![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №17 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა ივნისი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
„ქრონიკა“, 6-12.06.05
გიორგი გელოვანი
ვისი დავალებით დარბოდნენ ბაბტისტები „ვარდების რევოლუციის“ დღეებში
მიტინგებზე ყავის მადუღარით და რატომ უწოდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა
ბაბტისთა ლიდერს „მამა?“
გაზეთის ცნობით, „არატრადიციული რელიგიური ორგანიზაციების გაღიზიანებას“ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უპირატესობა იწვევს და ისინი საკუთარი უფლებების დაცვას „დემოკრატიულ ინსტიტუტებს სთხოვენ. ეს უფლებები კი ამბიციები უფროა და თანაც ფარულ აგრესიას შეიცავს... ბოროტი განზრახვით შეპყრობილი ფარული ძალები ეკლესიის როლის დაკნინებისა და შეურაცხყოფისთვის ფარულ გეგმებს აწყობენ.“ ასეთი გეგმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ ნაბიჯად სტატიის ავტორი იმ საკანონდებლო ინიციატივას თვლის, რომლის ავტორი პარლამენტარი გიგა ბოკერიაა და რომლის მიხედვითაც „რელიგიური ორგანიზაციები არასამეწარმეო იურიდიულ პირებად უნდა დარეგისტრირდნენ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ „ენჯოების“ მსგავსი სტატუსი და უფლებები ექნებათ“. ვტორის აღშფოთებას ისიც იწვევს, რომ „არატრადიციულმა რელიგიურმა ჯგუფებმა, რომლებიც უმსხვილესი დაჯგუფებებისაგან დაფინანსებას არ უჩივიან, მნიშვნელოვანი საშემოსავლო შეღავათები მოითხოვეს... ე.წ. სექტების მსგავსად, საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში არსებულმა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებმაც დაიწუნეს.“
ავტორის აზრით, ვარდების რევოლუციამდე რელიგიური ორგანიზაციები ასეთი თამამი განცხადებების გაკეთებას ვერ ბედავდნენ.. ტყუილად ხომ არ აქტიურობდა ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი რევოლუციის დღეებში? - კითხულობს ავტორი.
„ვერსია“, 6-7.06.05
მედიანიუსი
ილია II აზერბაიჯნში გაემგზავრა
კავკასიის მუსლიმანთა სულიერი ლიდერის მიწვევეით, კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც რელიგიურ ლიდერებს, ქვეყნის პრეზიდენტს - ილხამ ალიევს და მილი მეჯლისის სპიკერს შეხვდება. კათოლიკოს-პატრიარქი კახის, ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებში კომპაქტურად მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრასაც გეგმავს.
„ახალი თაობა“, 12-18.06.05
შორენა კოკორაშვილი
საქართველოს ჯარს მხოლოდ ეკლესია გადაარჩენს
გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს საპატრიარქოს ყოფილ პრეს-მდივანთან გიორგი ანდრიაძესთან, რომელიც ქართულ ჯარში ისევ და ისევ კაპელანის ინსტიტუტის შემოღებას მოითხოვს.
„ახალი თაობა“, 17.06.05
მედიანიუსი
„რელიგიურ ორგანიზაცითა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა“
საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით და მისი ეგიდით, რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ძირითადად ტრადიციულ (როგორც ხშირად უწოდებენ) რელიგიებს აერთიანებს: კათოლიკურს, იუდევურს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიას და მუსლიმანურს. გამონაკლისის სახით საბჭოში ბაბტისტები და ორმოცდაათიანელებიც შედიან. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს განცხადებით, საბჭოში შემავალი ეკლესიები მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად უნდა შეებრძოლონ ნარკომანიას და ისეთი სერიოზული პრობლემა დაძლიონ, როგორიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
„ხვალინდელი დღე“, 17.06.05
დავით ქემოკლიძე
კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიას დარტყმა ააცილა „მართლმადიდებელ ეკლესიას რელიგიურ უმცირესობებთან შუამავალი არ სჭირდება“
ავტორი თვლის, რომ ილია II-ს გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით საქართველოში რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭო შექმნილიყო, რელიგიური ექსტრემიზმის ეპოქის დასასრულის ტოლფასია. გიორგი ანდრიაძე, ვისი სიტყვებიც სტატიის ქვესათაურშია გამოტანილი, თვლის, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის ნაკარნახევი („უფრო სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურია“). ისე კი „საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა უფლებები ფაქტობრივად არ ირღვევა და საწინააღმდეგოს აფიშირება სხვა მიზნებისკენ მიმართული პოლიტიკური ინტრიგაა“ და იმ „ენჯოებიდან მოდის, რომლებიც რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობათა ადვოკატობას იბრალებენ“.
„ხვალინდელი დღე“, .23.06.05
მედიანიუსი
რა საჭიროა ორი რელიგიური ორგანიზაცია?
გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსტან, ბ-ნ მალხაზ სონღულაშვილთან, რომლის აზრით, ერთ კვირაში ორი რელიგიური საბჭოს შექმნა - საპატრიარქოს და ომბუდსმენის ოფისის ეგიდით - საკითხის აქტუალობაზე მეტყველებს. მას მიაჩნია, რომ საპატრიარქოსთან რელიგიური საბჭოს შექმნა ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა - 15 თებერვლამდე ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან ასეთი ნება არ ჩანდა.
იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ომბუდსმენის ოფისთან შექმნილი რელიგიური საბჭო საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიას მოიცავს, რაც სავსებით მართებული გადაწყვეტილებაა, მაშინ როდესაც საპატრიარქოსთან არსებულ საბჭოში უმთავრესად ტრადიციციული რელიგიების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ის რომ საპატრიარქომ ხელი არ მოაწერა ომბუდსმენის აპარატთან შექმნილი საბჭოს მემორანდუმს, ამ საბჭოსასმი საპატრიარქოს არც თუ მთლად პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა, ბ-ნი მალხაზი ყურადღებას ამახვილებს ამ საბჭოს დადებით როლზე, რაც სხვადასხვა კონფესიებისა და რელიგიების თანამშრომლობაში მდგომარეობს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომლის მოწესრიგებასაც იგი ამ საბჭოსგან ელის, ბ-ნი მალხაზი „საკანონდებლო სივრცის მოწესრიგებას“ ასახელებს, რაც სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს „თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში მუშაობისა და თანამშრომლიბის საშუალებას მისცემს“. მას იმედი აქვს, რომ რელიგიათაშორის თანამშრომლობა „ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს“ და საზოგადოებას რელიგიურ თემებზე ღიად საუბარი შეეძლება.
![]() |
2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
მიმდინარე თვის პრესა ძირითად ყურადღებას გლობალიზაციის და თანამედროვე ყოფის საკითხებს უთმობს.
![]() |
2.1 ურთიერთობა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებთან |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ 24 მაისს კონსტანტინოპოლში გამართულ პანორთოდოქსული სინოდის სხდომას აშუქებს, რომელმაც იერუსალიმის საპატრიარქოში წმინდა სინოდის მიერ პატრიარქ ირინეოსის გადაყენება და კორუფციული გარიგების გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილა. შეკრებას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაც ესწრებოდა. „საპატრიარქოს უწყებანი“ დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პრორექტორ, დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან ინტერვიუს ბეჭდავს.
კითხვაზე, თუ როგორ წარიმართა სინოდის სხდომა, მამა გიორგი პასუხობს: „სამწუხაროდ, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წარმომადგენლობამ კრებაში მონაწილეობა ვერ მიიღო. სხდომას არ ესწრებოდნენ ჟურნალისტები. აზრის გამოთქმის საშუალება ყველა ეკლესიის დელეგაციას მიეცა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იმ მიზეზის შესახებ ისაუბრა, რამაც ეს შეკრება განაპირობა. შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქმა ისაუბრა, ბოლოს კი - უნეტარესმა ირინეოსმა. როგორც დეკანოზი გიორგი აღნიშნავს, პატრიარქ ირინეოსის ზხრით, მისი ბრალეულობა დადასტურებული არ არის, და შესაბამისად, იგი იერუსალიმის პატრიარქად რჩება.“
კითხვაზე, როგორი იყო საქართველოს ეკლესიის პოზიცია, მამა გიორგი პასუხობს: „პატრიარქ ირინეოსის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ საქართველოს დელეგაციამ მხარი კანონიკურობას, საეკლესიო სამართალს და საეკლესიო ღირსებას დაუჭირა, ანუ იმას, რომ ეს საკითხები უფრო გამოწვლილვით შესწავლილიყო და ამის შემდეგ გამართულიყო შეხვედრები, ამა თუ იმ საქციელის შესაფასებლად.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №21. 2-8.06.05).
![]() |
2.2 ეკლესია და გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალიზაციის პროცესზე და მის უარყოფით შედეგებზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას გაზეთი „აცხოვნე სული შენი“. გაზეთი ილაშქრებს პლასტიკური პირადობის მოწმობებისა და ე.წ. ბიომეტრული პასპორტების წინააღმდეგ. გაზეთის ინფორმაციით, ევროპისა და ამერიკის კვალდაკვალ ბიომეტრიული პასპორტები რუსეთშიც გაჩნდება: „ა.წ. გაზაფხულიდან რუსეთის ხელისუფლების ყველა წევრი და სახელმწიფო დუმის დეპუტატები ვალდებულნი არიან მიკროჩიპი არა მხოლოდ პირადობის მოწმობით ატარონ, არამედ საკუთარი ორგანიზმითაც. ეს ჩიპი შეიცავს არა მხოლოდ ყველანაირ მონაცემს პატრონის შესახებ, არამედ ყოველ წუთს გამოავლენს მის ადგილმდებარეობას“. (ინფორმაცია მომზადებულია გაზეთ „სობესედნიკის“ მასალების მიხედვით).
იქვე ქვეყნდება ინფორმაცია მართლმადიდებელთა მასობრივი ანტიგლობალისტური აქციების შესახებ უკრაინაში, რომლის შედეგად დიდი კონფერენცია იქნა მოწვეული. კონფერენციაში როგორც სასულიერო პირებმა, ასევე ჩვეულებრივმა მორწმუნეებმაც მონაწილეობა მიიღეს. „კონფერენციაზე ერთხმად აღიარეს, რომ ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი უშუალო კავშირშია აპოსტასიასთან, რომელიც ამზადებს ანტიქრისტეს გამეფებას. ამის ძირითადი ინსტრუმენტი კი მთელ მსოფლიოში ადამიანთა იძულებითი კოდიფიცირებაა“. („აცხოვნე სული შენი“ №5, 06.05).
![]() |
2.3 წინასწარმეტყველებანი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „კრიალოსანი“ ბეჭდავს სტატიას სათაურით „მამა პაისის წინასწარმეტყველებანი“. მამა პაისი წინასწარმეტყველებს: „რუსები დაიკავებენ თურქეთს, ეს უკანასკნელი კი გაქრება მსოფლიო რუკიდან. შუა აზია ომების ასპარეზი გახდება... ჩინელები მდინარე ევფრატსაც კი გადმოლახავენ 200.000.000 არმიით და იერუსალიმამდე მიაღწევენ. დაინგრევა ომარის ტაძარი და დაიწყება სოლომონის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. საბერძნეთს დაუბრუნებენ კონსტანტინოპოლს.“ მამა პაისის თქმით, „ჩინეთის არმია უკვე 2000.000.000-ს შეადგენს, ანუ სწორედ იმ რიცხვს, რომელსაც აპოკალიფსში ახსენებს წმ. იოანე ღმრთისმეტყველი“ („კრიალოსანი“, №4, 06.05).
![]() |
2.4 ეკლესია და აბორტები |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „კრიალოსანი“ თავისი პუბლიკაციებით თანამედროვეობის ისეთ მტკივნეულ პრობლემას ეხმიანება, როგორიც არის ორსულობის შეწყვეტა - აბორტი. ჟურნალი აქვეყნებს ინტერვიუს რკინიგზის ქალთა კონსულტაციის ექიმ-გინეკოლოგ ქალბატონ მადონა სანიკიძესთან.
კითხვაზე, თუ რა მიზეზები განაპირობებენ დღეს საქართველოში აბორტის გაკეთებას, ქ-ნი მადონა პასუხობს: „აბორტის მიზეზს წარმოადგენს ძირითადად არასაკმარისი რწმენა ღმერთის მიმართ, არარელიგიურობა და კიდევ გარემო პირობები“, ანუ სხვადასხვა დაავადებები. ექიმი აბორტის მძიმე შეგეგებზე საუბრობს ქალთა ჯანმრთელობისთვის და ბოლოს გამოთქვამს სურვილს, რომ ქართველმა დედებმა რწმენით, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობით გადალახონ ეს მძიმე ცოდვა“ (კრიალოსანი“, №4, 06.05).
ჟურნალი ასევე აქვეყნებს ექიმი-მღვდლის, კონსტანტინე გიორგაძის პუბლიკაციას „უფალს მოსაკლავი შვილები არ ჰყავს“. ავტორის აზრით, „სიცოცხლის უფლება ყველა ადამიანზე ჩასახვის მომენტიდან ვრცელდება... ამ მიზეზით აბორტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც განზრახ მკვლელობა“. ექიმი თავის კოლეგებს მიმართავს: „ექიმო გინეკოლოგებო, ნუ გააკეთებთ აბორტებს, ნუ სცოდავთ! გონს მოეგეთ! ყველაფრისათვის პასუხს აგებთ საშინელი განკითხვის ჟამს...“ („კრიალოსანი“, №4, 06.05)
![]() |
2.5 მორწმუნეების ცხოვრების წესი |
▲ზევით დაბრუნება |
„თავისუფალი დრო ღმერთის არის და არა განცხრომისა“ - ამ სათაურით ჟურნალი „კრიალოსანი“ ბეჭდავს ინტერვიუს მამა დავითის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ ბასილ კიკვიძესთან. კითხვაზე, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც არ თვლიან საჭიროდ დიდ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობას, მამა ბასილი პასუხობს: „ვინც იძახის, მე ღმერთი მწამს, და ეკლესია არა და არ მინდა ზიარება, აღსარება, მე არ მინდა ჩვენს შორის ჩადგეს ვინმე, მას გარკვეულწილად დაბნელებული აქვს გონება და ვერ ხედავს ვერაფერს“. მამა ბასილის აზრით, არც ის არის სწორი ადამიანი მხოლოდ მოდის აყოლის გამო რომ დადიოდეს ტაძარში. „მორწმუნე მთელი თავისი ცხოვრებით უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და თუ კი ოდნავ თავისუფალი დრო აქვს პირდაპირ ეკლესიაში უნდა ატარებდეს“ („კრიალოსანი, №5, 06.05).
![]() |
2.6 ეკლესია და მოდა |
▲ზევით დაბრუნება |
საეკლესიო პრესა კვლავ აქტიურად განიხილავს თანამედროვე ქრისტიანის ქცევის და ჩაცმულობის საკითხებს.
ჟურნალი „კარიბჭე“ წმ. იოანე ღვთისმეტვყელის ტაძრის მღვდელთან, მამა კონსტანტინესთან ინტერვიუს აქვეყნებს. კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელს მორწმუნე ადამიანისათვის, მამა კონსტანტინე პასუხობს: „ტანსაცმელი შეიქმნა ადამისა და ევას დაცემის შემდეგ... წმიდა მამები ამბობენ, შემოსვისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მიზეზი ტანსაცმლის შექმნისაო. ეს მოქმედება დაცემას, სასუფევლიდან განდევნას უნდა გვახსენებდეს... უნდა მოვახერხოთ სამოსზე მიჯაჭვულები არ ვიყოთ“. მამა კონსტანტინე აფრთხილებს მორწმუნეებს ერიდონ სხეულის ზედმეტას გაშიშვლებას და მოუწოდებს მათ ზომიერებისკენ. „არც ის არის სწორი, ჩაცმისა და სამკაულის მეტი არაფერი გვახსოვდეს და არც ის, სუფთა ტანსაცმელზე, დაბანაზე უარი ვთქვათ“ („კარიბჭე“, №9, 06.05).