The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №50


ცხელი შოკოლადი №50


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გაფრინდაშვილი ლელა, კორძაია-სამადაშვილი ანა, კიკალეიშვილი სალომე, ჩიხლაძე დავით, ქიქოძე ზურა, ბუხრიკიძე დავით, ზედანია გიგა, გვახარია გიორგი, ანდერსონი ჯონ ლი, მაკფარქუარი ლარისა, მესხი დავით, ლომაძე ნინო, ბერძენიშვილი ლევან, გაგარინი შოთა, მაისურაძე გიორგი
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივნისი 2009 გარეკანზე: მაია სარიშვილი ფოტო: დავით მესხი მთავარი რედაქტორი ნინო ლომაძე აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი: გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი: ნინო სვანიძე კორექტორი: ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, ნინო ჯაფიაშვილი, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით ჩიხლაძე, ქეთი ქანთარია, ლევან ბერძენიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, გიორგი გვახარია, შოთა გაგარინი, ნინო ლომაძე, ზურა ქიქოძე. ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, მარიკა ქოჩიაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია: მაია სუმბაძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა: ლელა შუბითიძე სარეკლამო გაყიდვები: ნესტან ავალიანი დისტრიბუცია: ზვიად შენგელია გამომცემელი: შორენა შავერდაშვილი გამომცემლობა: შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ.: 912326 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სხვა გამოცემები: ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები, დიალოგი, თიბისი და თიბისელები. სტამბა: შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140, ტელ.: 357002 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება გამომცემლობის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მაია სარიშვილმა და ნაომი კლაინმა, ამ ნომრის გმირებმა, კარგად იციან, რომ უმრავლესობის შექმნილი რეალობის უარყოფით, მისგან გამიჯვნით და შიშის გადალახვით საკუთარი იდენტობის ძიება იწყება. მათ დღეს იციან ვინ არიან და რისთვის ცხოვრობენ. მაგრამ მაიასა და ნაომი კლაინს შორის ერთი განსხვავებაა - მაია აღარ ეძებს თანაგანმცდელებს, თანამოაზრეებს. მან სიმშვიდე იპოვა მაშინ, როცა მიიღო სამყარო ისეთი, როგორიც ის არის. თუმცა „ყველაში“ მაინც არ დაიკარგა, მარტო დარჩა. ნაომის არ მოსწონს ეს სამყარო და მისი შეცვლისთვის იბრძვის. უპირისპირდება ყველაფერს, რაც მის პრინციპებს, მის იდეებს ეწინააღმდეგება. ნაომიმ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიგო - ფხიზლად ყოფნა და კრიტიკული დამოკიდებულება კონფორმისტის მოშვებული პოზა არ არის, ეს მეამბოხის ცხოვრების წესია.

კონფორმისტები ჩვენთანაც ბევრჯერ ახსენეს. ნეიტრალურ, სხვა პოზიციის ადამიანებს, ხან ბანდიტები უწოდეს, ხან მოღალატეები. დღეს „სხვები“ ყველაზე უღონოები, რეალობისგან გარიყულები, უხილავები არიან.

ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით „წითელი ზონა“ ვნახე და მას მერე, კარლ იასპერსის ეს ციტატა სულ თავში მიტრიალებს: „სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც თავად სიცოცხლე იქნება მრავალფეროვანი და ადამიანები პირველ რიგში უმრავლესობას გამოუცხადებენ ომს“.

რატომ გვეშინია განსხვავებულის და რატომ ვერ მოახერხეს „სხვებმა“ საერთო სპექტაკლში საკუთარი როლის პოვნა, რატომ ჩაიკეტა უმცირესობა ნიჟარაში - ეს კითხვები დისკუსიის მონაწილეებს დავუსვით.

მართალია, მსოფლიო კრიზისის, იშვიათი ვარსკვლავცვენის და ჟურნალისტების შეთხელებული არმიის ფონზე, მაგრამ მაინც, კანის 62-ე ფესტივალი ხმაურიანად ჩატარდა. მეტიც, გოგი გვახარია იმედიანადაა და ჩვენც გვამშვიდებს: „კი, ბატონო. ვერაფერი შეიძლება მოუხერხონ საკუთარ თავს, სულიერ კრიზისს, ვერც ეკონომიკა გადაარჩინონ. მაგრამ კინოს, როგორც ჩანს, დაღუპვა ჯერ არ ემუქრება. კინო იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს სიზმრები... და ადამიანები კვლავაც წავლენ კინოში „კოლექტიური სიზმრის“ სანახავად“.

იმის მიუხედავად, რომ ყველა გვაშინებს და გვეუბნება, მხოლოდ უარესს შეიძლება ველოდოთო, ჩვენ მაინც გვინდა სიცოცხლე გვიხაროდეს და ამიტომ, შემდეგი ნომრიდან, კიდევ უფრო მეტად ოპტიმისტები გავხდებით და ცოტა ხნით თქვენც დაგავიწყებთ პროტესტების, საკნების, ფუნქციადაკარგული ქუჩებისა და განრისხებული ადამიანების შექმნილ რეალობას.

ნინო ლომაძე
მოგვწერეთ, editor@shokoladi.ge

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლელა გაფრინდაშვილი

თვითდაკვირვებამ მაჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია რაც უფრო იძაბება, მით უფრო ვიძირები მრავალწლიანი კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებში. თითქოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი სწორედ აქ უნდა აღმოვაჩინო. მათ შორის ბევრი ისეთი ტექსტი და ფაქტია, რომელიც სააშკარაოზე არავის გამოუტანია და მივიწყების მტვერი ადევს.

ზოგიერთი მასალის გაცნობისას კი ვერაფრით ვხვდები - როგორ გახდა შესაძლებელი ფაქტებისა და ხდომილებების ასეთი აღვირახსნილი გაყალბება? როგორ მიეცა უსამართლო დავიწყების მორევს ქვეყნის სვე-ბედზე მზრუნველი უამრავი ღირსეული ადამიანი? და რა უდევს საფუძვლად ამ დავიწყება-დამახსოვრებას?

არ მიყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, არავის ვეტყვი, - ჩემი ხედვა და ანალიზი ერთადერთი და სწორუპოვარია-მეთქი. მე მხოლოდ ჭკუა-გონების პროვოცირება მიყვარს: როცა წაკითხული და ნანახი იმდენად შეგძრავს, რომ ველური გზნებით ანთებული, მანამდე ვერ მოისვენებ, სანამ კითხვების დასმას და შენეული პასუხის გაცემას არ დაიწყებ.

წუხელ ალექსანდრე გრიბოედოვის მეგობრის, პეტრე კარატიგინის მოგონებებს ვკითხულობდი. ძალიან მენიშნა, რომ 1831 წელს მას საქართველოში თავისი პიესა „ნაცნობი უცნობნი“ დაუდგამს. მთავარი გმირი, სარკაზმოვი, ფარისეველთა გასაგონად ასეთ ფრაზას ამბობს: „პირადი მტრები მირჩევნია ორპირ მეგობრებს“.

მოკლედ, ჩვენს ახლო და უახლოეს წარსულში ბევრი, ჩვენთვის უცნობი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფურცელია. ამიტომ აუცილებლად დასაწყებია მათი რეანიმაცია-რეპრეზენტაცია. ეს სამუშაო არა მხოლოდ შემეცნებითი ან კვლევითი მიზანსწრაფვის დასაკმაყოფილებლად გვჭირდება, არამედ „აწმყოში“ ყოფნისა და „მომავალში“ გადასვლისთვისაც.

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ გარშემო ყველა ამბობს, - კარგი არაფერი არც მომხდარა, არც ხდება და არც მოხდებაო, - გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ თავს მაინც გადავუქციო ცხოვრება დღესასწაულად. არც ისე რთული აღმოჩნდა:

ობიექტური წინაპირობა - დათბა;

წინკარიდან ცემენტის ნამტვრევები და მსგავსი ნაგავი გავიტანე, და ახლა ძალიან პატარა, მაგრამ ჩემი საკუთარი ბაღი მაქვს;

ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯში შესანიშნავი ბილიკი მიუყვება მამადავითისკენ, და სულ მალე ყველაზე ჯანმრთელი და ლამაზი გოგო ვიქნები;

ჩემმა მეგობარმა 43 წლის „ვოლგა“ შამილა ფეხზე დააყენა, ისე, რომ მოხუცს კახეთის გზაზე ერთი არ დაუხველებია, და სულ მალე უფრო დიდ მოგზაურობასაც გაართმევს თავს.

გარწმუნებთ: მარტო მე არ ვცდილობ, რამე გამიხარდეს. ჩემნაირები მრავლად არიან.

ჩემნაირები მუდამ ერთნაირად ცხოვრობენ, განურჩევლად იმისა, ქვეყანას თამარ მეფე მართავს თუ პეტლიურა. ისინი არც მდიდრდებიან და არც ღატაკდებიან, არც გმირები ხდებიან და არც მოღალატეები. მათი წყენინება ძალიან ადვილია, მაგრამ გახარებასაც არაფერი უნდა - უბრალოდ, არ უნდა უძახო, რომ კარგი არაფერი არც მომხდარა, არც ხდება და არც მოხდება, და მაშინ ისინი ეცდებიან, თქვენი ცხოვრება დღესასწაულად გადააქციონ: ან ბაღს გაგიშენებენ, ან მამადავითზე წაგიყვანენ, ან შორეულ მოგზაურობაში. თან, რაც მთავარია, დათბა.

0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

მაიას ოთხი ხელი რომ ჰქონდეს, ოთხივეს მაგრად ჩასჭიდებდა შვილებს. რომ შეეძლოს, შიშველ გულზე ბროშებად მიიკრავდა თითოეულს და არასდროს, არასდროს მოიხსნიდა. რომ შეეძლოს, ისევ იმ მომენტში დაბრუნდებოდა, როცა დაიბადა... 29 დეკემბრის ღამეს, როცა გარეთ თოვდა და გაბრდღვიალებული ნათურის შუქმა, თვალები წამით დაუბნელა. ან იმ ზამბარებიან საწოლს იპოვიდა, რომელზეც სკოლიდან გამოპარული მაგრად, ძალიან მაგრად დახტოდა, ლამის მიფრინავდა. რომ შეეძლოს, თავის დღიურს დაიბრუნებდა, რომელშიც წელიწადში ერთხელ, ყოველ 1 დეკემბერს წერდა. ან იმ დღეს, ცოტა ადრე მივიდოდა დედასთან, რომ ცოცხალი კიდევ ერთხელ ენახა და მისი ხმა, მხოლოდ ლექსებში აღარ გაეგო. რომ შეეძლოს, მამამისს კიდევ ერთხელ სთხოვდა კანფეტების ყუთთან მისვლას, იქნებადა მისი ბავშვობის ხმისთვის მიეგნო...

რომ შეეძლოს...

მაია სარიშვილი ჩემთვის აღმოჩენა იყო, თავისი 4 შვილით და დაუნდობელი პოეზიით. როდესაც „რადიო თავისუფლების“ დღიურებში მაიას ცხოვრების რამდენიმე დღე წავიკითხე, დავიბენი. სულ იმას ვფიქრობდი, რა უნდა დავწერო იმაზე ღირებული, ვიდრე ის 2 ფურცელი? როდესაც მისი ლექსების სისასტიკე ბოლომდე შევიგრძენი, ეჭვი არ მასვენებდა - რაღა უნდა მითხრას იმაზე მეტი, რაც ამ ლექსებშია მიმოფანტული?

მაია არის ორი.

პირველი - ეს არის დედა და პედაგოგი, რომელიც ყოველ დილით, 4 შვილთან ერთად ყვითელი ავტობუსით მიდის სკოლაში და ხანდახან აგვიანებს კიდეც. დაწყებითებში ქართულს ასწავლის, ბავშვებს ლექსებს უკითხავს და თავისუფალ თემებს აწერინებს. მერე შვილებთან ერთად, ისევ იმ ყვითელი ავტობუსით ბრუნდება სახლში და დიასახლისობის რუტინაში ერთვება. ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, გადის ხოლმე სტუმრად და, როგორც წესი, ოთხივე შვილს ბოშასავით აჩონჩხლილი დააპროწიალებს. უმცროსს, დიტოს ძილის წინ გვერდზე უწვება და ზღაპრებს უკითხავს. მერე დანარჩენ 3 გოგოსაც მიხედავს ხოლმე და...

მეორე - ეს არის პოეტი. დაუნდობელი და სასტიკიც კი. პოეზიაში ის ყოველდღიურობისგან თავის დაღწევას კი არ ცდილობს, არამედ კიდევ უფრო ამძიმებს მას და ძლიერად მოქნეული ნაჯახივით გიპობს გულს, საიდანაც ამოტივტივებული ხატები განსაკუთრებული სიმძაფრით იხრწნებიან სტროფებში. ის არასდროს კეკლუცობს სიტყვებით და ლექსებს დიდ პარკებში ინახავს. ზოგჯერ ტანსაცმლის კარადაში ძვრება, რომლის გამოკეტილი ჰაერი მისი ერთადერთი მეგობარია. მაია ხომ მთელი ცხოვრება ეძებდა სახლს და ადამიანებს, რომ თავი მიედო, თვალები დაეხუჭა და უბრალოდ, უხმოდ ყოფილიყო. რომ შეეძლოს...

3 კინო - პროპაგანდა

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

22 აპრილს კინოთეატრ „ამირანში“ ნუცა ალექსი-მესხიშვილის დებიუტი წარმოადგინეს. ეს იყო 30-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით „ბედნიერება“, რომელიც ანანურშია გადაღებული და მასში ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო ზაირა არსენიშვილის მოთხრობა „ცოლმა ქმარი დაიტირა“.

სიუჟეტი, რომელიც საკმაოზე მეტად მტკივნეულია, ჩვეულებრივ ჟურნალისტურ სენტიმენტალიზმს ვერ გასცდებოდა, რომ არა ამბის ტრაგიკომიკულობა. გარდაიცვლება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი რჩება; და კიდევ იტალიაში გადახვეწილი ცოლი, ხანშიშესულ ქალბატონს, პაოლას რომ უვლის, რათა ოჯახის სარჩენად აუცილებელი სახსრები მოიპოვოს ან სულაც ფულადი მარაგი დააგროვოს. ფილმი, ერთი მხრივ, მართლაც სრულიად ჟურნალისტურ თემაზეა - საქართველოდან 1 მილიონი ადამიანია წასული უცხოეთში. მათგან უმეტესობა - 62%25 ქალია. სწორედ ამის მაუწყებელი ჟურნალისტური ტიტრებით მთავრდება ფილმი. ეს უმწეო თუ გამძლე და მოქნილი ადამიანები მოწყვეტილნი არიან საკუთარ ფესვებს და გარემოს, საკუთარ ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს. ემიგრაცია იოლი არ არის და ხშირად იგი ერთ-ერთ უმძიმეს ბედისწერადაც მოიაზრება. მაგრამ, მისი სიმძიმე უფრო აუტანელი ხდება, როდესაც ის ბოლომდე ემიგრაციაც არ არის და უცხოეთში მყოფი ადამიანი, ახალი ცხოვრების დაწყებას კი არ ესწრაფვის, არამედ მუდმივად რაღაცის დაწევას ცდილობს საკუთარ სამშობლოში.

ვალიკო გარდაიცვლება, მაგრამ მისი ცოლი, როგორც შორეული მიზნების დევნისას ხშირად ხდება ხოლმე, მაინც ვერ ახერხებს ჩამოსვლას. შეიკრიბებიან მეზობლები, ჭირისუფალნი, გარდაცვლილის მკერდზე მობილურ ტელეფონს მოათავსებენ, გამაძლიერებელს მიუერთებენ, და პანაშვიდზე მისულ თანასოფლელებს უკვე დიდი ხნის უცხოეთში გამგზავრებული ცოლის სახალხო მოთქმა და დატირება ციფრულად ტრანსფორმირებული მაინც ესმით.

„აბა, ისე როგორ ჩამოვიდე, მტრის ჯინაზე ერთი პატარა მაღაზიის ფართი რომ არ შევიძინო“, - რაღაც ასეთს მოთქვამს ვალიკოს ცოლი იტალიიდან. იქვე, ეზოდან კი ახალგაზრდა გოგონა გადის ჩემოდნით ხელში და როდესაც შეყვარებულს ესაუბრება, გამომშვიდობებისას ვგებულობთ, რომ ისიც სადღაც მიემგზავრება, თუნდაც საბერძნეთში. გოგონა ამბობს, რომ მას ვიზა არ აქვს და ავტობუსის მძღოლი შეჰპირებია, რომ საბარგო ყუთით გადაიყვანს საზღვარზე. მათი ცივი დაშორებიდან ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ საქმე რომანტიზებულ ფილმთან არ გვაქვს და უბრალო ჟურნალისტური, მაგრამ ადამიანური სენტიმენტები დროდარო ისევ გვძლევს ხოლმე.

თუ საქართველოს არასოდეს გამოუცდია ნამდვილი ლუმპენ-პროლეტარობა, ამის დეფიციტი დღეს ნამდვილად არ გაგვაჩნია. ხშირად გვესმის, რომ დღეს საქართველოს ქალები ინახავენ. ამიტომაც არის ეს თემა ჟურნალისტური, ამიტომაც ამოიწურება იგი ერთი 30-წუთიანი სიუჟეტით.

ნუცა ალექსი-მესხიშვილის სადებიუტო ფილმი იმ ნიუანსით არის საინტერესო, რომ მან ფორმის თვალსაზრისით დოკუმენტური ფილმი დადგა, ხოლო საფუძვლად მხატვრული ნაწარმოები, მოთხრობა გამოიყენა. მონათხრობის ტრაგიკომიზმი და კარგი აუდიო-ვიზუალური მხარე ფილმს უდავოდ წარმატებულს გახდის.

0x01 graphic

ფილმში თამაშობენ: რუსუდან ბოლქვაძე, გია აბესალაშვილი, პაატა გულიაშვილი, ნინო კასრაძე, ია სუხიტაშვილი, ლია კაპანაძე. ფილმისთვის მუსიკა დაწერა გია ყანჩელმა.

* * *

აპრილში გოეთეს ინსტიტუტში დოკუმენტური ფილმების პროგრამა მოეწყო.

„ალცნეი“ - ასე ჰქვია ფილმს, რომლის მთავარი გმირიც პანკისის ხეობაში მცხოვრები მოხუცებული ქალია. ალცნეი, მართალია, გადამღები ჯგუფისთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს ქალი პროფესიით შუამავალია და რომ მას აქ ყველა იცნობს. სახალხო დიპლომატიის პანკისური ვარიანტი მხოლოდ ეთნოგრაფიულადღა თუ არის საინტერესო და ალბათ ამიტომაც ფილმში სათქმელზე მეტად საოპერატორო მხარეს აქვს უპირატესობა. ფილმის ავტორები ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი არიან.

კინოთეატრ „ამირანში“ გამართული პრეზენტაციის მსგავსად, გოეთეს ინსტიტუტის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებზე სრულმა ანშლაგმაც დაადასტურა ჟურნალისტური ჩანახატების ტენდენციის პოპულარობა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება ძალზე მარტივი მიზეზით აიხსნას - ჩვენს კინემატოგრაფიაში არსებული დაბალი ბიუჯეტით, ანდა ჩვენს ჟურნალისტურ დროში პათეტიკურობისგან თავის დაზღვევით. ან, უბრალოდ, შეიძლება ეს საორგანიზაციო საქმინობის გარშემო გაერთიანებული აუდიტორიებია, რომელთაც უშუალო პროფესიული კავშირი აქვთ მშრალი ფორმებით მოცემულ სპეციალიზებულ საკითხებთან.

ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის მეორე ფილმი სამშვიდობო ძალების ზონაში ერთ მონაკვეთს ასახავდა - კერძოდ კი, ენგურის ხიდის ბუფერულ ზონას. ფილმის თხრობა ნეიტრალურია - ანუ ავტორები ცდილობენ, გაექცნენ დოკუმენტური კინოს ჩვეულებრივ მიდრეკილებას მხატვრულობისკენ და მთლიანად სიუჟეტის შესწავლით და ანგარიშით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. როდესაც მტკივნეული თემატიკა დაცლილია როგორც თბილი, ასევე ცივი ტონებისაგან, შეიძლება ხელთ სწორედ ანგარიში შეგვრჩეს.

ინტერვიუების დროს ერთსა და იმავე სტატიკურ კადრს და ფრონტულ პოზას ვხედავთ. შუა ხიდი, უინტერესო და სიცოცხლეგამქრალი ტერიტორია, ცხენი, რომელიც ძლივს მიათრევს ზედმეტად გადატვირთულ ურიკას, რომლითაც მისი მეპატრონე ყოველდღიურ შემოსავალს შოულობს. გაღმა დარჩენილი ოჩამჩირე, სოხუმი, გაგრა.

სალომე ჯაშმა და გიორგი წიქარიშვილმა საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა მინისტრზე, ბაკურ კვეზერელზე შემოგვთავაზეს ფილმი სახელწოდებით „ერთ-ერთი მინისტრი“. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ასეთი ჩვენებები არა მხოლოდ მშრალი ანგარიშია, არამედ „ენჯეოშნიკების“ ერთგვარ მართლაცდა თავშესაქცევ ადგილს წარმოადგენს. ამ ფილმში მინისტრი უხერხულობამდე მისული ისეთი მოულოდნელი ბუნებრიობით არის წარმოდგენილი, რომ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს ამ ფილმის დოკუმენტურობაში და დადგმული, წინასწარ დაგეგმილი სცენები გეგონოს. მაგალითად, მის კაბინეტში, მაგიდაზე ერთმანეთზე დევს ორი ერთნაირი ბიბლია. ასევე ვხედავთ, როგორი სერიოზულობით განიხილავს მინისტრი ყვითელ პრესას საკუთარ სახლში ან როგორი მონდომებული თავისუფლებით ესაუბრება ინგლისურად ქართული ღვინის ტექნოლოგიით დაინტერესებულ უცხოელ სპეციალისტებს. მინისტრი იმდენად არათვითცნობიერია, თითქოს ყველაფერი ფარული კამერით იყოს გადაღებული.

თუ ასეთ შემთხვევებში აუდიტორია იცინის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ან თავის გატანისთვის აუცილებელ პარტიულობას დასცინის. ახალი კონიუნქტურები ჩვენთვის ყველასთვის ისედაც ნაცნობია და, ასეთ შემთხვევებში, დაცინვის ობიექტი ყველანი ვხდებით, რომელ მხარესაც უნდა ვიმყოფებოდეთ.

ფილმები არტეფაქტი/საქდოკის მიერ არის განხორციელებული 2008 წელს.

4 მუსიკა - თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

ავტორი: დავით ჩიხლაძე

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

15-17 მაისს თბილისში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air - Alter/Vision ჩატარდა. შეიძლება ვინმეს დასახელებაშივე ამოეცნო, რომ ის რაღაც ალტერნატივას გვთავაზობს, ყველასთვის გასაგები მიზეზით, ევროვიზიის სანაცვლოდ. ამ ლოგიკით, ფესტივალი არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს სიახლეს, არამედ უკვე ევროპის კულტურულ პოლიტიკაში განმსაზღვრელი კორექტივების შეტანის პრეტენდენტებადაც გვაქცევს.

ფესტივალზე სხვადასხვა ჟანრის 24 შემსრულებელი მონაწილეობდა მსოფლიოს 9 ქვეყნიდან, რაც ისედაც მიუთითებს მოვლენის მასშტაბურობაზე; ხოლო ჩვენს კულტურულ-ეკონომიკურ სიტუაციასთან პროპორციაში ეს ყველაფერი წარმოუდგენელ გრანდიოზულობასაც კი იძენს.

თავიდან ფესტივალი შუა ზაფხულში იყო დაგეგმილი, მაგრამ რამდენიმე უცხოურმა ჯგუფმა მაისში გადმოტანაზე გამოთქვა აზრი, რათა ის ევროვიზიის პერიოდს დამთხვეოდა. თუ დასავლეთი აპირებს თავისუფლებაზე საკუთარი არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიები საქართველოში აისრულოს, ესეც კარგი ნიშანია ფესტივალის მომავალში კვლავ განხორციელებისთვის.

მოწვეული იყო ისეთი ცნობილი ეთნოტექნო ჯგუფი, როგორიცაა Transglobal Underground ლონდონიდან. სწორედ მათი აღმოჩენაა არაბული სიმღერის თანამედროვე ვარსკვლავი ნატაშა ატლასი, ბელგიელი მუსულმანი მომღერალი რუსული სახელით, რომელიც არაბულ და ჩრდილო აფრიკულ მუსიკას დასავლურ ელექტრონულ მუსიკასთან აერთებს. ჯგუფი გამოირჩევა მდიდარი სასცენო პერფორმანსით და კოსტიუმებით.

მეორე ასევე მიმზიდველი სტუმარი იყო გერმანული ჯგუფი „ჯაზანოვა“, რომელიც ფუჟენში მუშაობს და მრავალგვარი ელექტრონული მიმართულების შეხამებებს ახდენს საკუთარ კომპოზიციებში. „ტრანსგლობალ ანდერგრაუნდის“ მსგავსად, ისინიც დიჯეების კოლექტივს წარმოადგენენ. ეს ჯგუფი, რომელიც 1995 წელს შეიქმნა, გერმანიაში ჯაზ ჰაუსის და ნიუ ჯაზის პიონერად არის მიჩნეული.

The Dhol Foundation სკოლასაც ფლობს ლონდონში, სადაც დაინტერესებულ პირებს (რომელთა შორის უკვე აღმოჩნდნენ მათი პარტნიორები სხვადასხვა დროს - ჯიმი პეიჯი, ავრილ ლავინი და ტედ ბეიკერი) შეუძლიათ გაეცნონ ჩრდილოეთ ინდოეთის პროვინციის, პუნჯაბის დასარტყამ ინსტრუმენტებს.

როგორც ვახო ბაბუნაშვილმა, ორგანიზატორმა და ჯგუფ „სოფტ ეჯექტის“ წევრმა გვითხრა, ფესტივალზე საქართველოდან მონაწილეობას იღებენ შედარებით ახალი ჯგუფები, მათი შემოქმედებითი ხელშეწყობის მიზნით. ამ ლოგიკით, დღეს ირაკლი ჩარკვიანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ კონცერტზე ვერ გამოვიდოდა; ასევე ვერ გამოვიდა ლადო ბურდული და რობი კუხიანიძე. სამაგიეროდ, მაყურებელმა იხილა Playparanoid, Smile, Kate Orjonikidze and Band, String და Stefane and 3G. ეს უკანასკნელი კი, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინათ ნამდვილად ცდილობდა ევროვიზიაზე მოხვედრას პოლიტიკურად ანგაჟირებული სიმღერის მეშვეობით და ახლა საშუალება ჰქონდა, ცნობილ სამ მომღერალ გოგონასთან ერთად ამჯერად მაინც გულწრფელად ესიამოვნა უშუალობით და თავისუფლებით.

მაგრამ უშუალობასაც საკუთარი მექანიზმი აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, დაგვიანებული ქართული ვუდსტოკი, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ვერ შედგა. იპოდრომზე, შუაგულ მზეზე ხალხი 4 საათიდან შეიკრიბა, ხოლო კონცერტი 7 თუ 8 საათამდე არ დაწყებულა. ყოველი გამომსვლელი თითქოს რეპეტიციას გადიოდა, სიმღერებს შორის ხანგრძლივი პაუზები იყო, კონცერტებს არ ჰყავდა წამყვანი და არ ჰქონდა სათანადო ჟღერადობა. თვითონ მომღერლებიც, შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს ახლა სწავლობდნენ სიმღერას. ხომ შეიძლებოდა, რაიმე დისკი მაინც ჩაერთოთ, სანამ ფესტივალის პროგრამა გაიხსნებოდა. საერთო აურა იმდენად მოშვებული აღმოჩნდა, რომ არ მგონია მას ევროვიზიისთვის, ფორმის მხრივ მაინც, რაიმე კონკურენცია გაეწია. ეს ახალგაზრდულ ზეიმს არ ჰგავდა, უფრო რაღაც საპირისპირო იგრძნობოდა.

ორგანიზატორობა მარტო ბარების მოწყობა და გამზადებული საფირმო დროშების აღმართვა არ არის. მეორე მხრივ, ან მუსიკოსები იყვნენ საკმაოდ უფერულები, ანდა საქართველოს ახლანდელი აურა იმდენად მძიმეა, რომ მას „როლინგ სთოუნზიც“ ვერ უშველის. სადავო საკითხია. მიზეზი კი სხვაგანაა დამარხული.

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

რეალურად, საქართველოს ნამდვილად არ გააჩნია არანაირი რესურსი ევროვიზია გამოიწვიოს. მას ეს მხოლოდ ერთი გზით შეუძლია - იყოს რაც შეიძლება არამეინსტრიმული ანუ არაკომერციული. სამწუხაროდ, ეს მიმართულება საქართველოში აქამდე ხელოვნების ვერც ერთ სფეროში ვერ დამკვიდრდა, სწორედ ამ სიტყვის - არაკომერციულობის გამო, რომელიც საშიშად და არაპრესტიჟულად აღიქმება. და რატომ უნდა გვქონოდა იმედი, რომ დღეს დამკვიდრდებოდა?! კომერციული პოპი კი, თუნდაც ის პაუერ პოპი იყოს, მაინც ფულთან და მანერასთანაა დაკავშირებული და მას შემოვლითი გზებით ვერ მოიპოვებ, ანუ ანდერგრაუნდით პოპი ვერ მოიპოვება. ბოლოს და ბოლოს, ამ უკანასკნელს მეტი კეთისლსინდისიერება, ხარისხი და თუნდაც საჯაროდ მიუღებელი განსაკუთრებული შარმიც სჭირდება. ასე რომ, ფესტივალის ორგანიზატორებს - ვახო ბაბუნაშვილს, აჩიკო გულედანს, ირაკლი ნადარეიშვილს და 2005 წელს დაარსებულ ქართულ ლეიბლს „სტეპ რეკორდსს“ რეალური დილემა მომავალში ექნებათ: ან არაილუზორული კონკურენცია ანგაჟირებული მეინსტრიმის მსუყე შარმთან, ანდა მართლაც სიამოვნების მომტანი თავისუფლება ყველასთვის - მათ შორის, რიგითი მსმენელის ყურებისათვის.

5 გალერეა - ორნამენტი

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

ავტორი: დავით ჩიხლაძე

0x01 graphic

თავისუფალი სივრცე

თბილისის სამხატვრო აკადემიამ, უკვე რამდენიმე თვეა, ახალი პროექტი გახსნა - „თავისუფალი სივრცე“, რომელსაც შარდენის 19-ში გალერეა „აკადემია+“ ახორციელებს, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია უწევს კოორდინირებას.

25-26 აპრილს აქ ახალგაზრდა მხატვრის, ეკა ქეცბაიას პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციას ესკიზური ფორმა ჰქონდა. პატარა ზომის, დაახლოებით 3 დუიმის ზომის ქაღალდზე ტუშით შესრულებული და გრძელ ფორმატზე ჩამწკრივებული სამასამდე ნახატი გალერეას უწყვეტ შავ-თეთრ ზოლად გასდევდა ოთხივე კედელზე. შორიდან ისინი უბრალოდ ორნამენტად აღიქმებოდა, ახლოდან კი მათში ასახული იყო ქალის და კაცის, კერძოდ ქართველი ქალის და კაცის ურთიერთოების სახალხო, საბავშვო და ზოგჯერ ანეკდოტური არქეტიპები და სიმბოლოები, რომლებიც ტრადიციისა და სექსუალური სითამამის ამპლიტუდაში მერყეობდნენ.

ეკა ქეცბაიას ეს პერსონალური გამოფენა, კონცეპტუალურობის პრეტენზიის გარდა, შეიძლება, გარკვეულწილად, ლიტერატურულობის პრობლემის წინაშეც აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიები მხოლოდღა ორნამენტია და მათი შესრულების ესკიზური, პირობითი ფორმა მხატვრის არაფერმწერულ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს, მაინც აქ მოცემულია რაღაც სააზროვნო მეტონიმია და ეს სააზროვნო ინდექსი (ქართულ სამოსში გამოწყობილი ქალების და კაცების ქართული საბჭოური, კარიკატურული სტილი, სასქესო ორგანოების ინფანტილური აღნიშვნები) შეიძლება აქტუალური აღმოჩნდეს დღევანდელი ქართული ეთნო-პრიორიტეტების და პირადი ლიბერალიზაციის დაპირისპირებაში. სწორედ ამას მოგვითხრობს გამოფენის ლიტერატურული მხარე და მხატვარს თითქოს ამ თხრობისგანაც სურს გაქცევა, რომ ეს თითქოს მხოლოდღა დიქოტომიური ორნამენტია. ჩვენ კი ვხედავთ, თუ როგორ გარდასახულა ბიოლოგია თუ მღელვარე რომანი პატარა კარიკატურულ ანეკდოტად.

გამოფენის მოსაწვევზე კანფეტებია გამოსახული, როგორც სასურველი ცდუნება ან მინიატურულობაზე მინიშნება. ესეც აქცევს ამ გამოფენას მხატვრის ერთგვარ დღიურის ჩანაწერად, რომელიც, მიუხედავად თანამედროვე სტერილურობისა, ჯერ კიდევ შეიცავს მოდერნიზმის, მითის, ხიბლის, უბრალოების და პირადულის ელემენტებს და ამდენად საკუთარ სამხატვრო ამბიციასაც სრულიად გულწრფელად არც მალავს.

მსურველებს შეუძლიათ დაათვალიერონ ვირტუალური სამგანზომილებიანი ექსპოზიცია საიტზე: www.musegi.com

* * *

საქართველო პირველად მასპინძლობს „უორლდ პრეს ფოტოს“ გამოფენას, რომელიც კლუბ 24-ში (ჯორბენაძის ქ. 9) 15 მაისიდან 5 ივნისამდე არის წარმოდგენილი. აქ გამოფენილია კონკურსში გამარჯვებული ფოტოკორესპონდენტების ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც „ნიუსების“ სხვადასხვა ცნობილი სააგენტოებისა და რედაქციებისთვის არის შექმნილი.

„უორლდ პრეს ფოტო“ 1955 წელს არის დაარსებული ამსტერდამში და ის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა. იგი ყოველ წელს აცხადებს კონკურსს და შემდეგ აწყობს გამოფენას მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. ფოტოჟურნალისტიკა მართლაც ძალზე შთამბეჭდავი და დამაფიქრებელია, როდესაც ის „ნიუსების“ სივრცის გარეთ, საგალერეო სივრცეშია წარმოდგენილი. აქ ფოტოგრაფის მასალა ნამდვილი ცხოვრებისეული დრამაა, რომელიც აქტუალურობის გასვლის შემდეგ საკუთარ თავში დროს შემოინახავს და მაყურებელს რაღაც ზოგადადამიანურს და საყოველთაოს შეახსენებს.

ლუიზ ვასკონსელოს ფოტოზე აღბეჭდილი ტიბეტელი ქალი, შიშველი ბავშვით ხელში, ჩინური სპეცრაზმის ფარებისა და ხელკეტების წინ გამორბის და სასოწარკვეთილი შემოგვყურებს, თითქოს გვეძახის და რაღაც უნდა რომ გაგვაგებინოს.

კელი შელის „ადამიანები ნიუსებში“ სერიით ობამას საარჩევნო და ინაუგურაციის 3 ფოტო აქვს წარმოდგენილი და ვერ იტყვით, რომ ეს მხოლოდ მშრალი დოკუმენტური კადრებია. პირიქით, თითქოს აქ განხორციელებულა ფოტოგრაფიის საკრალური მიზანი - დაგვანახოს რეალობა ისეთი, როგორიც ის არის და იმავდროულად, როგორსაც ჩვენ მას ყოველთვის ვერ ვხედავთ, ანუ რაღაც, აღქმასა და ასახვას, ფაქტსა და იდიოსინკრაზიას შორის.

ჟუსტინა მელნიკევიჩი გვაჩვენებს რეპორტაჟს საქართველოს აგვისტოს ომიდან, ხოლო ჟან რევილარის ფოტოზე ავღანელი ემიგრანტია გადაღებული, რომელმაც საბერძნეთამდე ჩააღწია, მაგრამ უკვე მერამდენე წელია მისი მცდელობა საბოლოო მიზნამდე ანუ დასავლეთ ევროპამდე მიღწევის არანაირი შედეგით არ მთავრდება. ჩვენ კი ვხედავთ, რომ მას შუბლზე ხელი აქვს მიდებული და ტალახში მდგარი გულიანად თუ ისტერიულად იცინის.

აღმოჩნდება, რომ თითქოს ასე წარმავალი ფოტოჟურნალისტიკა მხოლოდ მედიისთვის შეჩერებული პრაგმატული წამი არ არის და ის ფოტოგრაფიის ყველაზე ძვირფასი და საბოლოო ობიექტის, ადამიანის დანახვის ამოცანასაც უშუალოდ შეგვახსენებს.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
უორლდ პრეს ფოტო

* * *

წელს პრაღის მეოთხე ბიენალეზე ქართული ექსპოზიციაა წარმოდგენილი, რომელსაც ნანა ყირმელაშვილი და დავით ანდრიაძე კურატორობენ. ქართული პროექტის სახელწოდებაა From Individ to DVD. როგორც ჩანს აქ ქართველმა არტისტებმა საკუთარ კონცეფციაში სიტყვით თამაში გადაწყვიტეს განუყოფელსა და განყოფადს შორის (undivided - divided), თუმცა ვებსტერში individ არ გვხვდება და ის შემოკლებაც კი არ არის ინდივიდუალის. ასევე, დასახელებიდან არც ისე ნათელია, რატომაა აქცენტი DVD-ზე და არა უბრალოდ ვიდეოზე, იქნებ ეს DVD-არტის რაღაც ახლი ინიციატივაა, რაც ძალზე საინტერესო იქნებოდა დასაშვები ნოვატორობის თვალსაზრისით.

გამოფენაზე წარმოდგენილნი არიან მიხეილ გოგრიჭიანი, კონსტანტინე სულაბერიძე, მაკა რაზმაძე, ზურაბ გიკაშვილი, მაია სუმბაძე, გიორგი კევლე, ანა რიაბოშენკო, ქეთო ლოგუა, სოფო ჩხიკვაძე, ანდრო სემეიკო და ლადო ფოჩხუა. საქართველოს გარდა, ბიენალეს ამ პროგრამაში, რომელსაც „გაფართოებული მხატვრობა 3“ ჰქვია და რომლის კურატორებიც არიან ჯანკარლო პოლიტი და ჰელენა კონტოვა, 120 ახალგაზრდა მხატვარია წარმოდგენილი ისეთი შორეული რეგიონებიდან, როგორიცაა ფილიპინები, ჩინეთი, ინდონეზია, მალაიზია, მექსიკა და კორეა. იმედია, ქართული ჯგუფის დასახელების სამუშაო კონცეფციას ბიენალეს კატალოგში მაინც ვიხილავთ, რომელიც თითქოს საკმაოზე მეტად ხელმისაწვდომ ფასში უნდა გაიყიდოს.

გაზაფხული კვლავ იმედების პერიოდია საქართველოსთვის. დღეს ჩვენს საგალერეო ცხოვრებაში ყველა ცდილობს, არ ჩამორჩეს ახალი სამხატვრო იდეოლოგიების კულტურულ კონტექსტებს. ყოველი პერსონალური გამოფენა, საინსტიტუტო მცდელობა და ჯგუფური ექსპორტი ასეთ პოტენციებს ყოველთვის ატარებს და ხელოვნების მოყვარულებსაც მოწესრიგებული ესთეტიკური დასვენების სამომავლო პერსპექტივებსაც უსახავს.

6 თეატრი - დეკორაცია

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

0x01 graphic

ბრიტანეთის საბჭომ ლონდონის ნაციონალურ თეატრთან, კერძოდ კი მისი ექსპერიმენტული ლაბორატორიის პროდიუსერთან, პურნი მორელისთან ერთად დაიწყო ქართულ-ბრიტანული პროექტის განხორციელება სახელწოდებით „ქართული თეატრის გაცოცხლება/აღორძინება“.

ლონდონში პირველი ვიზიტისთვის შეარჩიეს რეჟისორი გიორგი ქაჩიბაია და სცენოგრაფი ნინო მაღლაკელიძე. პროექტის მიზნების მიხედვით, მათ უნდა გაიცნონ ლონდონში არსებული თანამედროვე თეატრები, მათი ესთეტიკური მიმართულებები, ნახონ სპექტაკლები და დააკვირდნენ, თუ რა გზებით ვითარდება თანამედროვე თეატრი. რეჟისორი და მხატვარი დაესწრებიან ლონდონის ნაციონალური თეატრის ექსპერიმენტული ლაბორატორიის მუშაობის პროცესს, გაეცნობიან მის რეპერტუარს.

გიორგი ქაჩიბაიას რამდენიმე სპექტაკლი აქვს დადგმული თბილისის პატარა თეატრებში. ის იმ სამ რეჟისორთაგანია, რომლებიც შარშან შეარჩიეს თეატრ „გლობუსში“, სპექტაკლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. „გლობუსის“ პრიორიტეტი იყო თეატრში ახალი სახეები წარმოჩენა და შემდგომ მსოფლიო თეატრალურ ინდუსტრიასთან მათი დაკავშირება.

ნინო მაღლაკელიძემ და გიორგი ქაჩიბაიამ დადგეს სპექტაკლი „ბებია“, რომელიც დევიდ ლინჩის ფილმის ანალოგიით და მიხედვით შეიქმნა. „გლობუსში“ განხორციელებულ სპექტაკლში ეკრანზე უშუალოდაც ჩანდა კადრები დევიდ ლინჩის ფილმიდან. პურნი მორელიმ თბილისში ნანახი მრავალი სპექტაკლიდან სწორედ ამ ნამუშევრის წყალობით შეაჩერა ყურადღება ახალგაზრდა რეჟისორსა და სცენოგრაფზე.

ნინო მაღლაკელიძე განათლებით გრაფიკოსია. მან 2001 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია, მუშაობს ლითოგრაფიასა (ჰქონდა ერთი პერსონალური გამოფენა) და თეატრის მხატვრობაში. 2007 წელს მას მიენიჭა მარკ შაგალის სახელობის პრემია, ხოლო 2008 წელს საუკეთესო სცენოგრაფის პრიზი მოიპოვა პაატა ციკოლიას სპექტაკლისთვის „სკაიპ მი“, რომელიც „არდიფესტზე“, სამეფო უბნის თეატრში მოწყობილ 25-წუთიანი სპექტაკლების მარათონზე გახლდათ წარმოდგენილი.

ეს ჯგუფიც და, საერთოდ, ქართველი ახალგაზრდებიც, რომლებიც თანამედროვე თეატრში აპირებენ გზის გაკვალვას, ან შეიძლება მიაჩნიათ, რომ თვით უკვალავენ გზას ქართულ თეატრს, როგორც წესი, მთავარ აქცენტს სპექტაკლის დიზაინზე აკეთებენ ხოლმე. აქ ხშირად სათქმელს ცვლის თანამედროვე ტექნიკის ხელმისაწვდომობა და ნაკლები ყურადღება ექცევა, ვთქვათ, გროტოვსკის „ღარიბი თეატრის“ პრიორიტეტებს, რაც ავანგარდის ერთერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. თეატრის თანამედროვე მოთხოვნილებების დიზაინის გზით მიღწევა მხოლოდ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის არ არის დამახასიათებელი, ეს ზოგადი ტენდენციაა ბურჟუაზიული იდეოლოგიის სამომხმარებლო პრეტენზიების პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ კინომსახიობთა თეატრი, საერთოდაც, კინოსა და თეატრის გადაკვეთის გამო ჩამოყალიბდა რამდენიმე ათეული წლის წინ, მაშინაც კი ეიზენშტეინის, ვერტოვის და მეიერხოლდის მერე ეს განსაკუთრებული ნოვატორული მონაპოვარი არ ყოფილა. მიხეილ თუმანიშვილს, საკუთარი გულწრფელი სარეჟისორო ძიებების პარალელურად, წმინდა ტექნიკურ და სინთეტიკურ ილუსტრაციებზე აქცენტი არც არასოდეს დაუსვამს; მეტიც, მან კინოდან სხვა ფუნდამენტური პლასტი ამოიღო - მსახიობი. დღევანდელი დეკორატიულობის წნეხის ქვეშ კი ახალმა ქართველმა თეატრალებმა, ლოგიკურად, კვლავ ტექნიკურ მონაპოვრებზე შეიძლება გადაიტანონ მთავარი ყურადღება.

საქართველოში თეატრი რომ მსოფლიო კონტექსტს ჩამორჩენილი სფეროა, ეს მარტო მძიმე პოლიტიკური სიტუაციით არ არის განპირობებული. საქართველოში თეატრს, საკუთარი კეთილი ნებით, არ გაუვლია ის გზა, რაც თანამედროვე მხატვრებმა და ნაწილობრივ ლიტერატორებმა გაიარეს, როდესაც გაითვალისწინეს და საკუთარ ინტერესში აღმოაჩინეს პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის არალინეალური და რიზომატული კომპოზიციების იმპულსი. საქართველოს თეატრში ჯერ პოსტმოდერნიზმის ხანა არ დამდგარა. იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც არ უნდა ველოდოთ მხოლოდ დეკორატიული ეფექტების ათვისებას. პროექტის კოორდინატორია მაია დარჩია.

ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: ია რევაზიშვილი

7 შორეული ახლობლები

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

ავტორი: ზურა ქიქოძე
ფოტო: ელიზაბეტ როეტლისბერგი

0x01 graphic

ამბავი, რაც მინდა მოგიყვეთ და რისი მნახველიც თავად გავხდი, შარშან აგვისტოში მოხდა. მაშინვე მინდოდა დამეწერა და მომეყოლა ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ვერ დავწერე, ალბათ ცოტა სიზარმაცის ბრალიცაა, თუმცა ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, თუგინდ სულ პატარა წერილი მაინც და სადმე გამომექვეყნებინა. მერე მივხვდი, რომ ჯობდა ზაფხულის მოახლოებისას დაბეჭდილიყო, თუკი რაიმეს დავწერდი, ხოდა უკვე ზაფხულიც ახლოსაა და იქნებ ვინმე ამ წერილის წამკითხავს მოუნდეს იქ წასვლა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ვიყავით შარშან ზაფხულში. მთავარი მიზეზი კი მაინც ისაა, რომ მინდა გაგაცნოთ ორი ძალიან კარგი, გულისხმიერი და ძალიან საქმიანი ადამიანი, შვეიცარიელი ცოლ-ქმარი, ელიზაბეტ და მარკუს როეტლისბერგერები. მათი თავგადასავალი საქართველოში ასე დაიწყო:

1995 წელს შვეიცარიაში, კერძოდ კი ბაზელში, მოეწყო ქართულ სახუროთმოძღვრო-ეთნოგრაფიული გამოფენა. ამ გამოფენას საქართველოდან ახლდა არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი. როგორც მერაბმა მომიყვა, - გამოფენაზე მოსულმა ხალხმა საქართველო არ იცოდა და მეც თავიდან რუსად მომიხსენიებდნენო; მერე ბევრი საუბრის, ფოტომასალის გაცნობის შემდეგ მაყურებელი ძალიან დაინტერესებულა ამ გამოფენით, ბოლოს მერაბს გამოუცხადებია, - თუკი ვინმეს აინტერესებს და სურვილი აქვს საქართვლოში იმოგზაუროს, მასპინძლობას დიდი სიამოვნებით გაგიწევთო. ამ გამოფენაზე ყოფილა ზემოთ მოხსენიებული მარკუსი, რომელიც ასევე არქიტექტორი აღმოჩნდა, შეუგროვებია მარკუსს ხალხი და მეუღლესთან ერთად ჩამოსულან საქართველოში. ერთი დანჯღრეული ავტობუსით მოუვლიათ მთელი ზემო სვანეთი და მერაბის სოფელ ჭოლაშსაც სწვევიან, სადაც დღესაც ცხოვრობს მერაბის ბიძაშვილი გიგლა გუჯეჯიანი. გიგლას სახლის გვერდით მერაბის წინაპრების სახლის ნანგრევი რომ დაუთვალიერებიათ, შვეიცარიელ მარკუსს მერაბისათვის უკითხავს: ამ სახლის აღდგენა რა დაჯდებაო? გიგლას და მერაბს უცებ გადაუთვლიათ და დაახლოებითი ფასი უთქვამთ, მარკუსას კი უთხოვია, - მოდი, კარგად დაითვალეთ და გამაგებინეთო. ზუსტად აქედან იწყება ამბავი მარკუსისა და ელიზაბეტის დიდი ძალისხმევისა, ხანდისხან კი ტანჯვა-ვაებისა, მაგრამ ალბათ მაინც გამარჯვებისა.

აქ მთავარი ამბიდან უნდა გადავუხვიო და მოგიყვეთ, მე და ჩემი მეგობრები როგორ მოვხვდით სვანეთში. ჩვენ ვართ არასამთავრობო კავშირი „მეთოჯინეთა კლუბი“. ჩვენი საქმიანობა ძირითადად მარიონეტებსა და თოჯინების გარშემო ტრიალებს, თუკი რაიმე სპექტაკლს ვაკეთებთ, ვთამაშობთ „თეატრალურ სარდაფში“ რუსთაველზე. აღარ მოვყვები, თუ რა ძნელია, მოიპოვო ფინანსები სპექტაკლების დასადგმელად ან საქართველოს რეგიონებში სასიარულოდ, როცა ხარ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. თუმცა მაინც მოვახერხეთ და ცოტცოტა ვიმოგზაურეთ ჩვენი მარიონეტებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ეს შიდა გასტროლებიც ძირითადად უცხოურმა ორგანიზაციებმა დააფინანსეს - მაგალითად, წყალტუბოსა და ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლების ჩასატარებლად დანიის ლტოლვილთა საბჭოს ხელმძღვანელმა მარიანა კნუდსენმა დაგვპატიჟა. ამ ქალბატონზე შეიძლება ერთი დიდი წერილი დაიწეროს, ისეთი გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა. წყალტუბოში რომ უთქვამს ხალხისთვის, - მარიონეტული სპექტაკლი „მუუ...“ უნდა გაჩვენოთო, - ერთ დევნილს უთქვამს, - იცოცხლე, სპექტაკლი „მუუ“ კაია, მარა, ქალბატონო, ჩვენ ხორცი უფრო გვენატრებაო. მერე იყო და, კახეთში, კერძოდ კი ველისციხეში, ფრანგებმა დაგვიფინანსეს სპექტაკლის ჩვენება; გასულ ზაფხულს კი ზემო სვანეთში შვეიცარიელმა ელიზაბეტმა და მარკუსმა დაგვპატიჟეს. მოლაპარაკება კი ერთი წლით ადრე დაიწყეს, როგორც მათ სჩვევიათ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს, გამომკითხეს, თუ რამდენი ვიქნებოდით, ბარგი რამდენი გვექნებოდა, რისი ჩვენება შეგვეძლო იქაური ბავშვებისათვის და შემდეგი წლის ზაფხულში ერთად წავედით სვანეთში.

ახლა დავუბრუნდეთ მთავარ ამბავს: სოფელი ჭოლაში ზემო სვანეთის, კერძოდ კი მულახის თემის სოფელია, მესტიიდან დაახლოებით 9-10 კილომეტრით დაშორებული. აქ, უკვე დიდი ხანია, მერაბის წინაპართა ორსართულიანი სახლი თითქმის თავიდან აშენდა, გვერდზეც - მეორე, ერთსართულიანი სახლი. ორივე ყავრითაა გადახურული, შხაპებით, ცხელი წყლითა და სუფთა ტუალეტებითაა გამზადებული ნებისმიერი დამსვენებლისათვის. ისე მოხდა, რომ მარკუსმა და ელიზაბეტმა სვანეთში პირველი მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტეს, სოფლისათვის სერიოზულად მიეხედათ და ნელ-ნელა დაიწყეს საქმის კეთება. ზემოთ რომ მოვყევი, ის სახლები ხომ ააშენეს, ჩამოიტანეს აუარება, სხვადასხვა სირთულის საქსოვი დაზგები, ჩამოაქვთ ძაფები, ყოველ ზაფხულს ჩამოჰყავთ ქსოვისა და ქარგვის პედაგოგები, რომლებიც გოგონებს ასწავლიან ამ საქმეს. უნდა ნახოთ, როგორ ივსება გუჯეჯიანების ეზო, როცა გოგონები მოდიან ქსოვისა თუ ქარგვის გაკვეთილებზე. თუმცა, ხშირად ახალგაზრდა და წლოვან ქალებსაც ნახავთ საქსოვ დაზგებთან; თანაც ვინც რას ისწავლის და მოქსოვს, ყველაფერი მასვე რჩება. ჯერ სადა ხართ! სოფლის ცენტრში ააშენეს ხის უშველებელი ამბულატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით; ცალკეა სტომატოლოგიური განყოფილება, ჩამოაქვთ უამრავი მედიკამენტი. სოფლის სკოლას გამოუცვალეს სახურავი, აჩუქეს სპორტული ინვენტარი. ჩამოტანილი აქვთ რამდენიმე სადურგლო ჩარხი და გეგმაში აქვთ, სოფლის ცენტრში ააშენონ (საძირკველი უკვე გაამზადეს) შენობა, სადაც ეს ყველაფერი დაიდგმება და ახალგაზრდებს ასწავლონ ამ ჩარხებთან მუშაობა. უნდათ, რომ მათ ავეჯის დამზადება შეასწავლონ, რისთვისაც შვეიცარიიდან ამ სადურგლო ჩარხების ოსტატებს ჩამოიყვანენ. იმავე შენობაში, ასევე, უნდათ, რომ გადმოიტანონ საქსოვი დაზგები და აქვე იყოს ტექსტილის სახელოსნო. ჩვენც იმიტომ დაგვპატიჟეს, რომ ჭოლაშელი და გარშემო სოფლის ბავშვებისათვის პატარა მარიონეტული წარმოდგენები გაგვემართა. სპეციალურად სვანეთისათვის მანანა აბზიანიძემ, ბენო ჯიჯიაშვილმა, ბაია მაჭავარიანმა დაამზადეს პატარა, ჩოხებსა და სვანურ ქუდებში გამოწყობილი მარიონეტები. ყოველდღე თითო, ხანდახან კი ორ პატარა წარმოდგენას ვმართავდით მულახის თემის სოფლებში. ერთ საღამოს მარკუსმა გვითხრა, რომ ერთი პატარა ბიჭი ჩვენს წარმოდგენას ვერ ესწრება, რადგან ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი აქვს მოტეხილი. საღამო ხანს იმ ბიჭის ოჯახში მივედით და წარმოდგენა საწოლთან გავუმართეთ. მთელმა ოჯახმა ძალიან გაიხარა, მარკუსამაც შვეიცარიული დანა აჩუქა. აბა, ის ბიჭი უნდა გენახათ, რა გახარებული იყო და როგორ ათვალიერებდა მარკუსის საჩუქარს. ერთი წარმოდგენა ოვენ გუჯეჯიანის სახლში გავმართეთ, სოფელ მუჟალში. სოფელ წვირმში კი გარეთ, მინდორზე გვქონდა წარმოდგენა. ბოლო დადგმა მესტიის თეატრში გვქონდა.

როდესაც სვანეთში ხარ, ხვდები, თუ იქაურობა როგორი განსხვავებულია აღმოსვლეთ საქართველოს მთიანეთისგან, რამდენად დიდი ტყეებია, დიდი სოფლები. აქ ბევრად მეტი ტენიანობა და სიმწვანეა, ხშირად ბალახიც ორჯერ ითიბება, მაგრამ მთავარი სიმდიდრე, რაც სვანეთში ძალიან თვალში საცემია, ხალხის სიმრავლეა. თუ ფშავ-ხევსურეთის სოფლებში 2-3 კაცს ძლივს შეხვდები, აქ ნამდვილად არ არის ასე. თუმცა, რომ გაიკითხავ, აღმოჩნდება, რომ სვანეთიდანაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ზოგი ბარისკენ და ზოგიც - საზღვარგარეთ. მაგრამ ჯერჯერობით მაინც ხალხის სიმრავლეა. ჩვენი იქ ყოფნა თიბვისა და თივის ხვეტის დროს დაემთხვა, ამიტომაც გარშემო მინდვრები უფროსი და სკოლის ასაკის ბავშვებით იყო სავსე. ელიზაბეტის და მარკუსის მთავარი სამიზნეც ბავშვები და მოზარდები არიან და მთელი მათი ძალისხმევა ახალგაზრდობისკენაა მიმართული. ზემოთ ნახსენები საქსოვი თუ სახერხი დაზგებიც იმიტომ უნდათ, რომ იქნებ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს და დაკავდეს რაღაც ახლით და იქნებ მერე ნაკლებად მოუნდეთ იქაურობის მიტოვება. სვანეთში ჩვენი მიპატიჟების მთავარი მიზეზიც ეს იყო - რაც შეიძლება, მეტი ბავშვისა თუ ახალგაზრდასათვის გაეგებინებინათ, თუ რა არის მარიონეტი, როგორ კეთდება ის და პატარა მუსიკალური წარმოდგენები ეჩვენებინათ, რასაც, დამეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის რაიონებში მაცხოვრებელი ბავშვები და ახალგაზრდობა სრულიად მოწყვეტილია; თუ რატომ - ამაზე ძალიან მარტივია პასუხის გაცემა - იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამაზე უბრალოდ არ ფიქრობენ (ვისაც ეს ევალება) და ეს პრობლემა გულთან არ მიაქვთ, ან პრობლემად არც თვლიან, ან გული საერთოდ არა აქვთ.

ადვილი მისახვედრია, რომ ზემოთ ჩამოთვლილის - საქსოვი დაზგებისა თუ სახერხი ჩარხების, მედიკამენტებისა თუ საქსოვი ძაფების შეძენას და შვეიცარიიდან ჩამოტანას, მერე განბაჟებას, ცალკე მშენებლებისა და მქსოველი პედაგოგების ჩამოყვანას, შენობების აშენებას და უამრავ წვრილმანს სერიოზული ფინანსები სჭირდება (არაფერს ვამბობ ნერვებსა და აქაურ საქმიან წრეებთან ურთიერთობის სირთულეებზე). პასუხი მხოლოდ ერთია - ფინანსები აუცილებლად სჭირდება. ჰოდა, საიდან? ამის პასუხიც ძალიან ადვილია: უბრალოდ, ელიზაბეტმა და მარკუსმა სწორად დაინახეს ჩვენი პრობლემები, მერე დასხდნენ, გონივრულად დასახეს გეგმა, წერენ პროექტებს, აგზავნიან სხვადასხვა ადგილას... ათიდან ერთი-ორი პროექტი თუ დაგვიფინანსდა, ეს უკვე კარგიაო, - ასე მითხრა ელიზაბეტმა. ვისაც ეს ყველაფერი მართლა დააინტერესებს, შეუძლია მონახოს ვებ გვერდი და იქ თავად იხილოს ყველაფერი www.promestia.info

მაგრამ არის უამრავი ადამიანი, რომლებსაც მარკუსის და ელიზაბეტის კეთილი საქმისა უბრალოდ არ სჯერათ, უჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აკეთებენ ისინი ყოველივე ამას? საერთოდ რა უნდათ, რატომ ჩამოდიან და ამ კეთილი საქმის უკან რა იმალება? ამ უნდობლობას აქვს თავისი მიზეზი. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში (არაფერ შუაშია აქ სვანები ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხის ხალხი) თითქმის აღარ არსებობს კეთილი საქმის მახსოვრობაც კი. ყოველი საქმის უკან ხომ ხალხია, და თუკი ვინმე რაიმე საქმეს აკეთებს და ეს საქმე დიდად თუ მცირედ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მორჩა, იმ ადამიანებს მიკერებული აქვთ იარლიყი - ის ფულს აკეთებს, რასაც ადრე ჩვენში „ლევი“ ერქვა და ძალიან ხშირად თითქმის შეუძლებელია ადამიანები დაარწმუნო, რომ ეს ასე არ არის. ალბათ ეს უნდობლობა, რომელიც ჩვენში ასეა გამჯდარი, კიდევ დიდ ხანს გასტანს, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში (რასაკვირველია, არა მარტო ჩვენთან) ქრონიკულად იპარავდნენ ყველგან, კომუნიზმის მშენებლობაში თუ ჩაის კრეფის გეგმებში, გზების დაგებასა თუ ღვინის წარმოებაში, ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებსა თუ დემოკრატიის მშენებლობაში - პარვა თითქმის ჰაერივით ყველგანაა. რასაკვირველია გამონაკლისი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ პარვის სენი ჩვენში მაინც მძაფრად იყო გამჯდარი და არის. ამიტომაც მარკუსისა და ელიზაბეტისნაირი ხალხის სიკეთისა (ასეთები კი ნამდვილად ბევრი არ არიან), უბრალოდ, ხშირად არ სჯერათ და ეს ჩვენი სერიოზული პრობლემაა.

0x01 graphic

არის კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ჩვენში ხშირად მიუღებელია, თანაც ხშირად ძალიან უშლის რაიმე საქმის კეთების პერსპექტივას. მარკუსი ალკოჰოლს თითქმის არა სვამს, ანუ დიდხანს არ ჯდება სუფრებთან, არ იმეორებს თამადის ნათქვამ სადღეგრძელოებს დედმამიშვილების თუ სამშობლოს სიყვარულზე და ა.შ. პრინციპში, მას სუფრებზე აღარც ეპატიჟებიან. არადა, მას რომ კარგი სმა შეძლებოდა და ერთი-ორჯერ თამადაც დაეთრო და მერე თვითონ გაძღოლოდა სუფრას, ალბათ მისი საქმიანობისადმი მეტი ნდობაც გაჩნდებოდა და ურთიერთობებიც უფრო კარგად წაუვიდოდა. აქ ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ და გეტყვით, რა მომიყვა ერთმა ფრანგმა არქიტექტორმა, რომელიც 10 თუ 12 წელი რუსეთში მუშაობდა: რუსებთან საქმიანი ურთიერთობა ვერ ავაწყვე, სანამ ერთხელაც ორთქლის აბანოში არ წამიყვანეს, იქ ცოცხებით მაგრად დამამუშავეს, მერე კარგად დავლიეთ არაყი და იმის მერე ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მშვენივრად წავიდაო. მერე იყო და, რუსეთში მომუშავე ქართველებთან მქონდა კონტრაქტი, თავიდან მათთანაც გაჭირდა ურთიერთობა, მერე რესტორანში დამპატიჟეს, ბლომად ღვინო დავლიეთ, მაგრად გამოვთვერით და მერე უკვე მათი ძმა გავხდიო. ეს ფრანგი დაახლოებით 190 სანტიმეტრის, კარგა განიერი ახალგაზრდა კაცი იყო, სმაც კარგი შეეძლო და საქმეც უფრო გაუადვილდა. მაგრამ ჩვენი შვეიცარიელი მარკუსი ვერ სვამს და რა ქნას! ამასობაში კი მარკუსის და ელიზაბეტის ჩამოტანილი სახერხი დაზგები ტყუილად დევს, სახელოსნოს მშენებლობაც, უნდობლობის და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, ვერ მთავრდება. ახალგაზრდა ბიჭები კი, ვისთვისაც ეს ყველაფერი ჩამოიტანეს, იზრდებიან და დიდი შანსია, რომ მალე მიატოვებენ თავიანთ კუთხეს ან საერთოდ სამშობლოს; ზოგიც ალბათ აქ დარჩება, მაგრამ ყველაზე საწყენი ისაა, რომ პირი არ უჩანს, რომ ჩვენი სამშობლო გახდება ქვეყანა, სადაც შეიძლება ხალხმა ცოტა გონივრულად და ერთმანეთის ნდობით იცხოვროს, სადაც კეთილი საქმე მისაბაძი და დაფასებული იქნება, ხოლო პარვა და ტყუილები - უბრალოდ სირცხვილი.

ამ წერილს სვანეთის ქებით დავამთავრებ, თანაც ზაფხული უკვე მოგვადგა და იქნებ ვინმეს, ამ წერილის წამკითხავს, მოუნდეს ამ მართლაც ლამაზ მხარეში მოგზაურობა.

ვისაც საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ზემო სვანეთის დათვალიერება გსურთ, ვისაც შეგიძლიათ და გაინტერესებთ, ვისაც ცოტა ფინანსები გაქვთ და არ იცით, თუ რა ლამაზია სვანეთი, ვისაც ფეხით სიარული ან მხოლოდ მანქანით მოგზაურობა გიყვართ, ნუ დაგეზარებათ, წადით! წადით ზემო სვანეთში! უსათუოდ დაათვალიერეთ მესტიის მუზეუმი და თუ დაგაინტერესათ ელიზაბეტისა და მარკუსის ნამოღვაწარის ნახვა, გააგრძელეთ გზა, 9-10 კილომეტრში, მდინარე მულხურას მარჯვენა ნაპირზე იპოვით სოფელ ჭოლაშს, რომელიც დაახლოებით 1500 მეტრზეა. სოფელში იკითხავთ გიგლა გუჯეჯიანს, იქ დაგხვდებათ არაჩვეულებრივად სტუმართმოყვარე ოჯახი, საცხოვრებლად მშვენიერი პირობები, გარშემო სიმწვანე, სუფთა ჰაერი, უგემრიელესი, ადგილობრივი პროდუქტით მომზადებული კერძები, რომელსაც ან გიგლას მეუღლე ან მისი შრომისმოყვარე გოგონები აკეთებენ. აქედან მიმდებარე სოფლებშიც შეგიძლიათ ერთდღიანი საინტერესო გასვლების მოწყობა, ასევე - ულამაზეს უშგულში და, საერთოდ, ძალიან კარგად და ჯანმრთელად დაისვენებთ. იჩქარეთ, იჩქარეთ!

8 შეუძლებელი მარცხენა მარში

▲ზევით დაბრუნება


ომენტარი

ინტელექტუალების მუდმივი არჩევანი - ბარიკადები თუ სიჩუმე

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

0x01 graphic

არც გასული წლის დაუნდობელ ნოემბერში და არც შედარებით ხავერდოვან წლევანდელ აპრილში რუსთაველზე არ დაუწვავთ ჯერ კიდევ სანაქებო „პატრულის“ მანქანები, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიტული თუ „ვულე-ვუსა“ და „რონიკოს“ მაღაზიები. თუმცა ეს განსაკუთრებულ მოქალაქეობრივ შეგნებას არ უკავშირდება. უბრალოდ, მუდმივად თანამდევ სიღარიბეს, უკვე მინავლულ და ძლივს მონელებულ სამოქალაქო ომის შიშს გაცილებით დიდი თვალები აქვს, ვიდრე ევროპელი გლობალისტების ტრადიციულ მრისხანებას - ყოველი წლის პირველ მაისს ან „დიდი რვიანის“ სამიტის დროს რაიმე სისასტიკე ჩაიდინონ. მაგალითად, ჩაამსხვრიონ ცნობილი მაღაზიის ვიტრინები, ქვები დაუშინონ პოლიციას, ან დაწვან კეთილსინდისიერად დაზღვეული მანქანები.

ჩვენი პროტესტანტების ტანჯული მრავალფეროვნების ფონზე, ამგვარი „ლირიკული ამბოხი“ უფრო კარგად აღზრდილი ბავშვის დროებით თავხედობას ჰგავს, როცა წელიწადში რამდენჯერმე, სოციალური თუ ფსიქოლოგიური მიზნით, ადრენალინის გამოშვება აუცილებელია, ანუ მსხვრევა-მტვრევა დასაშვებ დოზას ოდნავ აღემატება; ხოლო რაც ევროპელებისათვის ორსაათიანი ადრენალინია, ჩვენთვის ორთვიანი ჯიგრულ-პატრიოტული აქტია.

უნდა ვაღიარო, რომ საერთაშორისო ანტიგლობალიზმის გამოძახილი რუსთაველზეც და ტელევიზიასთანაც ნამდვილად შეინიშნებოდა. დავითაშვილ-სანიკიძე-ბურჯანაძის და სხვა ლიდერთა ჭრელი და ქაოსური ლექსიკის მიღმა ანტიგლობალიზმის კვალის პოვნა ისევე შესაძლებელია, როგორც ხელისუფლების ქმედებაში მცირე დათმობის სურვილის აღმოჩენა. პრეზიდენტის გადაყენების „სავალდებულო მოთხოვნის“ გარდა, ოპოზიციის ტექსტებში მუდმივად ისმოდა ეროვნული იდენტიფიკაციის, სოციალური მოთხოვნების, უსამართლობის გასამართლებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების თემები.

სინამდვილეში აპრილის ფსევდომემარცხენე გამოსვლები რეალური წინააღმდეგობის გადალახვის და სინამდვილის შეცვლის სურვილს არ შეიცავდა. ეს არც იგრძნობა და არც იგულისხმება. 9 აპრილის დაუსრულებელი აქციიდან ლამის ერთი თვის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ პროცესი ხელისუფლებისათვის ბრძოლასა და ხელისუფლების ხელახალ გადანაწილებას გულისხმობს. და როცა მიტინგებზე ამგვარ დაუსრულებელ გამოსვლებს ვუსმენ და ვუყურებ, მახსენდება სტუმრად მყოფი ერთი გერმანელი ჟურნალისტის სიტყვები - „კი მაგრამ, ამდენი პარტიული ლიდერების გარდა, მემარცხენე ინტელექტუალები არა გყავთ“?

გასაგებია, რომ რთულ საინფორმაციო ნაკადში გერმანელი კოლეგა ზვიად ძიძიგურის ან ეკა ბესელიას გამოსვლებს ვერ გაარჩევდა, ვთქვათ, რეზო ესაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ან ნინელი ჭანკვეტაძის სამიტინგო ლექსიკისაგან. ამდენად მისი პრეტენზიები გასაგებია. თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა მოხერხდეს ისედაც დამუხტულ, ექსტრემალურ სიტუაციებში სოციალური თემებით ვინმეს დაინტერესება. ან რატომ უნდა მოვთხოვოთ ინტელექტუალებს ჭკუისდამარიგებელი ტექსტები ქუჩებში და არა აუდიტორიაში?

ისეთი სიმბიოზი, როგორიცაა ქართველი მემარცხენე-ინტელექტუალი, ცხადია, არსებობს, მაგრამ რთულად. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ არსად ჩანან. უფრო ზუსტად, იქ არიან, სადაც ყოველთვის იყვნენ - ადრე ჩაის სახლში, ახლა „ლიტერატურულ კაფეში“. წლების წინ გაუკვალავ და ლამის აკრძალულ კინოჩვენებებზე კინოთეატრ „გაზაფხულში (რომელიც აღარ არსებობს), ახლა კი საშინაო თუ საგარეო ფესტივალებზე, გამოფენებსა და პრემიერებზე. ადრე მერაბ მამარდაშვილის ლექციებზე, ამჟამად რედაქციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მედიაში.

ბრძნული, განყენებული შეფასებები; უფრო ფხიზელი, ვიდრე პოლიტიკური საუბრის ფორმა; არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა; მხოლოდ კომენტარები ან იშვიათი გამოჩენა ელექტრონულ მედიაში და ირონიულანალიტიკური ელფერით დაწერილი წერილები პრესაში - ამით შემოიფარგლება ინტელექტუალთა როლი, რომელთა გავლენა პოლიტიკურ პროცესზე პრაქტიკულად არ იგრძნობა. ამ ყველაფერს, თავად საზოგადოების დაინტერესების გარდა, შეუნიღბავი ძალა, გვარიანი გამძლეობა, მეტი ლაზღანდარობა და საკუთარ თავზე გადაბიჯების თავხედობა სჭირდება, რაც მათ, „ქუჩის პოლიტიკოსებისგან“ განსხვავებით, არ გააჩნიათ. როგორც ზაზა შათირიშვილი იტყოდა ქართველ მემარცხენე ინტელექტუალებზე, „პიროვნული ქარიზმისგან წარეცხილები და სინდისისგან არცთუ ბოლომდე გარეცხილები“.

უნდა ვაღიარო, რომ დაფანტული და ლამის თითებზე ჩამოსათვლელი მემარცხენე ინტელიგენციის (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჯობს გავმიჯნოთ მემარცხენეები და ინტელექტუალები, თუმცა ევროპელებისთვის ეს უფრო სავალდებულო კავშირს აღნიშნავს) ძალისხმევა საქართველოში, ევროპისგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა დიდად გავლენიანი ან მნიშვნელობის მქონე. შალვა ნათელაშვილის „სამწყსოს“ თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო თუ აბსურდული ერთი აქცია მედიის უფრო მეტ ინტერესს იწვევდა და გამოიწვევს, ვიდრე ერთად აღებულ მემარცხენე ინტელექტუალთა საერთო ძალისხმევა. ამიტომ არც ზემოხსენებულ გერმანელ კოლეგას და არც პოლიტიკურად ცნობისმოყვარე მოქალაქეს არ უნდა გაუკვირდეს, რატომ არ არიან მემარცხენე ინტელექტუალები საზოგადოებაში გავლენის მქონენი.

დამახინჯებული სოციალიზმის მიმართ უარყოფითმა დამოკიდებულებამ რადიკალიზმი და უკიდურესი მემარჯვენე იდეები წაახალისა, რამაც დღეს პარადოქსულ ვითარებამდე მიგვიყვანა: ქვეყანაში, სადაც სოციალური უთანასწორობა სულ უფრო საშიშ ზღვარს აღწევს, სამოქმედო სივრცე მხოლოდ მემარჯვენე ორიენტაციის პარტიებისა და ჯგუფებისთვის დარჩა. იქნებ ეს მემარცხენეთა მიმართ წინასწარ გაცხადებული ან აკვიატებული შიშია, როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები წინასწარ თავს აკვიატებული შედარებებით იზღვევენ და მემარცხენეებს „რუსეთუმეობასა“ და ანტიამერიკანიზმში სდებენ ბრალს.

რეჟისორი პიერ-პაოლო პაზოლინი თავის საპროგრამო ტექსტში „რადიკალური სკანდალი“ აღნიშნავს, რომ „ხელისუფლებას და, აგრეთვე, ხელისუფლებისათვის მებრძოლ პარტიებსა თუ ადამიანებს ძალიან მოსწონთ ხალხი, რომელმაც არ იცის თავისი უფლებები და ეზიზღებათ ისინი, ვინც იცის საკუთარი უფლებები, მაგრამ იბრძვის სხვათა უფლებების დასაცავად“. ამიტომ ამ უკანასკნელთ პოლიტიკურ მტრებად ხატავენ. ის, რომ უფლებას არ იძლევიან, არამედ უფლებას მოიპოვებენ, ყველა პოლიტიკოსს, საჯარო პერსონას თუ ინტელექტუალს მაშინ ახსენდება, როცა თავად განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. სწორედ ამ დროს იწყება ე.წ. „გამოღვიძების სინდრომი“.

პაზოლინი ამ ტერმინს „მეფე ლირს“ უკავშირებს, რომლის გამოღვიძება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თავად გაივლის და გაიაზრებს იმავე ტანჯვასა და უსამართლობას, რასაც - მისი ხალხი და ქვეშევრდომები. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სივრცე ამგვარი გამოღვიძების საშუალებას მხოლოდ სხვათა სოციალური და პოლიტიკური განადგურების ხარჯზე იძლევა. საერთო მიზნით გამაერთიანებელი სოლიდარობა ჯერ მიუღწეველი ფუფუნებაა, რადგან დაპირისპირების ტენდენცია არა მარტო პარტიული, არამედ მოქალაქეობრივი და ინტელექტუალური ხასიათისაა.

სხვათა შორის, 2003 წლის ნოემბრის რევოლუცია (ისევე, როგორც დღევანდელი, აბსურდის ჟანრთან ახლოს მდგომი კრიზისული სიტუაცია) თავდაპირველად სწორედ სოლიდარობას და სამოქალაქო უფლებების დაცვას გულისხმობდა. თანასწორობის მითი, რომელსაც ჯერ აღმაფრთოვანებელი, შემდეგ კი პროპაგანდისტული სახე ჰქონდა, პრეზიდენტ სააკაშვილის მეტროთი თუ თვითმფრინავის ეკონომ-კლასით მგზავრობის დასრულებისათანავე დაიმსხვრა; ხოლო როცა ამგვარი მითები ხალხის იმედგაცრუებას იწვევს (რასაც ფსიქოლოგები ფრუსტრაციას უწოდებენ), მზადდება ახალი, ხალხისთვის უფრო პრიმიტიულ და მისაღებ ენაზე შეთხზული მითები, რომელშიც სოციალური დაპირებები და თანასწორობის მაცდური იდეა ისევ სამიტინგო ლექსიკით შემოიფარგლება.

შესაძლოა, მემარცხენე ინტელექტუალების მიმართ დაუფარავი ირონიისა და ფარული შიშის მიზეზები ინტელიგენციის საბჭოურ განმარტებაში ვეძიოთ. რევოლუციისა და ინტელიგენციის რითმა ხომ ისეთივე მყარია, როგორც სტალინისტური არქიტექტურა ან გაცვეთილი, როგორც საბჭოთა კინოარქეტიპები. შევარდნაძის ეპოქის ნომენკლატურულ-ინტელიგენტური წარსულით თავმოწონება (70-80-იანი წლები) სრულებით არ ნიშნავდა ინტელექტუალების გავლენას საზოგადოებაზე. ეს უფრო არტისტული სამყაროსა და პარტიული ელიტის სავალდებულო და სასარგებლო კავშირი იყო, რომელიც დისიდენტმა გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაანგრია, და გასაგებია, რომ მათში რისხვა და რევანშიზმი ერთდროულად გააღვივა. თუმცა, თავად შექმნა ვიწრო პარტიულ-პატრიოტული ელიტა, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, კულტურის გაგების უფრო ფართო ჰორიზონტები არ ჰქონია.

სააკაშვილის ხელისუფლებაში კი დასავლეთში განათლებამიღებული, კულტურული ელიტა მოგვიანებით ისე ჩაანაცვლა საეჭვო გემოვნების მქონე მას-კულტურულმა ღონისძიებებმა, რომ თავად სწრაფად ცვალებადმა კულტურის მინისტრებმა ვერაფრის გაგება ვეღარ მოასწრეს...

კულტურა, როგორც მუდმივი რევოლუცია და მოსალოდნელი რეპრესია. კულტურა, როგორც მემარცხენეთა მუდმივი თავშესაფარი - 60-70-იანი წლების დასავლელი ინტელექტუალების უმთავრესი თემა პაზოლინის შესანიშნავ ტექსტში ზუსტადაა დანახული, რაც მხოლოდ შეხსენებაა ჩვენი მემარცხენეების გამოსაფხიზლებლად და პოლიტიკურ პროცესებზე მათი გავლენის გასაფართოებლად.

სისასტიკე გარდუვალია. ხელისუფლებას დღესაც და ხვალაც აუცილებლად დასჭირდება ინტელექტუალები, ისე რა აზრი აქვს ზოგადად, ხელისუფლების დისკურსს? ჩავლილი მემარცხენე ეიფორიის შემდეგ ვლაპარაკობ სწორედ იმის შესახებ, რაც შეიძლება დიდ საფრთხედ იქცეს ინტელექტუალებისთვის უახლოეს მომავალში. როცა ხელისუფლებაში ულტრა-მემარჯვენეები მოვლენ, ჩვენ გველის ინტელიგენციის მორიგი გამყიდველობა, მორიგი კომპრომისი, ძალთა ახალი გადანაცვლება, ახალი კაპიტულაცია... რადგან ამის გარეშე ინტელექტუალები საარსებო სივრცეს ვერ დაიკავებენ.

ახალი რეჟიმი ცხოვრების ისეთ წესს გვიკარნახებს, როცა ინტელექტუალები იძულებულნი გახდებიან, ან ბოლომდე კომპრომისზე წავიდნენ, ან უფრო მძაფრად მოითხოვონ სამოქალაქო უფლებების დაცვა. შესაბამისად, მეტი ჟინითა და სისასტიკით ჩაებან ხელისუფლებასთან ბრძოლაში; და რაც უფრო მძაფრი იქნება ეს ბრძოლა ადგილის დამკვიდრების მიზნით, მით უფრო გარდუვალი გახდება მის მიმართ გამოვლენილი ექსტრემიზმი, რომელიც სხვისი უფლებების დაცვის სახელით გაცხადდება.

...სინამდვილეში ეს ახალ წესრიგში მონაწილეობის პრეტენზია იქნება. რაც უფრო მეტი და გადაულახავი პრეტენზიების წინაშე აღმოჩნდება ხელისუფლება, უფრო მძაფრად მოუწევთ ინტელექტუალებს უხილავი, მაგრამ თავსმოხვეული დემოკრატიული ფუნქციის შესრულება. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ამგვარ ტენდენციას შევებრძოლოთ, ეს არის დავრჩეთ შეუმჩნეველნი, ანუ დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ.

პიერ-პაოლო პაზოლინი, 1974 წელი.

9 წერილები უცხო ქალაქიდან

▲ზევით დაბრუნება


ომენტარი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

იცი, საყვარელო, ერთხელ მეც პატარა გოგო ვიყავი. რა თქმა უნდა, პრინცესობა მინდოდა. სარკე კი მქონდა პრინცესული: ტუალეტის მაგიდა ორი შანდლით, მარმარილოს დაფით.

ჩემი აქცია „პრინცესა“ ასე გამოიყურებოდა: თავზე დიდ შარფს მოვიხვევდი ხოლმე - ეს ჩემი ვარცხნილობა იყო, გაკრეჭილი გახლდი და აბა, მოკლეთმიანი პრინცესა ვის უნახავს? მეორე შარფს ისე ვიკრავდი, რომ დიიიდი დეკოლტე გამომსვლოდა, მერე ავცოცდებოდი სკამზე, სანთლებს დავანთებდი და აჰა, დაკრავდა დაფდაფები! უჯრიდან ვიღებდი ყველაზე დიდ განძს: ძოწის გულსაკიდს. ვიკეთებდი და სარკის წინ ვტრიალებდი, და მთელ დედამიწაზე ჩემზე ლამაზი არავინ მეგულებოდა.

ჩემი დიდი ბებია ოდესღაც მდიდარი სარძლო ყოფილა - დიდი მამულები ჰქონდა, საბადოების აქციები, სახლები და, რასაკვირველია, სამკაულიც. მე ამ ავლადიდებიდან, ცხადია, არაფერი მინახავს, ამ ძოწის გულსაკიდის გარდა. ძალიან ლამაზი ნივთი კი იყო: ყურძნის მტევნები, შუაში - დიდი, დანარჩენები - პატარა, დაბინდული თვლები, სადა და კეთილშობილი. კარგი იყო. ჩემთვის - ყველაზე კარგი.

ჩემი დიდი ბებია თექვსმეტი წლისა მშობიარობას გადაჰყვა და ის გულსაკიდი არასოდეს ჰკეთებია. 1900-ში დაბადებული ბებიაჩემი ამ სამკაულს ვერამცთუ ვერ ხმარობდა, ვერცკი აჩენდა: „ცუდი“, დედაბუდიანად ამოხოცილი გვარის ქალი იყო დედამისი, და ბებიას ეშინოდა. თან, ნეტა სად უნდა ეტარებინა ძოწის მტევნები მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოში? მერე გულსაკიდი დედაჩემს ჰქონდა, მასაც - უჯრაში შენახული, იმიტომ, რომ ვერსად გაიკეთებდა - აბა, სად? ალბათ, ისიც ჩემსავით „პრინცესობანასთვის“ თუ გამოიყენებდა ერთიორჯერ, ეს იყო და ეს.

მე კი ვუყურე ამ სამკაულს, ვუყურე, და მერე, როცა თბილისში დიდი სიბნელე, დიდი სიცივე და დიდი შიმშილი დადგა, ავიღე და გავყიდე. მე, არაადამიანმა, სამნიშნა რიცხვად გავყიდე საბრალო, პატარა ანუშკა წერეთლის მზითევი. რაღა დაგიმალო და, იმ გარიგებით ძალიანაც კმაყოფილი ვიყავი. ერთხელ ვინანე მხოლოდ, როცა ბევრი წლის მერე „ცხელი შოკოლადიდან“ ვენაში, ოპერის მეჯლისზე მოხვედრის შანსი მქონდა. კაბას კიდევ ჰა, ჯანი გავარდეს, ვინმე პატივმოყვარე დიზაინერს დავტყუებდი, მაგრამ სამკაული? თან ისეთი, ოპერის მეჯლისს რომ შეშვენის? მაშინ კი ვიდარდე, რომ ჩემი ბებიას მზითევი აღარ მქონდა. სულ ცოტახანს ვნანობდი, იმიტომ, რომ მეჯლისზე მაინც ვერ წავედი, და ნეტა რა თავში ვიხლიდი სამკაულს, რომელიც არასოდეს არავის არ ჰკეთებია და რომელსაც ნამდვილად აღარასოდეს არავინ გაიკეთებდა.

ისე, ალბათ აჯობებდა, ისე გავმდიდრებულიყავი, რომ მშვიდად გადამეცა ჩემების სამკაული ოკუპაციის მუზეუმისთვის. ანების ოთხი თაობის სახელით. აფსუს, ჩემი გულსაკიდი! მაგრამ რა გაეწყობა.

. . .

იცი, საყვარელო, ერთხელ ხდის ხეობაში ვიყავი. ერთხელ არა, ბევრჯერ, მაგრამ მე იმ ერთისას გეტყვი.

იმ ჯერზე ორი ბრიყვნისკარტა აღმოსავლეთგერმანელი გვახლდა. კარგი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ისეთი დაშინებულები, გეგონება, სამთავიანები ვყოფილიყავით. რა სჭირდათ, ჰა?

ისეთი საღამო იყო! ციოდა, მაგრამ ჩვენ არ გვციოდა - გახსოვს სატალკინის ქურთუკები? პირით მყინვარწვერისკენ ვიჯექი. იქიდან მყინვარი კი არ ჩანს, მაგრამ ვიცოდი, რომ იქაა, ეს კი, დამეთანხმები, კარგი შეგრძნებაა. უკან იყო გორი, არც ის ჩანდა - ნისლის გამო. სამაგიეროდ, ყველანი ვხედავდით, რომ რაღაც ჩიტები მიფრინავდნენ. ეტყობა, შორეულ მხარეში. ვერასოდეს გავიგებ, ვინ ასწავლათ, რომ ასე მწყობრად უნდა იფრინონ?

ისეთი ლამაზი იყო ჩემი ხეობა, ისეთი შესანიშნავი!

მერე ერთმა კაცმა, რომელიც იმ კარგი საღამოდან რამდენიმე წლის თავზე სოხუმიდან აღარ დაბრუნდა, თავისი შავი, ჯვრიანი კარვიდან სასმელი გამოიტანა. მეორემ, რომელიც მერე თბილისში, სამოქალაქო ომის დროს მოკლეს, თუნუქის ჭიქა ასწია და ერთიანი გერმანიის და თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო დალია.

ერთმა გერმანელმა თქვა, რომ ეს ძალიან ლამაზი სადღეგრძელოა, მაგრამ, ვაგლახ, გერმანია არასოდეს გაერთიანდება. საქართველო, - ვითარების გამოსწორებას ეცადა, - ალბათ, გათავისუფლდება, მაგრამ გერმანიას რა გაამთლიანებსო?

ერთმანეთს გადავხედეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბიჭი, უბრალოდ, ცოდოა.

ამ საუკუნეში ხდეში აღარ ავსულვარ. თანამგზავრი აღარ მყავს და თან ჩემი სამშობლო სასაზღვრო ზოლი გამხდარა, მარწყვიჭალაში ასასვლელად საგანგებო ნებართვა ყოფილა საჭირო. აბა, სადღა მაქვს, საყვარელო, ამის ნერვები?

. . .

იცი, საყვარელო, ჩვენს ვაჩუკის ორი ცუდი სიზმარი ჰქონდა ნანახი. ერთხელ ნახა, რომ ეზოში კალათბურთს თამაშობდა და მეზობელმა ჩამოსძახა, რა დროს ეგაა, შენი ცოლი დაბრუნდა, უმძიმესი ჩანთა მოაქვს და დაეხმარეო. ჰოდა, ვაჩუკი მიყვებოდა, - დავდე ბურთი და ვფიქრობდი, - ღმერთო, შენ მიშველე, ან ცოლი როდის მოვიყვანე, ან ვინაა, საერთოდ, ეს ქალიო?

ამ სიზმრის გამო დავცინე, მეორე კი მეც გულზე მომხვდა: „წვიმდა. რაღაც დიდი მანქანიდან გადმოვედი, ქუჩაში, რომელსაც არ ვიცნობდი. სადღაც წავედი, ოღონდ სად, არ ვიცოდი. ეს ჩემი ქალაქი არ იყო. არსად არავინ მეგულებოდა, არც ერთ სახლში არ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ. არსად არ მინდოდა მისვლა, მაგრამ მაინც მივდიოდი. აბა, რა მექნა?“

მას არც ცოლი მოუყვანია და არც უცხო ქალაქში მოუწია სიარული. ზუსტად იქ წავიდა, სადაც საჭიროდ მიაჩნდა, და აღარც დაბრუნებულა.

მე კი დავდივარ ქალაქში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად ვცნობ და რომელშიც სულ უფრო ნაკლები საყვარელი ადამიანი მეგულება. არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც დავდივარ. აბა, რა ვქნა?

10 უძალო სიძულვილი ანუ პოლიტიკის ფსიქოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ომენტარი

ავტორი: გიგა ზედანია

0x01 graphic

სტენდალი ამბობს ერთგან, რომ დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია უძალო სიძულვილის განცდა საზოგადოებაში. თანამედროვე პოლიტოლოგები გვიდასტურებენ, რომ დიდ რომანისტს ფსიქოლოგიური ალღო არ ატყუებდა.

თუ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევხედავთ, შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ ქართული საზოგადოება დემოკრატიის გზაზეა დამდგარი. სახეზე გვაქვს როგორც სიძულვილი, ისე უღონობა. ხოლო მთავარი პრობლემა ამ მხრივ ის მგონია, რომ ჯერჯერობით ამ, დემოკრატიისათვის ბუნებრივ მდგომარეობას ვერ შევეგუეთ.

მაგრამ, მოდით, რიგის მიხედვით მივყვეთ საკითხებს.

) სიძულვილი

რამდენიმე წლის წინ ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი აღნიშნავდა კერძო საუბარში: როცა ჩვენ შევარდნაძის ოპოზიციაში ვიყავით, ყველაზე მცირე მიღწევაც კი სისტემის შიგნით - პროგრესული კანონის გატანა იქნებოდა ეს, თუ მიუღებელი ადამიანის გადაყენება თანამდებობიდან - ჩვენ მიერ დიდ გამარჯვებად აღიქმებოდა, სააკაშვილის ოპოზიციას კი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, მას არ სურს არაფერი პოზიტიურის მიღწევა არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებშიო.

ეს განსხვავება ოპოზიციის მიდგომებს შორის საინტერესოდ ახასიათებს თავად შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებს: ფაქტია, რომ პოლიტიკური კლასის შიგნით სიძულვილმა და ზიზღმა დღეს ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პირობებში მხოლოდ და მხოლოდ ერთი სეგმენტისათვის იყო დამახასიათებელი - ზვიად გამსახურდიას მომხრეებისათვის. ყველა დანარჩენი, მიუხედავად მწვავე დაპირისპირებებისა, ახერხებდა, ავად თუ კარგად, თანაარსებობას.

რითია გამოწვეული ეს განსაკუთრებული სიძულვილი - როგორც თავად პოლიტიკოსები ამბობენ, „ფიზიოლოგიური ზიზღი“, რომელსაც ადამიანთა გარკვეული სეგმენტი განიცდის ხელისუფლების მიმართ? ცხადია, ბევრ შემთხვევაში არსებობს სრულიად რაციონალური მიზეზები: როდესაც არსებული ხელისუფლება შეეხო - ხან სამართლიანად, ხან უსამართლოდ - ადამიანთა თავისუფლებას, ქონებას, სამუშაოსა თუ რეპუტაციას, პასუხად მან, ცხადია, ამ ადამიანთა და მათი ოჯახების სიძულვილი დაიმსახურა (მაგალითები: კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებსაც ფული „ჩამოატანინეს“; თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის მაცხოვრებლები; გირგვლიანის, რობაქიძისა და მსგავსი საქმეების მსხვერპლთა ახლობლები; სამსახურ და სტატუსდაკარგული ადამიანები). მაგრამ მე ამჯერად ეს რაციონალურად ახსნადი სიძულვილი არ მაინტერესებს.

მე მაინტერესებს სიძულვილი, რომელიც პოლიტიკური კლასისა და საზოგადოებრივი ელიტის შიგნით არსებობს ამ ხელისუფლების მიმართ. რა არის ამ სიძულვილის ფსიქოლოგიური საფუძველი?

ახსნა საკმაოდ მარტივი და, ცოტა არ იყოს, ფროიდისტული მაქვს - შევარდნაძის ცვლილება სააკაშვილით იყო მამის პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება ძმის პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემით.

ის, რომ 2003 წლის რევოლუცია ფსიქოლოგიურ პლანში მამის წინააღმდეგ ჯანყს წარმოადგენდა, იმდენად ნათელია, რომ განსაკუთრებულ კომენტირებას არ საჭიროებს. შევარდნაძის რეჟიმის პირობებში შესაძლებელი იყო სხვა პოლიტიკურ „ძმებთან“ ქიშპობისა და თანამშრომლობის ბალანსის მონახვა, რადგან სისტემის გარანტი იყო „მამა“, რომელიც „შვილებს“ შორის კონკურენციის შენარჩუნებასა და წაქეზებას ცდილობდა. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - „მამის ფიგურა“ შეცვალა „ძმის ფიგურამ“, რომელიც თვითონვე ძალიან აქტიურად ჩაერთო კონკურენციაში და რომელიც მუდმივად უსვამს ხაზს საკუთარ გამარჯვებებს. სხვა პოლიტიკოსებისათვის სააკაშვილი იქცა გადაულახავ ფსიქოლოგიურ ჰორიზონტად, რომელთან ქიშპობის სურვილიც მით უფრო დაუძლეველია, რაც უფრო კარგად იცნობდნენ ისინი მას. რწმენა იმისა, რომ ერთ-ერთ „ძმას“ გამოუვიდა რაღაც, რასაც სხვებიც არანაკლებ იმსახურებდნენ, სურვილი სხვისი წარმატების გამეორებისა, მიბაძვისა და დისტანცირების ურთიერთსაპირისპირო იმპულსები, რომლებიც არათანმიმდევრული ქცევისაკენ უბიძგებს ადამიანებს - ესაა ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ოპოზიციის ქცევას 2003 წლის რევოლუციის შემდეგ (რასაკვირველია, მე იმას არ ვამტკიცებ, თითქოს ამ ფსიქოლოგიური ფაქტორების გარდა, სხვა მოტივაცია არ არსებობდეს; უფრო იმას ვიტყოდი, რომ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები ქმნის ატმოსფეროს, რომლის შიგნითაც დაპირისპირების სხვა მიზეზებიც შეიძლება გამოჩნდეს: მაგალითად, სოციალური, უფრო იშვიათად - იდეოლოგიური).

დღეს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა ისაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში გამარჯვებული ძმის სხეულმა გადაფარა ყველა და ყველაფერი. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი მომენტი გავიგოთ, საჭიროა სხეულის სიმბოლური განზომილების გათვალისწინება პოლიტიკაში. საქმე ისაა, რომ მონარქიიდან დემოკრატიაზე გადასვლას ისტორიულად თან სდევდა სხეულის გაქრობა პოლიტიკიდან. მონარქიის პირობებში მეფის სხეული წარმოადგენს საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოს, ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ აზროვნებაში. ამ მნიშვნელობის ერთ-ერთი მაჩვენებელია ის, რომ, მაგალითად, ევროპულ მონარქს ერთი კი არა, ორი სხეული ჰქონდა: ერთი მოკვდავი, მეორე კი - უკვდავი. ითვლებოდა, რომ პერიოდში, როდესაც ერთი მეფე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე - ჯერ კიდევ არ იყო ნაკურთხი, გარდაცვლილი მეფის უკვდავი სხეული ისევ არსებობდა; ამ, ერთი შეხედვით, სრულიად აბსურდული რწმენის საფუძველი კი ის გახლდათ, რომ იმდროინდელ საზოგადოებას აუცილებლობით სჭირდებოდა საკუთარი ერთობის სიმბოლური გარანტი.

დემოკრატიის დამყარებამ ასეთი სხეულის აუცილებლობა თითქოს გააქრო, მაგრამ შეფარული და ლატენტური სახით ის დღევანდელ განვითარებულ დემოკრატიებშიც არსებობს: განსაკუთრებული ქარიზმა, რომელიც მიეწერება პრეზიდენტსა თუ საკანონმდებლო ორგანოს მთლიანად (მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ პარლამენტართა იმუნიტეტი და სხვა პრივილეგიები) იმაზე მიუთითებს, რომ ვერც ლიბერალურ დემოკრატიებში ხერხდება ძალაუფლების სრული რაციონალიზაცია. იქაც კი ძალაუფლების რიტუალურ-აფექტური განზომილება გარკვეულ როლს თამაშობს.

საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებულად პრობლემური სიტუაციაა სახეზე. ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა გვაჩვენებს, რომ მოსახლეობას ლიდერად მეფე უფრო სურს, ვიდრე ქარიზმასმოკლებული ფუნქციონერი. რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, გამოკითხულთა 41 პროცენტი ამბობდა, რომ მას უნდა ლიდერი, რომელიც თავს არ შეიწუხებდა არჩევნებითა და პარლამენტით (მაშინ, როდესაც დემოკრატია საუკეთესო პოლიტიკურ რეჟიმად მხოლოდ 37 პროცენტს მიაჩნდა). სააკაშვილის ფიგურა დღევანდელ პოლიტიკურ წარმოსახვაში სწორედ როგორც მეფის სხეული ფუნქციონირებს - ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია საკუთარი ერთობის სიმბოლოს სურვილი. მაგრამ ესაა სხეული, რომელიც მოკლებულია საკუთარ უკვდავ, საკრალურ დუბლს. ეს ადამიანის სხეულია, რომლის სიამოვნების თემაც პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ელიტას იდეა ფიქსად ექცა. პრეზიდენტის რესტორნებში სიარულის თემის პოპულარობა დღეს სწორედ ამაზე მიუთითებს: დღევანდელი ელიტის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აღიზიანებთ გამარჯვებული ძმის ფიგურა, რომელიც საჯაროდ იღებს სიამოვნებას. გამოსავალი ამ სიტუაციიდან პრეზიდენტის ფიგურის საკრალიზაცია კი არაა, რათა ის უფრო დაემსგავსოს შუა საუკუნეების მონარქს, არამედ მისი ფიგურის უკანა პლანზე გადაწევა, რისი მიღწევაც უნდა მოხდეს როგორც მისი ნაკლები ხილვადობით (visibility), ისე სხვა ინსტიტუტების გაძლიერებით ამ ფიგურის ხარჯზე. ეს, ცხადია, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურსა თუ სოციალურ პრობლემებს არ გადაჭრის, მაგრამ აუცილებლად შეუწყობს ხელს ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაჯანსაღებას ქართულ პოლიტიკაში. სუვერენის სხეულის სიმბოლური როლი ბოლომდე ვერც დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში გაქრება, მაგრამ აქ მას ბევრად ნაკლები ადგილი უნდა ეჭიროს, ვიდრე მონარქიულსა თუ ავტორიტარულ პოლიტიკურ რეჟიმებში.

) უღონობა

სანამ უღონობაზე გადავალ, უნდა აღვნიშნო ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ახასიათებს: უვიცობა. რამდენიმე წლის წინ გავლენიანი ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი მეუბნებოდა, „სამართლებრივი სახელმწიფო“ უცნაური ტერმინია, რუსებმა მოიგონეს „პერესტროიკის“ დროს, სინამდვილეში კი სახელმწიფო ან სამართლებრივია, ან - საერთოდ არაა სახელმწიფოო. ეს შეხედულება, რასაკვირველია, მცდარია - ბოლოს და ბოლოს, ტერმინი „სამართლებრივი სახელმწიფო“ გერმანულ ენაში ლამის უკვე ორასი წელიწადია არსებობს და ის სწორედ არასამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას უპირისპირდება. მაგრამ მთავარი ამ ამბავში ჩემთვის სხვა რამეა: საქართველოში არ (ან თითქმის არ) არსებობს ცოდნა იმ ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც პოლიტიკური სისტემის ნაწილია. განსხვავებით დასავლური საზოგადოებისაგან, სადაც ამ ინსტიტუტების წარმოქმნას თან სდევდა - ხშირად კი წინ უსწრებდა - აზროვნების, რეფლექსიის ხანგრძლივი პროცესი, ჩვენში მათი ჰაიჰარად გადმოღება მოხდა; ისინი დღეს თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. ამიტომ ხშირად რეფლექსია იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, კიდევ უფრო არაადეკვატურია, ვიდრე ის, რაც ხდება.

ეს შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ პოლიტიკური აზრის კლასიკას მივუბრუნდე, კერძოდ კი მე-18 საუკუნის ავტორს, მონტესკიეს, რომელსაც ნამდვილად ესმოდა ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების ინსტიტუტების არსი და ფუნქცია. მანამდე, სანამ თანამედროვე დემოკრატია ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებდა, მონტესკიემ განჭვრიტა, როგორი იქნებოდა ასეთი პოლიტიკური რეჟიმის ორი მთავარი წინაპირობა: ა)განსხვავება წარმოდგენილებს (მოსახლეობა) და წარმომადგენლებს (ხელისუფლება) შორის და ბ) განსხვავება თავად ხელისუფლების შიგნით, ე. წ. ძალაუფლების დანაწილება. მონტესკიე ძალაუფლების ორ სახეზე მსჯელობს: აღმასრულებელსა (მეფე) და საკანონმდებლოზე (პარლამენტი). ორივეს საკუთარი მომხრეები ჰყავთ, რომლებიც საკუთარი სურვილების განხორციელებას იმ ძალაუფლების მხარდაჭერით ცდილობენ, რომელსაც ემხრობიან და რომლის მხარდაჭერის იმედიც აქვთ თავისთვის. მაგრამ სწორედ ამ განსხვავების გამო, ორივე მხარე შეზღუდულია საკუთარ ქმედებებში და საკუთარ ოპონენტებს დიდ ზიანს ვერ აყენებს.

მაგრამ რა ხდება იმ სიტუაციებში, როდესაც ძალაუფლების დანაწილების ეს კლასიკური ფორმულა აღარ მუშაობს? დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საკუთარ ხელში უპყრია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ძალაუფლება. მაგრამ მონტესკიეს ანალიზი არც ახლა კარგავს საკუთარ მნიშვნელობას, რადგან ჩნდება ძალაუფლების ახალი დანაწილება: სახელისუფლებო უმრავლესობა ოპოზიციის წინააღმდეგ. იმ ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომელთაც მონტესკიე აანალიზებდა მეფისა და პარლამენტის დაპირისპირების შემთხვევაში, დღესაც აქვს ადგილი: ასეთი პოლიტიკური სისტემა, ერთი მხრივ, იწვევს ადამიანთა ანგაჟირებას ერთ-ერთი პოლიტიკური პოზიციის სასარგებლოდ, ხოლო, მეორე მხრივ, ის აუცილებლობით ახდენს ამ ანგაჟირებულ ადამიანთა სურვილების ფრუსტრირებას (როგორც ამას უკვე ჩვენი თანამედროვე ფრანგი მოაზროვნე პიერ მანა აღწერს). ნებისმიერი მთავრობა იწყებს საკუთარი მომხრეების პოზიციის გაბედული დაცვით, მაგრამ „თაფლობის თვის“ გასვლის შემდეგ მისი მთავარი მიზანი ხდება, სხვა არავინ გააღიზიანოს. აქაა მიზეზი, რის გამოც სტენდალი დემოკრატიისათვის დამახასიათებელ „უძალო სიძულვილზე“ ლაპარაკობდა - როგორ ფიქრობთ, რას განიცდიდნენ ამერიკელი კონსერვატორები ბილ კლინტონის მონიკა ლევინსკისთან რომანის გამოაშკარავების შემდეგ? ან რას ფიქრობდნენ ამერიკელი ლიბერალები ბუშის რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინის შესახებ? ფრუსტრაციის განცდა, რომელიც უჩნდება ნებისმიერი პარტიის მომხრეს ლიბერალურ დემოკრატიაში, ბუნებრივი და, გარკვული აზრით, აუცილებელი ემოციაა, რომელიც ამ პოლიტიკური რეჟიმის პლურალური ხასიათით არის გამოწვეული.

ამ მსჯელობას თუ მივყვებით, საზოგადოებრივი ძალების ის განწყობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, სრულიად შეესაბამება დემოკრატიის ლოგიკას. სახეზე გვაქვს როგორც გარკვულ ჯგუფთა პოლიტიკური ანგაჟირებულობა, ისე თითოეული ამ ჯგუფის წარმომადგენელთა სურვილების ფრუსტრაცია. ლიბერალები, რომელთა მთავარი ღირებულება ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებაა, სასოწარკვეთით უცქერიან ქვეყანაში რელიგიური ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას. რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომელთათვისაც რუსული კონტექსტი ყველაზე ბუნებრივი გარემოა, მიუხედავად თავიანთი თითქოსდა დომინანტური პოზიციისა საზოგადოებაში, ვერაფერს უპირისპირებენ ნაციონალიზმის ლოგიკას, რომელიც საქართველოს რუსეთისაგან ყოველწლიურად უფრო და უფრო აშორებს: პოლიტიკურად, სოციალურად, კულტურულად. ქვეყნის მოდერნიზაციის მსურველები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ბევრი რეფორმა საბჭოთა ცნობიერების მატარებელთა გაღიზიანების შიშს ეწირება; თავის მხრივ, „ტრადიციულ-საბჭოთა“ ღირებულებათა მატარებლებიც თავს უაღრესად ცუდად გრძნობენ, რადგან ობიექტურად სულ უფრო სცილდებიან ნანატრ ქვეყანას. საითკენაც არ მიტრიალდებით, ყველაგან ამის მსგავს სიტუაციას აღმოაჩენთ. ყველგან ყველა პარტიისა თუ საზოგადოებრივი ძალის ფრუსტრაცია ხდება - თითოეული მათგანი აწყდება საკუთარ საზღვრებს, მაგრამ გრძნობს ამ საზღვრების გადალახვის დაუძლეველ სურვილს. ოღონდ ეს სურვილი საპირისპირო პარტიის არსებობის ფაქტზე იმსხვრევა. და ა. შ.

აბა, რა არის დღევანდელი ქართული საზოგადოების პრობლემა? ის არა მისი დემოკრატიულობის, არამედ მის ცივილიზირებულობის დეფიციტშია. ცივილიზირებულობა: აფექტებისა და ემოციების კონტროლი, რაციონალური ქცევა, აზროვნების დისციპლინა, თამაშის წესებზე შეთანხმება - ესაა ჩარჩო, რომლის არარსებობა ან სისუსტე ინტერესების ბუნებრივი შეჯახებიდან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხეს ქმნის. ცუდი ის კი არაა, რომ დღეს „პარტიები“ ვერ შეთანხმებულან საერთო ხედვაზე, არც ის, რომ მათ წარმომადგენლებს ერთმანეთი სძულთ, არამედ ის, რომ მათ სურთ, საკუთარი უძალობა ძალად გარდაქმნან. ისინი ვერ შეგუებიან იდეას, რომ უძალო სიძულვილი - დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის ბუნებრივი ემოციაა.

ხოლო მთავარ საფრთხედ იმდენად პროცესების შინაგანი განვითარება კი არ მიმაჩნია, რომელიც, ყველა წესის მიხედვით, ნორმალიზაციის გზით უნდა წავიდეს, რამდენადაც ის, რომ ამ შინაგან განვითარებაში გარე ძალა შეასრულებს გადამწყვეტ როლს. ნევროზი მანამდეა მთავარი პრობლემა, სანამ შუბლში ტყვიას არ დაგახლიან. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფსიქოლოგიას ეშველება, თუ ქვეყანა შევინარჩუნეთ. მაგრამ პრობლემაც სწორედ ისაა, რომ ქვეყანაში არსებული სიძულვილი, რომელსაც არ უნდა საკუთარი ნორმალურობისა და ბუნებრიობის აღიარება, რომელსაც არ სურს, შეეგუოს საძულველი მხარის იმავე საზოგადოების შიგნით არსებობასა და, ხშირ შემთხვევაში, წარმატებას, სიძულვილი, რომელსაც სურს, აბსოლუტურ ძალაუფლებად გარდაიქმნას და ოპონენტები გაანადგუროს, დღევანდელ სიტუაციაში უცხო ძალის ჩარევის ერთ-ერთ წამაქეზებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

მცირე გადახვევა: გიფიქრიათ იმაზე, რომ ქართულ ენას არ აქვს სიტყვა, რომლითაც მოვახერხებდით გოდარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის სათაურის თარგმნას? ვგულისხმობ ფილმს Le mepris (ინგლისურად Contempt, გერმანულად Verachtung, რუსულად Презрение). ეს „სიძულვილი“ არაა. ქართულად ამას თარგმნიან ხოლმე, როგორც „ზიზღს“, მაგრამ არც ესაა სწორი: მე შეიძლება მეზიზღებოდეს ხოჭოები, მაგრამ ბრიჯიტ ბარდოს გმირის ემოცია საკუთარი რეჟისორი ქმრისადმი, რომელიც, კონტრაქტის გამო, მეუღლის რომანის შესაძლებლობას დაუშვებს მდიდარ პროდიუსერთან, სიტყვა „ზიზღით“ ვერ აღიწერება. ქართულ ენაში არ გვაქვს სიტყვა, რომლითაც აღვწერდით უარყოფით ემოციას ადამიანის მორალური სახის მიმართ.

ხომ არაა ეს იმის მიზეზი, რომ საქართველოში, ასე ვთქვათ, ბოლომდე არავინ „იძირება“? ადამიანები, რომელთა დისკრედიტაცია მოხდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ისე „ამოყვინთავენ“ ხოლმე საჯარო სივრცეში, თითქოს - არაფერიო. პოლიტიკური ფსიქოლოგიის ფარგლებში შესასწავლი კიდევ ერთი თემა.

11 კანი 2009 - სისხლი, ოფლი და ცრემლები

▲ზევით დაბრუნება


წერილი კანიდან

(სანამ შედეგებს გავიგებდით)

ავტორი: გიორგი გვახარია

0x01 graphic

უბრალოდ იძულებული ვარ, საკუთარი თავის ციტირებით დავიწყო.

„შოკოლადის“ მკითხველს შეიძლება ახსოვს „ცრემლიანი სათვალე“, რომელშიც ნაგისა ოსიმას ფილმის, „გრძნობათა იმპერიის“ თბილისურ პრემიერას ვიგონებდი; სურათის გმირის, სადას გადაწყვეტილებას, ეროტიკულ ექსტაზში ფალოსი მოაჭრას თავის შეყვარებულს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პუბლიკა ყვირილით და გინებით გამოეხმაურა - „არ მოაჭრა!“, „არ მოაჭრა!“ აყვირდნენ ქართველი კაცები (ფინალისთვის დარბაზი თითქმის სრულიად დაიცალა ქალებისგან)... ის კაცები, რომელთაც ცოტა ხანში საბჭოთა კავშირის დანგრევა, ომი რუსთაველის პროსპექტზე, ომი ცხინვალსა და სოხუმში და საბოლოოდ ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის „ჩამოჭრა“ ელოდათ.

„ველურები!“ - ასე, ერთი სიტყვით შევაფასეთ ამ პრემიერის ორგანიზატორებმა ქართული პუბლიკის რეაქცია „გრძნობათა იმპერიაზე“. მეოცე საუკუნე იწურებოდა, ჩვენი ხალხი კი კინოს უყურებდა ლიუმიერების პირველი კინოსეანსის მაყურებელივით, რომელმაც „ტრავმის შიშით“, იმის მოლოდინით, რომ მატარებელი ეკრანის სივრცეს გაარღვევდა, გინებით და ლიუმიერების ატრაქციონის ლანძღვით დატოვა დარბაზი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თბილისის ფილარმონიაში გათამაშებული ეს სცენა 20 წლის შემდეგ ისევ განმეორდებოდა; თანაცარა ჩვენთან - „ველურების ქალაქში“, არამედ იქ, სადაც ამკვიდრებენ კინოხელოვნების მოდას, სადაც, სხვა თუ არაფერი, კინოს ყურება მაინც იციან - კანის 62-ე კინოფესტივალზე.

0x01 graphic

REUTERS
ჟიურის თავმჯდომარე იზაბელ იუპერი, კანი 2009

0x01 graphic

კადრი ფილმიდან თეთრი ყელსახვევი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ანტიქრისტე

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის, „ანტიქრისტეს“ პირველ სეანსზე ვერ მოვხვდით ჟურნალისტები, რომელთაც წილად არ გვხვდა ყოველდღიური პრესისთვის მინიჭებული „წითელი აკრედიტაციის“ ბედნიერება. ცოტა ადრე რომ დაგვეჭირა თადარიგი და რიგი დაგვეკავებინა, შეიძლებოდა შევეშვით კიდეც, მაგრამ ამისათვის მაინცდამაინც არ გვიზრუნია; ფესტივალის დაწყებიდან 5 დღე იყო გასული და აღარავის გვჯეროდა, რომ მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის დარბაზები წელს რომელიმე სეანსზე მაინც შეივსებოდა. უკვე ვიცოდით, რომ წელს ფესტივალზე, რომელმაც ერთდროულად სამი სპონსორი დაკარგა, მკვეთრად შემცირდა აკრედიტირებული ჟურნალისტების რიცხვი. „პრიალა ჟურნალებმა“, რომელთაც მთელ მსოფლიოში გაუჭირდათ, ვეღარ შეძლეს კინოკრიტიკოსების მივლინება კანში; უფრო მეტიც, სახელგანთქმული ფრანგული კინოჟურნალების რედაქციებმა, გაკოტრების შიშით, მაისის ნომრებში მაისურები ჩადეს კანის ფესტივალის სიმბოლიკით, ფესტივალზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს კი სთხოვეს, დაეწერათ რაც შეიძლება მოკლე და უფრო მეტად სარეკლამო მნიშვნელობის წერილები, საკონკურსო პროგრამის ქება-დიდებით, რათა ამ ჟურნალების პოტენციური სპონსორები - კინოგამქირავებლები არ გაებრაზებინათ.

შედეგი ფესტივალის გახსნის დღესვე გამოჩნდა - ცარიელი სასტუმროები, უღიმღამო გახსნის ცერემონიალი, ერთადერთი კინოვარსკვლავით (ჟიურის წევრებს თუ არ ჩავთვლით), ტილდა სვინტონით წითელ ხალიჩაზე, ისიც გამომწვევად, „არაფესტივალურად“ ჩაცმული, კანის ფესტივალისთვის ტრადიციული ბრილიანტების გარეშე... თითქმის ორჯერ შემცირებული მიღებები, სადაც ფრანგული შამპანური შუშხუნა წითელმა ღვინომ შეცვალა და იახტებით გადატვირთული ნავსადგური - იმ იახტებით, რომელსაც უწინ კინოვარსკვლავები ქირაობდნენ „ლაჟვარდოვანი ნაპირის“ დასათვალიერებლად.

ტრადიციული აჟიოტაჟი არ იგრძნობოდა არც წითელ ხალიჩასთან. არადა, ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა, რომ ორჯერ გაიაფდა მომსახურება „რენოს“ მარკის ავტომობილებით, რომელთაც ფესტივალის სასახლესთან ვარსკვლავები მოჰყავდათ. ამ სერვისზე მოთხოვნილება კანში ყოველთვის დიდი იყო - ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გამოწყობილიყო ფრაკში, ან საღამოს კაბაში, დაექირავებინა ათას ევროდ „რენო“, რომელიც მას წითელ ხალიჩამდე „მიასრიალებდა“; მანქანიდან გადმოსულს აუცილებლად შეესეოდნენ ფოტოგრაფები, ავტოგრაფებზე მონადირეები.. ასე, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო წარმოედგინა თავი ვარსკვლავად. თუნდაც რამდენიმე წუთით.

წელს, ეს სიამოვნება სულ რაღაც 500 ევრო გახდა. მაგრამ ფესტივალის პირველ დღეებში არც ამ ბიზნესმა გაამართლა, მით უმეტეს, რომ ორგანიზატორებს ამინდმა არ შეუწყო ხელი - ორი დღე ზედიზედ წვიმდა.

სადღაც მეოთხე დღეს ცა მოიწმინდა, გამოანათა მზემ და უიკენდის მოახლოებასთან ერთად, ხალხიც გამოჩნდა წითელ ხალიჩასთან. ლარს ფონ ტრიერის „ანტიქრისტეს“ პრემიერა სწორედ უიკენდს დაამთხვიეს; მეტიც, კანში ჩამოიყვანეს თავად ტრიერი - კაცი, რომელიც თვითმფრინავით არ დაფრინავს და მატარებელში არ ჯდება, ეშინია ხალხმრავლობის და, თავად აღიარებს, რომ მუდმივი ნერვიული კრიზი აქვს.

0x01 graphic

REUTERS
კანი 2009

0x01 graphic

REUTERS
სოფი მარსო და მარინა დე ვანი, კანი 2009

0x01 graphic

შეწყვეტილი ამბორის გადასაღებ მოედანზე

„ეტყობა არ უნდა ღმერთს, რომ ვნახოთ ფილმი, რომელსაც „ანტიქრისტე“ ჰქვია“, - ვუთხარი ჩემს უმცროს კოლეგას, ნინო ძანძავას, როცა პირველი ჩვენების დაწყებამდე 5 წუთით ადრე კლოდ დებიუსის კინოდარბაზის დაცვამ ხმამაღლა გამოგვიცხადა, - komple!...ე.ი. შევსებულიაო. გული, წესით, არ უნდა დამწყვეტოდა, რადგან ლარს ფონ ტრიერი არაა ჩემი რეჟისორი... არასდროს მომწონდა ეს რაღაც დრეიერისა და ბერგმანის კარიკატურის მსგავსი სტილი და პუბლიკით მანიპულაციის ვნება, რომელიც არა იმდენად კათარზისის შექმნას, რამდენადაც ავტორის მიზანთროპიის გამართლებას ემსახურება; თითქოს გვეუბნება „აი, ხომ ხედავთ, როგორ ადვილად მემორჩილებით, ამიტომაც არ მიყვარხართ, ადამიანებო!“

არ მსიამოვნებს, როცა ვიღაც - თუნდაც გენიოსად აღიარებული „დოგმის“ სულისჩამდგმელი, მეუბნება, - არ მიყვარხარო.

მაგრამ ლარს ფონ ტრიერმა ხომ ჩემზე უკეთ იცის, რომ სწორედ ეს „არ მსიამოვნებს“ შეიძლება გამოიყენო წარმატების მისაღწევად... აგინებინო მაყურებელს თავი და მაინც დააბა დარბაზში, ატკინო და ასიამოვნო.

ჩვენც ასე დაგვაბა - ისინი, ვინც ტრიერის სახელის გაგონებაზე იჯღანება ხოლმე. 3 საათი დაგვაყუდა რიგში „ანტიქრისტეს“ დამატებით სეანსზე და ბოლომდე გვაყურებინა სურათი, რომელმაც, მისივე თქმით, ღრმა დეპრესიიდან გამოიყვანა.

ტკივილი და სიამოვნება, იცოცხლე, ბევრია „ანტიქრისტეში“. ფილმი იწყება უკვე ასაკში შესული ცოლ-ქმრის (უილიამ დეფო და შარლოტა რემპლინგი) უაღრესად ნატურალისტურად გადაღებული სექსუალური აქტით. ორგაზმის მომენტში გვერდით ოთახში მათი სამი წლის მიტოვებული შვილი ფანჯრის რაფაზე აცოცდება და გარეთ ვარდება... ბავშვის დაღუპვა დააავადებს დედას, რომლის განკურნებას თავად მისი ფსიქოთერაპევტი ქმარი დაიწყებს - მიჰყავს რემპლინგის გმირი ტყეში, სადაც შიშები შიშითვე უნდა დაითრგუნოს, სადაც ადამიანის ქვეცნობიერი წყვდიადი „ბუნების წყვდიადს“ უნდა დაუახლოვდეს. აქ იწყება სწორედ ქალისა და მამაკაცის დუელი - თითქმის ისეთი, როგორც ნაგისა ოსიმას „გრძნობათა იმპერიაში“... უბრალოდ, როლების შეცვლით. მამაკაცის კასტრაცია, რომელმაც ასე ააფორიაქა 80-იანი წლების მეორე ნახევრის საქართველო, იცვლება აგრესიული და დესტრუქციული მდედრისთვის კლიტორის მოჭრის სცენით, უფრო სწორად, მსხვილი ხედით... აქ დარბაზი კივილს იწყებს. კი, კანის ფესტივალზე გამართულ სეანსზე ვიღაცებმა ამ დროს გაიცინეს კიდეც, მაგრამ ეს ალბათ მაინც სიმწრის სიცილი იყო.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან შეწყვეტილი ამბორი

ჰოდა, ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოში რომელიმე კინორეჟისორი კიდევ შეძლებდა ცივილიზებული მაყურებლის „გაველურებას“?

კინოს გამომსახველობითი საშუალებები ამოეწურაო, ეკრანი ვეღარ გააკვირვებს, ვეღარ შეაშინებს მაყურებელსო... - რამდენი ხანია ამბობენ კინოს თეორეტიკოსები... ტრიერმა დაამტკიცა, რომ ნაადრევია საუბარი კინოხელოვნების კრიზისზე; ადამიანებმა... კი, ბატონო, ვერაფერი შეიძლება მოუხერხონ საკუთარ თავს, სულიერ კრიზისს, ვერც ეკონომიკა გადაარჩინონ. მაგრამ კინოს, როგორც ჩანს, დაღუპვა ჯერ არ ემუქრება. კინო იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს სიზმრე ბი... და ადამიანები კვლავაც წავლენ კინოში „კოლექტიური სიზმრის“ სანახავად.

კანის წლევანდელი კინოფესტივალით თუ ვიმსჯელებთ, კინოხელოვნებას გამომსახველობითი საშუალებების „ყულაბა“ ჯერ კიდევ სავსე აქვს, ჯერ კიდევ შეიძლება იმ სახეების კომბინაცია, რომლებიც სხვადასხვა დროს დაამკვიდრეს დიდმა რეჟისორებმა. შესაძლებელია, ესეც კრიზისის შედეგია - კინოკლასიკასთან დაბრუნება და ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფილმების განუწყვეტელი ციტირება, რაც, თავის მხრივ, განსაკუთრებით სასიამოვნოა სწორედ კანში - სინეფილების კამპანიაში, კინოდარბაზებში, რომლებიც ანდრე ბაზენის, ძმები ლიუმიერების, ლუის ბუნუელის სახელს ატარებენ.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ეძიე ერიკი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ეს საოცარი ვუდსტოკი

0x01 graphic

კვენტინ ტარანტინო, კანი 2009

„ბუნუელთან არაფერი მაკავშირებს, გარდა იმისა, რომ ორივე ესპანელები ვართ და ორივე კინოს ვიღებთ“, - თქვა ერთხელ პედრო ალმოდოვარმა. მაგრამ თქვა მაშინ, როცა ახალგაზრდა რადიკალი იყო, როცა „კიკას“ და „მატადორს“ იღებდა. ალმოდოვარი უკვე 60 წლის გახდა და თავის ახალ ფილმში „შეწყვეტილი ამბორი“ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიმართა ლუის ბუნუელის „ტრისტანას“ ინტერპრეტაციას... და არა მარტო „ტრისტანასი“... დაკვირვებული თვალი აქ 40-იანი, 50-იანი წლების თითქმის მთელ ამერიკულ კინოს აღმოაჩენს; მეტიც, გაიელვებს კადრები რობერტო როსელინის ფილმიდან „მოგზაურობა იტალიაში“. „შავი კინოს“ ჟანრში გადაღებული ალმოდოვარის ახალი სურათი გვიამბობს კინორეჟისორზე, რომელიც ათი წლის წინ თავის შეყვარებულთან ერთად ავტოავარიაში მოხვდა და დაბრმავდა. კინემატოგრაფისტისთვის, რომელიც სახეებით აზროვნებს, დაბრმავება სიკვდილის ტოლფასია; როცა ხელოვანი სამყაროს ვეღარ ხედავს, ის იწყებს საკუთარი თავის ციტირებას, წარსულში მიექანება. სხვაგვარად ამას „შემოქმედებითი კრიზისი“ ჰქვია - ის, რისიც განსაკუთრებით ეშინია პედრო ალმოდოვარს. 60 წლის ესპანელი კინოხულიგანისთვის (ყოფილი კინოხულიგანისთვის) შემოქმედებითი კრიზისი, დაბრმავება, იმპოტენცია და ბოლოს სიბერე ერთი და იგივეა. ლარს ფონ ტრიერისგან განსხვავებით, რომელიც კრიზისიდან გამოსვლას პუბლიკაზე შურისძიებით ცდილობს, ალმოდოვარი, უბრალოდ, წინ უსწრებს მოვლენებს და თავის თავს „მომავალ ში“ ხედავს. რა უნდა გააკეთოს დაბრმავებულმა კინემატოგრაფისტმა? ვისი იმედი უნდა ჰქონდეს? - ეკითხება იგი თავის თაყვანისმცემლებს.

რა თქმა უნდა - მეგობრების, საყვარელი ადამიანების, თუ გნებავთ, ღვთის წყალობის (გახსოვთ, ალმოდოვარის გმირი, სახელად „წყალობა“ ფილმში „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“?)... სკანდინავიელ ლარს ფონ ტრიერს ასეთი პერსპექტივა არ აქვს. პროტესტანტული კულტურა ღმერთმა მიატოვა. იქ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ... აქ, ესპანეთში კი ჯერ კიდევ სწამთ სასწაულის.

სასწაულისა და ადამიანთა სოლიდარობის სწამს კიდევ ერთ გენიოსს, ბრიტანელ კენ ლოუჩს, რომლის ახალი სურათი „ეძიე ერიკი“ ასევე იყო წარმოდგენილი კანის ფესტივალის კონკურსში. სხვათა შორის, კინოხელოვნების „უკანასკნელი მარქსისტის“, 73 წლის კენ ლოუჩის ეს რომანტიკული კომედია ასაკში შესულ ფოსტალიონზე (რომლის ერთფეროვანი ცხოვრება სრულიად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი კერპი, ფეხბურთელი ერიკ კანტონა გამოეცხადება) სწორედ „ანტიქრისტეს“ პრემიერის შემდეგ უჩვენეს კანში... ამიტომაც აღიქვა ბევრმა ლოუჩის ფილმი, როგორც ლარს ფონ ტრიერის ჰორორის ალტერნატივა. ეს სურათიც კრიზისზეა. აქაც ძალიან მარტო გრძნობს თავს გმირი. მაგრამ ლოუჩი, როგორც ყოველთვის, პოულობს გამოსავალს... თუკი არსებობს, მაგალითად, ფეხბურთი, რომელსაც რეჟისორი „სოციალურ მოვლენად“ მიიჩნევს, ე.ი. თუკი ერთი და იგივე გუნდის, ერთი და იგივე სპორტსმენის ფანი შეიძლება გახდნენ სრულიად განსხვავებული სოციალური ფენის, ასაკის, გემოვნების ადამიანები, რატომ არ შეიძლება ადამიანები გაერთიანდნენ რაღაც იდეის - თუნდაც თავისუფლების იდეის გარშემო და იბრძოლონ საკუთარი ღირსების დასაცავად?

გულუბრყვილო კითხვაა? სწორედ ამ გულუბრყვილო კითხვამ აუჩუყა გული კანის ფესტივალზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს. თუკი ლარს ფონ ტრიერის ფილმზე კიოდნენ და ისტერიულად იცინოდნენ... ლოუჩმა, რომელიც კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ლაურეატი სამი წლის წინ გახდა, ვიღაცები აატირა კიდეც.

0x01 graphic

REUTERS
ჯონ ჰოლიდეი მეუღლესთან ერთად, კანი 2009

შეიძლება იმიტომაც, რომ „ეძიე ერიკის“ პრემიერის დროს კანის ფესტივალის პუბლიკა უკვე ძალიან დაღლილად გრძნობდა თავს ბევრი სისხლითა და ბევრი ოფლით ეკრანზე. სისხლი და ოფლი აუცილებლად უნდა შეცვლილიყო ცრემლებით.

დიახ, წელს, კანის ფესტივალის 20 საკონკურსო ფილმს შორის უმრავლესობა ჟანრული კინოს ნიმუში აღმოჩნდა; ჩინელმა ჯონი ტომ წარმოადგინა ტრილერი „შურისძიება“, უბერებელი ფრანგი პოპ-ვარსკვლავით, ჯონი ჰოლიდეით მთავარ როლში, კორეელმა პარკ ჩან-ჩოკმა ასევე ტრილერი, ოღონდ მისტიკური მოტივებით „ჩემი სისხლი“, ვამპირად ქცეულ კათოლიკე მღვდელზე, ფრანგმა ჟაკ ოდრიარმა, რომლის ფილმი „წინასწარმეტყველი“ ფესტივალის ბოლო დღემდე ლიდერობდა კრიტიკოსთა გამოკითხვებში - ისევ ტრილერი, კორსიკულ და არაბულ მაფიაზე;

ავსტრალიელმა ჯეინ კემპიონმა, ერთადერთმა რეჟისორმა ქალმა, რომელიც კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ლაურეატი გახდა ფილმისთვის „პიანინო“, პოეტ ჯონ კიტსის პირად ცხოვრებას მიუძღვნა კოსტიუმირებული მელოდრამა... ნამდვილი კომედია წარმოადგინა კანში უხუცესმა ფრანგმა რეჟისორმა ალენ რენემ („ველური ბალახები“). თავისი პირველი ისტორიული, უფრო სწორად, კოსტიუმირებული ფილმი ავსტრიელმა მიჰაელ ჰანეკემ („თეთრი ყელსახვევი“)... ისტორიას მიმართა „კუზიანი მთის“ რეჟისორმა, ანგ ლიმაც. მან ვუტსტოკის ფესტივალის 40 წლისთავის აღსანიშნავად კანში წარმოადგინა ფილმი „ეს საოცარი ვუტსტოკი“, რომელშიც საერთოდ უარყოფილია ამ მოვლენის ახლებური გააზრება, ან, ინტერპრეტაცია. რეჟისორმა ფაქტობრივად უცვლელად დატოვა ყველა ის კლიშე, რომელიც არსებობს ვუტსტოკის ფესტივალზე - სექსი, ნარკოტიკები და ხმამაღალი მუსიკა. ამიტომაცაა ალბათ, რომ ფილმი, რომელსაც კანის წლევანდელი ფესტივალის გახსნის დღიდან ელოდნენ, საკმაოდ გულგრილად მიიღო პუბლიკამ.

მაინცდამაინც მქუხარე ოვაციები არ გაუმართეს არც ფილმს, რომლის პრემიერაზე ხალხი სპეციალურად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა კანის ფესტივალზე - კვენტინ ტარანტინოს „დაუფასებელ ნაძირლებს“... არადა, როგორც კი დარბაზში შუქი ჩაქრა და ტიტრებში კვენტინ ტარანტინოს გვარი გამოჩნდა, დარბაზმა ტაში დასცხო; ყველა ელოდა რაღაც განსაკუთრებულს, მით უმეტეს, რომ თავად ტარანტინო ამბობდა, რომ ასრულდა მისი დიდი ხნის ოცნება - ბოლოს და ბოლოს დაასრულა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი სურათის გადაღება. თითქმის სამსაათიანი ფილმი გვიამბობს, როგორ ჩაატარეს 1944 წელს, პარიზში ამერიკელმა ჯარისკაცებმა „ოპერაცია - კინო“... ხანძარი გაუჩინეს კინოდარბაზს, სადაც გერმანული ნაცისტური ფილმის პრემიერას ჰიტლერი, გებელსი და ნაციონალ-სოციალისტების სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ყველა დაიხოცა, როგორც ჰამლეტში

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში კინოხელოვნებამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალისტები და ბოლო მოუღო ფაშიზმს. მერე რა, რომ რეალურად არავითარი „ოპერაცია - კინო“ არ დაგეგმილა და განხორციელებულა... როდის იყო კვენტინ ტარანტინო ისტორიას და რეალობას ემორჩილებოდა? მოუნდა და შეცვალა ისტორია, აურია, ახლებურად „დაამონტაჟა“ ისტორიული ფაქტები.

კანის წლევანდელმა კინოფესტივალმა გვიჩვენა, რომ ისტორიასა და რეალობასთან „თამაში“, კინოხელოვნების ყველაზე ცნობილი სახეების კომბინაციები და რეკომბინაციები ახალი მოდა ხდება კინოში. კანის ფესტივალს არ ახსოვს ამდენი ასოციალური, აპოლიტიკური ფილმი კონკურსში. ზოგიერთი საკონკურსო ფილმით საერთოდ ვერ მიხვდებოდით, რა აწუხებს თანამედროვე ადამიანს. საერთოდ, რა აწუხებს სამყაროს. საოცარია არა? ეს ხდება მაშინ, როცა თითქმის ყველა დიდ კინოფორუმს მეტისმეტ პოლიტიზებას აბრალებენ, ეს ხდება ფესტივალზე, რომლის კონკურსში წელს თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორები იყვნენ წარმოდგენილნი.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა კინოწარმოება სერიოზულ პრობლემებს ეჯახება, კინომ მაყურებლის დაბრუნების ახალ ხერხს მიმართა - „სამაყურებლო კინოს“ კეთება დაიწყეს იმ რეჟისორებმა, რომელთა უმრავლესობა აქამდე ქედმაღლურად შესცქეროდა „პუბლიკას“. იქნებ მაყურებლის აღელვება, თუ გნებავთ, მისი „გაველურება“ იმან მოახერხოს, ვინც ყველაზე კარგად იცის კინოს გადაღება, კოლექტიური სიზმრის გადაღება? იქნებ სწორედ ეკონომიკური და სულიერი კრიზისის დროს ნანახი და გადაღებული სიზმარი შეიძლება გახდეს „საქონელი“, რომელიც ყველაზე კარგად გაიყიდება?

კანი 2009 წლის 20 მაისი
ფესტივალის დახურვამდე 4 დღე რჩება

12 თაზო - ჰომოსექსუალების, „უზრდელი ჰეტეროსექსუალების“ და მართლმადიდებელი მშობლების „უზნეო“ თავყრილობა www.freelandia.wordpress.com

▲ზევით დაბრუნება


iსაქართველო

0x01 graphic

დღეს ბიოლის ფონდის ოფისში დისკუსიას დავესწარი. დისკუსიის თემა იყო „ჰომოფობია საქართველოში.“ მომხსენებლები იყვნენ ფონდი „ინკლუზივიდან“ პაატა საბელაშვილი და ეკა აღდგომელაშვილი. მათ ოპონირებას უწევდა ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე (ამჟამად ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი). თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მომხსენებლები „ინკლუზივიდან“ ლაპარაკობდნენ ჰომოფობიაზე საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაზე ჰომოსექსუალთა მიმართ, ჰომოფობიაზე მედიაში და ა.შ. გაიხსენეს „რუსთვი 2“-თან დაკავშირებული გეი პარადის ამბავი, გია ჭანტურიას ჰომოფობიური გამონათქვამები (არშემდგარი დისკუსია „ცხელ შოკოლადში“). აქ ისიც გავიგე, რომ თურმე საქართველოს ყველა ანტიჰომოფობიურ და ანტიდისკრიმინაციულ ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი, პრაქტიკულად კი, საქმე წინ არ წასულა. მომხსენებლებმა გაიხსენეს პოლიტიკოსთა მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი სიტყვები: „არც აფხაზეთსა და არც სამხრეთ ოსეთს არ მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება, თუ იქ გეი პარადებს გავუმართავთ“. ასეთები ბევრი იყო. კიდევ, პაატა საბელაშვილმა ახსენა, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო სამსახურში გეებს არ ამუშავებენ, თუნდაც საზღვრის დაცვაში. უცებ აქ გაისმა პირველი რეპლიკა: „შენ შენი ღირსება ვერ დაგიცვია და საზღვარს დაიცავ?“ ამის შემდეგ კი დაიწყო! ჯერ ფსიქოლოგმა (ბატონმა ნოდარმა) დაიწყო მეცნიერული დასკვნების გამოტანა. რამდენიმე მათგანის ჩანიშვნა მოვასწარი: 1. ნებისმიერ შიშს, მათ შორის ჰომოფობიას, ლეგიტიმური საფუძველი აქვს. ეს არის შიში ეროვნული იდენტობის დაკარგვის, ბუნების კანონის წინააღმდეგ წასვლის, ისტორიული ტრადიციის მდგრადობის დაკარგვის და ა.შ. 2. სქესობრივი კავშირი დაკავშირებულია აგრესიულობასთან, განსაკუთრებით მამაკაცური სექსი; 3. ჰომოსექსუალებს განსაკუთრებით ახასიათებთ აგრესია. მან სექსისთვის უნდა შეაცდინოს ისევ მამაკაცი, ძალა იხმაროს მასზე. აი, თურმე რისი ეშინიათ ბატონ ნოდარსა და მართლმადიდებელ მშობლებს. თქვე ცუღლუტებო, თქვენა! 4. ციხეში ჰომოსექსუალური კავშირი დასასჯელად გამოიყენება. უნდა გვეშინოდეს ციხის გარეთაც. ე.ი. თუ რამე დააშავე, ქუჩაში წამოგეწევა რომელიმე გეი და ისეთ რამეს გიზამს, დანაშაულის ჩადენა მეორედ არც მოგინდება. ძრწოდეთ! ამის შემდეგ მონასტერი აირია. უცებ ერთი ისტორიკოსი წამოხტა და თქვა: როგორ შეიძლება ტანკში გაგანია ომის დროს ერთმანეთის გვერდით გეი და ჰეტერო მამაკაცი ისხდნენ? მტრის შეტევაზე იფიქროს თუ იმაზე, ახლა ამ გეიმ არ მაცდუნოსო? ბიძაჩემო, ტანკისტი თუ ვარ და თან გაგანია ომში, კაბინაში შიშველი ანჯელინა ჯოლიც რომ მეჯდეს, ჩემში არანაირ სექს ემოციას არ გამოიწვევს. სტრესი აქვეითებს ლიბიდოს, მით უმეტეს ყუმბარების ხმა. თუ სუპერსექსუალურ მამაკაცებს გულისხმობთ, ომშიც რომ არ კარგავენ სექსის სურვილს, მაშინ მათთვის ტანკის ლულებიც პოტენციურ მსხვერპლს წარმოადგენს. ასე რომ, თქვენი შიში უსაფუძვლოა. ვიღაცამ დროული კითხვა დააწია ბატონ ისტორიკოსს: „თქვენთან სამსახურში ქალები არიან, ბატონო?“ „სექსუალური ძალადობა დანაშაულია გნებავთ მამაკაცის მიმართ, გნებავთ ქალის ან ბავშვის მიმართ“ - ასეთი პასუხი გასცეს, მაგრამ ვინ გაიგონა. ერთმა ბიჭმა, დავით გაბუნიად რომ გაეცნო ხალხს, იკითხა, - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რატომ არაფერს ამბობს ძალადობაზე ოჯახში, ძალადობაზე ბავშვების მიმართ და ა.შ. კიდევ თქვა, - რატომ არ არის ძალადობა ჰელოუინის დარბევა და რატომ ეძახით სექსუალურ ძალადობას ორი მამაკაცის ხელიხელჩაკიდებულ სეირნობასო. მთელი დარბაზი მისკენ შებრუნდა. უცებ წვერებიანმა მშობელმა ჩემს ზურგს უკან და დავით გაბუნიას გვერდით მდგომს უთხრა, - შე ჰელოუინის ჭინკაო (თუ რაღაც მსგავსი). გავიფიქრე, - თავზე თვით სატანა დამდგომია-მეთქი, შიშით მოვიხედე და დავინახე საშუალო სიმაღლის ბიჭი არა-გაუთოვებული ჯინსით, არა-ნანეტით, არა-წვერებით და არა-შავი „საროჩკით“. წავიდა ერთმანეთის ლანძღვა. დავითი და მისი მეგობარი გასასვლელისკენ გაემართნენ. ერთადერთი ეგ მოაძახა მშობლებს: ბავშვიც მყავს, ცოლიც, შენზე მეტი მართლმადიდებელიც ვარ, მაგრამ ეკლესიაში შენნაირი ხალხის გამო არ შევდივარო. მერე იყო მშობლების რეპლიკები: „თქვენ და თქვენი დასავლელი მამები სპეციალურად აქცევთ ქვეყანას! ერს რყვნით! მართლმადიდებლობას ებრძვით! აწყობთ უზნეო თავყრილობებს! ქართულ ტრადიციებს ანადგურებთ!“ ნინო ბექიშვილის ორიენტაცია რომ გაარკვიეს, უთხრეს: „შენ არამარტო ჰეტეროსექსუალი, უზრდელი ჰეტეროსექსუალი ყოფილხარ!“ - აი, წლის ფრაზა! სიცილით თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, არ გაეგრძელებინათ ამ უმსგავსობასა და უზნეო დისკუსიაში მონაწილეობა, მათ დარბაზი მაინც არ დატოვეს. ბოლოს მაინც მოუწიათ. დიდი ხნის შემდეგ პოლიციაც მოვიდა საქმის გასარკვევად. მოვიდნენ, ალბათ ამბავსაც მოისმენდნენ და მშვიდად წავიდოდნენ. მერე რა!

ჰო, მართლა, მშობლებმა თაროებზე შემოწყობილი ლიტერატურა გაზიდეს. სავარაუდო მოხმარების მიზანი: დიდი, ანტისატანური, ანტიჰომოსექსუალური და ანტიუზრდელ ჰეტეროსექსუალური კოცონის დანთება. დღეს დიდი დღე იყო, დიდი! დიდი და ბნელი!

21 მაისი, 2009

13 კლაკლა თევზი

▲ზევით დაბრუნება


iსაქართველო

www.desperate-ingeorgia.blogspot.com

0x01 graphic

ახლა, როდესაც დამოკიდებულებას ვიცვლი ჩემი ცხოვრების მიმართ, იმის მიმართ, თუ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, სიმამაცე მემატება. მით უმეტეს, რომ უცხო ქალაქში ვარ. შეიძლება ეს კიდევ ერთხელ არის რაღაც ილუზია და სპონტანური შთაგონება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება.

სასტუმრო, თანამედროვე კუთხოვანი შენობა. მოცუცქნული ოთახი ჩემოდნისთვის ადგილის გარეშე. თეთრი კედლები. ხედი მაღალ შენობებზე. და მონიტორი - კედელზე დაკიდებული ტელევიზორი, რომელიც ერთ კადრს აჩვენებს - აკვარიუმი თევზებით. გამოირჩევა ყვითელი თევზი, რომელიც რუტინულად დაცურავს ეკრანის ერთი ბოლოდან მეორისკენ და უკან. აკვარიუმის კადრს რაღაც „წყალქვეშა“ მუსიკა ერთვის თან. მონიტორი - თევზები - ავტომატურად ირთვება როგორც კი ოთახში შევდივარ. და ეს დამაწყნარებელი „ფანჯარა“ - ჰარმონიული აკვარიუმი - სინამდვილეში კონვულსიური ნევროტული მოძრაობაა ერთი და იგივე სიმშვიდით, ერთი და იგივე სიმშვიდით, ერთი და იგივე სიმშვიდით...

ამ ბოლო დროს პროტესტის ფორმაზე ვფიქრობ, თუმცა იდეა რეალურად არ მომსვლია თავში. საკმარისად არ ვფიქრობ, ან საკმარისად გამბედავი არ ვარ. და აი, მივაგენი - მხატვარ ნიკი დე სენ ფალეს გამოხატვის ხერხს. მას თოფი ჰქონდა, რაღაც სანადირო თოფივით, რომელიც ტყვიების ნაცვლად საღებავებს ესროდა სპეციალურად გამზადებულ კედელს, რომელზეც ესა თუ ის რამ იყო გამოსახული. „მას სურდა, ესროლა ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეკლესიისთვის... ყველაფერი ბოროტისთვის“, ამბობდა მინაწერი მუზეუმში.

ხელოვნება პროტესტია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საკუთარი თავის გამოხატვა, ნებისმიერი რამის გამოხატვა, ნებისმიერი ვინმეს გამოხატვა. ხელოვნება ინდივიდუალიზმია, ზოგჯერ რადიკალიზმის ზღვარზეც კი. ხელოვნება შინაარსია და არა სილამაზე. უნიტაზი შეიძლება გახდეს ხელოვნების ნიმუში, თუ მას მნიშვნელობას მისცემ. ზუსტად ეს გააკეთა დუშამპმა, თუმცა იქნებ ეს ხელოვნების დაკნინებაა და არა პირიქით. ესპანელმა ხელოვანმა პეპე ესპალიუმ (1955-93) ხელოვნება ნიღბების შინაარსში იპოვა. ის აფრიკული ნიღბებით დაინტრიგდა, რომლებიც უკუღმა სურდა რომ გამოეფინა, ისე, რომ დამთვალიერებელზე შთაბეჭდილება მოეხდინა არა თვითონ ნიღაბს, არამედ - ვინმეს არყოფნას.

ღია კაფეში ჩემს გვერდით შავკანიანი კაცი ჩამოჯდა და წიგნი ამოიღო, სათაურით „კანიბალების სექსუალური ცხოვრება“. არ გადაუშლია. გაზეთებს კითხულობდა. მზე ანათებდა შიგადაშიგ ღრუბლებიდან. მე ვკითხულობდი ჟ.მ.გ. ლე კლეზიოს ფუტურისტულ წიგნს „წყალდიდობა“.

„სამყარო, რომელშიც ყველა საგანი, ყველა ატომი გამოისახებოდა ერთი ასოთი და ყოველი მოვლენა და კონსტრუქცია, ან ნებისმიერი სხვა რამ, ჯადოსნურ კვადრატს დასახავდა:

A A A A
A A A A
A A A A
A A A A

- ანუ, ისინი მუდმივად გამარტივებისა და დაწრეტის განუწყვეტელ პროცესში ერთვებოდნენ, სანამ ის მომენტი დადგებოდა (რომლის აღწერაც შეუძლებელია), როდესაც შემთხვევა და საგანი, ჯაჭვი და კავშირი, ერთ ფენომენად, A-დ, ჩამოყალიბდებოდა. მოპედი ქუჩის ერთი მონაკვეთის გასწვრივ მიმქრალი ხმით მოძრაობდა კუთხე X-სა და ლამპიონ Y-ს შორის და აირეკლავდა შუქს. მაგრამ მოპედი, როგორც ასეთი, შეზღუდული იყო ქუჩის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ხმაში, რომელსაც ის გამოსცემდა, შუქში, რომელსაც ის აირეკლავდა. რაღაც მომენტში მისი მოძრაობა იქნებოდა დაპატიმრებული, შეიძლება ათასი წლითაც, ან განმეორდებოდა, განმეორდებოდა, განმეორდებოდა ის სწრაფი რიტმული მოძრაობა კუთხე X-დან ლამპიონ Y-ამდე, სანამ თვითონ მოძრაობა გახდებოდა მისი არსებობის გამომხატველი. აქ წვიმა ყოველთვის ასე იქნებოდა განუწყვეტელი, ტროტუარი ასე გაგრძელდებოდა მარჯვნივ უსასრულობისკენ. მაინც ორივე იქნებოდა რაღაც განსხვავებული, სადაც წვიმა და ტროტუარი აღარ იარსებებდნენ; აღარ იარსებებდა მოპედი, აღარც კუთხე, აღარც ლამპიონი, განათებული თუ ჩამქრალი, აღარც საღებავამძვრალი კედლები, აღარც ჯაჭვების ან სველი საბურავების ხმა... სამაგიეროდ იქნებოდა პატარა, მშვიდი, ხელშეუხებელი სურათი, გაყინული იმიჯი, მკვდარი მანამდე, სანამ უკვდავების მიღწევის შანსი მიეცემოდა, თამაშის ნაწილი, რომელსაც უკვე ვეღარავინ გაიგებდა... ყველაფერს ეს დასასრული ექნებოდა. მანამდე კი წყალი მილებში მიედინებოდა, და პატარა საგნების მთელი რიგი ტივტივებდა ქუჩის გასწვრივ გუბეებში. ეს იყო დასაწყისი“.

საშინლად მომეწონა ეს იდეა მუდმივი გამეორების, რომელიც ბოლოს ხდებოდა არაფერი და რომ ხმის არსებობა შუალედებში პაუზებით განისაზღვრება.

ჩემი არსებობა იქნებოდა არაფერი, მკვდარი, ამ „პაუზების“ გარეშე, სხვა საგნების გარეშე, ადამიანების, აზრების, განცდების... რომლებიც ამ არსებობის განუწყვეტლობას არღვევენ.

ფრანსუა ბეკონის (1909-92) ნახატი - „სამი ფიგურა და პორტრეტი“ (სადაც ნაჩვენებია მისი საყვარელი მამაკაცი, რომელმაც თავი მოიკლა). ბეკონი ასე აღწერდა მის ნახატებს: „თითქოს სულიერმა გაირა მათში და სულიერის არსებობის და წარსული შემთხვევების ხსოვნის კვალი დატოვა ლოკოკინასავით.“

4 მაისი, 2009

14 მაია

▲ზევით დაბრუნება


სტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

ეზოს თაღიანი გამოსასვლელიდან ბავშვებთან ერთად სწრაფად გამოვიდა და 6 წლის ანასტასიას და 4 წლის დიტოს მაგრად ჩასჭიდა ხელი. ხატია და ნატა, როგორც უკვე უფროსები, უკან მოყვებიან, ანასტასია და დიტო კი ცდილობენ, ფეხი ააყოლონ დედის დიდ ნაბიჯებს და მაკარონებივით ჩხირ ფეხებს ორჯერ სწრაფად, ლამის ჰაერში ასავსავებენ. არა, მაღვიძარამ კი დარეკა, მაგრამ ახალ ჩაძინებულმა როდის მიაჩუმა აწკრიალებული ტელეფონი, აღარ ახსოვს. გზის მეორე მხარეს თავისი პატარა დაჯგუფებით გადმოვიდა და გაჩერებული ავტობუსის ნომერს დააკვირდა. უფროსმა გოგოებმა სწრაფად იპოვეს ცარიელი სკამები და ნამძინარევი თვალებით ფანჯარას მიაშტერდნენ, მაიამ კი ოთხეულის ყველაზე პატარა წევრები ერთ სკამზე მოაკალათა და თვითონაც იქვე, კუთხეში დადგა. გადაამოწმა, - ხომ ყველანი ამოვედითო, - და დიტოს აჩაჩული ცისფერი ბრიჯის ტოტი ჩამოუწია. სამივე გოგო ბაკურ სულაკაურის სკოლაში სწავლობს: ანასტასია პირველ, ნატა მესამე და ხატია მეხუთე კლასებში არიან. დიტო სკოლის შენობის მეორე მხარეს - ბაღში დადის და ილიასთან მეგობრობს, მაია იმავე სკოლაში დაწყებითების პედაგოგია. ასე რომ, მარტივი არითმეტიკაა - თუ აგვიანდება ერთს, აგვიანდება ყველას. ბაზართან ავტობუსი კიდევ უფრო ანელებს სვლას, ერთ სკამზე შემოსკუპებული დიტო და ანასტასია თვალებს აძრობენ პლასტმასის „სპაიდერმენს“, მაია ფანჯრიდან აკვირდება ჯმუხ მამაკაცს, რომელიც ტყავგაუცლელი ხორცის ნაჭრებით სავსე პატარა, ჩაშავებულ ურიკას მოაგორებს. სავალ გზაზე გამოსული მემწვანილეები, ქალები, ზურგზე წამოკიდებული დაზოლილი ჩანთებით, ძირს დაყრილი საჭმლის ნარჩენები, გაუთავებელი სიგნალი... - უკვე მერამდენედ იწყება დღე ამ სურათით. და ეს სუნი... ავტობუსის ოდნავ შეღებული ფანჯრებიდან თითქოს ჯიბრზე, ხარბად რომ შემოდის... შხხ, შხხ - საიდანღაც ნიჩბების ხმა ისმის. რატომ ეცნობა? რა ახსენდება?... თოჯინა.

საათობით შეეძლო ფანჯარასთან მდგარიყო და თვალდაუხამხამებლად ეყურებინა ნაგვის მანქანისთვის, იმ ნიჩბებმომარჯვებული კაცებისთვის, რომლებიც ხმაურით ყრიდნენ ბუნკერიდან ნიაღვარივით წამოსულ ნაგავს დიდ საბარგულში. უსასრულოდ შეეძლო ესმინა ასფალტზე გახოხიალებული ნიჩბისთვის... შხხ, შხხ... ტანსაცმლის ნაკუწები, რძის ქილები, საჭმლის ნარჩენები - ის, რაც ადამიანებმა მოიშორეს და სხვაგან უნდა წავიდეს, სადღაც, სხვა მიმართულებით... სულ უნდოდა იმ გროვაში თავისი სახლის ნაგვისთვის მიეგნო, რაღაც საკუთარი ეპოვა. იმ დღესაც ჩვეულებრივად მივარდა ფანჯარას, რომ... ჩემი თოჯინა? რა უნდა აქ? მის დაუკითხავად გადააგდეს? ამაზე ფიქრობდა, რომ ნიჩბის ოსტატურად მოქნევა და თოჯინა ჭრელა-ჭრულა გროვაში გაუჩინარდა. ხმა ვერ ამოიღო. დამუნჯდა. არც დედას უსაყვედურა. გაბრაზდა, ეწყინა - ყველაფერი ერთად დაიძრა. ფურცელი აიღო და ზედ რაღაც დაწერა. რაღაც სტროფები, როგორც ლექსში.

0x01 graphic

ეგონა, რომ ყველა ასეა, გარედან ხარ მოწესრიგებული, დამჯერი, ლამის საუკეთესო, შინაგანად კი - ვულკანი იფრქვევა, ათასი ფეიერვერკი ერთდროულად ფეთქდება; ანუ, გარედან ნორმალური, შიგნიდან - სრულიად შეშლილი. ამ ორ პოლუსს მისი მშობლების სრულიად განსხვავებულ ხასიათს აბრალებდა; დედა - კეთილი, წყნარი, თბილი, მამა - ნიჭიერი, ურთულესი, ცოტათი მძიმეც...

ყოველთვის ცდილობდა, ყველასნაირი ყოფილიყო, არასდროს და არავის გამოერჩია. როგორც კი ერთხელ, ვიღაცის ნათქვამს მოჰკრა ყური, - ეს გოგო მგონი უცნაურიაო, - მაშინვე ჩაიკეტა, თითქოს დაპატარავდა კიდეც, როგორც ლოკოკინა, შევიდა, სიღრმეში შევიდა და გაუჩინარდა, გაფერმკრთალდა. დაძაბული იყო, არ უნდოდა, რომ ის, რაც მის შიგნით ხდებოდა, ვინმესთვის ხილული ყოფილიყო. სულ მონდომებით და წარმატებით თამაშობდა. ყოველი დღე სცენაზე ახალი სპექტაკლის სათამაშოდ გასვლას ჰგავდა; თამაშობდა იმას, რომ აინტერესებდა კლასელი გოგოების ამბები, მათი ხუმრობები; თამაშობდა, რომ აინტერესებდა მათთან მეგობრობა... სინამდვილეში კი ერთი სული ჰქონდა, როდის გამოიპარებოდა სკოლის ჯმუხი შენობიდან, აირბენდა პატარა, უკაცრიელ მთაზე და იმ ჟანგიან, ზამბარებიან საწოლზე, რომელიც ოდესღაც ვიღაცას გადმოუგდია, ენერგიულად და ძალიან ძლიერად დაიწყებდა ხტუნვას. რა მაგარი იყო ფრენის განცდა... მაშინ გრძნობდა, ის არ არის ჩაკეტილი, ის არ არის უცნაური... ყველაზე ღია და გახსნილია, ისეთი, რომ საკუთარი სხეულიდან გამოსულ მზის სხივებსაც კი ხედავდა. მიხვდა, მაია არის ორი: ერთი ყველასთვის და მეორე - თავისთვის.

0x01 graphic

მაია და დიტტო

„- დღემდე ასე ვარ, - გაიფიქრა თავისთვის და ბავშვებს დახედა, - ესენი თითქოს სხვანაირები არიან. აი, უფროსი, ხატია უფრო მეტად მგავს, თითქოს ყველაფერი სწორედ მას, როგორც პირველს, გარეთ გამოვატანე. არც მახსოვს, როდის ვიყავი ბავშვი, იმის შეგრძნება, რომ პატარა ვარ, არასდროს მქონია. მხოლოდ დიდების სამყაროთი ვცხოვრობდი, მთელი ბავშვობა მათ ვაკვირდებოდი, როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ. ახლა კი, როცა გავიზარდე, ყველაფერი უკუღმა მოტრიალდა...“ არავის ეუბნებოდა, მაგრამ სულ იცოდა, რომ პოეტი გახდებოდა. წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული, რა უნდა ეთქვა პირველი მსმენლისთვის. ის ხომ საკუთარ ბავშვობას ჰპირდებოდა, - ჩემს პირველ გამოსვლაზე შენ ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდიო. ბაღის დროინდელი დაპირება რამდენიმე წლის წინ შეასრულა, როდესაც მისი ლექსების პირველი კრებული „ცხადის გადაფარვა“ გამოვიდა.

0x01 graphic

მაია და მისი ძმა, საბა

- აბა, დროზე, ჩავედით, - უცბად წამოყარა ბავშვები სკამიდან და ავტობუსის ბოლოში უფროს გოგონებს ანიშნა, - ჩავედითო.

ქუჩა სწრაფად გადაირბინეს და სახლებს შორის ატალახებულ გზას სირბილით ჩაუყვნენ. სკოლის შენობასთან არც ერთი მანქანა აღარ დგას - ესე იგი მართლა დაგვაგვიანდა. ჩქარა, ნატა, მოკიდე დიტოს ხელი და შეიყვანე ბაღში, თან ისე, რომ მასწავლებელმა დაინახოს; შენ - ანასტასიას გახედა, - შევარდი კლასში; ნატა... ნატა, დროზე ამოდი, დღეს ტესტებს გაწერინებთ, ხომ იცი?; ხატია, აირბინე რა...“. სულ რაღაც 2 წამი და, ბავშვებით აჩონჩხლილი მაია სკოლის დერეფანში შევარდა.

- ვაა, მაია, მოხვედი? ერთ-ერთი ოთახიდან მესამე კლასელი ნიკოლოზი გამოვიდა. იცი, მაია, მე უკვე დავწერე ბუნებაში ტესტი!; - აღფრთოვანებული ვარ, ნიკოლოზ, შენით, მართლა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა, - ეუბნება და თან ჯინსის ქურთუკს იხდის, - 9 წლის გახდი და იცი, როგორ გეტყობა? სულ სხვა ხარ, მართლა; ნიკოლოზი ქვემოდან უყურებს - აუ, მაია, ანას ეტყვი, რომ მე დღეს შევიცვალე? კარგად ვიქცევი და რომ შენ ჩემით აღ ბრთხოვანებული ხარ, ეტყვი ხომ?; ჰო, ეტყვის, აბა, რას იზამს, ნიკოლოზი ხომ მთელი დასვენებები ანას კლასის კართანაა ატუზული. აი ახლაც, ოდნავ შეღებულ კართან დგას და მოცუცქნულ ანას ცალი თვალით აკვირდება. მაიამ ქართულის ტესტები დაარიგა და დერეფანში გამოვიდა. პირველად მასწავლებლობა 51-ე სკოლაში დაიწყო. ერთი წელი იყო იქ, მაგრამ რომ ჰკითხო, - როგორი იყოო, - ჩემი შავი ლაქააო, - გიპასუხებს. არ ახსოვს, რას აწერინებდა, რას ასწავლიდა. მთავარი მხოლოდ და მხოლოდ ემოცია იყო. ძალიან არ უნდოდა თავის მასწავლებლებს დამსგავსებოდა, რომლებიც საშიშ არსებებს ჰგავდნენ - არ გიცნობდნენ, არ იცოდნენ, რა ხდებოდა შენს თავში და გამუდმებით რაღაც კითხვებზე ითხოვდნენ პასუხებს. რა საშინელება იყო... მხოლოდ თავისუფალი თემების წერა უყვარდა, აი, მაშინ ხდებოდა თავისუფალი, დაუმორჩილებელი, უკონტროლო. ამიტომ პედაგოგობა თავისუფალი თემებით დაიწყო. მართალია, მაია დაწყებითებს ასწავლიდა, მაგრამ მაინც. ამის გამო იყო, რომ ჯერ დროზე ადრე, სულ ფართხაფურთხით მივიდა ასო ჰ-მდე და მეორე დღესვე თემების წერა დაავალა ბავშვებს. ერთი სული ჰქონდა, სწრაფად აეხსნა პროგრამის მასალა, რომ მერე მათთან ესაუბრა, დასაწერად თემები მიეცა... ზოგჯერ ვერის პარკშიც გადაჰყავდა, სასუსნავსაც ყიდულობდა რამეს. თუ ვინმეს მშობელი დააგვიანებდა, თავად მიჰყავდა სახლში. არასდროს ჰქონია გეგმაკონსპექტი, არ იცოდა, რანაირად და როგორ უნდა ელაპარაკა მშობელთა კრებაზე; არც სამასწავლებლოში შედიოდა და ვერც სხვა მასწავლებლებთან ლაქლაქით ირთობდა თავს. მარტო იყო ხოლმე, თავისთვის. ახლაც ასეა. ზოგჯერ ჰგონია, რომ ხალხთან მხოლოდ იმიტომ ურთიერთობს, რომ ასეა საჭირო. ეს ისევ სპექტაკლის თამაშს ჰგავს. მობილიზებულია და ლაპარაკისას სულ აკონტროლებს, რა დოზით შეიძლება იყოს თავისუფალი, რომ სწორად გაიგონ, რომ არ დაამძიმოს მოსაუბრე. „თითქოს დღეს ითვლება, რომ კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ამ დროს საშინელი დისტანცია და აუწერელი მარტოობის განცდა მაქვს. ვკონტაქტობ გულით და ტვინით სულ მარტო ვარ“.

ბავშვების თავისუფალი თემები დღემდე თავის ოთახში, ლექსებთან ერთად უყრია დიდ პარკებში. როგორც ნატამ თქვა, - 7 ან 25 ასეთი პარკი მაინც აქვსო. აი, ახლაც დერეფანში ზის და კალთაზე დაყრილ ძველ ფურცლებში იქექება - „ძალიან მიყვარს ყავისფერი, იმიტომ რომ ის, ბოლოს წინა ფერია და, საერთოდ, მე ყველაფერი ბოლოს წინა მიყვარს“. მეორეს კი თემა „რას არ ვიზამ არასდროს“ ასე დაუწყია, - „არასდროს მოვკლავ კაცს. არასდროს დავგლეჯ ფოთლებს“. - მაია, ქართულიც მოვრჩი - იუბილარი ნიკოლოზი ისევ ყველაზე ადრე გამოვიდა კლასიდან. მაია... მაია?

რა ახირება იყო, მამამისი მთელი ბავშვობა ნაჩუქარ წიგნებს „ჩემს სალომესო“ აწერდა, დედა კი ამბობდა, - ელისაბედი მინდოდა გრქმეოდაო. კი მაგრამ, მაშინ ვინ მოიტანა ეს მაია? არა, არც მაიას მოსწონდა - მაია. ზედმეტი სიმრგვალის გამო არ მომწონს, მინდა, მეტი კუთხოვანება იყოს ამ სახელშიო, - უთქვამს ერთხელ ვიღაცისთვის. მამა რთული იყო, ახლაც ასეთია. დედა? დედა 9 წლის წინ გარდაიცვალა. მერე რა, რომ ახლა 40 წლის არის, მაიას ხომ მთელი ბავშვობა ეშინოდა უდედო ბავშვების... ერთხელ თქვა - წარსულიდან, განვლილი ცხოვრებიდან ვერაფერს ვირჩევ, ვერაფერზე ვახდენ ფოკუსირებას, იმდენად ირევა დროები ერთმანეთშიო, მაგრამ მისი ნაცნობი ყველა უდედო ბავშვი ისე კარგად ახსოვს, ისე ნათლად... ზუსტად იცის იმ ბავშვებიდან ვის, სად ედო დედის ფოტო, როგორ ჩარჩოში.

დედასთან არასდროს გახსნილა. ის არც იცნობდა მაიას. რა უცნაურია... ისეთი გასაოგნებელი სიმშვიდე მოვიდა მისი გარდაცვალების შემდეგ... ტელეფონით ელაპარაკა, - დღეს ვერ გამოვალო. მაშინ ნატა დღეების იყო, დამტოვებელიც არავინ ჰყავდა. თან რა უნდა მოსვლოდა დედას, ჩვეულებრივი ფილტვების ანთება ჰქონდა. ბავშვს ძუძუს აწოვებდა და რატომღაც დედაზე ლექსის დაწერა მოუნდა.

0x01 graphic

ნატა, ხატია, მაია, ანასტასია და დიტტო

არა, ასეთ ექსტრემალურ პირობებში მაიასთვის ლექსის დაწერა არც ახლაა უცხო, ხან აბაზანაში წერს და ხან თავის კარადაში შემძვრალი. დაწერა დედაზე, ფანჯარაზე, რომელსაც ის აღებს, რადგან ჰაერი არ ჰყოფნის... დედას სუნთქვა უჭირსო. ცოტა ხანში დაურეკეს, მაიასთან ტელეფონზე ლაპარაკის შემდეგ სულ რამდენიმე წუთში გარდაცვლილა, თან ფანჯარა გაუღია, ჰაერი არ ჰყოფნიდა. ის ლექსი ვეღარ დაამთავრა, იმ დღეს კი მაინც მივიდა დედასთან თოთო ნატათი ხელში. ცოტა ხნის წინ ვიღაც ქალს მიამსგავსა, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და სასწრაფოდ ჩამოვიდა ავტობუსიდან.

უფრთხილდებოდა, სულ ცდილობდა, არ ეჩვენებინა მისთვის თავისი მე, თავისი შინაგანი სამყარო. გრძნობდა, რომ როგორც კი რაიმე არაორდინალურს იტყოდა ან გააკეთებდა, დედა ფრთხებოდა, ნერვიულობდა, აი მაშინაც... როგორ ურტყა დედამ კედელს თავი, - რა გემართებაო!... ეს კი იდგა გვერდზე და ვერაფრით ამშვიდებდა. ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა. მაშინ მაია პედაგოგიურზე სწავლობდა, 18-19 წლის იქნებოდა. პირველი კლასიდან, აი იმ თოჯინიდან მოყოლებული, წერდა ლექსებს, მაგრამ არავის უჩვენებდა. მთელი თავისი სათქმელი, სიხარული თუ მწუხარება ცალხაზიანი რვეულის ფურცლებზე გადაჰქონდა და სადღაც ჩურთავდა. მწერლების ოჯახში მოხვდა, უფრო სწორად თვითონ დაუმეგობრდა და მთელი ერთი წელი ლამის მათთან იცხოვრა, არადა, სახლში იტყუებოდა, - ინსტიტუტში მივდივარო. არა, არ ლაპარაკობდა, წერილებს უწერდა. ახლაც ახსოვს ის განცდა, მათ სახლთან მიახლოვებისას თითქოს ვმუნჯდებოდიო და... წერილებს უტოვებდა კარებში, მაგიდაზე, თაროებზე... მიჰქონდა და უტოვებდა ლექსებს, თავის გასაიდუმლოებულ პოეზიას, ვინ მოთვლის ლურჯი მელნით აჭრელებული რამდენი ფურცელი დაუტოვებია. მაგრამ ეს ყველაფერი ერთ დღეს შეწყდა, როდესაც იქ, სრულ გაურკვევლობაში მყოფი დედა დახვდა. წარმოიდგინა, როგორ დაიბნა ალბათ დედა, როდესაც ვიღაცამ დაურეკა, - „მობრძანდით ჩვენთან, თქვენ შვილთან დაკავშირებით საქმე გვაქვს“-ო. არადა, მთელი ეს წერილები და ლექსები, რომლებსაც იმ ოჯახში მოუყარა თავი, მისი პირველი და უკანასკნელი ამოლაგება იყო. ყველაფერი იქ იდო, იმ ფურცლებში. რა გულწრფელი იყო მაშინ... იქნებ წააკითხეს კიდეც დედას! როგორ შერცხვა... მაგრამ ეს ყველაფერი ოდესმე უნდა დამთავრებულიყო, მთელი ეს ოჯახი და მისი სტუმრობები ხომ ბოლოს უკვე აკვიატებულ იდეად გადაექცა... როდესაც მათი სახლიდან გამოვიდოდა, მოპირდაპირე მხარეს დგებოდა და მაღალ ფანჯრებში აკვირდებოდა მათ ლანდებს, ადამიანების მოძრაობას ოთახიდან ოთახში. ვერ გრძნობდა, მაგრამ, მგონი, მართლა ცუდად იყო. რაღაცას ეძებდა, რაღაცას თუ ვიღაცას... ის ხომ მთელი ცხოვრება ეძებდა სახლს, ეძებდა ადამიანს, რომელიც „მარადიული სიმშვიდის გარანტი“ გახდებოდა მისთვის. სახლი ლექსებში იპოვა, ადამიანი... ახლა აღარ ეძებს, - მე თვითონ უნდა გავხდე ძლიერიო. არადა, სწორედ მაშინ არ იყო, გაკვირვებულ დედას რომ უთხრეს, - ქალბატონო, თქვენი შვილი პოეტია, ნამდვილი პოეტი! ახლა ამაზე ეღიმება კიდეც.

ინსტიტუტის დროს სკოლის ჩაკეტილობა სადღაც გაქრა, თითქოს თავისი გასაღები იპოვა და საკეტი ბოლომდე გადაატრიალა. აუდიტორიიდან იპარებოდა და 301-ე კაბინეტში შედიოდა, სადაც ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ნოტებით უჯდა პიანინოს და უკრავდა, ბევრს უკრავდა. ძალიან უნდოდა პიანისტობა, უბრალოდ იცოდა, მისი ქაოტური ბუნებით, სადაც სიტყვა რეჟიმი და განრიგი არ არსებობდა, შედეგს ვერ მიაღწევდა, ვერ იმეცადინებდა. კიდევ კარგი, ლექსს რეჟიმი არა აქვს, - გაეღიმა უცებ თავის აღმოჩენაზე. მგონი, ახლა ყველაზე საინტერესო თავი მაქვს, - გააგრძელა თავისთვის, - განცდა მაქვს, რომ ყველაზე დიდი გულწრფელობის ხანა დამიდგა. უფრო სწორად იმის, რომ არ მეშინია ვიყო გულწრფელი. არ მიყვარდა, როცა შიგნით ვიღაცები რაღაცებს ეხებოდნენ, ახლა ამაზე მშვიდად შემიძლია საუბარი. თუმცა, არეულობა უფრო მატულობს. შეიძლება ეს დალაგების წინა არეულობაა - იწყნარებს თავს, - როდესაც გენერალური დალაგების წინ ყველაფერს გარეთ გამოყრი, რომ მერე თითოეულ ნივთს თავისი თარო და კუთხე მიუჩინო. ყველაფერი უნდა დასუფთავდეს, მტვერი გაიწმინდოს და დალაგდეს. ალბათ მაგიტომაც მაქვს ქაოსი და სიმშვიდე ერთად. სიმშვიდე იმიტომ, რომ ვიცი, ის ამ არეულობას აუცილებლად მოჰყვება და არეულობა იმიტომ, რომ ყველა ემოცია, დედის მუცლად ყოფნის დროიდან მოყოლებული და მომავალში რაც უნდა გადამხდეს იმით დამთავრებული, ყველაფერი ერთად მაქვს გამოლაგებული. ძნელი სატარებელია ეს ყველაფერი. ძნელია ტვინზე ამით დაშენებული დადიოდე და თან, პარალელურად, გარეთ სულ სხვა რაღაცები ხდებოდეს. უნდა იყო კარგი ცოლი, კარგი დედა, კარგი რძალი, კარგი მასწავლებელი...

- აუუ, მაია, მაიაა... ნატა კისერზე ჩამოეკიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ისე შეეჩვია მაიას სკოლაში ყურებას, რომ როდესაც სახლში რაღაცის თქმა უნდა, ნატა ხელსაც კი სწევს ზემოთ და, - მაიააა... დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები არასდროს ეყოლებოდა. მთელი გეგმა ჰქონდა შემუშავებული - როგორ იშვილებდა, მერე როგორ აუხსნიდა ყველაფერს. დედობა იმდენად დაუჯერებელი იყო მისთვის, რომ ქუჩაში ფეხებს უკოცნიდა პატარა ბავშვებს. მერე კი... სულ უკვირდა, როცა ეუბნებოდნენ, - ყოჩაღ, როგორ გააჩინე 4 ბავშვიო. საიდან გააჩინა? ვინ მოიტანა? რა შუაშია? ერთი დილა ახსოვს, გამოვიდა და ოთახში 4 ბავშვი დაინახა, თამაშობდნენ. მაშინ მიხვდა, - ოთხივე ჩემი გაჩენილია! გაუკვირდა. მერე ლექსი დაწერა:

თურმე ბავშვები მცვიოდა სხეულიდან და ახლაღა დავინახე, სასწრაფოდ ავიყვანე ოთხივე ხელში, როგორც წესია, სახლში შევიყვანე...

ორი დაკარგული ადამიანი ვიყავით და ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდით. ერთმანეთს გზის გაკვლევაში ვეხმარებით, ხან ხელსაც კი ვუშლით, - გაახსენდა როგორ უთხრა ქმარზე რომელიღაც ჟურნალიტს, - გულწრფელად ვართ ერთად და ყოველდღიურობის სიმძიმეს სწორედ ეს მატანინებს. ერთხელ შოთასთან სტუმრად მივედი და დავრჩი. ასე აეწყო, წინ მივდივართ თუ უკან, არ ვიცი, მაგრამ სადღაც ხომ მივდივართ. მერე ამ ბავშვების ვარსკვლავთცვენაც დაიწყო და...

სიზმრებს, დიდი ხანია, აღარ ხედავს. თითქმის არ სძინავს. ერთადერთი თავისუფალი დრო ბავშვების დაძინების მერე რჩება და მაშინაც წერს, წერს ლექსებს, სიტყვებს, ფრაზებს... არადა, ადრე, ხშირად ესიზმრებოდა მაღალი, ღრუბლებამდე ასული მთა, პატარა მონასტრით კენწეროში. მისი იყო, მხოლოდ მისი. ბოსტნით და ცხვრებით ეზოში. სულ ჰქონდა სწრაფვა განმარტოებისკენ, სადღაც გაქცევისკენ... უნდოდა ეგრძნო, რას ნიშნავს იყო თავისუფალი, თავისუფალი ყველასა და ყველაფრისგან. ეს არც ბავშვობაში ჰქონია, არც ახლა... ნეტა რა ხდება მაშინ, როცა არავინ არაფერს არ გთხოვს? თუმცა, რაც ბავშვები გაჩნდნენ, ამ სწრაფვამ სიმძაფრე დაკარგა. ახლა, სადაც კი მიდის, ბავშვებიც იქ არიან, თითქოს თან დაჰყვებიან. იმ მონასტერშიც ოთხივეს ხედავს, საცოდავად კედელთან ატუზულებს.

წუხელ დიტოს და ანასტასიას რომ აძინებდა, ბავშვებს პატარა დისკუსია გაუმართავთ ჩაბნელებულ ოთახში - „რა არის სევდა“. - „დე, როცა არ ვლაპარაკობ, მაშინ რას ვამბობ ხოლმე? - უკითხავს დიტოს; - როცა არ ლაპარაკობ, არაფერსაც არ ამბობ, სულელო! - კი! ვამბობ! ახლაც რომ ჩუმად ვიყავი, რაღაცას ვამბობდი სევდაზე. მე ვიცი, რა არის სევდა. სევდა ბრტყელი და ნაცრისფერი თევზია; - არა, არა, - წამომხტარა ანასტასია, - სევდა თევზი კი არ არის, ფერადი ფანქრების ყუთში რომ ყველაზე მოკლე შავი ფანქარია, ეს არის სევდა! ესე იგი, ყველაზე ხშირად შავი ფერით ხატავ...“. ჰოდა, დღეს მესამე კლასელებს მაიამ თემა დააწერინა სევდაზე. „სევდის გარეშე სიყვარულიც არ იარსებებდა, - დაუწერია ერთ-ერთს, - დედასაც და მამასაც კი იმიტომ უყვართ თავისი შვილი, რომ სევდა აქვთ. ის ძალიან საჭიროა, მაგრამ არ განერვიულებს! აი, გაჟრჟოლებაც კი უფრო ძნელია და კარებში ხელის მოყოლა, ვიდრე სევდა“... მაიამ ყველა ბავშვის თემა სათითაოდ, ხმამაღლა წაიკითხა. უხმოდ ისხდნენ. მოეწონათ, რომ დიდებივით მსჯელობდნენ. მერე ჰკითხეს, - მაია, რაზე ხართ ხოლმე სევდიანიო?... ბევრი არც უფიქრია, უცებ, მისდაუნებურად ინგრიდი გაახსენდა, - „ერთი ბელგიელი მეგობარი მყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ახლა ცოტათი ავადაა და ისევ თავის სამშობლოში მკურნალობს“-ო. გაისუსნენ. მიხვდა, რომ ბავშვები ზედმეტად დაიძაბნენ და... ბედად, ეზოში ძალიან საყვარელი ლეკვები დაინახა. დედას ადევნებულები სასაცილოდ მიხტუნავდნენ და კუდებს სულ აქეთ-იქით აქიცინებდნენ - „ნახეთ! ნახეთ! რა გაჩვენოთ“, - წამოიძახა მაიამ და ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, რომ ზუსტად 1 წუთში ისეთი ხმაური ატყდა... ყველანი ფანჯარას მისცვივდნენ, მინაზე აკაკუნებდნენ და გამალებით ყეფდნენ. მაია კი იმაზე დაფიქრდა, თუ რა დიდი სიამოვნებით იქნებოდა სევდის მასწავლებელი. სევდის, რომელიც „გაჟრჟოლებაზე და კარებში ხელის მოყოლაზე უფრო უმტკივნეულოა“, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი... ან იქნებ არც კი!..

ყვითელი ავტობუსის კარი გაიღო და ხუთივე მორიგეობით, კიბეებზე ავიდა. 4 საათია, მზე ისევ აჭერს. რა ძნელია ამ ჩახუთულ ტრანსპორტში უსასრულოდ ჯანჯღარი. მერე სახლი, საჭმლის მომზადება, ბავშვების მეცადინეობა... დრო თითქოს ჯიბრზე იწელება. ყოველთვის უკვირდა, როდესაც ესმოდა, - რა მალე გადის დრო, თითქოს გუშინ მოხდაო. მისთვის კი ყველაფერი ნელა ხდება, აუჩქარებლად. ბავშვებიც ნელა იბადებოდნენ, ნელა იზრდებოდნენ... თითქოს დრო არის რაღაც უსასრულო სხეული, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო. სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთში ირევა და ისიც ამ მორევში ტრიალებს შეუჩერებლად.

ნუგეში... სულ მის ძებნაში იყო. შეიძლება ეს ყოფილიყო ბავშვი, რომელიც საწოლში შეუძვრებოდა, ან - ქუჩაში დანახული გვირილები, ყაყაჩო... ჰო, ის წითელი ყაყაჩო, რომელიც დედამისის საფლავზე ამოვიდა. რა უცნაურია - კიდევ ერთხელ გაახსენდა ეს პატარა სასწაული - არადა, სულ არ თბილოდა, ბალახის ნასახიც კი არ იყო არსად და იქ ეს პატა რა ყაყაჩო დახვდა. ისიც კი იფიქრა, ვინმემ ხომ არ ჩაყარა ყვავილის თესლიო, - და თითით, გარშემო ამოუჩიჩქნა მიწა. არა, თავისით ამოსულა. იმდენი რამე უთხრა იმ ყაყაჩოთი დედამ... მან ხომ ყველაფერი იცის მაიაზე, როგორ ცხოვრობს დღეს, რა უხარია, რა ამძიმებს. ის ხომ მაინც ჩემთან არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებსო.

სიკვდილზე ხშირად უფიქრია. უფიქრია მაშინ, როდესაც სახლში ყველას ეძინა და თვითონ ლექსს წერდა. ზოგჯერ მარტო იმიტომ გადაუთეთრებია, რომ უფიქრია, - რამე რომ მომივიდეს, მერე? მერე ვინ გააკეთებს ამას? რამდენი საიდუმლოა, რომელსაც გულში, ღრმად ინახავს, იმას, რასაც არასდროს და არავის ეტყვის, თუმცა სათუთად შენახული ეს ამბები მისდა დაუკითხავად მაინც გაპარულან ლექსებში, სადღაც-სადღაც მიმოფანტულან. ზოგჯერ თითებზე გადაითვლის ხოლმე წლებს. ამდენი ხნის მერე რამდენის იქნება ნატა? ხატია? დიტო ან ანასტასია? თითქოს ცდილობს, გაიგოს, როდის შეიძლება სადღაც წასვლა, ისე წასვლა, რომ მათ დიდი ტკივილი არ დაუტოვოს, დიდებად დატოვოს.

სახლში ხმაურით შევარდნენ. ნივთები აქეთ-იქით მოფანტეს და მაშინვე ტელევიზორი ჩართეს. გოგოებმა სკამები რაც შეიძლება ახლოს მიადგეს ეკრანს და დიდი ძებნის შემდეგ რომელიღაც სერიალის რომელიღაც სერიას ჩაუსხდნენ. - კიდევ მაგას უყურებთ ხომ?! - გასძახა მაიამ სამზარეულოდან, - გამორთეთ რა! - დეე, დე, ნახე, სად ავძვერი, - გამოსძახა დიტომ და თან ორივე ფეხი მაგრად დადგა მიჯრით დაწყობილ წიგნის თაროებზე. ანასტასია მაგიდაზე აძვრა და ერთი ციცქნა წიგნის აღებას ლამის მთელი თარო გადმოაყოლა. - „ეს ვისია? ანასტასია შენია?“ გვირილის ფორმაზე გამოჭრილი ჩვეულებრივი, მწვანე რვეულია. მაია ყველა შვილს დაბადების დღეებზე თავის გაკეთებულ ბლოკნოტებს ჩუქნიდა. უჩუქებია მაშინაც, როცა ბავშვები 1-2 წლის იყვნენ, - გაიზრდებით და წაიკითხავთო. ყველა გვერდზე ლამაზი ნახატებია, თავისი მინაწერებით. ზოგან კოცნის, ზოგან - ეფერება, ზოგან - ამბებს უყვება. „დედიკო, ჩემო საყვარელო, ზოგიერთ ასოს უკუღმა რომ წერ. ისეთი სიცოცხლე ხარ, მინდა შეგისრუტო. ლ-ს შენ იცი როგორ წერ? აი, ასე - . ეს ჩემი საყვარელი „ლ“-ა მთელს დედამიწაზე“.

მაგიდის ქვემოდან პატარა ხელი მოჩანს, დიტოს ფაფუკი თითები ნელ-ნელა მოიწევენ შუაგულში დადებული ფინჯნისაკენ, რომელზეც დარჩენილი შოკოლადის ფილა დევს. სანამ მაია გოგოებს ელაპარაკება და სამზარეულოში ფუსფუსებს, თითები დანიშნულების ადგილს აღწევენ, წამში ესხმიან თავს საცოდავად დარჩენილ ფილას და ჰოპ... დიტო პირის ცმაცუნით წითელ საბარგულიანი მანქანის მოსაძებნად გარბის. არა, ამაში ძალიან ჰგავს დედას. იმ დღეს არ იყო, სტუმარმა შოკოლადი რომ მოიტანა და ბავშვები დედას ეხვეწებოდნენ, - სულ არ შეჭამო, ცოტა დაგვიტოვეო. ამასობაში სერიალიც მორჩა და ნატაც „უჟასების“ მოყოლაზე გადავიდა: აი, მაია, გახსოვს, ერთხელ ბეტონს თავი რომ ავარტყი და მერე ჯაჭვები რომ არის ქუჩაში გაკეთებული, იმასაც? ხატიამ ფეხი რომ მოიტეხა თხილამურზე და მერე მე ისევ საქანელაზე რომ ვქანაობდი და თავი რომ ავარტყი ბეტონს?! ანასტასია სარაიადან რომ გადმოვარდა და მუცლით დავარდა, მერე 3 წლის რომ იყო და ჩემს დაბადების დღეზე წითელი ბუშტი რომ გვინდოდა ორივეს, ჰოდა, მე რაღაცნაირად გავარტყი და სუნთქვა რომ შეეკრა. დიტომ კიდევ იმ დღეს ბებიას წნევის წამალი რომ დალია და მერე საავადმყოფოში კუჭი რომ გამოურეცხეს... ერთხელ კიდევ დიტომ შენ რომ გითხრა, - ცხვირში რაღაც შევიტენეო, ქინდერი რომ უნდოდა და მოგატყუა. დიტო გვერდზე უდგას, ხმას არ იღებს და როგორც ყოველთვის, იღიმება. დიტო რომ გაიზრდება, ჯერ მამა გამოვა და მერე ბაბუა, მანამდე კი მულტფილმებს უყურებს და ზოგჯერ დების თოჯინებითაც თამაშობს. - დეე, გახსოვს, ანასტასია რას გავდა, რომ დაიბადა?! და მე რომ გეკითხებოდი, ეს ზანგი ბავშვი რატომ გააჩინეო?... ანასტასია ყურებამდე იღიმება და გოგოებს უყურებს. - ჰოო, დაამატა მაიამ, - წვრილი და ვერტიკალური თვალები ჰქონდა, ნამდვილი უცხოპლანეტელივით იყო. ისე, თქვენხელა რომ ვიყავი, მეც ღია ფერის თმა მქონდა, ღია, ღია, სულმთლად ოქროსფერი. მერე, რომ გავთხოვდი, გამიმუქდა და...; - კი აბა, მაშინ ქორწილის სურათზე რატომ ხარ ყავისფერი?; - მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი, - უპასუხა ნატას; პაუზა და ოდნავ მოჭუტული თვალებით, - ვისგან?; - აჰა, ესეც სერიალი... გაიმეორა თავისთვის მაიამ.

სანამ ბავშვები ჯერ კიდევ არ დგანან ყირაზე და ტელევიზორს უტრიალებენ, მაია თავის ოთახში გადის. იქ, იმ ტანსაცმლის კარადაში მისთვის ნამდვილი სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც გათხოვდა, ეს კარადა აღმოაჩინა და... ეს უფრო მეგობართან ყოფნას ჰგავს, მეგობართან, რომელიც არ გყავს. სიჩუმეა, სიბნელე. შეძვრები შიგნით, მიიხურავ კარს და... შიგნით გამოკეტილმა ჰაერმა ყველაფერი იცის შენზე, ორმხრივი უსიტყვო აღსარებაა, უსიტყვო ნუგეში. არაფერი არ უნდა მოუყვე, ისედაც ყველაფერი იცის. ყველაფერი ნათქვამია და ამავე დროს იმდენი რამეა სათქმელი... როცა სიტყვები ფუნქციას კარგავენ, მაშინ შეძვრება ხოლმე კარადაში და ზის, ჩუმად, უსიტყვოდ. მერე? მერე ბავშვების ძილის დრო მოვა, მაია დიტოს მიუწვება და ტელევიზორს ჩასაფრებული გოგონები რომელიღაც სერიალის რომელიღაც სერიას უყურებენ. მერე სხვებიც დაწვებიან, სახლში დაბნელდება და სიჩუმე ჩამოწვება. მაიას კი არ ეძინება, ჯდება და წერას იწყებს.

ამ ბოლო დროს ძალიან აირია, ქაოტური გახდა. ალბათ ის ზამბარებიანი საწოლი აკლია, სკოლიდან გამოპარული ზედ რომ დახტოდა, - მივფრინავო. ან ის საქანელა, ძალიან მაღლა დაკიდული საქანელა, რომელზეც ძლიერად და სწრაფად ქანაობს. ხედავს, როგორ ქანაობს... მისთვის კარგად ყოფნა ტრიალს და ჰაერის შეგრძნებას ნიშნავს. ჰო, აი ის ზამბარებიანი საწოლი, ის განცდა აკლია.

მახსოვს, როგორ დავიბადე. იმდენად ცხადად ვხედავ ამ სურათს, რომ მიჭირს, ყველაფერი ჩემს ფანტაზიას დავაბრალო. დიდი, თეთრი შუქი, ნათება... მაღალი ფანჯრები და თოვა... სიჩუმე. ეს კადრი ყველაზე მღელვარე მომენტებში ხატივით ჩნდება და პირველყოფილი სიმშვიდე მოაქვს.

არსად არ დავბრუნდებოდი; მხოლოდ იქ, იმ განცდაში, როცა დავიბადე .

მაია სარიშვილ

15 შეიცვლება თუ არა ირანი?

▲ზევით დაბრუნება


წერილი ირანიდან

მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახალ საარჩევნო კამპანიაზე დიდი ფსონები იდება

ავტორი: ჯონ ლი ანდერსონი
თარგმნა ქეთი ქანთარიამ

0x01 graphic

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

0x01 graphic

REUTERS
მაჰუდ აჰმადინეჟადი, თეირანი 2009

აჰმედინეჟადს, მისი უბრალო წარმოშობის გამო, ირანის პოლიტიკური ელიტა ქედმაღლურად შეხვდა. თუმცა, იგივე ფაქტორი ერთობ მომგებიანი გამოდგა არჩევნებისას. 2005 წელს მის საპრეზიდენტო კამპანიას ელექტორატის სამოცდაორი პროცენტი მიემხრო.

მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ ირანის პრეზიდენტი გახდა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა საკომუნიკაციო ხერხების საუცხოოდ ფლობის უნარი გამოავლინა. თავის ბლოგზე, რომელსაც „მაჰმუდ აჰმადინეჟადის პირადი ჩანაწერები“ ჰქვია, იგი ღმერთზე და ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობს, ბავშვობას იხსნებს და მკითხველების ელექტრონულ წერილებს პასუხობს. 2005 წლის მისი საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან მომენტებს ორი ოცდაათწუთიანი ვიდეორგოლი ასახავდა, რომლებშიც აჰმადინეჟადი დიდი ოსტატობით იყო წარმოჩენილი ხალხის წიაღიდან გამოსულ ლიდერად. ერთერთ სცენაში იგი საერთო სასადილოში საკუთარ ულუფას ელოდებოდა, მეორეში ღარიბ-ღატაკი ადამიანების გარემოცვაში იყო გადაღებული. ეს რგოლები დაუსრულებლად ტრიალებდა ტელევიზიების ეთერით. კამპანიის სლოგანი ასეთი იყო: „ეს უნდა გაკეთდეს და შევძლებთ კიდევაც“.

ვიდეორგოლების ავტორი ჯავად შამაქდარი იყო და იდეაც მას ეკუთვნოდა. ეს უზარმაზარი, დიდწვერა კაცი პრეზიდენტის „არტკონსულტანტია“, რომელმაც ერთ თვის წინ ჰოლივუდს „ირანის ოცდაათწლიანი შეურცხყოფისა და ბრალდებებისათვის“ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. არგუმენტად შამაქდარის 2006 წელს გადაღებული „300“ მოჰქონდა, ფილმი სპარტელებსა და ბოროტ ძალას - ზნედაცემულ სპარსებს შორის ბრძოლაზე. მეორე ასეთი ფილმი „მოჩხუბარი“ იყო, რომელშიც მიკი რურკის გმირს ორთაბრძოლისას ძველი მოწინააღმდეგე, სახელად აიათოლა, ირანის დროშით უპირებს განგმირვას.

შამაქდარიმ და აჰმადინეჟადმა ერთმანეთი სამოცდაათიანი წლების ბოლოს თეირანში გაიცნეს, როცა ორივე საინჟინრო საქმეს სწავლობდა. ირან-ერაყის ომის დროს შამაქდარი ჯარისკაცთა საფრონტო ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს იღებდა. შემდეგ მხატვრული ფილმების გადაღებას შეუდგა - მათ შორის იყო აშშ-ს მიერ 1980 წელს მძევლების სახსნელად წამოწყებული და წარუმატებელი ოპერაციის შესახებ გადაღებული „ქვიშის ქარიშხალი“. შამაქდარი ჰყვება, რომ 2003 წელს თეირანის მერად არჩევის შემდეგ აჰმადინეჟადმა მუნიციპალურ ხელფასზე უარი თქვა და მხოლოდ იმ შემოსავალს დასჯერდა, რომელიც უნივერსიტეტის პედაგოგობაში ეკუთვნოდა. „ვგრძნობდი, რომ ირანს სათავეში მისნაირი ლიდერი სჭირდებოდა, - ამბობს შამაქდარი, - ამიტომ, როგორც კი შევიტყვე, რომ საპრეზიდენტოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი, თანადგომა შევთავაზე“.

შამაქდარიმ თავისი ფილმების ნაწყვეტები მიჩვენა; ამ სცენებში აჰმადინეჟადი, ასე ვთქვათ, შინაურულად გამოიყურება: ერთგან სათუთად კოცნის მოხუც მამას ლოყაზე, მერე სპარ სული პოეზიის ნიმუშებს უკითხავს. „მისი პატიოსნების და უბრალოების ჩვენება მინდოდა, - ამბობს შამაქდარი, - დარწმუნებული ვიყავი, ირანელი ხალხი ამ სურათების ნახვის შემდეგ ხმას მას მისცემდა“.

შამაქდარი მართალი გამოდგა. ირანის კონსერვატიულმა კლერიკალურმა ისტაბლიშმენტმა, რომელსაც სათავეში ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხომენეი ედგა, პრეზიდენტ მოჰა მად ხათამის რეფორმისტულ, ირანის გახსნილობისკენ მიმართულ ძალისხმევას წინააღმდეგობები შეუქმნა. კლერიკალები აჰმადინეჟადის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ და მართლაც, 2005 წელს მან არჩევნებში ხმების 62%25-ის მიღების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა.

ირანის მომდევნო არჩევნები ამ წლის ივნისშია დანიშნული. აჰმადინე-ჟადმა საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინა. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ხათამიც იყო, მაგრამ მან მარტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა სხვა მისნაირი რეფორმატორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მირ-ჰოსეინ მუსავის სასარგებლოდ. წელს ირანელი კონსერვატორები ქვეყნის სავარაუდო რეფორმატორებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. აჰმადინეჟადს იმედი აქვს, რომ ამომრჩეველს კვლავ თავისი პოპულისტობით მოხიბლავს.

0x01 graphic

შამაქდარისგან ის მოარული ამბებიც მოვისმინე, რომლებიც თეირანში არაერთხელ მსმენია: როგორ ააღებინა აჰმადინეჟადმა საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაგებული უძველესი სპარსული ხალიჩა და ხალიჩების მუზეუმს გაუგზავნა; როგორ თქვა უარი საპრეზიდენტო თვითმფრინავის V.I.P. სავარძელზე; როგორ უნდოდა, თეირანში, მამა-პაპისეულ უბრალო სახლში ეცხოვრა ძველებურად, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებში მისმა მრჩევლებმა არ გადაათქმევინეს. „თუმცა, საპრეზიდენტო სასახლეში მაინც არ გადასახლებულა, - მითხრა შამაქდარიმ, - ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაში გადავიდა, ოღონდ დაცულ და უსაფრთხო ადგილას“. აჰმადინეჟადი მომხრეებს სთავაზობს, ფულადი დახმარება გაიღონ - სამოცი დოლარის ოდენობით, რომელსაც თავად „სამარლიანობის შენატანს“ უწოდებს.

ირანის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში აჰმადინეჟადს ბევრი ზემოდან უყურებს - სწორედ მისი წარსულის გამო. „ხელისუფლებაში მოსვლამდე უცხოეთში მხოლოდ ერთხელაა ნამყოფი, თანაც ერაყში, და ისიც - რამდენიმე დღით“, - მითხრა ერთმა ყოფილმა დიპლომატმა. სხვა, ევროპელმა დიპლომატმა მიამბო, - ერთი მაღალი რანგის ირანელი მოხელეს თქმით, გაპრეზიდენტებამდე აჰმადინეჟადი ირანში ისეთ კაცად ითვლებოდა, მოსაცდელებში ნახევარ საათს რომ აყურყუტებენო.

და მაინც, აჰმადინეჟადი ხელწამოსაკრავი ფიგურა არაა, და ვისაც ასე ჰგონია, სათანადოდ ვერ აფასებს მას. აჰმადინეჟადი ვენესუელელ უგო ჩავესს ჰგავს, რომელმაც იცის, რომ მისი ქვეყანა მისნარი ადამიანებითაა სავსე, და მათთან სალაპარაკო ენას კარგად ფლობს. ზოგ მხარდამჭერს იგი ისლამური რესპუბლიკის პირველი წლების რეალობას აგონებს, როცა მთელი ძალაუფლება აიათოლა რუჰოლა ხომეინის ეპყრა, და მოზარდი ბიჭები მოწამეობრივ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ. ბევრი ირანელისთვის ძალიან მიმზიდველია აჰმადინეჟადის შეპირება, რომ ის ირანს სამყაროში მის კუთვნილ ადგილს დაამკვიდრებინებს, ხალხს კი სოციალური დახმარებებით და სამსახურებით უზრუნველყოფს.

აჰმადინეჟადის ბირთვული პროგრამაც ამ ნაციონალისტური ხაზის გაგრძელებაა და ირანელების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. „ამ ხალხს სურს, რომ პატივს სცემდნენ, - მითხრა ლი ჰამილტონმა, ყოფილმა კონგრესმენმა და ირანის შემსწავლელი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რომელიც გავლენიანი ფიგურაა ირანის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, - ამ პატივისცემის მოპოვების საუკეთესო ხერხად კი ბირთვული საწვავის ციკლის შემუშავება მიიჩნიეს“.

მაგრამ აჰმადინეჟადის პრეზიდენტობის ოთხ წელიწადში ირანიც შეი ცვალა და მისი მოწინააღმდეგეებიც: მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ქვეყანას ძლიერი დარტყმა მიაყენა; ირანი ძალიან ახლოა იმასთან, რომ ბირთვული სახელმწიფო გახდეს; ჯორჯ უ. ბუში კი ბარაკ ობამამ შეცვალა. ახლა საკითხავი ისაა, როგორ გაუმკლავდება აჰმადინეჟადი საშინაო წნეხსა და ვაშინგტონის ახალ, ფეხზე უფრო მყარად მდგომ ადმინისტრაციას.

20 მარტს, როცა ირანში ახალი წლის დადგომას დღესასწაულობენ, ობამამ ირანელ ხალხს ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ირანს უძველესი კულტურის ქვეყნად იხსენიებდა და ამ ქვეყანას „პატიოსან“ ურთიერთობაზე გადასვლას სთავაზობდა. ობამას მიმართვაზე აიათოლა ხომენეის პასუხსაც არ დაუყოვნებია: „მხოლოდ სიტყვები არ კმარა“, თუ ამერიკა ირანისგან დამოკიდებულების შეცვლას მოელის, იგივე ჯერ თავად უნდა გააკეთოს. 31 მარტს ჰააგაში, ავღანეთისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ობამას საგანგებო წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საერთო ენა გამონახა. სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, „შეხვედრა დაუგეგმავი და გულითადი გამოდგა, ორი დიპლომატი შეთანხმდა, რომ ამიერიდან უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებენ“; უშუალო ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს შეხვედრა პირველი იყო.

0x01 graphic

REUTERS

ბუშის მმართველობის წლებში აჰმადინეჟადი იოლად დაამტკიცებდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ირანთან სწორედ რომ მტრული ურთიერთობა აძლევდა ხელს. მაგრამ ობამას გზავნილი თამაშის წესების ცვლას მოასწავებდა. ასე თვლის ვალი ნასრიც, ირანელი ექსპერტი და უცხოეთთან ურთიერთობის საბჭოს ერთ-ერთი წამყვანი წევრი. „ახლა აშშ სრულიად ახლებური გზავნილით გამოდის. ეს თბილი მიმართვა იყო, ირანთან ურთიერთობის სურვილიც გულწრფელი ჩანს. ახლა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თუკი ირანი ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებას არ ისურვებს, შეიძლება ირანელებმა საკუთარ მთავრობას პასუხიც მოსთხოვონ, - თქვა ნასრმა, - ობამამ ძალზე გონივრულად მისცა დებატის თემა ირანელ ხალხსა და მათს ლიდერებს, რომელიც თვით სახელისუფლებო წრეებზეც გავრცელდა. არჩევნებამდე ხომ თვეებია დარჩენილი, და ეს დებატიც წინასაარჩევნო მოვლენად იქცა“.

ირანის არჩევნები ობამას ადმინისტრაციის წევრებისთვის დილემას წარმოადგენს. თუ ზედმეტს დათმობენ, აჰმადინეჟადს იმის თქმის საფუძველს მისცემენ, თითქოს მან შეერთებულ შტატებს უკან დაახევინა, და ამით არჩევნებში პოზიციებს გაუმაგრებენ. ამერიკელებს კი „არ სურთ, რომ თავიანთი მოქმედებით არჩევნებში აჰმადინეჟადს გამარჯვება გაუადვილონ“, - ამბობს სერ კირან პრენდერგასთი, გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში, რომელსაც ირანთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს. თუმცა, ამ თვალსაზრისით, არაერთი სარისკო პერსპექტივა იხსნება. აჰმადინეჟადმა, შესაძლოა, ყოველგვარი დახმარების გარეშე გაიმარჯვოს; რეფორმატორების გამარჯვებამ შეიძლება კლერიკალები თავდაცვით პოზიციაში ჩააყენოს და ამერიკასთან ურთიერთობას წინააღმდეგობები მათ შეუქმნან. „შეურიგებელი კურსის მომხრეები, რომლებიც ირანის დანარჩენი სამყაროს მიმართ გახსნილობას ხელისუფლების მარცხად მიიჩნევენ, ორივე მხარეს არიან“, - განაცხადა პრენდერგასთმა. ნასრმა კი დასძინა: „ჩვენ მარჩიელობას ვერ დავიწყებთ - თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში; ეს ძალზე სახიფათო თამაში იქნება“.

ლი ჰამილტონი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გადაწყვეტილების მიღებას იმ იმედით ვერ გადადებს, რომ აჰმადინეჟადი შეიძლება სხვა, უფრო მისაღებმა კანდიდატურამ შეცვალოს. „ჩვენ საკითხთა ფართო სპექტრის განსახილველად ვემზადებით, და ვიცით, რა მიმართულებით გვსურს ამ დისკუსიების განვითარება. ჩვენ მათი კი არა, საკუთარი გეგმის მიხედ ვით ვიმუშავებთ, - აცხადებს იგი, - ობამას ამ ურთიერთობის დამყარება უკეთეს, უფრო მყარ საფუძველზე სურს, მეც ასეთი პოზიცია მაქვს. ირანის რევოლუციის შემდეგ ამ ქვეყანასთან დაახლოების საკითხი მუდმივად სასწორზე დევს, მაგრამ გადაწყვეტილება აქამდე არ გვქონდა მიღებული. ახლა საუბარი იმაზე აღარაა, ღირს თუ არა ირანთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა. დღეს საკითხი ასე დგას - როგორ უნდა მოხდეს დაახლოება“.

„არ მგონია, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანას ჩვენთვის ირანზე მეტი თავის ტკივილი გაეჩინოს, - აგრძელებს ჰამილტონი, - უნდა ვაღიაროთ, რომ ირანისადმი ბრალდებების გრძელი სია გვაქვს, სწორედ ასევე ირანს - ჩვენდამი“.

აჰმადინეჟადს, როგორც ჩანს, მოსწონს პოლიტიკური პროვოკატორის მის მიერ არჩეული როლი - ჰოლოკოსტს მითად თვლის, ისრაელი „სიონისტურ რეჟიმად“ ჰყავს მონათლული, ირანის ბირთვული პროგრამის წინსვლით დემონსტრაციულად მოაქვს თავი. აჰმადინეჟადი ორმოცდათორმეტი წლისაა, სიმაღლით ხუთ ფუტზე მეტი არ იქნება - გამხდარი და კაფანდარა კაცია. მუდამ ასე ხუთი დღის გაუპარსავი წვერით ჩნდება, რაც მორწმუნეობის ნიშნად ითვლება. ქიშმიშივით თვალები აქვს - გამორჩევით წვრილი, შავი და ღრმად ჩასმული. შორიდან ვინმეს შეიძლება ბრმაც კი ეგონოს. როცა ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე გამოდის, დემაგოგიას არ ერიდება, არასდროს იღიმება - დამწუხრებულ მეომარს ჰგავს; საუბრისას თითს იშვერს და მუშტებს იღერებს. უფრო ვიწრო გარემოცვაში თითქმის შეუფერებელ მხიარულებას იჩენს. სიკეთისა და ბოროტების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ღმერთისა და ადამიანის შესახებ ბრტყელი და გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობს, მაგრამ მის ბუნდოვან მეტყველებაში ლოგიკის დაჭერა ადვილი არაა; ამ დროს ჩონსი გარდინერიშს ჰგავს, პიტერ სელერსის სატირულ პერსონაჟს, რომელიც იღბლის თამაშით მებაღეობიდან, ასე ვთქვათ, „ხალხში გამოდის“.

ამ ზამთარს ეკვადორის პრეზიდენტი, უგო ჩავესის პროტეჟე რაფაელ კორეა თეირანში იყო ჩასული და რამდენიმე სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

0x01 graphic

REUTERS

ცერემონიაზე კორეა უზარმაზარ სავარძელში თამამად იჯდა მოდუნებულ პოზაში; მის გვერდით აჰმადინეჟადი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებოდა; დახურულსაყელოიანი პერანგი და რუხი პიჯაკი ეცვა; შეუსაბამოდ იღიმებოდა ხოლმე და დაბნეული ჩანდა, თითქოს არ იცოდა, რა ეთქვა. ეს ორი ადამიანი ერთად გარიგებით შეუღლებულ ნეფე-პატარძალს ჰგავდა. კორეამ სწორად აირჩია ტონი, რომელიც უცხო ქვეყნის ლიდერს ირანული საფინანსო კრედიტების მოსაპოვებლად სჭირდებოდა. „ჩვენ ირანელ ხალხს გმირ ერად ვთვლით, რომელმაც დასავლეთის მხარდაჭერით გათამამებული სისხლიანი დიქტატურისგან თავის დახსნა შეძლო, - თქვა მან, - ლათინურ ამერიკაში ეს მაგალითი შთაგვაგონებს და გვამხნევებს“. აჰმადინეჟადს კმაყოფილება დაეტყო, კორეას მიუბრუნდა, გადაეხვია და გამოაცხადა: „მე დღეს ახალი მეგობარი შევიძინე და მის დაკარგვას არ ვაპირებ“.

აჰმადინეჟადს პირველად მისი გაპრეზიდენტებიდან მალევე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შევხვდი, როცა „ნიუ იორკ ჰოტელში“ ცნობილ ამერიკელ მეცნიერებს და ჟურნალისტებს მის მიერვე გამართულ დილის წვეულებაზე მასპინძლობდა. შფოთავდა, თვალები დაბნეულად დაურბოდა; ჯერ ყურანის სურების დეკლამირება დაიწყო, მერე, რაკი მის უფროს მრჩევლებს სახის გამომეტყველება არ შეცვლიათ, „ევროპაში პიროვნების და ზნეობის პრობლემებზე“ გადაინაცვლა, და ეს ბუნდოვანი მსჯელობა რიტორიკული კითხვების წყებით დაასრულა: „სადაა ამ პრობლემების ძირი? როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი? საით მივყავართ თანამედროვეობის ტენდენციებს?“ იმ დილით აჰმადინე-ჟადმა მხოლოდ ამაზე ისაუბრა.

ვიღაცამ აკადემიური წრეებისა და მასმედიის თავისუფლების საკითხებში ირანის „ჩავარდნებზე“ ჰკითხა. „უნდა მოგახსენოთ, რომ თავისუფლება ირანში განსაკუთრებული თავისუფლებაა, - უპასუხა აჰმადინეჟადმა, - თქვენში მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლს ხომ აკავებენ? საზოგადოებრივი წესების არსებობა აუცილებელია... ჩვენ სუფთა ადამიანები უნდა ვიყოთ. ადამიანმა დიად გზებს უნდა მისდიოს“. მერე სამართლიანობაზე ისაუბრა, და თქვა, რომ ჰოლოკოსტს გადარჩენილმა ებრაელებმა პალესტინელი ხალხის მიმართ დიდი უკეთურება ჩაიდინეს, და აღნიშნა, რომ სხვათა შორის, ის ჰოლოკოსტიც ევროპაში მოხდა. „უდავოა, რომ ამ საკითხის უკეთ გამოკვლევაა საჭირო“, აქ მან ევროპის ებრაელობის განადგურებაზე მიანიშნა. „რატომ არ ვიძიებთ ამ საკითხს უფრო ღრმად?“ აჰმადინეჟადმა ოთახს თვალი მოავლო და გაეღიმა.

შემდეგ იყო კითხვა აიათოლა ხომენეის მიერ 2005 წელს გამოცხადებული ფატვის შესახებ, რომლის თანახმადაც, „ბირთვული იარაღის წარმოება, შენახვა და გამოყენება ისლამთან შეუთავსებელია და ირანის ისლამური რესპუბლიკა ასეთ იარაღს არასოდეს იქონიებს“ - და რომ ამის მიუხედავად, და საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გამოწვევით, ირანი ბირთვულ პოტენციალს განუხრელად აფართოებს. აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის ფატვა გამოხატავს ყველაფერს, რაც ირანის განზრახვაზე შეიძლება ითქვას: „ირანული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი თვისება გამჭვირვალობაა. ჩვენ სუფთანი ვართ“.

თუმცა, აჰმადინეჟადის გავლენა და ძალაუფლება ირანის რთულ სახელმწიფო სტრუქტურაზე გამჭვირვალებას სრულიად მოკლებულია. 1989 წელს აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ ირანში არავის აქვს აიათოლა ხომენეის, ქვეყნის სულიერი ლიდერის, უზენაესი რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტისა და შეიარაღებული ძალების მხედართმთავრის ოდენი ძალაუფლება. აჰმადინეჟადს კანონების დასამტკიცებლად მაჯლისის, ანუ პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება; ხამენეის კი ფატვის გამოცხადება შეუძლია. მისი არჩევის შემდეგ აჰმადინეჟადი ხამენეის ხელზე საჯაროდ ემთხვია, და ამით მისდამი მორჩილება გამოხატა. ჰოსეინ შარიათმადარიმ, უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა და სასულიერო ელიტის გაზეთ „ქაიჰანის“ რედაქტორმა მაშინ ერთგან განაცხადა: „ბატონი აჰმადინეჟადი, მოგეხსენებათ, ირანის მხოლოდ აღმასრულებელი მეთაურია“.

თუმცა, მათი ურთიერთობა ისეთი მარტივი არ არის, როგორადაც ჩანს. 2006 წლის დეკემბერში, თეირანში ერთ-ერთი ჩემი ვიზიტისას, როცა ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის ვახლდი მაღალი რანგის შეხვედრების მოსაწყობად, მისმა თანმხლებმა ერაყელმა მოხელეებმა მითხრეს, რომ აჰმადინეჟადი უზენაეს ლიდერს მოწიწებით ეპყრობა და ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას ეწევა. თალაბანის ერთმა უფროსმა თანაშემწემ მნიშვნელოვანი მომენტიც გაიხსენა. თალაბანი ერაყში შექმნილ სიტუაციას არასათანადოდ აფასებდა. შიიტებსა და სუნიტებს შორის ყველაზე დიდი სისხლისღვრა სწორედ იმ დროს ხდებოდა და ამ მოვლენებში ის მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომელთა უკან ირანი იდგა. როცა თალაბანიმ ეს ძალადობა აღუწერა, ხამენეის რამდენჯერმე უთქვამს: „რა საშინელებაა! თქვენთვის ვლოცულობთ“. თალაბანიმ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა: „ჩვენ თქვენგან, ლოცვა კი არა, სამედიცინო დახმარება გვჭირდება“. ხამენეის უპასუხია: „ლოცვებს მე არ დაგაკლებთ, ეს კი - და ხელი აჰმადინეჟადისკენ გაიწვდინა - სამედიცინო დახმარებას“.

„ირანულ პოლიტიკაზე მხოლოდ სულელებივით შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, - თქვა ლი ჰამილტონმა, - მაგრამ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ“. ვალი ნასრიმ მის ნათქვამს დაამატა: „თუმცა, ურთიერთობების მთლიანი ქსელი ხამენეის ძალაუფლებასაც კი ზღუდავს“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თომას პიკერინგმა, რომელიც ირანელებს აშშ-ს მიმართ ახალი პოლიტიკური მიდგომის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა, განაცხადა: „ირანელებთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგღა მივხვდით, რა ძნელია მათი შიდა პოლიტიკური არქიტექტურის სიზუსტით ცოდნა. სპეცსამსახურების მეშვეობით მათთვის ახლოდან თვალის მიდევნება და იმის დადგენა, როდის სჯობს მათთან საუბრის დაწყება, შეუძლებელია. ჩვენი სისტემის გაუმჭვირვალობის წყალობით, ყოველთვის გაურკვევლობაში ვიქნებით“.

მოჰამად ჰათამი, აჰმადინეჟადის წინამორბედი და მეტოქე რელიგიის საკითხებში ზომიერებას ავლენდა და, მაშასადამე, ირანის კვალობაზე რეფორმატორადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს გავრცელებული ფორმულირებაა, მაგრამ რაზე მიანიშნებს? ირანში პოლიტიკური ტიპების განუზომელი ნაირფეროვნებაა. სპექტრი მტკიცე კურსის რელიგიური კონსერვატორებით იწყება, რომელთაც აჰმადინეჟადი წარმოადგენს და რელიგიური პრაგმატისტებითა თუ რელიგიური რეფორმატორებით სრულდება. „რეფორმატორი“ ძალზე ფარდობითი ცნებაა. მაგალითად, ირანელ პოლიტიკოსთაგან სახელმწიფოს და რელიგიური ინსტიტუტების გამიჯვნაზე ღიად არავინ საუბრობს, ამაზე სერიოზულად არავინ დაფიქრებულა. სულ ცოტა ხნის წინ ხათამის ვესაუბრე. მან განმიცხადა, რომ ირანს უნდა ჰქონდეს „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, და ყველა ის თავისუფლება, რომლებსაც ვისურვებთ“, მაგრამ მხოლოდ ისლამისტური „ზნეობის ჩარჩოებში“.

ხათამი თვეების განმავლობაში იტეხდა თავს, ღირდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, და ამ გაურკვევლობამ მის მომხრეებს იმედები გაუცრუა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ თუ მირ ჰოსეინ-მუსავი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მაშინ იგი საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა. ხუთი თვის შემდეგ ხათამი ასეც მოიქცა. მუსავი სამოცდაშვიდი წლისაა, 1981-დან 1989 წლამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ ათიოდე წლის წინ, აიათოლა ხამენეისთან პოლიტიკური ბრძოლის წაგების შემდეგ ამ სფეროდან წავიდა (ერთ-ერთმა მიმომხილველმა მუსავის პოლიტიკაში დაბრუნების გამო სპარსი ცინცინატი უწოდა). ირანელებს მან თავი ყველაზე მეტად ირან-ერაყის ომის დროს შემუშავებული ეფექტური სასურსათო სისტემით დაამახსოვრა, როდესაც უკიდურესი გასაჭირის მიუხედავად, ძირითადი საკვები პროდუქტებით ყოველი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო. მუსავი ირანულ პოლიტიკაში უკიდურესი მემარცხენული წრეებიდან მოვიდა და იმ რევოლუციური თაობის შვილია, რომელმაც სასულიერო წოდებასთან ერთად შაჰი ქვეყნიდან გააძევა, დასავლეთის და თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკის მიმართ კი ერთობ მტრული დამოკიდებულება აქვს. „ბევრი იმათგანი, ვინც დღეს რეფორმატორად ითვლება, თავიდან მემარცხენე ისლამისტი იყო“, - მითხრა ნასრმა. მუსავი რეფორმატორების მოკავშირეა, და ხამენეისთან უთანხმოებისა თუ მისი, როგორც კარგი მენეჯერის რეპუტაციის ეჭვქვეშდაყენების გამო, ისეთ ფიგურად განიხილება, რომელიც თეოკრატებს დაუპირისპირდება. თუმცა, მუსავის მისი წარსული, ასე თუ ისე, ირანის სასულიერო წრეებისა და რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელთა თვალშიც ღირსებას მატებს. ამ წრეებში იგი, ხათამისგან განსხვავებით, არ სძულთ.

რეფორმატორთა ბანაკი, როგორც ჩანს, იმედს იმაზე ამყარებს, რომ მუსავის არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს. (მეორე ზომიერ კანდიდატს, მეჰდი ქარუბის, უფრო სოფლის მოსახლეობა უჭერს მხარს.) გაჩნდა ხათამის უსაფრთხოების პრობლემაც. როცა არჩევნებში მისი შესაძლო გამარჯვების შესახებ ხმა გავრცელდა, ხათამი მკაცრი კურსის მომხრე ბრბოსგან ცემას ძლივს გადაურჩა. და შარიათმადარის გაზეთის, „ქაიჰანის“ ფურცლებზე შეშფოთებაც კი გამოთქვა, რომ ხათამიმ, შესაძლოა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, 2007 წელს მოკლული ბენაზირ ბჰუტოს ბედი გაიზიაროს. მისი საპრეზიდენტო კამპანია უკვე მახინჯ ფორმებს იღებდა, ნასრის თქმით კი, „ხათამი ასეთ ვითარებას ვერ მოერგებოდა“.

ამ ზამთარს ხათამიმ საკუთარ სახლში მიმიღო, რომელიც თეირანში, ნაივარანის უბანში, მისივე ფონდს და ტყით შემოჯარულ, ქვით ნაშენ ვილებს ემეზობლება და იალბუზის მთების ნაშალ ფერდობებს გაჰყურებს. მან ჩვენი საუბრის დასაწყისშივე მითხრა, როგორ ცდილობდა ორივე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ამერიკასთან ურთიერთობის გამოსწორებას; რომ მისი მთავრობა კულისებს მიღმა აშშ-ს იმ კამპანიას ემხრობოდა, რომლის წყალობით, 2001 წელს, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ავღანეთში თალიბანის მმართველობა დაემხო; „მაგრამ მერე ნეოკონსერვატორები მოვიდნენ და ყველაფერი ჩაშალეს, - მითხრა ხათამიმ, - მე მგონი, ყველამ კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ახლა ობამა ცვლილებების შეპირებით მოვიდა სათავეში. ურთიერთობის გამოსწორების შესაძლებლობა ხელახლა მოგვეცა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ პირველი: ობამა საომარი რიტორიკის ხალხს დაუპირისპირდება, ასეთები კი ორივე მხარეს არიან; და მეორე: თუ ბუშის მიდგომებისგან დისტანცირებას შეძლებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ „დიდი ძმის“ როლს უნდა შეელიოს და დიდი მეგობარი გახდეს. ობამამ სიონისტური ლობის გავლენის შემცირებაც უნდა შეძლოს“.

„მოგეხსენებათ, მე რევოლუციის შვილი ვარ, - დასძინა ხათამიმ, - რევოლუციაში თავიდანვე, აიათოლა ხომეინისთან ერთად ჩავერთე. ჩვენ ვიცოდით, რომ სამყაროში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში დიდი ცვლილებები მოხდა, და ჩვენ მათ გვერდს ვერ ავუვლიდით. ირანს დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა. ირანი დიდი ცივილიზაციაა. ჩვენს მორწმუნე ინტელექტუალებს ეგონათ, რომ ყველაფერს შევძლებდით - თანამედროვე ქვეყნადაც ვიქცეოდით და თან ისლამისტებად დავრჩებოდით“. ხათამი დადუმდა, მერე გააგრძელა, - „ჩვენ ძალიან განვსხვავდებოდით იმათგან, ვისაც მსოფლიოს წარსულში მიბრუნება სურს... ისლამის ბედი ამ მოვლენების შედეგებზეა დამოკიდებული - ისლამს შეუძლია, ტერორიზმის საფრთხის ნაცვლად, მსოფლიოს დიალოგი შესთავაზოს და სამყაროს ბევრი რამ შემატოს. ჩემი აზრით, ირანელებს სწორედ ეს უნდათ. და მგონი, იმამ ხომეინისაც იგივე სურდა“.

ბევრი ირანელი მაინცდამაინც ანტიამერიკულად არაა განწყობილი, დიდად არც პოლიტიკა აინტერესებს. მაგრამ აჰმადინეჟადი ირანის პოლიტიკურ კულტურაში მყარად დამკვიდრებული იმ მიმართულების პროდუქტი და დამცველია, რომელიც ისტორიულად აბსოლუტიზმისკენ მიისწრაფის. ხომეინი და მისნაირი კლერიკალები შაჰის რეჟიმის იმპერიულ გამოხატულებებს ემტერებოდნენ, მაგრამ ირანის წარსული თუ მომავალი დიდების მისეულ ხედვას იზიარებენ. ეს სპარსელთა განსაკუთრებულობის რწმენაა. ირანის საზოგადოება დღეს რელიგიური ნაციონალიზმისა და ყოველდღიური პრაგმატულობის ნაზავით სულდგმულობს. ქსენოფობია და ქედმაღლობა ხალხში ძლიერაა ფეხმოკიდებული. ეს სახელმწიფო ქიმერას ჰგავს: ისლამური თეოკრატიის შეჯვარებას რეჟიმთან, რომელიც უკიდურესად კონკურენტუნარიან (თუ არა მთლიანად თავისუფალ) არჩევნებსა და გლობალიზებული ეკონომიკის პრინციპებს აღიარებს. ამ ზაფხულის არჩევნების მიხედვით გაირკვევა, ირანის გარდამავალ პერიოდს (შინ თუ გარეთ) ზომიერებისა და კომპრომისების ხანა მოჰყვება, თუ ძალადობის მომხრე რეჟიმი გაიგრძელებს არსებობას.

უზენაესი ლიდერის წარმომადგენელი, შარიათმადარი ამბობს, რომ აჰმედინე-ჟადის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. „მას ხალხის ფართო მასა ემხრობა. დიახ, სწორედ ფართო მასა. მას დაუპირისპირდებიან, მაგრამ აჰმადინეჟადს კონკურენციას ვერავინ გაუწევს“.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი 1956 წლის ოქტომბერში დაიბადა, არადანში, თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ სამოცი მილით დაშორებულ პატარა ქალაქში, რომელსაც გარს ქარიანი, ერთფეროვანი უდაბნო არტყია. ზაფხულში იქ სულის შემხუთველი სიცხეები იცის, ზამთარში ყინავს. წელიწადის სხვა დროები აქ ძალის მოკრებას ვერ ასწრებს. მაჰმუდი ოჯახის შვიდი ბავშვიდან მეოთხე იყო; ჯერ კიდევ მისი ჩვილობის ასაკში მამამისმა, აჰმადმა არადანში სურსათის მაღაზია გახსნა და ოჯახი ქალაქში გადაიყვანა - იმ დროს უკეთესი ცხოვრების ძიებაში სოფლიდან ქალაქად უამრავი ოჯახი გადასახლდა. საცხოვრებელ ადგილთან ერთად აჰმადმა გვარიც შეიცვალა, და საბორჯანიდან, რაც „მქარგველს“ ნიშნავს (მქარგველობა სპარსული ხალიჩების ინდუსტრიაში ერთ-ერთ მშვენიერ ხელობად ითვლება), აჰმადინეჟადად, გადაიკეთა; ეს კი „მუჰამედის ჩამომავალს“, „ქველი მოდგმის შვილს“ ნიშნავს.

ოჯახი ნარმაკში, თეირანის სამხრეთით მდებარე მუშათა კვარტალში დასახლდა. აჰმადინეჟადის მამამ რკინა-კავეულის მაღაზია გახსნა. აჰმადინეჟადს ის მამისეული, მაღალ შენობებს შორის მოქცეული ღარიბული ორსართულიანი აგურის სახლი დღემდე შემორჩა. 1980 წელს 24 წლის ასაკში ცოლად მასავით სტუდენტი გოგონა, აზამ ალ-სადათ ფარაჰი შეირთო, და ისიც იმ სახლში გადავიდა. მათ ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავთ. ნარმაკში რომ ჩავედი, აჰმადინეჟადის სახლთან დაცვა იდგა. იქვე, ქუჩაში ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. შორიახლოს ხის პატარა ქოხი დავინახე. იქ რამდენიმე ახალგაზრდა კაცი პრეზიდენტისადმი მიმართვებს და საჩივრის წერილებს იბარებდა. ეს სისტემა აჰმადინეჟადმა თეირანის მერობისას შემოიღო. ყოველდღე ორასამდე წერილი უგროვდებოდა, რომელთაც ახარისხებდნენ და იმ სამსახურებში აგზავნიდნენ, რომელთაც მითითებული პრობლემის მოგვარება ევალებოდათ.

ნასერ ჰადიანი, თეირანის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი თეირანში აჰმადინეჟადთან ერთად იზრდებოდა. ჰადიანმა იგი კარგ, ბეჯით სტუდენტად გაიხსენა. „მშობლებს უხაროდათ, როცა მას მათი შვილები უმეგობრდებოდნენ. ჩვენ სუფთა ახალგაზრდები ვიყავით, გოგონებს არ დავდევდით, არ ვსვამდით, ჰაშიშს არ ვეწეოდით“.

სკოლის დამთავრების შემდეგ აჰმადინეჟადი ირანის მეცნიერებათა და ტექნოლოგიათა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ მაინც შინ, მშობლებთან ცხოვრობდა. ჰადიანი მშობლებმა სასწავლებლად ტეხასში, სან იაკინთოს კოლეჯში გააგზავნეს. იქ სოციოლოგიას სწავლობდა, ისლამისა და პოლიტიკის სფეროში კარგი ცოდნა შეიძინა. თეირანში აჰმადინეჟადს ასეთივე მიღწევები ჰქონდა. „ერთმანეთში მიწერ-მოწერა დავიწყეთ, წერილებს ასე ვიწყებდით: „მოწყალე და თანამლმობი ღმერთის სახელით..“, მითხრა ჰადიანმა. „ეს რომ აღმოაჩინეს, ჩემი მშობლები შოკირებულები იყვნენ, და მაიძულეს, სოციოლოგიისთვის თავი დამენებებინა - ჩათვალეს, რომ ასეთ გავლენას ჩემზე ეს დარგი ახდენდა. მართლებიც იყვნენ“.

ჰადიანმა მითხრა, რომ აჰმადინეჟადზე ყველაზე დიდი გავლენა ალი შარიათიმ, საფრანგეთში განსწავლულმა ირანელმა ფილოსოფოსმა მოახდინა, რომელმაც მარქსიზმი და ანტიკოლონიალიზმის თეორია ისლამის ახლებურ გაგებას და „რელიგიის სოციოლოგიას“ მიუსადაგა. შარიათის ჟან-პოლ სარტრთან ჰქონდა ურთიერთობა, ფრანც ომარ ფანონის „დედამიწის წყევლა“ ფარსიზე თარგმნა, და ისლამის ლიბერტარიანული თეოლოგიის მაგვარი რამ შექმნა. „შარიათი ჩვენი ხიდი იყო ისლამის იდეოლოგიურ წაკითხვასა და ტრადიციულ კონსერვატიულ ისლამს შორის“, თქვა ჰადიანმა.

1973 წელს შაჰის ბრძანებით შარიათი ორი წლით დააპატიმრეს. იგი გათავისუფლებიდან ძალიან მალე, დევნილობაში, ინგლისში გულის შეტევით გარდაიცვალა. (არსებობს ეჭვი, რომ შაჰის აგენტებმა მოკლეს.)

შარიათის გარდაცვალების შემდეგ ირანის მომავალი რევოლუციური ძალები აიათოლა ხომეინის გარშემო გაერთიანდნენ. შარიათის სინკრეტული რადიკალიზმი ტრადიციული ისლამის მიმდევარ მოლათა უმეტესობისთვის ერესს უტოლდებოდა, მაგრამ ხომეინი, რომელმაც პოლიტიკური ისლამის საკუთარი ვერსია შექმნა, მის დაგმობას არ დათანხმდა. 1964 წელს ხომეინი შაჰმა ქვეყნი დან გააძევა; მან თავი ჯერ ერაყს შეაფარა, რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ კი 1978 წელს საფრანგეთში გამოჩნდა. იმ დროს ირანში მოვლენები დუღდა და გადადუღდა. აჰმადინეჟანის მეორე ბავშვობის მეგობარმა, აჰმად დერაჰვაშთიმ, რომელიც დღეს კბილის ექიმია და აჰმადინეჟადის სკოლის გადაღმა ცხოვრობს, გაიხსენა, როგორ არიგებდნენ ორივენი ველოსიპედებით ხომეინის აკრძალულ პამფლეტებს.

საკუთარი ბლოგის შესავალ ნაწილში აჰმადინეჟადი ამ დროსაც იხსენებს, და ხომეინის პიროვნებით საკუთარ გატაცებაზე წერს: „რაც უფრო მეტად ვეცნობოდი მის აზრებს და ფილოსოფიას, მით მეტი მოწიწება მეუფლებოდა ღვთაებრივი წინამძღოლისადმი, მისი სიშორე, ქვეყანაში არყოფნა ჩემთვის აუტანელი გახდა“.

აჰმადინეჟადი „შაჰის თავაშვებულ გარემოცვას“ ირანელების გაღატაკებაში ადანაშაულებდა. ის იმ „ურცხვ ზეიმზე“ წერს, რომელიც 1971 წელს შაჰმა სპარსული მონარქიის 25-საუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავად მოაწყო. სტუმრებს შორის ედინბურგის პრინცი, პრინცესა გრეისი, იმელდა მარკოსი და სპირო აგნიუც იყვნენ. მენიუს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ფუა გრათი დატენილი შემწვარი ფარშევანგი იხსენიებოდა. სტუმრებს 1911 წლის ჩამოსხმის Moet & Chandon მიართვეს. „შაჰის ახირების გამო, მამაჩემის ურო და გრდემლი ჩემი სწავლისა და ოჯახის ჩვეულ ხარჯებს ვეღარ წვდებოდა“, - წერდა აჰმადინე-ჟადი. სწავლის ფული რომ ეშოვა, მან გამაგრილებელი სისტემების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად იხსენებს, ეს მისთვის რთული პერიოდი იყო. „მოღალატე შაჰი და მისი კლანი სტუდენტებს შორის უზნეობის, აღვირახსნილობის, გარყვნილების პროპაგანდას ეწეოდა და ისლამის რწმენის დამიწებას ცდილობდა“. აჰმედინეჯადი, როგორც ჩანს, გულისხმობს, რომ თავად ამ ცდუნებებს გაუმკლავდა.

1979 წლის 16 იანვარს შაჰი ქვეყნიდან გაიქცა. 1 თებერვალს ხომეინი თეირანში დაბრუნდა. შეიქმნა ქუჩის ისლამურ-რევოლუციური კომიტეტები, იარაღი შაჰის გარნიზონებიდან იქნა დატაცებული. დერაჰვაშთი იხსენებს, რომ აჰმადინეჟადი ერთ-ერთ ასეთ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. კომიტეტები მალე საპოლიციო ძალებს შეერწყა, ხოლო მათი ზოგიერთი წევრი, აჰმადინეჟადის მსგავსად, გასამხედროებულ სამოხალისო ჯარში შევიდა, რომელსაც ბასიჯი ეწოდებოდა. ბასიჯი პოლიტიკური შიდა დანიშნულების დაჯგუფებაა, რომელიც ფაქტობრივად რესპუბლიკური გვარდიის საზოგადოებრივ მხარდაჭერას წარმოადგენს და აჰმადინეჟადის მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალაა. მოჰამად ათრიანფარმა, გავლენიანმა გამომცემელმა, ბასიჯი ჩემთან საუბარში „აჰმადინეჟადის ზნეობის დამცველ პოლიციად“ მოიხსენია. ხათამის მმართველობის პერიოდში ბასიჯის წევრები სტუდენტურ დემონსტრაციებს არბევდნენ; დღეს ისინი ხალხს თვალში ნაკლებად ხვდებიან, რადგან ხელისუფლებისადმი ოპონირებამაც იკლო.

აჰმადინეჟადი ხომეინისთან დაკავშირებულ რადიკალურ სტუდენტურ დაჯგუფებაშიც შედიოდა. ამ დაჯგუფებას „უნივერსიტეტებსა და თეოლოგიურ სემინარიებს შორის კავშირის განმტკიცების სამსახური“ ერქვა. აშშ-ს საელჩოს აღებისა და თანამშრომლების მძევლებად აყვანის ოპერაციას სწორედ ეს „სამსახური“ ხელმძღვანელობდა. რამდენიმე ყოფილი მძევალი შემდეგ ამტკიცებდა, რომ მათს დატყვევებასა და დაკითხვაში აჰმადინეჟადიც მონაწილეობდა. აჰმადინე-ჟადმა ეს ბრალდება არაერთხელ უარყო. ამას მისი ყოფილი თანამოაზრეებიც ადასტურებენ, და პირიქით, ამტკიცებენ, რომ იმ დროს აჰმადინეჟადი საელჩოზე თავდასხმის წინააღმდეგი იყო.

აჰმადინეჟადი და უცხოეთიდან დაბრუნებული ჰადიანი ნარმაკის ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობდნენ. მალე ამ მეჩეთთან ისლამის შემსწავლელი კურსები გაიხსნა. „აჰმადინეჟადის გავლენით ამ კურსების მუშაობაში ჩავერთე“, მიყვებოდა ჰადიანი, „ახლა დაუჯერებელი მეჩვენება, მაგრამ იმ ასაკში - მხოლოდ 22 წლისანი ვიყავით - ორივენი ვასწავლიდით, მე - თანამედროვე პოლიტიკას, ის კი - რელიგიის საფუძვლებს“. 1980 წელს, ივნისში, ხომეინიმ ირანული უნივერსიტეტები დახურა, იმ მოსაზრებით, თითქოს მათი მასწავლებლობა და სასწავლო პროგრამები „დასავლურ და არაისლამურ გავლენას ავრცელებდნენ“. უნივერსიტეტები ხელახლა მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაიხსნა. იმ წლის სექტემბერში, როცა ირან-ერაყის ომი დაიწყო, აჰმადინეჟადი მოხალისედ ჩაეწერა, და სამშენებლო ნაწილში იმსახურა.

აჰმადინეჟადი საკუთარი ცხოვრების დეტალებს არასოდეს უღრმავდება, განსაკუთრებული ბურუსით 80-იანი წლებია მოსილი. თუმცა, ცნობილია, რომ დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში არაერთი ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა. იმავე პერიოდში გახდა საინჟინრო საქმის ბაკალავრიც. 1993 წელს ირანის ჩრდილო-დასავლეთით ახლად შექმნილი პროვინციის, არდაბილის გუბერნატორად იქნა დასახელებული. 1997 წელს სათავეში ხათამი მოვიდა და აჰმადინეჟადი თანამდებობიდან გადააყენა. მომავალი პრეზიდენტი უნივერსიტეტის მასწავლებლობას დაუბრუნდა და იმავე წელს სატრანსპორტო სფეროში ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა.

„უნივერსიტეტში მუშაობისას აჰმადინეჟადი ბასიჯის ორგანიზაციაშიც აქტიურად მოღვაწეობდა, და 1997 წელს, როცა სათავეში ხათამი და მისი თანამოაზრე რეფორმატორები მოვიდნენ, პროფესორებს ხშირად პრობლემებს უქმნიდა, ლექციებზე ქაფიეთი, პალესტინური თავსაბურით მოდიოდა, და პალესტინის გათავისუფლების საქმისადმი სოლიდარობას ასე გამოხატავდა“, მითხრა ჰადიანმა. აჰმადინეჟადი უნივერსიტეტში 2003 წლამდე ასწავლიდა, სანამ ქალაქის საბჭომ, რომელიც ჯერაც ფუნდამენტალისტურ-კონსერვატიული პოლიტიკური ფრაქციის ხელში იყო, მერად არ დაასახელა.

აჰმადინეჟადის და ჰადიანის გზები მაშინ გაიყარა. „მეგობრებად დავრჩით, მაგრამ სერიოზულად ვკამათობდით დაუსრულებლად“, - თქვა ჰადიანმა. მან აჰმადინეჟადისგან თავი შორს დაიჭირა, რომ მისთვის პრობლემები არ შეექმნა. „მისი გარემოცვის ხალხი ხან პირწავარდნილ მედასავლეთედ მთვლიდა, ხანაც - ჯაშუშად. თვითონ ყოველთვის მიცავდა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა - ყველა საკითხზე განსხვავებული აზრი გქონდა, - დასძინა მან, - ინჟინრის განათლება აქვს, და ჰგონია, რომ საზოგადოებრივი თვალსაზრისით სამყარო ისევეა მო წყობილი, როგორც ფიზიკური სამყარო, რომ მისი შეცვლა ისევეა შესაძლებელი, როგორც ნაგებობის აგურებად დაშლა და ხელახლა აგება. ეს მის დაბალ ინტელექტზე კი არა, უფრო ცოდნის და გამოცდილების თავისებურებებზე მეტყველებს“.

აჰმადინეჟადი მხურვალე რწმენის შიიტი მაჰდისტია, თორმეტი იმამის რწმენის მიმდევარი, რაც თანამედროვე ირანის კონტექსტში ე.წ. ხელახლა შობილი ქრისტიანების მიმართულების ეკვივალენტია. შიიტურ ტრადიციაში მეთორმეტე იმამი, ანუ მაჰდი, მეცხრე საუკუნეში გაუჩინარდა, ღმერთმა გადამალა. მისი დაბრუნებით, ისევე, როგორც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლით ამ ქვეყანაზე სასუფევლის დამკვიდრება აღინიშნება (ისლამში იესო ქრისტე ადრეული ხანის წინასწარმეტყველადაა მიჩნეული). ამით აიხსნება აჰმადინეჟადის სახარებისეული ალუზიები „აღთქმულ მესიასთან“, რომელიც მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ახსენა. დაუფარავმა ფანატიზმმა იგი კრიტიკის ობიექტად შინ, ირანშიც კი აქცია, მათ შორის, უმაღლეს სასულიერო წრეებში, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აჰმადინეჟადი გაუჩინარებულ იმამთან განსაკუთრებული კავშირის პრეტენზიაში ამხილა. ერთ-ერთ დილის წვეულებაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, აჰმადინეჟადმა მაჰდი „სრულქმნილ ადამიანად“ მოიხსენია.

მაღალი რანგის ერაყელმა პოლიტიკოსმა, რომელიც აჰმადინეჟადს რამდენჯერმე შეხვედრია, მითხრა, რომ როცა თეირანში ორი წლის წინ მასთან პირისპირ აღმოჩნდა, აჰმადინეჟადს, მაჰდის გარდა, თითქმის სხვა არაფერზე უსაუბრია. ამ პოლიტიკოსს სხვებისგანაც სმენოდა, რომ აჰმადინეჟადი მაჰდის უკანასკნელი მოსვლისათვის თეირანში განსაკუთრებული ხარისხის ტრიუმფალური გზის და მისი მისაღები ნაგებობის პროექტს ამზადებს.

აჰმადინეჟადის სულიერი მოძღვარი აიათოლა მესბაჰ-იაზდია, რომელიც ჰაქანის ულტრაკონსერვატიულ სკოლას უდგას სათავეში. იგი ზომიერი ისლამისტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ძალადობას გამართლებულად თვლის; სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საშუალება რომ მისცემოდათ, 1989 წელს სალმან რუშდის მოსაკლავად გამოცხადებულ ფატვას შეასრულებდნენ. 2005 წელს მესბაჰ-იაზდიმ საკუთარ მიმდევრებს აჰმადინეჟადისთვის ხმის მიცემა უბრძანა, რაც თავისთავად წინააღმდეგობრივი საქციელია, რადგან სასულიერო წოდება ამგვარ მიკერძოებებს ღიად მაშინაც კი არ გამოხატავს, როცა მისი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. (როცა შარიათმადარის, ხამენეის წარმომადგენელს შევეკითხე, ემხრობა თუ არა აჰმადინეჟადის ხელმეორედ არჩევას, გამიღიმა და ოდნავ საყვედურნარევი პასუხი გამცა, „უზენაესი მეთაური არასდროს იტყვის, ვის ემხრობა - ეს მის შვილებსაც კი არ ეცოდინებათ!“). „ზოგს ჰგონია, რომ აიათოლა იაზდიმ რაღაც პარტიის მაგვარი შექმნა და აჰმადინეჟადს ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებს, - მითხრა ჰოჯათოლესლამ ღარავიანმა, მესბაჰ-იაზის თანაშემწემ, როცა წმინდა ქალაქ ქომში შევხვდით ერთმანეთს, - ეგ სიმართლე არ არის. ეს ორი ადამიანი თანამოაზრეობამ დააახლოვა“.

ღარვიანმა აჰმადინეჟადის ღირსებები წვრილად ჩამომითვალა - მისი თავმდაბლობა, მისი პატრიოტიზმი, კორუფციასთან თავგადადებული ბრძოლა. მეორე თანაშემწემ, რელიგიის მცოდნე მეცნიერმა გაიხსენა, როგორ გაასუფთავა მერობისას აჰმადინეჟადმა რომელიღაც ჩახერგილი არხი საკუთარი ხელით. „როგორც რომანში „საბრალონი“, მითხრა, „ეს ამბავი ყველამ იცის“.

ბევრი განათლებული ირანელი, რომლებთანაც მისაუბრია, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ჰოლოკოსტისადმი აჰმადინეჟადის დამოკიდებულება მხოლოდ მისი უვიცობით უნდა აიხსნას. მაგრამ საქმე ისაა, რომ რეჟიმის მმართველ წრეებში ამ დამოკიდებულებას ბევრი იზიარებს. ისლამური რევოლუციის შემდეგ „ანტი-სიონიზმი“ სახელისუფლებო დისკურსის ნაწილი გახდა, ხოლო თუ სამოცდაათიან წლებში ირანის ებრაელობის ოდენობა ოთხმოც ათასს აღწევდა, დღეს ოცი ათასამდეა შემცირებული, რადგან მათი უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. ირანელ ებრაელებს საკუთარი რელიგიის მიდევნაში ხელი არ ეშლებათ, საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტშიც კი ჰყავთ, მაგრამ აჰმადინეჟადის მმართველობის პერიოდში ირანის ოფიციალურმა ანტიპათიამ „სიონისტების“ მიმართ ყველაზე მახინჯი ფორმები მიიღო.

„ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი კარიკატურის საერთაშორისო გამოფენა“ თეირანში 2006 წელს გაიხსნა. ებრაელები აქ უმეტესად გროტესკულად წაგრძელებულ-წაწვეტებული ცხვირებით, ან სულაც ნაცისტებად იყვნენ გამოსახულები. მე ამ გამოფენაზე ვიყავი და მასზე აჰმადინეჟადის არტკონსულტანტს, შამაქდარისაც ვესაუბრე. „როცა ექსპონატები ორმოცზე მეტი ქვეყნიდან მივიღეთ, აღმოვაჩინეთ, რამდენად ერთნაირად აზროვნებენ ადამიანები“, - მითხრა შამაქდარიმ. მერე ის კარიკატურა მაჩვენა, რომელიც მოეწონა. მასზე ჰოლივუდის ცნობილი წარწერა სიტყვა „ჰოლოკოსტით“ იყო შეცვლილი.

წელს, იანვარში, ბარაკ ობამას ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ თეირანში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ჰოლოკოსტი? მტკნარი დასავლური სიცრუე“. აჰმადინეჟადმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვა გაუგზავნა. მასში ნათქვამი იყო, რომ „სიონისტებმა“ ბევრი პოლიტიკოსი და პარტია გააცურეს“. ამას ასეთი ფრაზა მოსდევდა: „მოხდა ისეთი ინციდენტიც, რომელიც 9/11-ის სახელითაა ცნობილი. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ ჩაიდინა ეს ვისთან თანამშრომლობით, ვინ გაუკვალა მათ გზა. მოვლენა მოხდა, და ისევე, როგორც ჰოლოკოსტის შემთხვევაში, მას უკვე სახელი დაარქვეს. არავინ ცდილობს, მომხდარი ობიექტურად გამოიკვლიოს და სიმართლეს მიაკვლიოს“.

თომას პიკერინგს ვკითხე, რატომ აირჩია, მისი აზრით, აჰმადინეჟადმა ის კონკრეტული მომენტი, რომ ჰოლოკოსტზე ასე გამომწვევად ესაუბრა. „ასე მგონია, რომ რომის პაპის საქციელმა გაათამამა“. პიკერინგი იმ კვირაში მომხდარ ამბავს გულისხმობდა, როდესაც ბენედიქტე XVI-მ ჰოლოკოსტის უარმყოფელი ბრიტანელი ეპისკოპოსის ეკლესიიდან მოკვეთა გადაიფიქრა (თუმცა, მოგვიანებით მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა).

მოჰამად ალი რამინი ჰოლოკოსტის საკითხებში აჰმადინეჟადის კონსულტანტია და, როგორც ამბობენ, ამ თემის გარ შემო პრეზიდენტის შეხედულებების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. წელს, ერთ ზამთრიან დილას, რამინი მე და ჩემს მთარგმნელს თეირანში, იმ უნივერსიტეტის (სინათლის წარგზავნილის უნივერსიტეტი) კამპუსთან შეგვხვდა, სადაც იგი შედარებით ფილოსოფიას ასწავლის. იქვე, გარეთ დავსხედით, ცემენტის სკამებზე, რომლებიც ჩანაფიქრით, ხის კუნძებს უნდა ჰგვანებოდა. რამინი ორმოცდაათ წელს მიტანებული მაღალი მამაკაცია, შეთხელებული ქერა თმითა და შეკრეჭილი ქერა წვერით. ირანელის კვალობაზე რამინი მართლაც ძალიან ქერაა. წლების განმავლობაში გერმანიაშია ნაცხოვრები და ნამუშევარი - რატომ, ეს უკვე ჩემთვის აღარ უთქვამს.

რამინმა განმიმარტა, რომ ჰოლოკოსტი თანამედროვე ისტორიაში მიკერძოებულად არის წარმოჩენილი. „დასავლეთმა, - მითხრა რამინმა, - ებრაული პრობლემა ახლო აღმოსავლეთს გადაულოცა. მაგრამ, როგორც ახლა ჩანს, აშშ-მ და სხვა დასავლურმა მთავრობებმა ბოლოს და ბოლოს ებრაელების თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანითა და ებრაელების მუსლიმურ სამყაროში დამკვიდრებით მათ ისეთი ვითარება შექმნეს, რომელიც საბოლოოდ ებრაელების განადგურებით დასრულდება. მათ გამიზნულად მოამზადეს სიტუაცია, რომელშიც ებრაელები, პალესტინელების ხოცვის გამო, ისე სძულთ, როგორც არასდროს“. მან სათვალე გაიკეთა და, ჩვენი საუბრის დაწყებიდან პირველად, თვალებში შემომხედა. „როგორც ხედავთ, ისრაელი იმისთვის შეიქმნა, რომ მხოლოდ მუსლიმები კი არა, თვით ებრაელებიც განადგურდნენ“.

მერე აცივდა, და რამინმა თავის კაბინეტში ცოტა უხალისოდ შემიპატიჟა. წინ რომ მიგვიძღოდა, ლამის უბედური გამომეტყველება ჰქონდა, კაბინეტში შესვლისას კი იქაურობას თვალი კარგად მიმოავლო. მის საწერ მაგიდას მივუსხედით თუ არა, რამინმა გვაცნობა, რომ 9/11 ტერაქტი ებრაელების ნახელავია. „სიონისტებმა ეს დანაშაული მუსლიმებს გადააბრალეს, რომ ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაზე თავდასხმის საბაბი გაჩენილიყო, - თქვა მან, - მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ებრაელები ნერონსაც დაეხმარნენ, მაგრამ რომის იმპერია მაინც დაეცა.

რამინის ზურგს უკან, კედელზე წიგნის კარადა იდგა. ერთ-ერთ თაროზე გამოფენილმა რამდენიმე სურათმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთ-ერთზე იმად მუგნია იყო გამოსახული, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური, რომელიც 2008 წლის თებერვალში დამასკოში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატენილ მანქანაში დაიღუპა. მეორეზე - ყვითელ ფონზე ორთოდოქსი ებრაელების ჯგუფი მოჩანდა. სურათს მთელ სიგანეზე წითელი კალმით დაწერილი სპარსული ფრაზა გასდევდა. როცა რამინი ცოტა ხნით ოთახიდან გავიდა, ჩემს მთარგმნელს სასწრაფოდ ვთხოვე, ეს ტექსტი წაეკითხა. „მომხვეჭელები, სისხლისმსმელები“.

ბევრი ირანელისთვის აჰმადინეჟადის ხელისუფლებაში მოსვლა კლერიკალების უძლეველობას და რეფორმატორების მარცხს განასახიერებს. „რეფორმატორები, როგორც იქნა, მიწაზე დაეშვნენ, - მითხრა ჰამიდ რეზა ჯალაიპურმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა და რელიგიურმა რეფორმატორმა, - ახლა უკვე აღარ ჰგონიათ, რომ დემოკრატიას ერთ ღამეში დაამყარებენ. ახალი პრაგმატიზმი გაჩნდა, - დასძინა მან და მწარედ ჩაიცინა, - იქით, მარცხნივ“.

ირანელები მაინც ცდილობენ მათთვის დაწესებული ზღვრების გარღვევას, საარჩევნო პოლიტიკაში თუ არა, ბევრ სხვა სფეროში, მათ შორის - ხელოვნებაში. ერთ გამოფენაზე ახალგაზრდა ქალის, სარა დოვლათაბადის ნამუშევრები ვნახე. მის ყურადღებას სიკვდილით დასჯის ირანული სცენები იპყრობდა - განსაკუთრებით, ქალების. მკვლელობა, გაუპატიურება, ნარკოტიკების გასაღება, სარწმუნოების შეცვლა, ჰომოსექსუალობა ქვეყანაში სიკვდილით ისჯება. (მაგრამ არ გეგონოთ, რომ ესენი იშვიათად ხდება: ირანში ჰეროინის და ოპიუმის ორი მილიონი მომხმარებელია.) დღემდე სიკვდილმისჯილს საჯაროდ ჩამოხრჩობა ელოდება, ზემოთ ასაწევ სახრჩობელაზე. 2008 წელს ირანში, სულ მცირე, სამასორმოცდაექვსი ადამიანი ჩამოახრჩვეს. ამათში რვა არასრულწლოვანი; ამ თვალსაზრისით, ირანს ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია (შეერთებული შტატები - მეხუთეზე: წელიწადში 37 სიკვდილით დასჯა.). შარშან, ივლისში, მარტო ერთი დღის განმავლობაში თეირანის ავადსახსენებელ ევინის ციხეში 29 პატიმარი ჩამოახრჩვეს.

დოვლათაბადის ნახატები მინიმალისტური ტილოები იყო, რომლებზეც სახრჩობელას განასკვული კვანძები და თოკებზე ჩამოკიდებული ადამიანები იყო გამოსახული. ეს ნამუშევრები ისეთ ნახატებთან იყო შერეული, რომელთაც სიკვდილით დასჯასთან თითქოს საერთო არაფერი ჰქონდათ. მივხვდი, მხატვრმა ისინი ასე იმისთვის განათავსებინა, რომ სათქმელი მეტისმეტად პირდაპირი არ გამოსვლოდა.

რეპრესირების ეს შიში არცთუ უსაფუძვლოა. 2003 წელს ირანული წარმოშობის კანადელი ფოტოჟურნალისტი ზაჰრა ქაზემი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ზემოთ ნახსენებ ევინის ციხეს იღებდა. სამი კვირის შემდეგ იგი საპატიმროში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, თავიდან გამოცხადდა, თითქოს ქაზემი დაცემის შედეგად ტვინში სისხლის მოულოდნელი ჩაქცევით გარდაიცვალა. თავდაცვის მინისტრის ექიმმა, რომელსაც შემდეგ კანადაში გაქცევა მოუხდა, განაცხადა, რომ გარდაცვლილი მისი დაპატიმრებიდან ოთხი დღის თავზე გასინჯა, და მაშინაც კი ქაზემის გაუპატიურებისა და ცემის აშკარა ნიშნები ემჩნეოდა; რამდენიმე ფრჩხილი აგლეჯილი ჰქონდა, თავის ქალა - გატეხილი. საერთაშორისო სკანდალის ატეხვის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ ჩვენება შეცვალა და მისი „სავარაუდოდ განზრახ მკვლელობისთვის“ ბრალი სპეცსამსახურების აგენტს წაუყენა, მაგრამ შემდეგ ქაზიმის გარდაცვალება კვლავ შემთხვევას მიეწერა, და აგენტი გაათავისუფლეს.

ევინის ციხე თეირანის გარეუბანში მდებარეობს, რომელსაც პოპულარული სასეირნო და საპიკნიკე ადგილები ესაზღვრება. ერთხელ, ღამით, მეგობარმა ციხის გარშემო აშენებულ აგურის კედელთან მიმიყვანა, რომელსაც ძალიან მკვეთრი ყვითელი განათებით გაჩახჩახებული სათვალთვალო კოშკები გადმოჰყურებს. იქ ათასობით პატიმარია დამწყვდეული, იქვეა ათასობით მსხვერპლის გაუხმაურებელი მკვლელობის ადგილი, მასობრივი საფლავი.

ნასრინ სოთუდე ერთ-ერთია ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტებიდან, რომლებიც ირანში ღიად მუშაო ბენ. ამ ქალბატონს თეირანის უძველეს ნაწილში, იუსეფ აბადში მდებარე მის პატარა ოფისში ვესტუმრე. საწერ მაგიდაზე ბრინჯაოს პატარა თემიდა ედგა. სასაუბროდ დავსხედით, და სოთუდემ თავსაფარი მოიხსნა. ორმოცს გადაცილებული დაბალი ტანის ქალი იყო, მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა და სათვალეს ხმარობდა. შავ, უფორმო ხალათივით კაბაში მონაზონს ჰგავდა.

სოთუდეს ერთ-ერთი კლიენტი ქალია, რომელიც მილიონი ხელმოწერის კამპანიის შეხვედრაზე წავიდა. პეტიცია, რომლისთვისაც ხელმოწერები გროვდებოდა, ქალთა დისკრიმინაციის შემცველი მკაცრი კანონების გაუქმებას მოითხოვდა. ამ ქალს გაწკეპვლა და ორწლინახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. სოთუდემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების სტუდენტთა სამოც პროცენტს ქალიშვილები შეადგენენ, მაგრამ სასამართლოში მამაკაცის ჩვენება სანდოობის მხრივ ორი ქალისას უტოლდება. ცხრა წლის ასაკიდან გოგონებს ჰინჯაბის ტარება ევალებათ და, კანონის მიხედვით, მათი სრული სიმკაცრით დასჯა ამავე ასაკიდან შეიძლება. ბიჭები კანონით მხოლოდ თხუთმეტი წლიდან ისჯებიან.

სოთუდემ მითხრა, რომ თუკი ივნისში აჰმადინეჟადს ხელახლა აირჩევენ, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ ვითარება ახლანდელზე „გაცილებით უფრო საშინელი“ იქნება. თუ რეფორმატორები გაიმარჯვებენ, უკეთესობაა მოსალოდნელი, მაგრამ „სასწაულს“ სოთუდე არც მათგან ელოდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ირანი და დასავლეთი თავიანთ უთანხმოებებს მოაგვარებენ, მაგრამ მათ შორის გარიგების მაინც ეშინოდა. „მოგვარდა თუ არა ბირთვული იარაღის საკითხი დასავლეთსა და ქადაფის შორის, ადამიანთა უფლებები ლიბიაში დავიწყებას მიეცა, - მითხრა სოთუდემ, - ჩემთვის პრიორიტეტს ირანელ ქალთა, ბავშვთა და სამოქალაქო უფლებების დამცველ აქტივისტთა უფლებები წარმოადგენს“.

თეირანის ჩრდილოეთი ნაწილის ერთერთ ჩაიხანაში სოთუდეს კლიენტს, მანსურე შოჯაიეს შევხვდი. შოჯაიე ორმოცდაათი წლის ქალია, ადრე ბიბლიოთეკარი იყო. მანსურეს მუქ თმას ზოლიანი შარფი უფარავდა, სქელი წითელი სვიტერი ეცვა და დიდი, ჯინჯილებიანი ვერცხლის საყურეები ეკეთა - ასეთი ჩაცმულობა ირანში პოლიტიკური განაცხადის ტოლფასია. ხელმოწერების კამპანიაში შოჯაიეც აქტიურად მონაწილეობდა. მას ხშირად იჭერდნენ, პრობლემებს უქმნიდნენ, პოლიციაში დაკითხვებს უწყობდნენ. პასპორტი ჩამოართვეს. ორი წლის წინ, მისი მორიგი დაპატიმრების დროს, სოთუდე და შირინ ებადი, სამოქალაქო უფლებათა ცნობილი დამცველი და აქტივისტი, რომელსაც 2003 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა, საქმეში ჩაერივნენ და შოჯაიე ევინი ციხიდან გაათავისუფლეს. „ციხეში მეუბნებოდნენ, რომ ხელმოწერების კამპანია „სახელმწიფო უშიშროებას საფრთხეს უქმნის, - მითხრა შოჯაიემ, - მათ, ვინც ჩემს დაკითხვაში მონაწილეობდა, ვუთხარი, რომ ორმოცდაათი წლის ვარ, და მზად ვარ, მეორე ორმოცდაათი წელი ციხეში გავატარო, ამიტომ არაფრის მეშინია-მეთქი“. შოჯაიე საკუთარ მდგომარეობას ერთგვარ ღია შინაპატიმრობას ადარებდა, მაგრამ ქედის მოდრეკას არ აპირებდა. „ჩვენ ციხეში რატომ უნდა ვიყოთ? თავად ჩასხდნენ იქ“.

შოჯაიეს რეფორმატორთა მოუქნელობა და უსუსურობა ძალზე აშფოთებდა. „როცა ნავთობზე ფასები დაეცა, აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ირანის მართვას მაშინაც შეძლებს, ნავთობის ფასი ბარელზე ხუთ დოლარამდე რომ დაეცეს“. შოჯაიემ მითხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, აბსურდული განცხადება იყო, მაგრამ სხარტი, მოკლე, ყველასათვის გასაგები და თავდაჯერებული. იმავე დღეს ხათამის სიტყვებიც მოიტანეს, რომელსაც უთქვამს, რომ „ცივილიზაციათა შორის დიალოგის ფილოსოფიის რაციონალურობა ჰუმანიზმს ეფუძნება, - და გაეცინა, - როგორ გგონიათ, ვის მისცემს ხმას უბრალო ხალხი, ამ სიტყვებზე ხომ ენას წაიმტვრევენ?“

მირ-ჰოსეინ მუსავიმ, საპრეზიდენტოდ საკუთარ კანდიდატურას რომ აყენებდა, განაცხადა: „ბირთვული ტექნოლოგიები ჩვენი ახალგაზრდა თაობის მიღწევათა კარგი მაგალითია“. ირანელი პოლიტიკოსები, რეფორმატორებიცა და კონსერვატორებიც, ამ აზრის არიან. ისინი საკუთარი ქვეყნის სამეცნიერო მიღწევებით ამაყობენ და მიაჩნიათ, რომ ირანს, ბირთვული იარაღი თუ არა, ბირთვული ენერგია მაინც უნდა ჰქონდეს. მოჰამად ჰაშემიმ, რეფორმატორმა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალი აქბარ რაფსანჯანის უმცროსმა ძმამ, რომელიც სამოცდაათიან წლებში ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა, ჩემთან საუბრისას „ორმაგ სტანდარტებზე“ დაიჩივლა: „ინდოეთს რატომ მისცეს საშუალება, რომ ბირთვული ენერგია ჰქონდეს, ჩვენ კი არა?“

ვუპასუხე, მაშინ აჰმადინეჟადის გამომწვევ რიტორიკას უნდა ეშველოს რამე-მეთქი. ჰაშემის ჩაეცინა. „ჩვენ სხვა რამდენიმე ლიდერიც გვყავს, - მიპასუხა, - მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენ რუხი ფერის რამდენიმე ტონი გვაქვს, თქვენ კი მხოლოდ შავს ხედავთ“.

2003 წელს ხათამი დათანხმდა, ურანის გამდიდრების სამუშაოები შეეჩერებინა. ეს ის პროცესია, რომლის მეშვეობითაც ბირთვული იარაღისათვის აუცილებელი საწვავი მიიღება. იმ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში თვლიდნენ, რომ ირანს ურანის გასამდიდრებელი 160 ცენტრიფუგის ინსტალირება ჰქონდა დაწყებული. 2006 წელს აჰმადინეჟადმა გამდიდრების პროცესი განაახლა. 2007 წლის აპრილში NASA-ს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ირანს ათას სამასი ცენტრიფუგა გააჩნდა; გასული წლის ნოემბერში აჰმადინეჟადმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ხუთი ათასი ცენტრიფუგა ჰქონდა. „თუკი ასეა, და ამდენი ცენტრიფუგის ამუშავება შეგიძლიათ, მაშინ ექვსი ათასის ამუშავებასაც შეძლებთ“, - უთხრა მას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ექსპერტმა (ამ დონის მიღწევისას - როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნების მატარებელი ბირთვული პროგრამა მოქმედებას იწყებს). ირანმა ბირთვული ქობინების სპექტრიც გაიფართოვა. ამან ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან უთანხმოება მოიტანა, და ირანს სანქციები დაუწესდა. ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები აშშ-ის იმ დაჟინებული მოთხოვნის გამო შეჩერდა, რომ ირანს ურანის გამდიდრება მოლაპარაკებების დაწყებამდე შეეჩერებინა, მაგრამ ირანი კომპრომისზე არ დათანხმდა.

„ეს მხოლოდ აჰმადინეჟადის გადაწყვეტილება არაა, - განაცხადა ბირთვული ენერგიის ერთ-ერთმა ექსპერტმა, - აჰმადინეჟადი არჩევნებში რომც დამარცხდეს, ირანში ურანის გამდიდრება მაინც გაგრძელდება. ახლა ეს ირანისთვის ნომერი პირველი ეროვნული ამოცანაა. არა მგონია, ბირთვული საკითხი ირანში დღეს ვინმემ დათმოს. ირანელებს გლობალური სტატუსის მიღწევის ამბიცია ამოძრავებთ. ამგვარი სტატუსი მათ ბევრ შესაძლებლობებს გაუხსნით“.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ირანი, იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა, საკმარის გამდიდრებულ ურანს წლის ბოლომდე გამოიმუშავებს. თუმცა, სხვადსხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირანს ისრაელის „ეგზისტენციალური საფრთხე“ უწოდა, და არაერთხელ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევას არ დაუშვებს. გასულ კვირას ისრაელის გაზეთი „ჰაარეცი“ წერდა: „ნეთანიაჰუსთან დაახლოებული პირების თქმით, მას ირანის ბირთვული ინსტალაციების განადგურება უკვე გადაწყვეტილი აქვს... ძალით, რომლის გამოყენების მოტივაცია მხოლოდ ისრაელს გააჩნია“. ამგვარი განცხადებების მიზანი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ობამას ადმინისტრაციამ ირანის მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს; ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ისრაელი ირანის ბირთვულ დანადგარებზე შედეგიანი იერიშის - მაგალითად, საჰაერო იერიშის მიტანას აშშ-ს ჩაურევლად. თუ ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტებს მივიღებთ მხედველობაში, ამგვარი ჩარევა ნაკლებ მოსალოდნელია. ეს პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობას ტოვებს.

ალი ლარიჯანი, კონსერვატორი პრაგმატიკოსი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ბირთვული ენერგიის საკითხებზე წარმოებულ მოლაპარაკებებში ირანს წარმოადგენდა (ახლა იგი მაჯლისის სპიკერია), შინ, სამშობლოში თუ უცხოეთში დიდი პატივისცემით სარგებლობს; მას დაწერილი აქვს წიგნი იმანუელ კანტის შესახებ. ლარიჯანიმ განაცხადა, რომ „ირანს შეუძლია ისეთი ფორმულირების მიღწევა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას დააკმაყოფილებს“ და გაიხსენა, რომ ბუშის ადმინისტრაციას სადამ ჰუსეინის ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებისას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ლარიჯანიმ ობამას გუნდის წევრების მიმართ პრეტენზიაც გამოთქვა: „ეს ხალხი ზუსტად იმას ამბობს, რასაც ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, აშშ-ს არ სურს, მუსლიმურ სახელმწიფოს ბირთვული ტექნოლოგიები ჰქონდეს. მაშასადამე, ობამას მოსვლით მხოლოდ ფერი და ტაქტიკა შეიცვალა, და არა სტრატეგია. ახალი მიდგომაა გამოსამუშავებელი, სხვა შემთხვევაში, ბევრი არაფერი შეიცვლება. „შოლტის და დატკბობის“ მონაცვლეობის ენაზე ირანთან ლაპარაკი არ შეიძლება“.

ლი ჰამილტონმა განაცხადა, რომ არ სჯერა, თითქოს „ჩვენ დავადგინეთ ან ზუსტად ვიცით“, შექმნიან თუ არა ირანელები ბირთვულ იარაღს ამგვარი შესაძლებლობის გაჩენისთანავე. მაგრამ „ბუშის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად ურანის გამდიდრების შეჩერება უნდა გამხდარიყო, არაპროდუქტიული გამოდგა და, როგორც ჩანს, ობამამ ეს გააცნობიერა. „ამ ურთიერთობებში სტიმულების შემოტანა გვჭირდება, - თქვა მან, - სანქციების დაწესების საფრთხესთან ერთად მათი გამოყენებაც საჭიროა. დახვეწილი დიპლომატია გვჭირდება, მაგრამ ბერკეტების გამოყენებასაც არ უნდა მოვერიდოთ“. ჰამილტონმა იცის, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სამოქმედოდ არაერთი დახურული გეგმა აქვს დასახული. მან „სავალუტო მანიპულაციებისა და დეზინფორმაციის“ პროგრამები ახსენა, მაგრამ დასძინა: „თუ ეს დახურული გეგმები სამხედრო და ნახევრად სამხედრო ქმედებებს გულისხმობს, მაშინ ესენი განზე უნდა გადავდოთ. უარი უნდა ვთქვათ რეჟიმის შეცვლაზეც; ჩვენმა პოლიტიკამ ბიჰევიორული ცვლილებები უნდა მოიტანოს; მე ამ ხაზის მომხრე ვარ“.

„ჩვენი მხრივ, რიტორიკა გვაქვს შესაცვლელი; ნაკლებად აგრესიული ენა მხოლოდ დაგვეხმარება, - გააგრძელა ჰამილტონმა, - სამხედრო ჩარევის ვერსია არც ერთმა პრეზიდენტმა არ უნდა გამორიცხოს. მაგრამ ჯობს ამაზე ნაკლები ვილაპარაკოთ“.

24 მარტს მოწყობილ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ „სიმტკიცის ფილოსოფიაზე“ ისაუბრა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისზეც ვრცელდება და ირანთან ურთიერთობაზეც. „ჩვენ ვიოდეომიმართვა ჩავწერეთ და ირანელ ხალხს და ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მივმართეთ, და ზოგიერთმა თქვა: „ისინი თურმე არ მოითხოვენ, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი გავანადგუროთ და ტერორიზმის დაფინანსება შევწყვიტოთ, - თქვა ობამამ, - ამას არც მოველოდით. ჩვენ მოველით, რომ ამ მიმართულებით მდგრად პროგრესს მივაღწევთ“.

„ყოველთვის ვიცოდით, რომ ირანთან ურთიერთობა ადვილი არ იქნება, - თქვა ვალი ნასრმა, - ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, პარალელური ავტორიტეტები ძალზე ბევრია, ურთიერთობის გამოცდილება და ურთიერთნდობა კი არ გვაქვს. ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვქონია, და არც საპირისპირო მხარის მოთამაშეებს ვიცნობთ“.

მომდევნო ნაბიჯებს კოორდინირებას, როგორც ჩანს, დენის როსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტერანი მომლაპარაკებელი გაუწევს. როსი სახელმწიფო დეპარტამენტში კლინტონის საგანგებო მრჩეველი იყო და ირანთან ურთიერთობის კუთხით კონსულტაციას უწევდა. სამომავლო მოქმედების ერთ-ერთი ადგილი ავღანეთია, რომლის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონები ირანის დიდ გავლენას განიცდის. გასულ კვირას ჰააგის კონფერენციაზე ირანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ავღანეთიდან ნარკოტრაფიკინგის აღკვეთაში მიიღებენ მონაწილეობას. ნარკოტიკებით ვაჭრობა, როგორც შემდეგ კლინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ირანელების ის საზრუნავია, რომელიც ჩვენც მათსავით გვაშფოთებს“.

თომას პიკერინგმა ობამას დღემდე გამოვლენილი მიდგომები მოუწონა, მაგრამ გააფრთხილა, რომ ჯერჯერობით ძნელია პროგნოზირება, მოიტანს თუ არა ეს შედეგს. „ჩემს შეფასებებში ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მკაცრი ვიყო, - განაცხადა პიკერინგმა, - მაგრამ, მართალი გითხრათ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ ოთახის კარი ჩაკეტილია, მისი გაღება უნდა სცადო“.

16 ქუჩის აგიტატორი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ნაომი კლაინი და ახალი ახალი მემარცხენეობა

ავტორი: ლარისა მაკფარქუარი
თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ტორონტოში, „ბლურ სინემას“ აფიშა სხვადასხვა ფილმის დაწყების დროს იუწყებოდა: „უკანასკნელი საყვარელი“ - 4 საათზე; „ნაომი კლაინი - შოკის დოქტრინა“ - 7 საათზე, „საშინელებათა ფარდული“ კი - 9.30 საათზე გადიოდა. საღამოს თბილოდა. მეზობლად, ფალაფელის მაღაზიაში ხალხმრავლობა იყო. ნაომი კლაინის სანახავად ბილეთებმომარჯვებული ადამიანების რიგი კვარტლის ბოლოდან იწყებოდა, მოსახვევში კუთხეს ქმნიდა და გრძელდებოდა. კინოს შესასვლელთან შუახნის მამაკაცი და ასაკოვანი ქალი ტრიალებდნენ და გაზეთ Socialist action-ს დოლარად ყიდიდნენ. (სექტემბრის გამოშვების სტატიები კაპიტალიზმის წინააღმდეგობრივ ბუნებას, ბოლივიაში მიმდინარე კლასობრივ ბრძოლას ეხებოდა; იქვე იყო მუმია აბუ-ჯამალის მიმოხილვაც, რომელიც რეგულარულად, ყოველი ნომრისთვის წერდა).

„დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. როგორც წესი, ეს დრო აქტივისტებს ეთმობათ, ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ“, - განაცხადა სცენიდან ახალგაზრდა ქალმა, აქციის ორგანიზატორმა. ქალს ჯინსები ეცვა, ყელზე შავი ყელსაბამი ეკიდა, ყურებზე - შავი რგოლები. მან აუდიტორიას რასიზმთან და სიღატაკესთან ბრძოლისკენ მოუწოდა, განათლების სისტემის დახვეწასა და საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე ილაპარაკა. ბოლოს აუდიტორიას იმიგრანტების, დევნილების, პალესტინელების, ტიენდინაგას მოჰავკებისა და ბარიერ ლეიქის ალგონკინებისადმი სოლიდარულობისკენ მოუწოდა. იმ დღეს სწორედ მათი მხარდასაჭერი აქცია იყო. ქალს სცენის განათება თვალს სჭრიდა. „კარგია, რომ აუდიტორიას ჩემსავით აქედან არ უყურებთ, - თქვა მან, - რვაასორმოცდაათი ადამიანის წინაშე აქამდე არასდროს გამოვსულვარ, მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, და მაშინაც, შენს ხმას დემონსტრანტების სიმღერა ფარავს; მერე ქაღალდს დახედა, - სხვაგვარი აუდიტორიები, ადამიანები, რომლებიც ამ საზოგადოებაში კაპიტალსა და ძალაუფლებას ფლობენ, ნაომი კლაინის სიტყვებს, მის იდეებს საფრთხედ აღიქვამენ. მათთვის კი, ვინც ანტიგლობალიზაციურმა, ანტიკოლონიურმა, სიღატაკის დასამარცხებლად წამოწყებულმა ბრძოლამ რადიკალებად აქცია, კლაინის სიტყვები შთაგონებაა სისტემის სრული შეცვლისათვის.“

კლაინი სცენაზე ავიდა. „უკანასკნელი ოთხი საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა“, - თქვა ღიმილით. იმ საღამოს, სახაზინო მდივნის ჰენრი პოლსონის ინიციატივა უოლ სტრიტისათვის დოტაციის გამოყოფის შესახებ წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით უარყო. „პრეზიდენტი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ თუ ამ საკითხზე თანხმობა არ იქნება, ქვეყანა დაიქცევა ... მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.“ მისი სიტყვები მქუხარე ტაშის თანხლებით გაგრძელდა. კლაინს ყავისფერ მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩატანებული ჯინსის შარვალი და გრძელი შავი ქურთუკი ეცვა. მელიებზე მონადირეს ჰგავდა. იმ საღამოს გამაოგნებლად ლამაზი იყო.

კლაინმა მთელი დღე შინ გაატარა, ლურჯ ტახტზე ფეხებაკეცილმა; CNN-ს უყურებდა და მოუთმენლად ელოდებოდა, რა მოხდებოდა ვაშინგტონში. წინ უამრავი ყავის ფინჯანი ედგა და სასუსნავიც უხვად ჰქონდა მომარაგებული. დროდადრო iphone-ით ეკონომისტი მეგობრის გამოგზავნილ მესიჯებს კითხულობდა, რომელიც კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენებს ატყობინებდა. დოუ ჯონსის ინდექსის მორბენალ სტრიქონს თვალს ადევნებდა და ფიქრობდა, რა სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდებოდა პოლსონი, რომელსაც ეგონა, რომ ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებდა. „ეს პოლიტიკოსები ვაჭრებივით არიან, - თქვა ტელევიზორის წინ ფიქრებში წასულმა, - მთავრობა ბაზარზე თამაშს უნდა შეეშვას, ქვეყანის მართვაზე იფიქროს.“

0x01 graphic

0x01 graphic

ორი დაძაბული კვირა გაატარა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს წიგნი „შოკის დოქტრინა“ გამოსცა, კლაინი ამერიკული მემარცხენეობის ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. ოცდაათიოდე წლის წინ ასეთი გავლენა ჰოვარდ ზინს და ნოამ ჩომსკის თუ ჰქონდათ. ხშირად უწევდა უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. მას მთელ მსოფლიოში უსმენდნენ, მის ვებსაიტს კითხულობდნენ; მისი იდეების თაყვანისმცემლები ინტერნეტით მგზნებარე წერილებს სწერდნენ. კლაინი კერპების კერპი გახდა: „რეიდიოჰედი“ და ლორი ანდერსონი თავიანთ ფანებს მისი წიგნების წაკითხვას ურჩევდნენ; ჯონ კიუსაკის ფილმი War, Inc. კლაინის ბაღდადური რეპორტაჟებით იყო შთაგონებული. „შოკის დოქტრინით“ აღფრთოვანებულმა მექსიკელმა კინორეჟისორმა ალფონსო კუარონმა მის შესახებ სრულიად უსასყიდლოდ გადაიღო ფილმი. კლაინისადმი ინტერესმა წარმოუდგენლად იმატა. „შოკის დოქტრინაში“ ნაომი კლაინი იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა, რაც ეკონომიკური კრიზისის სახით მალე რეალობად იქცა. ამიტომ ყველას უნდოდა კლაინი ტელევიზიით ეხილა და მისი კომენტარი მოესმინა.

წიგნის მთავარი თეზისი ასეთი იყო - კაპიტალიზმი და დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ადამიანები ბუნებრივად სულაც არ თანაარსებობენ. თუმცა, აქამდე ჩვენ სწორედ ასე გვასწავლიდნენ; პირიქით, კაპიტალიზმი, ყოველ შემთხვევაში, ფუნდამენტალისტური კაპიტალიზმი, მილტონ ფრიდმანი და მისი „ჩიკაგოს სკოლის“ ადეპტები ისეთი არაპოპულარული გახდა, იმდენად მავნე ყოველი ჩვენთაგანისთვის, მდიდართა შორის უმდიდრესი ადამიანების გარდა, რომ, უკეთეს შემთხვევაში, მისი იდეების დასამკვიდრებლად აუცილებელი გახდა სიცრუე, ხშირად კი ტერორი და წამება. ფრიდმანი თვლიდა, რომ ბაზარი ეფექტურად მაშინ მუშაობს, როცა მთავრობა მის ფუნქციონირებაში არ ერევა, ამიტომ სოციალური დახმარებებისა და სოციალური დაცვის, სახელფასო კანონების, ფინანსური რეგულაციისა და ლიცენზირების მოთხოვნებს არ იზიარებდა; ანუ ყველა იმ ღონისძიების წინააღმდეგი იყო, რაც ადამიანებს ბაზრის ულმობელი კანონებისგან იცავს. კლაინი ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ ფრიდმანის შეხედულებები და შესაბამისი რეფორმების აუცილებლობა მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფების, მასშტაბური ტერორისტული თავდასხმებისა და საომარი მდგომარეობების შემთხვევაში შეიძლება გაიზიაროს. შოკის დროს ადამიანი ბავშვურ მდგომარეობას უბრუნდება; ასეთ დროს მას სჭირდება, რომ ვითარება მშობლის როლის ჩამნაცვლებელმა ფიგურამ გააკონტროლოს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა ხელისუფლებას განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც აბსოლუტურად ირღვევა მისი მმართველობითი ფუნქციები.

დაკვირვებამ ფრიდმანი დაარწმუნა, რომ უფრო ხშირად საზოგადოება „სტატუს კვოს“ ტირანიითაა პარალიზებული, რაც მას ხელს უშლის რეფორმების საჭიროების გააზრებაში. ცვლილებების აუცილებლობას ადამიანები მხოლოდ კრიზისული მდგომარეობის დროს ხვდებიან. ეს მაინცდამაინც წინააღმდეგობრივი მოსაზრება არაა. მაგრამ ფრიდმანის გამონათქვამების საფუძველზე კლაინი ასკვნის, რომ ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი „კრიზისულ სიტუაციაზე ისე ოცნებობს, როგორც ფერმერი ლოცულობს წვიმისთვის.“ ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევა, ცოტა არ იყოს, რთული საქმეა, მაგრამ შეთქმულებების და ტერორის მოწყობა ყოველთვის შეიძლება. „ადამიანის უფლებების ყველაზე ცნობილი დარღვევები, სადისტური აქტებიც კი, რომლებიც უახლეს ისტორიაში ანტიდემოკრატიულმა რეჟიმებმა - პინოჩეტისამ ჩილეში, ან ხუნტამ - არგენტინაში განახორციელეს, სინამდვილეში ხალხის ტერორიზების შეგნებული განზრახვით, ან თავისუფალი ბაზრისკენ მიმართული რადიკალური „რეფორმებისთვის“ საფუძვლის შესამზადებლად იქნა ჩადენილი.

კლაინმა თავისი თეზისი პირველად 2004 წელს ჩამოაყალიბა, როცა ბაღდადიდან რეპორტაჟებს ამზადებდა, და შენიშნა, რომ პოლ ბრემერის მიზანი ერაყში სრულყოფილი კაპიტალისტური სახელმწიფოს შექმნა იყო - მაშინ, როდესაც მისი მოსახლეობა მასობრივი დაბომბვების შემდეგ ჯერაც „შოკისა და შიშის მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. მერე ისიც შეამჩნია, რომ შრი ლანკას ცუნამით გადალოკილი სანაპიროები, რომლებზეც ადრე მეთევზეები სახლობდნენ, კატასტროფის შემდეგ სასტუმროების მფლობელ კომპანიებს მიჰყიდეს. ფრიდმანის არც ის წინადადება დარჩენია შეუმჩნეველი, რომ „კატრინას“ შედეგად განადგურებულ ახალ ორლეანში, დანგრეული სკოლების მაგიერ, ელიტური სასწავლებლები აშენებულიყო. მსგავსება მართლაც შთამბეჭდავი იყო, მოდელი - ერთი და იგივე. მაგრამ ახლა, როდესაც შოკმა თვითონ ვაშინგტონი მოიცვა, თითქოს რაღაც სხვა უნდა მომხდარიყო. ერთი მხრივ, მისი თეორიით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ შოკს (ბანკების გაკოტრება და ბაზარზე ფასების ვარდნა) მთავრობის მიერ უპრეცედენტო ძალაუფლების მოპოვების მცდელობა მოჰყვებოდა (შვიდასი მილიარდი დოლარის შეუზღუდავად განკარგვის უფლებით), იმ საბაბით, რომ ამგვარ კრიზისში მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებების სისწორეს უნდა ენდოს, მაგრამ ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც მთავრობა აპირებდა, დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე უმდიდრესი ადამიანების გამდიდრებას გამოიწვევდა. ეს გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ თავად გეგმა რატომღაც არ მუშაობდა. ამომრჩევლებმა მრისხანებით აღსავსე წერილების წერა დაიწყეს, ბლოგერები წერდნენ, რომ ეს ვითარება კარგად ეცნოთ, რომ რაც ხდებოდა, 11 სექტემბრის შემდგომ პერიოდს აგონებდათ, დოტაციის გადაწყვეტილება კი პატრიოტული აქტის ეკვივალენტური იყო. ამაზე კლაინი თავისი წიგნის ბოლო თავებში წერდა: მეხსიერება შოკის ანტიდოტი გამოდგა. (მეორე განსხვავება, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ მთავრობამ ფრიდმანის ყაიდის რეფორმების გატარება კი არა, მათი საპირისპირო რამ გადაწყვიტა: ბაზრის ლოგიკაში უპრეცედენტო ჩარევა. თუმცა, რაკი ეს ჩარევა ბანკების სასარგებლოდ დოტაციების გამოყოფას გულისხმობდა, განსხვავება კლაინს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი და გასაკვირი არ მოსჩვენებია).

„ამერიკელებს გაახსენდათ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ რუდი ჯულიანს მამად აღიქვამდნენ, ამიტომაც ამჯერად პოლსონისა და გოლდმან საქსისაგან დიდ მზრუნველობას აღარ ელოდნენ“, - განუცხადა კლაინმა „ბლურ სინემაში“ შეკრებილ აუდიტორიას. „ჩემი აზრით, მათი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ სადოტაციო დოკუმენტი მეტისმეტად მოკლე გამოუვიდათ, სულ ორი გვერდი იყო - სამი მუხლისგან შედგებოდა; და ყველაზე უცნაური რამ მოხდა: ადამიანებმა ის წაიკითხეს.“ დამსწრეებს გაეცინათ. „და ეს მართლა შეთქმულებას ჰგავდა.“

„ალბათ ღირს დაფიქრება, რას აკეთებდნენ მემარჯვენეები უკანასკნელი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, რომ ეს ჩვენი გამარჯვებების წინააღმდეგ მიმართული კონტრრევოლუცია იყო, - გააგრძელა კლაინმა, - „ახალი კურსი“ ფრანკლინ დელანო რუზველტის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად იხსენიება, - თქვა მან, - მაგრამ ქვემოდან მომავალ ზეწოლაზე ჩვენ საკმარისად ბევრს არ ვლაპარაკობთ.

ადამიანებმა სამეზობლოებში კონსოლიდირება მოახერხეს, და როდესაც საკუთარი სახლებიდან გამოსახლებულ ხალხს ავეჯი ქუჩაში გამოუყარეს, მათ ყველაფერი უკან შეზიდეს. მოვლენებში ადამიანების ამგვარმა უშუალო ჩარევამ ისეთი გამარჯვებები მოგვიტანა, როგორიც იყო საბინაო გადასახადების კონტროლი, სოციალური ბინათმოწყობა, Fannie Mae*-ს (ამერიკის უმსხვილესი იპოთეკური სააგენტოა) შექმნა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს ისაა, რომ ამ აქციების ორგანიზატორები საფრთხეს წარმოადგენდნენ - სოციალისტური რევოლუციის საფრთხეს. სწორედ ამან დაარწმუნა რუზველტი, უოლ სტრიტისთვის შეეთვალა, - „კომპრომისზე უნდა წავიდეთ, თორემ რევოლუცია გამოწერილი გვაქვსო.“ ახლა ამგვარი საბაზრო შოკები უფრო ადვილი მოსავლელი გახდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მსგავსი ჩავარდნები ოცდაათიან წლებშიც მომხდარა, რადგან ჩაურევლობის პოლიტიკის მარცხი ჩვენს თვალწინაა. დროა, ვუთხრათ, - „თქვენმა მოდელმა მარცხი განიცადა“, - თქვა კლაინმა, - ეს პროგრესული მომენტია: ჩვენ გავიმარჯვეთ.“

კლაინი 1970 წელს დაიბადა, მაგრამ პოლიტიკური გარემო, რომლის ნაწილადაც თავს მიიჩნევს, ოცდაათიან წლებში შეიქმნა. კლაინის აზრით, სოციალური მოძრაობები ამერიკაში აღარასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ოცდაათიან და ორმოციან წლებში იყო, როცა მათი ზეწოლით რადიკალური ეკონომიკური ძვრები პროგრესული მიმართულებით განვითარდა. ამ წლებში მის ოჯახშიც ცოცხლობდა დიდი პოლიტიკური იმედები და მოლოდინი, რომლებიც შემდეგ თანდათანობით მიინავლა. მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველაფერი, რითაც კლაინების ოჯახი სულდგმულობდა, უტოპიად იქცა.

მამამამის მშობლებმა - ენმა და ფილიპმა ერთმანეთი ჯეკ ლონდონის კლუბში გაიცნეს. ოცდაათიან წლებში ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ-არკში ეს მემარცხენე ხელოვანთა თავშეყრის ადგილი იყო. (ფილიპის უფროსი ძმა, სოლი, უფრო „იდეური“ გამოდგა - რევოლუციის შემდეგ რუსეთში გადასახლდა და უკან აღარც დაბრუნებულა.) ფილიპი 1936 წელს დისნეიმ ანიმატორად აიყვანა. მუშაობდა ანიმაციურ ფილმებზე „ფანტაზია“, „ფიფქია“ და „პინოქიო“. ოცდაათიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, დისნეის ანიმატორებს საიდუმლო გაერთიანების შექმნა უნდოდათ, მაგრამ საქმეს თავი ვერ მოაბეს, სანამ 1941 წლის გაზაფხულზე არ დარწმუნდნენ, რომ „ფიფქიაზე“ მუშაობისას გაწეული წვლილისთვის შეპირებულ პრემიებს ვერასოდეს მიიღებდნენ, და გაფიცვა წამოიწყეს. ენი და ფილიპი გაფიცვის აქტიური მონაწილეები იყვნენ, სტუდიის მოპირდაპირე მხარეს გაშლილ კარვებში ათენებდნენ და აღამებდნენ, საჭმელს კოცონზე იმზადებდნენ და პიკეტირების ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ. პირველი ვაჟი, მაიკლი - ნაომის მამა, სამი წლისა იყო, და ისიც მათთან ერთად, კარავში ცხოვრობდა. სექტემბერში გაფიცვა მორიგებით დასრულდა, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ ფილიპი გაფიცვის აგიტირებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს. 1942 წელს ოჯახი ნიუ-ჯერსიში დაბრუნდა და ფილიპს გემთსაშენ ქარხანაში მოუხდა მუშაობა.

ცოლ-ქმრის პოლიტიკური საქმიანობის დაწყება მათი რწმენის კრიზისის პერიოდს დაემთხვა. სტალინმა მოლოტოვრიბენტროპის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი: ეს პირველი ღალატი იყო. მერე ყველამ გაიგო, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანებს გულაგებში ასახლებდნენ. 1956 წლისთვის, როდესაც ხრუშჩოვმა ცნობილი „საიდუმლო გამოსვლისას“ სტალინის კულტი და მისი შედეგები დაგმო, ფილიპს და ენს, ბევრი ყოფილი თანამოაზრის მსგავსად, კომუნიზმზე ხელი კარგა ხნის ჩაქნეული ჰქონდათ, მაგრამ სოციალური სამართლიანობის და რასობრივი თანასწორობის მტკიცე რწმენა არ დაუკარგავთ და ვაჟებიც ამ იდეალებზე გაზარდეს; 1948 წელს ენმა ათი წლის მაიკლი პროგრესისტული პარტიის წინასაარჩევნო თავყრილობაზე წაიყვანა, და ვაშინგტონში როზენბერგების მხარდასაჭერად გამართულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა - ეს იყო და ეს, სხვა მხრივ ოჯახი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდა. სამაგიეროდ, ხშირად დადიოდნენ პატერსონის მახლობლად მოწყობილ ბანაკში, რომელსაც „ბუნების მეგობრები“ (შემდგომ - მიდვეილის ბანაკი) ეწოდებოდა. Eს ბანაკი ოციან წლებში დაარსდა, ყველა რასის მუშათა თავშესაყრელად და ბუნებასთან საზიარებლად. „ბუნების მეგობრები“ მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ფილიპმა შორიახლოს სახლი აიშენა, ენმა ბოსტნეულის მოყვანა დაიწყო. ბანაკში მემარცხენე მომღერლების: პით სიგერის, პოლ რობსონის და ვუდი გათრის მოსასმენადაც დადიოდნენ. ფილიპმა ადრინდელი მოწოდება გაიხსენა და ხატვა დაიწყო, მაგრამ მისი ყველა ნამუშევარი დისნეის კადრებს ჰგავდა. მერე სკულპტურაზე გადაერთო, ლითონზე მუშაობდა და ძველი ამბიცია ამით ცოტათი მაინც დაიკმაყოფილა.

მაიკლ კლაინმა სკოლის მუსიკალურ ჯგუფში დაიწყო დაკვრა, მოსწავლეთა საბჭოს წევრი და მოცურავეთა გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ გაორებულ ცხოვრებას ეწეოდა. მშობლები სოციალისტურ საზაფხულო ბანაკებში გზავნიდნენ. იქ „წითელ“ იდეებზე გაზრდილ ბავშვებთან მეგობრობდა, რომლებიც უმეტესად ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. მათთან მშობლების ცხოვრებაზე და შეხედულებებზე თამამად შეეძლო ესაუბრა, მაგრამ იმ დროს კომუნისტების ბავშვებს რთული და შიშნარევი ცხოვრება ჰქონდათ. მაიკლის ბავშვობის ერთ-ერთი პირველი მოგონება მიდვეილის ბანაკში სისხლამდე ნაცემი ადამიანებით სავსე ავტობუსი იყო; ეს ამბავი 1949 წელს მოხდა: პოლ რობსონის კონცერტზე მიმავალ ხალხს ადგილობრივი მაცხოვრებლების ბრბომ ქვები დაუშინა და ჯოხებით სცემა. 1953 წელს ცოლ-ქმარმა როზენბერგებმა სიცოცხლე ელექტროსკამზე დაასრულეს; მათი ორი ვაჟი ექვსი და ათი წლის ასაკში დაობლდა.

მაიკლ კლაინი მშობლების შეხედულებებს არასდროს განდგომია, მაგრამ პოლიტიკისგან თავი მათსავით შორს ეჭირა. სამედიცინო სასწავლებელში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა, შეუერთდა ჯგუფს „ექიმები სოციალური პასუხისმგებლობისთვის“. როცა ჯარში გაწვევამ უწია, პუნქტს, რომელშიც უნდა მიეთითებინა, რომ არც ერთი კომუნისტური ორგანიზაციის წევრი არ არის, ხელი არ მოაწერა. მისი ლოიალობის დასადგენად საგანგებო მოსმენაც კი მოაწყვეს. ამ პერიოდში შეხვდა ახალგაზრდა ფილადელფიელ კინორეჟისორსა და აქტივისტს, ბონი შერს, და გოგონა მისგან დაფეხმძიმდა. სანამ მაიკლის ჯარში გაწვევა-გაუწვევლობის საკითხი წყდებოდა, ბონიმ კანადის ერთ-ერთი ტელეკორპორაციის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნახა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ ბომბავდნენ ამერიკელები ვიეტნამის მშვიდობიან მოსახლეობას. „თუ კანადური სახელმწიფო ტელევიზია ასეთ ფილმებს იღებს, მაშინ უნდა დავქორწინდეთ და კანადაში გავიქცეთ“, - უთქვამს ბონის და ასეც მოიქცნენ.

წყვილი მონრეალში დასახლდა. მაიკლმა უფასო საავადმყოფოში პედიატრად დაიწყო მუშაობა, ბონი კალიფორნიაში კინოხელოვნებას სწავლობდა. პირველი ფილმი კი საკრამენტოში სეზარ ჩავესის მიერ მოწყობილ პირველ მსვლელობას მიუძღვნა. კანადაში გადაღებულ ფილმში ჯანდაცვის პრობლემების შესახებ ის ხალხი ალაპარაკა, ვინც სოციალური სამსახურების მომსახურებით სარგებლობდა; შემდეგ გადაიღო ფილმი აქტივისტ სოლ ალინსკის, მოგვიანებით - მშვიდობისათვის მებრძოლი აქტივისტი ქალების შესახებ, ფილმებს იღებდა გრინჰემ-ქომონის ქალთა სამშვიდობო ბანაკში და საბჭოთა კავშირში. („დიალოგის შესახებ საკამაოდ გამარტივებული შეხედულება მქონდა, - ამბობს ახლა კლაინი, - მტერი ხომ ისაა, ვისი სათქმელიც ჯერ არ მოგისმენია.“) 1980 წელს დაიწყო ფემინისტური ფილმის გადაღება სექსის შესახებ. ფილმს „ზეიმი“ უნდა რქმეოდა, მაგრამ მერე შერმა მისი მასალით სხვა ფილმი გადაიღო - „ეს არაა სიყვარულის ამბავი“, პროსტიტუციის შესახებ. მალე კი ეროვნული კინოკომიტეტის ფემინისტურ კინოჯგუფში Studio D გაერთიანდა. მისი მეგობრები ქალის სულიერების პრობლემებით იყვნენ დაინტერესებულები. ერთხელ შერმა ქალიშვილს გაუმხილა, - კუდიანი მინდა ვიყოო. „დედაჩემი სულ ასეთ რაღაცებს ამბობდა, - იხსენებდა მოგვიანებით კლაინი, - ყოველთვის ცდილობდა, უფრო ჰიპური დედა ყოფილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. ჯოან ბაეზის ფანტაზიები (ფოლკ-მომღერალი, ომის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი) ღრმად ჩაებეჭდა. ეს ფანტაზია რამდენიმე წელიწადში ერთხელ თავს გვახსენებდა, და დროდადრო დედაჩემი „თავისუფალი გოგოს“ როლს ირგებდა.

მისმა მშობლებმა კარიერა კანადაში გაიკეთეს, და კლაინს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ემოციური დამოკიდებულება ბავშვობიდან გამოჰყვა. ამას გარდა, მისი აზრით, მოგების დევნა ბევრ სფეროს არყევს, განსაკუთრებით კი ჯანდაცვას. „ჩემი მშობლები ახალდაქორწინებულობის პერიოდში სახელმწიფო სექტორში მუშაობდნენ, - ჰყვება კლაინი, - დედაჩემი და Studio D-ს ხალხი, რესურსების სიმცირის გამო, ყოველთვის გაცოფებულები იყვნენ, თვლიდნენ, რომ მეტს იმსახურებდნენ, მაგრამ ობიექტურად კი შესანიშნავი შესაძლებლობები ჰქონდათ. უზარმაზარ სახელმწიფო ინსტიტუტში თავიანთი ქალთა სტუდია ჰქონდათ და სოციალური ცვლილებების შესახებ ფილმების გადაღება შეეძლოთ! მამაჩემი რაღაც ამგვარს ჯანდაცვის სფეროში აკეთებდა. ცვლილებები სამშობიარო სახლებიდან დაიწყო, საქმეში ბებიაქალები და ალტერნატიული მედიცინა ჩართო, თუ დიდი აუცილებლობა არ იყო, მშობიარობის დროს ქირურგიული ჩარევების შემთხვევებს ებრძოდა. ამერიკაში კი სამთავრობო წამოწყებების დაცინვა ძალიან ადვილია, ადამიანებს სახელმწიფო სფეროს ხსენებაზე მარტო ფოსტა ახსენდებათ.“

ნაომი და მისი უფროსი ძმა, სეთი თავიანთი მემარცხენე ოჯახის ისტორიით ბავშვობიდან ამაყობდნენ. ასეთი სულისკვეთებით გაიზარდნენ. „სულ ასე იყო, უოლტ დისნეის ფილმები მომწონდა, მაგრამ თან ვიცოდი, რომ ის ნაძირალაა.“ შაბათ-კვირას ვერმონტში, თავიანთ ერთ ციცქნა აგარაკზე ჩასული ბონი და მაიკლი „ფესიფიკ რეიდიოს“ სტუდიურ ჩანაწერებს უსმენდნენ - აშკარაა, რომ ამერიკის ისტორიას ეს ორი ადამიანი ქანთრი მუსიკის მეშვეობით შეიგრძნობდა, მაკარტიზმის პერიოდს - „უეივერზის“ (ამერიკული ფოლკლორული კვარტეტი) სიმღერებით, სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობას - „ფრიდომ სინგერზის“ (ამერიკული მუსიკალური ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ მიტინგებზე და ციხეებთანაც კი მღეროდა) მუსიკის პრიზმაში აღიქვამდა. ბავშვობაში სეთს ერთი სადარდებელი ჰქონდა - რომ ყველა დიდი ბრძოლა უკვე გადატანილია, და მას საბრძოლი არაფერი დარჩა. ბონიმ კი უთხრა, რომ თუ კარგად დაფიქრდებოდა, აუცილებლად იპოვიდა თავის ბრძოლას. სეთიც ბავშვობიდან ეძებდა იმ გამოწვევას, რომელიც მის იდენტობად, მისთვის ცხოვრების არსად იქცეოდა. მეექვსე კლასში იყო, როცა მამამისმა ჰელენ ქოლდიკოტის გამოსვლაზე წაიყვანა. ქოლდიკოტი ბირთვულ იარაღზე ლაპარაკობდა, და სეთი მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო პრობლემა, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდა. მან ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო ჯგუფი შექმნა, სკოლის დამთავრების შემდეგ მის წევრებთან ერთად მთელი ქვეყანა შემოიარა და ბირთვულ საფრთხეზე მოსწავლეებს ესაუბრებოდა.

თუკი ესეთი წესიერი, „აქტივისტი“ ბავშვი იყო, ნაომის პირიქით - დემონსტრაციებზე სიარული სძაგდა. ვერც ფემინიზმის დედამისისეული ვერსია ხიბლავდა. „ჩემი ჩაცმულობა არასდროს მოსწონდა, - ჰყვება ბონი, - სტუდიაში ყველას გრძელი უფორმო პერანგები და ფართხუნა ტანსაცმელი გვეცვა“. ნაომი იხსენებს, რომ რვა თუ ცხრა წლის ასაკში, როცა მშობლებთან ერთად მთელი კლდიანი მთები მანქანით მოიარა, ოჯახის წევრები აიძულა, საკუთარი გარეგნობისთვის მიეხედათ. „მამაჩემს სანდლები გავახდევინე და კოხტა, სოლიდური პიჯაკი ვაყიდინე, დედაჩემს ქუდის მაგვარი ვარცხნილობა შევაცვლევინე და გარდერობი პასტელის ტონის ქურთუკებით, პერანგებითა და ნორმალური ფეხსაცმლით შევავსებინე.“ ნაომი მშობლებს სულ ებრძოდა. „ისე ვიტყუებოდი, რომ წარბსაც არ ვიხრიდი და ტყუილში იშვიათად მიჭერდნენ - ჰყვება კლაინი, - იმდენად სერიოზულ საკითხებზე არ ვჩხუბობდით, რამდენადაც ჩემი ნაჩუმჩუმათევი გამოხდომების, ჩემი უხასიათობის, ოჯახისგან გაცალკევების სურვილისა და თავკერძობის გამო.“

მოზარდობის ასაკი ნაომიმ საკუთარ ოთახში გამოკეტილმა, ლექსების წერაში გაატარა, ან საათობით იჯდა აბაზანაში და სარკეში საკუთარ თავზე ახალ-ახალ მაკიაჟს ცდიდა. ბონი შეწუხებული იყო, ეგონა, რომ ქალიშვილი, რომელიც სულ ტანსაცმელზე ფიქრობდა და სარკის წინ ტრიალებდა, უზნეო ადამიანად ყალიბდებოდა. „ახლა ვხვდები, რომ მოზარდი გოგონასთვის ნორმალური ქცევა იყო, ჩვენ კი მეტისმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევდით, - ამბობს ბონი, - ჯუდი ბლუმს (სადავო რეპუტაციის ამერიკელი საბავშვო მწერალი) კითხულობდა! არადა, როგორც ფემინისტს, მინდოდა, ჩემი ქალიშვილი მათემატიკაში ყოფილიყო ძლიერი“. „ჩემს მშობლებს წარმოედგინათ, რომ რაღაც ახალი ყაიდის, პოსტრევოლუციური ეპოქის ბავშვები უნდა გაეზარდათ, - წერდა ნაომი ოცი წლის ასაკში; - ჩემს კვებაზე ტვინს რატომ იჭყლეტდნენ? ან მშობლებისთვის დაწერილ წიგნებს რა აკითხებდათ? ჩვენი სათამაშოები საომარ იარაღად და გენდერულ სატყუარებად რატომ ეჩვენებოდათ?“ ბონი კი ჰყვება: „ახლა ვხვდები, ალბათ ფიქრობდა, გართობაში ცუდი რა არისო. მართალია, ამის აღიარება არ მიყვარს, მაგრამ ალბათ ჩვენც გვეშლებოდა რაღაც - ხვდებით? ალბათ ზედმეტად სერიოზულად ვუდგებოდით ყველაფერს. სულ რაღაცას ვებრძოდით. ყოველთვის ვიღაც გვყავდა ამოჩემებული, ვისაც ცუდ ტიპად ვთვლიდით.“ სინამდვილეში საქმე უფრო რთულად იყო. ნაომის რაღაც სულიერი კლაუსტროფობიის მაგვარი რამ სჭირდა. ჩათვალა, რომ რომელი გზაც უნდა აერჩია ცხოვრებაში - კონფორმიზმის თუ მეამბოხეობის, იურისტისა თუ მოხეტიალე პოეტის - მაინც ყველაფერი ბანალური და სასაცილო იქნებოდა. ამიტომ დროის კარგად გატარებაზე საკუთარი მშობლების წარმოდგენაც - ეს ბუნებაში გასვლები, სხეულის ძახილისათვის ყურის მიგდება ხელოვნურად გაუბრალოებულ გარემოში (აუტანელი „პლედებიანი პიკნიკები“) - სულელურად ეჩვენებოდა და მათგან კიდევ უფრო აშორებდა. „ჩემი მშობლების ოცნება შარაგზებზე და ტურისტულ კარვებზე შორს ვერ მიდიოდა, - წერდა ნაომი, - ოღონდ ქალაქიდან გაეღწიათ, ოკეანისკენ... ბედნიერებისთვის ღამის ცა და ცოტაც აკუსტიკური გიტარაც ჰყოფნიდათ.“

სკოლა რომ დაამთავრა, ორი ისეთი რამ მოხდა, რამაც მშობლების მიმართ მტრული დამოკიდებულება სრულიად გადაავიწყა. ჯერ დედამისს უმძიმესი ინსულტი დაემართა და ოთხივე კიდური წაერთვა. ნაომიმ სამსახურს თავი დაანება და ის ექვსი თვე, რომელიც ბონიმ საავადმყოფოში გაატარა, გვერდიდან არ მოშორებია. მერე, ტორონტოს უნივერსიტეტის პირველი სემესტრიც არ ჩაემთავრებინა, რომ მონრეალის პოლიტექნიკურ სკოლასთან თოთხმეტი ქალი დაცხრილეს. სროლისას მკვლელი თურმე ღრიალებდა: „მეზიზღება ფემინისტები!“ იმ დღეს ნაომიმ გადაწყვიტა ფემინისტი გამხდარიყო.

კლაინი მანჰეტენზე, MTV-ს სტუდიაში იჯდა და მოუთმენლობისგან მაგიდის ქვეშ ფეხებს ათამაშებდა. გრძელი ყელსაბამი ეკეთა და მაღალყელიანი შავი ფესაცმელი ეცვა. მშობლებთან უთანხმოება შეიძლება წარსულს ჩაბარდა, მაგრამ აქტივისტთა „ძველ გვარდიასთან“ მსგავსება მაინც არ მოსწონს. ჯინსები აცვია, მაგრამ მაინც უზადოდ და ელეგანტურად გამოიყურება და ტელეწამყვანს უფრო ჰგავს. იცინის, ხუმრობს, სცენაზე სახიდან ღიმილი არ შორდება, თუმცა ხანდახან გაუგებარია, რატომ - კმაყოფილებისგან, თავაზიანობის გამო და ვინმეს უღიმის. კეთილგანწყობილი, მაგრამ თავდაჭერილი ქცევა აქვს.

ინტერვიუს დაწყების მოლოდინში ინტერვიუერმა, ახალგაზრდა შავპერანგიანმა მამაკაცმა ჰკითხა, რას საქმიანობს ბოლო დროს. ნაომიმ უპასუხა, რომ „შოკის დოქტრინის“ კინოვერსიაზე მუშაობს, ფილმს კი „გუანტანამოს გზის“ რეჟისორი გადაიღებს.

„გუანტანამოს გზა“ ნანახი გაქვთ?“ - შეეკითხა ჟურნალისტს ნაომი.

„არა, მაგრამ გამიგია.“

„არაჩვეულებრივია. ფილმი პრაქტიკულად ტიპტონის სამეულის ინტერვიუებისგან შედგება.“ (ეს სამი ბრიტანელი გუანატანამოს ციხეში სამ წელიწადს ჰყავდათ გამომწყვდეული). „ჩვეულებრივი ბიჭები არიან, იცით? ყველაზე მაგარი მომენტია ფილმში, როცა ერთ-ერთი ჰყვება - რატომ წავიდა ავღანეთში. იქ უზარმაზარ ლავაშებს აკეთებენო.“

მერე პროდიუსერი მოვიდა, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ლიმონისფერი „პოლოს“ ქურთუკი ეცვა.

„ჩინეთზე და ოლიმპიადაზე, დარფურზე, სამხედრო ინტერვენციაზე ვისაუბრებთ, - უთხრა ნაომის ინტერვიუერმა, - მაგრამ რაიმე პირადულიც უნდა მომიყვეთ - მაგალითად, როგორ გახდით ის, ვინც დღეს ხართ, რადგან ჩვენი გა დაცემის მაყურებლები ახალგაზრდები არიან. ჩვენი მიზანი ისაა, რომ მათ, გადაცემაში მოწვეული ადამიანისგან მაგალითის გადაღება მოვანდომოთ.“

„მკითხავთ, რომელი ჯგუფი მიყვარს?“ - იკითხა ნაომიმ.

„დიახ, უნდა გკითხოთ.“

„ვიტყვი, M.I.A.*-მეთქი (შრილანკური წარმოშობის მომღერალია). ისე გეუბნებით, მაინც, რომ იცოდეთ.“

„ჩვენი მსმენელის გულსაც მოიგებთ“, - უთხრა პროდიუსერმა.

„აბა, აქ რისთვის ვარ. ჩაის ხომ არ დამალევინებთ?“

მონრეალის მასობრივი მკვლელობის შემდეგ კლაინმა ყველას ემოციური გამოსვლებით დაამახსოვრა თავი. ახალგაზრდა თაობამაც სწორედ მაშინ გაიცნო და მას მერე დიდ პატივს სცემს. პოლიტიკისა და ჟურნალისტური საქმის სწავლას კლაინმა დიდი დრო მოანდომა; სტუდენტური საუნივერსიტეტო გაზეთის Varsity რედაქტორიც იყო. მერე, მესამე კურსზე გაზეთმა Globe and mail თანამშრომლობა შესთავაზა, და ნაომიმ სწავლას თავი დაანება, საქმისთვის რომ მიეხედა. ოცდასამი წლის This Magazine-ის რედაქტორი იყო - ეს გაზეთის The Nation კანადური ეკვივალენტია. მაგრამ ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მემარცხენეობის იმდროინდელმა მდგომარეობამ გული გაუტეხა; თავად კი გრძნობდა, რომ იმდენი სათქმელი არ ჰქონდა, საქმეს რომ სჭირდებოდა; ამას გაავებული მოწინააღმდეგეების მატებაც დაერთო, და კლაინმა გადაწყვიტა, სწავლას მიბრუნებოდა.

1996 წელს უნივერსისტეტში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ იქ ყველაფერი შეცვლილიყო. სანამ სწავლას თავს დაანებებდა, მედიასაშუალებებშიც და სასწავლო პროგრამაშიც ქალების და უმციროსობების არასათანადო რეპრეზენტაციას ყოველთვის პროტესტით ხვდებოდა; საუნივერსიტეტო პოლიტიკა 1989 წელს თითქმის ყოველთვის იდენტობის პოლიტიკა იყო; მაგრამ 1996 წელს სტუდენტებს იდენტობის პოლიტიკა აღარ აინტერესებდათ; მათი სასაუბრო თემა ძირითადად ეკონომიკა იყო. იმ დროს კორპორაციები სასწავლებლებსაც მოედვნენ; მსუბუქი სასმელების მწარმოებელი კომპანიები მათთან ექსკლუზიურ შეთანხმებებს დებდნენ; საშხაპეებში სტუდენტებს კედელზე გაკრული რეკლამები ხვდებოდათ; კორპორაციები მთავრობებზე უფრო გავლენიანებიც იყვნენ და, აქციონერების გარდა, პასუხს არავის წინაშე არ აგებდნენ. დიდ კორპორაციებს საწარმოები აშშ-დან უცხოეთის ქვეყნებში გადაჰქონდათ; მათი არსებობა ყველგან იგრძნობოდა; საკუთარ ლოგოებს უკვე იქაც ათავსებდნენ, რაც ადრე საზოგადოებრივ სივრცედ ითვლებოდა. ახალგაზრდა აქტივისტებს ეს მიუღებლად მიაჩნდათ, ალბათ იმის გამოც, რომ კორპორაციებმა მოახერხეს, ახალგაზრდა თაობის ყოფაშიც შეეღწიათ; სარეკლამო ინტერვენციის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

კლაინმა კოლეჯს თავი ისევ დაანება და ბრენდინგის ახალი თავბრუდამხვევი კულტურის შესახებ წიგნის წერა დაიწყო. წერისას იხსენებდა, თუ როგორ მოსწონდა ბავშვობაში ბრჭყვიალა და მიმზიდველი ფერის ნივთები და დაასკვნა, რომ ჰიპების მოძრაობა თავიდანვე განწირული იყო. „ჩვენს კულტურაში მსუბუქი სასმელების და კომპიუტერული ბრენდების კულტია, - წერდა კლაინი მოგვიანებით, - ჩვენთვის სწორედ ისინი ქმნიან ყველაზე მძლავრ იკონოგრაფიას, ყველაზე უტოპიურ მონუმენტებს ისინი აგებენ.“ კლაინმა დაინახა, რომ შინ თუ გარეთ ბრენდების უზომოდ მოჭარბებისა და დამკვიდრების საპასუხოდ, მთელ მსოფლიოში აგორდა ანტიკორპორატიული მოძრაობების ტალღა. 1999 წელს კლაინი ამთავრებს წიგნს No Logo ბრენდებისა და მათ წინააღმდეგ მიმართული მოძრაობების შესახებ. No Logo ჯერ გამოსული არ იყო, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთავარ ოფისს სიეტლში მეპროტესტეების უზარმაზარი ტალღა მიაწყდა. პროტესტის გამომწვევი მიზეზი თითქოს უხილავი იყო - ყოველ შემთხვევაში, ძველმა მემარცხენეებმაც ვერ მოიხელთეს - მისი ახსნა მარტო ნაომი კლაინის ახალმა წიგნმა შეძლო.

კლაინი ქმართან, ავი ლევისთან ერთად ტორონტოში, ერთ წყნარ ქუჩაზე, პატარა სახლში ცხოვრობს. ლევის ტელევიზიაში პოლიტიკური შოუ მიჰყავს და დოკუმენტურ ფილმებს იღებს. წელს „ალ-ჯაზირასთვის“ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს აშუქებდა. ძალიან სადა, ყოველგვარ ფუფუნებას მოკლებული ბინა აქვთ, თითქოს ავეჯის შერჩევისას „კრეიტ ენდ ბარელი“ სულ ერთხელ შემოირბინეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს იქ არც არავინ ცხოვრობს, და უფრო ხშირად ასეცაა: ლევი და კლაინი სულ გზაში არიან, და თავად რომ ჰკითხოთ, მას შემედეგ, რაც ერთი წლის წინ ტორონტოში გადავიდნენ, თავიანთ ბინაში სულ ორი თვე იცხოვრეს. ამის მიუხედავად, ეს სახლი ნაომისთვის ძალიან ძვირფასია. „ცხოვრებაში იმდენი ვიხეტიალე, რომ ახლა აქ მინდა სული მოვითქვა, - მითხრა მან, - მონრეალში, ქალაქში, რომელშიც გავიზარდე, აღარაფერი მესაქმება. (კლაინის მშობლები ბრიტანეთის კოლუმბიაში ბონის ინსულტის შემდეგ გადავიდნენ, იქ მოძრაობა-შეზღუდულთა სავარძელს მიჯაჭვული ადამიანის გასეირნება უფრო გაადვილებულია. ბონიმ მასავით უნარშეზღუდულ ადამიანთა უფლებების დაცვას მოჰკიდა ხელი. სეთიც ბრიტანეთის კოლუმბიაში ცხოვრობს და ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში სიღატაკის პრობლემებზე მუშაობს). ეს ავის ქალაქია. აქ ლუისების თაობები ცხოვრობდნენ, იმედია, მეც აქ დავფუძნდები.“

კლაინი და ლევი დროის უმეტეს ნაწილს ცალკ-ცალკე ატარებენ, მაგრამ ემოციურად მაინც ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. როცა ნაომის სჭირდება, ავი ცდილობს, არ იმუშაოს და მის გვერდით იყოს. „როცა ნაომი რაიმეს წერს, ავი მასზე ბავშვივით ზრუნავს, - ამბობს ბონი, - მისი პირველი მკითხველი და რედაქტორია.“ როცა სცალია, მისი წიგნების პრეზენტაციებზე ქალაქიდან ქალაქშიც დაჰყვება. 2002 წელს კლაინმა და ლევიმ ფილმის ერთად გადაღება გადაწყვიტეს - მიხვდნენ, რომ დიდხანს ერთად ყოფნის უკეთეს საშუალებას ვერ მოიფიქრებდნენ. მანამდე სულ რაღაცას ებრძოდნენ და დაიღალნენ. მათ ხშირად ეკითხებოდნენ, თუ თვითონ რა ალტენატივას სთავაზობდნენ სამყაროს; ამიტომ გადაწყვიტეს, ბევრი ემოგზაურათ და ისეთი რამ ეპოვნათ, რასაც ბოლომდე გაითავისებდნენ. წყვილი დროებით არგენტინაში დასახლდა, და ფილმის The Take გადაღებაც იქ დაასრულეს. ეს იყო დოკუმენტური ფილმი სამსახურიდან დათხოვილი მუშების შესახებ, რომლებიც დახურულ ქარხანაში შეიჭრნენ და თავი დან აამუშავეს. იმ დროს ბუენოს-აირესში არეულობა იყო. ხშირად მოვლენები პირდაპირ მათი კამერის წინ ვითარდებოდა - საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში იზრდებოდა, პოლიცია სროლას იწყებდა, საზოგადოება საგონებელს იყო მიცემული. ლევის ქვეყნიდან წასვლა უნდოდა, კლაინს - დარჩენა. „მინდოდა, გადამერჩინა ჩვენი გადამღები ჯგუფის ბუნტისთავები, რომლებიც ხიფათს არ ერიდებოდნენ, - ჰყვება ლევი, - ვეუბნებოდი, ფრთხილად, გოგოებო, ბიჭებო, ეს თქვენი ქვეყანა არ არის, ჩვენ ამ ხალხისადმი მხოლოდ სოლიდარობა შეგვიძლია, ჯერ თქვენი სიკვდილი ადრეა-თქო.“ მაგრამ ნაომიმ თქვა, - „ეს პრინციპის საქმეა, თუ რამე მოხდება, და ჩვენ მხოლოდ მოწმეებად დავრჩებით, მომავალი თაობის წინაშე პასუხს ჩვენც ვაგებთ.“

კლაინი და ლევი პოლიტიკურ საკითხებში ძირითადად თანხმდებიან, მაგრამ კლაინი უფრო გაბედული ნაბიჯებისთვის არის მზად; თავად ასე ამბობს: „ავი რევოლუციურ მოძრაობებს ეჭვის თვალით უყურებს, მე კი ვფიქრობ, რომ მოზომილი ნაბიჯები კანადაში გამართლებულია, მაგრამ ჩიაპასის მთებში შეიძლება სხვაგვარად მოქმედება იყოს საჭირო. პარტიზანულ ომებს და ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ, ჩემი აზრით, არის სიტუაციები, როდესაც ადამიანებმა ხელში იარაღი უნდა აიღონ. ამაზე კამათისას კი ბევრი პატარ-პატარა ომი გვაქვს გადატანილი.“

იდეური კომუნისტების ჩამომავალი კლაინისგან განსხვავებით, ლევის ოჯახის წევრები, რომლებიც პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ ცნობილნი, უფრო სოციალისტობდნენ, ვიდრე კომუნისტობდნენ. ისიც იმავე პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს. „ჩემი ბავშვობის მოგონებები სულ არჩევნების შემდგომ ღამეებს და განსჯებს უკავშირდება, ბევრჯერ მინახავს, როგორ ტიროდნენ სიხარულისგან თუ იმედგაცრუებისგან უფროსები, - მეუბნება ლევი, - ჩემ ოჯახს ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საქმის, მოძრაობის, პარტიის ნაწილია; ყველაფერი ამაზე ჰქონდათ აწყობილი.“

„მე მგონი, ჩემი მშობლების თაობა მარცხის შეგრძნებით ცხოვრობს, - ამბობს ავი ლევი, - ისინი ომის შემდგომ პერიოდში იზრდებოდნენ, როცა ადამიანებს ეჩვენებოდათ, რომ სამყარო შეიცვლებოდა - სოციალური სამსახურები იქმნებოდა, და მათი დაცვა და ხელშწყობა იყო საჭირო. მაგრამ ზრდასრულ ასაკში აღმოაჩინეს, რომ მათ გარშემო ადამიანების ცხოვრებისეული სტანდარტები მნიშვნელოვნად შეცვლილიყო; დაინახეს, რომ სამოციანი და სამოცდაათიანი წლების მიღწევები პრაქტიკულად წყალში ჩაიყარა, და რაც დრო გადიოდა, მით მეტად უცრუვდებოდათ იმედები. როცა და მე ნაომი წამოვიზარდეთ, ამ უკუსვლის შედეგები უკვე აშკარა იყო; ალბათ პესიმიზმის საფუძველი ჩვენც გვაქვს, მაგრამ თავს დამარცხებულებად არ ვგრძნობთ, რადგან არც იმედით ვყოფილვართ განებივრებულები.“

იმ დღეებში ავი ლევი საკუთარი ოჯახის ღვიძლ შვილს ჰგავდა, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. „მე გადარეული ამბოხი ვიცოდი, მაგრამ ზიანი არავისთვის მიმიყენებია, ამას კი პოლიტიკური ამბოხება არ ჰქვია, - ამბობს ავი, - ერთ დროს MuchMusicis წამყვანი ვიყავი, ეს ჩვენი დროის MTV იყო. იმ პოლიტიკური იდეებით არ ვცხოვრობდი, რომლითაც მზრდიდნენ, და ამის გამო ბევრი კონფლიქტიც მქონია. მშობლები მეკითხებოდნენ ხოლმე: „ნამდვილად იცი, რას აკეთებ? ვიცით, რომ მუსიკა გიყვარს, დევიდ ბოუისთან ჯდომა და ლაპარაკი რომ შეგიძლია, ეგეც მაგარია, ხანდახან მუსიკასთან ერთად სამხრეთ აფრიკის პოლიტიკაზეც ლაპარაკობ, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ შენ შესაძლებლობებს ბოლომდე იყენებ?“ ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ ოჯახის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განვუდექი. ტრადიციას უნდა მოვრგებოდი. პოლიტიკური პლატფორმა ხომ ოთხი თუ ხუთი წლის ასაკიდან მქონდა.“ სწორედ მაშინ გაიცნო ავიმ კლაინი. ორივე 1993 წლის კანადის არჩევნების მიმოხილვას ამზადებდა, ლევი - MuchMusic-სთვის, კლაინი - CBC-სთვის. ლევიმ მაშინვე იგრძნო, რომ ნაომი, მისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალი იყო თავისი ოჯახის გავლენისგან და ამან გაქცევა გადააწყვეტინა. „ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნაომი საკუთარ პოლიტიკას თვითონ ქმნიდა, - ამბობს ლევი, - და მეც ვცადე, საკუთარი პოლიტიკური ხედვა მქონოდა.“

„ნაომი იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც მის აზრს ანგარიშს უწევს, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, - ამბობს ლევი, - ამიტომაც ყოველთვის ერიდება ასეთი რამის თქმას: „აი, ესაა ალტერნატიული გზა, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“ ჩვენ თაობას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს - ვისაც პასუხი ყველაფერზე გამზადებული აქვს, ეჭვით უყურებენ. პოლიტიკაში ამიტომაც არ წავედი, რომ ადამიანები ჩვენში ისეთსავე თავდაჯერებას ეძებენ, როგორიც წინა თაობებს ჰქონდათ.“ ერთ-ერთი ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც კლაინს ძალიან მოსწონს, სუბკომანდანდანტე მარკოსია, მექსიკელი ზაპატისტების მეთაური, რომელმაც საკუთარი დაეჭვებისა და ორაზროვნებისგან ფეტიში შექმნა.

წიგნში No Logo კლაინი ანტიკორპორატიული პროტესტის ანარქიულ ამორფულობაზე ამახვილებს ყურადღებას - ამას მან ორგანიზებული laissez-fair* (ჩაურევლობის პრინციპი - ეკონომიკური დოქტრინა) უწოდა. მისი თაობის აქტივისტები „ცენტრალიზებული ძალაუფლების სისტემებს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამავე დროს აკრიტიკებდნენ მემარცხენულ პოზიციასაც, და ერთ თარგზე მოჭრილ სახელმწიფო გადაწყვეტილებებსაც - მემარჯვენეთა საბაზრო ეკონიმიკის პოლიტიკას“, - წერდა ნაომი. „ხშირად ქედმაღლურად აღნიშნავენ, რომ ამ მოძრაობას იდეოლოგია, გამოკვეთილი მესიჯი, მასშტაბური გეგმა არ აქვს და ამისთვის ყველანი მადლიერები უნდა ვიყოთ“. დღეს მოძრაობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ კლაინი მაინც უკმაყოფილოა. „მთელი ეს წლები ჩემი საქმიანობით იმ მემარცხენეებს ვუთანაგრძნობდი, რომლებიც, როგორც მაშინ მეგონა, ოპორტუნისტულად ცდილობდნენ თავიანთი იდეები დაენერგათ, - ამბობს ნაომი, - იმედი მქონდა, რომ ხშირი გამეორებით ჩვენი სათქმელი რიგით ადამიანებამდე მიაღწევდა, მაგრამ ასე არ ხდება; ვფიქრობ, იმის გამო, რომ მთელი დისკუსია 11 სექტემბრის დისკურსზე გადაერთო. მეინსტრიმული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ადამიანებთან მსგავსებას მოერიდნენ, ვინც შეიძლებოდა ტერორიზმთან გაიგივებულიყო. მერე ომზე დავიწყეთ საუბარი. იმ ინსტიტუციების უქონლობის გამო, რომლებიც მთელ ჩვენს ენერგიას თავს მოუყრიდა, მოძრაობა ჰაერში აღმოჩნდა გამოკიდებული, - მეუბნება კლაინი, - მივხვდი, რომ პოლიტიკური მოღვაწეობისას თუ წიგნების წერისას მეტი სიზუსტე და მკაფიოობა გვჭირდებოდა.“

კლაინს ახსოვს, რომ ხშირად განმათავისუფლებელ მოძრაობებს არჩევნების შემდეგ ის პოლიტიკოსები ღალატობდნენ, რომლებსაც მათ მხარი დაუჭირეს. მაგრამ პოლიტიკური პარტიებისადმი მის უნდობლობას უფრო ღრმა ფესვები აქვს: პარტიებისა და მთავრობების მიმართ მისი დამოკიდებულება მილტონ ფრიდმანისას ეფუძნება. პრინციპში ისიც კეინსიანელია, მაგრამ ცენტრალიზაციას, ინსტიტუციებს, პლატფორმებს და თეორიებს არ ენდობა, მხოლოდ ძალიან მცირემასშტაბიან, კონკრეტულმიზნიან, ლოკალურ ინიციატივებს ცნობს. კლაინს ძალიან, ძალიან არ უყვარს, როცა კარნახობენ, რა აკეთოს.

„შოკის დოქტრინაშიც“ კარგად ჩანს, რამდენად უარყოფითადაა განწყობილი პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ. ამ ბანაკში ის სულ სხვადასხვა ჯურის მემარჯვენეებს აერთიანებს - ნეოკონსერვატორებს, კრონკაპიტალისტებს, ლიბერტარიანელებს. კლაინი ასკვნის, რომ პოლიტიკა ყველგან და ყოველთვის ვიღაცის გამდიდრებას ემსახურება და იდეოლოგიებს კრონკაპიტალისტები და კორპორაციები მხოლოდ თვალის ასახვევად და გასამდიდრებლად იყენებდნენ. კლაინი ყოველთვის მიჰყვება ფულის კვალს, არასდროს იღებს ცარიელ იდეოლოგიას და ყოველთვის იკვლევს - ვინ ხეირობს ამით, ცდილობს, მემარცხენეობას ეკონომიკური ანალიზის უნარი დაუბრუნოს, რომელიც მაშინ დაიკარგა, როცა ყოველივე პირადული პოლიტიკად საღდებოდა - ამაშია მისი სისუსტეც და ძალაც. კლაინი იმდენად მატერიალისტია, რომ ხანდახან დაფიქრდები, არსებობს კი საერთოდ პოლიტიკა? ერთგან კლაინი ამტკიცებს, რომ ისრაელის პოლიტიკურ ელიტას მშვიდობის დამყარების ინტერესი იმიტომ გაუქრა, რომ ისრაელის კომპანიებმა უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე წარმატებული ბიზნესი ააწყვეს, და ამ ბიზნესისთვის მომგებიანი ომი უფროა.

„მე უტოპიური აზროვნების ადამიანი არ ვარ, - ამბობს კლაინი, - იდეალური საზოგადოება ჩემ წარმოსახვაშიც კი არ არსებობს. რეალობაზე მირჩევნია საუბარი.“ უტოპიზმის მცირე ცდუნება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, 2002 წელს ბუენოს-აირესში, როცა ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მთლიანად განადგურებული იყო. „არგენტინისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო - ვაკუუმი გაიხსნა, - ამბობს კლაინი, - ხალხმა ორ კვირაში ოთხი პრეზიდენტი ჩამოაგდო, მერე კი წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა გზას დადგომოდნენ. ქვეყნის ყველა ინსტიტუცია კრიზისში იყო. პოლიტიკოსები შინიდან ცხვირს არ ყოფდნენ. ქუჩებში მათ დიასახლისები ცოცხებით დასდევდნენ. იმ ღამეს ბუენოს-აირესის ქუჩების ყოველ მეორე კუთხეში მიტინგი გვხვდებოდა. ყველა მოედანზე ადამიანები იკრიბებოდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, რა მოეხერხებინათ საგარეო ვალისთვის. ათასხუთასკაციანი ჯგუფები სურსათს ერთად, ბითუმად ყიდულობდნენ, რადგან ასე უფრო იაფი უჯდებოდათ. ქვეყნის ვალუტა სრულიად გაუფასურებული იყო. ამაზე შთამბეჭდავი ცხოვრებაში არაფერი მინახავს.“

კლაინს სწამს: ცვლილებები მარტო მაშინ მოდის, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა იმდენად მძლავრია, რომ პოლიტიკოსები მის იგნორირებას ვეღარ ახერხებენ. ქმრის ოჯახის წევრებს ხშირად ეკამათება, შეუძლია თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობას ვითარების შეცვლა. სტივენ ლევი, როგორც უფროსი თაობის მემარცხენე, ამ მოსაზრებას ეჭვით უყურებს და იმ დროს იხსენებს, როცა 1957 წელს ლითლ როქში ორვალ ფობასმა სამოქალაქო უფლებების დამცველების წინააღმდეგ გვარდიის ნაწილები გამოიძახა* (ლაპარაკია ცნობილ შემთხვევაზე, როდესაც სეგრეგაციის მომხრეები შავკანიან ბავშვებს ლითლ როკის სკოლაში არ უშვებდნენ) - ამის შემდეგ პოლიტიკოსიც გახდა. „იყო დრო, როდესაც ნაომის და ავისნაირი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა გაიმარჯვებდა, - ამბობს სტივენი, - შეიძლება გვქონდეს მწვანეთა მოძრაობა, რომელიც ნახშირბადის გამოყოფაზე ჯარიმას დააწესებს, შეიძლება ბირთვული განიარაღების მომხრეები გაერთიანდნენ და ამან შეიარაღების ტემპზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ყველა სფეროში ერთდროულად შედეგს ვერასდროს მივიღებთ. ეს მოდელი მსოფლიოს ვერ შეცვლის. ეს მხოლოდ პოლიტიკას შეუძლია.

ბარაკ ობამას მიმართ კლაინიცა და ლევიც სკეპტიკურად არიან განწყობილები. „ყრილობებზე დავდიოდი და მისი გამოსვლები მომისმენია. მესმის, რას გრძნობენ სხვები - აღფრთოვანებულები არიან. სქელკანიანი უნდა იყო, რომ ამ დროს გულგრილი დარჩე. ადამიანებს შთაბეჭდილებები სჭირდებათ, თუ ყველაფერს ცივი გონებით შეხედე, ცხოვრება გაგიჭირდება. მაგრამ ობამა შიშის გრძნობას აღმიძრავს, რადგან ვხედავ, როგორი აღტყინებულია ხალხი. თუ მის პოლიტიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს რეიგანის შემდეგი პერიოდის მემარჯვენული პოლიტიკის ტრიუმფია. მეშინია, რომ ამან უკან არ დაგვხიოს, რადგან პოლიტიკაში ახალმოსული ახალგაზრდა ადამიანებისთვის იმედების გაცრუება ძალიან, ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს“. რაკი კლაინი ბევრს არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მოელის, დროს არც იმაზე ოცნებაში კარგავს, რომ იქნებ ობამა უფრო პროგრესული აღმოჩნდეს.

„არ მინდა, ძალიან ცინიკურ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა მისი სარეკლამო ვიდეორგოლი Yes We Can - „დიახ, ჩვენ შეგვიძლია“ ვნახე, გავიფიქრე, - როგორც იქნა, გამოჩნდა პოლიტიკოსი, რომელმაც „ნაიკის“ დონის რგოლის გადაღება მოახერხა-მეთქი. ამ სლოგანში ხომ ნებისმიერი აზრის ჩადება შეიძლება. ეს სიტყვები რომ გესმის, ფიქრობ: ჰო! ჩვენ აღარ დავუშვებთ წამებას და გუანტანამოს გავაუქმებთ, ერაყიდან გამოვალთ! მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ ობამა ზუსტად ამას გულისხმობს? ვითომ? ის ამბობს, რომ ავღანეთში მეტ ჯარისკაცს გავგზავნით. ჩვეულებრივ ადამიანებს იმას ეუბნება, რისი გაგონებაც სურთ, კულისებში კი გარიგებებზე თანხმდება და „სტატუს კვოს“ პოლიტიკას ასხამს ხოტბას. მაგრამ თუ ადამიანებს მისი პოზიცია არ მოსწონთ, მაშინ გადაი ტანონ ცენტრი.“ კლაინმა ყველაფერი გააკეთა, რომ ნავთობკომპანიების ნაციონალიზაცია ხმამაღლა, ყველას გასაგონად მოეთხოვა. „მემარცხენეობის ამოცანა ცენტრის გადატანაა, - ამბობს ნაომი, - მოქმედება და თუნდაც რაღაც სიგიჟის მოთხოვნა! მერე პოლიტიკოსებიც მიხვდებიან, რომ რისკიანი პოზიციის დაკავებაა საჭირო.“

კლაინს მათი გაწბილებაც შეუძლია, ვინც საზოგადოებრივ მოძრაობებზე მეტისმეტად დიდი იმედს ამყარებს. აქტივისტები ისეთი სერიოზული, ისეთი თავდადებული ხალხია, როგორც მისი მშობლები. „ეს მსვლელობები დეპრესიაში მაგდებს, - მეუბნება, - ამ სეირნობებისგან და სიმღერისგან ვერანაირ შედეგს ვერ ვიღებ“. ანტიგლობალისტთა მოძრაობაში რომ მონაწილეობდა, მაშინ მიხვდა: ყველაზე ბევრი, რაც საპროტესტო გამოსვლებს მოჰქონდა, ის იყო, რომ აზრის გამოხატვის საშუალება ეძლეოდათ, მაგრამ ისინი კლაინისთვის ცოტა კომიკურად გამოიყურებოდნენ. „მარტო ეს უნდათ?“ 2000 წლის ზაფხულში საგაზეთო სვეტში დაწერა: „მოსიარულე მანიფესტანტები ბიუროკრატებს „გრეითფულ დედ“-ის მუსიკოსებივით ხვდებოდნენ.“

მსოფლიო სოციალური ფორუმი, რომელიც ბრაზილიაში ტარდებოდა, წესით, ის ადგილი უნდა ყოფილიყო, სადაც კლაინი თავს ისე იგრძნობდა, როგორც თევზი წყალში, მაგრამ მონაწილეები რაღაც ძალიან ხშირად მღეროდნენ, ჟოზე ბოვე* (ფრანგი ფერმერი და ალტერგლობალიზმის მოძრაობის წევრი) დაცვით მოვიდა, პაპარაცებისგან თავი რომ დაეღწია, მონაწილეები ერთმანეთს რასიზმსა და კლასობრივ მიდგომაში ადანაშაულებდნენ, კულტურული ჩანართების ატანა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. „სცენაზე მოცეკვავეები გამწკრივდნენ, თავები მორცხვად ჰქონდათ დახრილი, ფეხებს წინ და უკან ასრიალებდნენ, - წერდა კლაინი, - მერე სცენაზე გამოსულმა ადამიანებმა სამუშაო იარაღებით დაიწყეს სირბილი, ზოგს ურო ეჭირა, ზოგს - ხერხი, აგურები, ცულები, წიგნები და კალმისტრები, კომპიუტერის კლავიატურები, ზოგსაც მუშტები მოეღერებინა. ფინალურ სცენაში ფეხმძიმე ქალი სცენაზე თესლს აბნევდა - როგორც მონაწილეებს განგვიმარტეს, ეს უკეთესი სამყაროს თესლი იყო.“

ერთადერთი სახის პროტესტი, რომელიც ნაომის მოსწონს, „იაპის“ ყაიდის პროტესტია; მას არც თეატრალობა აკლია, მოსაწყენი რომ არ იყოს, და თვითირონიულობასაც შეიცავს. მაგალითად, კვებეკში 2001 წელს გამართულ ამერიკული ქვეყნების სამიტზე, როცა მის მონაწილე მოხელეებს მეპროტესტეებისგან დამცველი ღობე შემოავლეს, აქტივისტებმა შუა საუკუნეების დროინდელი კატაპულტი ააგეს და ღობის იქით სათამაშო დათვებს ისროდნენ. „კვებეკი ნამდვილი სიგიჟე იყო, - ამბობს ნაომი, - არავინ იცოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს რაღაცნაირი გარღვევის, გათავისუფლების მომენტებია, ეიფორიის წუთები. უმეტესად ახალგაზრდობა იყო შეკრებილი, ცრემლსადენი გაზით დაგვწამლეს, მაგრამ ყველა მაინც უზომოდ კმაყოფილი იყო, ხალისობდნენ, პოლიციას კატათაგვობანას ეთამაშებოდნენ. ყველაზე ძალიან ის მომეწონა, რომ მერე ლამის მთელი ქალაქი შემოგვიერთდა - კაფეებში და ახლო-მახლო მდებარე ქუჩებზე მომუშავე ხალხი; ახლო მაცხოვრებლებმა ჭურჭლით წყალი მოგვიტანეს, რომ თვალები მოგვებანა. რაღაც ალტერნატიულ რეალობასავით იყო“.

2006 წელს, მილტონ ფრიდმანის გარდაცვალების შემდეგ, ჩიკაგოს უნივერსიტეტმა მისი სახელობის ინსტიტუტის დაარსება გადაწყვიტა. ბევრმა პროფესორმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრა და საპროტესტო ჯგუფი შექმნა. კლაინმა უნივერსიტეტის მმართველობას დისკუსიის მოწყობა შესთავაზა, მაგრამ რაკი არავინ გამოეხმაურა, გადაწყვიტა ჩიკაგოში თავად ჩასულიყო და განემარტა, რატომ ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტს.

საღამოს ნაწილობრივ სპონსორობა Platypus Affi liated Society-მ გაუწია, სტუდენტებისა და პროფესორების ერთობლივმა ჯგუფმა, რომელიც ფრანკფურტის სკოლისა და მარქსიზმის მეორე ინტერნაციონალის პერიოდს სწავლობს. ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა ახალგაზრდამ დისკუსიის განრიგი წინასწარ შეადგინა. Platypus იმ მოსაზრებით შეიქმნა, რომ მემარცხენეებს საკუთარი ისტორიის, განსაკუთრებით, შავი ლაქების შესახებ საკმარისი ცოდნა არ აქვთ, და რომ ამ საკითხების შესწავლა მათთვის აუცილებელი იყო. ამ გადამეტებული თვითკრიტიკულობის გამო, Platypus კლაინის ინტერესის საგანი ბუნებრივად ვერ გახდებოდა, მაგრამ ახლა უნივერსიტეტში „შოკის დოქტრინის“, ასევე ჰეიეკის და ფრიდმანის ნაშრომების წასაკითხად მიდიოდა. „კონსერვატორები თავისუფლების და უტოპიის საკითხებს მიუკიბ-მოუკიბავად უდგებიან, - წერდა იან მორისონი, გაზეთ Platypus-ის რედაქტორი, - გაოცებულები დავრჩით: კლაინმა უტოპიზმს, როგორც ჩანს, ზურგი აქცია, რადგან ჩვენ ვგრძნობთ, რომ მემარცხენეობამ, ნაწილობრივ, საკუთარი თავი თავადვე დაიმარხა, რადგან თავისუფლების შესახებ დისკუსიაში ბუშისნაირ ადამიანთან დამარცხდა. Platypus წარსულს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევდა. Platypus აგვისტოში გრანტ პარკში 1968 წელს შექმნილი დემოკრატიული კონვენციის ამოქმედებაშიც მონაწილეობდა. ჩვენ საკუთარი ისტორიის - ჩვენი რადიკალური ისტორიის - ცოდნა არ მოვინდომეთ. სამაგიეროდ, ჩვენ ვმსჯელობდით საპრეზიდენტო კანდიდატად ღორის წარდგენაზე, როგორც შემთხვევის ეთიკაზე: როგორ უნდა გამოგვეკვება იგი, სად უნდა დაგვებინავებინა და სხვა.“

Platypus-ის წარმომადგენლები „ესემბლი ჰოლის“ წინა რიგებში დასხდნენ, კლაინი ტრიბუნასთან იდგა. სამი ანარქისტი სენტ-ლუისიდან საგანგებოდ მის სანახავად იყო ჩამოსული. „რეიგანის შემდეგ სიხარბის ძალთა გამოთავისუფლების ხანაში ვცხოვრობთ, - განაცხადა კლაინმა, - არა მგონია, ეს პროექტი სამყაროს განვითარებას და სიღატაკის აღმოფხვრას ემსახურებოდეს. ჩემი აზრით, ეს ღარიბების წინააღმდეგ მდიდრების წამოწყებული კლასობრივი ბრძოლა იყო, იმასაც ვფიქრობ, რომ მათ ომი მოიგეს, და მგონია, რომ ღარიბები პოზიციებს ბრძოლით დაიბრუნებენ.“

კლაინი თავის არგუმენტებს არასდროს არბილებს, რომ ცენტრისთვის უფრო მისაღები გახდეს, ამბოხს ამჯობინებს. მას მემარცხენეობის მეინსტრიმულობა არ აინტერესებს; „იცით, რატომ ვართ იმაზე უფრო სუსტები, ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით? ვისაც ადრე არ მიაჩნდა, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მატერიალურმა მოგებამ უნდა წარმართოს, დღეს მსოფლიოში ნეოლიბერალური იდეების ტრიუმფს მათი პოპულარობით და სხვა დანარჩენების მარცხით ხსნიან.“

ამის გამო, როგორც „შოკის დოქტრინაში“ წერს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხდებოდეს გამონაკლისები - ანუ რადიკალური საბაზრო რეფორმები ხალხის თანხმობის გარეშე არ ტარდებოდეს. მაგრამ ზოგი მისი მაგალითი ნაკლებად დამაჯერებელია. კლაინი ამტკიცებს, რომ ფოლკლენდის ათკვირიანი ომი, რომელიც დიდ ბრიტანეთზე მკერდში პატრიოტული მჯიღების ცემით დასრულდა, სინამდვილეში „საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური კრიზისი“ იყო, და მის მიერ გამოწვეულმა შედეგებმა მარგარეტ ტეთჩერს საშუალება მისცა, საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა გაეტარებინა. კლაინი ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთის ომი სინამდვილეში სეპარატიზმის ჩასახშობად კი არა, ელცინის ეკონომიკური პოლიტიკის დასაცავად დაიწყო. „ამგვარად, - ასკვნის კლაინი, - ომმა ჩიკაგოს სკოლის სიკვდილის მთესველი მანქანის ამუშავებას შეუწყო ხელი.“ „ნაომი მოდელებით აზროვნებს, - ამბობს ლევი, - ზოგი თვლის, რომ ყველა მაგალითს თავის თეზისს უსადაგებს. მაგრამ მისი ძლიერებაც ისაა, რომ ადამიანებს მსოფლიოში მოქმედი მოდელების ამოცნობას ასწავლის, რადგან ცვლილებების მოსახდენად მათი ცოდნა აუცილებელი პირობაა“.

„შოკის დოქტრინის“ გვერდებზე კლაინი ფრიდმანს ლამის სატანურ ფიგურად სახავს. წიგნის პირველი თავი შემაძრწუნებელ ფსიქიატრიულ ექსპერიმენტებს აღწერს, რომლებსაც მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დონალდ იუენ კამერონი ატარებდა. კამერონი ადამიანებს ელექტროშოკით აწამებდა და შედეგებს აკვირდებოდა. ამ ცდებს კლაინი ფრიდმანის სახელით გატარებული ეკონომიკური შოკების მეტაფორად თვლის. მეორე თავი მთლიანად ფრიდმანს ეძღვნება - „შოკის მომხრე კიდევ ერთი ექიმი“. წიგნის საპრომოციო ფილმი, რომელიც კლაინმა ალფონსო კუარონთან ერთად გადაიღო, უფრო დაუნდობელიც კია - ელექტროშოკის მომლოდინე გათანგული პაციენტები, წამების სცენები, აკუსტიკურ ოთახში დამწყვდეული ბავშვის კივილი, გაწელილი კადრები. „რაკი დემოკრატიული გზით საკუთარ ნააზრევს ვერ დაამკვიდრებდნენ, ფრიდმანმა და მისმა მოსწავლეებმა შოკურ ზემოქმედებას მიმართეს, - კითხულობს ტექსტს კადრს მიღმა კლაინი მშვიდი, მაგრამ შიშისმომგვრელი ხმით, - ფრიდმანი მიხვდა, როგორც ციხის პატიმარს ტეხავს დაპატიმრებით მოგვრილი შოკი, და დაკითხვის დროისთვის დამყოლი ხდება, მასობრივი კატასტროფებიც ასევე ამზადებს ადამიანებს დაუნდობლად რადიკალური თავისუფალი ბაზრისთვის.“

რატომ უთმობს ამდენ დროს კლაინი ფრიდმანს? - კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის პარალელის გასავლებად, ამ ორი მოვლენის მსგავსების წარმოჩენას ცდილობს, ამისთვის კი კორპორაციების მიზანმიმართულად ბინძური, პრაგმატული კაპიტალიზმის ჩვენება საკმარისი არ არის, და მკითხველს ჩიკაგოს სკოლის პურისტულ, უტოპიურ კაპიტალიზმს აღუწერს. თუმცა, კლაინის აზრით, თავისუფალი ბაზრის პრინციპებს შეწყობილ მოძალადე ავტოკრატებს, რომლებიც ცოტანი არ ყოფილან, ფრიდმანის სახელი ტალახში ისე არ ამოუსვრიათ, როგორც სტალინმა - მარქსის იდეები. პინოჩეტის, სუარტოს თუ ელცინის ნამოქმედარი ალბათ მათი პიროვნული თვისებებითაც აიხსნება - მათი სიხარბით, ძალაუფლებისმოყვარეობით, ლოთობით. მაგრამ კლაინი მათ ყველა ცოდვასაც კაპიტალიზმს მიაწერს. როცა მათი იდეებით ნასაზრდოები პოლიტიკოსები ადამიანების სიცოცხლეს შეიწირავენ, ფრიდმანის მიმდევრებს თავის ქნევით მდგომარეობიდან გამოძრომის საშუალება აღარ უნდა მიეცეთ, - თვლის კლაინი. მათ თავი მკვლელების მოკავშირეებად და დამხმარეებად უნდა ვაგრძნობინოთ; საკუთარი გულგრილობა და დანაშაულის თანამონაწილეობა უნდა ვაღიარებინოთ ისე, როგორც კლაინის ბებია-ბაბუა და მათი თაობის კომუნისტები აკეთებდნენ.

„ჩემი ბებია და ბაბუა გამოკვეთილი მარქსისტები იყვნენ, და ოცდაათიან და ორმოციან წლებში ისეთი ეგალიტარული ოცნების არსებობა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მთელი გულით სწამდათ, - უთხრა იმ საღამოს კლაინმა ჩიკაგოში შეკრებილ საზოგადოებას, - მათ ილუზიებს გულაგების, უკიდურესი რეპრესიების, თვალთმაქცობის, ჰიტლერთან პაქტის დამდებ ქვეყანასთან საერთო არაფერი ჰქონდათ... მემარცხენეები უკიდურესობაში გადასულ იდეოლოგიებზე, მათი სახელით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელნი არიან; მე მჯერა, რომ აღიარების პროცესი ძალიან საღი იქნება...

ამიერიდან, როცა ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებას განსაზღვრავთ, როცა სახელმწიფოს მეთაურს რაიმეს ურჩევთ, თავს ამის ფუფუნებას ნუ მისცემთ, მხოლოდ იმაზე ნუ დაფიქრდებით, როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ სამყაროზე თქვენმა იდეებმა. თქვენ უნდა იბრძოლოთ, რომ ამ იდეებმა სამყაროზე სასიკეთო გავლენა მოახდინონ, მაშინაც კი, როცა რეალობა თქვენს ყველა უტოპიურ თეორიას ეწინააღმდეგება.“

ჩიკაგოს შეხვედრიდან მეორე დღეს კლაინი გადაცემას The Colbert Report ესტუმრა, მერე კი პირდაპირ აეროპორტს მიაშურა და საფრანგეთში გაფრინდა. ქვეყანაში დაბრუნებულმა საგამოსვლო ტურებით მოიარა ტეხასი, კოლორადო, კალიფორნია და ვისკონსინი; ნიუ-იორკში ორ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, მერე ჩიკაგოს ჰუმანიტარულ დარგთა ფესტივალზე და მაიამის წიგნის ბაზრობაზე გაფრინდა. პოლონეთში ერთი კვირა გაატარა. ყველგან, სადაც მიემგზავრება, ერთსა და იმავე თემას უტრიალებს. „უოლ სტრიტის კრიზისის მიზეზი ფრიდმანიზმი იყო, ისევე, როგორც ბერლინის კედლის დაცემის მიზეზი - ავტორიტარული კომუნიზმი და იდეოლოგიის დამახინჯება“, - ამბობს ნაომი. ის ფიქრობს, რომ რასაც ამდენი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, გასულმა თვემ დაადასტურა. ახლა ნატრობს, იმდენ ადამიანს ესაუბროს და სათქმელიც იმდენად მკაფიოდ განუმარტოს, როგორც საქმეს სჭირდება. მაშინ მემარცხენეობა „ხელების სავსავს“ მოეშვებოდა, მემარჯვენეობა კი შეცდომების აღიარებას დაიწყებდა, რაც ნაკლებ საფიქრებელია, მაგრამ ნაომი ცდას მაინც არ დააკლებს.

17 გრაფიტის კულტურა თბილისში

▲ზევით დაბრუნება


ოტოპროექტი

ავტორი, ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

„ცხელი შოკოლადის“ რედაქციაში ჭავჭავაძის გამზირიდან თუ მოდიხარ, გალაკტიონის ძეგლთან მიწისქვეშა გადასავლელში უნდა ჩახვიდე, რომელიც მთლიანად ქართველი გრაფერების მოხატულია. კედელზე მიწერილმა ვებმისამართმა მათ კვალზე დამაყენა. გრაფიტი მათთვის თან ჰობია, თან ცხოვრების წესი, თან განტვირთვის და საკუთარი განწყობის გადმოცემის საშუალება. მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ იპოვეს, მერე დამეგობრდნენ და ერთად დაიწყეს ქალაქის მოხატვა.

ფოტოპროექტის გმირების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქართველი ახალგაზრდები“ ან „ახლანდელი თაობა“ ძალიან ბევრ განსხვავებულ ჯგუფს გულისხმობს და არა „ერთ თაობას“, რომელიც მხოლოდ ასაკის მიხედვით იფარგლება.

გრაფიტი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა აქტუალური და მალე მიმდინარეობად იქცა. ასე ნიშნავდნენ თავიანთ ტერიტორიებს, უბნებს და ქუჩებს ბანდები. ამ კულტურას, როგორც ნებისმიერ ახალ მიმდინარეობას, თავიდან არ აღიარებდნენ, მერე ეგუებოდნენ და დღეს აფეტიშებენ კიდეც. პირველი გრაფერი მხატვარი ჟან-მიშელ ბასკიაა, რომელიც ენდი უორჰოლმა აღმოაჩინა. გრაფიტის ისტორიაც ასე დაიწყო - ერთხელ, ამერიკაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეს თავისებური ექსტრიმია და თავისებური პოეზია. თავისებური ჰიპ-ჰოპი, რომელიც ამა თუ იმ ემოციას და მასთან დაკავშირებულ ამბავს გადმოსცემს. არაფერს გაიძულებს, არაფერს მოგიწოდებს, უბრალოდ გიყვება. ყველა მოხატული მიწისქვეშა გადასასვლელი თავისებური ფერადი ლექსია ერთი გრძელი ისტორიიდან, რომელსაც თვალს მიუჩვეველი ფორმებით კითხულობ.

თბილისის ცენტრი ვიზუალურადაც მოწყვეტილია პერიფერიულ უბნებს, და თუკი ქალაქის ცენტრს მეტ-ნაკლებად სუფთა და ესთეტური შენობები „ამშვენებს“, გარეუბნები ჩამქრალი და უსახურია. თუ გრაფერების შემოქმედება ყველგან გაჩნდება, ეს თავისებურ ვიზუალურ ბალანსს შექმნის, რომელიც დროთა განმავლობაში კოლორიტულ ესთეტიკადაც გადაიქცევა და ურბანულ სახესაც შეცვლის.

„ქუჩის ხელოვნება“, გრაფიტის სახით, უკვე პოპულარული ხდება. სულ ცოტა ხნის წინ „ფერადი კედელი“ ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის რეკლამაში გამოჩნდა; მიხარია, რომ ხელოვნებაში რჩება მიმდინარეობები, რომლებსაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური ევოლუცია ვერ გარდაქმნის. გრაფიტი ქუჩებში გაფანტული ფანტასტიკური ჟანრის ფერწერაა, ქუჩები კი ისტორიას ქმნიან. და თუ კულტურა და ისტორია განუყოფელია, შეიძლება ვთქვათ, რომ გრაფიტი 21-ე საუკუნიდან ქართული ისტორიის ნაწილად უკვე იქცა.

0x01 graphic

MUSIA

0x01 graphic

ალო

0x01 graphic

ANDRONIX

0x01 graphic

JONDO J

0x01 graphic

აზარე

0x01 graphic

ANDRONIX

0x01 graphic

აქსიმე

0x01 graphic

აზარე

0x01 graphic

ALOHA

0x01 graphic

JONDO J

18 უმცირესობა უმრავლესობის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


ისკუსია

ავტორი: ნინო ლომაძე

0x01 graphic

მონაწილეები:

მარინა ელბაქიძე
ფსიქოლოგი

ზურა ჯიშკარიანი
არტისტი

ანა არგანაშვილი
ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი

შოთა გაგარინი
მულტიმედია არტისტი

უმრავლესობა მართავს. უმრავლესობა იმორჩილებს. უმრავლესობა ქმნის რეალობას. ამ რეალობაში უმცირესობები უბრალოდ არ არსებობენ. რა არის ამის მიზეზი? ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას უმცირესობა? ახერხებს თუ არა საკუთარი იდეების კონიუნქტურულ სააზროვნო სივრცეში შეტანას და ალტერნატიული მიკრორეალობების შექმნას? თუ არსებობს საქართველოში ლიბერალიზმის კულტურა და ვართ თუ არა საზოგადოება, რომელსაც მრავალფეროვნება კი არ თიშავს, არამედ აერთიანებს?

ნინო ლომაძე: ვცხოვრობთ თუ არა დღეს ორ რეალობაში, ორ განზომილებაში და ვინ ქმნის ამ პოლარულად განსხვავებულ სამყაროებს?

0x01 graphic

ზურა ჯიშკარიანი

ზურა ჯიშკარიანი: შიზოფრენიის განმარტებაში არის ასეთი ტერმინი - ორმაგი შეტყობინება, როდესაც ერთ წინადადებაში ორი ურთიერთსაპირისპირო „მესიჯი“ მოდის. ჩვენთან დღეს ზუსტად ეს ხდება. ხელისუფლება რაღაც ფაქტს არგუმენტებით და ვიდეო ჩანაწერებით გიდასტურებს. მეორე წამს ოპოზიციას თავისი დამადასტურებელი საბუთები მოაქვს და გეუბნება, რომ ზუსტად საპირისპირო რამ მოხდა. თუ გარედან უყურებ, გამოდის, რომ ორივე სწორია, ან არც ერთი არ არის სწორი. ეს ორმაგი შეტყობინების ნაკადი ცნობიერების კოლაფსს და სოციალურ შიზოფრენიას იწვევს, ვეღარ ხვდები, სად არის სიმართლე. აქედან მოდის ორი საქართველოს, ორი რეალობის თემაც.

ნინო ლომაძე: არსებობს თუ არა მესამე მხარე და ვინ არის ის, ვინც არც ერთ რეალობას არ აღიარებს და ყველაფრის მიღმა

რჩება?

ზურა ჯიშკარიანი: ალბათ საზოგადოების ნეიტრალური და ლიბერალური ნაწილი, რომელიც ამ ქვეყანაში სულ იმპოტენტი იყო. მათ შესახებ უმრავლესობამ თითქმის არაფერი იცის. ჩვენთან ხომ ლიბერალიზმი არავის სჭირდება.

0x01 graphic

შოთა გაგარინი

შოთა გაგარინი: ლიბერალები და ნონკონფორმისტები საერთოდ ოპოზიციაში არიან ხოლმე. აქ ყველაფერი პირიქით არის - ოპოზიცია არის კონსერვატორი, მემარჯვენე და მთავრობა ხშირად მათი მემარცხენე ძალა გამოდის. სულ ასე ხდება - გვიყვებიან არა ფაქტებს, არამედ გვასწავლიან პირდაპირ შეხედულებებს, ინტერპრეტაციებს. ხალხი მზა ფორმულებით აზროვნებას და ამ ფორმულებით ხელმძღვანელობასაა მიჩვეული; თანაც ცოტა მითოლოგიზირებული საზოგადოება ვართ. ვითხოვთ „ზეციურ საქართველოს“, რაღაც აბსტრაქტულ იდიომებს, და არ გვაქვს არც ერთი პრაგმატული მოთხოვნა. პოლიტიკური ძალები ამ ფაქტორს ძალიან კარგად იყენებენ. ხელისუფლების ცვლასაც ასე აღვიქვამთ - ჩამოვაგდეთ ერთი ბელადი, დავანგრიეთ ერთი ძეგლი და ძველ პედესტალზე ახალი ძეგლი შემოვდგით. როცა სინამდვილეში ლიბერალიზმი ამ პედესტალის მოსპობას ნიშნავს. ადამიანები ენდობიან პიროვნებებს, რომლებიც ყველაზე კარგად დემაგოგობენ, და არ ენდობიან კონკრეტულ ინსტიტუციებს. თითქოს, ფორმალურად ვართ მრავალპარტიული ქვეყანა, მაგრამ სინამდვილეში პარტიების სახელებიც ლიტონი სიტყვებია, რადგან მათი ლიდერები მსოფლმხედველობრივად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არის ერთი დომინანტი მსოფლმხედველობა. ამიტომ იდეოლოგია და მიზანი, რისთვისაც ხალხმა თავის დროზე ერთი მთავრობა აირჩია და დღეს სხვას უჭერს მხარს - იდენტურია.

ნინო ლომაძე: იყო თუ არა ვარდების რევოლუცია სხვა არჩევანი და თუ იყო, მაშინ, რას შეეწირა ის ლიბერალური იდეები, რითაც ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ჯგუფი ხელისუფლებაში მოვიდა?

ზურა ჯიშკარიანი: შეეწირა უმრავლესობის მოთხოვნას. ძალიან ცოტას აინტერესებს განათლების რეფორმის კონკრეტულ ნაბიჯებზე ლაპარაკი. გამოვა ვინმე და იტყვის, - უნდა დავიცვათ ჩვენი „ჯვარი ვაზისა“ და მაშინვე მოხდება საზოგადოების კონსოლიდაცია. იმისათვის, რომ მმართველ ძალას ხალხი, ამომრჩეველი არ დაეკარგა, მათ ენაზე დაიწყო საუბარი. იმის მაგივრად, რომ „რქები დაეტეხა“ ამ მითოლოგიური იდეოლოგიისთვის და ეს ხალხი თავადვე აემეტყველებინა მის ენაზე, პოპულიზმს მიჰყო ხელი. დაიკარგა მთავარი მიზანი.

0x01 graphic

ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი: ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი პრობლემა არის პოპულიზმი და მზა ფორმულებით მსჯელობა. სი სინამდვილეში, ჩვენც მზა ფორმულებით ვლაპარაკობთ. თუ თვისობრივად ეს მსჯელობის სტილი არ უარვყავით, ახალს ვერაფერს ვიტყვით. თუ არ დავუშვით, რომ შეიძლება ჩვენც ვცდებოდეთ, ორიდან ჩვენც ერთ-ერთ მხარეს აღმოვჩნდებით. როგორია, საერთოდ, საზოგადოების განვითარების წესი? საზოგადოებას ანვითარებენ ინდივიდები განსხვავებული იდეებით. მაგრამ რაღაც მომენტში თუ ისინი საკმარისზე მეტად დაშორდნენ საზოგადოებას, ის მათ უბრალოდ ჩაქოლავს. ამიტომ ამ შუალედური ძალის მთავარი არსია, პირველ რიგში ის მოახერხოს, რომ დაუახლოვდეს საზოგადოებას და განვითარებაზე და იდეების დანერგვაზე მერე იფიქროს. თქვენ როგორც ლაპარაკობთ, დღეს აუცილებლად ჩაგქოლავენ. თქვენ იცით, რომ ჩაგქოლავენ და მაინც ასე მტკიცედ დგახართ თქვენს პოზიციაზე. თქვენ თავიდანვე წირავთ თქვენს იდეებს, ალბათ ძალიანაც არც გინდათ, რომ თქვენი აზრი როდესმე სხვისთვის გახდეს მისაღები.

შოთა გაგარინი: ეს ალბათ უფრო პროვოცირებაა.

ანა არგანაშვილი: კი ბატონო, იყოს პროვოცირება. მაგრამ რის პროვოცირებას აკეთებთ? რომ ჩაგქოლონ? თუ გინდათ, რომ თქვენი იდეები დანარჩენი საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს?

შოთა გაგარინი: პროვოცირება იმის გასაგებად, რომ თეატრი არ არის სატანური და არის ადამიანური, რომ ლიტერატურა არის ხელოვნება, რომ ყველა თავისუფალია და ყველას თავისუფლება დასაცავია.

ანა არგანაშვილი: დააკვირდით რამხელა დისტანციაა თქვენს დამოკიდებულებაში. თქვენ ამბობთ, რომ ეს „სიბნელეა“, ისინი კი ამ მსოფლმხედველობით ცხოვრობენ. იმას, რაც ადამიანებს მოსწონთ, თქვენ მითოლოგიურს და იდეოლოგიურ „თრეშს“ უწოდებთ. ამიტომ არის მიუღწეველი თქვენი მიზანი. თქვენ ჩაგქოლავენ. თუ ეს მსხვერპლის როლი მოგწონთ, კი ბატონო, რატომაც არა. გისმენთ, ვხედავ როგორ იწვით კოცონზე და გული მიკვდება. არადა, თქვენი იდეები მეც ძალიან მომწონს.

ზურა ჯიშკარიანი: მაგრამ ასევე საჭიროა უფრო რადიკალური მიდგომაც. როდესაც ვცდილობთ, რომ არ ჩაგვქოლონ, ვაწყდებით პრობლემას. ჩაქოლვის შიშს რაღაც იდეებიც ეწირება. ვფიქრობ, იგივე დაემართა ჩვენს მთავრობასაც. შეეშინდა და გადავიდა პოპულიზმზე. ეს ზღვარი რთული დასაცავია. რბილი მიდგომა რაღაც დონეზე უნაყოფოა. თუმცა საჭიროა, რომ ესეც იყოს, კედელივით, როგორც მუდმივი პროდუქტი, რომელიც ამ არასპექტაკლის იდეების შემოტანას ცდილობს.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს არტ ჯგუფი, არის ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც წერს აკუსტიკურ მუსიკას ქართულ ენაზე. ეს სიმღერები ყურში ადვილად გხვდება, თავისუფლად შეიძლება მოისმინოთ, მაგალითად, „მარშუტკაში“, ბაზრობაზე. მაგრამ ტექსტის შინაარსი თემატურად არის განსხვავებული. ასეთი მიდგომაა - შეტყობინებებს ვირუსების სახით აპარებ. ასეთი სხვა საქართველო ყველგან უნდა იყოს. მე, ამ შემთხვევაში, არ მეშინია. ეს არც პროვოცირება არ არის. არც ჩაქოლვაზე მივდივარ, არავის არ ვაგინებ, ჩემთვის ვცხოვრობ, ვამბობ ჩემ აზრს.

ანა არგანაშვილი: ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. მე „რქების“ დატეხვის მეტაფორაზე ვსაუბრობდი. თქვენ თქვით, რომ, იმისდა მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ხალხი, უნდა გააკეთო ის, რასაც საჭიროდ ჩათვლი. მაშინ რით განსხვავდებით თქვენ იმ უმრავლესობისგან? თქვენც მომეცით საშუალება, რომ ვიყო მითოლოგიური და მჯეროდეს იმის, რისიც მინდა.

ზურა ჯიშკარიანი: რა თქმა უნდა.

ანა არგანაშვილი: ეს პოპულარული აზრია, რომ ინდივიდი, რომელსაც თავისი მოსაზრება აქვს, კონფლიქტშია საზოგადოებასთან. მეც მიყვარს ასე ფიქრი. მომწონს, რომ განსხვავებული ვარ. მაგრამ აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი - თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოება ქსენოფობიური იდეებით არის შეპყრობილი. იმაზე თუ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა წარსულ სოციალურ-პოლიტიკურ წყობილებაში ამ საზოგადოებას სხვაგვარად განვითარების შანსი. იქნებ თქვენ გაგიმართლათ, რომ სხვა დროში დაიბადეთ? ანუ ხომ არის ლოგიკური ის, რაც დღეს ხდება?

შოთა გაგარინი: მე ყველაფერს ვარქმევ თავის სახელს. ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ დგას ჭეშმარიტების მხარეს. ჭეშმარიტებაც აბსოლუტურად მონოპოლიზირებულია მედიის და პოლიტიკოსების მიერ და ეს პოლარიზებაც აქედან მოდის. სრული მსოფლმხედველობრივი ჯახია. ჩვენთან ორგანულად ვერ იტანენ აზრს, რომ არსებობს მრავალი ჭეშმარიტება და ყველა მართალია. ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც მასწავლებლებმა ვერ იგუეს, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოში შევიდა ბესიკ ხარანაულის პოეზია, ვერ იგუეს სასკოლო პროგრამაში სექსუალური განათლების საათების დამატება. ეს ხომ დემოკრატიულია, ხალხი ხომ დემოკრატიას ითხოვს? ჩვენ თუ გვინდა ის დემოკრატიული საზოგადოება, რასაც სკანდირებს ხალხი აქციაზე, მაშინ ჩვენ გვჭირდება დიდი მსოფლმხედველობრი ვი დიაპაზონი, სადაც იქნებიან ულტრამემარჯვენეები, ლიბერალები, ანარქისტები, სიტუაციონისტები, ყველანი.

ანა არგანაშვილი: რატომ გიკვირთ? როდის იყო, რომ სიახლეებს ასე ადვილად ვიღებდით?

შოთა გაგარინი: ხალხი დღეს სკანდირებს, რომ უნდა დემოკრატიული სახელმწიფო. მაგრამ, როგორც კი დავინახავთ ამ მოახლოებულ დემოკრატიას, მაშინვე პურიტანულ ნაბადში ვეხვევით.

ანა არგანაშვილი: ჩემი და თქვენი დემოკრატიის განსაზღვრებაც განსხვავდება ერთმანეთისგან. დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველი ხალხის ნების აღსრულებაა. პრობლემაა ისიც, რომ თქვენ ხალხზე ამბობთ - ისინი და მე; ემიჯნებით მათ.

ზურა ჯიშკარიანი: რატომაც არა. განვასხვავებ საკუთარ თავს სხვებისგან, სწორედ იმიტომ, რომ სხვადასხვა ადგილას ვდგავართ.

ანა არგანაშვილი: ჩემთვის ამ გაყოფაში პრობლემური ის არის, რომ ჯგუფები აბსოლუტური ჭეშმარიტებების ენაზე საუბრობენ, სადაც არავინ უშვებს იმას, რომ შეიძლება ცდება. ამიტომ ჩვენც დავუშვათ, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, შეიძლება ისიც არ იყოს აბსოლუტური ჭეშმარიტება.

შოთა გაგარინი: ჩვენ აქსიომებზე ვლაპარაკობთ, იმაზე, რომ ადამიანს აქვს თვითიდენტიფიკაციის უფლება. ეს ხომ აქსიომაა? და გამიჯვნა მხოლოდ იმის მიხედვით ხდება, აღიარებენ ადამიანები ამ აქსიომას თუ არა. გამოდის, რომ ჩვენთან ბევრი ამას არ აღიარებს.

ზურა ჯიშკარიანი: საქართველოში ყველანაირი უმცირესობა დაჩაგრულია - სექსუალური, რელიგიური თუ სხვა. 5 წლის წინ იყო უმცირესობა ის, ვინც გრძელი თმით დადიოდა. ათასი შემთხვევა იყო ჩემ გარშემო, როგორ ცემდნენ, ჭრიდნენ, ურტყამდნენ მათ ამის გამო. ამ მხრივ ჯუნგლებში ვართ. თუ უმცირესობა ხარ, ჯობს სახლიდან თავი არ გამოყო - დამოკიდებულება ასეთია. თქვენ მიდიხართ ამ უმცირესობასთან, რომელსაც, წლებია, ურტყამენ, ჩაგრავენ და ეკითხებით, რატომ არ არიან მიმტევებლები უმრავლესობის მიმართ.

0x01 graphic

მარინა ელბაქიძე

მარინა ელბაქიძე: დღეს ხშირად ისმის, რომ საზოგადოება არის ავადმყოფი, და რომ ფსიქიატრი სჭირდება (უტრირებას ვახდენ). ეს თქვენც ახსენეთ. შეიძლება სწორია ასეთი შეფასება, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლება ამას შევხედოთ. არაფერი განსაკუთრებული დღეს ქართულ საზოგადოებაში არ ხდება. ხდება ჩვენთვის, ჩვენს განცდაში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, მაგრამ არაფერი განსაკუთრებულად ცუდი; პირიქით, რაღაც თვალსაზრისით, კარგიც კი ხდება. გააჩნია საიდან შევხედავთ. კარგია ის, რომ ეს პროცესი მიდის. ცუდი იქნებოდა, საზოგადოება უმოქმედოდ რომ იყოს და უბრალოდ არაფერი ხდებოდეს.

ნინო ლომაძე: მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდხანს ხომ არ გაგრძელდა?

მარინა ელბაქიძე: კი, შესაძლოა გაგრძელდა, მაგრამ მოდით კითხვა ასე დავსვათ - რას გვაძლევს ეს პროცესი - ვიზრდებით თუ არ ვიზრდებით? იდეების, ხედვების, პოზიციების კონფლიქტი არ არის ცუდი. ამ ორი პოზიციის ჭიდილის დროს გაჩნდება მესამე, რომელიც შეეცდება, მოვლენებს გარედან შეხედოს, მერე გამოჩნდება მეოთხე და ამ მესამეს შეხედავს გარედან და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პროცესი თავისთავად არ არის ცუდი. თუმცა ეს რისკიანი პროცესია, რადგან შეიძლება უარესი დაგვემართოს. მოდით, ერთი ინდიკატორი ავიღოთ შედარებისთვის (სხვა ინდიკატორით შეიძლება უკანაც მივდივართ). პირველად პრეზიდენტის გადადგომას რომ ვითხოვდით, თოფი გავისროლეთ და დავხოცეთ ერთმანეთი. მეორედ არ გავისროლეთ, მაგრამ პარლამენტში შევვარდით და ვარდების, მაგრამ რევოლუცია მოვაწყვეთ. მესამე ჯერზე არსებობს რისკი ან ერთი გავიმეოროთ ან მეორე, მაგრამ ასევე გვაქვს შანსი, არც ერთი არ გავიმეოროთ და წინ წავიდეთ. იმდენ ხანს უნდა გაგრძელდეს საპროტესტო პროცესი, სანამ ხალხი არ ჩათვლის, რომ მიიღო ის, რასაც სამართლიანად ითხოვდა, ან არ ჩათვლის, რომ უსამართლოს, უკანონოს ან სისულელეს ითხოვდა. იმდენჯერ უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, რამდენჯერაც ჩათვლის, რომ ეს მთავრობა და მმართველი არ ვარგა.

შოთა გაგარინი: აქციაზე დგომით ხალხი ხომ არ ცდილობს, ყოფითი პრობლემები მექანიკური რიტუალებით გადაჭრას? მეტისმეტი ხომ არ არის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გარეთ დგომა და ყვირილი? სხვანაირად ცვლილებები შეუძლებელია?

მარინა ელბაქიძე: რა დრო არის ოპტიმალური, მე არ ვიცი. შეიძლება არც არსებობს პასუხი. შვეიცარიაში შეიძლება არასდროს გამოვიდნენ ქუჩაში პროტესტით და ვიღაცამ თქვას, რომ შვეიცარია სამოთხეა. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ შვეიცარიიდან ახალგაზრდები მიდიან, იმიტომ, რომ „კარგი ცხოვრებისგან“ დეპრესია ემართებათ. საქართველოზე ზოგი უცხოელი ამბობს, რომ აქ საინტერესოა ცხოვრება. ეს დინამიკა ვიღაცისთვის შიზოფრენია რომ არის, ბევრს მოსწონს. ეს პროცესები შეიძლება მარტო პოლიტიკურ და სოციალურ კი არა, ეგზისტენციალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული.

ანა არგანაშვილი: აქ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სხვა რამ. მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ.

ზურა ჯიშკარიანი: მე ვერ ვიღებ ამ პასუხისმგებლობას.

ანა არგანაშვილი: აი, ესაა ჩვენ შორის სხვაობა. მე შეიძლება არ მომწონს, რაც აქ ხდება, მაგრამ თუ ვერ ვცვლი, ვიცი, რომ ეს უკვე ჩემი პრობლემაა. მაშინ კეთილი უნდა ვინებო და პატივი ვცე ხალხის ნებას. ისინი გამოხატავენ თავის ნებას. მეც ხომ შემიძლია გამოვხატო.

ზურა ჯიშკარიანი: პრობლემა ისაა, რომ მე ვერაფერს ვწყვეტ. პრობლემაა ის, რომ უკვე 20 წელია, ეს მიტინგი გრძელდება. 20 წელია, ჩვენ პრობლემების გადაჭრის სხვა გზა ვერ ვიპოვეთ, გარდა მიტინგებისა. იმის მაგივრად, რომ მეწაღე პროფესიონალი მეწაღე იყოს, ბორჯომის ჩამომსხმელი ბორჯომს ასხამდეს, ფილოსოფოსი იყოს ფილოსოფოსი, ვყვირით, ვითხოვთ ლიდერს, რომელიც მოგვიწყობს ცხოვრებას. არ არსებობს ისეთი ლიდერი, რომელიც მოვა და ყველაფერს გადაწყვეტს. როცა 20 წელი ერთი და იგივე მეთოდით იბრძვი, ეს ალბათ უკვე ფანტაზიის სიმწირეა.

შოთა გაგარინი: ან რატომ არასდროს ითხოვენ ინსტიტუციებს და ყოველთვის ითხოვენ ლიდერებს? ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვეძებთ პრობლემას ბატონებში. ამ ქვეყანაში ბატონები კი არ უნდა მოისპოს, მონობა უნდა მოისპოს და მონური აზროვნება. თუ არ იქნებიან მონები, ბატონებიც აღარ იქნებიან. ერთ ბატონს მეორეთი ვანაცვლებთ. ყოველ სამ წელიწადში აქციაზე ვდგავართ, სადაც ინდივიდუალური განცდა ისევ კოლექტიურ განცდად გარდაიქმნება, და პირიქით - კოლექტიური ინდივიდუალურად. ისევ ამ კოლექტიურ რეჟიმში ვარსებობთ. აი, ეს არის პრობლემა.

მარინა ელბაქიძე: ზოგადად, ნორმალურია პოლიტიკური აზრების ჭიდილი რომ მიდის. ცუდი ის არის, რომ აზრებია ცოტა და არც ისე მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დასაბუთებული. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანების 60%25 კონფორმისტია და მხარს იმ აზრს უჭერს, რომელიც უმრავლესობაშია, იმ აზრს, ვისაც ძალა უმაგრებს ზურგს. ისეთი ადამიანები, ვინც პოზიციას რაღაც კონკრეტული, გაცნობიერებული პიროვნული მოტივაციით, რაიმე ღირებულებებიდან გამომდინარე ირჩევს, ცოტანი არიან. ამიტომ, თუ ამ ზოგად დებულებას მივიღებთ, მთავრობის ან ოპოზიციის „ცნობიერი“ მომხრე და მხარდამჭერი საზოგადოების დაახლოებით 30%25 შეიძლება იყოს, დანარჩენი ნაწილი აქეთ ან იქით იმის მიხედვით გადაინაცვლებს თუ რომელი მხარე „შესთავაზებს“ კონკრეტულ ან კრიტიკულ მომენტში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რაიმე ფაქტის, მოვლენის უფრო შთამბეჭდავ და დამაჯერებელ ინტერპრეტაციას. და თუ ის იდეები, რასაც თქვენ მითოლოგიზირებული უწოდეთ, თანამიმდევრულად, მრავალჯერ გაიჟღერებს ეკრანზე, მათ საზოგადოების ნაწილი მიემხრობა და ჩნდება უკვე ორი რეალობა.

რქების დატეხვა რომ ახსენეთ, იმედია, ეს სიმბოლურად იყო ნათქვამი და არ იგულისხმება ძალადობრივი ფორმა, მაგრამ რქების დატეხვა შეიძლება გაიგო, როგორც უხეში ფორმა, თუმცა ასევე შეიძლება გაიგო, როგორც შედეგი - გეგმაზომიერად ამ „სხვის“ მიწოდება, მისი პოპულარიზება.

ზურა ჯიშკარიანი: რქებში უცხოს, სხვისი შიში ვიგულისხმე, და დატეხვაში სხვა რეალობის შემოსვლა, მიღება. მე ყოველთვის ხალხის მხარეს ვარ. მაგრამ ახლა პირიქით არის, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ დავუახლოვდე ხალხს. ვარ, მაგალითად, ლიბერტარიანელი და მინდა ჩემი იდეების გატარება. როგორ უნდა ილაპარაკო პროსტიტუციის ლეგალიზებაზე ისე, რომ ხალხმა არ ჩაგქოლოს. ძალიან რთულია, ხომ?

მარინა ელბაქიძე: რთულია, მაგრამ შესაძლებელია. როდესაც არსებობს სხვა დომინანტური მოსაზრება და თქვენსა და ამ დომინანტურ აზრს შორის ძალიან დიდია სხვაობა, დისტანცირებით ყველაფერს სწირავთ. უფრო ეფექტური სტრატეგია ალბათ იქნება არა განსხვავებული, საპირისპირო იდეის გადაჭრით უარყოფა (იქნებ, მასაც აქვს არსებობის უფლება?), არამედ ახალი იდეის თანდათანობით დამკვიდრება, მისი უფლებამოსილების დასაბუთება და გაფართოება.

შოთა გაგარინი: მე მაინც ათა თურქის პოლიტიკას ვემხრობი - აგრესიულად უნდა მოაძრო ჩადრები და უთხრა, - ან ივლი ჩადრით ირანში, ან დარჩები თურქეთში და ივლი უჩადროდ და მაინც მუსულმანი იქნები.

ზურა ჯიშკარიანი: ერთი პატარა პრობლემა არსებობს კიდევ. შევთანხმდით, რომ არსებობს რაღაც შუალედური ნაწილი, სხვადასხვა სექტორი აქვს და მუშაობს. მაგრამ რა იქნება ამ შუალედური ნაწილის მიზანი? შევიდეს „ორთა“ სპექტაკლში, რომელიც ჩემთვის, პირადად, აუტანელია? შევიდეს და დადგას მესამე ტრიბუნა, თქვას, რომ ის სხვაა და მალე მოვა მეოთხეც და მეხუთეც? ანუ გახდეს ამ სპექტაკლის ნაწილი?

ანა არგანაშვილი: თქვენ უკვე სპექტაკლის ნაწილი ხართ, ზურა. ორივე რადიკალიზმი შეიძლება სადღაც ჩაკვდეს, რადგან შეიძლება არ მოხდეს მათ შორის მოკლე ჩართვა - კომუნიკაცია, მოსაზრებების შეჯერება და კომპრომისული რეალობის აღიარება. ამიტომ უნდა შევიდეს, აბა, რა უნდა ქნას! დავტოვოთ ეს ორი საკრალიზებული გაშოუებული სიტუაცია? ეს ხომ ჩემს ცხოვრებასაც არღვევს.

ზურა ჯიშკარიანი: ჰო, მაგრამ რა არის ჩვენი სივრცე ამ შემთხვევაში. ჯერ სივრცე არ მაქვს. უნდა შეიქმნას სივრცე, მერე გაჩნდება შენი მედიუმიც. შენ არავის დასდევ, ქმნი პროდუქტს, გაქვს ტრიბუნა, სადაც ყველა სპექტრი შეიძლება მიიღო. რაც მთავარია, არ იბრძვი ძალაუფლებისთვის, არ ძვრები პოლიტიკაში, არ გინდა პარლამენტში.

მარინა ელბაქიძე: ცხადია, შეიძლება ეს სივრცე შეიქმნას როგორც პოლიტიკურ სიბრტყეში ასევე სხვა - სოციალურ, კულტურულ სივრცეშიც. და ეს გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ზოგადად ასე ხდება - ხალხის მასას (კარგი გაგებით მასას) ცვლილებებისკენ უბიძგებს ამ მასიდან გამოყოფილი მცირე ჯგუფი (უმცირესობა), ან ინდივიდი (ლიდერს და ბელადს არ ვგულისხმობ), რომელიც ხალხს ახალ იდეას სთავაზობს. როგორც თქვენ თქვით, ან რქების დატეხვით, და ეს მექანიზმიც მუშაობს ხანდახან, ან „დარწმუნების, მომხრობის“ მექანიზმით, ანუ თანმიმდევრული, გეგმაზომიერი შეთავაზებით. ისე შეიძლება მიაღებინო ახალი იდეა, რომ დაიჯეროს, რომ მისია, მის ცნობიერებაში გაჩენილი. ეს შესაძლებელია, თუ ასეთი ჯგუფი გამოჩნდება, ასე იმოქმედებს და, რაც მთავარია, მოინდომებს.

ნინო ლომაძე: ჩვენთან თუ ჩანს ასეთი ჯგუფები?

მარინა ელბაქიძე: ჯერჯერობით არ ჩანს. აი, აქაც ითქვა, რომ არ გვინდა ეს პოლიტიკა. თუ არ გინდა, საზოგადოებადისკუსია ში უნდა გამოჩნდე რაღაცნაირად. თუ შეწუხდი სპექტაკლით, რაღაც ახალი და ღირებული უნდა შესთავაზო ხალხს. ცხადია, ეს არ არის ადვილი. ეს სპექტაკლი ამაში იმდენად არ გვიშლის ხელს. პრობლემა უფრო ის არის, რომ პოტენციალი სხვა იდეისთვის, სხვა ხედვისთვის არ არის ისეთი ძლიერი, რომ იმოქმედოს და სხვა რამეები გვერდზე გააჩოჩოს. ჯერჯერობით პოლიტიკა უფრო კარგად „იყიდება“, ვიდრე კულტურა ან ხელოვნება, ან რაიმე სხვა. ასეთია ჩვენი რეალობა.

ზურა ჯიშკარიანი: რაც მეტს ვილაპარაკებთ ამაზე, რაც მეტი დაპირისპირება იქნება, მით მეტს გავიგებთ. თუ მზა პროდუქტებით არ გვინდა ხელმძღვანელობა, მოვიგონოთ ორიგინალური იდეები.

ანა არგანაშვილი: თქვენ უნდა სცადოთ.

ზურა ჯიშკარიანი: და თქვენ მხარს დამიჭერთ?

ანა არგანაშვილი: მე, როგორც შუალედური მხარე, დაგიცავთ, რომ არ ჩაგქოლონ.

შოთა გაგარინი: ები ჰოფმანი ამბობდა, რომ დემოკრატია რეალურად სჭირდებათ დისიდენტებს. კონფორმისტებს სულ არ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება. თუ შენ გაქვს რაღაც სათქმელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დომინანტ მსოფლმხედველობასთან, გჭირდება დემოკრატია, როგორც გარანტია, რომ ენას არ მოგაჭრიან. და იქ, სადაც თვითონ საზოგადოება ბლოკავს ამ განსხვავებულ აზრს, სახელმწიფოს რატომ ვდებთ ბრალს. გვინდა ჩვენ დემოკრატია?

ანა არგანაშვილი: სახელმწიფოს აქვს მათი დაცვის ვალდებულება, ვისი უფლებებსაც არღვევს ადამიანების გარკვეული ჯგუფი.

ზურა ჯიშკარიანი: მაგრამ ეს არ არის დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტი. სახელმწიფოს აქვს ტერიტორიების, ეკონომიკური, შიდა და გარე პოლიტიკური პრობლემები და როცა გამოდიხარ და გეის უფლებების დაცვას ითხოვ, ხდები აბსოლუტურად მარგინალი.

ნინო ლომაძე: ამიტომ, ეს იდეები ჯერ საზოგადოებამ უნდა მიიღოს, თქვას, რომ ეს მნიშვნელოვანია და მერე მოითხოვოს.

შოთა გაგარინი: ამიტომ უნდა მოხდეს მედიის და ადამიანების ინდივიდუალიზაცია. მედიაც დიდი რესურსია, ბლოგინგიც, სოციალური ქსელებიც, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები, რომლებიც ჩვენთან აბსოლუტურად აუთვისებელია. აზრის კონსტრუირება ხომ არ ხდება სადღაც ზევით, მზა ფორმულები არ ეშვება ციდან. ამიტომაც უნდა დამთავრდეს ეს აქციები, რომ აღარ ვიყოთ ამ კოლექტიურ განცდებში. სამოქალაქო საზოგადოების არსებობაც იმის გარანტიისთვის მჭირდება, რომ თუ არც ერთი სპექტაკლი არ ავირჩიე, მექნება ჩემი პირადი სივრცე, სადაც თავისუფლად ვიცხოვრებ.

19 ბედისწერათა არქიპელაგი

▲ზევით დაბრუნება


სეი

ავტორი: ლევან ბერძენიშვილი

0x01 graphic

საბჭოთა კავშირის სასჯელაღსრულებითი სისტემის, სახელგანთქმული არქიპელაგ გულაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო მორდოვეთის ბანაკების სისტემა, რომელსაც ისტორიულად დუბრავლაგი ეწოდებოდა; დუბრავლაგის პოლიტიკური ბანაკის ოფიციალური დასახელება კი იყო ЖХ 385/3-4 (ქალთა პოლიტიკური ბანაკი) და ЖХ 385/3-5 (მამაკაცთა პოლიტიკური ბანაკი). მე და ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი ამ ბანაკში მოვხვდით საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით გასამართლების შემდეგ. ჩვენ ზონაში სასჯელს იხდიდნენ ე.წ. „დემოკრატები“ (ჩვენი კოლეგები, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულები, ე.წ. სამოცდაათიანელები, რადგან შესაბამისი სტატია რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსში რიგით სამოცდამეათე იყო), სამშობლოს მოღალატეები, უცხო ქვეყნების (ძირითადად, აშშ, ჩინეთისა და იაპონიის) ჯაშუშები, პოლიტიკური ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები (ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპანტებთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტები). ამ ბანაკში თავს გადამხდარი ამბებიდან, ბუნებრივია, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ბევრი რამ მომიყოლია. ხშირად მეუბნებოდნენ, - ეს ამბები უნდა აღწერო, მარტო შენი საკუთრება არ არისო, - მაგრამ მე, რატომღაც, მუდმივად თავს ვიკავებდი. პოლიტიკური ბანაკიდან სასჯელის სრულად მოხდიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გავიდა და ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც მორდოვეთთან მაკავშირებდა, უნდა აღმეწერა. ყველაზე ძვირფასი კი, პოლიტიკურ ბანაკში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას, ადამიანი და მისი ბედისწერაა. მორდოვეთის ასსრ, ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევო ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან იქ ეტაპით ჩაყვანილ და პატარა, დაახლოებით საფეხბურთო მოედნის ტოლ სივრცეში გამომწყვდეულ ადამიანებს, ჩემს თანამოსაკნეებს. რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ ჩემი ჩანახატები.

0x01 graphic

არკადი

ორი სიცოცხლე ჰქონდა, უფრო სწორად, ისეთ დაწესებულებაში (ეს სიტყვა საბჭოთა კავშირის შემდეგ არც უნდა იხმარებოდეს, იმდენად მკვიდრად საბჭოურია და აღიარებს სახელმწიფოს მიერ ადამიანისთვის დადგენილი წესის უზენაესობას), კერძოდ, ისეთ და-წესებულ-ებ-ა-ში ЖХ 385/3 5 იმყოფებოდა, რომ სიცოცხლე სულ არ ჰქონდა, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცოდა; მან იცოდა, რომ ის არის არკადი დუდკინი, სამამულო ომის გმირი, კაცი, რომელმაც ეკლესიის თავზე (რა თქმა უნდა, კინოში ნანახ რაიხსტაგს გულისხმობდა, ეტყობა, მისი წარმოდგენით, გუმბათი მხოლოდ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს) ქანთარიასთან ერთად წითელი დროშა დაამაგრა, ხოლო გოროხოვი (ამ გვარში არკადი მელიტონ ქანთარიას თანამედროშეს, სახელგანთქმულ მიხაილ ეგოროვს გულისხმობდა) იქ არ ყოფილა. კიდევ არკადიმ იცოდა, რომ 13 მაისს თავისუფლდებოდა, ოღონდ ან წლების აღრიცხვა შეწყვიტა, ან აღარ ახსოვდა, რამდენი ჰქონდა მისჯილი, ან მისთვის დადგა ერთი საბოლოო და უსასრულო წელიწადი, რომელშიც იგი ყოველწლიურად უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ბოროტი ადამიანები, მისი სიტყვებით, „სუპოსტატები“ არ ათავისუფლებდნენ.

კიდევ ბევრი რამ იცოდა არკადი დუდკინმა - მაგალითად, ვლადიმირის ციხეში საკანში მასთან ერთად მჯდარმა ბრეჟნევმა რომ ომში სისხლითა და ოფლით მოპოვებული მედლები და ორდენები მოჰპარა, რომ იგი ტანკიდან „გამოაპულტირეს“ (меня пультировали-ო, უყვარდა თქმა) და კიდევ ბევრი ასეთი რამ, რაც ავლენდა მის ხაზს, მის გულუბრყვილო, არაპროფესიულად დამუშავებულ ლეგენდას, რომელიც დაპატიმრების დღიდან აირჩია და რომლისთვისაც აღარ უღალატია: იბრძოდა ომში, მოიპოვა მედლები და ორდენები, დროშა დაამაგრა, სადაც საჭირო იყო და სულ ტყუილად დააპატიმრეს. ამ ლეგენდის დამუშავებაში, ეტყობა, მას ეხმარებოდა ის ფაქტი, რომ მისი უფროსი ძმა, ვასილი დუდკინი მართლა იბრძოდა სამამულო ომში, მართლა გმირი იყო და, რაიხსტაგზე დროშა თუ არ დაუმაგრებია, რაიხსტაგის აღების ოპერაციაში მართლა მონაწილეობდა.

დიახ, არკადიმ იცოდა, რომ გმირი იყო, მაგრამ მისი ცოდნა არ ეთანხმებოდა ზონის ადმინისტრაციისა და, კაცმა რომ თქვას, მთელი ზონის ცოდნას. ეს უკანასკნელი კი აღიარებდა მხოლოდ ერთ ფაქტს: ომის დროს არკადი პოლიცაი იყო. როდესაც გერმანელები შევიდნენ მის ბელარუსულ სოფელში, არკადი 15 წლის იყო და ტყეში არ თუ ვერ გაიქცა, რომ ომის პირველივე დღეებიდან გმირული პარტიზანობა დაეწყო, ხოლო 17 წლის რომ შესრულდა, არკადის, ამ უწვერულ და წერაკითხვასთან მწყრალად მყოფ ცოტა იმნაირ ბიჭს პოლიცაის ფორმა ჩააცვეს, ხელში „შმაისერი“ მისცეს და სოფელში წესრიგის დამყარება მოთხოვეს. იარაღის გასასინჯად ტყისკენ წავიდა და რამდენიმე ჯერი დაცალა (ეს უკანასკნელი საქციელი საბრალდებო დასკვნაში ასე აისახა сделал выстрел в сторону Партизан). ორი დღის შემდეგ სოფელი პარტიზანებმა დაიკავეს და არკადის პოლიციელობაც დასრულდა. პარტიზანებს ჭკუასუსტის დასჯაზე არც უფიქრიათ. საბოლოოდ პოლიცაის ფორმის ჩაცმა (მეტი დანაშაული საბრალდებო დასკვნაში არ იყო აღწერილი, იმიტომ, რომ სოფელში სულ ხუთი ოჯახი იყო, ებრაელები იქ არ ყოფილან, კომუნისტები არ ყოფილან და რა რეპრესიები უნდა განეხორციელებინა პოლიცაი დუდკინს, თანაც 48 საათის განმავლობაში, უცნობია) არკადის ძვირი დაუჯდა: ისედაც სუსტი გონება, რომლითაც იგი სამყაროს ბავშვურად აღიქვამდა, კიდევ უფრო აერია, თავს დაღუპულ ძმად ასაღებდა, ომის ეპიზოდებს თხზავდა და თავის როლს პოულობდა ყველა ეპიზოდში; ამიტომ იგი ერთდროულად ლენინგრადის ბლოკადასაც არღვევდა, სტალინგრადშიც იბრძოდა, კურსკის რკალიც გაარღვია და ბერლინი ხომ აიღო და აიღო. სოფელს ეცოდებოდა, მისი ორდღიანი სასაცილო პოლიციელობაც ახსოვდა და ისიც, რომ არკადი, კაცს კი არა, ჭიანჭველას არ აწყენინებდა და ეთამაშებოდა ამ თამაშს, ის კი არა, სამოწყალოდ ინახავდა კიდეც, როგორც შინაურ სულელს და ძველ ეკლესიასთან ერთად მთელი სოფლის ერთადერთ ღირსშესანიშნაობას.

არკადის წერა-კითხვა აღარ უსწავლია, მაგრამ კინო უყვარდა და ყოველი ახალი ფილმის შემდეგ თავის პატარა ისტორიას თხზავდა, რომელშიც იგი (და არა სტალინი და ჟუკოვი) გვევლინებოდა საბჭოთა კავშირის მხრიდან ომის მთავარ მამოძრავებელ ძალად. ცხოვრება ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მარადფხიზელმა და ყოვლისმცოდნე ბელარუსმა მზვერავმა პიონერებმა (მათი საერთო სახელი იყო следопиты), კომკავშირული და პარტიული ხელმძღვანელობის სრული და განუხრელი მხარდაჭერით არ მიაგნეს, ამხილეს და სამართალი არ აღუსრულეს (ფორმალურად, პიონერებს არ დაუჭერით, მილიციამ „ივაჟკაცა“, მაგრამ რამდენიმე პიონერის გვარი მაინც აღმოჩნდა არკადი დუდკინის საბრალდებო დასკვნაში). 1972 წლიდან სასჯელს იხდიდა როგორც სამშობლოს მოღალატე და სამხედრო დამნაშავე.

ის ამბავი, რომ საბჭოთა „კაგებემ“ სოფლის უწყინარი გიჟისგან სამშობლოს მოღალატე გამოიყვანა, არავის გაკვირვებია, მაგრამ დისიდენტების დაჟინებული მოთხოვნით (ზონაში ჩასვლისთანავე მე და დათოც შევუერთდით ამ მოთხოვნას) და დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად ჩამოდიოდა კომპეტენტური კომისია მოსკოვიდან, რომელშიც საბჭოთა ფსიქიატრიის „ასები“ შედიოდნენ (აკადემიკოსსა და პროფესორზე ნაკლებს როგორ შეიყვანდნენ ასეთ კომისიაში, მათ დასკვნებს ხომ მსოფლიო ნდობა უნდა მოეპოვებინათ) და განუხრელად (კომუნისტების საყვარელი სიტყვა იყო) ეს კომისია ადგენდა შემდეგს: არკადი დუდკინი ფსიქიურად ნორმალურია, დანაშაულის ჩადენის დროსაც შერაცხადი იყო და ახლაც ასეთია, ასე რომ, ვადამდე მისი განთავისუფლების მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, ჩვენი ხალხი ყოველთვის მკაცრად მოჰკითხავს სამშობლოს მოღალატეებს და იმათაც, ვისაც პირსისხლიანი პოლიცაისგან უწყინარი ყმაწვილის გამოყვანა სურს.

სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 13 მაისს, როცა ზონელი ქართველები 1981 წლის დიუსელდორფის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ ისტორიულ საფეხბურთო გამარჯვებას, დარასელიას და გუცაევის გმირობის წყალობით, ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას აღვნიშნავდით, ლიტველი და ლატვიელი კათოლიკეები რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის სახელზე ლოცულობდნენ, რომელიც იმავე წლის იმავე დღეს სასწაულებრივად გადაურჩა „რუხი მგლის“, მეხმეტ ალი აგჯას ორ ტყვიას, ყველა ელოდებოდა საღამოს 6 საათს. საღამოს 6 საათისთვის მთელი ზონა ე.წ. „კურილკასთან“ იდგა მარადიული სპექტაკლის მოლოდინში.

სპექტაკლს ერთადერთი მონაწილე ჰყავდა. ეს იყო ერთი მსახიობის თეატრის ბარაშევული ვარიაცია: პირველ აქტში ბარაკიდან გამოსული არკადი დაიძვრებოდა ადმინისტრაციის შენობისაკენ, თავისი ჯოხით მიადგებოდა იმ ოთახის ფანჯრებს, რომელშიც ფსიქიატრიული კომისია იკრიბებოდა ხოლმე და ანტრაქტის გარეშე გადადიოდა მეორე აქტზე: გამწარებით ურტყამდა ამ ჯოხს კედელს; ხოლო მესამე აქტში ბელარუსულად რაღაც უცნობ მონოლოგს კითხულობდა, რომლის შინაარსის გარკვევას ზონის სახელგანთქმული სლავისტები, მიხაილ პოლიაკოვი და გელი დონსკოიც კი ვერ ახერხებდნენ. როგორც ჩანს, მშობლიურ ენაზე გათავისუფლებას მოითხოვდა.

არკადის არ აჩერებდნენ, წესრიგისკენ არ მოუწოდებდნენ. ერთ საათს ურტყამდა თავის ჯოხს კედელს და ადმინისტრაცია დუმდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაღლილი და ვალმოხდილი „კურილკასთან“ შეუერთდებოდა დანარჩენებს, გამოჩნდებოდნენ კონტროლიორები და კედლის დაზიანების დონეს ამოწმებდნენ. ამ პოლიტიკური აქტისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც 2 მმ სიგრძის თმის მოშვებისთვის 15-დღიანი შიზო (ШИЗО, т.е. Штрафной ИЗОлятор, სადამსჯელო იზოლატორი) იყო გარანტირებული, არკადი არასოდეს დაუსჯიათ - ზონის ადმინისტრაციამ და კონტროლიორებმა მშვენივრად იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, ისინი ხომ დიდი აკადემიკოსები არ ყოფილან, რომ გიჟი და ნორმალური ვერ გაერჩიათ.

როგორც ზონის მკვიდრთა აბსოლუტური უმრავლესობა, არკადი მწეველი იყო, მაგრამ თამბაქო ან წეკო არასოდეს არ ჰქონდა, ფარდულით ანუ „ლარიოკით“ (თვეში ერთხელ თითოეულ პატიმარს ხუთი მანეთის ღირებულების ნივთების შეძენის უფლება ჰქონდა, ოღონდ საკუთრივ ფულის ერთეულები საქმეში არ მონაწილეობდა) არ სარგებლობდა, ფულს ზოგავდა მომავალი ცხოვრებისთვის, რომელიც, მისი განმარტებით, რომელიღაც წლის 13 მაისს დაიწყებოდა; ამიტომ არკადი ჩამოყალიბდა კლასიკურ „მსროლელად“ (სალაპარაკო რუსულში стрелять ზმნას აქვს ასეთი მნიშვნელობაც: „მოპოვება“, „შოვნა“, „თხოვნა“), ანუ წეკოს მოკრძალებულ გამომძალველად. ამ ფაქტის გათვალისწინებით მწეველი ზონა ორ არათანასწორ ნაწილად გაიყო: უმრავლესობაში იყვნენ ისინი, ვინც არკადის წეკოს არ მოაწევინებდა არც ერთ შემთხვევაში, ხოლო ღრმა უმცირესობაში აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც პრინციპულად შეეძლო გარკვეულ გარემოებებში არკადისთვის წეკოს მიცემა. გაგება ორივე ნაწილისა შეიძლებოდა, ვინაიდან ზონაში ყველაფერი დათვლილია და არკადისთვის წეკოს მიცემა საკუთარი თავისთვის სიამოვნების მოკლებას ანუ პატიმრობის ვადის მომატებას ნიშნავდა - ამით იმის თქმა მინდა, რომ სიამოვნების ის წუთები, რომელიც წეკოს მოჰქონდა, თავისუფლებასთან იყო ასოცირებული (პატიმრის გამარტივებული წარმოდგენით, თავისუფლება ის ადგილია, სადაც უთვალავი სიამოვნება არსებობს), სწორედ ამიტომ ზონაში თამბაქოსთვის თავი არავის დაუნებებია, ხოლო არამწეველების მწეველებად მოქცევა კი მომხდარა.

არკადიმ იცოდა, რომ უბრალო „მომაწევინეთი“, ერთი-ორი გულუბრყვილო პატიმრის გარდა, ვერავის გამოსძალავდა წეკოს, „მომაწევინე“ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იყო მისი „გამოსვლისა“, რომელსაც ის „ასრულებდა“ და ასრულებდა ისეთი ოსტატობით, რომ გასაგები ხდებოდა, გერმანელებმა ფორმა როგორ ჩააცვეს, ან მთელი ცხოვრება გამოგონილ ლეგენდას როგორ მიჰყვებოდა: არკადი დუდკინი მსახიობად იყო დაბადებული.

დავუშვათ, არკადიმ დაინახა, რომ „კურილკაში“ დგას რაფაელ პაპაიანი, იგი დაუყოვნებლივ იწყებდა გამოსვლას და თანდათან „სასროლ“ მანძილზე უახლოვდებოდა პაპაიანს: „ერთხელაც ვმსახურობდი მარშალ ბაგრამიანის ხელმძღვანელობით“. აქ უნდა ითქვას, რომ არკადი თავისი ბელარუსული საქცევებით ხანდახან თავის სიტყვას ძველ სლავურ ანუ თითქმის მითოსურ განზომილებას ანიჭებდა, მაგალითად, ის ამბობდა არა служил я как-то, არამედ служив я как-то. ამასობაში არკადი აგრძელებდა: „აი, ვინ იყო ნამდვილი ხელმძღვანელი! ჩემი ტანკი მოსწონდა ძალიან. მეხვეწებოდა, - გამიცვალეო. რა კაცი იყო! ნამდვილი სამხედრო. სომხები შესანიშნავი მეომრები არიან, თურქებს კი არ ჰგვანან! მომაწევინე ერთი. მარშალ ბაგრამიანის შთამომავლობა თუ არსებობს ნეტავ?“ თავდაპირველად რაფაელი უხალისოდ იძლეოდა წეკოს, მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, პაპაიანის გამოჭერა პრიმიტიული სომხური პატრიოტიზმით სულ უფრო ძნელი ხდებოდა. არკადისდა საუბედუროდ, სახელგანთქმული სომეხი დრამატურგის შვილს და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, რაფაელ არამაშოტის ძე პაპაიანს სულ უფრო ეხვეწებოდა გემოვნება და ეს ჰუმანიტარი კაციც სულ უფრო იხრებოდა სტანისლავსკისეული „არ მჯერასკენ“, ხანდახან იტყოდა კიდეც, - Не верю-ო, - და არკადის წეკოს გარეშე ტოვებდა.

0x01 graphic

უთვალავი სიკეთიდან, რომელიც არკადის ახასიათებდა, ყველაზე საინტერესო მისი მედგარი ხასიათი და გაუტეხელობა იყო. კაცმა აშკარად არ იცოდა პაუზა. პაპაიანთან წარუმატებელი გამოსვლა დამთავრებული არ ჰქონდა, კურილკაში მდგომი რომელიმე ქართველისკენ რომ გადაიხრებოდა და თითქმის ჰომეროსული ობიექტურობით და მიუკერძოებლობით იწყებდა ახალ ისტორიას, რომლისთვისაც ჯიბეში მართლა არ ჩაიყოფდა ხელს: ისტორიები ბლომად ჰქონდა და ერთი და იმავეს განმეორებას ერიდებოდა. ბუბუნებდა თავისი მსუბუქი ბელარუსული აქცენტით: „მანამდე გენერალ ლესელიძესთან ვმსახურობდი. აი, ვინ იყო ნამდვილი სამხედრო, ჯარისკაცების მამა. ლიონია ბრეჟნევიც იქ გავიცანი, შემდეგში მედლები და ორდენები მომპარა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. გენერალი ლესელიძე ჩემი დიდი მეგობარი იყო, მეუბნებოდა, - ბერლინზე დროშა შენ უნდა აგატანინო, გოროხოვს კი არაო. ქართული სიმღერა უყვარდა - საკვარლის საპლავს... მომაწევინე ერთი... ვეზებდიიი. ნეტავ, ბაქოში არის ლესელიძის ქუჩა?“

მიუხედავად გეოგრაფიაში აშკარა გაურკვევლობისა (ვერაფრით ვარწმუნებდით, რომ საქართველოს დედაქალაქს თბილისი ჰქვია და არა ბაქო), ჩემზე არკადის ყველა სამსახიობო გამოსვლა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა, ასე რომ, ჩემი წეკოს ყოველთვიური მარაგის ნაწილი ულაპარაკოდ მისი იყო. ერთხელ, თეატრალებს შორის მიმდინარე ტრადიციულ ზონურ კამათში, თუ ვინ უფრო ძლიერად შეასრულა ოტელოს როლი ორმოცდაათიან წლებში, როდესაც ყველა საბჭოთა სცენაზე არხანგელსკიდან ვლადივოსტოკამდე შექსპირის „ოტელო“ გრგვინავდა (რა თქმა უნდა, სტალინის ამბები იყო), სსრკ სახალხო არტისტმა აკაკი ხორავამ, თუ ამავე რეგალიების მქონე, ასევე სსრკ სახალხო არტისტმა ვაგრამ პაპაზიანმა (სხვათა შორის, ვასაძის იაგოს ყველა ერთხმად აღიარებდა), მე ვიხუმრე, - რამდენიც უნდა იკამათოთ, ყველაზე დიდ მსახიობად მაინც არკადი მიმაჩნია-მეთქი. სწორედ მაშინ ჩვენმა თანაზონელმა, დიდმა ფსიქოლოგმა, ბორის მანილოვიჩმა არკადის, როგორც უკვე აღიარებული ხელოვანის გვარი ებრაულ ყაიდაზეც გადააკეთა: დუდკინდი (ანტისაბჭოთა პუბლიკაში ფრიად მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული ლიტერატორ ეტკინდს).

არკადი დუდკინი 1987 წლის 13 მაისს უნდა გათავისუფლებულიყო. 12 მაისს გარდაიცვალა. ფეხსაცმელი გახადეს და უსახელო საფლავს მიაბარეს. ასე რომ, თავის გმირ ძმასთან, რომლის როლსაც მთელი ცხოვრება ასრულებდა, ფეხშიშველი მივიდა.

გრიშა

გრიშა ფელდმანი ყველაზე ხალისიანი და ცოცხალი კაცი იყო იმ ასორმოცდაათამდე პატიმარს შორის, მე რომ მინახავს. 1982 წელს იყო დაპატიმრებული და ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის. ებრაელი კაცი იყო, საშუალო განათლება ჰქონდა, ელექტრიკოსად მუშაობდა რკინიგზის საავადმყოფოში უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპში. რაიმე განსაკუთრებული არ ჩაუდენია, უბრალოდ, ებრაელი იყო და ისრაელს გულშემატკივრობდა არაბეთთან ომში და სულ ამაზე ლაპარაკობდა დაპატიმრებამდეც და დაპატიმრების შემდეგაც.

როგორა ხარო, - რომ ჰკითხავდი, - ხალისიანად გიპასუხებდა: ავტომატები არის, ტყვიებს მოიტანენ და არაბებს და-და-და-და-და! ვირტუალური ავტომატი აშკარად გამოცდილ ხელებს ეჭირა და არაბების მიმართულებაც იდეურად სწორად იყო შერჩეული, გრიშა უმიზნებდა ადმინისტრაციული კორპუსის სააგიტაციო ნაწილს, რომელიც სავსე იყო ბრძნული წარწერებით, მათ შორის იყო ასეთებიც: „პური ყველაფრის თავი და თავია“ (Хлеб всему голова, რა შუაში იყო სახელმწიფო დამნაშავეებთან ეს სიბრძნე, კარგად ვერ იქნა დადგენილი) და „სჯობს იფიქრო მანამდე, ვიდრე შემდეგ - დემოკრიტე“ (Лучше думать до, чем после - Демокрит). როგორც ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დემოკრიტეს მსგავსი არასდროს არსად არაფერი უთქვამს, თუმცა ზონის ადმინისტრაციას და, კერძოდ, იდეოლოგიის მამა პოლკოვნიკ განიჩენკოს თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა. მას მოსწონდა სახელი დემოკრიტე; ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ნებადართული და მატერიალისტური სახელი იყო, მაგალითად, ცუდი და ბნელი ჰერაკლიტესგან განსხვავებით და, მეორეც, იგი იოლად ასოცირდებოდა დემოკრატებთან, ეს კი ჩვენი დასაცინი სახელი იყო ზონაში - ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის გასამართლებულებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაცინვით სწორედ „დემოკრატებად“ მოგვიხსენიებდნენ. ავტორიტეტული პატიმარ-ფსიქოლოგის, ბორის მანილოვიჩის განმარტებით, ამ გამონათქვამით ოცდახუთი საუკუნის წინ დემოკრიტე გვასწავლიდა, რომ ბოლოს და ბოლოს საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობას თუ აპირებ, ჯობს ეს აქტი დაპატიმრებამდე განახორციელო, ვიდრე დაპატიმრების შემდეგო.

საღამოს პლაცზე მოწყობისა და სიის ამოკითხვის დროს გრიშა სულ ზემოთ იყურებოდა. როგორც კი პატიმრები თავს მოიყრიდნენ, ბარაკის სახურავზე მტრედები გროვდებოდნენ და ღუღუნს იწყებდნენ, გრიშა სწორედ მტრედებს მისჩერებოდა თბილი და წყლიანი თვალებით. მსუნაგი კაცი იყო - ყველაფრის ჭამა შეეძლო. ამიტომაც, ხმა რომ გავრცელდა, - მტრედი მოკლა და შეჭამაო, - არავის გაჰკვირვებია. საინტერესო იყო მხოლოდ ტექნიკური დეტალები, როგორ მიუახლოვდა, რითი მოკლა, როგორ დაამუშავა და ბოლოს და ბოლოს როდის შეწვა ან მოხარშა (და საერთოდ, შეწვა თუ მოხარშა, თუ ჯერ მოხარშა და მერე შეწვა), არავის რომ არ გაუგია. ზონის ერთმა ნაწილმა მომხდარი გაიაზრა, როგორც თავის გადარჩენის, სიცოცხლის შენარჩუნების ბუნებრივი ინსტინქტის მორიგი გამოვლენა, ხოლო მეორე, უფრო ინტელექტუალურმა ნაწილმა - როგორც ადამიანის სულიერი დაცემის ერთ-ერთი ახალი ნიშანი. რაც მთავარია, არც ერთ ნაწილს არ მიუჩნევია, რომ ჩადენილისთვის გრიშა უნდა დაესაჯათ. ასე ეგონა ყველას, სანამ სახელგანთქმულმა უკრაინელმა სოციალისტმა, ფრიდრიხ (ფრედ) ანადენკომ, ავტორმა ცნობილი ანტისაბჭოთა წიგნისა „ლენინიდან ბრეჟნევამდე“, საღამოს სასაუბროდ არ დაგვიბარა, მისი წარმოდგენით, საიმედო შემადგენლობა, ე.წ. „განდობილები“ და ზონის ეზოში წინ და უკან ჯგუფური სეირნობისას გამოთქმით და სათანადო აქცენტებით არ წაგვიკითხა თავისი წერილი, რომელიც საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორისთვის მიეწერა:

სსრკ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრ მიხაილის ძე რეკუნკოვს

ამხანაგო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის გენერალურო პროკურორო, ალექსანდრ მიხაილის ძევ,

მოგახსენებთ, რომ პატიმარმა გრიგორი ზინობის ძე ფელდმანმა ЖХ 385/3-5 დაწესებულებაში უკანონოდ მოიტაცა და შეჭამა მტრედი ან მტრედები (რაოდენობა დადგენილი არ არის). ეს კი დაუშვებელია, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ მტრედი მშვიდობის სიმბოლოა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ შესაბამისი ზომები.

პატივისცემის გარეშე,

უსამართლოდ სასჯელმისჯილი პოლიტიკური პატიმარი ფრიდრიხ ფილიპის ძე ანადენკო.

სასეირნო განხილვა გახსნა მიხაილ პოლიაკოვმა, რომელმაც, მართალია, მოიწონა თამამი „პატივისცემის გარეშე“, მაგრამ შემდეგ დაუფარავი ირონიით განაცხადა, რომ გენერალური პროკურორი რეკუნკოვი, შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს იმ კონცეფციას, რომ მტრედი მშვიდობის სიმბოლოა, რადგან აღნიშნული კონცეფცია ბიბლიიდან იღებს სათავეს, ხოლო ამხანაგ რეკუნკოვს, როგორც ჭეშმარიტ მარქსისტს, კომუნისტს და სოციალისტს (ამ სიტყვაზე პოლიაკოვმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რადგან ანადენკოს სოციალისტობა როგორც ჭეშმარიტ ლიბერალს და დემოკრატს გულზე არ ეხატებოდა), ბიბლიასთან კონფლიქტური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. მათემატიკოსმა-ტოპოლოგმა, პოლიგლოტმა და, საერთოდ, ტვინიკოსმა, ანატოლი იანკოვმა განაცხადა, რომ ადამიანები მხოლოდ სიმბოლოებს ჭამენ, რადგან ძროხას, ღორს, ცხვარს, ფრინველებს და თევზებს სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვთ და აქ იანკოვმა დააპირა თავისი უგზოუკვლო ცოდნის გამომჟღავნება, მაგრამ ამასობაში ანადენკო გაგვიბრაზდა, აკანკალებული ხელით კონვერტზე მარკა დააკრა და წერილი დემონსტრაციულად ჩააგდო ადმინისტრაციული კორპუსის კედელზე ჩამოკიდებულ საფოსტო ყუთში. ჩემი ბოლო კომენტარი იყო, რომ უყურადღებოდ არ უნდა დაგვეტოვებინა ანადენკოს უანგარო საქციელი, რადგან მან მთელი ახალი კონვერტი და მთელი ერთი მარკა გაიმეტა საზოგადოებრივი საქმისთვის. ვინაიდან მარკა და კონვერტი პოლიტიკურ ზონაში უსასტიკესი დეფიციტის საგნებს წარმოადგენდა, ჩემი მოკრძალებული კომენტარი გამოცდილმა პატიმრებმა დადებითად მიიღეს.

არ ვიცით, მიაღწია თუ არა ანადენკოს წერილმა ადრესატს, მაგრამ გრიშა ფელდმანს მშვიდობის სიმბოლოს შეჭმა ხახვივით შერჩა; მაგრამ ამით გრიშას გასტრო-კულინარიული ეპოპეა არ დასრულებულა. ფელდმანი პროფესიონალი ელექტრიკოსი იყო და გამუდმებით აკეთებდა ხოლმე ელექტროღუმელს, რომელსაც „კურილკად“ ხმობილ რვაონკანიან პირსაბანის ბოლოში ამონტაჟებდა და რომლითაც მთელი ზონა სარგებლობდა, სანამ ზონის ხელმძღვანელობას უცებ თავში რაღაც არ მოუვიდოდა და თანამოსაკნეებზე მზრუნავი თანამედროვე პრომეთევსის ამ გამოგონებას დიდი ხნით არ გააქრობდა.

ერთხელ, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ზონაში არსებული ცალკეული კულინარიულ-გასტრონომიული დაჯგუფებები (პატიმართა არაფორმალური ჯგუფები, რომელთაც საერთო გასტრონომიული მეურნეობა ჰქონდათ, მათ შორის, ებრაული „ქიბუცი“, „ქრისტფედი“ - სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ფედერაცია, ლიტვურ-ლატვიური „უნია“ და უკრაინული „სხოდსტვო“) თავისი კვებითი რესურსების, უმი და მზა პროდუქციის ინვენტარიზაციას ახდენდა, „ქრისტფედის“ ერთ-ერთ წევრს, რაფაელ პაპაიანს მეუღლის, ანაჰიტ პაპაიანის მიერ ბოლო შეხვედრაზე წელიწადნახევრის წინ ჩამოტანილი მთელი ორლიტრიანი ქილა ცხვრის ყაურმა აღმოაჩნდა. ყაურმა პატიოსნად ინახებოდა საერთო საწყობში, ე.წ. „კაპტიორკაში“ და თავის რიგს ელოდებოდა. როგორც ჩანს, ეს უსასრულო მოლოდინიც დასრულდა და ყაურმის დროც დადგა. ფედერაციის წევრები - ბერძენიშვილი, ლაშქარაშვილი, ხომიზური, ალთუნიანი და პაპაიანი გასტრონომიული სასწაულის მოლოდინში ესწრებოდნენ ყაურმის გახსნის ცერემონიალს. ორლიტრიან ქილას ხრახნიანი თავსახური ჰქონდა; როგორც კი პაპაიანმა მესამე მცდელობისას, როგორც იქნა, ბედნიერი სახით მოატრიალა სახურავი, ქილამ ცუდი ბუყბუყი დაიწყო და მალე ბარაკში ისეთი სუნი დადგა, რომ სამამულო ომის ვეტერანმა, გერმანელმა პოლიცაიმ და სსრკ სოციალისტური შრომის ყოფილმა გმირმა ვერხოვინმა იყვირა, Внимание! Иприт! Газовая атака! Все на выход! და მთელი ბარაკი ეზოში გაცვივდა.

უკანასკნელი ბარაკიდან გრიშა გამოვიდა ყაურმიანი ქილით ხელში და კავკასიელებს გვკითხა, - ამას რას უშვრებით, უნდა გადააგდოთო? და დადებითი პასუხი რომ მიიღო, ქილიანად „კურილკას“ ანუ თავის ელექტროღუმელს მიაშურა; ამას შედეგად მოჰყვა რამდენიმე მწეველი პატიმრის სწრაფი გამოვარდნა „კურილკიდან“. გრიშამ განაცხადა, - ჩემი ღუმელი პლუს ოთხას გრადუსს უზრუნველყოფს, ყველა ბაქტერიას კლავს და ცხვრის ყაურმა რა უნდა იყოს ასეთიო. ერთ საათს ადუღა მყრალი ყაურმა, გამოიტანა ქვაბი, ეზოს შუაგულში მაგიდას მიუჯდა და მთელი ზონის თვალწინ მთელი ქვაბი მეთოდურად და აუღელვებლად შესანსლა. ოცდაათი მეტრის რადიუსში მომწამლავი სუნის ყაურმას ვერავინ, ვერც ზონის ადმინისტრაცია ვერ მიეკარა. ამას მოჰყვა რამდენიმე, მათ შორის, მკვახე ანტისემიტური კომენტარიც, რისთვისაც გრიშას ყურადღება არ მიუქცევია. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ყაურმის ეპიზოდთან დაკავშირებით ფრედ ანადენკო ახალი უპატივცემულო წერილით მიმართავდა გენერალურ პროკურორს, მაგრამ, რაც მართალი მართალი, ჩვენთვის ამ ახალი საჩივრის გაცნობა მას აღარ შემოუთავაზებია.

ყაურმის ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა და გრიშა ზონიდან გაიყვანეს. როგორც გავიგეთ, მორდოვეთის დედაქალაქში, სარანსკში წაუყვანიათ და იქაურ იზოლატორში ჩაუსვამთ. კარგა ხნის განმავლობაში გრიშას შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია, არავისთვის მოუწერია, გარედანაც არანაირი ამბავი არ მოსულა. გავიდა ოთხი თვე და ერთ მშვენიერ დღეს გრიშა დაბრუნდა - თმამოშვებული, მოსუქებული და უმზეური. სახის კანის ფერის მიხედვით ჩვენთვის უბრალო საქმე იყო დაგვედგინა, თუ რამდენ ხანს იჯდა ადამიანი იზოლატორის საკანში. ფელდმანის ფერი გვკარნახობდა, რომ მთელი ოთხი თვე გრიშამ იზოლატორში გაატარა და მზესთან ერთსაათიანი გასეირნების, ე.წ. „პრაგულკის“ გარდა, სხვა კონტაქტი არ ჰქონია. ზონის ოდესღაც ყველაზე მხიარული და ხმაურიანი ბინადარი რაღაცნაირად ჩაქრა, არაბებზე და ავტომატებზე აღარ ლაპარაკობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კულინარიულ ექსცესებსაც შეეშვა. ის კი არა და, თავისი სახელგანთქმული ელექტრო-ღუმლის გამართვაზეც არ უფიქრია. ვიღაც-ვიღაცები სათანადო დასკვნებს გვთავაზობდნენ, მაგრამ დამაჯერებელი ინფორმაცია არავის არ ჰქონია.

უნდა ითქვას, რომ ქართველები კარგი პატიმრები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველები პატიმრობაში არ წუწუნებენ და, რაც მთავარია, ფიზიკურად სამაგალითო გამძლეობის ნიმუშებს წარმოადგენენ. მიუხედავად ჩვენი ასეთი მაღალი რეპუტაციისა, 1986 წლის შემოდგომაზე ზონაში გრიპის ვირუსი შემოიჭრა და სხვებთან ერთად მეც წამაქცია. მაღალი სიცხით ვიწექი რამდენიმე დღე ბარაკში და ექიმმა თქვა, - კიდევ ორი დღე სიცხე თუ არ დაგიწევს, „ბალნიჩკაში“ გადაგიყვან და დიეტას დაგინიშნავო (დიეტა ზონაში ნიშნავს კარაქს, თეთრ პურს და არა იმას, რასაც საერთოდ). მოკლედ, ვწევარ ორმოცი გრადუსით ბარაკის შესასვლელში, საღამოს ცხრა საათია, გრიშას, ჩემს და ორიოდ მოხუც ლიტველს გარდა, ბარაკში თითქმის არავინ არ არის და შემორბის ჟორა ხომიზური სენსაციური განცხადებით, - „ვრემიაში“ გრიშა იქნებაო. საბნიან-ლეიბიანად ავდექი და კლუბსასადილოში გავეშურე. ტელევიზორი ძალიან მაღალზე იყო დამონტაჟებული, რომ თორმეტივე გრძელ მაგიდას მიმსხდარ ყველა პატიმარს დაენახა.

საინფორმაციო გადაცემა „ვრემიაში“ ყველაფერი გვითხრეს კომპარტიის პოლიტბიუროს პლენუმის შესახებ, კალეიდოსკოპურად ჩაიარეს ქარხნებმა, ფაბრიკებმა, კომბაინებმა, ტრაქტორებმა და კულტურამ. აშკარად მომწიფდა სპორტისა და ამინდის პროგნოზის საკითხები და სწორედ ამ დროს ეკრანი მთლიანად დაიკავა, როგორც წამყვანმა ბალაშოვმა განაცხადა, ეგრეთ წოდებულმა პოლიტპატიმარმა, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის გასამართლებულმა, გრიგორი ზინობის ძე ფელდმანმა.

და თქვა გრიშამ: ისრაელი საშინელი სახელმწიფოა, საბრალო არაბებს აწამებენ, შემირცხვენია ეგენიო. დღე და ღამე ჰოლოკოსტზე საუბრობენ და თვითონ გენოციდს უწყობენ არაბებს და პალესტინელებს და საერთოდ, ამქვეყნად სიონიზმზე დიდი საშინელება ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოსო. რაც შეეხება იმ ბანაკს, რომელშიც ვიმყოფები, ჩემი ეგრეთ წოდებული თანაპატიმრებისგან გული მერევა, ამდენმა გარეწარმა ერთად როგორ მოიყარა თავი, ეს კიდევ რა უბედურებააო. საბჭოთა ხალხო, მაპატიე, თუმცა ჩემი პატიება არც შეიძლება და არც უნდა მეპატიოსო.

„ვრემიაში“ გრიშა სპორტმა და ამინდის პროგნოზმა შეცვალა, ხოლო გაოგნებული პატიმრები ნელ-ნელა დაიძრნენ ბარაკებისკენ. მე ჩემი საბან-ლეიბით სასწრაფოდ დავუბრუნდი ჩემს ლოგინს. გრიშა ჩემგან სამიოდ მეტრში იყო თავის ლოგინზე ჩაცმულდახურული წამოკოტრიალებული. გარეთ რაღაც პატარა ჩოჩქოლის შემდეგ ბარაკში ე.წ. „სირცხვილის დელეგაცია“ შემოვიდა ფრედ ანადენკოს ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდნენ მიშა პოლიაკოვი და ჟორა ხომიზური. ეს სამკაციანი დელეგაცია ფელდმანის ლოგინისკენ დაიძრა. გრიგორი ზინობის ძევ, რით შეგიძლია იმართლო თავიო, - ჰკითხა ჩუმი ხმით ანადენკომ. რით შემიძლია ვიმართლო თავი? - გაიმეორა შეკითხვა გრიშამ და მის ხმაში დამცინავმა უკრაინულმა აქცენტმა გაიელვა. აი ამით: გრიშა გადაბრუნდა, კომისიას უკანალი მიუშვირა და უკანალმა ისეთი მგრგვინავი ხმა გამოსცა, „გარგანტუას და პანტაგრუელის“ სახელოვან ავტორს, დიდ ფრანსუა რაბლესაც კი გააკვირვებდა. კაცი არ ყოფილხარო, - თქვა გაწბილებულმა ანადენკომ და კომისიამ ბარაკი დატოვა. ამ დღის შემდეგ გრიშა პოლიტიკური კეთროვანი გახდა და მას არავინ მიჰკარებია. ძალიან სწრაფად დაჩაჩანაკდა და ჩაეშვა. მის დაცემას განსაკუთრებით ჩვენი ებრაელები განიცდიდნენ, - თავი მოგვჭრა ამ არაბების მეხოტბემო.

გრიშა შეიწყალეს და გაათავისუფლეს 1987 წლის 9 თებერვალს. ხუთი დღის შემდეგ, 14 თებერვალს ბარაშევოს ზონაში არც ერთი „დემოკრატი“ არ დარჩა, პერესტროიკის ეპოქაში პოლიტიკური პატიმრების დრო დამთავრდა. ისრაელი დიდხანს ამბობდა უარს ფელდმანის მიღებაზე. ამბობენ, - ამ საქმეში მოსადი ურევიაო. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ყოფილი თანამოსაკნეებიც არ გულშემატკივრობდნენ მის ალიას. ოცი წლის მანძილზე გრიშა ამაოდ ცდილობდა განაწყენებული თანამემამულეების გულის მოგებას და მხოლოდ 2006 წელს მიაღწია საწადელს და აღთქმულ მიწაზე ავიდა სამოცდაათი წლის, მოხუცი, დაღლილი და გამოფიტული. როგორც კი თვითმფრინავიდან ჩასულა და ისრაელის მიწისთვის ფეხი დაუდგამს, ხმამაღლა რუსულად დაუყვირია, - მაპატიეთო და იქვე, თელ-ავივის აეროპორტში დაულევია სული.

20 ფრ/ლ/უსტრაცია

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი

0x01 graphic

ლადო გუდიაშვილი, 1934

2007 წლის თებერვლის დასაწყისში, „რუსთავი 2“-მა სტალინის შესახებ რუსეთში გადაღებული სერიალის ჩვენება დაიწყო. სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტში ავტორმა, დავით ნიკურაძემ საზეიმოდ გვამცნო: „მინდა განვაცხადო, რომ დასავლურმა კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი სტალინის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ეს გასაკვირი არც არის - დასავლეთი ხომ მას ყველა ბოროტების სათავედ თვლიდა“. ხოლო არხის გენერალური დირექტორი, კობა დავარაშვილი, ბესარიონოვიჩზე ჩვენი მცდარი წარმოდგენების ნგრევას დაგვპირდა: „ეს ფილმი საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რაზე ფიქრობდა სტალინი, ვინ სძულდა და ვინ უყვარდა, ასევე - იყო თუ არა სტალინი მართლა ასეთი ცუდი, როგორც ჩვენ ამდენი წლები თავში გვიტენიდნენ?! თურმე ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა.“

ორ კვირაში, 16 თებერვალს კი - საქართველოს პარლამენტში ჩავარდა ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონი ლუსტრაციის შესახებ (ამ კანონის მიღებას რევოლუციის ლიდერები ჯერ კიდევ 2004 წელს გვპირდებოდნენ). ეს დოკუმენტი საბჭოთა წარსულის უარყოფითი შეფასებაა და ამასთან იგი საბჭოთა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურს უკრძალავს. გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია ჯერ არ დასრულებულა და პირობა დადო, რომ პარლამენტი ამ საკითხს მალე დაუბრუნდება. მანვე „რუსთავი 2“-ის მიერ სტალინის ძლიერ ქართველ პოლიტიკოსად წარმოჩენას „სამარცხვინო მცდელობა“ უწოდა.

... შედეგად კი რა მივიღეთ?: ნაცვლად იმისა, რომ ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო, - ეს თემა „სტალინი LIVE“-ის აკრძალვასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა.

ეს დებატი მხოლოდ ერთხელ ამომიტივტივდა გონებაში და ისიც მაშინ, როცა დეკანოზ ლევან ფირცხალაიშვილის ხილვის შესახებ წავიკითხე: „ერთხელ ისე მოხდა, 20 დღის უჭმელი ვიყავი, მხნეობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ მართალი გითხრა, ცოტა დავღალდი და ჩამეძინა. და სწორედ ამ დროს დედა ღმრთისასგან მეუწყა ჩემი გასვლის დრო..... გიორგი ბრწყინვალე ძალიან დიდი სულია... იცოდეთ, სტალინი სამოთხეშია!!!“.

არადა, საბჭოთა წარსულისაგან დისტანცირება, მისი შეფასება შეუძლებელია იმ სიმართლის დადგენის გარეშე, რომლითაც ბოროტების იმპერია და მეოცე საუკუნის ტირანის ძალაუფლება იკვებებოდა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი არქივების საიდუმლო მასალების 80%25 გამქრალი ან დამწვარია. ქვეყანაში დარჩენილი დოკუმენტებიდან აგენტების იდენტიფიცირება ჭირს, რადგან მათი პირადი საქმეები, 1990-91 წლებში, საბჭოთა უშიშროების ოფიცრებმა რუსეთში გაიტანეს.

ქართული საზოგადოება დარჩენილია „ოკუპაციის მუზეუმის“ ამარა, რომელიც ევროპული, ანალოგიური დაწესებულებებისაგან განსხვავებით, მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობაა, სადაც საბჭოეთის ამსახველი მასალებია გამოფენილი. მუზეუმიდან გამოსული მოქალაქე შეიძლება პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს შეუერთდეს, მაგრამ იშვიათად დაფიქრდება, თუ რა კავშირია თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ცოტა ხნის წინ ნანახ გამოფენას შორის, ჩვენს ცხოვრებასა და ხელისუფლების ქმედებებს შორის? ასეთი დაკავშირების გარეშე, ადამიანს ფრუსტრაცია გარანტირებული გაქვს: საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დაეჭვებული, გამოუვალობის განცდაში ჩაძირული, - შენდაუნებურად გაურკვეველი და არაცხადი მიზნისთვის იბრძვი. სულ უფრო მეტად შორდები „რეალობას“ და შინაგანად დაძაბული და აგრესიული, ფანტაზიას ეპოტინები.

სახალხო პროტესტიდან თუ მანიფესტაციიდან შინდაბრუნებულს, არაფრის თავი აღარ გაქვს და ცოტა რომ სული მოითქვა, „წითელი ზონის“ ნაცვლად, „სიცილის ზონას“ უყურებ.

მე ნამდვილად არ მხიბლავს ასეთი პერსპექტივა, ამიტომ „ლუსტრაციისკენ“ მიმავალ გზაზე და ფრუსტრაციის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე სააზროვნო სიტუაცია მინდა შემოგთავაზოთ და თქვენთან ერთად ამოვხსნა: რა კავშირია წარსულის უცოდინარობას, ცალმხრივ ცოდნასა და ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობას შორის?

კაენინა

1783 წელს რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთს შორის დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ მე-19 საუკუნის დასაწყისში „ჩვენმა მხსნელებმა“ თავზე დაგვახიეს და 1801-1810 წლებში, საბოლოოდ დაგვიპყრეს. სამეფო ოჯახის წევრები დაშინებითა და მოტყუებით იმპერიის ქალაქებში მიმოფანტეს: ზოგი მოისყიდეს და მიიმხრეს, ზოგსაც - სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში ამოხადეს სული. მათში გარუსებულებიც ერივნენ ანუ ისინი, რომლებიც იმპერატორის სამსახურში ჩამდგარები, პატარა ხალხების ასიმილაციას ქადაგებდნენ. ასეთი იყო გიორგი მუხრანსკიც, რომელიც ერთ, ქართულ, საზოგადოებაში ასეთ რამეს ამტკიცებდა: „პატარას ნება არა აქვს თავის-თავობისა, უნდა ცდილობდეს, რომ დიდში გადაიტანოს თავისი თავი და იმაში განხორციელდეს“. მსენელთაგან ამ „რუსეთუმეს“ ბარბარე ჯორჯაძე გამოეპასუხა: „აქლემები უფრო დიდები არიან კაცებზე და მაშ ჩვენ გააქლემება უნდა ვისურვოთო?“. ატეხილი ხორხოცის ფონზე, ორატორმა თავის მართლება დაიწყო: მე მხოლოდ მწერლობას ვგულისხმობდი: დიდ ერებს დიდი მწერლები ჰყავთ, რადგან იქ დიდი ნიჭია, ხოლო პატარებში ასეთი რამ შეუძლებელიაო. მოპასუხე აქაც არ დაიბნა და თავადს უკვე გაცხარებულმა მიახალა: „მაგისი რა მოგახსენოთ, ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, ნასწავლი და მეცნიერი კაცი ბრძანდებით, მაგრამ ეს კი შემინიშნავს, რომ პატარა ბულბული მშვენივრად ჰგალობს და დიდი მამალი „ყიყლიყოს“ მეტს ვერაფერს ახერხებს“.

იმპერიის ნამესტნიკებმა, სამხედროებმაც და სამოქალაქოებმაც, სისხლში ჩაახშეს საქართველოს სამთავროების აღდგენის ყველა ცდა და ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდნენ ამ პროცესში ჩართულ ქართველებს: შემოიღეს სიკვდილით დასჯის ახალი, ჩვენთან აქამდე უცნობი წესი - ჩამოხრჩობა, მას დაუმატეს გამათრახება და ქვეყანაში შიშიანობა დაამკვიდრეს.

ზაქარია ჭიჭინაძე თავის გამოუქვეყნებელ წერილში დეტალურად აღწერს გეორგიევსკის ტრაქტატით გამოწვეულ სიავეებს და თვლის, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებაში („საქართველოს გაყიდვაში“) მთავარი დამნაშავენი გარსევან ჭავჭავაძე და მისი მეგობრები: ავალიშვილი და ფალავანდიშვილი არიან. სხვა საბუთებთან ერთად ავტორი ასახელებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობას“. მისი გმირები: ბერი ივანე ხელაშვილი და ზურაბ ღამბარაშვილი, სამშობლოში მოგზაურობენ და, გზადაგზა მომხდარი ფათერაკების ფონზე, დაუფარავად ამხელენ იმდროინდელი საზოგადოების მანკიერებებს: წარჩინებულთა ნაწილის დაკნინებას, მოხელეთა ანგარება-უმეცრებას, სამღვდელოების ფარისევლობას.

„კალმასობა“ 1813 წელს გამოვიდა, მაგრამ ცენზურამ ტექსტიდან ამოიღო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი: გარსევან ჭავჭავაძეს ბერებისთვის თავისი სოფლის ეკლესიაში წირვის ჩატარება უთხოვია და შემდეგ სასახლეში სადილად მიუწვევია. წირვას თავადის მეუღლე, მარიამ ავალიშვილიც დასწრებია, მაგრამ შინ უგუნებოდ დაბრუნებულა: შენმა მოწვეულებმა ეკლესიაში საქვეყნოდ გამკიცხეს, „კაენინა“ მიწოდეს. კაენი ძმის, აბელის მკვლელია. მათ შენ ძმის მკვლელი გაგხადეს და მეც - იმისი ცოლი.

თავადმა დაიჯერა მეუღლის ნაამბობი - მით უფრო, რომ საქართველოს დაღუპვას მას სხვაც ბევრი ჰყვედრიდა. სადილად მოსულ სტუმრებს გულუხვად უმასპინძლა და ეკლესიაში მომხდარი შემთხვევის გარკვევა მოსთხოვა: ჯერ „კაენინას“ მნიშვნელობა განუმარტა და შემდეგ აუხსნა, რომ მას ძმა არ ჰყოლია და არც მოუკლავს.

„- ჩვენმა თავადის ცოლებმა ეგრე იწოდეს თავი და ყველა მაგ სიტყვებით მიმართავენ-ხოლმე. გვეგონა, რომ ამით ვასიამოვნებდით…... რუსული ენა არ ვიცით და სიტყვის გამოთქმაში რომ რამე შეგვეშალოს, ეს მაინცა და მაინც დიდი ცოდვა არ უნდა იყოს არამცოდნესაგან.“ ბოლოს, როცა სტუმრები მიხვდნენ, რომ მათი ახსნაგანმარტება მასპინძელმა არ მიიღო და მათგან რაღაც გაურკვეველს ითხოვდა, პირდაპირ მიახალეს:

„- მართალი ბრძანდებით, ბატონო, თქვენი ძმა არ მოგიკლავთ, მაგრამ მის ნაცვლათ უფრო უარესი საქმე გაქვთ ნაქნარი“.

„კალმასობის“ ეს ეპიზოდი არც 1860 და არც 1895 წლის გამოცემებში არ შესულა, რადგან ცენზურამ იგი საგულდაგულოდ წაშალა.

გველის პერანგოსანი

პირველ ქართულ რესპუბლიკას ბევრი მეხოტბე გამოუჩნდა. მათ შორის იყო „ცისფერი ყანწების“ ყოველკვირეული გაზეთი „ბარრიკადი“. (ეს ორდენი ასევე გამოსცემდა გაზეთებს: „ბახტრიონი“, „რუბიკონი“, Фигаро). 1920 წელს აქ გრიგოლ რობაქიძემ თავისი წერილი „ნოე ჟორდანია“ გამოაქვეყნა. ავტორი შედარებებს, ეპითეტებს და ჰიპერბოლებს არ იშურებს, რათა მმართველის განუმეორებელი სახე სრულად წარმოგვიდგინოს:

„ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუცი ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში გამოხურვებული და კავკასიონის კალთებით განელებული. ქურუმები ძველ ღმერთებს ალბათ ასეთი სახით ელაპარაკებოდნენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე არა მარტო გურიის ველების, არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი, რუსთაველის ტარიელი, რაინდია ყოვლის გადამლახველი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გულჩვილია მეტად. თეთრი გიორგი ტაიჭზე მჯდომელი, მახვილით ჰკვეთავს ვეშაპს და ამავე დროს მის თვალებში ნათელი ბავშვის გვერდული მზერაა. გიორგი სააკაძე, რისხვით შემართებული საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამონაკლისია. მე მიყვარს ჟორდანიას აცეცხლება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოების და არა - ცეცხლი სიავის.“

შემდეგ მოდის არგუმენტები მმართველის „სირბილის“ ასახსნელად: ღვთისმშობლის წილხვედრობა, წმინდა ნინოს ჯვარი და ქეთევანის ცრემლები. რობაქიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ ნაკადთან ნოეს სულიერი კავშირი განაპირობებს აგრესიისგან მის დაცლილობას.

„...მე მესმის ჟორდანიას წუხილი შვილის დაკარგვის გამო (ლენინს ასეთი წუხილი არ შეუძლია). ამ წუხილში მე ვხედავ სიახლოვეს მიწასთან, რომელსაც ჩვენ დედას ვუწოდებთ. მე არ ვიცი, ჟორდანია ლოცულობს თუ არა, მაგრამ მე ვიცი, რომ მრავალი ლოცულობს მისთვის (გამაგებინეთ, ვინ ლოცულობს ლენინისთვის?)....“

გრიგოლ რობაქიძის მიხედვით, ჩვენი მმართველი ინტუიციით გრძნობს ინტერნაციონალური იდეოლოგიის, ერთა სოლიდარობის სიკეთეებს საქართველოსთვის, ურომლისოდაც პატარა ერს არ ეყოფა ბიოლოგიური ენერგია ნაციონალური განვითარებისთვის. ჟორდანიასთვის ასევე აუცილებელია დასავლური ორიენტაცია. რუსეთთან შეერთებას მხოლოდ იმიტომ ეთანხმებოდა, რომ ევროპისკენ გზა გაგვეჭრა, მაგრამ როცა იმპერიის ბოროტი ზრახვები გააცნობიერა (როგორ ლამობდა იგი ქართველების აზიაში საბოლოო ჩატოვებას!), მაშინვე მისგან გამოყოფას მიემხრო. ბოლოს ავტორი ნოეს კალმის ქებაზე გადადის:

„ქართველი პოეტისთვის საამაყოა, რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. მის ნაწერებში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც - დაგრაგნილი ხვეული. აქ ყოველი სიტყვა სადათ მოკვეთილია და ყოველი ფრაზა - სხარტად გამოჭრილი. ჟორდანია უფრო ლაპიდარული ფორმებით ლაპარაკობს, ვიდრე დისკურსიული პერიოდებით. მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმიტივის ქვებია. მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა...“

ამ წერილის გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: უმრავლესობას მოეწონა. თუმცა, პირველი პირის ზღვარგადასულმა ქებამ საზოგადო მოღვაწე, კატო მიქელაძე ძალიან გააღიზიანა. მას გამორჩეულად არ უყვარდა „ცისფერყანწელები“ - „ეროტომანებს“ ეძახდა, ქალის როლისა და დანიშნულების ვულგარიზაციასა და დაკნინებაში, ძალაუფლებისადმი სწრაფვასა და ხელისუფალთა მიმართ აღტყინებულ ლაციცში ადანაშაულებდა. ამიტომაც სტატიას პატარა ლექსით გამოეხმაურა:

დიაკვნის შვილი თავადობ, დენდობ,
გნათესაობენ მხოლოდ ყადები,
შენ, უანგაროვ, არვის დაინდობ,
გადაგიშლია ბარრიკადები.
ასეთ გმირს როგორ არ დაგეკითხო
კითხვა, მოსული შენგან უცები:
დემონის ამაყ მეს რომ ჩემულობ.
ჟორდანიას რას ელაქუცები?
სახე ნოესი ოცი წლით ადრე
განა არ იყო უფრო ნათელი?
რათ ვერ ამჩნევდი? დღეს დაინახე
მისთვის, რომ არის ქვეყნის მმართველი?
გინდა კათედრის შეაღო კარი,
რომ შეგვასწავლო განცდა ველური,
მაღალი კომლის რომ ხარ მაყარი,
იცი სად უნდა ხოხვა გველური!

1926 წელს გრიგოლ რობაქიძე უკვე ძალიან პოპულარული მწერალია. „გველის პერანგის“ გამოსვლით წარმატება გაასკეცდა. (1928 წელს გამოიცა გერმანულად, იენაში). რომანში თითქოს ჩაკარგულია, მაგრამ მაინც ყურადღებას იმსახურებს სოციალისტური რევოლუციის ბელადთან „შეთამაშება“:

„1908 წელი. პარიზი. მაისი. კათედრაზე ტანმორჩილი მამაკაცი დგას... მისი ფრაზა; „მეტი მოძრაობა, სიტყვა, მეტი ნება. ტუჩებზე უცვლელი ირონია, ფიგურაში „ძალა“ და „გამარჯვება“, არანაირი გაორება, არანაირი დაეჭვება, მხოლოდ ერთი მთავარი მიმართულება, ერთი ძლიერი ხერხემალი: ნებას აწრთობს მოძრაობისთვის, თითქოს ხანძრის ასანთებად უხმობს, სრულყოფილი პიროვნება, თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთ ადამიანში თავმოყრილი. ჰაერში ისმის „ლენინი“, „ძირს ომი“, „ფაბრიკები - მუშებს!“, „მიწა - გლეხებს!“

1930 წელს მწერალმა გერმანიაში გაასწრო ბოლშევიკებს და ამით სიკვდილს გადაურჩა. 1939 - 41 წლებში ორი საყურადღებო სტატია დაწერა: „ადოლფ ჰიტლერი, უცხო პოეტის თვალით დანახული“ და „მოსოლინი - მზის ნიშნული“.

1934 წელს გრიგოლ მუშიშვილი (ხოფერია) გამოსცემს წიგნს „გველის პერანგოსანი“, რომელიც სარკასტული ესკიზებით ლადო გუდიაშვილმა გააფორმა. ავტორი გრიგოლ რობაქიძეს სიმბოლიზმის, რასიზმის, კაციჭამია შოვინიზმის პროპაგანდისტს უწოდებს და რამდენჯერმე მოჰყავს ციტატა „გველის პერანგიდან“:

„დღეს რასის ზეიმია. რასიული თვალსაზრისი უნდა ბატონობდეს ყველგან და ყველაფერზე. ზეიმობს ქართული რასა, ქართული ჯიში, ქართული სისხლი. ქართულმა რასამ გადაარჩინა კაცობრიობა ადამიანის ჯიშის მოსპობისგან. ქართული რასა რასიული დახვეწილობის, სიწმინდის, კრისტალურობის სიმბოლოა და რა იქნებოდა ადამიანთა მოდგმა ამ რასის გარეშე! აიღეთ ერთი ურია, ერთი ბერძენი, ერთი სომეხი - ეს სამი რასა. შედეგიც აუცილებელი და საბედისწერო: ამ სამებაში უბედურება გეწვევათ. არის რაღაც საიდუმლო რასის დომხალში. უზენაესი ძალა განაგებს ამ საიდუმლოს. თვითონ რასაა ეს ძალა უზენაესი...“

1935 წლის 19 აპრილს საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმმა მოისმინა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის და ნიკოლოზ მიწიშვილის მოხსენებები ფაშისტი გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ და დაადგინა, რომ „მწერალი გამოცხადდეს სოციალისტური სამშობლოს მოღალატეთ და ჩამოერთვას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგების გათვალისწინებით“. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იყო ის, რომ 30 წლის განმავლობაში მისი „ლამარა“ ვაჟა-ფშაველას სახელით გამოდიოდა და იდგმებოდა.

1937 წლის რეპრესიები ცისფერყანწელთა უმრავლესობას შეეხო, გრიგოლ მუშიშვილიც ზედ მიაყოლეს.

კატო მიქელაძე კი - ჯერ კიდევ 1925 წელს „ეროტომანებმა“ გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. ყოველგვარ სახსარს მოკლებულმა და პირადი დრამებით დატანჯულმა, მარტოობაში დალია სული. 1942 წლის იანვარში მხოლოდ ოთხმა მეგობარმა გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე: ირინე და ნიკოლო იუშკოვებმა, ანდრო თევზაძემ და მარიამ გარიყულმა.

0x01 graphic

ლადო გუდიაშვილი, 1934

P.S. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, მოგვიწევს ჩვენი ახლო და უახლოესი წარსულის კარგად გახსენება და თავიდან წაკითხვა. როგორც პარლამენტარი გია თორთლაძე გვირჩევს, ისე არ გამოვა: მხოლოდ 1991-1992 წლების პროცესები გამოვააშკარავოთო. ლუსტრაცია დღევანდელი, სახელისუფლო რიგების გამომზეურებასაც გულისხმობს: იმ ადამიანების დადგენას, ვინც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს და იღებს, ანუ ვინც ფლობს ძალაუფლებას და მართავს პროცესებს ქვეყანაში.

საბჭოთა პერიოდსაც ვერ ავცდებით. რეპრესიების ლაბირინთებშიც უნდა გავიაროთ და კრემლის მიერ საბჭოთა სივრცეში გაბმული ქსელების საიდუმლოებას ჩავწვდეთ. იქნებ წელთა სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ძმურ, საბჭოურ კავშირებს? იქნებ რღვევის საფრთხემ უფრო შეადუღაბა ეს ერთობა?

მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ გზაზე ბევრი, ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი აღარ მოგვეწონება: ზოგი მათგანი დიდ კომპრომისზე წავიდა, ზოგი - მცირეზე, ზოგმა ყველაფერს გაუძლო (უფრო სწორად - შეეწირა რეპრესიებს), ზოგმა - რეჟიმთან თანამშრომლობა შეიტკბო კიდეც. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, უნდა ავიტანოთ და განვიცადოთ ეს სიმართლე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლუსტრაცია ანუ განწმენდა.

21 სპექტაკლის საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: შოთა გაგარინი

0x01 graphic

რაც უფრო მეტი ინფორმაციაა ჩვენ შესახებ მონაცემთა ბაზებში, მით ნაკლებად ვარსებობთ ჩვენ

მარშალ მაკლაჰენი

უკანასკნელი პერიოდი განსაკუთრებულად გადატვირთული გამოდგა, ისედაც ზედმეტად პოლიტიზირებულ მედიასაშუალებებს ამარა დარჩენილი სატელევიზიო აუდიტორიისათვის. ამასობაში, ტელევიზორის პულტმა, მისთვის განკუთვნილი ფუნქციის გარდა, ერთგვარი ეზოთერიკული დანიშნულებაც შეიძინა: გადართვა-გადმორთვის მისტიკური რიტუალი, რომელსაც მაჰამანტრასავით ვიმეორებთ დილა-საღამოს, ტელეეკრანების წინ, თუ რა პერიოდულობით, ეგ უკვე ჩვენს სულიერ ხარისხზეა დამოკიდებული.

როგორც ჩემი უსაყვარლესი შვედი პოეტი, თუმას ტრანსტრომერი ამბობს ერთ-ერთ გენიალურ ჰაიკუში:

„შიგნიდან გამოსული ჭეშმარიტება უახლოვდება მეორეს, გარედან შემოსულს. სადაც ისინი გადაიკვეთებიან, გვაქვს შანსი, შევიცნოთ საკუთარი თავი“.

ჩვენც სხვა რაღა დაგვრჩენია, ამ ჯგუფური მედიტაციების გარდა, როცა „ჭეშმარიტება“ რატომღაც მხოლოდ ორი გვაქვს. ერთზე - ერთი, მეორეზე კი საპირისპირო პოლიტიკური ტრიბუნა ფლობს საავტორო უფლებებს. უბრალო მოკვდავებს კი მხოლოდ ის პრივილეგიაღა შემოგვრჩა, რომ ამ ორ „ჭეშმარიტებას“ შორის ავარჩიოთ, რომელია ჩვენს „შიგნით“ და რომელი „გარეთ“ და ბარიკადების შესაბამისი მხრიდან, მგზნებარე რეფლექსიები ვიქონიოთ ამა თუ იმ მოვლენაზე.

რაღა ბევრი გავაგრძელო და, ერთ-ერთი ასეთი მედიტაციური გადართვა-გადმორთვის დროს გადავაწყდი ფილმს, რომელმაც, სატორამდე თუ არა, ამ წერილამდე მაინც მიმიყვანა.

Wag the Dog („კუდი აქნევს ძაღლს“), ფილმი, რომელიც მშვენივრად ასახავს მედია სააგენტოების როლს პუბლიკის გაცურების ეროვნულ საქმეში. დისკრედიტირებული პრეზიდენტის მიმართ სიმპათიის ხელახლა გაღვივების ეშმაკური ოინი! ფილმის რეჟისორი ბარი ლევინსონია, მთავარ გმირებს რობერტ დე ნირო და დასტინ ჰოფმანი განასახიერებენ. დე ნიროს გმირი პრაგმატული გენიოსია, რომელსაც პრეზიდენტი ქირაობს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. და აი, იდეაც! ეს იდეა იხსნის პრეზიდენტის რეიტინგს სექსუალური სკანდალისგან. მარკეტინგული აზროვნების ნამდვილი აპოთეოზი - ომის ინსცენირება. „ომი შოუბიზნესია, - ამბობს გმირი, - ამერიკელი ხალხი მას იყიდის“.

- კი მაგრამ, ეს ხომ არ იქნება სიმართლე! ჩვეულებისამებრ „შეშფოთდებიან“ პრეზიდენტის მრჩევლები.

- რა მნიშვნელობა აქვს, ეს მართალია თუ არა. მნიშვნელოვანია მხოლოდ გარეგნული მხარე!

- კი მაგრამ, მათ ხომ შეუძლიათ, გაიგონ სიმართლე?

- და ვინ ეტყვის რო?

ალბანეთთან „ომის“ დამდგმელი რეჟისორია დასტინ ჰოფმანი. ალიბი, ტერორიზმთან ბრძოლა (ესეც ჩვეულებისამებრ), მოფიქრებულია, ისღა დარჩა გადავიღოთ რაც შეიძლება შთამბეჭდავი, სრულყოფილი კადრი - როგორ გაურბის უბიწო ალბანელი გოგო საოცრად მეტყველი თვალებით, თეთრი ფუმფულა კნუტით ხელში, ალბანელ დემონებს.

ვიდეო მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, ამერიკა შოკშია. პრეზიდენტს შესწევს უნარი, ჭკუა ასწავლოს ბოროტ ალბანელებს, მისი ხელმეორედ არჩევა ეჭვგარეშეა.

ერთი შეხედვით, ეს არის ერთი ჩვეულებრივი, ჰოლივუდური ფიქცია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ანალოგი არ მოეძებნება, მაგრამ მოიცა...

1990 წლის აგვისტოში სპარსეთის ყურის ომის დროს, Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, 300 კუვეიტელი ახალშობილი მოკვდა, როცა ერაყელმა ჯარისკაცებმა მათ ინკუბატორები მოაშორეს. ანონიმურად დარჩენის მსურველმა ექიმმა, რომელიც წითელი ჯვრის კუვეიტის ოფისში მუშაობდა, დაადასტურა, რომ თურმე 312 ახალშობილი მომკვდარა ალ საბაჰის საავადმყოფოში და თურმე 72 მათგანი თავისი ხელით დაუმარხავს ალ რიგას სასაფლაოზე (აი, ეს კადრი ჰიჩკოკსაც კი შეშურდებოდა). Amnesty ასევე იმოწმებდა კუვეიტელ მედდას, რომელმაც დაინახა შეიარაღებული ერაყელი კანიბალები ოთახში, სადაც 15 ნორჩი კუვეიტელი ინკუბატორში ნებივრობდა. „მათ ამოიყვანეს ბავშვები, დაყარეს იატაკზე და უყურებდნენ როგორ კვდებოდნენ. ეს იყო ჯოჯოხეთი!“

მზრუნველი პრეზიდენტი ბუშის აღშფოთებამაც არ დააყოვნა და ამერიკა ერაყთან ომში ჩაება. ანგარიში გამოიყენეს, რომ გაეჩუმებინათ თითოეული, ვისაც არ უნდოდა ომი. ეს ბარბაროსული ფაქტი ბუშმა ერთი თვის განმავლობაში შვიდჯერ გაიხსენა. ამ ანგარიშის საფუძველზე, შვიდმა კონგრესმენმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ომის დაწყებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში აღწერილი მოვლენები არაერთხელ უარყო თავად იმ „ავბედითი“ საავადმყოფოს პერსონალმა და ათასი ჯურის Human Rights Watch-ის ექსპერტმა, აბა, რა მოსატანია? როგორც დე ნიროს გმირი ალბათ იტყოდა: „ხმა ტელევიზორისა, ხმა ერისა“.

სამი თვის შემდეგ Amnesty International გამოტყდა, რომ ანგარიში სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ერთი წლის შემდეგ გაცხადდა, რომ ის ახალგაზრდა მედდა, რომლის ცრემლებმაც ამხელა გავლენა მოახდინა პუბლიკაზე, ვაშინგტონში კუვეიტის ელჩის ქალიშვილი ბრძანდებოდა და მთელი ეს ლეგენდა თურმე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა Hill and Knowlton-მა შეთხზა (ამის მერე კი გაუათმაგდათ შეკვეთები, იცოცხლე).

თუმცა ეს პრეცედენტი მთლად პრეცედენტიც არ არის. უფრო სწორი იქნება, თუ მას ტენდენციას ვუწოდებთ.

ჯერ კიდევ იდეათა ინფლაციით დაღდასმულ მეოცე საუკუნეში შემოჰკრეს განგაშის ზარს დასავლეთელმა მემარცხენეებმა და კონტრკულტურულმა ხელოვანებმა. არცაა გასაკვირი, რომ საპროტესტო ტალღა თავდაპირველად სწორედ ხელოვნების წიაღში აგორდა. მგონი, ყველაზე მიმზიდველი რამ ხელოვნებაში ისაა, რომ ის ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია, უტყუარი წინასწარმეტყველი თუ ორაკული, რომელიც გეტყვის, როგორ გადასხვაფერდება კულტურა და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი კონსენსუსები, მოკლევადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში. გააჩნია მოძრაობის მასშტაბებს. თუ მეოცე საუკუნის შუაში ხელოვნების მთავარი თავისებურება იყო არსებული ფორმების და არსობრივი მიმართებების სრული დაშლა, და მეტიც, მათი ირონიულ-გროტესკული დანახვა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, პოსტპოლიტიკის პირობებში, უკვე ამ გროტესკულ სიმულაკრებში რეალურად ცხოვრება დავიწყეთ.

როგორც ელიზბარ ელიზბარაშვილმა ძალიან ზუსტად აღნიშნა მხატვრული ჯგუფი „ბულიონის“ ერთ-ერთი პერფორმანსის კონცეპციის ახსნისას - ტექნოლოგიების განვითარების მაღალმა დონემ წარმოშვა რეალობის ასახვის ისეთი საშუალებები, რომლებიც გაცილებით უფრო რეალურად გამოიყურებიან, ვიდრე ის, რის ასლებსაც წარმოადგენენ.

ფოტოსურათზე ასახული ვაშლი უფრო რეალური, ეფექტური, დამაჯერებელი და გემრიელია, ვიდრე თვალით დანახული. პორნოგრაფია, როგორც სექსის ნატურალისტური ასახვა, უფრო ახლოს მივიდა სექსთან, ვიდრე თავად სექსი. რეალური სექსი მოკლებულია იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენ წარმოდგენებში სიმულაკრამ წარმოშვა. რეალური მოვლენები ისეთ ემოციურ სიმძლავრეს არ იწვევს ჩვენში, რასაც წარმოქმნის იგივე მოვლენა - კინოფირზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა, „მეორედ მოსვლა რომ მოხდეს, თუ მას არ გააშუქებს BBC და CNN, მეორედ მოსვლა არ შედგება“. მასმედია ფლობს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. რა ფუნქციაც ადრე მითოლოგიას, შემდგომში კი რელიგიებს ჰქონდათ, ახლა სრულყოფილად შეითავსა მასმედიამ. მოკლედ, როგორც გი დებორი ვარაუდობდა თავის „სპექტაკლის საზოგადოებაში“, თუ ადრე მითოლოგიის საფუძველზე კონსტრუირდებოდა სააზროვნო კოდები, დღეს მასმედია გვდებს ამ პატივს. მეც, ჩემი მხრივ, არ გამიკვირდება, თუ სულ მალე დიონისეს, ჰერაკლეს და ორიონის თანავარსკვლავედის გვერდით ახლად აღმოჩენილი EuroNews-ის ან BBC-ის თანავარსკვლავედებიც აკიაფდებიან.

რა თქმა უნდა, გაჩნდა ამ ტენდენციის წინააღმდეგობრივი რეაქციაც.

მონო-მედია

კანადელი პროფესორი, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, რიტორიკოსი, კომუნიკაციების თეორეტიკოსი და მედია თეორიის იაკობ გოგებაშვილი, მარშალ მაკლაჰენი 1951 წელს პოპკულტურის შესწავლისადმი მიძღვნილ პიონერ წიგნში „მექანიკური საცოლე: ინდუსტრიული ადამიანის ფოლკლორი“, მსოფლიო ქსელის გაჩენასთან ერთად იმასაც განჭვრეტდა, რომ სოციალური და პოლიტიკური ფიგურები მალე სახე-ხატებით შეიცვლება. იმიჯი იქნება ფიგურაზე ძლიერი. ხელოვნებასა და სოციალურ ორგანიზმს შორის „მედიუმური“ კავშირის ჰიპოთეზის შემდეგ დამთხვევად აღარც ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მაკლაჰენმა დადაისტი მხატვრის, მარსელ დიუშანის ერთ-ერთ მხატვრულ ნიმუშს, „მექანიკურ საცოლეს“ ამხელა პატივი მიაგო. „ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს და შემდეგ ჩვენი ინსტრუმენტები გვქმნიან ჩვენ... ერთ მშვენიერ დღეს ისტორიკოსები და არქეოლოგები აღმოაჩენენ, რომ ჩვენი დროის PR-კამპანიები არის შესასწავლი მასალის თვალსაზრისით უმდიდრესი და ყველაზე სანდო რეფლექსია ჩვენს საზოგადოებაზე მთელი მისი არსებობის მანძილზე“.

როგორც იტყოდა ჩემი მეგობარი ზომბი, რიგ ადამიანებს არ მოუნდათ მთელი მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ბუნდოვანი სტატისტიკა და ვიღაცის გაცვეთილი ფრაზები ყოფილიყო. ვირტუალური სამყაროს განვითარების შედეგად ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ მედია მასობრივიდან ისევ ინდივიდუალურ საწყისებს დაბრუნებოდა. სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ კიდეც ინფორმაციულ სარბიელზე ბლოგერები, კიბერ დისიდენტები, ონტოლოგიური ტერორისტები, რომლებიც ტოლს არ უდებენ მასობრივ მედიასაშუალებებს.

ალბათ თქვენც არაერთხელ გინახავთ როგორ ციტირებს CNN-ის ჰალსტუხიანი ჟურნალისტი, რომელიმე ახალგაზრდა არაფორმალის ბლოგს. სხვათა შორის, საქართველოს ვებ საზოგადოებამაც განვლო ეს ევოლუცია, დაწყებული ჩათებიდან, შემდეგ ფორუმებით, შემდეგ კი უკვე ბლოგებით და სოციალური ქსელებით დამთავრებული. მედია კომუნიკაცია აღარ არის ცალმხრივი და ურთიერთობა აღარ მოდის ზევიდან ქვევით. თუმცა ჩვენთან ეს უდიდესი რესურსი მაინც აუთვისებელია, რადგან ამ საქმიანობიდან შემოსავალს არავინ მოელის. არადა, საქმიანობა პერსპექტიულია. მაგალითისთვის, დღეს არსებობენ მწერლები, მედია არტისტები და მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში ტვირთავენ საკუთარ შემოქმედებით პროდუქტს. თანამედროვე პროდიუსერებმაც აუწყვეს ფეხი ამ ტენდენციას. დღეს ისინი „ვისკი-ა-გოუგოუს“ ტიპის ბარებში კი აღარ აღამებენ ახალი ტალანტების ძებნაში, უბრალოდ შედიან youtube.com-ზე და აკვირდებიან, თუ რომელ ვიდეოს აქვს ყველაზე მეტი გამოხმაურება და პროექტის წარმატებაც გარანტირებულია.

საკმარისია ხედვის ორიენტირი მოაშორო მასობრივი მედია-საშუალებების მიერ შემოთავაზებულ უნიფიცირებულ მასკულტურას და დაინახავ შემოქმედთა უდიდეს რაოდენობას. თითოეულ მათგანში მთელი ღვთაებრივი სამყაროა, რომელიც მათ თავადვე შექმნეს. ნამდვილი მაგია მაშინ იწყება, როცა ეს ადამიანები ერთად იკრიბებიან, თუნდაც ვირტუალურად, ისე, რომ თითოეული რჩება საკუთარ თავად და იცავს საკუთარი სამეფოს უსაფრთხოებას. ხმაურიანი სტადიონები ნაფტალინის სუნად ყარს. ის სტადიონიც მშვენიერია, მაგრამ უკვე როგორც რელიკვია ან ანტიკვარიატი. ცხოვრება დღეს არის ხუთი მხატვარი, რომელიც ერთი-მეორის ნიმუშებს უყურებს და კიდევ თორმეტი მხატვარი გვერდით სადარბაზოდან. ეს ცხოვრებაა. ეს მშვენიერია. ეს მონო მედიაა.

საქართველოში, მოგეხსენებათ, უცხოა ალტერნატიული მედიის კონცეფცია. საზოგადოებრივი აზრი ძირითადად გამობმულია საეჭვო ობიექტურობის და კომპეტენციის მედიასაშუალებებს და, შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ქართველის მიერ დანახული მსოფლიო რეალობაც ეკვივალენტურად მართებულია. პოლარიზების ის დონე, რაც არსებობს სოციალურ ქსელებში, ნამდვილად შესაშურია ამ საშუალებებს მოწყვეტილ საზოგადოებაში არსებულ დონესთან შედარებით. ეს, ერთი მხრივ, ქმნის გარკვეულ ილუზიებს, რომ ამ ქვეყანაში რეალურად არსებობს თანამედროვე კონტექსტებზე სასაუბრო სოციალური ფონი, მაგრამ საკმარისია ჩართო ტელევიზორი, რომ ეს იმედები გაგეპაროს შარშანდელი შემოდგომასავით.

ისევ და ისევ მხოლოდ ორი შესაძლო პოზიცია და აბსოლუტური უუფლებობა, შექმნა საკუთარი მსოფლმხედველობრივი ტრიბუნა.

ამბობენ, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლება არ გვაქვს?

ჰეჰ, ოპტიმისტები. ეს ბრეჟნევის დროს არ გვქონდა სიტყვის თავისუფლება. დღეს აზრის თავისუფლება არ გვაქვს. და არც გვექნება, სანამ კოლექტიურის მაგიერ, ისევ ინდივიდუალურ განცდებს არ მივანიჭებთ უპირატესობას, სანამ პოპულარულ მედია-რეალობებს, საკუთარ რეალობას არ ვამჯობინებთ და სანამ, კულტივირებული პიროვნების სკლინტიანი ძეგლის მაგივრად, იმ პედესტალს არ დავანგრევთ რაზეც მომდევნო ძეგლი უნდა აღგვემართა.

ინფორმაციული მეინსტრიმის ექსპანსიური ბუნება არც განვითარებული ქვეყნების შვილთათვისაა უცხო, მაგრამ თუ ჩვენთან კულტების ხელოვნურად შექმნა სოციალურ-პოლიტიკურ აქტივობას ემსახურება, ღია საზოგადოებებში მიზანი რადიკალურად განსხვავებულია და მიზნის მისაღწევი გზაც გაცილებით დახვეწილი. გზა გადის გლამურზე. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

გლემ-კაპიტალიზმი და საზოგადოების ვირტუალიზაცია

დღეს ტირანები მართავენ არა რკინის მუშტით, არამედ მარკეტინგული კვლევებით. ისინი ატარებენ საკუთარ სამწყსოებს სარგებელის და კომფორტის ბილიკებით

ები ჰოფმანი

ბრენდის შექმნა, ესაა ყველაზე ეფექტური მეთოდი ყველაზე დეფიციტური რესურსის - მომხმარებელთა ყურადღებისათვის ბრძოლაში. მეოცე საუკუნის ბოლოს ბრენდინგი გახდა ღირებულების შექმნის უნივერსალური და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია. აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენის ამ ხერხმა ჯერ კიდევ 1930-იანი წლების ჰოლივუდში აიღო სტარტი, სადაც ფოტოგრაფები და რეპორტიორები ქმნიდნენ კინოვარსკვლავების კულტს. სწორედ მათ შემოიღეს ხმარებაში სიტყვა - გლამური. თუმცა მაშინდელი „გლამური“, ანუ იმიჯის შექმნის და მიწოდების ექსტრავაგანტული სტილი, არ სცდებოდა კინოვარსკვლავთა და მათ თაყვანისმცემელთა სამყაროს საზღვრებს.

მაგრამ დღეისთვის, როცა ცნებამ უნივერსალიზაცია განიცადა, გლამური მოგვევლინა ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ აქტივად. ლოგიკურია. თუ გჭირდება საკუთარი ბრენდის კონკურენტების მასისაგან გამოყოფა, საჭიროა მაქსიმალურად ბრწყინვალე და ამავდროულად უბრალო ხატის შექმნა. გლამურის - ბრწყინვალების და ერთგვარი „გაუთვალისწინებლობის“ სახასიათო კომბინაცია კარგად აპრობირებული მიდგომაა, რომელსაც შეუძლია წარმატება მოგვიტანოს ბაზარზე, სადაც ძირითადად ერთი ტიპის ბრენდები ჭარბობენ. საზოგადოების ამგვარ ვირტუალიზაციას ორმხრივი გამოყენება აქვს. ერთი მხრივ, მას შეუძლია პოლიტიკური ფიგურის ან სხვა რომელიმე საქონლის წარმატებულად პოზიციონირება ბაზარზე და, მეორე მხრივ, სისტემისთვის მავნე აქტივობის ჩახშობა. მაგრამ აი, სად იმალება ეშმაკი: რეალური სოციოპათური წარმონაქმნების ჩახშობასთან ერთად სისტემა ქმნის მის ერთგვარ ვირტუალურ კლონს, სიმულაკრას, რომელსაც, რა თქმა უნდა, არანაირი რეალური ზიანის მოტანა არ შეუძლია. მარტივი და დროული მაგალითი - ფეხბურთი. საშუალო რგოლის ჩაჰალსტუხებულ მენეჯერთა მიერ ფანატიკური რიტუალების იმიტაცია, სხვადასხვა სპორტბარებში, ტელევიზორთან „დაბრონილი“ მაგიდა, შარფები კლუბის სიმბოლიკით და დროშები ჯიპებზე და სედანებზე. ასე შთანთქავს გლემ-კაპიტალიზმი პროტესტის და დევიანტური მოქმედების სხვადასხვა ფორმებს და გარდაქმნის მათ სახე-ხატების რაციონალურად ორგანიზებულ ცირკულაციად. ოდესღაც სპონტანურად აღმოცენებული ფანატიკური და ანტისისტემური ჯგუფები თავად იქცნენ გლემ კაპიტალიზმის განვითარების მთავარ რესურსად.

ბარებში და ფან-ზონებში კომფორტულად მოკალათებული, პატრიოტიზმის და გიჟობის სიმულაკრების შემქმნელი გლემ ფანატები რეალურად არაფრის ალტერნატივას არ ქმნიან. სამაგიეროდ, ინტენსიურად კვებავენ ტრენდს, რომელიც ფეხბურთის დიდმა ინდუსტრიამ შექმნა.

ჰოდა, ჩემო ერნესტო გევარა დე ლა სერნას მაისურიანო ნონკონფორმისტო გოგო-ბიჭებო, ბერეტი, სიტყვები „გუერილა“ და „პარტიზანული ბრძოლა“ არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა არ არის ალტერ-სოციალური მოძრაობის საარსებოდ. თქვენ გატყუებენ. რევოლუციის „ობრაზზე“ ახლა ბიზნესი კეთდება გიგანტური სარეკლამო ინდუსტრიების და წვრილ-წვრილი მეწარმეების მიერ.

პოლიტიკურ სივრცეშიც შეინიშნება ანალოგიური გადასვლა გლამურის ლოგიკაზე. 1990-იან წლებში ვირტუალიზაცია აძლევდა უპირატესობას მას, ვისაც ესმოდა ან გრძნობდა, რომ იმიჯი პოლიტიკური კაპიტალია, ვინც ტრადიციული რესურსების პოლიტიკას - იმიჯების პოლიტიკით დაუპირისპირდა. 2000-იან წლებში იმიჯის, პარტიის, რეიტინგის, ომის და ა.შ. (რე)ბრენდინგის და იმიჯ მეიკინგის ტექნოლოგიების გაუნივერსალურებასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტები ვირტუალურიდან გლამურის რეჟიმში გადავიდნენ. მარტივად რომ ვთქვა, ვირტუალური დემოკრატია არის, როცა ლეგიტიმაციისთვის საჭირო უმრავლესობა ფორმირდება ადამიანებისგან, რომლებიც ირჩევენ რეალურსა და სახე-ხატს შორის. გლემდემოკრატია კი გახლავთ რეჟიმი, რომელშიც საჭირო უმრავლესობა ფორმირდება ადამიანებით, რომლებიც ირჩევენ სახეხატსა და უფრო მიმზიდველ სახე-ხატს შორის.

არ ვიცი, რამდენად გულისხმობენ ამ გლამურულ „გაბრწყინებას“, როცა იძახიან „ივერია გაბრწყინდებაო“, - თუმცა ერთი ხომ ნათელია: ტელეეკრანზე მოკიაფე, ჩვენი თანამემამულე ბიუროკრატ-იდეოლოგები, ახალი ტრენდების ადეკვატური შემოქმედებითი პოტენციალისგან აბსოლუტურად ცარიელნი არიან, როცა გვაწვდიან საკუთ... უკაცრავად, კოლექტიურ და სრულიად არასოციალურ ფასეულობებს ძველებური მითიურზღაპრული ფორმულებით - „ახალი ბიზანტია“, „ზეციური საქართველო“, „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ და ა.შ. აქ საქმე დაგვიანებული მიბაძვის ლოგიკასთან უფრო გვაქვს, ვიდრე რეალურ სოციალურ ფორმულებთან. არ გეჩვენებათ, რომ ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსების ბუტაფორულ პათოსს და „გლიანცევი“ ეროვნულობას, „ვერგაქაჩულ“ გლამურთან მეტი აქვს საერთო, ვიდრე მართლა სოციალურად ან რელიგიურად მოტივირებულ პატრიოტიზმთან?

ჰოდა, მაშინ ჩვენც ზღაპრების ენით მოვახსენოთ, რომ უკვე ვიცით საიდუმლო: კოშჩეის სიკვდილი ნემსშია, ნემსი დამალულია ნაციონალურ-ქსენოფობიურ კვერცხში, კვერცხი - „დემოკრატიულ“ ბატში, ბატი საბჭოთა სკივრში, სკივრი ისტორიულად ძლიერ მუხაზე, მუხა კი მითიურ კუნძულზე.

ოპტიმიზმის წინაპირობა გვაქვს. მითიური კუნძული ჩაიძირა, ბებერ მუხას მუმლი მოერია, საბჭოთა სკივრი გაიპო, ამომხტარმა „დემოკრატიულმა“ ბატმა - ეროვნულ-მესიანისტურქსენოფობიური კვერცხი დადო და ამ თხელი საფარველის გარღვევაღა დარჩა სასურველი ნემსის ხელში ჩასაგდებად! თუ, რა თქმა უნდა, პატარძლის ფეხსაცმლიდან შესმული სადღეგრძელოების შემდეგ განგრეული მთვრალები იმ ნემსს უფრო უდაბურ ადგილას არ მივკარგავთ ბრტყელტუჩას ძებნისას.

0x01 graphic

P.S. წერილის დასაწყისში მოყვანილი ფრაზა, თუმას ტრანსტრიომერის ჰაიკუდან ასე სრულდება: „ადამიანი, რომელიც ხედავს, რა უნდა მოხდეს წუთი-წუთზე, ხმამაღლა ყვირის: STOP!

22 „სამოქალაქო დაპირისპირება“

▲ზევით დაბრუნება


აავტორო

თემი და საზოგადოება

ჩვენ ყველანი ერთი სისხლისანი ვართ...“
რედიარდ კიპლინგი, „მაუგლი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

0x01 graphic

XIX საუკუნის დასასრულს გამოქვეყნდა გერმანელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ფერდინანდ თიონისის, შემდგომში კლასიკურ ნაშრომად ქცეული წიგნი „თემი და საზოგადოება“ (ეს წიგნი ქართულ ენაზე „ერთობა და საზოგადოებადაც“ მოიხსენიება). თიონისმა აქ ადამიანთა კოლექტიური თანაარსებობის ეს ორი ძირითადი ფორმა გამიჯნა: ერთი მხრივ, არსებობს თემი (Gemeinschaft), რომელიც ძირითადად სისხლისა და ადგილმდებარეობის ერთობაზეა დამყარებული და როგორც ნათესაურ, ასევე, მენტალურ კავშირს გულისხმობს. ასეთი კავშირი ადამიანთა ერთნაირი ნორმებითა და წეს-ჩვეულებებით ცხოვრებაში, ერთი მიმართულებით სვლაში გამოიხატება - ანუ ყველა ერთნაირად ფიქრობს, ყველას მსგავსი შეხედულებები და ქცევის ნორმები აქვს, ყველა ერთსა და იმავე „ღვთაებებს“ სცემს თაყვანს. თემი, საბოლოო ჯამში, როგორც ეთნოსის, ასევე, სოციალური ფენისა თუ კასტის საფუძველიცაა, სადაც ერთობის გადამწყვეტი ფაქტორი საერთო წარმომავლობა და წეს-ჩვეულებებია.

მეორე მხრივ, არსებობს საზოგადოება, რომელში გაერთიანებული ადამიანებიც, თემის მსგავსად ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთთან არსობრივად არა გადაბმულები, არამედ ერთმანეთისგან უფრო გამიჯნულები არიან. „ერთობაში ჩვენს ახლობლებთან ერთად დაბადებიდანვე ვიმყოფებით, მათთან ვართ შეკრულნი უბედურებისა თუ სიხარულის იდუმალი ძაფებით. საზოგადოებაში კი, როგორც უცხოობაში, მივემგზავრებით... საზოგადოებას ადამიანები ერთმანეთს უქმნიან, მაგრამ ვერავინ შეუქმნის ერთობას სხვა ვინმეს“, - წერს თიონისი. საზოგადოების წევრები ინდივიდუალურად მოქმედებენ - ყველა თავისთვისაა, და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ან რაიმე საერთო მიზნით ერთიანდებიან.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ერთობა თუ თემი არის „ბუნებრივი“ კოლექტივი, რომელიც, განსხვავებით საზოგადოებისგან, ინდივიდუალური ნების გამოხატულებით ან ინტერესთა თანხვედრით კი არაა შექმნილი, არამედ იგი ის მზა მოცემულობაა, რომელშიც ადამიანი დაბადებისთანავე ავტომატურად ვარდება და მისი ნაწილი ხდება. ადამიანს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებისა თუ არჩევანის მიხედვით გახდეს ამა თუ იმ საზოგადოების წევრი, მაგრამ არა ერთობისა - ერქმევა მას თემი, ეთნოსი თუ კასტა, რომელსაც იგი საკუთარი წარმომავლობით მიეკუთვნება, იმისგან დამოუკიდებლად, სურს თუ არა მას იყოს ამგვარი კოლექტიური ნიშნით გაერთიანებული და, ამდენად, გარკვეული კრებითი სახელის მატარებელი. „ქართველი“, „არისტოკრატი“, „გლეხი“, „ინტელიგენტი“ და ა.შ. კრებითი სახელებია, რომლებიც ადამიანის არა ინდივიდუალურ თვისებებს, არამედ იმ სტერეოტიპულ წარმოდგენებს გამოხატავენ, რომლებიც ასეთი სტერეოტიპული ნიშნით გაერთიანებულ ადამიანების კოლექტივს მიეწერება. ანუ არსებობს წინასწარ მოცემული ნიშან-თვისებები, რომლებიც, როგორც მზა ტანსაცმელი, უნიფორმა, ისე ხვდება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სატარებლად და ამ უნიფორმის მატარებელთა რიგებში დასაჯგუფებლად; უფრო მეტიც, ადამიანი თავად ერგება უნიფორმას, იღებს იმ გარეგნობას, რასაც მას მისი ეს სამოსელი აძლევს და რომელსაც, საბოლოო ჯამში, კოლექტიური, უფრო კონკრეტულად კი, თემური იდენტობა, ანუ ერთობა ეწოდება.

თემურობა, ერთი მხრივ, ადამიანს დაცულობის, საკუთარ სახლში ყოფნის განცდასა და, ამდენად, ერთგვარ ფსიქოლოგიურ კომფორტს უქმნის, როდესაც იგი ნაცნობ, ახლობელ და ამით მისთვის „სანდო“ გარემოში იმყოფება. უმბერტო ეკო ამ განცდის ყველაზე ხშირ გამოხატულებას სრულიად ბანალურ ყოფით სფეროებში ხედავს. ამის საილუსტრაციოდ იგი თავის ერთ თვისებას იხსენებს: როდესაც ავად ვარ, ყოველთვის მინდა მილანში ვიყო, არა იმიტომ, რომ მილანში განსაკუთრებით კარგი ექიმები ან საავადმყოფოებია, არამედ, როგორც მილანელს, მშობლიურ და ნაცნობ გარემოში ყოფნა ავადმყოფობის მიმართ შიშს მიმსუბუქებსო. ასეთ ვითარებაში ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური მექანიზმი მოქმედებს: ადამიანი, ზოგჯერ ყოველგვარი რაციონალური არგუმენტის საწინააღმდეგოდაც კი, ყველაზე მეტად იმას ენდობა, რაც მისთვის ნაცნობი და ახლობელია, რაც მას, თუნდაც თავისდაუნებურად, შესისხლხორცებული და გათავისებული აქვს. ასეთი თავისებურობებისგან, რომლებიც ინსტინქტის დონეზე ვლინდება, ადამიანის მენტალიტეტი შედგება. ამიტომაც თემი მენტალური და არა მსოფლმხედველობრივი ერთობაა. თემის წევრი კი არ ფიქრობს ან აანალიზებს საკუთარ ნამოქმედარს, არამედ ხშირად სრულიად ბრმად ემორჩილება და მიჰყვება საერთო წესებს, მაქსიმალურად ცდილობს, არ დასვას შეკითხვა, არ დაფიქრდეს ან დაეჭვდეს იმ სააზროვნო თუ ყოფით ნორმებზე, რომელიც მას მის გაჩენამდე დაწესებული დახვდა და მან ისინი ავტომატურად მიიღო, როგორც თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებები. იგი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ყველაა; დაეჭვებამ, დაფიქრებამ, საკუთარი აზრის შექმნამ კი შეიძლება მისი განცალკევება და გარიყვა მოიტანოს...

ერთობა - ესაა მრავალი შესაკრების ჯამი, რომელიც მუდამ ერთს უდრის. შესაბამისად, ამ დიდ ერთიანში გაერთიანებულები არ წარმოადგენენ „მთელ რიცხვებს“. ისინი ყოველთვის არასრული ნაწილები არიან, რომელთა გამთლიანებაც მხოლოდ კრებითი სახელითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ თემში მოხვედრა ავტომატურად ხდება და ადამიანის პიროვნული ნების გამოხატვას არ საჭიროებს, მის ინდივიდად ქცევა მას ამ ერთობისგან გაუცხოებას იწვევს, რაც ხშირად პიროვნებასა და თემს შორის მძაფრ კონფლიქტშიც გადაიზრდება. ასეთ დაპირისპირებაში ინდივიდი საკუთარი სოციალური მარცხის ფონზე იბადება: იგი გამოეყოფა ერთობას და მთლიანდება საკუთარ თავთან, იწყებს დაწესებული ნორმებისა და ქცევისა თუ აზროვნების წესების გადასინჯვას, მათ კრიტიკას, უარყოფას. ამის გამო, თემი მას სჯის, ართმევს უფლებებს, აძევებს საკუთარი ტერიტორიიდან. ქართულ კულტურაში ასეთი კონფლიქტის ყველაზე ცნობილი მაგალითია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, სადაც გმირის პირველი დაეჭვების მიზეზი იმპულსურია, რომელიც წმინდად პიროვნული შთაბეჭდილებიდან მომდინარეობს: იგი იხიბლება მტრის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათით და მის გვამს მამა-პაპათა მიერ დაწესებული ჩვეულების მიხედვით აღარ შეურაცხყოფს და არ აჭრის მარჯვენა ხელს. ეს კი საკუთარ თემთან პირველ უთანხმოებას წარმოშობს. ასეთი შემთხვევა ალუდას ცნობიერებაში მთელ ჯაჭვურ რეაქციებს აღძრავს და იგი საკუთარ, თემის წესებისგან დამოუკიდებელ აზროვნებას იწყებს. ამას კი ის ტრადიციების გაცნობიერებამდე და, შესაბამისად, გადაფასებამდე მიჰყავს. პირველ რიგში, მას სწორედ მამა-პაპათა წესების ჭეშმარიტებაში შეაქვს ეჭვი, მათ სიყალბეს და ანომალურობას აფიქსირებს: „ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა!“ ალუდაში ჩნდება ინდივიდი, რომელიც წეს-ჩვეულებებს ბრმად კი აღარ ემორჩილება, არამედ საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედებს. ამით იგი თემის საყოველთაო წესრიგთან, რომელიც არანაირ ინდივიდუალურ გადახრას არ ითმენს, კონფლიქტში შედის. ინდივიდს თემურ ერთსულოვნებაში ქაოსი და დესტრუქცია შეაქვს, რადგანაც ინდივიდუალური კრიტიკა და წესების გადასინჯვა თემისათვის დამანგრეველია. თემი იმდენად არის ერთობა, რამდენადაც სტატიკურია და ერთ წრეში ბრუნავს; ის აკონსერვებს კოლექტიური იდენტობის განმსაზღვრელ წეს-ჩვეულებებს და მათ ცვალებადობისგან იცავს. ვინც მის ტრადიციებს არ იზიარებს, ვინც განსხვავებულია, საკუთარი „სახე“ აქვს, ავტომატურად, სახიფათო და მტრულ ელემენტად ცხადდება.

ინდივიდუალური აზროვნება ჯოგურ ერთსულოვნებასა და მორჩილებას ვერ ეგუება და თემური ერთობის მთავარ პრინციპს - „ჩვენიანის“ და „უცხოს“ გამიჯვნას ეჭვის ქვეშ აყენებს: „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,/ მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი;/ ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ/ კუპრში მოელის ქშენანი“. ამის საწინააღმდეგოდ თემის „არგუმენტი“ ის წესია, რომლის ლეგიტიმაციაც „წინაპრების“ სახელით („მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის-პაპითა“) ხორციელდება და ის ამყარებს იმ ერთობას, რომელიც განსხვავებული აზრის არქონითა და მამა-პაპათა „ანდერძისადმი“ უსიტყვო მორჩილებით მიიღწევა. ყურადღებამისაქცევია ის, რომ ერთობაში ინდივიდის ადგილი გათვალისწინებული არაა. თემური ლოგიკით, თუ ვინმე ისეთი აღარაა, როგორიც ყველა, ის არ შეიძლება დამოუკიდებლად იყოს მისული ასეთ „სხვანაირობამდე“, რამდენადაც თემისათვის ერთეული მხოლოდ კოლექტიური ცნებაა და იგი პიროვნებაზე არ ვრცელდება და, მაშასადამე, მის უკან რომელიღაც სხვა, უცხო თემია საძიებელი. ასე აღიქმება ალუდას სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი განცდებითა და ფიქრით მოტივირებული ნაბიჯი, როდესაც იგი ჯერ უარს ამბობს მოკლული მუცალისთვის მარჯვენის მოკვეთაზე, ხოლო შემდეგ მისი ხსოვნისთვის მსხვერპლის შეწირვას ცდილობს. თემის მხრიდან კი ამას ღალატის და სხვა ქვეყნის „აგენტობის“ კვალიფიკაცია ენიჭება: „მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის ცა-ღრუბლის შანამზარები“.

საზოგადოების დაბადება სამოქალაქო ომის სულიდან

რამდენადაც ძალაუფლების ბერკეტები მთლიანად თემის ხელშია, - „თემს რაც სწადია, მას იზამს თავის თემობის წესითა“, - ინდივიდის სოციალური მარცხი გარდაუვალია. ძალაუფლების ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარის, ფილოსოფოს მიშელ ფუკოს აზრით, წინამოდერნულ საზოგადოებებში, სადაც ძალაუფლების განაწილება მთლიანად წარმომავლობით (როგორც ნათესაურ, ასევე კასტურ) პრინციპებს ეფუძნება, კოლექტივისგან გარიყვა ადამიანს ყოველგვარ ძალაუფლებას აკარგვინებს და ამით იგი მონის მდგომარეობაში ვარდება, რაც მის სოციალურ სიკვდილს ნიშნავს. მაგრამ ძალაუფლების კოლექტიურ ფორმასთან კავშირის გაწყვეტა აიძულებს ინდივიდს, საკუთარი უფლებების მოპოვებისა და დამკვიდრების სხვა საშუალებები გამონახოს. ახალი ეპოქა, ანუ „მოდერნი“ უუფლებო ან ძალაუფლებაწართმეული ადამიანების ისტორიულ ასპარეზზე გამოჩენით იწყება, რომლებიც ამ უფლების მოპოვებას ბრძოლით ცდილობენ. თუმცა ამ მიზნის მიღწევა ინდივიდუალური ძალისხმევით ნაკლებადაა შესაძლებელი. საჭირო ხდება მთელი საზოგადოებრივპოლიტიკურ ურთიერთობათა ფორმების რადიკალური შეცვლა. ამიტომაც ადამიანები კოლექტიური ბრძოლის ახალ ფორმას - საზოგადოებას ქმნიან, რომელიც თავისი პირველადი დანიშნულებით თანამოაზრეთა საბრძოლო გაერთიანებაა. მათი გამაერთიანებელი კი, საერთო წარმომავლობის ნაცვლად, „საზოგადოებრივი შეთანხმებაა“, რომლის საფუძველზეც, საფრანგეთის რევოლუციამ მოქალაქეობის პრინციპი დაამკვიდრა და რომელიც ძალა-უფლების მოქალაქეებზე განაწილებას და მათი ნებით და არა „მამა-პაპათა ანდერძით“ ლეგიტიმაციას გულისხმობს. მსოფლმხედველობრივი თუ იდეოლოგიური ნიშნებით საზოგადოებებში გაერთიანებული ადამიანები კი უკვე, როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე, მთელი სამყაროს საკუთარი შეხედულებების შესაბამისად მოწყობას ცდილობენ, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას წარმოშობს. ისევ მიშელ ფუკოს აზრი რომ მოვიშველიოთ, საზოგადოების ქმნის პროცესი სამოქალაქო ომის ფონზე მიმდინარეობს. აქ ტერმინი „სამოქალაქო ომი“ პირდაპირი და გადატანითი, მეტაფორული მნიშვნელობითაც უნდა იქნას გაგებული: ერთი მხრივ, ახალი ეპოქის სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი გაჩენისთანავე სამოქალაქო ომებსა და რევოლუციებში ჩაეფლო და ამ ომებმა განაპირობა მათი პოლიტიკური თუ სამართლებრივი სახე. ამასთანავე, ახალშობილი სამოქალაქო საზოგადოება იმდენად ჰეტეროგენული და ჭრელი აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდა ზესახელმწიფოებრივი და ზესაზოგადოებრივი, ყველა დაპირისპირებული ჯგუფის გამაერთიანებელი ზეინსტიტუციის - ნაციის ანუ ერის გამოგონება. ლათინური სიტყვა Natio, რომლის მიხედვითაც დასავლური ცივილიზაციის ჰეგემონიის ქვეშ მყოფ სამყაროში ერის ცნება და გაგება ჩამოყალიბდა, თავის პირვანდელი მნიშვნელობით სისხლით მონათესავეთა ტომს, თემს ნიშნავს. ამის საფუძველზე ერი რაოდენობრივად და თვისობრივად გადიდებული თემია, თუმცაკი, თუკი თემი „ბუნებრივი“ განვითარებით მიღებული და ადათ-წესებით გამტკიცებული ერთობა იყო, მისი გადიდებული ვარიანტი - ერი მთლიანად ვირტუალური, ხელოვნური სინთეზით გამოყვანილი მეგა-კოლექტივია, რომლის წარმოშობასაც სწორედ ამ ვირტუალური კონსტრუქციის შექმნა უსწრებს წინ და მისი რეალობაში გადმოტანა ხანგრძლივი სამშენებლო პროცესის შედეგია. XIX საუკუნეში გაჩენილი ნაციონალიზმები თემურობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ: ჯერ იგონებენ და მერე იცავენ საკუთარ გამოგონილ ტრადიციებს, მიჯნავენ „საკუთარს“ „სხვისგან“, თხზავენ ერის „ისტორიას“, რომელიც თავისი შინაარსობრივი სტრუქტურით არაფრით არ განსხვავდება პირველყოფილი თუ არქაული თემების მითებისაგან, მხოლოდ აქ ღმერთების და სხვა ზებუნებრივი ძალების ადგილი ეროვნულ გმირებს და ერის მამებს უკავიათ.

რამდენადაც XIX საუკუნე პოზიტივიზმისა და მეცნიერული აზროვნების ხანაცაა, ნაციონალიზმის იდეოლოგები და ამ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მყოფი მეცნიერები ერების და რასების განმსაზღვრელ „სამეცნიერო“ თეორიების შექმნას ცდილობენ. ამ პროცესის ნაყოფია ევგენიკა - ფსევდომეცნიერება, რომელიც საფუძვლად დაედო რასობრივი სიწმინდისა და უპირატესობის თეორიებსა და პრაქტიკებს, რომლებმაც საკუთარი უმდიდრესი კულტურით მოამაყე გერმანელი ერი კაცობრიობის ისტორიაში უმძიმესი არაადამიანურობისა და სიმხეცის ჩამდენად აქცია. მისი შეჩერება ვერც გერმანული ფილოსოფიის სიღრმეებმა და ვერც ბახის და ბეთჰოვენის მუსიკის სიმაღლეებმა ვერ შეძლო. ერად წოდებული ერთობა უძლური აღმოჩნდა გაეთავისებინა და გაეაზრებინა მის მიერ მისაკუთრებული ინდივიდების ნააზრევი თუ ნაკეთები, რომლებსაც ის თავის სათაყვანებელ წინაპრებად და თვისტომებად მიიჩნევდა.

თავად ადამიანი, როგორც ერის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ამ ვირტუალური კონსტრუქციის „ჯარისკაცად“ და „მსახურად“ განისაზღვრება, სწორედ ამ ერთობის პრინციპებიდან გამომდინარე იქცევა იმად, რასაც მიშელ ფუკოს მიერ დამკვიდრებული ტერმინი ბიოძალა აღნიშნავს: ცოცხალი არსება, რომელიც მრავლდება და საკუთარი რეპროდუქციით ერს და სახელმწიფოს ჯარისკაცებსა და მსახურებს უზრდის. თავის მხრივ, სახელმწიფო თავისი დემოგრაფიული პოლიტიკით ხელს უწყობს საკუთარი მოსახლეობის გამრავლებას თუ დარეგულირებას, მათ მაქსიმალურად მაღალხარისხიან და ეფექტურ ინსტრუმენტებად გაზრდას. ბიოპოლიტიკის სამიზნე თავად ადამიანის სხეულია, რომელსაც იგი, როგორც საჯიშე ცხოველს, ისე ეპყრობა: უწესებს სექსუალურ ნორმებს, გარეგნობის ნიმუშებს და იდეალებს, „ჯანსაღი“ და „ნორმალური“ ცხოვრების წესებს. ამით ადამიანი თანდათანობით სახორცე მასალად, პროდუქციად იქცევა, რომელმაც ვირტუალურ კონსტრუქცია - ერს, საკუთარი სხეულისა და შთამომავლობის სახით, ღალა და ბეგარა უნდა უხადოს.

მაგრამ არც ერთ საუკუნეში არ ყოფილა საზოგადოება ბოლომდე ერთსახოვანი და ერთსულოვანი, რამდენადაც ის, როგორც ჰეტეროგენული წარმონაქმნი, ანუ განსხვავებული ეთნიკური, სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სოციალური წარმომავლობის ადამიანებისგან შემდგარი კოლექტივი, თავისი არსით არ ექვემდებარება ერთი აზრის დიქტატს. მისი წევრები ცნობიერებისა თუ ცხოვრების წესების სიახლოვისა და დამთხვევის ნიშნითაც ერთიანდებიან, რომელთაგან ნაწილი წარმომავლობით ერთობას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილისათვის კი საქმიანი თუ შემოქმედებითი ინტერესების თანხვედრაა გადამწყვეტი. აქვე ჩნდება მესამე კატეგორიაც, რომელიც წარმომავლობის პრინციპს რადიკალურად უარყოფს და მის ნაცვლად ტრანსნაციონალური, საერთაშორისო სოლიდარობაზე დაფუძნებული და სრულიად იდეალიზირებული თემის - კომუნის აშენებისათვის იბრძვის, ანუ ისეთი საზოგადოებისათვის, რომელშიც არანაირი უპირატესობა არც ეთნიკურ თუ სოციალურ წარმომავლობას და არც სქესებს აღარ მიენიჭება - საზოგადოება, რომელიც თავისუფალი იქნება კლასებისა და იერარქიებისაგან. ამგვარი შინაგანი წინააღმდეგობები არცთუ იშვიათად მძაფრი სამოქალაქო დაპირისპირებების სახით ვლინდება. საზოგადოება თავის არსში სამოქალაქო ომის პოტენციალს შეიცავს და მისი ნიშნები ყველაზე მეტად დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოიძებნება. თუმცაკი დემოკრატია ამ პოტენციალს თუნდაც იმით ანეიტრალებს, რომ ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესს აღიარებს და მათ დამცავ მექანიზმებს ქმნის.

არსებობს კიდევ ერთი კანონზომიერება: რაც უფრო არადემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო ერთსულოვანია საზოგადოებაც. მაღალი პროცენტებით არჩეული ხელისუფლება ყოველთვის საზოგადოების არათავისუფლების, მისი თემურობის მაჩვენებელია. ძალა, რომელსაც ასეთი ერთობა წარმოშობს, ტოტალიტარული ძალაა და ის იმ ძალა-უფლებად გარდაიქმნება, რომელიც მთელ საზოგადოებას მასზე მანიაკალურად დამოკიდებულს და მისით კორუმპირებულს ხდის. ძალის ინსცენირებები ერთსულოვან საზოგადოებას ჯოგური სიძლიერის ილუზიას უქმნის და საკუთარი მართებულობის რწმენასაც უძლიერებს, თუნდაც იმ მარტივი ლოგიკით, რომ იქ უფრო მეტი ძალაა, სადაც უმრავლესობა იმყოფება. იმისათვის, რომ ამ ძალამ თავისი არსებობა გაიხანგრძლივოს, იძულებულია, ყველა საშუალებით დაიცვას ერთობა, საზოგადოების ერთსულოვნება, რომელიც ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს, ხედვას, ცხოვრების წესს, გარეგნობას. თემური ერთსულოვნება ყოველთვის აბსოლუტიზაციისაკენაა მიდრეკილი და თავის ძალას მისთვის უცხო და მასში არაინტეგრირებული ელემენტების წინააღმდეგ მიმართავს. ეთნიკური და რელიგიური წმენდა, ჰოლოკოსტი - ერთსულოვანი უმრავლესობის მიერ უმცირესობების განადგურებაა, რომელიც, ერთობის სახელით, მისი „სისუფთავის“ დაცვისა და შენარჩუნებისათვის ხორციელდება. მოსაცილებელი ხდება ყველა ის ელემენტი, რომელიც საყოველთაო ერთსულოვნებაში არ თავსდება, საკუთარი მსოფლმხედველობითა თუ აღმსარებლობით ან თუნდაც ცხოვრების სტილითა და ფიზიკური მონაცემებით ძალის მქონე უმრავლესობისგან განსხვავდება, არ მონაწილეობს გამრავლებისა და საკუთარი სხეულის რეპროდუქციის პროცესში. შემთხვევითი არაა, რომ ყველა ტოტალიტარული სისტემის საერთო ნიშანი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჰომოფობიაა, რამდენადაც ჰომოსექსუალი საკუთარი არგამრავლებით არ უხდის დიდ კოლექტივს ღალას და ბეგარას. ასეთი საზოგადოება კი მზადაა ერთობის, უმრავლესობის სახელით ჩაიდინოს დანაშაული ადამიანურობის წინაშე, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ მის ცნობიერებაში ადამიანის, როგორც სუვერენული არსების ცნება არ არსებობს და მისი ადგილი „ერთობის ძალას“ უკავია, რომლისთვისაც ყოველი ცალკეული ადამიანი მხოლოდ დემოგრაფიული სტატისტიკის ერთეულია.

ამის საწინააღმდეგოდ, თავისუფალი საზოგადოება თავისუფალია თემური ერთობისაგანაც და ხელისუფლების ორგანოების თაყვანისცემის მოთხოვნილებისგანაც. მასში შემავალი, ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა თუ ქცევების ინდივიდები ყველა იმ ინსტიტუციას უპირისპირდებიან, რომელიც ადამიანის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა და მისი ჩაგვრისა თუ ღირსების შელახვისკენაა მიმართული. ისინი იმისათვის კი არ იბრძვიან, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ან გავლენის სფეროები გაიფართოვონ, არამედ მათი კრიტიკისა და ანალიზის უმთავრესი ობიექტი თავად ძალაუფლებაა, რომლის კალაპოტში მოქცევას და მისგან თავის დაცვას თავისუფალი საზოგადოება ცდილობს. გამაერთიანებელი პრინციპი სოლიდარობაა, რომელიც არანაირ კულტურულ თუ პოლიტიკურ საზღვრებს არ ცნობს, რამდენადაც მისი უმაღლესი იდეალი არა რომელიმე ვირტუალური კოლექტიური კონსტრუქცია ან ზებუნებრივი ძალა, არამედ თავად ადამიანი და მისი პიროვნული ღირსებაა. ეს კი არანაირ ეთნიკურ, სქესობრივ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ნიშნებამდე არ დაიყვანება. თავისუფალი საზოგადოება ადამიანის ინდივიდუალური მრავალფეროვნების დამკვიდრებისა და დაცვისათვის იბრძვის, რადგანაც ამოსავალი პრინციპი ადამიანის უფლებაა - იყოს ისეთი, როგორიც მას სურს და ამ მიზნის მისაღწევად მას სრული სამოქმედო თავისუფლება უნდა ჰქონდეს, თუკი, რაღა თქმა უნდა, ეს მიზანი სხვა ადამიანის ჩაგვრას ან დისკრიმინაციას არ გულისხმობს. თუმცა ასეთი „იდეალური“ საზოგადოება უბრძოლველად არ იქმნება: თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება იმდენად არსებობს და შეიძლება არსებობდეს, რამდენადაც იგი პერმანენტულ ბრძოლაშია, რომელშიც გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობს, რადგანაც ეს ბრძოლა უსასრულო პროცესია. რა მომენტშიც საზოგადოება ბრძოლას დასრულებულად და მიზანს მიღწეულად მიიჩნევს, მაშინვე გადაიქცევა ძალაუფლების ინსტრუმენტად, რომელიც საკუთარი დამსახურებებისა და ღვაწლისათვის ჯილდოებს ითხოვს და საკუთარი წარმატებით კორუმპირებულ სოციალურ კლასად, „ელიტად“ ყალიბდება. ამით იგი იმ ერთადერთ იარაღს - თავის სუვერენულობას კარგავს, რომელიც მას თემური ერთობის ძალებისგან იცავს.

ჩვენ გვინდა ტაში, ანუ სპექტაკლის საზოგადოება

1990 წელს ერთ ინტერვიუში მერაბ მამარდაშვილმა თქვა: „თუ ჩემი ხალხი აირჩევს ზვიად გამსახურდიას, მაშინ მე წავალ ჩემი ხალხის წინააღმდეგ“. ეს წინადადება საქართველოს უახლეს ისტორიაში თემური ერთობის მიმართ ინდივიდუალური პროტესტის უიშვიათესი მაგალითია. პროტესტის ასეთი ფორმით ინდივიდი არა მხოლოდ ემიჯნება და უპირისპირდება იმას, რაც სწადია თემს, „თავის თემობის წესითა“, არამედ საკუთარი ნებით უარს ამბობს ძალა-უფლებაზე, რომელიც ასეთ ვითარებაში ერთსულოვანი უმრავლესობის მხარესაა. ამით პროტესტი სუფთა სახის პროტესტად რჩება და არ ისახავს მიზნად ძალაუფლებისათვის ბრძოლის ფერხულში ჩაჩაბმას. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება, რომელიც მამარდაშვილის პოზიციამ გამოიწვია, მის თემურ ერთსულოვნებაზე მეტყველებდა, რომლისთვისაც ნებისმიერი გამიჯვნა უმრავლესობის აზრისაგან, სრულიად ავტომატურად, ისევე, როგორც ალუდა ქეთელაურის შემთხვევაში, საკუთარი ერის ღალატად და, შესაბამისად, უცხო ქვეყნის აგენტობად აღიქმება, რამდენადაც თემურ ერთობაში ინდივიდუალური ქმედება თუ აზროვნება წარმოუდგენელია. თუ ადამიანი „საკუთარ“ თემს არ მიეკუთვნება, მაშინ იგი სხვა თემს უნდა წარმოადგენდეს. თემურობას ინდივიდუალურობის გამოცდილება არ გააჩნია და მის ყოველ გამოვლინებას იგი მოკვეთითა და გარიყვით სჯის.

ფილოსოფოსის, ხელოვანის თუ ნებისმიერი თავისუფალი მოაზროვნე ინდივიდის დასჯის, მოკვეთისა და გაძევების უამრავი მაგალითი არსებობს კაცობრიობის ისტორიაში. საილუსტრაციოდ ბერძენი ფილოსოფოსის დიოგენეს გახსენებაც შეიძლება, რომელიც მშობლიურ ქალაქ სინოპის მოსახლეობამ ქალაქიდან გააძევა. ამის შემდეგ დიოგენე ათენში გადასახლდა და იქიდან ირონიული წერილი გაუგზავნა სინოპელებს, სადაც იგი მათ მადლობას უხდიდა განდევნისათვის, - სხვანაირად ხომ ათენში (რომელიც იმ დროს მსოფლიოს კულტურული ცენტრი იყო) ალბათ ვერც მოვხვდებოდიო. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალაუფლების ჩამორთმევით კი დიოგენეს ის ზეიურიდიული ძალა ენიჭება, რომელიც მის შესახებ შემორჩენილ ყველაზე ცნობილ ანეკდოტშია მოთხრობილი: როდესაც კასრში მცხოვრები დიოგენე ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა და ჰკითხა, - რა სურვილი გინდა შეგისრულოო, - დიოგენემ უპასუხა, - გაიწიე, მზეს ნუ მიჩრდილავო. ამ ანეკდოტში იმ ტიპის პიროვნული სიძლიერეა ნაჩვენები, რომელიც არც ათლეტური სხეულით, არც ქონებით, არც პოლიტიკური თუ ნომენკლატურული სტატუსით არ განისაზღვრება და იგი არც ეროვნული გმირისა თუ წმინდანის შარავანდედს ან ძეგლებსა თუ პანთეონებში დაკრძალვას არ საჭიროებს, არამედ მთლიანად პიროვნების ინდივიდუალური თავისუფლებიდან გამომდინარეობს.

ამის საწინააღმდეგოდ, ძალაუფლება ყოველთვის გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული, თუმცაკი ბოლომდე ფლობას და მითვისებას არც ის ექვემდებარება. ის მუდამ თამაშობს და გვათამაშებს. როგორც მიშელ ფუკო ამბობდა, - ის მოიგება და წაიგება, როგორც ომი. მისი მოპოვებისა თუ შენარჩუნებისათვის ბრძოლა კი, უმეტესწილად, საკუთარი შეხედულებებისა და აზროვნების თავისუფლების შეზღუდვის, ზოგჯერ კი მთლიანად უარის თქმის ფასად მიიღწევა, როდესაც ინდივიდი არსებულ ვითარებაზე მორგებას, ადამიანების გადაბირებას, მოხიბვლას, მანიპულაციას ცდილობს. ამგვარად, ძალაუფლებისათვის ბრძოლა ყოველთვის თეატრალურობასაც გულისხმობს, მხოლოდ ნამდვილი თეატრისგან იგი იმით განსხვავდება, რომ ძალაუფლების თეატრები არასდროს საკუთარ თეატრალურობას არ აღიარებენ, არამედ პირიქით, მას ერთადერთ სიმართლედ, აბსოლუტურ და შეუცდომელ ჭეშმარიტებად ასაღებენ. ძალაუფლებისათვის ბრძოლის თეატრი კი საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც აშორებს და აუცხოებს რეალური პრობლემებისაგან. ამით სამოქალაქო საზოგადოების ადგილს მთლიანად იკავებს ის, რასაც ფრანგმა ხელოვანმა და თეორეტიკოსმა გი დებორმა „სპექტაკლის საზოგადოება“ უწოდა და რომელიც უკანასკნელი ოცწლეულის საქართველოში სულ უფრო ტოტალურ ხასიათს იძენს.

„სპექტაკლის საზოგადოება“ მხოლოდ საჯარო სივრცის თეატრალიზებას არ გულისხმობს, რაც ნებისმიერი პოლიტიკური აქციის თანმდევია. გი დებორის აზრით, ის სინამდვილის, რეალური ცხოვრებისა თუ მოვლენების სიმულაციას ქმნის და მასში მონაწილე ადამიანებს ასეთ ყალბ და შეთხზულ სამყაროში ამწყვდევს, რომლებიც თანდათანობით რეალობასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტენ და საკუთარ ცხოვრებას სპექტაკლის წესებს უმორჩილებენ. მის უკან კი მუდამ გარკვეული იდეოლოგია იმალება, რომელიც „ვულგარული ფსევდო-დღესასწაულებით, ვითომ დიალოგებითა და საჩუქრებით“ იმ მოჩვენებითობას აჩენს, რომლის არსიც „ნამდვილი სიცოცხლის გაღარიბება, დაკაბალება ან სულაც მისი უარყოფაა“.

ამასთანავე, „სპექტაკლის საზოგადოება“ თავისი არსით „მონოლოგურია“, რომელშიც ყველაფერი, მათ შორის შინაგანი წინააღმდეგობები თუ კონფლიქტები, სცენარშივეა მოცემული, რომლის მიხედვითაც, ცალკეული სოციალური ჯგუფები თუ კასტები მათთვის განსაზღვრულ როლებს ასრულებენ. ამის შედეგად ხდება სამოქალაქო დაპირისპირების სიმულაცია, რომელიც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ არ მოხდეს რეალური დაპირისპირება, არ შეიცვალოს სცენარით დაწესებული წესრიგი და როლების გადანაწილება. შესაბამისად, ნებისმიერი კონფლიქტი არ სცილდება „საქმის გარჩევას“ და არაა მიმართული თავად იმ ღირებულებათა სისტემის თუ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას და სოციალურ სამართლიანობას ზღუდავს. სიმულაციის ეს ფორმა არათუ არ გამორიცხავს ძალადობას, არამედ პირიქით, ძალადობა მისი არტიკულაციის მთავარი გამოხატულებაა. საქმე ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც. ადამიანები, რომლებსაც მათთვის თავსმოხვეული როლების თამაში უხდებათ და, ამდენად, თავიანთ ცხოვრებას იმ იდეოლოგიური სუროგატის სახით იღებენ, რომელსაც მათ ძალაუფლების ინსტიტუტები - სახელმწიფო, ეკლესია თუ მასმედია უწესებს, საკუთარ დაუკმაყოფილებლობას სიძულვილითა და სისასტიკით გამოხატავენ. ძალადობის მთავარი საბაბი რესენტიმენტია, ანუ საკუთარი პრობლემების სხვებისათვის, „სხვანაირებისთვის“ გადაბრალება. „სხვა“ კი კოლექტიური მიკუთვნებულობის რომელიმე ნიშნით უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების კატეგორია, ანუ უმცირესობაა, რომელიც „უმრავლესობის“ ძალაუფლების გავრცელების არეალში იმყოფება. ძალადობის აქტს ყოველთვის წინ უსწრებს „განსხვავებულის“ გასხვისება ან მისი დემონიზაცია, რომელიც „შეთქმულების თეორიების“ ფანტაზიებს აღძრავს.

ამ პრიზმიდან საქართველოს უახლეს ისტორიას და დღევანდელობას თვალს თუ გადავავლებთ, თემური ერთობის არა სამოქალაქო, არამედ სპექტაკლის საზოგადოებად „მოდერნიზაციის“ უწყვეტი პროცესის დანახვა შეიძლება, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის სრულიად გროტესკული ნაციონალიზმითა და მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმით ჩანაცვლებას ასახავს. არც ერთი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობა არ ყოფილა ადამიანის ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული, არამედ ლაპარაკი ყოველთვის სხვადასხვაგვარი კრებითი და აბსტრაქტული სახელებით შემოიფარგლებოდა და, ამდენად, მათი მიზანიც არათავისუფლებისა და თემურობის ერთი ფორმის მეორეთი შეცვლა, სახელების გადარქმევა იყო. შესაკრებთა ასეთი გადანაცვლებით კი ჯამი ყოველთვის ის ერთობაა, რომლის ძალაც მხოლოდ საკუთარი თავის მოსატყუებელი მესიანიზმის, ღვთისმშობლის წილხვედრობის, უძველესობის, უგენიალურესობის და გმირული წარსულის იაფფასიანი და ყოვლად უფუნქციო ინსცენირებების, ეროვნული გმირების გამოგონების და შემდეგ მათი ტრიუმფალური დაკრძალვებისათვის თუ შეიძლება იქნეს გამოყენებული. პოლიტიკის სპექტაკლები კი არსებული სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანისა და ხალხის მანიპულაციისათვისაა საჭირო, რათა არ გაჩნდეს რეალური სამოქალაქო პროტესტი და დაპირისპირება და ამით თემური ერთსულოვნება არ დაირღვეს. ამავე ერთსულოვნების დაცვას ემსახურება განსხვავებული აზრისა თუ პოზიციის „შეთქმულების თეორიად“ თარგმნა, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელია ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობებისათვის, როდესაც ხელისუფლების კრიტიკა თითქმის ავტომატურად მტრული ქვეყნის აგენტობად და სამშობლოს წინააღმდეგ შეთქმულებად ცხადდება. ადეკვატურია ოპოზიციის რეაქციაც, რომლისთვისაც ხელისუფლება უცხო ძალების მიერ თავსმოხვეულია და ძალადობით ახშობს უმრავლესობის ნებას. შიდაპოლიტიკური კონფლიქტების დროს კი ასეთი ფანტაზიები ადვილად გადაიზრდება პოლიტიკურ-ესქატოლოგიურ პარანოიაში, რომლის მიხედვითაც, საქართველო ზებუნებრივი ძალების კოსმოგონიური ბრძოლის ასპარეზს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანებით დასახლებულ ქვეყანას, სადაც ერთსა და იმავე თემაზე განსხვავებული მოსაზრებების თანაარსებობა და დიალოგი იქნებოდა შესაძლებელი. რეალური პრობლემა კი ის უფროა, რომ საქართველოში თვისობრივად განსხვავებული პოზიცია ან მსოფლმხედველობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გამოუხატავს, არც ერთ ხელისუფლებას არ ჰყოლია ოპოზიცია, არ შეუქმნია მისი პოლიტიკური ალტერნატივა. უკვე ტრადიციად ქცეული, ხელისუფლებების დამხობის მიზეზი კი „სპექტაკლის საზოგადოების“ სცენაზე დგომისა და მთავარი როლების თამაშის სურვილითაა მოტივირებული. რამდენადაც პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით არც ერთი პარტია ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ამდენად, მათ შორის დაპირისპირების იდეოლოგიური საფუძველი არ არსებობს, რაც კიდევ ერთხელ საზოგადოების თემურობაზე მეტყველებს, კონფლიქტი „მამა-პაპათა ანდერძის“ უკეთესად ცოდნის, უფრო მეტად ღრმადმორწმუნეობის, სამშობლოს უფრო მეტად სიყვარულის და სხვა მსგავსი მითოლოგიური არგუმენტების ნიადაგზე წარმოიშვება და ასეთ სპექტაკლებს საქართველოში დასასრული არ ექნება, სანამ თემური ერთობის ადგილს სამოქალაქო საზოგადოება არ დაიკავებს, ანუ სანამ ადამიანები პოლიტიკოსების დაძახებითა თუ სამღვდელოების ლოცვა-კურთხევით საქართველოს გასაბრწყინებლად და სხვადასხვა სახის ურჩხულებთან საბრძოლველად კი არ გამოვლენ, არამედ სწორედ ამ ტიპის დემაგოგიას დაუპირისპირდებიან და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას დაიწყებენ.

P.S. ამ ტექსტზე მუშაობისას myvideo. ge-სა და youtube-ზე გამოჩნდა ერთი სამოყვარულო კამერით გადაღებული შვიდწუთიანი ვიდეო-ფილმი ან არტვიდეო, რომელშიც გაშარჟებულია ერთი თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსის ფრაზა, - „საქართველოში მონადირეს ვერაფერი დალევს“. ფილმის ავტორი - გიორგი ავალიანი შედის სუპერმარკეტში, ყიდულობს ლუდ „მონადირეს“, გამოდის ქუჩაში, სვამს და ამბობს, რომ მან საქართველოში მონადირე დალია. ამ სრულიად აპოლიტიკურმა და, შეიძლება ითქვას, უმანკო შინაარსის ვიდეომ, რომლის ავტორიც არა რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების წარმომადგენელი, არამედ 18 წლის სტუდენტია, ქართულ ვირტუალურ სივრცეში აღშფოთების ტალღა ააგორა. განრისხებული მაყურებელი ავტორს „არაქართველად“ და „მართლმადიდებლობის მტრად“ მოიხსენიებდა. ასეთმა აბსურდულმა რეაქციამ გამახსენა უმბერტო ეკოს შენიშვნა თავის რომან „ვარდის სახელზე“, სადაც იგი ამბობს, რომ იუმორის არქონა და საკუთარ თავთან ირონიული დამოკიდებულების უუნარობა ტოტალიტარული ცნობიერების მთავარი ნიშანია. აღშფოთებისა და აგრესიის საფუძველი კი შეიძლება სწორედ ისიცაა, რომ ავტორი არ თამაშობს გმირს, არ მოუწოდებს ხალხს სამშობლოს გადასარჩენად ბოროტების ურჩხულებთან ბრძოლისაკენ, არამედ თვითირონიით ჰეროიკული პათოსით შენიღბულ „სპექტაკლის საზოგადოებას“, შეიძლება უნებლიეთაც, იმას ანახებს, რაც მას დავიწყებული აქვს - რომ იგი თეატრალურ წარმოდგენაში იმყოფება და საკუთარ თავს და მის ირგვლივ შექმნილ სპექტაკლურ სამყაროს, სრული სერიოზულობით, რეალობად აღიქვამს. ასე აღქმული რეალობა კი ისეთსავე პარადოქსულ ლოგიკაზეა აგებული, როგორიც გიორგი ავალიანის ვიდეოშია პაროდიულად ნაჩვენები.