The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოლიდარობა № 4'06


სოლიდარობა № 4'06


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფაჩუაშვილი ზაზა, მინდიაშვილი ბექა, საყვარელიძე ფრიდონ, კობახიძე მაია, სონღულაშვილი მალხაზ (მთავარეპისკოპოსი), კალანდაძე ნონა, ნიჟარაძე ნანა
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე დავით ხუციშვილი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 96 63 27; 92 24 77 www.ombudsman.ge გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა



1 რედაქტორისგან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჟურნალ ,,სოლიდარობის“ მეოთხე ნომერი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დიდი ადგილი დავუთმეთ ისეთ საყოველთაო ღირებულებას, როგორიცაა ლიბერალიზმი. ლიბერალური ღირებულების მნიშვნელობაზე, ისტორიასა და თანამედროვეობაზე მოგვითხრობს ფრიდონ საყვარელიძე სტატიაში, ,,ლიბერალიზმი -თავისუფლების იდეოლოგია“. ამ მასალით ვიწყებთ ახალ რუბრიკას - ,,პოლიტიკა და იდეოლოგია“, მასში თანამიმდევრულად წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს იმ ძირითად პოლიტიკურ მიმართულებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან კონტექსტს წარმოადგენენ.

სიახლე იქნება რუბრიკა ,,tolerance“-ში წარმოდგენილი თარგმანიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტონი ბლერის მიერ 2000 წელს, ტიუბინგენის უნივერსიტეტში ,,გლობალური ეთიკის ფონდის“ წინაშე წარმოთქმული სიტყვით ვიწყებთ, ცნობილი თეოლოგის, პროფესორ ჰანს კიუნგის მიერ დაარსებული ,,გლობალური ეთიკის ფონდის“ წარმოდგენას - ამ ფონდის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდების, ინტერვიუებისა და ფონდის წინაშე წარმოთქმული სიტყვების პუბლიკაციას. საინტერესო და მრავალ საკითხზე დამაფიქრებელია ინტერვიუ ადამიანის უფლებათა ცნობილ დამცველთან, ავსტრალიის ყოფილ ომბუდსმენთან, პროფესორ ბრაიან ბურდეკინთან.

რუბრიკაში ,,ეთნოსები საქართველოში“ ტრადიციას ვუღალატეთ. ამჯერად, საქართველოში წარმოდგენილი რომელიმე ეთნიკური უმცირესობის შესახებ არ მოგითხრობთ. სტატიაში აღწერილი პრობლემა ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ჯგუფს თანაბრად ეხება. სტატიაში იმ სირთულეებზეა საუბარი, რომლის წინაშეც წელს აღმოჩნდებიან არაქართულენოვანი აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე. ამ პრობლემას ეხმიანება რუბრიკა ,,სამართალიც“, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილებაა წარმოდგელი, რომელიც ბელგიის განათლების სისტემაში ენის გამოყენების შესახებ კანონმდებლობის ზოგიერთ საკითხს ეხება.

რუბრიკა ,,რელიგიები საქართველოში“ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიისა და მათ მიერ განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობების შესახებ გიამბობთ, აქვე წარმოგიდგენთ ამ ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის ქადაგებასაც.

მკითხველს, და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ამ სფეროში რაიმეს შეცვლა შეუძლია (კაცმა რომ თქვას, რაღაცის შეცვლა თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ნებისმიერ სფეროში) ვთხოვთ განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ იმ ორ მასალას, რომლებიც ამ ნომერში რუბრიკებით ,,ჩვენი წრე“ და ,,stigma free“ იბეჭდება. ზაზა ფაჩუაშვილის ,,კარკასული ომი“ თბილისში მცხოვრები, აფხაზი ქალბატონის, თინა თარბას საოცარ ბედზე გვიამბობს. შიდსის სტიგმას ებრძვის ნანა ნიჟარაძის სტატია ,,ყველა უნდა მოკვდეს?“, სადაც აივ ინფიცირებული ადამიანები თავიანთი ცხოვრების შესახებ ყვებიან.

2 კარკასული ომი

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი წრე

ზაზა ფაჩუაშვილი

ოჩამჩირიდან დევნილი თინა თარბასთვის ომი ჯერ არ დამთავრებულა. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ იგი 13-წლიანი ე.წ. კარკასული ომის მსხვერპლი გახდა. უკანასკნელი ბრძოლა ფონიჭალის ბოლოში მდებარე კარკასისთვის გაიმართა, სადაც დევნილთა ორი ჯგუფი შეეჯახა ერთმანეთს და ორთვიანი მცდელობის შემდეგ თინა თარბას ისევ იძულებით მოუხდა პოზიციების დათმობა.

თავის დროზე აფხაზეთში დამარცხებულმა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სპეციალურად დევნილებისთვის საკუთარი უუნარობის შესაბამისი განკარგულება გასცა: სადაც თავისუფალ ფართს ნახავთ, შეგიძლიათ დაიკავოთო. სამწუხაროდ, ამგვარად პროვოცირებული ,,შეჭრების“ პრაქტიკა დღემდე მოქმედებს და, რაღა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ამ ქაოსში არადევნილი მარიფათიანი ხალხი ითბობს ხელს - როგორც მიშვებულ საქმეს შეეფერება, ოფიციალური სტრუქტურების ნაცვლად გარკვეული ძალის მქონე ერთი და იგივე პირები და ჯგუფები მას სათავისოდ ,,აწესრიგებენ“. შესაბამისად, ვინც მათთან საერთო ენას ვერ გამონახავს და ფასზე ვერ შეუთანხმდება, დროებითი საცხოვრებლის გარეშე რჩება. როგორც წესი, ასეთ ჩაგრულთა შორის ყველაზე გაჭირვებული და მართლაც უსახლკარო ადამიანები ხვდებიან. მათ შორისაა ჩვენი გმირიც, აფხაზი ქალბატონი თინა თარბა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დაიღალა საქართველოში ცხოვრებით.

0x01 graphic

უპატრონო კარკასი ფონიჭალაში

ბრძოლის ველი

ზემო ფონიჭალის ბოლოში ერთი მიგდებული კარკასი დგას. რამდენ სართულიანია, ვერ გაარკვევთ - გადახურული არ არის. ერთი მხარე მაღალია, მეორე - დაბალი, ჩამოშლილი და სახიფათო. ზედა სართულებზე კედლის მასიური დეტალები მონგრეულია და ამსიმძიმე რკინა-ბეტონი მხოლოდ რამდენიმე არმატურაზე კიდია.

ეს კორპუსი გამწარებულ თინა თარბას ორი თვის წინ აღმოუჩენია, პირველ სართულზე ერთი ლეიბიც მიუთრევია, კარგა ხანს უცხოვრია იქ და დარწმუნებულა, რომ კარკასს პატრონი არ ჰყავდა. მალე ეს ამბავი ნაცნობი დევნილებისთვისაც შეუტყობინებია და კორპუსში ცხოვრების მსურველთა პატარა ჯგუფიც შეუკრებია. სად იყო და სად არა, დევნილთა მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ჯგუფი გამოჩენილა, რომელსაც კორპუსზე სერიოზული პრეტენზია განუცხადებია. შეხლა-შემოხლასაც აღარ დაუყოვნებია. სწორედ ამ დროს მივედი კორპუსთან თინა თარბას მოსაძებნად.

ადამიანები კორპუსის სხვადასხვა მხარეს ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ცხარედ კამათობდნენ. მითხრეს, თინა თარბა ცუდად არის და შიგნით წევსო. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე წასულიყო.

ქალბატონი თინა, მართლაც, ბეტონის ფილაზე დაგებულ ლეიბზე იწვა და გარშემო რამდენიმე გულშემატკივარი დასტრიალებდა.

გამარჯობათ, ქალბატონო თინა! მე თქვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლებმა მიამბეს და მოვედი, რომ პირადად მენახეთ. რა ხდება აქ?

ვაიმე, აღარ შემიძლია, დავიღალე ამდენი დავიდარაბით. ეს კარკასი მე აღმოვაჩინე, თვეების განმავლობაში აქ ჩემს მეტი არავინ მოსულა. ძლივს მოვათრიე ერთი კარები, ჩავსვი და... დღეს ამ ბანდიტებმა მოგლიჯეს და გადააგდეს. ცხოვრებაში პირველად გავხდი ცუდად და თანაც ისე, სასწრაფოც კი დამჭირდა. ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან. აღარაფრის თავი აღარ მაქვს. 12 წელი ჩემს ორ ვაჟთან ერთად ქირით ვცხოვრობ. მთელი მოსკოვის პროსპექტი მიცნობს, იმდენი ბინა მაქვს იქ გამოცვლილი. ქირა იზრდება, მე კი 100 ლარზე მეტს ვერ ვიხდი და ხან ერთი მეუბნება, ბინა დამიცალეო, ხან - მეორე. აი, ახლაც ბინის პატრონი მთხოვს, თვის ბოლომდე გადადიო. სად წავიდე, აღარ ვიცი.

ორი თვე ვათიე ღამე ამ კორპუსში - მინდოდა შემეტყო, ვინმეს ხომ არ ჰქონდა დაკავებული. არავინ გამოჩენილა. ვიფიქრე, მეშველა-მეთქი. რამდენიმე ნაცნობ დევნილსაც გავანდე ეს ამბავი (ამხელა კორპუსში მარტო ხომ ვერ ვიქნებოდი) და... აჰა! დაგვადგნენ თავზე, გვემუქრებიან, დანებს ატრიალებენ, ერთი წელია, ამ კორპუსის საბუთებს ვაკეთებთო და თქვენ ვინა ყრიხართო! რად უნდოდა ამას ერთი წელი? ჩვენმა ჯგუფმა 10 დღეში დაადგინა, რომ კორპუსს პატრონი არ ჰყავდა და აქ ცხოვრება შეიძლებოდა.

სად გაარკვიეთ ეს?

მე ზუსტად არ ვიცი, ჩვენი ჯგუფის სახელით ერთი გოგო დადიოდა ყველგან და საბუთებიც მას აქვს. ახლავე მოგიყვანთ...

ის ერთი ქალბატონი მოწინააღმდეგე ჯგუფთან ჩხუბში მთავარ ძალას წარმოადგენდა და ჩემთან სასაუბროდ არ ეცალა. თინა თარბას თხოვნით მხოლოდ ერთი წამით შემოიხედა, საბუთები თან არა მაქვსო, მითხრა, მოიბოდიშა და წავიდა. ისევ ქალბატონ თინას ვესაუბრებით.

ქალბატონო თინა, რატომ დგახართ ქირით და რატომ არ გინდათ დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ცხოვრება? ხომ ხედავთ, ზოგმა კომპენსაციაც მიიღო და საკუთარი ბინაც შეიძინა?

თავიდან ისეთი შეშინებული ვიყავი, არ მინდოდა ჩემი აფხაზური გვარის გამხელა. მეშინოდა, ჩემი შვილებისთვის ვინმეს რამე შარი არ აეტეხა. ასე დავიწყე ქირით ცხოვრება, მაგრამ ახლა ყველაფერი გაძვირდა.

როგორ მოხვდით ქართველების მხარეს?

ოჩამჩირეში ვცხოვრობდი. ქმარი აფხაზი მყავდა. ომამდე გარდაიცვალა. ქართველებთანაც და აფხაზებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ომის დროს ისე მოხდა, რომ ჩემს სახლში ქართველთა შტაბი მოეწყო. ავტომატი არ მჭერია ხელში, თორემ ისე ქართველებს ყველაფერში ვეხმარებოდი. საავადმყოფოშიც ვუვლიდი დაჭრილებს.

აბა, რატომღა გეშინოდათ?

ვითარება უკიდურესად რომ დაიძაბა, შვილები თბილისში გამოვაგზავნე, მაგრამ აფხაზური გვარის გამო ქართველებმა გზაში დააკავეს და მათი დახვრეტა გადაწყვიტეს. კინაღამ შევიშალე, რომ გავიგე. შევატყობინე ნაცნობ ქართველ მეომრებს და ბავშვები ძლივს გადავარჩინე, მაგრამ ის შიში სულ თან მდევდა. აქაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ქართველი დევნილები ჩემს აფხაზურ წარმომავლობას მაყვედრიდნენ, აფხაზებმა იქიდან გამოგვყარეს და შენ აქ ბინას როგორ ითხოვო. მე რომ ქართველ მეომრებს ვეხმარებოდი, ის დევნილები სახლებში იყვნენ შეყუჟულები და მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ახლა კი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდიან. სანამ ასეთი განწყობილების მქონე ხალხის სიტყვას ძალა ექნება, აფხაზებს ვერ შევურიგდებით.

ამასობაში სადარბაზოში ღრიალი ატყდა. ორგანიზებული ჯგუფი, ორგანიზებულად ბღაოდა. ერთი გაჰკიოდა, ადვოკატი ვარ, ჩემი კლიენტების უფლებებს ვიცავ და სხვები ფეხებზე მკიდიხართო. მეორე საწყალ ქალებს თავისი ,,შავი“ მდგომარეობით აშინებდა და კორპუსის დაცლას ურჩევდა. თინა თარბამ კორპუსის დატოვება გადაწყვიტა.

სამინისტროში

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ბატონ ვლადიმერ მაქათაძეს. ფონიჭალის კორპუსისა და იმ ვიღაც ადვოკატის საქმიანობის ამბავი მისთვის კარგა ხანია ცნობილი ყოფილა და, როგორც ჩანს, იმ ადვოკატისთვის ეს კორპუსი ბოლო ,,განაწილება“ იქნება. ცხადია, სიტყვა ,,განაწილება“ ამ შემთხვევაში მთლად მართებული არ არის, ვინაიდან ის, ვინც ფართს ორგანიზებული ჯგუფისგან შეიძენს, ფულს დაკარგავს, ხოლო მან, ვინც ამ სხვის ქონებას საკუთარივით გაყიდის, შეიძლება თავისუფლება დაკარგოს.

ბატონო ვლადიმერ, ადრე დევნილებს უფლება ჰქონდათ, სადაც თავისუფალ ფართს ნახავდნენ, დაპატრონებოდნენ. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი ქმედებები დაუშვებელია. უპატრონო ქონება არ არსებობს. მეპატრონის ნებართვის გარეშე კი ერთ კვადრატულ მეტრსაც ვერავინ დაიკავებს. ,,თავისუფალი“ ფართის დაკავება სხვის მიერ მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი მეპატრონე კეთილ ნებას გამოიჩენს, მაგრამ ესეც ორგანიზებულად უნდა მოხდეს, აღრიცხვისა და კანონიერების ფარგლებში.

კეთილი ნების გამოხატვის შემთხვევა ყოფილა?

კი, გვქონია ასეთი მაგალითები, როცა მეპატრონემ თავისი კეთილი ნებით საკუთარი ფართი დროებით დაუთმო გაჭირვებულ დევნილებს და ჩვენ ისინი ორგანიზებულად ჩავასახლეთ.

გაჭირვებულ დევნილთა კონტინგენტს ვინ ადგენს?

ჩვენი კომისია, რომელიც კონკრეტულად სწავლობს ყველა საქმეს.

ფონიჭალაში დევნილთა ორი ჯგუფი ერთმანეთს შეეჯახა და ორივე აცხადებს, რომ იმ კორპუსში შესვლისა და ცხოვრების უფლება ,,დევნილთა სამინისტროდანმიიღეს.

დიდი ბოდიში, მაგრამ სამინისტრო აქ არაფერ შუაშია. ეს კორპუსი სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება და ამდენად სამინისტრო ვერავითარ ნებართვას ვერ გასცემდა.

ხომ შეიძლება ის კორპუსი მართლაც არავის სჭირდებოდეს და დევნილთა ორგანიზებული შესახლება მოხდეს?

მაგ კორპუსთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის ინსტანციას და პასუხს ველით. გვინდა გავარკვიოთ, ვინ არის მფლობელი. თუ მფლობელი გამოჩნდება, ჩვენ მასთან მოლაპარაკებას გავმართავთ და მისი კეთილი ნებაც თუ იქნა, დევნილებს იქ დროებით ჩავასახლებთ. თუ პატრონი არ გამოჩნდება, მაშინ ვიზრუნებთ, რომ კორპუსი ჩვენს ბალანსზე დაირიცხოს, მერე გავარემონტებთ, საცხოვრებლად ვარგისს გავხდით და მართლაც უსახლკარო დევნილებს ორგანიზებულად შევასახლებთ შიგ. მაგრამ ყოველივე ამის გარკვევას დრო სჭირდება.

0x01 graphic

თინა თარბა

მანამდე კი მინდა შევახსენო ყველას, რომ ტყუილად ნუ გაირჯებიან. სხვისი ქონების მისაკუთრების და განკარგვის უფლება არავის აქვს.

თუ ასეა, ვეტყვი ერთ აფხაზ ქალბატონს, რომელიც დღემდე ქირით ცხოვრობს და მალე ქუჩაში აღმოჩნდება, მოვიდეს თქვენთან. იქნებ გამოინახოს მისთვის ბინა?

კი, ბატონო, მოვიდეს. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ დევნილებს ყოფა შევუმსუბუქოთ. სხვათა შორის, არის სპეციალური პროგრამა, რომელიც დევნილების რაიონში ჩასახლებას ითვალისწინებს. რამდენიმე ადამიანი უკვე დავასახლეთ კიდეც რაიონში. ამის საშუალება კიდევ გვაქვს. თუ ის ქალბატონი რაიონში წასვლაზე თანახმა იქნება, ჩვენ დავეხმარებით.

ცენტრი

მეორე დღეს თინა თარბას ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში“ ვესაუბრეთ და მაქათაძის სიტყვები გადავეცით. ქალბატონ თინას ძალიან გაუხარდა და გვითხრა, რომ აუცილებლად მიმართავდა სამინისტროს.

0x01 graphic

კარკასული ომი

ცენტრის წარმომადგენელმა კი მის შესახებ გვითხრა: ,,ქალბატონი თინა ამა წლის იანვარში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მოგვიყვანა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ფსიქოლოგიურად და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში და გადატანილი წამება (იგი ორჯერ იყო ტყვედ). ჩაიტარა რეაბილიტაციის სრული კურსი“.

3 უმცირესობების დაცვა დემოკრატიულ საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ინტერვიუს უძღვება - ბექა მინდიაშვილი

პროფესორი ბრაიან ბურდეკინი კვირაში თითქმის ორჯერ სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ე.წ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, მოგზაურობს, რათა ერთი უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულოს: ხელი შეუწყოს ამა თუ იმ ქვეყანას ადამიანის უფლებათა ნაციონალური ინსტიტუტების შექმნაში, მათ განვითარებასა და წარმატებულ მოღვაწეობაში. პროფესორი ბურდეკინი საქართველოშიც ხშირად იმყოფება. აქ იგი უძღვება რაულ ვალენბერგის ინსტიტუტის სემინარების ციკლს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რეკომენდაციებს სთავზობს სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებით დაინტერესებულ პირებს და აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული გეგმის შემუშავებაში. თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანი უფრო მისი წარსული საქმიანობაა; 80-იანი წლების ბოლოს ბრაიან ბურდეკინი ავსტრალიის ომბუდსმენი გახლდათ და მან მნიშვნელოვან წარმატებას სწორედ იმ სფეროებში მიაღწია, რომელთა შესახებ ,,სოლიდარობა მოუთხრობს ხოლმე მკითხველს.

ბატონო ბურდეკინ, ჟურნალი ,,სოლიდარობააშუქებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, საზოგადოების სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს და აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი, როგორც ადამიანის უფლებათა ექსპერტისა და ავსტრალიის ყოფილი ომბუდსმენის ხანგრძლივი გამოცდილება სწორედ ამ კუთხით.

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაკუთრებულ მნიშვნელობას რომ ანიჭებს უმცირესობათა უფლებების სფეროს, რადგან, ვფიქრობ, ომბუდსმენისთვის გამორჩეული პასუხისმგებლობაა უმცირესობათა და განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა, იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები, ფსიქიკურად დაავადებული პირები თუ სხვა.

პირველი, რაც მე გავაკეთე ჩემს ქვეყანაში, ის იყო, რასაც მრავალი სხვა ქვეყნის გამოცდილებაც მკარნახობდა: მყარი კონტაქტების დამყარება აპარატის თანამშრომლებსა და უმცირესობათა ჯგუფების ლიდერებს შორის. ჩვენ შევეცადეთ მათთვის აგვეხსნა, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები, რადგან, სამწუხაროდ, მრავალ ქვეყანაში ცივი ომის შემდეგ ძალიან ცუდად ესმოდათ, რას გულისხმობს უფლებების დაცვა. ამგვარად, ჩვენი მესიჯი, რომელიც გვინდოდა მიგვეტანა უმცირესობათა და ასევე უმრავლესობათა ჯუფების ლიდერებამდე, ის იყო, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, უმთავრესად, ადამიანის ღირსების პატივისცემას ნიშნავს. როდესაც მე ვსაუბრობდი, მაგალითად, რელიგიურ ლიდერებთან უპირველეს ყოვლისა იმას ვუსვამდი ხაზს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის ფასეულობები და ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმისა და ყველა ძირითადი რელიგიის მთავარი ფასეულობები ერთია. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ მათთვის იმის გაცნობიერებინებაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ნამდვილად არ წარმოადგენს რაღაც უცხოს, არამედ ის იმგვარ ფასეულობათა სისტემაა, რომელიც ძალიან ჰგავს ყველა დიდი რელიგიის ძირითად ფასეულობათა სისტემას.

მამაჩემი ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის წინამძღოლი იყო. მე გავიზარდე გარემოში, სადაც ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა არსებობდა. ყველა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს ფასეულობათა მყარი სისტემა. თუმცა, ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეკლესია აცნობიერებდეს, რომ არ შეიძლება ვინმე მონოპოლიას ფლობდეს ამ ფასეულობებზე, და რომ, როგორც უკვე ვახსენე, ადამიანის უფლებათა ძირითადი ფასეულობები თითქმის ყველა რელიგიაში იდენტურია. ამის გაცნობიერებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან, თუ ჩვენი ორგანიზაცია მრავალ დაუცველ ჯგუფსა და ღარიბ ფენას ეხმარებოდა, ამავეს აკეთებდნენ რელიგიური ორგანიზაციები. ამგვარად, ხშირად ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობდით.

,,სოლიდარობის წინა ნომერში გამოქვეყნდა ,,მრგვალი მაგიდისმასალები ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების პრობლემებისა და იმ სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც საზოგადოებაში მათთან დაკავშირებით არსებობს. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეთ ავსტრალიაში.

თავდაპირველად ჩვენ ფსიქიატრიული სფეროს გამოკვლევა დავიწყეთ. როგორც გავარკვიეთ, ფსიქიტრიული დაავადებების მქონე ადამიანების უფლებები უხეშად და სისტემატურად ილახებოდა: კანონმდებლობა არღვევდა მათ უფლებებს, ჯანდაცვის სისტემა იყო მათი უფლებების შემლახავი და ა.შ. მაგრამ კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იყო. ამ დამოკიდებულების ხასიათს არასწორი ინფორმირებულობა განსაზღვრავდა. გამოირკვა, რომ ადამიანებს, საზოგადოების წევრებს იმის ეშინოდათ, რაც არ იცოდნენ, რა იყო; შიში დაფუძნებული იყო უცოდინარობაზე. ამგვარად, კვლევამ დაგვანახა, რომ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად უპირველეს ყოვლისა საჭიროა საზოგადოებრივი აზრის შეცვლა საზოგადოების წევრთა ინფორმირების გზით. ეს უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, ვიდრე კანონმდებლობისა და სამთავრობო პროგრამების შეცვლა. რეალურად ფსიქიატრიული პრობლემები თითოეული ჩვენგანის მიკროსოციუმში საკმაოდ გავრცელებული იყო, თუმცა ათვალწუნების შიშით ამაზე არავინ ლაპარაკობდა. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს ან მათ დაავადებებს ისევე მალავდნენ, როგორც ადრე. ამას ყოველთვის ერთი და იგივე შედეგი მოაქვს: ამ ადამიანების მარგინალიზაცია და ხშირ შემთხვევაში მათი მსხვერპლად გადაქცევა. ზოგჯერ, 21-ე საუკუნეშიც კი, ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ შიში და მათი ათვალწუნება ისტორიული ტრადიციებით არის განპირობებული. დღესაც, ისევე როგორც საუკუნეების წინ, ხშირად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ავი სულის მიერ შეპყრობილებად მიიჩნევიან. შეიძლება ითქვას, რომ ათვალწუნების მთავარი კომპონენტი ეს ცრურწმენაა.

რა შედეგი გამოიღო თქვენი კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებამ? როგორ შეხვდა მას მთავრობა? და აქვე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ: მიაღწიეთ თუ არა წარმატებას საზოგადოებრივი აზრის შეცლის სფეროში?

მინდა გითხრათ, რომ შედეგები ძალიან მოცულობითი აღმოჩნდა. თუმცა, მოდით, ცოტა ხნით ისევ კვლევის პროცესს დავუბრუნდეთ, ვინაიდან თავად პროცესი ისეთივე მნიშნელოვანი აღმოჩნდა, როგორც შედეგები. უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ნაციონალურ ინსტიტუტს, მუდმივი დიალოგი გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეკლესიებთან. მათთან თანაშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს კვლევაში 1372 ,,მოწმის ჩვენება“ ჩაგვერთო. მოწმეებს წარმოადგენდნენ ფსიქიკურად დაავადებულთა ოჯახის წევრები, მომვლელები და სხვა დაახლოებული პირები. იმის თქმა მინდა, რომ კვლევა დიდძალ მასალას მოიცავდა. კი, გარკვეული დროის შემდეგ მნიშვნელოვანი შედეგები წარვადგინეთ პარლამენტში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო კვლევის პროცესი: დიალოგი გვქონდა ფსიკურად დაავადებულებთან, მათ მომვლელებთან, ეკლესიის ლიდერებთან, ოჯახის წევრებთან, სხვადასხვა თემის ლიდერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მრავალი რელიგიური ორგანიზაცია იღვწოდა ამ ადამიანების დასახმარებლად. ისინი ამ საქმეს არ უყურებდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვას, არამედ ეს მათთვის საკუთარი რელიგიური ფასეულობების მიხედვით ცხოვრებას ნიშნავდა.

ამ პროცესში რაღაც ძალიან საინტერესო მოხდა. როგორც იცით, მასობრივი ინფორმირების საშუალებები საზოგადოებრივი აზრის ფორმულირების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენს კვლევებამდე გაზეთებს დადებითი კუთხით არასდროს გაუშუქებიათ ფსიქიკურად დაავადებულთა პრობლემები. პირიქით, სტატიების უმრავლესობა ნეგატიური ტონის მატარებელი იყო და, ამგვარად, უარყოფით სტერეოტიპებს აძლიერებდა. ჩვენ აქტიურად ჩავრთეთ მასმედია ჩვენს კვლევაში. მოსახლეობის გამოკითხვა მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მრავალ ქალაქში ვატარებდით ,,მოსმენებს“, ანუ ,,მოწმეებს“ დავკითხავდით ხოლმე. ამ ,,მოსმენებზე“ ყოველთვის ვასწრებდით გაზეთების, რადიოებისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს. ისინი გებულობდნენ, რა არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება ფსიქიკურად დაავადებულებს, რომ მათ ხშირად ისევე ექცეოდნენ (ზოგჯერ უარესადაც!), როგორც ცხოველებს. ნელ-ნელა მათი რეპორტაჟების ტონი შეიცვალა.

0x01 graphic

ერთ-ერთი სტერეოტიპი ფსიქიკურად დაავადებულთა შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს ისინი სულელები ჰგონია. არადა, ეს ასე არ არის. არ არსებობს კორელაცია მენტალურ დაავადებასა და ინტელექტის დაბალ კოეფიციენტს შორის. მრავალი ფსიქიკურად დაავადებული ძალიან ჭკვიანია, და, სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების 10-15%25 (პრემიერ-მინისტრები, მერები, ეკლესიის წინამძღვრები) მანიაკალური დეპრესიით ან სხვა მენტალური სნეულებით არის დაავადებული. რაც უფრო წინ მიდიოდა კვლევა, ჩვენი საზოგადოების მრავალმა ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა აღიარა, რომ რცხვენოდათ და მალავდნენ, ძალიან მძიმე ფორმების დეპრესიით რომ იყვნენ დაავადებულნი. ამგვარად, მოხდა ის, რომ კვლევის ერთ-ერთ სტადიაზე დაიწყო ფსიქიკური დაავადებების დესტიგმატიზაცია. ცნობილი ადამიანების ,,აღსარებებმა“ ამას ძალიან შეუწყო ხელი. ერთი მხრივ, კვლევას ვაწარმოებდით, ვსაუბრობდით კონკრეტულ ადამიანებთან, მეორე მხრივ, მასმედიის საშუალებით ვავრცელებდით ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, შეიცავდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ფსიქიკური დაავადებების უამრავი სახესხვაობა არსებობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ფსიქიკურად დაავადებული, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არ არიან საშიშნი და მათი უმრავლესობის

იზოლირება და ჩაკეტვა სრულებით არ არის საჭირო, და რომ ადეკვატური მკურნალობისას ბევრ მათგანს შეუძლია აქტიური და სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს ოჯახისა და მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.

ამ კვლევის ჩატარებას ნაწილობრივ სხვა კვლევამ შეუწყო ხელი. ცოტა ხნით ადრე ჩვენ უსახლკარო ბავშვების ცხოვრება შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა ფსიქიკურად დაავადებულია. ამ კვლევის დროს ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით ეკლესიებთან - მათი მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი სფეროც ხომ უსახლკაროთა დახმარებაა. ასე რომ, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ვთანამშრომლობდით მუსლიმებთან, კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან, ხსნის არმიასთან და მრავალ სხვასთან.

შედეგები?

შედეგები რეკომენდაციების სერიებად დავყავით. რეკომენდაციები მრავლად გამოგვივიდა. თავდაპირველად რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია გამოვყავით. ამას მოსდევს რეკომენდაციები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობის გამოსწორების შესახებ, შემდეგ - რეკომენდაცია ექიმებისათვის, რათა მათ მკურნალობის პროცესში არ შელახონ დაავადებულთა უფლებები; ვიძლევით რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ამ ადამიანების მდგომარეობა მათსავე გარემოცვაში, რა პროგრამები უნდა განახორციელოს მთავრობამ (მკურნალობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, დასახლების და ა.შ. პროგრამები). ფსიქიკურად დაავადებულ პირთა 80%25 უმუშევარი იყო. ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ მაჩვენებლის შეცვლასაც ისახავდა მიზნად. ასევე, რეკომენდაციით მივმართეთ მთავრობას დახმარებოდნენ ამ ადამიანთა მომვლელებსა და ოჯახის წევრებს, ვინაიდან აქამდე მათ გარემოცვას თითქმის არანაირი ყურადღება არ ეთმობოდა მთავრობის მხრიდან. თუ მთავრობა დახმარებას გაუწევდა ოჯახის წევრებს, ეს გაცილებით უფრო იაფი დაუჯდებოდა მას, ვიდრე ფსიქიკურად დაავადებულთა შენახვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

საბოლოო ჯამში ჩვენს ანგარიშს ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა. მანამდე არ არსებობდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა მდგომარეობის გამოსწორებისკენ მიმართული არანაირი გამოკვეთილი პოლიტიკა. ამ სფეროსთვის გაცილებით ნაკლები ფინანსები გამოიყოფოდა, ვიდრე ფიზიკურად დაავადებულ ადამიანთა სფეროსათვის. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კი ჯანდაცვის სისტემამ ახალი პოლიტიკა შეიმუშავა და პრაქტიკულად ყველა ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინა.

თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად ფსიქიკურად დაავადებულები ეშმაკეულებად მიიჩნეოდნენ. ეს სტერეოტიპი ეკლესიის მიერ არ იყო დამკვიდრებული? თუ ასეა, მაშინ როგორღა ახერხებდით ეკლესიასთან თანამშრომლობას ამ სფეროში?

კი, ნამდვილად, შუა საუკუნეებში მიიჩნევდნენ, რომ მენტალურად დაავადებული ადამიანები ბოროტი სულების მიერ იყვნენ შეპყრობილნი და ხშირად ამ მოსაზრებას ეკლესიაც იზიარებდა. მაგრამ კვლევებმა წარმოაჩინა, რომ ამ დაავადებათა უმრავლესობა გენეტიკურია. ეს შედეგები ეკლესიისთვისაც გახდა ცნობილი და იგი მათ არ უარყოფს.

დავუბრუნდეთ კვლევის პროცესს. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა მის მნიშვნელობას. ჩვენ ვცდილობდით რაც შეიძლება ობიექტურები ვყოფილიყავით, ალიან დიდი გულისყურით მოგვესმინა ყველასთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეხდინა მთელი საზოგადოების ინფორმირება. ამან კარგი შედეგი გამოიღო. შევძელით არასამთავრობო ორგანიზაციების, ეკლესიების, ბიუროკრატების, მასმედიის დაინტერესება ამ საკითხებით. დემოკრატიულ ქვეყანაში, თუკი საზოგადოების ამ კომპონენტების ყურადღების მიპყრობას შეძლებ, ბევრ რამეს მიაღწევ საზოგადოებრივი აზრის სასიკეთოდ შეცვლის თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ დემოკრატია, მეორე მხრივ, საკმაოდ პარადოქსული რამეა. დემოკრატია უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს, ანუ 51%25 უკვე უმრავლესობაა და მან შეიძლება სულ არ გაითვალისწინოს უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის პრობლემები. ხშირად რელიგიური, ეთნიკური, ლინგვისტური, ფსიქიკურად დაავადებულთა და სხვა ჯგუფები უმცირესობაში ხვდებიან. ამიტომ არის აუცილებელი, რომ სწორედ დემოკრატიულ საზოგადოებაში ომბუდსმენმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების დაცვას.

დავუბრუნდები პირველი შეკითხვის თემას და მას საქართველოს რეალობას დავუკავშირებ. რელიგიებს, ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც უმნიშვნელოვანესი პოტენციალი მოეპოვებათ ადამიანის უფლებების პატივისცემისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის გასავითარებლად. თუმცა, ჩვენთან, ჩემი აზრით, ეს შესაძლებლობა არასაკმარისადაა გამოყენებული და ისიც შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური უმრავლესობის ლიდერები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ამ მხრივ, ხშირად ინერტულნი ან გულგრილნი არიან. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა სახალხო დამცველს ეკლესიის სოციალური აქტივობის გაძლიერებაში გარკვეული წვლილის შეტანა? თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ ავსტრალიაში ომბუდსმენისა და ეკლესიების თანამშრომლობას ამ მხრივ პოზიტიური ცვლილება მოჰყვა და სწორედ ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას.

ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესია ძალიან ძლიერია. გულწრფელად რომ გითხრათ, კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ ძალიან კონსერვატული იყო. შემიძლია გითხრათ, სხვა რამდენიმე ინსტიტუტის მსგავსად, ეკლესიას, განსაკუთრებით საქართველოში, ძალიან დიდი როლი აკისრია, მაგრამ მსოფლიო ცოდნა და გამოცდილება არ დევს მხოლოდ ბიბლიაში, ყურანში ან თორაში. მღვდლებს არ ეკრძალებათ განათლების მიღება. მე საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე სასულიერო პირებთან საუბარში და მათთვის იმის განმარტებაში, რომ ჩვენი ძირითადი ფასეულობები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითისათვის, რა არის ქრისტიანობის - მართლმადიდებლობა იქნება ეს თუ კათოლიციზმი - ერთ-ერთი მთავარი მისია? ღარიბებისა და უძლურების დახმარება. დისკრიმინაციისკენ ეს რელიგია არავის მოუწოდებს. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემის აზრით, საქართველო ისტორიულად ძალიან საინტერესო ეტაპზეა. საბჭოურ პერიოდში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და პოლონეთი, ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობდა. პოლიტიკური ზეწოლის გამო რელიგია იყო ეთნიკური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც ის მოხდება, რაც პოლონეთში მოხდა. სხვა ქვეყნების გამოცდილება მაჩვენებს, რომ საქართველო მალე გაივლის ამ სპეციფიკურ ეტაპს, რომელზეც ის ახლა იმყოფება, და ეკლესია, თავისი დიდი ძალაუფლების პერიოდში ერთობ კონსერვატორულად რომ იყო განწყობილიმრავალი სიახლის, მეცნიერულის თუ რელიგიურის, მიმართ, საზოგადოებაში თავის ახლებურ როლს გაიაზრებს და ადამიანის უფლებების, როგორც ძირეული ფასეულობის, დაცვასაც შეითავსებს. მრავალ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ეკლესიისგან ძლიერი წინააღმდეგობა გვხვდება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩემს ქვეყანაშიც თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის გავრცელებას ეკლესია ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. არადა, როგორც უკვე ვთქვი, ეს ფასეულობათა სისტემა არ ეწინააღმდეგება რელიგიურ ფასეულობებს, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ საკრალურმა ნაწილმა არ შეავიწროვოს სამოქალაქო უფლებები. თუმცა მთავარი ეს დაპირისპირება როდია. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, საბჭოთა პერიოდში ეკლესიას მუდმივად უწევდა ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და საერთოდ არსებობის შესანარჩუნებლად. მე მგონია, რომ ასეთმა გამოცდილებამ გარკვეული ავტორიტეტები შექმნა ეკლესიებში, რომლებიც თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ. ეს ავტორიტეტები ძალიან დიდი სიფრთხილით და უნდობლობით უყურებენ ყველა იმ მოძრაობას, რომელმაც შეიძლება გარკვეული ცვლილება შეიტანოს ეკლესიის ცხოვრებაში. პრობლემებიც, ძირითადად, ხწორედ აქედან იღებს სათავეს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც შეიძლება სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა გააკეთოს, ის იქნება, რომ კარგი ურთიერთობა დაამყარონ ყველა რელიგიასთან, რასაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია ომბუდსმენმა რელიგიათა საბჭოს დაარსებით. ამ კონტაქტების მეშვეობით სახალხო დამცველმა უნდა აუხსნას ამ რელიგიების წარმომადგენლებს ის, რისი გაგებაც მათ წარსულში თავიანთი ავტორიტარული როლის გამო არა და არ სურდათ: ადამიანის უფლებები, როგორც ფასეულობათა სისტემა, არ არის ქრისტიანული ფასეულობების კონკურენტი. ადამიანის უფლებები ეს არის სისტემა, რომელიც რეალობაში ამკვიდრებს ქრისტიანულ ფასეულობებს.

მრავალ ქვეყანაში ომბუდსმენები ყოფილი მღვდლები ან სასულიერო პირები არიან. საქართველოს ომბუდსმენსაც ხომ სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული. შემიმჩნევია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც რელიგიური წარსული აქვთ, განსაკუთრებით წარმატებული უფლებადამცველები არიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთის კონკურენტი არ არის, პირიქით, მათ საერთო ფასეულობები აერთიანებთ, ისინი ერთმანეთს აძლიერებენ.

ახლა მოდით იმ მთავარ მიზეზზე ვილაპარაკოთ, რამაც თქვენი, როგორც ომბუდსმენის, წარმატება განაპირობა. როგორ მოახერხეთ საზოგადოების ნდობის მოპოვება?

მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ომბუდსმენს, მის მრჩევლებსა და თანამშრომლებს დიდი ავტორიტეტი ჰქონდეთ საზოგადოებაში, ვინაიდან მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ვერ შეძლებ ადამიანის უფლებათა დაცვას (უმცირესობების წარმომადგენელი იქნება ეს თუ უმრავლესობის), თუკი სათანადო ავტორიტეტი არ გაქვს. მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთ მწვავე საკითხად რჩება საქართველოში. 1995 წელს, 11 წლის წინ, ომბუდსმენის შესახებ კანონის შეფასებაში ვმონაწილეობდი. გულწრფელად რომ გითხრათ, კანონში არის მუხლები, რომელიც კარგი იქნება, თუ შეიცვლება, რის შედეგადაც გაიზრდება ომბუდსმენის უფლებამოსილება. მოხარული ვიქნები, თუ ეს ცვლილება მალე მოხდება.

ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი სტერეოტიპი მკვიდრდება: იმისათვის რომ კარგი ომბუდსმენი იყო, გარკვეულწილად, საჯაროდ გამოხატული არაპოპულარობით უნდა სარგებლობდე მთავრობაში. თქვენთან ეს სხვანაირად არის?

ის, რომ ჩემი ანგარიშის შედეგები გაითვალისწინეს, არ ნიშნავს, თითქოს მე სამთავრობო წრეებში პოპულარული ვიყავი. პირიქით: პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი შეურაცხყოფასაც კი მაყენებდნენ, შეიძლება ითქვას მავიწროებდნენ.

თუ შეიძლება, გვიამბეთ, რა წინააღმდეგობებს გადააწყდით მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას და ამ თვალსაზრისით რა რჩევებს მისცემდით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს.

როგორც ვთქვი, ჩემი ანგარიშით მთავრობა დიდად არ აღფრთოვანებულა. მაკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მინისტრი იყო აღშფოთებული. მაგრამ, როგორც კი მათ ხმა აიმაღლეს, მთელი არასამთავრობო სექტორი, რელიგიური ლიდერები და მოსამართლეები მე მომემხრნენ, თქვეს, რომ მე სიმართლეს ვამბობდი და მთლიანად მენდობიან და მხარს მიჭერენ. ჩემი ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ომბუდსმენი ვერაფერს მიაღწევს, თუ მას საზოგადოების ნდობა არ ექნება. მთავრობა იმიტომ გახდა იძულებული ყური ეთხოვებინა საზოგადოების ყველა ამ სეგმენტის წარმომადგენლისთვის, რომ ჩვენ დემოკრატიული სისტემის ქვეყანა ვართ, რაც იმას ნიშავს, რომ მმართველობას ხმები, ამომრ- ჩეველთა ხმები სჭირდება. მე კი უკვე ძალიან ბევრი მიჭერდა მხარს, ადამიანების დიდი მასა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოება მთავრობის კონსულტანტი იყო, ჩვენ - ამ კონსულტანტის მობილიზატორები.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ომბუდსმენმა დაუშვას, და რა კომპრომისზე შეუძლია მას წასვლა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც ახლა იწყებს დემოკრატიული სისტემის შენებას?

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს მსგავს ქვეყანათა ომბუდსმენების როლი განსხვავდება ერთმანეთისგან. მე სიტყვა ,,შეცდომას“ შევცვლი ,,საფრთხით“ და გიპასუხებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ომბუდსმენისათვის ყველაზე დიდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი თავის დრო და ენერგია კონკრეტული საქმეებისა და საჩივრების გამოკვლევას დაუთმოს და დაივიწყოს სისტემური პრობლემები, სისტემური დისკრიმინაციის გამოვლინებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც სწორედ ასეთ ქვეყნებში პრიორიტეტული უნდა იყოს.

ერთი შეკითხვაც. თქვენ ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში და თვალს ადევნებთ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში და რა როლი ჰქონდა და აქვს ომბუდსმენს ამ პროცესებში.

ათი წლის წინანდელთან შედარებით ომბუდსმენის ოფისი გაცილებით უფრო შთამბეჭდავი გახდა და ამ სამსახურმა ბევრად მეტსაც მიაღწია. ამ ათი წლის განმავლობაში პატივი მქონდა მრავალ ქვეყანაში მემუშავა ომბუდსმენებთან, მათ მრჩევლებთან და თანამშრომლებთან, სხვადასხვა სახის უფლებათა დამცველებთან. შემიძლია შედარება მოვახდინო და ვთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ომბუდსმენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

რაც შეეხება ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს, საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სირთულე აქვს წინ. თუმცა იგივე შეიძლება ითქვას მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებზეც. პოზიტიური მომენტი კი ის არის, რომ ომბუდსმენი და მთელი აპარატი დიდ ენერგიას ახარჯავენ და მნიშვნელოვან როლს აკისრებენ განსაკუთრებულად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობას, იქნებიან ესენი უმცირესობები, ფსიქიკურად დაავადებულნი, სხვადასხვა მხრივ შევიწროებულნი, ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები თუ ინვალიდები. ერთიც უნდა ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის განსაკუთრებით საჭირბოროტო ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვაა. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ომბუდსმენს შეუძლია ძალიან კონსტრუქციული როლი შეასრულოს სწორედ ეკონომიკური და სოციალური სფეროს პოლიტიკის განსაზღვრაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც თქვენი ქვეყნისა და ომბუდსმენის წინაშე დგას, არის ადამიანთა განათლება ადამიანის უფლებების დარგში. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის ადამიანის უფლებების დაცვის არსი და მნიშვნელობა, ვინაიდან საბჭოურ პერიოდში ეს სფერო, უბრალოდ, არ არსებობდა. ომბუდსმენისთვის კი საქმიანობის ამ კუთხით წარმართვა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

4 საზოგადოების ფასეულობები და ძლიერება

▲ზევით დაბრუნება


Tolerance

პრემიერ-მინისტრის, მისი აღმატებულება ტონი ბლერის სიტყვა ,,საზოგადოების ფასეულობები და ძლიერება“, წარმოთქმული ,,გლობალური ეთიკის ფონდისწინაშე

ტიუბინგენის უნივერსიტეტი, გერმანია, 2000 წლის 30 ივნისი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის სიტყვით ვიწყებთ ,,გლობალური ეთიკის ფონდისწინაშე წარმოთქმული სიტყვების პუბლიკაციას. ,,გლობალური ეთიკის ფონდისპროექტი ცნობილმა თეოლოგმა ჰანს კიუნგმა შეიმუშავდა 1990 წელს. პროექტის შექმნის საფუძველი შემდეგ სამ მოსაზრებაში მდგომარეობდა: - არ დამყარდება მშვიდობა ერებს შორის, თუ არ დამყარდა მშვიდობა რელიგიებს შორის; დიალოგის გარეშე, რელიგიებს შორის მშვიდობა არ დამყარდება; დიალოგი ვერ შედგება, თუ რელიგიათა საფუძვლები არ შეისწავლება. ამ პროექტმა თავისი პირველი ნაყოფი 1993 წელს გამოიღო ჩიკაგოში მსოფლიო რელიგიათა პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის სახით - ,,Declaration toward a Global Ethic“. იმავე წელს ტიუბინგენის უნივერსიტეტში ეკუმენურ კვლევათა ინსტიტუტი დაარსდა, რომელიც დღემდე ახორციელებს მრავალ სხვადსხვა პროექტს მთელ მსოფლიოში. 2000 წლიდან ,,გლობალური ეთიკის ფონდის“ წინაშე ყოველ წელს გამოდიან სიტყვით გამოჩენილი პოლიტიკოსები, რელიგიური მოღვაწეები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ა.შ. 2000 წელს ტიუბინგენის უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვა ტონი ბლერს ეკუთვნის. მართალია, ერაყის ომის შემდეგ, ტონი ბლერისა და მისი სიტყვის მიმართ, ,,გლობალური ეთიკის“ მესვეურთა დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ, ეს სიტყვა, მაინც, რჩება ,,გლობალური ეთიკის ფონდის“ ისტორიის ნაწილად.

ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ტიუბინგენის უნივერსიტეტში, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენს. ეს არის ზუსტი და ჰუმანიტარული მეცნიერებების სახელგანთქმული ცენტრი, რომელიც უძველესი დროიდან იყო და კვლავაც რჩება ევროპის ინტელექტუალური განვითარების ავანგარდში. 1534 წელს ჰერცოგმა ულრიხმა ტიუბინგენში გზა გაუხსნა რეფორმაციას, ხოლო 1536 წელს ლუთერანული სემინარია დააარსა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი გერმანიაში ლუთერანიზმის განვითარებას. ხოლო 1817 წელს უნივერსიტეტში თეოლოგიის კათოლიკური ფაკულტეტი აღდგა, რომელიც მას შემდეგ განაგრძობს თანაარსებობას ლუთერანიზმთან ურთიერთგაგებისა და შემოქმედებითი დიალოგის გარემოში.

ვფიქრობ, ეს კარგი გარემოა ჩემი სათქმელის ძირითადი თემისათვის; შევეცდები, ჩემი სიტყვა ოთხ ნაწილად დავყო:

1. გლობალური ცვლილებების ხასიათი;

2. საზოგადოება ქვეყნის შიგნით;

3. საერთაშორისო საზოგადოების დოქტრინა;

4. რელიგიური აღმსარებლობისა და ტოლერანტობის როლი.

ჩრდილოეთ ირლანდია

ვინაიდან ჩემი აქ მოწვევის ერთერთი მიზეზი ჩრდილოეთ ირლანდიაში მიღწეული პროგრესი იყო, რამდენიმე სიტყვით ამ თემას შევეხები. ირლანდიის ისტორია ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ყურადღებას სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მიაპყრობს, რომელსაც ძველი უთანხმოებების მოგვარება შეუძლია.

დღეს ურთიერთშეთანხმებისა და დიალოგის გზით შესაძლებელი გახდა წარსულში არსებული უარყოფითი სტატუს კვოს დანგრევა. სიტყვები ,,ერთობლივი მუშაობა“, რომლებიც ადრე შეურაცხმყოფელად ითვლებოდა, ამჟამად იმ ახალი მომავლის საფუძველია, რომელიც ომის ნაცვლად მშვიდობას გვთავაზობს.

რა არის ის ფუნდამენტური გაკვეთილი, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდია გვასწავლის? ჩემთვის ეს შემდეგს ნიშნავს: 21-ე საუკუნეში არ არსებობს ადგილი ვიწრო და სხვების გამომრიცხავი ტრადიციებისათვის, თანამედროვე მსოფლიოში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას, რაც აუცილებელია მომავალი წინსვლისათვის.

გამოწვევა, რომელსაც ცვლილებები წარმოშობს

ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ცვლილებების ეპოქაში, რომელიც მსოფლიო ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და მოულოდნელობებით აღსავსე ეპოქაა. თითქმის თვე არ გავა ისე, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში რაიმე გასაოცარი მოვლენა არ მოხდეს.

1990 წელს ორმა ამერიკელმა ფუტუროლოგმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით ,,Megatrends 2000“. მათი წინასწარმეტყველების ასრულებას დიდი ხანი არ დასჭირვებია - სულ რაღაც ათი წელი. და მაინც მთელს წიგნში ნახსენებიც არ არის სიტყვა ,,ინტერნეტი“ - ფენომენი, რომელმაც დღეს ჩვენი ცხოვრება შეცვალა.

გლობალიზაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფენომენი და ამიტომაც ჩვენი რეაგირება არ შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის სფეროზე ვრცელდებოდეს. მეოცე საუკუნეში, რომელსაც თავისი დაღი დაასვეს იდეოლოგიურმა კონფლიქტებმა და უთანხმოებებმა, ასეთი კონცეფცია წარმოუდგენელი იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით გლობალიზაციას საფუძველი აქ, გერმანიაში, ბერლინის კედლის დაცემით და ცივი ომის დასრულებით ჩაეყარა. იდეოლოგიური ბარიკადების მსხვრევა მთელს მსოფლიოში მაშინ კი არ დაიწყო, როდესაც არჩევანი გახდა გასაკეთებელი სახელმწიფო ეკონომიკასა და საბაზრო ეკონომიკას შორის, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა იმაზე დავფიქრდით, როგორ უნდა განვითარებულიყო დინამიკური ბაზარი, ინტელექტუალური სახელმწიფო და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.

ამ კვირის დასაწყისში მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომლის მიზანია შექმნას სიცოცხლის წიგნის პირველადი მონახაზი - ადამიანური გენის პროექტი. ის ძალაუფლება, რომელსაც ეს ინფორმაცია გვაძლევს, ძნელად ექვემდებარება ჩვენს ცნობიერებას. მხოლოდ მომავალი თაობები შეძლებენ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობის შეფასებას. ბევრი ჩვენგანის რეაქცია გაოცება იყო, რომელსაც ცუდი წინათგრძნობა ერთვოდა; გაოცება მეცნიერების ახალი მიღწევებით, და წინათგრძნობა იმისა, რომ ამ აღმოჩენის შდეგები ჩვენს თვითშეგნებაზე, ჩვენს ბედ-იღბლზე, იმაზე, რაც, ჩვენი გაგებით, მოვლენათა ბუნებრივი მიმდინარეობაა, დიდ ზეგავლენას მოახდენს.

გლობალიზაციამ ეკონომიკური პროგრესი და მატერიალური კეთილდღეობა მოგვიტანა, მაგრამ მას ფეხდაფეხ მოსდევს საფრთხე: ბავშვებს სკოლის ეზოებში ნარკოტიკებს სთავაზობენ; შემაშფოთებელი სისწრაფით ხდება ბავშვების სექსუალური ევოლუცია; სამიდან ერთი ქორწინება გაყრით მთავრდება; სამუშაო ადგილების არსებობა/არარსებობა დამოკიდებულია ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე სათათბირო დარბაზში მიღებულ გადაწყვეტილებაზე; ოჯახური, რეგიონული და ნაციონალური კავშირები მუდმივ ზეწოლას განიცდის და მათ მუდმივად საფრთხე ემუქრება.

და მაინც ეს არის მსოფლიო, სადაც მაღლა მიიწევს ჩვენი ცხოვრების დონე, სადაც მოგზაურობისა და ერთმანეთთან დაკავშირების ისეთი შესაძლებლობები გვაქვს, რომლებზეც ჩვენი წინაპრები ვერც კი იოცნებებდნენ.

ეს არის მსოფლიო, რომლის საფუძველშიც პარადოქსი ძევს: უფრო მეტი პიროვნული თავისუფლება და, მიუხედევად ამისა, უფრო მეტი დამოკიდებულება ერთმანეთზე. ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, მაგრამ თავად გლობალიზაციის თვისებაა, რომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის სხვებზე ახდენს გავლენას.

ცვლილებები სწრაფია და აგრესიული, სავსეა შესაძლებლობებითა და რისკებით. ისმის კითხვა: ჩვენ ვქმნით ცვლილებებს თუ ისინი გვქმნიან ჩვენ? ჩვენ ვმართავთ მათ თუ ისინი გვმართავენ ჩვენ? როგორ ვმართოთ ცვლილებები - ეს არის ერთადერთი გასაღები თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციის გასარკვევად. ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, ხოლო მათთვის გზის მიცემა სახიფათოა. ასე რომ, მესამე გზა მათი მართვაა. მაგრამ ცვლილებების მართვა შეუძლებელია, თუკი არ იარსებებს მართვის წესები, შეფასება იმისა, თუ როგორ და რატომ უნდა ვმართოთ ისინი ამა თუ იმ კონკრეტული საშუალებით.

სწორედ აქ უნდა გადავწყვიტოთ აშკარა კონფლიქტი ძველსა და ახალს, მოდერნიზატორებსა და ტრადიციონალისტებს შორის. ტრადიციონალისტი მისტირის ძველ წეს-ჩვეულებებს, ჩივის, რომ ოჯახური ცხოვრება ადრე უფრო სტაბილური იყო, ხოლო ახლანდელ ცხოვრებაში უმეტესწილად სიმახინჯე და უწესრიგობაა. მოდერნიზატორი ხედავს თანამედროვე შესაძლებლობებს, უარყოფს წარსულის ცრურწმენებს, ძველ იერარქიებს, მოუთმენლად ელის, რომ ხელში ჩაიგდოს ის მატერიალური სარგებელი, რომელიც თანამედროვეობას მოაქვს. პოლიტიკაში საკვირველი ის არის, რომ ორივე ბანაკში არიან მემარჯვენეები და მემარცხენეები: ტრადიციონალისტი მემარცხენე, რომელსაც სძულს გლობალური ფინანსური გარიგებები; ტრადიციონალისტი მემარჯვენე, რომელსაც ეშინია ემიგრანტებისა; მოდერნიზატორი მემარცხენე, რომელიც ზოგჯერ სრულებით არ აქცევს ყურადღებას ოჯახური ცხოვრების წინაშე მდგომ საფრთხეს; მოდერნიზატორი მემარჯვენე, რომელსაც სჯერა საბაზრო ძალების უზენაესობისა.

0x01 graphic

ამ კონფლიქტის გადაჭრის გზა არის თანამედროვე ცხოვრებაში ტრადიციული ფასეულობების დამკვიდრება და მოძველებული პოზიციებისა და მიდგომების დათმობა; მაგრამ მოდით, ხელახლა შევიცნოთ ტრადიციული ფასეულობების არსი და მივცეთ მათ საშუალება, დაგვეხმარონ ცვლილებების მართვაში. თეოლოგები იტყოდნენ, რომ ეს არის რწმენისა და გონების შერწყმა.

რას ნიშნავს ფასეულობები? ჩემი ზრით, ეს საუკეთესოდ არის გამოხატული საზოგადოების თანამედროვე გაგებაში, რომლის საფუძველშიც ძევს მოსაზრება, რომ ყველა ადამიანი თანასწორად ღირებულია - ეს არის ჩემი პოლიტიკური კურსის მამოძრავებელი აზრი - და რომ ჩვენ ერთობლივი პასუხისმგებლობა გვეკისრება ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს უწყობს ასეთ თანასწორ ღირებულებას. მიაქციეთ ყურადღება: ეს არის თანასწორი ღირებულება და არა შემოსავლისა თუ გასავლის თანასწორობა ან უბრალოდ თანაბარი შესაძლებლობები. ეს უფრო განამტკიცებს ჩვენს შეხედულებას, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება ჰქონდეს საკუთარი ღირსება, იცხოვროს თავისუფლად, დისკრიმინაციის გარეშე და ჰქონდეს სხვების თანასწორი ეკონომიკური შესაძლებლობები. საზოგადოების იდეაში ჩადებულია თანამედროვე მსოფლიოს პარადოქსის ახსნა: ეს იდეა აცნობიერებს ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას, ცნობს ჩვენს ინდივიდუალურ ღირებულებას.

ის საშუალებას გვაძლევს, გავაერთიანოთ ძველი და ახალი. ტრადიციონალისტი მართალია, როდესაც წუხს ოჯახური ცხოვრების დანგრევის გამო. მოდერნიზატორი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ამან არ უნდა შეგვიქმნას ცუდი აზრი მარტოხელა მშობლების ოჯახებზე, რომელთა უმეტესობას თვითონ არ აურჩევია მარტოხელობა. მოდერნიზატორი მართალია, როდესაც ამბობს, რომ გლობალური ბაზრები ცუდი კი არა - კარგია, ტრადიციონალისტი მართალია, როდესაც წუხს იმ უთანასწორობაზე, რომელიც ამ ბაზრებს მოაქვს. მოდერნიზატორს სჭირდება ფასეულობები, ტრადიციონალისტს სჭირდება თანამედროვე რეალობა. ამ გზით გლობალიზაცია, რომელიც შეეხო ვალუტას, მოგზაურობას, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ტექნოლოგიებს, შეიძლება გლობალურ ეთიკაზეც გავრცელდეს.

საზოგადოება - საერთაშორისო იდეა

ამრიგად, მოდით, დავიწყოთ ამ პრინციპის მისადაგება თანამედროვე სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ ვღებულობთ ცვლილებებს იმისათვის, რომ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც მოქალაქეები თანასწორნი არიან, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაც ყველას ეკისრება.

საზოგადოებას ვერ ააშენებ მხოლოდ შესაძლებლობებსა და უფლებებზე დაყრდნობით; უნდა მოხდეს მათი შეჯერება პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობებთან. ეს არის ის პირობა, რომელსაც თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება ეფუძნება. გულახდილად რომ ვთქვა, არა მგონია, რომ მთავრობამ გადასახადების გადამხდელთა ფული საჯარო მომსახურებაზე ან ,,სოციალური გარიყვის“ საწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებაზე - ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივ საქმიანობაზე - დახარჯოს შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების აღნიშნული სინთეზის გარეშე.

იმ უმთავრესი პრობლემებიდან, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას - ვაჭრობა, დაფინანსება, გარემო, ბირთვული იარაღის გავრცელება, ორგანიზებული დანაშაული და ნარკობიზნესი - ვერცერთი ვერ გადაიჭრება, თუკი ყველა ქვეყანა მარტო, სხვა ქვეყნებისგან იზოლირებულად იმოქმედებს.

საუკუნეების მანძილზე ომის საშინელებებითა და ამაოებით შეძრული პოლიტიკური მოღვაწეები და ფილოსოფოსები ცდილობდნენ, საერთაშორისო საზოგადოების იდეალი შესაბამისობაში მოეყვანათ რეალობასთან სახელმწიფოებისა და თავიანთი ინტერესების საფუძველზე. 1309 წელს პოეტმა დანტემ თავის წიგნში ,,მონარქიისათვის“ გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ნაცია უნდა ცხოვრობდეს საერთო კანონის შესაბამისად და რომ ეს ,,მსოფლიო კანონი“ ოდესმე დაიცავს ქვეყნებს ერთმანეთთან ომის დაწყებისაგან. ორასი წლის შემდეგ ჰოლანდიელმა მეცნიერმა ერაზმუსმა ნაშრომში ,,მშვიდობის პროტესტი“ მოუწოდა ყველა მიწიერ მეფესა და მმართველს, ჩამოეყალიბებინათ ,,სამართლიანთა საბჭო“, რომელიც ისე მოაგვარებდა სადავო საკითხებს, რომ, როგორც ის ამბობდა, ,,ომებმა არ წარმოშვან ომები“.

მე-16 საუკუნის ბოლოს დუკ დე სულიმ დაწერა ნაწარმოები სახელწოდებით ,,გრანდიოზული გეგმა“, რომელშიც წამოაყენა წინადადება, რომ ევროპის 15 სახელმწიფოს ჩამოეყალიბებინა ევროპის საბჭო, რომელიც, ეროვნული პარლამენტების მსგავსად, გადაჭრიდა სახელმწიფოთა შორის წამოჭრილ პრობლემებს. 1625 წელს ჰუგო გროტიუსმა ნაშრომში ,,ომისა და მშვიდობის კანონები“ წარმოადგინა საერთაშორისო სამართლის პირველი კომპლექსური სისტემა. უილიამ პენიმ შექმნა ევროპული პარლამენტის სტრუქტურა, ხოლო 1716 წელს აბი დე სენ-პიერმა შეიმუშავა მუდმივი მშვიდობის პროექტი, რომელიც სახელმწიფო მმართველებს სენატში გააერთიანებდა, სადაც სადავო საკითხების გადაჭრა ომის ნაცვლად კენჭისყრის გზით მოხდებოდა. ჟან-ჟაკ რუსო, იმანუელ კანტი და მრავალი სხვა მოაზროვნე თავიანთი დროის შესაბამისად ოცნებობდა სამყაროს ისეთ წყობაზე, სადაც არ იარსებებდა ომი და ქვეყნები გაერთიანდებოდნენ.

მაგრამ რეალურად მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავდა მსოფლიო სამართლებრივი კონსტიტუცია, რომელიც დამტკიცდა სამშვიდობო კონფერენციაზე პარიზში 1919 წელს. მას ერთა ლიგის შეთანხმება ეწოდა.

საბოლოო ჯამში ლიგას სამოცდაერთი ქვეყანა შეუერთდა. ამ ქვეყნებს შორის არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანო არასოდეს ყოფილა მსოფლიო პარლამენტი, ბევრს იგი დღევანდელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინამორბედად მიაჩნია.

თავდაპირველი წარმატებების მიუხედავად, ლიგამ ვერ შეძლო მიეღწია თავისი მიზნისათვის - მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილებისთვის. იგი წინააღმდეგობრივი მსოფლიოს სახედ იქცა. ლიგის საბჭო განიხილავდა იაპონიის მიერ ჩინეთის, იტალიის მიერ ეთიოპიის, ხოლო გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიისა და ავსტრიის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტებს, მაგრამ უძლური იყო, თავიდან აეცილებინა რომელიმე მათგანი.

ლიგის მიერ შემოთავაზებულმა კოლექტიური უსაფრთხოების რთულმა სისტემამ ვერ იმოქმედა, რადგან ნდობისა და საერთო ფასეულობების საფუძველზე მიღებული ურთიერთვალდებულებები, რაზეც უნდა აგებულიყო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, უბრალოდ არ არსებობდა. საუბედუროდ, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დაეთანხმა მუსოლინის, რომ მსოფლიოს წინაშე იდგა უბრალო არჩევანი - ,,ფაშიზმი ან კომუნიზმი“.

მადლობა ღმერთს, მუსოლინი ცდებოდა, თუმცა მილიონობით ადამიანი დაიღუპა როგორც ერთის, ისე მეორის დამარცხებისას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება ნახევარ საუკუნეზე მეტია მოქმედებს, როგორც კაცობრიობის პოლიტიკური კონსტიტუცია. მაგრამ საკმარისია უბრალოდ გადავხედოთ პრეამბულას, რომ გაოცებულნი დავრჩებით იმ უფსკრულით, რომელიც არსებობს დაპირებასა და მის შესრულებას შორის, 1945 და 1919 წლების იმედებსა და ვალდებულებებს და ბოსნიაში, კონგოში, ანგოლასა და ავღანეთში განუხორციელებელ გეგმებს შორის.

მე მჯერა, რომ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას, თუ საერთაშორისო საზოგადოების დოქტრინის ჩამოყალიბებას დავიწყებთ, რომელიც გაცნობიერებული პირადი დაინტერესების პრინციპს დაემყარება როგორც ქვეყნებს შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროსაც, საზოგადოებისა, რომელიც ყველა ადამიანის თანაბარი ღირებულების პრინციპს, ერთობლივ უფლებებსა და მოვალეობებს ემყარება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნები არ იმოქმედებენ თავიანთი ინტერესების შესაბამისად ან რომ არ იქნება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, როდესაც იჩრდილება ურთიერთგაგების სურვილი. ჩვენ არა ვართ გულუბრყვილოები. მაგრამ უნდა ითქვას, რომ უმეტესწილად ჩვენი პრობლემები საერთოა და როდესაც არ არსებობს ურთიერთგაგება ამ პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენს საზოგადოებასა და ეკონომიკას საფრთხე ემუქრება.

საერთო პრობლემებმა და საერთო ინტერესებმა ერთობლივ პასუხისმგებლობამდე და ერთობლივ სარგებლიანობამდე მიგვიყვანა.

ევროკავშირი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. დიდი ბრიტანეთისათვის მნიშვნელოვანია იყოს სრულუფლებიანი და წამყვანი პარტნიორი ევროპაში. დროა, ვირწმუნოთ, რომ ბრიტანეთს შეუძლია ევროპაში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღება და მათზე ზემოქმედება. ჩვენ არ აღვიქვამთ ევროპას შეთქმულებად ჩვენ წინააღმდეგ - ის ჩვენი პერსპექტივაა.

ურთიერთგაგება სხვადასხვა სარწმუნოებას შორის

რწმენა და გონება ერთმანეთის მოწინააღმდეგეები კი არა, არამედ პარტნიორები არიან. წარსულში და სულ უფრო ხშირად აწმყოში ჩვენ ვაფასებთ რელიგიის მიერ მშვიდობის პროპაგანდაში შეტანილ წვლილს. მართალია, მშვიდობა და რელიგია ყოველთვის არ იდგნენ ერთმანეთის გვერდით, მაგრამ დღეს სხვადასხვა რელიგიებს შორის მეტი ურთიერთგაგების მიღწევის გზით უფრო სამართლიან და მშვიდობიან მსოფლიოს ვუახლოვდებით.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელიც მდიდარია რელიგიათა შორის დიალოგის მაგალითებით. პაპის ამასწინანდელი მომლოცველობა იერუსალიმში გვახსენებს დროს, როდესაც ებრაელები, მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს მეგობრულ ატმოსფეროში ხვდებოდნენ. ასევე მართებული და ტიუბინგენის კულტურულ ტრადიციასთან ახლო მდგომი მოვლენა იყო ის, რომ შარშან ხელი მოეწერა გამართლების დოქტრინის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ძირითადი ეტაპია ლუთერანულ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთგაგების მიღწევის საქმეში. ასეთი მაგალითები მსოფლიოს დიდ იმედს აძლევს და მკაფიო ნიშანს უგზავნის, რომ რწმენა დოქტრინულ განსხვავებებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ხელი შეუშალოს თანამშრომლობის გაძლიერებას.

რელიგიური დიალოგი და ურთიერთგაგება აუცილებელია მშვიდობისათვის. უცოდინრობა წარმოშობს შიშს, რომელიც, თავის მხრივ, კონფლიქტს იწვევს. არ არის აუცილებელი, რომ ასეთი დიალოგით მოხდეს განსხვავებების უარყოფა ან მათი მნიშვნელობის დაკნინება, მაგრამ ამ დროს უნდა გამოიძებნოს განსხვავებული სარწმუნოებების საერთო ელემენტები.

ჩვენი მსოფლიოს საზოგადოება ხელით ნაქარგს ჰგავს: მის უკანა მხარეს რაღაც ძაფები მოჩანს, ხოლო წინ ყველასათვის გასაგები სურათი იხატება. სხვადასხვა სარწმუნოებები ქმნიან გლობალურ საზოგადოებას, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ერთი და იმავე ფუნდამენტური შეკითხვის - ცხოვრების არსის - ახსნის განსხვავებულ გზებს.

თუკი მართალია, რომ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში წარმატებულად მხოლოდ საერთო ფასეულობების მიმართ ვალდებულების გზით შეიძლება ვიცხოვროთ, მაშინ, რა თქმა უნდა, სარწმუნოებას თავისი როლი აკისრია ამ ვალდებულების გაღრმავებაში. რა არის სარწმუნოება, თუ არა რწმენა რაღაც უფრო მეტის, ვიდრე საკუთარი თავია? რა არის საზოგადოების ცნება, თუ არა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების აღიარება ყველა ქვეყნის მიერ? მართლაც, რწმენა გონების მოკავშირეა.

რელიგია ხშირად გადადის ფანატიზმში, მაგრამ ასევე ემართება პოლიტიკურ იდეოლოგიასაც. თუმცა საზოგადოება, რომელშიც არსებობს რელიგიური რწმენა, ჩემი აზრით, თავისი არსით ყოველთვის საკაცობრიო სიკეთის მიმდევარი იქნება; და რამდენადაც ნაკლებად შერაცხავს ის გონებას თავის მტრად, იმდენად მალე მიაღწევს ამ სიკეთეს.

რელიგიებს შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში, ისეთი საზოგადოებებისა, რომლებიც ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული. გლობალიზაციის გარდუვალობა მოითხოვს ჩვენი საუკეთესო ეთიკური ფასეულობების პარალელურ გლობალიზაციას; ჩვენ გვჭირდება არა გაფილტრული ან უსარგებლო ერთიანობა მდიდარი ფასეულობებისა, რომლებიც მორწმუნე საზოგადოებებს ქმნიან, არამედ ჩვენი სარწმუნოებების ძირითადი ღირებულებები - სოლიდარობა, სამართლიანობა, მშვიდობა და პიროვნული ღირსების გრძნობა არის ის, რაც გლობალიზაციის ეპოქაში გამოგვადგება.

დასკვნა

ტრადიციულად ესენი რელიგიური ფასეულობები იყო. მაგრამ ჩვენ ახლა ვიცით, რამდენიმე საკმაოდ ურთიერთგანსხვავებული დისციპლინის მეშვეობით, რომ ეს უნივერსალური ფასეულობებია. ეკონომისტები ამას ,,სოციალურ კაპიტალს“ უწოდებენ, დარვინისტი ბიოლოგები - ,,ორმხრივ ალტრუიზმს“, პოლიტიკური თეორეტიკოსები - კომუნიტარიანიზმს ანუ სამოქალაქო საზოგადოებას. თითოეული ეს სახელწოდება საკმაოდ მარტივ იდეას გულისხმობს - სწრაფადცვალებად გარემოში არსებობის ძალას თანამშრომლობის ჩვევები, ურთიერთდახმარების ქსელები, ერთმანეთისადმი ნდობა გვანიჭებს. და ჩვენ ვსწავლობთ ამ ჩვევებს ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში. სწორედ აქ, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ჩვენი საერთო ისტორია და ჩვენი იდეალები, ვსწავლობთ ერთად ყოფნის საფუძვლებს, უფლება-მოვალეობების მიღება-გაცემას. მათ გარეშე საზოგადოება სრულიად აბსტრაქტული, არარეალური იქნებოდა. საზოგადოება არის ის ადგილი, სადაც იციან შენი სახელი და სადაც ადამიანებს ენატრები, როდესაც იქ არ ხარ. საზოგადოება არის ადამიანთა გაერთიანება, რომელსაც ადამიანური სახე აქვს.

და ეს არის ის, რაც გვჭირდება ცვლილებების ეპოქაში. დაუჯერებელი და, ამავე დროს, ამაღელვებელი ფაქტია, რომ ჩვენი სარწმუნოების უდიდესმა ტრადიციებმა გაუძლო დროს, მაშინ, როდესაც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემები მუდმივად იცვლებოდა. სადაც არ უნდა შეგხვდეთ ჯგუფი, რომელმაც მოახერხა სიღარიბისა და გაჭირვების მარწუხებიდან თავის დაღწევა, იქვე აუცილებლად ნახავთ ძლიერ ოჯახებს, რელიგიურ ასოციაციებსა და საზოგადოებებს. სწორედ იქ აღმოაჩენთ, რომ კრიზისის გაზიარება იგივეა, რაც მისი განახევრება, ხოლო დღესასწაულის გაზიარება მის გაორმაგებას ნიშნავს.

ამრიგად, ჩემი არგუმენტი თქვენ წინაშე არის ის, რომ ტრადიციული ფასეულობები და ცვლილება ერთმანეთის მტრები კი არა, მეგობრები არიან - ვინაიდან სწორედ ცვლილებების ეპიცენტრში გვჭირდება სტაბილურობის ადამიანური საფუძვლები. სწორედ მაშინ გვჭირდება მაგარი ფესვები, როდესაც ყველაზე ძლიერად უბერავს ქარი. როდესაც გვეცოდინება, რომ მარტო არა ვართ, მაშინ შევძლებთ შევეგებოთ მომავალს შიშის გარეშე.

სწორედ საზოგადოება გვაძლევს ამის საშუალებას. სწორედ ფასეულობებს ეფუძნება საზოგადოება. და ეს ხდება ახალ სამყაროში, როდესაც გლობალური ფასეულობები, რომლებიც ნაციონალურ საზღვრებს და იდეოლოგიურ ჰორიზონტებს სცილდება, მიგვიძღვის ჩვენი მიზნისაკენ - ყველა ადამიანისთვის უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და წარმატებული მსოფლიოსაკენ.

5 ლიბერალიზმი - თავისუფლების იდეოლოგია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა და იდეოლოგია

ფრიდონ საყვარელიძე

,,მონობისთვისაა განწირული ის, ვისაც თავისუფლება მხოლოდ თავისუფლებისთვის არ უყვარს

ალექსის დე ტოკვილი

ფუნდამენტური ღირებულებები

პოლიტიკური იდეოლოგიები ერთმანეთისაგან განსხვავდება სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და პიროვნებასთან მათი დამოკიდებულების მიხედვით.

კომუნისტებისათვის მთავარია სახელმწიფო, რომელიც მკაცრად აკონტროლებს წარმოებასა და მატერიალური სიკეთის განაწილებას.

სოციალ-დემოკრატებისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების, კოლექტივის ინტერესები და წარმოებული მატერიალური სიკეთის საზოგადოების წევრებს შორის მეტ-ნაკლებად თანაბარი განაწილებისაკენ მისწრაფება.

ლიბერალისათვის მთავარია პიროვნება და მისი ინტერესების პრიორიტეტი სახელმწიფოს ინტერესებთან შედარებით. ამასთანერთად, ლიბერალიზმისათვის მნიშვნელოვანია პიროვნების პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

ლიბერალიზმი (ლათ. liber - თავისუფალი) - ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი.

ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა; არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება; ხელისუფლების დაყოფა; კანონის უზენაესობა; საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე; კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა; უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისათვის.

უმთავრესი იდეა, საფუძველი, გნებავთ, პროგრამა ლიბერალიზმისა გახლავთ მოსაზრება, რომ პიროვნული თავისუფლება ფიქციაა კერძო საკუთრების გარეშე. ამ უკანასკნელზე საუბრისას პირველ ყოვლისა დოლარების შეკვრა და მდიდრული ვილები წარმოგვიდგება თვალწინ. არადა, ადამიანის კერძო საკუთრება უპირველესად არის მისი სიცოცხლე, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს, მისი სხეული, რომელსაც უნებართვოდ თითიც ვერავინ უნდა დააკაროს, მისი ღირსება, რომლის შელახვა დაუშვებელია და დრო, რომელსაც თავად ადამიანი განკარგავს საკუთარი შეხედულების მიხედვით. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ცხადია, რომ ადამიანი, რომელსაც არა აქვს კერძო საკუთრების უფლება, ვერც თავისუფალი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კერძო საკუთრების უფლებას მოკლებული ადამიანი მონაა.

0x01 graphic

ჯონ ლოკი (1632 - 1704 წწ.) ინგლისელი ფილოსოფოსი და პედაგოგი

თანამედროვე ლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს ღია საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია პლურალიზმსა და სახელმწიფოს დემოკრატიულ მართვაზე. ლიბერალთა შეხედულებების მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ადამიანთა კეთილდღეობისათვის არსებობს და ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა მართულთა უმრავლესობის თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს.

ლიბერალური სახელმწიფოს ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი (,,მართულთა თანხმობა“) პირველად აშშ-ის კონსტიტუციაში დაფიქსირდა, თუმცა კი, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეები ევროპული წარმოშობის იყო. საფრანგეთის რევოლუციის დროს ფრანგული ბურჟუაზია ასევე შეეცადა ლიბერალურ პრინციპებზე აგებული ხელისუფლების შექმნას. ესპანეთის 1812 წლის კონსტიტუციის ავტორებმა, რომლებიც ოპოზიციაში უდგნენ ესპანურ აბსოლუტიზმს, როგორც ჩანს, პირველებმა გამოიყენეს სიტყვა ლიბერალი პოლიტიკური მოძრაობის მომხრეთა აღსანიშნავად. XVIII საუკუნის ბოლოდან ლიბერალიზმი ერთერთი წამყვანი იდეოლოგია გახდა პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

თანამედროვე ლიბერალიზმში გაერთიანებულია ე.წ. ანგლო-საქსური და კონტინენტური ტრადიციები.

ანგლო-საქსური ტრადიციისათვის განმსაზღვრელია ყოველი ადამიანის პიროვნული თავისუფლება. ლიბერალური აზროვნების კორიფეს ჯონ ლოკს ეკუთვნის იდეა, რომლის მიხედვითაც სტაბილური საზოგადოების საფუძველს თავისუფალი პიროვნებები წარმოადგენენ, რომელთაც აქვთ სიცოცხლის, პირადი თავისუფლების და კერძო საკუთრების უფლებები, სახელმწიფოს კი ოდენ ,,ღამის დარაჯის“ ფუნქცია ენიჭება. ლოკის წარმოდგენები ე.წ. ბუნებითი უფლებების შესახებ თანამედროვე ადამიანის უფლებების წინამორბედი გახდა.

კონტინენტური ტრადიციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობა კანონის წინაშე, რომელსაც მონარქებიც უნდა ემორჩილებოდნენ (შარლ ლუი მონტესკიე), დოგმებისა და ცრურწმენებისაგან გონების განთავისუფლება და მუდმივი რეფორმები.

ლიბერალური აზრის კორიფეებად ასევე ითვლებიან განმანათლებლობის ეპოქის ფრანგი წარმომადგენლები - ჟან-ჟაკ რუსო დავოლტერი. მათთან ერთად ლიბერალიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჯონ სტიუარტ მილმა, დევიდ იუმმა, იმანუილ კანტმა, ადამ სმიტმა, ფრიდრიხ ნაუმანმა და სხვებმა. (სამწუხაროდ, ,,და სხვებში“ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც განუზომელი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ლიბერალურიაზროვნების განვითარებაში: ჯონ მეინარდ კეინსი, ლუდვიგ ფონ მიზესი, მილტონ ფრიდმანი. ვშიშობ, რომ ვერც ამჯერად ამოვწურავ სიას და ვერც ,,და სხვებს“ გავექცევი).

ლიბერალიზმი და რევოლუციები

ის აზრი, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს უნდა შეეძლოთ საქმიანობა მონარქების, არისტოკრატიის ან ეკლესიის ჩარევის გარეშე, თეორიად რჩებოდა ამერიკულ და ფრანგულ რევოლუციებამდე.

კოლონიურ ამერიკაში თომას ჯეფერსონმა და ჯონ ადამსმა დაარწმუნეს თანამემამულენი, აღმდგარიყვნენ სიცოცხლის, პირადი თავისუფლებისა და ,,ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების“ სახელით (თითქოს ლოკის მოწოდების გამეორებაა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი შესწორებით: ჯეფერსონმა ლოკის ,,საკუთრება“ ,,ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებით” შეცვალა). ამგვარად, რევოლუციის მიზანი გახდა პირად თავისუფლებასა და მართულთა თანხმობით განხორციელებულ მმართველობაზე დამყარებული რესპუბლიკა. ჯეიმს მედისონი თვლიდა, რომ ეფექტური თვითმმართველობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური უმცირესობების დასაცავად აუცილებელია ბალანსირებისა და შეკავების სისტემა. ეს აისახა კიდევაც აშშ-ის კონსტიტუციაში (1787 წ): ბალანსმა ფედერალურ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის, ხელისუფლების დაყოფამ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებად, ორპალატიანმა პარლამენტმა, არმიის მიმართ დაწესებულმა სამოქალაქო კონტროლმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პიროვნების ხელში.

0x01 graphic

თომას ჯეფერსონი (დგას) ჯონ ადამსი და ბენჟამინ ფრანკლინი აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობისას. ჯერომ ფერისის ნახატი

საფრანგეთის რევოლუციამ ჩამოართვა ძალაუფლება მონარქს, არისტოკრატიასა და კათოლიკურ ეკლესიას. ლიბერალიზმის სფეროში ფრანგი რევოლუციონერები ამერიკელებზე შორს წავიდნენ, როდესაც დააწესეს საყოველთაო საარჩევნო უფლება მამაკაცებისათვის, ეროვნული მოქალაქეობა და მიიღეს ამერიკული ,,თავისუფლებათა ბილის“ ანალოგიური ,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ (1789 წ). თუმცა შემდგომში, იაკობინელებმა რობესპიერის მეთაურობით პრაქტიკულად მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეს თავი, შეაჩერეს სათანადო სამართლებრივი პროცედურების მოქმედება და მასშტაბური ტერორი წამოიწყეს, რამაც მრავალი ლიბერალი, მათ შორის თვით რობესპიერიც, იმსხვერპლა. ნაპოლეონ ბონაპარტმა ღრმა საკანონმდებლო რეფორმა განახორციელა, რომელშიც აისახა რევოლუციის ბევრი იდეა, მაგრამ შემდგომში გააუქმა რესპუბლიკა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ნაპოლეონის სამხედრო კამპანიების თანამდევი მოვლენა იყო ლიბერალიზმის გავრცელება მთელს ევროპაში, ესპანეთის ოკუპაციის შემდეგ კი მთელს ლათინურ ამერიკაში (უსამართლობაა მხოლოდ ,,თანამდევი“ მოვლენა ვუწოდოთ ზემოთ აღწერილს. ამიტომ, სხვანაირად ვიტყვი: ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას თანამედროვე ევროპა სხვებთან ერთად ბონაპარტსაც უნდა უმადლოდეს).

ლიბერალიზმი და დემოკრატია

,,ერთგვაროვანი და დოქტრინული უმრავლესობის მმართველობისას დემოკრატია შეიძლება ყველაზე უარეს დიქტატურაზე ტირანული აღმოჩნდეს“

ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი

რევოლუციებმა განამტკიცეს ლიბერალთა პოზიციები, რომლებიც წინადადებებიდან უკომპრომისო მოთხოვნებზე გადავიდნენ. ლიბერალურ ღირებულებათა ჩამონათვალს დემოკრატია დაემატა.

პიროვნების უფლებათა უბრალოდ აღიარების ნაცვლად მთელ სახელმწიფო ხელისუფლებას საფუძვლად დაედო ბუნებითი სამართალი, რომელიც ან ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობდა, ან საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან (,,მართულთა თანხმობა“). ოჯახური საკუთრების და ფეოდალური ტრადიციის ადგილი (ტრადიციისა, რომლის მიხედვით მხარეთა ვალდებულებები პირადი ერთგულებით არის განპირობებული), დაიკავა წარმოდგენებმა ნებაყოფლობითი თანხმობის, კომერციული კონტრაქტის, ინდივიდუალური კერძო საკუთრების შესახებ.

0x01 graphic

ტოკვილის ამ წიგნმა ასობით გამოცემას გაუძლო

თავდაპირველად ლიბერალიზმისა და დემოკრატიის იდეები არათუ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, არამედ კიდევაც ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ლიბერალისათვის საზოგადოების საფუძველია ადამიანი, რომელიც ფლობს საკუთრებას და მის დაცვას ესწრაფის. იგულისხმებოდა, რომ მხოლოდ მესაკუთრეებს ხელეწიფებათ სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მიღება და ხელისუფლებას ისინი აძლევენ თანხმობას მმართველობაზე. დემოკრატია კი, პირიქით, ნიშნავს ხელისუფლების ფორმირებას ხალხის უმრავლესობის მიერ და მნიშვნელობა არა აქვს, საკუთრების მქონენი არიან ისინი თუ არა. ლიბერალების აზრით ღარიბთა დიქტატურა საშიშია კერძო საკუთრებისა და პიროვნების თავისუფლებისათვის. დემოკრატების აზრით, ღარიბებისათვის ხმის უფლებისა და საკანონმდებლო პროცესში საკუთარ ინტერესთა წარმოდგენის შესაძლებლობის ჩამორთმევა დამონების ერთ-ერთი ფორმაა. ბევრი აშკარა ლიბერალი (თ. ჯეფერსონი, ჯ. ლოკი და სხვები) დემოკრატიის წინააღმდეგი იყო, რაც აისახა კიდეც აშშ კონსტიტუციის თავდაპირველ რედაქციაში, სადაც საარჩევნო უფლება ქონებრივ ცენზთან იყო მიბმული. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ფრანგი ლიბერალები მხარს უჭერდნენ ნაპოლეონ ბონაპარტს, რომელიც თუმცა წინააღმდეგი იყო ანგარიშვალდებული ხელისუფლებისა და მითუმეტეს ხალხის მმართველობისა, მაგრამ ხელს უწყობდა ბევრი უმნიშვნელოვანესი ლიბერალური იდეის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას.

შემობრუნების მომენტი გახდა ალექსის დე ტოკვილის ნაშრომი ,,დემოკრატია ამერიკაში“ (1835), რომელშიც ტოკვილმა ისეთი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობა დაგვანახა, სადაც პირადი თავისუფლება და კერძო საკუთრება დემოკრატიასთან თანაარსებობენ. მისი აზრით, ,,ლიბერალური დემოკრატიის“ სახელით ცნობილი ამ მოდელის წარმატების გასაღებს წარმოადგენს შესაძლებლობების თანასწორობა, ყველაზე სერიოზულ საფრთხეს კი - სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და სამოქალაქო უფლებების გათელვა.

ლიბერალიზმი და ტოტალიტარიზმი

XX საუკუნის მეორე მეოთხედში ორი ერთმანეთისადმი მტრული იდეოლოგია ჩამოყალიბდა, რომლებიც აშკარად უპირისპირდებოდნენ ლიბერალიზმს. საბჭოთა კავშირში ბოლშევიკებმა კაპიტალიზმის ნარჩენებისა და ბურჟუაზიული ლიბერალიზმის სრულ ლიკვიდაციას მიჰყვეს ხელი, ხოლო კონტინენტურ ევროპაში გაჩნდა ფაშიზმი, რომელიც, მუსოლინის თქმით, ,,მესამე გზას“ წარმოადგენდა. ფაშიზმი უარყოფდა როგორც ლიბერალიზმს, ისე კომუნიზმს. საბჭოთა კავშირში კერძო საკუთრება აკრძალული იყო სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის მიღწევის მიზნით. იტალიისა და განსაკუთრებით გერმანიის ხელისუფლება უარყოფდა ხალხთა თანასწორობას და თავიანთი ერების რასობრივი უპირატესობის პროპაგანდას ეწეოდნენ. კომუნიზმიც და ფაშიზმიც ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლს ესწრაფოდნენ და პირად ინტერესებთან შედარებით საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტს აღიარებდნენ. ამის გამო, ლიბერალების აზრით, ფაშიზმიც, ნაციზმიც და ბოლშევიზმიც ტოტალიტარულ რეჟიმებს წარმოადგენდნენ. ტოტალიტარიზმი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს ცენტრალიზებულ რეგულირებას ესწრაფის, რაც მომაკვდინებელია დემოკრატიისთვის. ამიტომაც ლიბერალიზმი თავის თავს ტოტალიტარიზმის მოწინააღმდეგედ განიხილავდა.

გავრცელებული მოსაზრებით, ტოტალიტარიზმის სიცოცხლისუნარიანობა იმით აიხსნება, რომ კრიზისების დროს ადამიანები ხსნას დიქტატურაში ხედავენ. თითქოსდა სახელმწიფოს მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა და ეკონომიკის ბალანსირება ევალება. როგორც პოლიტიკური ფილოსოფოსი და დიპლომატი სერ ისაია ბერლინი (1909-1997 წწ.) ამბობდა - ,,თავისუფლება მგლებისათვის ნიშნავს ცხვრების სიკვდილს“. ნეოლიბერალები განსხვავებულად ფიქრობენ. თავის ნაშრომში ,,გზა მონობისაკენ“ ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1974) ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი ამტკიცებდა, რომ ტოტალიტარიზმი ბაზრის მომეტებული რეგულირების შედეგია, სწორედ ამის გამო კარგავს მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს.

ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსი კარლ პოპერი თავის ნაშრომში ,,ღია საზოგადოება და მისი მტრები“ (1945 წ.), იცავდა ლიბერალურ დემოკრატიას და ,,ღია საზოგადოებას“, სადაც პოლიტიკური ელიტა სისხლისღვრის გარეშე შეიძლება ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. პოპერი ამტკიცებდა, რომ რადგანაც ადამიანების მიერ ცოდნის დაგროვების პროცესი შეუცნობელია, ამიტომ იდეალური სახელმწიფო მმართველობის თეორია პრინციპულად არ არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკური სისტემა საკმარისად მოქნილი უნდა იყოს, რათა მთავრობამ საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკის რბილად, უმტკივნეულოდ შეცვლა შეძლოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ღია უნდა იყოს მრავალი სხვადასხვა მოსაზრების (პლურალიზმი) და სუბკულტურის (მულტიკულტურულობა) მიმართ.

0x01 graphic

კარლ პოპერი (1902-1994) ბრიტანელი ფილოსოსოფოსი და სოციოლოგი

თანამედროვე ლიბერალიზმი

,,ლიბერალისათვის თავისუფლება განუყოფელია. ეკონომიკური თავისუფლება ვერ იქნება საიმედო პოლიტიკურის გარეშე, პოლიტიკური თავისუფლება კი ეკონომიკური თავისუფლებითაა უზრუნველყოფილი“.

ოიგენ რიხტერი

დღეისათვის ლიბერალიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგიაა. პირადი თავისუფლების კონცეფცია, საკუთარი ღირსების გრძნობა, სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი, ადამიანის საყოველთაო უფლებები, რელიგიური შემწყნარებლობა, პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი ბაზარი, თანასწორობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ხელისუფლების გამჭვირვალობა, ხელისუფლების შეზღუდვა, ხალხის ხელისუფლების უზენაესობა, ხალხთა თვითგამორკვევა, მშვიდობა - ამ იდეებმა ფართო გავრცელება პოვა. ლიბერალურ-დემოკრატიულ რეჟიმებს განეკუთვნება კულტურითა და ეკონომიკური კეთილდღეობის დონით ისეთი ურთიერთგანსხვავებული ქვეყნები, როგორიცაა: ფინეთი, იტალია, ლიტვა, კვიპროსი, კანადა, ჩილე, კოსტარიკა, ტაივანი, სამხრეთ კორეა და სხვები. ამ ქვეყნებში ლიბერალური ღირებულებები გადამწყვეტია საზოგადოების მიერ ახალი იდეების ფორმირებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იდეალები და რეალობა ხშირად არ თანხვდება ერთმანეთს. იმის გამო, რომ დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში პოლიტიკური მიმდინარეობების უმრავლესობა ლიბერალურია, წარმოიშვა დიფერენციაციის აუცილებლობა. მემარჯვენე ლიბერალები, როგორც წესი, კონსერვატორებთან ასოცირდებიან. აშშ-ში საკუთრივ ტერმინ ლიბერალებში მემარცხენე ლიბერალურ ფრთას გულისხმობენ, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპაში ეს ტერმინი ლიბერტარიანებს აღნიშნავს, მემარცხენეებს კი სოციალ-დემოკრატებს უწოდებენ.

ლიბერტარიანობა ჰაიეკისა და ,,ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ სხვა წარმომადგენელთა სწავლების საფუძველზე წარმოიშვა. ის ეკონომიკური ლიბერალიზმის ყველაზე მკაფიო ფორმაა, რომელიც ეკონომიკაში სახელმწიფოს ნებისმიერ ჩარევას თავისუფლების საფრთხედ აცხადებს. ჰაიეკი ამტკიცებდა, რომ ლიბერალური დემოკრატიის შენარჩუნების წინაპირობა ეკონომიკური თავისუფლებაა. ამ უკანასკნელის ძირითადი მახასიათებლებია კერძო საკუთრება, თავისუფალი მეწარმეობა და ფასები, კონკურენცია, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება.

ლიბერტარიანებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ან სამეწარმეო საქმიანობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა დავიცვათ ერთი ადამიანის თავისუფლება და საკუთრება სხვების მიერ ხელყოფისაგან. ისინი სოციალური ლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოდიან. საგარეო პოლიტიკაში კი უარყოფენ სამხედრო აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას.

ზემოთ უკვე ვახსენეთ ნეოლიბერალიზმი, რომელიც ეკონომიკური ლიბერალიზმის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მას ხშირად განიხილავენ, როგორც ეკონომიკურ თეორიას. ნეოლიბერალების მიზანია არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება ზომიერი მონეტარული რეგულირების ფუნქცია. ამას გარდა, სახელმწიფო წარმოადგენს საგარეო ბაზრებზე გაღწევის ინსტრუმენტს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ქვეყნები ხელს უშლიან თავისუფალ ვაჭრობას. ნეოლიბერალური ეკონომიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოვლინებაა პრივატიზაცია, რისი ნათელი მაგალითიცაა დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის კაბინეტის მიერ გატარებული რეფორმები.

სოციალური ლიბერალები, როგორც წესი, თავიანთ თავს სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს აკუთვნებენ. ისინი საკმაოდ გავლენიანები არიან სკანდინავიაში, სადაც სხვადასხვა დროს განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისებმა სოციალური საკითხების გააქტიურება გამოიწვია. ამ საკითხების გადასაჭრელად სოციალ-დემოკრატები მუდმივად ზრდიდნენ გადასახადებს და სახელმწიფო სექტორის წილს ეკონომიკაში. ამასთან ერთად, ხელისუფლებისთვის მრავალწლიანმა ბრძოლამ, რომელიც მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალურ ძალებს შორის მიმდინარებდა, ეფექტური კანონების მიღებასა და ხელისუფლების გამჭვირვალობას შეუწყო ხელი, რის შედეგადაც საიმედოდაა დაცული ადამიანების სამოქალაქო უფლებები და მეწარმეთა საკუთრება. სოციალიზმის მიმართულებით ქვეყნის ძალიან შორს წაყვანის მცდელობები იმას იწვევდა, რომ სოციალ-დემოკრატები ძალაუფლებას კარგავდნენ, რასაც საზოგადოების შემდგომი ლიბერალიზაცია მოსდევდა. ამიტომ დღეს სკანდინავიის ქვეყნებში ფასები არ რეგულირდება (სახელმწიფო საწარმოებშიც კი), ბანკები კერძოა, არ არსებობს ვაჭრობის ხელშემშლელი პირობები, მათ შორის არც საერთაშორისო ვაჭრობისა. ლიბერალური და სოციალური პოლიტიკის ასეთმა შერწყმამ გამოიწვია ლიბერალურდემოკრატიული რეჟიმის რეალიზაცია სოციალური დაცვის მაღალი ხარისხით.

დასკვნის ნაცვლად ვიტყვით, რომ ლიბერალიზმი მრავალწახნაგოვანი და მოქნილი იდეოლოგიაა. ის მუდმივად ვითარდება და უფრო დახვეწილი ხდება. ლიბერალურდემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი ყველაზე სასურველი და მისაღებია სხვა პოლიტიკურ რეჟიმთა შორის.

6 გამოცდა... ეროვნული გამოცდებისთვის

▲ზევით დაბრუნება


ეთნოსები საქართველოში

მაია კობახიძე

კითხვა (განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდიდან): აბიტურიენტებს, რომელთაც დაამთავრეს არაქართულენოვანი სკოლა, ექნებათ თუ არა შეღავათი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში?

პასუხი: შეღავათები არ ექნებათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩააბარონ რუსული ენა, როგორც უცხო ენა. ამასთან, არა მარტო მათ, არამედ ქართულენოვან სკოლადამთავრებულებსაც შეუძლიათ დანარჩენი საგნები - მათემატიკა, საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ჩააბარონ რუსულ ენაზე, თუ ამის შესახებ რეგისტრაციის დროს მიუთითებენ.

რას ნიშნავს შეღავათი? - ჩააბარო ქართული იმ პროგრამით, რაც ისწავლე?! - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში არ იციან, ზუსტად რას გულისხმობდნენ აბიტურიენტები ,,შეღავათში“, სავარაუდოდ, ალბათ, მაინც ,,გამარტივებულ ტესტებს“ ქართული ენისათვის.

უკვე მეორე წელია, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად ყველა აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. წელს სამი სავალდებულო გამოცდაა: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და ერთ-ერთი უცხო ენა - ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული. არჩევითია: ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 15 ქულა. სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ზოგად უნარებში მიღებული ქულა. რადგან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მხოლოდ ეს აყენებს თანაბარ პირობებში ყველა აბიტურიენტს.

მაგრამ რამდენად თანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულნი არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტები ქართულის გამოცდასთან დაკავშირებით? წელს აღარ არის A და B ტიპის ტესტები ქართულდა არაქართულენოვანი სკოლების აბიტურიენტებისათვის. ახლა ყველა აბიტურიენტს მოუწევს ერთნაირი სირთულის ტესტის ჩაბარება - ეს მაშინ, როცა არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას კვლავ განსხვავებული და მარტივი პროგრამით გადიან. მაგალითად: არ ისწავლება ,,აბოს წამება“ და ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ალექსანდრე ჭავჭავაძე; ილიას ,,მგზავრის წერილებიდან“ მხოლოდ 2 თავს გადიან, აკაკის შემოქმედებიდან - ,,გამზრდელს“, ვაჟას თხზულებებიდან - ,,სტუმარ-მასპინძელს“, ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩადან“ ასევე ორ თავს გადიან; პროგრამაშია ლეო ქიაჩელის ,,თავადის ქალი მაია“, ბარდება ,,ჰაკი აძბა“, მიხეილ ჯავახიშვილი არ ისწავლება; სწავლობენ დავით კლდიაშვილის ,,სოლომონ მორბელაძეს“, აბარებენ ,,სამანიშვილის დედინაცვალს“, სწავლობენ კონსტანტინე გამსახურდიას ,,ზარები გრიგალში“, აბარებენ ,,დიდოსტატის მარჯვენას“ და ა.შ.

,,2005 წელს ახალქალაქში 64 აბიტურიენტიდან ქართულ ენაში მხოლოდ ორმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ეს მაშინ, როცა შარშან არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტებისათვის სპეციალური - B ტიპის ტესტი იყო შემუშავებული.“

მაგრამ განათლების სამინისტროში აბიტურიენტებს ამშვიდებენ და აღნიშნავენ, რომ დავალებები არ გასცდება საგამოცდო პროგრამას და ტესტში არ იქნება მეხსიერებაზე ორიენტირებული კითხვები.

აბიტურიენტს მოეთხოვება მხოლოდ მოცემული ტექსტის ნაწყვეტის გააზრება. ,,თუნდაც ასეთი დავალებისათვის მაინც საჭიროა ნაწარმოების თავიდან ბოლომდე კარგად დამუშავება“, - ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი იზოლდა მაცაბერიძე, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ერთ-ერთი ცენტრის ქართული ენის პედაგოგი.

იზოლდა მაცაბერიძე თავისი შეფასებებით პედაგოგებში გამონაკლისს არ წარმოადგენს. ქართულის მასწავლებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წელს არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტები დაიჩაგრნენ. თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ემხრობიან ყველა აბიტურიენტის ერთიან სივრცეში მოქცევას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა. ოღონდ ისე, რომ პროცესი ნაკლებად მტკივნეული იყოს. როგორც აღნიშნავენ, აბიტურიენტებისათვის განსაკუთრებით რთულია ძველი ქართული ლიტერატურის ნაწარმოებები. შედარებით გაუადვილდებათ ტესტის გრამატიკული ნაწილი, თემის დაწერაზე კი თავს ვერავინ დებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები კარსაა მომდგარი და ქართული მათ შორის პირველია. თბილისის 92-ე ქართულ-რუსული სკოლის პედაგოგს დალი გოშუას, მართალია, სექტემბრიდან მოსდიოდა ხმები ერთიანი ტესტების შესახებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაგრამ არ იჯერებდა, ვიდრე ნოემბერში სკოლაში მიტანილი ტესტები საკუთარი თვალით არ ნახა. წელს სწორედ მისი მე-11 კლასის მოწაფეები არიან აბიტურიენტები, ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა მას. პედაგოგმა თავდაპირველად მშობლებს მოუწოდა კიდეც, გაეპროტესტებინათ სამინისტროს გადაწყვეტილება. დალი გოშუა: ,,ეს იყო მოსწავლეთა უფლებების დარღვევა და მშობლებს მივმართე კიდეც, ხმა ამოეღოთ ამის წინააღმდეგ, მეცოდებიან მე-11 კლასელები - წლევანდელი გამოშვება. შეუძლებელი იყო ერთ წელიწადში ყველას დაეძლია 3 წლის პროგრამა“. 24 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს იმავე სკოლის მასწავლებელს ნანა ქებაძეს, აქედან რუსულ სექტორში 22 წელია ასწავლის. წელს იგი კოლეგისაგან განსხვავებით უფრო მშვიდადაა, რადგან დამამთავრებელი კლასი არ ჰყავდა. ნანა ქებაძე: ,,თუ ამიერიდან ქართულში განსხვავებული ტესტები აღარ იქნება, დაუშვებელია კვლავ ძველი პროგრამა დარჩეს რუსული სექტორისათვის. მაშინ ქართულსა და რუსულ კლასებში ქართული უკვე მე-7 კლასიდან უნდა ისწავლებოდეს ერთნაირი პროგრამით. ამასთან საათებიც უნდა გაიზარდოს. ამჟამად სკოლებში ქართულს ქართული სექტორის მე-10-11 კლასებში 4-5 საათი ეთმობა, რუსულ სექტორში - 3 საათი“.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია აღნიშნავს, 2009 წლისათვის სკოლები ქართული ენისა და ლიტერატური სერთიან სასწავლო პროგრამაზე გადავლენ.

მაგრამ სწავლის ხარისხს მაინც პედაგოგი განსაზღვრავს - ეს ელზა გაგუას, თბილისის 92-ე საშუალო ქართულ-რუსული სკოლის დირექტორის ხედვაა: ,,აუცილებელია ქართულის მასწავლებლების გადამზადება. ჩემს პედაგოგებს უადვილდებათ რუსულ კლასებში ქართული სექტორის პროგრამით ქართულის სწავლება, რადგან ქართულ კლასებთანაც მუშაობენ, მაგრამ ვისაც ასეთი გამოცდილება არ აქვს - ძალიან გაუჭირდება. თუმცა ის, რომ სკოლებში არ დგას ქართული ენის სწავლება სათანადო დონეზე, მაინც პედაგოგების ბრალია. მასწავლებელს უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა, მშობლიური ენა, რომ შეძლოს ბავშვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, შეაყვაროს მისთვის არამშობლიური ენა. დაუშვებელია, პედაგოგი მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით ატარებდეს გაკვეთილს“.

როცა თბილისის სკოლების რუსულენოვანი სექტორის პედაგოგები ასე ნერვიულობენ თავიანთ მოწაფეებზე, მაშინ იმ აბიტურიენტებმა რაღა თქვან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან არიან? უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის კავკასიის წარმომადგენლობაში, უფრო ცხადად რომ წარმოაჩინონ ვითარების სიმწვავე, ციფრებს მოიხმობენ: 2005 წელს ახალქალაქში 64 აბიტურიენტიდან ქართულ ენაში მხოლოდ ორმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ეს მაშინ, როცა შარშან არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტებისათვის სპეციალური - B ტიპის ტესტი იყო შემუშავებული. რა არის ასეთი შედეგის მიზეზი? როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ალბათ, ზოგადად საქართველოს განათლების სფეროში არსებული პრობლემები (რასაც მეტ-ნაკლები სიმწვავით ქვეყნის ყველა სკოლა განიცდის). მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არ არსებობს ქართული ენის შესწავლის მოტივაცია. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც საშუალო განათლებას მშობლიურ ან რუსულ ენაზე იღებს, უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთსა ან ისტორიულ სამშობლოში მიდის და ხშირად იქ რჩება კიდეც. იმისათვის, რომ საქართველოდან შემცირდეს განათლებული ახალგაზრდების გადინება, ცენტრი სამინისტროსათვის რეკომენდაციებს ამუშავებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2006 წლიდან ყველა უმაღლესს სასწავლებელში აბიტურიენტების ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების და არა სპეციალობის მიხედვით.

სამინისტროში სწორედ ფაკულტეტების გამსხვილებას ასახელებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ტესტების შექმნის ძირითად მიზეზად. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 ფაკულტეტიდან 6 ფაკულტეტი შეიქმნა. აღარ არსებობს ცალკე გამიჯნული რუსულენოვანი ფაკულტეტები და არც კვოტები რუსულენოვანი აბიტურიენტებისათვის, შესაბამისად, კონკურსიც ერთია. მაგრამ განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თვალსაზრისით ქართულის ტესტები გადაულახავი ნამდვილად არ იქნება არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენებისათვის: ,,ტესტში მოწმდება მხოლოდ ენის კომპეტენცია, ვინც ქართულ ენას ფლობს, ის ჩააბარებს ტესტს“. სწორედ ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი მუშაობს ქართულის ტესტებზე და, ბუნებრივია, გრძნობს პასუხიმგებლობის სიმძიმეს. თუმცა ცოტა ხნის წინ ტესტებმა აპრობაცია გაიარა და არაქართულ სკოლებში კარგი შედეგებიც აჩვენა, ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე უკეთესი, ვიდრე ქართულ სკოლებში. მაგალითად, თბილისის სომხურ სკოლაში მე-11 კლასელებმა აჯობეს ფოთელ პირველკურსელებს. კარგი შედეგები ჰქონდათ ახალქალაქშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფში იმასაც აღნიშნავენ, რომ შედარებით გამარტივდა ქართული ენის ტესტები, რათა არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტებმაც შეძლონ ჩაბარება. ,,მაგრამ ასე ხომ ეს ტესტები ქართულენოვანი სკოლის ბავშვებისთვისაც გამარტივდებოდა?“ - მწარედ ეცინება ნინოწმინდელ აბიტურიენტს მარიანა ეროსიანს. ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფში კვლავ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქართულში ერთიანი ტესტი

უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმით შექმნილმა ვითარებამ მოიტანა. რაც შეეხება ტესტების სირთულე-სიმარტივეს, როგორც სამინისტროში განმარტავენ, როცა მუშავდება ტესტი, ითვალისწინებენ გამოცდაზე იმაზე მეტმა არ მიიღოს მაღალი შეფასება, რამდენი გრანტიცაა, მაგრამ ბევრიც არ უნდა ჩაიჭრას - სწორედ ეს განაპირობებს ტესტის ავ-კარგიანობას.

თბილისის 29-ე საშუალო ქართულ-რუსულ სკოლაშიც ქართულის ტესტების აპრობაციამ კარგი შედეგი აჩვენა. თუმცა სასწავლო წლის დასაწყისში, როცა ამ სკოლის რუსული სექტორის მოწაფეების მშობლებმა ერთიანი ქართული ტესტების შესახებ შეიტყვეს, იჩივლეს კიდეც განათლების სამინისტროში. რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ევროპაშიც ერთი და იმავე საგნის უამრავი სახელმღვანელოა, მაგრამ მისაღები გამოცდებისას სწორება მხოლოდ საგამოცდო პროგრამაზეა აღებულიო. 29-ე საშუალო სკოლაში ჩატარებული აპრობაციის კარგი შედეგების მიუხედავად პედაგოგ ლილი ბოლქვაძეს მაინც მიაჩნია, რომ არაქართულენოვანი სექტორის აბიტურიენტებს ქართულის ჩაბარება გაუჭირდებათ, რადგან მათ ქართული მარტივი პროგრამით აქვთ გავლილი. ლილი ბოლქვაძემ 2005 წლის გამოცდებზე, სადაც იგი ერთ-ერთი შემმოწმებელთაგანი იყო, მდიდარი გამოცდილება მიიღო. წლევანდელ გამოსაშვებ კლასს ის ასწავლიდა ქართულს, ბავშვებს სწორედ გამოცდაზე დაგროვებული გამოცდილებიდან გამომდინარე ამეცადინებდა და მიაჩნია, რომ ამიტომაც იყო აპრობაციის შედეგი კარგი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრებიც, რა თქმა უნდა, იზიარებენ იმ აზრს, რომ წელს არაქართულენოვანი სკოლის მოწაფეები დაიჩაგრნენ. მაგრამ მათი აზრით, ამის რაღაც დოზით დასაბალანსებლად ამ აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, რუსული, რომელიც მათთვის მშობლიურია, უცხოურ ენად ჩააბარონ. მაგრამ 18 წლის ახალქალაქელი იანა ლომსაძე თავის დროზე კარგად ვერ გაერკვა ამ სიახლეში, ეს ამბავი თავის დროზე ვერ შეიტყო და ახლა რუსულის ნაცვლად ინგლისურის ჩაბარება მოუწევს, რასაც ძალიან ნანობს. შესაძლებელია, ამგვარი რამ სხვასაც დაემართა.

,,მე არ ვაბარებ რუსულს, როგორც უცხო ენას, რუსული ჩემთვის ადვილია, 5 წუთში დავწერ. მე ავირჩიე ინგლისური”, - ამაყად აცხადებს ნინოწმინდელი 18 წლის დიანა ჩოლახიანი. მაგრამ მას არ აქვს იმედი, რომ ქართულს კარგად ჩააბარებს. რადგან ქართულის კარგად შესწავლის პროცესი მის სკოლაში უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე ინგლისურის. დიანამ შარშან რთული - A ტესტით ჩააბარა ქართული, ყველა საგანში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ სანუკვარი სპეციალობისათვის საკმარისი ქულები ვერ მოაგროვა და მეტალურგიულზე შესთავაზეს ვაკანტური ადგილი. დიანამ უარი განაცხადა, მას ინფორმატიკა აინტერესებს.

მაგრამ თუ დიანამ უარი განაცხადა, სხვა აბიტურიენტი შეიძლება დათანხმდეს ასეთ წინანდებას. ქართულში ერთიანი ტესტის კიდევ ერთ დადებით მხარეზე საუბრისას ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია აღნიშნავს, რომ შარშან, როცა ვაკანტური ადგილები გამოცხადდა ქართულ ფაკულტეტებზე, იმ აბიტურიენტს, ვინც არაქართულენოვანი სექტორისათვის განკუთვნილი B ტიპის ტესტით ჩააბარა ქართული, საკმარისი ქულაც რომ ჰქონოდა, მაინც უარს ეტყოდნენ ჩარიცხვაზე. სამაგიეროდ, ახლა არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტებს სპეციალობის არჩევის თვალსაზრისით აშკარად ფართო შესაძლებლობა მიეცათ.

წელს დიანა მეორედ და უკვე უკანასკნელად აპირებს სცადოს ბედი საქართველოში, თუ არაფერი გამოვა, სომხეთში წავა სასწავლებლად. ახლა იგი გამოცდებისათვის თბილისში აბიტურიენტთა მოსამზადებელ ერთ-ერთი ცენტრში (თსუ-ს ბაზაზე) ემზადება. განათლების სამინისტრომ შარშან 200 აბიტურიენტისათვის გამოყო დაფინანსება, რათა მოსამზადებელი კურსი გაევლოთ. ეს აბიტურიენტები არიან: ქართული ეთნიკური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტურად განსახლების რეგიონში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის უფროსის კახა კახაიას ინფორმაციით, მის ცენტრში სახელმწიფო დაფინასებით 89 ბავშვი სწავლობს, სწავლის საფასურს - 500 ლარს იხდის განათლების სამინისტრო და თან თითოეულ ბავშვს სტიპენდიის სახით 50 ლარს აძლევს. ამ ცენტრში 14 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სწავლობს: 12 ჯავახეთიდან და 2 გარდაბნიდან. ,,ეს ბავშვები ენას ძლივს აბრუნებდნენ ქართულად, მაგრამ ახლა უკეთესი შედეგები აქვთ“, -აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი. სწავლა ამ აბიტურიენტებისათვის ცენტრში დეკემბერში დაიწყო, ,,სამწუხაროდ, რამდენიმე თვის დაგვიანებით“, - დანანებით შენიშნავს დიანა.

კახა კახაიას თქმით, ცენტრის ის მოწაფეები, ვინც თავად იხდიან თანხას მომზადებაში, ბევრად უფრო მოტივირებული და მონდომებულები არიან სწავლაში, ვიდრე სამინისტროს გრანტის მფლობელები. დასწრებაც ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელიო. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, კახა კახაიას მიაჩნია, რომ თუმცა ბავშვებმა იცოდნენ ქართულში ერთიანი ტესტის შემოღების შესახებ, მაინც ჰქონდათ შეღავათების იმედი. როგორც 18 წლის ახალქალაქელი გაიანე აბაჯაიანი აღნიშნავს, შარშანდელი დაბალი შედეგების გამო წელს ძალიან მოიკლო ჯავახეთის ახალგაზრდებში ქართული გამოცდებისადმი ინტერესმა და თუ ქართულის ტესტი არ გამარტივდება, ისევ სომხეთსა და რუსეთს მიაშურებენ. მით უფრო, რომ სომხეთში მათთვის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტებია დაწესებული. თუმცა დიანა ჩოლახიანი იმასაც აღნიშნავს, რომ სომხეთში მაინცდამაინც არ მოსწონთ კვოტების არსებობა ჯავახეთელებისათვის და თანაც ჯავახეთში სამსახურის საშოვნელად ქართული დიპლომი უფრო წონიანია.

თუ გაიანე თბილისში თავის სტუდენტ დებთან ხანდახან მაინც ჩამოდიოდა, დიანამ თბილისი ამ მოსამზადებელი კურსის მეოხებით ნახა. მანამდე ის თავის დედაქალაქში არც ყოფილა. ამ მხრივ იგი ჯავახეთის რეგიონისთანატოლებში გამონაკლისს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, ამ ნახევარი წლის განმავლობაში დიანას, გაიანესა და მათი დანარჩენი მეგობრების ირგვლივ თბილისში ვერ შეიქმნა ისეთი ქართული გარემო, რომელიც ენის პრობლემას უკეთ დააძლევინებდა. თუმცა დიანას და გაიანეს ქართული საუბარი ესმით, მაგრამ შეკითხვებზე სწრაფად საპასუხოდ და სათქმელის კარგად ჩამოსაყალიბებლად რუსულს იყენებენ. ორივეს, დანარჩენი ჯგუფელების მსგავსად, თბილისის უმაღლესი სასწავლებლები აქვთ შერჩეული. მაგრამ როგორც მათი ქართულის პედაგოგი მაია მელიქიძე აღნიშნავს, გაუჭირდებათ რეიტინგული სასწავლებლების რეიტინგულ ფაკულტეტებზე ჩაბარება: ,,მეტი შანსი ექნებოდათ, ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლები რომ შეერჩიათ“. გოგონები ხელებს ასავსავებენ: ,,იქ მხოლოდ ოროსნები სწავლობენ, მხოლოდ დიპლომისათვის დადიან. აბა, სად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სად მისი ჯავახეთის ფილიალი“, - აშკარად არ მოსდით თვალში ადგილობრივი სასწავლებლების სწავლების დონე.

მაია მელიქიძე ამ ჯგუფის ქართულ ენის მესამე პედაგოგია, მანამდე აბიტურიენტებს ორი პედაგოგი ამეცადინებდა. საქმე ის არის, რომ, როცა ბავშვებმა დაინახეს, რა სირთულეები ელოდათ, დახმარებისათვის მინისტრის მოადგილეს ბელა წიფურიას მიმართეს. მინისტრის მოადგილე ტესტებთან დაკავშირებით მათ შეღავათებს ვერ დაჰპირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთი პედაგოგი მიახმარა - მაია მელიქიძე. იგი ორი თვე იქნება, რაც ჯგუფთან მუშაობს. თავად წარმოშობით მესხეთიდანაა და კარგად იცის, რა პრობლემებია ჯავახეთში, თანაც ერთ-ერთი ავტორია სამინისტროს სპეციალური პროგრამით შედგენილი ეთნიკური უმცირესობებისათვის განკუთვნილი ქართული ენის სახელმძღვანელოსი - ,,თავთავი”. მისი სუბიექტური აზრით, კარგია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ამ საერთო ტესტით ერთ სივრცეში მოექცა. მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ნაადრევი იყო - ჯერ უნდა გაუმჯობესებულიყო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების პროცესი. მაია მელიქიძე დიანასთან და მის მეგობრებთან სასაუბრო ენის დაუფლებაზე მუშაობს, დამატებით მეცადინეობებსაც უტარებს მათ საკუთარი ინიციატივით, კმაყოფილია შედეგით, ბავშვების მონდომებით. მაგრამ გამოცდებამდე ერთი თვეღა რჩება... მომავლის შიშმა ბავშვები ახლა უკვე სახალხო დამცველის აპარატში მიიყვანა და სახალხო დამცველს შეახვედრა. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მზადდება რეკომენდაციები განათლების სამინისტროსათვის.

7 საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია

▲ზევით დაბრუნება


რელიგიები საქართველოში

ბაპტისტური ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული დენომინაციაა, რომელიც პურიტანთა წრეში წარმოიშვა. პურიტანები წარმოადგენდნენ ანგლიკანური ეკლესიის წიაღში არსებულ ჯგუფს, რომელიც ამ ეკლესიას დაუპირისპირდა, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული რეფორმები არასაკმარისად მიაჩნდა. ბაპტისტური ეკლესიის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები ითვლება, ვინაიდან ბაპტისტთა თემები თავდაპირველად სწორედ ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა. ბაპტისტების ეს სახელწოდება (ბერძნ. ბაპტიძო ,,ვნათლავ წყალში“) დაკავშირებულია ამ ეკლესიაში არსებულ ,,რწმენით ნათლისღების“ პრინციპთან: ადამიანი უნდა მოინათლოს მხოლოდ მოწიფულ ასაკში, როდესაც ის ცნობიერი არჩევანის გაკეთების უნარს ფლობს. ბაპტისტები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის ახალი პრინციპი და რომ მათ ადრეული ქრისტიანული ტრადიცია აღადგინეს. პირველი ბაპტისტური თემი დააარსა ანგლიკანმა მღვდელმა ჯონ სმიტმა, რომელიც ეკლესიის სახლმწიფოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. ანგლიკანურმა ეკლესიამ მას დევნა დაუწყო, რის გამოც მან ნიდერლანდებს შეაფარა თავი, სადაც 1611-1612 წლებში მორწმუნეთა დიდი ჯგუფი მონათლა. ასე ჩაეყარა საფუძველი ბაპტისტურ ეკლესიას.

ჯონ სმიტიდან მოკიდებული, ბაპტისტურ წიაღში გავრცელებულია თვალთახედვა, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს. ,,არ შეიძლება, რომ ეკლესია სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ნაწილი იყოს და მისგან დირექტივებს იღებდეს. და პირიქით: ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და მის მიმართ მხოლოდ კრიტიკული სოლიდარობის პრინციპს უნდა ინარჩუნებდეს“ (მალხაზ სონღულაშვილი).

0x01 graphic

ბაპტისტები აღიარებენ საყოველთაო მღვდლობის პრინციპს, რომელიც ევროპულმა რეფორმაციამ მოიტანა. მათი რწმენით, ყველა ადამიანი მღვდელია, რადგან შეუძლია პირდაპირ, საგანგებო შუამდგომელის გარეშე ელაპარაკოს ღმერთს. მეტიც: მნიშვნელობა არა აქვს, ქალი იქნება ეს თუ კაცი, რაც ეკლესიის პრიორიტეტებშიც ვლინდება. მაგალითად, ბაპტისტები ხელს უწყობენ ქალების ხელდასხმას დიაკვნებად, ხუცესებად, ეპისკოპოსებად. ქართული ბაპტისტური ეკლესია კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი, სოციალური სამართლიანობის სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ გენდერული თანასწორობაა - როგორც საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში.

ბაპტისტები არ მოიაზრებენ თავს ერთადერთ ეკლესიად, რომელშიც ცხონება შესაძლებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში არის საღვთო მადლი და გადარჩენის შესაძლებლობა. ამისათვის საკმარისია ადამიანის სურვილი, იყოს ქრისტიანი. ისინი თავს იესო ქრისტეს ერთი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ ნაწილად მოიაზრებენ.

საქართველოში პირველი ბაპტისტური თემი XIX საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა. თავდაპირველად ის რუსეთიდან გადმოსახლებული მოლოკნების ბაზაზე შეიქმნა, მოგვიანებით კი ბაპტისტთა ქართული, ოსური, სომხური თემებიც ჩამოყალიბდა. 1919 წელს დაარსდა ქართული ბაპტისტური ეკლესია, რომელსაც, ევანგელისტურ თემთან გაერთიანების შემდეგ, საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია ეწოდა.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ჰყავს მეთაური მთავარეპისკოპოსის სახით, ეკლესიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობას უწევს პრეზიდენტი, რომელიც პარალელურად ეკლესიის სინოდის თავმჯდომარეცაა. ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს ჰყავს ხუცესები, დიაკვნები, მქადაგებლები, წმიდა ნინოს ორდენის დები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იერარქიულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ბაპტისტური ეკლესია დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული. მთავარეპისკოპოსი მოიაზრება როგორც პირველმწყემსი თანასწორთა შორის. მას ირჩევს საეკლესიო კრება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან, ვინაიდან ქართული ბაპტისტური ეკლესიის მიხედვით, საერო პირები არ შეიძლება დაცილებულნი იყვნენ ეკლესიას.

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის მიხედვით, სოციალური საქმიანობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქადაგება და ღვთისმსახურება, რადგან ,,არ შეიძლება, რომ თავს ქრისტიანებად მოვიაზრებდეთ და ამ დროს არ გვადარდებდეს ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანის ბედი“ (მალხაზ სონღულაშვილი). ეკლესიის სოციალური საქმიანობის ცენტრს ბეთელის კერა წარმოადგენს. ამჟამად ამ სახლში ცხოვრობს 25 მოხუცებული, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. აქვე განთავსებულია დიაკონისთა (მსახური დების) ორდენის - წმინდა ნინოს ორდენის - შტაბბინა. ამ ორდენის დები მუშაობენ საზოგადოების ყველაზე გარიყულ წარმომადგენლებთან - მარტოხელა მოხუცებთან, ფიზიკურად და მენტალურად დაავადებულ ადამიანებთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს დები 400-მდე ადამიანს უვლიან, ამისთვის კი ისინი ბეთელის ცენტრში ტრენინგებს გადიან. გარდა ამისა, ცენტრში იმართება კონფერენციები, კონსულტაციები, შეხვედრები, იკითხება გაძლიერებული კურსი თეოლოგიაში, რომელსაც გადის ყველა, ვინც ღვთისმსახურებისთვის ემზადება. მოქმედებს რამდენიმე სკოლა, რომლებიც სხვადასხვა საკითხის შესწავლაზეა ორიენტირებული, ესენია: ქრისტიანული ლიტურგია, მონოთეისტური რელიგიების თავისებურებები და მათი ჰარმონიული თანაარსებობის გზები და ა.შ. გახსნილია ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

ბეთელის ცენტრის გარდა, ბაპტისტური ეკლესიის წიაღში არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარიც - ,,კეთილი სამარიელის სახლი“. ეს კერა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სულიერი სიმშვიდე, ოჯახისგან დროებით განმარტოება ესაჭიროება. ამ სახლს თავს აფარებენ ის ადამიანებიც, რომელთა ნორმალური განვითარება ოჯახის წევრების მიზეზით ბრკოლდება. ასეთი რეაბილიტაცია უკვე ათეულობით ადამიანმა გაიარა.

ამჟამად საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსია ისტორიკოსი, მთარგმნელი და მკვლევარი მალხაზ სონღულაშვილი. მას ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული. რელიგიურ ტექსტებთან ერთად ის ბერძნული, ებრაული, სირიული, არამეული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენებიდან თარგმნის ისტორიულ-ლიტერატურულ ტექსტებსაც, მათ შორის კლაივ ლიუისის ,,ნარნიის ქრონიკებსაც“.

როგორც საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, ზოგადად, ბაპტისტური ეკლესიის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის არ არის მკაცრად ცენტრალიზებული, იერარქიულ პრინციპზე დაფუძნებული ეკლესია და არა აქვს მკაცრად დადგენილი ლიტურგიული ფორმები. ყველა ადგილობრივი ეკლესია ფლობს თვითმმართველობის უფლებას, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს საეკლესიო ცხოვრების შესახებ. ამასთანავე, ყველა ქვეყანაში მას იმ ქვეყნისათვის დამახასიათებელი ელფერი აქვს. მისი სიტყვით, ,,აფრიკული ბაპტისტური ეკლესიები რომ ნახოთ, ვერ დაიჯერებთ, თუ ეს ბაპტისტური ეკლესიებია, რადგან მათ ლიტურგიაში გათვალისწინებულია აფრიკული კულტურის თავისებურებანი - ფოლკლორი, ტემპერამენტი, ცეკვა, რაც მას ძლიერ განასხვავებს გერმანული ან ამერიკული ეკლესიებისგან. რაც შეეხება ქართულ ბაპტისტურ ეკლესიას, ის არის მემკვიდრე, ერთი მხრივ, ევროპული რეფორმაციისა, და მეორე მხრივ, მართლმადიდებლური სულიერებისა. მართლმადიდებლური მემკვიდრეობის გამო, ჩვენში ძალიან მკაფიოდაა წარმოდგენილი მოძღვრება სამებისა და ქრისტეს ბუნების შესახებ; ევქარისტია, ლიტურგიკული მრავალფეროვნება... სხვა ბაპტისტური ეკლესიებისგან განსხვავებით, ჩვენში არსებობს იკონოგრაფიის სკოლა“.

,,საქართველო ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში გადაწყვიტეს დიდმარხვის კვირები თემებად დაეყოთ. ერთი კვირა პატიმრებისაა, მეორე - სნეულთა, მესამე - ეკოლოგიის, მეოთხე - ბავშვებისა, მეხუთე - მოხუცებულთა.“

თბილისში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცენტრი ახლა ბეთელის კერაა. ამ კერის დაარსება დაკავშირებულია ჩეჩენ ლტოლვილებთან, რომლებიც ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად საქართველოში მოხვდნენ. ბაპტისტურმა ეკლესიამ მათი დახმარება გადაწყვიტა. ეს დახმარება სხვადასხვა სახის იყო და მოიცავდა სამედიცინო მომსახურებას, ტანსაცმლით უზრუნველყოფას, კონსულტაციებს, ბავშვთა ნახატების გამოფენებისა და დასასვენებელი ბანაკების მოწყობას. მალხაზ სონღულაშვილი: ,,მათთან ურთიერთობის შედეგად ჩვენი თემის თვითშეგნება გაიზარდა, ვინაიდან გავიაზრეთ, რომ უნდა დაგვეძლია ჩვენი კარჩაკეტილობა და გვეზრუნა მათზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. თავდაპირველად მათ ჩვენს სახლებში ვიღებდით, მაგრამ როდესაც დავინახეთ, რომ რამდენიმე სახლი ამისთვის საკმარისი არ იყო, ბეთელის კერის შექმნის იდეა გაჩნდა“.

მოხუცებულები რომ შეერჩიათ, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში სიები მოიძიეს, თუმცა მათი უმეტესობა ყალბი აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ, იმ ხალხის მოსაძებნად, რომლებსაც მართლაც უჭირთ, სხვა გზები გამოენახათ. წმინდა ნინოს ორდენის დებმა მიაკითხეს ფოსტებს, რადგან, როგორც წესი, ფოსტალიონებმა, რომლებიც პენსიებს არიგებენ, კარგად იციან ვის როგორ უჭირს. სწორედ მათი მეშვეობით შეირჩა მოხუცები.

მალხაზ სონღულაშვილი: ,,ხანდახან გაჭირვებულებს ჩვენ თვითონ ვპოულობთ, ხანდახან კი ისინი თავად გვაკითხავენ. ამასთანავე, ეკლესიის მსახურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოაქვთ ამბები გაჭირვებულთა შესახებ“.

ბაპტისტური ეკლესიის წიაღში ბევრი სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის ისეთიც, საკვირაო სკოლებისა და ბანაკების მოწყობას რომ ისახავს მიზნად. მომზადდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ ბავშვებთან ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობა, მათთვის ხელგარჯილობისა და თამაშების სწავლება. გვაქვს დახმარების რამდენიმე პროგრამა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებს თითქმის ყველა ბავშვთა სახლთან აქვს რეგულარული ურთიერთობა. მალხაზ სონღულაშვილი: ,,მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ყოველ წელს ვაწყობთ ბანაკებს. ერთად მიგვყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ,,ნორმალური“ ბავშვები, რაც ძალიან ამართლებს. გვქონდა შემთხვევა, როდესაც სააღდგომოდ ბავშვები ბავშვთა სახლიდან გამოვიყვანეთ და ოჯახებში გავანაწილეთ. ყველა ოჯახმა მათთვის პროგრამა შეადგინა, რაც ცირკში, ზოოპარკში წაყვანას ითვალისწინებდა. თუმცა ბავშვები დიდად არ დაინტერესდნენ გასართობი პროგრამებით. ერთერთმა მათგანმა მკაფიოდ გამოხატა ამის მიზეზი: ,,მაინტერესებს რას ნიშნავს, ვიყო სახლში, რას ნიშნავს ოჯახი, დედა, მამა, შვილები; როგორ ელაპარაკება დედა მამას, შვილს...“ ყველაზე საინტერესო მათთვის ოჯახური სითბო აღმოჩნდა, რომელიც მათ არ განუცდიათ. როგორი კეთილგანწყობითაც არ უნდა ეპყრობოდნენ მათ დაწესებულებაში, ოჯახი მაინც სხვა რამ არის. როდესაც ბავშვები გარკვეულ ასაკს აღწევენ და დაწესებულების დატოვება უხდებათ, მძიმე პრობლემების წინაშე დგებიან. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ბავშვს შევუძინეთ ბინა, ჭერი გავუჩინეთ მათ, რამდენიმეს კი პროფესიის შეძენაშიც დავეხმარეთ“.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში გადაწყვიტეს დიდმარხვის კვირები თემებად დაეყოთ. ერთი კვირა პატიმრებისაა, მეორე - სნეულთა, მესამე - ეკოლოგიის, მეოთხე - ბავშვებისა, მეხუთე - მოხუცებულთა. როგორც გვითხრეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიის კვირა აღმოჩნდა. ეკლესიის წარმომადგენლები ასუფთავებენ დანაგვიანებულ ადგილებს, რგავენ ხეებს... ,,რა თქმა უნდა, ჩვენ მთლიანად ვერ დავასუფთავებთ ქალაქსა და ქვეყანას, მაგრამ ამ ღონისძიებებს გარკვეული დიდაქტიკური დანიშნულებაც ჰქონდა პრაქტიკულთან ერთად, ვინაიდან ის ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც მიიღებს მონაწილეობას ასეთ საქმიანობაში, ძალიან მგრძნობიარე ხდება გარემოს მიმართ“.

თუმცა ეს აქტივობები ყოველთვის მშვიდად როდი ჩაივლის ხოლმე. ერთხელ ქალაქის ძველ უბანში ერთი პატარა სკვერი დაასუფთავეს და ხეები დარგეს. ერთი კვირის თავზე იქ მისულებს ეს ხეები ამოთხრილი დახვდათ. მსგავსი პრობლემები ბავშვთა სახლებთანაც შექმნიათ. მალხაზ სონღულაშვილი: ,,ხშირია ჩვენი ეკლესიის ლანძღვა-გინება, ამბობენ, თითქოს ჩვენ ბავშვების სულებს ვყიდულობთ. უსიამოვნო შემთხვევა გვქონდა კახეთშიც ერთ-ერთ საქველმოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით, სახელწოდებით ,,საშობაო საჩუქარი ბავშვისათვის“. შეძლებულ ქვეყნებში ბავშვები ფეხსაცმლის ყუთში დებენ მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის განკუთვნილ საჩუქრებს და სხვადასხვა ქვეყანაში გზავნიან, მათ შორის, უკვე ოთხი წელია, საქართველოშიც. ამ საქმეში ყველა ეკლესიას შეუძლია მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს მსოფლიო პროგრამაა, თუმცა საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის გარდა მასში არავინ ჩაერთო. როდესაც ეს საჩუქრები კახეთის სკოლებში დავარიგეთ, სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვებს ისინი დააბრუნებინა და სკოლის ღუმელში შეყარა, ამის შემდეგ მღვდელი მოიყვანეს და ეს სკოლა აკურთხებინეს. მსგავსი რამ სხვა სკოლებშიც მოხდა. ეს, ერთი მხრივ, გულს უტეხს იმ ხალხს, რომლებსაც ამ ბავშვების დახმარება გულწრფელად სურთ, მეორე მხრივ კი ბავშვებსაც აფრთხობს. ხშირად ხდება, რომ იმ ოჯახის წევრებს, რომლებსაც ვეხმარებით, ჩვენზე ეუბნებიან, სექტანტები არიან და მათგან დახმარება არ მიიღოთო. ესენი შეიძლება იყვნენ ეკლესიასთან ასოცირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ან ეკლესიის მრევლი, რომლებიც ასე ცდილობენ დაადასტურონ ერთგულება საკუთარი რელიგიის მიმართ”.

0x01 graphic

წმინდა ნინოს ორდენის და

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის კუთვნილი წიგნები დაუწვავთ, მათ შორის 17 ათასი ბიბლია და სახარება. ერთხელ მღვდელმა თავის სულიერ შვილს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ბიბლიის დაწვა მოსთხოვა იმის გამო, რომ ის მალხაზ სონღულაშვილის ნათარგმნიცაა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პროექტები ძირითადად ეკლესიის იმ მეგობრების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ეკლესიას ეკუთვნიან. ესენი არიან ლუთერელები, ანგლიკანები, ბაპტისტები, პრესბიტერიანები, კათოლიკეები... ეს დახმარება მხოლოდ ფინანსურ ხასიათს არ ატარებს. ბეთელის ცენტრში ჩამოდიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც უსასყიდლოდ კითხულობენ ლექციებს და ტრენინგებს ატარებენ. ურთიერთდახმარების პრაქტიკა ეკლესიის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს. მალხაზ სონღულაშვილი: ,,სამწუხაროდ, მართლმადიდებელ ეკლესიებთან არანაირი თანამშრომლობა არ არის, რაც ძალიან საწყენია, ვინაიდან ჩვენს ეკლესიას შეეძლო შუამავლის როლი შეესრულებინა დასავლეთსა და ქართულ მართლმადიდებლობას შორის: ერთი მხრივ, ჩვენ ახლოს ვართ მართლმადიდებლურ სულიერებასთან, გვესმის აქაურობის და მეორე მხრივ, გვაქვს ევროპული მემკვიდრეობა, იქაურობასაც ვიცნობთ. თუკი ჩვენი საზოგადოება და ეკლესია უფრო გაიხსნება ასეთი ურთიერთობისათვის და ეკუმენური სულისკვეთება გამყარდება, გაცილებით მეტი რამის გაკეთებას შევძლებთ. ლაპარაკია თანამშრომლობაზე და არა მოსყიდვასა და ,,გადაქაჩვაზე“. ქართულ მართლმადიდებლობას ტრადიციულად კარჩაკეტილობა არ ახასიათებდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღმოსავლეთ ევროპაში ეკუმენური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. საბჭოთა პერიოდში ყველაზე აქტიურ საქმიანობას მართლმადიდებელი და ბაპტისტური ეკლესიები ეწეოდნენ, ამდენად, სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენ შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა. ჩემი წინამორბედი, გიორგი ბოლღაშვილი, რეგულარულად ქადაგებდა სიონის საკათედრო ტაძარში. რაც შემეხება მე, 23 წლის სტუდენტი ვიყავი, როდესაც პატრიარქმა ბიბლიის მთარგმნელობით კომისიაში მიმიწვია. ეს ურთიერთობები დეგრადაციისკენ წავიდა ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც ქვეყანაში რელიგიურმა ნაციონალიზმმა აიწყვიტა და ამ ორ ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობები დაანგრია. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველი ბაპტისტები ქართველები არ არიანო; მოგვიანებით კი იგივე მესიჯი მართლმადიდებელი ეკლესიიდანაც წამოვიდა. ის, რაც მიღწეული იყო, დაიკარგა. ეს სამწუხაროა, რადგან საქართველო ნამდვილად შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა ქრისტიანული სახელმწიფოსათვის თანამშრომლობისა და მეგობრობის მაგალითი“.

0x01 graphic

მინსკიდან ჩამოსვლისას

საქართველოს ევენგელურ-ბაპტისტური ეკლესია საქართველოში ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც ოფიციალური წევრია საერთოევროპული ეკუმენური მოძრაობისა - ევროპის ეკლესიათა კონფერენციისა და აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო ეკუმენურ მოძრაობაშიც. მას ასევე მჭიდრო ბილატერალური ურთიერთობები აქვს ევროპის ეკლესიებთან, მათ შორის ანგლიკანურ ეკლესიასთან, რომლის მეთაურმაც, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა, გასულ წელს ლამბესის სასახლის ჯვრით დააჯილდოვა ქართველი ბაბტისტი მთავარეპისკოპოსი. იგი ასევე დაჯილდოვებულია მოოქროვილი ჯვრით მსოფლიო მართმადიდებელი პატრიარქის, ბართოლომეოს I-ის მიერ.

8 მოსმენა - გადარჩენის ტოლფასი

▲ზევით დაბრუნება


რელიგიები საქართველოში

მალხაზ სონღულაშვილი
თბილისი, ბეთელი

ერთ პატარა მექსიკურ სოფელში სოფლის კლუბი ჩამოინგრა. ეს კლუბი მთელ სოფელს ძალიან ეძვირფასებოდა. იგი მათი გართობისა და თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. გადაწყვიტეს, მის აღსადგენად ფული შეეგროვებინათ და საამისოდ აუქციონი მოაწყვეს. ვისაც რა ემეტებოდა, შინიდან გამოჰქონდათ და აუქციონზე ყიდდნენ. ზოგს გარაჟიდან მოჰქონდა ძველმანი ნივთები და ზოგს სხვენიდან. ნივთებს აუქციონზე ყიდდნენ და ასე ავსებდნენ კლუბის აღსადგენ სალაროს. ერთმა ბერიკაცმა მოიტანა სადღაც ნაგდები და დაბენძღილი ვიოლინო. ვიოლინო ისე გასაცოდავებული იყო, რომ აუქციონერმა სასტარტო ფასის დასახელებაზე თავი არ შეიწუხა. ,,რამდენს იძლევით ამ გაბედრანგებულ ვიოლინოში?“ საჯაროდ გაიმასხრა აუქციონერმა. ,,რამდენს და 50 ცენტს, 30 ცენტს!“ - ასევე მასხრობით გამოეპასუხნენ დარბაზიდან. აშკარა იყო, ვიოლინოს მუშტარი ვერ გამოუჩნდებოდა დარბაზში. მაგრამ უცებ წამოდგა ვიოლინოს პატრონი მოხუცი, ყელზე მიიბჯინა დაბენძღილი ვიოლინო და ყველასთვის მოულოდნელად, მშვენიერ ხმაზე ააჟღერა ინსტრუმენტი. ვიოლინოს მაშინვე დაედო ფასი და 1500 დოლარად გაიყიდა. კეთილხმოვანებამ ვიოლინოს ფასი შესძინა.

რამ შეიძლება ადამიანებს კეთილხმოვანება შეგვძინოს და რამ შეიძლება აამაღლოს ჩვენი ღირსება? რამ შეიძლება სრულფასოვნად გვაგრძნობინოს თავი მიუხედავად ნებისმიერი ნაკლისა და მანკისა რომელსაც ჩვენ შეიძლება ვატარებდეთ?

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს არის ლოცვა, ანუ დიალოგი ღმერთთან. როცა დიალოგს ვამბობთ, ცხადია, აქ ორმხრივ საუბარს ვგულისხმობთ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ ლოცვაზე მაგიური წარმოდგენისაგან. ლოცვის მიზანი არ არის ღმერთს რამე გამოვცინცლოთ, ვერც გამოვცინცლავთ, თუ ეს მისი ნება არ იქნა. სოფლის მაღაზიაში რომ შევა კაცი, ახლა ამას სუპერმარკეტებს ეძახიან ყველგან, ნოქარსა სთხოვს, რაც უნდა, შეიძენს და შინ წაიღებს. ღმერთი ნოქარი არ არის და მისგან მხოლოდ გამორჩენაზე არ უნდა ვფიქრობდეთ. ლოცვაში, ღმერთსა სურს, რომ ჩვენ მამაშვილურად ვისაუბროთ უფალთან. ჩვენ ჩვენი ვუთხრათ და მან თავისი მოგვახსენოს. ჩვენ ჩვენის თქმა ყოველთვის გვეხალისება, ხოლო მისთვის ყურის დაგდებაზე მწყრალადა ვართ. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ლოცვაში მთავარია ღმერთს მოვუსმინოთ, გავიგოთ, რას გვეუბნება.

ნამდვილი ლოცვის მაგალითს თავად იესოს ცხოვრებაში ვხედავთ.

იესომ თავისი მოღვაწეობა ღმერთისათვის ყურის დაგდებით დაიწყო. მან ორმოცი დღე და ღამე იმარხულა საამისოდ. იესო ლოცულობს და მამა ღმერთს ყურს უგდებს მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე, იგი ლოცულობს და ღმერთს ყურს უგდებს გეთსიმანიაში გაცემის წინ, იგი ლოცულობს თვით ჯვარზეც და ლოცვაში განუტევებს სულს.

თებერვლის თვის ლექციონარში (ბიბლიურ საკითხავთა კრებული) არის ერთი საოცარი საკითხავი წმიდა სახარებიდან. მარკოზის სახარება 1: 29-39. ამ საკითხავში წარმოდგენილია იესოს ერთი ,,სამუშაო“ დღის განრიგი. დილით იესო სინაგოგაშია, მერე იქიდან თავის ორ მოწაფესთან ერთად მიდის სიმონ-პეტრესთან, იქ კურნავს სიმონ-პეტრეს სიდედრს, სადილობს მათთან, ამასობაში მთელი ქალაქი გებულობს იესოს ადგილსამყოფელს და, ვიდრე დაღამდება, უამრავი ადამიანი მოდის და მოჰყავთ მასთან სნეულები. იესო სნეულებს კურნავს, ეშმაკებს განასხამს,სასწაულს სასწაულზე ახდენს და ბოლოს დაღლილი დაწვება დასაძინებლად. დილით მოციქულებმა რომ გაიღვიძეს, იესო საწოლში აღარ დაუხვდათ. იგი ღამიანად იყო გასული უდაბურ ადგილას სალოცავად. ღმერთისათვის ყურის დასაგდებად, ღმერთთან სასაუბროდ. ლოცვა რომ არა, იესო ვერ შეძლებდა თავისი მისიის შესრულებას. თუ ღმერთს არ მოვუსმენთ, ვერც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. თუ ჩვენ ღმერთს არ ვუგდებთ ყურს, მაშინ ჩვენ ყურს ვერ დავუგდებთ საკუთარ თავს, ვერ გავიგებთ ვინა ვართ და რისთვის ვარსებობთ. თუ ღმერთისათვის ყურის გდებას ვერ ვისწავლით, მაშინ ჩვენ ვერც ადამიანს დავუგდებთ ყურს, ვერც მოყვასს გავუგებთ. ყველა კონფლიქტი, ყველა გაუგებრობა ოჯახში, მეგობრებს შორის, შეყვარებულ წყვილს შორის, ერებსა და ქვეყნებს შორის იქიდან მომდინარეობს, რომ ჩვენ ადამიანები გადაჩვეულები ვართ მოსმენას. მოსმენის ფრიად საშურ ხელოვნებას კი მაშინ ავითვისებთ, ღმერთის

მოსმენას თუ ვისწავლით. მოსმენას თუ ვისწავლით, გავუგებთ არა მარტო ერთმანეთს, არამედ მთელ ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს: ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს...

დღეს ყველასთვის აშკარაა კონფრონტაცია დასავლურსა და ისლამურ სამყაროებს შორის. ამ წინეებზე ისლამის მთავარ წინასწარმეტყველზე, მუჰამედზე უხამსი კარიკატურების გამოქვეყნებამ დაუჯერებელი რეაქცია გამოიწვია მთელ ისლამურ სამყაროში. ამ კონფრონტაციაში დასავლეთი უკან არ იხევს სიტყვის თავისუფლების პრინციპის გამო. აშკარაა, ამ ორ სამყაროს ერთმანეთისა არ ესმის. დაკარგულია ერთმანეთის მოსმენის უნარი.

ჩვენი ცივილიზაცია განწირულია დაღუპვისათვის, თუ არ ვისწავლით ღმერთისათვის ყურის დაგდებას, ურომლისოდაც ვერც საკუთარ თავს გავუგებთ და ვერც სხვას.

გასულ კვირაში მთელი მსოფლიო შეძრა ეგვიპტური ბორანის ჩაძირვის ტრაგედიამ. ეს დაახლოებით ისეთივე კატასტროფაა, როგორიც ტიტანიკის დაღუპვა იყო თავის დროზე. როგორც კი კაპიტანმა იგრძნო მოახლოებული საფრთხე, დაჰკრა ფეხი და გემიდან გაიპარა. ნავით თავს უშველა. ასობით ადამიანი დატოვა წინამძღოლობის გარეშე და ფაქტობრივად გაწირა დაღუპვისათვის. მოდით, ნუ განვიკითხავთ ამ კაპიტანს, რადგან არავინ ვიცით მის ადგილას როგორ მოვიქცეოდით. თვითგადარჩენის ინსტინქტი იმდენად ძლიერია ადამიანში, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ვინ როგორ მოვიქცევით, ძნელი სათქმელია. აქ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ღმერთს უსმენს ადამიანი, კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილებას ღვთის შთაგონებით აკეთებს.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავუგოთ. მოსმენის უნარი გვჭირდება ქრისტიანებს და საერთოდ ყველა რელიგიის ადამიანებს, მოსმენის უნარი სჭირდებათ ჩვენს პოლიტიკოსებსა და პარლამენტარებს, მოსმენის უნარი სჭირდებათ ჩვენს არეულსა და ერთმანეთს გადამტერებულ ოჯახებსა და მის წევრებს. რა გვიშველის? რა გვიშველის და ლოცვა გვიშველის, ღმერთისათვის ყურისგდება გვიშველის. იესოს მაგალითი და მისი მეგზურობა გვიშველის. თუ იესო ნახულობდა დროს მამასთან განმარტოებისათვის, ჩვენც უნდა გამოვნახოთ დრო ლოცვისათვის, ფიქრისათვის, ღვთის სახარების სწორად გაგებისათვის. ლოცვაში გატარებული დრო არასდროს არ არის დაკარგული დრო.

თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ ჩვენი ცივილიზაციის ჩაძირვისგან გადასარჩენად სხვა რამ გზა არსებობს, რომ ღმერთისათვის ყურის დაგდება საჭირო არ არის, ჩემს სიტყვებს ბოდიშის მოხდით უკან წავიღებ.

9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

▲ზევით დაბრუნება


სამართალი

საქმე, რომელიც ეხება ბელგიის განათლების სისტემაში ენის გამოყენების შესახებ კანონმდებლობის ზოგიერთ საკითხს

მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ

განმცხადებლები არიან ბელგიის მოქალაქეები, რომლებიც ძირითადად ფრანგულ ენაზე საუბრობენ და სურთ, რომ მათმა შვილებმა შესაბამისი განათლება ფრანგულ ენაზე მიიღონ.

ალსემბერგი, ბერსელი, ანტვერპენი, გენტი, ლუვენი და ვილვორდი ბელგიის ადმინისტრაციული ერთეულებია, სადაც ადგილობრივი ჰოლანდიურენოვანი მოსახლეობისთვის მისაღები კანონმდებლობა მოქმედებს. კრაინემი 1963 წლიდან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. იქ ფრანგულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს.

განმცხადებლები სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში ცხოვრობდნენ. მათ საერთო პრეტენზიები ჰქონდათ ბელგიის სახელმწიფოს მიმართ, კერძოდ:

1. ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ან არ უზრუნველყოფდა მათთვის ფრანგულ ენაზე განათლების მიღებას, ან მიღებული განათლება არასაკმარისი იყო.

2. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელმწიფო სათანადო ინსტიტუტებს არ აძლევდა განათლების დაფინანსების საშუალებას, რათა ამით ენობრივი გარანტიები დაეცვა საგანმანათ ლებლო დაწესებულებებში.

0x01 graphic

3. სახელმწიფო უარს ამბობდა ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მიერ გაცემული სერთიფიკატების დამტკიცებაზე.

4. განმცხადებელთა შვილებს არ ეძლეოდათ საშუალება, დასწრებოდნენ ფრანგულ გაკვეთილებს, რომლებიც სხვა სასწავლო დაწესებულებაში ტარდებოდა.

ამდენად, განმცხადებლები იძულებული ხდებოდნენ თავიანთი შვილები ადგილობრივ სკოლებში ეტარებინათ ან გაეგზავნათ ისინი სასწავლებლად ,,დიდი ბრიუსელის რაიონში“, სადაც ბავშვს მშობლიურ ენაზე შეეძლო სწავლის გაგრძელება. ასეთი ,,სასკოლო ემიგრაცია“ დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული.

მათი განცხადებით, ბელგიის ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ენის გამოყენების შესახებ რამდენიმე კანონს მოიცავდა, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებს, ასევე აღნიშნული კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლს.

თავის მხრივ ბელგიის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ არღვევდა კონვენციის აღნიშნულ მუხლებს, ვინაიდან მშობელთა და ბავშვთა განათლების უფლებები კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლით განისაზღვრება.

ასევე, არ ირღვეოდა პირველი ოქმის მე-2 მუხლი, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ დოკუმენტს და ითვალისწინებდა განათლების უფლების განხორციელებისთვის ხელშემწყობ გარემოებებს. სახელმწიფო არ ერეოდა მშობელთა უფლებაში, სასურველი განათლება მიეცათ თავიანთი შვილებისთვის. სახელმწიფო პატივს სცემდა მშობელთა გადაწყვეტილებას, მაგრამ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა ჩამონათვალში კონკრეტულად არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ნიშნით მათთვის უპირატესობის მინიჭების შესახებ.

ქვეყნის შიდა სამართალი

ბელგიაში ენის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა ჯერ კიდევ 1830 წელს, ბელგიის სამეფოს დაარსებისას, წარმოიშვა. შედეგად, მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელიც ენასთან მიმართებით არსებულ საკითხებს მოაწესრიგებდა.

ქვეყნის იმდროინდელი კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ განათლების უფლება გარანტირებულია. მისი ყოველგვარი შეზღუდვა დაუშვებელია. ბელგიაში არსებული ყველა ენა მხოლოდ ფაკულტატური ხასიათისაა და ვითარება შეიძლება შეიცვალოს კანონის ან სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.

კონსტიტუციის აღნიშნული ნორმები არ შეცვლილა, თუმცა მიღებულ იქნა ენასთან დაკავშირებული ახალი კანონები.

1932 წლამდე მშობლებს თავისუფლად შეეძლოთ შვილებისათვის სწავლების ენის შერჩევა. ,,საწყისი და საშუალო განათლების შესახებ“ კანონმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. კანონმა წარმოადგინა ენის გამოყენების ტერიტორიულობის კონცეფცია. რეგიონების უმცირესობათა წარმომადგენლებს დარჩათ გარკვეული თავისუფალი არჩევანის უფლება.

1963 წელს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ კვლავ მიიღო აქტი ენასთან დაკავშირებით. ის ეხებოდა დაფინანსებულ და აკრედიტებულ სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებს უნივერსიტეტების გარდა. ასევე, კანონით განისაზღვრა ენობრივი რეგიონები და იქ არსებული ენების გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმიანობაში. კანონის თანახმად, ჰოლანდიურენოვან რეგიონში სწავლების ენა უნდა ყოფილიყო ჰოლანდიური, ფრანგულენოვან რეგიონში - ფრანგული. საწყისი განათლების შეძენისას მეორე ენა დამატებით საგნად გამოცხადდა, ხოლო საშუალო განათლების მიღებისას მეორე ენის გამოყენების საკითხი საერთოდ არ რეგულირდებოდა.

ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც განმცხადებლები ცხოვრობდნენ, მიენიჭა ,,განსაკუთრებული სტატუსი“. იქ, ჩვეულებრივ, ჰოლანდიური ენა გამოიყენებოდა. ბავშვებს შეეძლოთ სკოლამდელი და საწყისი განათლების ფრანგულ ენაზე მიღება, თუკი ეს ენა მათი მშობლიური ენა იყო. ამ ადმინისტრაციული ერთეულების ჰოლანდიურ სკოლებში ფრანგული ენა დამატებით ისწავლებოდა, ხოლო ფრანგულ სკოლებში ჰოლანდიური ენის სწავლა სავალდებულო იყო.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციაში არ ასახულა. შესაბამისად, ჰოლანდიურენოვან ბავშვებს ან თავიანთ ფრანგულენოვან რეგიონებში უწევდათ სწავლა, ან სურვილისამებრ - კერძო მასწავლებლებთან.

ამდენად, ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ენის გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ მოსპო.

მომჩივნებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს სტრასბურგში. ისინი აცხადებდნენ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები, ასევე აღნიშნული კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც შეეხებოდა ბელგიაში ენის გამოყენების შესახებ კანონმდებლობის საკითხებს.

სასამართლოს შეფასებით, პირველი ოქმის მე-2 მუხლი იცავს პირის განათლების მიღების უფლებას. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფო არ არის ვალდებული, დააფინანსოს ან სხვაგვარად უზრუნველყოს განათლების მიღება. ასევე, მას შეუძლია დააწესოს გარკვეული პირობები მის მიერ დაფინანსებულ სასწავლებლებში პირთა მისაღებად, თუმცა ამ შეზღუდვებს უნდა ახლდეს სათანადო დასაბუთება. თავისთავად, განათლების უფლება გარკვეული მომსახურების გაწევას, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. უდავოდ, ოქმი ამას ითვალისწინებს. ყველასათვის განათლების მიცემა მხოლოდ მომსახურებაა, რისი საშუალებაც სახელმწიფოს აქვს.

საქმე ის გახლავთ, რომ პირველი ოქმის მე-2 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს თავისი იურისდიქციის ფარგლებში ხელი არ შეუშალოს პირებს განათლების მიღებაში. თუმცა სახელმწიფო არ არის ვალდებული განათლება მისცეს თავის მოქალაქეებს. ოქმის შესაბამისი ნორმა კრძალავს განათლების ყოველგვარ შეზღუდვას.

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების უფლება უარყოფითი ფორმით არის გამოხატული, კერძოდ, ამგვარად: ,,არავის შეიძლება შეეზღუდოს განათლების უფლება“. უმჯობესი იქნებოდა მისი მტკიცებითი ფორმით გამოხატვა, მაგალითად, ასე: ,,ყველას აქვს განათლების მიღების უფლება“.

ჩანაწერის ამ ფორმამ გამოიწვია ის, რომ მოპასუხე სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისათვის, რათა პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგას ამ სფეროში. საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. მსგავსი სირთულე არსებობდა ნიდერლანდებისა და გერმანიის სახელმწიფოების კანონმდებლობებშიც.

შესაბამისად, პირველი ოქმის მე-2 მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოებს განახორციელოს რაიმე აქტიური ღონისძიება, როგორიცაა სკოლების გახსნა, მათი დაფინანსება და სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტების ცნობა. ასევე, არ არის უზრუნველყოფილი პირის განათლების უფლების განხორციელება მისი კულტურული და ენობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. სახელმწიფოს გადასაწყვეტია ისეთი საკითხები, როგორიცაა ორენოვან ქვეყანაში მშობელთა უფლების განხორციელება, თავიანთი შეხედულების შესაბამისად მისცენ განათლება შვილებს.

ყველას გარანტირებული აქვს განათლების უფლება. საწყისი განათლების კერათა არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ვერავის აუკრძალავს კერძო სკოლის დააარსებას. კერძო პირებს შეუძლიათ, გარკვეული პირობების არსებობისას, სპეციალიზებული ტექნიკური განათლებით უზრუნველყონ ბავშვები.

ბელგიის სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ პოზიციას და განაცხადა, რომ უფლება უნდა გულისხმობდეს ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.

პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, განათლების სფეროში თავისი ფუნქციის განხორციელებისას სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მშობელთა უფლებას, თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების თანახმად მისცენ შვილებს განათლება.

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ უფლებას ისეთივე იურიდიული მნიშვნელობა აქვს, როგორც დანარჩენ უფლებებსა და თავისუფლებებს. ისინი აცხადებდნენ, რომ ოქმის მე-2 მუხლი არ ითვალისწინებს მშობელთა მიერ განათლებისა და სწავლების განხორციელებას, რადგან აღნიშნული ფუნქცია სახელმწიფოს აკისრია. ეს კი გულისხმობს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური სასწავლო დაწესებულებების დაარსებას, დაფინანსებასა და ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე. ასევე, სრულად უნდა იყოს დაცული მშობელთა და ბავშვთა კულტურული, ფილოსოფიური და ენობრივი მახასიათებლები.

თავის მხრივ, მოპასუხე სახელმწიფო მიუთითებდა ,,თავის პასიურ ვალდებულებაზე“, ხელი არ შეეშალა მშობელთა მიერ განათლების უფლების განხორციელებისთვის. ამასთან, ბელგიის ხელისუფლება იტოვებდა უფლებას, დაეწესებინა გარკვეული პირობები იმ სასწავლებლებში მისაღებად, რომლებსაც თვითონ აფინანსებდა და ხელმძღვანელობდა.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, კულტურული და ენობრივი ნიშნები არ თავსდებოდა პირველი ოქმით დაცულ რელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებში, რაც ოქმის ხარვეზს წარმოადგენდა. შესაბამისად, არ იყო დაცული მშობელთა უფლება, თავიანთი შეხედულებით მიეცათ განათლება შვილებისთვის.

კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს თავისი პირადი და საოჯახო ცხოვრების, სახლის და მიმოწერის პატივისცემა.

ასევე, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როდესაც ჩარევა კანონით არის გათვალისწინებული ან აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ქვეყნის უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეკონომიკური კეთილდღეობის დასაცავად, დანაშაულის ან უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად, მორალისა და ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა მათი პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება. ოჯახის უფროსი უფლებამოსილი იყო განესაზღვრა თავისი შვილებისთვის სწავლების ენა, რითაც ოჯახის ერთიანობას დაიცავდა. კონვენციის აღნიშნული მუხლი უზრუნველყოფდა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას მისი უნარისა და თვისებათა გათვალისწინებით.

თავის მხრივ, მოპასუხე სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ პოზიციას. მან აღნიშნა, რომ კონვენციის ეს მუხლი ვერ დაიცავდა ოჯახის უფროსის უფლებას, დამოუკიდებლად განესაზღვრა თავისი შვილების სწავლების ენა. აღნიშნული საკითხი რეგულირდებოდა პირველი ოქმის შესაბამისი მუხლით და არ მოიცავდა პირადი ცხოვრებისა და ოჯახის პატივისცემის უფლებას. საგანმანათლებლო სფერო სახელმწიფოს ეკუთვნოდა. თითოეულ მოქალაქეს შეეძლო განათლების მიღება ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში თავიანთი პირადი ცხოვრების მინიმალური შეზღუდვით.

შესაბამისად, ქვეყნის განათლების შესახებ კანონმდებლობა, თავისთავად, ვერ დაარღვევდა კონვენციით გარანტირებულ საოჯახო და პირადი ცხოვრების უფლებას. მოპასუხე სახელმწიფო საერთოდ ვერ ხედავდა კავშირს კონვენციის მე-8 მუხლსა და პირველი ოქმის მე-2 მუხლს შორის. ევროპულმა სასამართლომ მოუსმინა ორივე მხარეს, შეისწავლა საქმეში არსებული დოკუმენტები და დაადგინა:

1. ბელგიის 1963 წელს მიღებული კანონი განათლების სისტემაში ენის გამოყენების შესახებ არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს პირველი ოქმის მე-2 მუხლთან კავშირში.

სასამართლომ დამოუკიდებლად არც ერთი მუხლის დარღვევა არ განიხილა.

სასამართლოს შეფასებით, განმცხადებელთა ბავშვებს შეზღუდული ჰქონდათ განათლების მიღების უფლება თავიანთი მშობლების საცხოვრებელი ადგილის საფუძველზე. მოსწავლეებს არ ჰქონდათ საშუალება განათლება მიეღოთ ექვს რეგიონში არსებულ ფრანგულენოვან სკოლებში.

ამიტომ მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განათლების მიღების მოთხოვნის ფარგლებში განმცხადებლების შვილებისთვის შესაბამისი განათლების მიცემა.

2. განმცხადებელთა მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეზე არ დარღვეულა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები, ასევე არ დარღვეულა პირველი ოქმის მე-2 მუხლი.

10 ყველა უნდა მოკვდეს?

▲ზევით დაბრუნება


Stigma-Free

ნანა ნიჟარაძე

,,შიდსი ორი წლის წინათ აღმომაჩნდა, მაგრამ შემთხვევა, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ, ხუთი წლის წინ მოხდა.

ერთხელ, გვიან ქუჩაში გამაჩერეს, წამალი ვერ მიპოვეს, მაგრამ ცემით დამემუქრნენ და, არ ვიცი რატომ, ვუთხარი შიდსი მაქვს, თავი დამანებეთმეთქი. ეს რომ გაიგეს, ხელით არ შემეხნენ, მაგრამ ხელკეტებით იმდენი მირტყეს, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ყვიროდნენ, - ყველა შიდსიანი უნდა მოკვდესო.

ამის მერე გიჟი უნდა ვიყო, ვინმეს ვუთხრა, რომ შიდსი მაქვს.

აივ ინფიცირებული, 29 წლის მამაკაცი, საქართველო

ასოები

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - ნელა განვითარებადი ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვირუსი აზიანებს ორგანიზმის დამცველ ე.წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი. შედეგად, ადამიანს ადვილად უჩნება ინფექციური თუ სიმსივნური დაავადებები, რაც, საბოლოოდ, სიკვდილს იწვევს.

თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება. ამ შემთხვევაში, მისი გადარჩენა შეუძლებელი ხდება.

დაავადების დროულად აღმოჩენისა და მკურნალობის კურსის დროულად დაწყების შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია.

იმუნოდეფიციტის ვირუსი გადაეცემა:

ინფიცირებული ადამიანის სისხლის გადასხმით, დაავადებულის შპრიცით სარგებლობით;

ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით;

ინფიცირებული დედისგან მემკვიდრეობით - მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

სიტყვები

,,ბავშვი რომ ძალიან, ძალიან ცელქობს და აშავებს, ქვეცნობიერედ დასჯას ელოდება, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ დიდი განცდები მქონდა. ამის მსგავსი შეგრძნება თითქოს იყო, მაგრამ ცხოვრებას მოყვითალო-ყავისფერი სითხის მიღმა რომ უყურებ, ძნელია რამეზე ფიქრი. არც არაფრის შეცვლა არ შემეძლო... ამაზე უფრო მხოლოდ საყვარელი ადამიანის, მეგობრის ღალატს თუ გავუნადგურებივარ...

მარტოობა... მარტოობა ძალიან ძნელია, ავად ხარ თუ კარგად... მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემთვის ის იქნებოდა, სხვაც რომ დამეშავებინა. ჩემი მეუღლის ანალიზის პასუხის მოლოდინში შიშს არ დავუტოვებივარ... გადავრჩით... მივხვდი, რომ მხოლოდ ის დაისაჯა, ვინც დასასჯელი იყო...

ბუნებით პესიმისტი არ ვარ, ჯერჯერობით არაფერი მაწუხებს, მაგრამ როდის გამირთულდება?.. ოჯახი სამი წლის მიტოვებული მყავდა, ბევრი რამ გამომრჩა. ახლა ვცდილობ ყველა წვრილმანიდან მივიღო სიამოვნება, რასაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერ- თობა ჰქვია... პირველად თვალებში ვერ ვუყურებდი ვერცერთს, მაგრამ მაპატიეს...

ადრე ჩემთვის სინანულის ცნება არ არსებობდა, ვფიქრობდი, თუ კაცი რამეს აკეთებს, აღარც უნდა ინანოს-მეთქი, მაგრამ ახლა... ძველ სურვილთან გამკლავება ძალიან მიჭირს. სიზმარში ვნახულობ ხოლმე... მაცდუნებს... ჩემისთანა კაცის ცდუნებას რა უნდა, მაგრამ მჯერა, რადგან უფალმა სწორ გზაზე დამაყენა, სატანას ბოლომდე დამაძლევინებს...

აივ ინფიცირებული, 33 წლის მამაკაცი, საქართველო.

ციფრები

დღეს შიდსის ვირუსით ინფიცირებულია დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1,1 პროცენტი;

ინფიცირებულია 38 მილიონი სრულწლოვანი და 2,3 მილიონი ბავშვი;

ახლად დაინფიცირებულთა ნახევარს ახალგაზრდები შეადგენენ - შიდსის ვირუსით მსოფლიოში ყოველდღე 6 000 ახალგაზრდა ავადდება;

მსოფლიოს ინფიცირებულთა 90 პროცენტმა არ იცის, რომ ინფიცირებულია;

2005 წლის განმავლობაში აივ-ით 4,9 მილიონი ადამიანი დაავადდა;

ამავე წელს გარდაიცვალა შიდსით დაავადებული 3,1 მილიონი ადამიანი;

1981 წლიდან მოყოლებული, გარდაიცვალა შიდსით დაავადებული 30 მილიონზე მეტი ადამიანი.

ფაქტები

შიდსით ინფიცირების ძირითადი წყარო საქართველოში ინტრავენური ნარკომანიაა. ოფიციალურად, ქვეყანაში რეგისტრირებულია 3500-მდე ნარკომანი, თუმცა, ექსპერტული გათვლებით, რომელიც ამ ორი წლის წინ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, მათი რიცხვი 150 000-ს აღწევს.

ნარკომანებს შორის შიდსის, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებების, გავრცელების წყარო ნემსია. ინფიცირება ხდება: ნემსის და შპრიცის ჯგუფური გამოყენებისას - თუ ჯგუფის ერთი წევრი მაინც ინფიცირებული აღმოჩნდა; ნარკოტიკის ე.წ. გაწმენდისთვის ინფიცირებულის სისხლის წვეთის გამოყენებისას; საერთო ჭურჭლიდან ნარკოტიკის დოზის ამოღებისას, როცა იქ უკვე მოხვდა ინფიცირებული მომხმარებლის სისხლით დასვრილი ნემსი; ე.წ. ,,ვტარიაკის“ დროს - ნარკომანების ნაწილი აგროვებს გამოყენებულ შპრიცებს მასში დარჩენილი წამლის გამოსაყენებლად, აგროვებს ასევე ფილტრებს, რომელშიც წამალს ატარებენ, ხელახლა ხარშავს მას და იკეთებს - თუკი შპრიცში ან ფილტრში ინფიცირებული ნარკომანის სისხლია მოხვედრილი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში არაერთგზის მიუყვანიათ ეზოებში თამაშისას ძირს დაყრილი ნემსებით დაჩხვლეტილი ბავშვები. საბედნიეროდ, შიდსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. მაგრამ ყოველთვის ასე იოლად გადავრჩებით?

ოფიციალური სტატისტიკით

საქართველოში აივ ინფიცირებულია 1000 ადამიანი, 786 - მამაკაცი, 213 - ქალი;

მათგან შიდსი განუვითარდა - 412-ს.

ინფიცირებულთა 62,9 პროცენტი დაავადდა ინტრავენური ნარკომანიის გზით;

30,3 პროცენტი- ჰეტეროსექსუალური გზით;

3,1 პროცენტი- ჰომო- და ბისექსუალური გზით;

1,4 პროცენტი- ვერტიკალური გზით, დედიდან შვილზე

- ეს 17 ინფიცირებულ ბავშვს ნიშნავს;

1 პროცენტი- სისხლის გადასხმის გზით;

1,3 პროცენტის ინფიცირების მიზეზი დაუდგენელია.

საქართველოში შიდსით გარდაიცვალა 213 ადამიანი, აქედან 6 ბავშვი.

პირველი აივ ინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ გასული ათი წლის განმავლობაში, ინფირებულთა რიცხვი საქართველოში სტაბილურად იზრდება.

მარტო წელს, ექვს თვეში, გამოვლინდა შიდსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა.

ამბავი

პატარა გიორგისა და მისი ოჯახის ამბავმა მთელი საქართველო მოიარა.

,,შარშან ოქტომბერში გაირკვა, რომ ინფიცირებულები ვიყავით, - ყვება გიორგის დედა ლამზირა ჩალაძე, - შიდსის ცენტრში 5 წლის ქუთაისელ ბიჭუნას შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. აღიძრა საქმე, გაირკვა, რომ იგი 2001 წელს ქუთაისის სისხლის ბანკიდან გატანილი სისხლის გადასხმით დაავადდა. შემდეგ, ვისაც იმ წელიწადს გვქონდა სისხლი გადასხმული, ყველა გამოგვიკვლიეს. თვითონ ექიმებმა მომაკითხეს.

2001 წელს მართლაც დამჭირდა სისხლი, საკეისრო კვეთის დროს. ქუთაისის სისხლის ბანკისგან ვიყიდეთ. ჩამიტარეს გამოკვლევები. ასე აღმოვჩნდი ინფიცირებული. შემეშინდა და მთელი ოჯახი გამოვიკვლიეთ. გოგოები - ორი მყავს, 8 და 13 წლისანი - და ქმარი ჯანმრთელები არიან. მე და პატარა გიორგი ვართ ინფიცირებულები. ბავშვს ძუძუს ვაწოვებდი და ამის შედეგად დაინფიცირდა.

ლამზირა ჩალაძე 37 წლისაა. მისი მეუღლე - 40-ის. ამ ასაკში ადამიანები ცხოვრებას იწყებენ...

,,ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა, - ამბობს ლამზირას მეუღლე. ეს იკითხება მის თვალებში, სახეზე, სიარულში...

,,ვნახოთ, რა იქნება, - ამბობს ლამზირა, - ვმკურნალობთ. მკურნალობა მეც და გიორგისაც უფასო გვაქვს...

ჩალაძეები სოხუმელი ლტოლვილები არიან. 7 წელია სხვა დევნილებთან ერთად ქუთაისთან ახლოს, რიონჰესის დასახლებაში ცხოვრობენ. როცა დაავადების შესახებ გაიგო, ლამზირამ გადაწყვიტა საქმის კურსში მეზობლებიც ჩაეყენებინა:

,,მე ვთქვი, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ ვიცოდი, რა გზით ვრცელდებოდა ეს დაავადება, ბევრმა მედიცინის მუშაკმაც არ იცოდა ეს. მეზობლებს იმიტომ ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, და არა იმიტომ, რომ ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტათ. იმათ სხვანაირად გაიგეს. ზურგი მაქციეს. პირველ ხანებში ასე იყო.”

ლამზირას და პატარა გიორგის აღარავინ იკარებდა. მშობლები ბავშვებს გიორგისთან თამაშსაც კი უშლიდნენ.

,,რა ვიცით, რა არის, გვეშინია, ბატონო! - ასეთი იყო განმარტება.

,,ამას ისიც დაემატა, რომ ჩემთვის დახმარება მოჰქონდათ. ყველას უჭირს, ხომ იცით, დევნილებს - განსაკუთრებით. ზოგიერთი, ალბათ, ამანაც გააღიზიანა, - ფიქრობს ლამზირა, - მერე ექიმები მოვიდნენ, სპეციალისტები, აუხსნეს, რა დაავადებაა ეს, როგორ ვრცელდება და პრობლემა მოიხსნა. ახლა ჩემს შვილს სახლებშიც უშვებენ, რითიც შეუძლიათ, იმით სცემენ პატივს.

რეალობა

შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:

● ჰაერ-წვეთოვანი გზით (ნერწყვით, დახველებით, ცხვირის დაცემინებით, კოცნით);

● საყოფაცხოვრებო კონტაქტებით (ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობისას);

● არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში;

● ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

● ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავებით, აივ ინფიცირებულის გვერდით ყოფნისას თქვენ დაცული ხართ,

ამდენად -

● შეგიძლიათ, მშვიდად ესაუბროთ ნაცნობს, რომელიც ინფიცირებულია შიდსის ვირუსით;

● თამამად ჩამოართვათ ხელი და გადაკოცნოთ;

● უსურვოთ ჯანმრთელობა, თუკი ის დაახველებს ან დააცემინებს და დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენს საკუთარ ჯანმრთელობას ამ დროს საფრთხე არ ემუქრება;

● მიიპატიჟოთ სადილზე ან თქვენს ბინაში ღამის გათევა შესთავაზოთ, ვინაიდან თქვენ საფრთხეს არ შეგიქმნით საერთო ჭურჭელი, თეთრეული ან საპირფარეშო.

● ინფიცირების მკურნალობისას დაავადების გადადების შანსები თითქმის ნულამდე დადის.

დაავადებაზე ეჭვი უნდა მიიტანოთ, თუკი გაქვთ:

● არამოტივირებული ცხელება;

● ძლიერი საერთო სისუსტე;

● წონაში კლება სხეულის მასის 10 პროცენტით და მეტით;

● ოფლიანობა;

● ლიმფური კვანძების გადიდება;

● ფაღარათი;

● სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;

● თეთრი ფერის ნადები ენაზე;

● გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;

● ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვა.

აივ ინფექციაზე გამოკვლევა აჩვენებია B და ჩ ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისა და ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევაში.

დღეისათვის შიდსისგან სრული განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე ანტირეტროვირუსული პრეპარატები იძლევა სისხლში შიდსის ვირუსის რაოდენობის საგრძნობლად შემცირების საშუალებას, თუმცა მკურნალობის შეწყვეტისთანავე ვირუსი კვლავ იწყებს გამრავლებას. მართალია, მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობა ძვირია, წელიწადში 10 000 აშშ დოლარი ღირს, მაგრამ იგი არა მარტო სიცოცხლეს უხანგრძლივებს შიდსით დაავადებულს, არამედ აქტიური ცხოვრების შესაძლებლობასაც აძლევს მას. ამ მკურნალობის დანერგვით, შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან, ფაქტობრივად, ქრონიკულ, მართვად დაავადებად იქცა.

0x01 graphic

აქცია მზიურში

ორი წელია შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდისგან გამოყოფილი 12-მილიონიანი გრანტის ფარგლებში საქართველოში მოქმედებს შიდსის პროფილაქტიკის სპეციალური პროგრამა. იგი ითვალისწინებს: სისხლის ყველა დონორის გამოკვლევასა და საინფორმაციო ბანკის შექმნას დაწუნებული დონორების დასაფიქსირებლად; ნარკომანიის, პროსტიტუციისა და სხვა მსგავსი საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვას, გადასინჯვასა და მორგებას შიდსთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან; ნემსის გაცვლისა თუ მეტადონით ჩანაცვლების პილოტური პროგრამის განხორციელებას; შიდსის პრევენციას მეძავებთან, ჰომოსექსუალებთან და მათ კლიენტებთან - ვენერიულ დაავადებათა უფასო და ნებაყოფლობით კონსულტირებას, ტესტირებასა და მკურნალობას, საველე სამუშაოებს, პოლიციელებისა და სატრანზიტო მძღოლების ტრენინგს; ახალგაზრდული ცენტრების შექმნას, სადაც მოხდება მსურველთა კონსულტირება თუ ნებაყოფლობითი ტესტირება; სასიცოცხლო უნარ-ჩვევების სახელმძღვანელოს ადაპტირებას მე-10-11 კლასებში; ტრენერების მომზადებას, რომლებიც თანატოლებს გაანათლებენ; ახალგაზრდულ-გასართობი, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებების მოწყობას; ორსულთა შორის აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენას და ინფიცირებული დედის პროფილაქტიკურ მკურნალობას, ახალშობილის პროფილაქტიკურ მკურნალობას; რეგისტრირებული შიდსით დაავადებულების მკურნალობას; რეგიონული სამკურნალო ცენტრების შექმნას ბათუმსა და ზუგდიდში - იქ, სადაც შიდსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევაა, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას აივ ინფიცირებულთა მიმართ, სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლას.

სტიგმა

,,ჩემი და მეუღლის ინფიცირების ამბავი ორსულობის დროს გავიგეთ, ნაყოფი უკვე დიდი იყო და მისი მოცილება არ შეიძლებოდა. ჩემმა მკურნალმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო, - ჩამიტარა ანტივირუსული მკურნალობა, ამიხსნა, რომ საკეისრო კვეთას გამიკეთებდნენ და ამით კიდევ უფრო შეამცირებდნენ ბავშვის დაინფიცირების რისკს.

მშობიარობის დრო რომ მოვიდა, აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთი სამშობიარო არ თანხმდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას. ვერ აგიწერთ, როგორ გავმწარდით... რა დაგემართება, როცა იცი, რომ არის შანსი და მას უცებ ხელიდან გაცლიან, თან ვინ, - ექიმები, რომლებიც, პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ სიცოცხლის გადასარჩენად...

ასეთ შიშსა და უიმედობაში ვიმშობიარე, მაგრამ უფალმა გადმოგვხედა, ჩვენი პატარა ჯანმრთელი დაიბადა. არ ვიცი, რას ვიზამდი, ბავშვი ინფიცირებული რომ დაბადებულიყო...“

აივ ინფიცირებული, 28 წლის ქალი, საქართველო.

დაავადებული ადამიანის საწუხარი მხოლოდ მისი ჯანმრთელობა როდია, - პრობლემაა დამოკიდებულებაც,“ რომელსაც არასწორი, არასრული ინფორმაციისა თუ სხვა მიზეზების გამო, საზოგადოება მის მიმართ იჩენს. შიდსით დაავადებულთათვის ზურგის შექცევა ქმნის საშიშროებას, დაავადებულებმა მოიხნან თავიანთი წილი პასუხისმგებლობა და ზრუნვის ვალდებულება საზოგადოების მიმართ.

მაისის ბოლოს გამართული აქციით საინიციატივო ჯგუფი ,,პრო ლიბერო“ საზოგადოებისთვის სწორედ ამის გაგებინებას ცდილობდა.

ელენე მებაღიშვილი, ჯგუფის წევრი:

,,როდესაც გავიგეთ პატარა გიორგის პრობლემის შესახებ, იმის შესახებ, რამდენად იყო ამ პატარა ბიჭის უფლებები დარღვეული, რამდენად იყო იგი დისკრიმინირებული, გადავწყვიტეთ მოგვეწყო აქცია. გამოცდილება გვქონდა - ჯერ შარდენის საქველმოქმედო აქციების ჩატარებაში ვეხმარებოდით ორგანიზატორებს, შარშან კი თაობათა ცვლა მოხდა და ამ აქციების გამართვა მთლიანად ჩვენ ვიკისრეთ.

აქცია 21 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეს, ,,მზიურში“ მოვაწყვეთ. მიზანი ორი გვქონდა - მატერიალური, რომ ამ კონკრეტულ ოჯახს მხარში ამოვდგომოდით, და პროპაგანდისტული - დავხმარებოდით საზოგადოებას, ადამიანებს, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას, სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევაში. ამისთვის სპეციალისტების ხელშეწყობით დავამზადეთ ბუკლეტები, რომლებიც შემდეგ დავარიგეთ. მათი საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ, რას ნიშნავს ეს დაავადება, როგორ ვრცელდება იგი, დარწმუნდნენ, რომ შიდსით დაავადებულები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთდამი გულგრილი დამოკიდებულება დაუშვებელია.

აქცია იყო როგორც პატარებისთვის - მხიარული შეჯიბრებები, მხატვრული კითხვა, გამოფენა-გაყიდვები, ისე დიდებისთვისაც - როკკონცერტი და ა.შ. სპონსორობა გაგვიწიეს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბიზნესმენებმა და შედეგით უკმაყოფილო არა ვართ. მთავარია საზოგადოებას სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს შიდსით დაავადებულების მიმართ“.

,,პრო ლიბეროს“ სხვა წევრებსაც ამის იმედი აქვთ:

,,ეს აქცია მარტო იმიტომ კი არ მოვაწყვეთ, რომ გიორგის ოჯახისთვის ფულადი დახმარება გაგვეწია; გვინდოდა, ადამიანებისთვის გვეთქვა, რომ ამ და ნებისმიერი პრობლემისადმი სტიგმატიზებული დამოკიდებულება ცუდ შედეგებს იწვევს“.

,,საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ შიდსის სტიგმატიზებას ორმხრივად ნეგატიური შედეგი ექნება - ერთის მხრივ, იგი შეურაცხყოფას აყენებს ამ ადამიანებს, მეორეს მხრივ - უკარგავს მათ საზოგადოებაზე ზრუნვის სურვილს. ამდენად, ეს აქცია იმათთვისაცაა, ვინც ჯანმრთელია. ადამიანმა არ უნდა შექმნას პრობლემა, რომლის შედეგებსაც ძალიან მალე თავად მოიმკის. ეს აქცია ჩვენ ადამიანთა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის გავაკეთეთ“, - ამბობს ნინო რჩეულიშვილი.

გაფრთხილება

,,რამდენიმე თვის წინ, ღამით, საშინლად ამტკივდა კბილი. მივხვდი, დილამდე ვერ მოვითმენდი და 24-საათიან სტომატოლოგიურ კლინიკას მივაკითხე. ექიმს რომ ვუთხარი, ინფიცირებული ვარ-მეთქი, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, მანდილოსანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, შემომაკვდებოდა.

დილამდე ძლივს მოვითმინე, რომ ჩემი სტომატოლოგი მენახა.

თუ კიდევ ჩავვარდი ასეთ დღეში, აღარ ვეტყვი ექიმს, რომ ინფიცირებული ვარ.“

აივ ინფიცირებული, 37 წლის მამაკაცი, საქართველო.

საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა შიდსით ვისიმე განზრახ დაავადების შემთხვევები, მაგრამ, თუ ამ ადამიანებს არსებობის ნორმალურ პირობებს არ შევუქმნით, შესაძლოა ესეც მოხდეს.

11 Summary

▲ზევით დაბრუნება


The themes of the fourth issue of the magazine ,,Solitarity“ are especially diverse. We have given large space to such universal values as liberalism. Fridon Sakvarelidze writes about the significance of liberal values, the history of these values and the present, in the article ,,Liberalism - Ideology of Liberty“. With this text, a new section is started - ,,Politics and Ideology“, where those political ideologies that will be presented were important for the context of Human Rights.

We have new something in the section ,,Tolerance“ as well. This is the translation of the speech of premier minister of Great Britain, Tony Blair, delivered in 2000 at the Tuebingen University, for the ,,Foundation of global ethics“. With the speech presenting the ,,foundation of global ethics“ has been started, established by famous theologian, Hans Keung. This will include publication of round tables, interviews organized by the foundation and speeches delivered for the foundation.

Interesting and full of challenging issues is the interview with the famous defender of human rights, former Ombudsman of Australia, Visiting Professor at RWI Brain Burdekin.

In the section ,,Ethnic Minorities in Georgia“, the tradition has been abandoned. This time, you will not be told about one of the ethnic minorities residing in Georgia. The problem described in the article is relevant for the representatives of all ethnic groups, as it tells about the difficulties that are encountered by all university entrants whose native language is not georgian during the national exams. This problem is quoted in the section ,,law“, where the decision of the European court is presented, about the legislation of Belgium on the use of language in the system of education.

The section ,,Religion in Georgia“ will tell you about Baptist -Evangelical Church of Georgia and its charity activities. Here, you will also get acquainted with the preaching of Bishop Malkhaz Songulashvili.

We ask the reader, and especially the people that can change something in this sphere (actually anyone of us can change something in any sphere) to be especially compassionate towards the articles in the sections ,,Our Circle“ and ,,Stigma Free“. ,,Frame War“ by Zaza Phachuashvili tells us about incredible fate of an Abkhaz lady, Tina Tarba, who is residing in Tbilisi. The article ,,Everyone should Die“ by Nana Nizharadze fights against AIDS stigma, where HIV infected people talk about their lives themselves.

12 ყველას აქვს უფლება…

▲ზევით დაბრუნება


გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელიარ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...

მარტინ ნილმიოლერი, პასტორი
გერმანიის ევანგელური (ლუთერული) ეკლესია

ყველას აქვს უფლება, გაეცნოს

● ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას

● აგრეთვე, მიიღოს მათი ასლები თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.

სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა თუ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

1. სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

2. მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებული ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

3. სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

საჯარო ინფორმაციის მიღებისას, ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე:
99 58 98

მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის . 11