The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №21


ცხელი შოკოლადი №21


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, სადღობელაშვილი ქეთი, გვახარია გიორგი, თოლორდავა კახა, კორძაია-სამადაშვილი ანა, კიკალეიშვილი სალომე, კვაჭანტირაძე ნინო, სუხიშვილი თამარ, ბაბუაძე თამარ, ტურაშვილი დათო, ლომაძე ნინო, მორჩილაძე აკა, ლანგე-მიულერი კატია
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ნოემბერი მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე ნიკო ტარიელაშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე თამარ სუხიშვილი, სანდრო კაკულია ნინო კვაჭანტირაძე, ნინო ლომაძე ქეთი სადღობელაშვილი, იური მეჩითოვი რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე თორნიკე ლორთქიფანიძე ვიზაჟი ანუკა მურვანიძე რეკლამა ნატა ფედოსეევა, გვანცა გუშარაშვილი ნესტან ავალიანი დისტრიბუცია რატი ლორთქიფანიძე გამომცემელი M-Publishing ჟურნალები: შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შემოდგომა ჩემი დროა და ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადის ამ დროს ყველაზე გონებაგახსნილი, შემოქმედებითი და ხალისიანი გახლავართ ხოლმე.

ჩემი ცხოვრების გადაწყობასაც ამ დროს ვიწყებ, ადამიანებთან ურთიერთობებშიც ამ დროს შემაქვს კეთილი ცვლილებები, იუმორის განცდაც ყველაზე მეტად ამ დროს მწყალობს და როგორც ჩვენი ერთგული მკითხველი უკვე მიხვდებოდა, „ცხელი შოკოლადიც“ ამ დროს გთავაზობთ ხოლმე სიახლეებს.

მოკლედ, იმედი მაქვს, ნარცისიზმში არ დამადანაშაულებთ და ჩემი საშემოდგომო სიურპრიზები თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

ამ ნომერში კიდევ ერთ ახალ რუბრიკას შენიშნავთ. რუბრიკა „დისკუსიის“ მასპინძელი ქეთი სადღობელაშვილი იქნება და მასთან ერთად, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წევრები შეეცდებიან ისეთ თემებზე ისაუბრონ, რომლებზეც ყველა ისედაც საკმაოდ ხმამაღლა ვსაუბრობთ, ოღონდ მხოლოდ ჩვენ-ჩვენს მეგობრებთან. ეს რუბრიკა განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ მოვლენის მიმართ გააზრებული დამოკიდებულება, ანუ პოზიცია და არა მხოლოდ რეაქცია ჰქონდეს. თუ დისკუსიაში ჩამოყალიბებული შეხედულებებისა თუ არგუმენტების გაპროტესტება მოგინდათ, აუცილებლად შემოგვეხმიანეთ. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ კრიტიკა უფრო გვიყვარს, ვიდრე ქება. არგუმენტირებული კრიტიკა გაცილებით უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს, ვიდრე კომპლიმენტი - „რა კარგები ხართ!“. ამიტომაც მწყინს, რომ posta@shokoladi.ge-ზე ჩემთვის საგულისხმო ვერაფერი ვნახე და თქვენს მიერ გამოგზავნილ ფოსტასაც იქამდე არ გამოვაქვეყნებ, ვიდრე თქვენგან უფრო კრიტიკულ წერილებს არ მივიღებთ. არჩევანი თქვენზეა!

ისე, გამოგიტყდებით და ძალიან მიხარია, რომ ამ ნომერში ბევრმა საინტერესო ადამიანმა მოიყარა თავი: ზურა ყიფშიძემ პასუხებით პრუსტის კითხვარზე; ცისია ჩოლოყაშვილმა, ბალერინის უმკაცრესი ცხოვრების წესით; კლაუს ტოპმოელერმა და მისმა გუნდმა, სრულიად საქართველოს ახალი იმედით; მარიამ დ'აბომ, რომელსაც „ჯეიმს ბონდის გოგოს“ სტატუსის გარდა, სხვა რამ უფრო საინტერესო „სტატუსებიც“ აქვს; მხატვარმა ლევან ხარანაულმა და მზის სიახლოვეს გადაბარგებულმა მისმა ოჯახმა; კახა თოლორდავამ და „ყველაზე მაგარმა ინტერვიუმ“ ლეგენდარულ ვიბრაფონისტ გარი ბართონთან; 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჩემმა საყვარელმა მწერალმა ორჰან ფამუქმა; გიორგი მარგველაშვილმა და მისმა დღიურებმა. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ამ ადამიანთა სპექტრი მრავალფეროვანია. ასე რომ, ამ ნომერში თქვენ-თქვენი კუთხე ყველამ ადვილად უნდა იპოვოთ.

„დებიუტიც“ ამ ნომერში ბრუნდება. გახსოვთ „ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი“? თუ არ გახსოვთ, რამდენიმე გვერდი გადაფურცლეთ და იხილეთ, რომელ კატეგორიებში ვეძებთ დებიუტანტ ავტორებს. შარშანდელთან შედარებით, უფრო სკრუპულოზურები გავხდით და დავალებებიც უფრო გართულდა. მაგრამ, ამან არ შეგაშინოთ. პირიქით, ასე უფრო ობიექტურად შეგაფასებთ და უფრო ადვილადაც გიპოვით. ამიტომ, გააკეთეთ თქვენი ნახტომი, მარად ახალგაზრდა შემოქმედებო!

ჩემი შემოქმედებითობა კი ამ შემოდგომაზე იმაში გამოიხატება, რომ კვლავ კარგ ადამიანებს დავუწყე ძებნა. ამ ჩემს ყველაზე საყვარელ საქმიანობაზე უკვე კარგა ხანია ხელი მქონდა აღებული და მიხარია, რომ ეს სიხარული კვლავ დავიბრუნე. ასევე დავიბრუნე პატარ-პატარა ოცნებები - დრო ორჰან ფამუქის საკითხად, ბერტოლუჩის „მთვარის“ სანახავად და მზისთვის პირის მისაშვერად!

თქვენ რაზე ოცნებობთ?

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქეთი სადღობელაშვილი

ქართული ტელესივრცის კრიტიკამ, გარდა იმისა, რომ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო (ამის ილუზია არც მქონია), ჩვენი „ტელესტარებისაგან“ ისეთი ეპითეტებიც შემძინა, როგორიცაა-ბოღმიანი, შურიანი, ცინიკოსი და ა.შ. რომ გითხრათ, სხვა რამეს ველოდი ან ამის გამო ფსიქიკა დამერღვა და აზრები შემეცვალა-მეთქი, მოგატყუებთ. დღესაც ისეთივე რე-აქცია მაქვს ქართულ ტელეპროდუქციაზე, როგორიც თუნდაც ნახევარი წლის წინ მქონდა. მაშ, ასე... 5.4.3.2.1.0... წავიდააა!!!

0x01 graphic

გიორგი გვახარია

ეს რა მომივიდა? ეს როგორი რუსოფობი გავხდი? რატომ მაღიზიანებს რუსული ენა, რუსული მუსიკა, რუსული ბალეტი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი... ყველაფერი, რაც ძალიან მიყვარდა ცხოვრებაში? რატომ არ ვპასუხობ მოსკოველი მეგობრების „მეილებს“, რატომ ვცოფდები არა მარტო როგოზინსა და ჟირინოვსკიზე, არამედ იმათზეც „ია გრუზინ!“ რომ ჩამოიკიდეს გულზე?

არ ვარ მართალი, რადგან სიძულვილი არასდროს არაა მართალი. ვიცი ეს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვუხერხებ ამ გრძნობას.

ან ევროპამ რაღა დამიშავა? ჩემმა საყვარელმა ევროპამ, რომლის ფასეულობებს მთელი ცხოვრება ხმალამოღებული ვიცავდი? მაინცდამაინც ახლა, ამ სიბერეში აღმოვაჩინე, რომ სნობები და ფარისევლები არიან? ნუთუ მეც გადამედო „ობოლი საქართველოს“ კომპლექსი, რომელიც ყოველთვის გულს მირევდა, როცა ჩემი თანამემამულეები წვინტლიან ცრემლებს აფრქვევდნენ ხოლმე? ვის მოვთხოვო ამაზე პასუხი? ვინ არის დამნაშავე სიძულვილის გავრცელებაში, ისტერიკაში, ინფანტილურ ომში? სააკაშვილი? პუტინი? ევროპა თუ ამერიკა? ან იქნებ, ჩრდილოეთი კორეა? რა ვქნათ? გული აგვიჩუყდეს „ია გრუზინის“ აქციაზე და ისევ მოვიტყუოთ თავი „ორი რუსეთით“? „მეგობარი ქვეყნებით“? „გაზსადენით“? „ნატოთი“? რა ვქნათ, მეგობრებო? ვიცხოვროთ ასე, სიძულვილით და იმედით ერთდროულად? მაგრამ „სიძულვილი“ და „იმედი“ ხომ შეუთავსებელია? სიძულვილი უფრო ძლიერია. მას შეუძლია სრულიად განდევნოს ჩვენგან იმედი... და თუკი ასე ვიქნებით, იმპერიისგან განდევნილნი, საზღვარჩაკეტილნი, ევროპისგან „დაობლებულნი“, შეიძლება მალე ერთმანეთს დავაბრალოთ ჩვენი სიძულვილი, ჩვენი უუნარობა, რომ თავად გადავწყვიტოთ პრობლემები.

არა, ნამდვილად არ ვარ წერის ხასიათზე და აღარც იუმორი მყოფნის.

რა ვქნათ?

0x01 graphic

კახა თოლორდავა

2006 წლის სექტემბრის ბოლო დიდხანს მემახსოვრება. 25 სექტემბერს ჩემი ყველაზე კარგი ინტერვიუ ჩავწერე გარი ბართონთან. მე არ ვამბობ - „ალბათ ყველაზე კარგი ინტერვიუ“, ან „ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ინტერვიუ,“ არამედ „ყველაზე კარგი ინტერვიუ“ და ეს ასეცაა. ეს ინტერვიუ თავისუფლად შეიძლება დაიბეჭდოს Down Beat-ში ან JazzTime-ში. ჩემს წინ იჯდა დიდი ჯაზმენი, მსოფლიოს ნომერი პირველი ვიბრაფონისტი, ბერქლის მუსიკალური კოლეჯის პროფესორი და რაც ყველაზე მთავარია, კეთილგანწყობილი და თბილი ადამიანი, რომელიც თითქოს მზად იყო, ჩემს ნებისმიერ კითხვაზე გაეცა პასუხი. მეც ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული ინტერვიუსათვის; დიდხანს ვისაუბრეთ. ინტერვიუს შემდეგ, მადლობა გადამიხადა და ლამის მეგობრებად დავცილდით ერთმანეთს. მეორე დღეს კი, ჩიქ ქორეას უნდა შევხვედროდი; რა თქმა უნდა, ამ ინტერვიუსათვისაც კარგად ვიყავი მომზადებული. ჩემი გათვლით, პირველივე შეკითხვის შემდეგ, ქორეა იატაკზე უნდა დავარდნილიყო და ფეხები დაეკოცნა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ქედმაღლურ-მიმტევებლური ღიმილით დავხედავდი მას ზემოდან. „თხუთმეტი წუთი გაქვს“ - მითხრა კახა კანდელაკმა კულისებში, მეორე საღამოს. კონცერტის დაწყებას ოცდახუთი წუთი უკლდა. თავისუფლად შემეძლო ინტერვიუზე უარის თქმა; უფრო მეტიც, ვიცოდი, რომ უარი უნდა მეთქვა ქორეასთან საუბარზე... „რა უარი, რის უარი“ - ამიყვირდა ჩემი თავშიავარდნილი მეორე „მე“. - ასე გითხრეს ჰენქოქმა, ზავინულმა, გარეთმა და სხვებმა, მაგრამ გაიხსენე, მერე რა ხდებოდა; ისინი მთელი საათის განმავლობაში გესაუბრებოდნენ და კიდევ მადლობებს გიხდიდნენ; შენ ამას შეძლებ, შენ ამას შეძლებ, შენ ამას შეძლებ...“ „შენ ამას შეძლებ,“ - ხმადაბლა მითხრა ლევან ხერხეულიძემ და რბილად მიბიძგა ქორეას საგრიმიოროს მიმართულებით. გულის ჯიბეში ჩემი და ქორეას ათი წლის წინანდელი შეხვედრის ფოტო მედო. ისეთი იდიოტი ნამდვილად არა ვარ, რომ მგონებოდა, ქორეა მიცნობს-მეთქი, მაგრამ მაინც. სადღაც შორიდან, ჩემი კეთილი ანგელოზი ცდილობდა შეეხსენებინა ჩემთვის, რომ ყველა წინანდელი ინტერვიუ ან კონცერტამდე ერთი დღით ადრე ან კი კონცერტის შემდეგ შედგა. მის გაფრთხილებას ყური არ დავუგდე. ასე მოვხვდი ლომის ბუნაგში... როგორც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი კახა თ. ამბობდა ხოლმე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არასდროს არ შეხვიდეთ არტისტთან ინტერვიუზე წარმოდგენის დაწყებამდე ოცი წუთით ადრე; ქორეამ თბილად მიმიღო, თათი ჩამომართვა და სკამისკენ მიმითითა. ჩამოვჯექი; ის ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა და მანიშნა, მზად ვარო; პირველი შეკითხვა დავსვი და იმწამსვე მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი; ინტერვიუ, მინიმუმ, საათნახევრიან საუბარზე იყო გათვლილი. ქორეაც იმწამსვე მიხვდა, რომ მასთან უბრალო ჟურნალისტი კი არა, თვით „მისტერ სერიოზულობა“ შეუშვეს და საქმესაც დაუყოვნებლივ შეუდგა: ის თითქოს მპასუხობდა შეკითხვებზე, მაგრამ ამავე დროს, ის: ა) ამთქნარებდა; ბ) საათზე იყურებოდა: გ) ელაპარაკებოდა ტურ-მენეჯერს; დ) იჯღანებოდა; ე) თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ბოლოს: ვ) ისე შემომხედა, თითქოს უნდოდა ეთქვა:

„შე-გამოთაყვანებულო-იდიოტო-რომ-შემოეთრიე-აქ-გეგონა-რომ-დავეცემოდი-და-ფეხებს-დაგიკოცნიდი-შე-ბრიყვო-სულელო-cazzo-თავი-მაგარი-გგონია-ვერ-ხედავ-რომ-კონცერტისათვის-ვემზადები-შე...“ და ასე შემდეგ. მე სასწრაფოდ გადავუხადე მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წასასვლელად მოვემზადე. „ეს ვინაა?“ - შემეკითხა ქორეა, როდესაც ხელის კანკალით გავუწოდე ფოტო ხელმოსაწერად. არადა, ჩემი აზრით, ბართონთან ინტერვიუ ალბათ მართლა კარგი გამომივიდა...

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

წელს, ზამთარში, როცა თბილისში დიდი თოვლი დადო - ეს კარგად მახსოვს, მოქმედება ბაღიან სახლში ხდებოდა და ძალიან ლამაზად ბარდნიდა; ჰოდა, ერთ თოვლიან საღამოს ერთი კაცი გავიცანი, გავიცანი რა, ვთარჯიმნობდისავით, და ვიფიქრე: თუ სასწაული მოხდა და ეს კაცი ჩემი სამშობლოდან ხვალვე არ გაიქცა, აუცილებლად მოვახერხებ და მის შესახებ „ცხელი შოკოლადისთვის“ დავწერ-მეთქი.

ასე აგიხდათ ყველა სიკეთე! კაცი არ გაიქცა. როგორც ხედავთ, ის ამ ნომრის გარეკანს ამშვენებს, და მე ვეცადე, მის შესახებ მომეთხრო.

ასეთი პატრიოტული ჩემს დღეში არაფერი დამიწერია - ბატონი კლაუს ტოპმოელერის ამბავზე მოგახსენებთ. ნეტა, მართლა ასე მოსწონს ჩვენი სამშობლო? იმის გათვალისწინებით, რომ ორპირობა და ზურგსუკან ლაპარაკი ეჯავრება, ალბათ, მართლაც ასეა. რა კარგია!

პატრიოტიზმის გარდა, ჩემთვის ფეხბურთის შესახებ წერაც უცხო ხილი იყო - რაც არ ვიცი, არ ვიცი. ჩემთვის ნახევარმცველი და ნახევარქათამა ერთი და იგივე ხასიათის სიტყვებია, ორივე წარმოუდგენელი და გაუგებარი არსებაა. მეკარე ვიცი, და ჩემთვის რომ გეკითხათ, დანარჩენები უბრალოდ ფეხბურთელები არიან, მაგრამ თურმე არც არა გამეგება რა. საბედნიეროდ, ჩემი მეგობრები ფეხბურთში კარგად ერკვევიან და უცებ ამიხსნეს, რომ იმ პატიოსან კაცს ძოფი ჰქვია და არა ცოფი (გერმანული ტრანსკრიფცია! ამან დამღუპა!), რომ მოედანზე ყველა სხვადასხვა საქმისთვის დარბის, ოღონდ ერთი მიზნის მისაღწევად - მოკლედ, დამაკვალიანეს, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ.

და თუ მაინც რამე შემეშალა, მაპატიე, საყვარელო მკითხველო - რა ვქნა, ძალიან მომწონს ბატონი ტოპმოელერი და მას ინტერვიუსთვის ნამდვილად ვერავის დავუთმობდი.

...ჰყვებიან, რომ უკრაინის რომელიღაც პატარა ქალაქში შესულ რაზმს ბატკა მახნომ უბრძანა: მუსიკოსებს, მეძავებს და მეეზოვეებს არ ესროლოთ, ისინი ხალხს ემსახურებიანო. ჰოდა, ერთ დუქანში უბედური მევიოლინეები ნაწარმოების დასრულების შემდეგ მთვრალ საზოგადოებას მიუბრუნდნენ და შეჰღაღადეს: „არ ისროლოთ! ისე ვუკრავთ, როგორც შეგვიძლია!“

0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

ეს ფოტო მაშინ გადავიღე, როცა ზაფხულის მშვენიერი ხანა იდგა; სალომე კიკალეიშვილი, ანუ მე, ყოვლად ბედნიერი, საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოვჩნდი და ცხოვრება ყველაზე მეტად მიხაროდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა...

ახლა აღარც ფოტოებს ვიღებ, აღარც ზაფხულის მშვენიერი ხანა დგას, და სალომე კიკალეიშვილი, ანუ მე, აღარც ისეთი ბედნიერი, საქართველოს ფარგლებში ვიმყოფები და საკუთარი თავისთვის, საქმიანი ქალის იმიჯის შექმნაზე ვზრუნავ.

როცა პირველად გავიგე, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი სერიის გოგო ქართველიაო, ხელი ჩავიქნიე და ჩემთვის გავიფიქრე - კაცო, რა უბედურება გვჭირს ამ ქართველებს, რომ თუ დედამიწის ზურგზე, სადღაც ვინმე შეინძრა, - ქართველია, ქართველია!-ს ძახილი რომ ვიცით! ერთადერთი, ბინ ლადენზე არ გვითქვამს, თორემ... დანარჩენი ვინ დავტოვეთ, ჰა? ვინ? მაგრამ თურმე სად ხარ?! ნურას უკაცრავად! არაფერი შეგეშალოთ! აგენტ 007-ის, იგივე ტიმოტი დალტონის ერთი მშვენიერი მეგობარი, აი ის, ჩელოზე რომ უკრავს, მარტო ქართველი კი არა, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი ყოფილა! მარიამ დ'აბოს თბილისში შევხვდი, როცა ფესტივალი „პრომეთე“ ტარდებოდა, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მარიამის მეუღლე, რეჟისორი ჰიუ ჰადსონი იყო მოწვეული. რა გამოვიდა საქმიანი ქალის იმიჯის შესაქმნელად მზრუნველი ქალისა და ბონდის ქალის ინტერვიუსგან, ამას „ცხელი შოკოლადის“ ფურცლებზე გაიგებთ.

მანამდე კი... მომავალ ნომრამდე დაგემშვიდობებით... კაცო, რა უცნაური ყოფილა ცხოვრება, არასდროს იცი, ვის გადაეყრები გზაზე... ჰმ!

0x01 graphic

ნინო კვაჭანტირაძე

ახლა არც ისეთი ასაკოვანი ვარ, მაგრამ მაქვს ჟურნალისტური ბიოგრაფია, რომელიც „ცხელ შოკოლადში“ გრძელდება. ერთი, რაც ძველიდან მომწონს, წერილების ხელით წერაა. ხელნაწერებს ჩემთვის მაგიური ძალა აქვს და არ მიყვარს კლავიატურა და მონიტორი. კალიგრაფიები ადამიანებს მახსენებს და ზუსტად შემიძლია აღვიდგინო ახლობლები. თან ხელნაწერებს უფრო ვენდობი. კომპიუტერმა შეიძლება მიღალატოს, წამიშალოს, არ დაიმახსოვროს და ა.შ. ასე რომ, ბილ გეითსი მთლად ჩემიანი არაა.

თუმცა, ჩემიანებზე დღეს მინდა მოგიყვეთ და ამით ჩემი „საცხელშოკოლადო” დებიუტიც იქნება. რამდენიმეწლიანი „საჟურნალისტო“ შესვენების შემდეგ, ისევ მივდივარ ქალაქიდან. ჰოროსკოპებისა და ასტროლოგების გარეშეც ვიცი, რომ ადამიანებთან შეხვედრები, ახალ-ახალი ნაცნობები ჩემი განწყობისთვის საინტერესოა. ასე აღმოვჩნდით საქართველოს რადიკალურად სხვადასხვა მხარეში, მაღალმთიანი გურიის აჭარულ სოფელში და თიანეთში. ჩემი ჟურნალისტური მისია რომ გაიგეს, გამომკითხეს, „ცხელ წერტილებში დადიხართ?“ ამის პასუხი კი უკვე მაქვს: ცხელ წერტილებში არა, ახლა „ცხელ შოკოლადში“ დავდივარ...

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

აქსისის ქალთა კლუბი

მუსკომედიის თეატრის ბაღი
21 სექტემბერი. 19 : 00

დეველოპერულმა კომპანია „აქსისმა“ სოციალურად აქტიურ ქალთა კლუბის პრეზენტაცია გამართა. ამისათვის თეატრის ბაღი განსაკუთრებით მორთეს და სტუმრებისთვის კომფორტის შესაქმნელადაც განსაკუთრებით იზრუნეს. ამაში მაშინვე დარწმუნდებოდით, როგორც კი დაცვის ალყას გაარღვევდით და თეატრის ბაღში აღმოჩნდებოდით.

ქალთა კლუბს, სადაც ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია გაწევრიანება, ეკა მამალაძე ხელმძღვანელობს; კლუბმა, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებაა, დასაწყისისთვის მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გამართა, საიდან შემოსული თანხაც ამ ნამუშევრების პატარა ავტორებს მოხმარდებათ.

ეს ჯერ დასაწყისია, დიდი იმედი მაქვს, რომ კლუბი მხოლოდ „ცნობილი ქალბატონების“ გაერთიანებად არ დარჩება და თავის მისიას, ღირსეულად შეასრულებს.

0x01 graphic

უჩინარი სიმბოლოები კოპალაში

გალერეა კოპალა
5 ოქტომბერი. 17 : 00

დილა იმით დაიწყო, რომ მთელი ოჯახი საგამოფენო დარბაზს ესტუმრა და მის კედლებზე, ფერწერული ტილოების ჩამოკიდება დაიწყო. დამთვალიერებელს 5 დღის მანძილზე შეეძლო ჯარჯი ბალანჩივაძის ზღაპრული, გამოგონილი სამყაროს და მისი ბინადრების თვალიერება; თითოეულ ტილოზე ათასი „უჩინარი“ სიმბოლოს აღმოჩენა და ავტორის ხელწერის სისადავით ტკბობა.

პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ჯარჯი ბალანჩივაძე კამერული ანსამბლი „ორფევსის“ დამაარსებელი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ არაერთი კონცერტის დირიჟორ-შემსრულებელი და თეატრალური დადგმის გამფორმებელია.

ერთ-ერთ უცხოურ პრესაში მასზე ეწერა: „ის მაღალი რანგის მუსიკოსი, სიურპრიზებით აღსავსე, ღრმა და საინტერესო შემოქმედია“-ო... და ეს, უდავოდ, მართალია! გამოფენა ხომ ამის ნათელი დადასტურება იყო.

0x01 graphic

მთელი ქალაქი სივრცეში

საგამოფენო დარბაზი ქარვასლა
26 სექტემბერი. 18 : 00

თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა და გერმანიის უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტმა (IFA), ფოტოგამოფენა „მთელი ქალაქი“ წარმოადგინა.

„მთელი ქალაქი“ - გამოფენას მაქს ერნსტის ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით ეწოდა, სადაც ექვსი ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: ევა ბერტრამის, ზოლტან ჟოკეის, ანდრეას როსტის, მარია ზევცის, ულრიხ ვიუსტის და ტომო იამაგუჩის მიერ დანახული ურბანული ცხოვრება, გერმანიის დიდი ქალაქების ცენტრებსა თუ პერიფერიებში.

ეს იყო ფოტოები, სადაც მთელი აქცენტი ადამიანებსა და მათი ყოველდღიურობის ამსახველ დეტალებზე კეთდებოდა. მათ შორის, ულრიხ ვიუსტის „ბერლინი-ცენტრი“ გამოირჩეოდა, სადაც ქალაქის კადრების კომპოზიცია გეომეტრიულ ნახაზებთან ასოციაციას იწვევდა.

0x01 graphic

ბათუმი... ბათუმი... თბილისში

არსის საგამოფენო დარბაზი
19 ოქტომბერი. 17 : 00

კომპანია „არსმა“, პროექტი „ქართული სახლის“ ეგიდით, ფოტოგამოფენა „ბათუმი... ბათუმი...“ წარმოადგინა. პროექტი აჭარის არქიტექტურისა და ტრადიციული საცხოვრებელი სახლის შესწავლას იწყებს და ამიტომ, ფოტოებზე, აჭარის ტრადიციული საცხოვრებელი სახლები და არქიტექტურული დეტალები იყო აღბეჭდილი; დეტალები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს ეკუთვნის და „დაბერებულ“ სახლებთან ერთად, ნელ-ნელა იკარგება.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ნიკო ტარიელაშვილის და ნანა მეფარიშვილის ფოტოებს ეცნობოდა. მართალი გითხრათ, მათი გადარბენების მოწმე მე თვითონ გახლდით, აგვისტოში, ბათუმში, სადაც აპარატებით ხან სახლის ექსტერიერს აფიქსირებდნენ და ხან სახლებში უვარდებოდნენ ხალხს. ფოტოები უკვე გამოფენილი იყო თურქეთში, ყარსში და 1 ნოემბერს ბათუმსაც ესტუმრება. რაც მთავარია, მალე ფოტო-ალბომიც გამოვა.

0x01 graphic

შემოდგომის თბილისი

კონსერვატორიის დიდი დარბაზი
8-13 ოქტომბერი

8 ოქტომბერს, რიგით მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა, რომლის მსვლელობისას, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ და თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა მაყურებელს ხუთი მშვენიერი საღამო აჩუქა.

2006 წელი - მოცარტისა და შოსტაკოვიჩის საიუბილეო წელია და ბუნებრივია, ფესტივალიც მათ შემოქმედებას დაეთმო. „შემოდგომის თბილისი“ მოცარტის საგუნდო და საოპერო ნაწარმოებებით გაიხსნა, ორკესტრის, სოლისტებისა და ბიჭუნათა გუნდის მონაწილეობით.

კონცერტებზე სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი ვიხილეთ, რომელსაც დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. და რა თქმა უნდა, ფესტივალზე შესანიშნავ ფრანგ კლარნეტისტ მიშელ ლეტიეკსაც მოვუსმინეთ.

ფესტივალი ალექსანდრე კორსანტიამ დაასრულა და სავსე ბგერითა და უშრეტი ენერგიით კიდევ ერთხელ მოხიბლა მსმენელი.

0x01 graphic

რა ლამაზი ხარ!

რესტორანი ქალაქური
10 ოქტომბერი. 19 : 00

როგორია იყო ლამაზი ქალი? ამასთან დაკავშირებით უამრავი აზრი არსებობს, მაგრამ ერთადერთი, რაშიც ყველა ერთსულოვანია, ის გახლავთ, რომ ლამაზ ქალს აუცილებლად აქვს ლამაზი თმა. ის შეიძლება იყოს მაღალი თუ დაბალი, მსუქანი თუ გაძვალტყავებული - ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ თმა! ხომ გაგიგიათ: ისეთი თმა აქვს, ერთ ქალად ღირსო...

ჰოდა, იმისთვის, რომ ყველაზე ლამაზები ვიყოთ, „ველამ“ თბილისში კიდევ ერთი ცენტრი გახსნა, სადაც ოსტატები ისწავლიან, როგორ უნდა გაგვამშვენიერონ. და დასტური იმისა, რომ „ველაგამოვლილი“ ქალი მართლაც განუმეორებელია, იმ დღეს „ქალაქურის“ სტუმრებმა საკუთარი თვალით იხილეს.

0x01 graphic

კიდევ ერთხელ პრომეთეზე

კინოთეატრი ამირანი
10-15 ოქტომბერი

წლევანდელი კინოფესტივალი „პრომეთე“ უკვე მეშვიდედ მასპინძლობდა კინოს მოყვარულებს „ამირანში“, სადაც პროგრამით გათვალისწინებული 50 მხატვრული, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და საინტერესო მასტერკლასები ჩატარდა.

როგორც მოგეხსენებათ, ფესტივალი ოთარ იოსელიანის ფილმით „ბაღები შემოდგომით“ გაიხსნა; ფილმი, რომელიც შეიძლება იოსელიანის შემოქმედების ერთგვარ რეზიუმედ ჩაითვალოს, სადაც ყველაფერი, უკვე კარგად ნაცნობი თემების თუ დეტალების გარშემო ტრიალებდა.

საკონკურსო პროგრამაში, ძირითადად, ევროპული კინო იყო წარმოდგენილი. იმის გამო, რომ წელს საქართველოში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი არ გადაღებულა, ქართული კინო არასაკონკურსო დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს შორის აღმოჩნდა.

საერთაშორისო ჟიურიმ, ბრიტანელი რეჟისორის, ჰიუ ჰადსონის თავმჯდომარეობით, მთავარი პრიზი „ოქროს პრომეთე“ გერმანელი რეჟისორის, დეტლევ ბუკის ფილმს „მაგარი ბიჭი“ გადასცა; საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის პრომეთეთი“ ფრედ კელემანი ფილმისთვის „ვარდნა“ დაჯილდოვდა (ლატვია, გერმანია); სპეციალური პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ესპანელი რეჟისორის, ხავიერ ბერმუდესის ფილმის „ლეონი და ოლვიდოს“ მსახიობს, გიემ ხიმენესს ერგო.

0x01 graphic

სპეციალური პრიზი ნინო კირთაძისთვის

ლიტერატურული არტ-კაფე ქარავანი
12 ოქტომბერი. 22 : 00

12 ოქტომბერს, ფურცელაძის №10-ში ორი კარგი ამბავი მოხდა. პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ აზიური გარემოს მოყვარულთათვის, აქ ახალი ლიტერატურული არტ-კაფე „ქარავანი“ გაიხსნა. კაფეში შესული, უდავოდ მოიხიბლებით აღმოსავლური დიზაინით შესრულებული ინტერიერით და იმ სასიამოვნო აურით, რაც „ქარავანში“ თქვენი არაერთხელ სტუმრობის მიზეზი გახდება.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ახლად გახსნილ კაფეში, კინოფესტივალ „პრომეთეს“ ფარგლებში, ერთი მოკრძალებული დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

ჟურნალი „კინოს“ ავტორებმა (ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოდის და თითოეულ თქვენგანს კინოს სამყაროში მომხდარ სიახლეებს და ფილმების რეცენზიებს სთავაზობს) გადაწყვიტეს, რომ ყოველ წელს, ფესტივალის მსვლელობისას, სპეციალური პრიზი დააწესონ - პრიზი, რომელიც ქართველ დოკუმენტალისტებს მიღწევებისთვის გადაეცემათ. იქნებ ამით მაინც შეიტანონ ის მცირედი წვლილი, რაც ქართული კინოდოკუმენტალისტიკის განვითარებას დაეხმარება.

წლევანდელი და პირველი „კინო“-პრიზის მფლობელი ნინო კირთაძე გახდა. ნინო დიდი ხანია, რაც პარიზში ცხოვრობს და მის საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს პრიზები, არაერთ მნიშვნელოვან კინოფესტივალზე აქვს მოპოვებული.

0x01 graphic

მაგიური სუნამოს პარფიუმერი

კინოთეატრი ამირანი
18 ოქტომბერი. 20 : 00

როგორც იცით, 1985 წელს დაწერილმა ზიუსკინდის რომანმა „პარფიუმერი: ერთი მკვლელის ამბავი“ მსოფლიო ბესტსელერებს შორის დაიკავა ადგილი და „ნიუ იორკ თაიმსის“ კრიტიკოსებმა „წლის რომანად“ შერაცხეს. სტენლი კუბრიკის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც ზიუსკინდი მისი რომანის ერთადერთ რეჟისორად ასახელებდა, სად იყო და სად არა, გერმანელი ტომ ტიკვერი გამოჩნდა, რომელმაც ეკრანიზაციის უფლება ხელში ჩაიგდო და ერთი თვის წინ, „პარფიუმერი: ერთი მკვლელის ამბავის“ მსოფლიო კინოპრემიერაც გაიმართა.

„ამირანში“ ფილმის პრემიერა და წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია შედგა. ზიუსკინდის წიგნის ქართული ვარიანტი გამომცემლობა „დიოგენემ“ მოამზადა. პრემიერაზე კი „ამირანმა“ და „voulez-vous-მ იზრუნეს, რომელთაც კინოთეატრის ფოიეში მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს და ფილმის კულმინაციის მომენტში, როცა ეკრანზე ნანატრი სუნამოს სურნელის ეფექტს ვაკვირდებოდით, სავენტილაციო მილების საშუალებით, პრემიერის ორგანიზატორებმა დარბაზშიც პარფიუმის სურნელი დააყენეს. სამწუხაროდ, სულ ეს დამამახსოვრდა ნატურალისტური სცენებით გაჯერებული, ცოტა გაწელილი ფილმიდან.

0x01 graphic

კრემერატა მუსიკის დაუვიწყარი კონცერტი

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
9 ოქტომბერი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, 9 ოქტომბერს მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე - გიდონ კრემერის და „კრემერატა მუსიკის“ კონცერტი შედგა.

შემსრულებლები, რომლებმაც მეოცე საუკუნის დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს, 1997 წელს ჩამოყალიბებული „კრემერატა ბალტიკას“ სახელით ცნობილი ბალტიისპირეთის ქვეყნების დიდი ორკესტრის წევრები არიან. ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო ანსამბლმა, გიდონ კრემერის ხელმძღვანელობით, უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია და 2002 წელს „გრემის“ მფლობელიც გახდა.

მათ შემადგენლობაში არიან: ულა ულიჯონა (ალტი), მარტა სუდრაბა (ვიოლონჩელი) და კატია სკანავი (ფორტეპიანო). ანსამბლმა შეასრულა არვო პიარტის Fratres-ი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ვალენტინ სილვესტროვის სონატა „Post-scriptum“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ა.შ.

4 „ცხელი შოკოლადი“ გირჩევთ...

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

მუზეუმი მარჯანიშვილში

. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
30 სექტემბერი. 19 : 00

1937 წელს, მოსკოვში ჩეკისტებმა, სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, პეტრე ოცხელი „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს და 30 წლის ასაკში დახვრიტეს.

30 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში მუზეუმი გაიხსნა, რომლის დარბაზში გამოფენილ სამუზეუმო ექსპონატებს შორის, პეტრე ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლების - „ურიელ აკოსტას“, „ოტელოს“, „სპარტაკის“, „ყაჩაღების“ თუ სხვათა ესკიზებია წარმოდგენილი. მხატვრული აზროვნების უდიდეს რეფორმატორად აღიარებული ოცხელის ესკიზები, დარწმუნებული ვარ, დამთავლიერებელს გულგრილს არ დატოვებს. აქვეა ვასო გოძიაშვილის საგრიმიორო მაგიდა და მარჯანიშვილის თეატრის დასის მსახიობების თუ რეპერტუარის უამრავი ფოტო თუ ტექსტუალური მასალა. მუზეუმის კოლექცია თვეში ერთხელ განახლდება და დამთვალიერებელს სხვადასხვა ექსპონატს შესთავაზებს.

ამავე დღეს, თეატრში პრემიერა გაიმართა - კოტე მარჯანიშვილის და პეტრე ოცხელის ერთობლივი ნამუშევარი „ურიელ აკოსტა“, რომელიც თეატრის სცენაზე არაერთხელ აღდგენილა, ამჯერად სოფიკო ჭიაურელმა გააცოცხლა. 1929 წლის პრემიერის მთავარი როლის შემსრულებლების - უშანგი ჩხეიძის და ვერიკო ანჯაფარიძის ნაცვლად კი, მაყურებელმა ნატა მურვანიძე და ნიკო თავაძე იხილა.

0x01 graphic

კინო და ახალი ლიტ.კაფე ამირანში

კინოთეატრი ამირანი
29 სექტემბერი. 20 : 30

მას შემდეგ, რაც კარგად აითვისა მშრალ ხიდზე გამოტანილი ძველი ავეჯი და სრულიად უცნობ ქუჩებზე, ასევე ძველი ნივთებით მოვაჭრეთა ადგილებიც დალაშქრა, დიდი ნადავლით რესტავრატორებს ეწვია და სამფეხა, მიმტვრეულ-მომტვრეულ ავეჯს, კარგი ჯადოქარივით ახალი სიცოცხლე შთაბერა. ეს ყველაფერი რამაზ გემიაშვილს იმისთვის დაჭირდა, რომ კინოთეტრ „ამირანში“ ახალი „ლიტერატურული“ გაეხსნა და თქვენთვის, საინტერესო ინტერიერით კიდევ ერთი მყუდრო გარემო შეექმნა. კაფე, სადაც არამარტო „გემრიელად“ გაატარებთ დროს, მეგობრებთან ერთად დვდ-საც აირჩევთ და პატარა დარბაზში მოკალათდებით. რეპერტუარსაც თავად შეარჩევთ და როცა გინდათ და ვისთან ერთადაც გინდათ, ისე ნახავთ საყვარელ ფილმს.

კაფესთან ერთად და ჟურნალი „კინო - ცხელი შოკოლადის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. სადაც საინტერესო ინტერვიუებს, რეცენზიებს და თანამედროვე კინოში მომხდარი სიახლეებს გაეცნობით.

ასე რომ, ეწვიეთ „ახალ ლიტერატურულს „ამირანში“, უყურეთ მეგობრებთან ერთად ფილმებს და რაც მთავარია - იკითხეთ, იკითხეთ „კინო“.

0x01 graphic

ახალი სუნამო ქალებისათვის

სასტუმრო მერიოტი თბილისი
22 სექტემბერი. 18 : 00

თუ თვალყურს... არა, ამ ამბავში ალბათ ჯობია ცხვირიც ჩაერთოს... მოკლედ, თუ ცდილობთ, სუნამოების სამყაროში მომხდარ სიახლეებს არ ჩამორჩეთ და თქვენს მაგიდაზე ახალ-ახალი ფლაკონებიც შესაბამისი სიხშირით იდებენ ბინას, მაშინ აუცილებლად დაინტერესდებით ამ პატარა რჩევით: ეწვიეთ თბილისის „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელს და ვერსაჩეს ახალი სუნამოს Bright Crystal-ის სურნელი შეაფასეთ.

„მინდოდა არომატი იმ კომპონენტებისგან შემექმნა, რომლებიც თავად მიყვარს - გრილი, ყვავილის, მაცდური ნოტებით. Bright Crystal-ის არომატი - ესაა სიგრილის და ყვავილის ნოტების სიმფონია, ფლაკონი კი - ელეგანტურობის მწვერვალი“ - ამბობს ვერსაჩეს სახლის მფლობელი დონატელა ვერსაჩე.

ბროწეულის, მაგნოლიის, ლოტოსის და პეონის მსუბუქი ნოტები ნაზად გადადის ამბრის, მუსკუსის და წითელი ხის არომატში. ეს ყველაფერი კი ძალიან მაცდურ, მსუბუქ და „თბილ“ არომატში გახვევთ; არომატში, რომლითაც „მერიოტი თბილისის“ დარბაზი იყო გაჟღენთილი; დარბაზში შამპანურის მსუბუქი შუშხუნი ისმოდა, ეკრანზე კი ვერსაჩეს შემოდგომა-ზამთრის კოლექციას უჩვენებდნენ.

5 აქცენტი

▲ზევით დაბრუნება


5.1 „შეხვედრა ფიროსმანთან“

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ სუხიშვილი

„ნიკომ ჯერ განზე გამიყვანა და მკითხა: „როდისაა გამოფენა, ოთახს რომ მომცემდნენ, სადაც შემეძლებოდა მუშაობა, ტილოც რომ მქონდეს, ერთ თვეში ათ-თხუთმეტ სურათს დაგიხატავდით, იმაზე უკეთესებს, რომ მაქვს... აი, ესენი კი ჩემს სურათებს სულ აფუჭებენ, მაგალითად, ამ სურათზე კურდღელია დახატული, რა საჭიროა კურდღელი, ვის რაში სჭირდება, მაგრამ ვინც შემიკვეთა, მთხოვა: „ჩემი ხათრით დახატე კურდღელიო: მეც ვხატავ - ჩხუბი არ მინდა. აი, ასე მიფუჭებენ ყველა სურათს“.

ეს ჩანაწერი 1913 წელს ნიკო ფიროსმანზე ილია ზდანევიჩს შავ მუშამბისყდიან რვეულში გაუკეთებია. ამ ჩანაწერებიდან სხვა ბევრი საინტერესო დეტალის ამოკრეფაც შეიძლება, რომლებიც ფიროსმანის ჩვევებს, აზრებსა და ნატვრა-სურვილებს ამჟღავნებს და დიდი მეოცნებე ბავშვის შთამბეჭდავ სურათს ძერწავს: „როცა ხატავდა, მარცხენა ხელს მარჯვენის ქვეშ ამოიდებდა ხოლმე, რომ ძალიან არ აკანკალებოდა“, წუხდა ნახატების შემკვეთთა უმეცრებაზე და სამუშაოდ ისეთ ოთახს ნატრულობდა, სადაც ღვინოს არ დააძალებდნენ და სადაც ძალიან ბევრი სინათლე იქნებოდა...

მაგრამ ნატვრა ნატვრადვე დარჩა. კიბის ქვეშ მოთავსებულ მის სამყაროში, სინათლის სხივმა ვერ ჩააღწია. უფრო დიდი ნატვრაც ჰქონდა მხატვარს - იმ ადამიანების ანუ „თავისნაირთა“ ერთჭერქვეშ თავმოყრა, სამყაროს უბოროტო თბილ ფერებში რომ აღიქვამენ: „აი, რა გვინდა, ძმებო. ქალაქის შუაგულში, რომ ყველა ჩვენგანისათვის ახლოს იყოს, საჭიროა ავაშენოთ ხის დიდი სახლი, სადაც შეგვეძლებოდა შეკრება, ვიყიდოთ დიდი მაგიდა, დიდი სამოვარი, დავლიოთ ხოლმე ჩაი, ბევრი ჩაი, ვილაპარაკოთ ფერწერასა და ხელოვნებაზე. თქვენ ეს არა გსურთ, თქვენ სულ სხვა რამეზე ლაპარაკობთ“. ეს სიტყვები მხატვართა საზოგადოების პირველ კრებაზე უთქვამს, სხდომის დასასრულს, თუმცა, როგორც თანამედროვეთა მოგონებები გვიამბობენ, ისე ნაღვლიანად, რომ ეტყობა თვითონაც არ სჯეროდა, რომ ამ ნატვრას ასრულება ეწერა. ამის მერე ნიკო ფიროსმანი მხატვართა საზოგადოების ყრილობაზე აღარავის უნახავს.

ეს 1916 წელს მომხდარა. მას შემდეგ 90 წელი გავიდა.

2006 წლის 18-27 ოქტომბერი. 90 წლის შემდეგ ფიროსმანის მშობლიურ მხარეში - მირზაანში, დიდ განათებულ ოთახში ფიროსმანის მაგიდას ქართველი და უცხოელი ხელოვანები შემოუსხდნენ, ფიროსმანის სულისთვის უცხო „სხვა რამეებიც“ რამდენიმე დღით საერთოდ დაივიწყეს და მხოლოდ ხელოვნებაზე საუბრობდნენ.

პროექტი „შეხვედრა ფიროსმანთან“ (პროექტის ორგანიზატორია საქართველო-გერმანიის საზოგადოება) ქართველ და უცხოელ მხატვრებს, მოქანდაკეებს, გალერისტებს, მწერლებს, რეჟისორებს და ფიროსმანის ხელოვნების თაყვანისმცემლებს მასპინძლობდა.

ღონისძიების პროგრამა მარტო დატვირთული კი არა, დახუნძლულიც იყო: ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა-აქცია მირზაანსა და თბილისში, საუბრები „ფიროსმანის მაგიდასთან“ - სახელწოდებით „შეხვედრა ფიროსმანთან“, ლიტერატურული შეხვედრები, კლასიკური მუსიკის საღამოები... და, რა თქმა უნდა, უცხოელი სტუმრებისთვის ფიროსმანის მშობლიურ მხარეში ექსკურსიები. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ჰამბურგის დოკუმენტური ფილმების სააგენტო „ჰაიდემედიას“ გადამღები ჯგუფი ჩამოფრინდა. სააგენტო 60-წუთიან დოკუმენტურ ფილმს იღებს ფიროსმანის, ფიროსმანის სამშობლოსა და ამ ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც მაყურებელი სულ მალე იხილავს.

26 ოქტომბერს კი საღამოს 5 საათზე „ქარვასლაში“ გაიხსნება ექსპოზიცია „ფიროსმანი+თანამედროვე ხელოვნება“, რომელზეც ფიროსმანის ორიგინალები და იმ თანამედროვე ქართველ და უცხოელ ხელოვანთა ნამუშევრები გამოიფინება, რომელთათვისაც ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება ერთნაირად მშობლიურია. გამოფენა „ქარვასლაში“ 10 დღეს გასტანს. მანამდე კი, გერმანელი მწერლის - უვე კოლბეს ლამაზი ჩანახატიდან ერთ პატარა ნაწყვეტს შემოგთავაზებთ: „საქართველოში, მირზაანში, ერთ სახლში დიდი მაგიდა დგას, სტუმრების მოლოდინში. ზედ სამოვარიც დგას, დოქებიცაა, საიდანაც ღვინოს ჩამოასხამდნენ და ფიალებიც, საიდანაც ეს ღვინო დაილეოდა. თეფშებიც აქაა. ოღონდ არც არავინ ჭამს და არც ვინმე სვამს. მაგიდა დაობლებულა...

…ასე ობლად აღარ უნდა იდგეს ეს მაგიდა...“

5.2 „ემიგრანტები“ ემიგრანტების კუნძულზე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ ბაბუაძე

მანჰეტენი ის ადგილია, სადაც ყველა ემიგრანტი ძალაუნებურად ივიწყებს თავის სტატუსს და მანჰეტენელი ხდება. გულის სიღრმეში ჩახედვები, მეობის და ერობის გახსენება და მონატრება - ეს ყველაფერი, ალბათ, სადმე სხვა, უფრო მშვიდ ადგილას ხდება - მანჰეტენური რიტმისგან თავდაღწევის შემდეგ.

თუმცა, 2 ნოემბრიდან სიტუაცია ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ოდნავ მაინც შეიცვლება. მიზეზი მათთან სტუმრად ჩასული „ემიგრანტები“ იქნება - ათონელის თეატრში დადგმული პიესა, რომელსაც ორი გმირი ჰყავს - ორი ემიგრანტი - ზურა ყიფშიძე და გოგა პიპინაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, სპექტაკლმა ახალი სიცოცხლე თბილისშივე დაიწყო. მსახიობებმა პიესა სამშობლოდან გადახვეწილ ორი სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანზე საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისთვის - საელჩოებისა და უცხოელებისთვის გაათამაშეს. უცხოეთში ბედის საძიებლად წასული ინტელექტუალი მწერლისა და პროვინციელი მუშის შესახებ ისტორია იმდენად ცოცხალი, აქტუალური, იუმორით სავსე აღმოჩნდა, რომ დიპლომატებზეც კი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა; დიპლომატებზე - ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც ემიგრანტების ბედს (და მით უმეტეს არალეგალების) ცოტა გვერდიდან (ან, სულაც, ზევიდან) და ზედმეტად პრაგმატულად აფასებენ.

უცხოელი მაყურებლის ტესტის გავლის შემდეგ „ემიგრანტებს“ უკვე ნამდვილ - ნიუ იორკში მცხოვრებ - ემიგრანტებს უჩვენებენ. თემა თვითონ სპექტაკლის რეჟისორისთვისაც ძალიან ახლობელია: ირაკლი აფაქიძე ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველია. ახლა ის, თავის ორ მსახიობთან ერთად, ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებსაც მისცემს შანსს, თავიანთ ყოფას ერთი საათით მაინც შეხედონ შორიდან და თან ის ეროვნული და ოჯახური სენტიმენტებიც გაიხსენონ, რომელთაც ნიუ იორკის სწრაფი ყოველდღიურობა თანმიმდევრულად აფერმკრთალებს.

ორმსახიობიან სპექტაკლში ზურა ყიფშიძის გმირი უცხოეთში თავის რჩენას წერით ცდილობს; გოგა პიპინაშვილის გმირი კი მუშაა, მან ენაც არ იცის და გამუდმებით მწერალი მეგობრის შეგონებების მოსმენა უწევს. მათ დიალოგებსა და ყოველდღიურ თავგადასავლებში მწვავე და მტკივნეული თემები იშლება: მონური შრომა ფულისთვის; ოჯახის დატოვება მატერიალური კეთილდღეობისთვის; პიროვნული თავისუფლების დაკარგვა; ღირსების დავიწყება; იმედგაცრუება; ახალ ფასეულობებთან შეგუება... მტკივნეულ თემატიკას ყალბი ტრაგიზმისგან იუმორი იცავს. ორივე გმირი ხომ ეპიზოდებში ძალიან სასაცილოა, დიალოგები კი - სხარტი და ცოცხალი. მოკლედ, მსახიობები მოდუნების საშუალებას ნამდვილად არ მოგცემენ...

„ემიგრანტების“ ჩვენება მანჰეტენზე „ფლორენს გოლდ ფოლს“-ის თეატრში ორჯერ არის დაგეგმილი. თუმცა, მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე, არც სპექტაკლების დამატებაა გამორიცხული. ქართველ გმირებს ქართველ ემიგრანტებთან ერთად, საგანგებოდ მოწვეული ნიუ იორკელი სტუმრებიც ნახავენ. ამაზე ქართული კულტურის ცენტრის, „ამირანის“ ხელმძღვანელი - ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი მოქანდაკე ელისო წიკლაური ზრუნავს. ათონელის თეატრზე დადგმული სპექტაკლის ნიუ იორკში ჩატანა მისი ინიცატივაა. თბილისში უკვე არსებობს ნიუ იორკში ნიუ იორკული კანონმდებლობით შექმნილი ქართული კულტურის ცენტრის ფილიალი - ირმა სანაძის ხელმძღვანელობით - და ისინი ახალ პროექტებზე ერთად აპირებენ თანამშრომლობას. „ემიგრანტები“ კი მათი პირველი მნიშვნელოვანი პროექტია.

ასე რომ, ემიგრანტების კუნძული მალე ახალ „ემიგრანტებს“ ელის. მანჰეტენზე გამოფენილ უამრავ სხვა აფიშას შორის ერთ-ერთი უკვე იუწყება, რომ ნოემბერში სტუმრად ჩასული ორი ქართველი მსახიობი შეეხება თემას, რომელიც ამ კუნძულზე ყველაზე მეტად აქტუალური და ყველაზე მეტად მივიწყებულია; მივიწყებულია მანჰეტენურ ხმაურში - მობილურების წკრიალში, მეტროს ვაგონების ჭრიალში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნსა და ათას სხვა მანჰეტენურ სადარდებელს, იმედსა და ამბიციას შორის.

6 პრუსტის კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

ზურა ყიფშიძე
მსახიობი

როგორ წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?

ზრდილობისა და ურითიერთპატივისცემის გარეშე ვერაფერს წარმოვიდგენ.

თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?

სირანო დე ბერჟერაკიდან რიჩარდ მესამემდე.

თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?

რატომღაც მგონია, რომ ყველა შელამაზებულები არიან.

ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?

ვინც თითქმის თავი შემომწირა - ჩემი დეიდები, ოჯახის წევრები, ცოლი და სხვათა შორის (თქვენ წარმოიდგინეთ) სიდედრი.

თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?

სიკეთე.

თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?

ვერავინ ვერსად ვერაფერს წაიღებს, სახელის გარდა.

ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია?

დამოკიდებულობა.

თქვენი საყვარელი საქმიანობა?

ის, რასაც ვაკეთებ (ძაღლის, ზოგიერთი ადამიანის, ცოცხალი ყვავილების, მცენარეების მოვლა, აღზრდა და მოფერება) კითხვა და მუსიკის მოსმენა, ცეკვა, იმპროვიზაცია.

არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?

ის, ვინც ვარ (ექიმი, სპორტსმენი, მიუნჰაუზენი, მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი).

თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?

გულუბრყვილობა, სიჯიუტე.

რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

ერთგულებას, სიკეთეს.

თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამის მჯერა.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?

ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები, სიძუნწე.

რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

საქართველოს გარდა, ესპანეთში, ჰოლანდიაში, „რომში“. - არა, მაინც დიდი ქალაქიდან მოშორებით.

თქვენი საყვარელი ფერი?

თეთრი და შავი და ყველა სხვა დანარჩენიც. მთავარია ტონი.

თქვენი საყვარელი ყვავილი?

კაქტუსი და კიდევ ბევრი სხვა (ოღონდ ცოცხალი).

თქვენი საყვარელი ჩიტი.

კოლიბრიდან არწივამდე.

ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი.

ლენინი და სტალინი.

რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოებული?

მუსიკალურით, ფილოსოფიურით.

როგორ სიკვდილს ისურვებდით?

უმტკივნეულოს.

თქვენი დევიზი?

როდესაც გასცემ - ეს დიდი სიამოვნებაა.

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

შიშის.

საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?

არავის, „ნაცარქექიას“.

თქვენი ყველაზე უცნაური თვისება.

უშურველობა.

რა შემთხვევაში ცრუობთ?

როდესაც ვთხზავ.

ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?

რასაც ავიკვიატებ.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

იმედი მქონდა, რომ მოვესწრებოდი...

განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

ერთი არ მეყოფოდა.

რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?

შვილების და ზოგიერთი როლის შექმნას.

რაზე ოცნებობთ?

დამშვიდებაზე.

7 კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


იბერია

ავტორი: დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ანტი-რუსული დემონსტრაცია
რუსეთის საელჩოსთან.
თბილისი 12 ოქტომბერი, 2006

კომენტარიო და რა კომენტარი შეიძლება გაუკეთოს ადამიანმა იმას, რასაც რუსები აკეთებენ? რა უნდა ვთქვა ახალი და იმისგან განსხვავებული, რასაც აგერ უკვე ორასი წელია ჯიუტად ვიმეორებ - დამპყრობელი და ოკუპანტი არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ისეთი მტერი, როგორც რუსეთია, მართლა არასოდეს გვყოლია და რუსებისთვის ნამდვილად სულერთია, როგორ მოვიქცევით, რადგან ისინი მაინც ისე მოგვექცევიან, როგორც გვექცეოდნენ და გვექცევიან.

პუშკინი რომ მოკლეს, ერთმა კახელმა თავადმა მზეჭაბუკ ვახვახიშვილმა, მამული გაყიდა, ცხენი იყიდა (ყაბარდოული) და ვინმე დანტესის მოსაძებნად წავიდა რუსეთში. შურისძიება უპირველესად იმიტომ უნდოდა, რომ რუსებისთვის ქართველი თავადების ერთგულება დაემტკიცებინა, მაგრამ ვახვახიშვილს დანტესი რუსეთში აღარ დახვდა (გერმანიაში გაიხიზნაო, უთხრეს) და მან გზა ევროპისკენ განაგრძო. თუმცა ქართველ თავადს გერმანიამდე არ ჩაუღწევია, რადგან რომანტიკოსი ქართველი თავადი პოლონეთის საზღვართან, უმადურმა რუსებმა ვერაგულად მოკლეს.

ვახვახიშვილივით დასასრულისგან ჯვარი წერიათ, მაგრამ რუსეთში მოღვაწე ქართველებსაც (მომღერალი იქნება თუ მხატვარი), ადრე თუ გვიან, ისეთივე ბედი ელით, როგორიც ასეულობით ქართველს, რომლებიც რუსეთიდან უკვე გამოაგდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. უმადური რუსებისთვის ისიც სულერთია, ტენორი ხარ თუ ბარიტონი და ჰიპ-ჰოპს მღერი თუ რუსულ რომანსებს, რადგან დამპყრობელი ყოველთვის თვლის, რომ შენ სხვის კულტურას კი არ სცემ პატივს, არამედ მოვალე ხარ მას ემსახურო და ამის გამო, რასაკვირველია, მადლობასაც არავინ გეტყვის. მადლობას იმ შემთხვევაშიც არავინ გეტყვის, თუ რუსულ რომანსებს რუსებზე უკეთ ასრულებ, რადგან სინამდვილეში, რუსული რომანსი არც არსებობს და ეს ბოშური წარმომავლობის მუსიკალური ფენომენია, რომელიც რუსებმა, უბრალოდ, მიითვისეს, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც არ ჰქონდათ.

გარდა იმისა, რომ კრემლში სიმღერა (ისევე როგორც სპარსეთის შაჰის კარზე ცეკვა, როცა ის დამპყრობელია) ცოტა უზნეობას ნიშნავს და ბევრ კონფორმიზმს; პრაგმატული თვალსაზისითაც, ძალიან წამგებიანია. პრაგმატულადაც გაუმართლებელია ასეთი არჩევანი, რადგან ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგთხოვენ იმის გაკეთებას, რასაც ვერ იკადრებ და ერთ დღეს, მიუხედავად ზღვა დამსახურებისა იმ ქვეყნის წინაშე, ზურაბ სოტკილავასავით პირდაპირ კონცერტზე ან ბანკეტზე მოგადგებიან (ალფა ან ომეგა) და იმ ერთ არამშვენიერ დღეს, იმასაც აღმოაჩენ, რომ სულ ამაოდ დამშვრალხარ უმადური იმპერიის სადიდებლად. ასეთია დამპყრობელის ბუნება და აბა ბუნების კანონს, ან ალფასა და ომეგას სად დაემალები, რუსულ ტყეში?

გაგეცინებათ და ქვემოთქმულს ალბათ მანიაკალურობაშიც ჩამომართმევთ, მაგრამ სინამდვილეში რუსული ტყეც არ არსებობს და ტყე, რომელსაც ჩემი საყვარელი რუსი პოეტი სერგეი ესენინიც ლექსებს უძღვნიდა, ფინური ყოფილა. რაღაი ტყე ვახსენე, ბარემ ბავშვობასა და სკოლის სახელმძღვანელოსაც გავიხსენებ, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ადრე, სანამ ხალხები სახელმწიფოებად ჩამოყალიბდებოდნენ, ველური ადამიანები პირველყოფილი ჯოგური პრინციპებით ცხოვრობდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სოკოსა და კენკროვანის შესაგროვებლად ტყეში ერთად დადიოდნენ. რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა (სხვა დანარჩენ და გასაგებ მიზეზთა გარდა) იმიტომაც მიხარია, რომ საკუთარი თვალით მინახავს რუსეთში, დღემდე, ყოველ შაბათ-კვირას როგორ დადიან რუსები ტყეში სოკოს მოსაძებნად. ეს რომ მახსენდება ხოლმე, იმასაც ვფიქრობ, რომ ამ ორასი წლის მანძილზე, კიდევ კარგი გადარჩენილები ვართ.

თუმცა სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი საქართველოს არ დატოვებს, მაინც არ მჯერა, რომ რუსები საქართველოდან ჯარის გაყვანას მართლა აპირებენ, რადგან რუსებს არავისთან ჯერ ისეთი ხელშეკრულება არ დაუდიათ, რომელიც არ დაურღვევიათ და რაღა ჩვენსას დაიცავენ?! ერეკლე მეფეც თურმე სულ იმას იმეორებდა - სიტყვა მომცეს რუსებმა და ხომ არ მომატყუებენო და ვერ წარმოედგინა ფიცის გატეხა, ისევე როგორც საწყალ ჟორდანიას, რომელიც უკვე საფრანგეთისკენ მიმავალ გემზე იჯდა, ისევ რომ ამბობდა - რუსებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ჯარს როგორ შემოიყვანენო. არადა, რამდენიმე დღით ადრე, რუსებს უკვე ოთხი არმია ჰყავდათ შემოყვანილი საქართველოს დასაპყრობად.

ხოლო რაღაი ფინური ტყე ვახსენე, ბარემ ფინეთის ამბავსაც ვიტყვი, რადგან ჩვენს მერე, რუსებმა ჯარები ჩვენსავით პატარა ფინეთშიც შეიყვანეს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ვერც ფინეთის ოკუპაცია შეძლეს, ვერც მისი ანექსია და ვერც იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. მეტიც - ფინელებმა ქვებითა და ჯაყვებით, თითქმის მოსკოვამდე სდიეს კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის არმიას და უზარმაზარი საბჭოთა იმპერია რამდენიმე კვირაში დაამარცხეს. მშვენიერი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მოთხრობაშიც, ამ მოთხრობის გმირის დახასიათებისას, ავტორი ხუმრობდა (ან საბჭოურ კონიუნქტურას ითვალისწინებდა), როცა ამბობდა - კუკარაჩამ ფინეთის ომიდან ორი ტანკი წამოიყვანაო, რადგან ფინელებს მაშინ ტანკები საერთოდ არ ჰყოლიათ და ამ ფაქტს რუსული ისტორიოგრაფია დღემდე საგულდაგულოდ მალავს. ფინელი ხალხის გმირული გამარჯვება კი მაშინ (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე) ფინეთის მაშინდელმა მთავრობამ განაპირობა, რომელსაც ჩვენზე საშინელი ოპოზიცია ჰყავდა, მაგრამ მიხვდა, რომ რუსეთის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალებით შეიძლებოდა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი ჰგონია, რომ ოპოზიცია, ხალხი და საზოგადოება არ სჭირდება და არც დასჭირდება და ძალიან ცდება, რადგან რუსები ასე ადვილად თავს არ დაგვანებებენ და აუცილებლად (და კიდევ ბევრჯერ) შეეცდებიან ამ ხელისუფლების ჩამოგდებას. და როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, რუსების მიერ მათი ჩამოგდება საქართველოსთვის მაინც უარყოფითი მოვლენა იქნება, რადგან ამ ხელისუფლებას ჩვენც ზედ მიგვაყოლებენ და არავინ შეგვეკითხება, როგორ საქართველოში გვირჩევნია ცხოვრება. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ დაიჯერებს ჩვენი ხელისუფლება, რომ შენი საზოგადოება მტერი კი არ უნდა გეგონოს, არამედ მოკავშირე და თანამებრძოლი, მაგრამ შესაძლოა თავად საზოგადოებამ აღარ მოისურვოს ასეთი ხელისუფლების მოკავშირეობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიხვდება, რომ ხელისუფლების დაცვა საკუთარი ქვეყნის დაცვას ნიშნავს. ეს შიში და ვარაუდი იმიტომ მაქვს, რომ არცთუ შორეულ წარსულში, ასეთი რამ საქართველოში უკვე მოხდა და აღარ მინდა, რომ განმეორდეს. სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას საზოგადოების თავისუფლება, დემოკრატიული ფასეულობები და განსხვავებული აზრი თავისი სისუსტე ჰგონია და სინამდვილეში კი პირიქითაა და მაშინ ფინელმა ხალხმა სწორედ თავისუფლების არჩევანი გააკეთა და უზარმაზარი საბჭოთა რუსეთიც დაამარცხა. თუ ჩვენც ასეთი ერთიანობა გვექნება, ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ ისე, რომ ჯარი შეიძლება არც კი დაგვჭირდეს და ოქრუაშვილიც კიდევ უფრო ბედნიერი და კმაყოფილი ივლის კახეთის ვენახებში. ომში გამარჯვებისთვის მხოლოდ კარგი ჯარი რომ საკმარისი არ არის, თავდაცვის მინისტრმა თუ არა, ვიღაცამ მაინც უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლებაში და საზოგადობამ კი ის უნდა იცოდეს, რა ფასეულობების გამო უნდა დაიცვას ეს ხელისუფლება.

ახალდაგებულ ასფალტებზე მეც ვგიჟდები და სადაც წავაწყდები ხოლმე, ან მუშებს ვკოცნი ან თვითონ ასფალტს, მაგრამ მხოლოდ ასფალტის გამო რომ ქართველი ხალხი თავის ხელისუფლებას არ გადაეფარება, ზუსტად ვიცი.

საქართველოში არდადეგებზე ჩამოსვლისთანავე (ჭავჭავაძეზე, მეორე დღესვე) შემხვდა ერთი ნაცნობი ქალბატონი, რომელიც ძალიან აქტიურია და მაშინვე ცალთვალმოჭუტულმა, ნიშნისმოგებით მკითხა:

- იცი ალბათ რაც ხდება კანცელარიაში ღამ-ღამობით?

არ ვიცი-მეთქი და მართლა არ ვიცოდი, რადგან კანცელარიის შენობასთან ბოლოს 2003 წლის 22 ნოემბერს მოვხვდი და მერე იქით საქმე არც მქონია.

მაგრამ მართლა არ მაინტერესებს პრეზიდენტის პირადი ცხოვრება (არც სხვისი) და მგონია, რომ მსგავსი ინტერესები ისეთი ქვეყნის ფუფუნებაა, როგორიც (ვთქვათ) ამერიკაა და მე კი მაინტერესებს, რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში, რატომ არსებობენ უკანონო პატიმრები დღემდე და რატომ არ არის სასამართლო დამოუკიდებელი. რატომ არ უწყობს ხელისუფლება იმ ფასეულობების დამკვიდრებას ხელს ჩვენს საზოგადოებაში, რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება? ახლა, რუსეთთან დაპირისპირებაში ხსენებულ ევროპაში საკმაოდ ღიად გვიჭერენ მხარს და ამას, უპირველესად, რუსული იმპერიული პოლიტიკის სიბეცე განაპირობებს და არა ჩვენი რეფორმების ხიბლი, თუმცა ამ თანაგრძნობის გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ მაინც შეიძლება და მაინც სასიამოვნოა, რომ დასავლური პრესის პირველ გვერდებზე უკვე გადავინაცვლეთ. (მადრიდის უნივერსიტეტშიც, ვინც იცის, რომ ქართველი ვარ, მოსალმებისთანავე გამოხატავს ჩვენს მიმართ თანადგომას და ესეც ძალიან სასიამოვნოა). ერთადერთი, რაც არ მომეწონა, იყო ხუმრობა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, სადაც ბუშისა და პუტინის დიალოგია აღწერილი - ბუში ურეკავს პუტინს და მისგან ამერიკის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი გაკვირვებული პასუხობს, რომ ამერიკაში რუსეთის ჯარი არ დგას და არც არასოდეს ყოფილა. პუტინზე უფრო გაკვირვებული ბუში კი საპასუხოდ ამერიკელ ჟურნალისტებს აკრიტიკებს - ასეთი ტყუილის გაზეთში დაწერა როგორ შეიძლება, თანაც ჩვენი ჟურნალისტები ყოველდღე ამტკიცებენ, რომ რუსებმა ხელი კი მოაწერეს შეთანხმებას, მაგრამ ჯორჯიას მაინც არ თმობენო.

რასაკვირველია, ბუშს აღარაფერი ეშველება, მაგრამ დანარჩენი სამყაროსთვის რომ გასაგები იყოს (რომ ამერიკის ჯორჯია არ ვართ), ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ძველი სახელი აღვადგინოთ და მთელი მსოფლიოსთვის ვიყოთ იბერია (როგორც საუკუნეების განმავლობაში გვიცნობდნენ) და სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელი არ გვერქვას: გრუზია, ჯორჯია თუ გურჯისტანი...

ყველა ქვეყანას თავის ენაზე ჰქვია სახელი დანარჩენი სამყაროსთვის და რატომ არ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძველი, ისტორიული სახელი, რომელიც გარდა იმისა, რომ (ტერმინოლოგიურადაც) უფრო მისაღებია საქართველოში მცხოვრები არაქართველებისთვის, ევროპელებისთვისაც უფრო მარტივი და გასაგები მესიჯია ჩვენი ვინაობის ასახსნელად. როგორც ნებისმიერი დროშა იკითხება, ასევე ქვეყნის სახელწოდებაც მეტყველებს ამ ქვეყნის რაობაზე და ტერმინი იბერია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენც უძველესი იბერიული ევროპის ნაწილი და უძველესი ევროპული ცივილიზაციის მემკვიდრეები ვართ.

ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენი ქვეყნის ისტორიული სახელის აღდგენით, ევროპისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგათ; ნაბიჯი გადავდგათ ერთიან იბერიულ სახელმწიფოში იმ ხალხის დასაბრუნებლად, რომელიც აფხაზსაც და ოსსაც დანარჩენ ქართველებთან ერთად თანაცხოვრებისათვის გააერთიანებს. ვიცი, რომ ჩვენი, საკმაოდ კონსერვატორული ცნობიერებისთვის საკმაოდ ძნელი იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიღება და მით უმეტეს მათთვის, ვინც საქართველოს ისტორიას მხოლოდ ქართული ისტორიული ფილმების მიხედვით იცნობს და არ იცის, რომ ტერმინი „საქართველო“ სინამდვილეში გვიანდელია და აგერ გუშინწინ, სულ რაღაც რამდენიმე საუკუნის წინ გაჩნდა. მესმის, რომ ძნელი იქნება იმ აუცილებლობის გაცნობიერებაც, რაც ამ ცვლილებას განაპირობებს, მაგრამ თუ ხელისუფლება მიხვდება, რატომ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს (ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებაც კი მათ ნამდვილად შეუძლიათ), ჩვენი საზოგადოებაც ადრე თუ გვიან გაიხსენებს, რომ იბერიელები ვართ და ამ ნაბიჯსაც გაცილებით სწრაფად და ადვილად მოჰყვება შედეგი, რომელზეც უკვე მერამდენე თაობა ოცნებობს.

თუმცა მანამდე, როგორც ჯეიმს ჯოისის ერთი პერსონაჟი ამბობს:

- ჯერ იბერია, სტივ…

8 დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ქეთევან სადღობელაშვილი
ფოტო: დავით მესხი

მწარე შოკოლადის მოყვარულთათვის
ახალი სატელევიზიო სეზონი

თავისუფალი მედია ერთიანი სისტემაა, ამიტომაც ცალკე აღებული ტელეკომპანია არ შეიძლება იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი. რაც უნდა შეფარვით მოქმედებდეს, ის მაინც მფლობელის ინტერესებს გამოხატავს (ფინანსური იქნება ეს თუ პოლიტიკური). დღეს საქართველოში თავად ფული არ არის თავისუფალი და კონცენტრირებულია ცალკეული ოლიგარქების ხელში, რომელთა კეთილდღეობა ასევე, ხელისუფლების კეთილგანწყობის პირდაპირპროპორციულია (არ იქნება და მისი აჯობებს!). აქედან გამომდინარე, საერთო თავისუფლების ხარისხი ცალკეულ ტელეკომპანიათა „თავისუფლებით“ არ განისაზღვრება და ვერც ტელემფლობელთა ინტერესები დაემთხვევა საზოგადოების ინტერესებს, რადგანაც ისინი სხვადასხვა ფასეულობით ცხოვრობენ.

განახლებული სატელევიზიო სეზონი ქართულ ტელეარხებზე სექტემბერში დაიწყო.

„გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ უკანასკნელმა მოჰიკანებმაც დატოვეს. ალღოიანი ქართველი ტელემაყურებელი 2003 წლის შემოდგომაზევე მიხვდა იმას, რომ ნოემბრის წვიმიან და ქარაშოტიან მიტინგებზე მუხლჩაუხრელად მომუშავე რევოლუციური „რუსთავი 2“-ის ბედის ჩარხი მიმართულებას შეიცვლიდა. ასეც მოხდა და საუკუნეობით გამოცდილი აზრი იმის შესახებ, რომ „რევოლუცია საკუთარ შვილებს მსხვერპლად იწირავს“, ამჯერადაც გამართლდა.

„იმედი“ საბოლოოდ გაურიგდა საიმედო მერდოკს და „ნიუს კორპთან“ დადებული ხელშეკრულებით, თავდაცვის გარანტიებიც გაინაღდა. თუმცა, ეს ფაქტი მის კრეატიულ მხარეს დიდად არ დატყობია. ერთეული გამონაკლისი რადიო „თავისუფლების“ ტელეპროექტი „თავისუფლების თეორემა“ აღმოჩნდა. გოგი გვახარია ამჯერადაც კრიტიკული აზროვნებისა და ფიქრის კულტურის დამკვიდრებას ცდილობს. თუმცა, გადაცემის ვიზუალური მხარე საფუძვლიან მოწესრიგებას რომ ითხოვს, ამას (სხვაზე რომ არ ვთქვათ) წამყვანის ახლო ხედების სრულიად ულოგიკო გამოყენებაც ადასტურებს.

რადიო ყოველთვის ტელევიზიაზე მეტად მიყვარდა, რადგან ის სხვა, აუხსნელ ინტიმურობასთან ერთად, ადამიანში წარმოსახვის, ფანტაზიისა და თანაგანცდის უნარს აფართოებს. ტელევიზია კი ყველაფერ ამის მზა პროდუქტს გვთავაზობს და ჩარჩოსაც თავისთავად ქმნის. რადიო „უცნობში“ ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს „ბურატინო“ ხმებსაც კი სიამოვნებით ვუსმენდი. რადგანაც ტელევიზია პირდაპირ ვიზუალთან, ხედვასთანაა დაკავშირებული, ამიტომაც ანონიმურობას (მით უფრო თვითმიზნურ ანონიმურობას) დიდხანს ვერ იტანს. „ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს შოუმ“ ბევრს გაუცრუა იმედი. სიბნელეში ჩაკარგული კაცუნები აშკარად შებოჭილები და იუმორშიც ერთფეროვნები არიან. ამას თუ დავუმატებთ ყოვლად არაეფექტურ გადაწყვეტას - გაუგებარი აკვარიუმის უკან მყოფი რესპონდენტების გაბაასებას ძმაბიჭებთან, მივიღებთ აზრს: ყოფილიყო იქ, სადაც იყო. რას ერჩოდნენ ისედაც ყველასათვის ნაცნობ „უცნობ“ ჭიჭიკო-ბიჭიკოს?!

0x01 graphic

„რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ფანტაზია სად გაწვდება იმას, რითაც „პირველმა არხმა“ ჯერ გაგვაოგნა და მერე გაგვახალისა. გამწვანებულმა ლოგომ ჩვენი „მშობლიური“ არხი უცებ აქცია ალ-ჯაზირას ტელეარხად, „აქანა, ჭია რომ დეიკლაკნება, იმნაირი ეხატა“-ს ანალოგად და რაღა თქმა უნდა, რაპროფესიონალიზმისა და უგემოვნობის ეტალონად.

ტელეკომპანია „მზე“, რომელიც დაარსებიდანვე სიყალბისა და ხელოვნურობის იერს ატარებდა, ჯერ-ჯერობით კომიზმში გადასული ანონსებით გვპირდება არხიდან არხზე მოხეტიალე ლიმონიან-საპნიან კლოუნადას. კარგი იქნება, ეს ყველაფერი ანონსებადვე დარჩეს.

რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ ქართული ტელეარხები, (პროფილის მიუხედავად) ერთი საერთო ნიშნით არიან დაღდასმულები - ეს არის ინფანტილიზმი. ქართულ ტელეარხებს ერთნაირად აინტერესებთ ზედაპირზე მოდებული ქაფი და ფსკერზე დაგუბებული ლექი. არადა, ქაფი და ლექი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ საერთო თვისებასაც ატარებენ - შუაში იქცევენ იმას, რაც ნამდვილია, დაწმენდილია, ფასეულია და ამდენად, ქართული ტელევიზიების ინფანტილური ინტერესის მიღმა რჩება.

მათთვის, ვისაც მწარე შოკოლადი უყვარს, განახლებული სატელევიზიო სეზონის შესახებ ისაუბრებენ: პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე, დიზაინერი ნანა გერასიმოვა, თბილისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი დათო საყვარელიძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და თქვენი მორჩილი (სიტყვა „მონას“ ვერანაირ კონტექსტში ვერ ვიტან). მაშ, ასე... მწარე ეპიზოდები... 3.2.1.0. დავიწყეთ!

0x01 graphic

ქეთი ხშირად მესმის, რომ ქართული ტელეარხები ისეთივეა, როგორიცაა საზოგადოება, და რომ ქართული ტელეპროდუქციის ხარისხს ბევრად განაპირობებს საზოგადოებრივი დაკვეთა. საინტერესოა, მართლა ასეთი დაბალი დონისაა ჩვენი საზოგადოება თუ ეს მხოლოდ მასის გემოვნებაზე მორგებული ქართული ტელეარხების თავისმართლების ხერხია.

დათო ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ შეგიძლია 200 არხს უყურო. მე, ფაქტობრივად, „მეცოთი“ ვცხოვრობ და მშურს იმ ქვეყნის, ვისაც ასეთი არხი და, შესაბამისად, ასეთი არხის მაყურებელი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ის სპექტაკლები, კონცერტები, თანამედროვე ცეკვის თუ კლასიკური და ჯაზური მუსიკის საღამოები, რაც „მეცოზე“ გადის, აქ რომ ჩავატაროთ, მაყურებელი არ ეყოლება.

ლაშა წინასწარ ასე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან მაყურებელი, რასაც მიაჩვევ, იმას მიიღებს. ადვილი გამოსავალია, როცა სალაფავს აჭმევენ ადამიანებს და ამბობენ, რომ ეს მათ მოსწონთ. საქართველოში საკმაოდ კარგი მაყურებელია და რაც უფრო კარგ გადაცემებს მიაწვდი, მით უფრო ამაღლდება მათი დონე და ინტერესიც გაღრმავდება.

0x01 graphic

დათო გეთახმები, ლაშა, და ჩემი აზრის ჩამოსაყალიბებლად შედარებაც ამიტომ დავიწყე, კარგის - ევროპულის და ცუდის - ამიერკავკასიის ტელევიზიების მაგალითზე. ესაა ორი განსხვავებული სამყარო, ადამიანთან ურთიერთობის ორი განსხვავებული ხერხი და ამავე დროს, იარაღი. ტელევიზია ჩემთვის, პირველ ყოვლისა, არის იარაღი, რომელიც უვიცის ხელში საშიში და სახიფათო ხდება. ქართულ ტელევიზიებში მიმდინარე პროცესები საზოგადოების სიცოცხლისა და განვითარებისთვის არის საშიში. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს არ ჩანს, მაგრამ, ხშირად ერთი სეზონიც საკმარისია ადამიანის სულიერი დამახინჯებისთვის. არ გამოვრიცხავ, მალე ვიხილოთ ტელევიზიებისგან დამახინჯებული თაობებიც. ამიტომაც, ტელევიზიები ნარკოტიკების რანგში უნდა გავიყვანოთ, თავისი ტენდენციებით, ლექსიკით, თემებით, ურთიერთობის ფორმებით და ა.შ. მთავარია, საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ ტელევიზია ცნობიერებაზე ზემოქმედების ყველაზე საშიში იარაღია.

ქეთი ფსიქოლოგს მინდა ვკითხო, შესაძლებელია თუ არა, ტელევიზია განვიხილოთ მოძალადედ, რომელიც ვირტუალურ სივრცეში ამწყვდევს მაყურებელს. გადავხედოთ, რა გადაცემები გადის ე.წ. პრაიმტაიმში ქართული ტელეარხების ეთერში: თავკომბალა საინფორმაციოები, რომელთაც განსაზღვრული, სტაბილური დრო არ გააჩნიათ (ხან საათია და ხან საათნახევარი), უმდარესი სერიალები, უინტერესო პროგრამები და ა.შ.

მაია საინტერესოა ბოლო დროის რეიტინგი, რომლის მიხედვით „იმედმა“ ბევრად გაუსწრო „რუსთავი 2“-ს. ჩემი აზრით, ეს ცვლილება „რუსთავი 2“-დან ძირითადი ბირთვის წასვლამ და მერდოკთან „იმედის“ ასოცირებამ გამოიწვია. თანაც, „კურიერი“ აღარ არის ისეთი ქარიზმატული, როგორიც იყო.

დათო მე, პირადად, მოხარული ვარ ამ ფაქტის გამო.

მაია ბევრისთვის შესაძლოა მართლაც სასიხარულო იყოს „კურიერის“ დაბალი რეიტინგი, მაგრამ მასზე ბევრად წინ წასული „ქრონიკა“ ცოტა ეჭვს იწვევს.

დათო რა მაინტერესებს, იცით? ეს ორი გადაცემა რაიმეთი განსხვავდება ერთმანეთისგან?

ლაშა ქართული საინფორმაციო გადაცემები ერთმანეთისგან არც ხარისხით განსხვავდება და არც დონით. თუ ერთი არხიდან მეორეზე გადართავთ, გაოცდებით, იმდენად ემთხვევა ერთმანეთს სიუჟეტების რიგითობა და თემატიკა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ე.წ. სიფათები მუდმივად გადადიან ერთი არხიდან მეორეზე, შეიძლება აგერიოთ კიდეც, რომელ არხს უყურებთ. იმდენად მონოტონურია საინფორმაციოები, რა მნიშვნელობა აქვს, „იმედზე“ უყურებ მას თუ „რუსთავი 2“-ზე? თავის დროზე, „კურიერის“ მიერ შექმნილი სტრუქტურა და აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკა სხვა არხებმაც აიტაცეს. მაოცებს ის, რომ არავის აღმოაჩნდა ახლის შექნის ნიჭი და 6-7 წლის წინანდელი „კურიერის“ ტიპს დღემდე სტანდარტად თვლიან. ამ ქვეყანაში ინფორმაციის დიფერენციაციაც არ არსებობს, ძაღლი გაჭყლიტა მანქანამ თუ რუსეთთან გვაქვს დიდი კონფლიქტი - ერთნაირი ქრონომეტრაჟით გადაიცემა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს, ვინც დღეს საინფორმაციოს აკეთებს, წარმოდგენაც არ აქვთ, რას ნიშნავს საინფორმაციო გადაცემა და რას ნიშნავს ნიუსი, რომელიც ყველას პირზე აკერია.

0x01 graphic

მაია ჩვენგან განსხვავებით, ყველა ნორმალური ქვეყნის ტელევიზია საინფორმაციო გადაცემებს სტაბილურ დროს უთმობს. 30-35 წუთი არის ოპტიმალური დრო, რომელიც საკმარისია ნიუსის გასააზრებლად. ელემენტარული კვლევაა ჩასატარებელი, თუ რამდენ ხანს შეუძლია მაყურებელს ინფორმაციის აღქმა. ის დრო, რაც ჩვენთან საინფორმაციოებს ეთმობა - ხან საათნახევარი, ხანაც მეტი ან ნაკლები - მაყურებელზე ძალადობაა. და რას ვიღებთ? ისეთ მაყურებელს, როგორიც ტელევიზიამ შექმნა; მიაჩვია იმას, რომ მექსიკურ სერიალებს „პრაიმ-ტაიმში“ უყუროს ანუ იკვებოს ჰამბურგერით, რომელიც იაფია და ადვილად მოსანელებელი. ყველაფერი ეს გადადის ჩვევაში. დარწმუნებული ვარ, თუკი ვინმე ტელერევოლუციას მოახდენს, ეს ჩვევაც გაქრება.

ლაშა ნამდვილად შესაძლებელია, საქართველოში შეიქმნას სრულიად სხვა ტიპის ტელევიზია, რომელიც რეიტინგით ყველას გაუსწრებს, მაგრამ გამბედაობა არის ნული. რა თქმა უნდა, შიშიცაა. დღევანდელ ჩვენს ტელესივრცეში კი წარმოდგენაც არ აქვთ, საითკენ შეიძლება წავიდეს კარგი ტელევიზია.

მაია ვფიქრობ, სადღაც პოლიტიკური დაკვეთაც არის ქართული ტელევიზიების ასეთი გამსუბუქება. თუ 4-5 წლის წინ პოლიტიზებული მოსახლეობა პოლიტშოუებს მოითხოვდა, ახლა გასართობი პროდუქციითა და სერიალებით ჩანაცვლება მოხდა. ესეც დამაფიქრებელი ფაქტია.

ქეთი მაია მიყვებოდა, ამ კვირის რეიტინგით, P.S.-მა გაუსწრო „დროებას“ იმიტომ, რომ P.S.-ს ლათინოამერიკული სერიალის ვარსკვლავთან ჰქონია ინტერვიუ. სამწუხაროდ, თემატიკა მარტო საინფორმაციოებში კი არაა იდენტური, სხვა გადაცემებშიც ერთნაირია. იგივე „დროება და P.S. იმდენად ჰგავს თემატურად ერთმანეთს, რომ ძნელი მისახვედრი არაა, კონცეპტუალურად როგორი გაუაზრებელია ორივე გადაცემა.

დათო იქნებ, უფრო სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ვისაუბროთ და არა ერთეულ გადაცემებსა და ჟურნალისტებზე.

მაია როცა ე.წ. ტოპგადაცემები „დროება“ და P.S.მდარე სერიალების თემატიკის მიხედვით აგებენ გადაცემებს, ამის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება.

დათო მაშინ გეტყვის: თუ არ მოგწონს, გადართე!

ქეთი ეს არის ყველაზე უპასუხისმგებლო, ჟურნალისტურად არაეთიკური განცხადება, რადგანაც აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობას თუ ვერ გრძნობ, თუ არ შეგიძლია მაყურებელს რაიმე ღირებული შესთავაზო, არც უნდა დადგე კამერის წინ.

დათო მაშინ უფრო სიღრმეებში ჩავიხედოთ. ყველამ კარგად იცით, რისთვის შეიქმნა „იმედი“. ყოველ შემთხვევაში, იმისთვის არა, რომ ადამიანებს ფასეულზე და ინტელექტუალურზე ესაუბრათ. ადამიანს, ვისაც დიდი ფული აქვს, თავდაცვა სჭირდება. როგორც „ბოდიგარდებს“ უხდიან, ასეთივე „ბოდიგარდის“ ფუნქციას ასრულებს ტელევიზიაც. თავიდანვე ვთქვი, რომ ტელევიზია დიდი იარაღია, რომლითაც თავს იცავენ, თორემ არ შეკრებილა ოთხი იდეალისტი, რომლებიც კარგი ტელევიზიის შექმნაზე ოცნებობდნენ. ეს მოხდა კონკრეტული დაკვეთით, დიდი ფულით და საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობით. ტელევიზიების უმეტესობა საქართველოში ასეთი დაკვეთითა და თავდაცვის მიზნითაა შექმნილი.

ლაშა მაშინ ისიც ვთქვათ, საზოგადოებრივი არხი რით განსხვავდება მათგან: იმ ორიოდე შოუთი, საღამოობით რომ გადის, სადაც ისეთ თემებზეა საუბარი, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს?

ქეთი როგორც ჩანს, საზოგადოებრივი არხი მეორე უკიდურესობაში გადავარდა - სნობების გულის მოსაგებად დაიწყო „ღამის საუბრები“, რომელიც არაპოპულარული ენითა და გაუგებარი, სპეციფიკური ტერმინოლოგიითაა დახუნძლული. გამონაკლისია გია ბუღაძე, რომელსაც ყოველთვის შეეძლო მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე და თემაზე საუბარი. ისე, ცნობისთვის: სნობები ქართულ ტელეარხებს საერთოდ არ უყურებენ; უფრო მეტიც - არ ცნობენ.

0x01 graphic

ლაშა თეორიულად შესაძლებელია საინტერესო თემებზე იყოს საუბარი დათო დარჩიაშვილის გადაცემაში, მაგრამ სრულიად არატელევიზიურია, მონოტონურია და შეიძლება ჩაგეძინოთ კიდეც. უერთგულესი ადამიანიც რომ იყო, მაშინაც კი გადართავ. ასევე, სამწუხაროდ, ჩემთვის საინტერესო ძველ ფილმებთან და საერთოდ, კინოსთან დაკავშირებული საუბრები „ლატერნა მაგიკაში“ უაღრესად მოსაწყენია. ერთიც მინდა ვთქვა, თავის დროზე „რუსთავი 2“-მა საკუთარი „სტარებისგან“ ერთგვარი სისტემა შექმნა. ახლაც, ამდენი წლების მერე, საზოგადოებრივი არხი ზუსტად იგივეს აკეთებს; მთელ ქალაქში გამოაკრა წამყვანების პლაკატები. მეცინება, რადგან, როგორი რეკლამაც არ უნდა გაუწიონ, რამხელა პლაკატიც არ უნდა გამოფინონ, არანაირი შედეგი არ ექნება - ამ ადამიანების მიმართ ნდობა ნულოვანია, მათ არავინ იცნობს, იმიტომ, რომ არც არაფერი გაუკეთებიათ. ამდენი ხნის შემდეგ, „რუსთავი 2“ ისევ იდეალად რომ დარჩება, ადვილი მისახვედრია, რამდენად დაბალ დონეზე არიან.

ქეთი ტელევიზია, პირველ რიგში, ხედვასთან იგივდება და შინაარსამდე მაინც ვიზუალურ მხარეს აფასებ. ახალი სატელევიზიო სეზონი სწორედაც ვიზუალური სიურპრიზებით, არხების შეფუთვით გამოირჩევა. „პირველი არხის“ ლოგომ (რომელიც თურმე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აბრევიატურაა) ქალაქში დიდი მხიარულება გამოიწვია. „იმედის“ ლოგო კი თოქ-შოუ „რე-აქციის“ დეკორაციად მოგვევლინა. ამ სეზონის მოდურ ფერად შავიც იქცა, რომელიც ე.წ. ინტელექტუალურ გადაცემებში უნიფორმასავით დამკვიდრდა.

დათო ისევ და ისევ არაპროფესიონალიზმთან მივდივართ. რატომ ჰგონიათ, რომ ფერებისა და დეკორაციების შეცვლით, არხის შეფუთვით მიაღწევენ წარმატებას. ზედმეტი ფული რომ არ დაეხარჯათ არხების გაფორმებაში და იგივე ყოფილიყო, ვითომ რა შეიცვლებოდა ამით?

ლაშა ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ყველა საქმე შეფის ოთახის რემონტით იწყება ხოლმე. თუ ფიქრობენ, რომ ლოგოებისა და ტიხრების გამოცვლით შინაარსს შეცვლიან და ეს მცირედი ვიზუალური მხარე არხის რეიტინგს გადაწყვეტს, ძალინ ცდებიან.

ნანა რომ არ მოგატყუოთ, დრო მენანება ხოლმე იმისთვის, რომ დავჯდე და ქართულ არხებს ვუყურო. შემთხვევით მოვკარი თვალი „პირველი არხის“ ლოგოს, კარგა ხანს ვერ მივხვდი, რა იყო. ჯერ ერთი, ტელევიზია უნდა იცოდე, რომ მწვანე ფერი დომინანტურად არ აქციო. ტელევიზიაში ყველაზე კარგად აღიქმება წითელი და ლურჯი, თუმცა, როცა შეფუთვას ქმნი, პირველ რიგში განსაზღვრული უნდა იყოს კონცეფცია, თუ რა დატვირთვა აქვს არხს და მერე დაიწყო მუშაობა ლოგოს, ფერებისა თუ საერთო შეფუთვისთვის. „პირველი არხის“ ლოგო და ტიხრები საერთოდ გაუგებარია. „ღამის საუბრების“ შავ-თეთრი კომბინაცია ერთი შეხედვით ეფექტურია, თითქოს აქცენტს აკეთებს მოსაუბრეზე, მაგრამ შორი რაკურსით აღებული „კალპაკი“ მთლიანად ფარავს სტუდიაში მყოფთ და აქცენტებსაც უადგილოდ ანაწილებს. რაც შეეხება შავ ფერს, ის ყველაფერზე მიდის და როცა მატერიალური საშუალება არ არის, გამოსავალსაც მარტივად აგნებენ. კარგი სტუდია რომ გააკეთო, სოლიდური თანხები და კარგი მასალაა საჭირო. ვფიქრობ, თუ შავი ფერი ევროპულ არხებზე შეგნებულად გამოიყენება, ჩვენთან გამოსავალია - საშუალება არ არის და მორჩა. გარდა ამისა, არცერთ ქართულ ტელეარხზე არაა განათების სისტემა მოწესრიგებული და სტუდიები, ფაქტობრივად, ან ჩაბნელებულია, ან ზედმეტად გადაჭრელებული.

დათო არსებობს უამრავი უცხოური ფირმა, რომელიც თავისი განათებებით, გამზადებულ სტუდიებს ათასჯერ ნაკლებად მოგყიდის. სტანდარტი თუ არ გინდა, ახალს შემოგთავაზებენ. გამოდის, რომ ჩვენთან ახალსაც ვერ იგონებენ და არც ძველი იციან.

ქეთი ცნობილი ფაქტია, რომ სტუდიების მოწყობასა და დეკორაციებზე ყველაზე დიდი ფული „ტყდება“. ვის აწყობს მზა სტუდია ნაკლებ ფასად?

ლაშა „პირველი არხის“ ლოგო არის ის შემთხვევა, რომელიც ყოველგვარი კრიტიკის ზღვარს ცდება. არანაირად არ იკითხება და ვერაფერს გაუგებს ადამიანი. პირველად რომ დავინახე, ვიფიქრე, ალბათ მუსიკალური ან მოდის არხია-მეთქი. არანაირი კავშირი საზოგადოებრივთან არა აქვს, რადგან თავად ამ არხის ფუნქცია არ ესმით მის მესვეურებს.

ნანა ლოგო უნდა იყოს ძალინ კომპაქტური და ინფორმაციული - არხის მიმართულების მხრივ. არადა, ძლივს მივხვდი, რა იყო.

დათო და რა არის?

ნანა ს ს მ

დათო უკუღმა?

ნანა არც ქართულია, არც ინფორმაციული, თანაც ისეთი მწვანეა, რომელიც საშინლად აღიქმება.

ლაშა წარმოიდგინეთ, საზოგადოებრივი არხი ხელიდან უშვებს შანსს, ერქვას „პირველი არხი“. „პირველი“ ნებისმიერი არხისთვის მომგებიანი იქნებოდა, ამათ კი გადააგდეს. გამოდის, რომ თვითრეკლამაც არ შეუძლიათ.

ქეთი მინდოდა, ე.წ. დოკუმენტურ ფილმებზეც გვესაუბრა, მაგრამ, როგორც ვხვდები, ეს იმდენად პრობლემური თემაა...

ლაშა მართლაც, ეს ცალკე წიგნის თემაა. გარდა იმისა, რომ უცხოურ დოკუმენტურ ფილმებს ისე საშინლად თარგმნიან, ვერაფერს გაიგებ, სამამულო დოკუმენტურსაც გაყალბებულ ფაქტებზე ამზადებენ. „საუკუნის პორტრეტებში“, მიხეილ თუმანიშვილზე მომზადებული ფილმიდან ქართველ მაყურებელს ამცნეს, რომ თურმე მამაჩემმა, აკაკი ბაქრაძემ მიშა თუმანიშვილი თეატრიდან გააგდო. როცა მამაჩემი თეატრში მივიდა, თუმანიშვილი კარგა ხნის წასული იყო. აკაკი ბაქრაძემ შეკრიბა კოლექტივი და რეჟისორების ჯგუფი ბატონ მიშასთან თხოვნით გააგზავნა, რომ თეატრში დაბრუნებულიყო. ესაა სიმართლე და თანაც, არც ისე ძველი ამბავია, თანამედროვეებს არ ახსოვდეთ, მაგრამ შეგნებულად ხდება ისტორიის გაყალბება. რომ არ მეთქვა, არ შემეძლო, გულზე ლოდად მაწვა ეს ამბავი.

ქეთი წეღან მაიამ პოლიტიკურ დაკვეთაზე გააკეთა მინიშნება და მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართულ ტელეარხებს ხელისუფლებასთან ერთგვარი გარიგება აქვთ და ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, როგორ „შეუმსუბუქონ“ ხალხს სოციალური პრობლემები მდარე გასართობი შოუებით, იუმორისტული ფესტივალებითა და „კავეენებით“. აგერ, „იმედზე“ „ინტელექტუალური“ ჭიჭიკო-ბიჭიკოც გამოჩნდა...

ლაშა რადიოში ძალიან კარგი და რეიტინგული იყო ეს შოუ, მაგრამ რაც რადიოში ვარგა, იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზიაშიც კარგი იქნება. ტელევიზიასა და რადიოს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს.

ნანა ტელევიზიაში ნებისმიერი შოუ ვიზუალურად უნდა იყოს დატვირთული.

მაია დილის ტელეპროგრამები რომ მთლიანად რადიოა, ამას ასე თუ ისე იტანს მაყურებელი, მაგრამ ღამის ეთერში ეს, უბრალოდ, მიუღებელია.

დათო სხვა მხრიდან თუ შევხედავთ, „უცნობმა“ რადიოსათვის ძალიან ეფექტური იდეა მოიგონა, მერე ეს პროექტი ტელევიზიისთვის გადაამღერა. „უცნობმა“ კი არ წააგო, არამედ „იმედმა“, რადგან მან გადაიხადა ფული.

ქეთი სამაგიეროდ, რადიომ დაკარგა მსმენელი, რადგან ვინც ტელევიზიაში იდენტურ გადაცემას უყურებს, ის რადიოს აღარ მოუსმენს.

დათო მაინტერესებს, ვინ მართავს ამ ტელევიზიებს, ვინ განსაზღვრავს მათ მხატვრულ მხარეს, როგორია მათი ინტერესების სფერო, რადგან საქართველოში მომხდარი კულტურული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება მათ ტელევიზიაში ვერ ვნახე. რატომ არ დადიან ისინი კონცერტებზე, რატომ არ ესწრებიან მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, რატომ არ აინტერესებთ, ვინ ჩამოდის ჩვენთან ღირებული, ფასეული ფიგურა, კულტურის დარგში მაინც... ქეთი ისინი მიიჩნევენ, რომ კულტურა არ იყიდება. ამდენად, მათთვის ეს არაკომერციული, უინტერესო სფეროა.

დათო მაშინ გვითხრან, რა იყიდება? „შაბათის შოუ“ თუ იყიდება, გაყიდონ. თუ იყიდება ტყლაპი, გაყიდონ ტყლაპი. თუ იყიდება საქართველო, გაყიდონ საქართველო. ისინი კი ვითომ მასისთვის იღვწიან, მაგრამ ჩვენი მასა ასეთი დეგენერატი არ არის, რადგან ჩვენც ამ მასის ნაწილი ვართ. ჩვენ, ჩვენ ვუყურებთ ტელევიზიას, თორემ ეგენი, ვისაც მასად თვლიან, იქ ან ტელევიზორი არ აჩვენებს, ან სინათლე არ არის საერთოდ. თუ ადამიანი თავად არაა საინტერესო ან სხვისი ნიჭითა და საქმით არ ინტერესდება, საინტერესო ტელევიზიას ვერ გააკეთებს. ამიტომაც, ჩვენი კითხვები და პრობლემები ერთ დიდ კითხვაში ერთიანდება: ვინ მართავს დღეს ქართული ტელევიზიების სამხატვრო მხარეს?

ლაშა კიდევ ვიმეორებ: როგორც კი ერთი ტელევიზია მაინც გამოჩნდება, რომელიც იმის საპირისპიროს გააკეთებს, რაც დღეს კეთდება, ანუ აზროვნებას მიუბრუნდება, ყველაზე დიდი რეიტინგი იმას ექნება. უბედურება ისაა, რომ ხედვა, თუ როგორი ტელევიზიაა საჭირო ამ ქვეყნისთვის და არა რაღაცა X მასისთვის - ჩვენთან არ არსებობს. მძულს სიტყვა, რომელიც ქართულმა ტელევიზიამ მოიგონა - მოდიან ცნობილი სახეები და ჩვეულებრივი ადამიანები. ასეთი დაყოფა რასისტული მიდგომაა იმ ვითომ ელიტური აზროვნებისა, რომელიც დღეს საქართველოში ყალიბდება. როცა ქვეყანაში ასეთი დიფერენციაციაა და ასეთ მდარე ტელევიზიებთან გვაქვს საქმე, რაზე შეიძლება საუბარი?

დათო ისევ ვუბრუნდები იმ აზრს, რომ მოვიწვიოთ ქართული ტელეარხების სამხატვრო ხელმძღვანელები, რომელთა სახელები საზოგადოებამ არ იცის.

ქეთი წინასწარ გეტყვით, რომ არ მოვლენ.

დათო იმიტომ არ მოვლენ, რომ სკამს ჩაბღაუჭებული, უსახო და უინტერესო ადამიანები არიან. ოპერის თეატრში უამრავი რამ ხდება, მაგრამ ტელევიზიებთან მიწევს ბრძოლა იმაზე, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდი, მაყურებლამდე დაუმახინჯებლად მიიტანონ. მომღერლების სახელები და გვარები რომ ეშლებათ, ეგ რა არის, ტენორსა და სოპრანოს ურევენ ერთმანეთში. ჩვენთან ეთერშია სოპრანო გია ონიანიო - გამოაცხადეს. გადაირია გია. არ შეიძლება იმას ჩააბარონ ეს საქმე, ვინც იცის? შესაძლოა ოპერა სპეციფიკური ჟანრია, მაგრამ იგივე რომ ხდება მწერლობაში, მხატვრობაში და სხვა სფეროებში, ესაა აუტანელი. მოიყვანეთ ეს ხალხი, სამხატვრო ხელმძღვანელები და ვუთხრათ: ადამიანო, შენ ხარ უინტერესო და საინტერესო ტელევიზიას ვერასოდეს გააკეთებ!

ქეთი ერთი ახლობელი მიყვებოდა, გურიაში ვიღაც ალმასხანი ცხოვრობდა, თურმე. დიდი მავნე კაცი. ყველა მეზობელი მომდურებული ჰყავდა, ხან ერთი საყვედურობდა - ეს რა ჩაიდინე, ალმასხან, არ გრცხვენიაო? ხან მეორე და მეათე. გაოცებული ალმასხანი მხრებს აიჩეჩავდა თურმე და გაკვირვებული კითხულობდა - კი მაგრამ, თუკი არ ვიცი, სირცხვილი რა არის, მაინც უნდა მრცხვენოდესო?

მოდით, ამ ამბით დავამთავროთ ჩვენი მწარე საუბარი და დასამშვიდებლად საყვარელ არხებზე (MEZZO, TV5, HISTORY, DISCOVERY, NATIONAL GEOGRAPHIC, TRAVEL, КУЛЬТУРА) გადავერთოთ.

9 წერილი სან-სებასტიანიდან

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: როიტერი

ბასკები

დონოსტია

0x01 graphic

სან-სებასტიანს ბასკურად დონოსტია ჰქვია და სან-სებასტიანი კი ისეთი ლამაზია, რომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლია ჩამოჯდე და იტირო.

მაგრამ დონოსტია ზღვისპირა ქალაქია და წყლისპირას მტირალს კი, როგორც ცნობილია, აუცილებლად მოგმართავენ შეკითხვებით, დიდგვაროვანი მონადირეები თუ არა, უბრალო გამვლელები მაინც და მით უმეტეს, ბასკეთში. მეტიც, ბასკეთში უყურადღებოდ არავინ დაგტოვებს და აუცილებლად დაგეხმარებიან, თუ რამე გიჭირს და ამიტომაც ბასკეთში, დანარჩენი ესპანეთისაგან განსხვავებით, გაჭირვებული ადამიანი არც არსებობს. შესაძლოა ზემოთქმულს უპირველესად ის განაპირობებდეს, რომ ზარმაცი ბასკი საერთოდ არ არსებობს (რაც ჩვენს ნათესაობას ცოტა საეჭვოს ხდის), მაგრამ ბასკების შეფასებაში მთავარი და ყველაზე ობიექტური მაინც ესპანური აზრია. ესპანელები კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე ათეული წელია მონდომებით აფეთქებენ ბასკი ტერორისტები, მაინც თვლიან, რომ ბასკებზე საოცარი ხალხი დედამიწაზე არ არსებობს. კიდევ უფრო მეტიც - დაუჯერებელია, მაგრამ როცა ერთი ესპანელი მეორე ესპანელს რაღაცას პირდება და სურს, რომ მისი პირობა დამაჯერებელი იყოს, ყოველთვის ამბობს ასეთი შემთხვევისათვის ყველაზე გავრცელებულ ფრაზას: ბასკის სიტყვას ვიძლევი!..

ამიტომაც ქართველებს შორის, თუ ვინმეს ცოტა ეუხერხულება, რომ ამხელა სამყაროში ერთადერთი ბასკები გვენათესავებიან და ისიც ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ტერორიზმის გამო იცნობენ, შეუძლია მაინც მშვიდად იყოს, რადგან (ამას ვიკვლევ და ამიტომაც ვიცი) ამავე სამყაროში იშვიათია ხალხი, რომელსაც ბასკებივით მოჭარბებული აქვს ყველა ის თვისება, რის გამოც ეს სამყარო ჯერ კიდევ ცოცხალია და მაინც ბრუნავს...

ამაია

0x01 graphic

თუმცა ამჯერად ბასკეთში სან-სებასტიანის კინოფესტივალის გამო ჩავედით და ჩვენს მეგობარ ესპანელებს მადრიდშივე შეშურდათ ჩვენი, რადგან ესპანელები იმასაც ამბობენ, რომ ყველაზე ლამაზი გოგოები სწორედ სან-სებასტიანში ცხოვრობენ. ჩაწყობილ ამბავს კი ჰგავდა, მაგრამ პირველივე ბასკი გოგო, სახელად ამაია, რომელიც გავიცანით, ისეთი ლამაზი აღმოჩნდა, რომ სანდრო თარხნიშვილი, იმის ნაცვლად, რომ ფოტოები გადაეღო, მთელი დღე იდგა და ამაიას უყურებდა. ამიტომაც ფოტოები ცოტაა და რაც არის, ისიც თითქმის ბუნდოვანია, მაგრამ ამ ამაიას მაინც ვერ ავცდებოდით, რადგან ფესტივალის ადმინისტრაციაში მუშაობდა (სტუდენტური შეთავსებით) და აკრედიტაციის გაცემა სწორედ მას ევალებოდა. ჩვენს პასპორტებს რომ დახედა ყურადღებით და ჩვენი ქვეყნის სახელი ამოიკითხა, სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, გაგვიღიმა და კარგა ხნის უნახავი ნათესავივით გადაგვეხვია. ამ პასპორტის ჩვენებისას ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება, უბრალოდ, დაგაპატიმრონ კიდეც (მაგალითად, რუსეთში) და რასაკვირველია, მაინც ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა მხოლოდ იმიტომ გხვდებიან ღიმილითა და სიხარულით, რომ ქართველი ხარ. ალბათ ბასკეთიც ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, ამ თვალსაზრისით და ბასკეთში ჩვენი ნათესაობის შესახებ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველამ იცის.

ცელქი ცირამუა

ბასკებს ქართველებთან ნათესაობა ახარებთ არა იმიტომ, რომ გადასარევი ხალხი ვგონივართ და ჩვენზე გიჟდებიან, არამედ სულ სხვა, უფრო მარტივი მიზეზის გამო. მათ იდენტიფიცირება არ სურთ დანარჩენ ესპანეთთან, რომელმაც რომანიზაციას ვერ გაუძლო და ბასკებისაგან განსხვავებით, სრული ასიმილაცია განიცადა.

ბასკებისგან განსხვავებით, ესპანეთში მცხოვრებმა სხვა იბერიულმა ტომებმა ვერ გაუძლეს ლათინიზაციას და იბერიულ ენასთან ერთად, თვითმყოფადობის ყველა ატრიბუტი დაკარგეს. ამიტომაც, ბასკები (ერთადერთი არაინდოევროპული ხალხი დასავლეთ ევროპაში) თანახმა არიან ნებისმიერ ნათესაობაზე ნებისმიერ ხალხთან, ოღონდ არა ესპანელებთან და ამიტომაც ბასკეთში ბასკური ეთნოგენეზისის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის უნგრო-ფინური, მაღრიბულ-ბერბერული და იაპონურიც კი, მაგრამ ქათულ-კავკასიური მაინც ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან და ამ ვერსიის სასარგებლოდ იმდენი არგუმენტი არსებობს, რომ მათ ჩამოთვლას ცალკე წიგნი სჭირდება. ასეთ წიგნს ვწერ კიდეც და ამიტომაც აქ ჩვენი ნათესაობის მხოლოდ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ხშირია და ბასკეთში ასეთი მაგალითი შეიძლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდეს.

მოვდიოდით სან-სებასტიანის ერთ მშვენიერ ქუჩაზე და გაკვეთილების დროს, ბასკური სკოლის წინ აღმოვჩნდით. სკოლის მეორე სართულის ღია ფანჯრიდან მასწავლებელი ხმამაღლა ყვიროდა მოსწავლის გვარს, რომელიც იქვე, ფანჯრის ქვეშ იმალებოდა. ბასკი ბავშვი გვარად ცირამუა გახლდათ და ისეთი იყო, როგორებსაც ჩვენს ბავშვობაში უფროსები ცელქებს ეძახდნენ. მასწავლებელი ღია ფანჯრიდან მთელი ქუჩის გასაგონად გაჰყვიროდა მის გვარს - ცირამუა! და ბასკურ ენაზე გაკვეთილზე შესვლისკენ უხმობდა. ეს ცელქი ცირამუა კი იმავე ფანჯრის ქვეშ იდგა, ძალიან კმაყოფილი იღიმებოდა და ტუჩთან თითმიტანილი, ჩვენც გვთხოვდა სიჩუმეს. ჩვენც ჩუმად ვიდექით და ვიცინოდით, სანამ მასწავლებელი არ დაიღალა და ურჩ მოწაფეს ესპანურად არ შეაგინა. ბასკურ ენაში (ჩვენი სვანურისა არ იყოს), გინება არ არსებობს და ბასკებიც, როცა სჭირდებათ, ესპანურად იგინებიან. ქართველებს შორისაც (ყველაზე მეტად) ბასკები ალბათ სვანებს გვანან და ამასაც თავისი ლოგიკა აქვს...

ეტა

ისიც ლოგიკურია, რომ ესპანეთის ჩვიდმეტ რეგიონსა და ავტონომიას შორის, ყველაზე განვითარებულ ბასკეთში (კატალუნიასთან ერთად) ყველაზე ძვირია ცხოვრებაც და უბრალოდ სტუმრობაც. მით უმეტეს კინოფესტივალის დროს, როცა სან-სებასტიანში მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ჩადის და სასტუმროები საშინლად ძვირდება. ამიტომაც ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ მიერ ბასკეთში მივლინებისთვის გამოყოფილი ფული მხოლოდ საოჯახო სასტუმროში დასაბინავებლად გვეყო, მაგრამ ისეთი კარგი მასპინძელი შეგვხვდა, რომ ის რამდენიმე ბასკური დღე სულ შორენა შავერდაშვილს ვლოცავდით. ჩვენი დიასახლისი იყო მოხუცი ბასკი ქალი, რომელსაც ქართულად ბებოს ვეძახდით და მართლა ღვიძლი ბებიასავით გვივლიდა, მაგრამ ეჭვი იმის შესახებ, რომ ღამღამობით ჩვენი ბასკი ბებო ეტას მოსამარაგებლად ხელყუმბარებს ამზადებდა, იმთავითვე გაგვიჩნდა. პირველივე დღეს სხაპასხუპით რომ მოგვიყვა თავისუფლებისათვის ბასკი ხალხის ბრძოლის გმირული ისტორია, იმ საღამოსვე ბასკი ნაციონალისტების მიტინგზე დაგვპატიჟა, როგორც ქართველები, რომლებსაც მისი აზრით, გვევალებოდა კიდეც მოძმე ბასკი ხალხის მხარდაჭერა. უარი რომ გვეთქვა, შევატყვეთ, ჩვენი ბასკი ბებო სულ ცემაცემით წაგვიყვანდა მიტინგზე და ცემას და ჩათრევას, ისევ ჩაყოლა ვამჯობინეთ. მიტინგი სწორედ იმ შენობის წინ იყო დანიშნული, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად კინოფესტივალისთვის ააშენეს და მიტინგი სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა შენობის წინ დაგებულ წითელ ხალიჩაზე ფესტივალის გაპრანჭული სტუმარ-ვარსკვლავები ფანებისთვის ხელის დასაქნევად გამობრძანდნენ. არცერთ მათგანს, რასაკვირველია, მიტინგი და მანიფესტაცია არ გაკვირვებია და ერთადერთი, რასაც შეიძლება ისინი გაეკვირვებინა, ჩვენ ვიყავით - ორი, ყელზე აკრედიტაციაჩამოკიდებული ქართველი, რომლებიც რატომღაც, მანიფესტანტებს შორის ვიდექით და არა ფესტივალის მონაწილეებთან ერთად. თუმცა ჩვენი მასპინძელი ბებო ამ ფაქტით ისეთი კმაყოფილი იყო, რომ სიხარულისგან იქვე და მერე უკანა გზაზეც, სულ ლოყებს გვიკოცნიდა. ისეთი ბედნიერი იყო ჩვენი იქ ყოფნით და საერთოდ ჩვენი დონოსტიაში სტუმრობით, რომ ერთი დღითაც არ გვიშვებდა ბილბაოში, სადაც აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით, რადგან ბილბაოში გოჩა აბზიანიძე ცხოვრობს და მისი არნახვა ბასკეთში, სამშობლოს ღალატია...

0x01 graphic

გოჩას გეჩო

ბილბაოს იმ უბანს, სადაც გოჩა აბზიანიძე ცხოვრობს, გეჩო ჰქვია და გეჩო მისი უბანია, ამ ფრაზის ყველანაირი გაგებით. გეჩოში მას ყველა იცნობს და ქუჩაში გამოსულს ისე ხვდებიან, როგორც რომში რომელიმე ბრძოლიდან გამარჯვებით დაბრუნებულ კეისარს. სუფრის პირდაპირ გზებზე გადაფენა ბასკეთში გოჩა აბზიანიძეს ისე უყვარს, როგორც ჩვენს გალაღებულ წინაპარს უყვარდა, თუნდაც ერთი საუკუნის წინ და უცხოეთში არსად არ მინახავს გოჩა აბზიანიძეზე უფრო ლაღი ქართველი. ქართველი ბოლომდე ბედნიერი (მისივე გაგებით) მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს და როგორც ჩანს, ბასკეთი, ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისია. ბასკეთში ძველისძველი, დაუწერელი კანონი არსებობს და დღესაც მოქმედებს - გზად მიმავალი ბასკი (როგორც არ უნდა ეჩქარებოდეს) თუ ადამიანს შეხვდება, რომელიც შრომობს და რაღაცას აკეთებს, აუცილებლად დახმარებას შესთავაზებს და ბასკებს, ამ ტრადიციის მქონე ხალხსაც კი, მაინც აკვირვებს უცნაური ქართველი, რომელიც ყველას დახმარებას ასწრებს. მართალია, თვითონ მას მეუღლე ეხმარება (გოჩას რომ გეჩო გეტოდ არ ექცეს), მაგრამ ამაშიც უცნაური არაფერია, რადგან ქალის გარეშე ქართველი კაცი საქართველოშიც ძლივს ახერხებს რამეს და რა გასაკვირია, რომ უცხოეთში გაუჭირდეს?!

გეჩო კი ის უბანია ბილბაოში, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს მთა, რომელსაც ბასკურად არჩანდა ჰქვია, რადგან ნისლის გამო ეს მთა ხშირად არ ჩანდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ გოჩა აბზიანიძე დასახლდა, ეს მთა ხშირად ჩანს და თუ არ ჩანს, სამი-ოთხი ჭიქა ბასკური ღვინოც ჰყოფნის და ნისლი ქრება...

0x01 graphic

ჩაპელა

ჩაპელა ბასკური ქუდია, სხვები რომ ბერეტსაც უწოდებენ და ასეთი ქუდის გარეშე, არავის უნახავს ერნესტო ჩე გევარა, რომელიც სანახევროდ ბასკი იყო და ბასკები კი ამბობენ, რომ თუ კაცი ხარ, თავზე ქუდიც უნდა გეხუროს.

ზემოხსენებული არგენტინელი რევოლუციონერის ძარღვებში, ბასკურის გარდა, ირლანდიური სისხლიც ჩქეფდა (თანაც, ჩვეულებრივზე მეტი სისწრაფით) და რა გასაკვირია, რომ (როგორც ქართველი ბებიები იტყოდნენ ხოლმე) გამჩენი არ ასვენებდა?! ბასკი ბებიები კი ახლაც ამბობენ (და ჩვენმა მასპინძელმა ბებომაც გვითხრა), რომ ბასკეთში კარგ ვაჟკაცად ის ითვლებოდა, ვისაც ვეშაპის დაჭერა შეეძლო. ამიტომაც არ არის შემთხვევითი: ბასკები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამერიკა სინამდვილეში ბასკების აღმოჩენილია და არა კოლომბის ან ვიკინგების. ბასკების მტკიცებით, მათი წინაპრები (ვეშაპების დევნაში) ამერიკის მიწებს ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ მიადგნენ და ამაზე ის უძველესი ბასკური საფლავებიც მეტყველებენ, რომლებიც ნიუფაუნდლენდში დღემდე არსებობენ. ოკეანე რომ სხვებზე ადრე გადაცურეს ბასკებმა, ადვილი დასაჯერებელია, თუ ამ ხალხის ისტორიას გავიხსენებთ - ბასკები ოდითგანვე საუკეთესო გემებს აგებდნენ და უძველესი დროიდან, რკინის დამუშავების უნიკალურ საი დუმლოს ფლობდნენ. ხე-ტყე კი ბასკებს ყოველთვის იმდენი ჰქონდათ, მთელს კანტაბრიის ზღვას დაფარავდნენ, რომ მოენდომებინათ. თუმცა ზღვა ისე უყვართ, რომ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ექცეოდნენ მას და ბისკაის ტალღებზე მრავალტანჯულ ბასკეთში ახლაც ყველაზე მეტი ლექსი იწერება. თუმცა, ერთი შეხედვით, ამ ხალხს ტანჯვაგამოვლილისა არაფერი ეტყობა და ზღვისკენ დილიდანვე ისეთი ბედნიერები გარბიან, რომ ვერც დაიჯერებ, თუ სხვა რამ საქმე და სადარდებელი კიდევ გააჩნიათ.

სან-სებასტიანის სანაპიროზეც, დილიდანვე, სერფინგის იმდენი ბასკი მოყვარული ელოდებოდა ოკეანის ტალღებს, რომ ვერც იფიქრებდი, თუ ამავე ქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა. არადა, მთელი წლის მანძილზე, ამ ფესტივალისთვის მთელი დონოსტია ემზადება, ისევე, როგორც დანარჩენი კინო-სამყარო და (როგორც ადგილზე შევატყვეთ) ამ ფესტივალისთვის მოუმზადებლები მხოლოდ ჩვენ ვიყავით...

ეუსკადი

თუმცა, რა მომზადება გვინდოდა?! - ასე, ჩვენსავით მოუმზადებელი ჩავიდა დონოსტიაში სამი წლის წინ დიტო ცინცაძეც და სან-სებასტიანის გრანპრი მოიგო. წლევანდელ ფესტივალზეც იყო რამდენიმე კარგი ფილმი. მაგრამ, როგორც წესი, კარგი ყველაფერი ცოტაა და მათ მკითხველი „ცხელი შოკოლადის“ კინო-დამატებაში გაეცნობა. აქ კი მხოლოდ ბასკების გაცნობა გვინდოდა, თუნდაც ორი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ უსასრულოდ შემიძლია წერაც და ლაპარაკიც. მაგრამ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბასკურად ბასკების ქვეყანას ეუსკადი ჰქვია და თუ ასეთ ქვეყანას სადმე წააწყდებით, მაინც დაინტერესდით, რას წერენ და რას ფიქრობენ მათ შესახებ, რადგან შეიძლება მოულოდნელად და ძალიან ადვილად, საკუთარი თავი ამოიცნოთ; ხოლო თუ სადმე ცოცხალი ბასკი შეგხვდათ, აუცილებლად გაესაუბრეთ, რადგან ძალიან, ძალიან გაეხარდებათ ქართველის გაცნობა და ბასკების ამოცნობა კი (ქართველებისა არ იყოს), ძალიან ადვილია - ძალიან განსხვავებული, სევდიანი ბასკური თვალებით...

10 პრომოუშენი

▲ზევით დაბრუნება


ზოტი ქართული გემოს პირველი სურათები

ავტორი: ნინო კვაჭანტირაძე
ფოტო: იური მეჩითოვი

0x01 graphic

რამდენიმე წლის წინ, ფოტოგრაფმა იურა მეჩითოვმა ხელში ჩაიგდო ალბომი „საფრანგეთის გემო“, სადაც თავმოყრილია მთელი ფრანგული სამზარეულო. როგორც აღმოჩნდა, ალბომი პირველად ამ სამი ათეული წლის წინ გამოვიდა, მაგრამ მის ტირაჟირებაზე დღესაც დიდი მოთხოვნაა. ფრანგები იოლად გადაჭრიან ტირაჟის პრობლემას, მაგრამ ბატონ იურას ფრანგულმა გემომ ქართული უკარნახა და პერსპექტიულ ალბომს პირობითად „ქართული გემო“ დაარქვა. „გადავწყვიტე შევქმნა რაიმე განსაკუთრებული განუმეორებელ ქართულ სამზარეულოზე, ოღონდ არ მინდა ტრივიალური გზით წავიდე და მკითხველს მხოლოდ კერძებზე, მათში შემავალ ინგრედიენტებზე და მომზადების წესებზე ველაპარაკო. ვფიქრობ, ხაზგასმული უნდა იყოს საქართველოს ყველა კუთხის ეთნოგრაფიული თავისებურებები, განსხვავებული ცხოვრების წესი, სტუმარ-მასპინძლობის შტრიხები და ტრადიციები. იურა მეჩითოვთან და სანდრო ხომერიკთან ერთად, ამ იდეით გეზი გურიისკენ ავიღეთ, თუმცა სრულიად განსხვავებულ ტრადიციებშემონახულ აჭარულ სოფელ ზოტში მოვხვდით. ზოტი ჩოხატაურის რაიონის ადმინისტრაციაში შედის და ამ სოფელში ზემო აჭარიდან 130 წლის წინ ჩამოსახლდნენ. მთებზე, ბილიკბილიკ უვლიათ მიწების საძებნელად. მანამდე ამ სოფლის მიწები გურულ კეკელიძეების გვარს ეკუთვნოდა და საძოვრებად, ფუტკრის მოსაშენებლად იყენებდნენ. დღეს სოფელში სულ 1300 ადამიანი 340 ოჯახად ცხოვრობს, სულ 16 გვარი: ჭაღალაძე, კონცელიძე, ართმელაძე, ირემაძე, პაქსაძე, რამიშვილი, ზოიძე, ჭახაძე, ანთაძე, ძირკვაძე, ხარაბაძე, ჟიჟავაძე, ქათამაძე, გიორგაძე, ბერსელაძე, ბერიძე.

სოფელი ზღვის დონიდან 870 მეტრზე მდებარეობს. სოფელ ნაბეღლავის ზემოთ, ქვაბღასთან ერთი გზა ბახმაროს მიუყვება, მეორე კი ზოტიყელიდან მაღლა, მთისკენ, სოფელ ზოტში აგიყვანთ. ჟამე - ასე ეძახიან აქაურები მუსულმანურ სალოცავს, რომელიც სოფლის შუაგულში, 125 წლის წინ აუშენებიათ. მეჩეთის ირგვლივ სასაფლაოა და იქაურები დღემდე იცავენ დაკრძალვის მუსულმანურ ტრადიციას - გარდაცვლილს თეთრ სუდარაში ახვევენ და მას შემდეგ აყრიან მიწას, რაც 8-10 სანტიმეტრით წაფლის ფიცრით დიაგონალურად გადახურავენ.

ზამთარი აქ მკაცრი იცის, ხან ოქტომბრის ბოლოსაც მოუთოვია და გზებიც ჩაკეტილა. მართალია ბოლო წლებში ეს „ჩაკეტილობა“ 2-3 დღეზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ აქაურები გამოზამთრების უძველეს ტრადიციას მაინც არ არღვევენ. მაისის ბოლოს, საქონელს მთაში - კოდობანაზე, იაილებზე, სანისლიაზე მიერეკებიან, სადაც საზაფხულო საცხოვრებელიც აქვთ და მთელ 3 თვეს ოჯახებიანად იქ ატარებენ. ზამთრის სარჩოს, ძირითადად, იქ აგროვებენ.

აქაურებს, აქაურ წესზე, შვილებიც ბევრი ჰყავთ. დადიან ჭრელ-ჭრელი ტანსაცმლით აფერადებულ სოფელში თავწაკრული ქალები (თავდახურული ქალიც აქაური ტრადიციაა) და ზაფხულში ნაჯაფები, ზამთარს მშვიდად ელოდებიან. თუ ვინმეს ზამთრის გრძელ ღამეებში სამშობიარო ტკივილები დაეწყება, არც ამაზე ნერვიულობენ, რადგან თურმე ბევრჯერ ყოფილა, დედამთილს რძალი მშვიდობიანად მოულოგინებია. სოფელში აქა-იქ ისმის ჩაქუჩის ხმა. ჩქარობენ. სანამ მოთოვს, ახალმოსახლეობაც უნდა მოასწრონ. სახლი აუცილებლად უნდა გადახურონ და რაც მთავარია, მშენებლობაშიც ტრადიცია უნდა დაიცვან - რიკულებიანი აივანი.

ვფიქრობთ, ზოტი ბატონი იურასთვის ზუსტი მისამართია. - კი, ასეთი ეგზოტიკა საქართველოში ბევრია, არც ხალხი დაგზარდება ობიექტივთან მუშაობისას, ოღონდ ვიღაც გულიანი კაცი უნდა გამოჩნდეს და „საქართველოს გემომ“ მზის სინათლე უნდა იხილოს.

0x01 graphic

0x01 graphic

მედიალ ანთაძე,
87 წლის

0x01 graphic

ბორეგი

- ტკბილეულის კატეგორიაში გადის, დესერტია. ცხიმიანი პურის ფქვილით იზილება და შიგ გატარებულ შაქრიან თხილს რულეტის პრინციპით ახვევენ. მერე ხელით შეჭმუხნიან, ტაფაზე აწყობენ და ღუმელში წვავენ. ძალიან გემრიელია, ოღონდ ტრადიციული ბაქლავისგან განსხვავებით, ჯერ ქალაქში არ ჩამოუღწევია.

0x01 graphic

გვარდა

- ასე ჰქვია დიდ ხის ჭურჭლებს, რაშიც ერბოს, დაწნილ ყველს, ნადუღს ინახავენ.

0x01 graphic

კურუთა

- აქაური დელიკატესია და სხვაგან ვერსად დააგემოვნებთ.

ნადუღი და არაჟანი ერთმანეთში კარგად უნდა აურიოთ, დიდხანს უნდა მოიზილოს სიმინდის ფქვილთან ერთად, უმატებენ მარილს, აძლევენ მოგრძო, ბოლოწამახვილებულ ფორმას და ზაფხულის მზეზე ახმობენ. ზამთარში კი ცხელ ღუმელში შებრაწავენ.

0x01 graphic

ბორავო

- ეს ყველაზე მარტივი და სახელდახელო კერძია, თუკი დაწნილი ყველი და შინაური ერბო გაქვთ, ადუღებულ ერბოში ჩააწყობენ დაწნილ ყველს და შებრაწავენ. ეს იმდენად ნოყიერია, რომ ერთი საშუალო ტაფა 5-6-კაციანი ოჯახისთვის საკმარისია (ბორავოც ბორეგივით სოფლური წარმოშობისაა).

ახლა ზოტში შემოდგომის პირია. მთიდან დაბრუნდნენ ოჯახები, სათავსოები ზამთრის მარაგით გაივსო.

0x01 graphic

მურთაზ ბერსელაძის ოჯახი

0x01 graphic

ემინე

0x01 graphic

ესმ

11 ცხოვრების წესი

▲ზევით დაბრუნება


ბალერინა და მისი ორი ანარეკლი

ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ასოციაცია

ჩემს გმირთან შეხვედრამ ყველაზე მივიწყებული, ბავშვობის სენტიმენტები ამომიტივტივა და წამით ის განცდა დამიბრუნდა, პირველად „ცოცხალი“ ბალერინას ნახვისას რომ გამიჩნდა. მახსოვს, ჰაეროვანი, მსუბუქი და ყველაზე გრაციოზულად მოძრავი მოცეკვავე (ნინო ანანიაშვილი. „დონ კიხოტის“ ჩელიტა) რაღაც ზეციურ, ღვთაებრივ არსებად რომ წარმოვიდგინე. მოძრაობის სიმსუბუქემ და სცენაზე დაკარგულმა ვარდნის ხმამ მოსვენება სულ დამაკარგვინა. სმენადქცეული ვიჯექი და გაფართოებული თვალებით პუანტების სცენის იატაკთან შეხებას ველოდი - როგორმე ის ძლიერი ბრაგუნის ხმა გამეგო, უხილავი ოსტატები ასე მოხერხებულად რომ გვპარავდნენ ყურთასმენიდან. თან ისიც კარგად მახსოვდა, პუანტებს „ცხვირი“ ხესავით მკვრივი რომ აქვთ. ვერაფრით დამარწმუნეს, რომ საქმე ჩვეულებრივ მოკვდავთან მქონდა, რომელსაც ყველასავით ჰაერის, წყლისა და საკვების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ცოტა რომ წამოვიზარდე, ისიც დავუშვი, რომ დედამიწის მიზიდულობის კანონი შესაძლოა საგანგებოდ საბალეტო წარმოდგენებისთვის დამონტაჟებულ სცენაზე სხვაგვარად ვრცელდება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს სრულიად მიწიერი ბალერინას ოსტატობაა და სულის სიმშვიდეც დავიბრუნე.

0x01 graphic

ბალეტის ალქიმია

ცისია ჩოლოყაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ბალერინაა. ბალერინას მთელი ფილოსოფიის უცებ გაგება თუ გინდათ, ერთს გირჩევთ. სადმე მდუმარე, ერთ წერტილს მიჩერებულ ბალერინას თუ წააწყდებით, აუცილებლად ჰკითხეთ, რაზე ფიქრობს და უმალ ყველაზე მოულოდნელ პასუხს მიიღებთ. ვცეკვავო, გიპასუხებთ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე კი ეს ყველაფერი ასეა: თავისუფალ დროს, წარმოსხვაში ჟესტებს, მოძრაობებს, პოზიციებს „კუთხეებისგან ასუფთავებს“ და არბილებს. ერთი, ორი, სამი. ერთი, ორი, სამი... აი, ამ რიტმს თავის სულ ოდნავი რხევით თუ დაიჭერთ. მეტი არაფერი. უბრალოდ, ხედავთ, ერთი ბალერინა ზის და ისვენებს...

„ჩვენი არსით, მთელი ცხოვრებით და სრული ოცდაოთხი საათი მხოლოდ ბალეტით ვცხოვრობთ.“ სახლში და სტუმრად, შვილთან და ტრანსპორტში სულ ცეკვავს და წახნაგოვან, ტეხილ ხაზებს ებრძვის.

საფეხურები

ახსოვს ყველა ნაბიჯი, ბავშვობის საოცნებო პროფესიიდან ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტობამდე - ძალიან გრძელი და რთული. მაგრამ სიძნელეებმა მიზანი და სამომავლო ორიენტაცია მაინც ვერ შეუცვალეს. დღესაც ბალერინაა.

ოპერის თეატრის დერეფნების ლაბირინთს ყოველ დილით გაივლის. აღარ უყურებს კედლებიდან გადმომდგარ „დიდი ადამიანების“ აჩრდილებს, აფიშებიდან თეატრის თანამედროვე ცხოვრებას რომ აკვირდებიან. სამაგიეროდ, მათ მზერას გრძნობს და სულ ახსოვს, რომ დიდი წარმატებისთვის ბრძოლა დაუსრულებელია. შედეგზე კი, ისევ ამ დერეფნებში გამოფენილი აფიშები ახალ თაობას მოუყვებიან.

ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხვდა. ეს ის დრო იყო (1993-94), როდესაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსი ყველა ოჯახს შეეხო და ყველაზე მყურდო, ნავთქურით გამთბარ საკუთარ სამზარეულოშიც კი, საყოველთაო დეპრესიამ დაისადგურა. ნავთქურის და სანთლების რომანტიკა სპექტაკლის შემქმნელებს შთაგონების წყაროდ ვერ გამოადგათ. გაქრა ახალი აფიშები, პრემიერები, იშვიათად რამე ძველი სპექტაკლი თუ დაიდგმებოდა. ისიც, ხშირად რამდენიმე ერთეული მაყურებლისთვის, გაყინულ დარბაზში ცეკვა უწევდათ. გული წყდებოდათ, მაგრამ, ეს ჩვენი პროფესიააო, თავს უძახებდნენ. ცეკვაც ცეკვაა, რა ერთისთვის და რა მთელი დარბაზისთვისო, იტყვიან, მაგრამ მუშაობისთვის ბალერინებს (ისევე, როგორც ყველა პროფესიონალს) მოტივაცია, დაფასება, აღიარება - წინსწრაფვისთვის მამოძრავებელი ძალა, ენერგია სჭირდებათ. ჩვენთვის შეიძლება ადვილი სათქმელია, მაგრამ ამ „ჭეშმარიტების“ გააზრება ბევრი ბალერინასთვის ზედმეტად გაზვიადებული და ყალბი აღმოჩნდა. მეგობრებიდან ბევრი საზღვარგარეთ წავიდა და კარიერის გაგრძელება სხვადასხვა ქვეყანაში განიზრახა. „რატომღაც აქ დავრჩი. წასვლაზე მიფიქრია, მაგრამ არასდროს მიცდია.“

სამაგიეროდ, სოლოს შესრულება სცადა და გამოუვიდა. „პრიმამდე“ მანძილი ჯერ კიდევ ძალიან დიდია (ეს ხომ უკვე წოდებაა), მაგრამ სოლისტობა უკვე შეძლო.

0x01 graphic

0x01 graphic

ყოფა-რუტინა

უსასრულოა სპექტაკლისთვის მზადება. დილა ვარჯიშით იწყება; დაჭიმვა, კუნთების გაშლა, მოქნილობის, პლასტიურობის მრავალგზის შემოწმება. მერე რეპეტიციები, სარკის წინ ათასჯერ გადასინჯული პოზიციები, სხვადასხვანაირად გააზრებული, განცდილი ჟესტები, თითო ჟესტის საათობით დამუშავება, მიმიკა, პირუეტი, პა და პადედე. ერთი, ორი, სამი... გადამწყვეტი „პოდდერჟკა“. მერე ყველაფერი ისევ თავიდან. საღამოს დაბუჟებული სხეული, მაგრამ სავარძელში ერთხელ მაინც ნაცეკვი პარტია. სიზმარში ნანახი კოშმარები, გამეორებული შეცდომები. თავბრუ ხომ არ დაგეხვათ? აი, ეს მათი ყოველდღიური საქმეა.

ეტიკეტი

ვახტანგ ჭაბუკიანის დასის ბალერინებმა მთელი თავიანთი ცხოვრება თეატრს მიუძღვნეს და თითქმის ყველა ოჯახის გარეშე, უშვილოდ დარჩა. ახალი თაობა ამ „შეცდომას“ აღარ უშვებს და უკვე ბევრს დასში ერთი შვილი მაინც ჰყავს. ადამიანებს ხანდახან სხვის მაგალითზე სწავლა გამოსდით. ყოველ შემთხვევაში, ბალერინებს ეს შეძლებიათ.

ცისიას 4 წლის ბიჭუნა და მეუღლე ჰყავს. ადრე ბალერინები „დეკრეტიდან“ იშვიათად თუ ბრუნდებოდნენ. ამ დროს თითქოს ადვილი გასაგებია მოცეკვავის გულწრფელი სურვილი, მთელი თავისი დრო საყვარელ ადამიანთან ყოფნას და დედობას დაუთმოს.

„ოჯახიც და თეატრიც, ორივე მთელს ჩემს თავისუფალ დროს მოითხოვს. დანანებით ვიხსენებ იმ მშვიდ და სანატრელ პერიოდს, როდესაც თეატრიდან წამოვედი და ყველაფრისგან გავთავისუფლდი. დავუბრუნდი შვილს, მეუღლეს, მეგობრებს. ეს სრული ბედნიერება სულ ექვსი თვე გაგრძელდა. მერე თბილისში ნინო ანანიაშვილი ჩამოვიდა. ოპერის თეატრში ბევრი რამ იცვლებოდა. არ მინდოდა, რაიმე მნიშვნელოვანი გამომეტოვებინა, თავს კიდევ ერთი შანსი მივეცი და თეატრში დავბრუნდი.“

აღიარება/აღსარება

ბალერინობა პროფესიაა, რომელსაც ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი არ ყოფნის და მთელ შენს დროს მოითხოვს. ამიტომ თავს ნამდვილ ბალერინად გასტროლებზე გრძნობს. დილით დასვენებული, ენერგიული იღვიძებს, მსუბუქად საუზმობს და ვარჯიშს იწყებს. იქ შვილისთვის არც საუზმეს ამზადებს, არც ბაღში აგვიანებს. ყველანაირი მოვალეობისა და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. არ არსებობს ირგვლივ არაფერი, ბალეტისა და იმ კონკრეტული როლის გარდა, რომელზეც მუშაობს. „ასუფთავებს“ ჟესტებს, მუშაობს მიმიკაზე და პერსონაჟს ხვეწს; წიგნში ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერილ პოზიციებს იხდენს, სადაც კიდურების მოხრილობის კუთხეც კი უნდა დაიცვას. ბალეტი კლასიკური ხელოვნებაა, სადაც იმპროვიზაცია, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებში ვლინდება - გამოხედვა, მიმიკა, შინაგანად განცდილი როლი და ამ განცდების კონკრეტულ მოძრაობაში გადმოტანა. ეს თითქოს უმნიშვნელო შტრიხები ბალერინას ინდივიდუალურ სახეს, მის განუმეორებელ შემოქმედებას ქმნიან.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

სპექტაკლამდე

სპექტაკლისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება. ამ დროს მარტო ბალერინაა. გამკაცრებულ რეჟიმში ცხოვრობს. წინა საღამოს ზის და ისვენებს. არც ლაპარაკობს. მთელ ენერგიას, სითბოს, სიყვარულს სპექტაკლისთვის ინახავს. რამდენიმე წუთის განმავლობაში, სცენაზე ხომ პერსონაჟის მთელი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და მისი განცდები განიცადოს.

დარბაზში ზიხარ და ელოდები. გესმის შრაშუნი, მუსიკოსების სასინჯი აკორდების ქაოტური ხმოვანება და ჩამობნელებას მოუთმენლად ელი. თან მოცეკვავეების საკულისო მზადებას წარმოიდგენ, სადაც ყველა სხვადასხვა მიმართულებით გარბის, ერთად ლაპარაკობს, ვიღაცას გამოსვლა აგვიანდება, ბრაზობენ... საოცარია, მაგრამ იქ თურმე ეს არასდროს ხდება... სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი და კულისებში სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. სცენასთან გასუსული ბალეტის მოცეკვავეები ჩამწკრივებულან, წინ ყველა თავის „წერტილს“ მისჩერებია და გუნებაში იმ რთულ პოზიციებს „სინჯავენ“, სადაც ყველაზე მეტი კონცენტრაცია და ენერგია სჭირდებათ.

„ეს მოლოდინი საშინელია. ერთი სული მაქვს, ის ხმა გავიგო, რომელსაც ველი და გავიდე. საკმარისია ფეხი სცენაზე დავდგა და დაძაბულობა მომენტალურად მეხსნება.“ მჭახედ განათებულ სივცეში აღმოჩნდება, სადაც ყველა ნივთი მუსიკითაა გაჟღნთილი.

დაბრუნება

ცხოვრების ნახევარს სწორედ ამ იდუმალ, მრუდე ხაზებით მონიშნულ სივრცეში ატარებს და ამასთან, ცეკვის დროს, რაციონალური აზროვნების უნარს ინარჩუნებს. იმის განცდა, რომ სცენაზე ამ სივრცეს სრულად აკონტროლებს, სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას სძენს. პატარა შეცდომების მყისიერი გამოსწორებაც წლების მანძილზე ისწავლა და აღარ უჭირს.

აი, სპექტაკლიც დასასრულს უახლოვდება. «ძალა აღარ მყოფნის, სულ ბოლო, გამოწურული ენერგით, (ისევ მსუბუქად) კულისებისკენ გავრბივარ, ფარდას ვეფარები და ლამის უსულოდ ვეცემი. გული მიჩერდება, სხეულის ვერცერთ ნაწილს ვეღარ ვგრძნობ, მინდა ვიტირო და ვიყვირო, რომ მთელმა დარბაზმა გაიგოს. აღარ შემიძლია... ძალიან მტკივა!... აქ მისი ხელმძღვანელი ჩნდება, დარბაზიდან მქუხარე ტაშისცემის ხმა ესმის, და ყველა ერთხმად დიდ გამარჯვებას ულოცავს.

...თეატრის უკანა გასასვლელიდან გამოდის. მანქანისკენ მიდის. დაღლილი და ძალიან მიწიერი, ერთი ბალერინაა, რომელსაც დიდი გამარჯვების და ერთ საღამოში განცდილი მთელი ცხოვრების არანაირი ნიშანი აღარ ეტყობა. ისე, ჩაუვლი გვერდით, ვერც კი მიამსგავსებ სცენაზე მოფარფატე იმ ჯადოსნურ არსებას, ზეციურ ღვთაებას რომ უტოლებდი.

12 ისტორია

▲ზევით დაბრუნება


12.1 კაცი, რომელმაც საქართველო დაიმსახურა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

გიყვართ გოეთე? მაშინ ვილჰელმ მაისტერიცგემახსოვრებათ: იცი ქვეყანა, სადაც ლიმონი ყვავის...მართალია, გოეთეს გმირი იტალიას გულისხმობს, მაგრამ ნოსტალგია როცა შეუტევდა ხოლმე, ლაშა ბაქრაძე ამ სიტყვებს საქართველოსთან მიმართებაში წარმოთქვამდა, მერე ეს ლექსი მეც ავიტაცე: იცი ქვეყანა, სადაც ლიმონი ყვავის...

ვიცი, როგორ არ ვიცი. უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ აყვავებული ლიმონის ამბავს ჩემს სამშობლოს ერთი სულ უცხო კაციც მიუსადაგებდა, ჩემთვის უცხო პროფესიისა: ფეხბურთელი, დღეს საქართველოს ნაკრების წევრი, ბატონი კლაუს ტოპმოელერი.

ზოგადი მონაცემები. ალბათ ყველამ იცის, მაგრამ მაინც:

კლაუს ტოპმოელერი დაიბადა 1951 წლის 12 აგვისტოს, გერმანიის მოქალაქეა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

თუ ავადმყოფური ცნობისმოყვარეობა გტანჯავთ:

სიმაღლე - 188 სანტიმეტრი, წონა - 84 კილოგრამი. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ძალიან ბევრს ეწეოდა, ახლაც ეწევა, მაგრამ ცოტას.

ოჯახური მდგომარეობა:

1997 წელს დაქორწინდა, ჰყავს მეუღლე როზვითა და სამი შვილი.

მისი ქალიშვილი სარა ნინა, - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ლამაზი გოგოა, - 1979 წელს დაიბადა. საბანკო საქმის შესწავლის შემდეგ, ზარანინას ფსევდონიმით, ის მომღერალი გახდა და დღეს მიუნხენში ცხოვრობს.

1980-ში დაბადებული დინო, რომელმაც თავისი იტალიელი კერპის გამო დინო ძოფი დაირქვა, პროფესიონალი ფეხბურთელია.

უმცროსი, ტომი, 1988 წელს გაჩნდა და ჯერ სკოლის მოსწავლე გახლავთ, მაგრამ ფეხბურთს უკვე სერიოზულად თამაშობს.

ზაფხულში თბილისში ვაშინგტონიდან ჯორჯ ბუში და კონდოლიზა რაისი ჩავიდნენ, თებერვალში მოზელის სანაპიროდან, რივენიხიდან კლაუს ტოპმოელერი ჩავა.

ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი
12.01.2006

ამ წლის დასაწყისში, გერმანულ „დი ველტში“ სტატია გამოქვეყნდა: „კლაუს ტოპმოელერი, მეშვიდე გრძნობა და მოგზაურობა კავკასიაში“. გაზეთის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად უნდა აღვნიშნო, რომ შინაარსი გავიგე, განწყობა კი - ვერა. მე თუ მკითხავთ, ნარკვევი ეჭვიანობის შეტევის შედეგადაა დაწერილი - რატომ წავიდა ჩვენი კაცი შორეულ და დაუდგენელ ქვეყანაში? ის ბოლო გერმანელი მწვრთნელია, რომელიც 2002 წლიდან თავის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გავიდა და უცებ - საქართველო! რატომ?

„მოგზაურობიდან დაბრუნებულები ამბებს ჰყვებიან ხოლმე. კლაუს ტოპმოელერი (54 წლისა. - ჩვეულებრივ უაღრესად კორექტული გერმანული მედიისა გამკვირვებია: ეს ასაკის მითითება რაღაა? ა.კ.ს.) ჰყვება, როგორი უზარმაზარი საცობი იყო ავტობანზე - გერმანულ ავტობანზე. ჰყვება, სულ მცირე, თხუთმეტი პოლიციის მანქანის ამბავს - გერმანული პოლიციისა. საფიქრებელია, რომ ვერაფრით აღწევს თავს ყოველდღიურობას - გერმანულ ყოველდღიურობას. მაგრამ მაინც, მან პირი იცვალა: საქართველოსკენ“.

არადა, კლაუს ტოპმოელერი ხშირად ჰყვებოდა, რომ ყველაზე დიდი სიამოვნებით საღამოს სიმყუდროვეში, ერთი ჭიქა ღვინის საზოგადოებაში ატარებს. როგორც წესი, ეს რივენიხში, მის დუქანში ხდებოდა, რომელსაც Toppis Sportsbar - „ტოპის სპორტული ბარი“ ჰქვია. მაშინ, როცა მანჰაიმში, ბოხუმში, ფრანკფურტში თუ ლევერკუსენში მუშაობდა, ის ყოველ თავისუფალ დღეს იმისთვის იყენებდა, რომ მშობლიურ მხარეში დაბრუნებულყო. თავისი სამფლობელოდან, რომელიც დასახლების ყველაზე მაღალ ადგილასაა წამოჭიმული, ის ძველ აშენპლაცს (სიტყვასიტყვით - ნაცრის მოედანს) გადმოჰყურებდა. აშენპლაცი კი მართლაც ძველია - რივენიხი მთლად 748 წლიდან არსებობს, მართალია, იმხანად რივენიაკუსი ერქვა.

2004 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც დიდ ფეხბურთს ჩამოსცილდა, კლაუს ტოპმოელერს მრავალი საქმე შესთავაზეს, მაგრამ საქმე საუბრებს არ გასცილებია. „ცოტა ხანს შესვენება მინდოდა,“ განაცხადა ბატონმა კლაუსმა. „მთელი ცხოვრება ფეხბურთი, ფეხბურთი, ფეხბურთი...“ ახლა კი - კვლავ ფეხბურთი, ამჯერად - ქართული.

ბატონმა ტოპმოელერმა გერმანულ პრესას მოახსენა, რომ საქართველო არის „ფანტასტიკური“, „შესანიშნავი“ და „ძალიან მაგარი“. „დი ველტი“ სისინებს: „გეგონება, სამოთხეში მიიღოო ბინა. კარგა ხანს მოუწია იმის ახსნა, რომ სამოთხეზე კი არა, კავკასიურ სახელმწოფოზე, საქართველოზეა საუბარი. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ლიმონი კი არა, ფეხბურთიც ყვავის“.

გველები... იმხანად ხომ ჩვენს ფეხბურთელებს ყველაზე კარგად მიესადაგებოდა თავად ბატონი ტოპმოელერის ნათქვამი - ოღონდ ვის უთხრა თავის დროზე, ვერ დავადგინე, ნახევარმცველები კი იყვნენ: „თქვენს რიგებში ძალიან კოხტად გაივლიდა სატვირთო მანქანა და მშვენივრადაც მოტრიალდებოდა“.

იმის წარმოსადგენად, თუ რაოდენ მაღალი აზრისა იყო ჩვენს შესახებ პატივცემული გერმანული საზოგადოება, ერთი ციტატაც საკმარისია. მოვიხიბლე: „ქართული ფეხბურთის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდით, გარდა იმისა, რომ მოთამაშეთა უმრავლესობას საშინლად გრძელი გვარი აქვს, რომლებიც მეტწილად „ვილი“-თი მთავრდება. ზოგჯერ დაბოლოება „აძე“-ც გვხვდება“. მართლა ასე ეწერა, არ ვიტყუები.

ჰოდა, რატომ საქართველო? ტოპმოელერმა მოკლედ ჩამოაყალიბა: „მეშვიდე გრძნობის კარნახით“. ბატონი კლაუსი დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანასაც და ფეხბურთსაც დიდი წარმატებები ელით.

„ფრანკფურტერ ალგემაინერ ცაიტუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან მკითხველს თავისი პირველი დიდი სიხარული გაუზიარა: რომ მილანში ყოფნის ჟამს დიადორასთან აღჭურვილობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „აქამდე საქართველოს ნაკრებს ტანსაცმლის შეძენა პუმასგან უწევდა, საცალო ფასად. ახლა კი...“ ბატონი კლაუსი ძალიან კმაყოფილია, რომ მისი საქმე ასეთი მრავალფეროვანია. წლის დასაწყისში თბილისის ახალი სტადიონი ჰქონდა საფიქრალი, მწვრთნელების დახელოვნებაც მისი საქმეა. წელს ბატონი კლაუსი საქართველოში დაახლოებით 130 დღეს გაატარებს, დანარჩენ დროს ის თავის ბიჭებს ადევნებს თვალს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობენ. „ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რაც გავხდი, ბევრად უკეთ ვერკვევი, საერთაშორისო ფეხბურთში რა ხდება. ბუნდესლიგაში ყოფნისას მხოლოდ ეგო ვიყავი, ცალკეულ მოწინააღმდეგეზე მიმართული“.

„საქართველო ძალიან ლამაზია,“ ჰყვება კლაუს ტოპმოელერი. „იქ უამრავი ვენახია და ბევრი მზე. თან საუკეთესო სამზარეულო აქვთ. ვფიქრობ, საქართველო დავიმსახურე». თავისი მდგომარეობა მან ასე აღწერა: «აღდგომა, სულთმოფენობა და შობა ერთ დღეს გამითენდა“.

სხვათა შორის, საქართველოთი ბატონი კლაუსის მეუღლეც ძალიან კმაყოფილია - მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცა. ახლა ბევრად უფრო სასიამოვნოდ ცხოვრობს, ვიდრე მაშინ, როცა მისი ქმარი ბუნდესლიგაში იყო.

ფეხბურთისა არაფერი გამეგება და ალბათ ვერც გავიგებ. ვერასოდეს მივხვდები, ოცდაორი ზრდასრული და ჯანმრთელი მამაკაცი ერთი ბურთის დევნით რატომ უნდა იყოს დაკავებული და მე რატომ უნდა მიხაროდეს ამ ტრაგედიის ყურება. სულ ორი თამაში მაქვს ნანახი: 1998-ში საფრანგეთი რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე

პირველი შემთხვევა მამლის გამო დამამახსოვრდა - რომ გაიმარჯვეს, ფრანგები ერთმანეთს ხელიდან ხელში გალელ მამალს გადასცემდნენ, კოცნიდნენ და გულში იკრავდნენ, და მამალი გაოცებული იყო, თავზარდაცემული, ამბობდა, „ვაჰ, ეს რა არის, ბიჭოვ, და...“ ფეხებს იკეცავდა, გონს აღარ იდგა. ძალიან სიმპათიური ფრინველი იყო.

აი, უკრაინა-საქართველოს შეხვედრის შემდეგ კი მივხვდი, რომ თავს საფრთხეში აღარ ჩავიგდებ და ფეხბურთის ყურებისგან თავს შევიკავებ - კინაღამ სისხლი ჩამექცა.

ახლა კი გავკადნიერდი და იმ კაცის შესახებ ვწერ, რომელსაც მთელი საქართველო იმედის თვალით შესცქერის - ჩვენი ნაკრების მწვრთნელზე, ბატონ კლაუს ტოპმოელერზე მოგახსენებთ. მე ის ძალიან მომწონს. არ ვიცი, როგორი ფეხბურთელი იყო ან როგორი მწვრთნელია. ამბობენ, ძალიან კარგიო, და მჯერა, მაგრამ რაც არ ვიცი, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ძალიან სასიამოვნო კაცია. სწორედ ამიტომ ვკითხე:

- ბატონო კლაუს, როგორია სინამდვილეში კარგი კაცი?

და მან ისეთი კაცი აღმიწერა! ზუსტად ისეთი, ყველა ქალს რომ თავისთვის უნდა:

კაცი ისაა, ვინც ხე დარგო, წიგნი დაწერა და შვილი გაზარდა. კარგი კაცი ისაა, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უნარი შესწევს, ვისაც პასუხისმგებლობის არ ეშინია და არასოდეს იყენებს სიტყვათშეთანხმებას: „ჰო, რა ვიცი...“ ნამდვილი კაცი ძალიან მყარად დგას მიწაზე. ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება მეოცნებე იყოს, მაგრამ ბოროტსა და კეთილს მიღმა გასვლა მას არ ახასიათებს. ნამდვილი კაცი ზურგსუკან არასოდეს ლაპარაკობს, რადგან როცა ადამიანი საუბარს ვერ ესწრება, მას თავის დაცვაც არ შეუძლია, მამაკაცს კი ასეთი რამის გაკეთება არ ეკადრება - პირდაპირობა კარგი კაცის აუცილებელი თვისებაა. ეს კარგი კაცი გულუხვია და თავისი გრძნობები არ ენანება.

- ვისთვის?

- რასაკვირველია, იმ კარგი ქალისთვის. ქალი, რომელიც ასეთი კაცის ქალი შეიძლება იყოს, გარეგნულად ძალიან მიმზიდველია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასეთი და ასეთი ნაკვთები აქვს ან ასეთი და ასეთი სხეული. მას არაჩვეულებრივი გამოსხივება აქვს და მთავარი სწორედ ესაა. ეს ქალი მოსიყვარულეა და ერთგული - „ერთგულება მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. ამ ქალს შეიძლება დიდებული კარიერა ჰქონდეს, დამოუკიდებელი იყოს და თავდაჯერებული, ეს მხოლოდ მისასალმებელია. უბრალოდ, თავისი კაცი უნდა უყვარდეს, ესაა და ეს.

ბატონი კლაუსის თქმით, მამაკაცის მთავარი მიღწევა სწორედ ასეთი ქალის პოვნაა, თავისი შვილების დედისა. „შვილებს დედა ზრდის, და მამას იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი შვილებით იამაყოს, როცა ისინი კარგი დედის მიერ არიან გაზრდილი“.

როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ბატონი კლაუსის სიმაღლე 188 სანტიმეტრია, ჩემი - 166. ალბათ, ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით გვერდიგვერდ მგდომნი: ლამის ფეხისწვერებზე შემდგარი, აღტაცებული შევცქეროდი და ვფიქრობდი, რომ ზოგი ფეხბურთელიც ძალიან კარგი კაცი ყოფილა...

ვფიქრობ, „ცხელი შოკოლადის“ მკითხველები სწორედ ამას ელოდით ჩემგან და არა სპორტულ კომენტარებს - ამას ხომ სპორტული კომენტატორები ჩემზე უკეთ აკეთებენ. სამაგიეროდ, მე უკეთ ვიცი, როგორ და რატომ მომწონს ბატონი კლაუს ტოპმოელერი.

ტოპმოელერი და მისი გუნდი

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

საქართველო - ახალი ზელანდია.
ალტერკირხენი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის დაწყების წინ. 2006-05-27

0x01 graphic

0x01 graphic

საქართველო - ახალი ზელანდია.
ალტერკირხენი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის დაწყების წინ. 2006-05-27

0x01 graphic

საქართველო - ახალი ზელანდია.
ალტერკირხენი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის მერე. 2006-05-27

0x01 graphic

საქართველო - პარაგვაი.
დორნბირნი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის დაწყების წინ. 2006-05-31

0x01 graphic

საქართველო - ახალი ზელანდია.
ალტერკირხენი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის დაწყების წინ. 2006-05-27

0x01 graphic

საქართველო - ახალი ზელანდია.
ალტერკირხენი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის შემდეგ. 2006-05-27

0x01 graphic

საქართველო - ახალი ზელანდია.
ალტერკირხენი, ცენტრალშტადიონი.
მატჩის შემდეგ. 2006-05-27

0x01 graphic

12.2 ერთი საათით ჯეიმს ბონდის გოგოსთან ან სტუმრად გენერალ კვინიტაძის შვილიშვილთან

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

დახვეულ კიბეზე სადად ჩაცმული, გამხდარი, ევროპული გარეგნობის ქალი ჩამოვიდა, ნაუცბათევად და დაუდევრად შეკრული თმით, კიდევ უფრო მივამსგავსე ნასტასია კინსკის. სტუმარი ფრანგულ-ინგლისურად მოგვესალმა და ოთახში შეგვიპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ბონდზე გადაღებული მეთხუთმეტე ფილმის The Living Daylights ეკრანებზე გამოსვლიდან უკვე 18 წელია გასული და ლონდონში მეუღლესთან, რეჟისორ ჰიუ ჰადსონთან ერთად ცხოვრობს, მასზე არავინ ამბობს - მარიამ დ'აბო? რას ამბობ, ის ხომ ჰადსონის გოგოაო... ეს არც ჰადსონს სწყინს და მით უმეტეს, არც მარიამს. შეიძლება, ცოტა არ იყოს, მობეზრდა - „ბონდის გოგო“, „ბონდის გოგოო“ რომ გაიძახის ყველა, მაგრამ რას იზამ? ფაქტი ფაქტია, მას ვერსად გაექცევი და „სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწოროო“ ხომ გაგიგიათ? ჰოდა, მეც ასე ვიქცევი, სტატიას სათაურად „ერთი საათით ჯეიმს ბონდის გოგოსთან“ ვარქმევ, წიგნის შესახებ „ბონდის გოგონები სამუდამოდ“ ვეკითხები და არც ჰოლივუდის ამბებს ვივიწყებ.

როცა კინოფესტივალ „პრომეთეზე“ თქვეს, ჯეიმს ბონდის გოგო ჩამოდისო, დამაინტერესა - როგორც ჟურნალისტს, იქნებ საინტერესო მასალა გამოვიდეს-მეთქი; ხოლო როცა დაამატეს, ეს გოგო ქართველია და თან არც მეტი და არც ნაკლები, ერთ-ერთი დიდი ქართველი გენერლის შვილიშვილიო... ზუსტადაც რომ გაოცებისგან მეც თქვენნაირად გამიფართოვდა თვალები.

ამიტომ, სანამ ჰოლივუდთან მივალ და მსახიობ მარიამ დ'აბოს დღევანდელი საქმიანობის და ცხოვრების შესახებ მოგიყვებით, ამბავს ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადგილიდან დავიწყებ; იმ ადგილიდან, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ შორეულ ქვეყანაში მოხდა.

მაშ ასე...

პარიზთან ახლოს, შატუში, ასაკში შესული გენერალი, მემუარების ბოლო ფურცლის წერას ამთავრებდა. საწერი მაგიდის სავარძელში მძიმედ ჩამჯდარმა, თაბახის ფურცლებს მთელი თავისი ფიქრები და მოგონებები გაანდო; ყველაფერი, რაც მისთვის იმ მნიშვნელოვან დროს, ეპოქას და მოვლენებს აკავშირებდა: 1917-1921 წლების საქართველო, ქართულ-სომხურ ომში მთავარსარდლობა, ომი ბოლშევიკებთან, მისი არაერთგზის მცდელობა გადამდგარიყო, ანუ თადარიგში გასულიყო, რაც ყოველთვის მინისტრისგან წერილობითი თხოვნით და გენერლის უკან დაბრუნებით მთავრდებოდა. სამშობლოდან განდევნილმა გენერალმა მემუარების ბოლო თავი, ასე დაიწყო:

„1921 წლის 10 დეკემბერს ბერძნულ გემზე დავჯექი.

ნავსადგურში გემში ჩასხდომა რამდენიმე საათს გაიწელა. ბოლოს და ბოლოს, ნავში ჩავსხედით და გემისკენ გავემართეთ. ბორტთან კიდევ მოგვიწია ლოდინი, ვიდრე კონტროლიორები გემის შემოწმებას დაამთავრებდნენ; ნავი ირწეოდა. ჩემი პატარა გოგონა, ძუძუთა ბალღი, რწევისგან ცუდად გახდა და აღებინა. როგორც იქნა, გემზე ავედით. ჯერ კიდევ ნავსადგურში გულისგამაწვრილებელი მოლოდინი ძალზე შემიმსუბუქეს ჩემს გასაცილებლად მოსულებმა - ოფიცრებმა და იუნკრებმა. ზოგი მათგანი ნავში ჩაჯდა და გემამდე მიმაცილა. გემზე არ ამოუშვეს. დაბინდდა და გემიც გზას გაუდგა.

მარსელში 19 დეკემბერს ჩამოვედი. თითქმის მთელი გზა ვირწეოდით, განსაკუთრებით ბოლო ღამეს, მარსელში შესვლის წინ. საბედნიეროდ, გემმა სმირნასა და ათენში შეიარა და ამ გაჩერებისას ჩემმა ოჯახმა სული მოითქვა; ისე კი მთელი გზა თავი ვერ ასწიეს. ბილეთების აღებისას ვთხოვე, ცალკე კაიუტა მოეცათ. სააგენტო შემპირდა, მაგრამ რაღა თქმა უნდა, გემზე გრძელი დავა გადამხდა; ბოლოს მოგვცეს კაიუტა, ოღონდ უვარგისი - ერთი ციცქნა, კიჩოს ბოლოში, ბორტით შევიწროებული; 4 საწოლი დიდი გაჭირვებით ეტეოდა და შიგნით თუ ვინმე იყო, კარებს ვეღარ გააღებდით.

0x01 graphic

0x01 graphic

ტიმოტი დალტონი და მარიამ 'აბო

მარსელში გამთენიისას ჩამოვედით, პარიზის მატარებელი ღამის 11 საათზე გადიოდა...“ - გენერალი გიორგი კვინიტაძე, ამ მემუარების გამოქვეყნებამდე 5 წლით ადრე გარდაიცვალა. „ძუძუთა ბავშვად“ კი ის თავის მესამე ქალიშვილს, ნანოს მოიხსენიებს - პატარა, 3 თვის ნანოს, რომელიც მამა, გენერალ გიორგი კვინიტაძესთან, დედა - მარიამ მაყაშვილთან და დებთან - იდასთან და თამისთან ერთად, 1921 წლის სუსხიან დეკემბერს, იძულების წესით, სამუდამოდ დაემშვიდობა სამშობლოს. აბა როგორ იფიქრებდა სამშობლოდან შორს გადახვეწილი გენერალი, რომ ათწლეულების შემდეგ, მისი შვილიშვილი, „ძუძუთა ბავშვის“ მშვენიერი ქალიშვილი მარიამ დ'აბო, მის სანუკვარ სამშობლოს ესტუმრებოდა, სადაც ყველა იტყოდა - ხედავ, თბილისში ჯეიმს ბონდის გოგო ჩამოვიდაო... ბონდის გოგო კი, ბაბუაზე საუბრისას ძლივს მიმახვედრებდა, რომ მიძონის თქმით მაწონს გულისხმობს და დიდი გენერლის ცხოვრების „ფრანგული“ თავგადასავალი მკითხველს სენტიმენტალურ დრამას გაახსენებდა. მაგრამ ეს დრამაა, დიდი გენერლის დრამა, რომლითაც ევროპაში აღზრდილი შვილიშვილი პირველ რიგში იწყებს საუბარს:

„ლონდონში დავიბადე. მამაჩემი ინგლისელი იყო, ჰოლანდიელი წინაპრებით, დედა - ქართველი ემიგრანტი. ერთმანეთი პარიზში გაიცნეს, დაქორწინდნენ და ჩემი ისტორიაც აქედან იწყება. 1960 წელს დავიბადე, მაგრამ ციფრებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ და მოკლედ ვთქვათ - 60-იანებში.

დედაჩემი თბილისში დაიბადა, 3 თვის იყო, როცა მშობლებთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა. ჩემი ბაბუა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი კვინიტაძე იძულებული იყო, 1921-ში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამშობლოდან გაქცეულიყო და საფრანგეთში მიეღო თავშესაფარი. ამიტომ, დედა და დეიდები საფრანგეთში გაიზარდნენ და იქ მიიღეს განათლება, ნამდვილი ფრანგი ქალბატონები გახდნენ, რომლებიც ჩემგან განსხვავებით, ქართულად და რუსულად კარგად საუბრობენ. დედა ორ კვირაში ჩამოდის, თავდაცვის სამინისტროსთან ერთერთ ქუჩას ბაბუაჩემის სახელი დაარქვეს და ამასთან დაკავშირებით, პატარა ცერემონია იმართება.“

0x01 graphic

კადრი ფილმიდან THE LIVING DAYLIGHTS.

0x01 graphic

ძალიან დიდხანს, გენერლის ოჯახი მეგობრებთან კარდაკარ ცხოვრობდა. ხოლო მას შემდეგ, რაც უკაპიკოდ დარჩენილებს გასაყიდი პირადი ნივთებიც გამოელიათ, ოდესღაც შეიარაღებული ძალების გენერალი და ოჯახის უფროსი იძულებული გახდა, „პატეს“ ფირფიტის ქარხანაში დაეწყო მუშაობა და ყოველდღე, სახლიდან კილომეტრებით დაშორებულ ქარხანაში ფეხით ევლო. ოჯახის ძიძასთან ერთად, რომელიც ემიგრაციაშიც თან ახლდა, გიორგი კვინიტაძემ მაწვნის წარმოება დაიწყო. მეუღლესთან ერთად, ყოველ დილას რძის პროდუქტების მაღაზიებში დადიოდა და მაწვნით სავსე ქილებს გასაყიდად აბარებდა. - „ყოვლად წარმოუდგენელი იყო ბაბუაჩემი - ძალიან ჭკვიანი სამხედრო პირი და ბიზნესი. ეს საქმე იმიტომ წამოიწყო, რომ მისი სამი ქალიშვილისთვის განათლება მიეცა და საარსებო ფული ჰქონოდა. ამიტომ, როცა 20-იანი წლების დასაწყისში, მასთან ვინმე ბატონი დანონი მივიდა და მაწვნის ბიზნესის ერთად წარმოება შესთავაზა, ბაბუამ უარით გაისტუმრა. იმ დროს საფრანგეთში იოგურტი არ არსებობდა. ამ ბატონმა დანონმა კი, რაც გააკეთა, ყველას კარგად მოგეხსენებათ; დანონის რძის პროდუქტების მთელი ინდუსტრია შექმნა. ასე რომ, ეს ამბავი რომ მახსენდება, სულ ვფიქრობ, რა სისულელე გააკეთა ბაბუამ, რომ არ დათანხმდა... ახლა ხომ მილიარდერები ვიქნებოდით; თუმცა ბაბუა და ბიზნესი... არა, არაფერი გამოვიდოდა.“

მოხუცი გენერალი მუდამ სავარძელში მოკალათებული, გაზეთით ხელში დაამახსოვრდა. თვითონ კი რა საქმე ჰქონდა? იდგა და ჯამბაზივით დახტოდა ბაბუას წინ; ართობდა და ათას სისულელეზე გულიანად იცინოდნენ ერთად. - „მახსოვს, როგორი გადიდებული თვალებით მიშტერებოდა ეკრანს, როცა ტელევიზორში პირველი ადამიანის მთვარეზე გაფრენა აჩვენეს, მე კი... პატარას, სულ არ მაღელვებდა მთვარე, კოსმოსი, კოსმონავტები. მე იქ დავიბადე, ჩემთვის არაფერი იყო უცხო, ის კი... ცხოვრობდა მისთვის სრულიად უცხო სამყაროში, სადაც მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ და უცხო ტრადიციებს მისდევდნენ. თუმცა, ჩვენი სახლი მუდამ სავსე იყო ქართველი და რუსი ემიგრანტებით, მეგობრების მეგობრების მეგობრებით.“

მარიამი 7 წლის იქნებოდა, როცა ბაბუა გარდაიცვალა. მართალია, ის უკვე 96 წლის იყო, მაგრამ უბედური შემთხვევა რომ არა... სამშობლოდან განდევნილი გენერალი, ემიგრანტი გიორგი კვინიტაძე შატუში, საკუთარ სახლში, კიბეებიდან დაგორდა და შვილების და შვილიშვილის თვალწინ დალია სული.

დღეს მთელი ეს ისტორია ევროპელი ქალბატონისთვის წარსულში დარჩენილი სევდიანი ზღაპარია. ის ხომ ლონდონში დაიბადა, პარიზსა და ჟენევაში გაიზარდა; ერთი პერიოდი ხატვით იყო გატაცებული, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და ფილოსოფიის, ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის დიპლომი აიღო. მოგვიანებით, როცა ჟენევაში შემთხვევით სამსახიობო გაკვეთილებზე აღმოჩნდა, იმდენად მოიხიბლა გარდასახვის და ფანტაზიის საოცარი სამყაროთი, რომ გადაწყვეტილება მიიღო - მსახიობი უნდა გავხდე! სამსახიობო სკოლა დღემდე არ დაუმთავრებია, გამოცდილება ჟენევის მოყვარულ მსახიობთა თეატრში მიიღო. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ამერიკული სატელევიზიო ფილმების სახე გამხდარიყო, თეატრის ცნობილ რეჟისორებთან ემუშავა და შემოქმედებითი CV-ს თვალიერება მკითხველს უსასრულოდ მოჩვენებოდა. საინტერესო სამსახიობო მასტერკლასებს დღემდე არ აცდენს და ამის გახსენებაზე ცნობილი ინგლისელი დრამატურგის, ჰაროლდ პინტერის მასტერკლასი ახსენდება, რომელზეც ბედნიერი თვალებით, სრული აღტაცებით იწყებს მოყოლას. ჰაროლდ პინტერიდან უცბად ჟაკ ვებერზე გადადის და - „გამიმართლა, რომ ასეთ დიდ მსახიობს და რეჟისორს შევხვდი. მის პირველ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. საოცრება იყო - ძალიან ავანგარდული დადგმა „სპარტაკი“, სადაც 80 მსახიობი ვიყავით დაკავებული. მერე ისევ მასთან „სირანო დე ბერჟერაკში“ ვითამაშე, რომლითაც მარტინიკზე ფესტივალს ვესტუმრეთ.

ჟერარ ბრაშმა, რომელიც პოლანსკის ფილმების სცენარისტია, ერთი საინტერესო ფილმის, „იდიოტების“ სცენარი დაწერა, ოღონდ მას არანაირი კავშირი არ აქვს დოსტოევსკის „იდიოტთან“. აბსოლუტურად გიჟური სანახაობა იყო, სადაც ჯერ მეძავს და მერე წმინდა მარიამს ვთამაშობდი.»

დამიჯერეთ, ჯეიმს ბონდის გოგოობის გარდა, მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო როლი იყო. მაგალითად, გერმანიაში, სადაც... არა, ეს იქნებოდა კარგი როლი, რომ არა პროდიუსერის უხერხემლობა და ფულის უქონლობის გამო შეწყვეტილი ერთთვიანი გადაღებები. ფილმი ნაბოკოვის ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით კეთდებოდა, სადაც მარიამთან ერთად, მაქსიმილიან შელი და მიკ ჯაგერი მონაწილეობდნენ. ამ ისტორიის ფინალი უკვე იცით: „პროდიუსერებმა ფული ვერ იშოვეს“-ო, თუმცა გადაღებებისთვის შეცვლილი გარეგნობა და ახალი იმიჯი: მოკლედ შეკრეჭილი თმა, მნიშვნელოვნად დაკლებული წონა (არა, მაინც მგონია, რომ ჭარბ წონას არასდროს არ უნდა შეეწუხებინა მარიამი, თუმცა რას გაუგებ რეჟისორებს და მსგავს ტიპებს?!) და მეგობრების ფრაზები - ვაი, შენ ხარ? ვერ გიცანიო, წარმოუდგენლად დაეხმარა 26 წლის მსახიობს.

- „არა, მეშლება, ეს მანამადე დაიწყო. 86-ში ბონდის კასტინგზე მოვხვდი, ოღონდ როგორც მთავარ როლზე გამოცხადებული ერთ-ერთი კანდიდატის დამხმარე. მერე იყო ნაბოკოვი... მერე ეს ჩემი საშინელი სიგამხდრე და მოკლე თმები, და ის 20-წუთიანი მასალა, რომლითაც გერმანელი (უხერხემლო, ავტ.) პროდიუსერი ჰოლივუდის სტუდიებში დადიოდა, რომ ფული ეშოვა. რად გინდა, თურმე სულ ტყუილად დარბოდა კასეტით ხელში, მაინც არაფერი გამოვიდა. მაგრამ სწორედ მაშინ მნახეს „იუნაითედ არტისტსის“ პროდიუსერებმა; თან, ისე მოხდა, რომ ბონდის პროდიუსერის ქალიშვილს ვიცნობდი და... მოკლედ, ამიყვანეს“.

1987 წელი, ეკრანებზე ბრიტანელ აგენტ 007-ზე მორიგი, მეთხუთმეტე ფილმი გამოდის - The Living Daylights. მთავარ როლებში: შეუდარებელი აგენტი - ტიმოტი დალტონი; მისი ლამაზმანი კარა მილოვი - მარიამ დ'აბო. და რა თქმა უნდა, ბრიტანელი აგენტის ცხოვრების ერთგული ბრიტანული თანამგზავრი, ბრიტანული ავტომობილი - ასტონ მარტინი.

„მართალია, ამ ფილმმა ბევრი რამე შეცვალა ცხოვრებაში. თუმცა, დასაწყისში იმაზე ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა ბონდის გოგოობა. მაშინ, 80-იანებში ყველაფერი სხვანაირად იყო; დღეს, ბონდის გოგოებს შორის ზოგი თეატრიდანაა მოსული. კარგი მსახიობები არიან, სამუშაო, სერიოზული როლი აქვთ ფილმში. ის კი უდაოა, რომ ბონდი ყოველთვის დიდი კომერცია იყო და ახლაც ასე არის. გადაღებებზე და ტიმოტი დალტონზე რა გითხრა: ვენა, მაროკო, უდაბნო... საოცარი 5 თვე გავატარე. მაგრამ იყო ერთი „მაგრამ“... ფილმი გარკვეულ ვალდებულებებს მაკისრებდა; ფილმის პრომო-აქციაზე უნდა მეზრუნა, რეკლამა, რეკლამა და რეკლამა... რეკლამას ვაკეთებდით ყველგან, ვიყავი ავსტრალიაში, იაპონიაში... და „ფლეიბოი“-შიც ამოვყავი თავი. არ მიყვარს ამის გახსენება, ნამდვილად არ იყო ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილება. რა თქმა უნდა სხვაა, როცა „ფლეიბოი“-სთვის პოზირებ და ამაზე აგებ კარიერას, შოულობ ფულს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ეს არის აუცილებელი პრომო-აქცია, სადაც კეთდება სტატია, ფოტოებს ზედმეტი სიშიშვლის გარეშე გიღებენ და აუცილებლად უნდა იყო ყდაზე. ასე იყო ბონდის ყველა გოგო. პრინციპში, აქაც ისე არ გამოვიდა, როგორც სასურველი იყო, იმიტომ, რომ ეს ფოტოები ერთ ძალიან ცნობილ ფოტოგრაფს უნდა გადაეღო; ისე იღებს ამ სიშიშვლეს, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია; მე მისი გადაღებული კიმ ბესინჯერის მთლიანი სერია მაქვს ნანახი, საოცარი კადრებია. მაგრამ გადაღების დღეს არ მოვიდა. განქორწინებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა ცოლთან, ფეი დანაუეისთან; ჰოდა, სხვამ გადაიღო.“

0x01 graphic

თქვენ კი ნუ გგონიათ, რომ „უნდა გემეკეთებინა, კონტრაქტში ასე ეწერა“ მარიამის ცხოვრებაში მხოლოდ ამით ამოიწურა. კინოინდუსტრიის იმ საზიზღარ კაცუნებს, კიდევ ერთი წესი ჰქონდათ; როცა კასტინგზე გადიოდი, ხელს აწერდი კონტრაქტს, რომ ვაიდა აგიყვანეს, მაშინ 5 წელი, რბილად რომ ვთქვა, მათზე უნდა გემუშავა - „საერთო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ამერიკაში საკმაოდ დიდი დროით, 10 წლით დავრჩი. უამრავ სერიალში, სატელევიზიო ფილმში მივიღე მონაწილეობა და ბოლოს მივხვდი, რომ ასე აღარ შემეძლო, დავიღალე და ცხოვრებაში ცვლილებები მჭირდებოდა.“

ცვლილებები ლონდონში დაბრუნებისთანავე დაიწყო, როცა მარიამი, მსახიობობის გარდა, საპროდიუსერო საქმიანობას შეუდგა და რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა. ხომ გეუბნებით, სულ არ მქენჯნის სინდისი, რომ მეც ბონდის გოგოს ვეძახი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი 1987 წლიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება და ბონდის თემა მის ცხოვრებაში კიდევ არაერთხელ ამოტივტივდება. სულ ცოტა ხნის წინ წიგნი გამოსცა - „ბონდის გოგონები სამუდამოდ“ და ამის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გააკეთა.

მარიამის თქმით, ფილმი არის იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ქალის როლი ფილმში, ბონდის სერიების არსებობის 40 წლის მანძილზე; ანუ, შეიცვალა თუ არა სხეულის ამობურცული ნაწილები და ბონდის გულისგადასაყოლებელ სტატუსში ყოფნა სამსახიობო გამოცდილებით და გმირის ფუნქციური დატვირთვით. რაც მთავარია, ამ ყველაფერს თავად ბონდის გოგონები აფასებენ, დაწყებული ურსულა ანდრესით, ჰოლი ბერით დამთავრებული; მოკლედ, ყველა ერთადაა თავშეყრილი - „90 წელს, ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი ქალი გახდა და ეს ბონდშიც გამოიყენეს; უცბად, ბონდის უფროსიც ქალი გახდა; ასე რომ, ხომ ხედავ, ძველი ბონდისგან განსხვავებით, აქ ქალები უფრო სერიოზული გმირები გახდნენ“.

ჰო, მარიამ, შეიძლება ასეცაა, თუმცა რაც იყო, ისევ ის არის: გაწკიპინებული აგენტი; ლამაზი ქალი, რომელიც ყველა სერიაში იცვლება იმიტომ, რომ ან კვდება ან სადღაც მიდის (ხომ იცით, როგორები არიან ქალები?!); უცვლელი და შეუდარებელი ასტონ მარტინი; ბევრი სროლა, ბევრი სირბილი, ცათამბჯენიდან ფარდებზე ჩამოკიდებული ჩამოსრიალება და ერთი-ორი გემრიელი სექსი.

თვითონაც იცის, რომ ეს ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფილმია მის კინოკარიერაში, ხოლო სატელევიზიო ფილმებს შორის, წარმატებულების კატეგორიაში „ექიმი ჟივაგო“ და „ტროელი ელენე“ ახსენდება, რასაც ჩვენი მაყურებელი, ჩემი ჩათვლით, ალბათ ვერც ვერასდროს იხილავს. მაგრამ... მგონი მეტისმეტად ჩავიციკლეთ ბონდზე და მის გოგონებზე; არადა, ცხოვრებაში აგენტობის, შიშველი ფეხების და იარაღის ლულის გარდა, რამდენი რამ ხდება, გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი, არა?!

აი, მაგალითად, წითელი აგურით აშენებულ 4-სართულიან სახლში ცხოვრობს, პარკთან ახლოს. ამიტომ, როცა ქალაქზე ჩამოწოლილი ღრუბლებიდან მზის სხივები გამოპარვას იწყებენ, მარიამი უკვე პარკშია: სირბილი, აერობიკა და ჯანმრთელობა. მერე, თუ დრო აქვს, ან ცურავს ან სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს. თუ არადა, საყვარელ ჰობის მისდევს; რამდენიმე აქვს. მაგალითად, ისევ დაიწყო ხატვა; და ხატავს აუცილებლად nude-ს; რომელიმე ლათინოამერიკული ცეკვის შემსწავლელ ჯგუფში დადის და ცდილობს სალსას რითმებს აჰყვეს; თუ არც ესაა, მაშინ მაგიდას მიუჯდება და მთელ თავის ყურადღებასა და დროს უსაყვარლეს ჰობის - ჭამას უთმობს; - „ცნობილი მჭამელი ვარ; ღორივით ვჭამ, მართლა! თან რა საცოდავი ვარ, თუ ისეთ ქვეყანაში მოვხვდი, სადაც კარგი საჭმელი არ აქვთ... აი, მაგალითად, გერმანია. დავიტანჯე!!! ჩემი ქმარი ძალიან გემრიელ საჭმელს აკეთებს და მეგობრებისთვის ხშირად პატარა სადილს ვაწყობთ. ჰიუ ნახევრად შოტლანდიელია, ძალიან სანდო, განათლებული ადამიანია, მაგრამ წმინდა ინგლისური, მშრალი იუმორის გრძნობა აქვს და როცა რამეს ამბობს, უნდა გამოიცნო, ხუმრობს თუ არა... საუკეთესო მეგობრები ვართ; საერთო გემოვნება, საერთო ინტერესები... ჩემგან განსხვავებით, ის არასდროს საუბრობს საკუთარ თავზე; არც იმაზე, თუ რამეს აკეთებს. მე კიდევ? ერთი საათია ვზივარ და საკუთარ თავზე ვყვები.

ჩემი სამსახური 9-დან 6-მდე არ არის. ჩემი ცხოვრება სულ იცვლება და უწყვეტ დინამიკაში ვარ. ყველაზე მეტ დროს კომპიუტერთან და ტელეფონთან ვატარებ. წარმოუდგენლად მიმაჩნია გაჩერება. ლონდონიც ისეთი ქალაქია, აქ სულ სადღაც გეჩქარება, სადღაც გაგვიანდება, სულ დაკავებული ხარ, ყველაფერი ნონ-სტოპ რეჟიმშია. მე კიდევ, თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე მემარ- თება, ყოველთვის რაღაც მრჩება სახლში. გამოვრბივარ, ჩემს „მინისთან“ მივრბივარ და სადაა გასაღები? სახლში, თან ზემოთ. მოკლედ, ძირითადად სართულებზე დავრბივარ, თუმცა არა უშავს, გულისთვის კარგია; ან უარესი, მაღაზიაში ფულის გადახდა მავიწყდება... მოკლედ, ჩემს ქმარს ზოგჯერ გიჟი ვგონივარ. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ აუცილებლად საქმე უნდა მქონდეს, რაიმე საქმე, ისე წარმოუდგენელია ცხოვრება.“

ცოტა ხნის წინ, როგორც პროდიუსერმა, კიდევ ერთი პროექტი განახორციელა; „რივერ საიდ სტუდიოში“ ამერიკელი დრამატურგის, ბენ ჰენლის სპექტაკლი გააკეთა. ახლა კი ახალ პროექტზე მუშაობს, რომელზეც, რაც არ უნდა ეცადოთ, ბევრს არაფერს გეტყვით - ჯერ მოლაპარაკებების დონეზეაო. ამიტომ... ძველ ამბავს მოგიყვებით, როცა დოკუმენტური ფილმის გადაღებას იწყებდა. მისი მთავარი პერსონაჟები აქაც ქალები იყვნენ, ქალები ომში (არა, გიჟი ფემინისტი არ გეგონოთ. უბრალოდ, ასეთია). როგორც ამბობს, „ეს ჟურნალისტი ქალების ამბებია; ქალების, რომლებიც მამაკაცთა, ომის სამყაროში მოხვდნენ“-ო. პროექტში რამდენიმე ქალი მონაწილეობდა, რომლებიც ჩეჩნეთის, აფრიკის სამოქალაქო ომის და ამერიკაში მომხდარი ტერაქტის უშუალო მომსწრენი იყვნენ და ამაზე უნდა ესაუბრათ: „შეთანხმებული ვიყავი ჟურნალისტებთან, რომლებიც ამ თემებზე მუშაობდნენ და თემასთან დაკავშირებულ მასალებს დეტალურად იცნობდნენ: „სანი დეის“ კორესპონდენტი მერი ქოლდინი, რომელზეც დიდი ხანი ხორციელდებოდა ზეწოლა და სამოქალაქო ომის დროს, ცალი თვალი დაკარგა; ჰუსეინის დროს დაპატიმრებული ამერიკელი ფოტო-კორესპონდენტი; CNN-ის ოპერატორი ქალი; ტელევიზია „ალ-ჯაზირას“ პროდიუსერი და რუსი ანა პოლიტკოვსკაია. მაგრამ... ფული ნაშოვნი იყო, ყველანი მზად ვიყავით და ამ დროს, ამერიკამ ერაყთან ომი დაიწყო; ტელევიზიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთელი რესურსები ამ კონკრეტულ თემაზე გაკეთებულ ფილმს მოხმარებოდა. მოკლედ, სხვა ფილმი გაკეთდა.“

ესეც არა უშავს, ენერგიული და მოუსვენარი, უსაქმოდ არასდროს დარჩება. ან ითამაშებს, ან მასტერკლასს ჩაატარებს ან რომელიმე საინტერესო პროექტის პროდიუსერობას იკისრებს. ბოლოს და ბოლოს, სადმე პარკში ან სატრენაჟორო დარბაზში ირბენს. უბრალოდ, რატომღაც, ეს ყველაფერი ძალიან სევდიანი ნოტაზე დაასრულა: „როცა ასაკში შედიხარ, უფრო უახლოვდები სიკვდილს. ბევრი ჩემი მეგობარი აღარ არის და მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. არასდროს იცი, რა მოხდება ხვალ. რაც უფრო მემატება ასაკი, უფრო მეტად მინდა ვიყო ბუნებასთან და ცხოველებთან ახლოს. წელს აფრიკაში, კენიაში ვიყავი. ეს იყო პლანეტის ყველაზე ლამაზი ადგილი - პოლიტიკისგან და ომისგან შორს. ჩილეშიც წავედი, რომლის მსგავსი სილამაზე არსად მინახავს. ყოველთვის, როცა კი თავისუფალი დრო მაქვს, მინდა სამოგზაუროდ წავიდე; მინდა, სანამ მოვკვდები, ამ დაუჯერებლად ლამაზი პლანეტის ნახვა მოვასწრო. ალბათ შენი კითხვა უნდა ყოფილიყო, რა იქნება 20 წლის შემდეგ, თორემ 10-ის მერე შეიძლება ისევ სამსახურში, გადარბენებზე ვიყო... 20 წელიწადში ჩემს თავს ვხედავ, როგორც მოხუც ნევროტიკს, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს, მოწევას თავი დაანებოს; ისე, 13 წლიდან ცდილობს. ჰო, საღეჭი რეზინი ხომ არ გაქვს, არ მინდა მოვწიო...“

12.3 ჭკვიანები მზეს უბრუნდებიან

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო კვაჭანტირაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

აი, ფეხსაცმელები, ამის ცვეთა მარიამმა დაიწყო და ფეფომ (ანა-ეფემიამ) გამოხვრიტა. ლევანმაც ზუსტად ასე დახატა და იქვე მიაწერა მარიამ, ქიტო, ბესიკი, გიორგი, ელენეს ნაქონები - საფეფუცოები.

გლდანს რომ გასცდები, ცხვარიჭამიას, საბადურების და ღულელების ტყის გავლით, ერწოზე გადახვალ და ჩაივაკებ, ივრის ჭალებში თიანეთი გამოჩნდება - თავის დროზე, ალბათ შვილს, ლევანსაც ასე ასწავლა ეს გზა მწერალმა ბესიკ ხარანაულმა. ლევანიც ერთხელ ადგა, წავიდა თიანეთში... და დარჩა!

ბესიკისგან ხშირად ვიგებდი ლევანის ოჯახის ამბებს. თბილისში გაზრდილი, კარგი მხატვარი, ექვსი შვილის მამა, ქალაქიდან წასვლა... გადავწყვიტე თიანეთში წავსულიყავი.

სტუმრობის ამბავი

ჭიშკარს ლევანი გვიღებს. ოთხი წლის ელენე საგანგებოდ ლურჯ, ხავერდის კაბაში გამოწყობილა, ქერა კულულები მხრებზე გადმოუშლია და გველოდება, როდის მოხვდება ჩვენს ობიექტივში. ლელას თეძოზე პატარა ანა-ეფემია უზის და გვერდგაზნექილს, სულაც არ უშლის ხელს სახლში შეგვიპატიჟოს - ეს ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი პოზაა, ძირითადად ყველაფერს ასე ვაკეთებო და სადილის სამზადისს იწყებს. „ხაჭო-ერბო უნდა გაგასინჯოთ, აქაური დელიკატესი, ყველაზე ხშირად ამის გაკეთება მიწევს - ბესიკ, გაიქეცი, პიტნა მოიტანე! ქიტო, ფეფო დამიჭირე!“ - გასძახებს ლელა და პურს ჭრის - „დედა, ნუ წვალობ, დატეხე თიანურად“, ეუბნება გიორგი. ბესოს ეზოდან პიტნა და კიტრი შემოაქვს, „ნახე, რა გემრიელია. ჯერჯერობით ეზოსთვის ვერ ვიცლი, არც ძროხა და საქონელი მყავს, მაგდენი ყოჩაღი ჯერ ვერა ვარ. სარეცხის გაფენა-ჩამოხსნას ვერ ავუდივარ“ - და ფანჯრიდან ეზოში ფერად-ფერადი ტანსაცმლით დამძიმებულ თოკებს ვხედავ.

ქურაზე, მოზრდილ ქვაბში სადილი იხარშება, ეს იტალიური ქვაბი „სკოროვარკაა“ და ავტომატური სარეცხის მანქანის მსგავსად, ესეც ლელას დამხმარეებში ითვლება. გაზქურის ზემოთ, ხის კედელზე წარწერებია: ცომი ხელზე რომ არ მიგეკრას, სანამ მოზელთ, ხელზე მზესუმზირის ზეთი წაისვით; ნივრისა და ხახვის სუნი სწრაფად გაქრება, თუ ხელებზე სველ მარილს შეიზელთ და თბილი წყლით დაიბანთ;

დამწნილებულ კომბოსტოში იმდენივე C ვიტამინია, რამდენიც ახალში და ა.შ. მოკლედ, რჩევები, რომლებიც ლევანს ჟურნალ-გაზეთებში ამოუკითხავს და გადასაყრელად დანანებია. თვითონ კულინარობის ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ თუ აუცილებელია, რამეს მოვიფიქრებო. ერთ-ერთი ასეთი „მოფიქრებისას“, საოჯახო წიგნი აუღია და სახელდახელო ცომში ოთხად გაჭრილი ხახვი ამოუვლია, ცხიმში შეუწვავს და არც ერთი ნაჭერი რომ არ შეხვდა, დარწმუნებულა, მაგარი გემრიელი გამომივიდაო. ლევანის ნახელავისა არ ვიცით, მაგრამ ამასობაში ლელამ გემრიელი სუფრა გაშალა და დიდ, მრგვალ მაგიდასთან მიგვიპატიჟა.

0x01 graphic

ხარანაულების ჯახი

0x01 graphic

ბესიკი, გიორგი, ქიტო, ლევანი. წინა პლანზე ელენე.

0x01 graphic

სახელოსნოში კედელზე ერთი ძველისძველი, სიყვითლეშეპარული ფოტო კიდია. ბევრნი არიან. შუაში რომ დგას, ეს დიდი ქიტო პაპაა - ლევანი ხელს გამიყოლებს და მაჩვენებს, ეს ვაჟა-ფშაველაა. თიანეთში იხინჭობაზეა გადაღებული (იხინჭობა - ლასარობა, იახშრობის მსგავსი დღეობაა) მერე ჩარჩოდან სურათს ფრთხილად იღებს, დახედავს და მეუბნება - 1912 წელსაა გადაღებული.

პირველი გაცნობის ამბავი

ყველაფერი ოცი წლის წინათ დაიწყო. თბილისში, ლევანთან სახელოსნოში მეგობარმა ლელა მიიყვანა. ლევანმა ლელა დახატა (ეს პორტრეტი ახლა ლევანის სახელოსნოში კიდია).

ესაა, ბებია, დახატული? - გაუპროტესტებია ნამუშევარი ლელას გურულ ბებიას, რომელიც თურმე შვილიშვილს უფრო ლამაზს ელოდა. თუმცა, რამდენიმე თვეში, ლევანის სიძეობაზე მგონი აღარაფერი უთქვამს და სამი ძმის ერთადერთი და, თბილისელი სულაკაურის ქალი, პოეტ ბესიკ ხარანაულის და პროფესორ დამანა მელიქიშვილის რძალი გახდა. „ნიჭიერი გოგოა, მაგრამ ვინ დააცადა, მშვენიერი სამსახური იშოვა - ტომის დამბადებელია, პროფესიით დედა“ - ამბობს ბესიკი.

0x01 graphic

ლელა სულაკაური

0x01 graphic

ლევანი, ავტოპორტრეტი

ხარანაულების ტომი

მარიამი 18 წლისაა. 16 წლის ქიტო დიდი პაპას სეხნიაა. 13 წლის ბესიკი პოეტი პაპის პატივსაცემად მოუნათლავთ. 8 წლის წინ, მეოთხე შვილი რომ დაბადებულა, მაშინ უთქვამს პაპას, თქვენ ტომის დაბადებას აპირებთ და ქართულ ტომში ერთი გიორგიც ხომ უნდა გყავდეთო. ელენე დიდი ქიტო პაპას მეუღლეს ერქვა და ამიტომ არც თიანეთში დაბადებული მეხუთე შვილის სახელზე დაუწყიათ ფიქრი. სულ პატარას, ერთი წლისას, ანა მამიდის პატივსაცემად შეარქვეს, მაგრამ ეფემიას ხსენების დღეს მოვლენილა და ანას ეფემიაც მიუმატეს.

მარიამი რომ დაიბადა, ყველა მკაცრად იცავდა ახალშობილისათვის საჭირო კვების, ძილის, გასეირნების რეჟიმს. თუმცა ეს მხოლოდ პირველ შვილზე გავრცელებულა, მერე დარწმუნებულან, ბავშვი თვითონ გკარნახობს, რაც სჭირდება და შენ უნდა დაემორჩილოო. ასე გამარტივებია ლელასაც მრავალშვილიანი დედობა. ერთადერთი წესი, რასაც ექვსივე შვილი თანაბრად იცავდა, ძუძუთი კვებაა - თითოეული, ორ-ორი წელი ბუნებრივ კვებაზე იყო და პატარა ანა-ეფემიაც ჯერ-ჯერობით არაფერს უჩივის. ლევანი კი ამბობს, ლელა მაშინ ისვენებს, როცა ბავშვებს ძუძუს აჭმევსო. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლელა თურმე 12 წელია ისვენებს.

პატარები ძილის წინ დედისგან უფრო წაკითხვას და ამბების მოყოლას არიან მიჩვეულები, ელენე კი მამას სიმღერას სთხოვს და ლევანიც მღერის: „წიიითელი ქუდი მააახურავს..“ როცა ავად ხდებიან, თურმე მაშინაც უფრო მამას თხოულობენ. რა ვიცი, მგონი ლევანს უფრო მსუბუქი და მოქნილი ხელი აქვს და იმიტომო.

0x01 graphic

ბესიკი და ქიტო

დარჩენის ამბავი

ერთ ზაფხულს, 4 წლის წინათ, ლევანმა თქვა, ქალაქში რა გვინდა, მოდი თიანეთში დავრჩეთო. ეს იმდენად მოულოდნელი ყოფილა, რომ კარგა ხანს არავის სჯეროდა, რომ ლევან ხარანაული, თავის ოჯახიანად, თიანეთში მართლა საშვილიშვილოდ გადაბარგდებოდა. „არა, ეს არ იყო ქალაქური ცხოვრების მიმართ პროტესტი. არც ამ გადაწყვეტილებაზე გვიფიქრია ბევრი. უბრალოდ ამოვედით და უკან აღარ წავედით. ზაფხულობით ბევრი რამის წაღება-წამოღება გვიწევდა, კარგად რომ დავლაგდებოდით, აღმოჩნდებოდა, რომ ზაფხული გასული იყო და უკან წასასვლელები ვიყავით. მთელი ბავშვობა აქ გავატარე, მაგრამ აქაურობას ახლა პატრონი სჭირდება, დარდი მქონდა, ძველი სახლი მისახედია, კრამიტი ცურავს, კოჭები შესაცვლელია, თუ არ გავაახლე, ესეც ისე ჩაიქცევა, როგორც ამასწინ ჩვენი მეზობლის სახლი ჩააქცია წვიმამ“ - ამბობს ლევანი და უკვირს ჟურნალისტების ყურადღება მაშინ, როცა ხალხი აქედან ახალ ზელანდიაში, პორტუგალიაში, ამერიკაში მიდის, მე კი ჩემს სახლში დავბრუნდიო.

- იმ დღეს მეზობლის ქალი ყვებოდა აქედან წასულ ბიჭზე - ჰო, კი წავიდა, მაგრამ უკან დაბრუნდა, ქალაქმა არ მიიღოო. მე კი აქაურებმა მაგრად მიმიღეს, ამათიანი ვარ, რა!

სახლის მშენებლობა

თავიდან ეზოში ძველი, პაპისეული სახლი იდგა. იქვე, მოპირდაპირედ ლევანმა ახლის შენება დაიწყო. ხან ვის გაურიგდა, ხან - ვის. ხელოსნები და მუშები, როგორც ყველგან, თიანეთშიც იტყუებიანო და ამდგარა და თვითონ დაუწყია შენება. ახლა გამოცდილი მშენებელივით ყვება ბლოკზე, დახერხვაზე, „რასტვორზე“. უკვე სამშენებლო იარაღებიც საკუთრებაში აქვს - ქაფჩა, ჩაქუჩი, ხარაჩო, ნიჩაბი, ძვირადღირებული ელექტროხერხი და რაც მთავარია, საავტორო უფლება კედლის „უმაიაკო“ ლესვაზე. მოკლედ, კედლები ისე რომ გაელესა, როგორც წესია, ბევრი მასალა და დრო სჭირდებოდა. ადგა და გაჯი ხელით მიუსვ-მოუსვა (ახლა ეს უფრო მოსწონს კიდეც)... ჭერზე ხის „პლინტუსები“ გააკრა. ახლახანს შიდა კიბეც დააყენა. ქიტო და ბესოც სულ გვერდით ჰყავს. მეგობრებიც ეხმარებიან, მაგრამ უკვე მთელმა კუთხემ იცის, ხარანაულები ყველაფერს თავისი ხელით აკეთებენო.

ძველი სახლის დაშლას არ აპირებს და ჯერ-ჯერობით საძინებლად იყენებენ - წყვილ-წყვილად ჩადგმული საწოლებით, ჭრელი ფარდაგებით, კედლებზე პაპის და ბებოს სურათებით და წიგნებით სავსე თაროებით. ახალ სახლში კი სამზარეულო და ლევანის დიდი სახელოსნოა.

ახლა პაპა-ბებია ქალაქიდან ამოდიან, იქედან ეხმარებიან...

ასე დაარღვია ლევანმა ძველისძველი ტრადიცია - ადრე უფროსები სოფელში რჩებოდნენ, ახლაგაზრდები ქალაქში მიდიოდნენ. ბავშვებიც ქალაქური სკოლებიდან თიანურ ტრადიციულ სკოლაში გადმოვიდნენ, მაგრამ ლელას მართლა არ წყდება გული, - რასაც აქ სწავლობენ, იმას იქ ვერასოდეს ისწავლიდნენ, იქ სწავლას მერეც მოეწევიანო. უბრალოდ, ინტერნეტ-კაფეებს, ჩემი შვილების სახით, კლიენტები მოაკლდათო, ამბობს ლევანი.

0x01 graphic

ელენე და ლევანი

პაპა-შვილიშვილის თბილისური მარათონი

ამას წინათ, სკოლაში ბავშვები შეურჩევიათ, თბილისში მარათონი ეწყობაო და თიანეთიდან ქიტო გამოუგზავნიათ. - წავიდა ქიტო თავისი მუხლებგამობერილი რეიტუზით, თბილისში „ადიდასიანი“ და „ნაიკიანი“ ბიჭები დახვდა - ყვება ლევანი - პაპა წაყვა ამ მარათონზე. მირბის ქიტო, ტროტუარიდან მისდევს პაპა და შეძახილებით ახსენებს, აქ ვარო და ამხნევებს - მიდი, ქიტო, მიდი, მიდი. ამ ძახილში ფინიშზე პირველი პაპა ბესიკი მისულა, ქიტო კი მის ასაკში მეორე ყოფილა.

სახელოსნო

სახელოსნო ახლახანს მიალაგეს, უფრო ჩვენი სტუმრობით აჩქარებულან. სახელოსნოში დიდი ბუხარია. კედლებში ლევანს ხელუხლებელი დაუტოვებია ბუდეები, სახლის შენებისას ჩიტებს რომ გაუმართავს. იქვე უცნაური სკამი-სავარძელია ქიტო პაპას დარგული ვაშლის ხისგან გამოთლილი. ამ სახელოსნოში ვარა ბებოს დიდი პორტრეტი კიდია. ისეთია, ყველას თავისი ბებო ეგონება. პორტრეტის დახატვას დიდი დრო სჭირდება. ბებო კი თურმე საათობით მორჩილად იჯდა ნატურში და ლევანს გულშემატკივრობდა. ეს ნახატი ლევანს იტალიაში გამოფენაზეც ჰქონია წაღებული და ვიღაც უცხოელს დაუჩემებია, მომყიდეთ, დედაჩემს ჰგავსო. ლევანი კი ვერ შელევია და ამბობს, აწი გამოფენაზე მარტო ის ნახატები უნდა გავიტანო, რომელიც გასაყიდადაც გამემეტებაო. გული წყდება, დღემდე ვერაფერი გაიგო, რა ბედი ეწია იტალიაში გამოფენაზე წასაღებ იმ 15 ნახატს, რომელიც 1996 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მანქანიდან მოპარეს.

თაროებზე ძველი ჩაიდანი, ჭიქები, ფუნჯები დევს. კარადაში ყველა ის ნივთი ინახება, რომელიც ლევანს ნატურისთვის ოდესღაც გამოუყენებია. აი, ფეხსაცმელები, ამის ცვეთა მარიამმა დაიწყო და ფეფომ (ანა-ეფემიამ) გამოხვრიტა. ლევანმაც ზუსტად ასე დახატა და იქვე მიაწერა „მარიამ, ქიტო, ბესიკი, გიორგი, ელენეს ნაქონები - საფეფუცოები“. ცალ-ცალკე ყველა შვილის პორტრეტი დახატა, ჯერ-ჯერობით მარტო ანა-ეფემია არ ჩერდება ნატურში. - იცი როგორ არის, აი, საოპერაციოში თუ ავადმყოფი არ გაჩერდა მაგიდაზე, რა მაგარიც არ უნდა იყოს ექიმი, ოპერაციას ვერ გააკეთებს. ასეა ხატვის დროსაც - ამბობს ლევანი. ფანჯარაზე სხვადასხვა ზომის კოლბები აწყვია.

- ამით რას აკეთებ?

- არაფერს, ნატურალური ზეთია, მზეზე ვაწყობ და ნელ-ნელა მზე ასქელებს. მერე საღებავებში ვიყენებ.

ლევანი შუშის კედელს აღებს და მთელი ეზო თვალწინ იშლება. - აი, ახლა, ეს სახელოსნო უცებ სცენა გახდა, აქ წარმოდგენები შეიძლება გაიმართოს, ეზოში კი მაყურებელი აი, ამ ტყემლის ხეზე დაჯდება და გვიყურებს. მაგარია!!! ლევანი პროფესიით თეატრის მხატვარია.

თუმცა ახლა მოლბერტი ცარიელია. - ხატვა კი არა, ხან მაქვს პერიოდები, ძირს რამე რომ ეგდოს, ასაღებად არ დავიხრები. ახლა მაქვს ასეთი გაზარმაცების დრო - მეუბნება ლევანი.

- რაიმე განსაკუთრებული პირობა თუ გჭირდება მოლბერტთან მისასვლელად?

- არაფერი ისეთი, ჯერ უბრალოდ უნდა მოვიცალო. მერე დღის შუქი უნდა იყოს. აი, ეს კარგი ფეხსაცმელი მაცვია ახლა, მაგრამ ეს თუ მეცმევა ვერ დავხატავ. ხან მუსიკასაც ჩავრთავ, მაგრამ მერე აღმოჩნდება, მუსიკამ თავისთვის ჩაიარა...

ესე იგი, უქმეა

ლევანის ჯიბის საათი თურმე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი დროის კაცია, უბრალოდ, ხანდახან დახედავს, რომ გაიგოს, დღის რომელ მონაკვეთშია. უკალენდრო დღეც მისთვის მარტო დილა და საღამოა. როცა ბავშვები სკოლაში არ მიდიან, ესე იგი უქმეა. მობილურ ტელეფონზე წამებად დათვლილი ვთქვათ 08.10.2006. 18:32 მისთვის უფრო მათემატიკურ სავარჯიშოებს ჰგავს. ამბობს, რომ ტელეფონი კარგი გამოგონებაა და ზუსტად არჩევს, კონტაქტზე გამოსული მოსაუბრე თიანეთშია თუ თბილისში. ტელეფონით დასაქმების საკითხებსაც აგვარებს. ძველი ნაცნობობით, ამას წინათ, სამი მუშის ადგილი იშოვა. ახლა კი ხუმრობა არ გეგონოთ და მეგობრისთვის მართლა მარკშეიდერის ადგილს ეძებს. თუმცა დასაქმების საკითხებში პირიქითაც ხდება ხოლმე. ერთადერთი, დის, ანას სამსახურს აპროტესტებს, აქეთ მინდოდა გადმომებირებინა, ბავშვების განათლებას მიხედავდა, ეგ კი უნივერსიტეტში სხვებს ასწავლის. არა, უნდა ვუჩივლოო...

კვირა

დილით პირველი ანა-ეფემია იღვიძებს. ბიჭები ეკლესიაში მიდიან. კვირას თიანეთში სოფლებიდან გლეხები ჩამოდიან და დიდი ბაზრობა იმართება. ბაზრობა აქვეა, სახლთან ახლოს. ლელა პარკებს და კალათს ამზადებს და ბაზარში მივდივართ. ჩვეულებრივ, კვირაობით იმარაგებს ყველა იმ პროდუქტს, რასაც ქალაქიდან ვერ მოაწვდიან. წელს, გვალვების გამო, აქეთაც ცუდი მოსავალი იყო, ამიტომ ტყემლის საწებელს და კონსერვებსაც ქალაქელი ბებიებისგან ელოდებიან. ხაჭოს, ერბოს, დამბალ ხაჭოს, ლობიოს ამაზე უკეთესს ვერსად იყიდი - მიხსნის ლელა და აქაურ დელიკატესებს საგულდაგულოდ ვარჩევთ.

ბაზრიდან დაბრუნებულს კი ცომი ამოსული დახვდება და ლელა პურებს გამოაცხობს. „ადგილის დედა“ - ასე შეარქვა მას პაპამ და, ძირითადად, სულ სახლშია - იანვრის მერე, თბილისში არ ჩამოსულა. მომსვლელი და სტუმარი კი ამ ზაფხულშიც ბევრი ჰყავდათ. დღეს ლევანი იმერეთში მიდის, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ლაშეში. გასული საუკუნის დასაწყისში, იქ მის ბაბუას (დედის მხრიდან), სიმონ მჭედლიძეს სკოლა აუშენებია და იმ განახლებული სკოლის გახსნაზე ეპატიჟებიან. თან, ყინწვისშიც უნდა გაიაროს, მარიამი უნდა ნახოს, სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტიდან ფრესკების აღდგენაზე რომ წავიდა და თან ანა და ქიტო მიჰყავს.

არ ვიცი, რა უნდა დაწეროთ, კაცი თავის სახლში ცხოვრობს, თავის ფუძეზე. რა არის ამაში გასაკვირი, - ამბობს მამიდა ანა. პაპა ბესიკი კი უფრო გვიფერადებს ამბავს: - ადრე ხალხი მთაში სახლდებოდა - „პირიმზითებში“ მზე უყვარდათ და ეტანებოდნენ, ჭკვიანები ახლაც მზეს უბრუნდებიან”.

13 ექსკლუზივი

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ გარი ბართონთან

„ჯაზი საუბრის მუსიკაა და ეს სწორედ ისაა, რაც დემოკრატიას ესაჭიროება. მეორე ადამიანის აზრის მოსმენის სურვილი უნდა გქონდეს და უპასუხო მას. ამასთან ერთად, ჯაზი მოითხოვს, რომ შენ საკმარისი ინფორმაცია გაგაჩნდეს. ზუსტად იგივეს მოითხოვს დემოკრატიაც. უამრავი რამაა ისეთი, რაც უბრალოდ უნდა იცოდე. ჯაზში საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით აღწევ თანასწორობას. ზუსტად ასეთივე შანსი გაქვს დემოკრატიაშიც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას აუცილებლად მიაღწევ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ნამდვილად გეძლევა. დემოკრატიაში ხშირად მოვლენები შენს სასარგებლოდ შეიძლება არ განვითარდეს, არამედ განვითარდეს ისე, როგორც ამას უმრავლესობა მოითხოვს. მაშასადამე, უნდა გაყვე უმრავლესობას და საუკეთესო გამოწურო იმ სიტუაციიდან, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს... დემოკრატიის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალი ხარ. აქ ჩნდება კითხვა: «როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი თავისუფლება?», რაც ამავე დროს, ცენტრალური კითხვაა ჯაზში. დემოკრატიაში, ისევე როგორც ჯაზში, შეზღუდული თავისუფლება გეძლევა. ეს არა აბსოლუტური, არამედ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული თავისუფლებაა. კავშირი ჯაზსა და ამერიკულ გამოცდილებას შორის ღრმაა. დამიჯერეთ, ეს ჯაზის გული და სულია. სწორედ ამიტომაცაა ჯაზი მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომაც, ჯაზთან არასწორი მოპყრობის შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენი იდენტურობის დიდ ნაწილს ვკარგავთ. და ეს იმიტომ, რომ ხელოვნება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მითიურ რეპრეზენტაციას ანიჭებს, არ მიეწოდება ხალხს.“

უინთონ მარსალისი

ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ერთი რამ, რასაც ინტერვიუსათვის მზადების პერიოდში მივაქციე ყურადღება არის ის, რომ მუსიკაზე, საკუთარ შემოქმედებაზე და კოლეგებზე საუბრისას არ ცდილობთ ხოლმე, როგორც ეს ბევრ ჯაზმენს ჩვევია, ეზოტერული დეტალებით გაამდიდროთ მუსიკოსების ცხოვრება, საქმიანობა და ზოგადად მუსიკა. მაინტერესებს, მუსიკის ასეთი დე-მისტიფიკაციის მცდელობა არის თუ არა თქვენი, როგორც ბერკლის მუსიკალური კოლეჯის პროფესორის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი თუ ეს უბრალოდ თქვენი ბუნების ნაწილია?

ვფიქრობ, რომ მოვლენების საღად შეფასების მცდელობის სურვილი ჩემი ბუნების და ხასიათის ნაწილია და ეს მხოლოდ მუსიკას არ ეხება; უბრალოდ, ასე ვარ მოწყობილი. მუსიკაზე საუბრისას, არ ვცდილობ შეგნებულად გავაბუნდოვანო და ზედმეტად „გავასულიერო“ მუსიკის ფენომენი და მუსიკოსის საქმიანობა; ყოველთვის ვცდილობ, ნათლად და მარტივად დავანახო ადამიანებს ის, თუ რას და როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. უამრავ მუსიკოსს ვიცნობ, ვისგანაც, თუკი შეეკითხებით, თუ რას ფიქრობენ ამა თუ იმ კომპოზიციაზე, პასუხად ბუნდოვან და საიდუმლოებით მოცულ მოსაზრებას მიიღებთ. სხვათა შორის, ჩემი ეს უნარი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც გადავწყვიტე მასწავლებლობისათვის მომეკიდა ხელი (გარი ბართონი წლების განმავლობაში იყო ბერქლის მუსიკალური კოლეჯის ბოსტონის ფილიალის არამარტო პროფესორი, არამედ დეკანი და მოგვიანებით აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი - კ.თ). როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსები ჩემთან შეკითხვებით მოდიან, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ პასუხები სასარგებლო წინადადებებს და ინფორმაციას შეიცავდეს. თავიდან ეგრეთ წოდებული ქლინიქსებით, ანუ ინდივიდუალური სწავლების თითო-ოროლა გაკვეთილით დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ცოდნის გადაცემა კარგად გამომდიოდა. წარმატებულად ვახერხებდი მუსიკალური ინფორმაციის არტიკულირებას და ჩემი სამასწავლებლო კარიერაც ასე დაიწყო. მიმაჩნია, რომ ჩემი ერთ-ერთი მისია ცხოვრებაში ისაა, რომ ჩემს ფანებს და საერთოდ, მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს იმის გარკვევაში დავეხმარო, თუ როგორ „მუშაობს“ მუსიკა სინამდვილეში. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ეს საოცარი ენა, მუსიკალური ენა, გაგვაჩნია. ყველას უყვარს მუსიკა და, რა თქმა უნდა, არაა აუცილებლი, რომ ეს ჯაზი იყოს; მაგრამ თუ მუსიკოსი არ ხართ, მაშინ არ გეცოდინებათ, თუ როგორ „მუშაობს“ ის, რატომაა ის ასეთი სასიამოვნო, გადამდები და ასე შემდეგ. ყოველთვის ვცდილობდი ჩავწვდომოდი ამ ფენომენს და ადამიანებისათვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა.

ერთხელ აღნიშნეთ, რომ ვიბრაფონზე დაკვრის დაწყება ძალიან ადვილია; სულ რამდენიმე ხნის წინ კი, ჩიქ ქორეამ ვიბრაფონს პრიმიტიული ინსტრუმენტი უწოდა... მიუხედავად ამისა, ამ ინსტრუმენტს შესაშური მემკვიდრეობა აქვს; ლაიონელ ჰემფთონის, რედ ნორვოს, მილთ ჯექსონის და ქოლ ჯეიდერის სახელების ხსენება საკმარისი უნდა იყოს... როგორია ამ შედარებით ახალი ინსტრუმენტის დამკვიდრების ისტორია და როგორ ცდილობენ ახალგაზრდა ვიბრაფონისტები საოცრად მდიდარი მემკვიდრეობის დახვეწას და გამდიდრებას?

ვიბრაფონზე დაკვრა ჩემი მშობლების მეშვეობით დავიწყე. ქალაქში, სადაც ვიზრდებოდი, ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ვიბრაფონზე უკრავდა და გაკვეთილებსაც აძლევდა. მაშინ ექვსი წლის ვიყავი და ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით, ამ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ მე და ვიბრაფონი კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. მოგვიანებით კი, ყმაწვილკაცობაში, ჯაზი აღმოვაჩინე, რამაც ენთუზიაზმით ამავსო. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ვფიქრობდი ხოლმე, - ვიბრაფონი ხომ ჩემი პირველი ინსტრუმენტია; მის გარდა, სხვა არანაირ ინსტრუმენტზე დაკვრა არც კი მიცდია; რა იცი, იქნებ ჯობდა საყვირი მეცადა ან ფორტეპიანო? - ავიღე და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრასაც შევეცადე. საყვირით დავიწყე, რასაც ფორტეპიანო მოყვა, შემდეგ კი, სულ ცოტა ხნით, ფლეიტა... მაინტერესებდა, ისევე ბუნებრივად შევიგრძნობდი თუ არა ამ ინსტრუმენტებს, როგორც ვიბრაფონს... მოხდა ისე, რომ ისევ ვიბრაფონს დავუბრუნდი, ვინაიდან ეს ის ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რომელზე დაკვრაც ყველაზე ბუნებრივი იყო ჩემთვის. ბედს დავემორჩილე და გადავწყვიტე, რომ ეს ჭეშმარიტად საჩემო ინსტრუმენტი იყო. ვიბრაფონს საინტერესო ისტორია აქვს; ამ ინსტრუმენტზე არცთუ ისე ბევრი მუსიკოსი უკრავს და ის, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ ჯაზში გამოიყენება. ყველა ცნობილი ვიბრაფონისტი ჯაზმენი იყო. მისი ისტორია კი ლაიონელ ჰემფთონით დაიწყო. მან ვიბრაფონზე დაკვრა ამ ინსტრუმენტის გაჩენის თითქმის პირველი დღიდანვე დაიწყო 1930 წელს. თავისი პირველი ალბომი ჰემფთონმა 1931 წელს ჩაწერა და ინსტრუმენტის არსებობის საწყისი ათი წლის განმავლობაში ერთადერთი იყო, ვინც ამ ინსტრუმენტზე უკრავდა. მისმა საოცარმა პოპულარულობამ ინსტრუმენტიც პოპულარული გახადა. სხვათა შორის, ვიბრაფონის, როგორც მუსიკალური ინსტრუმენტის კონცეფცია საუკუნეებს მოიცავს. მაგალითისათვის საკმარისია აფრიკული მარიმბა ან მარიმბას ტაილანდური და ინდონეზიური ტიპები გავიხსენოთ; ვიბრაფონი მარიმბას გათანამედროვებული ვარიანტია. ვიღაცას გაუჩნდა იდეა, შეექმნა ქსილოფონის რკინის ვერსია და ენახა, თუ ამისგან რა გამოვიდოდა. აღმოჩნდა, რომ ახლადგამოგონებული ინსტრუმენტი კარგად მოერგო ჯაზს. ვიბრაფონს შერბილებული ზარის ბგერა აქვს, რომელიც განსაკუთრებით კარგად ეხამება ფორტეპიანოს, გიტარას და სხვა ინსტრუმენტებს; ის, ძირითადად, პატარა ბენდებში გამოიყენება. ჰემფთონი ერთადერთი იყო, რომელიც ვიბრაფონს ბიგ ბენდში იყენებდა, მაგრამ ის არ უკრავდა ბენდთან ერთად. ის ბენდის წინ იდგა და სოლირებდა, ხოლო ბენდი მას აკომპანემენტს უწევდა. მისი ვიბრაფონის ბგერა არ იყო ბენდის ინსტრუმენტული ნაწილი. ეს ერთერთი მიზეზია, რის გამოც ვიბრაფონისტთა უმრავლესობა პატარა ბენდებში ამჯობინებენ დაკვრას; ეს შეეხება მილთ ჯექსონს, რედ ნორვოს, ქოლ ჯეიდერს, ბობი ჰათჩერსონს და სხვათა შორის, მეც. ვიბრაფონის ისტორია კიდევ იმითაა უცნაური, რომ ყოველმა მომდევნო თაობამ ახალი ვიბრაფონისტი ვარსკვლავი შვა. თანმიმდევრობა ასეთი იყო: ჰემფთონი, ნორვო, ჯექსონი, ქოლ ჯეიდერი, და თერი გიბსი... შემდეგ მოვდივართ ბობი ჰათჩერსონი და მე. მე სამოცდასამი წლის ვარ, ბობი კი სამოცდაოთხის; ვფიქრობ, რომ დროა გამოჩნდნენ ახალი სახეები; დროა გამოჩნდნენ ორმოცი, ოცდაათი ან თუნდაც ოცი წლის ვიბრაფონისტები, რომლებიც ამ ინსტრუმენტის მეშვეობით სახელს გაითქვამენ... და რა თქმა უნდა, ვიბრაფონისტები არსებობენ, მაგრამ მათ შორის ჯერ-ჯერობით არცერთი მნიშვნელოვანი სახელი არაა. ეს კი ძალიან გასაკვირია! ზოგიერთი ჩემი მუსიკოსი მეგობარი მეკითხება ხოლმე, თუ რატომ მოხდა ეს ასე, მაგრამ ვერაფერს ვპასუხობ მათ. მიზეზები? არცერთი საამისო მიზეზი თავში არ მომდის. არავის ეგონოს, რომ მუსიკამ ზრდა და განვითარება შეწყვიტა; ეს ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. ახალგაზრდებში მართლაც არიან კარგი ვიბრაფონისტები, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა ვიბრაფონზე დაკვრის ახალი სტილის შექმნა. არადა, თუ მუსიკოსს უნდა, რომ სახელი გაითქვას, როგორც ჯაზმენმა, ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის ახალი ტექნიკა უნდა შესთავაზოს მსმენელს, ან ახალი მუსიკალური სტილი შექმნას, ან კი ორივე ერთად. ავიღოთ თუნდაც ჯონ ქოლთრეინი და ფეთ მეთენი. ორივემ ჯაზში ინსტრუმენტზე დაკვრის ახალი ტექნიკა და ახალი მუსიკალური სტილი მოიტანა. ახალგაზრდა ვიბრაფონისტთა შემთხვევაში კი ეს ასე არაა; ისინი ან ჩემსავით ჟღერენ ან ბობისავით, ან მილთ ჯექსონივით და ასე შემდეგ... მათ ჯერ საკუთარი ბგერა ვერ იპოვეს, საკუთარი ადგილი... ეს კი ჩემთვის ძალიან უცნაურია და დარწმუნებული ვარ, რომ ბობიც ჩემნაირად ფიქრობს. სად არის შემდგომი თაობა? ველოდებით. იცით კიდევ რას გეტყვით, შეიძლება ასეთი მდგომარეობა კიდევ იმიტომ შეიქმნა, რომ ვიბრაფონი ნაკლებად პოპულარული ინსტრუმენტია. ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტზე ასობით მუსიკოსი უკრავს, ის არაა ისეთი პოპულარული, როგორც ფორტეპიანო, რომელზეც ათასობით მუსიკოსი უკრავს. ვიბრაფონზე დაკვრა პროფესიის თვალსაზრისითაც პრობლემაა. ნებისმიერ ბენდს ესაჭიროება დრამერი, ბასისტი, პიანისტი ან გიტარისტი, მაგრამ არავის ჭირდება ვიბრაფონისტი. ასე რომ, თუ ვიბრაფონზე უკრავთ, თვითონვე უნდა შეეცადოთ გზის გაკვლევას და ამიტომაცაა, რომ ვიბრაფონისტთა უმრავლესობას საკუთარი ბენდები ყავთ, რომელთა ლიდერებიც თვითონვე არიან. ჩემი, როგორც ვიბრაფონისტის, პირველი სამუშაო ჯორჯ შირინგის ბენდში შედგა. მისი ბენდი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, სადაც ვიბრაფონი გამოიყენებოდა. დღეს კი არ ვიცი არცერთი ბენდი, სადაც ვიბრაფონი ფიგურირებს და რომლის ლიდერიც ვიბრაფონისტი არაა. ასე რომ, საკმაოდ რთულია იყო ვიბრაფონისტი და ჯაზში კარიერა გაიკეთო. ვიბრაფონისტისთვის არცთუ ისე ბევრი შესაძლებლობები იხსნება ამ მუსიკაში.

0x01 graphic

0x01 graphic

თქვენ და ჩიქ ქორეა უკვე 35 წელია თანამშრომლობთ და თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენი ყოველი შემდგომი შეხვედრა კიდევ ერთი პროექტი კი არაა, არამედ სამი ათეული წლის წინ დაწყებული პროცესის ნაწილია. როგორ ფიქრობთ, რატომაა ეს მრავალწლიანი ურთიერთობა მუსიკალური თვალსაზრისით დღემდე საინტერესო თქვენთვის?

ამ შეკითხვაზე ორ პასუხს გაგცემთ: პირველი ისაა, რომ ჩვენ სისტემატურად არ ვუკრავთ. დიახ, ყოველ წელს გამოვდივართ კონცერტებით, მაგრამ ლაპარაკია სულ რამდენიმე კონცერტზე, სადმე ფესტივალებზე; ხოლო ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტურნეში მივდივართ და როგორც ეს წელს მოხდება, მთელი წლის განმავლობაში ვმოგზაურობთ. თბილისი ჩვენი წლევანდელი ტურნეს ლამის საწყისი წერტილია. ტურნე შემდეგი წლის ზაფხულში დასრულდება. შემდეგ დავისვენებთ, მაგრამ ცოტ-ცოტას მაინც დავუკრავთ ხოლმე ყოველწლიურად; ისევ სადმე ფესტივალებზე. გარდა ამისა, ბევრი სხვა საქმითაც ვართ დაკავებული: გვყავს ჩვენ-ჩვენი ბენდი, გვაქვს ინდივიდუალური პროექტები და ასე შემდეგ. ასე რომ, ვინაიდან ჩვენ სისტემატურად არ ვუკრავთ ერთად, სიახლის შეგრძნების შენარჩუნებას ვახერხებთ. ვფიქრობ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ დუეტში რომ გვემუშავა, დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, ჩვენ-ჩვენი გზებით წავიდოდით. ეს ჩემი პირველი პასუხია თქვენს შეკითხვაზე. მეორე პასუხი კი ისაა, რომ ორივეს ერთმანეთთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი შეგვწევს; რა თქმა უნდა, მსგავსი ურთიერთობის დამყარების უნარი ყველა მუსიკოსთან გამაჩნია; ზოგ შემთხვევაში, თანხვედრის დონე მაღალია, ზოგიერთ შემთხვევაში კი - საშუალო. როგორც წესი, დიდებულ მუსიკოსებთან ერთად ვუკრავ ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერთან ერთნაირად კარგი მუსიკალური თანხვედრა მაქვს. ერთიდან ათამდე შკალაზე შემიძლია გითხრათ, თუ რა ურთიერთობა მქონდა ამა თუ იმ მუსიკოსთან; თანხვედრის დონე ზოგთან მეშვიდე ნიშნულს აღწევს, ზოგთან მეოთხეს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩიქთან მოხდა ის, რაც არცერთ სხვა მუსიკოსთან არ განმიცდია და ვიცი, რომ ისიც ასევე ფიქრობს. პირველად ერთად ბენდის ფორმატში დავუკარით. ნორმალურად გამოგვივიდა, მაგრამ ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული. შემდეგ კი დუეტი ვცადეთ და მოხდა რაღაც საოცრება... თითქოს წინასწარ ვიცოდი, თუ რას დაუკრავდა ჩიქი, ის კი თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. საოცარი თანხვედრა იყო! ყოველი ჩვენი შემდგომი შეხვედრისას, როდესაც ახალ მასალაზე მუშაობას ვიწყებთ ხოლმე, ეს შეგრძნება გვიბრუნდება. შეგრძნება ზესტად ისეთივეა, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს. მე მგონია, რომ სწორედ ეს თანხვედრაა, რაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში გვამყოფებს ერთად.

არადა, საკმაოდ ირონიულია ის, რომ თქვენც და ქორეაც თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდით დუეტის შესაძლებლობებს და რომ არა მანფრედ აიჰერის (პროდიუსერი და კომპანია ECM რეცორდს-ის დამაარსებელი. ქორეამ და ბართონმა სწორედ ECM-ში ჩაწერეს პირველი ალბომი. ..) სიჯიუტე, თქვენი დუეტი ალბათ არც კი შედგებოდა.

მან მხოლოდ ერთხელ მოგვისმინა. ისტორია ასეთია: 1972 წელს მიუნხენში, ჯაზ ფესტივალზე ჩავედით და ფრომოუთერებმა, ფესტივალის ფარგლებში, ჯემ-სეიშენის ჩატარება მოითხოვეს. ყველა მუსიკოსი უარზე იყო; მხოლოდ მე და ჩიქი დავთანხმდით. ეს რომ გაიგეს, ერთ-ერთი ფრომოუთერი ჩვენთან მოვიდა და გვკითხა, - რას აპირებთ, თქვენ ხომ მხოლოდ ორნი ხართ? - მოვიფიქრებთ რამეს, - ვუპასუხეთ. მოკლედ, სცენაზე გავედით, ერთი კომპოზიცია შევასრულეთ და მაყურებლის დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ. მანფრედმა იგრძნო, რომ ჩვენს შორის რაღაც აუხსელი რამ მოხდა, თითქოს ნაპერწკალმა იფეთქაო. გვითხრა, განავრცეთ ყველაფერი ის, რაც დღეს დაუკარით ალბომის ფორმატში და მაგარი მუსიკა გამოვაო. ჩიქი და მე კი სულ სხვანაირად, უფრო საქმიანად მივუდექით საკითხს: ვის რა ჯანდაბად უნდა ფორტეპიანო და ვიბრაფონი რითმ სექციის გარეშე? ვინ იყიდის ამ დისკს? რომელი რადიო არხი დათანხმდება ამ ეზოტერული მუსიკის ეთერში გაშვებაზე?... მოკლედ, ზედმეტად პრაქტიკულად მივუდექით საქმეს. ამგვარად, როგორც წესი, ხმისჩამწერი კომპანიები ფიქრობენ და არა მუსიკოსები. მაგრამ მანფრედი თავის აზრზე დარჩა: არა, - იმეორებდა ის, - ეს კარგი მუსიკა იქნება და აუცილებლად უნდა ჩაწეროთ დისკი ერთად. ის ყოველ სამ კვირაში ერთხელ, ჯიუტად აგრძელებდა რეკვას ხან ჩემთან, ხან - ჩიქთან და ბოლოს ვუთხარით: კეთილი, დისკს ერთად ჩავწერთ. სტუდიაში შევედით და მთელი დისკი ერთ დღეში ჩავწერეთ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი მოგვეწონა, მაინც ვეჭვობდი, რომ ამ დისკს ვინმე მიაქცევდა ყურადღებას. სულ მალე, საპირისპიროში დავრწმუნდი; დისკი გაყიდვაში გამოვიდა და ჩვენმა აგენტმა ზედიზედ რამდენიმე საკონცერტო მოპატიჟება მიიღო. პირველი კონცერტი მიჩიგანის ერთ-ერთ კოლეჯში ჩავატარეთ. ფეთ მეთენი იმ დროს ჩემს ბენდში უკრავდა და მითხრა: აუცილებლად წამოგყვები მიჩიგანში და კონცერტს დავესწრები, ვინაიდან ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თქვენ ორნი ერთად იდგებით სცენაზე მარტო და ამ სანახაობას ვერ გამოვტოვებ. მოკლედ, ის ჩვენთან ერთად წამოვიდა. არ მეგონა, რომ კონცერტს ბევრი მაყურებელი დაესწრებოდა, მაგრამ იქ რომ ჩავედით, აღმოჩნდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ათასობით ადამიანი მოვიდა კონცერტზე და მხოლოდ მათ დანახვაზე ჩამანათა, რომ მართლაც რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. ამის მერე კი ყველაფერი ისე აეწყო, როგორც საჭირო იყო, - სატელეფონო ზარები, მიპატიჟებები... ეს დღემდე ასე გრძელდება.

კონცერტზე ნამდვილად არცერთი არ გავხართ სინთეზატორებში, სემპლერებში და ხმის გამაძლიერებლებში ჩაფლულ ორ დიჯეის, ვის განკარგულებაშიც მუსიკალური მასალის და ხელოვნურად გენერირებული საუნდის ლამის ამოუწურავი რესურსია. ორივე ინსტრუმენტი, რომელზეც უკრავთ, აკუსტიკურია; ორივე კლავიშებიანია; ორივეს საკმაოდ რბილი საუნდი აქვს... როგორ ხსნით თქვენს ასეთ უწყვეტ წარმატებას ამდენი წლის განმავლობაში? რატომ იწვევს ასეთ დიდ ინტერესს თქვენი ნებისმიერი გამოსვლა?

0x01 graphic

ეს, ცოტა არ იყოს, ჩვენთვისაც ძნელი ასახსნელია. არადა, 15, 000 მსმენელის წინაშე დაგვიკრავს... ორი მუსიკოსი სცენაზე, რომლებიც აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე უკრავენ; სცენიდან კი გახედავ და ხედავ, რომ მთელი სტადიონი გადაჭედილია... მოკლედ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ ამ მოვლენის ახსნაც ორნაირადაა შესაძლებელი: პირველი ისაა, რომ ორივე ვირტუოზები ვართ და კონცერტებზე საინტერესოა ჩვენი მოსმენა და ყურება. ისინიც კი, ვინც მუსიკის ექსპერტები არ არიან, ხვდებიან, რომ უსმენენ დიდ მუსიკოსებს, ვინც მართლაც რომ კარგად ფლობს ინსტრუმენტებს. მგონია, რომ ისინი აგრეთვე იმასაც ხვდებიან, თუ როგორი აბსოლუტური თანხვედრაა ჩვენს შორის; რა თავისუფლად მოედინება მუსიკა ჩვენგან. დუეტი აბსოლუტურად განსხვავდება ბენდის კონტექსტისგან. ბენდში დაკვრა სხდომაზე გამართული დისკუსიასავითაა; ნებისმიერს ეძლევა საშუალება, დაკვრის დროს თავისი აზრი „გამოთქვას“. დანარჩენები კი, ჩვენი ჯერი რომ დგება, მათ ნათქვამს განვავრცობთ; ყველა რაღაცას უმატებს ერთმანეთის „ნალაპარაკევს“. ასე ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს ბენდში; ბენდის მუსიკა კოლექტიური ძალისხმევაა. რაც შეეხება დუეტს, ის უფრო ძმაკაცთან გულითად საუბარს გავს - როდესაც თქვენ საუბრობთ, დანარჩენები კი გისმენენ. ახლობელ ადამიანს რომ ესაუბრები, თითქოს წინასწარ იცი, თუ რა შეიძლება გიპასუხოს და ასეთ გულითად და თავისუფალ საუბარში იკვეთება სათქმელის არსი. დუეტის შემთხვევაშიც ასეა და სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩემთვის დუეტში დაკვრა უფრო საინტერესოა, ვიდრე ბენდში.

ეს უკვე თქვენივე ციტატაა: ზოგჯერ მგონია, რომ ის (ჩიქ ქორეა) მაიძულებს უფრო კარგად დავუკრა, ვიდრე სინამდვილეში შემიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩიქ ქორეაც იგივეს იტყოდა თქვენზე. შეგიძლიათ ამიხსნათ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ერთი მუსიკოსი უკეთესად აკვრევინებს მეორეს?

ვინმესთან საუბრისას ამბობ სათქმელს და ელოდები პასუხს; რიგრიგობით საუბრობთ. მუსიკალური გასაუბრების მთელი სილამაზე კი იმაშია, რომ ორივეს ერთდროულად შეგიძლიათ საუბარი. ასე ყალიბდება მუსიკალური ურთიერთობა. მე ვამბობ, ის მპასუხობს, ხოლო მე კი მის „ნათქვამს“ აკომპანემენტით ვუჭერ მხარს. შემდეგ კი, როდესაც მე გამოვთქვამ ჩემს აზრს, მისი ჯერი დგება, აკომპანემენტით რომ დამიჭიროს მხარი. ერთი სიტყვით, იმის მაგივრად, რომ მონაცვლეობით ვისაუბროთ, ორივე ერთდროულად ვლაპარაკობთ. ხშირად, როდესაც ვუკრავ, ჩიქი მოულოდნელად „შემომიგდებს“ ხოლმე აკომპანემენტით ახალ მიმართულებას; განსხვავებულ აკორდებს, რითმულ პატერნებს ან ჰარმონიულ სვლებს; ხოლო როდესაც ხვდება, რომ ამ შემოთავაზებებს ვღებულობ, ცდილობს ჩემი დაკრული გაამდიდროს და რაღაც თავისი დაუმატოს მას. მსგავსი რამ ძალიან მეხმარება ხოლმე დაკვრისას და მეტ სიმხნევეს და სიმამაცეს მმატებს. ასეთი ურთიერთობა ორივეს ნებისმიერ სხვა მუსიკოსთან დაკვრის დროს გვაქვს ხოლმე, მაგრამ ჩიქთან ეს ურთიერთობა სხვა განზომილებაშია გადასული; ის დაკვრისას მეხმარება, რომ მეტად გავრისკო; სხვა დროს, როგორც წესი, ასე არ ვიქცევი ხოლმე, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მისგან ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ, ვიცი, რომ ყველაფერს შევძლებ, რასაც ჩავიფიქრებ. და ეს ნებისმიერი ჩვენი კონცერტის დროს ასეა.

არაერთხელ გითქვამთ, რომ მუსიკის კეთების დროს, ჯაზ-ბენდებისთვის უცხოა საქმისადმი კომუნისტური მიდგომა, სადაც ყველა მუსიკოსი ერთად იღებს გადაწყვეტილებას. სინამდვილეში კი, ამა თუ იმ მუსიკალური პროექტის წარმატებას ძირითადად ბენდის ლიდერის ხედვა და კონცეფცია განაპირობებს; დანარჩენები მას ემსახურებიან. საინტერესოა, თუ როგორ ნაწილდება ეს ფუნქციები ორი დიდი მუსიკოსის მრავალწლიანი თანამშრომლობის შემთხვევაში...

ეს წარმატებული ქორწინებასავითაა, როდესაც ორი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ არის რაღაცეები, რაც ერთმა მეორეზე უკეთესად იცის და პირიქით; მე და ჩიქს სწორედ ასეთი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ორივე ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, როგორც მუსიკოსებს და როდესაც ახალ მასალაზე ვმუშაობთ, ორივე ბოლომდე ვენდობით ერთმანეთს. არასდროს არ ვეჯიბრებით ერთმანეთს იმაში, თუ ვის ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვა და ვინაა ჩვენს შორის ბოსი. რეპეტიციებზე იდეებს ვცვლით: - მოდი, ეს ვცადოთ; ან, უფრო ნელი ტემპი ხომ არ აჯობებდა? და ასე შემდეგ. ერთმანეთის წინადადებების და შეთავაზებების მიღებისას, ორივე კომფორტულად ვგრძნობთ თავს და ეს ყველა მუსიკოსის შემთხვევაში ასე არაა. ორივეს ერთი და იგივე მუსიკალური წარსული გვაქვს; ჩიქი ბოსტონში გაიზარდა; მე კი სკოლა იქ დავამთავრე. ორივეს ერთი და იგივე მასწავლებლები გვყავდა, ერთი და იგივე მუსიკოსებთან ვუკრავდით ახალგაზრდობაში და ორივე თითქმის ერთდროულად გადავედით ნიუ იორკში საცხოვრებლად. ორივე სთენ გეცის ბენდში ვუკრავდით; ორივე ერთ მუსიკალურ ერას ვეკუთვნით და რაც მთავარია, ორივე კლავიშებიან ინსტრუმენტებზე ვუკრავთ.

0x01 graphic

ამიტომაც, გასაკვირი არაა, ტყუპებივით რომ ვფიქრობთ. ჩვენში არის რაღაც, რამაც ერთმანეთთან ურთიერთობა ორივეს ძალიან გაგვიადვილა; ხოლო ერთადერთი, რაც მაკვირვებს ისაა, რომ უკვე 35 წელია, ერთად ვუკრავთ. საერთოდ, მუსიკალურ სამყაროში აბსოლუტურად ნორმალურია, რომ დროთა განმავლობაში, ადამიანები იცვლებიან, იზრდებიან და რაღაც მომენტში, მათი გზები იყრება. მე 21 წლის განმავლობაში ვუკრავდი სთივ სუალოუსთან, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი გზები გაიყარა. მსგავსი რამ ხშირად მოსდით მუსიკოსებს და ძალიანაც რომ მოვინდომო, მხოლოდ რამდენიმე საპირისპირო მაგალითის დასახელებას თუ მოვახერხებ: Modern Jazz Quartet-ის წევრები 42 წლის განმავლობაში უკრავდნენ ერთად; დიუქ ელინგთონის ბენდი თითქმის 50 წელი არსებობდა... მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია; უმეტესწილად კი, მუსიკოსები იცვლებიან, იზრდებიან და სხვადასხვა გზით მიდიან. ჩემი და ჩიქის ურთიერთობის ათი წლის თავზე, ორივე ვფიქრობდით, - ჰეი, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი? დროდადრო ვიმეორებდით ხოლმე ამ სიტყვებს, მაგრამ 25 წლის შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ისევ ერთად ვართ. დღეს ჩვენი დაშლა უკვე გვიანაა და ამიტომაც ალბათ ბოლომდე გავაგრძელებთ.

გრძელვადიან ტურნეში ყოფნის დროს, ხდება თუ არა, რომ უეცრად გადააწყდებით რაღაც ახალ მუსიკალურ იდეას, რომლის გავრცობასაც შემდეგი კონცერტის დროს ცდილობთ ხოლმე? თქვენ თბილისში პორტუგალიიდან ჩამობრძანდით; მოხდა თუ არა ლისაბონში კონცერტის დროს ისეთი რამ, მუსიკალური თვალსაზრისით, რასაც თქვენ აქ, თბილისში შეეცდებით, რომ განავრცოთ და განავითაროთ?

ალბათ არა. ტურნეს დაგეგმვისას, უკვე ვიცით, რომ ესა თუ ის კომპოზიცია შესაძლებელია შეიცვალოს ან განსხვავებულად დავუკრათ. რისკზე მხოლოდ ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციების შესრულებისას მივდივართ ხოლმე და იმპროვიზაციის მეშვეობით, ამა თუ იმ კომპოზიციის სიღრმეში შეღწევას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ყოველ ახალ ტურნეში ახალ კომპოზიციებსაც ვუკრავთ, მაგრამ, როგორც წესი, გიგანტურ რისკზე არ მივდივართ ხოლმე. იმპულსურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, - მოდი, დღეს მხოლოდ თელონიუს მონქის კომპოზიციები დავუკრათ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ - მხოლოდ კლასიკური ნაწარმოებები. ჩვენ ვეძებთ და ვპოულობთ იმ კომპოზიციებს, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ „მუშაობს“. ამ მხრივ, კონცერტზე ორიენტირებული მუსიკოსები ვართ; იდეალური კონცერტის ჩატარება გვინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირჩევთ იმ მასალას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, კონცერტის დროს თავდაჯერებულები ვიყოთ; ვეძებთ იმ მასალას, რომელიც კარგი მუსიკალური პროგრამის აწყობის საშუალებას მოგვცემს. ამავე დროს, შერჩეული კომპოზიციების ფარგლებში, უარს არ ვამბობთ ექსპერიმენტებზე. ზოგჯერ ძალიან კარგად არ გამოგვდის; ასეთებიც ხდება ხოლმე, მაგრამ რას იზამთ, ასეთია იმპროვიზაციის ბუნება. ყველაფერი ეს კომიკოსების შემთხვევას მაგონებს. ისინი ერთი და იგივე ანეგდოტებს ყოველ საღამოს ერთნაირად არ ყვებიან. ისინი პროგრამას მაყურებლის რეაქციის მიხედვით აგებენ. ზოგჯერ უფრო გრძლად ყვებიან ისტორიებს, ზოგჯერ - მოკლედ; ზოგჯერ ინტონაციებს და აქცენტებს ცვლიან ან, სულაც, ახალ იდეას სინჯავენ. ზოგჯერ ანეკდოტების თანმიმდევრობას ცვლიან და ასე შემდეგ. მოკლედ, ისინი საკუთარს ინსტინქტებზე დაყრდნობით მოქმედებენ. და აქ მთავარი ისაა, რომ ისინი სცენაზე სრულიად მოუმზადებლები არასდროს გამოდიან და უტიფრად არ თხოვენ მაყურებელს - გაიცინეთო... მათ ხუმრობების საკუთარი კოლექცია აქვთ და ამ ისტორიებს და ანეკდოტებს ისინი გამუდმებით ხვეწენ. ჩვენც ასევე ვმუშაობთ; ჩვენც გაგვაჩნია კომპოზიციების კოლექცია. რა თქმა უნდა, არ ვიცით, თუ როგორ დავუკრავთ ამა თუ იმ კომპოზიციას მანამ, სანამ არ გვეცოდინება, თუ როგორ მოვარგებთ კომპოზიციებს ერთმანეთს და კონკრეტულ მსმენელს. ამის გამო, ყოველი კონცერტი ერთმანეთისგან განსხვავებულია. რისკიანი ადამიანი არ ვარ. პირიქით, საკმაოდ ფრთხილი ვარ. ჩიქი ბევრად უფრო რისკიანი მუსიკოსია, მე კი - შედარებით კონსერვატული. მიუხედავად ამისა, ჩემს კარიერას რომ გადავავლებ ხოლმე თვალს, აღმოვაჩენ, რომ სხვადასხვა დროს, სერიოზულად რისკიანი ნაბიჯებიც გადამიდგამს. მაგალითად, პირველად ის მუსიკა დავუკარი, რაც დღეს „ფიუჟენის“ სახელითაა ცნობილი, მაგრამ მაშინ სრულიადაც არ მიმაჩნდა, რომ რისკზე მივდიოდი. დღევანდელი გადასახედიდან კი მიკვირს, რომ ეს გავაკეთე. არადა, ვიცნობ ბევრ მუსიკოსს, ვინც ჩემზე ბევრად სპონტანური და ველურია. ძირითადად, ფრთხილი ადამიანი ვარ.

ხშირად ამბობენ, რომ კარგი მუსიკა იმ დროის ანარეკლია რომელშიც ის იქმნებოდა. როგორ გესმით ეს აზრი ინსტრუმენტულ იმპროვიზებულ მუსიკასთან მიმართებაში?

რა თქმა უნდა, სიმღერების შემთხვევაში სიტყვები გვიხსნიან, თუ რაზეა სიმღერა. რაც შეეხება ინსტრუმენტულ მუსიკას, შენ უსმენ იმას, თუ რა ხდება შენს გარშემო, მუსიკალური თვალსაზრისით და ამ ზეგავლენას შენსავე სასარგებლოდ იყენებ. ეს განსაკუთრებით ასეა იმპროვიზატორების შემთხვევაში, ვინაიდან მუსიკას ყოველდღიურად ახალი ინტერპრეტაციით ვუკრავთ. სრულიად განსხვავებულად ვუკრავ დღეს ამა თუ იმ კომპოზიციას, ვიდრე ოცი წლის წინათ ვუკრავდი. ეს იმიტომ, რომ ამ კომპოზიციის სხვა მუსიკალური ვერსია მოვისმინე და მომეწონა, თუ როგორი საინტერესო ჰარმონია გამოიყენა სხვა მუსიკოსმა, ამავე კომპოზიციის ინტერპრეტაციისას. აგრეთვე, თუ რომელიმე კომპოზიციის ლათინო-ამერიკული ვერსია მომეწონა, შევეცდები ეს კომპოზიცია „გავალათინურო“ და თუ ადრე მას „ვასვინგებდი“, ახლა „ვალათინურებ“. ღრუბელივით ვისრუტავთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ყველაფერი ეს შესრულების, მუსიკის წერის და იმპროვიზაციის მანერაზეც ზეგავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ახალგაზრდობაში ადამიანები უფრო კრეატიულები და ინოვატორები ვართ; ეს ყველაფერი წლებთან ერთად კლებულობს. რას იზამ, ასეა ადამიანი მოწყობილი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენი მუსიკა დღევანდელობას ასახავს. რა თქმა უნდა, ის ამას ახალი ამბების დონეზე არ აკეთებს, მაგრამ სამაგიეროდ, ეპოქის განწყობას და ხასიათს ასახავს. უკანასკნელი ხუთი-ათი წლის განმავლობაში, ზედმეტად დაძაბულ და კონფლიქტურ დროში გვიწევს ცხოვრება და მგონია, რომ მუსიკა და, ზოგადად, ხელოვნება ამ განწყობას ასახავს. ყველაფერი ეს უდავოდ ახდენს ზეგავლენას იმ მუსიკაზე, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუკვალურად ვცდილობთ, ჩვენი ეპოქისათვის ქაოტურები ვიყოთ, მაგრამ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს გარშემო არსებულ საუნდს და ჩვენს მუსიკაზე ის უდავოდ ახდენს ზეგავლენას.

როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია, რომ მსმენელს ბოლომდე ესმოდეს თქვენი საწყისი ჩანაფიქრი და ინტენციები?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ მუსიკის ენას რაც შეეხება, - და მუსიკა ნამდვილად არის ენა, - არის ის, რომ ის არაა ენა, რომლის ფუნქციაც სახელდებაა. მუსიკა არ ამბობს, ეს ჭიქაა. მუსიკის ენა განზოგადების და გრძნობების ენაა. ის ენაა, რომელიც გრძნობებს და ფერებს ასახავს. ჩვენთვის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ორი ტიპის მსმენელი გვყავს: პირველ ტიპს ესმის მუსიკის ენა. მაგალითად, მუსიკის სმენისას, კარგად ვერკვევი მოსმენილის ტექნიკურ ასპექტში. აი, თქვენ ხომ ჟურნალისტი ბრძანდებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კითხვისას, წინადადების წყობაში, გრამატიკაში და ასე შემდეგ უნდა ერკვეოდეთ; მოყვარული მკითხველივით არ უნდა კითხულობდეთ; უნდა იცოდეთ, თუ როგორ იწერებოდა ესა თუ ის ნაწარმოები და ეს ცოდნა, იმის გამო, რომ პროფესიონალი ხართ, ბუნებრივადაა თქვენში. ამ ტიპის მსმენელი ჩვენი აუდიტორიის დაახლოებით ხუთ პროცენტს შეადგენს. დარჩენილი ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი კი სულ სხვა დონეზე აღიქვამს მუსიკას. ისინი საუნდის დინების ცვალებადობას აფიქსირებენ, - აი, აქ დინება შენელდა, აქ უფრო ხმამაღალი გახდა, აჩქარდა და თუ აქამდე კომპოზიცია ჰარმონიულად მდიდარი იყო, ახლა ის უფრო გახსნილი და მინიმალისტურია, ახლა მელოდია შეიცვალა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ამგვარად აღქმული, ადამიანის განწყობაზე და გრძნობებზე მოქმედებს და მსმენელი საკუთარ აზრს დებს მოსმენილში. ჩემთვის არაერთ მსმენელს უთქვამს, თუ რას ფიქრობენ ამა თუ იმ კომპოზიციაზე და, როგორც წესი, მათი აზრი ძირფესვიანად განსხვავდება ჩემი საწყისი ჩანაფიქრისგან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ხომ რაღაცნაირად მაინც აღიქვეს ეს მუსიკა? იცით, ყველაფერი ეს რას მაგონებს? ხომ გინახავთ ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი კატა, როგორ ადევნებს თვალყურს ქუჩის მოძრაობას? კატამ არ იცის, რომ აი, ის მანქანა სამრეცხაოს ეკუთვნის, და რომ ის ყვითელია, წითელია, მწვანეა და ასე შემდეგ. მაგრამ ის მაინც ზის და რაღაცას უყურებს. ჩვენი მსმენელიც ასეა, ისინი გვისმენენ, თუ როგორ ვირჩევთ ფერებს, განწყობებს, ტემპს, რიტმს და ყველა თავისებურად აღიქვამს ამას. ჩვენი, როგორც მუსიკოსების მისია კი ისაა, რომ ჩემს მიერ ნახსენები ორივე ტიპის მსმენელისთვის თანაბრად კარგად დავუკრათ; გვინდა, რომ მუსიკოსებმაც და არამუსიკოსებმაც კარგად გაგვიგონ. ჯაზის ყველა დიდი ლეგენდა ასე იყო. ქოლთრეინი და მაილზ დევისი ისე შეუმჩნევლად და დახვეწილად აკეთებდნენ ამას, რომ თვით ის ადამიანებიც კი, ვისაც მუსიკის არაფერი გაეგება, უსმენენ და იგებენ მათ მუსიკას. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა. არ აქვს მნიშვნელობა, ესმის თუ არა ჩემი მუსიკა მსმენელს, როგორც პროფესიონალს, თუ მხოლოდ ინტუიციურად აღიქვამს მას.

ჯერ ისწავლე, შემდეგ კი დაივიწყე ნასწავლი. ჯაზმენები ხშირად ეუბნებიან ხოლმე მსგავს ფრაზებს ახალგაზრდა მუსიკოსებს. რამდენად ძნელია და აუცილებელია ნასწავლის დავიწყება დამწყები მუსიკოსისთვის?

ეს სწორი რჩევაა. ჩვენ სტუდენტებს ვეუბნებით, - გამუდმებით ისწავლე და ივარჯიშე დაკვრაში, შემდეგ კი გადი სცენაზე და დაივიწყე ის, რაც ისწავლე. თუ მთელ ყურადღებას შესრულების ტექნიკაზე გადაიტანთ, სპონტანურობას დაკარგავთ. ჩვენ ორი რამის ბალანსირება უნდა მოვახერხოთ, - ესაა სერიოზული და დამღლელი აუცილებელი რუტინა, რომლის გარეშეც, საკუთარი იდეების ხორცშესხმას, სპონტანურობასთან, თავისუფლებასთან და კრეატიულობასთან შერწყმას ვერ მოვახერხებთ. როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსი ხარ, რაღაც მომენტში, უნდა გაბედო, მიენდო საკუთარ ინტუიციას და ზღვარს გადააბიჯო. ჩვენ, მუსიკოსები მთელ ცხოვრებას იმის ცდაში ვატარებთ, რომ ეს ორი ერთმანეთის გამომრიცხავი რამ დავაბალანსოთ. მსგავსი პრობლემის წინაშე ათლეტები და მსახიობებიც დგანან; ისინი უნდა იყვნენ სპონტანურები და, ამავე დროს, შეძენილი ცოდნის მარწუხებს გაექცნენ. ვვარაუდობ, რომ სწორედ ამის გამო აქვთ ხელოვან ადამიანებს პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან. ისინი რუტინის მარწუხებიდან თავის დაღწევის საშუალებად ნარკოტიკებს და ალკოჰოლს აღიქვამენ; ჩვენ იმიტომ ვსვამთ და ვკაიფობთ, რომ საკუთარ თავს შევახსენოთ - თავისუფლები ვართ. მე მგონია, რომ სწორედ ამით აიხსნება არტისტების გიჟური საქციელიც და ეს განსაკუთრებით იმ არტისტებს ეხება, ვინც დროში ქმნის. მწერალს და მხატვარს ყოველთვის შეუძლიათ დაუბრუნდნენ ნაწარმოებს და შეცვალონ ის, რაც არ მოწონთ. მე კი ჩემი მუსიკა ზუსტად რვა საათზე უნდა დავუკრა, ორი საათის განმავლობაში და არ აქვს მნიშვნელობა, რომ შეიძლება ამ დროს ან გაციებული ვიყო, ან კიდევ რამე სხვა.. ეს უნდა გავაკეთო, მორჩა და გათავდა. აი, ასე სწავლობ საკუთარი თავის გამხნევებას და მომართვას კონცერტების წინ. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, შენ სწავლობ. მსმენელის გარეშე, ძალიან არაშთაგონებული ადამიანი ვხდები. მსმენელის გარეშე, დაკვრაში არ ვვარჯიშობ. ვერაფერი მაიძულებს ინსტრუმენტთან მისვლას, როცა სახლში მარტო ვარ, და ეს იმიტომ, რომ ამ დროს არავინ მისმენს. გამონაკლისი მხოლოდ ახალი მასალის შესწავლის მომენტია. არასდროს ვუკრავ სახლში იმ კომპოზიციებს, რომლის დაკვრაც უკვე ვიცი.

დიდი დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ თქვენსავე არაცნობიერს მინდობოდით?

რაც უფრო გადის დრო, სულ უფრო და უფრო ენდობი საკუთარ თავს. სადღაც ოცი წლის ასაკში გავაცნობიერე ეს, შემდეგ კი წლების განმავლობაში ვუკრავდი ჯაზს და მივხვდი, რომ დაკვრისას თითქოს მუსიკაში „ვიკარგებოდი“, იმის მაგივრად, რომ მეფიქრა, თუ როგორ დამეკრა მუსიკა. რაღაც მომენტში, უბრალოდ შევწყვიტე ამაზე ფიქრი, მივყევი მუსიკის დინებას და დადგა მომენტი, როდესაც უკვე გვერდიდან ვუყურებდი ვიბრაფონთან მდგარ გარი ბართონს. ჩემი არაცნობიერი სულ უფრო და უფრო დომინირებადი ხდებოდა. რომელ გამოცდილ მუსიკოსსაც არ უნდა კითხოთ, არავინ გეტყვით, რომ დაკვრისას აკორდებზე და გამებზე ფიქრობენ. ისინი იტყვიან, - მე უბრალოდ ვცდილობ დავინახო ან შევიგრძნო მუსიკა. დაკვრისას არაფერზე არ ვფიქრობ. ხშირად, კონცერტის დროს, ჩემს თავს იმაზე ვიჭერ, რომ ძალიან უცნაურ რამეებზე ვფიქრობ ხოლმე; ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, მეგობართან გუშინდელ საუბარზე ან ჩემს წინ მჯდომ ქალზე, რომელსაც სასაცილო ქუდი ახურავს. ამასობაში კი, დაკვრას ვაგრძელებ, ვინაიდან პასუხისმგებლობის 90%25 ჩემს არაცნობიერს აქვს აღებული. ერთი მდგომარეობიდან მეორეში მსგავსი გადასვლა, იმ შემთხვევაში, თუ დაკვრას ადრეულ ასაკში იწყებ, როგორც წესი, ხუთიდან ათ წლამდე ხდება ხოლმე.

ქით ჯარეთმა ერთხელ განაცხადა, რომ ჯაზი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ხელოვნების ფორმაა, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს ასწავლო, თუ როგორ იყოს სპონტანური. როგორ ფიქრობთ, ეს ასეა? არსებობს თუ არა სპონტანურობის შესწავლის რაიმე ტექნიკა?

პრინციპში ვეთანხმები. როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ ადამიანებს შეასწავლოთ მუსიკის მექანიკა, მაგრამ არა ის, თუ როგორ გახდნენ ნიჭიერები. მოდით, ისევ ენას დავუბრუნდეთ. მე შემიძლია ვასწავლო ინგლისური, თუ ინგლისურის მასწავლებელი ვარ, მაგრამ ვერ ვასწავლი, თუ როგორ უნდა გახდე დიდი ორატორი ან კომიკოსი. ადამიანს ორატორობის ნიჭს ვერ ჩავუნერგავ. დღეს ტელევიზორში ერთ პოლიტიკოსს ვუსმენდი და ვფიქრობდი, - ჰოო, ამ ტიპს ორატორობის საოცარი ნიჭი აქვს! მიუხედავად იმისა, რომ ყველას შეგვიძლია საუბარი, არიან ისეთებიც, ვისაც კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვთ. რა თქმა უნდა, ნიჭის დახვეწა აუცილებელია, მაგრამ პირველ რიგში, ეს ნიჭი უნდა გქონდეთ. იმპროვიზატორების შემთხვევაშიც ასეა. ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია იმპროვიზება, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი იმპროვიზატორი რომ გახდე, სხვა რამ გესაჭიროება. არავითარი საიდუმლო სწავლებები არ არსებობს, თუ როგორ გახდე დიდი მუსიკოსი. მხოლოდ მუსიკის მექანიკის შესწავლაა შესაძლებელი... იგივე ეხება კომპოზიციის უნარსაც; შეგიძლიათ შეისწავლოთ კომპოზიციის მექანიკა, თემის განვითარების ტექნიკა და ასე შემდეგ, მაგრამ ნიჭი გესაჭიროებთ იმისთვის, რომ დასრულებული პროდუქტი ნამდვილი ხელოვნების ნაწარმოები გახდეს. ამიტომაცაა ათას მუსიკოსში მხოლოდ ოცი ან ოცდაათი თუ აღწევს მართლაც რომ უმაღლეს მწვერვალებს.

თქვენ ხართ მუსიკოსი, განმანათლებელი და ამ ორიოდე წლის წინ, მოულოდნელად რადიოს დიჯეიც გახდით. არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეს მეც მოვკიდო ხელი. რაიმე რჩევა ხომ არ გაქვთ დამწყებებისთვის?

რჩევები საჭირო არაა; თქვენ თვითონ კარგად გაართმევთ თავს ამ საქმეს... ისე კი, ნებისმიერი ჯაზმენი ორ რამეზე ოცნებობს, - პირველი, ქონდეს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია იმისთვის, რომ როდესაც მოესურვება, მაშინ ჩაწეროს დისკი და მეორე, მოხვდეს მიკროფონის მეორე მხარეს. წლების განმავლობაში იმდენი რადიოარხი ატრიალებს ჩვენს მუსიკას და იმდენი დრო მიდის რადიოინტერვიუებში, სადაც საკუთარ მუსიკაზე ვსაუბრობთ, რომ ყოველთვის მიგვაჩნია - ძალიან კარგი იქნებოდა, მიკროფონის მეორე მხარეს მოვხვედრილიყავით და ის მუსიკა გვეტრიალებინა, ჩვენ რომ მოგვწონს. ორი წლის წინ, ერთ-ერთმა არხმა დამპატიჟა და არხის დირექტორი შემეკითხა, ოდესმე დიჯეობა თუ მიცდია. ვუთხარი, რომ არა, მაგრამ როგორც მუსიკოსების უმრავლესობას, მეც მეგონა, რომ ეს ჩემთვის გართობის კარგი საშუალება იქნებოდა. დირექტორმა შემომთავაზა, რომ მეცადა და აი, უკვე მეორე წელია, რაც რადიოს დიჯეი ვარ. ამას კვირაში ერთხელ ვაკეთებ და არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს მსოფლიოს რომელ კუთხეში ვიმყოფები. შემდეგ შოუს მოსკოვიდან გადავცემ. სულ თან დავატარებ პატარა ციფრულ რექორდერს და მიკროფონს. რადიოარხის ოფისს ნიუ იორკში ტექსტს ინტერნეტით ვაწვდი. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ოცდაოთხამდე მოკლე განცხადებას ვასწრებ. როგორც წესი, პროგრამის დირექტორთან ერთად ვმუშაობ ხოლმე, თუმცა ეთერში გასაშვები მუსიკის სიას მხოლოდ მე ვადგენ. შემდეგ კი, ის თანმიმდევრობას აწყობს და შუალედებში ჩემს ტექსტებს უმატებს. პროგრამის დროს, ძირითადად, იმ კომპოზიციაზე ვსაუბრობ, რომელიც ეს-ესაა გაისმა და, რა თქმა უნდა, მომდევნო კომპოზიციაზე. როდესაც, ვთქვათ, სონი როლინზიდან ჩარლი მინგუსზე გადავდივარ, მსმენელს ვუყვები, თუ როგორ იჩხუბეს მინგუსმა და ჯონ ლუისმა კარნეგი ჰოლში კონცერტის შემდეგ, იმ პერიოდში, როდესაც მინგუსთან ვუკრავდი. ტექსტებს, ძირითადად, ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით ვწერ ხოლმე, პროგრამა კი კვირაობით გადის... არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად ვერთობი. გარდა ამისა, ეს ჩემი პოპულარობის ასამაღლებლადაც კარგია, ვინაიდან პროგრამა მთელ ამერიკას და კანადას მოიცავს.

არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში მცხოვრებ ჯაზის მოყვარულთა დიდმა ნაწილმა სწორედ რადიოს მეშვეობით შეიყვარეს ჯაზი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე პოპულარული დიჯეის, უილის ქანოვერის გვარს გავიხსენებდი...

დიახ, ვიცი. როდესაც მოსკოვში პირველად ჩავედი, 1981 წელს ბევრი ადგილობრივი მუსიკოსი მეუბნებოდა ამას.

რენტგენის სურათებზე ჩაწერილი მუსიკის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე?

არა.

არ ვიცი, თუ როგორ აკეთებდნენ ამას ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ იყვნენ ადამიანები, ძირითადად ჯაზის მოყვარულები, რომლებიც ჯაზურ კომპოზიციებს რენტგენის სურათებზე იწერდნენ. მე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი ასეთი დისკი. წარმოიდგინეთ, იღებთ რენტგენის სურათს და უყურებთ ვიღაცის გულს, ფილტვებს, კუჭ-ნაწლავს... მოკლედ, გგონიათ, რომ ეს რენტგენის უბრალო სურათია, მაგრამ საკრავზე დადებ და უეცრად ქოლ-თრეინის რომელიმე კომპოზიცია გესმით.

მეშაყირებით?

რა თქმა უნდა, არა; ეს სრული სიმართლეა.

ღმერთო ჩემო, ეს რა გავიგე?! აუცილებლად უნდა მოვუყვე ჩიქს ეს. ესე იგი, რენტგენის სურათების მეშვეობით, აქ ჯაზს უსმენდნენ? საოცრებაა, ამის დედაც ვატირე!

/ინტერვიუს ინგლისური ვარიანტი იხილეთ:
www.easternpromotion.com/

14 ფამუქების სახლი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

0x01 graphic

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი,
ოქტომბერი, 2005

ორჰან ფამუქი - პირველი თურქი მწერალი, რომელიც 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

ავტორი: ორჰან ფამუქი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუხიშვილმა

©Orhan Pamuk
Originally Published in the New Yorker

ყველანი ერთ ხუთსართულიან სახლში ვცხოვრობდით, სხვადასხვა სართულებზე განთავსებულ ბინებში - დედაჩემიც, მამაჩემიც, ჩემი უფროსი ძმაც, მამაჩემის დედა, ჩემი ბიძები და დეიდები. სანამ დავიბადებოდი, ოჯახის ყველა წევრი (ოტომანთა დიდი ოჯახების მსგავსად) თურმე ერთად სახლობდა, ერთ უზარმაზარ ქვის შენობაში. 1951 წელს ოჯახმა ეს შენობა კერძო საშუალო სკოლას მიაქირავა და თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აიშენა. ტრადიციას არ უღალატეს და ფასადზე ამაყად ჩამოკიდეს დაფა, წარწერით - „ფამუქი“. ჩვენ ბინა მეოთხე სართულზე გვქონდა, მაგრამ ცოტა რომ წამოვიჩიტე და დედის კალთიდან გადმოვხოხდი, მთელი სახლი შემოვირბინე. ყველა სართულზე ერთი პიანინო მაინც იდგა. როდესაც ბიძაჩემმა ცოლი მოიყვანა და მასთან ერთად პირველი სართულის ბინაში გადმოვიდა (მას შემდეგ, ამ ქალს სახლიდან ფეხი არ გაუდგამს და ნახევარი საუკუნე ფანჯარასთან გაატარა), ცოლმა თავისი პიანინოც მოიყოლია, თუმცა ამ პიანინოზე არასოდეს არავის დაუკრავს, არც ამაზე და არც სხვებზე.

ყველა ბინაში იდგა შემინული კარადაც, სადაც გამოფენილი იყო ჩინური ფაიფური, ჩაის ფინჯნები, ვერცხლის ნივთები, საშაქრეები, საბურნუთეები, ბროლის კოლოფები, ვარდის წყლის დოქები, თეფშები, სუნამოს ჭურჭელი... ამ ნივთებს არავინ ეკარებოდა. ზოგჯერ აქ პატარა მანქანების სამალავს თუ მოვაწყობდი ხოლმე. ოთახებში იდგა სადაფით დაფარული უხმარი მაგიდები, ჩალმების თაროები, სადაც ჩალმებს არ ალაგებდნენ... იქ, ბიბლიოთეკაში, შუშის მიღმა იმტვერებოდა ბიძაჩემის სამედიცინო წიგნები: ოცი წელია, რაც ბიძა ემიგრაციაში ამერიკაში წასულიყო და მას შემდეგ, ამ წიგნებისთვის ხელი არავის უხლია. ჩემი ბავშვური ჭკუით, ეს ოთახები ცოცხლებისთვის კი არა, მიცვალებულებისთვის იყო განკუთვნილი.

როცა ბებიას მოვერცხლილ სკამებზე სწორად არ ვისხედით, ის შენიშვნას გვაძლევდა: „გასწორდით და ისე დასხედით!“ სასტუმრო ოთახებში კომფორტულად ვერასოდეს იგრძნობდი თავს, ეს ოთახები პატარა მუზეუმებს ჰგავდა, რომლებიც მარტოოდენ სტუმრებისთვის იყო გათვლილი, იმის საჩვენებლად, რომ სახლის პატრონები გაევროპელდნენ. ისინი, ვინც რამადანის მარხვას არ იცავდნენ, ამ შუშის განჯინებსა და მკვდარ პიანინოებს შორის, ალბათ ცოტა უფრო მეტად განიცდიდნენ სინდისის ქენჯნას, ვიდრე ის ადამიანები, ფეხმორთხმით რომ ისხდნენ ბალიშებითა და დივანებით გაძეძგილ ოთახში. მართალია, ყველამ იცოდა, რომ გადასავლურება ისლამის კანონებიდან გათავისუფლებას ნიშნავდა, მაგრამ დანამდვილებით არავინ უწყოდა, სხვა რამე კარგსაც თუ გვიქადდა. ასე რომ, დასავლური გავლენის ამ სევდისმომგვრელ (თუმცა ზოგჯერ პოეტურსაც კი) გამოფენას მხოლოდ სტამბულის მდიდარ ოჯახებში კი არა, სხვაგანაც შეხვდებოდით. ასე იყო მთელ თურქეთში. ეს მოდა მხოლოდ 70-იან წლებში გადავარდა, როცა ტელევიზია გაჩნდა. ადამიანები ხალისით იკრიბებოდნენ ერთად და საინფორმაციო გამოშვებებსა და ფილმებს უყურებდნენ. პატარა მუზეუმები მალე პატარა კინოთეატრებად იქცა. თუმცა არსებობდნენ ძველი ოჯახები, რომლებმაც ტელევიზორი შემოსასვლელებში დადგეს და სასტუმრო ოთახს მაინც მხოლოდ სადღესასწაულოდ ან საგანგებო სტუმრების პატივსაცემად აღებდნენ.

რომ გეკითხათ, ბებიაჩემი ათათურქის დასავლურ გეგმას უჭერდა მხარს, მაგრამ ფაქტობრივად, - და ამ მხრივ ის არაფრით განსხვავდებოდა ქალაქის სხვა მაცხოვრებლებისაგან, - მას არც დასავლეთი აინტერესებდა და არც აღმოსავლეთი. სახლიდან უკვე იშვიათად გამოდიოდა. სანამ ბაბუას ცოლად გაჰყვებოდა, დიდი გამბედაობა გამოუჩენია. ის ბაბუასთან ერთად რესტორანში წასულა, მაშინ ჯერ მხოლოდ დანიშნულები იყვნენ. სტამბულში 1917 წელს ასეთი საქციელი მართლაც ძალიან დიდი მამაცობა იყო. როდესაც ბაბუამ ბებიას ჰკითხა, რას დალევო (რა თქმა უნდა, ჩაის ან ლიმონათს გულისხმობდა), ბებიამ, რომელსაც ეგონა, რომ მაგარ სასმელს სთავაზობდნენ, მკაცრად უპასუხა: „მინდა გითხრათ, ბატონო, რომ ალკოჰოლს არ ვეკარები“.

ორმოცი წლის შემდეგ, საახალწლო საოჯახო სადილებზე, ოჯახის რომელიმე წევრი აუცილებლად იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს, ლუდის წრუპვით ცოტაოდენ შეზარხოშებული (ახალ წელს საოჯახო სადილებზე ეს მიღებული იყო) ბებია უხერხულად იცინოდა. თუ დღესასწაული არ იყო, ის, როგორც წესი, სასტუმრო ოთახში თავის სკამზე იჯდა, ჯერ გაიცინებდა და მერე ერთ-ორ ცრემლსაც გადმოაგდებდა იმ ნაადრევად წასული „გამორჩეული“ კაცის გამო, რომელსაც მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობდი. როცა ბებია იცრემლებოდა, ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში ეს წყვილი. მაგრამ ცოტა ძნელია წარმოიდგინო რენუარის ქალების მსგავსი მრგვალი, მოშვებული მატრონები მოდილიანის ტილოების მაღალი და ნერვიული ქალების ამპლუაში.

ბებიას სასტუმრო ოთახში ფარდები მუდამ ჩამოშვებული იყო, მაგრამ რომც გადაგეწიათ, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. გვერდით მდგომი შენობა ფანჯრებს ეფარებოდა და ოთახს აბნელებდა. ოთახის კედლები ჩარჩოებით იყო დახუნძლული. ყველაზე შთამბეჭდავად ორი უზარმაზარი პორტრეტი გამოიყურებოდა: ერთი ბებიაჩემის რეტუშირებული ფოტო გახლდათ, მეორე - ბაბუის. ფოტოები კედელზე ისეთნაირად ეკიდა და ბებიისა და ბაბუის პოზებიც იმგვარად იყო შერჩეული (ოდნავ ერთმანეთისკენ შებრუნებული პოზა; ევროპელი მეფე-დედოფლები მარკებზე დღესაც ასე არიან გამოსახული), რომ თუ მათ მედიდურ მზერას წააწყდებოდით, იგრძნობდით, რომ ისტორია მათთან ერთად იწყებოდა.

ორივე მანისას ახლოს მდებარე ქალაქ გორდესში ცხოვრობდა, რომელიც სამხრეთდასავლეთ ანატოლიაში მდებარეობს. ბაბუაჩემის ოჯახობას ფამუქს (ბამბას) ეძახდნენ, ძალიან ფერმკრთალი კანისა და ღია ფერის თმის გამო. ბებიაჩემი ჩერქეზი იყო (ჩერქეზი ქალები მაღლები და ლამაზები იყვნენ და ჰარამხანებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ). ბებიაჩემის მამა რუსეთ-ოტომანთა ომის დროს (1877-78) ანატოლიიდან გადმოვიდა და სტამბულში ჩასახლდა. საინჟინრო საქმეს სწავლობდა. ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა თურქეთის ახალმა რესპუბლიკამ რკინიგზებში დიდი ინვესტიციები ჩადო, ბაბუამ გვარიანი ფული იშოვა და უზარმაზარი ქარხანა ააშენა: ამ ქარხანაში ყველაფერს აწარმოებდნენ, თოკიდან დაწყებული მშრალი შესახვევი თამბაქოთი დამთავრებული.

1934 წელს, ორმოცდაექვსი წლის ასაკში, ბაბუა ლეიკემიით გარდაიცვალა. ბებია ჩვენი დიდი და შეძლებული ოჯახის „ბოსი“ გახდა. ასე ეძახდა მას მისივე მზარეული და დიდი ხნის მეგობარი ბექირი; როცა ბებია დაუსრულებელი განკარგულებებითა და საყვედურებით აბეზრებდა თავს, ბექირი მსუბუქი სარკაზმით შეეხუმრებოდა ხოლმე: „როგორც მიბრძანებთ, ბოს!“ სახლის გარეთ ბებიაჩემის ავტორიტეტი არ ვრცელდებოდა, ბებია მხოლოდ სახლის ზედამხედველი იყო და ყველა ოთახის გასაღები ებარა.

ბიბლიოთეკაში სიმეტრიულად იყო ჩალაგებული ახალი თაობის ფოტოები. ამ ფოტოებს დიდხანს ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ მომავალი თაობებისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული მომენტების შემონახვა. ისიც დავინახე, თუ როგორ გამომჟღავნდა წარსული ამბები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვათვალიერებდი ფოტოს, თუ როგორ ასწავლიდა მათემატიკას ბიძაჩემი ჩემს ძმას, და მერე ვუყურებდი იმ ფოტოს, რომელიც 35 წლით ადრე იყო გადაღებული. მივხვდი, რომ ბებია გულწრფელად ცდილობდა, ეს მოგონებები ჩვენთვის ისე შემოენახა, რომ წარსულის აწმყოში ჩაქსოვა შეგვძლებოდა.

როდესაც ჩვეული ტონალობით სახელმწიფოებრივ საკითხებზე იწყებდნენ მსჯელობას, ბებია, რომელიც მაგიდის თავში იჯდა, ჩემს ნაადრევად წასულ ბაბუაზე ლაპარაკობდა და კედლებსა და მაგიდებზე გადანაწილებული ჩარჩოებისკენ გაიშვერდა ხოლმე ხელს. მე კი მეჩვენებოდა, რომ ამ დროს ის გაორებული იყო: ცხოვრების გაგრძელებაც სურდა და თან სრულყოფილების წამის შეჩერებაც უნდოდა. ყოველდღიურობით ტკბებოდა, თუმცა იდეალებს დიდ პატივს სცემდა.

0x01 graphic

ნიუ იორკი, ოქტომბერი, 2006

ბავშვობაში მიყვარდა ეს გაუთავებელი სადღესასწაულო სადილები. ოჯახის წევრები ლატარიას თამაშობნენ, ვუყურებდი, როგორ იცინოდნენ ბიძები (არყის ან რახის „ბრალი“ იყო) და როგორ იღიმებოდა ბებია (ეს კი პატარა ლუდის ჭიქის „დამსახურება“ გახლდათ). შეუძლებელი იყო, არ შემემჩნია, თუ როგორ ხალისიანად მიდიოდა ცხოვრება სურათის ჩარჩოს მიღმა. უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, რადგანაც დიდი და ბედნიერი ოჯახის წევრი ვიყავი და შემეძლო იმ ილუზიით დავმტკბარიყავი, რომ ამქვეყნად სიამოვნებისთვის გავჩნდით. როცა ჩვენს ბინაში გამოვცალკევდებოდით, დედა ჩემთან და ჩემს ძმასთან „თქვენი დეიდის“, „თქვენი ბიძის“ ან „თქვენი ბებიის“ საქციელის გამო წუწუნებდა. როდესაც ოჯახში უთანხმოება წარმოიშვებოდა და დიდი დავა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ უნდა გაეყოთ ქარხნის წილი ან ვის რომელ სართულზე უნდა ეცხოვრა, ერთი რამ იმთავითვე ცხადი ჩანდა: ამ საკითხებს მოგვარება არ ეწერა.

შეიძლება ძალიან პატარა ვიყავი, რომ გამეაზრებინა, თუ ამ კამათის მიღმა რა იმალებოდა, გამეგო, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ ისე ცხოვრობდა, როგორც ოტომანების ეპოქაში, ნელ-ნელა იშლებოდა. მაგრამ მეც მივხვდი, მამა რომ გაკოტრდა და სადღაც რომ გადაიკარგებოდა ხოლმე, არც ის გამომპარვია. კარგად მესმოდა - ჩვენს თავს უბედურება ტრიალებდა; ამ დროს დედა ხელს დაგვავლებდა და მეორე ბებიასთან მივყავდით. მეორე ბებია მოჩვენებებიან სახლში ცხოვრობდა. როცა მე და ჩემი ძმა იმ სახლში ვთამაშობდით, დედაჩემი დედამისს რაღაცას შესჩიოდა, ის კი სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევდა. ბებიას, როგორც ჩანს, აშფოთებდა ის ამბავი, რომ დედა მის სამსართულიან მტვრიან სახლში დაბრუნდებოდა, სადაც ის სრულიად მარტო დამკვიდრებულიყო. ამიტომაც, ბებია დაუსრულებლად გველაპარაკებოდა იმაზე, თუ რატომ არ ვარგოდა მისი სახლი.

მამაჩემი ხანდახან თუ გადმოაფრქვევდა ხოლმე თავის რისხვას, ისე ბედს არ უჩიოდა. ბავშვურად აღტაცებული შეხედულებები ჰქონდა ცხოვრებაზე. ამას არც არასოდეს მალავდა. სახლში სულ უსტვენდა, სარკის წინ ტრიალებდა, უყვარდა ხუმრობა, სიტყვების თამაში, სიურპრიზები, ლექსების თქმა, საკუთარი გონიერების დემონსტრირება. არაფერს არ გვიკრძალავდა და არც შვილების დასჯა იცოდა. როცა გარეთ გაგვიყვანდა, ჩვენ ყველგან დავეხეტებოდით, ყველგან მეგობრებს ვპოულობდით. ამ ექსკურსიების დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამყარო ის ადგილია, სადაც სიამოვნება უნდა მიიღო. თუ პრობლემა წამოიჭრებოდა, მამაჩემის პასუხი ასეთი იყო, ზურგი შეგვექცია და ხმა არ ამოგვეღო. დედამ, რომელიც კანონებს აწესებდა, წარბის აწევა იცოდა, ცხოვრების ბნელ კუნჭულებშიც ის გვახედებდა და რჩევებს გვაძლევდა. მე დედაზე, დედის სითბოზე ვიყავი მიწებებული, რადგან ის უფრო მეტ დროს გვითმობდა, ვიდრე მამა. მამას ერთი სული ჰქონდა, სახლიდან გარეთ გავარდნილიყო.

პატარაობაში, როცა ბებიას სასტუმრო ოთახში მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით, ხშირად ასეთ თამაშს ვთამაშობდი - ბებიას ოთახი დიდი გემის კაპიტნის ნავსაყუდელად გადაიქცეოდა ხოლმე. ჩემი ფანტაზია ალბათ ბოსფორის სრუტედან იღებდა სათავეს; ბოსფორის სრუტე სულ გადატვირთული იყო და გემის მგლოვიარე საყვირების ხმა ჩემს სიზმარშიც იჭრებოდა. ქარიშხლიან ამინდში ჩემს გემს, ჩემს ეკიპაჟს და ჩემს მგზავრებს რომ გადავარჩენდი, კაპიტნის სიამაყეს ვგრძნობდი; ვიცოდი, რომ ჩვენი გემი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ბედი ჩემს ხელში იყო.

მაგრამ როცა მამა და ბიძა ხელმეორედ გაკოტრდნენ, როცა ჩვენს მომავალს საფრთხე დაემუქრა, ჩვენი ოჯახი დაიშალა და ფულთან დაკავშირებულმა აყალმაყალმაც იმატა, ბებიასთან ყოველი ჩემი სტუმრობა მწუხარებად იქცა და კიდევ იმის მაუწყებლად, რომ წყვდიადისა და დამარცხების ღრუბელი, რომელიც დიდი ხნის წინ, ოტომანთა იმპერიის დაცემის დროს დაიძრა, ახლა მთელ სტამბულს და, მათ შორის, ჩემს ოჯახსაც მოადგა.

ფამუქების სახლი ქალაქის თავზე მდებარე გორაკზე იყო აშენებული, ნისანთასიში. აქ ერთ დროს ფაშას სასახლის ბაღი ყვაოდა. სახელი ნისანთასი (სამიზნე ქვა) დასავლური ყაიდის რეფორმატორი სულთნების ეპოქიდან მოდის. მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, სულთნები მთაში თოფის სროლასა და მშვილდის მოზიდვაში ვარჯიშობდნენ. როცა ტუბერკულოზით დაშინებულმა, დასავლურ კომფორტს მოწყურებულმა ოტომანმა სულთნებმა თოფკაფის სასახლე მიატოვეს, ნისანთასის მთებში მათმა ვეზირებმა ხის სასახლეების აგება დაიწყეს.

ჩვენი შენობის უკანა ფანჯრიდან შეგეძლოთ ტუნისელი ჰაირეთინ ფაშას სახლი დაგენახათ. ჰაირეთინ ფაშა კავკასიიდან წამოსული ჩერქეზი იყო, სულთნის დიდი ვეზირი რუსეთ-ოტომანთა ომის შემდეგ. ათი წლით ადრე, სანამ ფლობერი დაწერდა, სტამბულში ჩასვლა და მონის ყიდვა მინდაო, ის სტამბულში ჩაიყვანეს და მონად გაყიდეს. შემთხვევით ტუნისის მმართველის სახლში მოხვდა, სადაც არაბული ისწავლა. მერე ჯარში მსახურობდა, იყო ტუნისის წარმომადგენელი საფრანგეთში, მუშაობდა დიპლომატიურ კორპუსში და იმ კომისიის პრეზიდენტიც იყო, რომელიც ქვეყნის ფინანსური რეფორმის გასატარებლად დაარსდა. როცა ეს სამსახური მიატოვა, სულთანმა აბდულჰამითმა ის სტამბულში გაიწვია. სტამბულში ცოტა ხანს სულთნის ფინანსური მრჩეველი იყო, მერე დიდი ვეზირი გახდა.

ფაშა იყო ერთ-ერთი იმ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინანსურ ექსპერტთაგან, რომელთაც თურქეთის ვალებიდან გამოხსნა ჰქონდათ დავალებული. ამ ფაშასგან ხალხი ბევრს ელოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ის უფრო დასავლელი იყო, ვიდრე ოტომანი ან თურქი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მოგვიანებით მას ღირსება აჰყარეს. ხმები დაირხა: როცა სასახლეში გამართული შეხვედრიდან ეტლით შინ ბრუნდება, ტუნისელი ჰაირეთინ ფაშა რაღაცეებს არაბულად იწერს და მერე თავის მდივანს ფრანგულად კარნახობსო. იმასაც ამბობდნენ, რომ ფაშამ თურქული ცუდად იცოდა და ფარული მიზანი ამოძრავებდა - არაბულენოვანი სახელმწიფოს შექმნა. აბდულჰამითს ამ ჭორების არ სჯეროდა, მაგრამ ფაშა მაინც გადააყენა. ღირსებააყრილმა ფაშამ თავისი ბოლო დღეები იმ სახლში გაატარა, რომლის ბაღსაც ჩვენი ბინა გადაჰყურებდა.

ერთადერთი ქვის სასახლე, რომელიც ჩვენს სამეზობლოში შემორჩა, დიდი ვეზირების საცხოვრებელი იყო, რომელიც ოტომანთა იმპერიის დაცემის შემდეგ, როდესაც დედაქალაქი ანკარაში გადავიდა, მუნიციპალიტეტს გადაეცა. აბდულჰამითის ასულთა სასახლეები და ის ნაგებობები, სადაც ოტომანი მმართველები უცხოელ ემისრებს დროის სატარებლად ეპატიჟებოდნენ, ჩამოინგრა; ნანგრევებს შამბნარი მოედო და ეს ადგილი ლეღვის ხეებით დაიბურა. 50-იანი წლების ბოლოს, შენობათა დიდი ნაწილი დაწვეს ან დაანგრიეს, რათა ამ ადგილას ახალი მშენებლობა წამოეწყოთ.

ჩემი ოჯახი ხედავდა, როგორ იწვოდა ფაშას სასახლეები და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ჩვენ დავინახეთ, როგორ მოუღო ბოლო რესპუბლიკამ ფაშებს. ის ცარიელი სასახლეები მხოლოდ გაცვეთილი ანომალიები იყო. ჩვენს გარშემო სიკვდილის პირას მისული კულტურის მელანქოლია და იდუმალება სუფევდა. ამას ვგრძნობდი. ეს იყო მკვდარი სევდა, ისევე, როგორც „ალათურქული“ მუსიკა, ბებიაჩემი რომ ფეხს ააყოლებდა ხოლმე.

ჩემი გაქცევა ის იყო, დედასთან ერთად გარეთ რომ გავდიოდი... მზე, სუფთა ჰაერი, სინათლე. ჩვენს სახლში ისე ბნელოდა, რომ გარეთ გამოსვლისას ვგრძნობდი, როგორ მჭრიდა თვალს სინათლე, ზუსტად ისე, ზაფხულში უცაბედად ფარდებს რომ გადაწევ. დედაჩემის ხელი მქონდა ჩაბღუჯული და გზაზე ჩარიგებულ ვიტრინებს ვათვალიერებდი. როცა ეს ფარდულები ერთიმეორის მიყოლებით დაიხურა, რათა უფრო თანამედროვე მაღაზიებისთვის დაეთმო ადგილი, მე და ჩემმა ძმამ თამაში მოვიგონეთ. ეს თამაში იმდენად ნოსტალგიით არ იყო ნაკარნახევი, რამდენადაც საკუთარი მეხსიერების შემოწმების სურვილით. ერთი ამბობდა - მაღაზია, რომელიც გოგონათა ღამის სკოლის გვერდითაა და მეორე ჩამოთვლიდა: ბერძენი ქალის საცხობი, ყვავილების მაღაზია, ხელჩანთების მაღაზია, საათების მაღაზია... საკანცელარიო მაღაზიის ვიტრინაში ის სასკოლო რვეულები დავინახე, ჩემს ძმას რომ დაჰქონდა ხოლმე. ეს ჩემი ადრეული გაკვეთილი იყო: ჩვენ უნიკალურნი არ ვართ. ჩვენი ბინის გარეთ სხვა ადამიანებიც არსებობენ, რომელთა ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებას.

მამა ხშირად მიდოდა შორს. უცნაურია, მაგრამ მის გაუჩინარებას თითქმის ვერ ვამჩნევდით, სანამ ის მართლა არ წავიდა. უკვე შეგუებულები ვიყავით. ისეთივე გრძნობა გვქონდა, როცა გაიგებ, რომ დიდი ხნის ნახმარი ველოსიპედი დაკარგე ან მოგპარეს. არასოდეს არავის აუხსნია, რატომ არ იყო მამა ჩვენთან ერთად, არც არავის უთქვამს, თუ როდის უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენც აზრად არ მოგვსვლია, ვინმესთვის რამე გვეკითხა, რადგან დიდ სახლში ვცხოვრობდით, ბიძების, დეიდების, ბებიის, მზარეულების და მოახლეების გარემოცვაში. ამიტომ უფრო ადვილი იყო. კითხვის დასმა არც კი გვიფიქრია.

როცა მოწყენილობა დაისადგურებდა, დედას საძინებელ ოთახში მაგიდიდან გადავაწყობდი ხოლმე ბოთლებსა და სავარცხლებს და თავს წინ წავწევდი, ფრთებიანი სარკის ცენტრში საკუთარი თავი რომ დამენახა. სარკის ორ ფრთას აქეთ-იქით ვაქანავებდი მანამ, სანამ ათასობით ორჰანს არ დავინახავდი, რომლებიც ღრმა, ცივ და შუშისფერ უსასრულობაში ილანდებოდნენ. და როცა ყველაზე ახლომდებარე გამოსახულებას შევხედავდი, ჩემი კეფა თავზარს მცემდა. სწორედ ასე შემეშინდა, პირველად საკუთარი ყურები რომ დავინახე. კისერს რომ დავაკვირდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიღაცის უცხო სხეულს დავატარებდი. ამის გაფიქრებაზე დღესაც კი ჟრუანტელი მივლის. სამ სარკეს შორის მომწყვდეული ათობით და ათასობით ორჰანი ყოველ წუთს იცვლებოდა, ოდნავი ხელის შეხებაზეც კი მდებარეობას იცვლიდა. ყოველი ახალი გამოსახულება სხვებისგან განსხვავებული იყო. ვამაყობდი, როცა ვხედავდი, როგორ მონურად იმეორებდა თითოეული მათგანი ჩემს ყოველ მოძრაობას.

იმ თამაშს, როცა საკუთარი თავი საკუთარ გამოსახულებებს შორის მეკარგებოდა, „გაუჩინარების თამაში“ ერქვა. იქნებ ამ თამაშს იმიტომაც ვთამაშობდი, რომ საკუთარი თავი იმისთვის მომემზადებინა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. თუმცა არ ვიცოდი, რას ლაპარაკობდა დედაჩემი ტელეფონზე, ან სად იყო მამაჩემი და როდის დაბრუნდებოდა. ვიცოდი, რომ დედაჩემიც დიდი სიხარულით გაუჩინარდებოდა. როცა ის გაქრა, რაღაც ამის მსგავსი მიზეზი მითხრეს: დედა ავად არის და დეიდა ნერიმანთან გადავიდაო. ეს განმარტება ისე მივიღე, როგორც სარკის გამოსახულება. ვიცოდი, რომ ილუზია იყო, მაგრამ მაინც თავი გავისულელე. მერე მზარეული ბექირი ან მომვლელი ისმაილი მოდიოდნენ, ჩაგვჭიდებდნენ ხელს და სადღაც მივყავდით, ნავიდან ავტობუსზე გადავდიოდით. ზოგჯერ, როცა სტუმრად სტამბულის აზიურ ნაწილში მცხოვრებ ნათესავებთან მივდიოდით, მთელ ქალაქს გადავკვეთდით ხოლმე; ზოგჯერ მეორე მხარეს მივემართებოდით, სადაც დედაჩემი იმყოფებოდა. ეს არ იყო ნაღვლიანი სტუმრობა. მოგზაურობებს ჰგავდა. როცა ჩემი უფროსი ძმა ჩემთან ერთად იყო, შემეძლო მას დავყრდნობოდი და ვგრძნობდი, რომ ის ყველა ხიფათს პირველი შეეგებებოდა. სახლებში, სადაც სტუმრად დავდიოდით, დედაჩემის ახლო და შორეული ნათესავები ცხოვრობდნენ. ეს საბრალო ბებერი დეიდები და ძიები, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კოცნასა და ლოყების ჩქმეტას რომ დაამთავრებდნენ, დედას ოთახისკენ მიგვიძღვებოდნენ.

თვალს გვიბრმავებდა სინათლის სილამაზე და ზღვის ის ნათელი ხედი, ფანჯრიდან რომ მოჩანდა (ალბათ ამიტომაც მიყვარდა ყოველთვის მატისის სამხრეთისკენ გამავალი ფანჯრის ხედები), ჩვენში სევდიანი ფიქრები იღვიძებდა - რომ დედამ ამ ლამაზი ადგილისთვის მიგვატოვა, მაგრამ მერე საძინებელი ოთახის მაგიდაზე კარგად ნაცნობი ნივთების დანახვა ეჭვებს გვიფანტავდა: იგივე სუნამოს ჭურჭელი, ისევ ის სავარცხელი... მახსოვს, დედა მე და ჩემს ძმას რიგ-რიგობით გვისვამდა კალთაში და მაგრად გვიკრავდა გულში. ისიც მახსოვს, რჩევა-დარიგებას რომ აძლევდა ჩემს ძმას, თუ რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა მოქცეულიყო, სახლიდან შემდეგ ჯერზე რა უნდა წამოეღო. დედას ყოველთვის უყვარდა რჩევა-დარიგებების მიცემა. სანამ ჩემი ჯერი არ დადგებოდა, ფანჯარაში ვიყურებოდი.

ერთხელაც, როცა დედაჩემი დეიდა ნერიმანთან იყო, მამა სახლში ძიძასთან ერთად მოვიდა. ძიძა მრგვალი, დაბალი და ულამაზო ქალი იყო, სულ იცინოდა. ის მოითხოვდა, რომ მისთვის დაგვეჯერებინა. როგორც წესი, ვიცოდი, რომ ყველა ძიძა პროტესტანტი გერმანელი უნდა ყოფილიყო. ეს კი თურქი იყო და ავტორიტეტად არ ვთვლიდით. ჩხუბის დროს, გვეუბნებოდა: „მშვიდად და წყნარად, თუ შეიძლება, მშვიდად და წყნარად!“ და როცა ჩვენ მას გამოვაჯავრებდით, მამა გვიყურებდა და იცინოდა ხოლმე. მერე ისიც გაუჩინარდა. წლების შემდეგ, დედაჩემმა საბოლოოდ დაკარგა მოთმინება და ასეთ ფრაზებს წამოისროდა ხოლმე: „მივდივარ!“ ან „ფანჯრიდან გადავხტები!“ როცა დედა იმასაც დააყოლებდა: მერე მამათქვენი სხვა ქალს შეირთავს ცოლადო, ვცდილობდი დედობის ახალი კანდიდატი წარმომედგინა. მაგრამ ეს ის ქალი კი არ იყო, რომლის სახელსაც დედა დროდადრო მრისხანების დროს კბილებში გამოსცრიდა ხოლმე, ეს იყო ფერმკრთალი, მრგვალი და სასაცილო ძიძა.

ყველა ეს დრამა ერთსა და იმავე სცენაზე იდგმებოდა, ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვლაპარაკობდით, ერთსა და იმავეს ვჭამდით, კინკლაობებიც კი საშინლად მოსაწყენი იყო. თუმცა ერთი ჩხუბი მახსენდება, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩემზე. მაშინ პატარა ვიყავი. საზაფხულო სახლში ვვახშმობდით. დედამ და მამამ სუფრა მიატოვეს. ცოტა ხანს მე და ჩემი ძმა თეფშებს ჩავცქეროდით, ზედა სართულიდან მათი ყვირილი გვესმოდა. მერე ინსტინქტურად ზემოთ ავედით. დედამ რომ დაგვინახა, მეორე ოთახში შეგვყარა და კარი გამოგვიჯახუნა. ოთახში ბნელოდა. მე და ჩემი ძმა, შუშის კარს მიღმა, დედაჩემის და მამაჩემის ჩრდილებს ვხედავდით; ვხედავდით, როგორ უახლოვდებოდნენ ეს ჩრდილები ერთმანეთს და მერე თითქოს ერთმანეთს განიზიდავდნენ, მერე ისევ წინ მიიწევდნენ, რომ ერთმანეთს შეხებოდნენ, ყვიროდნენ... ყარაგიოზის ჩრდილების თეატრი გამახსენდა, ყველაფერი შავ-თეთრი იყო.

ბებია მთელ დილას ლოგინში ატარებდა, მძიმე საბნებში გამოხვეული და ბალიშებში ჩაფლული იწვა საწოლში. ყოველ დილას ბექირი თოხლოდ მოხარშულ კვერცხს, ზეთისხილს, თხის ყველსა და გახუხულ პურს მიართმევდა ხოლმე, ლანგარს ფრთხილად დებდა ბალიშზე. ბებია ზოზინით საუზმობდა, გაზეთს კითხულობდა და დილის სტუმრებს იღებდა. პირველი სტუმარი ბიძაჩემი იყო. სამსახურში ისე არ წავიდოდა, ამ ოთახში რომ არ შემოერბინა და ბებიას არ ჩახუტებოდა. მერე დეიდაჩემიც შეუვლიდა. როდესაც გადაწყდა, რომ უკვე დრო იყო, წერა-კითხვა მესწავლა, მეც ჩემი ძმასავით დავიწყე მოქცევა - რვეულით ხელში შევდიოდი ბებიასთან, მის საბანში მოვკალათდებოდი და ბებია ანბანს მასწავლიდა. როცა სკოლაში წავედი, მივხვდი: საშინლად მბეზრდებოდა, ვინმე რომ რამეს მასწავლიდა და როდესაც სუფთა ფურცელს ვხედავდი, სასწრაფოდ ნახატებით ვაჭრელებდი, ოღონდ რამე არ დამეწერა.

წერა-კითხვის გაკვეთილების დროს, ხანდახან ბექირი შემოდიოდა ოთახში და ერთსა და იმავე შეკითხვას სვამდა: „დღეს რით გავუმასპინძლდე ამ ხალხს?“ ამ კითხვას ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თითქოსდა საავადმყოფოს სამზარეულოს უფროსი ყოფილიყო ანდა ჯარი ჰყავდა დასაპურებელი. მართალია, ბექირს ყოველთვის ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ იუმორის გრძნობა არასოდეს ღალატობდა. ოჯახის ყველა წევრს შეარქვა მეტსახელი. მე ყვავს მეძახდა. წლების მერე მითხრა, ეს იმიტომ, რომ ფანჯრიდან სულ სახურავზე შემომსხდარ ყვავებს უყურებდიო და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარი იყავიო.

ბებიას საძინებელში, დედის საძინებლის მსგავსად, ფრთიანსარკეებიანი მაგიდა იდგა. ძალიან მინდოდა, რომ სარკესთან მივსულიყავი და გამოსახულებებში დავკარგულიყავი, მაგრამ ამის ნებას არ მრთავდნენ. ბებიამ, რომელიც ლოგინიდან თითქმის არასოდეს დგებოდა, მაგიდა ისე დაადგმევინა, რომ სარკეში ყველაფერი დაენახა, მთელი დერეფანი, ვესტიბიული... შეეძლო გაეკონტროლებინა, ვინ შედი-გადიოდა სახლში, რაზე საუბრობდნენ კუთხეში, რატომ ჩხუბობდნენ ბავშვები... სახლი ძალიან ბნელი იყო და ამიტომ, ზოგჯერ გამოსახულება სარკეში ძნელი გასარჩევი ხდებოდა. ამ დროს ბებია იძულებული იყო ხმამაღლა დაეძახა და ეკითხა, სახლში რა ამბავიაო. და ბექირიც მაშინვე მასთან გაჩნდებოდა და ყველაფერს წვრილად ჩაუკაკლავდა.

როცა ბებია არც გაზეთს კითხულობდა და არც ყვავილებს ქარგავდა ბალიშისპირზე, ის შუადღისას ნისანთანის ქალბატონებთან ერთად ატარებდა დროს. ეს ქალბატონები ძირითადად ბებიას ასაკისანი იყვნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ბანქოს თამაშობდნენ. წითელი ხავერდის რბილ საფულეში ბებია პოკერის ქვებთან ერთად, ოტომანთა ძველ მონეტებსაც ინახავდა. ამ მონეტებს საფულედან ამოვალაგებდი, კუთხეში მივიყუჟებოდი და ვთამაშობდი.

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ბებიაჩემთან ერთად ბანქოს თამაშობდა, სულთნის ჰარამხანიდან იყო. იმპერიის დაცემის შემდეგ, როცა ოტომანებმა სტამბული დატოვეს, ჰარამხანა დაიხურა და ეს ქალი ცოლად ბაბუაჩემის კოლეგას გაჰყვა. მე და ჩემს ძმას მისი მაღალფარდოვანი საუბრის მანერაზე ძალიან გვეცინებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის და ბებიაჩემი მეგობრები იყვნენ, ერთმანეთს ყოველთვის ასეთნაირად მიმართავდნენ: „მადამ!“ ორივე მსუქანი იყო, მაგრამ ვინაიდან ისინი ისეთ დროსა და კულტურაში მოხვდნენ, სადაც ამას მწვავედ არავინ განიცდიდა, ეს მათაც არ ანაღვლებდათ...

ოცი წლის შემდეგ, როცა უკვე სხვაგან ვცხოვრობდით, ხშირად ვესტუმრებოდი ხოლმე ბებიას ფამუქების სახლში. თუ დილას მივადგებოდი, ბებია ჯერ კიდევ ლოგინში მხვდებოდა, ისევ იმავე საწოლში იწვა, გარშემოც ისევ ის ჩანთები, გაზეთები, ბალიშები და ჩრდილები ირეოდნენ. სუნიც არ იცვლებოდა ოთახში - საპნის, ნელსაცხებლის, მტვრის და ხის ნაზავი. ბებიას ყოველთვის თან ჰქონდა თხელ ტყავში გამოკრული ბლოკნოტი, რომელშიც ყოველდღე რაღაცეებს ინიშნავდა, ანგარიშებს, ხარჯებს, გეგმებს, მეტეოროლოგიურ პროგნოზს იწერდა. ოდესღაც ისტორიას სწავლობდა და იქნებ ამიტომაც, დროდადრო ოფიციალური ეტიკეტის დაცვაც უყვარდა - თუმცა, ასე რომ იქცეოდა, ხმაში სარკასტული ნოტი გაერეოდა ხოლმე. ხუთივე შვილიშვილს გამარჯვებული სულთნის სახელი დაარქვა. ყოველი შეხვედრის დროს, ხელზე ვეამბორებოდი; მერე ის ცოტა ფულს მაძლევდა, ამ ფულს სახეზე უხერხული გამომეტყველებით, მაგრამ სიხარულით ჩავიცურებდი ხოლმე ჯიბეში. ზოგჯერ თავის ჩანაწერებს მიკითხავდა: „ჩემი შვილიშვილი ორჰანი მოვიდა ჩემს სანახავად. ის ძალიან ჭკვიანია, ძალიან საყვარელი. უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობს. ათი ლირა მივეცი. ღვთის ნებით, ერთხელაც იქნება და ძალიან ბევრს მიაღწევს და ფამუქების ოჯახის სახელს ერთხელ კიდევ მოიხსენიებენ დიდი პატივისცემით, ისე როგორც მაშინ, როცა ბაბუამისი ცოცხალი იყო.“

ამ ჩანაწერებს წამიკითხავდა და მერე სათვალიდან მაკვირდებოდა, უცნაურად, დამცინავად იღიმებოდა. ვერ ვხვდებოდი, თავისთვის იცინოდა თუ უბრალოდ იმიტომ, რომ ახლა უკვე იცოდა - ცხოვრება აბსურდი იყო. ვცდილობდი მასსავით გამეღიმა.

15 ვისთან წავიდეთ?

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ერთ ჩემს მეგობარს კაფე ჰქონდა. მშვენიერი კაფე იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა, სულ ვცდილობდით, რამით გვესიამოვნებინა კაფეს მფლობელისთვისაც და ჩვენი საყვარელი თავებისთვისაც.

სწორედ ამ პრინციპით შესთავაზა კაფეს მფლობელს კაცმა, რომელიც სარეკლამო საქმეში შესანიშნავად ერკვეოდა: გინდა, კლიპი გადავიღოთო? ცხადია, სარეკლამო.

კლიპი, ჩანაფიქრის თანახმად, ასეთი შინაარსისა უნდა ყოფილიყო: ორი ახალგაზრდა კაფეში ზის. გოგონა ძალიან ლამაზია, ბიჭი - თავდავიწყებით შეყვარებული. ის-ისაა, გათამამდება და გოგონას კოცნას დააპირებს, რომ - „ვააა!“ - დარბაზში ნაცნობები შემოლაგდებიან და ატყდება დიდი გადახვევები და მიკითხვ-მოკითხვა...

წყვილი თავს შველის და სხვა კაფეში გადადის, მაგრამ - ვაგლახ! - იქვე მსხდომი გოგოები დასძახებენ: „რატომ მოხვედი, რატომ მოხვედი, გამიხარდი!“

და მაშინ ბიჭი გოგოს ეუბნება: „წამოდი, ძვირფასო, აქა და აქ. იქ ნამდვილად მარტონი ვიქნებით!“

რატომ გავიხსენე: შემდეგ გვერდებზე იმ კაფეებისა თუ ბარების შესახებ გიამბობთ, სადაც სიხარულით მივდივართ ხოლმე მეც და მთელი „ცხელი შოკოლადიც“, სხვადასხვა დროს - სხვადასხვაგან. ყველა ამ „კანტორას“ ორი რამ აერთიანებს:

1. მარტოები ვერაფრით დავრჩებით;

2. იქ წასვლისას ვამბობთ ხოლმე - წავედით ქეთისთან, ჯემალთან, გიორგისთან და სხვა და სხვა, ანუ ვიღაცასთან, და არა სადღაც.

0x01 graphic

ქარავანი

კიპლინგმა ბრძანა, რომ აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი კი - დასავლეთი, და ისინი ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებიან. ვითომ? თუკი ფურცელაძის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის კუთხესთან, „ქარავანში“ შებრძანდებით, აღმოაჩენთ, რომ არც მთლად ასეა საქმე.

ამ დიდებულ შენობას „ქარავანის“ სულისჩამდგმელებმა, შავლეგ შავერდაშვილმა და სანდრო ბაგრატიონმა, კარგა ხანს ვერაფერი გაუგეს. არცაა გასაკვირი: ნაგავსაყრელად იყო ქცეული, შავლეგმა, ორასი სატვირთო მანქანა ნაგავი გავიტანეთო. იქაურობის სიამაყე და მშვენება, აგურის კედლები და თაღები ნაგვის გროვებსა და მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთზე აკრული დიქტის ფენების ქვეშ იმალებოდა, სრულიად უპატივცემულოდ იყო ამოშენებული და შელესილი, და მხოლოდ ძალიან მონდომებული ადამიანი თუ „ჩააღწევდა“ იქამდე, რომ თაღოვანი დარბაზებისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა. რაც ყველაზე საინტერესოა, ცალკეული ოთახებისა და ნიშების არსებობაც მუშაობისას გაირკვა, თორემ ქალაქის ამ საამაყო შენობის გეგმა არ არსებობდა.

არადა, რა ლამაზი დარბაზებია! შესასვლელიც ისეთი აქვს, რომ უმალვე მიხვდებით - გამოაღებთ კარს და სადღაც, სულ სხვაგან ამოჰყოფთ თავს. რა გასაკვირია, რომ სანდროს და შავლეგს თავიანთი შემოქმედება ძალიან ეამაყებათ: არამარტო ინტერიერი, არამედ ის ხალხიც, რომელიც მათთან მუშაობს; წიგნები, რომლებიც თაროზე აწყვია და რომელთა წაკითხვაც იქვე შეიძლება; კერძები, რომლებსაც მხოლოდ „ქარავანში“ ამზადებენ; მუსიკა, რომელიც სწორედ იმდენია, რამდენიც დისკოთეკას კი არა, „ქარავანს“ ეკადრება. იქაურობა ცოტა „ათას ერთი ღამის“ გამოქვაბულებს ჰგავს, ფერადი სანათურებით, ხალიჩებით, სურებით, ჩილიმებით... და თან ძალიან ევროპულია, არავინ გთხოვთ მაინცდამაინც მუთაქებზე წამოწოლას და ძალად ეგზოტიკურ დროსტარებას.

ისე, მგონი, მაინც უფრო აღმოსავლეთია. შავლეგს და სანდროსაც ხომ თავიდან ჩაიხანას გახსნა უნდოდათ, და გამოუვიდათ კიდეც „აღმოსავლური ნეტარების მხარე, სასტიკი იანიჩარების, ვნებიანი ლამაზმანების, ძლევამოსილი სულთნების და მაღალი მინარეთების სამფლობელო“.

თუ მაინც უფრო დასავლეთია? აბა, აზიაში ვის უნახავს, დაგვიანებული სტუმრები პრიალა, შავი, თეთრბორბლებიანი ЗИМ-ით დაერიგებინოთ სახლში?

და რაც მთავარია: ყველას, ვისაც წიგნი უყვარს, „ქარავანი“ ლიტერატორებთან შეხვედრებზე ეპატიჟება. რა დროს - ამასაც, როგორც ყველა სხვა სიკეთეს, „ცხელი შოკოლადის“ მკითხველი პირველი შეიტყობს.

0x01 graphic

ლიტკაფე

უძრავი ქონებით მოვაჭრეებისგან მსმენია, რომ არსებობს ხეირიანი და უხეირო ადგილები. მრავალი წლის განმავლობაში ის ადგილი, სადაც ამჟამად ლიტერატურული კაფეა, განსაკუთრებით უხეიროდ ითვლებოდა: კაცი-დაბადებული არ დადიოდა, დიდი-დიდი, სამშობიარო სახლიდან გამოსულ დაზაფრულ მოქალაქეს მოეთქვა სული.

მერე კი გაიხსნა ლიტერატურული კაფე. არ ვიცი, წიგნები როგორ იყიდება, მაგრამ ნამცხვრები - გაგიხარნიათ! ეს რამაზ გემიაშვილის დამსახურებაა.

როგორ, რამაზს არ იცნობთ? მსახიობ რამაზ გემიაშვილს, ამქვეყნად ყველაზე გემრიელ ნამცხვრებს რომ აცხობს? თუ ასეთი მარცხი მოგსვლიათ, აუცილებლად მიბრძანდით ან „ლიტერატურულ კაფეში“, ან „პრესკაფეში“, ან „წიგნის სახლში“, ან კინოთეატრ „ამირანში“, სადაც სულ ახლახანს ახალი „კინოკაფე“ გაიხსნა.

მაგრამ „ლიტერატურული კაფეს“ ერთგული სტუმრები მაინც იქაურობას ამჯობინებენ. ის იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც დილით ყავის დალევა შეიძლება, სადაც მომსახურე პერსონალს მიმიკური კუნთების დამბლა არა აქვს და არავინ არასოდეს დაგისვამთ ბრიყვულ შეკითხვას: „რა გინდა?“ შენი კარგად ყოფნა, რა უნდა მინდოდეს...

იქაურობის დიასახლისს, ნინო ქადაგიძეს, თავისი კაფე ძალიან ეამაყება. გარდა იმისა, რომ სულ სავსეა, აქ თურმე დიდად რომანტიკული ამბებიც ვითარდება, რაც სავსებით ლოგიკურია: არავინ ღრიალებს „ვახმე, დედის“, არავინ თვრება, და დებოშის მოყვარულ ელემენტებს სულ არ უხარიათ ჭრელი სალათები და კრემიანი ფუნთუშები - მათთვის სხვა ადგილებიც არსებობს.

0x01 graphic

პეტოცი

ირაკლი მაჭავარიანი აქ დაიბადა. აქ მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ოთახში დიდი როიალი იდგა, სულ სუფრა იყო გაშლილი და სულ სიმღერა ისმოდა: მამა ვანო „შვიდკაცაში“ მღეროდა. სახლს მაშინაც „პეტოცი“ ერქვა, ამას ბევრი ფილოსოფია არ უნდოდა - მისამართი აქვს ასეთი, პეტრიაშვილის ოცი.

მას მერე დიდი დრო გავიდა. ორი წლის წინათ კი მოსკოვიდან დაბრუნებულმა არქიტექტორმა ირაკლი მაჭავარიანმა აღმოაჩინა, რომ მოიწყინა: ცოლ-შვილი ბათუმში იყო, თბილისში ცხელოდა, რა უნდა ეკეთებინა?!... და მან გადაწყვიტა, რომ პეტრიაშვილის ოცისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა და ამ სტუმართმოყვარე ოთახში კაფე გაეხსნა.

„პეტოცის“ სტუმარი თავს მართლა სტუმრად გრძნობს - თუ მთლად საკუთარ სახლში არა. ნამდვილი სახლია, ირაკლის ხელით გაკეთებული ნიჟარებიანი ჭაღებით, ლარნაკებში ჩაწყობილი ყვავილებით და, რაც მთავარია, ნამდვილი, ძველი სახლის ავეჯით.

ეს ავეჯი ცალკე შესანიშნავი ისტორიაა. ის ირაკლის დიდი ბაბუის, ილია მამაცაშვილის ავეჯის ქარხანაშია დაზადებული. ეს ქარხანა არსენალზე იყო განლაგებული და იქ ვანო სარაჯიშვილისთვის კონიაკის კასრებს და ავეჯს ამზადებდნენ. დღევანდელ მწერალთა კავშირის შენობაში და ეროვნულ ბანკში რომ ავეჯი დგას, სულ ილო მამაცაშვილისეულია, და ამჯერად „პეტოცისაც“ ეს საპატიო ავეჯი ამშვენებს. რაც მთავარია, ის მხოლოდ სამშვენისი არაა, სრულიად კონკრეტული ფუნქცია აქვს, ავეჯისა.

მოკლედ, „პეტოცის“ სტუმარი ირაკლი მაჭავარიანის ოჯახის სტუმარი ხდება, და როგორც ყოველ ოჯახში, აქაც დიასახლისი ეგებება - ქეთევან მიქაძე. როგორც კაფეს მუდმივმა სტუმარმა, დათო მაღრაძემ ბრძანა, „მაჭიკასია პეტოცი, მას ედავება ქეთოცი“.

ისე, მე თუ მკითხავთ, სულ არ ედავება, მგონი, მშვენივრად რიგდებიან ყველაფერში, რაც „პეტოცისთანაა“ დაკავშირებული.

0x01 graphic

მულენ ელექტრიკი

„როცა ქუჩაში ხალხის ნაკადი იკლებს, „მულენ ელექტრიკის“ პიანისტის, მადამ აუფერმანის მუსიკა ქუჩაში გამოდის, და მადამმა იცის, რომ ახლა ქუჩისთვისაც უკრავს. ეს ბოლო სეანსი მისი ბენეფისია, მისი შთაგონების წყარო, მისი ზეიმის წამები.

შევიაროთ „მულენ ელექტრიკში“, მოვინახულოთ მოხუცი ქალბატონი აუფერმანი და, რაც მთავარია, ტაში, აფიშების უხელო მხატვარი.

მართლა უხელოა, ორივე ხელი არა აქვს. „ღმერთმა კარგად იცის, რასაც აკეთებს,“ ამბობს ტაში, „არ უნდა, რომ მის გარდა ვინმე რამეს ქმნიდეს. მან სამყარო დახატა და არ უნდა, რომ მიბაძონ, მით უმეტეს - რამე გადააკეთონ. ბეთჰოვენი ყრუ იყო, ჰომეროსი - ბრმა, მე კი უხელებო ვარ, თბილისელი ტაში, ერთადერთი ვარ და განუმეორებელი. მან იცის, რომ სამყაროს წარმოსახვა მეც შემიძლია და აჰა - ხელები წამართვა...“ „მულენ ელექტრიკის“ ვესტიბიულის იატაკზე ტაში ტილოს აფენს, ერთი მოძრაობით ყრის ფეხსაცმელს, ფეხის თითებით ფუნჯებს დაწვდება... დარბაზში დროდადრო როიალის ხმა ძლიერდება და კლავიშებზე მადამ აუფერმანის ძვლიანი თითების კაკაკუკი ისმის.

მერე კი, როცა სამუშაოს დაამთავრებს, გვიან ღამით, ტაში პესკებთან, პატარა დუქანს მიაშურებს, თან ფაეტონიდან კარა-ვურდის გაიყოლებს და ხიდისქვეშიდან - ხეჩოს. იქ ტაში ფეხის თითებით სწევს ჭიქას და თავისი უხელებო ბედნიერებისა და ტიფლისის სადღეგრძელოს სვამს...”

აგასი აივაზიანი, თბილისის გზამკვლევი. 1912 წელი, ვანო ხოჯაბეკოვის, ფიროსმანის, კარაპეტ გრიგორიანცის, იეთიმ გურჯის, გიგო შარბაბციანის, კარა-დარვიშის, გევორქ ჯოტოს, ბაჟბეუქის, კარალოვისა და ტიფლისის ორდენის სხვა დარდიმანდთა სულების მოსახსენებლად.

ეს იყო 1912 წელს. დღეს კინოთეატრი „მულენ ელექტრიკი“ აღარ არსებობს. სამაგიეროდ, პესკების სიახლოვეს კვლავ არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნიკოლოზ ბახტაძეს და გიორგი ბანძელაძეს ესტუმროთ, ქეთი მატაბელის ნამუშევრები ნახოთ, ლევან ჭოღოშვილის ღვინო დალიოთ. თან, თუ მეტისმეტად ბევრი სტუმარი არ ეყოლებათ და კარგად დაეკითხებით, გიორგი გიამბობთ, როგორ აღმოაჩინეს მან და ნიკოლოზმა კედელში, პატარა ნიშაში, დასტური იმისა, რომ „მულენ ელექტრიკის“ წინ ოდესღაც არარსებული თბილისელი მამის საძებნელად ჩამოსული კაცი იდგა ხოლმე, „მულენ რუჟის“ პატარა მოცეკვავე გოგოს ვაჟი, ეჟენ ლიბერმანი; და ჯერ ერთი ფილმისა და საკუთარი თავის, შემდეგ კი - ეჟენის სანახავად იქ ერთი კოხტა ქალი დადიოდა, ვერონიკა პაირაზიანი. ცხოვრების დაისი აქ გაატარეს ერთად - ოთახში, სადაც კაფეა გახსნილი.

აბა, რა უნდა რქმეოდა ამ კაფეს, თუ არა „მულენ ელექტრიკი“?

0x01 graphic

დუბლინი

1996 წელს ერთ თვეში მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი „გინესი“ ჯემალ გაბუნიას „ბორბლებში“ დაილია!

ბატონი ჯემალი, ქართული პაბების მამა, ოდესღაც ტრავმატოლოგი ბრძანდებოდა და მას ბრწყინვალე მომავალს და დიდ ფულს უქადდნენ.

შემდეგ ის კინორეჟისორი გახდა და რამდენიმე წარმატებული პროექტიც განახორციელა. მაგრამ იმ პრინციპით, რომ всех денег не заработаешь, всех баб не пере…“, მან გადაწყვიტა, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიეღო - და პაბი გახსნა.

უფრო სწორად - პაბები. 90-იანების შემდეგ ის სულ ახალ-ახალ პაბებს ხსნის. ნამდვილი პაბებია, სწორედ ისეთი, როგორიც პაბი უნდა იყოს, როგორებშიც ოდესღაც ჯვაროსნები ისხდნენ და საუკუნეების შემდეგ „ბითლზი“ უკრავდა. ერთი ისაა, რომ თბილისურ პაბებში დარტსს არავინ თამაშობს - ეროვნული სპეციფიკიდან გამომდინარე, კაცმა არ იცის, საით გააფრენენ სტუმრები ისრებს...

„დუბლინი“ ერთგვარი ფენომენია - მუდამ სავსე. უაღრესად დემოკრატიული სივრცეა, ფაცე ცონტროლ ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით არ ხდება, მთავარია, სტუმარმა მთლად „დამეხმარეთ“ არ იძახოს. აქ ყოველ საღამოს მუსიკის გრიალია, და ხალხი იმდენად ჭამასმისთვის არ დაიარება, რამდენადაც საცეკვაოდ. ჯემალს მიაჩნია, რომ თუ ადამიანს შია, ყველაზე გემრიელად სახლში დანაყრდება, თუ ლაპარაკი უნდა - დაჯდება სამზარეულოში და ილაპარაკებს. ხოლო თუ დროის გატარება, ახალი კაცის ან ქალის გაცნობა და ცეკვა ნებავს, მაშინ „დუბლინში“ უნდა მიბრძანდეს.

„აი, ნახე,“ ხსნის ჯემალი, „სადაც მიდიხარ, უკრავენ ხერხს, ბურღს, „შკურკას“ და „სვერლოს“. ასი კაცი დგას მოწყენილი და არც ინძრევა. გინდა ხერხი და ბურღი? არა. „დუბლინში“ აკრძალული არაფერია, გინდა მაგიდაზე იხტუნავე, გინდა - ბარზე, გინდა - ჭერზე, ხელს არავინ შეგიშლის. თუ ვინმე ვინმეს თავზე დაეცა, დაცვა მაშინ ერევა, თორემ ქალი თუ „სტოიკაზე“ ცეკვავს, რა პრობლემაა? კაცი ზის ბართან, სვამს და ჭიქაში რამე რომ ჩაეყაროსო... როგორ წარმოგიდგენია, კაცის წინ ქალი ცეკვავს და ის იტყვის, სასმელში რაღაცა ჩამიცვივდაო? თან ლამაზი ქალი, სხვანაირები „სტოიკაზე“ არ ადიან. პირიქით, ის კაცი დალევს და დალევს, და კიდევ ასჯერ მოვა - მარტივი გათვლაა...“

მარტივი გათვლა ძალიან ამართლებს, ამიტომაც დავრბივართ საღამოობით „დუბლინში“, უფრო სწორად - ჯემალთან.

0x01 graphic

პრეგო

როცა იტალიურ სამზარეულოზეა საუბარი, ყველას პიცა, რიზოტო ან სულ ნაირ-ნაირი მაკარონი წარმოუდგენია. მაგრამ თუ ოდნავ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ არც ასე იოლადაა საქმე: იტალიას ეროვნული (მოდით, ნაციონალურს არ ვიტყვი, საჭმელ-სასმელთან მიმართებაში, მგონი, მეტისმეტია) სამზარეულო არ გააჩნია: მოგეხსენებათ, თავად იტალია, როგორც ერთიანი სახელმწიფო, დღევანდელი საზღვრების მქონე, ერთ საუკუნეზე ოდნავ უფროსია, და ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში და პროვინციებში განსაკუთრებულ კერძებს ამზადებენ.

თუნდაც ყველა ავიღოთ: პარმეზანი პარმის მიდამოში მზადდება, გორგონცოლა - პიემონტში, მასკარპონე - ლომბარდიაში... უჰ, კარგია!

ყველა ამ სიხარულს თბილისში „პრეგოში“ ვეზიარე. დარბაზში შესულს ევროპული სტუდენტური კაფეები გამახსენდა, ყოველგვარ ზედმეტ მასხარაობას მოკლებული; თქვენი არ ვიცი, და მე ძალიან მიყვარს ეს დემოკრატიული სივრცეები. მერე აღმოვაჩინე, რომ “პრეგოში” კერძების ხარისხი არ იცვლება, სულ კარგია, რაც, დამეთანხმებით, თბილისისთვის უჩვეულო ამბავია: როგორც წესი, ხაჭაპურები ელვის სისწრაფით პატარავდება, კარტოფილის ულუფები დიდი თეფშიდან ყავის ლამბაქზე ინაცვლებს ხოლმე, ძალიან გასამწარებელია...

„პრეგო“ ბატონი ზაალ ჩიკვაიძის დამსახურებაა. მან იტალიაში რამდენიმე თვე გაატარა და ამ ქვეყნის პატარა ნაწილი თბილისშიც ჩამოიტანა. თავად ბრძანა, „პრეგო“ იმდენად იტალიური სამზრეულოს სიყვარულმა არ გამახსნევინა, რამდენადაც ჩვენმა ყოფამო, მაგრამ მერე რა? მთავარია, რომ თამამად ვამბობთ ხოლმე: „წავიდეთ იტალიელთან!“, და ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისში მუდამ ღიმილით გვხვდებიან: „პრეგო!“ ანუ „მობრძანდით, ინებეთ“ - როგორც გაგიხარდებათ...

0x01 graphic

კალა

თბილისის ამ უბანს კალა რომ ჰქვია, მოქალაქეთა უმრავლესობამ სწორედ „კალას“ წყალობით გაიგო. სწორედ „კალა“ იყო პიონერი, რომელმაც ერეკლე მეფის პატარა ქუჩა ქალაქის ალბათ ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილად აქცია.

შესანიშნავი თვისებები: პირველი „სატყუარა“ დარბაზის დიზაინია - გუგა კოტეტიშვილისეული ავეჯი, სანათურები, სარკეები და, რაც მთავარია, განუმეორებელი საპირფარეშოები. არ გაგეცინოთ, მიბრძანდით „კალაში“ და ამ ამბავში თავად დარწმუნდებით. კერძები უდავოდ გემრიელია, მიმტანებს კაცობრიობა არ სძულთ და სტუმრებს ხალისით ემსახურებიან, „კალასთანა“ ბარმენი არავის ჰყავს - თაზო, ლათინოამერიკული ლიტერატურის შედევრების გმირი, სწორედ ისეთი კაცი, რომელთანაც ჩამოჯდომას არაფერი სჯობს, განურჩევლად იმისა, ძალიან გიხარიათ რამე თუ ძალიან გწყინთ. მგონი, თავად უფალი ვიშნუა, ექვსხელიანი და ტრანსცენდენტური. თაზოს არაფერი აღელვებს, ბედნიერი კაცია და შესაბამისად, მისი კოქტეილებიც ბედნიერების საწინდარია.

ცოტა გასაჯავრებელია: იმის გათვალისწინებით, რომ „კალას“ სულისჩამდგმელი, ბაჩო მიქაძე გემოვნებას ნამდვილად არ უჩივის, აქ ჩინებული მუსიკოსები უკრავენ და მღერიან. გულდასაწყვეტიც კია, რომ ასეთი კარგები არიან, რადგან ზუსტად იცი: კარგი მუსიკაა, მაგრამ ძალიან, ძალიან ხმამაღლაა. იმიტომ კი არ ვწუხვარ, რომ მაინცდამაინც პირისპირ მჯდომის ბრძნული გამონათქვამების მოსმენაში მიშლის ხელს - არა, იმას მანამდეც ბევრი ვუსმინე და კვლავაც ბევრს მოვუსმენ. უბრალოდ, ძალიან ხმამაღლაა! ყურებში აღარ მესმის! და არავის არ ესმის, მე მოვკვდე, სოციოლოგიური კვლევაც კი ჩავატარე და არ ესმით!

...გაზაფხულის დადგომას იმით ვხვდები, რომ „კალაში“ მივდივარ ხოლმე. შემოდგომის ცუდი დღეები იმითაც მძიმდება, რომ „კალაში“ გარეთ ვერ გამოვჯდები. არადა, რა კარგია ხოლმე... არა უშავს, დავაცდი, კარგად დაღამდეს, და მაშინ თაზო ჩემთვისაც მოიცლის. კარგ რამეს დამალევინებს და ცხოვრება კვლავ დღესასწაულად იქცევა.

0x01 graphic

არ იდარდო!

სანამ საქართველოს რესტორნებისა და კაფეების მენიუში ამოვიკითხავთ, რომ ჩვენს განკარგულებაშია კრაბის სალათა და ერბოკვერცხი გლაზოკი, რუსეთი ჯარს არ გაიყვანს და მართალიც იქნება! მიამბეთ ერთი, კრაბი რაღაა? კიბორჩხალა? ეგრე გეთქვათ. მაშინ ისიც ბრძანეთ, გლაზოკში რომ გავიხედავთ, რას დავინახავთ, სამოთხის კარს თუ უსასრულო ჰორიზონტებს?

შევთანხმდით: კრაბები არ არსებობენ, გლაზოკი არ იჭმევა. სამაგიეროდ, არსებობს ჩინებული, მარტივი და გემრიელი „გარიყულა“, არსებობს პრასის ფხალი პრასით და უპრასოდ, არსებობს ნიუტონის კანონი, რომ „ნისია სხვისია“, და თბილისში, ანჩისხატთან და მარიონეტების თეატრთან, არსებობს „არ იდარდო“, სადაც შეგიძლიათ გემრიელად დანაყრდეთ და არაფერზე იდარდოთ. „არ იდარდოს“ საუკეთესო სავიზიტო ბარათი ჰყავს: ბატონი რეზო გაბრიაძე. მისი სახელის წყალობა იყო, რომ ამ პაწაწინა, თითქოს მარიონეტების სახლში შევედი - გარედან მეტისმეტად არასანდოდ გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, ერთხელ თუ შეგიცდათ ფეხი, ხშირი სტუმარი გახდებით, თუ, რასაკვირველია, მაინცდამაინც წვრილბურჟუაზიული ესთეტიკა არ გიზიდავთ.

სანამ რამეს მოგართმევენ, მიიხედ-მოიხედეთ, და აღმოაჩენთ, რომ ზღაპრების, თოჯინების, ოცნებების სახლუკაში ამოყავით თავი. ყველაფერი ერთადერთია და განუმეორებელი: მაგიდები, ნახატები, ტელეფონი, თეთრი ფარდები და, რაც მთავარია, მასპინძელი. განა ბევრ ქალაქში დაიკვეხნით, რომ ოსტატთან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სტუმრობა?

მაშ, გაიარე ანჩისხატთან, ძვირფასო მკითხველო, და სან სოუსი! ცოტა ხანს მაინც არაფერზე იდარდო.

16 თავისუფლების დღიურები

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მარგველაშვილი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

8 ოქტომბერი, კვირა

6:30 - გავიღვიძე, დავიძინე
10:00 - გავიღვიძე, დავიძინე
11:30 - გავიღვიძე

ვარ დუშეთში - ვიღვიძებ, გამოვალ აივანზე, მერე ისევ შევდივარ, ვიძინებ, და ისევ იგივე და იგივე - რა ბედნიერებაა!!! მერე ჩავალ ქვევით, ჩემებთან, და მთელი დღე იქ ვარ. იქაც, ამისთვის სრულიად შეუფერებელ ადგილას, შუა ოთახში, გაშლილი სუფრის გვერდით, სადაც მუდმივად ხალხი შემოდის და გადის და თან ტელევიზორია ჩართული, ვწვები და ვიძინებ - 4-დან 5-მდე.

მერე ისევ ვიღვიძებ და ველაპარაკები ადამიანებს, ვინც ძალიან მიყვარს და ვისთანაც მაინტერესებს ყოფნა. ასე ვცხოვრობ მთელი დღე - ვიღვიძებ, ვიძინებ, ვლაპარაკობ, ან რამეს ვაკეთებ.

აქ რაიმე საქმის კეთება განსაკუთრებული ესთეტიზმით, შეიძლება ითქვას, ყოფითი ესთეტიზმითაა სავსე. დავუშვათ, წმენდ რაიმეს, ან საჭმელს ამზადებ ან არ ვიცი, კიდევ რას შეიძლება აკეთებდე - მაგალითად თლი ჯოხს. ამ დროს არსად არ გეჩქარება, თითქოს შედეგიც არ გაინტერესებს, აკეთებ დიდხანს, რაც შეიძლება უფრო ნელა და დეტალების აქცენტირებით. აი, ასე, მთელი დღე შეიძლება რაღაცა ოხერ, უმიზნო რაიმე ფიცარს თლიდე, აპრიალებდე, გვერდებს უსწორებდე - არაფრისთვის, უბრალოდ, მაგრამ სრული ჩართულობით. და თან გვერდით ვინმე გიზის, ან შენ უზიხარ გვერდით და უყურებ ამ უმიზნო სამუშაოს - თანამონაწილეობ... და ამ დროს ნელა, გაწელვით, გამოხშირვით საუბრობ:

- შენა, გითხრა რამე... იყო ერთი ჩინელი მასწავლებელი, მოვიდნენ, აქეთური-იქეთური, რას აკეთებ, შე არაფრის გამკეთებელო? говорит - ჩემი საქმეა ძაღლის განავლისგან ვარსკვლავების კეთება...

- და ის იცი? ერთმა тоже ეგეთმა ჩინელმა იმპერატორმა დაიჭირა ერთი მხატვარი, ну обложался ისიც რაღაცაში, ну фраернулся - დახატა, ალბათ, რაიმე აპოლიტიჩესკი, და ჩასვა, ჩააგდო ეს დილეგში. იჯდა ის მხატვარი ათი წელი. რაღაც მომენტში გამოყავთ, იმპერატორი ეუბნება დახატე, რა შეგიძლიაო... ესეც იღებს ფუნჯს, რაღაც პეიზაჟს ხატავს - ეზო, სახლი, калитка იქ, კოხტად. მერე იღებს, ამ ნახატზე აღებს ამ калитка-ს და შედის ნახატში... пиши, не кашляй...

- დამიხატე რა, შენც ეგეთი ნახატი...

აი, ასე ვიყავი მთელი დღე და თან იყო ტყის და მიწის სუნი, მთელი ზაფხული არ იყო ეს სუნი, ალბათ სიცხის გამო. ახლა რომ იწვიმა, მაგარი მიწის სუნი დგას.

9 ოქტომბერი, ორშაბათი

დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, როდესაც აღარ ვარ ხელმძღვანელი - ძალიან სასიამოვნოა, კომფორტულია, სახალისოა...

ვუყურებ რუსულ და ქართულ არხებს და დაპირისპირებას. ძალიან ძნელია მიხვდე, რა კრიტერიუმებით აფასებენ მხარეები წარმატებას, ზარალს, მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიას თუ გეგმავენ ტაქტიკურ ნაბიჯებს. რით ფასდება ეს კონფლიქტი? რაში იზომება? - დოლარებში? ჯარების გადაადგილებაში? საზოგადოებრივ მხარდაჭერაში? პოლიტიკურ დივიდენდებში? ხმებში? საერთაშორისო რეზონანსში? მედიით გაშუქებაში? სისტემურად ვერცერთი კრიტერიუმი ვერ მივუყენე ამ შემთხვევას. აღრიცხვის ვერცერთ სისტემაში ვერ გავაანალიზე და ავწონე, ვინ რამდენი დოლარი, ხმა, საეთერო დრო, პოლიტ-დივიდენდი მოიგო თუ წააგო.

თუმცა, ამ ორი კვირის განმავლობაში, არაერთხელ გამოიყენეს გამოთქმა - „ეროვნული ღირსება“. ამ გამოთქმას იყენებდა როგორც ქართული, ასევე რუსული მხარის მიერ. ორივე მთავრობა თითქოს ამ „ღირსებას“ იცავდა. არ ვიცი, რანაირად აიწონება ეს კონფლიქტი სხვადასხვა დენომინაციაში, მაგრამ „ეროვნული ღირსების“ თვალსაზრისით შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ გუშინ, რუსული საზოგადოების მიერ პუშკინის მოედანზე ჩატარებული მიტინგი, რომელზეც მკერდზე მიკრული წარწერით - ГРУЗИН“ ამ ერის საუკეთესო შვილები გამოვიდნენ, ეროვნული ღირსების გამოვლენისა და დაცვის ერთადერთი და საამაყო მაგალითია. ასე რომ, თუ ეს ამბავი „ღირსებებით“ იზომება, პუშკინის მოედანზე შეკრებილებმა ყველას აჯობეს.

10 ოქტომბერი, სამშაბათი

დღეს მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაიას ასაფლავებდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, RTVI-ს Особое Мнение“-ს ვუყურებდი, სტუმარი ევგენი კისელიოვი იყო. ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ. ეს ადამიანი მაღალი მორალის პოზიციიდან ლაპარაკობდა, აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთს და ლაპარაკობდა იმაზე, თუ რა არის დღეს რუსეთი, რა მორალური ან კულტურული ღირებულება დარჩა ამ ქვეყანაში. ძალიან მიმზიდველი იყო მისი რიტორიკა, ძალიან ღირსეულად ლაპარაკობდა. მაგრამ რეალურად ჩანდა, რომ ეს არის გადაშენების გზაზე დამდგარი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, ისევე, როგორც ის ხალხი, ვინც პოლიტკოვსკაიას დასაფლავებაზე მივიდა, ვინც გუშინ მკერდზე Я ГРУЗИН დაიწერა. ეს ერა არა მარტო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ერა ინტელიგენციისა - მთავრდება. Но разбит твой позвоночник, мой прекрасный, жалкий век. კისელიოვი ლაპარაკობდა იმაზე, რომ რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი ბედავს აზროვნებას, დანარჩენი რეგულირებადი მონები არიან. შემიძლია დავამატო, რომ მალე ის ერთი პროცენტიც აღარ იქნება. ეს არა მარტო რუსეთის, არამედ შესაძლებელია, გლობალურად, დემოკრატიის პრობლემა გახდეს. რა არის ამ სისტემის მომავალი თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და სახელმწიფოების მზარდი ძალაუფლებისა და სტრუქტურული დახვეწის ფონზე? პლატონი ამბობს, რომ დემოკრატია შობს ტირანიას. რეალურია ეს საშიშროება? რუსეთში ეს, ფაქტობრივად, უკვე მოხდა.

11 ოქტომბერი, ოთხშაბათი

აუ, რა მაგრები ვართ! რა ვუქენით მატერაცის! მაინც რა ნიჭიერები ვართ და როგორ ყოველთვის გამოგვდის! ძაან გამიხარდა! გამოგვდის, თან ყოველთვის და თან სპონტანურად: ბუშის ვიზიტის დროსაც ასე მოხდა - რომ გამოირთო ფონოგრამა, მთელმა მოედანმა იმღერა ჰიმნი, მთელმა ხალხმა; რომ დაგედგა, ასეთ რამეს ვერ მოიფიქრებდი, ვერ შეძლებდი. ახლაც, მთელმა სტადიონმა, როგორც კი მოედანზე მატერაცი გამოვიდა, დაიწყო: „ზიზუ, ზიზუ“... ძაან გამიხარდა!!!

12 ოქტომბერი, ხუთშაბათი

კობა დავითაშვილის სკანდალი. რათა? რათა? რათა? რათა? არა, მესმის, რომ არჩევნებისთვის ფულის მოძიება საჭიროა, საჭირო კი არა, აუცილებელია. არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას არ აკეთებს და არაა საჭირო აქ წმინდანობანას თამაში. მაგრამ შემოწირულობის სანაცვლოდ სიაში ჩასმა ნამდვილად არაა მართებული. აქ მარტივი ლოგიკაა - შენ მოიძიებ ფულს, რომ მე, როგორც ამომრჩეველი, დამარწმუნო და ხმა მოგცე. მაგრამ თუ ხმა მოგეცი, არ უნდა აღმოჩნდეს უცებ, რომ ხმა ვიღაცისთვის, სრულიად გაუგებარისთვის მიმიცია, და თანაც, შენს სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვედრილისთვის, რომ ფული მოგცა. აიღე ბიზნესისგან ფული, მაგრამ სიაში პოლიტიკოსები იყავით.

მაგრამ ამასთან ერთად რატი სამყურაშვილი - მორალისა და სინდისიერების მქადაგებელი! რატომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებმა რელიგიური მოღვაწეებივით არ ილაპარაკონ? წყნარად იმსჯელონ კანონებზე, პროგრამებზე, პოლიტიკაზე და მუდმივად რაღაც სიწმინდის აურით არ იყვნენ შემოსილნი? ჩვენში ჯერ არ გაიყო მორალი, კულტურა, პოლიტიკა და ბიზნესი - ყოველივე ეს მთლიანობაში არქაული აზროვნების ერთგვარ აჯაფსანდალს ქმნის.

ერთი მხრივ, კობა ქართულ სუფრაზე ლიტურგიებს ატარებს და პარალელურად, ინდულგენციებს ყიდის; მეორე მხრივ, სამყურაშვილი „შეძრწუნებულია“ ამ „ამაზრზენი“ ფაქტით.

ერთს ვნატრობ, რომ რატი სამყურაშვილმა ამ ამბის გამო ადამიანების რწმენა არ დაკარგოს. გულს ნუ გაიტეხთ, ქრისტიანნო...

13 ოქტომბერი, პარასკევი

ძალიან მახალისებს ლექციების კითხვა, სულ უფრო და უფრო, სულ ახალ ასპექტებში მომწონს ზურას (ზურაბ ჟვანიას) წიგნი, რომლითაც ამ ლექციებს ვკითხულობ. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო ის დისკუსიებია, რომლებიც ლექციების ირგვლივ იმართება. საშინაო დავალება რთულია, ლექციის შინაარსი სტუდენტებმა კონკრეტული რაკურსით, კონკრეტული კუთხით უნდა გააანალიზონ. ეს, ფაქტობრივად, მასალის დაზეპირებას გამორიცხავს და პროცესს მთლიანად შემოქმედებითს ხდის. დღეს ძალიან საინტერესო სემინარი ჩატარდა. ლექციის თემა “უმცირესობები” იყო და ხუთივე ჯგუფი ამ საკითხს განსხვავებული კონტექსტით განიხილავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ერთი მომხსენებელი, თამარაშვილი, თუ არ ვცდები. მისი ჯგუფი უმცირესობების თემას საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულების თვალსაზრისით განიხილავდა - თავისთავად არაა ადვილი ჭრილი. ამ მომხსენებელმა თქვა, რომ საქართველოს დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ქართული სახელმწიფო ამ ჯგუფთა ინტერესების დამცველი უნდა იყოს. საგულისხმოა ის, რომ ამ ფორმულაში დანახულ იქნა არა პასიური ფუნქცია ქვეყნისა, რომ არავინ, ასე ვთქვათ, არ დაჩაგროს, არამედ აქტიური - საქართველო გარანტია, დამცველია, ქომაგია - რეგიონის მასშტაბით - მათი, ვისაც უჭირს. არა ის, რომ ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ოსების ან ბერძნების დისკრიმინაცია - ეს ისედაც ყველასთვის გასაგებია, - არამედ ის, რომ ისე, როგორც რუსეთიდან დევნილი ჩეჩნების შემთხვევაში, სხვათა უფლებების გარანტები და მათი შემფარველნი ვიყოთ. ეს ძალიან საინტერესო, პოლიტიკურად მომგებიანი, სრულიად ადეკვატური და პროაქტიური აზროვნებაა. და თანაც, ეს არის ზუსტი მაგალითი იმისა, რასაც ამ კურსის ფარგლებში ვეძიებთ, რასაც ეხება ზურას ეს წიგნი - „ჩვენი თაობის პრივილეგია“ - პასუხის ძიებას იმ შეკითხვაზე, თუ რა არის ქართული დემოკრატია? რა არის ის დემოკრატიული, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფოსა და საზოგადოების არსებობის ჩვენთვის ბუნებრივი ფორმა.

სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა დღევანდელი ლექციები და სემინარები და, გასაოცრად, დღის მეორე ნახევარში, გოჩა სვანიძემ ძალიან საინტერესო რამე მასწავლა: თურმე, იურიდიულ პრაქტიკაში არსებობს ეგრეთ წოდებული „ჩვეულებითი“ ან, შესაძლოა, „ტრადიციული“ სამართალი. ეს ის ადათები და წესები, ტრადიციებია, რომელიც მოქმედ, დაწერილ და კოდიფიცირებულ სამართალს რეალურად არ ეწინააღმდეგება და ამა თუ იმ საზოგადოების ან თუნდაც კაცობრიობის მიერ მიღებულ და აღიარებულ ნორმებს ეფუძნება. და თურმე, სამართალწარმოების დროს, ამ სამართლის პოსტულატები მხედველობაში მიიღება! ანუ, რეალურად, უფრო სწორად, იურიდიულად, თურმე მთელი მიმდინარეობა, საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკა არსებობს, რომელიც ეძებს, აღიარებს და პატივს სცემს შენს ტრადიციას, შენს განსაკუთრებულ ხედვას! ანუ, ის კითხვა, რომელიც ჩვენს კურსში დემოკრატიის ქართული სპეციფიკის თაობაზე ისმის, თურმე იურიდიულ კონტექსტშიც გრძელდება - აი, სწორედ გოჩას მიერ ნახსენები „ჩვეულებითი სამართლის“ სახით.

14 ოქტომბერი, შაბათი

სვეტიცხოვლობა.

არ ვიცი, რა დავწერო.

თანამშრომლებისგან დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით, ძალიან კარგ მაღაზიაში - „ტრენაჟორების სახლი“ ტრენაჟორები ვიყიდე. ძალიან კარგები იყვნენ ყველანი - გამყიდვლები, მენეჯერი, მძღოლი...

საერთოდ, ადამიანები კარგები არიან.

17 აკა მორჩილაძის პირადი ენციკლოპედია

▲ზევით დაბრუნება


აკა მორჩილაძე

ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

შფთყ

- ეს ამბავი ძველებისგან გამიგონია. იმათ დროში ვერაზე ყოფილა ერთი მკერვალი, რომელსაც თურმე მარჯვენა ხელის ზურგზე ოთხი იდუმალი ასო გადაბმით ეწერა.

ეს ასოები იყო: შ, ფ, თ და ყ. თუ ამ მკერვალის გამოჯავრება უნდოდათ ხოლმე, მოსხლეტილად დაუძახებდნენ: შფთყ!!!...

თურმე ძალიან ბრაზდებოდა. სვირინგის არსი კი შემდეგი ყოფილა: ამ მკერვალს რქმევია შიო ფაშიაშვილი და დიდხანს ჰყვარებოდა ქალს, რომელსაც რქმეოდა თათალა ყალივნიშვილი. რა თქმა უნდა, ეს ქალი მისი ცოლი ვერ შექნილა, სვირინგი კი დარჩენილა.

ამ ამბავში სახელები და გვარები სულ ოდნავ შევცვალე: პირველი ასოები იგივეა, ხმოვანება კი მსგავსი.

მართლა და, რა უნდა ქნას კაცმა, თუკი ქალის სახელს მელნის წვეთებით ჩაიჭედებს სხეულზე და მერე კი ეს ქალი მისი აღარ შეიქნება?

სხვა შემთხვევებისაც გამიგონია ამგვარ სვირნგთა თაობაზე და ისიც გამიგონია, როგორ ცდილობდნენ გულგატეხილნი სვირინგების ამოშლას და ამოგლეჯას.

შიო მკერვალს კი არ ამოუშლია და ალბათ ამიტომაც ბრაზდებოდა, როცა გამოჯავრებით და ერთი ამოსუნთქვით დაუძახებდნენ: შფთყ!!!

0x01 graphic

უშუქო პანაშვიდები

- დიდი სიბნელეების დროს, დიახაც და ალბათ ყოფილხართ პანაშვიდებზე, უდვიჟოკო სახლებში. ძნელი დრო იყო ესა და მიცვალებული კი თავისთავად სამწუხარო ამბავია: პანაშვიდზე მისული კაცის გულს სევდა და ჯავრი იპყრობს.

მაგრამ მანამდე, როცა სინათლე იშვიათად მიდიოდა, ზოგჯერ სიბნელე პანაშვიდებსაც დაემთხვეოდა ხოლმე.

ერთ-ერთ ასეთ უშუქო პანაშვიდზე საბრალო ჭირისუფალს მოსამძიმრეებზე უზრუნია და მთელი კიბის აყოლებაზე, სამი სართულის სიგრძე-სიმაღლეზე, კიბის მოაჯირებზე სანთლები დაუმაგრებია.

ეს ყოფილა ზამთარში, როცა ცივა და ადრე ღამდება.

ჰოდა, ამ პანაშვიდზე ერთი მოსკოველი რუსი მოხვედრილა, რა მიზეზით - უცნობია.

შეიძლება სრული შემთხვევითობაც იყო: თავის ქართველ მასპინძელს მოჰყვა, თუ რა - ახლა ძნელი სათქმელია.

აცრემლებულა, გადარეულა, გულში სითბო ჩაღვრია, ადგილიც კი ვერ უპოვია.

რანაირი ხალხი ხართო, როგორი რიტუალები გაქვთო, რა საოცარიო, რა ლამაზია სანთლებით განათებული საჭირისუფლო გზაო, სად ნახავ კიდევ ასეთ რამესო...

იმას ეგონა, რომ ეს კიბის მოაჯირ-სახელურებზე ჩაწებებული სანთლები რაღაც მაღალს განასახიერებდა. რომანტიკული ხალხი ხართო. ახლა, მგონი, ეგრე აღარ ვგონივართ. არც დასანანია.

0x01 graphic

ოთარ ჯაყელი

- ის ერთადერთხელ ვნახე, პარიზში, თავის პატარა სახლში, სალბონის უბანში. იქ კოტე ჯანდიერმა მიგვიყვანა.

ქართველი ემიგრანტების განუმეორებელი აქცენტით ლაპარაკობდა, თუმცა მანამდე ბარე ოცდაათი წელიწადი თბილისში გაეტარებინა.

იყო ძალიან ავად, მალიმალ იხმარდა სუნთქვის აპარატს, რომელიც გვერდით ედო და განუწყვეტლივ ეწეოდა უბრალო, ალბათ ძალიან მაგარ სიგარილოებს, რომლებსაც „ჰაბანა“ ერქვა. ხუმრობდა: აღარ აქვს აზრი, მოვწევ თუ არაო.

ის არქიტექტორი იყო: ბევრს გვიყვებოდა კონგოზე, სადაც მუშაობდა (სიტყვები: „ბრაზავილი ჩემი აშენებულია“, - ახლაც მახსოვს); საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მის სამსახურზე მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც კაპრალად ყოფილიყო; საქართველოში დაბრუნებაზე, ათას სხვა რამეზე.

ლეგიონში ყოფნისას გაეცნო ორლეანის პრინცი, რომელიც გერმანელების წინააღმდეგ ორლეაკის ფსევდონიმით იბრძოდა და რომლის დაცვაც შტაბში საიდუმლოდ დაავალეს. საფრანგეთი კი რესპუბლიკაა, მაგრამ სხვა ვითარებაში პრინცი ჩვენი მეფეა და ასე უსიტყვოდ უნდა გავუფრთხილდეთო.

გვიამბო ლეგიონის ერთ რუს ოფიცერზე, რომელმაც თავიდანვე ამოიჩემა, როგორც ქართველი. ლეგიონში ეროვნებაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ის კი შეუჩნდა: გრუზინ? კნიაზ? ტამ ვსიაკი კნიაზ, კატორი ტრიოხ ბარანოვ იმეეტ.

ჰოდა, ოთარი გაბრაზებულიყო და ეთქვა: სამი ცხვრის არ ვიცი, მაგრამ ერთ ქართველს ვიცნობ, ორას ორმოცდაათი მილიონი ცხვარი რომ ჰყავსო.

ის იმავე წელს გარდაიცვლა და თბილისშია დაკრძალული.

მისგან რომ მოვდიოდით, ძალიან გემრიელად წვიმდა. ტაქსისტი ზანგი იყო. ინვალიდების სასახლესაც კი ჩავუარეთ, იმ წვიმაში განათებულს.

არის ეგეთი არცთუ ძვირი და უგემრიელესი ღვინო - როზ დ'ანჟუ: პირველად ბატონ ოთართან გავსინჯე. იმის მერე, სადაც გადავაწყდები, სულ ვსვამ.

0x01 graphic

პერშინგი

- 80-იანი წლების მეორე ნახევარში, თბილისის რიგ ზაკუსოჩნიებში გამოჩნდა წვრილ, ყავისფერ ბოთლებში ჩამოსხმული ლუდი, რომელსაც ზოგჯერ ყვითელი ეტიკეტი ჰქონდა და ზედ ეწერა: „თბილისური.“ ეს ლუდი რესტორან “არაგვის” გვერდით, ზაბეგალოვკაში და რესტორან „კრწანისის“ დაბლა, ფეხზე სადგომ დუქანში დამილევია. სხვაგანაც იქნებოდა. მე იქ მახსოვს.

აქა-იქ გამიგონია, რომ ამ ლუდს პერშინგებს ეძახდნენ. პერშინგი ამერიკული რაკეტა იყო; რა სიშორისა - არ ვიცი, მაგრამ კომუნისტების გაზეთებში წარამარა იმ პერშინგს ახსენებდნენ, როგორც ჩვენს სავარაუდო დამაქცევარს. ჰოდა, ეს ბოთლი რაკეტას გავდა. ეტყობა პერშინგს ამიტომ ეძახდნენ. პერშინგები ავიღოთო, ხშირად იტყოდნენ ხოლმე.

საკუთრივ პერშინგი კიდე, ამერიკელი გენერალი იყო. მეორე მსოფლიო ომსაც მოესწრო. ერთი სულელური წიგნია, სადაც 100 საუკეთესო გენერალია ჩამოწერილი და იქ ვიპოვე. გენერალთა გენერალი ყოფილა. ზედმეტი სახელიც მახსოვს - ბლექ ჯეკი. იმ წიგნში პირველ ადგილზე ჯორჯ ვაშინგტონია, მეორეზე - ნაპოლეონი... აი, ეგეთი წიგნია.

ის ლუდი კი აღარც გამოჩენილა სადმე.

0x01 graphic

ლომი

- ძველად ერთი სპარსული მონეტა მქონდა, ვერცხლისა იყო და ზედ ხმალმოღერებული ლომი იყო ამოტვიფრული - რა თქმა უნდა, ამომავალი მზის ფონზე. ის მონეტა სადღაც დაიკარგა. ძველი დროიდანვე იდო სახლში, შეიძლება ბარე ას წელიწადსაც კი, მაგრამ როგორც კი შევუჩნდი, დაიკარგა. ეტყობა, არ უნდა გამენძრია. ლომს ეწყინა, სპარსეთში შაჰი ჩამოაგდეს, თუ რა იყო - არ ვიცი. ძალიან დაუნანებლად ნაჭედი ფული იყო, ხელში არ იკარგებოდა. ეტყობა ადრე თბილისში ამგვარი ხმლოსანი ლომით აღბეჭდილი ასანთის კოლოფები იყიდებოდა. გამიგონია, ფიროსმანმა თავისი ხმლოსანი ლომი სწორედ ასეთი, სპარსული ასანთის კოლოფიდან გადაიხატაო. ეგება მონეტიდანაც გადაიხატა, რას გაიგებ.

0x01 graphic

ალბანელი

- ერთხელ ალბანელს შევხვდი. ძალიან მაგარი კაცი იყო, ცოტათი მელოტი, მაგრამ იმდენი მოეხერხებინა, რომ ყურებზე ქერა კულულები ეყარა. ლურჯი კოსტიუმი ეცვა და ბევრს და საინტერესოდ ყვებოდა თავის სამშობლოზე. მწერალი იყო, ოღონდ უფრო ლიტერატორი ეთქმოდა.

ჩვენ კაფეში ვისხედით, ერთ პატარა ქალაქში. ბარმენი იტალიელი იყო და სილვიო ერქვა. ამ ბარმენს ყოველდღე ახალი მაიკა ეცვა და ყოველდღე ამ მაიკას ჯონი ჰოლიდეი ეხატა. ლანჩის დრო იყო და კაფეც და ტერასაც სავსე იყო. ვუსმენდი ალაბანეთის და ალაბანელების ამბებს.

ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, - ხითხითებდა ის. - აი, როგორ აგიხსნა... მოიცა ერთ წუთს...

ის წამოდგა და ბარისკენ წავიდა. დავინახე, იმ ხალხმრავლობაში როგორ შეერია დახლთან მჯდომ თუ მდგომ ადამიანებს, მერე კი დავინახე, როგორ გავიდა დახლის უკან და სწორედ იმ ადგილიდან, სადაც სილვიო იდგა და კლიენტებს უმასპინძლდებოდა, თეთრი ღვინის ბოთლი აიღო. მშვიდად გამოვიდა იქედან და ბოთლი მაგიდაზე დადო.

- აი... ვერ დამინახა…და ვერც დამინახავს... - სიცილით კვდებოდა. ბოთლი გახსნილი იყო, შიგ ნახევარზე მეტი ესხა. სწორედ ეს ბოთლი გაგვიხსნა სილვიომ, როცა შემოვედით.

მერე ალბანელმა ჩამოასხა და განვაგრძეთ ტკბილი საუბარი.

ბოთლი არ მოუპარავს. ლანჩის დრო რომ გავიდა, კაფე დაცარიელდა და სილვიოც ჩვენს მაგიდასთან მოვიდა. ბოთლს გაკვირვებული უყურებდა. იქ ბოთლით არავინ უკვეთს.

- მძიმე საათი იყო, არა? - ჰკითხა ალაბანელმა.

რა თქმა უნდა, იმ ბოთლის ჭიქობრივად გადავიხადეთ. მართლა კი არ მოუპარავს, უბრალოდ მიჩვენა, რომ ყველაფერი შეუძლია.

18 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გვახარია

ნაწილი მეცამეტე 1985

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

Ленининград - Москва - Белые столбы

1985 წლის 15 ივნისს, ლენინგრადისთვის ჩვეულ წვიმიან დღეს, სანდომიანი ახალგაზრდა კაცი, შავი ცელოფნის ჩანთითა და ქოლგით ხელში, „ერმიტაჟის“ ორმოცდაათკაპიკიან ბილეთს ყიდულობს და პირდაპირ რემბრანდტის დარბაზისკენ მიემართება. დიდხანს დგას „უძღები შვილის დაბრუნების“ წინ, იმდენად დიდხანს, რომ აქაური დაცვის ყურადღებასაც კი იპყრობს.

ლურჯ ხალათებში გამოწყობილ მოხუც ქალებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის მთავარმა მუზეუმმა „დაცვის“ სტატუსი მიანიჭა, ერთადერთი რამ ევალებათ - თვალი ადევნონ დამთვალიერებლის ხელებს.

მაგრამ რემბრანდტის დარბაზის ზედამხედველის ყურადღებას ამჯერად არც სანდომიანი ახალგაზრდა კაცის ხელები და არც მისი ქოლგა იპყრობს… ლურჯხალათიანი დედაბერი დაღლილია, წამოწოლა უნდა, ერთი სული აქვს, როდის გახდება ექვსი საათი, როდის წავა სახლში და „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ მორიგ სერიას ნახავს. უნდა, რომ შვიდსაათიან „ნოვოსტისაც“ მიუსწროს - მას შემდეგ, რაც მარტში ჩერნენკო მოკვდა და ცეკას მდივნად ახალგაზრდა და ენერგიული მიხეილ გორბაჩოვი დანიშნეს, საინფორმაციო გამოშვებების ტონი ცოტა შეიცვალა. მეზობელმა უთხრა, გული მიგრძნობს, ქვეყანაში დიდი არეულობა დაიწყებაო... ძალიან თუ მოინდომა, კაპიცას გადაცემასაც ნახავს - შუადღეზე, ბუფეტში უთხრეს, წელს საბჭოთა გამომთვლელ მანქანებს სახე უცვალეს და ახალი სახელი - „კომპიუტერი“ დაარქვესო.

მოკლედ, ცხოვრება საინტერესო გახდა. ამიტომაც ეჩქარება. არადა, ერმიტაჟიდან სახლამდე ერთი საათის გზაა ჯერ მეტროთი, მერე - ავტობუსით.

დედაბერი დარწმუნებულია, რომ დრო უფრო სწრაფად გაივლის, თუკი რემბრანდტის ავტოპორტრეტთან დამონტაჟებულ უზარმაზარ საათს „დაჟინებული მზერით“ ჩააცქერდება. 40 წელია ერმიტაჟში მუშაობს და ამ ოპერაციას ყოველდღე ატარებს. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს - დამთვალიერებელია. გამოცდილება აქვს ასეთი - საათის მოჯადოების ოპერაცია წარმატებით სრულდება იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზი ცარიელია.

ექვსს ორი წუთი აკლია. დედაბერი უახლოვდება „უძღები შვილის დაბრუნებით“ დაშტერებულ ახალგაზრდა კაცს და ახსენებს, რომ მუზეუმი იკეტება.

სანდომიანი ყმაწვილი ნაზად უღიმის. „უძღებ შვილს“ ზურგს აქცევს და ეგრევე მოპირდაპირე კედელზე დაკიდებული „დანაიასკენ“ იღებს გეზს.

ყველაფერი წამებში ხდება. ყმაწვილი შავი ჩანთიდან რკინის პატარა ქილას იღებს. რაღაც საოცარი სისწრაფით ხსნის თავსახურს და ქაფიან სითხეს „დანაიას“ ასხამს. დედაბერი კივილს იწყებს - „ნა პომოშჩ, ნა პომოშჩ!“

სიგნალიზაცია არ ირთვება. ამიტომ ყმაწვილი ისე იქცევა, თითქოს არც აპირებს გაქცევას. აუღელვებლად დებს ქილას ერმიტაჟის გაპრიალებულ იატაკზე, ასევე აუღევებლად იყოფს ხელს ჯიბეში და ახლა უკვე დანამომარჯვებული უტევს „დანაიას“...

სიგნალიზაცია მხოლოდ მაშინ ყვირის, როცა დაცვა - ნამდვილი დაცვა, ე.ი. მილიცია, დაახლოებით 50 კაცი, ერმიტაჟის დარბაზში იჭრება. ყმაწვილი მათ მოგერიებას ქოლგით ცდილობს. მაგრამ ამაოდ. ბოლოს და ბოლოს, ქოლგას ძირს აგდებს და ორივე ხელს ზევით წევს.

„სუმაშედში, სუმაშედში!“ - გაჰკივის დედაბერი. თითქოს მოახლოებულ საშიშროებას გრძნობს; იცის, რომ დღეს ვერც „ნოვოსტის“ ნახავს, ვერც „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას“... კაპიცაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია - მისი გადაცემა უკვე დაწყებულია... და, რაც მთავარია, იცის, რომ ერმიტაჟს, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობდა, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დაემშვიდობება.

საბჭოთა პრესაში „დანაიაზე“ თავდასხმის ამბავი არ გახმაურებულა. მეც შემთხვევით შევიტყვე; იმ ღამით ლენინგრადში დავრეკე ძველ მეგობართან, რომელიც 1978 წელს, ერმიტაჟში პრაქტიკებზე გავიცანი. იგორი ლენინგრადის აკადემიაში სწავლობდა და ზაფხულში მოსკოვში ჩამოსვლას აპირებდა - უფრო სწორად, მოსკოვთან ახლოს, დაბა „ბელიე სტოლბიში“, სადაც 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის მთავარი კინოფონდი ააშენეს.

0x01 graphic

იმ ზაფხულს „ბელიე სტოლბიში“ ყველას ვეპატიჟებოდი, ვინც მიყვარდა და ვისთან ერთადაც ზაფხულის გატარება მინდოდა.

ასეთი პრაქტიკები 70-იანი წლების ბოლოს თეატრალურმა ინსტიტუტმა დაიწყო. მერე მათ ჩვენც შევუერთდით - უნივერსიტეტის „მეორადი“ ფაკულტეტი. „ბელიე სტოლბიში“ ვაგზავნიდით ფილმების სიას, რომლის ნახვაც სტუდენტებს „სჭირდებოდათ“ - „ჯავშნოსანი პოტიომკინი“, „ჩაპაევი“, „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“... მოკლედ, საბჭოთა კინოკლასიკას. მერე უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის სამი პედაგოგი - მე, ტატა თვალჭრელიძე, ნანა ჯორჯაძე, ფრანგული კონიაკებით (ე.ი.ძღვენით) დატვირთულნი, ჩავდიოდით „სტოლბებში“ და „გოსფილმფონდის ნაჩალნიკს“, ვლადიმერ დმიტრიევს სულ სხვა ფილმების სიაზე ვაწერინებდით ხელს. ზოგიერთ ფილმზე, მაგალითად, „ღამის პორტიეზე“, დმიტრიევი კატეგორიულ უარს ამბობდა. სულ „ნე დამ, ნე დამ!“-ს გაიძახოდა. მაგრამ მალე მივხვდით, რა უნდა გვექნა ამ დროს; ჩანთაში ჩალაგებულ ბოთლებს „ვაჭახუნებდით“, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ, მსოფლიოში ძალიან ავტორიტეტულ კინომცოდნეს, ამერიკული კინოს სპეციალისტს (მგონი დღესაც „გოსფილმფონდში“ ზის), „ნე დამ, ნე დამ!“ - „დამ, დამ!“-ით შეეცვალა და „კ ჩორტუ ვას“-ო დაემატებინა.

და რაც უფრო მეტი სტუდენტი იქნებოდა „უნივერსიტეტის დელეგაციაში“, მით უფრო გაიზრდებოდა შეგროვილი ფულით ნაყიდი ფრანგული „კამიუს“ რაოდენობა და მით უფრო მეტი იყო კარგი ფილმის ნახვის შანსი.

დმიტრიევი, ცხადია, სტუდენტების სიას არ გვთხოვდა. იცოდა, რომ „გოსფილმფონდის“ ხუთასკაციანი დარბაზი ყველას დაგვიტევდა. ჩვენ კი მეტი რა გვინდოდა?! მეგობრებს, შეყვარებულებს, ნათესავებს, მოსკოველ (მე კი ლენინგრადელ) ნაცნობებს „მეორადის სტუდენტებად“ ვასაღებდით, „ბელიე სტოლბის“ სასტუმროსთვის, კონიაკისა და არყისთვის (არაყი განკუთვნილი იყო კინომექანიკოსისთვის, რომელსაც ჩვენთვის ღამის სეანსები უნდა მოეწყო) 50-50 მანეთს ვაგროვებდით, და... в Москву! В Москву!

მაგრამ ლენინგრადელ იგორთან საუბრისას, „დანაიას“ ამბავმა იმდენად შემზარა, რომ „ბელიე სტოლბიში“ მისი დაპატიჟება კინაღამ დამავიწყდა.

70-იან წლებში, ლენინგრადში, პრაქტიკაზე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ არამარტო აქაური „ნაშების“ გემო ეგრძნოთ, არამარტო აქაურ სპეკულანტებთან გამოენახათ საერთო ენა და მაგრად დაშმოტკილიყვნენ (სიტყვა „შმოტკა“, თუ არ ვცდები, სწორედ ჩემი სტუდენტობისას დამკვიდრდა თბილისში), არამარტო აქაური „პლანის“ ნიუანსებში გარკვეულიყვნენ, არამედ ერთი თვალით მაინც შეეხედათ ერმიტაჟის ფერწერული შედევრებისთვის და დარწმუნებულიყვნენ - მართალი იყო ვალტერ ბენიამინი, როცა წერდა, ფერწერული სურათი ორიგინალში უნდა ნახო, თუ მართლა გინდა მისი ავტორის „აურას“ (აი, ეს სიტყვა იმხანად ჩვენში ჯერ არ იყო დამკვიდრებული) ეზიაროო.

„დანაია, ჩემი დანაია!“ - ისეთი წივილ-კივილი ავტეხე თბილისილენინგრადის სატელეფონო ხაზზე, რომ იგორმა დაწყნარება დამიწყო, მარწმუნებდა, რომ რესტავრატორები ოდესმე მაინც აღადგენენ რემბრანდტის სურათს (აღდგენილი „დანაია“ ერმიტაჟს მხოლოდ 1996 წელს დაუბრუნდა). ტელეფონში ხომ ვერ ვეტყოდი, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის რემბრანდტის ეს დარბაზი, რა დავინახე და რას მივხვდი აქ მაშინ, 78 წლის ზაფხულში, აკადემიის პრაქტიკებზე?

დიდი ბოდიში, მაგრამ ვერც შენ გეტყვი, ჩემო საყვარელო მკითხველო! დავიტოვოთ რაღაც ინტიმური, თორემ ძალიან გამარტივდება ჩვენი ცხოვრება. თანაც, რამდენჯერ გავიმეორო, მწერალი არა ვარ, ამიტომ ყველა გრძნობას სიტყვებით მაინც ვერ აღვწერ. მხოლოდ გაგახსენებ, რომ დანაია მეფის ასულია, რომელიც მამამ მიწისქვეშეთში გამოამწყვდია, რათა არ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად, მეფე მისსავე შვილიშვილს უნდა მოეკლა. მაგრამ დანაიას ბედით ზევსი დაინტერესდა, წვიმის სახით შეაღწია მიწისქვეშეთში და დატყვევებული ქალი გაათავისუფლა. თუმცა, რემბრანდტის სურათში ამბავი სულაც არ არის მთავარი...

მთავარი აქ დანაიას ჟესტია. მისი ღიმილი. მისი პაემანი სინათლესთან. დანაია მზადაა იმისთვის, რომ დედა გახდეს; დედა, რომლის შვილი მოგვიანებით მართლაც აღასრულებს წინასწარმეტყველებას.

უშნოა მისი სხეული. ასეთ მოდელთან არცერთი მხატვარი არ იმუშავებდა. ასეთ ქალს ახლოს არ მიიკარებდნენ რეკლამის ბიზნესში ჩართული დღევანდელი გაზულუქებული ვაჟკაცები, ქალების სხეულის გაყიდვაზე რომ ააწყვეს თავიანთი კარიერა.

0x01 graphic

რა დაუშავა იმ მანიაკს დანაიამ? სულით ავადმყოფი აღმოჩნდაო, მითხრა იგორმა... მაგრამ რას ნიშნავს „სულით ავადმყოფი“? იქნებ ეს საწყალი ლენინგრადელი ყმაწვილიც მოაჯადოვა? იქნებ ძალიან გააბრაზა რემბრანდტის მუცელგამოგდებულმა დედაკაცმა? იქნებ ამ ყმაწვილმა რაღაც დაინახა ჩემსავით, აქ, რემბრანდტის დარბაზში? ის, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ხოლმე ადამიანის ცხოვრებას? და ის, რისი თქმაც, რისი აღწერაც სასამართლოზე ვერ შეძლო. რადგან არც ეს ყმაწვილი იყო მწერალი.

დიდხანს ვცდილობდი გამეხსენებინა რემბრანდტის დარბაზის „მცველი“ ქალი - მისი სახე აღმედგინა. გამორიცხულია, რომ 78 წლის ზაფხულში, როცა საათობით ვიდექი „დანაიასთან“, მას არ გამოვლაპარაკებოდი. ვთხოვე კიდეც იგორს, „ბელიე სტოლბიში“ სანამ ჩამოხვალ, იქნებ გაარკვიო ამ მოხუცის ამბავი, ძალიან მჭირდება-მეთქი... ჩემგან ასეთი თხოვნა არ გაკვირვებია. იცოდა, რომ მეც, ცოტა არ იყოს, „სულით ავადმყოფი“ ვიყავი.

ასე მითხრა სწორედ, „სტოლბებში წამოყვანილმა“ ერთმა ბიჭმა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის, „მთვარეს“ ნახვის შემდეგ, თუკი ეს ფილმი თქვენ შეარჩიეთ, სულით ავადმყოფი ხართო.

არ ვიცი, საიდან მოხვდა „ბელიე სტოლბიში“. ალბათ ვიღაცის ახლობელი იყო. ასეთი ხალხის პრეტენზიებს შეჩვეული ვარ, ამიტომ დიდად არ მტკენია გული. შეიძლებოდა მალე დამვიწყებოდა კიდეც მისი სახე, რომ არა ერთი ნიუანსი - 90-იანი წლების დასაწყისში ეს ჩვენი ახალგაზრდა „ფსიქიატრი“ ჯერ ნემსზე შეჯდა, მერე ავტომატი დაიჭირა ხელში და „მხედრიონელთა“ სათაყვანებელი გმირიც გახდა.

მაგრამ ჯანდაბას ავტომატი. ჯანდაბას ნემსი. მთავარი ეს არაა.

მთავარი მისი რეაქციაა ფილმზე ”მთვარე”.

ბერტოლუჩის ეს სურათი ჩვენში ბევრს არ აქვს ნანახი. ამიტომ ერთი-ორი სიტყვით მაინც გიამბობთ, რა ხდება „მთვარეში“.

ფილმის გმირი, ჯულია, ორმოცს გადაცილებული, მშვენიერი ქალბატონი, ოპერის სახელგანთქმული მომღერალია. მართალია, იგი ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოდ იტალიას მიიჩნევს, ჯუზეპე ვერდის კი - თავის მამად, ნათლიად. პროფესია ოჯახზე მეტად უყვარს - უფრო მეტად, ვიდრე თავისი ამერიკელი ქმარი და რაც მთავარია, თავისი შვილი - 15 წლის გამხდარი ბიჭი.

ფილმის პროლოგში ჯულიას ქმარი ეღუპება. არადა, იმ დღეს გასტროლებისთვის ემზადებოდა. მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, ჯულიას ვაჟი იტალიაში მიჰყავს, პირველი სპექტაკლის შემდეგ კი, დაბადების დღეს უხდის იუბილარს - ჯოს.

ჯო სრულიად გულგრილია ოპერის მიმართ. მას უფრო ბეისბოლი და დისკო აინტერესებს... და კიდევ ერთი ვნება აქვს - ნარკოტიკები. ჯულია, რომელსაც შვილი ჯერ კიდევ ბავშვი ჰგონია, სწორედ დაბადების დღეზე „შეასწრებს“ შვილს და სწორედ აქ გაიგებს, რომ მისი „პატარა ჯო“ - პროფესიონალი ნარკომანია.

ჯულია აქამდე თავისი კარიერით ცხოვრობდა, შეყვარებული და მიტოვებული ქალების არიებს მღეროდა. მას „გამოეპარა“, რომ შვილი გაეზარდა - თავისი დაბნეული, მარტოხელა, სიყვარულს მოკლებული შვილი, რომელიც ასაკის მიუხედავად, წარმატებით „გამოძებნის“ ხოლმე გამხდარ, ჯერ კიდევ მართლაც ბავშვურ ხელებზე ვენებს მორფის შესაყვანად.

თავდაპირველად, ჯულია ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი დედა მოიქცეოდა - სჯის ჯოს, სახლში კეტავს. მერე მასთან ლაპარაკსაც ცდილობს, ეშმაკურად ვენებსაც უთვალიერებს. როცა ნარკოტიკებს უკვე კარგა მაგრად მიჩვეული ჯოს, როგორც ამბობენ ხოლმე, „ლომკები“ ეწყება, ჯულია ექიმსაც გამოიძახებს. მაგრამ ჯოს არაფერი შველის - კანკალებს და შეშინებულ დედას ჩაეხუტება. ჯულია მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რათა შვილი გადაარჩინოს; მზად არის, მისცეს საკუთარი თავი, საკუთარი სხეულიც კი...

„სტოლბების“ კინოდარბაზში ამ დროს დიდი ჩოჩქოლი ატყდა. „ახლავე შეწყვიტეთ სეანსი!“ - გაჰყვიროდნენ ისინი, ვინც აქამდე აღფრთოვანებით უყურა ინცესტისა და ძალადობის სცენას ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“... დიდად არ შეწუხებულან იმაზე, რომ იქ, ვისკონტისთან შვილი აუპატიურებს და მერე კლავს საკუთარ დედას... ბერტოლუჩიმ კი ისე აღაშფოთა, რომ საკუთარ მასწავლებლებს მოუწყვეს ბუნტი - ეს რას გვიჩვენებთო!

აქ ისევ სტუდენტებმა ივაჟკაცეს. „თუ არ გაინტერესებთ, წადით, დაიძინეთ!“ თუკი გავითვალისწინებთ „ბელიე სტოლბის“ გადატვირთულ სეანსებს, იმას, რომ აქ დღეში შვიდ, რვა ფილმს ვნახულობდით, ღამით კი ან დამატებით სეანსებს ვაწყობდით, ანდა უბრალოდ, ნანახს ვარჩევდით და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით - ეს ძალიან რაციონალური წინადადება იყო; იმათ, ვინც ასე „აღეგზნო“ ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმზე „მთვარე“, დარბაზი უნდა დაეტოვებინა და ტკბილად დაეძინა.

ასეც მოიქცნენ. გინებ-გინებით გავიდნენ დარბაზიდან. ბერტოლუჩის ხმამაღლა აგინებდნენ, შედარებით დაბალ ხმაზე კი პედაგოგებს, რომლებმაც ამ სურათის ჩვენება გაბედეს.

„სტოლბების“ კინოდარბაზში მარტო ჩვენ დავრჩით, „სულით ავადმყოფები“... ასეთ ხალხს კი, მოგეხსენებათ, ასოციაციური აზროვნება გვახასიათებს - ფიქრი ჩვენთვის ლაბირინთია, რომელიც წინააღმდეგობებით არის სავსე. მაგრამ ძალიან გვინდა ლაბირინთის გავლა, ძალიან გვინდა ჭეშმარიტებასთან ოდნავი მიახლოება მაინც. ამ გზაზე ზოგჯერ ხელოვნურად ვიქმნით წინააღმდეგობებს, ვწირავთ უდანაშაულო ადამიანებს და მერე დანაშაულის კომპლექსი გვახრჩობს, ამ გზაზე გამუდმებით მივმართავთ ექსპერიმენტებს - ხან ჩვენს თავს ვუწყობთ გამოცდას, ხანაც ახლობლებს. ვფიქრობთ და ვთამაშობთ!

„სტოლბების“ ნახევრად დაცარიელებულ დარბაზში სწორედ ასეთ ლაბირინთში აღმოვჩნდი; მაშინვე ერმიტაჟი და ედგარ დეგას „მობანავე ქალები“ გამახსენდა. ის ქალები, ასე ძალიან რომ ჰგვანან ჩემს საყვარელ „დანაიას“.

0x01 graphic

ხომ გახსოვთ, როგორ ბანაობენ? როგორ არიან მოხრილები, გადაზნექილები?

„წრეში შესული მობანავე ქალები“ - წერდა ეიზენშტეინი დეგას სურათებზე.

აი, მისი რამდენიმე ციტატაც:

„ეს არის არამარტო წიაღში ჩაფლობა, არამედ შეერთება მის მატარებელთან - დედასთან...ის, ვინც ეფლობა, თავად იძენს წიაღს. თავად ხდება განაყოფიერების უნარიანი, ფეხმძიმე.“

„ამ ქალებს აქვთ საოცარი მიდრეკილება შეკრან წრე, „თავით შევიდნენ“ საკუთარ წიაღში - როგორც ჩვილს ენატრება დაუბრუნდეს დედისეულ წაიღს, სადაც იგი პირველად და, ალბათ, უკანასკნელად ლივლივებდა სითბოში, დაცული იყო დედის სიყვარულით, არ იბრძოდა დანაყრებისთვის - ეს იყო ჭეშმარიტი სამოთხის ბაღი, რომელიც ასე ენატრებათ დეგას ქალებს“.

...და ასე აკლია ჯოს.

ჯულიას შვილი „წიაღში“ შეჰყავს, ცდილობს პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნოს, ხელახლა შობოს იგი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - როგორც კი დედა ამას ახერხებს, ჯოს „ლომკები“ ეხსნება. იგი სწორედ იმ სიამოვნებას განიცდის, რომელიც აკლდა (და ნარკოტიკებით იღებდა) - სიყვარულის სიამოვნებას.

ჰოდა, რა უნდა ექნა იმ ბიჭს, „სულით ავადმყოფები“ რომ გვიწოდა, თუკი ასეთი სიამოვნება არასდროს განუცდია? ნუთუ მხოლოდ მისი ბრალია, ნემსზე რომ შეჯდა, მაგრამ ამან კიდევ უფრო დათრგუნა და სამყაროზე (და საკუთარ თავზე) გაბოროტებულმა, ავტომატი დაიჭირა ხელში?

„სტოლბებში“ იმ ზაფხულს ბევრი, ძალიან ბევრი ფილმი ვნახეთ. „სიკვდილი ვენეციაში“ ტოპ-ფილმი იყო. სტუდენტები ისე შეიშალნენ „ვენეციაზე“, რომ „ელექტრიჩკას“ დაასხდნენ და გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის საყიდლად მოსკოვში გავარდნენ. სასაცილო იყო - თბილისელი სტუდენტები ერთი და იგივე ფირფიტით ხელში! ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ „უფრო ინტელექტუალია“ და ბერგმანზე, პაზოლინიზე, ვისკონტიზე საუბარში ღამეებს ათენებდნენ.

ჩემი „მთვარე“ კი რაღაც ტაბუდადებული ფილმი იყო. ბერტოლუჩის საერთოდ არ ახსენებდნენ.

და არამარტო ინცესტის სცენის გამო.

ეს ჩვენი სნობი ქართველობა მიხვდა, რომ ბერტოლუჩი მათ დასცინოდა.

თუკი ჯულია ვერ ჩაწვდა მთვარის მანკიერებას, გამოდის, რომ ინტელიგენტურობა, საუბედუროდ, არ ხდება საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იცხოვროს. მან შეიძლება სწორად იმღეროს, ბრწყინვალედაც კი იმღეროს, მაგრამ მთვარის საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩაწვდეს. „ინტელიგენტურობა“ ხომ სრულიად უსუსურია ხოლმე, როცა საქმე ეხება არა კულტურას, არა მუსიკას, ვერდის, არამედ ულმობელ ცხოვრებას, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. ამის გააზრების შემდეგ, დეგას „მობანავე ქალებისა“ არ იყოს, შეიძლება ყელში ამოგივიდეს ეს წინააღმდეგობრივი, გაურკვეველი, ტკივილით აღსავსე რეალობა და „საკუთარ წიაღში“ ჩაფლობის სურვილი გაგიჩნდეს; ანდა „ნემსზე შეჯდე“... მერე კი ავტომატი დაიჭირო ხელში.

და აბა ვინ მოინდომებს ამის გააზრებას?

მაგრამ 1985 წელს „ავტომატები“ ჯერ ადრე იყო. იმხანად მხოლოდ „ინტელიგენტურობის ეპოქა“ იწყებოდა.

„სტოლბებში“ იგორმა დაწვრილებით მიამბო მიხეილ გორბაჩოვზე, რომელიც რაღაცის შეცვლისთვის ემზადებოდა. ამას ამტკიცებდნენ მოსკოველი და ლენინგრადელი ინტელექტუალები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ცეკას მდივანს ახლოს იცნობდნენ. იგორმა ის მოხუცი ქალიც გამახსენა, რემბრანდტის დარბაზს 40 წელი რომ დარაჯობდა. აღმოჩნდა, რომ მშობლები, ძველი ბოლშევიკები, „37 წელს დაუხვრიტეს. არ გათხოვილა. ცხოვრობდა მარტო, თავის სიამის კატასთან ერთად, რომელსაც „ჟივაგო“ დაარქვა. ახალგაზრდა ლენინგრადელ მხატვრებთან მეგობრობდა და სახლში „ჩაის სმებს“ აწყობდა. ერმიტაჟში მთავარ „დისიდენტკას“ ეძახდნენ. იმ ინციდენტის მერე, იმდენჯერ მიუყვანიათ დაკითხვაზე, რომ თავადაც ეჭვი შეპარვია, თანამონაწილეობას ხომ არ მაბრალებენო.

მოუხსნიათ საწყალი. პენსიაზე გაუშვიათ. „ახლა კი ბევრი დრო ექნება იმისთვის, რომ კაპიცას გადაცემებს უყუროს და „ნოვოსტის“ სიუჟეტებში თვალი ადევნოს, როგორ იცვლება ვითარება საბჭოთა კავშირში“ - ეს გავიფიქრე და აღარც დედაბერი მახსოვდა და აღარც საყვარელი, დასახიჩრებული „დანაიაც“.

31 დეკემბერს ისევ დავრეკე იგორთან, ლენინგრადში, ახალი წლის მისალოცად. თითქოს დაავიწყდა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა, დაავიწყდა, რას ნიშნავდა „საბჭოთა ტელეფონი“:

- Скоро будем жить в другой стране! - პირდაპირ ჩამძახა ტელეფონში. მერე თვითონ დამიწყო „დანაიას მცველზე“ ლაპარაკი. გრიპი შეყრია და სწორედ იმ დილას, 1985 წლის 31 დეკემბერს ისე გარდაცვლილა, რომ მიხეილ გორბაჩოვის საახალწლო მილოცვას ვერ მოუსმინა, რომელმაც ყველაფერზე ხელჩაქნეული თბილისელებიც კი დაგვაიმედა.

- Бедная, лежала в какой-то дугообразной позе, умерла так, что не дождалась…

მერე ტელეფონი გაითიშა. ახალი წლის ღამეს ხომ ხაზი ყოველთვის გადატვირთულია?!

0x01 graphic

19 პროზა

▲ზევით დაბრუნება


იხვი ბოთლში

ავტორი: კატია ლანგე-მიულერი
გერმანულიდან თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა
ილუსტრაცია: გიორგი მარი

1995 წლის 22 დეკემბერს, რვა დღით ადრე მის „ბერლინში სიკვდილამდე“, დრამატურგ ჰაინერ მ.-ს მიუნხენის საავადმყოფოში ვესტუმრე, „საავადმყოფო იზარის მარჯვენა მხარეს“ ერქვა. სუფრას ვუსხედით კაფეტერიაში, რომელიც მუდამ არცთუ მაინცდამაინც ჯანმრთელი იერის მქონე, სპორტულ სამოსსა და ხალათებში გამოწყობილი ხალხით იყო სავსე, რადგან კლინიკის ტერიტორიაზე მხოლოდ აქ შეიძლებოდა რამე მცირეალკოჰოლიანი სასმელის, კერძოდ, შამპანურ „მუმმ“-ის მცირე პორციის დალევა და მოწევა.

ჰაინერ მ. ყოველთვის ისე იყო ჩაცმული, თითქოს იმწამს აპირებდა სადმე წასვლას. ყოველდღე სპორტული ლაბადა, შალის ჟაკეტი, შარფი და უშველებელი შავი პულოვერი; სათვალის მინების გამო კიდევ უფრო დიდი თვალები მოუჩანდა, გაფითრებული და გამხდარი სახით და მკაფიოდ გამოკვეთილი ცხვირის კონტურებით, წიწილასავით იცქირებოდა. ცოტას ვლაპარაკობდით; დიდხანს ვდუმდით ხოლმე, სანამ ჰაინერი მოკლე კითხვებს სვამდა და მე, მათზე მადლიერად დაყრდნობილი, ძალად მხიარულ პასუხებს ვცემდი.

მერე, მგონი ჰაინერის მეორე და ჩემი მესამე პიკოლოს დროს, ჩემი მეგობრის შესახებ მოვყევი, რომელმაც რაღაცა მიამბო და მალე გარდაიცვალა.

როდის? - მკითხა ჰაინერმა.

ვუთხარი, რომ ჰარი, რომელსაც ჰაინერი მხოლოდ შორიდან იცნობდა, ორი წლის წინათ გარდაიცვალა, და მოვყევი, როგორ ვინახულე ჰარი საავადმყოფოში და როგორ დამავალა მან, რადგან კითხვა აღარ შეეძლო და ტელევიზორსაც კი ვერ უყურებდა, ამბების თხრობით გამერთო, სანამ ერთ დღეს ამბები შემომელია და ვუთხარი: ამდენი გიამბე, ახლა შენი ჯერია. მე მარტო ერთი ამბავი ვიცი, თქვა ჰარიმ. და მერე, ვუყვებოდი ჰაინერს, ჰარიმ ამბავი მომითხრო, ძენ-ამბავი, რომელიც ჰარიმ, როგორც თავად ბრძანა, ციხეში თავისი კარატეს მასწავლებლისგან, ტაივანელი დილერისგან მოისმინა. ჰაინერს ისიც ვუთხარი, რომ ვეცდებოდი ისევე მომეთხრო ეს ამბავი, როგორც ჰაინერისგან მსმენოდა.

ცხოვრობდნენ ამქვეყნად ერთი ოსტატი და მისი მოწაფე. ოსტატმა ეს მოწაფე, როგორც ძენის ოსტატების წესია, ქუჩაში აიყვანა. იქნებ ობოლიც იყო; ნებისმიერ შემთხვევაში, იმას ძალიან უხაროდა, რომ ვიღაცამ მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა, ოსტატს გვერდიდან აღარ შორდებოდა და რადგან ძლიერი, გონიერი და ჭკვიანი იყო, სულ მალე ოსტატის უსაყვარლესი მოწაფე გახდა. შესანიშნავი იყო: მათხოვრობდნენ, კუნ-ფუს და იოგას ვარჯიშობდნენ და ღამით თავიანთ პატარა კარვებში ეძინათ.

0x01 graphic

ერთ მშვენიერ დილასაც, როცა ჩინებულ გუნებაზე მყოფი მოსწავლე თავისი კარვიდან გამოძვრა, მან თვალი ჰკიდა ოსტატს, რომელიც ლოტოსის პოზაში ერთი შეხედვით სრულიად ნორმალური, ღია მწვანე ფერის, ვიწრო და გრძელყელიანი, ორლიტრიანი ბოთლის წინ იჯდა. მაგრამ ეს რაღაა?! ბოთლში ცოცხალი იხვი იყო, ფრთებიანი, ფეხებიანი, ნისკარტიანი.

რა ჯიშისა იყო? - მკითხა ჰაინერმა.

მე რა ვიცი? - ვუპასუხე, - ალბათ ისეთი, რა, თეთრი, ყველგან ეგეთები დარბიან.

ჰმ, - თქვა ჰაინერმა, - აზიაში?

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, - ვთქვი მე და თხრობა განვაგრძე.

ოსტატმა უჩვეულოდ მკაცრად შეხედა თავის მოწაფეს და ჰკითხა: როგორ ფიქრობ, ეს იხვი ბოთლში როგორ აღმოჩნდა? მოწაფემ ბოთლი ყოველი მხრიდან დაათვალიერა; შიგ მჯდომი იხვი ფრთხიალებდა და ყიყინებდა. ოსტატო, თქვა მოწაფემ, აზრზე არა ვარ, ეს მე არ მიქნია, ნამდვილად არა, მე არაფერ შუაში ვარ, მე... ოსტატმა თავის მოწაფეს სიტყვა არ დაამთავრებინა, პირიქით, ისეთი რამ ქნა, რაც არასოდეს გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში, ამ თავის საყვარელი მოწაფისთვის. მან ხელი პერანგში ჩასჭიდა, ზემოთ აწია, კუჭში მუშტი ჩასცხო, სახეში გაარტყა, ურტყა და ურტყა, ბოლოს კი დამპალი სოიოს მარცვლებით სავსე ტომარასავით მტვერში დააგდო და წავიდა. მოწაფე თავის კარავში შეძვრა, სადაც დიდხანს და მწარედ იტირა, ტკივილისგან და დარდისგან. ეს რა მოუვიდა მის ალერსიან ოსტატს? ან ეს ბოთლი სად იპოვა, ან იხვი იქ როგორ მოხვდა? მოწაფე ეცადა, რამე გაეგო, მაგრამ მალე ღონემიხდილს დაეძინა.

გარიჟრაჟზე მოსწავლეს მძიმე ძილიდან გამოეღვიძა, თვალები გამოიფშვნიტა, გარეთ გაცოცდა, რადგან ფისი უნდოდა. და იქ ვინ იჯდა, მოწაფისა და თავის საკუთარ კარავს შორის, სავსებით ფხიზელი და წელში გასწორებული, ჩუმად მოყიყინე იხვიანი ბოთლის წინ? ცხადია, ოსტატი. რაო, ახლა მიხვდი, როგორ აღმოჩნდა იხვი ამ ბოთლში? - რისხვით შესძახა ოსტატმა.

ოსტატო, - ალუღლუღდა მოწაფე, - განვსაჯე და ავწონ-დავწონე, ვფიქრობდი და ვმედიტირებდი; იქნებ სხვა ოსტატმა, რომელიც შენზე დიადია, იქნებ მინის მბერავმა ჩიანიანის მონასტრიდან, თავისი ოსტატური ტუჩებით იხვის გარშემო ბოთლი... ოსტატმა მოწაფეს ისევ არ ათქმევინა, შეაჯანჯღარა, ფეხით შესდგა და სცემა, ისე სასტიკად და დიდხანს, რომ ბოლოს საბრალო მოწაფე გულწასული დაეცა.

მერე, იხვი? - შემაწყვეტინა ჰაინერმა. - ჯერაც ცოცხალია?

0x01 graphic

იხვები გამძლეები არიან, - ვუთხარი მე. თან ალბათ ოსტატი რაღაცა საჭმელს უყრიდა ბოთლში, ნამცეცებს ან ჭიაყელებს ან ეგეთ რამეს.

ჰმ, - თქვა ჰაინერმა, - და ცოტა წყალსაც უსხამდა, რომ დაელია და ეცურავა?

მაგრამ ამ საკითხს აღარ ჩავღრმავებივარ. გამიკვირდა კია იხვის მიმართ ჰაინერის ინტერესი, რადგან მანამდე მისი მხრიდან ცხოველების განსაკუთრებული სიყვარული არასოდეს შემინიშნავს, და თხრობა განვაგრძე.

როცა მოწაფე კვლავ გონს მოეგო, ოსტატი არსად ჩანდა. ასი ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, სულ მცირე, ორი ნეკნი ჰქონდა გატეხილი; ტკივილისგან თითქმის გონდაკარგული მოწაფე თავის კარვამდე მილასლასდა და აღარც ფიქრის თავი ჰქონდა და აღარც ძილი შეეძლო. ლამის მარადისობა გავიდა, ის კი სლუკუნით ეკვროდა ბამბუკის მაგარ ლეიბს. ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდა: მისი ოსტატი გაგიჟდა. და გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: ძალიან კი გაუჭირდებოდა, და არამარტო ჭრილობების გამო, მაგრამ ამ გადარეულ ოსტატს უნდა გაქცეოდა, თანაც სასწრაფოდ. მოწაფემ თავისი შვიდი ნივთი ჩაალაგა და ფეხისწვერებზე აპირებდა გაპარვას. მაგრამ როგორც კი კუნაპეტ ღამეში გაჰყო თავი, მისი გაოფლიანებული პერანგის საყელოს ვიღაცამ ხელი ჩაავლო; ოსტატის ხელი იყო, სხვა ვისი იქნებოდა.

ასე, ხომ? - დასძახა ოსტატმა ბებერი კუდიანივით, - გაპარვას აპირებ, შე უმადურო, სულელო არარაობავ? მაგრამ მანამდე, ჩემს მოწაფეთაგან უსულელესო, ამოცანა უნდა ამოხსნა. აბა? როგორ მოხვდა იხვი ბოთლში?

ოსტატო, - თქვა ნახევრადგაგუდულმა მოწაფემ, - შენ ჩემი ოსტატი აღარა ხარ, რადგან გონს აღარ ხარ. მე შენ თავს არ მოგაკვლევინებ. სულ ფეხებზე მკიდია, როგორ აღმოჩნდა ეს ჩერჩეტი იხვი ბოთლში; მე წავედი!

ოსტატმა მოწაფეს ხელი გაუშვა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე წამს გულში ჩაეკრა.

ჩემო საყვარელო მოწაფე, - თქვა მან ჩუმად და სულშიჩამწვდომად, - ამჯერად კი დიდი დრო დაგჭირდა. მეც მტკიოდა, რომ ასე მომიწია შენი გალახვა, რომ ბოლოს და ბოლოს მიმხვდარიყავი. ამიერიდან ყველაფერი კვლავ კარგად იქნება.

აი, - ვუთხარი ჰაინერს, - მთელი ამბავი ესაა.

ჰმ, - თქვა ჰაინერმა, - და იხვი?

იხვი, იხვი, იხვი, - ვთქვი მე. - ამ იხვს რას ჩააცივდი?! ეს ხომ ძენის ამბების ხერხია, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს: ეს ისეა, რა, რომ ყურადღება იხვისკენ იყოს მიმართული.

ჰმ, ისეო, - თქვა ჰაინერმა, - რა ისე? რა ისე, რა?

ამბავი ხომ გაიგე? - ვკითხე მე. - ანუ, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ძენურ ამბავში ცოდნაა ჩადებული - ან სწავლება.

ჰმ, მგონი, კი, - თქვა ჰაინერმა, - მაგრამ ჯერ შენ თქვი.

მაშინ, - ვუთხარი მე, - ეს ამბავი ვერ გავიგე, და ჰარისაც ხომ ვეღარ ვკითხავდი. ჩემი საქმე ისე იყო, იმ მოსწავლესავით, მეც მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ მოხვდა იხვი ბოთლში. მაგრამ ბოლოს რატომაა ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელო, ამას საერთოდ ვერ მივხვდი. ერთხელ ძენ-ისტორიების წიგნი ჩამივარდა ხელში, მგონი, სულ ოთხმოცდათორმეტი იყო, და იქ ეს იხვის ამბავიც ვნახე; თუ არ ვცდები, მეთორმერტე ამბავი იყო, ანუ, მარტივთაგანი, უფრო რთულები მერე ეწერა. და წიგნის ბოლოს ძენის ახსნა ვნახე. - მოიცა, მგონი ასე იყო: შემეცნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მათ ცხოვრებაში, ვინც გასხივოსნებისკენ ისწრაფვის. მან უნდა ამოიცნოს თავისი მასწავლებელი, რომელიც ეხმარება, პატივი სცეს, ეთაყვანოს მაშინაც, როცა მასწავლებლისა არ ესმის. მაგრამ არაფრის შემეცნება, უდიდესისაც კი, და არც მასწავლებელი, უდიადესიც კი, არ ღირს იმად, რომ მისთვის ან მის მიერ გულისტკენა, შეურაცხყოფა ან მკვლელობა აიტანო.

ჰმ, - თქვა ჰაინერმა, - კარგი ამბავია, ნამდვილად; და მაინც, ბოლო ჯერზე, მოსწავლეს ოსტატისგან წასვლა როცა უნდოდა, ბოთლი მაინც რომ გაეტეხა, იხვის ხათრით, რომ იმ ორ იდიოტს ხელიდან დასხლტომოდა, უფრო მაგარი ამბავი გამოვიდოდა.

20 ფილმები, წიგნები

▲ზევით დაბრუნება


ფილმები

0x01 graphic

როიალ კაზინო

კინოთეატრი რუსთაველი
რეჟისორი: მარტინ ქემფბელი

16 ოქტომბერს, ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება „როიალ კაზინოს“ მსოფლიო პრემიერას დაესწროს და მილიარდ ადამიანთან ერთად, ბრიტანულ-ჰოლივუდური პროდუქტი ნახოს. ნახოს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ აგენტ 007-ის ფანები ბრძანდებით, და I am Bond, James Bond-ის გაგონებისას, ტანში სიამოვნების ჟრუანტელი გივლით ხოლმე. ისე კი, რატომ უნდა გქონდეთ ასეთი რეაქცია? ღმერთმანი, არ ვიცი, მაგრამ მაინც.

მოკლედ, მარტინ ქემფბელმა ბონდის ახალი სერია გადაიღო, სახელიც სათანადო შეურჩია - „როიალ კაზინო“ დაარქვა და საზიზღრად სიმპათიური პირს ბროსნანის მაგივრად, საიდუმლო აგენტის საქმეები დენიელ კრეიგს დააკისრა: თავგადასავლები; ასთონ მარტინით სეირნობა და ლამაზ ქალებთან, ეგრეთ წოდებულ „ბონდის გოგონებთან“ სექსი.

ფილმი იან ფლემინგის 1953 წელს გამოცემული ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, რომლის 50-იანი წლების სიუჟეტი, ქემფბელმა 21-ე საუკუნეში გადმოიტანა. ჰო, ამბობენ, ამ ფილმში ბონდს, როგორც მავნე ჩვევა, მოწევა აუკრძალესო, მაგრამ სიფათების მინაყვის შესახებ არაფერი თქმულა. ეტყობა ეს სრულებით არ ყოფილა ჯანმრთელობისთვის მავნე.

0x01 graphic

ბოსელი

კინოთეატრი რუსთაველი
რეჟისორი: სთივ ოდეკერკი

ანიმაცია „ბოსელი“, რომლის შემქმნელები დიდად იწონებენ თავს - თქვენ ხომ არ იცით, რა შრომის ფასად გაკეთდა ეს ფილმი, ასეთს სხვას ვერაფერს ნახავთო, - ნოემბრის ბოლოს კინოთეატრ „რუსთაველში“ გამოვა. აქვე იმას ამატებენ, რომ ფილმის შექმნისთვის 200-ზე მეტი პერსონაჟის გამოგონება მოუხდათ და სცენების დადგმისას... ნუ, აღარ გავაგრძელებ. მოკლედ, ყოვლად გენიალურიაო.

მართალი გითხრათ, თავის ასეთი ქება დიდად კარგი საქმე არ უნდა იყოს, მაგრამ ამის შეფასების საშუალება ქართველ დედებს, მამებს და შვილებს თვის ბოლოს მიეცემათ.

ახლა კი რა ხდება ფილმში. ნამდვილად ვიცი, რა ხდება სახლში, როცა მშობლები სხვაგან მიდიან, და ბინაში პატარა (ისე კი, ზომას დიდი მნიშვნელობა არ აქვს) ბავშვებს ტოვებენ. ეს თქვენც კარგად იცით, იმიტომ, რომ ბავშვებიც ყოფილხართ და სახლში მარტოც დარჩენილხართ. მაგრამ, აბა გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, იცოდით, რა ხდება ფერმაში, როცა პატრონები მიდიან და კარ-მიდამოს, სხვადასხვა ტიპის ჩლიქოსნებს, ოთხფეხებს და ეგრეთ წოდებულ ფრინველთა წარმომადგენლებს უტოვებენ? არა? არა, არა! საიდან უნდა გცოდნოდათ?! არა უშავს, ამას სთივ ოდეკერკის ანიმაციაში გავიგებთ, სადაც ძროხები კი არ ბღავიან - ლაპარაკობენ; ცხვრები კი არ კიკინებენ - ისინიც ლაპარაკობენ და ცხენებიც, ერთი გემრიელი ჭიხვინის მაგივრად, ლაპარაკობენ.

ხედავ, სულმთლად ჩვენნაირები ყოფილან?!

0x01 graphic

ადამიანის შვილი

კინოთეატრი ამირანი
რეჟისორი: ალფონსო კუარონი

- „ეს არის ფილმი-შეხსენება, სადაც კაცობრიობისთვის მინდოდა შემეხსენებინა ის სასწაული, რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია“ - განაცხადა ალფონსო კუარონმა.

პ.ჯ. ჯეიმსის წიგნის მიხედვით გაკეთებულ ანტიუტოპიურ თრილერს (როგორც ამ ფილმს უწოდეს), მაყურებელი 2027 წელში გადაჰყავს, სადაც მთელი ამბავი იმაზეა აგებული, რომ 18 წლის მანძილზე, დედამიწაზე არცერთი ბავშვი აღარ იბადება. მეცნიერები უძლურები არიან და ბუნების ამ საიდუმლოებას ვერ ხსნიან; პანიკით მოცული მსოფლიო მიგრაციის და ქაოსის მსხვერპლი ხდება, სადაც კაცობრიობა გადაშენების პირას დგას.

ეს არის ფილმი, რომლის ყურებისას აპოკალიფსის სიახლოვის შეგრძნება არ გტოვებს და სადაც მომავლის ქრონიკას ადევნებ თვალს; ფილმი, რომელიც არც მისტიკის ჟანრს განეკუთვნება და მით უმეტეს, არც ფანტასტიკის ჟანრში გაკეთებული ბლოქბასტერია. ერთადერთი იმედი კი ის ფეხმძიმე ქალია, რომელმაც კაცობრიობა უნდა იხსნას.

წიგნები

0x01 graphic

ბორის აკუნინი

(გრიგორი ჩხარტიშვილი)
ლევიათანი
(ჰერმეტული დეტექტივი)
გამომცემლობა კვირის პალიტრა 2006 .

საზოგადოდ გავრცელებული ჩვევაა - როცა ადამიანმა უცხო ენა იცის, ცდილობს ნაწარმოები ორიგინალში წაიკითხოს. მაგრამ თუ მთარგმნელმა იმარჯვა და ნაწარმოები კარგად თარგმნა, მაშინ წიგნის დაგემოვნება თარგმანშიც შეიძლება. სწორედ ასეთი შემთხვევაა წარმოშობით ქართველი და ძალიან პოპულარული რუსი წერლის, ბორის აკუნინის „ლევიათანი“, რომელიც ქართულად მიხო მოსულიშვილმა თარგმნა. თუ რამდენიმე დღით შინ ჩარჩით, ან მოულოდნელად სამოგზაუროდ მოგიწიათ წასვლა, აუცილებლად დასტაცეთ ხელი „ლევიათანს“, რომელიც აკუნინის ცნობილი პერსონაჟის, ერასტ ფანდორინის შესახებ შექმნილი რვაწიგნიანი სერიის ნაწილია.

აკუნინის წიგნების უმეტესობის მსგავსად, „ლევიათანის“ კინოეკრანიზაციაც არსებობს. მაგრამ მერწმუნეთ, კარგი დეტექტივის კითხვას არაფერი სჯობს შემოდგომის ცივ საღამოს - მაშინ, როცა შინ თბილა. მოქმედება დიდ გემზე ხდება. ინტრიგები, მკვლელობა, სხვადასხვა ეროვნების ეჭვმიტანილები, იარაღად გამოყენებული საინექციო ნემსი, სკალპელი და ღმერთ შივას ოქროს ქანდაკება, პირველიდან მესამე პირში მოულოდნელად გადასული თხრობა - მოკლედ, აქ ყველაფერია, კარგად რომ დაიბნეთ და მერე „ლევიათანის“ საიდუმლოების ამოხსნამ ისეთივე სიამოვნება რომ მოგანიჭოთ, როგორიც მხოლოდ კარგი დეტექტივის კითხვას სდევს თან.

0x01 graphic

ფაჰრეთინ ჩილოღლუ

ფარნა ჭილაძე
სასაზღვრო ფიქრები
მოთხრობები, ლექსები
გამომცემლობა არტანუჯი 2006 .

ფაჰრეთინ ჩილოღლუ თურქი ქართველია, მწერალი, მკვლევარი და მთარგმნელი. მისი ქართული ფსევდონიმია ფარნა ჭილაძე. სწორედ ამ ფსევდონიმით გამოიცა ფაჰრეთინის მოთხრობებისა და ლექსების კრებული ქართულად, რომლის პრეზენტაციაც ისეთივე გულისამაჩუყებელი იყო, როგორც თვითონ ფაჰრეთინის ამბავს შეჰფერის: მწერალი იმ მუსლიმი ქართველების შთამომავალია, რომლებიც თურქეთში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გადასახლდნენ. თურქულ გარემოში მიღებული აღზრდის მიუხედავად, ფაჰრეთინმა ისეთი სალიტერატურო ქართული ისწავლა, როგორიც ბევრმა ქართველმა არ იცის. საქართველოდან შორს შენახულ ქართულს ხომ მუდამ სდევს რაღაც არქაულის განცდა და ასეა ფაჰრეთინის შემთხვევაშიც. მისი მოთხრობების კრებულს “სასაზღვრო მოთხრობები” ჰქვია. მათში მართლაც ბევრი ზღვარია - ოცნებასა და რეალობას, წერის სტილსა და რაც მთავარია, საქართველო-თურქეთს შორის. ავტორი ყველა ამ საზღვრის გადალახვას ახერხებს. ის ცხოვრობს თურქეთში, უყვარს საქართველო, ცხოვრობს რეალობაში, მაგრამ გარბის ოცნებებში. მოკლედ, წაკითხვად ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, თუ თურქეთში სათუთად შენახული ქართული ენის გასინჯვა გსურთ.

0x01 graphic

არქეოლოგია მოსწავლეთათვის

წიგნი + ინტერნეტი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2006 .

ეს წიგნი არაჩვეულებრივია არა მხოლოდ მოსწავლეთათვის, რომელთაც არქეოლოგია აინტერესებთ, არამედ ისეთი არშემდგარი არქეოლოგებისთვის, როგორიც მე ვარ. წიგნი კიდევ ერთხელ მაბრუნებს ბავშვობის ოცნებაში - სიძველეების ძიების სწრაფვისკენ და მახსენებს, რა ვიპოვე ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვინ გაავლო ხაზები ნაზკას უდაბნოში, ვის იცავდნენ ტერაკოტის მეომრები, რას ნიშნავს იაპონური მინკა, მართლა არსებობდა თუ არა ელდორადო - რომელსაც სიზმრებში ვსტუმრობდი, ვინ იყვნენ აცტეკები, ოლმეკები და ინკები, როგორ გაშიფრეს ეგვიპტური იეროგლიფები, რა დანიშნულება ჰქონდა სთოუნჰენჯს და როგორ აღადგინეს ფარაონ ტუტანჰამონის სახე.

მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი და ცოცხალი ფოტო- თუ გრაფიკული ილუსტრაციები ბავშვებს ძალიან საინტერესო ინფორმაციის აღქმაში კიდევ უფრო მეტად დაეხმარება. ეს არის წიგნი, რომელიც თქვენს თაროზე აუცილებლად უნდა გაჩნდეს.

0x01 graphic

ავტორი: თამარ ბაბუაძე
სუნამო. ამბავი ერთი მკვლელისა

პატრიკ ზიუსკინდი
გამომცემლობა დიოგენე
თარგმანი: ნატალია ნადირაშვილი, ეკა რაისნერი

მას შემდეგ, რაც „ამირანმა“ თბილისში ასე მოდური და ბევრისთვის საყვარელი ავტორის, პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება დაიწყო, ბევრმა დაკარგა მოსვენება. სასიამოვნო აღელვების მიზეზი ფართო არჩევანი იყო: „რა ვქნა - კიდევ ერთხელ წავიკითხო ზიუსკინდი ორიგინალში, თუ ვნახო, როგორ თარგმნეს ქართველებმა ეს წიგნი, ან, როგორია რომანის ეკრანიზაცია?“

თუმცა, ნერვებზე თამაში არ ღირს, მით უმეტეს, რომ შეგიძლიათ ყველაფერი მოასწროთ: ფილმიც ნახოთ, ორიგინალსაც გადახედოთ და თარგმანსაც, რომლის პრეზენტაციაც „დიოგენემ“ ფილმის პრემიერას დაამთხვია; ხოლო სანამ წიგნს ჩაუჯდებოდეთ, აი, მოკლედ, ზიუსკინდის შესახებ:

პატრიკ ზიუსკინდი 1949 წელს გერმანიაში, ქ. ამბახში დაიბადა, მიიღო მუსიკალური განათლება. 1968-1974 წლებში მიუნხენის უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, მუშაობდა ფირმა „სიმენსის“ საპატენტო განყოფილებაში, დენს-ბარში „პინგ-პონგის“ მწვრთნელად. პირველი ლიტერატურული წარმატება პატრიკს ერთაქტიანმა მონოლოგმა, „კონტრაბასმა“ მოუტანა (1980 წ.). მიუნხენის თეატრში გამართული პრემიერის შემდეგ, პიესა ევროპაში გასაოცარი პოპულარობით სარგებლობდა. მუშაობდა ტელევიზიაში (სერიალი „მონაკო-საფრანგეთი“ და „კირროიალი“). 1985 წელს გამოსცა რომანი „პარფიუმერი“, რომელმაც ზიუსკინდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რომანი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი 33 ენაზეა ნათარგმნი, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და რვა წელზე მეტი ხნის მანძილზე, განუწყვეტლივ ბესთსელერების სიაში ხვდებოდა. გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლიდან“ მოყოლებული, ასეთი არომატი გერმანულ ლიტერატურაში არავის ახსოვს. 1989 წელს ზიუსკინდმა გუტენბერგის ლიტერატურული პრემია მიიღო, 1996-ში კი გერმანული პრიზი საუკეთესო კინოსცენარისთვის - ფილმისთვის „როსინი“, რეჟისორ ჰელმუტ დიტლთან ერთად. ზიუსკინდი თავს არიდებს საჯარო გამოსვლებს, არ იძლევა ინტერვიუებს და ინტერნეტში მისი ორადორი ფოტო არსებობს, ოფიციალურ ვებ-საიტებზე რომ არაფერი ვთქვათ. ცხოვრობს გერმანიასა და საფრანგეთში.

ზიუსკინდს მისსავე გმირს, ჟან-ბატისტ გრენუის შევადარებდი, რომელიც მთელი ცხოვრება განუწყვეტლივ ყნოსავს და ყნოსავს, რათა ცხოვრების (ლიტერატურული გმირის შემთხვევაში, სურნელებათა სამყაროს) ყველა დეტალი შეისწავლოს და კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო (მისი შეხედულებით) ეგზემპლარი - ყოვლისშემძლე ადამიანი აქედან გამოადნოს.

„სუნამო. ამბავი ერთი მკვლელისა“

მეთვრამეტე საუკუნეში, საფრანგეთში ცხოვრობდა კაცი, რომელიც გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქაში ერთერთი ყველაზე გენიალური და საზიზღარი იყო... მას ჟან-ბატისტ გრენუი ერქვა. და თუ ეს სახელი სხვა ისეთი გენიოსი ურჩხულების ფონზე, როგორებიც იყვნენ, ვთქვათ, დე სადი, სენ-ჟიუსტი, ფუკე, ბონაპარტი და სხვები დღეს დავიწყებასაა მიცემული, იმიტომ კი არა, რომ გრენუი ამ ბნელით მოცულ ცნობილ ხალხს ქედმაღლობით, კაცთმოძულეობით, უზნეობით, მოკლედ, უღმერთობით ჩამოუვარდებოდა. არა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისი გენია და ფენომენალური პატივმოყვარეობა იმ სფეროთი შემოიფარგლებოდა, რომელიც ისტორიაში კვალს არ ტოვებს - სუნების წარმავალი სამყაროთი. სუნების, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: სურნელებათა სამყარო - ჟან-ბატისტ გრენუის სამყაროა.

ჟან-ბატისტ გრენუის დაბადება ისეთივე სიმყრალით და სისაზიზღრით არის გაჟღენთილი, როგორც მისი დაბადების ადგილი - „უმანკოთა სასაფლაო“; ადგილი, სადაც რვაას წელს ყოველდღე ათეულობით გვამს მოასვენებდნენ და ერთიმეორეს მიყოლებით, გვერდიგვერდ, ერთმანეთზე მარხავდნენ.

სიმყრალე და სისაზიზღრე მრავლად შეგხვდებათ ამ გენიალურ რომანში, სიმძაფრეც არ მოგაკლდებათ და შესაძლოა თვალის დახუჭვისაც კი შეგეშინდეთ; შეიძლება რეალურად დაინახოთ, სად ვცხოვრობთ, რა წრეში და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პარიზში, მეთვრამეტე საუკუნეში ხდებოდა თუ სადმე სხვაგან, სხვა დროს. შეიძლება ჩვენს რეალობაშიც იყოს ვინმე გრენუი, არაჩვეულებრივი, გენიალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც სრულყოფილებას მიაღწევს, თუნდაც სურნელებათა სამყაროში...

როგორც მიხვდით, დაგასწარით და „დიოგენეს“ მიერ გამოცემული „სუნამო“ უკვე წავიკითხე. ამიტომ გულწრფელად გაგიმხელთ - სანამ წიგნს ვკითხულობდი, თავი არც ამიწევია - მთელი ტექსტი ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე, თან ყველა სიტყვას ვწონიდი და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი; „სუნამოში“ თითოეულ სიტყვასა და ფრაზას ხომ მართლაც დიდი დატვირთვა აქვს და რაც უფრო მეტად შედიხარ ამ ფრაზების „დამუღამების“ ეშხში, მით უფრო მატულობს ინტრიგა.

„სუნამო“ - ეს არის რომანი, რომლის კითხვისას თანდათან იძაბები და ბოლოს, შინაგანად ალბათ ისეთივე ხდები, როგორიც თავად ჟან-ბატისტია და როგორიც, ალბათ, თავად ზიუსკინდი იყო - ამ რომანზე მუშაობისას.

21 რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

რეალობა, რომელსაც ჩვენვე ვქმნით

ოქროს პრომეთეს მფლობელ დეტლევ ბუკის ფილმის შესახებ

0x01 graphic

ოქტომბრის დასაწყისში, ხუთოსანი მოსწავლესავით გულმოდგინედ დავდიოდი კინოფესტივალ „პრომეთეზე“ და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად, არცერთი დღე და არც ერთი საკონკურსო ფილმი არ ჩამეგდო.

გულახდილად გეტყვით, რომ წლევანდელ საკონკურსო ფილმებში, ფავორიტის გამოვლენა არ გამჭირვებია. ყოველ შემთხვევაში, არცერთი ფილმი არ იყო ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, რომ გამარჯვებულის ვინაობაზე დიდი ფიქრი დაგჭირვებოდა. არცერთ ფილმს არ მოუხდენია ისეთი შოკი, როგორც თავის დროზე, შარშანდელი „პრომეთეს“ გამარჯვებულებს - ქურთი რეჟისორის ბაჰმან გობადის ფილმს „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“ და გელა ბაბლუანის „13“-ს.

უდავოდ კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო, პროგრამა Made In Germany-ს ორგანიზატორი, medea fi lm production service-ის ხელმძღვანელი ირინა ქურთიშვილი და გოეთეს ინსტიტუტი, რომლებმაც საკონკურსო პროგრამაში ახალი გერმანული ფილმები წარმოადგინეს, რადგან მთავარი პრიზების მფლობელები სწორედ ამ პროგრამით წარმოდგენილი გერმანელი რეჟისორები დეტლევ ბუკი და ფრედ კელემენი გახდნენ.

0x01 graphic

დეტლევ ბუკის „მაგარ ბიჭს“ (knallhart) ბევრი ელოდებოდა. ინტერესი დიდი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ, ზოგადად, საკონკურსო ფილმები საკმაოდ საცოდავ, სუსტ მდგომარეობაში გამოიყურებოდნენ; და ბუკის ფილმს უკვე არაერთი ფესტივალი ჰქონდა „დაპყრობილი“; ფილმს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის (კინოკრიტიკოსთა ასოციაციის) პრიზი და მუსიკისა და მონტაჟისთვის გერმანული კინოაკადემიის პრიზი - „ოქროს ლოლა“ ჰქონდა აღებული. ამ არც ისე მცირე ჩამონათვალს, სულ ცოტა ხნის წინ „ოქროს პრომეთეც“ შეემატა.

- აუუ, ეს მაგარი ფილმი ჩანს... - წინა რიგში მსხდომ გოგონათა რეპლიკის ფონზე დავიწყე ფილმის ყურება. ფილმის სათაური, რომელიც ყველა ენაზე სხვადასხვანაირადაა ნათარგმნი, ქართულად განსაკუთრებით „მაჩოურად“ ჟღერდა - „მაგარი ბიჭი“.

თუმცა, ბუკის ბიჭი მაგარია, მართლა ძალიან მაგარი. ის ხომ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მოზარდია, რომელსაც ადამიანური ურთიერთობების და სიყვარულის მაგივრად, ძალადობით და სისასტიკით სავსე სამყაროში მარტო უწევს თავის გატანა. ფილმი მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებდა. კინოს მოყვარულებს კი ამ ფილმის ფაბულამ შეიძლება ჩემსავით, რამდენიმე ფილმი გაგახსენოთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი, უბრალოდ, ვინ არის და საიდანაა ბუკის მაგარი ბიჭი?

მიხაელ პოლაშკა საკუთარ დაბადების დღეზე პირველ საჩუქარს იღებს; მამინაცვალი მას და დედას, რომელსაც როგორც ჩანს, აქაფებულ აბაზანაში წოლის გარდა სხვა არაფერი შეუძლია, ქუჩაში ყრის. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდნენ, თავშესაფრის საძიებლად ქალაქის ყველაზე „ჩაშვებულ“, თურქულ უბანში „ნოი კიოლნში“ გადადიან და ცხოვრებას თავიდან იწყებენ. ახლა ხომ გასაგებია, რა მოხდება, როცა მდიდარი უბანიდან გადმოსული 15 წლის ბიჭი მარგინალების, ბანდიტების და ნარკომანების სამყაროში მოხვდება? დედა? არა, დედა გენიალური პერსონაჟია, რომელსაც ან სიგარეტი აქვს პირში გარჭობილი, ან ღამის პერანგით, ფეხშიშველი დაცუნცულებს სახლში და პარალელურად, საძინებლიდან უცნობი მამაკაცის თავის მოჩანს, ან კიდევ უკეთესი, როცა ეკითხებიან, რა პროფესიის ბრძანდებითო, სიამაყით პასუხობს - მეე? დედა! მიხაელის დედას, დედობა მართლა პროფესია ჰგონია; უფრო სწორად, სამსახური, რომელიც ცხოვრებაში მეორეხარისხოვანია და სადაც გაცდენებს ხშირად გპატიობენ. მიხაელს კი, სიცოხლისთვის ბრძოლა და გამომძალველ კლასელებთან საქმეების გარჩევა უწევს. ისე კი, რა გარჩევა, ერთი-ორს მიუნაყავდნენ ხოლმე სიფათს, როცა ფულის მიტანა დააგვიანდებოდა და ეგ იყო მთელი გარჩევა. მთელ ამ ძალადობით სავსე ქაოტურ სამყაროში, მიხაელი ნარკოტიკებით მოვაჭრე ვინმე ჰამალთან აღმოჩნდება. მას უკვე მოხერხებული კონსპირაციით დააქვს გასაყიდი ნარკოტიკი და სახლის ფულსაც თვითონ შოულობს.

ფილმში კარგად ჩანს მთავარი პერსონაჟის მიმართ რეჟისორის დამოკიდებულება. მას ეცოდება მიხაელი. ეცოდება, იმიტომ რომ, მიხაელი არა გამოგონილი პერსონაჟი, არამედ ჩვენს გარშემო არსებული რეალობის ნაწილია; ნაწილი, რომელიც თითქოს გასაწირად გაჩნდა ამქვეყნად. ფილმის დაწყებისთანავე, ყველაფერი ნაწინასწარმეტყველებია - მისი გმირი თავიდანვე განწირულია.

საზოგადოების და ინდივიდის, მოზარდი ინდივიდის თემა, არაერთ რეჟისორთან გათამაშებულა. ფილმმა, პირველ რიგში, კენ ლოუჩის ასევე ფიპრესის მფლობელი „როცა თექვსმეტი წლის ხარ“ გამახსენა და რომელმაც, თავის დროზე, ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“-სთან გარკვეული ასოციაციები გამოიწვია. პრინციპში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული სამივე ფილმის გმირი სიყვარულის გარეშე აღზრილი ბავშვები არიან, რომლებსაც ცხოვრებამ ნაადრევად მიაყენა დარტყმა, და პატარა ასაკში საკუთარი თავის გატანა მათვე დააკისრა. ბრიტანელი და ფრანგი რეჟისორისგან განსხვავებით, რომელთა გმირების ბოლო კადრები უკიდეგანო ზღვასთან მთავრდება (ზღვა - როგორც დიდი ბარიკადი და გზის, ანუ მომავლის არქონა. თუმცა ზღვა შეიძლება უკიდეგანო და ამოუცნობი ახალი სამყაროს სიმბოლოც იყოს), ბუკის გმირის შემთხვევაში, მისი ისტორია რკინის გისოსების ფონზე სრულდება, სადაც მოძალადის მკვლელობის შემდეგ, მოზარდი დამნაშავე პოლიციის განყოფილებაში აღსარებაზე მისვლით ამთავრებს ცხოვრების ეტაპს - ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს.

ნატურალისტურ სცენებს და უშუალობას, რასაც ბუკი კამერის და მონტაჟის საშუალებით აღწევს, ძალიან დინამიურად მიჰყავს ფილმი. მაყურებელი საათნახევარი აკვირდება რეალობას; გარშემო არსებულ სასტიკ რეალობას, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით; რეალობას, რომელსაც ჩვენვე ვქმნით.

22 რადიო უცნობის ამბები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

დილა მშვიდობისა

რადიო „უცნობის“ დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა“, ნინი ბუკიასთან და რამაზ ხატიაშვილთან ერთად - ყოველ დილით, 8 საათიდან 10 საათამდე. ყველაზე საინტერესო, ყველაზე საჭირო და ყველაზე სახალისო ამბები FM 98-ზე.

ჩვენ დილიდანვე ვზრუნავთ თქვენს განწყობაზე. ყოველდღე ახალი, აქტუალური თემები, დაწყებული ფეხბურთით, დამთავრებული პოლიტიკური კონფლიქტებით. გვისმინეთ ყოველ დილას, ნინი და რამაზი მზად არიან, დილიდანვე საუკეთესო განწყობა შეგიქმნან და „დილა მშვიდობისა“ გისურვონ.