The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №47


ცხელი შოკოლადი №47


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, კორძაია-სამადაშვილი ანა, ტურაშვილი დათო, მაისურაძე გიორგი, ბუხრიკიძე დავით, ბექიშვილი ნინო, რობაქიძე ნინო, ზარდიაშვილი ნანა, ზედანია გიგა, კიკალეიშვილი სალომე, მესხი დავით, ფრილენდი კრისტინა, ზურიაშვილი ნინო, ჯაფიაშვილი ნინო, ბერგნერი დენიელ, ღოღობერიძე ლანა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მარტი 2009 მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორები ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი: გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი: ნინო სვანიძე კორექტორი: ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, დათო ტურაშვილი, გიგა ზედანია, ნინო ზურიაშვილი, ნანა ზარდიაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბექიშვილი, ნინო რობაქიძე, ლანა ღოღობერიძე, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე,სანდრო ნავერიანი, ანა კორძაია-სამადაშვილი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე, ანა ტაბატაძე, კახა დოლიძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა: ლელა შუბითიძე სარეკლამო გაყიდვები: ნესტან ავალიანი დისტრიბუცია: ზვიად შენგელია გამომცემელი: შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ.: 912326 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სხვა გამოცემები: ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები, დიალოგი, თიბისი და თიბისელები. სტამბა: შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140, ტელ.: 357002 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © “M Publishing” საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება გამომცემლობის ნებართვის გარეშე აკრძალულია. www.shokoladi.com



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გაზეთ ბათუმელების რედაქტორის, ეთერ თურაძესავით მეც ხშირად მიჩნდება ხოლმე განცდა, რომ ერთ დამღლელ, ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. საქართველოს უახლოესი ისტორიის მესამე ციკლს გავდივართ, მაგრამ თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ჩვენთანაც ჩაისახა მემარცხენეობის ემბრიონი (გიორგი მაისურაძე) თუ გაჩნდა პოსტმოდერნისტული ელიტა (გიგა ზედანია), რომელიც მზადაა იბრძოლოს პიროვნული თავისუფლებისათვის. გვერდიდან თუ შევხედავთ საკუთარ თავს, ალბათ მივხვდებით, რომ ეს არცთუ ისე ცოტაა. რაღაც თვალსაზრისით, ჩვენი განწყობების რადიკალიზაციაც კანონზომიერია - რაც უფრო მეტი ანაქრონისტული იდეა, პროექტი თუ ტენდენცია გამოკრთება ჩვენს რეალობაში, მით უფრო თანმიმდევრულად ვეცდებით დავუპირისპირდეთ მათ და შევქმნათ კონტრრეალობა.

ამ ალტერნატიული სივრცის არსებობა უფრო მკვეთრად ვირტუალურ სივრცეში ჩანს - ინტერნეტფორუმებზე, myspace-ზე, facebook-სა და ბლოგებზე იმაზე მრავალფეროვანი და იმედისმომცემია ჩვენი ქვეყანა, ვიდრე ეს ტელევიზორში ან ქუჩაში ჩანს. ამ ნომრის ბათუმელი სტუმრებიც ცხოვრებენ ქალაქში, რომელსაც თითქოს პულსი არ ესინჯება (ფოტოპროექტი ბათუმი), მაგრამ მათი ცხოვრების წესი ადასტურებს ტენდენციას, რომ გეოგრაფიული საზღვრები სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება და ჩვენც ჭეშმარიტად გლობალისტურ სამყაროს ვუახლოვდებით. ზოგადად, ინტერნეტმა გლობალისტების ოცნებების ასრულება დაიწყო და სწორედ გლობალიზაციის დამსახურებაა, რომ სუპერსახელმწიფოებს თავისი ექსპერტული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გადახედვა უწევთ. რჩევისათვის კი მემარცხენე ნობელიანტ ეკონომისტებს, კომუნისტურ ჩინეთსა და დანარჩენ ირაციონალურ აზიას მიმართავენ. ამერიკას ყველაზე ავანტიურისტი ფინანსისტი, ჯორჯ სოროსიც გაახსენდა, რომელმაც მსოფლიო ფინანსური კრიზისისაგან კარგა ხნის წინ დაიზღვია თავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სისტემის რყევა ყოველთვის აჩენს ახალ შანსს, ახალ თავგადასავალს, ახალ ფილოსოფიას და სამყაროს შეცვლის ახალ ბიძგს (ფინანსური კრიზისი ჯორჯ სოროსის მიხედვით).

ჩვენც ვეცადეთ, საქართველოს სარეკლამო და მედიაბაზარზე არსებული მძვინვარე კრიზისი შემოქმედებითად გამოგვეყენებინა და როგორც უკვე შეამჩნევდით, ჟურნალში რამდენიმე კონცეპტუალური ცვლილებაა. კარგი ამბავია ის, რომ შეიცვალა ფორმატი, დიზაინი და გასაყიდი ფასი უფრო დემოკრატიულ, 5 ლარს დაუბრუნდა. ცუდი ამბავია, რომ ლიტერატურულ დამატებას დააკლდა რის ვაი-ვაგლახით მოპოვებული 48 გვერდი, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს დროებითია.

ხელ შოკოლადში პირველად იბეჭდება ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც სტუდია მონიტორმა და ნინო ზურიაშვილმა მოამზადეს და რომელიც ტელემედიაში მფლობელების ჩანაცვლების სქემებსა და კანონდარღვევებზე მოგვითხრობს. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ნაციონალური მაუწყებლების ეთერში აღარ არსებობს - ნინოს გამოძიებებიც ეთერს მიღმაა დარჩენილი, რის გამოც უამრავ პრობლემაზე არსებითი და არგუმენტირებული მსჯელობა სულ უფრო რთულია.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე საჯარო დისკუსიის მოწყობის ეს პირველი მცდელობაა. ეშმაკის ადვოკატის როლიც ჩვენს თავზე ავიღეთ, რის შედეგადაც, პოლიტიკური კონიუნქტურის გაუთვალისწინებლობის გამო, დისკუსიის ყველა მხარე გავანაწყენეთ. არადა, თითქოს ასეც არ უნდა მოვქცეულიყავით?

შორენა შავერდაშვილი
მოგვწერეთ, editor@shokoladi.ge

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

ჩემი ოსტატი, ნიკო ცეცხლაძე, აღშფოთებული იყო:

„რა ჭიანჭველობაა!“

„რა?“ „ველოსიპედები.“

ვაი?

„ამოჩემებული აქვთ, - არ ჩერდებოდა ნიკო, - ამოჩემებაა, თორემ რა ჯანდაბად უნდათ?“ და ნიკომ დიდი აქცია ჩაიფიქრა: ღამით, როცა ყველა დაიძინებს - კი საეჭვოა, რომ ამსტერდამში ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ მაინც - ნიკო ყველა ველოსიპედს მიადუღებს თავის სამაგრს, ან ერთმანეთს გადაადუღებს, ან... რა ვიცი, მოკლედ, დაადუღებს და მეორე დილას! რა ამბავი ატყდება ამსტერდამში! როგორ ირბენენ ქალაქელები! როგორ იყვირებენ! როგორ გადადგებიან ჭკუიდან! არც მე მიხაროდა ველოსიპედები. დამეთანხმებით, საწყენია, როცა ცენტრალურ ევროპაში, რამე ღირსეული კი არა, ველოსიპედი გაგიტანს, ზედ გადამჯდარი მობილურიან-ბავშვიან-ზურგჩანთიანი ქალი დაგემხობა და დასკვნის სახით საბარგულზე მიმაგრებული კომოდი დაგენარცხება თავზე. ძალიან უნიჭო სიკვდილია. ჭიანჭველური.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ბაგრატიონების ქორწილში ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ სიცილის მხოლოდ სამი ძირითადი მიზეზი დამამახსოვრდა:

პირველი იყო ნინო დარასელის ხუმრობა მამუკა ღლონტის ზეკომერციულ გონებასთან დაკავშირებით: სააკაშვილი რომც გადადგეს, უცნობს მაინც არ ეტყვიან და გია გაჩეჩილაძე კიდევ კარგა ხანს ეყოლებათ საკანში დამწყვდეული, როგორც კუსტურიცას ფილმის პერსონაჟები „იატაკქვეშეთშიო“. მერე ვიცინე ესპანელების მიერ მოყოლილ ანეკდოტზე, რომელიც სამი დღის წინ კორკოტამაც მოყვა თავის გადაცემაში:

ამერიკაში მცხოვრები მოხუცი კუბელი ემიგრანტი სიკვდილის წინ შვილებს სთხოვს კუბის დროშის მოტანას გამომშვიდობების მიზნით, - უკანასკნელად უნდა ვეამბოროო. შვილები მიდგებიან და მოდგებიან, მაგრამ ასე სახელდახელოდ მამის უკანასკნელ თხოვნას მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებენ და მტრულ ამერიკაში, კუბის დროშას ვერა, მაგრამ მოძებნიან ქალს, რომელსაც უკანალზე კუბის დროშა ახატია და მომაკვდავ მამას მიუყვანენ. მამა მიხვდება, რომ გარდაცვალების წინ სხვა გზა უბრალოდ არა აქვს და იმ კუბელ ქალს ტრაკზე აკოცებს; თუმცა ტატუ-დროშაზე კოცნა ისე მოეწონება, რომ მეორედაც აკოცებს, მესამე კოცნის შემდეგ კი ისე გამოცოცხლდება, რომ იმ ქალს საკმაოდ ომახიანად მიმართავს, - ერთი შემოტრიალდი და ბარემ ფიდელ კასტროსაც დავემშვიდობებიო... მესამე მიზეზის გამო კი, მხოლოდ მე ვიცინოდი (მარტო და გიჟივით), რადგან ჩემს გარდა, არავინ იცოდა, რომ ამ ქორწილის ინიციატორი სინამდვილეში ნინა სვანიძე იყო და ეს არავისთვის მითქვამს, რადგან მაინც არავინ დამიჯერებდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც მონარქიის აღდგენის შიშით ბაგრატიონების ქორწილში არ მოვიდა, ძალიანაც შეცდა, რადგან სინამდვილეში იქ საშიში არაფერი იყო - მოვიდოდნენ, იხალისებდნენ და უკან წავიდოდნენ...

0x01 graphic

გიორგი მაისურაძე

ამას წინათ სოფო ტაბატაძისა და ნადია წულუკიძის ერთი ძალიან მაგარი არტ-ვიდეო ვნახე. ნამდვილი ღიპიანი ქართველი ბიძა ზის საპარიკმახეროში, გასაპნული აქვს სახე და პარიკმახერი წვერს პარსავს. ამ დროს ამ ტიპს ხელში უჭირავსროკოკოს ღვინის ჭიქა და სიყვარულის სადღეგრძელოს ამბობს. ჰოდა, ამ ვიდეოს რომ ვუყურებდი, მართლა შემეშინდა, იმიტომ, რომ საქართველოს რეალური, აუთენტური სახე დავინახე, რომელსაც მე მგონი ვეღარც კი აღვიქვამთ, იმდენად გვაქვს თვალი შეჩვეული. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ ფუნდამენტური სიყალბისა და სიბნელის დაძლევა ალბათ მხოლოდ მაო ძედუნის მეთოდებით - კულტურული რევოლუციით თუ იქნებოდა შესაძლებელი: საქართველოში რომ აკრძალო სადღეგრძელოები, ტერმინი სამარხულო, ქალიშვილებს არ დართო ქორწინების უფლება, აკრძალომარშუტკებში, საერთოდ, ტრანსპორტში პირჯვრის წერა, ჰელოუინი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადო, თავისუფლების მოედანზე ინდირა განდის ძეგლი დადგა (ისე, თბილისში არ უნდა იდგეს ინდირა განდისა და ჯავაჰარლალ ნერუს ძეგლები? ორივე ხომ ნამყოფია საქართველოში...).

მაგრამ, ვინაიდან ეს ყველაფერი არარეალურია, ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველოში მოხერხდეს, იტალიის მსგავსად საზოგადოების პოლარიზაციაა. იტალიაში, რამდენადაც ძლიერია მაფია, ეკლესია, ნეოფაშისტები, იმდენადვე ძლიერ წინააღმდეგობას უწევს მათ რაოდენობრივად უმცირესობაში მყოფი მემარცხენე პოლიტიკური და ინტელექტუალური სპექტრი. ხელოვნება, აკადემიური სფერო, ლიტერატურა, კინო - მთლიანად პროკომუნისტური ან პროსოციალისტურია. შესაბამისად, მემარცხენე პროფესურა სეკულარული და განმანათლებლური პრინციპების გავრცელებას უწყობს ხელს. მაგრამ ეს პროცესი მძაფრი საზოგადოებრივი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ჰოდა, ასეთი რამ, უკეთეს შემთხვევაში, საქართველოშიც შესაძლებელი მგონია; გამომდინარე არა მხოლოდ ტემპერამენტების მსგავსებიდან, არამედ საზოგადოების სტრუქტურიდანაც. თუმცაკი საქართველოში მემარცხენე თუ სეკულარული უმცირესობა იმდენად უმცირესობაშია, რომ ჯერჯერობით თითქმის საერთოდ არ ჩანს, მაგრამ მას გაშლისა და გაფართოების პოტენციალი აქვს; უფრო მეტიც, ის იძულებულიც კია, რომ გააქტიურდეს, გარადიკალურდეს, ბევრად უფრო ორგანიზებულ და გაბედულ ქმედებებზე გადავიდეს, რაც მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი იქნება! ყველა სხვა შემთხვევაში მათ წალეკავს ობსკურანტთა უმრავლესობა, რომელიც გადამწყვეტი შეტევისათვის ემზადება. კი, ძალიან მარტივი და პრიმიტიულია მათი იდეოლოგია, მაგრამ მას არაფერი უპირისპირდება. პრიმიტივიზმი კი კარგად მუშაობს. ჰელოუინის დარბევა, გადაცემების დახურვა, მეფე და .. მხოლოდ შესავალია, პატარა უვერტიურებია, ოთხმოქმედებიანი ოპერა ჯერ არ დაწყებულა. ჰოდა, ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ოპერის საბოტაჟი შეუძლია, სწორედ ეს მემარცხენეობის ემბრიონია და არა ლიბერალიზმი ან ნეოლიბერალიზმი, რომლის კრახის შედეგიცაა დღევანდელი ობსკურანტიზმის ტაშ-ფანდური. ეკლესიამ დაიწყო იმის რადიკალიზაცია ან აბსოლუტიზაცია, რაც მონოლითურ ქართულ საზოგადოებაში უკვე ჩადებული იყო. ეკლესია და მის ირგვლივ გაერთიანებული ულტრაკონსერვატორი პოლიტიკური ძალები უბრალოდ უკვე ღიად მოითხოვენ ტოტალურ ძალაუფლებას: მათ უნდათ, კოლბაში გამოიყვანონ მეფე, ანუ მთავარი ზომბი, რომლის მეშვეობითაც და მისი ნიმუშის მიხედვით მთელი საზოგადოება პოლიტიკურად დაიზომბება. ამავე დროს არ უნდა დაუშვან, ჩანასახშივე უნდა მოსპონ სეკულარიზმის და თავისუფალი ცნობიერების ემბრიონი, რომლის მიმართაც მათ პანიკური შიში აქვთ და ინტუიციით ხვდებიან, რომ მხოლოდ ამ თითქმის უხილავ არსებას შეუძლია მოზღვავებული სიბნელის შეჩერება. ამიტომაც ამ ემბრიონმა უნდა დაიწყოს საზოგადოების პოლარიზაცია - ანუ ღირებულებათა მთელი სისტემის დაუნდობელი გადაფასება; ალტერნატიული რეალობის, სააზროვნო პრინციპების, ცხოვრების წესების შექმნა და დანერგვა. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსი მიშელ ფუკო უწოდებს სამოქალაქო ომს, რომლის ფონზეც სამოქალაქო საზოგადოება წარმოიქმნება და ვითარდება.

3 დაბადებული საქართველოში, კურთხეული ამსტერდამში

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება ევროპაში

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

0x01 graphic

ალბათ სასაცილოა, მაგრამ ველოსიპედების, მოსაწევის, ტიტების, ლეგალური პროსტიტუციის და რემბრანდტის ქალაქში საქართველო უცნაური კუთხით აღმოვაჩინე: პირველი ლედის სახელოვნებოსპიჩითადა ანტვერპენიდან სპეციალურად გამოხმობილი გია ყანჩელისღამის ლოცვითდაწყებული, მშობლიურად ჯიბეგაფხეკილი კოლეგებითა და ბევრი ნაცნობი მხატვრის ჩემთვის უცნობი ნამუშევრით დამთავრებული. ჰოლანდიელთათვის, და არა მარტო მათთვის, ჯერ კიდევ უცნობი თანამედროვე ქართული ხელოვნების აღმოჩენა-გაცნობა ცუდი ამბავი ნამდვილად არ არის. მარტო რევოლუცია- კონტრრევოლუცია და რუსეთთან ომი ხომ არ იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი? ამიტომაც კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ჰოლანდიაში ახალი კულტუროლოგიური თამაში კარგად დავიწყებული ძველივით წამოიწყეს. პრინციპში, აპათიაგადალახული ჩვენი ხელისუფლების მსგავსად - ვუჩვენოთ ევროპას თანამედროვე ქართული არტი და ომი დაგვავიწყდება.

მოვლილი ფერმები, ქარის წისქვილები, ხისგან გამოთლილი ქოშები და 400 სახეობის ყველი, რომლითაც პატარა, მაგრამ სექსუალურად თავისუფალი და სანიმუშოდ მულტიკულტურული ჰოლანდია ლამის მთელ ევროპას ამარაგებს, უმალ გავიწყდება როცა მუზეუმებში დადიხარ. ამსტერდამის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, „რემბრანდტჰაუზი“, ვან გოგის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, Cobra მუზეუმი... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იქ პომპეზურ ატმოსფეროში გაიხსნა თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.

„თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების თითქმის ყველა ცნობილი სახელი, ანუ 27 მხატვრის ნამუშევარი, ამსტერდამის ცნობილ Cobra მუზეუმში ნახევარი წლის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. გამოფენა სახელწოდებით „დაბადებული საქართველოში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გნებავთ ამას საინფორმაციო გარღვევა უწოდეთ ან ხაგრძლივი არტ-აქცია. მსგავსი მასშტაბის გამოფენა, რომელიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ევროპას გააცნობს, პირველად ტარდება,“ - რამდენჯერმე და სხვადასხვა ვარიაციით გაიმეორა საქართველოს ელჩმა ჰოლანდიაში მაია ფანჯიკიძემ, რითაც ხაზი გაუსვა გამოფენის მნიშვნელობას და მასშტაბს.

დასახელება Cobra ნუ შეგაშინებთ, ეს მხოლოდ აბრევიატურაა და სამი ევროპული ქალაქის სახელწოდებას აერთიანებს - კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ამსტერდამი. ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში სამი პატარა ქვეყნის (დანია, ბელგია და ჰოლანდია) მხატვრები შეეცადნენ, ომისშემდგომი, დასახიჩრებული ევროპა განსხვავებული რეფლექსიით და გამომსახველობითი რაკურსით დაენახათ.

60-იან წლებში Cobra მოძრაობა თავისუფლების გარკვეულ სიმბოლოდ იქცა. თუმცა ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მხატვრების გარკვეული პრინციპებით გაერთიანება, საერთო გამოფენები ან სამუზეუმო სივრცის შექმნის მცდელობა.

1995 წელს ამსტერდამში სპეციალურად აშენდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომლის ინიციატორი ჰოლანდიელი ვიმ კვისტი იყო. სწორედ ამ დროიდან ეწოდა მას Cobra მუზეუმი, სადაც კარლ აპელის და ოსკარ ალეშანკის გიგანტური ფერწერული ნამუშევრები გამოფინეს. დღეს მუზეუმის პირველი სართული სწორედ მათ მხატვრობას და სხვა კლასიკოსებს ეთმობათ. მეორე სართულზე კი სხვადასხვა მოძრავი გამოფენა იხსნება ან ინსტალაციები ეწყობა. ჩვენმა მხატვრებმაც გამოცდილი ჰოლანდიელი კურატორისა და თანამედროვე ქართველი მხატვრების დიდი დამფასებლის, იან სასენის ძალისხმევითა და დახმარებით, თავიანთი ჭრელად დაფასოებული ესთეტიკა საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზე, დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრში ჩაატიეს.

0x01 graphic

ნიკო ცეცხლაძე და ილიკო ზაუტაშვილი აქციაზე

0x01 graphic

ირინა კურმაევა, სერიიდანსიყვარული

0x01 graphic

ქეთი კაპანაძე, VERSAILLES

გამოფენის გახსნა, ცხადია, გარკვეული დოზის პოლიტიკურ ქვეტექსტს შეიცავდა, ისევე, როგორც სავალდებულო პერფორმანსის ელემენტს. საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ხაზგასმულად უბრალო არტ-იმიჯმა, პლუს პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხანგრძლივმა გამოსვლამ, თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ, ჟურნალისტებს გარკვეული ირონია აღუძრა, განსაკუთრებით - ჰოლანდიელებს. თუმცა კარგად ნასწავლი კორექტულობა მათ არ აძლევდათ საშუალებას, მეტი სითამამე გამოეჩინათ და საქართველოს შესახებ უფრო პოლიტიკური შინაარსის შეკითხვები დაესვათ. არადა, ინტერესი აშკარად იგრძნობოდა. თითქმის ყველა მათგანს ომის შემდგომი საქართველოს ამბები აინტერესებდა.

0x01 graphic

ნიკო ცეცხლაძე, NEW YORK CAPRICCIOS

ეს ინტერესი გარკვეულწილად დააკმაყოფილა გია ეძგვერაძემ, რომლის ევროპული ხედვა პოსტსაბჭოთა საქართველოს არტ-ისტორიული სივრცის არსებობა-არარსებობის შესახებ, პრესკონფერენციის მთავარი თემა გახდა. მაგრამ ეს გამოცდილების დაგვიანებულ გაზიარებას ჰგავდა; უფრო ზუსტად, საბჭოეთიდან გამოყოლილი პოლიტიკური ატმოსფეროს არტ-ისტერიულ შეხსენებას. იგი დიდხანს საუბრობდა „საბჭოთა ტრავმული გამოცდილების შედეგად მიღებულ სახიფათო განცდებზე“. თუმცა დასავლეთში მცხოვრები მხატვარი ბოლომდე ვერ გრძნობს ან ვერ აცნობიერებს ფსიქოლოგიურ განსხვავებას საბჭოთა კავშირის შემდგომ საქართველოსა და ინტერნეტის ეპოქის საქართველოს შორის.

0x01 graphic

კოკა რამიშვილი, ვიდეოარტი შანსი

0x01 graphic

თეა გვეტაძე„ავტოპორტრეტი“

0x01 graphic

თეა გვეტაძე „მთვარის დრო“

„დაბადებული საქართველოში“ - გამოფენის ამგვარი კონცეფცია და საკმაოდ კარგი ხარისხის კატალოგიც, ალბათ, გარკვეულ გენეზისს უფრო გულისხმობდა, ვიდრე თანამედროვე, სწრაფწარმავალი ვიზუალური ხატების ერთ სივრცეში მექანიკურ თავმოყრას. როცა გამოფენა კოკა რამიშვილის ვიდეოინსტალაციით იწყება (ოთხწუთიანი ვიდეო „შანსი“, რომელშიც პოლიტიკური აქცია პარლამენტში და ფასბინდერის ცნობილი ფილმის „ვერონიკა ფოსის სევდა“ ფრაგმენტი ერთიანდება), თითქოს გარკვეული კამერტონი გვეძლევა, თუ რა „ჟღერადობას“ უნდა ველოდოთ. იქვე, გვერდით მისივე შავ-თეთრი ფოტოების სერიაა: „ფანჯრებიდან დანახული ომი“, რომელიც 1990-1991 წლების სამოქალაქო ომს ასახავს. თუმცა, იმავე სივრცეში სრულ კონტრასტს ქმნის ლუკა ლასარეიშვილის ინსტალაცია „ეს თაობა“. მხატვარი გვიბიძგებს, სილიკონისაგან დამზადებული გიგანტური პენისი სრულ მზადყოფნაში მოვიყვანოთ. ამისათვის მხოლოდ პენისის თავზე დამაგრებული თოკი უნდა მოქაჩო.

იქნებ „თაობას“ სწორედ ამგვარი თოკი აკლია, ან უბრალოდ ეზარება მასზე დაკიდება, რომ პენისმა სასიცოცხლო ფუნქცია შეიძინოს? მხატვრის ირონია მარტივად გასაგებია, უფრო მძაფრი და ცოტა პროვოკაციულიც. სიმართლე ვთქვათ, ჩვენს პოლიტიკოსებს გამჭრიახობამ უმტყუნათ, როცა ამ ნამუშევარს ვითომ ზურგი აქციეს. სამაგიეროდ, კლასიკოს ალექსანდრე ბანძელაძეს ფერწერული „ექშენი“. ცხადი და გამჭვირვალე ფორმა კი მწვალებლური მედიტაციისა და კონცეფციების ცოდნას არ გულისხმობს.

გია ეძვერაძე გიგანტური ტრიპტიხით გეპატიჟებათ ამგვარი ცოდნის „პრეზენტაციაზე“. პატარა კვადრატებით აგებული გიგანტური მოზაიკა, რომელშიც გრაფიკა და პოპ-არტის ელემენტი ერთიანდება, მოგვიწოდებს ფხიზლად ვიყოთ და გავითვალისწინოთ: 1. ტინა ტერნერის სულიერი კავშირი იესოსთან; 2. პატარა ბავშვის შეგრძნებები მოფსმისას; 3. გვახსოვდეს დედა ტერეზა.

თეა გვეტაძისა და ქეთი კაპანაძის ფერწერას რაღაც აქვს საერთო. ეს არის ფერისადმი აშკარა ირონია და კომპოზიციის კავშირი სექსუალური ძალადობის იმიტაციასთან. თამუნა ქარუმიძე კი იაპონურ დახვეწილობას გვაზიარებს და აკვარელს ირჩევს. ირინა კურმაევას ფოტონამუშევრები სიყვარულის, სექსისა და გასტრონომიული შერძნებების მუდმივ რითმას გულისხმობს, ხოლო გურამ წიბახაშვილის „ტყუპები“ და „ზაფხული“ 1998 წლის ფოტოსერიიდან, თითქოს პირიქით - „მიწიერი“ შეგრძნებებისა და მოდერნის კავშირიდან სექსს განდევნის. მაგრამ მიწაში ფეხებჩაფლულ გოგოებს სამოთხიდან არავინ ერეკებათ. მათი ზომიერი სევდა და ამავე დროს კავშირი მიწასთან სწორედ ტრადიციის ორსახოვნებას ასახავს.

ამსტერდამის გამოფენის მნიშვნელობას ნიკო ცეცხლაძის New York Capricos-ც ადასტურებს, რომელიც ფრანსისკო გოიას ცნობილი ფერწერული სერიის ვნებიანი და თანამედროვე ადაპტაციაა. მხატვარი თითქოს საგანგებოდ მიმართავს გოიას პერსონაჟებს და მათი ციტირებისას საკუთარი მძაფრი ირონიის და უზღვავი ფანტაზიის დემონსტრირებას ახდენს. რაც შეეხება videoarts Criminal TV, ეს გამოფენის ყველაზე პოლიტიკური და აშკარად გამომწვევი ნამუშევარია. პუტინი მსხვილი ხედით რუსეთის ყველა სატელევიზიო არხზე სწორედ საქართველოსთან ომის დღეებშია აღბეჭდილი.

საინტერესოა ილიკო ზაუტაშვილის კონცეპტუალური ნამუშევარი „შეუზღუდავი ნაპრალი შეზღუდულ დროში“. აბრეშუმის ბალიშებზე სერიგრაფიით აღბეჭდილი კალენდარი დროის შეზღუდულობას და მის წარმავალობას ერთდროულად მიანიშნებს. 25 თეთრი ბალიში შემოფარგლულია გარკვეული მესერით, ანუ სივრცით, რომელშიც თითქოს „გაბნეულია“ კონკრეტული კალენდარული დრო. ეს ზუსტი კონტექსტის ფილოსოფიას გულისხმობს, რომელშიც ერთი შეხედვით ნაკლებია ფანტაზია, მაგრამ მეტია სიცხადე და სიზუსტე.

რასაკვირველია, Cobra მუზეუმში გამოფენილი ყველა მხატვრის ნამუშევრის აღწერა შეუძლებელია. ამისათვის არც სტატიისათვის განსაზღვრული სივრცე გვეყოფა და არც ჟურნალისტური კეთილსინდისიერებით გამაგრებული ნებისყოფა. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ საგამოფენო კონცეფცია „დაბადებული საქართველოში“ მართლაც პატარა სახელოვნებო გარღვევაა ევროპული პოლიტკორექტულობის და საქართველოს დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით.

ასე რომ, რაც უნდა პარადოქსად მოგეჩვენოთ, მშვიდად დამხობილი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძის პარადიგმა, „კულტურა გადაარჩენს საქარველოს“, კვლავაც აქტუალურია და მას დღევანდელი პოლიტიკოსებიც კარგად იყენებენ. მერე რა, რომ ამსტერდამში კულტურული აქცია-კურთხევის შემდეგ ზოგიერთი დაბოლდა კიდეც. ეს ბუნებრივია და კონკრეტულ გარემოში ჩვენზეც კონკრეტულ შთაბეჭდილებას ახდენს. არ მოწიო ამსტერდამში, ეს იგივეა, არ ნახო რემბრანდტის „ღამის გუშაგნი“, არ ჭამო ყველი Gouda და არ იცოდე, რომ შოთა არველაძე დღესაც „აიაქსის“ პატარა, მაგრამ მაინც ლეგენდაა.

4 ბერლინალე 2009

▲ზევით დაბრუნება


მიმოხილვა

ორი ინგლისელი, ტილდა სვინტონი და ჰუმანიტარული კონტინენტი

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

შეგვიძლია კინომანებს თანავუგრძნოთ ბერლინის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალის შედეგების გამო. თუმცა ევთანაზია არც ჟურალისტების მოვალეობაა და არც სოციალურად მრისხანე ტილდა სვინტონის. დერეკ ჯარმენის ყოფილი მუზა, რომელიც ბერლინში ძალინ უყვართ და რომელიც წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო, მარჯვედ მანიპულირებდა უცნობი საავტორო კინოს სახელით. უკვე ფეტივალის გახსნის დღეს პრესკონფერენციაზე ჟიურის წევრების მხრიდან გაფრთხილებასავით გაისმა მორიგი ლექცია დამოუკიდებელი კინოს გადარჩენის შესახებ, „რომელსაც მეინსტრიმი გადასანსვლით ემუქრება“. ალბათ ამიტომაც აჯილდოვებენ რეჟისორებს, რომლებიც უბედურ „მესამე სამყაროს“ ასახავენ. პრინციპში, მოხდა ის, რასაც უკვე ბერლინის კინოფესტივალზე ყველა მიეჩვია - წითელი ხალიჩა და ასობით ტელეკამერა ვარსკვლავებს, პრიზები - სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრულებს.

კრიტიკოსებს არც ის გაკვირვებიათ, როცა ფესტივალის მთავარი პრიზები პერუში, არგენტინასა თუ ირანში გადაღებულ ფილმებს დაურიგეს. ის კი არა, „ვერცხლის დათვი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლამის არაპროფესიონალ მსახიობსა და აფრიკელ საზოგადო მოღვაწეს - სოტიგუ კოიატეს გადასცეს, რომელიც რაშიდ ბუშარების პოლიტიკურ ფილმში „მდინარე ლონდონი“ სახელოვან ბრენდა ბლეტინს უწევს პარტნიორობას.

წლევანდელი კინოფესტივალი შეუდარებლად გაზრდილი კინობაზრობითა და რეკორდული შემოსავლით გამოირჩეოდა. დარბაზ“ ფილმებზე. ბილეთის ძიებაში კინოს მოყვარულები რიგებში საათობით იდგნენ, ხოლო ფესტივალის გახსნის დღეს „მარლენ დიტრიხ პლაცზე“ კლაივ ოუენის სანახავად ლამის მთელი ქალაქის თინეიჯერები შეიკრიბნენ. ტომ ტიკვერს ნამდვილად გაუმართლა. ბერლინის კინოფესტივალი უკვე მეორედ გაიხნა მისი ფილმით (ახალი ფილმი „ინტერნაციონალი“ ნამდვილად ჯდება ჰოლივუდურ განზომილებაში). ესოდენ დიდი პატივი გასაგებია, რადგან გერმანელებს აღარ ჰყავთ საამაყოდ დიდი მასშტაბის რეჟისორები.

0x01 graphic

THE INTERNATIONAL - ტომ ტიკვერი

0x01 graphic

BELLAMY - კლოდ შაბროლი

0x01 graphic

ენერგიულ-მომხიბლავი კლაივ ოუენი და ზედმეტად სერიოზული ნაომი უოტსი ტრანსნაციონალური საბანკო ბიზნესის ბნელ ლაბირინთებში გარკვევას ცდილობენ და იარაღით მოვაჭრეებსაც ებრძვიან.

ფილმის სლოგანი - „ისინი აკონტროლებენ სამყაროს, ისინი გაკონტროლებენ თქვენ“, შეიძლება გავიგოთ, როგორც გლობალიზმით მოწამლული სამყაროს ბედისწერა, რომელშიც პატარა ადამიანს პატარა ადგილი ერგება. შთამბეჭდავია ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში დიდი ხოცვა-ჟლეტის სცენა, რომელზეც ტარანტინოს ალბათ გაეცინებოდა და რომელიც აშკარად ორსონ უელსის (სარკეებიანი ოთახის ეპიზოდი ფილმში „ლედი შანჰაიდან“) ინსპირაციაა.

საკონკურსო პროგრამას თუ გადავხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი „კულტურული ჰოლივუდი“ ბერლინს, კარგა ხანია, არ ახსოვს: მსახიობი მაიკლ ლიხტენშტეინი, რომელიც მაყურებელს ახსოვს რობერტ ოლტმანისა და ანგ ლის ფილმებით, თავისი დებიუტით - „ბედნიერი ცრემლები“, ამტკიცებს, რომ საავტორო კინოს გადაღება დღესაც შესაძლებელია. „ერთსართულიანი ამერიკის“ უღიმღამო და პროზაული ყოფის დეტალური ასახვა უფრო დამცინავ ანტიჰოლივუდურ აქციად უნდა მივიჩნიოთ; ისევე როგორც, დემი მურისა და ელენ ბარკინის გამოჩენა მეორეხარისხოვან, მაგრამ დასამახსოვრებელ როლებში.

რებეკა მილერის (ცნობილი დრამატურგის, არტურ მილერის ქალიშვილი) აშკარად ირონიული და 60-იანი წლების უდარდელი ესთეტიკით აღბეჭდილი ფილმი „პიპა ლის პირადი ცხოვრება“ ადრინდელი ვუდი ალენის გახსენებას ჰგავს: ინტელექტუალური საუბრები, მოდა ნარკოტიკებზე, მწერალთა ბოჰემური გარემო... კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ვიზუალური მხარე, რომელშიც რეტროს გამონათება მთავარი გმირის მეხსიერების დროდადრო გამოღვიძებას ჰგავს. ვარსკვლავები აქაც მეორე პლანზეა: კიანუ რივზი სუპერმარკეტის გამყიდველს თამაშობს, ჯულიანა მური ლესბოსელ მწერალს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას რომანში აღწერს, მონიკა ბელუჩი ეჭვიანობის ნიადაგზე შეშლილ შურისმაძიებელს, ალან არკინი კი სექსით გაწბილებულ და ხელმოცარულ მწერალს. არანაკლებ საინტერესოა ახალგაზრდა რეჟისორის, ორენ მოვერმანის ფილმი „მაცნე“, რომელიც თითქმის ბარაკ ობამას საპროგრამო სიტყვის გამოხმაურებაა: ორი ამერიკელი ოფიცერი (ახალგაზრდა მსახიობი ბენ ფოსტერი და შესანიშნავი ვუდი ჰარელსონი კარგად ავსებენ ერთმანეთს) ერაყში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მათი გარდაცვალების შესახებ ატყობინებენ.

გასაგებია, თუ როგორ ხვდებიან „სიკვდილის მაცნეებს“ ნებისმიერ ქვეყანასა თუ ოჯახში. ისიც გასაგებია, რომ ფილმი ანტიმილიტარისტული და ძალიან კრიტიკულია; თანაც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს არცთუ სასიამოვნო სახით წარმოაჩენს. მაგრამ რეჟისორის ღირსებაც სწორედ ისაა, რომ შეუძლია საკუთარი ქვეყნის პრობლემაზე ასე საჯაროდ იმსჯელოს. „უნდა გვახსოვდეს, რომ დავიწყებას არაფერი ეძლევა და საბოლოოდ ადამიანებისათვის მშვიდობისა და ღირსების საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ომში გამარჯვება ან ვინმეს დამარცხება,“ - განაცხადა რეჟისორმა პრესკონფერენციაზე, ხოლო ფილმმა კრიტიკოსებს შორის სიმპათია დაიმსახურა.

0x01 graphic

LONDON RIVER რაშიდ ბუშარები

0x01 graphic

BARBE BLEUE - კატრინ ბრეია

0x01 graphic

CHERI - სტივენ ფრირზი

რიჩარდ ლონკრეინის „ჩემი ერთი და ერთადერთი“ ჰოლივუდში დამზადებული კიდევ ერთი ანტიჰოლივუდური რეტროა. თუმცა ნაკლებად მტანჯველ-აღმზრდელობითი, რითაც ასე გამოირჩევა სახელოვანი ევროპელი რეჟისორების ფილმები. მაგალითად, თეო ანგელოპულოსის ყალბი და დამქანცველი „დროის მტვერი“ (უილიამ დეფო, ირენ ჟაკობი, ბრუნო განცი) ან ანჯეი ვაიდას „ლერწამი“, რომელსაც ვერ შველის ვერც კლასიკოს ივაშკევიჩის მოთხრობა და ვერც შესანიშნავი მსახიობი კრისტინა იანდა.

ლონკრეინის ელეგანტური სტილი, კარგი იუმორი და სცენარი, მსახიობებს სრულ კარტ-ბლანშს აძლევს. არცთუ ახალგაზრდა, განქორწინებული ამერიკელი ქალბატონი (რენე ზელვეგერი) ორ შვილთან ერთად მანქანით მოგზაურობს მთელ ამერიკაში, თან კაცების მოხიბვლა-გაბრუება განუზრახავს. ზოგჯერ გამოსდის კიდეც, ზოგჯერ მწარედაც ტყუვდება. ბედისწერა საბოლოოდ ჰოლივუდში, გადასაღებ მოედანზე მიიყვანს - მისი ვაჟი მსახიობი ხდება. ამერიკული კინოს არქეტიპული პერსონაჟების დემითოლოგია ამ ფილმის მთავარი თემაა.

მიმოხილვისას აუცილებელია, გავიხსენოთ, რომ „გრძელი სიტყვა მოკლე ითქმის“. თანაც, ყველა ფილმს ვერც გაწვდები. და რადგან რუსთაველი გაგვახსენდა, ბარემ მის პოეტურ გეოგრაფიას მივყვეთ: „რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი“... რუსეთი წელსაც არ იყო საკონკურსო პროგრამაში, თუმცა „პანორამაში“ წარმოდგენილი „რუსეთი 88“ მაინც მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან პაველ ბარდინის ფილმი ამ ქვეყანაში არსებულ ფაშისტურ ტენდენციებს წარმოაჩენს. რაც შეეხება „სპარსელებს“, ანუ ირანს, თავი კიდევ ერთმა რეჟისორმა, ასგარ ფარჰადიმ გამოიჩინა, რომლის ფილმმა “ელის შესახებ” რეჟისურაში „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. თუმცა ქალის არჩევანისა და თავისუფლების პრობლემა, რომელიც ფილმშია ხაზგასმული, ცოტა სპეკულაციურია.

სახელოვანი „მოფრანგენის“ ამბები არცთუ დრამატული მოსაყოლია.

საკონკურსო პროგრამა: ფრანსუა ოზონის ერთგვარი ზღაპარი „რიკი“ (ბავშვი, რომელსაც ფრთები ამოუვა და ქიმიურ ქარხანაში მომუშავე მშობლებს პირდაპირი მნიშვნელობით ხელიდან გაუფრინდება) და ბერტრან ტავერნიეს „ელექტრონულ ბურუსში“ (ლუიზიანას შტატში გადაღებული დეტექტივი, რომელშიც ქარიშხალ „კატრინას“ კვალი და მინავლებული ბლუზი მხოლოდ ფონია სამართლიანი პოლიციელისათვის. სხვათა შორის, ამ როლს ჩვეული პერფექციონიზმით „უსწორდება“ ტომი ლი ჯონსი). “

არასაკონკურსო პროგრამა: თითქმის 80 წლის კლოდ შაბროლი, რომელსაც ბერლინში საპატიო „ოქროს კამერა“ გადასცეს, იღებს დეტექტივს „ბელამი“, ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით. ირონიული ინტრიგა, მოსაწყენი სცენები და გრძელი დიალოგები ვერაფერი შეღავათია წარსული დიდების ფონზე. სამაგიეროდ, ერთ დროს მებრძოლი ფემინისტი და განვითარებული სექსუალური ფანტაზიის მქონე კატრინ ბრეია კოსტუმირებულ ფილმს გვთავაზობს. „ლურჯწვერა“ ისე პიონერულად და მოსაწყენადაა გადაღებული, თითქოს რეჟისორი კამერას ახლახან დაეუფლა. ამიტომაც იყო, რომ ფილმის დემონსტრირებისას დარბაზი თითქმის დაიცალა.

0x01 graphic

THE DUST OF TIME თეო ანგელოპულოსი

0x01 graphic

REUTERS THE READER - სტივენ დალდრი

0x01 graphic

TATARAK - ანჯეი ვაიდა

ბალკანეთის პრობლემებსა და ბრიუსელის სასამართლოს პოლიტიკურ ინტრიგებს გვაზიარებს გერმანელი რეჟისორის, ჰანს-ქრისტიან შმიდტის „შტორმი“, რომელშიც მთავარ როლებს კერი ფოქსი (პატრის შეროს „ინტიმი“) და ანამარია მარინკა (კრისტიან მუნგიუს „ოთხი კვირა, სამი თვე და ორი დღე“) ასრულებენ. არაფრით გამორჩეულმა გერმანულმა ფილმმა „ყველა დანარჩენი“(რეჟისორი მარენ ადე), რომელიც სარდინიაზე მყოფ შეყვარებულთა კრიზისს ასახავს, ჟიური რატომღაც მოხიბლა, მაშინ, როდესაც საინტერესო ფილმი „გერმანია 09“ ყურადღების მიღმა დარჩა. 13 ცნობილი გერმანელი რეჟისორის (ფატი აკინი, ტომ ტიკვერი, რომუალდ კარმაკერი, დომინიკ გრაფი და ა.შ.) მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები გაერთიანებულია ერთი პრინციპით - რას წარმოადგენს და რა პრობლემები აქვს დღეს გერმანიას.

დაბოლოს, ორი ინგლისელის შესახებ, რომელთა გავლენა, მნიშვნელობა და ხარისხი დღევანდელ კინემატოგრაფზე გაცილებით მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული მოსაზრებით დარიგებული ყველა პრიზი - სტივენ დალდრი და სტივენ ფრირზი. პირველი მიმართავს გერმანელი მწერლის ბერნჰარდ შლინკის ბესტსელერს „წამკითხველი“ და ფილმსაც ასე უწოდებს. მეორე - კოლეტის გასული საუკუნის 20-იან წლებში დაწერილ მოთხრობას „შერი“ (უფრო ზუსტი თარგმანია „ძვირფასო“). პირველი ჰანას დრამატულ როლს ქეიტ უინსლეტს სთავაზობს და არ ცდება, რადგან მსახიობი „ოსკარზეა“ წარდგენილი. მეორე - ეპატიჟება მიშელ პფაიფერს და კურტიზანი ქალის მაცდურ, სახიფათო და ირონიანარევ სიყვარულზე გვიყვება. პირველი თითქოს უბრუნდება „საათების“ მთავარ თემას, მეორე - „სახიფათო კავშირებს“... ორივე რეჟისორი წარმავალი გრძნობისა და წარმავალი დროის რითმას განიხილავს, როგორც ცხოვრებისეული დრამების აუცილებელ ნაწილს.

ასე რომ, პოლიტკორექტულად დარიგებული, მოზომილ-მოოქროვილი „დათვები“, მხოლოდ მიზეზია უსამართლოდ მოწყობილი სამყაროს დასაგმობად. ხოლო ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარებულ „მწუხარების რძეს“ ყოველთვის არ მოაქვს სიხარული.

მთავარი პრიზები ტილდა სვინტონმა და კომპანიამ ასე გაანაწილა:

ოქროს დათვისაუკეთესო ფილმისათვის - „მწუხარების რძე“ (რეჟისორი კლაუდია ლიოსა); ჟიურის დიდი პრიზი - „ყველა დანარჩენი“ (რეჟისორი მარენ ადე) დაგიგანტი“ (რეჟისორი ადრიან ბინიესი); „ვერცხლის დათვისაუკეთესო რეჟისურისათვის - ასგარ ფარჰადი („ელის შესახებ“); „ვერცხლის დათვიმამაკაცის როლისათვის - სოტიგუ კოიატე („მდინარე ლონდონი“); „ვერცხლის დათვიქალის როლისათვის - ბირგიტ მინიხმაიერი; „ვერცხლის დათვისაუკეთესო სცენარისათვის - „მაცნე“ (რეჟისორი ორენ მოვერმანი); ჟიურის სპეციალური პრიზი - „ლერწამი“ (რეჟისორი ანჯეი ვაიდა).

0x01 graphic

MILK - გას ვან სენტი

0x01 graphic

MESSENGER - ორენ მოვერმანი

0x01 graphic

MY ONE AND ONLY - რიჩარდ ლონკრეინი

5 „ქართველნო, წინ, დავით აღმაშენებლისკენ“

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ნინო ბექიშვილი

0x01 graphic

ფოტო: გია აბდალაძე

სსრკ-ს დანგრევის შემდეგ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქრისტიანულ ქვეყანაში უზარმაზარი ეკლესიები ააგეს, მუსულმანურში - მეჩეთები. მაშინ, როცა სამების ტაძრის მშენებლობა გადაწყდა და პროექტიც დაამტკიცეს, ამბობდნენ, რომ სვეტიცხოველზე დიდ და ალავერდზე მაღალ ტაძარს აშენებდნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სულიერი ძლიერების სიმბოლოდ იქცეოდა. სამების ტაძარი მართლაც ასეთი გამოვიდა - თბილისის ლანდშაფტისთვის შეუფერებლად გრანდიოზული და პომპეზური. მიუხედავად იმისა, რომ სამება, ერთი შეხედვით, ქართული ტრადიციული არქიტექტურის პრინციპების დაცვით აშენდა, ის სისადავე და ჩუმი დიდებულება, რაც ქართულ ტრადიციულ არქიტექტურაში ყველაზე მეტად გვხიბლავს, მთლიანად დაიკარგა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს ტაძარი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს მართლაც სჭირდებოდა. სწორედ ასეთი - დიდი, ბევრი ხალხის დამტევი, უზარმაზარი ეზოთი, შადრევნებით, საზეიმო შესასვლელებით და ჩვენმა ფანტაზიამაც ფრთა ფრთას ჰკრა. ჯერ იყო და, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი დაასვენეს, შემდეგ - საქართველოს პირველი პრეზიდენტის, და ჩვენც, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგეთ გმირ ქართველთა ხსოვნას. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო, რომ საქართველოს გამთლიანება სჭირდებოდა, რომ ახალი ქართული ნაციონალიზმი ახალ გმირებს ითხოვდა; უნდა შემოგვერიგებინა განაწყენებული ზვიადისტები და სხვ. 2009 წლის 8 თებერვალს კი სამების ტაძარში საქართველოს სახელმწიფოში მონარქიის აღდგენას ჩაეყარა საფუძველი. მაგრამ ამაზე ქვემოთ. ფაქტი ერთია - სამების ტაძარი ის დეკორაციია, რომელსაც ხან ხელისუფლება და ხან ეკლესია სხვადასხვა პოლიტიკური ფარსის დასადგმელად და გასაფორმებლად იყენებს.

რამდენიმე წლის წინ ოზურგეთში ჩასულს უზარმაზარი პლაკატი შემეფეთა - „ქართველნო, წინ, დავით აღმაშენებლისკენ!“ ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო, საქართველოს პრეზიდენტის ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე ყველას ნანახი გვქონდა და ვიფიქრე, - ეს წარწერა ალბათ ვიღაც პროვინციელი ჩინოვნიკის ფანტაზიის ნაყოფია, ნეტავ საქართველოს პროვინციებში როდის მიხვდებიან, რომ დავით აღმაშენებელი უკანაა და არა წინ-მეთქი. ბილბორდზე წარწერილი ტექსტიც მალევე მიმავიწყდა. მაგრამ სამწუხაროდ, ილუზია, რომ საქართველოში რეალური სეკულარიზაცია მოხდებოდა და ჩვენ წინ ყურებას დავიწყებდით, მალევე გამეფანტა. ცხადი გახდა, რომ არაფერი შეცვლილა - არა მხოლოდ პროვინციელ ჩინოვნიკებს, არამედ მთელ ქართველ ერს დავით აღმაშენებელი, „უკან“ კი არა, ნამდვილად „წინ“ ჰგონია და მხსნელადაც ეგულება.

XIX საუკუნეში, როცა ილია ჭავჭავაძემ (ჩვენს კლერიკალებს რომ ჰკითხოთ, ილია ნაბიჯს არ დგამდა მოძღვრის კურთხევის გარეშე) დაწერა, - მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდიო, მაშინ ქართველის გონება ქვეყნის საუკუნეებისწინანდელი წარსული დიდებისკენ იყო მიმართული. მაშინდელ ქართველს, გაუნათლებელსა და ღარიბ-ღატაკს, მომავლისკენ მზერის მიპყრობა უჭირდა. უცნაურია, რომ დღესაც, ორი საუკუნის შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. ამაზე ბევრი რამ მიგვანიშნებს - ქართველ პოლიტიკოსთა თუ საზოგადო მოღვაწეთა რიტორიკა, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კლიპები, დაბოლოს ის ბალმასკარადი, რომელიც სამების ტაძარში გაიმართა და ორგანიზატორმა, საქართველოს საპატრიარქომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს დაამთხვია (სიმბოლოები ჩვენში ერსა და ბერს ერთნაირად უყვარს).

საპატრიარქო საზოგადოებას ერთი თვით ადრე ამცნობდა, - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბაგრატიონთა ორი შტო შეერთდება, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შეირთავს ცოლად და ამ ქორწინების შედეგად საქართველოს მომავალი მეფე და მხსნელი დაიბადებაო. ეს მხსნელი ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს ბაზალეთის ტბის ძირას, ოქროს აკვანში მწოლიარე ეგულებოდა, დღეს კი გვითხრეს, რომ მხსნელს რეალური ქალი შობს, მერე ეკლესიის წიაღი აღზრდის და შემდეგ ნანატრი ჟამი დადგება: მეფეს მირონს ვცხებთ, რომელსაც ზეციდან მადლი ჩამოჰყვება და საქართველოც გაბრწყინდება. დღევანდელ სიტუაციას ზუსტად ერგება ხალხური ანდაზა, - ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო. სწორედ მას, მხსნელს, მესიას - აბრაამს ველოდებით. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის კი არა, სულაც პრეისტორიულ, ბიბლიურ დროში ვართ ჩარჩენილები.

მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიონთა წყვილის ქორწინება სასიძოს მამიდამ და იმერეთის შტოს ბაგრატიონებმა ღიად გააპროტესტეს, ქართულმა პრესამ ამ მოვლენას „საუკუნის ქორწილი“ უწოდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ქორწილს; ჯვრისწერის საიდუმლო ეპისკოპოსთა დასმა აღასრულა. როგორც ტელესიუჟეტებიდან ვნახეთ, ყველაფერი მაინც ისე პომპეზურად ჩატარდა, როგორც სამების ტაძრის სიმდიდრე-დიდებულებასა და ნამდვილ მეფეებს შეშვენით. სვეტიცხოვლის ტაძრის მოლოცვის შემდეგ დედოფალი მამამ დარეჯანის, ანუ მეფეთა ისტორიული სასახლიდან წაიყვანა სამებაში. ოქრო, გუნდრუკი და მური ამ დღესასწაულს ნამდვილად არ აკლდა. ვინ გაიღო ქორწილის ხარჯები და რა დაჯდა ეს ღონისძიება, უცნობია. სამწუხაროა, რომ არც საპატრიარქო, არც ამ ქორწილის ორგანიზატორები და არც თვითონ ბაგრატიონები არ დაფიქრდნენ - როცა ქვეყანაში, ერთი მხრივ, ეკონომიკური კრიზისია და, მეორე მხრივ, ამდენი იძულებით გადაადგილებული ბავშვი, ფულის პომპეზურ ქორწილში დახარჯვა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. ან შეიძლება დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ ნათელი მომავლისა და მომავალი „გაბრწყინების“ გამო, ფულის დახარჯვაც ღირდა. ან კიდევ, ჩათვალეს, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ასეთი სანახაობა სჭირდებოდა.

ბაგრატიონთა დაქორწინება და ამ ქორწილის საქართველოში მონარქიის აღორძინების დასაწყისად მონათვლა იდეის ავტორებმა ისე გადაწყვიტეს და აღასრულეს, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერი უკითხავთ. თუმცა, რა არის საკითხავი, როცა საპატრიარქოს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა არ იყოს, ჩვენი მოსახლეობის 87 პროცენტი უცხადებს ნდობას და თანაც ყველაფერი ზეცაში წყდება? ისე თქვეს, ყასიდად, - მონარქიის აღდგენას რომ დავაპირებთ, რეფერენდუმს მაშინ ჩავატარებთო.

ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაციის რეალურად აღქმა და შეფასება საქართველოში ცოტას თუ შეუძლია. ერისა და ბერის საერთო ზეიმს ერთი რამ წაეფარა ჩრდილად - ხელისუფლების წარმომადგენლები სამების ტაძარში არ მისულან. მათი ადგილები „შერატონ მეტეხი პალასის“ დარბაზშიც ცარიელი დარჩა. ამ ფაქტით გულგატეხილმა პატრიარქმა გერმანიიდან ინტერვიუ მისცა „რუსთავი 2“-ს, ახალდაქორწინებულები დალოცა, და ის, რაც მანამდე საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, აღარ გაუმეორებია; განაცხადა, - ეს ქორწილი მხოლოდ ბაგრატიონთა ორი შტოს დანათესავება იყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებსო.

P.S. ბაგრატიონთა ქორწილის შემდეგ პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლ“ „თავისუფლების ინსტიტუტი“ მორიგ შეტევას ახორციელებს ილია მეორეზე, საქართველოს ხელისუფლებას სურს, კათალიკოს-პატრიარქი ტახტს ჩამოაცილოს, პატრიარქს ძალად აყოვნებენ გერმანიაში, მის შვეიცარიაში სამკურნალოდ გაშვებას გეგმავენ და, მამულიშვილნო, არ შედრკეთ, გამოდით და დაიცავით ილია II და ხელისუფლებას პატრიარქის საქართველოში დაბრუნება მოსთხოვეთო. ოპოზიციის ლიდერების არაადეკვატურობა თითქოს აღარც უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც გაუგებარია, ვისზეა გათვლილი ამგვარი განცხადებები. ერთი რამ კი ცხადია - როგორც კი ხელისუფლებამ გაბედა და საკუთარი პოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ გამოხატა - ჯერ მხოლოდ ფრთხილად, სამების ტაძარში ქორწილში არმისვლით და „რუსთავი 2“-ზე გასული სიუჟეტით ჟურნალ „ქვაკუთხედის“ შესახებ - ოპოზიციამ მაშინვე შეთხზა შეთქმულების თეორია, რომელიც, იმედია, ამჯერად მაინც არ იმუშავებს.

6 საკანი ნომერი ხუთი

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

დასაწყისშივე მინდა განვმარტო:

გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი (როგორც „მაესტროზე“ ამბობენ ხოლმე ტიტრებში), ჩემი ბავშვობის მეგობარია და უცნობი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს. შეიძლება სწორედ იმის გამო მიყვარს გამორჩეულად, რომ ძალიან ბევრი ადამიანისაგან განსხვავებით, გიამ დღემდე შეინარჩუნა სამყაროს აღქმის ბავშვური ნიჭი და უამრავი რამ ახლაც ისევე უკვირს, როგორც პატარაობისას უკვირდა. ბავშვობაში ალბათ ჩვენც ასეთი გულწრფელები ვიყავით, მერე კი ნელ-ნელა დავკარგეთ ჩვენში ბევრი თვისება და მათ შორის ისეთებიც, რაც უცნობმა დღემდე შეინარჩუნა. იმ საკანშიც სტუმრებთან საუბრისას თუ კამათისას უცნობის ეს შესაშური თვისება აშკარად ჩანს ხოლმე, მაგრამ სანამ საკნის ამბავს მოვყვები, ახალგაზრდობაც უნდა გავიხსენო.

ახალგაზრდობაშიც ბევრი იდეები ჰქონდა (ახლანდელივით) და როცა მეუბნებოდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა, ძალიან ხშირად მეღიმებოდა ხოლმე და ძალიან ხშირად ვცდებოდი, რადგან მას ყოველთვის ჰქონდა ნიჭთან ერთად ისეთი ალღოც, რომლის წყალობითაც ჰიტების ავტორი ხდებოდა. ჰიტის ოფიციალურ განმარტებას რომ არ დავყაბულდეთ, ჰიტი სწორედ იმას ნიშნავს, რასაც უცნობი აკეთებდა თავისი პირველი სიმღერის ჩაწერიდან დღემდე და სანამ მეხუთე საკანში აღმოჩნდებოდა, მხოლოდ მან იცოდა, როგორი პოპულარული გახდებოდა ეს უცნაური ახირებაც. აქვე შემიძლია გამოვტყდე და ისიც ვაღიარო, რომ რამდენიმე ხნით ადრე (სანამ „მაესტროში“ ჩაჯდებოდა), როცა გიამ თვითონვე ამიხსნა რის გაკეთებასაც აპირებდა, ისევ ცოტა გოიმურად მომეჩვენა მისი ახალი იდეა, თუმცა ისევ შევცდი.

მესმის, რომ პირდაპირ, რეალურ და ცოცხალ შოუს შეიძლება მართლა არ ჰქონდეს ალტერნატივა ტელესივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერებელია ის, რასაც უკვე მერამდენე ადამიანისაგან ვისმენ - ადამიანები არა მხოლოდ მაშინ უყურებენ ამ გადაცემას, როცა საკანში საინტერესო სტუმრები არიან და კამათობენ, არამედ მაშინაც კი, როცა გია საკანში მარტოა და მშვიდად ძინავს.

თუმცა სინამდვილეში მშვიდად ძილი იმ საკანში შეუძლებელია, თუნდაც მუდმივად ჩართული კამერების გამო, და პირადად ჩემთვის კი, არათუ მშვიდად ძილი, მშვიდად საუბარიც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მასთან სტუმრობის დროს და ახლაც ამიტომ ვწერ.

ყველაფერზე, რის შესახებაც ვიკამათეთ, ბუნებრივია, ვერ დავწერ, მაგრამ საკითხს, რომელმაც ამდენი აღელვებული საუბარი გამოიწვია, აუცილებლად შევეხები, რადგან მანამდე მართლა გულწრფელად მეგონა, რომ საქართველოში ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ, ისედაც ყველაფერი იცოდნენ.

თუმცა მანამდე იმასაც ვიტყვი, რაც ძალიან არ მომწონს მეხუთე საკანში და ეს უპირველესად იგივე შეცდომის საშიშროებაა, რომელიც ერთხელ უკვე დავუშვი. ვარდების რევოლუციამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მთავარი შევარდნაძის გადადგომა იყო და მერე ყველაფერი ისედაც კარგად იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავისით არაფერი იცვლება უკეთესობისკენ და ისიც აღმოჩნდა, რომ მთავარი პრობლემა თურმე ისევ ჩვენშია და არა რომელიმე შევარდნაძეში. რასაკვირველია, შევარდნაძე უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც, მაგრამ სააკაშვილის შეცდომებისთვის ჩვენ სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდით, რადგან გვეგონა, რომ დემოკრატია თავისთავად შეუქცევადი პროცესია და ძალიან მწარედაც მოვტყუვდით. ამიტომაც მთავარი პრობლემა (ჩემი სუბიექტური აზრით) სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენც შევიცვალოთ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მომავალმა ხელისუფლებამაც იგივე გვაკადროს, რაც ახლანდელმა უკვე გვაკადრა.

ყველაზე სამწუხარო კი ახალი ბელადის ძველებური მოთხოვნილებაა, რომელიც საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა და ასეთ დროს ყოველთვის ალექსანდრე ყიფშიძის ცნობილი ფრაზა მახსენდება ხოლმე, - ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათო...

თავისუფლება კი უპირველესად პასუხისმგებლობაა და ამიტომაც გასაგებია, რომ პოსტსაბჭოური ქართული საზოგადოება პასუხისმგებლობას გაურბის და ხალხიც კვლავ ცდილობს, რომ ძალაუფლება რომელიმე ახალ ბელადს შეტენოს და მერე ის ახალი რომ ძველივით მოიქცევა ხოლმე, ძალიან უკვირს. მგონი, ამ გადაცემის მთავარი უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ ამ საკანში გაცილებით ადვილია ადამიანების ამოცნობა და იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც მთელი ღამის მანძილზე ერთი რომელიმე წაკითხული წიგნის გახსენებაც კი არ შეუძლიათ, არასოდეს მივცემ ხმას. თვითონ უცნობის უპირატესობა კი ის არის, რომ გია გაჩეჩილაძეს გულწრფელად სურს, რომ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალოს და ამას ზუსტად ისე ცდილობს, როგორც მას სჯერა. მას შეიძლება არაფერში დაეთანხმო, მაგრამ ყველაფერი შეგიძლია უთხრა; მას მოსმენა მაინც შეუძლია, სხვებისაგან განსხვავებით. უპირველესად ზემოთქმული ხელისუფლებას ეხება და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს თვისება რომ არ დაეკარგათ ადამიანებს, არც ამ გადაცემის აუცილებლობა იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე არ დაეწაფებოდა მეხუთე საკანს სიმართლესმოწყურებელი ქართველი მაყურებელი და ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომაც სწორედ ის იყო, რომ მათ აღარ დაიჯერეს, რომ სიმართლე ყოველთვის ჯობია ტყუილს და კეთილი ტყუილი კი, სინამდვილეში, არ არსებობს. სააკაშვილს იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოში (შესაბამისად, საქართველოს კი - დასავლეთში), რომ ხელისუფლებამ ვეღარ იგრძნო საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობა და იმ რეფორმების განმარტების აუცილებლობაც, რომლის გარეშეც, თანამედროვე სახელმწიფო უბრალოდ ვერც შეიქმნება. ხელისუფლებას გაუჩნდა საკუთარი ხალხისაგან მარადიული მხარდაჭერის ილუზია და ამ შეცდომამ სხვა შეცდომებიც გამოიწვია და განაპირობა. ქვეყანაში, სადაც რომელიმე ქართველის გარეშე სიმღერასაც კი არავინ გაპატიებს, ხელისუფლება ისე დაშორდა საზოგადოებას, რომ ვერც კი იგრძნო შუაში გაჩენილი უფსკრული, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება თუ ამოავსებდა. რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება კი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ხალხი და ხელისუფლება გაერთიანდებოდა, მაგრამ თუ არ იცი, რომ კრემლის აგენტები კრემლის წინააღმდეგ არასოდეს იბრძოლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ხალხს ძალიან ცუდად იცნობ. ხოლო თუ კარგად იცნობ და ქუჩაში გამოსული, ღირსებაშელახული ადამიანები მაინც კრემლის აგენტები გგონია, რუსეთს ვერასოდეს დაამარცხებ. თუმცა მანამდე ჩვენ ყველას უფრო ძნელი ომი გველის და ეს ჩვენი, საკუთარი თავის დამარცხებაა და მგონი, ეს უფრო რთულია, რადგან რუსებმა ჩვენს აქილევსის ქუსლს, კარგა ხანია, მიაგნეს და ორასი წლის მანძილზე სწორედ ის თვისებები დავკარგეთ, რაც ჩვენს გამარჯვებას განაპირობებდა ხოლმე. ჩვენგან, ოდესღაც ძალიან შემოქმედი ერისაგან, მხოლოდ მომხმარებელი ხალხი დავრჩით და ამიტომაც ვეძებთ ახლა სხვა მფარველს და ბატონს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუ ოკეანის გადაღმა. მთელი ჩვენი ენერგიაც ახალი მფარველის ძებნას ხმარდება და არა საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც თავისუფალი ადამიანები სჭირდება და როცა ჩვენ ვიქნებით თავისუფლები, ხელისუფლებაშიც თავისუფალი ადამიანები მოხვდებიან. ამიტომაც, ჩემი ღრმა რწმენით, გამოსავალი ისევ ჩვენშია, რადგან სააკაშვილთან ერთად ეს შეცდომები ჩვენც დავუშვით და სააკაშვილი კი ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ გვგავს. ღმერთმაც ქნას, რომ აგვისტოს ომიდან (და არა მარტო) ისეთი დასკვნები გამოვიტანოთ, რომლებიც საკუთარი თავის აღმოჩენაში ისე დაგვეხმარება, რომ შეცდომებს აღარ დავუშვებთ და აღარ გავიმეორებთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი შეცდომების აღიარება შევძელით, იმასაც დავიჯერებთ, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია...

. . .

რაც შეეხება გრიბოედოვს: სანამ ქართველებზე ვიტყვი, ჯერ იმას გავიხსენებ, თუ რატომ არ უყვარდათ გრიბოედოვი თვითონ რუსებს და განსაკუთრებით კი რუსული საზოგადოების ეგრეთ წოდებულ პროგრესულ ნაწილს. ალექსანდრე გრიბოედოვი, როგორც სხვა დეკაბრისტები, დააპატიმრეს პეტერბურგის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მაგრამ იმ სხვებისაგან განსხვავებით, ვინც ჩამოახრჩეს ან ციმბირის კატორღებზე გაუშვეს, გრიბოედოვი ძალიან მალე გაათავისუფლეს და სამაგალითოდ დააჯილდოვეს. გარდა სოლიდური ფულადი ჯილდოსი, მან მიიღო წმინდა ანას ჯვარი და სახელმწიფო მრჩევლის ტიტული. იმპერატორისაგან ასეთი ლმობიერება მხოლოდ გრიბოედოვის მიმართ მხოლოდ ერთაზროვანი დასკვნის საფუძველი იყო. მოწინავე რუსულმა საზოგადოებამაც სწორედ ის იფიქრა გრიბოედოვის შესახებ, რასაც თვითონ გია გაჩეჩილაძე იფიქრებდა ასეთ შემთხვევაში, თუმცა რუსული საზოგადოების დეკაბრისტულ ნაწილს მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს პროგრესული, გასაგები მიზეზების გამო. დეკაბრისტებსაც კი სხვა, ჩვენსავით პატარა ქვეყნებისა და ჩვენსავით დაპყრობილი ერების ბედი სულ ცალ კიდურზე ეკიდათ ნებისმიერ მანიფესტში და საქართველოც მათთვის მხოლოდ პოლიგონური ტერიტორია იყო ქართველების გარეშე. გრიბოედოვიც თავის პროქტში, საქართველოს მოწყობის შესახებ, საერთოდ არაფერს ამბობდა ხალხის შესახებ და ჩვენს ქვეყანას განიხილავდა როგორც კომერციულ კომპანიას, რომლის მმართველიც თვითონ უნდა ყოფილიყო და მთელი ქართული ქონებაც მას უნდა დარჩენოდა განუსაზღვრელი ვადითა და უფლებებით სარგებლობაში. აქვე იმასაც გავიხსენებ, რომ ალექსანდრე გრიბოედოვი (მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი იყო), საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი გახლდათ, რომელმაც საკმაოდ ბევრი ენა იცოდა, მაგრამ ერთადერთი ენა, რომლის შესწავლაც მას არ განუზრახავს, სწორედ ქართული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გრიბოედოვს ცოლი ჰყავდა ქართველი და უცხო ენების შესწავლაც აშკარად ეხერხებოდა, ქართული ენის შესწავლა არც უცდია, რადგან როცა იგი საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენს უმთავრეს სიმდიდრეს რუსები უკვე ძაღლების ენას უწოდებდნენ. სხვათა შორის (რადგან სიტყვამ მოიტანა), აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გრიბოედოვის მერე კიდევ ორასმა წელიწადმა განვლო, მაგრამ ორასმილიონიან რუსს შორის ქართული ენა მაინც არავინ შეისწავლა. სხვა, ნებისმიერი უცხოელი კი საქართველოში მოღვაწეობას სწორედ იმით იწყებს, რომ ქართული ენის მასწავლებელს მოძებნის ხოლმე და (მაგალითად) დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენ შეცდომასაც უნდა უშვებდეს ქართულად საუბრისას, ნებისმიერი ქართველისთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ. თუნდაც ასეთი პატივისცემა და სიყვარულიც არ გვიგრძვნია რუსების მხრიდან (არასოდეს) და რა გასაკვირია, რომ ალექსანდრე გრიბოედოვიც არ ყოფილიყო ამ მხრივ გამონაკლისი, მიუხედავად ქართველების არცთუ იშვიათი გულუბრყვილობისა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშიც ქართველებს მაინც სჯეროდათ, რომ თუ რუსებს კარგად მოექცეოდნენ, ისინიც სიყვარულით უპასუხებდნენ ჩვენს ერთგულებას და რა გასაკვირია, რომ თექვსმეტი წლის კეთილშობილ ქართველ ქალს რუსი მწერალი შეყვარებოდა.

ულამაზეს ნინო ჭავჭავაძესაც თავდავიწყებით შეუყვარდა ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელიც წარმოსადეგი დიპლომატი იყო, უკრავდა როიალზე და წერდა მუსიკასაც ლექსებისა და პიესების გარდა.

თუმცა თვითონ გრიბოედოვის დამოკიდებულება ნინოსადმი არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც სკოლის სახელმძღვანელოებიდან გვახსოვს, რადგან რუსი მწერალი (სინამდვილეში) სხვა მანდილოსნების მიმართაც არანაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა, როგორც ამას ერთხმად ადასტურებენ მისი თანამედროვეები. ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის მოულოდნელი ქორწინებით კი განსაკუთრებით გაკვირვებულები იყვნენ გრიბოედოვის უახლოესი მეგობრები, რომლებსაც კარგად ახსოვთ, რომ რუსი მწერალი სულ სხვა ქალს ეტრფოდა ამ შეუღლებამდე. გრიბოედოვის გაოცებული მეგობრების პირადი წერილებიც სწორედ ზემოთქმულს ადასტურებენ და იმასაც მოწმობენ, რომ ის მშვენიერი ქალი (გვარად ახვერდოვა) არა გრიბოედოვს, არამედ სულ სხვა კაცს თანაუგრძნობდა; ისევე, როგორც ყველამ იცოდა თბილისის მაშინდელ საზოგადოებაში, რომ ნინა ჭავჭავაძეზე სერგეი ერმოლოვი გიჟდებოდა და არა ალექსანდრე გრიბოედოვი. მისი მეგობრების პირად წერილებში კი ისიც კარგად ჩანს, რომ ამ ქორწინების განსაკუთრებულად მოსურნე და მომხრე გახლდათ ნინოს მამა ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომლის არაპოეტურ პრობლემებსაც ასევე იქვე მიუთითებენ, მაგრამ უმცროსი ქალიშვილის გათხოვების პრაგმატულ მოტივაციებზე აქ აღარ ვისაუბრებთ. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ (სხვათა შორის) ეკატერინე ჭავჭავაძე კარგა ხანს დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გრიბოედოვს სინამდვილეში ეკატერინე მოსწონდა (თანაც დაუფარავად) და არა მისი და ნინო. შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ ქალს ზოგჯერ ეჩვენება ხოლმე, რომ ნებისმიერი მამაკაცი მას ეტრფის, მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის შემთხვევაში, ეს ყველაზე ნაკლებად სარწმუნოა და ასეც რომ არ იყოს, ნიკოლოზ გრეჩის ჟურნალში გამოქვეყნებული დოკუმენტური მასალაც საბედნიეროდ არსებობს. საბედნიეროდ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ სიმართლის ცოდნა ყველა შემთხვევაში უკეთესია, როგორი მწარეც უნდა იყოს წარსულის გახსენება, რადგან იმ წარსულიდან სინამდვილეში მაინც ვერაფერს ამოშლი.

როგორც არ უნდა გაქრეს ალექსანდრე გრიბოედოვის შემოქმედებიდან „ქართული ღამე“ (ზუსტად ასეთი ღია სახელწოდების ნაწარმოები), იმ ერთ სიტყვას ხომ მაინც ვერავინ ამოშლის ტექსტიდან, სადაც გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძესთან ურთიერთობას, უბრალოდ, „ზაბავა“ უწოდა. შეიძლება რუსული მართლა ცუდად ვიცი და ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულად ტრაგიკულს, მაგრამ როცა გამახსენდება, თუ როგორი ტრაგიკული აღმოჩნდა ნინო ჭავჭავაძისთვის გრიბოედოვის გაცნობა, ახლაც ისევე ვბრაზდები, როგორც მაშინ, როცა პირველად წავიკითხე მურავიოვკარსკის დღიურები.

რაც შეეხება გრიბოედოვის სიკვდილს, ამ ტრაგიკულ გარდაცვალებას რუსულ საზოგადოებაში ერთი უცნაური ფრაზაც მოყვა, რომელიც მისი ახლობლების წერილებშიც კი აისახა, რადგან ყველას ახალგაზრდა შერემეტიევი გაახსენდა.

ეს ამბავი ალექსანდრე გრიბოედოვის საქართველოში ჩამოსვლამდე მოხდა, მაგრამ რუსულმა საზოგადოებამ ახალგაზრდა, ლამაზი და ნიჭიერი შერემეტიევის სიკვდილი, მაინც ვერ დაივიწყა. იმ დუელში კი, სადაც იგი მოკლეს, გრიბოედოვი შერემეტიევის მოწინააღმდეგის სეკუნდანტი იყო და დუელიანტებმა ერთმანეთს თითო-თითო სროლა ააცდინეს. წესებისა და შეთანხმების თანახმად, დუელი დამთავრებულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო რომ არა გრიბოედოვის დაჟინებული მოთხოვნა სროლის გაგრძელების შესახებ. თავიდან გასროლის პირველი უფლება ჰქონდა შერემეტიევის მოწინააღმდეგეს, რომელმაც უარი თქვა ამ უფლების გამოყენებაზე, მაგრამ გრიბოედოვი იყო ძალიან კატეგორიული და თავის დუელიანტს მშიშარაც კი უწოდა. მისი მეორე გასროლა უკვე ზუსტი აღმოჩნდა (გრიბოედოვის დაჟინებული მოთხოვნით), ახალგაზრდა შერემეტიევისთვის კი ძალიან ტრაგიკული - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ ამიტომაც მაშინვე გაჩნდა არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებები რუსულ საზოგადოებაში და მერე კი, როცა რუსი დიპლომატი მუხანათურად მოკლეს სპარსეთში, შერემეტიევი კიდევ ერთხელ გაახსენდათ. თვითონ გრიბოედოვის ვერაგულ მკვლელობას (დანარჩენ რუსებთან ერთად) ვერაფრით ამართლებენ ისტორიკოსების ვერსიები, რომლებიც თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსებს ადანაშაულებენ სპარსელების მხრიდან აგრესიის გაჩენაში. როგორც კი სპარსელებმა რუსების მიმართ გაჩენილი აგრესიის დაუფარავად გამომჟღავნება დაიწყეს, გრიბოედოვს მაშინვე აცნობეს მოსახლეობის რადიკალურად უარყოფითი განწყობილებების შესახებ და ზომების მიღებაც ურჩიეს. გრიბოედოვს თავშესაფარიც შესთავაზეს (სპარსეთის შაჰის კარზე), მაგრამ რუსი დიპლომატის ამპარტავნობას სასაცილოდაც არ ეყო ზედმეტი სიფრთხილე, რადგან მისი ღრმა რწმენით შეურაცხყოფილი სპარსელებიც კი ვერაფერს გაუბედავდნენ რუსეთის იმპერიის მაღალჩინოსან ალექსანდრე გრიბოედოვს. არადა, მან მშვენივრად იცოდა სპარსული ენაც და სპარსული სამყაროს თავისებურებაც, სადაც ქალებისადმი სულ სხვა დამოკიდებულება არსებობდა, თუნდაც რუსეთისაგან განსხვავებით და ამ განსხვავებას შეეწირა კიდეც რუსი მწერალი.

როგორც უნდა ყოფილიყო, გრიბოედოვის წინააღმდეგ ჩადენილ იმ სისასტიკეს არანაირი ახსნა და გამართლება არა აქვს და მისი სიკვდილი კი სხვისი სიკვდილის მიზეზიც გახდა - ფეხმძიმე მეუღლემ ჯერ არდაბადებული შვილი დაკარგა, მერე კი გრიბოედოვის სიკვდილს თვითონ ახალგაზრდა ნინა ჭავჭავაძის სიცოცხლეც შეეწირა.

ახლა კი იმ მიზეზების ჩამოთვლას (უტყუარი წყაროების მიხედვით), რის გამოც, მშვენიერ ნინოს ალექსანდრე გრიბოედოვი არ უნდა შეყვარებოდა, აზრი არა აქვს, რადგან ნინო ჭავჭავაძეს გრიბოედოვი მაინც გაგიჟებით, თავდავიწყებით უყვარდა.

ამიტომაც თუ ჩვენთვის მთავარი სიყვარულია და არა სიძულვილი, იმასაც ადვილად დავიჯერებთ, რომ მთაწმინდაზე ნამდვილი სიყვარულის საფლავია და თუ ჩვენი ნამდვილი სიყვარული მათ ვერ დაინახეს, ეს ხომ ნამდვილად მათი ბრალია და არა ჩვენი.

სადარდებლად ჩვენ ჩვენი სიბრმავეც გვეყოფა...

7 „შენ გაიხარე, კარგო ქართველო კაცო“

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ნინო რობაქიძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

გახდით რეალური პროტესტის რეალური მონაწილე. იფიქრეთ, იმსჯელეთ და იკამათეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე საკანში 5.

ამას წინათ ვინმე მაიკოს, რომელსაც კრიტიკული სტატია დაუწერია უცნობზე, საკანი №5 - ის პატიმარმა პირდაპირ ეთერში სულ მოსყიდული ეძახა. ამ ქვეყნის მომავალზე იმსჯელეთ, მაგრამ თუ ნებაყოფლობითი პატიმრის ეს „რეალური პროტესტი“ არ მოგწონთ და გულზე არ გეხატებათ, შეგიძლიათ თქვენი აზრი თქვენთვის შეინახოთ და მაინცდამაინც სტატიები არ წეროთ. საწინააღმდეგო აზრისადმი ასეთი, რბილად რომ ვთქვა, „ხისტი“ დამოკიდებულების ეს პირველი მაგალითი არ არის. ამ შოუს ერთადერთი წესი აქვს - „ამ მთავრობის” ოპოზიციაში უნდა იყო და ოპოზიციაში ყოფნის წესები უკვე აღარ არსებობს. შეგიძლია ყველას ერთად ჯორცხენები თუ ჯორთხები უძახო. გავიგეთ, ერთ მხარეს ჯორცხენები, მაგრამ მეორე მხარეს რა არის? ვის მოუწოდებს უცნობი გაერთიანებისკენ?

„საკანი №5-ის“ ცქერისას შევიტყვე, რომ გოგა ხაინდრავას თავისი თვალით უნახავს, როგორ აძლევდა სააკაშვილი რუსეთს ერთგულების ფიცს. როდის? რა ვითარებაში? გაოპოზიციონერების შემდეგ ნახა ხაინდრავამ ეს თავისი თვალით თუ მანამდე? ეგ ხომ უკვე დეტალებია?! ამ შოუში კი დეტალები ძალიან, ძალიან უადგილოა. აქ სტუმრები მონოლოგებისთვის მოდიან; ძირითადად - პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან. განსაკუთრებით საინტერესო იმათი სტუმრობაა, ვინც ოპოზიციაში ხელისუფლებიდან მოხვდა. ჰყვებიან, როგორ „დემონსტრაციულად“ დატოვეს ახლა უკვე ავადსახსენებელი მმართველი გუნდი. ერთი სიამოვნებაა ამ თავისმართლებაშერეული პოლიტიკური ავტობიოგრაფიების მოსმენა, ბიოგრაფიებისა, რომელიც დაბადებიდან იწყება, რადგან საკანში, დავით აქუბარდიას გადაცემისგან განსხვავებით, რომელსაც უცნობის შოუმ აშკარად წაართვა რეიტინგი, მაყურებელი და ალბათ რეკლამაც, არც დროა შეზღუდული და არც კითხვებს სვამს ვინმე. ამიტომ შეგიძლია იქიდან დაიწყო მოყოლა, საიდანაც გინდა, იტყვი იმას, რაც გჭირდება და ისე, როგორც გჭირდება. აი, ეს არის, რომ „ხალხის პარტია“ დაგვეჩაგრა - კობა დავითაშვილის საკანში სტუმრობას ალეკო ელისაშვილის სტუმრობაც დაემთხვა და მანამ არ მოეშვა ჟურნალისტი დავითაშვილს, სანამ არ აღიარებინა, - არ უნდა ამეღო რესტორანში ფული პარტიულ სიაში ადგილის სანაცვლოდ, ცუდი ტონი იყოო.

ამ რეალური შოუსთვის ხალხი ღამეებს ათენებს, მაშინ, როცა ამბიციურ პოლიტიკურ დებატებს ნახევარ საათსაც არ უთმობს. იქნებ იმაშია საქმე, რომ სულაც არ გვაინტერესებს მტყუან - მართლის გარჩევა? „კავკასია“ და „მაესტრო“ იტყვიან, - არ მოდის მეორე მხარე ჩვენთან სალაპარაკოდ, რა ჩვენი ბრალია, ჩვენ თავისუფალი მედია ვართო. იმ ღამესაც კობა დავითაშვილი და ალეკო ელისაშვილი ერთ ხმაში ჰყვებოდნენ, - ბალანსი არ ვიცით ჩვენ, ეგ ლევან რამიშვილის მოგონილი რაღაცააო. კობა დავითაშვილმაც განაცხადა, - რას ამბობთ, დასავლეთში ყველა ჟურნალისტს აქვს თავის პოზიცია, აბა რაო!

კვირა საღამოს „საკანი №5“-ის ეთერში ზარები არ წყდება - ერთმანეთზე უფრო აღელვებული ხმით მოსაუბრე მაყურებლების ზარების მოკლე შინაარსის გადმოსაცემად ფიქრია ჩიხრაძეს დავესესხები: „შენ გაიხარე, კარგო ქართველო კაცო!“ უნდა გაიხაროს, აბა რა, რაც ეს პატიმარი კაცი გამწარებულ ხალხს მთავრობის ლანძღვით და სააკაშვილის ჰალსტუხზე ღადაობით ფხანს გულს. „ზიზღის ჯგუფმაც“ უცნობის ტუალეტის კარზე გადაინაცვლა. იმდენჯერ შეგვიძლია შევაფურთხოთ გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს, გივი თარგამაძეს, კახა ლომაიას, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერაც უცნობს ტუალეტში შესვლა დასჭირდება.

არა, უცნობზე აშკარად იმოქმედა საკანმა და პატიმრობამ - ზოგჯერ ისეთი ფაქტები აღელვებს, რომ გაგიკვირდებათ. არ მახსოვს პატიმრობის მერამდენე დღეს, მაგრამ აღშფოთებას და გულისტკივილს ვერ მალავდა - „გამაგებინეთ, რატომ უნდა გვასწავლოს ასეთ ხანდაზმულ ერს დემოკრატია და არჩევნების ჩატარება სამი წლის ბავშვმაო!“ სამი წლის ბავშვი, თუ სწორად მივხვდი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის მერე მივხვდი, რომ ფობია მაქვს, ურაპატრიოტიზმის ფობია. მეშინია, როცა ეკრანიდან მეუბნებიან, - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო. მეშინია, როცა ქართველობის და ქრისტიანობის სახელით „ჭეშმარიტებას“ ქადაგებენ. მეშინია, როცა ყველაფერს, რაც არ მოსწონთ, არაქართულს და თავსმოხვეულს ეძახიან. მეშინია, როცა ყველაფერში, რაც მოსწონთ, ქართულ ფესვებს ეძებენ. მეშინია, როცა მოლაპარაკებულებივით ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ერთ აზრზე ვდგებით. მეშინია, როცა ვხდებით კოლექტივი და ვლაპარაკობთ ყველას სახელით. აი, მაგალითად ასე: „სააკაშვილს საქართველოში იდეოლოგიური მომხრე არ ჰყავს!“

როცა ვფიქრობდი, რა იყო ამ შოუს ასეთი პოპულარობის მიზეზი, მივხვდი, რომ სტუმრები არაფერ შუაში არიან. არც ის ფაქტორი თამაშობს რაიმე როლს, რომ სხვაგან თავისუფალი სიტყვა არ ისმის. საკნის სტუმრებს აზრის გამოხატვის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონიათ - პოლიტიკოსები „კავკასიის“ ეთერშიც ცხოვრობდნენ და ჟურნალისტები ჟურნალისტობდნენ. აქ სხვა ამბავია: საკანი №5 ატრაქციონივითაა, ყოველ საღამოს გხვდება ახალი ამბავი ხალხზე, რომელსაც მოსწონს კარგი ქართველი, ქალაქელი ბიჭები და სწორედაც ძალიან აინტერესებს გიას უბნელი მეგობრების თუ პოლიტიკური მეგობრების ჭორიც და მართალიც. დიახ, ეს ხალხი დიდად არ დარდობს მტყუან - მართლის გარჩევაზე, როცა საქმეში ერთი მხარე, მაგალითად, ეკლესიაა. დიახ, ეს ხალხი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ლამის ატირებული გულშემატკივრობს საკანი №5-ის ნებაყოფლობით პატიმარს. გულშემატკივრობს სხვის პროტესტს, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ზოგი მათგანი, ვინც დღეს საკან №5-ის პატიმარს გულანთებული უმტკიცებს მხარდაჭერას, სახელისუფლებო პარტიის ხელფასს აიღებს და მეზობლების აღწერას შეუდგება. ზოგი არც საარჩევნოდ დარიგებულ მეცამეტე ხელფასს გააპროტესტებს. ამიტომ აღარ მჯერა რეალური შოუების და პატიმრობის მოტივების. მოკლედ, ეს შოუ ზუსტად ისეთია, როგორებიც ჩვენ - ვაპროტესტებთ ცუდს, არ ვაპროტესტებთ უარესს და არც ის ვიცით, კარგი რა არის.

8 თავისუფალი სიტყვის ძიებაში

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ნანა ზარდიაშვილი

0x01 graphic

საშინელია ისტორია, რადგან ასე ხშირად ის არასრულწლოვანთა სათამაშო მოედნად გვევლინება; ყმაწვილი ნერონის სათამაშო მოედნად, ყმაწვილი ნაპოლეონის სათამაშო მოედნად, ფანატიკოს ბავშვთა ურდოების სათამაშო მოედნად, ბავშვებისა, რომელთა ნასესხები ვნებანი და პრიმიტიული როლების რეალობა კატასტროფულ რეალობად გვექცევა ხოლმე.

მილან კუნდერა, „ხუმრობა

მილან კუნდერას ისტორია/პოლიტიკა ეზიზღებოდა, ეზიზღებოდა დრამატული პერიოდები ისტორიისა, როდესაც ის ინდივიდუალურს მასობრივად აქცევს, ცალკეული ადამიანის ბედს - კოლექტიურ ბედისწერად, როდესაც პიროვნულის ნებისმიერ გამოვლინებას აქრობს და ყველას: მთელ ერს, საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს საერთო განსაცდელის რეჟიმში აცხოვრებს.

უკვე 20 წელზე მეტი ხანია მეტ-ნაკლები ინტენსივობით საქართველო ასეთი გაავებული ისტორიის/პოლიტიკის რეჟიმში ცხოვრობს. ამიტომ იქცა, ალბათ, ჩვენში პოლიტიკური შოუ ყველაზე მომგებიან და რეიტინგულ ტელეშოუდ, ამიტომ ჩაანაცვლეს საქართველოში პოლიტვარსკვლავებმა შოუბიზნესის ვარსკვლავები, ამიტომაა, რომ, როგორც ჩემი ერთი ნაცნობი გასათხოვარი ქალი მორცხვად გამომიტყდა, ძილის წინ ის ამაღლებულ სიყვარულზე ოცნების ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის სრულ და საბოლოო გამარჯვებაზე ოცნებობს, დემოკრატიული საქართველო მთავარ ეროტიულ ხილვად ექცა.

ისტორიის გაავების ერთ-ერთი ასეთი რეციდივის დროს, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ცნობილ მოვლენათა გამო, ყველა ტელეარხს, საზოგადოებრივის გარდა, საინფორმაციო გამოშვებების გადაცემა აუკრძალეს, მე და ჩემმა მეგობარმა, თეონა გეგენავამ ინტერნეტის კაბელი ვენაში წვეთოვანივით ჩავიდგით და მრავალფეროვან საინფორმაციო ნაკადს უკვე მიჩვეულებმა, ამ მრავალფეროვნების ძიება ინტერნეტში დავიწყეთ.

მას შემდეგ დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით ყველა ქართული ტელეარხი ეკრანიდან წავშალეთ, ინტერნეტს მივეკედლეთ და ინტერნეტდამოკიდებულნი გავხდით.

მერე, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო და ინდივიდუალური თვალსაწიერიდან საერთოდ გაქრა, უცნობი ჯარისკაცების საერთო საფლავების, უგზო - უკვლოდ დაკარგულებისა და ათასობით იძულებით გადაადგილებულების, ზოგადად, მასობრივი კატეგორიებით ოპერირების დრო კიდევ ერთხელ, შემაშინებელად განგვიმეორდა, თეონამ დამირეკა: „მომისმინე, ბლოგის კეთება ვიცი, ტექნიკურად ადვილია, მოდი დავიწყოთ უცხოურ პრესაში საქართველოზე დაბეჭდილი მასალის თარგმნა და ნეტში დადება.“ რაღა თქმა უნდა, დავეთანხმე, რადგან უკვე ვიცოდი, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, ჩვენს მიერ ბევრი ვერაფერი გადაწყდებოდა. ისეთი ერთი ციდა პოლიტიკური ერთეულების ბედს, როგორიც საქართველოა სხვები, უფრო დიდები და უფრო მნიშვნელოვნები წყვეტენ, მათი ინტერესების გადაკვეთა ან გადაუკვეთელობა, მათი დაჟინებული ყურადღება ან ინდიფერენტულობა... ხოლო პრესა, მედია ის სივრცეა, რომელიც ამ ინტერესების ხილულ, ზედაპირზე მყოფ ტენდენციებს ასახავს და რომლის ინტერპრეტირებით პოლიტიკის მთავარი მოქმედი პერსონაჟების ფარული, ანუ რეალური მიზნებისა და მოტივაციების ამოცნობაა შესაძლებელი. პრესა დიდი პოლიტიკის ცნობიერია, რომელშიც ხანდახან, უნებლიეთ, არაცნობიერი ანუ რეალური ამჟღავნებს თავს.

აი, ასე გაჩნდა ბლოგი გრძელი სათაურით www.foreignpressge. blogspot.com (მოგვიანებით პროექტი „ღია საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა და ახლა უკვე ბლოგის პარალელურად მოქმედებს ვებგვერდი http://foreignpress. ge) და ასე დაიწყო ჩემი და თეონას მოგზაურობა დასავლური მედიის თავბრუდამხვევ ნაკადში.

ვკითხულობდით ომის პირველივე დღეებიდანვე, მაგრამ თარგმნა, აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან დავიწყეთ. ძირითადად ანალიტიკურ სტატიებს ვთარგმნიდით, თუმცა ისეთი ცნობების გამოტოვებაც არ გვინდოდა, რომელიც ობიექტური თხრობის საფარქვეშ ნიშნეულს შეიცავდა და რომლის „გაშიფვრაც“ ჩვენთვის და მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო. აი, ჩვენი ბლოგის ზოგიერთ პირველ პუბლიკაციათა სათაურები და საკვანძო ფრაზები: „რუსეთი და ახალი ბოროტების ღერძი“ - „...რუსეთს, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროს დაუპირისპირდა...“ „რუსეთის ამოხსნა“ -„მოსკოვის აგრესიის მთავარი მიზანი არა საქართველოს ტერიტორია, არამედ ევროპული დემოკრატიებია“; „პუტინის სამეფოს ბზარი გაუჩნდა“ -„დამარცხებული საქართველო ამ ომიდან უმალ გამარჯვებული გამოვიდა. დროა მიხეილ სააკაშვილმა ხელში აიღოს ტელეფონი, დაურეკოს დიმიტრი მედვედევს და უთხრას: “გმადლობთ, კოლეგა“; „დიკ ჩეინი თავისუფალ სამყაროს საქართველოს დახმარებისკენ მოუწოდებს“ - „დიკ ჩეინიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკას საქართველოს ნატოში მიღება სურს. მან დღეს კავკასიის რესპუბლიკაში რუსეთის შეჭრას არალეგიტიმური უწოდა“; „უნდა გვეშინოდეს თუ არა დათვის?“ - პუტინი - დღევანდელი ჰიტლერი არ არის. ის ჰენრიხ ჰიმლერს, აშშ-ის ხელმძღვანელს უფრო ჰგავს, ნაცისტური ელიტის ყველაზე ცივსისხლიან წარმომადგენელს“; „მკაცრი განცხადებები კონკრეტული ქმედებების გარეშე“ - ვაშინგტონი - სახელმწიფო მდივანმა რუსეთთან დაკავშირებით უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა: „რუსეთი არსაითკენ მიმავალ გზას დაადგა“.

იმ მომენტისთვის, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, საერთაშორისო საზოგადოებამ, ანუ დასავლეთმა, რადგან დანარჩენ მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოებად არც არავინ განიხილავს, ჩვენი მხარდაჭერა გადაწყვიტა. „ერთი ციდა ახალგაზრდა დემოკრატია“, „პროდასავლური მთავრობა“, „დასავლეთის მტკიცე მოკავშირე“ - ეს ფორმულირებები თითქმის ყველა სტატიაში საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენებოდა. იშვიათად კანტი-კუნტად გაისმოდა კრიტიკული კომენტარი საქართველოზე, უფრო გერმანულენოვან პრესაში („სააკაშვილმა მოიტყუა?“ დასავლეთს კითხვები უჩნდება - და ისიც ჩვენდამი მხარდაჭერისა და თანაგრძნობის ხმამაღალ ქოროში მთლიანად ინთქმებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ზოგადი ტენდენცია ისე, როგორც ამას მე აღვიქვამდი და საერთოდ, ყველაფერი, რასაც აქ ვწერ, მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილებებია, ვერავითარი სტატისტიკით ჩემს პოზიციას ამჯერად ვერ დავადასტურებ, რიცხვების აბსოლუტურ ძლევამოსილებას არგუმენტად ვერ გამოვიყენებ.

მერე კი უცებ რაღაც მოხდა. კარგად მახსოვს, როდის - 28 სექტემბერს BBC-ის საიტზე ასეთი მასალა გამოქვეყნდა: „BBC-იმ სამხრეთ ოსეთში „სამხედრო დანაშაულის“ კვალს მიაგნო.“

ტალღა აგორდა და ძალის მოკრება დაიწყო: „სიმართლე სამხრეთ ოსეთის შესახებ“ - „...იმის საფუძვლიანი სამხილები მოვისმინეთ, რომ საქართველო, რომელსაც დასავლეთი ასე უჭერდა მხარს, 7 აგვისტოს აგრესორივით მოქმედებდა“; „საქართველომ კასეტური ბომბები გამოიყენა“ - „ნიუ-იორკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ახალი კვლევების თანახმად, საქართველომ რუსეთთან ზაფხულის ომის დროს გამოიყენა კასეტური ბომბები, რომლებიც გაუმართავობის გამო ქალაქებსა და სოფლებს დაეცა და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმსხვერპლა; „დევნილი ქართული მედია“ - „ყველაზე მნიშვნელოვანი სამაუწყებლო მედიასაშუალებები რამდენიმე დიდი ეკონომიკური ჯგუფის ხელშია. ამ არხების უცნობი მფლობელები მალავენ საკუთარ კავშირს პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ მათი მიკერძოებული მაუწყებლობა ყველაფერს ცხადყოფს“; „ბალტიისპირეთის თვალით“ - ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები ვართ, ისინი კი - არა. მიშას უკონტროლო გამონათქვამები ისე ჟღერს, თითქოს ჩვენ ისეთივე შეშლილები და მოწყვლადები ვიყოთ, როგორც ისინი“ და ა.შ. და ა.შ.

28 ოქტომბრისთვის, რომელიც მე ტენდენციის რადიკალურად შეცვლის მომენტად აღვიქვი, ობამა უკვე სტაბილურად უსწრებდა მაკეინს (ეს ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებებისგან განსხვავებით პროცენტებსა და რიცხვებში იყო ასახული და დიდი სანდოობით გამოირჩეოდა), ჰაერში უკვე გარდამტეხი ცვლილებების სუნი ტრიალებდა. შეუძლებელი იყო არ დაგენახა მარტივი, ხილული, პირდაპირი კავშირი პოლიტიკურ ცვლილებებსა და მედიის პოზიციის ტრანსფორმირებას შორის. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ეჭვი მეპარებოდა თავისუფალი სიტყვის, როგორც ფენომენის არსებობაში, პრესის მუშაობასა და პოლიტიკური ნებისა ან ნების არსებობას შორის ასეთმა პირდაპირმა კორელაციამ, მაინც გამაოცა.

პოლიტიკურ ნებაზე მეტად ლობისტური ფინანსური ინექციების ლეგიტიმურობამ დამთრგუნა: ჩვენ რუსეთს ვადანაშაულებდით მედიაომში დიდი ფულის ჩადების გამო, რუსები - ჩვენ და ყველა ერთად უხმოდ ვეგუებოდით იმ ფაქტს, რომ ფულით შეიძლებოდა სოლიდური მედიასაშუალების ყიდვა, ამა თუ იმ სახელმწიფოსა, თუ ადამიანზე მხარდამჭერი ან კრიტიკული, ხშირად უკიდურესად კრიტიკული პუბლიკაციის გავრცელება: „ჟურნალისტიკა-მეორე უძველესი პროფესია!“.

მოკლედ, ბლოგმა და ინტენსიურმა კონტაქტმა მედიასამყაროსთან ისეთ ასაკოვან და გამოცდილ ადამიანსაც კი, როგორიც მე ვარ, უამრავ ილუზიასთან გამოთხოვება მოსთხოვა, აღარაფერს ვიტყვი ჩემს ახალგაზრდა კოლეგაზე. როგორც ყოფილმა საბჭოთა მოქალაქემ, მტკიცედ ვიცოდი (მამაჩემი მასმენინებდა ბავშვობიდან მოწუილე „ამერიკის ხმას“), რომ დასავლეთი სიკეთეა, რადგან იქ სიტყვის თავისუფლება და ზოგადად თავისუფლებაა და რომ, მაშინ - საბჭოთა კავშირი, ხოლო ახლა - ისლამური სამყარო საშინელი ბოროტებაა. თუ ვინმეს ტერორისტს უწოდებდნენ, მისი ქვეყნის დაბომბვა სრულიად გამართლებულად მიმაჩნდა, რადგან ტერორიზმი ცივილიზებულ სამყაროს, ანუ პროგრესს საფრთხეს უქმნის და ემუქრება. რაღაც ეჭვები ამ მარტივ სამყაროსეულ სურათში სერბეთის დაბომბვამ გამიჩინა, რადგან იქაური ბავშვები შემეცოდნენ, მერე ცოტა ლიბანზე ვინერვიულე, მაგრამ მალევე უკუვაგდე ეჭვები. ახლა კი მივხვდი, რომ მე, თქვენ, ყველამ ჩვენ მოვლენათა მხოლოდ ერთი ვერსია ვიცით, ერთი კულტურის, ერთ (ინგლისურ) ენაზე აღწერილი რეალობა და მეტი არაფერი.

ერთ-ერთი პირველი წერილი, რომელიც ბლოგზე გამოვაქვეყნეთ, ქიშორე მაჰბუბანისა იყო. იქ წავაწყდით ფრაზას, რომელიც თითქოს არაფერს ისეთს არ შეიცავდა, რაც თავისთავად არ უნდა გვცოდნოდა: დასავლეთი მთელი სამყაროს მოსახლეობის მხოლოდ 10%25-ს შეადგენს, მხოლოდ 10-ს. უბრალოდ, დანარჩენთა ხმა არ ისმის, გამქრალია, რადგან არც ენა აქვთ (ინგლისური) და არც მედიამაგნატები ჰყავთ. დასავლეთმა ყველაზე ძლევამოსილი, ყველაზე უძლეველი იარაღი ჩაიგდო ხელში - სიტყვა და თავისი სიტყვებით აღწერილი რეალობა ჭეშმარიტებად გამოაცხადა, ამ რეალობის ბადე დაადო სამყაროს და თითოეული ჩვენგანი მსგავსი ტერმინებით აზროვნებაში დაავალდებულა.

დღესაც, როდესაც google-ის უკიდეგანო სივრცეში პუბლიკაციისთვის მასალას ვეძებ, თეონას ვეუბნები ხოლმე, არ გინდა ეს „ყარტა-ყურტა“ ქვეყნები, თავი გაანებე. ესენი მაინც ვერაფერს წყვეტენ, მათი ნააზრევით ჩვენთან მაინც არაფერი შეიცვლება, ჩვენს მომავალზე ზემოქმედებას ვერ იქონიებს... და მერე კიდევ საეჭვო პოზიციად არ ჩაგვითვალონ, იმად, რომ დასავლეთის მტრები ვართ და, შესაბამისად, არაპროგრესულები, ჩამორჩენილები, შავრაზმელები. იარლიყები უკვე დარიგებულია და ამას ვეღარაფერს მოუხერხებ.

არ შეიძლება არ აღფრთოვანდე დასავლელი ჟურნალისტების პროფესიონალზმით, მასალის ცოდნით, გასაოცარი ინფორმირებულობით, მაგრამ მათი მიუკერძოებლობა და დაბალანსებულობა ჩემში, როგორც მათი პროდუქტის რეგულარულ მომხმარებელში, სერიოზულ ეჭვს ბადებს.

შესაძლოა, არ ვიცი, ამ პროცესებისთვის თვალი არ მიმიდევნებია, შიდა საკითხებზე მუშაობისას, დასავლელი ჟურნალისტები მართლაც პირუთვნელ პოზიციას ინარჩუნებენ, შეუპოვრად ამხელენ ნაკლოვანებებს და მხარს უჭერენ პოზიტიურ მოვლენებს, მაგრამ, რაც შეეხება გარე სამყაროს, მათ მიერ შექმნილი სურათი მარტივი და მკაცრად ორპოლარულია: დემოკრატიის მტრები და დემოკრატიის მეგობრები. არსებობს გარდამავალი ფაზებიც, მაგალითად დემოკრატიული ღირებულებების ღალატში ეჭვმიტანილი სუბიექტები, მაგრამ ეს მომენტი ძირეულად არ ცვლის შავ-თეთრ ფერებში აღქმულ სამყაროს.

ასე რომ, აი, ნეოფიტი ბლოგერის შესაძლოა უმწიფარი, მაგრამ მაინც დასკვნა: მრავალხმიანი დასავლური პრესა რეალურად საკმაოდ მონოტონური და იდეოლოგიზირებულია, ყოველ შემთხვევაში ის, რასაც პრესის მეინსტრიმს ვუწოდებთ, რაც უსასრულოდ მრავლდება და ვრცელდება, რასაც ვიცნობთ და ვეცნობით.

თუ მართლა თავისუფალი სიტყვის გაგება გინდათ, პერიფერიაზე გადადით, მარგინალიებზე, გასცდით შავ-თეთრი სამყაროს საზღვრებს, იმათ მოუსმინეთ, ვისაც ყურს არ უგდებენ, არ დაინანოთ დრო, ეძებეთ ბლოგებზე, Think-tank ორგანიზაციების საიტებზე, ყველგან, სადაც უსასრულოდ ტირაჟირებისა და გავრცელების ინსტრუმენტები არ გააჩნიათ, რადგან ის, თუ რა ემართება ადამიანს, ვინც დაუღალავად ეძებს, თქვენ ყველამ უჩემოდაც იცით.

ვიცოდით, რომ მედია საშინელი მანქანა და მანიპულირების ინსტრუმენტია, მაგრამ უცხოურ საიტებში გაუთავებელმა ქექვამ ეს უშუალოდ, კონკრეტულად, ხელშესახებად დაგვანახა: ფანტასტიკურია, როგორ იჩქმალება ერთი (ვითომდაც არა ყოფილა) და როგორ ხმაურდება, ტირაჟირდება, მრავლდება მეორე ფაქტი.

სიტყვის თავისუფლება არსებობს, არ არსებობს არჩევანის თავისუფლება, რადგან იმისთვის, რომ მიჩქმალულ ფაქტს მიაგნო, ყველაფერს თავი უნდა გაანებო და მხოლოდ ამისთვის უნდა მოიცალო.

9 ახალი ელიტის კონტურები

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: გიგა ზედანია

ბოლო დროს საჯარო სივრცეში თვალშისაცემად სასიხარულო არაფერი ხდება. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ერთი სასიკეთო ტენდენცია მაინც იკვეთება-ესაა ახალი საზოგადოებრივი ელიტის ფორმირება, ელიტისა, რომელიც თანამედროვეობის კონტექსტში საკუთარ წინამორბედზე ბევრად უფრო ადეკვატური იქნება.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყო.

წარმოვიდგინოთ კონტექსტი - ახალი ხელისუფლება ცდილობდა ა) ჰანტინგტონის კლასიკური და ფუკუიამას ახალთახალი წიგნების შესაბამისად, აეშენებინა სახელმწიფო. მოდით, ახლა ნუ ვიდავებთ იმაზე, გამოვიდა თუ არა ეს საქმე. რაზეც თქვენი ყურადღება ამჯერად მინდა მივაპყრო-ხელისუფლება ასევე ცდილობდა ბ) შეეცვალა გარემო, რომელშიც სახელმწიფოს უხდება არსებობა. გარემო კი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოება.

აი, ამ მეორე პროექტიდან - ანუ საზოგადოების ტრანსფორმაციის სურვილიდან - არაფერი გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ მასზე ხელი აიღო. მაგრამ ჯერ სხვა საკითხს მივაქციოთ ყურადღება: იგრძენით თუ არა ორაზროვნება, როდესაც სიტყვა „საზოგადოება“ ვახსენე? „საზოგადოება“ ქართულად ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ა) მთელ მოსახლეობას; ბ) ამ მოსახლეობის პრივილეგირებულ ნაწილს, ანუ ელიტას (წარმოთქვით ხმამაღლა: „მთელი ქართული საზოგადოება აღშფოთებულია!“. რა გაიფიქრეთ? სწორია: პოეტები, მსახიობები და მეცნიერები).

იმისათვის, რომ გარდაექმნა საზოგადოება (პირველი, ფართო აზრით), ხელისუფლებამ დაიწყო საზოგადოების (მეორე, ვიწრო აზრით) მიმართ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. უფრო სწორად, არგადადგმა. რა ქნა ხელისუფლებამ? მან ელიტას გაუკეთა, როგორც დღეს ამბობენ, სრული „იგნორი“. შევარდნაძის პათეტიკა - „გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ“ - სამართლიანად იქნა აღქმული, როგორც გარიგება ენერგიადაცლილ, საბჭოთა ღირებულებების მატარებელ ადამიანთა ჯგუფთან, რომელსაც უკვე არანაირი “კულტურის” შექმნა აღარ ძალუძდა და რომლის წევრებიც მხოლოდ საკუთარი წარსული (ხან ნამდვილად საამაყო და დასაფასებელი, მაგ., ხელოვნების სფეროში, ხანაც-უაღრესად საეჭვო, მაგ., რეფლექსიის სფეროში) მიღწევებით იწონებდნენ თავს.

გამოთავისუფლებულ ადგილზე ხელისუფლების მხრიდან არავის დაყენების განსაკუთრებული სურვილი არ ყოფილა. ამიტომ არც იმ ადამიანებს გაუმართლათ, ვინც ძველების ჩანაცვლებისაკენ თვითონვე ილტვოდნენ. მაგრამ გარდა ამ სუბიექტური გუნება-განწყობილებებისა, იყო ობიექტური სირთულეც.

საქმე ისაა, რომ თუ ხელისუფლებას სჭირდებოდა ახალი პარტნიორები საზოგადოებაში, რომლებიც არ იქნებოდნენ დამძიმებულნი საბჭოთა მენტალიტეტით, ამ სავარაუდო პარტნიორების მსოფლშეგრძნება სულაც არ ემთხვევოდა ხელისუფლების მთავარ პროექტს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქ იმ შეცდომებს არ ვგულისხმობ, რომლებსაც უშვებდა ხელისუფლება (არასწორი პოლიტიკიდან დაწყებული და სწორი პოლიტიკის არასწორი კომუნიკაციური სტრატეგიით მიწოდებით დამთავრებული). მე, სწორედაც რომ, პროექტებისა და მსოფლშეგრძნებების დონეზე არსებული კონფლიქტის შესახებ ვლაპარაკობ.

ვითარება კი ასეთია: როგორც სახელმწიფოს მშენებლობა, ისე საზოგადოების ტრანსფორმაცია, აუცილებლობით გულისხმობდა მოდერნიზაციას. ხოლო კულტურის სფეროში ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ არასაბჭოთა, დასავლურ კულტურულ მოდელებზე, პოსტმოდერნული ღირებულებებისა და ხედვების მატარებლები აღმოჩნდნენ.

სახეზე გვაქვს განვითარების ასინქრონულობა; ასინქრონულობა, რომლის გასაგებადაც ცოტაოდენი სოციოლოგია დაგვჭირდება.

მაშ ასე: საქართველოში დღეს სამი სხვადასხვა ღირებულებათა სისტემა შეიძლება გამოვყოთ; შესაბამისად, არსებობს ადამიანთა სამი ჯგუფი, რომლებიც ამ სამი სხვადასხვა სისტემის მატარებლები არიან:

1. მოდერნული ღირებულებები: ამ ღირებულებათა მატერებელი ადამიანები, ძირითადად, პატრიოტები არიან; მათ გამოარჩევთ ლოიალურობა სახელმწიფოს მიმართ, ისინი ბევრს მუშაობენ და ცდილობენ, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. წარმატება გაგებულია, როგორც ფული, ძალაუფლება და პრესტიჟი; სახელმწიფო და ბიზნეს სექტორებში დღეს ასეთ ადამიანთა სიჭარბეა.

2. პოსტმოდერნული ღირებულებები: ამ ღირებულებათა მატარებელი ადამიანები ორიენტირებულები არიან თვითგამოხატვასა და თვითრეალიზაციაზე. მათთვისაც მნიშვნელოვანია სამუშაო - მაგრამ არა ყოველი, არამედ ის, რომელიც მათში სულიერ კმაყოფილებას იწვევს. პიროვნული თავისუფლება მათთვის უმაღლესი ღირებულებაა და ყოველივე, რაც ამ თავისუფლებას ხელს უშლის - დაწყებული სახელმწიფოთი და დამთავრებული ტრადიციებით - მათთვის ინსტინქტურადაა მიუღებელი. ეს ჯგუფი მოიცავს მათაც, ვინც დროის ხარისხიანად გატარებაზეა ორიენტირებული; მოკლედ, ეს კრეატიული ინდივიდუალისტების ჯგუფია;

3. კვაზიტრადიციული ღირებულებები: ნებისმიერი სოციოლოგი გაღიზიანდება-ეს „კვაზი“ რა არის, უბრალოდ „ტრადიციული“ რატომ არ გიწერიაო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც ამ უკანასკნელ ჯგუფში ვაერთიანებ, სულაც არ არიან ტრადიციულნი ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ტრადიციულია მათი ცნობიერების ფორმა, ხოლო შინაარსი ამ ცნობიერებისა წარმოადგენს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მენტალიტეტების დომხალს. შედარებისათვის, თანამედროვე რუსეთში ასეთი კვაზიტრადიციული ღირებულებების სისტემაში შედის როგორც სტალინიზმის, ისე რუსული მართლმადიდებლობის ელემენტები. საქართველოში ეს კვაზიტრადიცია შედგება ისეთი ელემენტებისაგან, როგორებიცაა: ნათესაობა, ძმაკაცობა, „შავი გაგება“, „კაი ბიჭობა“, სუფრა (საბჭოთა კულტურაში გაჩენილი ან ტრანსფორმირებული ფენომენები); ეკლესიურობა (პოსტსაბჭოთა ეპოქის ფენომენი-ოღონდ ყველას დავიწყებული აქვს, რომ ეკლესიურობა ტრადიციულობის ნიშნად ბოლო ოცი წლის განმავლობაში იქცა, მანამდე საქართველო წარმატებით იბრძოდა მსოფლიოში ყველაზე ათეისტური ქვეყნის წოდების მოსაპოვებლად); ეთნიკური ნაციონალიზმი („წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული“). ტრადიციული ქართველობა, როგორი სახითაც ის ჩვენ დღეს გვევლინება, ტრადიციის გამოგონების შესანიშნავი მაგალითია (სხვა ქვეყნების მაგალითები მრავლადაა მოყვანილი ჰობსბაუმის ნაშრომებში).

თუ ამ ტრიქოტომიას გამოვიყენებთ, ადვილი გახდება იმ პროცესების აღწერა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა.

ხელისუფლების პროექტს წარმოადგენდა ქვეყნის მოდერნიზაცია, რაც გულისხმობდა გარკვეული სფეროების (პოლიცია, ჯარი, ზოგადი და უმაღლესი განათლება, მეცნიერება) ტრანსფორმაციას. მაგრამ ეს ტრანსფორმაცია, თავის მხრივ, ითხოვდა მოდერნული ღირებულებების გავრცელებას მოსახლეობაში. შეიძლება ითქვას, რომ მოდერნიზაციის პროექტი გულისხმობდა „კვაზიტრადიციული“ ადამიანების მოდერნულად ქცევას.

ამ „ზემოდან მოდერნიზაციიდან“ უკან დასახევი გზა ყოველთვის იყო „კვაზიტრადიციულ“ უმრავლესობასთან გამონაგონ ტრადიციების ენაზე საუბარი. ეს ენა, მასის შეცვლისა და გათანამედროვების მაგიერ, პოლიტიკური კლასის გატრადიციულება-გახალხურებას გულისხმობს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ, წარუმატებელი სტრატეგიების მოსინჯვის შემდეგ (ძალიან სქემატურად რომ განვიხილოთ, ჯერ იყო აქცენტი ადამიანთა უფლებებზე, რამაც არ გაამართლა, შემდეგ აქცენტი სოციალურ თემატიკაზე, რამაც ასევე არ იმუშავა) კრიტიკის პერსპექტივად სწორედ ამ „კვაზიტრადიციული“ უმრავლესობის ინტერესების დაცვა აირჩია. 2007 წლის ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ დიდწილად უარი თქვა „ტრანსფორმატიულ“ პროექტზე და ისიც, ოპოზიციის მსგავსად, „კვაზიტრადიციული“ მასისათვის მუშაობაზე გადაერთო.

სად არიან აქ პოსტმოდერნული ღირებულებების მატარებელი ადამიანები? როგორც უკვე ვთქვი, მოდერნიზაციის პროექტის დაწყებისთანავე ისინი ამ უკანასკნელს დაუპირისპირდნენ; არა მხოლოდ იმ შეცდომების გამო, რომლებიც თან ახლდა ამ პროცესის განხორციელებას, არამედ ღირებულებითი შეუთავსებლობის გამოც, რომელსაც ისინი მწვავედ გრძნობდნენ.

ეს ადამიანები ვერ დაეთანხმებოდნენ მოდერნიზაციის პროექტს არა იმიტომ, რომ ის ცუდად ხორციელდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მათთვის მოდერნიზაცია ესთეტიკურად და აქსიოლოგიურად (ანუ ფასეულობების დონეზე) არის მიუღებელი.

მოდერნიზაცია გულისხმობს პატრიოტიზმს; მოდერნიზაცია გულისხმობს ლოიალობას სახელმწიფოს მიმართ; მოდერნისტი ამბობს, რომ ის ამაყობს საკუთარი ნაციონალობით. პოსტმოდერნისტისათვის ეს სასაცილოა. როგორ შეიძლება იამაყო იმით, რომ ქართველი (რუსი, ინგლისელი, ამერიკელი) ხარ? სიამაყე შეიძლება მხოლოდ იმით, რასაც შენ თვითონ მიაღწიე. პოსტმოდერნისტისთვის მთავარი საკუთარი პიროვნული თავისუფლება და თვით-გამოხატვაა.

შეიძლება თუ არა არსებობდეს პოსტმოდერნისტების სახელმწიფო? შეიძლება. შეხედეთ დასავლეთ ევროპას! მაგრამ იქ ეს პოსტმოდერნული „შიფტი“ ანუ წანაცვლება სულ რაღაც ორმოცი წლის წინათ დაიწყო. მას წინ უძღვოდა მოდერნიზაციის საუკუნოვანი და საფუძვლიანი პროცესი. აი, აშშ კი ევროპაზე ბევრად უფრო მოდერნისტულია, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულ თავისუფლებასა და თვითგამოხატვასთან არც იქ აქვს ვინმეს განსაკუთრებული პრობლემები.

მაგრამ ისვე საქართველოს დავუბრუნდეთ.

ქართველ ინტელექტუალებში მოდერნისტებისა და პოსტმოდერნისტების დაპირისპირებამ დამახინჯებული ასახვა ჰპოვა - თითქოს ეს ყოფილიყოს დაპირისპირება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის. დისკუსია ქართველ ინტელექტუალებს შორის - თუ ის საერთოდ მიმდინარეობდა - ეხებოდა ამერიკელი მემარჯვენე-ნეოკონსერვატორების სიბრიყვესა და ევროპელი მემარცხენე-სოციალისტების სტალინურ წარსულს. თავისთავად, ეს დისკუსია საინტერესოა, რადგან მას შემოაქვს მანამდე უცნობი რეალიები და თემები ქართულ კულტურაში. მაგრამ მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის დაპირისპირება საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების ახსნაში ბევრი ვერაფრით დაგვეხმარება. სახელმწიფოს ინსტინქტური არმიღება - ეს ვერაფერი მემარცხენეობაა, ისევე, როგორც საკუთრების ექსპროპრიაციის დაცვა ვერ იქნება მემარჯვენეობის გამოხატულება.

აქვე მეორე გაუგებრობაც მინდა ავიცილო თავიდან - ტერმინები „მოდერნი“ და „პოსტმოდერნი“ უამრავ სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს. მაგ., ლიტერატურაში მოდერნისტი იყო ჯოისი, ხოლო უმბერტო ეკო-პოსტმოდერნისტია. ცხადია, ტერმინების ასეთი გამოყენება არაფერში გამოგვადგება, როდესაც საქართველოში სოციალურ პროცესებზე ვსაუბრობთ; არსებობს ტერმინების მეორე გამოყენებაც, რომელიც თეორიაშია გავრცელებული. ამ აზრით მოდერნისტია ჰაბერმასი, ხოლო პოსტმოდერნისტები - ფუკო და დერიდა. ეს გამოყენება ცოტა უფრო ახლოსაა იმასთან, რაზეც წინამდებარე ტექსტში ვსაუბრობ, მაგრამ ტერმინების ეს მეორე, თეორიული მნიშვნელობებიც არათეორეტიკოს მკითხველს მხოლოდ დააბნევს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ კონკრეტულად ამ სტატიაში ტერმინებს ზემოთ განხილული სოციოლოგიური მნიშვნელობით ვიყენებ.

საქართველოში კი სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც პოლიტიკური კლასი „კვაზიტრადიციული“ უმრავლესობისათვის თავის მოწონებაზე გადავიდა. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც პოპულიზმმა დაიწყო გაძლიერება.

პოპულიზმს საქართველოში უცნაური ისტორია აქვს - პრინციპში, „ვარდების რევოლუცია“ სხვა არაფერი იყო, თუ არა წარმატებული პოპულისტური მოძრაობა, მასების მობილიზაცია კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც კი დასრულდა რევოლუცია, პოპულიზმიც ბევრად უფრო სპორადული, უფრო იშვიათი გახდა - „ზემოდან მოდერნიზაციის“ პროექტი ხომ სწორედ მასის, „პოპულუსის“ ღირებულებათა შეცვლასა და გარდაქმნას გულისხმობდა, რაც აუცილებლობით მოითხოვდა არა მხოლოდ არაპოპულისტურ, არამედ უბრალოდ არაპოპულარულ ნაბიჯებსაც. 2007 წლის ნოემბერი იყო ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მასის პირველი სერიოზული დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე. დაბრუნებით ის ოპოზიციამ დააბრუნა, მაგრამ როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პროცესმა ნათელყო, მასის კეთილგანწყობის მოპოვება ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად უადვილდება.

სწორედ აქ იწყება პირველი ცვლილება “კულტურულ ელიტაში”. ვითომ-ტრადიციული მასის აღზევება ერთნაირ დისკომფორტს უქმნის როგორც მოდერნისტებს, ისე პოსტმოდერნისტებს. იწყება მათი დაახლოების პროცესი.

ამას ორი საბაბი ჰქონდა: გადაცემა „დიდი ათეულის“ დახურვასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და მონარქიის აღდგენის იდეა. ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა კვაზიტრადიციული წარმოდგენების გავრცელების მცდელობას მთელ საზოგადოებაზე. ორივე პროექტი ჩავარდა: გადაცემა არ დაიხურა, ხოლო მონარქიის იდეა, საბოლოო ჯამში, არასერიოზულად იქნა აღქმული. პროექტები ჩავარდა იმიტომ, რომ მთავარი კონფლიქტი გავიდა ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირების ჩარჩოდან. ის მოექცა თანამედროვეობისა და კვაზიტრადიციის დაპირისპირების ჩარჩოში. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს შუბლით ასკდებოდნენ პოლიტიკურ კამათში, მოულოდნელად ფრონტის ერთ ხაზზე აღმოჩნდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ საფრთხე ექმნებოდა მთლიანად იმ სივრცეს, რომლის შიგნითაც ასეთი კამათი და დავა საერთოდ შესაძლებელია.

აღმოჩნდა, რომ მოდერნისტებსა და პოსტმოდერნისტებს ერთად მეტი შეუძლიათ, ვიდრე კვაზიტრადიციონალისტებს. მიზეზი მარტივია: ვითომ-ტრადიციონალისტებს ჩვენ ქვეყანაში წარმოადგენს მასა, რომელსაც საკუთარ ელიტად დელეგიტიმირებული საბჭოთა ინტელიგენცია ჰყავს. ხოლო მოდერნისტებს წარმოადგენს თანამედროვე განათლებამიღებული ახალგაზრდა თაობა, რომლის ელიტაც დღეს, ძირითადად, პოლიტიკაშია; პოსტმოდერნისტებიც მეტწილად, ასევე, ახალგაზრდები არიან, საკუთარი ელიტით კულტურაში.

მოდერნისტებსა და პოსტმოდერნისტებს ა) აქვთ მეტი განათლება, ბ) უფრო ადეკვატური წარმოდგენა თანამედროვე სამყაროზე, გ) შეუდარებლად უფრო დიდი ენერგია-ვიდრე კვაზიტრადიციონალისტებს.

ერთი შედარება: 1999 წელს გურამ შარაძის კამპანია ხატების ქვეყნიდან გატანის წინააღმდეგ (მადლს დაკარგავენო), წარმატებული აღმოჩნდა. ეს იყო კვაზიტრადიციულობის გამარჯვება თანამედროვეობაზე. 2009 წელს-არც „ათეულის“ და არც მონარქიის შემთხვევაში-ასეთ ერთმნიშვნელოვან გამარჯვებებს ადგილი არ ჰქონია.

როგორია ამ ახალი ელიტის საერთო მახასიათებლები?

ეს ელიტა არის:

ა) ანტირუსული - რუსოფობიის განსაზღვრებას დავესესხები გერმანიაში რუსეთის ელჩს, რომელმაც აგვისტოს ომის დროს განაცხადა: ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსული კულტურა უყვართ, ხოლო რუსული სახელმწიფო არ მოსწონთ, რუსოფობებად უნდა ჩაითვალონო. ამით მან, რასაკვირველია, ავტომატურად გაზარდა რუსოფობიის მასშტაბები მთელ მსოფლიოში. ფორმირების პროცესში მყოფ ქართულ ელიტაში ჯერ კიდევ შემორჩა რუსული ენის ცოდნა და რუსული ლიტერატურის, კინოსა თუ, უბრალოდ, ბავშვობაში ნანახი მულტფილმების სიყვარული. მაგრამ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ - აქ მხოლოდ ზიზღი არსებობს: მოდერნისტების მხრიდან - ნაციონალისტური პროექტიდან გამომდინარე, პოსტმოდერნისტების - იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საერთოდ ვერ იტანენ სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა დაუშვან გამონაკლისი ავტორიტარული რუსეთის შემთხვევაში;

ბ) ანტისაბჭოთა - ეს ადამიანები ვერ იტანენ საბჭოთა კულტურის ნარჩენებს საკუთარ ყოფაში; აჟრიალებთ სიტყვაზე „ინტელიგენცია“; არ უყვართ სადღეგრძელოების რიტორიკა - იმიტომ, რომ უბრალოდ არ სჯერათ იმისა, რომ ვინმე ციდან თავზე დაჰყურებთ და არ ესმით, რა სიამოვნებაა კრამიტით ღვინის სმა ან კრამიტით ღვინის მსმელი კაცებისთვის სამზარეულოში ხაჭაპურების ცხობა; და, სამზარეულოს ხსენებაზე - მათი პროტესტი არანაირად არ შემოიფარგლება გაზქურის სიახლოვეს მაღალფარდოვანი ფრაზების ლაპარაკით. მათ საკუთარი მიზნის მისაღწევად ორგანიზებულად ბრძოლა შეუძლიათ;

გ) სეკულარული - ამ ადამიანებს არ სჯერათ, რომ მეტეხზე ღვთისმშობლის გამოსახულება თანამგზავრმა დააფიქსირა; მეტიც, მათ არც ის სჯერათ, რომ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცხლი არ წვავს; ისინი ამისათვის ზედმეტად კარგად იცნობენ მე-7 კლასის ფიზიკას; ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანი ურწმუნო და ათეისტია; არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს, ნამდვილი მართლმადიდებელი იყოს; არიან ისეთებიც, ვისაც წლები აქვს მიძღვნილი წმინდა მამების ორიგინალში შესწავლისათვის; ზოგიერთი მათგანისათვის იერუსალიმში მოგზაურობასა და ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობაც კი ჰქონდეს (თუმცა, მე-7 კლასის ფიზიკიდან გამომდინარე, სკეპტიციზმი მათთვისაც ძალაში რჩება). მაგრამ ყველა მათგანი იზიარებს ერთ საერთო ამოსავალ დებულებას - რელიგია პირადი საქმეა. და პირადი, ინდივიდუალური სივრცის აღმოჩენა საქართველოში სწორედ ამ ფორმირების პროცესში მყოფი ელიტის წარმომადგენლებმა გააკეთეს (ამ აღმოჩენამდე კი არსებობდა მხოლოდ საოჯახო სივრცე, რომელიც საკუთარი პოზიტიურობით არანაკლებ დიქტატს გულისხმობდა, ვიდრე ტოტალიტარული საჯარო სფერო). ისინი არ აპირებენ, ვინმეს ეს პირადი სფერო დაუთმონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მასად ქცევა ემუქრებათ, ხოლო ელიტაში - ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ეპოქაში - ამაზე დიდი შიში უბრალოდ არ არსებობს.

დაბოლოს, ორი დაზუსტება: ხელისუფლების მიერ საზოგადოების ტრანსფორმაციის მცდელობიდან არაფერი გამოვიდამეთქი, ვამბობდი დასაწყისში. სინამდვილეში, როგორც ვხედავთ, ეს ნეგატიური შეფასება გადაჭარბებულია - უბრალოდ, ხელისუფლების ქმედებას მოჰყვა დაუგეგმავი შედეგი - გარდაიქმნა არა მთელი საზოგადოება (პირველი, ფართო აზრით), არამედ წარმოქმნა დაიწყო ახალმა საზოგადოებამ მეორე აზრით; ჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მაინცდამაინც პოლიტიკაში არ მიდიან, რომლებიც გარკვეული ეჭვით უყურებენ პოლიტიკურ კლასს (იმიტომ, რომ ამ კლასმა შეიძლება ლიბერალური ღირებულებები მასისათვის თავის მოწონების საფასურად გაყიდოს) და რომლებსაც აქვთ უნარი და ასპარეზი, საკუთარი მოსაზრება არა მხოლოდ „გააჟღერონ“, არამედ დაასაბუთონ და გაიტანონ კიდეც.

და კიდევ, ზემოთ დავწერე, - კულტურულ ელიტაში ცვლილება დაიწყო-მეთქი. სინამდვილეში ეს არასწორი ფორმულირებაა - მასის აღზევების პარალელურად, დაიწყო არა ცვლილება, არამედ ახალი კულტურული ელიტის ფორმირება, რომელშიც თანაბრად შევლენ როგორც მოდერნული, ისე პოსტმოდერნული ღირებულებების მატარებელი ჯგუფების წარმომადგენლები. ეს მომავლის ელიტაა, ახალგაზრდა მწერლების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ხელოვანების, არასამთავრობო თუ ნახევრად სამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე მენეჯერების ელიტა. ის უკვე შესამჩნევად ძლიერია, თუ საქმე ფუნდამენტურ ინტერესებს ეხება. მომავალში, ყველა პროგნოზის მიხედვით, ის დომინანტური უნდა გახდეს.

გახდება კიდეც, თუ არა: ა) რუსეთის ინტერვენცია და ბ) რელიგიური ფუნდამენტალიზმის გაბატონება. თავი კი მხოლოდ იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ არც ერთი და არც მეორე არ იქნება ქართული საზოგადოების შინაგანი განვითარების შედეგი.

10 თანასწორობა - ნიდერლანდული ზღაპარი

▲ზევით დაბრუნება


წერილი ამსტერდამიდან

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

0x01 graphic

მადლიერებით პაატა საბელაშვილს და ყველა სხვას, ვინც მასწავლეს, რომ ყველა განსხვავებულია და ყველა - თანასწორი.

0x01 graphic

ჯერ აივნის მოაჯირზე უნდა შევდგე, მერე ზედა ქონგურს მოვეჭიდო, კრამიტზე გავცოცდე - და სულ ეგაა. ერთ წუთში გვერდით მივუჯდები კოხტა სახლის სახურავის დამამშვენებელ თეთრ ლომს. მარცხენა ხელით მოვეხვევი, მარჯვენათი - ვიქტორია, და ბოლო ხმაზე ვიყვირებ: „თავისუფლება!“ ქართულად ვიყვირებ, რომ ვერავინ გაიგოს და ყველამ ინერვიულოს. ნეტა, რა მოხდება? სადამდე მივა ამსტერდამელთა ტოლერანტობა?

ვნებების მბრძანებლები

საშუალოსტატისტიკურ ქართველს რომ ჰკითხოთ, ამსტერდამზე რას იტყვიო, უაპელაციოდ მოგახსენებთ, რომ ამ ქალაქში ყველა მამაკაცი ჰომოსექსუალია, ყველა ქალი - როსკიპი, და ყველა ერთად ჩარეცხილი ნარკომანია, არაფერი ეშველებათ. ღამით, ცენტრში, კონდომერიასთან, ერთი ქართველი საზოგადო მოღვაწე შეგვხვდა, ცოტა გაჯავრებული - ჩანს, ამდენი უმსგავსობა ვერც კი წარმოედგინა. სადმე ლუდის დალევა მინდა, ისეთ ადგილას, სადაც არ ეწევიანო. ოღონდ ის კოფიშოპების უბანია - აქ რამ მოგიყვანა, შე ბარაქიანო...

0x01 graphic

ამ უბანში ერთ სახლს ამაყად აწერია, რომ ის ჩვენი წელთაღრიცხვით 1685 წელსაა აშენებული. იქვე არანაკლებ ამაყი სიტყვები ამოუტვიფრავთ: „ღმერთი ჩვენი ციხე-სიმაგრეა“. ქვედა სართულზე აბრა ციმციმებს: „ეროტიკის მუზეუმი“ - და ორი ისარგაყრილი გული.

ღმერთი ჩვენი ციხე-სიმაგრეა, ამსტერდამელებო!

„ხუთ ევროს მოგცემ და მაჩვენე!“ ეხვეწება ხანშიშესული მამაკაცი ფანჯარაში მოცქერალ ქალს. ქალი არად აგდებს, ამთქნარებს და იღლიას ითვალიერებს. ხუთი ევრო რაღაა, ყმაწვილო?

ჯერ დიდი მუშაობა არ დაწყებულა, შუადღეა. ერთი გამხდარზე გამხდარი გოგო საცვლებისამარა გამორბის თავისი სამუშაო ადგილიდან - კოლეგას თმის სამაგრები უნდა გამოართვას. „ხვალ მოდით, ხვალ,“ მომბუტბუტებს მოსუტენიორო კაცი. სად მოვიდე? რატომ - ხვალ? საერთოდ, რატომ უნდა მოვიდე?

ნიდერლანდებში პროსტიტუციის ნაციონალურ დონეზე ლეგალიზაცია 2000 წელს მოხდა, და მას აქეთია, ქალაქის უძველეს ნაწილში წითელი შუქი ოფიციალურად ციალებს - ნახევრადშიშველი როსკიპები საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობენ. უამრავი აკრძალვაა: ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, საერთოდ, რა სიხარულია პენალივით ოთახში რამის კეთება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია-იყიდება სექსი! ქალი და მამაკაცი, სიყვარული და მსგავსები არაფერშუაშია. ერთგვარი შოუა მხოლოდ, მაგრამ სახალისო.

ნეტა, როგორ უძლებენ ამას ქალთა უფლებების სადარაჯოზე მდგომი ნიდერლანდელები?

სამოციანებში ქალბატონები მართლა გაჯავრებულან. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზღუდები დაიწვეს - კარგი სანახაობა კი იქნებოდა. არა, არავინ დაშავებულა: ქალებმა წინდახედულად დაიფარეს მკერდი რაღაც მალამოთი და არც დამწვრობა მიუღიათ და არც არაფერი. მერე, ჩანს, გადაწყვიტეს, რომ თუ ფაქტს ვერ ცვლი, მის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალო, და ამჟამად ითვლება, რომ ამსტერდამელი, ბოდიში მომითხოვია და ბოზები ძალიან ყოჩაღი, ემანსიპირებული ქალები არიან, რომლებიც ამძუვნებული მამაკაცების მდაბიო ვნებებს განაგებენ, პატიოსანი შრომით არჩენენ ოჯახებს და საყვარელ საკუთარ თავებს, თან გადასახადებსაც წესიერად იხდიან. თან - ხუმრობა საქმეა? - ისინი ქალაქის სავიზიტო ბარათი არიან, მათ გამო ამსტერდამში ტურისტების ნაკადი არ წყდება. კი, სხვა რამეების გამოც, მაგრამ მაინც...

0x01 graphic

ანა, ბარტი და ფრანკი

0x01 graphic

ახალი წელი COC-ში

0x01 graphic

ილიკო ზაუტაშვილი

იქ დგას Belle, პატარა, ლამაზი ქალის ძეგლი. მარიშკა მაიორი ადამიანებისგან მთელი მსოფლიოს სექსმუშაკების მიმართ პატივისცემას მოითხოვს. 1994 წელს ქალბატონმა მარიშკამ, რომელიც 16-დან 21 წლამდე თავადაც ამ საქმით იყო დაკავებული, დააარსა PIC, Prostitutie Informatie Centrum, თავისუფალი სივრცე, სადაც პროსტიტუციის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიიღებთ პასუხს. „მრავალი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, პროსტიტუცია შეგნებული არჩევანია, და ეს ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ,“ ბრძანა ქალბატონმა მარიშკამ, „პროსტიტუციის ლეგალიზაცია ყოველ ქვეყანაში უნდა მოხდეს, ეს საზოგადოების ნაწილია. პროსტიტუცია პროფესია, ფულის გაკეთების საშუალებაა. ეს ცუდი არაა, ცუდი მაშინაა მხოლოდ, როცა მსგავსი რამ არანებაყოფლობით ხდება.“

არანებაყოფლობით ამას ამსტერდამში არავინ აკეთებს. კი, მძიმე საქმეა, მაგრამ ვინ თქვა, რომ მაღაროელს ან თუნდაც გზააბნეულ ჟურნალისტს უფრო ულხინს? ყასიდადაც არავინ ეუბნებათ, მიყვარხარო...

GOOD AS YOU - შენსავით კარგი

ნიდერლანდების დედაქალაქის ცენტრში ჰომომონუმენტი დგას. სამი ვარდისფერი გრანიტის სამკუთხედი მიწაზე იმგვარადაა განლაგებული, რომ ერთ დიდ სამკუთხედს ქმნის. ის 1987 წელს გაიხსნა ყველა იმ გეის, ლესბოსელის, ბისექსუალისა და ტრანსსექსუალის მოსაგონებლად, ვისაც მათი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო დევნიდნენ და ავიწროებდნენ.

დიდი სამკუთხედის სამი მხარის განლაგება სიმბოლურია. ერთი სამკუთხედი მეორე მსოფლიო ომის ეროვნულ მონუმენტზე მიუთითებს, დამის მოედნისკენ. მეორე ანა ფრანკის მუზეუმისკენაა მიმართული, ზედ აწერია „მეგობრობის მარადიული მოთხოვნილება“ - სტრიქონი ჰოლანდიელი ებრაელი ჰომოსექსუალი პოეტის, იაკობ ისრაელ დე ხაანის პოემიდან. მესამე სამკუთხედს თუ გაჰყვებით, ჰოლანდიის ლგბტ მოძრაობის შტაბბინას მიადგებით, ე.წ. COC-ს.

დამზე, მინდოდა თუ არა, მაინც ყოველდღე მიწევდა გავლა. ანა ფრანკი ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ მისი სახლი აღარ მინდა, ისედაც რთული ცხოვრება მაქვს... ამიტომ დავიძრათ COC-ისკენ, ნატურალო ანა, სხვა თუ არაფერი, ის მსოფლიოში უძველესი ლგბტ ორგანიზაციაა, და გეების კეთილგანწყობის ამბავი ხომ შენზე უკეთ არავინ იცის...

თავდაპირველად COC იყო „კულტურის და დასვენების ცენტრი“ - გეების, ლესბოსელებისა და ბისექსუალებისთვის რეალურად მომუშავე ორგანიზაციას ნეიტრალური სახელწოდება შეურჩიეს. COC 1946 წელს დაარსდა. თავდაპირველად მისი საქმიანობა ძირითადად დისკრიმინაციული კანონების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე ეტაპზე ჰომოსექსუალებმა მართლაც მოიპოვეს თანაბარი უფლებები - 2001 წელს ნიდერლანდები მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ერთი სქესის პარტნიორების ქორწინება იყო ლეგალიზებული. ახლა მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის შესახებაც ტანია ბარკუისმა, ამსტერდამის COC -ს ხელმძღვანელმა მიამბო.

0x01 graphic

ტანია ბარკუისი

0x01 graphic

ტანია ძალიან შთამბეჭდავი ქალია. ნამდვილი დედოფალი. პირველ დღეს, ოფიციალურ შეხვედრაზე, თავშეკავებით იქცეოდა, მაგრამ შემდეგ, როცა მისი მოწვევით წვეულებაზე აღმოვჩნდით, სულ სხვა იყო: მაღალი, ელეგანტური, მოხდენილი და ძალიან მიმზიდველი, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვისაც. მაგრამ ცეკვა, ბუმბულის მოსასხამი და შამპანურის ჭიქების წკრიალი მერე იყო. მანამდე ქალბატონი ტანია COC-ის დღევანდელი საქმიანობის შესახებ ჰყვებოდა.

ისინი ეხმარებიან მათ, ვისაც სექსუალური ორიენტაციის გამო საკუთარ ქვეყნებში არ დაედგომებათ - მათ მოხალისე ადვოკატები უწევენ კონსულტაციას, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რამე სისულელე არ თქვან. COC-ელები თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან.

COC ადამიანებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთი გაიცნონ. ის საგანმანათლებლო სამუშაოსაც ეწევა: ამსტერდამის სკოლების 300 კლასში 35 მოხალისე ბავშვებს მრავალფეროვნების პატივისცემას ასწავლის. უნდა ითქვას, რომ შედეგიანად მუშაობენ - არავინ არავის არ უყურებს აგდებით მხოლოდ იმის გამო, რომ მისგან განსხვავებულია, არასოდეს არცერთი პოლიციელი არ შელახავს თავისი მოქალაქის უფლებებს მხოლოდ იმის გამო, რომ მას თმიანი მამაკაცი უყვარს და არა სავსემკერდიანი ქალი.

„ამსტერდამში უამრავი ეროვნების და უამრავი აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობს,“ მიყვებოდა ტანია, „ყველა სხვადასხვანაირია და ყველა თანასწორი. ჩვენ ამას ვაღიარებთ და მათაც უნდა აღიარონ, რომ ჩვენ ვარსებობთ და ყველანი თანასწორები ვართ...“

ზაფხულში, მთელი კვირის განმავლობაში, ყველა სხვადასხვანაირი და ყველა თანასწორი ადამიანი ამსტერდამში გეიპრაიდზე ჩადის - 300 ათასი ადამიანი! ყველგან ცისარტყელას დროშა ფრიალებს - არა ცისფერი, პირიქით, ეს ერთადერთი ფერი აკლია (ცნობისთვის: ლგბტ მოძრაობის ფერი ვარდისფერია, მესამე რაიხის საკონცენტრაციო ბანაკებში ჰომოსექსუალებისთვის მიმაგრებული ვარდისფერი სამკუთხედის გამო). არხებსა და მდინარეზე ასამდე მორთული გემი ეშვება, სულ სხვადასხვა ორგანიზაციისა - ბანკების, წითელი ჯვრის, პოლიციის, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამსტერდამს ასეთი მასშტაბის სამი ზეიმი აქვს მხოლოდ: დედოფლის დაბადების დღე, კულტურული სეზონის გახსნა და გეი-პრაიდი.

„ხომ ჩამოხვალთ?“ გვეკითხება ტანია. ... „ჩამოდით, აუცილებლად ჩამოდით,“ გვპატიჟებს ფრანკი. „უბრალოდ, დამირეკე, მითხარი, მინდა-თქო და ჩემზე იყოს...“

ფრანკი, ფრანჩესკო, ძალიან მაღალი კაცია. ისეთი მაღალია, რომ ჩემთან ლაპარაკის დროს ფრიად მოუხერხებლად დგებოდა ხოლმე - ალბათ იმისთვის, რომ მის ხმას ჩემამდე ჩამოეღწია და არასრულფასოვნების კომპლექსი არ მომრეოდა. ფრანკმა ამიხსნა, რომ ნიდერლანდელები ამსიმაღლეები რძის გამო იზრდებიან, ბევრ რძეს სვამენ, სკოლებში ბავშვებს ლამის იძულებით ასმევენ თითო ლიტრს. კიდევ უფრო შემჯავრდა უცნობი მონღოლი წინაპარი, რომლის წყალობითაც ლაქტოზასთან პრობლემური დამოკიდებულება მაქვს.

ფრანკს ოჯახი ჰყავს. თავისი მეუღლე გაგვაცნო - ბარტ ვან ვუდენბერგი. ძალიან სასიამოვნო კაცია, და ისიც ძალიან მაღალია. მთლად წავხდი.

ფრანკმა და ბარტმა ერთმანეთი რვა წლის წინათ გაიცნეს, კაფეში. შევიდა ბარტი და დახვდა ფრანკი. ფრანკი მთვრალი იყო, მაგრამ ეგ არაფერი, მთვრალი ფრანკი მეც ვნახე, ოქროსავით სიმთვრალე აქვს. ფრანკს და ბარტს ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. ერთი კვირის თავზე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და კინოში წავიდნენ. მერე ერთად დასახლდნენ. მერე დაქორწინდნენ. ისინი ძალიან ბედნიერები არიან.

პრობლემა - ნოლი.

მე: ბარტ, ოჯახში ჰომოსექსუალობის გამო პრობლემები თუ გქონია?

ბარტი (მიღიმის): არა.

მე: სკოლაში?

ბარტი (მიღიმის):

არა.

მე: სამსახურში?

ბარტი (მიღიმის): არა.

პრობლემა - ნოლი.

ფრანკი და ბარტი ბედნიერები არიან. მათ, მათივე თქმით, გაუმართლათ: ნიდერლანდების მოქალაქეები არიან.

...

ამ ამბებს საღამოს ილიას ვუყვებოდი. ლამის ორი საათი ვილაპარაკე. გარეთ სევდიანად წკაპუნობდა წვიმა, უფარდებო ფანჯრიდან ბაღი მოჩანდა, ისეთი, გურამ წიბახაშვილის თქმით, საქართველოში რომ არასოდეს იქნება, და ვიფიქრე, რომ ძალიან მომწონს კალვინისტები - რატომ ვუმალავთ ადამიანებს იმას, რაც ღმერთმა ისედაც იცის? რა, ადამიანებს უფრო ნაზი ნერვული სისტემა აქვთ?

მაგდა გურული ჩიოდა, რომ ხელოვნური ყურძნის ნატურმორტი, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო რამაა. ვჭამდით სალათას, რომელსაც მავანნი აგდებით ნაძვისხის სათამაშოს უწოდებდნენ. არასოდეს გავჩუმდი - რა ვქნა, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი: რეალური თანასწორობა, რეალური დემოკრატია...

ილია ზაუტაშვილმა მიყურა, მისმინა, მერე სათვალის ზემოდან ამომხედა და მიამბო, რომ ოდესღაც არსებობდა ჯგუფი Sly Georg, Mystical Canon and a Fish. Mystical Canon ილია იყო, Sly Georg - გია ეძგვერაძე, Fish კი ვახტანგ იაკობიძე. ისინი უკრავდნენ როკს და მღეროდნენ:

„სახლში დარჩები - ტილები შეგჭამენ,
დრო გადის ყ***ების ფხანაში,
გარეთ გახვალ და თავზე დაგა***მენ,
მოდი და იცხოვრე ასეთ ქვეყანაში...“

...მე დავბრუნდი. Fuck love. დავბრუნდი.

მაგრამ ამსტერდამშიც დავბრუნდები. მაინც ავალ სახურავზე, ქონგურზე ავცოცდები, მარცხენა ხელით ლომს მოვეხვევი, მარჯვენათი - ვიქტორია, და ბოლო ხმაზე ვიყვირებ: „თავისუფლება!“

ქართულად ვიყვირებ, რომ ვერავინ გაიგოს და ყველამ ინერვიულოს.

11 ვიწრო წრე

▲ზევით დაბრუნება


იატორია

ავტორი: ნინო რობაქიძე
ფოტო: დავით მესხი

„ჩვენი ექსპრესი“ ახალი წლიდან ტელეეთერში არ გასულა. მანამდე ჯერ „პირველ არხზე“ გადიოდა და მერე „იმედზე“. „სიუჟეტი, რომელიც „იმედმა“ დაგვიბლოკა, ერეკლეს ქუჩაზე ჰელოუინის დარბევაზე მოვამზადეთ. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ გამოგვიცხადეს, - ნაკურთხი არხი ვართ და სიუჟეტს ეთერში ვერ გავუშვებთო. მერე დილის ეთერი შემოგვთავაზეს. ფორმალურად და ოფიციალურად კონტრაქტი არ დარღვეულა, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ისევ ბლოგი გვირჩევნია - იმას მაინც ვაკეთებთ, რაც გვინდა და გვაინტერესებს. ისე, რელიგიურ, სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებზე სიუჟეტების კეთება რომ მოგვეშალა და მათი პრობლემები ჩვენც ისე რომ დაგვეკიდებინა, როგორც სხვებს ჰკიდიათ, ალბათ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“ შევირიგებდით, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ იყო,“ - მითხრა „ექსპრესელმა“ თაკომ.

არადა, სიუჟეტი რა - რამდენიმე კადრი იყო, ზოგი ფოტო, ზოგი ვიდეო, მუსიკით გამძაფრებული შესავლით, უმნიშვნელო კომენტარებით. მაგრამ ჩანდა, როგორ დაარბიეს ჰელოუინის მონაწილეები უცნობებმა, მათ შორის - მღვდელმაც. თუმცა „ჩვენი ექსპრესისათვის“ მთავარი იყო, ეთქვათ ის, რაც ნახეს, ის, რაზეც სხვებმა პროფესიონალის თვალი დახუჭეს. თუნდაც ისე ეთქვათ, როგორც შეეძლოთ. არც უცდიათ სამოქალაქო გმირობის მაგალითის ჩვენება, ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, ის იყო, რომ „ნაკურთხი არხისთვის“ მიუღებელი სიუჟეტი myvideo.ge-ზე დადეს, სადაც ის ასი ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამიტომაც არ სჯერათ „იმედის“, რომელმაც ახალგაზრდული გადაცემა „ჩვენი ექსპრესი“, არარეიტინგულობის გამო, საღამოს ეთერიდან მოხსნა. თუმცა ახალგაზრდული ტელეგადაცემების არარეიტინგულობა სულაც არ მიკვირს. აუდიტორია, რომლისთვისაც ეს გადაცემები მზადდება, ტელევიზორთან ძალიან ცოტა დროს ატარებს, თუნდაც იმიტომ, რომ ტელევიზორისგან არაფერს ელოდება.

www.blog.teentv.ge „ჩვენი ექსპრესის“ ბლოგია. დღეში, საშუალოდ, ხუთასი ვირტუალური სტუმარი ჰყავს. აპირებენ ეთერში დაბრუნებას და ალბათ, ცოტა ხანში, „რუსთავი 2“-ზე საეთერო დროც ექნებათ, მაგრამ ბლოგი ნაკლები პასუხისმგებლობა არ არის. შეიძლება აქ უფრო მეტი ადამიანი ნახულობს მათ სიუჟეტებს, ვიდრე ტელევიზორით. ჰელოუინის შემდეგ ატყობენ, რომ მათი პოპულარობა გაიზარდა. მანამდე კიდევ ორი „სკანდალური“ სიუჟეტი გააკეთეს - ერთ-ერთის გმირი მოხევე პანკი იყო. მათთვის ეს უკვე თემაა, მაგრამ „ექსპრესში“ მაინც ყველაფერი გაცილებით საინტერესო ეჩვენებათ, როცა მთავარი პერსონაჟი თინეიჯერია, რომელსაც პრობლემები აქვს და რომლისაც ირგვლივ არავის ესმის. მათ „გაგებას“ „ექსპრესში“ ცდილობენ.

ეს გადაცემა ღიად ლაპარაკობს თემებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის ბრტყელი და ერთსახოვანია. მაგალითად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჩვენს ქვეყანაში კვლავაც დახურული თემაა, რელიგიაზე კი, თუ მსჯელობ, მხოლოდ ერთ ვიწრო ჭრილში უნდა აღიქვამდე მოვლენებს და აყალიბებდე სათქმელს. „ჩვენ ექსპრესს“ კი აინტერესებს, რატომ ვერ უსწორებენ ადამიანები თვალს მათ ირგვლივ არსებულ სინამდვილეს? „ჯეო-ბარიდან“ გაგდებული პაკო ხომ მართლა გეი იყო? ის ხომ არავის გამოუგონია? რა საფრთხე დაინახეს მასში? ან რა საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების „მორალს“ სატანისტის არსებობა მათ გვერდით? ან რა არის გადასარევი იმაში, თუ ზოგ თინეიჯერს საერთოდ არ სჯერა სიყვარულის და მხოლოდ სექსი აინტერესებს? „ექსპრესში“ სწორედ ამ კითხვებს სვამენ, ამ ჩვეულებრივ, მათთვის საინტერესო კითხვებს და რატომღაც ზუსტად ამ ჩვეულებრივობის გამო აღიქმებიან არაჩვეულებრივად. ეს „ნაკურთხი“ არხები და წარმატებული, კეთილშობილურად მომღიმარი ახალგაზრდები, რომლებიც ტელეარხებიდან გვიმზერენ, თითქოს არასოდეს ყოფილან თინეიჯერები და, სამყაროს შეცნობის მიზნით, არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, თუნდაც ყველაზე ბანალური - დედა, როგორ დავიბადე? და ამ ბრტყელ და ერთფეროვან რეალობაში, პირსინგიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდების ძიება, ექსპერიმენტები და ტრადიციების გადაფასება სრული არაკანონზომიერებაა, რომელიც „ნაკურთხი“ სამყაროდან სასწრაფოდ უნდა გაქრეს.

„ჩვენი ექსპრესის“ ეთერში გასვლა თავისთავად პრეტენზიაა. პრეტენზია არა ჟურნალისტური რევოლუციის და სკანდალების ავტორობაზე, არამედ - უბრალოდ იმ თემებზე ლაპარაკის, რაზეც სხვები ჩუმდებიან. რაღაც თვალსაზრისით, მათი გამოუცდელობა და შიშველი ინტერესი მათივე პლუსია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ ჰგავს მათი სიუჟეტები სხვებისას. „ჩვენი ექსპრესი“ სწორედ ამით არის ერთადერთი ალტერნატიული და ნამდვილი ახალგაზრდული გადაცემა.

„ჩვენს ექსპრესში“ ყველაზე გამოცდილი თაკოა და მას დედას ეძახიან. თაკო სუპერვაიზერია და უკვე „ჩვენი ექსპრესის“ რამდენიმე ჯგუფთან ერთად უმუშავია. თავიდან მასაც უნდოდა პროექტის ჩვეულებრივი მონაწილე ყოფილიყო, მაგრამ უნივერსიტეტში აბარებდა, ამიტომაც, - დიდი ხარო, - უთხრეს და უარით გაისტუმრეს. ცოტა ხანში დაურეკეს და სუპერვაიზერობა შესთავაზეს.

0x01 graphic

0x01 graphic

ბილი

0x01 graphic

თაკო

„ჩვენი ექსპრესი“ ფონდ „ინტერნიუსის“ პროექტია და ახალგაზრდა „სარედაქციო კოლეგიის“ შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. როგორც წესი, ახალი ჯგუფი ტრენინგებს საზაფხულო ბანაკში გადის, სადაც საქმეც და გართობაც თანაბარი დოზითაა. როგორც წესი, ბანაკში ქართველ თინეიჯერებთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვებიც არიან. „თითქმის ყოველთვის სომხები და აზერბაიჯანელები უფრო უგებენ ერთმანეთს. ჩვენ რაღაც ცალკე ვართ ხოლმე. ამის მიზეზი ვერ ვიპოვეთ, ჩვენდა უნებურად ასე ხდება.“ საკუთარ გადაცემებზე მუშაობისას ამ სამი ქვეყნის ჯგუფები აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან და მათი თანამშრომლობა მხოლოდ ერთმანეთის მიერ მომზადებული სიუჟეტების თარგმნით შემოიფარგლება.

ბლოგზე vox pop ბილის რუბრიკა დევს. მოაჯდება ხოლმე თავის მოტოციკლს და მიდის იქ, სადაც თავისი ტოლები ეგულება. უბრალოდ, მათი აზრი აინტერესებს ხან სექსზე, ხან ჰელოუინის დარბევაზე, ხანაც პლასტიკურ სილამაზეზე. პასუხებით ხშირად აღშფოთებული რჩება. ყველაზე მეტად უკვირს, როცა მისივე თანატოლებს პასუხების ეშინიათ, კამერას ემალებიან და ქსეროქსზე გადაღებული ადამიანებივით ერთი და იგივე რეაქციები და ასოციაციები აქვთ. ისეთებს მპასუხობენ, თმები ყალყზე მიდგებაო, - ამბობს. „ნეტა, მართლა ეგრე ფიქრობენ? თუ სიუჟეტი რომ სახლში ნახონ, იმის ეშინიათ? არ ვიცი, რა!“ - ბილი ხმამაღალია და მოძრავი. ავტობუსში ისე უყურებენ, როგორც უცხოპლანეტელს, ზოგი კი სევდიან და თანაგრძნობით სავსე მზერას აყოლებს, როგორც უპატრონოს. სიუჟეტის გაკეთება ბაიკერებზე უნდა, მაგრამ ისე, ჯერ ველოსიპედისტები აჯობებდა - სად უნდა იაროს ამ ველოსიპედიანმა თბილისში? ტროტუარზე ჩაყენებულ მანქანებს შორის ხალხსაც უჭირს მოძრაობა. ქუჩებში კიდევ სულ ჯიპები და ჯიპები, გემები, მანქანები კი არა... ან სად უნდა გააჩერო ველოსიპედი? „წახვალ, მოხვალ და დაგხვდება მხოლოდ დასაბმელი ჯაჭვი. როდის მოვა ის დრო, როდესაც მამა 15 წლის ბიჭს, რამდენიმე ათასიან მანქანას კი არა, ველოსიპედს აჩუქებს? საქართველოში ყველაფერი ამოტრიალებულია. ჩვენგან ის უკვირთ, რაც ყველაზე ბუნებრივია თინეიჯერისთვის. ფულიანი და მანქანიანი თინეიჯერები კიდევ - რა, ეს კარგია? უბრალოდ, ძნელია, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც, განსხვავებული, თუნდაც იდიოტური აზრების გამო, უცხოდ გთვლიან; მით უმეტეს, თუ ეს ქვეყანა შენი სამშობლოა.“

„ზოგჯერ მგონია, რომ მე და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. თუმცა არ ვეძებ მიზეზებს არც ჩემს თავში და არც სხვებში. უბრალოდ მიხარია, რომ გვაქვს ეს ჩვენი ვიწრო წრე, რომელშიც ჩემნაირად აზროვნებენ. არ არის აუცილებელი, ყველა ერთნაირად ფიქრობდეს, კარი ყველასთვის ღია გვაქვს - ვისაც სჭირდება ცვლილებები, ვისაც აწუხებს იდეები და ვინც ჩვენ აგვიტანს, შეუძლია, შემოგვიერთდეს“. ბესო TeenTV-ს ბლოგზე რუბრიკა contrAlive-ს უცნობი, მაგრამ საინტერესო შემსრულებლების და ჯგუფების მუსიკით ამარაგებს. მისთვის „პაპსაა“ ყველაფერი, რასაც უმრავლესობა უსმენს. მუსიკაში იმას ეძებს, რასაც ადამიანები სხვაგვარად ვერ გამოხატავენ. თვითონ კი ცდილობს, აკეთოს ის, რაც უნდა. მერე რა, თუ ვიდეოარტის შედევრებს ვერ შექმნის, მთავარია, მაყურებელში ერთი თანამოაზრე მაინც შეიძინოს.

თაკო, ძალიან დიდი ხანია, ხატავს და ხატავს, არც მეტი, არც ნაკლები, იაპონურ მანგას. პირველად მანგაზე სწორედ თაკოს შესახებ გადაღებული სიუჟეტიდან გავიგე. თაკო კომიქსების დედოფლად გამაცნეს და მერე მომიყვნენ, როგორ მოაწყო საქართველოში პირველი კომიქსების კონკურსი. „ირმის ნახტომი“ - იყო ასეთი პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლებში ჯერ ინფორმაცია გავავრცელეთ, მერე საკონკურსო ნამუშევრები შევაგროვეთ. ვერც წარმოვიდგენდი, იმდენი ადამიანი დაინტერესდა და იმდენმა ბავშვმა გამოაგზავნა ნამუშევარი. მერე რა, რომ ზოგმა საერთოდ არ იცოდა, რა იყო კომიქსი?“ - იხსენებს თაკო. „ირმის ნახტომი“ გაკოტრებულა ამ კრიზისის დროს, მაგრამ თაკო კომიქსების კონკურსის დაჯილდოებას მაინც მოაწყობს. მანამდე კი ისევ ხატავს და ეძებს საინტერესო ადამიანებს სატელევიზიო პორტრეტებისთვის; ისეთებს, ვისზეც შეიძლება ბევრი თვითონაც არაფერი იცის. მთავარია, ნამდვილი გმირი იყოს - გულწრფელი და სიყალბისგან თავისუფალი.

0x01 graphic

ომო

რაღაც მომენტში, როცა ომო მიყვებოდა, როგორ სცემეს მის მეგობრებს განსხვავებული ვარცხნილობისთვის და დახეული ჯინსებისთვის დღისით, მზისით ხალხმრავალ ადგილას, აბსოლუტურად უცხო, ზრდასრულმა და, ერთი შეხედვით, ნორმალურმა ადამიანებმა, გულწრფელად მეგონა, ხუმრობდნენ. ასეთი უმიზეზო და ასეთი აშკარა ძალადობა კიდევ თუ ხდებოდა ჩემს „სინათლის ქალაქში“, არ მეგონა. მაგრამ აგრესიაც ენერგიაა. დაუხარჯავი, გაფუჭებული ენერგია, რომელიც სადღაც ყველაზე საშინელი სახით ამოხეთქავს და ირგვლივ ყველაფერს დასვრის. ამ აგრესიის გამომწვევი მიზეზი კი, რეალურად, მხოლოდ „ჩვენი ექსპრესის“ თინეიჯერების გარეგნობაა, რადგან მათ სწორედ გარეგნობით აფასებენ, საფრთხეს მათ უცნაურ ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში და გამოხედვაში ხედავენ, თორემ ის, რაზე ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ, რა უნდათ და საით მიდიან, ძალიან ცოტას თუ აინტერესებს.

აღარ მახსოვს, რომელმა მითხრა, მაგრამ თინეიჯერების აგრესიაზე როცა ვსაუბრობდით, ერთ-ერთმა თქვა, - რომ იცოდეთ, ეს იმის ბრალიცაა, სექსზე რომ არ ლაპარაკობენო. ამას წინათ ბილიმ თავის ტოლებში გამოკითხვა ჩაატარა სექსის თემაზე და ისეთი პასუხები მიიღო თინეიჯერებისგან, რომ გაოგნებულია დღემდე: „რას ამბობო, რა ქორწინებამდე სექსიო? ქართული მენტალიტეტი მერეო? ჩემი ცოლი ქალიშვილი უნდა იყოსო, და მოკლედ, გამაგიჟეს. თვითონ რომ არ მომესმინა, არ დავიჯერებდი. მართლა ძალიან მაინტერესებს, სად არიან ის თინეიჯერები, რომლებიც სექსზე ძალიან თამამად მსჯელობენ?“ თუ ინტერნეტ-ფორუმებზე მაინც ლაპარაკობენ - ნიკებს ამოფარებულები და კამერასთან ვინაობის გამხელა უჭირთ, კიდევ არა უშავს - ბოლო-ბოლო ბილის გამოკითხვის შედეგებზე ონლაინ-ფორუმებზე მაინც იმსჯელებენ. მართალია, ამისათვის myvideo.ge-ზე ბილი ახალგაზრდების გარყვნაში უკვე დაადანაშაულეს, მაგრამ მერე რა?! უკვირს, როგორ შეიძლება იცოდე, რა არის სწორი და რაღაცის შიშით საპირისპიროს ამბობდე. მაინც ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გაუშვას თავისი შეყვარებული „ნაშებში“, და როგორ უნდა მოერგოს აბსტრაქტული ცნების - „ქართველი ქალის“ კრიტერიუმებს.

0x01 graphic

ელფი

ნათია, ანუ ელფი, შეყვარებულია. შეყვარებულთან ერთად კომიქსების დედოფლის მომზადებულ სიუჟეტშიც გადაიღებენ. ნათია ყველაზე ხშირად არის ხოლმე „ჩვენი ექსპრესის“ წამყვანი, სუფლიორი არ აქვთ და ტექსტებს კარგად იზეპირებს, თორემ ეს თანამდებობა არავის ეკუთვნის. საკუთარი ძალები წამყვანის ამპლუაში თითქმის ყველამ გამოსცადა. წელს ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, ალბათ აირჩევს „პიარს“, მაგრამ ეს საბოლოო არჩევანი იქნება თუ არა, ჯერ არ იცის.

ვიწრო წრეს სივრცეც ვიწრო აქვს. სოლოლაკში, მესამე სართულზე, ორ პატარა ოთახში ძალიან ბევრ დროს ატარებენ. აქ მოწევა არ შეიძლება. ოთახები მზიანია და კედლები ფერადი. ყველა იმას აწერს და ახატავს კედელს, რაც უნდა. პირველად რომ წამოვედი მათგან, მთელი გზა ვფიქრობდი, რისი შეცვლა შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ უფრო სავსე ცხოვრებით მეცხოვრა? წლებს უკან ვერ დავაბრუნებ, თინეიჯერი აღარ ვარ, მაგრამ ასაკი თითქოს მეათასეხარისხოვანია. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მივხვდი, სადაც შეიძლება იყოს პრობლემა დამალული - ზარმაცი არ უნდა იყო. მოკლედ საკუთარ ნაკლთან ბრძოლისთვის შთაგონებული დავდივარ მას მერე.

„ჩვენი ექსპრესის“ ბავშვებს რასაც ვერ დააბრალებ, ეს სიზარმაცეა. არა, სოციალურ აქტივიზმს, სამოქალაქო გმირობას და მსგავსებს განზრახ არ სჩადიან (შეიძლება ამ ტერმინოლოგიაში ბოლომდე ვერც ერკვევიან), მაგრამ ასე კი გამოსდით. საზიზღარ ფლეგმატურობას და უსაქმურობას არ ნებდებიან. სინამდვილეში, შეიძლება ბევრი მათი ტოლი ფიქრობდეს მათებურად, მაგრამ ისინი ჩუმად არიან, „ექსპრესელები“ კი არა, რადგან ეტყობა მაინც ასეა - სანამ უშუალოდ შენ არ შემოგიმტვრევენ კარს, სანამ არ გამოგირთავენ საყვარელ მუსიკას და სანამ არ გცემენ საყვარელი ჯინსების ტარების გამო, ცხოვრება მშვენიერია; ისეთივე მშვენიერი, როგორიც „მოკლე ჩართვაში“. არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაცემა რაზე ლაპარაკობს, მაშინაც კი, როცა თემა მეტად პრობლემური ნარკომანიაა, მშვენიერ თათას სახიდან „საეთერო ღიმილი“ არ სცილდება. წესით, „მოკლე ჩართვა“, როგორც ერთადერთი ახალგაზრდული გადაცემა ქართულ ტელესივრცეში, ძალიან პოპულარული უნდა იყოს. მაგრამ რომ არ არის, ეს უკვე თემაა „ჩვენი ექსპრესისთვის“. მათ ხომ საერთო აუდიტორია ჰყავთ. მაგრამ ჯდომას და სხვების კრიტიკას, ჯობს, ისევ რამე აკეთო და სხვას არ სთხოვო იმ თემებზე ილაპარაკოს, რაც შენ გაინტერესებს. აკეთებენ „ჩვენ ექსპრესს“, სწავლობენ და კითხულობენ. გემოვნება ყველას სხვადასხვანაირი აქვს, მაგრამ ბესოს დარდს თბილისის წიგნების მაღაზიებში მეცნიერული ფანტასტიკის დეფიციტზე, ყველა იზიარებს.

კიდევ ერთობიან. იკრიბებიან „ლოკომოტივზე“. შეკრების ამ ადგილს იმ ადამიანების საშუალებით მიაგნეს, რომლებიც მათი სიუჟეტების გმირები არიან და მათ ვიწრო წრეს ავსებენ. ტრადიციასავითაა „ლოკომოტივზე“ შეკრება. მღერიან და აბრახუნებენ, ზოგჯერ სვამენ, თან აქვთ სკეიდი და „როლიკები“. ლოკომოტივზე მათი ხმაური არავის აწუხებს. გასართობად დადიან კლუბებშიც, სადაც ერთ dance floor-ზე ყველანაირი ხალხი ცეკვავს, სადაც ღმერთი ყველასათვის დიჯეია. თვლიან, რომ განსაკუთრებულობა ზოგჯერ პოზაა და გარეგნობა ყოველთვის არ გამოხატავს ადამიანს, მაგრამ თუ მათი გარეგნობა ყურადღებას იქცევს, არ ადარდებთ, ცოტათი შეიძლება მოსწონთ კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი - „ჩვენი ექსპრესისგან“ თავისუფალ დროს.

0x01 graphic

„ჩვენ ექსპრესს“ კი ძალიან ბევრი დრო და ენერგია მიაქვს, ჩვეულებრივი სამსახურია. ეთერში გადიან თუ არა, საქმე არ იკლებს - ბლოგი მუდმივად ახლდება. ვინც ჯერ „პირველ არხზე“ და მერე „იმედზე“ უყურებდა ახალგაზრდულ გადაცემას, ბლოგზეც შედის. თან აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდა კოლეგები მათ სიუჟეტებს ელოდებიან. და არა მარტო სიუჟეტებს, მინი დოკუმენტურ დრამებსაც. ამიტომ ხშირად პერსონაჟებისთვის პროტოტიპების მოძებნა უჭირთ. „სულ ჩემს თავს წარმოვიდგენ, ჩემი გმირის ადგილას. ხშირად თვითონ ვთამაშობ ჩემსავე ფილმში, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მინდა ოპერატორს გვერდით ვედგე და ნამდვილი რეჟისორივით ჩავიხედო ხოლმე კამერაში, გავასწორო კადრი, გავცე მითითებები,“ - ნენსი შეყვარებულია და მისი ახალი ჩანაფიქრი მარტოსულ და წარმოსახვით ბიჭზე შეყვარებულ გოგოზეა. ჟურნალისტურ ტერმინებში ვერ ერკვევა, ზუსტად არ იცის, რა ჰქვია იმას, რასაც იღებს, არც უსწავლია არასდროს, მაგრამ ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ვიდეო-დღიური რომ გადაიღო და სხვებს აჩვენო. შეიძლება ის, რასაც გადაიღებ, მოდური არ იყოს და იქნებ კარგიც არ გამოვიდეს, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. გადაღება პარასკევის ტრადიციულ კრებაზე დაუმტკიცეს. ყოველ პარასკევს იკრიბება „ჩვენი ექსპრესი“ და ასე ერთობლივად და ხალისიანად იგეგმება მომავალი სამუშაო კვირა. ბევრგან არა, მაგრამ სადაც მიმუშავია, საქმისადმი ასეთი აზარტული მიდგომა არსად მინახავს. შემშურდა. კრება რომ გახურდა, მერე კიდევ უფრო შემშურდა, იმიტომ, რომ იდეები არ დაეცალათ - ერთმანეთს არ აცდიდნენ, გზადაგზა კიდევ ახალი რაღაცები ურტყამდათ ტვინში და მოკლედ, იყო შემოქმედებითი წვა.

„ჩვენს ექსპრესში“ თვითმმართველობაა - ყველა თავის იდეის პატრონია, არავინ არაა უფროსი და ყველა ერთმანეთს უსმენს. თვითონ არიან იდეის ავტორებიც, თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის შემფასებლებიც, სიუჟეტების სცენარებსაც თვითონ წერენ, ტექსტებსაც თვითონ ამზადებენ, მონტაჟსაც თვითონ უძღვებიან, გადაცემასაც ამზადებენ საეთეროდ, მაგრამ არც ერთმა არ იცის, რა პროფესიას აირჩევს მომავალში. აი, ელფი პიარზე აბარებს, ზოგი - სად, ზოგი - სად, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, ისევ ჟურნალისტობა მოუნდებათ თუ არა. ერთმანეთს მომავალ ჩინოვნიკებად ვერ ხედავენ და ფიქრობენ, რომ გაუმართლათ „ჩვენი ექსპრესი“ რომ აქვთ - როგორც ალტერნატიული ფასეულობების გავრცელების და თვითგამოხატვის საშუალება.

აპრილის ბოლოს „ჩვენი ექსპრესის“ ორი წევრი პარიზში წავა და იქ სატელევიზიო პროექტში მიიღებს მონაწილეობას, თან კიბერ ავტობუსით იმოგზაურებს. თუმცა მანამდე პრობლემაა - ბლოგისთვის მოგზაურობის შესახებ სჭირდებათ ძალიან საინტერესო იდეები. ჰოდა, ყველას, ვისაც ასეთი იდეები გაქვთ, მიუხედავად სქესისა, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული კუთვნილებისა, შეგიძლიათ მიაკითხოთ TeenTV-ს შემოქმედებით ჯგუფს. ერთადერთი პირობაა - თინეიჯერი უნდა იყოთ... ალბათ, როცა გადაცემას „ჩვენს ექსპრესს“ არქმევდნენ, იმ ვიწრო წრეს გულისხმობდნენ, რომელშიც ტრიალებენ. წრე ვიწროა, მაგრამ არა ჩაკეტილი. აქ ფიქრობენ და ამბობენ: „თუ შეამჩნიე, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ, ეს იმის ნიშანია, რომ დროა, შეიცვალო.“

0x01 graphic

12 აბაშიძის გამზირზე

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

მემედ აბაშიძის გამზირზე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში, სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე ვარ. პატარა, მაგრამ ძალიან შეკრული რედაქციაა. ვიცი, ცოტა ცუდ დროს მომიწია მისვლა, გაზეთი ხვალ ღამით მიდის სტამბაში და ჩემთვის არავის სცალია, არავის. ამიტომ მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს თავიდანვე შევუთანხმდი, - ზოგჯერ შეგაწუხებ-თქო, - და ძირითადად რედაქციაში დავბოდიალობ. „ბათუმელები“ ერთადერთი რეგიონული გამოცემაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2001 წლიდან, ასლან აბაშიძის ბატონობის დროს, აჭარელი საზოგადოებისთვის დახურულ თემებზე დაუფარავად დაიწყო საუბარი. იმ დროს, როდესაც აჭარაში სიტყვის თავისუფლების ჩანასახიც კი არ არსებობდა, ჟურნალისტებმა ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა ერთადერთი მიზნით გამოუშვეს გაზეთის პირველი ნომერი - ხმამაღლა ეთქვათ ის, რაზეც არც ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება არ საუბრობდა - სტატიები ძირითადად საგამოძიებო და გაუხმაურებელ თემებს ეხებოდა. თურქეთში გაყიდული ხე-ტყის მასალით სამი გამოცემისთვის საჭირო თანხა შეგროვდა, პატარა ბინა მინირედაქციად გადაკეთდა და „სადამდეც შევძლებთ იქამდე ვაკეთოთ“ გაზეთი თვეში ერთხელ ჯიხურის დახლებზე იდებოდა. ფინანსური პრობლემების თუ თანამშრომლებზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის პერიოდში, როდესაც გაზეთის დახურვა-არდახურვის საკითხიც ხშირად დამდგარა, რედაქციაში ხუმრობდნენ, - გაზეთს „გამოდის, როცა გამოდის“ ხომ არ დავაწეროთო. აბაშიძის პერიოდში საკმაოდ უჭირდათ გრანტების მოპოვება, ხოლო ადგილობრივი ბიზნესმენებიდან, ძალიანაც რომ სდომოდათ, ვერც ვერავინ გაბედავდა ამ საქმეში ფულის ჩადებას. მთავარი რედაქტორი ეთერი, რომელიც ციხის მონიტორინგის ჯგუფის წევრი იყო, საგამოძიებო სტატიებს ხშირად აქვეყნებდა „ბათუმელების“ ფურცლებზე. მასზე ბევრი არაფერი ვიცი. პატარა ტანის, გამხდარი და მგონი, ცოტა ფერმკრთალიცაა. როგორც ვიცი, „ბათუმელებამდე“ ქართულს ასწავლიდა რუსულ სკოლაში და გაზეთებისთვისაც წერდა თავის საყვარელ თემაზე - კრიმინალზე. ისიც ვიცი, რომ ერთხელ სამუშაო მაგიდაზე პატარ-პატარა ფერადი ფურცლები გააკრა წარწერით, „არ უნდა ვიჩხუბო“, და რომ არ დავიწყებოდა, წამდაუწუმ ამ წარწერას დაჰყურებდა. როგორც ჟურნალისტს ბევრი რამ აქვს გამოვლილი. დაშინების და ფიზიკური შეურაცხყოფების შესახებ თავად არაფერი მოუყოლია. მოკლედ მითხრა, - სამუშაო პროცესში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ვიღაც ხელს მოგიქნევს, ვიღაც - სადღაც წაგიყვანს; ჩვენი გაზეთი ყოველთვის ცდილობდა, საზოგადოებისთვის დაფარული თემები მიეწოდებინა, მათზე საჯაროდ ესაუბრა. ჰოდა, როცა ამ დახურულ ინფორმაციას ეხები, გინდა არ გინდა, ისტორიებში ეხვევიო. აბაშიძის დროინდელი „თავგადასავლების“ მოყოლა, მგონი, უსასრულოდ შეუძლიათ, თუმცა უემოციოდ ყვებიან-თქო, ამას ვერ გეტყვით. თავის დროზე ერთ-ერთ ასეთ თემას გაზეთის გაჩერებაც მოჰყვა. ერთხელ, ყავის დასალევად სანაპიროზე გასულს თავს უცხო მამაკაცები დაადგნენ, რომელიღაც მორიგი სტატიისთვის „ჭკუა ასწავლეს“, რის შემდეგაც, ტვინის შერყევის დიაგნოზით, ეთერი 3 თვე იწვა საავადმყოფოში. ამ ფაქტზე აღძრული სასამართლო პროცესი კი მხოლოდ იმით დამთავრდა, რომ გაზეთს რეგისტრაცია შეუჩერეს. ეს იყო და ეს. რედაქციის დარბევა ჟურნალისტებისთვის ლამის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იყო. ოფისიდან გასულმა არასდროს იცოდი, სად ამოყოფდი თავს - პოლიციაში თუ საავადმყოფოში.

0x01 graphic

მზია ამაღლობელი

მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა თუ ზეწოლისა, გაზეთი დღესაც გამოდის და, თამამად შეიძლება ითქვას, დღეს „ბათუმელები“ არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ ცენტრალურ პრესასაც უწევს კონკურენციას. გაზეთს ან მის ინტერნეტ ვერსიას თუ გადახედავ, მიხვდები, რომ აქ ყოველთვის ცდილობენ, „არაპოპულარული“ თემები სიღრმიდან ზედაპირზე ამოატივტივონ, ყურადღება გაამახვილონ; დაიცვან თითოეული ადამიანის უფლება; არ შემოიფარგლონ მხოლოდ პოლიტიკური ციებ-ცხელების თუ პოზიცია-ოპოზიციის „ჭორაობის“ გაშუქებით, არამედ მის მიღმა მიმდინარე მოვლენებსაც ადევნონ თვალი: ეკოლოგიური, რელიგიური, უმცირესობათა პრობლემები გამოიტანონ სააშკარაოზე. თავისი შინაარსის გამო, „ბათუმელები“ არასდროს ყოფილა მმართველი ხელისუფლებისათვის სასურველი გაზეთი და ამიტომ, რომ არა დროდადრო მიღებული გრანტი თუ უცხოელი დონორების დახმარება, დიდი ხნის წინ გაქრებოდა მედიასივრციდან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თუ გაზეთს აბაშიძის ბატონობის დროს ფინანსურად არავინ ეხმარებოდა, რედაქცია დღესაც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. „ჩვენი ფინანსებით მხოლოდ სახელფასო ფონდის გაცემას თუ ვახერხებთ. იშვიათად მიღებული გრანტები რომ არა, ვერც ამ ოფისს და აპარატურას შევიძენდით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფინანსური დახმარებისთვის თუ სპონსორობის შეთავაზებით ბიზნესმენებისთვის მიგვიმართავს, პასუხად კი მიგვიღია: იცით რა, ძალიან მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ჩემმა სახელმა რომ აქ გაიჟღეროს, მერე პრობლემები შემექმნება და... უკაცრავად, არა, არ მინდაო. ეტყობა, ბიზნეს-წრეები დღესაც გარკვეული ზეწოლის ქვეშ არიან...“ - მითხრა მზიამ და თან მონიტორში სესხების ასაღები გრძელი სიის ფურცელი გახსნა. მზია ამაღლობელი გაზეთის დამფუძნებელია. შევატყვე, რომ პასუხების გაცემა დეტალურად და ემოციურად უყვარს. „ბათუმელებამდე“ პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა და დროდადრო ადგილობრივი გაზეთისთვის წერდა. მოკლედ, საკმაოდ წყნარ და მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა კი ყოველ ორ წუთში მიმეორებს, - მთავარია ნერვები, ნერვები შეინარჩუნოო! პერიოდულად ოთახში მოსალოცად შემოსულ ადამიანებს უღიმის - გაზეთმა ახლახან პრესის თავისუფლების დაცვისათვის საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. როგორც თავად ამოვიკითხე, შეფასების მთავარი კრიტერიუმი ასეთი იყო: „მედიასაშუალება, რომელიც განაგრძობს მუშაობას ზეწოლისა და ფინანსური სიძნელეების მიუხედავად. არ ეშინია ცენზურის და არ მიმართავს თვითცენზურას.“ მზიას მაგიდასთან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაცემული სიგელი ჰკიდია - „გაზეთ „ბათუმელებს“ მედიაორგანიზაციების საქმიანობაში ინფორმაციის თავისუფლების დამკვიდრების ხელშეწყობისათვის.“

- „იცი, იცი ვინ დარეკა? მიხვდი ხომ? - უცებ აჟიტირებულად წამოხტა ეთერი, - საწინააღმდეგო მასალები მაქვსო, ხომ გახსოვს? იმ თემაზე...; ჯერ დოკუმენტები მოიტანოს და მერე ილაპარაკოს, ისე არ გვინდა, - ჩაილაპარაკა მზიამ. ეთერი ანთებული თვალებით გავარდა ოთახიდან, ეტყობა ახალი ამბავი კიდევ ვიღაცას უნდა გაუზიაროს. „უცნაურია ეს ხალხი, - განაგრძობს მზია და თან თვალს არ მაცილებს, - როდესაც პასუხი გჭირდება, გეუბნებიან - ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი. აი, მოვა დრო და... სულ მაინტერესებს, რას ელოდებიან? 2004 წლის მერე ცვლილებების მოლოდინში ვიყავით, მართალი გითხრა... მგონი, ერთი ჩაენაცვლა მეორეს და მეტი არაფერი.“

0x01 graphic

ეთერ თურაძე

ზედა სართულზე ამოსასვლელ კიბეებთან ჟურნალისტების ოთახია. ხუთი კომპიუტერი ერთმანეთის გვერდით დგას. ლელა, ემზარი, ნანა და სტაჟიორი გოგონა თავდახრილები უსხედან კლავიატურას და გამალებით კრეფენ მასალას. არავის ვიცნობ, მაგრამ მათი სტატიები იმდენჯერ წამიკითხვს გაზეთის ინტერნეტ ვერსიაში, რომ მგონია, დიდი ხნის ნაცნობებთან შევბოდიალდი. ლელა ახლახან დაბრუნდა კარალეთიდან, ემზარი - განათლების სისტემაზე წერს. მალე ინტერვიუზე მივდივარო, - როგორც კი წამოცდა, ხელი ავწიე, - მეც გამოგყვები-თქო. სტაჟიორმა გოგონამ ერთი გამიღიმა და ბუზღუნით, „მაინც არ იღებენ ყურმილს და რა აზრი აქვს“, კიდევ ერთხელ აკრიფა რაღაც ნომერი. ხომ იცით, ნებისმიერ ოფისში ყველაზე საინტერესო ადგილი პატარა მოსაწევი ოთახებია, სადაც უამრავი ამბის მოსმენა და ხალხის ახლოს გაცნობა შეიძლება. ლოგიკურია, რომ ჩვენც იგივე გავაკეთეთ და მწეველები თუ არამწევლები ერთად შევეყარეთ დერეფნის ბოლოს, პატარა ოთახში.

- რითი განსხვავდება დღევანდელობისგან ასლანის დრო? - დაიწყო ერთერთმა, - მხოლოდ იმით, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი ინფორმაცია კიდევ უფრო ჩაკეტილია და დღეს ფიზიკურად არავინ გისწორდება.

- კარგი რა, რომ ამბობ, - ფიზიკურად არ გეხებიანო, - აბა, ნათიას შემთხვევა რა იყო? საუბარში მეორე ჟურნალისტი ჩაერთო, - რისთვის დააკავეს? მარტო იმიტომ, რომ თავის საქმეს აკეთებდა და ფოტოაპარატით გადაიღო ერთ-ერთი მაღალჩინოსანის დაკავების ფაქტი?! ხელები გადაუგრიხეს და საკანში ჩააგდეს. პატარა გოგოა, ჩვენი ჟურნალისტია, იცი, რა შეშინებული დადიოდა? მე მაგალითად სულ პრობლემები მაქვს, როცა ბათუმში მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის გადაღება მინდა. „გაიწიე, თორემ ციხეში ჩაგაგდებ“, „გინდა დაგარტყა?“ - გემუქრება პოლიცია.

აქ კანონი კი არ არის მთავარი, არამედ პოლიცია, რომელიც თვლის, რომ თვითონ არის კანონი. ერთ-ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენმა რედაქციამ წამოიწყო, იმით დამთავრდა, რომ მოსამართლემ ჩუმად გვითხრა ბოლოს, - მთავარია, არ შეგეშინდეთო.

ამ გაზეთში ჟურნალისტები თავადვე არიან ფოტოგრაფები, ამიტომ სათითაოდ შეუძლიათ მოგიყვნენ, თუ როგორ უჭირთ მასალაზე მუშაობა: ფოტოაპარატის დანახვისას სამართალდამცავების რეაგირების თუ ელემენტარული ინფორმაციის, კონტაქტების მოძიების დროს. მაგრამ იმაზე ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ განსაკუთრებით რთულია ხმის ჩამწერი აპარატის და სიტყვა ჟურნალისტის ხსენებაზე ხალხის ალაპარაკება. „რაც უნდა გაღიზიანებული და უკმაყოფილოები იყვნენ, თუნდაც საპროტესტო აქციაზე იდგნენ, ჟურნალისტის ხსენებაზე ყველა გარბის,“ - მეუბნება ნანა, თან ცოტა განერვიულებულია, ეტყობა. სტატიას წერს ბაზრის გამყიდველებზე, რომელთაც გადასახადი გაუზარდეს. როგორც კი კომენტარის ჩაწერაზე მისულა საქმე, ყველას ერთად ამოუხვნეშია, - ოო, არა, შენი ჭირიმე, არა. ისე, შენ გეტყვი, მაგრამ ჩემს სახელს და გვარს თუ დაწერ, მაშინ არ მინდა, ფოტოც არ გადამიღოო! ბოლოს გაბრაზებით დააყოლა, - როდემდე ვწერო სტატიაში X და Y რესპონდენტები? ნუ იქნებიან მთავრობით უკმაყოფილოები, როგორებიც არიან, ხელისუფლებასაც ისეთს იმსახურებენო. სანამ სამყაროზე განერვიულებული ნანა სიგარეტს ეწეოდა, დრო ვიხელთე და პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე. გარეთ გავყევი ლელას, რომელიც გამოკითხვას ატარებდა - რამდენად იცის, ან უნდა იცოდეს მოსახლეობამ, თუ რამდენია აჭარის ბიუჯეტი; სად, რა და როგორ ნაწილდება და ა.შ და ა.შ. მოკლედ, დიდი პოლიტიკური არაფერი ერია ამ ამბავში. გვერდით ვედექი და ვაკვირდებოდი, როგორ გაურბოდა ხალხი ჟურნალისტ გოგონას, - არა, არ მინდა, მეჩქარება. „აი, ხომ ხედავ, სულ ასეა, - დააყოლა ლელამ და ქუჩაში, გაზეთის დისტრიბუტორი ბიჭები გამოიყვანა, - ვითომ გამვლელები ხართ, თქვენ ჩაგწერთო. მართლა ბევრი ვიფიქრე, ცოტა გამიკვირდა კიდეც, - რა უნდა სჭირდეს ამ ხალხს ასეთი, ან იქნებ ხდება რამე, რაც არ ვიცი-თქო... მახსოვს, ამ თემაზე ჟურნალისტ ნესტან ცეცხლაძესაც ველაპარაკე - ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ხალხს ძალიან უჭირს იმ რეჟიმის გავლენიდან გამოსვლა; მგონი, ჯერ კიდევ შეშინებულები არიან. არავინ საუბრობს ხმამაღლა პრობლემებზე, ჩაკეტილები არიანო. მგონი, მართლაც ასეა.

- მომყვები ინტერვიუზე? - გამომძახა ემზარმა. ვაი, სულ დამავიწყდა! ცოტა ვაგვიანებდით და ამიტომ სწრაფი ნაბიჯით გავუყევით აბაშიძის გამზირს. როგორც კი თეატრის შენობასთან შევუხვიეთ, ორივემ ერთად დავინახეთ ნინო ჩხეიძის ცუდად დაბეჭდილი უზარმაზარი ფოტო, წარწერით - „საქართველოს ყველაზე რეიტინგული მომღერალი“. დაღვრემილი სახეებით რაღაც ჩავიბურტყუნეთ და არ ვიცი რატომ, უცებ ის ანონიმური წერილი გამახსენდა, რომელიც გამოსვლის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიხსენა. წერილის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: „მაგ თქვენ თანამშრომელს პირში გაზეთ გაჩრილს იპოვით მკვდარს, და რედაქტორსაც ზედ მივაყოლებთ.“ უი, ეგ ამბავი არ იცოდი, მე მეხებოდაო, - ღიმილით მითხრა ემზარმა. ახსოვს, რომ იმ პერიოდში „კუდის“ ერთ-ერთ თანამშრომელზე დაწერა სტატია, რომელიც გოგონას გაუპატიურების გამო ჯერ ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი მალევე გამოუშვეს, რატომღაც! მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ამბავს ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოჰყვა. ემზარის სტატია ჯერ გამოქვეყნებული არ იყო, რომ რედაქციაში ხმა გავრცელდა: შემოთავაზებაა, თუ სტატიას გავაჩერებთ, მაშინ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის ქმარს - რომელიც სასჯელს იხდიდა, ციხიდან გამოუშვებენო. მთავარი რედაქტორი რთული არჩევანის წინაშე დადგა, თვითონ მითხრა, - ის ერთი კვირა, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. გამოსავალს ვეძებდი. ერთი მხრივ, იყო ეს ქალი, რომელსაც კარგად ვიცნობდი, მის ქმარს, პატარა შვილს და, მეორე მხრივ - გაზეთი, რეპუტაცია... დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ აქ დავხრიდით თავს, მერე უარესი იქნებოდა. ისიც ვიცოდი, რომ ეს მანიპულაცია იყო და არავის გამოუშვებდნენ. ბოლოს, როდესაც უკვე ახლობელიც მოვიდა და უკვე სხვა ფორმებით სცადა შევეჩერებინე, აი, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, სტატია უნდა გამომექვეყნებინა.“ რა ფორმებზე იყო ლაპარაკი, ეს ეთერს არ დაუკონკრეტებია და საერთოდ, არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, ეტყობოდა. ამის შემდეგ ის თანამშრომელი სამსახურიდან წავიდა. „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც საშინელება ჩავიდინე,“ - მითხრა მან ბოლოს.

0x01 graphic

0x01 graphic

„აი, აქ უნდა შევიდეთ, - ფიქრებიდან გამომაფხიზლა ემზარმა და შუშებში ჩასმულ ვეებერთელა შენობაზე მიმითითა. აქ აჭარის სამინისტროებია განთავსებული: სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის, განათლებისა და ეკონომიკის. პატარა ფანჯრიდან საშვი მოგვაწოდა უცნაურმა ქალმა, რომელიც ცალი ხელით საბუთებს იძლეოდა და მეორეთი - სპირალიან გამათბობელზე, დანაზე წამოცმულ თონის პურის ნატეხს ათბობდა. ერთ-ერთ მინისტრთან შევედით. კარგად ვიქცეოდი, სკამზე მორიდებულად ვიჯექი და დაღლილ მინისტრს ვაკვირდებოდი. ზედ ლეპტოპზე, თეთრი ფერის ღილაკი ედო, აი ისეთი, კარებთან რომ ჰკიდია ხოლმე და თითს წამდაუწუმ აჭერდა, - ტინ-ტინ - „იმას უთხარი შემოვიდეს“, - ტინ-ტინ - „ამას უთხარი ჟურნალისტებს აუხსნას, რა ხდება“... მოკლედ ბევრი სამუშაო ჰქონდა, ეტყობოდა. არ ვიცი, რატომ არ ვკითხე, - მართალია, რომ აჭარის სამინისტროები ლამის ფიქტიურად არსებობს, იმიტომ, რომ ნებისმიერი საკითხი თბილისში წყდება - ისიც, თუ სად განთავსდება ესა თუ ის ძეგლი, სად რა შეიღებება; და საერთოდ, იღებს თუ არა აჭარის გამგეობა რაიმე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად-თქო? გაზეთში მითხრეს, - ხალხი იმედგაცრუებულია, ვერ გაიგეს, რა საჭირო იყო ავტონომიის დატოვება, თუ ნებისმიერი სირთულის საკითხი თბილისში უნდა გადაწყდესო. აი, თუნდაც, მეთევზეს, რომელმაც თევზჭერაზე უნდა აიღოს უფლება, ეუბნებიან, - წადი თბილისში, მაგის უფლებას იქ მოგცემენო.

აჭარის სტიქიურად საშიშ ზონაში 30 ათასი ადამიანი დღემდე ცხოვრობს. ამ ადგილებში წვიმის დროს არავინაა დაზღვეული, რომ მიწა არ ჩამოიშლება, ან ზღვა არ წალეკავს მათ სახლებს. ამ ზაფხულსაც წვიმას რამდენიმე ადამიანი შეეწირა - ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ერთ-ერთ საჯარო მოხელეს უთქვამს, - ვისაც ეს დაზარალებულები ეხება, სულ იმას გაიძახიან, - აუუ, მაგათი ჭიჭყინის თავი სად გვაქვს, ვერ შევხვდებითო. „ბევრ ჩემს ნაცნობ მოხელეს უთქვამს, მთავრობაში რომ მოხვდები, იქ არავინ გისმენსო, - მიყვება ეთერი. ასლანის კლანი საშინელება იყო, 2004 წელი განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩვენთვის. თუმცა იმ წელს ბევრი რამის შეცვლას ველოდით, მაგრამ ფაქტია, დემოკრატიის ხარისხი დიდად არ გაუმჯობესებულა. აი, თუნდაც აჭარის ტელევიზია განვიხილოთ, როგორც დემოკრატიის ნიშა. აბაშიძის დროს ეს არხი ხელისუფლების მუდმივ პიარს ეწეოდა და მან თავად აქცია აბაშიძე იმ პიროვნებად, როგორიც ის ჩვენ გვახსოვს, ლამის ცით მოვლენილად გამოჰყავდათ. ახლა სადაც ხართ გაჩერებული, იქ ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ, რა ხდება. მართალია, ცით მოვლენაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მთელი მსოფლიო რომ კრიზისმა შეჭამა და ბათუმი მაინც შენდება და მშვენდება, ამას დღეში რამდენჯერმე მოისმენთ. აჭარის მედიაში იგივე სიტუაციაა, რაც, ზოგადად, სხვა რეგიონებში. თავისუფლება, მგონი, საერთოდ აღარ არის. ის, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ჩვენ დღეშია: უჭირს ინფორმაციის მოპოვება, საზოგადოების გავლენიანი ნაწილისგან ცინიკურ დამოკიდებულებას გრძნობს, ფინანსურად უჭირს. ჟურნალისტიკაში მუშაობისას ერთს მივხვდი, თავში იმდენი უარყოფითი ინფორმაცია დამიგროვდა, მოვლენებიც ისე ვითარდება, რომ მგონი... არა, პესიმისტი არ ვარ, უფრო რეალისტი ვარ და ამიტომ ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ სჯობს ინდივიდუალურ გადარჩენაზე დავიწყოთ ფიქრი? იმაზეც მიოცნებია, ნეტა ნაკლებად ვიყო ინფორმირებული, მაშინ ხომ მსუბუქად ვიცხოვრებდი, დამაინტერესებდა შოპინგი, დასვენება, კურორტები... ან პედაგოგად ხომ არ ჯობდა დავრჩენილიყავი? დარწმუნებული ვარ, მედიაზე მეტად საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა განათლებას შეუძლია, იმიტომ, რომ ეს საზოგადოება, რომელიც საბჭოთა ცნობიერებაზეა დაფუძნებული, სკოლამ უნდა შეცვალოს. მოქალაქეების საზოგადოებრივი აქტივობა არ უნდა იყოს ნულის ტოლი. რევოლუციური ტალღებიც ხომ ამიტომ ჩნდება. როდესაც საკუთარ ნაჭუჭში ხარ გამოკეტილი და ირგვლივ მიმდინარე არც ერთ პროცესში არ იღებ მონაწილეობას, იბოღმები, უკმაყოფილებით ივსები და უცებ გინდება, ერთბაშად გადმოანთხიო შენში დაგროვილი ნეგატივი.“

ბოლოს უკვე ძალიან დაღლილი მეჩვენა, ნელა მესაუბრებოდა და დროდადრო სახეზე ხელებს იფარებდა. არადა, კიდევ რამდენი აქვს დღეს სამუშაო... - იყოს, ხვალ, კიდევ შემოგივლით-თქო, - ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. რედაქცია დაცარიელებული დამხვდა - ყველანი წასულიყვნენ. ბნელოდა. ზამთრის მიუხედავად, გარეთ სასიამოვნოდ თბილოდა, რაღაცნაირად, ბათუმურად. ვიცი, რომ ეთერი კიდევ დიდხანს იჯდება თავის ოთახში, ღამით კი სახლში წავა, სადაც 80 წელს მიტანებული მშობლები ელოდებიან. როგორც თავად მითხრა, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე არაელიტურ დასახლებაში ცხოვრობს - ჭაობში. სახლში კი ისევ იგივეს მოისმენს, - „ხომ იცი, სანამ არ მოხვალ, ვერ დავიძინებთ... რამდენჯერ გითხრათ, დაანებე თავი მაგ შენ საქმეს, მაინც ვერაფერს გამოასწორებ, მოდი სახლში.“ „სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან დავიღალე: ყოველდღიური სტრესით, დაძაბულობით. უკვე ფიზიკურადაც მიჭირს - ხომ ხედავ, როგორი გამხდარი და გაუბედურებული ვარ. თუ ვიყვირებ, მერე ცუდად ვხდები. თანაც, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მგონია, რომ არაფერი იცვლება, სულ ერთ წრეზე დავდივართ, სულ...

13 ბათუმი

▲ზევით დაბრუნება


ოტოპროექტი

ავტორი და ფოტოგრაფი: დავით მესხი
ტექსტი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

ზამთარში, 3-4 დღით მაინც რომ არ ჩავიდე ბათუმში, ასე მგონია, ამით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლდება ჩემს ცხოვრებას. ეს ქალაქი ხომ ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს მიყვარს. თითქმის დაცარიელებული ქუჩები, კანტი-კუნტად, აქა-იქ მიმოფანტული, ჩახუტებული წყვილები სანაპიროზე... ზაფხულთან შედარებით, ცხოვრება თითქოს ნელდება და მშვიდ, წყნარ რიტმში მიედინება. არც ხმაურია, არც ამინდის გაუარესება გიშლის ნერვებს. მოკლედ, ბათუმში ზამთარში უნდა წახვიდე და ამღვრეული ზღვის პირას განტვირთვის დღეები მოიწყო.

მაგრამ, რა ხდება მაშინ, თუ ახალგაზრდა ხარ და ბათუმში ცხოვრობ? რას აკეთებ? სად დადიხარ? სად ერთობი? ამ კითხვებით დათო მესხი და მე ბათუმელ ახალგაზრდებთან 3 დღე და ღამე დავეხეტებოდით. ჩვენს გმირებს ხან სახელოსნოებში ვხვდებოდით, ხან რადიოში, კაფეში, ქუჩაში, ხანაც მეგობრებთან სახლებში...

ნატალია სალუქვაძე

0x01 graphic

ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა. „ურბან კლუბშიც“ მქონდა გამოფენები. მოყვარულის დონეზე მუსიკაშიც ვცდილობ, რაღაცები ვაკეთო. ჰოდა, შეიძლება, ირაკლისთან ერთად რადიოში დავიწყო მუშაობა, პროექტი გვაქვს. თუმცა ახლა სულ სხვა ამბები გველოდება წინ და... ჯერჯერობით ვისვენებ.

ადრე ფობია მჭირდა. 9 წელი თბილისში ვცხოვრობდი, მანამდე გერმანიაში ვსწავლობდი, ჰოდა, უკან ჩამოსვლის პერსპექტივა როდესაც ჩნდებოდა, ეგრევე მეწყებოდა - „ააა, არ მინდააა“... ახლა ასე არ ვარ. ცხოვრება არ შეცვლილა, უბრალოდ მივხვდი, რომ მთავარი შენი სულიერი მდგომარეობაა. როცა კარგად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ. მაგრამ ისიც ვიცი, თუ განვითარება გინდა, აქ არ უნდა დარჩე. იცი, რა ცუდია, როდესაც გრძნობ შენს პოტენციალს და ვერაფერს აკეთებ. ბანკში თუ დავიწყებ მუშაობას, მაშინ კიდევ ჰო.

ჩემი მეგობრებიდან თითქმის ყველა წასულია. აქ რა უნდა აკეთო? ზიხარ სახლში, მაქსიმუმ წახვიდე 2-3 კაფეში მეგობრებთან ერთად. ნორმალური კლუბიც არ არის. კინოთეატრში ფილმები კი ისე ნელა იცვლებაა... რატომ? იმიტომ, რომ ხალხი არ დადის. აზრი არა აქვს რამის კეთებას, აქ ენერგიის გაცვლა არ ხდება, ეს კი მართლა საშინელებაა.

ირაკლი შონია

0x01 graphic

რა ხდება? არაფერი განსაკუთრებული. ბათუმში ვცხოვრობ, სარეჟისორო მაქვს დამთავრებული. უკვე დიდი ხანია, რაც მუსიკას ვაკეთებ. წამყვან ლეიბლებს ვუკავშირდები და ჩემი „ტრეკების“ დემოებს ვუგზავნი. თუ მოეწონათ, ვყიდი. ჯერჯერობით გერმანიის ორ სერიოზულ ლეიბლზე ვარ გასული, ახლა იტალიურ ლეიბლზე გამოვა რამდენიმე „ტრეკი“ და... ანტონ კუბიკოვთან ერთად ვოკალ სესიის ჩაწერას ვაპირებ, იმედი მაქვს, კომპაქტზეც გამოვა. თუ ასე მოხდა, მაგარი იქნება, ჩათვალე, რომ წინ ვარ, თან ძალიან!

კვირაში 3-ჯერ რადიოში მივდივარ, დისკ-ჟოკეი ვარ და მუსიკას ვუშვებ. მარტიდან კი ჩემი გადაცემის გაკეთება მინდა, პირობითად „როკ საათი“ ერქმევა. არა, მარტო როკი არა, სხვა მუსიკაც იქნება. 5 წლის წინ მე და ჩემს მეგობარს ბენდიც გვქონდა - „პორნოგრაფი“. ცოტა ხანი იარსება და დაიშალა.

როგორ გითხრა... ბათუმი პერფორმანსის საშუალებას არ იძლევა. ყველა თავისთვის არის ჩაკეტილი, მასშტაბური არაფერი ხდება. თითქოს სულ ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ. ვინც კი რამეს აკეთებდა, შემოქმედებას ვგულისხმობ, ყველა სადღაც წავიდა. პუბლიკა არ ჰყავს ამ ქალაქს. ნებისმიერ გამოფენაზე, აქციაზე თუ კონცერტზე ერთი და იგივე სახეები დადიან, ადამიანების ერთი ჯგუფი. გადაბარგება? არა, ამ ეტაპზე ჩემთვის ექსპერიმენტი, შემოქმედებითი პროცესი უფრო საინტერესოა, ამიტომ ჯერ არ ვაპირებ.

რას შევცვლიდი ბათუმში? - შენ ვერაფერს შეცვლი, ყველა თავისით უნდა შეიცვალოს. ვინც რამეს აკეთებს, გარეთ უნდა გამოვიდეს, არ უნდა ჩაიკეტოს. თავისუფალი გარემო უნდა შეიქმნას. მგონი, ასეა...

ირაკლი ძნელაძე

0x01 graphic

ფოტოგრაფია ყველაზე საყვარელი საქმეა. როდესაც პეტერბურგში, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ამ საქმით პირველად მაშინ დავინტერესდი. მერე უკვე აქ ჟურნალისტიკა დავამთავრე, მაგრამ დღეს ფოტოებზე ვარ გადართული. განათლების სამინისტროს პროექტში გავიმარჯვე, აპრილში 3-თვიანი სტაჟირებით ესპანეთში მივდივარ. ჰო, აბა რა, როგორც ფოტოგრაფი. ბათუმი? იმდენად მკვდარია ეს ქალაქი, რომ ზოგჯერ ვაფხიზლებ ხოლმე, იცი როგორ? შევკრებ ჩემს მეგობრებს, ბლომად ვართ ხოლმე, 15 კაცი მაინც. ყველას ვურიგებ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, გამოვდივართ ქუჩაში და ძაალიან ვხმაურობთ. ხალხი ალბათ ფიქრობს, - ეს გიჟები ვინ არიანო, - მაგრამ, იქნებ თავად არიან გიჟები? ვინ იცის?

ბათუმი ზამთრის დროს მიყვარს, როცა არც ერთი ჩამოსული ადამიანი არ არის. საშინელებაა ზაფხული, მაგ დროს ბულვარში საერთოდ არ გავდივარ, არტსაღამოებს ვატარებ სახლში. გარეთ რა მინდა? „ტარაბუას“ ტიპი ნამდვილად არ ვარ. იცი რა... პრობლემა თავად ხალხშია. როდესაც ჩამოვედი, ყური გახვრეტილი მქონდა. ვერ გაიგეს, მეჩხუბებოდნენ. მოვიხსენი და მერე მიმიღეს. ვერ უგებენ სხვანაირად ჩაცმულ ადამიანს, არ ესმით... ჩაკეტილი სივრცეა და იმიტომ. ამ ხალხის გამოფხიზლება, მათი დაინტერესებაა საჭიროა. უნდა გაცოცხლდეს ქალაქი. ბათუმელი თუ ხარ, იცი, რა უნდა ქნა? უნდა იცხოვრო ევროპაში და თვეში ერთხელ ჩამოხვიდე ხოლმე სტუმრად, რომ ეს ჭუჭყი არ დაინახო. ზომბირებულია ყველა. არაფერი აინტერესებთ. ორი კინო იყო და ერთი დაიკეტა, - ხალხი არ დადისო. თითების თეატრი იყო და ისიც დაიკეტა; იქ ახლა დაბადების დღის ცენტრია - „სიმპსონები“.

ნინო ცაგარეიშვილი

0x01 graphic

ბათუმში, უნივერსიტეტში ვსწავლობ, მენეჯერეკონომისტის ფაკულტეტზე. მანამდე თბილისში ვიყავი, სკოლაც იქ დავამთავრე. როგორ არა, ცოტა გამიჭირდა უკან ჩამოსვლა, რაღაც უაზროდ ვარ აქ. ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება, ლექციებზე ფეხით მივდივარ. კი, ნორმალური სწავლებაა. მერე სახლში ვბრუნდები და მეგობრებს ველოდები. ბევრი მათგანი უკვე მუშაობს. შეიძლება მანამდე სალონშიც წავიდე... რა ვიცი. მერე გავალთ გარეთ, ან ვინმესთან ავალთ და ჯოკერს ვითამაშებთ. კაფეები? კარგი არც ერთი არ არის, „პრივეტ იზ ბატუმა“ იყო და ისიც ნელ-ნელა გაფუჭდა. კინოში ფილმები ლამის წელიწადში ერთხელ იცვლება და მეც ყოველთვის მივდივარ.

ლევან კაკაბაძე

0x01 graphic

სარეჟისოროზე ვსწავლობდი. მოგატყუებ, რომ გითხრა, იქ რამე მასწავლეს-მეთქი. 2 წელი სახლიდან არ გამოვსულვარ, ვიჯექი და 24 საათი ფილმებს ვუყურებდი, მგონი, ყველაფერი ვნახე, ჩვენი ინსტიტუტის მთელი ვიდეოთეკა ზეპირად ვიცი. მახსოვს, პირველად ფოტო ორ ძმას გადავუღე, ზურგით მიდიოდნენ და უცებ გამახსენდა, რომ მე და ჩემს ძმას ეს მომენტი არასდროს გვქონია. ის 2 წლით ჩემზე უმცროსია, მეზღვაურია. აბა, აქ რა გინდა სხვა? თუ ბიჭი ხარ და ცხოვრობ ბათუმში, ან მეზღვაური გამოხვალ ან ჰა, ჰა, ეკონომიური უნდა დაამთავრო და ბანკში მოხვდე. არავის უსწავლებია ჩემთვის ფოტოს გადაღება. პირველად ფირებს რომ ვამჟღავნებდი, მიფუჭდებოდა. მერე ინტერნეტით ვისწავლე რა და როგორ... ინტერნეტით მოხდა კავშირების დამყარებაც. გამოფენები მქონდა გლაზგოში, იტალიაში, ატლანტაში... სხვადასხვა ჟურნალთან ვთანამშრომლობ, მაგალითად Look-ის ესტონურ გამოცემასთან. რამდენჯერმე მიმიწვიეს და ჟურნალისთვის ესტონეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერი და სხვა ცნობილი სახეები გადავიღე. ჰო, შეკვეთები იყო. ყველაზე მაგარი მაინც “Il Fotografo” იყო, რომლის cover story ვიყავი. მართალია, ჩემი ინგლისურის გამო, ჟურნალისტმა რაღაცები არასწორედ დაწერა, მაგრამ მაინც.

არა, როცა ვიღებ, იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობ. მაყურებელი ვარ, რომელიც კამერას და ადამიანს აკავშირებს. ყველაფრით ვიღებ: ციფრულით, პოლაროიდით, ფართოკუთხიანით. აი, ზურგები, ხომ გახსოვს, ეგ სერია? ეგ სულ ფართოკუთხიანით არის გადაღებული. ზურგიდან ყველა უფრო ლამაზია, საინტერესოა. ინტრიგაცაა ის, რომ თვითონ არ ვიცი, ვის ვიღებ, არ მაინტერესებს სახე. ახლა ჩემი 19 ფოტო ორწლიანი კონტრაქტით უცხოური კომპანიისთვის მაქვს გადაცემული და ეგ არის ჩემი შემოსავალი. სულ ერთი წელი ვიმუშავე აქ ერთ კომპანიაში „აიტიშნიკად“, ისიც იმიტომ, რომ დედაჩემისთვის დამემტკიცებინა - შემიძლია, მაგრამ არ მინდა! რაც მაინტერესებდა, იმას ყოველთვის ჩემით ვსწავლობდი. მარტომ მივაღწიე ყველაფერს.

მგონი, აქ პატარა ქალაქის სინდრომია, რაღაც ჩაკეტილი წრეებია შექმნილი და ყველა იმ თავის სივრცეში ტრიალებს. ბათუმი? მიყვარს, მაგრამ არ მინდა აქ ცხოვრება, საერთოდ საქართველოში არ მინდა.

მეგი კობალაძე

0x01 graphic

2003-ში თბილისში სამსახიობო დავამთავრე. უკან დავბრუნდი და ახლა ბათუმის თეატრში ვარ. კიდევ კარგი, სამუშაო მაქვს, სპექტაკლებში ვარ დაკავებული. ცოტა ხნის წინ ერთ თურქულ ფილმშიც ვითამაშე, მგონი, თბილისის ფესტივალზეც იყო ნაჩვენები, „შემოდგომა“ ხომ არ გინახავს? თუ სამუშაო მაქვს, მთელი დღეები თეატრში ვარ, ზოგჯერ ღამის 3-4 საათამდე. ყველაზე მეტად იცი, რა ადგილი მიყვარს აქ? თეატრის აივანი; ზემოთ მტრედები ცხოვრობენ და როცა ხალხი არ არის, ავდივარ ხოლმე.

რთულია, იყო ახალგაზრდა და ცხოვრობდე ბათუმში. ამ ქალაქში ცხოვრების ტემპი დავარდნილია. საღამოს სადმე რომ მოგინდეს წასვლა, ვერსად გახვალ, არ იმართება კონცერტები, გამოფენები... მეგობრებთან თუ ახვალ. გვინდოდა, გაგვეკეთებინა კაფე, სადაც გაიმართებოდა საღამოები, ხელოვანი ხალხი შეიკრიბებოდა, ერთმანეთს გავუზიარებდით სათქმელს, იდეებს, შემოქმედებას... მაგრამ ახალგაზრდებისთვის არანაირი ხელშეწყობა არ არის, ჩვენი ფინანსებით ვერაფერს ვაკეთებთ, დაფინანსებით კი არავინ გვაფინანსებს, არ აინტერესებთ და იმიტომ. ზოგჯერ, ჩემს მეგობართან ავდივართ და ფილმებს ვუყურებთ, მერე განხილვებს ვაწყობთ, ჰო, ჩვენ თვითონ. უკვე სერიოზულად ვფიქრობთ სადმე წასვლაზე. გული მწყდება.

არჩილ ტოტოჩავა

0x01 graphic

აღმოსავლეთმცოდნეობა მაქვს დამთავრებული, მაგრამ ახლა არ ვმუშაობ. ადრე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩვეულებრივი ჩინოვნიკი ვიყავი. იქაც იმიტომ აღმოვჩნდი, რომ აბაშიძის მმართველობით უკმაყოფილო, საპროტესტო მოძრაობას შევუერთდი და...

ჩემთვის სულ ვწერ რაღაცებს, მაგრამ არსად ვაქვეყნებ, მეგობრებს თუ ვაჩვენებ. სამაგიეროდ, ბევრი ჰობი მაქვს. მაგალითად, როცა მოწყენილი ვარ, სახლიდან გავდივარ და ავტოსტოპით მივყვები გამვლელ მანქანებს. რა ვიცი, სადამდეც წავალ, წავალ. იცი, რა საინტერესოა? ასე მოვიარე მთელი კახეთი, ვიყავი ქუთაისში, როცა თბილისში მაქვს საქმე, ყოველთვის ასე მივდივარ. თავისუფალი დრო როცა მაქვს? ახლა სულ თავისუფალი დრო მაქვს. ტელევიზორს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან დავდივარ. პატარა ფართებს ვაწყობთ ხოლმე ჩემთან სახლში. ადრე, ჯერ კიდევ აბაშიძის დროს დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა გადაცმული ფართების მოწყობა. ყოველ შაბათკვირას გამოვეწყობოდით ხოლმე ნაირ-ნაირ კოსტუმებში და დავდიოდით ქუჩაში, თან თუ ზამთარი იყო და ციოდა, არაყს ვსვამდით, მთელ ქალაქს ვაღვიძებდით. ტანზე ზეწარი მქონდა შემოხვეული, თავზე ტოტები მედო და ერთ დიდ ტოტზე ვიყავი გადამჯდარი, ვითომ ცოცხი იყო. ზოგჯერ გვიმათხოვრია კიდეც, გიტარით გავსულვართ გარეთ. ყოველ შემთხვევაში, კლუბებში სიარულს ეს ჯობდა. თუმცა, მეც ისე ვამბობ, გეგონება აქ დიდი არჩევანი გვქონდეს.

აქ არ ჩქეფს სიცოცხლე, არაფერი ხდება. მეე? მე ყოველთვის თავისუფალი ვარ, ბათუმში ვიქნები თუ ომალოში; დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ასე საკუთარ თავს უფრო ვინარჩუნებ.

მოსწავლეები

0x01 graphic

14 წლის ვარ, თამუნა - 15-ის. ერთ სკოლაში ვსწავლობთ, მე-9 კლასში. 4 თვეა, რაც აქ დავიწყეთ სიარული და უკვე აჭარის ჩემპიონატზე I და II ადგილები ავიღეთ.

თავისუფალი დრო თითქმის არ გვაქვს, სკოლის მერე აქ მოვდივართ და ვვარჯიშობთ. ჩემები წინააღმდეგები იყვნენ, - ფარიკაობა ქალის საქმე არ არისო, მაგრამ... არა, ეგრე რომ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი.

ბექა ბოლქვაძე

0x01 graphic

ნახე მუზეუმში გამოფენილი ჩემი ტილოები? ჰოო, დეპრესიულია, ყოველ შემთხვევაში, ყვავილებს ნამდვილად ვერ იპოვი ზედ. ზაფხულში მწვანე კონცხზე, ნანგრევებში მქონდა ჩამოკიდებული, ერთდღიანი აქცია იყო, მუსიკით... საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. ტილოების ცენტრში ადამიანია, რომელიც თითქოს იტანჯება, ცდილობს, სადღაც გააღწიოს... ერთი პიროვნების სერიაა, შეიძლება ავტოპორტრეტიც იყოს. აქ? აქ გამოფენები ძირითადად ერთდღიანია. ეს ხომ პატარა ქალაქია - ვინც მოვა, ის პირველივე დღეს მოვა და მორჩა.

ბათუმი სეზონური ქალაქია, ზამთარში კი განსაკუთრებით ჩაკეტილია. იშვიათად ხდება რაიმე საინტერესო. ამიტომ ვცდილობ, სწორედ ამ დროს გავაკეთო ხოლმე გამოფენა. ერთი დღე მაინც იყოს სასიამოვნო. სამხატვრო ტექნიკუმი აქ დავამთავრე, ხოლო სწავლა თბილისის აკადემიაში გავაგრძელე. კარგი იყო, მაშინ მივხვდი, რომ სტუდენტობა აუცილებლად საკუთარი ქალაქის გარეთ უნდა გაატარო. ექსპერიმენტს ატარებ, როგორ იქნები მარტო, რას იზამ... ახლა ისევ აქ ვარ და ტექნიკუმში ხატვას და ფერწერას ვასწავლი, აბიტურიენტებს ვამზადებ. რას ვაკეთებ? ძირითადად ვუსმენ და ვხატავ, ვხატავ და ვუსმენ, ისევ ვუსმენ და ვხატავ. ვცდილობ, ვიყო იქ, სადაც ნაკლები ხალხია, საღამოობით ძველ ბათუმში და სანაპიროზე ვსეირნობ. მოკლედ - არაფერი განსაკუთრებული. ზაფხულის ბათუმი? ოო, არაა... მაგ დროს ყოველთვის სადმე გავდივარ, აქ ისეთი ხმაურია!

პირველკურსელები

0x01 graphic

მე მქვია მინდია. ეს არის გელა, ოთარი, დავითი, შორენა და ისევ მინდია. საზღვაო აკადემიაში პირველ კურსზე ვართ. ახლა ინგლისურის გაკვეთილი გვქონდა და გარეთ გამოგვიყვანეს, - ჟურნალიდან არიან მოსულებიო. გაკვეთილზე? არა, ალბათ აღარ შევალთ.

რატომ გვინდა ვიყოთ მეზღვაურები? კარგი მომავალი გექნება, სამუშაოს იშოვი. ან გემზე წავალთ ან აქვე, პორტში ვიმუშავებთ. პირადად მე, თუ გემზე წავედი, ფულიც მექნება და ქვეყნებსაც ვნახავ. რაა? რომანტიკული? არაა, რა რომანტიკა, რომ განახათ, რამდენ საგანს ვსწავლობთ...

და კიდევ, მეზღვაურობა ბათუმში ყველაზე პრესტიჟული საქმეა. რა არჩევანი გაქვს აქ? ან ეკონომიურზე უნდა ჩააბარო ან აქ მოხვიდე. მორჩა, მეტი არაფერი. ბათუმში, ბიჭების 80%25 აქ აბარებს.

- კი, გოგოებიც არიან სასწავლებელში, უბრალოდ ჩემს ჯგუფში მე ერთი გოგო ვარ და 19 ბიჭია. არა, არ მაბრაზებენ, ჩემი ძმაც ამ ჯგუფშია. ადრე მუსიკალურზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ თბილისში უნდა გადავსულიყავი, ეს კი ვერ მოვახერხე. ჰოდა, აქ მოვხვდი. ძნელია აქ, სამუშაოს თუ ნახავ, ესე იგი, გაგიმართლა. ზოგს რაიონებში უწევს წასვლა, რომ იქ მაინც იპოვოს რაიმე, თუ არადა, უმუშევარი რჩება.

14 საკრედიტო კრიზისი სოროსის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: კრისტინა ფრილენდი

ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ
(Financial Times, 2009 წლის 30 იანვარი)

2007 წლის 17 აგვისტოს ლონგ-აილენდზე, ჯორჯ სოროსის საუთჰემპტონის რეზიდენციაში ლანჩზე შეიკრიბა უოლ-სტრიტის 21 განსაკუთრებით გავლენიანი ინვესტორი. ამ შეხვედრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაკრედიტების მოსალოდნელ შეზღუდვათა პირველი სიმპტომები გამოვლინდა - ფრანგულმა ბანკმა Baribas-მა თავისი სამი ფონდიდან თანხების გატანა შეაჩერა, ამის პასუხად კი, მსოფლიოს ბანკების ურთიერთდაკრედიტების შესანარჩუნებლად ცენტრალურმა ბანკებმა სავალუტო ბაზრებზე დიდი რაოდენობით ლიკვიდური აქტივები შეიტანეს.

დახუთული საღამო იყო და სტუმრები ზოლიან ქორჭილას, ხილის სალათსა და ნამცხვრებს მიირთმევდნენ, მაგრამ სუფრაზე ერთობ საქმიანი, უფრო მეტიც, ფორმალური ატმოსფერო სუფევდა. ვახშამს ესწრებოდნენ: ფინანსური რისკების დაზღვევის ფონდის თიგერ Management-ის დამფუძნებელი ჯულიან რობერტსონი; PaineWebber-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამჟამად კი Lightyear Capital-ის ხელმძღვანელი, დონალდ მერონი; ჰეჯ-ფონდ Kynikos Associates-ის პრეზიდენტი ჯეიმს ჩანოსი და Pequot Capital-ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგი და Benchmark Lunch-ის ყოველწლიური შეკრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ბაირონ უინი.

საუბრის მონაწილეებს მხოლოდ ერთი საკითხი აინტერესებდათ: იწყებოდა თუ არა რეცესია? ამ კითხვაზე პასუხი დღეს ყველამ ვიცით, მაგრამ იმ საღამოს აზრი ორად გაიყო. ლანჩის შემდეგ დაწერილ მემორანდუმში სოროსის ძველი მეგობარი უინი წერს: „უმრავლესობა თვლიდა, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ბაზრის კორექციის ფაზაში ვიმყოფებოდით, მაგრამ რეცესიის ნიშნები ან ბაზრის დაღმასვლის ტენდენციები არ შეინიშნებოდა“. ამ მოსაზრებას მხოლოდ ორი ადამიანი არ იზიარებდა და მათგან ერთი სწორედ ჯორჯ სოროსი იყო. მას სადილის ბოლოსთვის უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ იწყებოდა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელსაც იგი წლების მანძილზე გვიწინასწარმეტყველებდა.

ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ის დაუყოვნებლივ შეუდგა მოქმედებას. ხსენებულ შეხვედრამდე ექვსი წლით ადრე, ჰეჯ-ფონდ Quantum Funds-იდან სტენ დრაკენმილერის წასვლის შემდეგ სოროსმა ორგანიზაციას „საქველმოქმედო ფონდი“ უწოდა, მისი საქმიანობა „ნაკლებად აგრესიული“ გახადა და სახსრების დიდი ნაწილი გარე მენეჯერებს გადასცა განსაკარგავად. მაგრამ ახლა იგი მიხვდა, რომ კვლავ უნდა ჩართულიყო თამაშში. „არ მინდოდა გულხელდაკრეფილს მეცქირა, როგორ ნიავდებოდა ჩემი ქონება,“ - განაცხადა მან ამ ზამთარს მანჰეტენის ოფისში გამართულ ორსაათიან კონფერენციაზე. „ამიტომაც დავბრუნდი და გავხსენი მაკროანგარიში, რომ კომპანიის სავარაუდო რისკები დამეზღვია.“

სოროსმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ Quantum-ის საქმიანობისგან, ფაქტობრივად, განზე დგომის პერიოდში მას არ ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული კონკრეტული კომპანიების შესახებ და, შესაბამისად, არ შეეძლო მათ შორის არჩევანის გაკეთება. გარდა ამისა, როგორც სოროსი ამბობს, მან არაფერი იცოდა ბოლო დროს შემოღებულ მაკროინსტრუმენტების უმრავლესობაზე. მიუხედავად ამისა, 2007 წელს, Quantum-მა 32%25-იან უკუგებას მიაღწია და იმხანად 77 წლის ჰეჯ-ფონდების მენეჯერთა შორის, ანაზღაურების სიდიდის მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა. 2008 წელს კი (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გაკოტრებების პერიოდში, როცა ყოველი სამი ჰეჯ-ფონდიდან ორმა იზარალა), მისმა უკუგებამ თითქმის 10%25 შეადგინა.

0x01 graphic

REUTERS

სოროსის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა იყო, მაგრამ ამასთანავე, დროის სწორად შერჩევის უნარისა და ფინანსური შორსმჭვრეტელობის წყალობით, მან, როგორც მოაზროვნემ, არაერთხელ დაიმსახურა საზოგადოების ინტერესი. თუმცა 2008 წელს სოროსის მიმართ საზოგადოების ყურადღებამ მაინც განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მაისსა და ივნისში (მწერლობის დაწყებიდან ოცი წლის შემდეგ) შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ბესტსელერად იქცა მისი მეცხრე წიგნი „საფინანსო ბაზრების ახალი მოდელი“ (The New Paradigm for Financial Markets). ოქტომბერში იგი ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით ჩვენებების მისაცემად მიიწვიეს შეერთებული შტატების კონგრესში. ნოემბერში კი ბარაკ ობამამ - რომლის საარჩევნო კამპანიასაც იგი დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა - დაამარცხა მაკეინი.

„ცხოვრების მიწურულს მან მიაღწია იმ აღიარებას, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფვოდა, - თქვა უინმა, - იგი არ უჩივის ჯანმრთელობას, მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მისი ბიზნესი მყარ ფუნდამენტზე დგას, ყველაფერი მის სასარგებლოდ მიდის.“

0x01 graphic

REUTERS

* * *

დღეს 2008 წლისა და უფრო ადრეულ კრიზისებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი ეს პარალელი არ მოიცავს იმ ისტორიულ პერიოდს, რომელთანაც ასოცირდება დღევანდელობა ჯორჯ სოროსისთვის. მას უკანასკნელი მოვლენები 1944 წელს ახსენებს, როცა იგი, 13 წლის ებრაელი ბიჭუნა, ოკუპირებულ ბუდაპეშტში ნაცისტებს ემალებოდა.

0x01 graphic

REUTERS

არასტაბილურ ვითარებაში მოქმედების ანი და ბანი სოროსს მამამ - ტივადარმა - ასწავლა. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი რუსებთან ტყვედ ჩავარდა და თავი ციმბირში ამოჰყო. მაგრამ მალევე გაიქცა, გადაიარა ბოლშევიკური რევოლუციით შეზანზარებული რუსეთის მთელი ტერიტორია და შინ დაბრუნდა. ამ გადასახლებამ მას სრულად ჩაუხშო ყმაწვილური ამბიციები და „მხოლოდ სიცოცხლით ტკბობის სურვილის“ ამარა დატოვა. მაგრამ ამის მიუხედავად, 1944 წლის 19 მარტს, როცა გერმანელები უნგრეთში შეიჭრნენ, 50 წლის ჭარმაგი ტივადარი კვლავ აქტიურად ამოქმედდა და ოჯახის (და სხვათა) გადასარჩენად ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას შეუდგა.

ოკუპაციის პერიოდში ჯორჯი, მამის აზრით, ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მშობლების მზრუნველობა ესაჭიროებოდა. ჯორჯს კი, მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამისგან მოშორებით, გამოგონილი სახელით უწევდა ცხოვრება, კარს მომდგარი საფრთხე კიდევაც ახალისებდა. „ეს ჩემთვის ენით აუწერელი თავგადასავალი იყო, - წერს იგი, - თითქოს „დაკარგული კიდობნის მაძიებლებში“ მეცხოვროს.“ სწორედ მსგავსი გრძნობები დაეუფლა სოროსს მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა ფინანსურმა კრიზისმა ძალა მოიკრიბა. „მგონი, ახლაც იგივე მემართება. ზუსტად ისეთივე გრძნობები მეუფლება,“ - მითხრა მან.

ეს სტიმული, ნაწილობრივ, ინტელექტუალურიც იყო. 1944 წლის გამოცდილება საფუძვლად დაედო სოროსის კონცეპტუალურ სისტემას, რომლის სრულყოფასაც მან ცხოვრების მთელი მომდევნო პერიოდი მოანდომა და რომელიც, მისი რწმენით, განსაკუთრებით სასარგებლოა 2008 წლის კრიზისის პირობებში. მისი ძირითადი იდეაა „უკუქცევითობა“, რომელსაც იგი განსაზღვრავს, როგორც „შეხედულებებსა და საქმის რეალურ ვითარებას შორის ორმხრივი უკუკავშირის უწყვეტ ციკლს: ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ, რეალურ ვითარებაზე კი არა, სიტუაციის მათეულ აღქმასა თუ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით. ასეთი გადაწყვეტილებები, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენს სიტუაციაზე, ხოლო სიტუაციის შეცვლით იცვლება თვით სიტუაციის აღქმა და ინტერპრეტაცია.“

თავისთავად, იდეა გულისხმობს მსოფლიოს შესახებ წარმოდგენების ხშირ გადამოწმებასა და ცვლილებათა კატაკლიზმური მომენტების (როცა მოვლენების ჩვენეული აღქმა და თავად მოვლენები განსაკუთრებით ინტენსიურად ურთიერთქმედებენ) დაფიქსირება-გამოყენებას. საგულისხმოა, რომ ეს ეწინააღმდეგება ეკონომიკურ სკოლებში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გაბატონებულ რაციონალური ვარაუდის კონცეფციას. ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ ეკონომიკის სფეროს ყველა მოთამაშე (სახლის მყიდველი კერძო პირებით დაწყებული და იპოთეკური კრედიტების მყიდველი ბანკირებით დამთავრებული) რაციონალური სუბიექტია, რომ ყოველი მათგანი თავისთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს და რომ თავისუფალი ბაზარი ეფექტური მექანიზმია მიწოდება-მოთხოვნის დასაბალანსებლად, სწორი ფასების დასაწესებლად და საერთო წონასწორობის შესანარჩუნებლად.

გასული წლინახევრის მანძილზე რაციონალური ვარაუდის თეორია მარცხს მარცხზე განიცდიდა: მისი მზე საბოლოოდ 2008 წლის 23 ოქტომბერს ჩაესვენა, როცა ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავმჯდომარემ ალან გრინსპენმა კონგრესს განუცხადა, რომ თურმე „ერთიან მოდელს ნაკლოვანებები ჰქონია“. სოროსის მტკიცებით, არსებული კრიზისის უმთავრესი მიზეზი გრინსპენისა და ძმათა მისთა „საბაზრო ფუნდამენტალიზმი“, განსაკუთრებით კი, „ფინანსური ბაზრის თვითკორექტირებადობაში“ მათი დარწმუნებულობა გახდა. სწორედ ამან აურია თავგზა საბაზრო პოლიტიკის შემოქმედთ და სწორედ ეს იქცა „სხვადასხვა ხელოვნური ინსტრუმენტისა თუ შეფასების მეთოდის“ ინტელექტუალურ ბაზისად, რითაც საგრძნობლად დააჩქარა მოსალოდნელი კრიზისი.

სოროსი დღევანდელ მდგომარეობაში უკუქცევითობის თვალსაჩინო ნიმუშს ხედავს. ბაზარი ობიექტურ „ჭეშმარიტებას“ არ ასახავდა. პირიქით, სრულიად ახალი რეალობა წარმოშვა ბაზარზე დამკვიდრებულმა რწმენამ, რომ სახლებზე ფასი მუდმივად მოიმატებდა და რომ სუბსტანდარტულ იპოთეკაზე დაფუძნებული გაურკვეველი ფინანსური ინსტრუმენტები რეიტინგივით სანდო იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ეს „საპნის ბუშტი“ გასკდა, რასაც შედეგად 2007 წლის საკრედიტო შეზღუდვები და 2008 წლის რეცესია და ფინანსური კრიზისი მოჰყვა.

არასტაბილურ ვითარებაში სოროსი ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს როგორც ინვესტორი და როგორც თეორეტიკოსი. თუმცა იგი, გარკვეულწილად, ყოველთვის ემიჯნებოდა ბიზნეს-სამყაროს. სოროსი იხსენებს, როგორ „მარტოსულად გრძნობდა თავს“, როცა 1947 წელს ინგლისში ჩავიდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სასწავლებლად. მოგვიანებით, უბრალო ბროკერიდან ერთ-ერთი უწარმატებულესი ჰეჯ-ფონდის მმართველამდე თავისი კარიერული წინსვლის მანძილზე, იგი, როგორც უოლსტრიტზე, ასევე სამეცნიერო წრეებშიც, ყოველთვის „უცნაური“ ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. სოროსს ხშირად ახასიათებენ, როგორც „მომხიბლავ მამაკაცს“, მაგრამ განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე ამ შავგვრემან, ორჯერ განქორწინებულ მილიარდერს თითქმის არავისთან ჰქონია. „ინდოეთსა თუ პაკისტანთან დაკავშირებით აუცილებლად ვკითხავდი აზრს, - თქვა უინმა, - მაგრამ ჯორჯთან ოჯახის პრობლემებზე საუბარი თავში არასოდეს მომსვლია.“

სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტი, სტროუბ ტელბოტი ამბობს: „სოროსს თავი ყოველთვის განზე უჭირავს. მან კარგად იცის, რომ მისთვის ნებისმიერი კარი ღიაა, მათ შორის - ოვალური კაბინეტისაც, სადაც ერთი-ორჯერ მას მეც შევხვედრივარ. მაგრამ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან დამეგობრება მისი თვითმიზანი არ არის.“

სწორედ ამ არაკომუნიკაბელურობითა და ცრურწმენებთან შეურიგებლობით აიხსნება ის, რომ მსოფლიო მასშტაბის წარმატებების მიუხედავად, სოროსი საზოგადოებაში ყოველთვის არაერთგვაროვანი რეპუტაციით სარგებლობდა. მისმა სპეკულაციურმა თამაშებმა, რომელთა მსხვერპლიც ხშირად სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტები ხდებოდა, მის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთი პოლიტიკური ლიდერი აამხედრა. გარდა ამისა, იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და მესიის კომპლექსით შეპყრობილობაში დაადანაშაულეს, თავისი ამბიციური ფონდი „ღია საზოგადოების“ გამოც. სოროსი იძულებული გახდა, არ გაეხმაურებინა ობამასადმი თავისი მხარდაჭერა, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში მას ისეთ ტარტაროზად წარმოაჩენდნენ, რომ ამ ასოციაციებს დემოკრატების კანდიდატისთვის შეიძლებოდა სერიოზული ზიანი მიეყენებინა. ყველაზე უფრო მტკივნეული კი მისთვის ალბათ ის იყო, რომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი აკადემიურ წრეებში - ეკონომიკასა და ფილოსოფიაში მის სამეცნიერო წიაღსვლებს ხშირად დიდი სკეპტიციზმით ხვდებოდნენ.

ერთადერთი ადგილი, სადაც სოროსი უმალვე გახდა უაღრესად დაფასებული და შინაური, ბერლინის კედლის დაცემისდროინდელი საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტი ქვეყნები იყო. მან სხვა ნებისმიერ უცხოელზე სწრაფად და სრულად გამოიყენა ამ ქვეყნებში მიმდინარე სისტემური გარდაქმნები და მაშინვე მოიპოვა გავლენა და პატივისცემა. დღეს კი, როცა დასავლეთი საუკუნის შოკს განიცდის, სოროსისთვის საკითხი ასე დგას - ახლა მაინც თუ იპოვის ეს არქიუცხოკაცი თავის თავს იმ საზოგადოებაში, რომელშიც იგი ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

* * *

სოროსის, როგორც ინვესტორის, ყველაზე უფრო სახელგანთქმული (თუ სამარცხვინო) სპეკულაცია იყო 1992 წელს სტერლინგის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ ფსონმა მას მოუტანა $ 1 მლრდ-ზე მეტი და ბრიტანულ პრესაში „ინგლისის ცენტრალური ბანკის ძირის გამომთხრელის“ სახელი. სწორედ ეს კომბინაცია გვიჩვენებს თვალნათლივ სოროსის იმ უნიკალურ ტალანტს, რომელმაც (რაშიც მისი ყოფილი და ახლანდელი მენეჯერებიც დამეთანხმებიან) უმთავრესი როლი ითამაშა მის საინვესტიციო წარმატებებში.

თუმცა სინამდვილეში ეს ცნობილი ინვესტიცია სოროსის იდეა სულაც არ ყოფილა. როგორც იგი თავად აცხადებს, ეს გეგმა ეკუთვნის დრაკენმილერს, რომელიც იმხანად Quantum-ს ხელმძღვანელობდა. მაგრამ როცა დრაკენმილერმა ორ თუ სამდღიანი თათბირის შემდეგ თავისი მოსაზრებები სოროსს გააცნო, სოროსმა პროტეჟეს უფრო აგრესიულად მოქმედება ურჩია. დრაკენმილერმა წილი გაზარდა (მოგვიანებით, სოროსის მიერ მიცემული ინტერვიუების თანახმად, Quantum-მა და რამდენიმე მისმა მონათესავე ფონდმა ამ საქმეში, დაახლოებით, $10 მლრდ. ჩადო), სოროსმა კი დიდი ფული და რეპუტაცია მოიპოვა.

დრაკენმილერის თქმით, ზემოთ მოყვანილ საუბარში ნათლად ჩანს სოროსის არაჩვეულებრივი ფინანსური ნიჭი: „მას ბალანსის დაცვის უნიკალური უნარი აქვს. იგი მოქმედებს, როცა საჭიროდ თვლის, მაგრამ ამავდროულად უკან დახევაც შეუძლია. ის თავის არც ერთ წამოწყებაზე არ არის ემოციურად მიჯაჭვული. ჩემი აზრით, ეს არაჩვეულებრივი თვისებაა ჩვენს დარგში.“

ამ მოსაზრებას ჩანოსიც ეთანხმება: „სოროსს აქვს ერთი თვისება, რომელსაც ყოველთვის ვებრძოდი და რომელიც ამავდროულად აღმაფრთოვანებდა კიდეც. ესაა - გრძელი პოზიციიდან მოკლე პოზიციაზე გადასვლის (შორტინგის) უნარი. ახალი ფაქტორების შესაბამისად გეზის კარდინალურად შეცვლა ემოციურად ძნელი გადასაწყვეტია.“

თუმცა თვითკონტროლის რაიმე განსაკუთრებული უნარის ქონას სოროსი უარყოფს. „ტყუილია, - მითხრა მან ღიმილით, - მე ძალიან ემოციური ვარ, ზოგჯერ ისეთივე ჭირვეულიც კი, როგორიც ბაზარია. ასე რომ, წმინდა წყლის მანიაკალური დეპრესია მჭირს“. (სოროსის ამ ცვალებად ხასიათს განაპირობებს მისი ფსიქოსომატური სნეულებები (განსაკუთრებით ზურგის ტკივილი), რომელთაც იგი საიმედო საინვესტიციო მოკარნახეებად მიიჩნევს).

სოროსი თავის წარმატებას მიაწერს საკუთარ ფილოსოფიურ თვალსაზრისს ადამიანის ცოდნის პირობითი ბუნების შესახებ: „ვფიქრობ, ეს კონცეპტუალური სისტემა (რომელიც მკაფიოდ გვიჩვენებს არასწორი წარმოდგენების უარყოფით ზემოქმედებას) მაიძულებს, კრიტიკულად მოვეკიდო საკუთარ გადაწყვეტილებებს. ...როცა იცი, რომ შეიძლება ცდებოდე, უფრო ადვილად გამოასწორებ საკუთარ შეცდომას.“

სოროსის საინვესტიციო წარმატებების მეორე გასაღები რევოლუციური ფონის ძიებაშია. იგი ელის „არა აყვავების, არამედ კარდინარული ცვლილებების პერიოდს,“ - ამბობს Washington Post-ის კორესპონდენტი სებასტიან მალაბი. მალაბის ჰეჯ-ფონდების თემაზე არაერთი სტატია აქვს დაწერილი: მას გაშუქებული აქვს Quantum-ის სავალუტო ოპერაციასთან (ფუნტის შორტინგთან); „პლაზას“ შეთანხმებასთან (იენასთან მიმართებაში დოლარის კურსის დაცემასთან); და 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომთან (თავდაცვის მრეწველობის დარგში მომუშავე კომპანიათა აქციებზე ფასების მკვეთრ ზრდასთან) დაკავშირებით სოროსის მიერ გაკეთებული ფსონები. უკუქცევითობა იმას კი არ გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ვითარების შესაცვლელად, არამედ იმას, რომ უნდა ვეძებოთ და ჩვენს სასიკეთოდ მოვაქციოთ ცვლილებები,“ - ამბობს მალაბი, - ეს მართლაც ახლოა ჭკუასთან.“

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ბაზრის პროგნოზირებაში სოროსს მისი საერთაშორისო კონტაქტების ფართო ქსელი უწყობდა ხელს. მაგრამ ამგვარი მომგებიანი პოზიცია მას მსოფლიოს მხოლოდ ერთ ნაწილში ჰქონდა - ყოფილ საბჭოთა ბლოკში და სწორედ აქ განიცადა მან თავისი უდიდესი მარცხი. სოროსი ინტენსიურად იყო ჩართული რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა უმრავლესობაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარდაქმნათა პროცესებში. 1997 წლის ივნისში მოქალაქეებისთვის სახელფასო დავალიანებების გადასახდელად მან მოკლევადიანი სესხი მისცა რუსეთის მთავრობას.

სოროსის ფინანსური მარცხი ორმა მცდარმა შეხედულებამ განაპირობა: იგი ფიქრობდა, რომ რუსეთს რეფორმების განხორციელება სურდა და აქ მას თავისიანად მიიღებდნენ. მან ოლიგარქების კონსორციუმთან ერთად $ 980-მლნიანი ინვესტიცია ჩადო რუსულ სატელეფონო კომპანია Связьинвест-ში და მისი აქციების 25%25 შეიძინა. სოროსს ეს გარიგება „ყაჩაღური კაპიტალიზმიდან ნამდვილ კაპიტალიზმზე“ გადასვლის დასაწყისი ეგონა. სინამდვილეში პრივატიზაცია სახელმწიფოს ძარცვიდან ურთიერთძარცვაზე გადასვლის დასაწყისი აღმოჩნდა. სოროსი, როგორც უცხო კაცი, აშკარად დაზარალდა. „ასე თავგზააბნეული არასოდეს ვყოფილვარ, - ამბობდა იგი, - ასეთი მუშაობით ისინი ჭეშმარიტ კმაყოფილებას განიცდიან. ეს ჩემს საინვესტიციო კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. საკუთარმა იმედებმა ამირია გზა-კვალი.“ თავის უკანასკნელ წიგნში იგი რუსეთს ერთადერთ, ფრჩხილებში მოთავსებულ წინადადებაში ახსენებს: „/რუსეთზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან იქ ფულს აღარასოდეს დავაბანდებ/.“

* * *

დეკემბრის სუსხიანი ღამით სოროსი მანჰეტენიდან გრინვიჩში (კონექტიკუტი) Bruce Museum-ში გაემგზავრა, სადაც მას ფართო საზოგადოებასთან Scholar Rescue Fund-ის თაობაზე უნდა ესაუბრა. ამ პროგრამამ (რომელსაც ნაწილობრივ თავადაც აფინანსებდა) 2002 წლის შემდეგ 40 ქვეყნიდან დევნილ 266 მეცნიერს მისცა თავშესაფარი. სიტყვით გამოსვლის შემდეგ (რომელშიც იგი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსურ კრიზისსაც შეეხო) სოროსი საღამოს დამფინანსებელი იურიდიული ფირმის დამფუძნებელ პარტნიორ სტენლი ბერგმანს გამოელაპარაკა:

„თამაში თუ გიყვართ?“

„დიახ,“ - მიუგო ბერგმანმა.

სოროსს მეტოქეობის ჟინი მოეძალა. სწორედ ამ იმპულსის გამოა იგი თხილამურებით სრიალის, ჩოგბურთისა და ჭადრაკის თავგადაკლული მოტრფიალე.

„რამდენი წლის ბრძანდებით?“ - ჰკითხა მან ბერგმანს. „სამოცდათხუთმეტის.“

„მე კი სამოცდათვრამეტის ვარ, - თქვა სოროსმა, - მაგრამ რა საჭიროა ჯანმრთელობა, თუ ფული არ მოაქვს?“

უინის თქმით, სოროსი აზარტული მოთამაშეა: „ჯორჯს უყვარს დროდადრო თავისი მხნეობის დემონსტრირება“. სწორედ ამის გამო სძულს მას მხოლოდ ქონების მოხვეჭისთვის ცხოვრება. ეს ზეშთაგონება მას 1981 წელს, ერთ-ერთი ფინანსური ოპერაციის ჩატარებისას გარდმოევლინა. „მეგონა, გული გამისკდებოდა, - მითხრა მან, - მაგრამ დროზე მივხვდი, რომ თუ მოგების ძიება გადამიყოლებდა, აშკარად წაგებული დავრჩებოდი.“

გამოსავალი სოროსმა ქველმოქმედებაში იპოვა. „ისეთი რამ უნდა გააკეთო, რასაც სამყაროსთვის რაიმე მნიშვნელობა ექნება - სწორედ ესაა ის სიმდიდრე, რომლისთვისაც მართლა ღირს თავის გაწირვა, - თქვა მან, - ფონდმა საშუალება მომცა, ჩემს თავს გავქცეოდი და საკუთარი პერსონის გარდა, მეტ-ნაკლებად, სხვებითაც დავინტერესებულიყავი.“ სიმდიდრემ სოროსის ქველმოქმედებას უპრეცედენტო გასაქანი მისცა: ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტის, არიე ნეიერის (იგი 1993 წლიდან მართავდა ფონდ „ღია საზოგადოებას“) თქმით, 2008 წელს სოროსის ფონდის ბიუჯეტი $550 მლნ-ს შეადგენდა და წელს $600 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს. საკუთარი გამოთვლების თანახმად, სოროსმა თავისი ფონდის საშუალებით საქველმოქმედო მიზნებზე, საერთო ჯამში, $5 მლრდ-ზე მეტი დახარჯა.

„მსოფლიოს შესაცვლელად XX საუკუნის მეორე ნახევარში არც ერთ ფილანტროპს არ გაუშლია უფრო სტრატეგიულად თავისი რესურსები,“ - მითხრა ბარაკ ობამას მიერ ახლად დანიშნულმა ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლარი სამერსმა. გავლენის თვალსაზრისით, ტელბოტი სოროსს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ადარებს. როგორც იგი ამბობს, - „90-იან წლებში, როცა გავიგებდი, რომ ჯორჯ სოროსს ჩემთან ლაპარაკი სურდა, მზად ვიყავი, ყველაფერი მიმეტოვებინა და მთელი დრო მისთვის დამეთმო - თითქოს სახელმწიფოს მეთაური ყოფილიყოს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის საბჭოთა იმპერიის ყოფილ კოლონიებში შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მეტ ფულს დებდა, ასე რომ, იმსახურებდა კიდეც ასეთ ყურადღებას.“

ფონდ „ღია საზოგადოების“ მესვეურთა თქმით, სოროსის ფილანტროპულ და ინვესტორულ საქმიანობას შორის დიდი მსგავსება არსებობს: მან იცის, როდის უნდა ჩავიდეს დიდ, ორიგინალურ ფსონს და არ აშინებს წარუმატებელ საქმეზე უარის თქმა. რუსეთისა და უკრაინის მკვლევარ ანდერს ესლანდის (რომელსაც სოროსთან ერთად არაერთ პროექტზე უმუშავია) აზრით, სოროსის საქველმოქმედო მოღვაწეობას „მეტწილად, სავალუტო ბაზრის ცვალებადობა განსაზღვრავს, რადგან მას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი იდეა ხუთ წელიწადში შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. ნებისმიერი არაჩვეულებრივი პროექტის წარმოქმნისთანავე იგი მისი დახურვის თარიღზე იწყებს ფიქრს.“


შეერთებული შტატების ფარგლებს მიღმა სოროსს, უკვე დიდი ხანია, სახელი გაუტეხა თავისმა ამბიციებმა და იმ ფაქტმა, რომ მისი სახსრების მოხმარება შორს სცდება ისეთ გავრცელებულ ქველმოქმედებას, როგორიცაა - საავადმყოფოების, უნივერსიტეტების, მუზეუმების, ან თუნდაც, აფრიკის ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერა. 2004 წელს კრემლმა ის ნარინჯისფერი რევოლუციის სულის ჩამდგმელად გამოაცხადა. რუსეთში მას ფონდის ოფისები დაურბიეს, ხოლო ავტორიტარულ უზბეკეთში, უბრალოდ, დაუხურეს.

როგორც აღმოჩნდა, ამერიკაც შეიძლება იყოს მგრძნობიარე იმ პლუტოკრატთა მიმართ, ვინც თავის ქონებას სადავო სოციალური საკითხების გადაწყვეტას ახმარს. უკანასკნელ წლებში სოროსის ფონდი შეერთებულ შტატებშიც გააქტიურდა და დღის წესრიგში დააყენა ისეთი სათუთი საკითხი, როგორიცაა ნარკოტიკების ლეგალიზაცია. სოროსი განსაკუთრებით უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა, როცა (მისი აზრით) ღია საზოგადოებას, რომელსაც იგი საზღვარგარეთ, რეპრესიულ რეჟიმებში ავითარებდა, მის საკუთარ სახლში დაემუქრა საფრთხე.

ზოგი მისი თავხედობით აღტაცებულია. დაუმორჩილებელი ხასიათით ცნობილმა პოლ ვოლკერმა - რომელიც ჯიმი კარტერისა და რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღვანელობდა - თქვა: „ნარკოტიკების თემა ნათლად გვიჩვენებს, რომ სოროსი ყოველთვის არ იზიარებს საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრისს. ჩემი აზრით, ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს და იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს საჯაროდ განაცხადა.“

სიმდიდრე სოროსს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დამოუკიდებელი აზრის გამოთქმაში: „მხოლოდ ფულის წყალობით შევძელი ბუშთან სახალხოდ დაპირისპირება, - თქვა მან, - ამის საშუალება ჩემმა მდგომარეობამ მომცა.“ მაგრამ ამასთან ერთად იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ქონებამ და ამ ქონებიდან თავისთავად გამომდინარე საზოგადოებრივმა ნდობამ აქცია იგი ისეთ კონსერვატორ ექსპერტთა კრიტიკის სამიზნედ, როგორებიც არიან Fox-ის პოლიტიკური კომენტატორი ბილ ო'ნილი და უკიდურესი შეხედულებების მქონე პამფლეტისტი ლინდონ ლა რუში. „თუ გავითვალისწინებთ იმ გადამეტებულ პატივს, რომელსაც ამერიკაში ფულის მკეთებელ ადამიანებს მიაგებენ, აუცილებლად უნდა მომხდარიყო ჩემი გადემონება,“ - ამბობს იგი. კრიტიკოსთა შეტევა ისეთი ნაყოფიერი გამოდგა, რომ გასულ წელს, როცა ობამას მატარებელმა სიჩქარე აკრიფა და მას, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ხმაურით შეახტნენ ამერიკელი ფინანსისტებიც, პრეზიდენტობის კანდიდატის მძიმეწონიანთა უოლ-სტრიტელმა სპონსორმა ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. „ობამა ცდილობს, გამაერთიანებელი იყოს, - თქვა სოროსმა, - მე კი, ჩემი რეპუტაციის გამო, მხოლოდ ადამიანთა დაშორიშორება შემიძლია. ჩემი მხარდაჭერის აფიშირება მას არაფერში წაადგებოდა.“

* * *

2008 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე სოროსს მეხუთე ავენიუზე მდებარე თავის ელეგანტურ აპარტამენტებში წვეულება ჰქონდა გამართული. მის ხელმარცხნივ იორდანიის დედოფალი ნური, ხოლო ხელმარჯვნივ - New America Foundation-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სტივ კლემონსი ისხდნენ. სოროსის საღამოთა უმრავლესობის მსგავსად, მიღებას მრავალი ცნობილი ხელოვანი და სახელმწიფო მოღვაწე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: ჰაიტის პრემიერმინისტრი (და სოროსის ფონდის ჰაიტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი) მიშელ პიერ-ლუი; მსოფლიო ბანკის ყოფილი თავკაცი ჯეიმს ვოლფენსონი; პოლ ვოლკერი; ჰიპ-ჰოპის ახალგაზრდა პრომოუტერი კვაზი ასარი და სხვ.

მასპინძელმა ესპრესო მიირთვა და ორიოდ წუთის შემდეგ შემორჩენილ სტუმრებს ბოლო სადღეგრძელო შესთავაზა. იმ საღამოს სოროსი ტრიუმფატორულ ხასიათზე იყო - და სათანადო მიზეზიც ჰქონდა. მისი წინასწარმეტყველება გამართლდა და ობამამ გაიმარჯვა. სოროსის ყოველგნითმსუფევი კონსილიერე, მაიკლ ვაჩონი კვლავაც ინახავს 2004 წლის თებერვალში მისი უფროსის ჩიკაგოში მოგზაურობის გეგმას. ამ შელახული დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში ვაჩონის ხელითაა მიწერილი: „ჩვენი ბარაკი“. იმხანად ჯერ კიდევ სენატორობის კანდიდატმა, ბარაკ ობამამ შეხვედრის თხოვნით რამდენჯერმე დაურეკა სოროსს, და მანაც, გადატვირთული გრაფიკის გამო, დილის შვიდ საათზე, საუზმობისას მიიღო იგი.

სოროსისთვის შეხვედრა „ერთობ შთამბეჭდავი“ გამოდგა. ობამას ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ კი იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ „ეს კაცი რაღაცას წარმოადგენს“. რამდენიმე თვის შემდეგ სოროსი ზემო ისტსაიდის რეზიდენციაში ობამას ფანდრაიზერს შეხვდა და მისი საარჩევნო კამპანია, იმხანად კანონით დაშვებული მაქსიმალური თანხით -$80,000 დოლარით დააფინანსა.

ობამა ბევრ ადამიანზე ახდენდა კარგ შთაბეჭდილებას, მაგრამ როგორც კი საპრეზიდენტო ბრძოლაში ჰილარი კლინტონი ჩაება, ცივმა გონებამ და ლოიალურობამ ავტორიტეტული ნიუიორკელი დემოკრატები (განსაკუთრებით უფროსი თაობის უოლ-სტრიტელები) მაშინვე საკუთარი სენატორის ბანაკში ჩაამწკრივა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, დომინიკ შტრაუს-კანი იხსენებს: „2006 წელს, სოროსი პირველი იყო, ვინც მითხრა, რომ ობამას უჭერდა მხარს და მართალიც გამოდგა.“ 2007 წლის 16 იანვარს, იმ დღეს, როცა ობამამ საპრეზიდენტო კვლევითი კომიტეტი ჩამოაყალიბა, სოროსმა შენატანი გააკეთა მის კამპანიაში და ოფიციალურად შესთავაზა მხარდაჭერა. მანამდე კი ჰილარი კლინტონს დაურეკა და საქმის კურსში ჩააყენა ამ ნაბიჯის შესახებ. „მაშინ, ბოლო ტურში ველი თქვენს თანადგომას,“ - უთხრა ჰილარიმ.

სწორი არჩევანი სოროსმა უმაგალითო ალღოს წყალობით გააკეთა. ცხოვრების მანძილზე იგი ყოველთვის გრძნობდა რადიკალური ცვლილებების მოახლოებას. „მივხვდი, რომ დადგა ერთფეროვნების დარღვევის მომენტი, რადგან ამერიკა ძალიან დაშორდა თავის საფუძვლებს,“ - თქვა მან. ერთი სიტყვით, სოროსი ბაზარზეც და პოლიტიკაშიც იღბლიანი მოთამაშე გამოდგა: მისმა პოლიტიკურმა არჩევანმა (ობამას მხარდაჭერამ, ერაყის ომისა თუ „ტერორთან ომის“ წინააღმდეგ გალაშქრებებმა და ა.შ.) გაამართლა.

სოროსისთვის ეპოქის სულისკვეთების სწორად განჭვრეტის კიდევ ერთი დადებითი შედეგი ისაა, რომ საჯარო პოლიტიკისა და, განსაკუთრებით, ფინანსური კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ მის მოსაზრებებს დღეს უკვე სერიოზულად ეკიდებიან. როცა ნოემბერში იგი ჰეჯფონდების ოთხ სხვა მაღალანაზღაურებიან მენეჯერთან ერთად კონგრესის კომისიას ჩვენებებს აძლევდა, მას პატივისცემით და, მეტიც, მოწიწებით შესცქეროდნენ. მილიარდერი საქმოსნების მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი დღეს არც ისე ხშირია. სოროსს ჯერ პალტოც არ ჰქონდა გახდილი, რომ დემოკრატი კონგრესვუმენი კეროლაინ მელოუნი შეეგება. „საუკეთესო კაბინეტი დაუთმეთ, - უთხრა მან კონგრესის საშტატო თანამშრომელს, რომელიც სოროსისთვის მოსაცდელ ადგილს ეძებდა. - მან ჩემს ოლქში ბევრი საშური საქმე გააკეთა და ბევრ კარგ ადამიანსაც დაეხმარა.“ მოსმენის შემდეგ მელოუნმა სოროსს მისსავე წიგნზე წარწერის გაკეთება სთხოვა.

* * *

კაპიტოლიუმის ბორცვზე გლობალური პოლიტიკის შემოქმედთა წინაშე გამოსვლას სოროსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ მისთვის ფულსა და პოლიტიკურ თუ სოციალურ მიღწევებზე უფრო ფასეული ინტელექტუალური მემკვიდრეობის დატოვებაა. იგი უკუქცევითობის კონცეფციას თავის „უმთავრეს გატაცებას“ უწოდებს. სოროსი ყველაზე მეტად გულგატეხილი სწორედ თავისი ფინანსური წარმატებების ზენიტში იყო, როცა საზოგადოებამ სერიოზულად არ მიიღო მისი ნაშრომები. მან თავისი წიგნის ერთ-ერთ თავს „არშემდგარი ფილოსოფოსის ბიოგრაფია“ უწოდა; ვენის უნივერსიტეტში კი ჩაატარა ლექცია სახელით „არშემდგარი ფილოსოფოსის მეორე ცდა“. ახალგაზრდობაში იგი მეცნიერობაზე ოცნებობდა, მაგრამ საამისოდ მისი „განათლება საკმარისი არ აღმოჩნდა“.

სოროსი წერს, რომ მისი პირველი წიგნი - „ფინანსების ალქიმია“ - კრიტიკოსებმა „წარმატებული სპეკულანტის ხუშტურად“ მონათლეს. ეს თვალსაზრისი ზოგიერთ წრეში ახლაც დომინირებს. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა პოლ კრუგანმა სოროსს თავისი უკანასკნელი წიგნის ნახევარი თავი მიუძღვნა, სადაც „ყველა დროის უდიდეს სპეკულანტად“ მოიხსენია. კრუგანს ძლიერ აოცებს სოროსის ინტელექტუალური „ამბიციები“ და გესლიანად შენიშნავს, რომ მას „სურს, მსოფლიო მის ფილოსოფიურ მოსაზრებებს ისეთივე სერიოზულობით მოეკიდოს, როგორც მის ფინანსურ გამჭრიახობას.“

სოროსის აკადემიური რესპექტაბელურობის წინაშე აღმართული მეორე დაბრკოლება მის მიერვე აღიარებული მათემატიკის „ფობიაა“: „მე მესმის მათემატიკის არსი, მაგრამ მათემატიკური სიმბოლოები მაშინებს, რადგან მათში ადვილად შეიძლება დაკარგვა.“ მართალია, ამ შიშს ფინანსურ სამყაროში მისი წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ ეკონომისტთა შორის ნდობა კი სერიოზულად შეულახა. „აკადემიურ წრეებში იგი საკუთარი იდეების მათემატიკურ ენაზე გამოხატვის უუნარობით იტანჯება,“ - ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი ჯო სტიგლიცი. მაგრამ, მისი აზრით, ფინანსური კრიზისის გამო, სოროსის შრომები მეცნიერთა შორისაც სულ უფრო აქტუალური ხდება: „ჩემი აზრით, ეს თეორეტიკოსები ამჯერად მეტი გულისყურით მოეკიდნენ მის იდეებს და მათში შთაგონების ახალი წყაროც დაინახეს.“

ლარი სამერსის თვალსაზრისით, „უკუქცევითობის თეორია სწორია და მნიშვნელოვანი. ის უშუალოდ ეხება საზოგადოებრივ მეცნიერებებში დამკვიდრებულ აზროვნებას. თანაც ჯერ არავის შეუმუშავებია ფილოსოფიური კონცეფცია ჯორჯივით ეფექტურად - ჯერ უნდა გამდიდრდე და ქვეყნის გამოსწორებაზე მერე უნდა იზრუნო.“ პოლ ვოლკერიც იმავე დასკვნამდე მიდის: „ჩემი აზრით, სოროსს არსის წვდომის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს. თუმცა, უკეთესი იქნებოდა, უფრო გასაგებად შეძლებოდა თავისი თვალსაზრისის გადმოცემა.“ მისი თქმით, სოროსი „წარმოსახვის დიდი უნარის მქონე თამამი მოაზროვნეა... მას რამდენიმე ბრწყინვალე მოსაზრება აქვს ბაზრის ფუნქციისა და დისფუნქციის თაობაზე.“

ყოველივე ეს, სხვა არაფერია, თუ არა - საყოველთაო აღიარება. წერის დაწყებიდან ორი ათწლეულის შემდეგ სოროსმა მკვეთრი ნახტომი გააკეთა და, როგორც მოაზროვნემ, საყოველთაო ინტერესი დაიმსახურა. ახლა იგი თავს „ვერშემდგარ ფილოსოფოსად“ აღარ მიიჩნევს. სოროსის აზრით, სწორედ ესაა მისი უდიდესი მიღწევა.

„ეს იმით აიხსნება, რომ მოკვდავები ვართ და უკვდავება გვწადია, - თქვა მან, - ამიტომაც ცდილობს ადამიანი, შექმნას რაიმე, რაც მის შემდეგ დარჩება. ისტორია გვიჩვენებს, რომ ფული და ქონება მარადიული არაა. უკვდავებას წამით მხოლოდ იმ შემთხვევაში ეზიარები, თუკი ისეთ მხატვრულ ან ფილოსოფიურ ქმნილებას დატოვებ, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს.“

15 54 ნაბიჯით უკან

▲ზევით დაბრუნება


ჟურნალისტური გამოძიება

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება
ავტორი: ნინო ზურიაშვილი
ილუსტრაცია: კახა დოლიძე

ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება ეხება 11 ტელევიზიის ისტორიას, რომელთა თავდაპირველ მფლობელებსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ენაცვლებოდნენ. ტელევიზიებმა, რომლებმაც მფლობელის შეცვლაზე უარი განაცხადეს, ლიცენზია დაკარგეს.

ჩვენი, ხელისუფლების საქმე არ არის ჟურნალისტთა კორპუსში ჩარევა, პირიქით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, იყოს მეტი არხი და გადაცემა. საქართველოს პრესა და მედია რომ არა, რევოლუცია არ მოხდებოდა. მედია რომ არა, საქართველო ვერ განვითარდებოდა; თქვენი წესიერება და პატიოსნება რომ არა, ჩვენ ვიქნებოდით ჩვეულებრივი ჭაობი. ჭაობში დებატები არ ხდება - მარტო ბაყაყები ყიყინებენ; მაგრამ ჭაობი არ ვითარდება, ის ერთ ადგილზე დგას.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

შარშან საერთაშორისო ორგანიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგი, რომელშიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველომ 54 პუნქტით უკან დაიხია. ქართული მედია ნაბიჯ-ნაბიჯ არათავისუფალი მედიის მქონე ქვეყნების სიას მიუახლოვდა მეორე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშებითაც. უკან დახევის პროცესი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მედიის თითქმის ყველა საშუალება მოიცვა. ამ გამოძიებაში ჩვენ მოგიყვებით მხოლოდ იმ 12 ტელევიზიის ისტორიას, რომლებიც ნაციონალური ან თბილისის მასშტაბით მაუწყებლობდნენ. ტელევიზიების მფლობელები დღეს აცხადებენ, რომ მათ საკუთრება ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ძალადობის, შანტაჟის და მოტყუების გზით დაათმობინეს. მათი ნაწილი, წლებია, სამართლებრივი გზით ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, მაგრამ სასამართლო პროცესებს ბოლო არ უჩანს.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2

2003 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ინტენსიური გაშუქება და მიტინგების პირდაპირ ეთერში გადაცემა ვარდების რევოლუციით დამთავრდა. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“ ამ პროცესებში თავად იყო მხარე და არა მედია. „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ მფლობელები მალევე მიხვდნენ, რომ ხელისუფლება მათგან დღითი დღე უფრო მეტს მოითხოვს და წნეხს აძლიერებს, ყველაზე პოპულარული ტელევიზია კი მაყურებლის ნდობას ნელ-ნელა კარგავს. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა იფიქრეს, რომ ტელევიზიის გადარჩენის შანსი მის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა იქნებოდა.

„რუსთავი 2“-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის სამთავრობო რეზიდენციაში მიიპატიჟა, სადაც მას პრეზიდენტთან ერთად ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი დახვდა. ივანიშვილი მზად იყო, „რუსთავი 2“-ის მფლობელებისგან გამოესყიდა საკონტროლო პაკეტი, რომელიც შემდგომ საჩუქრად უნდა გადაეცა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებისთვის და ჟურნალისტებისთვის. ივანიშვილი ამავე დროს ფარავდა „რუსთავი 2“-ის ბიუჯეტის დეფიციტს, ხურავდა „მეცხრე არხს“ და მის კუთვნილ ტექნიკას და სიხშირეებს „რუსთავი 2“-ს გადასცემდა.

ივანიშვილს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა: გარიგებაში მისი მონაწილეობა საიდუმლო უნდა ყოფილიყო. ამ გარიგების შესახებ მხოლოდ სამმა მხარემ იცოდა: სააკაშვილმა, კიწმარიშვილმა და თავად ივანიშვილმა. მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც, ეროსი კიწმარიშვილის თქმით, „ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებიდან გაქრა“. „რუსთავი 2“-ს „მეცხრე არხის“ ტექნიკა გადაეცა, მაგრამ წილის გამოსყიდვა ჩაიშალა. მიზეზი, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, როგორც ამბობს, მოგვიანებით შეიტყო: ივანიშვილის მთავარი პირობა დაირღვა. საიდუმლო გარიგების შესახებ ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილთან მოხვდა, რომელმაც ამის შესახებ ივანიშვილს შეატყობინა. დღეს კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა თავად ჩაშალა ეს გარიგება, რადგან მას ეს სქემა ხელს აღარ აძლევდა.

ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ეროსი კიწმარიშვილი მთავრობის უმაღლეს ეშელონებს დაუმეგობრდა, თანდათან დაუპირისპირდა თავის უახლოეს მეგობრებს და დიდი ხნის ბიზნესპარტნიორებს. ამით ხელისუფლებას მნიშვნელოვნად გაუადვილდა ტელევიზიაში მფლობელთა ჩანაცვლების პროცესის განხორციელება.

მაშინ ქართული პრესა წერდა, რომ მთავრობამ ეროსი კიწმარიშვილის ფირმა „ჯორჯიან ტრანზიტს“ ექსკლუზიურად შესთავაზა შუამავლობა როგორც რკინიგზასა და გადამზიდავ ფირმებს შორის, ასევე, ბათუმის ნავთობტერმინალსა და გადამზიდავებს შორის (ასეთი საშუამავლო ფირმის წლიური შემოსავალი დაახლოებით 15 მილიონ დოლარზე მეტია), რის სანაცვლოდაც, ის „რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე დაითანხმა.

იმ მომენტისთვის ჯარჯი აქიმიძესთან და დავით დვალთან გამართული მოლაპარაკება წილის დათმობასთან დაკავშირებით უშედეგოდ მთავრდებოდა. ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის გაკოტრების პროცესი წამოიწყო, რაც პარტნიორებზე ზემოქმედების მექანიზმი აღმოჩნდა. რატომ და რის სანაცვლოდ დათანხმდა ერთი მესამედის მფლობელი პარტნიორი გაკოტრების სქემის გამოყენებას მთავრობას, აქიმიძის და დვალის აზრით, ეს როგორც სამართლებრივი ისე ზნეობრივი განსჯის საგანია.

2004 წლის 8 ივნისს „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის გაკოტრების საქმის დაწყების თხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლომ 11 ივნისს გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება (რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა) კიწმარიშვილმა იმავე დღეს საკუთარი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

გაკოტრების საფუძველი იყო კომპანიის მხრიდან სახელმწიფოსა და კომერციული ბანკების მიმართ 9 მილიონი დავალიანება.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ „გაკოტრებამდე ორი თვით ადრე ეს ვალი არ არსებობდა.“ დღეს ეროსი კიწმარიშვილიც ადასტურებს, რომ ვალების „გაბერვა“ მას გაკოტრების საქმის დასაწყებად დასჭირდა. კანონის მიხედვით, გაკოტრების დაწყების შემდეგ კომპანიის მფლობელები გადაწყვეტილების მიღების უფლებას კარგავენ. ამ შემთხვევაშიც, „რუსთავი 2“-ის მფლობელები ვეღარ ჩაერეოდნენ კომპანიის მართვაში და არსებობდა საფრთხე, რომ დაკარგავდნენ არა მხოლოდ ტელევიზიას, არამედ ქონებასაც, რომლითაც ტელევიზიის კრედიტები იყო უზრუნველყოფილი. ეს ქონება იყო „რუსთავი 2“-ის მფლობელთა საცხოვრებელი სახლები და მათი საერთო ბიზნესი - ინტერნეტ პროვაიდერი „ჯორჯია ონლაინი“.

„ჩემი განცხადების მომენტიდან მათი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. პრაქტიკულად, კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, და ეს კეთილი ნება ხელისუფლების ხელში იყო. მათ ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე დღეში აყენებდა. თუ ხელისუფლებას მოუნდებოდა, ისინი დაკარგავდნენ ყველაფერს,“ - აცხადებს დღეს კიწმარიშვილი.

ჯარჯი აქიმიძე განმარტავს: „მთავრობას სურდა, რომ მე და დათო დვალს საკონტროლო პაკეტი დაგვეთმო. ეს მოლაპარაკებები მაშინ დასრულდა, როდესაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა და 30%25-ით მეწილემ არხი გაკოტრებულად გამოაცხადა. ფაქტობრივად, ამის შემდეგ იძულებულები გავხდით, რომ დაგვეთმო ჩვენი 60 პროცენტი, საკონტროლო პაკეტი და წილი გადაგვეფორმებინა ქიბარ ხალვაშისათვის, რომელიც პირველად გავიცანით ხელშეკრულების გაფორმების დროს ცნობილი ნოტარიუსის გინტურის ბიუროში.“

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სხვა მიზეზებით ხსნის: 2004 წლის პირველ ივნისამდე ხელისუფლებამ საგადასახადო ამნისტია გამოაცხადა. კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ, სხვების მსგავსად, მასაც შავი ბუღალტერია ჰქონდა. ამნისტიის ვადის ამოწურვამდე საგადასახადო დავალიანების აღიარება და ჩამოწერა კი ბიზნესის გათეთრების შანსს იძლეოდა. კიწმარიშვილი ამბობს, რომ მას ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი სქემა შესთავაზა. „მე, ზოგადად, ვცდილობდი ბიზნესის ლეგალიზაციას, ადეიშვილმა, ჩუბინიშვილმა და სააკაშვილმა კი ამ ტალღაზე თავისთვის სასარგებლო სქემა შექმნეს,“ - ამბობს ეროსი კიწმარიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიწმარიშვილის სხვადასხვა ბრალდებას „ნიუიორკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე სიტყვით პასუხობს: „ეროსისთვის მთავარი ფულია.“

„რუსთავი 2“-ის მფლობელთა თავდაპირველი ჩანაცვლების ქრონოლოგია ასე გამოიყურება: 2004 წლის 11 ივნისს გაკოტრების საქმე დაიწყო. 16 ივნისს 30-30%25-ის მფლობელებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა წილები დათმეს. 25 ივნისს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის საჩივრის საფუძველზე, მოსამართლე მამუკა ნოზაძემ გაკოტრების საქმე შეწყვიტა. 28 ივნისს საკუთარი 30%25 ეროსი კიწმარიშვილმაც გაყიდა და ტელევიზია ახალ პატრონს ჩაბარდა.

ახალი პატრონი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის პირადი მეგობარი ქიბარ ხალვაში იყო. ის ტელევიზიის 90 პროცენტის მფლობელი გახდა. ხალვაში ამ გარიგების დეტალებს ასე იხსენებს: „მე მედია ბიზნესში მოვხვდი, რადგან ხელისუფლება თვლიდა, რომ მედია საჭირო იყო ხელისუფლების გასამყარებლად. ხელისუფლებიდან დამიკავშირდა ხალხი და მკითხეს, ხომ არ მაინტერესებდა და ხომ არ დავკავდებოდი ამ ბიზნესით. განვიხილე ეს წინადადება თავისი მხარეებით, მიმზიდველობით, უარყოფითი ნიშნებით და მივიღე დადებითი გადაწყვეტილება. გაყიდვის მიზეზი არ ვიცი - რა იყო და რატომ გადაწყვიტა ამ ხალხმა ბიზნესის მოშორება, მე წილები შევისყიდე“.

ქიბარ ხალვაში არ აზუსტებს, რა გადაიხადა და ვის გადაუხადა ფული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის საკონტროლო პაკეტის შეძენაში. ერთადერთი, რასაც მისი ადვოკატები აცხადებენ, ისაა, რომ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 30%25-იანი წილი 6 მილიონ დოლარად შეიძინა ეროსი კიწმარიშვილისგან.

ეროსი კიწმარიშვილი დღეს მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას საკუთარი ქონების გაყიდვისათვის ქიბარ ხალვაშისაგან არც ერთი თეთრი არ აუღია, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად კი, მისი 30%25-იანი წილი 50 ათას ლარად გაიყიდა. ის ამბობს, რომ ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის ბიზნესწარმომადგენელზე გადააფორმა. არგუმენტის გასამყარებლად კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ხალვაშზე გადაფორმდა „ახალი ქსელებისთვის“ წართმეული შენობა, რომელშიც დღეს ნაც. მოძრაობის მთავარი ოფისია განთავსებული. ჩვენ გადავამოწმეთ რეესტრის ამონაწერი და ვარდების რევოლუციის შემდეგ შენობის მეპატრონეთა შორის მართლაც ჩნდება ქიბარ ხალვაშის სახელი.

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ის ტელევიზიის მფლობელი გახდა, თავადაც ერეოდა „ნიუსრუმის“ საქმიანობაში და საინფორმაციოს თანამშრომლებს მოუწოდებდა, ხელისუფლების შესახებ მიღებული უარყოფითი ინფორმაცია შეემსუბუქებინათ. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ქიბარ ხალვაშის ტელევიზიაში გამოჩენის შემდეგ დაიხურა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთადერთი გადაცემა „60 წუთი“. დღეს ის ამბობს, რომ ხელისუფლება ხშირად ერეოდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და ჩარევის კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს: „ერთ-ერთი მაგალითი იყო მოჭიდავეების ცნობილი საქმე, როდესაც მიმდინარეობდა აქცია ქუჩაში. უშუალოდ პრეზიდენტისაგან და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, გიგი უგულავასაგან მივიღე შენიშვნა, თუ რატომ ვაჩვენებდით ამ აქციას პირდაპირ ეთერში. მართალია, „რუსთავი 2“-ის რედაქცია ცდილობდა, მძიმე ინფორმაცია შეემსუბუქებინა, მაგრამ ჟურნალისტებს პროფესიული თვისებები არ აძლევდათ იმის უფლებას, რომ ინფორმაცია აბსოლუტურად იგნორირებული ყოფილიყო. ამის გამო, უშუალოდ პრეზიდენტისგან მაქვს მიღებული შენიშვნა, რომ მე მქონდა სამსახურში „ბარდაკი“ და ვიყავი ქვეყნის მტერი.

გიორგი არველაძის მეშვეობით და ყურში ამბის მიტანით - რომ მე არ მექვემდებარებიან და არ მემორჩილებიან - იყო მუდმივი წუწუნი, საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმიანობასთან დაკავშირებით. პიროვნებების მიმართ გაუჩნდათ მტრობა, მიდიოდა მოსმენა, ჟურნალისტების და ადმინისტრაციის დევნა.

2006 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა მითხრა, რომ უნდა შემეცვალა დირექტორი, რასაც წინააღმდეგობა გავუწიე. ეს 3 თვე გაგრძელდა. იმისათვის, რომ კონფლიქტი ჩამექრო, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა ტაბატაძეს ვთხოვე, გადამდგარიყო და სამსახურიდან წასულიყო.

დასასვენებლად ვიყავი. დაახლოებით 2006 წლის 15-16 აგვისტოს დამიკავშირდა პრეზიდენტი და მითხრა, რომ ჩემ მიერ მოწყობილი „ვაკჰანალია და ბარდაკი“ უნდა დამელაგებინა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთა კოლექტივი დამერწმუნებინა იმაში, რომ ბოიკოტი არ გამოეცხადებინათ ნიკა ტაბატაძის სამსახურიდან გადაყენების გამო. ამისათვის პირადად გამოგზავნა ერთ-ერთი კომპანიის თვითმფრინავი და თბილისში ჩამოვედი. შევხვდი „რუსთავი 2“-ის კოლექტივს, ვთხოვე, რომ ეს პროცესები გადაგვედო ცოტა ხნით, გადაწყვეტილება ცოტა უფრო გვიან მიგვეღო. ავუხსენი ზედა რგოლს, თუ რა იყო პრობლემა - რომ საერთოდ მუშაობის საშუალება აღარ მოგვეცემოდა. კოლექტივი დავითანხმე და 2 დღის შემდეგ ისევ იმ თვითმფრინავით დამაბრუნეს ჩემი დასვენების ადგილზე.“

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკიდან წასვლის დღეს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში თავისი წილი დათმო. ამ მომენტამდე მისი წილები მედიაბიზნესში ასე გამოიყურებოდა: ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - 78%25, ტელეკომპანია „მზე“ - 78%25.

„2006 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, როდესაც ოქრუაშვილმა გამოაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრობიდან გადადგა, იმავე დღეს პრეზიდენტმა კანცელარიაში თავისთან კაბინეტში სალაპარაკოდ მიმიწვია და მთხოვა, რომ გზად შემევლო არველაძესთან. როდესაც შევუარე, არველაძემ მითხრა: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შენ, ბეჟუაშვილი (საუბარია ნაციონალური მოძრაობის წევრზე, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილზე ავტ.) და ვიღაც პიროვნება იქნებით კომპანიების მფლობელები და ჩვენ ტელეკომპანიების გაერთიანებაში (საუბარია „რუსთავი 2“-ზე, „მზე“-ზე ავტ) შემოვიდოდა მესამე კომპანია - „პირველი სტერეო“. მე ვუთხარი, რომ მათემატიკაში ალბათ ძალიან უჭირდათ, რადგან „პირველი სტერეოს“ შემოერთების შემთხვევაში, წილების გადანაწილება არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მე მხოლოდ 45%25 დამრჩენოდა. „პირველი სტერეოს” ღირებულება იმდენი არ იყო, რომ ჩემი წილი 45%25-მდე დაწეულიყო. ავუხსენი, რომ მობეზრებული მქონდა მათგან შენიშვნების მიღება და გიორგი არველაძეს ვუთხარი, რომ მას არავინ ეკითხებოდა, რა მეყიდა და რა გამეყიდა. ეს საქმიანობა მისი თხოვნით არ დამიწყია და არ ვაპირებდი მასთან ურთიერთობის გაგრძელებას. ეს იყო ჩემი ბოლო შეხვედრა არველაძესთან. დაახლოებით საათ-ნახევარში 50 ზარზე მეტი შემოვიდა კანცელარიიდან. როდესაც ბრაზი მოვინელე, გადავწყვიტე, მეპასუხა. მითხრეს, - პრეზიდენტი გელოდებაო. ჩვენი შეხვედრა ღამის 23.30-ზე შედგა. თუ არ ვცდები, პარასკევს. პრეზიდენტმა მითხრა, - ტელევიზია თუ არა, ფინანსთა მინისტრობა ხომ არ გინდაო. ეს ხუმრობა იყო. ამის შემდეგ მკაფიოდ მიმითითეს იმაზე, რომ თუ ტელევიზიის წილს დავთმობდი, ხელშეწყობა მექნებოდა სახელმწიფოს მხრიდან.“

ქიბარ ხალვაშის ბრალდებებზე ასეთ კომენტარს აკეთებს თბილისის მერი გიგი უგულავა: „ჩვენ არ გვაინტერესებს ორი კერძო პირის დავა. რაც შეეხება კიწმარიშვილის და ქიბარ ხალვაშის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ერეოდა ტელევიზიების საქმიანობაში რაიმე ფორმით, ეს სიმართლეს არ შეეფერება.“

ქიბარ ხალვაშის წასვლის შედეგ მისი წილის მფლობელი შპს „გეო-ტრანსი“ გახდა. ერთი თვის შემდეგ „რუსთავი 2“-ის 45%25 ნაციონალური მოძრაობის წევრის, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის ინდუსტრიულ ჯგუფს ერგო, ხოლო 55%25 ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებულ ფირმას - „დელგადო რესურსს“. კიდევ ორი თვის შემდეგ, 2007 წლის 2 თებერვალს „რუსთავი 2“-ის 55%25-ს ამჯერად მარშალის კუნძულებზე დაფუძნებული ფირმა „გეომედია გრუპი“ დაესაკუთრა. ორივე ფირმა ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა ნაწილის რეალური ვინაობა დაფარულია. ბოლო ცვლილება კომპანიის დამფუძნებლებში რამდენიმე თვის წინ შევიდა. დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 30%25 ეკუთვნის კომპანიის დირექტორს და კომპანია „მაგი სტილის“ დამფუძნებელს ირაკლი ჩიქოვანს, 40%25 - „გეომედია გრუპს“ და 30%25 - ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“.

ტელეკომპანია მზე

ტელეკომპანია „მზე“ 2002 წელს ზურაბ ზედგენიძის, ლევან ყუბანეიშვილის, კახი ბექაურის და ელდარ მდინარაძის მიერ დაფუძნდა. მოგვიანებით ტელევიზიის 15%25 ვანო ჩხარტიშვილმა შეისყიდა. ვანო ჩხარტიშვილი იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი და პარტნიორი იყო. ამასთან პატარკაციშვილი ერეკლე კოდუასთან ფარულ ჩანაწერში თავად აცხადებს, რომ „მზე“ მისი საკუთრება იყო. 2004 წლიდან „მზის“ მეპატრონე პარლამენტარი და ნაცმოძრაობის წევრი დავით ბეჟუაშვილი ხდება. 2005 წლიდან ტელეკომპანიები „მზე“ და „რუსთვი 2“ ერთიანდებიან და „მზის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

ქიბარ ხალვაში ამ პროცესს ასე იხსენებს: „2005 წელს მე და დავით ბეჟუაშვილმა გავცვალეთ ტელეკომპანიების წილები - მე შევისყიდე „მზის“ 78 პროცენტი და დავთმე „რუსთავი 2“-ის 22 პროცენტი. ამ ტელევიზიების გაერთიანება და საერთო სტრატეგიით მუშაობის გეგმა სახელისუფლებო წრეებიდან მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ წამგებიანი ბიზნესი იყო და მე აღარ მქონდა სურვილი მეორე ტელევიზიის ტვირთი ამეღო, ეს მაინც მოხდა, რადგან ეს მოთხოვნა და ზეწოლა ხელისუფლებიდან მოდიოდა. წილების გაცვლის მიზეზი კი ის იყო, რომ ბეჟუაშვილი აღარ ითვლებოდა სანდო პარტნიორად სახელმწიფო მშენებლობაში.“

ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ქიბარ ხალვაში ტოვებს წილს. ოფშორული კომპანია „გეომედია გრუპი“ და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ზუსტად ისეთივე პროპორციით იყოფენ წილებს, როგორც „რუსთავი 2“-ში - 55%25 და 45%25.

ტელეკომპანია პირველი სტერეო

ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ გასართობ გადაცემებს უშვებს. თუმცა მას ჰქონდა საერთო საეთერო ლიცენზია, რაც არ გამოუყენებია. მოგვიანებით მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის ლიცენზიის მოდიფიცირების შედეგად „პირველ სტერეოს“ გასართობი გადაცემების მომზადების უფლება დაუტოვა. ტელეკომპანიის დამფუძნებლებში ცვლილება 2006 წელს მოხდა. დამფუძნებლები იყვნენ: დავით ზილფიმიანი და რამდენიმე ფიზიკური პირი. მფლობელების ცვლილების შემდეგ ტელეკომპანიის 65 პროცენტის მფლობელი „ჯი-აი-ჯი“ ანუ დავით ბეჟუაშვილი გახდა.

ტელეკომპანია 202

ტელეკომპანია „202“-ის პრობლემები მისი მფლობელების შალვა რამიშვილის და დავით კოხრეიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. ტელეკომპანია „202“ „ტვ-33“ სიხშირეზე მაუწყებლობდა. სიხშირის მფლობელმა ვაჟა კილაძემ წილი გერმანელ ალტენბურგს მიჰყიდა. ალტენბურგმა პროგრამების განახლება გადაწყვიტა. სხვადასხვა სტუდიასთან ერთად გადაცემების პრეზენტაციაც გამართა, თუმცა ორ კვირაში მან სიხშირე გაყიდა. ამის შემდეგ „ტვ 33“-ს სახელი შეეცვალა და გახდა ტელეკომპანია „საქართველო“. ტელევიზიამ მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 2008 წლის 2 თებერვალს „საქართველოს“მფლობელი გიორგი გეგეშიძე გახდა, რომელიც ამავე დროს სარეკლამო კომპანია „მაგი სტილის“ დამფუძნებელია.

ტელეკომპანია ევრიკა

ტელეკომპანია „ევრიკა“ კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ფრიდონ ინჯიას და მისი თანამშრომლის ოთარ ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. დამფუძნებლებში ჩანს ნაირა კვესელავა - ინჯიას მეუღლე, ილია ინჯია - ვაჟი და ოთარ ჩხარტიშვილი. „ევრიკამაც“ სხვა ტელევიზიების ბედი გაიზიარა. ჯერ საერთო ლიცენზია სპეციალიზებულ ლიცენზიად გადაუკეთეს, ხოლო შემდეგ, 2008 წლის 2 თებერვალს (იმავე დღეს, რა დღესაც ტელეკომპანია „საქართველოს“ წილი გადაიფორმა) ტელევიზიის მფლობელებში გიორგი გეგეშიძის გვარი ჩნდება. გეგეშიძის კუთვნილი წილი, როგორც წესი, 51%25-ია. 49%25 ყოფილ მფლობელებს დარჩათ.

ტელეკომპანია საქართველოს ხმა

ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“ პროფკავშირების შენობაში იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც ამ შენობის მერიისთვის დათმობა გადაწყდა, „საქართველოს ხმას“ სხვა შენობაში გადასვლა მოუხდა. მან კომუნიკაციების კომისიას აცნობა, რომ ახალ ოფისში გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ეთერში გასვლას ვერ ახერხებდა. კომისიამ არ გაიზიარა ტელევიზიის არგუმენტები და აღნიშნა, - ტელევიზიას კანონით გათვალისწინებულ ვადაში (3 თვეში) უნდა მოეგვარებინა დემონტაჟთან დაკავშირებული პრობლემები და ამისთვის ტელევიზია 2 წელი არ უნდა გაეჩერებინაო. თუმცა „საქართველოს ხმის“ დირექტორი აცხადებს, რომ მათ ტელევიზია 6 თვით გააჩერეს. ამასთან, კომისიამ გაუფრთხილებლად გაუუქმა ლიცენზია „საქართველოს ხმას“. დღეს საქმეზე დავა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. წაგების შემთხვევაში, ტელეკომპანიის მესვეურები სტრასბურგში ჩივილს აპირებენ.

ტელეკომპანია მე-9 არხი

2004 წლის პირველ აპრილს ტელეკომპანია „მე-9 არხი” დაიხურა. მისი ფაქტობრივი და ერთადერთი მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო. 2005 წელს მთელი ტექნიკა „მეცხრე არხიდან“ „რუსთავი 2“-ში გადაიტანეს. ტელევიზია, 4 წელია, არ მუშაობს, თუმცა მას მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია არ ჩამოართვა. ჩვენ კითხვით მივმართეთ კომისიას, რაზეც გვიპასუხეს, რომ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის სანქცია. დღეს „მე-9 არხის“ 100%25-იანი მეპატრონე არის ირაკლი ჩიქოვანი - „მაგი სტილის“ დამფუძნებელი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი.

ტელეკომპანია ალანია

ტელეკომპანია „ალანია“ 2005 წლიდან მაუწყებლობს ეთერში, ოღონდ ისე, რომ მას, როგორც ტელეკომპანიას, არც ორგანიზაციული ფორმა ჰქონია და არც მაუწყებლობის ლიცენზია.

ტელეკომპანია „ალანიას“ ეთერში გაშვებიდან ორი წლის შემდეგ, 2007 წლის 14 დეკემბერს ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი არველაძეს ჰკითხა, რომელ სიხშირეზე გადიოდა ტელეკომპანია „ალანია“. კომისიის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ „კომისიისათვის უცნობია ამგვარი ტელეკომპანიის არსებობა“.

ამ ტელევიზიას ბევრად უფრო ადრე კარგად იცნობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2007 წლის 23 თებერვალს, არველაძის პასუხამდე 10 თვით ადრე საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საღამოობით „ალანიას“ გადაცემებს უყურებს.

„არის ასეთი ტელევიზია „ალანია“. მე ვუყურებ ხოლმე საღამოობით და უყურებს ცხინვალის მოსახლეობის 90%25. ეს ვიცით ყველანაირი გამოკითხვებით; ყველაზე პოპულარულია მუსიკალური შოუ, ჰქვია „მაშა ი გოშა“ და იქ აჩვენებენ მუსიკალურ კლიპებს; საღამოობით მაყურებელი რეკავს, მე მოვისმინე ერთხელ დარეკა ერთმა ცხინვალიდან...“

„ალანია“, როგორც შპს, დაფუძნდა 2007 წლის ივლისში, ანუ პრეზიდენტის განცხადებიდან 7 თვის შემდეგ. ხოლო უფლება მაუწყებლობის შესახებ მან მოიპოვა 2008 წლის 16 მაისს, ანუ მაუწყებლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ. 3 წლის მანძილზე „ალანიას“ უყურებდა მთელი საქართველო, ცხინვალის ჩათვლით, მაგრამ ამ კომპანიის არსებობას ვერ ამჩნევდა მარეგულირებელი კომისია. ტელეკომპანია „ალანია“ 2007 წლიდან გაზეთ „ტე-ვე პროგრამაში“ მთელი კვირის პროგრამებსაც აქვეყნებდა, მაგრამ ის მაინც უჩინარი რჩებოდა კომისიის წევრებისთვის.

სტუდია „მონიტორის“ კითხვაზე, ჩაატარა თუ არა მონიტორინგი შესაბამისმა სამსახურმა, მათ გვიპასუხეს, რომ „მონიტორინგის სამსახურის წინაშე არ დასმულა ამოცანა ტელეკომპანია „ალანიას“ სატელევიზიო სიგნალების შემოწმების თაობაზე. აქედან გამომდინარე, არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული.“

რადიო „უცნობთან“ ინტერვიუში კომუნიკაციების კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა „ალანიასთან“ დაკავშირებით განაცხადა: „სტუდია „ალანია“ თავის სამაუწყებლო პროდუქციას კაბელის მეშვეობით ავრცელებდა. საკაბელო ქსელის ოპერატორები არიან „აიეტი“, „გლობალ ერთი“ და მრავალი სხვა. მაგრამ ის არ ითვლებოდა მაუწყებლად. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება. ჩემთან, როგორც იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, არც ერთი დოკუმენტი არ არის შემოსული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია „ალანიას“ რაიმე რადიოსიხშირული რესურსი ჰქონდა დაკავებული უკანონოდ.“

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით (კომუნიკაციების კომისიის განმარტებით), თუ სტუდია საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით ავრცელებს თავის პროგრამებს, მას მაინც სჭირდება ლიცენზია და ამის მაგალითია სტუდია „მაესტრო“.

თუმცა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, რომ „ალანიას“ უყურებს ცხინვალის მოსახლეობის 95%25. ეს ვიცით ყველანაირი გამოკითხვებით, დადგეს დიდი ჩამხშობები და ყველაზე ინტენსიურად ახშობენ, მთელ „ალანიას“ ახშობენ და ყველაზე მეტად ახშობენ ამ შოუს „მაშას და გოშას.“ ნიშანდობლივია, რომ ვერც ერთი საკაბელო ტელევიზია ცხინვალის რეგიონს ჯერჯერობით ვერ ფარავს. ამასთან, ჩახშობა შესაძლებელია მხოლოდ საეთერო სიგნალის და არა საკაბელო ტელევიზიის.

ტელეკომპანია „ალანია“ დღეს იმ სიხშირეზე მაუწყებლობს, რომლის გამოყენების უფლებაც ერთ დროს ტელეკომპანია „ობიექტივს“ ჰქონდა.

ტელეკომპანიები ობიექტივი და იბერია

ტელეკომპანია „ობიექტივი“ 2001 წელს შეიქმნა, №499-ე ლიცენზია მოიპოვა და 35-ე არხზე დაიწყო მაუწყებლობა. ძირითადად მხატრვულ ფილმებს უშვებდა. მისი 100%25 მეწილე ქეთევან ასათიანი იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი წარმომადგენელი საქართველოში და ტელევიზიის ტექნიკური დირექტორი მიშა აგლაძე ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაიბარეს და, როგორც თავად აცხადებს, უთხრეს, - შეიძლება პრობლემები შეგექმნას და ლიცენზია გაგიუქმოთო.

მალევე მას ვინმე დავით კაკაურიძე დაუკავშირდა და უთხრა : „მე მსურს თქვენი მეწილე გავხდე, თქვენ ყველა პრობლემა მოგეხსნებათ თუ სანაცვლოდ დაგვითმობთ აქციების 50%25-ს.“

დავით კაკაურიძე პროფესიით სტომატოლოგია. აღმოჩნდა, რომ ის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის დიმიტრი ქიტოშვილის კარის მეზობელია.

ხელშეკრულება 2004 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს გინტურის ოფისში გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, დავით კაკაურიძეს ასათიანი 50 პროცენტს უთმობდა. ტელეკომპანიის საფასურად 10 000 ლარია მითითებული. ხელშეკრულებაში არ არის აღნიშნული, რომ კაკაურიძეს ამ თანხის გადახდა ევალებოდა. ის თანხის გადახდას სიტყვიერად დაჰპირდა მფლობელებს. ორი კვირის შემდეგ მიშა აგლაძეს დავით კაკაურიძე ისევ დაუკავშირდა და კიდევ ერთი პროცენტის დათმობა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა. ერთი პროცენტის გადაფორმება მოგვიანებით ისევ ნოტარიუს გინტურთან მოხდა.

(2004 წელს, დავით კაკაურიძეზე კიდევ ერთი - ტელეკომპანია „იბერიის“ 25%25-იც გადაფორმდა. „იბერიას“ მფლობელს, ზაზა ოქუაშვილს ჯერ საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესი გაუჩერეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს; შემდეგ კი საპროცესო ხელშეკრულება გაუფორმეს და მილიონების საფასურად გაათავისუფლეს. ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა, რის გამოც, კომუნიკაციების კომისიამ მას ლიცენზია ჩამოართვა.)

2007 წლის 18 დეკემბერს „ობიექტივის“ 100%25 წილის ყოფილმა მფლობელმა საქმე სასამართლოში შეიტანა. მიშა აგლაძე ამბობს, რომ კაკაურიძემ კონტრაქტში მითითებული ღირებულება არ გადაიხადა. ქეთევან ასათიანი დავით კაკაურიძისთვის 51 პროცენტის წილის დათმობის ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვს, როგორც უკანონო და ძალადობრივის. სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დანიშნულა. 2007 წლის სექტემბერში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. ამავე საქმეში დიმიტრი ქიტოშვილიც გაასამართლეს - მან აღიარა, რომ წილი გამოსძალა კომპანია „ჯეოსელის“ ერთ-ერთ მესაკუთრეს. ეს მოვლენები ქართულ მასმედიაშიც ცვლელებების მიზეზი ხდება. კაკაურიძემ კუთვნილი 51 პროცენტი 2007 წლის 13 სექტემბერს სასწრაფოდ ვინმე ნოდარ ჭარხალაშვილს აჩუქა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ ქონების გადაცემა მოხდა უკანონოდ: „როცა კაკაურიძემ ჭარხალაშვილს ჩუქებით გადასცა თავისი კუთვნილი წილი, მაშინ, მოქმედი წესდების თანახმად, ამისათვის აუცილებელი იყო 60%25 მქონე პარტნიორის გადაწყვეტილება. იმ დროისათვის კაკაურიძე იყო 51%25-იანი წილის მფლობელი, ხოლო ქალბატონი ასათიანი იყო 49%25-იანი წილის მფლობელი. ამიტომ 51%25-იანი წილის მფლობელ კაკაურიძეს საკუთარი წილი არ ჰყოფნიდა გადაწყვეტილების მისაღებად და, მხოლოდ თავისი ნების საფუძველზე, ამ წილს ვერ გადასცემდა ვერავისთვის ჩუქების სახით. შესაბამისად, ეს არ არის კანონიერი გადაწყვეტილება.“

მოგვიანებით კი ჭარხალაშვილმა ის 51 პროცენტი ვინმე კვირიკაშვილს მიჰყიდა. კვირიკაშვილმა კი სახელმწიფოს მიმართა, რომ „ობიექტივის“ ლიცენზია სიხშირის მართვის შესახებ უკან დაებრუნებინა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა 2004 წელს დაწყებული დავა კაკაურიძესა და ასათიანს შორის წილის უკან დაბრუნების თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ასათიანის წარმომადგენელმა ლიცენზიის დაყადაღება მოითხოვა, მაგრამ სასამართლოსგან უარი მიიღო.

ეს ლიცენზია სახელმწიფომ მოკლე ხანში ტელეკომპანია „ალანიას“ მიაკუთვნა.

კაკაურიძემ - ჭარხალაშვილს, ჭარხალაშვილმა - კვირიკაშვილს, კვირიკაშვილმა - სახელმწიფოს. რატომ დაუბრუნა ძვირად ღირებული ლიცენზია ტელევიზიის მფლობელმა თავისი ნებით სახელმწიფოს?

დღეს 35-ე დეციმეტრულ არხზე, რომლის გამოყენების უფლებაც „ობიექტივს“ ეკუთვნოდა, ტელეკომპანია „ალანია“ მაუწყებლობს, რომლის დამფუძნებელი და 100%25-იანი წილის მფლობელია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ოპერატორი და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანასოფლელი, მამუკა თათოშვილი.

მაშინ, როდესაც ტელეკომპანია „ალანია“ 3 წელიწადს უკანონოდ მოპოვებულ არხზე მაუწყებლობდა, სახელმწიფოსგან ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, ტელეკოპანია „ევროპა“ ჯერ სპეცოპერაციის ობიექტი გახდა, შემდეგ კი ეთერიდან გაქრა, იმის გამო, რომ ორი დღის განმავლობაში კანონის დარღვევით მაუწყებლობდა.

ტელეკომპანია ევროპა

ტელეკომპანია ევროპა „ქვემო ქართლის ტელეკომპანიის“ ორად გაყოფის შედეგად წარმოიქმნა და მას თბილისზე მაუწყებლობის ლიცენზია ერგო წილად. „ევროპის“ მთავარი მეწილე მოსკოველი ბიზნესმენი თეიმურაზ შენგელია გახდა.

ტელეკომპანია ხელშეკრულებით „ევრონიუსის“ ინფორმაციებს უშვებდა, უახლოეს მომავალში კი საკუთარი საინფორმაციო გადაცემის გაკეთებასაც გეგმავდა.

2004 წლის 12 აგვისტოს ტელეკომპანია „ევროპამ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ოფიციალურად შეტყობინა, რომ იმ დღიდან მაუწყებლობას 38-ე არხზე იწყებდა. მეორე დღეს, 13 აგვისტოს კი კომუნიკაციების კომისიამ, რომელსაც დიმიტრი ქიტოშვილი ხელმძღვანელობდა, „ევროპის“ წინააღმდეგ ლიცენზიის შეჩერების თაობაზე საქმე აღძრა. ერთ თვეში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ევროპას“ ლიცენზია გაუუქმა. საფუძველი იყო ის, რომ 18-19 აგვისტოს „ევროპას“ შეწყვეტილი ჰქონდა ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობდა.

ანძის მფლობელი შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილი ადასტურებს, რომ, ტექნიკური მიზეზის გამო, კომპანიის მხრიდან მაუწყებლობის 2-დღიანი შეჩერება მოხდა და არა საქმიანობის შეწყვეტა. თუმცა კომისიამ ეს წერილი არ გაითვალისწინა. ტელეკომპანია „ევროპამ“ კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა არ დააკმაყოფილეს ტელეკომპანიის სარჩელი და არ გააუქმეს კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და საქმე ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში დააბრუნა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიას მაუწყებლობის ავტომატურად აღდგენის უფლებას არ აძლევდა, თუმცა ტელეკომპანია „ევროპის“ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მათ უფლება ჰქონდათ, ეთერში ისევ „ევრონიუსის“ რეტრანსლაცია გაეშვათ და 2005 წლის 28 და 29 ნოემბერს ისინი ეთერში გავიდნენ. კომუნიკაციების კომისიიდან მათ მიაკითხეს და აუხსნეს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მაუწყებლობის განახლების უფლებას არ აძლევდათ და მათაც იმავე დღეს გამორთეს ეთერი. თუმცა პრობლემა ამით არ დამთავრდა.

კომუნიკაციების კომისიის იურისტმა კახი ყურაშვილმა სოდის გამომძიებელს 2005 წლის 30 ნოემბერს შემდეგი ჩვენება მისცა: „ვადასტურებ, რომ შპს „ევროპა“ 2005 წლის 28 ნოემბრიდან არაერთგზის ახორციელებს უკანონო მაუწყებლობას 38-ე არხზე.“ ... „მე, როგორც კომისიის წარმომადგენელმა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე განვიცადე დაახლოებით 50 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.“

რა ზიანზე ლაპარაკობს კახი ყურაშვილი, გაუგებარი რჩება მისი უშუალო განმარტებების შემდეგაც: „ზიანი გამოძიების ორგანომ აითვალა იმ სიხშირის უკანონოდ სარგებლობის ფაქტიდან გამომდინარე, რომელი სიხშირეც იყო დაკავებული ამ ტელეკომპანია „ევროპის“ მიერ უკანონოდ, ულიცენზიოდ და თვითონ ოდენობა განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის პირდაპირპროპორციულად; ანუ კონკურსის წესით, ეს ლიცენზია, ეს სიხშირე რომ გაეცა კომისიას, ეს თანხა იქნებოდა მისი ფასი.“

ჩვენ გადავამოწმეთ ტელეკომპანია „ევროპის“ ლეცენზიის ფასი და აღმოჩნდა, რომ სალიცენზიო გადასახადი 10 წლის მანძილზე „ევროპისთვის“ არის 35 000 ლარი, კომპანია ყოველწლიურად 3, 500 ლარს იხდიდა და 50 000 ლარი საიდან დაითვალა გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში იურისტმა კახი ყურაშვილმა, ცნობილი არ არის.

ამ ჩვენების მიღების შემდეგ სოდ-ს მოქმედების საშუალება მიეცა. ტელეკომპანიის მფლობელთა მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ კი ოფისში სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა: „დაახლოებით 15 კაცი, სოდ-ის თანამშრომლებს ყველას ფორმები ეცვა, სამს კი სამოქალაქო ტანსაცმელი. დააპატიმრეს ჩვენი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლოიდ ჯიქურიძე, დაიწყეს ოთახებში სირბილი, დაბლა იდგა ორი დიდი მანქანა და მიდიოდა აპარატურის ამოღება, დაწყებული სახურავიდან: გადამცემები, რეტრანსლიატორები, ყველაფერი. ყველაზე მეტად სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები აქტიურობდნენ, არჩევდნენ, რა უნდა წაეღოთ. არც ერიდებოდათ, ურეკავდნენ ვიღაცა ალეკოს, - აი, ეს არის, წამოვიღოთ? ჩააწყვეთ, - იტყოდნენ, - და ასე გაიტანეს დაახლოებით 60 ათას დოლარამდე ღირებულების სხვადასხვა აპარატურა,“ - გვითხრა ირაკლი შარაშიძემ.

ტექნიკასთან ერთად წაიღეს ტელეკომპანიის კუთვნილი რამდენიმე ათეული ლიცენზირებული ფილმი. 2006 წლის იანვარში კი ეს ფილმები ტელეკომპანია „ალანიას“ ეთერში ნახა ბატონმა ირაკლიმ. მისივე თქმით, ამოღებული აპარატურაც „ალანიაში“ გადაბარგდა. ტელეკომპანია „ალანიას“ ხელმძღვანელობა უარყოფს ფილმებისა და ტექნიკის მისაკუთრების ფაქტს.

გამოძიების პროცესში ირაკლი შარაშიძე დაკითხვაზე სოდ-ში დაიბარეს და 2004 წელს მის ტელევიზიასაც დაუდგა საკუთრების პრობლემა: „რამდენჯერმე ვიყავი დაკითხვაზე და პირდაპირ დამისვეს სოდ-ში კითხვა. რა ვარიანტია, რომ თქვენი კომპანიის 51%25 გაფორმდეს სხვაზეო. ავუხსენი, რომ გამორიცხულია, რომელიმე ინვესტორმა 25-30 მილიონი ჩადოს საქმეში და 51%25 მისცეს ვიღაც უცნობ პიროვნებას. უარი ვუთხარი, - ეგ გამორიცხულია მეთქი, - და დამანებეს თავი. ეს წინადადება სოდ-ში გამომძიებლებთან ერთად შემომთავაზეს.“

ტელეკომპანიის დირექტორები 25-25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. თემურ შენგელიაზე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, დღემდე ძებნაა გამოცხადებული და, შესაბამისად, საქმე არ შეწყვეტილა. სამოქალაქო საქმე კი ლიცენზიის აღდგენისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება. ტელეკომპანია „ევროპამ“ პირველ და მეორე ინსტანციაში მოუგო პროცესი კომუნიკაციების კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ტელეკომპანია მაესტრო

7 ნოემბრის შემდეგ სტუდია „მაესტრომ“ რამდენიმე პროექტის დაწყება გადაწყვიტა, მათ შორის „პროფესია ჟურნალისტიც“ იყო.

როგორც სტუდიის ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ამბობს, ამის შესახებ მან ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს და იურისტებს ჰკითხა: დაარღვევდა თუ არა კანონს ასეთი გადაცემის ეთერში გაშვების შემთხვევაში.

„ამ გადაცემაში ჩვენ ვაჩვენებდით არა მხოლოდ ინტერვიუს, არამედ ჟურნალისტის მთელ ცხოვრებას. ინტერვიუ იყო ჟურნალისტის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამ სცენარის შესახებ ვუამბეთ და კომისიამ გვიპასუხა, რომ ეს იყო სადავო საკითხი და ასე უცბად ვერ გადაწყვეტდნენ ამას. გვირჩიეს, - თქვენ გააკეთეთ ეს გადაცემა და თუ რამე დარღვევასთან გვექნება საქმე, ჩვენ დაგიკავშირდებით და გეტყვითო. არც მე ვიყავი წინააღმდეგი, რომ შეგვეწყვიტა გადაცემა, თუ კანონდარღვევასთან გვექნებოდა საქმე.“

გადაცემა 4 ჟურნალისტის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა. სიუჟეტის დამთავრების შემდეგ ისინი იღებდნენ ინტერვიუებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან. გადაცემა ეთერში ორ თვეს გადიოდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდია „მაესტროსთვის“ არავის მიუმართავს, რომ კანონს არღვევდა.

„ერთ დღესაც, მოულოდნელად მოგვივიდა ცნობა, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და მოულოდნელად მოგვცეს გაფრთხილება. ჩვენ ეს ამბავი დავუკავშირეთ იმას, რომ ამავდროულად შეტანილი გვქონდა განაცხადი ახალ ლიცენზიაზე. მათ არ სურდათ ახალი ლიცენზიის მოცემა და მოგვცეს გაფრთხილება, რომ შემდეგ ამ ახალ ლიცენზიაზე უარის თქმის საბაბი ჰქონოდათ.“

მამუკა ღლონტმა ახალ ლიცენზიაზე მოთხოვნა კომისიაში დეკემბრის თვეში შეიტანა. კომისიას ამ მოთხოვნის განხილვისთვის ჰქონდა 30-დღიანი ვადა, რომელიც არ დაიცვა და არც პასუხი შეატყობინა „მაესტროს“. 30-დღიანი ვადის დარღვევის შემდეგ, 2008 წლის 20 მარტს „მაესტროს“, გადაცემა „პროფესია ჟურნალისტის“ ეთერში გასვლის გამო, შეეფარდა სანქცია და შემდეგ ეს სანქცია „მაესტროსთვის“ ახალი ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძველი გახდა. ადვოკატი კომისიას ედავებოდა, - მათ კანონით დადგენილ ვადაში მიეცათ პასუხი „მაესტროსთვის“ ლიცენზიის მიცემაზე, ეს სანქცია ვერ იმოქმედებდა (რადგან არ არსებობდა იმ მომენტისთვის) და შედეგიც განსხვავებული იქნებოდა, ანუ „მაესტრო“ ახალ ლიცენზიას მიიღებდაო.

„მაესტრომ“ მარეგულირებელ კომისიასთან სასამართლო პროცესი წააგო. მამუკა ღლონტი, სასამართლოს პარალელურად, ბრძოლის სხვა მეთოდებსაც იყენებდა. მან რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო, შემდეგ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, დააფუძნა ჟურნალისტთა ასოციაცია, გადაიღო კლიპები სიტყვის თავისუფლების თემაზე, შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. დემოკრატიზაციის ახალი ტალღის ფონზე, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ლიცენზია 2008 წლის 3 დეკემბერს ამოქმედდა.

ტელეკომპანია იმედი

2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო სახელისუფლებო გავლენისაგან თავისუფალი ერთ-ერთი ბოლო ტელევიზიის „იმედის“ მესაკუთრეზე შეტევა. იმედი 7 ნოემბრის მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. სპეცსამსახურებმა საღამოს 8 საათისათვის ტელეკომპანია დაარბიეს და მაუწყებლობა გათიშეს.

ჯერ კიდევ ზაფხულში მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იმედის“ დამფუძნებელსა და მესაკუთრეს ბადრი პატარკაციშვილს ხელისუფლებამ, ტელევიზიის სანაცვლოდ, ერთ მილიარდად შეფასებული საქართველოს რკინიგზა შესთავაზა, თუმცა ამ გარიგებაზე პატარკაციშვილმა უარი თქვა. მისი გარდაცვალების შემდეგ „იმედმა“ მფლობელი მაინც შეიცვალა. ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვლისთვის „იმედის“ დამფუძნებელი იყო სააქციო საზოგადოება „იმედია“. „იმედიას“ 65%25 ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოება GMGG-ის, ხოლო 65%25 - შპს „უნივერსალს“. სს GMGG-ის 70%25-ის მფლობელი გიორგი ჯაოშვილი იყო. გიორგი ჯაოშვილი პროკურატურის წინაშე აღიარებდა, რომ სინამდვილეში ის აქციების ნომინალური მფლობელი იყო, საკუთრება კი ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ 2008 წლის თებერვალში მან თავისი წილი ჯოზეფ ქეის იგივე სოსო კაკიაშვილს მიჰყიდა. 2008 წლის დეკემბერში მან გადაფორმების დეტალები პრესკონფერენციაზე გაახმაურა:

„ჩვენ წავედით მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ოფისში, სადაც უკვე ყველა დოკუმენტი გამზადებული იყო ხელმოსაწერად. ნოტარიუსის ეზოში იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ. შიგ შენობაში იმყოფებოდნენ შსს-ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მე მაშინ ვუთხარი, რომ აქციები სასამართლოს მიერ დაყადაღებულია და ეს გარიგება იმთავითვე იქნებოდა ბათილი. ამაზე ნოტარიუსი დამეთანხმა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოიტანეს 19 თებერვლით დათარიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე. მე განვუცხადე ნოტარიუსს, რომ, კომპანიის წესდების მიხედვით, არ მქონდა აქციების გასხვისების უფლება, ვიდრე სხვა აქციონერები არ დამრთავდნენ ამის ნებას. იქ დამსწრე საზოგადოებამ მიმანიშნა, რომ ეს საკითხი არ წარმოადგენს პრობლემას. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ერთი აქციის ფასი განსაზღვრულიყო 40 ლარით. საბოლოოდ დოკუმენტში დაფიქსირდა - GMGG-ის 70%25-ის ღირებულება 450 000 ლარი. ამის შემდეგ იძულებული ვიყავი, ხელი მომეწერა აქციების ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებისთვის.“ პრესკონფერენციის შემდეგ გიორგი ჯაოშვილი რამდენიმე ტელეკამერის თანდასწრებით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სომხეთის საზღვარზე გადააცილა. პრესკონფერეციის დასრულებისას პატარკაციშვილების ადვოკატმა პიტერ გოლდსმიტმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე აპირებს, საქართველოს მთავრობას უჩივლოს.

ჯოზეფ ქეის, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ფაქტობრივი და იურიდიული მფლობელია, საქართველოში 30 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული შაქრის და მეტალურგიულ ბიზნესში.

მფლობელთა ჩანაცვლების სქემა

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტელეკომპანიების გადანაწილების პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 2004 წელს არსებული 12 ტელევიზიიდან 11-ს შეეხო. უმრავლესობას მფლობელთა ჩანაცვლების პრობლემა დაუდგა და რამდენიმეს ლიცენზია ჩამოერთვა (პრობლემა არ შექმნია - თუ არ ჩავთვლით 2007 წლის 7 ნოემბრის შეჩერებას - ტელეკომპანია „კავკასიას“). მთავარი მეწილეები არიან - ქიბარ ხალვაში, დავით ბეჟუაშვილი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია „გეომედია გრუპი“, და კომპანია „მაგი სტილის“ დამფუძნებლები გოგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ამ სიიდან ქიბარ ხალვაში ზუსტად იმ დღეს ამოვარდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობიდან გადადგა. დანარჩენები კი უმრავლესი ტელეკომპანიების საკონტროლო პაკეტებს ფლობენ. „მაგი სტილს“ საქართველოს ხელისუფლებისგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო შეკვეთები აქვს აღებული (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი კომპლექსი კახეთის გზატკეცილზე).

6 ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი („რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“, „ობიექტივი“, „ევროპა“, „საქართველოს ხმა“) საკუთარი შელახული უფლებების აღდგენას მართლმსაჯულების ორგანოების დახმარებით ცდილობს.

თუკი წინათ მედიამფლობელები და ჟურნალისტები ერთ მხარეს იყვნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მფლობელები და ხელისუფლება ერთად უპირისპირდებიან ჟურნალისტებს. ტელეკომპანიებში მფლობელთა ცვლილებებს გადაცემების დახურვა მოჰყვა, ბევრმა ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვა, ბევრიც ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადასვლით ინარჩუნებს სამსახურს.

16 სატელევიზიო კარტელი

▲ზევით დაბრუნება


დისკუსია

ავტორი: ნინო ჯაფიაშვილი

0x01 graphic

მონაწილეები:

ნინო ზურიაშვილი
ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, სტუდია „მონიტორი“

პაატა ვეშაპიძე
რედაქტორი, გაზეთი „24 საათი“

გიორგი ჩხეიძე
იურისტი, სახალხო დამცველის მოადგილე

ბადრი კოპლატაძე
ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ პროფესორი

ირაკლი ცნობილაძე
ადვოკატი, წარმოადგენს ტელეკომპანია „ევროპის“ მფლობელებს

ამ დისკუსიას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი - შეგვეფასებინა ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება. რამდენად მიუკერძოებელი, თანმიმდევრული და დასრულებული მასალაა ის, რასაც სტუდია მონიტორმა მოუყარა თავი. მეორე - გვემსჯელა ამ გამოძიების შედეგებზე და გამოგვეტანა დასკვნები. არის თუ არა კავშირი ვარდების რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ელექტრონული მედიის მფლობელების შეცვლას შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამჭვირვალე იყოს მედიაბიზნესის მეწილეთა ვინაობა, მათი კერძო ქონების გასხვისებისა და ყიდვის სქემები? არიან თუ არა დღეს მედიაბაზარზე მონოპოლისტები და ვინ არიან ისინი? აძლევს თუ არა კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს საშუალებას, ფლობდნენ და მართავდნენ მედიაკომპანიებს? რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ მედიამფლობელთა ვინაობა და მათი ცვლილება გამჭვირვალე გახდეს? დისკუსიაში ამ საკითხებზე ვსაუბრობთ.

ნინო ჯაფიაშვილი: თითოეულ თქვენგანს ჰქონდა საშუალება, წაეკითხა მასალა, რომელსაც თავი მოუყარა სტუდია „მონიტორმა“ და ნინო ზურიაშვილმა. როგორ შეაფასებდით ამ გამოძიების ხარისხს? არის თეთრი ლაქები ამ მასალაში?

პაატა ვეშაპიძე: ჩემთვის ამ გამოძიებაში არის თეთრი ლაქები. პირველი ასეთი ლაქა „იმედის“ ისტორიაშია. როდესაც „იმედზე“ ვლაპარაკობთ, თუ გვინდა სურათი სწორად წარმოვადგინოთ, „მეტრომედიას“ პერიოდი არ უნდა გამოვტოვოთ. ეს რატომღაც გამოტოვებულია. თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილი ამბობდა, - „იმედი“ მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის „მეტრომედიასო“. ამიტომ „იმედის“ მფლობელობის ისტორიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს სრულიად ღია ინფორმაცია იყო, მუშაობდა ამერიკელი მენეჯერი თუ გენერალური დირექტორი, შეიძლებოდა მასთან საუბარი, იმის დასადგენად, რა ფორმით იყო „მეტრომედიის“ კუთვნილება „იმედი“. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ ყოფილა ასე. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, - „მეტრომედიის“ საკუთრებააო. არ არის ეს მნიშვნელოვანი მომენტი? ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მერდოკის სახელს უკავშირდება.

ახლა რაც შეეხება „მე-9“ არხს. იქაც თეთრი ლაქა დარჩა იმიტომ, რომ “მე-9” არხის დახურვის, კუთვნილების, ტექნიკის გადანაწილების საკითხები ცხადდება ეროსი კიწმარიშვილის ნალაპარაკევიდან. აქაც არსებობდა ხელმისაწვდომი წყაროები ამის გადასამოწმებლად. ეროსი კიწმარიშვილი, მე რაც ვიცი, იმ ამბისგან სრულიად განსხვავებულ რაღაცას ჰყვება, დიამეტრალურად განსხვავებულს. მართლა ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი, რომ საიდუმლოდ დარჩენილიყო „მე-9 არხის“ „რუსთავი 2“-ისთვის მიკუთვნების თუ, არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, საკითხი. მაგრამ ეს ვინმემ კი არ გათქვა, გათქვა თვითონ ეროსი კიწმარიშვილმა. შეიძლებოდა ამ ვერსიის გადამოწმება, ეროსი კიწმარიშვილი შეხვდა ივანიშვილს, და არსებობდა გადამოწმების წყაროები - „ქართუ ჯგუფი“, ანუ ბიძინა ივანიშვილის მხარე, ასევე საბედნიეროდ, ცოცხალი და ჯანმრთელია „მე-9 არხის“ ყოფილი დირექტორი...

0x01 graphic

ნინო ზურიაშვილი

ნინო ზურიაშვილი: ვინ? ტრიპოლსკი? ვესაუბრე ტრიპოლსკის, რა იცით, რომ არ მისაუბრია... ტრიპოლსკი ამ დროს აღარ მუშაობდა „მეცხრე არხზე“. ეს ვერსია ორ სხვადასხვა წყაროსთან გადავამოწმე: ინვესტორი, ანუ ივანიშვილი, თავად პრეზიდენტმა იშოვა და წარუდგინა „რუსთავი 2“-ის მფლობელს. ამიტომ ეროსიმ კი არ უთხრა სააკაშვილს, არამედ სააკაშვილმა შესთავაზა ეროსის ივანიშვილის მონაწილეობა „რუსთავი 2“-ის გარდაქმნის პროცესში.

პაატა ვეშაპიძე: არ ვიცი, აქ არ ჩანს. ამიტომ ეს თეთრი ლაქები ჩემთვის დარჩა. სურათი საბოლოოდ არ არის ნათელი და შესაძლებელია, ვიღაცას ამანაც გაუჩინოს შეგრძნება, რომ წყაროებიც წინასწარ არის შერჩეული. ჟურნალისტურმა გამოძიებამ დასკვნა უნდა დადოს, ყველაფერი მაქსიმალურად ამოწუროს.

გიორგი ჩხეიძე: მფლობელობის საკითხი რომ გაურკვეველია, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ეს ტელეკომპანიები ხელისუფლების ხელში გადავიდა. ამ ჟურნალისტური გამოძიებიდან, შესაძლოა, 100%25-ით ვერ დავასკვნათ, რომ ყველა მედიასაშუალება აპრიორი ხელისუფლების ხელში გადავიდა. მაგრამ ის, რომ მედიასაშუალებათა მფლობელობა გაურკვეველია, ეს ცხადია. ეს არის ჩემთვის ამ გამოძიების შედეგი.

პაატა ვეშაპიძე: ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორეა ის, თუ როგორ გადადიოდა ეს მედიასაშუალება ერთი ხელიდან მეორეში. ჩემთვის აქ არის თეთრი ლაქები.

ბადრი კოპლატაძე: დიდწილად ვეთანხმები პაატას ჩამონათვალს. მაგრამ მინდა, ზოგადი შეფასება გავაკეთო. მეჩვენება, რომ ეს გამოძიება ცოტა ეკლექტურია. 12 საქმის ერთ გამოძიებაში ჩატევა ძალიან ძნელი საქმეა. ყოველთვის კარგია, როცა გამოძიება კონცენტრირებულია რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე. თითოეული საქმე თავის მხრივ იმდენ კითხვას ბადებს, წაკითხვის მერე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მასალა პუბლიცისტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჟურნალისტურ გამოძიებასთან. ჩემთვის უფრო გასაგები იქნებოდა ყველაფერი, თუ ერთ საქმეს აიღებდით და უფრო სიღრმისეულად შეისწავლიდით; მით უმეტეს, არის რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ცნობილი იყო. პრინციპში, იმაზე ბევრად შორს არც თქვენ წასულხართ.

ნინო ჯაფიაშვილი: ახალი ვერაფერი ნახეთ ამ მასალაში?

გიორგი ჩხეიძე: ახალი ჩემთვის ეროსის საუბარი იყო. ბოლოს რაც ხდება „რუსთვი 2“-თან დაკავშირებით, ეს ჩემთვის ახალია. ის, რომ „ალანია“ ამდენ ხანს ულიცენზიოდ მაუწყებლობდა, ესეც ახალია. მაგრამ, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა ეკუთვნის, 100%25-იანი დოკუმენტაცია მართლაც არ არის.

ბადრი კოპლატაძე: დოკუმენტზე არ არის ლაპარაკი, სიცხადეზეა. შეიძლება დოკუმენტი არ იყოს, მაგრამ უფრო მეტი სიცხადე მივიღოთ. არ ვიცოდი „ობიექტივის“ საქმე, ამიტომ მას ვერ შევაფასებ. მაგრამ იგივე „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, რაც აქ წერია, ტელევიზორში მაქვს მოსმენილი „ახალგაზრდა იურისტებისგან“, როდესაც გამოითხოვეს ეს დოკუმენტები. ამიტომ ვამბობ, რომ უკეთესი იქნებოდა გამოძიება კონცენტრირებულიყო რაღაც ერთ საქმეზე. შეიძლება ავტორს აქვს თავისი მოსაზრება, რატომ აქვს 12 თუ 14 საქმე და არა - ერთი. ბუნებრივია, აქვს, მაგრამ მე უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, კონკრეტულად ერთი რომელიმე საქმე თუ იქნებოდა და იმაზე მეტს გავიგებდით.

პაატა ვეშაპიძე: თავისთავად, „რუსთავი 2“ და „პირველი სტერეო“ ძალიან საინტერესო საქმეა, რომელსაც აუცილებლად მიემატება „მე-9 არხი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმის დასაწყისი…

0x01 graphic

ირაკლი ცნობილაძე

ნინო ჯაფიაშვილი: თუ რატომ აირჩია ნინომ ასეთი დიდი თემა და რატომ შემოიყვანა 12 ტელეკომპანია, შეიძლება აიხსნას იმით, რა დასკვნას აკეთებს ჟურნალისტი, რა მიიღო 12 კომპონენტის გაერთიანებით, რა სურათი დაიხატა ამ 12 საქმის გვერდიგვერდ დადებით.

პაატა ვეშაპიძე: ნინო, შენთვის მთავარი ხომ ის იყო, რომ ირღვევა კანონი. და კანონის ცალსახა მოთხოვნაა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს მედიამფლობელების ვინაობა საქართველოში, ანუ კანონი იმიტომ დაირღვა, რომ მედიამფლობელობის საკითხი არ არის გამჭვირვალე.

ნინო ზურიაშვილი: ერთია, რომ ირღვევა კანონი და ყველაზე დიდი წილის მფლობელი ოფშორული კომპანია სინამდვილეში ვისია, არ ვიცით, ეს არ არის გამჭვირვალეობა. მეორე - გამოიკვეთა სურათი, რომ ერთი და იგივე ჯგუფები დაეუფლნენ ტელევიზიებს. ეს ტენდენცია მფლობელების კუთხითაც დასტურდება.

როგორც კი დაიწყება აქ გამოთქმული რჩევების გაზიარება, საუბარი ერთი ტელეკომპანიის ისტორიის ღრმა შესწავლაზე, ძველ მფლობელებზე და ა.შ., დაირღვევა ამ გადაცემის მთავარი ღერძი. დაიკარგება საერთო სურათი.

გიორგი ჩხეიძე: ამ გამოძიებიდან მე დავინახე, რატომ არ არის მედია თავისუფალი. მესაკუთრეთა და მფლობელთა შეცვლა ჟურნალისტებზე ზევიდან ზეწოლას აადვილებს. თუმცა, ნინოს არ უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ამ კონკრეტული პროდუქტით ამას ამტკიცებს. მაგრამ იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ პირამიდა ამოტრიალდა, შეიძლება მფლობელების შეცვლაც იყოს. თავისთავად ზეწოლის არსებობა-არარსებობაზე საუბრის საშუალებას გამოძიების დასკვნა, მგონი, არ იძლევა.

ბადრი კოპლატაძე: ერთი თემა მინდა ცალსახად განვმარტო. თავისთავად მედია არის ბიზნესი. მისი მფლობელები იცვლებიან ხან ისე, ხან ასე. ამაში ცუდი თავისთავად არაფერია. პრობლება მაშინ იქმნება, თუ რაიმე კანონდარღვევაა, ეს რაიმე ზეწოლით და ძალის გამოყენებითაა გაკეთებული, ან ფარულად, ან მოსყიდვით...

ნინო ზურიაშვილი: ან გადაბირებით...

გიორგი ჩხეიძე: გადაბირება, მე მგონი, ბიზნესის შემადგენელი ნაწილია.

ბადრი კოპლატაძე: თავისთავად ცვლილება ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, გამოჩნდეს, თუ იყო ამის უკან რაიმე კანონდარღვევა.

ნინო ზურიაშვილი: ზუსტად ეს იყო ჩვენი გამოძიების თემა - რა დგას ამის უკან...

ბადრი კოპლატაძე: აქ ბევრი არაფერი ჩანს, გარდა ჩვენი სპეკულაციებისა, რომ ვიღაცას ვიღაცასთან ვაკავშირებთ.

ნინო ზურიაშვილი: თქვენთვის არის ეგ სპეკულაცია....

ნინო ჯაფიაშვილი: ნინო, გამოძიების დასაწყისში ასეთი ფრაზა გაქვთ: „ტელევიზიის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შანტაჟის, ძალადობის და მოტყუების გზით დაათმობინეს საკუთრება.“ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ თქვენი გამოძიებით ეს დადასტურდა? ეს არის თქვენი დასკვნაც?

ნინო ზურიაშვილი: არა, არ არის ეგ ჩემი გამოძიების დასკვნა. ჩემი დასკვნა აი, სად წერია შავით თეთრზე: ვარდების რევოლუციის შემდეგ 12 ტელევიზიიდან 11-ს შეეხო ცვლილება და ცვლილება მოხდა, ნახეთ - როგორ: 3 ტელევიზიის მთავარი მეწილეები გახდნენ დავით ბეჟუაშვილი, „გეომედია ჯგუფი“, ხოლო 4 ტელევიზიის - „მაგი სტილის“ დამფუძნებლები. ქიბარ ხალვაში, რომელიც ასევე იყო 2 ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ზუსტად იმ დღეს ჩამოვარდა არენიდან, რა დღესაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი.

ბადრის სიტყვა ჩამრჩა გულში, - მფლობელები შეიცვალა, მერე რაო. მერე ის, რომ როგორც კი „60 წუთის“ გაკეთებას დაიწყებ, გეტყვიან, - ბოდიში, მეგობარო, ეს თემა არ მაინტერესებს; როგორც კი დასვამ კითხვას მწვავედ და სამართლიანად, დაგითხოვენ (დებატებს ვგულისხმობ). ჩემი დასკვნა უფრო შორს არ მიდის, ვიდრე ის, რომ 12-დან 11 ტელევიზიას შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემა. ლიცენზიის პრობლემა როგორ შეექმნა მაგალითად „ევროპას“, აი, აქ არის წარმომადგენელი და მიეცით სიტყვა. მე არ მაინტერესებს „მეტრომედია“ რომ თქვით, არ მაინტერესებს ბადრი პატარკაციშვილი ფარად „მეტრომედიას“ იყენებდა თუ არა, და ეს ტელევიზია მიკერძოებული იყო თუ არა, ჩემი აზრით - იყო. არც ჯაოშვილის ბიოგრაფიაა აქ მნიშვნელოვანი. ყველამ ვიცოდით, რომ ბადრი პატარკაციშვილის იყო ეს ტელევიზია. რა მეთოდით მოხდა წართმევა, ჩემთვის ეს არის საინტერესო, ეს გაბნეული 11 თუ 12 ტელევიზია როგორ დაჯგუფდა და - ვის ხელში. იქნებ უფრო ღრმადაც შეიძლებოდა წასვლა, მაგრამ უცბად გამოჩნდა სურათი, რომ ამათ ეს ყველაფერი ერთად მოუქუჩებიათ და გადაუნაწილებიათ, და ამის მერე დავიწყე ეს გამოძიება. იმის მერე, რაც წინასწარი კვლევა ჩავატარე და დაიდო სურათი. წინასწარ სიზმარში კი არ მინახავს ეს ყველაფერი...

0x01 graphic

ბადრი კოპლატაძე

ბადრი კოპლატაძე: ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მე ვთქვი, რომ ცვლილება შეიძლება მოხდეს როგორც არაბუნებრივი, ისე ბუნებრივი სახით. როცა ვატარებთ რაღაცაზე გამოძიებას, ესე იგი, ეჭვი გვაქვს, რომ იქ არის რაღაც არატიპიური, არაკანონიერი ჩარევა. ეს იძლევა დასკვნების საშუალებას მაშინ, თუ გვაქვს ფაქტი, ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ცვლილება მოხდა არაკანონიერი გზით. გამოძიების ერთ-ერთი არსი არის ის, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, ეს გამოააშკარაოს. ამაზეა ლაპარაკი.

0x01 graphic

პაატა ვეშაპიძე

ნინო ჯაფიაშვილი: ჩვენ გავიგეთ, რა დასკვნა გააკეთა ნინომ. რომც დავუშვათ, რომ ამ გადანაწილებებში უკანონო არაფერი იყო; ვთქვათ, ეს იყო მფლობელების გარიგება, აქვს თუ არა მნიშვნელობა ტენდენციას, რომელიც ამ გამოძიებაში ჩანს - ვის ხელში აღმოჩნდა ელექტრონული მედია ვარდების რევოლუციის შემდეგ?

გიორგი ჩხეიძე: აქვს. თუნდაც ყველა ეს გარიგება ყოფილიყო აბსოლუტურად კანონიერი, საჯარო, მე მას მაინც პრობლემად მივიჩნევ. იმიტომ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მედიასაშუალებები არ უნდა იყოს მონოპოლიზებული. შეიძლება მოგწონდეს ეს, შეიძლება არა...

ნინო ჯაფიაშვილი: არასწორია თუ არაკანონიერი?

გიორგი ჩხეიძე: არასწორია. არაკანონიერიც არის, იმიტომ, რომ კანონი კრძალავს ამას. პირდაპირ არის ჩაწერილი მაუწყებლობის კანონში, რომ ერთ მფლობელს ეკრძალება ერთი სახეობის ლიცენზიის ორზე მეტი საშუალების ქონა. „რუსთავი 2“-ის, „მზის“ და „პირველი სტერეოს“ წილების პროცენტობა და გადამწყვეტი პროცენტის მქონე სუბიექტი თუ ერთი და იგივე აღმოჩნდა, კანონი ირღვევა. თუნდაც კანონი კრძალავდეს, შეიძლება არ ეთანხმებოდე ამ იდეას. მე კი ვფიქრობ, რომ მონოპოლიზაცია თავისთავად არასწორია, რადგან არ უზრუნველყოფს განსხვავებულ, პლურალურ მედიასაშუალებებს.

0x01 graphic

გიორგი ჩხეიძე

მეორე საკითხი - აქ წარმოდგენილი ფაქტები მაღალი ალბათობის ხარისხით ადასტურებს, რომ კანონი დაირღვა. ამას ადასტურებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხვადასხვა გადაწყვეტილება - დაწყებული „ალანიათი“, „ევროპით“ და ა.შ. სასამართლომაც დაადგინა, რომ „ევროპასთან“ მიმართებაში კომისიამ კანონი დაარღვია.

კიდევ ერთი თემა - გადაფორმების მეთოდები, დრო და ნოტარიუსის მონაწილეობა. ამ ნოტარიუსის გვარი, გინტური, სხვა საქმეებშიც ფიგურირებს.

რაც შეეხება „მეტრომედიას“, რატომ არის ამ შემთხვევაში „მეტრომედია“ ჩემთვის საინტერესო, იცით? იმიტომ, რომ ეს უდევს საფუძვლად “იმედის” მფლობელობაზე დღევანდელ დავას ქეისა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის. რატომ უნდა იყოს მედიამფლობელი ცნობილი? მაგალითად, ეს მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება ამას იყენებს ჟურნალისტებზე ზეწოლისათვის. ამიტომ არის კანონში მითითებული, რომ მედიასაშუალების მფლობელობა საჯარო უნდა იყოს. თუ მფლობელი დარეგისტრირებულია კანარის თუ მარშალის კუნძულებზე, შეიძლება გავარკვიოთ, ვინ არიან დამფუძნებლები? კი, იმიტომ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმებები გვაძლევენ იმის უფლებას, რომ მივმართოთ შესაბამის ქვეყანას და მოვითხოვოთ ეს ინფორმაცია. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონით აქვს ამის უფლება.

ვეთანხმები ბადრის იმაში, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია ერთ ფილმში. ბოლომდე არ არის სიტყვა ნათქვამი. ჩვენ თუ გვაქვს მაგალითები, რომ მფლობელების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელდა ზეწოლა, კონკრეტული ინფორმაციის დამატებით, უფრო სრული სურათი შეიქმნებოდა.

ირაკლი ცნობილაძე: იურისტი სხვაგვარად მსჯელობს. ნებისმიერი საქმე ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს. „ევროპის“ საქმესთან დაკავშირებით, ნინოსთვის შემეძლო მიმეცა ყველა საბუთი, რა დარღვევები არსებობდა და რა ზეწოლები ხდებოდა „ევროპის“ წინააღმდეგ. სხვა დანარჩენ ტელევიზიებთან დაკავშირებით, რაც უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ თუ ვინმეს ედავები, უნდა დაასაბუთო, კონკრეტული კანონის რომელი კონკრეტული მუხლი დაირღვა.

„ევროპასთან“ დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ რაც გააკეთა ნინომ, მისაღები და კარგია. შეიძლება არ არის რაღაც კონკრეტიკა, საკმარისი საფუძვლები, მივაწოდოთ და დაალაგებს. რაც ჰქონდა, დადო. ამ წლების განმავლობაში პროცესები არც ერთ ჟურნალისტს არ გაუშუქებია, ეს ჩამორთმევა 2004 წლიდან 5 წელს გრძელდებოდა. ეს არის “ევროპის” ისტორიის გაშუქების პირველი შემთხვევა.

ნინო ჯაფიაშვილი: პაატა, დასტურდება თუ არა თქვენთვის, რომ კომპანიების მფლობელები შეიცვალნენ მართლაც ხელისუფლების ზეწოლით, ან შანტაჟით, ან გარიგებით და დღეს მედიაბაზარზე არის ან ხელისუფლება ან მასთან დაახლოებული პირები? ჩანს თუ არა ეს გამოძიებიდან?

პაატა ვეშაპიძე: რასაკვირველია, ჩანს. ნინოსაც უწერია, რომ ხელისუფლებისგან თავისუფალი ერთადერთი ტელევიზია „იმედი“ იყო. სხვათა შორის, მისი წინა მფლობელებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ და ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით შეიცვალნენ. ასე გრძელდება. ეს ჩანს.

ნინო ჯაფიაშვილი: თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ მედიამ 54 ნაბიჯი უკან გადადგა. რატომ?

პაატა ვეშაპიძე: ეს მინდოდა დამესახელებინა მესამე თეთრ ლაქად. თუ ნინოს მთავარი მიზანია, აჩვენოს, რატომ გადადგა ნაბიჯი მედიამ უკან, მაშინ მე უნდა დავინახო, ამ მფლობელების ცვლილებას რა მოჰყვა - რა გადაცემების დახურვა, რომელი ჟურნალისტების წასვლა და ასე შემდეგ. უფრო მეტს გეტყვით, შესაძლოა, ამ გამოძიებაში ჩაერთოს, თუ როგორ იწვევდა მფლობელის ცვლილებას ჟურნალისტზე ზეწოლა. ბოკერიას და “მზის” მაგალითი გაიხსენეთ. როგორ შეიცვალა ამის შემდეგ „მზის“ მფლობელობა. თუ მთავარ დასკვნად გვინდა იმის თქმა, რომ საქართველოში ტელემედია არ არის თავისუფალი, იმიტომ, რომ ასეთი გაუმჭვირვალე მფლობელობაა და ამავე დროს ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ისინი ყოველთვის ხელისუფლებასთან დაახლოებულები იყვნენ. მაგრამ რას იწვევდა სხვადასხვა პირის მოსვლა ამ ტელევიზიებში? ეს მოგვცემს, ჩემი აზრით, უფრო ნათელ და ცხად სურათს.

შეიძლებოდა გეჩვენებინათ, მფლობელების შეცვლას როგორ მოყვებოდა ჟურნალისტების ცვლილება და პირიქითაც, შეიძლებოდა იმ ფაქტების დადება, როცა ჟურნალისტზე ზეწოლამ გამოიწვია მფლობელის შეცვლა. იმნაიშვილს როგორც კი დაუქნიეს თითი, მაშინვე დატოვა ბეჟუაშვილმა „მზე“, უფრო სწორად - საკონტროლო პაკეტი.

ბადრი კოპლატაძე: ვფიქრობ, ერთერთი მთავარი თემა რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, არის ის, თუ რა გარემო უნდა შევქმნათ, რომ ასეთმა ცვლილებებმა არ დააზარალოს სიტყვის თავისუფლება. მფლობელები, როგორც ვთქვი, ყოველთვის შეიძლება შეიცვალონ. ბიზნესია და იმიტომ.

ნინო ზურიაშვილი: მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში უფრო პოლიტიკაა ვიდრე ბიზნესი. პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ყველამ, ჟურნალისტებმა და მაყურებლებმა, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ტელევიზიები ბიზნესის კანონებით კი არ იმართება, არამედ, პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ამას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ეს ფილმი, რომელიც, შესაძლოა, სადავო იყოს, მაგრამ საზოგადოებისთვის უინტერესო არ არის, ვერ გადის ვერც ერთ ტელევიზიაში.

ბადრი კოპლატაძე: ნებისმიერს შეუძლია თავისი წილის გაყიდვა მედიაბიზნესში. თუ მედიაზე ვამბობთ, რომ არის ბიზნესი, მაგრამ არის სპეციფიკური ბიზნესი, რადგან უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას, შეიძლება ღირდეს, ვიმსჯელოთ მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ცვლილებები. შპს-ში რომ წილები იცვლება, ეს არ არის საჯარო დისკუსიის საკითხი, მაგრამ მედიაში - არის. შეიძლება მყიდველებმა გამოაქვეყნონ ინფორმაცია, შეავსონ დეკლარაცია ან სხვა რაიმე ფორმით დავავალდებულოთ გამჭვირვალე გახადონ ეს პროცესი. საკანონმდებლო მექანიზმებითაც შეიძლება ეს კითხვები გაიფანტოს. მაგალითად, ვიცით, რომელი ტელევიზია რა ფულით არსებობს? არ ვიცით. წესები საერთო უნდა იყოს. ყველა უნდა აქვეყნებდეს დეკლარაციებს - რა შემოსავლები ჰქონდათ, საიდან ჰქონდათ; ან მფლობელები თუ იცვლებიან, ვინ არიან ეს ახლები, ან საიდან ჰქონდათ შემოსავალი, რომ ეყიდათ წილები. ეს ინფორმაცია რომ გვქონდეს, გაურკვეველი საკითხები ნაკლებად იქნებოდა.

პაატა ვეშაპიძე: მე, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, შევეცდებოდი გამეგო, რა ამოძრავებს ამა თუ იმ ადამიანს კომპანიის ყიდვისას - კომერციული ინტერესი თუ რამე სხვა. შეიძლებოდა ამის გაკეთება გამოძიებაშიც. როცა მიდის ლაპარაკი კიწმარიშვილი-დვალისგან “რუსთავი 2”-ის ხალვაშისთვის გადაცემაზე, შევისწავლიდი ამ კომპანიის ფინანსურ ბრუნვებს და ვნახავდი, მომგებიანი იყო თუ არა...

გიორგი ჩხეიძე: ვერ გაიგებდი, კომერციული საიდუმლოებაა. არ მოგცემდნენ. საკონსტიტუციოშიც ვიჩივლეთ ამაზე... დახურული ინფორმაციაა. მედიასაშუალებების საფინანსო გამჭვირვალობაზე, რასაც ბადრი ამბობს, ვეთანხმები. მაგალითად, არჩევნების დროს მედიასაშუალებებს ჰქონდათ ვალდებულება, ყოველ ორშაბათს „ცეესკოსთვის“ ჩაებარებინათ სარეკლამო ფასები, ვისზე გასცეს პოლიტიკური რეკლამა და ვისზე - არა. ეს პირობა არავის შეუსრულებია. „კავკასიამ“ საერთოდ არ წარადგინა, მაგალითად. მე, როგორც დამკვირებელი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მივწერე ყველა მათგანს, - თქვენ არ შეგისრულებიათ ვალდებულება, მაგრამ იქნებ ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს გვითხრათ, რა ფასები გაქვთ რეკლამებზე, რა გაეცით, როგორ გაეცით-მეთქი... არც ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოში არ მოგვწერა პასუხი. გეუბნებიან, - თუ კანონი ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას არ მავალდებულებს, არ მოგცემ, თორემ ჩემი კონკურენტიც გაიგებსო.

ბადრი კოპლატაძე: ძალიან დამაინტერესა იმ ნაწილმა, სადაც საუბარია „რუსთავი 2“-ის დავალიანების ხელოვნურად გაზრდაზე, გაკოტრებაზე წარმოების დაწყებაზე. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო მომენტია. და ამის უკან რა მექანიზმი იყო, ვინ გააკეთა. მანდ ბევრი რამ შეიძლება იურიდიულად სადავო იყოს.

პაატა ვეშაპიძე: კიდევ ერთი კომპონენტი - მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, 40%25-იანი წილი და არა პაკეტი, ის ფაქტობრივი მფლობელია ამ კომპანიისა, და არიან აგრეთვე კაკაურიძის მაგვარი ფიქტიური ადამიანები. ჩემი აზრით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია - იმ ადამიანების პატარა ბექგრაუნდი მაინც იყოს, ვინც ფაქტობრივად მართავს ამ ტელევიზიებს დღეს. იგივე ქიბარ ხალვაშის ან „მაგი სტილის“, ჩიქოვანის ბექგრაუნდი. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ეს ადამიანები იქ ჟურნალისტებზე ზეწოლისთვის არიან. კლასიკურ ქვეყნებში, სადაც ცივილიზებულად მუშაობს მედია, არის ასეთი კლასიკური სქემა: მფლობელი არ ერევა სარედაქციო საქმიანობაში და თუ ერევა, ეს ამ მედიასაშუალებას ძალიან ცუდ რეპუტაციას უქმნის, ასევე არ რგებს თავად ამ ბიზნესმენის რეპუტაციასაც...

ბადრი კოპლატაძე: ეგ სქემა კლასიკური არ არის; თუნდაც მერდოკის შემთხვევაში...

პაატა ვეშაპიძე: მერდოკის რეპუტაცია ზუსტად იმიტომაც არის შელახული, რომ იგი ძალიან აქტიურად ერევა თავისი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში. მაგრამ ის, რომ მედიამფლობელი საკუთარი თვალით დაწვრილებით ჩხრეკდეს საინფორმაციო გამოშვებების წინ ყველა მასალას, სრულიად წარმოუდგენელი მგონია, თუ ეს არ აქვს დავალებული საიდანღაც. ესეც ამიტომაა საინტერესო.

ნინო ჯაფიაშვილი: ნინოს თქმით, ამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოჩნდა, რომ დღეს ელექტრონული მედიის ძირითადი მეწილეები არიან - პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული „გეომედია ჯგუფი“ და „მაგი სტილის“ დამფუძნებლები გოგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი. აი, ეს ადამიანები არიან დღეს ბაზარზე. რა დასკვნის გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს? მაგალითად ის, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია არის ტელეკომპანიის მფლობელი, არის თუ არა პრობლემა?

გიორგი ჩხეიძე: არის. კანონი ამბობს, რომ მფლობელი უნდა იყოს ცნობილი. ცალსახად წერია, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე. რა მიზანი აქვს კანონის ამ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მფლობელი უნდა იყოს ცნობილი? რათა საზოგადოებამ იცოდეს მფლობელის ვინაობა, რომ მონოპოლიზება არ მოხდეს. კანონი ითხოვს და იძლევა იმის საშუალებას, რომ გაირკვევს, ვინ დგას ოფშორული ზონების უკან. პრობლემა კანონის აღსრულებაშია.

უნდა ჰქონდეს თუ არა მფლობელობაში მედიასაშუალება საჯარო მოხელეს, პოლიტიკური თანამდებობის პირს ან მასთან დაახლოებულ პირს? არ ვიცი. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ ამ კუთვნილების შედეგად ვიღებთ ზიანს, ვიღებთ პრობლემას ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, მაშინ პრობლემას ვხედავ.

ირაკლი ცნობილაძე: როცა პირი მიდის საჯარო სამსახურში, მას კანონმდებლობა უტოვებს უფლებას, რომ შეინარჩუნოს საკუთრება. თუმცა, ის ვალდებულია, კომპანიის განკარგვა და მართვა სხვას გადააბაროს. თუ ვსაუბრობთ, მაგალითად, მედიამფლობელებზე, ფორმალურად მათ, შესაძლოა, არ დაარღვიონ კანონი, მაგრამ ფაქტობრივად გააგრძელონ კომპანიის მართვა და მის საქმიანობაში ჩარევა. ეს ხარვეზი კანონმდებლობაში არსებობს.

ბადრი კოპლატაძე: ეს პრობლემა არც დღეს დამდგარა, არც გუშინ და სულ გაგრძელდება. თუ გვინდა, მისი ცივილიზებულად დასრულება, კანონმდებლობით უნდა განვმარტოთ რაღაცები. თანაც არ უნდა შეგვემთხვეს ის, რასაც მე ვეძახი საკუთრებით კანიბალიზმს. საკუთრების უფლება თუ არ მივიჩნიეთ როგორც რაღაც ხელშეუხებელი, სულ პრობლემები იქნება. გინახავთ ალბათ უცხოეთში, პატარა სახლი დგას და გარშემო ფეშენებელური ოფისებია, მაგრამ პატრონი არ ყიდის იმიტომ, რომ მისია და ხელშეუხებელია. თუ ეს ხელშეუხებლობა არ შემოვა, სულ იქნება პრობლემა. რაც თავი მახსოვს ამ სფეროში, სულ იმაზეა ლაპარაკი, ვინ ვის უკან დგას. ეს დაუსრულებელი ისტორიაა.

პაატა ვეშაპიძე: შეიძლება უტოპიური რამ ვთქვა, მაგრამ თუ საზოგადოების სერიოზული აქტივობა არ იქნება, მათ შორის თავად მედიის მხრიდან, ეს ტენდენცია ნებისმიერი მთავრობის პირობებში გაგრძელდება. ამ მარტივი სქემის გამოყენება ისეთი ცდუნებაა, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ იტყვის უარს იმაზე, რომ მედიასაშუალების მფლობელი მისთვის სასურველი ბიზნესმენი იყოს. როგორც ვხედავთ, კანონმდებლობა მაინცდამაინც სერიოზულ ბარიერებს არ ქმნის, ამიტომ ამ მარტივ სქემას ყველა გამოიყენებს, თუ არ იქნა საზოგადოებრივი აქტივობა. ოღონდ მე არ ვიცი ამ კონტექსტში რა კონკრეტულ მექანიზმებზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ.

17 რა სურთ ქალებს?

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: დენიელ ბერგნერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ილუსტრაცია: ანა ტაბატაძე

თარგმანის კონსულტანტი: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-სექსოლოგი თამარ ჯოჯიშვილი

მერედით ჩივერსი ბონობოების პორნოგრაფიის შემქმნელია. ის 36 წლის ქალია, ცნობილი მეცნიერი, ონტარიოს პატარა ქალაქ კინგსტონში, ქუინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დარგში ლექციებს კითხულობს; ასევე გახლავთ სარედაქციო საბჭოს წევრი ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში, რომელიც სექსუალური კვლევების სფეროში მსოფლიოში წამყვან გამოცემად ითვლება. ბონობოების - დიდი ტანის მაიმუნების ჯიშის სექსუალური ქცევების შესახებ გადაღებული ფილმი იმ ექსპერიმენტთა სერიის ნაწილია, რომელსაც ჩივერსი წლების განმავლობაში ატარებს. ჩივერსმა როგორღაც მიაგნო კადრებს, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ბონობოების სქესობრივი აქტები. შემდეგ, რადგან კადრების თანხმლები ხმა მაინცდამაინც ეფექტური არ იყო (ბონობოები სექსის დროს ხმებს დიდად არ გამოსცემენ), ჩივერსმა მათი სიყვარული აღგზნებული შიმპანზეების წივილი-კივილით გაახმოვანა და ეს მოკლემეტრაჟიანი სურათი უჩვენა ყველას - ქალსა და კაცს, ჰეტეროსექსუალსა და გეის. ასევე უჩვენა მათ კლიპები, რომლებშიც ხან ჰეტეროსექსუალი წყვილები ამყარებდნენ სქესობრივ კავშირს, ხან - ქალი და მამაკაცი ჰომოსექსუალები; ზოგიერთ მათგანზე აღბეჭდილი იყო, თუ როგორ მასტურბირებს მამაკაცი, როგორ მასტურბირებს ქალი; რამდენიმე კი ასახავდა პლაჟზე მოსეირნე შიშველ, დაკუნთულ მამაკაცებს, ანდა გარუჯულ, დედიშობილა ქალებს, რომლებიც გამომწვევად ვარჯიშობენ.

0x01 graphic

ვიდრე ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები კომპიუტერის ეკრანზე ადევნებდნენ თვალს ამ სცენებს, ჩივერსი მათი აღგზნების ხარისხს ორი საზომით ზომავდა - ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით. ექსპერიმენტი ტარდებოდა ჩივერსის პატარა ლაბორატორიაში, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მენტალური ჯანმრთელობის ცენტრშია. თვითონ ეს ცენტრი კი ძალიან პრესტიჟული სასწავლო კლინიკა გახლავთ, სადაც ჩივერსი წინათ სადოქტორო ხარისხზე მუშაობდა. წლების წინ ეს ქალბატონი მეც იქვე გავიცანი.

ჩივერსმა მოხალისეებს გენიტალიებზე სპეციალური აპარატი, პლეტიზმოგრაფი დაუმაგრა. მამაკაცებს პლეტიზმოგრაფი პენისზე ჩამოაცვეს და ამ ხერხით პენისის გადიდების მასშტაბს ადგენდნენ, ქალებს კი მცირე ზომის პლასტმასის ზონდი ვაგინაში შეუყვანეს, ზონდი ვაგინის კედლებს მსუბუქად ეხეთქებოდა და ჩივერსს გენიტალიაში სისხლის მოძრაობის ხარისხის დადგენის საშუალებას აძლევდა. პარალელურად, მონაწილეებს დაურიგეს კლავიატურაც, რათა თვითონაც დაეფიქსირებინათ, რამდენად აღგზნებულად გრძნობდნენ თავს.

საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, მამაკაცების შედეგები ლოგიკური აღმოჩნდა. იმ კაცებს, რომლებმაც ექსპერიმენტის დაწყების წინ განაცხადეს, რომ ჰეტეროსექსუალები იყვნენ, ერექცია მაშინ განუვითარდათ, როცა ჰეტეროსექსუალების, ანდა ლესბოსელი ქალების სექსს უცქერდნენ, ანდა შიშველი ქალების აერობიკასა და ქალების მასტურბაციას ადევნებდნენ თვალს. მათ უმრავლესობას ნერვიც არ ატოკებია ეკრანზე გამოჩენილი მამაკაცების ნახვისას. გეი მამრების აღგზნების ხარისხი საპირისპირო იყო. მოლოდინი, რომ ცხოველების სექსი მათზე სულ მცირედ მაინც იმოქმედებდა, არ გამართლდა; არც ჰეტერო და არც ჰომოსექსუალი მამაკაცები ბონობოების სქესობრივი აქტის ცქერისას არ აღგზნებულან. ასევე, მამაკაცი მოხალისეების შემთხვევაში, მათი სუბიექტური და პლეტიზმოგრაფზე დაფიქსირებული აღგზნების ხარისხი ერთმანეთს დაემთხვა. მამაკაცების გონება და გენიტალიები აბსოლუტურ ურთიერთჰარმონიაში იყო.

0x01 graphic

აი, ქალების შემთხვევაში კი სულ სხვაგვარი შედეგები გამოვლინდა. როგორიც უნდა ყოფილიყო მათ მიერ წინასწარ დაფიქსირებული სექსუალური ორიენტაცია, ქალების გენიტალიებმა აღგზნებით უპასუხა ყველაფერს, რაც ეკრანზე გამოჩნდა - ქალი და კაცი ერთად, ქალი და ქალი ერთად, კაცი და კაცი ერთად. ისინი გაცილებით უფრო მეტად გამოეხმაურნენ ეკრანზე გამოჩენილ შიშველ ტანმოვარჯიშე ქალებს, ვიდრე პლაჟზე მოსეირნე დაკუნთულ მამაკაცებს. მათ გენიტალიებში სისხლის მიმოქცევამ იმატა, როცა უყურებდნენ მაიმუნების სექსსაც. ქალების, განსაკუთრებით კი ჰეტეროსექსუალი ქალების შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს გონება და გენიტალიები სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა. პლეტიზმოგრაფსა და კლავიატურაზე დაფიქსირებული შედეგები თითქმის არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგალითად, როცა ეკრანზე ლესბოსელი ქალების სასიყვარულო სცენას უცქერდნენ, ჰეტეროსექსუალი ქალები კლავიატურაზე ნაკლებ აღგზნებას აფიქსირებდნენ, ვიდრე სინამდვილეში პლეტიზმოგრაფი ავლენდა. რაც შეეხებათ ექსპერიმენტის ლესბოსელ მონაწილეებს, ორი მონაცემი ერთმანეთს დაემთხვა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ქალების სექსს უყურებდნენ; მაგრამ როცა კლიპში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ, ლესბოსელი მოხალისეები კლავიატურაზე გაცილებით ნაკლებ აღგზნებას აფიქსირებდნენ, ვიდრე პლეტიზმოგრაფზე ჩანდა. ჰეტეროებმაც და ლესბოსელებმაც კლავიატურაზე აღნიშნეს, რომ თითქმის არავითარ აღგზნებას არ გრძნობდნენ ბონობოების სექსის ცქერისას.

„ხანდახან მგონია, რომ პირველი მოგზაური ვარ, რომელიც უღრან ტყეს მიადგა“, - მითხრა ჩივერსმა, როდესაც ვკითხე, თუ რატომ სურდა გაეგო ქალების აღგზნებისა და სურვილის საიდუმლო. „ამ ტყეში ერთი პატარა ბილიკი კი მიიკლაკნება, - გააგრძელა ჩივერსმა მსჯელობა, - მაგრამ ეს ბილიკი დიდი აღმოჩენებისთვის ჯერჯერობით არ კმარა“. თვითონ მიიჩნევს, რომ ქალი სექსოლოგების იმ პატარა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ახლა გამოდიან ასპარეზზე და უღრან ტყეში გზის გაკვალვას ლამობენ. ამ მკვლევარებისა და მეცნიერების ამოსავალი წერტილი ერთი სქესობრივი პრობლემაა, რომელიც ზიგმუნდ ფროიდმა თავის ქალ შეგირდს თითქმის საუკუნის წინ დაუყენა: „ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც პასუხი ჯერჯერობით ვერავინ გასცა და რომელიც ქალების შინაგანი სამყაროს 30-წლიანი კვლევის მიუხედავად, ვერც მე ვიპოვე, არის შემდეგი: რა სურთ ქალებს?“

თავის მდიდარ სამეცნიერო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩივერსი ცდილობს პასუხს თავის კვლევებსა და მონაცემებში მიაგნოს. მას ეს მიზანი ამოძრავებდა მაშინაც, როცა ტორონტოში პირველად გავესაუბრე. კვლევა-ძიებაში იყო ჩაფლული შარშან ოქტომბერშიც, როცა კინგსტონის უნივერსიტეტში შევხვდი. იქ ჩივერსს კაბინეტი საგანგებოდ ისე სადად აქვს მოწყობილი, რომ ეროტიკული სურვილების ჩახლართული საიდუმლოებების გააზრებაში ხელი არაფერმა შეუშალოს. ოთახი თითქმის ცარიელია. ფერფლისფერი ქვის კედლებზე არაფერი კიდია, თუ არ ჩავთვლით სამ ფოტოს, რომლებიც მან ინდოეთში მოგზაურობისას ერთ-ერთ ტაძარში გადაიღო. ერთზე აღბეჭდილია ტაძრის ფასადი, რომელზეც ქვაში ამოკვეთილია ერთმანეთზე გადაჭდობილი წყვილის სხეული, ორგია და კაცისა და ცხენის სქესობრივი კავშირის ამსახველი სცენა. როგორც თვითონ იხსენებს, სქესობრივი საკითხებით ჯერ კიდევ 5-6 წლის ასაკში დაინტერესდა; მაშინ, როცა პირველად ნახა, თუ როგორ კოცნიდნენ დედა და მამა ერთმანეთს და ესაა სცენა, რომელიც დღემდე ცხადად ახსოვს... 15-16 წლის ასაკიდან კი სექსზე მსჯელობა ხმამაღლა და გაბედულად დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში ბიჭი კლასელებისთვის დახატა ნახატი და აუხსნა მათ, თუ სად მდებარეობდა ზუსტად ქალის კლიტორი.

0x01 graphic

1996 წელს, როცა ჩივერსი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში სექსოლოგის ასისტენტად მუშაობდა, აღმოაჩინა, რომ მთელ ცენტში ერთადერთი ქალი მკვლევარი იყო. ის კოლეგა მამაკაცებთან ერთად იკვლევდა მამაკაცის სექსუალურ თავისებურებებს, ეგრეთ წოდებულ პარაფილიას, ანუ ნორმიდან გადახრას. ჩივერსს კარგად ახსოვს ის დღე, როცა კოლეგა მეცნიერს, პენისისთვის განკუთვნილი პლეტიზმოგრაფის შემქმნელს, კურტ ფროინდს ჰკითხა, - რატომ არასდროს დაინტერესებულხართ ქალების სურვილების კვლევითო (ფროინდი 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მამაკაცების ჰომოსექსუალიზმსა და პედოფილიას სწავლობდა). მან კი უპასუხა: „საიდან უნდა ვიცოდე, რას ნიშნავს ქალად ყოფნა? ვინ ვარ მე, ქალების შესწავლას რომ მივყო ხელი. მე ხომ კაცი ვარ!“

ფროინდის სიტყვებმა ჩივერსს კვლევის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. კვლევა-ძიებისადმი მიძღვნილი წლების შემდეგ ის წამყვან სპეციალისტად იქცა იმ ქალ სექსოლოგთა შორის, რომლებიც ქალების სურვილების გაგებას ცდილობენ. ქალების როლს სექსოლოგიურ სწავლებაში აქტიურად იძიებს სექსის, სქესისა და რეპროდუქციის კვლევის კინსის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ჯონ ბენკროფტიც. მან მიაგნო ჯერ კიდევ 1929 წელს ჩატარებულ კვლევებს, რომელთაც პენიტენციური სისტემის რეფორმატორი ქალბატონი ქეთრინ ბემენტ დევისი ხელმძღვანელობდა, იმ მიზნით, რომ მათი სექსუალური გამოცდილებები შეეჯამებინა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილია ქალი მკვლევარის მიერ ჩატარებული ასეთი ადრეული კვლევა, სექსოლოგიის დისციპლინაში წამყვან როლს, ტრადიციულად, მაინც მამაკაცები ასრულებენ. ბენკროფტის თქმით, სექსის კვლევის საერთაშორისო აკადემიაშიც კი, რომელიც 35 წლის წინ შეიქმნა და რომელიც გამოსცემს ზემოთ ხსენებულ ჟურნალს Archives of Sexual Behavior, 300 წამყვანი მკვლევარიდან ქალი სპეციალისტი მხოლოდ მეოთხედია. თუმცა, ბოლო წლებში უილიამ მასტერსისა და ვირჯინია ჯონსონის კვლევების, სექსუალური რევოლუციისა და ფემინიზმის აღზევების შემდეგ, მეცნიერი ქალები სულ უფრო მეტად გააქტიურდნენ იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინონ ქალების სურვილის საიდუმლოს.

კინსის ინსტიტუტის ახლანდელი დირექტორი ჯულია ჰაიმანი ამბობს, რომ ქალების სურვილზე მსჯელობისას აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ქცევა და ის, რაც საფუძვლად უდევს ქცევას. კინსის მონაცემები, რომლებიც 1940-50-იან წლებში გამოქვეყნდა, სურვილის სიღრმეების შესახებ ბევრს ვერაფერს გვეუბნება; ამ მხრივ რაიმე ხელჩასაჭიდ ცნობებს ვერც მასტერსისა და ჯონსონის ტომებში ვიპოვით. მათს სამეცნიერო კვლევებში, მართალია, ასობით მოხალისე მონაწილეობდა, ანუ ასობით მონაწილე ამყარებდა სქესობრივ კონტაქტს პარტნიორთან პირდაპირ სამეცნიერო ლაბორატორიაში, მაგრამ როდესაც მასტერსმა და ჯონსონმა 60-70-იან წლებში კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, ყურადღება გაამახვილეს უფრო ადამიანების სექსუალურ ფუნქციაზე, ვიდრე კონკრეტულად - ლტოლვაზე.

ჯულია ჰაიმანის თქმით, ქალების ლტოლვის, ზოგჯერ კი მისი არქონის თავისებურება სექსოლოგების ყურადღების ცენტრში 70-იან წლებში მოექცა, მას შემდეგ, რაც პოპულარული საკითხავი გახდა სექს-თერაპევტის ჰელენ სინგერ კაპლანის ნაშრომები. ეს იყო მეცნიერი, რომელიც კვლევებისთვის ფსიქოანალიტიკურ მეთოდებს იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ სექსოლოგები ამჯობინებენ, მკვეთრად გამიჯნონ ეთმანეთისგან საკუთარი სამეცნიერო მიდგომები და ფსიქოანალიზის თეორიები. რაც შეეხება თვითონ ჯულია ჰაიმანს, მას ჩივერსი მიიჩნევს სექსოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ მკვლევარად, რომელმაც 70-იან წლებში თავისი სადოქტორო შრომისთვის ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა კვლევა ვაგინალური პლეტიზმოგრაფის გამოყენებით. თუმცა, ქალების ლტოლვის თემისადმი ინტერესი მალევე კვლავ გაქრა, რადგან სექსოლოგიის მთელი დარგი შიდსის ეპიდემიის კვლევაზე გადაერთო. სნეულების პრევენცია სექსოლოგიის პრიორიტეტი გახდა, ნდომა კი იქცა - არა გრძნობად, რომელიც უნდა გამოიკვლიო, არამედ კომპონენტად, რომლისაც უნდა გეშინოდეს, წყაროდ, რომელიც ეპიდემიურ კატასტროფას იწვევს.

ქალების ლტოლვის კვლევას სექსოლოგები ხელახლა 1990-იანი წლების ბოლოს, „ვიაგრას“ გამოჩენის შემდეგ მიუბრუნდნენ. მედიკამენტი, რომელმაც იმპოტენციის მკურნალობის მეთოდიკა ძირფესვიანად გარდაქმნა, მართალია, კაცებზე იყო გათვლილი, მაგრამ ელექტრული ტალღა ქალების ფლანგზეც წარმოშვა. „ვიაგრას“ გამოჩენამ ბიძგი მისცა არა მხოლოდ მეცნიერთა მცდელობას, მიეგნოთ მედიკამენტისთვის, რომელიც ლტოლვის ასეთივე უტყუარი და სანდო სტიმულატორი იქნებოდა ქალებისთვისაც (მსგავს მცდელობებს შედეგი დღემდე არ მოუტანია), არამედ „ვიაგრამ“ ირიბად, მაგრამ მაინც ასევე შთააგონა მეცნიერები, დაეწყოთ ქალის ლიბიდოს სიღრმისეული კვლევა. ჯულია ჰაიმანი განმიმარტავს, რომ თუ “მასტერსი და ჯონსონი ქალსა და მამაკაცს მსგავს ქმნილებებად განიხილავდნენ, ახლა ძირითადად ფინანსდება კვლევები, რომელთა მიზანია მათ შორის განსხვავების აღმოჩენა. ახლანდელი ტენდენცია ასეთია - ვიპოვოთ განსხვავება. საზოგადოების ინტერესის სფეროსაც ახლა ეს წარმოადგენს“.

თუმცა, როგორც ჰაიმანმა მითხრა, მართალია, მეცნიერებს საერთო ინტერესი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ერთობლივი თეორია არ ჩამოუყალიბებიათ. ჯერჯერობით გაცხოველებული ინტერესის შედეგია მხოლოდ სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული პრობლემა და დაფანტული ვარაუდები. მაგალითად, ჟურნალ Evolution and Human Behavior-ში გამოქვეყნდა კინსის ინსტიტუტის ფსიქოლოგის ჰითერ რაპის შრომა. რაპმა მაგნიტურ-რეზონანსული იმიჯები გამოიყენა იმის დასამტკიცებლად, რომ ოვულაციის დროს ჰორმონალური ცვლილებების ფონზე ჰეტეროსექსუალ ქალებს ტვინის გარკვეული უბნები განსაკუთრებით ეღგზნებათ, როდესაც ხედავენ კაცების ძლიერ მასკულინურ სახეებს. ასეთივე დამაინტრიგებელი ხედვის ავტორები არამხოლოდ ქალი მეცნიერები არიან. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ ლიპამ ათასზე მეტი მოხალისე გამოკითხა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმის დასადასტურებლად, რომ მაღალი სექსუალური შესაძლებლობის მქონე მამაკაცებს სექსუალური ლტოლვა გაცილებით უფრო ვიწრო და ჩამოყალიბებული აქვთ, ვიდრე ზოგადად მამაკაცებს (იგულისხმება ის, რომ მაღალი სექსუალური შესაძლებლობის ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს თითქმის აბსოლუტური ლტოლვა ახასიათებთ ქალების მიმართ, ხოლო ჰომოსექსუალ მამაკაცებს კაცების მიმართ), ქალებს შორის კი სულ პირიქით არის: რაც უფრო მაღალია სექსუალური შესაძლებლობა, მით უფრო ძლიერია ლტოლვა ორივე სქესის მიმართ, თუმცა ლესბოსელები შეიძლება გამონაკლისი იყვნენ.

ბარი კომისარუკი რუტგერსის უნივერსიტეტის ნევრობიოლოგია, რომელიც ქალების სექსუალური სურვილის კულმინაციას სწავლობს. მის კვლევაში მონაწილე მოხალისეები აღწევენ ორგაზმს ისე, რომ თავი სპეციალურ სკანერში აქვთ მოთავსებული, რომელიც ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ სურათს ხატავს და ტვინის ფუნქციურ ნაწილებში სისხლის მოძრაობას აფიქსირებს. მეცნიერის მიზანია, დაადგინოს ქალის ტვინის აქტივობა იმ დროს, როდესაც ქალი უახლოვდება და აღწევს ოთხი ტიპის ორგაზმს. ესენია: ორგაზმი, რომელსაც ქალი კლიტორზე შეხებით აღწევს; ორგაზმი, რომელიც ვაგინის შესავლის სტიმულირებით დგება, ორგაზმი, რომელიც საშვილოსნოს ყელის სტიმულირებით შეიგრძნობა და ორგაზმი, რომელსაც ქალი ფიქრით - ყოველგვარი შეხების გარეშე განიცდის. 1992 წელს კომისარუკმა რუტგერსის უნივერსიტეტის სექსოლოგთან ბევერლი უიპლთან ერთად ქალის სექსუალობის შესახებ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: გულის ცემის, ოფლიანობის, გუგების გაფართოების და ტკივილის ზღურბლის გაზომვით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თურმე ქალებმა იშვიათად შეიძლება წარმოსახვითაც კი მიიყვანონ თავი ორგაზმამდე. ამასობაში კი ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში ფსიქოლოგი სინდი მესტონი და მისი მაღალკურსელი შეგირდები წერენ შრომებს ასეთი სახელწოდებებით: „ქალებში ვარჯიშით გამოწვეული სექსუალური აღგზნებისას ტესტოსტერონის და ალფა ამილაზის როლი“, ანდა: „გინკო ბილობას ექსტრაქტის მოკლე და გრძელვადიანი კურსის გავლენა ქალების სექსუალურ დისფუნქციაზე“, ანდა ინტერნეტ-გამოკითხვა 3 ათას მოხალისეს შორის, თემაზე: „რატომ აქვთ ადამიანებს სექსი“. ჰეიმანს ბოლომდე მაინც არ სჯერა, რომ მეცნიერების მსგავს ინიციატივებს და კვლევებს - გნებავთ, ჰიპოთალამუსის მაღალ-ტექნოლოგიური გამოსახულებით ჩატარებულს, გნებავთ, ინტერნეტ-გამოკითხვების სახით განხორციელებულს და, გნებავთ, ინტიმური ინტერვიუების საშუალებით დადგენილს - მართლაც ძალუძთ, დახატონ ისეთი კომპლექსური ლანდშაფტის ყოვლისმომცელი რუკა, როგორიც ქალის სურვილია. აი, ჩივერსს კი, რომელსაც თვითირონია არასდროს ღალატობს, იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოიგონებს მეცნიერულად გამართულ მოდელს ქალის სექსუალური რეაქციების ასახსნელად. თუმცაკი ჯერჯერობით მისი მოღვაწეობა ბრძოლას ჰგავს. მას უამრავი უპასუხო კითხვა აწუხებს, მათ შორის პირველი კი ესაა: რატომ იღგზნებიან ქალები ფსიქოლოგიურად ასეთ მრავალფეროვან სტიმულატორებზე, ვიდრე მამაკაცები? იქნებ კაცები, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო დაკომპლექსებულები არიან; იქნებ მათ უფრო მეტად ზღუდავთ კულტურული ჩარჩოები? ჩივერსი შეეცადა, ეს ვარაუდი გაექარწყლებინა ერთი ექსპერიმენტით, რომელშიც მონაწილეობა ტრანსსექსუალ მამაკაცებს მიაღებინა (ტრანსებს, რომელთაც ქალის ალტერ-ეგო ჰქონდათ) და მათ ეკრანზე ადამიანების სქესობრივი კავშირები ანახა. ექსპერიმენტში მონაწილე ორივე ტიპის - ჰომო და ჰეტეროსექსუალმა - ტრანსებმა ისეთივე შედეგები აჩვენეს, როგორც მამაკაცებს უნდა ჰქონოდათ. ანუ, გამოდიოდა, რომ აღგზნების სისტემა ყველა ადამიანს თანდაყოლილი აქვს. თუმცა, ისიც ფაქტი იყო, რომ კულტურულმა ჩარჩოებმა ამ ადამიანებზე გაცილებით ადრე მოახდინა სიღრმისეული გავლენა, ვიდრე თავიანთი სქესობრივი ორიენტაციის გაცნობიერების შემდეგ ამ გავლენებისგან გათავისუფლებას შეძლებდნენ. „შემაძრწუნებელი რეალობა, რომელიც ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად იკვეთება, ის გახლავთ, რომ თითქმის შეუძლებელია ერთმანეთისგან გამიჯნო კულტურული და ბიოლოგიური ასპექტები“.

თავის ერთ-ერთ ბოლო ნაშრომში ჩივერსი კიდევ უფრო უღრმავდება ქალების თემას და უფრო კონკრეტულად კი იმას, თუ როგორი შეუთავსებლობაა ქალების სხეულსა და ტვინს შორის. ამ შეუთავსებლობაში გასარკვევად მეცნიერთა ნაწილმა წამოიწყო ექსპერიმენტები, რათა გაერკვიათ, თუ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ „ვიაგრას“ მსგავს მედიკამენტებს პრობლემურ ქალებში სექსის სურვილის აღსადგენად.

თუმცა ეფექტი, სექსოლოგების მტკიცებით, არ შეიძლება დიდი იყოს, რადგან „ვიაგრა“ და მისი კონკურენტი მედიკამენტები ვერაფერს უხერხებენ ტვინს. მამაკაცებს კი, რომელთაც მხოლოდ ფიზიკური, ანუ პენისის ერექციის პრობლემა აქვთ, „ვიაგრა“, როგორც წესი, იოლად შველით. ეს ტაბლეტები მიზანში იღებენ გენიტალიების კაპილარებს და არა - გონებას. წამლები კაცების აღგზნებას ამძაფრებს, აძლევს მათ ძალაუფლებისა და კონტროლის შეგრძნებას, მაგრამ ამ წამლებს არ ძალუძთ გამოიწვიონ ლტოლვა. კაცებს ეს არც სჭირდებათ. ლტოლვა მათ ყოველთვის მოჭარბებული აქვთ. ქალების მთავარი სირთულე კი გონებაშია და არა სხეულში, ამიტომ მედიკამენტების ფსიქოლოგიურ შედეგებზე საუბარი ზედმეტია. ტაბლეტები ამძაფრებენ სისხლის მიმოქცევას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სექსუალური სურვილის გონებით გასააზრებლად.

0x01 graphic

ჩივერსს დიდად არ აინტერესებს თემა - ფარმაცევტული ნაწარმის როლი ლიბიდოს გამძაფრებაში, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ერთ გერმანულ კომპანიას „ბოერინგერ ინგელჰაიმ“, რომელსაც ქალის ლტოლვის გასამძაფრებელი მედიკამენტის „ფლიბანსერინის“ დამზადება ჰქონდა გადაწყვეტილი, კონსულტაციას მაინც უწევდა. დეტალებზე ჩივერსი არ საუბრობს და არც თვითონ კომპანია არის მზად, მედიკამენტის სრული აღწერილობა საჯაროდ გასცეს, თუმცა კი „ბოერინგერ ინგელჰაიმში“ აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, ახალ მედიკამენტს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მომავალი წლისთვის ოფიციალურად მოიწონებს.

თავდაპირველი გათვლებით, მედიკამენტი დეპრესიის სამკურნალოდ უნდა გამოეყენებინათ. ერთადერთი საფიქრალი, რაც მაშინ ფარმაცევტებს ჰქონდათ, ის იყო, რომ მედიკამენტი ადუნებდა ლიბიდოს. თუმცა, მედიკამენტის გამოცდის პირველ ეტაპზე, როცა უკვე მიხვდნენ, რომ დეპრესიას ის დიდად ვერ შველოდა, მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: მხოლოდ ქალები (და არა მამაკაცები) წამლის მიღების შემდეგ მოზღვავებულ სექსუალურ ნდომას განიცდიდნენ. რაღაც ხერხებით (რომლებზეც „ბოერინგერ ინგელჰაიმში“ ან განზრახ არ საუბრობენ, ანდა თვითონაც არ იციან, რა ხდება) ახალი ქიმიური პრეპარატი შეიძლება მართლაც იყოს ქალების ტვინში სექსუალური ნდომის კატალიზატორი. ამ ეტაპზე მედიკამენტს 5 ათას ჩრდილო ამერიკელ და ევროპელ ქალზე სცდიან.

ტესტოსტერონი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მამაკაცური ლიბიდოსთვის, ირკვევა, რომ არანაკლებ როლს ასრულებს ქალების ლტოლვის განსაზღვრაშიც. როდესაც ხსენებულ მედიკამენტს ცდიდნენ ქალებზე, რომლებიც მენოპაუზის პერიოდს გადაცდნენ, დაადგინეს, რომ ტესტოსტერონმა საგრძნობლად გაზარდა ამ ქალბატონების სექსუალური აქტივობა. თუმცა, არსებობს ასპექტები, რომელთა გამოც, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მის ოფიციალურად მოწონებას არ ჩქარობს. საფრთხეებს შორის არის სიმსივნის გაძლიერებული რისკი და გამოუკვლეველი გვერდითი მოვლენების შესაძლო არსებობა.

ამდენი გაურკვევლობის მიუხედავად, ჩივერსი ფარ-ხმალს არ ყრის. ის იმედოვნებს, რომ თავისი კვლევებით ერთ დღეს რაღაც სარგებელს მაინც მოუტანს ქალებს და მათ სექსუალურ სწრაფვებს. „უბრალოდ, მინდა სექსით ყველამ ძალიან ისიამოვნოს“, - მითხრა ერთხელ, როდესაც ვკითხე, - რამ მიგიზიდათ ამ სფეროში-მეთქი. თუმცა, ჩივერსს, მგონი, ოდნავ სხვა რამ სურს - შეცნობა, სიმართლის გაგება იმის შესახებ, თუ რა იწვევს ასეთ შეუთავსებლობას ქალის სხეულსა და გონებას შორის. მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარაუდი ასეთია - მიზეზი თავად ანატომიაა. პენისი სხეულის გარეგანი ორგანოა. გონება სრულ მზადყოფნაშია, მისი რეაქციები შეიცნოს და გადაამუშაოს. ქალებს კი ნაკლები წარმოდგენა აქვთ გენიტალიების ეროტიკულ მასაჟზე, თუნდაც მათი სხეულის აგებულებისა და კულტურული გავლენების გათვალისწინებით. ამიტომ ჩივერსიც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კაცები ქალებზე უკეთ ხვდებიან, თუ როგორ მატულობს გულისცემა მოზღვავებული სტრესის ფონზე; მეტიც, კაცები მთლიანად ენდობიან მსგავს ფსიქოლოგიურ სიგნალებს და ამით საზღვრავენ თავიანთ ემოციურ მდგომარეობას, ქალებისთვის კი ამოსავალი წერტილი სიტუაციური მინიშნებებია. აქედან გამომდინარე, ჩივერსი ასკვნის, რომ ქალებისთვის სექსის მიღმაც არსებობს შეუთავსებლობა სუბიექტურსა და ობიექტურს შორის. კავშირის ეს შინაგანი წყვეტა კი ამძაფრებს ზოგიერთი ქალის უარყოფით დამოკიდებულებას საკუთარი სხეულის მიმართ. თუმცა ეს უკვე სულ სხვა კვლევის საგანია.

ჩივერსი ქალის სექსუალობას ჰყოფს ორ სრულიად განცალკევებულ სისტემად - ფსიქოლოგიური და სუბიექტური. ამ ფორმულირების მიხედვით, ლტოლვა სუბიექტურ, კოგნიტიურ სისტემაში თავსდება; ფსიქოლოგიური აღგზნება სურვილის შესახებ ბევრს არაფერს გვიმხელს. „ასე რომ არ ყოფილიყო, - მეუბნება ჩივერსი ნახევრად ხუმრობით, - უნდა დამეჯერებინა, რომ ქალებს სურთ ბონობოებთან ჰქონდეთ სექსი“.

ქალების შინაგანი შეუთავსებლობის კვლევისას ჩივერსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაუპატიურების ფაქტორსაც. კლინიკური კვლევების ჩატარების დროს, ჩივერსი რამდენჯერმე წააწყდა გაუპატიურებულ ქალებში არა მხოლოდ გენიტალიების აღგზნების, არამედ ორგაზმის შემთხვევებსაც. მის მონაცემთა ბაზაში ასევე ინახება ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები, რომლის დროსაც ექსპერიმენტში მონაწილე ქალებს შორის ხშირი იყო ვაგინალური სისხლის მიმოქცევის გამძაფრება, როდესაც ძალადობრივი სექსის მაგალითებს ისმენდნენ. არასასურველი სექსის კონტექსტში დაფიქსირებული აღგზნებიდან გამომდინარე, ჩივერსი და რამდენიმე სხვა სექსოლოგი მივიდნენ ჰიპოთეზამდე, რომ მართლაც არსებობს განსხვავება რეფლექსურ სექსუალურ მზადყოფნასა და ლტოლვას შორის. გენიტალიის ლუბრიკაცია, - წერს ჩივერსი თავის ახალ ნაშრომში, - აუცილებელი ფაქტორია დისკომფორტისა და შესაძლო ტკივილის შესამცირებლად ვაგინაში პენისის შეღწევის დროს... პირველყოფილი ქალები, რომელთა ვაგინაც ავტომატურად არ რეაგირებდა პენისის მიღებაზე, შესაძლოა, უფრო მეტად განიცდიდნენ ტკივილს არასასურველი სექსის დროს, რაც შემდეგ გამოიხატებოდა ავადმყოფობით, უნაყოფობით, ზოგჯერ - სიკვდილითაც კი და, შესაბამისად, ვერ გადასცემდნენ ამ თვისებას თავიანთ შთამომავლებს“.

ამ თეორიის მიხედვით, მემკვიდრეობა, რომელიც ევოლუციამ ქალებს დაუტოვა, ის გახლავთ, რომ ვაგინა, თავდაცვის მიზნით, მაშინვე სველდება, როგორც კი სექსზე რაღაც მცირედი მინიშნება ჩნდება. თავისივე ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, ჩივერსი აცხადებს, რომ ბონობოების სექსმა და მამრი მაიმუნების ერექციამ ქალები, სავარაუდოდ, აღაგზნო იმიტომ, რომ მაიმუნები ჰგვანან ადამიანებს. ჩივერსი ახლა ხუმრობს და ამბობს, რომ, შედარების მიზნით, სურს თავის სამომავლო კვლევაში ქალებს, მაგალითდ, ქათმების სექსი აჩვენოს. თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ ეს თეორია ზუსტად ხსნის, თუ რატომ აღეგზნო ჰეტეროსექსუალი ქალების გენიტალია ფიზკულტურით დაკავებული შიშველი ქალების ცქერისას და არა პლაჟზე მოსეირნე შიშველი მამაკაცების დანახვისას. ჩივერსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ღიად გამოჩენილმა ქალების გენიტალიებმა უფრო მეტი სექსუალური სიგნალი წარმოშვა, ვიდრე მამაკაცების პენისმა ერექციის გარეშე.

ჩივერსი ასევე ვარაუდობს: გარდა იმისა, რომ ქალების რეფლექსური ფსიქოლოგიური აღგზნების სისტემა აბსოლუტურად უმართავია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალების სურვილის სისტემა, ნდომის შეცნობის ზონა უფრო რეცეპტიულია, ვიდრე აგრესიული. „ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ წყვილზე, რომელსაც ქალი და კაცი ქმნიან, - ამბობს ჩივერსი, - ცხადია, ქალები ძალიან სექსუალურები არიან და აქვთ პოტენცია, მამაკაცებზე უფრო მეტად სექსუალურებიც იყვნენ, მაგრამ, ქალების შემთხვევაში, ვიღებთ არა შემტევ, მიმწოლ სექსუალურობას, არამედ უფრო საპასუხო, რეაქციულ პროცესს. როდესაც ქალი და მამაკაცი ქმნიან წყვილს და როცა ამ წყვილის ერთი მხარე, ანუ მამაკაცი მთლიანად ტესტოსტერონითაა დამუხტული, რომელიც რისკზე მიდის და აგრესიული ხდება, ცხადია, წყვილის მეორე ნაწილი ანუ ქალი ამ აგრესიის მიმღები იქნება და არა თანაბარი ძალის და ნიშან-თვისებების მქონე ძალა. ასეთ შემთხვევაში, ქალი საპასუხო რეაქციას უნდა ავლენდეს, ის უნდა იღებდეს და პასუხობდეს კაცის აგრესიას. ხშირად მიფიქრია, რომ არის რაღაც ძალიან ძლიერი ქალის სექსუალურობაში, როდესაც ის თავს სასურველ არსებად გრძნობს. ეს სწორედ ის რეცეპტიული ელემენტია, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი კვლევას, რომელიც ამ ნიშან-თვისებებს გამოიძიებდა“.

კვლევაში, რომელზეც ჩივერსი ახლა მუშაობს, თავისი ძველი ექსპერიმენტების შედეგებს იყენებს. ის წინათ ჩაწერილი ისტორიების აუდიოვერსიებს უსმენს და ცდილობს, დაადგინოს, რომ ქალების აღგზნების პროცესი მართლაც უმართავი მოვლენაა. თუმცა ეს მიმდინარე კვლევა ეროსში ქალების ურთიერთობების როლსაც ეხება. თავის ძველ კვლევებზე ერთი თვალის გადავლებით ჩივერსი ვარაუდობს, რომ ქალებს სუბიექტურად, თუ ობიექტურადაც არა, უცნობ ადამიანებთან სექსის პერსპექტივა ძალიან აღაგზნებთ.

პარალელურად, ჩივერსი ადგენს იმ ექსპერიმენტთა ნუსხასაც, რომლებზე მუშაობაც მას სამომავლოდ უნდა. ერთ-ერთი მათგანის საძიებო თემა იქნება, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან აღგზნების სისტემა ლიბიდოს მექანიზმთან. ჩივერსს სურს, თვალი მიადევნოს იმ ქალების სექსუალურ ქცევას, რომელთაც სექსუალურ სტიმულს საკუთარ ლაბორატორიაში შესთავაზებს. თუ სტიმული, რომელსაც ფსიქოლოგიური რეაქცია მოჰყვება - მაგრამ რომელიც პოზიტიურად არ შეფასდება კლავიატურაზე - გამოიწვევს მძაფრ ეროტიკულ ფანტაზიებს, მასტურბაციას, ანდა პარტნიორთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, მაშინ ჩივერსი მივა კიდეც საჭირო დასკვნამდე. ქალებს რეალურად რომც არ ხიბლავდეთ და იზიდავდეთ წარმოდგენილი სტიმულატორი, ისინი მისი საშუალებით მაინც ეგზნებიან.

თუმცა ლიზა დაიმონდი, ჩივერსის თაობის ახლად აღიარებული სექსოლოგი, ქალების ეროტიკულ სწრაფვებს სხვაგვარად აფასებს. იუტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და გენდერული სწავლების პროფესორი მთელი ცხოვრების განმავლობაში ლაბორატორიის გარეთ ატარებდა კვლევებს. ყოველთვის ცდილობდა, ჰეტეროსექსუალთა წყვილის მიღმა არსებული საკითხებით დაინტერესებულიყო. დღეს კი მისი დასკვნები საგრძნობლად განსხვავდება ჩივერსის მონაცემებისგან უცხო ადამიანებთან სქესობრივი კავშირის დამყარების შესახებ.

„1997 წელს მსახიობმა ენ ჰეშმა გააბა რომანი ლესბოსელ კომიკოს მსახიობ ელენ დეჯენერესთან. მათი სიყვარულის ისტორია მედიის საშუალებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დეჯენერესთან ურთიერთობამდე ჰეშს არც ერთი ლესბოსური გატაცება და ურთიერთობა არ ჰქონია. დეჯენერესთან რომანი კი ორ წელიწადში დასრულდა, ჰეში ბოლოს მამაკაცზე დაქორწინდა“. ამ ამბით იწყება დაიმონდის წიგნი „სექსუალური დინება: ქალის სიყვარულისა და სურვილის შეცნობა“, რომელიც წინა ზამთარში Harvard University Press-მა გამოსცა. დაიმონდი იქვე აგრძელებს: „ჯული საიფერი ქმარს 1988 წელს იმიტომ გაშორდა, რომ მუსიკოს მელისა ეთერიჯთან გაება რომანი. ქალებმა ერთად 12 წელი გაატარეს, მაგრამ შემდეგ საიფერიც, ჰეშის მსგავსად, თავის ქალ პარტნიორს დაშორდა და ისევ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობას დაუბრუნდა“. დაიმონდი თავის წიგნში თავს უყრის სხვა არანაკლებ გახმაურებულ შემთხვევებს, როცა ცნობილმა ქალბატონებმა სექსუალური ორიენტაცია შეიცვალეს, შემდეგ კი სვამს კითხვას: „რა ხდება?“ დაიმონდი პასუხად რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს და მათ ნაწილობრივ მეცნიერულ კვლევაზე, ნაწილობრივ კი პირად დაკვირვებებზე აფუძნებს. მისი ერთ-ერთი ვარაუდი კი ასეთია: ქალის სურვილს შეიძლება იწვევდეს ინტიმურობა, ემოციური კავშირი.

დაიმონდი ენერგიული მკვლევარია. ძიება და ექსპერიმენტები მას არასდროს ღლის. კვლევა, რომლის მიხედვითაც მან წიგნი დაწერა, 10 წელზე მეტია, გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ის თვალს ადევნებდა ასამდე ახალგაზრდა ქალის ეროტიკულ გატაცებას. ქალების ნაწილი აცხადებდა, რომ ჰეტეროსექსუალური ორიენტაციისა იყო, ნაწილი - ლესბოსელი, ნაწილი კი თავს არიდებდა ორიენტაციის დაფიქსირებას. იმ ცვლილებებზე დაყრდნობით, რაც ამ ქალებმა სექსუალური ორიენტაციის მხრივ განიცადეს და იმ დეტალების შეფასებით, რითაც ისინი საკუთარ ეროტიკულ ცხოვრებას აღწერდნენ, დაიმონდი ამტკიცებს, რომ ამ ქალბატონებისთვის და შესაძლოა, ზოგადად ქალებისთვისაც, ლიბიდო ძალზე ცვალებადი ფაქტორი იყოს; რომ მისი განსაზღვრა შეუძლებელია იმის მიხედვით, თუ როგორ ახასიათებენ ქალები ლტოლვას ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში; რომ საჭიროა უფრო ფიქსირებული სექსუალური ორიენტაციის მამრობითი პარადიგმის გამოყენება. დაიმონდის ჯგუფში იმ ქალებიდან, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლესბოსელები იყვნენ, მხოლოდ ერთმა მესამედმა აღიარა, რომ მათი გატაცების საგანი მხოლოდ ქალია. დანარჩენი ორი მესამედი კი პერიოდულად ინტერესდებოდა მამაკაცებითაც, ამის მიზეზი კი იყო არა კულტურული ფასეულობების გავლენა, არამედ ნამდვილი, გულწრფელი სურვილი.

დაიმონდი არ ამტკიცებს, რომ ქალებს არ გააჩნიათ შინაგანი სექსუალური ორიენტაცია. მაგრამ ის საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მის ექსპერიმენტებში მონაწილე ქალების უმრავლესობა ეთანხმება განცხადებას: „მე ვარ ადამიანი, რომელსაც ფიზიკური ლტოლვა უჩნდება ადამიანის, და არა მისი სქესის მიმართ.“ დაიმონდი ამტკიცებს, რომ სურვილი ხშირად ისე მაცდუნებლად იბადება ორი ადამიანის ემოციურ სიახლოვეში, რომ თანდაყოლილ ორიენტაციას ადამიანმა შეიძლება იოლად გადააბიჯოს. არ არის აუცილებელი ამან რეალურად შეცვალოს ქალის ქცევა, მაგრამ მან ნამდვილად შეიძლება მიმართულება შეუცვალოს ეროტიკულ გატაცებას. ამ ფენომენის გამომწვევი ერთერთი მიზეზი, დაიმონდის აზრით, შეიძლება ოქსიტოცინში ვიპოვოთ. ეს გახლავთ ნეიროტრანსმიტერი, რომელიც მხოლოდ ძუძუმწოვართა ტვინებში არსებობს. აღიარებული ფაქტია, რომ ამ ქიმიური ნივთიერების გამოშვება ადამიანებში იწვევს ნდობისა და კეთილდღეობის შეგრძნების გამძაფრებას, ხოლო როდესაც პრერიის მდედრ თაგვებში ჩაატარეს ექსპერიმენტი, დადგინდა, რომ ოქსიტოცინის შედეგად სქესობრივი აქტი თაგვებში სანდო ურთიერთობის დამყარების გარანტი გახდა. თუ ვიმსჯელებთ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებითა და ტრანსმიტერის მნიშვნელობის გააზრებით ბავშვის დაბადებასა და ძუძუთი კვებაში, ცხადი გახდება, რომ ოქსიტოცინი, რომელიც ესტროგენზეა დამოკიდებული, უფრო ფართოდ არის გავრცელებული ქალის ტვინში. დაიმონდისთვის კი ეს აღმოჩენა ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ უკავშირდება ქალისთვის ასე მჭიდროდ ერთმანეთს ინტიმურობა და სურვილი.

თუმცა, ნევადას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის მარტა მინასთვის ინტიმურობა აღგმზნები საშუალება სულაც არ არის. მინა, რომელიც დღეს ჩივერსთან ერთად ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ის საბჭოს წევრია, სექსოლოგიით სერიოზულად 1990-იანი წლების ბოლოს დაინტერესდა. მაშინვე დაიწყო დისპარეუნიის კვლევა, რაც გულისხმობს სქესობრივი აქტის დროს ქალების გენიტალიურ ტკივილს. მინა ახლა აყალიბებს მოდელს, რომელიც ახსნის ქალის ლიბიდოს და რომელიც ოფიციალურად წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. ვიდრე მისი გაბედული იდეების მოსმენას შევუდგებოდი, ერთად წავედით Cirque du Soleil-ის შოუს ZUMANITY-ს სანახავად. მინას თქმით, ეს უნდა ყოფილიყო პერფორმანსი ძალზე მსუბუქი პორნოგრაფიული ელემენტებით.

კაზინოს თეატრის სცენაზე გიგანტური შუშის ფიალა იდგა, რომელშიც ორი ქალი წყალქვეშ ცურავდა. ქალებს შავი თმები ჰქონდათ, მკერდი მთლიანად მოშიშვლებული, ქვევით კი ზონარის სისქის ტანგები ეცვათ. ცეკვა-ცეკვით ცურავდნენ, მოქნილი სხეულებით კედლებს ეკვროდნენ და ზევით მისრიალებდნენ. უცებ სცენაზე ქერათმიანი გოგო გამოჩნდა, სკოლის მოსწავლის პლისეებიანი, ძალიან მოკლე კაბა ეცვა. გოგონამ ჯერ ჰულა-ჰუპით იცეკვა და ათასჯერ მაინც შემოივლო წელზე რგოლი, შემდეგ სცენის თავზე გაბმული თოკით მაღლა აფრინდა და სანამ დარბაზის თავზე ფრენდა, თან წარმოუდგენელი მონდომებით შლიდა ფეხებს. დარბაზში თითქმის თანაბარი რაოდენობით ისხდნენ ქალები და კაცები, მაგრამ სცენაზე მაინც ქალი მსახიობები ჭარბობდნენ. ხოლო როცა ვერცხლისფერპარიკიანმა ემ.სი-მ შესძახა, - აბა, სად არის ხორციო, - სცენაზე ექვსი გრძელთმება კაცი გამოჩნდა და დაიწყო სტრიპტიზის ცეკვა. მათ გარშემო კი უკვე შეკრებილიყო ათამდე ნახევრადშიშველი აკრობატი.

მინამ სცენაზე შექმნილი სქესობრივი დისბალანსი და ქალი მსახიობების სიმრავლე ასე ახსნა: „კაცის სხეული ერექციის გარეშე აღგზნებას თითქმის არ გამოხატავს მაშინ, როცა ქალის სხეული - აღგზნებულია თუ არა - ყოველთვის ასხივებს მინიშნებას, დაპირებას სექსზე“. იმ ფაქტს, რომ Cirque du Soleil-ის ტაქტიკა ამართლებს - ანუ როცა წარმოდგენებში კაცზე მეტი ქალი აკრობატია დაკავებული, ორივე სქესის მაყურებელს იზიდავს, მინა ასე ხსნის: ქალის სურვილის გაღვივებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სასურველ ქალად თავის გრძნობა და გარკვეულწილად ნარცისიზმიც.

თუმცა, ამ შეხედულებას კრიტიკულად აფასებს ჯულია ჰეიმანი. ის იხსენებს 30-40 წლის წინანდელ დროს, როცა სექსუალური დამოუკიდებლობის შეგრძნებამ, რომელიც ქალებს გამათავისუფლებელმა მოძრაობამ და კონტრაცეპტივებმა მოუტანა, ახლებური კულტურული და სექსოლოგიური ტენდენცია შექმნა. ამ ტენდენციის მიხედვით, ქალების სექსუალური ლტოლვა შინაგანად იბადებოდა და მისი გაჩენა არ იყო დამოკიდებული სხვის ინიციატივაზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, სიღრმისეული სექსოლოგიური კვლევების გამო, ეს ხედვა შეიცვალა. მინას თქმით, სექსუალური ლტოლვა ძალიან კომპლექსური და იდიოსინკრატული ფაქტორია. ის აცხადებს, რომ ქალისთვის შეგრძნება იმისა, რომ ის სასურველი არსებაა უკვე უდრის ორგაზმს. დარბაზში მყოფი ქალები, რომლებიც ZUMANITY- ს შოუში მონაწილე ქალ აკრობატებს უცქერდნენ, მინას შეფასებით, აღგზნებულები ფანტაზიორობდნენ, რომ მათი სხულებიც ისევე სასურველი და სექსუალური იყო, როგორც მსახიობი ქალების.

მინას შეფასებები ლაბორატორიულ კვლევებს ეფუძნება. თავის კურსდამთავრებულ შეგირდთან ემი ლაიკინსთან ერთად მან გამოსცა შრომა, რომელშიც ხაზს უსვამს ჰეტეროსექსუალ ქალებსა და მამაკაცებში ვიზუალური ყურადღების მნიშვნელობას. ექსპერიმენტში, რომელიც მან ამ კვლევისთვის ჩაატარა, მოხალისეებს გაუკეთა სათვალეები, რომლებიც თვალის მოძრაობას აფიქსირებდნენ, ვიდრე ისინი ჰეტეროსექსუალთა სექსის გამომხატველ იმიჯებს უცქერდნენ. კაცი მოხალისეები უფრო მეტად უყურებდნენ ქალებს, მათ სახეებსა და სხეულებს. ქალები კი თანაბრად ანაწილებდნენ ყურადღებას ორივე სქესზე, მათი თვალები თანაბარი ინტერესით აკვირდებოდა, როგორც კაცების სახეებს, ისე ქალების სხეულებს და მათ მიმიკებს, აკვირდებოდნენ, როგორი ნდომით იყვნენ სავსე კაცები და როგორ სექსუალურ ხიბლს ავლენდა ქალების სხეულები.

თუმცა, მინა თავისი ცოდნის ნაწილს უმადლის იმ კლინიკურ კვლევებსაც, როცა ის დისპარეუნიით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა. მან ამიხსნა, რომ ეს მდგომარეობა, რომელიც სქესობრივ კავშირს მტანჯველ პროცესად აქცევს, პირდაპირ არ უკავშირდება სექსის სურვილის არარსებობის პრობლემას, მაგრამ მისი პაციენტები მაინც ამტკიცებდნენ, რომ როცა იზრდებოდა სექსუალური ნდომის ხარისხი, ტკივილიც აქტის დროს მცირდებოდა. მინას თქმით, პრობლემა მაინც ეს არის - როგორ ავამაღლოთ სურვილის ხარისხი. გამოსავალი კი, რაც უნდა დიდ სიბრძნედ ჟღერდეს, მაინც არ არის პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება. მინამ გაიხსენა ერთი პაციენტის შემთხვევა, რომლის პარტნიორიც თანაგრძნობით იყო აღსავსე საყვარელი ქალის მიმართ, განიცდიდა იმას, რომ ქალს ტკივილს აყენებდა და სექსის დროს გამუდმებით ეკითხებოდა მას: „ასე კარგია?“ - ეს კითხვები კი ქალს სექსის სურვილს სულ მთლად უკარგავდა. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მათ სექსს თან არ ახლდა გრძნობის დამკარგველი შეძახილები, ქალი თავისი პარტნიორისგან ვერ გრძნობდა დიდ ლტოლვას, უმართავ, უკონტროლო სურვილს, რაც მის სურვილზეც ახდენდა უარყოფით გავლენას.

მინა ამბობს: „ხშირად ფიქრობენ, რომ ქალის სურვილი დიდწილადაა დამოკიდებული ურთიერთობის ფაქტორზე, მაგრამ ქალის სექსუალურობას, კაცისგან განსხვავებით, ეს არ განაპირობებს“. მინამ ახლახან დაამთავრა ერთი კვლევა, რომელიც 20 გათხოვილი ქალის ხანგრძლივი ინტერვიუებისგან შედგებოდა, რომელთაც სქესობრივი პრობლემები აწუხებდათ. სწორედ ამ ინტერვიუების საფუძველზე, მინა აცხადებს, რომ მართალია პარტნიორებს შორის გაფუჭებული ურთიერთობა ხშირად კლავს სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ სურვილის შენარჩუნების გარანტიას არც კარგი ურთიერთობა იძლევა. მინამ გაიხსენა ერთი თავისი რესპონდენტის სიტყვები: „ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება გვაქვს. ერთმანეთს ვკოცნით, ვეხუტებით, ვეფერებით, მაგრამ სულ ვეუბნები, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს... არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არის ერთი ადგილი, სადაც...“ - ეს ადგილია ლოგინი, რომელიც სურვილდაკარგულ ქალს უკაცრიელი და ცივი ეჩვენება.

მინა აცხადებს, რომ საზოგადოდ აღიარებულ შეხედულებას, თითქოს, ინტიმურობა უკეთეს სექსს იწვევს, ხშირად შეცდომაში შევყავართ. „ქალის სურვილი ურთიერთობებზე არაა დამოკიდებული. ის უფრო ნარცისულია“. მას განაპირობებს საკუთარი თავისადმი სიყვარულის შეგრძნება, განცდა, რომ თავი იგრძნოს ეროტიკული აღგზნებისა და სექსუალური ნდომის ობიექტად. ამის დასტურად მინა იხსენებს ერთ კვლევასაც, რომლის მიხედვითაც, კაცებთან შედარებით, ქალების ეროტიკული ფანტაზიები უფრო მეტად არის აწყობილი სიამოვნების მიღებაზე, ვიდრე გაცემაზე. „როცა საქმე ეხება სურვილს, ქალები უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული ურთიერთობებზე, ვიდრე კაცები“, - აცხადებს მინა.

ჩივერსის მსგავსად, მინაც ქალის სექსუალობას ორ სისტემად ჰყოფს. თუმცა, ამ სისტემებს ის ჩივერსისგან განსხვავებულად უყურებს. მის მიერ აგებული სქემის მიხედვით, ერთ მხარეს არსებობს სუფთა ლტოლვის სისტემა, მეორე მხარეს კი ხარისხის სიმაღლე. ევოლუციური და კულტურული მიზეზებიდან გამომდინარე, ქალები შეიძლება უფრო მაღალ ხარისხს ანიჭებდნენ სიახლოვესა და ურთიერთობების ხანგრძლივობას. „მაგრამ არასწორია დავასკვნათ - მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები ირჩევენ მდგრად ურთიერთობებს, სწორედ ურთიერთობებია მათი სურვილის ძირითადი წყარო“, - განმარტავს მინა.

მინამ დამიზუსტა ის ორი გარემოებაც, რომლებიც მისი მსჯელობისთვის სანდო არგუმენტად გამოდგება. პირველი: არსებობს მრავალგვარი მონაცემი, ეროტიკული ფანტაზიის, მასტურბაციის და სქესობრივი აქტების სიხშირის გაზომვით დამოწმებული, რომ ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლები სექსუალური შესაძლებლობა აქვთ. და მეორე: ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობების დროს ქალებს კაცებზე ხშირად ეკარგებათ ინტერესი სექსის მიმართ. მინა ამტკიცებს, რომ ქალის ლიბიდოს გასააქტიურებლად გაცილებით უფრო დიდი ბიძგი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სტიმულია საჭირო, ვიდრე კაცის შემთხვევაში. ის ამბობს: „მაგალითად, თუ ვარ ტიპი, რომელიც მაინცდამაინც არ გიჟდება ნამცხვრებზე, შევჭამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამცხვარი მართლა, გამორჩეულად მადისაღმძვრელი იქნება“. ხანგრძლივ ურთიერთობებში თანდათან მცირდება ქალისთვის ყველაზე აუცილებელი სექსუალური სტიმული - იყოს სასურველი პარტნიორისთვის. ეს ფაქტორი მცირდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი კარგავს ინტერესს ქალის მიმართ, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია - ქალს ექმნება ისეთი განცდა, თითქოს მისი პარტნიორი ტყვეობაშია მოქცეული, თითქოს მისი პარტნიორს აღარ აქვს არჩევანი, რომელსაც ისევ და ისევ, ყოველ ჯერზე თავიდან თავისი პარტნიორი ქალის სასარგებლოდ გააკეთებდა.

მინამ მთხოვა, სიმბოლურად წარმომედგინა ასეთი სცენა: კაცს ქალი ხეივნის კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და აუპატიურებს. მინას თქმით, მსგავსი სურათი ქალისთვის პიკს წარმოადგენს: მოძალადე მამაკაცი ისეა სავსე ამ ქალის ნდომით, რომ თავს ვეღარ იკავებს, ივიწყებს საზოგადოებაში ქცევის ნორმებს ოღონდ კი, ქალი დაისაკუთროს, ის კი გრძნობს, რომ სწორედ თვითონაა ამ კაცის ნდომის ერთადერთი ობიექტი და საკუთარი რეაქტიული მუხტით გაბრუებული კაცს ნებდება. როცა მინამ თხრობა დაასრულა, მომიბოდიშა სცენის ანტიფემინისტური, რეგრესიული განწყობისთვის.

მართალია, მინა ამდაბლებს ურთიერთობების როლს ქალის სურვილის განსაზღვრაში, მაგრამ ამბობს, რომ ქალისთვის სექსუალურ რელევანტურობას სულაც არაა მოკლებული მზრუნველობის, მფარველობის ფაქტორი. თან დასძენს: „ის, თუ რა სურთ ქალებს, ნამდვილ დილემას წარმოადგენს“. მინამ მაჩვენა ერთი სახალისო ფოტოც, რომელზეც ორი მართვის პულტია გამოსახული. ერთი კაცის სექსუალურ ლტოლვას არეგულირებს, მეორე - ქალისას. კაცისაზე სულ ორი ღილაკია - ჩამრთველ-გამომრთველი, ქალის მართვის პულტი კი უთვალავი კლავიშითაა გადავსებული. „ქალს სურს, ძლიერმა მამაკაცმა კედელთან მიიმწყვდიოს, მაგრამ ძალიან არ შეაშინოს. ქალს სურს, გვერდით ჰყავდეს ველური, მაგრამ ამავე დროს მზრუნველი კაცი. თუ მთხოვდით, ავირჩიო მსახიობი, რომელიც დაჯილდოებულია ამ თვისებებით, ამ ურთიერთწინააღმდეგობებით, ავირჩევდი დენზელ ვაშინგტონს. ის ავლენს ძალასაც და კეთილშობილებასაც“.

მას შემდეგ, რაც ხეივანში მომხდარი გაუპატიურების სცენა წარმოვიდგინეთ, ჩვენი საუბარი ბუნებრივად გადაიზარდა გაუპატიურების თემაში. მინასთან ერთად, სექსუალური ძალადობის ეროტიკული ფანტაზიები განვიხილეთ. ჟურნალის The Journal of Sex Research გაუპატიურების აქტი განსაზღვრულია, როგორც: „ფიზიკური ძალის გამოყენება, დაშინება, დაძინებით ანდა მოწამვლით ქალის გაუვნებელყოფა იმისთვის, რომ ის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სექსუალურ აქტში ჩართონ“. ამავე ჟურნალის შარშანდელ ნომერში კი გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალების ერთი მესამედი ანდა ნახევარზე მეტი, თავს ირთობს გაუპატიურების შესახებ ფანტაზიით, ზოგჯერ მსგავსი ფანტაზიები აქვთ სქესობრივი აქტის დროს პარტნიორთან. ყოველ ათ ქალში ერთი კი სექსუალურ შეურაცხყოფაზე თვეში ერთხელ მაინც ოცნებობს.

გაუპატიურების ხიბლი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარადოქსულია. თუმცა, მინა განმარტავს: გაუპატიურება ნიშნავს აქტზე ყოველგვარი კონტროლის დაკარგვას მაშინ, როცა ფანტაზიას გაუპატიურების შესახებ თვითონ ქალი მართავს. ამიტომ დიდი განსხვავებაა წარმოსახული ძალადობის სიამოვნებასა და რეალურად მომხდარი ძალადობის კოშმარს შორის. „ვერ ვიტან ტერმინს „გაუპატიურების ფანტაზია“, - მითხრა მინამ, - ეს უფრო დამორჩილების ფანტაზიებია, მაგრამ არა, არც დამორჩილებაა ზუსტად შერჩეული სიტყვა, ის არ გამოხატავს ქალის მთავარ წარმოსახვას, რომ ის თავისივე სურვილით ნებდება“.

როდესაც ამ თემაზე ჩივერსს გავესაუბრე, ზუსტი სიტყვების შერჩევა მასაც გაუჭირდა. მან კალამი აიღო და ბლოკნოტში, რომელშიც მის ფრაზებს ვინიშნავდი, მიაწერა სიტყვა „სემანტიკა“. მერე კი მითხრა: „ცნება „გაუპატიურებას“ ძალიან დიდი ტვირთი აწევს ზურგზე. პოლიტიკურადაც და პერსონალურადაც ძალიან საფრთხილოა ამ თემაზე გულწრფელი და ღია საუბარი. არასდროს, არასდროს ვეტყოდი ვინმეს ხმამაღლა, რომ მას აქვს უფლება ქალს საკუთარ სხეულზე უფლება წაართვას. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ ხოლმე: „აღგზნება არ განიჭებს უფლებას“.

შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეუძლებელია, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი აისახოს სექსუალურ ფანტაზიაში; იმაზეც ვილაპარაკეთ, თუ როგორ თავისუფლად, უსაზღვროდ ვლინდება სექსუალურ ფანტაზიებში დაუოკებელი აღგზნება და გულწრფელი ლტოლვა; და აღვნიშნეთ ისიც, რომ სექსუალური წაოცნებების პროცესი არ გულისხმობს ფანტაზიის რეალობად ქცევის სურვილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოსახვის წყარო სექსუალური ძალადობაა.

შემოდგომის ერთ დილას ჩივერსი თავის სადად გაფორმებულ კაბინეტში ლეპტოპს მიუჯდა. ეკრანზე გაშალა მონაცემები, რომლებიც სექსის სცენების აუდიო-ჩანაწერებზე ექსპერიმენტის მონაწილეების გენიტალიურ და სუბიექტურ რეაქციებს ასახავდა. ის გულისყურით აკვირდებოდა წითელ დაკბილულ წრფეს, რომელიც კომპიუტერის ეკრანს მთელ სიგანეზე გასდევდა. ეს იყო ხაზი, რომელიც აღნუსხავდა სუბიექტის ვაგინალური სისხლის მიმოქცევას წამობრივი რეჟიმით. იყო დრო, როდესაც ჩივერსი ამ მონაცემების შესასწავლად კომპიუტერულ პროგრამას ვერ იყენებდა. მაშინ საჭირო იყო „გაეწმინდა“ მონაცემები, როგორც ამ პროცესს ეძახიან სექსოლოგები - ანუ წაეშალა ის წამები, როცა სუბიექტის მექანიკური მოძრაობები (მაგალითად სკამზე გვერდის ცვლა) პლეტიზმოგრაფზე დაფიქსირებულ შედეგებს ცვლიდა და საერთო სურათსაც ამახინჯებდა. ნიშან-ნიშან მიჰყვებოდა ჩივერსი ხაზს, ამოწმებდა ზიგზაგის თითოეულ წვრილმანს, რათა მექანიკური ზადი გამოევლინა. ახლა ჩივერსი ამ ყველაფერს კომპიუტერის ეკრანზე აკეთებდა. აი, ჯერ გააფერადა და შემდეგ მთლიანად წაშალა ერთი უვარგისი მომენტი, შემდეგ გააგრძელა დაკვირვება. მონაცემების შესწავლის ეს პროცესი ხანდახან ორი საათი გრძელდება. დაახლოებით ამდენი სჭირდება ერთი სუბიექტის მონაცემების მომზადებას. „მგონი, ვბრმავდები“, - მითხრა ჩივერსმა, როცა წამით შეისვენა, ვიდრე მორიგ საეჭვო ეპიზოდს დაუწყებდა კირკიტს.

ჩივერსის სამუშაო მართლაც მტანჯველი იყო. რთული ჩანდა საცქერლადაც კი; და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ჩივერსს სიბრმავე მართლაც ემუქრებოდეს, არამედ იმიტომაც, რომ მისი შრომა კარგად ცხადყოფს, რომ მეცნიერის მცდელობები იმ უზარმაზარ უღრან ტყესთან მიმართებაში, რომლის შეცნობასაც ჩივერსი ცდილობს, ზღვაში წვეთია. ის გამუდმებით იმ ცდებზე საუბრობს, რომელთა ჩატარებაც უნდა, მაგრამ იმ ურიცხვი შეცდომის ფონზე, რომლებიც მისმა მახვილმა მზერამ უნდა აღმოაჩინოს და გაწმინდოს, რამდენი ცდის ჩატარებას მოასწრებს ერთი სიცოცხლის განმავლობაში? რამდენი კვლევის ჩატარებას მოასწრებენ მსოფლიოს მთელი სექსოლოგები, რომელთა ამოსავალი წერტილიც ქალის სურვილის გაგებაა? რამდენ ექსპერიმენტს ჩაატარებენ, რაც უნდა ბევრ ქალს მიამაგრონ პლეტიზმოგრაფი, აღნუსხონ მათი ტვინის მუშაობა სპეციალური სკანერის საშუალებით, მოარგონ სათვალეები, რომლებიც თვალის მოძრაობებს აფიქსირებს, დაურიგონ ვრცელი კითხვარები, ანდა თვალი ადევნონ მათი ცხოვრების ეროტიკულ დეტალებს წლების განმავლობაში? შეუძლიათ თუ არა სექსოლოგებს, საზოგადოებას შესთავაზონ უფრო მეტი, ვიდრე დამაინტრიგებელი მინიშნებები, ფრაგმენტული აღმოჩენები და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნებია? დასაშვებია თუ არა, რომ რომელიმე დასკვნამ სრულყოფილად მოიცვას და დაახასიათოს თუნდაც მხოლოდ ერთი ქალის ეროტიკული ენერგიის წყარო? ნუთუ დაიმონდის თეორია ინტიმურობის სექსუალური ძალის შესახებ არ ავსებს მინას მტკიცებას, რომ სურვილის თავი და თავი ქალის ნარცისიზმია? ანდა, რატომ არ შეიძლება ჰარმონიულად თანაარსებობდეს ქალში ეროტიკული სინაზისკენ სწრაფვაც და საჯარო თავშეყრის ადგილას გამართულ სექსზე ოცნებაც? იქნებ ფროიდის მიერ თითქმის საუკუნის წინ დასმული კითხვა უპასუხოდ რჩება, არა იმიტომ, რომ პასუხის ძებნას მეცნიერება გვიან შეუდგა, არამედ იმიტომ, რომ ფროიდის კითხვას პასუხი საერთოდ არ აქვს?

ჩივერსი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება ეხმარებოდეს მისი კვლევები ქალებს, მისი თქმით, სავარაუდოდ, „ამ კვლევების საშუალებით ქალებს გაუფართოვდებათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა აღაგზნებთ“. როცა მისი ლაბორატორიული კვლევების შედეგები საზოგადოების ცნობიერებაში შეაღწევენ, ქალები მიხვდებიან, რომ მათ აღგზნებას მრავალფეროვანი სტიმულატორი იწვევს, რომ სექსუალური ნდომის მიღწევა გაცილებით იოლია, ვიდრე ზოგიერთ ქალს ჰგონია. ჩივერსის აზრით, მეცნიერული კვლევებით შეიძლება დაეხმარო ქალებს თანხმობაში მოიყვანონ გაცნობიერებული სურვილი და გენიტალიების რეაქციები. როცა ამას ამბობდა, შევაწყვეტინე, ვკითხე, ხომ არ ფიქრობდა, რომ მსგავსი მსჯელობა ეწინააღმდეგებოდა მისსავე თეორიას იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიური და სუბიექტური განცდები განცალკევებულ სისტემებს ქმნიან? ჩივერსი დამეთანხმა, რომ შეიძლება ასეცაა. როგორც ჩანს, ეს უღრანი ტყე ხშირად მართლაც ძალიან უღრანია ცხადი დასკვნების გამოსატანად.

ზოგჯერ ჩივერსი ისე ლაპარაკობს, თითქოს, ტყეს ვერც ხედავდეს, თითქოს საკითხის სირთულეს იწვევდეს არა შინაგანი სიღრმეები არამედ სოციალური მცდელობა, დაარეგულიროს ქალის ეროსი; კულტურული ჩარჩოები, რომლებმაც ქალის ნდომა ჩააქრო, დაამახინჯა და გაუგებარი გახადა. ჩივერსი განმარტავს: „უამრავ კულტურაში არსებობს უმკაცრესი ტაბუები, რომლებიც ქალის სექსუალობას იცავენ. თუ ქალის სექსუალობა მართლაც პასიური ძალაა, მაშინ რაღა საჭიროა ამდენი წესი და ტაბუ მის გასაკონტროლებლად? რა არის საშიში ქალის სურვილში?“ ჩვენი საუბრის დროს მის სიტყვებში ზოგჯერ გამოსჭვიოდა განცდა, რომ შესაძლოა, მან ბოლომდე ვერასდროს შეიცნოს თავისი ინტერესის ობიექტი, რადგან უბრალოდ ბოლომდე ვერ ხედავს მას, რადგან მონაცემები, რომლებსაც ის და მისი კოლეგები აგროვებენ, შეიძლება მცდარი იყოს, კულტურის წიაღში ხელოვნურად შექმნილი ტენდენციების ამსახველი; მეცნიერების მცდელობები კი, ახსნან ეს მონაცემები, შეიძლება კიდევ უფრო გვაშორებდეს სიმართლეს. იყო მინიშნება იმაზეც, რომ ქალის სექსუალობა შეიძლება პასიური ძალა სულაც არ იყოს. არსებობს შანსი, რომ შიშის ვრცელმა ისტორიამ, შესაძლოა, ქალის სურვილის თავისებურებები ისე ღრმად ჩამარხა, რომ დღეს მათი შეცნობა შეუძლებელია.

და მაშინ, სრულიად რეალური იყო იმის წარმოდგენაც, რომ მეცნიერს, რომელიც დაბრმავდა კომპიუტერზე გავლებული წითელი წრფეების ცქერით, ანდა უზღვავი მონაცემების გაშიფვრით - ისევე კარგად შეუძლია დაინახოს სინათლე, როგორც მეცნიერს, რომელიც ფიქრობს და აკვირდება ქალის სურვილით სავსე პარადოქსების წყვდიადს.

18 მონა-რქიანი საქართველო ანუ ახალი შუა საუკუნეების დასაწყისი

▲ზევით დაბრუნება


საავტორო

ავტორი: გიორგი მაისურაძე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

0x01 graphic

ქიმიური ქორწილი

შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ პირადად მე, რამდენადაც თავს ყოველთვის ქართველად ვგრძნობდი, იმდენადვე ვგრძნობდი თავს არქაულად და უადგილოდ თანამედროვე სამყაროში“.
მერაბ მამარდაშვილი

1616 წელს სტრასბურგში გამოიცა უცნაური შინაარსის წიგნი, სათაურით „ქიმიური ქორწილი“, რომლის ავტორობაც გერმანელ თეოლოგს იოჰან ვალენტინ ანდრეეს მიეწერება. ამ ფანტასტიკურ თხზულებაში მოთხრობილია ამბავი, რომელიც შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მთავარ გმირს - ქრისტიან როზენკროიცს სამეფო ქორწილში პატიჟებენ, მაგრამ მიწვეული სტუმრები ქორწილზე რომ მოხვდნენ, საჭიროა, მათ სხვადასხვა გამოცდის გავლით დაამტკიცონ, რომ ისინი ქველი და ღვთისნიერი ადამიანები არიან. ამის შემდეგ მათ ეძლევათ ოქროს საწმისი, რომლის მეშვეობითაც ისინი მეფე-დედოფალს წარუდგებიან. ქორწილი კი მეფე-დედოფლის შვიდ ნაწილად დანაწევრებით და მათი შვიდ გემზე განაწილებით იწყება; შემდეგ ამ შვიდ ნაწილს უკაცრიელ კუნძულზე მდებარე შვიდსართულიან კოშკში დაალაგებენ. აქ კი იმართება მთელი რიგი ალქიმიური ქმედებები და ცერემონიები, რომელთა შედეგადაც სტუმრები ბოლოს მეფესა და დედოფალს ისევ მკვდრეთით აღადგენენ და მათთან ერთად სასახლისაკენ გაემართებიან. ეს თხზულება როზენკროიცერული მოძრაობის მთავარ მანიფესტად იქცა. თავად „ქიმიური ქორწილის“ იდეა ბევრად უფრო ძველი მითოლოგიური წარმოდგენის - „საკრალური ქორწილის“ ალქიმიური ნაირსახეობაა. ამ მითოსის არსი კი ისაა, რომ ორი მთავარი ელემენტის, როგორიცაა მაგალითად ცა და მიწა, ერთმანეთთან შეუღლებით ახალი სამყარო, ახალი წესრიგი იქმნება - ანუ კოსმოგონია ხორციელდება. საბოლოო ჯამში ეს იდეა სხვადასხვა ფორმით ყველა ეპოქისა თუ კულტურის საქორწილო რიტუალში აირეკლა. ამდენად, განსაკუთრებული შემთხვევა არც ბაგრატიონთა ორი შტოს შერწყმა უნდა იყოს, რომლის „კოსმოგონიური“ ხასიათი ამ ქორწილის იდეაშივეა დეკლარირებული: მან საქართველოს მომავალი მეფე უნდა შვას და სამეფო დინასტია აღადგინოს. ეს კი სრულიად ახალი სახელმწიფოს - საქართველოს სამეფოს, რომელიც ისტორიაში არ არსებულა, „აღორძინების“ და მერე ალბათ მისი „გაბრწყინების“ საწინდარიც უნდა გახდეს.

ამ იდეაში ყველაზე საინტერესო თავად ასეთი ქორწილის სრულიად ალქიმიური შინაარსია, როდესაც დინასტიის ლეგიტიმურობის განმსაზღვრელად ბაგრატიონთა ორი შტოს სინთეზი იგულისხმება. ამაო იქნებოდა ლეგიტიმაციის ასეთი ფორმის სამართლებრივი თუ საკრალური საფუძვლების საქართველოს ისტორიაში ან ქრისტიანულ თეოლოგიაში ძიება. მისი ერთგვარი ანალოგიები შეიძლება ძველ ეგვიპტეში მოვნახოთ, სადაც ფარაონი სისხლის აღრევით უნდა დაბადებულიყო, რადგანაც იგი ცოცხალი ღვთაება იყო. მისი მეუღლეც საკუთარი და, ან უახლოესი ნათესავი უნდა გამხდარიყო და მხოლოდ მათ ღვთაებრივ ნაყოფს ექნებოდა ტახტზე ასვლის უფლება. მსგავსი წარმოდგენა ცნობილია მითოსში და მაგიურ ტრადიციებშიც, სადაც ინცესტის შედეგად სხვადასხვა სახის „ზეკაცი“ - გმირი, ჯადოქარი, ბრძენი თუ ღმერთის რჩეული იბადება.

ეს ყველაფერი საინტერესო და მიმზიდველია როგორც მითი, ზღაპარი, კულტურულ-ისტორიული ფენომენი თუ მხატვრული და პოეტური ფანტაზია, ანუ სანამ ეს წარმოსახვათა სამყაროს ფარგლებს არ სცილდება და პოლიტიკური რეალობის პრეტენზიით არ გამოდის, განსაკუთრებით - 21-ე საუკუნეში. ასეთი ფანტასმაგორიების პოლიტიკაში ტრანსპლანტაცია კი, რომლის მომსწრენიც თანამედროვე საქართველოში ვართ, იმ მოვლენაზე მიანიშნებს, რასაც უმბერტო ეკომ სრულიად სხვა კონტექსტში „ახალი შუა საუკუნეების დასაწყისი“ უწოდა. თუკი ეკო შუა საუკუნეების ტრანსფორმირებულ ნიშნებს მე-20 საუკუნის მიწურულის დასავლეთის სეკულარულ სამყაროში ხედავს, დღევანდელ საქართველოში „ახალი შუა საუკუნეები“ ორიგინალთან ბევრად უფრო მიახლოებული და ერთობ არამეტაფორული მნიშვნელობით ვლინდება. საქმე ეხება პოლიტიკურ ცნობიერებაში ე.წ. „პოლიტიკური თეოლოგიის“ აღორძინებას და მის წამყვან პოლიტიკურ მოდელად ქცევას, რაც „ძველი რეჟიმებისთვის“ იყო დამახასიათებელი.

მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგია

„ღვთისმსახურო ბასილევსო, ასწავლე მორწმუნეებს!“ 451 წლის ქალკედონიის მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმიდან.

ტერმინი „პოლიტიკური თეოლოგია“ კი მე-5 საუკუნის ქრისტიანი თეოლოგისა და „ეკლესიის მამის“ ავგუსტინე ავრელიუსის თხზულებიდან - „ღვთის ქალაქი“ - გახდა ცნობილი და მისი ავტორობა რომაელ ავტორს მარკუს ტერენციუს ვაროს (ძვ.წ. 2-1 სს.) მიეკუთვნება. ავგუსტინეს მონათხრობის თანახმად, „პოლიტიკური თეოლოგია“ იყო რომაელთა პოლიტიკური თუ ცივილიზებული რელიგია, რომელიც ხელისუფლების ღვთაებრიობას შესაბამისი რიტუალური ფორმებითა და რელიგიური კონცეფციებით გამოსახავდა. დღეს ამ ტერმინში იგულისხმება პოლიტიკის, ხელისუფლების და საზოგადოების მოწყობის მითოლოგიურ, რელიგიურ თუ ზოგადად ტრანსცენდენტულ პრინციპზე დაფუძნება. საინტერესოა ის, რომ ავგუსტინე, როგორც წმინდა თეოლოგი, აგრეთვე მისი ბერძენი წინამორბედი გრიგოლ ნაზიანზელი და სხვები, შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ იგივე ტრადიციის გაგრძელება ქრისტიანობაშიც მიმდინარეობს და აპროტესტებდნენ იმპერატორის ლამის ღვთაებრივ რანგში აღზევებას, მის წმინდა სამების ან ქრისტეს მიწიერ ანალოგიად შერაცხვას, რასაც ეკლესიის სხვა მამები, ყველაზე გამორჩეულად კი ევსევი კესარიელი, არ თაკილობდნენ. საბოლოო ჯამში, ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგიების ჩამოყალიბებასა და განსხვავებულ შინაარსებზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოებში გადამწყვეტი როლი არა თეოლოგიურმა დებატებმა, არამედ პოლიტიკურმა ფაქტორებმა ითამაშა: დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ფორმალურად მაინც უმაღლესი ავტორიტეტი რომის პაპი გახდა, რომლის კურთხევასა და მირონცხებაზეც დამოკიდებული აღმოჩნდა საერო ხელისუფლება. აღმოსავლეთში, ანუ ბიზანტიის იმპერიაში, იმპერატორის ხელისუფლება რელიგიურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომლის თანახმადაც, კეისარი ქრისტეს მიწიერი ანალოგია („ანალოგეი თეო“) და, ამდენად, უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტიცაა, რომლის უშუალო ჩარევითა და თანამონაწილეობითაც მიიღება საეკლესიო დოგმატიკა.

ბიზანტიის იმპერატორის ამგვარმა აღზევებამ, და არა საბაბად გამოყენებულმა სული წმინდის ძისგან გამოსვლისა თუ არგამოსვლის დოგმატზე პოლემიკამ, გამოიწვია მე-11 საუკუნეში ეკლესიის სქიზმა და „მართლმადიდებლობისა“ და „კათოლიციზმის“ გამიჯვნა, რადგანაც პაპი, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრე და უმაღლესი სასულიერო ჩინოსანი, ვერ ეგუებოდა იმპერატორის ეკლესიაზე მაღლა დგომას, ისევე, როგორც ბიზანტიის იმპერატორისთვის მიუღებელი იყო მასზე მაღალი ავტორიტეტის დაშვება. როდესაც ისტორიკოსები ბიზანტიას თეოკრატიულ სახელმწიფოს უწოდებენ, ამაში სამღვდელოების მმართველობა კი არ იგულისხმება, არამედ მართლმადიდებლობის შემქმნელი იმპერიის მთავარი იდეა, რომ იგი იყო ზეციური, ღვთაებრივი წესრიგის მიწიერი შესატყვისი, ხოლო კეისარი ქრისტეს ხორციელი ორეული, მისი ნების გამომხატველი და აღმასრულებელი. უკვე კვდომის პროცესში მყოფი ბიზანტიის იმპერატორიც კი რჩება მთელი მართლმადიდებლური სამყაროს სიმბოლურ მწყემსად: მე-14 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანტონიოსი აცხადებდა, რომ ეკლესია და იმპერია განუყოფელია და ერთადერთი კანონიერი ბასილევსი და ყველა მართლმადიდებლის წინამძღოლი ბიზანტიის იმპერატორია. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ამ იმპერიის ვაკანსიას რუსეთი იკავებს და ერთმორწმუნეთა მწყემსვის მისიასაც საკუთარ თავზე იღებს, რაც ამ სახელმწიფოს მთავარ იდეად გვევლინება. მოგვიანებით პეტრე I აუქმებს პატრიარქის თანამდებობას და სინოდის თავმჯდომარე და ეკლესიის მეთაური იმპერატორი ხდება.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მართლმადიდებლურ სამყაროში საერო და სასულიერო ხელისუფლებები არაა ერთმანეთისგან გამიჯნული. ეკლესიის უთავრესი პოლიტიკური ფუნქცია ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენად ყოფნაა. თავად ეს იდეოლოგია კი ერთადერთ ქრისტიანულ იმპერიას, როგორც ღვთაებრივი წესრიგის მიწიერ ანალოგიას ცნობს. ისევე, როგორც კათოლიციზმში, აქაც ეკლესია და სარწმუნოება ზენაციონალურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მართლმადიდებლობაში „ნაციონალობის“ გამომხატველი ბიზანტიის იმპერია და მისი კეისრისადმი მორჩილებაა.

ვინცა მოკვდეს მეფეთათვის

„ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“, - „ვეფხისტყაოსნის“ ეს ცნობილი აფორიზმი შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური თეოლოგიის განაცხადია, რომელიც, ერთი მხრივ, მეფისადმი აბსოლუტურ ლოიალობას, მეორე მხრივ კი თავად მეფის ღმერთის რჩეულობას, მის ღვთაებრიობასთან წილნაყარობასაც გამოხატავს, რომლისთვის თავგანწირვაც სარწმუნოებისათვის საკუთარი სიცოცხლის გაღების ტოლფასი და ამდენად, სასუფეველში მოხვედრის გარანტი უნდა იყოს. როდესაც დავით გურამიშვილი ვახტანგ VI-ს გარდაცვალებას ასეთი სიტყვებით დაიტირებს: „ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვეცაო!/ [...] გაფრთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მაცა, მაგრა დექ ცაო!“ - ეს მხოლოდ პოეტის მეფისადმი სუბიექტური კეთილგანწყობის გამომხატველი მეტაფორიკა კი არ არის, არამედ შუა საუკუნეების სამყაროს სურათი, სადაც ადამიანების პოლიტიური ერთობის გამომხატველი მეფეა, რომელიც ამავე დროს სიმბოლურად სამყაროს მიწიერ ღერძადაც მოიაზრება.

ახლა რაც შეეხება ქართული ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგიის სპეციფიკას: დავით აღმაშენებლამდე არც ერთი ბაგრატიონი მეფე არა მხოლოდ ბიზანტიისათვის არ არის მეფე ანუ ბასილევსი, არამედ ყოველი მათგანი ატარებს ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს და ამით კეისრის უზენაესობასაც აღიარებს, და ასევე საკუთარ თავსაც ბიზანტიელ მოხელედ განიხილავს. არც ქართველ საეკლესიო პირთა პრობიზანტიურობა ყოფილა საიდუმლო თვით ამ იმპერიასთან უმძიმესი პოლიტიკური დაპირისპირების დროსაც. მე-11 საუკუნის ქართველი ავტორი ჯუანშერი კი ვახტანგ გორგასალს ანდერძად ათქმევინებს: „სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“, თანაც ეს იმ დროს, როდესაც აფხაზთა და ქართველთა მეფე ბაგრატ IV ბიზანტიასთან ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება. დავით აღმაშენებელი პირველი ქართველი მეფეა, რომელიც უარს ამბობს ბიზანტიურ ტიტულებზე და ამით არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკლესიურადაც კი ემიჯნება იმპერიას. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა და საეკლესიო საქმეებში ჩარევა, რაც აქამდე კეისრის პრეროგატივა იყო, მხოლოდ ბიზანტიისგან ემანსიპაციის შემდეგ იყო შესაძლებელი. აქ დავითი იმეორებს აქამდე მხოლოდ კეისრისთვის ნებადართულ როლს და ქართულ ეკლესიას ფაქტობრივად საკუთარ სახელმწიფო სტრუქტურად აქცევს. დავითს მისი ისტორიკოსი „მზეს ქრისტიანობისად“ მოიხსენიებს, რაც ასევე კეისრის ატრიბუტია. დიდგორის ბრძოლის წინაც საკუთარ ლაშქარს „ეჰე, მეომარნო ქრისტესანოთი“ მიმართავს და არა სამშობლოს და მამულის, არამედ საქრისტიანოს დაცვისაკენ მოუწოდებს, რითაც იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქრისტიანოს მეთაურობაზე საკუთარ პრეტენზიას. ასეთი პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა, როდესაც უკვე მე-12 საუკუნის ბოლოს ბიზანტიისაგან გაავტონომიურებული ქართული ეკლესია და სუვერენული ქართული სახელმწიფო ახალ სალეგიტიმაციო ლეგენდას ქმნის, რომელიც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრად წარმოსახავს. ამით ქართველ ბაგრატიონთა სამეფო, რომელიც უკვე მე-11 საუკუნიდან მოყოლებული საკუთარ თავს ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლად აცხადებს, საკუთარ ქვეყანასაც საკრალურ ისტორიას უთხზავს მცხეთის კათალიკოს ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით. თამარის ანონიმი ისტორიკოსი კი, რომელიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო, თამარს სამების მეოთხე წევრად და მასზე ამაღლებულადაც მოიხსენიებს: „აქა კულა სამებისა თანა იხილვების თამარ, მისწორებული და აღმატებული“. ასეთივე ხარისხში აღწერს იგი ლაშა-გიორგის დაბადებასაც: „ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა...“ აქ თამარი ღვთისმშობელთან იგივდება, ხოლო ლაშა-გიორგი („სწორი ძისა ღმრთისა“) ქრისტეს უთანაბრდება. ასეთი აღზევება კი არც ერთ ბიზანტიელ იმპერატორს არ ღირსებია. თუკი საეკლესიო დოგმატიკით ამგვარი წარმოდგენა მწვალებლურია, მის მართებულობას სწორედ პოლიტიკური თეოლოგია განსაზღვრავს, რომელმაც მე-13 საუკუნის დასაწყისის საქართველოში ერთობ აბსურდულ მასშტაბებს მიაღწია. თუმცა თვით ასეთი პოლიტიკური ძლიერების პერიოდშიც კი ქართველი მეფე ვერ ირქმევს ქრისტიანი კეისრის ტიტულს - ბასილევსს, არამედ ატარებს მის სპარსულ შესატყვისს „შაჰანშას“ ანუ მეფეთა მეფეს, თანაც „აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“. შეიძლება თამარისადმი ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ასეთი ჰიპერტროფირებული დამოკიდებულებაც ბიზანტიასთან ამგვარი რეპრეზენტაციული ფორმულებით გატოლებისა და მისთვის გადასწრების სურვილითაც აიხსნას, რაც მოგვიანებით სრულიად კარიკატურულ სახეს იღებს, როდესაც დაქუცმაცებული საქართველოს მეფეები საკუთარ თავს ისევ თამარისეული ტიტულატურით მოიხსენიებენ. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ დავითისა და თამარის სამეფოები შუა საუკუნეების ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაში სახელმწიფოებრიობის იდეალი და ნიმუშია, რომლის განმახორციელებელიც საკრალური წარმოშობის ბაგრატიონთა დინასტიაა. ეს პარადიგმა განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებას, რომლის ერთადერთი სუბიექტი არა ხალხი ან „ქართველი ერი“, არამედ ბაგრატიონი მეფეა. აქედან გამომდინარე, 1801 წელს ქართლ-კახეთში, მოგვიანებით კი იმერეთში მეფობის გაუქმება, ქართველთა კოლექტიური იდენტობის ფაქტობრივად ერთადერთი კრიტერიუმის დაკარგვას ნიშნავდა, რაც თითქმის სიტყვა-სიტყვით გამოიხატა გრიგოლ ორბელიანის ლექსში „ჰე, ივერიავ“: „ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის“. ეს ლექსი 1832 წელს დაიწერა, როდესაც ქართველ თავად-აზნაურთა წარუმატებელი შეთქმულება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დამარცხდა და მასთან ერთად შუა საუკუნეების ქართულმა პოლიტიკურმა თეოლოგიამაც, რომელიც სახელმწიფოს ერთადერთ ფორმას მონარქიას იცნობდა, დასამარება დაიწყო. „უმწყემსო ცხვრად“ ქცეულ ქართველობას საკუთარი კოლექტიური იდენტობის შემკვრელი და გამაერთიანებელი სხვა კრიტერიუმი არ გააჩნდა, მონარქიის აღორძინება კი ყოველგვარ რეალობას იყო მოკლებული. ეკლესია უკვე რუსეთის იმპერატორზე აღავლენდა ლოცვას და მას საქართველოში არანაირი საერო-საგანმანათლებლო ფუნქცია აღარ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე სალიტერატურო ენად საეკლესიო ქართული რჩებოდა, რომელიც ფაქტობრივად უკვე მკვდარი ენა იყო, ანუ ქართულენოვანი მოსახლეობა ამ ენაზე აღარ მეტყველებდა. ასეთ ვითარებაში ასპარეზზე გამოდის „თერგდალეულთა“ თაობა, რომელმაც არა მხოლოდ „პოლიტიკური თეოლოგიის“ პარადიგმა შეცვალა, არამედ ქართველთა კოლექტიური ერთობის ახალი ფორმის - „ქართველი ერის“ შექმნას შეუდგა.

ჩემი ხატია სამშობლო
ანუ სეკულარიზაციის დასაწყისი

ლუდოვიკო უნდა მოკვდეს, რათა იცოცხლოს მამულმა!“
რობესპიერი

მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...“
ილია ჭავჭავაძე

„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“, - აკაკი წერეთლის ეს უცნობილესი სიტყვები არა უბრალოდ პოეტური ალეგორიაა, არამედ სეკულარიზმის კლასიკური ფორმულა, რომლითაც თაყვანისცემის მთავარი ობიექტის - „პატრიის“, ანუ სამშობლოს „მრწამსი“ ცხადდება. ეს იდეა დასავლეთ ევროპაში, კერძოდ კი, გვიანი შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში გაჩნდა და მის საფუძველზე „ახალმა ეპოქამ“ გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო ქრისტიანულ პოლიტიკურ თეოლოგიასა და მის ხორციელ ინკარნაცია - მონარქიზმზე. ამ იდეის მატარებლები საკუთარ თავს „მამულის შვილებს“ (Eanfan de la patri) თუ პატრიოტებს უწოდებდნენ, საკუთარ კრებით სახელად კი ნაცია ანუ ერი შეარჩიეს. „მამული“ და „ერი“, ისევე, როგორც „სახელმწიფო“ და „მოქალაქე“, სეკულარიზმის მთავარი ცნებებია, რომლებიც საკრალური სიმბოლოების „გამიწიერებით“ წარმოიქმნა, სადაც მამულმა ღმერთის მიწიერი ხელდასმულისა და წარმომადგენლის - მონარქის ადგილი დაიკავა, ხოლო ერმა კი ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტის - ევქარისტიული კავშირისა. ასეთ ტრანსფორმაციას შუა საუკუნეების სამყაროს სურათის დანგრევა და მისგან ახალი სიმბოლური წესრიგის შექმნა ესაჭიროებოდა. საფრანგეთში ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯამ სიმბოლური, რიტუალური მნიშვნელობა შეიძინა, რომელიც „ძველი რეჟიმის“ და მისი პოლიტიკური აზროვნების აღსასრულს განასახიერებდა. ამის პარალელურად კი, მონარქთა ქრონიკის ნაცვლად, ხალხის, რომელიც საკუთარ თავს ერს უწოდებს, ისტორია იწერება. არა მხოლოდ აწმყოს პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ახლად გაჩენილ ისტორიის წიგნებშიც აქამდე უსახელო და უცნობი უბრალო ადამიანები ჩნდებიან, უეროვნებო წმინდანების ადგილს კი ეროვნული გმირები და დიდი წინაპრები იკავებენ. სეკულარიზაციით ეკლესია ძალაუფლებასა და მატერიალურ ქონებასთან ერთად სულიერი წინამძღოლის როლსაც კარგავს: მას არც ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე და არც სააზროვნო თუ ყოფითი ნორმების დაწესებაზე ხელი აღარ მიუწვდება. მე-19 საუკუნის შუა ხანებში სეკულარიზაციამ მთელი ევროპა მოიცვა და რუსეთის იმპერიის ცენტრებამდეც მიაღწია, სადაც ამ დროს რუსეთში განმანათლებლური ტენდენციების პირველი პროპაგანდისტების - ბელინსკის, ჩერნიშევსკისა თუ დობროლიუბოვის გავლენის ქვეშ ქართველ სტუდენტთა მთელი თაობა მოექცა და სამყაროს ახალი წესრიგის იდეებს გაეცნო. ამ იდეების საქართველოში გადმოტანა კი ქართულენოვანი რუსეთის გუბერნიებისა თუ ოსმალეთის ვილაიეთისგან ქართველი ერის შექმნას გულისხმობდა. ეს ახალი ერი უსახელმწიფოდ უნდა შექმნილიყო და, ფრანგებისა თუ ინგლისელებისგან განსხვავებით, არც საკუთარი მეფე ჰყავდა, აჯანყებულ ხალხს მისთვის თავი რომ მოეკვეთა და მისი სისხლი მამულისთვის მსხვერპლად შეეწირა. თუმცა ეს რიტუალი პოეტური ფორმით ილია ჭავჭავაძემ შეასრულა თავის პოემაში „მეფე დიმიტრი თავდადებული“, სადაც არჩევანი მეფესა და მამულს შორის მამულის სასარგებლოდ წყდება: დიმიტრი თავდადებული კვდება, „რათა იცოცხლოს მამულმა!“ მაგრამ სიკვდილი მეფისათვის ამ შემთხვევაში სასჯელი კი არაა, არამედ თავგანწირვა, რომელიც მას ეროვნულ გმირად აქცევს. ამით ილია ჭავჭავაძე წმინდა მოწამის ნაციონალიზაციას ახდენს და გარეშე ძალის ჩარევით საქართველოში მონარქიის მოსპობას არა მისი აღდგენისათვის ბრძოლისაკენ ატრიალებს, არამედ ამ სამსხვერპლო სისხლისგან ერის, როგორც წარმოსახვითი ერთობის, მთავარ შემაკავშირებელ მატრიქსს - კულტურულ მეხსიერებას ძერწავს. ისტორია, რომელიც უნდა დაიწეროს, ქართველი ხალხის, ერის ისტორიაა და არა მეფეების. ქართველმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ის რომელიმე ბაგრატოვანი მეფის ყმა კი არაა, არამედ ქართველია, რაც მამულისათვის და არა „მეფეთათვის სიკვდილს“ ნიშნავს. ილია ჭავჭავაძის სეკულარული პროექტი წარსულის ისტორიად ქცევით და არა მის დაბრუნებაზე ოცნებითა და დარდით იწყება. ისტორიით კი იგი ეროვნული ცნობიერების შექმნას ცდილობს, რომელმაც კუთხურობებითა თუ სარწმუნოებებით დაქუცმაცებული ხალხი ერთ ერად უნდა შეკრას: „ყოველი ერი თავისის ისტორიით სულდგმულობს. [...] არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“ („ოსმალოს საქართველო“).

თავის ერთ-ერთ ყველაზე მეტად „საპროგრამო“ ნარკვევში „ერი და ისტორია“, რომელიც ქართული სეკულარიზმის მანიფესტად შეიძლება ჩაითვალოს, ილია ჭავჭავაძე ისტორიისგან ტიპიურ სეკულარულ „სარწმუნოებრივ“ დოქტრინას ქმნის, რომელშიც რელიგიურ ლექსიკას კონტექსტი აქვს შეცვლილი და საერო დანიშნულების მეტაფორებადაა ქცეული: „ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნოვან კაცთა უწმიდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი“. ამ სეკულარულ „რელიგიას“, რომელიც მე-19 საუკუნის ნაციონალიზმებში შენარჩუნებული აქვს წმინდად რელიგიური სიმბოლიკა და პათოსი, ილია ჭავჭავაძესთან „მამული“ ეწოდება. ესაა სამშობლოს, მამულის იდეის რელიგიურ ხარისხში აყვანა, რომელშიც ყოველგვარ სხვა წმინდად რელიგიურ მოტივს მხოლოდ მეორადი მნიშვნელობა აქვს და მთლიანად ერისა და სამშობლოს უზენაესობას ექვემდებარება. ამ სარწმუნოების „ჰიმნია“ ლექსი „ქართვლის დედას“, რომელშიც ერთობის ძველ პარადიგმასთან დამშვიდობება („მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა“) და მისი ახლით, მომავლის პროექტით („ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს“) შეცვლაა დეკლარირებული. მომავალი საქართველოს აღმნიშვნელად კი საფრანგეთის რევოლუციის მთავარი დევიზი - „ძმობა, ერთობა, თავისუფლებაა“ წარმოდგენილი, რომელსაც ავტორი რატომღაც ქრისტეს მცნებას უწოდებს: „საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, - /შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, / ძმობას, ერთობას, თავისუფლებას“... ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ილია ჭავჭავაძე იმდენად ცუდად იცნობდა ქრისტიანობას, რომ მასონურ ლოჟებში შექმნილი ლოზუნგი ქრისტეს მცნებისგან ვერ განესხვავებინა. ამისი ახსნა ის უნდა იყოს, რომ სეკულარული იდეალი ქრისტეს სახელთან დაკავშირებით რელიგიურ ხარისხს, მაგრამ არა შინაარსს იძენს. თუმცაკი დაბადების 150-ე წლისთავზე ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით მისი ნააზრევის გარელიგიურება და ილიასეული სეკულარული საქართველოს იდეის რესაკრალიზაცია იწყება. ამით კი სწორედ ის ადამიანი, რომელმაც საქართველოში შუა საუკუნეების ცნობიერების დამარხვა და მოდერნის საფუძვლების ჩაყრა სცადა, თავად გახდა საქართველოში ახალი შუა საუკუნეების დასაწყისის მაუწყებელი სიმბოლო.

უგვირგვინო მეფიდან შუა საუკუნეების დაგვირგვინებისკენ

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მიერ ანექსია და დავით ბატონიშვილის სიონის ტაძარში მეფედ კურთხევის დროს დაპატიმრება, ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში იმდენად ძლიერ ტრავმულ ფიქსაციად ჩაიწერა, რომ აქედან მოყოლებული სხვადასხვა ფორმით ამ დანაკარგის რეპროდუქცია მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს საქართველოში დრო გაჩერდა. ამისი შედეგი კი ისაა, რომ საქართველო ვერ ახერხებს შუა საუკუნეების დაძლევას, მის გადალახვას, „მოდერნიზაციას“, დროისა და ეპოქის ადეკვატურობას. პირიქით, ქართული კულტურის თუ კოლექტიური ცნობიერების უდიდესი ძალისხმევა დროის უკან გადაწევას ცდილობს სადღაც ღრმა შუა საუკუნეებისაკენ, რომელიც სრულიად გაიდეალებული და გამითოლოგიურებულია. დავით აღმაშენებელი, თამარი, ვახტანგ გორგასალი, ფარნაოზი - მითოლოგიური არსებები უფრო არიან, ვიდრე ისტორიული პიროვნებები, რომელთა შესახებაც კრიტიკული ან ანალიტიკური მსჯელობა კი არაა სასურველი, არამედ მათთვის ხოტბის შესხმა და მათ სახელებზე ლოცვა. ისტორია არაა წარსული დასრულებული დროის ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ აწმყო, არამედ მომავალიც კი ამ გაჩერებულ დროში იმყოფება. შესაბამისად, არც „დიდი წინაპრები“ არიან „წასულები“: რადგანაც არ ვაღიარებთ, რომ ისინი აღარ არიან, არ ვაძლევთ მათ სიკვდილის უფლებას და არ ვასვენებთ იმას, „რაც დამარხულა“, ამით ჩვენ მათ ზომბებად ვაქცევთ, ვაიძულებთ, იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, წინამძღოლები, ვაბრალებთ იმას, რაც ჩვენ გვგონია ან გვინდა გვეგონოს, რომ ისინი ასეთები იყვნენ. ამგვარი დამოკიდებულება კი სხვა არაფერია, თუ არა ზომბირება: ილია ჭავჭავაძეც, დავით აღმაშენებელიც, მთელი „ზეციური საქართველო“, რომელიც ზემოდან გადმოგვყურებს და გვითვალთვალებს, არა ისტორიული პიროვნებები, არამედ აწმყოში რეანიმირებული ზომბები არიან, რომლებსაც გაჩერებული დროის დაცვა და წარსულში დაბრუნების მესაჭეობა ევალებათ.

ეს ტენდენცია კი იმდენად ძლიერია, რომ მასთან დაპირისპირებულებსაც კი მისსავე თანამგზავრად და წინამძღოლად აქცევს. ამისი ყველაზე თვალნათელი მაგალითი ილია ჭავჭავაძეა - პიროვნება, რომელიც პირველად საქართველოში შეეცადა განმანათლებლობის მეშვეობით სააზროვნო პარადიგმა შეეცვალა, შუა საუკუნეები დაესრულებინა და ქართველი ერის გამოგონებით საქართველო სეკულარულ რელსებზე გადაეყვანა. ამის საპასუხოდ მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე „საქართველოს უგვირგვინო მეფე“ ეწოდა, ანუ ამით მისი საქმნიანობა ითარგმნა და შეფასდა შუა საუკუნეების ენაზე. 1987 წელს მისი წმინდანად შერაცხვა საქართველოში დემოკრატიის დაბადების და საბჭოთა ტოტალიტარიზმის აღსასრულის ნიშანი კი არ იყო, არამედ ახალი შუა საუკუნეების დადგომის პირველი საჯარო დეკლარაცია. ილია ჭავჭავაძის, როგორც საქართველოში სეკულარიზაციის წამომწყების, გაწმინდანება გარეგნულად არაფრით არ განსხვავდება იმისაგან, რომ საბჭოთა ხელისუფლებას მისთვის სოციალისტური შრომის გმირობა მიენიჭებინა. მაგრამ ამ აქტით ეკლესიამ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მთავარი პროექტის - სეკულარიზაციის ნიველირება და მისი შუა საუკუნეების პოლიტიკურ თეოლოგიაში გადაწერა მოახდინა. „სხვა ვარსკვლავი“, რომელის დევნაც ამ პროექტის მომავლისკენ მიზანმიმართულების მაჩვენებელი იყო, ისევ იმ „დამარხულში“ აღმოჩნდა, რომლისათვის თავის დანებებასაც ილია მოითხოვდა. ამით საბოლოო ჯამში ილია ჭავჭავაძისგან მისი თვისობრივად განსხვავებული ორეული - „წმინდა ილია მართალი“ მივიღეთ, რომელიც ახალი ქართული შუა საუკუნეების პოლიტიკური თეოლოგიის ცენტრალური ფიგურაა. ამ პოლიტიკური თეოლოგიის სამი ძირითადი პოსტულატის - „ენის, მამულისა და სარწმუნოების“ ავტორიც არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მისი ორეული - „წმინდა ილია მართალია“, რადგანაც ილია ჭავჭავაძეს არანაირი მსგავსი არც დევიზი და არც საპროგრამო დებულება არ შეუქმნია. 1860 წელს, 23 წლის ასაკში თავის პირველ პუბლიცისტურ წერილში, რომელიც მან პეტერბურგში სტუდენტობისას დაწერა, ასეთ წინადადებას ვკითხულობთ: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ ეს ტრიადა ილიას სხვა არც ერთ ნაწერში აღარ განმეორებულა. 22 წლის შემდეგ ილია ისევ უბრუნდება „საუნჯის“ თემას: „თავდაპირველი შემოქმედი ეროვნებისა და ერის სიმდიდრისა მარტო გუთანი და მიწა ყოფილა და იქნება კიდეც. რადგანაც ისტორიას და ჩვენთა მამაპაპათა მხნეობას და თავგანწირვას ეს ორი ძვირფასი განძი შემოურჩენია“. მაგრამ წინაპართა დანატოვარი, ილიას აზრით, გამეორებას ან უკან დაბრუნებას კი არ საჭიროებს, არამედ მის განახლებას და გარდაქმნას: „რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო - ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყვებით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვერ წავსდგავთ“. ამის საპირისპიროდ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ეროვნული მოძრაობის მიერ ამოკითხული და გალოზუნგებული „ენა, მამული სარწმუნოება“ ილია ჭავჭავაძის საპროგრამო დებულება კი არაა, არამედ სწორედ ამ მოძრაობის რადიკალური ფრთის მიერ შეთითხნილი ეთნოცენტრისტული იდეოლოგიის პრინციპი, რომელიც ქართველს ენისა და სარწმუნოების (მართლმადიდებლობის) ერთობად განიხილავს და მხოლოდ ამ ნიშნებით გაერთიანებულ ადამიანებს აძლევს მამულ-საქართველოში ცხოვრების უფლებას. ამიტომაც სრულიად ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, რომ ენით, ანუ ეთნიკურად არაქართველისა და არამართლმადიდებლის ადგილი საქართველოში აღარ მოიძებნებოდა, რის განხორციელებასაც წმინდა ილია მართლის სახელით გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაცია შეუდგა და ამ სამსიტყვიან დოქტრინაში მესიანისტური შინაარსი ჩადო, რომლის მიზანიც არა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს, არამედ უფრო რაღაც მესიანური სამეფოს მსგავსის შექმნა იყო. ენის და მამულის, როგორც მთავარი სეკულარული ცნების საკრალიზაცია და მათი სარწმუნოების რანგში აყვანა, ერთი მხრივ, სარწმუნოების ნაციონალიზაციას იწვევს, ანუ წარმოიქმნება ახალი კონფესია - ქართული მართლმადიდებლობა. მეორე მხრივ კი, ენით და მამულით ერის ანუ ნაციის სეკულარული ცნება კი არ ჩნდება, არამედ პოლიტიკური თეოლოგიის სუბიექტი - „ღვთისმიერ რჩეული ხალხის“ მესიანისტური მითი, რომელიც შუა საუკუნეების სრული დაგვირგვინებისათვის, რაღა თქმა უნდა, ამ ეპოქის მთავარი პოლიტიკური სიმბოლოს - მონარქიის აღდგენისაკენ ისწრაფვის.

თუმცაკი 1801 წლის „ტრავმატული ფიქსაცია“, რომელიც დროის გაჩერებითა და მონარქიის სიმბოლური რეპროდუქციით გამოიხატება, არც არასდროს შეწყვეტილა. გაჩერებულმა დრომ ისტორიზმის ერთობ კარიკატურული სახე მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად სცდება ისტორიის, როგორც კოლექტიური ერთობის ილიასეულ სეკულარულ გაგებას და ერთგვარ მაგიურ შინაარსს იძენს: მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ქართველებმა სახარება საკუთარ ენაზე რუსებზე ადრე ვთარგმნეთ, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ სამუდამოდ ქართული კულტურის სხვა კულტურებზე აღმატებულების გვჯეროდეს, რადგანაც ამ ფრაზით ამაყი ქართველი სახარების ქართულ ენაზე თარგმნის ხანაშია ჩარჩენილი და დროის და სამყაროს ცვალებადობას ვერ აღიქვამს; ამიტომაც დარწმუნებულია, რომ არც სხვაგან არაფერი შეცვლილა. ხოლო რადგან ისტორია წარსული არაა და აწმყოსთანაა გაიგივებული, შეუძლია ყოველ ქართველსაც იმის განცდა ჰქონდეს, რომ ეს თარგმანი მისი შესრულებულია. ისტორიაზე მრავლობითი რიცხვის პირველ პირში საუბარი დროის გაჩერების ნიშანია. მომავლის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელთან გაიგივება კი უკვე არის შუა საუკუნეების პოლიტიკური ცნობიერების დაბრუნების სინდრომიც, რომელიც ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც კი მეფის როლის შესრულებას აიძულებს. პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა - განმდგარ რეგიონებთან თუ „ერისთავებთან“ ბრძოლა - ქართულ ისტორიულ რომანს ჰგავდა. თავისი არქაული თუ ეზოთერული რიტორიკით კი გამსახურდია შუა საუკუნეების თეოკრატ მეფე-პრესვიტერს განასახიერებდა, რისი საუკეთესო მაგალითიც მის მიერ 1990 წლის 26 მაისს წარმოთქმული სიტყვაა: „აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე. ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი, ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.“

მონარქის რეპრეზენტაციის ტრადიციას არც შევარდნაძე და სააკაშვილი ღალატობენ, რომელთა საეკლესიო ინაუგურაციები, რაც სრულიად უცხოა პრეზიდენტის ინსტიტუტის იურიდიული შინაარსისათვის, ერთმნიშვნელოვნად მეფედ კურთხევის იმიტაცია იყო, რაც უკვე სრულიად ლოგიკურად ბადებს ნამდვილი მეფის ყოლის სურვილს. თუმცაკი ეს სურვილი არც საბჭოთა პერიოდში ყოფილა დამალული და იგი სტალინის, როგორც ნახევარი მსოფლიოს ქართველი მონარქის კულტში ხორციელდებოდა. სტალინის ქართველობით ხომ ყოველი ქართველი, მთელი საქართველო მბრძანებლობდა საბჭოთა იმპერიასა და, უპირველეს ყოვლისა კი, საქართველოს დამპყრობელ რუსეთზე! არც ისაა შემთხვევითი, რომ სკკპ XX ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტის დაგმობა და მისი ძეგლების დემონტაჟი საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, შეიძლება ითქვას, ისეთივე ტრაგიზმით აღიქვა, როგორც 1801 წელს მონარქიის გაუქმება ან 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვა.

საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების საწინდარიც უნდა გახდეს, აგვირგვინებს შუა საუკუნეების დაბრუნებას და ამასთანავე განასახიერებს მაგიურ-რიტუალური აზროვნების პრიმატს ყოველგვარ გონიერებასა და რაციონალიზმზე. გარდა ამისა, საკუთარი თავის ასეთი ილუზიებით მოტყუება რეალურად არსებული რთული და მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული პრობლემებისგან ყურადღების გადატანის, მათზე თვალის დახუჭვისა და არაფრისკეთების იდეალური საშუალებაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს კიდევ უფრო აუცხოებს თანამედროვეობისაგან და დანარჩენი სამყაროსათვის არა თანასწორუფლებიან პარტნიორად, არამედ ეგზოტიკურ, ეთნოგრაფიული ნაკრძალისათვის განკუთვნილ ზონად აქცევს.

ამისი ალტერნატივა კი ისტორიის ისტორიად, წარსულად აღიარება, აწმყოს პრობლემების დანახვა და მათზე ადეკვატური რეაგირებაა. არჩევანი ამ ორ ძირითად პრინციპს შორის უნდა იყოს: ერთი მხრივ, საქართველო დარჩეს არქაულ და ეგზოტურ ქვეყნად, რომელიც არაფერს არ წარმოშობს, გარდა საკუთარი წარსულის გაზღაპრებული და გაქვავებული სახეებისა და ამასთანავე ყოველთვის რომელიმე ძლიერი მფარველისა თუ ზებუნებრივი ძალის დახმარების იმედზე იყოს; ან, დაბრუნდეს აწმყოში, დაიწყოს განახლება და გახდეს თანამედროვე მსოფლიოს აქტიური წევრი, რომელსაც სამყაროს უსასრულო ცვალებადობაში თანამონაწილეობა შეეძლება. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების შეცვლით და დოგმებად მიღებული ღირებულებების კრიტიკული გადასინჯვით უნდა დაიწყოს.

დაბოლოს, მერაბ მამარდაშვილის ეპიგრაფად მოყვანილი სიტყვები ასე გრძელდება: „როცა ვამბობ, რომ არქაული ერი ვართ - ლამაზი, მშვენიერი, მაგრამ არქაული და უადგილო - ამაში იმასაც ვგულისხმობ, რომ ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, თანამედროვენი გავხდეთ“.

19 „ბედნიერების კაპიტალი“, ანუ ჭიქა ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელი

▲ზევით დაბრუნება


საავტორო

0x01 graphic

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

„ქართული სეზონის“ ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, ინვალიდების სენ ლუის კათედრალში ჩატარდა მშვენიერი კონცერტი - ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უკრავდა ბეთჰოვენის პირველ კონცერტს და მენდელსონის მე-4, ე.წ. იტალიურ სიმფონიას. დირიჟორი - ფრანგი ლორან პეტიჟირარი, სოლისტი - ელისო ბოლქვაძე. კონცერტი ძალიან წარმატებული იყო, ფრანგებისგან მხოლოდ აღმატებული ხარისხის შეფასებები ისმოდა. ბისზე მაჭავარიანიც დაუკრეს, რასაც ოვაციები მოჰყვა. წინა დღესაც ქართული სულის საამებელი საღამო გავატარეთ - უკრავდა ჩემთვის უკვე ახლობელი ქართულ-ფრანგული კვარტეტი „არპეჯიონე“ - სტრავინსკის, შოსტაკოვიჩს, შნიტკეს. ორი საღამო ვუსმენდი ჩვენი თანამემამულეების მიერ შესრულებულ მშვენიერ მუსიკას და ვფიქრობდი იმაზე, რა კარგი წამოწყებაა ეს „ქართული სეზონი“ და რა მნიშვნელოვანია, გავაცნოთ ევროპელებს ჩვენი ქვეყანა იმით, რაც მართლაც ღირებული გვაქვს და რაც ჩვენი სულის ჭეშმარიტი გამოვლინებაა.

და ისევ და ისევ ფიქრები ბედნიერების შესახებ, მით უმეტეს, რომ ამ საყოველთაო კრიზისის და დეპრესიის ფონზე ფრანგული პრესა სავსეა წერილებით ამ თემაზე.

და მართლაც, რა არის ბედნიერება, ილუზია, თუ აუცილებლობა? თუ აუცილებელი ილუზია? ალბათ ბედნიერება - ხანგრძლივობაა, სიხარული - წუთიერება. არ არსებობს ბედნიერება ხანგრძლივობის ილუზიის გარეშე.

ვფიქრობ ამ ეგზისტენციურ თემებზე და გონებაში კვლავ ამოტივტივდება წარსული, მისი ერთი ფურცელი... გაცხარებული ომის დროს პიონერთა სასახლის ლიტერატურული წრის წევრები გაგვაგზავნეს სოხუმში, პოეზიის საღამოების ჩასატარებლად. ასეთ გასვლებს ჩვენ „გასტროლებს“ ვეძახდით და, ცხადია, ძალიან ვხალისობდით. სოხუმელებისთვის კი, ეტყობა, თვითონ ფაქტი იყო სრულიად უჩვეულო - თბილისიდან ჩამოსული ბავშვები რატომღაც აწყობენ პოეზიის საღამოს, თამამად გამოდიან სცენაზე და კითხულობენ „საკუთარ“, სრულიად არასაბჭოთა, სევდიან და, ძირითადად, სასიყვარული ლექსებს. ამიტომ დარბაზი დღითი დღე სულ უფრო და უფრო იჭედებოდა. ლექსები კი ასეთი ხასიათისა იყო:

დღეს სიხარულიც ნაღვლის ფერია,
დღეს ვრაზავ გულის გულცივ დარაბებს,
დღეს ვეღარ დამღლის ზღაპრით ფერია,
არ ვგრძნობ არაფერს.

დღეს შევიძულე ჩემი გვირილა,
გულს აღარ ვუხსნი სიოს დანაბერს,
იქ სადღაც კუბოს მისდევს ტირილი,
არ ვგრძნობ არაფერს...

დღეს ამომიგდებს ვიღაც ფრთაშავი
ზეცის სილურჯეს სულში ჩანაფენს,
ყველას წინაშე ვარ დამნაშავე,
არ ვგრძნობ არაფერს...

ასეთ არაიდეოლოგიურ სტრიქონებს დიდი გზნებით წარმოთქვამდა სცენიდან თხელი, დახვეწილი გარეგნობის, 15 წლის ბიჭი - რეზო თაბუკაშვილი. სოხუმელი გოგონები კვნესოდნენ აღფრთოვანებისაგან, ჩვენ კი, რადგან უკვე მიჩვეული ვიყავით თბილისელების ინტერესს, სრულიად ბუნებრივად მიგვაჩნდა გოგონების, და საერთო მაყურებლის, აღტაცებაც.

ვისაც თავის თავზე აქვს გამოცდილი საბჭოთა სინამდვილის მარწუხები, მიხვდება, რა უცნაური იყო იმ შავბნელ დროს იდეოლოგიის ცენტრალური გზიდან ასეთი მოულოდნელი გადახვევები. მე დღესაც ვერ ვპოულობ ახსნას, ვის ან რაში სჭირდებოდა მაშინ ეს ლიტერატურული წრე, და კიდევ უფრო საკვირველია, რისთვის აგზავნიდნენ ამ ბავშვებს „გასტროლებზე“ თავიანთი სრულიად არასაბჭოთა „ლირიკის“ გასავრცელებლად! როგორც ჩანს, ყველაფერი წრის ხელმძღვანელის - 25 წლის ქეთო ანანიაშვილის ენთუზიაზმს და ლიტერატურის და ბავშვების სიყვარულს ემყარებოდა, ხელისუფლებას და ცენზურას კი ამ უმნიშვნელო მოვლენისთვის არ ეცალა. ასე იყო თუ ისე, ჩვენ რამდენიმე დაუვიწყარი დღე გავატარეთ ერთხელ ქუთაისში და მეორედ სოხუმში...

ერთ საღამოს რეზო და მე გავიპარეთ ბანაკიდან და ზღვაზე წავედით. ძალიან ციოდა, მგონი, თებერვალი იყო, ჯერ ხელიხელჩაკიდებულები ქარიან სანაპიროზე დავაბიჯებდით, მერე რეზომ სადღაც ნავი გამოძებნა, ავფოფხდით ნავში, ბევრი ვიმხიარულეთ, ნიჩბების მოსმა არც ერთმა არ ვიცოდით, ერთხელ კინაღამ გადავტრიალდით კიდეც, მაგრამ მაინც მოვახერხეთ შუა ზღვაში გასვლაც და მშვიდობიანად დაბრუნებაც. ამ ამბიდან რამდენიმე წლის მერე რეზო მოსკოვში წავიდა სასწავლებლად და იქიდან ასეთი ლექსი გამომიგზავნა:

მახსოვს ზეცა, ვარსკვლავებით დაცხრილული,
ჩვენი ნავი, ზღვის ტალღები, შენი სახე,
, იმ ღამეს სიყვარულში დაცხრა გული,
მაგრამ ალი დღემდის გულში შევინახე.

მე შენ თვალთა ჩუმ ტალღებში დავცურავდი,
მწვავდა შუქი, ბროლის შუბლზე მიღვარული,
მე მეგონა, მთვარეს ხელში დავწურავდი,
რომ კლებოდა ჩემს გულს ალი სიყვარულის.

ზვირთს მიჰქონდა ნაპირებზე საშრიალოდ
ჩემი ლექსის აწყვეტილი სტრიქონები,
მე მეგონა, ცას შენს მხრებზე გაშლიანო,
შენ გიმზერდი და არაფერს ვიგონებდი.

ვეღარ გხედავ, შენს ბაგეებს ვიღა უმზერს,
მაგრამ გული ვარდობისთვეს ედარება,
ძლიერია სულყოველგვარ სიხარულზე
ნეტარების მოგონებით ნეტარება.

აი ეს, ჩვენი ბავშვობისდროინდელი ლექსი გამახსენდა, როცა ვკითხულობდი ჟან დანიელის („ნუველ ობსერვატორის“ მთავარი რედაქტორის) სტატიას ბედნიერების შესახებ, სადაც ის წერს: „ბედნიერება - ეს არის გარკვეული ნაძლევი მომავალთან, ან წარსულის ნოსტალგია. ნოსტალგია. აი, ნამდვილი სიტყვა. ბედნიერებას ვერ გრძნობ აწმყოში“. რა საინტერესოა, არა? 15 წლის, ტოტალიტარულ სამყაროში გაზრდილი თბილისელი ბიჭი ინტუიტურად იგივეს განიცდიდა, რასაც დღევანდელი ფრანგი მოაზროვნე: „ძლიერია სულყოველგვარ სიხარულზე ნეტარების მოგონებით ნეტარება“, ანუ მისთვისაც ბედნიერება ნოსტალგიას უკავშირდებოდა. მე ისიც მომწონს, რომ რეზო ლაპარაკობს „ნეტარებაზე“ - იყენებს ამ ყოვლისმომცველ სიტყვას, „ყოველთა კეთილთა შესაკრებელს“, როგორც ამბობს საბა. და რეზოსთან და ჟან დანიელთან ერთად მეც ასე მგონია, რომ ნეტარებას, თუ ბედნიერებას ვერ განიცდი აწმყოში, მისი ნავთსაყუდელი ნოსტალგიაა და წარსული.

„ნუველ ობსერვატორი“ სპეციალურ 48 გვერდს უთმობს ამ თემას საერთო სათაურით: „ბედნიერების დევნაში“. დღეს, როდესაც ბედნიერების მოპოვების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო ეფემერული ხდება ზოგადად ყველასთვის, და კონკრეტულად ჩვენთვის, ქართველებისთვის, გამიჩნდა სურვილი, გავუზიარო მკითხველს ამ წერილების კითხვისას მიღებული შთაბეჭდილებები.

არაერთხელ გამომიცდია: მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად მიდიხარ გარკვეულ დასკვნამდე, რაღაცას აღმოაჩენ, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანს... და მერე ამის დადასტურებას გადააწყდები რომელიმე მოაზროვნესთან, ან ფილოსოფოსთან, რითაც შენი მიგნება ბევრად უფრო ღირებული და წონიანი ხდება. ასე დამემართა ახლაც: მთელი ეს ხანი ვფიქრობდი, როგორ და რით უნდა დაძლიო სასოწარკვეთილება, თუ უიმედობა, რომელიც საიდანღაც, და ხშირად მოულოდნელად ჩასახლდება შენში, როცა სიცოცხლის სურვილი გეკარგება და არაფერი აღარ გინდა, სულ არაფერი, და ბევრი წვალების მერე მივედი დასკვნამდე: არსებობის მთავარი ღირებულება თვითონ ცხოვრებაა, ცხოვრება ყველა თავისი გამოვლინებით, თავისი საჩუქრებით და დარტყმებით, და შენი უნარი, შეებრძოლო ბედისწერას; და თუ შეძლებ, დაიმორჩილო იგი. და აი, ახლა ვკითხულობ ფილოსოფოსების გამონათქვამებს, ანტიკურიდან სპინოზამდე და კანტამდე, და დღევანდელ დღემდე, და ვხვდები, რომ მათ იგივე აზრი ფილოსოფიურად აქვთ გამოთქმული და ახსნილი! გამოკვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა სწორედ ეს არის: თუ არსებობს რაღაც, რაზედაც თანხმდებიან ანტიკური ფილოსოფოსები, ეს არის იდეა, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია აქ და ამ წუთას გახდეს თავისი ცხოვრების მბრძანებელი. მათი დაპირისპირება მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის საშუალებებს ემყარება. როგორი იმედის მომცემი პოსტულატია, არა?

ჟან დანიელის საინტერესო შესავალი წერილის რეზიუმე: რა მწარეა, გიყვარდეს ის, რაც წარმავალია, და რა მძაფრი! სიხარული, რომელიც უპირისპირდება დროს, არის ერთ-ერთი საშუალება, იცხოვრო წუთიერი ბედნიერებით.

არსებობს ბედნიერების ნეგატიური აღქმა - ეს არის ტკივილის უარყოფა. ესპანური ანდაზა: „არაფერი არ მინდა, არაფრის სურვილი არ მაქვს, არაფერი არ მესმის, არ ვწვალობ, ვარ ბედნიერი“. პასკალის გამონათქვამი: „ადამიანის ყველა უბედურება მომდინარეობს იქიდან, რომ მას არ შეუძლია იყოს წყნარად ერთ ოთახში“. სიმშვიდე, ერთდროულად ანტიკური და აზიური - ეძებო ის, რასაც შეუძლია ჩაკლას შენში სურვილი. (მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ არის ბედნიერება, ეს უბრალოდ ტკივილის არქონაა).

სიხარული წყაროა, ბედნიერება - მდინარე.

ბედნიერება - ეს ილუზიაა, რომ სიხარული (სიამოვნება), რომელიც იბადება მხოლოდ იმისთვის, რომ მოკვდეს, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ხანდახან ისეთი სიმშვიდე გეუფლება, რომ აღარც კი გჯერა მისი დასასრულის. და იქნებ მართლაც არსებობს სხვადასხვა სიხარულები, რომელთაც ერთად მოაქვთ ბედნიერება?

ამით მთავრდება შესავალი წერილი და იწყება საკუთრივ გამოკვლევა.

დღევანდელი ადამიანისთვის დამახასიათებელია აზროვნების მანიაკალურ-დეპრესიული სტრუქტურა, როცა შესრულებულ სურვილს რეზულტატის სახით მოყვება მოწყენილობა. სულ უფრო და უფრო ჭირს პასუხი მუდმივ კითხვაზე - რისთვის ვარსებობ? ეს გასაგებიცაა, ვინაიდან პროგრესის იდეამ ვერ გაამართლა და საზოგადოება თანდათან კარგავს კოლექტიურ ოპტიმიზმს. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მატერიალური კეთილდღეობა იყო ბედნიერების აუცილებელი და საკმარისი საფუძველი. დღეს ეს იდეა კომპრომეტირებულია. შეგვრჩა მხოლოდ კარგად გავსებული მაცივარი და მორალით ნაკლებად შეზღუდული პირადი ცხოვრება.

პასუხებს ვეძებთ ანტიკურ ფილოსოფიაში. სიკვდილის შიში, სიყვარულით გამოწვეული უსაშველო წვალება, სურვილი შეაჩერო დრო... მოაზროვნენი ყოველთვის ცდილობდნენ, ეპასუხათ ამ მუდმივი სურვილებისა და ცოდვებისათვის. ცნობილია ჩვ.წ.-მდე მე-5, მე-4 საუკუნეების „ათენის სასწაული“ - ხანა, როდესაც ბედნიერების მიღწევა აწმყოში შესაძლებლად მიაჩნდათ. ბერძნული სამყაროდან მოდის იდეა, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია - დღეს და აქ - გახდეს თავისი არსებობის მბრძანებელი და დაიმორჩილოს შინაგანი მტრები.

ორი ერთმანეთს დაპირისპირებული მიმდინარეობა, ბერძნული აზროვნების ორი დიდი სკოლა - ეპიკურეს ჰედონიზმი და მარკუს ავრელიუსის სტოიციზმი; სიამოვნების ფილოსოფია და სიკეთის (კეთილ საქმეთა) ფილოსოფია. ერთისთვის ბედნიერება სიამოვნებაშია, მეორისთვის - მხოლოდ მოვალეობის აღსრულებაში. ერთი გაურბის უბედურებას, მეორე პირისპირ ხვდება მას. (თანამედროვე ადამიანის თვალსაზრისით, წინააღმდეგობა არათანაბარი ჩანს. ეს იგივეა, ჰკითხო ბავშვს, რა ურჩევნია, ნაყინი, თუ არითმეტიკის დავალების შესრულება).

ეპიკურეს აზრით, არაფრის მაქნისია ფილოსოფოსის ნააზრევი, თუ ის უძლურია, განკურნოს სულის დაავადება. მისთვის ბედნიერება გადაჯაჭვულია სიამოვნებასთან. წვალება - ანომალიაა, დროებითი არეულობა, არყოფნა ორ კარგად ყოფნას შორის. თუმცა ეს არ არის ფროიდისტული სიამოვნების იდეა, არამედ პრინციპი საკუთარი თავის შენარჩუნებისა. ეპიკურემ შექმნა სისტემა, რომელიც ეხმარება ადამიანს, არ დაიტანჯოს. ამავე დროს ის თვლის, რომ ყველა სურვილი არ არის შესასრულებელი. მას სურვილები სამ სახეობად აქვს დაყოფილი: ბუნებრივი და აუცილებელი სურვილები - შიმშილი და წყურვილი და ასევე სურვილი, გყავდეს მეგობრები და იაზროვნო. სურვილი ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი - სექსუალობა. და ბოლოს, სურვილი, არც ბუნებრივი და არც აუცილებელი - ანუ მისწრაფება დიდებისა და ფუფუნებისადმი. სურვილთა შემცირების მეთოდით ეპიკურეიზმი გვათავისუფლებს უამრავი ყალბი და ფუჭი მოთხოვნისაგან. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეპიკურეს მიხედვით, სიამოვნებაში ცხოვრებაა, რასაც თავისებურად დასცინის სოკრატე და ჰედონისტს იმ ფრინველს ადარებს, რომელიც უშუალოდ ჭამის დროს სკინტლავს.

მარკუს ავრელიუსის აზრით, ბედნიერი ცხოვრება არ არის სასიამოვნო ცხოვრება, სიამოვნება არ არის კრიტერიუმი. სიკეთე, ანუ სურვილი კეთილ საქმეთა ქმნისა, აი რა არის მთავარი. „როცა რაიმე სევდას გგვრის, - წერს მარკუს ავრელიუსი, - გაიხსენე, რომ ამას შენთვის უბედურება კი არ მოაქვს, არამედ ბედნიერება, თუკი შეგიძლია ამის ღირსეულად ატანა. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, მიიღო სინამდვილე ისეთი, როგორიც ის არის მთელი თავისი სისასტიკით.“

კანტი აერთიანებს ამ ორ მიმდინარეობას და „ჩვეულებათა მეტამორფოზებში“ გვთავაზობს, აღვასრულოთ კეთილი საქმე სტოიცისტების ენერგიით და ეპიკურესეული სიცოცხლის სიხარულით.

მონტენს, რომელსაც ფრანგები თავის მეგობრად, ახლობლად, თავისიანად თვლიან, მიაჩნდა, რომ ბედნიერება არ არის იღბლიანი ბედისა და წარმატებების ჯამი, არც კარგად ცხოვრების ხელოვნება, არამედ გარკვეული განწყობა ბედნიერებისადმი და ნათელი ხედვა, ანუ მიდრეკილება სინათლისადმი. მთელი სიცოცხლე ის ეძებდა არა ბედნიერებას, არამედ სინათლეს, სიცხადეს.

ბევრი მკვლევარის აზრით, თანამედროვე ცხოვრებას ყველაზე მეტად ესადაგება სპინოზას ფილოსოფია. შუა, მე-17 საუკუნეში პურიტანული კალვინიზმისა და ორთოდოქსული იუდაიზმის საპირისპიროდ, ამ ამსტერდამელმა ფილოსოფოსმა გამოიგონა ცხოვრების სიხარულის ეთიკა, რომელიც დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია. სპინოზა თავიდანვე სვამს არსებით კითხვას: თუ ყველა სიკეთე, რომლისკენაც ჩვეულებრივ მიისწრფვის ადამიანი, ეფემერული და მყიფეა, რა არის მაშინ ის „ნამდვილი სიკეთე“, ანუ ნამდვილი ღირებულება, რომელსაც შეუძლია გვაზიაროს განსაკუთრებულ, სრულყოფილ და ხანგრძლივ სიხარულს? პასუხად ის გვთავაზობს: უკეთ შევიცნოთ გარემომცველი ბუნება და ასევე ადამიანის ბუნება, ანუ მისი შინაგანი სამყარო. ამ ქვეყნად არსებობს ერთადერთი სამყარო, და ეს ბუნებაა. მეორე პოსტულატი ადამიანის მთლიანობაა: გონება სული კი არ არის, არამედ - სხეულის სინდისი. და ამ ერთიანი ინდივიდის არსი სურვილია. განსხვავებით შოპენჰაუერისგან, რომლისთვისაც სურვილი არის ტანჯვის საწყისი, ფროიდისგან, რომელიც თვლის, რომ სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელია, სპინოზა აღწერს სურვილს, როგორც სიცოცხლის ძალას, ყოფიერებაში ხანგრძლივად დარჩენის მცდელობას. მისთვის სურვილი არის ბუნებრივი მოძრაობა საკუთარი თავის პატივისცემისა და სიცოცხლის სიხარულისკენ. იმისთვის, რომ მიაღწიო მყარ სიხარულს, უნდა გათავისუფლდე გამანადგურებელი ვნებებისგან, (როგორიც არის დღეს ფანატიზმი), პასიური სურვილი აქციო აქტიურად, დატვირთო ის ცოდნით და ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის წყურვილით. „სიხარულის ჰუმანისტური ეთიკა“ გულისხმობს საკუთარი სიცოცხლის ფლობას, გაფურჩქნულ, მეგობრულ და გონივრულ არსებობას. დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება არის წინაპირობა პიროვნების ბედნიერი არსებობისა. „ადამიანი, რომელიც მიჰყვება გონებას, უფრო თავისუფალია საზოგადოებაში, სადაც ის ცხოვრობს, ვიდრე მარტოობაში, სადაც ის მხოლოდ თავის თავს ემორჩილება.“

დასკვნა: სურვილებით სავსე და ბნელი ვნებებისგან განთავისუფლებული ადამიანი არის თავისუფალი ადამიანი, რომელიც მშვიდად ირგებს სიამოვნებებსა და საკუთარ ცხოვრებას. ეს ტკბობა არსებობით არის ერთდროულად აქტიური და მეტაფიზიკური, მგრძნობიარე და გონივრული. ზოგიერთისთვის ამგვარი არსებობა უტოპიაა, - წერს სტატიის ავტორი, - მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიას ქმნიან „უტოპიები“, და არა პროგრესის რაციონალურად შემუშავებული მექანიზმები.“

ამავე კვლევის კონტექსტში ძალიან მომეწონა ფრანგული ჟურნალისტიკის თავისებური და მოულოდნელი სვლა: „ნუველ ობსერვატორი“ ბეჭდავს ორ, დღევანდელი ჟურნალისტების მიერ აღებულ ინტერვიუს - 1804 წელს გარდაცვლილ კანტთან და 1900 წელს გარდაცვლილ ნიცშესთან! თან ყოველგვარი კომენტარების გარეშე! სათაურიც შესაბამისია: „ობსერვატორმა“ ჩამოართვა ინტერვიუ, ერთი - კანტს, და მეორე ნიცშეს. თითქოს ეს მართლაც ისეთი ბუნებრივია, ესაუბრო დღეს კანტს და ნიცშეს იმის შესახებ, რას ფიქრობენ ისინი ადამიანის არსებობის და ბედნიერების შესახებ. ცხადია, პასუხები მათი თხზულებებიდან არის აღებული და ამით არის ღირებული.

მაგალითად, შეკითხვა კანტს: ნ.ო. - „ბატონო კანტ, თქვენი რკინის ჯანმრთელობა, თავდავიწყებული შრომა, ერთგულთა გუნდი თქვენს გარშემო... ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეული ტიპის პრუსიელი ეპიკურელი ხართ? - და კანტის პასუხი: - რა შემაძრწუნებელი აზრია! იცოდეთ, რომ საწინააღმდეგოდ ამ ძველი გამოტვინებული სექტისა, რომელმაც სიამოვნება სიკეთის ქვაკუთხედად აღიარა, მე მთელი სიცოცხლე იმის მტკიცებაში გავატარე, რომ „წარმატებულ“ ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო ბედნიერ დროსტარებასთან. ცხოვრება არ არის მოწოდებული, იყოს გრძელი წყნარი მდინარე, და ყველა ადამიანი, ვინც ღირსია ამ წოდების, პატარ-პატარა კომფორტებზე ადვილად ამბობს უარს”. და კიდევ ერთი პასუხი: „პირად ბედნიერებას არ აქვს ისტორია და ის ისტორიის პროგრამაში არ არის“.

0x01 graphic

კიდევ უფერო სახალისოა „ინტერვიუ“ ნიცშესთან. „ნუველ ობსერვატორის“ კითხვა: „გაექცე ტანჯვას - ეს იყო მთელი ანტიკური ფილოსოფიის და თქვენი ყოფილი მეტრის - შოპენჰაუერის მთავარი იდეა. იზიარებთ ამ აზრს? ნიცშეს პასუხი: არა. რატომ უნდა აღმოვფხვრათ, თან ძირფესვიანად ჩვენი არსებობიდან უბედურება, შიშები, დაკარგვები, სულის დაბნელება? არსებობს „უბედურების პიროვნული მოთხოვნილება“ და ვისაც უნდა, რომ ის აგვაცილოს, ბედნიერებას ვერ გვანიჭებს; რადგანაც ბედნიერება და უბედურება ტყუპები არიან, რომლებიც ერთად იზრდებიან. ყოველი ცხოვრება ძნელია და მძიმე. და თუ ზოგიერთი მათგანი მაინც არის წარმატებული, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რამდენად თამამად ვხვდებოდით ტანჯვას. ნ.ო. - სტოიკოსებიც მოგვიწოდებენ, თამამად შევხვდეთ არსებობის მძლავრ დარტყმებს. ნიცშე: - ეს სულ სხვაა. სტოიკოსები გვთავაზობდნენ გაქვავებული ცხოვრების მოდელს. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ გავამძაფროთ არსებობის შეგრძნება, ვისწავლოთ შევიცნოთ მისი ყველა ასპექტი, ყველაზე შემაძრწუნებელის ჩათვლით. ნ.ო. - ისე ჩანს, რომ 21-ე საუკუნის ადამიანი კიდევ უფრო მეტად მიისწრაფვის კარგად ყოფნისკენ. ნიცშე: - ო, ეს კარგად ყოფნის რელიგია! აი, ჯოგის იდეოლოგია. თანამედროვე ადამიანმა უარყო ყველანაირი სიდიადე და ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ იცხოვროს კომფორტში და რაც შეიძლება დიდხანს. ის ჰგავს ჰედონისტ ბაღლინჯოს, რომელსაც ეზიზღება ავადმყოფობა და საფრთხე. ის დასდევს წვრილმან და ერთი ბეწო ბედნიერებებს. მომხმარებლური საზოგადოება აკმაყოფილებს მის პატარ-პატარა მოთხოვნილებებს და სწრაფვას გართობისაკენ. მაგრამ როცა ასე უსირცხვილოდ უკმევენ გუნდრუკს ადამიანის ბუნებრივ სიზარმაცეს, ამით ასუსტებენ და უსარგებლოდ ხდიან მის ნებისყოფას. ასე ხდება სიცოცხლის ანესთეზირება (ტკივილების გაყუჩება) და არა ცხოვრება. ნ.ო. - როგორია ბედნიერების თქვენეული განსაზღვრება? - ნიცშე: - ეს არის შეგრძნება, როცა შენში მატულობს ძალა, რომ წინააღმდეგობა დაძლეულია. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია შეჩერდეს წამის ზღურბლზე და დაივიწყოს ყველა - წარსული თუ მოსალოდნელი მოვლენა; ის, ვისაც არ ძალუძს, თავბრუდახვევისა და შიშის გარეშე, იდგეს ერთი წამი ზეზეულად, როგორც გამარჯვება, ვერასდროს ვერ გაიგებს, რა არის ბედნიერება, და რაც ბევრად უარესია, ვერასდროს გააკეთებს რაიმეს ისეთს, რაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ნ.ო. - რას ურჩევდით მათ, ვინც მუდმივად ბედნიერების ძიებაშია? - ნიცშე: - ბედნიერების ნამდვილი საიდუმლო ისაა, რომ მისი მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ შეწყვეტ მის ძებნას. ის ქალივითაა. თუ მისდევ გაგირბის, თუ ვერ ამჩნევ, შენსკენ მორბის. (ის იღიმება, - ასე წერია ინტერვიუში). არსებითად, მნიშვნელოვანი არ არის ბედნიერება, რაც მხოლოდ იდეაა, არამედ ნამდვილი ცხოვრება, რომელიც უნდა გამოვცადოთ. გიყვარდეს შენი ბედისწერა - ეს არის ბედნიერების ჩემი ფორმულა. ჩვენი განთავისუფლების ერთადერთი გზა იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიყვარდეს ის, რაც გვემართება. უნდა დავდგეთ სიკეთისა და ბოროტის ცნებებზე მაღლა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი არსებობის პოეტები, გამოვიგონოთ ჩვენი სიცოცხლე და ვიცხოვროთ! ნამდვილი სიბრძნე ბედნიერების ძიება კი არ არის, არამედ სიცოცხლის სიყვარული, მიუხედავად იმისა, ბედნიერია ის, თუ უბედური. ნ.ო. - ცხოვრებას არასდროს მიუყვანიხართ სასოწარკვეთამდე? ნიცშე: - არასოდეს! მაშინაც, როცა ძალიან მძიმედ ვიყავი ავად, სასოწარკვეთილება არ დამეუფლა. ცხოვრებამ იმედები არ გამიცრუა. რაც დრო გადის, მე ის უფრო ნამდვილი, უფრო მიმზიდველი და უფრო მიუწვდომელი მგონია. ჩემთვის ეს არის საფრთხისა და გამარჯვების სამყარო, სადაც გმირობის შეგრძნებასაც აქვს თავისი ადგილი ცეკვისა და სექსუალური სიახლოვის გვერდით. თუ ამ პრინციპს გულით ატარებ, შეგიძლია არა მარტო ვაჟკაცურად იცხოვრო, არამედ მხიარულად იცხოვრო და მხიარულად იცინო.“

მე მართლა ძალიან გულზე მომხვდა ზარატუსტრას ავტორის ეს კვიმატური „ინტერვიუ“. ისიც მომეჩვენა, რომ ის ჩვენთვის, დღევანდელი ქართველებისთვის, განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. ვინ იცის, ეგებ ჩვენც შეგვიძლია, შევიყვაროთ ჩვენი ბედისწერა და ცხოვრების დარტყმებს ვაჟკაცურად აღვუდგეთ წინ? მით უმეტეს, ევროპელ ფილოსოფოსთა გვერდით ჩვენს მოაზროვნეებსაც თუ გავიხსენებთ და მათ გამონათქვამებს, მაგალითად რუსთაველისას: „ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა“, ან ვაჟა-ფშაველასი, ჩემს მიერ არაერთხელ ციტირებულს: „ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე“.

და სულ ბოლო წერილი: „პოზიტიური ფსიქოლოგიის რევოლუცია“.

ჩემი აზრით, ჩვენთვის, ამ მარად აფორიაქებული, დაუკმაყოფილებელი, ეჭვებით სავსე, არსებითად უბედური ადამიანებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს - „პოზიტიური ფსიქოლოგიის“ - თეორია. ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად დაწვრილებით შევეხო მის პოსტულატებს. საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა კონცენტრირებული იყო ადამიანის ტანჯვაზე და ცდილობდა, გაეანალიზებინა მისი ცუდად ყოფნის მიზეზები. პერსპექტივის შებრუნებით, დღეს ფსიქოლოგები ეძებენ, როგორ განავითარონ ადამიანში ჩამალული „ბედნიერების კაპიტალი“. დღეს მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტვინის ზოგიერთი ნაწილი დაკავშირებულია „კარგად ყოფნასთან“, ზოგიერთი „ცუდად ყოფნასთან“. კვლევებზე დაყრდნობით, „პოზიტიური ფსიქოლოგიის“ მიმდევრებმა არა მარტო შეიმუშავეს თეორია, არამედ ატარებენ უნივერსიტეტებში „ბედნიერების ხელოვნების“ დაუფლების გაკვეთილებსაც კი.

ბოლო დროს ვირთხებზე ჩატარებული კვლევების შედეგად გამოირკვა: სიმსივნე ვითარდება ბევრად უფრო ჩქარა იმ ცხოველებში, რომლებიც მიტოვებულნი და მოწყენილები არიან და ბევრად ნელა მაშინ, როცა მათ ართობენ, ანუ უყრიან სათამაშოებს. ვირთხებს, ისევე, როგორც ადამიანებს, ძალიან უყვართ გართობა.

დღეს მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენ დავივიწყეთ შინაგანი ძალები, რომლებიც გვეხმარებიან სულის დაავადებების დაძლევაში. „პოზიტიური ფსიქოლოგიის“ მიმდევრები იმას კი არ ქადაგებენ, რომ დავინახოთ მოვლენების მხოლოდ დადებითი მხარე, არამედ ცდილობენ, შეისწავლონ ის, რაც კარგად მოქმედებს სულის ჯანმრთელობაზე და არა ის, რაც აფერხებს მას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფსიქოლოგია ძირითად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, „რაც ცხოვრებას ცხოვრების ღირსად აქცევს“. დადგა დრო, დავინტერესდეთ მოულოდნელი თემებით, ისეთით, როგორიც არის ხასიათის ძალა, ალტრუიზმი, სიბრალულის და შეწყალების უნარი, მოქალაქეობრიობის განცდა. და საბოლოოდ, ყველა ამ ფაქტორის შედეგით - ბედნიერებით. პოზიტიური ფსიქოლოგიის დიდი ამბიცია არის „ბედნიერების მეცნიერების“ შექმნა. ასეთი ოპტიმიზმი იწვევს დაეჭვებას იმათში, ვინც ფროიდთან ერთად დარწმუნებულია, რომ „ბედნიერება არ შედის „სამყაროს შექმნის“ გეგმაში“. პოზიტივისტების აზრით, ბედნიერების უნარი ექვემდებარება განვითარებას. სელიგმანი (მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი) ამტკიცებს, რომ შესაძლებელია, ავარჯიშო თავი იმისათვის, რომ დაინახო ჭიქა ნახევრად სავსე და არა ნახევრად ცარიელი. შეიმუშავო საკუთარი თავის მყარი რწმენა, ისწავლო, მუდმივად გქონდეს ცნობისმოყვარეობის განცდა, კეთილგანწყობა, სიმშვიდე. საკუთარი ძალისხმევით შეგიძლია გახდე ბედნიერი არსება. ზოგს ამის მეტი ნიჭი აქვს, ვიდრე სხვას. 4000 წყვილი ტყუპის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს წინასწარი განწყობა სიხარულისა და დეპრესიისადმი. გამოკვლევის ყველაზე საკვირველი შედეგი: სხვადასხვაგვარ გარეგან ფაქტორებს (ლამაზი ხარ თუ უშნო, მდიდარი თუ ღარიბი, ძლიერი თუ სუსტი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, და სხვა) ძალიან მცირე გავლენა აქვთ პიროვნებაზე, ვინაიდან ისინი განსაზღვრავენ „ბედნიერების კაპიტალის“ მხოლოდ 10 პროცენტს; კიდევ 50 პროცენტი, ასე თუ ისე, უკავშირდება გენეტიკას, დანარჩენ 40 პროცენტს კი ჩვენი აზროვნების და მოქმედების ხასიათი განაპირობებს. თუ გინდა, გააძლიერო შენი „ბედნიერების კაპიტალი“, სწორედ ამ ბოლო მიმართულებით უნდა იმუშავო. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდე სტერეოტიპებისგან, რომლებიც წარმოადგენენ „ბედნიერების საწინააღმდეგო ქვეშეცნეულ ხაფანგს“. გავიხსენოთ, თუნდაც, რა გავლენას ახდენს ცნობიერებაზე მითი ადამ და ევას, და მათთან ერთად ყოველი ჩვენგანის სამოთხის ბაღიდან გამოძევების შესახებ. უნდა შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, თითქოს ბედნიერება არის იღბალი და ბედისწერა. არ ვეძებოთ ის თავგადაკლულად იქ, სადაც ნამდვილად ვერ იქნება - ახალ მანქანაში, ახალ სამუშაოში, ახალ სიყვარულში. რადგანაც ყველა სიკეთე, რაც თავს დაგვატყდება, თავიდანვე განწირულია დაემორჩილოს „ჰედონისტური ადაპტაციის“ ფენომენს: როგორც გინდა, მოვიქცეთ, ჩვენ ელვის სისწრაფით ვეჩვევით ჩვენი არსებობის გაუმჯობესებას და პირველი თავბრუდახვევის მერე ვუბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ერთადერთი შესაძლებლობა იპოვო ხანგრძლივი ბედნიერება, არის შემდეგი: შეიმუშავო შენს პიროვნებასა და ცხოვრების წესთან მისადაგებული სტრატეგია, რათა არ დაექვემდებარო სიცოცხლის ტკბობით გამოწვეულ ცვეთას. მეცნიერებმა გამოიგონეს თვითგანვითარების მთელი სისტემა და განსხვავებულ ტემპერამენტებთან მისადაგებული სხვადასხვა საშუალება. მთავარია, გაიგო შენი ხასიათის ის მთავარი ძალები, რომლებიც შეგიძლია განავითარო და გააუმჯობესო. ამ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი პუნქტი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ასეთია: ღიად გამოხატო მადლიერება, აღფრთოვანდე, დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს, გაიხარო იმით, როგორც ცხოვრობ. გარდა ამისა: ნუ ეცდები, შეადარო შენი თავი სხვას. განახორციელე პატარ-პატარა კეთილი საქმეები; ისწავლე პატიება; შეგნებულად განავითარე და მოუფრთხილდი მეგობრობას; გაუგე შენგან განსხვავებულ ადამიანს და პატივი ეცი მას.

თითქოს რა უბრალოა და ამავე დროს რა რთული ბედნიერების ეს შემოთავაზებული კოდექსი!

101 წლის სახელგანთქმული არქიტექტორის ოსკარ ნიმეიერის ახალი თავგადასავალი:

მუშაობის 70 წლის მანძილზე ნიმეიერმა შექმნა 600 პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, გამოიყენა ბეტონი, როგორც ბრაზილიური მოდერნისტული ხუროთმოძღვრების ემბლემური ელემენტი.

2010 წელს მის დაპროექტებულ „ბრაზილიას“, ამ საოცარ ქალაქს, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, არსებობის 50 წელი უსრულდება. ამ დღის აღსანიშნად მხცოვანმა არქიტექტორმა გააკეთა გიგანტური (100-მეტრიანი) ობელისკის პროექტი, რომელიც მისი შექმნილი ქალაქის ცნობილი ესპლანადის შუაგულში უნდა დადგმულიყო. მაგრამ მოულოდნელად ობელისკმა დიდი პოლემიკა გამოიწვია მოსახლეობაშიც და ქალაქის მერიაშიც. ამას დაემატა კრიზისთან დაკავშირებით თანხების დეფიციტი... და ნიმეიერმა განაცხადა: ის დროებით უარს ამბობს ამ პროექტის განხორციელებაზე, მაგრამ იმედი აქვს, რომ დაუბრუნდება მას მომავალში. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს ნიმეიერი, რომელიც მომავლის გეგმებს აწყობს, 101 წლისაა!

ხოლო ჩემმა ჯილამ და იმედის წყარომ - 100 წლის მანუელ ოლივიერამ - კანის ფესტივალის მერე უკვე გადაიღო ახალი ფილმი, რომელსაც აქებს საერთოდ არცთუ ძალიან კეთილგანწყობილი ფრანგული პრესა!

* * *

„ბელმონდოს დიდი დაბრუნება. მისი ახალი ფილმი, მისი ახალი სიყვარული“ - ასეთი და ამგვარი სათაურებით არის აჭრელებული ფრანგული პრესა, და ეს გასაგებია, ვინაიდან ფრანგების კერპი ინსულტის მერე 10 წლის მანძილზე არ გამოჩენილა არსად. ცხოვრობდა განმარტოებით და აღარავის სჯეროდა, რომ ის ოდესმე დაუბრუნდებოდა ეკრანს. და აი, ის კვლავ წინა პლანზეა, თავისი ახალი ფილმით „კაცი და ძაღლი“ და ახალი სიყვარულით. ბარბარა, 33 წლის მომხიბლავი ქალი, წარმატებული „ბიზნესვუმენი“, ორი შვილის დედა, ამბობს: „ჩემთვის წლებში განსხვავება არაფერს ნიშნავს. როცა შევხვდი, ეს იყო ცოცხალი მითი, რომელიც მაღელვებდა, მერე კი აღმოვაჩინე არაჩვეულებრივი კაცი“. „ეს არ არის ჩემი პირველი დრამატული როლი. გაიხსენე „ბოლო ამოსუნთქვა“, - ამბობს ბელმონდო „პარი-მატჩისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. - „კარიერის 50 წლის მანძილზე მე ამოვწურე ხელობის ყველა რეგისტრი. ამ ბოლო ფილმს კინოდარბაზში ვნახავ, ხალხის შუაგულში. თუმცა, არავინ იცის, იქნება თუ არა ეს ბოლო ფილმი. როგორც ამბობდა ჩვენი „პატრონი“, ჟან გაბენი, კარგი ფილმი - ეს, პირველ ყოვლისა, კარგი ისტორიაა. დაველოდები ძალიან კარგ ისტორიას...“ ამ ფილმში კი ის თამაშობს ყველასაგან მიტოვებულ, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანს, რომელსაც შერჩა ერთადერთი მეგობარი - ძაღლი. „ჩემს სახლთან ახლოს, სენ-პიერის ქუჩაზე, ერთ უსახლკაროსთან მომიხდა ურთიერთობა. ის აღმიქვამს არა როგორც ცნობილ მსახიობს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც სთავაზობს ცოტა სითბოს ღიმილით, სიტყვით თუ ჟესტით. იცით, რომ 2008 წელს 343 უსახლკარო გარდაიცვალა სიცივისა თუ შიმშილის გამო?“ აი, ასეთ შარლს განასახიერებს ბელმონდო ფილმში და მისი თამაში ამ კაცის ღირსების გრძნობას ემყარება. „მინდოდა, ვყოფილიყავი ეკრანზე ისეთი, როგორიც ვარ ამჟამად. დიახ, დღეს ხეიბარი ვარ, ვერ ვხმარობ ერთ ხელს და ფეხს, ვბორძიკობ ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმისას, მაგრამ მეხსიერება არ დამიკარგავს და არც კარგი განწყობა. და რაც მთავარია, სიცოცხლის წყურვილით ვარ სავსე. თამაში - ეს ჩემი ხელობაა, ჩემი ბედნიერება. დღეს ვეღარ ვეკიდები გაფრენილ თვითმფრინავებს, ვეღარ ვასრულებ აკრობატულ ნომრებს ვერტმფრენებზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაყურებელი ისეთს მიმიღებს, როგორიც ვარ“. სერიოზული გამოწვევაა. უნდათ კი ადამიანებს თავიანთი კერპების, განსაკუთრებით საყვარელი მსახიობების, სახეცვლილების დანახვა, თუ ერთხელ შექმნილი მითის ტყვეობაში დარჩენა ურჩევნიათ? თვალწინ მიდგას გოდარის „ბოლო ამოსუნთქვა“ - ჩვენი თაობის საკულტო ფილმი და სულ ახალგაზრდა, ასეთი მომხიბლავი, ასეთი ნაღდი და ტრაგიკული ბელმონდო, რომელმაც ნამდვილად შეგვძრა მაშინ. დროის მსახვრალი ხელის შედეგი სახეზეა! თუმცა ბელმონდო დღესაც ისევე გადამდებად იცინის თავისი ახალი სიყვარულის გვერდით და ისევე აელვარებს, არ ვიცი, ნამდვილ თუ ჩასმულ, მაგრამ ძველებურად ქათქათა 150 კბილს!

* * *

ამ წუთას დამირეკა ფრანგული პენ კლუბის თავმჯდომარემ სილვესტრ კლანსიემ და შემომთავაზა შეხვედრა მომავალ საერთო პროექტზე მოსალაპარაკებლად. (პროექტი ეხება ქართველი და რუსი მწერლების საერთო კონფერენციას პარიზში ფრანგული პენკლუბის ეგიდით, რომელიც ამ წლის სექტემბერშია დაგეგმილი). ვხვდებით 3 მარტს, ქართულ სახლში. მგონია, რომ შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა შედგეს.

* * *

„მაღალი საზოგადოების“ („სვეტსკაია“) ცხოვრების ქრონიკა: კარლა ბრუნი-სარკოზის დედა - მარიზა, დიდი იტალიური ბურჟუაზიის წარმომადგენელი, ცნობილი პიანისტი, რომელიც მართავდა კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ყიდის თავის სასახლეს პიემონტში... აქ წარსულში იმართებოდა მიღებები, რომელთა სტუმრები იყვნენ, სხვა განთქმულ პირთა შორის, ვისკონტი, კარაიანი, კალასი... ამ სასახლეში გარდაიცვალნენ კარლას მამა - წარმატებული და მდიდარი მეწარმე და ამავე დროს ცნობილი კომპოზიტორი და ტურინის თეატრის რეჟისორი; ასევე კარლას ძმა ვირჯინიო - შიდსით. მაშინ მარიზა ბრუნი-ტედესკიმ თქვა: „შვილის სიკვდილის მერე გინდა ან სიკვდილი, ან აკეთო რაღაც სხვებისთვის სასარგებლო“. მან მეორე გზა აირჩია, დააარსა მისი შვილის სახელობის საქველმოქმედო საზოგადოება და აქტიურად და ხელგაშლილად ეხმარება შიდსით დაავადებულებს. ამ არაორდინარული ქალის ბოლო გატაცება სარკოზია, რომელსაც „უნგრელ ბოშას“ ეძახის. „რომ შეეძლოს ჩასვამდა მთელ თავის ოჯახს ორთვალაში და ასე შემოატარებდა ქვეყნიერებას“. მისი აზრით, ბოლო ზაფხული სარკოზიმ სწორედ ასე გაატარა, შეკრიბა ნეგრის ყურის სახლში ოჯახი ყველაზე ფართო გაგებით და მიიწვია კონდოლიზა რაისი, იორდანიის დედოფალი რანია და შირაქის წყვილი. შვილის გათხოვების მერე მარიზა ბრუნი-ტედესკი გაურბის ჟურნალისტებს, მით უმეტეს, რომ ერთხელ უკვე იწვნია მათი არადელიკატურობა. შარშან ერთ ჟურნალისტთან კერძო საუბარში გამოთქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, როგორ ამზადებენ ელისეს სასახლეში მაკარონს. მეორე დღეს „ლა სტამპაში“ დაიბეჭდა წერილი: „ელისეს სასახლეში არ იციან მაკარონის მომზადება“. მას შემდეგ შვილებმა აუკრძალეს პრეზიდენტის კარის შესახებ აზრის გამოთქმა. 2008 წლის საშობაო საღამო ისევ ელისეს სასახლეში გაატარა. კერძად მიართვეს რიზოტო და მილანური ბიფშტექსი. ჟურნალისტმა ჰკითხა: „როგორი იყო?“ „... კარგი...“, უპასუხა მარიზამ მცირე ყოყმანის შემდეგ. „დარწმუნებული ხართ, ქალბატონო ბრუნი-ტედესკი?“ - ჩაეძია ჟურნალისტი. „...დიახ... კარგი... იყო...“ … - თავშეკავებულად უპასუხა მარიზამ. „აქედან სათაურს ნამდვილად ვერ გააკეთებ,“ - წერს დანანებით ჟურნალისტი.

ჩინური ანდაზა: იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა.