![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №9 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა ოქტომბერი, 2004 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ.1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
„ხვალინდელი დღე“, 1.10.04.
მუდმივი რუბრიკა: გაძლიერდით რწმენით
გაზეთი აქვეყნებს მთავარეპისკოპოს ინოკენტი ხერსონელის ასეთ სამედიცინო აღმოჩენას: „...ყოველ ცოდვილ მოქმედებას საკუთარი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ავადმყოფობა უკავშირდება... ვნებები და ცოდვები საუკუნეების განავლობაში მთელ გვარეულობებში ნერგავდნენ სნეულებებს. ბევრ ხალხში ეროვნული ცოდვები და ზნეობრივი დაავადებანი შესატყვის სნეულებას წარმოადგენენ“.
„რეზონანსი“, 1.10.04.
მანანა მჭედლიშვილი
შემწყნარებლობის პროგრესით მსოფლიოში პირველები ვართ?!
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი“, რომელსაც 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, და მათ შორის, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები ესწრებიან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და საქართველო ერთა და სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებელთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ნიმუშად დაასახელა: „ვამაყობ იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რომელიც ეხება რელიგიის თავისუფლებას მსოფლიოში, ნათქვამია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წინსვლას ამ მხრივ მიაღწია ორმა ქვეყანამ: თურქეთმა და საქართველომ“.
ფორუმს ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ცივილიზაციათა დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, და მოუწოდა დამსწრეთ, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნას ეროვნული, სულიერი და კულტურული ღირებულებანი.
„ბასტა“ („რეზონანსი“-ს საკვირაო გამოშვება), 10.10.04.
დეკანოზი მიქაელი: საპატრიარქოს ეკლესია არ დაუგირავებია, ეს მტკნარი სიცრუეა
საპატრიარქოს პრეს-მდივანი მიქაელ ბოტკოველი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საპატრიარქომ დააგირავა ს. ხაშმში მდებარე არა მხოლოდ ჩოლოყაშვილების კარ-მიდამო, არამედ მის ტერიტორიაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესიაც. მამა მიქაელის სიტყვებით, 1992 წელს საპატრიარქოს მფლობელობაში გადაეცა ხაშმის ღვინის ქარხანა და მის ტერიტორიაზე განლაგებული რამოდენიმე ობიექტი, რომელთა შორის იყო ჩოლოყაშვილების კარ-მიდამო და წმ. ნიკოლოზის ეკლესია (ყველა ობიექტი შეფასებული იყო $137 000). 1996 წელს საპატრიარქომ გერმანელებისაგან კრედიტის (355 000 გერმანული მარკის) აღების მიზნით ღვინის ქარხანა დააგირავა. არავითარი სხვა ობიექტი საპატრიარქოს არ დაუგირავებია. მამა მიქაელის თქმით, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დეზინფორმაციას კი ეკლესიის „ოპონენტები ავრცელებენ, რათა ჩირქი მოსცხონ ეკლესიას“.
„24 საათი“, 11.10.04.
აბრაამი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი გრიგოლი, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი ზენონი, დმანელი ეპისკოპოსი
მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარეს
მართლმადიდებელი ეკლესიის სამი იერარქი სრულიად დაუშვებლად მიიჩნევს ეკლესიაში და მის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას: ეკლესიის მრევლში „გავრცელებას იმ მითისა, თითქოს მზადდება პატრიარქის გადაყენება და მართლმადიდებლობის დევნა“, რომლის შექმნაში მონაწილეობენ ეკლესიის მრევლის რადიკალურად განწყობილი ნაწილი, მათი მოძღვრები, „გარკვეული პოლიტიკური ძალები“ და საშუალო და და მაღალი რანგის სასულიერო პირები; „აღვირახსნილ კამპანიას ქართულ პრესაში... ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას და აშკარად პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც თითქოსდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთანაა შეთანხმებული...“ წერილში აღნიშნულია, რომ ამ პროპაგანდაში აქტიურად არიან ჩაბმული ეკლესიის წიაღში გამომავალი ჟურნალ-გაზეთებიც. ავტორებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „აღნიშნული პროცესი მიმართულია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესებასა და შიდა საეკლესიო ცხოვრებაში არეულობის შექმნისაკენ... მაგრამ, „გაურკვეველი მიზეზების გამო დუმილს ამჯობინებენ საპატრიარქოს ის სტრუქტურები, რომლებიც აქტიურად უნდა რეაგირებდნენ ამ მოვლენებზე.“
ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მღვდელმთავრები მიმართავენ ილია მეორეს და სთხოვენ მას სინოდის მიერ განხილულ და გადაწყვეტილ იქნას შემდეგი საკითხები: სინოდის სამდივნოს შექმნა: სინოდალური კომისიების შექმნა საეკლესიო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინირებისთვის: მართვა-გამგეობების დებულებებში სათანადო ცვლილებების, შესწორებების და დამატებების შეტანა; კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა და მღვდელმთავრების მიმართ არსებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა; კომისიის შექმნა მეფის რუსეთის და საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულ სასულიერო პირთა რეაბილიტაციის მიზნით; ეკლესიის სოციალური კონცეფციის შემუშავება; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოვლენებში მოსკოვის საპატრიარქოს მონაწილეობის შეფასება; ეკლესიის საკუთრების აღწერა; სასულიერო პრესის პრობლემების გადაწყვეტა; დსთ-ს რელიგიათშორის საბჭოში გაწევრიანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შეფასება და სხვა. მოთხოვნები სულ 11 პუნქტისგან შედგება.
„ჯორჯიან თაიმსი“, 14-21.10.04.
ავთანდილ უნგირაძე (წმ. დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირის თავმჯდომარე)
ტერორიზმის საფრთხე საქართველოში
წერილი დაწერილია ტერორიზმისადმი მიძღვნილი გადაცემის კვალდაკვალ, რომელიც 11 სექტემბერს სახელმწიფო ტელევიზიის I არხით გავიდა ეთერში და რომელშიც, ავტორს რომ დავესესხოთ, „ეკუმენიზმისა და ლიბერალიზმის მომხრე სასულიერო პირები (მიტროპოლიტი აბრაამი, დეკანოზი ბასილ კობახიძე და მღვდელი გიორგი ჩაჩავა) ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ აზრი, თითქოს საქართველოში რეალურად არსებობს ტერორიზმის საფრთხე და იგი მომდინარეობს, არც მეტი, არც ნაკლები, ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველთაგან.“ ავტორის აზრით, საქართველოში მიმდინარეობს ანტიმართლმადიდებლური, ეკუმენისტურ-ლიბერალური კამპანია, რომლის მიზანია „ეკლესიაში მოამზადონ „37 წელი“ ლოზუნგით „რეფორმაცია ან სიკვდილი“. კამპანიას, მისი დაკვირვებით, აწარმოებენ: „ტელევიზია, პრესა, სპეცსამსახურები.., დამკვეთი კი, რა თქმა უნდა, ჯორჯ სოროსია, რომელიც საიდუმლო ინსტრუქციებით ამარაგებს „თავის შვილობილ თავისუფლების ინსტიტუტს, ყველა თანამოაზრეს“. წერილში „პრეს-პრემიერზე“ (№37) დაყრდნობით, ამ „ინსტრუქციის“ ნაწყვეტიც კი არის მოყვანილი („...ისინი ჯიუტად ამოჩემებული ეროვნული ღირსების ჩანასახშივე უნდა ჩახმნენ...“).
ავტორი სულიერ ტერორზეც საუბრობს, რომელსაც აწარმოებენ მოზარდი თაობის მიმართ სინფორმაციო საშუალებები. ამ ტერორის გამოვლენის მწვერვალად კი დაგეგმილი სასკოლო რეფომა მიაჩნია, რომელსაც „სოროსის მიერ პრივატიზებული მთავრობა“ ატარებს: „სკოლა იქცევა უზნეობისა და მწვალებლობის ასპარეზად… სექსუალური განათლების და სხვა უზნეო სწავლებების, მწვალებლური სექტანტური პროზელიტიზმის ბუდედ“.
„რეზონანსი“, 16.10.04.
ნინო მიქიაშვილი
ბიბლია კავკასიის ენებზე ითარგმნა
14 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ინიციატივით საპატრიარქოში კავკასიის ხალხების ენებზე თარგმნილი ბიბლიის გამოფენა მოეწყო. საზეიმო ცერემონიის დროს პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო მუდამ იყო კავკასიაში საღვთო წერილის გამავრცელებელი და ეკლესია მზადაა გააგრძელოს ეს ტრადიცია. გამოფენის ორგანიზება საერთაშორისო საზოგადოებრივმა ფონდმა „ახალმა ალიანსმა“ ითავა. თარგმანები მომზადდა „ბიბლიის ინსტიტუტში“, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტოკჰოლმიდან მოსკოვში გადაინაცვლა.
„ახალი თაობა“, 17.10.04.
შორენა კიწოწაშვილი
ბასილ მკალავიშვილი ბოდაშის მოხდას არ აპირებს
ინტერვიუ მკალავიშვილის ერთ-ერთ ადვოკატთან, ლალი აფციაურთან, რომლის განცხადებით, მკალავიშვილის ბრალი არ დასტურდება - მოწმეების „ჩვენებები პროცესზე და სისხლის სამართლის საქმეში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩვენებებში ფიქსირდება მკალავიშვილის მუქარა [მხოლოდ] ამ სახით: მე შენ მოგივლი მესამე მასივში...“
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულმა მხარემ (არ არის დაზუსტებული, რომელმა) შესთავაზა მკალავიშვილს დანაშაულის შენდობა, თუ იგი საჯაროდ მოიხდიდა ბოდიშს, რაზეც უარი მიიღო.
„24 საათი“, 19.10.04.
სოფო კილასონია
ქვით ნაგები ლოგიკა თბილისში ალოგიკურია
წერილის ავტორი საუბრობს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში თბილისში აგებული ტაძრების (დაახლოებით, ორმოცდაშვიდის) უმრავლესობის საეჭვო მხატვრულ ღირებულებაზე და მათ აბსოლუტურ შეუსაბამობაზე საერთო ლანდშაფტთან, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისაგან განსხვავებით. „ახალ ეკლესიათა მშენებლობების მოთავენიცა და არქიტექტორნიც ამ ნაგებობათა მხატვრულ გადაწყვეტაზე საერთოდ არ ზრუნავენ... უმრავლესობა მათგანმა ტაძარი გამიჯნა მისი მხატვრული ღირებულებებისაგან, რამაც თანამედროვე ეკლესიებს საკმაოდ უფერული იერსახე მისცა... ზოგიერთი შემთხვევის გარდა, მღვდლების კერძო მშენებლობასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში კი ამოცანა ერთია, მეტი და მეტი ადამიანი დაიტიოს შენობამ.“ წერილში არქიმანდრიტ რაფაილის (კარელინის) სიტყვებია მოყვანილი წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე“: „ტაძრის ფორმის მოწყვეტა შინაარსისაგან არის თვით ფორმის დესტრუქცია, საერთო დეგრადაციისა და რღვევის პროცესის მაუწყებელი.“
„ჯორჯიან თაიმსი“, 21-28.10.04.
სარედაქციო წერილი
პატრიარქის ფიზიკურ განადგურებას აპირებენ
„კონფიდენციალურ“ წყაროზე დაყრდნობით გაზეთი იუწყება, რომ „პატრიარქის გარემოცვა შოკშია“ - ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ანტიმართლმადიდებლურმა ძალებმა უკვე აშკარად განიზრახეს საპატრიარქოს „გენერალური ხაზის“ შეცვლა და პატრიარქს „შეუტანეს თერთმეტ პუნქტად შედგენილი ულტიმატუმი“, სადაც წერია, რომ „საქართველოს პატრიარქი აღარ უნდა ჰყავდეს... თუ მას ვერ გადააყენებენ, და საქართველო სინოდალური მმართველობის ქვეყანა ვერ გახდება, პატრიარქს მოწამლავენ.“…გაზეთის „ინფორმატორის“ ცნობით, ის პიროვნება, ვინც უშუალოდ უნდა შეაპაროს პატრიარქს საწამლავი, ჯერ დადგენილი არაა, „თუმცა ცნობილია ადამიანთა სავარაუდო წრე, რომელთა მიზანია ილია მეორეს მოშორება.“
„ჯორჯიან თაიმსი“, 21-28.10.04.
მუდმივი რუბრიკა: ხმა მართლმადიდებლობისა - არქიმანდრიტ რაფაელის
(კარელინის) ქადაგებები, სტატიები და საუბრები
თავისუფლება
თავის ვრცელ წერილში, რომელიც ადამიანის თავისუფლების არსს ეხება, არქიმანდრიტი ლიბერალიზმსაც ასე ახასიათებს: „თანამედროვე ლიბერალიზმს თავისუფლება ესმის როგორც ვნებების გამართლება. ვნებებს არ შეუძლიათ ადამიანის სულის დაკმაყოფილება. ამიტომ ისინი, თავად გადაგვარებულნი, პათოლოგიურ ფორმებად გადაგვარებას განაგრძობენ.“ მეუფე რაფაელი არც ძველ ბერძნებს უწონებს საქციელს და არც ბუდისტებს: „ცინიკოსები, სტოიკოსები, ბუდისტები, როდესაც თავისუფლებას ეძიებდნენ, მას თავისი ყოფიერების უარყოფაში ხედავდნენ... როგორი თავისუფლების მიღწევა შეეძლოთ ცინიკოსებს დაცინვითა და მაიმუნური მანჭვით? ღორებთან ერთად ერთი გობიდან საერთო სიბინძურის ჭამისა?... ცინიზმი - თავისუფლების თამაშია, რომელიც ექსტრავაგანტული უსაქციელობით იწყება და ნაცრისფერი უსაქციელობით თავდება... სტოიკოსებთა თავისუფლება - ეს ამაყთა სიგიჟეა... ეპიკურეობამ ვერ შეძლო სატუსაღოს ულუფით დაკმაყოფილება და ჰედონიზმად გარდაიქმნა, სადაც სურვილი თავისუფლებას ართმევს ადამიანს და მის მონად აქცევს... ბუდიზმი თავისუფლებას ყოველგვარი ფსიქიკური შინაარსისგან თავისუფლებაში ხედავს... ბოლოს თვით აზრს ანადგურებს და როგორც ფსიქიკურ უწონობაში უაზრობაში იძირება...“
![]() |
2 სასულიერო პრესა * |
▲ზევით დაბრუნება |
ოქტომბრის თვის გამოცემები კვალვ აქტიურად ეხმაურებიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და მათ მიმართ საკუთარ დამოკიდებულებასაც აფიქსირებენ. წინა თვის გამოცემების მსგავსად, ხშირად მათი შეფასებები ერთი და იმავე მოვლენის მიმართ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. გლობალიზაციის, ცივილიზაციათა შორის დიალოგისა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე საუბრისას, „საპატრიარქოს უწყებანი“ ცდილობს შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება გამოხატოს. იგივეს ცდილობს გაზეთი „კანდელიც“. გამოცემების დანარჩენი ნაწილი კი ინტეგრაციის პროცესებს უარყოფითად აღიქვამს და მათი მავნე ზემოქმედებისგან საქართველოს დაცვაზე საუბრობს.
ერთსულოვნებაა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორებიცაა: ოჯახი, ეკუმენიზმი, ანტიმართლმადიდებლური საფრთხე და მართლმადიდებლობის უპირატესობა სხვა კონფესიებთან შედარებით. კვლავ საკმაოდ აქტუალურია იმის მტკიცება, რომ ქართველი ხალხი რჩეული ერია, ხოლო მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. განსხვავება წინა თვის გამოცემებთან შედარებით მხოლოდ ისაა, რომ შედარებით ნაკლებია აგრესია სხვა კონფესიის წარმომადგენლების მიმართ და მოწოდებები მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
ზოგიერთ გამოცემაში, წინა თვეებთან შედარებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მიმდინარე მოვლენების შეფასებას, არამედ წამებულთა მოღვაწეობის მიმოხილვას. მაგალითად: „ცხოვრება და სასწაულები წმინდა, მართალი, ნეტარი მატრონა მოსკოველისა“ („ქაროზი“, გვ. 26-27, 10.2004), „კიბოთი გარდაცვლილი ქალის მკვდრეთით აღდგინება“ („ქაროზი“, გვ. 16-18, 10.2004), „წმინდა მოწამე ევდემოზ კათალიკოსი“ („ქაროზი“, გვ. 9, 10.2004), „წმინდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე“ („ქაროზი“, გვ. 8-9, 10.2004), „წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასორი თეკლა“ („კანდელი“, №39, 1-7.10.2004), „ლუკა მახარებელი“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №40, 29.10 - 4.11.2004) და სხვა.
სასულიერო პრესაში ერთი და იმავე საკითხის მიმართ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას გარკვეულად განმარტავს „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუმცა საქართველოში გამოიცემა ბევრი რელიგიური ჟურნალ-გაზეთ, რომელზეც მითითებულია, რომ იბეჭდება საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, მათში გამოქვეყნებული მასალა არ შეიძლება ჩაითვალოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განცხადებებად. აქვე მითითებულია, რომ საპატრიარქოსთან იქმნება რეცენზირების დეპარტამენტი, რომლის პასუხისმგებლობა იქნება გაეცნოს რელიგიური პრესის ყველა სტატიას და გასცეს ნებართვა მათ დასაბეჭდად (ფაქტიურად, იქმნება ცენზურის აპარატი): „საქართველოში რელიგიური შინაარსის არაერთი ჟურნალ-გაზეთი გამოდის, რომელთაც აქვთ წარწერა, თითქოს ისინი გამოიცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით. სამწუხაროდ, ამ ჟურნალ გაზეთების ზოგიერთ ნომერში დაშვებულია სერიოზული შეცდომები, ვრცელდება არასწორი სწავლება, რაც ეკლესიის ავტორიტეტს ლახავს... 10 ნოემბრიდან რედაქტორ-გამომცემელნი ვალდებულნი არიან, დასაბეჭდად გამზადებული მთელი მასალა ერთი კვირით ადრე წარმოადგინონ „დეპარტამენტის“ სამდივნოში ეკლესიაში მისი გავრცელების ნებართვის მისაღებად“. („საპატრიარქოს უწყებანი“, №40, 29.10 - 4.11.2004).
განცხადება თავს იკავებს დაასახელოს კონკრეტული გამოცემები ან სტატიები, რომლებიც არ გამოხატავენ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას.
_________________________
* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
![]() |
2.1 ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება სხვა კონფესიებთან |
▲ზევით დაბრუნება |
ოქტომბრის თვის გამოცემებში არამართლმადიდებელი კონფესიების მიმართ კვლავ უარყოფითი დამოკიდებულება ჩანს და კვლავ გრძელდება ქრისტიანობის სხვა რელიგიებთან უპირატესობაზე აქცენტის გაკეთება. თუმცა სხვა თვეებთან შედარებით მოწოდებები არამართლმადიდებელი კონფესიების წინააღმდეგ გასალაშქრებლად ნაკლებია, მაგრამ მათი მოძღვრების მცდარობის დამტკიცება და მართლმადიდებლობის აღმატებულობაზე აქცენტირება კვლავ მრავლადაა. მაგალითად, ილია მეორემ თავის ერთ-ერთი ქადაგების დროს ისევ განაცხადა, რომ: „... დღეს როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ადვილად ხდება ქართველი ადამიანი ხან ბაპტისტი, ხან იეღოველი და სხვა რელიგიების მიმდევარი; ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოზე დიდი მადლია გარდამოვლენილი და რასაც სხვას აპატიებს უფალი, ჩვენ არ გვაპატიებს. ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნეობას ღალატობს, ღუპავს არა მარტო თავის თავს, არამედ თავის შთამომავლობას, თავის შვილებს, რადგან იგი ღალატობს უმთავრესს.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №37, 8-14.10.2004).
კათოლიკოს პატრიარქი ყოველკვირეულ ქადაგებაში ამბობს, რომ „ერთადერთი გზა გადარჩენისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის გზა, ის გზა, რომლითაც უვლიათ ჩვენს წინაპრებს“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №36, 1 - 7.10.2004). ამ შეხედულების დამტკიცების მცდელობა გრძელდება ჟურნალში „ხარება“. აქ გამოქვეყნებულ სტატიაში ჩამოთვლილია ყველა ის მახასიათებელი, რომლითაც მავანს შეუძლია ერთმანეთისგან განარჩიოს ჭეშმარიტი და ცრუ ეკლესია. ამ მახასიათებლებს შორის არის: მადლი, ტრადიციულობა, უწყვეტი მომდინარეობა მოციქულთა დროიდან. ეკლესია, რომელსაც ყველა ეს თვისება აქვს, ჭეშმარიტია, ხოლო ის, რომელსაც თუნდაც ერთი მათგანი აკლია, მცდარია: „ამ ერთი ნიშანთვისების (იგულისხმება უწყვეტი მომდინარეობა მოციქულთა დროიდან) გამო, ყველა დენომინაციამ ქრისტეს ეკლესიის სახელის პრეტენზია უკან უნდა წაიღოს. ისეთებმა, როგორებიცაა: ლუთერანული, კალვინისტური, პრესვიტერიანული, უფრო თანამედროვეები - მორმონული, ბაპტისტური, ადვენტისტური, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები და ა.შ. ეს დენომინაციები დააარსეს არა ქრისტემ და მისმა მოციქულებმა, არამედ ცრუწინასწარმეტყველებმა - ლუთერებმა, კალვინებმა, გენრიხებმა, სმიტებმა და სხვა ნოვატორებმა.“ (“ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანთვისებები“, „ხარება“, №5, გვ. 10-11, 10.2004).
სტატია „უჩვეულო ხილვის შესახებ“ კი მხოლოდ ქრისტიანობას აღიარებს ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად: „თავად მუჰამედი ქრისტიანებისადმი სიძულვილის მიუხედავად აღიარებს და წერს ყურანში, რომ იესო, მარიამის ძე, განსჯის სამყაროს და მაშასადამე თავად მუჰამედსაც? რომელ თანასწორობაზე და ერთობაზე შეიძლება იყოს საუბარი? სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა თანასწორობა ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორუფლებიანობა - სულ სხვა. ქრისტიანებს მკაცრად მოეთხოვებათ მოწყალება ყველა ადამიანისადმი მათი აღმსარებლობის მიუხედავად, მაგრამ იმავდროულად აგრეთვე სარწმუნოების ჭეშმარიტების მკაცრი დაცვაც.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №36, 1 - 7.10.2004).
ქართველი ერის განსაკუთრებულობის მტკიცების ფონზე საკმაოდ საინტერესოა ჟურნალ „ქაროზში“ გამოქვეყნებული სტატია „ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე“. აქ საუბარია არა ქართველი, არამედ რუსი მართლმადიდებელი ხალხის რჩეულობაზე: „მაცხოვარი რუსეთს შეიწყალებს. რუსი მართლმადიდებელი მეფის შიში თვით ანტიქრისტესაც ექნება. სხვა ქვეყნები კი, რუსეთისა და სლავური მიწების გარდა, ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ მოექცევა და ყველა იმ საშინელების და სატანჯველის გადატანა მოუწევთ., რაც წმინდა წერილშია აღწერილი. ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, მაგრამ მცირე ხნით“. („ქაროზი“, გვ. 22-23, 10.2004).
საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის არსებობას არ უარყოფს დეკანოზი დავით შარაშენიძე და მას ახლად შემოსული რელიგიების არაკორექტული საქმიანობით ხსნის. მიმოხილვაში, რომელიც მან კუნძულ როდოსზე გამართულ საერთაშორისო ფორუმს მიუძღვნა (რომელიც გლობალიზაციას და ცივილიზაციათაშორის დიალოგს ეხებოდა), იგი აღნიშნავს: „გავიხსენეთ მაგალითები, რომლებიც წარმოაჩენდა საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების მშვიდობიან თანამშრომლობას. ამავე დროს შევეხეთ ქსენოფობიას, როგორც ჩვენი ტრადიციისთვის სრულიად მიუღებელ მოვლენას და მის მაპროვოცირებელ ფაქტორებს, კერძოდ, ახლად შემოსული რელიგიების წარმომადგენლების მხრიდან არაკორექტულ ქმედებებს.“ („შეხვედრა როდოსზე“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №37, 8-14.10.2004).
ნაციონალისტური და რელიგიური ექსტრემიზმით არის გამსჭვალული „ივერიის გაბრწყინებაში“ გამოქვეყნებული სტატია „თალმუდისტური იუდაიზმის ბრძოლა ქრისტეს ეკლესიასთან“ („ივერიის გაბრწყინება“ თავს „დამოუკიდებელ მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ საინფორმაციო ანალიტიკურ ბიულეტენს“ უწოდებს). სტატიაში ებრაელი ხალხი მოხსენიებულია როგორც „ღვთივგანდგომილები“, „ღვთის მკვლელები“, რომლებიც საკუთარი ისტორიით „ღვთივრჩეულობიდან“ „სატანისრჩეულობამდე“ მივიდნენ. სტატიის ავტორი ამქვეყნდ ებრაელთა განადგურების მცდელობის წარუმატებლობას შემდეგნაირად ხსნის: „განა მას (იგულისხმება უფალი) სჭირდებოდა მიწაზეც გაესწორებინა მათთვის ანგარიში? არც ერთი ომი ისტორიაში (ჰიტლერის ჩათვლითაც კი, რომელმაც ათასობით ებრაელის სიცოცხლე შეიწირა) არასოდეს შეხებია და არც შეეძლო შეხებოდა ქრისტოგრაფების საიდუმლო თავკაცებს.“ სტატიაში საკმაოდ ვრცლად არის მიმოხილული თალმუდიზმის „მცდარობა“, ხოლო დასასრულს ავტორი ასკვნის, რომ „თუნდაც მათ მთელი მსოფლიოს ოქრო და მთელი მსოფლიოს ძალაუფლება წაიღონ - განა გვმართებს ურვა ამგვარ წარმავალ და ხრწნად კეთილდღეობაზე? უბედურება მხოლოდ ის არის, რომ ამ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ისინი მარჯვედ იყენებენ ეკლესიასთან ბრძოლისათვის, რათა ადამიანები განაშორონ ქრისტეს ჭეშმარიტებას და მიამთხვიონ სიცრუის ყოველგვარ ჭაობს, დაწყებული „ურიათმყოფელობის“ ცოდვით და დამთავრებული ხორციელი ანტისემიტიზმით.“ („ივერიის გაბრწყინება“, №2 (48), გვ. 12-19, 10.2004).
მუსულმანთა მიმართ დამოკიდებულება შედარებით შემწყნარებლურია, ვიდრე არამართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ. აჭარაში, პანკისსა და აფხაზეთში მცხოვრები მუსულმანების ყოფას ეხება „საპატრიარქოს უწყებანის“ №38-ში მიმოხილული საერო პრესის სტატიები. პანკისში მცხოვრებ მუსულმანთა შევიწროვების ფაქტთან დაკავშირებით მიმოხილულია „ჯორჯიან თაიმსში“ გამოქვეყნებული მასალაც. „საპატრიარქოს უწყებანი“ თვლის, რომ ჭეშმარიტი რელიგიის, ანუ ქრისტიანობის გავრცელება მუსულმანთა შორის ძალის გამოყენებით დაუშვებელია. მისი ქადაგებისა და გავრცელების ერთადერთი გზა სიყვარულის, მიტევებისა და ლმობიერების გამომჟღავნებაა: „მიუღებელია ყურანისა და სხვა მუსლიმური ფასეულობების შეურაცხყოფა... ქადაგებისა და ურთიერთობის ერთადერთი მისაღები ფორმა იყო და დარჩება მხოლოდ სიყვარული და დარწმუნება ადამიანისა იმაში, რომ ქრისტიანობა იყო და იქნება სიყვარულის, მიტევების, ლმობიერებისა და სათნოების რელიგია. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, ადამიანებმა სხვა თვალით შეხედონ თავის სარწმუნოებას და ჭეშმარიტ რელიგიაზე, ქრისტიანობაზე მოექცნენ.“ („პრესა საქართველოში ისლამის შესახებ“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 15 - 21.10.2004).
„საპატრიარქოს უწყებანი“ ეხმაურება თურქულ პრესაში გამოჩენილ მასალებს, რომლებშიც საუბარია საქართველოს, კერძოდ აჭარის, მუსულმანი მოსახლეობის სარწმუნოებრივი ჩაგვრისა და შევიწროვების ფაქტების შესახებ. ჟურნალის რედაქტორი თვლის, რომ აჭარის მუსულმანი მოსახლეობის მასობრივი ნათლობა არა ხელისუფლების მხრიდან მათი შევიწროვების ნიშანია, არამედ მოსახლეობის ისტორიული სარწმუნოებისაკენ დაბრუნების გამოხატულება, თურქული მხარის ამ საკითხით დაინტერესებას კი მისი რეგიონზე გავლენის შემცირებით ხსნის: „ქრისტიანული სულის აღორძინება ზოგიერთ უცხოურ ძალას სრულებით არ აძლევს ხელს და მათ არ სურთ, ეს რეგიონი გაქრისტიანებული იხილონ. ამიტომ ისინი არ ერიდებიან ცილისწამებას და ცდილობენ, საქართველო და მისი ხელისუფლება ყველანაირად დაადანაშაულონ, თითქოს მუსლიმანებს ავიწროვებენ აჭარაში. არადა, ეს სრულიად ბუნებრივი და შეუქცევადი პროცესია - დაბრუნება წინაპართა სარწმუნოებისადმი.“ („პრესა საქართველოში ისლამის შესახებ“; „საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 15 - 21.10.2004).
„საპატრიარქოს უწყებანი“ ამავე სტატიაში ეხება აფხაზეთში მოსახლეობის აქტიური ისლამიზაციის პროცესსაც და თვლის, რომ ეს მოვლენა უფრო მეტად პოლიტიკური საკითხია, ვიდრე რელიგიური: „აფხაზეთის ისლამიზაცია მცდელობაა იმისა, რომ საქართველოსთან დაპირისპირების დროს ისლამური ქვეყნების მხარდაჭერა იქნას მიღებული. ერთის მხრივ, რუსეთს აწყობს, რომ ეს ტერიტორია მისი გავლენის ქვეშ იყოს თავისი პორტებითა და საკურორტო ზონით; მეორეს მხრივ, ისლამური სახელმწიფოები დაინტერესებულნი იქნებიან, დაიცვან ის რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეც ისლამი აღორძინებას განიცდის. ისლამის აღორძინება წმინდა პოლიტიკური მოვლენა გახლავთ და ამას სათანადო ყურადღების მიპყრობა სჭირდება.“ („პრესა საქართველოში ისლამის შესახებ“; „საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 15 - 21.10.2004).
![]() |
2.2 ეკუმენიზმი და ანტიმართლმადიდებლური საფრთხე |
▲ზევით დაბრუნება |
კვლავ იბეჭდება ანტიეკუმენისტური სტატიები: „საქართველოს გაბრწყინება უკვე დაიწყო, რამეთუ ჩვენმა შვილებმა მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ იქციეს პირი. ჩვენმა ეკლესიამ ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო პირველმა დატოვა. რომის პაპი როგორც ჭეშმარიტებისგან განდგომილი, საქართველოში ვიზიტისას სვეტიცხოვლის წმინდა ტაძრის საკურთხეველში არ იქნა შეშვებული.“ („საუფლო კვართსა და სვეტიცხოველზე“, „ქაროზი“, გვ. 4-6, 10.2004).
ჟურნალ „ხარებაში“ კი რუსულიდან გადმოთარგმნილია სტატია „ამბავი იმის შესახებ, თუ როგორი სიზმარი იხილა ერთმა მიტროპოლიტმა“. სტატია ეხება მართლმადიდებელი მიტროპოლიტის ცხოვრებას, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ეკუმენისტურ ლოცვებში. ხოლო დასასრულს მითითებულია: „ძაღლივით ცხოვრობდა და ძაღლივით ჩაკვდა!“ („ხარება“, №5, 10.2004).
„ივერიის გაბრწყინებაში“ იბეჭდება რუბრიკები „ეკუმენიზმის ერეტიკულ გზებზე“ და „აპოკალიფსური კალეიდოსკოპი“. რუბრიკებში გამოქვეყნებულია ტენდენციურად შერჩეული რუსული ვებ-გვერდებიდან გადმოთარგმნილი მსოფლიოს სხვადასხვა ეკლესიის ახალი ამბები: „რომის პაპის მოწოდება ღია და წრფელ ეკუმენისტურ თანამშრომლობაზე“, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მიესალმება ქალ ეპისკოპოსს“, „ეკუმენიზმი ტრადიციონალისტი კათოლიკეებისთვისაც მიუღებელია“, „პორნოგრაფიული სკანდალი კათოლიკურ სემინარიაში“, „თურქეთში მართლმადიდებლური ტაძარი მოდების საჩვენებლად გადასცეს“, „კათოლიკური მესა ცხოველთა მონაწილეობით“, „კარდინალი - ფეხბურთის მატჩის კომენტატორი“ და სხვა.
პრესაში კვლავ გრძელდება საუბარი „შეთქმულებაზე“, რომელიც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მზადდება. მაგალითად, „ივერიის გაბრწყინება“ აქვეყნებს სტატიას „ანტიმართლმადიდებლური სპექტრი საქართველოში“. მასში მითითითებულია, რომ „ანტიმართლმადიდებლური სპექტრი საქართველოში დღეს ორხარისხოვანია: ანტიეკლესიური საერო ძალები (სამთავრობო და არასამთავრობო დონეზე) და ეკლესიაში მოქმედი ანტიეკლესიური სასულიერო წოდება.“ ავტორის განმარტებით პირველი ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებების დამცველ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჯორჯ სოროსის მიერ მართულ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც „შეპყრობილნი არიან „ქსენოფილიით“ (ყოველგვარი უცხოურის მოყვარება), რომ ევრო-ამერიკული სტრუქტურების ყოველგვარ დირექტივას ხელს აწერენ“. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ეს არის „ეკლესიის გამცემი“ შიგნით მოქმედი რეფორმისტული დაჯგუფება“. სტატიის ავტორი ეპიტეტებს არ იშურებს ამ ჯგუფის ერთ ერთი წევრის, ფოთისა და ხობის არქიეპისკოპოს გრიგოლის, დახასიათებისთვის და მას „იუდას“ უწოდებს. ამ ჯგუფის ზურგს უკან, ავტორის სიტყვებით, დგას „ნეობოლშევიკური დემოკრატიული სახელმწიფო“ - „(ისევე, როგორც საუკუნის წინათ, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიაში რეფორმისტული დაჯგუფებების უკან იდგა ლენინურ-ბოლშევიკური სახელმწიფო).“ („ივერიის გაბრწყინება“, 2004, №2, გვ. 5-10,).
ამავე საფრთხეზეა საუბარი ჟურნალში „ქაროზი“: „დღეს საქართველო ისევ ახალი განსაცდელის წინაშე დგას... დღეს დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული ქართველი ერის ანუ მართლმადიდებლების წინააღმდეგ. ეს თვალნათლივ ჩანს: სკოლებიდან იღებენ რელიგიის სწავლებას და ჰაგიოგრაფიას (რაც ღვთისმებრძოლ კომუნისტებსაც კი არ გაუკეთებიათ), ნერგავენ გარყვნილებას, ინტიმური ურთიერთობების სწავლებას... საშინელება ხდება ტელევიზიის თითქმის ყველა არხზე: მათი დევიზია არცერთი ქართული ფილმი, არანაირი ტრადიციული ეროვნული სიწმინდის ქადაგება, გარყვნილი სერიალები, უცხოური, არაფრისმთქმელი, ძალადობით სავსე, სისხლიანი ფილმები, რომელთაც სულიერ დაავადებამდეც კი მიჰყავს ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა. ერთი სიტყვით, მტერმა კარგად იცის, ახალმა ყლორტმა რომ არ ამოიყაროს, ფესვების მოჭრაა საჭირო.“ („დედო ზარი გვიხმობს!“, „ქაროზი“, გვ. 7, 10.2004).
![]() |
2.3 აპოკალიფსური განწყობები |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადად მართლმადიდებელობის და კაცობრიობის წინააღმდეგ არსებულ „შეთქმულებაზე“ საუბრობს ჟურნალი „ქაროზი“. მასში გამოქვეყნებულია ნაწყვეტი დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის წიგნიდან „ეკლესიებიც აგვიტირდებიან“: „ომით დაღლილი კაცობრიობა გადაწყვეტს, რომ ამოირჩიოს ერთი და მან მართოს მთელი მსოფლიო. აირჩევენ კიდეც (!) ანტიქრისტეს, როგორც საყოველთაო მმართველს და დედამიწაზე უმთავრეს „მშვიდობისმყოფელს“. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ფხიზლად ვიყოთ! - როგორც კი მთელს ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება, იცოდეთ, რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!“ („ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე“, „ქაროზი“, გვ. 22-23, 10.2004).
იქვე მითითებულია, რომ ანტიქრისტეს გამოცხადების საშუალება იქნება ტელევიზორი - „მაცთური ყუთი“. სხვა წინასწარმეტყველებებისგან განსხვავებით, რომლებიც ანტიქრისტეს გამოცხადების ტექნიკურ საშუალებად ბრიუსელში არსებულ კომპიუტერს „მხეცს“ მიიჩნევენ, ლავრენტი ჩერნიგოველი თვლის, რომ საზოგადოების წინაშე „ახალ ამბებში წარმოსდგება ანტიქრისტე და ისინიც ირწმუნებენ მისას.“ (იქვე).
და წარმოსდგა კიდეც! გაზეთი „ერი და ბერი“ საგანგებო ნომერი სამ ენაზე (ქართულად, რუსულად და ინგლისურად) გვაუწყებს მის სახელსა და გვარს. მამა გიორგი პავლოვმა (თბილისი) მთელ სამყაროს ამცნო, რომ ეს რიჩარდ ჰოლბრუკია - აშშ-ს ყოფილი ელჩი გაეროში და შემდეგ „მშვიდობისმყოფელი“ იუგოსლავიაში: „იცოდეთ, რომ ეს ანტიქრისტეა!“ როგორც განცხადებიდან ვიგებთ, მამა გიორგის ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ „ჯერ კიდევ 1997 წელს ეუწყა ღვთისგან...“ („ერი და ბერი“, საგანგებო გამოშვება, 2004 წ. ოქტომბერი).
როგორც ჩანს, ამ გამოშვების ტირაჟმა ჩვეულს გადააჭარბა - ის დღემდე იყიდება ყოველ ნაბიჯზე. ეს ტექსტი პროკლამაციების სახითაც ვრცელდებოდა მოსახლეობაში.
![]() |
2.4 ეკლესია და გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალიზაციის შესახებ იმსჯელეს სასულიერო და საერო პირებმა ფორუმზე „ცივილიზაციათა დიალოგი“, რომელიც კუნძულ როდოსზე გაიმართა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ფორუმზე ქართული ეკლესიის წარმომადგენელი იყო დეკანოზი დავით შარაშენიძე, რომელმაც ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა: „არ შეიძლება გლობალიზაციის ცალსახად შეფასება, რადგანაც ეს არის პროცესი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარეები; აღინიშნა, რომ გლობალიზაციაში მთელი მსოფლიო არ არის ჩართული, და ეს მხოლოდ მის ერთ ნაწილს, განვითარებულ ქვეყნებს მოიცავს, ხოლო იმ ხალხებისა და ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც ამ პროცესის მიღმა რჩებიან, მძიმეა და კიდევ უფრო მძიმდება. სეპარატიზმის წახალისებამ მსოფლიოში შეიძლება წარმოშვას ასეულობით ახალი სახელმწიფო, რაც მსოფლიოს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №37, 8-14.10.2004).
გლობალიზაციის თემას ეხება საქართველოს პატრიარქი საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც თბილისში მისივე ინიციატივით გაიმართა. იგი აღნიშნავს: „გლობალიზაცია არის გარდაუვალი მოვლენა და იგი უკავშირდება ტექნიკურ-მეცნიერულ პროგრესის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო გახდა გლობალური. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა შთანთქონ მცირე ქვეყნების კულტურული, სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, რათა შეიქმნას ერთიანი და უსახო კულტურა“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 15-21.10.2004).
გლობალიზაციასთან ერთად კათოლიკოს პატრიარქი კულტურათაშორის დიალოგსაც ეხება. ამ შემთხვევაშიც, იგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესის ცალსახა შეფასება შეუძლებელია, აუცილებელია გარკვეული საკითხების სპეციფიკის გათვალისწინებაც: „როცა ცივილიზაციათა შორის დიალოგის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ არა მარტო კულტურათა შორის დიალოგს, არამედ რელიგიებს შორის დიალოგსაც. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ დიალოგის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ დოგმატიკას, ჩვენს მრწამსს, რელიგიის არსს. რადგან თუკი დავიწყებთ კამათს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგია, მაშინვე აღიმართება კედელი უშუალოდ ჩვენს შორის, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარი საუბრების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 15-21. 10.2004).
სასულიერო პირები კვლავ ხშირად საუბრობენ ქართველი ერის განსაკუთრებულობაზე და რჩეულობაზე. მართალია, მსგავს შეხედულებას ხშირად თავად პატრიარქიც გამოთქვამს (იხ. ზევით), საყურადღებოა 17 ოქტომბერს მის მიერ წარმოთქმული ქადაგება, სადაც მან აღნიშნა, რომ ყველა კულტურა თანასწორია და ისინი ერთმანეთს ავსებენ: „ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოვებს ერებს. იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნის კულტურას არ შეურაცხყოფს. პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №39, 22-28.10.2004).
სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებაა უცხო კულტურის, კერძოდ დასავლური კულტურის მიმართ, ჟურნალ „ხარებაში“, რომელშიც გამოქვეყნებულია ნაწილი ანონიმური წიგნიდან „Православная философия истины“. მასში მოყვანილი იუსტინე პოპოვიჩის (1894 - 1978 წ.წ.) განწყობა რეფორმებისა და დასავლური კულტურის მიმართ: „ეკლესიაში ყველაზე უკეთ წმინდა მამები აზროვნებენ, ეს იმიტომ, რომ ისინი სულიწმინდით აზროვნებენ. არსებობენ ისეთები, რომელნიც დროის სულისკვეთების მიხედვით ეკლესიას რეფორმებისაკენ მოუწოდებენ, ვერ გრძნობენ იმას, რომ ყველა რეფორმა დამღუპველია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ისინი მიმართავენ რეფორმებს იმიტომ, რომ განუდგნენ ჩვენთვის შეუცვლელ წმინდა მამებსა და მოღვაწეებს, და დასნეულდნენ ზედაპირული დასავლური რეფორმიზმით.“ („ხარება“, №5, 10.2004).
![]() |
2.5 ეკლესია, პოლიტიკა და საზოგადო პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკლესიამ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან დაკავშირებით კუნძულ როდოსზე გამართულ საერთაშორისო ფორუმზე დააფიქსირა. ფორუმზე ქართული დელეგაცია შეეხო აფხაზეთის საკითხს, კერძოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩარევის ფაქტს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საკითხებში: „მეუფე გერასიმემ (ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი) გამოთქვა უკმაყოფილება მეუფე თეოფანეს (ვლადიკავკაზის ეპარქიის მეთაური) მიმართ, რომელიც გარკვეულად ერეოდა აფხაზეთის რელიგიურ საქმეებში. ჩვენ ველოდით, რომ მოხდებოდა ამ საკითხის განმარტება ან უარყოფა რუსეთის ეკლესიის წარმომადგელის მხრიდან, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. მეუფე თეოფანემ კონტრშეკითხვით მოგვმართა - „თქვენ რატომ გულშემატკივრობთ ჩეჩენ ბოევიკებს?“ რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჩვენს შეკითხვასთან. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ რუსეთის საეკლესიო წრეებმა არ მოახდინონ იგნორირება საეკლესიო სამართლებრივი ნორმებისა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №37, 8-14.10.2004).
საქართველოს ადგილზე და როლზე გლობალურ სამყაროში იმსჯელეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე „ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობა“. „საპატრიარქოს უწყებანი“-ს 38-ე, 39-ე და მე-40-ე ნომრებში სწორედ ეს კონფერენციაა მიმოხილული და აღნიშნულია, რომ სანამ საქართველო შეძლებს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო დონეზე, მან უნდა გადაჭრას შიდა პოლიტიკური პრობლემები: „საქართველომ უნდა შეძლოს მის საზღვრებს შიგნით მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის მოსახლეობის საქართველოს მოქალაქეებად ანუ ერად ჩამოყალიბება. თანამედროვე ერად ჩამოყალიბების შემდეგ კი, როცა იგი უკვე მიიღებს თავის სახეს, უფალი ღმერთი მას, ისევე როგორც სხვა ერებს, გამოიყენებს მსოფლიო ცივილიზაციის მშენებლობის დიად საქმეში.“ ამავე კონფერენციაზე შეიმუშავეს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი მიმართვა, რომელშიც ხელისუფლებას შესთავაზეს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციები. მათ შორის აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას შორის. ასევე კუთხური ნაციონალიზმის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა კუთხეების საზღვრების გათვალისწინებით, და მათ ბაზაზე სამხედრო ერთეულების დაკომპლექტება.
სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრობს დეკანოზი გრიგოლ აბულაძე. იგი თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მისაღები ფორმა - ეკლესიური საზოგადოებაა: „სამწუხაროდ, დღეს რთული პროცესები მიმდინარეობს. ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, თითქოს კარგი მოქალაქეობა სხვა იყოს და ეკლესიურობა - სხვა. იმასაც კი ამბობენ: გვეყოფა ეკლესიების მშენებლობა, ახლა კარგი საზოგადოება უნდა ვაშენოთო. ასეთი ლაპარაკი ხომ შეცდომაა. ყველაზე კარგი საზოგადოება ისაა, სადაც ხალხი მაცხოვრის მცნებას ასრულებს: არ გაუკეთო სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ გაუკეთებ. ასეთი საზოგადოება კი მარტო მართლმადიდებელი ეკლესიაა“. („რომელმან შეიწყნაროს ერთი ამათგანი“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №40, 29.10-4.11.2004).
![]() |
2.6 ეკლესიის საკუთრება |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ ყველა საეკლესიო ნივთი ეკლესიის საკუთრებაა, ის ეკლესიაში უნდა ინახებოდეს და არა მუზეუმში. ამ თემას ეხება ანჩისხატისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემა „სიწმინდეები გვიხმობენ“. მასში დეტალურად არის მოთხრობილი ხატის ისტორია, ხოლო დასასრულს კი მითითებულია, რომ იგი სასწრაფოდ უნდა გადაეცეს იმ ეკლესიას, რომელშიც იგი მუზეუმში გადასვენებამდე ინახებოდა: „ხატის ერთადერთი ადგილი ეკლესიაა, ეს ქრისტიანულ სახელმწიფოში სადაო არ უნდა იყოს. მათი ექსპონატებად ქცევა, მათ წინაშე ლოცვის აკრძალვა და ასეთი სახით სიწმინდეების შეურაცხყოფა ქრისტიანმა ერთი დღითაც არ უნდა დაუშვას.“ („სიწმინდეები გვიხმობენ“, გვ. 2, 2004 წ.)
![]() |
2.7 ეკლესია და ოჯახი |
▲ზევით დაბრუნება |
ოჯახის თემას ეხება „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებული სტატია „ბავშვი და ოჯახური გარემო“. მასში მითითებულია, რომ ოჯახური პრობლემების მთავარი მიზეზი რწმენის ნაკლებობაა, და მათი გადალახვა რელიგიური ლიტერატურის კითხვით არის შესაძლებელი: „რა არის ოჯახური კრიზისის მთავარი მიზეზი? - ეს ღვთისადმი რწმენის შესუსტება და ქრისტიანული პრინციპებისგან განდგომაა... ოჯახის წევრებმა ხშირად უნდა იკითხონ წმინდა წერილი, რათა მათი აზრები და სამომავლო გეგმები ღვთის სიტყვით იყოს შთაგონებული.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №37, 8-14 10.2004).
საპატრიარქო თვლის, რომ ბავშვის აღზრდის საუკეთესო და სწორი გზა მისი ეკლესიის წიაღში აღზრდაა, რათა დავიცვათ იგი გამრყვნელი ზემოქმედებისგან: „თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მიმდინარეობს ზნეობრივი ღირებულებების ნიველირება და შედეგად მასობრივ გახრწნილებას ვღებულობთ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველო ამ გზას დაადგეს.“ („რომელმან შეიწყნაროს ერთი ამათგანი“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №40, 29.10-4.11.2004).
![]() |
2.8 გენდერი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალთა თემას ეხება გაზეთი „კანდელის“ №40 და №41-ში გამოქვეყნებული სტატია: „უბიწოების, ღირსების ქრისტიანული კეთილკრძალულების შესახებ“, რომელიც კვლავ ქალთა ზნეობრიობის თემას ეხება: „ურცხვო ქალებო, საკუთარ სხეულს რომ იშიშვლებთ, პლიაჟზე რომ იწონებთ თავს, თქვენ მსგავსი შესამოსელისა და ეროტიკული თეთრეული მაღაზიების, ღამის კლუბების მფლობელებთან და მუშაკებთან ერთად, ეროტიკული ცეკვების სკოლათა, სილამაზის კონკურსთა ორგანიზატორებთან ერთად, „სექსუალური განათლების“ დამამკვიდრებლებთან, ეროტიკული გამოცემებისა და ფილმების გამომცემლებთან და მყიდველებთან ერთად და სხვა მსგავს განმხრწნელებთან ერთად, - უწყოდეთ, რომ თქვენ თავადვე განგიკვეთნიათ თავნი თვისნი ეკლესიისაგან... წმინდა წერილი უკრძალავს ქალებს, მამაკაცის შესამოსელი ჩაიცვან... სამწუხაროდ, აწინდელი ქრისტიანები წარმართებზე უარესად ცხოვრობენ. მუსლიმი ქალები, რომელთაც არ იციანი ჭეშმარიტი ღმერთი, უფრო კეთილკრძალულნი არიან, ვიდრე აწინდელი ქრისტიანი ქალები: ქორწინებამდე ისინი უბიწოდ იცავენ თავიანთ ქალწულობას, ქორწინებაში ყველა შვილს შობენ.“ („კანდელი“, №40, 8-13.10.2004).
![]() |
2.9 ეკლესია და მეცნიერება |
▲ზევით დაბრუნება |
საკმაოდ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება იკვეთება სასულიერო პრესაში თანამედროვე მეცნიერების მიღწევების მიმართაც. მაგალითად, კათოლიკოს პატრიარქი თვლის, რომ ეს მიღწევები ეკლესიამ უნდა მიიღოს და ყველა წამოჭრილ კითხვას პასუხიც გასცეს: „დღეს ფილოსოფიაში და საერთოდ აზროვნებაში არსებობს ასეთი ცნება: სწრაფი რეაგირების კულტურა. მართლაც, ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები დედამიწაზე, რომ შესაბამისად მათი სწრაფი აღქმა არის საჭირო და არა მარტოოდენ აღქმა, არამედ გაანალიზება და სათანადო რეაგირება... ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა გენური ინჟინერია, ეკოლოგია და სხვა. თანამედროვე მეცნიერება ამ საკითხებს რელიგიურ ლიდერებს ეკითხება და მათაც უნდა მისცენ შესაბამისი შეფასება ზემოაღნიშნულ პრობლემებს.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 15-21.10.2004).
სრულიად საწინააღმდეგო დამოკიდებულება ჩანს ჟურნალ „ქაროზის“ რუბრიკაში „გაფრთხილება“. აქ გამოქვეყნებულია ექიმი-მღვდელი კონსტანტინე გიორგაძის სტატია, სადაც იგი თანამედროვე ფარმაკოლოგიასა და გენურ ინჟინერიაზე საუბრობს. იგი თვლის, რომ „ფარმაკოლოგია შეიძლება იქცეს საშიშ იარაღად, რომელსაც შეუძლია არეგულიროს შობადობა და გაზარდოს მთელი ხალხების სიკვდილიანობა“. შესაბამისად, ავტორი ყველას მოუწოდებს, რომ მიიღონ „ძირითადად მცენარეული - ბალახეული წამლები, როგორც ჩვენი წინაპრები მკურნალობდნენ“. („დედო ზარი გვიხმობს!“, „ქაროზი“, გვ. 7, 10.2004).
რაც შეეხება გენური ინჟინერიით მოდიფიცირებულ საკვებს, კონსტანტინე გიორგაძე თვლის, რომ „ტრანსგენური პრეპარატები მთელს კაცობრიობას შეიძლება ექცეს კატასტროფად“. შესაბამისად, მისი განცხადებით, „ეკლესია ტრანსგენური პროდუქტების წინააღმდეგია“. (იქვე).