![]() |
ცხელი შოკოლადი №11 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კიკალეიშვილი სალომე, კაკულია სანდრო, მესხი დავით, ბაბუაძე თამარ, გვახარია გიორგი, ტურაშვილი დათო, კორძაია-სამადაშვილი ანა, მარი გიორგი |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნინი ბუკია არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე დისტრიბუცია: ნიკა ანთიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია აკა მორჩილაძე დათო ტურაშვილი გიორგი მარი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 რედაქტორისგან |
▲ზევით დაბრუნება |
ვიდრე „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრის ამბებს გაუწყებდეთ, მინდა ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსის, „დებიუტის“ შესახებ გიამბოთ.
როგორც მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს დასრულდა „დებიუტის“ კონკურსანტთა ნამუშევრების მიღება. 11 ნოემბერს, დილის 11 საათზე, „ცხელი შოკოლადის“ რედაქციამ, სრული შემადგენლობით, შამპანურისა და შოკოლადის ფონზე, საზეიმოდ გავხსენით „დებიუტის“ ყუთები... და უმალ საქმეს შევუდექით.
პირველი, ყველაზე სასიამოვნო ამბავი, ნამუშევრების რაოდენობა იყო. სამივე კატეგორიაში (მწერლობა, ფოტოგრაფია, ილუსტრაცია) 400-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები იყო როგორც მწერლობაში, ისე ილუსტრაციაში და არჩევანის გაკეთება მართლა ძალიან გაგვიჭირდა. ნაკლებად მოხიბლული დავრჩით ფოტო-ნამუშევრებით, შესაძლოა იმიტომ, რომ ფოტოაპარატი, როგორც მომხიბვლელი აქსესუარი, გაცილებით მეტ ადამიანს აბედინებს „ფოტოგრაფობას“. ამის მიუხედავად, რადგან „დებიუტი“ არაპროფესიონალთა კონკურსია, გადავწყვიტეთ ეს კატეგორია არ გაგვეუქმებინა, იმ იმედით, რომ კონკურსის ფოტო-ფინალისტები მომავალში უკეთეს კადრებს გადაიღებენ და მომავალ წელსაც „ფოტოგრაფიაში“ გაცილებით მეტი საინტერესო დებიუტანტი მიიღებს მონაწილეობას.
„ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერს თან ახლავს დამატება „დებიუტი“, სადაც კონკურსის მსვლელობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გარდა, იხილავთ დებიუტის ფინალისტთა ნამუშევრებს. კონკურსს ჰყავს თავის „კომპეტენტური ჟიური“, მაგრამ ძალიან დაგვეხმარებით, თუ თქვენს არჩევანსაც მოგვწერთ. თუ აქტიურად გამოგვეხმაურებით, დავაწესებთ დამატებით პრიზსაც, „მკითხველის სიმპათია“. „ცხელი შოკოლადის“ ელ-ფოსტა უცვლელია: mpublishing@caucasus.net
რაც შეეხება „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერს.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ, დაგვიბრუნდა დათო ტურაშვილი. უფრო სწორად, ბევრი წინაღობის მიუხედავად, როგორც იქნა, ესპანეთში გაფრინდა დათო ტურაშვილი და ამ ნომრიდან „ცხელი შოკოლადი“, ერთი წლის მანძილზე, გთავაზობთ მის ესპანურ ფოტომოთხრობებს. აბა ნახეთ!
„ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრიდან ვიწყებთ ახალ რუბრიკას, „კულტურული ამბების მიმოხილვა.“ სანამ სპეც-პროექტებისა და ისტორიების კითხვაზე გადახვიდოდეთ, შეგიძლიათ სალომე კიკალეიშვილთან ერთად მოთელვა გაიაროთ და განვლილი თვის ღირსშესანიშნავ ART-მოვლენებს გადაავლოთ თვალი.
გიორგი გვახარია და დავით მესხი ოქტომბრის ბოლოს „ჩეშკას“ ესტუმრნენ და ჩვენი ჟურნალის ეს ნომერი გთავაზობთ სპეც-პროექტს აღმოსავლეთ ევროპის ერთი-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქიდან, პრაღიდან.
და ბოლოს, სულსწრაფობა მძლევს და მოგახსენებთ: 25 დეკემბერს გამოვა „ცხელი შოკოლადის“ საიუბილეო, სპეციალური გამოშვება, მოულოდნელად ბევრი სიურპრიზითა და საჩუქრით. დაგველოდეთ!
ჩვენი ავტორები
გიორგი გვახარია
„ამ თავში პაზოლინი უნდა მოვკლა!“
ასეთი sms გავუგზავნე პრაღაში სალომე ასათიანს, სანამ „ჩეშკას“ დედაქალაქის (როგორც თავად უწოდებენ „რადიო თავისუფლების“ სამშობლოს) შესახებ სტატიას დავასრულებდი.
სალომემ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის პაზოლინის სიკვდილი და ისიც იცის, როგორ მიჭირს ამ კაცზე წერა.
ანდა რანაირად უნდა დაწერო ხელოვანზე, რომელიც წერის იმ სტილს, საუკუნეების მანძილზე რომ დამკვიდრდა ჩვენში, რეპრესიის, ძალადობის ფორმად აღიქვამდა.
გიამბობთ რაღაც ამბავს „თანმიმდევრულად“, (ე.ი. თავს ვიკატუნებ, რომ „თანმიმდევრული“ ვარ ცხოვრებაში), კონტექსტიდან ვიღებ ისტორიას და ასო-ასო ვკუწავ იმას, რასაც „სინამდვილე“ ჰქვია. მერე კი ამ დაჭრილ-დაკოდილ დროს რეალობად ვასაღებ და, რაც მთავარია, ჰონორარს ვიღებ აკუწულ ისტორიაში.
თავის გასამართლებლად ისღა მრჩება, კითხვის ნიშნებით დავასრულო წინადადებები. წლები მემატება და სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვის ნიშანი ჩემს ტექსტებში.
ჰონორარს კითხვებში ვიღებ და არა პასუხებში.
ასე მაინც გავიმართლებ თავს „საშინელი სამსჯავროს“ წინაშე. როცა მეტყვიან, რას ერჩოდი მკითხველს, რატომ ურევდი ჭკუას, ანდა, ისტორიამ რა დაგიშავაო, ამაყად ვუპასუხებ - მე მხოლოდ კითხვებს ვსვამდი.
„ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერს სასთუმალთან როცა დაიდებთ, თქვენს საძინებელ ოთახს პიერ-პაოლო პაზოლინის სახელი გაანათებს.
პაზოლინი გაანათებს ქართულ სუპერმარკეტებს, ჯიხურებს, სილამაზის სალონებს, წიგნის სახლებს, სადაც წიგნი, ნამცხვარი, ხაჭაპური და ლობიანი ერთად იყიდება უკვე.
პიერ-პაოლო (ე.ი. პეტრე და პავლე ერთად) მოგევლინებათ ამ ჟურნალით. მე კი მერე, „საშინელი სამსჯავროს“ წინაშე როცა დავდგები, ვიტყვი - უბრალოდ ვიკითხე, რას ერჩოდნენ ადამიანები ამ კარგ კაცს, მე არავინ მომიკლავს!
სალომე კიკალეიშვილი
რამდენიმე სიახლე მაქვს:
1. როგორც იქნა, გამოვცვალე ჩემი ფოტო;
2. ამ ნომრიდან, შევეცდები ქალაქ თბილისის კულტცხოვრების სიახლეები, რაც შეიძლება „მხიარულად“ მოგაწოდოთ;
3. და რაც მთავარია, ამ დღეებში ბათუმ-კვარიათის ტრასაზე, გადარბენაზე ვიყავი. რამ გამაგიჟა?
ჩემს ბათუმ-კვარიათელ რესპონდენტზე, ალბათ ასე აჯობებდა ამბის დაწყება: „ნათიას ვინ არ იცნობს?! ეს ხომ ის ქალია, რომელიც“... არა, კომბლებს არ თლის და ჭერში არ აწყობს...
უბრალოდ, ყველა იცნობს, ვინც კი ცხელ ზაფხულში თავს აფარებს აჭარას, უფრო კონკრეტულად - კვარიათს. როგორ დავიჯერო, თუ ერთხელ მაინც ჩასულხართ კვარიათში, არ შესულხართ „რაკუშკებიან“ კაფეში და არ მიგირთმევიათ თევზის ფორმის მენიუზე ჩამოწერილი „მხიარული გლაზუნები“ ან „მარტოხელა გლაზუნი“??? მიმტან გოგოზე ჩატარებული სპეცდაკვირვების შემდეგ კი, არ გაგიფიქრიათ: - ვაა, ეს ვის ჰგავს???
მაგრამ დამიჯერეთ, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ, ნურც ეცდებით, რადგან რომ შეეძლოს, პატარა წარწერასაც კი მიიკრავდა შუბლზე: „ვიცი, ვინ არის ფრიდა კალო... ვიცი, რომ ვგავარ... რას შეუკვეთავთ?...“
რომ შემეძლოს, კიდევ უფრო ბევრს დავწერდი ნოემბრის ბოლოს საცოდავად გაღლეტილი კვარიათის, ჩემი და დათო მესხის ვოიაჟის შესახებ... რომელიც მთელი დღე აჩხაკუნებდა თავის ჩანონ-ს და სიცივეში, ზღვაში შესულ ნათია ბოლქვაძეს რეპლიკებს ესროდა... მერე კი ერთი საათი დასდევდა, ზურგზე მანდარინებით სავსე გოდორწამოკიდებულ ბიჭს - მოდი, ფირზე უნდა გადაგიღოო...
მე კი ამ დროს, „სვეტსკად“ ვიჯექი კვარიათის მთის კენწეროში წამოკოკლოზინებული სახლის ეზოში, ქვემოთ ნაცრისფერ ზღვას გავცქეროდი, გვერდით - მანდარინის პლანტაციებს და აღარც თბილისი მინდოდა, აღარც სახლი და აღარც არაფერი...
![]() |
2 ART-ი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა
სავაჭრო ცენტრი „ჯი.თი.სი”.
30 ოქტომბერი. 21:00.
„უკაცრავად, და რატომ აწყობთ ამ საღამოს? - ჰკითხა იმ დღეს ჟურნალისტმა ბილ მაკალისტერს (ადამიანს, რომელიც ამ საღამოს აწყობდა).
- და თქვენ რამე გინახავთ სერგოსი? - კითხვაზე კითხვით უპასუხა მისტერ ბილმა.
- არა. - გაისმა ოდნავ დაბნეული ჟურნალისტის ხმა.
- ჰოდა, ამიტომაც ვაკეთებ.
შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს, თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ერთი თბილი საღამო გაიმართა: გახსენების, მოგონების, სილამაზის, სიცოცხლის... ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმის მიერ ორგანიზებული - „სერგო ფარაჯანოვის შემოდგომა - ამბები აშიქ-ქერიბზე”.
გზა ფარაჯანოვამდე, უფრო სწორად, ეკრანამდე, სადაც მისი ბოლო ფილმი, ფილმი-ფრესკა „აშიქ-ქერიბი” უნდა ეჩვენებინათ - ბროწეულებით, ძველი ფარდაგებით და გაშიშვლებული ხეების დეკორაციით იყო გაფორმებული. ცენტრში განთავსებულ დიდ ეკრანს კი, ფილმისთვის შექმნილი გოგი ალექსი-მესხიშვილის ესკიზები ამშვენებდა. ისევე, როგორც ფარაჯანოვის კინო, აქაც ყველაფერი რაღაც მარტოობის, სიმშვენიერის და ბავშვური გულწრფელობის შეგრძნებას ბადებდა.
ფარაჯანოვის ცხოვრება ხომ, ერთ დიდ წიგნს ჰგავს, რომელსაც ყველაზე მეტად სახელი - „გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა” თუ მოუხდებოდა:
„ციხეში, კეფირის თავსახურზე, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა ბარაკის გვერდით, ნაგავსაყრელზე იპოვა, სერგომ ლურსმნით ამოტვიფრა პუშკინის პორტრეტი. 10 წლის შემდეგ, დაჭმუჭნული თავსახური ფედერიკო ფელინის ჩაუვარდა ხელთ, რომელმაც მისი ფორმის ვერცხლის მედალი გამოაჭედინა. დღეს ამ მედლით ფელინის სამშობლოში გამართულ კინოფესტივალზე, რიმინიში საუკეთესო ფილმი ჯილდოვდება.”
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა...
გენერალური რეპეტიცია
თეატრალური სარდაფი / რუსთაველზე.
18 ნოემბერი. 22:00.
ლიფტი + ეკრანი;
სავარძელი ჭოლასთვის;
და დეპრესიაში მყოფი ახალგაზრდები.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალური რეპეტიცია ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, არ მინანია: არც მე, არც ჩემს ფოტოს კაცს და არც იქ მისულ შინაურ სტუმრებს.
ნინო ბასილიას დრამატურგია, ლევან წულაძის რეჟისურა, გია მარღანიას ქორეოგრაფია, მაკა შალიკაშვილის და სანდრო ჯანგირაშვილის ტანდემი - „ლიფტიორი“, საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე სანახაობაა. ამიტომაც, თუ სპექტაკლის გმირებივით გაწუხებთ დეპრესია, მოგბეზრდათ ცხოვრება და უარს არ იტყოდით დროის „გემრიელად“ და ნაყოფიერად გატარებაზე, მაშინ უნდა ნახოთ „ლიფტიორი“ და მაკა შალიკაშვილთან ერთად განიცადოთ ერთი უბედური, ორსულობის მეცხრე თვეში და თან დეპრესიაში მყოფი მარტოხელა დედის თავგადასავალი. თავგადასავალი ლიფტში.
სპექტაკლს ნახავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ იმ მონოლოგს ხომ ვერ მოისმენთ, რომელიც გენერალური რეპეტიციის წინ, დარბაზში ჭოლამ წარმოთქვა; მონოლოგს, რომლისგანაც მშვენიერი მონო-სპექტაკლი გამოვიდოდა - თეატრის რეჟისორი თეატრის რეჟისორის შესახებ. რატომაც არა?!
ასე თქვა - არ მიყვარს ბევრი ხალხი „პრაგონზეო“... არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ ჩემი ახალი ექსპერიმენტიო... თუ არ მოგეწონათ, ნუ შეგვაგინებთ და გარეთ გასულებს ვინმე რომ გკითხავთ, როგორი იყოო, - თუ საშინლად არ მოგეწონათ, არ გაგვთქვათ, ხელები გაასავსავეთ და რავიო...
P.S. თქვენ გგონიათ, მართლა ასე იტყვით? ნურას უკაცრავად.
ერისიონი
17-20 ნოემბერი. 20:00.
მათი გამოსვლა ნახეს საფრანგეთში და აღფრთოვანდნენ, ნახეს ბელგიაში და სცენიდან არ გაუშვეს... მათ მოიარეს ათობით ქალაქი და ქართული ლეგენდა მსოფლიოში გაავრცელეს.
20 ნოემბრის ჩათვლით, ქართველ მაყურებელსაც მიეცა საშუალება, დარწმუნებულიყო იმაში, რომ „ერისიონი“ მითი კი არა, რეალობაა. 20 ნოემბრის ჩათვლით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი მასპინძლობდა 120 წლის ანსამბლს იმ პროგრამით, რითაც მათ საზღვარგარეთ აღფრთოვანებული რეცენზიები დაიმსახურეს.
ურა, სუფრული, ქორეოგრაფიული თუ როგორი პატრიოტიზმის ბრალია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები მომენტალურად იწვევენ ჩემში არითმიას, აღგზნებას, ცქმუტვას და ა.შ. „ერისიონმა“ კი - თავისი დახვეწილი სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით, ტემპერამენტული ცეკვითა და უზადო ტექნიკით - ჩემი პატრიოტიზმის საზომი სიმპტომები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა. ის იყო, დავამთავრებდი „ერისიონის“ მიერ შესრულებული დავლურით თავმოწონებას, რომ გურული ფერხული სხვაგვარ პატრიოტიზმს ამიშლიდა. მისი დამთავრებისთანავე, მედოლე ბიჭუნების ნომერი მაოცებდა, მერე ხორუმის რიტმებს ვყვებოდი, ფარიკაობის დროს სატევრების ნაპერწკლებს ვითვლიდი, ჩაკრულოთი ვტკბებოდი, აჭარულსა და მხედრულზე კი აღარ ვიცოდი, სად წამეღო მოძალებული ენერგია - ფეხების ბაკუნი და მხრების რხევა აღარ მშველიდა. ბოლოს, მთელი ქორეოგრაფიული რეპერტუარის ფინალურ „მიქსში“ კი, საერთოდ, იმ გონებადაკარგულ ტურისტად ვიქეცი, პირველად „ერისიონის“ კონცერტზე რომ აღმოაჩინა საქართველო და შეუყვარდა.
ამ ემოციებს, „ერისიონთან“ ერთად, „ისტერნ პრომოუშენსაც“ დავაბრალებ, რომელიც ანსამბლს კონცერტის ორგანიზებაში დაეხმარა. აქვე გამახსენდება ილია ჭავჭავაძე, რომელმაც 1885 წელს დაარსებულ ანსამბლს გაზეთ „ივერიაში“ რეცენზიები უძღვნა და ჩემი მიმოხილვის გამო, ძალიან შემრცხვება. ამიტომ, თავსაც აღარ გავიმართლებ.
ერთი გამოფენის შესახებ
გალერეა „TMS“.
28 ოქტომბერი. 19:00.
ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? რომ არ შემიძლია გითხრათ - თუ გინდათ, დადებითი ემოციით დაიმუხტოთ, აუცილებლად შეირბინეთ აქა და აქ... ნახეთ ესა და ეს... იქიდან გამოსული ხომ, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ... გამოხვალთ, ერთს გემრიელად ჩაისუნთქავთ ნოტიო ჰაერს და... მერე რა, რომ წვიმს?! რამდენი ხანია, არ გისეირნიათ წვიმაში?! ყველა პრობლემაზე გენიალური კაბირიასავით გაგეღიმებათ... და ნელი ნაბიჯით ჩაუყვებით ჩაბნელებული რუსთაველის პროსპექტს...
ისინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ყველას საკუთარი პატრონი ჰყავს და თავისი ადგილსამყოფელი აქვს. უბრალოდ, როდესაც ავტორს კიდევ ერთხელ მოუნდება ხოლმე თქვენი სიამოვნება და საკუთარი ქმნილებებისთვის თვალის შევლება - ხომ კარგად არიანო, - შეკრებს ერთად და რომელიმე დარბაზში გამოფენს. თან, რამდენიმე ახალ „მეზობელსაც“ მიუფენს.
იშვიათად თუ ნახავთ ფერთა ისეთ ჰარმონიულობას, რასაც ავტორი ლევან ლაღიძე ზეთში შესრულებული კომპოზიციებით აღწევს. ჰარმონიულობა, რომელიც არა მარტო ფერით, არამედ სურათის განწყობითაც მიიღწევა. ყველაფერი თითქოს კონკრეტულია და ამავე დროს აბსტრაქტული... თითქმის ყველა კომპოზიცია მრავალშრიანი ტექნოლოგიით შესრულებული „კედლებია“; სხვადასხვა ხასიათის, ტიპის და ალბათ სქესისაც კი... აი, ერთ-ერთი, უბრალო სახლის კედელი, სადაც ნელ-ნელა შენთვის პატარა სარკმლებს, კარებს „აღმოაჩენ“, საიდანაც საოცარი სინათლე და სიყვარული ასხივებს. უცბად ამუშავდება წარმოსახვა და შიგნით შედიხარ, შენთვის უცნობ ადამიანებსაც კი ხედავ...
ამ „წითელ კედელს“ კი ისეთი გამოხედვა აქვს... უნებურად, უკანაც კი გაიწევი...
ხომ გეუბნებით, თითქოს არაფერი კონკრეტული... არც აბსტრაქტული... სამაგიეროდ, იმდენი სიყვარული და ნეტარება... ასე გგონია, ცოტაც და დადნებიო...
მხატვრების საქველმოქმედო აქცია
სავაჭრო ცენტრი „ჯი.თი.სი“.
14 ნოემბერი. 17:00.
„ეტა ლარი ილი დო-ლარი?“ - ეს კითხვა დიდხანს აწუხებდა ორ მოძმე ჩინელს, რომლებიც ფურცლებით ხელში და დაბნეულობაშეპარული მზერით, იმ დღეს კარგა ხანს დადიოდნენ წინ და უკან, „ჯი.თი.სი“-ს სავაჭრო ცენტრში.
ეს მაშინ იყო, როდესაც საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის თავმჯდომარის, მხატვარ გია გუგუშვილის ინიციატივით, დასავლეთ საქართველოში, მეწყერით და წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად, სამდღიანი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციაში 24 მხატვარი იღებდა მონაწილეობას, რომელთა ნამუშევრებიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილით, ორგანიზატორები საკვები პროდუქტების, თბილი ტანსაცმლის და სხვა აუცილებელი ნივთის ყიდვასა და ჩატანას გეგმავდა.
ალბათ ამიტომაც იყო, რომ დაბნეული ჩინელების დანახვაზე, ზოგმა შვებით ამოისუნთქა... ზოგმა „პეპლებზე ნადირობა“ გაიხსენა... ზოგმა კი...
ბავშვურად მაცდურად გიმზერდნენ გოგი ხახუტაშვილის პეიზაჟები; რამაზ ჩანტლაძის „გამჭვირვალე“ სამყარო კიდევ უფრო გიხალისებდა ცხოვრებას; ენითაუწერელი იდუმალება და სიმშვიდე მოჰქონდა პოლიკო ქლიბაძის ტილოს - წითელ ფონზე, ყურზე მიდებული ნიჟარის ხმებს უსმენდა და თავისი დიდრონი თვალებით რომ გიყურებდა პატარა გოგო; გია გუგუშვილის ტილო კი, აუხდენელი თუ ასახდენი ოცნებების მოლოდინით იყო „სავსე“...
მაგრამ, როგორც ჩანს, 60-დან 2500 დოლარამდე შეფასებული ნამუშევრები, არც ისეთი დიდი ენთუზიაზმით გაიყიდა. ამიტომ, მისმა ორგანიზატორმა თავად დაიწყო ტანსაცმლის შეგროვება. სწორედ მაშინ, როცა ჩვენს ჟურნალს გადაფურცლავთ და ამ ამბებს წაიკითხავთ, გია გუგუშვილი, ნაციონალური მოძრაობის დახმარებით, ხულოში იქნება: პროდუქტით, საჭირო ნივთებითა და ტანსაცმლით.
ახალი Grimask make up studio-ს შესახებ
კლუბი „ნოა-ნოა.“
31 ოქტომბერი. 21:00.
კარი იღება და: - ისა, უკაცრავად, ეს ატელიეა? - არა.
ცოტა ხანში, ისევ: - უკაცრავად, ეს სალონია? - არა.
და ისევ: - გამარჯობაა. აქვე ვცხოვრობ. დავინახე, რომ რაღაც ახალი გახსნილა და დამაინტერესა, რა არის? - სტუდია, Grimask make up-ის სტუდია!
მაშინ, როცა მშობლებმა თვითმფრინავში ჩასვეს და ამსტერდამში გაუშვეს, ნამდვილად არ უფიქრია: - ჩავალ, იქ make up-ის კურსებს გავივლი, და როცა უკან დავბრუნდები, ჩემი პროფესიით დავიწყებ მუშაობასო. წლების მერე კი, საკუთარ სტუდიას გახსნიდა და ცნობისმოყვარე ხალხის დასმულ ათას კითხვას გასცემდა პასუხს.
საშინელების და ცოტა ჟრუანტელის შეგრძნება წინასწარ გეუფლებოდა. საამისოდ ხომ ყველაფერი გიწყობდა ხელს - ღამე, წვიმა, „ნოა-ნოას” ჩაბნელებული დარბაზი, თითის ფორმის უბედური ორცხობილები და ნიღბიანი „უჟასტიკები”... რაც მთავარიააა, იმ ღამეს ხომ ჰელოუინი იყოოო...
კაი, ახლა ალბათ თქვენთვის გაიფიქრეთ - კი მაგრამ, რა შუაშია აქ ან ანუკა მურვანიძის სტუდია ან „ნოა-ნოა“ ან ჰელოუინი? აგიხსნით თანმიმდევრობით და როგორც წესია.
იმ საღამოს, ჰელოუინის შაბათ-კვირას კლუბ „ნოა-ნოა-ში” ამ ახალი სტუდიის პრეზენტაცია იმართებოდა, პერფორმანსით და მსურველებისთვის საკარნავალო მაკიაჟის ექსპერიმენტებით. ახალი სტუდია, რომელიც არა მარტო მრავალფეროვანი საკარნავალო, სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ მაკიაჟს შემოგთავაზებთ, არამედ განსაკუთრებული აქსესუარებისა და ჩასაცმელ-დასახურის შექმნაზეც იზრუნებს. თუ საჭიროა, კარგ პორტფოლიოსაც დაგიმზადებთ, ანდა, სულაც, შინ გესტუმრებათ და ფოტოსტუდია „Sitwell and Lanevsky“-სთან ერთად, გაგალამაზებთ და საოჯახო მხატვრულ ფოტოებს გადაგიღებთ...
ისე, ანუკა მურვანიძემ უფრო კარგად დაახასიათა თავისი სტუდია: „იცი, რა... მოკლედ, რაც შეეხება გალამაზებასაც და დამახინჯებასაც, ყველაფერი ჩვენ გვეხებაო“...
![]() |
3 ხან ლაურა, ხან იზაბელა და ხან ჟულია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
თამარა დილისკენ გარდაიცვალა, მონასტერში.
მონაზვნები დუმილით შედიოდნენ სენაკში და სწრაფადვე ტოვებდნენ.
ყველაფერი დუმდა...
დუმდნენ ზარები... დამუნჯდნენ.
დუმდნენ ანთებული სანთლები... დამუნჯდნენ.
დუმდა მონასტრის კედლებთან, თამარას სარკმელთან მოსული იისფერი კემეჩის ჯოგი...
დუმდა მოქუფრული ცა... დამუნჯდა...
ნაცრისფრად შემოსილი მონაზვნები, კანდელის ცხელი ზეთით ზელდნენ თამარას სხეულს...
შემდეგ წითელ სპარსულ ხალიჩაში შეახვიეს...
მონაზვნები დუმილით უხმობდნენ ერთმანეთს...
მონაზვნებმა „ჭუპრივით“ შეხვეული თამარა ასწიეს...
„ჭუპრი“ თამარათი გადაიზნიქა...
მონაზვნები დუმილით უყვიროდნენ ურემში შებმულ კამეჩებს...
რეპეტიცია: „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და ... პრეზიდენტი“
ეს სცენა ასჯერ მაინც ექნებოდა წარმოდგენილი. როგორ ხდება თამარა, თავადი გუდალის ერთადერთი ქალიშვილი, სპარსი თავადი სინოდალის საცოლე... და ბოლოს, გონებაარეული, მონასტრის კედლებში, მის პატარა სენაკში, სრულ მარტოობაში განუტევებს სულს...
სცენები არაერთხელ წარმოიდგინა, კადრებადაც დააწყო თავის წარმოსახვაში... მაგრამ, წარმოსახვაშივე დარჩა. სამწუხაროდ, „დემონის” მაგივრად, იმ წელს სხვა ფილმი - „აშიქ-ქერიბი” შეიქმნა.
არადა, იცით როგორ დაიწყო ყველაფერი? თეატრალურთან, გაჩერებაზე იდგა, ავტობუსს ელოდებოდა. რატომღაც მგონია, რომ იმ დღეს წვიმდა, ციოდა და არც არავინ იყო ქუჩაში. ფიქრი მარტო სახლში დროზე მიღწევასა და დედის გაკეთებული გემრიელი, ცხელი საჭმლის გარშემო ტრიალებდა როცა გვერდით, ძლიერი დამუხრუჭების გამო, შავი „ვოლგის“ ბორბლებმა უცენზუროდ ხმამაღლა დაიწუილეს...
- გიჟი, - გაიფიქრა ისე, რომ უკან არც მოუხედავს. ისევ თავისაზე ფიქრობდა, რომ ისევ... შავი „ვოლგის“ კარის ხმაურიანი გაღება და:
- Тамара...
ცოტა ხანში ისევ:
- Тамаара...
თავისი სახელი კი კარგად ახსოვდა, მაგრამ რა იცი, რა ხდება. მაინც მიიხედა. მანქანიდან ვიღაც ჭაღარა კაცს თავი ჰქონდა გამოყოფილი და ყვიროდა: - Тамаараа...
- უცნაურია, გარშემოც არავინ დგას. ვის უნდა ეძახდეს? ჰმ, რას ბედავს?! თავი კიდევ უფრო მაღლა ასწია, მზერა შავი „ვოლგის“ საპირისპირო მხარეს გაასწორა და - გასკდეს თუ უნდა, არ გავიხედავო... ნუ გგონიათ, რომ სანამ თარხანა ამ ყველაფერს ფიქრობდა და აკეთებდა, Тамаааараааааа გაჩერდა. არა! უბრალოდ, უცებ გაიგო:
- Идиотка, ты, Тамара, Тамаараа! Я тебя утвердил!!!
დაგაბნიეთ? ვიცი, ვიცი, რომ დაგაბნიეთ, ჩემი ბრალია, ყველაფერს აგიხსნით. თეატრალურის წინ, სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნინო თარხანმოურავი იდგა. ის ჭაღარა კი, გამწარებული რომ ყვიროდა შუა რუსთაველზე - Тамара-ო, სერგო ფარაჯანოვი იყო, რომელიც ფილმზე „დემონი” აპირებდა მუშაობას. მთავარი როლის, მშვენიერი თამარას როლის შემსრულებელი კი სწორედ ასე, შავი „ვოლგით“ რომ მიდიოდა რუსთაველზე, მაშინ დაინახა გაჩერებაზე აბუზული და დაამტკიცა კიდეც. აბა, თქვენ რა გეგონათ?!
მაგრამ, „დემონის“ სცენარი სცენარად დარჩა, რეჟისორი ფარაჯანოვი - რეჟისორ ფარაჯანოვად. სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი კი მსახიობი გახდა, საინტერესო როლებით და საინტერესო ხმით...
„რუსთავი 2“-ის დუბლიაჟის სტუდიაში, ყველა გამხმოვანებელი ერთადაა თავშეყრილი და პირს გააღებენ თუ არა, „რუსთავი 2“-ის ათი სხვადასხვა ფილმის, სერიალის და გადაცემის ხმა ერთდროულად გესმის... შეუჩვეველი კაცი ერთი-ორი წუთი აუცილებლად დაიბნევი... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სადღაც დაიკარგე... ტელევიზორში!
გამოდის, რომ აქ ვართ დაკარგულები: მე, ნინო თარხანმოურავი და ჩემთვის გაურკვეველი ტექნიკა - გრძელი ღილაკებით, მრგვალი ღილაკებით, ამობურცული ღილაკებით...
ამბავს დავუბრუნდეთ, ფარაჯანოვის ამბავს.
Тамара-ს ისტორიიდან წელიწადი იქნებოდა გასული, რომ ფარაჯანოვ-თარხანმოურავის გზები ისევ გადაიკვეთა - „შენ ჩემი ადრე გარდაცვლილი მეგობარი იქნებიო...“ ჯერ იყო და შავ-თეთრი ფოტო გადაუღეს და უშველებელ შავ ჩარჩოში ჩადეს. თან ჩამოკიდეს. მერე ზომები აუღეს, თეთრები ჩააცვეს და ზიზიად, კუბოშიც ჩააწვინეეეს... არ ვიცი, სანამ კუბოში ცალ ფეხს ჩადგამდა, ცოტათი მაინც თუ უკანკალებდა მუხლები, მაგრამ დღემდე გამოყვა ის უცნაური შეგრძნება - თვალებდახუჭული, განაბული რომ იწვა - ვაი, მოვკვდიო. თან ტერფებით მთელი ძალით აწვებოდა კუბოს ფიცარს, რომ არ გადმოვარდნილიყო - დამრეც კიბეზე ჩამოჰყავდათ და... და რა?! არც არაფერი, მხოლოდ ცარიელი კადრები დარჩა. ისე, ერთხელ გახარებული კოლეგები დაესივნენ: - თარხან, თარხან, იცი, შენი საკუბოვე სურათი ვნახეთ ერევანშიო... კაცო, შევდივართ ფარაჯანოვის მუზეუმში და რას ვხედავთ?! შავ ჩარჩოში ჩასმულ შენს დიდ ფოტოსო... უბრალოდ, არც სახელი ეწერა და არც გვარი. ჰოდა, ჩვენ მივაწერინეთოო... ჰმ, კარგი საქმე უქნიათ, ვერაფერს იტყვი.
ცნობისათვის: თუ ოდესმე ერევანში, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმში მოხვდით და კედელზე ნინო თარხან-მოურავის შავ ჩარჩოში ჩასმული გადიდებული სურათი ნახეთ, არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგადაა. ეს 1989 წელს გადაღებუ ლი ფოტოა, ფილმისათვის „აღსარება“. ფილმი, რომლის დამთავრება მძიმედ ავადმყოფმა რეჟისორმა ვეღარ მოასწრო.
რეპეტიცია: „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და ... პრეზიდენტი“
დასავლეთ ევროპულზე ჩავაბარებ...
„დასავლეთ ევროპულზე ჩავაბარებ, მერე მოსკოვში გადავალ „მიმო“-ში, ძაან მაგარი დიპლომატი გამოვალ და საერთოდაც“... - თავი სერიოზული გამომეტყველების მქონე, პორტფელიან ბიზნეს-ვუმენად წარმოედგინა. ეჰ, ესეც წარმოსახვაშივე დატოვა იმიტომ, რომ...
- დედა, მოდი სამსახიობოზე ჩაბარება სცადე... არ გინდა? იცი რა კარგია?! - გაისმა დიპლომატიურ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად აქტიური მზადების ერთ მშვენიერ დღეს.
„დედაჩემს, რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ იმ დროს თეატრალურში რუსული სექტორი არ იყო და ვერ ჩააბარა.“ მოკლედ, სცადეს. თან ისიც გათვალეს, რომ თუ ვერ მოხვდებოდა, უნივერსიტეტში საბუთების შეტანას მაინც ასწრებდნენ, იქ ხომ გამოცდები გვიან ტარდება. ასე რომ, რას კარგავდნენ? არაფერს. დედამ ლექსი შეურჩია, სიმღერაც ასწავლა... თვითონვე გაუკვირდათ, როცა ტურები წარმატებით გაიარა. მხოლოდ ბოლო რჩებოდა, რომ ისევ:
- „დედიკო, გეყო ახლა ტყუილად ჯდომა, მოამზადე შენი ინგლისური“ (ამ სიტყვებში დასავლეთ ევროპული ენების, დიპლომატიური ფაკულტეტი და გეგმები იგულისხმებოდა). ოოო, ამან უკვე ძალიან გააცოფა. მზერა შავი „ვოლგის“ საპირისპირო მხარეს გადაიტანა-მეთქი რომ ვთქვი, ახლაც ისე, მიზანმიმართულად დაუმიზნა თეატრალურს და... ჩააბარა. ახლა ვერც კი წარმოუდგენია, რა უნდა ყოფილიყო, რომ არა თეატრალური, გიზოს ჯგუფი, „მცირე დასი“, სტუდენტური გასტროლები და... თემიკო ჭიჭინაძე.
რაღაც სპექტაკლს დგამდნენ. მგონი, „სამანიშვილის დედინაცვალს“. ბიჭები სჭირდებოდათ და ქვედა ჯგუფიდან რამდენიმეს დაუძახეს. ნუ გგონიათ, რომ ახლა რომანტიულ ამბავს მოგიყვებით, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ვინ დაილაპარაკა პირველად, ჯერ რომელს აუბათქუნდა გული და რამე ეგეთი...
„9 წელი ვმეგობრობდით. ძალიან კარგი მეგობარი იყო და მერე რაღაცნაირად მივხვდით, რომ...” მოკლედ, დანარჩენს თავად წარმოიდგენთ. ჩემი ბრალი არ არის, თავადაც ლაკო ნურად პასუხობდა ყველა კითხვას. დაახლოებით ასე:
მე: - დებიუტი „ანა ფრანკის დღიურში...
ის: - ჰო.
მე: - ალბათ, საინტერესო და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო...
ის: - ჰო.
ნუ, მთლად ასე არა, მაგრამ დაახლოებით-მეთქი.
„Гаиге-гавиге“ - что такое?
შეიძლება ასე სპონტანურად ჩაბარებაში, ბავშვობაში ჩატარებული „გაკვეთილები“ დაეხმარა. მთელი ცხოვრება მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და ამიტომ მეზობლებით და ეზოს „სასტავით“ დიდად ვერ დაიკვეხნიდა. ხან ერთ ბებიასთან იყო, ხან მეორესთან, ხანაც - დედ-მამასთან. რუქაზე რომ წარმოვიდგინოთ: ჩელუსკინელების ქუჩა, კუტუზოვი, ბელინსკი - არც ისე ახლოსაა. სკოლასაც იმჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იცვლიდა. მარტო იყო, როგორც თვითონვე ამბობს - „დედის კალთას ამოფარებული ბავშვი ვიყავიო“. არც ეზოში აჯლიგინებდა მეზობელი დათოს ველოს და არც მეხუთე სართულის ტყუპებთან თამაშობდა ბადმინტონს. ძირითადად, ხუთოსნობის კანდიდატი იყო, სახლში ძველ ნივთებს ქექავდა და საშინაო „პერფორმანსებზე“ გიჟდებოდა. რაღაც-რაღაცეებს აისხამდა, თავზე და წელზე თეთრ მაქმანებს და ბაფთებს წაიკრავდა (მენაყინე ოფიციანტი დეიდები ხომ გახსოვთ?) ან ბრაზიანი პოლიციელი ქალი გახდებოდა და ა.შ. რაც მთავარია, გიჟდებოდა ფიგურულ სრიალზე. ჰოდა, ჩართავდა ტელევიზორს, აუწევდა ხმას და ვითომ ყინულზე ვარო... ძირს დაწვებოდა და მიდიიი, უსასრულოდ იწყებდა სრიალს. მიმართულებას მუსიკის ტემპს უსადაგებდა... მოკლედ, ამ „გაკვეთილების“ მერე იატაკს სულ მცირე ერთი-ორი დღე მოწმენდა აღარ სჭირდებოდა. ალბათ, ამიტომაც აღარ შეუყვანია დედას ფიგურულ სრიალზე.
რეპეტიცია
ისე, სიმართლე უნდა ითქვას. ცოტა არ იყოს, უკონტაქტო ბავშვი იყო. ჯერ იყო და ბაღში წაიყვანეს... რა მოხდა იქ ისეთი, არ ვიცი, მაგრამ ორი დღის მერე, არცერთ ბაღელს თვალით აღარ უნახავს. სკოლაში წავიდა და... არა, პრინციპში ეს ისევ დედის ბრალი იყო; იმ პერიოდში ბავშვების რუსულ სკოლაში შეყვანა იყო მოდაში. ესე იგი, ძალიან მაგარი, განათლებული და „სვეტსკი“ შვილი გყავდა. არადა ხშირ შემთხვევაში, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებსაც სიტყვა არ ესმოდათ რუსულად და მთელი 11 წელი „მოია-ტვოიას“ დაზეპირებით იყვნენ დატანჯულები. აქ კი... რუსულენოვანი ბავშვი ქართულ სკოლაში შეიყვანეს - ასე სჯობსო. კი, ჯობდა, რას ამბობ... მეოთხე კლასამდე ხმა არ ამოუღია. ისევ სახლში, იატაკზე სრიალით და მარტო თამაშით ირთობდა თავს... ჰოდა, ერთ დღესაც სკოლაში დედა მისულა და: - გენაცვალე, ბავშვს ქართული ცუდად ესმის და თუ არ შეწუხდებით, შიგადაშიგ შეამოწმეთო, - სთხოვა პედაგოგს. ძვირფასი პედაგოგი, თავის მხრივ არ დაბნეულა, არც შვილის ბედით შეწუხებული დედის გასაჭირი დავიწყებია და დანაპირებს - „აბა, რას ვიზამო“ - შეძლებისდაგვარად ხშირად ასრულებდა. კლასში ქარხანა (არა, ორთოგრაფიული შეცდომა არ გეგონოთ, ასე ეძახდნენ) სულ ბოლოში, უკანასკნელ მერხზე იჯდა. ძვირფასი მასწავლებელი კი, ლამის ყოველი წინადადების შემდეგ დინჯად დგებოდა ფეხზე, ხელის ნელი მოძრაობით იხსნიდა სათვალეს და მთელ ხმაზე (ხომ გახსოვთ, რა ხმა ამოსდით მასწავლებლებს?!) გაჰყვიროდა: თარხანმოურავი, გაიგეეე?! ნინოც ადგებოდა და: - გავიგეეეე! მერე მოვიდოდა სახლში, ჩაუვლიდა მამას, რომელიც ჩაის ჭიქით და ჩიბუხით იჯდა მაგიდასთან, წერდა ან თარგმნიდა და სამზარეულოში დედასთან შევიდოდა: - деда, „гаиге-Гавиге“ - что такое????
„ХОЖДЕНИЕ ЗА ПОКУПКАМИ - ЭТА МОНОЛОГ“
სერგო ფარაჯანოვის ეს სიტყვები, მისთვის მონოლოგიცაა და თერაპიაც. თუ რაღაც აწუხებს ხომ საერთოდ... გამყიდვლების საყურადღებოდ: თუ ერთ დღესაც, თქვენი მაღაზიის კარი მსახიობმა ნინო თარხან-მოურავმა შემოაღო, თან შეატყვეთ, რომ რაღაც ვერაა... შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სწორედ თქვენთვის გაუსვრია ავრორას!!!
ხან ლაურა, ხან იზაბელა და ხან ჟულია
- კარგი, მოვალ და სადილს წამოვიღებ...
- თარხან, რას ამბობ?! რა სადილს, CV-ს, CV-ს.
- უი, უი, რა დამემართა, ჰო, მოვალ და CV-ს წამოვიღებ“. ასეთი რაღაცეები ხშირად ემართება, დღეში სერიალის სამოთხ სერიას რომ გაახმოვანებ და ხან ლაურა, ხან იზაბელა და ხან ჟულია რომ იქნები, „სადილსაც“ იტყვი და რამე უარესსაც. უკვე შვიდი ან რვა წელია, რაც ყოველდღე „რუსთავი 2“-ში, დუბლიაჟის ოთახში ადის და... ხან მარიანაა, ხან სესი და ხან მირაბელა. „ვაიმეე, ეს ხმაა... ვინ არის?“ - თავპირის მტვრევით გამოვარდა ბამბებჩათხრილი, ყბადაღებული ვიღაც სტომატოლოგის კაბინეტიდან. არადა, არაფერი ისეთი, შევიდა თარხანა მისაღებში და რაღაც ხმამაღლა იკითხა, რასაც სტომატოლოგებთან კითხულობენ ხოლმე: ვისი რიგია ან ბოლო ვინაა, რამე ასეთი.
სულ ეჩქარება, ხან ტელევიზიაში აგვიანებს, ხან თეატრში გარბის... მაშინაც ასე მოხდა, უცებ გადავიდა მანქანიდან, ბავშვი მიაცილა სკოლაში და უკან დაბრუნებული, სასწრაფოდ ჩახტა მანქანაში. თან - მიდი, მიდი, კაცო, წადი... რას უცდი, ვაგვიანებთ, ვაგვიანებთო, - აუწია ხმას. საათს უყურებს და თან, დაორთქლილი ფანჯრიდან უცნაურ სურათს ხედავს: მათი მანქანისკენ შეშლილი, განწირული სახით ვიღაც ქალი მორბის... ვაი, ეს ვინღააო, გაიფიქრა და თემიკოს გახედა - შენც ხომ ასე ფიქრობო, რომ... სადაა შენი თემიკო?! ვიღაც დამფრთხალი, ულვაშებიანი კაცი არ შერჩა!!! ჯერ იმ უცხო მძღოლის ცოლს უხსნიდნენ, შეეშალა, ქმრის მანქანა ეგონაო... მერე უხერხულობისგან უაზროდ ატეხილი სიცილი აცალეს და ბოლოს, ყველა ცოლი საკუთარ ქმარს და მანქანას დაუბრუნდა.
კარგია
კარგია, არა?! ერთად მიდიხართ თეატრში, ერთად მოდიხართ. თემიკო სიამოვნებით აუწევს მთელ ხმაზე ტელევიზორს, დღეს ხომ ფეხბურთია!!! ელისაბედი უკვე დიდია, 13 წლისაა და თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას... როგორც ვიცი, დედას არ შეუთავაზებია - ვცადოთო...
თარხანა კი, მთელი დღე სცენაზე თუ ტელევიზიაში იმდენს ლაპარაკობს, რომ სახლში სულ მუნჯდება: „ისე ვიღლებით, რომ მე და თემიკო სახლში თითქმის არ ვლაპარაკობთ“. აბა, როგორ კონტაქტობენ? ასე - მ, მ, მ, მ...
![]() |
4 მიხოაკანი - თბილისი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სანდრო კაკულია
ფოტო: იუსტინა მელნიკევიჩი
იუსტინა და პოლი
მექსიკა - ა.შ.შ - პოლონეთი
ერთი მხრივ, ყველაფერი მექსიკის ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან იწყება. მეორე მხარე კი - ევროპაა, პოლონეთი და მისი ასევე პატარა ქალაქი - Maklowice. თუმცა შემდეგში ეს გზები და მოგზაურობები ისე ირევა, რომ თუ ჩვეულებრივი წარმოსახვის უნარი, გეოგრაფიულთან ერთად, ცოტა შესუსუტებული გაქვს, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო, ანდა გრძელ მერიდიანებში გაეხვიო. გახვევით კი მერიდიანებში მაშინ გავეხვიე, როცა იუსტინას და პოლს პირველად შევხვდი; მეორედ, როცა დავუმეგობრდი; და ახლა მესამედ, სპეციალურად ინტერვიუს ჩასაწერად მისული, მივხვდი, რომ კიდევ დიდხანს მომიწევს... ბრძოლა მერიდიანებთან.
პოლი წარმოშობით (დედის მხრიდან) მექსიკელია. ბებია და ბაბუა - Michoacan-ელები არიან. ეს ის პატარა მექსიკური ქალაქის სახელია, ზემოთ რომ ვწერდი. მამა კი გერმანელია. მამის გერმანელი მშობლები პოლონეთში ცხოვრობდნენ, თუმცა პირველი ომის შემდეგ, ა.შ.შ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ Los Gatos-ში გადაბარგდნენ. ქალაქის სახელი ქართულად კატებს ნიშნავს. ჰო, აი ასე, პირდაპირ - „კატე ბი“. თანაც, მრავლობით რიცხვში. ამასობაში, პოლის დედის ოჯახმაც გადაწყვიტა, 20-იანი წლების შტატების გზას დადგომოდა. იარეს, იარეს და კალიფორნია აირჩიეს, ისევ ეს შტატი, თუმცა სხვა ქალაქი და ბევრად უფრო მომხიბვლელი სახელით - Santa Maria.
პოლს პირველ, საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულზე რომ ვკითხე, ძლივს გაიხსენა: „მგონი, 14 წლის ვიყავი. ჰო, 14-ის.. პენსილვანიაში, რესტორანში მრეცხავი ვიყავი, მერე ნაყინის გამყიდველი, მერე...“
მერე? მერე მეხანძრედ მუშაობდა პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქში. მოხალისეთა რიგებში ითვლებოდა და მუდმივ მზადყოფნაში იყო. ეტყობა, მაშველობისა და დახმარების სურვილი იმდენად ძლიერი ჰქონდა, რომ პოლი ვერაფრით მოერია მას და კალიფორნიის მთებში (Sierra Nevada) ნამდვილ მაშველად დაიწყო მუშაობა. მერე რაღაც სამედიცინო კურსებიც გაუვლია და, ამერიკული საზოგადოების საზომებით, ერთი საფეხურით ამაღლებულა - უფლება მისცეს, სასწრაფოს ბრიგადაში ემუშავა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პოლსაც ჰქონდა საკუთარი საზომები, რის გამოც, სამედიცინო ბრგადაში ყოფნას, უფროს ძმასთან წასვლა ამჯობინა. ძმა კი იმ დროს და ახლაც, თუ არ ვცდები, პოლიციელია. მოჰავის უდაბნოსთან, რომელიღაც ქალაქის, რომელიღაც უბნის რომელიღაც განყოფილებაში მუშაობს. პატარა ქალაქებს და „რომელიღაც“ ეპითეტებს იმიტომ მივმართავ, რომ თვითონ პოლიც კი იბნევა ხოლმე, როცა ასეთ დაკონკრეტებას ვთხოვ. რა დროს სახელები და დაკონკრეტებებია მაშინ, როცა პოლი მოჰავის უდაბნოში, ამერიკული მცხუნვარე მზის ქვეშ, მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა: „პირველად იქ ყოფნისას მოვუსმინე: „ბობ დილანს, Furry Lewis-ს, MISSISSIPI-ს, FRED McDowell-ს და მივხვდი, რომ ეს იყო ნამდვილი მუსიკა - ბლუზი.“
მექსიკო სითი. 1999 წ.
მექსიკა - აშშ-ს საზღვარი 2002 წ.
უსმინა, უსმინა და თვითონაც მოუნდა დაკვრა. დაუკრა კიდეც - ტუჩის გარმონზე. პოლი დაუფიქრებლად მპასუხობს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც მუსიკას ეხება. არც ჯგუფის სახელი ავიწყდება და გულმოდგინედ ითვლის: Wild Borse , RenT party, Santa-CrusE...
პოლი ბავშვობიდან წერს... ახლაც... ბევრს წერს, თუმცა საკუთარი მოთხრობების გამოქვეყნება არასდროს უცდია მხოლოდ იმიტომ, რომ სურვილი არ ჰქონია.
კრაკოვი 2000 წ.
პოლმა კალიფორნიაში პოლონელი გოგო გაიცნო, რომელიც რამდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. ეს გოგონა პოლონელი, კრაკოველი და თანაც პოლონეთის მოქალაქე იყო, რომელიც Green Card-ზე ოცნებობდა. 1992 წლის 13 რიცხვში, პარასკევ დღეს, პოლმა ოფიციალურად იქორწინა.
მომდევნო თვის 13 რიცხვში, მეგობარმა ევროპაში მოგზაურობა შესთავაზა. პოლიც დათანხმდა და ევროპული ქალაქებისაკენ მეუღლის გარეშე გაემგზავრა. და აი, ისევ გზა, თუმცა ახლა უკვე ევროპის გზა - ამსტერდამი, ბერლინი, ვარშავა, კრაკოვი, პრაღა და ისევ კრაკოვი. ყველაზე მეტად ამ ბოლო ქალაქმა მოხიბლა. იფიქრა, რამე რომ მოხდეს, მხოლოდ ამ ქალაქში ვიცხოვრებო. იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რაღაც მართლაც მოხდებოდა და მთელი შვიდი წლის გატარება კრაკოვში მოუწევდა. მოხდენით კი, ორი რამ მოხდა. პირველი - ცოლს გაშორდა და მეორე - სიმღერა ისწავლა. აბა ისე, მხოლოდ ბლუზის სიყვარული და ტუჩის გარმონზე დაკვრა კარგი სამსახურის შოვნაში ვერ დაეხმარებოდა.
ჰოდა, პოლიც ამღერდა. მაგრამ შეერთებულ შტატებში ბევრი არც უმღერია და აი, რატომ:
მექსიკა. 1999 წ.
პოლონელი კათოლიკეები 2001 წ.
პოლონეთი - მარკლოვიჩე - კრაკოვი - აშშ - კრაკოვი
იუსტინა მელნიკევიჩი ძალიან პატარა ქალაქ მარკლოვიჩედან უფრო დიდში - კრაკოვში გადაბარგდა. მიზეზი კი, განათლებისა და მომავლის ერთდროულად დაუფლების სურვილი იყო; მომავლის დაუფლების სურვილი, რომელიც იუსტინაში დღესაც ძველებურად ძლიერია.
მოკლედ, იუსტინა კრაკოვშია. სტუდენტი იუსტინა მშობლების ნაყიდ სამოთახიან ბინაში ცხოვრობს. ეკონომისტ მშობლებს ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ეკონომიურად გათვალეს და გადაწყვიტეს, რომ ყოველთვე ბინის ქირაში ბევრად მეტი ფული წაუვიდოდათ. იუსტინა თანამედროვე მედიის ფაკულტეტზე სწავლობს, კინოს განხრით... ფრიადოსანია და ამიტომ სტიპენდიასაც იღებს.. (რამდენს - არ ვიცი, მაგრამ, როგორც ამბობს, მაშინ ამ ფულად ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთიც კი შეიძინა). პოლ რიმფლი კი ამ დროს კალიფორნიაში ბარგს ალაგებს, ბევრ ტუჩის გარმონს იმარაგებს და კრაკოვისაკენ იღებს გეზს. აქ უნდა შევისვენო, თორემ მგონი კვლავ დაუსრულებელ მერიდიანებში ვეხვევი.
ჰო, პოლი კრაკოვშია. წინა ჩამოსვლაზე ვიღაც პოლონელი გაუცნია და ახლა, სანამ ბინას და სამსახურს იშოვის, მასთან გაჩერდება.
პოლი ახლა უკვე ბარგის გარეშე მიაბიჯებს კრაკოვის ქუჩებში, თუმცა არც ტურისტს ჰგავს და არც ამერიკელს. პრინციპში, პოლი არც არის ამერიკელი.
კრაკოვის ყველაზე ლამაზი, გრძელი, ძველი და ხალხით სავსე ქუჩა - ფლორიანცკაა. ამ ქუჩაზე სეირნობისას, პოლი წააწყდება ორ უცნობს, რომლებიც პირით კედლისკენ არიან მიბრუნებული და ძველ, ხმარებისგან გაცრეცილ გიტარებზე უკრავენ. ერთი მაღალი და გამხდარი, მეორე - დაბალი.... პოლს უცნობები უცნაურები მოეჩვენა, მაგრამ არაფერი უკითხავს და არაფერი უთქვამს. ან რა უნდა ეთქვა? პოლის ჩასვლიდან, რამდენიმე თვეც არ იყო გასული, რომ მისმა პოლონელმა მეგობარმა პოლონურ party-ზე დაპატიჟა, ვიღაცის სახლში. უამრავ არაყსა და ხალხით სავსე ოთახში პოლი გაოგნებული იჯდა. ევროპული გართობა პირველად იხილა: „ამერიკაში ასე არ ერთობიან“. რა ამერიკა, პოლ? რა დროს ამერიკაა? მართლაც, რა დროს პოლის ნახევრად სამშობლო იყო, როცა მის წინ, პოლონურ ნოხზე, საგანგებოდ მისთვის, ევროპელი გოგონა მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდა... მხოლოდ მისთვის... მთელი საღამო პოლ რიმფლის მიეძღვნა, პოლმა კი... იმ ღამით იმდენი დალია, რომ არაფერი ახსოვს. ცუდად ახსოვს. კარგად კი, საშინელი თავის ტკივილი და ამ დღის შემდეგ, კიდევ ერთკვირიანი გადაბმული სმა დაამახსოვრდა. ის მოცეკვავე გოგონა კი იუსტინა აღმოჩნდა.
კრაკოვი 2001 წ.
იუსტინა და პოლი ერთად არიან კარაკოვში, იუსტინას სამოთახიან ბინაში. პოლს პოლონური ენა უკვე ესმის და მთლიანდ ევროპული ცხოვრების წესს იღებს (თუმცა შემდგომში, ევროპულის და პოლონურის ცნებები პოლისთვისაც განსხვავებული ხდება). ერთ კვირაში პოლს ისე უყვარდება სტუდენტი იუსტინა, რომ ნებას რთავს, მისი ოკეანისგაღმისეული პიროვნება პოლონურ-ევროპული ცნობიერებით შეცვალოს. ერთი კვირის შემდეგ, ექსპატრირებული პოლი კალიფორნიაში ბრუნდება. იუსტინა მარტო რჩება და წერილების, ნამდვილი წერილების წერას იწყებენ. 94-ში ელექტრონული ფოსტა არაპრაქტიკული და არარომანტიკული იყო. წერილებსაც ჰქონდათ გზა: კრაკოვი - კალიფორნია, კალიფორნია - კრაკოვი. მერე კრაკოვი - ფილადელფია და ისევ კრაკოვი... პენსილვანია... პოლი შტატიდან შტატში გადადიოდა, მღეროდა, ტუჩის გარმონზე უკრავდა და, სავარაუდოდ, იუსტინაზე ფიქრობდა. არა, ვარაუდის გარეშე. ასე იყო. ამაზე იმდროინდელი წერილებიც მიუთითებს, სადაც პოლი სტუდენტ იუსტინას შტატებში ჩასვლას დაჟინებით სთხოვს. 95-ის ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, იუსტინა პოლისგან ძახილის ნიშნებით სავსე წერილს იღებს - „ჩამოდიიი!!!“ იუსტინა იმ დღესვე სალჩოში მიდის და ასევე უამრა ვი ძახილის ნიშნით, ოკეანის გაღმა გასამგზავრებელ ვიზას ითხოვს.
რამდენიმე თვე ერთად, იქ, სხვაგან... მაგრამ ისე ვერ არიან. ამას ორივე გრძნობს, რაღაც აკლიათ... რა? ევრიკა! - ევროპა! აი, რა. ერთად მოიფიქრეს, ერთად მოინატრეს და ერთად გადაწყვიტეს - უკან, კრაკოვისკენ. პოლი თავისიანებს დაემშვიდობა. იუსტინამ კი თავისიანები ტელეფონით გააფრთხილა - მოვდივართო.
თანამედროვე მედიის ფაკულტეტზე სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა. პოლი კი ერთ-ერთ რესტორანში ორ უკრაინელთან ერთად უკრავდა; ამერიკულებს, იშვიათად უკრაინულებს და, შიგადაშიგ, ბლუზსა და ჯაზსაც გაურევდნენ ხოლმე. „გააჩნია, როგორი ხალხი ზის. ყველასთან ბლუზის დაკვრა დანაშაულია“. პოლს არ სურდა ცოდვის ჩადენა. ამიტომაც, უხმოდ ემორჩილებოდა გაურკვეველ-დაუწერელ კანონებს.
იუსტინაში კი, მომავლისა და პროფესიის დაუფლების სურვილი სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა. კრაკოვის ყოველდღიური დილის გაზეთი - Gazeta Wyborcza იმ წელს ახალი თანამშრომლების მისაღებად კონკურსს აცხადებდა. იუსტინამ ბრძოლა დაიწყო და ერთწლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ათ ფინალისტთან ერთად, პირველი სერიოზული დავალებაც მიიღო. ფოტორეპორტაჟი ნებისმიერ თემაზე. ტექსტიც და ფოტოებიც ავტორის უნდა ყოფილიყო. იუსტინას იმწამსვე გაუელვა:
- პოლ, შენ ხომ წარმოშობით მექსიკელი ხარ?
- კი.
- ჰოდა, წამო რა, მექსიკაში წავიდეთ.
აი, კიდევ ერთი გადახლართული მერიდიანი - აეროპორტში იუსტინა ფოტოაპარატმომარჯვებული და პოლი, ამერიკული ჩანთით, მექსიკელის გარეგნობით და პოლონური სიყვარულით.
მერე იყო მექსიკა. პოლი სახლში, იუსტინა - სამსახურში. უამრავი ფოტო გადაიღო... ძალიან ბევრი... პოლმა დახმარება შესთავაზა. იუსტინა დათანხმდა.
კრაკოვში დაბრუნებულები, იმ სამოთახიან ბინაში მისვლი სას მიხვდნენ, რომ ერთად ბევრ რამეს შეძლებდნენ. ჰო, რატომაც არა? შეძლებდნენ...
თბილისი 2002-2005 წწ.
იუსტინას რეპორტაჟმა გაიმარჯვა და იგი სამუშაოდ აიყვანეს. პოლი კი ისევ იმ რესტორანში მღეროდა და უკრავდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა რესტორნის მეპატრონემ ერთ დღეს ბლუზის მოყვარულ პოლს განუცხადა, რომ მას და მისი რესტორნის სტუმრებს ერთი და იგივე მუსიკა მობეზრდათ, რაიმე ეგზოტიკურის მოსმენა სურდათ. ამიტომაც, ძალიან უბრალოდ, ყოველგვარი გაფრთხილებისა და მობოდიშების გარეშე, რესტორნიდან წასვლა მოსთხოვა: „მე უკვე შენი შემცვლელებიც კი მოვძებნეო“.
რესტორნის კარი ორმა უცნობმა შემოაღო. ერთი მაღალი და გამხდარი, მეორე კი დაბალი. ძველი, ხმარებისგან გაცვეთილი გიტარებით ხელში. შემოვიდნენ, ჯერ მეპატრონეს მიესალმნენ, შემდეგ კი პოლსაც გაეცნენ:
- მე გია ვარ.
- ზუმბა. ხელი ჩამოართვეს და აპარატურასთან გადაინაცვლეს.
ახლა უკვე უმუშევარი პოლი კი კრაკოვის იმ ლამაზ, გრძელ და ხალხით სავსე ქუჩას - ფლორიენცკას მიუყვებოდა. რესტორნიდან გამოსულმა უკვე წინასწარ იცოდა, რომ ის ადგილი, სადაც რამდენიმე თვის წინ კედლისკენ მიბრუნებული მუსიკოსები იხილა, ცარიელი დახვდებოდა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისინი, ვის გამოც სამსახური დავკარგე, მომავალში ჩემი მეგობრები გახდებოდნენ“.
მხოლოდ მეგობრები კი არა, საერთოდ, საცხოვრებლად მათ სამშობლოში გადმოვიდოდა. ასეა, უცხოტომელთან ურთიერთობისას ვერასდროს წარმოიდგენ სამომავლო შედეგს. მით უმეტეს, თუ ის უცხოტომელი ქართველია.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პოლმა და იუსტინამ გიასა და ზუმბას საკუთარი სამოთახიანი კრაკოვული სახლის ერთი ოთახი დაუთმეს და სულ მალე მიხვდნენ, რომ საქართველოში ჩაუსვლელად, ვერცერთ დღეს ვერ იცოცხლებდნენ. თარიღიც დათქვეს:
„პოლს ვუთხარი: მოდი, აქ ყველასთან ვთქვათ, რომ ცხრა თვეში საქართველოში მივდივართ“.
იუსტინამ პოლს უთხრა და პოლი დათანხმდა.
სექტემბერი იწურებოდა. ერთ საკმაოდ გრილ დღეს გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ ცხრა თვე უკვე გასულიყო. იუსტინა სამსახურში მივიდა და თქვა, რომ საქართველოში მიდიოდა. იქ უამრავი რეპორტაჟის გაკეთება დაავალეს და ისე გამოუშვეს, როგორც ერთ-ერთ მორიგ დავალებაზე. მაგრამ რას იფიქრებდნენ, რომ ერთი წლის შემდეგ, მათ ოფისში მისულ იუსტინას ვეღარასდროს ნახავდნენ...
კრაკოვი - თბილისი
ახლა კიდევ გზა... 2002 წელი. კრაკოვიდან ავტობუსით გამოემგზავრნენ... უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი და აჭარა...
მახინჯაურში ჩასულებს, თავი ცოტა ხნით მექსიკაში ეგონათ. Michoacan-ს ჰგავდა, პოლის წინაპრების სამშობლოს. მახინჯაურიდან გზა თბილისში, უფრო სწორად, მარჯანიშვილზე წყდება.
იუსტინა თურმე სიცივეს ვერ იტანს. სანამ კრაკოვში იყვნენ, ქართველებისთვის მაშინ უკითხავს, როგორია ზამთარი თბილისშიო. თუ პოლონურს ჰგავს, მე იქ დიდხანს ვერ გავრჩერდებიო. მეგობარმა ქართველებმა დააწყნარეს. უთხრეს, რომ ზამთარი მომხიბვლელია, ყინვა არ იცის და თოვლიც იშვიათად მოდისო. 2002 წლის თბილისური ზამთარი კი პოლონურზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. მოთოვა და მოყინა.
გზა მარჯანიშვილზე ნაქირავები ბინიდან ზემო ვერაზე ნაყიდ ბინამდე მიდის და ამ დრომდე, იქ ჩერდება. ზემოთ, მთაზე... ფოტოების გადასაღებად, იუსტინა მთიდან ეშვება. პარასკეობით კი, პოლი „სმაგლერს ინში“ უკრავს.
ცოტა ხნის წინ, იუსტინამ მამისგან ერთი ძალიან უცნაური წერილი მიიღო, რომელშიც მამა გათბილისებულ შვილს (ერთი თვის წინ, იუსტინამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო) ერთობ საინტერესო ინფორმაციას ამცნობდა. თურმე მისი ბაბუის უფროსი ძმა სადღაც აქ, საქართველოს მიდამოებში დაღუპულა და აქვეა დასაფლავებული, თუმცა მის საფლავს ვერსად მიაგნეს.
იუსტინამ ჩათვალა, რომ ეს იყო ნიშანი. პოლმაც.
პოლისთვის მექსიკას მიმსგავსებული მახინჯაური, იუსტინასთვის კი - დაღუპული წინაპრის დაკარგული საფლავი.
![]() |
5 სპეც-პროექტი Weekend |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: დავით მესხი
შაბათი > გართობა
კვირა > სახლი
შაბათი > ქორწილი
კვირა > კოცნა
შაბათი > ლიზას უყვარს
კვირა > მუსიკა
შაბათი > რეპეტიცია
კვირა > დილა
შაბათი > შეხვედრა
კვირა > დღიურები
![]() |
6 ნათია ბოლქვაძე - გოგონა „რაკუშკებიანი“ კაფედან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი
„...სამარშრუტო ტაქსის ფანჯარაში სწრაფად იცვლება სურათი. ერთის აღქმას ვერ ასწრებ, რომ უცებ მეორე იწყება, მესამე, მეოთხე... ყველაზე მეტად ეზოებში და ფანჯრებში ყურება მიყვარს... ზიხარ თბილად, გაძეძგილ „მარშრუტკაში“ და ხედავ... პორტი, სიცივე... ცივ წყალში როგორ ყოფენ ხელებს მეთევზეები, წურავენ რაღაცას... უცბად უკან ვბრუნდები და რაღაცის ამოჩემებას ვიწყებ; ფერის, სახის ანდა სუნის... დავხუჭავ თვალებს და ვუსმენ ბორბლების, მძღოლის, ხმაურის ხმას... ან მძაფრ სუნს ვგრძნობ და იმას „მივყვები“... ბათუმს? ბათუმს სველი სუნი აქვს. მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე...“
„...სახელოსნო ჯერ არ მქონდა. დიდად არც ვფიქრობდი ამაზე. ერთ დღეს ეზოში ვიჯექი და ვან გოგის წერილებს ვკითხულობდი. წერს, რომ ჰქონდეს ადგილი, როგორ სახელოსნოს გააკეთებდა; სად რას დადგამდა; ამდენი ნაბიჯით მარჯვნივ იქნებოდა ეს... მარცხნივ ის... უცებ ძალიან შემრცხვა, როცა ეზოში იმ ცარიელ სამზარეულოს შევხედე... მე შემიძლია და არაფერს ვაკეთებ. ის კი...
მეგობრები დამეხმარნენ. შევღებეთ. ერთი კედელი დაგვრჩა და სულ რეპროდუქციებით ავაჭრელეთ. მერე ჩაპლინის ეს წერილიც მომიტანეს, რომელიღაც გაზეთში დაბეჭდილა და ქსეროასლია - შენს სახელოსნოს მოუხდებაო. სახელოსნოს პრეზენტაციაც კი გავმართეთ, წითელი ლენტით, მაკრატლით...“
„...ერთხელ შემოდგომის საღამო მოვაწყვეთ. ფოთლები ავაკარით კედლებზე, ჭერზე... ბუხარში ცეცხლი... მოხარშული კარტოფილი... მურაბები...“
„... მაშინ ძალიან ციოდა და განსაკუთრებით მომინდა გაზაფხული. გაზაფხულის საღამო გავაკეთეთ. სახელოსნოში შემოსულს თასით წყალი უნდა მოესვა, სადაც ყვავილები ეყარა - ხომ უნდა იგრძნო გაზაფხული...“
„... მეცხრე კლასი დავამთავრე. სასკოლო ნივთები ჩავალაგე ჩანთაში და სკოლიდან გამოვედი. გზაში რომ მოვდიოდი, მივხვდი, რომ მომბეზრდა... ძალიან მომბეზრდა ყველაფერი: სკოლა თავისი საგნებით, ხუთიანებით... ჩუმად გამოვიტანე საბუთები და ტექნიკუმში მივედი.
გობელენი - კარგად მახსოვს, როგორ ჟღერდა. მართალია ბევრს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ მაინც... ბევრი არ მიფიქრია... უბრალოდ, ასე მინდოდა და მორჩა... ახლა ვფიქრობ, რომ კარგად მოვიქეცი... კიდევ კარგი, ასე მოვიქეცი...“
„...როცა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში ვსწავლობდი, ლამის ოცნებად მქონდა თბილისის სამხატვრო აკადემია, იქ სწავლა... „აუ, იქ როგორ ვერ ჩავაბარე-მეთქი“... რაღაც ძალიან შორს რომაა, მიუწვდომელი... ერთხელ მოვხვდი და... მივხვდი, რომ არაფერია განსაკუთრებული... ისეთივე კედლებია, ისეთივე გოგო-ბიჭები დგანან ეზოში... შეიძლება იქაც გააკეთო რამე, მთავარია გინდოდეს. ისიც კი გავიფიქრე, - უი, აქ გამოვალ და ზღვა აღარ დამხვდება-მეთქი. ცურვა არ ვიცი, მაგრამ ზღვის გარეშე...“
„...ზოგჯერ ჩემთვის ცუდიცაა გამოფენებზე სიარული. როცა გეუბნებიან - გამოფენებზე უნდა იაროთ, მეტრების ნამუშევრები უნდა ნახოთო, - ეს გაბნევს, როცა ძიების პროცესში ხარ... მისკენ იხრები და... არ ჯობია, რომ არ ნახო?!...“
„... მაშინ დავიწყე, როცა არაფერი მქონდა ჩასაცმელი და მინდოდა, რამენაირად შემეცვალა, გადამეკეთ-გადმომეკეთებინა რამე, თუნდაც ერთი დღისთვის... ერთხანს, მე-18 საუკუნის კაბებზე ვგიჟდებოდი და ისეთი ქვედაბოლო შევიკერე... ინსტიტუტში ამით დავდიოდი... ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რა მარტო ვიყავი... ქუჩაში ვიყავი, მარტო... გამორჩევა არა, მაგრამ... „სხვებივით“ არ მინდა ყოფნა... ჩვეულებრივად ყოფნა... ასე მგონია, მაშინ მე - მე არ ვარ...“
“...კვარიათში სხედან და ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება კვარიათის კაფეში მუშაობდე და იცოდე ვინაა ფრიდა კალო... სულ იმით იწყება - „ერთ მხატვარს გავხარ...“, „მე შენ სახელი დაგარქვი. გითხრა? ფრიდა...“... ერთმა ისიც კი მკითხა, - ტროცკის თუ იცნობო. კი, ახლო მეგობარია და ხშირად მოდის-მეთქი...
არადა, მასამ ფრიდა ფილმის შემდეგ გაიცნო... მე - ხელოვნების ისტორიის ლექციაზე. მომეწონა, როგორც გამოიყურებოდა, როგორც ჰქონდა თმები... თავი მივამსგავსე და... მისი ცხოვრება უფრო მომწონს, ვიდრე ნახატები... როგორც ქალი, ისე მომწონს...“
„...უცნაურია, არა?! მთელი ზაფხული კაფეში ვმუშაობ და ამ დროს, ისე ვისვენებ... შემოქმედებითად ვიზრდები... კაფე, ხალხი, ურთიერთობა... სწორედ ეს მეხმარება. თან იღლები, თან ისვენებ... ზაფხულის მერე, კარგად ვხატავ ხოლმე...“
„...ნელ-ნელა ვაგროვებდი „რაკუშკებს“ და კაფეში ვკიდებდი... ადგილი აღარ დავტოვე, ყველგან ჩამოვკიდე... რიყის ქვებიც ამოვიტანე და მოვხატე...“
„...ისე, იშვიათად ვხატავ, სამკაულებს ვაკეთებ და ვყიდი... როცა პირველად გადავწყვიტე სამკაულების გასაყიდად წაღება, ყველამ დამცინა... ეს სად მიგაქვსო?... ყუთში ჩავყარე და მაინც წავიღე... რაიმე თემას ვიღებ, ვამუშავებ და იმის მიხედვით ვაკეთებ... ხან „მატრიოშკების“ თემაა, ხან აფრიკული, ხან - აზიური... როცა ჰემინგუეის ვკითხულობ, სულ აფრიკაში მინდება ხოლმე... ერთ აზიურს - „სიზმარი“ ერქვა და გერმანელმა ქალმა იყიდა, - ჩემს შვილს ცუდი სიზმრები აქვს და უშველისო... მოსწონთ, როცა ნივთებს რაიმე სახელი აქვთ... მაგალითად, ამ საყურეს რა ჰქვიაო... მზაღო-მეთქი... ხან ჟუჟუნა მყავს, ხან - მზია... მერე იყიდებიან და... მენატრება? არა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მეორეს უკეთესს გავაკეთებ...“
„...ნატო დონაძე იყო... ალმოდოვარის გოგოო, თქვა და ფოტო გადამიღო, რომელიღაც კონკურსზე გაიტანა... მითხრა, ალმოდოვარი ფრიდაზე მაგარიაო... მერე მისი ფილმები ვნახე... სხვანაირი ქალები ჰყავს - ხელშეუხებლები, ძლიერები, არანაირი ქალური პეწი რომ არა აქვთ, ისეთი... მე? მეც ძლიერი ვარ... არასდროს მიტირია...“
„...რომ დამირეკე, არ გამკვირვებია... იმდენს მიღებენ, ვიცოდი... ოდესღაც რაღაც მართლა მოხდებოდა...“
![]() |
7 გუჯა ბურდული |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სანდრო კაკულია
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი
ბ-ნი ელგუჯა მისაღებ ოთახში შემიძღვა, სადაც მისი პატარა შვილიშვილი რაღაც გაურკვეველი ფორმის სათამაშოთი თამაშობდა. წინ ფერადი ბუკლეტი ედო, რომელსაც დიდი ასოებით სიტყვა „ჰელოუინი“ ეწერა. დიქტოფონი და რვეული მოვიმარჯვე. წინასწარ სულ რამდენიმე კითხვა მქონდა მომზადებული. ჰოდა, იმათ გადავავლე თვალი. ბ-ნი ელგუჯა გვერდით სავარძელში ჩაჯდა და მითხრა: „შენი გულის ჭირიმე, აბა, გისმენ“. მე ბავშვს გავხედე და დავინახე, თუ როგორ მოუღრიცა ფერად სათამაშოს თავი და შემდეგ თეთრი ძაფებით გაკვანძა. „ჰელოუინი“!
კადრი ფილმიდან „ხაფანგი ტურებისათვის“
კადრი ფილმიდან „გარიგება“
კადრი ფილმიდან „უძინართა მზე“
ოთახში რამდენიმე პრიზს ვხედავ. ერთი - „სოზვეზდიე“, 1992-ში მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „უძინართა მზე“. მეორე კი - ჩემთვის უფრო ნაცნობი „ნიკე”, რომელიც 1993 წელს მიიღო.
არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი. კინო, სიმღერა თუ... ვიინ? მარჩელო? ჰო, რატომაც არა?!
„მარჩელო მასტროიანი“, - ბატონი ელგუჯა თვითონ იწყებს საუბარს და იხსენებს ტბა ლადოგას, სადაც გადაღებებზე ყოფილა ჩასული, იქ გაიცნო მარჩელოც. პირდაპირ ასე იხსენიებს - „მარჩელო“, თითქოს საკუთარ მეზობელ თემურას იხსენებდესო. იხსენებს მარჩელოს, რომელიც ისე მოხიბლულა ბ-ნი ელგუჯას სიმღერებით, რომ ყოველ საღამოს, რუსულ-(იმიტომ, რომ პეტერბურგია)-იტალიური (იმიტომ, რომ მარჩელოა) სუფრა ქართულად გადაიქცეოდა ხოლმე. სამწუხაროდ, როცა მარჩელო თბილისში იყო, ბ-ნი ელგუჯა აქ არ დახვედრია, ასე მოხდა... თუმცა მთავარი მაინც ტბა ლადოგა, გადაქართულებული სუფრა და ქართველ გუჯასთან დაძმაკაცებული მარჩელოა.
ისე, მსახიობობაზე არც არასდროს უფიქრია.
„ბავშვობაში საზღვაო ქვეითობა მინდოდა. მაშინ პატარები ვიყავით, და ფილმები ჩვენზე დიდ გავლენას ახდენდა. ჰოდა, მეც ფილმს ვუყურე და გადავწყვიტე“.
მაგრამ დაიწუნეს. სამხედრო სამსახურში ბრტყელტერფიანობის გამო არ წაიყვანეს. სამაგიეროდ, იმის გამო, რომ ბავშვობიდან მღეროდა, თითქმის ყველა ვოკალურ წრესა თუ ჯგუფში ეწერებოდა. რატომაც არა:
„სმენა და ხმა დაბადებიდან მაქვს. დედაჩემი იავნანას რომ მიმღეროდა, მე ალბათ აკვნიდან მეორე ხმას ვაძლევდი”.
პიონერთა რიგებში ყოფნისას თავი გამოიჩინა. 1954 წელს, როცა სტალინი მსოფლიოს ერთი წლის დასაფლავებული ჰყავდა, მთელი საბჭოთა კავშირიდან ბულგარეთის განთქმულ „ოქროს ქვიშებზე“ პიონერები შეიკრიბნენ: რუსეთიდან ხუთი, სხვა სახელმწიფოებიდან კი - თითო-თითო. შერჩევის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრი იყო - ფრიადოსანი უნდა ყოფილიყავი. ბ-ნ ელგუჯას კი, ნიშნების მიმართ არც ისეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზე იყო. აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ჰოდა გადაწყდა, რომ საქართველოდან სწორედ ელგუჯა ბურდული გაემგზავრებოდა. საბჭოთა პიონერთა მასპინძელი, მთელ ბულგარელ ხალხთან ერთად, ამ ქვეყნის პრეზიდენტი - ვილკო ჩერელკოვი ყოფილა. (ბ-ნ ელგუჯას პირად ფოტოარქივში სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე).
საქართველოში უამრავი სიგელითა და პრიზით დაბრუნდა. არა მარტო სახელოვნებო სფეროში იმარჯვებდა, არამედ სპორტშიც. თუმცა, ერთხელ წესრიგის დარღვევისთვის კინაღამ უკან დააბრუნეს - „ნე ხაროში მალჩიკია“-ო. ჩხუბი არ შეიძლებოდა და ამიტომ აზერბაიჯანელ პიონერს შეურაცხყოფისთვის ცხვირში აჯიკა ამოუსვა. მაგრამ გადარჩა და ქვეყანაც ასახელა.
კადრი ფილმიდან „გაზაფხული გადის“
კინოში კი მოტყუებით მოხვდა:
„ძმაკაცმა შემაცდინა. დამირეკა და მითხრა: სტუმრები მყავს, ორი სახალხო არტისტი. ერთი - ბუხუტი ზაქარიაძე და მეორე რუსიაო, ამოდი და პურმარილი ამოიტანეო“.
ბატონმა ელგუჯამ მეგობარს გული არ გაუტეხა, თხოვნა შეუსრულა და სუფრაც გაიშალა. ასე მარტივად და ძველებურად ჩაივლიდა ყველაფერი, რომ არა იქ შეკრებილთა საიდუმლო მოლაპარაკება. კამერა სადღაც სიღრმეში დაუყენებიათ, უკვე ფოკუსდაყენებული. იცოდნენ, რომ ბ-ნი ელგუჯა სიმღერის დროს თვალებს ხუჭავდა. ამიტომაც, პირველი სინჯები სუფრაზე, მისგან ფარულად გაკეთებულა. გადაიღეს. პირველს მეორეც მოჰყვა. ისევ იმ მეგობარმა, გასპაროვმა მოატყუა. მაშინ თურმე ოდესაში ყოფილა. დაურეკავს და ბ-ნ ელგუჯასთვის ჩამოსვლა უთხოვია, ხულიგნები და ქუჩის ბიჭები მხვდებიან, მაწუხებენ და დამეხმარეო. მეგობარი იყო და უარს როგორ ეტყოდა. ოდესაში ჩასვლიდან რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა სომეხი მეგობრის გარშემო ვერც ხულიგანი იხილა და ვერც ქუჩის ბიჭი. დაეჭვდა და აი, ამ დროს გაიხსნა კვანძიც - იმ დროს ოდესაში ვასილ ლისენკოც იმყოფებოდა, რომელიც ფილმის გადაღებას აპირებდა. ასე მოხვდა უკრაინაში მეგობრის დასახმარებლად ჩასული ელგუჯა ბურდული ფილმ „განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი“-ს გადაღებებზე.
მერე თვითონ გასპაროვმაც გადაიღო ფილმში „დაივიწყეთ სიტყვა სიკვდილი“.
პირველი ფილმის გახსენებას ვთხოვ.
„ეს იყო ფილმი „რეისი პირველი, რეისი უკანასკნელი“. რუსული ფილმია, ქვემეხის მტყორცნელებზე. ერთი მძღოლი ასაკის გამო მიდის და მის ადგილს ახალგაზრდა მძღოლი იკავებს, საქართველოშიც გამოივლიან და გზად ჩვენს საძმაკაცოს აცნობს“.
მერე იყო სხვა ფილმებიც. მხატვრულები და სატელევიზიოები. მათ შორის, ყველაზე სასიამოვნო ტელეკომპანია „PTP“-ის მიერ კუბაზე გადაღებული „ადამიანი ამფიბიას“ სატელევიზიო ვერსია იყო. ფიდელ კასტროს უთქვამს, ტურისტი ყოველთვის მართალიაო.
კადრი ფილმიდან „უძინართა მზე“
კადრი ფილმიდან „გარიგება“
„საოცარი ადგილია კუბა. გეგონება, ამ კუნძულზე ხალხს არაფერი ადარდებს, არც უჭირთ, არავინ წუწუნებს, ნაწყენი კუბელი მე იქ არ მინახავს. დილიდან საღამომდე ერთობიან, მღერიან და ცეკვავენ. სინამდვილეში კი უჭირთ, თან ძალიან მაგრად უჭირთ. იქ ჯერ კიდევ კომუნიზმი რომ არის, უშიშროების ჯაშუშთა მუდმივი თვალთვალითაც იგრძნობა. გემზე რომ ვიყავით, იქვე კატერით რამდენიმე ადამიანი სულ თან დაგვყვებოდა“.
იყო ფილმი „კავკასიური საღამო“, რომელიც გერმანელებმა ლიტვაში გადაიღეს. ყველაზე დიდი ჰონორარიც ამ ფილმიდან აიღო.
საინტერესო გადაღებების თვალსაზრისით, საგანგებოდ არცერთ ფილმს არ გამოარჩევს, მაგრამ ყველაზე დიდი სითბოთი მაინც ქართულ კინოზე საუბრობს. „უძინართა მზე“, „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“... ასეცაა. ეს თბილი ფილმებია, ქართულად თბილი ფილმები. მაშინ მაყურებელიც ბევრად უფრო თბილი იყო.
ახალ ქართულ კინოზე გული წყდება, მაგრამ იმედს „გასეირნება ყარაბაღში“ და „თბილისი-თბილისი“-ს მოპოვებული პრიზები უღვივებს.
„როცა ანაპაში ჩვენი ფილმების წარმატების შესახებ გავიგე, სიხარულისგან იმდენი ვიყვირე, რომ მეორე დილას ხმა აღარ მქონდა“.
თუმცა მხოლოდ მსახიობობასა და გადასაღებ მოედანს როდი იხსენებს.
იყო მოცეკვავეც. სუხიშვილების ანსამბლში სამი წლის განმავლობაში ცეკვავდა, მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა და... ჰოკეისტიც იყო.
სვერდლოვსკის „სპარტაკიადაზე“ საქართველოს საკუთარი ჰოკეისტთა ნაკრები უნდა ჰყოლოდა. თუ სულ მოკლე დროში, ქართველი სპორტსმენები ყინულზე დგომას არ ისწავლიდნენ, სახელმწიფოს ჯარიმის სახით, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევდა. ამიტომაც სასწრაფოდ შეკრიბეს ახალგაზრდები, რომლებსაც გამოუცხადეს, რომ დღეიდან ისინი საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წევრები არიან. საქართველოში მუდმივი ყინული, და მით უმეტეს, მოედნისხელა ყინული, ალბათ, მილიონობით წლის წინათ, საერთო გამყინვარების შემდეგ არ ყოფილა. სად, სად თუ არა რუსეთში. ჰოდა, ჩვენი ნაკრებიც ჩრდილოეთისკენ დაიძრა. ბ-ნი ელგუჯაც იყო მათ რიგებში.
„ლუჟნიკის“ დაქირავებას და იქ ვარჯიშს დიდი თანხები სჭირდებოდა. იმხანად კი, ამ კომპლექსის გარეთ თურმე წყალს ყინავდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის გასართობად, სასეირნოდ და სასრიალოდ. ჩვენი ნაკრებიც თურმე აქ ვარჯიშობდა - რა სეირნობა, რის გართობა? დიდხანს ყინულზე ვერც ძლებდნენ და რომ არ გაყინულიყვნენ, ბევრს სვამდნენ. არაყს ბ-ნი ელგუჯას დახმარებით შოულობდნენ.
„ ბავშვობაში მაგრად დავრბოდი, რომელიმე რუს ჰოკეისტს გამოვიჭერდი და ბოთლ არაყზე ვენიძლავებოდი. თითქმის ყოველთვის ვიგებდი“.
ამის მერე, მოსკოვის ნაკრებმა 30:0 მოგვიგო, სომხეთის ნაკრებთან 11:1 ითამაშეს, და უკრაინასთან კი 15:7 წავაგეთ. მშვენიერი შედეგია „მზიანი“ საქართველოსთვის.
როგორც მოგახსენეთ, სიმღერა ბავშვობიდანვე დაიწყო, მაგრამ რომანსი განსხვავებული სიმღერაა. გადაღებების დროს მღეროდა, სუფრებზე. ისე, თავისთვის, ესტრადაზე გასვლა არასდროს არ უნდოდა, არც კონცერტებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ასე არ მოხდა. აწ გარდაცვლილმა რუსმა მსახიობმა კოსტპეტროვ სტეპანკოვმა სიმღერა „Зараза“ რომ აჩუქა და მერე ბ-ნმა ელგუჯამ თავის გემოზე რომ გადაამღერა. მერე იყო, რომ... მერე ის იყო, რომ სხვადასხვა კონცერტზე, ფესტივალზე იწვევდნენ. ძირითადად რუსეთში.
არის ასეთი კინოფესტივალი „ზოლოტოი ვიტას”, სადაც უმეტესად რელიგიურ თემაზე შექმნილ კინოპროდუქციას უჩვენებენ. თითქმის ყოველ წელს იწვევენ ბ-ნ ელგუჯას, რომელსაც რუსეთის ბევრ ქალაქში უწევს მოგზაურობა და სიმღერა: ირკუტსკი, ჩელიაბინსკი... სცენაზე გამოსვლამდე, ასე აცხადებენ:
„Сейчас выступит наш Гуджа Бурдули - Грузия!“ თან უჩვე ნებენ ნაწყვეტებს „მოცურავედან“, „უძინართა მზედან“... სიტყვა „გრუზიაზე“ ინგრევა დარბაზი, პარტერიდან ისმის შეძახილები:
კადრი ფილმიდან „კავკასიური საღამო“
„Грузия, мы вас любим ! Приезжайте по-чаще! Мы ваше кино любим! Мы и вас любим !“ - ასეთია რუსი ხალხის განწყობა.
„როცა რუსულ სიმღერას ვიწყებ, მეუბნებიან არა, ქართული იმღერეო“.
ქართველი შემსრულებელი უყვართ და, შესაბამისად, სიმღერაც ქართული უნდათ. გასაკვირი არაფერია.
მსახიობობაზე არ უოცნებია და უამრავ ფილმში გადაიღეს. კონცერტებზე გამოსვლა და ესტრადაზე სიმღერა თავში აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ფესტივალებსა თუ სხვა ღონისძიებებზე ხშირად იწვევენ. ალბომის ჩაწერაზე სერიოზულად არასდროს უფიქრია მაგრამ ისე მოხადა, რომ მოსკოვსა თუ სხვა ქალაქებში მისი ალბომები შავ ბაზარსა თუ აუდიო მაღაზიებში დღემდე იყიდება. ისტორია კი ასეთია:
ლადო ბურდულის დიდი ხნის მეგობარი, მუსიკათმცოდნე და კრიტიკოსი არტიომ ტროიცკი თბილისში ხშირად ჩამოდიოდა და უმეტესად მაშინ, როცა ბ-ნი ელგუჯა ქალაქში არ იყო. მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ, ზაფხულის ერთ თბილ საღამოს, დაბა წყნეთში, ვალერი კოჩაროვის აგარაკზე ერთმანეთს შეხვდნენ. სუფრას კოჩაროვი, არტიომ ტროიცკი და მისი მეუღლე და მამა-შვილი ბურდულები უსხდნენ. პირველმა ბაკურმა იმღერა, მერე კი არტიომს ძალიან მორიდებით უთხოვია: ბ-ნო ელგუჯა, ვიცით, რომ კარგად მღერით და იქნებ თქვენც იმღეროთო. მაშინ რა იცოდა ტროიცკიმ, რომ ბ-ნ ელგუჯას მოსმენის შემდეგ, თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდოდა.
კადრი ფილმიდან „გარიგება“
ბაკური, ლადო, მაკა, ინესა და გუჯა ბურდულები
კადრი ფილმიდან „რობინზონიადა“
„ვუთხარი, რა იყო, შვილთან მაჯიბრებთ-მეთქი?... ვიცი, რომ ტროიცკი ცნობილი კრიტიკოსია, მაგრამ მე რა მენაღვლებოდა. ვიმღერე რუსულად - „Сероглазая“. სიმღერა რომ დავამთავრე, გავხედე და ორივე არ ტირის?! არტიომაც და მისი ცოლიც! თურმე შვილი ჰყოლიათ „Сероглазая“.
ატირებულმა არტიომმა ბ-ნ ლგუჯას ალბომის ჩაწერა შესთავაზა. სად? მოსკოვში. ახ, მოსკოვში დიდი სიამოვნებით! მაინც მოსკოვია, თანაც კარგი იქნება. ბ-ნ ელგუჯას უნდა, რომ შვილიშვილებმა, იმათ შვილთაშვილებმაც მოისმინონ და იცოდნენ, როგორ მღეროდა ბაბუა ელგუჯა.
„ხომ უნდა დარჩეთ? იტყვიან, ბაბუაჩემი მსახიობი იყოო და ფილმებს ნახავენ, კარგადაც მღეროდაო და ჩანაწერებს მოუსმენენ”.
შვილიშვილებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათი ბაბუა დიდი რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც შეხვედრია ნიკიტა მიხალკოვის აგარაკზე და ნიკოლსონსაც, ბიძაშვილ შონ პენთან ერთად.
ბ-ნ ელგუჯას გული წყდება წარსულზე, მაგრამ მის დაბრუნებას არ ნატრობს. ყველაფერი უფლის ნებაა. წარსული წარსულია, იყო და აღარ არის.
ამაყობს ქართველობით და ცოტათი რეინკარნაციისაც სჯერა. თუ ღმერთის ნება იქნება და ჩემს სულს კიდევ დააბრუნებს დედამიწაზე, ისევ საქართველოში დავბრუნდები, ისევ ქართველობა მინდაო.
„ურთიერთობები შეიცვალა, ხალხი გადასხვაფერდა, ცოტათი გაბოროტდა და გაუხეშდა. უწინ უფრო მეტად უყვარდათ“...
ინტერვიუ უკვე დასრულებული იყო. მესხი ბურდულების ძველ, შავ-თეთრ ფოტოარქივს ახალი ციფრული აპარატით ფოტოებს უღებდა. მე კი წასასვლელად ვემზადებოდი, როცა ბ-ნმა ელგუჯამ გვერდით გამიხმო, სამზარეულოს ფანჯარასთან მივიდა, საკუთარი შეშუპებული თვალები თბილისის მოღუშულ, განაცრისფრებულ ცას მიაპყრო და მითხრა:
„ორ წელიწადში მღვდელი გავხდები, ჩემს სოფელში წავალ და იქ ვიქნები..“
სტიქაროსანი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ მღვდლობას თუ აპირებდა - არა. მერე ფანჯარას ხელი მიკრა და გააღო: „ნახე, ახლა მტრედები მოფრინდებიან“.
სულ ცოტა ხანში, ფანჯრის რაფაზე რამდენიმე გვრიტი მოფრინდა...
![]() |
8 ქაქუცისტები. IV თაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე/ფოტო არქივი
ნოე ჟორდანიამ საქართველო ბათუმის პორტიდან 1921 წლის 17 მარტს დატოვა. რუსეთის წითელმა ლაშქარმა საქართველო დაიკავა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოში დარჩა. პირველი მებრძოლი ჯგუფის შედგენას თითქმის ერთი წელი მოანდომა. ეს მაშინ, როცა საქართველოში მძაფრი ტერორი მძვინვარებდა. იჭერდნენ ყველას და დასაჭერთა სიაში ჩოლოყაშვილი პირველი ეწერა. დაგვიანება აღარ შეიძლებოდა და 1922 წლის 12 მარტს „საქართველოს შეფიცულებით“ ის ტყეში გავიდა. პირველი შეტაკება ბოლშევიკებთან ივნისში მოხდა. მალევე „ხევსურეთის აჯანყებაც“ მარცხით დამთავრდა. წითელმა ჯარებმა ხევსურეთი გადაწვეს, მაგრამ ჩოლოყაშვილის რაზმი ვერ მოსპეს... შეტაკებები შემოდგომაზე გაგრძელდა. ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლეს ჩოლოყაშვილის ძმა სიკო. მან ძმა ტყეში დამარხა და ბრძოლა განაგრძო... შემდეგი შეტაკების შემდეგ, დაატუსაღეს ქაქუცას მეუღლე და ორი პატარა ასული. გაშმაგებული ბოლშევიკები მისი ასულის ცოცხლად დამარხვას ითხოვდნენ. ეს აღარ მოხდა. სამაგიეროდ, დააპატიმრეს ჩოლოყაშვილის დედა, სიდედრი და სიმამრი. ეს უკანასკნელი 1924 წლის აჯანყების დროს დახვრიტეს კიდეც... ჩოლოყაშვილმა და მისმა რაზმებმა საქართველო მხოლოდ მაშინ დატოვეს, როცა 1924 წლის აჯანყება საბოლოოდ დამარცხდა. 1930 წელს ქაქუცა გართულებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
შალვა ამირეჯიბის წერილის მიხედვით.
„აი, სწორედ მაშინ დამიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი... რადგან ასე საქართველოში მისი ჩამოსვენება გაგვიადვილდებოდა.“
ალ. სულხანიშვილი, „ჩემი მოგონებანი“, სან ფრანცისკო, 1981 წ.
ანდერძი მხოლოდ 75 წლის შემდეგ, 2005 წლის 20 ნოემბერს შესრულდა. ლევილის საძმო სასაფლაოდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ქაქუცისტებმა ამოისუნთქეს. ოჯახის შინაგანი კომპლექსები მოიხსნა. უმძიმესი წარსულის კომპენსაციად, მათ ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა ერგოთ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირველი ფოტო სახლში 30-ოდე წლის შემდეგ გაჩნდა. თავიდან შიშით, მალულად და წამიერად გაელვებული აზრით: „ეს ის არის, ვინც...“ - ფოტოსთან განცდების მთელი ჯაჭვის და დიდი წარსულის იდენტიფიკაცია ხდებოდა.
შემდეგ მისი პორტრეტი კედელზე ჩამოკიდეს, სხვა ფოტოებიც მოიძიეს, წიგნები დააგროვეს, ერთმანეთის და წინაპრების მოგონებები შეკრიბეს. რეფლექსადქცეული შიშიც შემცირდა, მერე თითქმის ბოლომდე გაქრა. მხოლოდ ხუმრობის სახით თუ იჩენდა თავს საგვარეულო შეკრებებზე: „რამდენნი ვართ, არ დაგვიჭირონ!“
როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახში მესამე თაობა გაჩნდა, ტაბუ უკვე გაუქმებული იყო. გური ხუნწარია თითქოს ჩვეულებრივ ბავშვად დაიბადა. ყოველი შემთხვევისთვის, გვარი - ხუნწარია ამაზე მიუთითებდა. მაგრამ ამ ოჯახში ხომ მთავარი გვარი სულ სხვა იყო. სიძეებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, ფარულადაც და ღიადაც, 1924 წელსაც და 2005-საც აქ ყველაფერი „ქაქუცისტობით“ იზომებოდა.
ამიტომ გური ხუნწარიამ თავიდანვე იცოდა, რომ მისი დიდი პაპა ჩვეულებრივი პაპა არ ყოფილა. ის ყველაზე მაგარი კაცი იყო, ხმალსაც ყველაზე ღონივრად იქნევდა და ცხენითაც ყველაზე სწრაფად დაქროდა. დიდი პაპა ბავშვის წარმოსახვაში რეალურ სათავგადასავლო კინოდ და გამითებულ სინამდვილედ იქცა.
„ქაქუცა იმ დროიდანვე მახსოვს, როცა ბავშვის მეხსიერება გარემოს აღქმას იწყებს. თავიდან ბოლომდე მის შესახებ ბავშვობაში არაფერი მოუყოლიათ. ალბათ, უბრალოდ მითხრეს, შენი პაპა ქაქუცა, იცი, რა მაგარი კაცი იყოო? მერე მეც რაღაცეებს მოვკარი ყური და ქაქუცა ასე ამოვიჩემე. ბავშვობიდანვე მახსოვს ოვალური ფორმის ჩარჩოში ჩასმული გრაფიკული პორტრეტი, ოთახის კედლიდან რომ დამყურებდა. ჩამრჩა უფროსების დიალოგებიც ქაქუცას უფროს შვილთან, თამართან გამართული თავყრილობებიდან და დიდი პაპა ჩემთვის გმირად იქცა“.
გური ხუნწარია ქაქუცა ჩოლოყაშვილის უმცროსი ქალიშვილის ქეთიას შთამომავალია. უფროსის, ციცნას შვილიშვილი დავით კილაძეა.
ქეთია ერმილე ყირმელაშვილზე გათხოვდა, მისი ქალიშვილი მეგი - ხუნწარიაზე. როცა გური გაჩნდა, უკვე ის დრო იდგა, როცა 1924 წლიდან დაწყებული დევნითა და ტანჯვით, შიშითა და კომპლექსებით გაჩენილი საშინელი ტკივილი ქაქუცას სამ ქალს - მეუღლეს ნინოს და ქალიშვილებს თამარს (ციცნას) და ქეთევანს (ქეთიას) უკვე უშუშდებოდათ.
ნინო მეღვინეთუხუცესი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვაჟკაცი პაპის მესამე თაობაში გაჩენილი ბიჭი ვერ ხვდებოდა, რამ გადაიარა დედის, ბებიების და დიდი ბებიის ზურგზე, სამაგიეროდ იცოდა, რომ კედლიდან მომზირალი ულვაშიანი და ხანჯლიანი კაცი ყველაზე ძლიერი იყო.
„სულ ვცდილობდი, აქა-იქ ყურმოკრული ქაქუცას ცოლთან გადამემოწმებინა. წამდაუწუმ შევრბოდი მის ოთახში და ვეკითხებოდი: ბუბა, მითხარი, ცხენზე მაგრა იჯდა? ხმალს მაგრა იქნევდა? მახსოვს უფროსების რეაქციაც ამ კითხვაზე - გულიანად იცინოდნენ. ბუბა კი არაფერს მეუბნებოდა. ფეხები წართმეული ჰქონდა, იწვა ზამბარებიან საწოლზე, ეწეოდა უამრავ ტარიან სიგარეტს და თავისი ბოხი ხმით, ძირითადად რუსულად ლაპარაკობდა. ქაქუცაზე არაფერს მეუბნებოდა. მე კი დავხტოდი მის საწოლზე, ზამბარები ჭრიალებდა, და ვყვიროდი, მითხარი, მითხარი, როგორი პაპა იყო... როცა ზედმეტი მომივიდოდა, ოთახიდან გამომიყვანდნენ და გზაში მეწეოდა ანას ბოხი ხმა: „Оставьте ребёнка в Покое“. დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მახსოვს, რომ გავიგე ცუდად არისო, ალბათ, არ მინდოდა მისი არსად გაშვება და ოთახში მცველად დავუდექი. სტაფილოსფერი პლასტმასის ხმალი მქონდა, ამ ხმლით მის საწოლთან ვიდექი. ისიც მახსოვს, როგორ ძლივს დაიძახა ერთხელ, გაიყვანეთ ბავშვიო. ზუსტად არ მახსოვს, იმ ღამეს თუ მეორე დილას გარდაიცვალა. ქაქუცაზე ათი წლით უმცროსი იყო, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა“.
ნინო ერთ-ერთი უკანასკნელი რელიქვია იყო. შემდეგ ოჯახში დარჩა ორი ქალი - ორი შვილი, ციცნა და ქეთია და მათი გოგონები. მათგან უფროსს, მეგის დედის, დეიდის და ბებიის ტანჯვიდან უმცირესი, მაგრამ მაინც თავისი წილი ერგო. უფროსებისგან განსხვავებით, მეგიმ არც იცოდა, ვის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. მას არათუ არ ახსოვდა პაპა, მისი ფოტო პირველად 13 წლის ასაკში ნახა, როცა ოჯახის ახლობელმა მზია ბაქრაძემ ის საფრანგეთიდან ჩამოიტანა. მიუხედავად ამისა, მეგიც „ქაქუცისტად“ გაიზარდა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ფრანგულ სანატორიუმში
ქაქუცა ჩოლოყაშვილი პალატაში
ოჯახში არც წერილები ინახებოდა. თავის დროზე, თითოოროლა, ალბათ, მოდიოდა, მაგრამ მაშინვე ანადგურებდნენ. ფოტოებს კი არათუ ახლო ნათესავები, იმ შორეული ნაცნობების ოჯახებშიც წვავდნენ, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამო, წესით, დასაკითხად არც უნდა მისულიყვნენ.
„ამ ტაბუირებული წარსულის წყალობით, კომპლექსიც კი გამიჩნდა: როგორ, ასეთი მაგარი პაპა მყავდა და კაციშვილმა არ იცოდა მის შესახებ. ჩემი მეგობრები გაკვირვებულები მიყურებდნენ, როცა ქაქუცაზე ვყვებოდი. როცა პირველი წიგნები გაჩნდა, ყიდვა დავიწყე. მნიშვნელოვანი ლიტერატურაც არაფერი იყო, თუმცა, ამბების გაგების, სიტუაციების აღდგენის თვალსაზრისით, ძალიან მეხმარებოდა.
შოკისმომგვრელი იყო, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ერთ-ერთ დემონსტრაციაზე ქაქუცას ბაირაღი და პორტრეტი გამოფინეს. ხალხი იძახდა, ეს კაცი ვინ არისო. მე კი ვიდექი ჩემს მეგობრებთან ერთად და გადამეტებული სიხარულისგან სახეზე ხელი მქონდა აფარებული. ხალხის ცნობისმოყვარეობას მეგობრები აკმაყოფილებდნენ: „ვინ არის და ბაბუამისიაო“. სახელი და გვარი გვითხარითო - ისმოდა მერე. ვიღაცამ ვერსიაც შემოგვთავაზა, ალექსანდრე ბატონიშვილიაო. ვიღაცამ თქვა - არა, ქაქუცა ჩოლოყაშვილიაო. ეგ ვინღა არისო... ასე იყო - ძალიან ბევრმა არ იცოდა და ცოტამ იცოდა“.
შემდეგ ეს სიტუაციაც გამოსწორდა. 1989 წელს ქაქუცას პაპის სამოსახლოში, სოფელ მატაანში, პირველი ქაქუცობაც გაიმართა.
„ამ სოფელში ძალიან ლამაზი ჩოლოყაანთ ციხე დგას; დიდი ციხე დამრეც ფერდობზე, რომელიც ძალიან შორიდან, თითქმის ახმეტიდანაც ჩანს. გალავნის შიგნით ღვთისმშობლის შობის პატარა ეკლესია დგას, იქვე ცხოვრობდა ბოლოს ქაქუცას პაპიდა... ჩოლოყაშვილების სახლიდან კი ხელუხლებლად ერთადერთი კედელია დარჩენილი, დანარჩენი შემდეგ მიაშენეს, განაახლეს“.
ქეთიას ქალიშვილის, მეგის ოცნება - ბაბუის საფლავი ენახა პარიზში, პირველად მისმა ვაჟმა, გურიმ აისრულა. 1990 წელს გური ხუნწარია ლევილში ჩავიდა. ქაქუცას ნეშტის გადმოსვენების საკითხი, 1924 წლის შემდეგ, პირველად ასე რეალურად მაშინ დადგა. თუმცა, ემიგრანტების ნაწილი უარზე იყო. შვილიშვილს ბაბუის ნეშტი არ გამოატანეს. შემდეგ თემა 1997 წელსაც წამოტივტივდა, 2005 წელს კი ჩოლოყაშვილის შთამომავლების ოცნების ასრულებას წინ ვეღარაფერი დაუდგა. ამჯერად პარიზში ქალბატონი მეგი გაემგზავრა.
ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიც ქაქუცას გვერდიდან ბოლო წუთამდე არ მოშორებია, მის სიკვდილს ასე იხსენებს:
„...სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა... მერე გავედი და გარეთ დავჯექი... სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე შევედი. საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა. სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად, ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ჯვარი და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა. ჩამოხსენიო, - მითხრა, როგორც კი შევედი... „შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ, პატარა მაგიდაზე. ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისიაო. თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თავისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: „მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარი“-ო, ამაზე იყო იგი შეშფოთებული: „ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება“-ო...
იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, რომ მე და ვახტანგი მის პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. ჩვენ მაშინვე მივცვივდით. ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ის იყო უკანასკნელი ხმა ამ დიდი მებრძოლისა, რომელიც თვით სიკვდილსაც კი ვეფხვივით ებრძოდა!“
ალექსანდრე სულხანიშვილის ეს მოგონება მხოლოდ ერთერთია, რომელიც გური ხუნწარიას სახლში გაყვითლებულგაცრეცილ წიგნებში ინახება. აქ არ აქვთ ქაქუცას ნაქონი ნივთები (ერთადერთ ნივთს - მის ნაქონ ქამარ-ხანჯალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ძლივს მოუყარა თავი და 1988 წელს პაატა ნაცვლიშვილს სან ფრანცისკოდან თბილისში გამოატანა. ახლა რელიქვია ხელოვნების მუზეუმში ინახება). სამაგიეროდ, უკვე ბლომად აქვთ წიგნები, ფოტოები და ერთმანეთის მოგონებები, რომელთაც ყველაზე სათუთად უფრთხილდებიან. ამ ოჯახში დღემდე რეკავენ მოხუცი ახლობლებიც, განვლილი ცხოვრებიდან ახლად წამოტივტივებულ დეტალებს იხსენებენ და ქაქუცას პორტრეტს ახალ-ახალი შტრიხებით ამდიდრებენ: ოთახში ქალბატონი მეგი შემოდის, გურის გაიხმობს და ეუბნება: ახლა მარინა მხეიძემ დარეკა (სუხიშვილების პირველი ანსამბლის მოცეკვავემ) და ასეთი რამ მიამბო: „ქაქუცა უბადლოდ ცეკვავდა ქართულ ცეკვებს. სახლგანთქმული მოცეკვავე იყო. ჩვენ ერთადაც გვიცეკვია. წლების შემდეგ, პარიზში შევხვდი, იქაც გვთხოვეს, ერთად გვეცეკვა, ქაქუცამ კი მოგვიბოდიშა და უარი ამ მიზეზით გვითხრა: „Мои ноги только в Грузии танцуют“.
ასე შეგროვებული ეპიზოდებით, გური ხუნწარიამ ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელთაც ბოხხმიანი დიდი ბებო, ნინო, მდუმარედ ხვდებოდა. მაგიდაზე მიმოფანტული ყავისფერი ფოტოების ფონზე, მესამე თაობის შვილიშვილი ქაქუცას პორტრეტს ჩართული დიქტოფონისთვის სპონტანურად ასე აღადგენს:
„მისი ნივთებიდან არაფერი შემოგვრჩა. საშა სულხანიშვილის მოგონებიდან ვიცი ასეთი რამ: საშა გაჭირვებაში ჩავარდნილა, სწავლისას ბინის ქირას ვეღარ იხდიდა. ქაქუცას ერთი ძვირფასი სათუთუნე ჰქონია. საშას ამბავი რომ გაუგია, დაუბარებია, სათუთუნე მიუცია და უთქვამს: - აიღე ეს და სახლის პატრონს მიეცი; სანამ სწავლას დაამთავრებ, თავისთან გაცხოვრებსო.
...პაპაჩემი აჯანყების დამარცხებისთანავე არ გაქცეულა. დაახლოებით ათი დღე, თავისი რაზმით თბილისს უტრიალებდა, რითაც, ფაქტობრივად, სიკვდილს ეძებდა. ბოლშევიკებიც ღიად ვერ ებრძოდნენ, გააფთრებულ ხალხთან შეჯახებას ყველა ერიდებოდა. ბოლოს ქაქუცას შეუთვალეს, გაგატარებთ და შენ ოჯახის წაყვანის უფლებას მოგცემთო. ქაქუცამ პირობა წაუყენა, რომ მაშინ ყველა მისი თანმხლებისთვის ოჯახის წევრები უნდა გაეყოლებინათ. ბოლშევიკებმა წინადადება არ მიიღეს და ქაქუცამაც თავისი შვილი და ორი გოგონა - 7 წლის თამარი და 3 წლის ქეთევანი თბილისში დატოვა. დედა და შვილები, ქაქუცას სიდედრთან ერთად, მეტეხის ციხეში ჩასვეს, დაკითხვაზე სიარული პატარებსაც უწევდათ“.
ორი-სამი წლის შემდეგ, ოჯახის წაყვანის თემა დღის წესრიგში კვლავ დამდგარა. მაგრამ ამ ჯერზე ნინოს დედა გამხდარა ცუდად და მარტო ვერ დაუტოვებია. 1930 წელს ქაქუცაც გარდაიცვალა და ასე შერჩა მისი ცოლ-შვილი საქართველოს.
ომის პერიოდში ნინო და ციცნა აიყვანეს და ყაზახეთში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. ამ დროს ქეთია უკვე გათხოვილი იყო. სანამ ერმილე ყირმელაშვილი შეირთავდა ცოლად, სხვა საქმრო ჰყოლია, რომელსაც ქეთია ბოლო წუთს მიუტოვებია - გვარის და მამის გამო. ერმილე კი დიდი ქაქუცისტი ყოფილა. ამის გამო, იოსების მამა, ანუ, ქეთიას მამამთილიც დაუჭერიათ. ქეთიამ ამდენს ვეღარ გაუძლო, მოჰკიდა ხელი თავის ექვსი წლის მეგის და დედასთან და დასთან წავიდა. ოჯახი იქაც მძიმედ ცხოვრობდა. ერთხელ ციცნა ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა, რომ საჭმელში საწამლავი ჩაიყარა, თავსაც იკლავდა და დედას, დას და პატარა დისშვილსაც კლავდა. ბოლო წუთს უყვირია, არ ჭამოთო.
ოჯახი ექვსი წლის შემდეგ შეიწყალეს და დააბრუნეს. ნაქირავებ სახლებში ცხოვრობდნენ. ნინო ქარგავდა, ციცნა კერავდა და ამით გაჰქონდათ თავი. ზამთარში, როცა ძალიან ციოდა, დედაჩემი ბებიის მოქსოვილი და წელზე ჯვარედინად გაკრული შალით დადიოდა. ყველაფრის მიუხედავად, ქაქუცას არცერთ ქალს, არც მეუღლეს, არც ქალიშვილებს და არც შვილიშვილებს საყვედური არასდროს დასცდენიათ.
ეჭვქვეშ ქაქუცას არჩევანი არათუ მის ცოლს, სიმამრ-სიდედრსაც არასდროს დაუყენებიათ. ყველამ კარგად გაიგო, რომ ქაქუცამ, უბრალოდ, ამ საქმისთვის გადადო თავი. ერთხელ თურმე მეგობრებმა უთხრეს, რას აკეთებ, ბავშვები ცოდოები არ არიანო? ქაქუცას უპასუხია: არა უშავს, კერკეტი კაკლები გამოვლენო. ალბათ, როგორ უკვდებოდა გული, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. გმირად იყო დაბადებული. გმირი ან ხარ, ან - არა. მთელი ამ ამბიდან მისი სარგებელი მინუსებში თუ გაიზომება. არაფერი დარჩენია, მაუზერების ზუზუნის, მიწაზე ძილის, ტყეში კენკრით კვების, ჭრილობების, ცოლის და შვილების მუდმივი მონატრების, მათ წინაშე დანაშაულის გრძნობის და დამარცხების გარდა. მიუხედავად ამისა, ყველა მის გვერდით მყოფი ამტკიცებდა, რომ ქაქუცას ენერგია გადამდები იყო. ლაჩარიც რომ შესულიყო მასთან, უკან ლომივით გამოდიოდა - ისეთ ენერგიას ასხივებდა თურმე.
1945 წ. დასავლეთ ყაზახეთი, სოფელი შიპოვო, ციცნა, მეგი, ნინო და ქეთია
მეტეხის ციხიდან გამოსული ციცნა და ქეთია
ერთი მოხუცის ნაამბობი მახსოვს. აჯანყება უკვე დამარცხების პირას ყოფილა. შეთქმულთა იმედგადაწურული ჯგუფი ღამით ერთ სახლში იმალებოდა. კრიჭაშეკრულები ისხდნენ, ცახცახებდნენ და ქაქუცას ელოდებოდნენ. თან ვარაუდობდნენ, ალბათ გაბურძგნული წვერით მოვა, მოუვლელი და დაღლილიო. უცებ ჩოჩქოლი ამტყდარა, ვიღაცამ დაიძახა, ქაქუცა მოვიდაო და შემოსულა გაწკიპინებული, ევროპულ სმოკინგში გამოწყობილი, სუფთად გაპარსული წვერით და ხელჯოხით, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ხმლად გადაკეთდებოდა ხოლმე და ფარიკაობისთვის იყენებდა... თავისი გარეგნობითაც კი ამხნევებდა სხვებს. თვალებაციმციმებული, სიხარულით დადიოდა, სხვანაირად ამდენ რამეს ვერ გაუძლებდა.
კეთილი კაცი ყოფილა. დანარჩენები ტყვეების დახვრეტას ითხოვდნენ ხოლმე. ქაქუცა კი იცავდა, არავის ხვრეტდა.
სამართლიანიც იყო. ერთ კნიაზს ასე უხუმრია: მუშა დაიქირავა, ზურგზე გადააჯდა და მეოთხე სართულზე, ერთ-ერთი თავადის სახლში გამართულ წვეულებაზე ასე გამოცხადდა. ქაქუცამ რომ ეს დაინახა, კნიაზს ჩამოსვლა უბრძანა, მუშას კი უთხრა, მოაჯექი ზურგზე შენს ბატონს და ქვევით ჩააყვანინე თავიო, მერე გაოგნებულ თავადს მიაძახა - უკან შენი ფეხით ამოდიო.
როგორც მიყვებიან, კარგი გარეგნობის კაცი ყოფილა. წვრილი წელი ჰქონია და განიერი მხრები. ყოველთვის წელში გამართული იჯდა. სიმღერა, ცეკვა და კარგი ქეიფი უყვარდა. ბებიაჩემი ნინო იხსენებდა, ქალები სულ თვალებს უჟუჟუნებდნენო. წავიდოდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სადმე მეჯლისზე. ქაქუცა მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. ნინო იტყოდა, „Какуц, мне плохо“-ო, ეს გახედავდა გოროზი მზერით, არაფერს ჰკითხავდა, გარეთ გავიდოდა, „Кучер“-ო, გასძახებდა და ცოლს სახლში გააგზავნიდა. თვითონ, მეგობრებთან ერთად, ორი-სამი დღით დაიკარგებოდა, მაგრამ გართობის გამო, საქმეს არასდროს ღალატობდა. როცა აჯანყებისთვის მზადება დაიწყო, „საქართველოს შეფიცულებს“ ორი მთავარი მუხლი შეუდგინა: მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ არ ჰქონდათ დათრობის და ქალებთან გართობის უფლება.
გური ხუნწარია ოჯახთან ერთად. ქეთევან, ელისაბედ და ანა ჩოლოყაშვილები
1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველო ბოლომ დატოვა.
სამშობლოს 2005 წლის ნოემბერში დაუბრუნდა. ანდერძი 75 წლის თავზე ასრულდა. წარსულიც ნაწილობრივ მეორდება - დღესაც, მის ოჯახში ორი პატარა გოგო იზრდება, ანა და ელისაბედი, ოღონდ გვარად ხუნწარიები. გურის კიდევ უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან. ორ ნაბოლარაზე ასე ამბობს: „ამ ბავშვებს რომ უყურებთ, ერთი ბაბუა ქაქუცა ჰყავდათ, მეორე, დედის მხრიდან - ქრისტეფორე კათოლიკოსი“.
გოგოებმა ეს ყველაფერი იციან. რეალური ლეგენდებითა და გამითებული ისტორიული ფაქტებით, მათი ბავშვური შთაბეჭდილებები თვითნებურად იქმნება. დიდი პაპა კვლავაც კედლიდან იყურება, ოღონდ ძველი დროებისგან განსხვავებით, პატარებს ქაქუცას სახელით თავმოწონება აღარ ეკრძალებათ.
ასეთი მაგარი გოგოები არიან ქეთევანი, ელისაბედი და ანა - ქაქუცისტების მეოთხე თაობიდან.
ინტერვიუს ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
![]() |
9 სპეც-პროექტი: პრაღა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი
კაფკას სახლ-მუზეუმი
„რექვიემის“ ფონზე
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბავშვობა საერთოდ არ მქონია. ყოველ შემთხვევაში, ვერაფრით ვიგონებ იმ პერიოდს, ზღაპრებს რომ მიყვებოდა ვინმე. მგონი, ყოველთვის მძულდა ზღაპრები და ამიტომ არ მიამბობდნენ.
საბჭოთა ეპოქაში, ეგრეთ წოდებული ცენტრალური ტელევიზიით გადაცემა გადიოდა, ასეთი სახელწოდებით - „В гостях у сказки“. (შეიძლება დღესაც გადის). ბავშვები ზღაპრებს უყურებდნენ და მერე ზღაპრის პერსონაჟებს ხატავდნენ. სიცოცხლე აღარ მინდოდა, ეგ გადაცემა როცა იწყებოდა ხოლმე. ახლა არ მახსოვს, რა მაღიზიანებდა - ზღაპრებზე მსჯელობა, ბავშვების ნახატები თუ საბჭოთა ფილმები, რომელსაც ამ გადაცემაში უჩვენებდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ კომუნისტური ეპოქის კინოზღაპრების აბსოლუტური უმრავლესობა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღაში იყო გადაღებული.
პრაღაში პირველად მაშინ მოვხვდი, როცა საბჭოთა კავშირი გაგანია „პერესტროიკით“ ცხოვრობდა. ჩვენში უკვე შეიძლებოდა თავისუფლად ლაპარაკი, აქ კი - არა. ფირფიტების მაღაზიაში ჩემი საყვარელი მომღერალი, ედიტა გრუბეროვა ვიკითხე. მომეჩვენა, რომ გამყიდველს ეს გვარი გაგონილი არ ჰქონდა. დავუკონკრეტე, „ემიგრანტკა“... ამ სიტყვის გაგონებაზე ფერი ეცვალა და ადმინისტრატორი მოიხმო. კინაღამ დამაპატიმრეს.
ვაცლავის მოედანი, პრაღა
მეორედ აქაურობას 90-იანი წლების დასაწყისში ვესტუმრე. საბჭოთა ჯარები ჯერ კიდევ იდგნენ პრაღაში, ამიტომ აქ უვიზოდ ჩამოსვლა შეიძლებოდა. მაშინ ერთი მაღაზიის შესასვლელში ქართული წარწერა დავინახე: „სერვიზი „მადონა“ არ გვაქვს!“ როგორც ჩანს, იმ ქართველების საყურადღებოდ გააკრეს, შოფ-ტურებს რომ აწყობდნენ ჩეხოსლოვაკიაში. თანაც, ქართულად დაწერეს. რუსულ ენას აქ 1968 წლის აგვისტოს შემდეგ არ წყალობენ.
მერე მილან კუნდერას „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ წავიკითხე. ამავე სახელწოდების ფილმიც ვნახე, დენიელ დეი-ლიუისითა და ჟულიეტ ბინოშით მთავარ როლებში. გაუთავებლად შემეძლო ლაპარაკი იმ სტუდენტებზე, რომლებმაც პრაღაში, საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგ, ვაცლავის მოედანზე თავი დაიწვეს. დღესაც შემიძლია ტომები დავწერო ეგრეთ წოდებულ „ადამიანურ სოციალიზმზე“, პირადად ჩემთვის, იდეალურ პოლიტიკურ სისტემაზე, რომლის აშენებასაც ცდილობდა დუბჩეკი 60-იან წლებში და რომლისგანაც ბევრი, ძალიან ბევრი რამ გადაიღო ვაცლავ ჰაველმა.
მაგრამ პოლიტიკით თავს არ შეგაწყენთ. მით უმეტეს, საქართველოში სიტყვა „სოციალიზმი“ ხალხში ძალიან ცუდ ასოციაციებს აღძრავს.
არც პრაღის ღირსშესანიშნაობებზე ვაპირებ წერას. აქაურ არქიტექტურულ ძეგლებზე იმდენი დაწერილა, რომ მე რაღა უნდა დავამატო?
თუმცა, ბოდიში... მგონი, ზღაპრებით დავიწყეთ. პრაღა კი იმიტომ იქცა კინოზღაპრების დეკორაციად, რომ ზღაპრული არქიტექტურით გამოირჩევა. მე კი სწორედ ამ „ზღაპრული არქიტექტურის“ გამო ვერ ავიტანე ეს ქალაქი.
ვერ ავიტანე და, ბედი არ გინდა? მაინცდამაინც აქ და არა, მაგალითად, ჩემს საყვარელ ბუდაპეშტში, გაიხსნა „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ბიურო, რომელსაც ჩვენ, რადიოს თბილისელი თანამშრომლები ვემორჩილებით.
ვინც პრაღასა და ბუდაპეშტში ნამყოფია, აღმოსავლეთ (დღეს უკვე ცენტრალური) ევროპის ამ ორ ქალაქს აუცილებლად შეადარებს ერთმანეთს. დაგეგმარებაც მსგავსი აქვთ, დიზაინიც. მაგრამ განსხვავებაც აშკარაა - ბუდაპეშტი, თავისი გრანდიოზული დუნაით, უზომოდ ბევრი სივრცით და ჩემი საყვარელი „ტუროშ ტაშკათი“ („ხაჭოს ჩანთა“), ფენოვანი ნამცხვრით, რომლის მსგავსი მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ ცხვება. და პრაღა - თავისი პატარა ქუჩა-ლაბირინთებით, ინფანტილური კოშკებით და უზარმაზარ შოპინგად ქცეული ვაცლავის მოედნით... ადგილს, სადაც 1968 წელს სისხლი დაიღვარა, დღეს ექვსსართულიანი მაღაზია „ბატა“ (ჩეხურად „ბატია“ - მისი მფლობელი ჩეხი ყოფილა) გადმოჰყურებს. მოგწონთ „ბატას“ ფეხსაცმელი?
პრაღა, 25 თებერვალი, 1988 წელი. ფოტო: კარელ კუდლინი
კადრი ფილმიდან „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“
კარლის ხიდი
სულ მიკვირდა, რამ გააგიჟა მარინა ცვეტაევა, პრაღაში მინდა, პრაღაში მინდაო, რომ გაიძახოდა. არ შეეშინდა, ძველი ქალაქის ოღრო-ჩოღრო ქუჩებში როცა დაიკარგა? ამ ლაბირინთიდან გამოძრომას ხომ ვერაფერი შველის - ვერც ძველი კოშკების შპილები, ვერც მდინარე ვლტავა. მართლაც, ფრანც კაფკად გაქცევს ეს კლაუსტროფობიული სივრცე, ხოჭო - ურჩხულად მოგეჩვენება!
გსიამოვნებთ, როცა გეშინიათ?
საშიში და „შავი“ ლეგენდები, იცოცხლე, მაგრად ყვარებიათ ჩეხებს.
აი, თუნდაც „ასტროლოგიური საათი“ ავიღოთ ძველ პრაღაში. ათასობით ტურისტი ყოველ ერთ საათში ერთხელ იკრიბება 600 წლის წინათ შექმნილ ატრაქციონთან. ყველაფერს შეიტყობთ ამ საათზე - მთვარის ფაზებს, მზის მდებარეობას, ვარსკვლავების განლაგებას. ყველაფერს, გარდა იმისა, თუ რომელი საათია... ლეგენდის თანახმად, საათის ამწყობმა, პანუშმა შეიტყო, რომ ქალაქის ხელისუფლება მის დაბრმავებას აპირებდა, რათა მას სხვა ქალაქებისთვისაც არ შეექმნა ასეთი სასწაული. პანუშმა კოშკში შეაღწია, საათის რთული მექანიზმი მოშალა და მოკლული „შვილის“ გვერდით, სასიკვდილოდ დაეცა. მას მერე, პანუშის საათის მექანიზმის საიდუმლოს გასაგებად და ასტროლოგიური საათის ხელახლა ასამუშავებლად, პრაღას ერთი საუკუნე დასჭირდა.
ანდა, პრაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - კარლის ხიდი ავიღოთ - 500 მეტრი სიგრძის ნაგებობა, ქანდაკებებით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ დიდ მუზეუმს დაამშვენებდა. პრაღის მთავარი ხიდი თურმე 100 წელი შენდებოდა, მაგრამ მისი ფუნდამენტი ვერა და ვერ გაამაგრეს. ბოლოს, საძირკველს მოხარშული კვერცხები ჩაუდეს და ხიდი გამაგრდა. რეალისტური ლეგენდაა, არა?
პრაღის „სტაროე მესტოს“ ქუჩა -ლაბირინთები
პრაღის სატელევიზიო ანძა
ფაუსტი
ნუ იღიმებით, „კვერცხების ამბავს“ შუა საუკუნეების მეცნიერები ადასტურებენ. უფრო სწორად, ასტროლოგები და ალქიმიკოსები, რომლებიც პრაღაში მეცნიერებზე უფრო მეტად ფასობდნენ. ისინი ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობდნენ, რათა ამა თუ იმ ვარსკვლავის ქვეშ, ზუსტად მოეძებნათ ადგილი. ჩეხი მონარქები პირადად პატიჟებდნენ მათ თავიანთ სასახლეებში, დიდძალ ფულს უხდიდნენ, ლაბორატორიებს უშენებდნენ, რათა უკვდავების წამალი გამოეგონებინათ. რატომ სურდათ ჩეხებს უკვდავება ასე ძლიერ? რატომ დაიბადა ფაუსტი მაინცდამაინც პრაღაში? რატომ გესმის აქ განუწყვეტლივ მოცარტის „რექვიემი“? პირდაპირ ყურებში „ჩაგძახის“ ეს მუსიკა მაშინაც კი, როცა „სტაროე მესტოს“ ლაბირინთში იკარგები, ბინდბუნდში (პრაღაში „რბილი“ განათება უყვართ) რუკას მისჩერებიხარ და გასასვლელს ვერ პოულობ.
კაფკა - ჯანდაბას მისი თავი, რილკე, ცვეტაევა, მერე მუხა... ყველანი ცოტათი შერეკილები იყვნენ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პრაღაზე შეიშალნენ. სწორედ მათი ქალაქის სანახავად ჩამოდიან აქ ტურისტები (პრაღა მსოფლიოს იმ ათ ქალაქში შედის, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტი ჩადის). მაგრამ მოცარტმა რაღა დაკარგა ამ ქალაქში?
ამაზე ხშირად მიფიქრია, თუმცა პასუხს, მგონი, პირველად მივაკვლიე, როცა დათო მესხთან ერთად, „ცხელი შოკოლადის“ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე; როცა პირველად ვიხილე შემოდგომა პრაღაში - „ზლატა პრაღა“!
ყველაზე დიდხანს მესხმა პრაღის სატელევიზიო ანძასთან აჩხაკუნა თავისი კამერა. ეცინებოდა ამ უზარმაზარ ურჩხულზე, რომელსაც დიდთავიანი ბავშვები მიუყვებიან.
პრაღის უბანი „ჟიშკოვი“
ბავშვების ქანდაკებებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
შუაღამეზე, პროლეტარული რაიონის, ჟიშკოვის შესასვლელში დადგმულ სატელევიზიო ანძას თუ დაინახავთ, შეიძლება გული გაგისკდეთ ამ მახინჯი ბალღების დანახვაზე - ზოგი ანძაზე რომ ადის, ზოგი კი ქვევით მოცოცავს.
მესხი მოკვდა სიცილით. სიცილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია და შიშის გადასალახავად საუკეთესო საშუალებაა.
ამის მერე, აღარც ჟიშკოვში გასეირნების გეშინია („ბოშებითაა დასახლებული!“ - აფრთხილებენ ტურისტებს პრაღელები). მიუყვები მის ქუჩებს, ჩვენს „სოლოლაკს“ რომ მოგაგონებს, შედიხარ აქაურ ლუდხანებში, სადაც ვეღარ ხედავ „ზღაპრული პრაღის“ სანახავად ჩამოსულ ტურისტებს და რწმუნდები: იმისთვის, რომ გაიგო როგორია ქალაქი, მის ცენტრს უნდა მოშორდე, უნდა გაარღვიო შოპინგად ქცეული სივრცე (ფოტოაპარატებით შეიარაღებული ტურისტები ხომ თავისებური „მყიდველები“ არიან - ისინი ხომ ქალაქის ეგრეთ წოდებულ „ღირსშესანიშნაობას“ ყიდულობენ). მერე კი, როცა ქალაქს დაინახავ და არა ქალაქის გაპრიალებულ ვიტრინას, შეიძლება სულ სხვა თვალით შეხედო იმას, რაც არ მოგწონდა, რაც გაშინებდა, ხელოვნური და ბუტაფორული გეგონა.
წელს პირველად მივხვდი - ზომიერება, ყოველთვის რომ მაღიზიანებდა პრაღაში - ზომიერი არქიტექტურა, ზომიერი ხალხი, ქმნის ქალაქს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზეა „გამოჭრილი“. ამიტომაც უწოდეს ჩეხებმა თავიანთ რევოლუციას „ხავერდოვანი“, თავიანთ სოციალიზმს კი - „ადამიანური“. მაგრამ ჩვენ, და არა მარტო ჩვენ, ხომ გადაჩვეულები ვართ ასეთ ზომიერებას; ჩვენ ხომ ვნებები გვინდა, ხმაური. სიტყვა „სოციალიზმი“ ხომ (თუნდაც „ადამიანური“) ძალიან ცუდ ასოციაციებს აღძრავს ჩვენში.
არა, პოლიტიკაზე არაფერს დავწერ. მხოლოდ ლიტერატურულ კაფე „სლავიაზე“ მოგახსენებთ, - იმ კაფეზე, სადაც, როგორც ამბობენ, „ხავერდოვანი რევოლუცია“ დაიგეგმა, რომელსაც ვაცლავ ჰაველის ფოტოები ამშვენებს, რადგან ჩეხეთის ახლა უკვე ყოფილ პრეზიდენტს ძალიან ყვარებია „სლავიაში“ ყავის დალევა.
ლიტერატურული კაფე „სლავია“
„სლავია“, ოცი წლის წინ, ერთმა კერძო პირმა იყიდა, მაგრამ ახალი მეპატრონე მის გახსნას არ ჩქარობდა, ელოდებოდა, როდის გაიზრდებოდა ფასები უძრავ ქონებაზე. ხალხმა ხმაური ატეხა, საქმეში თვით ვაცლავ ჰაველი ჩაერია, მაგრამ ამაოდ. 90-იანი წლების დასაწყისში, პრაღაში ხმაურიანი სასამართლო გაიმართა, რომელმაც ქალაქს თავისი ეს მარგალიტი დაუბრუნა.
დიახ, „სლავია“ ნამდვილი მარგალიტია. ჩემი აზრით, სწორედ ეს ლიტერატურული კაფე და არა, მაგალითად, ჩეხი მეფეების გაპრანჭული სასახლე გამოხატავს პრაღის ხასიათს. უზარმაზარი დარბაზი ყოველთვის გადაჭედილია ხალხით, მაგრამ ისეა დაგეგმარებული, რომ არავინ გაწუხებს - გგონია, რომ მარტო ხარ.
პრაღაში რომ ვცხოვრობდე, „სლავიაში“ დავსახლდებოდი!
და აქაური „ვაშლის შტრუდელი“?! ვერ წარმოიდგენთ, როგორია! არაფრით ჩამოუვარდება ბუდაპეშტის „ტუროშ ტაშკას“.
პრაღა არაფრით ჩამოუვარდება ჩემს საყვარელ ბუდაპეშტს!
არ ვიცი, რატომ მომეწონა ასე 2005 წლის შემოდგომაზე „ჩეშკას“ დედაქალაქი? ვიღაცამ თქვა, ასაკში რომ შედიხარ, ბავშვობაში
ბრუნდებიო.
მალე, ალბათ, ზღაპრების კითხვასაც დავიწყებ. ერთი უნდა გავიგო, ისევ ხომ არ გადის „В гостях у сказки“ რუსეთის არხებზე?
ლიტერატურული კაფე „სლავია“
![]() |
10 კარელ კუდლინი: „ფოტოგრაფია-კონტაქტია“ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: კარელ კუდლინი
თავისი პერსონალური ვებსაიტის (www.cudlin.com) მთავარ გვერდზე დაბეჭდილ ფოტოზე, ისე მოიხურა პალტო თავზე, თითქოს პრაღაში კი არა, სადღაც, ჩრდილოეთ პოლუსზე იყოს. მაგრამ მთლად ვერ დაიმალა კაპიუშონადქცეულ პალტოში, სიცივისგან მობუზულმა ცხირ-პირი სასუნთქად გამოყო, თვალი კი - დასანახად.
ცხვირ-პირიც შეეძლო დაემალა. იგი ხომ მზერით სუნთქავს და ერთი თვალიც ჰყოფნის იმისთვის, რომ დაინახოს, ვინ რას წარმოადგენს. ამ ფოტოზე ცოტა შეშინებული მზერა აქვს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ ენდობა. პირიქით, ცდილობს ყველაგან და ყველაფერში რაღაც კარგი აღმოაჩინოს და ეშინია, მთლად შერეკილად არ გამოვაცხადოთ.
კარელ კუდლინი ნამდვილად არ არის ფრანც კაფკას გმირი. უკვირს კიდეც იმ ხალხის, ვინც სამყაროს ლაბირინთად აღიქვამს, ვისაც სივრცეში გადაადგილება პანიკაში აგდებს. ამბობს, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობს, არაფერს გეგმავს, თუმცა ოცნება უყვარს - მოგზაურობას ნატრობს.
ფოტოგრაფია მისთვის „ვიზუალური დღიურია“, რომელშიც კარიკატურული პერსონაჟები არ ხვდებიან, მაშინაც კი, როცა საზოგადოებაში ასეთ სურათებზე დაკვეთა იზრდება.
ხალხს უყვარს, როცა ფოტოგრაფი ვიღაცაზე ქილიკობს. განსაკუთრებით „საერთო მტერზე“.
პრაღა. 1984
ჩეხები, მაგალითად, დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ კომუნიზმის ეპოქა კარიკატურის ჟანრში უნდა გადაწყდეს, უნდა „ვიღადაოთ“ ამ სიცრუეზე, დღეს უკვე არარსებულ სახელმწიფოზე - ჩეხოსლოვაკიაზე. მაგრამ კუდლინი „ბაზრის“ მოთხოვნას არ ემორჩილება. მისი „კომუნისტური პრაღა“, - შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც, როგორც თავად ამბობს, „მეორე ხავერდოვან რევოლუციამდე“, ე.ი. 80-იან წლებში გადაიღო, - იმდენად „ჩუმია“, იმდენად მოკლებულია ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ აფორიაქებულობას, ყვირილისგან ხმაჩაწყვეტილ პერსონაჟებსა და პუბლიცისტურ პათოსს, რომ გეგონება ფოტოგრაფი კომუნისტურ პრაღაში კი არა, შავ-თეთრ კუნძულზე ცხოვრობს, სადაც დრო დიდი ხანია გაჩერებულია.
პრაღა. 1981
ანდა, ამ საბჭოთა ჯარისკაცებს შეხედეთ - საბჭოთა არმიის ნაწილებს, რომელიც კუდლინმა მაშინ გადაიღო, როცა ეს ხალხი ჩეხოსლოვაკიას ტოვებდა; როცა ისინი კინწისკვრით გააგდეს ქვეყნიდან.
მაგრამ კარელ კუდლინი არც აქ ქილიკობს.
„ოკუპანტები უნდა გადავიღო“, - ვეუბნებოდი ყველას, როცა კამერა მოვიმარჯვე და საბჭოთა ჯარისკაცების გადასაღებად გავემართე. მაგრამ მერე, უბრალო ჯარისკაცები გავიცანი და მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი აქ ვიღაცამ გამოაგზავნა და მათთვის აქ ყოფნა უფრო მძიმე იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სამსახური“.
პრაღა. 1998
ამას გვიყვება და თითქოს ამაყობს თავისი კლასიკური აპარატით („ციფრული“ ნერვებს უშლის), რომელმაც სხვანაირად დაანახა ეს ხალხი.
წარმოიდგინეთ: მოგცეს კამერა, გთხოვეს ახალქალაქში წასვლა და რუსული არმიის უკანასკნელი ნარჩენების გადაღება. „აბჯარი“ გახდება თქვენი აპარატი, აბა რა! ფოტოებით იძიებთ შურს მათზე, ვინც სიცოცხლე გაუმწარეს თქვენს ხალხს!
ან ისინი როგორ შეგხვდებიან, დამარცხებულები და შეურაცხყოფილები? თქვენი „აბჯრის“ დანახვაზე, ეგრევე იარაღზე გაიკრავენ ხელს. ისედაც მიდის, ისედაც ემშვიდობება დაპყრობილ მამულს, შეიძლება აიძულონ, რომ იარაღს სამუდამოდ დაემშვიდობოს და თქვენ ეს გინდათ გადაიღოთ? ეს გინდათ დაუტოვოთ ისტორიას?
პრაღა. 1984
პრაღა. 1985
„პრობლემები მქონდა ოფიცრებთან, ეშინოდათ, რამე ცუდი არ გადამეღო, ან, როგორც თავად აღნიშნავდნენ, სხვანაირად არ გადამეღო. ნახევარი საათი მომცეს. მერე ნახეს სურათები და მიხვდნენ, რომ მტერი არ ვარ“, - ამბობს კარელი და იღიმება.
მერე კი გვაკვირდება, როგორ ვათვალიერებთ ამ სურათებს, როგორ აღვიქვამთ 1991 წელს გადაღებულ ამ „საერთო მტერს“. ერთი წელი იღებდა ამ ხალხს, აქაც შეჩერებულ დროს აღბეჭდავდა. მერე ჯარისკაცები წავიდნენ და ამ ბანაკებში ლტოლვილები დაასახლეს - ავღანელები, რუსები, უკრაინელები.
„მოვასწარი და ის რამდენიმე დღე გადავიღე, როცა ლტოლვილები და ჯარისკაცები ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდნენ. საბჭოთა ჯარისკაცები და ის ხალხი, ვინც „ჯარისკაცულ სისტემას“ გამოექცა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის არ იყო დიდი განსხვავება. ბანაკის ყოფამ ყველა გააერთიანა“.
პრაღა. 1988
მას, საერთოდ, ასეთი, გაერთიანებული სამყარო უფრო უყვარს, ვიდრე დაშლილი და დაქუცმაცებული. „ხავერდოვანი რევოლუციის“ სერიაც, შესაძლოა, იმიტომ გადაიღო, რომ ხალხი ერთად იყო მაშინ... თანაც, ვის გვერდით! არა ყვირილისგან ხმაჩაწყვეტილი ბელადის, არამედ ჩუმი და ჩაფიქრებული ვაცლავ ჰაველის გვერდით.
„რევოლუციის გადაღება განსაკუთრებით საინტერესოა, თქვენ მაინც ხომ იცით, ქართველებმა?“
გვინდა ვუთხრათ, რევოლუციას და მის ბელადს გააჩნია... მაგრამ ისეთი აღფრთოვანებით ყვება თავისუფლებაზე, რომელიც ჩეხებმა კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ მოიპოვეს, რომ არ ვაწყვეტინებთ
„პრაღა ძალიან სწრაფად იცვლება, ყოველი დღე გადასაღებია“.
პრაღა. 1983
პრაღა სახეს იცვლის. მაგრამ კარელ კუდლინს ისევ შავ-თეთრი კუნძულები იზიდავს; იქ, სადაც დრო გაყინულია, ადამიანებს უკეთ აქვთ გააზრებული, თუ რა უნდათ და როგორ უნდა იცხოვრონ.
„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჯერ კიდევ არის ასეთი ადგილები. 90-იან წლებში, როცა ჩეხებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოგვცეს, ჩემი კოლეგები დასავლეთში გაიჭრნენ. მე კი უკრაინის მთიან სოფლებში ვიმოგზაურე. აქ ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი რაღაცეების ნახვა, რაც თანამედროვე სამყაროში აღარ არსებობს“.
ისევ „კაპიუშონში“ უნდა დამალვა? ისევ სითბოსა და სიმშვიდეში ლივლივს ნატრობს? ამას რა ჯობია, დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნო სხეული და მხოლოდ თვალს მისცე „გადაადგილების“ საშუალება?
მილოვიჩე, ბოჰემია. 1991
„კომუნისტების დროს, ემიგრაციაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ მოხუცი მშობლების მიტოვება არ შემეძლო. მერე ერთმა მეგობარმა, რომელიც დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა, 80-იანი წლების ბოლოს მითხრა, ჯობია აქ დარჩე და გადაიღო, დასავლეთში ცხოვრება ძალიან გაძნელდაო“.
გაძნელდა ფოტოგრაფებისთვისაც. მით უმეტეს ისეთი ფოტოგრაფებისთვის, როგორიც კუდლინია. იგი ხომ არც „სოციალურ ჟანრში“ მუშაობს, რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციიდან რომ მიიღოს დაფინანსება და კომერციულ ფოტოგრაფიასაც გაურბის - სარეკლამო ფოტოს მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ახსენდება, რომ ასე, „კაპიუშონში“ დამალული, ოჯახს (ცოლი მხატვარია. ისრაელში მოგზაურობის დროს გაიცნო) ვერ გამოკვებავ.
„ევროპაში ფოტოს გაყიდვა დღეს ძნელია. ამერიკაში ან იაპონიაში კიდევ იყიდება, მაგრამ აქ - არაფერი“.
გვინდა ვკითხოთ, რატომ „არაფერი“? კუდლინის ფოტოები ხომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო სამხატვრო დარბაზებს ამშვენებს - კიოლნში, ლოზანაში, ლონდონში, ბერლინშია გამოფენილი... მაგრამ ვერ ვეკითხებით, ვგრძნობთ, რომ არ უყვარს წარმატებებზე საუბარი.
პრაღა. 1979
„მე ვარ გამოჩენილი ფოტოგრაფი? ნუ აჭარბებთ. სხვა სიტყვა მოიფიქრეთ!“
მაგრამ ისე დავშორდით, რომ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრეთ. მისი ვებსაიტი რომ ვნახეთ, მაშინ მივხვდით მხოლოდ - ეს 45 წლის კაცი ძალიან მორცხვია და „კაპიუშონში“ იმიტომ იმალება.
მოკლედ, ტიპიური პრაღელია. არ ხმაურობს, არ გეძახის, მაგრამ არც გემალება. გიყურებს და შენგან ელის მოქმედებას. მისი მიზანი ურთიერთობაა და არა, მაგალითად, ლუდვიგის გალერეაში დამკვიდრება.
„ფოტოგრაფი რომ არ ვყოფილიყავი, განა ამდენს ვიმოგზაურებდი? განა ამდენ შესანიშნავ ადამიანს გავიცნობდი?“
ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა. სადღაც გაუგია, რომ აქ თავზე პალტოებს არ იფარებენ და ურთიერთობებით ცხოვრობენ. იცის, რომ თბილისში არავინ კითხავს - ეს გინდათ გადაიღოთ? ეს გინდათ დაუტოვოთ ისტორიას?
პრაღა. 1999
პრაღა. 1997
პრაღა. 1986
![]() |
11 ვა(ო)შინგტონსა და თ(ტ)ფი ლისს შორის... პრაღ(ჰ)აში |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი
თანამშრომლებზე ნარკვევი დაგიწერიათ?
პირადად მე, ვერ ვიხსენებ ქართველ მწერალს, ან ჟურნალისტს, რომელსაც ერთი „მუზის“ სახით, ყველა თანამშრომელი ერთად მოევლინა.
გიამბობთ იმ ხუთ ადამიანზე, რომელთა ხმები „რადიო თავისუფლების“ ეთერში ყოველდღე ისმის.
„ლაპარაკობს რადიო თავისუფლება პრაღიდან!“
დავით კაკაბაძე, ლელა გაბუნია და მიშა კაკაბაძე
რომ იცოდეთ, როგორი ქართული იცის დათო კაკაბაძემ! რამდენი მასწავლა უკვე! თუმცა მას რა უჭირს, 1993 წლიდან საქართველოში არ ცხოვრობს; ჯერ მიუნხენში დაიწყო მუშაობა, მერე კი - პრაღაში გადაბარგდა. აქ არაა და არ ესმის სიტყვები „ცვეტში“, „სტოპროცენტი“, „იტოგში“...
გახსოვთ, როგორი ხმა აქვს ეთერში? დაბალი მეორე ბანი... თუმცა ხმა ცოტა ეწევა ხოლმე, როცა თბილისის ჭორებს ვუყვები. „კაი კაცო?!“... ეს რომ არ თქვას, არ შეუძლია.
სხვა დროს კი, ხმას არ უწევს. შენიშვნასაც ისეთ ტონში მოგცემს, თითქოს კომპლიმენტს გიკეთებს. დათოს მეუღლე, მხატვარი ლელა გაბუნია მარწმუნებს, რომ „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსმა გაბრაზებაც იცის. არ მჯერა...
ეს თავისებური „კასტინგი“ (ასე დამყვება ფელინის აჩრდილი ყველგან, პრაღაშიც კი) დათომ ძველ ქალაქში, კაფე „დოლჩე ვიტაში“ დაგვინიშნა. ლელასთან და თავის უმცროს შვილთან, მიშიკოსთან ერთად მოვიდა. მიშას, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს ჩოგბურთში და რომელსაც დათო ყველა მატჩზე დაყვება, ისეთი მოწიწებით უყურებდა, რომ საბოლოოდ მივხვდი, ქართველ ცოლებს ქმრის „ბუად“ წარმოდგენა ჩვევიათ. ამ კაცს წონასწორობიდან ვერაფერი გამოიყვანს!
ალბათ ამიტომაც გაიტაცა სპორტმა, განსაკუთრებით ფეხბურთმა. სტადიონზე ემოციებისგან იღვრება. ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გაზეთ „ლელოს“ რედაქტორის, მიხეილ კაკაბაძის შვილმა (თავის დროზე, მიშა კაკაბაძემ სპორტულ გაზეთში საქართველოს ცეკას დადგენილების დაბეჭდვაზე უარი თქვა, რისთვისაც სამსახური დაატოვებინეს), გერმანისტობას თავი დაანება და სპორტული მიმომხილველობა დაიწყო. მერე „რადიო თავისუფლებაში“ მოხვდა, წელს კი ჩვენი შეფი გახდა. არა, შეფი არა - ბოსი... ეს სიტყვა უფრო უხდება... და არა იმიტომ, რომ განკარგულებების გაცემა უყვარს. უბრალოდ, ტანითაა დიდი და დაბალი ბანი აქვს...
ანა და სოფიკო რამიშვილები
ბიძინა რამიშვილი, თავის გერმანულ-ქართულ ოჯახთან ერთად, პრაღის აეროპორტთან ახლახანს გადაბარგდა. მეუღლე, ანდრეა შეფერი (აქაც გერმანია!) სლავისტია - პრაღაში, ამერიკულ სკოლაში ასწავლის გერმანულს. ბავშვებიც, ანა და სოფიკო, ამერიკულ სკოლაში სწავლობენ. ანა - ფორტეპიანოსა და საქსოფონზე უკრავს, სოფო - კლარნეტზე. მამის კვალს გაჰყვნენ - ბიძინა გვიმტკიცებს, რომ
[მის უზარმაზარ სახლში ყველაზე ძვირფასი ნივთი (მისთვის, რა თქმა უნდა) მუსიკალური ცენტრია. თვითმფრინავების ხმაურში, ვაგნერის მოსმენა ზოგჯერ ჭირს. მაგრამ ჯანდაბას ვაგნერი, როცა პრაღიდან გაქცევის ილუზია შეგიძლია შეიქმნა]
ბიძინა რამიშვილი
ოღონდ არ იფიქროთ, რომ ხინკალი და გოჭის თავი ენატრება და თავისი ფანჯრიდან თვალცრემლიანი შეცქერის ყოველ სამშაბათს და შაბათს თვითმფრინავს „პრაღა-თბილისი“... ეგ რომ უთხრათ, გაგიჟდება და დაჟინებით დაგიწყებთ მტკიცებას, კოსმოპოლიტი ვარო; ისეთი დაჟინებით, რომ ბოდიშიც შეიძლება მოუხადოთ. თუმცა ამგვარი დაჟინება ეჭვს აღძრავს, რომ ბიძინას მართლაც ძალიან ენატრება თბილისი (რადიოში იგი „ვეტერანია“ - 1991 წლიდან მუშაობს). რა თქმა უნდა, არა ხინკალი და გოჭის თავი, და არც ის თბილისი, ჩვენ რომ გვერგო ბედად - ამას როგორ აიტანს ვაგნერის ფანი... გამოგონილი თბილისი ენატრება, - ქალაქი, სადაც ვერ გაიგონებთ სიტყვებს „ცვეტში“, „სტოპროცენტი“, „იტოგში“...
ოქროპირ რუხაძე
პრაღის სამსახურს კიდევ ერთი ბანი ჰყავს - ოქროპირ რუხაძე. ოქროს მშობლებმა ეტყობა იცოდნენ, რომ ეს უცნაური და დავიწყებული სახელი შვილის ხასიათზე აუცილებლად იმოქმედებდა. ოქრო მართლაც ოქროპირია! ხმა ხომ ლამაზი აქვს, სიტყვები კი ისეთი იცის, ყველას დააჯერებს, რომ ქართულ ენას ჟღერადობით მსოფლიოში ვერცერთი ენა ვერ შეედრება. ყოველ შემთხვევაში, ჩეხური მისთვის ასე კარგად ნამდვილად არ ჟღერს და არც პრაღაა მისი ოცნების ქალაქი.
[„არამყუდრო ქალაქია, სადაც მხოლოდ ტურისტები გრძნობენ თავს კარგად - ამბობს ოქრო - იმიტომ, რომ თავიანთი ქალაქებიდან რაღაცას გაურბიან. ჩვენც რაღაცას გავურბივართ - ტურისტები არა, მაგრამ უცხოელები ვართ. თუ რომელიმე ქალაქში ცხოვრობ, იქაურობით უნდა იცხოვრო. აქ ეს ჭირს. ის რა ცხოვრებაა, ქალაქის გვერდს რომ გადაშლი გაზეთში და არაფერი რომ არ გაღელვებს.“]
ბაგრატ რუხაძე
ოქროპირი და ნინო
ოქრო „რადიო თავისუფლებაში“ 1996 წლიდან მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებისგან განსხვავებით, სნობური მიუნხენიდან პოსტკომუნისტურ პრაღაში გადასახლება მას არ უნდა გაჭირვებოდა. მაგრამ არ გამოუვიდა - ხან გერმანია ენატრება, ხანაც თბილისი.
„ჩემს შვილებს ქალაქი ძალიან მოსწონთ. უფროსი შვილი, ნინო, რომელიც გერმანიაში სწავლობს, არდადეგებს მხოლოდ აქ ატარებს. მოსწონთ, მაგრამ არა არქიტექტურის გამო - მეგობრები ჰყავთ აქ და იმიტომ“.
ნონოს გარდა, ოქროსა და მის მეუღლეს, ნინოს, კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, „ოქროპირზე“ უფრო ეგზოტიკური სახელით - ბაგრატი... ინგლისურ სკოლაში სწავლობს. ტოპ-მოდელს ჰგავს. „კასტინგზე“, რომელიც ოქროსთან სახლში (ძალიან „სვეტსკი“ რაიონში კი ცხოვრობს ჩვენი ოქროპირი) გაიმართა, სულ რამდენიმე წუთით შემოირბინა და ცეკვის გაკვეთილზე გაიჭრა.
ისტორიაში „ბაგრატები“ - „ძლევამოსილების“ სახელით არიან ხოლმე მოხსენიებულნი. არ არის გამორიცხული, ამ სახელმაც გაამართლოს და ბაგრატ რუხაძემ მაინც მიაღწიოს „რადიო თავისუფლების“ ქართველების ინტეგრაციას „ჩეშკას“ დედაქალაქში; თორემ მთელი ცხოვრება მართლა ტურისტი ხომ არ იქნები?
„ძალიან მიჭირს პრაღაზე რაიმე კონკრეტულის თქმა. სანამ აქ ჩამოვიდოდით, ჩემთვის ეს მოცარტის, კაფკას, რილკეს, მარინა ცვეტაევას ქალაქი იყო. მას მერე, რაც აქ გადმოვედით, პრაღასთან, ძირითადად, სამსახური ასოცირდება. ასე მგონია, სამსახურში ვცხოვრობ. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვერ ვიტყვი, რომ პრაღას საცხოვრებლად ავირჩევდი, მაგრამ წლების განმავლობაში, აქაურობას მივეჩვიე და საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. თუმცა, ასე მგონია, კოსმოპოლიტი ვარ და ამიტომ რაიმე ადგილისთვის „ჩემი სახლის“ დარქმევა მიჭირს.
პრაღის აეროპორტში დაბრუნება მსიამოვნებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის აეროპორტიდან მიწევს ხოლმე აქ ჩამოსვლა. თანაც, ალბათ იმიტომ, რომ ქალაქის გარეუბანში, აეროპორტთან ახლოს ვცხოვრობ.“
მანანა და ტომაში
კონსტანტინე და მაქსიმილიანი
მანანა ალიბეგაშვილმა, რომელსაც „რადიო თავისუფლების“ მსმენელი მარიამ ჭიაურელის სახელით იცნობს (სულ მავიწყდება ვკითხო, რატომ გვესაუბრება ფსევდონიმით. ეტყობა, ქართველი ემიგრანტების ტრადიცია გააგრძელა), თავის ბინაში, პრაღაში დაახლოებით ასეთი თბილისი მოიწყო.
კლასიკური „მულტიკულტურული“ სახლია, სადაც რამდენიმე ენაზე საუბრობენ.... გასაგებიცაა, რატომ. მეუღლე, ტომაშ კუზმა, პოლონელია, რომელიც მანანამ 80-იან წლებში, ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. ერთმანეთს - გერმანულად, ბავშვებს ინგლისურ-გერმანულ-ქართულ-პოლონურად ელაპარაკებიან. ოღონდ ენებს ერთმანეთში არასდროს ურევენ. „მე და ტომაშმა შური-მური რომ დავიწყეთ...“ - იწყებს მანანა.
უცნაური ხალხია ეს პრაღელი ქართველები! საიდან გაახსენდა სიტყვა „შური-მური“? ამ სიტყვაზე ჩემთან ერთად, მის შვილებს, კონსტანტინესა და მაქსიმილიანსაც ეცინებათ. კონსტანტინე, მანანას სიტყვებით რომ ვთქვათ, „გიტარას ეტრფის“... მანანას კი როიალი უყვარს. მათ სახლში პირველად ვნახე როიალი საყურისით („თავისუფლების“ ხალხი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის სიტყვას „ნაუშნიკი“). როცა მანანა უკრავს, შეიძლება „ჩეშკები“ შეწუხდნენ.
მაგრამ მანანა მაინც უკრავს და თან, პრაღაზე გვიყვება:
მანანა ალიბეგაშვილი
[„პრაღა ადრე უფრო პირქუში მშვენიერებით გამოირჩეოდა, ახლა გარემონტდა და აბრჭყვიალდა. სილამაზით სრულიად განსაკუთრებული ქალაქია, მაგრამ ვერ ვიტყვი, თავს შინაურულად ვგრძნობ-მეთქი. ჩეხები მშვენიერი ხალხია, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ურთიერთობაში დიდ ინიციატივას არ იჩენენ. ამიტომ, მათთან დასაახლოვებლად დრო და მონდომება გჭირდება. დრო კი მომუშავე, წვრილშვილის პატრონისთვის, მოგეხსენებათ, დიდი ფუფუნებაა“]
თანაც, რატომ უნდა დაკარგო დრო უცნობ ჩეხებზე, როცა სახლში საყურისიანი როიალი გიდგას?
სალომე ასათიანი
[„ამათ ყველას გავაცოცხლებ! ხომ არ შეიძლება მუდმივ ემიგრაციაში ცხოვრება?“ - ხუმრობს ხოლმე სალომე ასათიანი, რომელმაც სულ სამი თვეა, რაც „თავისუფლების“ ქართულ სამსახურში დაიწყო მუშაობა. სალომემ ყველაზე კარგად იცის, რა ხდება დღეს თბილისში, ამიტომ ცოტა უკვირს, როცა პრაღელი ქართველები სრული სერიოზულობით მსჯელობენ თემაზე: „ლუკაშენკო თუ ლუკაშენკა?“...]
სალომეზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე ის დროც მახსოვს, როცა აქ დისკუსია გაიმართა, თემაზე - „პრაღა თუ პრაჰა“... კიდევ კარგი, „პრაღა“ გადაწყვიტეს, თორემ სალომეს ვერ გადაურჩებოდნენ.
სალომე აქ ყველაზე ახალგაზრდაა. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, წვრილშვილი არა ჰყავს. ქმარი, ადრიანი, ფლორენციის უნივერსიტეტში სადისერტაციო თემაზე მუშაობს. ამიტომ, პრაღის ყველაზე „ანდერგრაუნდულ“ და ყველაზე პროლეტარულ რაიონში, ჟიჟკოვში დასახლებული სალომე, აუცილებლად გამონახავს დროს „ხავერდოვანი რევოლუციისთვის“, ჩაჰკიდებს ხელს დანარჩენ ოთხ ქართველს და ისეთ პრაღას აჩვენებს, რომელიც ქალაქგარეთ ნაქირავები სახლებიდან არასდროს დაუნახავთ; ისეთ ჩეხებს გააცნობს, რომლებიც გაოცებისგან პირს დააღებინებენ... ამ პატარა შეთქმულებაში სალომეს აუცილებლად ეყოლება თანამოაზრეები - დათოს, ოქროს, ბიძინასა და მანანას შვილები. „კაი კაცო?“, გაკვირვებას ვერ დამალავს ჩვენი ბოსი, მანანა საყურისებს მოიხსნის, ოქრო - ქალაქის გაზეთით დაინტერესდება, ბიძინას კი, ბოლოს და ბოლოს, შეაწუხებს თვითმფრინავის გუგუნი და მოცარტის, კაფკას, რილკეს, მარინა ცვეტაევას ქალაქს დაუბრუნდება.
ადრიანი და სალომე
ცნობისათვის: „რადიო თავისუფლება“, რომელსაც შეერთებული შტატების კონგრესი აფინანსებს, 1952 წელს დაარსდა. დღესდღეობით, თავის პროგრამებს 20 ენაზე გადასცემს. 1995 წელს „რადიო თავისუფლების“ ოფისი მიუნხენიდან პრაღაში გადავიდა. „რადიო თავისუფლებამ“ და რადიო „თავისუფალმა ევროპამ“ ვაცლავის მოედანთან ახლოს მდებარე შენობა შუაზე გაიყვეს. ესაა უღიმღამო, შავი მინის კუბი, რომელიც თითქოს სირაქლემას ფეხებზე დგას. ოდესღაც ამ შენობაში ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის სხდომები იმართებოდა. კომუნიზმის კრახის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ეს სახლი ძალიან, ძალიან სიმბოლურ ფასად - ერთ დოლარად იქირავა.]
![]() |
12 ესპანური ფოტომოთხრობები |
▲ზევით დაბრუნება |
დათო ტურაშვილი
რევოლუცია
რევოლუციით, სამოქალაქო ომითა და დიქტატურით, ესპანელების გაკვირვება ძალიან ძნელია, მაგრამ როცა იგებენ, რომ საქართველოდან ვარ, აუცილებლად მეკითხებიან ვარდების რევოლუციის შესახებ, რომელიც როგორც მათ ახსოვთ, ახლახანს მოხდა. ისტორიისთვის ალბათ არაფერია, მაგრამ უკვე ორი წელი გავიდა იმ 23 ნოემბრის შემდეგ და მეც მაინტერესებს, რა შეიცვალა ამ ორი წლის მანძილზე, როგორც ეს ერთმა აქაურმა პროფესორმა მკითხა. რაც მას ვუპასუხე, თავის მართლება უფრო არის, მაგრამ რევოლუცია მართლა ჰგავს სექსს და სექსსა და რევოლუციას ვნებები წარმართავენ და არა ცივი, პრაგმატული ტვინი და გონება. ამიტომაც, რევოლუციის დროს (როგორც სექსში), თვითონ პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ რევოლუციას შედეგად ყოველთვის პრობლემები მოაქვს და მათი მოგვარება, ძალიან ხშირად, ძალიან ძნელი და მიუღწეველია. სექსის შემდეგ გაჩენილ ბავშვსაც ყველაზე მეტად სჭირდება ზრუნვა და მოვლა და როგორ ტკბილადაც არ უნდა გეჩვენებოდეს ის, რაც ბავშვის დაბადებას წინ უსწრებდა, პამპერსებზე სირბილი მაინც არასასიამოვნოა.
ჩვენი პოსტრევოლუციური პრობლემების არსებობაც გასაგებია და გასაგებია ისიც, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. გაუგებარია (ჩემთვის პირადად) როგორ ახერხებენ ადამიანები ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ, იმ იდეებისა და ფასეულობების ასე სწრაფად დავიწყებას, რომელიც მანამდე ჰქონდათ. ესპანეთიდანაც ისე ჩანს, რომ ხელისუფლება საქართველოში მაინც ახერხებს (ორ კვირაში ერთხელ მაინც) ისეთი თემის აქტუალიზაციას, რომელზეც ხდება ყურადღების კონცენტრირება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმ მთავარზე არ იფიქროს, რისთვისაც რევოლუციები საერთოდ ხდება. ახალი ასფალტი და კარგი გზა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის, მაგრამ სახელმწიფოში მთავარი მაინც სასამართლოა, რადგან ძლიერი სახელმწიფოს ის ადამიანები ჰქმნიან, რომელთაც აქვთ სამართალი, ღირსება და თავისუფლება...
ტობოსო
ესპანეთში ამ ადამიანებზე ახლობელი, მე არავინ მყავს და მათ ხშირად თითქმის ყოველდღე ვხვდები. ისინი მადრიდის ცენტრში, ესპანეთის მოედანზე ცხოვრობენ და ცხოვრობენ ყველგან, სადაც ლიტერატურა უყვართ, სადაც უყვართ სერვანტესი და მისი დონ კიხოტე. კაცს, რომელმაც სამყაროს არსებობის მთავარ საიდუმლოს მიაგნო, სწორედ დონ კიხოტე ჰქვია და არა დონ კიხოტი, როგორც ეს ნიკოლოზ ავალიშვილმა თარგმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში და ქართულად, ამ მახვილგონიერი რაინდის სახელი, დღემდე შეცდომით ჟღერს. ნიკოლოზ ავალიშვილს ვერაფერს ვუსაყვედურებთ და პირიქით - ალბათ ნებისმიერი ქართველი ჩემსავით ამაყი და ბედნიერი იქნება ნიკოლოზ ავალიშვილის გამო, თუ ტობოსოში, დულსინეას მშობლიურ სოფელში მოხვდება. ტობოსოში მოხვედრა მაინც არ ამცდებოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ მადრიდში ჩასვლიდან მესამე დღესვე დონ კიხოტეს ნაკვალევს გავუყვებოდი უნივერსიტეტის ავტობუსით და სწორედ იბერიულ სოფელ ტობოსოში, სერვანტესის ცენტრში ვნახე ნიკოლოზ ავალიშვილის გვიანდელი, 1967 წელს გამოცემული ქართული „დონ კიხოტე“. ტობოსოს მუზეუმში ამ საოცარი წიგნის თითქმის ყველანაირი თარგმანი ინახება, რაც კი არსებობს, მაგრამ ჩვენი “დონ კიხოტე” მაინცდამაინც ბასკურის გვერდით არის გადაშლილი. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ეს განლაგება და არც ის ვიცი, როგორ მოხვდა ქართული წიგნი ტობოსოში, მაგრამ დიდად რომ გავიხარე, მახსოვს და ისიც მახსოვს, რომ სანამ მუზეუმი დაიკეტებოდა, ქართული „დონ კიხოტე“ ყველას ვაჩვენე, ვინც ახლოს ჩაიარა და ვინც მოშორებით იდგა, მერე ისინი რომ მოვიპატიჟე, ცოტა დაფრთხნენ კიდეც...
ელ ტობოსო, რამდენიმე ათასი წლის წინ ჩვენი ნათესავი იბერიელების მიერ დაარსებული, ერთ-ერთი უძველესი, დულსინეას მშობლიური სოფელია, მაგრამ სერვანტესმა არცერთხელ, არსად არ დააფიქსირა დონ კიხოტეს წარმომავლობა და დღემდე ამ უპირატესობას ესპანეთის შვიდი სოფელი ეცილება ერთმანეთს. თუმცა მე მაინც მგონია, რომ დონ კიხოტე ლამანჩელი ქართლის რომელიღაც სოფელში დაიბადა უფრო ადრე, ვიდრე თავად სერვანტესი გაჩნდებოდა იმისთვის, რომ ადამიანთა არსებობა გაემართლებინა...
ქალები
ესპანეთში ჩემზე მაღალი და ჩემს ცოლზე ლამაზი ქალი მხოლოდ ინეს სასტრეა, რომელსაც მე ვერ შევწვდები და ამიტომაც ამ მხრივ, ძალიან მშვიდად ვარ. ფრანკოს დროს რომ ჩამოვსულიყავი ესპანეთში, ჩემი ცოლიც უფრო მშვიდად იქნებოდა, რადგან მაშინ ესპანეთში მხოლოდ დაბალი და მსუქანი ქალები არსებობდნენ. ფრანსისკო ფრანკო, რომელიც ორმოცი წელი მართავდა ესპანეთს, ესპანელ ქალებს მუშაობას უკრძალავდა (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა) და ესპანელი ქალებიც (სახლში ჯდომისა და ჭამისაგან) უსაშველოდ სუქდებოდნენ. როგორც ესპანელი კაცები ამბობენ, გარდაცვალებისთანავე, ქალები ქუჩებში გამოცვივდნენ, კაბები დაიმოკლეს, სიგარეტის მოწევა დაიწყეს და გაბოზდნენ. შუახნისა და ასაკოვანი მამაკაცები ესპანეთში, გათამამებული ესპანელი ქალის დანახვისას, ახლაც ამბობენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფრაზას: ფრანკო რომ ცოცხალი იყოს...
ცნობილი კინოკლასიკოსი პედრო ალმოდოვარი იმიტომაც არ უყვარს ყველას ესპანეთში და განსაკუთრებით კი ქალებს, რომ მისი ფილმების პერსონაჟებს, ზოგჯერ მართლა ძალიან ჰგვანან ესპანელი ქალები და სიმართლე კი, მოგეხსენებათ, ყველგან მწარეა.
ემანსიპირებული ქალებისადმი შეგუება კი ესპანელ კაცებს (და მით უმეტეს, მაჩოიზმით შეპყრობილებს), ძალიან უჭირთ და ცოლებისა და საყვარლების (და საერთოდ ქალების) მოკვლის ფაქტები თანამედროვე ესპანეთშიც ძალიან ხშირია. ამ პრობლემას აქ უამრავი ტელეგადაცემა და საგაზეთო სტატია ეძღვნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით - უშედეგოდ, რადგან ესპანელებს ისევე უჭირთ იყვნენ ევროპელები, როგორც ჩვენ, მაგრამ მათ (ჩვენთან შედარებით), ერთი უპირატესობა გააჩნიათ, რომლის გამოც, ესპანელებს ევროკავშირის მიღმა არავინ დატოვებს და თავიც ქუდში აქვთ.
სხვათა შორის, ასეთი გამოთქმა (თითქმის იმავე მნიშვნელობით) ესპანეთშიც არსებობს და ეს ფრაზა პირველად კორიდაზე მოვისმინე, სადაც პირველად ვნახე ორმოცი ათასი გაწვალებული ესპანელი ქალი, თუმცა, ამის შესახებ სხვა დროს, მომავალი შეხვედრისას...
ბოკერიები
ჩემი ალქტორადოს თემა (რისთვისაც ესპანელებმა კომპლუნტესეს სტიპენდია მომცეს), არის იბერიული ეთნოგენეზი და ჩემი ღრმა რწმენით, ესპანელები და ქართველები იმ უძველესი და პოსტატლანტიდური, საერთოიბერიული ცივილიზაციის მემკვიდრეები არიან, რომელიც წინ უსწრებდა ელინურ-რომაულსა თუ სხვა ევროპულ ეპოქებსა და კულტურებს. ზემოთქმულის დასამტკიცებლად, ყველა მიმართულებით არის საჭირო კვლევა-ძიება და ანალოგიები (მათ შორის ზედაპირულიც ადვილად აღმოსაჩენია), ტოპონიმიკაშიც არსებობს და თანამედროვე ესპანურ ენაშიც. არსებობს გასაოცარი მსგავსება-პარალელები ხასიათის თავისებურებებსა და ტრადიციებთან. არსებობს უნიკალური დამთხვევები გრამატიკულ სტრუქტურებსა და ტოტემურ ეტიმოლოგიებში. არსებობს ბევრი, ზღვა მასალა, რომლის კვლევასაც დრო სჭირდება, მაგრამ არსებობს ღია, იდენტურობის მართლაც თვალშისაცემი შემთხვევები და ნებისმიერი ქართველი, კატალონიის ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ კლასში, სიის ამოკითხვისას რომ დაესწროს, თავი სამეგრელოს რომელიმე სკოლის რომელიმე კლასში ეგონება. მოწაფეების შეწუხება და სასწავლო პროცესის შეფასება რომ არ დაგვჭირდეს, კიდევ უფრო უცნაური მაგალითის მოყვანა შემიძლია და კატალონიის ამჟამინდელი პრეზიდენტის გვარი არის მარგალი. პასკუალ მარგალი დარწმუნებულია, რომ იგი კატალონიელი კოჩია და სამეგრელოსა და საქართველოს შესახებ, შეიძლება არაფერი იცოდეს და ამაში გასაკვირი არაფერია. საკვირველია ჩვენი, ქართველების პასიურობა - ასეთი ახლო ნათესავები გვყავდეს ევროპაში და სურვილიც არ გვქონდეს, რომ ხმა მაინც მივაწვდინოთ აღმოსავლეთ იბერიიდან დასავლეთის, ესპანეთის იბერიელებს.
პირველივე დღეს, მადრიდის უნივერსიტეტში, პირველსავე პროფესორს (რომელიც გამაცნეს), სანამ იმის ახსნას დავუწყებდი, რა აკავშირებს ესპანეთთან საქართველოს, გვარი ვკითხე. ბოკერია ვარო, - მითხრა ღიმილით და ხელიც გამომიწოდა ძალიან ენერგიულად და მეც სიხარულით ჩამოვართვი და აღარ ვუთხარი ის, რასაც ჩემი ცოლი ამ შემთხვევაში მეტყოდა: საკუთარი სამშობლოდან ესპანეთში „კურიერს“ რომ გამოექცევი და მადრიდის უნივერსიტეტში პირველივე გაცნობილი პროფესორი, გვარად ბოკერია აღმოჩნდება, მართლა უარესის ღირსი ხარ…
სიესტა
სიესტა ჩემი დროა. ესპანეთში - შუადღე. როცა მრავალტანჯულ ესპანელ ხალხს მშვიდად სძინავს და მე კი ვწერ. სიესტა ჩვენებურად შუადღეს ჰქვია (დაახლოებით ორიდან ხუთამდე), როცა ესპანელები იძინებენ და ესპანეთში ყელაფერი იკეტება. სიესტა მათთვის წმინდა საქმეა და შუადღისას ძილი აუცილებელია, რადგან ესპანელებს (ყველაფრისთვის) ღამე უფრო უყვართ, ვიდრე დღე და ღამე ამ ქვეყანაში ჭამას, მაგალითად, საღამოს ათი საათიდან იწყებენ. ესპანელები ღიმილითა და სიამაყით აღნიშნავენ ხოლმე (საკმაოდ ხშირად), რომ ესპანეთში დღე მამრობითი სქესისაა (El dia) და ღამე კი მდედრობითის: La noche… ამიტომაც არ უნდა გაიკვირვო, რომ კინოთეატრებში სეანსები ღამის პირველ საათზეც იწყება და ესპანეთის დარბაზებს ყველაზე მეტი მაყურებელი ხშირად სწორედ ასეთ დროს ჰყავს. ამ მოვლენას madruyada ჰქვია, რაც განთიადს ნიშნავს და სიმართლე რომ ვთქვა, ესპანეთში არაფერი მაკვირვებს, რადგან ეს ქვეყანა ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც ბავშვობიდან მეგონა რომ იყო და მადრიდის უნივერსიტეტში მოხვედრაზეც მართლა ბავშვობიდან ვოცნებობდი. უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობ, მეცამეტე საუკუნეშია დაარსებული და ამ უნივერსიტეტით ისევე ამაყობენ ესპანელები, როგორც თავისი კულტურითა და ლიტერატურით. მართალია ესპანური სტიპენდიის მოპოვებას ერთი წელი ველოდი და მართლა გავწვალდი, მაგრამ ჩემს (ესპანურის) პედაგოგს, სოფო ფეიქრიშვილს (ვინც პირველმა მირჩია ამ სტიპენდიის მოსაპოვებლად ესპანეთში საბუთების გაგზავნა), როცა დავბრუნდები, მინდა, რომ ძეგლი დავუდგა თბილისში, სადაც (როგორც აქ შევიტყვე) ძეგლებისთვის ადგილები გათავისუფლდა. ალბათ სოფო მასწავლებელი არათუ ძეგლის, ბიუსტის დადგმაზედაც არ დამთანხმდება, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის, რადგან უნივერსიტეტის სახლი, სადაც მე ვცხოვრობ (ესპანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე), მადრიდის ცენტრში, სამეფო პარკშია აშენებული და დილაობით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. თავად უნივერსიტეტში კი, ჩემი დოქტორატის სტიპენდია იმის უფლებას მაძლევს, რომ სწორედ იმ ლექციებს დავესწრო, რომელთა მოსმენაც ყველაზე მეტად მინდოდა (მჭირდებოდა ძალიან) და მაინტერესებდა.
ერთადერთი, რაც მადრიდში მაკლია, ჩემი ოჯახია და შეიძლება ამიტომაც, არათუ შუადღისას, ღამითაც ძლივს ვიძინებ და ვერასოდეს გავხდები ესპანელი, რადგან ვერასოდეს გავაკეთებ სიესტას, რომელიც ესპანელების ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც, სიესტა ჩემია (თუნდაც მოპარული) და შუადღისას, როცა ესპანელები იძინებენ, მე ვწერ...
![]() |
13 პრაღელი ქალის ოცნების კაფე |
▲ზევით დაბრუნება |
ლენკა რაინეროვას მოთხრობიდან
თარგმანი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ილუსტრაცია: გიორგი მარი
ჩემს პრაღაში სეირნობისას, ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, თუ რა იქნა ყავახანები, სადაც ერთი ფინჯანი შავი ყავის სმისას (ეგრეთ წოდებული თურქული ჩვენთან, დიდება ღმერთს, საერთოდ არ არსებობდა), ნახევარი ან თუნდაც მთელი დღის განმავლობაში შეიძლებოდა კამათი და გეგმების დაწყობა, მრავლის გაგება, საინტერესო ადამიანებისთვის თვალყურის დევნება ან სულაც მათი გაცნობა, მათთან დამეგობრება და მთლად დიდი სიყვარულის პოვნაც? და ვინაიდან ისინი აღარ არსებობს, იმ შორეული წლების სავანეები, სიამოვნებით ვოცნებობ ხოლმე ჩემს, სულმთლად პიროვნულ, პრაღულ ოცნებას.
ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ სადღაც, ბურუსში, მოლურჯო-მონაცრისფრო ნისლში, გამწვანებული გუმბათებისა და ცადაღმართული სამრეკლოების თავზე, ყავახანა არსებობს, იქ მრავალი პატარა მაგიდა დგას, და თითოეულ ამ მაგიდასთან მჯდომმა შეიძლება ჩვენს ქალაქს ჩამოხედოს, და თითქმის ყოველი მათგანი, ვინც იქიდან დაგვცქერის, ოდესღაც აქ ცხოვრობდა. და მე მათ ვიცნობდი. ცხადია, ზოგიერთს მხოლოდ წიგნებიდან - მათ მიერ ან მათ შესახებ დაწერილი წიგნებიდან, - ზოგს მხოლოდ სურათებიდან, ზოგს მისი მუსიკის წყალობით. ზოგიერთი მათგანი ჩემი ახლობელი იყო, ზოგს კარგად ვიცნობდი, მათთან ვმეგობრობდი, და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ჩვენს შორის გაწოლილი კოსმიური მანძილისა, კვლავ მათ მეგობრად ვრჩები...
...მორწმუნე რომ ვყოფილიყავი, ზემოთ, არამიწიერ ყავახანაში მსხდომ ჩემს მეგობრებს ერთგვარ მფარველ ანგელოზებად მივიჩნევდი. არადა, ჩემს ოცნების კაფეში მოტრიალე პიროვნებებს, ჩვენს რიგებში ყოფნისას, ამ ზეციურ არსებებთან არაფერი ჰქონდათ საერთო. მაგრამ ვინ იცის!
გარდა ამისა - ჩემი მფარველი ანგელოზი? რომელი ღმერ თი გამომიგზავნიდა? და რა ენაზე უნდა მიმემართა მისთვის? დედაჩემის გერმანულად, მამაჩემის ჩეხურად თუ ჩემი წინაპრების ებრაულად? იქნებ უფალი ღმერთი ათასწლეულთა მიჯნაზე ახალ, ჩვენთვის ჯერ უცნობ ენას მიმართავს, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები ფუჭი, ხელოვნური საზღვრებიდან გაიყვანოს და ერთობლივ ცხოვრებას აზიაროს. ასეთი ღმერთი ნამდვილად ჩვენი მხსნელი იქნებოდა. პრაღაში ის ჯერ არასოდეს გამოჩენილა.
და ასე ხდება, რომ განსაცდელში ჩავარდნილი, თხოვნით ან ჩივილით ოცნების ყავახანის მუდმივ სტუმრებს მივმართავ ხოლმე: თქვენ, ჰეი, იქ, სადღაც რომ ხართ, მიშველეთ, თქვენ ხომ იცით, რა უნდა გავაკეთო ან გადავწყვიტო! ვქნა თუ არ ვქნა? უცნაურია - ასეთ დროს მართლაც ვხვდები, ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ვხვდები, რა უნდა ვქნა ან არ ვქნა. მაშ, მაინც მფარველი ანგელოზები არიან? არამიწიერი ყავის ჭიქით ხელში მსხდომნი? რატომაც არა. ოცდაათიანი წლების ბოლოს პრაღაში, მელანტრიხგასეს №7-ში ვცხოვრობდი. ნომერი 14, დიდებული, დათვებით შემკული პორტალით, მწერალ ეგონ ევინ კიშის დაბადების სახლია. როცა №7-ის სხვენში, ჩემს ოთახში დავიდე ბინა, დათვებიან სახლში ჯერაც ცხოვრობდა კიშის დედა, არა მარტო მისი ვაჟების, არამედ მრავალი მეგობრის სიყვარულითა და პატივისცემით განებივრებული. რამდენი წლისა იქნებოდა ახლა, როცა მის ეგონეკს ასათზე მეტი წელი აქვს უკან მოტოვებული? რას იტყოდა ეს ორი დღევანდელ მელანტრიხგასეზე?
ამჟამად აქ ერთი დახვეწილი რესტორანია შესაბამისად დახვეწილი ფასებით, რომელსაც რესტორანი „მუხა“ ჰქვია, და ჩვენს თანამემამულე მხატვარ ალფონს მუხასთან მხოლოდ სახელი თუ აკავშირებს; ოდნავ მოშორებით არის ჯან საღი პროდუქტების ფირმის მაღაზია, სახელად Country life, და ერთ დროს ჩემი საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს პატარა, ელეგანტური კაფეტერიაა. რამდენიმე წლით ადრე, აქ საეჭვო სასტუმრო იყო, რამდენიმე საათით რომ აქირავებს ხოლმე ოთახებს, საღამოობით მის წინ, ტროტუარზე, გოგოები იდგნენ, რომლებიც ყველაზე ხშირად დაიარებოდნენ მოკლე ქუჩაზე, ისევე, როგორც მათი კლიენტი ლიტერატორები, ჰიტლერის მესამე რაიხიდან ემიგრირებული ანტიფაშისტები და ეგონ ერვინის პრაღელი მეგობრები, რომლებიც კიშის დედასთან მიირთმევდნენ ყავას და ნამცხვარს და თუ რამე იყო, საქმიან დახმარებასაც იღებდნენ. საერთაშორისო ტურიზმი? ასეთი რამ მელანტრიხგასეზე მაშინ არავის მოლანდებია...
...ოცნების კაფეში ისინი, ვისაც გუშინ ბრძენებად ვთვლიდით, იდუმალი დუმილით დუმან.
მაშინაც კი, როცა პრაღის სასაფლაოზე მისი ბრინჯაოს თავი მოიპარეს, კიშმა თავისი ზეციური კაფედან არაფერი შემატყობინა. ისე მოხდა, რომ მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, ისიც შემთხვევით, ვეწვიე კრემატორიუმს და მასთან ერთად კოლუმბარიუმს, და აღმოვაჩინე, რომ იქ ერთი პატარა სვეტიღა იდგა, მომწვანო თეთრი მარმარილოსი, კიშის და მისი ცოლის, გიზელას სახელებით, და იქიდან, საიდანაც წესით ბრინჯაოს თავს უნდა ჩამოეხედა, ქვიდან მხოლოდ ერთი ჟანგიანი ჭანჭიკი იყო ამოშვერილი.
„ეგონეკ,“ - დავიძახე განცვიფრებულმა. „თავი რა იქნა?“
„პარტიულ ამხანაგებს ერგოთ“, - იყო მშრალი პასუხი, და ამას კიშისთვის ტიპიური გამოკვლევის შედეგებიც მოჰყვა: ”დღეს ფერად ლითონზე ლამის უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე კეთილშობილ ლითონებზე. ბრინჯაო შავ ბაზარზე საუკეთესო საქონლად ითვლება, თან კიშის თავი! მეტის გაგება თუ გინდა, ლითონების გასაღების საერთაშორისო ბაზარზე კომპეტენტურ სპეციალისტს უნდა მიმართო. რამდენჯერ გითხარი, რომ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნო ხოლმე, განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში“.
ამ განსაკუთრებულ ვითარებაში გადამოწმებულ ინფორმაციას ვერსად მოვიპოვებდი, ძალიანაც რომ მონდომებოდა. როცა მომხდარის გამო საგაზეთო ნარკვევში აღშფოთება გამოვთქვი, ქუჩაში უცნობი თანამემამულეები მაჩერებდნენ ხოლმე და მეკითხებოდნენ: „დაგიბრუნეს თქვენი კიში?“ ჩემი საყვარელი პრაღელები!
თავი დააბრუნეს, უფრო სწორად, აღადგინეს, ჩეხური ჟურნალ „სიგნალისა“ და ჰამბურგული „შპიგელის“ ერთობლივი ინიციატივით.
„ახლა ისევ გამთელდი, ეგონეკ, უწინდელზე ოდნავ უფრო შთამბეჭდავადაც კი გამოიყურები,“ - მივმართე მას, როცა ახალი ლითონის თავი დაამაგრეს და ზარ-ზეიმით გახსნეს.
კიშმა წარბები აწია, ავტომატურად დაწვდა ახალ, აქ მხოლოდ სამოთხის სურნელით გაჟღენთილ სიგარეტს...
...უკანასკნელი მსოფლიო ომის დროს პარიზის საპყრობილეში და მერე, ზუსტად ათი წლის თავზე, ჩემი გულის გასახეთქად, პრაღის “სოციალისტურში”, კარგი ერთი წელიწადი მარტომ გავატარე საკანში. იქაც ჯიუტად არ ვთმობდი ჩემს ოცნებებს, თუმცა ძალიან ძნელად ვახერხებდი იმას, რომ სიზმრები კოშმარებად არ გადამქცეოდა.
იმ კატასტროფულ ვითარებაში, ოცნების კაფე დახურული იყო. მის მუდმივ სტუმრებს დახმარებისთვის ვერ მივმართავდი, ეს აზრადაც არ მომსვლია. იქნებ იმხანად კეთილმა სულმა დედამიწასა და ეგრეთ წოდებულ ზეცას შორის გაუმჭვირვალე ფარდა დაუშვა (გალავანი არავითარ შემთხვევაში არ აღუმართავს!), რათა ის ბოროტმოქმედებები, რომლებმაც აქ ორმოცდაათიანებში ასე გაშალა ფრთები, მეოცნებეთა სივრცეს არ შეხებოდა.
იმხანად ზეცაში ვიოლინოებზე აღარ უკრავდნენ, და რომც დაეკრათ, ისინი არასწორად იქნებოდა აწყობილი. ამას კი ყავახანის ზოგი სტუმარი ნამდვილად მძიმედ გადაიტანდა. მახსენდება, მაგალითად, მაქს ბროდი, პატარა ტანის კაცი, ოდნავ წელში მოხრილი, შავთვალება, რომელიც ბავშვობაში ახალ გერმანულ თეატრში მხვდებოდა ხოლმე, როცა დედას საოპერო პრემიერებზე დავყავდი. სცენაზე მდგომი მომღერლები, ორკესტრანტები და თავის ამაღლებულ ადგილზე აღმართული დირიჟორი მას ნერვიულად გახედავდნენ ხოლმე, როცა მაყურებელს ტაშისთვის უხდიდნენ მადლობას. აბა, ბროდიც უკრავს ტაშს? დამთავრებისთანავე ხომ არ გავიდა? და თუ გავიდა, ნეტა, პრაღის ყოველდღიური გაზეთის დილის გამოშვებაში როგორ კრიტიკას დაწერს? შეაქებს თუ მიწასთან გაასწორებს? თუ, ღმერთმა არ ჰქნას, და ყველაფერს გულგრილი, არაფრისმთქმელი შეფასებით დაუსვამს წერტილს? პრაღელი თეატრის მოყვარულებისთვის პრაღის ყოველდღიურ გაზეთში მაქს ბროდის მიერ გამოქვეყნებულ რეცენზიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა: რაც მას მოეწონებოდა, როგორც წესი, მათი მოსაწონიც იყო. ვისაც ის ზურგს აქცევდა, ის არც მათთვის იქნებოდა მისაღები.
მას, შემდგომში ისრაელის ჰაბიმას თეატრის დრამატურგს, მხოლოდ ერთხელ შევეხე, ისიც, გაკვრით.
„აღარ გეხსომებათ, ბატონო ბროდ“, - შევკადრე მას შემდეგ, რაც მისთვის სრულიად უმნიშვნელო და ჩემთვის იმხანად უცნაურად აღმგზნები საუბრის შემდეგ, სინათლის წლები იყო გასული. „შტეფანის გიმნაზიის მოსწავლეთა აკადემიაში, რომელშიც მანამადე დიდი ხნით ადრე, თქვენც დადიოდით, კლასის დამრიგებელმა, პროფესორმა ოსკარ კონმა წარგიდგინათ ჩემი თავი, როგორც ნიჭიერი გოგო, რომელიც სცენაზე შეამჩნიეთ, და გკითხათ, რამით ხომ ვერ დამეხმარებოდით, რადგან მე, მისდა სამწუხაროდ, მშობლების ხელმოკლეობის გამო, სწავლის გაგრძელებას ვერ ვახერხებდი, არადა, - მას ასე მიაჩნდა, - უდავოდ შემოქმედებითი ნიჭით ვიყავი დაჯილდოვებული“.
„შესაძლებელია“ - თქვით თქვენ მაშინ და შავი თვალებით ამათვალიერ-ჩამათვალიერეთ, „იქნებ ერთხელ გამომიაროთ, პატარა ქალიშვილო. ყოველდღე რედაქციაში ვარ. იქნებ...“ და წინადადება აღარ დაასრულეთ.
„ახლავე დაივიწყე,“ გადაწყვიტა დედაჩემმა მტკიცედ, ისე, რომ ვერც შეეპასუხებოდი, როცა ამ “ფანტასტიკური შანსის“ შესახებ მოვახსენე. „ასეთი დაუსრულებელი წინადადებები ახალგაზრდა გოგონებისთვის ძალიან სახიფათოა“.
ასე დამთავრდა ჩემი შემოქმედებითი კარიერა, ისე, რომ არც დაწყებულა, და მაქს ბროდთან ახლაღა შემიძლია ურთიერთობა, მიწიერი ხლართებისგან გათავისუფლების შემდეგ, - ისე, როგორც გამეხარდება...
...მაშინ, როცა პრაღულ ყავახანებში, რომლებშიც მუდმივ სტუმრებს თავიანთი მაგიდები ჰქონდათ და აქ, ჩვენს ქუჩებშიც დადიოდნენ ყველაფრის გამგები ბატონი მიმტანები, როცა ჯერაც ცნობილი იყო, ლიტერატორთა რა წრეს შეხვდებოდი კაფე „მეტროში“, „უნიონკაში“ თუ „ნაციონალკაფეში“, როცა არასოდეს აცდებოდი ჩეხი და გერმანულენოვანი მწერლების შერეულ წრეს კაფე „არკოში“, - მაშინ ისიც შეგხვდებოდათ, მაღალი, მხრებში მოხრილი ფიგურა პრაღელი ავტორისა, რომელიც აღგზნებული და ხმაურიანი საზოგადოების მშვიდ წევრად იყო აღიარებული; რომელიც ყოველდღიურად არ ჩნდებოდა, ხანდახან გამოივლიდა ხოლმე, ხშირად ავადმყოფობდა და პრაღიდან ხშირად მიემგზავრებოდა. ჩემს ოცნების კაფეში ფრანც კაფკას მტკიცე ადგილი აქვს მიჩნეული. შემიძლია გავესაუბრო ხოლმე, თუმცა ის იმხანად გადავიდა მარადისობაში, როცა მე სულ პატარა ბავშვი ვიყავი.
„შეამჩნიეთ, ბატონო კაფკა, რომ პრაღაში თქვენი გამოსახულებით ღია ბარათებს ჰყიდიან?“
„მართლა?“ - ფერმკრთალ სახეზე მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა. „მაგრამ რილკესაც ჰყიდიან, ვერფელსაც და სხვებსაც, არა?“
„ცხადია, მაგრამ ჰიტი - ბოდიში კი მომითხოვია, - ჰიტი მაინც თქვენა ხართ... ბოლო დროს პრაღის ერთგვარი სიმბოლო გახდით, ბატონო კაფკა. არა, მართლა, ეს ძალიან თვალშისაცემია. როგორ მოგწონთ ის ამბავი, რომ იტალიელი თუ ესპანელი, გერმანელი თუ ამერიკელი გოგონები, ასე ვთქვათ, გულით დაგატარებენ? ნახეთ, როგორაა თეთრ და ზურმუხტისფერ, ჟოლოსფერ და ლაჟვარდისფერ მაისურებზე ასახული თქვენი პორტრეტი ტურისტულ მკერდებზე გადაჭიმული?“...
...ოცნების ყავახანაში სიჩუმე ჩამოწვა. ყველა მე მისმენს, ფრანც კაფკა დუმს. თუმცა, ეტყობა, რომ ინტერესით მისმენს. ყურები და მოკლედ გაკრეჭილი თავი ოდნავ აეფაკლა...
... „ყავახანები, როგორებიც გვახსოვდა და დღემდე გვახსოვს, პრაღაში თითქმის სულ გაქრა, მაგრამ კაფკა ხელახლა დაგვიბრუნდა,“ - მითხრა ცოტა ხნის წინათ საფრანგეთიდან ჩამოსულმა სტუმარმა. „ეს სულაც არაა გასაკვირი ამ ჯადოსნურ ქალაქში“...
![]() |
14 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
მესამე ნაწილი 1975 / 76
გიორგი გვახარია
ნაღები პიტნით
„გოგი, დომ კინოში როდის გაიჩითები?“ - მომაძახებდა ხოლმე აკადემიაში ირაკლი კობიძე, ჩემსავე ფაკულტეტზე რომ სწავლობდა ესთეტიკის სპეციალობით.
დიახ, საბჭოთა საქართველოში მაშინ ასეთი საგანი ისწავლებოდა - „ესთეტიკა“. არსებობდა ესთეტიკის სახელმძღვანელოც, რომლის ავტორი წიგნის შესავალშივე ამტკიცებდა, სილამაზე დედაა, შრომა კი მამაო.
ირაკლი ესთეტიკის სახელმძღვანელოზეც ქილიკობდა, მის ავტორზეც და იმ სპეციალობაზეც, რომელიც თავად აირჩია. თუმცა ყველაზე დაუნდობელი მაინც ფაკულტეტის კომკავშირის მდივნის მიმართ იყო. დაინახავდა თუ არა ამ გოგოს, ეგრევე დაუყვირებდა ხოლმე: „გუშინ დაგინახე, როგორ ეზასავებოდი წითელ კუთხეში პავკა კორჩაგინს“. როცა ამას იტყოდა, „დომ კინოში“ ჩემი გაჩითვის ამბავი ლამის კომპლიმენტად მეჩვენებოდა.
მით უმეტეს, ირაკლი არაფერს აჭარბებდა. კინოს სახლში დროდადრო მართლაც „ვიჩითებოდი“. თუმცა 1975 წელს ეგრეთ წოდებულ „დახურულ ჩვენებებზე“ ამ შენობაში შეღწევა უფრო ძნელი იყო, ვიდრე Led Zeppelin-ის ახალი ალბომის, „Physical Graffi ti“-ის შოვნა (სინათლე მჭირდებაო, მოთქვამდა აქ პლანტი), ახლადგამოსული სიგარეტის „სოიუზ-აპოლონის“ შეძენა, ანდა, 70-იანი წლების ყველაზე ძვირფასი ჯინსებით, „ვრანგლერით“ გასეირნება რუსთაველზე.
მაგრამ სად უნდა წასულიყავი რუსთაველზე ბრეჟნევის ეპოქის საქართველოში? ოპერა სპექტაკლებს ჯერ კიდევ საბურთალოზე, პროფკავშირების სასახლეში მართავდა, „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მოხვედრა ხომ, საერთოდ, შეუძლებელი იყო. თანაც, ბილეთი რომც გეშოვა, ჯინსებით ხომ არ მიხვიდოდი თეატრში? საბჭოთა საქართველოში ეს თითქმის რევოლუციის ტოლფასი იქნებოდა. მით უმეტეს „ცარცის წრეზე“, რომლის პრემიერითაც რუსთაველის თეატრში 1975/76 წლის სეზონი გაიხსნა და რომლის სანახავად მთელი ქართული ელიტა დაირაზმა.
სტურუას თეატრალური კარუსელი, ისევე როგორც სასამართლო, თავისი ლოთი მოსამართლით, გადაიქცა აბრაკადაბრად, რომელშიც მაღალი და მდაბალი უარყოფილია, იერარქია - უგულვებელყოფილი, რეგლამენტი - გადმოყირავებული... სპექტაკლში პოლიციური გონება უძლურია, რომ ამ კარნავალს ჩაწვდეს... მაგრამ თავისუფლების განცდა უნდა გადაედოს უბრალო მაყურებელს, რომელიც იგრძნობს, რომ შემოქმედია და ე.ი. შეუძლია რაღაც შეცვალოს ამ სამყაროში თუ არა, ამ ქვეყანაში, საკუთარ თავში მაინც.
ასე უნდოდა „ჰორიზონტალური კულტურის“ მეხოტბეს - ბერტოლდ ბრეხტს. ასე უნდა სტურუასაც. თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რას ფიქრობდა რეჟისორი, ანდა თუნდაც რამაზ ჩხიკვაძე, როცა „კავკასიურის“ პირველ სპექტაკლებზე დარბაზს შეათვალიერებდა ხოლმე; როცა შეცქეროდა სპექტაკლზე მობრძანებულ ცეკას მდივნებს, თავიანთი ცოლებით. ცეკას მდივნების მდივნებს და ცეკას მდივნების ცოლების პარიკმახერებს, “მანიკიურშჩიცებს”, ცეკას იმ მაღაზიის გამყიდველებს, სადაც თავისუფლად იშოვებოდა „სოიუზ-აპოლონი“ 60 კაპიკად, ცეკას მდივნებისა და მათი ცოლების შვილებს, ყველას გულის გასახეთქად, „Physical Graffi ti“ რომ ჰქონდათ სახლში და „ციცინათელადან“ გამოტანილი ჯინსებით რომ დაბრძანდებოდნენ.
ანდა რატომ აღფრთოვანდა ეს ხალხი „ცარცის წრით“? რატომ ღიღინებდა ანტრაქტებში „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე“? ვითომ საკუთარ თავს დასცინოდა? ვერ გეტყვით. მსაჯული არ ვარ, აზდაკივით. ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ დიდად განვსხვავდებოდი ამ ხალხისგან.
„ვრანგლერი“ არა, მაგრამ „Lois“-ი კი მქონდა და ძალიანაც ვამაყობდი ჩემი ჯინსებით, რომელში გამოწყობილიც რუსთაველის თეატრში არა, მაგრამ რუსთაველზე, ლაღიძის წყლებში მართლაც ხშირად „ვიჩითებოდი“.
„ლაღიძის წყლები“ - რუსთაველზე, დამწვარი და ჯერაც არაღადგენილი ოპერის პირდაპირ, 70-იანი წლების თბილისში ერთადერთი ფერადი დაწესებულება იყო. დიდ კოლბებში ჩასხმული „შოკოლადი“, „ლიმონი“, „პიტნა“, „ნაღები“ ქმნიდა ჭრელ მოზაიკას, რომელიც წარმოუდგენელ თავისუფლებას - არჩევანის თავისუფლებას ანიჭებდა მომხმარებელს! მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე და არა თქვენს მშობელზე, მეგობარზე, მეორე ნახევარზე, არა პავკა კორჩაგინის მემკვიდრეზე (პიონერთა ხელმძღვანელებს აქ ხშირად მოჰყავდათ ბავშვები ექსკურსიაზე) იყო დამოკიდებული, თუ რას აირჩევდით. ფერადი წყლის არჩევანი უამრავი კომბინაციის (და რეკომბინაციის) საშუალებას ქმნიდა - „ნაღები შოკოლადით“, „ნაღები პიტნით“, „ალუბალი ლიმონით“ და ა.შ. „შოკოლადი“ ორი კაპიკით უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სხვა სასმელი და ეტყობა, განსაკუთრებით პოპულარული იყო - შოკოლადის ჭურჭელი ყველაზე ადრე თავისუფლდებოდა ხოლმე. „შოკოლადის“ ფასი - 7 კაპიკი, მოლარესაც აწყობდა. როგორც წესი, ხურდას აქ არავინ აბრუნებდა.
კომუნისტური ბარაქისა და, ამავე დროს, კომუნისტური წარღვნის ეს სიმბოლო, მაქსიმალურად ამართლებდა დევიზს, რომელსაც 1976 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ცეკას საგანგებო პლენუმი მიუძღვნა: „ყველაფერი ადამიანისთვის, ყველაფერი ადამიანის მატერიალური კეთილდღეობისთვის“. სასიამოვნო ჟრუანტელს იწვევდა, მაგალითად, „ნაღები პიტნით“ პახმელიაზე, როცა ნორმალურ ადამიანს, როგორც წესი, სძულს ეს „მატერიალური კეთილდღეობა“. მით უმეტეს, როცა 70-იანი წლების საბჭოთა საქართველოში უხდება ცხოვრება და „ფიგურა“ შაქრიანი ღვინით აქვს გაჟღენთილი.
აკადემიის, კონსერვატორიისა და თეატრალურის სტუდენტებისთვის უმოკლესი იყო ეს გზა - პახმელიიდან ფერადი ექსტაზისკენ. პახმელიიდან გამოსვლა კოლექტიურად ხდებოდა. ნაბახუსევზე, ლექციებს შორის, სტუდენტები პიტნიან ნაღებს სვამდნენ და ნეტარებისგან ისე უბრწყინდებოდათ თვალები, როგორც ელ გრეკოს კანგაცლილ, ჰაერში (თუ წყალში?) მოლივლივე პერსონაჟებს. ზოგი თითქოს განგებ იტოვებდა ტუჩებზე ხუთკაპიკიან ნაღების სიროფს, რათა „ლაღიძის წყლების“ ხმაურიანი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთაველზე სეირნობისას, ცოტა ხნით კიდევ ეტარებინა მატერიალური კეთილდღეობის წვეთები.
„ძმაკაც, რუსეთში მივდივარ და ჯინსები მჭირდება. შარვალი უნდა გაიხადო და დამითმო!“ - თავდაპირველად ვერც კი მივხვდი, რომ სწორედ მე მომმართავდა ეს ჟღალი, ტანმორჩილი ბიჭი, აქამდე დიდხანს რომ მაკვირდებოდა, თუ როგორ ვსვამდი პიტნიან ნაღებს ჩემს ჯგუფელ გოგონებთან ერთად.
70-იანი წლების საქართველოში „ჯინსების გახდა“ ეგრეთ წოდებული „უშანკების“ მოხდას ჩაენაცვლა. „უშანკების“ მოდა არ გასულა; უბრალოდ, ხალხმა ჭკუას მოუხმო და ქუჩაში ბეწვიანი ქუდის შეკვრა დაიწყო. ასე ვეღარავინ მოგვარდებოდა ქუჩაში უკნიდან და „ნამუსს“ ვეღარ აგხდიდა. მაგრამ ძვირადღირებული ჯინსების გამო, რისკზე წასვლა ნამდვილად ღირდა. მით უმეტეს, როცა „კლიენტი“ ფიზიკური სიძლიერით არ გამოირჩეოდა და არც კუნთმაგარი დაცვა ახლდა.
ჩემსავით.
რა თქმა უნდა, შემეშინდა. თუმცა გოგოების შემრცხვა და ისეთი სახე მივიღე, თითქოს დიდი ხნის ნაცნობს ველაპარაკებოდი. გავუღიმე კიდეც (ამას ყოველთვის ვაკეთებ, როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე): „არა... ეს ჯინსები ნაჩუქარია, ვერ დაგითმობ“.
ჟღალმა ღიმილზე ღიმილითვე მიპასუხა. თბილისი პატარა ქალაქია, ვერ გამექცევი, ამიტომ მოდი, იქით გავიდეთ და მოვილაპარაკოთო.
ლექციაზე გვაგვიანდებოდა. გოგოებს ნიშანი მივეცი, წასულიყვნენ. მე კი იქვე, ლაღიძის წყლებთან, რომელიღაც ეზოში შევყევი. თან ვფიქრობდი, ნეტავ როგორ აპირებს ჩემი ცისფერი „Lოის“-ის გახდას? დავუშვათ, მიზანს მიაღწია, მე რაღა უნდა ჩამაცვას, თავისი დახეული შარვალი? ან ჯგუფელებისთვის რა უნდა მეთქვა? ანდა, სახლში როგორ გამემართლებინა თავი?
ეზო სრულიად ცარიელი იყო. ვიღაცის ფანჯრიდან რადიოს ხმა ისმოდა. დიქტორი ლაპარაკობდა „მავნე ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან ბრძოლის გაძლიერების“ დადგენილებაზე, რომელიც საქართველოს კომპარტიის ცეკამ 1975 წლის ნოემბერში მიიღო.
მეტი დამაჯერებლობისთვის იმ ქალაქის სახელი მითხრა, სადაც „წასვლას“ აპირებდა - როსტოვი. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ჯინსებზე მონადირეები ამით ქურდული სამყაროს წარმომადგენლებად ასაღებდნენ ხოლმე თავს.
მაგრამ მე რა ვიცოდი ქურდების ენა? მე რა ვიცოდი, რომ ქურდებში ტყუილი არ მოდიოდა, არც დაპირება და არც ასეთი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი? „თეთრი ბაირაღები“, მთელი საქართველო რომ კარგავდა ჭკუას, წაკითხული არ მქონდა. არც რუსთაველის თეატრის მაშინდელი ჰიტი - „საბრალდებო დასკვნა“ მინახავს.
„ჯინსებს ვერ გავიხდი. თუ გინდა ფულს მოგცემ, 60 მანეთი მაქვს“. ეს იცით რას ჰგავს? ვინმე რომ გთხოვთ, 100 ლარი მასესხეო და უხერხულობისგან (თუ ამ „ვინმეს“ მოშორების მიზნით) რომ უპასუხებთ, ასი ლარი არ მაქვს, მხოლოდ 5 ლარი მიდევს ჯიბეშიო. მერე უკვე „ვინმეს“ გააჩნია. ან უკმაყოფილო მზერას მიიღებს და გაგეცლებათ; ანდა, იტყვის, კაი, ჯანდაბას, მომე ეგ 5 ლარიო... მერე ჯიბეში ჩაიყოფთ ხელს და 5 ლარის ნაცვლად, მაინცდამაინც ოცლარიანს ამოიღებთ.
ფულის ხსენებაზე, ჟღალმა ელ გრეკოს პერსონაჟებივით გადმოატრიალა თვალის გუგები.
„ხვალ, 12 საათზე, ამ ეზოში ვხვდებით ერთმანეთს, ველოდები 60 მანეთს... და იცოდე, რუსთაველზე ვერსად გამექცევი. ხო, დამავიწყდა, მე გურამა მქვია. უბანში ყველა მიცნობს. „ქურთი გურამა“ იკითხე და გეტყვიან, ვინ ვარ“.
სუსტი ბიჭი კი ვიყავი, მაგრამ არც ისეთი უპატრონო, ამ ჟღალ ქურთს რომ დავეჩაგრე. იმავე საღამოს სკოლის მეგობრებს დავუკავშირდი. ბიჭები დამპირდნენ, რომ პაემანზე გამომყვებოდნენ, თუმცა ერთმა, გოჩა სვანაძემ ისიც მითხრა, არაფერს არ უნდა დაპირებოდი, ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევსო.
ჟღალი გურამას გამო, ერთი დისკუსია გამოვტოვე. მეორე დღეს, აკადემიის ეზოში ხალხი ახალ ამბავს განიხილავდა - ანდრეი სახაროვს წიგნისთვის „ჩემს ქვეყანაზე და სამყაროზე“, რომელშიც ცნობილი ფიზიკოსი დასავლეთის სამყაროს „სამართლიან სისტემას“ უწოდებს, ნობელის პრემია მიანიჭეს. აკადემიის ინტელექტუალები ისე მსჯელობდნენ, თითქოს ზეპირად იცოდნენ სახაროვის წიგნი. ასეა. ინტელექტუალები, განსაკუთრებით სტუდენტობის ხანაში, იშვიათად აღიარებენ თავიანთი განათლებულობის შემოსაზღვრულობას და ივიწყებენ, რას ამბობდა მათზე უფრო ჭკვიანი ხალხი - მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცითო.
„ამ ხალხში ყოფნას ისევ გურამასთან ბაზარი მირჩევნია!“ - ვიფიქრე ჩემთვის და სირბილ-სირბილით მოვკურცხლე გურამასთან პაემანზე. ბიჭები უკვე აქ იყვნენ. ჟღალმა დააგვიანა. ამდენი ხალხის დანახვაზე ფერი ეცვალა. მართლაც ელ გრეკოს პერსონაჟივით „კანგაცლილი“ გახდა. თუმცა უკან დახევას, როგორც ჩანს, არ აპირებდა. დიდხანს ებაზრა გოჩა სვანაძეს ჩემს დაპირებაზე, ასე არ ხდებაო, მაყუთი უნდა მომცეს, „კაცურ პონტშიო“, თუ ძაან გაატრაკებთ, ბიჭების მოყვანა მეც შემიძლია, მთელ რუსთაველს დაგაყენებთ პლეხანოველებსო. ძალიან მაგრად ეჭირა თავი. ისე მაგრად, რომ... როგორ ვთქვა, ვგრძნობდი, რომ მომწონდა კიდეც მისი გაბედულება, მისი შეუპოვრობა. თანაც, რაღაც საოცარი ქართულით ლაპარაკობდა. დროდადრო ყველასთვის დავიწყებულ სიტყვებს იყენებდა. „მაგის დაქონქილ ჯინსებზე არ ვამბობ“ - ასე ბრძანა. იცით, რა არის „დაქონქილი“? სახლში რომ მივედი, ლექსიკონში ვნახე - „დაძველებულს“ ნიშნავდა თურმე...
ქურდების ხსენებამ ჩემი ბიჭებიც დააფრთხო. ვგრძნობდი, რომ ყველას ერთად გვერხეოდა, მაგრამ ღმერთი ხომ ყოველთვის ჩნდება გაჭირვებაში... როცა „მოუხმობ“ ხოლმე, რა თქმა უნდა. როსტოვი! განა ჟღალმაც არ იცრუა? რატომ დაგვავიწყდა ეს ამბავი?
როსტოვის ხსენებაზე, ცოტა დაიბნა და მართლაც კაცურად აღიარა ტყუილი. იმდენად კაცურად, რომ ვიფიქრე, ეგ „თეთრი ბაირაღები“, მგონი, მართლა წასაკითხია-მეთქი. მაგრამ თავისას არ იშლიდა - მე ამას არაფერს დავპირებივარ, მაგას კი 60 მანეთი აქვს ვალიო.
ბოლოს, ვორონცოველმა გოჩამ გვერდზე გაიყვანა. სულ რამდენიმე წუთში სიცილ-სიცილით დაბრუნდნენ.
„გამოსავალი ერთია, გოგი. დომ კინოში რაღაც პორნოგრაფია გადის, „ათას ერთი ღამე“. როგორმე მოსაწვევი უნდა იშოვო და წაიყვანო ეს კაცი!“
ალბათ ჟღალმა დაასკვნა, რომ პიერ-პაოლო პაზოლინის „ათას ერთი ღამე“ პორნოგრაფია იყო. მართლაც გადიოდა იმ დროს კინოს სახლში, „დახურულ ჩვენებებზე“. თანაც როგორი პროგრამა იყო! ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ლინდსეი ანდერსონის „იღბლიანი“, ორი პაზოლინი - „დეკამერონი“ და „ათას ერთი ღამე“.
რაღა უნდა მექნა? ჩემი მეგობრის, ვახო ვისოცკის მამა, ქართული საოპერატორო სკოლის ვეტერანი ფელიქს ვისოცკი კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო. „დახურულ ჩვენებებზე“ ამ ხალხს კავშირი 2-2 მოსაწვევს ურიგებდა. წინა დღეს სწორედ ვახომ მაჩვენა „O lucky man!“ და ფორმანის ფილმი, რომელსაც თბილისელები „Кукушка“-ს ეძახდნენ. ეს აკადემიის სტუდენტებს აწუხებდათ ანდრეი სახაროვის ბედი, თორემ თბილისი მაშინ მარტო „კუკუშკაზე“ ლაპარაკობდა. რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება, როგორ დააწყვილა მოსკოვმა ეს ფილმები („დახურულ ჩვენებებს“ სწორედ მოსკოვი აწყობდა. ფირები არალეგალურად იყო დაბეჭდილი. ამიტომ, როგორც წესი, შავ-თეთრ ასლებს გვიჩვენებდნენ).
ფორმანის ფილმი მსხვერპლით მთავრდება. მაკმერფი იღუპება. მის საქმეს კი, „ბუნების შვილი“, ინდიელი აგვირგვინებს - ჯოჯოხეთიდან გარბის. დიდი ხნის მერე, უაღრესად სიმპათიური კაცი, ფსიქიატრი გიორგი ბერულავა „ფსიქოში“ იტყვის: „მეღიმება, როდესაც ქართველები ამბობენ, კოლოსალური სტრესი გადავიტანეთო, რადგან ყველაზე დიდი სტრესი ადამიანის ცხოვრებაში დაბადებაა. როდესაც სამოთხიდან გამოგაძევებენ, რეალური სამოთხიდან, რასაც 9 თვის განმავლობაში განიცდიდი, ამაზე დიდი სტრესი არ არსებობს“.
და ის ახალგაზრდა კაცი? ტრევესი „იღბლიანიდან“? როგორ უნდა სამოთხეში! მაგრამ არ იცის, სად უნდა ეძებოს. ვერ ხვდება, რომ ახალი ადამიანი იბადება მაშინ, როცა საკუთარ თავს გააცნობიერებს, დაინახავს „ისტორიულ პროცესში“, თავის თავს თვითონ უხელმძღვანელებს და არ დაელოდება, თუ რას შექმნიან მისგან დამთრგუნველი ინსტიტუტები.
ზუსტად ასე თქვა პაზოლინიმ, როცა თავის იდეოლოგიურ კერპზე - ანტონიო გრამშიზე ჩამოვარდა საუბარი. რეგრესი - ველურობის მიმართულებით, ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ... ცივილიზაციისა, რომელმაც ეს დამთრგუნველი ინსტიტუტები შექმნა და სიკეთე მოუტანა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს, სიცოცხლით დაუკმაყოფილებლობა კი ნორმად აქცია. სწორედ დაუკმაყოფილებლობამ გადააქცია სამყარო ფეტიშიზმისა და დოგმატიზმის ჯოჯოხეთად. ქალის შიშველი სხეულიც კი კოკა-კოლასა და „მარლბოროს“ გაუტოლა, დევიზით - „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!“
რატომ ვერ ხვდებოდა ამას ანდრეი სახაროვი, რომელმაც დასავლეთი ლამის სამოთხედ დახატა და ამისათვის ნობელის
პრემიითაც დაჯილდოვდა?
რატომ ვერ დაინახა პაზოლინიში ეს ყველაფერი „დახურულ ჩვენებებზე“ მოხვედრილმა საზოგადოებამ?
აი, აფანასე გავიხსენოთ, მაგალითად; თბილისელი ლოთი, რომელიც იმხანად კინოს სახლის დაცვის უფროსად მუშაობდა. დახურულ ჩვენებებზე კარებში იდგა და სიტუაციას მკაცრად აკონტროლებდა. ამბობენ, რომ მას კინოს სახლის დირექტორიც კი ვერ უბრძანებდა, ესა და ეს უბილეთოდ შეუშვიო. ბევრჯერ ცემეს კიდეც. მაგრამ წითელცხვირიანი აფანასე მაინც მედგრად იდგა.
არადა, რამდენჯერ მომიტყუებია აფანასე! რამდენჯერ შევმძვრალვარ კინოს სახლში დახატული მოსაწვევებით! და რამდენი კარგი ფილმი მინახავს ასე, „დახურულ ჩვენებებზე“! („ქსეროქსი“ იმხანად არ არსებობდა, თორემ საერთოდ დედას ვუტირებდი!)
ვინ იყო ეს აფანასე, რა რჯიდა, ასე ჩინებულად რომ ასრულებდა თავის მისიას? ქართველებმა გააბოროტეს და ასე იძია შური? თუ, პაზოლინის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კულტურით დაუკმაყოფილებლობა“ ტანჯავდა... ან, უბრალოდ, იქნებ ჩამორჩა იმას, რასაც ჭკვიანი ხალხი „პროგრესს“ უწოდებს, ქართულიც ვერ ისწავლა კარგად. ამიტომ არაფრის კეთება არ შეეძლო, კარებში დგომის გარდა.
ან ეს ჟღალი გურამა ვინ იყო? რა ჯანდაბა უნდოდა ჩემგან? ან პაზოლინისგან? „დომ კინოში გაჩითვაზე“ ოცნებობდა თუ მართლა პორნოგრაფიის ნახვას ელოდა 1975 წლის საქართველოში? გურამას უნდა ენახა „ათას ერთი ღამე“ და ვისოცკის - არა? ძალიან შემრცხვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ვახოს მოსაწვევი ვთხოვე.
ჩემდა გასაოცრად, ის ბიჭებიც მოვიდნენ, გურამას რომ გაურჩიეს საქმე. „დახატული მოსაწვევებით“ შემოძვრნენ დარბაზში და ასე აღმოვჩნდით ცეკას მდივნების, მათი ცოლების, მათი პარიკმახერების, „მანიკიურშჩიცებისა” და 70-იანი წლების ქართული ინტელიგენციის გვერდით. იმ დროის სხვა, ბობოლა ქურდების მსგავსად, ჩვენი გურამაც ჰარმონიულად ჩაეწერა „დომ კინოს“ გარემოში. საერთოდ, „ზასტოის ხანის“ საქართველოში ინტელიგენციამ ოსტატურად მოახერხა კომუნისტ ჩინოვნიკებთან, მათ მფარველ კანონიერ ქურდებთან ინტეგრაცია, ჩამოყალიბდა, როგორც „კლასი“, მოექცა კომუნისტურფეოდალური პირამიდის სათავეში, საფუძველი ჩაუყარა პატრიარქალურისა და არისტოკრატულის რაღაც გასაოცარ სინთეზს, რომელიც მომდევნო წლებში საქართველოს განვითარების (თუ განუვითარებლობის) მექანიზმი გახდება. ასეთ სივრცეში ხალხს უყურებენ, როგორც პასიურ და უფორმო მასას, რომლისგანაც ყველაფრის გამოძერწვა შეიძლება... ადამიანი, რომელიც ამ კარგად ორგანიზებული პირამიდის დანგრევას შეეცდება, რომელიც თაროებად დაწყობილი იერარქიის, ამ „ამაოების ბაზრის“ (თუ სუპერმარკეტის) არევ-დარევას, აბრაკადაბრად ქცევას მოინდომებს, ეგრეთ წოდებული „მართლმსაჯულების“ მსხვერპლი გახდება. მას არა ლოთი და მასხარა აზდაკი, არამედ ავტომატიანი ინტელიგენცია, ანდა, „კლასისა“ და მისი იდეოლოგიის გუშაგი - სასამართლო განიკითხავს.
ასეთ სასამართლოს არაერთხელ „განუხილავს“ პაზოლინის მოღვაწეობა. მას უჩიოდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, მას უტევდნენ მემარჯვენეები და მემარცხენეები, ფაშისტები და კომუნისტები, კათოლიკეები და მარქსისტები; ხოლო მას შემდეგ, რაც განაცხადა, დღეს ეროტიკა კომერციად იქცა, სექსს - მონობის საშუალებად იყენებენო, პაზოლინის „სექს-ინდუსტრიის ქურდობაც“ აუმხედრდა.
„დეკამერონმა“ აშკარად დააბნია კინოს სახლში აღსაგზნებად მობრძანებული ქართული პარტიულ-არისტოკრატულ-ქურდული ელიტა. ეს რა სჭირთ? ულამაზეს შიშველ სხეულებს ხედავენ და გულიც კი არ უჩქარდებათ? ავად ხომ არ გახდნენ? რატომ არ უბრწყინდებათ თვალები ელ გრეკოს პერსონაჟებივით? რატომ არ უტრიალდებათ გუგები ბოკაჩო-პაზოლინის ეროტიკის დანახვაზე? ან ეს „ათას ერთი ღამე“ რაღაა? „ამის წაკითხვას გვიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში?“. „რა აცინებთ ამ გოგო-ბიჭებს სექსის დროს, რატომ არ ოხრავენ?“
„ათას ერთი ღამის“ მეათე წუთზე პუბლიკამ დაშლა დაიწყო. ჟღალმა, რომელიც ჩემსა და გოჩა სვანაძეს შორის იჯდა, უკანა რიგებისკენ გაიხედა და აშკარად ჩემს გასაგონად თქვა თავისი ორიგინალური ქართულით: „ეს ხალხი გროშ-კაპიკად არ ღირს!“. ბიჭებს გაეცინათ. მაგრამ გურამას, როგორც ჩანს, არ აინტერესებდა მათი აზრი. ფილმის დამთავრებისთანავე მკითხა, გამაგებინე ერთი, ეს პაზოლინი რა კაციაო.
2005 წელს მცხოვრებო, მრავალტანჯულო ქართველო ხალხო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ საამოა, რაოდენ ტკბილი, რაოდენ ნარნარი (აი, ისეთი, პახმელიაზე, თვალის გუგები რომ გადმოგიტრიალდებათ ლაღიძის წყლის დალევის შემდეგ), როცა იჯერებთ იმ ჭკვიანი კაცის ლოზუნგს: „Красота спасёт мир!“. განა ასე არ მოხდა ახლა? ჩვენმა ჟღალმა ლუმპენმა, ამ ერთმა საწყალმა ქურთმა ბიჭმა, ვერაფერი რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში, სახელმწიფოც რომ წაართვეს, მიწაც, „დვორნიკად“ რომ მონათლეს ქართველებმა, თავისი სამოთხე კაპადოკიაში გადაღებულ „ათას ერთ ღამეში“ დაინახა. ბიჭებმაც კვერი დაუკრეს, მაგარია პაზოლინიო და ასეთ ხალხს, აბა, როგორ გავუშვებდი სახლში: „60 მანეთი მაქვს, წამოდით, ბიჭებო, დავლიოთ სადმე“.
გოჩამ და ბიჭებმა კარგად იცოდნენ ჩემი ხასიათი, არც გაკვირვებიათ. აი, ჟღალმა კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს პაზოლინის ახალი ფილმის სანახავად ვეპატიჟებოდი.
ოჰ, ეს რეჟისორის თუ დირიჟორის კომპლექსი! ეს ძველთაძველი სენი, რომ ხალხი შენი სურვილის მიხედვით „ატარო“ და აიძულო, სიამოვნება იგრძნოს! 60 ლარი ამაში როგორ დამენანებოდა.
ბიჭებმა ლაღიძის წყლებთან რომ რესტორანია, სარდაფში, მაინცდამაინც ის აირჩიეს. მგონი, „ფიროსმანი“ ერქვა მაშინ. „ზასტოის ეპოქის“ სუფრა გავშალეთ - ბევრი ჯონჯოლი, ბოლოკი, პური, გაყინული ხორცისგან დამზადებული კატლეტი და, რაღა თქმა უნდა, შაქრიანი ღვინო, რომელმაც ორი ჭიქის მერე ისე დამარტყა თავში, რომ ყველაფერი დავფქვი, რასაც პაზოლინიზე ვფიქრობდი... არც ის ხალხი დამავიწყდა, „გროშ-კაპიკად რომ არ ღირს“... ჟღალი პირდაღებული მისმენდა - რა ჯინსები, რის როსტოვი, რა ვორონცოვი და რის ქურდები! რომ იცოდეთ, რა ვუქენი?! თვითონ არ სვამდა (რელიგია უკრძალავთ ნეტა?), მაგრამ ჩვენი შემყურე, მგონი ისიც შეთვრა. გვიამბო, როგორ დასცინოდნენ სკოლაში, „რიჟა ქურთს“ ეძახდნენ; როგორ გადაიყვანეს რუსულ სკოლაში, სადაც აგრეთვე მასხრად იგდებდნენ. გვიამბო თავის მრავალრიცხოვან ოჯახზე, იმაზე, რომ ვერ ეტეოდნენ 2 ოთახში და მშობლებს თითქმის ვერ ხედავდა. გაოგნდა, როცა ბიჭებს ვუთხარი, - აი, კაცი, აი პაზოლინის პერსონაჟი, ამათ აღმერთებდა სწორედ, რადგან მარტო ამათ შემორჩათ-მეთქი ღირსება.
„ნამეტანი არ მოგივიდეს, ჯინსებიც არ გაიხადო ახლა“ - მიჩურჩულა ვორონცოველმა გოჩამ, როცა ჟღალს ვიქტორ ბოჟოვიჩის წიგნს „Современные западные кинорежиссёры“ დავპირდი. „ლაღიძესთან ვდგავარ ხოლმე, ხუთშაბათობით, იქ შეგიძლია მნახო და მომიტანო“ - ეს თქვა და წავიდა.
მეორე დღეს ისე მტკიოდა თავი და ჩემი საქციელის ისე მრცხვენოდა, ის 60 მანეთიც ისე დამენანა, რომ საკუთარ თავს პროტესტი გამოვუცხადე და ლოგინიდან არ ავდექი. 1975 წლის ნოემბერში ძალიან ციოდა. რადიატორებს კი მთავრობა არა და არ რთავდა. მძულდა ცხოვრება და საბჭოთა საქართველო.
იმ ქურთ გურამას, რა თქმა უნდა, არ გამოვხმაურებივარ. უფრო მეტიც, ხუთშაბათობით გოგოებს პიტნიანი ნაღების დასალევად აღარ მივყვებოდი. რა უნდა მეთქვა ჩემი ჯგუფელებისთვის, როგორ ამეხსნა, რომ კაცს, ჯინსებს რომ მხდიდა და ფულს მართმევდა, ვიქტორ ბოჟოვიჩის წიგნს ვაკითხებდი?
მაგრამ ერთ თვეში ისევ გამიჩნდა გურამას ნახვის სურვილი.
1976 წლის იანვარში ფოსტალიონმა ჟურნალი „Искусство кино“ მოგვიტანა. სადღაც ბოლო გვერდზე, რუბრიკაში „Синерама“ დაბეჭდილი იყო ცნობა პაზოლინის მკვლელობის შესახებ. 1975 წლის 2 ნოემბერს, ოსტიის პლაჟზე უპოვიათ მისი გვამი, ე.ი. იმ დროს, როცა „ფიროსმანში“ ლამის მის სადღეგრძელოს ვსვამდით, პაზოლინი უკვე მკვდარი იყო. ათასი სისულელე ეწერა - კომუნისტი რეჟისორი ფაშისტებმა მოკლესო, ვატიკანმა არ აპატია „გამოხდომებიო“, მიუხედავად „ფროიდისტულ- ტროცკისტული იდეოლოგიის“ (?) გავლენისა, მაინც პროგრესული იყოო და ა.შ. მაგრამ ასეთმა იდიოტურმა ტექსტმა კი არ გამაცოფა, - თქვენ წარმოიდგინეთ იმანაც კი არა, რომ პაზოლინი მოკლეს (მან მიიღო ის, რასაც ყველაზე მეტად ნატრობდა - საკუთარი ფეხით ავიდა გოლგოთაზე!)... - ჭკუიდან შემშალა დაგვიანებულმა ინფორმაციამ, იმან, რომ დაიღუპა მეოცე საუკუნეში აღორძინების ეპოქიდან მოსული გენიოსი. ჩვენ კი, თბილისელებმა, ეს ამბავი მხოლოდ 2 თვის შემდეგ შევიტყვეთ.
მაგრამ ვის აინტერესებდა აქ პაზოლინი? ქართული პარტიულ-არისტოკრატულ-ქურდული ელიტა სულ სხვა ხალხს, სულ სხვანაირ კულტურას ეტრფოდა.
საშინელებაა მარტოობის ასეთი განცდა. საშინელებაა, როცა მარტო გიწევს მიცვალებულის დატირება.
„ჟღალი!“, „ხუთშაბათი“, „ლაღიძის წყლები“ - ეს სიტყვები ერთად მომივიდა თავში. მაგრამ იმ კვირაში გურამა „წყლებთან“ ვერ ვნახე. ვერც ერთი კვირის შემდეგ. თანაც, აკადემიაში გამოცდები გვქონდა და რუსთაველზე იშვიათად მიხდებოდა გავლა.
ახალი სემესტრის დაწყებასთან ერთად, როცა ქვეყანაში ცუდი ხმები გავრცელდა, - მოსკოვს კონსტიტუციის შეცვლა უნდა, ქართული ენა სახელმწიფო ენა აღარ იქნებაო, - ბოლოს და ბოლოს დავინახე ჩემი „ჟღალი“ ლაღიძის შესასვლელთან. ბუთხუზა ბიჭი ედგა წინ, ვიოლინოთი ხელში და საქმეს ურჩევდა.
„იცი, პაზოლინი, ორივეს ასე რომ შეგვიყვარდა, უკვე მოკლული იყო მაშინ“ - მისალმებისთანავე ეს მივაძახე.
„პაზოლინი ვინაა?“
მინდოდა გამეხსენებინა მისთვის ყველაფერი, მაგრამ ვიგრძენი, რომ არ მისმენდა. ჯინსებს უთვალიერებდა ბუთხუზა მუსიკოსს.
![]() |
15 ჩინელი ანუ ინატრე რამე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
III სერია
წინა სერიაში...
მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, გაგა- ზურაბ ალავერდაშვილი, ედიკა - გურამ წიბახაშვილი, თათუთა - ნინო ხოშტარია, დედიკო - მაია ასათიანი, ლილიკო და ზიზიკო - მარიკა და ჯოკონდა სვანიძეები
© „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება
აკრძალულია.
ამჟამად სამზარეულოში უკვე ლიზა და ედიკა ისხდნენ. „რა იდიოტიზმია,“ ფიქრობდა ლიზა. თუმცა კმაყოფილიც იყო: ედიკამ და თათუთამ გაგას გამო გაცოფება იოლად გადააგორებინეს, ესეც ხომ საქმეა?
თათუთას მაქსის მერცხლების ქვეშ, ტახტზე ეძინა, ტკბილად და ლამაზად. „გეიშებს ლამაზად ძილსაც ასწავლიდნენ,“ გაახსენდა ლიზას და გაეცინა - თვითონ სულ იწიხლებოდა ხოლმე. კარგი გოგო ყოფილა ეს თათუთა, ნეტა, რატომ იდებილებდა თავს?
ედიკამ აუხსნა, რომ მისგან, ანუ ლიზასგან განსხვავებით, თათუთა ფრიად ჭკვიანი ქალი იყო და ზუსტად ხვდებოდა - რაც უფრო ლენჩად ხარ, მით უკეთ გაქვს საქმე აწყობილი.
- მიხვდა ამას და ახლა პასუხი აღარ მოეთხოვება, - განმარტა ედიკამ. - შენ რომ მიჰქარო რამე, მაგრად მოგხვდება, ამაზე კი, კრუპნადაც რომ მიჰქაროს, უბრალოდ იტყვიან, რა საყვარელიაო.
სამზარეულოს მაგიდასთან, სავარძელში მოკალათებული ედიკა გულმოდგინედ ილუკმებოდა, ისე გემრიელად, რომ ლიზასაც კი მადა გაეხსნა, არადა, ღრმა ბავშვობაშიც არ უსაუზმია - დედას ხომ ადრე ადგომა არ შეეძლო.
- დედაშენი რა ბედშია? - ჰკითხა ედიკამ.
ვაი?! მართლა ჯადოქარია ეს ჩემისა?
- დედაჩემი რამ გაგახსენა?
- რა ვიცი, გამახსენდა.
- გათხოვდა. ორი თვეა. ჭამე, ჭამე, რა პრობლემაა. კაცს გაჰყვა ისეთს, ნეტა მე და შენ მოგვცა: დიდი ფულის და კიდევ რაღაც-რაღაცეების პატრონია.
- შენ ეგ რა იცი? - გაეცინა ედიკას.
- მე გავაცანი.
- ვა!?
- ჰო. ჩემი, რა გითხრა, კაცი იყო, რა, და მერე დედიკო ითხოვა ცოლად.
- ვა! მე ვიცნობ?
- ჯვარი გწერია.
- ვა.
დედა, ადამიანი-მანიპულატორი
ლიზიკოს დედა. ასაკი ნუ შეგაშფოთებთ, მართლა ლიზას დედაა. როგორც ჩანს, არ ბერდება - სად შეუძლია ამდენი...
დედა, რომელსაც არ შეუძლია
ლიზას დედიკო ოდესღაც ლამაზი გოგო იყო. ამჟამად ის ლამაზი ქალია. თან, ძალიან მოვლილი. რა-რა, და თავის მოვლა ლიზას დედას კარგად შეუძლია.
მაგრამ მეტი არაფერი შეუძლია და არც არასოდეს შეეძლო. არასოდეს. სულ ახალგაზრდა როცა იყო, არც მაშინ შეეძლო რამე. ის თავის დასთან და მის უბედურ დღეს დაბადებულ ქმართან ერთად ცხოვრობდა და თავს უვლიდა. ის არ სწავლობდა, რადგან გამოცდების გამო ინერვიულებდა და ეს არ შეეძლო. მას, ცხადია, არც სახლში შეეძლო რამის გაკეთება, განსაკუთრებით არ შეეძლო იატაკის დაგვა, ჭურჭლის და თეთრეულის გარეცხვა და საჭმლის გაკეთება. მოკლედ, არაფერი არ შეეძლო.
უნდა ითქვას, რომ არც თავად მისი ატანა იყო შესაძლებელი, ამიტომ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, დის ქმარმა, ანუ სიძემ, ბაღიანი სახლი გაცვალა, რის შედეგადაც გამოუვიდა მშვენიერი სამოთახიანი ბინა ვაკეში და ორი ოთახი სოლოლაკში, კომუნალურში, სადაც, ცხადია, ცოლ-ქმარი დასახლდა, რადგან ლიზას მომავალ დედას საერთო სამზარეულო და მეზობლებთან ურთიერთობა არ შეეძლო. მას არც გაურემონტებელ ბინაში შესახლება შეეძლო, ამიტომ დამ და სიძემ ბინა ჯერ გაარემონტეს და შიგ მერე შეაბრძანეს, ზარ-ზეიმითა და ტაშ-ფანდურით. და საზეიმოდ დაჰპირდა, სადილს ყოველდღე მოგიცუნცულებო, და სამსახურიც უშოვა თავისთან, ინსტიტუტში, მდივნად. მეტი რაღა.
მალე გაირკვა, რომ მას არც მუშაობა შეეძლო: როცა უთხრეს, აქა და აქ დარეკეო, აღმოჩნდა, რომ უცხოსთან დარეკვა არ შეეძლო.
მერე ისიც გაირკვა, რომ მარტოს ცხოვრებაც არ შეეძლო.
- კაი, ის სახლი გავაქირავოთ, - დაყაბულდა სიძე.
- ვაიმე, არა, არ შემიძლია! ისე კუკლასავით მოვაწყე, შიგ როგორ შევუშვა ვინმე? არ შემიძლია! - და კვლავ დასთან და სიძესთან დარჩა. იჯდა, ფრჩხილებს იწესრიგებდა - გამუდმებით, ნეტა რა ჰქონდა ასეთი მოსაწესრიგებელი? - და კვირაში ორჯერ თავისი კუკლასავით სახლის სანახავად დადიოდა ხოლმე.
ერთ მშვენიერ საღამოს შინ დაბრუნებულ სიძეს გაბრწყინებულმა მოახსენა:
- იცი, ჩვენ ბაო გვეყოლება!
- რაა?
- ბავშვი ეყოლება, - აუხსნა ცოლმა და ატირდა.
ო, როგორ ეამა სიძეს! იფიქრა, გავასაღეო! იფიქრა, ვაშა, ვაშაო! სულ მჟავანაძე რომ ყოფილიყო მამა, იმასაც შესტენიდა, ეს ნამდვილად შეეძლო! მაშ, ვინაა ის ბედნიერი?
- ვაიმე, ვერ გეტყვი, - იყო პასუხი. - არ შემიძლია.
- ფეხების აწევა ხომ კარგად შეგეძლო! - ბღაოდა სიძე, მაგრამ სულ ტყუილად.
- ნუ ყვირი, ხომ იცი, არ შემიძლია, - გაუწყრა ცოლისდა და პროტესტის ნიშნად ტელევიზორს ხმა აუწია.
ასე დაიბადა ლიზა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთები, როგორც წესი, არ შეეძლო, დედამ ის თავად გააჩინა, ოღონდ
მერე დეიდამ და ბიძიამ გაზარდეს, რადგან დედას არც უძილობა შეეძლო და არც კაკაშკები. ფუ, კაკაშკა! მერე სიძე მოკვდა, სულ მარტივად, მანქანამ გაიტანა. ისე განიცადა ლიზას დედამ, ისე განიცადა, სულიერი წონასწორობის აღსადგენად მთელი თვე ლიკანში მოუწია ყოფნა! მერე დეიდაც მოკვდა - გაგეცინებათ, და ისიც მანქანამ გაიტანა, და დედამ თქვა, რომ სახლში, სადაც ამდენი უბედურება დატრიალდა, ცხოვრება არ შეუძლია და არც ლიზასთან ერთად ცხოვრება შეუძლია. რა მძიმე ხასიათი გაქვს, ლიზიკო!
კვირაში ერთხელ დედა ლიზას ურეკავდა, ეწუწუნებოდა და დავალებებს აძლევდა ხოლმე. ძალიან უჭირდა, საწყალს, ამიტომ ლიზამ ირბინა, ბინა გაუყიდა და უფრო პატარა უყიდა, და დედას ის ფული სულ ელეოდა და ელეოდა, და ვაიმე, როგორ არ შეეძლო ამის ატანა! ისე ძალიან არ შეეძლო, რომ კინაღამ ავად გახდა, და ამიტომ ცოტა ხნით ლიზასთან გადასახლდა: მარტოს ყოფნა არ შეეძლო.
აღარც მოუწია მარტოდ ყოფნა, მშვენიერი კაცი მოჩანგლა ლიზასას. უჰ, მშვენიერი კაცი იყო: ხელგაშლილი, კეთილშობილი, დაჩაგრულთა ქომაგი, და სულ ორიოდე თვის წინათ ლიზას ეგონა, რომ მორჩა მისი ხეტიალი სიყვარულის ორღობეებში, რომ არის, ასრულდა ოცნება! მაგრამ ზღაპრული უფლისწულის გულმა პატარა, დაუცველი ქალის სევდას ვერ გაუძლო და დედიკო, ნაზი, ქალური და მოხდენილი, ცოლად ითხოვა.
სამწუხაროდ, ლიზა გოიმი აღმოჩნდა: დედას და ყოფილ საყვარელს ვერ გაუგო და აღარც ერთს აღარ ელაპარაკებოდა. დედა, როგორ არ შეეძლო ლიზას დედას ასეთი რაღაცეები!
...
- აუ, რა ვჭამე?!
- მიდი, მიდი, - ედიკა გაღიმებული უყურებდა. - დილით უნდა ისაუზმო ხოლმე. ჯანში მიდის. საერთოდ, რაღაც, ხდები, ჰა? არ მომწონს ეგ ამბავი. ხომ იცი, мужчина не собака, на кости не бросается.
- მოიცა, რა, - ისე, კი ეამა ლიზას, მაგრამ ხომ არ შეიმჩნევდა. - ძმურად, ეს თათუთა სად იშოვე?
- არ მოგეწონა?
- მაგრად, - გულწრფელად უპასუხა ლიზამ. - უბრალოდ, თავიდან მეგონა, რომ ჩლუნგი იყო და რა ყოფილა? მაგარი იყო - „მე რა, არ მინდა?“ რომ გაიხადა, გავითიშე.
- შეგეტყო, - ედიკა ძალიან გამხიარულდა.
- ამას ხშირად აკეთებს?
- პირველად ქნა. საერთოდ, ყველაფერს პირველად შვრება ხოლმე. მაგარი ტიპია.
- მალაცა, თათუთა! - აღფრთოვანდა ლიზა. - აი, მალაცა!
- გმადლობ, ლამაზო! - თათუთა ისე ჩუმად შემოსულიყო, ლიზა შეკრთა კიდეც. - ოღონდ მე თათუთა არ მქვია.
- ჰეჰე! - გაერთო ედიკა.
- რა გიხარია, დამპალო, - გაჯავრდა ლიზა.
- კაი, რა, - თათუთამ უგრძელესი ფეხები ედიკას მუხლებზე შემოაწყო. - ჩვენში მოსულა.
...როგორი უცნაური საღამოები იცის ნოემბერმა. ისე დაგიღამდება, ვერც მიხვდები, დღე როგორ ან რატომ გავიდა. ტკბილად სხედან სამზარეულოში ედიკა, თათუთა და ლიზა, გაგასეული სანთლებიც კი დაანთეს... „ბებოებთან ხვალ წავალ, მოესწრება,“ - ფიქრობდა ლიზა, ოღონდ ნელა, ზარმაცად. „მაინც ჩემი იქნება ჩემი მილიონები...“
- ...ეგენი არანაირად არ არიან მარიშკას ბებიები, - ჰყვებოდა ედიკა. - ორივე გაუთხოვარია. რა პონტში აწვებიან ბებიობას, აზრზე არა ვარ. შენ რად გინდა, ჰა? აღარ იტყვი? კაი, კაი. მოკლედ, მე თუ რამე მესმის, მაგარი შებერტყილი სასტავია. იმ საღამოს, გოგო რომ მივიყვანე, კონიაკი ააგდეს, მადლიერების ამბავი მეგონა, მარა არა, თვითონ სვამენ და მთლად მარტო სმა, ეტყობა, უტყდებოდათ.
- მაიცა, - ჩაერთო თათუთა. - პლეხანოველი ლილიკო და ზიზიკო? ლილისთან მუსიკაზე დავდიოდი, აზრზე ვარ.
- რაზე მიხვდი, რომ ეგენი არიან, სმაზე? - გახალისდა ლიზა.
- რა გეცინება, მართლა მაგრად სვამენ, ოღონდ დენატურატებს კი არა, სულ მაგარი სასმელი აქვთ. რომ იცოდე, ფულიც მაგრად აქვთ, ოღონდ საიდან, აზრზე არა ვარ. ჩემი ოცდახუთი ლარით, იასნია, არ ცხოვრობდნენ, აზრზე არა ვარ, თავს საერთოდ რას იწვალებდა, მე მაგარი უნიჭო ბავშვი ვიყავი, მაგარი უსმენო და თან კლიაოზნიკი.
- ჰყიდიან ალბათ რაღაცეებს, - ივარაუდა ლიზამ.
- არა, პირიქით, ყიდულობენ, მთელი მშრალი ხიდის საქსი სახლში ულაგიათ.
- რა ჭირად უნდათ?
- რა ვიცი. ევასებათ. შენ რა პონტში უნდა აადგე?
- თავი დაანებე, - ედიკა ისევ საჭმელს დაწვდა. ვაჰ, რამდენი ჩასდის და არ სუქდება! - მაინც არაფერს გეტყვის.
- კაი, ნუ იტყვი. ისე, თუ გინდა, წამოგყვები, - შესთავაზა თათუთამ.
- არა, საყვარელო, მე თვითონ ვიზამ.
- OK.
„რა კარგია,“ ფიქრობდა ლიზა. „თათუთამაც გაამართლა. ე, გაგა, შე დებილო... როგორ მეზარება მარტო ხეტიალი...“
- ეს ვინღაა? - იკითხა უცებ თათუთამ.
გაგა. გასაღები თან წაუღია, ვირიშვილს. „რა ჩუმად დადის, კატასავით”, იფიქრა ლიზამ.
- პრივეტ, სიმპატიურო! - ხელი აუწია თათუთამ.
- რა იყო, დაგრჩა რამე? - როგორ ეზარებოდა ლიზას ჩხუბი!
- ერთი წუთით, სულ ერთი წუთით მოდი, რა... ბოდიში... ლიზ, მოდი რა...
რა ზრდილი ბიჭია ეს გაგა, გაგიჟდება კაცი... რა იყო?
- ლიზო, მე მორჩა, წამოვედი. სულ. მოიცა, მოიცა. მართლა. დედა მომიკვდეს. მოიცა, რა!
- ედიკა, თათუთა, - გააცნო სამზარეულოში დაბრუნებულმა ლიზამ. - ეს გაგაა. ედიკ, ესაა გაგა.
- მე არ მქვია თათუთა, მარა OK. არ მოგერიდოს, - გაამხნევა თათუთამ. - დავაი, დაჯე და მოყევი, პრობლემაა?
- ჰო, - გამოეხმაურა ლიზაც, - პრობლემაა?
- დავაი, დავაი, - შეაგულიანა ედიკამ. - რა იყო?
და გაგამ დაიწყო: რომ გუშინდელს აქეთია, სულ ხედავს და აღარ შეუძლია. რომ სულ იქაა, სადაც გაგა, რომ ცოლი ისევ ეჩხუბა, რას ბოდავო, არავინაც არ არისო, არადა, არის, მართლა, არის, სულ ყველგან, დღისითაც - კი არ დაესიზმრა, მართლა, ფანჯარაშიც შემოიხედა, მერვე სართულზე, და ცოლმა უთხრა, კაიფობო, და გაგა გამხეცდა, და ლიზა, აუ, ლიზა, დავივიწყოთ, რაც იყო, რა!!!
ლიზა გაწიწმატდა.
- უჩემოდ მოწიე, შე ლაწირაკო?
- მოიცა, - თქვა უცებ ედიკამ, ისეთი ხმით, რომ სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა. - ვის ხედავ?
- მაქსს, - თქვა გაგამ ჩურჩულით. - მაქსიმას. გუშინწინ რომ გითხარი, ლიზ, ეგ მოკვდა-მეთქი. ახლა ზის და ეწევა. სულ. თან მიყურებს.
კვლავ სიჩუმე. თათუთამ და ედიკამ ერთმანეთს გადახედეს. თათუთამ ედიკას მუხლებიდან ფეხები ჩამოაწყო. ედიკამ იკითხა:
- მარიშკას ხოტეის ეძებ, ლიზა?
ყველანი ლიზას მიაჩერდნენ. ედიკა ადგა და ლიზას მოეხვია.
- ძალიან ფრთხილად იყავი.
- ძალიან ფრთხილად იყავი, - ექოსავით გაიმეორა თათუთამ.
გარეთ ბნელოდა და ციოდა, აქ კი, სამზარეულოში, სანთლები პარპალებდა, ლურჯად ჩამოწვა სიგარეტის ბოლი, და გაგამ იცოდა, რომ მოიგო, სახლში დაბრუნდა, და აქ აღარავინ აწყენინებდა, ყველას ეყვარებოდა: ლიზასაც, ამ ვიღაც ედიკასაც და მის ქალსაც. გაგა ბუფეტს მიეყუდა და თბილად, გულითადად გაუღიმა ედიკას მიერ დატოვებულ სავარძელში მოკალათებულ მაქსს. იმანაც გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
. . .
ლილიკო და ზიზიკო ისეთ ასაკში იყვნენ, რომ თავს მიხაილოვსკელებად თვლიდნენ. გაგა, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად იყო იმ ნათელ ეპოქას ამცდარი, ამიტომ ვერაფრით ვერ გაიგო, პატარა, თეთრსაყელოიანი ბებო რას ეუბნებოდა:
- რას დამდგარხარ ვარანცოვის პამიატნიკივით?
ამიტომ კარებში იდგა თავისი უშველებელი თაიგულით ხელში და უაზროდ იღიმებოდა.
- ბატონო?
- შედი, - ჩასჩურჩულა ლიზამ და ზურგში იდაყვი ოდნავ ჰკრა.
ოთახი იყო უმშვენიერესი: მაღალჭერიანი, რაღაც, ბევრკუთხეებიანი, მაღალი ღუმელით. იდგა ანტიკვარული ავეჯი და გაგასა და ლიზას გასაოცრად, კედლებზე სრულიად მოულოდნელი პლაკატი იყო გაკრული - ჩე გევარა.
- დასხედით, ლამაზებო! - ჟღურტულებდა თეთრსაყელოიანი. - დედა, რა ლამაზი ბიჭი ხარ შენა!
- გმადლობთ, - ლიზა თვალებს არ უჯერებდა: გაგა გაწითლდა. შავ დღეში იყო, აღარ იცოდა, თაიგული სად წაეღო, თვალები სად წაეღო - თეთრთმიანი, თეთრსაყელოიანი მოხუცი ქალი, კაფელის ღუმელი და ჩე კომანდანტე! გადაირევა კაცი.
- შენც მოგწონს, ჰო? - ჩაეკითხა ლიზას თეთრსაყელოიანი. - ცოტა კი ჰგავხარ. ჩემო ლამაზო! - გაგას თან თაიგული გამოართვა, თან ზურგზე მიეფერა, ყველაფერს ერთად შვრებოდა, თან საშინელ ტემპში. - ზიზიკო, ნახე, რა ხალხია!
მეორე ოთახიდან მეორე მოხუცი გამოვიდა, ცოტა უფრო მაღალი. ამას საყელოს ნაცვლად მარგალიტის მძივი ეკეთა, და ოდესღაც ლომბარდში ნამუშევარი ლიზა მიხვდა, რომ ეს ნამდვილი მარგალიტი იყო.
- მოხვედით, ჩემო ოქროებო? Чай, Зизи! - ზიზიკოც რა აქტიური ყოფილა! - რა ლამაზი ყვავილებია! გაიხადე, ჩემი გოგო, გაიხადე! როგორი ლამაზი გოგო ხარ!
- და ბიჭი როგორია? - ლილიმ უკვე ყველაფერი მოასწრო, ყვავილები ლანგარში ჩააწყო, ლიზას ქურთუკი გამოართვა, თან გაგას უსვამდა და უსვამდა ზურგზე ხელს და გაგაც სულ უფრო იბნეოდა და სულ უფრო მეტად უბედურდებოდა.
ასეთივე საოცარი სისწრაფით გაიშალა ჩაის სუფრაც, საიდანღაც გაჩნდა კონიაკი, - „ჰენესი“, აი, მესმის ბებოები! ლიზას მოტანილი ნამცხვრები უკვე დიდ ვერცხლის სინზე იყო ჩამოლაგებული, და ბებოები ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ.
- მოგწონს, ჰო, კომანდანტე? მაგარი კაცია! ეჰ, უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი... - ჭიკჭიკებდა ლილი. - ნახე, რა გოგო ვიყავი! თან როგორ ვცეკვავდი! - კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე მიუთითა. - Он бы точно не устоял!
ლიზას რეტი დაესხა. ბებოებთან ძალიან თბილოდა.
- მე ლიზა ვარ, ეს გაგა...
- ძალიან კარგია! რა კარგები ხართ, რა ლამაზები!
- დიდი ბოდიში, თქვენთან მოწევა შეიძლება? - ნახე, გაგა რას გაკადნიერდა!
- აბა რა, ჩემო საყვარელო, - აღელდა ლილი. მაგიდაზე უცებ გაჩნდა უზარმაზარი ნიჟარა და ორივე ბებომ უცებ გააბოლა, ლიზას მთლად გასაჩანაგებლად, „ქემელი“.
- მიირთვი, გეხვეწები! ნახე, ლილიკო, რა გემრიელი რამეები მოგვიტანეს ბავშვებმა...
„რაღაცა ვერაა აქ წესრიგში,“ ფიქრობდა ლიზა. გაგა ბებიებთან ერთად კონიაკს ურტყამდა, სამარცხვინო სისწრაფით და რაოდენობით, ლიზა კი ფიქრობდა: „რა ხდება? რატომ არაფერს გვეკითხებიან? არ აინტერესებთ, რატომ მოვეთერით?“ ლილი და ზიზი კი არ ჩუმდებოდნენ:
- ლამაზი იყო, არა, ჩვენი ლილიკო? ისე, არც მე ვიყავი უშნო, აი, ნახე?
- ეს საქორწილო კაბაა? - გაგას კონიაკმა უშველა, მეტყველების უნარი აღუდგა და ლიზას გულის გასახეთქად, აშკარად კომფორტულად გრძნობდა თავს.
- არა, რა ჰქვია იმას, выпускной бал, - აუხსნა ზიზიმ. ლილი გაგას განუწყვეტლივ ეფერებოდა და ეს უკანასკნელი ისე გამოთაყვანდა, რომ თვითონაც დაუწყო ხელზე ხელის ცაცუნი.
- ზიზიკოს დამთავრებული აქვს კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, მედალიცა აქვს, - გაამაყდა ლილი და ლიზას მიუტრიალდა. - Ты же носишь брошки, моя хорошая?
- დიახ, - უპასუხა ლიზამ.
- ზიზი? - გადახედა ლილიმ.
- Ну? - უპასუხა ზიზიმ.
ლიზას წინ, მაგიდაზე, გაჩნდა გულსაბნევი. ძალიან, ძალიან ლამაზი.
- აუ, რა მაგარია, - წამოდგა გაგა. - რა არის ეს?
- ტოპაზი, ოქროსფერი, - უპასუხა ზიზიმ. - ეს ჩემი მედალია. ახლა შენია. ნახე, როგორ მოგიხდება!
ლიზას ამდენი აღარ შეეძლო.
- ქალბატონო ზიზი! - წამოდგა ლიზა. - და ქალბატონო ლილი. მე ვარ ლიზა, ეს გაგა, თქვენ ვიღაცაში აგერიეთ. ჩვენ არავინ არა ვართ, ჩვენ ვართ ლიზა და გაგა, და ვართ მარიშკას ნაცნობები, და მარიშკას ვეძებთ, და მისი მისამართი გვინდოდა გაგვეგო, და მეტი არაფერი, და...
- ჰო, ჰო, - უპასუხა მშვიდად ლილიმ. ისევ გაგას უსვამდა თავზე ხელს, მეორე მის მხარზე ჩამოდებული და გაგა, იდიოტი, იმ ხელზე კოცნიდა. ოჰ, გაგა, გამოხვალ გარეთ!
- რა „ჰო“, ქალბატონო ლილი! მე ლიზა ვარ! მე არა ვარ არავინ! რატომ უნდა მაჩუქოთ ასეთი ძალიან, აი, საშინლად ძვირფასი ნივთი? მე არავინ არა ვარ!
- Ты моя золотая, - ზიზი გულაჩუყებული უყურებდა. „გავგიჟდი,“ იფიქრა ლიზამ.
- ხომ მაგარი გოგოა ჩემი ლიზო? - გაისმა გაგას ხმა.
„გაგაც გიჟია,“ იფიქრა ლიზამ, „სულ გიჟები არიან“.
- ძალიან, - გაუხარდათ ბებოებს, - აი, ძალიან!
- გეხვეწებით, - თქვა ლიზამ ჩუმად, - გეხვეწებით, გაჩუმდით, რა... ერთი წუთით... ძალიან დიდი ბოდიში. მე წავედი. გაგა?
და უცებ ლიზამ დაინახა, როგორი სასოწარკვეთით ჩაეჭიდა გაგას ლილიკოს პატარა ხელი. მერე დაინახა, რომ ზიზიმ გულსაბნევი მაგიდაზე დადო და თავი ჩაქინდრა. ზიზი ტიროდა, ჩუმად, საცოდავად. ლილი გაგას ნაცემი ცუგას თვალებით შესცქეროდა.
გაგამ ლილიკოს ფრთხილად გააშვებინა ხელი, წამოდგა, თავზე აკოცა და თქვა:
- რა სისულელეა, ლიზ, მე ჩავალ მარტო, რა, მგელი შემჭამს თუ რა? - და მერე ზიზის მიუბრუნდა: - არაყს ამოვიტან, ლიზა კონიაკს ვერ სვამს. თქვენც ხომ არ გინდათ, რამე დამაბაროთ?
- გვაქვს არაყი! - დასძახა ლილიმ. - არ გინდა ჩასვლა! მაგარი არაყი გვაქვს! ზიზი! Водку!
გაგრძელება შემდეგ ნომერში>>>
![]() |
16 მუსიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: გიორგი მარი
COLDPLAY
X&Y
coldplay, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ბრიტანული მუსიკის ისტორიაში. 2005 წელს გამოვიდა მათი ახალი, რიგით მესამე ალბომი x&y, რომელსაც ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ჩემი აზრით, ეს ალბომიც საკმაოდ საინტერესოა და ყველა coldplay-ს მსმენელს ვურჩევდი ამ ალბომის კარგად მოსმენას.
„square one“ - ასე ეწოდება პირველ track-ს ალბომიდან, რომელსაც თვითონ coldplay-ს წევრები ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლიან, რასაც მე არ დავეთანხმებოდი და ვარჩევდი სიმღერას „fi x you“ - ერთ-ერთი მართლაც საუკეთესო სიმღერა, რაც coldplay-ს შეუქმნია, მიუხედავად მისი „გადამტკბარი“ ტექსტისა. შემდეგ მოდის „what if“, რომელიც oasis-ის არ იყოს, the beatles-ის „a day in the life“-ს მოგვაგონებს. ასევე ძალიან კარგი track-ებია „swallowed in the sea“ და „low“. ეს სიმღერები აბსოლუტურად სხვანაირად ჟღერს წინა coldplay-ს ალბომებთან შედარებით და თითქოს 80-იანების ელფერიც დაჰკრავს. ყველაზე მეტად „80-იანური“ ჟღერადობის სიმღერა კი „talk“ არის, რომლის მთავარი თემა ელექტრონული ჯგუფი kraftwerk-ის „computer love“-იდან არის აღებული. აღვნიშნავდი სინგლს „speed of sound“, რომელიც ცოტათი წინა ალბომიდან (a rush of blood to the head) სიმღერა „clocks“-ს წააგავს, თუმცა შეიძლება „speed of sound“ -ის „clocks“-ს ვამჯობინო კიდეც. და ბოლოს თორმეტ track-იანი ალბომის მეცამეტე ბონუს track-ი „till kingdom comes“. ეს სიმღერა Johny Cash-ის მიერ არის დაწერილი, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ ამ სიმღერის ჩაწერა ვერ მოასწრო. თუმცა ეს coldplay-მ განახორციელა და ალბომიც ამით მთავრდება.
DOVES
SOME CITIES
მანჩესტერულ ჯგუფ doves-ს პირველად 2001 წელს მოვუსმინე, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა ეს ჯგუფი საქართველოში რატომღაც ნაკლებადაა ცნობილი. რაც შეეხება მათ ახალ ალბომს some cities, ეს ალბომი 2005 წელს გამოსულ ალბომებში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა და, საერთოდ, ჩემი აზრით, doves-ს სუსტი ალბომი ჯერ არ გამოუშვია. (ალბათ ყველა დამეთანხმება, ვისაც წინა ორი ალბომი აქვს მოსმენილი: „lost souls“(2000) და „last broadcast“(2002).
ალბომი 11 track-ისაგან შედგება. პირველი track-ია „some cities“ შემდეგი კი „black and white town“, რომელიც ალბათ ყველაზე კარგი track-ია ალბომში და გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პირველ სინგლად სწორედ ეს სიმღერა გამოვიდა. „almost forgot myself“ კი რაღაცნაირად 60-იან წლებში მაბრუნებს და თითქოს ჯგუფ the kinks-ს მაგონებს, რასაც ვერ ვიტყვი სიმღერაზე „snowden“ და მის უცნაურ არანჟირებაზე. ასევე, ალბომში გამორჩეულად კარგი სიმღერებია: „the storm“ და „shadow of salford“, რომლებსაც გიტარისტი Jez Williams-ი მღერის (დრამერი Andy Williams-ის ძმა), რაც ძალიან აცოცხლებს ალბომს. „sky stars falling“ კი ალბომის ყველაზე ტემპერამენტიანი და მხიარული ნაწილია, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა სინგლად. და ბოლოს „ambition“, რომლითაც ალბომი ასე მშვიდად და წყნარად სრულდება.
OASIS
DON'T BELIEVE THE TRUTH
ამ ბოლო დროს ვუსმენდი oasis-ის ახალ ალბომს „don't believe the truth“, რომელიც ჯგუფის მეექვსე სტუდიური ალბომია. მართალი გითხრათ, ჩემს საყვარელ oasis-ის ალბომებად მაინც „(what's the story) morning glory?“ და „defi nitely maybe“ რჩება, თუმცა ეს უკანასკნელიც შეიძლება მესამე ადგილას დავაყენო.
ალბომი 11 track-ისაგან შედგება. მას ხსნის სიმღერა „turn up the sun“, რომელიც დაწერილია ბასისტი Andy Bell-ის მიერ, ენერგიულია და საკმაოდ ინდივიდუალური. მას მოსდევს „mucky fi ngers“ (Noel Gallagher). იგი 60-იანი წლების ჟღერადობისაა და ძალიან მოგვაგონებს „the velvet underground“-ს. ალბომიდან პირველ სინგლს „lyla“-ს კი ნამდვილად ეტყობა ახალი დრამერის, Zak Starkey-ს (Ringo Starr-ის შვილი) ხელი, რომელიც ძალიან კარგად მოერგო ჯგუფს. ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს სიმღერაში „the importance of being idle“. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ალბომში. ასევე აღვნიშნავდი „A bell will ring“ და „keep a dream alive“-ს. ამ სიმღერების ენერგიული გიტარის პარტიები და Liam-ის საუკეთესო ვოკალი გვარწმუნებს, რომ oasis ისევ ძველებურ ფორმას უბრუნდება. ასევე ყურადღებას გავამახვილებდი Liam Gallagher-ის სამ სიმღერაზე - „love like a bomb“, „guess god thinks i'm abel“ და „meaning of soul“. ეს სიმღერები ძალიან განსხვავებულია ძველი oasis-ისაგან, ჟღერადობა უფრო აკუსტიკურია და ბევრად მდიდარია ინსტრუმენტებით. თუმცა, The Beatles-ისადმი oasis-ის სიყვარული მაინც არ „განელებულა“, რაც საკმაოდ შესამჩნევია სიმღერაში „let there be love“, რომელიც ალბათ „სუპერ“ ვარიანტია ალბომის დასასრულებლად. ასე რომ, მოუსმინეთ.
წიგნები
ავტორი: თამარ ბაბუაძე
დამთხვევები და შემთხვევები
დავით ჯავახიშვილი
გამომცემლობა „დიოგენე“
2005 წ.
ეს წიგნი თითქმის იმ პერიოდში გამოიცა, როცა თბილისი დავით ჯავახიშვილის პანაშვიდებზე დადიოდა. მის გამოცემას ავტორი ძალიან ელოდა. ამიტომ ჩვენი ინტერესიც ამ პატარა კრებულის მიმართ, ცოტა არ იყოს, სევდანარევი გამოვიდა.
აქ „თავმოყრილია ჩემს თავს გადახდენილი ამბები, რომელთაგან ხუთი - დამთხვევაა, ანუ სასწაული, დანარჩენი კი ჩვეულებრივი ამბებია, ანუ შემთხვევები. ხუთი სასწაული ერთი კაცის ცხოვრებაში - ცოტაა თუ ბევრი? არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ თავგადაკლული ათეისტიც კი წამით ჩააფიქროს და ერთხელ მაინც, თუნდაც მალულად, ეჭვის თვალით აახედოს ცაში“ - წერს ავტორი წინასიტყვაობაში.
ხუთად ხუთ სასწაულს 18 შემთხვევა მოსდევს. თუმცა, რომ არ წაიკითხო სარჩევი, განსხვავებას დამთხვევებს და შემთხვევებს შორის, თხრობის ძალიან სადა სტილის გამო ვერც შეამჩნევ. მიზანიც ესაა - ნაკლები ფილოსოფიურობა და ყველაზე დასამახსოვრებელი ცხოვრებისეული ეპიზოდების გახსენება.
თვითონ ავტორი გვირჩევს: „ეს კრებული გახლავთ სადმე მატარებელში ან დაცარიელებულ აგარაკზე, მოწყენილობის ჟამს მეტნაკლებად სახალისო საკითხავი, შეძლებისდაგვარად განტვირთული „ფილოსოფოსობის“ მცდელობისაგან“.
ახალი საუკუნე
ლიტერატურული ჟურნალი
2005 წ.
ამ გამოცემას უამრავი ინტერვალები ჰქონდა, მაგრამ ჰყავდა კიდევ უფრო მეტი მკითხველი, რომელიც მოთმინებით, ხშირად თვეობითაც ელოდა საყვარელი ჟურნალის გამოსვლას. ასე იყო 90-იანებიდან დაწყებული; „ლიმონათის ქვეყანას“, „ლოდი ნასაყდრალს“ და კიდევ ბევრ გახმაურებულ თუ უბრალოდ მკითხველისთვის საყვარელ ტექსტს პუბლიკა ამ ჟურნალის ფურცლებიდან ეცნობოდა.
ყოველი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მაინც რჩებოდა იმედი, რომ ეს ბოლოა - ამიერიდან ჟურნალი შესაშური პუნქტუალობით გამოვა. ეს იმედი ახლაც აქტუალურია. თანაც იმედს გაუმჯობესებული პოლიგრაფიული ხარისხი ამძაფრებს. ახალ საუკუნეში გამოსულ „XX საუკუნეს“, უბრალოდ, „თაბუკაშვილების ჟურნალი“ ჰქვია, მაგრამ მოცულობის და შინაარსის გათვალისწინებით, უფრო ლიტერატურულ ალმანახს ჰგავს, ვიდრე ჟურნალს.
„თაბუკაშვილების ჟურნალში“ ტრადიცია არ ირღვევა და სამივე თაბუკაშვილთან ერთად, სხვა საყვარელი ავტორებიც იბეჭდება (რიცხვით მეორე ადგილზე სამადაშვილები გადიან). გურამ წიბახაშვილისეული გარეკანი კი - ერთ რამედ ღირს! ის კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჟურნალი თაბუკაშვილების კი არის, მაგრამ სინამდვილეში ყველა იმ მკითხველს ეკუთვნის, ვისთვისაც ლიტერატურა ისეთივე აუცილებელი საარსებო საშუალებაა, როგორც - პური!..
A. პროგრესივ როკ-ექსკურსი
გიორგი ბენაშვილი, აჩიკო ბენაშვილი
ტომი პირველი
2005 წ.
რა ხდება მაშინ, როცა ქალაქში 2 აპრილს თოვს? პროგრესულად მოაზროვნეთა ფიქრებში, თურმე, ამ დროს ზუსტად ასეთივე ორიგინალური იდეები იბადება. ამ ელექტრონულ წიგნს რეკლამა არ ჰქონია, მაგრამ „მწვანე ტალღის“ მსმენელებში მაინც პოპულარობით სარგებლობს. ეს იმიტომ, რომ რადიოს ერთგული მსმენელები კარგად იცნობენ გამოცემის უკან დამალულ „ხმას“ - არჩილ ბენაშვილს, რომელსაც იმედი აქვს, რომ პროგრესივ როკის ერთგული მსმენელის წყალობით, ასო A-ზე შეკრებილი როკ-ჯგუფების ნუსხას ანბანის ბოლომდე ჩაიყვანს.
ჯერ-ჯერობით კი ხელთ გვაქვს მრავალტომიან ელექტრონულ ენციკლოპედიად ჩაფიქრებული გამოცემის პირველი ტომი, ასო A და მოსალოცი საქმე: „ჩვენს ენციკლოპედიას ABBA კი არ ხსნის, არამედ ბრაზილიური ჯგუფი A Barca do Sol. დისკზე ბევრი ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და მხოლოდ ძალიან ერთგული პროგრესივ როკის მსმენელების წრეში ცნობილი ჯგუფების შესახებ იხილავთ ამომწურავ ინფორმაციას. თანაც, კითხვის პროცესს ამ ჯგუფების ყველაზე სახასიათო მუსიკალური ჩანაწერი გაგიმრავალფეროვნებთ.
მოკლედ, თუ გსურთ ენციკლოპედიური როკცოდნა - დისკი თქვენთვის მისწრება იქნება. დაარწმუნეთ გამოცემის ავტორები, რომ პროგრესულად აზროვნებთ და რომ არც როკი მომკვდარა!
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
„კიკა“
სად: კინოდარბაზი „ამარკორდი“
როდის: ნოემბერი
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი
გაინტერესებთ კოსმეტოლოგი ქალის თავგადასავალი?
მისი ვნებიანი ცხოვრება?
უშრეტი სექსი?
მორალურ-ამორალური ამბები?
სასაცილო თავგადასავლები?
კოლორიტული ტიპაჟები?
ჩახლართული ურთიერთობები?
კაშკაშა ფერები და ვნებიანი ქალები?
მეტის თქმა არც არის საჭირო.
ეს პედრო ალმოდოვარის „კიკაა“.
„ჰარი პოტერი და ცეცხლის თასი“
სად: კინოთეატრები „ამირანი“ , „რუსთაველი“
როდის: დეკემბერი
რეჟისორი: მაიკლ ნიუელი
იმ წელს ჰოგვარტსში ჯადოქართა შეჯიბრი გაიმართა; ყველაზე შთამბეჭდავი და საშიში შეჯიბრი, რომელშიც ჯადოქართა სამი ევროპული სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა: ჰოგვარტსის, შარმბატონის და დურმსტრანგის. თითოეულის ამოცანა - მაგიაში გამოცდის წარმატებით ჩაბარება და ცეცხლის თასის მოპოვება იყო. მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, შეჯიბრზე მეოთხე - ერთადერთი და განუმეორებელი ჰარი პოტერი გამოჩნდა...
ჯოან როულინგმა უნდა თქვას: - კაცო, ეს რა საოცრება დამიწერია, რომ იღებენ და იღებენ ჩემი წიგნის მიხედვით ფილმებსო... როგორ ჰყვარებიათ ფანტასტიკა, მფრინავი ჯადოქრები და კეთილ-ბოროტი ისტორიებიო... თუმცა, როულინგს იმ გაკაპასებული ქართველი დედისთვის არ მოუსმენია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, წიგნის მაღაზიაში შევარდა და ლანძღვა-გინების ქარ-ცეცხლში გაახვია საწყალი გამყიდველი - თქვე ურწმუნოებო, ეს რაებს ყიდითო...
ისე, ჩვენში დარჩეს და ეს რაში უნდა აინტერესებდეს როულინგს, რეჟისორ მაიკლ ნიუელს ან იმ მაყურებელს, რომელიც პოტერის ახალ თავგადასავლებს სულმოუთქმელად ელოდებოდა?! არც არაფერში. ჰოდა, ამიტომაც, თავისუფლად შეგიძლიათ დეკემბრის ბოლოს, საახალწლო განწყობის ფონზე, მიხვიდეთ და უკვე გაზრდილი ჰარის ჯადოსნური ამბები ნახოთ. ერთადერთი, კინოთეატრის არჩევა მოგიწევთ. პოპულარულ სათავგადასავლო ფილმს ხომ თბილისის ორივე კინოთეატრი უშვებს.
P.S. harrypotter.warnerbros.com - ეს ისე, გასართობად.
„კინგ კონგი“
სად: კინოთეატრები „ამირანი“, „რუსთაველი“
როდის: დეკემბერი
რეჟისორი: პიტერ ჯექსონი
კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი, სუმატრას სანაპიროსთან ახლოს, ერთ-ერთ კუნძულზე გაემგზავრა. უნდა დაამტკიცონ ან პირიქით, უნდა უარყონ მითი უზარმაზარი მაიმუნის არსებობის შესახებ, რომელსაც მოფერებით - ჩემო კინგ კონგოო, ასე ეძახიან. მაგრამ აი, საოცრება... ჯუნგლის გაუკვალავ გზებზე ბოდიალისას, არა მარტო კონგს, და აქედან გამომდინარე დიდ მაიმუნს, არამედ ისტორიამდელი პერიოდის ცხოველებს და ფრინველებს გადაეყრებიან. ესეც შენ... ზუსტად ამას ჰქვია - ვაის გავეყარე და უის შევეყარეო... მაგრამ საზრიანი, გულადი ამერიკელები რის ამერიკელები არიან, ყველა სიტუაციიდან გამოსავალი რომ არ მოძებნონ?! მოიყვანენ ერთ საწყალ ლამაზ გოგოს, დაანახებენ კონგს - აი, ნახე რა ლამაზიაო, და ის დეგენერატიც გამოყვება უკან... მოკლედ, მაიმუნსაც დაიჭერენ, თვალსაც აგიცრემლიანებენ და დოლბი-სისტემის წყალობით, ერთი-ორს კარგადაც დაგაყრუებენ...
კინგ კონგი ხომ ისეთი პოპულარული გმირია, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გადაღებულა, დაწერილა და დახატულა... თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ ბავშვობაში უთუოდ ნანახი გექნებათ ჯესიკა ლანჯის მონაწილეობით გადაღებული ძველი კინგ კონგი, მაშინ უდავოდ უნდა წახვიდეთ, ნოსტალგიურად გაიხსენოთ - ბავშვობაც, დიდი მაიმუნიც და ამერიკელების უშრეტი სიმამაცეც.
![]() |
17 რადიო უცნობის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
დილა მშვიდობისა!
ჩემს ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად იმას ვთვლი, რომ იმ დროს, როცა „უცნობი“ საქართველოს დილა მშვიდობისას უსურვებს ხოლმე, მშვიდად მძინავს. მაგრამ ზოგჯერ, მაინც გამოხტება ცუდი დღე და გაღვიძება მიწევს, რაც სულ არ მიხარია.
მე არ მაქვს ტელევიზორი - ნერვულ სისტემას ვუფრთხილდები, მაგრამ მაქვს რადიო, და ორი კარგი გოგო ცდილობს ხოლმე, ის ცუდი დილები დღესასწაულად გადამიქციონ. თუ ცუდი დილა მათ გამო მიდგება, ანუ მერთვებიან - საძაგელი სიტყვაა, მაგრამ ასე ჰქვია იმას, რომ ალიონზე ტელეფონი აყვირდება ხოლმე, - ისეთ სიტყვებს მეუბნებიან, რომ გული მიჩუყდება და მერე მთელი დღე თავი მერლინ მონროსა და ვირჯინია ვულფის ერთობლივი ინკარნაცია მგონია. თუ ჩემთან არცა აქვთ საქმე, მაინც მიხარია მათი ხმის გაგონება, რადგან მიხსნიან: ნუ გეშინია, ანა ჩემო! დღეს კარგი დღე იქნება, თან ძალიან! გარეთ ბრიყვი მეზობლის მანქანა კი არ ჭყივის, თეთრი ცხენი ჭიხვინებს, ზედ შემომჯდარი უფლისწული გარეთ გელოდება და გაჭედილი ავტობუსით კი არა, ზღაპრული რაშით მიგიყვანს იქ, სადაც დილიდან უნდა ატეხო კლავიატურის რაკა-რუკი...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ დილით პირველი სტუმრები ნატა ასათიანი და ნინი ბუკია გეყოლებათ, მართლაც მშვიდობის დილა გაგითენდებათ. და თუ ამ დროს ადგომა და გარეთ გავარდნა არც გიწევთ, ჩართეთ რადიომიმღებები, - მაინც „უცნობი“ არ გაქვთ ამოჩემებული?! - მოუსმინეთ გოგოებს და ძილი მერე განაგრძეთ. ორმაგად კარგი დილა გამოგივათ, რადგან შებრუნებული სიზმარი ყოველთვის ტკბილია.