The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №41


ცხელი შოკოლადი №41


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, თოლორდავა კახა, სუხიშვილი თამარ, ტურაშვილი დათო, მაისურაძე გიორგი, გელაშვილი ნაირა, ცეცაძე მაია, ჭელიძე სალომე, ალანია სალომე, კორძაია-სამადაშვილი ანა, ქოჩიაშვილი მარიკა, გაბუნია დათო, ნავერიანი სანდრო, მალენი მარკ, ბექიშვილი ნინო, ბუთხუზი ლევან, ლომაძე ნინო, კოლბერტი ელიზაბეტ, მესხი დავით, ღოღობერიძე ლანა, მორჩილაძე აკა, არაბული გიორგი
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აგვისტო–სექტემბერი 2008, მწვანე ნომერი გარეკანზე: ლევან ბუთხუზი ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, თამარ სუხიშვილი, ლანა ღოღობერიძე, მარკ მალენი, ნინო ლომაძე, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, გიორგი მაისურაძე, კახა თოლორდავა, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი, დათო გაბუნია, სანდრო ნავერიანი, მარიკა ქოჩიაშვილი, სალომე ალანია, ლევან ბუთხუზი, გიორგი არაბული, დავით მესხი, ირაკლი შავგულიძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲back to top


0x01 graphic

რამდენიმე დღის წინ ვისმენდი ჩემი ახლობლების მორიგ ლექციას საკუთარი თავის მოვლის მნიშვნელობაზე. ერთადერთი, რაც ამ ლექციიდან შევისმინე, ის იყო, რომ თუ კოსმეტიკურ საშუალებებს არ იყენებ, თვეში ერთხელ მაინც საპარიკმახეროში არ ზიხარ, არ ვარჯიშობ, სუფთა ჰაერზე არ სეირნობ, მასაჟს არ იკეთებ და ძილის წინ მთელ რიგ რიტუალებს არ იტარებ კანის მოსავლელად, იმით მაინც შეგიძლია თავს პატივი დასდო, რომ საპნის ნაცვლად, მჭადის ფქვილით დაიბანო პირიო. მჭადის ფქვილით პირის დაბანაზე გავხალისდი - ბუნებრივია, ადვილია და თავის მოვლაშიც ჩამეთვლება-მეთქი. ვცადე, მეამა და ცოტა ხნით ჩემი ოჯახის თეთრკანიან და ქერა წევრებსაც დავემსგავსე.

ჭადის ფქვილის „აბაზანებმა“ ჩვენი ეკოლოგიური ნომრის პათოსი გამახსენა. ყველაფერი გენიალური მარტივია. ყველაფერი კარგი არ არის შორს. ყველაფერი დიდი და გრანდიოზულიც პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. დემოკრატიაც, სუფთა გარემოც და სულის სიმშვიდეც.

ასე მაგალითად, როცა ლეონიძის 2 ნომერს ანგრევენ, სულ მინიმუმ, ეს ამბავი უნდა გააპროტესტო და იმდენი მოახერხო, რომ ძველი თბილისის სხვა ისტორიულ შენობებსაც იგივე ბედი არ ეწიოს. როცა სახალხო დამცველის მოხსენებას, რომელიც შენი ქვეყნის მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე არის შედგენილი და შენი არჩეული პარლამენტი არაფრად აგდებს - არ უნდა გაჩუმდე. არ უნდა გაჩუმდე, იმიტომ, რომ მალე შეიძლება აღარავინ დარჩეს ხმის ამომღები. არც ქართული სატელევიზიო თოქშოუების დაპირისპირებული მხარეების გადაძახილ-გადმოძახლს უნდა დასჯერდე და მოითხოვო ხარისხობრივად უკეთესი და უფრო საჭირო ინფორმაცია, თუნდაც, შენივე დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან. ეს ყველაფერი „სუფთა გარემოს“ ნაწილია და ეს გარემო ვერ გექნება მაშინ, როცა საკუთარი სახლის ზღურბლს არ სცილდება შენი მზრუნველობა.

ჩემი უნივერსიტეტის მახლობლად ჰენრი დევიდ თოროს ნავსაყუდელი, სახლ-მუზეუმი იყო, უფრო სწორად, ტყე-მუზეუმი. ყველა იდეურად აღტკინებული და დაღლილი სტუდენტი, ვოლდენის ტბორს მიაშურებდა ხოლმე, სადაც თოროს ქოხთან ერთად, უკაცრიელ ტყეში, მისი გამონათქვამები გხვდება გზად. ჩემი საყვარელი ციტატა - „ტყეში იმიტომ წავედი, რომ გააზრებულად მინდოდა მეცხოვრა, არსებობის მხოლოდ უმნიშვნელოვანეს ფაქტებთან დავრჩენილიყავი და მეცადა რაღაც მაინც მესწავლა მათგან, რათა სიკვდილის წინ არ აღმომეჩინა, რომ საერთოდ არ მიცხოვრია“, - დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

ჩვენი ეკოლოგიური ნომრის მიზანი ტყეში თქვენი გახიზვნა არ არის. უბრალოდ, გვინდა, რომ უფრო მეტად იფიქროთ იმაზე, თუ რა კვალს ტოვებთ გარემოზე. თავიდან, ალბათ გული გაგისკდებათ, ჩემსავით, მაგრამ მერე იქნებ ეცადოთ, რომ ქალაქის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს, კიოტოს პროტოკოლის შესრულებასთან ერთად, სულ მცირე, ნაგვის დახარისხებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა მოსთხოვოთ. ან თუ მწვანე აქტივისტად არ იქეცით, საკუთი ცხოვრების წესი გახადოთ გარემოსთან უფრო ჰარმონიული - ზუსტად როგორ, ამისათვის თამარ სუხიშვილის სტატიის წაკითხვას გირჩევთ.

ყველა სტატია, რაც კი მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე წამიკითხავს, ერთი პათოსით მთავრდება - ვერაფერს გავხდებით, თუ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცნობიერებისა და ჩვევების ნაწილი არ გახდა. მერე, რა უნდა ამას? ვიცხოვროთ გააზრებულად, იმისათვის, რომ მალე დედამიწაზე ანიმაციური ფილმის, „უოლის“ სიუჟეტი არ განმეორდეს. თუმცა, ეს რობოტი უოლიც ძალიან საყვარელია და მისი შეყვარებული უცხოპლანეტელი ივაც.

ჰო, და ძილის წინ სახის მჭადის ფქვილით დაბანა არ დაგავიწყდეთ.

ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ!

P.S. ცხელი შოკოლადის შემდეგი ნომერი გამოვა 25 სექტემბერს.

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

კახა თოლორდავა

როდესაც გარემოსდამცველებს ვეხმარებოდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსების პროცესში, ერთი გერმანელი კინოდოკუმენტალისტი ჩამოვიდა თბილისში პარკზე ფილმის გადასაღებად. მეორე დღეს მანქანაში ვიჯექით და ხარაგაულისკენ მიმავალ დანჯღრეულ გზას მივუყვებოდით, როდესაც თვალი მოვკარით ჩვენზე წინ წასულ ჩემს მეგობრებს და კოლეგებს, რომლებიც მანქანიდან გადმოსულიყვნენ კამერით ხელში და კლდის დამრეც ფერდზე დაკიდებულები რომელიღაც იშვიათ მწერს იღებდნენ. გვერდზე რომ ჩავუარეთ, ის გერმანელი ფანჯრიდან გადაიხარა და მათ გასაგონად დაიბღავლა: People! People! (ადამიანები! ადამიანები!). იმას გულისხმობდა, მაგ მწერებს შეეშვით და ადამიანები გადაიღეთო. არავის არაფერი სწყენია იმიტომ, რომ საწყენად თქმული არ ყოფილა. პირიქით, ყველამ ბევრი ვიცინეთ და მერე ხშირად შევუძახებდით ხოლმე ერთმანეთს - ადამიანები! ადამიანები! ეს ამბავი კი იმიტომ გამახსენდა, რომ რაგინდ ლამაზი ბუნებაც არ უნდა დაახვედრო ჩამოსულ სტუმარს და რაგინდ ლამაზი ბროშურებიც არ უნდა დააყარო თავზე, ის მაინც იქ მაცხოვრებელი ადამიანების სიძლიერით იმსჯელებს აქაურობაზე და ყველაზე მადლიერი მაინც ამ ადამიანების მიერ შეთავაზებული მასპინძლობით იქნება. ეს არა მარტო უცხოელ სტუმრებს ეხებათ. ვეღარც კი ვიხსენებ, უკანასკნელად როდის მყავს ნანახი ზურგჩანთამოგდებული ქართველი, რომელიც უბრალოდ ისე, საკუთარი ქვეყნის და აქ მაცხოვრებელი ადამიანების აღმოსაჩენად დაეხეტება აღმადაღმა. ზოგჯერ მგონია, რომ ქვეყნის ბრენდინგი, უპირველესად, აქ მაცხოვრებლებისათვის უნდა გაკეთდეს, რათა აქაურობა ახალი ისტორიებით აივსოს. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც მიაჩნია, რომ ყველაფერი ქართული, დაწყებული ბუნებით და დამთავრებული სამზარეულოთი, ყველაზე ლამაზი და შეუდარებელია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მხოლოდ აქაა შესაძლებელი იმის ნახვა, რასაც სხვაგან ვერსად ნახავ, დაწყებული გარემოთი და ადამიანებით დამთავრებული. ჩვენ ხშირად უკვე წინასწარ გამზადებული სქემებით ვაფასებთ აქაურობას და ამით ბევრ რამესაც ვკარგავთ. ძალიან ბევრ რამეს და ვინმესაც. რაც შეეხება მტირალას, აი, რას ვიტყოდი: გარემოსდამცველები და უცხოელი დონორები ყველაფერს გააკეთებენ (უკვე ბევრი გააკეთეს) იმისთვის, რომ აქაურობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არაა. ნებისმიერი ეროვნული პარკის დაარსება მხოლოდ ნახევარი საქმეა. სინამდვილეში, ყველაზე რთული ამის შემდეგ იწყება და სწორედ აქ სჭირდებათ ხელისუფლების მხრიდან გვერდში დგომა იმ ადამიანებს, ვინც ამ უნიკალური გარემოს სიახლოვეს ცხოვრობენ. მათი დახმარების გარეშე ვიზიტორთა ცენტრებიც გაუკაცრიელდება და ეროვნულ პარკებში ჩადგმული ტურისტთა თავშესაფრებიც. ჩამოსულები არა მარტო სწავლობენ ადგილობრივებისგან, არამედ მათაც ბევრს ასწავლიან. აი, ასე იქმნება ღირებულებები და თუ ამ ადამიანებმა მხარდაჭერა ვერ იგრძნეს, კიდევ კარგა ხანს ვერ ვნახავთ ზურგჩანთამოკიდებულ თავგადასავლების მაძიებლებს ვერც მტირალას ეროვნულ პარკში და ვერც საერთოდ საქართველოში და ყველაფერი ისევ „მე ამისგან გავაკეთებ“ სტოპ-კადრით დასრულდება. მოკლედ: ადამიანები! ადამიანები! მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება დადგეს ის დროც, როდესაც ქვეყნის რომელიმე უმაღლესი ხელისუფალი, აი, ასეთი სიტყვებით მიმართავს თავის ხალხს: „მე მსურს, რომ სიტყვა ვთქვა ბუნებაზე, სრულ თავისუფლებასა და სიშმაგეზე...“

0x01 graphic

თამარ სუხიშვილი

რამდენიმე წლის წინათ: ტყისპირას დარჩენილი, ბებერი, ტანდაკოჟრილი და ფოთლებშეთხელებული მუხა შეზარხოშებულმა მონადირეებმა თავშესაქცევად სამიზნედ გამოიყენეს. „სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით...“

წლეულს, გაზაფხულზე: „მონადირე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული ისევ მოხვდა ამ ადგილებში. მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა. მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფანა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა. მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა“.

რევაზ ინანიშვილის ამ საოცარ მოთხრობაში კალმის (თუ ფუნჯის) ერთი მოსმითაა გაცოცხლებული ბუნების წინაშე ცოდვის მონანიების, სულიერი კათარზისის ძალიან ზუსტი სურათი. ოღონდ ისაა, რომ ეს მარტო ერთი კერძო კაცის კათარზისია.

უცნაურია. ვკითხულობთ „შვლის ნუკრის ნაამბობს“, „ხმელ წიფელს“, „უბედურ ქორბუდას“ და თვალზე ცრემლი გვადგება, ჩვენი ლამაზი მთა-ბარის სადღეგრძელოსაც ვსვამთ (ბოლომდე) და მერე ამ ლამაზ მთა-ბარს მივდგებით და... ტაშიიი... ასე თუ გავაგრძელეთ ბუნებასთან ურთიერთობა, ფაფუუ ჩვენი ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტისფერი საქართველო... ვფიქრობდი, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონეც ჰყავდა და ასეთი მოთხრობების წამკითხველი ვეღარასოდეს შეხედავდა ბუნებას გულგრილად, ან უფრო უარესი, მხოლოდ გამორჩენის მიზნით, ან კიდევ უფრო უარესი - განადგურების მიზნით. მაგრამ ასე არ ყოფილა. ამას მაშინ მივხვდი, როცა ერთ მშვენიერ დღეს აყვავებული ნუშის ხე მოგვიჭრა მეზობელმა, სათბურს მიჩრდილავსო; მაშინ, როცა ჩემს საყვარელ კაკლის ხეზე საგულდაგულოდ ამოჩორკნილი ინიციალები დამხვდა; მაშინ, როცა ბრაკონიერების ტრაბახს შევესწარი, უხვად რომ დაეხოცათ ტყეში შველ-ირემი, ამ ბოლო დროს კი მაშინ, როცა ცელოფანის პარკებით გაბინძურებული ჩვენი გზისპირების გამართლების მიზნით ნატვრის ხის ახალი ვერსიის შეთხზვა მომიხდა: ასეთი ტრადიცია გვაქვს ქართველებს, ცელოფანის პარკები უნდა გამოაბა ხეს და სურვილი ჩაუთქვა-მეთქი. მაგრამ თავის მართლება და თვალის დახუჭვა რას მოგცემს, როცა „ალიხე, მალიხე, სალიხეს“ უკვე ფაქტობრივადაც მყრალი ხე ერითმება.

ასე, იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ, იმ ჰაერს ვაბინძურებთ, რითიც ვსუნთქავთ და ამას ყველაფერს უზრუნველად ვაკეთებთ, თითქოს არსებობასაც აღარ ვაპირებთ...

ბრძენი დიოგენე აბანოში წასულა, აბანო ავი (ბინძური) დახვედრია. უკითხავს: აქ რომ ებანებით, მერე სადღა შედიხართ დასაბანადო?

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ამ სვეტში მინდოდა დამეწერა იმ გემების შესახებ, რომლებითაც თბილისის ქუჩებში ადამიანები გადაადგილდებიან და რატომღაც იმ გემებს მანქანებს უწოდებენ, მაგრამ ნინო ლომაძემ მთხოვა, ისევ ზოოპარკზე დამეწერა და უარი ვერ ვუთხარი.

ისევ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ზოოპარკის შესახებ უკვე მესამედ ვწერ და, ალბათ, ამჯერადაც ისევე უშედეგოდ, როგორც წინა ორ შემთხვევაში და მაინც ვწერ. მაინც იმედი მაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავიჯერებთ იმას, რაც დაწინაურებული კაცობრიობისათვის დღესავით ნათელია და ადამიანები ყველაზე კარგად იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ყველაზე მეტად ცხოველებზე ზრუნავენ.

ერთხელ ახალგაზრდობაში თბილისის სპორტის სასახლეში ძაღლების გამოფენაზე ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ თბილისელი ძაღლების პატრონები მხოლოდ არაქართველები იყვნენ და პირველად, მგონი, მას შემდეგ დავფიქრდი სერიოზულად თბილისის ზოოპარკზე. მანამდე, ალბათ, არ დავფიქრებულვარ, თორემ თბილისის ზოოპარკის საშინელებები, რასაკვირველია, ბავშვობიდან მახსოვდა, მაგრამ მაშინ, უბრალოდ, ის არ ვიცოდი, რომ სელაპები თავს იკლავდნენ. თუმცა, საერთოდ თუ იკლავენ თავს სელაპები, ახლაც არ ვიცი და თბილისის ზოოპარკში მომხდარი თვითმკვლელობა, შეიძლება, მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა იყო და, ვინ იცის, იქნებ, აქ ვერ გაუძლეს პირობებს, თორემ ზოგადად სელაპი, ალბათ, გამძლე და ამტანი ცხოველია.

იმ წყლის ფერი, რომელიც სელაპების აუზში ესხა, ახლაც მახსოვს, მაგრამ მისი აღწერა და გადმოცემა არ შემიძლია, რადგან ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს და ასეთი პირობები კი მხოლოდ თბილისის ზოოპარკში არსებობდა. შეიძლება, ეს იყო საერთო საბჭოური სტანდარტი და არამხოლოდ თბილისური განსხვავება, მაგრამ ფაქტია, ცხოველები ისეთ აუტანელ პირობებში ჰყავდათ, რომ ადამიანებს ისინი, არც კი ეცოდებოდათ. ყოველ შემთხვევაში, ქართველებმა ჩათვალეს, რომ ასეთ პირობებში ცხოვრებას, ისევ სიკვდილი სჯობდა (ისევ მათთვის) და სპილო (მაგალითად) მოწამლეს. თუმცა, იმასაც ამბობდნენ, რომ კი არ მოწამლეს, არამედ ბრიტვებიანი პური აჭამესო და ზოოპარკის ადმინისტრაციამ კი სპილოს მკვლელობა თავის თავზე აიღო. მართალია, არ უთქვამთ, ჩვენ მოვკალითო (თქვეს შემოგვაკვდაო), მაგრამ გარდაცვალების მიზეზი არ დამალეს - ზამთარში (გათბობის მიზნით) კონიაკს ვასმევდით და ცხონებულ სპილოს ციროზით ღვიძლი დაეშალაო.

იმ სპილოს შემდეგ კიდევ უფრო გამხეცდნენ ქართველები და ერთ ღამეს თბილისის ზოოპარკში ირემი მოკლეს. უფრო სწორად - დაკლეს, ფეხი მოაჭრეს, შეწვეს და იქვე შეჭამეს. ზოგიერთები ამბობდნენ, მართლა იქვე არ შეჭამეს, იქ მხოლოდ შეწვეს და შესაჭმელად სხვაგან წაიღესო და ამას ალბათ ისინი ამბობდნენ, ვისაც მაინც ჰქონდა იმედი, რომ ჩვენგან რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ ჩვენგან, ჯერჯერობით, არაფერი გამოდის.

ჩვენგან განსხვავებით, უკვე გამოვიდა (მაგალითად) ლიტვაში, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, პირველივე დღეს ზოოპარკიდან ცხოველები საერთოდ გაუშვეს. პირველივე ლიტველი მინისტრი, რომელმაც მანქანით მოძრაობისას სიჩქარეს გადააჭარბა და კანონი დაარღვია, პირველივე დღეს გადააყენეს.

ჩვენთან კი, სულ ახლახან, აგერ ორი თუ სამი წლის წინ, ერთი ყოფილი ქართველი მინისტრი ვერტმფრენიდან ავტომატით კლავდა ცხოველებს.

დათვრებოდა თურმე ეს ყლე და ზემოდან ავტომატით ხოცავდა ირმებს და არც ხალხს აწუხებდა მისი სიდებილე და არც ხელისუფლებას.

ამიტომაც ვგავართ ერთმანეთს.

0x01 graphic

გიორგი მაისურაძე

ჩემს საბჭოთა ბავშობაში ძალიან მეამაყებოდა საკუთარ დაბადების დღეს, 18 მარტს დილით კალენდრის გადაშლა და Vive la commune!-ს ამოკითხვა. მერე უკვე სკოლაში ვაგრძელებდი საკუთარი დაბადების დღით სიამაყეს და ვაცხადებდი, რომ პარიზის კომუნის დღეს დავიბადე, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავი წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რას ნიშნავდა კომუნა ან ვინ იყვნენ კომუნარები, რომლებმაც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უპოლიციოდ, უჯაროდ, უიერარქიოდ, ძალადობასა და აგრესიაზე უარის თქმით მიწიერი სამოთხის მოწყობა სცადეს. მათი პირველი აქციაც გილიოტინის საჯაროდ დაწვა და სიკვდილით დასჯის გაუქმება იყო. პარიზის კომუნა ის უიშვიათესი ისტორიული შემთხვევაა, როდესაც პოეტურმა ფანტაზიამ პოლიტიკური რეალობის სახე მიიღო. ამდენად, არ ყოფილა შემთხვევითი ის ფაქტი, რომ კომუნარების შთაგონებული თანამებრძოლები პოეტები და ხელოვანები იყვნენ. მაგრამ, რადგანაც რეალობა პოლიტიკურია და არა პოეტური, პარიზის კომუნა არსებობის 72-ე დღეს კომუნარების დახვრეტით დასრულდა.

სკოლას რომ ვამთავრებდი, შეიძლება, დაბადების დღით სიამაყის ინერციით, რევოლუციონერობის სურვილი გამიჩნდა და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, როდესაც ჩემი სტუდენტობის წლების გატარება მიტინგებსა და დემონსტრაციებზე მომიხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამასობაში კალენდრებიდან პარიზის კომუნის ხსენება გაქრა. მოგვიანებით კი ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ქექვამ სიამაყის გრძნობაც მომიშალა, როცა გავიგე, რომ მისი პირველადი ფორმა კუჭის მოქმედებაა, როდესაც ახალშობილი ბავშვი საკუთარ განავალს თავის ქმნილებად აღიქვამს და მის დანახვაზე სიამაყის განცდა ეუფლება.

ჰოდა, როცა უკვე აღარც ვამაყობდი და აღარც ვრევოლუციონერობდი, დავიწყე ანტონინ არტოს კითხვა, რომლის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწერში ასეთი ფრაზა ვიპოვე: „ღმერთი, თუკი ის არსებობს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის განავალია, ხოლო თუ იგი განავალი არაა, მაშინ მას არც უარსებია“. ამ წინადადებამ ისევ დამაფიქრა და დავიწყებული სიამაყის გრძნობა გამახსენა. მაგრამ, სანამ ისევ გაამაყებას მოვასწრებდი, წავიკითხე არტოს წიგნი რომის იმპერატორ ჰელიოგაბალზე, რომლის ოთხწლიანი მმართველობაც პოეტურობის პოლიტიკაზე ყველაზე რადიკალური ტრიუმფი იყო და რომელიც არა ამბოხებულმა ხალხმა, არამედ თინეიჯერმა კეისარმა განახორციელა. თუმცა კი, პოლიტიკური რეალობა ისევ სისხლითა და მახვილით დაბრუნდა, როდესაც 18 წლის იმპერატორის გვამი ჯარისკაცებმა ჯერ განავალში ამოთხვარეს და მერე მდინარეში გადააგდეს. სენატმა კი მისი ხსოვნიდან ამოშლა გადაწყვიტა. 17 საუკუნის შემდეგ ანტონინ არტომ იმპერატორი ჰელიოგაბალი პოეტური რევოლუციის სიმბოლოდ აქცია.

ეკოლოგიური იდეის დაბადება და გაქრობა საქართველოში

0x01 graphic

ნაირა გელაშვილი

თუკი 90-იან წლებში, საქართველოში, რაიმეს შეიძლებოდა დარქმეოდა „ეროვნული მოძრაობა“, ეს მწვანეთა მოძრაობა იყო, რომელიც მაშინ ზურაბ ჟვანიამ დააფუძნა. მწვანეთა იდეოლოგია, ეკოლოგიური მსოფლმხედველობა ამოზრდილია იმ საფრთხიდან, რომლის წინაშეც XX საუკუნეში აღმოჩნდა არა მხოლოდ ცალკეული ქვეყანა თუ დედამიწის ნაწილი, არამედ, მთელი პლანეტა, თავად სიცოცხლე, იმ საფრთხიდან, ბუნების მიმართ ადამიანის მიერ განხორციელებულმა პერმანენტულმა ძალმომრეობამ რომ განაპირობა.

მუდამ მიკვირდა, როგორ სწრაფად შექმნა და ააწყო ზურაბ ჟვანიამ დასავლური ტიპის სტრუქტურულად გამართული ორგანიზაცია, რომლის წევრების უმეტესობას ახალი - ეკოლოგიური მოძღვრება და ეთიკა გაცნობიერებული ჰქონდა. გაცნობიერებული ჰქონდა ის, რომ ეკოლოგია, გარემოს დაცვა, „მწვანე მსოფლმხედველობა“ რაღაც ფუფუნება კი არ არის, არამედ ერთადერთი მსოფლმხედველობაა, რომელსაც ყველა ქვეყნის, მთელი დედამიწის განვითარების კონცეფცია უნდა დაეფუძნოს, თუ გვინდა, რომ სიცოცხლე და დედამიწა საერთოდ გადარჩეს.

საქართველოს მაშინდელმა მწვანეებმა მეცნიერების მრავალი დარგის წარმომადგენელი ჩართეს საერთო ინტელექტუალურ და პრაქტიკულ მუშაობაში და შეიმუშავეს საქართველოს განვითარების კონცეფცია დევიზით - „ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას“. ესაა ერთადერთი სწორი პრინციპი, რომელსაც შეუძლია იხსნას ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რადგან მხოლოდ ის უზრუნველყოფს ცოცხალი ბუნების, მიწის, წყლის, ჰაერის, ტყის, მთის და ა. შ. დაცვა-გადარჩენას.

ეკოლოგიური ეთიკა, ჰუმანიზმის უმაღლესი საფეხურია, რადგან უსასრულოდ ზრდის ადამიანის პასუხისმგებლობის არეალს. ახლა ადამიანი ვალდებულია ეთიკური იყოს არა მხოლოდ მეორე ადამიანის, არამედ ცხოველის, მცენარის, ზოგადად, ბუნების მიმართ, იზრუნოს მასზე, დაიცვას იგი. და მხოლოდ ეს მაქსიმალური მგრძნობელობა შეაძლებინებს ადამიანს გადაარჩინოს დედამიწა, გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე.

საჭირო იყო ეს ახალი მსოფლმხედველობა, რომელიც ყველა მაღალკულტურულ იდეას აერთიანებს, ქართველებისთვის გასაგებ ენაზე გამოთქმულიყო. მაშინ ამაზე ბევრს ვსაუბრობდით ზურაბ ჟვანია და მე. სწორედ ამ მიზნით, 1989 წელს დავწერე „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“.

საერთოდ, მწვანეთა მოძრაობას დაუკავშირდა ყველაზე რაციონალური და, ამავე დროს, კეთილშობილური იდეების დამკვიდრება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში. მახსენდება, რა სწრაფად გაიკაფა ამ იდეებმა გზა ადამიანთა გულებისაკენ და ამ ადამიანების უმეტესობამ სწორედ იმიტომ მისცა ხმა ზურაბ ჟვანიასა და მის მაშინდელ გუნდს 1992 წლის არჩევნებში, რომ, უპირველესად, მათ მათი შვილების ჯანმრთელობა და, ამისთვის - საქართველოს ბუნება უნდა დაეცვათ.

მაგრამ ამით დაესვა წერტილი მწვანეთა მოძრაობის აღმავლობას საქართველოში და დაიწყო მისი დადამბლავება, კვდომა. მთავარი მიზეზი მაინც ეს გახლავთ - ზურაბ ჟვანიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მწვანეთა მოძრაობის მიტოვება. მათ თავად მოკლეს ის, რაც დააარსეს. რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობა - ომები და მზარდი სიღატაკე, საქართველოს ცხოვრებას რომ დაემგზავრა, ყველგან და ყოველთვის ძირშივე აქრობს ეკოლოგიური იდეის გამარჯვების შანსს. აბა, როგორ დაიცავ ტყეს გაჩეხვისაგან, როცა სოფლებს გაზი აღარა აქვთ?

მაგრამ მთავარი აქ, მაინც, იდეის ღალატი იყო.

როდესაც ხელისუფლებაში ხარ, მუდამ გაქვს შესაძლებლობა, ხალხს განუმარტო, რომ, მართალია, ახლა ქვეყანა გაჭირვების გამო ეკოლოგიის პრინციპებს დროებით ვერ იცავს, მაგრამ ამ პრინციპებზე არასდროს იტყვის უარს და თავის განვითარებას ამ მიმართულებით წარმართავს. მაგრამ ეს არ მომხდარა და სწორედ იდეა მოკვდა, სწორედ ეკოლოგიურმა იდეამ განიცადა დისკრედიტაცია, დისკრედიტირებულის აღდგენა კი ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე ახალი იდეის დაფუძნება.

და მე დღემდე ვერ ამიხსნია, როგორ მოხდა, რომ 1992-2002 წლებში ხელისუფლებაში ამდენი „მწვანე“ იყო და სწორედ ამ პერიოდში გაპარტახდა საქართველოს ბუნება, ამ ხალხმა დედაქალაქის ერთი პარკიც კი ვერ გადაარჩინა, რომ ბავშვები სადმე გაგვეყვანა - სუფთა, ლამაზ და მწვანე ადგილას!

არა, ეს თან აუხსნელია და თან, ძალიან სიმპტომატურიც!

ზურაბ ჟვანია მოწოდებით ეკოლოგი იყო. შეუძლებელია, მას არ სდომებოდა საქართველოს ბუნების დაცვა, საკვებ პროდუქტებზე კონტროლის განხორციელება და ა.შ. მაშ, რა მოხდა, რა ძალები დაუპირისპირდნენ, რომ ვეღარაფერი გააკეთა?

შედეგი კი ეს არის: დღეს საქართველოში იმდენად დაბალია ეკოლოგიური შეგნება, რომ არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის წინასაარჩევნო პროგრამებში არ ფიგურირებს, საერთოდ, არსად არ ჭაჭანებს ერთადერთი სწორი იდეა - „ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას“. თუ სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სამყაროსთან ელემენტარული ჰარმონიის შენარჩუნება გვინდა, არა მხოლოდ ეკონომიკა, ჩვენი ცხოვრების წესიც და ჩვენი ნებისმიერი აქტივობაც, ეკოლოგიას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს კი აღზრდისა და განათლების მთელ სისტემას, ახალ ჰუმანიზმს, ახალ ხედვასა და ენთუზიაზმს გულისხმობს, რაც, ჩვენში, ჯერჯერობით შეუძლებელი ჩანს. გარემოს დაცვის მინისტრი იდეით ანთებული, შეუპოვარი ადამიანი უნდა იყოს და არა უსახო და უაზრო, კაბინეტიდან გარეთ გამოსვლა რომ ეზარება.

იდეის ღალატი.

ზნეობრივი სიმამაცისა და ნებისყოფის დეფიციტი.

სისხლიანი კონფლიქტები.

მზარდი სიღატაკე და გაუნათლებლობა.

აი, ეკოლოგიური შეგნების დაცემის მიზეზები საქართველოში.

3 კულტ-მიმოხილვა

▲back to top


მაია სუმბაძის ფოტო და გრაფიკული სერიები

0x01 graphic

0x01 graphic

ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ, მაგალითად, საგამოფენო ექსპოზიციის გახსნაზე მისულები, ლამაზ ჩარჩოებში მოთავსებულ, კედელზე საგულდაგულოდ დაკიდებულ და კარგად განათებულ ნამუშევრებს უნდა ვუმზერდეთ - მოკლედ, კარგად „დავარცხნილი“ გარემო უნდა გვხვდებოდეს და, ყველაფერ ამას, მაქსიმალური კომფორტიც ერთვოდეს.

მხატვარ მაია სუმბაძეს ორივე გარემო - ძველიც და ახალიც - ერთნაირად აინტერესებს, მაგრამ საკუთარი ნამუშევრების გასათავისებლად, ამჯერად მაინც ძალიან უბრალო გარემო შეარჩია. მეგობრის სახელოსნოში, რომელიც დიდი ხნის ნაგებობაა, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი ფოტო და გრაფიკული ილუსტრაციები, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე, ქინძისთავებით მიამაგრა და ამით ინტერესიც - ხელუხლებელი, ძველი ინტერიერისა და დაბზარული კედლების ფონზე საკუთარი ნამუშევრები ეხილა, დაიკმაყოფილა. წინასწარ არც ამ გამოფენისთვის მომზადებულა. ახალი, ძველი და კიდევ უფრო ძველი ნამუშევრების სერია ამ გარემოსაც მიესადაგა და უფრო მეტად გამოაჩინა, რომ ასეთ სივრცეს მონოტონური იერსახე სულაც არა აქვს.

ფოტოები პირველად გამოფინა და პატარა, სავიზიტო ბარათისოდენა ფორმატებზე, მის მიერ აღბეჭდილ კადრებს სასურველი ფილმებიდან ფრაგმენტებიც შემატა. ამ ყველაფრისთვის კი არც რაიმე სახის კონცეპტუალური დატვირთვა მიუნიჭებია და არც საგანგებოდ მომზადებულა. ეს უბრალოდ იმ „გართობის“ შედეგია, რომელსაც მაია ყოველდღიურად მიმართავს და რომელიც მას, როგორც ხელოვანს, საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოაჩენს.

ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა

0x01 graphic

შოთის პურები, გუდის ყველი, მაყალზე შემწვარი მწვადი, ჩურჩხელები... ქსოვრელების ჰანგების ფონზე ნატურალური ქართული ღვინო - ივლისის ცხელ საღამოს, „არსის“ უბანში ძველი თბილისური სურათები გააცოცხლეს. კომპანია „არსმა“ იმ დღეს იოსებ გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას“ უმასპინძლა. საღამოს გარემოც ტრადიციული მიუსადაგა და ასე შეახსენა თანამედროვე საზოგადოებას ძველი თბილისის მთავარი ხიბლი.

საღამო იოსებ გრიშაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მისივე სახელობის ბიბლიოთეკამუზეუმში უძველესი ექსპონატების და უნიკალური წიგნების რესტავრაცია-აღდგენის მიზნით კი კიდევ რამდენიმე ღონისძიების მოწყობასაც გეგმავენ. „არსისთვის“ ძველი თბილისის თემა ყოველთვის აქტუალურია, ამიტომაც კომპანია წიგნების გადარჩენის მიზნით ეროვნულ-სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა. თანაც აღმოჩნდა, რომ კომპანიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის“ ხელახალი გამოცემა. გამომცემლები ირწმუნებიან, რომ წიგნი, რომელიც ქალაქურ პოეზიას, ძველი თბილისის დღესასწაულებს, ტრადიციებს აერთიანებს, საკუთარი ქალაქის სიყვარულსა და პატივისცემას გაუღვიძებს იმ თაობას, რომელიც ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკებსა“ და „ჩეხურ სახლებში“ გაიზარდა.

იმ საღამოს ავთო ვარაზის მხატვრობის თაყვანისმცემლებს მხატვრის ტილოებისთვის თვალის შევლების საშუალებაც მიეცათ. „არსის“ გალერეაში, ავთო და ლიზი ვარაზების ნამუშევრების გამოფენასთან ერთად, გრიშაშვილის სახელობის ფონდიც დაარსდა. ფონდის შემოწირულობა წიგნების აღდგენას მოხმარდება.

ამ პროექტის სასტარტო დაკვეთა კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შეასრულა. თუკი დაგაინტერესათ, როგორი იყო არქიტექტურულ კანონზომიერებაზე დაფუძნებული თბილისის აზიური ნაწილი, ბანიანი სახლებით, დაკიდული აივნებითა და ერთი ბეწო მოედნებით, მათი ამსახველი ლიტერატურული ვერსია წიგნის მაღაზიების თაროებზე უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ.

ავტორი: მაია ცეცაძე,
ფოტო: ქეთო ცაავა

გიჟები - სპექტაკლი მოძრაობაში

0x01 graphic

0x01 graphic

როცა თეატრში მიხვალ და საათზე მეტხანს სცენას ინტერესით მიაპყრობ მზერას, ისე, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ხალხით გადაჭედილი დარბაზიც კი არ შეგაწუხებს, ეს ნიშნავს, რომ ნასიამოვნები დარჩი. ასე მოხდა ივნისის მიწურულს მარჯანიშვილის თეატრშიც, სადაც დრამატული თეატრის სცენა ერთდღიანი პრემიერისთვის თეატრ-სტუდია „მოძრაობის“ სპექტაკლს დაეთმო.

დაბალი განათებისა და მსუბუქი დეკორაციის ფონზე, ხუთმა მსახიობმა, პანტომიმის, აკრობატიკის, აიკიდოსა და კლასიკური ცეკვის ელემენტებზე აგებული მოძრაობებით, ტექსტის გარეშე დაამტკიცეს, რომ „გიჟები“ არიან. „გიჟები“ - სწორედ ასე ეწოდება ქართველი მსახიობებით დაკომპლექტებული დასის წარმოდგენას, რომლის გმირებიც სამყაროში საკუთარი ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. ხან სიმარტოვის განცდა ეუფლებათ, ხანაც კონფლიქტი სიყვარულში გადაეზრდებათ ხოლმე. ზოგჯერ გისოსებს მიღმა, პროტესტისა და ისტერიის ზღვარზე არიან, მაგრამ ამავე დროს დამამშვიდებელ თერაპიასაც გადიან... ერთი სიტყვით, შემოქმედებითი ჯგუფი ამტკიცებს, რომ ამ სამყაროში ყველა ადამიანი თავისებურად გიჟია.

პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, დასმა სპექტაკლის რეპეტიცია „ბაია გალერეაში“ გამართა. შუშის მიღმა გათამაშებულმა წარმოდგენამ, შარდენის ქუჩაზე გამვლელები შემოიკრიბა. ასეთი ფორმით თეატრ-სტუდია საპრემიერო წარმოდგენისთვის მაყურებლის მოზიდვასაც შეეცადა.

თბილისურ პრემიერამდე დასს ოთხთვიანი ტურნე გერმანიაში ჰქონდა. ამ კრეატიულ მოძრაობაზე კი უფრო მეტი რომ იცოდეთ, მათ შესახებ ერთ-ორ სიტყვას მაინც გეტყვით. 2000 წელს შექმნილი თეატრ-სტუდია თეა მამუკელაშვილმა დააარსა, ჯგუფში არაპროფესიონალები აიყვანა. აქტიურმა მუშაობამ კი გადააწყვეტინათ ამ საქმიანობისთვის სერიოზული სახე მიეცათ. მათი სპექტაკლები კომედიას, დრამას, ტრაგიკომედიასა და კლოუნადას აერთიანებს. ქუჩებში, კლუბებში, პრეზენტაციებზე იმპროვიზაციულ შოუებს მართავენ. სანახაობრივ წარმოდგენებზე ორიენტირებული „ივენთ-კომპანია“, უკვე ინდივიდუალური სახის მქონე თეატრად ჩამოყალიბდა, რომელსაც მშობლიურზე მეტად, უცხოური პუბლიკა უფრო იცნობს. იმის შანსიც აქვთ, რომ საქართველოსგან მოშორებით გააგრძელონ კარიერა, მაგრამ სამშობლოსთან სრულად კავშირის გაწყვეტა მაინც არ სურთ. მშობლიურ პუბლიკასთან დაახლოების სურვილი ახალი წარმოდგენით უკვე გამოთქვეს. სპექტაკლის წარმატება კი მაყურებლის აპლოდისმენტმა განსაზღვრა.

ავტორი: მაია ცეცაძე,
ფოტო: ქეთო ცაავა

ნოდარ დუმბაძე-80

0x01 graphic

„მე თავისუფლება მინდოდა და ამიტომ ავირჩიე სიცილი!“ - ამ სიტყვების ავტორმა ისეთი ოსტატური სისადავით გადმოსცა სათქმელი, რომ მხატვრული ზომიერებით მოახერხა სიცილისთვის ტირილი ჩაენაცვლებინა, სიხარულისთვის სინანული, სატირისთვის ლირიკული მომენტები და ღირსეული ადგილი დაეკავებინა „სამოციანელ“ პროზაიკოსთა თაობაში. იმის ახსნას, თუ რა წვლილი მიუძღვის ნოდარ დუმბაძეს ქართული ლიტერატურის განვითარებაში, ამ მცირე პუბლიცისტურ გამოსვლაში ნამდვილად არ ვაპირებ. ეს არც მისი 80 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შორის უცდია ვინმეს. „თიბისი ბანკის“ საგამოფენო დარბაზში იმ დღეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოფინეს.

„თქვენ სიხარულით შემოიჭერით ჩემს შემოქმედებაში, გმადლობთ!“ ეს სიტყვები კი სესილია თაყაიშვილმა ნოდარ დუმბაძეს მას მერე მიუძღვნა, რაც თითქმის ყველა ჩვენგანის წარმოსახვაში არსებული ბებია „გააცოცხლა“. ნოდარ დუმბაძის საიუბილეო გამოფენაზე, სესილია თაყაიშვილის ფოტოპორტრეტის გარდა, სულ რომ არაფერი გამოეფინათ, ვფიქრობ, ყოველგვარი უკმარისობის განცდის გარეშე, მაინც მოგვგვრიდა სიამოვნებას. საღამოს ორგანიზატორებმა, დიდი შრომის შედეგად მოუყარეს თავი მწერლის პირად ფოტოებს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, მის ნახატებს, ძველ თეატრალურ აფიშებს, კადრებს მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული კინოფილმებიდან. იქვე ითქვა, რომ წელს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ნოდარ დუმბაძის ფონდი“ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ არქივს მოაწესრიგებს, ვებ-გვერდს შექმნის, სახლ-მუზეუმებს (თბილისსა და ჩოხატაურში) განაახლებს, კინო - ვიდეო - რადიო - ფოტო მასალებს მოიძიებს... თუკი გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ამ საქმიანობას მხარი დაუჭიროთ, თავადვე აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა, განსაზღვრეთ „ნოდარ დუმბაძის ფონდთან“ თანამშრომლობის თქვენთვის მისაღები ფორმა და შეგიძლიათ ასეც გამოხატოთ საკუთარი დამოკიდებულება საყვარელი მწერლის მიმართ. მისი სურვილიც ხომ ეს იყო - „დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ!“

ძველი ბათუმის ახალი სახე

0x01 graphic

ბათუმის შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა. დღესდღეობით კი სრულიად განსხვავებული და დამშვენებული ქალაქი, უფრო მეტად მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. მით უფრო მაშინ, როდესაც ბათუმის ძველ, ისტორიულ კვარტალს ქართული კინოს ისტორიის ამსახველი კომპლექსი დაამშვენებს. ეს კიდევ მეტად გამოაცოცხლებს ქალაქის იერსახეს და ცხოვრების რითმსაც.

თენგიზ აბულაძის შედევრს დღეს უკვე შვილის, გია აბულაძის ძალისხმევით, არქიტექტორულ ნაგებობებში დავინახავთ. ორიგინალური კომპლექსი სწორედ იქ აშენდება, სადაც პირველად „მონანიების“ რეჟისორმა ვარლამ არავიძის გმირი, ავთო მახარაძის სახით, მაყურებელს წარუდგინა. აქვე გადაიღეს დოდო აბაშიძის ვარჯიშის სცენა „არაჩვეულებრივი გამოფენისთვის“. ადგილის შთამბეჭდავი კინემატოგრაფიული წარსულის გამო, „არსმა“ კინოისტორიის გამოსაცოცხლებლად, კინოს უბნის აგება დაიწყო.

მშენებარე კომპლექსი თემატურად და ფუნქციონალურად დაკავშირებული ოთხი ნაწილისაგან შედგება. ეს აბსოლუტურად ატიპიური ნაგებობაა, რომლის ანალოგიც ჩვენთან ჯერ არ აშენებულა. ორიგინალური არქიტექტურა კომპლექსის სამ ბლოკს ერთმანეთს პირველი სართულით უკავშირებს. საცხოვრებელ ფართში მეორე სართულიდან ხვდებით. იქ არსებული ტერასიდან ხიდით ბინებში გადახვალთ. პირველ სართულზე ცნობილი ბრენდების მაღაზიები განთავსდება, მეორე ნაწილი აპარტმენტ-ოტელებს მოიცავს. გათვალისწინებულია ფართები ოფისებისთვისაც. კინოს ფრაგმენტებით გაფორმებული კაფეები ისევდაისევ კინოს თემას დაუკავშირდება - იქ მსურველებს ქართული და უცხოური ფილმების ნახვა შეეძლებათ.

პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ აჭარის დედაქალაქში ქართული კონოს უბანი გაჩნდეს, გადადგმულია. ორიგინალური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ძველ კვარტალშიახლებურ კონცეფციას განავითარებს, დაწყებულია. ამ ეტაპზე კომპლექსის კარკასი უკვე აშენებულია და აგურით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს გამოცდილი კომპანია „ანაგი“ უძღვება. ხარისხს კი ლატვიელი ექსპერტები აკონტროლებენ.

საინტერესო ის ადამიანებიც არიან, რომლებიც ამ კომპლექსის შექმნაში მონაწილეობენ. ისინი საქართველოში 15 წლის შემდეგ მისი განვითარების მიზნით ბრუნდებიან. სწორედ ამდენი წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან, როდესაც მათ, სულ ახალგაზრდებს, საკუთარი სამშობლოს დატოვება მოუწია...

ბიზნესმენები მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ: ევროპაში მიღებული გამოცდილება და ფინანსური რესურსები საკუთარი ქვეყნის აღორძინებაში და გაერთიანებაში ჩადონ. კომპლექსი მათი პირველი ნაბიჯია. შემდგომი პროექტებისათვის კომპანია „Georealty“ დააფუძნეს, საიტი www.ajaria.biz აამოქმედეს და სამომავლო ბიზნეს-პროგრამების განხორციელებაზე მუშაობას შეუდგნენ.

შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბათუმის ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი, უძველესი კულტურის მქონე ქალაქის ახალი ისტორიის დასაწყისია. კომპლექსიდან გასვლისას აზიურ უბანში მოხვდებით სადაც ნამდვილი აღმოსავლური გარემო დაგხვდებათ. კინოს უბანში კი კინემატოგრაფიის ჯადოსნურ სამყაროში გადაინაცვლებთ. იქვე, სკვერში, მხატვარი გოგი მიქელაძე „მონანიების“ ფრაგმენტებს, ქანდაკებების სახით, დაგახვედრებთ. საგანგებოდ აგებული ვიწრო ქუჩა კი „მონანიების“ ტაძრისკენ მიმავალი გზის სიმბოლო გახდება. ქუჩის ბოლოს, ტერასაზე განთავსებულ ვერიკო ანჯაფარიძის ქანდაკებას მხოლოდ ქვევიდან დავინახავთ. ვერიკოს გეზი ცისკენ ექნება აღებული... ინვესტორებს კი სოხუმისკენ. ბათუმში „რეპატიციით“ ისინი აფხაზეთის აღმშენებლობისთვის ემზადებიან.

არდიFEST-ზე მინიმალიზმმა გაიმარჯვა

0x01 graphic

0x01 graphic

19-დან 23 ივნისამდე სამეფო უბნის თეატრში საქართველოსთვის საკმაოდ უჩვეულო რამ ხდებოდა, თეატრმა კარი გაუღო ახალგაზრდა რეჟისორებს, დრამატურგებს, მსახიობებს და მათ 25-წუთიანი საკონკურსო სპექტაკლების მომზადება დაავალა. ფესტივალი - „არდიfest“ წელს პირველად ჩატარდა და სამეფო უბნის თეატრის დირექტორის, ნიკა თავაძის თქმით, ყოველწლიური გახდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ფესტივალს, სხვა სპონსორებთან ერთად, კულტურის სამინისტრო უჭერდა მხარს, რაც უთუოდ ამ უწყებაში სასიკეთო ცვლილებებს უნდა მივაწეროთ.

საფესტივალო დღეებში მაყურებელმა 17 სპექტაკლი იხილა. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ფესტივალის გრან-პრი - „საუკეთესო სპექტაკლისათვის“ - წელს არ გაიცა. თუმცა, დანარჩენ 6 ნომინაციაში ჟიურიმ (თემურ ჩხეიძე, ზაალ ჩიქობავა, ლაშა ბუღაძე, ლევან წულაძე, ლევან ხეთაგური, გოგა პიპინაშვილი, გოგი ძოძუაშვილი) თავისი არჩევანი მაინც გააკეთა: პრიზი საუკეთესო სცენოგრაფიისათვის გადაეცა ნინო მაღლაკელიძეს (რეჟ. პაატა ციკოლიას „სკაიპ მი“); პრიზი საუკეთესო მუსიკისათვის წილად ხვდა არჩილ გიორგობიანს (იონესკოს „ფრთხილად, ყვავილები!“ რეჟ. ნინო ბერელიძე); საუკეთესო დრამატურგის წოდება დაიმსახურა დათო გაბუნიამ პიესისთვის „ჩემი საქორწინო კაბა“ (რეჟ. ხათუნა გიორგობიანი); მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლევან ხვიჩია დაჯილდოვდა (ჯერომ სელინჯერის „ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“, რეჟ. სალომე ჯოგლიძე); ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი არდიfest-ის აღმოჩენას, ქეთა შათირიშვილს ერგო (დათო ტურაშვილის „ორი კუნძული შავ ზღვაში“, რეჟ. თინა ახალაია). ამავე სპექტაკლისათვის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა თინა ახალაია. ფესტივალი დასრულდა, თუმცა, როგორც დაჯილდოების ცერემონიისას გაირკვა, სამეფო უბნის თეატრი კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს მაყურებელსა და მონაწილეებს - 6 ნომინაციაში გამარჯვებულები ახლა ერთ ჯგუფად უნდა შეიკრან და ოქტომბრის ბოლოს თეატრის სცენაზე ახალი წარმოდგენა დადგან. ჟიურის გადაწყვეტილებას თუ განვაზოგადებთ, აშკარად გახდება, რომ წელს ფესტივალზე მინიმალიზმმა იმარჯვა - როგორც ჩანს, ქართულ თეატრს ახლა სწორედ ეს აკლია - სადად, ბუნებრივად და გაუპრანჭავად გადმოცემული სათქმელი. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ეს არჩევანი, ოქტომბერი არც ისე შორსაა და მომავალ წელსაც დაველოდოთ ფესტივალს, სამეფო უბნის თეატრი ამ ტრადიციის დამკვიდრებას გვპირდება.

ავტორი: სალომე ჭელიძე

არტისტები კოლბაში

0x01 graphic

წარმოიდგინეთ, რომ სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი ერთ დიდ, გამჭვირვალე კოლბაში სხედან. მათ არ იციან იქ როგორ მოხვდნენ და არც ის იციან, როგორ გამოვიდნენ იქიდან.

ასეთი ბევრი კოლბა არსებობს და იქ გამომწყვდეული ადამიანები სამხრეთ კავკასიის პროექტის მონაწილეები არიან.

მათ სპექტაკლი უნდა დადგან.

სამი მეზობლის ერთად შეყრა ახალგაზრდა ამერიკელმა გოგონამ მიქაელმა გადაწყვიტა. მოიწვია დრამატურგები, რეჟისორები, მუსიკოსები და მსახიობები. ჯგუფების პრეზენტაცია კი მუსკომედიის ბაღში მოაწყო.

პრეზენტაცია მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და კოლბის გარეთ დარჩენილ ქართველებს ამ ამბავმა ძალიან დასწყვიტა გული. საღამომ, რომელიც სამი ერის ერთად შეკრების სიხარულის აღსანიშნავად იყო მოწყობილი, ხალხმრავლობის გარეშე ჩაიარა.

როგორ დასრულდება ეს პროექტი, არც ორგანიზატორებმა და არც მონაწილეებმა ჯერ არ იციან. ისინი ერთად მუშაობენ და ასეთი სურვილი აქვთ - დანარჩენ თანამოძმეებსაც შეახსენონ, რომ კეთილმეზობლობა მხოლოდ ხელოვანთა საქმე არ არის.

ავტორი: სალომე ალანია
ფოტო: ქეთო ცაავა

ტაიმ-აუტი

კანის რეკლამის ფესტივალი

0x01 graphic

ფესტივალების მასპინძლობით განთქმული ქალაქი წელს რეკლამის ფესტივალს წვიმიანი ამინდით დაუხვდა. მაგრამ მიუხედავად კლიმატური პირობებისა, კანის რეკლამის ფესტივალს უამრავი ცნობილი ადამიანი ეწვია. ფესტივალების სასახლე სემინარებს, ვორკშოპებსა და მასტრკლასებს მასპინძლობდა. ფესტივალის გალა გახსნაზე კი დაჯილდოების 4 ცერემონიალი ჩატარდა.

საფესტივალო შენობის წინ, პატარა პრომო-გამოფენა Getty Images-სგან მოეწყო, სადაც მთელ მსოფლიოში ცნობილი ფოტოები განთავსდა. იქვე სტენდებზე კი მსურველებს კომენტარის დატოვებაც შეეძლოთ, იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ფოტოს რეკლამის სფეროში გამოყენება.

მეორე საფესტივალო დღე დამოუკიდებელი კრეატიული სააგენტოების შესახებ ჩატარებულ სემინარებს მიეძღვნა. მოთხრობა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება სასაცილო დედიკოების ისტორიიდან უნიკალური მსოფლიო გლობალური ინტერაქტივის გამოძერწვა, პროექტ „In the motherhood“-ის სახით წარმოადგინეს. იყო კიდევ TV შოუ, უნიკალური კონტენტი მობილური ტელეფონებისთვის, პრომო სუპერმარკეტებში და კიდევ, უამრავი რამ... რაკლამის დამზადებაზე უამრავი ადამაინი მუშაობს. სულ მცირე ქრონომეტრაჟიან სარეკლამო რგოლში თითოეულ დეტალს მომხმარებელზე ისეთი ეფექტის მოხდენა შეუძლია, რომ, შესაძლოა, პროდუქცია მართლაც შეუცვლელი გახდეს. ასეთი რგოლის შესაქმნელად ავტორებს უამრავი რამის გათვალისწინება უწევთ. რეკლამის ფესტივალი კი სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე კრეატიულ, ყველაზე ეფექტურ ან ყველაზე შთამბეჭდავ ვიზუალურ კადრებს თავს ერთად უყრიან და ემოციის ნამდვილი აფეთქებაც სწორედ აქედან იწყება. წელს, რეკლამის ფესტივალს ბევრი საინტერესო ისტორია ჰქონდა და ბევრი გამოვლენილი „ტეგი“. განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ მუსიკალურანიმაციური პრეზენტაცია, სადაც გადმოცემულია, თუ უბრალო საახალწლო საჩუქრისგან, როგორ იქმნება დამოუკიდებელი ბრენდები, რომლებზეც მაღაზიათა ქსელები ნადირობენ. Mindshare-ის წარმომადგენლებმა იმ კლიენტებს, რომლებსაც არ შეეშინდათ გაერისკათ, „Forward thinking clients“ უწოდეს. კომპანიის ორმა ძირითადმა ბრენდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც ნამდვილი წარმატება იყო. „Brand new“-ს შესაძლებლობებმა კი ტექნოლოგიის უახლესი ისტორია წარმოაჩინა.

ოლიმპიური VISA ბარათი

0x01 graphic

უნაღდო ანგარიშსწორების კულტურა საქართველოში დღითი დღე იხვეწება. ამ მხრივ, საბანკო კომპანიები მომხმარებელთა სტიმულირებას მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად ცდილობენ. ამჯერად შეგეძლებათ „სახალხო ბანკის“ „ოლიმპიური ბარათითაც“ ისარგებლოთ, რომლის დანერგვასაც ბანკის მესვეურებმა VISA International-თან ერთად წამოწყებული წამახალისებელი აქცია დაამთხვიეს. საქმე ის გახლავთ, რომ ვინც 20 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, ნებისმიერ სავაჭრო ცენტრსა თუ მომსახურების ობიექტში ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა და სასურველი ნივთები შეიძინა, პრომო აქციის საჩუქარიც დაიმსახურა.

„სახალხო ბანკისა“ და პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სპონსორის - VISA International-ის ერთობლივი აქცია „გაემგზავრე პეკინში VISA-ს ოლიმპიური ბარათით“, 9 ივლისს გამარჯვებულის გამოვლენითა და საზეიმო ცერემონიით დასრულდა.

„ოლიმპიური ბარათი“ ოლიმპიური დიზაინით შექმნილი VIZA ელექტრონი გახლავთ, რომლის გამოყენებაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში შეგეძლებათ და სპორტულ მაღაზიებსა თუ გამაჯანსაღებელ ცენტრებში მნიშვნელოვანი ფასდაკლებებითაც ისარგებლებთ.

აქციის გამარჯვებულ თემურ ყიფშიძეს ორმაგად გაუმართლა. სპორტის მოყვარულს და კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმს, ყოველთვის სურდა ოლიმპიურ თამაშებს დასწრებოდა. ამჯერად კი ოცნება რეალობად ექცა და მისთვის სასურველ, კიდევ ერთ ადამიანთან ერთად პეკინში გამგზავრებასაც შესძლებს. „ოლიმპიური VISA ბარათის“ აქტიურ მომხმარებელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც შეეძლება მისთვის სასურველი დიზაინის ფოტო ბარათი იქონიოს და მომავალ ბარათზე სამოგზაურო შთაბეჭდილებებიც კი გადაიტანოს. ამ ინოვაციური პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებელს 2007 წლიდან აქვს. ბარათის დიზაინი შეგიძლიათ თავადვე შეარჩიოთ და, თქვენი სურვილის შესაბამისად, მასზე სასურველი ადამიანის ან ნივთის ფოტო აღბეჭდოთ.

ავტორი: მაია ცეცაძე

„SUMMER“ „ბელ დე ჟურისგან“

0x01 graphic

0x01 graphic

14 ივნისს, კაფე „ბელ დე ჟური“, მისივე სახელობის დისკის შექმნას აღნიშნავდა. „summer“ სპეციალურად „ბელ დე ჟურისთვის“ DJ Tahos-მა შექმნა. კაფე, მუსიკის მოყვარულებს, სამ თვეში ერთხელ ახალ მუსიკალურ დისკს წარმოუდგენს.

საზაფხულო დისკი, თემატურად სიყვარულსა და ზაფხულს უკავშირდება. დიზაინი კი ფრანგული ფილმის „Belle De Jour“-ის (კატრინ დენევის მონაწილეობით) კადრებით გაფორმდა. საშემოდგომოდ, იდეის ინიციატორი „პროგრეს ჯგუფი“ ისევ სეზონური განწყობის დისკს შემოგვთავაზებს, რომელსაც ახალი ავტორი ეყოლება. ზაფხულის დისკის საპრეზენტაციოდ კი DJ Tahos-ის აჟღერებულ სეტებზე საღამო ბევრმა სტუმარმა სასიამოვნოდ გაატარა.

კაფე „ბელ დე ჟურში“ DJ Tahos-ს მუსიკა ყოველ საღამოს აჟღერდება. მისი მუსიკის მოსმენა სხვაგანაც შეგეძლებათ თუ დისკის შესაძენად კაფეებს „ბელ დე ჟურსა“ (აბაშიძის №29-ში) და „ელ ექსპრესს“ (შარდენის №14-ში) მიაკითხავთ.

ავტორი: მაია ცეცაძე

19 ივლისი, 19 საათი და 19 წუთი

0x01 graphic

ერეკლე მეფის ქუჩაზე კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა: „19“.

ახალი რესტორნის სახელწოდება ამსტერდამის ცნობილი „თხუთმეტისას“ სრულიად შემთხვევით ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა შეფ-მზარეულმა, გიორგი სარაჯიშვილმა, იქაური ლეგენდარული კულინარის, ჯემი ოლივერის სკოლა გაიარა. საქმე ისაა, რომ ბაჩო მიქაძეს, Kala-Group-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, 19 თავის ბედნიერ რიცხვად მიაჩნია. ის დაიბადა 19 რიცხვში, ცხოვრობდა 19 ნომერში, 19 წლისა როცა იყო... მოკლედ, კარგი რიცხვია. და მერე, როცა ახალი დაწესებულების სახელზე მსჯელობდნენ, „კალას“ დარბაზში მიმტანი შემოვიდა და უბრალოდ თქვა: „19“. რატომ თქვი? იმიტომ, რომ შეკვეთა მე-19 მაგიდისაა. განა შეიძლება, ეს მხოლოდ დამთხვევა იყოს?:)))

იმედი ვიქონიოთ, რომ „ცხრამეტი“ არამარტო თავის მფლობელებს, არამედ ჩვენც მოგვიტანს ბედნიერებას. მეცხრამეტედ მისულებს მაინც.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

4 ხელოვნება უკვალოდ

▲back to top


აქცენტი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ტერმინი „ლენდარტი“, ანუ მიწის ხელოვნება, 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, როცა მეამბოხე სტუდენტობამ დამკვიდრებული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა. განსაკუთრებით აქტიური, ცხადია, არტისტები იყვნენ. მათ ბრძანეს, რომ თავად საბაზრო სისტემის არსებობა ფრიად საეჭვო ამბავია, ხოლო ტრადიციული მუზეუმები და გალერეები სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს. მათი აზრით, ნახატი ისეთივე საქონელია, როგორიც ნებისმიერი სხვა ნივთი.

„ტრადიციული ხელოვნება მოკვდა!“

ძნელი სათქმელია, ეს ამბავი წინასწარ გათვლილი იყო თუ დიდი ქალაქის წნეხისგან თავის დაღწევის რომანტიკული მცდელობის შედეგად მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ცოტა სასაცილოდ იდეალისტი გოგო-ბიჭების სურვილი, გარემოსთან სხვაგვარი, არაძალმომრე დამოკიდებულება ჰქონოდათ, აშკარა სიმპათიას იწვევს.

ისინი არაფერს აშავებდნენ - კვალს არ ტოვებდნენ. ისინი ფეხით მოგზაურობდნენ დედამიწაზე და გზად ეფემერულ ქანდაკებებს ქმნიდნენ, რომელთათვისაც მასალა იქვე ეყარა: ქვები, მიწა, მცენარეები და წყალი. ცხადია, ამდენი წლის შემდეგ მათ ვეღარსად ვნახავთ - წვიმამ ჩარეცხა, ხვიარებით დაიფარა, მაგრამ მათ არც ქმნიდნენ მარადისობისთვის - მიწისგან შექმნილი მიწის ხელოვნება მიწადვე იქცა.

ეს მერე, მერე დაიწყო რიჩარდ ლონგმა ბულდოზერებით მუშაობა. ეს მერე გადაიტანა გერმან დე ვრაისმა ქალაქში ხელუხლებელი ბუნების რამდენიმე კვადრატული მეტრი. ეს მერე იყო. მანამდე კი ლენდარტის ხელოვანები, რომელთაც დროის შეჩერება აზრადაც არ მოსდით, გვაჩვენებენ, რომ დავცილდით ბუნებას და ჩვენი საქმიანობით სინამდვილეში მხოლოდ ნგრევას ვიწვევთ.

. . .

მერე? მერე - არაფერი. კვალი არ რჩება. ეს ხომ ერთჯერადი ხელოვნებაა, მიწის ხელოვნება, ლენდარტი. მამაკაცი გახლავთ ფრანგი ბრის მატეი, რომელმაც თავისი ქმედება ამგვარად ახსნა:

„ეს არის დაბადება. მეფის, ან მამის, თუნდაც საზოგადოების განსახიერებაადამიანი, რომელიც სრულიად დაუცველი იბადება, გაჩენისთანავე მის „კეთებას“ იწყებს, პირობითი დამცავით - ტალახით ფარავს. ის უმალვე გამოგონილ ციხე-სიმაგრეში ამოჰყოფს თავს. მე გადავწყვიტე, ჩამომერეცხა ჩემი მოგონილი, პირობითი ციხე-სიმაგრე და პირვანდელ, სუფთა მდგომარეობას დავბრუნებოდი. დავსვი კითხვა და ვეძებ პასუხს: როგორ უნდა დავაღწიო თავი ციხე-სიმაგრეს, რომელიც ჩემი ხელით ავაშენე.“

მოქმედება ხდებოდა ხევსურეთში, შატილში, 2005 წელს. ქეთევან კორძახიას მოწოდებას სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები გამოეხმაურენ და შატილში შექმნეს თავინთი ციხე-სიმაგრეები - უკვალო და სწორედ ამის გამო მშვენიერი.

რამდენიმე მონაწილის ნაამბობი:

გერჰარდ შაბელი (გერმანია): „ხევსურეთში ყოფნისას ვნახე და ვიგრძენი ადამიანური ყოფის სიმძიმე, ის აუცილებლობა, რომელმაც ადამიანებს დაუჯერებელი ნაგებობები აღამართინა და თვითგადარჩენისათვის ასეთი გარემო შეაქმნევინა. ეს ხომ უზარმაზარი ადამიანური ძალისხმევის შედეგია!

მე მსურდა პატივისცემა გამომეხატა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც აქ იცხოვრა, იღვაწა, აშენა, ადამიანის თვისებები შეინარჩუნა და განავითარა.

ჩემს ნამუშევარში მინდოდა მეჩვენებინა, რომ ერთმანეთზე დაწყობილი ქვები ბევრად მეტია, ვიდრე ნაგებობა, სახლი ან თუნდაც ციხე-სიმაგრე. მინდოდა მეჩვენებინა, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, იდგე ფეხზე და ყოველთვის, ყველანაირ პირობებში არსებობდე.

პატივი მივაგე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი სიცოცხლის გაწირვის ფასად ბევრ თანამოძმეს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

როდესაც პირველად გავიგონე ანატორების ამბავი, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ მეც ადამიანი ვარ.

ჩემთვის ხელოვნება და ცხოვრება, თუნდაც ცოცხლად ყოფნა, ერთი და იგივეა. მე მჯერა, რომ თავისთავად სიცოცხლეს აზრი არა აქვს. მხოლოდ ჩვენ, ადამიანები ვანიჭებთ მას მნიშვნელობას, თითქმის ყოველთვის, განუწყვეტლივ. და ამ დროს ჩვენი ფიქრით თავად ცხოვრებას სულ უფრო ვცილდებით.“

საბინა შიხლინსკაია (აზერბაიჯანი): „პროექტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, თავიდანვე შოკისმომგვრელი იყო. შოკი იყო ბუნება, გარემო, ადამიანები თავიანთი ისტორიითა და ხასიათებით. ადამიანები, რომლებიც ასეთებად ბუნებამ და გარემომ შექმნა. აქ ყველაფერი ნამდვილია. ჩვენ კი გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ერთად ვართ, გვინდა რაღაცა ვაკეთოთ და გვიყვარს ეს მიწა.“

5 „ელკანა“ - ეკოარჩევანი

▲back to top


აქცენტი

ავტორი: მარიკა ქოჩიაშვილი

0x01 graphic

ასეა... ყველაფერი რაღაციდან იწყება. მაგალითად, ღვინო - ვენახიდან.

ვაზს დარგვა უნდა, შემდეგ მორწყვა, გაზრდა, გასხვლა, მოვლა. შემდეგ ნაყოფს მოისხამს. მალე შემოდგომაც მოვა და რთველის პერიოდიც დადგება. ყურძენს დაკრეფენ, საწნახელში ჩაყრიან და ღვინოს დაწურავენ. სათქმელად იოლია, თუმცა, ეს არც ისე ადვილი პროცესია, თანაც, ყველაფერი წესების მკაცრი დაცვით უნდა შესრულდეს.

„ყველა წესის“ დაცვას ფერმერებს ასოციაცია „ელკანა“ ასწავლის. ფერმერები სწავლობენ, როგორ მოიყვანონ ბიოპროდუქცია ბიოსტანდარტების დაცვით.

ბიო გულისხმობს, რომ პროდუქციის მოყვანის, ტრანსპორტირების და შენახვის დროს, დაცული უნდა იყოს გარკვეული წესები, რომელიც ბიოსტანდარტითაა გათვალისწინებული. მაგალითად, მოყვანის დროს არ უნდა იყოს გამოყენებული პესტიციდები და ქიმიური სასუქი. ნიადაგი და სარწყავი წყალი არ უნდა იყოს დაბინძურებული. ტრანსპორტირების და გაყიდვის დროსაც აუცილებელია გარკვეული სტანდარტის დაცვა. თუ ყველა წესი დაცულია, პროდუქციას ბიო ანუ ორგანული, გნებავთ, ეკოლოგიური სტატუსი ენიჭება.

„კავკასსერტი“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ამოწმებს ორგანულია თუ არა პროდუქტი.

„კავკასსერტი“ „ელკანას“ წევრ ფერმერებსაც აკონტროლებს, რომლებიც „ელკანას“ ღვინით, თაფლით, ნატურალური წვენებით, შავი და მწვანე ჩაით, ზეთით, ლობიოთი, თხილით და ნიგვზით ამარაგებენ. მათვე შეუწყვეს ხელი ისეთი მივიწყებული კულტურების განახლებას, როგორიცაა ძაძა, ცულისპირა, ოსპი და მუხუდო.

პესტიციდებისგან თავისუფალი „ელკანას“ პროდუქციის შენახვის ვადა, სხვა პროდუქციასთან შედარებით, გაცილებით მოკლეამაგალითად, „ელკანას“ ზეთის შენახვის ვადა მხოლოდ ორი თვეა.

„ეს სულ სხვა ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტია. ინდუსტრიული წარმოების ზეთებს გოგირდმჟავას ურევენ, ან ბენზოლს, და რა თქმა უნდა, კონსერვანტებიც უხვად აქვს. რაც შეეხება ღვინოს, შენახვის ვადას გაცხელებით ან კონცენტრატების დამატებით უგრძელებენ. ჩვენთან ეს გამორიცხულია. ეს არის ტრადიციული მეთოდებით დაყენებული ღვინო, რომელსაც სამკურნალო თვისებებიც აქვს.“ - ამბობს მარიამ ჯორჯაძე, ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი.

„ელკანას“ ფერმერები ჯერჯერობით ძალიან ცოტა ბიოპროდუქტს აწარმოებენ და დღეს, კომპანია თბილისის მხოლოდ რამდენიმე სუპერმარკეტს ამარაგებს. დაინტერესებული მომხმარებელიც ჰყავს და დაინტერესებული პოტენციური მომხმარებელიც.

„როცა „ელკანას“ შესახებ პირველად გაიგებენ, კითხულობენ სად ვიყიდოთო, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენი პროდუქტი ლიმიტირებულია და ვინც გვიცნობს, მხოლოდ ის ყიდულობს“.

პროდუქცია კარგად იყიდება და ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. არც რეკლამა სჭირდებათ, თვლიან, რომ აზრი არ აქვს - სანამ ზეთის რეკლამას გადაიღებენ, პროდუქტი დახლებიდან გაქრება და ისიც არავინ იცის, ფერმერს შემდეგი მოსავალი როდის ექნება.

„ელკანას“ პრობლემაც ამ ეტაპზე მხოლოდ ესაა - ექნება თუ არა იმდენი პროდუქცია, რომ მუდმივი მიწოდება შეძლოს. აი, შემდეგ კი, როცა პროდუქცია გაიზრდება, შეიძლება გასაღების პრობლემა დადგეს.

მანამდე კი, ვინც „ელკანას“ პროდუქტს შეიძენს, ეტიკეტზე აუცილებლად ერთ რეცეპტს აღმოაჩენს. მის მიხედვით გემრიელ კერძს დაამზადებს და, რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა სადილს მიირთმევს.

6 PAPA CARLO ვერცხლის ქუჩაზე

▲back to top


აქცენტი

ავტორი: სალომე ალანია
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩის დასაწყისში ერთი პატარა მაღაზიაა, რომელიც ზღაპრულ ქოხს ჰგავს.

მაღაზიაში უამრავი, სხვადასხვა ფერის, ფორმის და ზომის ხის სათამაშო იყიდება.

აქ შეხვდებით იმ ზღაპრულ და მითოლოგიურ გმირებს, ბავშვობაში რომ გიყვარდათ და აუცილებლად გაგახსენებთ იმ დროს, როდესაც პატარა იყავით და ძილის წინ ბებია მათ შესახებ გიყვებოდათ. ეს სათამაშოები ზუსტად ისეთია, როგორიც ყველა პატარას წარმოუდგენია.

ამ სათამაშოებს, ერთ პატარა სახელოსნოში, ყოფილი არქიტექტორი მერაბ კუჭუხიძე ამზადებს.

ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა მერაბმა და ნიკო ცილიკიამ სათამაშოების გაკეთება და შემდეგ მათი გაყიდვა დაიწყეს. მათი უპირველესი სურვილი იყო, რომ სათამაშო აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა ყოფილიყო ანუ ბავშვებისთვის უსაფრთხო. სათამაშოების კეთებისას ისინი შტაინერის ფილოსოფიით ხელმძღვანელობდნენ. „სათამაშო უნდა იყოს უფრო განსაცვიფრებელი, ვიდრე შესაძლებელია, არ უნდა იყოს სრულყოფილი, რადგან მან ბავშვში ფანტაზია განავითაროს“.

„არ გვინდოდა ისეთი სათამაშოების კეთება, რომელიც სუვენირს დაემსგავსებოდა და მშობლები თაროზე შემოდებდნენ. ჩვენ ბავშვებისთვის ნამდვილი „სათამაშოების კეთება გვინდოდა“.

სათამაშოებს სხვადასხვა ხისგან ამზადებენ. შემდეგ, ნატურალური, სპეციალურად სათამაშოებისათვის განკუთვნილი საღებავებით ფერავენ.

ისინი ასაკის მიხედვით კეთდება, მაგალითად, ჩვილი ბავშვისათვის რთხმელისაგან ამზადებენ.

თურმე, რთხმელას ანტისეპტიკური თვისება ჰქონია და სასარგებლოა, ბავშვი მას ღრძილებით შეეხოს.

საერთოდ, ბავშვები ნივთებს, ნერწყვით ანუ პირით აღიქვამენ. ისინი იმიტომ იდებენ ყველაფერს პირში, რომ სამყარო იგრძნონ.

პლასტმასის სათამაშოებს რომ განსაკუთრებული ყურადღებით და დიდხანს ღეჭავენ, თურმე ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან, რა მასალაა.

აი, ბუნებრივ, მშობლიურ რთხმელას, ვერხვს, მუხასა და კაკალს კი მაშინვე გრძნობენ და ღეჭვას თავს ანებებენ.

მერაბი თვლის, რომ ხე ძალიან ჯანმრთელი და მისტიკურია.

ხესთან მუშაობას კი თავისებური განწყობა სჭირდება, რადგან ცოცხალია.

„როდესაც სათამაშოს ცუდ ხასიათზე ვაკეთებ, ჩემი უარყოფითი განწყობა მასზე გადადის, შემდეგ წლობით დევს და არავინ ყიდულობს. ამიტომ, როდესაც ვგრძნობ, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ სათამაშოს აღარ ვაკეთებ“.

1997 წელს ამერიკაში ჟურნალ Woodworker'-ში მათზე ვრცელი სტატია დაიწერა, სადაც ჟურნალისტს ერთი ამერიკელი ქალის ციტატა მოჰყავს - ქართველებმა ამ სათამაშოებით ჩვენ სულიერება დაგვიბრუნესო.

ადრეც და ახლაც მათი ძირითადი მუშტარი უცხოელია, თუმცა, ხანდახან ქართველებიც შეუვლიან ხოლმე.

უცხოელებს ყველაზე მეტად ხელნაკეთი სათამაშოების დაბალი ფასი აკვირვებთ, რადგან მსოფლიოში ასეთი ნივთების ღირებულება გაცილებით მაღალია.

ერთხელ, ვიზიტის დროს, მაღაზიაში ლორა ბუშსაც შეუვლია და რამდენიმე სათამაშო წაუღია შორეულ ამერიკაში.

ერთ უცხოელ ქალს კი ყველა ქართული ხისგან დამზადებული ასაწყობი ნაძვის ხე მოუთხოვია, რომელიც, რა თქმა უნდა, მაშინვე დაუმზადეს.

„საქმე ისაა, რომ სათამაშოები, ჯერჯერობით, მხოლოდ თავის თავს არჩენენ და ამ მაღაზიის ქირას იხდიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქაურობა არ ცარიელდება. ჩვენ სულ ვაკეთებთ და ვაკეთებთ ახალ სათამაშოებს, რადგან მათი არსებობა აუცილებელია ბავშვების, მათი გემოვნების და სულის განვითარებისთვის“.

7 ჯართი სუნთქავს

▲back to top


აქცენტი

ავტორი: დათო გაბუნია
ფოტო: სერგო მჭედლიშვილი

0x01 graphic

თბილისის ხედებს რომ ბევრი ცხენი და ამ ბევრ ცხენზე შემომჯდარი ასევე ბევრი მეფე თუ სარდალი ამშვენებს, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ამათგან ერთი-ორი, თავის დროზე, სერიოზული სიახლე იყო ქალაქისთვის და, სრულიად დამსახურებულად, სიმბოლოდაც კი გადაიქცა. თუმცა, ტირაჟირებას რომ არაფრისთვის სიკეთე არ მოუტანია (პრინციპით: „ოდეს ტურფა გაიაფდეს“) - ეს ხომ ცხადზე ცხადია. ჰოდა, ცოტას წავიქილიკებთ ქალაქში აღმართულ მორიგ ცხენიან კაცზე (იმედია, წმინდანებსაც იგივე ბედი არ ელით და სარდალ-მეფეებს გვაკმარებენ) და შევეგუებით. გავა წლები და შესაძლოა, ამჟამინდელი დაცინვის ობიექტი ვიღაცამ ქალაქის სიმბოლოდაც აქციოს.

თუმცა, ეს შესავალი არც მთლად პირდაპირ უკავშირდება ერთ ახალგაზრდა კაცს, სახელად კორნელი რამიშვილს, რომელმაც სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი ახლახან დაამთავრა და ჯერ მხოლოდ ერთი, პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი პერსონალური გამოფენა მოაწყო მაისის ბოლოს, შარდენის ქუჩაზე. კორნელის (ჩვენებურად - კოკას) არ ეშინია გმირულ-პათეტიკური თემების - დავითი და გოლიათიც გამოუქანდაკებია, აბჯარასხმული მეომრებიც და ნამდვილი მასაებიც, სწორედ ისინი, ლომებზე რომ ნადირობენ; კიდევ აქვს უცნაური სკულპტურები, გაურკვეველი წარმომავლობის და კლასიფიკაციაში რომ ვერაფრით ვერ ჩასვამ, ისეთი ცხოველებისა, რომელთაც ფრიად უხერხული სახელები ჰქვიათ. ერთი სიტყვით, მისთვის თემატიკაში შეზღუდვა არ არსებობს, ბერძნული დრამის ნიღაბს გაჩეჩილ თმას დაუმატებს და ავტოპორტრეტად აქცევს... აი, მასალის არჩევისადმი კი ვერ არის გულგრილი. როგორც თვითონ მითხრა გამოფენაზე მისულს, ბოლო წლებში ლითონის და ხის გარდა არაფერი აინტერესებს, უფრო კი პირველს ეტანება. მაგრამ, ლითონიცაა და ლითონიც - თუ მაღალ-მაღალ კვარცხლბეკებზე ამაყად შემომჯდარ მეფე-წმინდანებს ბრინჯაო-ოქროთი ამშვენებენ, კოკას ეს ბრწყინვალება სულ არ იზიდავს და ნამუშევრების დიდ ნაწილს, უკაცრავი პასუხია და, ჯართისგან აკეთებს. მაგრამ, აბა, შეხედეთ ამ ნამუშევრებს - სასარგებლო საქმეცაა და თვალსაც უხარია - ჯართი ტყუილად არ ცდება და ხელოვნების ნაწარმოებად იქცევა. თანაც, ეს ხელოვნება თამამად ანგრევს ჩვენში გავრცელებულ სტერეოტიპს ქანდაკების შესახებ: არ არის მონუმენტური და აუცილებლად ჰეროიკული, არც ტრადიციულად მოსაწყენი საფლავის ქვის ტიპის ბიუსტებია. მეტიც, კორნელი ყველაზე პათეტიკურ თემებსაც კი ირონიით უდგება (მაგალითად, დავითის გამარჯვება გოლიათზე - მეტი ჰეროიკა რაღა გინდათ) და სწორედ ამით არის საინტერესო. ადამიანიც ასეთია, სულ ხუმრობს, იცინის და შენც გაცინებს და თუ უშუალოდ არ გინახავს, როგორ მუშაობს მძიმე ტექნიკით შეიარაღებული თავის სახელოსნოში, ვერაფრით წარმოიდგენ, ასეთ მხიარულ ახალგაზრდას ასეთი მძიმე შრომა რომ იტაცებს.

მსუბუქი ირონია მისი სტილია - ჯართისგან გაკეთებულ ხვად მგელს, არც მეტი, არც ნაკლები - ჯართისვე გენიტალიები ამშვენებს. აბა, როგორ - ლეგენდარულ რომაულ ძუ მგელს ხომ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენებური კავკასიური ხვადი. ვიღაცას შეიძლება, ალგეთის ლეკვებიც კი მოაგონდეს. ჰოდა, ძალიანაც კარგი, დარწმუნებული ვარ, ავტორი ასეთ შედარებაზე თვითონაც ბევრს იხალისებს.

გამოფენის დამთვალიერებლებს ახალგაზრდა მოქანდაკე ასე აფრთხილებდა: ნამუშევრებს ხელით ნუ შეეხებით, მათ არაფერი და თქვენ კი დაგიშავდებათო. წაწვეტებული შუბები, დაღრეჭილი კბილები, ლურსმნები და ათასი რამ, რაც მხოლოდ ერთი ადამიანის ფანტაზიამ და ნიჭმა აქცია ქანდაკებად - მერწმუნეთ, ამ უჩვეულო სამყაროს ნახვა ნამდვილად ღირს.

და მერე რა, რომ კორნელი რამიშვილის ქანდაკებები არავის დაუდგამს ამაღლებულ სვეტებზე და ქალაქის ღირსშესანიშნაობად არ უქცევია. სამაგიეროდ, ისინი სუნთქავენ (გამოფენასაც ასე ერქვა „ლითონი სუნთქავს“) და ხშირად მარიონეტებსაც კი მოგაგონებენ - რომელთაც, სადაცაა, უხილავი ძაფებით აამოძრავებს მათი შემქმნელი ოსტატი. დამეთანხმეთ, ასეთი ქანდაკება უფრო საინტერესოა - მეტყველი და თითქმის ცოცხალი, რომელიც სუნთქავს. მონუმენტური მეფეები კი იდგნენ თავიანთ ადგილას, წმინდანებიც ასევე. სხვა თუ არაფერი, ეს უკვე ხელოვნების ისტორიაა - მერე რა, რომ არცთუ სახარბიელო და საამაყო ხელოვნებისა. გავა დრო და მათზე, ალბათ, გულიანად ვიცინებთ. კორნელი რამიშვილი კი არც ახლა გვიშლის საკუთარ ქანდაკებებზე სიცილს, რადგან მისი მთავარი ღირსება სწორედ თვითირონიაა, რაც ასე აკლია ბევრ დიდსა და გამოცდილ მონუმენტალისტს, რომელთაც ჰგონიათ, სერიოზულ ხელოვნებას ვემსახურებითო, სინამდვილეში კი კიჩს ვერ სცდებიან. ახალგაზრდა მოქანდაკე სწორედ კიჩურობაზე თამაშობს, გაცვეთილ და ამაღლებულ თემებს ახლებურად და დაუფარავი ირონიით გვთავაზობს, ჰოდა, მოდი და, ნუ გაგეცინება. მისი ქანდაკებები ურბანისტული ფანტაზიებია მარადიულ თემებზე და, ნიჭთან ერთად, მათ დამღუპველი პათეტიკისგან სწორედ მასალა იხსნის - ერთია, როცა მოედნის შუაგულში აღსამართად ოქროცურვილ მონუმენტს აკეთებ და მეორეა, როცა თითქოს გამოუსადეგარი ჯართისგან ქმნი იმავე თემაზე ნამუშევარს. თქვენი არ ვიცი და მე ეს უკანასკნელი უფრო მიზიდავს, ჩანასახშივე რომ არ აცხადებს პრეტენზიას მარადიულობაზე. ვერაფერს იტყვი, ძალიან თანამედროვე ხელოვნებაა, რომელსაც, საბედნიეროდ, ჯერ კარგა ხანს არ ემუქრება მეინსტრიმში გადასვლა და გაუთავებელი ტირაჟირება.

8 თავისუფალი დრო

▲back to top


აქცენტი

ავტორი: მარიკა ქოჩიაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ერეკლეს ქუჩა, ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე ნაკლებად იგრძნობა საქართველო. დიდი, გარედან ჩარაზული ხის კარი, გარედან წარწერით Free Time. ერთი ციცქნა სახელოსნოს დიდ ხის კარს რომ გააღებ, ბევრი საათის წიკწიკის ხმაში იძირები. „თავისუფალი დროის“ ქაოსში აღმოჩნდები.

ჯართის საყრელზე, ქარხნების ეზოებში, მანქანების გასამართ სახელოსნოებში, მშენებლობებზე, სხვენებში, სარდაფებში ნაპოვნი, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი ნივთებისგან, თავისუფალ დროს, „თავისუფალი დროისთვის“ საათებს, ლელა კაციაშვილი ქმნის.

მაგიდაზე ვენტილატორის „აბლიცოვკა“ დევს, ზედ ქვის საპრიალებელი „შკურკა“ აქვს დამაგრებული, ზემოდან კი საათის ისრები. ჯერ დასრულებული არ არის. ეტყობა, რომ მალე აწიკწიკდება.

კედელზე მე-19 საუკუნის ფაიფურის ხილის ლარნაკის ნატეხი ჰკიდია. ბებოს გაუტყდა და ახლა საათის ქუდად იქცა. გვერდით კიდევ სხვა საათია - ძველი მანქანის ფარი.

შუშის ნატეხები, თუნუქის პატარ-პატარა ნაკუწები, ხის ყუთები - ძირითადად ამისგანაა გაკეთებული პატარა ოთახის კედლებზე დაკიდებული ძალიან ბევრი საათი. იქვე ძველისძველი მოშლილი აივნის რიკულები და ფანჯრის ძველი ჩარჩოებია, სავარაუდოდ, მალე ისინიც აწიკწიკდება.

საათების უმეტესობას ციფერბლატი არ აქვს. თავისუფალია. მაგრამ, მაინც მიხვდები რომელი საათია. უბრალოდ, ციფრებისგან არის თავისუფალი.

საათების ავტორს ზუსტად არ ახსოვს, რამდენი წლისაა - 43-ის თუ 44-ის. დროშია დაკარგული. როცა დროს ქმნის, დრო ჩერდება. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ დრო გააჩეროს.

„საათებს რომ ვაკეთებ, დროზე ვფიქრობ და თავისთავად დრო ჩერდება, როდესაც საქმეს ვიწყებ. დროს ვერ აჩერებ, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გარბის. ისღა დაგრჩენია, რომ დაგავიწყდეს რომელი საათია, რა დღეა და რამდენი წლის ხარ“.

დროს ვერ აჩერებს, მაგრამ თავისუფალ დროს ქმნის. მის ყველა საათს, ყველა ნამუშევარს, და სახელოსნოსაც კი Free Time - თავისუფალი დრო ჰქვია.

„სამი სიტყვისგან შედგება - თავი, უფალი და დრო. სამივე ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია არ დაკარგო უფალი, დრო და თავი - ამიტომაც ჰქვია თავისუფალი დრო“.

საათების წიკწიკი მუშაობაში ეხმარება. ენდობა ამ ხმას. საიმედო ხმაა. ჯაზია. მაგრამ, თუ ძილს აპირებ, ვერ დაიძინებ. გაგაგიჟებს.

აქ ერთ-ერთი საათი ავტობიოგრაფიულია. საათს სახლის ფორმა აქვს. იმ პატარა სახელოსნოს ჰგავს, სადაც შეიქმნა. გოგო წევს და დაძინება უნდა. პატარა მუთაქა უდევს. ხალიჩაც უფენია. თვითონაც საათის ისარია. წამებს აღრიცხავს. ტრიალებს. კედელზე დიდი ციფერბლატიანი საათი კიდია. ვერ იძინებს გოგო. როგორ დაიძინებს?! ოთახში მასზე დიდი საათი წიკწიკებს.

„რომ ვმუშაობ არ მესმის. როცა არ ვმუშაობ, მაწუხებს“.

დროს ვერაფრით ვერ აჩერებს. ძალიან უნდა, მაგრამ მხოლოდ იმას ახერხებს, რომ თავისუფალი ატმოსფერო, თავისუფალი წუთი შექმნას ყველასთვის, რათა ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ - დრო ძალიან სწრაფად გადის.

9 შავი ბოლის წინააღმდეგ

▲back to top


კომენტარი

ავტორი: სანდრო ნავერიანი

0x01 graphic

არის ერთი შვეიცარიელი, პიტერ სუტერი, შვეიცარიულ ენერგოკომპანიაში მუშაობს, მეუღლე ჰყავს და სამი შვილი. მატერიალური თვალსაზრისით ტიპური შვეიცარიელია. ციურიხის გარეუბანში საკუთარი სახლი აქვს და ცხოვრება უხარია. უიქენდებს ოჯახთან ერთად მხიარულად ატარებს, სამუშაო დღეებში კი კომპანიის ხელმძღვანელობისგან მადლობებს იღებს - კარგი თანამშრომელია.

2003 წელს პიტერს სამსახურში მანქანა აჩუქეს, ახალთახალი „ფორდ ფოკუსი“. მანქანა დიდი ვერაფერი, მაგრამ პიტერისთვის „როლს-როისიც“ რო ეჩუქებინათ, შედეგი იგივე იქნებოდა - მანქანა ფარეხში იდგებოდა და იდგებოდა, თვეში ერთხელ თუ გამოიყენებდა, ისიც გამოუვალ მდგომარეობაში. აი, „ფორდის“ მაგივრად მაგარი ველოსიპედი რომ მიეცა სამსახურს, პიტერი გაცილებით უფრო მადლიერი დარჩებოდა.

სუტერები ავტომობილებს საერთოდ არ სცნობენ, უყვართ მატარებელი - რომელიც გაცილებით ნაკლებად აბინძურებს გარემოს და უფრო ხშირად გადასაადგილებლად ისეთ ტრანსპორტს ირჩევენ, რომელიც ბუნებისთვის ყველაზე მეტად უსაფრთხოა - ყველანი ველოსიპედებით მოძრაობენ. სახლის სარდაფი და ეზო გადატენილია ველოსიპედებით - სიჩქარეებიანი ველოსიპედი, მთის ველოსიპედი, თოვლის ველოსიპედი, ველოსიპედები ოჯახის თითოეული წევრისთვის და მორიგე ველოსიპედები მოულოდნელი სტუმრებისთვის... კიდევ, პიტერს ველოსიპედებისთვის „პრიცეპები“ აქვს. ჩააბამს ამ „პრიცეპს“ ველოსიპედს პიტერის მეუღლე და მიდის სუპერმარკეტში, საიდანაც გემრიელი პროდუქტებით დატვირთული ბრუნდება.

პიტერის სახლის წინ, ეზოში, მწვანე ბიბინა მინდორია. ისე, იმ ქუჩის ყველა მაცხოვრებელს სახლის წინ მშვენიერი ბიბინა კოინდარი აქვს გაფენილი, მაგრამ პიტერის კოინდარი იმით გამოირჩევა დანარჩენებისგან, რომ გაუკრეჭავია - ნახევარი მეტრის სიმაღლის, ზოგჯერ უფრო მაღალიც და ამის მიზეზი ის არის, რომ პიტერი არ ხმარობს გაზონის საკრეჭ მანქანას - წელიწადში სამ-ოთხჯერ მიადგება ცელით და თიბავს - რატომ უნდა აბინძუროს ისედაც დაბინძურებული ჰაერი.

ენერგოკომპანიაში კი მუშაობს, მაგრამ იქ, სადაც ბატონ-პატრონი თვითონაა და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებს, ანუ საკუთარ ოჯახში, არც ელექტრობას სცემს დიდ პატივს. სახლში სოლარულ ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი სისტემა წლების წინ დაამონტაჟა და მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია არ არის იამაიკა, სადაც წელიწადის 365 დღე მზე აცხუნებს, პიტერს და მის ოჯახს სამზარეულოსა და რამდენიმე აბაზანისთვის მაინც ჰყოფნის ის ენერგია, რასაც მზე კვირაში ერთხელ აძლევს.

აი, ასეთი პრინციპული გარემოს დამცველი შვეიცარიელი ერთხელ საქართველოში ჩამოვიდა იმის იმედად, რომ გაკრეჭილ-დავარცხნილი შვეიცარიის შემდეგ საქართველოს ველურ ბუნებას და სუფთა ჰაერს ეზიარებოდა, მაგრამ მტერს და ავს, რაც აქ დახვდა.

მგონი, ჟანგი 40-ს გადაცილებულმა პიტერმა პირველად თბილისში ნახა და მერე ჟანგი რაზე? თავისი ქართველი მასპინძლის მანქანაზე! სასწრაფოდ თავის გერმანულ-ქართულ სასაუბროს ეცა, მაგრამ სათანადო სიმძაფრის ფრაზა ვერსად იპოვა, განცვიფრება რომ ბოლომდე გამოეხატა. შიშით იკითხა, ეს მანქანა როდის არის გამოშვებულიო. გული კი წინდაწინვე ცუდს უგრძნობდა, მაგრამ მაინც ელდასავით ეცა პასუხი - 86-შიო. არადა, უკვე 2001 წელი იყო და გარემოს დამცველმა შვეიცარიელმა კარგად იცოდა, რომ დაძველება მარტო ღვინოს და კონიაკს უხდება და მანქანას - არა. გულმოკლულმა ისღა მოახერხა, ეთქვა, ჩვენთან, შვეიცარიაში, ჟანგის პატარა წერტილიც რომ მოედოს მანქანას და იმ მანქანით ქუჩაში გამოსვლა გაბედო, საშინლად დაჯარიმდებიო. ბევრ მანქანას პატრონები სპეციალურ ფილტრსაც უყენებენ, რომლის საშუალებითაც გამონაბოლქვის ხარისხს ამცირებენო. ის იყო და ის, ამ თემას პიტერი აღარ შეხებია, მაგრამ აბა, რა გასაკვირია, რომ იმ სამი კვირის მანძილზე, თბილისს რომ სტუმრობდა, პიტერი რესპირატორით დადიოდა, მანქანაში არავის უჯდებოდა (თუმცა, შემდეგ 137 ნომერ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და ინანა) და ეგონა, რომ ჩვენი პატარა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გლობალურმა დათბობამ დროზე ადრე იჩინა თავი და რომლის თავზეც უკვე ბოლომდე გაიხვრიტა ოზონის შრე.

გლობალური დათბობა 21-ე საუკუნის მომდევნო საუკუნეა - ასე ამბობენ მეცნიერები, სამეცნიერო ნაშრომებში, დოკუმენტურ ფილმებსა და პუბლიკაციებში. თუმცა, უფრო თამამი მეცნიერები იმასაც კი ამბობენ, ეს საუკუნე ვერ ჩაივლის ისე, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა პლანეტის შვიდი მერვედი რომ არ შეიწიროსო, ანუ მომდევნო საუკუნე შეიძლება აღარც დადგეს ჩვენთვისო. არ ვიცი, მათი რომელი ნაწილია მართალი (ღმერთმა ქნას არც ერთი არ იყოს მართალი და ყველა დასაბმელი გიჟი აღმოჩნდეს, რომელიც კაცობრიობას გულს უხეთქავს), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ანტარქტიდაზე ყინული დნება, ოკეანის დონე იმატებს, პატაგონიასა და ატაკამაში თოვლი მოდის, გრენლანდიაში კი ბუნებრივ პირობებში წითელი ვარდების გაშენება დაიწყეს. აჰა! გინდა გლობალური დათბობა უწოდე, გინდა შემოდგომის ფოთოლცვენა, კლიმატი იცვლება და ისეთი ამბები ხდება ისეთ ადგილებში, რაც არასდროს მომხდარა და არც არავინ ელოდა, რომ მოხდებოდა. თუმცა, ყველაფერი ახალი პირველად ხდება, უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ ბუნების სიგიჟის პირველი მომსწრენი ჩვენ აღმოვჩნდით.

პრობლემა იმდენად რთული გადასაჭრელი და მართლაც გლობალურია, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო სამთავრობო კონფერენციაზე, სამიტზე თუ დიდი რვიანის შეხვედრაზე გლობალური დათბობა განსჯის მთავარი თემაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებიან და კაცმა არ იცის იმ რვა პრეზიდენტის შეხვედრაზე რაზე საუბრობენ. თუმცა, მე მჯერა, რომ დიდი ყურადღება მართლაც ეთმობა ამ პრობლემის გადაჭრას და, რაც ყველაზე მთავარია, არა მარტო სახელისუფლებო წრეები ზრუნავენ ამაზე, არამედ ადამიანებიც - პიტერ სუტერი ამის ნათელი მაგალითია. თუმცა, და რწმუნებული ვარ, რომ საქართველოში (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გვაქვს დასაბრუნებელი) და სერბეთში (კოსოვო წაართვეს) დღეს ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ გლობალურ დათბობაზე. ფრჩხილებში ჩასმული პრობლემებიც რომ არა, ჩვენ, ქართველებს, კარგად გვეტყობა როგორც ვზრუნავთ გარემოზე - რამდენიმე თვის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით, სადღაც ტყეში, ზუსტად არ მახსოვს რა ადგილი იყო, აქცია მოეწყო, აქციის დასრულების შემდეგ კი გარემოს დაცვის მინისტრმა და მისმა ამფსონებმა საზეიმოდ გაუშვეს ცაში რამდენიმე ათეული ბუშტი. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ადგილას დაეშვნენ ბუშტები მიწაზე და რამდენი წელი მოუნდება მათ გახრწნას მიწაში.

როდესაც გლობალური დათბობის საკითხი დედამიწაზე მწვავედ დაისვა, განვითარებულმა ქვეყნებმა სხვა დანარჩენ (განუვითარებელ) ქვეყნებს მაგალითი მისცეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იმისთვის, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ებრძოლათ. ბრიუსელში, მარსელში, მონაკოში, პარიზში, ვარშავაში, კოპენჰაგენში, სევილიაში, მადრიდში, ბრატისლავაში, ლუბლიანაში, ზაგრებში, ფრანკფურტში, საარბრუკენში, ბერლინში, ამსტერდამში, მაასტრიხტში, ტურინში და თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის დიდ ქალაქებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ქალაქის მაცხოვრებლები ერთი წუთით თიშავდნენ დენს, არ ქოქავდნენ მანქანებს, არ უკიდებდნენ სიგარეტს და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, კატრინა გადავლილ ნიუ ორლეანშიც კი მოაწყვეს ასეთი აქცია. პარიზში, საერთოდ, ეიფელის განათება გამორთეს, რამაც, შემდეგ გაირკვა, რომ აზიელი ტურისტების უკმაყოფილება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, ჩემი და თქვენი ჩართული კომპიუტერი არ გახევს ოზონის შრეს, მაგრამ მიდგომა იქნება ეთი-კური თუ მეც და თქვენც სოლიდარობას გამოვუცხადებთ სამყაროს. სოლიდარობის მაგივრად კი დასავლეთს პასუხად ავტომობილების ტექდათვალიერების გატარების გაუქმებით ვპასუხობთ და როცა ფრანკფურტის აეროპორტში ერთი წუთით დენს თიშავენ და ყველა, მომსვლელ თუ წამსვლელ რეისს ერთი წუთით აფერხებენ, ჩვენთან აღმაშენებელზე „მაზ“-ის ტიპის საბარგო მანქანა მსოფლიოში ყველაზე შავ ბოლს უშვებს, რომელიც საქართველოს ისედაც უჰაერო ქალაქებში კიდევ უფრო აუტანელ კლიმატს ქმნის.

გასაგებია, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ყველაფერში ხელშეწყობა გვჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე „ზედმეტ“ გადასახადს ეხება, მაგრამ ტექდათვალიერების გაუქმებას, გარემოს დაბინძურების გარდა, ბევრი სხვა უარყოფითი შედეგიც შეიძლება მოყვეს, მაგალითად, ის, რომ გაუმართავი მიკროავტობუსით თბილისიდან ფოთში წავიდე და ვერ ჩავიდე, იმიტომ, რომ ის გაუმართავია, გზაში შეიძლება, მუხრუჭები გაუფუჭდეს და ავარიაში მოვყვე.

ტექდათვალიერება კი არ უნდა გაეუქმებინათ, უფასოდ უნდა მომსახურებოდნენ მძღოლებს. მაგრამ რევოლუციურ მთავრობას ეგონა, რომ ტექდათვალიერებების გაუქმება კიდევ ერთი რევოლუციური მიღწევა იქნებოდა, რომ ვეღარავინ აიღებდა ქრთამს და ქვეყანაშიკორუფციის ხარისხიც დაიკლებდა. ესეც რომ არა, აღარ მოხდებოდა ბაზრის მონოპოლიზაცია, აღარ იარსებებდა ნეპოტიზმი, ანუ, ვერაფერს გამორჩებოდა ერთი კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ადრე უშუალოდ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის ხელდასმით ახორციელებდა ტექდათვალიერებების გაცემას და რომელიც უსინდისოდ ყიდდა გაუმართავი მანქანის მფლობელზე გამართული მანქანის სერტიფიკატს.

ერთი სიტყვით, ახალ მთავრობას ეგონა, რომ ხელის ერთი მოქნევით რამდენიმე პრობლემას მოუღებდა ბოლოს: მექრთამეობას, მონოპოლიას და მოიზიდავდა საკმაოდ დიდ ელექტორატს - მძღოლებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაწამებულნი იყვნენ მექრთამე ჩინოვნიკებისგან, და არა მარტო მათგან. და სულ არ არის გასაკვირი, რომ ასეთი მოქნილი მანევრის ფონზე ხელისუფლებას სრულიად გადაავიწყდა გარემო და სუფთა ჰაერი.

თუმცა, სუფთა ჰაერი და გარემო, მინდა გავიხსენო და გაგახსენოთ, რომ რევოლუციამდელ საქართველოშიც დაბინძურებული იყო. წითელ-ყვითელი პაზიკები 24 საათის განმავლობაში პირდაპირ შხამს უშვებდნენ ჰაერში. არავის აინტერესებდა მათი შემოწმება. ვისაც უნდა შეემოწმებინა, ის საკუთარი საბანკო ანგარიშების შევსებით იყო დაკავებული და, აბა, სხვისთვის რა უნდა მოგეთხოვა. როგორ გეკადრება, ტექდათვალიერების სტიკერები კი ჰქონდათ გამოჭიმული წინა მინაზე, ისევე, როგორც პიტერ სუტერის ქართველ მასპინძელს თავის „შამილაზე“ (ასე ეძახდა თავის 06-ს.). არადა, „შამილა“ საქართველოში მანქანების სასაფლაოს რო ეარსება, იქ უნდა ყოფილიყო განსვენებული მიწაში ან მიწის ზემოთ, მაგრამ ცხოვრებას ხელოვნურად უგრძელებდნენ, აკრავდნენ და აკრავდნენ ტექდათვალიერების სტიკერებს - ანუ მკვდარს ჯანმრთელობისცნობას აძლევდნენ და კაჟივით ხარ, კიდევ გაძლებო, ეუბნებოდნენ. ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე, ოქტომბრიდან ოქტომბრამდე, იქამდე, სანამ პატრონმა არ გაყიდა.

მართალია, დღეს „შამილას“ მსგავსი მანქანების რიცხვმა იკლო, თუმცა ეს მხოლოდ თბილისს ეხება და, შეიძლება, კიდევ ბათუმს და ქუთაისს, სადაც მოსახლეობას მეტ-ნაკლებად აქვს საშუალება, ახალი მანქანა შეიძინოს. რაც შეეხება რეგიონებს, იქ, ალბათ, კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა, იმიტომ, რომ „შამილასნაირ“ მანქანებს ისეთი გზებისთვის ყიდულობენ, როგორიც რეგიონებშია - ქალაქებიდან გამქრალ მოჯაყჯაყებულ მანქანებს სწორედ სოფლის გზებზე ვხვდებით. ეს მარტო უსახსრობის გამო არ ხდება, ახლავე მოგახსენებთ რაშიც არის საქმე, უფრო სწორად, ახლავე მოგახსენებთ ჩემს აზრს.

როგორც შევიტყვე, შესაბამისი უწყებები შემოდგომიდან აპირებენ, მანქანებისთვის ტექდათვალიერებების გატარება განაახლონ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია, მოსახლეობამ, განსაკუთრებით, მძღოლებმა გაიაზრონ, რა სარგებელს მოუტანს მათ საკუთარი ავტომობილის ტექნიკური გამართულობა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ, კლიმატური ცვლილებები 21-ე საუკუნის უმთავრესიპრობლემაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად დიდ ნაწილს ეს არ აქვს გააზრებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ არ ვართ 21-ე საუკუნის მოქალაქეები - ჩვენ, ერთიანად ჩამოვრჩით ცივილიზებულ და შეგნებულ სამყაროს. აბა, წარმოგიდგენიათ, რამდენი ქართველი აზროვნებს ისევე გლობალურად, როგორც პიტერ სუტერი? ძალიან, ძალიან ცოტა თუ ფიქრობს ასე და ეს სამწუხარო რეალობაა. ჩვენთან, პირველ რიგში, მენტალიტეტია შესაცვლელი. ჩვენთან თუ აბაშელი ანდა სამტრედიელი იაშა ველოსიპედით გადაადგილდება (ყველაზე მეტი ველოსიპედიანები ამ ორ ქალაქში მინახავს), არა იმიტომ, რომ ტექდათვალიერების გაუქმებას აპროტესტებს და დამდნარი ანტარქტიდის ხათრით არ ჯდება მანქანის საჭესთან, არამედ იმიტომ, რომ მანქანა არ ჰყავს. ანდა, როგორ ფიქრობთ, გგონიათ, რომ იმავე პიტერ სუტერის ქართველი მასპინძელი აკეთებს რამეს ტექდათვალიერებების გაუქმების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიბინძურისთვის განწირული ჰაერის გასასუფთავებლად? შეიძლება, აკეთებს კიდეც, რაც, დარწმუნებული ვარ, პიტერ სუტერის დამსახურებაა, მაგრამ მერწმუნეთ, საქართველოს ყველა ოჯახს ვერ ესტუმრება პიტერ სუტერი.

დაბოლოს, თუ შემოდგომიდან ტექდათვალიერება კვლავაც აღდგა და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენთანაც დაიწყეს მანქანების კეთილსინდისიერად შემოწმება, მაშინ სტიკერებს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომელთაც გამართული მანქანა ეყოლებათ. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიტუაცია დიდად არ შეიცვლება. ეს სიახლე რეალობას უბრალოდ ტექნიკურად შეამსუბუქებს, მაგრამ დიდად არ გამოასწორებს - მთავარია, ცვლილება აზროვნებაში. მთავარია იმის გააზრება, თუ რა არის 21-ე საუკუნის ძირითადი საზრუნავი, რატომ დაგვიდგა ეს საზრუნავი ასე მწვავედ მაინცდამაინც ახლა და რა შეიძლება გააკეთონ სამყაროსთვის, როგორც განვითარებული ქვეყნების მეცნიერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, ისე განვითარებადი სახელმწიფოების მოსახლეობამ.

მთავარია, მივხვდეთ, რომ გლობალური დათბობა მხოლოდ დიდი რვიანის ქვეყნების პრობლემა კი არა, ჩვენიცაა და ამ პრობლემის დასაძლევად თითოეულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს რაღაც, თუნდაც, მის ქვეყანას დაკარგული ტერიტორიები ჰქონდეს დასაბრუნებელი, მაპი - მისაღები, ტურიზმი - განსავითარებელი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება - სასწავლი, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენი - გასაყვანი, საპარლამენტო და ქუჩის ოპოზიცია - ჩამოსაყალიბებელი. მოკლედ, მთავარია საფრთხის გააზრება და სიმართლისთვის თვალის გასწორება - ის გარემოება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, გახვრეტილი ოზონის შრის შედეგებისგან ვერაფრით დაგვიცავს! საჭიროა, ჩვენი მენტალიტეტი ისე შეიცვალოს, რომ პოლიტიკოსებისთვის სიტყვები - ფლორა და ფაუნა ისეთივე რეიტინგული და მომგებიანი გახდეს, როგორც სლოგანი „აფხაზეთი - ჩემი ტკივილი“ და „საქართველო სიღარიბის გარეშე“ არის.

მოუფრთხილდი სუფთა ჰაერს! და იყავი დარწმუნებული, ამისთვის ავტომობილებზე კეთილსინდისიერი ტექდათვალიერების შემოწმების აღდგენაც კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

10 არ ჭამო!

▲back to top


კომენტარი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: CANDYCACTUS

0x01 graphic

მე არ ვეხები მონადირეებს - ეს სხვა ხალხია, მათ, ალბათ, რაღაც დიაგნოზი აქვთ, რომელსაც მდაბიურად მოკვლის ჟინი ჰქვია: „გარბიხარ? არ გინდა? მაინც მოგკლავ! შენს ტყავს ჩემს ცოლს მოვასხამ! შენს ხორცს შვილებს ვაჭმევ! შენს ბეჭის ძვალზე მთელი სამეგობრო დავწერთ, რა მაგრები ვართ ადამიანები!“

მონადირე, შე მაგარო!

მე სხვა, ძალიან სათნო ხალხისას გიამბობთ, კანონმორჩილი მოქალაქეებისას, რომლებიც, როგორც ადამიანთა წესია, იბადებიან, იზრდებიან, მრავლდებიან, კვდებიან - და გზადაგზა ჭამენ. სულ ჭამენ. თან ყველაფერს.

. . .

ეს მოხდა ოქტომბერში, კავკასიაში, მთიანეთში. ქოხის წინ სამნი ვისხედით. ჩვენი მასპინძელი მწყემსი გახლდათ, ისეთი ლამაზი კაცი, ნებისმიერი ვესტერნის გმირს რომ უკან მოიტოვებდა, თან ღონიერი, მამაცი, ხელგაშლილი, მხიარული - მოკლედ, ოქრო ადამიანი. იყო სიცივე, მაგრამ ასატანი, ხეობაში ნისლი ამოდიოდა, პატეფონის ფირფიტა ტრიალებდა, „შამპანურის შხეფები“. დედა, რა კარგი იყო!

მერე დაბინდდა და ცხვარს გავხედეთ - ზემოთ, ფერდზე იყო გაფანტული და ცხადია, ძალიან დასაზარელი იყო მისი დევნა. მაგრამ რა გაეწყობა. ავდექით.

- ვასიაუ! - აყვირდა უცებ მწყემსი, - ჰაი და ვასია!

ვასია შედგა და მოიხედა, რა გინდაო. მწყემსმა ხელების ქნევა დაიწყო.

- ჩამადენე, ჩამადენე!

ვასიამ, კარგიო და საქმეს მიხედა.

იცით, რა ცუდი საქმეა? ცხვარი ხომ მართლა ცხვარია, ანუ უდებილესი, თუ წინ მიმავალი ვეღარ დაინახა, წვება და გარდაუვალ აღსასრულს ელის, ძახილით რომ მოკვდე, არ გაინძრევა. მაგრამ ვასიამ ყველას ლამის სათითაოდ ჩამოუარა და ქოხთან ჩამოარბენინა. ყოჩაღი იყო ვასია, სულელური წვერით, ყვითელი თვალებით...

მერე მითხრეს, რომ ერთ დღეს ჩემმა ყოფილმა მასპინძელმა ვასიას დაუძახა, ხელი სტაცა, მოკლა და შეჭამა. არ გეგონოთ, რომ შიმშილით კვდებოდა - არა! მაგრამ მაინც მოაჭრა თავი და შეჭამა, და არც დააპატიმრეს, არც არაფერი. არც ნანობს. წესით, ვასიას დაკვლას რომელიმე ჩვენგანის დაკვლა ერჩივნა, არც მწყემსებად ვვარგოდით და პრეტენზიაც უზღვავი გვქონდა. მაგრამ იმან ვასია მოკლა, დაბალი ღობე იპოვა, იმიტომ, რომ ვასია თხა იყო.

თუკი ვიღაცა ადამიანს კლავს და ჭამს, მას, საუკეთესო შემთხვევაში, კაციჭამიას უწოდებენ, მაგრამ თუ ის ცხოველებს კლავს და მიირთმევს - არც არაფერი. ჭამს, რა. ძღება.

მრავალი ადამიანი თავს იმით იმშვიდებს, რომ დღეს ცხოველებს ჰუმანურად ხოცავენ. მართლაც ძალიან ჰუმანური ამბავია. უცებ გიამბობთ:

ცოცხალი არსება, რომელსაც ზუსტად ისეთი ცენტრალური ნერვული სისტემა აქვს, როგორიც ჩვენ, დებო და ძმებო, მთელ ცხოვრებას ტყვეობაში ატარებს (როგორც სერიული მკვლელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს). ისინი ხელოვნური, ცხადია, არანებაყოფლობითი განაყოფიერების შედეგად ჩნდებიან (გინდა, გოგონი, ასეთი ორსულობა?). მათ უკეთებენ კასტრაციას (რას იტყვი, ყმაწვილო?). მათი ზრდა და გასუქება ჰორმონებითაა განპირობებული (ამბობენ, რომ მაგარი სასიამოვნოა). მათ არაბუნებრივ საჭმელს აჭმევენ (მიირთვით გენური ინჟინერიის წყალობით გაზრდილი დათვის დნმ-იანი პომიდორი!). შემდეგ ისინი სასაკლაოზე მიჰყავთ (Yes!). ამ ცხოველებს სულ ეშინიათ (როგორც მოქალაქეებს - რეპრესიებისა) და ეს შიში მათაც გადაეცემათ, ვინც მათ გვამებს ჭამს (სასაფლაოზე ღამით გავლაზე რას იტყვით?). დასაკლავ ცხოველებს უროს ან დენის დარტყმით, ან პნევმატური იარაღით „თიშავენ“, შემდეგ ფეხებით კიდებენ, ჯერ კიდევ ცოცხლებს ყელს ჭრიან და ატყავებენ - მიმიქარავს ტრებლინკას ბანაკი! შინაურ ცხოველებთან თუ საცდელ ვირთაგვებთან მოპყრობის კონვენციებში არაფერია ნათქვამი მათზე, ვისაც ვჭამთ და ვისაც ამისთვის სასაკლაოებზე ხოცავენ.

ისე, სხვათა შორის, მისულიყავით და გენახათ, ჰა? შესანიშნავი ადგილია. რატომ არ გინდათ, ჩემო ლამაზებო? ფუ, შიშხლები და კაკაშკები? მართალია, უსიამოვნო სუნი დგას, იმიტომ, რომ მოსაკლავად მიმავალი ცხოველი, დასახვრეტად გაყვანილი კაცის მსგავსად, ჩაისვრის ხოლმე - გაგეცინებათ და ეშინია და ძალიან არ უნდა, რომ მოკვდეს. ჩვენ კი, ჰუმანურებს, ვინც სამართლიანადვბობოქრობთ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თვალი გვაქვს დახუჭული იმაზე, რომ ყოველწლიურად დედამიწაზე მილიარდობით ცხოველი და ფრინველი ტანჯვით კვდება.

მოკვდეს! მთავარია, მათი ტყავითა და ბეწვით დაფარულმა ჩვენმა სხეულებმა ისიამოვნონ.

ისე, ბოროტი ენები ყვებიან, რომ არც ჩვენი სხეულები ხარობენ დიდად. ბოროტი ენები ყვებიან, რომ ადამიანის სხეული ვეგეტარიანელი ცხოველების სხეულის მსგავსადაა აგებული და გვამის ჭამისთვის განკუთვნილი არაა. აი, ნახეთ:

მათ, ვინც ცხოველებს ჭამენ, ოფლიანობა არ სჩვევიათ - ენას ყოფენ გარეთ და ისე გრილდებიან. ადამიანებს და ბალახიჭამიებს ოფლი სდით და ენის გადმოგდება არ სჩვევიათ;

მხეცებს ხორცის საგლეჯად ბასრი ეშვები აქვთ. ბალახიჭამიებს ისინი არ სჭირდებათ და არც ადამიანებს ამშვენებს მაინცდამაინც, ცხადია, თუ ვამპირთან არ გვაქვს საქმე; სამაგიეროდ, ჩვენ და ძროხებს, ცხენებს და მსგავსებს უკანა კბილები გვაქვს მამაცური, რომ კარგად ვღეჭოთ, რაც ხორციჭამიებს არ გააჩნიათ - მიდით, აბა, გააღებინეთ ხახა როტვეილერს და თავად დარწმუნდებით;

თურმე მტაცებლების ნაწლავების სიგრძე სხეულის სიგრძეს სამჯერ აღემატება მხოლოდ, რომ ხორცი შიგ დიდხანს არ ჩარჩეს და არ ჩალპეს. ჩვენ და ბალახიჭამიებს კი უგრძელესი ნაწლავები გვაქვს - სხეულზე სადღაც ექვსჯერ უფრო გრძელი. ამას, ვაგლახ, ასე მარტივად ვერ დაგისაბუთებთ - ხომ არ გეტყვით, საკუთარი ნაწლავები ხელზე დაიხვიეთ-მეთქი. ისე, თუ ხბოს ნაწლავების გადმოყრა მოსულა, მეზობლის ბავშვისას რა აქვს დასაწუნი? თან ამბობენ, ბავშვის ხორცი ძალიან გემრიელიაო. ცოტა მოტკბო, მაგრამ ნაზი.

მაგრამ თუ მაინც მიგაჩნიათ, რომ მტაცებლები ვართ, მხეცების მსგავსად, ბრჭყალებითა და ეშვებით სცადეთ მომავალი კერძის, მაგალითად, ძროხის მოკვლა. აბა, ვნახოთ, რა გამოვა.

. . .

ხარფუხში ცხოვრობს გერმანული ნაგაზი ტერეზა. ტერეზა კაცია, უბრალოდ, მისი წინამორბედი ძუკნა იყო, ძალიან კარგი ძაღლი, და პატრონებმა მის სახელს სცეს პატივი.

ტერეზას საკუთარი სამფლობელო აქვს - ეზო, რომელში შესულ უცხოებზეც მაინცდამაინც არ გიჟდება. და აი, ერთ დღეს ამ ეზოში ცხვარი დააბეს, რისთვისაც - მიხვდებოდით. დაბრუნდა სახლში ტერეზა და აღმოაჩინა, რომ მის მამულში ვიღაცა „ბე, ბეს“ იძახის. ძაღლმა, ცხადია, ჩათვალა, რომ კონკურენტია. ერთი კი გააფრთხილა, შენი ნებით წადიო, მაგრამ დაბმულ ცხვარს, აბა, ვინ მისცა ნება? და ტერეზამ ცხვარი დაგლიჯა. მოკლა.

რა ამბავი ატყდა ხარფუხში! ტერეზა, შე მხეცო! როგორ ატკინე პატარა ბეკეკას! როგორ მოკალი და შეჭამე! ის ხომ ჩვენ, ადამიანებს უნდა მოგვეკლა და შეგვეჭამა!

მარტივი დასკვნა:

ნებისმიერი არსების სიცოცხლე წმინდაა და გაუმართლებელი მკვლელობა ბუნების კანონის უხეში დარღვევაა. ყველა მცენარე და ცხოველი საკვების არჩევისას მხოლოდ თავისი ინსტინქტით ხელმძღვანელობს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც განვითარებულ ცნობიერებაზე აქვს პრეტენზია, შიმშილის მოსაკლავად უფრო მაღალი პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

რა, არა?

„განა საკითხავია, ხორცს რატომ არ ჭამს? პირადად მე ის უფრო მეტად მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია ადამიანი, როცა დასისხლიანებულ ხორცს ეხება და გვამს გემოს უსინჯავს, რა გარემოებები აიძულებს მას სუფრაზე გახრწნილი ცხედრებისგან დამზადებული კერძები დააწყოს და საკვები უწოდოს იმას, რაც სულ ცოტა ხნის წინათ კიკინებდა და ყიოდა, მოძრაობდა და სუნთქავდა... ერთი ნაჭერი ხორცისთვის როგორ უნდა მოკლა უწყინარი და თვინიერი არსება, რომელსაც სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვს, როგორიც ჩვენ?“

ეს პლუტარქემ თქვა, როცა პითაგორას შესახებ ჰყვებოდა. თავის დროზე მას რომ არ ეთქვა, მე ვიტყოდი.

11 რა ეშველება მედიას?

▲back to top


კომენტარი

ავტორი: მარკ მალენი
თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა

0x01 graphic

თავისუფალია თუ არა მედია საქართველოში? დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელია თუ არა იგი? ამ საკითხებზე ბევრს მსჯელობენ, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ რა იგულისხმება თავისუფალ, დამოუკიდებელ, სამართლიან და მიუკერძოებელ მედიაში. მე ამის განმარტებას არ მოვყვები და ვეცდები, სხვა კითხვას გავცე პასუხი: სათანადოდ აშუქებს თუ არა მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

ქართული საზოგადოება საინფორმაციო გადაცემებს ძირითადად ისე უყურებს, როგორც ერთ დროს პოპულარულ ლათინურ ამერიკულ სერიალებს. ახალი ამბები თითქმის მთლიანად „პოლიტიკას“ ეძღვნება, პოლიტიკა კი წარმოდგენილია, როგორც დავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მათ შორის შეხლა-შემოხლას აღტაცებული ყურადღებით, ისე, როგორც ქუჩურ ჩხუბს, თვალს ადევნებს საზოგადოება და, რაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, მით უფრო მძაფრდება, მით უფრო აგრესიული და ცხარე ხდება კამათი. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ უყურებს ამას საზოგადოება. შეიძლება იმიტომ, რომ მან უკვე დაიჯერა, რომ ეს არის ის, რასაც საინფორმაციო გადაცემა უნდა შეიცავდეს. ასეთი გადაცემები თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ იქ სხვა, უფრო საინტერესო პროგრამებსაც გადასცემენ. ყველაფრის საზოგადოებისთვის გადაბრალება ადვილია, მაგრამ ამაში იმასაც მიუძღვის ბრალი, ვინც მედიას აკონტროლებს.

უფრო მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე მოთხოვნა არ ჩანს. ბეჭდვითი მედია უკეთესია, მაგრამ, ვინაიდან გაზეთებს უჭირთ მხოლოდ რეკლამების ხარჯზე არსებობა, ხალხის უმრავლესობისთვის ისინი ძვირია. ბოლო დროს მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება რადიო, ვინაიდან ტელევიზიის გაკონტროლებით დაკავებული მთავრობები რადიოსთვის ვერ იცლიან. მაგრამ რადიოს აკლია ტელევიზიისთვის დამახასიათებელი დრამატულობა. ეს კარგია, მაგრამ რატომღაც საქართველოში რადიო ვერ იზიდავს დიდ აუდიტორიას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ტელევიიზით მიღებული ინფორმაციის არაადეკვატურობის განცდა ეუფლება. მაშ, რატომ არ არის მოთხოვნა უკეთეს მედიაზე?

ბოლო დრომდე სატელევიზიო არხებზე ხშირი იყო ისეთი ფორმატის გადაცემები, სადაც წამყვანი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთს უპირისპირებდა და ერთმანეთზე ახელებდა და საკმაო წარმატებითაც. ასეთი გადაცემები პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან მათი მომზადება ადვილია: არც დიდ თანხას მოითხოვს და არც დიდ წინასწარ სამუშაოს. ამავე დროს, ერთგვარად ქმნის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის ილუზიას. ბევრი მაყურებელი ერთმანეთის ლანძღვით დაკავებული პოლიტიკოსების ყურებით უფრო ერთობა, ვიდრე ამა თუ იმ საკითხზე მშვიდი და რაციონალური მსჯელობით. არ არის აუცილებელი ინფორმაციის ან ახალი ამბების ძირითად შინაარსს კონფლიქტი შეადგენდეს, მაგრამ კონფლიქტი თითქმის ყოველთვის წარმოადგენს ნარატივის ძირითად ბირთვს. ზემოხსენებული გადაცემების ნარატივი კი ასეთია: აი, ნახეთ, არსებობს ორი ერთმანეთზე გაბრაზებული მხარე. ამით გადაცემა ქმნის დემოკრატიული დებატების დრამატულობას და, შესაბამისად, მაყურებელიც ისე აღიქვამს პოლიტიკას, როგორც დრამას.

ახლა რაც შეეხება თვით ჟურნალისტებს. მათი პროფესია არ არის ამ ქვეყანაზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია. კარგი ჟურნალიზმი, საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლებას უნდა აჩვენებდეს ისეთ სიმართლეს, რომლის დანახვაც ხელისუფლებას არ სურს. ეს კი შეიძლება სახიფათო გახდეს ჟურნალისტის კარიერისთვის, მით უმეტეს, რომ ხელისუფლებაში მიღებულია ადამიანების ორ კატეგორიად-მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად - დაყოფა. რა ჟურნალისტს ჩამოაყალიბებს ასეთი ტენდენცია? მთავრობა არ არის მიუკერძოებელი ჟურნალისტებისადმი, ცდილობს, რაც შეიძლება, ცოტა ინფორმაცია გასცეს და ისიც მხოლოდ ერთგულებზე. მას კი, ვინც ხელისუფლებას უპირობოდ არ უჭერს მხარს, ხელი არ მიუწვდება სამთავრობო წყაროებზე და იძულებულია, ცალმხრივად გაააშუქოს მოვლენები. ამ ცალმხრივობის გამო კი ხელისუფლება კიდევ უფრო ემიჯნება მას და, აი, ასე გრძელდება გაუთავებლად.

სახელმწიფო ხშირად სპორადულია თავის პოლიტიკაში. ჩუმად და სწრაფად მოქმედებს და იმის მაგივრად, რომ პოლიტიკის შემუშავების პროცესის გაშუქების საშუალება მისცეს ჟურნალისტებს (აღარაფერს ვამბობ ხალხისთვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაზე), უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას გვაცნობს. თავის დამოკიდებულებას კი იმით ხსნის, რომ ახლა ოფიციოზს შორის დაპირისპირების საჯაროდ წარმოჩენის დრო არ არის. ასეთი დამოკიდებულება ნამდვილი კოშმარია ჟურნალისტისთვის.

ხელისუფლებამ შექმნა გაუთავებელი კრიზისის განწყობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნებისმიერ მოცემულ მომენტში სუფევს ისეთი განცდა, რომ საქართველო უფსკრულის პირასაა და ერთი ბიძგიც კი საკმარისია, რომ გადაიჩეხოს. ბევრ ჟურნალისტს არ უნდა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვის მიზეზი გახდეს და ჩუმდება.

სამწუხაროდ, ბევრი ჟურნალისტი თავის მოვალეობად მიიჩნევს ისე გადმოსცეს ინფორმაცია, როგორც ეს მას პრესკონფერენციაზე მიაწოდეს. იშვიათად რომ ვინმემ დამატებითი ინფორმაციის შეგროვება სცადოს ან მწვავე კითხვები დასვას. ხშირად, პრეს-კონფერენციის დავრობასსაწყისში გადაღებულ კადრებს აჩვენებენ მოკლე კომენტარის თანხლებით. რატომ არ ცდილობენ მეტის გარკვევას? ეს, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებოდეს. მაგალითად, ჟურნალისტებს შეიძლება ეშინოდეთ, რომ მათ მიკერძოებად ჩაეთვლებათ ასეთი საქციელი. მათ შეიძლება იმის ეშინოდეთ, რომ ბრიყვულად ან აგრესიულად არ გამოიყურებოდნენ, ვაითუ, რამე სწორად ვერ გაიგეს. ანდა, შეიძლება, სულაც ეზარებოდეთ ზედმეტად თავის შეწუხება. რა მიზეზიც უნდა იყოს, ისინი საზოგადოებას აზარალებენ, ვინაიდან პრესკონფერენციებს ხშირად არა აქვს დიდი მნიშვნელობა ან მათი გაშუქება რაიმე უფრო მნიშვნელოვანის მიჩუმათებისთვის არის გამიზნული.

სხვა ჟურნალისტები ცდილობენ თქვან, რაც იციან, მაგრამ მათ ამის საშუალებას არ აძლევენ არხის მფლობელები. სამსახურის დაკარგვის შიშით, ისინი მხოლოდ ახლობლებთან თუ დაიჩივლებენ ასეთ ვითარებაზე იმის მაგივრად, რომ ასეთსავე მდგომარეობაში მყოფ სხვა ჟურნალისტებთან ერთად ხმა ამოიღონ. ასეთ საქციელს ვერაფრით უწოდებ ვაჟკაცურს, მაგრამ ვინ გაბედავს მათ დადანაშაულებას?

ის, რასაც ქართულ ტელევიზიაში ვერ ნახავთ, გახლავთ ფრთხილი და დაბალანსებული ჟურნალისტური გამოძიება, განსაკუთრებით, კორუფციის შესახებ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველია ის, რომ (განსხვავებით ზემოხსენებული ფორმატისაგან) ამგვარი გადაცემის მომზადება დიდ დროს და შრომას მოითხოვს, ანუ მოითხოვს გამოძიების ჩატარებას, რომლის დაფინანსების და წახალისების სურვილი, ალბათ, არხს არ გააჩნია. მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ მთა დავრობას ასეთი გადაცემები სძულს. საოცარია, მაგრამ მთავრობა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მას აქვს კორუფციის გამოვლენის და გაშუქების პრეროგატივა და სხვას ამის უფლებას არ აძლევს. უფრო მეტიც, ის წყვეტს, რა ტიპის კორუფცია უნდა გაშუქდეს და ვინ უნდა გამოიყვანონ დღის სინათლეზე. მესამე პრობლემა კი ის არის, რომ, როცა კი ასეთი გადაცემები წარსულში მომზადებულა, ისინი ეთერში არ გაუშვიათ. მაშ, რიღასთვის უნდა გაისარჯონ ჟურნალისტები და პროდიუსერები!

ბევრს საუბრობდნენ ბოლო არჩევნების დაბალანსებულ გაშუქებაზე. მოტივაციაც არსებობდა, მაგრამ დროა ვაღიაროთ, რომ სატელევიზიო არხები არ არიან მიუკერძოებელნი და სანამ არსებობს სხვადასხვა შეხედულების არხები, ისინი ერთმანეთს ანეიტრალებენ. საზოგადოებრივი არხი საპარლამენტო არჩევნების წინ ამის დასტურია. ამ არხმა შეძლო ყველა მხარის, მათი პრესკონფერენციების, განცხადებების და კამპანიის თანაბრად გაშუქება. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ ტელევიზიას არ გაუშუქებია არჩევნებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ამომრჩეველთა სიები, ცესკოს ნეიტრალურობა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სადამკვირვებლო ორგანიზაციათა კომენტარები.

ხაზს უსვამენ იმას, რომ აუცილებელია თითოეული არხი იყოს დაბალანსებული. თუ მათ მთავრობა ფლობს ან აკონტროლებს, მაშინ დაბალანსებული ვერ იქნება. თუ მათ სხვა მფლობელი ჰყავს, ვერც მაშინ. გაიხსენეთ, ცხრა წლის წინ, როცა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მართავდა და ოპოზიცია ასლან აბაშიძის პარტიით იყო წარმოდგენილი. იმ ორ ჯგუფს თანაბარი დრო უნდა დათმობოდა? რატომ? იმ დროსაცმთაკი არც ერთი მათგანი არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს საქართველოში მიმდინარე დიდ პროცესებში. საერთოდ, არხზე თანაბარი დროის დათმობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რამდენიმე განსხვავებული შეხედულების წარმოჩენას.

მაგრამ ის შეხედულებები, რომლებიც ხელისუფლებისას არ ემთხვევა, ეთერში ვერ გადის ან არხი ვერ იღებს ლიცენზიას, ვერ მოიპოვებს რეკლამას, ანუ მათი გაშუქება მუდმივად ეჯახება სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას. შედეგად კი საზოგადოების დიდ ნაწილს ხელი მიუწვდება მხოლოდ იმ არხების ინფორმაციაზე, რომლებსაც მთავრობა საფრთხედ არ აღიქვამს. ეს არ არის კარგი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უარყოფს ამგვარი პრობლემის არსებობას, მის შესახებ მაინც ყველას მოეხსენება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, იქნება ეს ბრიუსელში, - ნატოსა და ევროკავშირის დერეფნებში, ბერლინში, ვაშინგტონში, ლონდონში, მოსკოვსა თუ სოხუმში. ეს კი საქართველოს ძალიან აზარალებს.

ზემოთ დასმულ კითხვაზე ჩემი პასუხი ის გახლავთ, რომ ქართული მედია ადეკვატურად ვერ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. საჯარო თუ კერძო საუბრებში მთავრობა აცხადებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და პოლარიზაციას იწვევს. არადა, ეს სწორედ რომ პირიქითაა. დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებისთვის ხელის შეშლით და დირექტივების გაცემით სწორედ მთავრობა ახდენს ქვეყნის დესტაბილიზაციასა და პოლარიზაციას. დროა ამას ბოლო მოეღოს.

12 SOS ძველი თბილისი

▲back to top


დისკუსია

ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

0x01 graphic

თბილისის ისტორიული ნაწილი ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურად იცვლება. ბევრი რამ ნამდვილად მოგვწონს - აღდგენილი და ფუნქცია მოძებნილი აბანოთუბანი თუ ერეკლესა და შარდენის ქუჩები, სადაც მშვენივრად ვისვენებთ, ვატარებთ დროს და უცხოელი სტუმრებიც ამაყად მიგვყავს. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ძველი თბილისი მთლიანად ლამაზდება, თუნდაც იმიტომ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. ჩვენი ქალაქის მთავარი, თავისუფლების მოედანი, რომელიც ჯერ წერეთლის უნიჭო, ოქროცურვილმა კიჩმა დაამშვენა და შემდეგ, ქორთიარდ მარიოტის მძიმე და მოედნის პროპორციებისათვის სრულიად შეუფერებელმა შენობამ, დღეს ისევ იცვლება - ლეონიძის ქუჩის კუთხეში მდგარ სახლს ბულდოზერები მიაყენეს და ანგრევენ, მაშინ, როცა სპეციალისტების დასკვნები არსებობს - შენობა ექვემდებარებოდა რესტავრაციას. საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელოვნებათმცოდნეებმა ოფიციალურად მიმართეს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, მას შემდეგ, რაც თბილისის ამქარმაც გააპროტესტა ეს ნგრევა და შენობასთან მოქალაქეთა აქციებიც რამდენჯერმე გაიმართა, ინვესტორმა, ბატონმა ლადო პაპაშვილმა განაცხადა, რომ შენობას ანგრევს, ოღონდ, ზუსტად ისეთივეს აშენებას აპირებს. ეს პატარა, მაგრამ მაინც მიღწევაა, რადგანაც, თავიდან, როგორც ამბობენ, შვიდსართულიანი ბიზნესცენტრის მშენებლობა ყოფილა დაგეგმილი. სამწუხაროა, რომ პროფესიულმა საზოგადოებამ და უბრალო მოქალაქეებმა, მიუხედავად სურვილისა და მცდელობისა, ამ სახლის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ ვერ შევძელით ის, რომ ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგი არ წამოეჭიმათ ქალაქის ცენტრში. სხვათა შორის, სხვა ქალაქებში ეს შეძლეს - ნიუ-იორკში არ დადგეს წერეთლის კოლუმბის, მოსკოვში კი - იოსიფ ბროდსკის ქანდაკებები.

ამ დღეებში პარლამენტში განსახილველად შედის ცვლილებები და დამატებები კანონში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, რომლებიც დეპუტატმა არჩილ გეგენავამ მოამზადა. სპეციალისტების აზრით, ეს ცვლილებები სწორედ ძველ ქალაქს შეუქმნის სერიოზულ საფრთხეს. ცნობილია, რომ ძველი თბილისი კულტურული, ურბანული თუ სოციალური ხასიათის საკმაოდ ბევრი და მწვავე პრობლემის წინაშე დგას. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სპეციალისტები. დისკუსიაში მონაწილეობენ: ლადო ვადოსანიძე - არქიტექტორურბანისტი, ნატო ცინცაბაძე - არქიტექტორი, ICOMOS საქართველო, ნესტან თათარაშვილი - არქიტექტორ-რესტავრატორი, ნინო კორძახია - არქიტექტორი, ICOMOS საქართველო, ნანა ყიფიანი - ხელოვნებათმცოდნე და რუსუდან მირზიკაშვილი - არქიტექტორი, კონსერვაციის სპეციალისტი. UNESCO-ს სტიპენდიანტი, University College Dublin.

- ვისაუბროთ ძველი თბილისის მნიშვნელობაზე ქართული კულტურისათვის. რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის სახის შენარჩუნება?

ნატო ცინცაბაძე: ყოველთვის მირჩევნია, ძველი თბილისის ფასეულობაზე პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნემ ისაუბროს. თანაც შეუძლებელია ამის ორი სიტყვით განსაზღვრა, ამიტომ, მხოლოდ მცირედს შევეხები: თბილისის ურბანული მემკვიდრეობა გამორჩეულად თვითმყოფადია. მასში თავმოყრილი და გამოვლენილია ეროვნული შემოქმედებითი გენის საოცარი მრავალფეროვნება და უნარი თამამად გადაამუშაოს, გაითავისოს ნებისმიერი გარედან შემოსული ინფორმაცია. ძველი თბილისი ფასეულობათა კომპლექსია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისურ საცხოვრისს. სწორედ ამ ტიპოლოგიის უნიკალურობა და მნიშვნელობა შეირჩა ერთ-ერთ კრიტერიუმად ძველი თბილისის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (UNESCO-ს სია) შესატანად წარდგენისას, რაც უსიტყვოდ აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა. „ადრე-ხალხური“ ტიპი თბილისური სახლისა, მისი სივრცულ-გეგმარებითი ხასიათითა და სპეციფიკურად თბილისური მხატვრული გადაწყვეტით მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დაფუძნებული ქალაქური ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია. რაც შეეხება XIX საუკუნეში განვითარებული თბილისის საცხოვრებელს, ისიც გამორჩეული ფენომენია. ე.წ. „ევროპული“ სტილების შემოსვლა თბილისში საოცარ შემოქმედებით პროცესად იქცა. ტიპური ევროპული ხუროთმოძღვრების ნაცვლად, სინთეზი მივიღეთ: ფასადებით ევროპული, ხოლო ეზოს სივრცით-გეგმარებითი გადაწყვეტითა და მხატვრული დამუშავებით - ტრადიციული, თბილისური ნაგებობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს სინთეზი ორგანულია და არა მექანიკური. ეროვნული იდენტობის ასეთი სიცოცხლისუნარიანობის სხვა გამოვლინება ძნელად წარმოსადგენია. ისტორიული თბილისი მრავალ ქალაქს გაგახსენებთ, მაგრამ არც ერთს არ ჰგავს - ერთადერთია. ამიტომაც აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა მისი „გამორჩეული უნივერსალური ღირებულება“.

0x01 graphic

0x01 graphic

ნესტან თათარაშვილი: თბილისის მოქალაქეების ეთნიკური სიჭრელე, მრავალაღმსარებლობა და ინტერნაციონალურობა ამ ქალაქის ხიბლსა და მიმზიდველობას მუდმივად ქმნიდა. ევროპა-აზიის მიჯნაზე მყოფი, მაგრამ სულ ევროპული კულტურისკენ მიმართული ჩვენი ერი თავის დედაქალაქში, მის ხელოვნებასა და არქიტექტურაში თავის თავგადასავალს დღემდე ინახავს. თბილისში შემორჩენილი ისტორიული უბნები და ცალკეული შენობები, რომელსაც ჩვენ „ძველ თბილისს“ ვეძახით, სწორედ ამას ადასტურებს. უძველესი ეკლესია-მონასტრებისა და ციხეების, ქარვასლების, აბანოების, საცხოვრებელი სახლების გარდა, თბილისი დღეს თავისი ევროპული მემკვიდრეობითაცაა ცნობილი. XIX საუკუნეში ჯერ ეკლექტური, ევროპულ სტილთა აღრევით შემქნილი სახლები გავრცელდა, სადაც არა არქიტექტურა, არამედ მხატვრული გაფორმება და ზოგადი დეკორი უფრო იქცევდა ყურადღებას; XX ს-ის დასაწყისში კი ევროპული მოდერნის სტილი შემოვიდა, სხვათა შორის, არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნების სტილებს შორის ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის, შესრულების სირთულითა და პოეტური ხასიათით ცნობილი მოდერნი მსოფლიოს ბევრ მდიდარ და ძლიერ ქვეყანაში ვერ განვითარდა. საქართველოში კი, რუსეთის იმპერიის სამხრეთის პატარა კოლონიაში, სწორედ მოდერნში განხორციელდა ტრადიციულისა და ევროპულის ჰარმონიული თანაარსებობა, რაც სრულად გამოიხატა ეზოს მხარეს მიმართული, ტრადიციული ხის აივნების მოდერნის მოტივებით გაფორმებაში. საქართველოს მოდერნის არქიტექტურა ერთ-ერთი საუკეთესო და ღირებულია არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში. ამ სტილით ჩვენში უმეტესად საცხოვრებელი და საშემოსავლო სახლები შენდებოდა, მაგრამ ძალზე ხშირია სხვა დანიშნულების შენობებიც: ბანკები, სასწავლებლები, საავადმყოფოები, სახელოსნოები, ფაბრიკებიმაღაზიები. ევროპაში მოდერნის სტილისა და კინოს გაჩენისა და გავრცელების თარიღები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს და საინტერესოა ისიც, რომ 1909 წელს აშენებული კინო - ელექტროთეატრი „აპოლო“ სწორედ მოდერნის სტილითაა აგებული.

რუსუდან მირზიკაშვილი: UNESCO-ს 1976 რეკომენდაციაში „ისტორიული არეალების დაცვისა და მათი თანამედროვე როლის შესახებ“, ვკითხულობთ:

„იმ დროს, როცა სამშენებლო ტექნოლოგიების და არქიტექტურული ფორმების მზარდი უნივერსალურობა ქმნის მსოფლიოში ერთგვაროვანი გარემოს შექმნის საფრთხეს, ისტორიული ადგილების შენარჩუნებას შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ყოველი ერის სოციალური და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და განვითარებაში. ამას კი შეუძლია გაამდიდროს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა“.

- როგორაა დაცული ძველი თბილისის მემკვიდრეობა? არსებობს თუ არა ძველი ქალაქის დაცვის ერთიანი, დამტკიცებული გეგმა?

ლადო ვარდოსანიძე: - დავიწყოთ ფორმალური მხარით. თბილისს 1975 წლიდან მოყოლებული იცავს სახელმწიფო. ძეგლები აღირცხულია, ბოლო აღრიცხვით 1700 ძეგლია, ძველ ქალაქში არსებობს დაცული ზონები, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კულტურის სამინისტრომ ამ ერთი წლის წინ მიიღო, ესაა კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, რომელიც მე, მაინცდამაინც, არ მომწონს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი დასახელებიდან ამოღებულია სიტყვა „დაცვა.“

0x01 graphic

ნესტან თათარაშვილი

0x01 graphic

რუსუდან მირზიკაშვილი

0x01 graphic

ლადო ვარდოსანიძე

რუსუდან მირზიკაშვილი: - ამ კანონის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის არა მარტო დაცვა და კონსერვაცია, არამედ, მისი ადეკვატური გამოყენებისა და განვითარების ხელშეწყობა. იგი მოიცავს დებულებებს კულტურული მემკვიდრეობის მართვის, იურიდიულ თუ კერძო პირთა პასუხისმგებლობის, სამუშაოთა წარმოების წესების, ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის კომპეტენციის გამიჯვნის და სხვა საკითხების შესახებ.

ლადო ვარდოსანიძე: მაშინ, აგვეღო საბჭოთა კანონის მოდელი, რომელსაც ასე ერქვა - „საქართველოს სსრ კანონი ისტორიის, კულცხელი ტურის, ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების შესახებ“. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შეიძლება ოპუსები წერო და არ დაიცვა ის. იქნებ, არც უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ კანონი აშკარად ასიმეტრიულია ურბანული ძეგლების და არქეოლოგიის სასარგებლოდ. აქ, ბუნებრივია, კონკრეტული პიროვნებების ინიციატივებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი. სამაგიეროდ, აბსოლუტურად უგულებელყოფილია, მაგალითად, ტექნიკის ძეგლები (ფუნიკულიორი, სხვადასხვა ქარხნები, ობსერვატორია და ა.შ), არადა, ტექნიკურად უწიგნურ საზოგადოებაში ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი საზრუნავი; სრულიად უგულებელყოფილია ისტორიის და მემორიალური ძეგლებიც; გეტყვით, რომ თბილისში არც ერთი ქანდაკება არ არის აღრიცხული ძეგლად - მას შეიძლება მოეპყრო, როგორც გრანიტის ან ბრინჯაოს მასივს. არის კიდევ ერთი დიდი პრობლემაც - დღეს არავინ საუბრობს იმაზე, რომ სპეციალისტებს შემუშავებული აქვთ ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია, სადაც პირველ პლანზეა წამოწეული თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. 2004 წელს დაიდო ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის დეტალური დაგეგმარების პროექტი, რომელსაც უხელმძღვანელა ბატონმა გიგა ბათიაშვილმა. უკვე ოთხი წელია დევს, არ განხილულა და არც დამტკიცებულა. ეს არაჩვეულებრივად ღრმა და ყოვლისმომცველი მასალაა, რომლის მომზადებაზეც საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა. ამას გარდა, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა“ ბატონ დავით ნინიძის ხელმძღვანელობით თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა - ესეც ნაწილობრივ ბიუჯეტიდან დაფინასდა. რამდენიმე უზარმაზარი ტომი დევს, ძალიან საინტერესო მასალაა, რომელიც დადის კონკრეტულ რეგლამენტებამდე თითოეული ტიპის ძეგლისათვის. ეს რეგლამენტები, მართლაც საუკეთესო სპეციალისტმა, ბატონმა ვაჟა ორბელაძემ შეადგინა. არც ეს მასალები დამტკიცებულა. მესამე დოკუმენტი, რომელიც დაახლოებით ერთი წელია დამთავრდა, ეს არის „გეოგრაფიკის“ მიერ ტენდერის მოგების შედეგად შემუშავებული „თბილისის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა“. ეს საყრდენი გეგმა განიხილეს სამინისტროში, მაგრამ არ დაამტკიცა მერიამ. საყრდენ გეგმაში ერთადერთი, რაც დამტკიცდა, არის ძეგლთა სია. შემდეგ, როგორც ვიცი, ამ სიის გაცხრილვა არ დაიზარეს მერიაში.

ნანა ყიფიანი: ერთი მხრივ, საყრდენი გეგმა დამტკიცებული ჯერ არაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამავე დაუმტკიცებელ გეგმაში ლეონიძის კუთხის სახლი მხოლოდ ფონური განაშენიანების სტატუსითაა, ლერმონტოვის 8 რიგითისა, ისევე, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართის უკვე დანგრეული სახლები. თავად ამ გეგმის საფუძველზე გამოდის, რომ ამ სახლებს არანაირი ღირებულება არ აქვთ და ამდენად, მათი დანგრევის ინიციატორები სწორედ ამ მერიის მიერ დამტკიცებულ სიებს დაეყრდნენ და მისგან არც გადაუხვევიათ. საინტერესო ისიცაა, რომ ქალაქის მერის მხრიდან საყრდენი გეგმის თვითნებური კორექტირება მოხდა, ეს კი არავის გაუპროტესტებია. მაგალითად, მათ, ვინც მასზე იმუშავა. ასე რომ, ყველაფერი „კანონიერადაა“. მგონია, როდესაც ასეთი ექსტრემალური სიტუაცია გვაქვს, პროფესიულმა საზოგადოებამ უფრო რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას; იმგვარი, რომ ხელისუფლებასა თუ ინვესტორებს არ დარჩეთ იოლი მანევრირებისა და ლავირების შესაძლებლობა: „ფონური“, „რიგითი“ თუ „შეუსაბამო“ შენობების სტატუსების მინიჭება, ალბათ, იქაა აზრიანი, სადაც პრიორიტეტულია ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და, შესაბამისად, კარგადაა გააზრებული თითოეული სტატუსის მნიშვნელობა. ჩვენთან პირიქითაა - ამგვარი სტატუსები მხოლოდ ხელსაყრელ საშუალებას წარმოადგენს ისტორიულ უბნებში სახლების ხელაღებით ნგრევისათვის და თან ისე, რომ ამის გამართლებისათვის არგუმენტად თავად საყრდენი გეგმის დოკუმენტიც კი იყოს მოშველიებული. ამიტომაც, უნდა რაღაცნაირად, თუმცა, არ ვიცი როგორ, მოვახერხოთ მთელი ისტორიული ზონა ერთიანად ძეგლად გამოვაცხადოთ, ყოველგვარი ფონური განაშენიანების, რიგითი და შეუსაბამო შენობების გარეშე. ძეგლი ძეგლია და მას ვერ ხელჰყოფ. სტატუსები კი იმ დროისთვის შემოვინახოთ, როდესაც კარგად გააზრებული იქნება ფონური განაშენიანების და, სხვათა შორის, გარკვეული ტიპის (ბუნებრივია, არა ყველასი) რიგითი შენობების მნიშვნელობა და როლი ისტორიული ქალაქების ერთიანი ურბანულარქიტექტურული კონტექსტის შენარჩუნება-წარმოჩენისათვის.

ლადო ვარდოსანიძე: ასე ვერ იქნება, ვინაიდან ბევრი უღირსი შენობაცაა იქ, მართლაც ბევრი რამაა შესაცვლელი. არსებობს ობიექტური სირთულეებიც. სოციალური საკითხი, მართლაც, მტკივნეულად დგას და ხელისუფლებას, ბუნებრივია, აწუხებდა ეს. თუნდაც იმიტომ, რომ ამომრჩეველი ჰყავდა თავის მხარეს გადმოსაყვანი. ეს ნორმალური მიდგომაა.

- ვისაუბროთ კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტის ცვლილებებზე, რომლებიც ახლა შედის პარლამენტში დასამტკიცებლად. რა საფრთხეს შეუქმნის ეს ცვლილებები ძველ თბილისს?

ლადო ვარდოსანიძე: სამი დღის წინ პარლამენტში ვიყავით ამ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, შევხვდით ბატონ გოკა გაბაშვილს, ქალბატონ ხათუნა ოჩიაურს და კანონპროექტის ავტორს, ბატონ არჩილ გეგენავას. ვიკითხე, რატომ არ განიხილავენ იმ სამ დოკუმენტს, რომლებზედაც მოგახსენეთ. ეს სრულიად ბუნებრივი კითხვაა, იხარჯება საბიუჯეტო ფული, იხარჯება ვეებერთელა ენერგია, დევს არაჩვეულებრივი ძეგლთადაცვითი ხასიათის მასალა და ამას არ იხილავს ხელისუფლება. ჩვენი ჯიბიდან წამოსული ფულიდაიხარჯა ამ საქმეზე. ბატონი გოკა გაბაშვილი შეწუხდა, სადღაც დარეკა და შემდეგ გვიპასუხა, რომ ერთ პაკეტად წამოვა დამტკიცებაო. ამ ახალ კანონპროექტში, მართლაც, ბევრი რამეა სადაო. მაგრამ საკვანძო პრობლემა აქ ის კი არ არის, რომ ძეგლების დამტკიცების უფლება კულტურის სამინისტროდან მერიაში გადადის, შეიძლება, ეს თეორიულად სწორიც კი იყოს, რაც მოხდება შემდეგ, ვიცით და ამიტომაც ვღელავთ. გაცილებით უარესია ადაპტაციის ტერმინის შეცვლა. არ შეიძლება ტერმინ „ადაპტაციის“ ჩანაცვლება სარეკონსტრუქციო სამუშაოებით. ამ ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, შენობის ახლად მოფიქრებული „ადაპტაციისას“ მოცულობის გაზრდა შეიძლება. მე დღეს წამოვიღე ისტორიული ქალაქების კონსერვაციის ქარტია, ანუ „ვაშინგტონის ქარტია“, მასში წერია, რომ „ახალი შენობების აშენებისა და ძველი შენობის ადაპტირების დროს არსებული სივრცობრივი დაგეგმარება უნდა იქნეს დაცული, განსაკუთრებით, მასშტაბი და ნაკვეთის ზომა“. ბატონმა გეგენავამ შეხვედრისას გვითხრა - შეიძლება ეზო იყოს და ამ ეზოში ავაშენებ ახალ სახლსო, მაგრამ შენობა და ნაკვეთი ერთიანი სახლთმფლობელობაა, ამათი განცალკევება ძველ, ისტორიულ ქალაქში არ შეიძლება. გახსნილი და ნახევრადგახსნილი ეზოები - ესაა ძველი ქალაქის მორფოლოგია. ამას ამბობს „ვაშინგტონის ქარტიაც“.

0x01 graphic

ნანა ყიფიანი

0x01 graphic

ნატო ცინცაბაძე

0x01 graphic

ნინო კპრძაიოა

ნატო ცინცაბაძე: რადგან დამტკიცებული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი არ არსებობს, მერიასთან არსებული ურბანული საბჭო თავის გადაწყვეტილებებში, როდესაც მშენებლობის ნებართვას გასცემს, ვერაფერს ეყრდნობა და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამდენი ფული დაიხარჯა, ამდენი შრომა ჩაიდო და რა უშლის ხელს მათ, განსაკუთრებით, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განხილვას და დამტკიცებას? ამ დროს, ძალიან მოკლე დროში გაკეთდა ცვლილებები კანონში და ის უკვე განხილულიცაა და მოწონებულიც. ჩვენმა (Icomos საქართველო) სპეციალისტებმა მოამზადეს ამ ცვლილებებზე კომენტარები, ტექსტი მზადაა, ამას ხვალ გადავცემთ პარლამენტს და შესაბამის სამინისტროებს. ერთ-ერთი შენიშვნა ჩვენც ტერმინ „ადაპტაციის“ ცვლილებაზე გვაქვს. კი, ბატონო, შემოიტანონ ახალი ცნება, ცვლილებები, მაგრამ ნუ აურევთ ამას ადაპტაციაში. ხომ არ შეიძლება ქართული, ეროვნული ადაპტაციის შემოტანა? ვუთითებთ „ბურას“ ქარტიას, რომელიც შეიძლება ამოიღონ და ნახონ. „ბურაც“, ისევე, როგორც ყველა იკომოსის ქარტია, შექმნილია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოდ. ჩვენი ქვეყანა შეუერთდ“ა ამ კონვენციას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მათი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. სულ იმაზე ვმსჯელობთ, რომ გაიმიჯნოს უფლებამოსილება და რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილება გადავიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით, რაიონებში. არ შეიძლება სადღაც კრამიტის გამოცვლის ნებართვას იძლეოდესნინო კორძახია: აუცილებელად უნდა ითქვას ისიც, რომ მერიასთან არსებული საბჭო, რომელიც ითანხმებს პროექტებს და გასცემს მშენებლობის ნებართვებს, გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. სამწუხაროდ, პარიტეტი დაცული არ არის, კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატების დამატება გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება. შედეგად კი, ხშირად ქალაქისათვის სავალალო გადაწყვეტილებების მიიღება ხდება. ბოლო წლებში, საქართველოში სამშენებლო ბუმია. გაჩნდა უამრავი სამშენებლო კომპანია, რომელთა საქმიანობაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ძველი თბილისის ტერიტორია კი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ამდენი კომპანიისა და ახლად „გამომცხვარი“ ინვესტორის მადა. ყოველ საბჭოზე უამრავი პროექტი განიხილება, რამდენიმე საათში ნამდვილად შეუძლებელია ყველა ობიექტის დეტალურად შესწავლა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ასევე გადასახედია საბჭოს შემადგენლობა. რამდენიმე წევრი აქტიური მენაშენეა და საკუთარ პროექტებს ლობირებს. კულტურის სამინისტრო თბილისში. მაგრამ ერთადერთი, რაც მთელ მსოფლიოში არის კულტურის სამინისტროების საქმე, ესაა ძეგლების იდენტიფიკაცია და მათი სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის მართვის ისეთ დეცენტრალიზებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ინგლისია, სწორედ კულტურის სამინისტროს შესაბამისი ორგანო ამბობს - ესაა ძეგლი. ამ კანონპროექტით პირიქით ხდება, მერიას ეძლევა საშუალება, ძეგლის სტატუსი განსაზღვროს და საბოლოოდ კი, ძეგლის სტატუსს საქართველოს მთავრობა მოაწერს ხელს. ამ პროცესიდან რატომღაც გამოცლილია კულტურის სამინისტროს რგოლი. ოფიციალურად უთხრეს კულტურის სამინისტროს - თბილისში შენ არაფერი არ უნდა გაინტერესებდესო. ბუნებრივია, აქ ჩნდება კითხვები. თანაც, მერიასთან არსებული საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებმა ძალიან ბევრი სკანდალი გამოიწვია. ჩვენ არა ვართ ცვლილებების მოწინააღმდეგენი, არის ბევრი საინტერესო იდეაც, თბილისს ესაჭიროება არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, არამედ სისტემურიც - უნდა არსებობდეს ქალაქის რეაბილიტაციის მთლიანი გეგმა. ახალი კანონის მიხედვით კულტურის სამინისტრო პასუხისმგებელია ისტორიულ ძეგლებზე, მაგრამ თბილისში არანაირი უფლება აღარ აქვს. ქალაქის ვიცე-მერმა, რომელიც მერიასთან არსებული ურბანული საბჭოს თავმჯდომარეა და გადაწყვეტილების მიღებისას ორი ხმა აქვს, BBC-ის პირდაპირ უთხრა - ჩემი სურვილია, რომ თბილისში არსებული ძეგლები ოთხჯერ შევამციროო. ამ ფრაზის გამო უამრავი მეილი მივიღე ჩემი უცხოელი კოლეგებისგან - ყველანი შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

ნინო კორძახია: აუცილებელად უნდა ითქვას ისიც, რომ მერიასთან არსებული საბჭო, რომელიც ითანხმებს პროექტებს და გასცემს მშენებლობის ნებართვებს, გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. სამწუხაროდ, პარიტეტი დაცული არ არის, კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატების დამატება გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება. შედეგად კი, ხშირად ქალაქისათვის სავალალო გადაწყვეტილებების მიიღება ხდება. ბოლო წლებში, საქართველოში სამშენებლო ბუმია. გაჩნდა უამრავი სამშენებლო კომპანია, რომელთა საქმიანობაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ძველი თბილისის ტერიტორია კი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ამდენი კომპანიისა და ახლად „გამომცხვარი“ ინვესტორის მადა. ყოველ საბჭოზე უამრავი პროექტი განიხილება, რამდენიმე საათში ნამდვილად შეუძლებელია ყველა ობიექტის დეტალურად შესწავლა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ასევე გადასახედია საბჭოს შემადგენლობა. რამდენიმე წევრი აქტიური მენაშენეა და საკუთარ პროექტებს ლობირებს.

ლადო ვარდოსანიძე: ბატონ გეგენავას ერთერთი არგუმენტი ის არის, რომ სახელმწიფოს ფული არა აქვს. საქართველოს ბიუჯეტი 7 მილიარდი იქნება, თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდასაჭრად შარშან 17 მილიონი ლარი გამოიყო, სიღნაღშიც დაიხარჯა ფული და შედეგიც გვაქვს სახეზე. რატომღაც ფიქრობს ბატონი გეგენავა, რომ ძველი თბილისისთვის ფული არ არსებობს. მაგრამ სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება. გთავაზობთ ამონარიდს „გრანადის კონვენციიდან“, ესაა „კონვენცია ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამეტის მიერ არის რეტიფიცირებული. ამ კონვენციაში წერია: „შესაძლებლობა მიეცეს სახელმწიფო ხელისუფლებას, მოსთხოვოს დაცული ქონების მფლობელს, ჩაატაროს სამუშაოები ან შეენაცვლოს მას, თუ მფლობელი თავს ვერ ართმევს ყოველივეს“. და კიდევ: „თითოეული მხარე ვალდებულია გაითვალისწინოს ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი კომპეტენციების და ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისად მათ ტერიტორიაზე განლაგებული არქიტექტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის და შენახვის ფინანსური მხარდაჭერა“. არადა, საერთაშორისო კონვენცია, საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ, უმაღლესი ძალის მქონე დოკუმენტია.

ნანა ყიფიანი: დავამატებდი, „გრანადის კონვენციაში“ იდეალურადაა გაწერილი მოსახლეობის ფუნქციები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, კარგა ხანს ვერ შეასრულებს. ღოგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით მოვახდინეთ მაინცდამაინც მხოლოდ ამ დოკუმენტის რატიფიცირება - კონსტიტუციის შემდეგ მეორე ძალის მქონე ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ანუ ისევ კანონის საფუძველზე, ადვილად მოხერხდება დაცული ქონების მფლობელი უსახსრო მოსახლეობის გამოდევნა ისტორიული უბნებიდან არქიტექტურული მემკვიდრეობის შენახვის ვალდებულებების შეუსრულებლობის მომიზეზებით და მათი „შენაცვლება“ ახალებით - შეძლებულებით. ამას შემდგომ რა პროცესები მოჰყვება, ადვილი წარმოსადგენია..

რუსუდან მირზიკაშვილი: კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. თუმცა, თუკი გადავხედავთ, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ კონვენციას ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (ე.წ. „გრანადის კონვენცია“), ძნელია თქმა, რომ დაგეგმილი ცვლილებები ამ კონვენციის მოთხოვნებს შეესაბამება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კანონში ცვლილებების ეს პროექტი ეწინააღმდეგება ამ კონვენციას, ისევე, როგორც მრავალ სხვა საერთაშორისო დოკუმენტს, რომლებიც, მემკვიდრეობის დაცვის ძირითად პრინციპებთან ერთად, განსაზღვრავენ დარგის ტერმინოლოგიასა თუ სხვა მეთოდოლოგიურ საკითხებს. კანონში ცვლილებების პროექტის მომზადებამდე, ალბათ, უნდა შეესწავლათ და გაეთვალისწინებინათ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები.

ნესტან თათარაშვილი: 2001 წელს მიიღეს ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების წესი (უფლებრივი ზონირება). ეს გულისხმობს, რომ გარკვეულ ადგილებში და არა მხოლოდ ძველ ქალაქში, არამედ, ყველგან, არსებობს გარკვეული შეზღუდვები იმის მიხედვით, რა ზონაა, რა გარემოა, როგორია გზა. კონკრეტულ ადგილს აქვს განსაზღვული კოეფიციენტი და ამის მიხედვით ეძლევა სამშენებლო კომპანიებს უფლება რა სიმაღლის, რა გაბარიტების შენობა ააშენონ. მერე გავიგეთ, რომ მიიღეს წესი, რომლის მიხედვითაც, ამ კოეფიციენტების ყიდვა შეიძლება. ინვესტორს შეუძლია, ფული გადაიხადოს და 5 სართულის მაგივრად, რომელსაც კანონი განსაზღვრავს, უფრო მეტი ააშენოს. ანუ რაც ყოველთვის ხდებოდა, და გვქონდა საშუალება, რომ რაღაც მიგვეჩნია უკანონოდ, და რაც კორუფციის მთავარი წყარო იყო, ახლა კანონის ფარგლებში მოიყვანეს.

ნინო კორძახია: თუკი არსებობს უფლებრივი ზონირების გეგმა, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, კანონი ყველა მოქალაქისათვის ერთია. მაშინ, რა ნიშნით ეძლევათ ზოგიერთებს კოეფიციენტის ყიდვის შესაძლებლობა? მდიდარი მენაშენე ყოვლისშემძლეა. შეუძლია, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, აშენოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და სწორედ ქალაქის იერსახის ხარჯზე, კიდევ უფრო მეტი მოგება ნახოს. ასევე სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ მშენებლობის 90%25 შეთანხმებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობს, ჯერ ისევ მოქმედებს „დაუსჯელობის პრინციპი“. შეგიძლია აშენო რაც გინდა, როგორც გინდა, მერე გააკეთებ ლეგალიზაციას და პასუხს აღარავინ მოგთხოვს. ამის შედეგია ვერაზე უნებართვოდ წამოჭიმული მთელი კვარტალი, გოგებაშვილისემიონოვკის განაშენიანება, კეკელიძის ქუჩის ბოლოს გაჩაღებული მშენებლობა და ბევრი სხვა. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რუსუდან მირზიკაშვილი: დღეს შეიძლება ინვესტორმა სახელმწიფოსგან კანონიერად იყიდოს უფლება, რომ გადაუხვიოს დადგენილ ნორმას. კანონში ცვლილებების პროექტში კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ინიციატივაა - თბილისში ძეგლებს აღარ ექნებათ ინდივიდუალური ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალები, მხოლოდ ეროვნულ ძეგლებზე გავრცელდება მნიშვნელოვნად შემცირებული ვიზუალური დაცვის წესი. ამავდროულად, ძეგლთა ინდივიდუალური დაცვის ზონები მსოფლიოში ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტია. გასულ წელს ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს დაანგრიეს შენობა, სადაც დაგეგმილია ახალი, თანამედროვე კორპუსის მშენებლობა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ახალი მშენებლობისათვის საძირკვლის ამოთხრამ გამოიწვია მიმდებარე შენობის დაზიანება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს (კოსტავას №41). ფიზიკური დაცვის ზონა ამგვარი შეცდომების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა, რათა ქალაქში ერთი სახლის მშენებლობამ ან სხვა მიწის სამუშაოებმა მეორე არ დააზიანოს.

ნანა ყიფიანი: გამოდის, უკანონო მშენებლობები აღარ გვაქვს, რადგანაც ჩვენში მიმდინარე ყველა პროცესი მოყვანილია კანონთან შესაბამისობაში; უფრო სწორად, კანონია მოყვანილი პროცესებთან შესაბამისობაში.

- ამ ბოლო დროს ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სახლის დანგრევა ძალიან ბევრი ფორმით გაპროტესტდა. ექვემდებარებოდა თუ არა ეს სახლი რესტავრაციას.?

ნანა ყიფიანი: არა ვარ კონსტრუქტორი, მაგრამ შემიძლია ვთქვა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მთელი ქალაქები დაინგრა, დაიბომბა და მიწასთან გასწორდა, მაგრამ ისინი აღადგინეს. გერმანიის ქალაქების აღდგენის მიზნით იქ უმკაცრესი კანონები და რეგლამენტები ამუშავდა, რადგან ეს ექსტრემალურმა მდგომარეობამ მოითხოვა. იქ კოეფიციენტები გაწერილი მხოლოდ სახლების სიმაღლესა და გაბარიტების შეზღუდვისათვის კი არ იყო, არამედ ფანჯრების ზომებიც - მათი სიგანე, სიმაღლე და ფორმა - უმკაცრესად გახლდათ რეგლამენტირებული. ფაქტია, მათ ქალაქები აღადგინეს. ჩვენც ანალოგიურ ექსტრემალურ პირობებში ვართ და ამგვარი მკაცრი რეგლამენტირება, ჩემი აზრით, აუცილებელია. კიდევ ერთი - ამჟამად მსოფლიო ბანკისა და მერიის დაფინასებით სოლოლაკში მიმდინარეობს რეაბილიტაციის სახელმწიფო პროექტი. თუ, მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის 24 ნომერი მთელი თავისი დაზიანებებით ექვემდებარება ე. წ. კაპიტალურ რემონტს, რეაბილიტაციასა თუ რეკონსტუქციას, რაც გინდათ ის დაარქვით, რა უშლიდა ხელს გ. ლეონიძის 2-ის გადარჩენას? ჩავატაროთ ორივე სახლის ექსპერტიზა და შემდეგ შევადაროთ ერთმანეთს საექსპერტო მონაცემები; ვნახოთ, რაშია საქმე. თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ჯერ, 1930-იანი წლების დასაწყისში თუ მოახერხეს მოსკოვში გორკის ქუჩაზე მოსსავეტის შენობის რვა მეტრით გადაჩოჩება, რა გახდა დაზიანებული სახლის რეკონსტრუქცია? ამგვარი მაგალითი უამრავია და რა ასეთ უსაშველო მდგომარეობაშია თბილისის სახლები, რომ დანგრევა ერთადერთ გამოსავლად მივიჩნიოთ?

რუსუდან მირზიკაშვილი: მით უმეტეს, როცა კარგი მაგალითებიც გვაქვს - ლესელიძის 32 ნომერი, ყოფილი ქარვასლა, რომელიც ადრე საპატრიარქოს ეკუთვნოდა. იქ მართლაც შიშველი კედლებიღა იყო დარჩენილი. ინვესტორმა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროექტი შემორჩენილი ნანგრევის ავთენტურობის სათანადო გათვალისწინებით გააკეთა. ეს პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება, ადასტურებს, რომ შესაძლებელია იმ ძველი კედლებისა და ფასადის შენარჩუნება, რაც წლების განმავლობაში გადახურვის გარეშე „ლპებოდა“. ამ მაგალითიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომაა აუცილებელი ლეონიძის 2-ში მდებარე შენობის ნებაყოფილობით მიწასთან გასწორება და არა მისი თუნდაც ნაწილობრივი შენარჩუნება. ნუთუ შენობას, რომელიც ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა, არც ერთი ჯანსაღი ნაწილი არ გააჩნია?

ნინო კორძახია: ლეონიძის 2-ში მდებარე შენობაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და გარწმუნებთ, იქ მე საშიში ვერაფერი დავინახე. დაზიანებული იყო სახურავი, III სართულზე ბზარებიც ნამდვილად იყო, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული, როგორც ცდილობენ დაგვანახონ. შენობის გადარჩენა და რესტავრაცია ნამდვილად შეიძლებოდა. იყო გამოცდილი კონსტრუქტორების წინადადებებიც, რომლებიც თანახმა იყვნენ უსასყიდლოდ ემუშავათ შენობის გამაგრების პროექტზე, თუმცა ინვესტორის დარწმუნება ძნელი აღმოჩნდა. ქალაქის მესვეურებმაც დაუფიქრებლად გაიმეტეს ეს ისტორიული შენობა, აქაც მდიდარი მეპატრონის გემოვნებასა და მადას შეეწირა მშვენიერი ნაგებობა. დღეს თუკი გაივლით ამ ადგილას, დაინახავთ, როგორ უჭირთ მშენებლებს შენობის დემონტაჟი. საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, ამ „ავარიული“ სახლის მასიური კედლების დაშლა.

ნესტან თათარაშვილი: ეს პროცესი სამოქალაქო ომის შემდეგ დაიწყო. ძალიან ბევრი სახლი განადგურდა ისეთი, რომელთა შენარჩუნებაც თავისუფლად შეიძლებოდა. ნგრევა ახლა ათმაგი ძალით გრძელდება. თავისუფლების მოედანზე, ლესელიძის ქუჩის კუთხეში არქიტექტორ ზალცმანის აშენებული სახლი დაანგრიეს, რომლის გადარჩენაც ნამდვილად შეიძლებოდა. ის, რომ ძველ შენობას აქვს ღირებულება, დღეს სრულიად უკუგდებულია, რაც, სულ ცოტა - ეკონომიკური დანაშაულია. კონკრეტულ შემთხვევებში, ინვესტორის ან მფლობელის კეთილი ნებაა, როცა შენობები გადაურჩება ხოლმე დანგრევას და დამახინჯებას. თიბისი ბანკის შენობას მარჯანიშვილზე (მე არ ვთვლი, რომ კარგი რესტავრაციაა) არ დააშენეს ზედმეტი მოცულობები და მესაკუთრემ ამით ნამდვილად მოიგო, იმიტომ, რომ შენობის თვითღირებულება რამდენჯერმეა გაზრდილი. ლეონიძის 2-ში, მხოლოდ ზედა ნაწილები იყო დაბზარული დაზიანებული სახურავის გამო. არსებობს სპეციალისტთა დასკვნები, რომ ეს მდგრადი შენობა იყო და არავის უქმნიდა საფრთხეს. ახლა ინვესტორი ანგრევს და თან გვპირდება, რომ იმავეს ააშენებს. იგივე დაპირება მოდიოდა ზალცმანის სახლზეც, ამბობდნენ, ზუსტად ისეთივე სახლს ავაშენებთო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ორივე მხარეს (პუშკინის და ლესელიძის) სხვადასხვა პროექტების ფოტოებია გამოკრული და გაუგებარია, რა შენდება.

- რას აპირებთ? როგორმა ქმედებებმა შეიძლება მოიტანოს რეალური შედეგი? არსებობს თუ არა დღევანდელ პარლამენტში ამ კანონპროექტის დაბლოკვის საშუალებები, მაშინ, როდესაც ხმათა უმრავლესობით ნაციონალურ მოძრაობას ნებისმიერი კანონის გატანა შეუძლია?

ნესტან თათარაშვილი: აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. იუნესკოც კი ვერაფერს გახდება, როცა პოლიტიკოსთა ზედა ეშენელობიდან მოდის ეს ყველაფერი. ძველი თბილისის გადასარჩენად, უამრავი ფონდი და კონკრეტული სამუშაო დაფინანსდა ბიუჯეტიდან, თუმცა, უმეტესად ტყუილი საქმე განხორციელდა და რისთვის? ნუთუ ასე მდიდრები ვართ? დღეს რეალურად ასეა: ერთი ხელით ერთი საქმე კეთდება, მეორე ხელით - სხვა საქმე ფუჭდება. ამ ყველაფრის სათავე პოლიტიკური ორგანოებია, ადმისტრაციული იქნება ეს თუ საკანონმდებლო. აქ სრული ურთიერთჰარმონიაა - დაინტერესებული პირების იდეები დაუყონებლივ ისხამს ხორცს კანონმდებლობაში. გეგენავას უკან დგას ხალხი, ვისაც პირადი ინტერესი აქვს. მაგრამ ერთი რამეა გაუგებარი: სად იქნება ამ ბიზნეს ცენტრების პარკინგი? ქალაქში იზრდება სიმჭიდროვე, ურბანულ კატასტროფაზე არავინ ფიქრობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყველაფერი სამოქალაქო ომის შემდეგ დაიწყო, და შეუდარებელი „წარმატებით“ გაგრძელდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ძალიან ძლიერია პოლიტიკური დაკვეთა: ბიძინა ივანიშვილის „სასახლე“ და გვირაბებში მოქცეული კოჯრის გზა; პრეზიდენტის რეზიდენცია; ცირკის შენობის უკან სასტუმრო „ჰაიეტისთვის“ კლდის მთლიანი მასივის განადგურება; მეტეხის ტაძრის გასწვრივ დაწყებული „მანსარდომანია“ და მასიური მშენებლობები ასევე ბუნებრივი რელიეფის მოსპობის ხარჯზე; რუსთაველის პროსპექტის შეუფერებელი და მდარე „გალამაზება“, აქ არსებული ყოფილი „კადეტთა კორპუსისა“ და „იმელის“ არქიტექტურულ მუტანტად ქცევა; ქალაქში საზოგადოებრივი სივრცეების მოსპობა; მასშტაბური ბინათმშენებლობა, რომელიც ერთიანად პირამიდის პრინციპზეა აგებული და, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული; ხალხისთვის მიუწვდომელი - მანქანების ალყაში მოქცეული შადრევნები, „საზეიმოდ“ აბრჭყვიალებული სატელევიზიო ანძა - ყოველივე ეს, ამის საუკეთესო დადასტურებაა.

ნანა ყიფიანი: ისტორიულ თბილისში მცხოვრებ საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არა მათი სახლების ნგრევაა, რასაც მათ რეალურად სთავაზობენ, არამედ არსებობს ალტერნატივაც - მუნიციპალური მშენებლობების დაწყება და ამ გზით მოსახლეობის ისტორიული უბნებიდან გამოხშირვა. ეს აუცილებელია, თუნდაც, იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, დასრულდეს საბჭოთა კომუნალიზაცია; მეორე მხრივ, გამოხშირვის პროცესის, ანუ თითოეულ სახლში ოჯახების რაოდენობის შემცირების შედეგად ინვესტორიც აღარ დადგება ისტორიული ნაგებობის დანგრევისა და მოგების მიზნით მაღლივი კორპუსის აშენების აუცილებლობის წინაშე. მისთვის სარგებლიანი გახდება ძველი სახლების რეაბილიტაცია. ჩვენ სწორედ ამის პროპაგანდა უნდა გავწიოთ მოსახლეობაში, მუდმივად ველაპარაკოთ მათ, რომ იბრძოლონ არა სახლების დანგრევისთვის, არამედ იმისთვის, რათა ქალაქის მერიამ განახორციელოს განსახლების პოლიტიკა - მუნიციპალური მშენებლობების დაწყების გზით. ეს გზა - საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და არა ხელისუფლებასთან გაუთავებელი კამათისა, უფრო შედეგიანი მეჩვენება. გარდა ამისა, უნდა ავხსნათ ისტორიული უბნების ფასეულობა: სამოციან წლებში და საერთოდ, მთელ საბჭოთა პერიოდში ისტორიული ქალაქის საცხოვრებელი ტერიტორია ყველაზე უფრო მიგდებული, „არაპრესტიჟული“ და ასოციალურიც კი იყო. ქალაქს კულტურული ფასეულობა მიზანმიმართულად დაუკარგეს. დღეს არქიტექტორებიც კი ვერ იგებენ, თუ რატომაა ისტორიული თბილისი არქიტექტურულად თუ ურბანულად ფასეული..

ნინო კორძახია: ალბათ, პარლამენტის გარდა მოსახლეობასთანაც აუცილებელია მუშაობა, რათა მათ დაინახონ და დააფასონ ის განძი, რისი მფლობელებიც არიან. თუკი მოსახლეობისაგან არ იქნება ასეთი დაკვეთა, ვფიქრობ, კანონში მსგავსი შესწორებების შეტანის ინიციატორებიც აღარ გამოჩნდებიან. ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ არქიტექტორები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ საზღვარგარეთ, ევროპაში ან ამერიკაში, ხედავენ უამრავ მაგალითს, როგორ შეიძლება ძველი ქალაქის მოვლა-პატრონობა, აღდგენა, რესტავრაცია, სრულიად საპირისპირო რაღაცას აკეთებენ თბილისში. მოსახლეობას არასდროს არა აქვს თავისი სახლის რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ეს ფაქტორი, მართლაც, ხშირად ხელისშემშლელია. მაგალითად, მუნიციპალიტეტის მიერ გაკეთებული იყო ერთ-ერთი ისტორიული სახლის რესტავრაციის პროექტი, მოძებნილი იყო კომპანია, ვისაც უნდა გაემაგრებინა შენობა. სერიოზული სამუშაო იყო რესტავრაციისათვის გაწეული და მხოლოდ იმიტომ, რომ დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას პირდებოდნენ სხვა რამეს, ანუ დანგრევას და ახლის აშენებას, მოსახლეობამ აღარ შეუშვა რესტავრატორები, დაუპირისპირდა მუნიციპალიტეტს სწორედ იმ მოტივით, რომ დეპუტატი ძველის დანგრევას და ახალი კორპუსის აშენებას დაპირდა.

ნატო ცინცაბაძე: ზოგადად, ალბათ, ჩვენი დარგის სისუსტეა ის, რომ საზოგადოება თავს არ იწუხებს ძველი თბილისის შენარჩუნებისთვის, ძალიან ცოტა ადამიანს ესმის ძველი ქალაქის მნიშვნელობა. თუკი ვიღაცას ვერ ეტყვი, რომ დაგინგრევ სვეტიცხოველს, რატომ ეუბნები მარტივად, რომ დაგინგრევ ძველ თბილისს? ლეონიძის ქუჩაზე დღეს ერთერთი უკანასკნელი ისტორიული ქსოვილი მოანგრიეს და ამიტომ იყო ძალიან მტკივნეული. ამას ამაგრებს და წახალისებას უკეთებს მძიმე სოციალური და ისტორიულ ნაგებობათა ავარიული ფონი. არჩევნების წინ კანდიდატები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დაპირებებში, რომ დაანგრევდნენ ძველ თბილისს და კანონს შეცვლიდნენ.

ლადო ვარდოსანიძე: გეტყვით რატომაც. ეს ჩვენი კულტურის ტიპიდან გამომდინარეობს. ქართული კულტურა, ძირითადად, რურალური, სოფლური კულტურაა და არა ურბანული - ქალაქური.

რუსუდან მირზიკაშვილი: ამ კამათში მოსახლეობა ყოველთვის აღიქმება, როგორც სუბიექტური მონაწილე, ანუ როგორც პირები, რომლებსაც უმეტესწილად საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ. თუმცა, გარდა იმ ხალხისა, ვინც უშუალოდ ძველ თბილისში ცხოვრობს, არიან სხვა რიგითი თბილისელები, უცხოელები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ, ტურისტები, და სხვანი - ჩვენ ყველას თავისებურად გვჭირდება თბილისის ეს ისტორული ნაწილი და ყოველდღიურად ამა თუ იმ სახით „მოვიხმართ“ ამ სივრცეს. მიუხედავად ამისა, ბევრს არ აქვს ინფორმაცია ძველი ქალაქის ღირებულებისა და მნიშვნელობის შესახებ. ადამიანი, რომელსაც მოსწონს შარდენისა თუ ერეკლეს ქუჩაზე გასეირნება, ვერც წარმოიდგენს თუ რამხელა შრომაა გაწეული ამ ქუჩების რეაბილიტაციისათვის.

ნესტან თათარაშვილი: ფსიქოლოგებმა გააკეთეს თინეიჯერების გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ერთ რამეში თანხმდებოდნენ ვაკეში და ვარკეთილში, დიდ დიღომში და სოლოლაკიში მცხოვრები ბავშვები - თბილისში ყველას ერთნაირად მოსწონს ძველი უბნები.

- დღეს რეალურად მართლაც მძიმე მდგომარეობაშია სოლოლაკ-მთაწმინდაზე არსებული შენობების უმრავლესობა. როგორც ამბობენ, მტკვრის ბეტონის ჯებირებში მოქცევამ გრუნტის წყლები დააგუბა და სწორედ ეს უქმნის საფრთხეს სოლოლაკში არსებულ შენობებს. ამგვარი პრობლემის წინაშე, ალბათ, სხვა დიდი ქალაქებიც დგანან. ცნობილია თუ არა მათი გამოცდილება? შესაძლებელია თუ არა ამ გამოცდილების გათვალისწინება და გაზიარება, ვთქვათ, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და ა. შ.?

ნინო კორძახია: თბილისში გრუნტის წყლების პრობლემა ახალი არ არის, მისი მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა, ეს ყველაფერი ისევ ფინანსებზე და მუნიციპალიტეტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მიწისქვეშა წყლებზე მეტად, მოუწესრიგებელი კომუნიკაციები აზიანებს შენობებს, ადრე მათ შესაბამისი სამსახური უვლიდა, პატრონობდა. დღეს მართლაც მწვავედ დგას ეს პრობლემა. როგორც ბატონმა ლადომ ბრძანა, რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა, მომზადდა პროექტი უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, პრეზენტაციაც ზარზეიმით მოეწყო. თუმცა, დღეს მის განხორციელებაზე აღარავინ ფიქრობს. შარშან კიდევ ერთი პროექტი დამუშავდა, რომელიც სოლოლაკის ყველა კომუნიკაციის ერთიან სისტემაში გაერთიანებასა და მათი მომსახურების გაიოლებას ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ამ პროექტის ბედიც უცნობია. მისი განხორციელება, ალბათ, საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ძველი თბილისის დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემა მოეხსნებოდა.

- რა შეიძლება ალტერნატივად შევთავაზოთ ხელისუფლებას?

ნატო ცინცაბაძე: ამ პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკური ნებაა საჭირო. ყველა ინვესტორი კითხულობს: რა შეღავათებს გვთავაზობთ კულტურული ფასეულობის შენობის რეაბილიტაციისათვის და არა დანგრევისთვის? ამ დროს ჩვენ ვთავაზობთ ადაპტაციის ახალ ტერმინს და სხვას ვერაფერს... ამდენი პროექტი გაკეთდა, ამდენი ფული ჩაიდო ცალკეული ძეგლების რეაბილიტაციაში. ეს ყველაფერი კომპლექსული პროგრამის ნაწილი რომ ყოფილიყო, რამდენად უფრო სიცოცხლისუნარიანი შედეგები იქნებოდა. იმავე ინვესტორებთან ერთად შეიძლებოდა (სოლოლაკის სახლების რეაბილიტაციას ვგულისხმობ) ამ ფულის დაგეგმილად გამოყენება...

ნესტან თათარაშვილი: როცა იყო ეს სიტუაცია, იუნესკოს ნუსხაში შესულიყო ძველი თბილისი, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე ჭიაბერაშვილმა შექმნა კიდეც „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების“ ფონდი, რომელიც ბუნდოვანი მიზნებით დღესაც, თუ მთლიანად არა, უმეტესად საბიუჯეტო თანხებით მუშაობს და იწვევს საერთაშორისო ექსპერტებს ძველი თბილისის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, ეს მაშინ, როცა თავისუფლების მოედანზე მერიის ნებართვით ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახლს. დიახ, ეს ორი სიუჟეტი ჩვენი მერიის „აქტიურობის“ შესახებ ერთდროულად გავიდა ტელეეთერში. მოკლედ, ერთი ხელით ზრუნვა, მეორეთი - ნგრევა, ჯამში - საბიუჯეტო სახსრების უმიზნო ფლანგვა და ქალაქის აუთენტური შენობების განადგურება. ასეთია დღევანდელი რეალობა. ამას წინათ ხელოვნების ინსტიტუტში შეხვედრა იყო, და იქ ვთქვი, რასაც უკვე დიდი ხანია ვიმეორებ - აუცილებელია სისტემური ცვლილებები მოხდეს ამ დარგში. დავიწყოთ კომპლექსური მიდგომით მუშაობა. იმის გამო, რომ აქ ყველაფერი ქაოტურად კეთდებოდა და არ ყოფილა თანამიმდევრული და პროფესიულად გამართული პოლიტიკა - დღეს ამ მძიმე პრობლემების წინაშე ვდგავართ. სხვა ქვეყნებს, ვინც გაითვალისწინა და ზუსტად შეასრულა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და პროგრამები - უკვე საგრძნობი წარმატებები და რეალური შედეგები აქვთ ძველი ქალაქების კონსერვაციასა და რევიტალიზაციის საქმეში.

ნინო კორძახია: მართალი გითხრათ, უბრალოდ, ვერ ვხედავ, როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი. ვფიქრობ, ძველი ქალაქის შენარჩუნებისათვის შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ის, რაც გუდიაშვილის ბაღის გარშემო გაკეთდა. მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ბაღის მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა, რომელსაც არ შეუძლია იქ რაღაცის გაკეთება, გაიყვანეს. სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებმა მოამზადეს რესტავრაციის, რეაბილიტაციის პროექტები. ახლა ქალაქის მერია აპირებს ამ შენობების აუქციონზე გაყიდვას. ოღონდ, ინვესტორები ნაგებობას ყიდულობენ რესტავრაციის პროექტთან ერთად, შენობის რესტავრაციის და პირვანდელი სახის დაბრუნების ვალდებულებით. ვნახოთ, როგორი შედეგი იქნება, ეს ფორმა ნამდვილად მისაღებია.

ლადო ვარდისანიძე: ის, რაც ხდება ძველ თბილისში, სრულიად კანონზომიერია. ქალაქი ყოველთვის ასახავს საზოგადოების მდგომარეობას, ქალაქი ვერ იქნება საზოგადოებაზე უკეთესი. საზოგადოების ყველა სირთულე კონცენტრირდება ქალაქში. ფილოსოფიურად ეს არის ადკვატური მოვლენა, მაგრამ ჩვენ, აქ შეკრებილები, არ ვართ ამ საზოგადოების საშუალო სტატისტიკური წევრები. ჩვენ გვინდა უკეთეს ქალაქში და უკეთეს საზოგადოებაში ვიცხოვროთ. ამიტომაც, პრეტენზიას ვუცხადებთ ცენტრალურ, დარგობრივ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ისეთივე ერთგულება გამოიჩინოს ძველი ქალაქის მიმართ, როგორიც იყო აქცია „SOS თბილისის“ დროს, 2000 წელს. სად არის ის ახალგაზრდობა დღეს, რომელიც მაშინ გამოდიოდა, გამოფენებს მართავდა? ბევრი მათგანი დღეს ხელისუფლებაშია. გავლენის ჯგუფები უნდა არსებობდეს საზოგადოებაში. ერთმა ჭკვიანმა ფრანგმა თქვა, სჯობს, სიმართლე ილაპარაკო, ვიდრე იყო მინისტრიო. ისიც მართალია, რომ ამ ხელისუფლებას დახვდა ძალიან ცუდი მემკვიდრეობა. ძველი თბილისისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემის სათავეს კონკრეტული თარიღი და კონკრეტული ხელმოწერა აქვს. ესაა 1992 წლის 1 თებერვალი, როდესაც ბატონმა თენგიზ სიგუამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოში საბინაო ფონდის პრივატიზების შესახებ, სადაც ხაზგასმული იყო, რომ პრივატიზებას ექვემდებარებოდა ავარიული სახლები და სახლები სარეკოსტრუქციო ზონებაში. ძაღლის თავი სწორედ იქ ჩაიმარხა. სხვათა შორის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობას პრინციპულად განსხვავებული კანონპროექტი ჰქონდა შემუშავებული, სადაც სწორედ სახლების ეს კატეგორიები არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას. ამით ხელისუფლებას ექმნებოდა საშუალება, მოსახლეობა შედარებით ადვილად გაეყვანა ამ სარეკონსტრუქციო ზონებიდან, თუნდაც, დროებით, სახლების აღდგენამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც, შევარდნაძის დროსაც და ახლაც, ქალაქური პრობლემატიკა დახურდავებული იყო პოპულისტურ ხერხებად.

ნატო ცინცაბაძე: დავუშვათ, სახელმწიფომ თქვა, რომ ჩვენ ვერ მივხედავთ ამ ქალაქს, როგორც ისტორიულ მემკვიდრეობას, თავისუფალი ბაზარი მოხსნის ბინათმშებლებლოს პრობლემას? ცნობილია, რომ თავისუფალი ბაზარი არსად არ არეგულირებს ურბანულ პრობლემებს. გვეუბნებიან, რომ არა გვაქვს საშუალებაო, არავინ არ სთხოვს მთავრობას, რომ მხოლოდ ბიუჯეტით ჩაატაროს რეაბილიტაცია, ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ შექმნას ის გარემო, როცა ინვესტორი მოიგემოიგებს ძველი შენობის გადარჩენით. დღევანდელი ოფიციალური პროპაგანდა ურთიერთგამომრიცხავია, ერთი მხრივ, მოვუაროთ ძველ ქალაქსო, მეორე მხრივ - ვერ მოვუვლით, ფული არა გვაქვსო.

ნესტან თათარაშვილი არქიტექტურა, ზოგადად, მართლაც ასახავს საზოგადოების სახეს, მაგრამ ძალიან დიდი წილი აქვს პოლიტიკას, განსაკუთრებით 2004 წლიდან. მაშინ თანამდებობის პირი ვიყავი და მევალებოდა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს ზედამხედველობა საქართველოში. თანამდებობას სიმართლე ვამჯობინე და კანონის დაცვა, უპირველესად, ქვეყნის პრეზიდენტს, სახელმწიფო მოხელეებს და სხვა გავლენიან და მდიდარ მოქალაქეებს მოვთხოვე, მაგრამ მარტო აღმოვჩნდი. სამწუხაროდ, ჩემმა კოლეგებმა და თანამოაზრეებმა რადიკალად ჩამთვალეს, მაგრამ, ალბათ, ახლა დარწმუნდნენ რა მავნე შედეგები მოჰყვა მათ მაშინდელ დუმილს. არც ქალაქის მერი და არც ქვეყნის პრეზიდენტი არ არის ვალდებული, კარგად ერკვეოდეს არქიტექტურისა თუ ურბანიზმის საკითხებში, მაგრამ სწორედ ამ დროს უნდა ივარგონ დარგის წარმომადგენლებმა. ხომ ცხადია, რაც ხდება ეს მათი სისუსტისა და უპრინციპობის ბრალია. დასაწყისშივე რაღაც ერთობა რომ ყოფილიყო, შედეგს ნამდვილად მივაღწევდით. დღეს უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა, ვიდრე საზოგადოების როლი. როცა კანონში ხდება დღევანდელი ხელისუფლების სურვილების ასახვა, ეს არავისთვის იქნება სასიკეთო და, მით უმეტეს, კომერციულად მომგებიანი. სამშენებლო სფეროდან მილიონები შემოდის, მაგრამ, ეს მოკლევადიანი მოგება მომავალში გამოუსწორებელ ჭირად გვექცევა. სწორი პოლიტიკის შემუშავებით და თანამიმდევრული განხორციელებით კი - ქვეყანა ძველსაც შეინარჩუნებს და ახალსაც ხარისხიანად ააშენებს. საუბედუროდ, თბილისი გამონაკლისი არ არის. ყველასთვის ცხადია, რა დაემართა სიღნაღს ნაჩქარევი და მცდარი პოლიტიკური მიდგომით. მსგავსი პრობლემებია ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში და სხვა ქალაქებში. სახელმწიფო პოლიტიკა სარკესავით ისახება ჩვენ გარემოში - ბუნებასა თუ არქიტექტურაში, და ამ ყველაფერს რაც უფრო გვიან შევამჩნევთ, მით უფრო გაგვიძნელდება მისი გამოსწორება.

ის, რაც ძველ თბილისს და საერთოდ ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს და განავითარებს - კანონის უზენაესობაა, ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესი და უპირველესი სწორედ გამართული და კარგი კანონების შემოღებაა და, აგრეთვე, ქმედითი ბერკეტების შექმნა ამ კანონების დასაცავად და განსახორციელებლად.

13 WE BE OF ONE BLOOD - THOU AND I

▲back to top


წერილი აფრიკიდან

ავტორი: ლევან ბუთხუზი
ფოტო: ნაკრესი

ეძღვნება ქეთი ჯაფარიძეს, მანანა და ნატა ქურდოვანიძეებს

0x01 graphic

ტანზანია, სერენგეტი

წინმსწრები ორიოდ სიტყვა: ბიჭებო, ამ კონვერტს დავაწერ - „აბუს და ანთელას“, თორემ ადრესატებად თემურ აბუთიძე და ირაკლი ანთელავა რომ დავაწერო, ჩვენი ფოსტალიონი ახმეტა გონში ვერ ჩავარდება და ვერ მოიტანს თქვენამდე. სრული სახელებით არ გიცნობთ მგონი (ისე, ყველა ახმეტასნაირი რესპექტაბელური თბილისელი მაგ „კლიჩკებით“ გიცნობთ). რომლის მისამართზე გამოვაგზავნი არ ვიცი, მაგას კონვერტში ჩადებამდე გადავწყვეტ.

მოკლედ, აბუ და ირაკლი - yebu gogo!!!

0x01 graphic

კენია, მასაი მარა

არ შეგეშინდეთ, არ გავგიჟებულვარ. უბრალოდ, ეს არის ბუშმენების შეძახილი და არც რუსულ ебу-დ უნდა გაიგოთ და არც ქართულ „გოგოდ“ ეს უბრალო მისალმებაა და ნიშნავს: „გაუმარჯოს, მოხუცო!!!“ - თუმცა ამათ ენაზე მრავლობითი როგორაა, არ ვიცი და რადგან ორივეს გწერთ, ამიტომ, „მოხუცო“-ს ქართულ მრავლობითში გეტყვით: yeboo gogoebo!

მოკლედ, ახლა ბუშიდან გწერთ. ვზივარ სადღაც კენიის სავანაში, აფთრებზე დაკვირვების დღიურ ჩანაწერებს ვაკეთებ და ძილი მერევა. აფთრების მთელ კლანს სძინავს. შუადღეა და ისვენებენ. ბიჭო, 40 გრადუსია. გავშტერდი. ტვინი გახმა... არ მინდა ჩამეძინოს, ბოლოს და ბოლოს, ორი თავი ხომ არ მაბია, სავანაში ვარ, ბათუმის პლაჟზე ხომ არა. ისე, არც კომპი მაქვს და არც არაფერი. ეს ფარატინა ბლოკნოტი და ფანქარი. კომპიუტერს რა ვუთხარი, სულ დამავიწყდა წერა, მაგრამ იმედია, გაარჩევთ. რაც ჩამოვედი არცერთი წერილი არ დამიწერია, ჯერ ერთი, არ მეცალა, მეორეც - მეზარებოდა. ახლაც რომ არ ჩამეძინოს, იმიტომ ვწერ... აბუ კი მეტყვის, თუ გვიყვები, მადლს მარილი მოაყარე და თბილისის აეროპორტიდან დაიწყე მოყოლაო, მაგრამ მეზარება. იმ მომენტიდან დავიწყებ, ტრაპიდან რომ ჩამოვდგი ფეხი და მივხვდი, რომ ბიოლოგიურ სამშობლოში დავბრუნდი! დანგრეული და ტენტახდილი „ლენდ-როვერი“ აეროპორტიდან ბანაკისკენ მიქრის. სამასი კილომეტრია გასავლელი. საშინელი გზაა, უკან მტვრის და ქვიშის კვამლს ვტოვებთ. ფეხზე ვდგები, საქარე მინას ვეჭიდები და სახეში ორმოცგრადუსიანი ჰაერი მირტყამს, სული მიგუბდება და ნეტარებას ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, აქ ვარ! აფრიკაში ვარ!!! სახლში ვარ!!! ყველაზე მეტად ახლა ვიგრძენი, თურმე როგორი ნოსტალგია მქონია. თვალუწვდენელი სავანა... ყველაფერს ალმური ასდის, ცხელი ჰაერი მირაჟებს ქმნის, გადაშლილ სივრცეზე ასობით ანტილოპაა მეჩხერ აკაციებს შორის... ჟირაფები აკაციების ზემოდან იყურებიან... ჯოგებად მოსიარულე ბაბუინები და ხალებიანი აფთრების კლანები..... ზებრების რემა და სპილო, ბევრი სპილო... შიგადაშიგ, გადაშლილ ველზე სისხლივით წითელი წერტილები ჩანს, ეს თავიანთ ბროწეულის ყვავილისფერ წამოსასხამებში გახვეული მასაები არიან, რომლებიც ძროხებს აძოვებენ ველურ ცხოველებს შორის... თავბრუ მეხვევა. გზად მასაების სოფელი უნდა გავიაროთ, გაჩერებას ვითხოვ.

0x01 graphic

ტანზანია, ზურა გურიელიძე, ნათია კოპალიანი, ირაკლი მაჭარაშვილი, იმანუილ ნჯოროგე, ირაკლი შავგულიძე

0x01 graphic

ტანზანია, სერენგეტი

0x01 graphic

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ადო ელეფანტი

0x01 graphic

კენია, ლაიკიპია

აბუ, ირა, ხომ იცით, კონტინენტი არ დამიტოვებია და უნდა ვაღიარო: არსად არ მინახავს ისეთი ლამაზი, ამაყი და რაინდი ხალხი, როგორიც მასაებია. ადამიანები, რომლებიც დღემდე მხოლოდ შუბით შეიარაღებულნი უპირისპირდებიან ლომების მთელს პრაიდს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მასაები ის ხალხია, რომელიც არასდროს ტყუის! მამაკაცებს სულ სხვა რაინდული მიხვრა-მოხვრა აქვთ, თან რამსიმაღლეები არიან. ანთელავა, შენც კი, რომ დაგაყენო მაგათ გვერდზე, ქონდრისკაცად გამოჩნდები, რო იცოდე! თან ქალებს რა გამოხედვა აქვთ! ჩახედავ ამ ქალებს თვალებში და მიხვდები, რომ ვნება და ცეცხლი აქ არის, ამ კონტინენტზე და ყველა სხვა ქვეყანა მონაგონია, იმიტაციაა მხოლოდ. აქ ყველაფერს სულ სხვა იერი აქვს, აქ ყველაფერი განსაკუთრებულად სიცოცხლისუნარიანია - ცხოველიც და ადამიანიც. აქაურობა გადაყვითლებულია და ხრიოკი, ჩვენთან კი შავ მიწას სულ სხვა იერი აქვს. აღმოსავლეთ აფრიკა ლათინური ამერიკის ან ინდო-ჩინეთის ვერც ერთ ნაწილს, ან თუნდაც ლაგოდეხის მთებს ვერ შეედრება ფერების სიჭრელით. მაგრამ აღმოსავლეთ აფრიკაში არის რაღაც ენით გამოუთქმელი, რომელიც არსად, არსად არ არსებობს! ამას მხოლოდ ზურგის ტვინით გრძნობ და ვერაფერი აქაურობას ვერ შეედრება! სიცოცხლის ძარღვი აქ განსაკუთრებით მსხვილია და სისხლის ყველანაირ წნევას უძლებს, ეს ადამიანის თუ ცხოველის ყოველ ნაბიჯში იგრძნობა. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ნამარხი ადამიანი აფრიკაშია აღმოჩენილი. ადამიანი აქ უნდა გაჩენილიყო პირველად! სხვანაირად შეუძლებელია! ყველა დამეთანხმება, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ მხარეში და ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ვნების, სილამაზის, ზიზღის, სიყვარულის და ავხორცობის ზეიმი... ვიცი ახლა, ანთელავა, შენ ახლა აბუს გადახედავ და ეტყვი, მგონი ჩვენმა ძმაკაცმა სულ დაუსტვინაო, ეტყობა სიცხემ დაკრა და დედამისს ნუ გავუმხელთო... წინასწარ გეუბნები, შენ თავს დასცინე, თუ კაია. შენ მაინც ფილოლოგი ხარ, აბუ, ირაკლი თუ მაგას გეტყვის, მხარი დამიჭირე და გააგებინე, რას ვგრძნობთ მე და შენ, ცხოველს რომ ვუყურებთ... იცი, რა გაახსენე? პირველად რომ ბორხესი წაიკითხა და გააფრინა, აი ის. იქნებ მიხვდეს, რა გრძნობაზე მაქვს საუბარი!

0x01 graphic

ლევან ბუთხუზი ტანზანიაში, ნგორონგოროს კრატერი

ვაჰ, წერაში გავერთე და შევხტი, რადგან უცებ რაციამ ლაპარაკი დაიწყო. ეს აარონი მელაპარაკება - „კარგი, გვეყოფა ჩანაწერების კეთება, წამო, ხაფანგები შევამოწმოთო (რა იცის, რომ ჩანაწერებს აღარ ვაკეთებ და თქვენ გწერთ). ამბობს, თუ ბედმა გაგიღიმა და ერთი ზოლებიანი აფთარი მაინც იქნება გაბმულიო, განახებ როგორ უნდა დააძინო, აიღო მასალა და კისერზე გადამცემი შეაბაო. შენვე გაგაკეთებინებ ამასო, - მეუბნება. კაი, ბიჭებო, წავედი ახლა, მერე მოგწერთ.

* * *

უკვე საღამოა, გამიტკბა წერილის წერა. მთავარია დაიწყო და მერე ვერ მოეშვები (მზესუმზირის და ქალის პონტია, ხო გაგიგიათ). ცეცხლთან ვსხედვართ, კარვის წინ. სადღაც აქვე ლომის ბრდღვინვა ისმის. მოკლედ, მგონი სამოთხეში ვარ... ჰო, სამოთხისგან განსხვავებულ საშიშროებებს თუ არ ჩავთვლით. ვეწევით. საშინელი სიგარეტებია აქ. „დაჟე“ გოშაძეც კი დაიხრჩობოდა. Sportsman ქვია და ათლეტი ახატია. უხდება ეს ორი ფენომენი ერთმანეთს, ვერაფერს იტყვი. მიდგომა წმინდა აფრიკულია! ჰოდა, ვსხედვართ მე, აარონი, ის ვიღაც გამოსირებული ამერიკელი, კუს ტკიპებს რომ სწავლობს (ვერაფრით რომ ვერ გავაგებინე, საქართველო სადაა) და ჩვენი ადგილობრივი დამხმარე ჯასტინი, Mr. White-ად რომ გამეცნო. თვითონ აირჩია ეს სახელი, სამბურუს ტომიდანაა და ისეთი შავია რომ პერლამუტრის ლურჯი გადაკრავს. სიცილით იჭაჭება ხოლმე, ვინმეს რომ ეცნობა, „hello, I am Justin White“; პოლიტკორექტული ამერიკელები კი იძაბებიან, არ იციან, რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ, კუკუნახი შავი White-ად რომ აცნობს თავს. მოკლედ, ჯასტინას საკაიფო იუმორი აქვს, აბუ, მაგრა დაუძმაკაცდებოდი, აქ რომ იყო. შენნაირი მასტია. ჰო, აარონ ვაგნერი კი ჩემნაირი დისერტანტია. განსხვავება ისაა, რომ ამერიკელია და გაცილებით მარტივად შეუძლია ჩამოვიდეს აქ, კენიაში, და ორი წელი იმუშაოს აფთრებზე, დისერტაცია დაწეროს ამ ყოვლად წარმოუდგენელი ცხოველების ქცევასა და ფიზიოლოგიაზე და ყველაფერ ამას მისი მონტანის უნივერსიტეტი გადაიხდის. მე კი ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, რისი გადატანა დაგვჭირდა მე, გოშაძეს და შავგულიძეს კენიაში პირველად ჩამოსასვლელად. მაშინ თქვენ გაკრეფილები იყავით და არც კი იცით, რა ტანჯვა გადავიტანეთ. ანთელავა, შენ ტრადიციულად, ალბათ, აწყურში ბრძანდებოდი გათხრებზე. აბუთიძე, შენ კიდე მგონი შვეიცარიაში ეგდე იმ შენ ნაშოჩკებთან. ხო, მახსოვს თქვენი ფრაზები.

0x01 graphic

კენია, მასაი მარა

ირაკლის ფრაზა ტელეფონში: - „ლევან, მაგარი საინტერესო ნუსხური წარწერები ვნახეთ, მაგრამ მგლის კურკლი თუ არ გდია სადმე აქვე, სხვა რამე გკიდია, არა?“ - მაშინვე წარმოვიდგინე, როგორი აკადემიური და ოდნავ დამცინავი სახე გექნებოდა ყურმილმიდებულს; აბუს ჩვეული ჩახლეჩილი სიცილი - „აუუ ლევან, რა ნაშაა იციიიიი, ნაომი ქემბელს დაგავიწყებს“, - წარმომიდგენია აბუს მწვანე თვალების კვესა „შნურის“ მეორე მხარეს!

ჰოდა, ჩემებო, სანამ ერთი თქვენგანი „ვარქუ მუნ მარქუ“-ს კითხვით და მეორე ენის მტვრევით ფსევდო-ნაომის შებმით იყავით გართული („დიდ იუ ნოუ ზეთ ჯორჯიანს ჰევ ლარჯესთ დიქს?“), მე, გოშაძეს და შავგულიძეს კენიაში პირველ ჩამოსვლაზე ალან პარკერის „პოლუნოჩნი ექსპრესში“ გვეგონა თავი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაგვიშავებია.

„თქვენი სამსახური?“ - მეკითხება კენიელი მებაჟე.

„სახეობათა კონსერვაციის ცენტრი, შემოკლებით NACRES“ - ვპასუხობ მე და ვაგრძელებ, - „ეს ქართული ორგანიზაციაა, ველურ ცხოველებს ვსწავლობთ და მათ შენარჩუნებაზე ვზრუნავთ, დეტალები შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე ნახოთ, დაბლიუ დაბლიუ დაბლიუ დოტ ნაკრეს დოტ ორგ, თან „ნაკრეს“ C-თი იწერება, K-თი არა,“ - უკბილოდ ვეხუმრები, რადგან არაფრის „მნახავი“ არაა. ცოტა მანერვიულებს მისი არაფრისმთქმელი თვალები და დაძაბულობა, რომელიც ჩემთვის გაუგებარი გაჭიანურებული საბაჟო პროცედურებითაა გამოწვეული. „ჩვენ ცხოველთა ქცევას და მათ ეკოლოგიას ვსწავლობთ. ზოლებიან აფთრებზე ჩამოვედით სამუშაოდ კენიაში,“ - ვაგრძელებ ახსნას, რომ ზედმეტი კითხვები თავიდან ავიცილო, - ამ სახეობის ცხოველი სულ რამდენიმეღა დარჩა საქართველოში, ამის შესახებ ბევრმა ქართველმაც კი არ იცის და იმდენად იშვიათია, რომ დაცვას საჭიროებს, მაგრამ სანამ დავიცავთ, ხომ უნდა ვიცოდე, ვისთან მაქვს საქმე? სწორედ ამიტომ ჩამოვედი კენიაში, სადაც ეს ცხოველი მრავლად გყავთ, ჯერ უნდა შევისწავლო მისი ქცევის რამდენიმე ასპექტი და მერე ჩემს მთავრობას უნდა შევთავაზო ამ, ჯერაც გამოუკვლეველი, ცხოველის საქართველოში დაცვისა და აღდგენის გზები“, - ვატყობ, რომ უკვე გავილექსე, და ნერვებს ვუშლი, თუმცა არ ვეშვები და განვაგრძობ, - „აქ რომ მოვრჩებით საქმეს, იორდანიაში მივდივართ იმავე საკითხების შესასწავლად და თქვენთან აღებული მონაცემების შესადარებლად, ამ პროექტს ამერიკული მაკარტურების ფონდი და გაერო აფინანსებენ, გაგიგიათ მაკარტურების ფონდი? (გაეროზე კითხვის დასმა ვეღარ შევკადრე). ჩვენი პრეზიდენტი შევარდნაძე პირადად არის დაინტერესებული ამ პროექტის წარმატებით განხორციელებით“ (მეტი არაა შენი მტერი! - კბილებში ცრის შავგულიძე).

0x01 graphic

ტანზანია, ტარანგირი

„თქვენი პასპორტი სულ აჭრელებულია ვიზებით, საერთოდ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?“ - ბანზე მიგდებს მებაჟე სიტყვას.

„არ დამითვლია, დაახლოებით ოცდაათში“, - ვპასუხობ და მახსენდება მოგზაურის პირველი წესი: არასოდეს ეხუმრო მებაჟეს, იყავი ყოველთვის ზრდილობიანი და გულახდილი!

„მერე, მისტერ ბუ-კა-კუ-ზი (დამარცვლით დაამახინჯა ძლივს წაკითხული ჩემი გვარი), ამდენი ქვეყანა რომ მოგივლიათ, არ იცით თქვენ და თქვენმა ამხანაგებმა, რომ ჩამოსვლამდე ვიზა უნდა აიღოთ საელჩოში?“

„მე თქვენმა გარემოს დაცვის სამინისტრომ მომიწვია, მის მოწვევაში წერია, რომ კენიაში შემოსვლისათვის წინასწარ ვიზის აღება არ არის საჭირო, აეროპორტში უნდა ამეღო“.

„ეგ გუშინწინდლამდე ეგრე იყო, ახლა, ანტიტერორისტული რეგულაციების მიხედვით, რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეებს წინასწარ გჭირდებათ ვიზის აღება. ვწუხვარ, სულ რამდენიმე ქვეყანაა ასეთი, მათ შორის, საქართველოც“.

სისხლი გამეყინა: „რაღაც გაუგებრობაა,“ - ძლივს გადავყლაპე ნერწყვი, - „დანარჩენი სახელმწიფოები რომლებია?“

„ირანი, ერაყი, სუდანი, ავღანეთი და თქვენ“, - თვალი თვალში გამიყარა.

„შეუძლებელია! ჩვენ ანტიტერორისტულ ქვეყნებში ვართ, თქვენ არაფერი იცით ჩვენი ქვეყნის შესახებ და აქ რაღაცებს იგონებთ“, - ავყვირდი და უცებ დამავიწყდა მოგზაურის პირველი წესი.

„შავგულიძე, მგონი გვღუპავს ეს შობელძაღლი“, - მესმის გოშაძე როგორ უჩურჩულებს შავგულიძეს ყურში - „უთხარი, ხმას ნუ უწევს!“ (თითქოს თვითონ ვერ მეტყოდა!)

„მე არ ვიცი არაფერი?!“ - ჩაიცინა მებაჟემ სარკასტულად, - „შეიძლება აქამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ თქვენთან არაა, წარამარა მთებში რომ მიაქანებენ ტერორისტები ხალხს? შევარდნაძე კი ვერაფერს აკეთებს, არა? ჰოდა, (სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და პასპორტს ჩახედა), მისტერ ბუ-კა-კუ-ზი (სათვალის ზემოდან გადმომხედა), ახლა მიბრძანდით თქვენს ქვეყანაში, აიღეთ ვიზა და მერე „ველქომ“...

სისხლი კინაღამ ჩაგვექცა - გამახსენდა დასავლური ფილმების იმ ბედნიერი მოქალაქეების ომახიანი შეძახილები, რომელთაც ან მეექვსე ფლოტი უმაგრებს ზურგს ან „მისი უდიდებულესობის რევანშის ესკადრილია“ და თავგანწირული ავღრიალდი „კონსულს ვითხოვ!!! ჩემი უფლებები დაირღვა!!! მე თქვენ ჰააგაში გიჩივლებთ!“ და ბევრი მსგავსი სისულელე... საქმეში ხარ?! დაგვსვეს იმავე თვითმფრინავზე და ნაცრისფერ, უსინათლო სამშობლოში გამოგვაბუნძულეს, სადაც არც კენიის საელჩოა, არც მეექვსე ფლოტი და არც მისი უდიდებულესობის რევანშის ესკადრილია. სამაგიეროდ, გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც, - ნტუ, ნტუ, ნტუო, - მითხრეს ტუჩების წკლაპუნით და ჩემი საჩივარი დაივიწყეს, - დიდი ამბავი, თუ ჩვენს მოქალაქეებს სადმე არ უშვებენ და დიდი ამბავი თუ საქართველოს კენიაც კი ჩამორჩენილ ქვეყნად აღიქვამსო.

ასე მარტივად არ დავნებდები-მეთქი, კენიის სავანა და აფთრები მელანდებოდა და რა გამაჩერებდა?! და დავიწყეთ ბრძოლა. ბოლოს, ისევ დალოცვილი ბრიტანეთის საელჩო დამეხმარა კენიის ვიზების აღებაში და მეორე წრეზე წავედით...

უი, დამავიწყდა მომეყოლა ის ამბავი, შუადღისას რომ გადაგვხვდა, ანუ ხაფანგებს რომ ვეწვიეთ.

„აჰა, გაბმულია!, ახლა მივალთ, დავაძინებთ და საყელურს შევაბამთ!“ - მესმის აარონის მხიარული ხმა. გულს ბაგაბუგი გაუდის. ჩემი ხელით უნდა შევეხო მთელს აფრიკას! ხაფანგში მოზრდილი მამრი ზოლებიანი აფთარი გაბმულიყო. არასდროს ასეთი საოცარი ცხოველი არ მინახავს. იწვა და გველოდა.

„კი ბატონო“, - მითხრა ერთხელ ერთმა პატივცემულმა გვამმა თბილისში იშვიათი სახეობების გადარჩენისადმი მიძღვნილ სემინარზე - „საკმარისი არგუმენტაცია მოვისმინე, რომ ველური სახეობები დასაცავია, მაგრამ აფთარი მაინც საზიზღარი ცხოველია. ძნელია მომთხოვო, აფთარს, მძორიჭამია სვავს, ორბს, ღამურას, ვირთაგვას და გველს სხვა თვალით შევხედო“.

თუ თქვენ ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით, არამარტო შეგონებები, არამედ ვერავინ ვერაფერს იზამს და აზრს ვერ შეგაცვლევინებთ. როცა ადამიანს სძაგს, იქ ღმერთიც კი უძლურია. სიძულვილის მიზეზები კი ბავშვობაში ისახება იმ ატმოსფეროს გავლენით, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით. უბრალოდ, თუ ადამიანი ერთი წუთით მაინც შეეცდება საკუთარი გრძნობების ცხოველებზე გადატანისაგან თავის შეკავებას და გაიაზრებს, რომ ყოველივე ცოცხალს ბუნებაში მკაცრად მიჩენილი ადგილი აქვს და ყოველი ცოცხალი არამარტო იმსახურებს სიცოცხლეს, არამედ ვალდებულია კიდეც, რომ იცხოვროს, თუნდაც ჩვენივე კეთილდღეობისათვის. ამას თუ მიხვდებით, მაშინ მძორიჭამია „საზიზღარი“ ფრინველი, ღამურა და გველი ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის დამცავ ბუნების საოცრებებად დაილექება, აფთარი კი ჩვენთვის მარტო ბუნების სანიტარი კი არ იქნება, არამედ დედამიწის და, რა თქმა უნდა, საქართველოს ველების მშვენება...

აფთრის დაძინების პროცედურა საკმარისად საინტერესო აღმოჩნდა. აარონის პნევმატური თოფით დასაძინებელი წამალი ვესროლეთ ბარძაყში. რამდენიმე წუთში ცხოველმა ჩაიძინა. შევუკარით კიდურები და პირი; ავწონეთ, გავზომეთ, დავათვალიერეთ ყველა მხრიდან, სისხლი ავუღეთ გენეტიკური ანალიზისათვის და ბოლოს ყველაზე მთავარი - რადიოსაყელური შევაბით. აბუ, აქ არ განვევრცობი და შენ აუხსენი ფილოლოგ ანთელავას, რომ რადიოსაყელურის საშუალებით ნებისმიერ მომენტში შეუძლია მკვლევარსცხოველის ადგილსამყოფელის განსაზღვრა. თუ ამას ხშირად აკეთებ და ადგილმდებარეობის წერტილები რუკაზე დაგაქვს, მაშინ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ფოტოსურათის გამჟღავნებისას, შენს თვალწინ იხატება, სად მოძრაობს, როდის და სად სძინავს, სად ნადირობს და, რაც მთვარია, ყოველ წუთას შეგიძლია უჩუმრად მიუახლოვდე და მისი ქცევის მთელი რეპერტუარი ნახო. მოკლედ, აბუ, ანთელავას დეტალებში გარკვევა შენთვის მომინდვია.

აფთარს არტახები შევხსენით, ბოლო სურათები გადავუღეთ და მანქანაში ჩავსხედით, რომ მისგან შესაძლო თავდასხმა თავიდან აგვეცილებინა. №39 (ასე დაარქვა აარონმა, რადგან 38 უკვე საყელურშებმული ჰყავდა) ოც წუთში მოვიდა აზრზე; ბარბაცით წამოდგა, ბეწვი შეიბერტყა და ნელ-ნელა ძუნძულით მიეფარა თვალს.

გულით მეცოდება ის, ვისაც ცხოველთან სიახლოვე არ უგრძვნია, ვისაც თუნდაც თაგვი არ ჰყოლია სახლში...

მოკლედ, ბიჭებო, ახლა უნდა შევწყვიტო, მომბეზრდა წერა. კიდევ როდის დავუბრუნდები ამ ქაღალდებს, არ ვიცი, მაგრამ ერთად გამოვაგზავნი სხვა ჩანაწერებსაც. ჰო, მალე სამხრეთ აფრიკაში მივდივარ კონფერენციაზე. იქ ზურაც უნდა ჩამოვიდეს (ანუ გურიელიძე, ანთელავას გასაგონად ვამბობ, რადგან არ იცნობს). ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა ეგ ოხერი. მაგრა ველოდები. მე ნაირობიდან გადავფრინდები (თუ ჩავაღწიე, რა თქმა უნდა! აქაური თვითმფრინავები არ გინახავთ!!!) და ის - თბილისიდან. შეხვედრის ადგილი: კეიპტაუნი!

* * *

ჰო, უკვე აქ ვარ. გაგიკვირდებათ და მშვიდობიანად ვიფრინეთ. მხოლოდ ორჯერ ჩაგვაცვეს ეს საშინელი ყვითელი Life Jacket-ები. ისე, მაგრა კი გვარყევდა... მე უფრო ადრე ჩავედი და გურიელიძე ორ დღეში ჩამოფრინდა. ძალიან განაწამები სახე კი ჰქონდა, მაგრამ მთავარია, ჩამოვიდა! მოკლედ, ეს მიგრირებადი სახეობების კონფერენცია ისე მინდოდა ახლა, როგორც ტრაკზე ძირმაგარა, მაგრამ რა მექნა, მოხსენება უნდა გამეკეთებინა, რომელიც არანაირად არ მაინტერესებდა და, რაც მთავარია, ახალი დონორები უნდა „შემება“ დამატებითი დაფინანსების მოსაცემად. ხომ იცით, ეს არის ჩემი სამუშაოს ყველაზე იდიოტური მხარე! იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციას მივახლაფორთებ როგორმე და მერე მე და გურიელიძე სამხრეთ აფრიკაში გავიშლიგინებთ ცხოველებისკენ.

აბუ და ირაკლი, უნდა გითხრათ, რომ კონფერენცია დიდი საინტერესოობით არ გამოირჩეოდა. მთავარი ის იყო, რომ, როგორც ყოველთვის, გავიმარჯვე და ფულები დავადებინე დონორებს (ვიცი, ახლა აბუ გადახედავს ირაკლის და ეტყვის - „ონ ოტ სკრომნოსტი ნე უმრიოტ!“). კონფერენციების დასკვნითი ნაწილები მიყვარს მე! კაი სუფრა და კაი ჭამა-სმა! დასკვნითი მიღება (ჩვენებურად, ხეთქვა) ჰოლანდიის ელჩმა ითავა თავის ვილაში. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის მეც და გურიელიძეც საკუბოვედ გამოვეწყვეთ და ჰოლში ჩავედით. ისე, სიმართლე თუ გინდათ, დაგვიანება ქართული წესი სულაც არ არის. გერმანელების და შვეიცარიელების გარდა, კაციშვილი არ მიდის არსად დათქმულ დროს. გამონაკლისია საკვებთან დაკავშირებული შეხვედრები. კონფერენციის ორასივე მონაწილე შვეიცარიული საათის სიზუსტით იდგა ჰოლში და ელოდა ავტობუსს თავისი წილი ვახშმის მისაღებად. კონფერენციის ორგანიზატორებმა ოცოცად დაგვყვეს და ეს ორასი კაცი ათი ავტობუსით ნახირივით წაგვასხეს ჰოლანდიის ელჩთან კეიპტაუნის გარეუბანში.

სამხრეთ აფრიკაში ჰოლანდიის საელჩო მთელი ჰოლანდიისხელა შენობა აღმოჩნდა. წარმოუდგენელი სილამაზის უზარმაზარი ვილა ასევე უზარმაზარი პარკით, თავისი შადრევნებით, ფარშევანგებითა და დისტრაკებით. ყველანი დავეწყვეთ ჭკვიანი მაიმუნებივით და თითო-თითო შევედით საელჩოში. კარებში ელჩი და მისი ცოლი იდგნენ და ყველას ხელს ართმევდნენ. ჩვენ სათითაოდ ხელი უნდა ჩამოგვერთმია და გვეთქვა, საიდან ვართ და დაგვეყოლებინა, რომ დიდად მადლობელნი ვართ მოპატიჟებისათვის და რომ ჰოლანდიისდარი სახელმწიფო ჯერ არ გვინახავს და ათასი მსგავსი „ნესუსვეტნი ჩუში“. ელჩმა ხელი ჩამოგვართვა და წაგვასხა პარკში „ალაფურშეტისაკენ“. ეტყობა, ყველა ძალიან დაიღალა, რადგან ორ ჭიქაში ისეთები გავხდით, პატრონს ვეღარ ვცნობდით. ოფიციანტებს სასმელი ლანგრებით დაჰქონდათ აქეთ-იქით და ნერწყვი მოსდიოდათ. მე და ზურა აღვშფოთდით და, ქართული ძირძველი ტრადიციის თანახმად, ერთ-ერთ ოფიციანტს მოვთხოვეთ, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ურღვევი მეგობრობის სადღეგრძელო შეესვა. აჰ, ეგ როგორ შეიძლება, ხომ გამაგდეს სამსახურიდანო, - შეიცხადა. რას მიქვია გაგაგდეს-მეთქი, ვერ ხედავ, ელჩი ჩვენს მზეს ფიცულობს-თქო! ზურამაც მომაშველა სიტყვა: „დრინქ იუზგარ, დრინქ-ო“. ბოლოს ერთი ბაობაბის უკან გავათრიეთ და „ქართულ ამბავში“ ძალით დავალევინეთ. განსხვავებული ვერ ვიპოვეთ და ამიტომ დიდი ფოთოლი დავახვიეთ „სემიჩკის კულიოკივით“. ზურამ წვერი პირში გაურჭო, მე კი უხვად მოვუშვი ბოთლიდან ფართო ნაწილში. „ზის ის ქოლდ დიფერენტ სასმის ინ ჯორჯია“, - ჯახირით უხსნიდა ზურა და თან ლოყაზე მეორე ხელს უტყაპუნებდა. უნდა ითქვას, რომ სმის დროს ოფიციანტის პერიოდული გაძალიანებებისას ზურას ნაზი გატყაპუნებები სილის გაწვნებს ემსგავსებოდა. ჯინაზე სიტყვა „სასმისი“ ვერ გაიხსენა ინგლისურად, ისევე, როგორც მე მანამდე მოკლე სადღეგრძელოში „ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა“ ვერ ვთარგმნე. ძლივს მივაგენით ავტობუსებს... მერე აღარ მახსოვს...

სიმართლე გითხრათ, დილით როგორ მოვხვდით კეთილი იმედის კონცხისკენ მიმავალ ავტობუსში, ისიც კი არ მახსოვს. მთავარია, რომ მოვხვდით. აბუ, შენ გავალებ - ანთელავა მაინცდამაინც მიკლუხო-მაკლაი არ არის და აუხსენი: კეთილი იმედის კონცხი ღირსშესანიშნავია იმით, რომ წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ყველაზე უკიდურეს სამხრეთ წერტილს, რომლის ერთ მხარეს არის ატლანტის ოკეანე, მეორე მხარეს - ინდოეთის და პირდაპირ კი ანტარქტიდაა.

კეთილი იმედის კონცხისაკენ მიმავალ გზაზე სირაქლემების ფერმას ჩავუარეთ. საოცარი სანახავია ეს უზარმაზარი ბრიყვი ფრინველები. დგანან პირდაფჩენილები 40 გრადუს სიცხეში და სივრცეში იყურებიან გაუთავებლად. ისე, როგორც იცით, არანაირ ეგზოტიკურ საკვებს მე ხელიდან არ ვუშვებ (თუ, რასაკვირველია, ფერმაში არიან გამრავლებულნი და არა ბუნებაში მოკლულნი) და, ცხადია, მათი ხორციც ვჭამე. რომ ვთქვა, გადავირიე-მეთქი, ტყუილი იქნება, გველი ჯობია (ანთელავა, ნუ იფურთხები! აბუ, ნერწყვი მოგადგა, არა?). როგორც იქნა, კონცხსაც მივაღწიეთ. ძალიან ეფექტური ადგილია. რა თქმა უნდა, გავიხადეთ და ერთდროულად ორივე ოკეანეში ჩავყავით ფეხები, რომელთა შუაც (არ დავაკონკრეტებ, რა ადგილის გასწვრივ) დედამიწის უკიდურესი ქვა გვედო, ხოლო სახეში კი ანტარქტიდის ქარი გვირტყამდა.

პატარა რესტორანში შევედით. დალოცვილი „ნაბეღლავი“ მენატრებოდა ძალუმად, მარა სად იყო. გარეთ ბაბუინები დაქროდნენ გიჟებივით. აქაც ტრადიციული წარწერა დაგვხვდა: „Baboons are fatally dangerous - do not approach and do not feed them! In case of emergency call rangers!“ საქმე ისაა, რომ ადამიანები გაუფრთხილებლობას იჩენდნენ და აჭმევდნენ ამ მაიმუნებს. ცოტა ხანში მაიმუნები მიეჩვივნენ და, როგორც ყველა ჭკვიან ცხოველს, თავში ერთი აზრი მოუვიდათ, რომელიც, ალბათ, ასე ჟღერს ჩვენს ენაზე: „რატომ უნდა ვუცადოთ სანამ ეს ორფეხა ნათესავები რამეს გადმოგვიგდებენ, როცა ჩვენვე შეგვიძლია წავართვათ?“ და მაშინ დაიწყეს ადამიანებზე თავდასხმა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ბაბუინის ეშვები სიგრძით და სისქით ლომისას არ ჩამოუვარდება. ჩვენს მისვლამდე ერთი კვირით ადრე სამ მძლავრ მამრ ბაბუინს თითქმის სასიკვდილოდ მოუქცევიათ წინდაუხედავი გერმანელი ტურისტი ქალი. ამის გამო ეს სამივე მამრი მაიმუნი დაუჭერიათ და შორს, სხვა ნაციონალურ პარკში, გადაუყვანიათ. საოცარი ის არის, რომ თითქმის მთელი ხროვა (ძირითადად, ამ მამრებზე უგონოდ შეყვარებული მდედრები) საკუთარი ნებით გაყვნენ წინამძღოლებს გადასახლებაში, დეკაბრისტების ცოლებივით. რესტორანთან რამდენიმე ახალგაზრდა ბაბუინი იყო დარჩენილი, ერთი სუვენირების მაღაზიის თავზე იჯდა და პურს იღმურძლებოდა.

რესტორანში „სტარტერად“ გეახელით არა-202 ცხელი შოკოლადი ჟანში ჩაწყობილი ზღვის მოლუსკები ამოლესილი რვაფეხებით, რომელსაც მოსხმული ჰქონდა მიქსერით ათქვეფილი რაღაც საოცრად არომატული ვარდისფერი მატლების მუსი. ძირითად კერძად ფერმაში გამრავლებული ზებრის კუდის სუპს გავუგეთ გემო და დესერტს ველოდებოდით - შეფი მზარეულის უკიდეგანო გზნებით მომზადებული, შაქრიან არაჟანში არეული ლოკოკინები უნდა გვესანსლა. სწორედ ამ დროს გარეთ ყვირილი და ერთი ვაი-უშველებელი ატყდა. გვერდზე მაგიდასთან ვიღაცამ შეშლილივით იწივლა და გაიქცა. ჩვენც, ისევე როგორც მთელი რესტორანი, წამოვცვივდით და ოკეანის სანაპიროსკენ გავქანდით (ყველა იქით მირბოდა). ახლოს რომ მივედით, ორი ვეშაპის ზურგი დავლანდეთ. დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში ნაპირიდან (ბიჭებო, დედას გეფიცებით, არ ვაჭარბებ!) ორი ვეშაპის ზურგი ჩნდებოდა პერიოდულად. მართლა წყალქვეშა ნავებს ჰგავდნენ, თან სულ ახლოს იყვნენ. მერე დაყვინთეს და თვალს მიეფარნენ. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდით, რომ მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო!!! აი, ეს იყო სანახაობა, ძმებო!!! შაბიამნისფერ ზღვაში ჯერ ნელ-ნელა ამოიწია რაღაცამ პატარა ქვასავით, შემდეგ ეს ქვა გაიზარდა, გაიზარდა და... არ ვიცი, რას შევადარო, ფილმი „ტიტანიკი“ ხომ გაქვთ ნანახი? აი, ის მომენტი, შუაში გახლეჩილი გემი რომ ვერტიკალურად დგება წყალში და ნელა ჩაძირვას იწყებს. ხომ გახსოვთ, რა სანახაობაა? ჰოდა, წარმოიდგინეთ იგივე, ოღონდ უკუღმა: უზარმაზარი გემი კი არ ჩადიოდეს, არამედ ნელა რომ ამოდიოდეს წყლიდან. წარმოიდგინეთ? - კარგია, რადგან ეს იყო სამხრეთული ვეშაპი, მესამე ვეშაპი სიდიდით მთელ დედამიწაზე! მე ასეთი რამ არც ტელევიზორში მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი ვერასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ფანტაზიის ნაკლებობას არ ვუჩივი. შემდეგ ვეშაპმა იწყო ნაპირისაკენ ცურვა და უნებლიეთ შემზარა მისმა სიდიდემ. ამ კოლოსის გვერდზე სპილოც ჯუჯად მოგეჩვენება. მახსოვს, ანთელავას რომ დავენაძლევე, აბა, თუ მეტყვი, ჩვენი პლანეტის ისტორიაში ყველაზე დიდი ცხოველი რომელია-მეთქი; ალბათ რომელიმე დინოზავრიო, - დაუშვა არაზოოლოგისათვის დამახასიათებელი ტრადიციული შეცდომა. არა, ვეშაპი-მეთქი, რომ ვუთხარი, დამენაძლევა და, რა თქმა უნდა, წააგო. მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ ვერც მე გამესიგრძეგანებინა მათი სიდიდე, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავდი. რა დინოზავრი, რის დინოზავრი?! გული დამწყდა, რომ ფირი უკვე აღარ მქონდა, მაგრამ სადღაც კარგიც იყო - მთელი ორმოცი წუთი გაშტერებული ვუყურებდი, ჩემი საკუთარი თვალით, და არა ობიექტივით, როგორ ამოვარდებოდნენ ოკეანიდან და მთელი ტანით წყალზე ენარცხებოდნენ. ასეთი გრაციოზულობა არაბულ ცხენსაც კი არა აქვს! ეს, ალბათ, ყველაზე უფრო ეფექტური სანახაობა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში!

ჭეშმარიტად, სამყარო არამარტო უფრო საკვირველია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, არამედ უფრო საკვირველია, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა შეგვიძლია!

მართალია, აფთრები მელოდნენ კენიაში, მაგრამ აარონს წერილი მივწერე, ჩემი მეგობრები ტანზანიაში ჩადიან, ამიტომ სამხრეთ აფრიკიდან მეც ტანზანიაში შევივლი, შვებულებას გავიგრძელებ და კენიაში ჩამოსვლა ცოტა დამაგვიანდება-მეთქი. ვიცოდი, ისე აჩხავლდებოდა, როგორც ასი ათასი ყვავი, მაგრამ ფეხებზე მეკიდა, ტანზანიაში ნათია, მაჭარაშვილი და შავგულიძე ჩამოდიოდნენ! (აბუ, ირაკლის უთხარი, რომ ზურას ცოლზე და ჩემს სხვა მეგობრებზე მაქვს საუბარი, სამწუხაროდ, არცერთს არ იცნობს, მაგრამ ოდესმე ხომ გავაცნობ, თუნდაც დიიიიდი ხნის მერე და აი, მაშინ მოვულხენთ ყველა!!!).

უკვე მასპინძელს ვთამაშობდი. დავიწყეთ უკიდურესი დასავლეთიდან და დავუყევით კენიის საზღვრის გასწვრივ. ფართოდ ხელგაშლილი გიდობას ვეწეოდი. გიჟებივით დავქროდით კაცობრიობის სამშობლოში. აგერ კილიმანჯარო, აგერ სერენგეტის ნაკრძალი, სავანაში გზად კამეჩების ჯოგები, ჟირაფები, სპილოები, თვალწინ გადაშლილი ლომების ნადირობები, ანტილოპები და გნუს ჯოგების, ამ უაღრესად საოცარი ცხოველის, მიგრაცია... მილიონობით, მართლა მილიონობით გნუ! ვეშაპების გადაცურვის ტოლფასი სანახაობა! დაბოლოს, ზანზიბარი - ინდოეთის ოკეანის კუნძული, სადაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, ღმერთმა შექმნა ადამიანი! ენით აუწერელი საყვინთაო ადგილები თავისი უჭრელესი თევზებით, ზვიგენებით და მარჯნის რიფებით! პირველცოდვას აქ უნდა ჰქონოდა ადგილი, ვერ გადამარწმუნებთ, რომ ასე არ იყო...

დარ-ეს-სალამის აეროპორტში ემოციები მოგვეძალა. ყველანი ვტიროდით. აბუ, მაჭარაშვილი კი ჩვეული სიჯიუტით გეტყვის, მე არ ვტიროდიო, მაგრამ უნდა ჩავუშვა, მაგასაც ცრემლი ჰქონდა თვალზე. ამდენ ემოციას სხვანაირად ვერ გაუძლებ!

მე ვბრუნდებოდი სახლში, სადღაც ლაიკიპიის პროვინციაში, სადაც მელოდა ჩემი კარავი და მელოდნენ ჩემი აფთრები!

* * *

„ერთხელ აფთრის ხაფანგში ლეოპარდი გაება,“ - მიყვება აარონი, მორიგი გასვლიდან რომ ვბრუნდებოდით ბანაკში, - „წარმოგიდგენია? ლეოპარდთან არასოდეს მიმუშავია და არ ვიცოდი, რამდენი წამალი სჭირდება დასაძინებლად, არადა, ხომ უნდა გამეშვა როგორმე? ის კი იწვა და ჩემი სახლის კატასავით უწყინარი თვალებით მიყურებდა. ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ თამაშობდა გულგრილობას ასე ოსტატურად. ისეთი კრუტუნი ამოუშვა, კატებმა რომ იციან, როცა მოფერება უნდათ ხოლმე ყურს უკან. ალბათ ამიტომაც ითვლება ლეოპარდი ყველაზე საშიშ ნადირად აფრიკაში. მოკლედ, ავიღე იმაზე მეტი წამალი, ვიდრე აფთრებს ვუკეთებ და ვესროლე. არც განძრეულა. თავი დადო თათებზე და თვალები დახუჭა. დავიცადე ათი წუთი და გულის კანკალით მივუახლოვდი. ორ მეტრში წამომივარდა ისეთი სისწრაფით, რომ მაშინ დავაფასე სიცოცხლე, უბრალოდ, ხაფანგმა არ გაუშვა და ვერ მომწვდა...“

არადა, რა არის სიცოცხლე, განსაკუთრებით აქ, ამ კონტინენტზე? ვიცი, მეტყვით, ერთი წამია, როგორც ყველგანო, მაგრამ აქ ეს წამი ევოლუციის ნაწილია, ჩვენთან კი - არა. ამიტომ, აქ წამი მართლა საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდება; წამი, რომელიც მშვენიერია, მართლა ჩერდება...

ბიჭებო, თქვენ უკვე დიდი ხანია აღარ ხართ. მე კი თქვენი სახლების გვერდით ავივლი და ჩამოვივლი ხოლმე, მაგრამ არ შევდივარ თქვენებთან, არც ქეთისთან, არც მანანასთან და ნატასთან... გახსოვთ, სამივე რომ ბორხესზე ვიყავით „შემჯდრები“ (როგორც აბუ ამბობდა). ის სამყარო, რომელიც ვიღაცის სიკვდილთან ერთად სრულდება, გულს ამძიმებს და ცრემლს წარმოშობს. იყო დღე, როდესაც ჩაქრა იმ ბოლო ადამიანის თვალები, რომელმაც ჯვარცმული მაცხოვარი იხილა; თითოეული ადამიანის სიკვდილთან ერთად უსასრულოდ ბევრი შტრიხი და ფერი კვდება. რა გაქრება იმ წამს, როდესაც მე აღარ ვიქნები? რას დაკარგავს ნეტავ სამყარო? - აბუს ხმას? ირაკლის ღიმილს?

ჩავფიქრდი... აბუ და ირაკლი, თქვენ გეტყვით და ნუ გამამხელთ: თუ ოდესმე მაინც მომინდება სიკვდილი, ვისურვებ, რომ სწორედ ლეოპარდის სახით მოვიდეს ის ჩემთან. სხვანაირი სიკვდილი არ მინდა. როცა დავბერდები და ფეხზე ძლივს ვიდგები, მოვკიდებ ხელს ჩემს ჯოხს, ვიყიდი ბილეთს, შვილებს დავუწერ მოკლე წერილს, არ მეძებოთ, სახლში წავედი-მეთქი და აქ ჩამოვალ. დავიქირავებ ერთ დანჯღრეულ მანქანას, ძლივს გავატარებ სადმე სავანაში, ვიპოვი აკაციის ტოტზე გაწოლილ ლეოპარდს, ნელა გავაჩერებ მანქანას და გადმოვალ. ახლოს რომ მივალ, ცოტას წავიბანალურებ, რომ ეფექტურად წავიდე და ცოტა თავიც შემეცოდოს; მზის სათვალეს მოვიხსნი და, ჯოხთან ერთად, გვერდზე მივაგდებ. ხელებს გავშლი, ძია რადიარდის სიტყვებს მოვიშველიებ და ზემოდან თვალებში მაყურებელს ვეტყვი:

„ლეო, შენთან დასარჩენად მოვედი, webe of one blood! Thou and I - ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ! მე და შენ!

14 ბიძია ზურას ქოხი

▲back to top


ისტორია

ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, ლევან ბუთხუზის პირადი არქივი

0x01 graphic

0x01 graphic

ბიძია ზურას ქოხი თრიალეთის მთებში, ზურა გურიელიძე, გია თოდუა, ნათია კოპალიანი

აფთარი

სახისმეტყუელმან თქუა აფთრისაი, ბილწ მხეცი არს, რამეთუ იცვალების... .
(მხეცთათვის სახისა სიტყუაი)

აფთარივით მყრალიაო, - დღესაც ამბობენ. აბა, გაბედეთ და ასეთი მკრეხელობა ნაკრესელ ზოოლოგებს უთხარით.

აფთარი - ცხოველი გამოცანა.

თავიდან აფთრებს ძაღლისებრებს ეძახდნენ, მერე უცებ ეს ძაღლისგვარები კატის ბიძაშვილები აღმოჩნდნენ. ისიც გაირკვა, რომ ამათ მარტო წარმომავლობა კი არა აქვთ უჩვეულო, არამედ სოციალური წყობაც, ისინი არც ტრადიციულ ოჯახს ქმნიან და არც მარტოხელები დაიარებიან. აფთრები კლანებად ცხოვრობენ. ჯერ სადა ხართ? - აფთარი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომლის კლანსაც მდედრები განაგებენ, მოკლედ, აფთრების კლანში მატრიარქატი მეფობს. თავიდან აფთრები ჰერმაფროდიტი ცხოველებიც ეგონათ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იცვლიდნენ სქესს. მერე გაირკვა, რომ მეცნიერები სასქესო ორგანოს უცნაურმა ანატომიურმა აგებულებამ შეიყვანა შეცდომაში.

0x01 graphic

ლევან ბუთხუზი მგლების სტაციონარში, თრიალეთი

0x01 graphic

ნაკრესის ექსპედიცია თრიალეთში

0x01 graphic

ლევან ბუთხუზი მგლების სტაციონარში, თრიალეთი

0x01 graphic

ზოლიანი აფთრის იმობილიზაცია, კენია, ლაიკიპია

0x01 graphic

0x01 graphic

კუნძული ზანზიბარი

0x01 graphic

პუერტო-რიკო, სან-ხუანი

აფთრის ზოოლოგიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ ლევან ბუთხუზს მიაკითხოთ, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - „ნაკრესის“ ხელმძღვანელს, დიდი ხალისით მოგიყვებათ ამ ცხოველის უცნაურობებზე. ელექტრონული ფოსტის მისამართს ვიწერ: ზოლიანი აფთარი... ზოლიანი აფთარიო? ჰო, ზოლიანი, საქართველოში რომელიც ცხოვრობს, ის.

თავდაპირველად, როდესაც საკვლევი ობიექტის შერჩევაზე მიდგა საქმე, ბევრი არ უფიქრია, არჩევანი აფთარზე შეაჩერა. ყოველთვის იზიდავდა ის, რაც არასტანდარტული იყო, ექსტრაორდინარული და იშვიათი. ჰოდა, აფთარიც ასეთი გახლავთ. მაგრამ იყო პრობლემაც: აფთრის შესწავლა ისეთ ადგილას უნდა მომხდარიყო, სადაც ნორმალური პოპულაციაა: ასეთი კი ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი აფრიკა და ინდოეთია. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებზე სულ რამდენიმე ერთეულიღაა შემორჩენილი. სურვილის ასასრულებლად და კვლევის ჩასატარებლად პროექტების წერა დაიწყო: „იმდენად დიდი მოტივაცია და ენერგია ჩავდე ამ სურვილში, რომ ყველა პროექტი დაფინანსდა“. ამას მოჰყვა პირველი გაჭრა აფრიკაში. მერე თანდათანობით საკვლევი ტერიტორიის სამკუთხედიც შეიკრა: აღმოსავლეთი აფრიკა - იორდანია - კავკასია (ინდოეთის ფუფუნება უკვე აღარ იყო). მოგზაურობდა და სწავლობდა. სწავლობდა და მოგზაურობდა. ამ სიარულ-სიარულში ფიქრობდა. ხან - რაზე, ხან - რაზე. ძირითადად - ფიქრზე.

„სულ მაინტერესებდა, რა არის და როგორ არის მოწყობილი ფიქრი. ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ეს არის ჩემი მუშაობის ქვეტექსტიც - ფიქრის ფენომენი ბიოლოგიური თვალსაზრისით. პრინციპში, თავხედური იდეაა, ხომ შეიძლება აბსოლუტურად ფუჭი აღმოჩნდეს, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობ. ფიქრზე ფიქრის პროცესი ისე მომწონს, რომ შედეგობრივი მხარე ნაკლებად მაინტერესებს. შეიძლება ფიქრის შესწავლა უტოპია იყოს, მაგრამ მე საერთოდ უტოპისტი ვარ (ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობით), მჯერა, რომ უტოპია რეალობაში შეიძლება არსებობდეს“.

ერთხელ უკვე ნახა უტოპია ჩვენს რეალობაში - ლაგოდეხის ნაკრძალი, ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ირმის ჯოგებს და ჯიხვის არვეებს ისევე შეგიძლია უყურო, როგორც აფრიკაში ველურ ცხოველებს: „როცა ლაგოდეხის ნაკრძალში გატარებულ დროს ვიხსენებ, ბორხესის „მოწმეში“ დასმული შეკითხვა მახსენდება ხოლმე: „შენ რომ მოკვდები, რა ხატს წაიღებ?“ და სულ მეშინია, რომ ბოლო ადამიანი არ ვიყო, ვინც ლაგოდეხი უტოპიად ნახა. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება.“

რას ფიქრობს ლეოპარდი?

„არგუმენტი, რომ ლეოპარდს არც კულტურული ძეგლები შეუქმნია და არც მაცივარი აქვს, არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ცხოველი აბსტრაქტულად არ ფიქრობს.“

რატომაც არა! აი, თუნდაც რომელიმე ზღაპარი გადავშალოთ - „დედა ღორი და მგელი“: „ღორის ნათქვამმა მგელი ძალიან დააფიქრა“, „ღრუტუნა მიხვდა, რომ მისი საქმე წასული იყო, თუ რამეს არ მოიფიქრებდა“. ღორიც ფიქრობს, მგელიც ფიქრობს. რას ერჩი, ფიქრობენ.

„მე მგონია, რომ ცხოველი აბსტრაქტულად ფიქრობს, მაგრამ მისი ფიქრი სხვა სიბრტყეშია, თვისობრივად სხვანაირია. აბსტრაქტული აზროვნების უნარი ყველას უნდა ახასიათებდეს, ვისაც ნერვული სისტემა აქვს განვითარებული. აქ კი უკვე აღქმის კონცეფციასთან მივდივართ. ჩვენ აღვიქვამთ ნებისმიერ საგანსა და მოვლენას ჩვენს გარშემო ასეთად, იმიტომ რომ ჩვენი გრძნობათა ორგანოები აღიქვამენმათ გარკვეულ (შეზღუდულ) ჩარჩოებში, რაც ნიშნავს, რომ მათი ასეთი აღქმა სუბიექტურია, ხოლო ობიექტურად საგნები და მოვლენები როგორია, არ ვიცით, „შეფასებათა სამყაროში“ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. აი, მაგალითად, ჩვენ ვხედავთ სინათლის გარკვეულ დიაპაზონში და სინათლის ეს დიაპაზონი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ თეთრი თეთრად, მწვანე მწვანედ... როგორც კი ხილული სინათლის ზღვარს იქით გადიხარ, მაგ., ულტრაიისფერ სინათლეში, შენთვის თეთრი თეთრი აღარაა, ფორმებიც სხვადასხვაა. ფუტკარი ხედავს მხოლოდ ულტრაიისფერ სპექტრში. მისთვის სამყარო აბსოლუტურად განსახვავებულია, სრულიად დასაშვებად მიმაჩნია, რომ მოვლენები და საგნები, რომლებიც ჩვენი კულტურის ნაწილია, მისთვის აღქმადი არ არის, ისევე, როგორც მის მიერ თეორიულად შექმნილი რაღაცები ჩვენთვის სრულიად უხილავია. შესაბამისად, აღქმის სპეციფიკა გვაძლევს პარალელური სამყაროს არსებობის საშუალებას, სადღაც ეს სამყაროები იკვეთება, სადღაც - არა... სულ თავში მიტრიალებს ეს გიჟური დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ აბსტრაქტული ფიქრის უნარი... აქ არის უამრავი კითხვა, ქვეკითხვა, რომელიც ქაოსს წარმოქმნის და ბევრ რამეზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ეს ქაოსია ის საფუძველი, რამაც დამაინტერესა. სულ ფიქრობ და არ იცი, მთელი ამ ქაოსიდან რა გამოვა. თუმცა, ამავდროულად, აინშტაინის ცნობილი ფრაზა მახსენდება: „სადღაც ყველაფრის პასუხი უნდა არსებობდეს“. უბრალოდ, ბიოლოგია ჯერ კიდევ ანალიზის პროცესშია, სინთეზის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

ეს „გიჟური“ იდეები ცხოველების ქცევაზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ზუსტად იქ მივიდა, სადაც უნდა მისულიყო: „სულ დინებას მივყვებოდი, არ მაინტერესებდა, ეს მდინარე ჩანჩქერში მიმიყვანდა თუ ოკეანეში. მაგრამ ვიცოდი, რომ სწორედ ამ მდინარეში უნდა ვყოფილიყავი.

როგორ მივიდა ზოოპარკში

ზოოლოგობა ბავშვობიდან უნდოდა, იმიტომ, რომ ცხოველები ძალიან უყვარდა. ხან თაგვებს იჭერდა, ხან - წურბელებს და ბაყაყებს, არასოდეს ჰქონია არც შიში, არც ზიზღი. სასეირნოდ რომ მიდიოდნენ, მამა სულ ზოოპარკში დაჰყავდა ხოლმე. სახლში ცხოველი ყოველთვის ჰყავდათ. ეზოიან სახლში ცხოვრობდენ, იქაურობა კატებით იყო სავსე: „დეიდაჩემი ამბობდა, ეს ბავშვი ზოოლოგი უნდა გამოვიდესო. ეტყობა, ბავშვობიდანაც ჩამრჩა დეიდაჩემის ნათქვამი“. აბიტურიენტობის პერიოდში უცებ რატომღაც ექიმობა გადაწყვიტა, არც კი ახსოვს, რატომ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება რაღაც მოდის აყოლასავით იყო. მშობლები მის საქმეებში არ ერეოდნენ, რაც გინდა, აირჩიეო. ერთადერთი, დეიდამ განიცადა ეს ამბავი ძალიან მტკივნეულად. მაგრამ აქ უკვე ახალგაზრდულმა პროტესტმა იმუშავა: რახან გადაწყვიტა, მორჩა, აღარ გადათქვა: „საბედნიეროდ, სამედიცინო ინსტიტუტში დიდი კონკურსი იყო და ვერ ჩავაბარე. გულიც კი არ დამწყვეტია, ეტყობა მაინცდამაინც არც მინდოდა და მაშინ მივხვდი, რა სისულელეს ვაკეთებდი... მომდევნო წელს უკვე ბიოლოგიურზე ჩავაბარე“.

0x01 graphic

ბელონა, მოფერებით ძროხა

0x01 graphic

ჩიკაგო, რეინტროდუქციის კონფერენცია

ერთხელ, უკვე სტუდენტი, ნიკო ნემსაძისა და მანანა მგალობლიშვილის ოჯახში იყო სტუმრად. აქ შეხვდა იასონ ბადრიძეს, ადამიანს, რომელიც უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობდა - მგლების ხროვაში. „ვილაპარაკეთ, ვუთხარი, რომ ცხოველები მიყვარს, მათთან მინდა ყოფნა, მაგრამ მთლად არ ვარ ჩამოყალიბებული, რა და როგორ. მაშინ მითხრა, რომ თავის მეგობრებთან ერთად ზოოპარკში ტერიტორია ჰქონდათ ნაქირავები, იქ მგლები ჰყავდათ და ეთოლოგიურ ექსპერიმენტს ატარებდნენ, ამ მგლების ქცევას აკვირდებოდნენ. შემომთავაზა, მოდი და თუ მოგეწონება, ჩვენთან მოხალისედ იმუშავეო. ამ წინადადებამ ძალიან დამაინტრიგა და ზოოპარკში მივედი...“

მგლები

90-იანი წლები. ომი. შიმშილობა. თბილისის ზოოპარკი. პატარა ნაქირავები ტერიტორია ზოოპარკში. 100 კვ.მ გალია. გალიაში - მგლები. გალიის გარეთ აგურით შემორაგული ცეცხლი. ცეცხლის გარშემო კუნძები. კუნძებზე სხედან ძველი დამკვირვებლები: იასონ ბადრიძე, ზურა გურიელიძე, გია თოდუა და ახალმოსულები: ლევან ბუთხუზი და გიგი თევზაძე. მიმდინარეობს მუშაობა მგლის ბუნებაში აღდგენის მეთოდიკაზე. გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე! ხმა გარედან - მგონი გიჟები არიან.

ისე აღფრთოვანდა, რომ მაშინვე მოხალისედ დაიწყო მუშაობა. წვიმაში, თოვლში, ფანქრითა და რვეულით, კაპიშონჩამოფხატული იჯდა მგლების გალიის წინ და ჩანაწერებს აკეთებდა. მძიმე დღეები იდგა და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა. წარმოიდგინეთ, ჯერ მშიერი ხალხი და მერე მშიერი მგლები, თითო მგელს დღეში სამი კილო ხორცი სჭირდებოდა, ხორცი კი არა, ხალხს პურიც სანატრელი ჰქონდა. ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგათ - ადამიანებსაც და მგლებსაც. და, აი, სწორედ აქ სასწაული მოხდა: „ეტყობა, როდესაც ძალიან მოტივირებული ხარ და რაღაცა ძალიან გინდა, მთელი სამყარო ირაზმება ხოლმე შენს დასახმარებლად. ასეთ გამოუვალ სიტუაციებში ბლოკის სიტყვები მახსენდება: როცა რამე გინდა, აუცილებლად აგიხდება, თუ არ აგიხდა, ესე იგი, ისე ძალიან არ გდომებიაო...“…მოდი და ნუ დაუჯერებ ამის მერე მისტიკოსებს...

ღობეზე გადმომძვრალი ანგელოზი

„ზაფხულის საშინელი ცხელი დღეა, მე და გიგი თევზაძე სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილები მგლების გალიის წინ ბლაგვი ნაჯახით ვჩეხავთ მკვდარი ცხენის უზარმაზარ ბარკალს. საწყალი როსინანტი სიბერისგან მოკვდა და ძალიან ძნელი დასაჭრელია. ნაჯახის ყოველ დარტყმაზე ნაფლეთები აქეთ-იქით ცვივა. წვერი სულ ცხენის ხორცის ნაფლეთებით მაქვს სავსე. სწორედ ამ დროს ვიღაც ქალი მოადგა ამ ბადეს და მოძვრება. ვეუბნები: სად მოდიხართ, ქალბატონო, არ არის ეს ზოოპარკის ტერიტორია. აღმოჩნდა, რომ ქართული არ ესმის და იქიდან ინგლისურად მეუბნება რაღაცას. რაღას ვიზამდით? მივედით: რა გნებავთო, - ვეკითხებით. რაო და მაინტერესებს საქართველოში დათვებს ჭამენ თუ არაო. ძალიან დავიბენით. ღობეზე გადმოვაძვრინეთ და ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიპატიჟეთ. გაგვეცნო: სოციოკულტუროანთროპოლოგი ვარო. ჩემი ქმარი არქიტექტორია, საქართველოში საქმეზე ჩამოვიდა და მეც ჩამოვყევიო, საკვებს ვიკვლევ და ამიტომ მოვედი ზოოპარკში და დამლაგებელმა თქვენთან მომასწავლაო. მერე ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა, ისიც გვითხრა, ვის რაში სჭირდება თქვენი დისერტაცია, შიმშილით იხოცებითო.

0x01 graphic

ექსპედიცია ლაგოდეხის ნაკრძალში

0x01 graphic

ჩვენ მედგრად და ამაყად ვუთხარით: დიახაც, კვლევაში უნდა დავიხოცოთო. კარგიო, ამ საქმეს მივხედავ, როგორმე დაფინანსებას გიშოვითო. ჩავთვალეთ, რომ გიჟია“.

მართლა არ ჩამოვიდა? მერი ელენ ჩეტვინმა შვეიცარიაში კავკასიური მგლის გადარჩენის ფონდი დააარსა, რათა ჩვენი მგლები შიმშილით არ დახოცილიყვნენ და სამეცნიერო მუშაობა არ შეწყვეტილიყო. 1994 წლამდე „ნაკრესი“ სრულიად ამ ფონდზე იყო დამოკიდებული. ქალბატონი მერი ელენი ნამდვილი მფარველი ანგელოზი აღმოჩნდა. საქმე ბოლომდე მიიყვანეს და იასონ ბადრიძის მთელი სულითა და გულით ნაკოწიწები „ნაკრესიც“ არ დაშლილა.

ჰო, მართლა, ამ დროს კიდევ ერთი ზღაპრული პერსონაჟი ფიგურირებდა „ნაკრესის“ ცხოვრებაში. ქოხის ამბავი არ უნდა დაგვავიწყდეს.

ბიძია ზურას ქოხი

როცა თავშესაფრის გასაკეთებლად ცოტაოდენი ფული იშოვეს, გაიგეს, რომ სადღაც თურმე მეფუტკრის სახლები იყიდებოდა. ასაწყობი სახლივით იყო, 2/2-ზე. იყიდეს ეს სათამაშო სახლი, გადაღებეს მწვანედ და დადგეს ზოოპარკში მგლების გალიის წინ. სახლში მორიგეობა დააწესეს, აბა, ყველანი ერთად რას დაეტეოდნენ? „მერე, მადა ჭამაში მოდისო და, სახლის მოწყობა დავიწყეთ. ვიღაცამ სახლიდან პატარა გადასაგდები დივანი მოიტანა, ვიღაცამ - რკინის ფეჩი. უკვე რაღაც კომფორტი შეიქმნა. მერე გია თოდუამ თქვა, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება უფეხბურთოდ როგორ იქნებაო და ქოხში პატარა „იუნოსტი“ გაჩნდა. იქვე ამოიწვერა საიდანღაც გადმოყვანილი დენის ხაზიც. კედელზე თაროებიც მივაჭედეთ - ჭიქებსა და ჩაიდანსაც თავისი ადგილი მივუჩინეთ. სადღა ვეტეოდით, არ ვიცი, ვუყურებდით ტელევიზორს, ვსვამდით ჩაის და ღია კარიდან მგლების გალიას ვაკონტროლებდით“.

და იდგა ეს ქოხი გალიის პირას. ერთ საღამოს, ჩვეული ბიოლოგიურ-ლიტერატურული დისკუსიის დროს, ასეთი თემა წამოიჭრა: რომელია ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ყველაზე უფრო ცუდი ნაწარმოები? ყველამ ერთხმად იხუვლა და „ბიძია თომას ქოხი“ დაასახელა. „რატომღაც ითვლებოდა ჩვენთან, რომ ეს წიგნი ყველა ბავშვს უნდა წაეკითხა. და ბავშვობაში ყველას აკითხებდნენ. მე თუ მკითხავთ, მაგ წიგნის წაკითხვა ბავშვებისათვის საერთოდ არ შეიძლება“.

ეჰ, საწყალი ბიძია თომა. მას ხომ არავისთვის უთხოვია, გინდა თუ არა, ჩემი ამბავი ძილის წინ უამბეთ ქართველ ბავშვებსო, ეგება და დაგიჟდნენ და ნევროზი დაემართოთო. არა მგონია, ასე დაებარებინა. მოკლედ, სახელიც აქედან წამოვიდა: ბიძია ზურას ქოხი (ბიძია ზურა ზურა გურიელიძეა). მაინც რას ნიშნავს ეს გავლენები. ისე, ბიძია ზურას რაღას ერჩოდნენ?

ყავას ხომ არ ინებებთ, ლელა?

მერე დაიწყო გასვლები. „გაწვრთნილი“ მგლები (უფრო სწორად, მომზადებული მგლები, რადგან მგელი არ იწვრთნება) ბუნებაში მიჰყავდათ, იქაურობას აჩვევდნენ, მერე უკან აბრუნებდნენ. ამ ქოხმაც ფეხი აიდგა. დაშლიდნენ და ექსპედიციებში თან მიჰქონდათ. „ერთხელ კასპის რაიონში წავედით დიდი ხნით, მე, ზურა, გიგი და ნათია კოპალიანი. სახლი რომ ავაწყეთ, მერე მივიხედ-მოვიხედეთ და რას ვხედავთ? კედლები მწვანეა, თაროები კი გარედანაა. აი, ესაა დახვეწილი პროფესიონალიზმი!“ მაგრამ ქოხს კიდევ ვინ ჩიოდა?

„ოთხი მგელი გავიყვანეთ ბუნებაში. გალია ავაშენეთ, დიდი ამბით ჩავაცემენტეთ, ბადე გავაბით, გადავხურეთ, ისეთი სიამაყით შევყურებთ, თითქოსდა ვერსალი აგვეგოს და შევუშვით მგლები. მგლები დავაბინავეთ და ამ დროს ნათიამაც გამოგვძახა ქოხიდან: ყავა მზადაა, მოდითო. მოვბრუნდით ყავის დასალევად და რას ვხედავთ, ჩვენთან ერთად არ სხედან ეს მგლები? საიდან გამოძვრნენ, წარმოდგენა არა მაქვს. სხედან და შემოგვცქერიან... ლელა, ნიკი, ლობო და ვინი...“

ყავას ხომ არ ინებებთ, ლელა?

რაღას იზამდნენ. უკვე ბნელოდა. გალიას ვერაფერს უშველიდნენ და ეძინა იმ ღამეს ქოხში ოთხ ადამიანს ოთხ მგელთან ერთად, ესე იგი, მგელგამოშვებით. არაფერი საგანგაშო: „ჩვენი გამოზრდილები იყვნენ და საშიში არ იყო, მაგრამ არ დაგვაძინეს, ღამე თამაში მოუნდათ და იმ პატარა ქოხში დაშლიგინობდნენ. იყო მერე ამათი დევნა და აყალმაყალი: აბა, ჩქარა დაიძინეთ, ეს რა უბედურებაა...“

არისტო თუ გახსოვთ „სამანიშვილის დედინაცვალიდან“? ბავშვი რომ ტირის და ეს კიდევ აქედან: გაფხრეწა, გაგლეჯა, რა დამაძინებს ამ ჯოჯოხეთშიო?

ვეტერინარები

ისევ გიჟები. შვეიცარიულ მგლის ფონდს გამოეხმაურა ორგანიზაცია „ვეტერინარები საზღვრებს გარეშე“: „ნაკრესის“ პროექტს გვინდა დავეხმაროთ, ადგილობრივ მოსახლეობასთანაც საგანმანათლებლო მუშაობა ჩავატაროთ ადამიანისა და მგლის თანაცხოვრობის შესახებო. „შედეგი ასეთი უნდა ყოფილიყო: ადამიანი ბედნიერია, რომ მის გვერდით მგელი ცხოვრობს და უჭამს ცხვარს. უტოპია. სრული სიგიჟე. სულ გიჟებს ვიზიდავდით. ძალიან აღვფრთოვანდით ამ იდეით და ველოდებით ვეტერინარების ჩამოსვლას. ბანაკში ოთხი კაცი ჩამოვიდა: იასონი, მერი ელენი და შვეიცარიელი ვეტერინარები - კეტრინ ჩენენი და იენს ვიდერმანი. დიდხანს ვისაუბრეთ, გეგმები გავაცანით, ჩვენი გამომცხვარი საშინელი პურით გავუმასპინძლდით, და ამასობაში ძილის დროც მოახლოვდა...“ კარავი არ ჩამოგიტანიათო? - იკითხა უცებ ვიღაცამ. სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს, შვეიცარიაშიც სმენოდათ ბიძია ზურას ქოხის უსაზღვრო შესაძლებლობების ამბავი: „რა თქმა უნდა, არავის უფიქრია, ეს ხალხი ორი თვით რომ ჩამოდის, სად ჩამოდის, სად იცხოვრებს? მაგრამ ჩვენ ხომ უკვდავებასა და ჭეშმარიტებას შორის ვიყავით გაჭედილები და ასეთ წვრილმანებზე საფიქრალად სად გვეცალა?“

ორი თვის განმავლობაში 2/2-ზე ქოხში რვანი ცხოვრობდნენ. როგორ? - ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ - კომფორტულად. „თხა და მგელი ერთად ძოვდეს“ უტოპია, რასაკვირველია, ჩაიშალა. მერე სამოქალაქო ომიც დაიწყო...…

ახალი ქოხის ამბავი

ეს ქოხი სულ თან დაჰყვებოდათ. „ის ეპიზოდი გახსოვთ, ვინი პუჰი და დრუნჩა რომ მოდიან და ორმოში ვარდებიან, ამოძვრებიან და ისევ ამ ორმოში ვარდებიან, ბოლოს, მეათედ რომ ჩავარდებიან და დრუნჩა რომ ეუბნება, მოდიო, როგორც კი ამოვალთ, იმ წუთშივე ორმოს ძებნა დავიწყოთო, რომ არ ვეძებთ, იმიტომ ვვარდებით შიგნითო. ჩვენც გადავწყვიტეთ, მოდი, ქოხის ძებნა დავიწყოთ, იქნებ ამ ქოხმა თავი დაგვანებოსო. ბოლოს რომელიღაც ერთ-ერთ მთაში ეს ქოხი დაიშალა კიდეც. ჩვენი ქოხი მარადისობას შეუერთდა და ჩვენი სულის ნაწილიც თან წაიღო. ასეთია ქოხის ამბავი. მერე „ნაკრესმა“ ახალი, უფრო დიდი ქოხი მოძებნა და იმ ქოხს ოფისი დაარქვა. თუმცა ნაკრესელებს დღემდე შემორჩათ ძველი ქოხის ნოსტალგია.

ასეთი ქაოსიდან იქმნებოდა „ნაკრესი“. ორგანიზაციის შექმნას კანონმდებლობის ცვლილებამაც შეუწყო ხელი: საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში გამოვიდა კანონი საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შექმნის შესახებ და ხუთმა ენთუზიასტმა მკვლევარმა (იასონ ბადრიძე, გია თოდუა, ზურა გურიელიძე, ლევან ბუთხუზი, ნათია კოპალიანი) სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის შექმნა გადაწყვიტა. დარეგისტრირდნენ. ასე გაჩნდა პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში: „თუმცა მაშინ ჯერ თვითონაც არ ვიცოდით, როგორ უნდა ყოფილიყო ორგანიზაცია აგებული, ხან იქ იყო, ხან აქ იყო, ქაოტურ სპეციალისტთა ჯგუფს უფრო ჰგავდა. პირველად ასეთი სახელი დაერქვა: იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა აღდგენის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ეს სახელი ჯერ კიდევ ჩვენი საბჭოური მენტალიტეტის გამოძახილი იყო, გვინდოდა, ყველაფერი სათაურში გამოგვეხატა. ისე „ნოეს კიდობანს“ ვეძახდით. გასაგებია - რატომაც. ეს იყო იშვიათი სახეობების გადარჩენაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დღევანდელი სახელწოდება ნაკრესი ინგლისური სახელწოდების აბრევიატურაა: Noah's Ark Center for the Recovery of Endangered Species (ნოეს კიდობანი იშვიათი სახეობების გადასარჩენად) - NACRES. 1994 წლამდე „ნაკრესი“ გაურკვეველი ფორმით არსებობდა. მერე, 1994 წელს, მყარი კანონი რომ შემოვიდა, „ნაკრესი“ დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. და ქაოსიც ნელ-ნელა დაიფანტა.

მისვლა-მოსვლა, ჭორები და სხვა

მერე „ნაკრესში“ მოდიოდნენ და მიდიოდნენ. „ზოგი მოდიოდა და აღარ მიდიოდა. მოვიდა ირაკლი შავგულიძე, სოციალური მწერების შესწავლის ჟინით შეპყრობილი. მართალია, მერე სხვა თემებმა გაიტაცა და ეკოლოგიურ პრობლემებს ჩაუღრმავდა, მაგრამ ფუტკრებისა და ჭიანჭველების ქცევის შესწავლამ თავისი ქნა. თვითონაც ფუტკარივითაა... აივანზე პატარა ბოტანიკური ბაღიც კი გააშენა... მერე მოვიდა ეკა, კახა, ირინა, აჩიკო, ზაზა... გიორგი გორგაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, ექსპედიციებში რომ დადიოდა ჩვენთან ერთად, შემდეგ წავის კვლევით დაინტერესდა. ბეჟო პირდაპირ დათვით მოგვადგა კარს, მას მერე დაიწყო „ნაკრესმა“ დიდი დათვოლოგიური კვლევა-ძიება...“

მოკლედ, იყო ერთი დიდი მისვლა-მოსვლა ამ „ნაკრესში“. ერთნი მიზანმიმართულად მოდიოდნენ, თავიანთი პროფესიული ინტერესები ჰქონდათ და ზუსტად იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ, სხვებს უბრალოდ ცხოველები უყვარდათ ძალიან, გაიგებდნენ, აქ „გიჟები“ შეკრებილანო და მოდიოდნენ...

„გიჟების სტატუსი მართლაც გვქონდა. ჩვენი ქცევა საზოგადოებაში მიღებულ წესებში არ ეწერებოდა, სადღაც ასეც იყო, განსაკუთრებით იმ წლებში, როცა ქვეყანა ინგრევა, სამოქალაქო ომი მიდის, რუსთაველი იწვის და შენ აქ მგლებს აკვირდები. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ იზოლირებული ვიყავით, მიტინგებზეც მივდიოდით... მაგრამ არსებობდა რაღაც ძარღვი, რომელიც ყოველთვის გვაკავშირებდა ჩვენს საქმესთან.“

მერე იყო ბევრი ცდუნება, ბევრი საგრანტო პროგრამა ცხადდებოდა, არანაკრესული, მაგრამ ძარღვი არ გაწყვეტილა და მიზანი იგივე დარჩა: ველური ბუნების და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. მერე „ნაკრესზე“ ჭორები დაიყარა, რომ ეს რაღაც მგლისფერთა ელიტარული კლუბია, არ უშვებს ადამიანებს შიგნით, რომ საშინელი სნობები არიან. „სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე, არსებობს რაღაც ღირებულებები, რაც ჩვენთვის საერთო იყო და ვინც ამას არ იზიარებდა, ის უბრალოდ ვერ ჩერდებოდა და მიდიოდა. ბევრი ადამიანი ალბათ ამის გამოც ვერ გაჩერდა. მაგრამ, ამავდროულად, სწორედ ეს საერთო ღირებულებები რომ არ გვქონოდა, და ერთ ტვინზე გადაწყობილი რომ არ ვყოფილიყავით, „ნაკრესი“ შეიძლება ვერც შეგვენარჩუნებინა, ამან გადაგვარჩინა და ერთად ბევრ გაჭირვებასაც გავუძელით.“

„გიჟების“ სტატუსი ისევ დარჩათ. რატომ?

ქაქოლოგია

„ექსკრემენტებს ყველგან ვაგროვებთ. ქაქოლოგია ჩვენი კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ცხოველზე რაღაცები გაიგო, უნდა იცოდე, რას ჭამს, რამდენი მსხვერპლი ჰყავს...“

ექსპედიციიდან თბილისში კმაყოფილები ბრუნდებიან. მანქანის სალონში დიდი რუდუნებით შეგროვილი ექსკრემენტებია ჩალაგებული. რისი გინდა, სულო და გულო, მგლის, დათვის, ფოცხვერის... განსაკუთრებით შთამბეჭდავად მოთეთრო ფერის მგლის ექსკრემენტი გამოიყურება (მგელი მსხვერპლს ხშირად ძვლებიანად ახრამუნებს და ექსკრემენტი თეთრი ხდება) - პატარა ცელოფნის კოლოფში თავმოკრული თეთრი ფხვნილი. კარგად მოგეხსენებათ, რა ასოციაციებს აღძრავს ეს კოლოფი ჩვენს სინამდვილეში. ჰოდა, მოდიან მანქანით და მოაქვთ და რა მოაქვთ. გზაზე რეიდია. მილიცია აჩერებთ: მანქანა უნდა გავჩხრიკოთო. გაჩხრიკეს და რას ხედავენ? - თეთრი ფხვნილის კოლოფები. აჰა, ვიცი თქვენი ექსპედიციაო. მე თქვენ განახებთ ექსპედიციასო. ეს რა არისო? რა არის და მგლის ქაქიო. ვინ დაიჯერებდა. გახსნა მილიციელმა კოლოფი, ჩაყო ცხვირი და გაისმა ბღავილი: მართლა ქაქი ყოფილა, დროზე გამასწარით აქედანო.

ექსპედიციის ამბებს რომ გავყვეთ, ვეღარ მოვრჩებით. ბიძია ზურას ქოხის აშენებიდან უკვე ლამის ოცი წელი გავიდა. იყო მუშაობის სხვადასხვა ეტაპები და თითოეული ეტაპი ერთ რომელიმე ცხოველთან იყო ასოცირებული. ჯერ იყვნენ მგლები და სადაც მგელია, იქაც - ირმები, ჯიხვები და არჩვები. მერე დომინანტი აფთარი გახდა. მერე იყო დათვი, წავი... დაიწყო ფოტოხაფანგების გამოყენება, ამას რადიოსიგნალები მოჰყვა... „ნაკრესმა“ საქართველოში პირველმა გამოიყენა მსხვილ ძუძუმწოვართა რადიოტელემეტრიული კვლევის მეთოდი. ორგანიზაციამ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ მტაცებლების მოკვლისთვის დაწესებული საპრემიო სისტემა გაუქმებულიყო. მომიტევეთ, ქრონოლოგიას უკვე ვეღარ მივყვები. და უცებ ლეოპარდიც გამოჩნდა.

ლეოპარდი

რაღა დაგიმალოთ და, მართლაც მისტიკურია ლეოპარდის ეს ისტორია. ბავშვობაში განსაკუთრებული გატაცებით ორ ავტორს კითხულობდა. ჯონ ჰანტერის „მონადირეს“ და ჯერარდ დარელს. ახლა სელინჯერის გმირივით უნდა მოვიქცე, რახან დარელი ვახსენე, უნდა გადავუხვიო. იმედია, მკითხველი მაპატიებს. ბოლოს და ბოლოს, გამოცდაზე ხომ არ ვარ?

დარელის წერილის ამბავი

ნებისმიერი სახეობის გადაშენება კაცობრიობის მიერ ჩადენილი ისეთივე კრიმინალური აქტია, როგორც გულგრილობის გამო აკროპოლისის დანგრევა ან რემბრანდტის რომელიმე ტილოს განადგურება. ვერცერთს ვერ მოაბრუნებ უკან...

ჯერარდ დარელი

ჯერარდ დარელი მისთვის მთელი ბავშვობა მითიური გმირი იყო, რომელიც სადღაც ცხოვრობდა, შორეულ ბრიტანეთში, კიდევ უფრო შორეულ მხარეებში მოგზაურობდა და ჯადოსნურ ამბებს ჰყვებოდა.

როცა გაიზარდა, ლევანი შოტლანდიაში წავიდა სასწავლებლად. წასვლის წინ იასონ ბადრიძემ წერილი გაატანა, იქ რომ ჩახვალ, იქნებ თარგმნო და ჩემი სახელით დარელს გაუგზავნოო. ვისო?

კი, ეგრეა, არც მეტი არც ნაკლები, ჯერარდ დარელს. მანამდე საქმიანი მიმოწერაც ჰქონდათ. იასონ ბადრიძემ თავისი მეთოდიკის შედეგები გააცნო დარელს, იმან იქიდან - არაჩვეულებრივი მეთოდიკააო, - მოსწერა და გაჩაღდა თურმე დიდი მიწერ-მოწერა.

„გადავწყვიტე ცალკე, ჩემი სახელითაც მიმეწერა წერილი. უკვე თვითმფრინავში მოვიფიქრე ტექსტი, ბატონო დარელ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ასეთ წერილს იღებთ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ და ალბათ ჩემს წერილს არც წაიკითხავთ, მაინც დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ არსებობთ. რაღაც ამდაგვარი. ჩავედი, სტუდენტები ფოიეში შევიკრიბეთ, ერთმანეთი გავიცანით... დრო რომ არ დამეკარგა, იქვე დავიწყე წერილის წერა...“

„გმადლობთ, რომ არსებობთ და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს“, - წერილი დაასრულა და კმაყოფილმა კალამი გვერდზე გადადო. ფოიეში შეკრებილი სტუდენტები ლაპარაკობდნენ და თან ტელევიზორს უყურებდნენ. გარდაიცვალა ჯერარდ დარელი, - ავისმომასწავებლად ჩაესმა ბი-ბი-სის დიქტორის ხმა. რაა?

„ისე ვიყვირე, ყველა ჩემთან მოცვივდა, რა მოხდაო, რაღა რა მოხდა, ამ წუთას დარელს წერილს ვწერდი-მეთქი. ჩვენ კი გვეგონა, ვინმე შენიანი მოკვდა, ისეთი იყვირეო... მე წერილი უნდა გამეგზავნა და, სამწუხაროდ, თვითონ წაიღო წერილი...“

ახლა კი ისევ ჩვენს ნოეს დავუბრუნდეთ.

ისევ ლეოპარდი

„ახალგაზრდა კომუნისტის“ სათაურებს ათვალიერებდა და უცებ მისი ყურადღება ერთმა სათაურმა მიიპყრო: „ჯიქი საქართველოში“, ესე იგი, ლეოპარდი? „მაშინ ჯონ ჰანტერს ვკითხულობდი და აღფრთოვანებული ვიყავი აფრიკით, განსაკუთრებით ლეოპარდით, იმ წიგნში ეწერა, რომ ლეოპარდი პირველ ადგილზე იდგა ხუთ ყველაზე საშიშ ცხოველს შორის. და უცებ გავიგე, რომ ლეოპარდს ოდესღაც საქართველოშიც უცხოვრია. მაგრამ 20-იან წლებში ბოლო ლეოპარდი მოუკლავთ და მას მერე აღარავის უნახავს. შოკში ჩავვარდი, როცა გავიგე, რომ ეს ცხოველი თურმე ჩვენთანაც ყოფილა.“

მაშინვე დაჯდა და წერილის წერა დაიწყო. სტატიის ავტორს სწერდა. „დავწერე, რომ ვარ ესა და ეს, წავიკითხე თქვენი წერილი, ძალიან მომეწონა და იქნებ გავაკეთოთ რამე ექსპედიცია საქართველოში ჯიქის აღმოსაჩენად, იქნებ კიდევ იყოს დარჩენილი ჯიქი, და გავაგზავნე რედაქციაში. ისიც მივწერე, რომ მინდა ჩავერთო ამ ექსპედიციაში-მეთქი და თავიც დავუხასიათე: ბევრი სიარული შემიძლია, არ შეგარცხვენთ, არ მეშინია და ა.შ. სახლში არავისთვის მინახებია, პირდაპირ რედაქციაში გავაგზავნე. მოკლედ, ისეთი წერილი იყო, რომ წაიკითხავდნენ, იტყოდნენ, ამ ბავშვს ეტყობა პატრონი არა ჰყავსო.“

ეს როდის იყო? თხელ ცისფერ ფირფიტას რომ უსმენდა და იქ რომ სიმღერა მოსწონდა, ის მომღერალი მოკლეს იმ დროს. ჯონ ლენონი. გამოდის, 10 წლის ყოფილა.

პასუხი 10 დღეში მიიღო. „ავტორი მწერდა, ძალიან მოვიხიბლე თქვენი წერილით, მაგრამ მე ჟურნალისტი ვარ და რაც დავწერე, იმის მეტი არაფერი ვიცი, გამიგია, რომ ბატონი გვანჯი მანია აწყობს ასეთ ექსპედიციებს და იმას დაუკავშირდი, იქნებ დაინტერესდესო. ყველაზე მწარე ის იყო, რომ გვანჯი მანიას კოორდინატები არ ეწერა, სახლშიც არავისთვის მითქვამს, თორემ ვიღაცას ხომ ეცოდინებოდა... იმ პერიოდიდან ჩამრჩა, რომ უნდა ვიპოვო ჩემი ლეოპარდი...“

ტოტემი?

ეზოში ხშირად მაუგლის თამაშს თამაშობდნენ ხოლმე. „როლებს ვინაწილებდით. მე სულ ლეოპარდი ვიყავი. რამდენჯერმე ხიდანაც ჩამოვვარდი და თავიც კი გავიტეხე.“ სახელის გატეხას ისევ თავის გატეხა ერჩია და ლეოპარდობას მაინც არავის უთმობდა. სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის სჯეროდა, რომ საქართველოში ამ ულამაზეს ცხოველს აუცილებლად იპოვიდა. „ქვეცნობიერად სულ მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც არის ის ადგილი, სადაც ლეოპარდი ცხოვრობს და თან ბედნიერად ცხოვრობს. ეტყობა, ესეც ჩემი უტოპიის ნაწილი იყო.“

„როდესაც „ნაკრესში“ ორგანიზაციისთვის ლოგოს შერჩევა დავიწყეთ, აღარ მახსოვს, ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა: მოდი, ლეოპარდი იყოსო, საქართველოში გადაშენებული სახეობააო. მაშინ დავრწმუნდი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.“

ეს იყო 1989 წელს. „ნაკრესმა“ ლოგოდ ლეოპარდი აირჩია. მერე ლევან ბუთხუზი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა, რომელსაც ლეოპარდის ლოგო ჰქონდა და მერე ნამდვილი ლეოპარდიც გამოჩნდა.

ასე ხდება, ჯერ ფიქრი, მერე ფიქრებში ამოზრდილი რწმენა და, ბოლოს, რეალობა.

ნოეს ამბავი

90-იან წლებში ხევსურეთის ექსპედიციებში რომ დადიოდნენ, იქაურები უამბობდნენ ლეგენდებს დიდი კატისმაგვარი ცხოველის არსებობის შესახებ. 2001 წელს საქართველოში ლეოპარდის თანამედროვე მდგომარეობის შეფასების პროექტს შედეგი არ მოჰყოლია. ამ პროექტში ლეოპარდების ცნობილი ექსპერტი ლუკარევსკიც მონაწილეობდა. მაგრამ „ნაკრესი“ ძებნას განაგრძობდა. 2003 წლის ზამთარში ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ნაკრესელებმა - ბეჟან ლორთქიფანიძემ და გიორგი დარჩიაშვილმა თოვლში დიდი ზომის კატისებრის ნაკვალევი იპოვეს. ნაკვალევის თაბაშირის ასლი მაშინვე ლუკარევსკის გადაუგზავნეს და იქიდან სენსაციური დადასტურება მოვიდა: ეს ლეოპარდია!

ევრიკა! ეტყობა, როცა რაღაც ძალიან გინდა... როგორც ჩანს, აქაც ამ ძლიერი

სურვილის მაგიამ იმუშავა.

2004 წელს „ნაკრესმა“ ვაშლოვანში ფოტოხაფანგებიც დააყენა და სულ მალე ლეოპარდის ფოტოებიც გამოჩნდა. ნოე - ასე დაარქვეს ვაშლოვანელ მამრს - მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. „ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, საქართველოში ერთადერთი ლეოპარდი აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიაზე ეს სახეობა გადაშენებულად ითვლებოდა,“ - იუწყებოდა ბი-ბი-სი.

შტრიხები

დილას ბელონა გამოჰყავს ეზოში, ასეირნებს და მერე „ნაკრესში“ მიდის. ბელონა როტვეილერია, დიდი და ზორბა. შინაურები მოფერებით ძროხას ეძახიან, ან კუპატას. გარეულები - მონსტრს და მისი დანახვისთანავე ქუჩის მეორე მხარეს გადადიან. მერე სამუშაო დღე იწყება: საველე ექსპედიციების მონაცემების განხილვა, თეორიული მუშაობა, პროექტები და ცხოველები, ცხოველები და პროექტები... პროექტების წერის ბორხესისეული მოდელი - გაგიგიათ? ფაქტია, რომ მაგიურად მუშაობს დონორებზე. ბორხესით თავდაპირველად გამოგონილი ცხოველების კატალოგის გამო დაინტერესდა, როგორც ზოოლოგისთვის საინტერესო იყო, მერე კი თანდათანობით ჩაუღრმავდა: „ცხოველებისთვის ფულის მოსაზიდად პროექტებს რომ ვწერ, მაშინაც კი ბორხესი მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვლაპარაკობ და ყბედობა მიყვარს, რთული კონცეფციების მარტივად და ლაკონურად გადმოცემის მისეული მოდელი მუშაობის დროს ჩემთვის ძალიან მაგარი საყრდენია.“

ბელონა ხვნეშა-ხვნეშით ადის კიბეზე, მისი პატრონი კი ჩვეულებისამებრ ხალისიან განწყობაზეა. კარგი ტრენინგის დამსახურებაა: „შინაგანად ალბათ ლირიკამ გამატრენინგა. მისი წყალობით ვარ ემოციური და ხალისიანი. თავიდან ბოლომდე თითქმის არც ერთი ლექსი არ ვიცი ზეპირად, მაგრამ მახსოვს ის ფრთოსანი ფრაზები, რომლებიც მთელი ნაწარმოების კონცეფციას და მთელ სამყაროს იტევს:

„Приду в четыре“, - сказала Мария.

Восемь.

Девять.

Десять... მას შემდეგ ბედი და იალქანი ქარის სიმძიმით გადაიხარა, შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?“.. ასეთი შტრიხები მიყვარს და ალბათ ამიტომ ვარ ძალიან იმპულსური. მოგისმენიათ, პეტრუჩიანი რომ უკრავს „ბესამე მუჩოს“? სანამ მელოდია დაიწყება, იღებს ნოტს და უცებ ამ ნოტში მთელი სამყარო ეტევა. აი, ამ ერთი ნოტისთვის არის მთელი ხელოვნება...“

აზრები და ფიქრები ისევ ატომის მოხაზულობის გარშემო ტრიალებს. სინთეზისა და ანალიზის თემა მუდმივად თან სდევს. ამიტომაც უყვარს ჯაზი, რაც მისთვის აფროდიტეს ზღვის ქაფიდან დაბადებასთან ასოცირდება და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, რომელშიც კოსმოგონიის მთელი პროცესი ჩანს, კაკაფონიური ევოლუცია, ანალიზიდან სინთეზზე გადასვლა და ქოროს პარტია - ადამიანის წარმოშობა. „მერე ეს ჰარმონია ისევ ქაოსად იქცევა. ნელ-ნელა ისევ ანალიზისკენ მივდივართ, გლობალური დათბობა ამის ნათელი მაგალითია. და თუ არ ვუშველეთ სამყაროს... Help!

კვირაში ერთხელ „ნაკრესის“ ოფისში თავისი ოთახის კარზე წარწერას აკრავს: „გამოიჩინეთ მოწყალება საკუთარი თავის მიმართ. ოთახში ბელონა ზის. ცუდ ხასიათზეა რატომღაც.“

ნეტა ამ დროს ბელონა რაღას ფიქრობს?

ერთხელ სადმე თუ შეეფეთებით ცუდ ხასიათზე მყოფ ბელონას, მაშინვე გაგიჩნდებათ ზოოფსიქოლოგიაში განსწავლის სურვილი...

15 შეშლილი მწვანე ცნობიერების ნაკადი

▲back to top


ესე

ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ჩემს დაბადებამდე ერთი თვით ადრე ორმა კალიფორნიელმა ქიმიკოსმა დაადგინა, რომ ნივთიერება СFС (იგივე ფრეონი), რომელიც აეროზოლების შემადგენლობაში შედიოდა, დიდ საფრთხეს უქმნიდა გარემოს, და რომ მომავალი 50-80 წლის განმავლობაში 10%25-ით შეათხელებდა ოზონის შრეს. ეს იყო 1974 წლის ივნისში. მოკლედ, ჩემი ცხოვრება ეკოლოგიური კატასტროფის პროგნოზის კონტექსტში წარიმართა...

სამი ათეული წლის შემდეგ

სანამ მაღვიძარა დარეკავდეს, გარედან რაღაც წიოკისმაგვარი ხმა მაღვიძებს. ფანჯრიდან ვიხედები და ნაცნობი სცენა მხვდება: ისევ ეს ქალია, მგონი მეზობელ კორპუსში ცხოვრობს, ერთი ეგ ასუფთავებს ხოლმე ეზოს, მართალია, სულ წყევლა-კრულვით, მაგრამ მაინც. ოღონდ ამჯერად ის არ ჩხუბობს, გამხმარი ფოთლები მოუგროვებია და საქმიანი გამომეტყველებით ახრჩოლებს. წიოკით სხვა წიოკობს და აპროტესტებს: რამდენჯერ გითხარი, ფანჯრების ქვეშ ცეცხლს ნუ ანთებ-მეთქი, - კივის გაწეწილთმიანი ქალი მეორე თუ მესამე სართულიდან. მეეჭვება „გრინფისის“ აქტივისტი იყოს, იმ გაწეწილთმიანს თავისი სადარდებელი აქვს, აივანზე უზარმაზარი ხალიჩა გამოუკიდია გასამზევებლად და სულაც არ უნდა, რომ ოჯახის საამაყო რელიკვიას შებოლილი ვირთხის სუნი აუვიდეს. გასაგებია.

0x01 graphic

ისე, მართალია ეს პროტესტანტი ქალი. დამწვარი ფოთლების კვამლი სახუმარო სულაც არაა. და მთელი უბედურებაც ეს არის. ჩვენში გამხმარი ფოთლების დაწვა ლამის ტრადიციაა... ჰგონიათ, ამით კარგ საქმეს გააკეთებენ და გარემოს დაასუფთავებენ, მაგრამ სინამდვილეში პირიქით, კეთილი სურვილით გარემოს აბინძურებენ.

მიწაზე დაგროვილი ფოთლების ქვეშ უხვად გროვდება ტენი, ტენიანი ფოთლები კი ძალიან დიდხანს იწვის და მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. დამწვარი ფოთლების კვამლი საშიშ ქიმიკატებს - ნახშირბადის მონოქსიდსა და ბენზოპირენს შეიცავს. მოდით, დასაწყისშივე რომ არ დაგზაფროთ, აღარ ჩამოვთვლი, რამდენ უბედურებას იწვევს ეს ნივთიერებები გარემოსა და, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმისათვის.

მართალია, თითო-ოროლა კოცონი ეკოლოგიურ კატასტროფას ნამდვილად არ გამოიწვევს, მაგრამ როდესაც ერთ ტერიტორიაზე, ერთმანეთის სიახლოვეს, რამდენიმე კოცონს ანთებენ (და, მოგეხსენებათ, ასეთი შემთხვევები ხშირია), უკვე სულ სხვა ეკოლოგიური სურათი იქმნება - დამწვარი ფოთლების კვამლით ჰაერის დაბინძურება ზოგჯერ ქარხნებისა და ავტომანქანების გამონაბოლქვსაც კი არ ჩამოუვარდება. სხვათა შორის, სადღაც ამოვიკითხე, აშშ-ს ზოგიერთ ქალაქში, მუნიციპალიტეტის საგანგებო ბრძანებით, ფოთლების დაწვა აუკრძალავთ კიდეც (მგონი, ჩვენშიც რაღაც ჯარიმის მსგავსი დააწესეს). ჰოდა, ისიც ხომ ცხადია, დაბინძურების ხარისხის შესწავლისა და ზუსტი გამოთვლების გარეშე ასეთი გაგანია დემოკრატიის ქვეყანაში ამას რომ არ გააკეთებდნენ?

სპეციალისტები მებაღეებს ფოთლების დაწვის საუკეთესო ალტერნატივად კომპოსტირებას სთავაზობენ. ძალიან ადვილი საქმეა. ვიღებთ ყუთს, მოვაგროვებთ გამხმარ ფოთლებს, კარგია, თუ ცოტა მწვანე ბალახსაც დავუმატებთ, კომპოსტირების პროცესი რომ დავაჩქაროთ და მერე, თუ შესაძლებლობა გვაქვს, ცოტა აზოტითაც გავაკეთილშობილებთ, მაგ., საქონლის ნაკელით ან ხელოვნური სასუქით. ამ მასას კარგად ავურევთ და ცოტა ხანს დავაცდით. რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში (პირობებს გააჩნია) ჩვენი კომპოსტიც მზად იქნება და ბაღის მცენარეებიც ბედნიერები იქნებიან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მეთოდით მხოლოდ ფოთლებისა და გამხმარი მცენარეების კომპოსტირება შეგვიძლია, მყარი ნარჩენები აქ არ უნდა გამოვურიოთ. სხვათა შორის, ჩვენში ერთ დროს მყარი ნარჩენების კომპოსტირების დანერგვაც უცდიათ, ქარხნული წესით, რა თქმა უნდა, რაც თავისთავად ძალიან კარგი იდეა იყო, მაგრამ... 1982 წელს თბილისში, გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა გახსნილა. საქართველოს სტატისტიკური კვლევებისა და განვითარების ცენტრის მონაცემებით, ეს საწარმო ყოველწლიურად 800 კუბურ მეტრ ნარჩენს იღებდა და 130 ტონა კომპოსტს აწარმოებდა. 1993 წელს საწარმო დაიხურა, ოფიციალური ჩანაწერებით, ელექტროენერგიის დეფიციტისა და გაძვირების გამო. თუმცა ამბობდნენ, რომ ქარხანაში წარმოებული კომპოსტი უვარგისი იყო, დიდი რაოდენობით მინარევებს შეიცავდა, მათ შორის, შუშის ნამსხვრევებსა და პოლიეთილენის ნაფლეთებსაც. ასეა თუ ისე, სავალალო შედეგი მივიღეთ: გაუქმებული ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილი 40 ათასი ტონა კომპოსტი - ესეც პერესტროიკისდროინდელი ექსპერიმენტის კიდევ ერთი მავნე შედეგი.

ლევან ხერხეულიძის ფოტოსერია „ნაგავსაყრელი“ დამიდგა თვალწინ. პირველად ეს ფოტოები რომ ვნახე, თავზარი დამეცა, მგონი, სწორედ გლდანის ნაგავსაყრელზე იყო გადაღებული...

თურმე ერთი ადამიანი ყოველწლიურად საკუთარ წონაზე 10-ჯერ უფრო მეტ ნაგავს გამოიმუშავებს და ყრის. წარმოგიდგენიათ?

ისევ ბაღში დავბრუნდეთ. არის ფოთლების დაწვის მავნე ჩვევის კიდევ ერთი უსაფრთხო და სასარგებლო ალტერნატივა - მულჩი. ფოთლები დავკეპოთ და მცენარეებს, განსაკუთრებით მოზარდ მცენარეებს, გარშემო შემოვუწყოთ.

და, ბოლოს და ბოლოს, თუ დაგეზარათ, არც ესაა პრობლემა. იყოს ეს ფოთლები ამ ეზოში, ვის რას უშლის? ჭამას ხომ არ გთხოვთ? მოაქუჩეთ ერთად და დატოვეთ. ამით სარეველაც შემცირდება და ნიადაგის ტემპერატურა და ტენიც შენარჩუნდება.

ნუ დაწვავთ ფოთლებს!

აივანზე გავდივარ. ცას ხომ უნდა ავხედო და გავიგო, როგორ ამინდს გვიმზადებს მეხთამტყორცნელი ზევსი (გუშინ „ოდისეას“ ვუყურებდი და გამოყოლილი მაქვს, სატელევიზიო ქართულ თარგმანში „ოდესეა“ ერქვა, მაგრამ რა მოხდა მერე?!). გარეთ თავის გაყოფა და ზემოდან სიგარეტის ნამწვის ჩამოვარდნა ერთია. მგონი ზევსის მიერ გამოგზავნილ მომავლის წინასწარმეტყველების ნიშანს არ უნდა ჰგავდეს. ზემოთ ვიხედები, მაგრამ ვერავის ვხედავ. სამწუხაროა, არადა, მადლობა მინდოდა გადამეხადა: გმადლობთ, ბიჭებო, „დაბიჩოკებული“ სიგარეტი რომ გადმოაგდეთ-მეთქი. ხომ შეიძლებოდა ანთებული გადმოეგდოთ?

0x01 graphic

ოჰ, ეს ერთი პატარა სიგარეტის ნამწვი... აი, ნაწყვეტიც 1994 წლის Planet Ark-ის (ავსტრალიის ცნობილი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, მისი საინფორმაციო სამსახური მთელ მსოფლიოშია ცნობილი) მოხსენებიდან სიგარეტის ნამწვავების შესახებ:

- სიგარეტი შეიცავს 3900-მდე ქიმიურ ნივთიერებას, რაც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. სიგარეტის ფილტრი საგანგებოდ ისეა დამზადებული, რომ მოწევის დროს წარმოქმნილი მავნე წვის პროდუქტები შეაკავოს, ამიტომ ფაქტობრივად სიგარეტის ფილტრი პატარა მომწამვლელ ბომბს ემსგავსება.

- სიგარეტის ფილტრი ცელულოზის აცეტატისგანაა დამზადებული. მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად მის დაშლას აე რობულ პირობებში (მარტივად რომ ვთქვათ, ჰაერზე) 2 თვემდე დრო სჭირდება, ზღვის წყალში - 3 წელი ან უფრო მეტიც. ზოგჯერ კი ნამწვის დაშლას 15 წელი შეიძლება დასჭირდეს (რა ყოფილა ეს ერთი პაპიროსის ნამწვი, მოქკავშირის დაშლას უფრო ნაკლები დრო დასჭირდა).

- სხვა მავნე ნივთიერებებთან ერთად, ნამწვი რადიოაქტიულ პოლონიუმ 210-საც შეიცავს.

- გზებსა და ტრასებზე გადმოყრილი სიგარეტის ნამწვავები წვიმის დროს ჩაირეცხება წყალში. ხშირად მათ ფრინველების, კუების და სხვა წყლის ცხოველების კუჭში პოულობენ.

- ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 4,5 ტრილიონი ნამწვი იყრება. ეს ყველაზე დიდი ნაგავია. ამ ნაგვის მოცულობა აჭარბებს 40 ათას კუბურ მეტრს. ეს იგივეა, რაც ნაგვის ბუნკერების 3 კმ-იანი რიგი.

და საღეჭი რეზინა?

0x01 graphic

აი, კიდევ ერთი დიდი პრობლემა. თურმე ნუ იტყვით და, 2005 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუხარჯავთ, ქუჩები საღეჭი რეზინისგან რომ გაეწმინდათ. ეს პოლიმერი, რომლისგანაც საღეჭ რეზინას ამზადებენ და რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო დასაღეჭია, დიდი ხათაბალა რაღაც ყოფილა, კარგა დიდი ხანი სჭირდება, გარემოში რომ დაიშალოს. ასე რომ, თუ იმის იმედით დააგდებთ მიწაზე, რომ გაიხრწნება და ნეშომპალად იქცევა, მინდა იმედი გაგიცრუოთ. როგორც ჩანს, ამ ერთი ციცქნა წელვადმა ბურთულამ, ხან სად რომ აგეწებება და ხან - სად, ყველა ძალიან გააწამა. „ვრიგლის“ კომპანიაში 1988 წლიდან მიმდინარეობდა გამწარებული მუშაობდა ბიოდეგრადირებადი საღეჭი რეზინის მისაღებად, მაგრამ გამოშვებით ასეთი საღეჭი რეზინა არ გამოუშვიათ. სამი წლის წინ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად დაშლადი საღეჭი რეზინის რეცეპტი, რომელიც სიმინდის ერთ-ერთ პროტეინზეა დამზადებული, გადაგდების მერე მაშინვე მკვრივდება და ორ კვირაში სრულიად იშლება. მაგრამ მერე მოვლენათა განვითარებისთვის თვალი აღარ მიმიდევნებია და, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ გამოგონებას. ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ, ის საღეჭი რეზინები, რასაც დილიდან საღამომდე ენერგიულად ვიღეჭებით (ჩემი სკოლის მასწავლებლების თქმით, ვიცოხნებით), ისევ ისეთი წარმატებით ეკრობა ჩვენს ფეხსაცმელებს.

ისე, მაინც გამიმართლა. ჩემი კორპუსიდან მხოლოდ სიგარეტის ნამწვავებს ისვრიან და ეზოშიც მხოლოდ ფოთლებს და ბალახს წვავენ. აი, ჩემი ერთი ნაცნობის ეზოში კი მწვადებივით წვავენ საბურავებს. ერთობიან. ჭიაკოკონობაო. ესაო. ისაო. საბურავების კოცონი კარგი რომ იყოს, ჭინკებს დაასწრებდა ვინმე? ფანჯრის ქვეშ ხომ საერთოდ ვერ გაივლი, რას აღარ ისვრიან: „ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები, ნარმა, მიტკალი, რა გინდა, მითხარი!..“

მეტი რაღა უნდა გითხრათ?

ჰო, საბურავებზე. საბურავების წვის დროს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე მრავალი ნივთიერება გამოიყოფა, მაგალითად, მხუთავი გაზი CO, მეტს ნუღარ ჩამომათვლევინებთ, რა, საკმარისი არაა? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობას კიდევ ერთი რამ ამძიმებს. ხშირად გაჭირვებულები და უსახლკაროები წვავენ საბურავებს გასათბობად.

კიდევ უნდა მეთქვა რაღაც. ამას წინათ ბათუმში რომელიღაც ძველი სასტუმროს საბჭოური შენობის ჩონჩხი რომ დაანგრიეს აფეთქებით, იმას გადმოსცემდნენ ტელევიზიით. მუშა ჰყვებოდა, ძალიან გაგვიჭირდა შენობის აფეთქებაო. გავიხედე და ეკრანზე ამ მუშის სახელ-გვარის ქვეშ მიწერილია: ამფეთქებელი. მშვენიერია, პროფესია - ამფეთქებელი. ახლა ეს რაზე გამახსენდა? ჰო, ჩემი ნაცნობის მეზობლებზე. ოდესმე მისი ეზოს დასუფთავების აქცია თუ მოეწყობა, ტელევიზია ამ ეზოს მაცხოვრებლებსაც ხომ ჩამოართმევს ინტერვიუს, და ქვეშ მიაწერენ - ეზოს დამაბინძურებელი, ან - ეზოს მთავარი დამაბინძურებელი. როგორ ჟღერს?

მოკლედ, გავიღვიძე. ახლა ერთი კარგი შხაპი და...…

შევეცადე, დამეთვალა, რამდენი წყალი მჭირდება მე, ერთ ადამიანს, დილის პროცედურებისათვის და, ჩემი უხეში გათვლებით, ასეთი შედეგი მივიღე: მინიმუმ 40 ლ წყალი მარტო შხაპისთვის + კიდევ ცოტა ხელის დასაბანად და კბილის გასახეხად + ტუალეტის ბაკის ერთი ჩამოსხმა (4 ლიტრი).

უჰ, გენაცვათ... სწორი ყოფილა ჩემი ახლობლის ბებია, იმ ავადსახსენებელი უწყლობა-უშუქობის წლებში შინ დაბრუნებულ შვილიშვილს რომ შეუწყრებოდა ხოლმე: რა იყო, ბებია, ვერ მეითავე სადაც იყავი და ისე ვერ მოდი სახლშიო?

ვაგრძელებ...

+ 0,5 ლიტრი ჩაის ან ყავისთვის + ჭიქის გასარეცხად + დასალევი წყალი (ხომ გვირჩევენ ექიმები, ჯანმრთელობისთვის მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთო)... კი ავიდა ერთი 60 ლიტრამდე. ხედავთ? არადა, რა გავაკეთე განსაკუთრებული? აბა, ახლა ამას დაამატეთ ჭურჭლის რეცხვაო, სარეცხის მანქანაო, სადილის მომზადებაო, მარტო მწვანილის გარეცხვას რამდენი წყალი უნდა?

აქ უკვე სათვალავი ამერია. მგონი საკმარისია. სეტონ-თომპსონის ერთი მოთხრობა გამახსენდა, მოდი, სადილის მერე თეფშები ძაღლს ავალოკინოთო და წყალი აღარ დაგვჭირდებაო.

მწვანე ცნობიერებით გამორჩეული დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ერთხელ ერთი კინკილა ყავის ჭიქის გასარეცხად ონკანი რომ მოვათქრიალე, ჩემმა კარის მეზობელმა ვანესამ მკაცრი სახით შემომხედა და დინჯი, დამრიგებლური ტონით ჩამეკითხა: როგორო, გუშინ ლონდონის მერის სატელევიზიო გამოსვლას არ უყურეო? კარგი რა, რა ლონდონის მერი, ჩემს ქვეყანაში ისეთები ხდება, დედა შვილს არ აიყვანს-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ ვინ მოგისმინა. იცი, რა თქვაო? ქვეყანაში წყლის რესურსები ძალიან შემცირდა, ეცადეთ, წყალს გაუფრთხილდეთო და სანამ გაუძლებთ, ტუალეტიც კი არ ჩარეცხოთო. ჰო, არ ჩარეცხოთო, - სწორედ ასე ეთქვა იმ ზრდილობიან ბრიტანელ ჯენტლმენს.

რანაირად რეცხავენ ჭურჭელს ეს ინგლისელებიო, - აღშფოთებას ვერ მალავდა ბერძენი კოსტასი, - მაგათი შემხედვარე მადა დამეკარგა, ხუთი კილო დავიკელიო. ერთს გაატანტალებენ საპნიან წყალში და მორჩა, იძახიან გარეცხილიაო; ადრე მაინც მცოდნოდა, ბარში მუშაობისას თავს რომ ვიკლავდი ჯამ-ჭურჭლის ხეხვითო.

საწყალი კოსტასი, სულ იმას ნატრობდა, დროზე დავამთავრო ეს სწავლა, ერთი ჩემი ზღვის პირას დამსვა და ზღვაში კენჭები მასროლინაო. ალბათ იმ ნაპირზე პოსეიდონსაც აუგებდა ერთ კარგ სამსხვერპლოს შინ დაბრუნებისთვის მადლიერების ნიშნად, უბრალოდ ხმამაღლა არ ამბობდა. ხმამაღლა მხოლოდ თალეს-ბაბუას სიტყვებს იმეორებდა ხოლმე ამაყად: წყალი ყველაფრის საწყისიაო.

ბრძენი კაცი იყო ბაბუა თალესი. ისიც კარგად უნდოდა სცოდნოდა, რომ წყლის გულისათვის ადამიანები ერთმანეთსაც კი დახოცავდნენ. იცოდა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა, სხვასაც დაუტოვა საფიქრალი.

„იშვიათი სჯობს მრავალს, როგორც ოქრო რკინას, თუმცა ის ნაკლებ გამოიყენება, ოქროს მეტი ღირებულებაც აქვს, რადგან მისი მოპოვება ძნელია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ხშირი იშვიათს სჯობს, რადგან მეტად გამოიყენება და რადგან „ხშირი“ სჯობს „იშვიათს“, ამიტომაა ნათქვამი, რომ წყალი უკეთესია“ (არისტოტელე, „რიტორიკა“).

რომელ მოთხრობაშია, ერთი პატარა წყაროს გულისთვის თავ-პირს რომ ამტვრევენ ერთმანეთს (ეკალაზე ჩხუბისა არ იყოს)? - უჰ, რომელ ერთში...

მაგრამ ეს ვიწრო კონფლიქტი რა მოსატანია?

გასულ კვირას განსაკუთრებით დაიძაბა კონფლიქტი ისრაელსა და ლიბანს შორის. დაძაბულობის მიზეზი წყალი იყო. ისრაელში მოხმარებული წყლის 2/3 ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიეწოდება, ისრაელის წყალმომარაგების სისტემის ნახევარი კი იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც 1967 წლამდე ისრაელს არ ეკუთვნოდა,“ - ამონაწერიფრანს პრესის სააგენტოსმიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.

ჩვენს საუკუნეში წყალი უკვე იშვიათობად იქცა და არაერთ ქვეყანას შორის გახდა სერიოზული კონფლიქტის მიზეზი: ინდოეთი და პაკისტანი; ეგვიპტე, სუდანი და ეთიოპია; უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის „დიდი რისკის კონფლიქტი“ ამუდარიას, სირდარიასა და თითქმის დამშრალი არალის ზღვის გარშემო; ბოცვანა, მოზამბიკი, ზამბია და ზიმბაბვე; სასაზღვრო შეტაკებები მავრიტანიასა და სენეგალს შორის სენეგალის მდინარეზე კონტროლის ხელში ჩასაგდებად...

გაეროს გამოთვლებით, მსოფლიოში 300 ზონაა, სადაც წყლის რესურსების გამო შესაძლოა კონფლიქტი გაღვივდეს.

კიდევ უფრო შემაშფოთებელი პროგნოზიც არსებობს: წყლის დაბინძურება ასე თუ გაგრძელდა, 2020 წლისთვის მთელ მსოფლიოში 76 მილიონი ადამიანი დაიღუპება წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან.

ხმელეთის ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელი მტკნარი წყალი პლანეტის უხვი წყლის რესურსების ძალიან მცირე ნაწილს - 0,014%25-ს შეადგენს. მისი რაციონალური მოხმარება და დაბინძურებისგან დაცვა მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პრობლემაა.

არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა:

„დღესდღეობით საქართველოში წყლის დაბინძურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. ზედაპირული წყლების ხარისხი, ისევე როგორც სასმელი წყლის ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია. ასევე პრობლემურია სასმელი წყლით მომარაგების საკითხი. საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა გაუმართავია...“

„საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ ითვალისწინებს წყლის მოხმარების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემის შექმნას და სახელმწიფო კადასტრის წარმოებას, თუმცა, ფინანსების არარსებობის გამო, კადასტრის წარმოება არ ხორციელდება.“

„წყალსარგებლობის ნებართვების გაცემისას წყლის ობიექტიდან წყალაღების შესაძლო რაოდენობის შეფასება ძველ მონაცემებზე დაყრდნობით და ზეპირი გათვლებით ხორციელდება. გარდა ამისა, არ არის დარეგულირებული წყლის სწორი გადანაწილების უზრუნველყოფა. მაგ.: საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ჭარბი წყლის აღება სათავეებიდან (ძირითადად, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებისათვის), რაც ამცირებს ხელმისაწვდომი წყლის რაოდენობას დინების ქვემოთ არსებული მომხმარებლებისათვის.“

„საქართველოს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ჩაშვების სათანადო რეგულირებას. ასევე, არ არსებობს წახალისების მექანიზმები დაბინძურების შესამცირებლად. 2004 წლის საგადასახადო კოდექსიდან ამოღებულ იქნა გადასახადები მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის, კერძოდ, 1997 წლის საგადასახადო კოდექსით (კარი XI) გათვალისწინებული გადასახადები სტაციონარული წყაროებიდან (მათ შორის, კომუნალური საკანალიზაციო და სანიაღვრე კოლექტორებიდან) წყლის ობიექტებში ჩაშვებული მავნე ნივთიერებებისათვის.“ - ამონარიდები „მწვანე ალტერნატივას“ 2007 წ. პუბლიკაციიდან.

პრინციპში, თუკი რაღაცაა გამწმენდგამასუფთავებელი, არაფერი წესიერად არ მუშაობს. ასე თუ გავაგრძელეთ, ფაფუუუ ჩვენი ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტისფერი საქართველო...

ისევ გაფუჭდა ეს ონკანი, წყალი წვეთავს...…

ერთი ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატარე, ონკანიდან წყალი მსხვილად მოწვეთავდა და ორ წუთში ერთლიტრიანი ბოთლი ავავსე. აბა, 24 საათზე გადაამრავლეთ?

რამდენიმე ათწლეულში მსოფლიო მოსახლეობის 1/3 ქრონიკული უწყლობის პრობლემის წინაშე დადგება, - აცხადებენ რადიოში.

ისევ წვეთავს წყალი ონკანიდან.

აფრიკელ ბავშვებს დღესაც სანატრელი

აქვთ სუფთა წყალი...

აფრიკა, აფრიკა!

კარგია, რომ გამოგაზაფხულდა, თუ გამოზაფხულდა.ელექტროგამათბობელი აღარ გვჭირდება.

აღმოჩნდა, რომ ერთ კეთილ საქმეს მაინც ვაკეთებ ამ ცხოვრებაში - კონდიციონერს არ ვიყენებ. და ვინაიდან კარგად ჩამოცხომამდე ჩემი სახლი მთლიანად მაცივრის ფუნქციას ასრულებს, ძალიან მცირე წვლილი მეც შემაქვს ეკოლოგიური საფრთხის შემცირებაში. ამასობაში ჭკვიანმა ხალხმა თანამედროვე ეკონომიური მაცივარიც გამოიგონა. ესეც ხეირია.

ვსაუზმობ. ყავა, პური და ხილფაფა.

„იჩქარეთ, იყიდეთ რობერტსონის ხილფაფა! სასარგებლო ნატურალური პროდუქტი. გარემოსთვისაც უვნებელი. არც მაცივარში სჭირდება შენახვა და მის ჯადოსნურ შუშის ქილასაც მრავალჯერადად გამოიყენებთ“, - ამ სიტყვებით ყიდდა ბაზარში ულვაშა ინგლისელი გამყიდველი ნაირნაირი კენკრისგან დამზადებულ ხილფაფებს. მოხიბლული დავრჩი ასეთი ცოცხალი მწვანე რეკლამით.

დღის განმავლობაში გასაკეთებელ საქმეებს ფანქრით ვინიშნავ ბლოკნოტში. „დამზადებულია გადამუშავებული კომპაქტ-დისკებისაგან“, - ასეთი წარწერა აქვს ფანქარს. ეს ლონდონის ეროვნული გალერეის ე.წ. მწვანე აქციის ნაწილია.

მე კიდევ გიჟად მთვლიან ხოლმე, მაღაზიაში რომ ვუხსნი გამყიდველს, არ მინდა ამდენი ცელოფანის პარკი, ისედაც პარკებში იხრჩობა მთელი ქალაქი-მეთქი. მგონი საბჭოური დროის ნოსტალგია მომეძალა. ერთი ტილოს ჩანთა პურისთვის და ერთიც ხელბადე რძის პროდუქტებისთვის. და კიდევ ერთი-ორი, კაპიტალისტური ქვეყნიდან სასწაულად შემოღწეული, ჭრელი პოლიეთილენის პარკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. არა, გინდა-არგინდა, მაინც გაჩეჩებენ ამ პარკებს მაღაზიებში. და დაფრინავს მერე ეს ფერადი პარკები მთელ ქალაქში. იცით, რა მკითხა ჩემმა ფრანგმა დეიდაშვილმა, პირველად რომ ჩამოვიდა სტუმრად საქართველოში? - ეს რა ტრადიცია გქონიათ ქართველებს, ხეებზე ცელოფანის პარკების შებმაო? რაღა უნდა მეთქვა? კი-მეთქი და ნატვრის ხის ამბავი მოვუყევი: ალიხე, მალიხე, სალიხე...

ცელოფნის პარკები, რომლებსაც ასეთი არანორმალური რაოდენობით ყველგან ხელში გვაჩეჩებენ, საბოლოოდ ნაგავსაყრელებზე იყრის თავს. პოლიეთილენის პარკების პრობლემა დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან მწვავედ დგას. ყოველწლიურად 500 მილიარდი პარკი ვრცელდება და აქედან მხოლოდ 3%25-ზე ნაკლები გადამუშავდება და მზადდება მეორადი გამოყენებისთვის. პოლიეთილენის ბიოდეგრადირებას 1000 წელი სჭირდება და მისი ბიოდეგრადირების პროცესს მავნე სათბურის გაზების გამოყოფა ახლავს თან. დიდი მიგნება არ უნდა, ამ ინფორმაციას ყველგან მოიძიებთ ინტერნეტში.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ძლიერი დაბინძურების კიდევ ერთი წყარო პლასტმასი და სხვა პოლიმერული მასალებია. ვაშლის ქერქი არ არის, რომ ნეშომპალად გადაიქცეს და თვით გადამუშავების შემდეგაც კი, თუ ეს ყველაფერი წესების დაცვით არ მოხდა, დიდ საშიშროებას წარმოადგენს. მათი გადამუშავების პროცესიც, რომელიც თავისთავად დიდი ჯოჯოხეთური საქმე ყოფილა, დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფით ხასიათდება.

საათს ვუყურებ. ჯერ კიდევ მაქვს ცოტა დრო. ფრჩხილზე ლაკს ვისვამ. რა, რა და, რას ვიფიქრებდი, თუ არცთუ დიდი ხნის წინ ფრჩხილის ლაკისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შედიოდა ნივთიერება DBP (დიბუტილფთალატი), რომელსაც შემდგომ „გარემოსათვის სახიფათოს“ იარლიყი მიაკერეს და ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობიდან ამოიღეს. რაღას არ გაიგებ?

აეროზოლებზე კი ბავშვობიდან მესმოდა რაღაც მითიური საშინელებები. რა თქმა უნდა, ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი, ასეთი რა ზიანი უნდა მოეტანა სუნამოსა თუ დეზოდორანტის ერთ პატარა ბოთლს ამხელა დედამიწისთვის. თურმე სადა ხართ?

რა იცოდა ნორვეგიელმა მეცნიერმა ერიკ როთეიმმა, თუ მისი გამოგონება - ერთი პატარა აეროზოლის მექანიზმიანი კოლოფი ამდენ დავიდარაბას მოუტანდა მსოფლიოს? არადა, ყველაფერი მშვენივრად დაიწყო. როთეიმის პატენტი სასწრაფოდ შეისყიდა ამერიკულმა კომპანიამ 100 ათას ნორვეგიულ კრონად. მერე ამერიკელებმა დიზაინი განაახლეს და მეორე მსოფლიო ომის დროს სასარგებლოდ გამოიყენეს, ეს იყო მწერების ბომბი (bug bomb), რომლის მეშვეობითაც ჯარისკაცები მალარიას ებრძოდნენ და რომელიც თანამედროვე აეროზოლების წინაპარი გახლდათ...

გავიდა ხანი და დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა CFC-ს (იგივე ფრეონის) მიერ მიყენებული ზიანისა და ოზონის შრის სავალალო მდგომარეობის გარშემო. დასაწყისში რომ ვახსენეთ, ეგ ამბავია. 1974-1975 წლების შემაშფოთებელი პროგნოზი მოულოდნელად CFC-ს უმსხვილესი მწარმოებლის - „დიუპონის“ კომპანიის გაზეთებში გამოქვეყნებულმა განცხადებამ გააქარწყლა: ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა, ნაგავი, სრული უაზრობა, - ასე მოიხსენიებდა „დიუპონის“ კომპანიის ხელმძღვანელი მეცნიერთა დასკვნებს. ამის შემდეგ კიდევ უფრო უცნაური რამ მოხდა, მეცნიერებმა, რომლებმაც ოზონის კატასტროფა იწინასწარმეტყველეს, თითქოსდა უკან წაიღეს საკუთარი პროგნოზი: შეიძლება რაღაც შეგვეშალაო.

მერე ერთი ხანობა აეროზოლების გამოშვება აიკრძალა (თუმცა, რა თქმა უნდა, ყველგან არა), მაგრამ მაცივრები და კონდიციონერები კვლავ საფრთხეს უქმნიდა ოზონის შრეს. იყო ბევრი დავა და ბჭობა. მერე იყო 1985 წლის შეხვედრა ვენაში ატმოსფერული კვლევისა და ოზონის მონიტორინგის საერთაშორისო თანამშრომლობის ეგიდით. ამ შეხვედრაზე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ და შვედეთმა CFC-ს აკრძალვა მოითხოვა, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, იაპონიამ და სსრკ-მ არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას... ამავე წელს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევების მკვლევრის - ჯოზეფ ფარმანის თავზარდამცემი აღმოჩენა რომ არა, ეს საკითხი შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ღიად. ფარმანმა მსოფლიოს ამცნო ანტარქტიკის თავზე ოზონის გიგანტური ხვრელის არსებობის შესახებ...

თუმცა CFC-ს მწარმოებლები პოზიციას არ თმობდნენ. „დიუპონი“ კარგა ხნის მერე დაყაბულდა. „იმედი მაქვს, გვიანი არაა,“ - ცინიკურად შენიშნა ვერმონტის სენატორმა სტაფორდმა. CFC 40-50 წლის განმავლობაში რჩება ჰაერში და ოზონს ემუქრება.

1987 წლის 16 სექტემბერს ხელი მოეწერა მონრეალის პროტოკოლს ოზონის შრისთვის საფრთხის წარმომქნელი ნივთიერებების წარმოების შემცირების შესახებ. ამპროტოკოლის მნიშვნელობა თვით კოფი ანანმა ასეთნაირად შეაფასა: „დღეისათვის ყველაზე წარმატებული საერთაშორისო შეთანხმება.“ მონრეალის პროტოკოლით განსაზღვრულია ოზონისთვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს ქლორს ან ბრომს, და მათი მოხმარება 50%25-ით არის შემცირებული. შეზღუდვა არ ეხება რამდენიმე გამონაკლისს, სადაც ალტერნატივა ვერ მოიძებნა: ასთმისა და სხვა რესპირატორული პრობლემების სამკურნალო ინჰალატორებსა და წყალქვეშა ხომალდებსა და თვითმფრინავებში დამონტაჟებულ მოწყობილობებს.

დღეისათვის კიდევ ახალი სადარდებელი გაჩნდა. HCFC, რომელიც ოზონისთვის მავნე CFC-ს ჩაენაცვლა, გლობალურ დათბობას უწყობს ხელს და დიდი რაოდენობით სათბურის გაზს გამოყოფს. მონრეალის პროტოკოლის გადაწყვეტილებით, შესაძლოა 2030 წლისთვის ისიც ამოიღონ ხმარებიდან.

დღესდღეობით მონრეალის პროტოკოლს 191 წევრი ქვეყანა აწერს ხელს. საქართველო ამ პროტოკოლს 1996 წლის მარტში მიუერთდა. გვპირდებიან, გვეშველებაო, ვნახოთ...

ამას წინათ რომელიღაც ჟურნალში საინტერესო რჩევებს გადავაწყდი, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ გარემო მინიმალურად დავაბინძუროთ. რამდენიმე მათგანი დამამახსოვრდა: დავზოგოთ ელექტროენერგია, გამოვიყენოთ ეკონომიური მაცივრები და ელექტრონათურები, ვიაროთ ფეხით მოკლე მანძილებზე, უფრო ხშირად ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შევამციროთ ნაგვის რაოდენობა და მოვიშალოთ უსარგებლო ნივთების შეძენის მავნე ჩვევა, ვისარგებლოთ ქაღალდის, მინის, ლითონის გადამამუშავებელი პუნქტებით, ეკონომიურად გამოვიყენოთ ქაღალდი...

ისე, კაცმა რომ თქვას, რა დიდი სირთულეა ამაში? ჩვენი ჯიბისთვისაც არ უნდა იყოს ურიგო ეს რჩევები. მაგრამ ვინ გისმენს?

გარეთ გავდივარ. „ატმოსფერო იყო ატმისფერი,“ - მახსენდება პოეტის სიტყვები. რა არაადეკვატური ასოციაციაა, იმ კაცმა თქვა ატმისფერიო, ვირისფერი კი არ უთქვამს. დედაქალაქი ავტომანქანის გამონაბოლქვში იხრჩობა.

- ვაიმე, რას გეუბნებოდი? ხო, მანქანაში რადიოს ვუსმენდი. გლობალურ დათბობაზე ლაპარაკობდნენ.

- მართლა? და ეგ კარგია თუ ცუდი?

- ვაიმე, რას ამბობ, კარგი კი არა, ძაან ცუდი ყოფილა. აი, უძაანესად. ჰაერი ცხელი შოკოლადი 209 ისეა ქალაქში დაბინძურებული, ფეხით ვეღარც გაივლი. ძაან პრობლემაა, რაა.

- კაი, რაა? უნდა ვუთხრა სანდროს, დროზე მიყიდოს ის მანქანა. თორემ მართლა ვეღარ ვიცვამ იმ თეთრ კაბას, ამ ზაგარზე თუ არ ჩავიცვი, მერე რა აზრი აქვს?

(შარდენის ქუჩის ჩანაწერებიდან).

ოდესღაც ნეაპოლში კანონი მიუღიათ, მანქანაში სამ კაცზე ნაკლები თუ იჯდებოდა, მანქანის ქუჩაში გამოყვანა აკრძალული იყო. ვითომ მანქანების და, შესაბამისად, გამონაბოლქვის, რაოდენობა რომ შეემცირებინათ. არ გამოვიდა ეგ საქმე. ნეაპოლელებმა ფეხით სიარული არ იკადრეს და მუყაოსაგან დამზადებული საფრთხობელები ჩაამაგრეს მანქანებში, ვითომდა მგზავრებიაო.

სამარშრუტო ტაქსიში ვეკვეხები. თუ გამიმართლა და ადგილი ვიპოვე, თანაც ფანჯრიანი, ფანჯარას ვაღებ და ხარბად ვისუნთქავ დილის ჰაერს, უჰ, მომიტევეთ: მახრჩობელა გოგირდის ოქსიდებს.

ოზონის დაბინძურება განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში იჩენს თავს, მაშინ, როდესაც არის ბევრი მზე, ზღვა და სიყვარული. უჰ, ეს სიყვარული რაღა შუაშია? უკაცრავად, სულ ავურიე. მგონი, ეს ოხერი ოზონი ფსიქიკაზეც ახდენს გავლენას.

და ზღვა?

შავი ზღვაც შავ დღეში ყოფილა.

„ეს ზღვა რომ შავია, დამნაშავეა“, - ამეკვიატა სამარშრუტოში მოსმენილი სიმღერა.

როგორც იქნა, სამსახურამდეც მივაღწიე. ეს ჩემი მაგიდა ალბათ მალე ისე აივსება ფურცლებით, რომ ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსება. რა ვქნა, ასეთი სამუშაო მაქვს, ბევრს ვწერ და ბევრ ქაღალდს ვხარჯავ. თანაც საწერ-კალამი უფრო მიყვარს, ვიდრე კლავიატურაზე კაკუნი.

ერთი ხისგან დაახლოებით 80500 A4 ზომის ფურცელს ამზადებენ. ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ქაღალდით უზრუნველყოფას 786 მილიონი ხე სჭირდება.

თაბახის ფურცლის ორივე მხარეს ვწერ. ფურცლის ორივე მხარეს გამოყენება და მეორადი მოხმარება 2,5 კილოგრამი სათბურის გაზის ეკონომიაა.

ქაღალდი თანამედროვე დაუდევარი საზოგადოების სიმბოლოა! - გონებაში წამომიტივტივდება ლოზუნგი ელექტრონული წიგნების სარეკლამო განცხადებიდან.

აი, კიდევ სტატისტიკა: მსოფლიოში წარმოებული ქაღალდის 55%25-ს ახალმოჭრილი ხეებისგან ამზადებენ.

ქაღალდის წარმოებაში, ძირითადად, ხელოვნურ სანერგეებზე გაზრდილი კი არა, ბუნებრივ ტყეში მოჭრილი ხეები გამოიყენება.

ქაღალდის ინდუსტრია ყველაზე დიდი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომელიც წყლის უდიდესი მომხმარებელია. არცერთი სხვა ინდუსტრია არ იყენებს ასეთი დიდი რაოდენობის წყალს.

ქაღალდის ინდუსტრია რიგით მესამე წარმოებაა დიდი რაოდენობით სათბური გაზების გამოყოფის ეფექტით.

ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად 5 მილიონი ტონა ქაღალდი ხვდება.

ადრე მაკულატურას მაინც იბარებდნენ. მახსოვს, 30 კილო მაკულატურა ჩავაბარე და წიგნის ტალონი მომცეს. იმ ტალონით წიგნი ვიყიდე - „სამი მუშკეტერი“. ახლა სად წავიღო ამდენი ქაღალდი, აღარ ვიცი. 1 მილიონი ტონა მაკულატურის გადამუშავება გაჩეხვისგან იცავს 60 ჰექტარი ფართობის ტყეს.

მგონი დროა, წერა-კითხვას შევეშვა.

არრრა, ჯერ არრა, - მეპასუხება ჩემი მეგობრის თუთიყუში და ნიშნისმოგებით აკანტურებს თავს, თითქოს თვალს მიკრავსო. თავის დროზე ჟაკო, მგონი, ვიღაც მეზღვაურმა ჩამოიყვანა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს, მერე საიდან გაჩნდა ჩემი მეგობრის ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია, რომ გაჩნდა. პრინციპში, ეს ჩვენი ჟაკო ტრეფიკინგის მსხვერპლია. ჩემი მეგობრის ბინაში არალეგალურად ცხოვრობს, არც პასპორტი აქვს (ანუ, წარმოშობის სერტიფიკატი) და ზის და უსმენს ჩემი მეგობრის გაუთავებელ სიბრძნეებს. აბა, ჰკითხეთ, მოსწონს?

საქართველოში ეგზოტიკურ ცხოველთა შემოყვანის ძირითადი გზა კონტრაბანდაა. დარღვეულია CITES-ის კონვენციის პირობები - დატყვევებულ ცხოველთა უმეტესობას წარმოშობის სერტიფიკატი არა აქვს.

„ნაკრესის“ წყალობით ამ ბოლო დროს ბევრი რამ წავიკითხე იმაზე, თუ როგორ იჭერენ და გადმოჰყავთ საზღვარზე ეს ცხოველები კონტრაბანდისტებს. ხშირად უკიდურესად სადისტურ მეთოდებს იყენებენ: მაგალითად, თუთიყუშები წინდებში ჩაჩურთული გადმოჰყავთ საზღვარზე, ზოგჯერ მცირე ზომის კოლოფებში ან ქაღალდის გრაგნილის შიგნითაც განათავსებენ. ამიტომ ძალიან ხშირად, 100 დაჭერილი თუთიყუშიდან მხოლოდ ორი თუ აღწევს დანიშნულების ადგილს.

ბედი ჰქონია ამ ჩვენს ჟაკოს. მაგრამ ვინ იცის, რა გადაიტანა. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს გვიამბოს კიდეც?

როდესაც ჟაკოს გალიას ადგილს შეუნაცვლებენ და ფანჯრის რაფაზე გადადგამენ, თუთიყუშს ეზოსკენ გაურბის თვალი. ყოველ შაბათს მეზობელი სადარბაზოდან ყურმოფლეთილი ძაღლი გამოჰყავს პატრონს და სადღაც საქმიანად მიჰყავს ხოლმე.

გასაგებია, სადაც.

რაღა შორს წავიდეთ, ამ სისხლიან სპორტს (სისხლიანი გართობა, ან სისხლიანი სპორტი - ასე მოიხსენიებს ძაღლების ჩხუბებს ცივილიზებული ხალხი) ჩვენშიც ჰყავს თავისი მიმდევრები. რამდენიმე ხნის წინ შეჯიბრებებისთვის საგანგებო ტერიტორიებიც ჰქონდა მონიშნული: თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მზიური, თბილისის ზღვა... ახლა აღარ ვიცი, სად არიან. კანონი კი არ არის.

ამერიკაში ეს გართობა 1866 წელს აიკრძალა. დიდ ბრიტანეთში ძაღლების ჩხუბის აკრძალვის ჰუმანური კანონი კიდევ უფრო ადრე მიიღეს - 1835 წელს.

ყურმოფლეთილი ძაღლი სადარბაზოდან რომ გამოდის ხოლმე, ჟაკო მოუსვენრად იწყებს ლაპარაკს და გალიაში ფრთხიალს, მაგრამ იმ საწყალს მაგისთვის სცხელა?

ისევ მახსენდება გავეშებული ბრიტანელი გარემოსდამცველები, ბიბლიოთეკის წინ ტრანსპარანტებით რომ იყვნენ შეკრებილი და ხმის ჩახლეჩვამდე გაჰყვიროდნენ: იცხოვრეთ მწვანედ! შეწყვიტეთ ცხოველებზე ექსპერიმენტები! შეაჩერეთ... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

გვეშველება ვითომ რამე?

არრრა, - ჩამესმის ისევ ჟაკოს მჭახე ხმა.

გადავირიე, მეტი არაფერი იცის ამ თუთიყუშმა?

ძილის დროც მოსულა. მესიზმრება მწვანე მინდორი და მწვანე კალიები. მინდორში ერთი ხეა. ფეხის წვერებზე ვიწევი და ხის ტოტზე მწვანე ცელოფანის პარკს გამოვნასკვავ. რომ მეღვიძება, აღარ მახსოვს, რა ჩავუთქვი, ალბათ - მწვანე სურვილი.

ხვალ დილით წიგნის მაღაზიაში შევივლი, ჟურნალის მწვანე ნომერს ვიყიდი, ცელოფანის პარკს შემოვაცლი და... (არა, არა, ხეზე არ გამოვნასკვავ) ჩავუჯდები. ესეც ჩვენი საუკუნის ირონია: ყველაზე ეკოლოგიური შინაარსის ნომერი ყველაზე არაეკოლოგიური ფორმით - პოლიეთილენის შეფუთვით.

0x01 graphic

16 მწვანე ადვოკატი

▲back to top


ისტორია

ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

გლობალური დათბობა განვითარებული სამყაროსთვის, დიდი ხანია, აბსტრაქტული საფრთხე აღარ არის. დასავლეთის საზოგადოებები მის მნიშვნელობაზე უკვე აღარ დავობენ. საკითხი სხვაგვარად დგას: რა შეუძლია თითოეულ ადამიანს, ქვეყნების მთავრობებს და ბიზნესს გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის საერთო გეგმებზე ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს და ქვეყნებს სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმოებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე პროექტებს გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით აფინანსებენ. IPCC-მ ჯერ კიდევ 1989 წელს ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დამაბინძურებლების კლიმატის გლობალური კოალიცია ჩამოაყალიბა და ქვეყნებს სითბური გაზების შესამცირებლად უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტიციების ჩადება მოსთხოვა. დღეს, განვითარებულ მსოფლიოში დიდ და მცირე ბიზნესს სახელმწიფო კანონდებლობა არეგულირებს, რომელიც მკაცრი გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებითაა შემუშავებული. XXI საუკუნის დამდეგს, დასავლეთის ქვეყნებში გარემოსდაცვით საკითხებზე და გლობალურ დათბობასთან ადაპტაციაზე სამოქალაქო სექტორში მილიონობით ადამიანი მუშაობს.

IPCC-ს ბოლო, ყველაზე ვრცელი ანგარიშის მიხედვით, გლობალური დათბობის პროცესი უკვე დაიწყო და ეს, დიდწილად, ადამიანების გარემოზე ზემოქმედების შედეგია.

ტაფტსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (თუ მსოფლიო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ რადიკალურ ზომებს არ მიიღებს): 2100 წლისთვის დედამიწაზე საკვები რესურსების (ძირითადად სასოფლო მეურნეობის პროდუქტები) დეფიციტი პიკს მიაღწევს და დაბალგანვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიხოცება. ალპური ზონები პლანეტაზე, უბრალოდ, გაქრება. მხოლოდ დასავლეთ არქტიკის ყინულის საფარის დნობა ყოველწლიურად 5-6 მ. ზღვის დონის ამაღლებას გამოიწვევს. რომ არაფერი ვთქვათ გრენლანდიაზე. დედამიწის მოსახლეობის რიცხვი კი ყოველწლიურად 1.15%25-ით მატულობს. ამიტომ, განვითარებად ქვეყნებში მიგრაცია გაძლიერდება, რადგან დაზარალებული მოსახლეობა სწორედ ასეთ ქვეყნებს მიაწყდება.

ოკეანის ცირკულაციის სისტემა ნაწილობრივ (ან მთლიანად) მოიშლება და ჩრდილოეთ ევროპაში ჰაერის მასების მოძრაობა შეწყდება. მსოფლიოში სასმელი წყლის ფასი ნავთობისას ნელ-ნელა უტოლდება. 100 წელი დარჩა იმ დრომდე, როდესაც დედამიწა წლის რესურსს მთლიანად ამოწურავს. ყოველწლიურად ყოველი მერვე მცენარის და მეოთხე ცხოველის სახეობა გადაშენდება. 2080 წელს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში გახშირებული წყალდიდობების გამო ქვეყანას 22 მილიარდი ფუნტ სტერლინგის ზარალი ექნება. კალიფორნიის ელექტროსიმძლავრეების კვლევის ინსტიტუტის, პალო ალტოს ცნობით კი, სულ 62 წელია დარჩენილი იმ დრომდე, სანამ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს (უკანასკნელი გაზომვებით ეს არის 380 პპმვ. თუმცა, ყოველწლიურად 2პპმვ-ით, ანუ 0.5%25 იზრდება.) მაშინაც კი, თუ ატმოსფეროს ყველაზე აქტიური დამაბინძურებლები - ამერიკა, ევროპა და იაპონია რადიკალურ ზომებს მიიღებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ... მოკლედ, თუ სიცოცხლე გიყვარს, კარგს არაფერს ნიშნავს.

მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს იმ რეალურ საფრთხეს, რასაც დანარჩენი სამყაროსთვის, უკვე საუკუნეზე მეტია, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა ჰქვია და ჩვენთან ჯერ კიდევ ეკოლოგიას (მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმის გარემოსთან ურთიერთობის შესახებ) ვეძახით.

მანანა ქოჩლაძე საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი და კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციის „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელი“ (CEE Bankwatch Network) წარმომადგენელია. „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყანაში არასწორი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის გატარებას ეწინააღმდეგება და კონკრეტულ პროექტებსა და საკანონმდებლო ინიციატივებში გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებას ითხოვს. „CEE BWN“-ში კი კავკასიის რეგიონში ნავთობპროექტების მიმდინარეობას აკვირდება და ცენტრალური ევროპის ბანკების შეხვედრებზე ანგარიშებს წარადგენს. როგორც თვითონ ამბობს, უბრალო რამეა - კითხულობ ანგარიშებს, წერ კომენტარებს, მერე ცვლილებებს ადგილზე აკვირდები, ისევ კითხულობ ახალ ანგარიშებს და ასე დაუსრულებლად. ეს ყველაფერი კი წერა-კითხვის გაკვეთილებს ემსგავსება.

მანანა ქოჩლაძემ უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი რომ დაამთავრა, იქ მწვანეთა მოძრაობა უკვე ჩამოყალიბებული იყო. ხშირად მიდიოდა მათთან, პროექტების დამუშავებაში ეხმარებოდა. „მაშინ საზღვრები ახალი გახსნილი იყო და უცებ გაგვიჩნდა საშუალება გაგვეგო, რას აკეთებდნენ სხვა ქვეყნებში გარემოს დაცვის სფეროში. პირველად მაშინ გავიგე რატომ არის ჭაობი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით და მეგობრები მეხუმრებოდნენ - ბაყაყების და კოღოების დამცველს მეძახდნენ“.

იმ დროისათვის მწვანეთა მოძრაობაში ტრანსკავკასიურ მაგისტრალსა და ხუდონჰესზე ალაპარაკდნენ. საპროტესტო აქციებში მანანაც იღებდა მონაწილეობას. „ამ მიმართულებით ეს ჩემი პირველი სწორი ნაბიჯი იყო. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მეცნიერება ძალიან საინტერესოა და თითქმის სრულად აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც მჭირდება მეც და, შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამიც იყოს, მაგრამ ის, რაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ განცდით დაიწყო ჩემთვის ახალი ეტაპი ცხოვრებაში, რასაც საკუთარი თავის ძიების პროცესი ჰქვია“. ჯერ ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ასპირანტურაში, ძილ-ღვიძილის ფიზიოლოგიას სწავლობდა. შემდეგ, რადიო „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტად მუშაობდა. მალე კი გარემოს დაცვის სამინისტროში მიიწვიეს და პარალელურად მწვანეთა მოძრაობაში საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორობა შესთავაზეს. სამინისტროში მუშაობისას მალევე მიხვდა, რომ მისგან კარგი ჩინოვნიკი ვერასდროს დადგებოდა. ამიტომ ადგა და წამოვიდა.

კარგი კომპანია BP

მწვანეთა მოძრაობაში საერთაშორისო კოორდინატორის საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან კონტაქტის დამყარებას და ერთობლივი პროექტების წარმოებას გულისხმობდა. „ძალიან გამიმართლა. სწორედ მაშინ დავინტერესდი იმ სფეროთი, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და გარემოს დაცვა ჰქვია. დედამიწის მეგობრების საერთაშორისო ფედერაციაც იმ დროს ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს ეძებდა, რომელთაც საშუალებას მისცემდა სპეციალური ტრეინინგები გაევლოთ, პროფესიული უნარ-ჩვევები განევითარებინათ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად პროექტები ეწარმოებინათ. კიევში, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის შეხვედრაზე ჩვენი პრობლემა, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, პირველად გავიტანეთ. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, ძალიან მიამიტური დამოკიდებულება გვქონდა. გვეგონა, რომ BP არის ერთი კარგი კომპანია, რომელიც ნავთობსადენისთვის ძველ, შეკეთებულ მილს კი არ გამოიყენებს, არამედ, ახალ მილსადენს ჩადებს. მალე გავიგეთ, რომ შეკეთებული მილის გამოყენებას აპირებდნენ. პირველი ეჭვებიც მაშინ გაგვიჩნდა. იმ დროს, ჯერ არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ვიცოდი, რომ, ხელშეკრულების მიხედვით, BP არ იყო ვალდებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება გაეკეთებინა. თუმცა BP-მ ეს შეფასება მაინც მოამზადა (თუ როგორ, ეს მეორე საკითხია). ვიფიქრე, აი, რა კარგი კომპანიაა, არ იყვნენ ვალდებულები და საკუთარი ინიციატივით მაინც გააკეთეს-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, თუ პროექტისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოპოვება გინდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, უბრალოდ, არავინ დაგაფინანსებს.

ბაქო-ჯეიჰანი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროექტი იყო. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ ვართ ამერიკის ორმოცდამეთერთმეტე შტატი ან რატომ არა ვართ ჯერ კიდევ ნატოში? ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამერიკის ასეთი ძლიერი ინტერესის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება ვერ შევძელით. ჩვენი მთავრობა საკითხს ცოტა პრაგმატულად რომ მიდგომოდა, რეალურად შეიძლებოდა ბაქო-ჯეიჰანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული პროექტი ყოფილიყო. დღეს კი გვაქვს ის, რაც გვაქვს - 4000 საჩივარი, რომელთა ნაწილიც ჯერ არ დაკმაყოფილებულა. მშენებლობის დროს გაზსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლ-კარი მნიშვნელოვნად დაუზიანდა. ნაწილმა სასამართლო დავები მოიგო და შედეგად კომპენსაცია მიიღო, დიდმა ნაწილმა კი ვერაფერი მოახერხა. მშენებლობის დაწყებამდე მილსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების შეფასება არ ჩატარებულა, რაც მოთხოვნილი იყო თვით BP-ს მიერ შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით. დღეს კი, ძალიან ძნელია იდავო იმაზე, რომ ეს დაზიანებები უშუალოდ გაზსადენის მშენებლობას უკავშირდება. BP-ს პირობა, რომ ნარჩენების მართვის სფეროში დიდ ინვესტიციებს ჩადებდა, მილსადენის გამტარ არც ერთ ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) დღემდე არ შესრულებულა. როდესაც მილსადენი სრულფასოვნად ამუშავდება, ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიონი დოლარით გაიზრდება. თუმცა, ამისათვის ყაზახური ნავთობია საჭირო, მისი მოპოვება კი, სავარაუდოდ, 2011 წელს დაიწყება. ყაზახურ ნავთობს ერთი ნაკლი აქვს - ის აზერბაიჯანულთან შედარებით დაბალი ხარისხისაა და გოგირდის მაღალი შემცველობა აქვს. Aმ ნავთობმა მილსადენი რომ არ დააზიანოს, დამატებითი შიდა საფარია საჭირო. ჩვენი ნავთობსადენის მშენებლობის დროს ეს არავის გაუთვალისწინებია.

ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობსადენში კოროზიის გაჩენის საშიშროებაა, არასათანადო შესაფუთი მასალის გამოყენებისა და არასწორი შედუღების გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დამატებითი „პროფილაქტიკური“ სამუშაოები ჩატარდება. გაზსადენი დაცულ ტერიტორიაზე გადის, რაც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა“.

2008 წლის გაზაფხულზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ პროექტი მხოლოდ დამაკმაყოფილებელად შეაფასეს. ძირითადი მიზეზი პროექტის განმახორციელებელთა მიერ დაპირებების (სიღარიბის აღმოფხვრა, ეკონომიკური განვითარება და სხვ) არშესრულება იყო.

„მწვანე ალტერნატივამ“ ამერიკის კონგრესისა და სენატისაგან მადლობის წერილები მიიღო. გოლდმანის გარემოსდაცვითმა ფონდმა მანანა ქოჩლაძეს ბაქო-ჯეიჰანის კამპანიისთვის გარემოსდაცვითი პრიზიც კი გადასცა, მაგრამ ეს ქვეყნისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია.

0x01 graphic

0x01 graphic

მწვანეებში

2000 წელს „მწვანეთა მოძრაობიდან“ წამოსულმა ოთხმა მეგობარმა - მანანა ქოჩლაძემ, ნინო და ქეთი გუჯარაიძეებმა და ლევან თაქთაქიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ დააარსეს. მათ მიაჩნდათ, რომ არსებობდა საკითხები, რაზეც მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინათ - ქვეყნის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ეკონომიკა. „საკვების უსაფრთხოება კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, მთავარი აქცენტი გარემოსდაცვით პოლიტიკაზე გაგვეკეთებინა. „მწვანეთა მოძრაობაში“ ასე არ ფიქრობდნენ და, უბრალოდ, ვერ შევთანხმდით.

მუშაობის ზუსტად ერთი წლის თავზე, „მწვანე ალტერნატივამ“ მსოფლიო ბანკში ანგარიში გაგზავნა - „კოლხეთის დაბლობიგზა მდგრადი განვითარებისკენ“, რომელიც ყულევის ნავთობტერმინალის მშენებლობას ეხებოდა. ანგარიშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან საქმე ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო პროექტს ეხებოდა, რომელთაგანაც ერთს მსოფლიო ბანკი აფინანსებდა. ერთი მხრივ, ბანკი კოლხეთის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განვითარებაში დებდა ფულს და, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის დახმარებით კერძო კომპანიები, გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე, აფინანსებდნენ პროექტს, რომელსაც გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება უნდა მოეხდინა სწორედ კოლხეთის ეროვნულ პარკში. ყველაფერთან ერთად, ეს ადგილები რამსარის კონვენციის მიხედვით, დაცული ტერიტორიაა, რაც როგორც ქვეყნის კანონმდებლობის, ისევე საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევა იყო. ზუსტად ოც დღეში საქართველოში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა და მაშინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს პროექტის გაუქმება მოსთხოვა. „ჩვენთვის მართლა დიდი მიღწევა იყო, რადგან ეს ყოველი ჩვენგანის დიდი შრომის შედეგია. ცხადია, შევარდნაძემ მსოფლიო ბანკის მოთხოვნა არ გაითვალისწინა, მაგრამ დაფინანსების შეწყვეტის გამო პროექტი მაინც გაჩერდა“. 2003 წელს, მსოფლიო ბანკმა ჩვენს მთავრობას დაფინანსება 100 მილიონით დოლარით შეუმცირა, მათთვის უცნაური მიზეზით - გარემოსდაცვითი მართვის უარყოფითი მაჩვენებლის გამო. შევარდნაძემ ამაყად კი განაცხადა ვულფენსონს (მსოფლიო ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი) დავურეკავ და ამ საკითხზე მე მოველაპარაკებიო, მაგრამ ასეთი საკითხები იქ ცოტა სხვაგვარად წყდება, ამიტომ არაფერი გამოვიდა. გასულ ზაფხულს კი, მიხეილ სააკაშვილმა ყულევის ნავთობტერმინალის ლენტი ზარ-ზეიმით გაჭრა და ბედნიერმა გვამცნო, რომ ეს პროექტი ჩვენი ეკონომიკის აყვავების საწინდარია.

ილუზორული გეგმები ტურიზმის განვითარებაზე

დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე, ტურიზმს ვავითარებთ. ყოველ წელს მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტებს ვითვლით და განსაკუთრებით სასურველ სტუმრებს ახლა ევროპიდან ველოდებით. აჭარის მოსახლეობა გულდასმით ღებავს სასტუმროს ფასადებს მჭახე ფერებით, რომ მათი კოხტა სახლები შეუმჩნეველი არავის დარჩეს.

ჩვენს სანაპირო ზოლს სასტუმროებთან ერთად უცნაური კონსტრუქციები ამშვენებს. ეს სუფსის, ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავთობტერმინალებია. „ალბათ, ჩვენი მთავრობის წევრებს ჰგონიათ, რომ კუვეიტსა და საუდის არაბეთში ნავთობის ტყლაპოებში ბანაობს ხალხი. ნავთობტერმინალის პლატფორმებს შორის ბანაობა, დამიჯერეთ, არცთუ ისე სასიამოვნოა. იქ ტურისტული არდადეგების გასატარებლად არავინ ჩადის. როგორ ფიქრობთ, რატომ გვსტუმრობენ აზერბაიჯანიდან ტურისტები, იქ ზღვა არა აქვთ? თანაც ნავთობტერმინალების ოპერირებაზე არანაირი სახელმწიფო მონიტორინგი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება. რაც მე ვიცი, ვიცი იმიტომ, რომ ადგილზე ჩავდივართ და ტერმინალების გარემოზე ზემოქმედების დასკვნებს ვსწავლობთ“.

ნავთობტერმინალებს ერთი ცუდი თვისება ახასიათებს, მეცნიერებმა ამ მავნე ჩვევას დღიური დანაკარგი დაარქვეს. ტერმინალის ოპერირებისას ყოველი დღის განმავლობაში მცირე ნავთობი სულ იღვრება. ეს „მცირე“ 365-ჯერ და მერე კიდევ იმდენჯერ რომ გავამრავლოთ რამდენი ტერმინალიც გვაქვს, შთამბეჭდავ ციფრს მივიღებთ. აჭარის არდადეგებიდან დაბრუნებულს საცურაო კოსტუმზე უსიამოვნო ლაქები, ალბათ, თქვენც აღმოგიჩენიათ. დიდი ვერაფერი სიხარულია.

საქართველოში მთის კურორტებს რა მოსთვლის. გურიის მთებში, ეგრისის ქედს აღმოსავლეთით რომ გაუყვებით, მდინარეების ურაშულის და ტეხურის სათავეებში ლებარდეს მიადგებით. ლებარდე ბალნეოლოგიური კურორტია, საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო მინერალური წყლებით და უნიკალური ფლორით. ტურისტული სეზონი ივნისიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ჩვენს მთავრობას ამ ადგილას მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის დიდი იმედი აქვს. ლებარდესთან, ზუსტად ერთი კილომეტრის დაშორებით, სულ ახლახან, ოქროს მოპოვებაზე ნებართვა გაიცა. იქვე ახლოს კი, ერთმა კომპანიამ ხე-ტყის მოპოვებაზე მიიღო ლიცენზია. მერე რა, ტურისტებს მოვუყვებით, რომ ლებარდე ულამაზესი კურორტია, მინერალური წყლებით, არაჩვეულებრივი ბუნებით. ოღონდ იქვე ახლოს, ცოტა ოქროს საბადოებია, აქეთ ოდნავ ხე-ტყეს ჩეხავენ, ჰაერი კი პაწაწინა მტვრის ნამცეცებით ათასფრად ბრჭყვინავს. რა მოხდა მერე?

„ესეც ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა. ტურიზმით და დაცული ტერიტორიებით დაწყებული, მეტალურგიას, სოფლის მეურნეობას, ნავთობის გადაზიდვას - ყველაფერს ერთად ვავითარებთ. ძალიან მიამიტური სურვილებია, რადგან ყველა სფერო არც ერთ დიდ ქვეყანაში ერთად არ ცოცხლობს. თუ ვამბობთ, რომ მთავარი შემოსავალი ტურიზმიდან და სოფლის მეურნეობიდან გვინდა გვქონდეს, მაშინ მეტალურგია და ნავთობის საბადოები უნდა დავივიწყოთ.

ჩვენს მთავრობას ძალიან უჭირს გარემოსდაცვით პრობლემებში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კავშირები დაინახოს. ასეთი რამეები დღეს მხოლოდ აფრიკის სახელმწიფოებში ხდება, სადაც მთელი ეკონომიკა რესურსების მოხმარებაგატანაზე დგას.

2001 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში, სრულად შეისწავლეს რამდენიმე ლათინო-ამერიკული და რამდენიმე აფრიკის ქვეყანა. ასეთი სურათი მიიღეს - იმ ქვეყნებში, სადაც რესურსების მოხმარება პრიორიტეტია, ყველაზე ხშირია კონფლიქტები, პოლიტიკური და დემოკრატიული დეგრადაცია და ძალიან მაღალია სიღარიბე. ამ ქვეყანებში არსებობს ე.წ. დახურული გარემოსდაცვითი ციკლი, სადაც სიღარიბე იწვევს გარემოსდაცვით დეგრადაციას და გარემოსდაცვითი დეგრადაცია - სიღარიბეს. დახურული ციკლიდან გამოსვლა ფაქტიურად შეუძლებელია. ეს ტენდენცია ჩვენთანაც არსებობს. (საქართველოში ხდება ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, დარიშხანის, ფერომეტალების, მანგანუმის, ქვიშის და ხეტყის მოპოვება).

ერთი ჭიქა რძე

მანანა ქოჩლაძეს უცნაური საქმე აქვს, მისი წარმატება არც ბანკის ანგარიშების სიმრავლით იზომება და არც ჯილდო-სიგელებით. მისთვის წარმატება, ხან საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში პატარა ჩანაწერია, ხან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დასკვნებში ერთი წინადადება. უფრო ხშირად კი, ერთი ადამიანის თითქმის მთელი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაცია და მისი გადაწყვეტილებების შეცვლა. როგორც უკვე გითხარით, ბევრს წერს და ბევრს კითხულობს, მერე შეხვედრებს მართავს და ასევე ბევრს საუბრობს. ერთია - მისი მოსმენა ყველას არ უყვარს.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არცერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში გარემოს დაცვა პრიორიტეტი არ ყოფილა. მეტიც, ეს თემა უმეტესობაში საერთოდ არ გახლდათ განხილვის საგანი. ყოველ წელს პარლამენტი გაზრდილ ბიუჯეტს ამტკიცებს, სადაც სულ უფრო და უფრო მცირდება გარემოს დაცვის დაფინანსების წილი.

„სცენარი ყოველთვის ერთნაირად ვითარდება, უბრალოდ, ადამიანები იცვლებიან. წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაშინდელ გარემოს დაცვის მინისტრთან, ჩანტლაძესთან გვქონდა შეხვედრა. საუბრის დროს გვითხრა, წელს, გარემოს დაცვას ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის პროგრამაზე ოცდაათი მილიონი ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ ახლა პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა და ამიტომ ჩვენი დაფინანსება 8 მილიონამდე შეამცირესო. ამ ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფები სიღარიბეს არ იწვევს-მეთქი? - ვკითხე. კარგა ხნით ჩაფიქრდა. მთავრობის სხდომაზე, პროგრამას რომ უკვეცავდნენ, ეს კითხვა არც გასჩენიათ. მაგრამ ჩემთვის ისიც სანუგეშო იყო, რამდენიმე წამით მაინც რომ დავაფიქრეთ. თან სიღარიბის დაძლევაზე ფიქრობენ და თან ყოველ დღე წყალწაღებულ სოფლებს და უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს გვაჩვენებენ. გეოლოგიური კვლევების მიხედვით საქართველოში 3000 დასახლება ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის წინაშე დგას. პირველ რიგში, ინვესტიცია ხომ პრევენციაში უნდა იდებოდეს, ზარალი რომ შეამცირო. ეს ისეთი ელემენტარული რამეა, დიდი ცოდნისა და გამოცდილების გარეშეც უნდა გესმოდეს.

ასევეა ტყის რეფორმაზეც, რომელიც 2005 წელს დაიწყო და 2008 წლის ბოლოს დასრულდება. ორი წელი მხოლოდ იმაზე კამათობდნენ, უნდა გასხვისდეს თუ არა საქართველოში ტყეები. ვის მფლობელობაში იქნება ტყე, ამას მნიშვნელობა არა აქვს, თუ კარგად დარეგულირებული კანონმდებლობა გაქვს. ესეც მიამიტური ფიქრებია - თუ სახელმწიფო მფლობელობაშია საკუთრება, ცუდად უნდა იმართებოდეს, კერძო კომპანია კი მას უკეთ მოუვლის. TOTAL თუ საფრანგეთის სახელმწიფო საკუთრებაა, ცუდად მუშაობს და მსოფლიოში ნავთობს ცუდად მოიპოვებს? რეგულატორული მექანიზმი დღეს არც სახელმწიფოსთვის და არც კერძო კომპანიისთვის არ არის გამართული და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.

გარემოს დაცვაში ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. ტყის მაგალითი რომ ავიღოთ - ეკონომიკას სჭირდება ბევრი ტყე, რომ ექსპორტზე გაიტანოს და ქვეყანაში ფული შემოვიდეს. პოლიტიკასაც სჭირდება შევსებული ბიუჯეტი, რომ ქვეყნის მართვა უკეთ შესძლოს, მოსახლეობასაც ხომ სჭირდება ტყე, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, სამასალედ. და უცებ დგება მეწყერების და წყალდიდობების პრობლემა. შეიძლება, გადაპარსო მთელი საქართველო და ბიუჯეტშიც ბევრი ფული შევიდეს, მაგრამ რაღას იზამ ხვალ? ბიზნესსაც უნდა გააგებინო, რომ დღეს შეიძლება ნაკლები ხე მოჭრას, მაგრამ სამაგიეროდ ხვალაც ამდენივეს მოჭრის და ერთ თვეშიც, სტაბილური მოგება რომ ჰქონდეს. ამის გაკეთება რეალურად შესაძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანები პრობლემას სწავლობენ, მსჯელობენ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. რადგან რესურსების არამიზნობრივი გამოყენება ამ ბიზნესსაც შეუქმნის პრობლემებს და, ზოგადად, ქვეყანასაც.

საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია (აღწერა) ჯერაც არ ჩატარებულა. ამ დროს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ პროექტში ინვენტარიზაციაზე საკმაოდ დიდი თანხა იყო გამოყოფილი. „გადაწყვეტილებების მიმღებები გარემოს დაცვის სამინისტროში ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ ინვენტარიზაცია აუცილებელია. რაღაცის რეფორმას რომ იწყებ, ჯერ ხომ უნდა გაიგო, რას არეფორმებ. გაოცებულები გვეკითხებოდნენ - რა გინდათ, ახლა ქვეყანაში ყველა ხე უნდა დაგვათვლევინოთო? ასეთი უცნაური დამოკიდებულება აქვთ. ისინი ეკონომიკის აღორძინებაზე ზრუნავენ და ჩვენ აქ ჰაერის დაბინძურებაზე და წყალში თევზის მოწამვლაზე ვეკამათებით. გარემოს დაცვის სამინისტროს ზაზა გამცემლიძის (ამ თანამდებობაზე სულ სამი თვე იმუშავა) გარდა, არც ერთი მინისტრი არ ჰყოლია, გარემოს დაცვასთან მანამდე რაიმე შეხება რომ ჰქონოდა.

მახსოვს, ქიმიურ ლაბორატორიაში რომ ვმუშაობდით, განსაკუთრებით ძლიერი ზემოქმედების ნივთიერებებზე ცდების ჩატარების შემდეგ რძეს გვასმევდნენ ხოლმე. გარემოს დაცვის სამინისტროშიც ყოფილა შეხვედრები, რომლიდანაც გამოვსულვარ და რძე მომითხოვია. წარმოუდგენელია გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს უხსნიდე, მაგალითად, რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში ტყე რომ არსებობდეს. ცუდი ისაა, რომ სანამ ვინმეს რაღაცას გააგებინებ და ოდნავ გაანათლებ, მინისტრთა კაბინეტი უკვე განახლებულია. მერე კი, ყველაფერი თავიდან იწყება და უკვე რძეც ვეღარ გშველის.“

საქმიანი ღიმილი

2004 წლის გაზაფხულზე, ბერლინში განახლებადი ენერგეტიკის თემაზე მაღალი რანგის შეხვედრა იყო დაგეგმილი.

„მწვანე ალტერნატივაში“ თებერვალში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ეს შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლო შედეგით დასრულებულიყო. „ასეთ კონფერენციებზე იბადება ახალი პროექტების იდეები და, რაც მთავარია, განვითარებული ქვეყნების მთავრობები კონკრეტული პროექტების თანადამფინანსებლები ხდებიან. რადგან ენერგეტიკა ჩვენთვისაც ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, გვინდოდა შეხვედრაში მონაწილეობა ჩვენს მთავრობასაც მიეღო. ნიკა გილაური ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ოთხი დღის დანიშნული იყო, რომ შევხვდით და ეს ამბავი მოვუყევით. ძალიან დაინტერესდა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად კონფერენციისთვის მომზადება დაიწყო. ბევრი ვიმუშავეთ და ამიტომ, დარწმუნებულები ვიყავით, მინისტრთან ერთად ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომლის გამგზავრება აღარ იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მოწვევა ჩვენც გვქონდა. ძალიან საინტერესო მთავრობის პოზიცია იყო მომზადებული.

ბერლინის კონფერენციამდე სამი დღით ადრე, მთავრობის სხდომა გაიმართა და, გაუგებარი მოტივით, შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრის გაგზავნა გადაწყდა.

„ლოგიკურია, ენერგეტიკოსების შეხვედრაზე წინასწარ მომზადებული ენერგეტიკის მინისტრი გაგზავნო. მთავრობამ კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და შეხვედრაზე მიავლინა ადამიანი, რომელსაც განახლებადი ენერგეტიკის სფეროს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. რას გააკეთებდა ეს კაცი ბერლინში, გარდა იმისა, რომ „კოლეგებს“ მეგობრულად გაუღიმებდა? ამ დროს, შეხვედრის მერე რამდენიმე ძალიან სერიოზული პროექტის დაფინანსება გადაწყდა. ამ პროექტების ნუსხაში, რაღა თქმა უნდა, საქართველო არ მოხვდა.“

საბჭოური გიგანტომანია

ორი წლის წინ ში ჟენგროგმა, ჩინელმა მზის ინჟინერმა, 3500 თანამშრომელთან ერთად ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად სტადიონი დაიქირავა. მას საზეიმო განწყობისთვის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. 2001 წელს დაარსებული კომპანია SUNTECH მსოფლიოს რიგით მესამე კომპანიაა, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემებს აწარმოებს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანია 5,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ბატონი ში მისი 40 %25-ის მფლობელია.

განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურები (ჰიდრო, გეოთერმული და ბიომასის ელექტროსადგურები) დღეს მსოფლიოს ენერგიის 13%25-ს გამოიმუშავებს. ქარის, მზისა და წყლის სადგურები ატომურთან შედარებით 50%25-ით ნაკლებ სითბურ გაზებს გამოყოფენ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უზარმაზარ ინვესტიებს სწორედ ამ სექტორში მიმართავენ, რომ ნელ-ნელა ატომური ენერგიის ჩანაცვლება ბიზნესმა დანაკარგების გარეშე შესძლოს.

საქართველოში სითბური გაზების შემცირებაზე ფიქრით თავს არავინ იღლის, თუმცა ენერგოგეგმები სერიოზული გვაქვს. მთავრობას ოთხმოცდასამი მცირე და საშუალო ზომის ელექტროჰესის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. „ამ მასშტაბის პროექტების წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუჭირდება. აი, ჩინეთმა შეიძლება მოახერხოს. მხოლოდ მშენებლობით საქმე არ მთავრდება, ჰესებს მართვა და რეგულირება სჭირდება. ამის რესურსი კი ჩვენ ობიექტურად არა გვაქვს. ელექტროენერგიის ექსპორტზე დიდ იმედებს ვამყარებთ, როცა ჯერ გადამცემი არ არსებობს.“

ხუდონჰესის მშენებლობა ფინანსური გათვლებით ექვსასი მილიონი ჯდება, თუმცა მსოფლიო კაშხლების კომისიის ანალიზის თანახმად, ამგვარი მასშტაბის კაშხლების მშენებლობას საპროექტო ღირებულების მინიმუმ 30%25 გადახარჯვა აქვს. „აღარაფერს ვამბობ გარემოზე მის ზემოქმედებაზე. ხუდონის მახლობლად სოფელ ხაიშის მოსახლეობა მთლიანად უნდა გაასახლონ, თუმცა, მათთვის გადაწყვეტით ჯერ არავის არაფერი უთქვამს.

დღეს არსებული ყველა გიგანტომანიური პროექტი საბჭოთა კავშირის დროს დაიგეგმა, და მასში კომერციული ელემენტები, უბრალოდ, არ არსებობს. პროექტი მომზადდა იმისთვის, რომ ხუდონს რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის პიკურ რეჟიმში ელექტროენერგია მიეწოდებინა. ელექტროსადგურმა წელიწადში სულ 65 დღე უნდა იმუშაოს, ამიტომ კომერციული მოგება ფაქტიურად არა აქვს.

ჩვენ მომხრეები ვართ აშენდეს ბევრი მცირე ჰესი და ენერგომართვა დეცენტრალიზებული გახდეს. რეჟიმის ამოვარდნის შემთხვევაში ჩაირთოს დიდი ჰესები. პატარა სადგურებს მოგებაც მეტი აქვთ და გარემოზე ზემოქმედებაც მინიმალურია. ახლა ხუდონზე ვმუშაობთ, ვნახოთ, რა იქნება.“

ეკო-ნაკვალევი

„ძალიან ძნელია საქართველოში გარემოსთან ჰარმონიაში იცხოვრო. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, სახლში ენერგოეფექტური ნათურების გამოყენებაა. მაღაზიებშიც ვცდილობ ცელოფნის პარკები არ გამოვართვა, აჩონჩხლილი გამოვდივარ და მგონი გამყიდველებს ცოტა გიჟი ვგონივარ. ნარჩენების დახარისხებაც ვცადე ერთხანს, მაგრამ რახან მთელს ქვეყანაში სორტირების პრაქტიკა არ არსებობს, ჩემი მცდელობაც უშედეგოა - ყველაფერი მაინც ერთ ადგილას იყრის თავს. დავდივარ ფეხით, თუმცა ამ ბოლო დროს მანქანები ისე ხრჩოლავს, ერთ-ორჯერ ასთმური შეტევაც კი დამემართა. დასასვენებლად საზღვარგარეთ არასდროს დავდივარ, არ მინდა ჩემს გამო მეტი საწვავი დაიხარჯოს. სამსახურში ქაღალდს ორივე მხრიდან ვხმარობთ. მოკლედ, ჩემი ეკო-ნაკვალევი საერთოდ არ მომწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრის შეცვლას ჯერ ვერ ვახერხებ.“

შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

მსოფლიოში სულ რამდენიმე წლის წინ, ძალიან უცნაური - ნახშირორჟანგის (СO2) ბაზარი გაჩნდა. იქ ყიდვა-გაყიდვის საყოველთაო პრინციპი უკუღმა მოქმედებს და საქმე ნახშირორჟანგის წარმოება-გაყიდვაში კი არა, არამედ არწარმოებული СO2-ის გაყიდვაშია. ქვეყნის მასშტაბით - საწარმოები და მსოფლიო მასშტაბით - ქვეყნები არწარმოებულ ნახშირორჟანგს ჰყიდიან.

ასეთი ბაზრის შექმნის მიზანი იყო დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამომფრქვევ კომპანიებს სითბური გაზების შემცირების კომერციული ინტერესი ჰქონოდათ. დასავლეთის ქვეყნებში, დაზოგილი СO2-ის ხარჯზე, კომპანიებს საშემოსავლო გადასახადების ნაწილისაგან ათავისუფლებენ და ევროპის ემისიების სქემისგან (ETS) სახელმწიფოები კომპენსაციას იღებენ. 2007 წელს, ETS-ის ცნობით, ნახშირორჟანგის გამოფრქვევების შემცირებისთვის ევროპულმა კომპანიებმა 30 მილიარდი დოლარი მიიღეს. განვითარებადი ქვეყნების კომპანიებმა კი 562 ტონა СO2-ის შემცირებისთვის - 5 მილიარდი დოლარი.

არსებობს კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმება, კიოტოს პროტოკოლი, რომელსაც 128 ხელმომწერი ჰყავს. ამ პროტოკოლის თანახმად, ქვეყნებს სითბური გაზების შემცირების ვალდებულება ეკისრებათ. ქვეყნები, რომლებიც ატმოსფეროს ნახშირორჟანგით ყველაზე მეტად აბინძურებენ, ვალდებულები არიან ან სითბური ემისიები შემცირონ, ან, თუ ამას ვერ ახერხებენ, განვითარებად ქვეყნებში ახალ ტექნოლოგიებში დააბანდონ ინვესტიციები.

საქართველო კიოტოს პროტოკოლის ერთერთი ხელმომწერია. თუმცა, მას გაფრქვევების შემცირება არ ევალება. გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის მონიტორინგს აღარ ატარებს და, შესაბამისად, ვერასდროს გავიგებთ რამდენი ტონა ნახშირორჟანგით ვამდიდრებთ ყოველწლიურად ატმოსფეროს.

მწვანე ცნობიერება

„ყველაზე ცუდი, ალბათ, ის არის, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი მოთხოვნა სუფთა გარემოში ვიცხოვროთ. სანამ ეს დაკვეთა არ იქნება, მანამდე შემოვა ისეთი ავტომობილები, როგორიც შემოდის - ევროსტანდარტს ვერანაირად რომ ვერ აკმაყოფილებს და გაიყიდება ისეთი ბენზინი, როგორიც იყიდება (საწვავის ინსპექცია ადრე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლაბორატორიაში კეთდებოდა. დღეს ლაბორატორიას ლიცენზია შეჩერებული აქვს, ამიტომ საწვავის შემოწმება მხოლოდ იმპორტიორების მიერ საზღვარზე სერტიფიკატების წარადგენით სრულდება - ნ.ლ.). ტყის რეფორმა დამთავრდება ისე, რომ ვერ გავიგებთ, რას ვარეფორმებთ და გვექნება ისეთი ნავთობტერმინალი, როგორიც გვაქვს.

ჩვენ ხომ ასეთი საზოგადოება ვართ, ვითმენთ, ვითმენთ და მერე ერთიანად ვიხუვლებთ ხოლმე. დახუვლება კი ამდენ პრობლემას ერთად ვერაფერს დააკლებს. მონიტორინგის სისტემა ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არებობს. ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის გადაიარაღება არავის აინტერესებს. იქ ხომ მარტო მეტეოროლოგიურ პროგნოზს არ აკეთებენ. ჰიდრომეტში კომუნისტების დროს იზომებოდა - ჰაერი, წყალი, ინდუსტრიული ერთეულების მუშაობის ზემოქმედება.

საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზე მე ცოტა პესიმისტური შეხედულება მაქვს, რადგან ვიცი, როგორია ამ მხრივ მსოფლიო გამოცდილება. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროპაგანდისტული პროექტები ჩვენს თვითშეგნებას ვერაფერს უშველის. ადამიანები გარემოზე ფიქრს საშინელი კატასტროფების მერე იწყებენ. 1986 წელს, ჩერნობილის კატასტროფას, ინდოეთში, ქალაქ ბოპალში ქიმიური მრეწველობის ქარხნის უბედურება მოჰყვა და 20000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დღესაც არიან მოწამლულები. დასავლეთის საზოგადოებები ამ ინციდენტების შემდეგ გარემოსდაცვითი პრობლემებით უფრო აქტიურად დაინტერესდნენ და, რაც მთავარია, მის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყეს.

ჩვენ სულ სხვა ფასეულობათა სისტემაში გავიზარდეთ და დღეს ამ სისტემაში, გარემოს დაცვა, უბრალოდ, არ არსებობს. ადამიანები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ შფოთვას და წუხილს სულ სხვა სახელს არქმევენ. თუ პრობლემის აღქმა და სახელდება არ არის ზუსტი, მასთან შებრძოლება შეუძლებელია.

არჩევნების წინ, რეგიონებში ვიმოგზაურეთ და მოსახლეობას ადგილზე შევხვდით. გვინდოდა გაგვეგო, რამდენად ითვალისწინებდნენ არჩევანის გაკეთების დროს პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებას გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ. სოფლებში, ხალხს ძალიან დალაგებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აქვთ. გიხსნიან, რომ ხე რომ მოიჭრა, გაშრა წყალი, გახშირდა ეროზია, მეწყერები. მაგრამ ვერც ერთ რგოლში საკუთარ თავს ვერ ხედავენ. ანუ, თავს არც დამნაშავეებად ცნობენ და არც დაზარალებულებად. რამე რომ შეცვალო, ან ერთი უნდა იყო, ან მეორე. მე დაზარალებულის პოზიცია უფრო მომწონს, ადამიანები უცებ აქტიურდებიან და მოქმედებას იწყებენ. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ „ვიღაცას“ ელოდება, ვინც მათ პრობლემებს გადაუწყვეტს. ეს „ვიღაცა“ უბრალოდ არასდროს გვეყოლება. ამიტომ, დროა ჩვენს პრობლემებზე ზრუნვა თავად ვისწავლოთ.“

17 კუნძული ქარში

▲back to top


ესე

როგორ დაამარცხა დანიურმა დასახლებამ ნახშირორჟანგი

ავტორი: ელიზაბეტ კოლბერტი
„ნიუ იორკერი“
ივლისი, 2008
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

0x01 graphic

იორგენ ტრანბერგი ფერმერია და დანიურ კუნძულ სამსოზე ცხოვრობს. ჯანიანი კაცია, ხშირი ყავისფერი თმით და მოულოდნელი იუმორის გრძნობით. გაზაფხულის ერთ ნაცრისფერ დილას, როცა მისი სახლის კარი შევაღე, ტრანბერგი სამზარეულოში იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ტელევიზორის ეკრანზე შავ-თეთრ გამოსახულებას შესცქეროდა. გაირკვა, რომ ტრანბერგი საკუთარი თავლის კადრებს ადევნებდა თვალს. მის ერთ-ერთ ძროხას წუთი-წუთზე უნდა მოეგო ხბო და პატრონიც ცხოველს შინიდან, ტელევიზორის ეკრანიდან აკვირდებოდა. რამდენიმეწუთიანი გაბაასების შემდეგ, ტრანბერგმა სიცილით შემომთავაზა, ხომ არ გინდა ჩემს ერთ-ერთ ქარის ტურბინაზე აგაძვრინოო. ზუსტად ვიცოდი, არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი.

ჩავსხედით ტრანბერგის მანქანაში და ხრეშიან გზას ჯაყჯაყით დავადექით. მალე ჩვენ წინ ქარის ტურბინაც აღიმართა. როცა მივუახლოვდით, ტრანბერგმა სიგარეტი ჩააქრო და კოშკის პატარა კარში შემიძღვა. ერთმანეთზე გადაბმული, თითო ოცი ფუტი სიმაღლის კიბე კოშკის ჭერისკენ მიგვიძღვოდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე გზა ხვნეშით განვაგრძეთ. ბოლო კიბის თავზე ლუკი იყო, რომელიც ძრავის ოთახში შედიოდა. რიგრიგობით შევძვერით შიგნით და რაღაც მომენტში გენერატორს თავზეც მოვექეცით. ტრანბერგმა ღილაკს დააჭირა თითი და კოშკის სახურავი თავსზევით უმალ გადაიხსნა. ზემოთ ნაცრისფერი ცა გადაიჭიმა, დაბლა კი მომწვანო-მოყავისფრო მინდვრების ზღვისკენ წაგრძელებული მოზაიკა გამოჩნდა. ტრანბერგმა შემდეგ მეორე ღილაკს დააჭირა თითი. როტორები, რომლებიც ჩემმა მასპინძელმა კოშკი ასვლისას გამორთო, ნელ-ნელა ამუშავდა. ჯერ ზანტად, მერე კი სწრაფად დაიწყო ბრუნვა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, წუთიწუთზე უნდა აგვეღო სტარტი. წესით, სასიამოვნო აღგზნება უნდა მეგრძნო, მაგრამ მე, პირიქით, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ტრანბერგმა შემხედა და ჩემს დანახვაზე მოურიდებლად ახითხითდა.

პატარა კუნძული სამსო ჩრდილოეთის ზღვის ვიწრო ყურეში მდებარეობს. კუნძულის ფართო ნაწილი სამხრეთითაა მიმართული, ჩრდილოეთისკენ კი ისარივით ვიწროვდება და ამიტომ რუკაზე ქალის მკერდის ანდა ხორცის საჭრელი დანის ფორმა აქვს. კუნძულზე 22 სოფელია გაშენებული, თითოეული დასახლება ვიწრო ქუჩებს აკრავს გარს. კუნძულის უკანა მხარეს კი ყანებია, სადაც ფერმერებს კარტოფილი, ხორბალი და მარწყვი მოჰყავთ. დანიის უცნაური გეოგრაფიის გამოა, რომ კუნძული სამსო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში კი მდებარეობს, მაგრამ თან მივარდნილი და ღვთისგან დავიწყებული ადგილი გეგონება.

ათიოდე წლის წინ სამსო ერთი მასშტაბური სოციალური ტენდენციის ასპარეზი გახდა. ეს გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მოხდა და მაშინ კუნძულის 43 ათას მოსახლეს, ელექტროენერგიის მიმართ ტრადიციული შეხედულება ჰქონდა: კუნძულზე დენი უწყვეტად მისდიოდათ და საერთოდ არ დაეძებდნენ, საიდან იღებდნენ მას. სამსოელების უმრავლესობა სახლებს ნავთობით ათბობდა, რომელთაც კუნძულზე ტანკერებით ეზიდებოდნენ. იყენებდნენ ელექტროენერგიას, რომელიც კუნძულამდე მატერიკიდან სპეციალური სადენებით აღწევდა და რომლის მოპოვებაც ქვანახშირის დაწვის შედეგად ხდებოდა. შედეგად თითოეული სამსოელი საშუალოდ ატმოსფეროს ყოველწლიურად დაახლოებით 11 ტონა ნახშირორჟანგით აბინძურებდა.

შემდეგ, აბსოლუტურად მიზანმიმართულად, კუნძულელებმა ამ ტენდენციის შეცვლა დაიწყეს. მათ ენერგოკოოპერატივები ჩამოაყალიბეს და ქარის ძალის შესახებ სემინარები მოაწყვეს. სახლებში ძველი ღუმელები მოშალეს და სითბოს საქაჩებით შეცვალეს. შედეგმაც არ დააყოვნა: 2001 წლისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენება კუნძულ სამსოზე ნახევრამდე იყო შემცირებული. 2003 წლისთვის, იმის ნაცვლად, რომ ელექტროენერგიის იმპორტი ძველებურად გაეგრძელებინათ, კუნძულელებმა ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყეს, უკვე 2005 წელს კი კუნძულზე გაცილებით უფრო მეტ ელექტროენერგიას აწარმოებდნენ, ვიდრე ხარჯავდნენ.

კუნძულ სამსოზე რომ ჩავედი და იქაურებს შევხვდი, დავასკვენი - ამ მიღწევებით უკლებლივ ყველა ამაყობს. თუმცა, ისიც შევნიშნე, რომ სამსოელები თავს სხვებისგან გამორჩეულ ადამიანებად არ თვლიან. თითქმის ყველა შეთანხმებულივით მიმეორებდა და ჯიუტად მიმტკიცებდა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები ვართო. ჩვენ არც დიდი ავლა-დიდების პატრონები ვართ, არც განსაკუთრებული განათლება მიგვიღია და არც დიდი იდეალიზმით გამოვირჩევითო. მეტიც, ამ პროექტში იმ მიზეზითაც არ ჩავრთულვართ, რომ თავგადასავლებს დავეძებთ სხვებზე მეტადო. უფრო პირიქით, - მეუბნებოდნენ ისინი - „ამ კუნძულის ბინადრები კონსერვატორული პრინციპებით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ კონსერვატორი ფერმერების დასახლება ვართ. ნორმალური ადამიანები. არაფერი გვაქვს განსაკუთრებული“.

წინასწარი მონაცემებით, წელს მსოფლიო 31 მილიარდ ბარელ ნავთობს მოიხმარს, ექვს მილიარდ ტონა ქვანახშირს და ას ტრილიონ კუბურ ფუტ ბუნებრივ აირს. ამ წიაღისეული საწვავის წვის შედეგად კი მთლიანობაში წელს ენერგიის ოთხასი კვადრილიონი ბსე (ბრიტანული სითბოს ერთეული) წარმოიქმნება. მათი ერთობლივი წვა 30 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის წარმოქმნასაც გამოიწვევს. მომავალ წელს, წიაღისეული საწვავის მოხმარება მსოფლიოში კიდევ ორი პროცენტით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამონაბოლქვი ნახევარ მილიარდ ტონაზე მეტით გაიზრდება. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი საწვავის მოხმარების ზრდას დამატებითი ორი პროცენტით ვარაუდობენ.

0x01 graphic

როდესაც ჰაერში ნახშირორჟანგი გამოიყოფა, მისი დაახლოებით მესამედი ოკეანეების წყლებში ვრცელდება (CO2 წყალს ერევა და სუსტ მჟავას წარმოშობს და იწვევს ფენომენს, რომელსაც „ოკეანეში მჟავიანობის მომატება“ ეწოდება). დაახლოებით მეოთხედს დედამიწის ეკოსისტემები შთანთქავს - ზუსტად არავინ იცის, როგორ და სად - და დანარჩენი კი ატმოსფეროში რჩება. თუ ნახშირორჟანგის გამოყოფის დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდება, დაახლოებით 40-50 წელიწადში, ოკეანეების ქიმია იმ დონეზე შეიცვლება, რომ ზღვის უამრავი ორგანიზმი - რიფების მშენებელი მარჯნების ჩათვლით - გადაშენების პირას დადგება. ამასობაში ატმოსფერული CO2-ის დონე ისე გაიზრდება, რომ თითო მილიონზე 550 ნაწილაკს მიაღწევს - ანუ ორჯერ უფრო მეტს ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო. მისი ასეთი ზრდა კი პირდაპირ უზრუნველყოფს მსოფლიოში ტემპერატურის 3 ანდა კიდევ მეტი გრადუსით გარდაუვალ ზრდას. რთულია, დეტალებში გათვალო ტემპერატურის ასეთი ტემპით ზრდის შედეგები, მაგრამ დასაფიქრებლად და შესაძრწუნებლად, ზოგადი პროგნოზების გადახედვაც კმარა: პლანეტის მცენარეული საფარის და ცხოველთა სამყაროს დაახლოებით 15, და შეიძლება 30 პროცენტიც კი, საფრთხის წინაშე დადგება; ზღვების დონეები რამდენიმე ფუტით აიწევს; ხორბლისა და სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად დაიკლებს ისეთ ადგილებში, სადაც მათ წამყვან სახეობებად აწარმოებდნენ; რეგიონებს, რომლებიც ყინულისა და თოვლის სეზონურ დნობაზე არიან დამოკიდებული (ამ რეგიონებში ამჟამად მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს) წყლის საშინელი უკმარისობა შეაწუხებთ; იმ ტიპის გვალვები კი, აქამდე ას წელიწადში ერთხელ რომ ხდებოდა, დედამიწის გარკვეულ რეგიონებში ათ წელიწადში ერთხელ მოხდება.

დღეს, როდესაც CO2-ის დონე თითო მილიონზე 385 ნაწილაკს აღწევს, კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგები უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება. არქტიკული ყინულის სარტყელი, რომელიც 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ნახევრამდე შემცირდა, ახლა დნობას ყოველწლიურად 24 ათასი კვადრატული მილის სიჩქარით განაგრძობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით ვესტ ვირჯინიას ფართობის ზომის ყინული ქრება. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკასა და კანადაში გლობალური დათბობის გამო გაჩენილი პარაზიტების ინფექციით 150 მილიონი აკრი ტყის მასივი განადგურდა. გავრცელებული აზრის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობის გაზრდასაც კი მსოფლიოს მასშტაბით აწეული ტემპერატურა უწყობს ხელს. გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა დარგში ანტონიო გუტერესი აცხადებს, რომ „ადამიანების იძულებით გადაადგილებისა და შეიარაღებული კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი დღევანდელ მსოფლიოში სწორედ კლიმატური ცვლილებებია“. ზოგიერთი ექსპერტი აშკარა კავშირს ხედავს დარფურის ბრძოლებს (რომელსაც სამასი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა) და ეკვატორულ აფრიკაში ნალექიანობის ცვლას შორის.

„თუ ასე გავაგრძელებთ, დარფურის კრიზისს ათობით სხვა მოჰყვება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც აპრილში გამართულ მსოფლიო ლიდერთა შეხვედრაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბენ კიმუნმა კი კლიმატურ ცვლილებებს „ჩვენი ეპოქის გარდამტეხი გამოწვევა“ უწოდა.

ამ გამოწვევის კონტექსტში, კუნძულ სამსოს მიღწევები შეიძლება ზღვაში წვეთად მოგვეჩვენოს. მართლაც, რიცხოვნობის თვალსაზრისით სამსოელების წარმატება უმნიშვნელოა: დამდეგი სამი კვირის განმავლობაში ქვანახშირზე მომუშავე თუნდაც ერთი ელექტროსადგური უფრო მეტ CO2-ს გამოჰყოფს, ვიდრე კუნძულ სამსოზე ეკოლოგიური ექსპერიმენტის დაწყების შემდეგ ათი წლის განმავლობაში აიცილეს თავიდან. ჩინეთი კი ახალ-ახალ ქვანახშირზე მომუშავე სადგურებს, უხეშად რომ ვთქვათ, თვეში ოთხს აშენებს. თუმცა, კუნძულ სამსოს მიღწევები რაღაც გაგებით სწორედ ამგვარ გლობალურ კონტექსტშია საგულისხმო და გასათვალისწინებელი და, აი, რატომ: სამსოელებმა შეძლეს, საკუთარი ენერგო სისტემები ათ წელიწადში მთლიანად შეეცვალათ. მათი გამოცდილება ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ნახშირის პრობლემას - როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ის - კაცობრიობა გაუმკლავდეს, თუ, რა თქმა უნდა, მოვინდომებთ.

კუნძული სამსო თავისი ახალი მისიით მსოფლიოს რამდენიმე გარემოებისა და გადაწყვეტილების წყალობით მოევლინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებებთან თვითონ სამსოელებს ბევრი არაფერი ჰქონდათ საერთო. პირველი ნაბიჯი დანიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრომ 1997 წელს გადადგა. სამინისტროს ხელმძღვანელობამ, რომელსაც სურდა, თავისი ინოვაციები საზოგადოებაში გაევრცელებინა, განახლებადი ენერგიის კონკურსი დააფინანსა. მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო, ერთ კონკრეტულ საამხანაგოს წარედგინა გეგმა, თუ როგორ აპირებდა წიაღისეული საწვავის გარეშე ცხოვრებას. კონკურსით დაინტერესდა ერთი ინჟინერი, რომელიც სამსოზე არ ცხოვრობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს დანიური კუნძული კონკურსის ზედგამოჭრილი კანდიდატი გახდებოდა. სამსოს მერთან კონსულტაციების შემდეგ, მან შეადგინა გეგმა და გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში შეიტანა. როდესაც გამარჯვებულად სამსო გამოცხადდა, თითქმის ყველა კუნძულელი ერთნაირად დაიბნა. ახალი ამბავი ჩახლართული თავსატეხივით მიიღეს. „ორჯერ მოვისმინე მთელი ეს ისტორია, სანამ ვირწმუნებდი, რომ ეს რეალურად ხდებოდა“, - მითხრა ერთმა ფერმერმა.

ინტერესის პირველი დიდი ტალღა, რომელიც ახალი ამბის გამოცხადებას მოჰყვა, მალე ჩაცხრა. მიუხედავად იმისა, რომ სამსო დანიის „განახლებადი ენერგიის“ კუნძულად გამოაცხადეს, იქაურები არაფრით დააჯილდოვეს - არც ფულადი პრიზი გადასცეს, არც გადასახადებზე დაუწესეს საგანგებო შეღავათები და არც სამთავრობო დახმარებით გაამხნევეს. იმ ადამიანთა მცირე ჯგუფში, რომელსაც თავიდანვე სჯეროდა, რომ პროექტის განხორციელება ღირდა, სორენ ჰერმანსენი იყო.

49 წლის ჰერმანსენი სასიამოვნო გარეგნობის კაცია, მოკლედ შეკრეჭილი თმით, წითელი ლოყებით და მუქი ლურჯი თვალებით. ის სამსოზე დაიბადა და, თუ არ ჩავთვლით მატერიკზე უნივერსიტეტის დამთავრებას, მთელი ცხოვრებაა, სამსოზე ცხოვრობს. მამა ფერმერი ჰყავდა. სხვადასხვანაირ ბოსტნეულთან ერთად მას ჭარხალი და მწვაენნილი მოჰყავდა. ჰერმანსენმაც სცადა ბედი ფერმერობაში. ჩაიბარა მამის მიერ დატოვებული ასი აკრი მიწის ნაკვეთი და საქმეს შეუდგა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მიწაზე მუშაობა არ სიამოვნებდა. „მე ლაპარაკი მიყვარს, ბოსტნეულს კი ენა არ აქვს და ვერ მეპასუხებოდნენ“, - ამიხსნა ჰერმანსენმა.

ოჯახის კუთვნილი მიწა მან არენდით მეზობელს გადასცა, თვითონ კი ადგილობრივ სასწავლებელში გარემოს დაცვის შესახებ ლექციების კითხვა დაიწყო. განახლებადი მწვაენერგიის კუნძულის იდეა თავიდანვე დამაინტრიგებლად მოეჩვენა. როდესაც ინიციატივის დასაფინანსებლად ფედერალური თანხა გამოიყო, ჰერმანსენი პროექტის პირველი თანამშრომელი გახდა.

ჯერ თვეების, შემდეგ კი წლების განმავლობაში, საქმე ადგილიდან თითქმის არ დაიძრა. „ვგრძნობდი, რომ კონსერვატორი კუნძულელები ყოყმანობდნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ, აბა, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯსო. დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ და კარგად ვიცი, სულ ასე იქცევიან“, - მითხრა ჰერმანსენმა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ სამსოზე გავრცელებული კონსერვატორული ტენდენციის წინააღმდეგ წასულიყო, ჰერმანსენმა წყნარად და მიზანმიმართულად თანაკუნძულელების დამუშავება დაიწყო.

„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ცხოვრობდე აქ, სოციალური ურთიერთობებია. ეს განახლებადი ენერგიის კუნძულის იდეა ჩემთვის ახალი ტიპის სოციალური ურთიერთობების შანსი იყო და ეს შანსი გამოვიყენეთ“, - ამიხსნა ჰერმანსენმა. მართლაც, სადაც კი რაიმე ტიპის შეხვედრა იმართებოდა, ჰერმანსენი მიდიოდა და კუნძულელებს ახალ კონცეფციაზე ესაუბრებოდა. სამსოელებს სთხოვდა, გაეაზრებინათ, თუ რა კარგი იქნებოდა ერთად მუშაობა პროექტზე, რითაც შემდეგ ყველანი აუცილებლად იამაყებდნენ. შიგადაშიგ, ამ შეკრებებზე ჰერმანსენი თანასოფლელებს უფასო ლუდითაც უმასპინძლდებოდა. თანდათან ჰერმანსენმა სამსოს მითხრა ინგვარ იორგენსენმა, ფერმერმა, რომელიც მზის ენერგიით ათბობს წყალს სახლისთვის, ოთახებს კი - თივის წვაზე მომუშავე ღუმელით, - „ენერგიაზე ფიქრი ჩვენთვის ერთგვარი სპორტი გახდა“.

„ჩვენთან ცხოვრება ძალიან სახალისოა. ძალიან საინტერესოა, იყო ამ რეალობის ნაწილი“, - ამიხსნა ბრაიან შერმა, ელექტრიკოსმა, რომელსაც სახლის უკანა ეზოში მცირე ზომის ქარის ტურბინა უდგას. შერის 72 ფუტი სიმაღლის ტურბინა გაცილებით უფრო მეტ დენს გამოიმუშავებს, ვიდრე ბრაიანის სამსულიან ოჯახს სჭირდება და გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე მისი კარ-მიდამოდან გამავალი ელექტროსადენები გაატარებდნენ. ამიტომ მორჩენილ ელექტროენერგიას ბრაიანი წყლის გასაცხელებლად იყენებს. წყალს კი ავტომანქანის სადგომში დამონტაჟებულ უზარმაზარ ტანკერში ინახავს. ცოტაოდენი საუბრის შემდეგ სამსოელმა ელექტრიკოსმა გამანდო, რომ სურს ერთ მშვენიერ დღეს მორჩენილი ელექტროენერგია წყალბადის გამოსამუშავებლად გამოიყენოს - ნივთიერებისა, რომელსაც, იდეაში, საწვავზე მომუშავე ავტომობილის ამოძრავება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც „განახლებადი ენერგიის“ კუნძული გახდა, სამსო მეცნიერებისა და მკვლევარების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ცნობილი სწავლულები სამსოზე მოსახვედრად ხშირად ათასობით კილომეტრს გადიან და კუნძულის მიღწევებს აკვირდებიან (თუმცა, ცოტა სასაცილო კია - თან ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე იმტვრევენ თავს და თან თვითმფრინავით მგზავრობას მაინც ვერ იშლიან).

იმ დღეს, როცა ნიუ-იორკიდან კოპენჰაგენის გავლით კუნძულზე ჩავედი, სამსოს ტოიამას იაპონური უნივერსიტეტის პროფესორებიც ეწვივნენ. მათ გიდობას სორენ ჰერმანსენი უწევდა და დელეგაციასთან ერთად სასეირნოდ წასვლა ნაცნობმა სამსოელმა მეც შემომთავაზა. იაპონელებთან შესახვედრად ჰერმანსენის ელექტროავტომობილით, „სიტროენით“ წავედით. მანქანა ლურჯადაა შეღებილი და კარებზე სქელ-სქელი თეთრი ღრუბლები ახატია. იმ დღეს გადაუღებლად ცრიდა, დოკიდან კი ზღვაც საშინლად აჭრილი ჩანდა. ჰერმანსენი იაპონელებს შეეგება და შემდეგ ყველანი ავტობუსში ავედით.

პირველი გაჩერება იყო გორაკი, საიდანაც ხელის გულივით იშლებოდა მთელი კუნძული. იქვე მონოტონურად სისინებდა რამდენიმე, ზუსტად ისეთივე, ტურბინა, ჰერმანსენმა ცოტა ხნის წინ რომ ამაძვრინა. იმ ნაცრისფერ და მოქუფრულ დღეს, ქარის ტურბინების გარდა ახლო-მახლო არავინ და არაფერი მოძრაობდა. უფრო შორს, მდუმარე და უკაცრიელი მინდვრების მიღმა კი, ტურბინების ახალი მწკრივი ჩანდა - გაშლილ ზღვაში ერთმანეთის გასწვრივ მწყობრად აღმართული.

სამსოელებს ხმელეთზე დამონტაჟებული 11 ტურბინა აქვთ (გარდა ამისა, ფუნქციონირებს ათამდე დამატებითი მიკროტურბინაც). ეს კი უამრავი ენერგიაა კუნძულის მცირე მოსახლეობისთვის, ვინაიდან კატეგატიდან ქარი თითქმის მუდმივად უბერავს; ისიც შევნიშნე, რომ სამსოზე დროშები არ ფრიალებს. ისევე, როგორც ბავშვების ნახატებზე, დროშები სივრცეში აქაც უძრავადაა გაფშეკილი. ჰერმანსენმა გვითხრა, რომ ხმელეთზე აღმართული ტურბინები 150 ფუტი სიმაღლისაა, როტორები - 80 ფუტი სიგრძის. ისინი ერთად 26 მილიონ კილოვატ-საათს აწარმოებენ წელიწადში, რაც სამსოელების ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისი რაოდენობაა. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, სამსოს აქვს ოფშორული ტურბინებიც, რომლებიც ხმელეთისაზე კიდევ უფრო მაღლები არიან - სიმაღლე 195 ფუტი, როტორები - 120 ფუტი. ერთი ოფშორული ტურბინა წელიწადში 8 მილიონ კილოვატ-საათს აწარმოებს, რაც, ელექტროენერგიის ხარჯვის დანიური მაჩვენებლით, სრულიად საკმარისია 2 ათასამდე სახლის მოსამარაგებლად. ეს ათი ოფშორული ტურბინა იმიტომ აღმართეს, რომ აენაზღაურებინათ სამსოს მიერ წიაღისეული

საწვავის გამოყენება მსუბუქი და სატვირთო მანქანებისა და გემებისთვის. ამ ტურბინების საერთო პროდუქტი - 80 მილიონი კილოვატსაათი წელიწადში, ტოლია კუნძულზე მოხმარებული ბენზინისა და დიზელის საწვავის მთელი რაოდენობისა. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სამსო აწარმოებს ათჯერ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე ხარჯავს.

0x01 graphic

„1997 წელს, როცა ეს პროექტი იღებდა სტარტს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქმე ასე აეწყობოდა. როცა აქაურებს პირველად დაველაპარაკეთ, დაგვცინეს, აბა, თქვენ იცით, იოცნებეთო“, - უყვებოდა ჰერმანსენი იაპონელების დელეგაციას. თითო სახმელეთო ტურბინა 850 ათასი დოლარი დაჯდა. თითო ოფშორული ტურბინა კი სამი მილიონი დოლარი. სამსოს რამდენიმე ტურბინა ინდივიდუალურმა ინვესტორმა დააფინანსა, დანარჩენები კოლექტიურად დასპონსორდა. დაახლოებით 450 კუნძულელს სახმელეთო ტურბინებში საკუთარი წილები აქვთ და უხეშად რომ ვთქვათ, ამდენივე სამსოელი ფლობს წილებს ოფშორულ ტურბინებშიც. მეწილეებს შორის ბევრი არასამსოელიც არის. თუმცა, საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად, ისინი ყოველწლიურ დივიდენდებს იღებენ. დივიდენდების ოდენობას კი ელექტროენერგიაზე არსებული ფასი და მათ მიერ წარმოებული ენერგიის რაოდენობა განსაზღვრავს.

„თუ მხოლოდ მომხმარებლად დავრჩები, მაშინ ვიყიდი იმას, რაც მომეწონება და თუ არ მომწონს, არ ვიყიდი“, - მითხრა ჰერმანსენმა, - „მაგრამ წარმოება არ მაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს წარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ ქარის ტურბინებს ვფლობთ. მათი ყოველი შემობრუნება ნიშნავს მეტ ფულს ჩვენს საბანკო ანგარიშებზე. და რადგან ამ ყველაფრის ნაწილი ვართ, პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული გვაქვს“.

1990-იანი წლების ბოლოს დანიის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით, კომუნალურ საწარმოებს აუცილებლად უნდა შეედგინათ ათწლიანი ფიქსირებული საპროცენტო საზღაურის მქონე კონტრაქტები გასაყიდი ქარის ენერგიისთვის. ამ კონტრაქტების პირობების თანახმად, ტურბინამ - წარუმატებელი შემთხვევების გარდა - მეწილეს საწყისი ინვესტიცია რვა წელიწადში უნდა აუნაზღაუროს.

გორაკიდან ქალაქ ბალენისკენ დავეშვით. პირველად ქოხის ფორმის შენობაში შევედით, რომელიც გოფრირებული მეტალისგან იყო აგებული. კედლებთან თივის უზარმაზარი ზვინები შეეკრათ. ჰერმანსენმა აგვიხსნა, რომ ეს შენობა სადგური იყო, რომელიც მოსახლეობას გათბობის სისტემით უზრუნველყოფდა და ბიომასაზე მუშაობისთვის იყო გამიზნული. ზვინებს, რომლებიც სათითაოდ 50 გალონს უდრიდა, ღუმელში ყრიდნენ, სადაც წყალი 158 გრადუსამდე ცხელდებოდა. შემდეგ ეს ადუღებული წყალი მიწისქვეშ გაყვანილი მილებით ბალენის 260 მოსახლეს მიეწოდებოდა ისევე, როგორც მეზობელ ქალაქ ბრუნდბის. და გამოდიოდა, რომ თივის წვისგან გამომუშავებული ენერგია ნაწილდებოდა ქალაქის სხვადასხვა უბანზე, რომლის მოსახლეობაც თივისგან მიღებულ ენერგიას ცხელი წყლისა და სახლის გათბობისთვის იყენებდა.

სამსოზე კიდევ ორი საუბნო სადგურია, სადაც ენერგიის მისაღებად ასევე თივას წვავენ; ერთი - ტრანებიერგი, მეორე უნსბიერგი (კიდევ ერთი სადგური ნორდბიშია აშენებული, ოღონდ იქ ენერგიის მისაღებად შეშას წვავენ. ამ სადგურს შუადღეს ვეწვიეთ. იქაურობა რაღაც ნივთიერებით იყო დაფარული, რომელიც ნახერხს ჰგავდა (ოთახებში კი თიხის სალონის სუნი იდგა). სადგურის უკანა ეზო სოლარული პანელების მწკრივებით იყო სავსე. ამ პანელებისგან იქაურები მზიან ამინდში დამატებით ცხელ წყალს იღებდნენ. მწკრივებს შორის შავი სახეჩამოგრძელებული ცხვრები ბალახს იცოხნებოდნენ. იაპონელმა მკვლევარებმა ამ სურათის დანახვაზე კამერები მოიმარჯვეს და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ცხვრები სტუმრებს არ მორიდებიან და მათკენ ზლაზვნით წამოვიდნენ.

რა თქმა უნდა, თივის ანდა შეშის წვისას ისევე გამოიყოფა CO2, როგორც ჩვეულებრივი საწვავის წვისას. თუმცა, მაინც არის ერთი ძირეული განსხვავება: თუ წიაღისეული საწვავის წვისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომლის შეკავებაც შესაძლებელია, ბიომასა გამოჰყოფს ნახშირორჟანგს, რომელიც ხელოვნური ჩარევის გარეშე, ბუნებრივი ხრწნის პროცესის შედეგად, ისედაც გავრცელდებოდა. სანამ ბიომასა ხელახლა გაიზრდება, მისი წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი, ხელახლა უნდა შთაინთქას. ანუ ციკლი ნახშირბად ნეიტრალური გახდება.

ნორდბის სადგურში საწვავად გამოყენებულ შეშას მოჭრილი ხეებისგან ამზადებენ, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, თავისით დალპებოდა და გაიხრწნებოდა. ბალენბრუნდბის სადგურში გამოყენებულ თივას კი აგროვებენ ხორბლის იმ ზვინებისგან, რომელთაც მანამდე მინდვრებში წვავდნენ. ასე რომ, გამოდის, ბიომასაზე მომუშავე ეს ორი სადგური წიაღისეული საწვავისგან გამოყოფილ ნახშირორჟანგს წელიწადში დაახლოებით 27 ათასი ტონით ამცირებს.

ბიომასის გარდა, კუნძულ სამსოზე, მართალია, შედარებით მოკრძალებული მასშტაბებით, მაგრამ მაინც, ბიოსაწვავის ექსპერიმენტებსაც ატარებენ. ფერმერების გარკვეულმა ნაწილმა თავიანთი ავტომობილები კანოლას ზეთზე გადაიყვანეს. ჰერმანსენმა ერთი ასეთი ფერმერის გასაცნობადაც წაგვიყვანა, მაგრამ მასპინძელი ვერ ვიპოვეთ, ამიტომ ისევ ჰერმანსენს მოუხდა გიდობა და ჩვენთვის იმის ახსნა, რომ მისი ნაცნობი ფერმერი თვითონ ზრდის კანოლას მარცვლებს, ხდის ზეთს, ნარჩენებით კი ძროხებს კვებავს. შემდეგ უცერემონიოდ ჩაჰყო თითი ზეთის ჭურჭელში და მაშინვე პირისკენ გაიქანა, თან გვითხრა - „ეს ზეთი მართლა ძალიან კარგია, შეგიძლია მანქანისთვისაც გამოიყენო და სალათაზე მოსასხმელადაც“.

სამსოზე ექსკურსიის შემდეგ ჰერმანსენს ოფისში გავყევი, რომელსაც აქაურები „ენერგოაკადემიას“ ეძახიან. შენობა ბაუჰაუსის სტილში დაპროექტებულ თავლას ჰგავს. სახლი ფოტოგალვანური უჯრედებითაა დაფარული, ოთახების იზოლაციისთვის კი დაპრესილი გაზეთებია გამოყენებული. ეს ადგილი საგანმანათლებლო ცენტრის მაგვარი დაწესებულება უნდა გახდეს, მაგრამ მე რომ სამსოს ვსტუმრობდი, მშენებლობა ჯერაც ახალი დამთავრებული იყო და ოთახები ამიტომ ძირითადად ისევ ცარიელი გახლდათ. რამდენიმე ოთახში სკოლის მოსწავლეები ერთობოდნენ. იატაკზე სხვადასხვა ფორმის ნაწილები ეყარათ და მინიატურული ზომის ქარის ტურბინის აგებას ცდილობდნენ.

დავინტერესდი, თუ იყო რაიმე ისეთი პროექტი, რომლის განხორციელებაც კუნძულზე ვერ მოხერხდა. ჰერმანსენმა რამდენიმე ასეთი შემთხვევა გაიხსენა. მათ შორის იყო ძროხის ნაკელისგან მიღებული ბუნებრივი აირის გამოყენების გეგმა და ელექტრომანქანების შემოღების პროექტი. ეს უკანასკნელი მაშინ ჩაიშალა, როცა პროექტის ავტორები მიხვდნენ, სადემონსტრაციოდ დამზადებული მანქანა მთელი წელიწადი ავტოსალონის ვიტრინაში იდგა ისე, რომ მისი ყიდვით ბევრი არავინ დაინტერესებულა. თუმცა, ჰერმანსენისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია.

„ენერგიის დაზოგვისთვის რამდენიმეგვარი პროგრამა შევქმენით, მაგრამ ადამიანები უპასუხისმგებლოდ იქცევიან. შეიძლება ითქვას, პირველყოფილებივითაც“. მაგალითად, მათ ვინც გამოიყენა იზოლაცია თავიანთ სახლებში, უფრო მეტი ოთახიც გაათბეს და, გამოვიდა, რომ „დანაზოგი ენერგია ნულის ტოლი იყო“. მეტიც, ბოლო ათი წლის განმავლობაში, კუნძულზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი სულ ერთ გრაფაზე იდგა“.

ჰერმანსენს ისიც ვკითხე, რატომ ეგონა, რომ განახლებადი ენერგიის კუნძულის პროექტი ამხელა მასშტაბით განხორციელდებოდა, მაგრამ ჩემს მასპინძელს ზუსტი პასუხი არ აღმოაჩნდა. როგორც თვითონ მითხრა, პროექტში მონაწილეობისთვის კუნძულელებს სხვადასხვაგვარი მოტივი და მიზეზი ჰქონდათ და ამიტომ რთული იყო კითხვაზე პასუხის გაცემა. მათი მოტივი ზოგჯერ „ძალიან პირადული იყო, ზოგჯერ უფრო გლობალური“.

საუბრის დასასრულს იმით დავინტერესდი, რისი სწავლა და გადაღება შეეძლო სხვა ქალაქებსა და დასახლებებს სამსოს გამოცდილებისგან.

„ხშირად გვესმის ხოლმე, რომ საჭიროა, ვიაზროვნოთ გლობალურად და ვიმოქმედოთ ლოკალურად. კარგად მესმის, რასაც ნიშნავს ეს ფრაზა - მგონი იმას, რომ ჩვენ, როგორც ერთი დამოუკიდებელი ერი, გლობალური ფიქრის და საზრუნავის ნაწილი უნდა გავხდეთ. მაგრამ ისიც ხომ უდავოა, რომ გლობალური ფიქრის ნაწილი ყოველი ერის თითოეული წარმომადგენელი ვერ გახდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მართებული დევიზი ასე ჟღერს: „იაზროვნე ლოკალურად, იმოქმედე ლოკალურად“.

„დღევანდელ მსოფლიოში მოდური გახდა ქვეყნების რაღაც ნიშნით პოპულარიზაცია. თითოეული სახელმწიფოსთვის ერთგვარი საგამოფენო სტენდის მოწყობა. როდესაც დანიის საგამოფენო სტენდზე ჩვენი კუნძული გამოფინეს, ცოტა გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ დანიას სხვებთან თავმოსაწონებლად ჩვენზე მნიშვნელოვანი და გრანდიოზული არაფერი ჰქონდა. მაგრამ, ამავე დროს, სამსოს წარმატება ძალიან მეამაყება. ამისთვის ყველამ გავაკეთეთ რაღაც. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ჩემი კოლეგები - თავიანთ საქმეს, სამსოს ბინადრები - თავიანთს.

დაახლოებით იმავე დროს, როცა დანიური კუნძული განახლებადი ენერგიის კუნძულად შეარჩიეს, შვეიცარიელი მეცნიერების გუნდმა თეორიული ექსპერიმენტი ჩაატარა. მკვლევარებმა, რომლებიც შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიის ინსტიტუტს წარმოადგენდნენ, საკითხი ასე დასვეს: რა რაოდენობის ენერგიის მოხმარება ჩაითვლება მდგრადად, არა მხოლოდ ერთ პატარა კუნძულზე ანდა პატარა ევროპულ ქვეყანაში, არამედ მთელ დედამიწაზე. პასუხი, რომელსაც მეცნიერებმა კვლევის შედეგად მიაგნეს ასე ჟღერს - ორი ათასი ვატი თითო ადამიანზე. ეს შედეგი იქცა კიდეც ახალი პროექტის სახელწოდებად: „2 ათას ვატიანი საზოგადოება“.

„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ 2 ათას ვატიანი საზოგადოება რთულად მისაღწევი პროგრამა სულაც არ არის“, - ამბობს პროექტის დირექტორი როლანდ სტულცი. სტულცს თავის ოფისში, ციურიხის გარეუბან დიუბენდორფში შევხვდი. „2 ათასი ვატით ცხოვრება სიდუხჭირის სინონიმი არ გახლავთ. თუ ორი ათას ვატ ენერგიას იმყოფინებ, ნამდვილად არ იშიმშილებ, არც დისკომფორტი შეგექმნება და არც ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე მოგიწევს უარის თქმა. 2 ათასი ვატით ცხოვრება მომავლისადმი უფრო კრეატიული მიდგომაა და მეტი არაფერი“.

63 წლის სტულცი თავაზიანად მოსაუბრე კაცია, მუქი ხვეული თმა აქვს და ჭაღარაშერეული ულვაში. ჯერ არქიტექტორი იყო, შემდეგ მდგრადი მშენებლობით დაინტერესდა. 2001 წელს, როცა „2 ათას ვატიან საზოგადოებას“ ჩაუდგა სათავეში, იდეების პრაქტიკაში განხორციელება განიზრახა (მის საქმიანობას ნაწილობრივ ტექნოლოგიის ინსტიტუტი აფინანსებს, ნაწილობრივ კი კერძო სპონსორები). ამ მიზნით სტულცმა დაიწყო შეხვედრების ორგანიზება, ერთმანეთს აცნობდა ინოვაციურ იდეაზე მომუშავე მეცნიერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ციურიხიდან და ბაზელიდან.

„ერთ დღეს, ისინი ორ ჯგუფად დავყავი“, იხსენებს სტულცი, - „და ვუთხარი, ოთხ საათზე ორივე ჯგუფი მზად უნდა იყოს პასუხის გასაცემად. ორივემ ცალ-ცალკე და დეტალურად გამაცნოს პროექტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ. თავიდან მითხრეს, ამ მოკლე დროში ეს შეუძლებელიაო. მაგრამ მოვიდა ოთხი საათი და დამოუკიდებელი პროექტი ორივე ჯგუფს მზად ჰქონდა. აი, ასე დავიწყეთ საქმის კეთება“. ამას მოჰყვა ის, რომ „ჟენევისა და ბაზელ-სტადტის კანტონებმა და ასევე ციურიხმა „2 ათას ვატიანი საზოგადოების“ მიზნები მოიწონა. გეგმას დადებითად შეხვდა შვეიცარიის გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტიც. „ერთი შეხედვით, „ორი ათას ვატიანი საზოგადოების“ მიზანი არარეალისტური ჩანს. თუმცა, მის განსახორციელებლად აუცილებელი ტექნოლოგია უკვე არსებობს“, - მითხრა მორიც ლეუენბერგერმა, რომელიც ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ერთ ნაშუადღევს, სტულცმა წყლის კვლევის ცენტრის მთავარ ოფისში წამიყვანა, რომელიც EAWAG-ის აბრევიატურითაა ცნობილი (სრული სახელწოდება გერმანულ ენაზე ისეთი გრძელი და ჩახლართულია, რომ სიტყვების თანმიმდევრობა ზუსტად თვითონ გერმანულენოვანებს არ ახსოვთ). ეს შენობა სპეციალისტებმა თავიდანვე ისე დააპროექტეს, რომ მას „ორი ათას ვატიანი საზოგადოებით“ გათვალისწინებული მიზნები დაეკმაყოფილებინა, ანუ ენერგია დაეზოგა. ოფისამდე სტულცის „ვოლვოთი“ მივედით. მანქანა კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობს, რომელიც ნაწილობრივ ლპობადი ბოსტნეულისგანაა მიღებული. როცა პირველად შევავლე თვალი შენობას, მეგონა, დროშებით იყო დაფარული. ახლოს რომ მივედი, მივხვდი, დაბურული შუშის პანელები იყო. შიგნით ატრიუმის ჭერზე ჩამოშვებულ ჯაჭვებზე მწერის სკულპტურის მაგვარი რაღაც ეკიდა. ის წყლის მოლეკულის მოდელი აღმოჩნდა, რომელიც ათ მილიარდჯერ გადიდებული იყო.

EAWAG-ის ცენტრში უამრავი უცნაური ფორმის საგანს წააწყდები, მაგრამ სამაგიეროდ ცოტაა ჩვეულებრივი ნივთები. შენობას, რომელიც 2006 წელს გაიხსნა, გასათბობი ღუმელი საერთოდ არ აქვს. ოთახები ისე მჭიდროდაა იზოლირებული, რომ უმეტეს დღეებში საოფისე დანადგარებისა და ოფისში მომუშავე 200-მდე ადამიანის სითბური ენერგიის წყალობით ყველგან სასიამოვნო ტემპერატურა დგას. დამატებით სითბოს მზისგან იღებენ - ზამთარში გარე პანელები ტენტით იფარება ისე, რომ შიგნით სინათლის მაქსიმუმი შემოუშვას. სითბოს დამატებითი წყაროა მიწისქვეშა ჰაერი. შენობაში არც სტანდარტული კონდენციონერებია დამონტაჟებული. ზაფხულში პანელები ტენტით იფარება შენობაში მაქსიმალური ჩრდილი და სიგრილე რომ შენარჩუნდეს, და თუ დღის განმავლობაში სიცხე მაინც დაგროვდება, ღამით ატრიუმის თავზე განლაგებული ფანჯრები იხსნება და თბილი ჰაერიც გარეთ გადის. ელექტროენერგიის მესამედს შენობა ფოტოგალვანური პანელებისგან იღებს, რომლებიც სახურავზეა განლაგებული, ცხელ წყალს კი სოლარული ენერგიის კოლექტორებისგან. შენობის ყველა საპირფარეშოში საგანგებოდ აქაურობისთვის დამზადებული უნიტაზებია დამონტაჟებული. მათ უცნაური სახელწოდება აქვთ - „არავითარი ნაზავი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნიტაზებში ცალკე გამოიყოფა შარდი - რომელიც პოტენციურად გამოყენებად ნივთიერებებს - ფოსფორსა და აზოტს შეიცავს (შენობის შესახებ შედგენილ საინფორმაციო ბუკლეტში კი წერია: „ნარჩენის რესურსად გამოყენება მდგრადი ცივილიზაციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია“).

„ეს შენობა სასწაული არ არის“, - მითხრა სტულცმა, როცა ამ უცნაური ოფისის კაფეტერიაში ყავის დასალევად შევედით, - „აქ უბრალოდ ჭკვიანურად და მოქნილადაა თავმოყრილი ჭკვიანური და მოქნილი იდეები“. იმ დღეს წვიმდა, ჰაერის ტემპერატურა 43 ფარენჰეიტს აღწევდა, შიგნით კი თერმომეტრი 70-ს უჩვენებდა და ტემპერატურაც შესაბამისად შენობაში ძალიან სასიამოვნო იყო.

„ორი ათას ვატიანი საზოგადოების“ პრინციპს კარგად ავხსნით, თუ მას ნათურებს შევადარებთ. ვთქვათ, ანთებ ოც ლამფას, თითოეულს ასვატიანი ნათურით. ისინი ერთად ოც ათას ვატ ელექტროენერგიას ქმნიან. თუ მთელი დღით დატოვებ ანთებულს, ლამფები 48 კილოვატსაათ ენერგიას დახარჯავენ; თუ მთელი წელი არ ჩააქრობ, 17520 კილოვატ-საათ ენერგიას გახარჯავენ. „ორი ათას ვატიანი პრინციპით“ მცხოვრები ადამიანი კი მთელი თავისი საქმიანობის დროს - მუშაობისას, ჭამისას, მოგზაურობისას - ზუსტად იმდენივე ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ეს ოცი ნათურა დახარჯავდა ერთ წელიწადში, ანუ 17520 კილოვატ-საათს.

დღევანდელ მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა ამ რიცხვზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს. მაგალითად, საშუალო ბანგლადეშელი, წელიწადში 2600 კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარს, იგულისხმება ყველა ტიპის ენერგია, ელექტრობით დაწყებული, ტრანსპორტის საწვავით დამთავრებული. ეს რიცხვი კი, უხეშად რომ ვთქვათ, 300 ვატის უწყვეტად მოხმარების ეკვივალენტია. საშუალო ინდოელი ხმარობს დაახლოებით 8700 კილოვატ-საათს წელიწადში, რის შედეგადაც ინდოეთი ათას ვატიანი საზოგადოება გამოდის, მაშინ, როცა ჩინეთი წელიწადში 13 ათას კილოვატ-საათს მოიხმარს და ეს ქვეყანაც, შესაბამისად, 15 ათას ვატიანი საზოგადოებაა.

თუმცა, დანარჩენები, ვინც მსოფლიოს ინდუსტრიულ ნაწილში ვცხოვრობთ, ორი ათას ვატზე გაცილებით მეტს მოვიხმართ. მაგალითად, შვეიცარია ხუთ ათას ვატიანი საზოგადოებაა. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ექვს ათას ვატიანი საზოგადოებებია. ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა კი 12 ათას ვატს აღწევენ. „2 ათას ვატიანი საზოგადოების“ ერთ-ერთი ძირეული პრინციპი არის ის, რომ ეს რაოდენობრივი შეუთავსებლობა ქვეყნებს შორის უკვე თავისთავად არამდგრადია. „ანუ საქმე სამართლიანობაშია,“ - განმიცხადა სტულცმა. მაგრამ ეკოლოგიურ პრინციპებს თუ დავიცავთ, სასტიკად მიუღებელი იქნება, განვითარებად ქვეყნებშიც ენერგიის მოხმარება გაზარდონ ისე, რომ ინდუსტრიულ სახელმწიფოებს დაეწიონ. განვითარებად ქვეყნებში თითო სულ ადამიანზე ენერგიაზე მოთხოვნა ისე რომ გაიზარდოს, რომ ევროპულ მაჩვენებელს გაუთანაბრდეს, მაშინ ენერგიის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით ორჯერ გაიზრდება, ამერიკულ მაჩვენებელს რომ გაუტოლდეს - სამჯერ.

„ორი ათას ვატიანი საზოგადოება“ ინდუსტრიულ ქვეყნებს უსახავს კონკრეტულ მიზანს - შეამციროს ენერგიის მოხმარება. განვითარებად ქვეყნებს კი უწესებს ლიმიტს ენერგიის მოხმარების ზრდაზე.

შვეიცარია ორი ათას ვატიანი საზოგადოება ბოლოს 1960-იან წლებში იყო. იმ ათწლეულის დასასრულს ენერგიის მოხმარება სამი ათას ვატამდე გაიზარდა, 70-იანი წლების შუა ხანებში კი უკვე ოთხი ათას ვატს მიაღწია. ეს სწრაფი ზრდა, შეიძლება ტექნოლოგიურმა წინსვლამაც გამოიწვია - ავტომობილებისა და საჰაერო ტრანსპორტის გავრცელებამ, ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების პოპულარიზაციამ. მაგრამ ასევე შეიძლება სურათს უკუღმაც შევხედოთ: ენერგიაზე მოხმარების სწრაფი ზრდა გამოიწვია ადამიანების მარცხმა, გამოეყენებინა ტექნოლოგია იქ, სადაც საჭირო იყო. რამდენიმე წლის წინ შვეიცარიელი მკვლევარების ერთმა ჯგუფმა გამოაქვეყნა თეთრი ნაშრომი - ანდა, შვეიცარიული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „თეთრი წიგნი“, რომელშიც განხილულია ორი ათას ვატიანი საზოგადოების განხორციელების რეალურობა. მეცნიერები დაეყრდნენ საყოველთაოდ აღიარებულ სტატისტიკას და გამოთქვეს ვარაუდი, რომ მსოფლიოში დღეს მოხმარებული ყველა ტიპის პირველადი ენერგიის ორი მესამედი გაფლანგულია, ძირითადად სიცხის სახით, რომელიც არავის სჭირდება და არავინ იყენებს („პირველადი ენერგია“ არის ენერგია, რომელსაც, ვთქვათ ნახშრის ნატეხი შეიცავს, „საჭირო ენერგია კი გახლავთ სინათლე, რომელსაც ნათურა გამოჰყოფს, როცა ორთქლის გამოსაყოფად იწვება ნახშირი. ორთქლს იყენებენ ტურბინის ასამუშავებლად, და შედეგად მიღებული ელექტროენერგია გადაეცემა ენერგეტიკულ სისტემას იმისთვის, რომ ვარვარის ნათურა გაცხელდეს). იმავე ნაშრომში აღნიშნული იყო, რომ დღეს არსებული ტექნოლოგიების საშუალებით, აბსოლუტურად შესაძლებელია შენობების 80 პროცენტით უფრო რაციონალურად აგება, ვიდრე დღეს აგებენ. გარდა ამისა, შვეიცარიელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასევე შესაძლებელია, 50 პროცენტით უფრო რაციონალურად მანქანების და 25 პროცენტით უფრო რაციონალურად ძრავების წარმოება.

შვეიცარიაში კიდევ რამდენიმე სხვა შენობაც მოვინახულე, რომლებიც საგანგებოდ ისეა აგებული, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგია დაზოგოს. ერთ-ერთი ასეთი სახლი იყო სუპერთანამედროვე კორპუსი ბაზელში. თითოეულ ბინას ჰქონდა 18 ინჩის სისქის იზოლაციით ამოვსებული კედლები, სამპანელიანი ფანჯრები, რომლებიც დაფარული იყო სპეციალური არეკვლის უნარის მქონე ფირით და სითბოს აღმდგენი სისტემა, რომელიც იწოვს ჩვეულებრივ ვენტილაციის დროს გაფლანგული ენერგიის 80 პროცენტს. ბოილერის ნაცვლად სახლს ჰქონდა სითბოს გეოთერმული საქაჩი, რომელიც სითბოს ძირითადად მიწისქვეშა წყლებისგან ქაჩავს. ზაფხულობით იმავე სისტემას გასაგრილებლად იყენებენ.

„სამშენებლო ინდუსტრია ძალიან კონსერვატორულია“, - მითხრა ინჟინერმა ფრანკო ფრენიანმა, რომელიც ბინებს მათვალიერებინებდა, - „თუ რაღაც ინოვაცია შემოიტანე, მთელი თაობა უნდა გამოიცვალოს, სანამ სამშენებლო ბიზნესში შეაღწევს. ჩვენც ზუსტად ამის მიღწევას ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ“.

„სტულცმა კი დასძინა: „რაც უფრო მეტი ცოდნითა და გამჭრიახობით მიუდგები ნებისმიერ ადამიანურ საქმიანობას, მით უფრო წინ წახვალ“. მახსოვს საუდის არაბეთის ნავთობის ყოფილი მინისტრის შეიხ იამანის სიტყვები: ქვის ხანა იმიტომ არ დამთავრდა, რომ ადამიანებს ქვები გამოელიათ, ქვის ხანა დამთავრდა იმიტომ, რომ ადამიანი უფრო გონიერი გახდა“.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ „ორი ათას ვატიანი ცხოვრება დაიწყო?“ როცა ეს კითხვა სტულცს დავუსვი, მან კიდევ ერთი ნაშრომი გადმომიღო, სადაც ექვსი გამოგონილი ოჯახის მაგალითია განხილული. ჯანერეტები ოთხსულიანი გამოგონილი ოჯახია, რომელიც გლატბურგში, ციურიხის ჩრდილოეთით ცხოვრობს. მათი სახლი ენერგიის დაზოგვის პრინციპითაა დაპროექტებული. თითოეული მათგანი მგზავრობს ელექტრო-ველოსიპედით, ანდა მატარებლით და იშვითად ქირაობს მანქანას.

მოერისები ფერმერები არიან. ბერნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობენ და საკუთარ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ბუნებრივი აირით, რომელსაც, თავის მხრივ, ძროხის ნაკელისგან იღებენ.

ალანი, მიშელი, ანგელა და მარლენი კი ასევე გამოგონილი სტუდენტები არიან, ჟენევაში ცხოვრობენ, სახლს ერთად ქირაობენ, იყოფენ ყველა ხელსაწყოსა და დანადგარს, მგზავრობენ ტრამვაით და სასკოლო არდადეგებზე ფრანგულ ალპებში ლაშქრობებს აწყობენ.

„არ არსებობს მზა ფორმულა, რომლის მიხედვითაც ორი ათას ვატიანი ლიმიტის დაცვაა შესაძლებელი“, - ნათქვამია ნაშრომში. „სამი რამ არის საჭირო: სოციალური ნების გამოჩენა, ტექნიკური ინოვაცია და თითოეული ადამიანის გადაწყვეტილება, იცხოვროს და იმოქმედოს ენერგიის დაზოგვის პრინციპით“.

ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, საშუალო სტატისტიკური შვეიცარიელი ენერგიას დღეს შემდეგი სქემით ხარჯავს: 1500 ვატი დღეში საცხოვრებელ და საოფისე ფართზე (ამ გრაფაში შედის სახლის გათბობა და ცხელი წყალი), 1100 ვატი საკვებსა და სხვა საშინაო-სამეურნეო საჭიროებებზე (ენერგია, რომელიც პროდუქტის დამზადებასა და ტრანსპორტირებაზე იხარჯება, ნაშრომში მოხსენიებულია, როგორც „მატერიალიზებული“, ანუ „ნაცრისფერი“ ენერგია), ექვსასი ვატი ელექტროენერგიაზე, ხუთასი ვატი ავტომობილით მგზავრობაზე, 250 ვატი საჰაერო მგზავრობაზე და 150 ვატი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თითოეული ადამიანის წილი შვეიცარიის საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა წყლისა და საკანალიზაციო გაყვანილობის სადგურები, ცხრაას ვატს უდრის. მთლიანობაში ამ ხუთი ათასი ვატის დაყვანა რომ შევძლოთ ორი ათასამდე, ყოველ გრაფაში მნიშვნელოვანი სეკვესტრი უნდა განხორციელდეს. ვთქვათ, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ენერგიის მოხმარება ხუთას ვატზე დავიდა, ადამიანს, რომელიც კვლავაც აგრძელებს სახლისა და საოფისე სივრცისთვის 1500 ვატის გამოყენებას, საკვების, ელექტროენერგიის და ტრანსპორტისთვის აღარაფერი დარჩება. ზუსტად ასევე, ადამიანი, რომელიც კვლავაც იმოგზაურებს და დღევანდელი მაჩვენებლით გააგრძელებს ელექტროენერგიის გამოყენებას, ხარჯების ორი ათას ვატამდე შემცირების შემთხვევაში აღარ დარჩება საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი და აღარც საკვები ექნება.

შვეიცარიაში ყოფნისას გამუდმებით ვეძებდი ადამიანებს, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ ორი ათას ვატიანი მაჩვენებლით.

„სულ ცოტაც მაკლია, თუ არ ჩამითვლით ამ სულელურ ავიამგზავრობას“, - მითხრა გერჰარდ შმიტმა, შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის ციურიხის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტმა, - „საკმარისია ერთი გამგზავრება შანხაიში და მორჩა, ირღვევა ჩემი ორი ათას ვატიანი მიღწევა“ (მგზავრობა ციურიხიდან შანხაიმდე და უკან თითქმის იმდენივეა, რვაასი ვატი ენერგია მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად რომ ხარჯო).

„მოდი, გამოვტოვოთ ეგ საკითხი“, - მითხრა სტულცმა, როცა იგივე კითხვა მასაც დავუსვი. მართალია, სტულცის სახლიც ისეა დაპროექტებული, რომ დიდი რაოდენობით ენერგიას ზოგავს, მაგრამ თვითმფრინავით მგზავრობა მასაც ხშირად უწევს. სანამ შვეიცარიაში ჩავიდოდი, სტულცი ნიუ დელის სტუმრობდა. ეს მგზავრობა კი ციურიხიდან დელიში და უკან იგივე იყო, რაც ექვასი ვატის ხარჯვა მთელი წლის განმავლობაში.

თუმცა, მაინც შევხვდი ადამიანს, რომელიც თითქმის ორი ათას ვატიანი მაჩვენებლით ცხოვრობს. ინჟინერი რობერტ უეტცი იმავე შენობაში მუშაობს, სადაც სტულცი. როცა EAWAG-ის ცენტრიდან უკან დავბრუნდით, ექვს საათს იყო გადაცილებული. უეტცი კი ისევ სამსახურში დაგვხვდა. სტულცმა მირჩია, გამოვლაპარაკებოდი.

„ჩემი ოჯახის წევრები არ ფიქრობენ, რომ ორი ათას ვატიანი ლიმიტით ცხოვრება რამეთი გვზღუდავს. მეტიც, არც ის მგონია, თითქოს, ასეთი ცხოვრების წესის გამო რამეზე უარის თქმა მოგვიხდა“, - მითხრა უეტცმა. უეტცის მეუღლე კბილის ექიმია. ორ შვილთან ერთად ისინი ვინტერტურში, ციურიხის შორიახლოს ცხოვრობენ. დაახლოებით ათი წლის წინ, ახალ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც ენერგიის დაზოგვის პრინციპით იყო დაპროექტებული, მათ ორი ათასი კვ.ფუტის ფართი იყიდეს. მთელი ფართობი გეოთერმული სითბოს საქაჩით თბება - „სიგიჟეა, ამხელა სახლი წიაღისეული საწვავით გაათბო“, - ამბობს უეტცი. მის საცხოვრებელ კომპლექსში წყალიც მზის ენერგიით თბება. ელექტროენერგიის მისაღებად უეტცმა სახლის სახურავს ფოტოგალვანური პანელები დაუმატა. ზამთრობით პანელები გაცილებით უფრო ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე სახლს სჭირდება - და ამიტომ უეტცებს მოუხდათ, ყველაზე დაბალვატიანი ნათურები და ელექტრომოწყობილობები შეეძინათ - ზაფხულობით კი უფრო მეტს. ასე რომ, გამოდის, მთელი წლის განმავლობაში, სახლის ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი ნულდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ახალ ცხოვრების წესზე გადასვლისას გავაკეთეთ, იყო ის, რომ არ უნდა გვყოლოდა მანქანა. შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილიც ამის მიხედვით შევარჩიეთ“, - ამბობს უეტცი. ავტომობილის ხშირი გამოყენება - რაც არ უნდა, დღევანდელი სტანდარტებით, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი გყავდეს - ართულებს ორი ათას ვატიან ლიმიტში ჩატევას. მაგალითად, „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლი, რომელიც წელიწადში ათი ათას მილს გადის, დაახლოებით 225 გალონ გაზოლინს ხარჯავს. ეს დაახლოებით 8 ათასი კილოვატ-საათის დახარჯვას უდრის, ანდა დაახლოებით ათასი ვატი ენერგიის უწყვეტად მოხმარებას (ოთხსულიანი ოჯახისთვის, იმავე რაოდენობის გაზოლინის მოხმარება თითო ადამიანს 250 ვატი დაუჯდება).

„ცხადია, მნიშვნელოვანია ის, თუ რას ხარ მიჩვეული და რისი კეთება უფრო მოგწონს. მე პირადად, გაცილებით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ მატარებლით მგზავრობისას, ვიდრე - თვითმფრინავით“, - მიხსნის უეტცი, - „მატარებელში შემიძლია დავისვენო, მოვდუნდე, ანდა ვიმუშაო. მანქანით მგზავრობისას უნდა ვინერვიულო გასაჩერებელი ადგილის პოვნაზე, საცობებზე, წვიმასა და თოვლზე, მძღოლებზე, რომელთაც სინამდვილეში ტარება არ იციან და ნერვებს გიშლიან“. უეტცის ოჯახი დასასვენებლადაც მატარებლით დადის. „ერთადერთი, რასაც შეზღუდვას დავარქმევდი, ფრენაა. მატარებლით ყველგან ხომ ვერ წახვალ. მაგალითად, ჩინეთში ვერ წავალთ, ანდა თუ წავალთ, ამ მგზავრობას ერთ კვირას მოვანდომებთ“.

საუბრის ბოლოს უეტცმა დასძინა: „ორი ათას ვატიანი ლიმიტით ცხოვრებას რელიგიად არ ვიხდი. ნამდვილად არ ვიცხოვრებდი ასე, რომ არ მომწონდეს. ეს ცხოვრების წესი ჩემი პრინციპებისთვის ზუსტად რომ შესაფერისი აღმოჩნდა“.

თვითონ „ორი ათას ვატიან საზოგადოებაში“ აცხადებენ, რომ ენერგიის მოხმარების შემცირება მხოლოდ ნახევარია - ანდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეოთხედი - იმისა, რაც სამყაროსთვის უნდა გაკეთდეს. პროექტის საბოლოო მიზანია ისეთი მსოფლიო, სადაც ადამიანები ცალ-ცალკე ორი ათას ვატზე მეტს არ მოიხმარენ და სადაც 1500 ვატი დაშვებული ორი ათასიდან ნახშირბად-ნეიტრალურ საწვავ რესურსზე მოვა. ასეთ მსოფლიოში, თითოეული ადამიანი ენერგიას რაციონალურად მოიხმარდა ისე, როგორც რობერტ უეტცის ოჯახი იქცევა და ისევე გამოიმუშავებდა განახლებად ენერგიას, როგორც იორგენ ტრანბერგი. ასეთ მსოფლიოში, რომელიც სავსე იქნებოდა ქარის წისქვილებით, ნახშირორჟანგის გამოყოფა მკვეთრად დაეცემოდა და თანდათან CO2-ის კონცენტრაციაც ატმოსფეროში შემცირდებოდა. მაგრამ საკითხავია, რამდენად რეალისტურია მსგავსი სცენარის განხორციელება?

სანამ შვეიცარიიდან ნიუ-იორკში გამოვფრინდებოდი (ეს ფრენა უდრის დაახლოებით 250 ვატის უწყვეტ მოხმარებას მთელი წლის განმავლობაში), შვეიცარიის ეროვნული მეცნიერების ფონდის კვლევითი საბჭოს პრეზიდენტს დიტერ იმბოდენს შევხვდი. 64 წლის იმბოდენი პატარა ტანის კაცია, ოვალური სახითა და შევერცხლილი თმით. მისი სპეციალობაა მყარი სხეულების ფიზიკა, თუმცა, შემდეგ იმბოდენი ეკოლოგიური ფიზიკით დაინტერესდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის ეკოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტს. 1990-იანი წლების ბოლოს ის „ორი ათას ვატიანი საზოგადოების“ დირექტორი გახდა. იმბოდენი ამბობს, რომ, როგორც მეცნიერისთვის, მისთვის არაფერია წარმოუდგენელი ორი ათას ვატიანი მსოფლიოს შექმნაში. მისი აზრით, ამას წინ ვერანაირი ტექნიკური ბარიერი ვერ აღუდგება.

„ჩვენს მენტალურ ენერგიას შეცდომით სხვა კალათაში ვათავსებთ“, - მითხრა მან, - „თავიდან გამოსაგონებელი არაფერია. ინჟინერისთვის ამ პროექტზე მუშაობა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს“.

„21-ე საუკუნის პრობლემა განსხვავებული პრობლემაა. და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება შეფასდება ამ ახლებურ პრობლემასთან გამკლავებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი გადაჭრა იმავე რეცეპტით ვერ მოხდება, რითაც ადამიანი მთვარეზე გაფრინდა, ანდა „მანჰეტენის პროექტი“ განახორციელა. მიდგომებს შორის განსხვავება თვისობრივია: ჩვენი საზოგადოებისთვის მეცნიერების როლი და დატვირთვა პარადიგმულად უნდა შეიცვალოს“.

იმბოდენმა განაგრძო: „სირთულეს მხოლოდ ერთ რამეში ვხედავ. ამას „შვეიცარიის შენებას“ ვუწოდებ. ახლა ამერიკაზე რომ ვსაუბრობდეთ, ამ პრობლემას „შტატების შენებას“ ვუწოდებდი. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ და სად აგებენ შენობებს, როგორ და სად გაჰყავთ გზები, სარკინიგზო ხაზები, ენერგოსადენები, საკანალიზაციო მილები და ასე შემდეგ. ცხადია, ეკონომიკურად არამომგებიანი იქნება მთელი ამ ინფრასტრუქტურის ერთი ხელის მოსმით გამოცვლა. მაგრამ რადგან ინფრასტრუქტურა ისედაც უნდა გამოიცვალოს წელიწადში დაახლოებით ორი პროცენტის მაჩვენებლით, თუ პროექტის ეტაპობრივად განხორციელებას დავიწყებთ, მაშინ სურათიც შეიცვლება. მივხვდებით, რომ პროექტის განხორციელება აბსოლუტურად რეალური გახდა“.

ჯერჯერობით, არავის უწარმოებია ორი ათას ვატზე გადასვლის ეკონომიკის სკრუპულოზური ანალიზი. მკვლევარები უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ მოცემული კონცენტრაციით ნახშირორჟანგის ხარისხის ატმოსფეროში დაბალანსების ფასს, - ვთქვათ, იგივე 550 ნაწილაკით ყოველ მილიონზე, რაც წინაინდუსტრიულ დონეზე ორჯერ მეტია, ანდა 450 ნაწილაკით, რაც ეკოლოგების ნაწილის მტკიცებით, უმაღლესი რეკომენდებული დონეა.

ამ საკითხის განხილვისას ყველაზე მეტად „სტერნის რევიუს“ კვლევას ციტირებენ ხოლმე. ეს კვლევა ბრიტანეთის მთავრობის შეკვეთით ჩატარდა, 2006 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და სახელი მისი მთავარი ავტორის სერ ნიკოლას სტერნის გამო ეწოდა, რომელიც მანამდე მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი იყო. კვლევაში ავტორები ასკვნიდნენ, რომ სათბურის აირების დონის შემცირება წინაინდუსტრიულ კონცენტრაციაზე ორჯერ მეტად, წელიწადში გლობალური საერთო შიდა პროდუქტის ერთი პროცენტი დაჯდება. საგულისხმოა, რომ სტერნის რევიუში განხილული იყო არა მხოლოდ CO2-ი, არამედ სხვა სათბური აირებიც, როგორიცაა მეთანი და აზოტის ორჟანგი). კიდევ ერთი კვლევა, რომელიც შარშან შვედურმა „ვატეფოლმა“ ამერიკული საკონსალტინგო ფირმა „მაკინზი და კომპანიის“ დახმარებით განახორციელა, იმავე დასკვნით მთავრდება: ამ კვლევის ავტორებმაც დაასკვნეს, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად მიღებული ზომე ზომებიდან ზოგი თანხებს ზოგავს, ზოგიც პირიქით - გასავალთანაა დაკავშირებული. ვთქვათ, შენობების იზოლაციაზე ნაკლები ფული იხარჯება, მაშინ, როცა ქარის ტურბინების დამონტაჟება ძვირი ჯდება.

ვატენფოლის მოხსენებაში ნავარაუდევია: „თუ მიზნის განსახორციელებლად დაბალფასიან საშუალებებს ვცდით, CO2-ის დონეს დავაბალანსებდით 450 ნაწილაკით თითო მილიონზე. ყოველწლიური გასავალი კი გლობალური შიდა საერთო პროდუქტის ერთი პროცენტის ექვსიმეათედი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკის ერთი პროცენტი უდავოდ დიდი ფულია, ფართომასშტაბიანი პერსპექტივით, ეს მაინც აშკარად რეალისტური გეგმაა. ზემოხსენებული თანხა დაახლოებით მეცხრედია იმ ფონდისა, რაც ჯანდაცვაზე ამჟამად იხარჯება, ანდა მეშვიდედია თანხის, რომელიც ნავთობს მიაქვს და ნახევარია იმისა, რასაც თავდაცვის სისტემებისთვის ვიყენებთ (მსოფლიოს სამხედრო გასავლების 40 პროცენტზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის)“.

„სტერნის რევიუში“ ნათქვამია, რომ თუ გამონაბოლქვის ახლანდელი ტენდენცია გაგრძელდება, კლიმატური ცვლილებით მიყენებული ზარალი გაუთანაბრდება მსოფლიოს საერთო შიდა პროდუქტის 5 პროცენტს მაინც, და თუ რისკისა და ზემოქმედების უფრო ფართო სპექტრსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ზარალის აღმნიშვნელი ციფრი შეიძლება მსოფლიოს შიდა საერთო პროდუქტის 20 პროცენტამდეც გაიზარდოს“.

ოცი წლის წინ, „ნასას“ კლიმატის მთავარი სპეციალისტი ჯეიმს ჰანსენი კაპიტოლიუმში გლობალური დათბობის საფრთხის შესახებ მოხსენებით წარსდგა. სულ რამდენიმე დღის წინ, ჰანსენი კაპიტოლიუმში ხელახალი მოხსენებით წარსდგა. „ახლაც ისევე, როგორც მაშინ, შემიძლია განვაცხადო, რომ ამ დასკვნების სიზუსტე 99 პროცენტია“. ჰანსენმა აღნიშნა, რომ „დამანგრეველი“ კლიმატური ცვლილების შეჩერების ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული გზაა, ამერიკის შემდეგმა პრეზიდენტმა და კონგრესმა სასწრაფოდ მიიღონ ზომები გამონაბოლქვის შესამცირებლად. შტატებში სულ რამდენიმე რეგიონია ისეთივე ქარიანი, როგორიც სამსო, ანდა ისევე კარგად ორგანიზებული, როგორც - შვეიცარია, მაგრამ თითქმის ყველგანაა შესაძლებელი ენერგიის უფრო ინოვაციურად გამომუშავება და მისი უფრო გონივრული ხარჯვა. ამ შესაძლებლობების სისრულეში მოყვანა დიდი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. თუმცა, ნება ჩვენია - შეგვიძლია, გადავწყვიტოთ და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაზე უარი ვთქვათ. მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, თუ ცვლილებას ისევ სახვალიოდ გადავდებთ, ნელნელა მაინც ამ ცვლილებისკენ წავალთ.

18 დაცული ტერიტორიები

▲back to top


პეც-პროექტი

0x01 graphic

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: გიორგი დარჩიაშვილი

ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბუნებაა, რომ კავკასიონის ქედის სილამაზეს ვერაფრით შეედრება ანდები, რომ გარეჯის უდაბნოს მიწის ფერთან ახლოსაც ვერ მივა რუბ-ელ-ჰალის ქვიშის ფერი, რომ კოლხეთის დაბლობი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ლუიზიანას ჭაობები, რომ კლდეკარი უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე დიდი კანიონი... ეს, ჩვენი, ქართველების მახასიათებელი ნიშანია - ყველაფერი მაგარი და ლამაზი ჩვენია, ქართული. ყველაფერში ვერა, მაგრამ იმაში ნამდვილად ვეთანხმები, რომ საქართველოს ბუნება მართლაც გამოირჩევა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით და სილამაზით, რომ უდაბნოც გვაქვს და მრავალი მყინვარიც, ჭაობებიც და ალპური მდელოებიც, ზღვაც და ალპური ტბებიც და, რაც მთავარია, გვაქვს ბევრი, ძალიან კარგად თუ არა, საკმაოდ კარგად შემონახული, დაცული ტერიტორიები, რომელთა დიდი ნაწილიც უნიკალურ ძეგლებს წარმოადგენს.

ამ პროექტის მიზანია, რომ მოიკიდოთ ზურგჩანთები და ესტუმროთ მტირალას, ლაგოდეხს, ბორჯომ-ხარაგაულს, კოლხეთს, ვაშლოვანს … ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ დაცული ტერიტორიიდან, რაც საქართველოში არსებობს. გპირდებით, ამ მოგზაურობისას დარწმუნდებით, რომ ხანდახან ყველაფერი მაგარი და ლამაზი შეიძლება ჩვენი იყოს.

სანდრო ნავერიანი

ყველაზე ჩუმი ტბა

0x01 graphic

ჯერ იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - ეს იყო პირველი დაცული ტერიტორია, სადაც მე ფეხი შევდგი. მას შემდეგ ჩემი ასაკის ადამიანისთვის საკმაოდ სოლიდური დრო გავიდა - ათი წელი - და უკვე შემიძლია ვიტრაბახო იმით, რომ საქართველოში არსებული თითქმის ყველა დაცული ტერიტორია ფეხით გათელილი თუ არა, შემოვლილი მაინც მაქვს. რა თქმა უნდა, რიწის, ბიჭვინთის, ფსხუს, გუმისთის და ლიახვის ნაკრძალების გარდა - იქ ეთნიკურ ქართველს კი არა, მგელსაც არ უშვებენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთადერთი ნაკრძალი, სადაც ნამყოფი არ ვიყავი, ლაგოდეხის ნაკრძალი იყო. დიდი ხნის ლოდინი არ დამჭირვებია, იქ ძალიან მალე ამოვყავი თავი.

მახსოვს, ბორჯომ-ხარაგაულმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც, შეიძლება, იმის ბრალი იყო, რომ ის ვოიაჟი ჩემს ცხოვრებაში პირველი უმშობლო კონტაქტი იყო ველურ ბუნებასთან. რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი - მდინარე შემხვდებოდა - შიგ ვწვებოდი, ვგრილდებოდი, დათვის ნაკვალევი შემხვდებოდა - მივუყვებოდი, რომელ გორაზეც მინდოდა, ავდიოდი და, ერთი სიტყვით, სრულიად თავისუფალი ვიყავი მშობლების დაძაბული, ნერვების ამშლელი ყურადღებისგან - მდინარეში არ გაიარო, ფეხი არ დაგისველდეს, გაცივდები, სიცხეს მოგცემს, ყელი ჩაგეხლიჩება, მოკვდები ხველებით და ეგეთი, მომაკვდინებელი ამბები. ეს იყო ყველაზე წონადი მიზეზი იმისა, რომ ბორჯომ-ხარაგაული აჯამეთის ნაკრძალსაც მერჩივნა, ბაწარა-ბაბანეურსაც, ალგეთსაც, ყაზბეგსაც, მარიამჯვარსაც, კინტრიშსაც და კოლხეთსაც. მოკლედ, ნაკრძალების ეტალონად ბორჯომ-ხარაგაული მყავდა, ვიდრე ლაგოდეხში არ მოვხვდი.

2005 წლის აგვისტოში, როცა ლაგოდეხის ნაკრძალში ამოვყავი თავი, უკვე ჩემი ინტერესი საგრძნობლად გაფართოებული იყო და მხოლოდ ველურ ბუნებასთან ინტიმური კავშირის დამყარება არ მაკმაყოფილებდა. გამიმართლა - ჩემს თანამგზავრებს შორის აღმოჩნდნენ გეოგრაფები, ზოოლოგები, ბოტანიკოსები და, ერთი სიტყვით, მთელი მეცნიერებათა აკადემია ჩემს გვერდით იყო. თან ისეთები იყვნენ, ლაპარაკი რომ უყვართ თავის პროფესიაზე, თან თუ ერთი-ორი ჭიქაც აქვთ გადაკრული (და მინდა გითხრათ, რომ ყოველ საღამოს ჰქონდათ ერთი-ორი ჭიქა გადაკრული), ხომ საერთოდ დეტალურად ხსნიან ყველაფერს, და, რაც მთავარია, პოპულარული და საინტერესო, მთვრალი ენით. მაგრად გამიმართლა. წინასწარვე ვიტყვი - ლაგოდეხიდან თბილისში დაბრუნებულს მეგონა, რომ იქამდე საერთოდ არაფერი მცოდნია „დედაბუნების“ შესახებ და მაშინ ვიგრძენი პირველი, ნამდვილი კონტაქტი ველურ ბუნებასთან. ცოტაც მაკლდა და დავიჩემებდი, ვაჟა რომ არა, „ხმელ წიფელს“ მე დავწერდი-მეთქი. ეიფორიამ მალე გამიარა, მაგრამ ლაგოდეხის პარკი მაინც დარჩა ჩემს ყველაზე საყვარელ ტერიტორიად.

იქაურობის შესახებ ცნობები საგანგებოდ არასდროს მიძებნია. იმიტომ, რომ გარწმუნებ, ყველაზე დიდი მუღამი აქვს სიარულში აკრეფილ ინფორმაციას. რა ჯობია, მიდიხარ ვიწრო ბილიკებზე, ათვალიერებ გარემოს და ვიღაც კეთილი ადამიანი, რომელიც შენი თანამგზავრი აღმოჩნდება, გარემოს შესახებ ყველაფერს გიამბობს (მე კი, ხომ გითხარი, ლაგოდეხში ასეთი კეთილი ადამიანები ბევრი მახლდა თან). ანუ, ცოდნას გართობით იღებ და რაც არ უნდა ენციკლოპედიური და მშრალი იყოს მოსმენილი ახალი ამბავი, მაინც გამახსოვრდება, იმიტომ, რომ რაზეც გიყვებიან, იმ ყველაფერს თან მოქმედებაში ხედავ. მეც ასე შევიტყვე, რომ ლაგოდეხის ნაკრძალი 1912 წელს დაარსდა. ის მთავარი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებზე იწყება და თანდათან მაღლდება: 350 მეტრიდან კრეფს სიმაღლეს და ზღვის დონიდან 3600 მეტრამდე იჭიმება. ნაკრძალში რომ დადიხარ, მაშინ ხვდები თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ასეა - სამივე მხრიდან ის მაღალი ქედებით არის შემოფარგლული და მხოლოდ აღმოსავლეთიდან - კასპიის ზღვის მხრიდან არის ღია. არ გეგონოს, ტყუილ-უბრალოდ მოგიყევი ამხელა ამბავი. ზუსტად კასპიის ზღვის მხრიდან ნაკრძალში თბილი ჰაერის მასები შემოდის, დანარჩენი სამი მხრიდან დახვედრილი ქედები კი ზღვიდან მობერილ ჰაერს ნაკრძალში ისე მჭიდროდ კეტავს, რომ იქ სუბტროპიკული, მშრალი კლიმატის ჰავა იქმნება, ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა კი საშუალოდ 10 გრადუსზე მეტია. ანუ ლაგოდეხის ნაკრძალში გამორჩეული კლიმატი იქმნება და, მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ასეთი კლიმატური პირობების გამო გადარჩა ლაგოდეხში გარდასულ გეოლოგიურ პერიოდში არსებული ცხოველთა და მცენარეთა ენდემური სახეობები, რომელთა დიდი ნაწილი ლაგოდეხის პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე ანტროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაშენდა.

0x01 graphic

ლაგოდეხის პარკის რეორგანიზაცია რამდენიმეჯერ მოხდა. დღეს მისი ფართობი 24268 ჰექტარს შეადგენს. აქედან 22358 ჰექტარი მკაცრად არის დაცული, ხოლო დანარჩენი 1910 ჰექტარი აღკვეთილად არის გამოცხადებული, სადაც ხდება ტურისტული მარშრუტების გავლა, კემპინგი და ეგეთი, ტყიური და მთიური ამბები.

ტურისტებისთვის ოთხი მარშრუტია შექმნილი: ერთ-ერთ ბილიკს მიყავხარ გურგენიანის ჩანჩქერამდე, რომელიც 40 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. დანარჩენ სამ მარშრუტზეც ხშირად გხვდება ჩანჩქერები და ეს ბილიკები სილამაზითაც არანაკლებ ლამაზია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მაგარი მაინც ის მარშრუტია, რომლის ბილიკსაც დაღესტნის საზღვრამდე მიყავხარ. დაღესტნის და საქართველოს საზღვარს „შავი კლდის ტბა“ ჰყოფს. ის ულამაზესი ტბაა, ულამაზესად მოქცეული ულამაზეს მთებს შორის, ულამაზეს ადგილას (თუმცა, მე მაინც „ყელის ტბა“ მირჩევნია.). სანამ ტბებამდე ახვალ, მეტეოსადგური უნდა გაიარო, სადაც მე და ჩემმა თანამგზავრებმა ღამე გავათიეთ. კარვები, რა თქმა უნდა, თან გვქონდა, მაგრამ მაგრად გაწვიმდა და ამიტომაც ზედმეტი ექსტრიმი და „დედაბუნებაზე“ ფსევდოგაგიჟება არავის გვიცდია. ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში იყო სადგურის შენობა. რასაკვირველია, თავისი პროფესიული ფუნქცია დაკარგული ჰქონდა და ჩვენნაირ ადამიანებს და კიდევ ნაკრძალის მცველებს ღამის გასათევად ემსახურებოდა. ამ მარშრუტის მანძილი დაახლოებით 50 კილომეტრია, ოღონდ, მხოლოდ ერთი მხარე. ისე, ეს არც არის ოფიციალური მარშრუტი - ჩვენი არჩევანი იყო მაშინ ასეთი. ოფიციალური მარშრუტი წრიულია, რომელიც მაწიმის (სოფელი ლაგოდეხის რაიონში) დაცული ტერიტორიიდან იწყება და სრულდება გურგენიანის დაცულ ტერიტორიაზე (ორივე დაცული ტერიტორია ეკუთვნის ლაგოდეხის ნაკრძალს). ეს მარშრუტი მოიცავს ტყეებს, ალპურ და სუბალპურ ზონებს, გზად ცხოველთა და მცენარეთა ენდემური სახეობები გხვდება. სწორედ ამ ენდემური სახეობების გამო არის ლაგოდეხის ნაკრძალი იუნესკოს იშვიათ ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი და მსოფლიოს ნაკრძალების რუკაზეცაა დატანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალში ბევრი ენდემური სახეობის ცხოველია, ძალიან ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ მათ გადაეყარო რა თქმა უნდა, ყველა სახეობას ეს არ ეხება, მაგალითად, კავკასიონის ჯიხვის ნახვა ადვილად არის შესაძლებელი, თუ აღმართზე სიარული არ გეზარება. ასევე კავკასიური ირმის ნახვაც ადვილია, გარეული ღორის, შვლის, ტურის. ესენი არიან ცხოველები, რომლებიც ჯოგურ ცხოვრებას ეწევიან და ამიტომაც მათი შემჩნევა იოლია. მაგრამ არის სახეობები, რომელთაც, ნაკრძალში ერთი თვე ისე შეიძლება იხეტიალო, ვერსად წააწყდე; მაგალითად ფოცხვერი, ენოტი, კავკასიური ჯვრიანა (იგივე გომბეშო, რომელსაც, თავისი ნათესავებისგან განსხვავებით, ზურგზე თეთრი ლაქები აქვს გამოსახული, რომელიც ჯვრის კონტურს ქმნის და ეს სახელიც ამიტომ ერგო), სვავი, ხოხობი... ერთი სიტყვით, ლაგოდეხის ნაკრძალში იმდენად მრავალფეროვანი სიტუაციები გხვდება, რომ ერთი თვალის გადავლებით და ერთი ჩასვლით, გამორიცხულია, ყველაფერი ნახო. ეს კი არა, ნაკრძალის ზოგიერთ მცველსაც არ ჰყავს ნანახი ყველა სახეობა. შეიძლება ათი წელი იარო ნაკრძალის ტერიტორიაზე და ერთხელაც ვერ წააწყდე ორბს, მაგრამ შეიძლება ერთხელ მოხვდე ნაკრძალში და ორბმა გადაგიფრინოს თავზე. მოკლედ, უნდა გაგიმართლოს და ცოტა ფეხიც უნდა გაანძრიო.

რაც შეეხება მცენარეულობას, მათ სანახავად გამართლება არ არის საჭირო, აქ მთავარია ფეხის მაგარი კუნთები და მცენარეების ერთმანეთისგან გარჩევა.

ლაგოდეხის ნაკრძალში ხარობს მცენარეთა 120 ოჯახის 450 გვარის 1400-ზე მეტი სახეობა. ანუ, როგორც აღმოჩნდა, ეს შეადგენს ჩვენი ქვეყნის ფლორის თითქმის ერთ მესამედს. მათ შორის არის 100 სახეობის ხე და ბუჩქი, 300 ტიპის ხავსი და მღიერი, 150-ზე მეტი ენდემი, ან პირველად იქ აღმოჩენილი და აღწერილი. ამ მცენარეების დიდი ნაწილი იშვიათ სახეობებს მიეკუთვნება და ამიტომაც მათგან 26 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი. ხოლო, 30-ზე მეტი სახეობა მესამეული (გარდასულ გეოლოგიური - ს.ნ.) პერიოდის რელიქტებია (გადაშენების პირას მყოფი - ს.ნ.).

რაც შეეხება ტყის მასას, მათი ძირითადი შემქმნელი ჯიშია წიფელი (Fagus orientalis), რომელსაც ტყით დაფარული ფართობის შვიდი პროცენტი უკავია. ტყის ქვედა ზონაში არის წაბლნარი და მუხნარი, ფიჭვს უკავია ტყის ზედა ნაწილი, ხოლო სუბალპურ სარტყელში, ძირითადად, ღვია და პარკისებრი მეჩხერი ნეკერჩხლიანები ხარობს.

არ ვიცი, საჭირო იყო კი ნაკრძალის ფლორისა და ფაუნის ასე დილეტანტურად დეტალიზაცია, მაგრამ ვფიქრობ, თუ არაფერს შეგმატებს, არც - გავნებს. ჩემი მიზანია, დაგაინტერესო ლაგოდეხის ნაკრძალით და ამიტომაც, მიზანშეწონილად ჩავთვალე მცირე ექსკურსი ჩამეტარებინა, რომ უბრალოდ, წინდაწინ გცოდნოდა, ღირს თუ არა შენი იქ წასვლა, გაინტერესებს თუ არა, საერთოდ, ის ფლორა ან ფაუნა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ადგილად ხდის. ამის გამოა, რომ ჩემი მოგონებებიც დამავიწყდა და თვით ნაკრძალის დაარსების ისტორიაც, რომელიც განსაკუთრებული იმით არის, რომ ნაკრძალის დაარსების ინიციატორი გადასახლებაში მყოფი პოლონელი სამხედრო პირი ლუდვიგ მლოკოსევიჩი იყო. მლოკოსევიჩი მეფის რუსეთის დროს, რაღაც, ჩვენთვის უმნიშვნელო მიზეზის გამო, საქართველოში გადმოასახლეს. ის არც ბოტანიკოსი ყოფილა და არც ზოოლოგი, უბრალოდ, უყვარდა ველური ბუნება და ეტყობა, თვალიც უჭრიდა იმიტომ, რომ შეძლო და გაარჩია მცენარეები ერთმანეთისგან და მიხვდა, რომ ამ მიდამოებში ძალიან ბევრი იშვიათი სახეობის მცენარე ხარობდა. მას შემდეგ, რაც ამას მიხვდა, თავად დაიწყო გარემოს მოვლა-პატრონობა და ასე დაარსდა ლაგოდეხის ნაკრძალი.

მლოკოსევიჩის ამბავი პირველად, „შავი კლდის ტბის“ გზას რომ დავადექით მე და ჩემი ჭკვიანი თანამგზავრები, მაშინ მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, მაშინ არ მაინტერესებდა გადასახლებაში მყოფი პოლონელის ამბავი და ამიტომაც სულ ვცდილობდი თემა შემეცვალა, ხან რას ვეკითხებოდი, ხან რას, მაგრამ არაფერი გამომივიდა - ჩემი თანამგზავრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხან ერთი ჰყვებოდა, ხან - მეორე, მერე რაღაცებს უსწორებდნენ ერთმანეთს, ეს ასე კი არა, ასე იყოო. მოკლედ, არა და არ ჩერდებოდნენ და არც გაჩერდებოდნენ, რომ არა დიდი ფოთოლი, რომელიც მე მოვწყვიტე და ხელში მეჭირა - მაინტერესებდა, რა მცენარე იყო და მინდოდა, მეკითხა მათთვის, მაგრამ თავად დამასწრეს და მოითხოვეს სასწრაფოდ მომეშორებინა თავიდან. ასეც მოვიქეცი, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა - ის მცენარე აღმოჩნდა დიყა, რომელიც შხამიანია და კანზე შეხების შემთხვევაში დიდი წყლული გიჩნდება. დიყა საკმაოდ მაღალი იზრდება, მაგრამ მისი საშუალო სიმაღლე ადამიანის საშუალო სიმაღლეს უტოლდება. ინციდენტამდე ერთი საათის განმავლობაში ჩვენი ჯგუფი ამ დაწყევლილ დიყებს შორის მიმავალ ბილიკს მივუყვებოდით და, სიმართლე ვთქვა, არც ერთხელ არ მოვრიდებივარ ამ მცენარესთან შეხებას. დანარჩენებმა კი იცოდნენ, რომ არ უნდა შეხებოდნენ, მაგრამ მე ვერ გამაფრთხილეს იმიტომ, რომ მლოკოსევიჩზე მასტურბირებდნენ. ჩავიდა მზე და დამაჯდა ბევრი და დიდი წყლული, რომლის გამოც ვერ ვმოძრაობდი. მეორე დღეს ძალიან კი უნდოდათ დანარჩენებს გზის გაგრძელება, მაგრამ მარტო ვერ დამტოვეს, მოერიდათ, არადა არაფერი მოსარიდებელი არ ექნებოდათ, მლოკოსევიჩისთვის ჩემი თავი რომ ემჯობინებიათ.

0x01 graphic

ძალიან მძიმე იყო ტბასთან ასვლაც და უკანა გზაც. წყლულები თითქმის ერთი კვირის მერე გამიქრა, მაგრამ იქ, ზევით ნანახი „შავი კლდის ტბა“ ღირდა დაწყლულებულ სხეულადაც და ტკივილისგან გამოწვეულ უძილობადაც.

ისევ „შავი კლდის ტბა“ იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენთვის, არაზოოლოგებისთვის, არაგეოგრაფებისთვის, არაბოტანიკოსებისთვის, ბუნებაში, დაცული ტერიტორია იქნება ეს თუ დაუცველი, მთავარია, რას ვნახავთ იქ, რა განცდებს აღგვიძრავს დანახული სილამაზე, მყინვარი იქნება ეს თუ უდაბნო. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მე, ბუნება სივრცის გამო მიზიდავს, შემიძლია საათობით ვიჯდე და ჩემს წინ აღმართულ კლდეს ვუყურო, ან მთიდან - ხეობას. სწორედ ეს არის ჩემთვის ბუნება, ტყეში სიარული და კარავში ღამისთევა. „შავი კლდის ტბა“ სწორედ ის სივრცეა, რის სანახავადაც შემიძლია ვიარო წვიმაში, ქარში, ტალახში, აუტანელ სიცხეში და ადგილზე მისვლის შემდეგ საერთოდ არ მექნება განცდა, რომ მე რაღაც მძიმე გამოვიარე და ამის გულისთვის ამდენი არ უნდა მეწვალა.

არ ვიცი, რამდენად ერთნაირები ვართ მე და შენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ იმ გზას გაივლი, რაც მე ლაგოდეხის ნაკრძალში გავიარე, დაღესტნის საზღვართან, ტბის ნაპირას ჩაჯდები და ჩრდილოეთით გაიხედავ, მერწმუნე, იგივე განცდები დაგეუფლება შენც, რაც მე განვიცადე. შენც ჩუმად იჯდები და სუნთქვის მეტს ვერაფერს გაიგებ, სულ რო ასი კაცი იყოთ ნაპირზე, იმიტომ, რომ იქ ყველა ჩუმდება და უყურებს.

სულ რაღაც ერთი დღე მტირალას ეროვნულ პარკში

0x01 graphic

მტირალას ეროვნული პარკი

ავტორი, ფოტო: კახა თოლორდავა

- მაამ, ყველა შენობა რატომაა დანგრეული?

ეს ჩემი შვილია. ის თექვსმეტი წლისაა და მოსკოვში ცხოვრობს. ახლა ჩვენ თბილისიბათუმის დილის მატარებელში ვიმყოფებით. აჭარაში მივემგზავრებით. მტირალას ეროვნულ პარკზე სტატია უნდა დავწერო. როგორც წესი, ასეთ დროს გიორგი ჩემთან ერთად მოგზაურობს ხოლმე. ნახევარი საქართველო ასე გვაქვს მოვლილი. ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ. ის Portishead-ის ახალ ალბომს უსმენს, მე ჰენრი დეივიდ თოროს „სიარული“ მიდევს მუხლებზე (სტატიისათვის ვემზადები, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეშვენის), მაგრამ უკვე ლამის ნახევარი საათი იქნება, წიგნში არ ჩამიხედავს. საქართველოს რკინიგზის მიერ მატარებლებისათვის შერჩეული რეპერტუარი (ან, თუ გნებავთ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ საქართველოს რკინიგზისათვის შეკვეთილი რეპერტუარი იყოს) ნაკლებად მაძლევს ამის საშუალებას. ეჭვი მაქვს, რომ ამ გაგანია ქართულ-რუსული კონფლიქტის ფონზე, კოშმარით რუსული „პაპსის“ მეშვეობით, რომელიც შვიდი საათის განმავლობაში ხერხავს ტვინს, ნამდვილად შეუძლიათ ჩემნაირ ტიპებში მხეცური აგრესიის გამოწვევა, თუმცა, ვაფრთხილებ - ასეთები იმ ვაგონში ცოტანი ვიყავით. ყველა დანარჩენმა ლამის ზეპირად იცოდა სიმღერების ტექსტები. ყველა მღეროდა. მაშ ასე, მატარებელი მიქრის, ყველა მღერის, ძალიან მინდა მათთან ერთად სიმღერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სხვადასხვა სიმღერებს ვმღერით, რაც მე, სხვათა შორის სრულიადაც არ მახარებს, და სწორედ ამ დროს, როდესაც ვაგონში ქართულ-რუსული ურთიერთობების ბედი წყდება, საკუთარი შვილი მისვამს იმ შეკითხვას, რაც უკვე ჩვენი მგზავრობის ლამის პირველივე წუთებიდან მაწვალებს რუსულ „პაპსასთან“ ერთად დუეტში, - „რატომაა, რომ მთელი რკინიგზის ხაზის გასწვრივ ლამის ყველა ნაგებობა თითქმის მიწასთანაა გასწორებული? რატომაა ყველაფერი ასეთი მახინჯი? ვინ უნდა აღადგინოს ეს ყველაფერი? როდის?“ შეუძლებელია, რომ ყველაფერ ამაზე არ იფიქრო, როდესაც მატარებლით ან მანქანით მგზავრობ საქართველოში. დაუსრულებელი, კარებშელეწილი, უფანჯრო, მახინჯი სახლები და ნაგებობები, შუა გზაში შეჩერებული ხიდები, მიტოვებული დაწესებულებები, მიმოყრილი საშენი მასალა... პირველი, რაც გიორგის შეკითხვაზე საპასუხოდ მომდის თავში, ცუდ მემკვიდრეობაზე აგებული აბდაუბდაა, მაგრამ დროზე ვჩერდები და როდესაც ვხვდები, რომ აუცილებლად გრძელი, მოსაწყენი და ბუნდოვანი პასუხი გამომივა, შეტევაზე გადასვლას ვამჯობინებ.

- რა იყო, ამდენს დადიხარ საქართველოში და პირველად ახლა შეამჩნიე დანგრეული შენობები?

გიორგი პასუხის გაცემას ვერ ასწრებს, იმიტომ, რომ წიგნი მუხლებიდან მიცურდება და იატაკზე ეცემა. ასაღებად ვიხრები. წიგნი პირველ გვერდზეა გადაშლილი. „მე მსურს, რომ სიტყვა ვთქვა ბუნებაზე, სრულ თავისუფლებასა და სიშმაგეზე...“ - თვალში მხვდება „სიარულის“ პირველი ფრაზა. წელში ვსწორდები, უკვე დახურულ წიგნს მუხლებზე ვიბრუნებ და გიორგის ვუყურებ. მას სასმენები ყურებიდანა აქვს გამოღებული და მე მიყურებს. შემდეგ კი ისევ ყურებში იბრუნებს სასმენებს და თითქმის თავისთვის ამბობს: „არადა, რა ლამაზი ბუნებაა აქ ყველგან“. მისი ამ სიტყვების შემდეგ უკვე საქართველოვიცი, რომ სტატიის შესავალი მზად მაქვს. შესაძლოა, ბოლო ფრაზაც.

0x01 graphic

მეორე დილა. მუქიმწვანე „ნივა“ პანდას ლოგოთი ორივე წინა კარზე უკვე ჩაქვს გაცდა და ახლა მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას მიუყვება სოფელ ხალას მიდამოებში. მდინარეში მიმოყრილი უზარმაზარი, მრუდე სფეროს ფორმის ლოდები თითქოს ისევე შინაარსიანადაა განლაგებული, როგორც ქვები იაპონურ ბაღებში, მაგრამ აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ყველაფერი ბევრად უფრო ველური და მოუთვინიერებელია. მანქანაში ოთხნი ვართ, - მე, გიორგი, ახალგაზრდა გოგონა სახელად მზია, ჩვენი მომავალი მეგზურის ქალიშვილი, და ვახო წულაძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის კოორდინატორი. ეს ჩემი მეორე ჩამოსვლაა აქ ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ. მაშინ გერმანელ და შვეიცარიელ ჟურნალისტებს ჩამოვყევი ამ მიდამოებში. იმ დროისათვის ეროვნული პარკის იდეა ჯერ კიდევ ფურცელზე არსებობდა, თუმცა, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. გარემო ახლაც ისეთივე გამაოგნებლად ლამაზია, როგორც მაშინ. არც კი შევეცდები მის აღწერას. მახსოვს, როგორ სათითაოდ ვაგროვებდი იმ მრავლისმნახველ ჟურნალისტებს, რომლებიც ლამის ყოველ ხუთ წუთში ითხოვდნენ მანქანის შეჩერებას და ფოტოაპარატმომარჯვებულები იაპონელი ტურისტებივით გარბოდნენ ვინ საით და ვინ საით. ფოტოაპარატები მე და გიორგისაც გვაქვს, თუმცა, დღეს უკვე ვიცი, რომ ასეთი ლამაზი გარემო ასე ადვილად არ ნებდება „ცაისის“ ლინზებსაც კი. შეიძლება, ლამაზი სურათები გამოგვივიდეს, მაგრამ ის მაინც არ იქნება, რაც ახლა ჩვენს თვალწინაა გადაშლილი.

მანქანაში გიორგი და მზია ჩუმად არიან, მე ვახოს შეკითხვას შეკითხვაზე ვუსვამ. ის, მართლაც რომ, კარგად იცნობს აქაურობას. მტირალას ეროვნული პარკი ლამის 16 000 ჰექტარზე გადაჭიმული და მცირე კავკასიონის, კერძოდ კი, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე მდებარეობს. პარკის ბირთვული ზონა მოიცავს თითქმის ხელუხლებელი კოლხური ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელსაც, გარემოსდამცველების აზრით, უპირველესი პრიორიტეტი ენიჭება ევროპაში არსებულ დასაცავ ტერიტორიებს შორის. ეს ტერიტორია დღემდე რჩება ბევრი, მათ შორის, უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობების თავშესაფრად. პარკი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის და ნორვეგიის წარმომადგენლობების პროექტია. დაარსებისთვის საჭირო ფული ნორვეგიის საგარეო სამინისტრომ გაიღო. მთელ ამ ინფორმაციას ვახოსგან ვიგებ. ისე კი, საკმარისია ერთი ახედო მთებზე შეფენილ ტყეებს, რომ მიხვდე, - ამ უნიკალურ ტერიტორიას დაცვა და მოვლა სჭირდება. სანამ ვახო ჩემს შემდეგ შეკითხვას პასუხობს, გზადაგზა კარმიდამოებს ვათვალიერებ, ვცდილობ, გავიხსენო ამ სოფელში იყო თუ არა, როდესაც ჩემი პირველი ჩამოსვლის დროს, ჩვენი მანქანის დანახვაზე, როდესაც ან შესასვენებლად შევჩერდებოდით ხოლმე, ან ფოტოების გადასაღებად, ხან ახალგაზრდა ქალებს, ხანაც კი ხანში შესულ მამაკაცებს გამოჰქონდათ მანდარინით, ფორთოხლით, თაფლით და ნიგვზით დამძიმებული დაბალი ტაბლები. გვეუბნებოდნენ, - დაღლილები იქნებით და ცოტა წაიხემსეთო. ჰო, ეს ყველაფერი სადღაც აქ ხდებოდა. ამასობაში გიორგი რაღაცას მეკითხება. მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ წარწერას მის მაისურზე, - New York Fuckin City.

ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი „ნივა“ სოფელ ჩაქვისთავის შესასვლელშია გაჩერებული ლამაზი, საკმაოდ მოზრდილი მშენებარე შენობის წინ. ვახო მეუბნება, რომ ეს შენობა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი იქნება. მანქანიდან გადმოვდივართ. იქვე, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ხის მაგიდას მამაკაცები უსხედან და აბოლებენ. ჩვენს დანახვაზე ფეხზე დგებიან და გვესალმებიან ვახოს ჩამოსვლა უხარიათ. მას აქ ყველა იცნობს. არცაა გასაკვირი, რადგანაც სწორედ ისაა პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ეროვნულ პარკში მიმდინარე სამუშაოებს ეხება, იქნება ეს ვიზიტორთა ცენტრი თუ პარკის ტერიტორიაზე ბილიკების მოწყობა. სანამ ეს ჰიპერაქტიური ახალგაზრდა კაცი თავისი საქმითაა დაკავებული, მე მამაკაცებთან მივდივარ, ვეცნობი და ვსაუბრობთ. ყველა მათგანი ჩაქვისთაველია. ამ მშენებლობაზე არიან დაკავებულნი. საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მუშაობის ლამის ხუთწლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ყველაზე საინტერესო სწორედ მათთან გასაუბრებაა, ვინაიდან ჩაქვისთავი ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა და, შესაბამისად, ეს ადამიანები გარკვეული თვალსაზრისით პარკის სახეს წარმოადგენენ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, სწორედ ისინი უნდა დახვდნენ პირველები ეროვნული პარკის დასათვალიერებლად ჩამოსულ სტუმრებს. უფრო მეტიც, თუ მათ კარგად არ მიეწოდათ ეროვნული პარკის დაარსების იდეა, მისი დანიშნულება და პარკის საქმიანობაში აქტიურად ჩაბმის აუცილებლობა ვერ გააცნობიერეს, მაშინ მტირალა ის არ იქნება, რაც უნდა იყოს.

0x01 graphic

დროის სიმცირის გამო ხანმოკლე საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ მაინც საკმარისი იმისთვის, რომ ამ ხალხის აზრი გამეგო იქაურ, ტიპური ქართული პრობლემებით სავსე ცხოვრებაზე. ცენტრიდან ოცი კილომეტრით მოცილებულ ჩაქვისთავში, რომელსაც, მათი თქმით, 14-15 საუკუნის ისტორია აქვს, ტრანსპორტი არ მოძრაობს. ფეხით უწევთ სიარული. ხუმრობით მითხრეს, ჩვენთან ერთ ჭარბწონიანსაც კი ვერ ნახავო. არ ტყუიან, ყველა მათგანი ხმელი და ძარღვიანია. ძირითადი შემოსავლის წყარო მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და ხილ-ბოსტნეულია („ხილი იცოცხლე ბევრია, მაგრამ როგორ გინდა წეიღო აქედან? აქედან ხილი ბათუმში რომ გეიტანო მთელი შემოსავალი ბენზინში წავა!“). რაიმე სახის ხელფასზე საუბარიც კი ზედმეტია. ადრე ჩაის პლანტაციებში მუშაობდნენ, მაგრამ გარშემო პლანტაციები მიტოვებულია („ოჯახს ვერ ნახავდით ამ სოფელში 2-3000 მანეთი რომ არ აეღოთ თვეში!“). ხილის სპირტის გამოხდაც შეწყდა. დღეს სოფელში ზამთარ-ზაფხულ თერთმეტი ოჯახი ცხოვრობს. ახალგაზრდები ბევრნი არ არიან („აქ პერსპექტივა არა აქვთ და რა ქნან, გარბიან!“). ტურისტები მათთვის უცხო ხილი არაა, რადგანაც ადრე მტირალას მთის მიდამოებში ტურისტული ბაზებიც ყოფილა და საბავშვო ბანაკებიც, თუმცა, ჩამოსულებს მაინც ჩაქვისთავში ერჩივნათ გაჩერება, ვინაიდან იმ მიდამოებში სულ წვიმები იყო. სწორედ ამის გამოა, საბჭოთა პერიოდში მტირალას მთას და მის შემოგარენს мочевой пузырь Советского Союза-ს რომ ეძახდნენ („მტირალას იმიტომ ეძახიან, რომ იმ მთაზე სულ ნისლია და სულ ტირის“). ტურისტები აქ უკვე აღარც კი ახსოვთ, როდის ნახეს უკანასკნელად. თვითონ, როგორც მითხრეს, ამ ტყეებში სად რომელი ხე დგას, ის იციან. ეროვნული პარკის დაარსება უხარიათ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ სოფელი დასაქმდება. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე რომ მუშაობენ, მადლიერები არიან („ოთხმოცდაათიანების შემდეგ პირველად დავსაქმდით ბატონო ჩემო!“). მოკლედ, აი, ასე ცხოვრობენ ჩაქვისთაველები. ჩვენი საუბარი დამთავრდა. დროა პარკისკენ გავაგრძელოთ გზა. „ზია გამოგვყვება“, - მეუბნება ვახო, მანქანისკენ რომ მივდივართ.

ზია კონცელიძე ორმოცდაათსაა გადაცილებული. საშუალო სიმაღლის, ხმელ-ხმელი კაცია. თხელ ულვაშს ატარებს. ადვილად სიტყვას ვერ ათქმევინებ, თუმცა, ყველა შეკითხვაზე დინჯ და აწონილ-დაწონილ პასუხს გაძლევს. სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული ბათუმში. თავის დროზე სამთო ტურიზმის ასიც ყოფილა. დღეს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასაც ხელმძღვანელობს და პარკის ტერიტორიაზე ბილიკების და ყველაზე საინტერესო მარშრუტების დაგეგმარებაში ეხმარება პარკის დამაარსებლებს. წინ მიაბიჯებს წალდით ხელში და მიხვრა-მოხვრაში ეტყობა, რომ ამ ადგილების შვილია. მიუხედავად იმისა, რომ ჰარისონ ფორდს ნამდვილად არ ჰგავს, გიორგი დღესაც ინდიანა ჯოუნზსად მოიხსენიებს ზიას.

0x01 graphic

ეროვნულ პარკში ჩვენი შესვლა უბრალო გასეირნება როდია. ზიას უნდა, ვახოსთან ერთად კიდევ ერთხელ გაიაროს ეს მარშრუტი და ერთადვე გადაწყვიტონ, სად რა დასჭირდება ამ ბილიკს, იქნება ეს მოაჯირები ციცაბო მონაკვეთებზე თუ გადაჭრილი მორები პოტენციურად საშიშ ადგილებში, ფეხი რომ არ დაუცდეს კაცს. მათთვის, ვისთვისაც ეროვნულ პარკში გასეირნება ახალი ხილია, ვიტყვი, რომ კარგი მარშრუტი, იქნება ეს ერთდღიანი თუ რამდენიმედღიანი გასეირნება ღამისთევით, ნებისმიერი ეროვნული პარკის სული და გულია. სწორად დაგეგმილ ნებისმიერ მარშრუტს თავისი დრამატურგია აქვს, - სადღაც უნდა მოეშვა, სადღაც უნდა შეშინდე, სადღაც ბუნების სილამაზემ უნდა დაგაგდოს, სადღაც უნდა შეისვენო, სადღაც შლეგად უნდა იქცე და, რაც მთავარია, სწორად შერჩეულმა ბილიკმა აქაურობის უნიკალურობა უნდა შეგაგრძნობინოს. ეს მთელ მსოფლიოში ასეა, უბრალოდ, სადღაც კანიონებში დადიხარ, სადღაც კანოეთი დაცურავ, სადღაც კი სპილოებს, ლომებს, ვეშაპებს ან ფრინველებს უთვალთვალებ. ნებისმიერ ეროვნულ პარკში, ბრაკონიერი თუ არა ხარ, უბრალოდ, ვერ შეეხირები. ასეთი გარემო დიდ ძალისხმევას მოითხოვს შენგან. აქ მოქცევას აქაურობა გასწავლის და ნამდვილად აჯობებს მის ჭკუაზე იარო. მახსოვს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გახსნის ცერემონიაზე, ერთი ჟურნალისტი მომიახლოვდა და შემეკითხა, პარკის ბილიკებზე განათება თუ იქნება და სკამებს თუ ჩადგამენო. ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ ველურ ბუნებაში! მასაც ეს ვუპასუხე და ყველა დანარჩენებსაც იგივეს ვპასუხობ: არა! თუ აქ ღამის გათენებამ მოგიწია, მხოლოდ კოცონი (ისიც - ამისთვის განკუთვნილ ადგილებში), მთვარე, ვარსკვლავები და ციცინათელები თუ გაგანათებენ. ეროვნულ პარკში სიარული საკმაოდ დამღლელია, მოკლე მარშრუტებზეც კი, მაგრამ თუ დაღლას აჯობე, აუცილებლად მოხდება ის, რაც თითქმის ყველა ახალბედას ემართება ხოლმე, - გარემო თავისას აკეთებს და იქიდან ოდნავ მაინც შეცვლილი ბრუნდები. გგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მისია აღასრულე. დამიჯერეთ, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი და სხვისიც მინახავს. ამასობაში კი, ჩვენ ოთხნი, პლუს ზიას ყურებდაცქვეტილი და მოუსვენარი ძაღლი, სოფელს დაკიდებული საცალფეხო ხიდით გავცილდით და ჩაქვისთავის მოპირდაპირე ფერდობს შევუდექით. ზია წინ მიდის, დროდადრო ჩერდება და გვეკითხება: „ჩქარა ხომ არ მივდივარ?“ სულ რაღაც რამდენიმე ხანში სოფელი თვალს ეფარება და ჩვენ უკვე ლამის ციცაბო აღმართს მივუყვებით. ქვემოდან მდინარის ხმაური ისმის.

მოდით შევთანხმდეთ, მე არაფერს ვიტყვი იმ სილამაზეზე, რაც გზაში შეგვხვდა. უბრალოდ, აზრი არა აქვს. მაინც არაფერი გამომივა. კიდევ რამდენიმე ხანიც და, ახლა უკვე მდინარეს ვკვეთთ, თან ერთმანეთს ვეხმარებით, სველ ლოდებზე ფეხი რომ არ დაგვიცდეს. გიორგი ჩემს უკან მოაბიჯებს. პერიოდულად უკან ვიხედები ხოლმე. ის მხოლოდ თავს გადააქნევს და თვალებით მანიშნებს - ამ სილამაზეს შეხედეო. ზია და ვახო წინ მიდიან, თან თავიანთ საქმეებზე საუბრობენ. დროდადრო მათ საუბარში მეც ვებმევი ხოლმე. აი, აქ ნამდვილად მოაჯირის ჩადგმაა საჭირო, აქ საფეხურების გაკეთება, იქ, შეიძლება, ბილიკი მოიჭრას, მოშორებით კი, პირიქით, დაგრძელდეს. კიდევ რამდენიმე ხანიც და - ოთხივეს წურწურით ჩამოგვდის ოფლი. ახლა უკვე უსიტყვოდ მივაბიჯებთ ლამის ჯუნგლის სიხშირის ტყეში. ზია წალდით იკვლევს გზას. მე უკვე ორჯერ დამიცდა ფეხი ატალახებულ ბილიკზე, რის გამოც კინაღამ ხევში ამოვყავი თავი, რაც, არცთუ ისე სასიამოვნო უნდა ყოფილიყო. ჩვენს ხელმარცხნივ ფერდობი ისეთი ციცაბოა, ქვას ვერ დააგორებ, ის აუცილებლად მოწყდება მიწას და ფრენით ჩაეშვება მდინარეში სულ ტალახში ვარ ამოგანგლული. ზიამ უკვე დათვის ორი ახალი ნაკვალევი გვიჩვენა. მეორეჯერ მისმა წინ გავარდნილმა ძაღლმა ისეთი ყეფა ატეხა, ვიფიქრე, მართლა დათვს თუ მოკრა სადმე თვალი-მეთქი. ეს მონაკვეთი ისეთი დაბურულია, მზის სხივი ძლივს აღწევს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს შესქელებულ ჰაერს აწყდები.

ჩვენ ისევ მდინარისკენ ვეშვებით, მთავარი სანახაობის, ჩანჩქერის მიმართულებით, ათასწლოვანი, უზარმაზარი ხეების გაყოლებაზე, წელამდე გვიმრაში, სრიალ-სრიალით. გიორგი როგორღაც ახერხებს და, რაღაც მომენტში, ჩემს ახლოს რომ აღმოჩნდება ჩურჩულით მეუბნება რუსულ-ქართულად: „ბლინ, ბლინ, არაფერი მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს!“ ალბათ, ერთი ნახევარი საათიც და ის უკვე პირდაღებული მისჩერებია უზარმაზარ, კლდიდან გადმოვარდნილ ჩანჩქერს (მეც, სხვათა შორის), რომელიც ისეთი სიმძლავრით ეცემა ლოდებს, რომ წყლის შხეფები ლამის ოცდაათი-ორმოცი მეტრის სიშორეზე ასველებს ფოტოაპარატის ობიექტივს. აქ უკვე ჰაერს ოდნავ მოლურჯო ელფერი დაკრავს. ზია გვანიშნებს, აქ ვჩერდებითო, თუთუნს ახვევს და აბოლებს. ვახო გიორგის ლიანებზე ქანაობას ასწავლის. ჩანჩქერის გამაყრუებელი ხმაურის მიუხედავად, მაინც მესმის გიორგის ღრიალი, როდესაც ის მიწას წყდება და ჰაერში ეკიდება მდინარის თავზე.

0x01 graphic

ოთხიოდე საათის შემდეგ, უკან დაბრუნებულები, დაბანილები, დაღლილები, ბედნიერები, ზიას ლამაზი, კარგად მოვლილი ხის სახლის აივანზე ვსხედვართ, რომელიც აჭარის მაღლა აზიდულ მთებს გადაჰყურებს და ფოტოაპარატის მონიტორზე ვათვალიერებთ გადაღებულ სურათებს. უკანა გზაზე გაუკვალავი გზით დავბრუნდით ზიას წალდის ქნევის და მისი ძაღლის ყეფის რიტმის თანხლებით, პატარა ტბის გავლით, რომელსაც ჩვენთვის ლაგუნა დავარქვით. ვახო ამ ადგილს საბანაოს ეძახის და მართლაც, იქ წყალი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ბროშურის ფოტოს ფერია. მაშ ასე, ჩვენ აივანზე ვუსხედვართ უბრალო, მაგრამ საოცრად გემრიელ სუფრას, მოშიებულად ვილუკმებით და საჭმელს სანთლის არაყს ვაყოლებთ. დიასახლისები ჩვენ გარშემო ფაცურობენ; საუბარს სადღეგრძელოებს ვაყოლებთ. ზიას და ვახოს უამრავი იდეები აქვთ, თუ კიდევ სად შეიძლება მტირალაში ბევრად უფრო გრძელი ბილიკების მოწყობა. მე ნელნელა არაყი მეკიდება, თუმცა, ერთი კარგი თვისება მაქვს ხოლმე ამ დროს, - სენტიმენტალური არ ვხდები. როგორც ჩანს, ვახო და ზიაც შორს არიან ბრტყელ-ბრტყელის თქმისაგან. ვახო და გიორგი არ სვამენ. ზია მოკლე სადღეგრძელოს იტყვის ხოლმე, გადავკრავთ და საუბარს ვაგრძელებთ. ზია ჯერ ჩაქვისთავზე და იქაურებზე ყვება, მერე კი კუბაზე, სადაც ის ახალგაზრდობაში იყო. მის უკან, ხის მოაჯირზე ვერცხლით მოვარაყებული სათუთუნე დევს... უკვე საღამოს, სასტუმროში რომ ვბრუნდებით და ნომერში შევდივართ, გიორგი მეხვევა და ამბობს: „საოცრება იყო. გმადლობ, მაამ“. პრინციპში, ამის შემდეგ სხვა აღარავის აზრი არ მაინტერესებს...

ბიომრავალფეროვნების ლაბირინთი

ავტორი: ირაკლი შავგულიძე
ფოტო: ნაკრესი

0x01 graphic

ვაშლოვანის ეროვნული პარი

ამ სიბნელეში, ალბათ, მაინც ვერაფერს დავინახავ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ავიღებ ფარანს და სანამ კარავში შევძვრები, კარვის ყველა კუთხე-კუნჭულს კარგად მოვათვალიერებ... სად აღარ მიძინია, აფრიკის „ბუშში“ გაშლილ ფარფატა კარავშიც კი, იქ, სადაც ყველა და ყველაფერი ორ ნაწილად იყოფა: ვინაც ჭამს და ვისაც ჭამენ. ჰოდა, იქ გადავრჩენილვარ და აქ რაღა უნდა დამემართოს? მაგრამ „ზღვას გადაურჩა და წვიმამ დაახრჩოო“, - ხომ გაგიგონიათ? მაინც ვამოწმებ კარავს. ვინ იცის, ეგება და ერთი-ორი გზააბნეული ქვემძრომი მესტუმრა დაუპატიჟებლად, მცურავი ან გველკუა... მერე ვწვები და ტკბილად მძინავს, სანამ გარეთ შოშიების, ტოროლებისა და სხვა მწივან-მკივანა ფრთოსნების ალიაქოთი არ ატყდება. უკვე რიჟრაჟია. ამ გარიჟრაჟის პირველი 30-40 წუთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს ჯერ კიდევ ისე არ ცხელა და ტვინიც არ ადუღებულა. ამიტომ სჯობს ახლავე მოასწროთ დილის პროცედურები (რაც ფრიად შეზღუდულია შეზღუდული წყლის რესურსების გამო), დალიოთ ყავა და ისაუზმოთ, რათა ღირსეულად შეხვდეთ მზეს, რომელიც ვაშლოვანში ცხრათვალა კი არ არის, მრავალთვალაა; ყველგან იხედება და ვერსად დაემალები... მოგვიანებით კი, გახურებული ქვიშნარებიდან ამოსულ ალმურში რომ გაეხვევა, სულ უფრო ემსგავსება უდაბნოს თეთრ მზეს. ამ დროისათვის უკვე ყოველგვარი მოძრაობა ჩერდება, ხმაური წყდება, ჩამიჩუმი აღარ ისმის და ყველა და ყველაფერი საღამოს მაცოცხლებელი სიგრილის მოლოდინში ირინდება...

0x01 graphic

ეს ზაფხულია ვაშლოვანის ეროვნულ პარკში... მე კი, ალბათ, ყველაზე ცუდი დასაწყისი გამომივიდა. არადა, მინდოდა ისეთი ამბავი მომეყოლა, რომ მაშინვე ამ ადგილების სანახავად გამოქცეულიყავით...

ვაშლოვანის ეროვნული პარკი მდებარეობს არიდული და სემიარიდული მცენარეულობის სარტყელში. იგი წარმოადგენს Pistacea mutica-ს (საკმლის ხის) გავრცელების უკიდურესჩრდილოეთ საზღვარს, რომელიც აქ დასავლეთ-ირანული ტიპის არიდულ ნათელ ტყეს ქმნის; მცენარეთა თანასაზოგადოება ირანო-თურანული და ხმელთაშუაზღვური ბიოგეოგრაფიული რეგიონების ელემენტებს შეიცავს კავკასიურთან ერთად; ეკოსისტემა ხასიათდება 400 მმ-ზე ნაკლები წლიური საშუალო ნალექებით, რეპტილიებით და მსხვილი მტაცებლებით, ასევე მტაცებელი ფრინველებითა და ლეშიჭამიებით კავკასიის და ევროპის მასშტაბით სახეობრივად ყველაზე მდიდარი ბუნებრივი თანასაზოგადოებით; ლანდშაფტი და ჰაბიტატი ძლიერ მოზაიკურია, სადაც ერთმანეთს ენაცვლება გამოქარულ-გამოფიტული ფორმები, მშრალი და ვიწრო ლაბირინთული ხევები, სტეპი, ჰემიქსეროფილური ბუჩქნარი, ფრიგანისებური მცენარეულობა, არიდული ნათელი ტყე და სრულიად სტერილური „ალესილები“, ანუ ალესილი ფერდობები (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით); აგრეთვე, ვაშლოვანის ეროვნული პარკი ის ადგილია, სადაც ცხოვრობს ჯერჯერობით ერთადერთი დოკუმენტურად დადასტურებული კავკასიური ლეოპარდი (სახელად ნოე), და სადაც სულ მალე ისევ იცხოვრებს კავკასიის ერთადერთი ანტილოპა - ჯეირანი. ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და, საერთოდ, მთელ ამ რეგიონს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ემუქრება კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებით გამოწვეული საფრთხე.

იმედია, ყველაფერი გასაგებია; მაგრამ მაინც დავამატებ: ეს ისეთი ადგილია, რომლის მსგავსიც მეორე არ გვეგულება საქართველოში. აქაურობა ქართული ლანდშაფტის ყველანაირი სტერეოტიპისგან რადიკალურად განსხვავდება - არც მწვანე მთები, არც მყინვარები, არც მოჩუხჩუხე ანკარა წყაროები, არც ჩანჩქერები...

მაგრამ თუ თქვენს სულს, გულს, თვალს, ჟინს, შთაგონებას, ვნებას და, არ ვიცი, კიდევ რას, რაღაც სხვა მოუნდება, - მოუნდება, ნახოს და იგრძნოს, როგორ ყვავიან უზარმაზარი ქართული ზამბახები ადრე გაზაფხულზე, როგორ ხმება და ყვითლდება აქაურობა ზაფხულის დადგომასთან ერთად და როგორ არ იცვლის ფერს გაბარჯღილი საკმლის ხეები და სურნელოვანი ღვიები, მერე კი როგორ გადაჭრელდება ყველაფერი შემოდგომაზე, და ყველასთვის შეუმჩნევლად როგორ დადის გადამშრალ ხევებში ნოე და სხვა უმცროსი ძმანი მისნი, - მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ ვაშლოვანში!

დასაწყისში რასაც გეუბნებოდით, რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია. ეგრეც კი არ არის საქმე... რა მცურავისა და გველკუას ბრალია, მე თუ კარვის „ზმეიკის“ შეკვრა დამავიწყდა...

მაგრამ, აქ რომ იქნებით, გახსოვდეთ, აქ ბუნება თავის სახლშია, თქვენ კი მისი სტუმარი ხართ.

აკოცეთ კოლხურ ბაყაყს!

ავტორი: დათო გაბუნია
ფოტო: გიორგი დარჩიაშვილი

0x01 graphic

კოლხეთის ეროვნული პარი

ის ზღაპარი ყველას გემახსოვრებათ, ვაჟი თუ უფლისწული საცოლის საძებნელად ძალიან შორს რომ მიდის, ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადაივლის და მაინც არ უმართლებს. არადა, მშვენიერი ასული იქვე იყო თურმე, ძალიან ახლოს - ზოგიერთ ვარიანტში - ბაყაყად გადაქცეული. საკმარისია, ამ ბაყაყისთვის გეკოცნა და ბედი შენს ხელთ იყო. ბაყაყი შემთხვევით არ გამხსენებია, კოლხეთის დაბლობზე ამ საყვარელ არსებას ხშირად შეხვდებით. ყიყინს ცოტა მიჩვევა უნდა და როდესაც მიეჩვევით, სულაც არ გაგაღიზიანებთ, პირიქით - ეგზოტიკის ნაწილადაც კი აღიქვამთ და მადლობასაც შეუთვლით ამ დაუღალავ მწვანე არსებებს, დღე და ღამე რომ მწერების ყლაპვით არიან დაკავებულნი. წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი იქნებოდა კოღო-ბუზის რაოდენობა, ბაყაყები რომ არ ყოფილიყვნენ.

თუმცა, ძალიან შორს შევტოპე, უბრალოდ, ფოთში ყოველი დაბრუნების დროს ასე მემართება. მთელი 17 წელი მანდ ვიზრდებოდი და იმ ზღაპრის პერსონაჟისა არ იყოს, კოლხეთის დაბლობის ბუნების განსაკუთრებულობას ვერ ვამჩნევდი. ჰოდა, ასეა, გაივლის დაახლოებით 10 წელი და ამჯერად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ჟურნალისტური დავალებით მისული სულ სხვანაირად დავინახავ ყველაფერს.

ფოთში, უფრო ზუსტად კი, მის ერთ-ერთ გარეუბანში, მალთაყვაში მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი. (რამდენი დრო გასულა! ჩემს ბავშვობაში აქ დანგრეული და დამწვარი შენობების გარდა არაფერი იდგა და სკოლის მოსწავლეებიც სულ ორ-სამჯერ ვიყავით აქ ლაშქრობაზე, ახლა რომ პიკნიკს ეძახიან.) დროც გასულა და ბევრი რამაც შეცვლილა - სასიკეთოდ, რა თქმა უნდა. მართალია, აქაურობას ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია, მაგრამ ბაყაყში მშვენიერი პრინცესის დანახვა უკვე კარგად ვისწავლე და ვხვდები, რომ თუ ასე გაგრძელდა, კოლხეთის ეროვნული პარკი მართლა შეიძლება ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცეს.

არც გეოგრაფი ვარ, არც ბიოლოგი გახლავართ, მაგრამ სკოლაში ნასწავლი ბიოლოგიაგეოგრაფიითაც კი შესანიშნავად მივხვდი, რატომ არის ეს ტერიტორია მნიშვნელოვანი - მეტიც, უნიკალური. თურმე, კოლხეთის დაბლობის ჭაობების დიდი ნაწილი სრულიად გამორჩეული და იშვიათი რამაა, იმდენად იშვიათი, რომ განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას საჭიროებს. ცენტრის თანამშრომელი, ქალბატონი მანანა ჩიქოვანი სიამაყით მიყვება, რომ აქ ხარობს იშვიათი და ძველზე ძველი მცენარე, სფაგნუმი - ხავსის მაგვარი რამაა, თითქოს - დიდი არაფერი, მაგრამ როცა მის ასაკს შეიტყობთ და იმასაც, რომ ამ სარტყელში, სადაც საქართველო მდებარეობს, ასეთი მცენარის არსებობა პათოლოგიური მოვლენაა, უთუოდ დაინტერესდებით. თურმე ნუ იტყვით და, ეს მცენარე გამყინვარების პერიოდიდან შემორჩა კოლხეთის ტორფიან ჭაობებს და უფრო ჩრდილოეთში ხარობს. სპეციალისტებისთვის ეს ნამდვილი სამოთხეაო, აგრძელებს ქალბატონი მანანა, პატარ-პატარა, მოულოდნელი და სასწაული საგანძურით სავსე. ვისაც ბოტანიკის ლურჯი სახელმძღვანელო ახსოვს (საბჭოთა დროის, კორჩაგინას ავტორობით), მწერიჭამია დროზერაც ემახსოვრება, ჰოდა, თუ მოინდომებთ,ჭაობებში მასაც აღმოაჩენთ.

პარკის ტერიტორიაში შედის ლეგენდარული პალიასტომის ტბა - ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ნუ შეგაშინებთ, ამ ტბაზე კატერით ბევრჯერ მისეირნია და როგორც ხედავთ, არ დავმხრჩვალვარ, შესანიშნავად ვგრძნობ თავს. თავიდან ეს უცნაური ტბა, რომლის მაქსიმალური სიღრმე სულ რაღაც 3 მეტრია, მთლიანად მტკნარი ყოფილა, მაგრამ მოგვიანებით ჩვენმა ჭკვიანმა წინაპრებმა ხელოვნური არხით ზღვას შეუერთეს, რის გამოც სიმლაშემ იმატა და ტბაში მცხოვრებ თევზეულობას ვერ დაადგა კარგი დღე. თუმცა, ეს ძველი ამბავია. დღეს კი პალიასტომზე გასეირნება ადვილზე ადვილია - მიხვალთ ვიზიტორთა ცენტრში (ფოთი, გურიის ქუჩა №222) და იქ კვალიფიციურადაც მოგიყვებიან, რატომ და რითია საინტერესო ეს ტბა და თუ სურვილი გექნებათ - ფრინველებს დააკვირდებით, სპორტული თევზაობით გაერთობით, ცოტა მეტი ექსტრემისთვის - კაიაკითაც გაგასეირნებენ. გამოუცდელობის ნუ შეგეშინდებათ - გიდი ყოველთვის თქვენთან იქნება და დაგეხმარებათ. მარშრუტები სხვადასხვანაირია - თავად აირჩევთ, 1 საათი გირჩევნიათ სეირნობა თუ გაცილებით მოწყომეტი. პალიასტომი-ფიჩორის მარშრუტზე ნამდვილად მიხვდებით, რომ სხვა სამყაროში აღმოჩნდით - მე უფრო გრძელ მარშრუტს გირჩევდით, ნუ დაგეზარებათ და აღმოაჩენთ, რომ აქაურობა ძალიან წააგავს გაუვალ ტროპიკულ ჯუნგლებს, სწორედ ისეთს, ბევრ ჩვენგანს მხოლოდ „დისქავერის“ არხზე რომ უნახავს. არადა, ეს ყველაფერი ჩვენთან ხდება, დასავლეთ საქართველოში.

განსაკუთრებით ორნითოლოგიით დაინტერესებულებს გაგიმართლებთ - კოლხეთის ეროვნული პარკი გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შესაბამის სეზონზე (გაზაფხულობით და შემოდგომაზე) რას არ შეხვდებით აქ. რა ცუდი წესი გვაქვს ქართულ ენაში - ადამიანის გარდა ყველა სულიერ არსებას „რას“ რომ ვუწოდებთ... არადა, თუ გაგიმართლათ და ტბაზე მყივანა გედების წყვილი იხილეთ (წითელ წიგნში შეტანილი სახეობაა), დამეთანხმებით, რომ ამ სილამაზეს ნამდვილად ეკუთვნის, „ვინ“ სიტყვით მოიხსენიო. „ვინ“ ფრინველების სიაში აქაურებიდან კიდევ ბევრს შევიტანდი, თუმცა, ერთი მათგანი - კოლხური ხოხობი - მაინც განსაკუთრებულია. თურმე, უკონტროლო ნადირობამ ეს ჯიში გადაშენების პირას მიიყვანა, თუმცა, დღესდღეობით ხოხბები ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მრავლდებიან დაცულ ტერიტორიებზე. კოლხი დედალი ხოხბები, როგორც ჩანს, ჯეროვნად აფასებენ სასწაულად ლამაზ მამლებს. :) თქვენც დააფასებთ და გარწმუნებთ, ძალიან გაგიჭირდებათ ამ სილამაზის დავიწყება.

კოლხეთის პარკის კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობა ჭურიაანაკლიის მონაკვეთია - დარგოლვის ცენტრში, თუ სურვილი გექნებათ, ღამესაც გაათენებთ, ტყეში და მდინარეზე სეირნობაზე რომ არაფერი ვთქვათ. საპიკნიკე ადგილი კი იმდენია, ჩამოთვლას ვერ აუხვალ.

პარკის ადმინისტრაციას ბევრი გეგმა აქვს, მათ შორისაა ეკოლოგიური ბილიკის მოწყობა, მიმინოთი მწყერზე ნადირობის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის აღდგენა და ა.შ. იმედია, ყველა ეს გეგმა სულ მალე შეისხამს ხორცს და კოლხეთის ეროვნული პარკით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს.

მანამდე კი, მაპატიოს კოლხეთის ყველა ცხოველმა, ფრინველმა, თევზმა თუ მცენარემ, რომელიც ამ პატარა წერილში ვერ მოვიხსენიე - მათი რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია და ისინი მნახველებს კვლავაც ელიან.

თქვენი არ ვიცი და, ჩვენს რედაქციაში უკვე აენთოთ თვალები თანამშრომლებს, ზაფხულში ზღვაზე უბრალო დასვენებას ბევრი, იმედია, კოლხეთის ეროვნული პარკის დათვალიერებითაც გაიმდიდრებს. ეს ხომ ასეთი ადვილია. მთავარია, არ მოგერიდოს და ბაყაყს აკოცო - ბაყაყი კი ბევრია კოლხეთში და ძალიან ბევრ უფლისწულს სულმოუთქმელად ელოდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: გიორგი დარჩიაშვილი

0x01 graphic

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

თბილისიდან ბორჯომამდე 2-საათიანი მშვიდი მარშრუტი მაგარი მოსაწყენი და უინტერესოა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მაგრამ როგორც კი მანქანა უკან მოიტოვებს ხაშურს და გზაზე გაჭიმული ხეივნის გავლით ბორჯომის ხეობას მიაშურებს, ყველაფერი მავიწყდება. როგორც თანამგზავრი ამბობს, სახეზე იდიოტის ღიმილი მეფინება. თუმცა, მე ამ ღიმილს შვების ღიმილს ვეძახი. ვგრძნობ, რომ საქართველოს ულამაზეს მხარეში დავბრუნდი და სასიამოვნოდ მაოცებს იმის გააზრება, რომ ყველაფერი ისე არ მხვდება, როგორც წინა სტუმრობის დროს დავტოვე.

უკან ვიტოვებთ სოფელ ქვიშხეთის შესასვლელში გამოკრულ ბილბორდს წარწერით „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“, რომელიც ორ რამეს მახსენებს - აქ საქმეზე ვარ ჩამოსული და კიდევ უფრო დიდი მშვენიერება წინ მელის.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პირველად ოთხი წლის წინ ჩავედი, როცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მაშინ გავატარე პირველი კვირა WWF-ის კავკასიის ოფისშიც. ეს სამსახური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პროექტს ახორციელებდა, მე კი საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელმძღვანელი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ პარკზე მიღებული ათასგვარი ინფორმაციით თავი გასკდომაზე მქონდა, მის შესახებ მაინც არაფერი ვიცოდი. იმ დღეს ლეღვანის - პარკის ბუფერული ზონის სოფლის - მოსახლეობას უნდა შევხვედროდით. სწორედ ლეღვანალებთან შეხვედრის პირველ საღამოს აღმოვაჩინე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მშვენიერება და მაშინვე შემიყვარდა. ეს მაშინ მოხდა, როცა შეხვედრის შემდეგ პარკის ტერიტორიაზე ცხოვრებაში პირველად გავისეირნე. სწორედ იქ დაიწყო ჩემი რომანი კავკასიაში პირველ ეროვნულ პარკთან.

ახლა ჩემი გაცრეცილი უბის წიგნაკიდან ბორჯომ-ხარაგაულის პარკის შესახებ ჩანაწერებს შემოგთავაზებთ. ეს ბლოკნოტი WWF-ში მუშაობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ვიყიდე. რასაც ახლა წაიკითხავთ, მხოლოდ მშრალი ფაქტებია WWF-ის პუბლიკაციებიდან. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ეს ფაქტები ზეპირად უნდა მცოდნოდა:

„...ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 76.000 ჰექტარ ფართობს მოიცავს, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 1 პროცენტია. Iს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკიცაა და თავიდანვე საერთაშორისო კრიტერიუმის მიხედვით შეიქმნა: გამიზნული იყო დაცვის, გართობისა და სიამოვნებისთვის და, თანაც, ტერიტორია აბსოლუტურად უცვლელი სახით უნდა დარჩენილიყო.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილში და აღმოსავლეთ აჭარაიმერეთის მთიანი ზოლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ქედებზე მდებარეობს. პარკის უკიდურესი ჩრდილოეთი მხარე თითქმის იმ ადგილს ემთხვევა, სადაც აჭარა-იმერეთის მთის ზოლი ლიხის მთისას უერთდება. ეს ზოლები კი, საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ჰყოფს. პარკს გარშემო ექვსი ზონა აკრავს - ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ბაღდადი, ადიგენი და ხაშური. ეროვნული პარკის მთავარი ზონა ბორჯომის რეგიონში ბუნების სახელმწიფო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდა და, უკვე ათწლეულებია, დაცულია...

ტყიანი მთის უდიდესი ნაწილი თავისი პირვანდელი სახითაა დაცული და ამიტომაც, ქართული ფლორის უამრავ ენდემურ და რელიქტურ სახეობას შეიძლება წააწყდე, ისევე, როგორც ფაუნის გადაშენების პირას მყოფ სახეობებს.

პარკს ორი ადმინისტრაციული ცენტრი აქვს, ერთი ბორჯომში, მეორე - ხარაგაულში. შესასვლელები მოწყობილია ბორჯომში, ზანავში (ბორჯომის რაიონი), აბასთუმანში (ადიგენის რაიონი), მარელისში (ხარაგაულის რაიონი) და ნუნისში (ხარაგაულის რაიონი). მთელი პარკის ტერიტორიაზე რეინჯერების 8 სადგური და ათი ქოხია მიმოფანტული. პარკს აქვს ტურისტებისთვის განკუთვნილი თავშესაფრებიც - ამარათში, ლომის მთაზე, დიდ სახვლათსა და აბასთუმანში.

საქართველოში ბევრმა არ იცის, რას უნდა ელოდოს ეროვნულ პარკში, მაგრამ ეს, ალბათ, ბუნებრივია, როცა პარკში პირველად მოხვდი და მანამდე მსგავსი არაფერი გინახავს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ხელოვნებაა და მოთმინებას მოითხოვს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ველურ ბუნებაში კი - კიდევ უფრო მეტი. გულის სიღრმეში აუცილებლად უნდა იყო მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი, რადგან ბორჯომ-ხარაგაული ქალაქის ყოველდღიური აურზაურისგან სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს გპირდება. აქ სანახავი და განსაცდელი ბევრია და ამიტომ შეიძლება ბოლომდე ვერაფერი შეიგრძნო, თუ ერთი სანახაობიდან მეორისკენ უცებ გავარდები და მიდამოს დასათვალიერებლადაც იშვიათად შეისვენებ. მიმოიხედე ირგვლივ, ეს გარემო სუნთქვისშემკვრელ, ულამაზეს ხედებს გთავაზობს. ბუნება აქ პირველყოფილად სადაა, თითქოს ადამიანის ხელი არაფერს შეხებია და ყველაფერი ისევეა შენარჩუნებული, როგორც საუკუნეების წინ: მთები, წყალი და ჰაერი, ჩიტები და ცხოველები, მწერები და ბგერათა კაკაფონია, ტყეები, ხეობები, კანიონები, სიჩუმე და სიმშვიდე.

1800-2500 მეტრზე სუბ-ალპური ზონის მცენარეების მთელი სპექტრი დაგხვდებათ: სუბალპური ტყეები, ბუჩქები, მაღალი ბალახი და მინდვრები. სიცოცხლის წრე აქ სრულად იკვრება ველური ბუნების მთელი მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ მოგეცემა შანსი პირისპირ გადაეყარო გარეულ ცხოველებს, რომელთათვისაც ბორჯომხარაგაულის პარკი სახლია (ასეთები კი არიან კავკასიური წითელი ირემი, მურა დათვი, მგელი, გარეული კატა და ა.შ.), პარკში მაინც უამრავი რამ გექნება სანახავი, თუ ბუნების მოყვარული, „ბერდ-ვოჩერი“, ნატურალისტი ანდა, უბრალოდ, მოგზაური ხარ.

თუ არ ჩავთვლით ბრაკონიერების იშვიათ „სტუმრობას“ პარკში, იქაურობა ადამიანებისგან თითქმის უკაცრიელია. დღეს პარკში რვა მოქმედი და კარგად აღნიშნული ბილიკი ოფიციალურად ფუნქციონირებს. ისინი ერთმანეთისგან სიგრძით, ხანგრძლივობით და სანახაობის კომპლექსურობით განსხვავდება, მაგრამ საერთოც აქვთ - ყველა მათგანი ტურისტებს საინტერესო სანახაობებს სთავაზობს. პარკის უმოკლესი მეშვიდე მარშრუტიც რომ აირჩიო, და მოთელვა ამით დაიწყო, წინ მაინც დიდი სიამოვნება გელის. ეს მარშრუტი სამ კილომეტრზე გრძელდება, მაგრამ მაინც კმარა იმისთვის, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ხიბლი შეიგრძნოთ და კიდევ უფრო გრძელ მარშრუტებზე წასვლის და პარკის დათვალიერების მადა აღგიძრათ. სავალი ბილიკების გასწვრივ ხის სკულპტურები და ინსტალაციები დაგხვდებათ, რაც ზღაპრის სამყაროს ატმოსფეროს და ბუნებასა და ადამიანებს შორის დაკარგული ჰარმონიის აღდგენას გპირდებათ.

უფრო გრძელ მარშრუტებს ყველაზე უფრო გამბედავები და მამაცები ადგებიან. 49-51 კილომეტრიანი ბილიკები, როგორიცაა მარშრუტი ნომერი 2 - მარელისის რეინჯერების ქოხიდან აწყურის რეინჯერების სადგურამდე. ეს საკმაოდ რთულად გასავლელი ბილიკია, მაგრამ მხოლოდ ამ ხანგრძლივ მგზავრობებს შეუძლია ბოლომდე გაგრძნობინოთ აქაურობის სილამაზე და აქაური ფაუნაც გაგაცნოთ. ამ გზაზე ნამდვილი დრამა იწყება, რომელიც საქართველოს წარსულს, ადგილობრივების გმირულ ისტორიებს ეხება და ჯერ კიდევ პრექრისტიანული პერიოდიდან იღებს სათავეს. ძალიან უიღბლო უნდა იყო, რომელიმე მარშრუტიდან საკუთარი თავგადასავლისა და ისტორიის გარეშე რომ დაბრუნდე უკან.

ახლა კი ისევ ჩემს პირველ დღეს დავუბრუნდები ბორჯომ-ხარაგაულში.

უკვე საღამოს 11-ს იყო გადაცილებული, როცა ჩვენი ხუთკაციანი ჯგუფი ლომის მთიდან დაეშვა და გეზი ლიკანის შესასვლელისკენ აიღო. ჩვენი მსუბუქი ნაბიჯების ხმა ტყეში ექოდ იკარგებოდა. ერთგან ღამის სიგრილის შესაგრძნობად შევჩერდით. უცებ დავინახე, რომ მეც და ყველაფერიც ჩემ გარშემო, ხეების, ბალახისა და ჩემი კოლეგების ჩათვლით, კაშკაშებდა და ბრჭყვიალებდა. ნელ-ნელა, როცა თვალი გავუსწორე სინათლეს, მივხვდი, რაშიც იყო საქმე: ჩვენ ციცინათელების წრეში ვიდექით, რომლებიც გარშემო დაგვფარფატებდნენ და ისე გვაციმციმებდნენ, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. დამუნჯებული ვიდექი და ამ მშვენიერ სანახაობას თვალს ვერ ვაშორებდი. „მორჩა, ეს უკვე აქაურობით დაავადდა“, - უცებ ჩამესმა ხმა ჩემს უკან და მივხვდი, რეინჯერები ჩემზე იცინოდნენ. „კეთილი იყოს შენი ფეხი, ბორჯომი-ხარაგაულის პარკში, ძმაო“, - მითხრა მერე ერთ-ერთმა, თავის ზურგჩანთას დასწვდა, ღვინის ბოთლი ამოიღო და მომაწოდა: „ცოტასაც ხომ არ დალევდი, სანამ გზას გავუდგებით?“

19 მუდამ შინისკენ

▲back to top


ისტორია

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: CANDYCACTUS

0x01 graphic

Immer nach Hause, immer nach Hause.
ნოვალისი

ნაწილი პირველი
მოკლე ინტერვიუ ბედნიერ ქალთან

- თუ მკითხავ, სადაური ვარ, ადგილების გრძელ სიას ჩამოვყვები: სპირაკი - სოფელია ლიტვაში, ბერლინი, ბარსელონა და ა.შ. თუ პოსტმოდერნისტული სახელმწიფოებრივი თვითშეგნების მაგალითი გჭირდება, ჩემზე უკეთესს ვერსად მონახავ. ტრადიციული ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნება, ოჯახი, რელიგია, მისამართი, მე არ გამაჩნია და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.

ეს ბედნიერი ადამიანი, CandyCactus-ია, ეველინა ტაუნიტე. ის 2006 წელს საქართველოში ლიტვიდან ჩამოვიდა. ამისთვის მან გაიარა პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, მაკედონია, ბულგარეთი, საბერძნეთი და თურქეთი - ველოსიპედით, - და ყველგან სახლში მიდის.

CandyCactus: მაკედონიის საზღვარზე პოლიციელმა პასპორტი გამომართვა და მკითხა, რა ეროვნებისა ხარო? მე ვუთხარი, რომ ბოშა - ბოშები ეჯავრებათ, მაგრამ რა, რას მიზამდა? საბერძნეთში, ნაცისტთან საუბრისას ებრაელობა დავიბრალე...

ა.კ.ს.: ეს პროტესტია თუ ერთობი?

CandyCactus: ერთიც და მეორეც. ფეხით ან ველოსიპედითაც ამიტომ დავდივარ, ფრენას ვერიდები. თან, ასე ჩემს გამო ნაკლები ნავთობი იხარჯება. მე მგონი, ურიგო არ იქნებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ჩემი აზრისა რომ იყოს: თუ ამდენ ნავთობს არ დახარჯავდნენ, არც ერაყის ომი მოხდებოდა, საუდის არაბეთიც ვერ იქნებოდა ასეთი ძლიერი და იქ ქალებს ასე საშინლად არ დაჩაგრავდნენ. თან, როცა ველოსიპედით დავდივარ, ჰაერს არ ვწამლავ. გამოდის, რომ Klugscheisser ვარ, არა? ჭკვიანობების მკუკავი. უბრალოდ, ვცდილობ მინიმალური კვალი დავტოვო, ესაა და ეს. წარმოიდგინე, ყველანი ასე რომ ვცხოვრობდეთ, მაშინ დედამიწის რესურსები ყველას გვეყოფოდა. ამ დროს, ყველა საშუალოსტატისტიკური ამერიკელის ცხოვრებას რომ ეწეოდეს, ცხრა დედამიწა დაგვჭირდებოდა და ათი წლის მერე ნავთობის კი არა, წყლის გამო ატყდებოდა ომები.

ამ ტექსტის წარმოთქმა ეველინას ძალიან ბევრ ენაზე შეუძლია - პოლიგლოტია, იცის ლიტვური, რუსული, ინგლისური, გერმანული, კატალონიური, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, თურქული, რუმინული, ქართულად ჩინებულად ლაპარაკობს და თუ დასჭირდა, არაბულსა და ქურთულსაც უცებ გაიხსენებს.

ეველინამ ველოსიპედითვე მოიარა კუბა, სირია, იორდანია და პალესტინა. ამჟამად ეველინას ველოსიპედი საქართველოში დგას, რადგან ის აქ დარჩა. რამდენი ხნით - უცნობია, მაგრამ ის ფიქრობს, რომ „ბოლომდე“.

ა.კ.ს.: რატომ?

CandyCactus: ჩემთვის დიდი პატივია, რომ იქ მიმიღეს, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატარ-პატარა დღესასწაულებს უწყობენ, სადაც ძალიან ბევრი უნდა იფიქრო, როგორ გამოხატო მადლიერება - ფული არაფერშუაშია.

ა.კ.ს.: საქართველოდან სამუშაოს საძებნელად ხალხი სხვაგან გარბის, შენ კი...

CandyCactus: ხალხი თვლის, რომ სამუშაო ისაა, რაშიც ფულს იხდიან. არადა, უამრავი სამუშაო არსებობს, რომელიც ფულით არ ანაზღაურდება. მაგალითად, სოფლებში ხალხისთვის სურათების გადაღება და მოხუცი ბებოებისთვის წერილების წერა. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ბევრი ფული არ მეხარჯებოდეს და მეტი დრო მქონდეს ასეთი აუნაზღაურებელი საქმეებისთვის და საუბრებისთვის. თან, როცა დრო დაგეგმილი არა გაქვს, ჯადოსნური შემთხვევითობებისთვისაც რჩება ადგილი.

მუსიკას ვწერ, მაგრამ ბაზრისთვის კი არა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მუსიკა მოსწონთ. ფოტოგრაფიაზეც იგივე მეთქმის. ზოგჯერ ვფიქრობ, მაგარი იქნებოდა, სახელი რომ მომეხვეჭა, მაგრამ ბევრს ვიცნობ, ვინც საკუთარმა დიდებამ დაჩაგრა და ახლა იმას აკეთებს, რასაც ფული მოაქვს და თავად არ მოსწონს.

ტაოისტური პრინციპია - უბრალოდ, ვცხოვრობ. ეს ძალიან სახალისოა, ყველაფერს ისევე ვაკეთებ, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ არაფერს ვქმნი და არაფერს ვაგროვებ. ჩემი მიზანი ისაა, რომ აქ ვიყო. ის, რასაც სხვები ჩემს ხელოვნებას უწოდებენ, ის, რასაც ვაკეთებ, ნაგავია, ოღონდ ცუდი კი არა, ლამაზი ნაგავი, ცხოვრების ნარჩენი. მაგრამ ხელოვნება ხომ ესაა სწორედ - საკუთარი ნაგავი სხვებს ლამაზად წარმოუდგინო - ემოციური, ესთეტური, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც კი. თუ ხელოვნებაზეა ლაპარაკი, ცხოვრების ხელოვნება უნდა იყოს.

ა.კ.ს.: ისე, ამდენის მნახველი, რამე რომ იყოს, წიგნს არ დაწერდი?

CandyCactus: არა მგონია. მე მგონი, ყველა თავისი საკუთარი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ცოტა პერვერსიული ამბავია: სხვისი თავგადასავლების კითხვით დაკმაყოფილება. სხვისი სიყვარული, სხვისი ტკივილი და სხვისი ცხოვრება არ არსებობს. მრავალმა წიგნმა ამანთო - და ცხოვრება დამაწყებინა. მე თვითონ არ დავწერ. რატომ უნდა დავმართო კიბო ვიღაც მბეჭდავს, რომელიც მთელი დღე სტამბაში დგას და ტყვიას ისუნთქავს? თან, თუ კარგი წიგნი გამოვიდა, ძვირი ეღირება და ამ ფულის საშოვნელად ვიღაცა შუაზე უნდა გაიხეს, ვინ იცის, სულიც გაყიდოს. ავიღებ და ჩემს სათქმელს ქუჩაში გამვლელებს მოვუყვები. ყველაზე ცუდი კი ის იქნება, თუ ჩემს წიგნს არავინ წაიკითხავს და თაროზე შემოდებს, ხმის იზოლაციისთვის. აბა, სცადე - წიგნები საუკეთესოდ აკავებს არასასურველ ხმაურს.

ა.კ.ს.: ესე იგი, ცხოვრების იდეალი...

CandyCactus: ძაღლი. ერთხელ თბილისში, მეიდანზე, ძაღლი ვნახე. ხალხი მიდი-მოდიოდა, ძაღლს კი იქვე მშვიდად ეძინა. ყველაზე ტკბილ ძაღლურ სიზმრებს ხედავდა და ხანდახან თუ გაიქნევდა ყურებს. მეც მინდა ასე.

ნაწილი მეორე
პატარა გოგოს პატარა ამბავი

მე დავიბადე ლიტვაში იმ წელს, როცა ესპანეთში ფრანკო მოკვდა. იქ დიქტატურა დამთავრდა, ლიტვაში კი არაფერი შეცვლილა.

მე როცა გავჩნდი, ჩემი მშობლების თანაცხოვრებას ოჯახს ძნელად თუ უწოდებდით. ახალგაზრდები იყვნენ, ჯინსები ეცვათ, „როლინგ სტოუნზს“ უსმენდნენ და ამერიკაზე ოცნებობდნენ. მამაჩემს თეთრი ჟიგული ჰყავდა, რალისტი იყო და ქორწილებში როკ ენ როლს უკრავდა. როკ ენ როლი და ბლუზი არალეგალურად იყო, გამოდის, რომ მამაჩემიც არალეგალური კაცი იყო. ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მის „საქორწილო“ რესტორანში მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულმა ჰიპებმა მოიყარეს თავი და ფესტივალი ჩაატარეს - სუკი გვიან მიხვდა, რა მოხდა. მერე მამა საბჭოთა ჯარს დაუძვრა, შიზოფრენია დაიბრალა და რაღაცა დრო ფსიქიატრიულშიც იჯდა.

მამაჩემი უბედური შემთხვევის გამო მოკვდა, მანქანით. დედა სულ იძახდა, სუკის დაგეგმილი ამბავი იყოო. ასე თუ ისე, ოთხი წლისა უმამოდ დავრჩი. ბაბუასთან დავსახლდით, რომელიც დიდი პოეტი და დიდი ლოთი გახლდათ. მოგვიანებით, თინეიჯერი ვიყავი უკვე, მუშები გამოვიძახე კანალიზაციის შესაკეთებლად და ერთმა, მთვრალმა, მეორეს უთხრა: „ფედია, არ გახსოვს, იმ კუთხეში ვსვამდით? რა დრო გავიდა!“ ბაბუაჩემის კარი ყველასთვის ღია იყო, რაც, ერთი მხრივ, რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ მასთან ერთად ცხოვრება, ცოტა არ იყოს, ჭირდა.

0x01 graphic

ტიბეტელი გოგო ჩემი ხატია, ამბობს ხოლმე ეველინა

იმ წელს ბაბუაც გარდაიცვალა. დედა სახელმწიფო კინოსტუდიაში ფოტოგრაფად მუშაობდა და ღამეებსაც ფოტოლაბორატორიაში ატარებდა, რომ დამატებითი შემოსავალი გვქონოდა. შესაბამისად, საბავშვო ბაღში მარტო დავდიოდი. ერთხელ, მახსოვს, კარი დაკეტილი დამხვდა. ზამთარი იყო, ძალიან ციოდა, ბნელოდა და ქუჩაში არავინ დადიოდა. ვერ მივხვდი, რა მოხდა, ქვაფენილზე დავჯექი და ლოდინი დავიწყე. ვიცდიდი და ვიცდიდი, და მერე ვიღაცა მოვიდა და მკითხა, ამ დილაუთენია აქ რას აკეთებო? თურმე ხუთი საათი იყო. მე ჯერ საათის ცნობა არ ვიცოდი. ვიყავი ძალიან გამხდარი, მაგრამ დიდი მრგვალი სახე მქონდა და ბოხი ხმა.

თმას მე თვითონ ვიჭრიდი და წინ სულ ამოჩორკნილი მქონდა - მოკლედ, რას ვგავდი.

მე არ მომწონდა ასე ცხოვრება. წითელი ჩემოდანი მქონდა, ერთი ციდა, ჰოდა, ხუთი

წლისამ შიგ ჩემი ავლა-დიდება ჩავალაგე და სახლიდან წავედი. ვიარე და ვიარე, და მერეღა აღმოვაჩინე, რომ საშინაო ფეხსაცმელი მეცვა, კარგი ბათინკები კი შინ დამრჩენია. მერე ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ მოედანზე ბავშვი იჯდა, წითელი ჩემოდნით, და სახლში დამაბრუნა.

0x01 graphic

ეს მატასია, ეველინას ვაჟი. გადაღებულია ბარსელონაში

ცხოვრებამ აზრი 1987-ში შეიძინა, როცა თორმეტი წლისა ვიყავი. აფეთქდა ჩერნობილის ატომური სადგური, სომხეთში დიდი მიწისძვრა მოხდა - და ლიტვის „ჟალგირისისა“ და რუსეთის „ცეესკას“ შეხვედრა გაიმართა. იმ დღეს ქუჩაში ძეხორციელი არ ჭაჭანებდა, ყველა ტელევიზორს ჩაშტერებოდა, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. მოვიგეთ და ამის მერე დიდი ამბები დაიწყო.

ჩვენი სტუმრების საუბრიდან მივხვდი, რომ 23 აგვისტოს დემონსტრაცია იგეგმებოდა, რიბენტროპისა და მოლოტოვის პაქტის აღსანიშნავად, რომლის გამოც ლიტვა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახდა. მე მეგონა, რომ წიგნებში მოყოლილი მოვლენების მონაწილე გავხდი - ძალიან საინტერესო იყო. მეორე მხრივ, მეშინოდა, რომ ჩემს გამო დედაჩემს უსიამოვნება შეემთხვეოდა, და ამიტომ ჩოგანი დავიჭირე. ჰო, ჩოგანი. ვიფიქრე, ვინმემ რომ მკითხოს, აქ რას აკეთებო, ვეტყვი, ჩოგბურთის სათამაშოდ მივდივარ-მეთქი. იმ დღიდან ჩემი გულისცემა უფრო მახსოვს, ვიდრე რევოლუციური სიტყვები, მაგრამ მერე ამაყი ვიყავი, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში მე და ჩემმა ჩოგანმაც მივიღეთ მონაწილეობა.

ყველა თეთრი მაისური ყვითლად, მწვანედ და წითლად გადავღებე, უბრალოდ, ყვითელი საღებავი ბევრი მომივიდა და რაც 1989 წლის ივნისის დემონსტრაციის დროს სტაფილოსფერიანი დროშა ფრიალებდა, ყველა ჩემი ნახელავი იყო. იატაკქვეშეთის გამოცემა Sajudzio Zinios ჩვენს სახლში მზადდებოდა, და მისი დარიგების წინ სუკის მანქანების ნომრების სიას მაძლევდნენ. გული გამალებით მიცემდა, მეშინოდა - და კარგად ვიყავი.

კიდევ ერთი რამის გამო გამიხშირდა გულისცემა. ეს იყო „სონის“ ვოლქმენი. მის საყიდლად ფული იყო საჭირო და საყურეების ჩასაწყობი რამდენიმე ათასი პატარა პლასტიკის პარკი დავამზადე. სამაგიეროდ, მერე ქუჩაში დავდიოდი და პიტერ გებრიელს და ბიორკს ვუსმენდი!

მერე კი ჩემი რევოლუციონერი დედა და მისი პარტნიორი შეერთებულ შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად და მე მარტო დავრჩი. ვსწავლობდი, მუსიკაზე დავდიოდი, სახლს ვალაგებდი, ქირას ვიხდიდი და ერთი ქალიც კი მოვნახე, რომელიც სასაკლაოდან ხორცს იპარავდა და იაფად ჰყიდდა. ჩემი ნათესავების უმეტესობა ციმბირში იყო გადასახლებული და იქიდან თითქმის არავინ დაბრუნებულა, ამიტომ პატრონი არ მყავდა და ეს ცუდიც იყო და კარგიც. არავინ მივლიდა, მაგრამ არც არავინ მამოწმებდა, როდის წავედი და როდის მოვედი. ჩემს ბინაში კი კვლავ ხალხი იკრიბებოდა, კვამლი იდგა და ყავის სურნელი - ახლა სულ ის ყავა მაგონდება, კარგი თურქული ყავის მოდუღება სულ არაა იოლი საქმე. ვისხედით ხოლმე, ვმასლაათობდით და ჩემი ძაღლი ყმუილით გვყვებოდა.

1991 წლის იანვარში, როცა პირველი ერაყის ომი დაიწყო და მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიმართული, ვილნიუსში დღეს უკვე ცნობილი მოვლენები აგორდა. ცხადია, პარლამენტის შენობასთან მეც ვიდექი, ერთი კვირის მერე კი პირველ გაუგებრობას შევეჩეხე: დეიდაჩემის ქმარმა, რომელსაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი. მე დამტოვეს. ჩემს ბედზე ზრუნვა ითავა ორმა ხანშიშესულმა ქალმა, სოლიდარობის მოძრაობის წევრებმა, კასიამ და ბასიამ. უშვილოები იყვნენ და ძალიან უნდოდათ, ვინმესთვის „ჩემი გოგო“ ეწოდებინათ. მათ ჩემი ბედი გადაწყვიტეს.

ასე ამოვყავი 16 წლისამ თავი დედათა მონასტერში, ვარშავიდან ორმოცდაათი კილომეტრის მოშორებით. იქ ინტერნატში ვცხოვრობდი და სამონასტრო სასწავლებელში ვსწავლობდი. არასოდეს დამავიწყდება, უფროსმა მონაზონმა კარი როგორ გააღო და ოთახში შემახედა: „ეს საძინებელია“, და იქ უზარმაზარი დარბაზი დამხვდა, უამრავი ერთნაირი ლოგინით, და კომბოსტოს გემო დღემდე იმ მონაზონს მაგონებს, რომელიც მთელი სადილის განმავლობაში ლოცვებს გვიკითხავდა ხოლმე.

მივხვდი, რომ ასე აღარ მინდოდა, და წავედი, მაგრამ არა ლიტვაში, არამედ დასავლეთისკენ. მიზანი გერმანია იყო. აქ უკვე მოგონებები აჩქარებულ კადრებს ჰგავს: საზღვრის უკანონო გადაკვეთისას განცდილი შიში, გერმანულის სასწრაფოდ შესწავლის მცდელობა (გამომივიდა, ერთ თვეში გრიმების ზღაპრები წავიკითხე და ხალხს ჩემი ძველგერმანულით ვართობდი;), დამლაგებელ გოგოდ მუშაობის სიმწარე, როცა ვიღაცა მონად გთვლის და მისი ტანსაცმლის რეცხვისას ხვდები, რომ ასეთს ვერასოდეს იყიდი - ისა გაქვს გადასაწყვეტი, რომელი შვრია იყიდო - დიდი 1,5 მარკად თუ მომცრო - ერთად. მაგრამ მე იქიდან წასვლა არ მინდოდა, იმიტომ, რომ შეყვარებული ვიყავი...

ნაწილი მესამე,
მარტივი დასკვნა

მერე უკვე სხვა ამბავი იწყება. თუ გაინტერესებთ, რა პრობლემაა - სადმე, გზაზე, აუცილებლად შეგხვდებათ გოგო ეველინა და გიამბობთ. მე მგონი, წიგნის დამწერი მართლა არაა, - პრინციპული ქალბატონი ბრძანდება, - მაგრამ საუკეთესო მთხრობელია. ისე, მოსმენა უფრო მოსწონს, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. მხოლოდ ორწლიანი ნაცნობობის შემდეგ გავიგე, რომ ეველინა, ანუ კენდი კაქტუსი, გვარად ტაუნიტეა.

ისე, გვარს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ Melocactus oaxacensis, შაქარყინულის კაქტუსი, სრულიად უწყინარი მცენარეა. მას ძალიან მწირი მოთხოვნები აქვს, დიდი მოვლა არ სჭირდება, უბრალოდ, სითბოს მოყვარულია. აქვს ეკლებიც და ყვავილებიც, ლამაზია ან უცნაური სანახავი, გააჩნია, რა თვალით შეხედავთ. ტკბილი წვენი აქვს, მაგრამ კომერციული მიზნებისთვის არ გამოიყენება.

20 რატი ერაძე, ცოტა ნამდვილი, ცოტა გამოგონილი

▲back to top


ისტორია

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ღვევის არქივი

0x01 graphic

დანამდვილებით არავინ იცის, ქვემოთ მოყოლილიდან რა შეემთხვა რატი ერაძეს და რა - ვინმე სხვას. ან სულაც არავის. როდესაც ჩვენს გმირს ვუთხარი, რომ მის შესახებ დაწერას ვაპირებდი, მომახსენა, რასაც გიყვები, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროო. აი, ასეთი კაცია - ცოტა გაუგებარი.

ცალი თვალით რატის ორ სამყაროში შევიხედე. სრულიად განსხვავებული ამბებია, პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ნივთები და ცხენები. ორივე კარგია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენა. რაც ვნახე და მოვისმინე, იმას გიამბობთ, დანარჩენი თავად განსაჯეთ.

ნივთები

დარწმუნებული ვიყავი, რომ რატი ერაძემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ნანახი მქონდა მის მიერ გაკეთებული ავეჯი, სანათურები, ისეთი რამეები, ძალიან რომ გამახარებდა - თან ლამაზი, თან პრაქტიკული. ასეთებს, ჩემი ჭკუით, მხატვრები, ჰა, დიზაინერები აკეთებენ.

აღმოჩნდა, რომ დიდად ვცდებოდი - რატი მანქანათმშენებელია. მის სახელოსნოში, რომელიც ელდეპოსთანაა, - უზარმაზარი დარბაზი, რაღაც ინდუსტრიული კვანძი, - ღია ავტობუსი დგას, მორთულ-მოკაზმული, მოხატული. სასეირნო ავტობუსია, რომელში ჯდომაც, წესით, ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს - ღია ფანჯრებიდან ქალაქს დაათვალიერებ, ხალხს ნახავ და ხალხს დაენახვები. ჩემი აზრით, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი კარგი დედაქალაქის ცენტრში სულ საცობებია, რატის პრობლემა კი სხვა იყო - ამ მანქანას საბუთები სჭირდება, და ეს კაცი რაღაც არა ჰგავს მსგავს ამბებში გარკვეულს. მაგრამ ავტობუსი არსებობს და ახლა საბუთებიც აქვს და ნომერიც, შესაბამისად, ივლის კიდეც. ბავშვების გულის გასახარად, გუდიაშვილის ბაღში, გამოფენაზეც იდგა, ანუ, საცობების მიუხედავად, ნახევარი ქალაქი გაიარა და სოლოლაკში მივიდა. აფსუს, ეთქვა რატის, იქამდე მაინც ვიმგზავრებდი...

გარკვეულს. მაგრამ ავტობუსი არსებობს და ახლა საბუთებიც აქვს და ნომერიც, შესაბამისად, ივლის კიდეც. ბავშვების გულის გასახარად, გუდიაშვილის ბაღში, გამოფენაზეც იდგა, ანუ, საცობების მიუხედავად, ნახევარი ქალაქი გაიარა და სოლოლაკში მივიდა. აფსუს, ეთქვა რატის, იქამდე მაინც ვიმგზავრებდი...

კიდევ სახელოსნოში იდგა რაღაც გაუგებრობა, ერთი შეხედვით, რკინები, და თურმე ეს ჯართი სულ მალე იქცევა ოცნების, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ოცნების მანქანად: გელენდევაგენად.

„ძველი მერსედესია“, მომახსენა რატიმ. ჩემთვის არსებობს კარგი მანქანები და არსებობს გელენდევაგენი. გელენდევაგენი ჯობია. ოფიციალურად მას Mercedes-Benz G ჰქვია. წელს ამ მანქანას ოცი წელი უსრულდება.

70-იან წლებში მისი წარმოება სპარსეთის შაჰის შეკვეთით დაიწყო, რომელიც იმხანად კომპანია Daimler-Benz-ის მთავარი აქციონერი გახლდათ. მან სამხედრო მიზნებისთვის 20 ათასი ცალის დამზადება მოასწრო, მერე კი რევოლუციონერებმა დაამხეს. მაგრამ პროექტი ამით არ დასრულებულა - მანქანა გერმანელმა მესაზღვრეებმა და არგენტინის, ნორვეგიის, ინდონეზიის სამხედროებმაც შეუკვეთეს, მოგვიანებით კი მისი შეძენა ყველა მსურველს შეეძლო.

უკვე ოცი წელია, გელენდევაგენი შეუბღალავი ავტორიტეტით სარგებლობს - მას ყველაფერი შეუძლია. თავად განსაჯეთ: რატის მანქანა მართლაც მოხუცია, მაგრამ მერე, რა? როდესაც ახალშეძენილი მერსედესი, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ათასი კილომეტრი ჰქონდა გავლილი, სახურავიდან წყალი ჩასდიოდა და ძირიდან ტალახი ასხამდა, მცოდნე ხალხს აჩვენა, მათ მოუწოდეს, ბაკში ქვიშას ნუ ჩაყრი, დანარჩენი ამას არაფერი ავნებსო. შესაბამისად, რატიმ გადაწყვიტა, რომ ძველი Mercedes-Benz G-სთვის გარჯა ღირდა, და სულ მალე ის თავის გრძელ გზებზე ხანდაზმული, მაგრამ საუკეთესო გელენდევაგენით ივლის.

წავიკითხე, რომ წელს, საიუბილეოდ, ძალიან მძლავრ Mercedes-Benz G 500 Classic-ს გამოუშვებენ, რომელსაც საგანგებო ფერი აქვს: გააჩნია, საიდან შეხედავთ, ხან შავად მოგეჩვენებათ, ხან - მუქ ლურჯად. ამ მანქანას უფრო მდიდრული ინტერიერიც ექნება - მოკლედ, პრანჭავენ. მაგრამ რატის გელენდევაგენი ჯობია: დიდი ისტორიაც აქვს და თან საკუთარი ხელითაცაა გაკეთებული. მაგრამ იმას, რომ ეს თეთრი მანქანა რატის „გაცოცხლებულია“, ალბათ ვერავინ მიხვდება. სამაგიეროდ, მის ავეჯს ყველა ცნობს. თურმე, ამ საქმეს რატიმ თავისი მეგობრის, გუგა კოტეტიშვილის გამო მოჰკიდა ხელი. გუგამ შესთავაზა, მოდი, სკამი გავაკეთოთო - და გააკეთეს. შემდეგ მათ დღევანდელი სტუდია „არსის“ შეკვეთა მიიღეს - სავარძლები, და ეს სავარძლები მათ დღესაც ემსახურება. ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელსაც მოჰყვა მრავალი შეკვეთა, გამოფენა და შედეგად - მრავალი ლამაზი ნივთი.

რატი ხან მარტო მუშაობდა, ხან - მეგობრებთან ერთად, ხან - ისე, ხან - ასე. ყოველ თანამოაზრეს და ყოველ ნაკეთობას სიამოვნებით იხსენებს და სახალისო ამბებს ჰყვება, ოღონდ ზოგი ისეთია, რომ დაწერა მაინცდამაინც არ ღირს და ამიტომ არ დავწერ. მთავარია, რომ შედეგის ნახვა ყველას შეუძლია.

ოდესმე აუცილებლად გავმდიდრდები და ვიყიდი.

იმის გამო, რომ ეს საქმე მოსწონდა და აშკარად კარგად გამოსდიოდა, ერთ დღეს რატი ერაძე აღმოჩნდა შესანიშნავ ქალბატონ ლიზისთან, რომელიც თბილისში საგანგებო მისიით - ლითონის ნაკეთობათა რესტავრაციის სასწავლებლად იყო ჩამობრძანებული. ეს ძალიან საინტერესო საქმე ყოფილა, მით უმეტეს, რომ თბილისში მართლაც საუცხოო საგანძური გვქონია დაცული - შემთხვევით. მისი დაცვა არავის აზრად არ მოსდიოდა, უბრალოდ, ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებელი გულგრილობის გამო გამოვიდა ასე: განადგურებაც კი დაგვეზარა.

გახსოვთ ყოფილი კალინინის, დღეს კი ჯავახიშვილის მოედანი? იქ ერთი სახლი დგას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩამოტყავებულია, აშკარად ემჩნევა, რომ ოდესღაც ნამდვილი პატარა სასახლე იყო. როგორც ყველა თავმოყვარე თბილისური სახლისას, მის ფასადსაც აივნები ამშვენებს. მე თუ მკითხავთ, ახლაც მშვენიერია, მაგრამ რატიმ ამიხსნა, რომ აივნის ცხაური ათასჯერ გადაღებილია, სინამდვილეში კი ფერადი ყოფილა: მწვანე ყლორტები და ოქროსფერი ყვავილები! ფერადი ყოფილა გისოსი აბო თბილელის ქუჩაზე და კიდევ მრავალი სხვა - უბრალოდ, მე ესენი მახსოვს კარგად.

იმისთვის, რომ გისოსს, აივნის ცხაურს თუ ჭიშკარს თავდაპირველი სახე დაუბრუნდეს, რესტავრატორს ძალიან ბევრი მუშაობა უწევს. წესისა და რიგის მიხედვით, საღებავის თითოეული ფენის მოხსნა ლანცეტით ხდება - ფრთხილად, გულდასმით, და მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ოსტატი თავდაპირველ საღებავამდე ჩადის, რომელიც ხშირად ისეთი შენახულია, ახალი ფერის დადება არც სჭირდება.

ნეტა, რატომ გადაღებეს შავად ასეთი ლამაზი ჭიშკრები? ეტყობა, თბილისელებს აღარაფერი უხაროდათ, ან ძალიან ეზარებოდათ მათი მოვლა-პატრონობა.

მე კი აუცილებლად გავმდიდრდები, ჯავახიშვილის მოედანზე სახლს ისევ ვიყიდი, რატის ვთხოვ და ყველაზე ლამაზი ჭიშკარი მექნება.

რატის კი არ ეზარება, პირიქით, ეს საქმე ძალიან მოსწონს, და მის მიერ აღდგენილი რამდენიმე ჭიშკარი დღეს ძველ თბილისს ამშვენებს კიდეც. მე ყველაზე მეტად ლადო ასათიანის 38 მომეწონა. თუ იქით ჩაივლით, ნახეთ, კარგია.

სწორედ ამ პრინციპით - რომ რატის ნამუშევარი მართლა კარგია - არქიტექტორმა და რესტავრატორმა, ნატალია ფირცხალავამ, მას ავეჯის აღდგენა სთხოვა. როგორც ჩანს, რატი დიდხანს ორჭოფობდა, დავარქვათ თავისი სახელი - იპრანჭებოდა, ბოლოს კი დათანხმდა. ამ პატარა შეკვეთას დიდი და უაღრესად საპასუხისმგებლო მოჰყვა: რუსთაველის გამზირის სადარბაზოების კარები.

ორი კარი ზემოხსენებულ სახელოსნოში ვნახე. წესით, კარგად ვიცნობდი, უბრალოდ, მოხსნილი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა: ლაღიძის წყლებისა და ყოფილი „საუნჯის“. მათი აღდგენა ფრიად ხანგრძლივი და რთული საქმეა, და ოსტატს საქმის დასრულების შემდეგაც ალიაქოთს უქადის. ასე, როცა რუსთაველის 26-ის კარი ადგილზე დაბრუნდა, რატის გაჯავრებული მცხოვრებლები ურეკავდნენ, ეს ჩვენი კარი არაა, რატომ გაგვიბედეთ და რატომ შეგვიცვალეთო. რატი ჯერ ვითარების ახსნას ცდილობდა, მერე კი ისიც გაჯავრდა და მკვახე პასუხი გასცა, და შეეშვნენ.

მე კი აუცილებლად გავმდიდრდები და სახლის სადარბაზოს კარის გამო რესტავრატორს არაფერს ვეტყვი, მადლობის გარდა.

ცხენები

წესისა და რიგის მიხედვით, მამაკაცს, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს და ამხელა საქმეები აბარია, მეტი არაფრისთვის უნდა სცხელოდეს - მე ასე მეგონა. კვლავ შევცდი.

რატი ერაძეს ჰყავს ცხენები (მათ შესახებ, თუ გახსოვთ, წინა ნომერში გიამბეთ). ცხენები, ერთიმეორეზე ლამაზები, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღვევში ცხოვრობენ და მსურველებს საქართველოს ყველაზე ლამაზ მხარეებში ატარებენ. მათთან ჩასული ჩვენი გმირი სულ სხვა კაცი ხდება, ცოტა მალბოროს რეკლამიდან გადმოსულს ემსგავსება და, რაღა დაგიმალოთ, ერთობ შთამბეჭდავი სანახავია ხოლმე.

0x01 graphic

ცხენების ამბავი დაიწყო 1987 წელს, როცა ოთარ შამათავამ და ოთარ ლითანიშვილმა მხატვრული ფილმის გადაღება განიზრახეს. „ერის საუნჯეში“ (შემდგომში „ვამეხი მოდის“) მინაწილეობისთვის მიიწვიეს რატი ერაძეც. პრობლემა ის იყო მხოლოდ, რომ მისი გმირი ჩინებული მხედარი უნდა ყოფილიყო, რატიმ კი ცხენზე ჯდომა არ იცოდა - მთელი ცხოვრება უნდოდა, მაგრამ არ იცოდა. ის და მისი მეგობარი, გიორგი გურგულია, ამ საქმის სასწავლებლად კინოსტუდიის საჯინიბოში მიავლინეს, სადაც მათი მწვრთნელი ბატონი ლაზარე უნდა ყოფილიყო - შესანიშნავი ცხენოსანი და, როგორც ჩანს, საუკეთესო მასწავლებელი.

ლაზარემ ასწავლა ცხენზე ჯდომა - და გადმოვარდნა, ამ საქმეს ცალკე ცოდნა სჭირდება. ლაზარემ ასწავლა, რომ აღვირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა ხელიდან, თორემ უცხენოდ დარჩები. ლაზარემ ასწავლა... მოკლედ, ყველაფერი ასწავლა, რაც ნამდვილმა ცხენოსანმა უნდა იცოდეს და რასაც დღეს რატი ერაძე სხვებს ასწავლის.

ამავე ბატონის აზრი იყო, რომ რატი და მისი მეგობარი სამეგრელოში უნდა წასულიყვნენ და იქ გაემართათ დიდი შოუ - მაყარი მოვიდა, მაყარი! სად მიდიოდნენ, ვისთან - ეს ახალბედა ცხენოსანს ნაკლებად აღელვებდა, მთავარი სხვა რამ იყო - ცხენი და „ფიშტო“!

მაყარი ქორწილში ისე შევიდა, როგორც წესი და რიგია - ფლოქვების თქარათქურით და დამბაჩის სროლით. ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა, მაყარმა თავი ისახელა და პატივსაცემი სტუმრები, სუფრის მოლოდინში, ნარდის სათამაშოდ დასხეს. მოვიდა ახალგაზრდა, მოხდენილი ქალი და თხილი და ორი არყის ჭიქა დადგა მაგიდაზე, ერთი - ნახევრია, მეორე - გაპიპინებული. რატი, ცხადია, ნაკლულ ჭიქას დაწვდა და გადაკრა. მასპინძელმა თავისი სასმისი დაცალა. გოგონამ დაუზარლად მოარბენინა შევსებული სასმისები და ნარდით გართულმა მოთამაშეებმა კვლავ დალიეს. ერთია, რატის სასმელი მოერია, მასპინძელს - არა. მერე გაირკვა, რომ სულ მარტივი მიზეზის გამო: სავსე ჭიქა წყლით იყო ხოლმე სავსე! ჩემი დასკვნა: დასავლეთ საქართველო ძალიან სახიფათო მხარეა. მაგრამ რატი აღტაცებით ჰყვება, როგორი ყურადღებიანი მასპინძლები ჰყავდათ: როცა მისმა მეწყვილემ შემწვარ გოჭს ცალი ყური მოაჭამა, ის ისე მოატრიალეს, რომ სტუმარს მეორე ყურზეც ძალდაუტანებლად მიუწვდებოდა პირი.

ეს ისე, ლირიკული გადახვევა იყო. მთავარი ისაა, რომ ცხენების მიმართ სიყვარული რატის არასოდეს განელებია, და ამის დასტური - თუ შედეგი, როგორც გენებოთ - ღვევის საჯინიბოა, სადაც ერთიმეორეზე დიდებული რაშები ფრუტუნებენ, ჭიხვინებენ და საერთოდ, დიდ ამბავში არიან. რატის თითოეული მათგანის შესახებ ათასი რამის მოყოლა შეუძლია: აი, ზინასი რომ ყველას ეშინია და ყველა რომ ცუდ ამბებს ყვება, სულაც არაა ასე; ძალიან კარგი ზნის ცხენია, უბრალოდ, როცა იღლება ხოლმე, ფეხები ეკეცება, მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა დაიწუნო? მიდი და გათვალე, როდის იღლება ხოლმე პატივსაცემი ზინა და როდის გადაწყვეტს, რომ ჩაკეცვის დროა...

რატი და ცხენები ბევრს მოგზაურობენ, წელიწადის დროისა და ამინდის განურჩევლად. მეგობრების გარდა, მისი თანამგზავრები სულ ნაირ-ნაირი ადამიანები არიან, ზოგი - ჯიუტი და ტვინის წამღები, ზოგი - არაჩვეულებრივად საინტერესო.

ამ უკანასკნელთა რიცხვს ერთი ბრიტანელი ქალბატონი მიეკუთვნება, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ოთხმოცი წლისა ბრძანდება და დღემდე ცხენზე ზის. მას ლამის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, საქართველოში კი ფერეიდნელი ქართველების რეკომენდაციით მოხვდა - როგორია? და ცხენოსნობის ჟინით შეპყრობილმა რატის მიაკითხა. საუკეთესო მხედარი ყოფილა, ოღონდ ერთხელ ცხენიდან გადმოვარდა და ყველას ეგონა, რომ დაიღუპნენ - ქალი ვერ ადგებოდა. მაგრამ ადგა რომელია, და გზაც განაგრძო.

ჰოდა, ვიფიქრე: სადაც ამხელა ქალი ასეთებს სჩადის, მეც აუცილებლად ვისწავლი ჯირითს, მერე აუცილებლად გავმდიდრდები, ცხენს ვიყიდი და რატი მეც წამიყვანს რამე კარგ მხარეში. გზად ამბებს მოყვება, ტყუილს და მართალს, და მერე მე თქვენ გიამბობთ. ხოლო თუ ნაამბობის ნაამბობი არ გინდათ, თავად ეწვიეთ ღვევში. კაცმა რომ თქვას, მეც შემთხვევით ვარ იქ მოხვედრილი და რომ ვიხსენებ, ვეღარ ვხვდები, ის კარგი დღეები ნამდვილად მქონდა თუ რატი ერაძემ გამოიგონა.

21 ვთქვათ ასე:ქიქოძეები

▲back to top


ისტორია

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, არჩილ ქიქოძე

0x01 graphic

ცხადია, ყველა ქიქოძეზე ვერასოდეს დავწერ. მე მხოლოდ იმ მამაკაცების შესახებ გიამბობთ, ვისზედაც, ალბათ, ისედაც იცით რამე - ან მათი წიგნები წაგიკითხავთ, ან მათი ნამუშევრები გინახავთ, ან მათი თავგადასავლების შესახებ გაგიგონიათ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ქიქოძეების ქალების წყენინება ან მათი უგულებელყოფა აზრადაც არ გამივლია. ისინი შესანიშნავი ქალები არიან, თუნდაც იმ ნიშნით, რომ სხვაგვარად ასეთი მამაკაცები ვერ ეყოლებოდათ - ასეთებს არ ეყვარებოდათ და ასეთებს ვერ გაზრდიდნენ. უბრალოდ, მე ქიქოძეების მამაკაცებს უკეთ ვიცნობ და თან, რა დასამალია და, მამაკაცები ისედაც უფრო მაინტერესებს.

0x01 graphic

0x01 graphic

უშანგი ქიქოძე

იცით, „იოსები და მისი ძმები“ ვერასოდეს წავიკითხე. არადა, მინდოდა. ოთხჯერ დავიწყე, დათვლილი მაქვს, და მესამასე გვერდს ვერაფრით გავცდი. ერთი ხეირი ისაა, რომ დასაწყისი ძალიან კარგად მახსოვს და ამ მასალის წერისას სწორედ ის წამომიტივტივდა: „წარსული ენით უთქმელი სიღრმის ჭაა. ხომ არ აჯობებს, უბრალოდ უძირო ვუწოდოთ?“ ... ამა თუ იმ ადამიანთა ერთობის, ეროვნების თუ ოჯახის ისტორიის დასაწყისი პირობითი ამოსავალი წერტილით განისაზღვრება...

იმ ჭაში ჩახედვა არ გამომივა და არცაა საჭირო, თორემ მე თომას მანს ვერ გავუძელი და თქვენ რას გახვიდოდით ჩემი ნაწერის ბოლოში. არადა, გულდასაწყვეტი იქნებოდა - ჩემი გმირები არიან... აფსუს, რად არ ვარ თომას მანი!

მაგრამ ცოტა მაინც მივბაძავ ბატონ მანს და ამოსავალ წერტილად გამოვიყენებ არა დროს, არამედ ადგილს: კარსანს.

ისე, ხომ შესანიშნავი პარალელი გამომივიდა, ჩემო მკითხველო? როგორია: თომას მანი - ანა კორძაია-სამადაშვილი, იოსები და მისი ძმები - ქიქოძეები!

კარსანში

„სოფელი კარსანი მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთით დაქანების ერთერთ ბოლო ნაწილზე, რომელიც მთავრდება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზაჰესის წყალსაცავთან. საავტომობილო გზის პირიდან სოფლამდე 5 კმ მანძილია. სოფელს ჩრდილოეთის მხრივ ბაგინეთის ქედი ესაზღვრება და ჩასდევს დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთისაკენ, მტკვრის პირამდე. ამ ქედის უმაღლეს მწვერვალზე, სულ ზემოთ, დგას წმინდა ნინოს საყდარი. დასავლეთით გოდორივით მოდგმული სადიღმო ქედის ტყიანი ზოლი გასდევს, სამხრეთით კი - სადავალებად წოდებული დაქანება სოფელ მუხათგვერდამდე. ამ ორ ქედს შორის ჩაედინება თვით კარსნის ხევი. ხეობას სათავეში ერთმანეთისგან 1,5 - 2 კილომეტრით დაშორებული წყალშემკრები ორი ხევი აქვს. ისინი ეშვებიან მახვილი კუთხით მტკვრისაკენ, ერთიანდებიან სოფლის ქვევით ერთ კილომეტრში, და ამ სამკუთხედს შორის ბუნებრივად შექმნილია ტყიანი, სახნავ-სათესიანი და სათიბებიანი, კონცხივით ტერიტორია, რომელზედაც განლაგებულია თვით სოფელი.“

კარსანს ასე ბატონი ქუჩუკი აღწერდა, ჩემს ნაცნობთაგან ყველაზე უფროსი ქიქოძე. ჩემეული აღწერილობა ბევრად უფრო მარტივია: გადაუხვევთ მცხეთის ტრასიდან და რამდენიმე წუთში სულ სხვა მხარეში მოხვდებით. იწყება სერპანტინი, მოკირწყლული გზა საბავშვო წიგნის ილუსტრაციასავით ლამაზ, ყვავილებიან გორებზე მიიკლაკნება. ასეთ ადგილებს „ახლოს, მაგრამ შორს“ ჰქვია, იმიტომ, რომ თბილისიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარე კარსანში დრო, ცოტა არ იყოს, გაჩერებულია და ისეთი ამბები ხდება, ხუთი კილომეტრით ქვემოთ რომ მხოლოდ ფილმებში ხედავენ ადამიანები.

0x01 graphic

ზურა ქიქოძე

სოფლის განაპირას, ზედ ტყესთან, ცხოვრობს უშანგი ქიქოძე. როგორც ჩანს, კარგად ცხოვრობს: აქვს დიდი სახლი, რომლის წინაც ცეცხლივით მწველი წიწაკის ჩითილებია ჩამწკრივებული, მოვლილი კარმიდამო, ვენახი, ბაღი, ბოსტანი. ადრე ძროხებიც ჰყოლია და თავადაც ამოჰყავდა ისეთი ყველი, როგორითაც გაგვიმასპინძლდა - ზრდილობის ამბავია, თორემ მუსრს გავავლებდი... სოფელში დენი არაა, უშანგის კი აქვს: მზის ბატარეა თორმეტვოლტიან ნათურას ამუშავებს. უშანგის ხშირად ჰყავს სტუმრები, რომლებიც ამბებს უყვებიან და მისას ისმენენ და მასთან ერთად წმინდა ნინოს სალოცავზეც ადიან ხოლმე - საყდრის გასაღები ჩვენს მასპინძელთან ინახება. მოკლედ, უშანგი ქიქოძე კარსანში ჩინებულად გრძნობს თავს და თბილისში დაბრუნება სულ არ უნდა. მოჰყვა, როგორი ლამაზი სანახავია ხოლმე გარიჟრაჟზე დედაქალაქის თავზე გაწოლილი სადაფისფერი გველეშაპი - გამონაბოლქვი, რომელიც ნელ-ნელა ზაჰესისკენ მიიზლაზნება. აქედან ლამაზი სანახავია, მაგრამ სხვა სიკეთეებისა რა გითხრათ... ამიტომ და კიდევ მრავალი მიზეზის გამო, კარსანში ჯობს ცხოვრება.

უშანგისთან ერთად აქ ცხოვრობს ძაღლი, რომელსაც დათვის ბეწვი და მგლის ცხვირპირი აქვს და მკერდს თეთრი ჯვარი უმშვენებს. თავიდან მას სამსონი ერქვა, მაგრამ მერე ერთ მღვდელს უთქვამს უშანგისთვის, რაღა ბიბლიური სახელი დაარქვიო, და სამსონი სამსუნგად გადაინათლა - რა მნიშვნელობა აქვს... შესაბამისად, მის მიერ საიდანღაც მოყვანილ სატრფოს ტოშიბა დაარქვეს. ერთია, ტოშიბას სოფელში საშიში კონკურენტი გამოუჩნდა - ნაგაზი. „ბეკი ჰქვია. უდედოდ გაიზარდა, საწყალი, ბეკუნის ვეძახით“, აგვიხსნა უშანგიმ. ბეკუნა, სატვირთო მანქანისხელა.

0x01 graphic

ზალიკო ქიქოძე

კაცმა რომ თქვას, სამსუნგს კარსანში არაფერი ესაქმებოდა. უბრალოდ, ერთ დღეს ეზოში აღმოჩნდა. საიდან მოვიდა - არავინ იცის. უშანგიმ უთხრა, წადიო. სამსუნგმა, არაო. უშანგიმ, მოუსვი აქედანო. სამსუნგმა, მე აქ მინდაო. უშანგიმ თოფი გადმოიღო და ისროლა. სამსუნგი სიცილით მოკვდა, შენ ვისი მომკვლელი ხარო - და დარჩა. ახლა ის კარსანში ცხოვრობს, ზამთარში ღობესთან მოსულ მელაკუდებს და ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მგლებს ურჩევს საქმეს და სტუმრად ასულ უცხოებს ერთობ გულგრილად ხვდება.

რომ დაამთქნარა, ისეთი კბილები გამოუჩნდა, იქვე მოგვიკლა ფამილარობის ყოველგვარი სურვილი.

- კაპუნაა, - განმარტა უშანგიმ. - კბილებს აკაპუნებს.

თურმე, ზოგი ძაღლი ვინმეს თუ ეჭიდება, კრიჭას არ ხსნის, სანამ ხორცს არ გამოგლეჯს, სამსუნგი კი წესიერად იქცევა - იკბინება. დიდი ნუგეშია.

ვისხედით მაგიდასთან, რომელიც ოდესღაც უშანგის დიდი ბაბუის, ალი გარდაფხაძის სახლის სახურავი ყოფილა. უზარმაზარი ფიქალი ქვემო სვანეთიდან ჩამოუტანიათ, მაგრამ შეცდომა მოუვიდათ - გზაში მინასავით კი არ ააყუდეს, ბრტყლად დადეს, და ამიტომ დიდი ბზარი გაუჩნდა.

- არა უშავს, - თქვა უშანგიმ, - ჩემმა ძმამ, ზურამ, კარგი მირჩია: ბზარში მიწა ჩაყარე და წიწმატი დათესე, სასმელს პირდაპირ მიაყოლებო.

გაიშალა სუფრა, რომლის მშვენებაც იქვე, ხიდან მოტეხილი ბლის ტოტები იყო. ტკბილი, ტკბილი ბალი, ოდნავ შელანძღული - ტუტუცი ჩხიკვი კორტნის, ახლაც მოურიდებლად ხმაურობდა ტოტებში, და უშანგილონგინოზ კარსნელის თუ კარსანში ჩასახლებილი პირველი გამოძევებული ებრაელების თავგადასავალს ისე ყვებოდა, როგორც მეზობლად მომხდარ ახალ ამბებს. მან გვიამბო, როგორი კაცი იყო ბაგრატ ქიქოძე, რომელიც კარსანშია დაკრძალული, და როგორ გამორიცხეს მისი პაპა, ნაროდნიკული სულისკვეთებით გამსჭვალული მიხეილი, სასულიერო სასწავლებლიდან - за пьянство, мордобой и разврат. მან მიამბო, როგორ გადაწყვიტა ბერლინში შესულმა მამამისმა, ქუჩუკმა (მე, თავხედი, პაპა ქუჩუკს ვეძახდი და უშანგიმ შემისწორა, ეგ მამაჩემიაო; შემრცხვა.), რომ პარიზში უნდა გამგზავრებულიყო და ბაბუამისის მკვლელი მოეკლა: მოახტა „ეიზენჰაუერის მანქანას“, ამერიულ ჯიპს, და - ბედად, ევროპა უკვე სექტორებად იყო დაყოფილი, - საფრანგეთამდე ვერ ჩააღწია. ასე გადარჩა მოსისხლის ტყვიას ემიგრირებული მენშევიკი...

- გვარს ნუ დაწერ, - მითხრა უშანგიმ, - სისხლის ამბავია, ხო იცი...

უშანგი ჰყვებოდა, როგორ დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ ერთ დღეს რესპუბლიკამ გაზეთი „პრავდა“ ვერ მიიღო - ამის მიზეზი ბურუსით მოცულია, უშანგი ერთს ამბობს, მისი ძმისწული არჩილი - სხვას. ის ჰყვებოდა, როგორ მუშაობდა მცხეთაში, არქეოლოგებთან, დარაჯად და ამბობდა, რომ მეცნიერია, დისერტაციას წერს: „დარაჯი და თანამედროვე არქეოლოგია“. მან ბევრი გვაცინა ბრიყვ ჟურნალისტზე, რომელმაც სინდი კროუფორდის შესახებ მისი ნაამბობი ცერად გაიგო და სტატია გამოაქვეყნა: „ეს კაცი ტყეში ცხოვრობს და სინდი კროუფორდს ელის“.

კარსანში სიმშვიდე იყო, ნერვებს არავინ მიშლიდა, ყველაფერი მომწონდა და ვიფიქრე: ავიღებ ახლა და სამსუნგივით მოვიქცევი - არ წავალ-მეთქი. ამ კაცმა ძაღლი არ გააგდო და რაღა მე დამთოფავს-მეთქი. მერე, თბილისში ჩამოსულმა, არჩილს ვუთხარი, ჰკითხე ერთი ბიძაშენს, მოჯამაგირე არ სჭირდება-მეთქი? არჩილმა მომიგო, ნეტა, რისი მაქნისი ხარო?

ვაგლახ, მართალია. მოჯამაგირედ აშკარად არ ვივარგებ და არც კაპუნა ვარ, სამსუნგივით.

მუუ! მარიონეტების თეატრიდან წამოსული ზურაბ ქიქოძე კი ერთი ხანი კარსანში ცხოვრობდა და ძროხებს უვლიდა. მშვენივრად უვლიდა. ისე, მძიმე საქმე ყოფილა. თავად განსაჯეთ: ხბოს მოგებას ესწრები, ლამის შვილივით ზრდი და მერე უნდა გაყიდო, იმისთვის, რომ ვიღაცამ დაკლას და შეჭამოს. ზურამ გაიხსენა, ერთხელ მაკე ძროხა, ნიშა მოგვპარეს, და საძებნელად გასული სისხლის გუბეს და მის დასისხლიანებულ ბაწარს გადავაწყდიო. გარდა ამისა, ძროხა, დიდი-დიდი, 400 ლარი ღირდა, და ზურამ ყველაფრის ძროხებით ანგარიში დაიწყო. ასე, ფეხსაცმელი ნახა, ფასი 999 ლარი იყო, ანუ ორძროხანახევარი...

როგორც მოგახსენეთ, ზურა უვლიდა ძროხებს, ამოჰყავდა შესანიშნავი ყველი - თავმდაბლად ბრძანა, თუ არ იპარავ და დამზადების წესებს იცავ, დიდი ოსტატობა არ უნდა, მაინც კარგი გამოგივაო, - და ცხოვრობდა ასე, სანამ კარსანს ერთი შვეიცარიელი კაცი, მარკუსი არ ეწვია.

მარკუსი ბიომეურნეობების იდეით იყო ანთებული და საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების მიზნით ჩამობრძანებულიყო. ერთი რამ ვერ გათვალა მხოლოდ: რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აქ არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ ბატონმა მარკუსმა პროექტისათვის გამოყოფილი თანხით შვეიცარიაში, სამაგალითო მეურნეობების დასათვალიერებლად, ქიქოძეები მიიწვია. წავიდა ზურა.

მანამდე ზურამ ინგლისურზე იარა, სპეციფიკური ლექსიკის ასათვისებლად: წველადობა, ცური... მერე კი გაემგზავრა შვეიცარიაში, და დღეს ამბობს, მივხვდი, საბჭოთა კავშირის დროს „რკინის ფარდა“ რისთვის იყოო საჭირო - ასეთი რამ საბრალო გლეხს არ უნდა ენახა - მოვლილი, მოწესრიგებული, დალაგებული ქვეყანა, მშვიდი და საიმედო. ზურა იქ ცხოვრობდა, სადაც ოდრი ჰეპბერნმა გაატარა თავისი ბოლო წლები და სადაც ის ამჟამად დაკრძალულია - მოკლედ, სრულ სიმშვიდეში.

ერთადერთი, რითაც ჩვენ „წინ“ ვყოფილვართ, თავად ძროხების ყოფაა. კარსნელი ძროხები ბედნიერად დარბოდნენ აღმა-დაღმა, მათი ცხოვრება ხანგრძლივი იყო და მხიარული. ასე, მეზობლის მარწყვა სულაც თვრამეტი წლისა ყოფილა, როცა პატრონმა გაყიდა და მერე სამი დღე გამოუფხიზლებლად სვა, ძროხამ შვილები გამიზარდა და ვიღაცის შესაჭმელად როგორ გავიმეტეო. შვეიცარიელი ძროხები კი დღე და მოსწრება შემოღობილ სივრცეში იდგნენ და სევდიანად ელოდნენ, როდის დადგებოდა მათთვის საბედისწერო დღე, როცა ბევრს ვეღარ მოიწველიდნენ და მათ სასაკლაოზე უკრავდნენ თავს. და ამის შემყურე ზურამ მოიგონა „მუუ...“, ამბავი, რომელიც, ვფიქრობ, ყველას გახსოვთ. მხოლოდ დასასრული მოიგონა, თბილისში ჩამოსულმა კი გაგა ნახუცრიშვილთან ერთად პიესად აქცია ყოველი ძროხის ოცნების ამბავი.

„დღეს ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ნამდვილი ამბავი. ვისაც დღეს აქ გაიცნობთ, ჩემი ძველი მეგობრები არიან. ისე, რაც მაგათ გაჭირვება გამოიარეს, რომ იცოდეთ, რამდენი რამის გაკეთება უნდოდათ. ეეჰ, ჩვენთან ვინ რას გაგაკეთებინებს, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. და თუ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დააკვირდებით და ერთ პატარა მწვანედ მოციმციმე მნათობსაც შეამჩნევთ, მიხვდებით, რომ ეს ამბავი ზღაპარი არ არის; ეს ყველაფრი ზამთარში დაიწყო, ერთ სუსხიან ღამეს...“

ხომ გახსოვთ? ბოლოს ყველანი გახარებული მივჩერებოდით სცენას, სადაც მთხრობელი ნახცოს, მეგობრის ლექსს კითხულობდა: „როცა დატოვებ მიწას და დაღლას,/როცა ღრუბლებში მიდიხარ მაღლა,/როდესაც გესმის მთისა და ბარის,/როდესაც იცი ვის უხმობს ზარი.“ ისმის მუსიკა, მთხრობელი იხურავს ქუდს და გადის. მოჩანს ვარსკვლავები, ინთება მწვანე პლანეტა, რომლისკენაც ერთ მწკრივად მიფრინავენ ძროხები. მუუ...

რას იფიქრებდა შვეიცარიელი ბატონი მარკუსი, რომ ბიომეურნეობის ნაცვლად სამშობლოში დაბრუნებული ზურა ქიქოძე პიესას დაწერდა, მისი მეგობრები „მეთოჯინეთა კლუბს“ დააარსებდნენ და ბატონ მარკუსს სულ რაღაც შვიდ თვეში დაპატიჟებდა რუსთაველზე, სარდაფის თეატრში, თავისუფალ სცენაზე, შესანიშნავი სპექტაკლის პრემიერაზე!

მომდევნო სპექტაკლის იდეაც კარსანში გაჩნდა. ამჯერად გმირი იყო არა ძროხა, არამედ, დიდი, ლამაზი, გაბღენძილი და ძალიან მარტოხელა ინდაური, ერთადერთი მამალი ინდაური მთელს სოფელში, რომელსაც არცერთი დედალი ნაცნობიც კი არ ჰყავდა. ინდაური იპრანჭებოდა, კუდს შლიდა, საოცარ ხმებს გამოსცემდა და ყველას უტევდა - ცხადია, ამაოდ.

პარალელურად ტელევიზიით ჟურნალისტები საოცარ ამბებს საოცრად ჰყვებოდნენ: „წამართვეს კამერა“, ჩიოდა ახალგაზრდა ქალი, „და ჩემზე ზეწოლა განახორციელეს“.

ზეწოლა! როგორ უნდოდა ინდაურს, ვინმეზე ზეწოლა განეხორციელებინა! და ზურამ გადაწყვიტა, რომ ზეწოლის ობიექტები ძალიან ცუდი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ისინი, ვისაც მისი და გაგას ახალ პიესაში, სულ მარტივად, ოფისქალაქელი ტრაკები ჰქვიათ. „ენა ჩაიგდე, შე უსირცხვილო, ვინ გასწავლა ეგ სიტყვები!“ უწყრება პიესის გმირი შვილიშვილს, მაგრამ ასე ჰქვიათ და რა ვქნათ? ამ საქმეს კარსნელი ინდაურის შორეული ნათესავი თუ უშველის, „მპეპლავი, იშვიათი ეროტიული ფრინველი, სირ...

0x01 graphic

სირ-კაჭ-კა-ჭი.

ო, მაი გაად!“

კიდევ კარგი, ეს ყველაფერი ერთი ბებერი არწივის სიზმარია მხოლოდ, ნაგავსაყრელზე ნანახი...

ჩემი ბატონი ზალიკო

ზალიკო ქიქოძე იყო არქეოლოგი, მთამსვლელი და მაშველი. სულ მგონია, რომ ყველა ისედაც იცნობდა და ამიტომ მისი ხელახლა გაცნობა არცაა საჭირო, მაგრამ რა ვიცი...

ერთ დღეს მე და მამა დიღომში წავედით და ორი ჩიტი ვიყიდეთ. მე „ჩიჟიკებად“ ვიცნობ, ქართულად რა ჰქვიათ, არ ვიცი. პატარა ჩიტია, ბეღურას ჰგავს, ოღონდ ბიჭი ძალიან ჭრელია. შესაბრალისი ფასი ჰქონდათ - ლარი. ორ ლარად ორი სიცოცხლე.

მოკლედ, ვიყიდეთ ჩიჟიკები და ჩავსვით დიდ გალიაში, სადაც მანამდე თერთმეტი წელი ადმირალი ნელსონი ცხოვრობდა, თუთიყუში. ჩიჟიკებს ახალი ბინა ძალიან მოეწონათ - იმხელა იყო, რომ შიგ ცოტა ფრენაც კი შეეძლოთ. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ერთმანეთი მოსწონდათ, სულ ერთმანეთის ალერსში იყვნენ, ჟღურტულებდნენ, დიდი ამბავი ჰქონდათ ატეხილი. სიყვარულის ახსნა ალიონზე იწყებოდა, რაც ნაკლებად სასიამოვნო იყო - ძალიან ხმაურიანად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს.

ეს ამბავი ბატონ ზალიკოს ვუამბე, TMS გალერეაში, სადაც იმ დროს ფოტოგამოფენა გაიხსნა - ბატონ ქუჩუკის, ბატონ ზალიკოს და არჩილ ქიქოძის ნამუშევრები. ბატონ ზალიკოს ვკითხე, როგორ ფიქრობთ, ბუდე უნდა ვუყიდო-მეთქი? ბატონმა ზალიკომ, არაო. დაკრიფე ბალახი და გალიაში დაუყარე, თვითონ ააშენებენ, გასართობიც ექნებათ და მათთვის მოსაწონი სახლიცო.

იმავე დღეს მივხედე საქმეს და საღამოს გალიაში ბალახის ხალიჩა გაიფინა, ყვავილებიანი, ძალიან ლამაზი. ჩიჟიკები აღფრთოვანდნენ, ბალახში ხტოდნენ, ფრთებს შლიდნენ... დილით კი ჩემი ორი ჩიჟიკი ბალახზე უსულოდ იწვა. დაიხოცნენ. უჰ.

ბატონი ზალიკო ძალიან შეწუხდა. მკითხა, ბალახი საიდან მოიტანეო. მე, ჭკვიანმა, მივუგე, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან დავკრიფე. გამონაბოლქვით გაჟღენთილი, შხამიანი ბალახი. თურმე ჩემი ხელით მოვკალი ჩემი ლამაზი ჩიტები.

დღეს საშინლად ვნანობ, რომ ბატონ ზალიკოს ვუსაყვედურესავით, რატომ არ გამაფრთხილეთ-მეთქი. მე სულელურად მოვიქეცი და ვისი რა ბრალი იყო... თან ბევრი ვერაფერი მოსაყოლი ამბავია, უბრალოდ, ზალიკო ქიქოძის შესახებ მთელი წიგნი არსებობს, „ზალიკოს საქართველო“, სხვისი ნაწერის გადაწერა რაღაა, მე კი ახალი აღარაფერი მეთქმის. თან მეც „ჩემი“ ბატონი ზალიკოს გახსენება მინდოდა.

არჩილმა მითხრა: „ამ ბოლო დროს სულ ვფიქრობ: მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე არც არქეოლოგიაში და არც ალპინიზმში არ გაახარეს - და ამ ორ საქმეში მართლა ყველაზე მაგარი იყო, - მაინც მგონია და რამდენჯერმე ვთქვი კიდეც, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი, იმიტომ, რომ მაინც ისე ცხოვრობდა, როგორც უნდოდა, და ძალიან ლაღი იყო ბოლომდე“.

არჩილი

„ბუჩქებიდან სულ ბრდღვიალ-ბრდღვიალით ამოდის მამალი ხოხობი და ის-ის იყო ნაბიჯზე გადასული გაქაფული ცხენი ფრუტუნით ხტება განზე. მხედარიც თითქოსდა ამასღა ელოდა, მუცელში ქუსლებს ამოკრავს, დაბირკულ-დაძურწულ, ნამისგან მუხლებამდე სველ ფეხებს მაგრად მოუჭერს და წინ გააჭენებს, იქით საცა თუშების ბინები ეგულება. თუშების თოვლივით თეთრი ქოფაკები ცხენს ეტანებიან ყეფით, ბინიდან გამოსული წელშიმოხრილი სარქალი თვალებს იჩრდილავს, მერე ეტყობა მხედარს სცნობს და მუშტს უღერებს - უკვე იცის, რაც უნდა გაიგონოს.

- აჰაიტ თუშებო! ცოლები ვის დაუტოვეთ, თუშებო! - გაჰკივის მხედარი და საბათლოსკენ მიჰქრის. ვეღარ გაიგებ - ქარისგან აცრემლებია თვალები, თუ უკვე თვითონ გამხდარა ქარი?“

მხედარი არჩილ ქიქოძე არაა, თუმცა, მგონი, თამამად შეიძლება ყოფილიყო. ეს მირიანაა ტარიელას ოცნებიდან, მოთხრობიდან „მურტალი ქართველები“. თუ არ წაგიკითხავთ, „ცხელი შოკოლადი“ გირჩევთ: შეიძინეთ არჩილ ქიქოძის ახალი კრებული „მყუდრო“, რომლის პრეზენტაციაც წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.

ეს მისი ავტორისთვის პირველი პრეზენტაცია იყო. პირველი სამი კრებული, „ბიჭები“, „ირემი და ლიმონათი“ და „სოფელ-ქვეყანა“, თითქოს ჩუმად გამოსცა - როგორც ჩანს, საჯაროობის დიდი ტრფიალი არაა. ვერც იმას ვიტყვით, თავისი მოთხრობების შესახებ ბევრის მთქმელიაო. სულ ერთი წინადადებით შემოიფარგლა, რომ ყველაზე კარგად თავს წერის დროს გრძნობს. პირდაპირ კომპიუტერში აკრეფა სულ ცოტა ხნის წინათ დაიწყო, მანამდე ხელით წერდა, და როცა მოგზაურობს, დღესაც აკეთებს ხოლმე ჩანაწერებს.

არჩილი ბევრს მოგზაურობს და საქართველოს იშვიათად თუ იცნობს ვინმე მასზე უკეთესად. ის არც მონადირეა და არც ალპინისტი, თუმცა სანადიროდაც დადიოდა და მრავალ მწვერვალზეც ასულა. მისი თქმით, ყოველთვის ის ვითარება მოსწონდა, რაც ასეთ დროს ტყეში თუ მთაშია ხოლმე, და არა ცხოველის თუ ფრინველის დევნა ან მთის „დაპყრობა“. ცხოველის დევნა სხვა საქმისთვის სჯობს: მის გადასაღებად. აი, მელა - დაჩხაკუნების ძალიან შეეშინდა, მკლავენო, მაგრამ გადარჩა და ერთობ ფოტოგენურიც ბრძანდება.

ცხადია, არჩილი მხოლოდ ცხოველებს და ფრინველებს არ იღებს. მისი ფოტონამუშევრების მთავარი გმირები ადამიანები არიან, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები, სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობის თუ კულტურის მქონე საქართველოს მოქალაქეები - მინდვრის ყვავილებით მორთული მშვენიერი ხევსური ქალი თუ მოჯირითე ოსი ბიჭები, მოცეკვავე ქისტი გოგო-ბიჭები - და, ცხადია, ლანდშაფტები, ის მხარეები, რომლებსაც მრავალი ქართველიც არ იცნობს.

არჩილის „წასვლის“ წაკითხვის შემდეგ ხევსურეთის მცოდნე ხალხმა ერთხმად აღნიშნა, რომ ავტორს ენის თვალსაზრისით ერთი მარცხიც არ მოსვლია - ხევსურია? არა, უბრალოდ, დიდხანს ცხოვრობდა ხონიჭალაში. ამ ამბავსაც თავად შეესწრო - წასვლას. მიამბო, კამერა რომ მქონოდა, გადავიღებდი, მაგრამ არ მქონდა და მოთხრობა იმიტომ დავწერეო - და ძალიანაც კარგი. მე თუ მკითხავთ, ეს არჩილ ქიქოძის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, და ძალიან გამიკვირდა, რომ ის ზოგმა მკითხველმა ცუდად დამთავრებულ ამბად ჩათვალა - წავიდა ხალხი, ხომ არ მომკვდარა? საერთოდ, არჩილის პროზის ძირითადი დამახასიათებელი თვისება სწორედ ოპტიმიზმია - თავისი გმირები უყვარს, უთანაგრძნობს და მხოლოდ სიკეთეს უსურვებს. როგორც საუბარში გაირკვა, გამოგონილი პერსონაჟები ნაკლებად ჰყავს, ყველა ამბავს ან თავად შესწრებია, ან უამბეს, მაგრამ ვინ არიან რეალური პროტოტიპები - ვისი რა საქმეა, ბოლოს და ბოლოს... მთავარია, რომ არჩილის მოთხრობების მკითხველი მისი გმირის მსგავსად ნატრობს: „ნეტა ერთხელაც შამავლებინა თვალი ვარალამოს და დაქუეხისთვის, ერთხელ, ბოლოჯერ მიცუსთვის და ჩვენ მამა-პაპის საფლავებისთვის შემახედა-მეთქი...“ დარდი მომერია. მართლაც, არც ისე მხიარულად ყოფილა საქმე.

„არქეოლოგის“ წაკითხვის შემდეგ მეგობარმა მწერალმა არჩილს ურჩია, პოლიტიკა მოაშორე, თვითონ ამბავი ისეთია, დრო ვერაფერს დაკლებს, ეგ კი წარმავალია და რაც ახლა ხდება, მალე არააქტუალური იქნებაო. მაგრამ აბა, როგორ უნდა გაიგოს ორმოცდაათი წლის მერე მკითხველმა, რა ტრიალებდა საქართველოში, როცა მამამ თავისი საამაყო ქალიშვილი ქალაქში ჩაიყვანა, რა არეულდარეულ დროში ჰქონდა წყვილს თაფლობის თვე?

ტუტუცი ჟურნალისტის ფუჭი ინტერესი: შენი მეუღლე როგორ გაიცანი? პასუხი უმოკლესი იყო: ზღვაზე. ბრძანა, ზღვა დიდად არ მიყვარს და ცურვა დიდად არ ვიციო. იქვე ბიძამისსაც გადაწვდა და მომახსენა, ზურამ სულ არ იცის ცურვა, ერთხელ შევიდა სიღრმეში გასაბერი ლეიბით და სანამ ვიღაც ქალებმა არ გამოიყვანეს, იქ ტივტივებდაო...

მოკლედ, მხოლოდ ერთხელ წავიდა არჩილი ზღვაზე დასასვენებლად, იქ რუსუდანი გაიცნო, შეუყვარდა და ცოლად ითხოვა. აი, ასე - მოკლედ.

ვრცლად და ხატოვნად სულ სხვა ამბებს ჰყვება, მაგალითად, თუ როგორ მოდიოდა გზაზე მანქანით და ჩირგვებში შველი დაინახა, წელიწადის ამ დროს წითელი, ლამაზზე ლამაზი. მაგრამ ბრიყვმა უცხოელმა ტურისტმა მანქანიდან ისკუპა, შველი დაფრთხა და გაიქცა და არჩილმა მისი გადაღება ვერ მოასწრო, და ძალიან წყდება გული - ვინ იცის, ასე ახლოს შველს როდის გადაეყრება.

სხვებს კი მრავლად შეხვედრია... ისე, მე რად გიყვებით, ჯობს, ეს თავად არჩილმა გააკეთოს.

მე კი რა ვქნა, არ ვარ თომას მანი... ვშიშობ, არც იმ დროს ვიქნები, როცა უმცროსი ზალიკო ქიქოძე დიდი კაცი გახდება და - ციტატა - „სულ სხვა რამეებს გააკეთებს“: მართალია, მთაშიც დადის, კარსანიც ძალიან უყვარს და ისიც მოსწონს, მამამისი რასაც აკეთებს, მაგრამ მაინც სხვა გეგმები აქვს - მათხოვრებს დავეხმარები, უფასოდ სახლებს ავუშენებ და მხატვარი ვიქნებიო.

ცხადია, „იოსებსა და მის ძმებს“ ვერც იმ დროს დავწერ, მაგრამ ზალიკო ქიქოძის წარმატებების ამბავს თხუთმეტი წლის შემდეგ მაინც მოგიყვებით.

22 ზაფხულის წელი

▲back to top


ფოტო-პროექტი

ავტორი: დავით მესხი

0x01 graphic

სანამ ფოტოგრაფიის სპეციალობით დიპლომს დავიცავდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე ჰიდროეკოლოგიას ვსწავლობდი. სამაგისტრო თემას „ანთროპოგენური ზეგავლენა საქართველოს წყალსატევებში“ ერქვა. სტუდენტობის პერიოდში უამრავი პრაქტიკის ხარჯზე, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტბა, მდინარე და წყალსაცავი შევისწავლე. აღმოჩნდა, რომ თუ წყალს ბუნებრივად რამდენიმე მილიონი წელი სჭირდება საციცოცხლო ფუნქციების დაკარგვამდე, ადამიანის ზეგავლენამ მისი არსებობა რამდენიმე ათეულ წელში შეუძლია გაანადგუროს.

ახლა უკვე, როდესაც ამ ფოტოპროექტს ვაკეთებდი, ჩემი სამაგისტრო თემა შემოვატრიალე და გამოვიკვლიე წყლის ზეგავლენა ადამიანზე. შედეგიც პირიქით მივიღე: ადამიანი ანადგურებს, წყალი სიცოცხლეს აძლევს.

ამ ფოტოებს ეკოლოგიის გამძაფრებული გრძნობით მათ ვუძღვნი, ვისაც ცხოვრებისთვის სიცოცხლის ძალა არ გამოუცლია.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

23 პარიზული ჩანაწერები 5

▲back to top


პარიზული ჩანაწერები

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

თუ შენ განსხვავდები ჩემგან, ძმაო ჩემო, ეს მე კი არ მაკნინებს, არამედ მამდიდრებს - ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ეს მშვენიერი სიტყვები, რომლითაც იწყება ფოტოგამოფენა ქუჩაში, იუნესკოს შესასვლელთან, ქვის დიდ კედელზე, სრულად გამოხატავს ამ ორგანიზაციის სულს.

მიმდინარეობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეა. დღის წესრიგშია ამ კონვენციის ცხოვრებაში იმპლემენტაციის საკითხი. მაგრამ რამდენი სულიერებაა ჩაქსოვილი ამ მშრალი ტერმინოლოგიის მიღმა!

შედიხარ დარბაზში. ასამბლეის მონაწილეები, განსხვავებულნი კანის ფერით, თვალების ჭრილით, სახის მოყვანილობით, ტანისამოსით. აფრიკული სიჭრელე, ევროპული შედარებითი ერთფეროვნება, სილამაზით თვალისმომჭრელი ინდური სარი... ადამიანები - მომღიმარი, დაფიქრებული, აღელვებული, მაგრამ ყოველთვის კეთილგანწყობილი ერთმანეთის მიმართ. საყოველთაო სურვილი - ერთად გააკეთონ რაღაც, ყველასთვის სასარგებლო. აქ არ გშორდება განცდა, რომ ეს პლანეტა - ერთი დიდი სოფელია, დასახლებული ძალიან განსხვავებული პერსონაჟებით, რომელთაც, ამავე დროს, ყველაფერი საერთო აქვთ, საერთო ტკივილები და საერთო სურვილები. და, რაც მთავარია, საერთო ბედისწერა. ეს ბედისწერა შეიძლება საბედისწეროც იყოს, თუ ამ პლანეტის მცხოვრებნი - ერთად - ვერ მოერევიან სიღატაკისა და შიმშილობის, ტერორიზმისა და კამიკაძეთა თავგანწირვის, საყოველთაო დათბობის შემაშფოთებელ ტენდენციებს. და მე მინდა ვუთხრა ამ საერთო სოფლის ყოველ მკვიდრს: შენ რომ განსხვავდები ჩემგან, ძმაო ჩემო, ეს მე მხოლოდ მამდიდრებს და მაძლიერებს! ასეთია დღევანდელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების კრედო. და ჩვენი? მაინც, რამხელა გზა აქვს გასავლელი ჩვენს საზოგადოებას იმისათვის, რომ დაძლიოს თავისი, ალბათ, საბჭოთა დროიდან გამოყოლილი კარჩაკეტილობა, მიუღებლობა ყველაფრისა, რაც განსხვავებულია, ქედმაღლური დამოკიდებულება რასიული, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური განსხვავებულობის მიმართ. სანამ ფრანგების საფეხბურთო გუნდი არ გვეყვარება იმიტომ, რომ იქ ბევრი „არა წმინდა“ ფრანგი თამაშობს (მაშინ, როდესაც გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების უსაყვარლეს ადამიანთა შორის პირველი - მეტისი იანიკ ნოაა და მეორე - წარმოშობით ალჟირელი ზიზუ, ანუ ზინედინ ზიდანი), სანამ ჩავთვლით, რომ რელიგიების კავშირი, ანუ ეკუმენიზმი ჩვენთვის მიუღებელი მიმართულებაა, რადგანაც მხოლოდ ჩვენი რწმენაა ჭეშმარიტი, სანამ ვიფიქრებთ, რომ ისტორიულადაც და დღესაც ყველას წინაშე მართალნი და უცოდველნი ვართ, სანამ ჰომოფობიას „ნორმალური“ ადამიანის ბუნებრივ თვისებად მივიჩნევთ, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად დემოკრატიული და თანამედროვე ვერ გახდება.

ამაზე ვფიქრობდი, როცა გენერალური ასამბლეის ახლა უკვე ყოფილი დირექტორის, წარსულში ალჟირის საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრის - პროფესორ ბედჟაუის - ემოციებით და გონიერებით სავსე სიტყვას ვუსმენდი.

„მოვუაროთ ყველაზე სუსტს, შევათანხმოთ სვლა და შეჩერება, წინსვლა და დასვენება, მოძრავი და გაყუჩებული, რაც ხარ და რაც უნდა გახდე, - არამატერიალური მემკვიდრეობის ამ შინაგან წინააღმდეგობაზეა დამყარებული ჩვენი ქმედება“, - გვეუბნებოდა ტრიბუნიდან ეს ასაკით მოხუცი - 80 წლისა - მაგრამ ახალგაზრდულად შთაგონებული კაცი (თუ შთაგონების უნარი ასაკს კი არ გამოხატავს, არამედ პიროვნებას?).

0x01 graphic

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

0x01 graphic

ვლადიმირ პუტინი და დიმიტრი მედვედევი

„2001 წლიდან იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა ასამდე შედევრი (მათ შორის, ჩვენდა საამაყოდ, ქართული მრავალხმიანობა. - ლ. ღ.). აფრიკიდან, აზიიდან, წყნარი ოკეანიდან, ამერიკიდან, ევროპიდან გვეწვივნენ საოცარი ფასეულობანი და გაამდიდრეს ეს სახლი, ეს უნიკალური ადგილი, სადაც ასე მიმზიდველია ვიცხოვროთ, როგორც ძმებმა, მთელი ჩვენი სხვადასხვაობით. ეს შედევრები ჩვენი დანაწევრებული სამყაროს დიდი სარკეა. თუ ვერ ვხვდებით, საით მივდივართ, ის მაინც ვიცოდეთ, საიდან მოვედით. თუ უნდა ავღელდეთ, ეს იმ წუთში, როცა გავაცნობიერებთ ეფემერულის დაანგარიშების სარგებელს, მუდმივობას მთელი ამ სიკეთეებისა, რომლებსაც ვფლობთ და რომლებიც კიდევ უფრო გვფლობენ ჩვენ, ამ სამყაროს თავის უსასრულობაში, სადაც ყველაფერი, რაც ცოცხლობდა, თრთის და ცოცხლობს დღესაც. ეს დენადობა არამატერიალურისა, რომელიც აქვავებს, ინახავს და ქმნის ხელშესახებ კვალს, ემორჩილება ერთადერთ კრიტერიუმს - აბსოლუტური მრავალფეროვნების კრიტერიუმს.

... ეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - ჩვენი პლანეტის ერებისა და ხალხების შერიგების და სოლიდარობის სიმბოლოა. მისი თავისებურება და მისი სიმდიდრე განპირობებულია იმით, რომ მან შეინარჩუნა სიცოცხლე ტრადიციებისა და ჩვეულებების წიაღში. წარსული, დღევანდელობა და მომავალი ხელიხელჩაკიდებული მოდიან, ვინაიდან ყველა ხალხი და ყველა საზოგადოება თავისი თვითმყოფობადობის ერთგულია. ყველგან და ყოველთვის ადამიანი უფრთხილდება ამ მემკვიდრეობას, რომელშიც ის ეძებს და პოულობს საკუთარ თავს. მან იცის, ინტუიციურად, რომ ეფემერული ყოველთვის არ არის წარმავალი.

ვიფიქროთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ წარმოსახვა, რომელიც წარმოადგენს არამატერიალურის უდიდეს ნაწილს, ვინაიდან ის უკვდავია. „ხალხი, რომელსაც არა აქვს ლეგენდები, საბოლოოდ, უსათუოდ კვდება სიცივით“, - ამბობს კრეოლური ანდაზა“.

თავისი გამოსვლა ბედჟაუიმ დროზე საუბრით დაამთავრა, და რაკი ამჟამად დრო ჩემი მთავარი საფიქრალია, მინდა, მთლიანად მოვიყვანო მისი სიტყვები: „მე კარგად ვიცი, რომ ჩვენი საუნჯე, ცოცხალი ადამიანური საუნჯე, მოკვდავია. მაგრამ ისიც ვიცი, ისევე, როგორც თქვენ ყველამ, რომ ის არ უნდა მოკვდეს. და რაკი არავის არ შეუძლია დროის დამარცხება, უფრო გონიერი იქნება მასთან თანამშრომლობა. ჰერაკლიტე დროს ბავშვს ადარებდა. და მართლაც, ერთიც და მეორეც, დროც და ბავშვიც, არიან ახირებულები და ბუტიები, ხანდახან ბოროტნი და ყოველთვის - განუჭვრეტელნი. მაშ, დავარწიოთ დრო, როგორც ვარწევთ ბავშვს, რომ ის დამშვიდდეს და დაწყნარდეს. იგრძნოს - ჩვენ ვზრუნავთ მასზე, რადგანაც არ გვინდა, რომ მან ტყუილუბრალოდ ჩაგვიაროს. მან უნდა იცოდეს, რომ როცა ვათავსებთ ჩვენს ობიექტებს მისი ტირანული ძალმომრეობის მიღმა, ჩვენ წარმოვადგენთ თვითონ მას - დროს, მოგონებასა და დავიწყებას შორის. წარბი, რომელიც ასრულებს მზერას, მოცეკვავე, რომელიც ტოვებს თავისი შიშველი ფეხის კვალს, და, აი, ჩვენს გიჟურ ვნებასაც ეძლევა აზრი. მოვიშინაუროთ დრო. გავაუქმოთ ჩვენი მოკვდავობის პირობა“.

აი, ასეთ ფილოსოფიურ-პოეტურ ნოტზე დაიწყო იუნესკოს გენერალური ასამბლეა, რომელმაც უამრავი საფიქრალი გამიჩინა. არა მხოლოდ ეგზისტენციალური რეფლექსიები, არამედ კონკრეტული პროექტების განხორციელების სურვილები. კიდევ რომელი ობიექტი, გარდა მრავალხმიანობისა, შეიძლება „წავართვათ დროის ტირანულ ძალმომრეობას“ და ჩავაყენოთ მსოფლიო შედევრების ნუსხაში? პირველი, რაზედაც ვიფიქრე, ჩვენი ფოლკლორია, მაგალითად, საოცარი ხევსურული ხალხური პოეზია. ასევე ჩვენი ცეკვები, თავისი თვითმყოფადობით და განუმეორებლობით. ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდი არამატერიალური მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორს - ბ. რიკს სმიტს. ჩემდა გასაკვირად, მან ჯერ ქართულად მომმართა, ხოლო როცა ხევსურული ფოლკლორი ვახსენე, მითხრა: ხო, რა თქმა უნდა, ვიცი, ხევსურული და ფშავური პოეზია... ბოლოს, ჩემი გაოცებით გახალისებულმა, გამიმხილა „საიდუმლო“: თურმე 1973 წელს ის შვიდი თვის მანძილზე სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში, ცხოვრობდა სტუდქალაქში, მოვლილი აქვს მთელი საქართველო, აღფრთოვანებულია თბილისით და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნით! წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იყო ჩემთვის ასეთ პიროვნებასთან საუბარი. ჩემს წინადადებებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, მისი აზრით, კომიტეტი ნამდვილად დაინტერესდება ამ პროექტებით. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში, პროფესიონალებმა უნდა შეადგინონ სერიოზული და დასაბუთებული დოსიეები. დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო შედევრების ნუსხაში კიდევ რამდენიმე ქართული დასახელება შევა. ამას კი რეალური, ანუ ფინანსური მხარდაჭერაც მოჰყვება.

გვაქვს კიდევ ერთი პროექტი - იუნესკოს ხელშეწყობით, ბალტიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხატვრების ერთობლივი მუშაობა და მერე მათი ნამუშევრების გამოფენა პარიზში. ამ პროექტით ძალიან არის დაინტერესებული ლატვიის ელჩი. იუნესკომ უკვე გამოყო გარკვეული თანხა, არის მოლოდინი დაფინანსებისა ევროკავშირიდან, სექტემბრიდან დაიწყება მონაწილე ქვეყნების ელჩებთან შეხვედრები. შეიძლება, რაღაც საინტერესო გამოვიდეს ჩვენთვის...

მოგვიანებით გავიგე, რომ ბედჟაუი, რომელმაც ის არაორდინარული სიტყვა წარმოთქვა, ოფიციალური კანდიდატია იუნესკოს გენერალური დირექტორის პოსტზე და ის გამოსვლაც, თურმე, ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა!

ცნობილი ჟურნალისტის ბერნარ გეტას წერილი „ლიბერასიონში“ (11 ივლისი):

აანალიზებს რა რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას, ჟურნალისტი ამბობს, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. „ადრე თუ გვიან, დადგება დღე, როცა ისინი (ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი - ლ.ღ.) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კოდირებული მინიშნებებით თავის გამოსვლებში მედვედევი გვაცნობს თავს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული სახელმწიფოს მომხრეს, - ეს პოსტსოვიეტივიზმის მესამე პერიოდი იქნება. კომუნიზმის დანგრევის მერე რუსეთში დადგა ველური პრივატიზაციის, სახელმწიფოს რღვევის და ამერიკული პოლიტიკის უპირობო მიდევნების პერიოდი. ელცინის ხანაში რუსებმა იგემეს ანარქიის თავისუფლება და მასთან გადაჯაჭვული, ძლიერის უფლების გაბატონება. მათ ისე იწვალეს, გამოიარეს ისეთი დამცირება და გაუჩნდათ ისეთი ნოსტალგია, რომ მასიურად მოუნდათ ძლიერი ხელისუფლება, იმ რუსეთის დაბრუნება, რომელსაც პირდებოდა პუტინი, და მან არ გააწბილა მოლოდინი. ყოფილმა ჯაშუშმა ჩაახრჩო სისხლში ჩეჩნების ამბოხი, მწყობრში ჩააყენა ტელევიზია, მოსპო ყოველგვარი ოპოზიცია, დაამყარა სახელმწიფოს კონტროლი რუსეთის მთავარ სიმდიდრეზე - რესურსებზე. ქვეყანაში დამკვიდრდა ავტორიტარიზმი, მაგრამ, ამავე დროს, ნავთობის ფასის აღმასვლის გამო, დადგა კეთილდღეობა და აღდგა ძლიერება. რვა წელიწადში რუსეთი შეიცვალა და ახლა მედვედევი სთავაზობს მას, დააფუძნოს თავისი მომავალი დასავლეთთან კავშირზე და დიახ, დიახ, დემოკრატიაზე.

ეს ჰორიზონტი იმდენად დაუჯერებელი ჩანს, რომ სრულიად ბუნებრივია სკეპტიციზმი. მაგრამ დავუგდოთ ყური, რას ეუბნება ის გერმანიის ელიტას: „ჩვენ ვაღიარებთ უფლებათა სახელმწიფოს და საერთაშორისო კანონების პატივისცემას, პირველ რიგში, ძლიერთა მიერ. რუსეთი არის დასავლეთის ნაწილი და მას უნდა გაამყაროს დასავლეთის ერთიანობა მაშინ, როცა ყველა და ყვეფანლაფერი გარშემო იბრძვის, რომ მოსპოს ამ სამყაროს უპირატესობა“.

ეს სიტყვებია? რა თქმა უნდა, თუ არ გავითვალისწინებთ სიტყვების მნიშვნელობას პოლიტიკაში და კიდევ იმას, რომ რუსეთს ამოძრავებს ჩინეთის და არაბეთ-მუსულმანური სამყაროს შიში. „როგორც ჯონ ლე კარე ამბობს, რუსეთი გამოვიდა სიცივიდან. მიატოვა რა საბჭოთა სისტემა და მისი აღდგენის ყველანაირი სურვილი, ის ხედავს თავის მომავალს განახლებაში. ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის მაღალი დონე ახალ ჰორიზონტებს გვიხსნის, მაგრამ ჩვენ არ მივისწრაფით მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ. ჩვენ გვინდა, ამავე დროს, შევცვალოთ ჩვენი საზოგადოების მთელი სისტემა საშუალო ფენის გაძლიერებით, რომელიც არის სოლიდური ბაზა დემოკრატიის დასამყარებლად“.

აქ ყურადღება იძაბება. მედვედევი სურვილებიდან ფაქტებზე გადადის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთის ახალი საშუალო კლასის წარმომადგენლები შვებულებებს ევროპის ოთხივე კუთხეში ატარებენ, ცხოვრობენ, როგორც დასავლელები, და ის - ვლადიმერ პუტინის მემკვიდრე, იურისტი და არა კგბეს კაცი - ამ ახალი რუსების ნამდვილი სახეა, საკმაოდ ახალგაზრდა იმისათვის, რომ იყოს ჩამოქნილი კომუნიზმის მიერ და ვისი ყველა მისწრაფებაც დასავლურია.

მედვედევი გამოხატავს ახალ რუსეთს, იმას, რომელიც მართლაც არის დასავლეთის ნაწილი“.

ძნელი სათქმელია, რამდენად სარწმუნოა გეტას ანალიზი. მე, პირადად, ყველაზე მეტად თვალში მომხვდა მედვედევის მიერ საბჭოთა სისტემის სრული უარყოფის ფაქტი. ის თვლის, რომ რუსეთმა „მიატოვა საბჭოთა სისტემა და მისი აღდგენის ყველანაირი სურვილი“! ალბათ, გახსოვთ, რას ამბობდა ამ თემაზე პუტინი. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის ნგრევა მეოცე საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო. ვნახოთ, რამდენად რეალურ შედეგებს მოიტანს სიტყვიერად გამოხატული ეს განსხვავებები.

პოლონეთის ისტორიული და ლიტერატურული საზოგადოების მიერ „ახალი თავისუფალი მუსიკის“ მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი. უკრავს კვარტეტი „არპეჯიონე“. მის შემადგენლობაში 2006 წლიდან ორი ქართველია - არჩილ ხარაძე, ალტი და სანდრო თვალჭრელიძე, ვიოლონჩელი. დაუკრეს ბეთჰოვენის კვარტეტი ნომერი 6, სი ბემოლ მაჟორი, შოპენის ეტიუდი, გრიგის კვარტეტი სოლ მინორი და ქართველი კომპოზიტორის - მიხეილ ოძელის „მოგონება“. „არპეჯიონე“ - მსოფლიოში აღიარებული კვარტეტია, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალების მონაწილე. საინტერესოა მსოფლიო პრესის გამოხმაურება მათ გამოსვლებზე სხვადასხვა ქვეყნებში: „ბეთჰოვენი და მისი ბოლო კვარტეტები: სულის შემძვრელი! მე-13 კვარტეტმა ჩაძირა აუდიტორია უმძაფრეს ემოციაში, რომელსაც თან ახლდა ირეალურობის ხიბლი. მე-14 - სუფთა მუსიკის დიდი წამი, იდეალური ბეთჰოვენი. კვარტეტის ტალანტის გამო, ამაღელვებელი და დაუვიწყარი კონცერტი“, - ვკითხულობთ ფრანგულ პრესაში. აშშ-ს პრეს-ნიუსი: „სრულიად ნათელია, რომ კვარტეტი „არპეჯიონე“ მსოფლიო აღიარებას იმსახურებს“. „კვარტეტი ქმნის სხვა პლანეტის ატმოსფეროს. მისი ქარიზმა ასხივებს სიცოცხლის სიყვარულს, ენერგიას, ექსპრესიას, დინამიზმს, რომელსაც მსმენელი აღფრთოვანებული ოვაციებით ხვდება“, - წერს შვედური გაზეთი. შვეიცარიული პრესა: „კვარტეტმა „არპეჯიონემ“ გვაჩუქა საუცხოო კონცერტი. უიშვიათესია შესრულებისა და ინტონაციის ასეთი სიზუსტე“.

ვუსმენდი ამ მართლაც ამამაღლებელ მუსიკას და მიხაროდა, რომ მის შემქმნელთა შორის ორი ქართველია. მათში ყველაზე ახალგაზრდას - სანდრო ჩიჯავაძეს, ჩვენი დროის ცნობილი მუსიკოსის, სანდრიკა ჩიჯავაძის შვილს - ქართული საზოგადოება ჯერ არ იცნობს. სანდრო 1995 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს, უკრავდა სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც სოლისტი, რაღაც ხანი მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც შაფრანი და ნატაშა გუტმანია. ჩემთვის ის აღმოჩენა იყო. მაღალი, თხელი, მოხდენილი, ელეგანტური, თავზე თმის დიდი ფაფარით, ის ძალიან უხდება თავის ინსტრუმენტს, ჩელოს. შთამბეჭდავი იყო მისი სოლოები, თავისი განსაკუთრებული მუსიკალურობით, ემოციურობით და პლასტიკით.

კონცერტის კულმინაციად ბისზე შესრულებული სულხან ცინცაძის მინიატიურები იქცა - ეს მართლა ხალხური და ეროვნული, და ინსტრუმენტირებით ძალიან თანამედროვე მუსიკა. ჯერ „ცეკვა“ დაუკრეს, მერე „ციცინათელა“. დარბაზი ოვაციებით შეეგება ამ მათთვის უჩვეულო და თავისებურ ჰანგებს. მე კი, როცა „ციცინათელას“ მელოდია გავიგონე, ვიოლინოსა და ჩელოს ექსპრესიული სოლოს შესრულებით, უბრალოდ, ტირილი მომინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულის სიღრმეში მაშინვე აჟღერდა ყველა ღრმად ჩამალული სიმი, ქართულ მიწასთან კავშირის მაუწყებელი.

0x01 graphic

ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი

0x01 graphic

ჯონ მაკკეინი

ყველასათვის ცნობილია, რომ წელს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე თამაშდება საყოველთაო მნიშვნელობის უდიდესი ინტრიგა: ვინ გახდება ნოემბერში შეერთებული შტატების პრეზიდენტი? 72 წლის ჯონ მაკ კეინი - ამერიკის გმირი, ადმირალი ბაბუის და ასევე ადმირალი მამის შთამომავალი, თუ 46 წლის ბარაკ ობამა - მეტისი, ახალი ამერიკის განსახიერება და იმედი. მსოფლიო გულის ფანლაფერი ცქალით ელოდება ამ უჩვეულო შერკინებას. თავის სარედაქციო წერილში „ლიბერასიონი“ წერს: „არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, და მას უკვე დაერქვა ისტორიული. პირველად ამერიკის ისტორიაში, შავკანიანმა მოიპოვა პოლიტიკური პარტიის მანდატი პრეზიდენტობისთვის. რამდენიმე თვეში ილინოისის სენატორმა შეანჯღრია ამერიკული პოლიტიკის ტრადიციული კოდები. კენიელი მამის შვილმა თავიდანვე უარყო „შავი კანდიდატის“ როლი იმისათვის, რომ ამაღლებულიყო რასიულ დაპირისპირებებზე, მისეული „სხვა ამერიკის“ იმედი გაერთიანების შესანიშნავ მოძრაობად აქცია. ჰილარი კლინტონი იყო პირველი, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა ის ცვლილების წყურვილი, რომლითაც მოცული იყვნენ ამერიკელები. ცხადია, ობამას ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსაპოვებელი, - თეთრი ამერიკის ძველი დემონები ჯერ საბოლოოდ არ გამქრალან. ობამამ უნდა მოახერხოს, რომ მისი ოცნება, რომელიც მართინ ლუთერ კინგის მერე მილიონობით ამერიკელის ოცნებაც არის, დამკვიდრდეს, როგორც ახალი ერის რეალობა“.

პრაიმერებში თავისი გამარჯვების დღეს 46 წლის სენატორმა ასე მიმართა თავის ამომრჩეველს: „რადგანაც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ვაშინგტონში უნდა მოხდეს ცვლილებები; რადგანაც თქვენ გჯერათ, რომ ეს წელიწადი სხვებისგან განსხვავებული უნდა იყოს; რადგანაცთქვენ შესძელით არ მიგექციათ ყურადღება თქვენი ეჭვებისა და შიშებისათვის, არამედ ყური მიგეგდოთ თქვენი ყველაზე დიდი იმედებისა და ყველაზე მაღალი მისწრაფებებისთვის, ჩვენ მივადექით ისტორიული მოგზაურობის დასასრულს და ახალის დასაბამს, რომელიც განაახლებს ამერიკას და გააკეთილშობილებს მას“. ხალხი სულგანაბული და ცრემლმორეული უსმენდა ამ მართლაც ახლებური სულისკვეთებით გამსჭვალულ სიტყვას.

ყოველმა ქართველმა იცის, რა მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. რესპუბლიკელი მაკ კეინი - საქართველოს და მისი პრეზიდენტის პირადი მეგობარი, რომელიც არაერთხელ იყო ჩვენი ქვეყნის სტუმარი და რომელმაც, ასევე არაერთხელ, აშკარად და თამამად გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა ძლიერი ქვეყნების საწინააღმდეგოდ, და მის გვერდით, ქარიზმატული დემოკრატი ობამა, დემოკრატიულ ღირებულებათა დამცველი, და, სხვათა შორის, მანაც, ერთხელ, საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუციას დაუჭირა მხარი სენატში... მაგრამ მაკ კეინის დაინტერესება ჩვენი ქვეყნით მაინც სულ სხვაა, ვინაიდან ის პირად განწყობებს და ემოციებს ემყარება.

15 ივლისის „ლე მონდი“ აქვეყნებს წერილს სათაურით: „ბარაკ ობამა - პლანეტის ფენომენი“. გაზეთს მოჰყავს ტიმოთი გარტონ ეშის, ოქსფორდში ევროპულ საქმეთა მკვლევარის გამონათქვამი: „ობამამანია გახდა პლანეტის ფენომენი, უფრო საყოველთაო, ვიდრე დიანომანია“. საინტერესოა, არა?

კენიელი მაჰმადიანი მამის და ამერიკელი დედის შვილი, ის, ფაქტიურად, მესამე სამყაროს ამერიკელია, რომელიც პირადად არის დაკავშირებული სხვა კონტინენტებთან. კომენტატორები თვლიან, რომ დაბადებულს ჰავაიში, გაზრდილს ინდონეზიაში, დიპლომირებულს ჰარვარდში, მას ადვილად შეუძლია კულტურული ბარიერების გადალახვა.

გარედან დანახული, ის ხიბლავს ყველას. 24 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებით, ბარაკ ობამას კანდიდატურა არა მარტო აღვივებს დიდ იმედებს, არამედ მკვეთრად აუმჯობესებს აშშ-ს იმიჯს მსოფლიოში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დაამყაროს წესრიგი ამ გაწვალებულ პლანეტაზე 11 სექტემბრის ტრაგედიის მერე და შეარიგოს შეერთებული შტატები დანარჩენ სამყაროსთან. ამ გამოკითხვებით, ობამას ხმას მისცემდა ფრანგების 84%25, ინგლისელების - 82%25, გერმანელების - 74%25, ესპანელების - 72%25. ის ასევე პოპულარულია ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში.

მაგრამ შიგნით, ამერიკაში, ყველაფერი ასე ნათელი არ არის. მაკ კეინს აქვს თავისი უპირატესობები, ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი პატრიოტიზმია და ამერიკული თვითმყოფადობის უპირობო აღიარება. Mისი მიზანია - დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ოღონდ, ძლიერის პოზიციებიდან. მისი წინადადებაა - შეიქმნას დემოკრატიულ ქვეყანათა ლიგა და გაირიცხოს რუსეთი ძლიერთა რვიანიდან(!), რითიც ის ამერიკას აბსოლუტური ჰეგემონის როლში ამკვიდრებს. არის კიდევ ერთი, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი მომენტი: ამერიკის პრეზიდენტებს ტრადიციულად მაღალი სამხედრო წოდებები აქვთ. ფრანკლინ რუზველტი მსახურობდა ფლოტში, როგორც პრეზიდენტ ვილსონის მდივანი; ეიზენჰაუერი იყო გენერალი, ნიქსონი - საზღვაო ჯარის ოფიცერი; ასევე ფორდიც. რეიგანმა მოიხადა სამხედრო სამსახური; ჯონ კენედი და უფროსი ბუში ომის გმირები იყვნენ. ამერიკელები უდიდეს პატივს სცემენ მაკ კეინს, როგორც ვიეტნამის გმირს, რომელმაც ამ ომის დროს არაერთი კეთილშობილური ქმედება ჩაიდინა, და ადმირალების შთამომავალს. ობამას კი, ყველა სხვა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ამერიკის ჯარშიც კი არ უმსახურია. ამიტომ ბევრ ამერიკელში საფუძვლიან ეჭვს იწვევს მისი მომავალი მთავარსარდლობა.

და კიდევ, არსებობს ჰილარი კლინტონის ფენომენი, რომელმაც შეერთებული შტატების მასშტაბით უძლიერესი კამპანია ჩაატარა, ხმათა საერთო რაოდენობით - 19 მილიონით - მოუგო ობამას და დამარცხდა მხოლოდ სუპერ დელეგატთა ხმებით. ამან გამოიწვია რისხვა ქალი ამომრჩევლებისა, რომლებიც თვლიდნენ, რომ, როგორც იქნა, დადგა მათი დრო, და რომ ამ კაცმა, ობამამ, მოსულმა არსაიდან, წაართვა ქალს შესაძლებლობა გამხდარიყო მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი. ბევრი ექსპერტი ეჭვობს, რომ ისინი საბოლოოდ ხმას მისცემენ ობამას. გამოკითხვების მიხედვით, ასეთი კლინტონის მომხრეთა მხოლოდ 60 პროცენტია. 17%25 ხმას მისცემს მაკ კეინს, 22%25 კი საერთოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ვაშინგტონელ კორესპონდენტს მოჰყავს ერთერთი ქალი ამომრჩევლის სიტყვები: „ხმა მივცე ობამას? არასოდეს! დიახ, ის ჩვენი ახალი როკ ვარსკვლავია, ახალი ამერიკული კერპი. მაგრამ არა პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება“. ვირჯინიელ მედდას სურს მაკ კეინის გამარჯვება, ვინაიდან იმედი აქვს, რომ ჰილარი კლინტონი კიდევ უფრო გაძლიერებული დაბრუნდება 2012 წელს. და ასეთი ამომრჩეველი საკმაოდ ბევრია.

ამიტომ ინტრიგის არსი იმაშია, როგორ მოიქცევა ჰილარი. მართალია, მან მოუწოდა თავის ამომრჩეველს, ხმა მისცეს დემოკრატ ობამას, მაგრამ ყველა კომენტატორი არ არის დარწმუნებული მის გულწრფელობაში. მათი აზრით, ის ნამდვილად აპირებს თავისი კანდიდატურის წარდგენას მომავალ არჩევნებზე, ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ამჟამინდელ არჩევნებში გაიმარჯვებს რესპუბლიკელი.

ჩემს გონებაში იმდენი ვიმეორე მარინა ცვეტაევას ლექსი - „за этот ад, за этот бред, даруй мне сад на старость лет, сад одинокий как сама“ და ისე გავითავისე მისი სტრიქონები, რომ, მგონი, მართლაც დავიჯერე: პარიზის გარეუბნის ეს ბაღი, რომელიც აკრავს ჩემი დღევანდელი საცხოვრებლის ფანჯრებს, - ჩემი ბაღია, რომლითაც ღმერთმა ცხოვრეპების მიწურულში დამასაჩუქრა. „ამ ჯოჯოხეთის და ბოდვის გამო, გთხოვ, სიბერეში ბაღი მიბოძე... ბაღი, ეული, როგორც მე თვითონ“... ჰოდა, აი, ამ ჩემს მიერ მითვისებულ, თუ განგების მიერ ბოძებულ ბაღში, ამ რამდენიმე დღის წინ, აღმოვაჩინე კუ. კუ მოსული არსაიდან. ბაღი ორი მხრიდან სახლით არის გარშემორტყმული, და კიდევ ორ მხარეს აგურის მაღალი კედელია. უცნაურია, საიდან და როგორ უნდა გაჩენილიყო კუ ამ შემოფარგლულ სივრცეში, თავს ვიმტვრევდით ელენი და მე. ეს უცნაური ცხოველი კი სრულიად ბუნებრივად გრძნობდა თავს, იდგა(?) გაყუჩებული მწვანე ბალახზე, ეზოს შუაგულში და უმეტყველო თვალებით მისჩერებოდა სივრცეს. და გონებაში მაშინვე გაცოცხლდა წარსული: დიდი ხნის წინათ, როცა ჩემი შვილები ჯერ ცხოვრეპატარები იყვნენ, და როცა ყოველ ზაფხულს ჩვენს საყვარელ და მშობლიურ თელავში ვატარებდით, ზაირა არსენიშვილის ასევე მშობლიურ სახლში, ერთხელ, ზუსტად ასევე, როგორც ახლა, ეზოში აღმოვაჩინეთ კუ! მისი გამოჩენა ყველამ, დიდებმაც და ბავშვებმაც, აღვიქვით, როგორც სასწაული. ბავშვები თავს დასტრიალებდნენ ეზოს ახალ ბინადარს, სახელიც დაარქვეს - რიკიკუ, ძალიან პოპულარული „რიკი ტიკი ტავის“ გავლენით, რაც უკვე მოშინაურებას ნიშნავდა. და მერე, ერთ დღეს, რიკიკუ გაქრა. ბავშვებმა ეძებეს, ეძებეს და ბოლოს იპოვეს, ეზოს სიღრმეში, მკვდარი. მეზობლები ამბობდნენ, მზეზე გახმაო. ბავშვებს უკვირდათ, თუ დასცხა, რატომ არ შეაფარა თავი ჩრდილს? და აი ახლა, აქ, ივრიში, ისევ საიდანღაც უცნაურად მოვლენილი კუ! ნეტავი თელაველი რიკიკუს სული ხომ არ ჩასახლდა მასში? ეს აზრი მახალისებს და ამ პარიზელ ჯავშნიან არსებას ჩემ გულში რიკიკუს ვეძახი. იმისათვის, რომ წარსული არ ქრებოდეს უკვალოდ, რომ ყოველთვის, როცა მომინდება, ვხედავდე, როგორ დარბიან და ჩხუბობენ ზაირას ეზოში პატარა ქეთი და ნუცა, და როგორ ხარხარებს თუ იღუშება ლადო... ჰო, იმისათვის, რომ ჩემში ყოველ წუთს ცოცხლობდეს წარსული. „თუ არ ვიცით, საით მივდივართ, ის მაინც ვიცოდეთ, საიდან მოვედით“...

ახლა ჩემ შვილიშვილებს ჰყავთ ანანურში სამი პატარა კუ, რომელთაც, ჩვენი თელაველი კუს გავლენით, დაარქვეს რიკიკუ, ლიკიკუ და ციკიკუ... ესეც იმ გარდასულ დღეებთან კავშირია.

ქართული კულტურის ზეიმი, რომელიც ნამდვილი სიამაყის გრძნობით გავსებს: მონპარნასის მუზეუმში მოწყობილი გამოფენა - „პარიზი - მონპარნასი - თბილისი. ელენე ახვლედიანი - ვერა ფაღავა. მათი პარიზული ოციანი წლები“.

აქ ყველაფერი უჩვეულოა, თვითონ პატარა, მყუდრო, ორსართულიანი მუზეუმიც და, რაც მთავარია, გარემოც. პარიზის ერთ-ერთ ცენტრში, მონპარნასის შუაგულში, შედიხარ ძალიან გრძელ, ვიწრო ეზოში, რომელიც რაღაცით ძველი თბილისის ეზოებს გაგონებთ, ახლა რატომღაც იტალიურს რომ ვეძახით. ეზო მცენარეებსა და ყვავილებშია ჩარგული. მის ორივე მხარეს - მხატვართა სახელოსნოებია და ღია კარებში ჩანს სხვადასხვაგვარი ტილოები, ქანდაკებები, ძველებური ულამაზესი ნივთები... რაღაც უცნაური განწყობილება გეუფლება, თითქოს დღევანდელი თანამედროვე პარიზიდან რომელიღაც გასულ საუკუნეში შეაბიჯე...

0x01 graphic

ბორის პასტერნაკი

0x01 graphic

მარინა ცვეტაევა

გამოფენის წარდგინებაში წერია: „მუზეუმი აგრძელებს თავის გზას - წარმოადგინოს ძირითადი არტისტული მიმართულებები, რომელთაც ხიდები გადეს დედაქალაქის ამ უბნიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისაკენ. ელენე ახვლედიანის და ვერა ფაღავას გამოფენა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ასახავს კულტურულ და არტისტულ კავშირებს, რომლებიც არსებობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის, და ააშკარავებს მათ ძალას და აუცილებლობას გუშინ, ისევე, როგორც დღეს“.

გამოფენა ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (რომელსაც, სხვებთან ერთად, ლადოს მამის - შალვა ალექსი-მესხიშვილის ხელმოწერა ამშვენებს, რაც ლადოსთვის მუდმივი სიამაყის წყარო იყო)...დროით დაღდასმული ფოტოები: პარიზი, მონპარნასი, ოციანი წლები, მონპარნასის ქუჩებში და კაფეებში - ჩვენი მხატვრები, „პარიზულ ჯგუფად“ მონათლულნი: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ვერა ფაღავა. ფოტოებს მე-20 საუკუნის ოციანი წლების სურნელი დაჰკრავს. ელენე ახვლედიანი ბრიჯებში, ჰალსტუხით, მოკლეფარფლებიანი, იმ დროისათვის ჩვეული შლაპით. მისი განუმეორებელი სილუეტი ეიფელის კოშკის ფონზე...

ორი ახალგაზრდა ქალი, ორი მხატვარი, ელენე და ვერა. ერთი - მივლენილი ხელისუფლების მიერ მსოფლიო კულტურის ცენტრში - პარიზში, მხატვრობაში დაოსტატების მიზნით, - უცნაურია, მაგრამ საბჭოთა სისტემის გარიჟრაჟზე ეს რატომღაც შესაძლებელი იყო, - და მეორე - ემიგრანტების შვილი, სამუდამოდ დასახლებული ამ ქალაქში. ორი მხატვარი, რომელთა გზები მაშინ, იმ ოციან წლებში გადაიკვეთა, რათა მერე, 1927-ში სამუდამოდ დაშორებოდა ერთმანეთს. მაშინ ელენემ პარიზში თავისი საოცარი ეტიუდები - შიშველი ნატურების მთელი სერია დახატა, შექმნა ფერწერული ტილოები, სადაც გამოიკვეთა მისი ხელწერა, რომელიც „რაღაცით გვაგონებს პისაროს“, როგორც წერენ ფრანგები: „პარიზის ერთი კუთხე“, „პარიზის მუშათა უბანი“, „პარიზის გარეუბანი“... ახვლედიანის ფერწერას სულ ახალგაზრდობიდან ვიცნობდი, მაგრამ არასდროს მენახა მისი ეტიუდები, და ახლა მომაჯადოვა იმ ძალამ და ექსპრესიამ, რომელიც ამ შიშველ ნატურებშია ჩადებული. დავდიოდი ამ დიდი გემოვნებით და პროფესიონალიზმით მოწყობილ გამოფენაზე, სადაც ეპოქის დასახასიათებლად გუდიაშვილის, კაკაბაძის, ქიქოძის თითო ტილო და ქეთევან მაღალაშვილის „ელენე ახვლედიანის პორტრეტიც“ იყო გამოფენილი და თვალწინ მედგა ეს ახალგაზრდა მშვენიერი ქალი, თავის მეგობრებთან - დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან ერთად - ჩაბმული პარიზის იმდროინდელ არტისტულ ბოჰემაში, სულ ახალგაზრდა მხატვარი, რომლის ნამუშევრები რეგულარულად იფინებოდა „შემოდგომის სალონში“ და „დამოუკიდებელთა სალონში“, სადაც პოლ სინიაკმა მისი ერთ-ერთი ფერწერული ტილო იყიდა. მერე მისი პერსონალური გამოფენაც შედგა პარიზულ გალერეაში - „ოთხი გზა“. ასე იწყებოდა ეს ინტენსიური, დიდი არტისტული მომავლისთვის გზაგახსნილი ცხოვრება, რომელიც უეცრად დასრულდა 1927 წელს, როცა ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საქართველოში დააბრუნეს, დააბრუნეს იმისათვის, რომ არასდროს არსად აღარ გაეშვათ და ყველანაირად შეეზღუდათ თავიანთ შემოქმედებაში.

0x01 graphic

სვიატოსლავ რიხტერი

„ელიჩკა“, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, დედაჩემთან და მამიდაჩემთან მეგობრობდა. როცა დედა ათწლიანი გადასახლებიდან დაბრუნდა, ის ხშირად მოდიოდა ჩვენთან. და ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა გადავიწყებული ეპიზოდი: ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ელენე ახვლედიანთან. სხედან ჩვენს დიდ ოთახში, ბარნოვის ქუჩაზე, შავდერმატინგადაკრულ სარკეებიან „ატამანკაზე“ გოროზი შესახედაობის, ჩემი აღქმით მარად შუბლშეკრული ცნობილი მხატვარი და ციხეებისა და გადასახლებების შედეგად მთლად თავის თავში წასული, სულიერ მარტოობას შეხიზნული დედაჩემი. და უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, დედას გამოაქვს თავისი „იმ ცხოვრების“, ანუ გადასახლების შესახებ დაწერილი მოთხრობები (თუ მოთხრობა, აღარ მახსოვს) და უკითხავს ამ უცხო ქალს. მე საშინლად ვღელავ. ისე ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ამ დროს დედაჩემი, - ეს მოთხრობები ხომ იმ პირქუში წარსულის ანარეკლია, რომელზეც დედა არასდროს და არავისთან ლაპარაკობს, - ამიტომაც დღემდე მისი მკითხველები მხოლოდ მე და კიდევ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ვიყავით. და უცებ, ეს სახელგანთქმული მხატვარი, ელიჩკა! რა არის მისთვის ციხე, ვორკუტა, „ხალხის მტრების ოჯახის წევრთა“ უთავბოლო ხეტიალი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და ტუნდრაში? როგორც ახლა ვხვდები, მაშინ არაფერი ვიცოდი ელენე ახვლედიანის შესახებ და ის, უბრალოდ, სვებედნიერი მხატვარი მეგონა. ამიტომ შეუსაბამოდ მომეჩვენა დედას სურვილი გაეზიარებინა მისთვის თავისი ღრმად ჩამალული განცდები. დედა კითხვას ამთავრებს. სიჩუმე ჩამოვარდება. და მე ვხედავ, რომ ჩემი პირქუში „ტიოტია ელიჩკა“ ტირის. ტირის და არც მალავს ცრემლებს. მერე წამოდგება, თავისი დიდი ნაბიჯებით გაივლ-გამოივლის ოთახში, ცხვირსახოცს ამოიღებს, ცრემლებს მოიწმენდს და მისთვის ჩვეული რიხით შესძახებს: Нуца, дорогая, зто так прекрасно! Их надо объзятельно напечатать. იმ წუთს ისეთი შვება ვიგრძენი, თითქოს უმაღლესმა ცენზორმა არსებობის ნება დართო მოთხრობებს და, მათთან ერთად, თვითონ დედაჩემს, თუმცა გულში გამეცინა დაბეჭდვის წინადადებაზე, ვინაიდან მშვენივრად ვიცოდი, რომ ამაზე მაშინ ოცნებაც არ შეიძლებოდა, - ეს ხომ ის შავბნელი წლები იყო, სტალინის სიკვდილის წინა წლები! თვითონ ელიჩკა ახვლედიანის შესახებ კი იმ დღის მერე ბევრი რამ გავიგე და შემრცხვა კიდეც ჩემი წუთიერი უნდობლობის.

და კიდევ ერთი უძლიერესი ხატი წარსულიდან: პეროვსკაიას ქუჩაზე, ელენე ახვლედიანის სახელოსნოში - რიხტერის და დორლიაკის კონცერტები! ეს უდიდესი კულტურული და, შეიძლება ითქვას, პარადოქსული მოვლენა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. იქვეა პასტერნაკიც. თუმცა ნამდვილად არ მახსოვს, ეს კონცერტზე ხდება, თუ სხვა დროს, მაგრამ პასტერნაკიც ელიჩკას დიდი მეგობარია და მასთან ნამდვილად მინახავს. და, ალბათ, პარიზის თავისუფლებას შეჩვეული მხატვრისთვის ეს კავშირები საბჭოთა იძულებითი კარჩაკეტილობის ერთგვარი კომპენსაციაა. ეს კავშირები კი მართლაც ჭეშმარიტია და ხელისუფლების მიმართ ამბოხის ტოლფასი. დიდი რუსი მხატვრების და პოეტების ლტოლვაც საქართველოს მიმართ შემოქმედთა თავისუფლებისკენ მუდმივ სწრაფვას გამოხატავს. რადგანაც, მიუხედავად საერთო ბედისწერისა, საქართველოში მაინც არსებობდა ნაგლეჯი თავისუფლებისა, რომელიც იდეოლოგიის მარწუხებმაც ვერ ჩაკლა საბოლოოდ. ეს იციან მონპარნასის მუზეუმის ორგანიზატორებმაც, რომლებიც თავიანთ წარდგინებაში თბილისს საბჭოეთის „არტისტიზმის აკვანს“ უწოდებენ, საუბრობენ იმაზე, როგორ გადაიქცა ელენე ახვლედიანის სახლი კულტურის კერად, სადაც თავს იყრიდნენ ქართველი და რუსი მუსიკოსები, პოეტები და მხატვრები და რა აღტაცებას იწვევდა მათში ეს „წარმტაცი და იდუმალი“ პიროვნება.

ვერა ფაღავა ჩემი პარიზელი დეიდების - ქეთო ასათიანის და ბოკა წულაძის - კარგი ნაცნობი იყო. ქეთოსთან ერთად მის სახელოსნოშიც ვყოფილვარ. ის თავისი სიდარბაისლით და მოკრძალებულობით ახდენდა შთაბეჭდილებას, მაშინ, როდესაც საერთაშორისო აღიარება ჰქონდა მოპოვებული და 1966 წელს საფრანგეთსაც კი წარმოადგენდა ვენეციის ბიენალეზე. ცხოვრების მეორე ნახევარში აბსტრაქციისკენ გადაიხარა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „განიცადა, როგორც აუცილებლობა“, და „როგორც სინათლის სახეცვლილებების აბსოლუტური ძიება“.

საქართველოს საელჩოს - უფრო ზუსტად, მამუკა კუდავას და ეკა ენუქიძის - ინიციატივით, ამ იშვიათ გამოფენას დავამთხვიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, რის გამოც ეს ტრადიციული დღესასწაული შეიძლება ზედმეტად ხალხმრავალი, მაგრამ, ამავე დროს, უფრო განსაკუთრებული და ხელოვნებასთან შერწყმული გახდა.

24 „მოგონებები“ ანტონენ არტოსა და იმპერატორ ჰელიოგაბალზე

▲back to top


ესე

ავტორი: გიორგი მაისურაძე

0x01 graphic

ანტონენ არტოს არსებობა 1992 წელს გამოსული მერაბ მამარდაშვილის წიგნიდან „Как я понимаю философию“ გავიგე, სადაც მამარდაშვილის შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ხშირად ციტირებადი მოხსენება, „არტოს მეტაფიზიკა“ იყო შესული. მომდევნო წლებში ფრანგი პოსტსტრუქტურალისტი ავტორების რუსულ ენაზე მასიური თარგმნა და გამოცემა დაიწყო, რომელთა ტექსტებშიც არტო ხშირად ფიგურირებდა. მალე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცის ინტელექტუალურ წრეებში არტო მოდურ და აუცილებლად მოსახსენიებელ სახელად გადაიქცა: არტო - ფრანგი მსახიობი, თეატრის რეჟისორი, რომელსაც მხოლოდ ერთი სპექტაკლი ჰქონდა დადგმული, „სისასტიკის თეატრის“ თეორეტიკოსი, ყოფილი სიურრეალისტი, რომელმაც სიურრეალიზმს პოლიტიკურის სასარგებლოდ პოეტური რევოლუციის ღალატში დასდო ბრალი; პოეტი და მეტაფიზიკოსი, რომელიც აცხადებდა, რომ „ყველაფერი, რაც დაწერილა, ღორობაა“, ხოლო ისინი, „რომელთათვისაც გარკვეულ სიტყვებს ერთადერთი მნიშვნელობა აქვს და ყოფიერების გარკვეული ფორმები ეუხერხულებათ, რომელთათვისაც გრძნობების იერარქია არსებობს და მათ საფეხურებად კლასიფიკაციაზე მსჯელობენ, რომლებსაც ცნებების სწამთ, რომლებიც იდეოლოგიებს აღვივებენ, (...) რომლებიც ვიღაცების სახელებს არახუნებენ და წიგნების გვერდების პროპაგანდას ეწევიან, - ყველაზე უარესი ღორები არიან“; ერეტიკოსი, რომელსაც შეეძლო ეთქვა, რომ „ღმერთი, თუკი ის არსებობს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის განავალია, ხოლო თუ იგი განავალი არაა, მაშინ მას არც უარსებია“; არტო, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს, სადაც მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი თერთმეტი წელი ელექტრო შოკით „მკურნალობაში“ გაატარა, ხოლო გარდაცვალებისთანავე (1948 წ.) მე-20 საუკუნის ყველაზე რადიკალ და იდუმალებით მოცულ მოაზროვნედ გამოაცხადეს. ასეთი ინფორმაციების ფონზე, მეც, შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი და, სადაც საჭირო იყო თუ არ იყო, იმ დროისათვის არტოს ჩემთვის ერთადერთ ცნობილ წიგნს „თეატრს და მის ორეულს“ ვციტირებდი.

2001 წლის იანვარში კი ბერლინის ერთ თეატრში „ბერლინერ ანსამბლში“ უცნაური სპექტაკლი ვნახე, ასევე საკმაოდ უცნაური სათაურით - „ანტონენ არტო იხსენებს ჰიტლერს და რომანულ კაფეს ბერლინში“. საათ-ნახევრის განმავლობაში სცენის ცენტრში დამონტაჟებულ მინის ყუთში იდგა მსახიობი მარტინ ვუტკე და 1943 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომწყვდეულ ანტონენ არტოს „მონოლოგს“ ხან ყვირილით, ხან გმინვით, ხან ისტერიული სიცილით, ხან სიცილის მომგვრელი სხეულის არტიკულაციებით განასახიერებდა. ამ ზოგჯერ შინაარსობრივად ერთმანეთთან დაუკავშირებელი და ხშირად გაუგებრად წარმოთქმული წინადადებების მოსმენა იმდენად მძიმე და სასტიკი აღმოჩნდა, რომ ნახევარი საათის შემდეგ დარბაზმა დაცარიელება იწყო. სპექტაკლის ბოლოს მე, ისევე, როგორც დარჩენილი მაყურებლის დიდი ნაწილი, შეძრწუნებასა და აღფრთოვანებასთან ერთად, შვებასაც განვიცდიდი, რომ მინის ყუთში გათამაშებული სისასტიკის შემხედვარე და ამით მისი თანამონაწილე აღარ ვიყავი. თეატრიდან გამოსული ფეხით გამოვიქეცი სახლისაკენ და არტოს უკანასკნელი პერიოდის ჩანაწერების კითხვას შევუდექი, რომლებიც მან სწორედ 40-იან წლებში ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნისას შექმნა. გერმანულ ენაზე თარგმნილ არტოს ნაწერების ამ კრებულს სახელად „სისასტიკის თეატრი“ ერქვა.

„სისასტიკის თეატრი“ არტოს შექმნილი „კონცეფციაა“, რომლის პრაქტიკული განხორციელება დღემდე მცდელობებად და ვარაუდებად რჩება. ასეთი მცდელობის ერთ-ერთი პირველი ავტორი ინგლისელი რეჟისორი პიტერ ბრუკი არტოს თეატრს საკრალურს უწოდებს, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ტერმინი რომელიმე კონკრეტულ რელიგიასთან და მის რიტუალურ სიმბოლიკასთან კავშირს არ გულისხმობს. თავად არტოს განმარტებით, „თეატრი იმდენად ნიშნავს რამეს, რამდენადაც იგი რეალობასთან და საფრთხესთან მაგიურ, შემზარავ კავშირში იმყოფება“. არტოსთვის თეატრი არაა გასართობი ან თუნდაც შემეცნებითი სანახაობა. ესაა „მაგიური ქმედება“, რომლის მეშვეობითაც მაყურებელს „ზმანების მაგიური ძალა უთავისუფლდება“. ამ ძალის შეცნობა კი სისასტიკითა და შემზარაობითაა შესაძლებელი, რომელიც უკვე თავად რეალობას სხვაგვარად აჩენს. „თეატრისა და მისი ორეულის“ დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე არტო თავისი სამომავლო წიგნის იდეას ასე განმარტავდა: „მე მინდა ისეთი წიგნი დავწერო, რომელიც ადამიანებს გონებას აურევს, რომელიც მათ ღია კარივით იქითკენ გაუძღვება, საითკენაც საკუთარი ნებით ვერავინ წავიდოდა. კარი, რომელიც, უბრალოდ, სინამდვილესთანაა დაკავშირებული“. ამ სინამდვილის დანახვის შესაძლებლობას კი არტო თეატრის მისეულ წარმოდგენაში, „როგორც შესაქმის გაგრძელება და ყოვლისმომცველი მაგიური ქმედება“ - ხედავს. თეატრმა გადიდებული, უტრირებული ფორმით ყოფითი რეალობები უნდა აჩვენოს და მათ უკან მდგარი და ყოფით სიტუაციაში უხილავი და შეუმჩნეველი შემზარაობა გამოამზეუროს. არტოს თეატრი არც კათარზისის გარანტიას იძლევა: ის ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაციისკენაა მიზანმიმართული, რომელიც მისი დაეჭვებითა და შეძრწუნებით მიიღწევა. „სწორედ სისასტიკის მეშვეობით დუღაბდება ნივთები, რომლებიც შექმნილის გეგმას შეადგენს. სიკეთე გარეგნულია, შიგთავსი კი ბოროტება. ბოროტება, რომელიც ბოლოს და ბოლოს დაპატარავდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ უკანასკნელ და უმაღლეს წამს მოხდება, როდესაც ყველაფერი, რასაც კი ფორმა ჰქონდა, ქაოსს დაუბრუნდება“.

ქაოსთან დაბრუნება

2000 წლის საახალწლოდ ბერლინის ერთ ძველ და უგათბობო სახლში ერთოთახიანი ბინა ვიქირავე, რომელიც თითქმის დეტალურად არის აღწერილი აკა მორჩილაძის „ტერცო მონდოში“. თავს ღამით ბერლინის ქუჩებში გაზეთების გაყიდვით ვირჩენდი. მერე გაყინული ვბრუნდებოდი კიდევ უფრო მეტად ცივ ბინაში და, ჩემ ერთადერთ „ავეჯს“ - იატაკზე გაშლილ ლეიბზე ჩამომჯდარი, პატარა წიგნაკში, რომელსაც არტოს გავლენით „ჯოჯოხეთის დღიური“ დავარქვი, წერას ვიწყებდი. „სისასტიკის თეატრი“ მაშინ მეგონა, რომ ჩემი ყოფითი რეალობა იყო, რომელში მოხვედრილსაც უკან დასაბრუნებელი გზისთვის ვეღარ მიმეგნო. საქართველოდან ისე გამოვიქეცი, რომ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რითი ან როგორ უნდა მეარსება ბერლინში. თბილისიდან უძლურების გრძნობა და შიში გამომყვა, რაც იმის გაცნობიერების შედეგი იყო, რომ რაღაც ყველაზე ძვირფასი, რაც ჩემთვის თბილისში ცხოვრების გრავიტაციას ქმნიდა, აღარ არსებობდა და უძლური იყავი ამ მიზიდულობის ძალის გარეშე მიწაზე გევლო. გრავიტაციის დაკარგვა არ იყო მეტაფორა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას ფიზიკურად განვიცდიდი: აი, მიდიხარ და გრძნობ, რომ წონასწორობა გერღვევა, თანაც ისე, რომ უცებ სხვის სხეულში შეიძლება აღმოჩნდე, საკუთარი კი დაკარგო. მერე ის ვიღაც სხვა, რომელიც საკუთარი სხეული გგონია, იწყებს შენს მაგივრად ფიქრს, ლაპარაკს, ქმედებას, შენს მაგივრად ცხოვრებას და შენც ემორჩილები, აღიარებ მას საკუთარ თავად. ასე იწყებ ავტომატურ არსებობას, აკეთებ იმას, რაც ამ უცხო სხეულისგან, შენი საკუთარი თავი რომ ჰქვია, მომდინარეობს, ასრულებ შენი თავის როლს, იტყუები, სანამ საკუთარი ტყუილების დაჯერებას ახერხებ. მაგრამ, რაღაც მომენტში, შეიძლება, ეჭვი გაგიჩნდეს და ერთხელაც ვეღარ დაიჯერო ის, რაც შენი შეთხზულიც კი არაა, არამედ რომელიღაც სუფლიორის მიერაა ნაკარნახები, რასაც შენი ცხოვრების სცენაზე, როგორც საკუთარ სიტყვებს, ისე იმეორებ. „ჯოჯოხეთის დღიურის ფრაგმენტებში“ არტო ამბობს, „არც ჩემი ყვირილი და არც ჩემი სიცხე ჩემგან არ მომდინარეობს. მე ვარ ადამიანი ჩემი ხელებითა და ფეხებით, ჩემი მუცლით, ჩემი ხორცის გულით, ჩემი შიგნეულით, რომლის ჯირკვლებიც სიცოცხლის ხრწნასთან მაერთებენ“. მაგრამ, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ რასაც აქამდე ავტომატურად ემორჩილებოდი, მიჰყვებოდი, იმეორებდი, აღარ გამოგივიდეს, ვეღარ დაიმორჩილო თავი მათ დასაჯერებლად და გასამეორებლად. არტო ამას „ბოროტ სიზმარს“ უწოდებს, „სადაც შენ შენივე სხეულის მდგომარეობის გარეთ იმყოფები, თუნდაც ეს სხეული აქამდე თვითონვე გეთრიოს“. ეს გაგრძნობინებს შენს არათანაზომიერებას საკუთარ სხეულთან, რომელშიც შენს სურვილებს განხორციელება არ უწერიათ. ამ სხეულში გამომწყვდეულობა კი განკითხვის მუქარითაა დაცული. საკუთარ თავს და არსებობას გაუთავებელ სასამართლო პროცესში, „განკითხვაში“ რომ შეიგრძნობ და ძალა არ შეგწევს თავი დაიცვა, რადგანაც განაჩენი პროცესის დაწყებამდეა დაწერილი: იყავი ისეთი, როგორც ყველა დანარჩენია, იაზროვნე ისე, როგორც ყველა, გაიმეორე ის, რასაც სუფლიორები გკარნახობენ.

ახალი აღთქმის არცერთი თავი არ აღმოჩნდა ისეთი რეალისტური და პროგრამული, როგორც „აპოკალიფსი“, რომელმაც ქრისტიანული სამყაროს წესრიგი განკითხვასა და ეგზეკუციაზე ააგო, რომლის მიზანიც, როგორც არტოს აქვს ნათქვამი, სიკვდილის მომენტშიც კი სიცოცხლის წართმევაა. ადამიანების ერთსახა მასა, რომელთა სხეულებიც არარსებული ღმერთის მიერ მართული ორგანოებით იბოჭება და უიერო ავტომატიზმად იქცევა, ემორჩილება და ახორციელებს „ჯვარზე მიჭედებული“ ღმერთის სასამართლოს. არტომ, თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწერში, რომელიც რადიოპიესად იყო ჩაფიქრებული და მისმა დამკვეთმა რადიომ მკრეხელური შინაარსის გამო ამ პიესის დადგმაზე უარი თქვა, ჯვრის, როგორც განკითხვასა და უსასრულო სასამართლოზე დამყარებული წესრიგის სიმბოლოს გაუქმება გამოაცხადა. ამ ნაწაერს სათაუ რად Pur en fi nir avec le jugement de Dieu ჰქვია და ქართულად „შეწყვიტეთ ღმერთის სასამართლოდ“ ან „მორჩეს განკითხვად“ შეიძლება ითარგმნოს. ამ ტექსტს ჟილ დელოზი ნიცშეს „ანტიქრისტიანს“ ადარებს, სადაც ნიცშე ამბობს, რომ ერთადერთი ქრისტიანი ჯვარზე მოკვდა. მკვდრეთით აღმსდგარისა და მოსამართლედ მოვლენილი ღმერთის ამბავს არა სახარება (ბერძ. „ევანგელიონ“ - „კარგი, სასიხარულო ამბავი“, „სახარება“), არამედ დისანგელიუმი - „ბოროტი ამბავი“ უნდა ერქვას. თუკი ნიცშესთან სასამართლოს მორალური ინსტანციები და მათი შემქმნელი „მონები“, საკუთარ უძლურებაზე სხვების დადანაშაულებით ახორციელებენ, არტოს წარმოდგენით განკითხვა სხეულის ორგანოებით, მათი ორგანიზებითა და ორგანიზმებად გარდაქმნით მიმდინარეობს. ამას არტო „უორგანო სხეულის“ იდეას უპირისპირებს, რომელიც ღმერთმა ადამიანებს წაართვა და ამით ისინი მის მიერ სხეულში ჩამონტაჟებულ ორგანიზმებს დაუქვემდებარა. „უორგანო სხეული“ კი აფექტური, ანარქისტული სხეულია, რომელიც მმართველ და ზომბირებად ნორმატივებს არ ექვემდებარება და, ამდენად, განკითხვა და განჩინება მასზე აღარ ვრცელდება. „უორგანო სხეული“ ეროტიზმის ვიტალურ იმპულსებს მიჰყვება და არა ვიღაცის მიერ მართული ორგანოების წესებს. ის ფორმებს და უცხო, „არასაკუთრივ“ იდენტურობებს ანგრევს და მათგან თავისუფლდება.

ბერლინში რომ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ თბილისში აღარა ვარ, მაგრამ არც აქ არ ვიყავი; სადღაც შუალედურ სამყაროში აღმოვჩნდი, არტოს მეტაფორა რომ ვიხმარო, ლიმბუსში, რომელიც რაღაც განუსაზღვრელ, ჯოჯოხეთამდელ ადგილს აღნიშნავს. აქ, პირველ რიგში, ძველი, ერთ დროს საკუთარ იდენტობად წარმოსახული „მე“ იკარგება, რომელიც მხოლოდ იმ სოციალურ გარემოში არსებობს, სადაც ის კონსტრუირებულია. საკუთარი თავის რეპრეზენტაცია, მისი იმად წარმოჩინება, რაც ხარ (ან გგონია, რომ ხარ), არაშესაბამის სოციალურ გარემოში არ ხერხდება და მხოლოდ კარიკატურულ სახეს იღებს. ასეთ მდგომარეობაში აფიქსირებ, რომ საკუთარი „მე“ უსიცოცხლო სოციალური კონსტრუქცია იყო, რომელიც შენს ყოფას, შენს არსებობას განსაზღვრავდა. მისი გაქრობით მარტო რჩები საკუთარ სხეულთან, მის რეალობასთან, რომელიც შენთვის უცნობია და რომელსაც უკვე გარედან აღარ მართული თვალებით ხედავ და სწორედ ესაა შემზარავი. დიდხანს ისეთი განცდა მქონდა, რომ რაღაც ცუდ სიზმარში ვარ, რომელიც მე არ მესიზმრება და, ამდენად, მისი დამთავრება ჩემზე აღარაა დამოკიდებული. ის „სხვა“ ჩემი სხეული იყო, რომელიც ჩემთან მიმართებაში საკუთარ იდენტობას კარგავდა. იგი სხვა ავტომატიზმით იმართებოდა, მისი გრავიტაციის ველი სხვაგან იყო. მე თითქოს ორბიტიდან ვიყავი ამოვარდნილი და საკუთარი ადგილმდებარეობა ვეღარ განმესაზღვრა. ასეთ მდგომარეობას ქაოსის მეტაფორა შეეფერება: ყოველი „ფორმა“, რომელიც აქამდე ჩემს ყოფას განასახიერებდა და განსაზღვრავდა, დაინგრა. თუმცა კი, გარდა დაეჭვებისა და შეძრწუნებისა, ერთგვარი სუბვერსიული ტკბობის განცდაც მქონდა: რაც ინგრეოდა - ის სამყარო, ის ღირებულებათა სისტემა, ის საკუთარი იდენტობა თუ სოციალური სტატუსი, - ყველაფერი ბუტაფორული იყო, რომელიც ჩემს ნაცვლად აზროვნებდა, ჩემს ნაცვლად ცხოვრობდა, ჩემს ადგილს იკავებდა. ამ ყველაფრის სიყალბესაც, შეიძლება, ვგრძნობდი, მაგრამ მისგან გათავისუფლებას ვერ ვახერხებდი. არტოს კითხვა ამის გაცნობიერებაში მეხმარებოდა, მახვედრებდა, რომ ცხოვრების ფსკერზე დაშვება, ქაოსში ჩავარდნა - უნიკალური შანსი იყო იმისათვის, რათა საკუთარი თავის ძებნა, მისი ახლად აღმოჩენა და ისეთად მიღება გამებედა, როგორადაც ყოფნას არა საზოგადოებრივი კონვენციების დიქტატი, არამედ საკუთარი „უორგანო სხეული“ განსაზღვრავდა. გადამწყვეტი ბიძგი ამ მიმართულებით არტოს წიგნი „ჰელიოგაბალი ანუ ანარქისტი ტახტზე“ აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ცხოვრების უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლასაც ვუმადლი. თავისი შინაარსით ეს წიგნი მე-20 საუკუნის ყველაზე რადიკალურ პოეტურ ამბოხადაც მიმაჩნია, რომელიც სამყაროს სრულიად ახლი გაგების საშუალებას იძლევა.

ჰელიოგაბალი ანუ იმპერატორი სამყაროს წესრიგის წინააღმდეგ

ჰელიოგაბალი ანუ ელაგაბალი სირიის ქალაქ ემესას მფარველი ღვთაება იყო, რომლის ზუსტი ფუნქცია და ხასიათი ბოლომდე უცნობია, თუმცა მისი 13 წლის ქურუმი ვარიუს ავიტუს ბასიანუსი მას „მზის წმინდა ღვთაებად“ მოიხსენიებდა. ამ ღვთაების აღზევება სწორედ ბავშვ ქურუმს უკავშირდება, რომელიც ისტორიაში თავისი ღმერთის სახელით შევიდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 217 წელს რომის იმპერატორი კარაკალა თავისივე სარდალმა მაკრინუსმა მოკლა და ხელისუფლება მიიტაცა. უზურპატორ მაკრინუსზე შურისძიება კარაკალას პატივაყრილმა სეფექალმა იულია მესამ გადაწყვიტა, რომელმაც თავისი ქალიშვილის იულია სოემიას 13 წლის ვაჟი ბასიანუსი მოკლულ იმპერატორ კარაკალას შვილად და მის კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადა და რომის ლეგიონებს სამართლიანობის აღდგენისაკენ მოუწოდა. მაკრინუსს ეს ამბავი სასაცილოდაც კი არ ეყო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, მეამბოხეთა დასასჯელად, რამდენიმე ლეგიონი გააგზავნა. როგორც რომაელი ისტორიკოსი ჰეროდიანე წერს, როდესაც ლეგიონერებმა ჰელიოგაბალი დაინახეს, ისე მოინუსხენ მისი სილამაზით, რომ იგი დასჯის ნაცვლად იმპერატორად გამოაცხადეს. 218 წელს კი ანტიოქიის მახლობლად გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა, რომელშიც მაკრინუსი დაიღუპა და იმპერატორობა 14 წლის ჰელიოგაბალს დარჩა. ამის შემდეგ რომაელი ისტორიკოსები თუ რომის ისტორიის მკვლევარები სალანძღავ სიტყვას არ იშურებენ იმ სამარცხვინო დეკადანსის აღსაწერად, რასაც ჰელიოგაბალის ოთხწლიანი მმართველობა ერქვა. მას ზოგჯერ კალიგულასა და ნერონსაც კი ადარებენ, თუმცა კი, ასეთი შედარებები საკმაოდ ზედაპირულია და ყველაფერი მხოლოდ ჰელიოგაბალის დესტრუქციულ ბუნებამდე დაიყვანება, რომელსაც იგი, განსხვავებით ტირანებისგან, არა ვინმეს დასათრგუნად, არამედ საკუთარი თავის, როგორც სამყაროს წესრიგის უმაღლესი წარმომადგენლისა და მისი დაცვის გარანტის და ამით, როგორც არტო ამბობს, თავად სამყაროს მეტაფიზიკური კანონების წინააღმდეგ მიმართავდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რომის იმპერია პრაგმატულობასა და რაციონალიზმზე იყო აგებული და კანონებით იმართებოდა, რომლებიც სახელმწიფოს ფუნდამენტს შეადგენდა - ეს პრინციპი განსაზღვრავდა Orbis Romanus - რომაულ წესრიგს, რომის სამყაროს, სადაც იმპერატორი არა მხოლოდ პირველი მოქალაქეა, არამედ „ბატონი და ღმერთი“, ამ წესრიგის, მისი კანონების შემოქმედი და გამტარებელი, ხელისუფლების, რომელიც წმინდა და ღვთაებრივია, მისი უმაღლესი მიწიერი რეპრეზენტანტი, - მაშინ ამ პრინციპიდან გადახვევა სამყაროს ყირაზე დაყენებას უნდა ნიშნავდეს. ჰელიოგაბალი უარს ამბობს კანონებით მართვაზე: „ვინაიდან მას თავი ღმერთად მიაჩნია, თავს საკუთარ ღმერთთან აიგივებს, არასდროს დაუშვებს შეცდომას და არ შექმნის კანონს. აბსურდული და უხამსი ადამიანური კანონით ის, როგორც ღმერთი, ვერ ილაპარაკებს“. სამაგიეროდ, ოთხი წლის განმავლობაში რომის იმპერიაში განუწყვეტელი ზეიმი, უსასრულო ჰეფენინგი მიმდინარეობს. ერთადერთი კანონი თავად იმპერატორი და მისი უსაზღვრო და ყოველგვარ ზღუდეს მოკლებული ფანტაზიებია, რომლებშიც ის ცხოვრობს და საკუთარ ქვეშევრდომებსაც მის მსგავსად ცხოვრებას აიძულებს. „ის თვალს გადაავლებს მითებს და აქცევს მათ რეალობად. მან, ალბათ, ერთადერთხელ მთელ ისტორიაში, მოახერხა მითების სინამდვილედ გარდაქმნა“. არტოს აზრით, ეს არ ყოფილა ბავშვური ახირება, არამედ ჰელიოგაბალი მიზანმიმართულად ახორციელებდა ანარქიას, რომელიც ავტორიტეტს, იერარქიას, წეს-ჩვეულებებს, მორალურ და ზნეობრივ ნორმატივებს, მთელ სამყაროს წესრიგს ძირს უთხრიდა და აბუჩად იგდებდა. „ანარქიისკენ“ გადადგმული პირველი პოლიტიკური ნაბიჯი სენატიდან მამაკაცების გაძევება და აქამდე უუფლებო ქალების სენატორებად დანიშვნაა. სქესების აღრევას სოციალური ანარქია მოჰყვება: ჰელიოგაბალი დევნის არისტოკრატებს და მათ ნაცვლად მდაბიოებს აწინაურებს. მამაკაცებს კი სასქესო ორგანოს ზომის მიხედვით უნაწილებს თანამდებობებს: მისი კრიტერიუმით, ესა თუ ის თანამდებობა პენისის შესაბამის ზომას შეესატყვისება. იმპერატორის ბრძანებით ახლადდანიშნულ პრეფექტებს ევალებათ რომის იმპერიის მოსახლეობის, განსაკუთრებით მოზარდების, გარყვნა, მათში სრული სექსუალური აღვირახსნილობის შთანერგვა და გავრცელება.

განსაკუთრებით აუტანელი იყო კონსერვატორი და წესრიგს მიჩვეული რომაელებისათვის ჰელიოგაბალის სუბვერსიულობა, მისი ბავშვური უტაქტობა და ყოველგვარი ეტიკეტის უუხეშესი დარღვევა: იმპერატორი პირველსავე ოფიციალურ „მიღებაზე“ შეკრებილ რომის უმაღლეს საზოგადოებას, ღვაწლმოსილ არისტოკრატებს, ყველაზე გავლენიან სენატორებს შეკითხვით მიმართავს და სთხოვს საჯაროდ და სრული დეტალური ნიუანსების აღწერით მოუყვნენ მას რა სახის პედერასტული გამოცდილებები აქვთ, იღგზნებიან თუ არა ცხოველებზე, სექსუალურ ექსტაზში უჩნდებათ თუ არა ვამპირული მოთხოვნილებები. თავისი ინტრონიზაციის ზეიმზე კი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმპერატორმა აიძულა საკუთარი მაღალი სამხედრო პირები, რათა მის პატივსაცემად ჰომოსექსუალური ორგია მოეწყოთ. რომაელ ისტორიკოს ლამპრიდიუსის მონაყოლით, რომში ჩამოსული ჰელიოგაბალი ხალხის წინაშე ფორუმზე ვენერად გადაცმული გამოცხადდა, მერე გაშიშვლდა და პარისის როლის შემსრულებელს სრული ნატურალურობით პარისისა და ვენერას სასიყვარულო ღამის სცენა შეასრულებინა. გაოგნებულმა რომაელებმა, რომლებიც იმპერატორების ტრიუმფალურ აღლუმებს იყვნენ მიჩვეული, ახალი იმპერატორი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი და საკუთარი ნებით საჯაროდ გაუპატიურებული იხილეს. ამაზე უფრო გამაოგნებელი კი ის იყო, რომ „ღვთაებრივი კეისარი“ ბიჭუნად გადაცმული გამოდიოდა რომის ქუჩებში და ორიოდე გროშის საფასურად პროსტიტუციას ეწეოდა. ამ ფაქტს ისტორიკოსები ჰელიოგაბალის სიგიჟის და სექსუალური ავხორცობის ნიშნად მიიჩნევენ. არტო კი მასში იმპერატორის ღვთაებრიობის იდეის, ძალაუფლების საკრალურობის შეგნებულ შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას ხედავს. იმპერატორი, რომელიც თავადაა ძალაუფლების იდეის ხორცშესხმა, თავის შეუზღუდავ ძალაუფლებას ძალაუფლებისავე წინააღმდეგ მიმართავს, მის არარაობად და კლოუნადად გამოსახვას ცდილობს. ამით ანარქია პოლიტიკურ რეალობად იქცევა.

ჰელიოგაბალი კიდევ უფრო შორს მიდის და რომის საკრალური წესრიგის ნგრევას იწყებს. მას ცოლად მოჰყავს ვესტალინი ანუ ქალღმერთ ვესტას უმაღლესი ქურუმი, მარადიული ცეცხლის მფარველი, რომელიც რომაული რელიგიური ტრადიციით ქალიშვილი უნდა იყოს და მისი ხელყოფა სიკვდილით ისჯება. იმპერატორი არღვევს ამ კანონს, აკარგვინებს ქალწულობას ქურუმს და ამ მკრეხელობით ძირს უთხრის რომაელთა რელიგიურ ცნობიერებას. რომში იგი ანგრევინებს იუპიტერის ტაძარს და მის ადგილზე საკუთარი ღვთაების - ელაგაბალის ტაძარს აშენებს. ქალაქის ცენტრში აღმართავს 30 მეტრის შავი ქვის ფალოსს და მის სადიდებლად ხანგრძლივ ორგიასტულ მისტერიებს მართავს.

ისტორიკოსებს, რომლებიც ჰელიოგაბალის გარყვნილებასა და აღვირახსნილობაზე აღშფოთებული ტონით წერენ და მის რომის ისტორიის სამარცხვინო ლაქად წარმოჩინებას ცდილობენ, ერთი ფაქტის უარყოფა მაინც უჭირთ: იმპერატორს უბრალო ხალხი არასდროს დაუჩაგრავს ან შეუვიწროებია. მისი ცინიზმი და რისხვაც მხოლოდ კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეების, ინტრიგანი სენატორების, თვალთმაქცი არისტოკრატე ბის წინააღმდეგ იყო მიმართული. იმპერატორს სძულს ომი და სისხლის ღვრა და ოცნებობს იმპერიის სამხედრო მანქანის სრულ მოშლაზე. ამით იგი ძარცვის და მოხვეჭის წყაროებს უკეტავს რომის პოლიტიკურ ელიტას და აკნინებს იმპერიის სამხედროპატრიოტულ სულს. ასეთი ქმედებით კი იგი საკუთარ სასიკვდილო განაჩენს აწერს ხელს. 222 წელს 18 წლის ჰელიოგაბალი საკუთარი დაცვის - პრეტორიანული გვარდიის ჯარისკაცებმა აკუწეს და მისი დასახიჩრებული გვამი მდინარეში გადააგდეს. სენატორებმა კი, რომლებიც ოთხი წელი იმპერატორს თვალებში შესციცინებდნენ, მის დაკრძალვასა და ხსოვნაზე უარი თქვეს.

„ჰელიოგაბალის“ კითხვა რომ დავამთავრე, უზარმაზარი სიხარულის და, თან, სიმსუბუქის განცდა მქონდა, თითქოს რაღაც სიმძიმისგან გავთავისუფლდი ან თითქოს „უბიწობა“ დავკარგე, რომლის დაკარგვაც მინდოდა, მაგრამ ამაზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი. ჩემთვის დღემდე ბოლომდე გაუგებარი აბსურდის ძალით, 23 წლის ასაკში თანამედროვე მსოფლიოს სამხედრო ძლიერების ეპიცენტრში - პენტაგონში სამხედრო აღლუმზე აღმოვჩნდი და ჩემმა „უორგანო სხეულმა“, რომელზეც იმ მომენტში კონტროლი დამეკარგა, ღებინება დამაწყებინა. ამ ინციდენტმა, როგორც მრავალი წლის შემდეგ, არტოს „ჰელიოგაბალის“ დახმარებით მივხვდი, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში, თუნდაც იმაზე დასაფიქრებლად, რომ ძალაუფლების და რეპრეზენტატულობის მიღმა სხვა სასიცოცხლო ენერგიებიც არსებობს, რომლებსაც თავად რომის იმპერატორის ღვთაებრივი ხელისუფლების, სამყაროს კონვენციონალური წესრიგის, რომელიც საკუთარ თავს ერთადერთად და უალტერნატივოდ მოგვაჩვენებს, სასაცილოდ და არარაობად წარმოჩინება შეუძლია.

25 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲back to top


უახლესი ისტორია

ავტორი: დათო ტურაშვილი

(გაგრძელება)

ცხრა აპრილი დაიწყო ოთხ აპრილს

იმ დღეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს სამფეროვანი დროშა საზეიმოდ გადავეცით ბატონ მუხრან მაჭავარიანს, რომელიც ამ დროშით ხელში შეუერთდა კიდეც სტადიონიდან რუსთაველისკენ მიმავალ ხალხს. იმ დღეს ფეხბურთიც იყო და თამაშის დამთავრების შემდეგ ქომაგები სტადიონიდან პირდაპირ მთავრობის სასახლისკენ წავიდნენ და უკმაყოფილო გულშემატკივრებს წინ ზვიად გამსახურდია მიუძღოდა.

როგორც ნოემბრის დღეებში, 1989 წლის აპრილშიც ქალაქში თითქმის ყველაფერი გაჩერდა. სწავლა თუ მუშაობაც შეწყდა და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რამდენიმე დღის მანძილზე ხმამაღლა და კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს დაუყონებლივ გამოსვლას. ასეთი მიზნისა და შინაარსის ამდაგვარი დემონსტრაცია კომუნისტურ ხელისუფლებას, დღიდან საბჭოთა კავშირის შექმნისა, მგონი, არც ახსოვდა.

რუსთაველის პროსპექტზე კვლავ ჩართული იყო რადიოქსელი და უფროსი თაობის ნაცნობი „ინტელიგენტები“ ისევ ნაცნობი ტექსტებით მოგვმართავდნენ რჩევებით, რომ არ ავყოლოდით პროვოკაციებს და საერთოდ, ვყოფილიყავით ჭკვიანად. პროვოკაციებს რომ არ უნდა ავყოლოდით, მშვენივრად (ისედაც) ვიცოდით, მაგრამ რა უნდა გვექნა კონკრეტულად, არავინ ამბობდა. სხვათა შორის, არც იმას გვეუბნებოდნენ, რომ თავისუფლება ცუდია, ანუ ჩვენ, მრავალი ათასი ქართველი, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას რომ ვითხოვდით, ცამდე მართლები ვიყავით. ტანკები რომ უნდა შემოსულიყვნენ, არც გვიმალავდნენ და ჩვენც ვგრძნობდით, რომ ნოემბრის დღეებისგან განსხვავებით, აპრილის აღტკინება, მშვიდობიანად არ დასრულდებოდა. თუმცა, რაღა გრძნობა უნდოდა, 7 აპრილს პირველი ტანკები (ჩვენს შესაშინებლად) უკვე გამოჩნდნენ. ალბათ, შუადღე იქნებოდა, უნივერსიტეტის წინ ვიდექით და რუსთაველზე ვაპირებდით გასვლას, სამმა ტანკმა რომ ჩამოიარა საკმაოდ სწრაფად ვაკის მხრიდან და ჩემმა მეგობარმა კახა ბუაჩიძემ, ტაქსი გავაჩეროთო - პირველმა მოიფიქრა. ჩვენზე მეტად შეშინებული ტაქსის მძღოლი მართლა წამოეწია ტანკებს ზემელზე და მანქანიდან გადმოვხტით. დაახლოებით ახალი ტელეგრაფის შენობის წინ ხალხი ტანკებს გადაუდგა და, როგორც მახსოვს, პირველი, ვინც ტანკს დაუწვა, კოკა გაწერელია იყო. კოკას სხვებიც მიყვნენ და ადამიანებს ისეთი თავგანწირული სახეები ჰქონდათ, იქ და მაშინ მივხვდი, რომ მდგომარეობა მართლა რთული იყო (მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, სწორედ ტელეგრაფის წინ ერთი კურიოზი მაინც მოხდა - უფროსი ასაკის ერთი პოეტი სხვებთან ერთად ტანკებს დაუწვა და, როგორც ჩანს, იმდენად ნასვამი იყო, მაშინვე ჩაეძინა. ვერ ვიტყვი, რომ კარგა ხანს ეძინა საყვარელ პროსპექტზე და კოკა გაწერელიამ ისიც კი თქვა (სამართლიანად, ალბათ) - იყოს, ნუ გააღვიძებთ, გმირობას გადამდები ძალა აქვს და იქნებ, უფროსი თაობა ამის გამო მაინც შემოგვიერთდესო).

იმავე დღეს, საღამოსკენ (თუმცა, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე) ტანკები მეორედ გამოჩნდნენ და ქაშუეთის ეკლესიის წინ ხალხმა გზა გადაუკეტა მათ. მახსოვს დათო ჭიჭინაძე ტანკზე ამხტარი, შეშლილი სახით და ტანკის საშინელი ღმუილი. თუ არ ვცდები, ორი ტანკი იყო და ერთის უკან გაბრუნება ვერ შევძელით, ცოტა ქვემოთ, მაშინდელი პიონერთა სასახლის წინ იმ ერთ-ერთს ვიღაცამ საკუთარი მანქანა გადაუყენა, რომელსაც ტანკმა ჩვენს თვალწინ გადაუარა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა და იქვე მდგარ ცაცხვის ხეს შეეჯახა. უფრო სწორად, გამოედო და მახსოვს ლუკიდან ამომძვრალი ტანკისტის შეშინებული სახე, რომელიც იქვე ცემეს მოხალისეებმა, მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეთა სხვა ნაწილი მათ დაშოშმინებას მაინც ცდილობდა.

საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ქართული ეთნოხასიათისა არაფერი გაეგებოდა (როგორც საერთოდ ხელისუფლებას) და ქართული ხასიათის ის უბრალო თვისებაც კი ვერ გაითვალისწინა, ბავშვობიდან რომ ახასიათებს ნებისმიერ ჩვენგანს - ხალხის შესაშინებლად ტანკების გამოჩენამ თბილისის ქუჩებში, უკურეაქცია გამოიწვია და იმ ტრაგიკულ ღამეს, მთავრობის სახლის წინ რამდენიმე ათასით მეტი ადამიანი დარჩა, რაც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, განსხვავებით ხელისუფლებისაგან. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, ვისაც ნამდვილად არ სურდა აქცია მსხვერპლით დამთავრებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, იმას ვერ მიხვდნენ, რომ გამოძახებული რუსეთის არმია არავის დაინდობდა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არასოდეს არავინ დაუნდია.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თავად დემონსტრანტებს შორისაც არსებობდა იმედი იმისა, რომ 1956 წელი მხოლოდ ისტორია იყო და სისხლის დაღვრას ვეღარ გაბედავდნენ. მიუხედავად ავი წინათგრძნობისა, საკუთარ თავსაც ვიმხნევებდი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა. არც სხვები იმჩნევდნენ აღელვებას და შუაღამემდე მთავრობის სახლთან მომიტინგეების ცეკვა და სიმღერა არც შემწყდარა. თენდებოდა 9 აპრილი და, დაახლოებით, დილის 3 საათზე მერაბ კოსტავამ მთხოვა, იქვე, სახელმწიფო მუზეუმის შენობასთან სტუმრად გავყოლოდი. ვისთან ვიყავით, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, იქ დაგვხვდა ქალბატონი ლუიზა შაკიაშვილი და დიდხანს არ დავრჩენილვართ, ჩაი სწრაფად დავლიეთ და ისევ მთავრობის სახლთან დავბრუნდით. ცოტა ხანში წამოწვიმა და მოედნის მხრიდან ტექნიკა და პირველი ჯარისკაცები გამოჩნდნენ. პატრიარქმა მოგვიწოდა, ქაშუეთში ჩავსულიყავით და იქ გველოცა, რასაც მაშინვე მოჰყვა უკმაყოფილო რეაქცია და ხალხმა დაიჩოქა, ხმამაღლა თქვა „მამაო ჩვენო“ და ანთებული სანთლების სიჩუმე ირაკლი წერეთელმა ომახიანად დაარღვია. აშკარა იყო, რომ ტექნიკა და ჯარი მოედნის მხრიდან ჩვენკენ დაიძრებოდა, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ჩვენ ვეღარ დავიშლებოდით და მივხვდი, რომ შეტაკება გარდაუვა ლი იქნებოდა (თუმცა, რაღა ძნელი მისახვედრი იყო). ჯერ კიდევ წინა საღამოს (ტანკებმა რომ შესაშინებლად ჩაიარეს), ყოველი შემთხვევისათვის, ორასამდე რკინის მილი (რაღა დასამალია და) ბიჭებთან ერთად ქაშუეთის ეზოში გადავმალეთ. შეტაკებამდე აღარაფერი იყო დარჩენილი და ყველანი გავაფრთხილე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლო რკინების გამოყენება. (სხვათა შორის, სწორედ ჩემი იდეა იყო შეტაკების წინ უბნების მიხედვით განლაგება, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი განლაგებით უფრო მაგრად და მონდომებით ვიჩხუბებდით).

მაშინდელი ლენინის მოედნის მხრიდან რუსული ტექნიკა დაიძრა და ჩვენც მოვემზადეთ, მაგრამ სრულიად შიშველი ხელებით.

მიუხედავად მომიტინგეების მოთხოვნების რადიკალურობისა, საქართველო გამოსულიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან (სხვათა შორის, ეს იყო კონსტიტუციური უფლებაც), მთავრობის სახლის წინ რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარე დემონსტრაცია იყო აბსოლუტუხასიათის რად მშვიდობიანი. ზემოთქმულის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი არსებობს და აქციის ყოველი მონაწილე, ამავდროულად, ამ მშვიდობიანი ნების თვითმხილველიცაა.

თვითმხილველი ვარ მეც და ზუსტად მახსოვს, რამდენიმე წუთით ადრე შეტაკებამდე როგორ განლაგდნენ ბიჭები უბნების მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ეს, ერთი შეხედვით, სპონტანურად ხდებოდა, სინამდვილეში დახვედრა საკმაოდ ბუნებრივი აღმოჩნდა.

შეტაკების დაწყებისას მოვხვდი, მთავრობის სახლსა და პირველ სკოლას შორის, სადაც მთაწმინდელები და სოლოლაკელები ისეთი მონდომებით ჩხუბობდნენ, რომ ერთ წამს, რუსი ჯარისკაცები შემეცოდნენ კიდეც. მახსოვს, გიორგი რევიშვილმა და კოტე ბიბილაურმა მორაგბეებთან ერთად ისე შეუტიეს ფარიან-ჩაფხუტიან წითელარმიელებს, რომ ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს და საკმაოდ დაიბნენ. ჩვენმა წარმატებამ (სხვათა შორის) ჩვენც დაგვაბნია და მანამ ვიდექი გაკვირვებული, სა ნამ მთასავით წითელარმიელმა საშინელი ძალით არ დამარტყა თავში. თუმცა, რაღაც სასწაულით თავის უკან გადაქნევა მოვასწარი და ალბათ ტალღამ, ზურგზე დამაგდო. აუტანელი ტკივილი ვიგრძენი მუხლში, სადაც ხელკეტი მომხვდა და ახლაც არ ვიცი, ვინ მომეხმარა წამოდგომაში. ფაქტია, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან გამიჭირდა, რადგან სწორედ იმ წამს რაღაც არასასიამოვნო სუნიც ვიგრძენი და, სამწუხაროდ, საკმაოდ ღრმად ჩავისუნთქე. როგორც ჩანს, გონებას რაღაც წამებით ვკარგავდი, მაგრამ ისევ ვფხიზლდებოდი, რადგან, მიუხედავად საშინელი ქაოსისა, მაინც მახსოვს ორი ასეთი დეტალი: უკვე შეტევაზე გადმოსვლისას, ვიღაცამ იქვე ახლოს გახსნა პატარა დანა თავდაცვის მიზნით, მაგრამ რამდენიმე კაცმა იქვე დააფარა ხელი, პროვოკაციას ნუ აყვებითო. მინდოდა მეთქვა, რაღა პროვოკაცია, ხალხო, ტანკებით გადაგვივლიან-მეთქი და პირიც გავაღე, მაგრამ სიტყვები არ ამომყვა. უცებ გამახსენდა ქაშუეთის ეზოში გადამალული რკინის მილები და ჩემი ჭკუით ვიყვირე, აიღეთ-მეთქი. მაგრამ როგორც ახლა მგონია, ალბათ, ვფიქრობდი, რომ ვღრიალებდი და სინამდვილეში ეს იყო რაღაც ტრანსის მაგვარი, რომელიც მოგვიანებით უფრო მძიმე ფორმებში გამოვცადე და, როგორც ჩანს, 9 აპრილის იმ დილას ან გაზის, ან ძლიერი დარტყმის გამო რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ გონება ნაწილობრივ გამეთიშა. თუმცა, ალაგ-ალაგ მკვეთრად ღია სურათებს ვხედავდი და, სხვათა შორის, იმ კადრსაც შევესწარი, რომელიც გოგა ხაინდრავას წყალობით მთელმა მსოფლიომ ნახა - ქართველი ბიჭი რომ ხის ჯოხით ებრძოდა ტანკს რუსთაველის პროსპექტზე. სხვათა შორის, ამ კადრმა მაშინ ზუსტად ასახა ჩვენი შიშველი ვნებები და გულწრფელი სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და მგონი, იმ თავგანწირულმა ბიჭმა ჩვენს მიმართ თანადგომა უფრო გამოიწვია მთელს მსოფლიოში, ვიდრე ღიმილი.

როგორ ვიხევდით უკან, ფაქტიურად, არ მახსოვს, მაგრამ სადღაც ოპერასთან კვლავ დავაფიქსირე სურათი, რომელიც ნამდვილად არ მომჩვენებია: იქვე ჩემს წინ, ვიღაც ჩვენიანი, ჯარის მხრიდან ნასროლ ტყვიას იღებდა და ტროტუართან გაჩენილ გუბეებში აციებდა. ტყვიასთან (და წამალთან) საქმე არასდროს მქონია, ამიტომაც არც ვიცი რა იარაღიდან ისროდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ცაზე კარგად ჩანდა კვალი და ის ვიღაც ჩვენიანი გუბეში ჩაციებულ ტყვიებს უკანვე, ჯარის მიმართულებით ისროდა. დავაფიქსირე ისიც, რომ ამ დროს, მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირზე ვიწექი და, როგორც ჩანს, იმდენად არაჯანმრთელი სახე მქონდა, რომ ვიღაცებმა სასწრაფოდ წამომაყენეს და ახლაც არ მახსოვს ვისთან სახლში, მაგრამ სადღაც მთაწმინდაზე (ან ზემო ვერაზე) აღმოვჩნდი. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემთან ერთად იყვნენ ნუგზარ კანდელაკი, კახა ბუაჩიძე და ლევან თითმერია. იმ სახლში დიდხანს არ დავრჩენილვართ და ისევ ქუჩაში გამოვედით. მახსოვს გვხვდებოდნენ შეშფოთებული ადამიანები, რომლებიც მომხდარის შესახებ გვეკითხებოდნენ, მაგრამ ჩვენ, აშკარად არეულად ვპასუხობდით. უკვე თენდებოდა და ერთადერთი, რაც მოვისაზრეთ, - უნივერსიტეტისაკენ დავშვებულიყავით. გზად საგულდაგულოდ გაპარსული, ჰალსტუხსა და კოსტუმში გამოწყობილი კაცი შეგვხვდა, იქვე სახლის წინ მომლოდინე შავ „ვოლგაში“ რომ ჯდებოდა ზომიერი ღიპით და კმაყოფილი სახით. გადავწყვიტეთ, რომ იყო ცეკას თანამშრომელი ან რაღაც მსგავსი და წიხლებით შევდექით მანქანას (რას ვერჩოდით მანქანას), თავად ჰალსტუხიანს კი ისე გულიანად ვაგინეთ დედა, რომ მძღოლს ყურებზე ჰქონდა ხელები აფარებული.

სამწუხაროდ, ალაგ-ალაგ ისევ ვკარგავდი აზროვნების უნარს და რაც უნივერსიტეტთან მოხდა, გადმოცემით უფრო ვიცი და როგორც მოგვიანებით ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“ ამოვიკითხე, თურმე, უნივერსიტეტის წინ ვიდექი დროშით ხელში და გზაჯვარედინზე სულელივით ვაფრიალებდი. რუსთაველის მხრიდან რუსი ჯარისკაცებით სავსე საბარგო მანქანები მოდიოდნენ, ვარაზისხევში უხვევდნენ და ალბათ მათ გასაღიზიანებლად გავშალე სამფეროვანი დროშა, რომელიც საიდან აღმომაჩნდა, ახლაც არ ვიცი, რადგან ის დროშა არასოდეს მომწონდა განსაკუთრებით და არც არასოდეს მქონია.

მახსოვს ქალის ხმა - არ გესროლონო და ლევან თითმერიას ჩურჩული - დაჭერები დაიწყება და სახლში რამე ხომ არ გაქვსო. რა უნდა მქონოდა საეჭვო - ჩემი ოთახის კედელზე მეკიდა იაპონური ხმალი, რომელიც დათო ნათაძემ მაჩუქა და იქვე უჯრაში მედო X1X საუკუნის ძველებური დამბაჩა. დამბაჩა შმაგი დოლიძის ნაჩუქარი იყო, ის იაპონური ხმალი კი დათო ნათაძის წინაპრებმა კვანტუნის არმიის ოფიცრებს აართვეს 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს...

ლევან თითმერიამ აიჩემა - ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გადავმალოთო და სახლამდე სირბილით ვიარეთ. სახლში დამხვდა დედაჩემი და აქტიური მეზობლების რამდენიმე ქალიანი ჯგუფი. ხმა არ ამომიღია, ჩემს ოთახში შევვარდი, ხმალი ჩამოვხსენი, უჯრიდან დამბაჩა ამოვიღე, შემოვტრიალდი და კარის ზღურბლზე დედაჩემი ჩაიკეცა. სამი სიტყვის თქმა მაინც მოასწრო: ტანკები ყოლიათ, შვილო...

დარწმუნებული იყო, რომ საბრძოლველად მივდიოდი ცხონებული შოთა ნათაძის ნაქონი ჟანგიანი ხმლით და ძველისძველი დამბაჩით, რომელიც არც ისროდა.

დედას რომ წყალი ვაპკურეთ და თვალი გაახილა, ახლა მეზობლების ოცკაციანი ჯგუფი გადამეღობა წინ და მივხვდი, რომ რაიმეს ახსნას აზრი არ ჰქონდა. დავყარეთ (ჩვენი ჭკუით) ნივთმტკიცებები და გავიქეცით. რამდენიმე დღე ვიმალებოდი მეგობრებთან (საიმედო ხალხთან, რა თქმა უნდა) და პირველად იმ ღამეს გავიგეთ, რომ მთავრობის სახლის წინ მსხვერპლი იყო და გაოგნებულები ვუსმენდით რადიო „თავისუფლების“ დიქტორს.

მეორე დღე, 10 აპრილი, არანაკლებ დრამატული იყო, თუმცა ის, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ვიცოდით, რომ რამდენიმე ლიდერი ჩვენი მოძრაობისა, უკვე დაპატიმრებულები იყვნენ და შემაწუხა სინდისმა. ამიტომ მივედით უნივერსიტეტთან და შევეცადეთ მიტინგის ჩატარებას, თუ დამიჭერდნენ, ძალიან არც მეწყინებოდა, მაგრამ რამდენიმე წამში უნივერსიტეტს რუსეთის ჯარის ნაწილებმა (თავის ტექნიკით) ალყა შემოარტყეს და შეტევაზე გადმოვიდნენ (ერთ-ერთ რუს ოფიცერს ისიც კი გავახსენე, რომ როდესაც გერმანელებმა ჩეხოსლოვაკია დაიპყრეს, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მაინც არ შევიდნენ, რაზეც იმ ოფიცერს უაზროდ გაეღიმა). ჩვენ შენობისკენ დავიხიეთ და მივხვდით, რომ იგივე განმეორდებოდა, რაც უკვე მოხდა წინა დღეს, მთავარი შესასვლელი გავაღეთ და ხალხი სასწრაფოდ შიგნით შევიყვანეთ. მიხაროდა, რომ უნივერსიტეტი ბუნებრივად იქცა მოძრაობის თავშესაფრად თუ დასაყრდენად. მეორე სართულიდან გადავხედე ალყაშემორტყმულ ეზოს და რუს ოფიცრებს შორის რამდენიმე ქართველიც ამოვიცანი, ძალიან შინაურულად რომ ებაასებოდნენ ავტომატიან ოკუპანტებს (ორ მათგანზე ადრეც მქონდა ეჭვი, რომ უშიშროების აგენტები იყვნენ).

უნივერსიტეტის შენობაში (მანამდე კი გარეთ) ჩემზე რადიკალურ მოწოდებებს ირაკლი ბათიაშვილი აკეთებდა გასაგები მიზეზების გამო და მე კი მანამ ვაგინებდი სამშობლოს მტრებს, სანამ შეკრებილ მსმენელებში დედაჩემი არ აღმოვაჩინე, რომელიც უბრალოდ დუმდა და ტიროდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ საოკუპაციო ჯარმა უნივერსიტეტის ალყიდან შტურმზე გადასვლა გადაწყვიტა და რომ არა ბატონი მერაბ ვაჩნაძე, ალბათ დედაჩემის სამშვიდობოს გაყვანას, მაშინ ვერც მოვახერხებდი.

პრაღის უნივერსიტეტის ამბავი კი ნამდვილია და გერმანელებმა ტანკები პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მართლა არ შეიყვანეს. რუსებს კი რა შეუშლიდათ ხელს და ჩვენი უნივერსიტეტის ეზოში იმ დღეს რამდენიმე საბჭოთა ტანკი იდგა და ერთ-ერთ მათგანს კი, ნაცისტური სვასტიკა ეხატა. როგორც ჩანს, ვიღაც მოხერხებული ქართველი სტუდენტი ტანკზე აძვრა და აუდიტორიიდან მოპარული ცარცით სწორედ ის დაახატა რუსულ ტანკს, რასაც რუსეთის არმია საქართველოში იმსახურებდა...

26 უ-ტო-პიი-ია...

▲back to top


ერთხელ ინ ჯორჯია

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

კაგდატა ვ ამერიკეს დროის მთავარი ქალი, მგონი, იტალიელი მომღერალი საბრინა იყო. ყველგან მისი პლაკატები ეკიდა და, მგონი, მოსკოვშიაც ჩაიყვანეს სამღერლად.

თვითონ კაგდატა ვ ამერიკეს ქალები, სექს სიმბოლოებად არ აღიქმებოდნენ. რასაკვირველია, ელიზაბეტ მაკგოვენი, ვინც ნუდულსას მრავალწლიან სიყვარულს თამაშობდა, საბრინას ვერ გაუტოლდებოდა. ჯინსის ბოლოებშემოწეწილი უმოკლესი შორტები თავისას აკეთებდნენ. რასაკვირველია, გვარიანდ ჩახსნილი პერანგიც. თანაც, დებორას და ნუდულსას სიყვარული რაღაცნაირად, ძალიან კდემამოსილი და რთული იყო, საბოლო ჯამში კი საქმე ისე მთავრდებოდა, როგორც უნდა დამთავრდეს ასეთ კინოებში: ქალი ძმაკაცმა წაიყვანა.

მეტი სახალხო ინტერესი იყო კაგდატა ვ ამერიკეს მეორე ქალის მიმართ.

ეს ქალი სრულიად უხამსი სცენების მონაწილე იყო და რატომღაც, ეს სცენები იუმორისტულად ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მათ სულ ისე ახსენებდნენ, რომ ბოლოს ძალით სიცილსაც მოაყოლებდნენ.

ამ ფილმის გარშემო ყველაზე მაგარი სწორედ ძალით სიცილი იყო. თითქოს ვინმეებს უნდოდათ, რომ ფილმი სასაცილოც ყოფილიყო. თუმცა, ის ეპიზოდები, რომლებიც სასაცილო უნდა ყოფილიყო, იმდენად გახუნებული ფანდებით იყო გადმოცემული, რომ შეუძლებელია სასაცილო ყოფილიყო.

მე თუ მკითხავთ, იუმორის ფასი მხოლოდ ერთ ამბავს ჰქონდა, კიბეზე ნამცხვრის შეჭმის სცენას, დანარჩენი იქ სასაცილო საერთოდ არაფერი იყო, მაგრამ მაინც იცინოდნენ.

როცა ამ ფილმს ყვებოდნენ, აუცილებლად გაიხსენებდნენ იმ ამბავს, ეს ჩვენი ტკბილი ნუდულსა საბრილიანტე საამქროს ძარცვისას სწორედ იმ მეორე ქალს რომ გააუპატიურებს.

ჰოდა, მაქსი ამოსძახებს ამ გაუპატიურების ჟამს: ლაპშა, ტი ტუდა, ილი სიუდა? ის კიდევ იქიდან პასუხობს, ი ტუდა ი სიუდა.

ეს ტექსტი, მგონი, მაშინდელი სინქრონული თარგმნის ცნობილი ხმის იმპროვიზაციის შედეგი იყო. ინგლისურად მთლად ასე არ ჟღერს, მაგრამ რაც არის, არის.

მერე ირკვეოდა, რომ ეს მეორე ქალი (ახლა ვნახე და გმირს კეროლი რქმევია) ბანდასთან შეკრული ყოფილა, ხოლო ნუდულსას საქციელი იმ საამქროში ჩემთვის დღემდე აუხსნელია.

ნუდულსას კი არა, ლეონესი.

ამ ამბავს მაშინაც ვერ მივხვდი, და ახლაც ვერ ვხვდები.

რა საჭირო იყო?

რახან განგსტერებს, ძარცვის დროს, პირები ცხვირსახოცებით ჰქონდათ აკრული, რათა მათი სახეები არავის დაემახსოვრებინა, შესაბამისად, ამ კეროლმაც არ იცის, რომელმა მათგანმა გააუპატიურა. ჰოდა, კლუბში რომ მივა ამათთან, თამაშობას დაიწყებენ, აბა, რომელმა გაგაუპატიურაო, როგორ გამოვიცნოთო.

ესენიც, რომ გითხრათ, გემოვნებიანი ხალხია და რამე ისეთს მოუგონებენ-თქო, ვერა:

ჩამომწკრივდებიან წინ და, აბა, მოსინჯე და გამიხსენეო. თვითონ ეს კეროლიც ძალიან კმაყოფილია.

ჰოდა, ამაზე იყო ძალით სიცილები, განსაკუთრებით ისეთებისგან, ვისაც მართლა სასაცილო, ცოტა თუ უთქვამს ცხოვრებაში.

ძალით სიცილი რა უბედურებაა?

მარა, ეგ იყო...

ამ ფილმის ყველაფერი, მგონი, აუცილებლად მოსაწონი იყო.

ამ ყაიდის იუმორზე რომ გადაერთვები, ანდა საერთოდ, ამას რომ იუმორს დაარქმევ, რაღა ხეირი იქნება?

მგონი, წინა ნაწერებში ვახსენე, ბარტ იანგი რომ თავისი ადვოკატის ამბავს ჰყვება ჭამის დროს. განგსტერები რა ცხოველებიც არიან, იქ ყველაზე კარგად ჩანს, მაგრამ ეს ეპიზოდიც, რატომღაც, სასაცილოდ გადაიქცა.

მოკლედ, მძიმე სურათია.

მე იმას კი არ ვამბობ, ადამიანებმა ხელოვნებაზე ანდა დიდ კინემატოგრაფზე უნდა იფიქრონ-მეთქი.

სისულელეა.

ადამიანების სრული უმრავლესობა ვერ ფიქრობს ხელოვნებაზე და ეს გასაკვირიც არ არის. არც აინტერესებს.

უბრალოდ, რაც სასაცილო არ არის, ანდა რაც ვაგზლისპირა იუმორზე მეტი არ უნდა იყოს, იმის ვაგზლის პირიდან წამოღება არ შეიძლება. ვერც წამოიღებ, ამიტომ, იქ ჩადიხარ. ჰოდა, იქ რომ ჩახვალ, ძალით სიცილიც მოგიწევს.

კი, მართლა მძიმე სურათია.

როგორც მახსოვს, ერთ-ერთი პირველი კოოპერატიული ნაწარმი ჩვენს ქვეყანაში იყო ბრელოკი სამანტა ფოქსი.

სამანტა ფოქსი იმ დროს გრანდიოზული მკერდით ცნობილი ინგლისელი მოდელი იყო. ჰოდა, ამ ბრელოკზეც მისი ფოტო ჩაესვათ მრგვალ, შავ ჩარჩოში. ბრელოკი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ლამის ყველგან ეკიდა, გაზეთების კიოსკებში.

იქამდე ჩვენ სამანტა ფოქსისა არაფერი გაგვეგებოდა. ჩვენ გაგვეგონა მხოლოდ საბრალო სამანტა სმიტი.

სამანტა სმიტი იყო ამერიკელი გოგონა, რომელიც მშვიდობისათვის იბრძოდა და საბჭოთა და ამერიკის ლიდერებს წერილებს წერდა, ომი არ დაიწყოთო.

ცხადია, მოსკოვში ჩამოიყვანეს. დიდი პროპაგანდა იყო. მერე ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა. რა თქმა უნდა, თავისი პროპაგანდისტული ძალით საბრალო სამანტა ვერც თეთრი სახლის წინ წლობით მოშიმშილე ასტროფიზიკოს ჩარლზ ჰაიდერს შეედრებოდა, და ვერც ინდიელთა ბელად ლეონარდ პელტიერს, რომელმაც რეზერვაციის საზღვართან რაღაც უთანხმოების გამო ორი ფედერალური აგენტი მოკლა, მაგრამ მაინც იყენებდნენ.

მერე კი პერესტროიკა დაიწყო და ინდიელთა ბელადი აღარავის გახსენებია. ადრე საბჭოთა კავშირი მას თვალის ცნობილ ექიმებს უგზავნიდა, რადგან პელტიერი ბრმავდებოდა. მერე მისი სიბრმავით დაინტერესება სადღაც გაქრა.

ნეტავ სად არის ლეონარდ პელტიერი? ცოცხალი თუა მაინც.

პერესტროიკის დროის ნივთები კი სრულიად უცნაური იყო.

უფრო სწორად, იმ დროის პირველი საკოოპერატივო ნაწარმი.

მაგალითად, ვაკეში, მაღაზია „პლანეტაში“ იყიდებოდა სილვესტერ სტალონეს თაბაშირის ფიგურები, კარგა მოზრდილი ზომისა, შეღებილი და ამერიკის დროშიანი ტრუსებით.

რა თქმა უნდა, როკის განასახიერებდა და, რა თქმა უნდა, ფორმა რომელიმე ამერიკული სათამაშოდან აეღოთ. მგონი, სტალონეს გაეხარდება, რომ შევუთვალოთ, რომ მისი თაბაშირის ქანდაკებებით საქართველოში ახალი საწარმოო დროება დაიწყო.

ეს ქანდაკებები, როკის და რემბოს უკვე ვეღარაკრძალულ ფილმებს მოსდევდა.

პირველი ფილმი ვიდეოების არალეგალური კოლექციიდან, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა, სწორედ სტალონეს „კობრა“ იყო.

ერთ საღამოს აჩვენეს, ეს „კობრა“ და შვარცენეგერის „კომანდო“.

კვირა საღამო იყო, თუ არ ვცდები, მერე კი გადაცემა „ვიდეო, ვიდეო“ გახურდა. ანუ, კასეტებით სირბილის სახალხო ამბავი საჭირო აღარ იყო.

საერთოდ, რაღაცნაირი დრო იყო: თან ბევრი რამე ხდებოდა და თან ერთგვარი უფერულობა დასდევდა. რატომ იყო ასე, დაჯერებით ვერ ვიტყვი. ალბათ, უფერულობა იმიტომ დასდევდა, რომ ძველ რამეებს მნიშვნელობა ეკარგებოდა. ძველს კი არა, საბჭოთას და სანაცვლოდ, ჯერ მხოლოდ რამდენიმე რამ იყო.

ანუ, უცებ ცარიელდებოდა და ნელა ივსებოდა, იმის მიუხედავად, რომ მოედინებოდა და მოედინებოდა.

იმ დროს წყნეთში წყალი ჭირდა. იმდენად, რომ ღამით წყაროებთან რიგები იდგა. მერე პურიც გაჭირდა, ოღონდ ცოტა მერე.

ჩემი მეგობარი კარგა ნაქეიფარი მოდიოდა რუსთაველზე და ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო კუთხესთან შეყოვნდა.

ამ პარტიას საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი ჰქონდა: ამბობდნენ, თუ ყველანი საბჭოთა პასპორტებს ჩავაბარებთ, ისე გამოვა, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვალთ, რახან მისი მოქალაქეები აღარ ვიქნებითო.

ჰოდა, ჩემს ნაქეიფარ მეგობარს პასპორტი კი არ ჰქონდა თან, მაგრამ პარტიის მაგიდასთან მივიდა და ჩააწერინა გვარი, სახელი და მისამართი, პასპორტს უეჭველად მოგიტანთო. მერე, რა თქმა უნდა, იფხიზლა, და ეს ამბავი აღარც გახსენებია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოაკითხეს, საბჭოთა მოქალაქეობაზე უარის მთქმელი კაცი ხარ, პასპორტი ჩაგვაბარე, სანაცვლოდ კი ნამდვილ ქართულ პასპორტს მიიღებო.

ამას, რაღა თქმა უნდა, აღარ მოუნდა და ამის გამო დღემდე ვიცინით ხოლმე.

ქართული პასპორტი, დამოუკიდებლობის დროის პასპორტის ქსეროასლი იყო. მე ასეთი მაქვს ნანახი: იქ ფრანგულად და ქართულად ეწერა.

ერთი მახსოვს, რომ მგონი ერთადერთმა ქართველმა შეძლო ამ პასპორტით გადაადგილება და ბალტიისპირეთამდეც ჩავიდა, სადაც გაზეთებშიც კი დაწერეს მისი ამბავი. ოფიციალური საბუთის არქონის გამო იქაურ სამართალდამცავებთან გაურთულდა საქმე და შიმშილობაც კი დაიწყო. თუ არ ვცდები, ეს ამბავი „ატმოდაში“ ეწერა.

„ატმოდა“, ლიტვის სახალხო ფრონტის გაზეთი იყო, რომელიც ზემელზე იყიდებოდა. რუსული ვარიანტი, რა თქმა უნდა.

არაფორმალური გაზეთების გამავრცელებლები კიდევ ცალკე კასტა იყო. იქ რამდენიმე კოლორიტული ადამიანიც ერია.

ერთხელ, საჯარო ბიბლიოთეკიდან ცეკავშირის შენობაში გადავედით. იქ მაშინ ბუფეტი იყო და საჯაროში რომ ვისხედით, წასახემსებლად შევივლიდით ხოლმე.

ცეკავშირში ხალხმრავლობა დაგვიხვდა. თურმე, საზოგადოებრივი ძალების ერთ-ერთი შეხვედრა იყო.

დარბაზში შევიხედეთ.

ტრიბუნასთან კაცი იდგა და ლაპარკაობდა, როგორ უნდა დავეხსნათ რუსებს. სწორედ ამ პასპორტების ამბავს ჰყვებოდა, ჩავაბარებთ და მოვშორდებითო. სამართლებრივ საკითხებსაც ეხებოდა, კონსტიტუციის აღდგენას და სხვა ასეთებს.

ამ პასპორტებზე რომ უფრო დაწვრილებით დაიწყო მექანიზმების ახსნა, დარბაზიდან რუსულად მოისმა:

- უ-ტო-პიი-ია...

სწორედ რუსული მახვილით იყო წარმოთქმული.

ტრიბუნაზე მდგომი რუსულადვე გაეპასუხა:

- პაჩიმუ უტოპია?

იქიდან კი, კვლავ:

- უ-ტო-პიი-ია...

ამ სიტყვას მაღალი და მელოტი კაცი წარმოთქვამდა, სათვალე ეკეთა, თითებში ჩიბუხს ათამაშებდა და თეთრი შარვალი ეცვა. საერთოდ, გამორჩეულად ეცვა. მაშინ ჩვენთან ჯერ არ ეცვათ ამ ყაიდის და ხარისხის სამოსი.

ამხანაგს ვკითხე, ეს ვინ არის-მეთქი და მამარდაშვილია, შე დებილოო.

მერე უნივერსიტეტშიც დაიწყო მისი ლექციები.

ჰო, პასპორტები ჯერ არ იყო, მაგრამ გაჩნდა პასპორტის ყდები. შალითაც შეიძლება ვუწოდოთ. ესეც კოოპერატივების ნაწარმი უნდა ყოფილიყო, ისევე, როგორც სამფეროვანი დროშების სამკერდე ნიშნები, რომლებიც ზემელზევე იყიდებოდა მიწისქვეშაში. ქინძისთავს წამოგებული პლასტმასის დროშა იყო.

იმ დროში, ტაქსისტებში მეტად პოპულარული შეიქნა რკინის მავთულზე დამაგრებული ორი დროშა: ერთი, ჟორდანიას დროებისა, სამფეროვანი, და მეორეც, ხუთჯვრიანი, დღევანდელისგან ცოტათი განსხვავებული. ესეც კოოპერატივი, რა თქმა უნდა.

პასპორტის ყდებიც 1918-21 წლების რესპუბლიკისა იყო. ალბათ, საუკეთესო ნივთად ჩაითვლებოდა მთელს იმ დროის ნაწარმში. მოდერნის შრიფტით ეწერა საქართველოს რესპუბლიკის პასპორტიო და თეთრი გიორგი ეხატა.

ჩემი მეგობრის მამა იმხანად გერმანიაში წავიდა და საბჭოთა პასპორტი სწორედ ამ შალითაში ჩადო.

მშვენივრად გადავკვეთე საზღვრებიო, ამბობდა. გერმანელმა მებაჟემ ერთი კი შეათვალიერა ყდა, მაგრამ არაფერი უკითხავსო.

აი, ეგეთი დრო იყო.

ჰოდა, ახლა რომ ვფიქრობ, რა დარჩა იმ დროიდან ხილული და ხელშესახები, ვერაფერს ვიხსენებ. იმ დროს ბევრი არც არაფერი აშენებულა. მგონი, კლუბი „ბერიკონი“ გაიხსნა და მალევე დაიხურა, რადგან შიგ ეგორ ლიგაჩოვი აღმოჩნდა და, ახალგაზრდულ კლუბად წარდგენილ დაწესებულებაში, მოქეიფენი დალანდა.

იყო, კი ასეთი, ეგორ ლიგაჩოვი. მეორე კაცი სწორედ იმ წლებში. უნივერსიტეტში მოვიდა და რუსული სექტორის გაზრდა მოითხოვა. ნამდვილი კომუნისტის სახელი ჰქონდა, თუმცა, ნამდვილ კომუნისტს ენები და ეროვნებები არ უნდა აღელვებდეს.

ჰოდა, ახლა რომ ვფიქრობ, იმ დროიდან საქართველო დარჩა.

საქართველო სწორედ მაშინ იქმნებოდა.

როგორი გამოვიდა, რა დანები ვატრიალეთ, რა ამოვიღეთ განჯინიდან და რა გავატანეთ წყალს, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს.

უბრალოდ, რაღაცები მართლა დასანანია.

სულ კაგდატა ვ ამერიკეს რატომ უნდა უყურო, სამყარო ხომ ასეთი მშვენიერია.

მე ისიც არ ვიცი, მოვრჩით თუ არა ამის ყურებას.

27 ოლიმპიელები

▲back to top


სპეც-პროექტი

ავტორი: გიორგი არაბული
ფოტო: დავით მესხი, ზურა გენგიური, ბადრი კეთილაძე, ეკა ელოშვილი

წელს ჩინეთი ზაფხულის XXIX ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. 8 აგვისტოდან მოყოლებული, მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისაკენ იქნება მიმართული.

ოლიმპიადა არასოდეს ყოფილა მხოლოდ სპორტული მნიშვნელობის მოვლენა. ის პოლიტიკური ორთაბრძოლების ასპარეზიც ხშირად გამხდარა. მაგალითად, ცივი ომის პერიოდში ამერიკა და რუსეთი გამუდმებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ოქროს მედლების რაოდენობაში. დღეისათვის კი იმავე ამერიკასა და რუსეთს მესამე დიდი კონკურენტიც გამოუჩნდა ჩინეთის სახით. წელსაც, პეკინის თამაშები საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ბჭობდნენ, უნდა დასწრებოდნენ თუ არა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს მაშინ, როცა ჩინეთში ადამიანის უფლებები სასტიკად ირღვევა და ამას ჩინეთის ხელისუფლება არ აღიარებს. ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობასაც თან ახლდა საპროტესტო აქციები ლოზუნგებით თავისუფლება ტიბეტს. თუმცა, პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, პეკინის ოლიმპიადა მაინც უპრეცედენტოდ გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნება და მას, სავარაუდოდ, ბევრი ქვეყნის პირველი პირი დაესწრება. ეს ალბათ იმიტომ, რომ ოლიმპიადა, პირველ რიგში, მაინც კაცობრიობის შესაძლებლობების ზეიმია.

ქართველი სპორტსმენები პირველად ოლიმპიადაზე 1952 წელს გამოჩნდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და მას შემდეგ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იღებენ მონაწილეობას ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ სპორტულ ფორუმში. პირველი დამოუკიდებელი ოქროს ლოდინი დიდხანს მოგვიწია, მაგრამ ზურაბ ზვიადაურმა, 2004 წელს, ათენში პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი მეორე ჩვენებურმა, გია ასანიძემაც მოიპოვა. საქართველოში ახლაც მოუთმენლად ელიან ოლიმპიადის დაწყებას, ყველას ეიმედება, რომ ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ღონისძიებიდან ამჯერადაც გვექნება ოქროს მედალი.

ამ ფოტოპროექტის მთავარი მოქმედი გმირები პეკინში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენები არიან. გადაღებები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ყველა ოლიმპიელს მოვუყარეთ თავი. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის უნდა ვუგულშემატკივროთ 8 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით?

ნინო სალუქვაძე ტყვიის მსროლელი.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ხუთი ოქროს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - 17 ოქროს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი.
წლევანდელი ოლიმპიადა მის კარიერაში მე-6 იქნება.

ზაზა კედელაშვილი ძიუდოისტი 66 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - სამი ოქროს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - პეკინის ოლიმპიადა ზაზა კედელაშვილის კარიერაში პირველი იქნება

ლაშა გუჯეჯიანი ძიუდოისტი +100 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ორი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ვერცხლის მედალი.
ოლიმპიური თამაშები - მონაწილეობდა ათენის 2004 წლის თამაშებში.

ვით ქევხიშვილი ძიუდოისტი 73 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონaტზე - ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - მონაწილეობდა ათენის 2004 წლის თამაშებში.

საბა გავაშელიშვილი ძიუდოისტი 81 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ირაკლი ცირეკიძე, ძიუდოისტი 90 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ოქროს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - ოლიმპიადაში პირველად იღებს მონაწილეობას.

ნესტორ ხერგიანი ძიუდოისტი 60 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ორი ოქროსა და ექვსი ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - ვერცხლის მედალი.
ეს მისთვის მესამე ოლიმპიადა იქნება სიდნეისა და ათენის შემდეგ

ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტი 100 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ორივეგან, საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა. ოლიმპიადაზე კი წლეულს მისი დებიუტი შედგება.

ნიკოლოზ იზორია მოკრივე 57 კგ.

0x01 graphic

ფოტო: ბადრი კეთილაძე

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლის მედალი.
ოლიმპიური თამაშები - მონაწილეობდა ათენის 2004 წლის თამაშებში.

კახაბერ ჟვანია მოკრივე 69 კგ.

0x01 graphic

ფოტო: ბადრი კეთილაძე

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - პირველად იღებს მონაწილეობას

არსენ კასაბიევი ძალოსანი 94 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ოლიმპიური თამაშები - ათენის ოლიმპიადაზე
2004 წელს იასპარეზა, როდესაც ჯერ კიდევ 17 წლის იყო.

ალბერტ კუზილოვი ძალოსანი 105 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს მოპოვებული.
ოლიმპიური თამაშები - მისთვის სადებიუტო ოლიმპიადა იქნება.

რაულ ცირეკიძე ძალოსანი 85 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს მოპოვებული.
ოლიმპიური თამაშები - მისთვის სადებიუტო ოლიმპიადა იქნება.

ლაშა გოგიტიძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 55 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ამ ახალგაზრდა მოჭიდავეს აქამდე არცერთ დიდ ტურნირში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე) მონაწილეობა არ მიუღია, ოლიმპიადა მისთვის პირველი მასშტაბური შეჯიბრება იქნება.

მანუჩარ კვირკველია,ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 74კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი.
ოლიმპიური თამაშები - პირველად 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე იასპარეზა.

დავით ბედინაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 60 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი.
ოლიმპიური თამაშები - წლეულს დათოს დებიუტი შედგება ოლიმპიადაზე.

რამაზ ნოზაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 96 კგ.

0x01 graphic

ფოტო: ეკა ელოშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - 2004 წელს ათენში ფინალში იასპარეზა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბადრი ხასაია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 84 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიურ თამაშებზე მისი დებიუტი შედგება.

გიორგი გოგშელიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 96 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - ეს მისი დებიუტია ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ
ორუმზე.

რევაზ მინდორაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 84 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - მონაწილეობდა ათენის ოლიმპიურ თამაშებში.

ოთარ თუშიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 66 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური თამაშები - სიდნეისა და ათენის ოლიმპიადების მონაწილე.

გელა საღირაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 74 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ვერცხლის მედალი.
ოლიმპიური თამაშები - ათენის ოლიმპიადის მონაწილე.

ბესარიონ გუჩაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 55 კგ.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ბრინჯაოს მედალი. პეკინის ოლიმპიადა მისთვის
სადებიუტო იქნება.

ქრისტინე ესებუა მშვილდოსანი.

0x01 graphic

ფოტო: ზურა გენგიური

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს.
ოლიმპიური თამაშები - მონაწილეობდა ათენის ოლიმპიურ თამაშებში.

ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსანი.

0x01 graphic

ფოტო: ზურა გენგიური

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს, საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილი.
ევროპის ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ოლიმპიური თამაშები - მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

მარიამ ქევხიშვილი, მძლეოსანი, ბირთვის მკვრელი.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს.
ოლიმპიური თამაშები - მონაწილეობდა ათენის 2004 წლის თამაშებში.

დავით ილარიანი, მძლეოსანი, 110 მეტრი თარჯრბენი

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე - მედალი არ აქვს.
ოლიმპიური თამაშები - ათენის ოლიმპიადის მონაწილე.

ლუბა გოლოვინა, ბატუტზე ხტომა.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს მოპოვებული.
ოლიმპიური თამაშები - პეკინის ოლიმპიადა მის კარიერაში პირველი იქნება. ის ჯერ
მხოლოდ 18 წლისაა.

ილია გიორგაძე, ტანმოვარჯიშე

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ოლიმპიური თამაშები - ატლანტის, სიდნეისა და ათენის ოლიმპიადების მონაწილე.

ანა სალნიკოვა, მოცურავე.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - არასოდეს არ უასპარეზია.
პეკინის ოლიმპიადა მისთვის სადებიუტო იქნება.

ირაკლი რევიშვილი, მოცურავე.

0x01 graphic

მსოფლიოს ჩემპიონატზე - მედალი არ აქვს.
ევროპის ჩემპიონატზე - არასოდეს არ უასპარეზია.
პეკინის ოლიმპიადა მისთვის სადებიუტო იქნება.

საქართველო (ქრისტინა სანტანა, ანდრესა ჩაგასი), პლაჟის ფრენბურთი.

0x01 graphic

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვთ მოპოვებული.
პეკინის ოლიმპიადა მათ კარიერაში პირველი იქნება.

გია (ჟორჟ ტერშეირო), პლაჟის ფრენბურთი.

0x01 graphic

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს.
პეკინის ოლიმპიადა მის კარიერაში პირველი იქნება.

გეორ (რენატო გომესი), პლაჟის ფრენბურთი.

0x01 graphic

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედალი არ აქვს.
პეკინის ოლიმპიადა მის კარიერაში პირველი იქნება.