერმანული და რუსული პიესის ქართული თარგმანებია დაბეჭდილი, მაგრამ ჯერჯერობით მათგან არც ერთი არ დადგმულა ჩვენს თეატრებში. დადგმას რას ვჩივი, ალბათ, წაკითხულიც კი არ ექნებათ. ამ დროს, ამ ტექსტების მიღმა ხომ ის თეატრალური ტენდენციები იკვეთება, რომელიც დღეს ამა თუ იმ თეატრალურ, სახელოვნებო თუ ზოგადად სოციალურ სივრცეშია აქტუალური. არც კი ვიცი, როგორ აიხსნება ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური გულგრილობა.

პიესებისადმი უცნაური და ველური დამოკიდებულების შესახებ კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ამ მცირე სტატიით დავკმაყოფილდები.

მკითხველს ბოდიშს ვუხდი, ალბათ, აშკარად შესამჩნევი პროფესიული ტენდეციურობისათვის, ხოლო „საბას“ წლევანდელ ჟიურისა და „თიბისი ბანკს“ კი გულწრფელ მადლობას, რადგან როგორც პრემირებული რომანის ავტორს, წესით მხოლოდ მადლობის თქმა უნდა მიმაჩნდეს საჭიროდ.

„საბას“ მომავალ ჟიურის კი, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მინდა ვთხოვო, მეტი პასუხისმგელობითა და ნაკლები ინფანტილიზმით მოეკიდონ საქართველოში მრავალგზის ჩაგრულ დრამატურგიას და ნუ იქნებიან ქართველი ჩეხოვებისა და ბეკეტების მოლოდინში, ვინაინად არანაირი გარანტია არ არსებობს იმისათვის, რომ ასეთები კვლავაც გამოჩნდნენ - არც „ბუკერია“ დარწმუნებული, რომ ყოველ წელს ჯულიან ბარნსს ან სალმან რუშდის დააჯილდოებს და არც „ნობელი“ აუქმებს ლიტერატურულ ნომინაციას, რაკი მორის მეტერლინკი და თომას მანი აღარ არიან ცოცხლები - ლიტერატურული პრემია ლიტერატურული პოლიტიკაც გახლავთ და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ისედაც მცირეა ლიტერატურის გავლენა საზოგადოებაზე, ჟანრის არაღიარება მხოლოდ კონკრეტული პიესების დაწუნებას კი არა, არამედ ზოგადად მის მოკვლასაც ნიშნავს. მოკლულთა აჩრდილებს კი, მოგეხსენებათ, შურისძიებაც სჩვევიათ!

31.3 ქალაქგარეთ

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა - პოეზია

ავტორი: ანდრო ბუაჩიძე

0x01 graphic

რატომ მოვხვდით მე და შენ ამ ქვეყანაზე, სადაც არსებობს რეგალიები და წოდებები, სადაც არსებობს მკვლელობები და რატომ კლავენ არ იციან, სადაც იცვლება ხშირად ტაროსი და სულ უაზროდ ლიმნისფერი მზე ანათებს ამ ქედებს უკან. ცივი ქარია, ალბათ მოთოვა ტყეებს მიღმა, ჩვენ მივაბიჯებთ ნელა და ცივი: უკვე ცხოვრების საკმარისი გზა გავიარეთ და კვლავ მივდივართ. ცარიელია ტრასა. შენ ამბობ: კარგია, რომ აქ იცხოვროს კაცმა, - მზიან ტრასასთან აქვე სულ ახლოს ლისის ტბა არის, მალე ავტობუსის გარაჟები აღარ იქნება, და მათ ნაცვლად აქ იპოდრომს გააშენებენ. ქალაქგარეთ, ნუცუბიძის პლატოს იქით ჩვენ მივაბიჯებთ ნელი ნაბიჯით. შენ იხდი კურტკას და მხრებზე ისხამ, და მერე უკვე არაფერზე აღარ ვსაუბრობთ, ნელა მივდივართ მზიან ტრასაზე. ეს პირველი მზიანი დღეა მარტის თვეში. საიდან მოვხვდი აქ, სადაც ქვაფენილზე ორმოებია და მარცხნივ კი ტრიალ მინდორზე ლტოლვილების კორპუსია, სარეცხი კიდია აივნებზე და ბავშვი ტირის ზედა სართულზე. შორიახლოს კი ჩვენს წინ და თან მარცხენა მხარეს მოჩანს ის - ე.წ. „ბავშვთა სოფელი“ და თეთრი სახლი - ჩემი შვილების საბავშვო ბაღი. მე იქ მივდივარ პატარების გამოსაყვანად, შენ კი მომყვები. ჩვენც ხომ ჩვენი წარსულიდან გამოვეშურეთ და უკანვე ვეღარ დავბრუნდით. დიღმის მასივი მივატოვეთ და გავიფანტეთ სხვადასხვა მხარეს. კლასელები ვართ. კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. ცხოვრების გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. როგორც ღამეში შუქნიშნები კვეთენ მოედნებს და მიიწევენ სახლებისკენ. ჩვენ უკვე გავცდით ლტოლვილთა კორპუსს. აქ ჭალაა და ჯუჯა ნაძვები, და წყალია დაგუბებული. გზისპირას ვდგავართ ორივენი და გადავყურებთ: მიტოვებული საძირკველია, ქვის სალტეებში მწვანე წყალი დგას. წყალში ცა მოჩანს მოწმენდილი და ცარიელი, ხიმინჯებია, მიგდებული მშენებლობის მიუსაფრობა, მზე და სიცივე და მივაბიჯებთ ავტორი: ანდრო ბუაჩიძე მზიან ტრასაზე, საიდან მოვხვდით აქ არ ვიცით, სადაც იმედებია ღრუბლებივით გაწოლილი ქედების მიღმა, სადაც ვეძებდით ბევრ რამეს და ვერ კი ვიპოვეთ და ახლა უკვე შუახნისანი მივაბიჯებთ, რადგან ცხოვრება სიარულია, შენ ყოფილი ფეხბურთელი ხარ, მე კი ისევ იმ ერთ წერტილს მივჩერებივარ. ახლოვდება ე.წ. „ბავშვთა სოფელი“, და აგურის წითელ სახლში სიწყნარეა, თეთრ სახლში კი ჩემი შვილები მელოდებიან და აშენებენ კუბიკებისგან ახალ ცხოვრებას.

ოთახი

როგორ იბუდებს ამ ბინაში სიცარიელე, რაც შენ დატოვე სამუდამოდ ეს ოთახები და დღის სინათლე იატაკზე როცა იელვებს, სხვა რამეს ამბობს, ამ სივრციდან რაც შენ გახვედი სიჩუმეს იკრებს ყველა ნივთი - ბზა თუ რვეული, მარადისობა თითქოს იწყობს თავის საბუდარს მთრთოლვარე ხელით, და არ უნდა რომ ჭირვეული იყოს, ამიტომ ჭკვიანურად ქსოვს აბლაბუდას. და ეს ოდნავი აბლაბუდა თითქოს მუდმივად ითრევს ამ ოთახს და ედება სხვა ოთახებსაც და მთელი ბინა დაიკავა უკვე უნდილმა; არ შეიძლება რომ ის იყოს სადმე ნახევრად.

31.4 ხელის თხოვნა ანუ როგორ შექმნა როტერდამში პოეზიამ ოჯახი

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა - ფესტივალი

ავტორი: ინგრიდ დეხრავე
ფოტო: ტინეკე დე ლანგე, პიტერ ვანდერმეერი

0x01 graphic

ყოველი წელს, ზაფხულობით, ნიდერლანდური ქალაქი როტერდამი, ევროპის პოეზიის დედაქალაქად იქცევა ხოლმე. ეს მას შემდეგ, რაც 1970 წელს ფესტივალი Poetry International Rotterdam დაარსდა და მალევე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ პოეზიის ფესტივალად იქცა. 38-ე ფესტივალზე, პირველად ქართველი პოეტებიც მიიწვიეს. წერილში წაიკითხავთ, როგორ ჩავიდნენ მაია სარიშვილი, შოთა იათაშვილი, რატი ამაღლობელი და მათი ბელგიელი, თბილისში მცხოვრები მთარგმნელი, ინგრიდ დეხრავე, ნიდერლანდებში და როგორ ჩატარდა როტერდამის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი ოცდამეთვრამეტეჯერ.

მაინც და მაინც წასვლის ღამეს, პირველი საზაფხულო ბუზი ჩემს ბინაში შემოფრინდა, დავსდევ, მინდა გავაგდო, მაგრამ გარეთ გაფრენას არ აპირებს. მე კი მეცოდება, წარმოვიდგინე, დავბრუნდები და მისი ხმელი გვამი დამხვდება. უცნაურია, წასვლამდე რამდენიმე წუთი მრჩება და ამ ბოლო წუთებსაც ბუზის გადარჩენას ვახმარ. საბედნიეროდ. შოთა შეთანხმებულ დროს მობილურზე მირეკავს: „გამოდი.“ ბუზიც სწორ გზაზე გავუშვი და აღარაფერი მაბრკოლებს ნიდერლანდებში გასამგზავრებლად.

თბილისსა და ამსტერდამს შორის რამდენჯერ ვიფრინე, არც კი მახსოვს. ყოველ ფრენას კი განსაკუთრებული საბაბი აქვს. საბაბი შეიძლება იყოს - ნიდერლანდური ენისა და კულტურის კონფერენცია, ჩემი დისა ან ძმისშვილის დაბადების დღე, აუცილებელი სამედიცინო კვლევა, დასვენების საჭიროება, გამოფენა, ერლომ ახვლედიანის წიგნების ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია, და ასე შემდეგ.

ამჟამად კი, ბალახისფერი ჩემოდნით, მარკით „სემსონაიტ“, აიბუქით, ხელჩანთით და სამი ქართველი პოეტით ნიდერლანდებში მივემგზავრები. ჩვენი ფრენის დღესვე, როტერდამის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი 38-ჯერ იხსნება. ჩვენ საპატიო სტუმრებად ვარ დაპატიჟებული.

ტაქსში მძღოლის გარდა, რატი ამაღლობელი, მაია სარიშვილი და შოთა იათაშვილი მელოდებიან. ღამის 3 საათზე - კაცების შეწუხება მიწევს. ჩემი ეზოს ჭიშკრის ბოქლომს ვებრძვი. ივლისში რვა წელი გახდება, რაც საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საბჭოთა ნივთების ხმარება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. არადა, ჭიშკარი ღია რომ დავტოვო, და ქურდებს მეზობლების მანქანების მოპარვა გავუადვილო, გამორიცხულია. ადამიანი ჯიპის გარეშე, ადამიანად ხომ არ ითვლება?! საბედნიეროდ შოთა ფარანით მეხმარება, რატი კი - შერჩენილი საბჭოთა სიბრძნით.

აეროპორტში ვჩქარობთ. ტაქსში ბავშვური სიხარული იგრძნობა. რაც დრო გადის, თბილისის დატოვებისას ყოველთვის მელანქოლია მიმძაფრდება ხოლმე. დღეს კი ეს განცდა ჩვენს მიზანს დაემთხვა: წელს როტერდამის ფესტივალი სწორედ იმ მელანქოლიასა და სიგიჟეს ეხება.

ნახევარი წლის წინ, სანამ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ცნობის მოსაპოვნებლად საჭირო საბუთებზე დავრბოდი, ნიდერლანდებიდან დამიკავშირდნენ: „რამდენიმე ქართული წიგნი ნიდერლანდურად რომ გადათარგმნე, პოეზიაზეც ხომ არ იმუშავებდიო?“ დავთანხმდი. თორმეტი პოეტის სამ-სამი ლექსი გადავთარგმნე, ნიდერლანდელებისთვის ქართული პოეზიის ლანდშაფტის საჩვენებლად. ამ თარგმანების მიხედვით წელს ფესტივალისათვის სამი პოეტი აარჩიეს. ჰოდა, მაია, შოთა, რატი და მე ერთ თვითმფრინავში ერთიანი მიზნით აღმოვჩნდით. მაიას ეშინია, შოთას ეძინება, რატი რამდენიმე რიგის მოშორებით მოხვდა და თავისი აიპოდი ჩართო. შეშინებული ადამიანი ყველაზე საინტერესოა, იმიტომ, რომ ყველაზე ნაღდია. მითუმეტეს მაია, რომელსაც შიშის კი არ სრცხვენია, არამედ სწორედ შიშსა და წუხილს იყენებს თავის ლექსების ძრავად. მის გვერდზე ვზივარ და ვხვდები, არც უნდა დავაწყნარო, ვინაიდან ეს განცდები მისი ახალი ლექსების საფუძველს წარმოადგენს.

სხიპჰოლზე, ანუ ამსტერდამის აეროპორტში, ის დიდი პატივი, რითიც ნიდერლანდებში გვიღებენ, ოდნავ გვაკვირვებს: ფესტივალის მძღოლი და საქართველოს ახალი დანიშნული ელჩი გვხვდებიან. ვიბნევი. მძღოლის მოსვლის თაობაზე წინასწარ გამაგებინეს. ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს კი აეროპორტში ნამდვილად არ ველოდი. რამდენიმე თვის წინ ქალაბატონ მაიას ნიდერლანდური ენის გაკვეთილები ჩავუტარე. მალე კი ვხვდები, რომ ქალბატონი მაია დედამისის დასახვედრად მოვიდა. ეს კარგად დაემთხვა, ვთანხმდებით, რომ ფესტივალის ქართულ საღამოზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საზეიმო განწყობა უკვე ჰაერში იგრძნობა.

0x01 graphic

მანქანასთან რომ მოვხვდით, მძღოლი გვთავაზობს, რომ წინ დავჯდე: „ჩემი ქართული დაჟანგულია, ამიტომ გზაში საჭირო ინფორმაციას შენ მოგაწოდებ.“ ერთი საათის მერე სასტუმროში ისეთ დროს მივდივართ, რომ საუზმეს ვუსწრებთ. ბოლო სართულზე ყავას და წვენს ვწრუპავთ, შემწვარ კვერცხს, ხილის სალათს, კრუასანებს და კიდევ უამრავ სხვა დელიკატესს მივრთმევთ. სასაუზმის შუშის კედლებში როტერდამის განუმეორებელი ხედი ირეკლება. როტერდამი ქალაქია, რომელიც, როგორც გროზნო, ნაჰასაკი, ბერლინი, იერუსალიმი, კიჰალი და მრავალი სხვა ქალაქი, ნანგრევებად გადაიქცა და ფერფლიდან აღსდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაბომბილი როტერდამი თავიდან კი არა, არამედ მომავლისკენ მიმართული მიდგომით აღედგინათ. სანამ ნამგზავრები ვისვენებთ და გემრიელად მივირთმევთ, ჩვენს გარშემო მსოფლიო დონის არქიტექტურული ლანდშაფტი იშლება. ყველა შენობა თავისი განუმეორებელი აურით ჩვენს ყურადღებას ითხოვს. ამ ამბავს ჯერ ჩემთვის ვინახავ. მეც დავიღალე.

როტერდამის გულს წარმოადგენს მოედანი, სადაც კინო, თეატრი და კულტურის ცენტრი წრეს ქმნის. კინოში ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილი კინოფესტივალი ტარდება, კულტურის ცენტრში ვარსკლავების კონცერტები იმართება, და თეატრში ყოველ გაზაფხულზე, პოეზიის წასაკითხად და მოსასმენად დედამიწის ყველა კუთხიდან იკრიბებიან. ამ სამი შენობის შუაში მდებარე მოედანი ქალაქელების ყველაზე საყვარელი ადგილია. მის ხის იატაკზე სეირნობა სასიამოვნოა, გრძელ სკამებზე ჩამოჯდომა მეგობართან საუბარს უხდება, სიცხეს პირდაპირ იატაკიდან ამოსული შადრევანი აგრილებს. სწორედ ეს სულიერი კუნძული წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო ადგილს.

ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. თანდათან მოდის წარმატებები: პირველ საღამოს ათიოდე სხვა პოეტთან ერთად შოთა და რატიც გამოდიან. მეორე დღეს, გაზეთში სათაურია: „ყველა პოეტს ტაში, ყველაზე მეტი - რატი ამაღლობელს“. მეორე საღამო მთლიანად ქართველ პოეტებს ეთმობათ. შოთა ყველა ლექსის დასრულებისთანავე ტაშს იმსახურებს, რაც ნიდერლანდებში იშვიათი მოვლენაა. ბოლო საღამოს დახურვის ფართიზე კი ვხვდებით, რომ მაიას უკვე ფანები ჰყავს. მრავალი ადამიანისგან უსასრულო ქების გარდა, მაია ერთი კაცისგან საჩუქარს იღებს: მაიას რომ ხედავს, საცეკვაო მოედანს ტოვებს, თავის ოფლიან მაისურს იხდის, და მაიას ჩუქნის.

ჩემს მიმართ კი უფრო ჰაეროვანი დამოკიდებულება შევამჩნიე. ზოგიერთი დაინტერესდა, საქართველოში პურის ფულს რითი ვშოულობ. ვაღიარე, რომ ეს იოლად არ გამომდის. შეწუხებულებმა მირჩიეს, ნიდერლანდელებისთვის ტურისტული სააგენტო გავხსნა, ან რესპოდენტად ვიმუშავო, ან რა ვიცი, კიდევ რა არ მირჩიეს. ამ რჩევების მოსმენა არ გამჭირვებია. ბოლო დროს მოთმინების უნარი მომემატა.

ფესტივალს „კარის ფოტოგრაფი“ ყავს, რომელიც ფესტივალის დაარსებიდან, 38 წელია მუშაობს და ბროდსკი, შიმბორსკა და შეიმას ჰინი ჰყავს გადაღებული. Kინოფესტივალზეც, მისი დაარსებიდან მოყოლებული, სტუმრების პორტრეტებს იღებს. ყველას უყვება, როგორ უყვარს თავისი პროფესია. როცა იგებს, საიდან ვართ, ამაყად გვეუბნება, რომ ფარაჯანოვი, ტარკოვსკი და იოსელიანი მრავალჯერ გადაიღო. ბოლო დღეს მითხრა, რომ ჩემს პორტრეტსაც დიდი სიამოვნებით გადაიღებდა: პატარა ნიმფას გავხარო. ვაფრთხილებ, რომ დიდი შანსია, ნიმფა ფოტოფირზე არ დაფიქსირდეს, და თუ დაფიქსირდება, ფრთები მაინც არ მაქვს-მეთქი. როგორ არ გაქვს, უბრალოდ არ ჩანსო. ამ კაცმა ჩინებული პორტრეტი გადამიღო, ამის მერე უკვე მჯერა, რომ განსაკუთრებული არსება ვარ, ოღონდ შესაფერის ტყეს ვეძებ, ნიმფას როლის შესასრულებლად. თითქოს მართლა ფრთები მაქვს, ისე, როგორც სხვას ფანტომური ტკივილი აწუხებს - ტკივილი დაკარგული სხეულის ნაწილში.

საბედნიეროდ, მხოლოდ საქართველოდან მოსული ოთხეული არ ბრწყინავს. იაპონელი კიაო ნომურა, შუახნის კაცი, რომელიც ბრძენ პროფესორს ჰგავს, მიმზიდველი, მშვიდი ხმით, სასტიკ ლექსებს კითხულობს.

ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის გამოსვლისას ფესტივალის თანამშრომელი მიკროფონთან პატარა კიბეს ადგამს. იე მიმი ტაივანელი გოგოა, რომელიც ფულის საშოვნად დონატებს ყიდის, სხვა დროს კი ლექსებს, პიესებს და სცენარებს წერს. სანამ ლექსების კითხვას დაიწყებს, ტკბილი, ფრანგული მუსიკა ისმის, მაგრამ, მისი ლექსებიდან თანამედროვე და რეპულ სტილში, ახალგაზრდის შინაგანი სამყარო იშლება და ყალბ სიტკბოებას სპობს.

ტრადიციულად, ფესტივალი გარკვეული თემის ირგვლივ ტარდება. ამჟამად მელანქოლია და სიგიჟე პოეზიის აკვნად გამოაცხადეს. ორგანიზატორებმა ეს არჩევანი სიტყვასიტყვით წარმოიდგენეს, და მრავალი საკმაოდ მშვიდი პოეტის გარდა, ერთი ნამდვილი შეშლილიც ჩამოიყვანეს. ჰანს ვლეკი ახალგაზრდობიდან ძლიერ, ეგზისტენციალურ ლექსებს წერს. მისი პოეტური სამყარო ყოველდღიურობასთან კონფლიქტშია, და რამდენიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის მერე საბოლოოდ ესპანეთში დასახლდა. იქ მარტო ცხოვრობს, საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მოშორებით. დიდი ხანია, სამშობლოში აღარ ყოფილა. არავინ იცის, როგორ ჰანს ვლეკს შევხვდებით.

თავის საღამოზე თითქოს საცირკო ატრაქციონს აწყობს. „სპექტაკლი“ თან ჯადოსნური, თანაც - უხერხულია. სანამ მისი გამომცემელი ჰანს ვლეკის ცხოვრებასა და შემოქმედებას გვაცნობს, თვითონ პოეტი პირველ რიგში ზის და ამ ყველაფერს, გაუჩერებლად და ხმამაღლა თავის კომენტარს ამატებს. მისი გამომცემლის, მეგობარი-პოეტის, დოკუმენტალისტის გამოსვლების მერე თავად ჰანს ვლეკს გადასცემენ სიტყვას. დარბაზი იძაბება. ალბათ, თითოეული მაყურებელი სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს, რომ უხერხულობისგან დარბაზი არ დატოვოს და უყუროს, როგორ იშორებს პოეტი მიკროფონს, როგორ უსასრულოდ ეძებს საქაღალდეში წასაკითხ ლექსს, პულტს როგორ ტოვებს და სცენაზე ბოდიალს როგორ იწყებს, გამომცემელი და მეგობარი სცენაზე როგორ ბრუნდებიან და ამაოდ ცდილობენ, პოეტი ბავშვივით დააწყნარონ, და თავისი მოვალეობა შეასრულებინონ. ამას ისე ვუყურებ როგორც პერფორმანსს: კაცმა ღია ნაცრისფერი კოსტუმი ჩაიცვა, და იმავე ფერის დიდი ქუდი დაიხურა. დარბაზი არენად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ მაყურებლები ზევიდან უყურებენ სცენას. ჰანს ვლეკი თავს არ წევს, მისი სახე რომ არ გამოჩდეს. მისი ტანადობა ლამაზ სურათს ქმნის: სავსე დარბაზი პოეტის სახის ნაცვლად მის ქუდს უყურებს, და პოეტის ლექსების ნაცვლად მის მუსიკალურ და მოუსვენარ ბოდვას უსმენს. საღამო დამთავრდა. ხალხი ადგა, და დარბაზი, უხეშად კი არა, ბუნებრივად და პატივისცემით დატოვა. გარეთ ფესტივალის ერთი თანამშრომელი მომიყვა, რომ იმ დილით ჰანს ვლეკი თავისი ნომრის აივნიდან მეზობლის ოთახში გადაძვრა.

ჩვენი საუკეთესო წუთები სასტუმროს ნომერში შედგა. ფესტივალის კვირეულის განმავლობაში პოეზიის საღამოების გარდა, ბევრი სხვა პროექტიც იყო დაგეგმილი. ერთს „გადაჩურჩულების პროექტი“ დაარქვეს. ეს ნიდერლანდელი პოეტის ლექსის რიგრიგობით ნიდერლანდურიდან ქართულად, ქართულიდან რუსულად, რუსულიდან ფრანგულად - და ასე შემდეგ - თარგმანს გულისხმობდა. ყოველ დღე, ერთი ენიდან მეორეზე ითარგმნებოდა, რათა ბოლო დღეს ბოლო ენიდან, რომელიც აფრიკული იყო, ისევ ნიდერლანდურად თარგმნილიყო. რასაკვირველია, ბოლოს შინაარსით და ფორმით საკმაოდ განსხვავებული ლექსი გამოვიდა. ამ თამაშში მონაწილეობის დროს, ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო, სინამდვილეში კი, ყველაზე ლამაზი წუთები გვქონდა: შოთა, მაია და მე ლოგინზე წამოწოლილები, რატი - პატარა მაგიდასთან, და ჩვენი გონება ერთი მიმართულებით მომუშავე. ასე ერთობლივად გადავთარგმნეთ ლექსი, სადაც პოეტი ნანობს, რომ მისი შემოქმედება მძღნერის სუნით აყროლებულ ვარდს ჰგავს. ჩვენმა თანამშრომლობამ დაამტკიცა, რომ შრომა ჩემში სიყვარულს აღვიძებს. ჩემს ნომერშიც საწერ მაგიდასთან სარკე ეკიდა. დღიურის დასაწერად ან პრეზენტაციის მოსამზადებლად სარკის წინ ვჯდებოდი, და ჩემს თავს ასე შრომაში ჩაფლულს რომ ვხედავდი, გული მიჩქარდებოდა.

მოგზაურობა ბევრ რამეს გასწავლის. ქართველებიც ნიდერლანდებში ყოფნის წყალობით საკუთარ იდენტობაზე ფიქრდებოდნენ. ერთი ქართველი პოეტი ნანობს, რომ ქართველი მეგობრობას იოლად გიცხადებს, ოღონდ ეს მეგობრობა მხოლოდ იქამდე გრძელდება, ვიდრე მას ამისი სურვილი და ინტერესი ყოფნის, და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მალე მთავრდება. დასავლელი კი ძნელად გიმეგობრდება, ოღონდ თუ დაგიმეგობრდა, მაშინ ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი და გულწფრელი ურთიერთობა გამოდის. ამას ქუჩაში მეუბნება. კომენტარისთვის არ მცალია, იმიტომ, რომ ყველანაირად ვცდილობ, გუბეში არ ჩავვარდე.

მეორე დღეს, საერთო ქართველ ნაცნობს ვხვდებით, რომელიც რამდენიმე კვირით ნიდერლანდებში ისვენებს. წლების მანძილზე ნიდერლანდებში სწავლობდა, და ორი წლის წინ ისევ საქართველოში გადასახლდა. ახლა ქართველების საღამოზე გვესტუმრა. ნიდერლანდელი პოეტების არსებობაში ეჭვი ეპარება. რაც აქ ცხოვრობს, ნიდერლანდები ყველაზე არაპოეტურ ქვეყნად ეჩვენა. ჩვენი გამოცდილი ქართველი მეგობარი ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებში ემოციებს ტაბუ ადევს. ქართველები ბედნიერი ერია, ვინაიდან მტკიცედ სჯერათ, რომ ემოციებზე და მეგობრობაზე პატენტი აქვთ მოპოვებული.

ცოდნას უცნობი და იდუმალი საქართველოს შესახებ ჩემთვის არ ვინახავ. ამ რვა წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვცხოვრობ და კულტურათა შორის გაცვლაზე ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეგიძლია გიყვარდეს, შეგიძლია გძულდეს, გულგრილი კი, ამ ქვეყნის მიმართ ვერ დარჩები. სასიხარულოა, თუ შენს ბიოგრაფიაში საქართველო რაიმე როლს თამაშობს, უკვე საინტერესო ადამიანად ითვლები. ყველგან გეკითხებიან, იქ როგორ ცხოვრობ, და ღმერთო, იქ რატომ გადასახლდი. როტერდამის ფესტივალზეც „ქართულ დელეგაციას“ ყურადღება არ აკლია. ყოველ დღე, მაგალითად 11-დან 2 მონაწილე პოეტს ორ მთარგმნელობით სემინარს სთავაზობენ: ერთი ნიდერლანდელი პოეტის შემოქმედებას ეხება, მეორე კი, მაია სარიშვილის ლექსებს.

მაიას სათარგმნი მასალა ჩემი არჩეული ათი ლექსიდან შედგება. ყოველ დღე, მაია და მე დილაადრიანად ვტოვებთ სასტუმროს, გზაში ქუჩის მუსიკოსს, ასაკოვან აკორდეონისტს და თეატრის ფოიეში შეკრებილ პოეტებს ვესალმებით. პირველ სხდომაზე პორტუგალიელი, ტაივანელი, ნიდერლანდელი და ეგვიპტელი პოეტები გაერთიანდნენ. ორ საათში ერთ ლექსს ვთარგმნით პორტუგალიურად, ჩინურად, ნიდერლანდურად და არაბულად. კვირეულის გამავლობაში პოეტები მაიას ლექსების თარგმნის საშუალებით საქართველოს შესახებ რაღაცეებს იგებენ: საქართველოში მოხუცმა ქალებმა როცა აღარ იციან, პურის ფული საიდან იშოვონ, ქუჩაში ბუშტებს ყიდიან. ქართველი სტუმარს როცა იღებს, თავისი შვილებით ამაყობს, რომლებსაც სტუმრის გასართობად სიმღერები და ლექსები ასწავლა. ოჯახში ქალი ხშირად ცდილობს, თავისი წუხილი არ გამოხატოს. ბევრი ქართული ოჯახის ფინანსურ სირთულეებზე მსჯელობის დროს, ერთი ნიდერლანდელი პოეტი სიღარიბესთან დაკავშირებით თავის აზრს გვიზიარებს: „სიღარიბე ის კი არ არის, რაც ნიდერლანდელი მასზე წარმოიდგენს. შეიძლება ოთხი შვილით და დაბალი შემო სავლით გიჭირდეს, და მაინც, ღარიბად არ ითვლებოდე.“

დღე არ გადიოდა, მაია ვინმეს რომ არ შეექო და არ ეთქვა, რომ დიდი პოეტია. ყველა კომპლიმენტზე მაია ყველაზე ნაზი და გულწრფელი „თენკ იუ“-თი პასუხობდა, რაც ოდესმე გამიგია. ქართველებს შორის მაია ამ ფესტივალზე აღმოჩენა იყო. ერთმა ორგანიზატორმა მითხრა, რომ პირველად როცა მაიას ლექსები წაიკითხა, ეგონა, რომ კაცის იყო. სხვამ ჩემი თანდასწრებით მაიას უთხრა, რომ ახალი შიმბორსკა გახდება. მაია სარიშვილმა, როცა თბილისში მისი ლექსების თარგმანზე ვმუშაობდით, ერთხელ აღმიწერა, როგორ წერს. პირველი ლექსიც ახსოვს: ბავშვობაში კორპუსში ცხოვრობდა, და ყოველ დღე მოუთმენლად ელოდებოდა ნაგვის მანქანას. ის კორპუსთან ახლოს ჩერდებოდა, და ყველა თავისი ფანჯრიდან ნაგავს ყრიდა. ერთხელ თავისი პირველი თოჯინა ნაგავში აღმოაჩინა. დედამ ნახმარი თოჯინა ჩუმად მოიშორა. პატარა მაიამ კი ისე განიცადა, რომ მისი პირველი ლექსი იმ დაკარგულ თოჯინას მიუძღვნა. მითხრა, რომ წერის დროს, თითქოს წყალშია ჩაძირული, და სასწრაფოდ ლექსი უნდა დაწეროს, რომ დროზე ამოვიდეს და ისუნთქოს. მისი საყვარელი საწერი ადგილი ის ოთახია, სადაც მის ოთხ შვილს სძინავს, და მათი ტანსაცმელით საწერ ლამპას ფარავს, სინათლემ ბავშვები რომ არ შეაწუხოს. მაიას ლექსები დღიურივით იკითხება. პირდაპირი და ფიზიკური ხატებით ახერხებს ქალის შინაგანი სამყაროსა და არსის ჩვენებას.

ფესტივალის დახურვის საღამოზე ყველა პოეტი ერთი ლექსით გამოდის, რომელიც მელანქოლიას ეხება. ბოლო საცეკვაო საღამოს მერე ერთმანეთს მელანქოლიურად ვემშვიდობებით. გულში კი, ყველას, ალბათ, მაინც უხარია, რომ ჩვენი დროებითი „ოჯახი“ იშლება. შოთას ერთი ბელგიელი პოეტი-მეგობრის გაცნობაც მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ შოთა და ის რუმინეთში ერთ-ერთ ფესტივალზე შეხვდნენ, და დღეს როტერდამში შოთას მოსასმენად და სანახავად ჩამოვიდა. ჩემთან მოდის, და ნებართვას მთხოვს, გასაცნობად ერთი ლექსი წამიკითხოს. უარს არ ვეუბნები. სანამ ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი ხმამაღალი მუსიკის ფონზე ყვირის, ყურში შემდეგნაირ სტრიქონებს მიჩურჩულებს: „შენ თვალებში ანგელოზები ცურავენ/ოცნებები მიატოვე/სინამდვილე ახლა დგება“. მადლობა გადავუხადე, და ლექსი დავიმახსოვრე - მოგვიანებით დასაფიქრებლად.

შემდეგ დილას ქართველები ნიდერლანდებში უკვე აღარ არიან, ბოლოჯერ ვსაუზმობ სასტუმროს სახურავზე. სადგურში წასასვლელად რომ ჩავდივარ, ერთ-ერთ პოეტს გასასვლელში ვხვდები, ანგოლელპორტუგალიელს. ვთავაზობ, რომ სადგურში ერთი ტაქსით წავიდეთ. პარალელურ ქუჩაზე ბანკ-ავტომატიდან საჭირო გზის ფულს ვიღებ, და როცა სასტუმროსკენ ტაქსის დასაჩერებლად მივრბივარ, ანგოლელ-პორტუგალიელს ჩემი ბარგი უკვე ტაქსში შეაქვს. თითქოს, მრავალი წლის ცოლ-ქმარი ვიყოთ. გზაში ჩაძინებულ როტერდამში ცხენებიან და ყვავილებით მორთულ, თეთრ ეტლს ვხვდებით. ქორწილია-მეთქი. ბედნიერად იყვნენო, პოეტმა. იქნებ ნიჭიერი და ბრძენი მეუღლეები გახდნენო. მე კი, კატასტროფული ქმარი აღმოვჩნდი, არც ერთი ქორწინება არ გამომივიდაო. ნუგეშად ტაქსისტს მე გადავუხადე.

სადგურში ბოლო პოეტსაც ვემშვიდობები. მაინც არ თხოვს ჩემ ხელს. აღარასოდეს შევხვდებით. ჩემი ბაქანის მოსაცდელში შავკანიანი ქალი შემოდის სამ პატარა ვაჟთან ერთად. თვალებს ვერ ვაშორებ. სხდებიან, ბიჭები თანდათან ფეხებს ამოძრავებენ. მათი ფეხების მოძრაობაზე მუსიკა მესმის, და მეც შინაგანად ცეკვას ვიწყებ. მატარებელი მოდის, და ბრიუსელისკენ, ჩემს სამშობლოში მივემგზავრები ჩემების სანახავად.

გვერდით ორი ბრიტანელი მეცნიერი ზის. საქაღალდისგან ერთი ფურცელს აიღებს, და მეორეს აჩვენებს. ეცინებათ. თვალის კუთხიდან ვცდილობ გავარკვიო, რა წერია ფურცელზე და რაზე ეცინებათ: ჩემთვის გაუგებარი, ოღონდ ლამაზი სქემები ხატია. ერთ-ერთს ასე ჰქვია: „შჰეეპწორლდ“. ლექსის სათაურად ცუდი არ იქნებოდა. წვიმა ფანჯარას სცემს, და რაინის გრძელ ხიდზე რომ გადავდივართ, მეჩვენება, თითქოს მდინარეში წყალი კი არა, ნისლი მიედინება.

ბრიუსელში სხვა მატარებელზე უნდა გადავჯდე. სამშობლოში ვარ. ფანჯრიდან ძველი სახლები ჩანს. ყველგან გრაფიტია. ქუჩებში ხალხი ქოლგით ქარს ებრძვის. პირველ ვაგონში ვზივარ. მძღოლმა კარი ღია დატოვა, და ყველა მისი მოქმედება ჩანს. გვირაბში თავის კაბინაში სინათლეს ანთებს, და შემხვედრ კოლეგას ესალმება. დერეფნის იქით ერთი გოგო ზის, თავის მშობლებთან ერთად. კაცი ქალიშვილს ესაუბრება. ქალი კი ერთი ხელით გაზეთს კითხულობს, და მეორე ხელი ქმრის მუხლზე უდევს. ქმრის ხელი ცოლის ხელზე ისვენებს. მინდა, რომ ის გვერდი, რომელსაც ქალი კითხულობს, სანამ მე არ ჩავალ, არ დამთავრდეს.

ვატუ, ბელგია, 6 ივლისი 2007

31.5 ლიტერატურა - პოეზია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: შოთა იათაშვილი

ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი

ბესიკ ხარანაულს

რა კარგია, რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით,
ჩაჭრილი მაჯით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,
ბედნიერი ხარ,
რადგან ბოლოს და ბოლოს
ჭეშმარიტად დაეცი,
დაეცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -
დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,
დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან
ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცი და მიხვდი -
მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი -
დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,
სისხლი, ვით მელანი,
თითებისაკენ ჩაედინება,
კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,
და შენც წერ ლექსს,
ახალ, უცნაურ ლექსს და
ბედნიერი ხარ,
რადგან პირველად ცხოვრებაში
ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,
რას ნიშნავს ეს -
დაეცე -
დაეცე შენს ქალაქში,
შენს ქუჩაში,
შენი ხალხის თვალწინ,
შენი ხალხის ფეხებთან,
დაეცე,
დაეცე,
დაეცე...
რათა წამოგაყენონ,
რათა მიგიყვანონ სახლში,
რათა მოგიარონ,
რათა მოგეფერონ,
და შენც, - ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, -
ადგე და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა მარადი გზა...

19 მაისი, 2007 წელი.

0x01 graphic

ფანქარი მიწაში

დღეს ფანქარი დავასაფლავე…...

ჩემი ერთგული,
დაკუტებული,
ხანდაზმული,
ბრძენი ფანქარი...

ოთხი დღის წინ ხელში ჩამაკვდა...

არ გეგონოთ, რომ ლექსსა ვწერდი...
ვიჯექი და ქვეშმიწერით
გადასახადის, ვალების და
პურისა და სიგარეტის ხარჯებს ვკრიბავდი...

მოღრღნილ ბოლოზე პირი ვტაცე,
მაგრამ უკვე გვიანი იყო:
არ უშველა ხელოვნურმა სუნთქვამ, არადა
მთელი ცხოვრება გაჭვარტლული ჩემი ფილტვების
შხამიანი სიო იყო
მისეული შთაგონების უცვლელი წყარო...

ჩემმა ძველმა კრებულებმა,
საქაღალდეთა ზვინებმა და
კომპიუტერის კლავიშებმა
დაიტირეს იგი, იგლოვეს…...

ხალვათი სასახლე შევურჩიე:
ჩემი საწერი მაგიდის უჯრა;
გადასახადის, ვალების და
პურისა და სიგარეტის
მწარე ციფრებით აჭრელებული
ფურცელი სუდარად გამოვიყენე...

ჩავატანე სათლელები, საშლელები
და ორი ლექსი:
„ფანქარი ცაში“ და „ფანქარი არაცაში“,
და ნივთების მუხათგვერდში დავასაფლავე…...

ახლა ვზივარ, - მარტოსული, სევდიანი, -
მომცრო გორაკთან,
ხელში ჯოხი მიჭირავს და
დედამიწის ზედაპირზე,
მცირე ხნით მაინც, -
სანამ წვიმა გადარეცხავს
ან ვიღაცის ჩექმა გადაგლესს, -
აღვბეჭდო, ვცდილობ,
გარდაცვლილი ჩემი ფანქრის ეპიტაფია...

ჯოხი...
ხელჯოხი...
აწი უთუოდ იგი უნდა დამიმეგობრდეს.
როცა ფანქარი მიწაში გიწევს,
ჯოხიღაა შენი მეგზური.
ჩიჩქნე,
კაწრე,
დაეყრდენი,
უფრო მძაფრად შეიგრძენი
ასოების გამოყვანის წარმავალობა…...

ხოლო ბოლოს,
როდესაც იგრძნობ
აღსასრულის მოახლოებას,
მოიკრიბე ერთხელაც ღონე,
გადატეხე ეგ ხელჯოხი,
ჯვრად შეკარი შენი ჭაღარით,
დაასე საფლავს და ექეცი
საკუთარ ფანქარს
მარადიულ თანამეცხედრედ...

3-4/VII. 2007.

სახე

დაეღალა სახე.
გაღიმებებისაგან.
მოწყენებისაგან.
ნაძალადევი მიმიკებისაგან.
სარკეში ჩახედვებისაგან…...
დაეღალა.
ხელი ჰქონდა,
რომელიც სულ მუდამ იღლებოდა და ისვენებდა.
ფეხიც ჰქონდა,
რომელიც არანაკლებ იღლებოდა და
მაინც სულ მუდამ ისვენებდა.
დაღლილი გულიც კი ისვენებდა უპრობლემოდ
და დაღლილი ტვინიც.
სახე კი, აქამდე მოუღლელი,
უცებ, ერთ წამში მიუსავათდა,
მოექანცა.
დადო თავი ბალიშზე და მიხვდა,
ვეღარასოდეს მომჯობინდებოდა,
ვეღარასოდეს აღიდგენდა ძალებს
მისი სახე.
და დახუჭა თვალები და მოკვდა:
ჯანმრთელი გულ-ღვიძლით,
ჯანიანი ხელ-ფეხით,
ნათელი გონებით…...

სახემ უმტყუნა.
სულ რომ არ ელოდა, მაშინ უმტყუნა.

„ჩემო ბიჭო, ჩემო ბიჭო,
ლამაზო ბიჭო…...“ -
დასტიროდა რამდენიმე დღე
სახითმკვდარს დედა...

2/VII. 2007.

დასაწყისი

მამა იოანეს

ეხლა ღმერთზე გელაპარაკები.
მერე რა, რომ შენ ახლა პოეტი ხარ,
მე ეხლა ღმერთზე გელაპარაკები.
ნაღმმა გუშინწინ მკლავი მომაწყვიტა,
ბერად აღვიკვეცე გუშინ,
დღეს კი თითებით არარსებულით პირჯვარს გადაგსახავ
და მშვიდი სიჯიუტით გეტყვი:
ეხლა, ეხლა, აი, ეხლა,
მე შენ ღმერთზე გელაპარაკები.
ვთქვათ, პიანისტი ვიყავი ოთხი დღის წინ,
ვთქვათ, მხატვარი - სამი დღის უკან,
მაგრამ ორი დღის წინ კეთილმა ნაღმმა
მკლავი წამგლიჯა და
დღეს მე შენ, პოეტო, თავქარიანო,
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე გელაპარაკები.
ნუ გეშინია, დარჩებით თქვენ, პოეტები ამქვეყნად,
დარჩებიან მხატვრებიც და გადარჩებიან პიანისტებიც -
მე ხომ ისინი, ვთქვათ, ბოროტი ნაღმისაგან დავიცავი,
ამ ბოროტმა ნაღმმა კი კეთილად წამაწყვიტა ხელი,
და ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე,
პირჯვარს გსახავთ და ჯიუტი სიმშვიდით გიმეორებთ:
მე თქვენ ეხლა, ყველას,
მხოლოდ და მხოლოდ ხელთუქმნელზე გელაპარაკებით!
სადღაა ჩემი მკლავი,
სადღაა ან იდაყვი, ან მაჯა, ან ხელის მტევანი...
არსადაა -
მაგრამ ჩემი მთავარი საფიქრალი
სამი თითივით ერთდება ჩემს შუბლთან და მოძრაობს:
ზემოდან ქვემოთ,
ქვემოდან მარჯვნივ,
მარჯვნიდან მარცხნივ -
მას შემდეგ, რაც
ნაღმმა ამ გზაზე დააყენა ჩემი ფიქრები,
ვარ ასეთი - ფიქრებით პირჯვრისმსახავი და
სადაც შემხვდებით,
გეუბნებით,
მერე რა, ახლა ვინ ხართ,
მე თქვენ ეხლა,
მე თქვენ ეხლა ღმერთზე გელაპარაკებით!

1-2.02.2007.

31.6 ლიტერატურა - პროზა

▲ზევით დაბრუნება


პიტნის კალო

ავტორი: თეა თოფურია

ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო. ჩემი საქმეც ასეა, ვირივით. მე ვვირობ და ამათ კიდევ პიტნა არ ელევათ, ლამისაა ძნები დადგან. აჰა, ამასწინათაც, ამოვიდა ერთი ჩემი მეზობელი და ჭა უნდა გავთხაროთო. რის ჭა-მეთქი. აი, კორპუსის წინო. ჭა რად გვინდა-მეთქი, - თან ახალგაღვიძებული ვარ, ვდგავარ, თვალებს ვისრესს - წყალი ზედა სართულებზე არ ამოდის და აბა, რა ვქნათო. ვედრო და ბაწარი უკვე გვაქვსო. კინაღამ არ ვუთხარი, ბაწარი თუ გაქვს, ჭა და უფსკრული არა ხარ, მოიბი ბარემ კისერზემეთქი, მაგრამ ამისთანებს ხომ სიკვდილს ვერ უხსენებ, სწყინთ.

* * *

რას შვრება, ნეტავ, ის ბავშვი? ვერ მივაჩვიე ესენიც, რომ გაუარონ და მოიკითხონ მაინც. ერთ ქალაქში არ ცხოვრობენ?! ერთი დედ-მამის შვილები არ არიან?! ამასწინათაც მითხრა მარინემ, გავუარე, ვუკაკუნე, ვუკაკუნე... ალბათ სახლში არ იყოო. რას გაუგებ მაგას?! ჯერ ბავშვობაში ვერ იტანდა ვერავის, წაიღებდა წიგნებს და საქათმეში სწავლობდა გაკვეთილებს. მაგის გადამკიდე ქათმები შუა ეზოში დებდნენ ხოლმე კვერცხებს. გამოდი-მეთქი, ვეტყოდი და გამოვიდოდა, განა არა, მაგრამ მეორე წუთას გავხედავდი და ახლა ხეზეა ამძვრალი, დაუკავებია პური და ყველი და ღოღნის. რად ვერ იტან, შვილო, ხალხს-მეთქი და აბა, რა ვიციო. არ უყვარდა და ასეთი დარჩა უკარება, სად დადიოდა, რას შვრებოდა, ვერაფერს გაიგებდი. მეზობლებს აღარც კი ახსოვდათ, დაბადებული თუ იყო სოფელქვეყანაზე. ესაო, წითურაო, შენი არ არისო, უცებ გაახსენდებოდათ ხოლმე, ისე სხვათაშორის... ეგენი კი არა, მეც ლამის სულ დამავიწყდა, ამასწინაზე ისევ მარინემ მკითხა, რომ დაიბადა, რა დღე იყოო. ვერ გავიხსენე, მგონი თოვდა, მგონი კი ივლისი იდგა. არ მახსოვს, არა, მუცელი რომ ამტკივდა, ისიც არ მახსოვს.

* * *

კიდევ კარგი, ბევრი და-ძმა მყავდა და მაგათში ადვილად ვიკარგებოდი ხოლმე, თორემ ამ ცხოვრებას რა აიტანდა. აგერ მეზობლები რომ ჭას თხრიან, ასეთი ჭა მეც მქონდა სოფელში, თხრიდნენ და სანამ წყლამდე ჩავიდოდნენ, შიგ ვიმალებოდი. ერთხელაც მომადგა ჩემი ძმა და ჩამომძახის, ეჰეეო, ჰეეეო... ბნელა და იმას ჰგონია, ჭას ჩასძახის. მეც ავდექი და გავეპასუხე, მომწყდი თავიდან-მეთქი. აღრიალებული გაიქცა, იძახის: დედა დედაა... ვიღაც ქალები მოუყვანეს მერე, გამოულოცეს.

* * *

რა სცხია ადამიანის?! შეგეშინდება, ისე იცის უცხოობა. ბებიამისი რომ დავმარხეთ, განა ისეთი რა პატარა იყო, რომ ერთი არ უტირია. სხვები, რომ ღნაოდნენ, მაგას რა?! მიწისძვრა რომ იყო კიდევ?! ვითომც აკვანში დაგირწევია, სულ არ გამოსულა გარეთ. ვსხედვართ ყველანი ეზოში ძაღლიან-კატიანად და უცებ მომაგონდა, მივავლმოვავლე თვალი და არ ჩანს არსად. შევვარდი სახლში, ვიფიქრე, აღარ დარჩა ალბათ ცოცხალი-მეთქი, არადა, არც ამდგარა თურმე ქვეშაგებიდან. გამოვარბებინე გარეთ პერანგისამარა, დაჯდა, არაფერი უთქვამს... ჩუმი იყო, ნეტავ გულში მაინც თუ ლაპარაკობსო, გაიფიქრებდი.

ცოლის შერთვა რომ დავუპირეთ, მაშინაც განა თქვა რამე. იყო თავისთვის, არც კი, არც - არა. თან კი ვჭოჭმანობდი, რა ოჯახი ამას მოეკითხება, ხიდან ვერ ჩამოგვიყვანია-მეთქი. მეზობელ ნინიკას გოგოს ვგულობდი ვითომ, ერთი უბრალო იყო ისიც, შეუმჩნევი, არც აქებდა ვინმე, არც - აძაგებდა. ბავშვს ხომ გააჩენენ და მერე თუნდაც ორივეს ხეზე უთენ-უღამებით-მეთქი, მაგრამ რა... გავიხედე და აღარ არის. ორი წლის მერე ისე მოვიდა, თითქოს აქვე მაღაზიაში გადასულიყოს. განა მკვდარი მეგონა ან რამე ფარსაგი, ვიცოდი, რაც მყავდა, მაგრამ მაინც... მაწონს თბილად ვფუთავ და კარი შემოაღო. ამივარდა ტირილი, რად მიკეთებ, შვილო, ამისთანებს, დედა ვარ-მეთქი.

* * *

ორი წელი ხომ ვიხეტიალე, მერე ისევ მივედი სახლში. ჩემებს საქათმეში ვემალებოდი და ახლა კიდევ ნინიკასიო. განა არ მეტ ყობოდა, ამ ქვეყნის არ ვიყავი. ავლაგდებოდი ხოლმე შუაღამისას, მაღლა, სულ მაღლა იყვნენ ვარსკვლავები, ლივლივებდნენ ისე, ცა იღუნებოდა. მეც თითქოს ამ ცადაბრეცილზე დავდიოდი, ეს მერჩივნა ადამიანებთან ბორიალს. ადამიანი მაშინ მახსენდება, ძალიან რომ მომშივდება ან ძალიან რომ შემცივდება ხოლმე, საჭმელს რომ მაძლევენ, ბუხართან რომ მსვამენ... ძაღლივით ვარ, წუნკალი ძაღლივით, პურის გულისთვის კუდს რომ აქიცინებს. დედაჩემმა კიდევ, რად მიკეთებ, შვილო, ამისთანებს, დედა ვარო. თან მაწონს ახვევდა, ჩემი ძმის ჯემპრში. გულში ვიფიქრე, ჩემს დედობას, მაწვნის დედა ყოფილიყავი, არ გერჩივნა?! რძეს მაინც შეადედებდი-მეთქი.

* * *

ღამ-ღამე სიარული უყვარდა. მისი შიშით მოსაშარდად ვერავინ გამოსულიყო გარეთ. დაადებდა ხოლმე თავს და...…მოგვადგებოდა დილით საიდანღაციდან. დაწვებოდა მერე და დაიძინებდა ან ეზოში იჯდა გარეთ. არც რას ვეკითხებოდით, ყველას თავი გვქონდა მინებებული. კიდევ ჩავეძიებოდი, ადამიანები რად არ გიყვარს-მეთქი და არ გისწავლებიათო. განა რა სწავლა უნდა სიყვარულს, შენმა და-ძმებმა როგორ ისწავლეს-მეთქი და გაჩუმდებოდა ისევ. საცოდავი იყო, რაღაცნაირი, თავს ძლივს ეზიდებოდა.

* * *

ყურძენს დამიკრიფდა დედაჩემი და დამიდებდა გარეცხილს. ისეთი თვალებით მიყურებდა ხოლმე... შვიდი და-ძმიდან მარტო მე მიყურებდა ასეთი თვალებით. ჩავღუნავდი ხოლმე თავს, აბა რა მექნა, ექვსი ბავშვის გამონაცვალ საშოში რომ გამომზარდე, ექვსი ბავშვის შარდით აქოთებულ სახვევებში რომ გამომკარი-მეთქი, გულში ვფიქრობდი. საცოდავ დედაჩემს ჩემს მერე ბავშვის გაჩენა არც მოგონებია. რომ დაბერდა და დაპატარავდა, იტყოდა ხოლმე, მერვე ვარო. ჩემი უფროსი ძმა ტკბილ ნამცხვრებს მოუტანდა და ჩუმად ჭამდა თავისთვის, შავებში ჩაცმული. შავსაც იმიტომ იცვამდა, რომ სხვებს ეცვათ მაგის ტოლებს. მზისგულზე შავით უკეთესად გამოვჩნდები, ჭრელი კუბოშიც მეყოფაო... სიბერეში დამემგვანა, მე თავის ნაბოლარას.

* * *

ქალაქში ისე გაიკრიფნენ, თითქოს ყურძენი დაგიკრეფია. შვიდიდან ერთი არ დარჩა წყლის მომწოდებელი, არც დამლაპარაკებელი. საკუთარ თავს ვექაქანები ხოლმე, ბეხრეკოო, განა მარტო გაჩენაა, აკვანიც გულიანად უნდა გერწია, ქადაც გულიანი უნდა გეცხო, ახლა ერთი მაინც დაგირჩებოდა, გვერდით გეყოლებოდა, ან იქით დააყვედრებდი ან აქეთ დაგამადლებდა-მეთქი.

ვეშაირები ხოლმე ჩემს თავს და თან ველოდები, როდის ჩამოვლენ მორიგეობით, ხან უფროსი, ხან - შუას წინა. უმცროსის კი ამბავიც უნდა იზოგო. რაც წავიდა, მას შემდეგ მზის დაბნელება ორჯერ ვნახე, ის კი, ვერც ერთხელ. თავიდანვე ასეთი დაქანცული და მისავათებული გაჩნდა და რაც გაჩდა, ის დარჩა. ჩემგან თუ გამოყვა და რას ვიზამ?! მეც რა ბრალში ვარ?! ღმერთმა მთელი სამყარო ისე შექმნა, თითქოს არაფერი. ადამიანის შექმნამ კი უცებვე დაღალა. მე თუ მეშვიდე ადამიანზე დავიღალე, რაღა გასაკვირია?!

* * *

ამათ კიდევ, ჭა უნდა ვთხაროთო, ბაწარი გვაქვსო. ხოდა, ხომ უნდა მეთქვა, მოიბი კისერზე-მეთქი, მაგრამ ეს ვუთხარი, ჭას რად თხრით, დედას არ უყვარდით, დედა არ გიყვარდათ-მეთქი. დადგა და მომაშტერდა, გაწითლდა, გაპილპილდა. დაეშვა კიბეებზე და მერე მართლა არ მოაყენეს რაღაც ბულდოზერისმაგვარი?! აარიხინეს და ვდგავარ, ვფიქრობ, განა მარტო გაჩენაა, და ძუძუს პირში ჩადება, უსულგულოდ ქვეყანაზე რომ ვეთრევი, ახლა ვინღა მასწავლის ადამიანობას წიგნით და რვეულით-მეთქი. ტაძარი როა აგერ, იქ დიდი ხატია, ღვთისმშობლის მიძინების, ქრისტეს მარიამი ხელში უჭირავს, არადა, საერთოდ ხომ პირიქითაა. იქაც დავდგები ხოლმე მართლა ვირივით და მიკვირს, გასაკვირი რაა, მაგრამ მაინც. თან ხომ როგორი ახალგაზრდაა ქრისტე ხატებზე...

ჩავედი. მარინემ, გიკაკუნე, გიკაკუნე, ვერ გაგაგონეო, დედა ვნახე და მნახოსო. ძროხა დაბორიალობდა ეზოში ბღავილით. დასკდომაზე ჰქონდა ცური. სამი დღის მოსაწველია, ვერ ვდგებიო, დედამ მითხრა. ლოგინში იწვა, დალეული, დალეული, დეკემბრის დღე რომ დაილევა ისე, ხელები ამოეყო საბნიდან. შენც სამი დღის მშიერი ხარ-მეთქი? ვკითხე და ვერ გაიხსენა. დავუწყე ძროხას წველა, აზმუვლდა, გამლუპა რძეში. დავალევინე დედას და მერე ცეცხლს მივეცოდვილე ასანთებად. ბუხართან დამსვიო, ვერ დგებოდა თვითონ. ავიყვანე, სანამ ოთახში სკამს მოვძებნიდი, კარგა ხანი მეჭირა ხელში.

0x01 graphic

31.7 ფრანც კაფკას „დაბრუნება“

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა - თარგმანი

0x01 graphic

იტალიური ლიტერატურის ფუნდამენტური ანთოლოგია ჯოვანი პაპინის (1881-1956) ახასიათებს როგორც საუკუნის დასაწყისის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინიციატორს - მიუხედავად ქაოტური განათლებისა და იმთავითვე ანტიაკადემიური, დილეტანტური მისწრაფებებისა. იგი მაშინდელი ფლორენციის ლიტერატურული წრეების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, რედაქტორობდა ჟურნალს, რომელშიც თითქმის ყველა იმდროინდელი იტალიელი მწერალი იბეჭდებოდა, 'ანუნციოდან დაწყებული - მარინეტით დამთავრებული.

მისი ნაშრომები კულტურის ძალზე ფართო სპექტრს მოიცავდა: ინტელექტუალურ-ანარქისტული ტრაგიკული ყოველდღიურობა (1906) და წყალწაღებული (1912), ღრმა კათოლიციზმით აღბეჭდილი ქრისტეს ისტორია (1921) და კლასიკური ცოცხალი დანტე (1933). მასვე ეკუთვნის სკანდალურად ცნობილი ეშმაკი (1953) და წიგნები ხელოვნების შესახებ, მიქელანჯელოს ცხოვრება მისი ეპოქის ცხოვრების ფონზე (1949) და ბიუსტების შუშაბანდი, თუმცა განსაკუთრებული წარმატებით მაინც მისი ნაწყვეტები სარგებლობდა, მოკლე, ძალზე მახვილი ტექსტები, რომლებშიც ხშირად ესეისტური საწყისი ძლევდა ნარატიულს.

სწორედ ამ ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ წარმოდგენილი მოთხრობაც, კაფკას ერთ-ერთი პირველი აპოკრიფი, რომელმაც არა მხოლოდ ბორხესის არარსებული ტექსტები შეიძლება გაგვახსენოს, არამედ, უმბერტო ეკოს კლასიკურ-პოსტმოდერნისტული ვარდის სახელიც.

მთარგმნელი

ავტორი: ჯოვანი პაპინი

პრაღა, 27 მარტი

ერთმა პრაღელმა ბუკინისტმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ცნობილ მწერალთა ავტოგრაფების კოლექციას ვაგროვებდი, ფრანც კაფკას გამოუქვეყნებელი მოთხრობის ავტორისეული მონახაზის შეძენა შემომთავაზა. ამ დროისთვის უკვე წაკითხული მქონდა „პროცესის“ ინგლისური თარგმანი და ამიტომ, ვიდრე საკმაოდ სოლიდურ თანხას გადავიხდიდი, მოვინდომე თვალი გადამევლო გერმანული სიტყვებით გადავსებული ექვსგვერდიანი ხელნაწერისთვის.

„დაბრუნება“, ასე ერქვა შავად ჩაწერილ მოთხრობას, რომელზე მუშაობის გაგრძელებაც კაფკამ არ მოისურვა თუ ვერ მოასწრო. სადაზღვევო აგენტს, ბატონ მ.ვ.-ს, საქმეებზე წასვლა უწევს ბოჰემიაში, თანაც დიდი ხნით, და იძულებულია, თავისი ახალგაზრდა მეუღლე მარტო დატოვოს სახლში, პრაღიდან ასი კილომეტრის მოშორებით. მას გული წყდება, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა და ძალიან უყვარს თავისი მეუღლე, მაგრამ მოვალეობანი და საქმის ინტერესები აიძულებს წავიდეს. მოგზაურობა ექვსი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომლის შესახებაც კაფკა არაფერს ამბობს, ბატონ მ.ვ.-ს მოუწია ორ თვემდე გაეხანგრძლივებინა განშორების ვადა. ბოლოს, დგება ნანატრი დღეც, იგი შინ ბრუნდება: ჩამოდის სადგურზე, სადაც ტელეგრამით გამოძახებული ეტლი ელოდება. ბატონმა მ.ვ.-მ წარმატებით დაასრულა საქმეები, იგი ბედნიერია, მაგრამ ყველაზე უფრო ის ახარებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ იგი კვლავ გულში ჩაიკრავს საყვარელ მარიას. მან უკვე თავისი ბაღის ხის ჭიშკარშიც შეაბიჯა; ღამეა; შესახვედრად მებაღე მოემართება, ხელში ფარანი უჭირავს. მ.ვ. აქეთ-იქით იყურება: არაფერი შეცვლილა, მაგრამ ყველაფერი თითქოს განახლებული ეჩვენება. ბებერი, თეთრი ნაგაზი მხიარულად ეგებება საყვარელ პატრონს; ხანდაზმული მოახლე ქალი, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა მას, ღიმილით ზღურბლზე გამოდის, ესალმება. მძიმე, სამგზავრო მოსასხამის გახდაში ეხმარება.

„ახალი არაფერია?“ „არაფერი ბატონო“. „ქალბატონი სადაა?“ „აი ისიც, კიბეზე ჩამოდის“. მართლაც, მუხის კიბეებს ზემო სართულიდან ქალი მოუყვება, მხიარულად ესალმება ბატონ მ.ვ.-ს, მაგრამ იგი ქალის მოახლოებისთანავე გაოცებისგან შეხტება და იმის ნაცვლად, რომ გადაეხვიოს მეუღლეს, უკან-უკან იწევს და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავს. ხავერდის კაბაში გამოწყობილი ეს ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი მარია არაა, იგი არაა მისი ცოლი! მარიას შავი, სამხრეთელი ქალის თმები აქვს, ამას კი ფერფლისფერი-ქერა. მარია საშუალო სიმაღლისაა, ჩასუქებული, ეს კი მაღალია, ტანადი და გამხდარი. უცნობს თვალებიც სხვანაირი აქვს - ღია ცისფერი, თითქმის ნაცრისფერი, მარიას კი შავი თვალები ჰქონდა.

ქალბატონი ეალერსება, მოგზაურობისა და ჯანმრთელობის ამბავს ეკითხება, შემდეგ ხელს ჩაჰკიდებს მ.ვ.-ს, თავისკენ მიიზიდავს და ცხელი ტუჩებით ორივე ლოყას დაუკოცნის. მოგზაურს თითქოს მეტყველების უნარი წართმევია, ხმას ვერ იღებს; მას ჰგონია, რომ საკუთარი სახლის ნაცვლად ზმანებათა სამყაროში შეაბიჯა და აუცილებლად ვიღაცამ უნდა გააღვიძოს. მაგრამ ყველაფერი, უცნობი ქალის გარდა, ძველებურადაა. სახლი იგივეა, ავეჯიც - მისივე ხელით შერჩეული; მებაღემ ჩემოდნები შემოიტანა და ქალბატონის განკარგულებებს ელის; მოახლე ქალი უცნობს ისე ექცევა, თითქოს მის წინაშე ქალბატონი მარია იყოს. ძაღლიც, როგორც ყოველთვის, დარბის და ყეფს. მაინც რა მოხდა? მის გარდა რატომ ვერავინ ამჩნევს, რომ ეს ქალი მისი მარია არაა?!

0x01 graphic

© Andy Warhol Foundation/CORBIS

ბატონი მ.ვ. დუმილით აჰყვა კიბეებზე უცნობ ქალბატონს და საძინებელ ოთახში შევიდა. იქაც არაფერი შეცვლილა. მარიას ტუალეტის მაგიდა ისევ ისეთია, იგივე ფლაკონებითა და სხვა, მისთვის კარგად ნაცნობი საგნებით; მარიას ხალათებიც ისევ იმ ადგილას ჰკიდია; მისი, მ.ვ.-ს ფოტოსურათიც იქვე, ღამის მაგიდაზე იდო. ახალმა მარიამ ისარგებლა მისი დაბნეულობით, მოეხვია და ტუჩებში აკოცა მას; მ.ვ.-მ იგრძნო, რომ თუმცა სხეული სხვა იყო, სუნამო იგივე დარჩა, ძველებურად მწკლარტე და ეკზოტიკური.

„დაიღალე?“ - შეეკითხა ქალი. თუ გინდა მოისვენე, ვიდრე ვივახშმებდეთ. მე მგონი, ძალიან გამოიცვალე, ისეთი უცნაური გახდი... რატომ მექცევი ასე ცივად? მე ხომ ამდენ ხანს გელოდე! მოხდა რამე? ცუდად ხომ არ ხარ? გინდა შენი საყვარელი ლიქიორი? სულ აქ მქონდა ბოთლი, როცა დაბრუნდებოდი...“

„არაფერი არ მინდა, თქვა როგორც იქნა ბატონმა მ.ვ.-მ, ცოტას დავისვენებ და აზრზე მოვალ. ჯერ ვერაფერი გამიგია. მარტო დამტოვეთ“.

„როგორც გინდა, ალერსიანად უპასუხა ქალმა. ჩავალ სამზარეულოში და ამბავს გავიგებ. დღეს შენი საყვარელი კერძები გვექნება“.

ხელზე მოეფერა, გაიღიმა და გავიდა. ბატონი მ.ვ. გაუხდელად მიწვა ლოგინზე, გრძნობდა, რომ გონება მისდიოდა. ვერაფრით გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. გაოგნებული ვერანაირ ახსნას ვერ პოულობდა. მაინც რა მოხდა? თავად ხომ არ შეიცვალა ამ ორი თვის მანძილზე ისე, რომ საყვარელ მეუღლესაც კი ვერ ცნობს? იქნებ მარია გამოიცვალა?! მაგრამ ვერავინ რომ ვერაფერი შეატყო? საშინელი ფიქრები უღრღნიდა გულს - იქნებ მარია ძალით მოაცილეს აქაურობას ან სულაც მოკლეს მსახურთა დახმარებით და სხვა ქალმა, ქალმა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს, მაგრამ რომელსაც, ალბათ უყვარდა იგი, მარიას ადგილი დაიკავა?

ეს ვარაუდები ერთნაირად უაზროდ ეჩვენებოდა და შეეცადა თავიდან გამოეგდო მათზე ფიქრი, მაგრამ ვერანაირი სხვა ახსნა, უფრო ბუნებრივი და მისაღები, ვერ გამოძებნა. ბატონი მ.ვ. რომანტიკოსი არ იყო და არც ჰოფმანისა და ედგარ პოს მოთხრობები ეხატებოდა გულზე. საღმა აზრმა, როგორც იქნა დასძლია ეჭვი. მან გადაწყვიტა პანიკას არ მისცემოდა და შეეცადა შეგუებოდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, ასეთ უჩვეულო სიტუაციას.

თავს ისე დაიჭერს, თითქოს ეს უცნობი ქალბატონი მისი მარია იყოს. იქნებ თანდათან, დაკვირვებით მიაგნოს ჭეშმარიტებას. ასეთმა გადაწყვეტილებამ ცოტა დაამშვიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა შფოთვა. როცა ცრუ-მარია ოთახში შემობრუნდა, ბატონ მ.ვ.-ს უეცრად ახალი იმედი ჩაესახა და ლოგინიდან წამოხტა: სიბნელეში მოეჩვენა, თითქოს შემოსული ის იყო, ვინც ორი თვის წინ დატოვა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა: ეს ქალი უცხო იყო, უცნობი.

მ.ვ.-მ თავის მოთოკვა შეძლო და „ცოლს“ ხელი ჩასჭიდა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ მსუბუქი მაქმანებიდან გამოზრდილი ეს ხელი მარიასას ჰგავდა, თითქმის სინდისმა შეაწუხა. ახალი ცოლი ისეთივე ალერსიანი, მზრუნველი, მხიარული და ელეგანტური იყო, როგორც პირველი. თავისი მოვალეობა ახლა უკვე არც ისე რთული და საშიში ეჩვენებოდა. ისინი ერთად ჩამოვიდნენ სავახშმოდ...

კაფკას ხელნაწერი ამ ადგილას გაწყდა და შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორ დასრულდა ეს იდუმალებით მოცული ისტორია. მართალია, მოთხრობა დასრულებული არ იყო, მაგრამ სიამოვნებით გადავიხადე ორასი კრონი, რომელსაც ბუკინისტი მთხოვდა მასში.

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

31.8 ლიტერატურა - რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დავით პაიჭაძე

თბილისური კრიმინალის აედი

0x01 graphic

აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis. თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.

აჰა! - ქართულ ლიტერატურაშიც გაჩნდა რომანი, სადაც მოქმედების ნაწილს წიგნები წარმართავენ და ბიბლიოთეკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონაჟები. ამიერიდან ჩვენცა გვაქვს ჩვენებური „ვარდის სახელი“ და შეგვიძლია გადავიღოთ „მეცხრე კარიბჭე“.

მაგრამ მეეჭვება, აკა მორჩილაძის რომანში Maid in Tiflis სწორედ წიგნის თემა იყოს წამყვანი. თუ ეკოსა და პერეს-რევერტესთან (უფრო კი პოლანსკისთან) წიგნის მიგნება, ფორმალურად მაინც, პერსონაჟთა ძირითადი მიზანია, აკა მორჩილაძე ატრიზავებს ამ მოტივს. წიგნი აქ სულაც არ არის მიზანი. წიგნებს არც მიგნება სჭირდება, რადგან ყველა გამოფენილია, საოჯახო ბიბლიოთეკაში ძევს. მარტო ერთია დამალული და, როგორც ბოლოსკენ აღმოჩნდება, მასაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც ყველა დანარჩენს.

წიგნებისადმი აკა მორჩილაძის პერსონაჟთა დამოკიდებულება უაღრესად ქართულია: მათ არ კითხულობენ. ხომ ვიცით, რომ ოჯახებში წიგნების უმეტესობა არ გადაუშლიათ. მით უმეტეს, ძველი, საბჭოთა დროს გამოცემული და ნაგროვები წიგნების. მაშ რაღას ყიდულობდნენ? არავითარი ენიგმა აქ არ არის. წიგნი - კაპიტალია, „დაგროვების საშუალება“. გაგიჭირდება - გაყიდი. ყოველ შემთხვევაში, ეს პასუხი აქვს აკა მორჩილაძის პერსონაჟს, კოლია მოგელაძეს, რომელიც კარგა ხნის მკვდარია.

აი, რა არის Maid in Tiflis-ის მთავარი თემა: მკვდრების, აჩრდილების, თან მყოფთა და თან არმყოფთა ძალა. მათი გავლენა ცოცხლებზე, მათი დიქტატი, უნარი, გმართონ, გამოქმედონ, გაგართონ ან სიცოცხლე გაგიმწარონ საიქიოდან. მაგრამ მთავარი თემის დადგენაც რომ ძალიან საეჭვოა? წიგნში გაცილებით მეტ თემასა თუ მოტივს დაძებნი.

აკა მორჩილაძის რომანები და მოთხრობები ორ პირობით ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირობითი ისტორია ხშირად „ზუსტი“ დროით, მოგონილი ამბებით, ზოგჯერ მოგონილი ადგილებით და ასეთივე თანამედროვეობა. ეს უკანასკნელი კი აკა მორჩილაძესთან არ არსებობს კრიმინალის გარეშე. ის არის აედი ქართული კრიმინალისა, რომლის ხელში დაიბადა, იზრდება და აგრძელებს განვითარებას ახალი ქართული სახელმწიფო, პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება. ამ ციკლის სათავეში დგას „მოგზაურობა ყარაბაღში“ (გახსოვთ, არა, როგორც იწყება: აქ ომი იყო თუ რაღაც, რაც ჰქვია - აი, ის რომ გაიქცა და მერე რომ...). სრულდება კი ციკლი ჯერჯერობით ამ რომანით, Maid in Tiflis.

მოდი ახლავე ვთქვათ, რომ სათაურის გაშიფვრა ბევრს არაფერს მოგვცემს: მაიდ წარმოითქმის როგორც მადე და ნიშნავს ქალწულს ან შინამოსამსახურეს. მოკლედ, ნაცვლად დამზადებულია (ან: მოგონილია, შედგენილია) თბილისში ხელთა გვაქვს ქალწული თბილისში. სლვა ესე, ალბათ, უნდა გავიგოთ, ვითარცა მკითხველის შემზადება ცრუმოძრაობების, ირონიისა და ლიტერატურული თამაშისათვის, რაც რომანს მართლაც არ აკლია. თითქმის იგივე და ცოტა მეტი ფუნქცია აქვს წიგნის 12 თავს ეპიგრაფად წამძღვარებულ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ტექსტებს, რომანისტის თავისუფალ თარგმანში...

კრიმინალს დავუბრუნდეთ. თუ აკა მორჩილაძის ადრეულ რომანებსა და მოთხრობებში ის იყო ცოცხალი, ხელშესახები, მჩქეფარე - ახლა რაღაცნაირად დაკრისტალებულია, თითქმის უხილავი, ბოროტი ნატვრისთვალია, რომელსაც ყველაფერი ძალუძს. ვგულისხობ, ამ რომანში, რაც უნდა, ყველაფერს აღწევს.

ამ ორი სერიოზული მოტივის - აჩრდილთა ძალაუფლებისა და კრიმინალის კვეთა წიგნში ზოგან ძალიან სასაცილოც შეიძლება იყოს. კოლია მოგელაძის შვილიშვილს, პლეხანოველ მოგელას ბებერი ქალაქელი ბანდიტები აკითხავენ, ბაბუაშენს განძი ჰქონდა ეზოში დაფლული და იქიდან წილი გვეკუთვნისო. უკაცრავად ვარ მოუქნელი შედარებისთვის: მოგელას სტუმრების ეპიზოდი შორეულად მაგონებს შალვა რამიშვილისა და გია ჭანტურიას დარდუბალას, მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპის პაროდიას, დაფხავებული ინვალიდი ვამპირები რომ ამოდიან მიწიდან და ეშვიან შევარდნაძესთან ცეკვავენ.

პლეხანოველ მოგელას სახელი არ აქვს. მის მეგობარს და სრულიად ასიმეტრიულ ალტერ ეგო ბარნოველ ლევიკოს არ აქვს გვარი. მოგელას ქალს არც ერთი აქვს და არც მეორე. მას ქმარი გაუქრა, სამაგიეროდ დარჩა ავსტრიაში მცხოვრები მამამთილი (ხო ხვდებით უკვე, ვინც იქნება), რომელიც შვილის სიკვდილს არ იჯერებს და სურს, მთლიანად მართოს რძლის ცხოვრება. ის თითქმის არ ჩანს, მაგრამ სულ მოქმედებს. ბარნოველი ლევიკო მკვდარია, ბოლოშიღა მივხვდებით (ისიც არა დანამდვილებით), რამ მოკლა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ასევე გამუდმებით მოქმედებს და ცოცხლად დარჩენილ ძმაკაცს აიძულებს, წიგნებს დააკვირდეს, კანაფით დაბინდული ტვინი გაანძრიოს და თვითონაც გაინძრეს. აკა მორჩილაძეს ძნელი საქმე გამოსდის: წიგნიერი, განათლებული, მომხიბლავი ბიჭი საბოლოო ჯამში აფერისტია, ხოლო უსაქმური ნარკომანი კი - ძალიან სიმპათიური პერსონაჟი. მისი ინერტულობა და ჩემთვის უწვდომელ სივრცეებში განრინება - ეს თბილისის ბრალია, ქალაქის, სადაც ვერაფერი ხარობს და ადამიანებიც თანდათან ქრებიან.

თორემ ჰოლანდიაში, სადაც თბილისს თავდაღწეული მოგელა და მისი ქალი გაიცნობენ ერთმანეთს... რომანის ეს თავი, მგონი, 21-ე საუკუნის ჯერჯერობით მთავარი ცელქობაა ქართულ ლიტერატურაში. გულწრფელი, სენტიმენტალური და რომანტიკული Love Story მოთხრობილია ენითა და აქცენტით, რომელიც განუხრელი ირონიის საგანია სრულიად აღმოსავლეთ საქართველოში. ჩარლზ ჩაპლინი იხსენებს, როგორ წარმოთქვა ანა პავლოვას სადღეგრძელო ვითომ ჩინურ ენაზე, რადგან ღარიბი ინგლისური ენა ვერ აუვიდოდა მის გრძნობებს. ეგებ თბილისური დიალექტი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ სალიტერატურო ენას, მართლა უძლურია სიყვარულის აღსაწერად და ამისთვის იმერული დიალექტი უნდა გამოვიხმოთ? აკა მორჩილაძის დიდოსტატური ოპუსი და უსაზღვრო ენობრივი არტისტიზმი პასუხს თუ არა, ამ კითხვას ნამდვილად გაგიჩენთ.

Maid in Tiflis-ში არის კიდევ ერთი თავი, რომელიც გაგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძე გახლავთ ისტორიკოსი გიორგი ახვლედიანი. ის თან მოგვითხრობს და თან მსჯელობს ქართული ხასიათისა თუ ქცევის ორ, ვთქვათ რბილად, თავისებურებაზე, რომლებიც დამპყრობელთა ორმა სატრაპმა - ხოსრო მირზამ, იმავე როსტომ მეფემ და ლავრენტი ბერიამ შესძინეს ქართველებს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თითოეული ეს თვისება - თრიაქის წევა და უცხო ქალების სიყვარული - გახლავთ „მაკოორდინირებელი შტრიხი“ პლეხანოველი მოგელასა და ბარნოველი ლევიკოსათვის. წავიკითხავთ რა (არ მეშინია ამ სიტყვის) მის ბრწყინვალე ესეს, უთუოდ გავიფიქრებთ, რომ აკა მორჩილაძე აღარ არის მარტო მწერალი. ის არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ავტორი: გელა ოდიკაძე

ლექსების პასიანსი

0x01 graphic

თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი (ლექსები). თბ. დიოგენე, 2006.

ლექსების თანმიმდევრობით დაწყობა ანუ ციკლების შედგენა, ჩემი აზრით, ცალკე ხელოვნებაა. პოეტს ლიტერატორის ალღოც უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ლექსების გარკვეული ნიშნებით შემკვრელი მთლიანობა შექმნას. შეიძლება პოეტმა სამი ან ოთხი კარგი ლექსი მოიძიოს, იქვე ექვსიოდე, ნაკლები მნიშვნელობის ლექსიც დაამატოს, მაგრამ შედგება კი ამგვარად ციკლი? მე ვფიქრობ, არა.

ციკლიში ყოველი ლექსი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყოველი ლექსი უნდა „ფლობდეს“ სივრცეს. ერთი სრული ციკლი კი სწორედ ამ სივრცეთა ისეთი განაწილებაა, როცა კიდევ ახალი, უფრო ფართო სივრცის პერსპექტივა იქმნება. ეს ხდება მაშინ, როცა დაახლოებით თანაბარი მხატვრული დონის ნაწარმოებები იყრის თავს. ყოველი ჩავარდნა მთლიანობის რღვევის და სიცარიელის შეგრძნებას აღძრავს. ერთი არასწორად დადებული ან გვერდშეწეული კუბიკის გამო შეიძლება კუბიკებისგან აგებული მთელი შენობა ჩამოშვავდეს.

თემურ ჩხეტიანის საკმაოდ ვრცელ წიგნში ვცდილობ განწყობილების სიმკვეთრით აღბეჭდილი ის ლექსები შევარჩიო, რომლებიც ჩემთვის სასურველ, ჩემთვის წარმოსახულ ციკლად გაერთიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ თემურ ჩხეტიანმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გააერთიანა, მაინც შეიძლება იმ ერთი ზოგადი მკაფიო განწყობილებისმიერი გამჭოლი სხივის მოძებნა, რომელიც ამ წიგნებს ემოციურად კრავს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ლაიტმოტივი, ეს ლირიკული დინება უნდა ვიპოვო. ამ უმთავრესი მოტივის პოვნის შემდეგ ვაკვირდები ლექსწერის რა ხერხების მეშვეობით გადმოსცემს ავტორი ხაზგასმულად თავის სათქმელს. საბოლოოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა მოვუყარო თავი იმ ლექსებს, რომლებშიც კონცენტრირებულია მთავარი განწყობა და ამ განწყობის გადმომცემის ლექსწერის ხერხები.

აი რას წერს თემურ ჩხეტიანი: „...მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,/რამდენიც შემეძლო/ვწერდი ცოტას,/რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი.“ როცა ის ამბობს, რომ წერდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, ანუ წერდა ცოტას - ეს პროფესიული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი. ის წერდა ცოტას, ე.ი. წერდა მაშინ, როცა შთაგონება ეწვეოდა. შთაგონება კი ის განწყობა იყო, რომელიც მას თითქმის მუდმივად ჰქონდა, მაგრამ დროდადრო მდინარესავით არა მხოლოდ მოედინებოდა, არამედ ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა კიდეც. სწორედ ამ „წყალდიდობის“ პერიოდში წერდა თემურ ჩხეტიანი ლექსებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს იძენენ ლექსები მნიშვნელობას, ისიც მაშინ, როცა ზეაწეული განწყობა და შესაბამისი ლექსწერის ხერხები ემთხვევა ერთმანეთს.

მე ვიღებ თემურ ჩხეტიანის კრებულს და პასიანსივით ვშლი იმ ლექსებს, რომელთაგანაც შეიძლება უკვე არსებულზე უკეთესი ციკლი შედგეს. ბუნებრივია, ბევრი ლექსი ამოვარდება წიგნიდან, რადგან უმთავრესია არა ლექსების რაოდენობა, არამედ თუნდაც მცირე რაოდენობის ლექსებით შექმნილი ლირიკული სივრცის სიფართოვე.

აი, ვთქვათ ერთი ასეთი ლექსი: „ჩემმა სხეულმა გაიარა ოთხი კედელი/გაეშურა ოთხივე მხარეს,/თვალს მიეფარა და... დამეძინა.“ აქ პოეტის ობიექტივმა ჩაძინების მომენტი აღბეჭდა, მხოლოდ არა ვიზუალური სივრცე, არამედ შეგრძნებათა ნაკადი. ან ასეთი ლექსი: „მე ვწვავ ხელნაწერებს,/იფერფლება ნელა ქაღალდი,/ხოლო კვამლი/თეთრი და მწარე/უკან მიბრუნებს ცრემლებს ლექსიდან.“ კიდევ ერთი: „ ჩაიარა გვიანმა მანქანამ/ჩაიარა შუაღამის ეშელონმა,/სადღაც ფანჯარაში გაკრთა სილუეტი,/ფანჯარაც ჩაქრა.../სიჩუმეა, ჩუმად ვეწევი.“ კიდევ ერთი: „მსურდა, რომ კარი გამომეღო,/მაგრამ მე ხელში/სახელური შემრჩა მარტოდენ,/იქვე დავტოვე/ეგებ ვინმემ გამოიყენოს.“

ამ მცირე ზომის ლექსებში არა მხოლოდ წამიერი განწყობილება, არამედ უეცრად აღძრული ასოციაციაა მოხელთებული. აქ პოეტმა ძნელად მისაღწევ მიზანს მიაღწია: ფოკუსი თითქმის ბოლომდე გაასწორა, რამდენადმე ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტი გამოუძებნა განცდას. ვერ ვიტყოდი იგივეს ამ ციკლური მონაკვეთის სხვა ლექსებზე.

წიგნში არ შევიტანდი იმ ლექსებს, რომელთა საერთო სათაურია „ხუთი მარტივი შაირი“. ეს ლექსები ზოგადი განწყობილებით თითქოს ორგანულად თავსდება კრებულის კონტექსტში, მაგრამ შესრულება, ამ შემთხვევაში ხალხური სამეტყველო კილო, არ ესადაგება ვარიაციულად მრავალგზის გამეორებულ განწყობილებას.

თემურ ჩხეტიანის პოეზიაში ყველაზე ხელშესახებად მარტოობის მოტივია წარმოჩენილი. ეს მარტოობა სულიერიც არის და ფიზიკურიც. სადღაც პროვინციაში, ხმაურიან ქალაქებს მიღმა ცხოვრობს ამ ლექსების ლირიკული სუბიექტი, ამ სივრცეში ბუნებრივად ჟღერს ფრაზა: „მაისი ისევ წვიმიანია“, რადგან ირგვლივ არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წვიმს. ასეთია თემურ ჩხეტიანის პოეზიის ატმოსფერო, - გამჭვირვალე, მსუბუქი ნაღველით და სინანულით გაჟღენთილი. ეს არის მისი პოეტური კრებულის ლაიტმოტივი და ამ ნიშნით ვშლი მეც მისი ლექსების პასიანსს. მხოლოდ ვარჩევ იმ ლექსებს, სადაც მოწყენილობა მშრალი დეკლარირებული სტილით კი არა, პოეტური მინიშნებების ენით არის გამოხატული. პასიანსი ორი მთავარი ტექსტის ირგვლივ გაიშლება, ეს ლექსებია „ბუდე“ და „ფოთლების პასიანსი“. აქვე ჩემს მიერ შერჩეული მთელი ციკლი მოიყრის თავს: „თიხის ლარნაკი“, „ოთახი“, „თებერვლის ფურცელი“, „გაუქმებული სიზიფე“, „იანვარი“, „ორნი ერთად“ და სხვა.

და კიდევ: საერთო სურათს თემურ ჩხეტიანის პოეტური მდინარეების ერთი შენაკადიც ერთვის. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, ჭვრეტითი-მედიტაციური ლირიკა. ფაქტობრივად ეს მახვილგონივრული ლირიკული განაზრებებია, ოღონდ აქაც ჩხეტიანისეული წყნარი, მარტოობაში აღძრული ფიქრის ჩქამი იძვრის: „ფსალმუნი II“, „მუზეუმი III“ და სხვა ლექსები.

პასეანსი გაწყობილია. აქ უფრო ნაკლები ლექსია, მაგრამ მეტია სივრცე და საგანთა სიმკვეთრე.

ავტორი: თომა ამირანაშვილი

კრიტიკოსის არჩევანი

0x01 graphic

ანდრო ბუაჩიძე ილუზიების მსხვრევა. გამომცემლობა სამკალი.
თბილისი 2006.

ანდრო ბუაჩიძისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს სხვადასხვა ვითარებაში რას წერს კაცი - ლექსს, მოთხრობას თუ კრიტიკულ წერილს. მთავარია, ვინ წერს. ეს „ვინ“, მისი აზრით, უნდა იყოს მხატვარი, ლიტერატორი, ნატიფი კულტურის მქონე პიროვნება.

ამის განმარტება დასჭირდება მკითხველს, ვიდრე ლექსების ორი წიგნის ავტორის და ამ ჟანრში რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მესამე - კრიტიკული წერილების კრებულს აიღებს ხელში.

ამას ისიც დავუმატოთ, რომ ანდრო ბუაჩიძე თარგმნის პოეზიას, წერს პიესებს, მოღვაწეობს პედაგოგიურ სარბიელზე…და წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებში..

ასეთ შემთხვევაზე ახლა არცერთი ცნობილი ქართული ანდაზა ან შეგონება არ მახსენდება, რადგან ვთვლი, რომ ჩვენში კრიტიკას უფრო უჭირს, ვიდრე ლიტერატურას და რაც უფრო მეტი შემოქმედი დასაქმდება ამ ჟანრში, უფრო უკეთესი იქნება.

ჩვეულებრივ, შემოქმედი სწავლულზე უფრო თამამია საკუთარ მსჯელობაში. ერიდება ვრცელ ლიტერატურულ-თეორიულ დისკურსს და მზამზარეული აზრების გამეორებას. შემოქმედებითი გამოცდილება, რომ ყოველი ფრაზა აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, მის ტექსტს შინაარსიანს და ადვილად გასაგებს ხდის.

ამ წიგნში ავტორი განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც პოეტის შემოქმედებას ეხება, ამ დროს იგი კი არ „აკრიტიკებს“, არამედ ერთგვარი გიდის მოვალეობას ასრულებს და მკითხველს ლექსწერის რთულ პროცესში ახედებს.

კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე მარტივად წერის მომხრეა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი იმის ახსნას ცდილობს, რაც პროზაული ენით არ გადმოიცემა), არ უყვარს სნობური განსჯები და „სირთულედ მონათლული ბნელმეტყველება“, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ყოველთვის სწორხაზოვან აზროვნებასთან ასოცირდება.

კრებულში ავტორმა ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ- გაზეთებში გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წერილებს, ესეებს და საუბრებს მოუყარა თავი (შეიძლება ამ ხნის მანძილზე კრიტიკოსის აზროვნებაშიც მოხდა ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ ამას საგანგებოდ არ დავკვირვებივარ). ეს კი ლიტერატურის საკმაოდ ვრცელ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, სადაც ღირებულებათა ცვლილება და ილუზიების მსხვრევა კარგად იგრძნობა.

ასეთ დროს კრიტიკული აზრი და ათვლის საერთო წერტილის მოძებნა უფრო ძვირად ფასობს. ავტორიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა ხელახლა უნდა შეფასდეს, ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი ჩამოსცილდეს ქართულ კულტურას, უნდა აღდგეს ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა მახინჯი იდეოლოგიით გაამრუდეს, თუმცა ამჩნევს საპირისპირო ტენდენციას, რომ გარკვეულ წრეებში გამოჩნდნენ „არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები“, რომელთაც ღირებულებათა შერყვნა და ნამდვილ ფასეულობათა უარყოფა მოიწადინეს.

ალბათ, ამ ტიპებს შორის აღმოაჩინა კრიტიკოსმა საბჭოთა კალმოსნის თავისებური ნაირსახეობა „მწერალი-პრაგმატიკოსი“. ადამიანი, რომლისთვისაც მწერლობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. თათბირების, პრეზენტაციების, ტელედებატების მუდმივი მონაწილე მწერალი, რომელმაც უკვე იმდენი დაწერა, რომ სოციალურად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ის თავს ღირებულებათა უარყოფით იწონებს, თუმცა საკმაოდ მოქნილია და მზად არის დათმობაზეც წავიდეს, თუ იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით ამაღლების საშუალება მიეცა.

ამავე წერილში, მწერალ-პრაგმატიკოსის სრულყოფილი პორტრეტის გვერდით, იკვეთება კონტურები „უბირი ავტორისა“, რომლის ღიმილისმომგვრელ ნაწარმოებებში, თუ პროზად არის დაწერილი, „სექსუალური აღვირახსნილობა“ ჭარბობს, ხოლო თუ ლექსებია - „ჰეროიკულ-პატრიოტული“ მოტივი.

ანდრო ბუაჩიძე აკვირდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას და სხვა საინტერესო აღმოჩენებასაც გვთავაზობს, თუმცა ის მაინც ერიდება ავტორიტეტებთან ბრძოლას და ხმაურიან პოლემიკას, მას ღირებულებათა დამკვიდრების საკუთარი გზა აქვს არჩეული.

რადგან კრიტიკოსი არჩევანში თავისუფალია, ალბათ, რაღაცას უნდა ნიშნავდეს ორი-სამი წერილი გურამ რჩეულიშვილის, ჯემალ თოფურიძის, თამაზ ბაძაღუას, ვახუშტი კოტეტიშვილის, ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაზე; უფრო ძველი თაობიდან ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო სამადაშვილის, გერონტი ქიქოძის; ხოლო უცხოელთაგან დოსტოევსკის, ვულფის, რილკეს, პასტერნაკის (რა თქმა უნდა, წიგნში ის სია უფრო ვრცელია) გამოყოფა, გამორჩევა, როგორც ხდება ნაყოფისდამიხედვით, რომ ოდესმე მაინც დაბინავდნენ ღირსების შესაფერისად, დასხდნენ მარჯვნივ და მარცხნივ...

შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმთა შორის კრიტიკოსი სამყაროს თანამედროვე რაკურსით ხედვის, ევროპული ფასეულობის და ახალი მსოფლშეგრძნების საზომ ერთეულსაც იყენებს. ესაა თანამედროვე ღირებულებები და სრულიად საკმარისია შემოქმედისთვის, რომ მან თავის თანამედროვეთა შორის მართლაც ღირსეული ადგილი დაიკავოს, ვიდრე უფრო ახალი მსოფლშეგრძნება არ დააძველებს დღევანდელ სიახლეს და ხელახალი გადაფასების დრო არ დადგება.

რა თქმა უნდა, კრიტიკოსსაც შეუძლია ამ საზომით შეაფასოს ლიტერატურული პროცესები და რომელიმე თანამედროვე კლასიკოსის „ხელისმომკიდედ“, პოპულარულ კრიტიკოსად იქცეს. თუმცა, არსებობს სხვა გზა, შეფასების სხვა „მუდმივა“, არაპოპულარული მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ტექსტის, არამედ საერთოდ ადამიანის „მარადიულ კონტექსტში“ განხილვას გულისხმობს.

კრიტიკოსის არჩევანი ამ შემთხვევაშიც თავისუფალია.

ვფიქრობ, ეს არჩევანი ანდრო ბუაჩიძეს უკვე გაკეთებული აქვს (ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილი), ახლა მხოლოდ მისი ერთგულება ევალება, რაც თანდათან, ალბათ უფრო გაძნელდება.

ავტორი: გია არგანაშვილი

აქა ამბავი ქაქუცელებისა

0x01 graphic

ივანე ლიქოკელი, ხევსურები და ქაქუცა. თბ. არტანუჯი, 2006.

1922 წელს ხევსურებმა საბჭოთა ხელისუფლებას ომი გამოუცხადეს.

ასეთ ცნობას ისტორიის ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ შეხვდებით, რადგან დღემდე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც მონაწილეობდა, აჯანყების სახელით ვიცნობდით.

რა თქმა უნდა, საუბარია ერთსა და იმავე მოვლენაზე, ივანე ლიქოკელის წიგნი „ხევსურები და ქაქუცა“ კი მხოლოდ ცდაა ამ ისტორიული მოვლენის რაობის, ფორმისა და შინაარსის გარკვევისა.

ომია და ომი იყოს. შესაძლოა, ასეთი განმარტება უფრო მისაღებია ისტორიული მეცნიერების მკვლევართათვის, ხოლო ჩვეულებრივი მკითხველისათვის ამას გადმწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ის კმაყოფილი დარჩება, რაც ადრე ყურმოკვრით, ზეპირგადმოცემით იცოდა, კიდევ გამდიდრდება ახალ-ახალი მასალებით და მოვლენათა სრული, შეულამაზებელი სურათი აღდგება.

წინასიტყვაში ავტორი დაგვპირდა, რომ არ გაიმეორებდა სხვადასხვა მემუარებში გამოქვეყნებულ მასალებს, აჯანყების მონაწილეთა მონათხრობით, ზეპირგადმოცემაზე დაყრდნობით ახალი ფაქტებით გაამდიდრებდა მთელი ამ მოძრაობის ისტორიას და ადგილობრივი გარემოს, ხევსურთა წეს-ჩვეულებების სათანადო ცოდნით გამოკვლევას ობიექტური ისტორიის სახელს შესძენდა.

ასეთი პირობა ამ ოციოდე წლის წინ სრულიად საკმარისი იქნებოდა მკითხველის ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ დღევანდელმა სამწუხარო გამოცდილებამ მას უნდობლობა გაუმძაფრა ისტორიული ტექსტების მიმართ. ასე ადვილად აღარც ზეპირი გადმოცემებისა სჯერა და არც მოვლენების გაპოეტურების ცდა ხიბლავს, მან იცის, რომ წარსულის დავიწყება ან გაიდიალება ფასეულობათა აღრევას იწვევს და ამისთვის უანგარიშოდ არავინ ირჯება.

ასეთ მკაცრ რეალობაში მოუწევს ამ წიგნს მკითხველთან შეხვედრა, მე კი გულწრფელად ვუსურვებ მას წარმატებას, რადგან ავტორს წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი უმუშავია, კვლევა კი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს - ხევსურეთის აჯანყებას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნებას ეხება.

ხევსურეთის აჯანყება 1921-24 წლებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათეული წელია იმ მოვლენების კვლევა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, ამის მიზეზი კი ისაა, რომ კვლევა კონკრეტული დროით იზღუდება და არ ხდება თემის სრულყოფილი განხილვა, რომელიც მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატშია შესაძლებელი. დასაწერია ვრცელი ისტორიული მიმოხილვა 1801 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 1989 წლის აპრილამდე და კიდევ აქეთ, რომელიც ალბათ მომავალში დაიწერება. ამისთვის კი მომავალ ისტორიკოსს ხელთ სწორედ ასეთი დოკუმენტური მასალა უნდა ჰქონდეს, რომ საკითხის განხილვა გაუადვილდეს.

შეუძლებელია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის გამიჯვნა ხევსურეთის აჯანყებისგან, თუმცა, ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი მოვლენაა, ერთ შემთხვევაში თუ ავსებენ ერთმანერთს, მეორე შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან და ავტორს უხდება მტკიცება, რომ ხევსურეთის აჯანყება მაინც დაიწყებოდა ჩოლოყაშვილის რაზმი რომ არ შესულიყო ხევსურეთში და შეფიცულთა მიერ ხევსურეთის დატოვება ობიექტური მიზეზებით იყო ნაკარნახევი.

ირკვევა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების ირგვლივ კითხვები მაინც არსებობს, თუმცა ჩვენი ცხოვრების უცნაურობა ისაა, რომ ამ კითხვების დასმას საზოგადოებიდან შეიძლება ისეთივე მძაფრი რეაქცია მოჰყვეს, როგორსაც ათწლეულების მანძილზე მისი სახელის ხსენება იწვევდა.

ასეთია ამ დატანჯული კაცის ბედისწერა, ბრწყინვალე არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელს, დაუდგრომელი ხასიათის გამო შინაურებმა მეტსახელად ქაქუცა რომ დარქვეს. ამ სახელით, კავალერიის პოლკოვნიკი მატანსაც ვერ უნდა გაცდენოდა, მაგრამ სხვანაირად ინება განგებამ, სწორედ ამ სახელით და ეროვნული გმირის მანტიით 2006 წელს ხალხმა მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივით მიაბარა მშობლიურ მიწას. პირველად 90-იან წლებში გაცხადდა მისი სახელი, როცა ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა თავდადებულთა გალერეაში ცარიელი ჩარჩოების შევსება მოიწადინეს, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ რიგითი თავგანწირული იყო, შემდგომმა თაობამ უფრო ზევით, მთაწმინდაზე მაღლა ასწია მისი სახელი და თავიანთ სულიერ წინაპრად გამოაცხადა.

წიგნში ადგილი ეთმობა აჯანყების მონაწილე, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის მიხა ხელაშვილის პიროვნებასაც. მისი ლექსები ქრონოლოგიურად მიჰყვება მოვლენებს, თუმცა, ამ თემაზე რამდენიმე ლექსი და მათ შორის, ეს ცნობილი სტრიქონებიც: „ერთი შეცდომა დავუშვი, გამოვყევ ქაქუცელებსა...“ დამაკლდა თვალში...

წიგნს უხდება იშვიათი ღირებულების შავ-თეთრი ფოტოები და ფერადი ხევსურული დიალექტი: „... ტყვიის წვიმაში შემკრთალ არვის უნახავ ის-ი, სიკვდილს ქვე არას ჩაგიხედევდ... ცხენზე ჯდომა რახელ-იცოდის, ქვეთას გვერდზეით მაევლის აი უნაგირს უზანგაის უხმარად... ქვე რახე შეშპრობა-თამაშობა იცოდა იმან, აი ფეხთ რო ცეცხლი ეკიდის, ჩოხის კალთან ქვე არ იძროდიან...“ და ასე დაუსრულებლად, გმირის სახეს დანატრებული ხევსურები ფარდაგებს აქსოვენ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს სახელს.

ხევსურეთს ხომ ყოველთვის მითებით ჰყავდა განებივრებული დანარჩენი საქართველო, ჰოდა, ამჯერადაც მითიურ გარემოს ქმნიან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის პორტრეტისათვის. მალე აქ, ფიც-ვერცხლით შეკრულ და ღვთიური ფიცით შედუღაბებული რაზმის, ღვთით მოცემულ და დამტკიცებულ, გაბელადებულ პოლკოვნიკს ისეთ საგმირო ლექსს გამოუთქვამენ, რომ როგორც ბესიკ ხარანაული ამბობს, ჰომეროსის მუზაც დაიმორცხვებს მის წინაშე...

ამიტომ სჯობს, ისევ ხევსურთა გმირულ პანთეონში დარჩეს მისი სახელი, რომ ისტორიკოსთა განმაქიქებელი სიტყვა ვერასოდეს მისწვდეს.

31.9 ლიტერატურა - ახალი წიგნები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ოთარ ჭილაძე

ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (რომანი).
მეოთხე გამოცემა. თბ. არეტე, 2007.

ნეტავ, რა სჭირს ადამიანს? ან რა შეაყოლა ღმერთმა ტალახს ასეთი მოურჩენელი? - კითხვები, რომელთა პასუხადაც სქელტანიანი რომანები იწერება, ფერწერული ტილოები იხატება, მუსიკალური ბგერების ჰარმონია იქმნება. მართალია, შეკითხვა დღემდე პასუხგაუცემელია, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩება შედევრები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრებენ თავს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ - რომანი მოურჩენელი პერსონაჟებით, განუკურნებელი სახეებით, ყველა დროისა და თაობის საყვარელი მწერლის წიგნი. რომანის ახალი გამოცემა ერთგულ მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს დაუვიწყარ პერსონაჟებს, მათ კი, ვინც წიგნს აწი უნდა გაეცნონ, წინ პირველად წაკითხვის დიდი სიამოვნება ელით.

0x01 graphic

აკა მორჩილაძე

ძველი გულებისა და ხმლისა (რომანი)
თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.

ბადუნა ფანველი ციხიდან გამოდის - რა ესაქმებოდა იქ, ან მერე რატომღა გაათავისუფლეს - დანამდვილებით კაციშვილმა არ იცის... არც იმის ამხსნელ-განმმარტებელია ვინმე, გამუდმებით რატომ იკარგება ბადუნას მუნჯი და ჭკუანაკლული უმცროსი ძმა თედია, რატომ მიიწევს ზღვისკენ... ან კიდევ სად გაქრა ბიჭების დედა, მიწამ ჩაყლაპა თუ ქარმა გაიტაცა... გმირების ტრაგიკული ისტორია, რომელსაც ფონად რუსეთ-თურქეთის ომი გასდევს, მწერლის ახალი რომანის სიუჟეტად იქცა. წიგნი ნამდვილი სიურპრიზია აკა მორჩილაძის პროზის მოყვარულთათვის, ხოლო მათ კი, ვინც აკას ჯერ არ იცნობს, ეს სევდიანი და საინტერესო ისტორია მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვას მოანდომებს.

0x01 graphic

გრიგოლ აბაშიძე
„100 ლექსი“ (ლექსები)

შემდგენელი დავით აბაშიძე; თბ. ინტელექტი, 2007.

ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხანდახან შავ ზღვაზე თეთრი ლექსები იწერება, ნურც ის მოგეჩვენებათ უცნაურად, თუ საქართველოს დაუძინებელი მტრები ლამაზი ლექსების მუზები ხდებიან, და არც იმან გაგაოცოთ, როცა საუკუნეებით დადუმებული აკლდამებისგან ვინმე ყურადღებას ითხოვს - პოეტებს რას გაუგებ... გრიგოლ აბაშიძის „100 ლექსი“ კიდევ ერთხელ გაახსენებს პოეზიის მოყვარულებს ნაცნობ რითმებს, საყვარელ ტექსტებს, სტროფებს, რომლებიც ზეპირად იცოდნენ... ქართველი მკითხველის ის ნაწილი კი, რომელიც გრიგოლ აბაშიძეს მეტწილად მისი ისტორიული რომანებით („ლაშარელა“, „თეთრი ღამე“) იცნობს, მწერალს ახალ, განსხვავებულ ჟანრში იხილავს.

0x01 graphic

კამილო ხოსე სელა

პასკუალე დუარტეს ოჯახი (რომანი).
მთარგმნელი ლამარა თურმანიძე. თბ. ინტელექტი, 2007.

გაუგონარი სისასტიკე, დაუნდობელი მკვლელობების სერია, სასიკვდილო განაჩენი, უპრინციპო ძალადობა, სისხლი - ნაკადებად, და ეს ყველაფერი ერთ რომანში თავმოყრილი, ერთი შავბნელი ადამიანის თავგადასავლად შეკრული. ესპანელი ავტორის, კამილო ხოსე სელას პირველი რომანი არგენტინაში გამოიცა (1942) - ესპანეთი შოკში ჩააგდო ნატურალიზმის ასეთმა ფორმამ და ამხელა დოზამ. თუმცა, მალე ესპანელმა მწერალმა არა მარტო სამშობლოში, მსოფლიო ლიტერატურაშიც მოიპოვა აღიარება და 1989 წელს ნობელის პრემიაც მიიღო. წიგნში „პასკუალე დუარტეს ოჯახის“ გარდა მისი რამდენიმე მოთხრობაცაა შესული.

0x01 graphic

ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე

„ბერძნულ-რომაული მითები და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამოთქმები“

ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე,
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ. 2007.

სიტყვები, რომლებიც ხშირად ესმის თქვენს პატარებს, ფრაზები, რომლებსაც ბევრჯერ გადაყრიხართ ბავშვებთან ერთად წიგნების კითხვისას, ან კიდევ ტელევიზორის ეკრანებთან მიმსხდრებს გაუგონიათ სხვადასხვა მყარი შესიტყვებები და მერე არაერთხელ დაუყენებიხართ პატარა ონავრებს იმ სირთულის წინაშე, აგეხსნათ მათ ენაზე, რას ნიშნავს „სიზიფეს ქვა“, „არიადნეს გორგალი“, „ტროას ცხენი“... ახალი წიგნი კი ერთგვარი სახალისო მასწავლებელია; ბერძნულრომაული მითოლოგიის პერსონაჟების ზღაპრად მოყოლილი თავგადასავლები, მათთან დაკავშირებული ხატოვანი გამოთქმები და განმარტებები პატარებს სამყაროს აღქმას გაუადვილებს და შეამზადებს მათ სამომავლოდ უფრო დიდი და ღრმა ცოდნის მისაღებად.

0x01 graphic

ლორან გოდე
სკორტების მზე (რომანი).
მთარგმნელი ნინო ახვლედიანი. თბ. აგორა, 2007.

გამარჯვებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ უფრო ხშირად აგებდა. უნდოდა გმირი ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავე და ანტიგმირი გახდა. ოცნებობდა, ლამაზი ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ 15 წელი ციხეში გაატარა. და ყველა ამ მარცხის, წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც არ წყვეტდა გამარჯვებაზე ფიქრს და ბედნიერებისკენ სწრაფვას. შინ დაბრუნებულს კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედები - საყვარელმა ქალმა აჩუქა შვილი, რომელსაც ზუსტად იგივე ბედი ეწია, რაც მამამისს - სკორტების კლანის მორიგი წარმომადგენელი გახდა და ვერ ასცდა წინა თაობის წყევლას, ყოფილიყო „უცხო თავისიანებს შორის“. როგორია მანკიერი ადამიანის ბედი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, გააღწიოს სიბნელიდან, მაგრამ საბოლოოდ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს... რომანისათვის „სკორტების მზე“ ლორან გოდეს გონკურის პრემია მიენიჭა და წიგნი მსოფლიოს 34 ენაზე ითარგმნა.

0x01 graphic

პერ პეტერსონი

გაქცეული ცხენები
Per Petterson/OUT STEALING HORSES
258გვ Graywolf Press

ტრონდ სანდერი მარტო დარჩა - მას მეუღლე და და დაეღუპა, ახლა კი ამ ტკივილის განკურნებას სწორედ მარტოობით ცდილობს. არავითარი დრამატიზება - უბრალოდ, სურს, სახელმწიფო სუბსიდიაზე იცხოვროს და ძველი ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამასობაში საინტერესო დასკვნამდეც მიდის - თურმე იღბლიანი ადამიანი ყოფილა - მისი ცხოვრებისეული მისწრაფება ხომ ყოველთვის მარტოობა იყო?.. ვითომ, მეუღლის დაღუპვამ ის უბრალოდ გაათავისუფლა? საინტერესოა სკანდინავიელის თვალით დანახული განსხვავება მარტოობასა და გარიყულობას შორის... ნორვეგიელი მწერლის, პერ პეტერსონის ახალი რომანი სულ ცოტა ხნის წინ IMPAC-ის ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.

0x01 graphic

ნაიალ გრიფიტსი

ლილიპუტი
Runt/Niall Griffi ths
149გვ Jonathan Cape

ნაიალ გრიფიტსის ახალი რომანის პერსონაჟი ეპილეფსიით დაავადებული პატარა ბიჭი - ლილიპუტია. იგი 16 წლის ასაკში სიხარულით ტოვებს სკოლას და ბიძამისის ჯოჯოხეთურ ფერმას. მამა არ ჰყავს. დედა კი ცდილობს, შეინარჩუნოს შეურაცხმყოფელი ურთიერთობა მამინაცვალთან... ბიჭის ერთადერთი მეგობარი მისივე ძაღლია, რომელთან ერთადაც სახლის წინ მიგდებულ, მიტოვებულ ჟანგიან მანქანაზე წვიმის წვეთების ხმას უსმენს ხოლმე. მორიგი წვიმისას ბიჭს იდეა მოსდის - გადაწყვეტს, ძაღლთან ერთად შეთქმულება მოაწყოს მამინაცვლის წინააღმდეგ და, არც მეტი, არც ნაკლები - მოკლას იგი, ისე, როგორც მტაცებელი ფრინველები ხოცავენ თაგვებს. „ჩვენ ვქმნით მონსტრებს, იმისთვის, რომ ხანდახან სწორედ მათმა არსებობამ შეგვახსენოს ჩვენი ადგილი ამ სამყაროში,“- ამბობს გრიფიტსი თავისი ახალი რომანის შესახებ.

0x01 graphic

ინგო შულცე

მობილური ტელეფონი
Ingo Schulze/Handy
280გვ Berlin Verlag

1999 წლის დეკემბერი, საახალწლო ღამე - ბერლინი ათასწლეულის დასასრულს ხვდება. ახალგაზრდა მასწავლებელი, ფრანკ რეიხერხტი, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მუშობს, საშობაო არდადეგებზე შინ ბრუნდება, და სწორედ ათასწლეულის მიჯნაზე ხვდება იულიას, თავის ძველ, დაკარგულ შეყვარებულს. არადა, დაშორებიდან მთელი წლის მანძილზე არაამქვეყნიურივით დაბოდიალობდა აქეთიქით, არც კარიერული წარმატების გემო გაუგია და ვერც ახალ ნაცნობებთან მოძებნა საერთო ენა. ყველგან იულიას აჩრდილი დაჰყვებოდა, და იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. ახლა კი, როცა მისთვის ახალი ათასწლეული სასწაულებითა და ბედნიერებით იწყება, ცოტა არ იყოს, დაბნეულია...

ეპოქალური რომანის „ახალი ცხოვრების“ (Neues Leben) შემდეგ ეს წიგნი თანამედროვე გერმანელი მწერლის, ინგო შულცეს, მეორე სერიოზული ნაშრომია.

0x01 graphic

ფრედერიკ ბეგდებერი

მიტევებაში დახმარება
Au secours pardon/Frederic Beigbeder
318გვ Grasset & Fasquelle

99-ფრანკიანი სარეკლამო განცხადების ავტორი ოქტავი კვლავ ბრუნდება. ამჯერად ის დიდი ჩრდილოეთის დედაქალაქში, მოსკოვში, დახეტიალობს - არც მეტი, არც ნაკლები, ახალი პროფესია შეიძინა. ეს სწორედ ის არის, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა - სამოდელო სააგენტომ მას ქვეყნის ულამაზეს გოგონებს შორის საუკეთესოების არჩევა დაავალა. უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს ყველა გოგო გაუცნობიერებლად ცდილობს, ერთსა და იმავე მითიურ არსებას დაემგვანოს, და მეტ-ნაკლებად გამოსდით კიდეც ეს... აი, სანკტ-პეტერბურგელი მოზარდი ლენა კი სულაც არ გავს სხვებს, რაც ოქტავის ყურადღებას მიღმა არ რჩება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - გოგონა ოქტავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდება...

0x01 graphic

მაიკლ ონდაჩე

დივისადერო
Divisadero/Michael Ondaatje
273გვ. Alfred A. Knopf

ქუჩას, სადაც ანა ცხოვრობს, „დივისადერო“ ჰქვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანური სიტყვის „დივისიონ“-ის („გაყოფა“) მიხედვით ეს ქუჩა გამყოფი ხაზი უნდა ყოფილიყო სანფრანცისკოსა და პრესიდიოს ველებს შორის, ან კიდევ, ეტიმოლოგიას უფრო თუ ჩავუღრმავდბით, ისიც დასაშვები იქნება, რომ რომანს იმ ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც შორი დისტანციიდან აკვირდება რაღაცას. ასეა თუ ისე, ანას თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ მკითხველს სრული თავისუფლება ექნება, თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ დაარქვას რომანს სახელი. ახალი წიგნის პერსონაჟი ონდაჩეს ერთგულ მკითხველს რაღაცით იმავე ავტორის „ინგლისელი პაციენტის“ ჰანას მოაგონებს. „დივისადერო“ მწერლის მეხუთე რომანია.

0x01 graphic

ტენესი უილიამსი

უბის წიგნაკები
Tennessee Williams/Notebooks
784 გვ. Yale

ინგმარ ბერგმანის პირველი საღამო ნაციონალურ თეატრში (1970) კინაღამ ჩაიშალა საშუალო ასაკის წვერებიანი მამაკაცის გამოხდომის გამო, რომელიც პარტერში თავის მშვენიერ კომპანიონთან ერთად იჯდა და მეგი სმიტის ყოველ წარმოთქმულ ფრაზასა თუ მიხრა-მოხრაზე ხმამაღლა ხარხარებდა. აბეზარი მაყურებლის საქციელმა საღამო კომედიად აქცია. ღონისძიების მსვლელობისას მას რამდენჯერმე სთხოვეს კიდეც, დაეტოვებინა დარბაზი. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები - ტენესი უილიამსი იყო, მე-20 საუკუნის ცნობილი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი. მისი ცხოვრება ბოჰემური თავგადასავლებით, ალკოჰოლიზმითა და ეპატაჟური გამოხდომებითაა დატვირთული, შესაბამისად, წიგნში თავმოყრილი მისი მოღვაწეობის ისტორიებიც სხვადასხვა საინტერესო და დღემდე უცნობი ფაქტების მომცველია.

31.10 ლიტერატურა - ახალი ამბები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

© John Bryson/Sygma/Corbis

ჰემინგუეის კატების უფლებები ირღვევა

ერნესტ ჰემინგუეის სახლის ბინადარი 6 კატა ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასამართლო პროცესის შედეგად მწერლის სახლიდან გამოასახლა. სამინისტროს მესვეურებმა განაცხადეს, რომ ცხოველების ადგილი, ჩვეულებრივ, გალიაშია. ფედერალური ბიურო კი ამტკიცებს, რომ კატები სამუზეუმო ექსპონატს წარმოადგენენ და სახლ-მუზეუმში მათ შენახვას სპეციალური ლიცენზია სჭირდება. საქალაქო კომისიასაც თავისი მოსაზრება აქვს ფუმფულა ცხოველებთან მიმართებაში - კატები საგამოფენო ნივთები არ არიან და ისინი, უბრალოდ, უნდა გაათავისუფლონ ყველანაირი სამოქალაქო კანონის ზემოქმედებისგან. სახლ-მუზეუმი, სადაც ჰემინგუეი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, კატების გამოსახლების შემდეგ დროებით დაიკეტა.

ტერორისტული პოეზია

ლექსები, რომლებიც გუანტანამოს ყურის „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ ციხის პატიმრების მიერაა დაწერილი, მალე წიგნად გამოვა. ტექსტები ციხის სხვადასხვა ჭურჭელზე იყო ამოჩხაპნილი, ან კიდევ კბილის პასტით იწერებოდა კედლებზე. წიგნი 17 პატიმრის 22 ტექსტს შეიცავს, მათი შეგროვება და რედაქტირება ერთ-ერთმა მოხალისე ადვოკატმა, მარკ ფოლკოფმა ითავა. მისი თქმით, აქამდე პატიმართაგან არცერთს არანაირი შეხება არ ჰქონია პოეზიასთან. ლექსები არაბულ ენაზეა დაწერილი და მათი ინგლისური თარგმანები რედაქტორის გარდა ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გადაამოწმა. ფოლკოფის თქმით, ლექსებში პატიმრების იმედგაცრუება ჩანს ამერიკის მიმართ, და კიდევ, დიდი სურვილი, მალე დატოვონ ციხის კედლები და დაუბრუნდნენ სამშობლოს.

ელექტრონული წერილები კლასიკოსებისგან

იმისთვის, რომ ცხელ ზაფხულს წიგნების კითხვა მოსაბეზრებელი საქმიანობა არ გახდეს, ინტერნეტ სივრცემ ახალი ინტელექტუალური გასართობი გამოიგონა. საიტი http://www.dailylit.com/ მათთვის არის, ვისაც ლიტერატურის კითხვა უყვარს, მაგრამ დროის უქონლობისა და გადატვირთული სამუშაო დღის გამო მონიტორს მიღმა წიგნებისთვის დრო აღარ რჩება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მარტივად გამოიწერთ სასურველი ავტორის სასურველ წიგნს, რომლის განსაზღვრული რაოდენობის ნაწყვეტებიც პერიოდულად მოგივათ, არც მეტი, არც - ნაკლები, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, როგორც მეგობრის ან თანამშრომლის მორიგი წერილი. იმისთვის, რომ ასეთი ტიპის მეგობარმა (მაგ. ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი...) თავი არ მოგაბეზროთ, ან პირიქით - არ მოგანატროთ, წერილების პერიოდულობას თავად აირჩევთ.

ლიტერატურული პრემია არამხატვრული პროზისათვის

ამერიკელი რეპორტიორი, Washington Post's-ის ბაღდადის ბიუროს ყოფილი დირექტორი, რაჯივ ჩანდრასეკარანი, სემუელ ჯონსონის სახელობის პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა დოკუმენტური პროზისათვის. მისი ნაშრომი „იმპერიალისტური ცხოვრება ზურმუხტოვან ქვეყანაში“ (Imperial Life in the Emerald City) ბაღდადის მწვანე ზონის უსაფრთხოებას ეხება, და როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ჰელენა კენედიმ განაცხადა, ბოლო 50 წლის მანძილზე ასეთი ძლიერი რეპორტაჟი არ დაწერილა. სემუელ ჯონსონის პრემია არამხატვრული პროზისათვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხას მოიცავს - რაჯივ ჩანდრასეკარანი 30 ათასი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა.

0x01 graphic

© Colin McPherson/Corbis

სალმან რუშდის სიცოცხლეს ისევ საფრთხე ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას ეგრეთ წოდებულმა „მეორე პირმა“, აიმან ალ-ზავაჰირმა, თავის მორიგ აუდიო-მიმართვაში ძირითადი დრო დიდი ბრიტანეთისადმი მუქარას დაუთმო. მისი მოთხოვნაა, ჩამოართვან ინდური წარმოშობის მწერალს - სალმან რუშდის - რაინდის ახლადმინიჭებული წოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისლამური სამყარო გადამჭრელი ზომების მიღებით იმუქრება. დასჯის კონკრეტულად რა მეთოდებს გულისხმობდა ტერორისტი - ეს არ უთქვამს. მსოფლიოს მუსულმანთა დიდი ნაწილი სალმან რუშდის შემოქმედებას თავიანთი რელიგიისა და აღმსარებლობის შეურაცხყოფის უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს. ამ მიზეზით ირანსა და პაკისტანში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები თანხასაც კი აგროვებენ მის დასაჯილდოებლად, ვინც ახლადგამომცხვარ რაინდს თავს წააცლის.

წერილები აუქციონზე

შვეიცარიელი იურისტის, ალბინ შრამის, გარდაცვალების შემდეგ მის არქივში საოცარი კოლექცია აღმოაჩინეს - სხვადასხვა წერილებს შორის ისეთი ავტორებიც იყვნენ, რომელთა აქამდე უცნობი ტექსტებიც ძალიან მალე აუქციონზე ხუთ და ექვსნიშნა ციფრებში გამოსახულ თანხად გაიყიდება.

აქ არის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 1811 წლით დათარიღებული წერილი, სადაც იგი მეგობარს, ნოლას ცმესკალს, ხელოვნების რაობაზე ესაუბრება; ოსკარ უაილდის სამადლობელი სიტყვა ემილი რენის მიმართ (1888), ერნესტ ჰემინგუეის მოკითხვა ეზრა პაუნდს (1925), ფრანსისკო გოიას მიერ მოყოლილი საკუთარი სიღატაკის ამბავი მეგობარ მარტინისადმი (1790)...

წერილების გატანა აუქციონზე უკვე დაიწყო. ნაპოლეონის გრაფიკული კოცნები ჟოზეფინას მიმართ უკვე გაყიდულია - მასში 276,000 ევრო გადაიხადეს.

ბრიტანული გამომცემლობები ჯეინ ოსტინს არ ბეჭდავენ

ჯეინ ოსტინი დებიუტანტი მწერლის, დევიდ ლასმანის ექსპერიმენტის იარაღი გახდა. მას შემდეგ, რაც ბრიტანული გამომცემლობებისაგან ლასმანი დადებით რეცენზიას ვერ ეღირსა და პირველი წიგნის დაბეჭდვაზე ყველამ უარით გამოისტუმრა, მან სახალისოდ ასეთ ხერხს მიმართა - ჯეინ ოსტინის რომანებიდან ნაწყვეტები ამოკრიფა, პერსონაჟებს სახელები შეუცვალა, ფსევდონიმად „ელისონ ლეიდი“ აიღო (ოსტინის ადრეული ფსევდონიმიც სწორედ „A Lady იყო) და ტექსტები გამომცემლობებში დაარიგა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, 18 გამომცემლობიდან 17 (მათ შორის Penguin და Bloomsbury) ვერ მიხვდა, ვინ იყო ტექსტების ნამდვილი ავტორი და ლასმანს მათს გამოქვეყნებაზე მშვიდად უთხრეს უარი. არ მოტყუვდა მხოლოდ ალექს ბოულერი Jonathan Cape-დან.

„თუ ასეთი მსხვილი გამომცემლობები ვერ ცნობენ მსოფლიო ლიტერატურის შედევრს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი ღირებული ტექსტი შეიძლება გაუშვან ხელიდან,“ - გაკვირვებულია ლასმანი.

ჯეიმს ბონდის ახალი წიგნი

ბრიტანელი მწერალი, სებასტიან ფოლკსი, „ჯეიმს ბონდის“ ახალი რომანის ავტორად დასახელდა. წიგნი, რომელსაც „ეშმაკის მზრუნველობა“ (Devil May Care) ერქმევა, 2008 წლის 28 მაისს იხილავს მზის შუქს - სწორედ ამ დღეს აღინიშნება „ჯეიმს ბონდის“ პერსონაჟის „ლიტერატურული მამის“, ბრიტანელი მწერლის, იან ფლემინგის 100 წლისთავი. იანი 14 წიგნის ავტორია აგენტ 007-ის შესახებ.

მსოფლიოში ამჟამად ჯეიმს ბონდის სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი წიგნის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და აგენტ 007-ის ეპოპეამ ავტორებს 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. თუმცა კი, ჯეიმს ბონდის კინოგმირის წარმატებასა და პოპულარობასთან ლიტერატურული პერსონაჟი ახლოსაც ვერ მივა.

ბეირუთი - მსოფლიოს წიგნთა დედაქალაქი

ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი „2009 წლის მსოფლიოს წიგნის დედაქალაქად“ იქნა დასახელებული. გადაწყვეტილება 3 ივლისს იუნესკოს შტაბ-ბინაში შეკრებილმა ამომრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ასეთი არჩევანი დაფუძნებულია კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ლიბანის შემწყნარებლობაზე, დიალოგსა და ამტანობაზე, ასევე წარმოდგენილ პროგრამაში თანამშრომლობის პასუხისმგებლობასა და შინაარსიანობაზე. იუნესკოს გენერალური დირექტორის, კიოტირო მაცურის აზრით, წიგნი, როგორც ურთიერთგაგებისა და მშვიდობის იარაღი, დიდ როლს ითამაშებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის დიალოგში. ბეირუთი „მსოფლიოს წიგნის“ მეცხრე დედაქალაქი იქნება. მანამდე ეს ტიტული მადრიდს (2001), ალექსანდრიას (2002), ნიუ-დელის (2003), ანტვერპენს (2004), მონრეალს (2005), ტურინს (2006), ბოგოტასა (2007) და ამსტერდამს (2008) ჰქონდა მინიჭებული. არჩევნები ყოველ წელს იმართება.

0x01 graphic

© Filip Singer/epa/Corbis

ჰარუკი მურაკამი - ნობელის პრემიის ლაურეატი?

იაპონიის მუნიციპალურმა ბიბლიოთეკამ მცდარი ინფორმაცია განათავსა თავის ვებ-გვერდზე - თითქოს პოპულარულ რომანისტს, ჰარუკი მურაკამის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიეღოს. ბიბლიოთეკის საიტზე განთავსებული სტატიის მიხედვით, შარშანდელი ნობელის პრემიის ლაურეატი მურაკამი გახდა, არადა, ეს პრიზი, როგორც ვიცით, თურქ ავტორს, ორჰან პამუკს ერგო. მუნიციპალური ბიბლიოთეკის მესვეურებმა ბოდიში მოიხადეს შეცდომის გამო და მიზეზიც ახსნეს - ინფორმაცია, რომელიც იმ განსაკუთრებული შემთხვევისთვის იყო წინასწარ მომზადებული, თუ იაპონელი ავტორი ნობელის პრემიას მიიღებდა, ტექნიკური შეცდომის გამო აღმოჩნდა სისტემაში საიტის განახლებისას. მურაკამის ლიტერატურული „დამსახურების“ შესახებ ინფორმაცია 18 ივნისიდან 4 ივლისამდე იყო საიტზე განთავსებული.