![]() |
ინტელექტუალები და სოციალიზმი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჰაიეკი ფრიდრიხ აუგუსტ |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © ხანთაძე დავითი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი
ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არსებობს ურყევი რწმენა, რომ ინტელექტუალების გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე უმნიშვნელოა. ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართებულია, თუ ვგულისხმობთ მათი პიროვნული მოსაზრებების საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესებზე უშუალო ზემოქმედების ძალას - არც იმდენად დიდს, რომ არჩევნების პროცესში გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე ისეთ საკითხებში, რომლებთან დაკავშირებითაც მათი შეხედულებები ხალხის მასებში გაბატონებულისგან განსხვავდება მაშინ, როდესაც დროის უფრო ხანგრძლივი მონაკვეთების მანძილზე მათი გავლენა ამ ქვეყნებში, ალბათ, არასოდეს ყოფილა ესოდენ ძლიერი, რასაც მათ საზოგადოების შეხედულებების ფორმირების პროცესში აქტიური ჩარევით მიაღწიეს.
უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, ერთგვარ კურიოზად მოჩანს, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შეფასებული იდეათა სამყაროში მეორადი საქონლის ამ პროფესიონალ დილერთა ძალა. დასავლური სამყაროს პოლიტიკური ევოლუცია უკანასკნელი ასი წლის მანძილზე ამის საუკეთესო დემონსტრაციას წარმოადგენს. სოციალიზმი თავიდანვე არსად და არასოდეს ყოფილა მუშათა კლასის მოძრაობა და არც უცილობელი სოციალური ბოროტების სამკურნალო საშუალებაა, რამაც შეიძლება უპასუხოს ამ კლასის ინტერესებს. ის უფრო განყენებული აზროვნების ტენდენციებზე დაფუძნებული თეორეტიკოსების აბსტრაქტული კონსტრუქციაა, რომლებთანაც გაშინაურებული დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ინტელექტუალები იყვნენ; და მათ არცთუ მცირედი ჯაფა დაადგათ, რათა დაერწმუნებინათ მუშათა კლასი, რომ იგი საკუთარ სამოქმედო პროგრამად მიეღო.
ყველა ქვეყანაში, რომელიც სოციალიზმის მიმართულებით მოძრაობდა, განვითარების იმ ფაზას, როდესაც სოციალიზმი პოლიტიკაზე გადამწყვეტ ზეგავლენას მოიპოვებს, წინ ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა, როდესაც ყველაზე აქტიური ინტელექტუალების აზროვნებას სოციალისტური იდეალები წარმართავდნენ. გერმანიაში ეს ფაზა XIX საუკუნის დასასრულს დადგა; ინგლისსა და საფრანგეთში - პირველი მსოფლიო ომის დროს. ზედაპირულ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იწყება და რომ გეგმიური და მართული ეკონომიკური სისტემის მიმზიდველობა ამერიკის ინტელექტუალებში ახლა ისეთივე ძლიერია, როგორც ერთ დროს მათ გერმანელ და ინგლისელ თანამოაზრეთა შორის. გამოცდილება გვკარნახობს - საკმარისია დადგეს ეს ფაზა, შემდგომ მხოლოდ დროა საჭირო, რომ ინტელექტუალთა ნააზრევი პოლიტიკის წარმმართველ ძალად იქცეს.
ამდენად, იმ პროცესებში გარკვევა, რომლის მეშვეობითაც ინტელექტუალთა შეხედულებები ხვალინდელი დღის პოლიტიკაზე ზემოქმედებს, ჩვენთვის მხოლოდ აკადემიური ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში - გვსურს უბრალოდ განვჭვრიტოთ მოვლენები, თუ მოვახდინოთ მათზე ზეგავლენა - ეს ფაქტორი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივ იგულისხმება. ის, რაც თანამედროვე დამკვირვებელს კონფლიქტური ინტერესების კოლიზიად მიაჩნია, სინამდვილეში თავის გადაწყვეტას, დიდი ხნით ადრე, უპირატესად, ვიწრო წრეებში პოპულარული იდეების შეჯახებისას პოვებდა ხოლმე. უცნაურია, მაგრამ, იმ რწმენის დამკვიდრებაში, რომ სწორედ მხარეების მატერიალური ინტერესების რაოდენობრივი ასპექტი განსაზღვრავდა პოლიტიკური ცხოვრების პრობლემატიკას, მთავარი წვლილი მემარცხენე პარტიებმა შეიტანეს, მაშინ, როცა თავის პრაქტიკულ საქმიანობაში, იგივე პარტიები რეგულარულად და წარმატებულად მოქმედებდნენ ისე, თითქოს სწორედ მათ ესმოდათ ინტელექტუალების წამყვანი მნიშვნელობა. განზრახვით, თუ გარემოებების ზეგავლენით, თავის ძალისხმევას ისინი სწორედ ამ „ელიტის” მხარდაჭერის მოპოვებისკენ მიმართავდნენ, მაშინ როდესაც უფრო კონსერვატიული ჯგუფები სისტემატურად, თუმცა წარუმატებლად, საკუთარი მოქმედების საყოველთაო დემოკრატიის გულუბრყვილო წარმოდგენაზე დაეფუძნებას და, როგორც წესი, ცალკეული ამომრჩევლებისთვის ხმის მიწვდენასა და მათ დარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ.
უნდა ითქვას, რომ ცნება „ინტელექტუალები” ვერ შეგვიქმნის მთლიან წარმოდგენას იმ ფართო წარმომადგენლობის კლასზე, რომელზეც ვსაუბრობთ, და ისიც, რომ იმგვარი საქმიანობის არსის გადმოსაცემად, რასაც ჩვენ იდეების სფეროში მეორადი საქონლის დილერობას ვუწოდებთ, არ გაგვაჩნია უფრო სრულყოფილი ტერმინი, რაც მისი ძალის შეუფასებლობის არცთუ უმნიშვნელო მიზეზია. ისინიც კი, ვინც „ინტელექტუალს” ძირითადად სალანძღავ სიტყვად ხმარობენ, ცდილობენ იგი მათი მისამართითაც კი არ გამოიყენონ, ვინც ამ სპეციფიკურ ფუნქციას უეჭველად ასრულებენ. ინტელექტუალი არც ორიგინალური მოაზროვნეა, არც მეცნიერი და არც რომელიმე სპეციფიკური სააზროვნო დარგის ექსპერტი. ტიპური ინტელექტუალი არც უნდა იყოს რომელიმე მათგანი: მას, წარმატებულ შუამავალს იდეებსა და საზოგადოებას შორის, არ სჭირდება რამე განსაკუთრებული გარემოების სპეციფიკური ცოდნა და არც განსაკუთრებული ინტელექტი. რაც მას თავის საქმიანობაში გამოარჩევს, ესაა საგანთა ფართო წრე, რომელთა შესახებაც შეუძლია თავისუფლად ლაპარაკი და წერა, გარემოებებთან სიახლოვე და უნარი შეითვისოს ახალი იდეები უფრო ადვილად, ვიდრე ახერხებენ სხვები - ისინი, ვისაც მიმართავს იგი.
ვიდრე არ შევუდგებით ამ კლასში შემავალ პროფესიათა თუ საქმიანობათა ჩამოთვლას, ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ მრავალრიცხოვანია ისინი, რომ თანამედროვე საზოგადოებაში განუხრელად ფართოვდება მათი აქტივობის ფარგლები და ჩვენ სულ უფრო დამოკიდებული ვხდებით მათზე. იგი არ შედგება მხოლოდ ჟურნალისტების, მასწავლებლების, მინისტრების, ლექტორების, პუბლიცისტების, რადიოკომენტატორების, მწერლების, კარიკატურისტებისა და არტისტებისგან, რომლებიც იდეების გავრცელების ტექნიკას, მართალია, სრულყოფილად ფლობენ თუმცა, იმ პრობლემების არსის წვდომაში, რის პროპაგანდასაც ეწევიან, ისინი მხოლოდ მოყვარულად რჩებიან. კლასი, ასევე, მრავალ პროფესიონალსა და სპეციალისტს მოიცავს - მეცნიერს, ექიმს, ტრადიციულად ახლოს მდგომს ბეჭდვითი სიტყვის სამყაროსთან და ახალი იდეების საკუთარი საქმიანობის სფეროს მიღმა გამავრცელებლებს, და რომელთა მსჯელობას, საკუთარი სპეციალობის ექსპერტული ცოდნის გამო, სხვა დარგებშიც ინტერესით და პატივისცემით უსმენენ. ცოტა რამ თუ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი, რასაც დღევანდელი რიგითი ადამიანი ამ კლასის მეშვეობით არ გებულობდეს, ხოლო ჩვენი პროფესიული საქმიანობის მიღმა ხომ ყველანი რიგით ადამიანებად ვრჩებით. საზოგადოების ინფორმირება და დამოძღვრა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვისაც დროის შეხედულებებთან ფეხის აწყობა თავის საქმედ გაუხდია. სწორედ ინტელექტუალები წყვეტენ, თუ რა შეხედულებებმა და აზრებმა უნდა მოაღწიონ ჩვენამდე, რომელი ფაქტების ცოდნაა საჭირო და რა ფორმით და რა სახით უნდა შევიტყოთ ისინი. შევძლებთ თუ არა ოდესმე, გავიგოთ რამე ექსპერტთა და ორიგინალურ მოაზროვნეთა ნამუშევრების შესახებ, ძირითადად მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეს, რომ ტექნიკური თუ ჰუმანიტარული დარგების მეცნიერთა პოპულარობას სწორედ ეს კლასი ქმნის და, ამდენად, მოსაზრებები მათ შესახებ, ასევე გარადაუვალად, შეფერილია ამ უკანასკნელის შეხედულებებით იმ საკითხებზე, რომლებსაც ცოტა რამ თუ აქვს საერთო ჭეშმარიტი მიღწევების ღირსებებთან. ჩვენი პრობლემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ მეცნიერს არაერთი შემთხვევა შეუძლია გაიხსენოს საკუთარი მოღვაწეობის სფეროდან, როდესაც ამა თუ იმ ადამიანმა მხოლოდ იმიტომ მოიხვეჭა დიდი მეცნიერის სახელი, რომ ჰქონდა, როგორც ინტელექტუალები მიიჩნევდნენ, „პროგრესული” პოლიტიკური შეხედულებები; თუმცა, მაინც წავაწყდი ერთადერთ შემთხვევას, როდესაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ასეთი ფსევდომეცნიერული რეპუტაციით უფრო კონსერვატიული შეხედულებების მეცნიერიც დააჯილდოვეს. ინტელექტუალების მიერ რეპუტაციის ამგვარი შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სფეროში, სადაც წარმოებული ექსპერტული კვლევის შედეგები სხვა სპეციალისტების მიერ არ გამოიყენება და, უპირატესად, მოსახლეობის ფართო ფენების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. და არ არსებობს ამის უკეთესი ნიმუში, ვიდრე პროფესიონალ ეკონომისტებს შორის ისეთი დოქტრინების მომრავლების მიმართ დამოკიდებულება, როგორიცაა სოციალიზმი ან პროტექციონიზმი. შესაძლოა არც არასდროს არსებულა ეკონომისტების უმრავლესობა, აღიარებული ასეთად მათი თანამედროვე კოლეგების მიერ, ესოდენ კეთილგანწყობილი სოციალიზმის (ან პროტექციის) მიმართ. და, როგორც ჩანს, მართებულია ისიც, რომ იმავე საფეროში მკვლევართა არც ერთი ჯგუფი არ მოიცავს ისეთი დიდი რაოდენობით წევრებს, რომლებიც მკვეთრ ოპოზიციაში არიან სოციალიზმთან (ან პროტექციონიზმთან). ეს მით უფრო მნიშვნელოვანია - და უკანასკნელ დროს ეს შეგვიძლია როგორც ვამტკიცოთ, ასევე უარვყოთ - რომ ინდივიდის მიერ ეკონომიკის საკუთარ პროფესიად არჩევას სწორედ სოციალისტური რეფორმებისადმი ადრეული ინტერესი განაპირობებდა. მაგრამ ეს არა ექსპერტებს შორის გავრცელებული, არამედ იმ უმცირესობის შეხედულებაა - საკუთარ პროფესიაში უპირატესად საეჭვო რეპუტაციით რომ სარგებლობს - რომელიც აიტაცეს და გაავრცელეს ინტელექტუალებმა.
ინტელექტუალების ყოვლისმომცველ გავლენას თანამედროვე საზოგადოებაში „ორგანიზაციის“ სულ უფრო მზარდი მნიშვნელობაც განამტკიცებს. ესაა გავრცელებული, თუმცა მცდარი რწმენა, რომ ორგანიზაციის როლის ზრდა, შესაბამისად, ზრდის ექსპერტებისა და სპეციალისტების გავლენას, რაც, შესაძლოა, მართებული იყოს ექსპერტ ადმინისტრატორის ან ორგანიზაციის სპეციალისტის - თუკი არიან ასეთნი - მიმართ, მაგრამ არა ცოდნის ამა თუ იმ სფეროში ექსპერტისადმი. უპირატესად, ესაა პიროვნება, რომელსაც, ივარაუდება, რომ ზოგადი ცოდნა ექსპერტების არგუმენტების შეფასების კომპეტენციას, მეტიც, სხვადასხვა დარგის ექსპერტების შეფასებებისას მსაჯულის როლს ანიჭებს და რომლის ძალაც, ამდენად, ყველა მათგანზე აღმატებულია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ყველა მეცნიერი, ვინც უნივერსიტეტის რექტორი ხდება ან სათავეში ინსტიტუტსა თუ ფონდს ჩაუდგება, მეცნიერი, ვინც რედაქტორად ან რომელიმე გამოკვეთილი, კონკრეტული მიზნის სამსახურებში მყოფი ორგანიზაციის აქტიურ პროპაგანდისტად გვევლინება, ამის შემდეგ აღარც მეცნიერია და აღარც ექსპერტი და მხოლოდ ინტელექტუალს წარმოადგენს - ზოგადი, აღიარებული იდეების პოპულარიზატორის კონტექსტში. ასეთი ინსტიტუციების რიცხვი კი, რომელიც ხელს უწყობს ინტელექტუალების წარმოშობას, გამრავლებას და მათი გავლენის განვრცობას, დღითი დღე იზრდება. თითქმის ყველა, ვინც უბრალოდ ინფორმაციის განმარტების, მისი გადმოცემის ტექნიკის „ექსპერტად“ გვევლინება, განსახილველი საკითხის არსთან მიმართებაში, რომელზეც ის მსჯელობს, არა ექსპერტი, არამედ ინტელექტუალია.
იმ მნიშვნელობით, რომლითაც ამ ცნებას ვიყენებთ, ინტელექტუალები კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ გვიანი მოვლენაა. მართალია, არავინ ნანობს, რომ განათლება აღარ არის მხოლოდ შეძლებული კლასების პრივილეგია, ფაქტი, რომ შეძლებული კლასები აღარ წარმოადგენენ ყველაზე განათლებულ ფენას და ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც თავის მდგომარეობას მხოლოდ ზოგად განათლებას უმადლის და ეკონომიკის ბუნებაში ვერ ერკვევა, რასაც მხოლოდ კერძო საკუთრების გაძღოლა იძლევა, ინტელექტუალების როლის გასაგებად არსებითია. პროფესორმა შუმპეტერმა, რომელმაც ჩვენი პრობლემის ზოგიერთ ასპექტს თავის წიგნში „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია” მთელი თავი მიუძღვნა, არცთუ უსაფუძვლოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ სწორედ პრაქტიკულ საქმეებში პირადი პასუხისმგებლობის არარსებობა და, შესაბამისად, გარემოებების უშუალო (პირველადი) ცოდნის არქონა გამოარჩევს ტიპურ ინტელექტუალს მათგან, ვინც ასევე განაგებს სიტყვას, გამოთქმულსა თუ დაწერილს. თუმცა, შორს წაგვიყვანდა ამ კლასის ევოლუციის ანალიზი და ასევე იმ უცნაურ განცხადებაზე საუბარიც, რომელიც ახლახან გააკეთა ერთ-ერთმა მათმა თეორეტიკოსმა - რომ სწორედ მათი კლასია ერთადერთი, რომლის შეხედულებები საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისგან ყოველთვის თავისუფალი იყო. ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა შევჩერებულიყავით იმ გარემოებაზე, რომ ამ კლასის კეთილდღეობის ზრდის სტიმულირება ხელოვნურად ხდებოდა საავტორო უფლების კანონით.
არ არის გასაკვირი, რომ ნამდვილი მეცნიერი, ექსპერტი ან პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული ადამიანი, ხშირად, ერთგვარი ქედმაღლობითაა განმსჭვალული ინტელექტუალის მიმართ, არ სურს მისი ძალის აღიარება და აღშფოთებით აპროტესტებს მის არსებობას ყველგან, სადაც კი გადაეყრება. ისინი მათთვის წარმოადგენენ ადამიანებს, რომლებიც არაფერში ერკვევიან ღრმად ხოლო მათი მსჯელობა საგნებზე, რომლებშიც ერკვევიან, სპეციალური ცოდნის სიმწირეს ამJღავნებს. მაგრამ, ამის გამო მათი ძალის უგულებელყოფა ან ჯეროვანი შეუფასებლობა ფატალური შეცდომა იქნებოდა. და თუმცა მათი ცოდნა ხშირად ზედაპირულია, ხოლო ინტელექტი, მოვლენების წვდომის უნარი - შეზღუდული, ეს მაინც არ ცვლის ფაქტს, რომ, ძირითადად, სწორედ მათი ნააზრევი განსაზღვრავს იმ შეხედულებებს, რომელთა მიხედვითაც საზოგადოება ახლო მომავალში იმოქმედებს. და არ იქნებოდა გაზვიადება იმის თქმა, რომ, როგორც კი ინტელექტუალების აქტიური ნაწილი ახალ რწმენას - შეხედულებათა გარკვეულ სისტემას - აიტაცებს, მისი საყოველთაო აღიარების პროცესი ავტომატურია და ძლევამოსილი. ინტელექტუალები იმ ორგანოს წარმოადგენენ, რომელიც თანამედროვე საზოგადოებამ შექმნა იდეებისა და ცოდნის გავრცელებისთვის, და მათი შეხედულებები იმ საცერს ქმნიან, რომელშიც უნდა გაიცრას ახალი წარმოდგენები, ვიდრე ისინი ადამიანთა ფართო მასებამდე მიაღწევდეს.
საკუთარი რწმენის და ცოდნის თავის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება ინტელექტუალის ბუნებაშია. წამყვან პოზიციას იგი იმდენად ინარჩუნებს, რამდენადაც ფლობს ან ყოველდღიური შეხება აქვს ისეთ ცოდნასთან, რომელსაც მისი დამქირავებლები, როგორც წესი, არ ფლობენ და ამიტომ მის (ინტელექტუალის) საქმიანობაზე სხვების მხრიდან ზეგავლენა შეზღუდულია. და, რადგან მათი უმრავლესობა, ძირითადად, ინტელექტუალურად პატიოსანია, საკუთარი არჩევანის იმ თავისუფალების პირობებში, რაც მათ აქვთ, ბუნებრივია, ისინი საკუთარი შეხედულებების ერთგული იქნებიან, ისევე როგორც ის, რომ ყველაფერს, რაც მათ ხელში გაივლის, ისინი ინდივიდუალურ შეფერილობას მიანიჭებენ. მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკას, ძირითადად სხვადასხვა შეხედულების მქონე საქმიანი ადამიანები წარმართავენ, მისი პრაქტიკული განხორციელება ინტელექტუალების ხელში რჩება და საბოლოო ეფექტსაც ხომ დეტალები, ნიუანსები განსაზღვრავს. ამის ილუსტრაციებს დღევანდელ საზოგადოებაში ჩვენ ყველგან ვპოულობთ: გაზეთები „კაპიტალისტის“ საკუთრებაში, უნივერსიტეტები, რომლებსაც „რეაქციული“ სამეცნიერო საბჭოები უძღვებიან, კონსერვატიული რადიო და ტელეკომპანიები -თუმცა, საზოგადოებრივ აზრს ყოველი მათგანი სწორედ სოციალიზმის მიმართულებით წარმართავს, რადგან ასეთია პერსონალის მრწამსი. ეს ხდებოდა არა მარტო მიუხედავად, არამედ, შესაძლოა, ხშირად იმ ადამიანების განზრახვის გამოც - ვინც აკონტროლებს საზოგადოებრივ აზრს - დაემკვიდრებინათ ორთოდოქსული პრინციპები.
ინტელექტუალების შეხედულებების, გარკვეული ღირებულებებისადმი მათი შინაგანი მიდრეკილების საცრით იდეათა გაფილტვრის ზემოქმედება მხოლოდ ხალხის ფართო მასებით არ შემოიფარგლება. ექსპერტიც კი თავისი სპეციალური სფეროს მიღმა არანაკლებადაა დამოკიდებული ამ კლასზე და არანაკლებ განიცდის მისი სელექციის გავლენას. შედეგად, დასავლური სამყაროს უმეტეს ნაწილში თვით სოციალიზმის მედგარი ოპონენტებიც, იმ საკითხებზე ცოდნას, რომლებზეც არა აქვთ უშუალო წარმოდგენა, სწორედ სოციალისტური წყაროებიდან იღებენ. ხოლო სოციალისტების პრაქტიკული წინადადებების მათსავე ფუნდამენტურ ცრურწმენებთან კავშირი არ არის ადვილი შესამჩნევი; შედეგად - ეს სააზროვნო სისტემა მათი იდეების ეფექტურ პროპაგანდისტად იქცა. ვინ არ იცნობს პრაქტიკოსს, თავის სფეროში სოციალიზმს, როგორც „მავნე სისულელეს” რომ უარყოფს, მაგრამ ამ სფეროს მიღმა ხოტბას აფრქვევს იმავე სოციალიზმის მისამართით, როგორც ნებისმიერი მემარცხენე ჟურნალისტი უკანასკნელი ასი წლის მანძილზე სოციალისტი ინტელექტუალების გავლენა არც ერთ სხვა სფეროში არ იგრძნობა ისე მკვეთრად, როგორც განსხვავებულ ეროვნულ ცივილიზაციათა ურთიერთობისას. ამ სტატიის ფარგლებს საგრძნობლად გასცდებოდა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტის მიზეზებსა და მნიშვნელობაზე მსჯელობა, რომ თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო საზოგადოებაზე ჩვენს წარმოდგენას სწორედ ინტელექტუალები აყალიბებენ. ამით თუ აიხსნება ის უჩვეულო სანახაობა, რომ თაობების მანძილზე დასავლეთი, საერთო აღიარებით „კაპიტალისტური”, მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას - შორს, აღმოსავლეთში - თითქმის მხოლოდ იმ იდეოლოგიურ მოძრაობებს უწევდა, რომლებიც მიზნად დასავლური ცივილიზაციის დასამარებას ისახავდა და, რომ, იმავდროულად, ინფორმაცია, რომელსაც დასავლეთის საზოგადოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ მოიპოვებდა, როგორც წესი, სოციალისტური იდეების კოლორიტით იყო შეფერილი. ამ ტენდენციის საუკეთესო მაგალითი, თუნდაც, გერმანიაში ამერიკის საოკუპაციო ჯარების „აღმზრდელობითი” აქტივობაა.
ამდენად, მნიშვნელოვანია იმ მიზეზების სრულყოფილი ცოდნა, რომლებიც ინტელექტუალებს სოციალიზმისკენ უბიძგებს. პირველი, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ, ვინც ამ ხედვას არ იზიარებს და გულწრფელად აღიაროს, რომ ინტელექტუალის სოციალისტური იდეებისადმი მიკერძოებას არა ეგოისტური ინტერესები ან ბოროტი ზრახვები, არამედ გულწრფელი რწმენა და კეთილი მიზნები განაპირობებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ტიპური ინტელექტუალი, ზოგადად, დღეს იმდენადაა სოციალისტური იდეების მიმდევარი, რამდენადაც მასში კეთილი ნება და ინტელექტი დომინირებს და წმინდა ინტელექტუალური თვალსაზრისით ის, შესაძლოა, საუკეთესო შემთხვევას წარმოადგენდეს საკუთარი კლასის ფარგლებში არსებულ ოპონენტთა უმრავლესობასთან მიმართებაში. და, თუ ჩვენ მას მცდარად მივიჩნევთ, მისი შეცდომა უნებლიეა, რადგან იმპულსია გულწფრელი, რაც ამ კეთილი ნებისა და ინტელექტის ადამიანებს ამოძრავებთ, მათ ცდაში გაავრცელონ იდეები, ჩვენ საკუთარი ცივილიზაციის საფრთხედ რომ აღვიქვამთ, მთელ მსფლიოში წამყვანი პოზიციები რომ დაუპყრიათ.1 და არაფერია დღეს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ როგორმე გავერკვეთ ამ შეცდომების მიზეზებში, რათა ადეკვატურად დავუპირისპირდეთ მათ. მაგრამ ისინი, ვინც არსებული წესრიგის წარმომადგენლებად, მის სიმბოლოდ ითვლებიან და ვისაც სწამს, რომ კარგად ესმის სოციალიზმიდან მომდინარე საფრთხე, როგორც წესი, შორს არიან ამ მიზეზების გააზრებისგან, სოციალისტ ინტელექტუალებს მხოლოდ ქედმაღალი რადიკალების დამანგრეველ ჯგუფად აღიქვამენ და მათი გავლენის ჯეროვანი შეუფასებლობით -საბოლოო ჟამში მთელი თავისი მიდგომით - არსებული წესრიგის მიმართ მათ ოპონირებას მხოლოდ ამძაფრებენ.
თუ გვსურს გავიგოთ ინტელექტუალების ამ მრავალრიცხოვანი ნაწილის ხედვის თავისებურება, უნდა გავითვალისიწინოთ ორი რამ: პირველი - ისინი ყველა კერძო შემთხვევას მხოლოდ ზოგადი იდეების ასპექტში განსჯიან; მეორე - ნებისმიერი ეპოქის ტიპური შეცდომები სათავეს იმ ჭეშმარიტებებში იღებს, რომლებიც მან აღმოაჩინა და იმ ახალი განზოგადებების მცდარ გამოყენებას წარმოადგენს, თავისი მართებულობა სხვა გარემოებებში რომ დაამტკიცა. დასკვნა, რომელსაც ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით ვაკეთებთ, ისაა, რომ, ხშირად ასეთი ცდომილებების აღმოფხვრა ინტელექტუალური ძიებების გზაზე შემდგომ წინსვლას სწორედ იმ საკითხებში მოითხოვს, პრაქტიკული პრობლემებისგან ძალზე შორი და, ამდენად, ძალზე აბსტრაქტულიც რომ მოჩანს.
ინტელექტუალის ყველაზე ტიპური თვისება ისაა, რომ ახალ იდეებს არა მათი სპეციფიკური ღირსებების, არამედ მის ზოგად წარმოდგენებთან - მსოფლიოს ხატთან - ის თანამედროვედ და პროგრესულად რომ მიიჩნევს, მათი ადაპტაციის თუ მათში იმპლემენტაციის უნარით განსჯის. სწორედ მასზე ზემოქმედებით, კერძო, კონკრეტული პრობლემების მისეულ შეფასებებზე ზეგავლენით იზრდება კეთილი და ბოროტი იდეების ძალა მათი ზოგადობის, აბსტრაქტულობის, თუნდაც ბუნდოვნების პროპორციულად. რადგან მან ცოტა რამ თუ იცის კონკრეტულზე, მისი კრიტერიუმი მხოლოდ ამა თუ იმ ფაქტის მის სხვა შეხედულებებთან თავსებადობა და მისი სამყაროს ნაწილებთან ჰარმონიული თანაარსებობა შეიძლება იყოს. ახალი იდეების სიმრავლიდან ეს მუდმივი, ყოველწუთიერი არჩევა შეხედულებების თავისებურ კლიმატს ქმნის - ეპოქის დომინანტურ Weltanschauung-ს, კეთილგანწყობილს გარკვეული შეხედულებების და არაკეთილგანწყობილს სხვათა მიმართ, რომელიც აიძულებს ინტელექტუალს ერთი მოსაზრება მიიღოს და მეორე უარყოს, საკითხში გაურკვევლად.
გარკვეული თვალსაზრისით, ინტელექტუალი უფრო ახლოა ფილოსოფოსთან, ვიდრე რომელიმე სხვა სპეციალისტთან, ფილოსოფოსი კი ერთგვარ პრინცად გვევლინება ინტელექტუალთა შორის. თუმცა, პრობლემის თეორიული მხარის მოგვარების შემდგომ, მისი გავლენა პრაქტიკულ საქმეებზე, პროცესების განვითარების კვალდაკვალ, აღარ იგრძნობა და, შესაბამისად, მისი კვალიც უფრო ძნელად შესამჩნევია, ვიდრე ორდინარული ინტელექტუალისა, მაინც, იგი იმგვარივეა და დროის ხანგრძლივ მონაკვეთში მისი გავლენა უფრო ძლიერიცაა, ვიდრე ამ უკანასკნელისა. მას სინთეზისკენ იგივე სწრაფვა გამოარჩევს, განხორციელებული უფრო მეთოდურად, კერძო მოვლენების იგივე განსჯა, მათი ზოგად სისტემაში იმპლემენტაცია, ამ უკანასკნელთან მათი შესატყვისობიდან და არა საკუთარი სპეციფიკური ღირსებებიდან გამომდინარე, იგივე სწრაფვა სამყაროს არაწინააღმდეგობრივი, ერთგვაროვანი ხედვისკენ, რაც ორივესთვის იდეათა მიღებისა თუ უარყოფის ძირითად საფუძველს ქმნის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აღემატება ინტელექტუალებზე ფილოსოფოსის გავლენა მეცნიერისა თუ ნებისმიერი სხვა ექსპერტისას და ინტელექტუალების მიერ ცენზორის ფუნქციის აღსრულების ხასიათსაც განსაზღვრავს. მეცნიერის გავლენა საზოგადოებაზე ფილოსოფოსის გავლენის კონკურენტუნარიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც იგი, უკვე როგორც არასპეციალისტი, ფილოსოფიურ მსჯელობას მისი დარგის განვითარებაზე იწყებს და, ჩვეულებრივ, სწორედ ამის შემდეგ ღებულობენ თავის რიგებში მას ინტელექტუალები და იმ მიზეზებით, არაფერი რომ აქვს საერთო მის მეცნიერულ ღირსებებთან.
ამდენად, ნებისმიერი ეპოქის „შეხედულებათა კლიმატი“, არსებითად, უაღრესად ზოგად ცრურწმენათა კრებულს წარმოდგენს, რომლის მეშვეობითაც აფასებს ინტელექტუალი ახალ ფაქტებსა და შეხედულებებს. ძირითადად, ეს ცრურწმენები ინტელექტუალის მიერ მეცნიერულ მიღწევებად მიჩნეულ მოვლენათა უმნიშვნელოვანეს ასპექტებზეა მორგებული - ყველაფერზე, რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე სპეციალისტთა ნაღვაწში - შემდგომში, მას სრულიად შეუსაბამო სფეროებში რომ გადააქვს. შეიძლება მოვიყვანოთ სია ინტელექტუალური მოდისა და სათავო სიტყვებისა, ორი თუ სამი თაობის მანძილზე მონაცვლეობით რომ დომინირებდა ინტელექტუალების ნააზრევში. იყო ეს „ისტორიული მიდგომა“ თუ ევოლუციის თეორია, მეცხრამეტე საუკუნის დეტერმინიზმი თუ მემკვიდრეობითობის რწმენა, გარემოს გავლენის გადამწყვეტი როლი, ფარდობითობის თეორია თუ ქვეცნობიერის ძალის აღიარება, ყველა ეს მოვლენა იქცა კრიტერიუმად, რომლის მიხედვითაც ფასდებოდა ინოვაციები სხვადასხვა სფეროში. თითქოს, რაც უფრო ნაკლებად სპეციალური, ან ზუსტი იქნება (ან ნაკლებად გასაგები) ეს იდეები, მით უფრო ყოვლისმომცველი შეიძლება იყოს მათი გავლენა. ხანდახან ეს მხოლოდ ბუნდოვანი შთაბეჭდილებაა, შთამბეჭდავად ხორცშესხმული სიტყვებში და, ამდენად, მისი გავლენა - კიდევ უფრო დიდი. რწმენამ, რომ ბოლომდე გათვლილი კონტროლი და გააზრებული ორგანიზაცია -სოციალურ სფეროშიც - ყოველთვის უკეთესია სპონტანური პროცესების მეშვეობით მიღებულ შედეგებზე, რომლებიც ადამიანური გონებით არ იმართება, ან იმან, რომ ნებისმიერი წინასწარ შემუშავებულ გეგმაზე დაფუძნებული წესრიგი დაპირისპირებული ძალების წონასწორობისას ჩამოყალიბებულზე უკეთესია, პოლიტიკურ განვითარებაზე საფუძლიანი ზეგავლენა მოახდინა.
აშკარად განსხვავებულია ინტელექტუალების როლი საკუთრივ სოციალური იდეების განვითარებაში. აქ მათი სპეციფიკური მიდრეკილებები ცრურწმენებისა თუ აბსტრაქციების ფარული პაროლების შექმნაში, ადამიანების ბუნებრივ ურთიერთობებში ჩამოყალიბებული გარკვეული ამბიციების რაციონალიზებასა და უკიდურესობამდე გამძაფრებაში ვლინდება. რადგან დემოკრატია „კარგია“, რაც უფრო შორს წავალთ მისი პრინციპების დამკვიდრებაში, მით უკეთესი, ფიქრობენ ისინი. იმ პოლიტიკურ იდეათაგან, რომლებმაც ბოლო დროის პოლიტიკური განვითარება განსაზღვრეს, ყველაზე ძლევამოსილი ქონებრივი თანასწორობის იდეაა. საინტერესოა, რომ ის ტიპობრივად არა ერთ-ერთი, სპონტანურად წარმოშობილი მორალური იდეა - შემდგომ გამოყენება ცალკეული ინდივიდების ურთიერთობაში რომ პოვა - არამედ თავდაპირველად აბსტრაქტული და საეჭვო მნიშვნელობის ან კერძო შემთხვევებისთვის მოფიქრებული ინტელექტუალური კონსტრუქციაა. მიუხედავად ამისა, ის, როგორც სოციალური პოლიტიკის ალტერნატიული მიმართულებების შერჩევის პრინციპი, მყარად, შეუმჩნევლად მუშაობდა და სოციალური პრობლემების მოგვარების პროცესზე მუდმივ ზეწოლას ახდენდა. და ის, რომ კონკრეტული ღონისძიება უფრო დიდი თანასწორობის წინაპირობაა, ისეთ ძლიერ რეკომენდაციად ჩაითვალა, რომ სხვას თითქმის აღარაფერს ენიჭებოდა მნიშვნელობა. რადგან ყველა კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში ეს ერთადერთი ასპექტია, რომელთან დაკავშირებითაც ყველას, ვინც საზოგადოების აზრს აყალიბებს, ერთი რწმენა ამოძრავებს, თანასწორობის იდეამ სოციალური ცვლილებები იმაზე მყარად განსაზღვრა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ მისი ადვოკატები.
მაგრამ ამგვარია არა მარტო ზნეობრივი იდეალების მოქმედების ლოგიკა. ხანდახან, სოციალური წესრიგის პრობლემებისადმი ინტელექტუალების მიმართება შეიძლება წმინდა მეცნიერული ცოდნის პროგრესის შედეგი იყოს და ამ შემთხვევებში მათ მცდარ მოსაზრებებს ზურგს, შესაძლოა, სწორედ მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების ავტორიტეტი უმაგრებდეს. აქედან გამომდინარე, თავისთავად არაა გასაკვირი, რომ ცოდნის სფეროში ჭეშმარიტი პროგრესი, შემთხვევით, შესაძლოა, ახალი მცდარი შეხედულებების წყაროდაც იქცეს. ახალი განზოგადებებიდან მცდარი დასკვნები რომ არ მომდინარეობდეს, ისინი საბოლოო ჭეშმარიტება იქნებოდა, რასაც არასოდეს დასჭირდებოდა რევიზია. თუმცა, ასეთი ახალი განზოგადებები, მისგან გამომდინარე მცდარი დასკვნები, როგორც წესი, უბრალოდ ძველ, ადრე გავრცელებულ შეხედულებებს გაიზიარებს და, ამდენად, აღარც ახალ შეცდომებამდე მიგვიყვანს, მაინც, საქმე ისე ჩანს, რომ ახალი თეორია, რამდენადაც მისი ღირებულება მართებული ახალი დასკვნებით დასტურდება, რომლებთანც მას მივყავართ, სხვა ახალ დასკვნებს წარმოშობს, რომლებსაც მოვლენათა შემდგომი განვითარება მცდარად წარმოაჩენს. თუმცა ამ შემთხვევაში მცდარი რწმენა უახლესი მეცნიერული ცოდნის მთელი ავტორიტეტით ზურგგამაგრებული წარმოჩნდებოდა. იმ სპეციფიკურ სფეროში, რომლისკენაცაა მიმართული ეს რწმენა, ყველა მონაცემი, მთელი სამეცნიერო არგუმენტაცია, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იყოს, მას - ინტელექტუალების ტრიბუნალის წინაშე და იმ იდეების ასპექტში, რომლებიც მართავენ მათ აზროვნებას, როგორც დროის სულისკვეთებასთან სრულ თანხმობაში მყოფს - მაინც უპირატესობას მიანიჭებენ. სპეციალისტები, რომლებიც ამგვარად მოიპოვებენ საყოველთაო აღიარებას და გავლენას, არ ჩაითვლებიან ადამიანებად, ვინც ამას ყველაზე ღირსეულთა შორის მიაღწია, არამედ, და ხშირადაც, ისეთად, ვისაც სხვა ექსპერტები ექსცენტრულებად, არაპროფესიონალებად ან თვით თაღლითებადაც კი მიიჩნევენ, მაგრამ რომლებიც ადამიანთა მასას მათი საქმის ცნობილ და ღირსეულ წარმომადგენლებად წარმოუდგენია.
ცხადია, ამ უკანასკნელი ასი წლის მანძილზე ადამიანის მიერ ბუნების ძალების წარმატებულმა დაუფლებამ, მათმა ეფექტურმა, სისტემურმა გამოყენებამ, ხელი შეუწყო იმ რწმენის დამკვიდრებას, რომ სოციალური ძალების მსგავსი კონტროლი შესაძლებელს გახდიდა ისეთსავე პროგრესს ადამიანის კეთილდღეობაში. ის, რომ ეს ყველაფერი - ადამიანური საქმიანობის ერთი ლოგიკური გეგმით და შესაბამისი „საინჟინრო“ ტექნიკით წარმართვა - ისეთივე წარმატებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ურიცხვი ტექნიკური ამოცანების შემთხვევაში, მეტისმეტად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ არ ეცდუნებინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმატებებით შთაგონებული ადამიანები. უნდა ვაღიაროთ, რომ საჭიროა ძლიერი არგუმენტები, რათა განვაიარაღოთ ამ დასკვნის მომხრეთა თავდაჯერებულობა და ისიც, რომ ეს არგუმენტები ადეკვატურად ჯერ არავის ჩამოუყალიბებია. არ არის საკმარისი მივუთითოთ ამგვარ არგუმენტებზე დაფუძნებული ცალკეული მოსაზრებების ხარვეზებზე. არგუმენტი არ დაკარგავს თავის ძალას, ვიდრე არ შევძლებთ ჩვენებას, რომ იმას, რაც წარმატებული იყო ერთ, კონკრეტულ სფეროში, აქვს თავისი ეფექტურობის ფარგლები და საზიანოც კი ხდება, როდესაც სცდება მათ. ესაა მიზანი, აქამდე რომ ვერ პოვა ღირსეული განხორციელება და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა შევძლოთ სოციალიზმისკენ ამ უჩვეულო მიდრეკილების მოთოკვა.
ეს, რა თქმა უნდა, იმ მრავალრიცხოვან შემთხვევათაგან მხოლოდ ერთ-ერთია, როდესაც დღევანდელობის მავნე იდეების უარყოფისა და სწორი მიმართულების არჩევისას აუცილებელია შემდგომი ინტელექტუალური პროგრესი, და, რომ ის სწორედ აბსტრაქტული საკითხების განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. პრაქტიკოსი ადამიანისთვის არ არის საკმარისი რწმენა - რომელიმე კერძო სფეროს უშუალო, ზედმიწევნითი ცოდნის საფუძველზე - რომ ზოგადი იდეებიდან მომდინარე სოციალიზმის თეორიები უცილობლად უსარგებლო ან განუხორციელებელი აღმოჩნდება. შეიძლება ის მართალიც კი იყოს, მაგრამ მისი არგუმენტების მდგრადობას წალეკავს ფუჭი არგუმენტების ძლევამოსილება და დადგება ის სამწუხარო შედეგები, რომლებსაც ის წინასწარმეტყველებს, თუკი მას არ ექნება მხარდაჭერა საფუძველმდები იდეების (იდეეს მერეს) ეფექტური უარყოფით. თუმცა, რამდენადაც ინტელექტუალის სამსახურში სწორედ ზოგადი არგუმენტია, რომელსაც ის ასე ეფექტურად იყენებს, ძალზე ადვილია სპეციფიკური საკითხის ყველაზე დასაბუთებული უარყოფის იგნორირება.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ძალები, რომლებიც ხელს უწყობს ინტელექტუალების რიგების ზრდას, იმავე მიმართულებით მოქმედებს, რაც ნათელს ხდის, თუ რატომ იხრებიან სოციალიზმის სასარგებლოდ მათ შორის ყველაზე წარმატებულნი. რა თქმა უნდა, ინტელექტუალებშიც ისევე, როგორც ადამიანთა სხვა ჯგუფებში, ვხვდებით აზრთა სხვადასხვაობას; მაგრამ ისე ჩანს, რომ, მთლიანობაში, სოციალიზმისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას ინტელექტუალთა შორის სწორედ ყველაზე აქტიური, ყველაზე განათლებული, მოაზროვნე და ორიგინალური ადამიანები ამჟღავნებენ, მაშინ როდესაც საპირისპირო მხარეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურები წარმოადგენენ. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალიზმის იდეების გავრცელების ადრინდელ პერიოდს; თუმცა, შემდგომში, ინტელექტუალების წრეებს მიღმა სოციალისტური სიმპათიების აღიარება გარკვეულ სიმამაცეს მოითხოვდა, საკუთრივ ინტელექტუალთა შორის სოციალიზმის მიმართ თანაგრძნობის წნეხი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი კოლეგების მიერ თანამედროვედ მიჩნეული შეხედულებების არგაზიარება ადამიანისგან მეტ სიმტკიცესა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა, ვიდრე მათ მიმართ თანაგრძნობა. ვერავინ, ვინც კარგად იცნობს უნივერსიტეტების მრავალრიცხოვან ფაკულტეტებს (და, ჩვენს კონტექსტში, უნივერსიტეტების პედაგოგების უმეტესობა, ალბათ, უფრო ინტელექტუალების რიცხვს მიეკუთვნება, ვიდრე ექსპერტებისას), დახუჭავს თვალს იმაზე, რომ დღეს ყველაზე ბრწყინვალე, წარმატებული პედაგოგები უმეტესად სოციალისტები არიან, მაშინ როდესაც უფრო კონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებების ერთგულნი, როგორც წესი, უმნიშვნელო ფიგურებად რჩებიან. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოციალისტების რიგებში ახალგაზრდების მიზიდვას.
სოციალისტი ამაში, რა თქმა უნდა, იმის დადასტურებას დაინახავს, რომ დღეს ინტელექტუალური პიროვნება ვალდებულია სოციალისტი იყოს. თუმცა, ეს ახსნა არც აუცილებელი და, თუნდაც, არც ზუსტია. ამ ვითარების ძირითადი მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ განსაკუთრებული უნარით აღჭურვილი ადამიანისთვის, ვინც საზაგოდოების დღევანდელ წესრიგს ეგუება, გზა ხსნილია გავლენისა და ძალაუფლების მრავალი სფეროსკენ, მაშინ როდესაც ოპოზიციურად განწყობილთა და უკმაყოფილოთათვის საკუთარი იდეების ხორცშესხმისთვის საჭირო გავლენისა და დაძალაუფლების მოსაპოვებლად ინტელექტუალის კარიერა ყველაზე იმედისმომცემი გზაა. მეტიც: უფრო კონსერვატიული შეხედულებების მაღალნიჭიერი ადამიანი ინტელექტუალურ სამუშაოს (და იმ მატერიალურ მსხვერპლსაც, რასაც ეს არჩევანი გულისხმობს) მხოლოდ მაშინ ირჩევს, თუ იგი მას მორალურ და ინტელექტუალურ კმაყოფილებას ანიჭებს. შედეგად, მომავალში, დიდი ალბათობით, ის უფრო მეცნიერი ექსპერტი იქნება, ვიდრე ინტელექტუალი ამ სიტყვის სპეციფიკური მნიშვნელობით; მაშინ, როდესაც უფრო რადიკალურად განწყობილთათვის ინტელექტუალური საქმიანობა ხშირად საშუალებაა და არა მიზანი - გზა იმ ფართო გავლენის მოსაპოვებლად, რომელსაც ახორციელებს ინტელექტუალი. ამიტომ, ალბათ, ცხადია არა ის, რომ ინტელექტუალების უმრავლესობა ზოგადად სოციალისტია, არამედ - რომ საუკეთესო მოაზროვნეთა სულ უფრო დიდი ნაწილი ხდება ამ ინტელექტუალური საქმიანობის ერთგული, რაც მათ თანამედროვე საზოგადოებრივ აზრზე გადამწყვეტი გავლენის მოპოვების საშუალებას აძლევს.2
ინტელექტუალთა პერსონალური შერჩევაც ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ უპირატეს ინტერესთან, რასაც ისინი ზოგადი და განყენებული იდეებისადმი იჩენენ. საზოგადოების ერთიანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობაზე საუბარი სოციალისტისთვის გაცილებით უფრო სასურველი საზრდოა, ვიდრე უფრო პრაქტიკული და მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული, არსებული მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესების მოსაზრებები. სოციალიზმი ახალგაზრდისთვის ასეთ მიმზიდველობას განსაკუთრებით თავის ვიზიონერულ ბუნებას უნდა უმადლოდეს; უტოპიური აზრებით თრობის თავბრუდამხვევი სითამამე, რაც, სამწუხაროდ, ასე აკლია ტრადიციულ ლიბერალიზმს, სოციალიზმის ძლიერების წყაროა. ეს სხვაობა წყალს სოციალისტების წისქვილზე ასხამს არა მარტო იმიტომ, რომ ზოგადი პრინციპების საფუძველზე აღმოცენებული სპეკულაციები მათთვის, ვინც არ არის დამძიმებული დღევანდელობის ფაქტების საფუძვლიანი ცოდნით, წარმოსახვის აქტივობის მიმზიდველ საბაბს წარმოადგენს, არამედ იმიტომაც, რომ ნებისმიერი სოციალური წესრიგის რაციონალური საფუძვლების წვდომის ლეგიტიმურ წადილს აკმაყოფილებს და ქმნის ჩარჩოს იმ კონსტრუქციული იმპულსის რეალიზაციისთვის, ლიბერალიზმმა, მას შემდეგ, რაც დიდი გამარჯვებები მოიპოვა, რომ დაივიწყა და თითქოს ჩაიკეტა საკუთარ თავში. ინტელექტუალი, თავისი არსით, გულგრილია ტექნიკური დეტალებისა თუ პრაქტიკული განხორციელების სიძნელეებისადმი. რაც აღაგზნებს მას, ესაა ფართო ხედვა, სოციალური წესრიგის, როგორც მთლიანობის - რასაც გეგმიური ეკონომიკა გვპირდება - მასშტაბური პერსპექტივა.
ის, რომ ინტელექტუალების გემოვნებას უკეთ სწორედ სოციალისტური სპეკულაციები აკმაყოფილებდა, ლიბერალური ტრადიციისთვის ფატალური აღმოჩნდა. როგორც კი ლიბერალური პროგრამების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაითვალა, ლიბერალი მოაზროვნეები დეტალების პრობლემებს მიუბრუნდნენ და ლიბერალიზმის ზოგადი ფილოსოფიის განვითარების საჭიროება თანდათან დაივიწყეს, რაც საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ მან დაკარგა ცოცხალი პრობლემის აქტუალობა, რომელიც ჩარჩოს ქმნიდა ზოგადი სპეკულაციისთვის. ასე, სოციალური განვითარების მკაფიო პროგრამის შექმნა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მხოლოდ სოციალისტებმა თუ შეძლეს, იმ მომავლის საზოგადოების სურათი, რასაც ისინი ასე ესწრაფოდნენ, და, ასევე, ზოგადი პრინციპების ერთობლიობა, როგორც ცალკეული პრობლემების გადაწყვეტის დამხმარე სახელმძღვანელო. მეტიც, თუ არ ვცდები, მათი იდეალები აღბეჭდილია შინაგანი წინააღმდეგობებით, რომელთა განხორციელების ყველა ცდა მათი ავტორების მოლოდინის საპირისპირო შედეგით დამთავრდება ყოველთვის, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ცვლილებების მათი პროგრამა ერთადერთია, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა სოციალური ინსტიტუციების განვითარებაზე. ინტელექტუალების წარმოსახვაზე ისინი სწორედ იმიტომ გაბატონდა, რომ მათი პროგრამა - სოციალური პოლიტიკის ერთადერთი მკაფიო ზოგადი ფილოსოფია, რომელსაც მოსახლეობის დიდი ჯგუფი იზიარებს - ერთადერთი სისტემაა, ახალ პრობლემებს რომ აყენებს და ახალ ჰორიზონტებს გადაგვიშლის.
საზოგადოების რეალური განვითარება ამ პერიოდში განპირობებული იყო არა კონფლიქტური იდეების მძაფრი დაპირისპირებით, არამედ არსებულ მდგომარეობასა და მომავლის შესაძლო ერთადერთ იდეალურ საზოგადოებას შორის კონტრასტით, რომელიც სოციალისტებმა პუბლიკას კონკურნტების სრული დეფიციტის პირობებში წარუდგინეს. სხვა პროგრამებიდან ღირებული ალტერნატივების შექმნა ცოტამ თუ შეძლო და მათი უმრავლესობა სოციალიზმსა და არსებული წესრიგის საპირისპირო ტიპებს შორის კომპრომისს ან შუალედურ სტრუქტურას წარმოადგენდა. იმ „კეთილგონივრული“ ჭკუის ადამიანებისთვის, რომლებსაც სწამდათ, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის უკიდურესობათა შორის ძევს, ერთადერთი, რაც ნებისმიერი სოციალისტური ინიციატივის გონივრულად წარმოჩენისთვის იქნებოდა საჭირო გახლდათ პიროვნება, რომელიც შეძლებდა ყოფილიყო მაქსიმალისტური გეგმის ადვოკატი - თითქოს არსებობდა მხოლოდ ერთიმიმართულება, საითაც უნდა წავსულიყავით, და გასარკვევი რჩებოდა რამდენად შორი იყო მიზანი და რა სისწრაფით უნდა გვემოძრავა.
სოციალიზმის სპეკულაციური ხასიათიდან მომდინარე მისი განსაკუთრებული მიმზიდველობა ინტელექტუალებისთვის უფრო გასაგები გახდება, თუ გავაგრძელებთ სოციალისტი თეორეტიკოსის პოზიციის შედარებას მის საპირისპირო, ანუ, ძველი გაგებით, ლიბერალურ პოზიციასთან. ეს დაგვეხმარება ინტელექტუალური ძალების ადეკვატურ შეფასებაში, იმ ძალებისა, რომლებიც საფუძველს უთხრის თავისუფალ საზოგადოებას.
პარადოქსულია, მაგრამ ერთ-ერთი მთვარი ჰანდიკაპი, რომლის გამოც ლიბერალი მოაზროვნის პოპულარობა საზოგადოებაში ეცემა, დაკავშირებულია იმასთან, რომ სოციალიზმის ბატონობის დაწყებამდე მას მიმდინარე მოვლენების მართვაზე უშუალო გავლენის მეტი საშუალება ჰქონდა და, შედეგად, არა მარტო ხანგრძლივ სპეკულაციებში ჩართვის ცდუნებას გაუძლო, არამედ ამგვარი პერსპექტივა მას თრგუნავდა და თრგუნავს, რადგან ყოველი ასეთი ცდა მისთვის მხოლოდ შეფერხებაა სიკეთის უშუალო განხორციელების გზაზე. მის ხელთ არსებულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის ძალას ის არსებული წესრიგის წარმომადგენლებთან მოპოვებულ რეპუტაციას უნდა უმადლოდეს, და რასაც, ინტელექტუალებისთვის ნეტარ სპეკულაციებს რომ მისცემოდა, ის საფრთხის ქვეშ დააყენებდა, თუმცა, ამავე დროს, ეს მის გავლენას ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფდა. რათა შეენარჩუნებინა არსებულ გავლენიან ძალებში წონა, ის უნდა ყოფილიყო „პრაქტიკული“ „კეთილგონიერი“ და „რეალისტური“ ვიდრე ის დაკავებულია ყოველდღიური პრობლემებით, მისი ჯილდოა გავლენა, კეთილდღეობა და პოპულარობა მათ შორის, ვინც ამ მსოფლმხედველობას იზიარებს. მაგრამ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ დიდი პატივისცემა ინტელექტუალთა საქმიანობის კლიმატის განმსაზღვრელი ზოგადი იდეების სამყაროს სპეკულაციებისადმი. თუკი ის სერიოზულად ჩაერთვება ამგვარ გაუთავებელ სპეკულაციებში, მან შეიძლება „ავადმყოფურის“ რეპუტაცია შეიძინოს ან თვით ნახევრად სოციალისტისაც, რადგან მას არ სურს არსებული წესრიგის იმ თავისუფალ სისტემასთან იდენტიფიცირება, რომელსაც ასე ესწრაფვის.3
Dდა, მიუხედავად ამისა, თუკი კვლავაც გაგრძელდება მისი ცდები ზოგადი სპეკულაციის მიმართულებით, ის მალე აღმოაჩენს, რომ მათთან ურთიერთობა, ვინც თითქოს იზიარებს მის შეხედულებებს, არცთუ უხიფათოა, და, თანდათან, გარიყული აღმოჩნდება. დღეს, ალბათ, ცოტაა ამოცანა უფრო უმადური, ვიდრე ფილოსოფიური საფუძვლების ჩამოყალიბების ის კარდინალური პრობლემა, რასაც თავისუფალი საზოგადოების შემდგომი განვითარება უნდა დაეფუძნოს. რადგან მან, ვინც ამ საქმეს წამოიწყებს, არსებული წესრიგის ჩარჩოები უნდა აღიაროს, რის გამოც ბევრი, უფრო სპეკულაციურად განწყობილი ინტელექტუალი მას არსებული რეალობის მოკრძალებულ აპოლოგეტად ჩათვლის; ამავე დროს, როგორც რეალობას დაშორებული თეორეტიკოსი, იგი მიუღებელი იქნება პრაქტიკოსებისთვისაც, და იქნება არასაკმარისად რადიკალი მათთვის, ვინც მხოლოდ იმ სამყაროს ცნობს, სადაც „მშვიდად თანაარსებობს აზრები ჩვენი“ და მეტისმეტად რადიკალური მათთვის, ვისთვისაც „ყველა საგანი წაკიდებია ერთმანეთს მტრულად“ თუკი დათანხმდება პრაქტიკოსთა მხარდაჭერას, ის, თითქმის გარდაუვალად, დაკარგავს იმ ადამიანების პატივისცემას, რომლებზეც დამოკიდებულია მისი იდეების გავრცელება. ამავე დროს, მან ფრთხილად უნდა აუაროს გვერდი ყველაფერს, რაც ახლოს იქნება ექსტრავაგანტურობასა და გაზვიადებასთან. მაშინ, როცა არ არსებობს სოციალისტი, რომლის რეპუტაციასაც, თუნდაც ყველაზე უგუნური მოსაზრების გამო, კოლეგებს შორის რამე შებღალავდა, ძველმოდური ლიბერალის რეპუტაცია მაშინვე შეილახებოდა არაპრაქტიკული წინადადებით. თუმცა, ინტელექტუალს, შესაძლოა, ის არც საკმარისად სპეკულაციური და არც საკმაოდ თამამი, ავანტიურული მოეჩვენოს, და ის ცვლილებები და გაუმჯობესებანი, რაც შეუძლია საზოგადოებას შესთავაზოს, იმასთან შედარებით, რასაც ქმნის და აყალიბებს მისი შეუბოჭავი ფანტაზია, უფრო შეზღუდული მოეჩვენებოდა.
საზოგადოებაში, სადაც თავისუფლების ძირითადი ღირებულებები უკვე განხორციელებულია და შედგომ დახვეწას მცირე დეტალები თუ მოითხოვს, ლიბერალურ პროგრამას ვერ ექნება სიახლის, აღმოჩენის ბრწყინვალება. იმ გაუმჯობესებათა შეფასება, რასაც ის გვთავაზობს, თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურის უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, ვიდრე ამაზე ხელი მიუწვდება საშუალო ინტელექტუალს. ამ გაუმჯობესებათა განსჯა, უფრო რევოლუციური პროგრამებისგან განსხვავებით, პრაქტიკულ დონეზე უნდა ხდებოდეს, რაც მათ ინტელექტუალისთვის ნაკლებად მიმზიდველად აქცევდა და იმ ელემენტების ნეგატიურ იერსაც მიანიჭებდა, რომელთა მიმართაც ის ასე ანტაგონისტურადაა განწყობილი. ისინი კი, ვინც კარგად იცნობს თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურას, როგორც წესი, დაინტერესებული არიან ამ საზოგადოების სპეციფიკური თვისებების შენარჩუნებით, რისი თეორიული დასაბუთებაც ზოგადი პრინციპების საფუძველზე არ იქნებოდა ადვილი. განსხვავებით მათგან, ვინც მომავალ, სრულიად ახალ წყობას ესწრაფვის და ვინც შემწეობას ამ საქმეში თეორეტიკოსთან ეძიებს, ის, ვისაც სწამს არსებული წესრიგის, ასევე ფიქრობს, რომ მან უკეთ იცის რეალობა, ვიდრე ნებისმიერმა თეორეტიკოსმა და მზადაა უარყოს ყველაფერი უცნობი, უჩვეულო და განყენებული.
თავისუფლების მეთოდური პოლიტიკის ჭეშმარიტი და უანგარო მხარდაჭერის სირთულეები არ არის ახალი. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ჩემი უკანასკნელი წიგნის მიღება და ლორდ აქტონის სიტყვები, დიდი ხნის წინ ნათქვამი, რომ „ყველა დროში თავისუფლების გულწრფელი მეგობრების რიცხვი ყოველთვის იშვიათი იყო და მისი ტრიუმფი ყოველთვის უმცირესობას უმადლოდა, რომელიც გამარჯვებას იმათთან თანამშრომლობით აღწევდა, რომელთა მიზნები მისი მიზნებისგან განსხვავდებოდა; და ეს თანამშრომლობა, ყოველთვის სახიფათო, ხანდახან საბედისწეროც კი ხდებოდა და მოწინააღმდეგეებს ოპონირების საბაბს აძლევდა...“4 ახლახან ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა მსგავს კონტექსტში დაიჩივლა, რომ კაპიტალისტური სისტემის ძირითადი პრინციპების ერთგულთა მთავარი ამოცანა სისტემის კაპიტალისტებისგან დაცვაა - მართლაც, დიდი ლიბერალი ეკონომისტები, ადამ სმიტიდან დღემდე, ამას კარგად აცნობიერებდნენ.
ყველაზე სერიოზული მიზეზი, რომელიც პრაქტიკოსს, თავისუფლების იდეა გულში ღრმად რომ აღბეჭდვია, მათგან მიჯნავს, ვინც საზოგადოების განვითარების განსაზღვრას იდეების სამეფოში ცდილობს, თეორიული სპეკულაციისადმი მისი ღრმა უნდობლობა და კონსერვატულობაა; ძირითადად, სწორედ ეს წარმოშობს თითქმის გადაულახავ ზღუდეს მასა და იმ ინტელექტუალებს შორის, რომლებიც იმავე მიზანს ერთგულებენ და რომელთა მხარდაჭერაც აუცილებელია, რის გარეშეც მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდებოდა. მართალია, სისტემის ერთგული ადამიანისთვის ეს მიზანი ბუნებრივია, რადგან სიცოცხლისუნარიანობა მან პრაქტიკაში დაამტკიცა და მისი ინტელექტუალური დადასტურება ფუჭი, უსაგნო მოჩანს, თუმცა წარმატებისთვის ეს შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს, რადგან ის სწორედ იმ მხარდაჭერის გარეშე შეიძლება დარჩეს, ყველაზე მეტად რომ სჭირდება. ნებისმიერი სახის ორთოდოქსია, ნებისმიერი პრეტენზია, რომ იდეების სისტემა საბოლოო,´´დასრულებული და, როგორც მთლიანობა, ბრმად უნდა ვირწმუნოთ, სწორედ ის შეხედულებაა, რომელიც ინტელექტუალებს შორის მკვეთრ დაპირისპირებას იწვევს, ყოველთვის, რაც უნდა განსხვავებული იყოს მათი შეხედულებები ცალკეულ საკითხებზე. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანებს შეხედულებათა ფიქსირებული ერთობლიობისადმი კონფორმულობის სისრულის, მათი „სიმტკიცის“ ან იმის მიხედვით განსჯის, რომ ყველა პრობლემურ საკითხზე ერთი, საყოველთაოდ გაზიარებული შეხედულება არსებობს, თავს იმ მხარდაჭერის გარეშე ტოვებს, ურომლისოდაც იდეების ვერც ერთი ერთობლიობა ვერ შეძლებს თანამედროვე საზოგადოებაში თავისი გავლენის უზრუნველყოფას. სწორედ აღიარებული ჭეშმარიტებების კრიტიკის, ახალი ჰორიზონტების კვლევის და ახალ კონცეფციებთან ესპერიმენტირების უნარი იმ ატმოსფეროს ქმნის, რის გარეშეც ინტელექტუალს არ შეუძლია არსებობა. მიზანი, რომელიც ამ თვისებების რეალიზაციისთვის მას პოზიტიურ ჩარჩოებს არ სთავაზობს, მის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და, ამდენად, განწირულია საზოგადოებაში, რომელიც, ჩვენის მსგავსად, მის საქმიანობაზეა დაფუძნებული.
თავისუფალი საზოგადოება, როგორადაც ვიცნობთ მას, შესაძლოა, თავის თავში თვითგანადგურების ძალებს ატარებს - რომ ერთ დროს მიღწეულ თავისუფლებას, როგორც კი მას უზრუნველყოფილად მივიჩნევთ, ჩვენთვის აღარ ექნება ღირებულება, და იდეათა თავისუფალმა აღმოცენებამ, რაც თავისუფალი საზოგადოების არსს წარმოადგენს, შეიძლება მისი საფუძვლების ნგრევა გამოიწვიოს. ცხადია, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისუფლების იდეალს ახალგაზრდებისთვის ნაკლები მიმზიდველობა აქვს, ვიდრე იქ, სადაც იციან მისი არქონის თუ დაკარგვის ფასი. მეორე მხრივ, თითქმის ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გერმანიაში და სხვაგანაც, ახალგაზრდებისთვის, ვინც არ იცის თუ რა არის თავისუფალი საზოგადოება, მისი შექმნის იდეა ისეთივე მომხიბვლელი და ამაღელვებელი შეიძლება გახდეს, როგორც ნებისმიერი სოციალისტური გეგმა, მოვლენილი უკანასკნელი საუკუნის მანძილზე. უჩვეულო ფაქტია, თუმცა ბევრმა სტუმარმა თავისი თვალით იხილა, რომ გერმანელ სტუდენტებთან ლიბერალური საზოგადოების პრინციპებზე საუბრისას, უფრო მეტი თანაგრძნობა და ენთუზიაზმი შეიმჩნეოდა, ვიდრე რომელიმე დასავლეთის დემოკრატიაში. ბრიტანეთის ახალგაზრდებში, ასევე ჩნდება ახალი ინტერესი ჭეშმარიტი ლიბერალიზმის პრინციპებისადმი, რაც ორიოდე წლის წინ არ არსებობდა.
ნიშნავს ეს, რომ თავისუფლება მხოლოდ მისი დაკარგვისას ფასობს, რომ მსოფლიომ სოციალისტური ტოტალიტარიზმის ბნელი ფაზა უნდა განვლოს, ვიდრე კვლავ შეერთდებიან თავისუფლების ძალებიჱ შესაძლოა, თუმცა, ვიმედოვნებ, ეს არაა აუცილებელი. მაგრამ, ვიდრე ისინი, ვინც საზოგადოებრივ აზრს დიდი ხნის მანძილზე განსაზღვრავდა, სოციალიზმის იდეების ტყვეობაში რჩებიან, ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუ ჩვენ მოვლენათა ამგვარი განვითარება თავიდან აცილება გვინდა, საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ახალი ლიბერალური პროგრამა, რომელიც მიმზიდველი იქნება ადამიანური წარმოსახვისთვის. თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა კიდევ ერთხელ უნდა ვაქციოთ ინტელექტუალურ თავგადასავლად, სიმამაცის ქმედებად. რაც გვაკლია ესაა ლიბერალური უტოპია, რომელიც არც საგნების (ისეთების, როგორიც არის) დაცვად გამოჩნდებოდა და არც გაზავებულ, უფერულ სოციალიზმად. ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი ლიბერალური რადიკალიზმი, რომელიც არ დაინდობდა შეძლებულთა მგრძნობიარობას (პროფესიული კავშირების ჩათვლით), რომელიც არ იქნებოდა ულმობლად პრაქტიკული და რომელიც თავს მხოლოდ იმით არ შეიზღუდავდა, დღეს პოლიტიკურად შესაძლებლად რომ მოჩანს. ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური ლიდერები, იდეალისთვის რომ იღვაწებენ, რაც უნდა მცირედი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, პრინციპების ერთგულნი, დაუღალავნი მისი სრული განხორციელებისთვის ბრძოლაში, რაც უნდა შორი ჩანდეს ამის პერსპექტივა. დე პრაგმატული კომპრომისები მათ პოლიტიკოსებს დაუტოვონ. თავისუფალი ვაჭრობა და შესაძლებლობების შეუზღუდაობა ის იდეალებია, რომლებსაც შეუძლიათ ხალხის დიდი მასების შთაგონება, მაგრამ მხოლოდ „გონივრული, სამართლიანი, თავისუფალი ვაჭრობა” ან ოდენ „კონტროლის შესუსტება” არც ინტელექტუალურად მისაღები იქნებოდა და ვერც ენთუზიაზმის წყაროდ იქცეოდა.
დასკვნა, რომელიც ნამდვილმა ლიბერალმა სოციალისტების წარმატებიდან უნდა გამოიტანოს, ისაა, რომ ინტელექტუალების მხარდაჭერა სწორედ მათმა გაბედულებამ - ყოფილიყვნენ უტოპიურები - მოუტანათ და, შესაბამისად, საზოგადოებაზე გავლენაც, რაც (დღითი დღე) შესაძლებლად აქცევს იმას, სულ ახლახან ასე შორი და მიუღწეველი რომ ჩანდა. ისინი, ვინც დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რაც არსებული შეხედულებებისას რეალურად განხორციელებადი ჩანდა, მუდამ რწმუნდებოდა, რომ ეს უკანასკნელიც კი საკმაოდ სწრაფად ხდებოდა პოლიტიკურად შეუძლებელი, რადგან ამას ხელს უშლიდა ცვლილებები საზოგადოების განწყობილებაში, მის ამბიციებს საყრდენს რომ აცლიდა. და ასეც იქნება, თუ ჩვენ თავისუფალი საზოგადოების ფილოსოფიურ საფუძვლებს ხელახლა არ ვაქცევთ ცოცხალ ინტელექტუალურ პრობლემად და მის იმპლემენტაციას იმ მიზნად, რომელიც ჩვენი ყველაზე შემოქმედებითი ადამიანების გამომგონებლობისა და წარმოსახვისთვის გამოწვევა იქნებოდა. თუ ჩვენ იდეების ძლიერების ამ რწმენის აღორძინებას შევძლებთ, რაც ლიბერალიზმის განმასხვავებელი ნიშანი იყო მისი ზეობის დროს, ბრძოლა ჯერ კიდევ არაა წაგებული. ლიბერალიზმის ინტელექტუალური აღორძინება ძალებს იკრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოხდება მისი საბოლოო აღზევება? იქნება კი ის დროული?
------------------
1. ამიტომ ეს არ იყო (როგორც ეს წიგნის „გზა მონობისკენ“ ერთმა რეცენზენტმა, პროფ. ი. შუმპეტერმა აღნიშნა), „შეცდომის მიმართ ზრდილობა,“ არამედ იმის ღრმა რწმენა, რაც მე მავალდებულებდა, პროფესორ შუმპეტერის სიტყვებით, „ოპონენტისთვის ინტელექტუალურ შეცდომაზე მეტი არაფერი დამებრალებინა.”
2 ამასთანვეა დაკავშირებული სხვა მოვლენაც: არ არსებობს საბაბი ვიფიქროთ, რომ ჭეშმარიტად პირველხარისხოვან, ორიგინალურად მოაზროვნე ინტელექტს უფრო იშვიათად არაიუდეველთა შორის ვხვდებით, ვიდრე იუდეველებში. რაც უნდა იყოს, ცხადია, რომ იუდაისტური წარმოშობის ადამიანები ინტელექტუალების (ჩვენი გაგებით) არაპროპორციულად დიდ ნაწილს შეადგენენ, ანუ - იდეათა პროფესიონალი ინტერპრეტატორების უმრავლესობას. ეს, ალბათ, მათი განსაკუთრებული ნიჭია და, რა თქმა უნდა, ძირითადი ასპარეზი იმ ქვეყნებში, სადაც ცრურწმენები მათ სხვა სფეროებისკენ გზას უღობავს. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ინტელექტუალების უმეტესობას წარმოადგენენ, მიჩნეულია, რომ ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან სოციალისტური იდეებისადმი - მეტად, ვიდრე სხვა წარმოშობის ადამიანები.
3. მის ყველაზე მკაფიო, თანაც უახლეს, მაგალითს წარმოადგენს გარკვეულ რეცენზიებში აწ გარდაცვლილი ჰენრი საიმონის ერთგვარად არაორთოდოქსული, ლიბერალური ნაშრომის - „ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი საზოგადოებისათვის” (1948) - როგორც „სოციალისტურის” ასეთი გაკიცხვა. შეიძლება ავტორს ყველაფერში არ დავეთანხმოთ, მეტიც, შესაძლოა იქ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება თავისუფალ საზოგადოებასთან შეუთავსებლადაც მივიჩნიოთ. მაინც, იგი ჩვენი პრობლემის შესწავლის საქმეში უკანასკნელი ხნის მნიშვნელოვან წვლილად და ფუნდამენტურ პრობლემებზე დისკუსიის გამართვისთვის უაღრესად საჭირო წიგნად უნდა ვაღიაროთ. ისინიც კი, ვინც კატეგორიულად არ ეთანხმება მის ზოგიერთ მოსაზრებას, უნდა მიესალმონ მას, როგორც ჩვენი დროის ცენტრალურ პრობლემებზე მსჯელობის დაწყების თამამ ცდას.
4. აქტონი, თავისუფლების ისტორია, I (1922).