![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება (ბიულეტენი №7) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა, ბიულეტენი №7ივლისი, 2006 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia თბილისი, 0108, სააბონენტო ყუთი 101, ტელ.: 33 40 81, ფაქსი: 33 41 63 ელ-ფოსტა: cipdd@access.sanet.ge Mailing address: P.O. Box 101, TBILISI, 0108, Republic of Georgia. Tel.: (995-32) 334081, fax: (995-32) 33 41 63 E-mail: cipdd@cipdd.org |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თვის საერო პრესაში ორი წამყვანი თემაა გამოკვეთილი: დმანისის ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში პოლიციის მიერ უხეშად ჩატარებული სპეცოპერაცია და კათოლიკოს ილია II-ს მოსკოვში ჩასვლა რელიგიურ ორგანიზაციათა მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
მონასტერში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლები სასწრაფოდ დასაჯეს, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ უფრთხის ხელისუფლება ეკლესიის გაღიზიანებას.
მოსკოვში კათოლიკოსის ვიზიტის ამსახველი მასალების სიმრავლე კი იმ გადამეტებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს, რასაც პრესა მსოფლიო სამიტზე სეპარატიზმის წინააღმდეგ პატრიარქის გალაშქრებას ანიჭებს, რაც უფრო პიარ-კამპანიას წააგავს, რითაც საპატრიარქო რუსეთის ეკლესისადმი მორჩილების ბრალდების გაქარწყლებას ცდილობს.
![]() |
1.1 მერაბიშვილის უწყებამ ქართული ეკლესია შეურაცხყო |
▲ზევით დაბრუნება |
„ვერსია“, 3-4.07.06.
ნინო უგრეხელიძე
დანაშაულში ეჭვმიტანილების ძებნის დროს შინაგან საქმეთა სპეცდანიშნულების რაზმი დმანისის რაიონის სოფელ ჩარდახში მდებარე შობის მონატერში შეიჭრა და იქ ჩხრეკა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა ძებნილები მონასტრის ტერიტორიაზე ვერ აღმოაჩინეს, იქაურობა ისე დატოვეს, რომ სასულიერო პირებისთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ, - წერს ავტორი. ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე ზენონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პოლიციელებმა მორჩილები და ადგილზე მომუშავე არქეოლოგები მიწაზე დააწვინეს და გასროლით დაემუქრნენ. „...შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ეკლესიას, გადაგვიარეს და წავიდნენ. როდესაც დამნაშავის ძებნას აწარმოებენ, არსებობს ეკლესიაში შესვლის ორდერი, ან ამის შესახებ ეპარქიის წინამძღოლს სიტყვიერად აცნობებენ ხოლმე ...აქ შემოსვლას არავინ უშლით, წინასწარ ეცნობებინათ, თუნდაც სიტყვიერად. ასე ყველაფრის გადათელვა შეიძლება“, - ამბობს მეუფე ზენონი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილის მტკიცებით, შსს-ში არსებობს ტრადიცია, წინასწარ გააფრთხილონ ეკლესია, თუ იქ ოპერატიული ღონისძიებაა ჩასატარებელი. ამ შემთხვევაში კი «შსს-ს წარმომადგენლები ეკლესიაში არ შესულან - მხოლოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობები დაათვალიერეს, რომლებშიც მუშები იმყოფებოდნენ». ასეა თუ ისე, ხიზანიშვილი პირობას დებს, რომ ფაქტზე მოკვლევა ჩატარდება.
![]() |
1.2 მსოფლიო სამიტი |
▲ზევით დაბრუნება |
„სვობოდნაია გრუზია“, 04.07.06.
რუბრიკა ,,რელიგია“
გაზეთი იტყობინება, რომ 3 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოსკოვს გაემგზავრა, რათა რელიგიურ ორგანიზაციათა მსოფლიო სამიტს დაესწროს, რომელშიც 40 ქვეყნის სხვადასხვა რელიგიური კონფესიის 200-მდე ყველაზე ავტორიტეტული ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ვატიკანის დიდი დელეგაცია და რამდენიმე ისლამური ქვეყნის სულიერი ლიდერი. შეხვედრის ინიციატორები არიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის რელიგიათშორისი საბჭო. სამიტის მონაწილეები ისეთ საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა საინფორმაციო საშუალებების როლი საზოგადოებაში; პლანეტის რესურსები და ეკოლოგია; ინფექციურ დაავადებებთან და ნარკომანიასთან ბრძოლა; მსოფლიოში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა; ცივილიზაციათა დიალოგი და გლობალიზაცია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა კირილემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ „სამიტის ამოცანებში არ შედის საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტა. არავითარ შემთხვევაში საუბარი არ მიდის არც ერთიანი რელიგიის შექმნაზე, არც დოქტრინალურ დაახლოვებაზე.“
![]() |
1.3 მინისტრმა სამმართველოს უფროსი გაწირა |
▲ზევით დაბრუნება |
„ვერსია“, 5-6.07.06.
ლალი ზირაქიშვილი
დმანისის რაიონის სოფელ ჩარდახში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის განხორცილების დროსაც სპეცდანიშნულების რაზმმა მამათა მონასტერი დააწიოკა, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოიძია. გამოძიების შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს სპეცოპერაციის უშუალი ხელმძღვანელი, პოლიციის პოლკოვნიკი გია მანდარია, ქვემო ქართლის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კრიმინალური პოლიციის ხაზით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გია ლაბუჩიძე, დმანისის შს რაიგანყოფილების უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ მიროტაძე და ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი ვახტანგ ავალიშვილი. ხოლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძიების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქამეთა ინსპექტორ-გამომძიებელი, ჯემალ ჩარექაშვილი დააქვეითეს. გარდა ამისა, პოლიციის რამდენიმე ოფიცერს სასტიკი საყვედური გამოეცხადა.
![]() |
1.4 სეპარატიზმი ხშირ შემთხვევაში საინფორმაციო ომის შედეგია |
▲ზევით დაბრუნება |
„რეზონანსი“, 5.07.06.
ინტერპრესნიუსი
„თუ ყოველი ეთნოსური უმცირესობა ავტონომიისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვა, კაცობრობა კიდევ დაპირისპირებათა ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა მოსკოვში გამართულ მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა სამიტზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა კონფლიქტების მოგვარების პროცესში ეკლესიები ჩაერთონ, როგორც ეს ზოგ ქვეყნებში ხდება. კონფლიქტების გაჩაღებაში კათოლიკოსმა მედიაც დაადანაშაულა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითები მოიყვანა, როცა კონფლიქტს წინ საინფორმაციო ომი უსწრებდა.
![]() |
1.5 რუსეთის პატრიარქმა აფხაზეთში რუსული ეკლესიის ექპანსია აღიარა |
▲ზევით დაბრუნება |
„ახალი თაობა“, 6.04.06.
გულიკო ბალაძე
მოსკოვში გამართულ მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა სამიტზე კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ჩასვლამ, გაზეთის შეფასებით, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: ილია მეორემ უსაყვედურა რუსეთის პატრიარქს, მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთმორწმუნე ეკლესიის სასულიერო პირები აფხაზეთის ქართულ ეკლესია-მონასტრებს ეპატრონებიანო. ალექსი მეორე აღუთქვა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მზადაა სასწრაფოდ გაიწვიოს აფხაზეთიდან ყველა ასეთი მღვდელმსახური, რითაც, გაზეთის აზრით, დაადასტურა კიდეც, რომ „ამ ძირძველ ქართულ მიწაზე რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ადგილი ჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ექპანსიასაც.“
სტატიაში შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ აფხაზეთში მდებარე ქართული ტაძრებიდან და მუზეუმებიდან სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების საბაბით საკულტო დანიშნულების ნივთები და სამუზეუმო ექსპონატები რუსეთში გადააქვთ.
![]() |
1.6 პატრიარქმა სასულიერო სამყაროს კონფლიქტური საკითხების გადაწყვეტაში გაერთიანებისკენ მოუწოდა |
▲ზევით დაბრუნება |
„ალია“, 6-7.07.06.
ინტერპრესი
სააგენტოს ცნობით, იმავე სამიტზე კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტები „მთელი რეგიონისთვის მუდმივად ფეთქებად სიტუაციას ქმნის და შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. ამიტომ, თუ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოლიტიკური სამრთლიანობის გზით არ მოხდა, რეგიონში სიმშვიდე არასოდეს დაისადგურებს». აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მან „საქართველოსა და ქართული ეკლესიიის სხეულზე დარჩენილი ღია ჭრილობები“ უწოდა.
სამიტის მსვლელობის დროს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტებს ურთიერთობების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.
![]() |
1.7 რუსეთის პატრიარქმა აფხაზეთიდან უკანონო სამღვდელოება გამოიწვია |
▲ზევით დაბრუნება |
„კვირის პალიტრა“, 10-16.07.05.
ლელა ჯიყაშვილი
გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსთან, მეუფე დანიელთან, რომლიც ადასტურებს, რომ ილია II-ს რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მოსკოვში მიმდინარე რელიგიურ სამიტის მსვლელობისას შედგა, ალექსი II-მ დაავალა მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოს პანტლეიმონს აფხაზეთიდან რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სასულიერო პირთა გაწვევა, რომლებიც აფხაზეთში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეკლესიებში უკანონო მღვდელმსახურებას ეწევიან.
![]() |
1.8 მრავალსახოვანი ისლამი, სპეცსამსახურები და საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
„ხვალინდელი დღე“, 18.07.06.
თამარ გოგოლაშვილი
გაზეთი აქვეყვენებს ვრცელ ინტერვიუს საქართველოს მუსლიმ მოქალაქესთან, რომელმაც რელიგიური განათლება ირანში მიიღო. ანონიმი რესპონდენტი საუბრობს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა მუსლიმანური ორგანიზაციების ურთიერთინტრიგებზე და მკვეთრ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, მოქმედებენ როგორც შიიტური, ისე სუნიტური ჯგუფები და ვაჰაბიტები. მისივე სიტყვებით, მათი ემისრები თურქეთიდან, ირანიდან და არაბული სამყაროდან ჩამოდიან და დაჯგუფებების გასაძლიერებლად ყველა ღონეს ხმარიბენ. „ვაჰაბიტური ორგანიზაციების მეშვეობით სხვადასხვა სახელმწიფოების შემოსვლა ხდება... მისი მიმდევრები უფრო ხშირად შეიარაღებულნი არიან..., ნეოფიტებს კი თვეში 500 აშშ დოლარს უხდიან“, - ამბობს იგი.
![]() |
1.9 ჩემს მრავალათასიან მრევლში ძირითადად ახალგაზერდები არიან |
▲ზევით დაბრუნება |
„საქართველოს რესპუბლიკა“, 25.07.06.
ლია ჭიღლაძე
იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი (სხირტლაძე) ჟურნალისტს მღვდლის დანიშნულებაზე და საზოგადოების იმ ნაწილზე ესაუბრება, რომელიც აღიარებს, რომ „ღმერთი სწამთ, მღვდელი კი არა.“ ასეთ მიდგომას დეკანოზი ათეისტური პროპაგანდის ინერციად თვლის: „ასეთი გამოთქმა ადამიანების გონებრივ ფსიქოლოგიურ ჩამორჩენილობაზე მეტყველებს... სასულიერო პირი სულიწმინდის მადლით დაბეჭდილია,.. ზოგისთვის, კი მისი გახრწნილობის გამო მღვდელი კარიკატურის გმირია. ვაი მას, ვინც კარიკატურას შექმნის ღმრთისაგან და ღვისმსახურისაგან! ასე წერდნენ მებრძოლი ათეისტები კარიკატურებს ღმერთზე, ქრისტეზე, ანგელოზზე, სულიწმინდაზე, წმინდანებზე... დიდხანს ვერ გასტანეს ამ კარიკატურების დამწერებმა, ვინც ეკლესიებს ანგრევდა, ჯვრებს ამტვრევდა, ხატებს შეურაცხყოფდა! ან ოჯახებიანად ამოწყდნენ, არც მომავალში სულიერი წინსვლა ერგოთ, არც წარმატებისკენ გაეხსნათ გზა და არც ძილი და მოსვენება ჰქონდათ. მათი ქონება და სიმდიდრე სხვას დარჩა, მათ სახლში სხვამ იცხოვრა, რაც უფრო მაღალი სახლები ააგეს მიწის ზევით, მით უფრო ღრმად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში...“
![]() |
2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
თუ არ ჩავთვლით რადიკალიზმით გამორჩეულ ჟურნალ „ქვაკუთხედს“, ახალი გამოცემების საერთო ტონალობა შეცვლილია. ახლა მას შეიძლება უფრო კონსერვატული უწოდო, ვიდრე შემტევი. არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში საქართველოში მოქმედ მცირე რელიგიურ ორგანიზაციებზე პირდაპირი თავდასხმა და შეურაცხყოფა საეკლესიო გამოცემებში, განსაკუთრებით საპატრიარქოს გამოცემებში, ბოლო დროს თითქმის აღარ გვხვდება. გაჩნდა რამდენიმე პუბლიკაცია, სადაც გამოთქმულია მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოძღვრის გაკერპების მიმართ.
თუმცაღა „მრევლმა“ თავი არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ტრაქტატის გამოქვეყნებით ისახელა, რომელშიც გლობალიზაცია კვლავ მსოფლიო შეთქმულების პროდუქტად არის გამოცხადებული.
![]() |
2.1 ტერიტორიული მთლიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს გამოსვლის ტექსტს მოსკოვის სარელიგათშორისო სამიტზე, რმელიც ივლისში შედგა. ციტატები ტექსტიდან: „ჩვენ გლობალიზაციის მეტად რთულ პირობებში ვცხოვრობთ. გლობალიზაციის პროცესთან მიმართებაში ხშირად საუბრობენ სუბიექტსა და ობიექტებზე. სუბიექტებად მოიაზრებიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი იდეები და მიზნები თავს მოახვიონ მცირე სახელმწიფოებს... სინამდვილეში კი მრავალი მცირე სახელმწიფო არის უნიკალური კულტურის საგანძურის მფლობელი... კულტურული იდენტიფიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალი რჩება. ამიტომაც მცირე ერებისა და ეთნიკური ჯგუფების დაცვაზე ზრუნვა უნდა გამოიხატოს მათი კულტურის თვითმყოფადობის დაცვაში და განვითარებაზე ზრუნვაში და არა მათგან ახალი პოლიტიკური სუბიექტების შექმნაში... ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ, თუ ყოველი ეთნიკური უმცირესობა გამოვა ავტონომიისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნით, კაცობრიობა დაპირისპირებათა ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდება...
რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს - ეს საქართველოს ეკლესიის ღია ჭრილობაა, რომელიც მოშუშებას საჭიროებს. აქ მოხდა ეთნიკური წმენდა. სამას ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო მშობლიური კერა დაეტოვებინა და სხვადასხვა ადგილებში გადასახლებულიყო (მათ შორის ბევრი რუსეთსში ცხოვრობს). ისინი დღემდე ელოდებიან უკან დაბრუნებას... სეპარატისტილი ტენდენციები ხელოვნური პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებეული და მათი აღმოფხვრის შემთხვევაში საუკუნოვანი ძმური და ნათესაური ურთიერთობები ჩვენს შორის მალევე აღდგება“ („საპატრიარქოს უწყებანი“, 6 12 ივლისი, 2006 წ., გვ. 4-6).
![]() |
2.2 ერის მთლიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
„იმპერიის (რუსეთის - რედ.) მესვსურები ქადაგებდნენ, რომ სვანები ქართველები არ არიან, რომ მათი დედაენა არ არის ქართული, რომ აუცილებელია სვანთა „დედაენაზე“ წმინდა წერილის თარგმნა და ა.შ.... ახლაც ვხვდებით სხვა ქართველებისაგან სვანების გამიჯვნის მცდელობას, ახლაც აქტიურობენ ქართველების ენობრივ-ეთნიკურად დაშლის მოსურნენი; შესაბამისად მას-მედიაში და საეჭვო ღირებულების სამეცნიერო პროდუქციაში არაიშვიათად გამოიყენება ისეთი არაადექვატური ტერმინები, როგორიცაა: სვანი კრიმინალი, სვანური კულტურა, სვანური ეთნოსი, სვანოლოგია და სხვ... ასეთი ტერმინოლოგიური შეფასება ზოგჯერ დივერსიული ხასიათისაა, ზოგჯერ კი გაუაზრებელ შეცდომას წარმოადგენს.“ („აღმსარებელი“ №4. ივლისი, 2006 წ., გვ. 3. საქართველოს საპატრიარქოს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის „სვანეთი - ქართული კულტურის სავანე“ მემორანდუმი).
![]() |
2.3 ეკლესია და ხელისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანის“ რუბრიკაში „ქრონიკა“ განთავსებულია მოკლე ინფორმაცია „სპეცოპერაცია მონასტრის ტერიტორიაზე?!“ ადამიანისა დაა გარაკ-ტაშირის ეპარქიის ყოვლადწინდ აღვთისმშობლის შობის მონასტრის ტერიტორიაზე პოლიციის მიერ ჩატარებული გახმაურებული ოპერაციის შესახებ. ინფორმაციას საპატრიარქოს კომენტარი არ ახლავს.
იმავე რუბრიკაში იბეჭდება „საქართველოს საპატრიარქოს განცხადება“, რომელშიც სპატრიარქო „გაუმართლებელს“ უწოდებს პოლიციის მიერ ძალისმიერი მეთოდებით აფხაზეთიდან დევნილების ბათუმის სასტუმრო „კოლხეთიდან“ გამოძევებას. „სახელმწიფო ვალდებულია გულისხმიერება გამოიჩინოს ამ ხალხის მიმართ და ხელი შეუწყოს მათთვის შედარებით ნორმალური პირობების შექმნას“, - წერია განცხადებაში („საპატრიარქოს უწყებანი“, 6-12 ივლისი, 2006 წ., გვ. 8-9).
![]() |
2.4 შეთქმულება, გლობალიზაცია, დასავლეთი |
▲ზევით დაბრუნება |
არქიმანდრიტი რაფაელ (კარელინი) წერს: „მრავალნი ჩვენს დროს რელიგიის აღორძინების დროდ მიიჩნევენ... მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა გარძელდება, ოღონდ სხვა ფორმებით, და თანამედროვე ლიბრალიზმი ამ დასაბამიერი ბრძოლის რგოლია... აქ ჩვენ სატანურ გეგმას ვხედავთ, ამ სიტყვის არა მხოლოდ გადატანითი, ზედმიწევნითი მნიშვნელობითაც.... თავისუფლების ნიღაბქვეშ სექსისა და სისხლის კულტით აშკარად მოჩანს იგივე შავბნელი სახე ,,სატანის რელიგიისა... ზნეობიდან თავისუფლება ზნეობაზე ძალადობად იქცა. სექსის სიბინძურე ადამიანს ყოველ ნაბიჯზე სდევს. ტელევიზორმა თავისი საცეცებით ყველაზე შორეულ დასახლებებს, კოსმოსსა და ოკეანის ფსკერს მიაღწია. ადამიანებს თავსმოხვეული აქვთ ერთი და იგივე გლობალურად განხორციელებული პროგრამა. მას ვერსად დაემალები. ხელოვნება თანაგანცდაზე, გმირების ემოციუერ სამყაროში ჩართვაზეა დამყარებული... წიგნების გარეკანებიდან გვიმზერენ პისტოლეტიანი განგსტერები, ნიღბიანი მკვლელები და სისხლისგან დაცლილი მსხვერპლი. იქვეა წიგნები დემონთა გამოსახულებით, პრაქტიკული მაგიის, ასტროლოგიის, აღმოსავლური ოკულტიზმის სახელმძღვანელოები. ეს წიგნები დემონური ძალების და ენერგიის ერთი განუყოფელი თავმოყრაა, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ...“ („მრევლი“, №107, გვ. 6-8, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), „რეფორმატორების შესახებ“,).
![]() |
2.5 სექტები |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთი „კანდელი“ ირიბად მაინც ეხება „სექტების“ თემას და აქვეყნებს წმ. იოანე კრონდშტანდტელის ქადაგებას, რომელიც დღეისათვის აბსოლუტურად არააქტუალურ „ნეო-ხილიაზმის“ წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც წინასიტყვაობაშია ნათქვამი, ნეო-ხილიაზმი არის „ცრუ სწავლება ამქვეყნად ქრისტეს ათასწლოვანი მეფობის შესახებ“ (თვალში საცემია მსგავსება იეღოვას მოწმეთა სწავლებასთან. - რედ.) „კანდელი“, 7-13 ივლისი, 2006 წ., გვ.11-13, „წმინდა მართალი იოანე კრონდშტანდტელი - თანამედროვე მწვალებლობის „ნეო-ხვილიაზმის“ მამხილებელი“).
![]() |
2.6 ქალები |
▲ზევით დაბრუნება |
„მაგრამ ვაგლახ, რომ აწინდელმა ქრისტიანმა ქალიშვილებმა და ქალებმა სამაგალითოდ თავიანთი ცხოვრებისათვის წმინა ქალწულნი და დედანი კი არ გაიხადეს, არამედ - აფრიკის, ავსტრალიისა თუ ინდონეზიის აბორიგენები. ჩვენი სამშობლოც - ოდესღაც წმინდა რუსეთი - აწ ცივილიზებულ ველურთა საზოგადოებად იქცა... ამჟამად კი იდეალია - „საერთო-საკაცობრიო კულტურა“, ანუ იმ ერთა ცხოვერბის წესი, რომელთაც დაუკარგავთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ადამიანობა, და პირუტყვთ მიმსაგავსებიან...
გარყვნის რა ქალს, ეშმაკი მთელ კაცობრიობას მიიტაცებს, მის დღევანდელობაშიც და მყოფადშიც“ („კანდელი“, 21-27 ივლისი, 2006 წ., გვ. 13 16, „რით უნდა იმკობდეს თვს ქრისტიანი ქალი?“ „პოჩაევის მონასტრის ფუცლებიდან“).
„ახალგაზრდა ქრისტიანო ქალებო! მრავალგზის დაფიქრდით თქვენს სიმშვიდესა და თქვენი სულის ხსნაზე, ვიდრე გადაწყვეტდეთ სხვა სარწმუნოების ადამიანზე დაქორწინებას. ეს ქვეყანა ხანმოკლეა, ხოლო მარადისობა - უასრულო“. („კანდელი“, 28 ივლისი, 2006 წ., გვ. 9-13, „მისაბაძი ჩვენი დროის მანდილოსნებისათვის“).
![]() |
2.7 მოძღვრის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
„მოძღვრის გაკერპების მიზეზი შესაძლოა სულიერ დეფიციტში იყოს საძიებელი. როცა მოძღვრის გაკერპებას ვიწყებთ, აქ მთავრდება ჩვენი სარწმუნოება. მოძღვრის გაკერპება ჩვენი სარწმუნოებრივი ნაკლულოვანებიდან მომდინარეობს. როცა ვერ ვწვდებით, ან არ გვინდა შევიმეცნოთ საღვთო სწავლებები, მაშინ იჩენს თავს ყველა წინააღმდეგობა, მათ შორის მოძღვრის გაღმერთება“ („კარიბჭე“, 14-27 ივლისი, 2006. „მოძღვარი“ - ინტერვიუ მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ ბასილ კიკვაძესთან).
„ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ნაცვლად აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა პურითა და ღვინით... ასეთი რამ ყოველთვის თვითნებურად, ეკლესიასთან შეუთანხმებლად ხდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი აღქმის ეკლესია სისხლიან მსხველპშეწირვას კრაძალავს“ („კარიბჭე“, 14-27 ივლისი, 2006 წ., გვ. 23-24. „მისაღებია თუ არა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ახალი აღქმის ეკლესიისთვის?“ ინტერვიუ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვართან, დეკანოზ გელასი ნატროშვილთან).
![]() |
2.8 „ქვაკუთხედი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ცალკე განხილვას იმსახურებს განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული ჟურნალ „ქვაკუთხედის“ პუბლიკაციები. ამ გამოცემის ივლისის ნომრის სულისკვეთება, როგორც ყოველთვის, ქართველთა გამორჩეულობა, იზოლაციონიზმი, დემოკრატიული ინსტიტუციების კატეგორიული მიუღებლობა და ქართული ტრადიციისთვის ერთადერთი მისაღებ სახელმწიფო მოწყობად მონარქიზმის ქადაგებაა.
რამდენიმე მაგალითი:
„არის რა დემოკრატია ქვეყნის ღვთიური მოწყობის ერთიანობის გაუქმება და ნგრევა ცისდარი მეფობისა, როგორც იერარქიული დამორჩილებისა და წესრიგისა, იგი სახეა ქაოსისა და სიკვდილისა, როგორც ხატი ჯოჯოხეთისა. (გვ. 4-5. ვახტანგ ჟღენტი, ზ. გამსახურდიას სახელობის პრემიის ლაურეატი, „საქართველოში მეფენი უნდა მეფობდნენ და არა დრონი!“).
„ქართულ მესიანისტურ იდეას აყალიბებს ქართული საეკლესიო მწერლობა. მისი აზრი მკაფიოა: თუკი საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ქართული ენა ქრისტეს ენაა, რომლითაც უნდა ელაპარაკოს უფალი კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს, ბაგრატიონები კი ქრისტეს ნათესავები არიან, ცხადია, ქართველი ხალხი საგანგებო განსაკუთრებული მისიის მატარებელია“ (გვ. 11-12, აკაკი ბაქრაძე, „ქართული მესიანისტური იდეა“).
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, რომელიც მწერალთა კავშირში გამართა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობა „ქართულმა გზამ“.
კონფერენციის მონაწილე დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი: „ჩვენს ქმდებათა საბოლოო მიზანი კი არის დღე, როცა სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში იკურთხება მირონცხებული მეფე და აღდგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი სამეფო“ (გვ.15-16, „ეროვნული იდეოლოგიის გარშემო ქართველი ერის გაერთიანების რეალური შესაძლებლობა“).
ინტერვიუ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან, რომელიც მუშაობს ფილმზე „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“.
ინტერვიუს ტექსტიდან ირკვევა, რომ მაცხოვრის საფლავზე ფილმში „სასწაულმოქმედ კანდელს ბაგრატიონი ანთებს“ (გვ. 13-14, „ბაგრატიონის სანთელი და ივერიის გაბრწყინება“).
მონარქიზმის უპირატესობის დასამტკიცებლად „ქვაკუთხედი“ იმოწმებს წმინდა მამებს და ცნობილ რუს და ქართველ სასულიერო პირებს:
„საპატრიარქოში ინახება ბაგრატიონთა ტახტი, რომელიც პატრონის მოლოდინშია. მეფობა საქართველოში აუცილებლად აღდგება” (კათოლიკოს პატრიარქი ილია II); „სანამ მაფე არ ეყოლება საქართველოს, არაფერი არ ეშველება... ცუდი მეფე ჯობია კარდ პრეზიდენტს“ (მამა გაბრიელი) (გვ. 6-8. რუბრიკა „წმ.წერილი და ეკლესიის დიდი მნათობები მონარქიის შესახებ“).
ნომერში განთავსებულია მოძრაობა „ქართული გზის“ განცხადება, სადაც დედაქალაქის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება რესპუბლიკის მოედნიდან მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის შესახებ შეფასებულია, როგორც „საერთო მართლმადიდებლური ცნობიერების და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი, აღმაშფოთებელი გამოვლინება... ჯერ არგაგონილი მკრეხელობა, რომელიც საქართველოს ძვირად დაუჯდება (გვ. 17, „უფალი მეფობს“).
ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა გამოცემაში მონათლულია პროცწესად, რომელიც „იმართება უცხოეთიდან, ხორცი ესხმება მსოფლიოზე ბატონობის მოწადინეთა ფულით, გლობალიზაციის დროშით“, რათა „...გლობალიზაცური უსახურობის ოკეანეში ჩაძირონ ქართველი კაცის ეროვნულ-სარწმუნოებრივი, კულტურულ-სულიერი ინდივიდუალობა, ორგანული იერსახე.“ (გვ. 19-20, „უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები მსოფლიო გლობალიზაციის კონტექსტში“, ინტერვიუ თსუ-ს პროფესორ გრივერ ფარულავასთან).