![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №21 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა ოქტომბერი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
საერო პრესა
„24 საათი“, 6.09.05.
დავით ამირეჯიბი, ლელა ნიორაძე
რუსული თვითიზოლაციონიზმი და ერთმორწმუნეობის ილუზია ავტორები საუბრობენ რისკებზე, რომელსაც კრიზისში მყოფ ქართულ საზოგადოებას „ერთმორწმუნეობის ნიღაბს შეფარებული ცრუმორწმუნეობა, ანუ რუსული „მართლმადიდებლური“ კლერიკალიზმი“ უქადის; საუბარია ანტიდასავლურ განწყობებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილში, მათ შორის სასულიერო წრეებში, შეინიშნება. „ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე აქციებს მართავს ვატიკანის და ამერიკის საელჩოებთან, იმის ნაცვლად, რომ პროტესტი გამოხატონ რუსეთის საელჩოსთან, თუნდაც ცხინვალში შემოგზავნილი რუსი სასულიერო პირის გამო, რომელიც ქვეყნის დამანგრეველ რუსულ პოლიტიკას ატარებს... მათთვის რუსეთი გაიგივებულია „მართლმადიდებლობასთან“, დასავლეთი კი - ურწმუნოებასთან და საშიშროებასთან, ამას გაიგონებთ ზოგიერთი სასულიერო პირისაგანაც, ამას იმეორებს მრევლიც“.
იმპერიულმა რუსეთმა, თვლიან ავტორები, მართლმადიდებლობა, ისევ როგორ თავის დროზე ათეიზმი, ინსტრუმენტად გაიხადა, რათა ნამდვილი ქრისტიანული სულისთვის უცხო მტრის ხატის შექმნით და კულტივირების გზით მრავალეროვანი მოსახლეობის დანარჩენი სამყაროსგან იზოლირება მოეხდინა. მაგალითად, ავტორებს რომის პაპის, იოანე მე-II რუსეთში არშეშვება მოჰყავთ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მათი აზრით, საბჭოთა კავშირის რღვევაზე მიმართული პაპის მოღვაწეობა იყო.
ასეთი მიდგომები, წერია სტატიაში, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გაიზიარა: „ჩვენ პირდაპირ, შეუფარავად გვეუბნებიან, რომ ლიბერალიზმი, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ჩვენთვის დამღუპველია და ერთადერთი გამოსავალი სამყაროსგან იზოლაციაა რუსეთთან ერთად... ქართულ საზოგადოებას უბიძგებენ რელიგიური აუტიზმისაკენ, რაც თავისი არსით ანტიქრიასტიანულია და ფსიქოლოგიურად საშიში... შეგეგად ვიღებთ გარე სამყაროსთან დაპირისპირებულ, ყველასადმი მტრულად განწყობილ ქვეყანას, თავის თავში ჩაკეტილ, ნარციზისმით შეპყრობილ საზოგადოებას. ხორციელდება რუსული იმპერიალიზმის სანუკვარი მიზანი...“
„ხვალინდელი დღე“, 19.09.05.
ჯი-ეიჩ-ენი
სკანდალური ნონსენსი: ტაძრების რესტავრაცია იბეგრება, ახლის მშენებლობა - არა
გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს კულტუტის მინისტრის მოადგილესა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ნიკა ვაჩეიშვილთან. ჟურნალისრტის კითხვაზე, აპირებს თუ არა კულტურის სამინისტრო ახალი ტაძრების მშენებლობის კანონის საშუალებით დარეგულირებას, ბ-ნი ნიკა პასუხობს: „პატრიარქმა თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანა, რომ ძველი ტაძრის განახლებას უფრო დიდი მადლი აქვს, ვიდრე ახლის აშენებას... სამწუხაროდ, ამჟამინდელ კანონმდებლობაში ნონსენსი გვაქვს - ახალი ტაძრის მშენებლობა არ იბეგრება და ამიტომაც ისინი მრავლდება, რესტავრაცია კი იბეგრება.“
„ხვალინდელი დღე“, 21.09.05
ლალი პაპასკირი
საქართველომ სომხური ეკლესია-მონასტრების მოვლის ვალდებულება იკისრა
საქართველოში მოქმედი სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოს მთავრობას სამართლებლივი სტატუსის მინიჭებას სთხოვს. გაზეთი ამ ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე ლევონ ისახანიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. ისახანიანი ამბობს, რომ 2002 წ., როცა სქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, საქართველომ მის ტერიტორიაზე არსებული სომხური ეკლესია-მონასტრების მოვლის ვალდებულება იკისრა. მიუხედავათ ამისა და სომხური ეკლესიის ეპარქიის მცდელობისა, სომხური ეკლესია-მონასტრები მაინც სავალალო მდგომარეობაშია. „რამდენადაც არ ვართ იურიდიული პირი, უფლება არ გვაქვს ჩვენს ბალანსზე გადმოირიცხოს რაღაც ქონება. ასეთი ვითარება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის, რაც მოუწესრიგებელი კანონმდებლობის ბრალია.... ჩვენ ვცდილობთ ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ და ჩვენს ხალხს სალოცავი შევუნარჩუნოთ“, - აცხადებს ისახანიანი. მისი სიტყვებით, საქართველოში ორი მოქმედი სომხური ეკლესიაა, „ხოლო არამოქმედი უამრავი“.
„ვერსია“, 24-31.09.05.
ფრიდონ კერვალიშვილი
ებრაელმა მილიონერმა შური იძია
სტატიაში, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის, რამდენჯერმე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ზაალ ცქიფურიშვილის ოქტომბერში მომხდარი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, მის საქველმოქმედო საქმიანობაზეც არის ლაპარაკი: „ცქიფურიშვილის დაფინანსებით აგებული თამარ მეფის სახელობის ეკლესია ორი წლის წინ აკურთხეს.... თავის დროზე ამ მშენებლობას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ტაძრის კურთხევას ქუთათელ-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსი კალისტრატე არ დაუშვებდა, რადგანაც ფული, რომლითაც გაბიზნესმენებულმა კრიმინალმა ეს ეკლესია ააგო, ხალხის დაყაჩაღების და გატაცების ხარჯზე იშოვა. ეკლესია მაინც აკურთხეს, და ახლა იქ წირვა-ლოცვა რეგულარულად ტარდება.“
„რეზონანსი“, 29.09.05.
გერა მამულაშვილი
საქართველოში ახალი ტოტალიტარული სექტა შემოდის?
საპატრიარქოს პრესცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ ცხოვრებაძე იმ ხიფათზე საუბრობს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის „მუნის“ ტოტალიტარული სექტის, ანუ „გაერთიანებული ეკლესიის“ მიერ პროპაგანდის მიზნით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია“ წარმოადგენს. ცხოვრებაძის თანახმად, „მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია“ იმ სამასამდე ორგანიზაციის რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ზურგს უკან მუნისტები მოიაზრებიან. თბილისში მის პრეზენტაციაზე „მუნის“ მიმართვა დარიგდა. ცხობვრებაძის სიტყვებით, „ტოტალიტარული სექტები, ანუ როგორც მათ საზღვარგარეთ უწოდებენ, დესტრუქციული ჯგუფები, საზოგადოებისთვის გარკვეული საფრთხის შემცველები არიან. შესაბამისად, ტოტალიტარული სექტების მიმართ დამოკიდებულება მაინც განსხვავაებული უნდა იყოს იმასთან შედარებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ. ზოგიერთ ქვეყანაში ამ ტოტალიტარულ სექტებთან მიმართებაში გარკვეული შეზღუდვები არსებობს... ჩვენთანაც ამ საკითხის შესწავლა-გააზრება უნდა მოხდეს, და ამისთვის სახელმწიფომ სპეციალური კომისია უნდა შექმნას. ამ გზით უნდა გადაწყდეს, თუ რომელი ორგანიზაციები წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოებრისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობისათვის, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის და აქედან გამომდინარე შესაბამისი პოლიტიკაც უნდა წარიმართოს“.
„ალია“, 29-31, 09.05.
მარიტა დამენია
მეთოდები, რომლითაც ახალი სექტა ქართველი ახალგაზრდების ტოტალურ
გადაბირებას აპირებს
საუბარი ამ სტატიაშიც საქართველოში მუნისტების გააქტიურობის შესახებაა. წინა სტატიისგან განსხვავებით აქ დაზუსტებულია, რომ 18 ოქტომბერს ორგანიზაცია „მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის“ პრეზენტაცია კონსერვატორიის დიდ დარბაზში შემდგარა. პრეზენტაციაზე მიწვეული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „გაურკვეველი პრინციპით“ იყვნენ შერჩეულნი. სტატიის თანახმად პრეზენტაციაზე ქართველი ახალგაზრდებისთვისადმი „მუნის“ მიმართვა წაიკითხეს, ჩაიწერეს ყველა დამსწრის მონაცემები და ყველას გადაუღეს სურათები.
შემდეგ სტატიაში მუნიზმის ისტორიაა მოთხრობილი და სხვა ქვეყნებში მუნისტების საქმიანობის ბნელ მხარეებზეა საუბარი, - ადამიანების მოსყიდვაზე, მათ ზომბირებაზე, დიდი ქონების ხელში ჩაგდებაზე, გადასახადების დამალვაზე და ა.შ.
საპატრიარქოსთან დაახლოვებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაცინალური ლობის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდეს მუნისტების საქმიანობით სხვადასხსვა ქვეყნებში, რაც ადვილად მისახვედრს გახდის, რაოდენ საშიში იქნება ჩვენი ახალგაზგაზრდებისათვის მათი „შარლატანური მეთოდები და მძლავრი ფსიქოლოგიური ზემოქმედება“, რომელსაც ისინი იყენებენ. ანდრიაძის თქმით, მაშინ როდესაც ასეთი ორგანიზაციების საქმიანობას სხვა ქვეყნები მკვეთრად ზღუდავენ, საქართველოში, რომლის „კანონმდებლობა დაეწია და გაუსწრო დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობებს“, ასეთი შეზღუდვა აშკარად რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციად იქნება შეფასებული.
![]() |
2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
სპეციალიზირებული მაღაზიებიდან და ჯიხურებიდან ყველაზე რადიკალურ-ფუნდამენტალისტური გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ გაქრა; სამაგივრად, გაყიდვაში ამ გაზეთის ძველი პუბლიკაციების კრებული გამოვიდა. ცალკეული სასულიერო პირების გამონათქვამებში შემწყნარებლურმა ტონალობამ იმატა. თითკმის აღარ ჩანს რუსული რელიგიური გამოცემებიდან თარგმნილი ანტიდასავლური და ანტიგლობალისტური მასალები. აღარც კათოლიციზმის ლანძღვა-გინება ისმის.
![]() |
2.1 ამბები უცხოეთიდან |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ (№37, 27.09.-2.10) ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოს I პირველად ეწვია ჩრდილოეთ საბერძნეთის ეპარქიებს, მერე კი ათენში ჩაბრძანდა, რაც გასულ წელს საბერძნეთის წმინდა სინოდის მიერ ჩრდილობერძნულ ეპარქიებში - რომლებზეც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკური ძალაუფლება ვრცელდება - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად ეპისკოპოსების დანიშვნის შედეგად გამოწვეულ კონფლიქტს უკავშირდება. ათენის მთავარეპისკოპოსი შერიგების ნიშნად ბართლომეოს პირველს ორმოცდაათი ეპისკოპოსის თანხლებით დახვდა აეროპორტში. (შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის პიკზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სხვა მღვდელმთავრები საბერძნეთში გაემგზავრნენ, რაც ბევრმა საბერძნეთის ეკლესიის პოზიციის მხარდაჭერად აღიქვა - რედ.).
![]() |
2.2 გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ ნოვოსელოვის წიგნის „წერილები მეგობრებს“ (რომელიც რუსეთის ეკლესიის ისტორიას შეეხება) ნაწყვეტის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „იგი (წიგნი) დაიწერა 20-ან წლებში, ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში მოხდა წითელი რევოლუცია და დაიწყო წითელი გლობალიზაციის პროცესი, რომელიც იმავდროულად იყო პრელუდია ამჟამად მიმდინარე ანტიქრისტეს გლობალიზაციის პროცესებისა“ („კრიალოსანი“ №8, 09.05.).
![]() |
2.3 დამოკიდებულება სხვა ე.წ. ტრადიციული რელიგიების მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „კრიალოსანი“ (№8, 10.05) წერილს სომხეთის განმანათლებელ მღვდელმოწამე გრიგოლს უძღვნის. წერილს ასეთი პასაჟი ამშვენებს: „სომხეთის განდრეკა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან საბოლოოდ 551 წელს ნერსე მეორე კათოლიკოსის მიერ სომხეთის ძველ დედაქალაქ დვინში მოწვეულ კრებაზე დაგვირგვინდა. უარყოფილი იქნა ქალკედონის მეოთხე საეკლესიო კრება, რომელზეც საბოლოოდ ჩამოყალიბდა სარწმუნოების სიმბოლო და დოგმატურადაც და სასწაულებრივადაც დადასტურდა მონოფიზიტური მწვალებლობის მცდარობა“. პუბლიკაციას ახლავს „მოკლე მიმოხილვა მონოფიზიტური მწვალებლობის განსხვავებისა მართლმადიდებლობისაგან“.
![]() |
2.4 დამოკიდებულება „სექტების“ მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანის“ (28.09. - 3.10.05.) პუბლიკაციაში „ანტიქრისტე და კაცობრობა“ სასულიერო აკადემიის სტუდენტი დავით სურგულაძე ანტიქრისტეს გამოვლინებად თანამედროვე სამყაროში „ცრუ სექტების“ მომრავლებას ასახელებს. სექტა „ცდილობს ჩაახშოს და მოკლასს ადამიანში ჭეშმარიტების რწმენა...“ გაზეთის იმავე ნომერში გამოქვეყნებულია „საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის“ უკან, რომლის პრეზენტაციაც კონსერვატორიის დიდ დარბაზში ამა წლის ოქტომბერში შედგა, „მუნის“ ტოტალიტარული სექტა დგას, რომელიც უკვე რამოდენიმე წელიწადია ცდილობს ფეხი მოიკიდოს საქართველოში. პრეზენტაციაზე მიწვეულ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, განცხადების თანახმად, „მუნის“ მიმართვა და ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად შესავსები ბლანკები დაურიგდათ. განცხადებაში ჩამოთვლილია ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთან ამ სექტის ეგიდით მოქმედებენ: „საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი“, ფედერაცია - „ქალები მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში“, ფედერაცია - „ოჯახები მშვდობისა და ერთიანობისათვის მთელ მსოფლიოში“. „შესაძლოა, - ნათქვამია განცხადებაში, - საქართველოში სხვა ანალოგიური ორგანიზაციებიც მოქმედებს, ვინაიდან მსოფლიოში აღნიშნული სექტის მიერ დაარსებულია სამასამდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები კარგ საფარს წარმოადგენენ ტოტალიტარული, დესტრუქციული სექტის მოქმედების შესნიღბავად“.
დაბოლოს, საქართველოს საპატრიარქო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნული რელიგიური გაერთიანება თავისი არსით ანტიქრისტიანული და მკრეხელურია და წარმოადგენს საშიშ ტოტალიტარულ სექტას.
ჟურნალ „კარიბჭეში“ (19, 21.10.05) გამოქვეყნებული წერილი - „შვილო, თუ ნახავ რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მეოხ ექმენ მართლმადიდებელს“ - იწყება პატრიარქის მოწოდებით, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისიონერული მოღვაწეობა უნდა გააძლიეროს, რათა შეძლოს ეფექტურად დაუპირისპირდეს საქართველოში მომძლავრებული „პროტესტანტული და ტოტალიტარული სექტების პროზელიტურ საქმიანობას“. შემდეგ ანონიმი ავტორი არიგებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, როგორ უნდა მოექცნენ უსჯულოებს: „შვილო, ერიდე მათ და მუდამ მტკიცედ დეგ შენი სარწმუნოებისათვის. ნუ დაუძმობილდები მათ, არამედ ილტვოდე მაათგან...“ იმავ დროს, ავტორი მოუწოდებს მართლმადიდებლებს გაიღოს მოწყალება „არაოდენ ერთმორწმუნეთა, არამედ უსჯულოთათვის... სულერთია ურია იქნება, ლათინი თუ სხვა უცხომორწმუნე... იხსენი იგი განსაცდელისაგან, როგორც შეგეძლება და არ მოაკლედები ჯილდოს ღვთისა...“
![]() |
2.5 ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივება |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „კრიალოსანი“ (№8, 10.05.) აქვეყნებს მანგლისელი მიტროპოლიტის ანანიას (ჯაფარიძის) წერილს - „ქართველების არმენიზაცია“, სადაც ვკითხულობთ: „რა ბედი ელით იმ ქართველებს, რომლებიც განშორდნენ დედას - საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და უცხო ეკლესიათა მრევლად იქცნენ?
ამჟამად სხვადასხვა სარწმუნოებრივი მიმართულებანი, რომლებიც ეროვნულობას უარყოფენ, - იეღოველობა, ბაბტიზმი, ორმოცდაათიანელობა, სტაროვერობა და სხვანი, ცდილობენ ფეხი მოიკიდონ საქართველოში. ცხადია, ჩვენ პატივს ვცემთ ყოველი ადამიანის თავისუფალ სინდისს, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გარწმუნებს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისაგან განშორებული ჩვენი თანამემამულენი ეროვნულადაც გადაგვარდნენ...“ ამ პოსტულატის დასადასტურებლად მეუფე ანანია ისტორიულ ექსკურსს აკეთებს XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში, როდესაც ქართველების ნაწილმა „გრიგორეანობა“ მიიღო და ასკვნის: „უცხო ეკლესიათა ფრთებქვეშ მოქცეული ქართველები სულიერადაც გაუცხოვდნენ, ნაწილობრივ მათი ეროვნული ცნობიერებაც შეიცვალა. უცხო ეკლესიის წიაღში შესული ჩვენი თანამემემაულენი თანდათან კარგავედნენ საკუთარ ეროვნულს და იმ ერის ნიშან-თვისებებს იძენდნენ, რომლის ეკლესისასაც თავიანთ თავს აკუთვნიდნენ, ითვისებდნენ უცხოურ წეს-ჩვეულებებს, ზოგჯერ ენასაც. შემთხვევითი არ იყო, რომ ხალხი ქართველ გრიგორიანელებს - „სომხებს“, ქართველ კათოლიკეებს კი „ფრანგებს“ უწოდებდა“.
იდენტურ მოსაზრებას ვხვდებით თბილისის მეტეხის ყოვლადდწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღრის, დეკანოზ აკაკი მელიქიძის ინტერვიუში სათაურით „სულიერი ავადმყოფობაც და ხორციელიც ერთმანეთზეა აგებული, ეს ყოველივე კი ცოდვის შედეგია“. ინტერვიუს იგივე ჟურნალი აქვეყნებს. „ქართველი უნდა იყოს ქართველი და მისი აზროვნება უნდა ამაღლდეს ისე, როგორც ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვქონდა - მართლმადიდებლობა და ქართველობა იყო ერთი და იგივე გაგება“.
![]() |
2.6 დამოკიდებულება ათეიზმის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანის“ (28.09-3.10.05.) უკვე ნახსენებ პუბლიკაციაში „ანტიქრისტე და კაცობრობა“ სასულიერო აკადემიის სტუდენტი დავით სურგულაძე წერს: „გრძნობაბდად (ხილულად) ანტიქრისტე ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ აზრობრივად (ფარულად) უკვე არის სამყაროში. ადამიანები, რეომლებიც არ ცდილობენ იცხოვრონ ქრისტეს მცნებებით, არ საწამთ ღმერთი, არ დადიან ეკლესიაში და არ ეზიარებიან ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს, განა მათ სულში - „ანტი“ არ არის?“
![]() |
2.7 დამოკიდებულება მასმედიის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
ისევე, როგორც წინა თვეებში, განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება ტელევიის მიმართ ვლინდება. ჟურნალ „კრიალოსანში“ (№8, 09.05.) გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ ინტერვიუში მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე ასე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას „სერიალებისა და ფილმების“ ავკარგიანობის შესახებ: „ძნელია მათი ყურება და თუკი ერთხელ მაინც შეხედა ადამიანმა, აუცილებლად უნდა მოინანიოს. ძალიან დამღუპველ გავლენას ახდენს ეს ფილმები, ეს არის საშინელება. უნდა მოიკვეთოს ის, რომ აღარ მიუბრუნდეს ამ ფილმებს. მას ზიანისა და ვნებების მეტი არაფერი სარგებლობა არ მოაქვს. თუკი უნდათ, რომ მორწმუნენი იყვნენ და ღმერთი წყალობდეთ, ვურჩევ, ნუ უყურებენ ასეთ ფილმებს“. (არც ჟურნლისტი, არც მამა აკაკი არ აკონკრეტებს, რა კატეგორიის ფილმებზეა საუბარი - რედ.)
ამავე ჟურნალში (№8, 10.05) დაბეჭდილი წერილის ავტორი, თეიმურაზ საგანელიძე უკვე მთელი მედიის წინააღმდეგ ილაშქრებს: „სანაცვლოდ იმისა, რომ მომავალი თაობები ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ჩვენს გმირ წინაპართა შესაფერისი ზნეობით აღვზარდოთ, რა ხდება? ტელევიზია, პრესა თუ რადიო წალეკა ყოვლად უგემოვნო და გაუგონარად უხამსმა გადაცემებმა, მუსიკალურმა თუ არამუსიკალურმა „შოუებმა“ და პუბლიკაციებმა, რომლებშიც ხოტბა აქვს შესხმული გარყვნილებას და დაუნდობლობას, ე.წ. „სექსუალურ თავისუფლებას“ და სისხლის უგვანო აღრევას, კოსმოპოლიტობას და გაუტანლობას, ეროვნულ ნიჰილიზმსა და ცინიზმს. პრესის ფურცლებიდან უხვად გვმოძღვრავენ „ინტელექტუალური“ წრის წარმომადგენლები შესახებ იმისა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის მრავალსუკუნოვან ზნე-ჩვეულებებს, მრწამსსა და ეროვნულ თვითმყოფადობას.“
![]() |
2.8 ექსტრასენსების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
„შეიძლება თუ არა ადამიანი ექსტრასენსთან მივიდეს?“ - დასმულია კითხვა გაზეთ „კანდელში“ (36, 21-27.10.09). ამ კითხვას პასუხსობს ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი). მამა გიორგი არ თვლის ექსტრასენსებს შარლატანებად, - მისი აზრით, „გარკვეული კოსმოსური ძალები,“ მართლმადიდებლურად თუ ვიტყვით - დაცემული სულები, იგივე ეშმაკები, სიამოვნებით ემსახურებიან მათზე მინდობილ ადამიანს... ექსტრასენსები, როგორც წესი, თავიანთი ენერგიით არ კურნავენ. მათ მიერ ჩატარებული მკურნალობის დროს გამოიყენება პაციენტისთვის საზიანო ენერგეტიკული ვამპირიზმი. დაბოლოს, ისინი იყენებენ დემონურ ენერგიას...“
![]() |
2.9 დასავლეთის მავნე გავლენა |
▲ზევით დაბრუნება |
„კარიბჭე“ შეერთებულ შტატებში პოპულარული კოსტუმირებული დღესასწაულის ჰელოუინის დამღუპველი ზეგავლენის შაესახებ წერს. ეს დღესასწაული, რომელიც სწრაფად მოედო ევროპის მრავალ ქვეყანას და უკანასკნელ წლებში თბილისშიც კი გახდა მოდური, პუბლიკაციის ავტორის სიტყვებით, წარმართულია და ძველ კელტთა რიტუალებიდან იღებს სათავეს. სხვადასხვა ქვეყნების ქრისტიანულ კონფესიებს მიაჩნიათ, რომ ჰელოუინი შეუთავსებელია ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის. დასტურად ჟურნალში მოყვანილია ნიცის ეპისკოპოსის ჟან ბონფისის სიტყვები იმის შესახებ, „რომ ჰელოუინი მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაულია და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან“ („მომეცი, თორემ ინანებ“, „კარიბჭე“ 19; 21.10.05).
„კანდელი“ წმ. ნიკოლოზ სერბის (ვლადიმიროვიჩის) წერილს „დედისადმი, მისი ქალიშვილის სილამაზის დედოფლად არჩევის გამო“ გვთავაზობს, სადაც საშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებს სილამაზის კონკურსებზე („ამ ლათინთა ჩვეულებაზე“... რომელიც „კარგად შენიღბული ვაჭრობაა თეთრი მონებით“) გამარჯვებულთ: „ცნობილია თუ არა თქვენთვის ასეთ ლამაზმანთა ბედ-იღბალი? ჯვარდაუწერელი ქორწინებები, უკანონო შვილები - საცოდავი ბავშვები! - სენსაციური გაყრით განქორწინებითი პროცესები, თვითმკვლელობები. აი ის ასპარეზი, რომელზეც უფრო ხშირად გამოდიან ხოლმე სილამაზის დედოფლები.“