![]() |
„კანონიერი” უკანონობა - ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი პრობლემა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დარჩიაშვილი დავით |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © დარჩიაშვილი დავით |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
დავით დარჩიაშვილი
გია ნოდიამ 24 საათის 29 დეკემბრის ნომერში თქვა ის, რაც ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს უნდა ეთქვა. მან ჩვეული სიცხადით დახატა ბალანსის გასაღები ქურდულ სამყაროსთან დაპირისპირებისა და ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვის იმპერატივთა შორის. ეს ორი იმპერატივი კი ნამდვილად უფრო არსებითია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისათვის, მისი უსაფრთხოებისათვის, ვიდრე, თუნდაც მაგისტრალური გაზსადენის კუთვნილება. რამოდენიმე მოსამართლისა და დანარჩენი ხელისუფლების დაპირისპირებაც, რომლის მიღმა იკვეთება ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის მთელი სირთულე, მაინც მხოლოდ ერთი მონაკვეთია ქურდული სამყაროს გმობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას, როგორც მითიური სცილასა და ქარიბდას შორის გასავლელ ისტორიულ გზაზე.
გაზსადენის, მოსამართლეების, რუსი მშვიდობისმყოფელებისა თუ კოკოითის პრობლემები, მთელი მათი სიმწვავის მიუხედავად, უფრო შედეგებს მაგონებს: თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების კონკრეტულ გამოვლინებებს. დღეს ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტის მოუთმენელი ენერგია უტევს ტრადიციებით „გასხივოსნებულ” რუტინას, რომელიც, არსებითად ანტისახელმწიფოებრივია - სახელმწიფო ხომ დიდი ხანია აღარ გვქონია და ვერც სოციალურ-პოლიტიკური ტრადიციები იქნებოდა სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, თანამედროვე სახელმწიფოს შენების სახელით წამოწყებულ ამ შეტევაში არის შეცდომები, წინააღმდეგობრიობა და, რაც მთავარია, კონკრეტული გადაწყვეტილებების ალტერნატივათა განსჯის ნაკლებობა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ მსჯელობებათა შესახებ საზოგადოებამ იმაზე ნაკლები იცის, ვიდრე სასურველია. ელიტად ყოფნას უცილობლად სდევს ძალაუფლებით ხიბლიც. ეს ხიბლი მუდმივად შეიცავს საფრთხეს, რომ რასაც ებრძვი, სწორედ იმან არ იზეიმოს უნებურად გამარჯვება, რადგან დიდი და „ტკბილი” ძალაუფლება სახელმწიფოს გარეშე უფრო არსებობს, განსაკუთრებით თუ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოზეა საუბარი. მრავალფეროვან „მეორე მხარეს” კი არის არა მხოლოდ სიახლის შიში და პრივილეგიების დაკარგვით გამოწვეული წინააღმდეგობა, არამედ, ზოგჯერ სექტორალური პროფესიონალიზმი, ზოგჯერაც უსამართლობის გულწრფელი განცდა. ყველაფერ ამას მამათა და შვილთა კლასიკური დაპირისპირების ელფერიც ემატება და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, როლები მხოლოდ ნაწილობრივაა განაწილებული ასაკის მიხედვით.
ჩვენი ცხოვრების მოუწყობლობის, სახელმწიფოს მშენებლობის დაუსრულებლობის ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ იმაშია, რომ უკანასკნელ დრომდე კანონებისა და კანონიერებისათვის ბრძოლა თითქმის არ ხდებოდა ქურდული სამყაროს, ანუ საბჭოური ფორმის ორგანიზებული დამნაშავეობის შევიწროვების ხარჯზე. ყველა იმ მოსამართლემ, ხელოვანმა, მეცნიერებათა აკადემიის ამჟამინდელმა წევრმა თუ წევრობის მოსურნემ, ვის მიმართაც პოსტრევოლუციური ხელისუფლება „ბოროტი დედინაცვალია”, თავის თავს ჰკითხოს - განა მათი ოფიციალური პროფესიები რეალურად ჰქმნიდა ამინდს ქვეყანაში, სადაც ლამის საბავშვო ბაღიდან ასწავლიდნენ ქურდული გაგების პრიმატს დღეს ხელისუფლება დაუპირისპირდა ამ პარალელურ სამყაროს, რომლის ღირებულებებიცა და ძალოვანი სტრუქტურებიც შევარდნაძის დროს თითქმის სრულიად ჩაენაცვლა კონსტიტუციასა და სახელისუფლო ინსტიტუტებს.
შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას დასწამო განსხვავებული აზრისა თუ, საერთოდ, ოპოზიციის უპატივცემლობა, უკიჟინო ბიზნესისა და მედიის წინააღმდეგობრივი ყოფა ან, ეგებ, ერთგვარი ნეოფავორიტიზმიც - ყოველივე ამაზე დებატები ნამდვილად არაა აზრს მოკლებული. ოფიციალური განცხადებები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ტემპების შესახებ ასევე არაა ადვილად დასაჯერებელი. მაგრამ რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს ეჭვი, რომ ხელისუფლება ყველა დამნაშავეს ერთნაირი საზომით არ უდგება, სავსებით უეჭველია მისი დაპირისპირება ორგანიზებული დამნაშავეობის სამყაროსთან, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ქურდებთან.
ეს ომი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მოვლენაა და ყველამ, ვისთვისაც სულ ერთი არაა ქვეყნის მომავალი, საკუთარი არჩევანი და დამოკიდებულება უნდა განსაზღვროს. დეკემბრის საპარლამენტო დებატების მონაწილე ცნობილი ოპოზიციონერის პასაჟი “ხომ არაა ბოკერია თავად ქურდი” ამ არჩევანისათვის თავის არიდებაა და მეტი არაფერი. ბოკერია შეიძლება იყოს ავტორიტარული თანაპარტიელების მიმართ, შეუწყნარებელი როგორც პოლიტიკურ ოპონენტებთან, ისე მედიის წარმომადგენლებთან პოლემიკაში, მაგრამ მისი ბრძოლა მაინც ოფიციალურად არსებული პოლიტიკური სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლაა. ქურდები კი სულ სხვა სისტემაა, რომლის გაფართოვება უცილობლად იწვევს კონსტიტუციური წესრიგის სრულ მოშლას.
თუ ჩვენი დაქსაქსული, პირადი ამბიციებით დანაწევრებული საზოგადოების წევრთათვის სასიცოცხლო გარემო მხოლოდ სამეგობრო და სანათესაო არაა, თუ საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე ყველანი ერთად ვოცნებობთ, მაშინ ვაღიაროთ, რომ რუსული ბაზები, ენერგოსადენების რუსული ონკანები და რუსი ემისრები სოხუმსა თუ ცხინვალში ჩვენი ეროვნული საფრთხეების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ბევრად უფრო დიდი საფრთხე უკანონოდ ცხოვრების ტრადიციაა, რომლის ყველაზე ნათელი გამოხატულება ქურდული „კანონებია”. როგორც არ უნდა იხიბლებოდეს მავანი ქურდული სამართალით - ამ სამყაროს მიერ შეთავაზებული დაცვის მექანიზმები: ა) საეჭვო ხარისხისაა, რადგან დაუწერელია და თანაც უაპელაციოდ მონოპოლიზებული ადამიანთა მეტად ვიწრო წრის მიერ; ბ) ანტისახელმწიფოებრივია და ძირს უთხრის არა მხოლოდ კანონმდებლობას ცხოვრების ყველა სფეროში, არამედ საქმიანობის უნივერსალურ ეთიკას და ადამიანის ფუძემდებლურ უფლებებს.
მაფიის სიძლიერე პირდაპირპროპორციულია სახელმწიფოს სისუსტის, რადგან იგი საზოგადოებას დაცვის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს. ქურდები მაფიის საბჭოური ნაირსახეობაა და არა მხოლოდ მხარდასაჭერი, არამედ ბუნებრივიცაა, რომ ქართულმა სახელმწიფო მანქანამ ამ „კანონიერი” უკანონობისათვის მოიცალა. თუ გვინდა სახელმწიფო, დავეხმაროთ მის წარმომადგენლებს ამ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა დააბარა ამომრჩეველმა იგივე ბოკერიასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე ყოფნა უკეთილშობილესი საქმეა და ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება გამადიდებელი ლუპით შემოწმება, ხომ არ არღვევენ მისი ინსტიტუტები და კონკრეტული წარმომადგენლები ამ უფლებებს ციხეში თუ ციხის გარეთ. მაგრამ თვალთმაქცობა იქნება - ვისაუბროთ მხოლოდ სახელმწიფოსაგან დაცვაზე და არაფერი გავაკეთოთ „კანონიერი” უკანონობისაგან სახელმწიფოს გადარჩენისათვის, იმისათვის რომ სახელმწიფო აკონტროლებდეს ციხეს და არა პირიქით.
რაც გია ნოდიამ 29 დეკემბრის სტატიაში თქვა - დასაწყისია. ამ თემაზე საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს და თავისი კონკრეტული მოსაზრებები გააგებინოს როგორც ხელისუფლებას, ისე . . . კრიმინალურ სამყაროს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვაა საქმე.