![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №9 (2008) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, პაპასქუა იური, საყევარიშვილი რევაზ, სიმორა ბორის გუტიერეს, გორელიშვილი ილნარ, მესხია იაკობ, ქუცნაშვილი ზაქარია, შაბურიშვილი შოთა, გვენეტაძე გიორგი, ფუტკარაძე სულიკო, ხატიაშვილი გიორგი, გრიგალაშვილი ლევან, ვარდიაშვილი მარიამ, ცხრუკვეთელი კობა, ვაშაკიძე თამაზ, ჯიმშელაძე ეკა, აქუბარდია თამაზ, ხოფერია ლელა, ასლანიშვილი ანდრო, პაპაჩაშვილი ნინო, სისვაძე აზიკო, ჩხიკვიშვილი გივი, გოგოძე მზია, ბიწაძე კობა, ჯანელია გური |
| თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
| საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. veb gverdi: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი ვლადიმერ ვახანია, იურიდიულ მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი მთაავრი რედაქტორის მოადგილე ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი კობა ბიწაძე წამყვანი რედაქტორები: ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე.იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე. კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ნუგზარ ქავთარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: თამთა მეძმარიშვილი, ზანდა მშვილდაძე, ეკა სამხარაძე ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა, კორექტურა ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა |
![]() |
1 საზოგადოება დაავადებულია და მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება! |
▲ზევით დაბრუნება |

ზაურ ნაჭყებია
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე
საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება დაავადებულია შიშის და უმოქმედობის სინდრომით და მას დროული, სერიოზული მკურნალობა სჭირდება!
დავიწყოთ იქიდან, რომ საზოგადოებამ არაფერი იღონა საკუთარი ხმის დასაცავად. დღემდე ვერ ამოვძირკვეთ ჩვენი ცნობიერებიდან საშიში და გადამდები ბაცილა: „მაინც არაფერი შეიცვლება, მაინც გააყალბებენ!“ ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ვის მივცემთ ნდობის მანდატს საარჩევნო ყუთთან მისვლისას. ღირსებას და სხვა ადამიანურ ფასეულობებს რომ თავი დავანებოთ, წმინდა მოქალაქეობრივი ვალია მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე.
დღემდე ვერ გავაცნობიერეთ ისიც, რომ არჩევანს ძმაკაცობისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ნიშნით არ უნდა ვაკეთებდეთ. საქართველოს (როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას) პროფესიონალური და ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალი საკანონმდებლო ორგანო სჭირდება და პარლამენტის წევრობა გარკვეული ხარკის ფასად მიღებული ჯილდო არ უნდა იყოს!
შიში, რომ არჩევნები გაყალბდებოდა, საფუძველს მოკლებული არ იყო (მითუმეტეს, ქართველებმა გაყალბების ისეთი ტექნოლოგიები ავითვისეთ, რომ...), მაგრამ, თუ შენს პოზიციას გამოხატავ, ანუ, შენს ხმას ბოლომდე დაიცავ, გაყალბების მასშტაბები აშკარად მცირდება. ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი რომ იყო, ამას დამკვირვებლები და საარჩევნო პერიპეტიებთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანებიც ადასტურებენ! სხვა საკითხია, როგორია ოფიციალური სტატისტიკა.
უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ამჯერად მოსყიდვებმა ყველა ჩვენში არსებულ რეკორდს გადააჭარბა. ვიყიდებით იაფად, ნაღდზე და ნისიადაც (იმ პირობით, რომ ან ჩვენ, ან ჩვენს ახლობელ-ნათესავებს გამარჯვების შემთხვევაში სამსახურს, ან სხვა „სიკეთეს“ მოგვცემენ). იმდენად უდარდელი გავხდით, რომ ერთხელაც არ დავფიქრებულვართ იმაზე, რატომ ვიმყოფებით ასეთ მდგომარეობაში, რატომ ვითმენთ დღენიადაგ სულში ჩაფურთხებას!
საქართველოს ისტორია ჩვენით არ დაწყებულა და ჩვენით არც უნდა დამთავრდეს - არადა, თუ ყველაფერს გავყიდით (ღვთივკურთხეული ქართული მიწის ჩათვლით), თუ უზნეობის ჭაობში ბოლომდე ჩავიძირებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!
რატომღაც იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ჩვენში სკამი ამქვეყნიური კეთილდღეობის, მეტიც, საზოგადოებაზე ბატონობის წინაპირობა გახდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სკამის მაძიებელთა ამოსავალი პრინციპი ქვეყნის სიყვარული ნამდვილად არ არის. იმდენად ამბიციურები გავხდით, რომ... როგორ შეიძლება ელემენტარული ინტელექტუალური შესაძლებლობები არ გქონდეს (პროფესიონალურ კანონშემოქმედებაზე საუბარი არ არის) და თავშესაფარს პარლამენტში ეძებდე?!
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ერთგვარ უკიდურესობებთან გვაქვს საქმე. ვისაც მეტნაკლებად საქმის გაკეთება შეუძლია, სამწუხაროდ, ამის სურვილი არა აქვს და ცდილობს ყველაფერი საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებაროს. ხოლო, ვისაც ქვეყანა უყვარს და სახელმწიფოებრივი აზროვნებაც გააჩნია, მას ამ პროცესებთან არავინ აკარებს. ეტყობა, საზოგადოებას საღათას ძილით სძინავს და ფიქრობს: „მაინც არაფერი შეიცვლება“, „არაფერს მეკითხებიან“. ერთი სიტყვით, მას ელემენტარული მოთხოვნილება არა აქვს პროფესიონალურ პარლამენტსა და კომპეტენტურ მთავრობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის წინსვლისა და აღმშენებლობის გარანტი იქნებოდა.
სამწუხაროდ, საზოგადოებას არც იმაზე აქვს რეაქცია, რომ პოლიტიკური სუბიექტების აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მეცნიერულად გააზრებული პროგრამა არ გააჩნია. ჩვენ თითქმის ორი ათეული წელია პოპულიზმითა და დეკლარაციებით ვიკვებებით. საქმე იმაშია, რომ პოლიტპარტიებს საზოგადოების მხრიდან არა აქვთ დაკვეთა სათანადო დოკუმენტზე. მითუმეტეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი არავინ ფიქრობს ჩამოაყალიბოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, განახორციელოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა.
ო...პოზიცია, ოპოზიცია
მრავალპარტიულობა ე.წ. დემოკრატიის ძირითადი ატრიბუტი ნამდვილად არ არის. იგი უფრო დაპირისპირებას, ქვეყნის ცალკეულ ჯგუფებად დაშლა-დანაწევრებას უწყობს ხელს. ეს, მითუმეტეს, მწვავედ იგრძნობა საქართველოში, სადაც ოპონირების კულტურა არ გაგვაჩნია. რაც ყველაზე მტკივნეულია, არ იგრძნობა პატივისცემა ოპონენტებს შორის და ბრძოლის მეთოდებიც ხშირად უზნეო და მიუღებელია.
გვინდა თუ არ გვინდა, საქართველო პოლიტიკური სუბიექტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. სხვა საქმეა, რამდენად უწყობს იგი ხელს ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების დამკვიდრებას და რაც მთავარია, მათი პრინციპები დაფუძნებულია თუ არა საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე.
სხვათაშორის, დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდეგ უკვე მერამდენე პარლამენტი გამოვიცვალეთ, მაგრამ არჩევანის გაკეთებისას, სწორი (ობიექტური) კრიტერიუმები დღემდე ვერ ჩამოგვიყალიბდა. ხმას ვაძლევთ იმას, ვინც სრა-სასახლეების აშენებას გვპირდება (კიდევ კარგი, მთვარეზე დასახლებას, რომ არ გვპირდებიან), ვინც თავბრუდამხვევი ოსტატობით ახერხებს დაგვარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა და ყველაფერი კარგად იქნება, ვინც უაზრო და უშინაარსო პიარკამპანიებით ცდილობს ჩვენს გაბრუებას. ოპოზიცია, ისევე, როგორც პოზიცია, საზოგადოების წიაღიდან გამოსული ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ (ეს დრომ დაადასტურა), რომ სახელისუფლებო ბერკეტებით ისარგებლოს, ამქვეყნიური სიამტკბილობისთვის საჭირო პირობები შეიქმნას და არც მეტი, არც ნაკლები დანარჩენ საზოგადოებაზე იბატონოს.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ე.წ. ოპოზიციამ ვერ შეძლო საკუთარ ამბიციებზე ამაღლება და საარჩევნო მარათონზე ერთიანი სიით, ერთიანი გეგმით გამოსვლა. თუმცა, რომელ „გაერთიანებულ ოპოზიციაზეა“ საუბარი, როცა საპარლამენტო არჩევნებში, თუ მმართველ პარტიას არ ჩავთვლით, კიდევ 10 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ერთიან ალიანსს ნამდვილად შეეძლო საპირწონე ყოფილიყო მმართველი გუნდისთვის. მათ არა თუ გაერთიანება მოახერხეს, მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტებადაც კი იქცნენ.
ერთპარტიული დიქტატურის მომხრე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ, არც ხელოვნურად შეკოწიწებული გაერთიანების მჯერა. შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ მათ ეროვნულ ცნობიერებაზე და სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებული იდეოლოგია უნდა აერთიანებდეთ. დიახ, შეიძლება იყოს სხვადასხვა მიდგომებიც, მაგრამ, საბოლოოდ იგი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ უნდა ერთიანდებოდეს. რა ხდება სინამდვილეში? ყოველ შემთხვევაში, სასიკეთო არაფერი!..
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გაერთიანდა ოპოზიცია. ლეიბორისტების მარადიულ ამბიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს „რესპუბლიკელთა“ ტრიუკი, რომელიც თავის დროზე გაერთიანებული ოპოზიციის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორადაც კი გვევლინებოდა და გარკვეული მოვლენების შემდეგ ისევ დამოუკიდებელ სუბიექტად დარჩენა ამჯობინა. ცხადია, ეს ჩვენს „კეთილმოსურნეთა“ რეკომენდაციების გარეშე არ მოხდებოდა. რატომ დამარცხდნენ „რესპუბლიკელები“? ეტყობა, ისინი ან „გადააგდეს“ (როგორც ეს ხდება ხოლმე ქართულ პოლიტიკაში), ან, მკაფიოდ შეასრულეს დავალება, ან, საკმაოდ დაბალია მისი რეიტინგი. მარჩიელობას ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ უსუსური იყო პარტიის ლიდერის განცხადება, რომ მათ საზოგადოებას სწორი ხედვა არ მიაწოდეს და ამიტომ დამარცხდნენ. არადა, პოლიტიკური ნიშნით თუ შევაფასებთ, რესპუბლიკური პარტია ყველაზე პროფესიონალური და თანმიმდევრული პოლიტიკური სუბიექტია. სხვა საკითხია, რას ხმარდება მათი გამოცდილება, რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის მათი იდეოლოგია.
რაც შეეხებათ „ქრისტიან-დემოკრატებს“, მათ შეუძლებელი შეძლეს და სახელდახელოდ, არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე გამოჩეკილი პარტია პარლამენტში ოპოზიციურ სუბიექტად მოგვევლინა. არა მგონია, ეს იმდენად საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება იყოს, რამდენადაც ხელისუფლების სურვილი - მათი სახით პარლამენტში „კონსტრუქციულად მოაზროვნე“ ახალი თაობა ვიხილოთ.
ახლა ისევ გაერთიანებულ ოპოზიციას დავუბრუნდეთ - როგორც ჩანს, იგი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა და პარლამენტის ბოიკოტირებას აპირებს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! მას არჩევნებამდე ჰქონდა შესანიშნავი შანსი გაერთიანებულიყო და ერთიანი ფრონტით ებრძოლა მმართველი პარტიის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, შედეგი უფრო ეფექტური იქნებოდა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სწორი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობაშიც მოსულიყო. ახლა კი ძნელია მასების აყოლიება და სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნება. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩხუბის შემდეგ მუშტებს ნამდვილად არ იქნევენ!
სიტყვამ მოიტანა და არჩევნებამდე საზოგადოებაში დომინირებდა აზრი, რომ საარჩევნო ბარიერს ლეიბორისტებთან და „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ ერთად ქრისტიან-დემოკრატებიც გადალახავდნენ. არ მგონია, აქ იმდენად ქართველ ექსპერტთა გულთმისნობასთან გვქონდეს საქმე, რამდენადაც წინასწარ დაგეგმილ შედეგებთან. ეტყობა, ყველაფერი დაწერილი სცენარით წარიმართა, თუმცა, კარგა ხანია შევეგუეთ იმ აზრს, რომ არჩევნების შედეგები სხვაგან იგეგმება და ამ შემთხვევაში ამომრჩევლის როლი მიზერულია, რაც არსებითად საზოგადოების უსუსურობაზე მეტყველებს.
პოლიტიკაში (პარლამენტში) ბიზნესმენთა გადაბარგება ნებაყოფლობითი ნაბიჯი რომ არ იყო, ეს მთელმა საზოგადოებამ იცის. მმართველმა პარტიამ ეს ნაბიჯი საზოგადოების ემოციებზე ააგო და შექმნა ილუზია, რომ „ფულის ტომრები“, რომელიც მავანმა და მავანმა იშოვა, ხალხის (ამ შემთხვევაში ამომრჩევლის), საკეთილდღეოდ „დაიცლებოდა“. რა თქმა უნდა, ეს წმინდა წყლის ილუზიაა. ისმება კითხვა: რამდენად არიან ისინი მზად კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის და ვინ გააკეთებს მათ გასაკეთებელ საქმეს პარლამენტში? მითუმეტეს, კარგი (წარმატებული) ბიზნესმენი იშვიათია კარგი პარლამენტარიც იყოს. ერთი სიტყვით, ეს ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი, რაც მათ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
გიხაროდენ, ტესტი ჩაბარებულია!
საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა - აცხადებენ უცხოელი დამკვირვებლები და დაბეჯითებით გვარწმუნებენ, რომ არჩევნებმა სამართლიანად, დემოკრატიის წესების სრული დაცვით ჩაიარა. მათგან განსხვავებით, სხვანაირად ფიქრობს ქართული საზოგადოება, მაგრამ ვერდიქტი უკვე გამოტანილია! ისე, დემოკრატიული ფასადის შესაქმნელად მრავალპარტიულობის ნიშნით პარლამენტში 4 პოლიტიკური სუბიექტი მოგვევლინა, თუმცა, თუ პოლიტიკურ ბალანსს შევხედავთ, ოპოზიციის უნიათო ცდა დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, ანუ, ეს პარლამენტიც თავისი ქმედითუნარიანობით არაფრით იქნება განსხვავებული წინა პარლამენტისგან.
აქვე, ორიოდე სიტყვით შევჩერდები ეგზიტპოლებზე, რომელმაც ფაქტიურად საშუალება მისცა ცესკოს უდრტვინველად დაეფიქსირებინა არჩევნების შედეგები. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ეგზიტპოლები არჩევნების შედეგების სასურველ კალაპოტში მოქცევის (მათთვის, ვინც ითვლის) საუკეთესო საშუალებაა და იგი საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას ემსახურება. თუ გავითვალისწინებთ იმას, ვინ იყვნენ ეგზიტპოლის დამკვეთები და რა სტრუქტურები დგანან (საერთაშორისო სტატუსით შენიღბული) მათ უკან, შეიძლება დავასკვნათ, რომ არჩევნების შედეგები ლოგიკური იყო.
მართალია, საერთაშორისო თანამეგობრობამ ტრიუმფით გვამცნო, რომ საქართველომ მორიგი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის გზაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ვერაფერი ნუგეშია ქვეყნისათვის, რომელიც სიყალბის ჭაობშია ჩაძირული.
ვინ არის დამნაშავე?!
მავანი ხელისუფლებისკენ გაიშვერს ხელს, რომელიც ამ საქმეში ყველაზე ნაკლები დამნაშავეა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს გაიხანგრძლივოს არსებობა და ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც არც საარჩევნო კულტურა არსებობდა და არჩევნებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ენიჭებოდა. ადრინდელისგან განსხვავებით, დღეს სულ სხვა ვითარებაა საქართველოში. დემოკრატიული ელემენტების შემოჭრამ მრავალპარტიულობის ჩამოყალიბებას, ანუ, პოზიციის (ხელისუფლების) და ოპოზიციის არსებობას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ მართვის ბერკეტები შეინარჩუნოს, პოზიცია ოსტატურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს, რომელსაც ე.წ. „კარუსელებით“, შანტაჟითა და დაშინებით, და რაც ყველაზე ამაზრზენია, ამომრჩეველთა მოსყიდვით ახერხებს ხოლმე. როგორც ამბობენ, ახლანდელი არჩევნების განსაკუთრებულობა სწორედ მოსყიდულთა მასშტაბურობაში გამოიხატება. თუმცა, რა შუაშია პოზიცია - იყიდებიან და ყიდულობენ! ისე, თუ დანაშაულის კვალიფიკაციაზე მიდგა საქმე, დამკვეთზე მეტად შემსრულებლები მეცოდებიან. ისინი „რაღაცის“ სურვილით უზნეობის ჭაობში ჩაეფლნენ და ექსტაზში შესულნი ყველას და ყველაფერს თავიანთი ფავორიტის გამარჯვებას უქვემდებარებდნენ. არადა, ადამიანი, რომელიც სიყალბის წყალობით შავის თეთრად წარმოჩენას ცდილობს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, პასუხისმგებელია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე!
ეტყობა, ხელისუფლებას ზომიერების გრძნობამ უღალატა, თორემ ნოემბრისა და სხვა ცნობილი მოვლენების შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არ უნდა მოსულიყო. ახლა კი იმაზე უნდა ვიმტვრიოთ თავი, როგორ მოირგებს გამარჯვებული პარტია ამ კონსტიტუციას საკუთარ ტანზე და რა სიურპრიზებს შესთავაზებს საზოგადოებას.
P.S. საზოგადოება ვერსად და ვერასდროს გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მას საკუთარი ქვეყნის წინაშე უზენაესი აკისრებს. 26 მაისის მრავალათასიანი მშვიდობიანი მსვლელობა სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე გვაფიქრებინებს, რომ იგი ბოლომდე ატროფირებული არ არის და საბრძოლო მუხტი ჯერ კიდევ შერჩენია. დანარჩენი უფალს მივანდოთ.
![]() |
2 რევოლუციური ევოლუცია... გზა, რომელიც მიზნამდე არ მიდის! |
▲ზევით დაბრუნება |

იური პაპასქუა
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მთავარი რედაქტორი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
საქართველოში საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფორმირების აუცილებლობა სოციალისტური ინდუსტრიის ტრანსფორმაციის (ნგრევის) რევოლუციურ ტალღას შემოჰყვა. შესაბამისად, ეს პროცესი დირექტიულ ადმინისტრირებას დაექვემდებარა. ამიტომ, ისევე, როგორც ყველა ეგზალტირებული დინამიკა, ინტელექტუალური უზრუნველყოფის, სწორი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური სტრატეგიის გარეშე დაიწყო. შემდგომაც, ყოველმა ახალმა (რევოლუციურად აღტკინებულმა) ხელისუფალმა ბაზრის მექანიზმების დამკვიდრება ანალოგიურად იმპულსური (ზედაპირული და PR-ზე ორიენტირებული) რეფორმებით წარმართა.
სისტემური თუ სტრუქტურული გარდაქმნები (გაერთიანება, დაშლა, დაყოფა, გადაადგილება, გადანაცვლება, განთავისუფლება) სახელმწიფო (თუ კერძო) ინტერესების გამტარებელ უკლებლივ ყველა სფეროს, ობიექტს (სუბიექტს) შეეხო. დაუსაბუთებელ (გარკვეული წრის პირად ამბიციებზე დაფუძნებულ) ექსპერიმენტებს, რომლის მონაწილე და სამიზნე მოსახლეობაა, ბოლო არ უჩანს. გამოცდისთვის (და გამოცდილების მიღებისთვის) საკმარისი დროის გასვლის მიუხედავად (მოდით, ნუ ვიქნებით დაუნახავი), უმეტეს უბნებზე ჯერაც ვერ მოხერხდა ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება თითქმის ვერც ერთი პროექტი ბოლომდე წარმატებულად ვერ განხორციელდა. კორუფციული გარემო მხოლოდ დაბალ ეშალონებში „ამოიძირკვა“.
უხეში, ამასთან, არაპროფესიული ჩარევის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა სრულიად განსხვავებული საბაზრო ეკონომიკის ტიპი (რაღაც ნაზავი), რომლის ზუსტი განსაზღვრება სტანდარტულ ჩარჩოში ვერ თავსდება.
ხელისუფლების შტოებს შორის უფლებებისა და ფუნქციათა გადანაწილების (თუ უზურპაციის) ხარჯზე მივიღეთ სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმა, რომელიც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემისაგან შორს არ წასულა.
ფაქტობრივად ყველა სფეროში (განათლება, მეცნიერება, კულტურა, ჯანდაცვა, სასამართლო, წარმოებითი და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა) არსებული ნეგატიური ტენდენციები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შეფერხებისა და სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა. სამეწარმეო თუ შემოსავლის მიღების ნებისმიერ სფეროში წილების გადანაწილების (წილში ჩაჯდომის) არაერთი ფაქტი სოკოებივით ამოძვრა ზედაპირზე. უცაბედად გამდიდრებულ „ახალ ქართველთა“ ფონზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სიღარიბე, ლამის, ცხოვრების ნორმად, აქედან გამომდინარე შედეგები კი დეგრადირების წინაპირობად იქცა.
მითები საქართველოს ეკონომიკის წარმატებული განვითარების შესახებ დაიმსხვრა. უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ფრთხილობენ თავიანთ შეფასებებში და მიწოდებულ მაჩვენებლებს (მართვადი სტატისტიკის მონაცემებს) არ ენდობიან.
ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკა სისტემური კრიზისის, მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე დადგა.
ეკონომიკური რყევები, მძიმე სოციალური ფონი, ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინტერესების მკვეთრი პოლარიზება, ნაწილობრივ, მსოფლიოში მიმდინარე შესაბამისი მოვლენების ექსპანსიის შედეგიცაა, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობის ექსკალაცია სუვერენულ საზღვრებში პრობლემათა მიმართ არაადექვატური და არაკომპეტენტური დამოკიდებულების პირდაპირპროპორციულია.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე განხორციელებული ყველა მასშტაბური თუ ლოკალური რეფორმა არ იყო გააზრებული მწყობრი მეთოდოლოგიის საფუძველზე, ორიენტირებული მთავარი (სახელმწიფოებრივი) მიზნისკენ და წარმოდგენილი კომპლექსურად. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ყოველი „ახალი გუნდი“ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და სტრატეგიის რეალიზაციის საკუთარი პროგრამის გარეშე მოვიდა. მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები (ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებები) აღმშენებლობის ახალი ეტაპის დასაწყისად მონათლა და, ფაქტობრივად, მართვის სადავეები მოირგო. ფასადური რესტავრაციის გარდა, ძირეულად არაფერი შეცვლილა...
ცხადია, წარუმატებელი რეფორმები ქვეყანაში შექმნილი „მუქი ფერების“ ერთადერთი მიზეზი არ არის, თუმცა, სოციალური პრობლემების გამწვავებაში უაზრო გარდაქმნებმა უთუოდ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი.
ეჭვქვეშ არავინ აყენებს გარდაქმნების აუცილებლობას სადაო გახდა მხოლოდ ცვლილებათა მიზანშეწონილობა, დროულობა, ფორმა და შინაარსი. „რეფორმატორთა გუნდს“ ოპონენტები თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ ოკეანის გაღმა ნახლართი სცენარის (მიზნების და ამოცანების) უპირობო, ამასთან, უნიჭო გადმოტანა, სავარაუდოდ, ასეთ შედეგებს მოიტანდა. არაფერია გასაკვირი - ასე იცის ზედმეტმა თავდაჯერებამ და მოსმენის უუნარობამ. უარესიც შეიძლება მოხდეს, თუ უკვე გამოკვეთილი პრობლემები კვლავაც მიიჩქმალა (დღენიადაგ ვიძახეთ, რომ ყველაფერი ჩინებულად მიდის) და განსხვავებულ აზრში რაციონალურის პოვნის სურვილი არ აღსდგა.
ტკივილს მარტო თმენა ვერ განკურნავს. ექიმს უნდა ეჩვენო, დაიჩივლო და მოუსმინო კიდეც. მშრალი დაპირებებით, ტრაბახით და ბაქიბუქით ვერაფერი შეიქმნება. საქმის კეთებისთვის, სულ მცირე, ცოდნა-გამოცდილებაზე, ყოველმხრივ ანალიზზე დაფუძნებული ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება და შემდგომ, მათ განსახორციელებლად დღენიადაგ მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. უსუსურია და არასარწმუნო „წინამორბედის შეცოდებებზე“ განუწყვეტლივ აპელირება, წარუმატებლობის პოლიტიკური ოპონენტების „მოღალატეობრივ“ საქმიანობასთან დაკავშირება, ან „მტრის ხატის“ შექმნა და „არაკეთილმოსურნე მეზობლებზე“ გადაბრალება.
ასეთი „საგმირო საქმეთა“ ჩამონათვალი ერთნიშნა პირველ ათეულს დიდი ხანია გასცდა. ცხადია, თითოეული მათგანის ყოველმხრივი, სიღრმისეული ანალიზი საჭირო და საყურადღებოა. თუმცა, პრობლემის წარმოჩენისთვის რამდენიმე მაგალითიც საკმარისია.
წარუმატებლობათა უდიდესი ნაწილი არასწორმა საკადრო პოლიტიკამ განაპირობა. ამ პროცესს პოლიტიკას ვერც დაარქმევ უფრო „სახიფათო თამაში“ შეესაბამება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის ტოლფასი იყო უმაღლეს თანამდებობებზე სრულიად გამოუცდელი პირების დანიშვნა, ამასთან, მათი მისვლა უწყებაში „საკუთარი გუნდით“ და ხელაღებით, 40 წელს გადაცილებული ყველა ჩინიანისა თუ უჩინოს „შინ გაშვება“ კანონმდებლობისა და მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ხარჯზე.
საერთოდ, მიუღებელი და ...შეზღუდულობის გამოვლენაა „გუნდური მართვის“ ასეთი პრინციპის დამკვიდრება, მოხელეთა „ჩემიანებად“ (შესაბამისად, ერთგულებად, მორჩილებად) და „კორუმპირებულებად“ დაყოფა, უწყების ხელმძღვანელის გაშვებისას, კვლავ „დიად მიზნებთან“ შესაფერი ახალ ნაკადის თავიდან ფორმირება.
დიახ, უნდა მუშაობდეს ორგანიზაციული სტრუქტურა და არა ხელმძღვანელის ინსტიტუტი (ცხადია, არ იგულისხმება პიროვნების როლი).
არანაკლებ გაუმართლებელია თანამდებობის პირთა გადაადგილებები - კარუსელი ყოველ 34 თვეში და მერე უცხოეთს „სასწავლებლად“ გაგზავნა ან საარჩევნო მარათონში გადასროლა... საქართველოში ბევრია ისეთი, ვინც რამდენიმე სამინისტრო პოსტი ისე შემოირბინა, თანამშრომელთა გაცნობაც ვერ მოასწრო. არც არავის მოუკითხავს წინა თანამდებობაზე მათი „დამსახურება“ და არც ახალთან შესაფერისობა ყოფილა „საქმით“ განმტკიცებული.
ასე ვერც უწყებას დაეტყო რამე და ვერც ქვეყანამ იგრძნო სასიკეთო.
„საკადრო ექსპერიმენტებმა“ და სპეციალისტთა მიმართ შეუწყნარებელმა დამოკიდებულებამ განდევნა ისინი ქვეყნიდან, საშოვარზე გადახვეწილნი სხვის გაძლიერებას ახმარენ ჭკუას და გონებას, უცხოეთში იპოვეს შრომის დაფასება და ადგილი. მათი მობრუნება ახლა ალბათ ძალზე ძნელია.
ინტელექტის ჯეროვანი დაფასების, სპეციალისტთა შენარჩუნებისა და მათი ახალი თაობის გაზრდის, ამ უსაზღვრო პოტენციალში შეუზღუდავი ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია მაღალი ტექნოლოგიებისა თუ რესურსების ოპტიმალური გამოყენება, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
სხვაზე მეტად მიუტევებელი შედეგები მოაქვს ქვეყნის მართვისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაუაზრებელ, არაადექვატურ (მხოლოდ PR-ზე ორიენტირებულ) გადაწყვეტილებათა მიღებას. ყოველივე ამას, მეტწილად წინასაარჩევნოდ ელექტორატთან შეხვედრებზე დარიგებული დაპირებების ნებისმიერ ფასად შესრულების სიტყვაშეუბრუნებელი დირექტივა უძღვის წინ, თანაც ისეა შეფუთული და მოწოდებული, რომ თითქოს მხოლოდ ამ ღონისძიების შემდგომ გაბრწყინდება სასწაული, ჯერ არნახული და მოკვდავთაგან აქამდე მიუღწეველი. აქ პრობლემას ქმნის (და ოპონენტებს საწინააღმდეგოდ განაწყობთ) მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის საკმარის რესურსებთან შესაძლებლობათა შეუსაბამობა, აგრეთვე მათში მთვლემარე უკუეფექტები. გარდა ამისა, მათ პროგრამულ უზრუნველყოფას უდაოდ აკლია კვალიფიკაცია. აღნიშნულის სამაგალითოდ შეიძლება მოვიხმოთ სამთავრობო პროგრამა „საქართველო სიღარიბის გარეშე“, რომლის ეფექტი ჯერ კიდევ „50-დღიანი პროგრამის“ დასასრულს უნდა ეგრძნო მოსახლეობას. როგორც მოგვიანებით გაცხადდა, ახლა უკვე „50-თვიანი“ მეცადინეობა დასჭირდება თურმე არსებული ვითარებიდან თანდათანობით თავის დაღწევას და ხელისუფლება „ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მთლიანად გადაჭრის“.
საქმეც ამაშია!..

განა იმაზე დაობს ვინმე, რომ სიღარიბეში ყოფნაა უკეთესი და აქედან ფეხი არ უნდა მოვიცვალოთო? როგორ, რა გზებით და საშუალებებით მივაღწიოთ ამას, სადაო აი, ეს არის. გზა, რომელსაც ვადგივართ, მიზნისკენ არ მიდის.
შეცდომაა, მოუმზადებელი (და სავარაუდოდ, ერთპიროვნული) გადაწყვეტილებაა კონტროლის პალატის ქუთაისში გადატანა. ჯერ ერთი, ამით ქუთაისი ვერანაირად ვერ გახდება ინდუსტრიის ბურჯი ან მეორე დედაქალაქი, ვერც რეგიონის განვითარებას შეეწყობა ხელი (უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო პროდუქციას და დასაქმებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს არ ქმნის). თუ ის აქ ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება, მაშინ ამჟამად დასაქმებული კადრები დარჩება ქუჩაში (ეს კი სხვა პრობლემა და თავსატეხია. ვინმემ იფიქრა ამაზე?); მეორე, კონტროლის პალატა კონსტიტუციური ორგანოა და მის მუშაობაში ჩარევის უფლება არავის აქვს. ის პარლამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურაა, შესაბამისად, დისლოკაციის შეცვლის მიზანშეწონილობაზე ამ ორგანოს უნდა ემსჯელა და გადაწყვეტილებაც მასვე უნდა მიეღო, რაც არ განხორციელებულა, და სავარაუდოდ, ახალმა საპარლამენტო სპექტრმა, შეიძლება მას მხარს არც დაუჭიროს, განკარგულებები კი უკვე გაცემულია და გადაბარგების სამზადისიც დაწყებულია; მესამე, რაც ყოვლად გაუმართლებელია, მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო ხარჯები (მივლინებებზე, ტრანსპორტზე და ა.შ. მხარჯავ დაწესებულებათა უმეტესობა თბილისშია განთავსებული, გარდა ამისა, პარლამენტის კომიტეტებს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ კონტროლის პალატის ხელმძღვანელ პირებთან და მათ წაღმა-უკუღმა სირბილი მოუწევთ). ამასთან, შეფერხდება მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობის ფუნქცია. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს შორს გამიზნული გეგმის ნაწილიც იყოს. ალბათ, ამიტომაც მიზანმიმართულად შესუსტდა კონტროლის პალატის როლი. აქ განხორციელებული რეორგანიზაციული და საკადრო ცვლილებების შემდგომ არც ისმის და არც ჩანს მისი აქტიური, პრინციპული პოზიცია...
ასევე, სრულიად გაუთლელი იყო საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანება და დაქირავებულისთვის მისი დაკისრება. ამ „ნედლი“ და ძალად თავსმოხვეული საკანონმდებლო ინიციატივის რეალიზაციის შედეგად ხელფასები არ გაზრდილა, გამოშვებული პროდუქცია (სამუშაო, მომსახურება) არ გაიაფებულა. სამაგიეროდ, დამქირავებლის ტვირთი დაქირავებულს აეკიდა და დასაქმებულ პირს შემოსავლის მეოთხედს აფცქვნიან. მოგვიანებით, მდგომარეობის საკომპენსაციოდ, ახალი დაპირება „გამოაცხადეს“: სამთავრობო პროგრამის - „საქართველო სიღარიბის გარეშე“ ფარგლებში განსაზღვრულია, რომ 5 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი 25%25-დან 15%25-მდე შემცირდება. „სხვა სახის გადასახადები პირად შემოსავლებზე არ იარსებებს. კაპიტალზე გადასახადები გაუქმდება.“
იცვლება დრო, იცვლება შეხედულებებიც და მოთხოვნებიც, შესაბამისად, შეიძლება კორექტივები მოითხოვოს მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც. ამაში ტრაგიკული არაფერია. მაგრამ ვინც თვალს ადევნებს საკანონმდებლო სიახლეებს, დამეთანხმება, რომ ამ მხრივ ყოვლად უსარგებლო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. გუშინ მიღებულ კანონში დღეს უკვე ცვლილებაა შესული და ახალი ცვლილების პროექტი რიგში დგას განსახილველად. ამასთან, ასეთი არასტაბილურობა, უმეტესწილად, აქტის სრულყოფას, ან დახვეწას კი არა, კერძო (ანგარიშსწორებით) ინტერესებს ემსახურება.
მეტი დაკვირვება, სიბრძნე და წინგახედვაა საჭირო. ასეთი ნაბიჯებით მიზანთან მალე ვერ მივალთ.
ფხიზელი თვალი, ცივი გონება ყველაფერს ამჩნევს, გრძნობს, ნატურაში ხედავს იმასაც, რაც კეთდება (გზები, შადრევნები, საფრენი და სარბენი ბილიკები, უწყვეტი შუქი, გაზი, სხვა მრავალი სიკეთე) და იმასაც, რაც უხარისხოდ, ან ძვირად გაკეთდა, საიდან მოვედით და საითკენ მივდივართ.
დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე იყო
![]() |
3 იმპორტის ტყვეობაში |
▲ზევით დაბრუნება |

რევაზ საყევარიშვილი
ექსპერტი
სამწუხაროდ, მოსალოდნელი საფრთხე რეალობად მაინც იქცა: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურამდე“ დასწია და რეიტინგის კლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიზეზად რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ტენდენციის მორიგი გააქტიურება დაასახელა.
თავისთავად, რეიტინგის მოპოვება სტიმულია ქვეყნისთვის, რათა არ შეაჩეროს ეკონომიკური რეფორმები, ხელი შეუწყოს მიმზიდველი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და გააგრძელოს მუშაობა რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. როცა რომელიმე კომპანიას უცხოეთში ინვესტიციების განხორციელება სურს, ის ძალიან ხშირად პირველ რიგში ქვეყნის რეიტინგს აკვირდება და მის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. საქართველოსთვის აქამდე მინიჭებულმა შეფასებებმა ჩვენი ქვეყანა, მიმზიდველობის თვალსაზრისით, უკრაინას, თურქეთს და სერბეთს გაუთანაბრა.
დღეს კი ეს შეფასება უკვე გაურესებულია. ის გაუარესდა სწორედ მაშინ, როდესაც კრიზისის ერთი ეტაპი თითქოს მეტ-ნაკლებად გადაილახა. მართალია, 2007 წლის ბოლოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის გარეთ საქართველოზე არსებული შეხედულებები შეცვალა, მაგრამ, საბედნიეროდ, 2007 წელი ისე გაილია, რომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გადასინჯვა არც ერთ სარეიტინგო სააგენტოს არ მოუხდენია.
თუმცა, რისკების დროულად მოუგვარებლობა ნათლად ასახავდა იმ საფრთხეს, რაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს ემუქრებოდა. დღეს ეს საფრთხე უკვე რეალობად იქცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეიტინგის დაკარგვა გაცილებით იოლი შეიძლება იყოს, ვიდრე მისი მოპოვება და შენარჩუნება.
ცნობისათვის: ქვეყნის რეიტინგის კლება ასევე მყისიერად აისახება ამ ქვეყნის კომპანიების საკრედიტო რეიტინგებზეც. მართალია, ასეთი საქართველოში სულ თითებზე ჩამოსათვლელია, მაგრამ ეს მდგომარეობას სულაც არ ამსუბუქებს. პირიქით, როდესაც ამ თითებზე ჩამოსათვლელ ქართულ კომპანიებს მსოფლიო კონკურენციის მორევში უწევთ ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა, ძლივს მიღწეული რეიტინგის დაკარგვა მათთვისაც უმძიმესი დარტყმაა.
საგულისხმოა, რომ შარშან წლის დამლევს, როდესაც Standard & Poor's-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელი დატოვა და ქვეყანას შეუნარჩუნა გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი B „პოზიტიური“ პროგნოზით, აღნიშნა, რომ ეს შეფასება პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებით, რეფორმების რეალიზაციით და ეკონომიკური ზრდით იყო განპირობებული. სააგენტო იმედოვნებდა, რომ ქვეყანაში გაგრძელდებოდა ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდისა და სხვა პოზიტიური ტენდენციების ფონზე.
თუმცა, Standard & Poor's-მა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს რეიტინგის შემდგომ ზრდას ხელს უშლის შიდა ეკონომიკური მაჩვენებელებისა და პოლიტიკური რისკების დაუბალანსებლობა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტური რეგიონების არსებობა და დაძაბული ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან. დღეს უკვე ცხადია, რომ ეს პრობლემები არა მხოლოდ ხელს უშლის სარეიტინგო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას, არამედ, მისი დაცემის წინაპირობაც კი ხდება.
აი, ასე. საქართველო რეიტინგის დაცემას მაშინ გადაურჩა (2007 წლის ბოლოს), როდესაც ეს ყველას გარდაუვალი ეგონა და ვეღარ გადაურჩა დღეს, როცა მაშინდელი რისკები ნაწილობრივ მაინც ნიველირებულია. 2007 წლის დამლევს, როდესაც პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რყევებმა პიკს მიაღწია, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საინვესტიციო პროფილი „არ გააფუჭეს“. არადა, იმავე Standard & Poor's-მა 2007 წლის ბოლოს საკრედიტო რეიტინგი ყაზახეთს დაუქვეითა - უცხოურ ვალუტაში ყაზახეთის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც მანამდე BBB იყო, შარშან წლის ბოლოს BBB გახდა. ამის მიზეზი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ყაზახეთის ფინანსურმა სექტორმა მსოფლიოში გამძაფრებული იპოთეკური კრიზისის გამო ახალი რესურსები ვერ მოიზიდა, შეშინებულმა მოსახლეობამ კი ბანკებიდან დეპოზიტების გაზიდვა დაიწყო. სექტორის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად პრეზიდენტ ნაზარბაევის ბრძანებით 4 მილიარდი დოლარი გამოიყო და სიტუაციაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, მაგრამ რეიტინგის კლებას ყაზახეთი მაინც ვერ ასცდა.
საქართველოში კი რეიტინგის კლების მიზეზი, წმინდა ეკონომიკური შინაარსის პრობლემატიკასთან ერთად, აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზეზები გახდა - რუსეთთან საომარი რიტორიკის გამწვავებამ და კონფლიქტურ რეგიონებში საომარი მზადყოფნის რეჟიმის გააქტიურებამ ქვეყნის პოზიტიური იერ-სახე უკვე შელახა. ეს არის ძალიან, ძალიან საგანგაშო სიგნალი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თუ ხელისუფლებაში მოსვლის მოსურნე ყველა ძალამ სრული სიგრძესიგანით უნდა გააცნობიეროს.

საფრთხე მით უფრო ანგარიშგასაწევია, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს რეიტინგი მეორე ცნობილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომაც უნდა გადასინჯოს და ან წინა შეფასება დაადასტუროს, ან მისი მოტივირებული შეცვლა უნდა მოახდინოს. ამ ნაწილშიც საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა ვერ არის მთლად სახარბიელო, ვინაიდან, ჯერ ერთი, საერთაშორისო სააგენტოები დიდი ყურადღებით აკვირდებიან კოლეგა-სააგენტოების შეფასებებში მომხდარ ცვლილებებს, მეორე მხრივ კი საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურა საკმაოდ შორს არის გაცდენილი მისაღებ დონეს.
Fitch Ratings-მა, უკანასკნელი შეფასებით, საქართველოს გრძელვადიანი BB-რეიტინგი შეუნარჩუნა, სტაბილური პერსპექტივით. თუმცა, რეიტინგის გამოქვეყნების პარალელურად, სააგენტომ იმ რისკების იდენტიფიცირებაც მოახდინა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისთვის როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემების წყაროდ შეიძლება იქცეს.
საკრედიტო კომპანიის ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სისუსტეების, მათ შორის საგარეო სავაჭრო დეფიციტის გამო, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის საფრთხეები არსებობს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეფასების გაკეთებიდან დღემდე არც ერთი ამ ფაქტორის ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ შესუსტებულა. პოლიტიკური რისკები როგორც გარე, ასევე შიდა მოვლენების გამო, პირიქით, უფრო გაიზარდა: ქვეყანა, ერთის მხრივ, წინა თუ პოსტსაარჩევნო უწონობის მდგომარეობაშია გადაშვებული, რომელიც საქართველოსნაირ ქვეყანაში ყოველთვის სტაბილურობის რეალურ საფრთხედ აღიქმება; მეორეს მხრივ კი, უკიდურესად უმწვავდება ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ქვეყნის სტაბილურობაზე ნეგატიური გავლენის უამრავ (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სამხედრო) ბერკეტს ფლობს.
რაც შეეხება ეკონომიკურ სისუსტეებს, სხვა გარემოებებთან ერთად, აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ძალიან ხშირად ან საერთოდ უყურადღებოდაა მიგდებული, ან საკმაოდ ცოტა ყურადღება ექცევა. არადა, მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ თუ სოციალურ პროცესებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ისეთი პრობლემებისა, რომელთა შესახებაც საუბარი მიღებული ან „მოდურია“.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ფაქტია - ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო შეუქცევადად იზრდება და ეს არა ცალკეული პერიოდის განმავლობაში მომხდარი შემთხვევა, არამედ სავსებით გამოკვეთილი კანონზომიერებაა, რომელიც ქართული ეკონომიკური სივრცის უცილობელ ატრიბუტად იქცა.
წინა წლების მსგავსად, 2007 წელი ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური გახდა და, თან, გაცილებით თვალსაჩინო გახადა იმპორტის გაძლიერებისა და ექსპორტის დასუსტების ტენდენციები. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონიტორინგი გვაძლევს, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით პერმანენტულად ხორციელდება.
ცხადია, სასიამოვნო ფაქტია, რომ შარშან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი გააქტიურება დაფიქსირდა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვა 2006 წელთან შედარებით, 39,9%25-ით გაიზარდა. მაგრამ როგორი იყო ამ ზრდის ჭრილი? შიშველ ციფრებს თუ მოვიშველიებთ, საქონლის ექსპორტმა 32,5%25-ით, იმპორტმა კი - 41,8%25-ით მოიმატა. შესაბამისად, ექსპორტის წილი საქონელბრუნვის მოცულობაში 20,3%25-დან 19,2%25-მდე შემცირდა, იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა კი 25,5%25-დან 23,8%25-მდე იკლო.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის აბსოლუტური მაჩვენებლები მოვიხმოთ: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2007 წელს (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6,457 მილიარდი დოლარი იყო. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, საერთო საგარეო ვაჭრობის მოცულობიდან ექსპორტი 1,24 მილიარდ დოლარს, ხოლო იმპორტი - 5,22 მილიარდს შეადგენდა. ანუ 2007 წელს უარყოფით სავაჭრო ბალანსად რეკორდული 3,98 მილიარდი დოლარი დადგინდა. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 100 პარტნიორ ქვეყანასთან ჰქონდა, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 4,12 მილიარდი დოლარი იყო, დადებითი სავაჭრო ბალანსი კი ქვეყანას მხოლოდ 23 სახელმწიფოსთან გამოეკვეთა 146 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე: შარშან ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა იმპორტის მზარდი წნეხის პირობებში იმყოფებოდა.

2008 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს ტენდენცია წლეულსაც შეუქცევადად გრძელდება და ისევე, როგორც წინა წლებში, ამჟამადაც იმპორტის ზრდა და ექსპორტის პოზიციების შესუსტება თვალსაჩინოა. თავად განსაჯეთ: საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1,741 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 37,2%25-ით მეტია. აქედან ექსპორტი 330,6 მილიონ დოლარს, იმპორტი - 1,41 მილიარდს აღწევს.
შესაბამისად, იანვარ-მარტში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1,08 მილიარდი დოლარი იყო. გაგრძელდა ექსპორტის ხვედრითი წილის კლების ტენდენცია (თუ 2007 წლის მაჩვენებელი 19,2%25 იყო, წლევანდელ პირველ კვარტალში უკვე 19%25-მდე დაეცა), იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა კი შარშანდელი 23,8%25-დან წლევანდელ პირველ 3 თვეში 23,5%25-მდე იკლო.
წლეულს, იანვარ-მარტში საქართველოს 105 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გამოეკვეთა. აქედან, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 90 პარტნიორ სახელმწიფოსთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 1,126 მილიარდი დოლარია. დადებითი სავაჭრო ბალანსი კი მხოლოდ 15 ქვეყანასთან დადგინდა.
მოკლედ, ტენდენცია ნათელია: საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი მზარდი ტემპით ავიწროებს ექსპორტს. თან, საექსპორტოდ ძირითადად კვლავაც მხოლოდ ნედლეული ან პირველადი გადამუშავების პროდუქტი გაედინება (2007 წლის ლიდერები კვლავაც ფეროშენადნობები, შავი ლითონების ჯართი და სპილენძის მადნები და კონცენტრატები აღმოჩნდა), რაც ნიშნავს, რომ ამ სეგმენტებზე მოსახლეობის დასაქმება ძალიან დაბალია. რაც შეეხება იმპორტს, აქ სურათი საწინააღმდეგოა: ქვეყანაში უპირატესად, საბოლოო პროდუქტი შემოედინება, რომელიც გადამუშავებას აღარ საჭიროებს და, შესაბამისად, სამუშაო ადგილებს ეს სეგმენტიც ნაკლებად გენერირებს.
ექსპორტის ასეთი მძიმე მდგომარეობის ფონზე, იმპორტის აქტივობა სულ უფრო ძლიერდება. იმპორტის მოძალებისა და ადგილობრივი წარმოების შევიწროების გამო, საექსპორტო რესურსებიც უფრო მეტად მცირდება.
საგულისხმოა კიდევ ერთი პარამეტრი: 2006 წელს პარტნიორი 100 ქვეყნიდან საქართველოს დადებითი ბალანსი მხოლოდ 17-თან ჰქონდა, დანარჩენ 83-თან - უარყოფითი, შარშან 123 ქვეყნიდან პროპორცია 23-100-ზე იყო, წლევანდელ პირველ კვარტალში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 105 ქვეყნიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანას 6ჯერ მეტ ქვეყანასთან აღმოაჩნდა, ვიდრე დადებითი (90:15).
ეს ტენდენციები მიუთითებს, რომ ჯერჯერობით რეალობისგან შორსაა ის პროგნოზი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკეთა: ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში, ერთის მხრივ, ხაზგასმულია, რომ დსთ-ს ქვეყნების უმეტესობაში 2007 წელს იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. საქართველოსთან მიმართებაში კი პროგნოზირებულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2007 წელს დაფიქსირებული 19,7%25-იდან 2008 წელს 16,6%25-მდე, ხოლო 2009 წელს 13,2%25-მდე შემცირდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოდან ექსპორტის მოცულობის ზრდას ვარაუდობს, რაც, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ არ დასტურდება.
უფრო პირიქით: იმპორტის მუდმივი მატება ნათელყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია არათუ საექსპორტო რესურსს ვერ ავსებს, არამედ ვერ უზრუნველყოფს ვერც ადგილობრივ ბაზარს, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი უმწვავესი პრობლემის - უმუშევრობის საფუძველია. ამიტომ, ექსპორტის კლებადი და იმპორტის მზარდი მაჩვენებლისადმი ყურადღების კონცენტრირება და ექსპორტ-იმპორტის დინამიკაზე ეკონომიკური აქცენტების გაკეთება მნიშვნელოვანია ქვეყნის უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის - სიღარიბის დასაძლევადაც.
სავაჭრო სალდოს გაუარესება თავისი შინაარსით კომპლექსური პროცესია და მისი გამომწვევი ფაქტორთა მთელი წყებაა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ადგილი და ხვედრითი წილი გააჩნია, თუმცა, მაინც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე გარემოება, რომელთა გავლენაც მიმდინარე პროცესზე ყველაზე თვალსაჩინოა.
იმპორტის გაზრდას, ერთის მხრივ, სავაჭრო ტარიფების განულების ტენდენცია უწყობს ხელს, რაც თავისთავად მისასალმებელი ტენდენციაა, რადგან ვაჭრობის გაიოლებას და გაიაფებას მოასწავებს. თუმცა, იმავდროულად გასაცნობიერებელია ის რისკი, რომ ამგვარი პოლიტიკა ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობებს ამცირებს და იმპორტული პროდუქციით ბაზრის სრული გაჯერების ალბათობას უფრო მეტს ხდის.
იმავდროულად, საექსპორტო შესაძლებლობებს საგრძნობლად ვნებს ეროვნული ვალუტის კურსის შეუქცევადი და მკვეთრი გამყარების ასევე გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ექსპორტს აძვირებს და მის არსებულ თუ პოტენციურ რესურსს ამცირებს, იმპორტს კი, პირიქით, აიაფებს და მისი მოცულობა იზრდება.
სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად (ქართული ეკონომიკის მონოპოლიზების მაღალი ხარისხი და კონკურენციის შეზღუდვა, ქართული საექსპორტო პოტენციალის სიმწირე, ქართული კომპანიების ნაკლები ფინანსური მდგრადობა და უცხოურ ანალოგებთან შედარებით გაცილებით სუსტი პოზიციები, არსებულ ბაზრებზე ადგილის შენარჩუნებისა და გასაღების ახალ ბაზრებზე შეღწევის სირთულეები და ხარჯიანობა და ა.შ.), ეს პრობლემები შედეგად იწვევს იმას, რომ ხდება არა ექსპორტის მატება და იმპორტის ჩანაცვლება, არამედ იმპორტის გაძლიერება, რაც დადასტურებულია ოფიციალური სტატისტიკით.
იმპორტის პოზიციების ასეთი გაძლიერება სირთულეს უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების ფინანსურ თუ ინსტიტუციურ მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, არამედ შეუძლებელს ხდის არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და, მით უფრო, ახალი ადგილების გენერირებას. ეს თანაბრად ეხება როგორც ქვეყნის შიდა მოთხოვნილებებზე, ასევე საექსპორტო მიმართულებებზე ორიენტირებულ სექტორებს და კომპანიებს.
როგორც ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირებული მომსახურება და საქონელი, ასევე საექსპორტო პოტენციალი ყველაზე მეტად იქმნება იმ სფეროებში, სადაც მოსახლეობის დასაქმება დიდია.
მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, რომელმაც 2007 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 12,3%25-ის გენერირება მოახდინა. ამ სექტორის საექსპორტო და ადგილობრივი პოზიციების შენარჩუნება განსაკუთრებით მტკივნეული იმ ფაქტორის გამო იქნება, რომ მასში ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 55,6%25-ია დასაქმებული.
ამდენად, ქვეყნის ექსპორტიმპორტის ბალანსის კონფიგურაციის განუხრელი ცვლილება იმპორტის სასარგებლოდ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი პრობლემაა, რომელსაც ნეგატიური შედეგები მოსდევს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეროვნული ეკონომიკა გაცილებით მყიფე და დაუცველი ხდება რისკების მიმართ, ვინაიდან მის შიგნით არანაირი შემაკავებელი სიმძლავრეები არ იქმნება. ეს კი ქვეყნის ზოგადი სიძლიერის და განვითარების გამოხშირვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი წინაპირობაა.
![]() |
4 უმჯობესია, საქართველო საქართველოდ დარჩეს და ბელგიის კლონად არ იქცეს!.. |
▲ზევით დაბრუნება |

ბორის გუტიერეს სიმორა:
მოკლე დოსიე: დაიბადა მოსკოვში, ესპანელი ემიგრანტების ოჯახში. მამა, პროფესიით ჟურნალისტი, ესპანეთში კომუნისტურ გაზეთს ხელმძღვანელობდა.
სწავლობდა რუსულ სკოლაში, მამის რჩევით (ესპანეთს აშენება სჭირდებაო) დაამთავრა მოსკოვის საავიაცო ინსტიტუტი, თუმცაღა, ჟურნალისტურმა გენებმა თავისი გაიტანა - ესპანეთში დაბრუნების ბოლო წლებში (დიქტატორ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ 1977 წელს ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა) მუშაობდა რუსული რადიოს ლათინო-ამერიკულ განყოფილებაში. ესპანეთში მისი საავიაციო ინჟინრობა არავის დასჭირდა (ქვეყანაში საავიაციო მრეწველობა არ იყო) და როცა ერთ-ერთ მოწინავე ბანკში მიიწვიეს (მისი კარგი განათლებისა და რუსეთთან ნაზიარევობის გამო), უარი არ უთქვამს. სტაჟირების გავლის შემდეგ გადაიყვანეს კავშირების განვითარების დეპარტამენტში, მოსკოვში წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ კი იყო ესპანური ბანკის პირველი წარმომადგენელი რუსეთში, სადაც 20 წელი დაჰყო. მიიჩნევს, რომ მის ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის საბანკო სისტემის ჩამოყალიბებაში. დღეს ბატონი სიმორა ესპანური ბანკის „სანტანდერის“ რუსული განყოფილების დირექტორია, რომელიც შემოსავლების კუთხით მეხუთეა ევროპაში და მეათე მსოფლიოში.
საქართველო მინუს „რაღაციდან“ იწყებს...
- როცა უკანასკნელად, 10 წლის წინ ვიყავი თბილისში, ძალიან ცუდი დრო იყო, ქალაქი ომგადატანილივით გამოიყურებოდა - ჩაბნელებული ქუჩები, ალაგალაგ დანგრეული სახლები, პირქუში და დადარდიანებული ადამიანები... ეს ისეთი კონტრასტი იყო იმ თბილისთან, რომელიც მე ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან მახსოვდა, რომ ამან ჩემზე ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ მრავალი წლის განმავლობაში აღარ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამჯერად სასიამოვნოდ გამაოცა იმან, რომ ქალაქი გადარჩა, იგრძნობა სიცოცხლე, რაც მის გარეგნულ სახეზეც აისახება. ჩანს, რომ მიმდინარეობს რაღაც პოზიტიური პროცესები, ქალაქი ახლდება და მშვენდება. თუნდაც გზების ხარისხი აიღეთ, რაც ასე თვალშისაცემია, ანუ ქალაქი სულ უფრო თანამედროვე ხდება. თუმცა, არის რაღაც-რაღაცეები, რაც მე არ მომწონს და ვისურვებდი, რომ ისინი ძველებურად დარჩენილიყო, განსაკუთრებით ქალაქის არქიტექტურულ ნაწილში, ძალიან გადამეტებულია სტილიზებული მოდერნი, რაც, ვფიქრობ, ასეთი სპეციფიკური ქალაქისთვის მთლად კარგი ვარიანტი არ უნდა იყოს. თუმცა, ეს უკეთესია, ვიდრე ნანგრევები. ესპანეთშიც იყო ეს პრობლემა, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომლისგანაც შეიძლება აიღო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ძველი და შეახამო იგი ახალს. მადრიდი და, ესპანეთი მთლიანად, ამ პრინციპს ძალიან მკაცრად იცავს.
გულწრფელად მახარებს, რომ ადამიანებს თვალში სიცოცხლის სხივი ჩაუდგათ, ახალგაზრდობას ემჩნევა, რომ კარგად ცხოვრება უნდა. ეს ყველაფერში ჩანს, თუნდაც იქიდან, რომ იმ ტიპის დაწესებულებებში, სადაც ფულის ხარჯვა შეიძლება, ძირითადად ახალგაზრდები სხედან, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორედ ახალგაზრდები შოულობენ ფულს და არა ძველი თაობის წარმომადგენლები. სხვათა შორის, მე ამ ფენომენს მოსკოვშიც წავაწყდი. ყველაფერი ერთი ერთზეა, იქაც ვერ ნახავთ ვერცერთ თანამედროვე მოდურ დაწესებულებას, რომელშიც თუნდაც საშუალო ასაკის ადამიანი იჯდეს, აღარაფერს ვამბობ ხანდაზმულებზე. ეს, როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშანია.

- და მაინც, ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთი გზით მიდის, მსოფლიო ეკონომიკა კი - სრულიად სხვა მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, ეს კრიტიკული შეფასება გარდამავალი ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი, თუ ჩვენს შემთხვევაში წმინდა ნაციონალური პრობლემები იჩენენ თავს?
- ძალიან ძნელია განსაჯო, სინამდვილეში როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა, რადგან მე ახლახან თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე და თქვენი ჟურნალის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-კონფერენციაზეც მოვისმინე გამომსვლელთა საკმაოდ კრიტიკული შეფასებები ქართულ ეკონომიკასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ქართული ეკონომიკა არ მიდის სხვა მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნებოდა, საით შეიძლებოდა იგი წასულიყო. ერთი რამ ცხადია - იგი ცდილობს გაშორდეს იმ ეკონომიკას, რომელიც ჰქონდა და მეჩვენება, რომ იქით ცდილობს წასვლას, რომელიც უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ანუ დასავლურისკენ. ასე რომ, აქ კითხვა ჩნდება არა იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის ქართული ეკონომიკა, არამედ - როგორ მიდის. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ამ ტიპის ქვეყნებს, უნდა წინ იაროს, მაგრამ სვლის ეს გზა საკმაოდ შორსაა იმისგან, რა რეკომენდაციებსაც დასავლეთის ქვეყნები იძლევიან. აქ მე ცოტა ფრთხილი ვიქნები - არ არსებობს რაიმე უნიფიცირებულ შედეგამდე მისვლის უნივერსალური მეთოდი. ესპანეთი საერთო ბაზრისკენ მიდიოდა ერთი გზით, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი - სხვა გზით, მიზანი იყო საერთო, გზები კი სხვადასხვა. ეს იმიტომ, რომ ქვეყნებია სხვადასხვა და, შესაბამისად, სპეციფიკაც განსხვავებული - ნაციონალური, კულტურული.. დემოკრატიაც არ არის ყველგან ერთნაირი. არსებობს განვითარებული დემოკრატია, არსებობენ განუვითარებელი დემოკრატიები, რომლებსაც მხოლოდ ჰქვიათ დემოკრატია.
ის, რომ არჩევნებში მონაწილეობს მოსახლეობის გარკვეული პროცენტი და ამ პროცენტიდან ყალიბდება უმრავლესობა, ეს მხოლოდ თამაშია დემოკრატიაში. ასე, მაგალითად, აშშ-ში არჩევნებზე მიდის მოსახლეობის 40%25-მდე და ამ 40%25-ის უმრავლესობა ირჩევს პრეზიდენტს. მაგრამ ეს კატასტროფა არ არის, რადგან იქ კარგად განვითარებული დემოკრატიაა და ის, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ვერანაირად ვერ გამოიწვევს მკვეთრ ცვლილებებს ქვეყნის ცხოვრებაში.
რაც შეეხება ევროპას, იქ მრავალ ქვეყანაში ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლის გზა გაცილებით პრობლემური და რთული იყო და რჩება დღემდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო სწორედ ახლა ცდილობს საკუთარი გზის პოვნას. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია იმ საერთო ევროპული, თუ გნებავთ ამერიკული, სისტემებიდან იმ ერთადერთის ამორჩევა, რომელიც უმოკლესი გზით გაიყვანს ქვეყანას საერთო ბაზარზე. ეს ყველა ქვეყნისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ესპანეთს ამისთვის სამოქალაქო ომის გადატანაც კი მოუხდა და, საერთოდ, თქვენ იცით, რამდენი ომი იყო ევროპაში იმისთვის, რომ ისინი მისულიყვნენ იქამდე, სადაც დღეს არიან. ახლა ევროპისთვის ადვილია სხვებისთვის შენიშვნების მოცემა, რადგან მას უკვე დაავიწყდა საკუთარი მამებისა და ბაბუების თაობები, რომლებიც სწორედ იმ ერთადერთი სწორი გზის ძიების პერიოდში ცხოვრობდნენ და ამას შეეწირნენ. მე, რაღაც უნიფიცირებული, მზა რეცეპტების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუმცა, უდავოა, რომ არსებობს დემოკრატიული თამაშის რაღაც საერთო წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. მაგალითად, თუ თამაშობ ფეხბურთს, უნდა იცოდე, რომ ბურთზე ხელის შეხება არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, მე მკვეთრად გავმიჯნავდი ამერიკას და ევროპას. თქვენ გამოკვეთილი გარდამავალი ეკონომიკა გაქვთ, აქ სხვა სახელწოდება არც შეიძლება იყოს. ყოველთვის ვცდილობ, საქართველო შევადარო ესპანეთს, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ნაცნობია. ესპანეთს 70 წელი დასჭირდა ნულოვანი სასტარტო მდგომარეობიდან დღევანდელ ნიშნულამდე. საქართველო, კი იწყებს არა ნულიდან, არამედ მინუს „რაღაციდან“. მას ჯერ იმ საწყის ნულამდე მისვლა სჭირდება. რატომ ვამბობ ამას - იმიტომ, რომ ესპანეთში თვით სამოქალაქო ომის შემდეგაც კი იყო და დარჩა კაპიტალისტური ეკონომიკა, კერძო საკუთრებით და ამ საკუთრების დაცვის ძირითადი წესებით. საქართველოში კი ჯერ კიდევ 15 წლის წინ არ იყო კერძო საკუთრება, აქ სრულიად სხვა, მე ვიტყოდი, უფრო ანტიეკონომიკა არსებობდა. ჩემი აზრით, დღეს, საქართველოში არ არსებობს კერძო საკუთრების კრიტიკული მასა. საკუთრება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იგი კონცენტრირებულია გარკვეულ წრეებსა და ადამიანთა გარკვეულ რაოდენობაში, მაგრამ ეს არ არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვთქვათ, მისი 70-80%25. არ აქვს მნიშვნელობა საკუთრების ზომას, აქ ხალხს, უბრალოდ, არანაირი საკუთრება არა აქვს! დემოკრატია კი, როგორც წესი, ტოლია საშუალო კლასისა, რადგან თუ ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, იქ დემოკრატიაზე საუბარი ძალიან რთულია. დემოკრატია ხომ უმრავლესობის ნებას ნიშნავს. თუ ჩვენ პროკაპიტალისტურ სისტემაზე ვსაუბრობთ (კარგი გაგებით), კერძო საკუთრება ეს არის კაპიტალი, არა აქვს მნიშვნელობა, ფულშია ის გამოხატული, თუ სხვა ქონებაში, თუ ქვეყანაში ადამიანთა უდიდესი ნაწილი მესაკუთრეა (და სწორედ ეს არის საშუალო კლასი), მაშინ ასეთ ქვეყანაში შეიძლება დემოკრატიაზე საუბარი. ასეთი ქვეყანა კი აირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ამ საშუალო ფენას დაეხმარება და დაიცავს - ეს განუყოფელი საკითხებია. თავად განსაჯეთ - კონგოსა და ზიმბაბვეშიც ტარდება არჩევნები, თუმცა, იქ დემოკრატიაზე საუბარი ძალიან ძნელია.
გარდა იმისა, რომ საქართველო გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში იმყოფება. არის კიდევ ქვეყნის სპეციფიკასთან დაკავშირებული პრობლემებიც. მაგალითად ის, რომ იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში იმყოფება, რომ შესაქმნელია თანამედროვე კაპიტალიზმის (არ მეშინია ამ გამოთქმის ხმარების) შესაბამისი სტრუქტურები, არის კიდევ წმინდა ნაციონალური ელემენტები, რომელთა გამოხატვის საშუალებაც ხალხს უნდა მიეცეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სწორი გზის ძიება კიდევ გარკვეულ დროს წაიღებს. რა თქმა უნდა, შეიძლება აკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ მოსთხოვო საქართველოს, რომ ის თუნდაც 20 წელიწადში გახდეს ბელგია, უაზრობად მიმაჩნია. უმჯობესია, თქვენი ქვეყანა დარჩეს საქართველოდ და თუ ოდესმე შევა ევროპულ კავშირში, შევიდეს როგორც საქართველო და არა როგორც ბელგიის ან მისი მსგავსი რომელიმე ქვეყნის კლონი. მიმაჩნია, რომ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, უნდა გამოიყენოს არსებული გამოცდილების ძალიან ფართო სპექტრი, თუმცა, არა მხოლოდ ამერიკის. მე რეკომენდაციას მოგცემდით, გამოიყენოთ ესპანეთის მაგალითი, რომელიც ძალიან ახლოა საქართველოსთან ხასიათით, გეოგრაფიით და ა.შ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, საქართველომ თამაშის ძირითადი წესების ჩამოყალიბება და ამ წესებით თამაში უკვე დღეს უნდა დაიწყოს. რადგან, არ შეიძლება ერთი ტაიმი ფეხბურთი ითამაშო, შესვენების შემდეგ კი გამოაცხადო, რომ თამაშის მეორე ნაწილში ხელბურთს ითამაშებ, გარკვეული დროის შემდეგ კი იტყვი, რომ ახლა რაგბის თამაშს აპირებ. ეს ყველაზე საშინელია, რაც კი თქვენთან შეიძლება მოხდეს, შემდეგ კი ეს საშინელება, შესაძლოა, სწორი გზის ძიების პროცესადაც კი მოინათლოს.


ევროკავშირის გზავნილები გარდამავალი ეკონომიკებისთვის არ გამოდგება
გზა საძიებელია, მაგრამ, თავდაპირველად, საჭიროა ორიენტირების შერჩევა, წესების მონიშვნა და მათკენ მიზანმიმართული სვლა. მგონია, ამ შემთხვევაში ძირითადი წესები შემდეგია: 1. მიეცეს ხალხს საშუალება, გახდეს მესაკუთრე; 2. არ მიეცეს მსხვილ კაპიტალს კიდევ უფრო გამსხვილების საშუალება, ანუ შემოფარგლოს მისი განვითარება რაღაც ზღვრული ნიშნულით; 3. ყველანაირად შეეწყოს ხელი საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარებას, რაც ნიშნავს კიდეც საშუალო კლასის ჩამოყალიბებას; გასათვალისწინებელია, რომ ხალხი, რომელიც იმ სისტემიდან გამოვიდა, რომელშიც მესაკუთრეობა დანაშაული იყო, 15-20 წელიწადში სრულიად არაფრისგან საშუალო ფენად ვერ იქცევა, მათ კაპიტალი არა აქვთ, კაპიტალიზაციის გარეშე კი კაპიტალიზმი არ მუშაობს. თვით რიგითი გლეხიც კი, რომელსაც თქვენ დღეს მიწა მიეცით (არ ვიცი, გაქვთ თუ არა კანონი გლეხისთვის მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ან თუნდაც ხანგრძლივი იჯარით გადაცემის შესახებ), მაგრამ, მას თუ არ მიეცით თესლის საყიდელი ფული, მიწის დასამუშავებელი მინიტექნიკა, და თუ ეს გლეხი მოყვანილ მოსავალს ვერსად გაასაღებს, ვერავის მიჰყიდის, თუკი არ იარსებებს სტრუქტურა, რომელიც ჩაიბარებს აღებულ მოსავალს და გადაამუშავებს, ყველაფერი ფუჭ საუბრად იქცევა.
საერთო ბაზრის ქვეყნებში (არა ისეთში, როგორიც საქართველოა), სახელმწიფო ცდილობს, არ ჩაერიოს მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ზღუდავს სახელმწიფოს როლს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში. ბრიუსელი ამ საკითხს საერთო ბაზარში შემავალ თითოეულ ქვეყანაში ძალიან ფხიზლად აკონტროლებს. ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე ხელისუფლება რომელიმე კერძო ბიზნესს დაეხმაროს. ეს გასაგებიცაა, რადგან განვითარების იმ საფეხურზე, ერთისთვის დახმარება მეორის დაზარალების ტოლფასია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური გზავნილები საკუთარი ქვეყნებისადმი - არავითარი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან - გარდამავალი ეკონომიკებისთვის არ გამოდგება. ამიტომ საქართველოში, სანამ იგი იმყოფება გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფომ ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს. მაგრამ, ეს უნდა იყოს არბიტრის როლი და არა ერთის დახმარება მეორის საზიანოდ. პირიქით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმას, ვისაც ეს სჭირდება და შეზღუდოს იმათი უსაზღვრო განვითარება, ვისაც დახმარება აღარ სჭირდება. ამაშია სახელმწიფოს ყველაზე რთული როლი. მთავრობის როლი კი სწორედ იმაშია, რომ ისინი უბრალოდ ვიღაცის მომხრეები კი არ უნდა იყვნენ, არამედ ხალხის ინტერესების დამცველნი, რადგან სწორედ ხალხის არჩეული და მის მიერ დანიშნულია. არ ვიცი, ზუსტად რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ალბათ 4 მილიონზე მეტი და ამ რაოდენობაში ალბათ 100, 200, თუნდაც 1000 კაცია მდიდარი. ვის ინტერესს უნდა გამოხატავდეს მთავრობა, თუ იგი ნამდვილად არჩეულია? რა თქმა უნდა, იმ დანარჩენის, რომელიც მდიდარი არ არის. გასაგებია, რომ ეს ძნელია, მაგრამ ეს საერთო თამაშის მთავარი წესია, რადგან საშუალო ფენის შექმნა პრიორიტეტული უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, თუ მას სურს, რომ დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს მომავალში. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
- ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ხშირად ფასდება როგორც „ნომენკლატურული კაპიტალიზმი“...
- აბსოლუტურად მართალი ხართ. მე ვიტყოდი, ბიუროკრატიულიც, რადგან ხშირად სწორედ ჩინოვნიკები ცდილობენ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევას. მე ეს რუსეთის მაგალითზე ვიცი. ამიტომ სწორედ ამ ჩინოვნიკური, ნომენკლატურული კაპიტალიზმისგან შორს წასვლაა საჭირო! დიახ, ამ ყველაფერს უნდა გაეცალო და ამის მაგალითები და საშუალებები არსებობს. მხოლოდ მათი ნახვა და გათვალისწინებაა საჭირო. ამას კი პოლიტიკური ნება და სურვილი სჭირდება, რაც უკვე ერზე, ხალხზეა დამოკიდებული. რამდენად მოახერხებთ ქართველები არათუ სწრაფად, არამედ სწორად შემოაბრუნოთ საზოგადოებრივი აზრი იქითკენ, რომ ხელისუფლებაში მყოფმა ძალებმა გამოხატონ უმრავლესობის ინტერესი, ბევრი რამ თვით საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
- ექსპერტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ არც ოლიგარქიისადმი სწრაფვაა ჩვენი ხელისუფლებისთვის უცხო...
- ის კრიტიკა, რაც მე ეკონომიკურ ფორუმსა თუ თქვენი ჟურნალის მიერ ორგანიზებულ ბიზნესკონფერენციაზე მოვისმინე, აბსოლუტურად დასაბუთებული და არგუმენტირებული იყო. მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა ასეთ მანკიერებებთან (არსებულ ბიუროკრატიასთან, ოლიგარქიასთან) ესპანეთში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში დღესაც გრძელდება, ოღონდ სხვა დონეებზე, რადგან ამ ქვეყნებში უკვე შექმნილია საკუთრების მქონე ადამიანთა ის კრიტიკული მასა, რომელიც წყვეტს კიდეც ქვეყნის ბედს. მე რატომ ვსაუბრობ ხშირად აშშ-ზე - იმიტომ, რომ იქ ეს კრიტიკული მასა იმდენად დიდია, მნიშვნელობა აღარ აქვს, რესპუბლიკელები მოვლენ ხელისუფლებაში თუ დემოკრატები, ორივე შემთხვევაში ისინი იძულებულნი იქნებიან დაიცვან იმ კრიტიკული მასის ინტერესები, რომლის სტაბილურობის დონეც ძალიან მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე. იქ სრული დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან ევროპა ყოველთვის იყო გაყოფილი იდეოლოგიური ტენდენციებით - მემარჯვენეები, მემარცხენეები. სხვა საკითხია, რომ თანამედროვე ეპოქაში ეს ყველაფერი უფრო ცივილური გახდა, ერთი ფორმიდან მეორეში გადავიდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპამ შვა მარქსიზმი, ფაშიზმი, ევროპამ იმდენი საშინელი რამ „აჩუქა“ მსოფლიოს, რომ შეიძლება გაგიჟდეს კაცი! ოღონდ, ევროპის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ იგი ყოველთვის ახერხებდა ამ ყველაფრის დაძლევას. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველომ, იცის რა მთელი ეს ისტორია, შეუძლია ისწავლოს ყველას გამოცდილებაზე. 5 დღეში ყველაფერში გარკვევას ვერ მოვახერხებდი, მაგრამ შევამჩნიე, რომ უფრო მეტად კრიტიკა (და აბსოლუტურად მართებულადაც) ისმის, მაგრამ ვერსად მოვისმინე მდგომარეობიდან გამოსვლის სერიოზული რეცეპტები. ძირითადად ამას ევროკავშირის თუ კიდევ სხვა ტიპის ექსპერტები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ რას ფიქრობს თავად საქართველო ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, არიან თუ არა ქვეყანაში ეკონომისტები თუ პოლიტიკოსები იმათ გარდა, რომლებსაც სოსო ცისკარიშვილმა „ბენდუნომიკის“ მიმდევრები უწოდა, ბუნდოვანია. სასურველია, არსებობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც კრიტიკის გარდა რაიმე სასარგებლო და საგნობრივ რჩევებსაც მისცემდნენ ხელისუფლებას. თუმცა, მესმის, რომ ეს ადვილი არ არის. იმის თქმა მინდა, რომ სწორი გზის ძიება ბევრ გასამართლებელს აძლევს თქვენს (თავის დროზე ჩვენსასაც) ხელისუფლებას, თუმცა, ეს ძიება არ უნდა იყოს უსასრულო, რადგან იგი დაემსგავსება ჩაკეტილ წრეზე სიარულს, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ვფიქრობ, მეტი აქტიურობაა საჭირო, რათა დასრულდეს ძიება და დროულად გადახვიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე.

საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა
- საზოგადოება ყოველთვის უნდა ამბობდეს თავის სიტყვას, მაგრამ განათლებულმა პოლიტიკოსებმა და პატიოსანმა ეკონომისტებმა უნდა დახატონ ქვეყანაში არსებული რეალობის სწორი და გამართული სურათი. ყველა არჩევნების წინ, ყველა ქვეყანაში, პოლიტიკოსები ცდილობენ გაალამაზონ ის, რაც არის და დაფარონ არსებული ნაკლოვანებები. აი, სწორედ ეს არის მათი მთავარი შეცდომა, რადგან ხალხი კი ირჩევს, მაგრამ ის ან მოტყუებული, ან არასწორად ინფორმირებულია ხოლმე. ეს შეიძლება მისატევებელი იყოს, ვთქვათ, ესპანეთისთვის, სადაც ამასწინანდელი არჩევნების წინ დაამახინჯეს ზოგი ინფორმაცია, თუმცა, სურათის კარდინალურად შეცვლა ვერ მოახერხეს. შემიძლია ვთქვა, რომ ესპანეთის ეკონომიკისთვის ეს სასიკვდილო გადაცდომა არ იყო. მაგრამ ეკონომიკებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად ჰაერში არიან გამოკიდებულნი და რაღაცის ძიებაში არიან, ამომრჩევლისთვის მიწოდებული ინფორმაციის დამახინჯება არასწორი გზისკენ გადახვევის ტოლფასი და ძალიან სერიოზული შეცდომაა, თუ დანაშაული არა. ამიტომ ქვეყანაში უნდა მოიძებნოს ასეთი განათლებული და პატიოსანი ეკონომისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს არ მოატყუებენ!

პოლიტიკოსები ხშირად თავისი, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს ესპანეთშიც იგრძნობა. ხალხი ხშირად არ მიდის არჩევნებზე, თუმცა იქ ხმის მიმცემთა პროცენტი 60-70%25-მდე აღწევს. იმ 30%25-ს, რომელიც საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ემატება მისული 70%25-ის ის ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, უმრავლესობას მცირე პროცენტით ჩამორჩება ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი არა, მისი დაახლოებით 35%25 ირჩევს ხელისუფლებას. ამას მე იდეალურ ან გენიალურ დემოკრატიას ვერ ვუწოდებ. თვით ის დემოკრატიული პრინციპი - რომ ირჩევს მხოლოდ არჩევნებზე მისული ხალხის უმრავლესობა, ჩემთვის მხოლოდ არითმეტიკული ფორმულაა და სხვა არაფერი. არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 35%25-ის მიერ არჩეული ხელისუფლება არის საერთო-სახალხო ხელისუფლება. ამიტომ მე მივესალმები ბელგიის ტიპის ქვეყნებს (ალბათ, კარგი იქნებოდა, მთელ ევროპაში დანერგილიყო ეს პრინციპი), სადაც ხმის მიცემა თითოეული მოქალაქისთვის სავალდებულოა. შენ შეგიძლია შენი ხმა გაანულო, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად უნდა მიხვიდე, ანუ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღო. ჩვენ ხომ მოსახლეობის იმ ნაწილის მოსაზრება, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, საერთოდ არ ვიცით. ნდობა მოქმედი სისტემისადმი ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა იცოდე, რომ თუ არ გაქვს ნდობა საკუთარ ქვეყანაში, უცხოეთიც არ გენდობა. საქართველოს, ალბათ, უნდა წარმატებული ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ოცნებობს დიდი რაოდენობით უცხოური კაპიტალის შემოდინებაზე, უცხოური კაპიტალი კი, ისევე როგორც ადგილობრივი, მთავრობისადმი ნდობის გარეშე, ფულს ქვეყანაში არ ჩადებს. მე არ ვიცი, არის თუ არა საქართველოდან ფულის გადინება, რამდენად დებენ ქართველი ბიზნესმენები ფულს საკუთარ ეკონომიკაში თუ გააქვთ იგი საზღვარგარეთ, როგორც ეს სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში შეინიშნება, მაგრამ ფაქტია, რომ უნდობლობის ეს ნიშანი ძალიან სერიოზულია და საჭიროა ჩინოვნიკებმა, პოლიტიკოსებმა, ეკონომისტებმა გაანალიზონ შექმნილი სიტუაცია.
- თქვენ საშუალო ფენის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდით. დღეს საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობა ბანკის კრედიტებით ცხოვრობს. ამბობენ იმასაც, რომ ქვეყანა „საბანკო ხაფანგშია“ გაბმული და ადამიანები ხშირად სახლკარის გარეშე რჩებიან. როგორ ფიქრობთ, მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ ქვეყანაში არ ვითარდება ეკონომიკა, არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხი იძულებულია, სესხებით გაიტანოს თავი, თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა?
- თუ აბსტრაქტულად ვიტყვით, ეს არაფერზეც არ მიუთითებს, რადგან ეს თანამედროვე კაპიტალიზმის ცხოვრების წესია. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წესით დაიწყო ცხოვრება და დღემდე ასე ცხოვრობს, ამერიკაა. თუ ამ ცხოვრების წესის ფორმულას განვიხილავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე შემიძლია უფრო მეტი გამოვიყენო, ვიდრე რეალურად გამოვიმუშავებ დღეს, თანაც ვიცი, რომ მაქვს შემოსავლის ისეთი წყარო, რომ რეგულარულად დავფარო ჩემი დღევანდელი გადამეტებული დანახარჯი, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. იქ მუშაობს ჯანმრთელი პრინციპი - ვიღებ კრედიტს, ვიცი რა, რომ იმას აუცილებლად დავფარავ. ასე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის კაპიტალიზმს (საქართველო და მისი მსგავსი სხვა ქვეყნები), აქ საქმე სხვაგვარადაა. უპირველეს ყოვლისა, აქ არ არსებობდა არანაირი თავისუფალი სახსარი, საბჭოური ეკონომიკა ადამიანს ყოველთვიურად აძლევდა იმდენს, რომ მშიერი არ მომკვდარიყო. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ კარგი სამუშაო, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ამ სამუშაოს ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებთ, არსებობს იმის დიდი საფრთხე, რომ სახლისა და მანქანის გარეშე დარჩე, რადგან ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. ღარიბ საქართველოში, სადაც ხალხს ფული არა აქვს, მაგრამ ცდუნება დღეს ძალიან დიდი და ბევრია, ხალხი ვერ ითვალისწინებს ყველაფერს, მეტიც, საქართველოში ჯერ არ არსებობს კრედიტებით ცხოვრების კულტურა, რადგან ასეთი რამ აქ არასოდეს ყოფილა. ამიტომ, ხალხი უფრო ემოციებითა და სურვილებით მოქმედებს, ვიდრე რეალური შესაძლებლობებით. სისტემა კი მოქმედებს, ბანკი ითხოვს თავისი კრედიტის უზრუნველყოფას, იქნება ეს ბინა თუ მანქანა და ადამიანი ერთდროულად კარგავს კრედიტსაც და მის უზრუნველსაყოფ ქონებასაც. რა შეიძლება აქ ითქვას? იყავით ფხიზლად და კარგად დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში.

პოლიტიკური ნება და სწორად არჩეული სქემა
რაც არ უნდა თქვან ევროკავშირის ექსპერტებმა, მიმაჩნია, რომ გარდამავალ პერიოდში, სახელმწიფომ, უნდა თქვას თავისი სიტყვა. მთავარია, მთავრობა არ იქცეს ეკონომიკის სუბიექტად. მან უნდა დაარეგულიროს ეკონომიკა, დაეხმაროს მათ, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფრანკოსდროინდელი ეკონომიკა სოციალურად ძალიან ორიენტირებული იყო, რადგან მას აღარ უნდოდა სამოქალაქო ომის მსგავსი აფეთქებები და მონდომებული იყო, რომ სოციალური სფერო დარეგულირებულიყო და ხალხს თავი უკეთესად ეგრძნო. ესმოდათ რა, რომ ნულიდან იყო ყველაფერი დასაწყები და ქვეყანაში ბაზარი და საშუალო ფენა ჯერ კიდევ შესაქმნელი იყო, ესპანეთში შეიქმნა სპეციალიზირებული ბანკების მთელი სისტემა - რეკონსტრუქციის ბანკი, სამრეწველო ბანკი, სასოფლო-სამეურნეო ბანკი, არსებობდა სოფლის თუ ქალაქის შემნახველი სალაროები, რომლებშიც ჩვეულებრივი, მათ გვერდით არსებული უნივერსალური ბანკებისგან განსხვავებით, დაკავებულნი იყვნენ კონკრეტული სექტორების დაკრედიტებით. სახელმწიფომ უნდა შექმნას სტრუქტურები, ამა თუ იმ ფორმის სახსრებით, არ არის სავალდებულო, ეს ყოველთვის ფული იყოს, ეს შეიძლება იყოს ფისკალური შეღავათები, ან თუნდაც, სახელმწიფო და კერძო კაპიტალის შერწყმა (და ამ დროს უნდა არსებობდეს კერძო კაპიტალის კომპენსაციის სისტემა). თქვენთან ხომ სოფლის მეურნეობას, წარმოებას, თითქმის ყველა დარგს სჭირდება დახმარება, ხომ ყველაფერი ჩაშვებულია, ასე იყო ესპანეთშიც. ესპანეთი გამოძვრა, რადგან იქ იყო პოლიტიკური ნება და სწორად არჩეული სქემა. თანაც ფრანკო დიდად არ დაგიდევდათ გარშემომყოფთა რჩევა-დარიგებებს, მან უბრალოდ იცოდა, რა იყო გასაკეთებელი. ეს უპირატესობა მას ჰქონდა, რადგან დიქტატორი იყო და მისთვის მარტივი იყო, მხოლოდ საკუთარ ჭკუაზე ევლო. დემოკრატიულ სისტემაში ეს უფრო რთულია, თუმცა ნება საქმის კეთებისა არ უნდა გაქრეს. ფრანკოს ჰქონდა ეს პოლიტიკური ნება. ვფიქრობ (თუმცა შეიძლება ვცდებოდე), ისეთი ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოშია, სპეციალიზირებული ბანკების გარეშე, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მონაწილეობის გარეშე, რაც უნდა გამოიხატოს საშუალო და წვრილი ბიზნესის სტიმულირებასა და დარეგულირებაში, სერიოზულ ნიშნულზე გასვლა ძალიან ძნელი იქნება. ესპანეთი ამის ნათელი მაგალითია. ამიტომ საქართველოს, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში არსებობს და არ იმყოფება პოლიტიკურ იზოლაციაში, უამრავი ფორმულის გამოყენება შეუძლია, რისი ფუფუნებაც სხვა ქვეყნებს არ ჰქონიათ. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო თურქეთზე რაიმეთი ნაკლებია. თურქეთზე იმიტომ ვამბობ, რომ ის მოსაზღვრე ქვეყანაა, ფაქტობრივად ერთი და იგივე რეგიონია - ერთი და იგივე შავი ზღვა, კლიმატიც კი ერთნაირია. რატომ ხდება თურქეთში ის, რაც ხდება, საქართველოში კი ასე არ არის. ამაზე უნდა დაფიქრდეთ. თურქეთი, აგერ უკვე რამდენი წელია, ევროკავშირისკენ იწევს, მაგრამ სანამ იქით გაიწევდა, მან შექმნა შესაბამისი ბაზა. სხვასაც გეტყვით, საქართველო დღეს რომც მიიღონ ევროპულ თანამეგობრობაში, ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან არის ისეთი რაღაცეები, რაც თითოეულმა ქვეყანამ თვითონვე უნდა გააკეთოს (ყველანაირი გაგებით), და შემდეგ შევიდეს რომელიმე კლუბში. რადგან, თუ შენ თავად არ გააკეთე ის, რაც შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მერე ვეღარავის მოსთხოვ პასუხს, რომ რაღაც გაგიფუჭა! უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ევროპული, თუ ამერიკული კლუბი შენს ქვეყანაში იმას გააკეთებს, რაც მას მიაჩნია საჭიროდ და არა იმას, რაც შენ გჭირდება(?!) ამიტომ, ეს ეტაპი თქვენ კიდევ გასავლელი გაქვთ. სწორი ორიენტირებია შესარჩევი, არ შეიძლება ყველაფრის უბრალოდ კოპირება.

ხელისუფლებას პატივს მაინც უნდა სცემდნენ
არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ყველას ეყვარება. ეს სავალდებულო არც არის, მაგრამ აუცილებელია, რომ დასაწყისისთვის მას პატივს მაინც სცემდნენ. თუმცა, ხელისუფლებას პატივს მაშინ სცემენ, როცა ხედავენ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლია, არ უშვებს გრანდიოზულ შეცდომებს და თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართლებს, როცა ამის ობიექტური მიზეზები არსებობს. გულწრფელად გეტყვით - თქვენი ხელისუფლების ლანძღვა ყველაფრის გამო სწორად არ მიმაჩნია. მას უამრავი თავისი პრობლემა აქვს, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს საბაზრო ეკონომიკის მართვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ არ არის ბაზარი. უნდა გაიგოთ, რომ ისინიც რაღაც ახალი გზის საწყისთან იმყოფებიან, მათთვისაც ბევრი რამ არის უცხო და გაუგებარი, ბევრია ობიექტური და სუბიექტური მიზეზი, ამიტომაც მათაც უნდა მიეცეთ ნდობის გარკვეული კრედიტი. თუმცა, თუ ხელისუფლება მუდმივად არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მუდმივად ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, მაშინ სწორედ ამისთვის არსებობს არჩევნები. კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს არა გაბოროტებითა და ხელისუფლებისადმი ზიზღით, არამედ რაღაც პოზიტიური მუხტით, რადგან ხელისუფლებაც გრძნობს ამ ზიზღს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება, რადგან თვლის, რომ ის ცდილობს რაღაცის გაკეთებას, სხვები კი ამას ვერ ხედავენ. ამაში ისინი ხანდახან მართლებიც არიან!
არის დემოკრატიის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - ხელისუფლებისა და ხალხის საინფორმაციო ურთიერთობა. არაფერს ვამბობ ამ ურთიერთობის წმინდა პოლიტიკურ ასპექტზე, რადგან რა ხდება ეკონომიკის დონეზე, ამას ხალხი ყოველ ნაბიჯზე ხედავს, იქნება ეს მაღაზია, თუ ბაზარი. კულტურულ ასპექტშიც ხედავენ ადამიანები, რას ატენიან ძალით, მაგრამ სხვაა საინფორმაციო ურთიერთობა, ანუ რამდენად იცის ხელისუფლებამ, რით ცოცხლობს მისი ხალხი, რამდენადაა იგი ინფორმირებული საზოგადოების მოთხოვნებზე. როცა ასეთი ინფორმაციული გაცვლა არსებობს, ნაკლებია აგრესია საზოგადოების მხრიდან. მე ესპანეთის მაგალითს მოგიყვანთ. სოციალისტური ხელისუფლება 4 წლის წინათ სპეციფიკურ პირობებში მოვიდა მმართველობაში (იყო ტერორისტული აქტები, ბევრი ცუდი რამ მოხდა მაშინ ესპანეთში). მაშინ, ყველა დონის სოციოლოგიური კვლევა მიუთითებდა, რომ საზოგადოებრივი აზრი წინა ხელისუფლების - კონსერვატორების მხარეს იხრებოდა. წესით, სწორედ მათ უნდა გაემარჯვათ. მაგრამ იმ საგანგებო მდგომარეობამ და იმან, თუ როგორ გამოიყენეს ეს მდგომარეობა ერთი, თუ მეორე მხარის მიერ კონტროლირებადმა საინფორმაციო საშუალებებმა, სასწორის პინა სოციალისტების სასარგებლოდ გადაიწონა. მე არ მივეკუთვნები ოპოზიციას და ვცდილობ პოლიტიკის მიღმა დავრჩე, მაგრამ ჯანსაღი აზრის თვალსაზრისით, სოციალისტებმა 4 წლის განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვეს, იმდენი რამ გააკეთეს ისეთი, რისი გაკეთების აუცილებლობაც ფაქტობრივად არ არსებობდა (რადგან უამრავი სხვა რამ იყო ქვეყანაში საკეთებელი), რომ ყველა დარწმუნებული იყო, ახლანდელ არჩევნებში სოციალისტები ვეღარ გაიმარჯვებდნენ. თუმცა, ისინი მაინც დარჩნენ მმართველობაში. აქ მთავარი როლი სწორედ ხალხთან საინფორმაციო ურთიერთობამ ითამაშა და სწორედ ამ საკითხში წააგო ოპოზიციამ. ის, რომ ოპოზიციამ ფაქტობრივად ვერ შეძლო ყველაფერ იმის უარყოფა, რასაც ხელისუფლება ამბობდა და ვერაფრით დაასაბუთა, რომ იგი ტყუოდა, მისი დიდი შეცდომა და მინუსია. შეგეძლოს კარგად ახსნა ის, თუ რა გინდა, შეგეძლოს უბრალო, გასაგები ენით გააგებინო ხალხს შენი სათქმელი, თანამედროვე დემოკრატიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ხალხი არჩევნების წინ ხომ ელექტორატად იქცევა ხოლმე და მასთან სწორი ურთიერთობაა საჭირო.

საქართველოსაც შეუძლია ფსონი ტურიზმზე დადოს
თქვენს ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მისია სწორედ ისაა, რომ გაგიზიაროთ გამოცდილება და თქვენ წინაშე მდგარ ამოცანებში გარკვეული ოპტიმიზმი შევიტანო, თორემ კრიტიკა იოლია და საკრიტიკოც ბევრი რამ გაქვთ. მე იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან უნდა იცოდეთ, რომ ადრე სხვა ქვეყნებსაც ცუდად ჰქონდათ საქმე. მთავარი აქ იმის გაგებაა, რომ ეს წარუმატებლობა დროებითია და იმისათვის, რომ კარგად იყოს საქმე, რაღაც უნდა გააკეთო.
კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო, რომელიც საქართველოში ყოფნისას მოვინიშნე და მინდოდა ამის შესახებ მეთქვა ორიოდე სიტყვა. ესპანეთის ერთ-ერთი უნიკალური გამოცდილება იმაში მდგომარეობს, რომ იქ თავის დროზე არჩეული იყო ერთი ვექტორი, რომელმაც განსაზღვრა ეკონომიკური განვითარების მიმართულება. ჩვენი ქვეყნები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, არც ჩვენ ვართ მდიდრები ბუნებრივი რესურსებით და მთავარი ორიენტირი ჩვენთვისაც ტურიზმია, ისევე როგორც, სასურველია იყოს თქვენთვისაც. ჩემს ქვეყანას არ ჰქონდა უცხოური დახმარებები, რადგან არავინ მოგცემს ფულს, თუ არაფერი გაქვს. ამიტომ, ესპანეთს ერთადერთი რამ რჩებოდა - როგორმე ეპოვა გამოსავალი და ეს გამოსავალი ტურიზმი აღმოჩნდა. პირველ რიგში, ტურიზმი თავის თავში მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, გზებს და ყველაფერ იმას, რაც მოგზაურობასთან და გადაადგილებასთანაა დაკავშირებული; მეორე - იმისთვის, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ, მათ ნორმალური დახვედრა და მოვლა-პატრონობა სჭირდებათ, ამისთვის კი საჭიროა კარგი სასტუმროების, დასასვენებელი კომპლექსების, მომსახურების სხვა ობიექტების აშენება. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც მათი კარგად გამოკვებაა - ტურისტს ნოყიერად უნდა ასვა და აჭამო. ამ ყველაფრის გასაკეთებლად არც გაზის საბადოების ქონაა აუცილებელი და არც ნავთობის, საკმარისია მხოლოდ სოფლის მეურნეობა. იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმი მომავალში უდიდეს მოგებას მოუტანდა, სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყო, დახმარებოდა სოფლის მეურნეობას. ეს ხომ ის დარგია, სადაც ძალიან გართულებულია ექსპორტი, რადგან თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ტურიზმი კი ამ თვალსაზრისით სულ სხვა შესაძლებლობებს იძლევა. როცა თქვენთან ჩამოვა ტურისტი, ბუნებრივია, მას კვება სჭირდება, ამიტომ ის უკვე თქვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტიორი ხდება თქვენივე ქვეყანაში, ეს ფარული ექსპორტია, თანაც განუსაზღვრელად დიდ მასშტაბებში. ესპანეთში მოსახლეობა 40 მილიონია და ეს ქვეყანა დამატებით 54 მილიონ ტურისტს კვებავს წელიწადში.

ასე რომ, ტურიზმი განვითარების ერთგვარ ინტეგრალურ სისტემად იქცა. ავიღოთ მისი შემადგენელი მშენებლობა, რომელიც სამუშაო ადგილების უსაზღვროდ დიდ რაოდენობას ქმნის მონათესავე დარგებში - საჭიროა ცემენტი, აგური და უამრავი სხვა მასალა. თანაც ეს ის დარგია, რომელიც განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას არ მოითხოვს მშენებლობაზე უმუშევართა მთელი არმია შეიძლება დასაქმდეს, ხელმძღვანელ რგოლს არ ვგულისხმობ, აგურების ერთმანეთზე დადებას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. სერვისი - იგივე ახალი სამუშაო ადგილებია. ანუ ტურიზმი ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს ჩაანაცვლოს ის უკმარისობა, რაც მას ბუნებრივი რესურსების უქონლობის გამო შეიძლება შეექმნას. მგონია, რომ ეს საქართველოშიც გაამართლებს! რადგან, როგორც გითხარით, ჩვენი ქვეყნები ძალიან ჰგავს ერთმანეთს - კლიმატით, სტუმართმოყვარეობით, ტემპერამენტით და ბევრი სხვა რამით. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რისი გამოხატულებაც იქნება სახელმწიფოს მიერ საწყისი კაპიტალდაბანდებების განხორციელება ტურიზმში, ყველა ქვეყანაში ასეა - ინფრასტრუქტურით დაკავებულია სახელმწიფო. ესპანეთში, როცა ტურიზმი იწყებდა განვითარებას, რაიმე განსაკუთრებული თავისუფალი ფული არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა პროგრამა, რომლის შემდგენლებსაც ესმოდათ, რომ უმჯობესია რაღაც სახსრები დღეს ჩაიდოს ამ საქმეში და ხვალ უკვე ეს კაპიტალდაბანდება მოგებას არა მხოლოდ ფულის ჩამდებს, არამედ ყველას მოუტანს. ამან 150-200%25-ით გაამართლა. ვფიქრობ, გარკვეულწილად საქართველოსაც შეუძლია ფსონი სწორედ ტურიზმზე დადოს (მე არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი სფერო შეიძლება იყოს) იმის გათვალისწინებით, რამდენი საერთო აქვს ამ ორ ქვეყანას. დღეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, საქართველო ესპანეთს ვერც ხედავს და არც არაფერი იცის მის შესახებ. არადა, ურთიერთთანამშრომლობა ბევრ კარგს მოუტანდა თქვენს ქვეყანას. იქნებ, მოხერხდეს ამ ინიციატივის მიტანა გარკვეულ სახელმწიფო, თუ კერძო სტრუქტურებამდე, თუნდაც თქვენი ჟურნალის საშუალებით, რომ დაიწყოს ესპანეთისა და საქართველოს დაახლოების პროცესი. ამერიკა კარგია, მაგრამ ის ისე შორსაა და თანაც ისე შეუთავსებელია საქართველოსთან კალიბრით, რომ იგივე შეიძლება ითქვას, ვთქვათ, გერმანიაზე. მე არ ვამბობ, რომ მათთან კავშირები საჭირო არ არის, პირიქით, ყველასთან ახლო ურთიერთობები უნდა დაამყაროთ, მაგრამ ესპანეთს აქვს გარკვეული სპეციფიკური გამოცდილებები, რომელიც შეიძლება საქართველოს გამოადგეს. ჩვენ ხომ ორივე ევროპის გარეუბანში ვიმყოფებით, თქვენ ახლოს ხართ დარდანელის სრუტესთან, ჩვენ ჰიბრალტართან, ფაქტობრივად ჩვენ ვკეტავთ ევროპას და ვფიქრობ, ამ სპეციფიკური მიმართულებით ესპანეთში არსებული გამოცდილებაც საინტერესო იქნება საქართველოსთვის.
ვისურვებდი, ქართველებს საქართველოთი ეამაყათ
- ვისურვებდი, რომ თქვენი ქართული სტუმართმოყვარეობა, ეროვნული სიამაყე, ტრადიციები, უძველესი კულტურა, სიმძიმეებითა და წინააღმდეგობებით სავსე თქვენი რთული ისტორია, ყველფერი ეს გაერთიანდეს ერთ დადებით ვექტორში, რომელიც საქართველოს ისეთ აყვავებულ ქვეყნად აქცევს, რომელშიც, შესაძლოა ყველა კმაყოფილი და ბედნიერი ვერ იყოს (ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს), მაგრამ რომლითაც ქართველები იამაყებდნენ. ვისურვებდი, რომ როცა საქართველოს ჰიმნი დაუკრავდა, ყველას მკერდზე მიედო ხელი, ასე როგორც, ვთქვათ, ამერიკაში და, მოწიწების ნიშნად თავი დაეხარა მაშინ, როცა ქართული დროშა აფრიალდებოდა. მოკლედ, ვისურვებდი, რომ ქართველებს საკუთარი ქვეყნით ეამაყათ. იმედი მაქვს, რომ თქვენ ამის მიღწევა შეგიძლიათ.
ილნარ გორელიშვილი
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ წამყვანი რედაქტორი
![]() |
5 ბიზნესის განვითარების ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა პოლიტიკურ დივიდენდს არ უნდა ეწირებოდეს!

იაკობ მესხია
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ბიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც გარე ეგზოგენური, ასევე, ქვეყნის შიდა - ენდოგენური ფაქტორები და პირობები. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და ეს მკაფიოდ გამოიკვეთა დავოსის 28-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. პლანეტის წამყვანმა ეკონომისტებმა აღიარეს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში, სადაც იპოთეკურ ბაზარზე დაწყებულმა რყევებმა თანდათანობით ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლა. ჯორჯ სოროსის განცხადებით, დღევანდელი კრიზისი ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზულია და ამერიკის ეკონომიკას რეცესიისგან ვერაფერი იხსნის. მისი აზრით, საკრედიტო ექსპანსიის ეპოქა მთავრდება, რომლის ერთ-ერთი საყრდენი დოლარია, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. მართალია, აშშმ მიიღო სწორი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, მაგრამ... დაგვიანებით.
ამავე აზრს იზიარებს ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი. მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო ბანკს ბევრად ადრე უნდა ეზრუნა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე. ცხადია, რომ ღია ვაჭრობის შემთხვევაში, როდესაც საქონლის და მომსახურების 95 პროცენტი ერთი ბაზრიდან მეორეში თავისუფლად გადაინაცვლებს, იმ ქვეყნისათვის, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკის 20 პროცენტი მოდის, უარყოფითი შედეგები გარდაუვალია. ამერიკული ეკონომიკის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მომასწავებელია.
საყურადღებოა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის ნურიელ რუბინის მოსაზრება ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს დავოსის ფორუმზე იწინასწარმეტყველა, მაგრამ მაშინ ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. ახლახან მან აღნიშნა, რომ იპოთეკური კრიზისი ძალიან მალე გავრცელდება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ირლანდიასა და საფრანგეთში. ექსპერტთა აზრით, წამყვან ბირჟებზე გამოხატული ვარდნები იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები ეკონომიკურ კრიზისს ელოდებიან.
მსოფლიო ბაზარზე დიდძალი ფული მოეძალა. იგი დაუბრკოლებლად მოძრაობს და ეძებს ახალ ფულს - ანუ მოგებას. ფულს სჭირდება შემხვედრი საქონელი და მომსახურება. ამ მხრივ დიდი ბაზარია განვითარებადი, პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოური ქვეყნები. ეს ფული ახლა აქეთკენ მოემართება, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას ხელი გაუწოდოს, არამედ იმისთვის, რომ მიიღოს და გაიტანოს მოგება ამ ქვეყნებიდან.
უკანასკნელ პერიოდში წარმოიშვა ახალი კრიზისული სიტუაციები სურსათის და ენერგომატარებლების სფეროში. კერძოდ, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე სურსათის გაძვირება, კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობა აგრეთვე განვითარებადი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნილებისა და მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ, წყალდიდობებმა და გვალვებმა კლიმატის ცვლილებების გამო, ასევე ბიოსათბობის წარმოების ტექნოლოგიების დანერგვამ. ეკონომისტებმა შემოიღეს ახალი ტერმინი „აგფლაცია“, რაც აგრარულ პროდუქტებზე ფასების მკვეთრ ზრდას ნიშნავს. ექსპერტთა გაანგარიშებებით დადგენილია, რომ სურსათზე ფასების ინდექსი 2006 წელს გაიზარდა 26 პროცენტით, ხოლო 2007 წელს - 41 პროცენტით. გაერო და მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ უკანასკნელ სამ წელიწადში სასურსათო საქონელზე ფასები თითქმის გაორმაგდა.
დღეისათვის არსებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და მისი შემდგომი გაღრმავების შესახებ პროგნოზებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეწარმეობრივი ბიზნეს-სექტორის განვითარების ობიექტური ანალიზი და შეფასება, ბიზნეს-გარემოს კვლევა და იმ ფაქტორებისა და პირობების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლიან ეროვნული ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარებას. ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველო არც ისე ღრმადაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რის გამოც თითქოსდა ჩვენზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გავლენას ვერ მოახდენს. ეს მოსაზრება ცალმხრივი და არაარგუმენტირებულია. მართალია, საქართველო მისი საექსპორტო პოტენციალის სისუსტის გამო მაღალი დონით არაა ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოს ეკონომიკაში ღრმადაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკა, რამდენადაც ჩვენში მოხმარებული პროდუქციის 70 პროცენტამდე იმპორტზე მოდის. დასკვნაც ლოგიკური და მარტივია: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი უთუოდ მოახდენს სერიოზულ გავლენას საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ქვეყნის ადგილობრივი რესურსებისა და წარმოების გამოყენება-განვითარებაზე, ბიზნეს-გარემოს შემდგომ გაუმჯობესებასა და ეროვნული რეალური სექტორის აღორძინებაზე. მართალია, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს წამოწყებისათვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გარემო და პირობები, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ხელს უშლიან ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და საფრთხეს უქმნიან გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ობიექტური შეფასება. პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით ეკონომიკური მდგომარეობის შელამაზება და მისი ვარდისფრად წარმოდგენა ქვეყნისათვის ზიანის მომტანია, განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში. ზუსტი და გამჭვირვალე ინფორმაცია, ანალიზის, შეფასებისა და პროგნოზირების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა ეფექტიანი და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ამ მხრივ საქართველოში ჯერჯერობით საკმაოდ დიდი რეზერვია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ არ ხდება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკული შეფასება, წინა პლანზეა წამოწეული ბიზნესის ხელშემშლელი ობიექტური ეგზოგენური ფაქტორები, და, საერთოდ, ყურადღება არ მახვილდება ენდოგენურ, შიდა ნეგატიურ ფაქტორებსა და პირობებზე.
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ძირითადი აქცენტი აღებულია საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სამსახურების მიერ ჩატარებულ კვლევებზე და შესაბამის შეფასებებზე. მართალია, ისინი კვლევისას იყენებენ საკუთარ მეთოდოლოგიას და მეთოდიკას, მაგრამ მათი ინფორმაციული წყარო მაინც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკისა და სამთავრობო სტრუქტურების მიერ მიწოდებული ინფორმაციაა. დღეს უკვე თვით საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ სახელმწიფო სტატისტიკის მიერ საზოგადოებისთვის და სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიზუსტის დაბალი ხარისხით ხასიათდება და მდგომარეობა სასწრაფოდაა გამოსასწორებელი.
კვლევის საფუძვლად არაობიექტური და უხარისხო ინფორმაციის გამოყენება არასწორი და წინააღმდეგობრივი შეფასებების და დასკვნების საწინდარია. ამაზე მკაფიოდ მიუთითებს შემდეგი მაგალითი: მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოკვლევით „ბიზნესის წარმოება 2007: როგორ განვახორციელოთ რეფორმები“ საქართველოს №1 რეფორმატორად აფასებს საერთო მონაცემებით (მიმდინარე წელს პირველ ხუთეულში მოიხსენიება), ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით კი, საქართველო შარშან 37-ე ადგილზე იყო, ორი წლის წინ 118-ე ადგილი ეკავა, წელს კი მე-18 ადგილზეა. ამავე დროს, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ერთობლივად მომზადებული ბიზნეს-გარემოს და საწარმოთა საქმიანობის შესწავლის თანახმად, 2002-2005 წლებში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო შესამჩნევად საქართველოში შემცირდა კორუფცია, ხოლო საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნით კორუფციის დონის მიხედვით საქართველოს 2007 წელს 79-ე ადგილი ეკავა. რა თქმა უნდა, ამ შეფასებებში აშკარად იკვეთება წინააღმდეგობები და შეუსაბამობები: გაუგებარია და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია, რომ ქვეყანა ბიზნეს-გარემოს წარმოების კრიტერიუმით იმყოფებოდეს მე-18 ადგილზე, რეფორმების მხრივ შედიოდეს პირველ ხუთეულში, ხოლო კორუფციის დონის მიხედვით ეკავოს 79-ე ადგილი.
სამწუხაროდ, დამახინჯებული და ზედაპირული გაუმჭვირვალე სტატისტიკური და სოციალური ინფორმაცია ხშირად ხდება საფუძველი არა მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გაკეთებული არასწორი შეფასების და დასკვნებისა, არამედ ქვეყნის შიგნით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე მკვლევართა და ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნებისა და განცხადებებისა, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას და გაღიზიანებას იწვევს ხოლმე.
ასე რომ, არც ისე იშვიათია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთა გაზვიადებული შეფასება. თქმა იმისა, რომ საქართველომ მშპს ზრდის ტემპებით უკან ჩამოიტოვა არათუ პოსტსაბჭოური, არამედ განვითარებული ქვეყნებიც, უსაფუძვლოა და არაკომპეტენტურობაზე მიგვანიშნებს. საქართველოზე ბევრად მაღალი ტემპებით იზრდება მშპ აზერბაიჯანში (25-30%25) და სომხეთში (12-15%25), და მეორეც, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ ჩვენი სასტარტო დონე (მნიშვნელი) საგრძნობლად დაბალია, შედეგი ფორმალურ-არითმეტიკული ხასიათისაა და შინაარსობრივად ბევრს არაფერს ნიშნავს.
ამგვარი დაუსაბუთებელი შეფასებებს და განცხადებებს (ეკონომიკური პიარი) შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. გასული წლის შემოდგომაზე სოციალური მღელვარების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ გაპიარებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საზოგადოებამ დაიჯერა, მაგრამ ეჭვიც გაუჩნდა: სად მიდის ეკონომიკური წარმატებების შედეგები და რატომ არ უმჯობესდება მათი ცხოვრების დონე, რატომ არ ხდება მათი დასაქმება და ა.შ. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს არავინ აუხსნა, რომ ეკონომიკური ზრდის პირდაპირპროპორციულად ცხოვრების დონის ამაღლება გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვერ მოხდება. ამის მიზეზია ის, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი საჭიროა წარიმართოს სახელმწიფო სტრუქტურების ასაშენებლად (არმია, სამართალდაცვა და სხვა) და სოციალური ინფრასტრუქტურების გასანვითარებლად (გზები, კომუნიკაციები, ენერგეტიკა, და სხვა). მეორე მხრივ, ხელისუფლებას უფრო ადრე უნდა განეცხადებინა, რომ სტატისტიკური ინფორმაციის უხარისხობის გამო გარკვეული ხარვეზები იყო ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებებსა და დასკვნებში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემის აზრით, გარკვეულწილად შელამაზებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნეს-გარემოს შეფასებები. როგორც ცნობილია, ბიზნეს-გარემო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობაა. არადა, ბიზნეს-გარემოს შეფასებას საფუძვლად ედება არა აღნიშნული პარამეტრები, არამედ შიშველი ციფრები მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტების რაოდენობრივი ზრდის შესახებ. საუბარია სტატისტიკური სამსახურის მიერ დარეგისტრირებულ სამეურნეო სუბიექტებზე, თუმცა, მათი დიდი ნაწილი საერთოდ ვერ ახერხებს სამეწარმეო ბიზნეს-საქმიანობის დაწყებას. გამომდინარე აქედან, დარეგისტრირებულ მეწარმეთა რაოდენობა არანაირად არ წარმოადგენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ობიექტურ მაჩვენებელს. დასამალი როდია, რომ რეგისტრირებულ საწარმოთა დიდი ნაწილი ვერ აგრძელებს საქმიანობას ჯერ კიდევ არსებული ისეთი პრობლემის გამო, როგორებიცაა: საგადასახადო ადმინისტრირების მანკიერებანი, არასტაბილური კანონმდებლობა, სასამართლო სისტემის სისუსტე, კორუფცია და არათანაბარი კონკურენტული გარემო. სამეურნეო ხასიათის კანონთა ხშირი ცვლილებები, რომელიც არც თუ იშვიათად არაკომპეტენტურად და გარკვეული ჯგუფების პირადი ინტერესების ლობირების გზით ხდება, ხელს უშლის პატიოსანი ბიზნესის წარმოებას.

აქ ერთ გარემოებასაც უნდა გაესვას ხაზი. დღემდე სტატისტიკა ვერ უზრუნველყოფდა ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვას საწარმოთა სიდიდის მიხედვით, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა წილს ფლობენ მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკაში, რა წვლილი შეაქვთ მათ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში. ამჟამად მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორებულია. ოფიციალური სტატისტიკა აქვეყნებს კვლევის შედეგებს ბიზნეს-სექტორის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, რითაც დასტურდება, რომ საწარმოთა მთლიან ბრუნვასა და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ძალიან დაბალია (დაახლოებით 20%25) საშუალო და მცირე საწარმოების ხვედრითი წილი, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი განუვითარებელია. ევროპის ქვეყნებში მათი ხვედრითი წილი ეკონომიკაში 60-0 პროცენტია. ამასთან ერთად, დაბალია ეფექტიანობა მცირე და საშუალო ბიზნესში, რაზეც მიუთითებს ის, რომ მათში დასაქმებულია 40 პროცენტზე მეტი, ხოლო მთლიან გამოშვებაში მათი წილი 20 პროცენტს არ აღემატება.
საქართველოს ეკონომიკას თუ შევხედავთ, ბიზნეს-სექტორის საქმიანობის სახეების ჭრილში, მისი უსაფრთხოების პოზიციებიდან აშკარად არადამაკმაყოფილებელ სიტუაციას აქვს ადგილი. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ბიზნეს სექტორის საქმიანობის სტრუქტურაში ძალიან დაბალი დონითაა წარმოდგენილი რეალური სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მთავარი გარანტია. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის ბიზნეს-სექტორის საქმიანობის 15 პროცენტამდე, მშენებლობაზე - 9 პროცენტამდე, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაზე - 7 პროცენტამდე, მაშინ როდესაც ვაჭრობაზე, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი შეადგენს 45 პროცენტზე მეტს.
აშკარად არადამაკმაყოფილებელია ქვეყნის ბიზნეს-სექტორის ტერიტორიული სტრუქტურა. რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში და მთლიან გამოშვებაში შესაბამისად თბილისს უჭირავს 60-70 პროცენტზე მეტი, ქვემო ქართლს - 7-11 პროცენტი, იმერეთს 5-6 პროცენტი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას - 4-5 პროცენტი, სამეგრელოზემო სვანეთს - 3-5 პროცენტი, დანარჩენ რეგიონებზე მოდის უმნიშვნელო რაოდენობა.
ბიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მონეტარულ სფეროში მიმდინარე მოვლენები.
2008 წლის მარტის მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12,3 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო წლიური ინფლაციის დონემ 9,5%25. ეს მაჩვენებლები არანაირად არ ასახავენ ინფლაციის რეალურ სურათს. ინფლაციის ანალიზისას მთელი სიმძიმე გადატანილია ეგზოგენურ-საგარეო ფაქტორებზე - სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდაზე. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები ინფლაციაზე უთუოდ ახდენენ გავლენას, მაგრამ ისმება ძალიან მარტივი კითხვა: რატომაა ევროზონაში ინფლაცია 3,5%25, იქაც ხომ იზრდება ფასები სურსათსა და ენერგომატარებლებზე? ანუ, როგორც ჩანს, მარტო ეს ფაქტორები არ განაპირობებენ საქართველოში ინფლაციის მაღალ დონეს.

მეორე მხრივ, ძალიან დიდ ეჭვს იწვევს მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოში უფრო დაბალია ინფლაცია, ვიდრე მის პარტნიორ ქვეყნებში. მარტის მონაცემებით, რუსეთში მან შეადგინა 13,3%25, უკრაინაში - 26,2%25, აზერბაიჯანში - 17,1%25, სომხეთში - 9,6%25, თურქეთში - 9,2%25, ყაზახეთში - 18,7%25 და ა.შ. ჩვენი აზრით, საქართველოში ინფლაცია ამ ქვეყნებზე დაბალი არანაირად არაა, თუ უფრო მაღალი არა. აქ საქმე გვაქვს ინფლაციის მაჩვენებლის შელამაზებასთან ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ ეროვნული ბანკის საკურსო პოლიტიკამ ნამდვილად დადებითი როლი შეასრულა ინფლაციის მოთოკვაში.
ამერიკული საბანკო კრიზისი ევროპისკენ ინაცვლებს. დიდ ბრიტანეთში რიგით მეორე - შოტლანდიის სამეფო ბანკმა 7 ათასი თანამშრომელი დაითხოვა. გერმანიის „დოიტშე-ბანკმა“ 2008 წლის 3 თვეში 141 მილიონი ევროს ზარალი ნახა და 2,7 მილიარდი ევრო ჩამოწერა. იპოთეკური კრიზისის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბანკებმა ჩამოწერეს 290 მილიარდი დოლარი.
ევროპა, გრძნობს რა ინფლაციის ზრდის საფრთხეს, ამუშავებს ანტიკრიზისულ ღონისძიებებს. ევროკომისიამ ინფლაციის პროგნოზი ევროზონაში გაზარდა 3,2 პროცენტამდე ნავთობსა და სურსათზე ფასების ზრდის გამო. აქამდე ნავარაუდევი იყო 2,6 პროცენტიანი ინფლაცია. ევროზონაში ასევე დაპროგნოზებულია ეკონომიკური ზრდის შენელება 0,1 პროცენტით 1,5%25.
ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ინფლაციის გამწვავების ფაქტორებად სახელდება ნავთობზე რეკორდული ფასები, ასევე სტერლინგისა და დოლარის კურსის დაცემა. ამას ემატება საკრედიტო ბაზარზე იპოთეკური კრიზისით გამოწვეული სახსრების დეფიციტი.
რუსეთის ფედერაციაში რუბლი მყარდება. დღეისათვის 1 დოლარი 23 რუბლთან არის გათანაბრებული. რუბლის გამყარება რუსეთში დაკავშირებულია „ნავთობდოლარების“ დიდ ნაკადთან. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება სიფრთხილით ეკიდება რუბლის გამყარებას. ეს პროცესი იწვევს ნეგატიურ ეფექტს, რადგან ქვეყნის საწარმოები ზრდიან თავიანთ დანახარჯებს მსოფლიო ბაზარზე დანახარჯებთან შედარებით და საბოლოო ჯამში კარგავენ კონკურენციულ უპირატესობას. როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტის გამყარება და სამრეწველო სექტორში არაკონკურენტულობის შექმნა წარმოშობს ე.წ. „ჰოლანდიურ დაავადებას“.
საქართველომ 2008 წელს მნიშვნელოვნად შეცვალა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და შესაბამისი ცვლილებებია შეტანილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანად განესაზღვრა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამასთანავე, მას დაევალა ფინანსური სტაბილურობისა და გამჭვირვალობის მიღწევა და ეკონომიკური ზრდისადმი ხელის შეწყობა, მაგრამ იმ პირობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას ანუ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდისადმი ხელშეწყობას, ეროვნულმა ბანკმა ეს უნდა გააკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელი არ შეეშლება მისი ძირითადი ამოცანის რეალიზაციას. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის პრობლემა ეროვნული ბანკის ძირითადი ინტერესიდან გამოირიცხა.
ზემოხსენებულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკი გადადის სამომხმარებლო ფასების საერთო დონის, ანუ ინფლაციის მიზნობრივი ორიენტირის ე.წ. თარგეთირების პრინციპზე, რომლის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 12 პროცენტს. ეს კი მოითხოვს ეროვნული ბანკის სრულ თავისუფლება-დამოუკიდებლობას, მისი საქმიანობის გამჭვირვალობას და მისადმი საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს.
უმთავრესი ამ რეჟიმის რეალიზაციისას ის არის, რომ მონეტარულ პოლიტიკაზე არ უნდა დომინირებდეს ფისკალური პოლიტიკა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს მთავრობის დაკრედიტებაზე უარის თქმას, უდეფიციტო ბიუჯეტის შედგენას.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება იმაშია, რომ საჭიროა გამოირიცხოს სწრაფვა ხელისუფლებისა მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდის მოსაპოვებლად. საქმე იმაშია, რომ მონეტარული ექსპანსიის მეშვეობით მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, უმუშევრობის შემცირება, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა და ა.შ. ეს 4-5 წლიანი პერიოდია, ანუ ის დრო, რომელიც შემოსაზღვრული აქვს მოქმედ ხელისუფლებას. მაგრამ ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების უარყოფითი შედეგი თავს იჩენს უფრო გვიან, ანუ ახალი ხელისუფლების პირობებში. აქ საუბარია დროით ლაგაზე, ანუ იმაზე, რომ პოლიტიკური მოკლევადიანი დივიდენდების მიღება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ურთულეს პრობლემებს უქმნის ახალ ხელისუფლებას. ამიტომაც ეროვნულმა ბანკმა არანაირად არ უნდა დაუშვას ფისკალური პოლიტიკის დომინირება მონეტარულ პოლიტიკაზე. ეს მიღწევადია მხოლოდ ეროვნული ბანკის ავტონომიურობის მაღალი ხარისხის პირობებში.
РЕЗЮМЭ
ЭНДОГЕННЫЕ И ЭКЗОГЕННЫЕ ФАКТОРЫ РАЗВИТИЯ БИЗНЕСА
Месхия Яков
Доктор экономических наук, профессор
В условиях обострения экономического кризиса, роста цен на такие стратегические товары, как нефть, зерно и др., правительство Грузии должно направить максимальное усилие на развитие бизнеса с использованием местных материальных, человеческих и финансовых ресурсов. Переход к нормальному типу рыночной экономики может быть реализован с минимальными политическими, социальными и экономическими издержками и потрясениями только на основе обеспечения баланса интересов государства и частного капитала.
Основными факторами, сдерживающими развитие экономики Грузии, являются: необъективный анализ и оценка состояния экономики с целью получения политических дивидендов; низкий уровень реального сектора в структуре предпринимательства; неравномерное размещение бизнеса на региональном уровне страны; высокие темпы инфляции и нестабильность обменного курса национальной валюты; несовершенство правовых основ хозяйствования и т. д.
Высокий уровень безработицы и бедности в Грузии трубуют от правительства глубинного, критического анализа факторов и условий, сдерживающих экономические и социальные реформы, и, с учетом выявленных негативных причин, ставит перед ним задачу трансформации стратегии развития страны. Как показывает анализ, существенного улучшения требует бюджетно-налоговая, денежно-кредитная и инвестиционная политика, а также необходимо восстановить антимонопольную службу и отказаться от раздражительной экономической „пиар“ компании с целью получения политических дивидендов. Правительство страны должно разработать комплексную программу экономического и социального развития не только на среднесрочную, как это делается в настоящее время, но и на долгосрочную перспективу, с целью избавления будущего правительства от проблем, которые могут возникнуть в следствии неэффективных решений существующей власти.
![]() |
6 ბიზნესი და საქართველოს კანონმდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |

ზაქარია ქუცნაშვილი
იურისტი
ბიზნესის განვითარებაში კანონმდებლობის როლი ყველასათვის ცხადია. სამართლიანი წესები და სტაბილური კანონმდებლობა ძალზედ მნიშვნელოვანია საქმის როგორც დაგეგმვის, ასევე, განჭვრეტ ვადებში მისი წარმატებული განვითარებისათვის. წესების სამართლიანობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შეეხება კანონმდებლობის სტაბილურობას, აქ მდგომარეობა ძალზედ საგანგაშოა.
საგადასახადო კოდექსი, როგორც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი ძირითადი კანონი, ბოლო ათი წელია, მასში შეტანილი ცვლილებებისა თუ დამატებების რაოდენობით პირველ ადგილზე დგას. უწესო წესად იქცა მასში ხშირი ცვლილებები. მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა 362 მოქმედ კანონში 1500-მდე ცვლილება და დამატება განახორციელა, რითაც 4 წლის მანძილზე, საშუალოდ, თითო კანონში 4 ცვლილება მოახდინა. „ლიდერი” აქაც კვლავ საგადასახადო კოდექსი იყო, ოღონდ, უკვე ახალი 2005 წლის რედაქციით ამოქმედებული. ჩვეულებრივ კანონებს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია ათჯერ იქნა გადასინჯული. კანონმდებლობის სტაბილურობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ სფეროსათვის, რომელიც საქონლისა და მომსახურების სახით დოვლათს ქმნის, ასაქმებს ადამიანებს და გადასახადების სახით ასაზრდოებს ბიუჯეტს. ეს სფერო ყველაზე მგრძნობიარეა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული თამაშის წესებზე რეაგირების სახით და თუ შეიძლება ითქვას ყველაზე კონსერვატიულ მიდგომას მოითხოვს. წესები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ არა ასე სწრაფად, გაუაზრებლად და შუა საანგარიშო წელში. ვფიქრობ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დასადგენია ნორმა, რომლის მიხედვითაც, ტექნიკური ცვლილებების გარდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ნებისმიერი სხვა ცვლილება უნდა ამოქმედდეს ან მიღებიდან არაუდრეს მომავალი კალენდარული წლის დაწყებამდე ან მიღებიდან არაუდრეს ერთი წლის გასვლამდე. ეს წესი სამართლიან დამოკიდებულებას შემოიტანდა სახელმწიფოსა და ბიზნეს ურთიერთობებში, შექმნიდა სტაბილურ საკანონმდებლო სივრცეს თუნდაც ერთი საანგარიშო (კალენდარული) წლის მანძილზე. ბიზნესის განვითარებას სჭირდება წყალივით სტაბილური, ხოლო ჰაერივით სამართლიანი კანონმდებლობა. ბიზნესსა და საქართველოს კანონმდებლობას შორის დამოკიდებულების საკითხი სამ ჭრილში უნდა განვიხილოთ: სახელმწიფოსა და ბიზნესს, ბიზნესსა და ბიზნესს, ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების ჭრილში.
სახელმწიფოსა და ბიზნეს ურთიერთობები აშკარად არათანაბარია და ამ უთანასწორობის გასამართლებლად კანონმდებლები, როგორც წესი, გამოდიან ე.წ. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის და კერძო ინტერესებთან მიმართებაში მათი უპირატესობის საბაბით. შევეცადოთ ზედაპირულად მაინც გავაანალიზოთ ბიზნესთან მიმართებაში საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების ურთიერთმიმართების საკითხი. ხალხი სახელმწიფოს ქმნის იმისათვის, რომ ძალისხმევათა გაერთიანებით უკეთ შევძლოთ საზოგადოების წინაშე მდგარი მუდმივი თუ დროებითი გამოწვევების დამარცხება. უზრუნველვყოთ თითოეულისა და მთელი საზოგადოების უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კეთილდღეობა, კულტურული თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სახელმწიფო როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა და საზოგადოების თანხმობის პროდუქტი, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ინდივიდის და საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების დამარცხებისას. ამიტომაც სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს შორის დამოკიდებულება არ შეიძლება ასეთი არათანაბარი იყოს. სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მხარის უპირატესობა უკვე თავად გადასახადის დაწესებაშია ჩადებული. გადასახადი ხომ არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე. არავინ არ სვამს საკითხს იმის თაობაზე, რომ გადასახადები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფო როგორც საზოგადოების თანხმობის პროდუქტი გადასახადის გადამხდელის მხრიდან სწორედ იმაში ვლინდება, რომ ის თავისი სახსრებით იწყებს საქმიანობას და, მიუხედავად იმისა, მომგებიანი, თუ წამგებიანი აღმოჩნდება ეს ბიზნესი, ის პირველივე დღიდან იხდის გადასახადებს. სახელმწიფოს როგორც საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მხარის უპირატესობა ასევე ვლინდება იმაში, რომ მას სხვადასხვა საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით დაწესებული აქვს სხვადასხვა მოთხოვნები. ეს მოთხოვნები გამოიხატება ლიცენზიებსა, თუ ნებართვებში და ასევე იმ პროფესიულ სტანდარტებში, რასაც ამ საქმის მწარმოებელი ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ. სახელმწიფოს როგორც საზოგადოებრივი ინტერესის უკვე დამცველის უპირატესობა ვლინდება იმაში, რომ თუ გადასახადის გადამხდელი თავს აარიდებს ან შეამცირებს ბიუჯეტის კუთვნილ გადასახადებს, მაშინ ის თავისი რეპრესიული სისტემით შეძლებს მაქსიმალურად აინაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო თავად ბიზნესმენი გაკოტრებულად გამოაცხადოს, რომ აღარ ვილაპარაკოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საშუალებებზე. ასე რომ, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო აშკარა უპირატესობაშია ბიზნესთან მიმართებაში და ამ უფლებრივ უპირატესობას (ოღონდ გონივრულ ფარგლებში) გადასახადის გადამხდელები ეჭვქვეშ არც აყენებენ. მაგრამ როდესაც საუბარია, ვთქვათ, „საგადასახადო მოთხოვნასა“ და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“, აქ არ შეიძლება ასეთი დისკრიმინაციული მიდგომები გამოიყენებოდეს. დიახ, კანონის დონეზე გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება დროულად დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ზედმეტად გადახდილი ან/და ზედმეტად ამოღებული გადასახადის ან/და სანქციის თანხა, მაგრამ თუ „საგადასახადო მოთხოვნის” შესრულების ვადა არის 20 კალენდარული დღე, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” შესრულების ვადა რატომ არის 3 თვე. სახელმწიფომ „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ თავის მისაღები 20 დღეში უნდა მიიღოს, მაშინ, როცა სასამართლოც კი უძლურია შეაჩეროს საგადასახადო ორგანოს კანონიერი, თუ უკანონო მოთხოვნის შესრულება, ხოლო ბიზნესმა ის, რაც ზედმეტად გადაახდევინეს, უნდა დაიბრუნოს მხოლოდ 3 თვის ვადაში. რით შეიძლება აიხსნას ასეთი არათანაბარი დამოკიდებულება და რითი არის გამართლებული სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის ასეთი „უპირატესობა“? განა ამ თანხების დაუბრუნებლობით ზიანი არ ადგება ასევე საზოგადოებისათვის არანაკლები მნიშვნელობის ინტერესს? ბიზნესის განვითარება, ხომ გარდა მისი მესაკუთრის ინტერესისა, მოიცავს ამ საქმის მცოდნეთათვის სამუშაო ადგილებს და ზოგადად ბიუჯეტის მუდმივად შევსების წყაროს. განა არ გაუჭირდება ისედაც სუსტ ქართულ ბიზნესს 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობა, როცა მას ფაქტიურად საკუთარი სახსრების გამოყენების უფლება ეზღუდება და იძულებული ხდება ისარგებლოს ძვირი საკრედიტო რესურსით? შეჩერებული ბიზნესი შეძლებს ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფას ან კიდევ ბიუჯეტში ახალი შემოსავლების შეტანას? ან კიდევ ავიღოთ „სააღმსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესულ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმის სასამართლოს მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტისას ის დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, ხოლო ბიზნესის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ 3 თვიანი ნებაყოფლობით აღსრულების ვადა აქვს დაწესებული და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ის იძულების წესით იქნეს სისრულეში მოყვანილი. სახელმწიფოსა და ბიზნეს ურთიერთობების კანონმდებლობა აშკარად არათანაბარია და ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამ უთანაბრობის გამართლება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით ან კიდევ კერძო ინტერესებთან მიმართებაში საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესობის საბაბით გაუმართლებელია და ემსახურება ყველაფრის ხარჯზე ბიუჯეტის შევსების მიზანს, რაც ჯამში დამოუკიდებელი ქართული ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

რაც შეეხება ბიზნესსა და ბიზნესს შორის დამოკიდებულებას და კანონმდებლობის როლს, აქ ფაქტიურად მოქმედებს ველური თამაშის წესები და არანაირი მარეგულირებელი ნორმები გადასახადის გადამხდელების ინტერესების თანაბარი დაცულობის კუთხით არ მუშაობს. საქართველოს ეკონომიკური სივრცე დაყოფილია ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიებისა და თავისუფალი ეკონომიკის სფეროში მოქმედ საწარმოებად. ანტიმონოპოლიური და კონკურენციის წამახალისებელი კანონმდებლობა ორივე სფეროში აუცილებელია. მაგალითად, ელექტროენერგეტიკის სფეროში მიღწეული საგრძნობი წარმატება, როცა ფაქტობრივად გადაწყვეტილია მოსახლეობისა და საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგება, პირველად გაჩნდა დადებითი სალდო იმპორტირებულსა და ექსპორტირებულ ენერგიებს შორის (თუმცა, საკითხავია, რამდენად ხარისხიანი ენერგია მიეწოდება მომხმარებელს, რამდენად მდგრადია მომარაგების სისტემა და თუ რა რაოდენობას წარმოადგენს ექსპორტირებულ ელექტროენერგიის წარმოებაში იმპორტირებული გაზი, როგორც ნედლეული!), მაგრამ კანონმდებლობა საკმაოდ უსამართლოა ამ სფეროში მოქმედი სუბიექტების მიმართ. ფაქტიურად, დისპეტჩერიზაციის გარდა, კონკურენციის განვითარება შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელ, ასევე გადამცემ და გამანაწილებელ სექტორში. ერთი შეხედვით, გამანაწილებელი კომპანიების გაერთიანებას მომხმარებლისთვის, ისევე, როგორც ელექტროენერგიის მწარმოებლებისათვის, უნდა მოეტანა უკეთესი პიროებები ხარისხიანი და იაფი ენერგიის სახით, მაგრამ რეალურად ვერ მივიღეთ ვერც ერთი და ვერც მეორე. რატომ? იმის გამო, რომ გამანაწილებელმა (სადისტრიბუციო) კომპანიებმა სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით იმდენად დიდი რაოდენობის ენერგიის მოხმარება დააწესეს პირდაპირი მომხმარებლების უფლების მოსაპოვებლად, რომ ფაქტიურად მათ საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები აკმაყოფილებენ. ამით ყველა იძულებული გახადეს მათგან (გამანაწილებელი კომპანია სულ ოთხია) შეეძინა ძვირი ელექტროენერგია და არა მწარმოებლებისგან, რომლებიც დღესაც მზად არიან ქართულ ბიზნესს ბევრად იაფად მიაწოდონ მათ მიერ წარმოებული ენერგია. ენერგია განმსაზღვრელი კომპონენტია გლობალური კონკურენციის ეპოქაში. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა საქართველოში წარმოებულ 7000-ზე მეტი დასახელების საქონელსა და პროდუქციაზე დაუშვა ვაჭრობის ნებართვა, მაგრამ მისი დაბალი ხარისხისა და მაღალი საწარმოებლო ღირებულების გამო, ამ ფაქტს ლამის არანაირი გავლენა არ მოუხდენია ქვეყნის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე. საკმარისია სახელმწიფომ დაუშვას ახალი გადამცემი ხაზების აშენება და მათი თავისუფალი გამოყენება და რაც კიდევ უფრო მთავარია, პირდაპირი მოხმარების უფლების მოპოვებისთვის წესების გამარტივება, დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ და დადებით გავლენას მოახდენს თავისუფალი კონკურენციისა და ენერგეტიკის, როგორც, ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი დარგის, უსწრაფეს განვითარებაზე. ბიზნესსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში სახელმწიფოს ფუნქცია მდგომარეობს არბიტრის როლში, სადაც ის ვალდებულია მხარეთა შორის სახელშეკრულებო პირობების და სამართლიანი კონკურენციის მიუკერძოებელი დამცველი იყოს. როცა სასამართლომ ასე დაკარგა ხალხის ნდობა და როცა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა აღარ არსებობს, ძნელია სახელმწიფოს ამ ფუნქციებზე საუბარი. აშკარად იკითხება ლიცენზიებისა და ნებართვების სფეროში მოქმედება არა თავისუფალი კონკურენციის და მომხმარებელების ინტერესებით, არამედ ახალი მონოპოლიებისა და დიდი მოგებების მიღების სურვილით.

ბიზნესი და საქართველოს კანონმდებლობა აუცილებლად განხილული უნდა იყოს ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის კუთხითაც. მომხმარებელი, კლიენტი არის ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რისთვისაც ბიზნესი ფუნქციონირებს. მომსახურებისა და საქონლის უამრავი სახე იქმნება მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სახელმწიფოს ფუნქცია მომხმარებლის ინტერესების დაცვისას უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბიზნესმა არ გამოიყენოს თავისი დომინანტური პოზიცია და კლიენტს არ შესთავაზოს უხარისხო, ნაკლის მქონე ან კიდევ უარესი, მავნებელი პროდუქცია. დღეს საქართველოში საკმაოდ დინამიურად ვითარდება მშენებლობა, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი. აშენებს ყველა, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია. ლოგიკურად ისმის კითხვა: სახელმწიფო, როგორც ამ მშენებლობის ნებართვების გამცემი, იქნება თუ არა პასუხისმგებელი საბოლოო მომხმარებელთან აშენებული ფართობის ხარისხზე, მდგრადობასა და ეკოლოგიურ სიჯანსაღეზე? ღმერთმა დაგვიფაროს რაიმე უბედურების შემთხვევაში როგორ დავადგინოთ პასუხისმგებელი, მაშინ, როცა სახელმწიფო ექსპერტიზის სამსახური ფაქტიურად მოშლილია და განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტების გარდა ექსპერტიზა არ მიმდინარეობს? სახელმწიფო ექსპერტიზა პრევენციული ღონისძიება იყო იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის მსგავსი შედეგები. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით ასევე ყურადღებას საჭიროებს სამომხმარებლო ფასები. ფაქტია, რომ იგივე სფეროში არსებული ფასები ბევრად სჭარბობს 1 კვადრატული მეტრი ფართის ასაშენებელ ღირებულებას. მაშინ, როცა ასაშენებელი 1 კვადრატული მეტრის წმინდა სამშენებლო ღირებულება არ აღემატება 200 აშშ დოლარს, ამას დამატებული მიწის, ნებართვების და კომუნიკაციების ღირებულება საშუალოდ ისევ 1 კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით გამოდის ყველაზე მეტი - 400-500 აშშ დოლარი (რა თქმა უნდა, მრავალსართულიან და მრავალბინიან სახლზე გადაანგარიშებით), როცა გასაყიდი ფასი მომხმარებლებისათვის 900-1000 აშშ დოლარია. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ფასებში და ე.წ. რეგულირებული ფასები დაადგნოს, მაგრამ არსებობს უამრავი ეკონომიკურად გამართლებული მეთოდი, რაც, ფასების თვალსაზრისით, მომხმარებელთა უფლებების დაცვას გააუმჯობესებს. მაგალითად, იგივე საზოგადოებრივი მშენებლობები, სადაც სახელმწიფო როგორც მიწის მესაკუთრე კონკურსების წესით გამოავლენს იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც უფრო ხარისხიანად და მცირე მოგების ხარჯზე ააშენებენ მრავალბინიან სახლებს. სახელმწიფო ამ ბინებს განკარგავს (შეღავათიან ფასებში ნასყიდობის ან ჩუქების სახით), ვთქვათ, მრავალშვილიან ოჯახებზე, პედაგოგებზე, პოლიციელებზე და ა.შ. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულების ვადები. იგივე მშენებლობის სფეროში მოქმედებს ეგრეთ წოდებული წინასწარი გაყიდვების სისტემა, რაც, ერთი შეხედვით, მომხმარებელს იცავს მომავალში ფასების გაძვირებისაგან, მაგრამ რეალურად, ეს არის ფულის წინასწარი აგროვების კარგი საშუალება, მაშინ, როცა მომხმარებლის ფული შეიძლება სულ სხვა დანიშნულებით და რეალურად სხვა მიზნების მისაღწევად იქნეს გამოყენებული. მომხმარებელს საბოლოო ჯამში წინასწარ გადახდილ ფულში დაგვიანებით და უხარისხოდ აშენებული ნივთი ხვდება. სხვათაშორის, ამ კუთხით ყურადღებას იმსახურებს მშენებლობის კოდექსის ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც შესაძლოა სამშენებლო კომპანიებს წაერთვას წინასწარი გაყიდვების წარმოების უფლება. ეს საკითხი მეტად სერიოზული საკითხია და ამიტომაც განსაკუთრებულ დაფიქრებას საჭიროებს. შედეგად მივიღებთ დროულად დამთავრებულ ობიექტებს, მაგრამ ამით შესაძლოა მოქალაქის (როგორც მომხმარებლის) კონსტიტუციით დაცული უფლება შევლახოთ. ვფიქრობ, მშენებლობის კოდექსის პროექტი ცალკე შესწავლის საგანია, რომელიც ბიზნესისა და კანონმდებლობის სამივე ჭრილში უნდა იქნეს განხილული.

RESUME
BUSINESS AND GEORGIAN LEGISLATION
Zakaria Kutsnashvili, Lawyer
Fair laws and stable legislation are very important for planning business and its successful development within a reasonable period. Of different fields, business is the most sensitive to the rules of play dictated by the state. Meanwhile, the Tax Code of Georgia, the main law determining the relationships between business and state, rates first according to the number of amendments introduced to it. I think that based on the Law of Georgia on Normative Acts a norm should be introduced to prescribe that any amendments made to the Tax Code save the technical ones, shall take effect no earlier than the beginning of the next calendar year or one year after its adoption. That rule would bring about fairness in the relations between the state and business and ensure a stable legislative area at least for one reporting (calendar) year.
The issue of business-state relationships should be considered from three aspects: state and business, business and business, and business and customers. The relations between the state and business are unequal, which is usually justified by the need to protect the so-called public interests and the priority of those interests to private ones. Based on the current legislation, the state really enjoys an advantage over business and this fact is fully accepted by taxpayers (within reasonable limits). However, jus-tification of the above inequality by the protection of public interests as being prior to private interests is inadmissible and serves the purpose of replenishing the state budget at any price, which finally hinders the development of independent business in Georgia.
As for the relations between business and business and the role of legislation in those relations, they are based on tough rules of play. In this light, a state should fun-ction as a mediator between the businesses, which means unbiased protection of the terms of contracts concluded between the parties, and ensuring a fair competition. However, with the court no longer enjoying people's trust and the absence of antimo-nopoly legislation, it is difficult to speak about the state's role in the above field.
Business and the Georgian legislation should certainly be considered form the perspective of protecting the rights of businessmen and customers. Serving custo-mers is why business functions and numerous types of service and goods are created for fulfilling customers' demands. The function of a state regarding protection of cus-tomers' rights lies in not allowing business to abuse its dominant position and offer customers low quality, faulty or harmful products.
![]() |
7 როგორ ვიპოვოთ „ბიზნეს-ანგელოზი“ საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |

შოთა შაბურიშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი
მიუხედავად დაფინანსების წყაროების იმ მრავალფეროვნებისა, რომელსაც თანამედროვე ბიზნესის სამყარო ფლობს საქართველოში და საერთოდ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საკუთარი საქმის დაწყებაში მხოლოდ უფულობა უშლის ხელს.
ფულადი რესურსების წყაროს მოძებნა და შერჩევა დამწყები საწარმოსთვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა. ბანკები და სხვა ფორმალური ინვესტორები, რომლებიც დაფინანსებისას მკაცრი წესებით ხელმძღვანელობენ, როგორც წესი, ახალგაზრდა ფირმას არ ენდობიან, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
დამწყებ საწარმოს ბაზარზე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნია, ამიტომ მისი ფინანსური პროგნოზები კრედიტორებისა და ინვესტორების თვალში მხოლოდ ოპტიმისტურ ვარაუდებად გამოიყურება;
ახალი საწარმოები ბაზარზე შეღწევის ბარიერებს აწყდებიან და ხშირად განიცდიან წარუმატებლობას. შესაბამისად, მათი დაფინანსება ყველაზე სარისკო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს;
დამწყებ საწარმოთა უმრავლესობას არ გააჩნია ლიცენზიები და პატენტები ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებდა;
უმეტეს შემთხვევაში საწარმოს დამფუძნებლები ბიზნესში გამოუცდელები არიან.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფული ერთნაირი როდია. დასავლეთის ბიზნესმენთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს გამოთქმა: „შენ შეგიძლია გაცილდე მეუღლეს, მაგრამ ინვესტორს - არასოდეს!“ ამიტომ, დაფინანსების წყაროს ძიებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეწარმის პრიორიტეტების განსაზღვრას. ზოგიერთი განიცდის დიდ დისკომფორტს იმის გამო, რომ აქვს ვალები და თავიდანვე უარს ამბობს კრედიტზე. სხვებს არ უყვართ ძალაუფლების განაწილება და არც კი განიხილავენ ბიზნეს-პარტნიორების მოძებნის, ან საწარმოს აქციონირების ვარიანტს. გაცილებით მეტი სირთულის გადალახვა მოუწევს საწარმოს, თუ მისი დამფუძნებელი ერთდროულად ორივე კატეგორიის ადამიანს განეკუთვნება. ამ შემთხვევაში ბიზნესის განვითარების ტემპები პოტენციურზე დაბალი აღმოჩნდება და გაიფლანგება მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.
ამ და სხვა მიზეზთა გამო დამწყები ბიზნესის დაფინანსების საუკეთესო გარე წყაროს „ანგელოზები“ წარმოადგენენ. როგორც წესი, ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ წარმატებული კომერსანტები, სპეციალისტები, სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან დანაზოგს და მზად არიან დააბანდონ პერსპექტიულ საქმეში. ასეთ ადამიანებს ბიზნესის სამყაროში „ანგელოზებს“ (Angel - მდიდარი ადამიანი, რომელიც საკუთარი დანაზოგის ნაწილს ახლადშექმნილ, არალიკვიდურ ფირმაში აბანდებს) უწოდებენ. ეს არის კერძო ინვესტიციების ყველაზე ძველი, ხშირად გამოყენებადი და მნიშვნელოვანი არაფორმალური ბაზარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სამეწარმეო საქმიანობის გლობალური მონიტორინგის ორგანიზაციის (GEM) მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდა ფირმებში არაფორმალური კერძო ინვესტიციების რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს ფორმალური ინვესტორების დაბანდებებს. GEM-ის ქვეყნებში დამწყებ ფირმებში განხორციელებული კაპიტალდაბანდებების 91,8%25-ი არაფორმალურ ინვესტორებზე მოდის. კერძოდ, 3365-5116 ახალგაზრდა საწარმოში ინვესტირებული იყო 364 მილიარდი დოლარი. აღნიშნულ ქვეყნებში მოსახლეობის 3%25-მა განახორციელა ინვესტიციები სხვის ბიზნესში. მათგან 43,7%25 კაპიტალი დააბანდა ახლო ნათესავების, 29,2%25 - მეგობრების, 8,9%25 - კოლეგების და 9,3%25 - უცხო ადამიანების - ფირმაში.
აშშ-ში დაახლოებით ნახევარი მილიონი „ანგელოზის“ მიერ 50000 დამწყებ საწარმოში ყოველწლიურად 45 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ევროპაში სხვადასხვა შეფასებით არსებობს დაახლოებით მილიონი პოტენციური „ანგელოზი“, რომლებიც მზად არიან ყოველწლიურად განახორციელონ 10-დან 20 მლრდ ევრომდე ინვესტიცია. იმ ახალგაზრდა ფირმების რაოდენობა, რომლებმაც ფულადი სახსრები „ანგელოზებისგან“ მიიღეს, 30-40-ჯერ აღემატება დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით (ბანკები, სახელმწიფო პროგრამები, ფასიანი ქაღალდების ემისია, ვენჩურული ფონდები და ა.შ.) მოსარგებლე საწარმოების რიცხვს.
„ანგელოზები“ ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებას ოთხი საბაზო კრიტერიუმის გათვალისწინებით იღებენ: მენეჯმენტი, ბაზარი, პროდუქტი და შემოსავლის ზრდის პერსპექტივა. საქართველოში მათი ძირითადი მახასიათებელი თავისებურებებია:
ინვესტიციების მოცულობა 5000-დან 200000 ლარამდე; გრძელვადიანი პერსპექტივით ინვესტირება; კაპიტალის დაბანდება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს; კაპიტალდაბანდების განხორციელება 2-3 ინვესტორთან ერთად; ბიზნესში მონაწილეობა მასზე კონტროლის დაწესების გარეშე; ინვესტირება კარგად ნაცნობ ბაზრებსა და ტექნოლოგიებში; ინვესტირებული კაპიტალის 2-3 წელიწადში დაბრუნების სურვილი.
შეიძლება ითქვას, რომ საწარმოს განვითარების ადრეულ სტადიაზე უფრო ხელსაყრელი პირობებით ანალოგიური დახმარების აღმოჩენა სხვა არავის შეუძლია. „ანგელოზების“ მამოძრავებელი მოტივი შეიძლება იყოს:
პირადი შემოსავლების ზრდა; საწარმოს მართვაში მონაწილეობა; სამეწარმეო საქმიანობით მიღებული სიამოვნება; საკუთარი სამუშაო ადგილის შექმნა; სოციალური პასუხისმგებლობის განცდა.
ამა თუ იმ ფორმით „ანგელოზები“ აქტიურები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მართალია, მათ ახასიათებთ გარკვეული ნაკლოვანებები, მაგრამ უპირატესობები გაცილებით მეტია:
ინოვაციურ ფირმებში ფულის დაბანდება მათი განვითარების ადრეულ (ჩათესვის) სტადიაზე - მიუხედავად დაბანდებული კაპიტალის დაკარგვის მაღალი რისკისა, „ანგელოზები“ არ უფრთხიან დააფინანსონ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური ფირმები;
ფორმალური ინვესტორების მხრიდან უყურადღებოდ დატოვებულ სფეროებში შესვლით „ანგელოზები“ ავსებენ სიცარიელეს კაპიტალის ბაზარზე;
„ანგელოზები“ კაპიტალს ნებისმიერ სფეროში აბანდებენ - კონკრეტული დარგის მიუხედავად, მათ იზიდავს ფირმები ზრდის დიდი პოტენციალით;

ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას „ანგელოზები“ ავლენენ დიდ მოთმინებას და მოქნილობას, ვიდრე ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები. მათი საინვესტიციო ჰორიზონტები შორეულია („მოთმინების მქონე კაპიტალი“), ფულის გაცემის პროცედურები გამარტივებული, ხოლო სარგებლის განაკვეთი მნიშვნელოვნად დაბალი;
„ანგელოზების“ უმრავლესობას გააჩნია სამეწარმეო საქმიანობის მდიდარი გამოცდილება, რომელსაც უანგაროდ უზიარებს ჩათესვის სტადიაზე მყოფ ფირმებს, რითაც ეხმარება ფეხზე დადგომაში. უფასო რჩევები და დახმარება ინვესტორის მხრიდან, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის დიდი გამოცდილება გააჩნია, შეუფასებელია დამწყები მეწარმისათვის;
„ ანგელოზები“ ასრულებენ კატალიზატორის როლს, რადგან ახლად შექმნილი ფირმა, რომელმაც მიიღო გარკვეული დაფინანსება, უფრო სოლიდურად გამოიყურება ფორმალური ინვესტორების თვალში;
საწარმოში დაბანდებული ფულადი სახსრების პარალელურად, „ანგელოზები“ გამოდიან თავდებად საკრედიტო ინსტიტუტების წინაშე;
ფორმალურ ფინანსურ ბაზრებთან შედარებით, „ანგელოზების“ მოქმედების გეოგრაფიული არეალი გაცილებით ფართოა. მათი პოვნა თითქმის ყველგან შეიძლება.

აღნიშნულის მიუხედავად, მეწარმისთვის საკუთარი „მფარველი ანგელოზის“ პოვნა არც ისე მარტივია. იმის საყოველთაოდ მიღებული აღწერა, თუ როგორ გამოიყურებიან „ანგელოზები“, არ არსებობს. თუმცა, სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადად ესენი არიან უმაღლესი განათლების მქონე მამაკაცები 40-50 წლის ასაკში, რომლებსაც უკვე დაუგროვდათ მნიშვნელოვანი დანაზოგი. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევით საქართველოში გამოვყავით „ანგელოზთა“ შემდეგი ტიპები:
მეწარმე „ანგელოზები“ - მოქმედი წარმატებული მეწარმეები, რომლებიც საკუთარი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის გზებს ეძებენ. არაფორმალური ინვესტორების ეს კატეგორია აქტიურობით გამოირჩევა და ყველაზე დიდ თანხებს აბანდებს დამწყებ ფირმებში - როგორც წესი 50000-დან 200000 ლარამდე.
პროფესიული „ანგელოზები“ - წარმატებული ექიმები, იურისტები, აუდიტორები, ასევე ყოფილი კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები და კრიმინალური ავტორიტეტები. ფულს ძირითადად ნაცნობ საქმეში აბანდებენ და ფირმის მართვაში აქტიურად არ მონაწილეობენ. ხშირად ისინი ერთდროულად რამდენიმე პროექტს აფინანსებენ და თითოეულში 20000-დან 100000 ლარამდე აბანდებენ. უპირატესობას ანიჭებენ ინვესტირებას თანამონაწილეობის პრინციპით.
მენეჯერი „ანგელოზები“ - ეს კატეგორია, კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ფირმაში ზედა რგოლის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობისას დაგროვილი ფულადი სახსრების ხარჯზე. ბუნებრივია, სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ისინი ინვესტიციებს დამწყებ საწარმოში ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების მიზნით ახორციელებენ. მსგავსი „ანგელოზები“, როგორც წესი, ერთ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობენ, აქვთ დაახლოებით 100000 ლარიანი დანაზოგი, საიდანაც მხოლოდ ნახევარს აბანდებენ საქმეში.
ენთუზიასტი „ანგელოზები“ - ასაკში მყოფი, სამეწარმეო საქმიანობის ნიუანსებში ნაკლებად ჩახედული, მნიშვნელოვანი დანაზოგების მქონე პირები. ისინი ახორციელებენ მცირე ზომის ინვესტიციებს (დაახლოებით 5000-დან 20000 ლარამდე) გართობის მიზნით ან სოციალური პასუხისმგებლობის განცდის გამო.
ბუნებრივია, დამწყებმა მეწარმემ, რომელიც ეძებს „მფარველ ანგელოზს“, უნდა შეადგინოს აღნიშნული კატეგორიის ადამიანების სია და შეეცადოს კავშირი დაამყაროს მათთან. თუ ეს არის პირი, რომელსაც მეწარმე კარგად იცნობს - ადამიანი, ვისთანაც მუშაობდა, ან ყოფილი ხელმძღვანელი, ის პირადად შეხვდება იდეის გასაცნობად, ხოლო თუ უცხოა, კონტაქტის დასამყარებლად საჭიროა საერთო ნაცნობის გამოძებნა.
„ანგელოზთან“ შეხვედრა სათანადო მომზადებას საჭიროებს. დამწყები ბიზნესმენი ნათლად უნდა აცნობიერებდეს თუ რისი მიღწევა სურს: რა თანხა სჭირდება? რომელი ურჩევნია - სესხი თუ პარტნიორი? რა წილის დასათმობად არის მზად? რა პროცენტს გადაიხდის სესხის შემთხვევაში? როგორც წესი, „ანგელოზები“ არ ინტერესდებიან ისეთი პროექტით, სადაც ინიციატორს საკუთარი ქონებით გარისკვა არ სურს. აუცილებელია იმის გარკვევაც თუ დაფინანსების გარდა რა დახმარების გაწევა შეუძლია ინვესტორს საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების პროცესში.
ხუთი კითხვა, რომელსაც აუცილებლად დაგისვამენ „ანგელოზები“:
1. რა თანხა გესაჭიროებათ? აუცილებელია ზუსტად მიუთითოთ ის თანხა, რომელიც გჭირდებათ; რამდენს აბანდებთ პირადად და დაფინანსების რა ნაწილის მოზიდვა გსურთ?
2. რა მიზნებისთვის გჭირდებათ თანხა? ინვესტორი უნდა დაარწმუნოთ, რომ ზუსტად იცით, თუ რისი მიღწევა გსურთ. ამაში დაგეხმარებათ კარგად შედგენილი ბიზნეს-გეგმა. რეალური გეგმა, როგორც წესი, მიუთითებს მეწარმის კომპეტენტურობასა და პასუხისმგებლობაზე.
3. რა ვადით გჭირდებათ ფული? თქვენი ფინანსური პროგნოზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ როდის შესძლებთ ვალის გასტუმრებას?
4. რა პროცენტს გადაიხდით? აქაც თქვენი ფინანსური პროგნოზი დაგეხმარებათ.
5. რა გარანტიები არსებობს იმ შემთხვევაში თუ შეგექმნათ პრობლემები ან საქმე ჩაგივარდათ? აუცილებლად უნდა მიუთითოთ ის აქტივები, თუ რისი გაყიდვაა შესაძლებელი ვალის გასასტუმრებლად.
უარის შემთხვევაში საჭიროა „ანგელოზს“ ეთხოვოს პროექტის შესახებ აზრის გამოთქმა - როგორ შეიძლება მისი დახვეწა? ხომ არ იცნობს ვინმეს, ვინც დაინტერესდებოდა?
განვითარებულ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება ისეთი „ანგელოზების“ რიცხვი, რომლებიც ინვესტირებას სინდიკატის შემადგენლობაში ამჯობინებენ. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა განხორციელდეს გაცილებით მსხვილი და ხშირი კაპიტალდაბანდებები. გამოცდილი ინვესტორები უპირატესობას სწორედ მსგავს საინვესტიციო ჯგუფებს ანიჭებენ. ეს ჯგუფები, რომელშიც ხშირად 100 კაციც კი შედის, თავის საქმიანობას ასოციაციების და კავშირების სახით წარმართავენ (მათ ხშირად „ანგელოზების“ ასოციაციის სახელითაც მოიხსენიებენ). როგორც წესი, ჯგუფის ერთი წევრი სინდიკატს განსახილველად წარუდგენს პროექტს, ამასთან იგულისხმება, რომ იგი თვითონ მიიღებს მონაწილეობას მის დაფინანსებაში. შემდეგ, აღნიშნული წინადადება განიხილება საერთო კრებაზე. სინდიკატის ყოველი წევრი იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ. ასევე, თითოეულ ინვესტორს შეუძლია განსაზღვროს თავისი მონაწილეობის წილი. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, „ანგელოზები“ იწყებენ ინვესტირებას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
სინდიკატში მოხვედრა შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე წევრის რეკომენდაციით. იმისათვის, რომ უზრუნველყონ წევრების ანონიმურობა, ბევრი სინდიკატი თავს არიდებს საჯაროობას.
სინდიკატი „ანგელოზებს“ შემდეგ უპირატესობებს უქმნის: კაპიტალის გაერთიანების შესაძლებლობა მსხვილი პროექტების დასაფინანსებლად; საინვესტიციო პროექტების მეტი მრავალფეროვნება; სასარგებლო კონტაქტების, ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება; პროექტების ექსპერტიზის ერთობლივი განხორციელება (შერჩევა, წინასწარი შესწავლა, დეტალური შემოწმება, მონიტორინგი); არსებული საინვესტიციო პორტფელის შემდგომი დივერსიფიკაცია.
ამასთან, სინდიკატის წევრობა დაკავშირებულია ხარჯებთან და შეიძლება დააფრთხოს დამოუკიდებლობის მოყვარე ინვესტორი, რომელსაც სურს, რომ ბოლო სიტყვას ყოველთვის თავად ამბობდეს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არაფორმალური კერძო კაპიტალის ორგანიზებული ბაზრის არსებობა აუცილებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დაძლევისათვის.
RESUME
HOW TO FIND „BUSINESS-ANGEL” IN GEORGIA
Shota Shaburishvili,
Academic Doctor of Economy Assistant Professor at Tbilisi State University
„Angels“ are the private investors named also informal investors, putting own capital in again created illiquid firms. These are solvent people. In the past many of them were successful businessmen or top-managers. „Angels“ of them name because they come to the rescue to young innovative firms, helping in becoming business. The „Angelic“ help is not only the finance, but also useful communications in the world of business, business skills, knowledge. It is necessary to mean, that at the earliest stage of development of the com-pany the similar help on comprehensible conditions anybody another cannot render. They make a decision on carrying out of investments, being based on four base criteria: manage-ment, the market, a product and an opportunity of financing.
In this or that kind „angels“ are active worldwide in any country. Though they have some lacks, all the same, advan-tages, it is much more. „Angels“ - the oldest, the largest, most frequently a used and important external source of the finance for young firms. The generated market of the infor-mal capital is a necessary component for development of business and overcoming of poverty all over the world.
![]() |
8 საგადასახადო დავის წარმოებისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურები |
▲ზევით დაბრუნება |

გიორგი გვენეტაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი, ადვოკატი
ეკონომიკურ სფეროში მომუშავე პირებს, ბიზნესმენებს თავიანთი საქმიანობის ამა თუ იმ ეტაპზე ხშირად წარმოეშობათ დავა საგადასახადო ორგანოებთან, რომლის წარმოებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილია საკმაოდ რთული და დროში ზუსტად გაწერილი პროცედურა.
ამ პროცედურების ზედმიწევნით დაცვის გარეშე ადვილად შესაძლებელია ზოგჯერ აშკარად მომგებიანი საქმე შესაბამისმა ორგანოებმა არც კი განიხილონ. დაიკარგოს სრულიად ზედმეტი დრო და დადგეს გადასახადის გადამხდელის მიმართ ეკონომიკური ხასიათის დამატებითი არასასურველი შედეგებიც საურავის, ჯარიმის სახით და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსი უკვე 3 წელზე მეტია ძალაშია, გადასახადის გადამხდელთა საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერაც არა აქვს მასზე სრული ინფორმაცია და ნაცვლად ამ კოდექსით მკაფიოდ განსაზღვრული წესებისა, დღემდე სადაო საკითხზე საგადასახადო ორგანოს მიმართავენ სხვადასხვა სახის განცხადებებით, შუამდგომლობებით ან კიდევ რაიმე სხვა ფორმით. არადა, საგადასახადო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ფორმებს, რომელთა დაუცველად ნებისმიერი პრეტენზია საერთოდ განხილვის გარეშე შეიძლება დარჩეს. შევეცდები მკითხველს მოკლედ მივაწოდო ინფორმაცია საგადასახადო დავის წარმოების კანონით დადგენილი პროცედურების შესახებ.
პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის ურთიერთობის ძირითადი ფორმებია „საგადასახადო მოთხოვნა“ (გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ - გადასახადის ან/და სანქციის თანხის გადახდის თაობაზე) და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (საგადასახადო ორგანოს მიმართ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების ან ჩათვლის თაობაზე).
შესაბამისად, სწორედ ამ დოკუმენტების მიმართ შეუთანხმებლობა ითვლება საგადასახადო დავის დაწყებად. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო დავის დაწყების საფუძველია საგადასახადო ორგანოს ან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ვალდებულების დარღვევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგადასახადო დავის დაწყების საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის თქმა, ან საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნის“ ან ვალდებულების დამდგენი სხვა ადმინისტრაციული აქტის შესრულებაზე გადასახადის გადამხდელის მიერ უარის თქმა.
დადგენილია საგადასახადო დავის გადაწყვეტის ორი ფორმა. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ან დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ.
თავის მხრივ, დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით 2 ეტაპისგან შედგება: ა) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და ბ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განმხილველ საბჭოში. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელმა დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია მისი გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, მას უფლება აქვს დავის გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში იმავე ვადაში, რომელშიც მას უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.
თუ გადასახადის გადამხდელი დავას იწყებს ან დავას აგრძელებს სასამართლოში გასაჩივრებით, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით.
რაც შეეხება საგადასახადო დავის დაწყების ვადას, საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო ორგანო მთლიანად ან ნაწილობრივ უარს აცხადებს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე, იგი ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ პირს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი. ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარს (როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დუმილი არა თანხმობის, არამედ უარყოფის ნიშანია).
ამავე კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად კი, საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში (ხოლო თუკი საგადასახადო ორგანოსგან ზემოაღნიშნულ 15 დღიან ვადაში არ იქნება გაგზავნილი წერილობითი შესაგებელი), 15 დღიანი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს გააგრძელოს დავა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის ან სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით.
ამასთან, დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს იმავე 5 დღიან ვადაში.
აღნიშნულ ვადაში საგადასახადო დავის გაუგრძელებლობა ან სასამართლოში დავის დაწყების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების (ცნობის) წარუდგენლობა ითვლება დავაზე (მათ შორის, სასამართლოში დავაზე) უარის თქმად და აღნიშნული მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

ანალოგიურად რეგულირდება ვადების საკითხი იმ შემთხვევაშიც, როცა გადასახადის გადამხდელი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულ ვალდებულების დამდგენ სხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“ ან საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ვალდებულების დამდგენი სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, ხოლო თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ, ამავე ვადაში შესაბამის საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება.
ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ (სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) აღიარებად, იგი მიექცევა აღსასრულებლად და 20 დღიანი ვადის გაშვების ან სასამართლოში დავის დაწყების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გაუგზავნელობა გამოიწვევს, შესაბამისად - ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივრის განუხილველად დატოვებას, ხოლო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუშვებლად ცნობას და საქმის წარმოების შეწყვეტას.
მკითხველის ყურადღებას მივაქცევ იმ გარემოებას, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარი უნდა შეიტანოს იმ საგადასახადო ორგანოში, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება და სწორედ ეს ორგანოა ვალდებული გადაუგზავნოს საჩივარი მის განმხილველ ორგანოს.
ასე, მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელმა მიიღო შემოსავლების სამსახურის თბილისის სერვის - ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის თანხის დარიცხვის თაობაზე და არ ეთანხმება მას, საჩივარი უნდა შეადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სახელზე. თუმცა საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს არა უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, არამედ თბილისის სერვის ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), რომელიც ვალდებულია არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში გადააგზავნოს იგი შემოსავლების სამსახურში.
გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ კრიტერიუმებს. კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად მასში უნდა აღინიშნოს ორგანო, რომელმაც უნდა განიხილოს საჩივარი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭო) და მისი მისამართი, საჩივრის ავტორის ვინაობა, დასახელება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო საშუალებები. საჩივარში ასევე უნდა აღინიშნოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“, შესაგებლის, საგადასახადო ორგანოს უარის) გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი, ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რაც ასაბუთებს საჩივარს და თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი.
ანალოგიური შინაარსის უნდა იყოს საგადასახადო ორგანოსთვის გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი, თუ გადამხდელმა დავის გადაწყვეტის ან გაგრძელების ფორმად აირჩია სასამართლო. შეტყობინებაში დამატებით აუცილებლად უნდა მიეთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების თარიღი.
მსგავს რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული შესაგებელიც, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს საგადასახადო ორგანოს უფროსი ან მოადგილე.
საყურადღებოა ასევე საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, სადავო თანხის და მასზე დარიცხული საურავის, ისევე როგორც შესაბამისი ჯარიმის, გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყებიდან დავის დასრულებამდე, თუმცა, ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინა „საგადასახადო მოთხოვნა“, მაგალითად, 10 000 ლარის ოდენობით გადასახადის თანხის გადახდის შესახებ, ამ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების შემთხვევაში დავის დამთავრებამდე ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ არსებობს, თუმცა, დავის წაგების შემთხვევაში გადამხდელს მოუწევს არა მარტო 10 000 ლარის, არამედ აღნიშნული თანხის 0,07 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საურავის ოდენობა შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,07 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საგადასახადო დავა, მით უფრო საგრძნობი შეიძლება გამოდგეს დამატებით გადასახდელი საურავის ოდენობა. ამიტომ, საგადასახადო დავის დაწყებისას მეწარმემ საფუძვლიანად უნდა შეაფასოს თავისი პოზიციის მართებულობა და დავის ეკონომიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობა.
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო დავის დაწყების შემთხვევაში მეწარმეს ეკისრება ასევე ვალდებულების უზრუნველყოფაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი თავის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების შემთხვევაში ვალდებულია საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ან/და ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე სათანადო თანხის შეტანის ცნობა (ასეთ შემთხვევაში ამ პირს აღნიშნული თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ბანკისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე) ან/და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი ან თავისი ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად. წარდგენილი გარანტიების საერთო ღირებულება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის სადავო საგადასახადო დავალიანებაზე ნაკლები (აღნიშნული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის, თუ ვალდებული პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და იგი საკმარისია სადავო საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად).
თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ზემოაღნიშნულ 20 დღიან ვადაში საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს ზემოთ მითითებულ უზრუნველყოფის გარანტიებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიყენოს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის შემდეგი ღონისძიებები:
ა) ყადაღა დაადოს მის საბანკო ანგარიშებს; ბ) ყადაღა დაადოს მის ნებისმიერი სახის ქონებას (მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას).
თუ დავა გადაწყდება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, მის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიები ან მის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება - გაუქმებულად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ესე იგი, თუ დავა არ გადაწყდება გადამხდელის სასარგებლოდ, მას სადავო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დაეკისრება სადავო გადასახადებისა და სანქციების (საურავის, ჯარიმის) თანხის გადახდა. ასეთ შემთხვევაში, საბანკო გარანტიას, დეპოზიტს, დაყადაღებულ ქონებას, საბანკო ანგარიშს, ან ქონებას, რაზედაც წარდგენილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო ორგანო გამოიყენებს დავალიანების თანხების გადახდის აღსასრულებლად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, მიიღოს გადაწყვეტილება და არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს იგი მომჩივანს და იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული.
რასაკვირველია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჩივრის განხილვისას უფლებამოსილია არსებითად დააკმაყოფილოს საჩივარი მთლიანად ან ნაწილობრივ, უარი უთხრას საჩივრის ავტორს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე დროს, თუ საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახური დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში. ამ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ასეთ შემთხვევაში ასევე შესაძლებელია სადავო საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარდეს გასვლითი საგადასახადო შემოწმება მოსამართლის ბრძანების გარეშე - მეწარმის თანხმობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. მომჩივნის ან წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა განიხილება მის გარეშე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს მის გასაჩივრების ვადა და წესი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს გადახვევას საჩივრის განხილვის ზემოაღნიშნული წესიდან. აღნიშნული ნორმა ადგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებას ამა თუ იმ მიზეზით არ მიიღოს გადაწყვეტილება განსახილველ საჩივარზე. კერძოდ, თუ შემოსავლების სამსახური საჩივრის შესვლიდან 20 დღის ვადაში არ მიიღებს მასზე გადაწყვეტილებას ან მომჩივანს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს უარის თქმას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მკითხველი დაგვეთანხმება, რომ საკმაოდ საკამათო ნორმაა, რადგან, პირველ რიგში, უსარგებლოდ იკარგება დრო და ამასთან, გაუგებარი რჩება, რა მოტივაციით ხელმძღვანელობს შემოსავლების სამსახური საჩივარზე უარის თქმისას, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს მომჩივანის მიერ დავის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში (აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში) შეიძლება გასაჩივრდეს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში ან სასამართლოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიექცევა და ამ ვადის დაუცველად ფინანსთა სამინისტროს საბჭოში წარდგენილი საჩივარი რჩება განუხილველი, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.
დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჭოში განსახილველად საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია საჩივარი 3 კალენდარული დღის ვადაში თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს საბჭოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჭოში გარდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი მოხელეებისა, შეიძლება ნებაყოფლობით საწყისებზე აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის ექსპერტები) - საბჭოს წევრის სტატუსით.
საბჭო დაინტერესებული პირის საჩივარს იხილავს იმავე ვადაში და წესით, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - ზემოაღნიშნული პროცედურის შესაბამისად. ამასთან, საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა და გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის დადგენილია 10 დღიანი ვადა და ასეთ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში სარჩელის მოპასუხეა არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჭო, არამედ შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რომლის გადაწყვეტილების მიმართაც იქნა დაწყებული საგადასახადო დავა.
რაც შეეხება სასამართლოში საგადასახადო დავის განხილვას, სარჩელის წარდგენის ვადები და წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ხოლო სასამართლოში წარდგენილი და წარმოებაში მიღებული სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
![]() |
9 ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი - მოუგვარებელი პრობლემა |
▲ზევით დაბრუნება |

სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს „ბიზნესმენთა ფედერაციის“
აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე,
ექსპერტი
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი მოქმედი საგადასახადო კოდექსის ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი და გადაუჭრელი პრობლემაა. ამ მიმართულებით, 2005 წლის დეკემბრიდან დღემდე, მოქმედ საგადასახადო კოდექსში 50-მდე სხვადასხვა სახის ცვლილება და დამატება შევიდა, მაგრამ მან დასრულებული სახე და ფორმა დღემდე ვერა და ვერ მიიღო. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლები იმდენად ჩახლართულია, რომ მათში გარკვევა ხშირად სპეციალისტებსაც კი უჭირთ. ამასთან, ცალკეული ნორმა გარკვეულად წინააღმდეგობაშიც მოდის ფაქტობრივ მდგომარეობასა და რეალობასთან.
კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი, რომელთა ოჯახის შემოსავლები კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 40 000 ლარს, დიფერენცირებულია და მას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განსაზღვრავენ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. თუ ადრე საგადასახადო ინსპექციები შესაბამისი ორგანოებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ფიზიკურ პირებს წარუდგენდნენ საგადასახადო მოთხოვნებს, 2006 წლის 15 ივნისიდან უკვე ფიზიკურ პირებს ეკისრებათ საგადასახადო ინსპექციებს საანგარიშო წლის 1 მაისამდე (30 აპრილის ჩათვლით) თავად წარუდგინონ დეკლარაციები მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადასახადის გაანგარიშებისთვის. ასეთი „შემობრუნების“ შედეგად, ბევრი გაუგებრობა და გართულება გაჩნდა, ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორიც დარჩა მხედველობის მიღმა. მათ შორის კი, უნდა ვთქვათ, უდაოდ ხელშემშლელია ნორმის არასტაბილურობა. ინფორმაციის მატარებლების ნაირსახეობათა სიჭარბის მიუხედავად, ფიზიკურ პირთა უმრავლესობა ვერ ადევნებს თვალს დაუსრულებელ ცვლილებებს და შედეგიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა მთლიანად მათ ეკისრებათ. გარდა ამისა, ვთქვათ, თუ ფიზიკურმა პირმა, რომლის ოჯახის შემოსავალი 2006 წელს 40 000 ლარს აღემატებოდა, 2007 წლის 30 აპრილის შემდგომ შეიძინა უძრავი ქონება, ცხადია, ეს ფაქტი 2007 წლის ქონების დეკლარაციაში ვერ მოხვდებოდა, რამდენადაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2007 წლის 1 მაისს უკვე ამოიწურა. თუ მოხდა ისე, რომ აღნიშნული ქონება ფიზიკურმა პირმა 2007 წლის ბოლომდე (დეკემბერში) გაასხვისა (გაყიდა), შედეგად გამოვა, რომ აღნიშნული ქონება ვერც 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში აისახება, ხოლო 2008 წლის ქონების დეკლარაციაში მოხვდება მხოლოდ ის ქონება, რაც მას 2008 წელს (უკიდურეს შემთხვევაში - 2008 წლის 30 აპრილისთვის) ექნება საკუთრებაში. ამდენად, ვფიქრობ, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების მოქმედი პრაქტიკა შესაცვლელია და იგი ისე უნდა განისაზღვროს, როგორც იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირებისთვისაა გათვალისწინებული. ვფიქრობ, ფიზიკური პირის (ოჯახის) ქონების გადასახადის სადეკლარაციო პერიოდი და წელიწადში 40 000 ლარიანი შემოსავლების პერიოდი, ერთი და იგივე უნდა იყოს. ამით იმ გაუგებრობას ავცდებით, რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირი (ოჯახი), რომლის შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, გადასახადს - დადგენილი განაკვეთით ამავე წელს მის საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული ქონების ღირებულების მიხედვით გადაიხდის. საკითხის ასეთი გადაწყვეტა სხვა მხრივაც გამართლებულია: შეიძლება გასულ წელს ფიზიკურმა პირმა (ოჯახმა) შემოსავალი 40 000 ლარზე მეტი მიიღო, მაგრამ წელს (მრავალ ფაქტორთა, მათ შორის, მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო) საერთოდ ვერ მიიღოს. მაშ, გასული წლის შემოსავლების მიხედვით რატომ უნდა იხდიდეს ფიზიკური პირი ქონების გადასახადს?
ასევე, წინააღმდეგობრივი და რეალობას მოკლებულია სსკ-ის 275-ე მუხლის მე-14 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (29.12. 2006 წ. ძალაშია 2007 წლის 1 იანვრიდან), რომლის შესაბამისადაც:
„14. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ:
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით, ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილია ან დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ ხდება დაბეგვრის ობიექტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ გადამხდელს წარუდგინა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.“
როგორც ვხედავთ, ასეთი სახეცვლილების შემდეგ, ფიზიკური პირი ვალდებული არ არის წარადგინოს ქონების დეკლარაცია, თუ წინა პერიოდის მიხედვით მას უკვე წარდგენილი ჰქონდა ის, ან/თუ საგადასახადო ორგანოს მიერ მასზე დარიცხული იყო ქონების გადასახადი და მომდევნო პერიოდში დაბეგვრის ობიექტი რაოდენობრივად და ხარისხობრივად არ შეცვლილა. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა შეასრულოს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო საგადასახადო ორგანო გადამხდელს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც ბოლო დეკლარაციით დაფიქსირებული ვალდებულების ტოლი იქნება.
ვთქვათ, კანონმდებელმა ნორმის ასეთი რედაქცია უფრო რაციონალურად მიიჩნია (რაშიც ძნელია დაეთანხმო), უდაოდ გაუგებარი რჩება, როგორ უნდა განასხვაოს საგადასახადო ორგანომ, თუ რატომ არ წარმოადგინა ქონების გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირმა (ოჯახმა) მორიგი საგადასახადო დეკლარაცია, იმ მოტივით, რომ მისი მორიგი გადასახადი წინა წლის ქონების გადასახადის ტოლია, თუ სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებში მოჰყვა (ანუ, შემოსავალმა მორიგ წელს აღარ გადააჭარბა 40 000 ლარს).
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგადასახადო ორგანოს არ ადარდებს გადამხდელი და მისი ფაქტობრივი მდგომარეობა, ოღონდაც უზრუნველყოს შემოსავლების მობილიზაცია. ასეთი დამოკიდებულება, არც მეტი, არც ნაკლები, რეკეტს უფრო ჰგავს. არადა, ცვლილებამდე, აღნიშნული ნორმა უფრო გამართულად, გასაგებად იკითხებოდა, კერძოდ:
„ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ ამავე კოდექსის 276-ე მუხლის გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვა.“
ყოველ შემთხვევაში, აქამდე, საქმე სამარჩიელოდ მაინც არ იყო: თუ გადამხდელი მომდევნო წლისთვის დეკლარაციას აღარ წარადგენდა, საგადასახადო ორგანო დაასკვნიდა, რომ მას მომდევნო წლისთვის საგადასახადო ვალდებულება აღარ წარმოშობია.
არის სხვა საყურადღებო ასპექტებიც: სსკ-ის 276-ე მუხლის (გადასახადებისგან განთავისუფლება) I ნაწილის ყ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისგან განთავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათიდან გამომდინარე, იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 2004 წლის 1 მარტის შემდგომ გადაეცათ, ამ შეღავათით ვერ ისარგებლებენ. ისინი აღნიშნული პერიოდის შემდეგ საკუთრებაში მიღებულ მიწებზე ქონების გადასახადის გადამხდელებად ითვლებიან, რაც შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე გადაანგარიშებით მაინცდამაინც დიდ თანხას არ შეადგენს, მაგრამ აქ თავს იჩენს სხვა პრობლემა. კერძოდ, ის, რომელიც დაკავშირებულია ქონების გადასახადზე დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ სანქციასთან (ჯარიმასთან).
სსკ-ის 281-ე (გარდამავალი დებულებები) 16 პუნქტის შესაბამისად: „2007 წელს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით:
ა) თუ ფიზიკურმა პირმა არ წარადგინა ამ კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დეკლარაცია, მაშინ საგადასახადო ორგანოები საგადასახადო ვალდებულებებს განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ამავე კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილი მონაცემების საფუძველზე;
ბ) ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.“
როგორც ვხედავთ, საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტმა ფიზიკური პირები ერთჯერადად 2007 წელს გაანთავისუფლა მიწის გადასახადზე შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, მაგრამ 2008 წლისთვის ეს შეღავათი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასე, რომ შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებებიც წარმოეშვათ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც საკუთრებაში მიიღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 2004 წლის 1 მარტის შემდგომ.
ეს პრობლემა კი ყველაზე მეტად აჭარაში (განსაკუთრებით ქობულეთსა და ხელვაჩაურის რაიონებში) დგას, რამდენადაც ცნობილი მიზეზების გამო, 2004 წლის 1 მარტამდე ფაქტობრივად თითქმის არც განხორციელებულა (საქართველოს სხვა რეგიონებში კი ამ დროისათვის მიწის რეფორმა ფაქტობრივად დასრულებული იყო), უფრო მეტიც მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც 1998 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში ჰქონდა გადაცემული საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწები, ერთი პერიოდი, უკანონოდ და აღნიშნულზე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილადაც კი გამოცხადდა. ასე, რომ ფაქტობრივად აჭარაში (მასობრივად ქობულეთსა და ხელვაჩაურის რაიონებში) ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში მიწების გადაცემა 2007 წლის ბოლოსათვის დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. გამომდინარე სსკ-ის 276-ე მუხლის I ნაწილის ყ) ქვეპუნქტიდან, იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც აღნიშნული დროიდან დაუკანონდათ და საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ქონების გადასახადის და შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებებიც წარმოექმნათ (ცხადია, მათზე 2008 წლიდან შეღავათი აღარ მოქმედებს, რამდენადაც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნულ შეღავათს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-16 ნაწილი მხოლოდ 2007 წელზე ითვალისწინებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, აჭარაში (ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში) თუ რამდენ ფიზიკურ პირს (ვისაც საკუთრებაში გადაეცა მიწები და ვისაც ახლა უკანონდება) წარმოეშვათ აღნიშნული გადასახადის გადახდისა და შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებები, რომლის შესახებაც ისინი ინფორმირებული არ არიან, ამასთან, მათ უკვე 2008 წლის 1 მაისისთვის ამოეწურათ დეკლარაციის წარდგენის ვადა და სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, ისინი (აღარაფერს ვამბობთ გადასახადის თანხაზე) დეკლარაციის ვადის წარდგენის დარღვევისათვის ყოველ სრულ და არასრულ თვეზე არანაკლებ 200 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან. დღევანდელი გლეხის დუხჭირი მდგომარეობის პირობებში ეს მეტად მძიმე ფინანსური სანქცია იქნება და მის გადახდას ფაქტობრივად ბევრი ვერც შეძლებს.
შექმნილი მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და 275-ე მუხლის 1 ნაწილის ყ) ქვეპუნქტში არსებული ჩანაწერი „2004 წლის 1 მარტამდე“ გადაიწიოს გარკვეული ვადით (მთელს საქართველოში მიწის რეფორმის ამოწურვამდე) ან უბრალოდ აღნიშნული ვადა საერთოდ ამოღებულ იქნას და ეს შეღავათი პირდაპირ გავრცელდეს ვადის განსაზღვრის გარეშე - სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადისგან განთავისუფლდნენ ფიზიკური პირები საკუთრებაში არსებულ 5 ჰექტრამდე მიწაზე. ან, კიდევ, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის სსკ-ის 281-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2008 წელზეც და მოსახლეობას მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაციები, რომ ისინი ვალდებული იქნებიან 2009 წელს წარადგინონ შესაბამისი დეკლარაციები.
ამ ორი ვარიანტიდან, უპირატესობა პირველს უნდა მიეკუთვნოს, რამდენადაც საქართველო ფაქტობრივად აგრარული ქვეყანაა და თუ ბევრ სუბსიდიას ვერ ჩადებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში, მოსახლეობაზე გარკვეული შეღავათები მაინც უნდა გავრცელდეს.
რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რომ ქვეყნის ერთი რეგიონის მოსახლეობა (მათთან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) სხვა რეგიონებთან შედარებით არახელსაყრელ საგადასახადო პირობებში აღმოჩნდეს. ფიზიკური პირები (გადამხდელები) არ უნდა ისჯებოდნენ იმის გამო, რომ მათ თავის დროზე არ გადასცეს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
![]() |
10 საგადასახადო კოდექსის თეთრი ლაქები |
▲ზევით დაბრუნება |

გიორგი ხატიაშვილი
იურისტი
ჩავატარეთ საწარმოს შენობის მიმდინარე რემონტი. გადახდილი თანხები მივაკუთვნეთ მიმდინარე პერიოდის ხარჯებს. საგადასახადო შემოწმებისას, ხარჯებში დატოვეს მხოლოდ 5%25, დანარჩენით გაზარდეს შენობის ღირებულება.
ასევე დაგვიბეგრეს ქონების გადასახადით 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები, რომელთა ღირებულებაც შეძენისთანავე ჩამოიწერა ხარჯებში.
გთხოვთ განგვიმარტოთ:
1. როგორ ხდება საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, რომელთა შეძენის ღირებულება მთლიანად გამოიქვითა იმ საანგარიშო წელს, როდესაც მოხდა მათი შეძენა. უნდა გადავიხადოთ თუ არა, ასეთ ხარჯებზე მიკუთვნებულ ძირითად საშუალებებზე, ქონების გადასახადი. როგორ აღვრიცხოთ ასეთი აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავალი?
2. მიეკუთვნება თუ არა ძირითად საშუალებებს ისეთი საგნები, როგორებიცაა: ტელეფონის აპარატები, კალკულიატორები, მცირე ზომის ელ. გამათბობლები, საკანცელარიო ნივთები და სხვა, რომლებიც გამოიყენება ერთ წელზე მეტი ვადით და მათი ფასი 1000 ლარზე ნაკლებია. გვაინტერესებს, მათაც უნდა დავარიცხოთ თუ არა ქონების გადასახადი?
3. გვაინტერესებს, შენობის მიმდინარე რემონტზე გაწეულ ხარჯებზე ვრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის მოთხოვნა, მხოლოდ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%25-ის გამოქვითვისა და დანარჩენი თანხის ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მიკუთვნების შესახებ?
(სარედაქციო ფოსტიდან)
1. ძნელი სათქმელია, არსებობს, ან საერთოდ არსებობდა თუ არა „კარგი“ საგადასახადო კოდექსი. შესაძლოა საგადასახადო განაკვეთები იყოს მაღალი, ან დაბალი, რთული იყოს გადასახადების ადმინისტრირების წესები. კოდექსი მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს ქვეყნის მეწარმეებსა და, საერთოდ, გადასახადის გადამხდელს. ერთი კი აუცილებელია, საგადასახადო კოდექსი უნდა იყოს გასაგები გადასახადის გადამხდელისთვის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენს საგადასახადო კოდექსში, მიუხედავად მისი გაუთავებელი ცვლილებებისა, დღემდე არ არის ყველაფერი ნათელი და გასაგები.
ვფიქრობთ, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მკითხველის წერილი. მასში დასმულ კითხვებზე საგადასახადო კოდექსში პირდაპირი პასუხი არ არის. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ მხოლოდ ჩვენი მოსაზრება დასმული კითხვების ირგვლივ. დასმულ კითხვებზე არც საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილ პასუხს ექნება რაიმე იურიდიული ძალა, ანუ ღირებულება, საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად.
ძირითადი საშუალებები, 1000 ლარამდე შეძენის ღირებულებით, რომელთა შეძენის თანხები პირდაპირ გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლებიდან იმ საანგარიშო წელს, რომელშიც მოხდა მათი შეძენა, აღირიცხება ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში და მათი არსებობა და მოძრაობა ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. ძირითადი საშუალებები უნდა აღირიცხოს სპეციალურ ბარათებზე ან ჟურნალში, საინვენტარო, საქარხნო ნომრებისა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტების მითითებით.
რაც შეეხება საკითხს, უნდა დაერიცხოს თუ არა ასეთ ძირითად საშუალებებს ქონების გადასახადი, პასუხი ცალსახაა-არა.
საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: საქართველოს საწარმოების ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტებზე გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება საშუალო წლიური ნარჩენი ღირებულების არაუმეტეს 1%25-ს ოდენობით.
იმ ძირითად საშუალებებს, 1000 ლარამდე შეძენის ღირებულებით, რომელთა შეძენის თანხები პირდაპირ გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლებიდან შეძენის წელს, ნარჩენი ღირებულება არა აქვთ, შესაბამისად ვერ მიიღებენ მონაწილეობას ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ფორმირებაში. დავუშვათ, რომ ასეთ ძირითად საშუალებებს მართლაც უნდა დავარიცხოთ ქონების გადასახადი. მაშინ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, როდემდე?
თუ მოხდება იმ ძირითადი საშუალებების რეალიზაცია (გასხვისება) რომელთა ღირებულება 1000 ლარამდეა და რომელთა შეძენის ღირებულება გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლებიდან იმ საანგარიშო წელს, რომელშიც მოხდა მათი შეძენა, მიღებული ამონაგები მთლიანად უნდა მიეკუთვნოს არასაოპერაციო შემოსავალს.
ვფიქრობთ, რომ დასაზუსტებელია საგადასახადო კოდექსის ნორმა იმის თაობაზე, რომ: ძირითადი საშუალებების ღირებულება 1000 ლარამდე შეძენის ღირებულებით მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლებიდან იმ საანგარიშო წელს, რომელშიც მოხდა მათი შეძენა, ან შექმნა. სწორი იქნება, თუ ასეთი აქტივების ღირებულება ერთობლივი შემოსავლებიდან გამოიქვითება არა შეძენის, არამედ იმ საანგარიშო წელს, რომელშიც მოხდა მათი ექსპლუატაციაში შეყვანა.
2. ისეთი საგნები, როგორებიცაა: ტელეფონის აპარატები, კალკულიატორები, მცირე ზომის ელ. გამათბობლები, საკანცელარიო ნივთები და სხვა, ატარებენ ძირითადი საშუალებების ყველა თვისებას და აკმაყოფილებენ აქტივების ძირითად საშუალებებად აღიარების ყველა კრიტერიუმს. ამავე დროს, მათი დაბალი ღირებულების გამო, არ არის ეკონომიკურად გამართლებული მათი აღრიცხვა ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში (სააღრიცხვო ბარათების წარმოება, პერიოდული ინვენტარიზაცია, ცვეთის დარიცხვა და დაგროვილი ცვეთის აღრიცხვა). ასეთი აქტივები სამეურნეო პრაქტიკაში ცნობილია „მცირეფასიანი საგნების” სახელით. სამწუხაროდ, საგადასახადო კოდექსი არ ცნობს აქტივების ასეთ სახეობას. ასეთი აქტივების აღრიცხვას პრაქტიკულად არ ითვალისწინებს არც აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე შემუშავებული ტიპიური ანგარიშთა გეგმები. ამ საკითხის მარეგულირებელი ერთადერთი დოკუმენტია საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულება. დებულების 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: შრომის საშუალებები, რომელთა ღირებულება ერთეულზე, შეძენის თარიღისათვის 150 ლარამდეა, მიუხედავად მათი მომსახურების ვადისა, არ მიეკუთვნება საწარმოს ძირითად საშუალებებს, აღირიცხება საბრუნავ საშუალებებში, ორგანიზაციებში კი მცირე ფასიან საგნებში.

ვინაიდან, ასეთი აქტივები არ აღირიცხება ძირითად საშუალებებში, მათი ღირებულება გამოიქვითება შეძენისთანავე, მათ ქონების გადასახადი არ უნდა დაერიცხოს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეძენის თანხის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითვა (ხარჯებზე მიკუთვნება, თუ ხარჯებში ჩამოწერა) არ ნიშნავს მათ ლიკვიდაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას. აუცილებელია მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვა, როგორც საწყობში, ისე საწყობიდან გასვლის შემდეგ, მთელი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ამ საგნების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოში აუცილებელია სათანადო კონტროლის ორგანიზაცია. მცირეფასიანი საგნების აღრიცხვიდან მოხსნა ხდება, როდესაც ისინი დაკარგავენ საექსპლუატაციო თვისებებს. ჩამოწერა და ლიკვიდაცია კი ხდება სპეციალური აქტით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ჯართი, ან გამოსაყენებლად ვარგისი სათადარიგო ნაწილები, აღებული უნდა იქნეს შემოსავალში დადგენილი წესით.
3. პასუხი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ ტერმინში „რემონტი“. რემონტი (Remonte) ფრანგული სიტყვაა და გულისხმობს: ა. ნივთის, საგნის მოყვანას ვარგის მდგომარეობაში, მის შეკეთებას. ბ. არმიაში ცხენების დანაკლისის შევსებას.
საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად: სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების გამოქვითვა დაიშვება ყოველწლიურად, საანგარიშო წლის წინა წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%25-მდე ოდენობით. თანხა, რომელიც აღემატება დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.
სამეურნეო საქმიანობის პრაქტიკაში „რემონტი“ აღნიშნავს:
ა. რაიმეს შეკეთებას (მიმდინარე რემონტი); და
ბ. ნივთის საგნის აღდგენას (კაპიტალური რემონტი).
საგადასახადო კოდექსის 12.40 მუხლის თანახმად: ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯებია-ხარჯები, რომელიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლობას, მათ შორის, შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია, რეკონსტრუქცია მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენის, ან შენარჩუნების მიზნით.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ბასს 16 „ძირითადი საშუალებები“, მუხლი 24: დანახარჯები, რომლებიც გაწეული იქნება ძირითადი საშუალებების უკვე აქტივებად აღიარების შემდეგ, მხოლოდ მაშინ დაემატება აქტივების საბალანსო ღირებულებას, თუ ამ დანახარჯების შემდეგ საწარმო მიიღებს მეტ ეკონომიკურ სარგებელს, ვიდრე, არსებული აქტივების ამომავალი ნორმატიული მწარმოებლობის პირობებში. აქტივების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა სხვა დანახარჯი აღიარებული უნდა იქნეს ხარჯებად მათი გაწევისთანავე.

საინჟინრო ტერმინოლოგიაში, სამუშაოები, რომელთა მიზანია ძირითადი საშუალებების ამოსავალი (თავდაპირველი, ნორმატიული) მწარმოებლობის ამაღლება, მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივება, ცნობილია რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის სახელით.
დასმულ კითხვაზე პასუხი ასეთია, ყოველგვარი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით:
ა. სარემონტო სამუშაოები განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 12.40 მუხლის ფარგლებში, მიმართული ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის ამაღლებისათვის, უნდა აღირიცხოს რემონტის ხარჯებში. ასეთი ხარჯების მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლი.
ბ. მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯები, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენის, ან შენარჩუნების მიზნით, უნდა აისახოს საექსპლუატაციო ხარჯების ანგარიშზე და გამოიქვითოს იმ საანგარიშგებო პერიოდის ერთობლივი შემოსავლებიდან, რომელშიც მოხდა მათი გაწევა (სსკ მუხლი 177).

ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი სამუშაოების საპროექტო და ფაქტიური ღირებულება დადასტურებული იქნეს სათანადო გამამართლებელი დოკუმენტაციით. ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა შესაძლოა გახდეს სერიოზული გაუგებრობის მიზეზი. მაგალითად, ზარალიანმა საწარმომ, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჩაატარა დიდი ღირებულების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები (რომელიც არ იყო დაკავშირებული რეკონსტრუქციასთან, მოდერნიზაციასთან, საწყისი მწარმოებლობის აღდგენასთან). გადახდილი თანხების 5%25 მიეკუთვნა მიმდინარე პერიოდის ხარჯებს, დანარჩენი თანხით გაიზარდა აქტივის საბალანსო ღირებულება, ანუ, მოხდა მისი კაპიტალიზაცია. ასეთი აღრიცხვის შედეგად, ნაცვლად წინა პერიოდების დაუფარავი ზარალის გაზრდისა, გაიზარდა ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება ანუ საწარმოს აქტივები.
![]() |
11 არაფინანსური აქტივების აღრიცხვა ახალი ანგარიშთა გეგმის მიხედვით |
▲ზევით დაბრუნება |

ლევან გრიგალაშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამასთან ერთად, მრავალი საკითხი სათანადო გააზრებას საჭიროებს, რამდენადაც ისინი ახალ ინსტრუქციაში სერიოზული ხარვეზებითაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოვაჩინოთ ის მნიშვნელოვანი სიახლეები ობიექტების აღრიცხვის საკითხებზე, როგორიცაა: არაფინანსური აქტივები.
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში არაფინანსური აქტივები შეიძლება შეიქმნას წარმოების პროცესში, იყოს ბუნებრივად წარმოქმნილი ან წარმოადგენდეს საზოგადოებრივი მოწყობის საგანს. ისინი კლასიფიცირდება შემდეგ ჯგუფებად: ძირითადი აქტივები; მატერიალური მარაგები; ფასეულობები; მიწა; წიაღისეული; სხვა ბუნებრივი აქტივები და არამატერიალური აქტივები.
არაფინანსურ აქტივებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთმა ოპერაციებმა, როგორიცაა:
ა) სხვა ერთეულისგან შესყიდვა:
ბ) უსასყიდლოდ მიღება;
გ) ბარტერი (გაცვლა);
დ) წარმოება ან მშენებლობა;
ე) გაყიდვა;
ვ) უსასყიდლოდ გადაცემა:
ზ) საკუთარი საჭიროებისათვის გამოყენება;
თ) გაახლება, რეკონსტრუქცია ან გაფართოება;
ი) ძირითადი კაპიტალის მოხმარება.
არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ოპერაციები საბოლოო ჯამში შეიძლება დაკლასიფიცირდეს, როგორც: აქტივების მიღება, გასვლა ან ძირითადი კაპიტალის მოხმარება.
ახალი წესების მიხედვით, ძირითადი აქტივების გაახლება, რეკონსტრუქცია ან გაფართოება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ საწარმოო სიმძლავრეს, ხარისხს ან ახანგრძლივებს არსებული ძირითადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადას, განიხილება როგორც ძირითადი აქტივების მიღება. მიწის არსებითი გაუმჯობესება, მაგალითად, სამელიორაციო და საირიგაციო სამუშაოების შედეგად, განიხილება როგორც მიწის მიღება. არაფინანსური აქტივები აღრიცხვაში აისახება მაშინ, როდესაც ხდება მათზე საკუთრების უფლების მოპოვება ან დათმობა.
ძირითადი აქტივები მოიცავს ყველა იმ მატერიალურ-ნივთობრივ ფასეულობას, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება წარმოების ან მომსახურების პროცესში და რომელთა ღირებულებაც 500 ლარი და მეტია. ამასთან ერთად, ძირითადი აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ძირითადი აქტივები ფასდება ღირებულებით, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
- შესყიდვის ფასი;
- დაუბრუნებადი გადასახადები (საბაჟო გადასახადი, საბაჟო მოსაკრებლები);
- დემონტაჟის ხარჯები;
- ადგილმდებარეობის მომზადების ხარჯები;
- ადგილზე მიტანისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯები;
- მონტაჟის ხარჯები;
- აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო სხვა ხარჯები;
- საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები;
- გადასახადები, რომლებიც გადაიხდება საკუთრების უფლების გადაცემისას.
ძირითადი კაპიტალის მოხმარება (ცვეთა) ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება საანგარიშო წლის ბოლო სამუშაო დღეს ან განსაზღვრული მომენტისათვის -საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი აქტივების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები. ძირითადი აქტივების თავდაპირველი ღირებულებით აღიარების შემდეგ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები, რაც იწვევს აქტივების არსებით გაუმჯობესებას, აუმჯობესებს მათ საექსპლუატაციო თვისებებს, ზრდის წარმოების მოცულობას ან მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადას, წარმოადგენს კაპიტალურ შეკეთებას (რემონტს). წინამორბედი ინსტრუქცისაგან განსხვავებით ძირითადი აქტივების კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯები ემატება აქტივების საბალანსო ღირებულებას და აღირიცხება როგორც ძირითადი აქტივების მიღება.
ძირითადი აქტივების მოვლაშენახვაზე და მიმდინარე შეკეთებაზე (რემონტზე) დახარჯული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რაც გავლენას არ ახდენს მათ საწარმოო სიმძლავრეზე, ხარისხზე, მომსახურების გაუმჯობესებაზე ან სასიცოცხლო ციკლზე, განიხილება, როგორც საქონლისა და მომსახურების გამოყენება და აღიარდება ხარჯებად.
მოქმედი ანგარიშთა გეგმის შესაბამისად, ძირითადი აქტივების აღსარიცხავად გამოყენებულია შემდეგი ბუღალტრული ანგარიშები:
2100 ანგარიშზე - „ძირითადი აქტივები“ -აღირიცხება: შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი აქტივები;
2110 ანგარიშზე - „შენობა-ნაგებობები“ - აღირიცხება: საცხოვრებელი შენობები, არასაცხოვრებელი შენობები და სხვა ნაგებობები. მოცემულ კატეგორიაში აღირიცხება აგრეთვე ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: განსაკუთრებული არქიტექტურული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნაგებობი ან მიწის ნაკვეთები;

2111 ანგარიშზე - „საცხოვრებელი შენობები“ - აღირიცხება ის შენობები, რომლებიც მთლიანად ან უმთავრესად საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოიყენება. მათ მიეკუთვნება აგრეთვე საცხოვრებელი ფურგონები და ავტომისაბმელები, სამხედრო პირებისათვის შეძენილი საცხოვრებელი შენობები და სხვ.
2112 ანგარიშზე - „არასაცხოვრებელი შენობები“ - აღირიცხება: საცხოვრებელი შენობების გარდა ყველა სხვა შენობა, მათ შორის: საოფისე და ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, საავადმყოფოები, საწყობები, საწარმოო და სავაჭრო დანიშნულებიას შენობები, სასტუმროები და რესტორნები; სამხედრო მიზნებისათვის შეძენილი სამოქალაქო შენობები და სხვ.
2113 ანგარიშზე - „სხვა ნაგებობები“ - აღირიცხება: ინფრასტრუქტურული დანიშნულების მქონე აქტივები და ყველა ის ნაგებობა, რომელიც არ განეკუთვნება შენობა-ნაგებობების სხვა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, კერძოდ, საგზაო მაგისტრალები, ქუჩები, გზები, ხიდები, გვირაბები, რკინიგზა, მეტროპოლიტენი, აეროდრომის ასაფრენი ბილიკები; საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემები, ნავსადგურები, დამბა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები; საკომუნიკაციო საშუალებები, ელექტროგადამცემი ხაზები და მილსადენები; ღია სპორტული დარბაზები და სხვა დასასვენებელი ნაგებობები; სამხედრო მიზნებისათვის შეძენილი ნაგებობები. ამასთან, მიწის არსებითი გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი ნაგებობების ღირებულება, როგორიცაა: დამბები, არხები, წყალდამცავი ჯებირები, წყლის დაშრობის ხარჯზე ტერიტორიების შემოერთებისათვის აგებული სადრენაჟო ნაგებობების ღირებულება ემატება მიწის ღირებულებას და არ აღირიცხება მოცემულ კატეგორიაში.
2120 ანგარიშზე - „მანქანა-დანადგარები და მოწყობილობა“ - აღირიცხება სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები;
2121 ანგარიშზე - „სატრანსპორტო საშუალებები“ - აღირიცხება ყველა სახის მიმოსვლის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად: რკინიგზის, წყლის, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა, მათ შორის, სპორტული და სპეციალური ტრანსპორტი - ელმავლები, თბომავლები, ორთქლმავლები, სამსახურებრივი დანიშნულების დამხმარე და მაშველი ნავები და გემები, ტივტივა ნავმისადგომები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები, სახანძრო მანქანები, მოტოციკლები, ველოსიპედები, ავტობუსები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები და სხვა.
2122 ანგარიშზე - „სხვა მანქანა-დანადგარები და მოწყობილობა“ - აღირიცხება ყველა სახის მანქანა-დანადგარები და მოწყობილობა (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა): კერძოდ, საერთო და სპეციალური დანიშნულების მანქანები; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები; ელექტრომოწყობილობები; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურა; სამედიცინო და ოპტიკური ხელსაწყოები; ავეჯი; სხვადასხვა ტიპის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები და სპორტული საქონელი, სახელმწიფო მუზეუმებისა და სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ნახატები, ქანდაკებები, ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი, სხვა მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე კოლექციები და სხვა. ამასთან, მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც შენობა-ნაგებობების განუყოფელი ნაწილია, შედის ამ შენობებანაგებობების ღირებულებაში და არ მიეკუთვნება მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების კატეგორიას.
2130 ანგარიშზე - სხვა ძირითადი აქტივები - აღირიცხება კულტივირებული აქტივები, არამატერიალური ძირითადი აქტივები, დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა დანარჩენი ძირითადი აქტივები.
2131 ანგარიშზე - კულტივირებული აქტივები - აღირიცხება ორგანიზაციების ზედამხედველობის, კონტროლისა და მმართველობის ქვეშ მყოფი კულტივირებული ცხოველები და მცენარეები, რომლებიც გამოიყენება სხვა საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად. მათ შორის, სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველები, თევზი, შინაური ფრინველები; მეწველი და საჯიშე პირუტყვი; ცხვრები; აგრეთვე ტრანსპორტირებისათვის და დოღში გამოსაყენებელი პირუტყვი. ამ კატეგორიაში გაერთიანებულ მცენარეებს განეკუთვნება - ხეები, ვენახები და ბუჩქნარები, რომლებიც კულტივირდება ხილის მოსაყვანად, მერქნის მისაღებად და სხვა დანიშნულებით. ამასთან, ერთჯერადი გამოყენების მცენარეები და ცხოველები, როგორიცაა შეშად გამოსაყენებელი ხეები და დასაკლავი პირუტყვი, კლასიფიცირდება მატერიალურ მარაგებად.
2132 ანგარიშზე - არამატერიალური ძირითადი აქტივები - აღირიცხება ისეთი ობიექტები, რომელთა მომხმარებელია მხოლოდ მათზე საკუთრების ან ლიცენზიის მქონე სუბიექტი და მოიცავს ლიცენზიებს და სხვა არამატერიალურ ძირითად აქტივებს. მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის ძიებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამები, მათ აღწერილობები და დამხმარე მასალები, როგორც სისტემური, ასევე გამოყენებითი პროგრამებისთვის), ფართო მონაცემთა ბაზის შემუშავებას ან შესყიდვას, სხვადასხვა ჟანრის გასართობ ნაწარმოებებს (ფილმებს, ხმის ჩანაწერებს, ხელნაწერებს, რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, მუსიკალურ, ლიტერატურისა თუ ხელოვნების ნაწარმოებებს) და სხვა. არამატერიალური ძირითადი აქტივები მოიცავს, აგრეთვე ახალ ინფორმაციას და სპეციალურ ცოდნას, რომლებიც არაა კლასიფიცირებული სხვა კატეგორიების მიხედვით და რომელთა გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ ერთეულებს, რომლებმაც საკუთრების უფლება მოიპოვეს ამ ინფორმაციაზე, ან სხვა ერთეულებს, რომლებსაც გააჩნიათ მფლობელის მიერ გაცემული ლიცენზია. ამასთან, სამეცნიერო კვლევებზე, ბაზრის გამოკვლევებსა და მსგავს ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები, მიუხედავად მათ მიერ მომავალში ეკონომიკური სარგებლის მოტანის შესაძლებლობისა, განიხილება, როგორც საქონლისა და მომსახურების გამოყენება.

2133 - ანგარიშზე - დაუმთავრებელი მშენებლობა აღირიცხება ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა დაწყებულია, ჯერ არ დასრულებულა ან ექსპლუატაციისთვის ჯერ არ არის გადაცემული.
2134 - ანგარიშზე სხვა დანაჩენი ძირითადი აქტივები აღირიცხება ყველა ის მატერიალურ-ნივთობრივი ფასეულობა, რომლებიც აკმაყოფილებს ძირითად აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს და არ არის გათვალისწინებული ძირითადი აქტივების ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში.
ძირითადი აქტივებთან დაკავშირებულ ოპერაციებს შეიძლება წარმოადგენდეს:
ძირითადი აქტივების შეძენა;
საკუთარი სახსრებით ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოება;
უსასყიდლოდ მიღება;
უსასყიდლოდ გადაცემა;
გაყიდვა;
ძირითადი კაპიტალის (აქტივების) მოხმარება.
ძირითადი აქტივების შეძენა, უსასყიდლოდ მიღება და საკუთარი სახსრებით ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოება, განიხილება როგორც მიღების ოპერაციები, ხოლო გაყიდვა, უსასყიდლოდ გადაცემა და ძირითადი კაპიტალის მოხმარება როგორც გასვლის ოპერაციები.
ძირითადი აქტივების შეძენა აისახება 2100 ანგარიშის „ძირითადი აქტივები“ შესაბამისი ანგარიშების დებეტში და 1100 „ნაღდი ფული სალაროში“, 1200 „ფულადი ანგარიშები და დეპოზიტები“, 3210 „ვალდებულებები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ ან 3240 „სხვა კრედიტორული დავალიანებები“ ანგარიშების კრედიტში.
ზემოაღნიშნულ გატარებებთან ერთად საჭიროა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების თანხების ასახვა, რაც გატარდება 1221 ანგარიშის „ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის“ დებეტში და 4100 ანგარიშის „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება“ კრედიტში. კვარტლის ბოლოს „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების“ ანგარიში იხურება „წმინდა ღირებულების“ ანგარიშთან კორესპონდენციით, რაც აისახება 4100 ანგარიშის „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება“ დებეტში და 5100 ანგარიშის „წმინდა ღირებულება“ კრედიტში.
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე შესაძლებელია ეწეოდნენ ძირითადი აქტივების მშენებლობას, შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციას (კაპიტალურ მშენებლობას) და სხვ. მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს საკუთარი სახსრებით (სამეურნეო წესით) ან სამშენებლო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (საიჯარო წესით).
საკუთარი სახსრებით შესრულებული სამუშაოები თავდაპირველად აღირიცხება „დაუმთავრებელი მშენებლობის“ 2133 ანგარიშზე, ხოლო მშენებლობის“ დამთავრების შემდეგ 2133 ანგარიშიდან თანხები ჩამოიწერება 2110 ანგარიშის „შენობა-ნაგებობები“ შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში და 2133 ანგარიშის „დაუმთავრებელი მშენებლობა“ კრედიტში. ამავე ანგარიშზე აღირიცხება იჯარით აღებული შენობა-ნაგებობების კეთილმოსაწყობად გაწეული კაპიტალური დანახარჯები.
ხელშეკრულების საფუძველზე (საიჯარო წესით) შესრულებული კაპიტალური სამუშაოების მიხედვით, მოიჯარეებისგან წარმოდგენილ გასანაღდებელ თანხებზე დებეტდება 2133 ანგარიში „დაუმთავრებელი მშენებლობა“ და კრედიტდება 3210 ანგარიში „ვალდებულებები მიწოდებიდან“. დამთავრებული კაპიტალური სამუშაოების ღირებულება მიღების აქტების საფუძველზე ჩაიწერება 2110 ანგარიშის „შენობა-ნაგებობები“ დებეტში და 2133 ანგარიშის „დაუმთავრებელი მშენებლობა“ კრედიტში.
ორგანიზაციაში ძირითადი აქტივების შემოსავალში აღება შეიძლება მოხდეს აგრეთვე ინვენტარიზაციისას აღმოჩენილი ზედმეტობის შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა ძირითადი საშუალებები შეფასდეს, რის საფუძველზ ეც შედგება გატარება:
დებეტი ანგარიში 2100 „ძირითადი აქტივები“
კრედიტი ანგარიში 5100 „წმინდა ღირებულება“.
საბიუჯეტო ორგანიზაციის ბალანსიდან ძირითადი საშუალებების გასვლა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. როგორიცაა მაგალითად, სიძველის გამო ჩამოწერა, რეალიზაცია, დანაკლისი, უსასყიდლოდ გადაცემა და ა.შ.
უვარგისი ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერად ხელმძღვანელის ბრძანებით უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ადგენს ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტებს. ამასთან ერთად, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეთანხმებული უნდა იყოს ქონების მართვის შესაბამის სამსახურებთან. ძირითადი საშუალებების დაშლა და დემონტაჟი ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე არ შეიძლება. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების განადგურების შემთხვევაში საჭიროა შედგეს განადგურების აქტი.
ძირითადი საშუალებების ცალკეული ობიექტების დაშლიდან შესაძლებელია მიღებული იქნეს გარკვეული მასალები, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. ასეთი მასალები აიღება შემოსავალში და მიეკუთვნება „წმინდა ღირებულების“ 5100 ანგარიშს. ძირითადი საშუალებების ჩამოწერისას ცვეთის ჩამოწერა საჭირო აღარ არის, რადგან ახალი მეთოდოლოგიით ცვეთის ფონდის შექმნა არ ხდება. დარიცხული ცვეთა განიხილება, როგორც „ძირითადი კაპიტალის მოხმარება“ და პირდაპირ აისახება ხარჯებში.
ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ მიღებაგადაცემის, გაყიდვის, რემონტისა და გადაფასების საკითხები განხილული იქნება ჟურნალის მომდევნო ნომერში.
RESUME
BUSINESS ACCOUNTING OF NON-FINANCIAL ASSETS BASED ON THE NEW ACCOUNTS PLAN
Levan Grigalashvili
This research concerns the business accounting of non-financial assets of budgetary organizations according to the new accounts plan. Particularly, it includes the classification of non-financial assets, characterization of the business accounts covering those assets and such transactions as the purchase of non-financial fixed assets, capital constructions, capital re-pairs, ongoing repairs, withdrawal from operation, consumption of fixed assets etc. This work will render both theoretical and practical assistance to the staff responsible for economical accounting within the budget system and other persons
![]() |
12 ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სკოლაში |
▲ზევით დაბრუნება |

მარიამ ვარდიაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო პროცესების შეფასების, დამუშავების, რეგისტრაციის და განზოგადების წინასწარ შემუშავებული მეთოდებისა და ხერხების მწყობრი სისტემაა, რომელიც საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მრავალასპექტური რაოდენობრივი და ღირებულებითი ფორმით ინფორმაციას იძლევა. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი ამოცანაა საიმედო და სრული ინფორმაციის ფორმირება სამეურნეო ერთეულის საქმიანობაზე და მის ქონებრივ მდგომარეობაზე, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების როგორც შიდა მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, კრედიტორებისთვის, მაკონტროლებელი და სხვა სუბიექტებისათვის
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული დებულება /1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“/ და კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ /1999 წლის 5 თებერვალი/. ამ კანონის თანახმად, საქართველო აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს. 2001 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში კერძო სამართლის ყველა საწარმო ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტებისა და დროებითი სტანდარტების შესაბამისად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ნორმებს და წესებს, ინსტრუქციებისა და მითითებების გამოცემით, ამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.
საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც, რომლის მართვა ეფუძნება საქართველოს კანონს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და საქართველოს კანონს „ზოგადი განათლების შესახებ“. საჯარო სკოლის ძირითადი ფუნქციაა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის დაცვით, მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიწოდება. ამავე დროს მას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება.
2008 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირები საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 28 დეკემბრის №1327 ბრძანებით.
ინსტრუქციით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის აღრიცხვისა და ანგარიშგების გაუმჯობესების და სახელმწიფო ფინანსების კლასიფიკაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცებულია ახალი ანგარიშთა გეგმა. ახალი ანგარიშთა გეგმის შემუშავება და დანერგვის აუცილებლობა გამოიწვია საქართველოს სახელმწიფო ფინანსების კლასიფიკაციაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კლასიფიკაციას მთავრობის ფუნქციების შესახებ.
ცვლილებები, რომლებიც ამ ინსტრუქციას შეაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრულ აღრიცხვაში, მეტად მნიშვნელოვანია და ეხება აღრიცხვის ყველა უბანს. დამტკიცდა საბიუჯეტო ორგანიზაციების აღრიცხვის ერთიანი წესები და პირობები, რომლებიც ეფუძნება:
- ანგარიშთა ერთიან გეგმას;
- ბუღალტრული აღრიცხვის მემორიალურორდერულ ან სხვა ფორმას, რომელიც იწარმოება ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგიით;
- პირველადი დოკუმენტების ფორმებს და რეგისტრებს;
- აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების მეთოდებს.
გავაანალიზოთ საჯარო სკოლის სამეურნეო საშუალებების და ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის ცალკეული ასპექტები.
ძირითადი აქტივების აღრიცხვა
საჯარო სკოლამ, რომ განახორციელოს დასახული მიზნები და დაკისრებული ფუნქციები, საჭიროა ჰქონდეს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამისათვის სახელმწიფოს მიერ სკოლებს, ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით, გადაეცემა ქონება. გადაცემული ქონება ბუღალტრულ აღრიცხვაში განიხილება, როგორც აქტივი. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის არაფინანსური აქტივები კლასიფიცირდება წარმოებულ და არაწარმოებულ აქტივებად.
წარმოებული აქტივებია:
ძირითადი აქტივები;
მატერიალური მარაგები;
ფასეულობები.
არაწარმოებული აქტივებია:
მიწა;
წიაღისეული;
სხვა ბუნებრივი აქტივები;
არაწარმოებული არამატერიალური აქტივები.
მოქმედ ინსტრუქციაში ძირითადი აქტივების შესახებ აღნიშნულია, რომ „ძირითადი აქტივები წარმოებული აქტივებია და მოიცავს ყველა იმ მატერიალურნივთობრივ ფასეულობას, რომლებიც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება წარმოების ან მომსახურების პროცესში, რომელთა ღირებულებაც 500 ლარი ან მეტია და აკმაყოფილებს აქტივად აღიარებისათვის ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.
ძირითადი აქტივები მოიცავს:
შენობანაგებობებს;
მანქანადანადგარებს და მოწყობილობებს;
სხვა ძირითად აქტივებს.
ბუღალტრულ აღრიცხვაში ძირითადი აქტივების მიღება აღირიცხება თვითღირებულებით, რომელიც მოიცავს შესყიდვის ფასს, საიმპორტო ბაჟს, უკანდაუბრუნებად გადასახადებს, ასევე აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო სხვა პირდაპირ ხარჯებს და საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
მაგალითი:
სკოლამ კომპიუტერული კლასის მოსაწყობად შეიძინა ათი კომპიუტერი, რაშიც გადაიხადა 8000 ლარი, ტრანსპორტირებაზე დაიხარჯა 100 ლარი, დამონტაჟებაზე - 170 ლარი, მათ შორის, მასალებზე 50 ლარი, ხელფასის სახით 120 ლარი. განვსაზღვროთ კომპიუტერების თვითღირებულება:
შესყიდვა - 8000 ლარი
ტრანსპორტირება - 100 ლარი
მასალები - 50 ლარი
ხელფასი - 120 ლარი
------------------------------
თვითღირებულება - 8270 ლარი
საჯარო სკოლაში ძირითადი აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებს წარმოადგენს: შეძენა, გაყიდვა, უსასყიდლოდ მიღება და უსასყიდლოდ გადაცემა.
საჯარო სკოლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემული ძირითადი აქტივები შემოსავალში აიღება მიღება-ჩაბარების აქტით. აქტში აღინიშნება მიღებული ობიექტის ღირებულება და სხვა ძირითადი მაჩვენებლები, რაც ახასიათებს ცალკეული ობიექტის ტექნიკურ და სხვა თავისებურებებს. მიღება-ჩაბარების აქტი ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების საფუძველია. ძირითადი აქტივების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ინვენტარულ ბარათებზე. ბარათზე მითითებულია ინვენტარის დასახელება, გამოშვების წელი, ობიექტის ღირებულება, ამორტიზაციის ნორმა, მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. ინვენტარული ბარათების რეგისტრაცია ხდება დავთრებში ან უწყისებში, რომლებიც იხსნება ბუღალტერიაში.
სახელმწიფოსგან გადაცემულ ძირითადი აქტივების მიღებაზე შედგება შემდეგი ბუღალტრული მუხლი:
დებეტი - 2100 ძირითადი აქტივები
კრედიტი - 5100 წმინდა ღირებულება
ვინაიდან საჯარო სკოლის შემოსავლები შედგება როგორც ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით, ასევე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან, შესაძლებელია ძირითადი აქტივები შეძენილი იქნეს საკუთარი სახსრებით.
ამ შემთხვევაში შეძენის ოპერაციები აღირიცხება:
დებეტი - 2100 ძირითადი აქტივები
კრედიტი - 1100 ნაღდი ფული სალაროში, 1200 ფულადი ანგარიშები და დეპოზიტები ან 3200 სხვა კრედიტორული დავალიანებები
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ძირითადი აქტივების ჩუქება და სახელმწიფო გრანტებით ძირითადი საშუალებების მიღება განიხილება როგორც უსასყიდლოდ მიღება.
გრანტით მიღებული ძირითადი აქტივები აღირიცხება:
დებეტი - 2100 ძირითადი აქტივები
კრედიტი - 6300 გრანტები
კერძო სუბიექტებისგან შემოწირულობის სახით გადაცემული ძირითადი აქტივები აღირიცხება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:
დებეტი - 2100 ძირითადი აქტივები
კრედიტი - 6400 ნებაყოფლობითი
ტრანსფერები
ძირითადი აქტივების ცვეთის აღრიცხვა
ცნობილია, რომ ძირითადი აქტივები მოხმარების პროცესში თავის ღირებულებას თანდათან კარგავენ ცვეთის გამო. ძირითადი აქტივები ფიზიკურ ცვეთას განიცდიან ექსპლუატაციის შედეგად, აგრეთვე ბუნებრივი ძალების ზემოქმედებით, ხოლო მორალურს ტექნიკური პროგრესის შედეგად.
ძირითადი აქტივები პირველადი ასახვის შემდგომ, აღირიცხება მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულებით, რომელიც მიიღება ყველა იმ ცვლილების გათვალისწინებით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა მათი მიღების შემდეგ. აქტივების ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური, თუ მორალური ცვეთით, ან შემთხვევით დაზიანებით გამოწვეული დანაკარგებით აღირიცხება ცვეთის დარიცხვით. ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად. წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი.
არამატერიალურ აქტივებს მოქმედი ინსტრუქციით ცვეთა ერიცხება საანგარიშო პერიოდის პროპორციულად, თუ მისი გამოყენების ვადის დადგენა შესაძლებელია, ხოლო თუ ვადის დადგენა არ ხერხდება, წლიური ნორმა განისაზღვრება 10%25-ის ოდენობით.
ცვეთის დარიცხვით ხდება ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირება, ხოლო ცვეთის ხარჯებად აღიარება.
ცვეთის დარიცხვის ოპერაციები ანგარიშებზე აისახება ბუღალტრული გატარებით:
ფიზიკური ცვეთის დარიცხვისას
დებეტი - 7310 ძირითადი
აქტივების ფიზიკური ცვეთა
კრედიტი - 2100 ძირითადი აქტივები
მორალური ცვეთის დარიცხვისას
დებეტი - 7320 ძირითადი
აქტივების ფიზიკური ცვეთა
კრედიტი - 2100 ძირითადი აქტივები
აქტივის ცვეთის დარიცხვა იწყება მისი გამოყენებიდან აღიარების შეწყეტამდე.
ანგარიშთა გეგმაში არ არის გამოყენებული ძირითად საშუალებათა და არამატერიალური აქტივების ცვეთის ამსახველი ანგარიში, რომელიც მიეკუთვნება მარეგულირებელი ანგარიშების ჯგუფს. ინფორმაციას ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების თავდაპირველი ღირებულებისა და მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში დაგროვილი ცვეთის შესახებ იძლევა ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების ანალიზური აღრიცხვის ბარათები, რომლებიც იხსნება ანგარიშების მიხედვით.
ძირითადი აქტივების
გასავლის ოპერაციები
ძირითადი აქტივების აღიარების შეწყვეტა ხდება მათი გაყიდვის, უსასყიდლოდ გადაცემის ან ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ხოლო ზოგჯერ ზემდგომი ორგანოების განკარგულებით ძირითად აქტივებს ერთი საჯარო სუბიექტი უსასყიდლოდ გადასცემს მეორეს.
ოპერაცია აისახება შემდეგ ანგარიშებზე:
დებეტი - 5100 წმინდა ღირებულება
კრედიტი - 2100 ძირითადი აქტივები
ძირითადი აქტივების გაყიდვის ოპერაცია აისახება შემდეგნაირად:
დებეტი - 1100 ნაღდი ფული სალაროში, 1200 ფულადი ანგარიშები და დეპოზიტები ან 3200 სხვა კრედიტორული დავალიანებები
კრედიტი - 2100 ძირითადი აქტივები
ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლისას ძირითადი აქტივები ბალანსიდან ჩამოიწერება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩამოწერის აქტის საფუძველზე შედგება ჩამოწერის ოპერაციის ამსახველი ბუღალტრული გატარება:
დებეტი - 5100 წმინდა ღირებულება,
კრედიტი - 2100 ძირითადი აქტივები.
ძირითადი აქტივების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა
ძირითადი აქტივების სამსახურის ვადის გასაგრძელებლად და სამუშაო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საჭიროა მათი რემონტი.
მოცულობისა და ხასიათის მიხედვით სარემონტო სამუშაოებს ჰყოფენ ძირითადი აქტივების მიმდინარე და კაპიტალურ რემონტად. მოქმედი ინსტრუქციის თანახმად, „კაპიტალური შეკეთება მოიცავს აქტივის განახლებას, რეკონსტრუქციას და გაფართოებას, რომელიც წარმოადგენს გაანალიზებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს და არ არის ნაკარნახევი აქტივის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუმჯობესებს საექსპლოატაციო თვისებებს, ზრდის მოცულობას და მწარმოებლურობას ან მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს აქტივის წინასწარ განსაზღვრულ სასარგებლო მომსახურების ვადას.“
კაპიტალური რემონტის (შეკეთების) თვითღირებულება, რომელიც შედგება მასალების, მუშების ხელფასისა და სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯებისაგან, ემატება აქტივის საბალანსო ღირებულებას და აღირიცხება, როგორც ძირითადი აქტივის მიღება, ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების დებეტში სხვა ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
ძირითადი აქტივების მიმდინარე რემონტს (შეკეთებას) მიეკუთვნება წვრილი შეკეთებები, საინვენტარო ობიექტის მცირე ნაწილების შეცვლა, რემონტი რომელიც საჭიროა ძირითადი აქტივების სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. მიმდინარე რემონტის დანახარჯები აღიარდება პერიოდის ხარჯებად და აღირიცხება საქონლისა და მომსახურების გამოყენების ანგარიშის (7200) დებეტში, ფულადი და სხვა ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

მაგალითი:
კომპიუტერს გამოუცვალეს დაზიანებული პლატა, რაზეც დაიხარჯა 300 ლარი.
ვინაიდან, პლატის შეცვლით არ შეცვლილა კომპიუტერის საექსპლოატაციო თვისებები, არამედ დაზიანების შემდეგ აღდგა მისი საწყისი მდგომარეობა, გაწეული ხარჯი მიეკუთვნება მიმდინარე პერიოდის ხარჯებს.
ეს ოპერაცია ანგარიშებზე აისახება შემდეგნაირად:
დებეტი 7200 საქონლისა და მომსახურების გამოყენება 300 ლარი
კრედიტი 1200 ფულადი ანგარიშები და დეპოზიტები ბანკში 300 ლარი
მატერიალური მარაგების აღრიცხვა
მატერიალურ მარაგებს მიეკუთვნება საქონელი, ნახევარფაბრიკატები, ნედლეული და ყველა სახის მასალა, რომელიც ორგანიზაციის მფლობელობაშია და გამოიყენება ან იხარჯება საწარმოო პროცესში.
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის მატერიალური მარაგების კლასიფიკაცია და საბუღალტრო ანგარიშები, რომელზედაც წარმოებს მატერიალური მარაგების აღრიცხვა განსაზღვრულია ინსტრუქციით.
ბუღალტრულ აღრიცხვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასალების შეფასებას. ნედლეულის, მასალების, ნაყიდი ნახევარფაბრიკატებისა და სხვა მარაგების ღირებულება მოიცავს მათ შეძენასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.
საბიუჯეტო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული მატერიალური მარაგები კლასიფიცირდება სტრატეგიულ და სხვა მატერიალურ მარაგებად. მატერიალური მარაგების მოძრაობის აღსარიცხავად ანგარიშთა გეგმის შესაბამისად გამოიყენება 2200
მატერიალური მარაგების ჯგუფის შემდეგი ანგარიშები:
2210 - სტრატეგიული მარაგები
2220 - სხვა მატერიალური მარაგები
სხვა მატერიალურ მარაგებში აღირიცხება:
ნედლეული და მარაგები - (2221)
დაუმთავრებელი წარმოება - (2222)
მზა პროდუქცია - (2223)
საქონელი - (2224)
ფულადი დოკუმენტები - (2225)
სათადარიგო ნაწილები - (2226)
დანარჩენი მატერიალური მარაგები - (2227)
განვიხილოთ მატერიალური მარგების მოძრაობა
მატერიალური მარაგები შემოსავალში აისახება მათი შეძენისას მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან საბაჟო დოკუმენტების საფუძველზე. მატერიალური მარაგები გათვალისწინებულია წარმოების პროცესის უზრუნველყოფისათვის. საჯარო სკოლაში შეძენილი საკანცელარიო ნივთები, სამეურნეო მასალები, საწვავი სამეურნეო საჭიროებისათვის და სხვა მატერიალური მარაგები, რომლებიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს, ასევე მცირეფასიანი აქტივები, აღირიცხება დანარჩენი მატერიალური მარაგების (2227) ანგარიშის დებეტში და ფულადი საშუალებების ან ვალდებულებების ამსახველი ანგარიშების კრედიტში.
მაგალითი:
- სკოლამ 15 ოქტომბერს შეიძინა 5 ტონა ქვანახშირი, ერთი ტონის ღირებულება შეადგენს 80 ლარს,
- ტრანსპორტირებაში გადახდილია - 50 ლარი,
- 31 დეკემბრისათვის გახარჯულია - ორი ტონა.
1. განვსაზღვროთ ქვანახშირის თვითღირებულება:
საქონლის ღირებულება 400 ლარი
ტრანსპორტირების ღირებულება 50 ლარი
------------------------------
450 ლარი
2. ავსახოთ შეძენის ოპერაციები ანგარიშებზე:
დებეტი - 2227 დანარჩენი მატერიალური მარაგები 450 ლარი
კრედიტი - 1200 ფულადი ანგარიშები და დეპოზიტები 450 ლარი
3. გახარჯულია ორი ტონა - აღნიშნულზე შედგება აქტი, რომელის საფუძველზე ხდება გახარჯული ქვანახშირის ჩამოწერა და იგი აისახება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:
დებეტი - 7200 საქონლისა და მომსახურების გამოყენება - 180 ლარი
კრედიტი - 2227 დანარჩენი მატერიალური მარაგები - 180 ლარი
დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს მიერ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახელმწიფო ქონება. გადაცემული აქტივების ის ნაწილი, რომლის ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია მოქმედი ინსტრუქციის თანახმად, მცირეფასიანი აქტივებია. მცირეფასიანი აქტივები ექსპლოატაციაში გადაცემამდე აღირიცხება დანარჩენი მატერიალური მარაგების (2227) ანგარიშზე და წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშის კრედიტში.
მაგალითი:
საჯარო სკოლას უზურფრუქტით გადაეცა 300 მერხი, თითოეულის ფასი შეადგენს 150 ლარს. ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც მოცემულია მიღებული მერხების რაოდენობა - (300 ცალი), ერთეულის ფასი - (150 ლარი) და საერთო ღირებულება - (45000 ლარი).
ბუღალტრულად ზემოაღნიშნული ოპერაცია აისახება შემდეგ ანგარიშებზე:
დებეტი - 2227 დანარჩენი
მატერიალური მარაგები
- 45000 ლარი
კრედიტი - 5100 წმინდა ღირებულება
- 45000 ლარი
- საკანცელარიო ნივთების, სამეურნეო მასალების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების, აგრეთვე სხვა მარაგების საწყობიდან ექსპლოატაციაში გადაცემა მიეკუთვნება იმ პერიოდის ხარჯებს და აისახება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:
დებეტი - 7200 საქონლისა და
მომსახურების გამოყენება
კრედიტი - 2227 დანარჩენი
მატერიალური მარაგები
როდესაც მატერიალური მარაგების უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ერთი დონის სახელმწიფო ერთეულებს შორის, ის ჩამოიწერება თვითღირებულებით და აისახება:
დებეტი - 5100 წმინდა ღირებულება
კრედიტი - 2227 დანარჩენი
მატერიალური მარაგები
იმ შემთხვევაში, თუ საწყობიდან ექსპლოატაციაში გადაცემული მარაგების ფაქტიური ხარჯვა არ ემთხვევა საანგარიშგებო პერიოდს, მათი რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ანალიზური აღრიცხვის ბარათებში და აისახება ბალანსის საცნობარო მუხლებში.
![]() |
13 როგორ შევარჩიოთ პერსპექტიული იდეები? |
▲ზევით დაბრუნება |

ბიზნესში ერთი და იგივე საქმის კეთება რთული არ არის, მით უმეტეს, თუ სათანადო გამოცდილება გაგაჩნიათ. მაგრამ საბაზრო პირობები მუდმივად იცვლება: თუ თქვენ იგრძენით, რომ აუცილებელია შეიცვალოთ თქვენი მოღვაწეობის მიმართულება და სტილი, მაშინ ახალი იდეების შერჩევა მოგიწევთ.
ეს არც ისე რთული პროცესია, თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს:
1. განსაზღვრეთ მიზნები: კონცენტრირება გააკეთეთ იმ იდეებზე, რომლებიც ეხებიან მარკეტინგის აქტივიზაციას, წარმოების ეფექტურობის ამაღლებას, რეკლამას, დანაკარგების შემცირებას. დაადგინეთ დროითი საზღვრები - თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იყოს მიღწეული ესა თუ ის მიზანი. ასევე დაგეგმეთ, რომ 3 თვის განმავლობაში არამომგებიან სფეროებს შეამცირებთ 50%25-ით და დააკვირდებით ამ ღონისძიების შედეგებს.
2. გაზარდეთ ინოვაციური იდეების რაოდენობა: თუ იდეების ნაკლებობას განიცდით, მაშინ შეიქმენით ისეთი გარემო, რომელშიც ყველაზე მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ თავს: ზოგი უპირატესობას ანიჭებს განმარტოებულ გასეირნებას ბუნებაში, ზოგს ორიგინალური იდეები მოსდით ექსტრემალურ პირობებში - ალპინიზმი, რალი, რეგატა და ა.შ. (თუმცა, ასეთ სიტუაციებში ჩაფიქრება საშიშია სიცოცხლისათვის)... ზოგს კი ნაყოფიერი იდეები შუა ქეიფის დროს „ებადება“.
3. იდეების შერჩევა ყველაზე ადვილია მაშინ, თუ ეს იდეები დიდი რაოდენობით დაგიგროვდათ: ამიტომ არ მოერიდოთ არც ერთი იდეის ჩანიშვნას, თუნდაც ეს იდეა, ერთი შეხედვით, აბსურდულად გამოიყურებოდეს: თუ ასეთ იდეას ლოგიკური ფორმა გააჩნია, მაშინ მას არსებობის უფლებაც ჰქონია. ნუ იქნებით ძალზედ კრიტიკული საკუთარი იდეების მიმართ - ყოველი მათგანი ჩაინიშნეთ დღიურში და შეიძლება რომელიმე მათგანი შესაბამის არაორდინალურ სიტუაციაში გამოგადგეთ.
4. „გამორთეთ“ თქვენი სტერეოტიპები და ნუ შეცდებით იყოთ ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ აზროვნების საკითხებში მაინც. დააკვირდით, რამდენად პროგრესული და სამართლიანია ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც თქვენ გაკავებენ.
5. კარგად შეისწავლეთ თქვენი ადრინდელი იდეები და შეეცადეთ ალტერნატივები შეურჩიოთ მათ. შემდეგ შეადარეთ, რომელი უფრო უკეთესია არსებულ სიტუაციაში - ადრინდელი ნააზრევი თუ მისი ალტერნატივა? რამდენად მასშტაბურია შერჩეული პერსპექტიული იდეა - მოიცავს იგი მთელ თქვენ ბიზნესს, თუ სხვა მასშტაბური იდეის შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს?
6. შეეცადეთ შეაფასოთ თქვენი არჩევანი იმ ადამიანების თვალსაზრისით, ვინც თქვენ „ეტალონებად“ მიგაჩნიათ მაგალითად, დასვით ასეთი შეკითხვა: „როგორ მოიქცეოდა ჩემს მაგივრად ჰენრი ფორდი, ჯონ როკფელერი ან ბილ გეიტსი?“ თუ თქვენ არ „აღიმართავთ კერპთა თავსა თვისთა“, მაშინ შეეცადეთ, რომ მინიმუმ კონკურენტების მოქმედების ლოგიკა ამოიცნოთ.
7. ამდენი იდეების „გენერირების“ შემდეგ შეარჩიეთ ყველაზე პერსპექტიულები მათ შორის.
8. შეეცადეთ განავითაროთ ეს შერჩეული იდეები, დააკონკრეტეთ მათი დეტალები, მოახდინეთ მათი გამოყენების შედეგების პროგნოზირება.
9. ამის შემდეგ შეადგინეთ თქვენი იდეების მოქმედების გეგმა, დააწყვეთ ისინი გარკვეული თანმიმდევრობით და განსაზღვრეთ ყოველი ეტაპის მოსალოდნელი ეფექტურობის ზეგავლენა შემდგომ ეტაპზე.
10. გაითვალისწინეთ ასევე ის „ქვეიდეები“, რომლებიც შეიძლება ეფექტურნი აღმოჩნდნენ ამა თუ იმ დაუგეგმავ, არაორდინალურ სიტუაციაში.
.... გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იდეური აზროვნება არ არის საკმარისი. ბიზნეს-იდეას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მკაფიო ფინანსური უზრუნველყოფა ასე თუ ისე განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში.
მაგრამ არ არის აუცილებელი პირვანდელი გეგმის ზუსტი, „პირნათელი“ შესრულება. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბიზნეს-გეგმის მობილურობა ცვალებადი გარემოებების მიმართ.
კობა ცხრუკვეთელი
![]() |
14 „ნოუ-ჰაუ“ და ბრიუსელში აღიარებული გამარჯვება |
▲ზევით დაბრუნება |

თამაზ ვაშაკიძე
გამომგონებელი
მომავლის ენერგომომარაგება განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტიანი პრაქტიკული გამოყენების ტექნოლოგიების იმედადაა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კაცობრიობა, განსაკუთრებით კი, განვითარებული ქვეყნები ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრდნენ, რადგან ტრადიციული ენერგომატარებლების წვა გლობალური დათბობის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზადაც კი მიიჩნევა.
თუმცა, არ გეგონოთ, რომ მსგავს ტექნოლოგიებს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირის ქვეყნებში ქმნიან...
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბ-ნ ელგუჯა მელაძის ინიციატივით ბიზნეს-გაერთიანებაში ჩამოყალიბებულია ინოვაციების დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის დირექტორმა ბ-ნმა თამაზ ვაშაკიძემ ერთ დანადგარზე განახლებადი ენერგიის წყაროების კომპლექსური გამოყენებისთვის საქართველოს პატენტი ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო. ამასთან, ავტორს აქვს „ნოუ-ჰაუ“, რომელიც ღია წყალში წყლის ნაკადის დაწნევის საშუალებას იძლევა.
და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, ამ საინტერესო გამოგონებამ რეალური აღიარებაც ჰპოვა. მერე, არ იკითხავთ, სად და როდის? - 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დღეს თამაზ ვაშაკიძეს ამ გამოგონებისთვის ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში ეროვნული გამარჯვებულის სტატუსით დააჯილდოებენ. აქვე დავძენ, რომ ბატონი თამაზი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველია, რომელმაც ამ კონკურსში გაიმარჯვა.
ბრიუსელში გამგზავრებამდე ბატონი თამაზი რედაქციაში გვესტუმრა და ჩვენს მკითხველს თავისი გამოგონებების შესახებ თავადვე დაწვრილებით უამბო.
თამაზ ვაშაკიძე: ვიდრე ჩემს გამოგონებებზე საუბარს დავიწყებდე, მინდა მკითხველს კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევახსენო, რა ბრწყინვალე ბუნების პატრონები ვართ ქართველები! ქარიანი დღეების რაოდენობა ჩვენში წელიწადში 122-ზე მეტია, მზიანი დღეების რიცხვი კი 280-ს აჭარბებს. გაუმართლებელი იქნებოდა, ღვთისგან ბოძებული ეს უზარმაზარი სიმდიდრე - ენერგია რომ არ გამოგვეყენებინა. მაგალითად, რუსეთი შესანიშნავად სარგებლობს თავისი წიაღისეულით, რომელიც მას ღმერთმა არგუნა, ჩვენ კი გვერგო მზე, ქარი და წყალი. საქართველოში 26 ათასი მდინარეა, რომელთა პოტენციალის გამოყენებაც შეიძლება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. სწორედ ასეთ საფუძველზე გავაკეთეთ ტივტივა ელექტროსადგური.

„ბ.კ.“: თუ შეიძლება, უფრო დეტალურად გვიამბეთ ამ გამოგონებაზე...
თამაზ ვაშაკიძე: ჩვენი გამოგონების პრინციპი ძალიან მარტივია: ეს არის ბორბალი, ლილვი, რედუქტორი და გენერატორი. იგი იაფია და ადვილად გასაკეთებელი, რის გამოც ძალიან დიდი აღიარებაც ჰპოვა. ზომებიდან გამომდინარე, მისი ჩადგმა ნებისმიერ ღელეშიც კი შეიძლება. თქვენ იტყვით, ტივტივა ელექტროსადგურებში ახალი არაფერია, ეს ხომ ყველასთვის ცნობილიაო.... სამაგიეროდ, მის ბორბალს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება: მისი ფრთები ისე უნდა იყოს გაანგარიშებული, რომ წყალში 50 სანტიმეტრზე ჩაძირულმა ნაწილმა წყალი მაქსიმალურად სრულყოფილად ამოიღოს და ასევე მაქსიმალურად დაასხას ისე, რომ სიმძიმის ქვეშ ბორბალმა ბრუნი კიდევ უფრო სწრაფად გააკეთოს. თანაც ისე, რომ წყლის დინებაზე წინაღობა არ გაზარდოს. ამისთანა ბორბლისთვის აუცილებელია წყლის სიჩქარე 1, 6 მეტრი წამში. ამავე დროს, თვითონაც მაქსიმალურად რენტაბელური იყოს მისი ამოღებული წყლის და მისი ბრუნვის...
- არის ასეთი ქართული ორგანიზაცია „ჯი-ერ-დი-ეფი“, ამერიკული „სი-ერ-დი-ეფ-ის“ შვილობილი, რომელიც ცდილობს მეცნიერების, ქართული ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციას, რათა ეს საკუთრება თაროზე კი არ იდოს, არამედ გახდეს მატერიალური და მოიტანოს ის სიკეთე და სარგებლობა, რომლისთვისაც ის შეიქმნა. სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გავიმარჯვეთ 2005 წელს და გარკვეული დაფინანსებაც მივიღეთ, რომელმაც ქარხანა „ელექტროავტომატში“ სამი ასეთი აგრეგატის შექმნის საშუალება მოგვცა. აქედან, ორი გაეროს განვითარების ფონდს მოეწონა და ტენდერის საფუძველზე შეიძინა კიდეც. მოგეხსენებათ, ინტელექტუალური აზრის გაჩერება, მისი დამუხრუჭება არ შეიძლება, ამიტომ ჩვენივე გამოგონების რეკონსტრუქცია დავიწყეთ. მივხვდით, რომ ის ფართი, რომელიც ჩვენს გამოგონებას უჭირავს, მეტის მოცემის საშუალებას იძლევა. დავტოვეთ იგივე წყლის ბორბალი - ქართული პატენტი უ-1295 და დავიწყეთ მუშაობა განახლებადი ენერგიის კომბინირებულ გადამუშავებაზე, რომლისთვისაც მივიღეთ მეორე პატენტი - უ-1345. ჩვენი გამოგონება კონსტრუქციულად ისე შევცვალეთ, რომ ბორბლის გვერდით წყლის ტურბინის დაყენება შევძელით. ასევე ბორბლის ახლოს შეიძლება ფოტოელექტროპანელების დაყენება, რომლებსაც ასევე ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. რედუქტორისა და გენერატორის გვერდით კი იმდენი თავისუფალი ადგილი და პოტენციალია, რომ ქარის დანადგარიც დამონტაჟდება.
ტივტივა, ბუნებრივია, დგება წყალზე. ნებისმიერ ხეობაში უბერავს ქარი და ანათებს მზე, როგორც დანამატი!
8 კვადრატულ-მეტრიანი დანადგარის პოტენციალური ჯამური სიმძლავრე თითქმის 20 კილოვატია. შესაბამისად, მისი გამოყენება 10 მოსახლეს მაინც შეუძლია, ვის სახლსაც ახლოს მდინარე ან ღელე ჩამოუდის.
„ბ.კ.“: ახლა იქნებ დაწვრილებით იმ კონკურსის შესახებაც გვიამბოთ, რომელშიც თქვენმა გამოგონებამ გაიმარჯვა...
თამაზ ვაშაკიძე: „ENERGY GLOBE AWARD“-ი ავსტრიული კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსია, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გამოგონებებს აჯილდოვებს. სიმართლე გითხრათ, როდესაც გადავხედეთ მათ ვებგვერდს, კონკურსში მონაწილე ქვეყნების ისეთი რაოდენობა დაგვხვდა, ვიფიქრეთ, რომ გამარჯვების ძალიან პატარა შანსი გვქონდა, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, 109 ქვეყნიდან გაგზავნილი 853 პროექტიდან ჩვენ მოგვანიჭეს ლაურეატის წოდება სტატუსით „ეროვნული გამარჯვებული“. მოწვევა 22 მარტს მივიღეთ, როდესაც კონკურსში გამარჯვების შესახებ გვაცნობეს. ეს ნამდვილად საამაყო ფაქტია, რადგან ევროპარლამენტის შენობაში ქართველს ყოველ წელიწადს არ აჯილდოვებენ!. მიხარია, რომ მომეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინო საქართველოს წინსვლა და განვითარება იმ კუთხითაც, რომ ჩვენი ინტელექტუალური აზრი შესანიშნავად ჭრის და მსოფლიოში გარკვეული ადგილიც უჭირავს.
„ბ.კ.“: ბატონო თამაზ, როგორც ვიცი, ეს თქვენი პირველი გამოგონება არ არის... საინტერესოა, რა ბედი ეწია თქვენს წინა ქმნილებებს?

თამაზ ვაშაკიძე: დიახ, ეს ჩემი მეცხრე გამოგონებაა. დანარჩენი გამოგონებები დანერგილი არა მაქვს. თუმცა, ერთ-ერთი 1987 წელს დავნერგე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და სანაცვლოდ იმ პერიოდის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - კომკავშირის პრემიაც მივიღე (მაშინ სამი უმაღლესი პრემია იყო: ლენინური, სახელმწიფო და კომკავშირის). ასე რომ, ჩემთვის ასეთი წარმატება ახალი არ არის. ძალიან სასიხარულო კია, როდესაც აღიარება უკვე არა საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო დონეზეა.
ამასთან, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ თქვენმა ჟურნალმა თავის ფურცლებზე ქართული გამოგონებების, ქართული ინტელექტუალური საკუთრების გაშუქებით შესანიშნავი მიმართულება მიიღო. ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუსაც გავეცანი, სადაც შესანიშნავი სატელევიზიო გადაცემის „ენერგია“ ავტორი ბატონი მერაბ ბერაძე საუბრობდა. ჩვენ მასთან რამდენიმე წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით. ძალიან გვინდოდა, რომ მხარში ამოვდგომოდით ბატონ მერაბს და გადაცემის აღორძინების თხოვნით გაგზავნილ ყველა წერილზე ხელს ვაწერდით, როგორც მისი პარტნიორები და თანამოაზრენი...
P.S. პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში ქართველ გამომგონებელს დააჯილდოებენ... საგულისხმოა, რომ ამავე საქართველოში ბატონი თამაზ ვაშაკიძის გამგზავრებისათვის საჭირო თანხა ვერც ერთმა უწყებამ ვერ „გამონახა“... მიზეზი? როგორც თავად იმართლეს თავი, „ამის საშუალება არა აქვთ.“ არადა, ეს სტრუქტურები უშუალოდ მეცნიერების მხარდაჭერისთვისაა შექმნილი...
ესაუბრა
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
15 ყოფილხართ „ჩაინა თაუნში“? |
▲ზევით დაბრუნება |
იქ ჩინური ეგზოტიკით და სასიამოვნო მომსახურებით მოიხიბლებით

ოდესღაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დიდი აბრეშუმის გზა თბილისზე, უფრო ზუსტად კი, ახლანდელი შარდენის ქუჩაზე გადიოდა. იმდროინდელი ვაჭრები ქარვასლაში მოუთმენლად ელოდნენ ჩინური აბრეშუმით დატვირთული აქლემების გამოჩენას... „ქარვასლა“ აქ ახლაც დგას, ოღონდაც სულ სხვა - ეს თბილისის ისტორიის მუზეუმია. მიუხედავად ამისა, სხვაგან სად, თუ არა ამგვარი ასოციაციებით დატვირთულ ისტორიულ ადგილას შეი.ლებოდა გახსნილიყო ყველაზე დიდი ჩინური რესტორანი თბილისში - „ჩაინა თაუნი“...
რესტორანს ექვსწლიანი ისტორია აქვს. პირველად სწორედ ის გაჩნდა შარდენზე და თბილისელების, ასევე ტურისტების ყურადღება ადვილად მიიქცია. ჩინური სამზარეულოს პოპულარობა ხომ დღითიდღე იზრდება! „ჩაინა თაუნი“ კი სტუმრებს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონის სამზარეულოებისთვის დამახასიათებელ 100-ზე მეტი დასახელების კერძს სთავაზობს. სიჩუანის პროვინციიდან მოწვეული მზარეულები საოცარი ოსტატობით ამზადებენ იხვს ანანასით, თუ ღორის ნეკნებს ნივრის სოუსში, კორეულ ბარბექიუსა თუ „სუშის“, ყველაზე გემრიელი კი, ბუნებრივია, მშობლიური, სიჩუანური კერძები გამოსდით. `
როგორც „ჩაინა თაუნის“ მენეჯერი სალომე მელითაური განმარტავს, რესტორნის საფირმო კერძი თავად არ შეურჩევიათ, მაგრამ სტუმრების რჩეულად თავისთავად იქცა „ღორის ხორცი სიჩუანურად.“ ეს გახლავთ ძალიან თხლად დაჭრილი, წინასწარ ჩინური სანელებლებით შეზავებული ღორის ხორცი პრასთან ერთად, რომელსაც სანელებლები განუმეორებელ არომატს ანიჭებენ. გარდა ამისა, სტუმრებს ჩინური სოკოს სახეობების, ბამბუკისა, თუ ეგზოტიკური ზღვის პროდუქტების ისეთი კერძების გასინჯვა შეუძლიათ (მაგ.: შემწვარი მიდიები, კალმარი ბოსტნეულითა თუ სამეფო კრევეტები სხვადასხვა სახის სოუსებით), რომლებსაც ქართული სამზარეულო არ იცნობს. განსაკუთრებული პოპულარობით ბაყაყის ბარკლები სარგებლობს, რომლის დაგემოვნების სურვილი რესტორანში უამრავ ცნობისმოყვარეს იზიდავს.
რესტორნის მეპატრონე, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, თავიდან დიდი ხნით დარჩენას არც კი ფიქრობდა, მაგრამ აქაურობა ისე მოეწონა, რომ უკვე მეათე წელია საქართველოში ცხოვრობს. ქართველ ხალხსაც კარგად იცნობს და ქართულ სუფრასაც, თავისი სადღეგრძელოებიანად. ძალიან მოსწონს ჩვენი სამზარეულო, განსაკუთრებით მწვადი უყვარს, კიდევ - ნიგვზიანი კერძები და ხაჭაპური. თავად კი ცდილობს, ქართველ მომხმარებელს მრავალფეროვანი ჩინური სამზარეულო გააცნოს და შეაყვაროს.
სიჩუანის სამზარეულო თავისი ცხარე კერძებითაა ცნობილი. „სიჩუანელებს ამ მხრივ ჩინელი მეგრელებიც კი შეიძლება ვუწოდოთ“, - ხუმრობს სალომე. მართალია, აქაურობა განსაკუთრებით ცხარეს მოყვარულებს იზიდავს, თუმცა, ნებისმიერი სტუმარი მაინც თავბრუდამხვევი არჩევანის წინაშე დგება: მენიუ მას ოდნავ ცხარედან ექსტრემალურ ცხარემდე, ასევე მოტკბო-მომჟავო და ათასგვარი ნიუანსებით შეფერილ კერძებს სთავაზობს. ზოგიერთი კერძი სტუმრის თვალწინ, პირდაპირ მაგიდებში ჩადგმულ მინიბარბეკიუზე მზადდება.
ზაფხულის დადგომისთანავე „ჩაინა თაუნის“ ისედაც მრავალფეროვანი მენიუ კიდევ უფრო იცვლება და მას ახალი კერძები ემატება. აქვე დავძენ, რომ ბოსტნეულს ჩინურ სამზარეულოში გამორჩეული, საპატიო ადგილი უჭირავს. „ახლადჩამოსულ ჩინელს რომ ჰკითხოთ, ქართველები ბოსტნეულს არ ვჭამთ. წარმოიდგინეთ, რამდენი სახეობის ბოსტნეულს მიირთმევენ თავად!..
ბოსტნეულის სიმწირეს მართლაც განიცდიან მზარეულები ჩინური კერძების მომზადებისას. არადა, ცოცხალი ბოსტნეული ამხელა გზაზე ტრანსპორტირებას ნამდვილად ვერ გაუძლებდა... მაგრამ გამოსავალი მაინც ვიპოვეთ: მცხეთის რაიონში პატარა მეურნეობა მოვაწყვეთ, სადაც ვცდილობთ იმ ჩინური ბოსტნეულის მოყვანას, რომელიც ჩვენებურ კლიმატურ პირობებს ეგუება, მაინც აღწევს სიმწიფეს და არ გვეღუპება,“ - ამბობს სალომე მელითაური.

რესტორნის დარბაზში დადგმულ ტელევიზორთან ხშირად იკრიბებიან ფეხბურთის ჩემპიონატებისა თუ სხვადასხვაგვარი სიმღერის კონკურსის მოყვარულნი.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჩაის სალონი, სადაც გურმანებს 20-ზე მეტი დასახელების ჩინური ჩაის დაგემოვნებას სთავაზობენ. სახელგანთქმული ჩაის ცერემონიალისთვის აუცილებელი სტილი და ტექნოლოგია აქ სრულად დაცულია. მომსახურე პერსონალი არომატული სასმელის მოყვარულებს ჩაის ამა თუ იმ სახეობის ისტორიასა და თავისებურებებსაც აცნობს და მის სასარგებლო თვისებებზეც ესაუბრება. სტუმარი შეიტყობს, ჩინეთის რომელ კუთხეში დაიკრიფა ჩაი, რომელიც ახლა მისი ფინჯნიდან სასიამოვნო არომატს აფრქვევს ან რომელი წლის მოსავლიდანაა მოწეული...

მენიუში შემავალი ნებისმიერი კერძის დაგემოვნება სტუმარს ღია ტერასაზე, სასიამოვნო მუსიკის ფონზეც შეუძლია, სადაც ზაფხულობით განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. „ჩაინა თაუნის“ VIP-ოთახი 20 სტუმარზეა გათვლილი, დარბაზი 60 ადგილიანია, დაბალი სავარძლებითა და მაგიდებით გაწყობილი ჩაის სალონი კი ერთდროულად 40 სტუმარს ემსახურება. ორსართულიანი რესტორანი საკმაოდ დიდია, რაც მას წვეულების აღსანიშნავ საუკეთესო ადგილად აქცევს. საქართველოში ჩინეთის საელჩო მიღებებს ხშირად სწორედ აქ მართავს-ხოლმე. სტუმრების განწყობილებაზე კარაოკე-სისტემაც ზრუნავს.
ტრადიციული წითელი ჩინური ფარნებით გაფორმებულ ინტერიერში სიმშვიდის სიმბოლოსაც შეხვდებით და ადამიანის სიმაღლის „ჩინელ ფულის ღმერთსაც“, რომელსაც ხელში ოქროს ზოდი უჭირავს. რესტორნის მფლობელი ჩინელია, პერსონალი კი - ქართული. ამიტომაა, რომ, ჩინური სიმბოლიკის გარდა, რესტორანში ბზას თავისი ადგილი უჭირავს.
„ჩაინა თაუნში“ ითვალისწინებენ, რომ სამსახურიდან შესვენებაზე გამოსული საქმიანი ადამიანისთვის დროის ეკონომია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ყოველ სამუშაო დღეს, 13:00-დან 16:00 საათამდე რესტორანი ბიზნეს-ლანჩს გთავაზობთ, სადაც ფურშეტის ტიპის მომსახურებაა, ცივი და ცხელი კერძები კი წინასწარაა მომზადებული ისევ და ისევ თქვენი დროის დასაზოგად. ყოველდღიურად „ჩაინა თაუნის“ ბიზნესლანჩით 150-მდე სტუმარი მაინც სარგებლობს.
„ჩაინა თაუნი“ სტუმრებს სატელეფონო შეკვეთის საფუძველზე თბილისის მასშტაბით ადგილზე მომსახურებასაც სთავაზობს.
რესტორანი 13:00 საათიდან ღამის 3-4 საათამდე შეუფერხებლად ემსახურება სტუმარს. ასევე რესტორნის ორივე სართულზე დამონტაჟებულია უკაბელო ინტერნეტის „WI FI“ სისტემა.
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, ღვინო აქ ქართულია, დანარჩენი - მსოფლიოს ყველა რესტორნისთვის სტანდარტული. თუმცა, სტუმრებს ჩინური არყის გასინჯვაც შეუძლიათ. ეს არის 52 გრადუსიანი „არ გო თოუ“ და 50 გრადუსიანი „ჯიან წუანი“. ან თუნდაც ბრინჯისგან გამოხდილი არაყი 20 გრადუსიანი საკე, რომელიც, იაპონური არყის სახელითაა ცნობილი, „მაგრამ როგორც ყველაფერი იაპონური, ფუძეში ესეც ჩინურია,“ - გვიხსნის რესტორნის მენეჯერი.
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
16 გინდა კარგი კადრები? მათ მომზადებაზე თვითონვე იზრუნე! |
▲ზევით დაბრუნება |
უმუშევრობის პრობლემის პარალელურად, საქართველოში პროფესიონალი კადრების სიმცირემაც იჩინა თავი. განსაკუთრებით ეს ეკონომიკის სფეროში იგრძნობა, სადაც თუნდაც სერიოზული უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანს სხვადასხვა საკითხისადმი ახლებური მიდგომის ცოდნაც სჭირდება.

ამ პრობლემის მოგვარების სწრაფი და ეფექტური მეთოდია ტრეინინგი, რომელიც სპეციალისტს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით ცოდნას უღრმავებს. ჩვენში ტრეინინგებს მსურველებს რამდენიმე ცენტრი სთავაზობს. ამ მხრივ გამორჩეულია საქართველოს საბანკო ტრეინინგ-ცენტრი: ის საქართველოს ბანკების ასოციაციის მეშვეობით თავად კომერციულმა ბანკებმა („საქართველოს ბანკი“, ბანკი „რესპუბლიკა“, „თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“, ბანკი „ქართუ“, „ინვესტ ბანკი“, „სტანდარტ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“ და „ბაზის ბანკი“) გასული წლის ოქტომბერში დააარსეს. ტრეინინგ-ცენტრი თავიდანვე საბანკო სექტორის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად იყო გათვლილი. „დღეს ისეთ ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და ბაზარიც ისეთი მზარდია, რომ მუდმივი განახლება საკვებივით აუცილებელია,“ - ამბობს ცენტრის დირექტორი ლევან გოგოლაძე.
ტრეინინგ-ცენტრის თანადამფუძნებელი, კომერციული ბანკების გარდა, კავკასიის უნივერსიტეტიც (ყოფილი კავკასიის ბიზნეს-სკოლა) გახლავთ: მისმა გამოცდილებამ აკადემიური კუთხით, რომელიც ადმინისტრირებას, კურიკულუმების შედგენასა თუ პროგრამების დახვეწას სჭირდება, სწორედ რომ შეავსო წამოწყებული საქმე. აღსანიშნავია ასევე USAID-ის მხარდაჭერა ტრეინინგ-ცენტრის დაფუძნებაში როგორც ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, აგრეთვე უცხოელი პარტნიორების მოძიების კუთხით.
ცენტრში ტრენერებად პრაქტიკოს ბანკირებს არჩევენ, რომლებსაც აუდიტორიასთან ურთიერთობაც საუცხოოდ გამოსდით. ცენტრის სპეციალური ფონდი ტრენერების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. ტრეინინგ-ცენტრის დირექტორი აქვე დასძენს, რომ საქართველოში კარგი ტრენერის დეფიციტია.
გახსნისთანავე უცხოეთიდან ტრეინინგცენტრს პარტნიორული ხელი გამოუწოდეს: საბერძნეთის საბანკო ასოციაციამ და ამერიკის ბანკების ასოციაციამ, რომლებმაც წიგნების სახით ინსტრუქტორებისთვის ფასდაუდებელი მასალები გამოუგზავნეს ცოდნის გასაღრმავებლად და კურსის ასაწყობად.
მაინც, რას სთავაზობს ცენტრი საბანკო საქმის უკეთ შესწავლის მსურველებს?
უპირველესად, ეს არის „ევროპული საბანკო საფუძვლების“ 90 საათიანი, საკმაოდ ინტენსიური, სასერტიფიკატე კურსი, რომელიც ევროპის 24 ქვეყანაში იკითხება. ასე რომ, ის სერტიფიკატი, რომელსაც კურსდამთავრებული ტესტირების შემდეგ მიიღებს, მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებს. რაც შეეხება ღირებულებას, აღნიშნული კურსი რომ სხვა ქვეყანაში გაიაროთ, მისი ღირებულება, იქ ცხოვრების ხარჯებთან ერთად 3 ათასი ევრო მაინც დაგიჯდებათ, საქართველოს საბანკო ტრეინინგცენტრში კი ეს კურსი წევრი ბანკებისთვის 700 დოლარი ღირს, სხვა ბანკების ან ფინანსური ინსტიტუტებისათვის კი - 800 დოლარი.

ამ დროისათვის ტესტირებას ბერძნული მხარე ატარებს, თუმცა, სექტემბრიდან საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემის უფლებას თავად ცენტრი მოიპოვებს, რადგან ივნისისთვის დაგეგმილ გენერალურ ასამბლეაზე ცენტრი ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ცენტრი „ევროპული საბანკო საფუძვლების“ გარდა, სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ინტენსიურობის კიდევ 14 კურსს გთავაზობთ, რომლის კურსდამთავრებულები კლიენტთან მომსახურების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა თუ ბიზნეს-მოდელირების მიმართულებით გაიღრმავებენ ცოდნას. ყველაზე მოკლეა კლიენტის მომსახურების კურსი, რომელიც 12 საათს მოიცავს.
უახლოეს მომავალში ტრეინინგ-ცენტრი ბაზარს სიახლეს შესთავაზებს და მოლარეებისა და მოლარე-ოპერატორების გადამზადების კურსს აამოქმედებს. მის შექმნაზე სპეციალისტები უკვე ორი თვეა მუშაობენ. კურსი რამდენიმე მოდულისგან შედგება. მომავალი მოლარე-ოპერატორი ფულის ნიშნებთან მუშაობის გარდა იმ ნორმატიულ აქტებსაც შეისწავლის, რომლებითაც ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები რეგულირდება. კურსში ასევე შევა ქცევის კოდექსი, მომხმარებელთან ურთიერთობა, შიდა კონტროლის სისტემები, რომელიც ყველა ბანკში სხვადასხვაა, თუმცა, არსებობს ძირითადი კონცეფცია, რომელიც მომავალმა მოლარემ ან მოლარე-ოპერატორმა უნდა იცოდეს.
ლევან გოგოლაძე მადლიერია საქართველოს ეროვნული ბანკისა, რომელმაც კურსის შექმნისათვის სათანადო მხარდაჭერა გამოხატა. კურსის ხანგრძლივობა 9-15 საათით განისაზღვრა. ტრეინინგ-ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ კურსის ფასი ხელმისაწვდომი იქნება, რადგან, სხვა კურსებისგან განსხვავებით, მოლარე-ოპერატორების კურსი თავიდანვე „მასაზე“ იყო გათვლილი. „დღეს სადაც კი გაივლით, ყველგან რომელიმე ბანკის სერვის-ცენტრი ან ფილიალი იხსნება. ამიტომ ამ კადრებთან დაკავშირებით ბანკებს პრობლემები აქვთ. შეიძლება არც თუ ისე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნო ადამიანი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში „აკრეფს“ ცოდნას და თანდათან დაეწევა ბანკის მოთხოვნებს... მაგრამ მოლარე-ოპერატორს ფულთან აქვს შეხება, ამიტომ ეს ძალიან სერიოზული თემაა. შევეცადეთ, რომ საბანკო სექტორს ამ კუთხით ცოტათი მაინც დავეხმაროთ...“ - ამბობს ტრეინინგ-ცენტრის დირექტორი.
ტრეინინგ-ცენტრში მეცადინეობა, უმთავრესად, საღამოობით, შვიდის ნახევრიდან მიმდინარეობს, რადგან ტრეინინგებს ბანკების პერსონალი გადის. თუმცა, ამ ბოლო დროს კურსების გავლის მსურველი სხვაც ბევრი გამოჩნდა. თითოეულ მათგანს ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებული დონე გააჩნია, სუსტი და ძლიერი კი ერთ ჯგუფში ვერ იმეცადინებს. ამიტომ ტრეინინგ-ცენტრის ხელმძღვანელობამ წინასწარი ტესტირების ფორმა შემოიღო. ლევან გოგოლაძე ვარაუდობს, რომ შეიქმნება სხვადასხვა დონის ჯგუფები, რადგან, მაგალითად, ფინანსური აღრიცხვის კურსი ვერ იქნება ყველაზე ერთნაირად მორგებული.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს რეკლამისთვის დიდი დრო არ დაუთმიათ, ცენტრმა უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა, უმთავრესად, თავად კურსდამთავრებულების წყალობით, რომელთა რიცხვმა ამ დროისათვის უკვე 120-ს გადააჭარბა.
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
17 თუ ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატი დაგჭირდათ, მიმართეთ „ნატუროპათ“-ს |
▲ზევით დაბრუნება |

თენგიზ ტერუნაშვილი
„ნატუროპათი“ს დირექტორი
ბიოლოგიური მედიცინის საშუალებების, კერძოდ, ჰომეოპათიური მედიკამენტების ქმედითუნარიანობაში ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი მედიკოსი რწმუნდება. პაციენტები მეტად აცნობიერებენ ქიმიური მედიკამენტების მიღების რისკფაქტორს და მათ მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტებს, რამაც ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენება კიდევ უფრო გაახშირა.
ჰომეოპათიის ფუძემდებლის, სამუილ ჰანემანის დროიდან, XVIII საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენებამ დასაბამი დაუდო სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას, თუმცა, ყველა მათგანს მედიკამენტის მომზადების საერთო პრინციპი - პოტენცირება: სერიული განზავება და შენჯღრევა აერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება - ჰომოტოქსიკოლოგია გერმანელმა ექიმმა და მეცნიერმა ჰანს ჰაინრიხ რეკევეგმა (1905-1985) დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ მან შექმნა უნიკალური მიმართულება, რომელშიც გააერთიანა ჰომეოპათიის პრინციპი და აკადემიური მედიცინა, ჰომეოპათიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმი კი მეცნიერულად ახსნა.

დღეისათვის გერმანული კომპანია Biologische Heilmittel Heel GmbH მსოფლიოს 2 ათასზე მეტი დასახელების ანტიჰომოტოქსიკურ პრეპარატს სთავაზობს, აქვს შვილობილი კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, კანადასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო ხუთივე კონტინენტის 60-ზე მეტ ქვეყანაში კომპანიის წარმომადგენლობებია გახსნილი.
ქართველი მომხმარებლისთვის ამ დროისათვის საქართველოში რეგისტრირებული 56 დასახელების პრეპარატია ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში Heel-ის წარმომადგენელია შპს „ნატუროპათი“, რომელმაც 1996 წელს გერმანულ კომპანიასთან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატები საქართველოს თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში ვრცელდება, ყველაზე სრული ასორტიმენტი კი თბილისში, ყაზბეგის გამზირის №33-ში მდებარე აფთიაქ „ნატუროპათშია“ წარმოდგენილი.
Herba Est Ex Luce ანუ „მცენარეები ძალას მზისგან იკრებენ“ - აბრევიატურა Heel სწორედ ამ ძველბერძნულ გამოთქმას გულისხმობს. როგორც „ნატუროპათი“-ს დირექტორი თენგიზ ტერუნაშვილი განმარტავს, რადგან ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატები ჰომეოპათიური წესით მზადდება და ისინი ამა თუ იმ ნივთიერების მხოლოდ ენერგიას და მის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, შესაბამისად, მათში არც მავნე და სპორტში აკრძალული ნივთიერებები შედის. Heel-ის პრეპარატები აბების, მალამოს, წვეთების, სანთლებისა და საინექციო ხსნარების სახით გამოდის. მათ მიღებას თან არ სდევს სინთეტიკური პრეპარატებისათვის დამახასიათებელი ათასგვარი გვერდითი მოვლენა. თუმცა, ნატურალურ მედიცინას ერთი რამ ახასიათებს: ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობისას თუ პრეპარატი სწორადაა შერჩეული, მედიკამენტზე გარკვეული რეაგირება აღინიშნება, პაციენტის მდგომარეობა დროებით, შესაძლოა, გაუარესდეს კიდეც. სპეციალისტები ამგვარ ნიშანს დადებითად აფასებენ და გამოჯანმრთელების მიმანიშნებლად მიიჩნევენ. მთავარია, რეაქცია არ იყოს მკვეთრი და პაციენტი არ შეშინდეს!
ჰომოტოქსიკოლოგია ადამიანის ტოქსინების შემსწავლელი მეცნიერებაა. მისი ფუძემდებელი, გერმანელი ექიმი და მეცნიერი ჰანს ჰაინრიხ რეკევეგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ორგანიზმში დაავადებები სწორედ ტოქსინებისგან წარმოიქმნება. ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატები ანეიტრალებენ და ორგანიზმიდან გამოდევნიან ტოქსინებს, რაც გამოჯანმრთელებისკენ მიმართული პროცესია. გარდა ამისა, მათი მიღებით აღიძვრება ორგანიზმის დამხმარე დამცველობითი მექანიზმებიც.
Heel-ის პრეპარატები გერმანიაში, ბადენ-ბადენში იწარმოება, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ კურორტზე, რაც, როგორც თენგიზ ტერუნაშვილი ამბობს, წარმოების უზადო სისუფთავეზე მეტყველებს. გერმანელები მათთვის დამახასიათებელ სკურპულოზურობას არც ამ შემთხვევაში ღალატობენ და პრეპარატების წარმოების ყველა ეტაპს უმკაცრესად აკონტროლებენ. პრეპარატების უმაღლეს ხარისხს GMP სერტიფიკატიც ადასტურებს.
ქართველი ექიმები Heel-ის პრეპარატებს საგანგებოდ გამართულ სიმპოზიუმებზე ეცნობიან, რომლებიც უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების მონაწილეობით სისტემატურად ტარდება. „ნატუროპათი“-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ ჩვენში პაციენტები ფსიქოლოგიურად უკვე მზად არიან ჰომეოპათიასთან შესახვედრად. აი, ზოგიერთი ექიმი კი, რომლის მენტალიტეტში შენარჩუნებულია ინერცია, არ გადაუხვიოს იმ სტანდარტებს, რაც მას ოდესღაც შეასწავლეს, ჰომეოპათიური პრეპარატების დანიშვნისგან თავს იკავებს. „ვფიქრობ, ასე ნაკლებად ინფორმირებულ ექიმებს ემართებათ, მცოდნე სპეციალისტები კი, რომლებსაც თავიანთი პროფესიისადმი შემოქმედებითი მიდგომა ახასიათებთ, პაციენტებისათვის ახალ ეფექტურ და უვნებელ სამკურნალო მეთოდებსა და საშუალებებს ეძებენ, უკვე წარმატებით იყენებენ ანტიჰომოტოქსიკურ პრეპარატებს და შედეგითაც კმაყოფილი არიან“, - ამბობს იგი.
როდესაც ჰანს ჰაინრიხ რეკევეგი აღნიშნულ თეორიას ქმნიდა, ასეთი ფრაზა წარმოსთქვა: „მე გავდებ ხიდს ჰომეოპათიასა და ძირითად მედიცინას შორის“. მართლაც, ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატების დანიშვნა ნებისმიერ ექიმს შეუძლია, მათი მოხმარების სპექტრი კი საკმაოდ ფართოა. ანტიჰომოტოქსიკურ პრეპარატებს წარმატებით იყენებენ სპორტული თუ საყოფაცხოვრებო ტრავმების, დაჟეჟილობის, თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ასევე ვირუსული და ინფექციური დაავადების დროს, ვირუსული წარმოშობისა თუ არასწორი კვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის დაავადების შემთხვევაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური დაავადებების პირველი სტადიის დროსაც კი.. აღსანიშნავია, რომ ამ თეორიას სპეციალური ცხრილიც ახლავს, რომლის მიხედვით, დაავადების სიმპტომების ცვლით დაავადების განვითარების პროგნოზირებაც კი შეიძლება.

„ჩვენ არ ვმკურნალობთ დაავადებას, ჩვენ ვარეგულირებთ ორგანიზმს“, - აცხადებენ კომპანიაში და, მართლაც, მკურნალობის პროცესის პირველი ეტაპი ყოველთვის ორგანიზმის გაწმენდით იწყება. ჰანს ჰაინრიხ რეკევეგის თეორიის მიხედვით (ეს ინფორმაცია, ალბათ, განსაკუთრებით მანდილოსნებს დააინტერესებთ), ცხიმგროვებიც არასწორი კვების შედეგად დაგროვილი ტოქსინებია. ფართო მოქმედების მქონე სამი ჰომეოპათიური პრეპარატისგან შემდგარი სადეტოქსიკაციო კომპლექსი Detox-Kit-ი ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, რითაც ქსოვილი და მეზენქიმა სუფთავდება, ასევე ააქტიურებს თირკმელებს, ღვიძლს, სანაღვლე და კუჭ-ნაწლავის სისტემებს და, როგორც თავად კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, წონასაც არეგულირებს.
ანტიჰომოტოქსიკურ პრეპარატებს საგანგებოდ გახსნილ სამედიცინო ცენტრ „ბიომედშიც“ გამოიყენებენ. ცენტრში მომუშავე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა თეორიული კურსი და სპეციალური მომზადება გერმანიაში გაიარეს.
რამდენიმე სიტყვით მედიკამენტების ფასებზეც მოგახსენებთ. საგულისხმოა, რომ ისინი შემოტანის დღიდან თითქმის არც კი შეცვლილა, მაგრამ თუ 90-იან წლებში მას მხოლოდ მოსახლეობის შეძლებული ნაწილი იძენდა, ახლა თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, 50 აბი 8-11 ლარის ფარგლებში მერყეობს, 3 კვირის სამყოფი 30 მილილიტრი მოცულობის წვეთები - 9-12 ლარის ფარგლებში, 50 გრამიანი მალამო ტუბში 15-16 ლარი ღირს, ერთი ინექციის ფასი კი 2,55 ლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ინექცია სამ დღეში ერთხელ კეთდება, მთელი კურსის ღირებულება, ყველაზე უარეს შემთხვევაში სინთეტიკური პრეპარატების ფასის თანაბარი, უკეთეს შემთხვევაში კი - მასზე გაცილებით ნაკლები იქნება.
Heel-ი მალე ჰომეოპათიური წესით დამზადებულ თვალის წვეთებს შემოიტანს, რაც სიახლეა ჩვენი ბაზრისთვის. „ოკულოჰელი“, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ერთჯერად პლასტმასის კაფსულებშია მოთავსებული და განსაკუთრებული სისუფთავითა და სტერილურობით გამოირჩევა.

Heel-ი რამდენიმე ხანში სარეკლამო კამპანიის დაწყებასაც აპირებს, თუმცა, თენგიზ ტერუნაშვილი შინაგანად, იდეურად რეკლამის წინააღმდეგია. „მედიკამენტების ასე ფართოდ და აგრესიულად რეკლამირებით მოსახლეობა თვითმკურნალობაზე გადადის, რაც მეტად შემაშფოთებელია, ვფიქრობ, რომ პრეპარატი ექიმის რეკომენდაციით უნდა იყოს შერჩეული. მართალია, ზოგიერთი გათვითცნობიერებული პაციენტი არაჩვეულებრივად იცნობს თავის ორგანიზმს და სამკურნალო საშუალებას თითქმის შეუცდომლად შეირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად შეცდომებთან და გართულებებთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით საგანგაშოა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების რეკლამა. ტკივილი ხომ ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რითაც ორგანიზმი ეუბნება ადამიანს, ამ ადგილს მიხედე, პრობლემა გაქვსო. ტკივილგამაყუჩებელი აბის მიიღებით ტკივილი კი გაყუჩდება, პრობლემა კი მოხსნის ნაცვლად კიდევ უფრო გართულდება.“
როდესაც ჰომეოპათიური გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები საქართველოში პირველად შემოვიდა, ოპონენტები პლაცებო-ეფექტზე ანუ მედიკამენტის ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე ალაპარაკდნენ. „როგორ, თუკი ისინი წარმატებით გამოიყენება ვეტერინარიაშიც, სადაც მოხსნილია მედიკამენტის ფსიქოლოგიური ზემოქმედება?.. ისე, ცხოველებს ადამიანებზე სუფთა ორგანიზმი აქვთ და მათი მკურნალობისას მიღწეული შედეგები კიდევ უფრო ეფექტურია“, - დასძენს „ნატუროპათი“-ს დირექტორი.
თენგიზ ტერუნაშვილი ერთ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას, ვფიქრობ, ეშლება და შეცდომაში შეჰყავს პაციენტები. თითქოსდა, კანონში წერია, რომ ჰომეოპათიური წამლების ღირებულებას სადაზღვევო კომპანიები არ უნდა ანაზღაურებდნენ. მინდა განვმარტო, რომ კლასიკური ჰომეოპათიური წამალი - მონოპრეპარატი მზადდება აფთიაქში ექიმის დანიშნულებით. ეს არ არის ისეთი ფართო მოხმარების მედიკამენტი, როგორიც ჩვენია, ამიტომ მას რეგისტრაცია, პრაქტიკულად, არ სჭირდება. რეგისტრაცია სჭირდება მხოლოდ სუბსტანციებს, რომლისგანაც ეს მონოპრეპარატები მზადდება. ანტიჰომეოტოქსიკური პრეპარატები კი კლასიკურ ჰომეოპათიას არ მიეკუთვნება და თუ აწერია ჰომეოპათიური, ეს ნიშნავს, რომ ამ პრინციპით არის მომზადებული. ისე კი, ჩვეულებრივი წესით დარეგისტრირებული პრეპარატია, რომლის გამოყენების უფლება ნებისმიერ ექიმს აქვს. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა, უბრალოდ, ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია და სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, სათანადო განმარტების შემდეგ პოზიციას ცვლიანხოლმე.“
ერთი სიტყვით, „ორგანიზმი მეტად საინტერესო თვითრეგულირებადი სისტემაა და, თუ სწორადაა შერჩეული ცხოვრების წესი, კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმი, ასევე მკურნალობის მეთოდები და მედიკამენტები, მაშინ მას ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან გამოსვლა ძალუძს.“
![]() |
18 როგორ დავიმკვიდროთ უძრავი ქონება |
▲ზევით დაბრუნება |


რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობს ექსპერტი სამეწარმეო საკითხებში, იურიდიული ფირმა „ალპ“-ი ინტერნეიშენალ გრუპის დამფუძნებელ-პარტნიორი ადვოკატი ალექსანდრე ლომთათიძე.
კითხვა:
- მამიდაჩემმა გარდაცვალებამდე თავისი უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, ნოტარიულად დამოწმებული ანდერძით დაუტოვა თავის ერთადერთ მემკვიდრეს ძმას (ქმარი და დაუქორწინებელი შვილი ადრე გარდაეცვალა). ჩვენ არ ვიცოდით, რომ გარდაცვალებიდან 6 თვეში უნდა გადმოფორმებულიყო მემკვიდრეზე ეს ქონება, რომელიც შეადგენს ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს (7X7მ) და მიმდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ქონება გავყიდეთ 1800 ლარად და გვინდა გადავუფორმოთ მყიდველს. მამიდის გარდაცვალებიდან გასულია 2 წელი და 6 თვე.
გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ?
კომენტარი:
- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქონების გადასაფორმებლად საჭიროა იურიდიული მოქმედებები განხორციელდეს ორ ეტაპად. უპირველეს ყოვლისა, პირველი ეტაპი გულისხმობს მემკვიდრის (ანუ ძმის) მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტის იურიდიულ დადასტურებას და საჯარო რეესტრში აღნიშნულ ქონებაზე მემკვიდრის მესაკუთრედ რეგისტრაციას. ხოლო მეორე ეტაპი უშუალოდ მყიდველზე ქონების გადაფორმებას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუმცა, უმჯობესი იქნება პირველ რიგში განვიხილოთ საწყის ეტაპზე განსახორციელებელი მოქმედებები. ასეთი მოქმედებების შესრულება კი უკვე წარმოშობს ისეთი სამართლებრივი ხასიათის პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია სსკ-ით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღების ვადის გაშვებასთან. მართლაც, სსკ-ის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აქვე გვინდა განგიმარტოთ, რომ სსკ-ის 1319-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების, ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. მაშასადამე, ჩვენს შემთხვევაში მამიდის (მამკვიდრებლის) გარდაცვალების შედეგად. ამასთან, კიდევ უფრო ნათელი რომ გავხადოთ მკითხველისათვის საკითხის არსი, მივმართოთ სსკ-ის 1320-ე მუხლის დებულებებს. აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების, ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილ სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი 6 თვიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში უნდა დაწყებულიყო სამკვიდროს გახსნის, ანუ, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან. აღნიშნული კი გულისხმობს, სსკ-ის 1421-ე მუხლის შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ანდერძისმიერ მემკვიდრეს სამკვიდროს მიღებაზე განცხადებით უნდა მიემართა შესაბამისი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსათვის, რაც ვერ განხორციელდა. თუმცა, სსკ-ის 1421-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის გარდა, სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინაც, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, ან მართვას, რაც უდაოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო და რაც შეიძლება ასევე დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. მემკვიდრის მიერ ქონების ფაქტობრივ ფლობაში იგულისხმება მაგალითად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, ვინაიდან, მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგა ქონების ფლობას. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრემ მიუხედავად დაგვიანებისა, მაინც უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს სამკვიდროს მიღებაზე განცხადებით. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი განაცხადებს უარს (იმ მოტივით, რომ განმცხადებელს არ გააჩნია შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტს. ასეთი კი შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათის კომუნალური გადასახდელები, მეზობლების წერილობითი ახსნა-განმარტებები და სხვა), რის შესახებაც ნოტარიუსს გამოაქვს შესაბამისი დადგენილება უარის თქმის შესახებ, დაინტერესებულ მკითხველს ისღა დარჩენია, რომ მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან, სსკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. მითუმეტეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იძლევა ამის სრულ საფუძველს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თ) ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ სასამართლო განიხილავს საქმეებს მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ. ასეთი ტიპის საქმეებს სასამართლო განიხილავს უდავო წარმოების წესით, რაც სამართალწარმოების გამარტივებული ვარიანტია. ამის შემდგომ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება მემკვიდრის სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც თავის მხრივ, შესძენს იურიდიულ ძალას და გზას გაუხსნის ქონების გასხვისების შესახებ გარიგების შესრულებას და გაყიდული ქონების მყიდველზე გადაფორმებას. ამ ეტაპზე კი, როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია, მყიდველსა და გამყიდველს შორის დაიდოს წერილობითი გარიგება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდეს საჯარო რეესტრში.
კითხვა:
- ვარ დედისერთა. მყავს მოხუცებული მშობლები, რომლებიც სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. მე რეგისტრირებული ვარ, ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში, მაგრამ, ხშირად ჩავდივარ და ვამუშავებ ჩვენი ოჯახის კუთვნილ ნაკვეთებს. საპენსიო ასაკის შემდეგ საერთოდ ვაპირებ სოფელში წასვლას და ფერმერული მეურნეობის შექმნას.
გთხოვთ განმიმარტოთ, ჩემი მშობლების ქონება მათი გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად გადმოდის თუ არა ჩემს სახელზე თუ საჭიროა შეიქმნას ანდერძი, ან ჩუქებით გადაფორმდეს ჩემზე?
კომენტარი:
- ერთის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური შეკითხვებით ხშირად მოგვმართავენ ჟურნალის მკითხველები. აქედან გამომდინარე, გამოცდილების გაზიარება მათთვისაც სასარგებლო იქნება. მეორეს მხრივ, კი დასმული საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება წინა შეკითხვას. უპირველესად, უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ) იცნობს ქონების გადაცემას როგორც ანდერძისმიერ, ისე კანონიერ მემკვიდრეებზე. კერძოდ, სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე - იქნება იგი კანონით, თუ ანდერძით მემკვიდრე. ორივე შემთხვევაში მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან, ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას (ან მართვას), რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო (სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სამკვიდროს ფაქტობრივ მართვაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც მემკვიდრის მოქმედებებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს იგი ნამდვილად ფლობს, იხდის ქონების თუ სხვა კომუნალური ხასიათის გადასახდელებს (წყლის, შუქის და ა.შ.). აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილია სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა, რომელიც აითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული პროცედურები უფრო დეტალურად იქნა განხილული წინა შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროსაც. ამდენად, ამ მუხლების დეტალურ განხილვას აღარ შევუდგებით. ამასთან, დავძენთ, რომ საქართველოს კანონით მემკვიდრეობა ანუ ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს მაშინ, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი (სსკ-ის 1306-ე მუხლი). შვილები კი სსკ-ის 1336-ე მუხლის მიხედვით, ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს მემკვიდრეზე ქონების გადაცემას. ასეთ სიტუაციაში მთავარია ზემოთ აღნიშნული სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის 6 თვიანი ვადის გათვალისწინება.
თუმცა, არსებობს მშობლებიდან შვილებზე ქონების გადაცემის მეორე გზაც, უშუალოდ მშობლების სიცოცხლეში. კერძოდ, ასეთ შესაძლებლობას წარმოადგენს მშობლების მიერ ქონების ჩუქების გზით გადაცემა შვილებზე. მითუმეტეს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის (გადასახადისგან განთავისუფლება) პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლები საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით, ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სსკ-ს 525-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია თვითონ მკითხველს მივანდოთ არჩევანი, თუ რა გზას ამოირჩევს იგი ქონების მისაღებად.
![]() |
19 რა უნდა ვიცოდეთ უძრავ ქონებაზე |
▲ზევით დაბრუნება |

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა „პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის“ მთავარი კონსულტანტი, დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ბ-ნი ანზორ მესხიშვილი.
კითხვა:
- ეკუთვნის თუ არა ცალკე მდგომ პრივატიზირებულ შენობას გარშემო მიწის დამაგრება და ვის მივმართო?
პასუხი:
- ყველა შენობას აქვს განსაზღვრული მიწის ნაკვეთი სანიტარული და არქიტექტურული ნორმების შესაბამისად. თქვენ უნდა მიმართოთ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურს.
კითხვა:
- 1990 წლიდან ჩემი საცხოვრებელი ბინის ტერიტორიაზე რაიონული საბჭოს საუწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ფართის გამოუყოფლად ავაშენე სათავსო, რადგან ამ წელს მიწების გაყიდვა არ ხდებოდა. 2005-2006 წლებში მივმართე საჯარო რეესტრს, რომ შენობა მიწის ნაკვეთით დაეკანონებინათ, რაზეც მივიღეთ უარყოფითი პასუხი. კანონიერად გვითხრეს თუ არა უარი?
პასუხი:
- თუ თქვენ მიწის გამოყოფისა და სათანადოდ დამტკიცებული პროექტის გარეშე აწარმოეთ მშენებლობა, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედება კანონიერია.
კითხვა:
- მიწის რეფორმის პერიოდში (1994 წელს), როგორც საქართველოში მცხოვრებ მოსამსახურეს, მშობლიურ სოფელში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მამისეული მიწის ფართობიდან სოფლის საკრებულომ გამომიყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოვღობე და გავაშენე. საკუთრების მოწმობა დღემდე არ მიმიღია. გთხოვთ განმიმარტოთ, როგორია საკუთრებაში დაკანონების წესი?
პასუხი:
- თუ თქვენ 1994 წელს კანონიერად გამოგეყოთ მიწის ნაკვეთი, უნდა მიმართოთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და წარადგინოთ დოკუმენტაცია.
კითხვა:
- ვარ მარტოხელა პენსიონერი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წინა წლებში გათავისუფლებული ვიყავი მიწის გადასახადისაგან. გთხოვთ განმიმარტოთ, ვინ იყო გათავისუფლებული მიწის გადასახადისგან და რა დროს?
პასუხი:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი შემოღებული იქნა 1995 წლიდან.
გადასახადისაგან 1995 წლიდან 1996 წლის ჩათვლით გათავისუფლებული იყვნენ:
1. პენსიონერები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, რომელთაც ოჯახში არ ჰყავდათ შრომის უნარიანი მეურვეები;
2. 1996 წლის მარტიდან წლის ბოლომდე - პენსიონერები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი და მათთან გათანაბრებული პირები, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, რომლებსაც არ ჰყავდათ შრომისუნარიანი მეურვეები;
3. 1997 წლიდან 1998 წლის ჩათვლით - ის საკომლო მეურნეობები, რომლებშიც ცხოვრობდნენ მხოლოდ პენსიონერები ან ინვალიდები;
4. 1997 წლის ივლისიდან 1999 წლის სექტემბრის ჩათვლით განთავისუფლებული იყვნენ მეორე მსოფლო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები; 1999 წლიდან - მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები;
5. 2004 წლის პირველი მარტიდან - ფიზიკური პირები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 5 ჰექტრამდე ფართობის პრივატიზირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
6. 2007 წლის პირველი იანვრიდან - მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 30 კვ.მეტრს;
7. „მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონების და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემების და დაბების მცხოვრებნი-აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე;
8. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწის გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით. რეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებიდან), თუ ამ პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
9. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები - მიღებიდან 5 წლის განმავლობაში. ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახელებული მოქალაქეთა ოჯახები-დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში.
კითხვა:
- როგორ მიწად ითვლება - ხევი თუ ბუჩქნარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა?
პასუხი:
- ხევი და ბუჩქნარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულად არ ითვლება. ამ კატეგორიას მიეკუთვნება სახნავი, სათიბი, საძოვარი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთი (ტყე და ბუჩქნარი არ იგულისხმება).
კითხვა:
- ვცხოვრობ სოფელში, 1998 წლის აპრილში ჩემი მეზობელი ოჯახით წავიდა რუსეთში და მიწის რეფორმის პერიოდში მიღებული 0,5 ჰა ფართობი ჩვენი ურთიერთ შეთანხმებით, ხელშეკრულებით დამიტოვა მოსავლელად 2002 წლის შემოდგომამდე. მიწის მეპატრონე დღემდე არ ჩამოსულა. გთხოვთ, განმიმარტოთ, მისი ჩამოუსვლელობის შემთხვევაში როგორ გადაწყდება ხელშეკრულებით აღებული მიწის საკითხი?
პასუხი:
- ხელშეკრულების პირობების გაუცნობლად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
კითხვა:
- ფილიალ „ტექნიკურ მომარაგებას” გააჩნია 12 800 კვ.მ მიწის ფართობი თავისი მოედნებითა და გზებით, სახელმწიფოს 100 პროცენტი წილობრივი მონაწილეობით. წარმოება არის სპეციფიკური და არ ქმნის არავითარ პროდუქციას. არის თუ არა წარმოება ვალდებული სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიწის გადასახადი იხადოს?
პასუხი:
- თუ წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ შემთხვევაში, მიწის გადასახადს არ გადაიხდით. თუ წარმოება სამეურნეო ანგარიშზეა, ის დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. მიწაზე ქონების გადასახადი საწარმომ უნდა გადაიხადოს.
კითხვა:
- 2004 წელს გარდაცვლილი დედა ჩაწერილი იყო თბილისში, ამავე დროს საკუთრებაში ფლობდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და სახლს მცხეთაში. ვაპირებ დედის ქონების ჩემ სახელზე გადმოფორმებას. რა ოდენობის გადასახადი დამეკისრება ქონებაზე იმ შემთხვევაში, თუ დედას ასეთი გადასახადი არასდროს გადაუხდია?
პასუხი:
- თუ თქვენ დედის ერთადერთი მემკვიდრე ხართ, თავდაპირველად უნდა გაიფორმოთ სამკვიდრო მოწმობა. თუ მიწის ნაკვეთი დედის სახელზე უკვე რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციო სამსახურში, სამკვიდრო მოწმობით თქვენს სახელზე გაიფორმებთ მიწის ნაკვეთს. თუ თქვენ მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი ნამდვილად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა დედათქვენს მიღებული ჰქონდა მიწის რეფორმის პერიოდში და არ აღემატება 5 ჰა, 2004 წლიდან ასეთ ნაკვეთზე მიწის გადასახადი გაუქმებულია. თქვენ მოგიწევთ მხოლოდ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის დაწესებული საფასურის და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის (ელექტრონული ვერსია) ღირებულების გადახდა.
კითხვა:
- დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის სოფელში ვფლობ მშობლებისგან დატოვებულ 1 ჰა სახსნავ მიწას სახლთან ერთად. მემკვიდრეობა გაფორმებულია ჩემს სახელზე და საბუთები ჩაბარებულია საკრებულოში. მაინტერესებს, სოფლის საკრებულოს შეუძლია თუ არა ჩამწეროს კომლთა სიაში ისე, რომ არ ამოვეწერო თბილისიდან?
პასუხი:
- ჩაწერის ინსტიტუტი დიდი ხანია გაუქმებულია. ფიზიკური პირის რეგისტრაცია ხდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ყველა ფიზიკური პირი ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში, თუ 3 თვეზე მეტი ვადით შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. თუ თქვენს მშობლებს კანონიერად ჰქონდათ მიღებული მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციო სამსახურში და თქვენ გაფორმებული გაქვთ მემკვიდრეობა, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს ცალკე კომლად აღირიცხოთ იმ სოფელში, სადაც მიწის ნაკვეთი მდებრეობს.
კითხვა:
- ვცხოვრობ სოფელში, მიწის რეფორმის პერიოდში მომაკუთვნეს ერთი ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი, მაგრამ დღემდე არ გამიკეთებია პასპორტი. ხომ არ არის დაგვიანებული და რამდენი დამიჯდება პასპორტის აღება?
პასუხი:
- გირჩევთ მიმართოთ იმ სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს და წარუდგინოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, აქტის საფუძველზეც შესაძლებელია ნაკვეთის რეგისტრაცია თქვენს სახელზე. რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. თუ თქვენ ეს აქტი ხელთ არ გაქვთ უნდა იხელმძღვანელოთ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულების შესაბამისად.
კითხვა:
- ოჯახს გვქონდა 1 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. კოლექტივიზაციის დროს ჩამოგვაჭრეს 2500 კვ.მ და დარგეს ჩაი. ფაქტობრივად, ამ მიწის ნაკვეთით არ სარგებლობდნენ და გატყიურებული იყო. ბოლო 40 წლის განმავლობაში კი საერთოდ უპატრონოდ იყო მიტოვებული. მაქვს თუ არა უფლება დავიბრუნო ჩემი მიწის ნაკვეთი, ვის მივმართო და რა არის საჭირო?
პასუხი:
- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 1992-1998 წლებში უნდა მიგემართათ იმ დროს მომქმედი მიწის რეფორმის კომისიისათვის, რომელიც უფლებამოსილი იყო, განეხილა თქვენი განცხადება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თქვენ სასარგებლოდ გადაეწყვიტა. რაკი ეს მაშინ არ გაგიკეთებიათ, ამჟამად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფასოდ გაცემა დამთავრებულია. თუკი თქვენ დღეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობთ ან სარგებლობთ და ეს მიწის ნაკვეთი არ არის გაცემული სხვაზე, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი რაიონის საკრებულოსთან შექმნილ კომისიას, რომელიც ვალდებულია, განიხილოს საკითხი საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის № 525 ბრძანებულების შესაბამისად.
კითხვა:
- ჩამოთვლილთაგან მიწის რომელი ნაკვეთი გაიცემა იჯარით: სახნავი, სათიბი, თუ პირუტყვის საძოვარი? ვცხოვრობ სოფელში, ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ტერიტორიაზე მაქვს პირუტყვის საძოვარი, რომელიც შესაბამისმა კომისიამ იჯარით სხვას მისცა. სად გავასაჩივრო?
პასუხი:
- მიწების განკარგვისა და მათი იჯარით გაცემის საკითხებს იხილავდა რაიონში შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიები. თუ მიიჩნევთ, რომ უკანონოდ მოგექცნენ, შეგიძლიათ სარჩელით მიმართოთ სასამართლოს. ამჟამად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა ხდება სპეციალური და ღია აუქციონით, მასში მონაწილეობა შეგიძლიათ.
კითხვა:
- ვცხოვრობ ხელვაჩაურის რაიონში.მყავს 5 შვილი, მათ შორის 4 ვაჟი. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი თავდაპირველად მქონდა 2000 კვ.მ. დღეისათვის მაქვს 1 300კვ.მ. ზღვრული ნორმა თითოეულ მოსახლეზე დადგენილია 0,25 ჰა. კანონით მეკუთვნის თუ არა მიწის ნაკვეთის შევსება და ვის მივმართო?
პასუხი:
- თქვენ მიწის რეფორმის პერიოდში (1992-1998 წლებში) უნდა მიგემართათ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისათვის. ამჟამად თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კანონი არ ითვალისწინებს.
კითხვა:
- ჩემი უფროსი შვილი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არის ცალკე კომლი. იმ დროს ყოფილი კოლმეურნეობის ხელმძღვანელობამ მას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოუყო, ამიტომ იძულებული გავხდი და ჩემი საკარმიდამო ნაკვეთიდან მივეცი 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი,სადაც აიშენა საცხოვრებელი სახლი და დღესაც ცხოვრობს. აქვს თუ არა მას უფლება, რომ საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმის შევსება მოითხოვოს?
პასუხი:
- მიწის რეფორმის პერიოდში ცალკე კომლად ირიცხებოდა და ცალკე მიწის ნაკვეთი გამოეყოფოდა ოჯახს, რომელსაც 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერთზე მეტი სრულწლოვანი შვილი ჰყავდა. თუ მიწის რეფორმის პერიოდში ეს არ გაკეთებულა, ამჟამად დამატებით მიწის უფასო გამოყოფა შეუძლებელია.
კითხვა:
- ვცხოვრობ ქ.ხობში, სურვილი მაქვს შევიძინო მიწის ნაკვეთი. ჩვენი რაიონი ერთ-ერთ სოფელში ჩემთვის სასურველ ადგილზე არის ე.წ. ნამოსახლარი მიწის ნაკვეთი. ვიცი, რომ მიწის ნაკვეთების შეძენა ხდება კონკურსის ან აუქციონის წესით. ადგილზე მეუბნებიან, რომ მიწის გაყიდვა დროებით შეჩერებულიაო. გთხოვთ, განმიმარტოთ, ძალაშია თუ არა კანონი მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით და თუ ძალაშია, რა ღირს 1 ჰა მიწის ნაკვეთი ჩვენს რეგიონში და ვის მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით?
პასუხი:
- მიწის გაყიდვა შეჩერებული არ არის. თუ რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას და მიზანშეწონილად ჩათვლის ამათუიმ მიწის ნაკვეთის გაყიდვას, გამოცხადდება აუქციონი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაყიდვა ხდება სპეციალურ აუქციონზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ამ სოფლის მცხოვრებლებს. თუ სპეციალურ აუქციონზე არ გაიყიდა მიწა, გამოცხადდება ღია აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. რაც შეეხება მიწის საწყის ფასს, ის შეადგენს რაიონში დაწესებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ორმაგ ოდენობას.
კითხვა:
- 1941 წლიდან ჩვენი ოჯახი ეკუთვნოდა მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიას. 1962 წელს მოხდა მიწების გადამოწმება. ჩვენი ეზო 1500 კვ.მ-ის მაგივრად გამოვიდა 1900 კვ.მ. იმის გამო, რომ მიწა არ ჩამოერთმიათ, დავიწყე მუშაობა კოლმეურნეობაში, ამის შემდეგ, დაიშვა 300 კვ.მ-ით მიწის მეტობა. 1990-1991 წლებში გამოვიმუშავე შრომის მინიმუმი და გავხდი კოლმეურნეობის წევრი. მომეცა 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობის უფლება. გთხოვთ, განმიმარტოთ, 1995 წელს ითველება თუ არა ჩემი 1900 კვ.მ. მიწა კანონიერად?
პასუხი:
- მიწის რეფორმის პერიოდში მიწის განაწილება ხდებოდა მიწის მიმღებთა კატეგორიების შესაბამისად. მიწის მიმღები ოჯახები იყოფოდნენ სამ კატეგორიად. I კატეგორიას განეკუთვნებოდნენ ოჯახები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში და მუშაობდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში. II კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ოჯახები რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში და არ მუშაობდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში. III კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ქალაქის მცხოვრებნი, განურჩევლად იმისა, თუ სად მუშაობდნენ ისინი. ყოველ კატეგორიაზე ნორმას აწესებდა სოფლის წარმომადგენლობითი კრება ან ყრილობა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი კომლი ცხოვრობდა და რამდენი სავარგული გააჩნდა სოფელს. ნორმებს ამტკიცებდა რაიონის გამგეობა. აღსანიშნავია, რომ 1996 წლის მარტიდან სოფლად მცხოვრები ექიმები, პედაგოგები და კულტურის მუშაკები გაუთანაბრეს მიწის მიმღებთა I კატეგორიას და მათი დაკმაყოფილება ხდებოდა შესაძლებლობების ფარგლებში, მიწის მიმღებთა I კატეგორიის ნორმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, თუ არ გვეცოდინება, რომ სოფელში ცხოვრობდით და რა ნორმები გქონდათ დაწესებული, თქვენს შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
კითხვა:
- გამაჩნია რაიონის გამგეობის განკარგულება 2001 წლის სექტემბრის თვეში გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 10 წლის ვადით იჯარით გამოყოფის თაობაზე. თავის დროზე ვერ მოვახერხე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. ამჟამად საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით გათვალისწინებული ნაგებობის დადგმის უფლების მოპოვებას ვერ ვაღწევ. გთხოვთ, მიმითითოთ, ვინ უნდა გამიფორმოს ხელშეკრულება?
პასუხი:
- უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას ან ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს. უნდა დააზუსტოთ აუქციონის პირობები, რა პირობებით გაიმარჯვეთ თქვენ აუქციონში, რა ვალდებულებები უნდა შეგესრულებინათ და რა არ შეასრულეთ. მის მიხედვით შეიძლება გადაწყვეტილების მიღება.
კითხვა:
- დავა მაქვს ჩემს ეზოში ჩამოსახლებულ მეზობელთან მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებით. ვეძებ ზონარგაყრილ წიგნს. სად იქნება ეს წიგნი ან მისი მეორე პირი? ვერსად ვიპოვე...
პასუხი:
- ზონარგაყრილი წიგნი უნდა იყოს რაიონის წარმომადგენლობით ორგანოში (საკრებულოში) ან არქივში.
კითხვა:
- ვისი საკუთრება იქნება სასარგებლო წიაღისეულის საბადო, რომელიც კერძო პირის მიწის ნაკვეთზე აღმოჩნდა?
პასუხი:
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამასთან, ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის არსებობის ან აღმოჩენის შემთხვევაში, მესაკუთრე სარგებლობს ლიცენზიის მიღების უპირატესი უფლებით.
კითხვა:
- ვცხოვრობდი სოფელში, ვიყავი კოლმეურნეობის წევრი. მიწის განაწილების დროს არ ვიყავი სოფელში და ამის შესახებ არც გამაგებინეს, როგორ აღვიდგინო კანონით მინიჭებული უფლება და ავიღო საკუთრებაში მიწა უფასოდ, რომელიც მეკუთვნოდა?
პასუხი:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასოდ გაცემა ხდებოდა 1992-1998 წლებში. თუ თქვენ ამ პერიოდში ეს არ გაგიკეთებიათ, სამწუხაროდ, ამჟამად ძალიან მცირე შანსი გაქვთ, უფასოდ მიიღოთ მიწის ნაკვეთი. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ უკანონოდ მომექცნენ, უნდა მიმართოთ სასამართლოს.
კითხვა:
- ოქტომბრის რევოლუციამდე პაპაჩემი ფლობდა 10 ჰა მიწას. შემიძლია თუ არა ახლა დავიბრუნო მიწის ნაკვეთის ნაწილი მაინც და ვის მივმართო?
პასუხი:
- ოქტომბრის რევოლუციის პირველსავე წელს ლენინმა მიიღო მიწის დეკრეტი - გამოცხადდა მიწის ნაციონალიზაცია. აქედან გამომდინარე, 1921 წლამდე საკუთრებაში არსებული მიწები გახდა სახელმწიფო საკუთრება. მიწა კომლებს (ოჯახებს) ეძლეოდათ სარგებლობაში და არა კერძო საკუთრებაში. ამიტომ თქვენი მამაპაპისეული მიწის დაკანონება ამჟამად შეუძლებელია.
კითხვა:
- გლდანის რაიონში 2001 წლიდან სარგებლობის უფლებით მაქვს მიწის ნაკვეთი, რისთვისაც ვიხდი ყველა საჭირო გადასახადს. მინდა, რომ მიწა კერძო საკუთრებაში დავიკანონო. სასამართლომ ნება დამრთო, მიწის ნაკვეთის სანივთო უფლებით აღირიცხოს ჩემს სახელზე, რაც არ აკმაყოფილებს საჯარო რეესტრს. გთხოვთ განმიმარტოთ, რა უფლებები მაქვს და ვის მივმართო?
პასუხი:
- სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის უფლება არავის არა აქვს, თუმცა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში მითითებული სანივთო უფლება დაზუსტებას მოითხოვს, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის გარეშე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
კითხვა:
- ვცხოვრობ თბილისში, მაღალმთიან რაიონში მაქვს მამაპაპისეული სახლი და მიწის ნაკვეთი. გთხოვთ, გამარკვიოთ, რამდენი კვ.მ მიწის ნაკვეთი მეკუთვნის და როგორ გავიფორმო?
პასუხი:
- თუ თქვენ მიწის რეფორმის პერიოდში განეკუთვნებოდით მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას და თქვენს მიერ მინიშნებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში, შეგეძლოთ მიგეღოთ 5 ჰა-ს ოდენობით. გასათვალისწინებელია ის, რომ მიწის რეფორმის კომისიას შეეძლო დაედგინა სხვა ნორმა, მაგრამ არაუმეტეს 5 ჰა-სა. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგეძლოთ მიგეღოთ იმდენი ჰექტარი, რამდენსაც დაადგენდა მიწის რეფორმის კომისია და დაამტკიცებდნენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები. თუ თქვენ მიწის მიმღებთა მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდით, შეგეძლოთ მიგეღოთ მიწის ნაკვეთის 0,75 ჰა-მდე, ხოლო მესამე კატეგორიას თუ მიეკუთვნებოდით, 0,25 ჰა-მდე, ხოლო თბილისის საგარეუბნო ზონაში - 0,15 ჰა-მდე.
კითხვა:
- ვცხოვრობ რაიონში, მინდა გავყიდო საკუთარი სახლი საკარმიდამო ნაკვეთით, რომელიც 30 წელია, ჩემს საკუთრებაშია. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა თანხა უნდა გადავიხადო საგადასახადოში?
პასუხი:
- რაკი თქვენი სახლის და მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციიდან გასულია 2 წელი, თქვენ გადასახადით არ დაიბეგრებით.
კითხვა:
- ვცხოვრობდი სოფლად მამასთან ერთად. მიწის რეფორმის პერიოდში ჩვენს ოჯახს მისცეს მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი. რამდენად სწორია მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილება და თუ არ არის სწორი, შემიძლია თუ არა ახლა მოვითხოვო მიწის ნაკვეთი?
პასუხი:
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მამის ერთადერთი შვილი იყავით, მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილება სწორია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების II მუხლში აღნიშნულია, რომ ერთშვილიანი კომლის შემთხვევაში შვილს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ გამოეყოფა.
კითხვა:
- გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე ჩემს მშობლებს 1950-1970 წლებში კანონიერად ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და 1700 კვ.მ. მიწის ფართობი. ტერიტორია შეუერთდა ქ. თბილისს და ქ.თბილისის ტექ. ბიუროში აღირიცხა მშობლების საკუთრებად. ამჟამად, თბილისის საჯარო რეესტრის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის 600 კვ.მ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს გვითვლიან უკანონოდ. რამდენად სწორია მათი მოქმედება?
პასუხი:
- ქ. თბილისის ადმინისტარციული საზღვრების გაზრდა მოხდა ძირითადად გარდაბნისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიების ხარჯზე. მთელი რიგი სოფლები შეუერთდა თბილისს. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებიც მოხვდნენ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შეუნარჩუნდათ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ მათი კერძო საკუთრება გახდა (1996-1997 წლებში). აქედან გამომდინარე, თუ არ არსებობს საქართველოს მთავრობის ან ქალაქ თბილისის იმ დროინდელი აღმასკომის, შემდგომ მერიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ, სხვა არავის ჰქონდა უფლება, რომ კომლზე საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი შეემცირებინა. ამიტომ, თუ თქვენი ოჯახი თავის დროზე სარგებლობდა და აღირიცხებოდა მის სახელზე მიწის ნაკვეთი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადმოსვლის შედეგად მას ნაკვეთს არ შეუმცირებდნენ.
კითხვა:
- 1991 წლიდან ვარ „ამხანაგობა-მებაღეობის“ ორგანიზაციის წევრი. სისტემატურად ვიხდით საგასასახადო კოდექსის შესაბამისად 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადასახადს. ამჟამად მინდა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რა საბუთები და რა თანხაა საჭირო?
პასუხი:
- თუ თქვენ იყავით კოლექტიური მებაღეობის წევრი და კანონიერად ფლობდით 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ხელთ უნდა გქონდეთ კოლექტიური მებაღეობის წიგნაკი და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. რეგისტრაციისათვის უნდა მიბრძანდეთ შესაბამისი რაიონის სარეგისტრაციო სამსახურში და წარადგინოთ აღნიშნული საბუთები, რასაც თან უნდა ახლდეს აზომვითი ნახაზი. ამასთან ერთად იქონიეთ პირადობის მოწმობის ასლი. სარეგისტრაციო მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს.
კითხვა:
- 1998 წლის ივნისში საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ განცხადებულ კომერციულ კონკურსში, იჯარაგამოსყიდვის წესით შევიძინე აგარაკი წყნეთში, რომლის სარგებლობაში იყო 460 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აგარაკის გამოსყიდვა დავამთავრე 2000 წელს. ამჟამად სურვილი მაქვს, რომ გამოვისყიდო მიწის ნაკვეთი. ვრცელდება თუ არა ჩემზე საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გამოცხადების შესახებ”?
პასუხი:
- თუ კონკურსი ჩატარდა 1998 წლის 12 ნოემბრამდე, თქვენ გაიმარჯვეთ კონკურსში, გაფორმებული გქონდათ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება და აგარაკის გამოსყიდვა დაამთავრეთ 2000 წელს, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა უნდა მომხდარიყო დაბა წყნეთში დადგენილი მიწის გადასახადის ორმაგი რაოდენობით. თუ თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ 2007 წლის 15 სექტემბრამდე, ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან კანონი „ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გამოცხადების შესახებ“ ძალადაკარგულად არის გამოცხადებული. უნდა იხელმძღვანელოთ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებით.
კითხვა:
- 1993 წლიდან ვფლობ მცირე მიწის ნაკვეთს (500კვ.მ). ნაკვეთი არ ირიცხება არცერთი ორგანიზაციის სახელზე. გავაშენე ხეხილის ბაღი, შემიძლია თუ არა ის კერძო საკუთრებაში დავიკანონო?
პასუხი:
- როგორც შეკითხვიდან ჩანს, მიწას ფლობთ უკანონოდ. აქედან გამომდინარე, მიწის დაკანონებისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის ორგანოს, კერძოდ, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას.
კითხვა:
- მაქვს 15 კვ.მ დამხმარე სათავსო, რომელსაც 30 წელია ვფლობ. ის კანონიერად არის აშენებული, ოღონდ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნებართვის გარეშე. მის ირგვლივ შემოვღობე 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც გავაშენე ხეხილი და წლების განმავლობაში ვიხდიდი მიწის გადასახადს. ქალაქის არქიტექტორმა და გამგეობამ მიმართა რეესტრს, რათა დაეკანონებინა დამხმარე სათავსო და მის ირგვლივ მიწის ნაკვეთი, რაზეც უარი მიიღო. მინდა მივმართო სასამართლოს. გთხოვთ მიპასუხოთ, ბოლო თვეებში ხომ არ შეცვლილა კანონი მიწის შესახებ და შეძლებს თუ არა სასამართლო დახმარებას?
პასუხი:
- სასამართლო დახმარების საკითხს არ იხილავს. სასამართლოს შეუძლია განიხილოს საკითხი და თუ კანონმდებლობა დარღვეულია რომელიმე ორგანიზაციის მიერ, მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ თქვენ მიწის ნაკვეთი დაიკავეთ სათანადო ნებართვის გარეშე და ააშენეთ რაიმე შენობა, უკანონოდ დაკავებულ ფართობზე ვერ მიიღებთ მშენებლობის ნებართვას. ამიტომ გაურკვეველია, რის საფუძველზე მოგცეს თანხმობა არქიტექტურისა და გამგეობის სამსახურებმა. საჭიროა დოკუმენტების საფუძვლიანად გაცნობა. შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას.
კითხვა:
- მრავალბინიანი სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთი მცხოვრებთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს, საჭიროა თუ არა მიწის გადასახადი?
პასუხი:
- მრავალბინიანი სახლის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისში დაწესებულია მიწის გადასახადი - საშუალოდ 1 კვ.მ-ზე 0,24 ლარი. მინიმალური გადასახადი 0,12 ლარია, მაქსიმალური - 0,36 ლარი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზონაში მდებარეობს სახლი. მრავალბინიან სახლში მაცხოვრებელი ოჯახის მიწის გადასახადი დამოკიდებულია მის მიერ დაკავებულ ბინის, შენობის საერთო ფართობზე და ამ შენობის მიერ დაკავებულ მიწის ფართობზე. ამ პირობების გათვალისწინებით, თუ ოჯახზე მოდის 30 კვ.მ. მიწის ფართობი, ასეთი ოჯახი გათავისუფლებულია მიწის გადასახადისგან, განთავისუფლებული არიან ის ოჯახებიც, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს.
![]() |
20 ამერიკული ეკონომიკის პოლიტიკური ექსპანსია |
▲ზევით დაბრუნება |

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა მრავალი კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ იპოთეკურ კრიზისთან დაკავშირებული მოვლენები კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რატომ არ უნდა წარმართავდეს პოლიტიკა ეკონომიკურ პოლიტიკას. ეკონომიკაზე პოლიტიკური ძალადობის პროცესები არც დღეს და, მითუმეტეს, არც ამერიკიდან არ დაწყებულა. იგი სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის რომსა და საბერძნეთში იღებს, მაგრამ ის შედეგები, რაც შეიძლება პოლიტიკის უაპელაციო ჩარევამ მოუტანოს ეკონომიკას, დღეს განუზომლად დიდი და საგანგაშოა.
ამ წერილში ერთ მაგალითზე მინდა შევაჩერო ყურადღება ამერიკული სინამდვილის არც თუ ისე შორეული წარსულიდან, რომელიც, ჩემის აზრით, თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც პოლიტიკა ტოტალურად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას.
ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, რომ სასესხო კაპიტალის ბაზარზე დანაზოგები მიწოდების წყაროა და, ამდენად, სარგებლის განაკვეთის ზრდა სტიმულს აძლევს დაზოგვის მსურველებს უფრო მეტი დაზოგონ. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთი საფინანსო საქმიანობის წარმართვის ტრადიციების მქონე ქვეყნებზე, სადაც ფინანსური ინსტიტუტების არსებობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება არსებობს.
ასეთი ტრადიციების არსებობის მიუხედავად, აშშ იმდენადვე უცნაურ გამონაკლისს წარმოადგენს, რამდენადაც იშვიათს.
მართლაც, ამერიკელები უფრო ნაკლებს ზოგავენ, ვიდრე, ვთქვათ ევროპელები, ან თუნდაც იაპონელები. მიზეზი იმისა, თუ რატომ ზოგავენ იგივე გერმანელები, ან იაპონელები უფრო მეტს, ვიდრე ამერიკელები, დღევანდელ ამერიკელ ეკონომისტთა მიერ ცალსახად დადგენილი არ გახლავთ(?), მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ეს განსხვავება შემოსავლების დაბეგვრის არაერთგვაროვან მიდგომაში უნდა ვეძებოთ. კერძოდ, როგორც გამოთვლებმა აჩვენეს, თუ ვთქვათ, 30 წლიანი ობლიგაციის ყიდვისას 9 პროცენტიანი წლიური სარგებლის განაკვეთით, განაღდების ვადის დადგომისას 1000 დოლარი ნომინალის ღირებულების მქონე ობლიგაცია თითქმის 14 ათასი დოლარის ტოლ შემოსავალს უნდა იძლეოდეს. სინამდვილეში, იმის გამო, რომ ამერიკის საგადასახადო სისტემა ამ 9 პროცენტიან განაკვეთს 33 პროცენტიანი გადასახადით ბეგრავს, სარგებლის განაკვეთი 6 პროცენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „ჯადოსნური 70-ის წესს“ გამოვიყენებთ, ეს 3 პროცენტიანი სხვაობა 23 წელიწადში მთელი მატების ნახევარზე მეტს „შეყლაპავს“ და ამიტომ 30 წლის ბოლოს 1000 დოლარიანი ობლიგაციისგან მიღებული შემოსავალი 6000-ს დოლარზე ნაკლები იქნება. ეს კი იმდენად მცირე მატებაა განუზომლად დიდ 30 წლიანი დროის პერიოდთან შედარებით, რომ დაზოგვის მსურველს ყოველგვარი ხალისი ეკარგება 30 წლის შემდეგ ასეთი მიზერული სიამოვნებისათვის ფული დაზოგოს.
ამის შედეგად, სასესხო კაპიტალის მიწოდება სასურველზე ნაკლები გამოდის, რაც ზემოთ წევს სარგებლის განაკვეთის სიდიდეს და ინვესტიციებს მეტად ხარჯიანს ხდის. აღნიშნულ გარემოებას სინამდვილეშიც რომ ჰქონდეს ადგილი, მაშინ ინვესტიციების მოცულობა იმდენად შემცირდებოდა, რომ გავლენას მოახდენდა ამერიკის ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. თუმცა, სინამდვილეში, ყოველ შემთხვევაში ამერიკის უახლესი ისტორიის მანძილზე, ასეთი რამ არ მომხდარა, - ამერიკის შეერთებული შტატები ინვესტიციების ნაკლებობას არ უჩიოდა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ? პასუხი არც თუ ისე რთული გასაცემია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ, რადგანაც ეროვნული დანაზოგები სამამულო ინვესტიციებისა და წმინდა უცხოური ინვესტიციების ჯამია, სამამულო ინვესტიციების შემცირება თავისთავად არ ნიშნავს საზოგადოდ დანაზოგების შემცირებას, რადგანაც შესაძლოა სამამულო ინვესტიციების შემცირების კომპენსირება მოხდეს წმინდა უცხოური ინვესტიციების ხარჯზე და სწორედ ამგვარ სიტუაციასთან გვაქვს საქმე ამერიკის საფინანსო სისტემაში.
სურვილი მაქვს ავხსნა, თუ რატომ ხდება ასე ამერიკის საფინანსო სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი ამერიკის სასესხო კაპიტალის ბაზარზე. ამერიკის სამამულო ინვესტიციების შემცირება სტიმულს აძლევს უცხოელ ინვესტორებს ჩადონ ინვესტიციები ამერიკაში, რაც იწვევს წმინდა უცხოური ინვესტიციების ზრდას უარყოფითი ნიშნით. მართლაც, რამდენადაც წმინდა უცხოური ინვესტიციები ნიშნავს ამერიკელების მიერ ნაყიდი უცხოური აქტივების ჯამს გამოკლებული უცხოელების მიერ ნაყიდი ამერიკული აქტივების ჯამი. ამდენად, როდესაც უცხოელები დებენ ინვესტიციებს ამერიკის სასესხო კაპიტალის ბაზარზე, ამერიკის წმინდა უცხოური ინვესტიციები მკვეთრად უარყოფითი ხდება, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. რადგანაც წმინდა ექსპორტი იგივურად ტოლია წმინდა უცხოური ინვესტიციების, ამიტომ კლებულობს წმინდა ექსპორტიც, რადგანაც სავალუტო ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა იზრდება, მისი რეალური სავალუტო კურსიც იზრდება, რაც თავის მხრივ, აძვირებს ამერიკულ საქონელს და მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ამის შედეგად იზრდება იმპორტი და მცირდება ექსპორტი, რასაც შედეგად მოჰყვება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და ყველაფერ ამაზე ამერიკის ხელისუფლება შეგნებულად მიდის. უკვე მერამდენედ, ჩნდება კითხვა: რატომ?
ალბათ იმ „იპოთეკური კრიზისის“ ფონზე, რომელიც დღეს შტატებში ბობოქრობს (და რომელიც უკვე ევროპისა და აზიის ქვეყნებსაც გადასწვდა), სიტუაცია ამერიკაში კიდევ უფრო გამწვავდება. ამ ფონზე ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებული იყო უკვე არაერთხელ შეემცირებინა სარგებლის განაკვეთის სიდიდე, რამაც კიდევ უფრო შეამცირა დაზოგვის მსურველ ამერიკელ მოქალაქეთა სტიმულები და შესაბამისად, დამატებითი წანამძღვრები შეიქმნა, რათა კიდევ უფრო თამამად განხორციელებულიყო უცხოური ინვესტიციები. ვინაიდან უცხოური ინვესტიციების იმედად ყოფნა მოცემულ შემთხვევაში საკმაოდ პრობლემატურია, ამიტომ ამ პროცესს თან ახლავს, გარკვეულწილად ეკონომიკური თეორიის შედეგების საწინააღმდეგოდ, დოლარის საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურება სხვა ვალუტების მიმართ, რაც წინა საარჩევნო კამპანიის ფონზე საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობდა.

ამგვარად, უპასუხოდ რჩება კითხვა, რატომ ატარებენ ამერიკელები ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, როდესაც საკუთარი ქვეყნის დანაზოგების შემცირების განმაპირობებელი საგადასახადო პოლიტიკით ხელს უწყობენ წმინდა უცხოური ინვესტიციების კოლოსალურ შემცირებას, საკუთარი ექსპორტის შემცირებას და იმპორტის გაზრდას?
ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს საკუთარი მოსაზრებები. ჩემის აზრით, ამ შემთხვევაშიც ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკისვე პოლიტიკის ერთი უბრალო რიგითი ლაქიაა, თუმცა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი მიდგომა შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოთა რიგში შესაძლოა ძალიან მალე ის ქვეყანა ვიხილოთ, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ნაპოლეონ ბონაპარტემ ბრძანა, - „ჩინეთი მძინარე ლომს ჰგავს და ვაი მას, ვინც მას გააღვიძებსო“. ჩინეთის გაღვიძების პატივი, თუ უბედურება საბჭოთა კავშირს ხვდა წილად, როდესაც მხარი დაუჭირეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნას. ეს მაშინვე, 1949 წელსვე, ანუ ნახევარი საუკუნის წინ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა, იგრძნეს ამერიკელებმა, და მას, ერთის მხრივ იაპონიის აღმავლობისადმი მხარდაჭერით დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორეს მხრივ, ჩინური კაპიტალის ამერიკაში დაბანდების ხელშეწყობით, რითაც ამერიკელები ცდილობდნენ ჩინეთის ეკონომიკის საკუთარში ინტეგრაციით ხელი შეეშალათ მისი ეკონომიკური აღმასვლისათვის.
როგორც ზემოთ განხილული პროცესების ანალიზიდან დავინახეთ, ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ახსნა, ისევე როგორც ალბათ ყველა ზესახელმწიფოების შემთხვევაში, შეუძლებელია მხოლოდ ეკონომიკური მიზანშეწონილობით აიხსნას და იგი ზომაზე მეტადაა გაჯერებული პოლიტიკური კონიუნქტურით. სწორედ ამიტომ ამერიკული სტანდარტების სხვა ქვეყნებში გადატანისას ეს მომენტი განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ.
![]() |
21 კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალური შეთანხმება
Global Compact

საქართველოს სტრატეგიული
კვლევებისა და განვითარების ცენტრი
Centre for Strategic Research
and Development of Georgia
ბოლო 20-30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების ურთიერთობაში მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: ბიზნეს კომპანიები სულ უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ პროცესებზე. ამის ფონზე შეიცვალა საზოგადოების მიმართ ბიზნესისადმი წაყენებული მოთხოვნებიც.
იმისათვის, რომ კომპანიას წარმატებული ბიზნესი ჰქონდეს საკმარისი აღარაა თავისი პირდაპირი ფუნქციების ეფექტურად შესრულება - კაპიტალის დაგროვება, გადასახადების გადახდა, ხარისხიანი პროდუქცის წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა და ა. შ. საზოგადოება ბიზნესისაგან უფრო მეტს ელის.
თანამედროვე მსოფლიოში სა-ზოგადოებას აინტერესებს არა მხოლოდ კომპანიის ბიზნეს-საქმიანობის საბოლოო შედეგები, არამედ ისიც, თუ როგორ ახორციელებს კომპანია თავის საქმიანობას:
როგორ იხარჯება ბუნებრივი რესურსები;
როგორია დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ;
როგორ ზეგავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობა რეგიონის ეკონომიკაზე და ბუნებრივ გარემოზე;
როგორ ურთიერთქმედებს კომპანია მომხმარებლებთან, აქციონერებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან და ა. შ.
ანუ საზოგადოება ელოდება ბიზნესისაგან უფრო გლობალურ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას, ბიზნესის წარმოებას ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით.
სოციალური პასუხისმგებლობა არსებითად არის ბიზნესის რეაქცია საზოგადოების ახალ მოთხოვნებზე, კომპანიის ახალი მნიშვნელობისა და როლის აღიარება.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, თუმცა ყველა განსაზღვრება არსებითად ერთსა და იმავე პრინციპს ეფუძნება - კომპანიებმა არა მხოლოდ კაპიტალიზაციისა და მოგების მიზნები უნდა დაისახონ, არამედ ნებაყოფლობით აიღონ თავიანთ თავზე უფრო მეტი ფუნქციები და მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, დადებითი ზეგავლენა მოახდინონ თავიანთ სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.
ევროკომისია თავის დოკუმენტებში ამ ცნების საკმაოდ ფართო გააზრებას გვთავაზობს: „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა არის კონცეფცია, რომელიც ასახავს კომპანიების კეთილ ნებას წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაში“.
აშშ კორპორაციების გაერთიანება „ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობისათვის“ (Business for Social Responsibility-BSR) ამგვარად განმარტავს ამ კონცეფციას: „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის წარმოება და კომერციული წარმატების მიღწევა იმ მეთოდებით, რომლებიც ეფუძნება კანონმდებლობის დაცვას, ეთიკურ ნორმებს, ადამიანთა, საზოგადოებისა და გარემოს პატივისცემას“.
სოციალური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი თავისებურებებია მისი ნებაყოფლობითობა, სისტემური ხასიათი, კომპანიის მისიასა და განვითარების სტრატეგიასთან კავშირი. ის გაიაზრება არა როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც მდგრადი პროცესი, რომელიც ეფუძნება და თანაბრად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების სამ ძირითად ასპექტს - ეკონომიკის განვითარებას, სოციალურ განვითარებას და გარემოს დაცვას.
ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის გორდონ ბრაუნის სიტყვით, „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა შორს გასცდა გასული ეპოქის კორპორატიულ ფილანთროპიას, რომელიც ძირითადად მოიაზრებდა საქველმოქმედო საქმიანობაზე თანხის გაღებას ფინანსური წლის ბოლოს. სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიის მუდმივ პასუხისმგებლობას გარემოზე, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე და იმის გაცნობიერებას ეფუძნება, რომ კომპანიის იმიჯი დამოკიდებულია არა მხოლოდ პროდუქციის ფასსა და ხარისხზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ურთიერთქმედებს კომპანია თავის თანამშრომლებთან, საზოგადოებასთან და გარემოსთან“.
სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები განსხვავებულად განსაზღვრავენ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებსა და მასშტაბებს. სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე ფართო გააზრება შემდეგ ძირითად კომპონენტებს მოიცავს:
კომპანიის კორპორატიული ეთიკა;
თანამშრომლებთან ურთიერთობის პოლიტიკა;
სოციალური პოლიტიკა საზოგადოებასთან მიმართებით;
გარემოს დაცვა;
კორპორატიული მართვის პრინციპები და მიდგომები (რაც მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგს).
ადამიანის უფლებათა დაცვა თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობისას.
დღეს მართლაც წარმოუდგენელია ნორმალური ავტორიტეტის კომპანია, რომელიც ამ პროცესებში არ მონაწილეობს. სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელება ნელ-ნელა ხდება ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი და გავრცელებული ფორმა.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

ჩვენთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცნება სიახლეა, თუმცა თანდათა-ნობით ის თავის ადგილს იმკვიდრებს საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ცნობიერებასა და ბიზნეს პრაქტიკაში.
ქართული ბიზნეს კომპანიებისთვის უცხო არ არის საზოგადოების პრობლემებზე ზრუნვა. მათი უმრავლესობა თავის შესაძლებლობებთან შეფარდებით, საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სხვადასხვა საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობებზე. თუმცა, ასეთი ინიციატივები ხშირად უსისტემო ხასიათისაა. ბოლო წლებში შეინიშნება უფრო სისტემურ, სტრატეგიულ მიდგომებზე და გრძელვადიან, მდგრადი შედეგების მქონე საქმიანობაზე გადასვლის ტენდენცია.
კომპანიები აცნობიერებენ, რომ ეს მიდგომა უფრო ეფექტურია და აუცილებელია წარმატების მისაღწევად და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
მეორეს მხრივ საქართველოს საზოგადოებაც უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს ბიზნეს კომპანიებს.
დამოკიდებულებისა და პრაქტიკის ამგვარი შეცვლა ნათლად აისახა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ 2007 წელს ჩატარებულ ორ სოციოლოგიურ გამოკვლევაში.
პირველი კვლევა - თბილისის მსხვილი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელთა გამო-კითხვა („თბილისის მსხვილი ბიზნესი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა დამოკიდებულება და არსებული გამოცდილება“) „ცენტრმა“ განახორციელა სოციოლოგიურ სააგენტო „ეისითი კვლევასთან“ ერთად, ხოლო მეორე - თბილისის მოსახლეობის გამოკითხვა („კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ თბილისის მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა“) განვახორციელეთ ერთობლივად გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ პროექტთან, რომელიც საქართველოში „გლობალური შეთანხმების“ ინიციატივას უძღვება. „ეისითი კვლევასთან“ თანამშრომლობით (ორივე კვლევის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ „ცენტრის“ ვებ-გვერდზე /www.csrdg.ge ასევე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ვებ-გვერდზე www.globalcompact.ge). თბილისის მოსახლეობის 72%25-ის აზრით, ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვან, ან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს განვითარებაში; ფართოდ ხედავს საკუთარ როლსა და ფუნქციებს ბიზნეს სექტორიც. გამოკითხულ მენეჯერთა უმრავლესობა (90%25) სახელმწიფოს შემდეგ სწორედ მსხვილ ბიზნესს მოიაზრებს საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტად.
ბიზნესის როლისა და მნიშვნელობის ასეთი ფართო ხედვის ფონზე მოსახლეობაცა და თავად ბიზნეს სექტორიც კომპანიის ფუნქციად მოიაზრებს არა მხოლოდ უშუალო ბიზნეს საქმიანობის ეფექტურ წარმართვას. მოსახლეობის 93%25 და გამოკითხული კომპანიების 94%25-ის აზრით, მსხვილი ბიზნესი საკუთარი საქმიანობის წინსვლისა და შემოსავლების ზრდაზე ზრუნვის პარალელურად, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს და ნებაყოფლობითი წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში.
აქვე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კვლევების კიდევ ერთ მონაცემს - როგორ ხედავს ბიზნესი და მოსახლეობა სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების მოტივებს.
კომპანიის საქმიანობაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ზეგავლენის საკითხი წლების მანძილზე განიხილება ექსპერტთა დისკუსიებში. უკანასკნელი წლების კვლევები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებების შესრულება, არამედ ის კეთილმყოფელ გავლენას ახდენს კომპანიის უშუალო ბიზნეს საქმიანობაზეც. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, ჭკვიანური და ეფექტური კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა არის ნაბიჯი კომპანიის აღიარებისაკენ არა მარტო საერთაშორისო ბაზარზე, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც. სამყაროში, სადაც ბრენდი და რეპუტაცია კომპანიის ყველაზე ღირებული ქონებაა, სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიას ნდობასა და ერთგულებას მოაპოვებინებს, რაც მისი წარმატებული და მდგრადი მომავლის გარანტია. ის აძლიერებს აქციონერთათვის ბიზნესის მიმზიდველობას, ზრდის კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნილებას, ხელს უწყობს კლიენტების შენარჩუნებას, შრომითი რესურსების მოზიდვასა და პერსონალის მეტ ლოიალობას, აგრეთვე ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც, ერთობლიობაში, უფრო ხელშემწყობი ბიზნეს გარემოს შექმნაში აისახება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევაში შესწავლილი იყო, აგრეთვე თუ როგორ ხედავენ თბილისის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და მოსახლეობა სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების მოტივებს კომპანებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სიახლეა საქართველოს საზოგადოებისათვის, მოსახლეობა ინტუიტიურად სრულიად სწორად და ადექვატურად აფასებს, თუ რატომ უნდა იყოს კომპანია სოციალურად პასუხისმგებელი - ანუ, რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს კომპანიას და რა სტიმულები. მოსახლეობის მიერ მოტანილი არგუმენტები ორი ძირითადი მოტივის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს.
არგუმენტების ერთი წყება ასახავს, თუ რა დადებით ზეგავლენას ახდენს კომპანიაზე სოციალური პასუხისმგებლობა. ესენია: საზოგადოების კეთილგანწყობისა და დადებითი იმიჯის მოპოვება, კომპანიის რეკლამა, თანამშრომელთა ლოიალობა, სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება. არგუმენტების მეორე ჯგუფი უფრო მეტად საზოგადოებისათვის კომპენსაციის მოტივითაა გაერთიანებული - რადგან ბიზნესი საზოგადოების რესურსებით სარგებლობს, ან გარემოს აზიანებს, მისი ზნეობრივი ვალია, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და დახარჯული რესურსები.
საზოგადოების თვალში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სოციალური პასუხისმგებლობის დადებით ზეგავლენას კომპანიიის სახელზე. ამასვე გვიდასტურებს „იდეალური ბიზნეს კომპანიის“ დახასიათება მოსახლეობის მიერ. კომპანიის დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის განმსაზღვრელ ფაქტორად ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შემდეგ, სიხშირით მეორე ადგილზე გავიდა „საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობების განხორციელება“.
სრულიად ანალოგიურად ხედავს ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების მოტივებს. გამოკითხულთა 85%25 მიიჩნევს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელება მნიშვნელოვანია კომპანიის დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, ბიზნეს კომპანიათა ხელმძღვანელები ასახელებდნენ: კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდას (8,9 ქულა ათქულიან სკალაზე), კომპანიაში პერსონალის მოზიდვასა და შენარჩუნებას (8,5 ქულა), კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას (8,5 ქულა).
ქართულ ბიზნეს-პრაქტიკაში სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებაზე მიუთითებს აგრეთვე გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის დაარსება. გაეროს ინიციატივა „გლობალური შეთანხმება” წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესების ყველაზე მასშტაბურ ქსელს მსოფლიოში. ეს არის სრულიად ნებაყოფლობითი ინიციატივა, რომელიც ეფუძნება საჯარო ანგარიშგებას, გამჭვირვალობას, ქსელურ მუშაობას და გამოცდილების გაზიარებას. მას აქვს ორი ძირითადი მიზანი:
კომპანიებმა თავიანთ საქმიანობაში დანერგონ გლობალური შეთანხმების 10 ძირითადი პრინციპი;
ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობას გაეროს გლობალური მიზნების მისაღწევად (როგორიც არის, მაგალითად, ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs).
დღეისათვის გლობალური შეთანხმება აერთიანებს 5200 ორგანიზაციას მსოფლიოს 120 ქვეყნიდან, მათ შორის 4000 ბიზნეს კომპანიას, ასევე პროფესიულ კავშირებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. საქართველოში გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი 2006 წელს დაარსდა. დღეისათვის ის 34 ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთაგან უმრავლესობა მსხვილ ბიზნეს კომპანიებს წარმოადგენს.
საქართველოში გლობალურმა შეთანხმებამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა უკვე განახორციელეს არაერთი ღონისძიება და პროექტი, რომელთა შორის იყო: ქსელის წევრთა რამდენიმე შეხვედრა და სემინარი სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა საკითხებზე; მედია ფორუმი მასმედიის როლზე სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობაში; სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნეს კომპანიების მასშტაბური ფორუმი; ზემოხსენებული სოციოლოგიური კვლევების ჩატარება; სოციალური ანგარიშგების დამხმარე სახელმძღვანელო გამოცემა და სხვა (უფრო დაწვრილებით საქართველოში გლბალური შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.globalcompact.ge).

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა სოციალური ანგარიშგების შესახებ.
სოციალური ანგარიშგება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია. სოციალური ანგარიში ღიას ხდის ინფორმაციას კომპანიის ღირებულებების და პრიორიტეტების შესახებ, თუ რა ტემპით ახორციელებს იგი დასახულ სტრატეგიულ მიზნებს, როგორ იღებს მონაწილეობას ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების, სოციალური კეთილდღეობის და ეკოლოგიური სტაბილურობის მიღწევაში. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური ანგარიში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორია კომპანიის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. თანამედროვე მსოფლიოში ყველა სერიოზული კომპანია, როგორც წესი, წლის ბოლოს ანგარიშს აბარებს საზოგადოებას ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტაში შეტანილი წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში თავისი მონაწილეობის შესახებ.
2007 წელს ჩატარებული ზემოხსენებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართული ბიზნეს კომპანიებიცა და მოსახლეობაც ხედავს სოციალური ანგარიშგების პრაქტიკის დამკვიდრების აუცილებლობას (გა-მოკითხულ მენეჯერთა 71%25 და თბილისის მოსახლეობის 84%25 საჭიროდ ან მეტ-ნაკლებად საჭიროდ მიიჩნევს, რომ კომპანიამ აწარმოოს ანგარიშგება საზოგადოების წინაშე მის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობების, გარემოსა და საზოგადოებაზე მოხდენილი ზეგავლენის შესახებ).
თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 46%25 მიიჩნევს, რომ საკმარის და დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იღებენ ბიზნეს კომპანიების შესახებ. ხოლო ნახევარზე მეტი (53%25) ისურვებდა მეტი ინფორმაცია ჰქონოდა ბიზნეს კომპანიათა საქმიანობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
რესპონდენტთა იმ ნაწილს, ვინც აღნიშნა ინფორმაციის ნაკლებობა, სთხოვეს დაესახელებინათ, შინაარსის თვალსაზრისით რა სახის ინფორმაცია დააინტერესებდათ. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ისურვებდა პირველ რიგში მეტ ინფორმაციას კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხზე (78%25). მეორე ადგილზე გადის მოთხოვნა ინფორმაციაზე კომპანიის მიერ განხორციელე-ბულ საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობათა შესახებ (67%25). საკმაოდ მაღალია ასევე, სოციალური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტების შესახებ ინფორმაციაზე მოთხოვნა - მაგალითად, რა გავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობა ქვეყნის განვითარებაზე (65%25), რა ნედლეულით აწარმოებს კომპანია პროდუქციას (ადგილობრივი თუ შემოტანილი) (60%25) კომპანია გარემოს აზიანებს თუ არა (52%25), კომპანიის პოლიტიკა თანამშრომლებთან მიმართებით (49%25) და სხვა.
ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ნათლად მიგვითითებს საქართველოში სოციალური ანგარიშგების პრაქტიკის დამკვიდრების საჭიროებაზე.
ლელა ხოფერია
![]() |
22 ელექტრონული ვაჭრობა და მისი სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები |
▲ზევით დაბრუნება |

ანდრო ასლანიშვილი
ადვოკატი
ელექტრონულ ვაჭრობას არც თუ დიდი ხნის წარსული, მაგრამ სამაგიეროდ განვითარების დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. ანტიგლობალისტების მსოფლიო მასშტაბით მზარდი უკმაყოფილების ფონზე, ელექტრონული ვაჭრობა ტექნოლოგიური გლობალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დადებით მხარეს წარმოადგენს, რომლის გამოყენება ქართველ მეწარმეებს დიდ შეღავათებს და ფართო შესაძლებლობებსაც მოუტანს.
დღეისათვის, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ახალი გლობალური ცვლილებების აქტიურ ფაზაშია შესული. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოება განვითარების პოსტინდუსტრიული ეპოქიდან ინფორმაციულ ეპოქაში გადავიდა. ამგვარი გადასვლა ხასიათდება თანამედროვე მოქალაქის მეტად მჭიდრო კავშირით - ინფორმაციის მიღება - გაცვლა - გადამუშავება - მოხმარებასთან. ინფორმაცია საზოგადოების სულ უფრო მნიშვნელოვანი რესურსი ხდება.
თანამედროვე საზოგადოების ინფორმატიზაციამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკვე ძნელიც კია წარმოვიდგინოთ ადამიანის საქმიანობის რომელიმე სფერო, სადაც სხვადასხვა ინტენსივობით საინფორმაციო ტექნოლოგიები არ გამოიყენებოდეს.
ბუნებრივია, გამონაკლისს არც სამეწარმეო საქმიანობა წარმოადგენს. ტერმინი ელექტრონული ვაჭრობა (ელექტრონული ვაჭრობა) უკვე კარგადაა ცნობილი განვითარებული ქვეყნების შესაბამის იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში. დღეისათვის უკვე მრავალ საწარმოს გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკუთარი საიტი ინტერნეტში ელექტრონული ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების მიზნით. სამეწარმეო საქმიანობის ინფორმატიზაციის შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი იქნება მეწარმეთა მიერ საქონლის ფიზიკური გადაცემის გარდა, ყველა მოქმედების ინტერნეტის მეშვეობით განხორციელება. საქონლის ინტერნეტ კატალოგების მეშვეობით შერჩევა და შეძენა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტის სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას და იგი სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. ცნობილი ქართველი მეცნიერი, აწ გარდაცვლილი ბატონი თამაზ ჩიკვაიძე, განიხილავს რა რეალურ და ვირტუალურ ეკონომიკებს შორის თანაფარდობის საკითხებს, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყანა, რომელიც ვერ შეძლებს უახლოეს წლებში ვირტუალურ ეკონომიკაზე, ანუ E-ბიზნესზე (ელექტრონული ბიზნესი) გადასვლას, ქრონიკულად ჩამორჩენილ ქვეყნად ჩაითვლება.
დღემდე, მეცნიერების ყველა მიღწევა, თუ გამოგონება, ასე თუ ისე მოქცეულა საკანონმდებლო ჩარჩოებში. დღეისათვის კი ამგვარ ფენომენს უკვე ინტერნეტი წარმოადგენს, რომელიც მკვეთრად ტრანსნაციონალური ხასიათის მატარებელია და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით არაერთ შეკითხვას წარმოშობს.
საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს შექმნა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირების ასპექტების მიმოხილვა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, რათა, ერთის მხრივ, გასაგები გახდეს ელექტრონული ვაჭრობის რეგულირების სპეციფიკური მხარეები და თავისებურებები, ხოლო, მეორეს მხრივ, წინა პლანზე იქნას წამოწეული ამ სფეროში კანონმდებლობის საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზაციის აუცილებლობა.
იმისათვის, რომ უკეთ იქნეს გაგებული ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირების ასპექტები, საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ ინტერნეტის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, როგორც ელექტრონული ვაჭრობის განვითარების მთავარი საფუძველი.
ინტერნეტმა, როგორც ინფორმაციის გადაცემის უსწრაფესმა საშუალებამ, მრავალმხრივი გამოყენება ჰპოვა ეკონომიკის სფეროში. უამრავი ფინანსური ინსტიტუტი გადასცემს მონაცემებს მისი მეშვეობით, უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიები ვებ-გვერდებზე განთავსების გზით სთავაზობენ თავიანთ პოტენციურ კლიენტებს სადაზღვევო პოლისის გაფორმებას. ინტერნეტის მეშვეობით მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა სახის აუქციონები და ყიდვაგაყიდვის ოპერაციები.
ელექტრონული ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მას არ გააჩნია ტერიტორიული შეზღუდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუნებრივია, წარმოიშობა მრავალი კითხვა. მაგალითად, რომელი სახელმწიფოს მატერიალური ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განსხვავებული მიდგომები, ნაციონალური სამართლებრივი სისტემების არასრულყოფილი ხასიათი მონაცემთა ელექტრონული გადაცემის მეთოდების გამოყენებასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ ზღუდავენ საწარმოთა შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში.
ელექტრონული ვაჭრობა ძირითადად ეფუძნება ელექტრონული გარიგებების (ელექტრონული გარიგებები) დადებას. ამ დროს, ელექტრონული გარიგების დადება ელექტრონული ფოსტის, ანუ ზოგადად ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდება. ამიტომ, სწორედ ინტერნეტის განვითარებას მოჰყვა ელექტრონული ვაჭრობის მოცულობის ზრდა. ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირება დღეისათვის უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა, ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირება არ გულისხმობს სრულიად ახალი ნორმების ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესს. მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული სავაჭრო ჩვეულებანი და სამართლებრივი ნორმები, ბუნებრივია კვლავ ძალაში რჩებიან და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირების დროს. ელექტრონული ვაჭრობის სფეროში საკანონმდებლო რეგულირების მიზანია შეამციროს შესაძლო შეზღუდვები ელექტრონული ფორმით გარიგებების დადებისას და იმავდროულად ახალი, თანამედროვე ნორმების შემოღების გზით უზრუნველყოს ასეთი ურთიერთობების მონაწილე მხარეთა ინტერესების დაცვა. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების შემთხვევები.

საგულისხმოა, რომ ელექტრონული ვაჭრობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დაჩქარდეს გარიგების დადების პროცესი - განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობის დროს. ფასების, სავაჭრო პარტნიორების შერჩევა, შეკვეთის მიცემა, ოფერტის და აქცეპტის განხორციელება, დოკუმენტაციის მომზადება შეიძლება ავტომატიზირებულ რეჟიმში განხორციელდეს და ყოველივე ამისათვის საჭიროა დროის მეტად ხანმოკლე შუალედი. ამ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი, ან საერთოდ უგულებელყოფილია ტრადიციული ქაღალდის დოკუმენტების გამოყენებით ხანგრძლივი და ძვირადღირებული საქმისწარმოება. მცირე და საშუალო საწარმოების, ისევე როგორც ზოგადად განვითარებადი ქვეყნებისთვის, ელექტრონული ვაჭრობა საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობაა. ვებ-გვერდი ინტერნეტში, გლობალურ ბაზარზე შეღწევის უმოკლესი, იაფი და ეფექტური გზაა და იმავდროულად მისი შექმნა საწარმოთა საექსპორტო სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მიუხედავად სამართლებრივი ჰარმონიზაციის მცდელობისა, ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირების მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებული მიდგომები არსებობს. თუმცა, იმდენად რამდენადაც ელექტრონული ვაჭრობა ვითარდება საერთაშორისო დონეზე, ბუნებრივია საჭიროა მისი მარეგულირებელი ნორმების უნიფიცირება საერთაშორისო მასშტაბით. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის მიერ მიღებული იქნა მოდალური კანონი „ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“. ეს იყო პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი ელექტრონული ვაჭრობის სფეროს რეგულირების მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ ნაციონალური კანონმდებლობის შესამუშავებლად. მოდალური კანონი ამკვიდრებს ძირითად, ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს ელექტრონული ვაჭრობის განვითარებისათვის.
მოდალურ კანონში „ელექტრონული ვაჭრობის შესახებ” ჩამოყალიბებულია საერთაშორისოდ მიღებული ნორმები, რომელთა დანერგვაც მსოფლიო ქვეყნების ნაციონალურ კანონმდებლობაში, ხელს შეუწყობს არსებული სამართლებრივი დაბრკოლებების გადალახვას და შესაბამისად, ელექტრონული ვაჭრობისთვის უფრო უსაფრთხო სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. აღნიშნული კანონი საფუძველს უყრის ელექტრონული ვაჭრობის განვითარების რიგ სამართლებრივ პრინციპებს. ელექტრონული ვაჭრობის დროს ამ პრინციპებიდან უმთავრესია დისკრიმინაციის დაუშვებლობა. კერძოდ, ინფორმაცია არ უნდა იქნეს მიჩნეული იურიდიული ძალის არმქონედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი შედგენილია ელექტრონული ფორმით. ამ პრინციპის პრაქტიკაში განსახორციელებლად მოდალურ კანონში მოცემულია წესები, რომლებიც საშუალებას იძლევიან დადგინდეს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტი, რომ იგი მიჩნეულ იქნას დედანთან გათანაბრებული დოკუმენტის ექვივალენტად. კანონში წარმოდგენილია, აგრეთვე ხელშეკრულებათა დადების და მათი ნამდვილობის გადაწყვეტა.
„ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“. აღნიშნული მოდალური კანონის ძირითად საყრდენს სწორედ ელექტრონული დოკუმენტებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების ფაქტი წარმოადგენს.
მოდალური კანონი გამოიყენება ნებისმიერი სახის სავაჭრო საქმიანობის კონტექსტში გამოყენებული ინფორმაციის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია მონაცემთა ელექტრონული შეტყობინების ფორმით. თუმცა, კანონის გამოყენების სფერო ცალკეული ქვეყნების შეხედულებით შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით შეიძლება დარეგულირდეს არა მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები, არამედ ადმინისტრაციული და სხვა სამართალურთიერთობები.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მოდალური კანონის დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი საერთაშორისო წარმომავლობა და ხასიათი, რათა უზრუნველყოფილი იქნას კანონის ერთგვაროვნება სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის შედეგად. ამ უმთავრეს პრინციპთან ერთად გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. ესენია:
ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით დადებული გარიგებებისთვის სრულფასოვანი იურიდიული ძალის მინიჭება;
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობა;
კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენების გამარტივება;
საერთაშორისო დონეზე ელ. ვაჭრობის ხელშეწყობა;
ელ. ვაჭრობის სფეროში სამართლის ნორმების უნიფიკაცია;

მოდალურ კანონში განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი. ელექტრონული საშუალებებით დადებულ გარიგებათა დროს წამოჭრილი დავების გადაწყვეტის მექანიზმები შესაძლებელია უშუალოდ მხარეთა შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით იქნას გათვალისწინებული. ამდენად, მიუხედავად ელექტრონულ გარიგებათა სპეციფიკური ხასიათისა, არ უნდა იქნას იგნორირებული სამოქალაქო ბრუნვის უმთავრესი პრინციპი - მხარეთა ავტონომიურობა.
მოდალური კანონიც ფუნქციონალური ექვივალენტის პრინციპის საფუძველზე ელექტრონული გარიგებების ფორმის მიმართ, მათი ორიგინალად აღიარების მიზნით ადგენს მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს.
ელექტრონული გარიგებისთვის ორიგინალის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით გადამწყვეტია მისი მთლიანობის, უცვლელობის ფაქტის დადასტურება. კანონით განსაზღვრულია ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული მთლიანობის ფაქტის შეფასების დროს და იძლევიან გარანტიას დადგინდეს, ელექტრონული გარიგება წარმოდგენილია თუ არა თავისი პირვანდელი ფორმით ან ხომ არ მოხდა მასში რაიმენაირი ცვლილებების განხორციელება, მხარეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე. „ორიგინალის“ ცნება მისი დადგენის მეთოდებთან მჭიდრო კავშირში უნდა განვიხილოთ. მოდალური კანონის მიდგომა შეიძლება კონკრეტული ქვეყნის დონეზე უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული და ფორმალური მოთხოვნების უფრო ფართო წრეს მოიცავდეს.
„ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“ მოდალური კანონის შემდგომი მუხლები არეგულირებენ შეტყობინების გაგზავნამიღების პროცედურებს და ისინი შერწყმულნი არიან სახელშეკრულებო სამართლის ისეთ ფართოდ გავრცელებულ ინსტიტუტებთან, როგორიცაა: ოფერტი და აქცეპტი. მოდალური კანონი ადგენს, რომ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მონაცემთა ელექტრონული შეტყობინების გზით და იგი ამის გამო არ უნდა იქნას მოკლებული იურიდიულ ძალას. მნიშვნელოვანია ასევე მოდალური კანონის რეგულირების მექანიზმი ხელშეკრულების დადების ადგილსა და დროსთან მიმართებაში. სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები ხელშეკრულების დადების დროს უკავშირებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ოფერენტის მიერ თავისი ოფერტის გამოწვევის უფლების დაკარგვა, საქონელზე უფლებების გადაცემის და დაზიანების რისკის გადასვლა, ფასი, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საბაზრო ფასებიდან გამომდინარე და ა.შ. ხელშეკრულების დადების ადგილის განსაზღვრა მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდის, სასამართლოს კომპეტენტურობის დადგენის, გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის თვალსაზრისითაც.
ელექტრონული გარიგების დადების დროს, შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეტყობინება იმ მომენტიდან ჩაითვალოს მიღებულად, როცა გამგზავნი მიიღებს ადრესატისგან დადასტურებას შეტყობინების მიღების შესახებ. არსებული ზოგადი ნორმები, რომლებიც არეგულირებენ შეტყობინების სახით ოფერტის და აქცეპტის თავისებურებებს, მიუთითებენ, რომ შეტყობინება ითვლება მიღებულად, როცა იგი აღმოჩნდება ადრესატის მიერ მითითებულ საინფორმაციო სისტემაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოდალური კანონი არ არღვევს ზოგადად ხელშეკრულების დადების სტრუქტურას და არ ცვლის საყოველთაოდ აღიარებულ ტრადიციულ წესებს. იგი მხოლოდ მოწოდებულია უფრო მეტი დამაჯერებლობა და სიმყარე შესძინოს ელექტრონული საშუალებებით დადებულ ხელშეკრულებებს - აწესრიგებს არა მარტო ელექტრონულ გარემოში ხელშეკრულების დადებას, არამედ არეგულირებს ოფერტისა და აქცეპტის გამოხატვის ფორმას და სხვა. კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, ოფერტი და აქცეპტი შეიძლება გამოხატული და შეტყობინებული იქნეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში გარიგების შინაარსის მატარებელია არა ქაღალდი, არამედ განსხვავებული, სპეციფიკური საშუალება.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფაქტი, რომ საკმაოდ ხშირად ელექტრონული ვაჭრობის დროს ერთი ქვეყნის მოქალაქე ხელშეკრულებას დებს სხვა ქვეყანაში მყოფ კონტრაჰენტთან ისე, რომ არ იცის თუ რომელ ქვეყანას განეკუთვნება ის საინფორმაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაიდო ხელშეკრულება. ანდა ინტერნეტ ოპერატორმა შეიძლება შეიცვალოს თავისი ადგილსამყოფელი. სწორედ ამიტომ, მოდალური კანონის მთავარი მიზანია ნათლად წარმოაჩინოს ის ფაქტი, რომ საინფორმაციო სისტემების ადგილმდებარეობას არა აქვს მნიშვნელობა იურიდიული თვალსაზრისით. ამ მიზნით კანონი ადგენს ისეთ ობიექტურ კრიტერიუმს, როგორიცაა მხარის კომერციული საწარმოს ადგილსამყოფელი.
საერთო ჯამში მოდალური კანონი უზრუნველყოფს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონულ ვაჭრობასთან, უნიფიცირებული წესების არარსებობის გათვალისწინებით. უპირველესი მიზეზი კანონმდებლობათა უნიფიკაციის აუცილებლობისა არის, ელექტრონული ვაჭრობის მკვეთრად გამოხატული ტრანსნაციონალური ბუნება. კანონი არ გამოყოფს ელექტრონული შეტყობინების გამოყენების შესაძლებლობას ცალკე შიდა სახელმწიფოებრივ, ანდა საერთაშორისო დონეზე.
მოდალური კანონის მე-9 მუხლი ელექტრონულ მონაცემებს პროცესუალური თვალსაზრისით ანიჭებს სრულფასოვან მტკიცებულებით ძალას და ამბობს, რომ ელექტრონული შეტყობინება არ უნდა იქნეს მოკლებული შესაძლებლობას სასამართლოში წარმოდგენილი იყოს მტკიცებულების სახით მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი მოცემულია ელექტრონული ფორმით.
ელექტრონულ გარიგებათა სწრაფად განვითარებადი ხასიათის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს საკონტრაქტო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების გადაწყვეტის მექანიზმებზეც. დავის გადაწყვეტის გზა შეიძლება იყოს როგორც სასამართლოსათვის მიმართვა, ასევე კერძო არბიტრაჟის მეშვეობით მისი მოგვარება, რომელმაც თავის მხრივ უკვე ითამაშა მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში წარმოშობილი დავების გადაჭრისას. იმის გამო, რომ ელექტრონული ვაჭრობა კერძო ავტონომიის პრინციპის ერთგული რჩება, სასამართლო იურისდიქციის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი რეალური გზა არის ელექტრონულ გარიგებაში სასამართლოს არჩევის შესახებ დამატებითი პუნქტის შეტანა. ამისათვის, ეროვნული კანონმდებლობა არ უნდა ზღუდავდეს გარიგების მხარეებს დააფიქსირონ გარიგებაში მსგავსი შინაარსის პუნქტი. სახელმწიფოთა როლიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეიმუშაონ და ხელი შეუწყონ სათანადო წესების დამკვიდრებას, რისთვისაც მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები.
![]() |
23 თეზ-ები, ოფშორები და საქართველო სიღარიბის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |

ნინო პაპაჩაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თავისუფლებისკენ ადამიანის სწრაფვა მაშინ დაიწყო, როცა მას შეზღუდვები დაუწესეს. ამ ფენომენს მრავალგვარი გამოვლინება გააჩნია: სწრაფვა პიროვნული თავისუფლებისათვის, ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის და სხვა. საინტერესო გამოვლინებაა თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თეზ) შექმნის სურვილიც, რომელზეც საქართველოში უკანასკნელ პერიოდში (შეიძლება ითქვას, 90-იანი წლებიდან დაწყებული) ბევრს საუბრობენ. რა თავისუფლებაზეა საუბარი ამგვარი ტიპის ზონებში? რა დატვირთვა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით ზონას, სადაც ეს თავისუფლებაა დაშვებული?
საქართველოს მთავრობის 2008-2012 წლების პროგრამაში „საქართველო სიღარიბის გარეშე“, რომელსაც სათაურშივე გაცხადებული მიზანი აქვს, ერთ-ერთ ამოცანად (ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით) დასახულია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სრულფასოვანი ამოქმედება. „ინდუსტრიული ზონა მოიზიდავს 1,5 მლრდ ლარამდე ინვესტიციას და დაასაქმებს დაახლოებით 20 000 ადამიანს. თავისუფალი ზონის ეფექტურად ფუნქციონირება გამოიწვევს რეგიონში საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურისა და სერვისის განვითარებას“.
აქვე, ეროვნული კეთილდღეობის ასამაღლებლად დასახულ ამოცანათა ჩამონათვალშია საქართველოს გადაქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად. „იგი მოიზიდავს ფინანსურ რესურსებს მთელი რეგიონის მასშტაბით. მისი მიმზიდველობა დამყარებული იქნება მარტივ და დაბალ გადასახადებზე, გამჭვირვალე საფინანსო რეგულირებაზე, რეფორმირებულ ეკონომიკაზე. შედეგად, განთავსებული იქნება არანაკლებ 12 მლრდ. დოლარამდე ფინანსური რესურსი. სანდო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იმოქმედებენ საბანკო, სადაზღვევო, გადამზღვევი, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სფეროებში“. ეს უკანასკნელი თავისი შინაარსით ოფშორული ფინანსური ცენტრის შექმნას გულისხმობს.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ასევე, ოფშორული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის სახესხვაობაა და თითოეულ მათგანს თავისი შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია, თუმცა, მასმედიაში დიდი დაბნეულობა შეინიშნება ამასთან დაკავშირებით. ბევრი საკითხი ბუნდოვანია ან არასწორადაა გაგებული. საქმე იმაშია, რომ ბევრ კითხვას თვითონ სამთავრობო პროგრამაც აჩენს.
გრძელვადიან სამთავრობო პროგრამასთან ერთად საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა პროგრამა „50 დღე: ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ აღნიშნულია: „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გახდება ქართული ეკონომიკის ახალი და მძლავრი სტიმული; საპროექტო სიმძლავრის მიღწევის შემდეგ უშუალოდ პორტში და ზონაში დასაქმდება 16 000-მდე ადამიანი; ამასთანავე, ფოთის პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება ხელს შეუწყობს უშუალო ბიზნესის გარდა სხვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას; პირველ ეტაპზე, 2011 წლამდე, განხორციელდება 400 მლნ დოლარის ინვესტიცია და შეიქმნება სრულიად ახალი პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; სულ განხორციელდება დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია; დადებითი ეფექტი გავრცელდება მთელ დასავლეთ საქართველოზე.“ ზემოაღნიშნულ ციფრებთან შეუსაბამობის გარდა კითხვები მართლაც ბევრია: როგორ გახდება ფოთის ინდუსტრიული ზონა მთლიანი საქართველოს ეკონომიკის სტიმული? რას ნიშნავს ბიზნესის გარდა სხვა დამატებითი სამუშაოების შექმნა? რა საფუძველი გვაქვს ინვესტიციების მოზღვავებისთვის, როცა გლობალური მასშტაბით ინვესტიციების მოზიდვაში დიდი კონკურენციაა, ჩვენ კი შეზღუდული ბაზარი და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა გვაქვს და ა. შ. ამასთან, პარალელურად, საქართველო საერთაშორისო საფინანსო ცენტრად უნდა გადაიქცეს და დასახულია „10 მლრდ დოლარის ფინანსური აქტივების დაგროვება 5 წელიწადში; ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი - შესაბამისად ათასობით დამატებითი ბიზნესი და ამ ბიზნესში დასაქმებული მრავალი ათეული ათასი ადამიანი“. ეს ფრაზებიც 50 დღიანი პროგრამიდანაა. სამართლებრივად კი უზრუნველყოფილია „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით.

ფაქტობრივად, 2008 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არეგულირებს სწორედ ამგვარი ზონების შექმნის, რეგულირების, მართვის და საქმიანობის წესს და მიზნად ისახავს მიმზიდველი გარემოს შექმნას ეკონომიკური საქმიანობისათვის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოსვლისათვის ხელშეწყობას. ერთმნიშვნელოვნებაზე იმიტომ მივუთითებთ, რომ წინა კანონპროექტები (1997 წლის კანონპროექტი „თავისუფალი ეკონომიკური ზონების“ და 2003 წლის კანონპროექტი „სპეციალური ეკონომიკური ზონების“ შესახებ) მრავალგვარი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებდა და ბევრი არარეალური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. სხვათა შორის, როგორც ერთი, ისე მეორე ვარიანტი სამეცნიერო-ტექნიკური პარკის (ტექნოპოლისის) შექმნას ითვალისწინებდა და ტექნოლოგიების მოზიდვაზე ორიენტირებას ისახავდა მიზნად. ეს ამჟამად მიღებულ კანონში მიზნად არის გამოცხადებული, კაპიტალის მოზიდვასთან ერთად. ბუნებრივია, იბადება კითხვა: იქნებ არც აქვს მნიშვნელობა რას დავარქმევთ ზონას, მაშინ როცა მიზანი სასურველია საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად: სიღარიბე დაიძლევა და შემოსავლების გადანაწილებას (რომელიც, სხვათა შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც კი ეკონომიკური პოლიტიკის „აქილევსის ქუსლია“) მიეცემა სოციალური ორიენტირები, რასაც თითოეული ჩვენს თავზე ვიგრძნობთ.
და მაინც, სასურველია გავერკვეთ, რა რა არის. თეზ-ების არსში გარკვევა მიზნების სწორად და რეალურად დასახვაში დაგვეხმარებოდა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის „სისტემურ რეფორმებშიც“ შეიძლებოდა თავისი ადგილი მიგვეჩინა ამგვარი ზონებისათვის.
თეზ-ები შეიძლება განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე შეიქმნას მთელი რიგი შეღავათებით ან ეს შეღავათები შეიძლება რომელიმე დარგისთვის იყოს განკუთვნილი, რასაც თავისუფალი ეკონომიკური ზონებისადმი წერტილოვან მიდგომას უწოდებენ. რა შეღავათები შეიძლება დაწესდეს? ეს ის თავისუფლებაა, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, როცა ეკონომიკური საქმიანობისთვის სახელმწიფო აწესებს საბაჟო, საგადასახადო, საფინანსო და ადმინისტრაციულ შეღავათებს ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან (დარგებისგან) განსხვავებით. თუ ამგვარი შეღავათები რაიმე დოზით მოქმედებს, ფაქტობრივად ადგილი აქვს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. სამეურნეო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ზონები ძირითადად შეიძლება იყოს: თავისუფალი-სავაჭრო, საექსპორტო-საწარმოო, სამრეწველო (ინდუსტრიული), ტექნიკადამნერგავი, სერვისული (რომლის სახესხვაობაც გახლავთ ოფშორული ზონა), შერეული და სხვა. რა თქმა უნდა, საქმიანობა შეიძლება იყოს შერეული, მაგალითად, თავისუფალ სავაჭრო ზონაში საექსპორტო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ აქ პრიორიტეტებზეა საუბარი. ე.ი. ამ კლასიფიკაციით ჩვენ გვსურს, ერთის მხრივ, ოფშორული ზონის შექმნა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მთელი რიგი თავისებურებებით და სხვათა შორის, რისკებითაც („შავი ფულის გათეთრება“) გამოირჩევა და მეორეს მხრივ, მრეწველობის განვითარების მიზნით გვსურს შევქმნათ თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რაც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება. ოფშორების შესახებ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ასეთ ზონებში საგადასახადო შეღავათებია - ნულოვანი გადასახადებიდან (მხოლოდ სარეგისტრაციო მოსაკრებელს იხდიან ფირმები) დაბალ გადასახადებამდე და ისინი ფულადი სახსრების გლობალური ნაკადების მოძრაობას ემსახურება. ოფშორები თავის დროზე შეიქმნა დაწესებული კანონებისგან თავის არიდების მიზნით და ფაქტობრივად, ამჟამად მსოფლიოში კანონიერი გზით გადასახადებისაგან თავის არიდების ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. რაც შეეხება ინდუსტრიულ ზონებს, ფაქტობრივად, საქართველოში ზონიდან საქონლის შეტანა დანარჩენი ქვეყნის ტერიტორიაზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით, ზონაში კი საშემოსავლო გადასახადია დაწესებული (საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“, მუხლი 10, 11). ეროვნულ ეკონომიკაზე, ან მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე გავრცელებული ეფექტის შინაარსი იმაში იქნება, რომ ჩვენ შეგვეძლება უფრო იაფად შევისყიდოთ ზონაში წარმოებული საქონელი და იაფი ექსპორტი განვახორციელოთ. ადგილზე დასაქმება გაიზრდება აღნიშნული წინაპირობების ფონზე. ალბათ, მიზნების აქცენტი ამ შემთხვევაში, უფრო რეგიონული განვითარებაა, ვიდრე ზონების შექმნით მთლიანი საქართველოს გადაქცევა (მრეწველობით) განვითარებულ ქვეყნად. მიზანი, რომელსაც ნათელი ეკონომიკური დასაბუთება ახლავს თან, წარმატებული სტრატეგიის წინაპირობაა. გასათვალისწინებელია ფისკალური ეფექტის საკითხები: საგადასახადო შეღავათების დაწესებით გამოწვეული საბიუჯეტო დანაკარგები როგორ კომპენსირდება. მსოფლიო პრაქტიკიდან აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ზონების გავლენის ეფექტი ხშირად სუსტია, თუ სათანადო ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგია არ აქვს ქვეყანას. მიიჩნევენ, რომ ასეთი ზონების შექმნიდან მიღებული ეროვნული ეფექტებიდან შეიძლება გამოიყოს მენეჯმენტში მიღებული გამოცდილება.

ცოტა რამ თეზ-ების ისტორიიდან
კაცობრიობის ისტორიაში თავისუფალი ეკონომიკური ზონები (თეზ) სათავეს იღებს საბერძნეთის ძველ ეპოქაში, როცა შეიქმნა განსაკუთრებული რაიონები, სადაც უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხო შესვლა უცხოური მოვაჭრე გემებისათვის. ეს პორტები თეზ-ების ადრეული წარმონაქმნები იყო. 1223 წელს, მარსელის მეწარმეთა ჯგუფმა შექმნა თავისუფალი ვაჭრობის ზონა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში. XIII საუკუნის დასასრულს, გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, რამდენიმე ღია ქალაქმა ჩამოაყალიბა თავისუფალი ვაჭრობის კავშირი, რომელმაც საამისოდ გამოყო ორი ქალაქი - ჰამბურგი და ბრემენი. 1547 წელს, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, გენუის ყურეში დაფუძნდა თავისუფალი პორტი ლივორნო. თეზ-ების მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მან მიიღო მსოფლიოში პირველად ღია პორტის ოფიციალური სახელწოდება. მას შემდეგ თავისუფალი პორტები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები ფართოდ იქმნება დასავლეთ ევროპაში (იტალია, საფრანგეთი, დანია, პორტუგალია).
ამერიკის კონტინენტზე თავისუფალი პორტები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები გამოჩნდა მოგვიანებით. ყველაზე ადრე - 1023 წელს თავისუფალი ვაჭრობის ზონები შეიქმნა ურუგვაისა და მექსიკაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში მომხდარმა ცვლილებებმა ზეგავლენა მოახდინა თეზ-ების განვითარებაზე. ერთი მხრივ, დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარეობდა ომისაგან დაზარალებული ქვეყნების აღდგენა; მეორე მხრივ, ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნები ცდილობდნენ ეკონომიკის განვითარებას, ინდუსტრიალიზაციის განხორციელებას ტექნიკისა და სახსრების უკმარისობის და ჭარბი სამუშაო ძალის პირობებში. ამგვარი ურთიერთგადამკვეთი ინტერესების ვითარებაში მრავალ ქვეყანასა და რეგიონში შეიქმნა ახალი თავისუფალი ზონები, ე. წ. „საექსპორტო საქონლის გადამმუშავებელი ზონები“, რომელთაც განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრებოდა „ექსპორტზე ორიენტაციის სტრატეგიაში“.
მსოფლიოში პირველ თავისუფალ ზონად, სადაც საექსპორტო წარმოება დაიწყო, ითვლება შენონის ზონა, რომელიც 1958 წელს შეიქმნა ირლანდიაში. შემდგომში ისინი ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა პუერტო-რიკოსა და ინდოეთში. საექსპორტო საქონლის გადამმუშავებელი ზონა 1966 წელს შეიქმნა გაოსუნში (ტაივანი). ამ ზონების გამოჩენამ ზეგავლენა მოახდინა თავისუფალი პორტებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონებზე და ხელი შეუწყო მათი საქმიანობის სფეროს გაფართოებას.
ამჟამად მსოფლიოს 80 ქვეყანაში 600-ზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა (აშშ-ის სამეწარმეო ზონების გაუთვალისწინებლად მათმა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა). ისინი ხასიათდებიან მრავალმხრივი მიზნებით, სხვადასხვა ფორმებით, საქმიანობის ფართო მასშტაბებით, რაც მათ მრავალფეროვან სახელწოდებებშიც აისახება. მიუხედავად თეზ-ების აქტური ზრდისა, არსებობს მათი განვითარების პერსპექტივის შესახებ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი.
ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თეზ-ების განვითარება აღმავლობას განიცდის და ისინი ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკური განვითარების „კატალიზატორის“ ფუნქციას. ისინი აუცილებლად მიიჩნევენ პროტექციონისტული შეზღუდვების მოხსნას. განვითარებადი ქვეყნებისათვის თეზ-ები ასრულებენ მათი ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გზის მნიშვნელოვან ფუნქციას - იყენებენ საკუთარი ქვეყნის სამუშაო ძალასა და რესურსებს, იზიდავენ უცხოურ კაპიტალს, ახდენენ მოწინავე ტექნიკის იმპორტირებას, ამაღლებენ მოსახლეობის დასაქმების დონეს, აფართოებენ ექსპორტს და ზრდიან სავალუტო შემოსავლებს.

ეკონომისტთა მეორე ნაწილის აზრით, თეზ-ების როლმა მიაღწია ზღვარს და განვითარებად ქვეყნებში შექმნილი საექსპორტო საქონლის გადამმუშავებელი ზონები ვეღარ შეძლებენ მნიშვნელოვანი ეფექტიანობის მოცემას, დაიკარგება მზა პროდუქციის წარმოების უპირატესობა სამუშაო ძალის კონცენტრაციის ბაზაზე. დაიხარჯება უფრო დიდი ფინანსური სახსრები და მოწინავე ტექნიკის იმპორტი შეუძლებელი გახდება, მიწოდებული ტექნიკა კი საზღვარგარეთ უკვე მოძველებული იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ თეზ-ები სხვადასხვა ქვეყანაში რეალურად წააწყდნენ პრობლემებს და წარუმატებლობა განიცადეს.
თეზ-ების განვითარება განისაზღვრება მრავალმხრივი ფაქტორებით - საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ცვლილებებითა და პროგრესით. ამ ფაქტორთაგან შეიძლება გამოიყოს:
1. გლობალიზაცია და მსოფლიო ეკონომიკაში ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება. ურთიერთდამოკიდებულება ადამიანთა საზოგადოების განვითარების ობიექტური აუცილებლობაა და გარდაუვალი ტენდენციაა. თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ღია საგარეო პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი სხვისი გამოცდილების გაზიარება, საკუთარი წარუმატებლობის დაძლევა, საკუთარი ქვეყნის რესურსების გამოყენება, ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება და იმავდროულად მსოფლიო ეკონომიკაში კავშირურთიერთობის გამყარება. ამგვარ პირობებში თეზი წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ თავისუფალ რაიონებს, სადაც განსაკუთრებული რეჟიმი იქმნება მსოფლიო ეკონომიკაში ურთიერთდამოკიდებულების ტენდენციების ხელსაყრელი რეალიზებისათვის.

2. „საწარმოო სტრუქტურების მოწესრიგების სისტემის გადაცემა“ საერთაშორისო მასშტაბით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამჟამადაც მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესი რადიკალურ ცვლილებებს იწვევს წარმოებაში. განვითარებული ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის ქვეყნებმა ტრადიციული წარმოება და მოძველებული ტექნოლოგია გადასცეს ახლად წარმოშობილ სამრეწველო ქვეყნებს, რომელთაც, თავის მხრივ, თავიანთი ჩამორჩენილი წარმოება სხვა განვითარებად ქვეყნებს გადასცეს და ამით ხელი შეუწყვეს პროგრესს - ამ ქვეყნებში საწარმოო სტრუქტურების მოწესრიგებას.
საქართველო და თავისუფალი ეკონომიკური ზონა
უახლოეს წარსულში საქართველოში თავისუფალი ეკონომიკის ზონების შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტში ჩავარდნილი ორი კანონპროექტის და ერთი მიღებული კანონის გამოცდილება გვაქვს. ასე რომ, საქართველოში იყო თეზ-ების შექმნის მცდელობები. დღეს შეცვლილია ვითარება, მაგრამ ისტორია ყოველთვის გვასწავლის და ზოგიერთ ფაქტს გადავხედოთ: ჯერ კიდევ 1993 წელს დაინტერესდნენ უცხოური კომპანიები საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირსახეობის - ცოდნის პარკის შექმნით. დაიწერა ასეთი პარკის განვითარების პროექტებიც, თუმცა, სათანადო საკანონმდებლო ბაზის უქონლობის გამო იგი არ ამოქმედებულა.
არსებობს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები (1994 წლის 26 დეკემბერი) საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ღონისძიებათა შესახებ და ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ.
ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონა - პორტო ფრანკო (თავისუფალი ნავსადგური) არსებობდა 1878-1886 წლებში. უცხოური მოვაჭრე გემებისათვის უბაჟო გაჩერება იყო ნებდართული. ილია ჭავჭავაძის აზრით, „ვისთვის რა ხეირი, ორიოდე ვაჭრისთვის და თვით ბათუმში მცხოვრებთათვის. სხვას არავის ჰქონდა გამორჩომა... თვით ბათუმმა იხეირა, მაგრამ საზოგადოების კისრიდან იყო ამოღებული“. ილია მიიჩნევს, რომ პორტოფრანკოს გაუქმება მთლიანი ქვეყნის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ: „ჩვენ რომ საკუთარის ქვეყნის ინტერესებით შევხედოთ ამ გაუქმების საქმეს, შეგვიძლიან ვთქვათ, რომ არც პორტო-ფრანკოს ყოფნას მოჰქონდა სარგებლობა და არც მისი არყოფნა ზარალს მოგვიტანს“ (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად, ტ.VIII, თბ., 2007,გვ. 167).
საარქივო მასალებში არის ორი დოკუმენტი ბათუმის პორტო-ფრანკოსთან დაკავშირებით:
1. 1918 წლის დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ანტანტის ქვეყნების წარმომადგენელს ახსენებს აჭარაში არსებულ ხელსაყრელ პირობებს პორტო-ფრანკოს შექმნისათვის და ემხრობა ამ გადაწყვეტილებას;
2. 1920 წლის 19 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში ქუთაისის (და არა მარტო ქუთაისის) მოსახლეობის პროტესტია გამოხატული. მიტინგი დეპეშას უგზავნის საქართველოს მთავრობას და მოითხოვს, რომ არ შეურიგდეს ქვეყნის ეკონომიკისათვის დამღუპველ პოლიტიკას.
![]() |
24 ეკონომიკა სიბეცის ტყვეობაში |
▲ზევით დაბრუნება |

აზიკო სისვაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი არსებითი თავისებურებაა პოსტინდუსტრიული განვითარების ეტაპზე მყოფი ქვეყნების გადასვლა სუპერინდუსტრიულ ეკონომიკაზე. ამისი ნიშნები სულ უფრო იკვეთება. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ასეთი ეკონომიკის განვითარების კანონზომიერებანი ტრადიციული შეხედულებებისაგან სრულიად განსხვავებული იქნება. პროცესი ღრმა ცვლილებებს მოახდენს დანარჩენი მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზეც. ეს ადექვატურ ასახვას საჭიროებს როგორც ეკონომიკურ მეცნიერებაში, ისე მთლიანად განათლების სფეროშიც, რომლებიც, თავის მხრივ, რეალურად მიმდინარე პროცესებს ჩამორჩნენ. ჩვენში რეფორმები კარგა ხანია დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ხშირად დეფორმის სახეს იღებენ...
დღის წესრიგში დგება ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტური პარადიგმების, ანუ ამოსავალი საწყისი დებულებების არსებითი გადასინჯვის აუცილებლობა. ამ პრობლემას იშვიათად შეხვდები პოსტკომუნისტური პერიოდის ეკონომიკურ ლიტერატურაში. მოძველებულ შეხედულებათა გადასინჯვის ნაცვლად არალოგიკური აზროვნების ფეიერვერკი დღესაც გრძელდება, რაც შემდეგი მიმართულებით ვლინდება:
პირველი, ჯერ კიდევ გვხვდება მარქსიზმისა და საბაზრო ეკონომიკის თეორიის ეკლექტიკური შეზავების ალოგიკური უშედეგო მცდელობები;
მეორე, იმ მიზეზით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, შეწყვეტილია ეკონომიკური მეცნიერების თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემების კვლევა. ასეთი მცდელობაც კი ხშირად მკრეხელობად მიიჩნევა;
მესამე, ფართო მასშტაბით მიმდინარეობს უცხოელ ავტორთა უხეში თეორიულ-მეთოდოლოგიური შეცდომების უკრიტიკო, პლაგიატური ტირაჟირება;
მეოთხე, აქტიურად ხორციელდება ეკონომიკურ მეცნიერებათა თეორიული საფუძვლების უარყოფა, მათ შორის ეკონომიკური თეორიის საგანმანათლებლო პროგრამებიდან ამოღების დაუსაბუთებელი კამპანია.
ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია მის ფუნდამენტურ პარადიგმათა ახალი რეალობების შესაბამისად გააზრება. მათი არასწორი გაგების პირობებში, შედეგები გარდაუვალად მცდარი და რეალობასთან შეუსაბამო იქნება, ხოლო მათზე დამყარებული სახელმწიფოებრივი ეკონომიკური პოლიტიკა უშედეგო ან უმრავლეს შემთხვევაში - მხოლოდ ზიანის მომტანი.
მეცნიერების დარგს, რომელიც ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის უზოგადეს კანონზომიერებებს შეისწავლის, ჩვენში ამჟამად ეკონომიკურ თეორიას უწოდებენ. ეს სახელწოდება, როგორც მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის ალტერნატივა, საქართველოში XX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში რუსეთიდან შემოვიდა და დღემდე უცვლელად იხმარება, თუმცა იგი არსებით დაზუსტებას მოითხოვს. სიტყვათა წყობა „ეკონომიკური თეორია“ გულისხმობს, რომ ჩვენ შევისწავლით არა თეორიას ეკონომიკის შესახებ, არამედ ეკონომიკური ფორმის თეორიას, რაც რეალურად არ არსებობს. მეცნიერების სხვა დარგებში არ ხმარობენ გამოთქმებს - ქიმიური თეორია, ფიზიკური თეორია, ბიოლოგიური თეორია და სხვა, არამედ ამბობენ: ქიმიის თეორია, ფიზიკის თეორია, ბიოლოგიის თეორია და სხვა. ბაზრის შესახებ არსებულ თეორიაზე მსჯელობის დროს არაზუსტი და უსიამოვნო იქნებოდა გამოთქმა „ბაზრული თეორია“. მაგრამ თუ გამოთქმის ფორმას შევცვლით და „ბაზრის თეორიას“ ვიხმართ, შინაარსი შესასწავლი პროცესების შესატყვისი გახდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის შემსწავლელ მეცნიერების მოცემულ დარგს შეესაბამება სახელწოდება - „ეკონომიკის თეორია“ და არა „ეკონომიკური თეორია“. როგორც ცალკეული ავტორები, სამართლიანად აღნიშნავენ, სამეურნეო პროცესებს ეკონომიკის თეორიის გარდა ეკონომიკის მეცნიერების სხვა კონკრეტული მიმართულებებიც შეისწავლიან, მართებული იქნება ვიხმაროთ უფრო ფართო შინაარსის სახელწოდება - „ეკონომიკის ზოგადი თეორია“.
ასევე დასაზუსტებელია ტერმინები: ეკონომიკური მეცნიერება, ეკონომიკური კატეგორიები, ეკონომიკური ცნებები, ეკონომიკური კანონები ეკონომიკური პრინციპები, ეკონომიკური სისტემა და სხვა. აქაც მიზანშეწონილია ვიხმაროთ: ეკონომიკის მეცნიერება, ეკონომიკის კატეგორიები, ეკონომიკის ცნებები, ეკონომიკის კანონები, ეკონომიკის პრინციპები და სხვა. ამასთან, გამოთქმა „ეკონომიკის“ უნდა ვიხმაროთ ისეთი ზოგადი ცნებების წინ, რომლებიც საერთოა მეცნიერების სხვადასხვა დარგისათვის, ხოლო მხოლოდ ეკონომიკისათვის დამახასიათებელი კონკრეტული ცნებების წინ შესაძლებელია ტერმინ „ეკონომიკურის“ ხმარება. ასეთია მაგალითად, ეკონომიკური დოვლათი, ეკონომიკური მოგება, ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკური მოთხოვნილება და ა.შ. რაც შეეხება ტერმინ „ეკონომიკურ სისტემას“, ისიც შესაცვლელია. მიზანშეწონილია ვიხმაროთ გამოთქმა - ეკონომიკის სისტემა.
საზოგადოების სამეურნეო საქმიანობას, როგორც ერთიან მოვლენას, ეკონომიკის ზოგად თეორიასთან ერთად პოლიტიკური ეკონომია და ეკონომიკსი შეისწავლის. ისინი სამეურნეო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს იკვლევენ და მათ შორის მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც არსებობს.

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საზოგადოების ცალკეულ ფენებს შორის სოციალური დაპირისპირების უკიდურესი გამწვავების პირობებში ეკონომიკის თეორია იდეოლოგიურ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. ერთ მხარეს დადგა დაქირავებულ მუშაკთა ინტერესების გამომხატველი, უაღრესად პოლიტიზებული მარქსისტული პოლიტიკური ეკონომია, მეორე მხარეს კი ჩამოყალიბდა ნაკლებად იდეოლოგიური ეკონომიკსი, რომელიც მარქსისტულ პოლიტიკურ ეკონომიას დაუპირისპირდა და თავისი თავი კლასობრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა.
შემდგომი ევოლუციის პროცესში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის ეს ორი თეორიული განშტოება თანდათანობით დაუახლოვდა ერთმანეთს, თუმცა, ამჟამად ტრადიციულ ეკონომიკის თეორიასა და დასავლურ ეკონომიკსს შორის ჯერ კიდევ შეინიშნება შემდეგი არსებითი განსხვავებები:
პირველი, თუ ეკონომიკის თეორია უპირატესად თეორიულ-მეთოდოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, ეკონომიკსს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე გადააქვს აქცენტი;
მეორე, ეკონომიკის თეორია ინტერესდება სოციალურ-ეკონომიკური წარმოებითი ურთიერთობებით, ხოლო ეკონომიკსი - ორგანიზაციულ-ეკონომიკური ურთიერთობებით;
მესამე, ეკონომიკის თეორია შეისწავლის ეკონომიკური ობიექტების, მოვლენების და პროცესების არსს, ხოლო ეკონომიკსი განიხილავს მათი ზედაპირული გამოვლენის ფორმებს სიღრმისეული ბუნების გარკვევის გარეშე;
მეოთხე, ეკონომიკის თეორია ძირითადად სამეურნეო საქმიანობის თვისებრივ კანონზომიერებებს იკვლევს, ეკონომიკსი კი უპირატესად რაოდენობრივი კავშირურთიერთობების შესწავლით არის დაკავებული;
მეხუთე, ეკონომიკსი მოვლენებს დროის მოცემულ მომენტში, დინამიკისაგან დამოუკიდებლად შეისწავლის, ხოლო ეკონომიკის თეორია სტატიკურ მდგომარეობასთან ერთად, ისტორიული განვითარების პროცესში;
მეექვსე, ეკონომიკის თეორიის კვლევის საგნად მოთხოვნილებათა მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზების ძიება და არჩევანის პრობლემაა მიჩნეული. ეკონომიკსის სახელმძღვანელოების ავტორთა უმრავლესობის თანახმად, კვლევის საგანია ადამიანის ქცევა შეზღუდული რესურსებით მათი უსაზღვრო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პროცესში.
ეკონომიკის მეცნიერების განხილულ მიმართულებათა შორის არსებითი განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ პოლიტიკური ეკონომია და ეკონომიკის თეორია ყურადღებას ამახვილებენ უპირატესად ფუნდამენტურ თეორიულ-მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, ხოლო ეკონომიკსი - გამოყენებით-პრაქტიკულზე. მათგან რომელიმეს უარყოფა ან მათი დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელი და ზიანის მომტანია. ეს, პირველ რიგში, სწავლების პროცესს შეეხება. ამასთან, მათ შორის არსებული განსხვავებები დაუძლეველი კი არაა, არამედ ისინი ეკონომიკურ სისტემას საპირისპირო მხარეებიდან ახასიათებენ და საბოლოო ჯამში ცოდნის ერთიან განუყოფელ სისტემას ქმნიან, რაც ეკონომიკის ზოგად თეორიაში შეიძლება აისახოს. ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიიდან არა ერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ურთიერთდაპირისპირებული კონცეფციების ლოგიკური შერწყმით სრულიად ახალი, უფრო ჭეშმარიტი თეორია ჩამოყალიბდა.

ამჟამად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შეინიშნება ეკონომიკის თეორიის გამოდევნისა და მისი ეკონომიკსით და ე.წ. „ეკონომიკის პრინციპებით“ დაუსაბუთებელი ჩანაცვლების ტენდენცია, რასაც შესაძლოა უაღრესად უარყოფითი შედეგები მოყვეს. ეკონომიკის პრინციპები ეკონომიკას წმინდა ნორმატიული თვალსაზრისით, ანუ ისე შეისწავლის, როგორადაც გვინდა, რომ იგი იქცეს. ეს ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარების ობიექტური კანონებისა და კანონზომიერებების შესწავლის, ე.ი. პოზიტიური თვალსაზრისით, გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. ეკონომიკის ასეთი კომპლექსური კვლევა კი ეკონომიკის ზოგადი თეორიის პრეროგატივაა.
ეკონომიკის მეცნიერების ფუნდამენტური თეორიული საფუძვლების უარყოფა, კვლევისა და სწავლების თვალსაზრისით, შეიძლება განვიხილოთ როგორც ზოგადად თვით მეცნიერების უარყოფის პროვინციული მცდელობა. იმის წარმოდგენა, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ პროცესს, ძნელი არ უნდა იყოს.
ჩვენი აზრით, ეკონომიკის მეცნიერების გარშემო არსებული უაღრესად რთული სიტუაციიდან შემდეგი გამოსავალი არსებობს: ვიდრე შეიქმნება ეკონომიკის ზოგადი თეორიის ახალი სრულყოფილი სახელმძღვანელოები, სადაც ერთმანეთს ორგანულად შეერწყმება ეკონომიკის თეორია და ეკონომიკსი, ერთმანეთისაგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ამ ორი დისციპლინის სასწავლო პროგრამები და ორივე მათგანი ვასწავლოთ. ამასთან, ეკონომიკის თეორია წინ უნდა უსწრებდეს ეკონომიკსს, რათა სტუდენტმა ლოგიკური თანმიმდევრობით საფუძვლიანად შეისწავლოს ეკონომიკის ჯერ თეორიულ-თვისებრივი, ხოლო შემდეგ - გამოყენებითი და რაოდენობრივი ასპექტები.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს გ. მენქიუს გახმაურებული სახელმძღვანელოს - „ეკონომიკის პრინციპების“ იდეალიზაცია და უმაღლეს სასწავლებლებში ფართოდ დანერგვა, რადგან ე.წ. „პრინციპები“, რომელიც ამ სახელმძღვანელოს უდევს საფუძვლად, სულაც არა არის პრინციპები.
ეკონომიკის პრინციპი ყალიბდება ადამიანთა მიერ სუბიექტურად, ნორმატიული კვლევის საფუძველზე და გვიჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენთვის საინტერესო მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რათა წინასწარ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მოცემულ შემთხვევაში ადამიანები ხელოვნურად ქმნიან ისეთ მიზეზობრივ მოვლენას, რომელიც სასურველ ეკონომიკურ შედეგს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის პრინციპი არის სუბიექტურად რაიმე მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბებული მოქმედების წესი. ე.ი. ასეთი ეკონომიკის პრინციპები ასახავენ სუბიექტურ, ადამიანების მიერ შემუშავებულ და დაცულ თამაშის წესებს.
ეკონომიკის თეორიულ დებულებათა მცდარ გაგებას უხვად შეხვდებით სხვა უცხოელ ავტორთა სახელმძღვანელოებშიც, კერძოდ, კ. მაკკონელისა და ს. ბრიუს „ეკონომიკსში“, სადაც ეკონომიკის კანონები და ეკონომიკის პრინციპები ერთმანეთთანაა გაიგივებული.
გ. მენქიუს მიხედვით ეკონომიკის თეორიის ფუძემდებლური პრინციპებია: ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან; ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ხელში ჩასაგდებად; რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს; ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ; ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობა გააუმჯობესოს; ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა; მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება; ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე; ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს; საზოგადოება მოკლევადიან პერიოდში დგას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე.
დებულებათა წარმოდგენილი ჩამონათვალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი ჯერ ერთი, ეკონომიკის თეორიის რიგითი თეორიული დებულებებია და არა პრინციპები. მეორე, ეს დებულებანი არც ისეთი ფუნდამენტურნი არიან, რომ მეცნიერების ამ დარგს დაედონ საფუძვლად.
მსოფლიოში აღიარებული ავტორის მიერ დაშვებული უხეში თეორიული შეცდომა გამოწვეულია ჯერ უცხოეთში, ხოლო შემდეგ ჩვენთან ეკონომიკსის იდეალიზაციით და ეკონომიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემების უარყოფით. ამაზე მეტყველებს ბოლო ხანებში ქართველ ავტორთა მიერ მიერ გამოცემული „ეკონომიკის პრინციპების“ რამდენიმე სახელმძღვანელო, სადაც გ. მენქიუს მიერ ჩამოყალიბებული ე.წ. პრინციპები უცვლელადაა გადმოწერილი.
მეცნიერებასა და განათლებაში უცხოური იდეების უკრიტიკოდ მიღება და „საუცხოოდ“ გამოცხადება ხშირად ინტელექტუალური სიბეცის მაჩვენებელია და ამ იდეების არაშემოქმედებითად გამოყენებას უმწიფარობის, თეორიულ-მეთოდოლოგიური დაუსაბუთებლობის, ან სულაც მცდარობის გამო მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. გავიხსენოთ თუნდაც ის ეროვნული ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გასულ საუკუნეში ქართული ეროვნული ცნობიერებისათვის უცხო მარქსისტული თეორიის გაიდეალებამ გამოიწვია. გ. მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები“ ერთ-ერთი რიგითი სახელმძღვანელო რომ იყოს, საგანგაშო არაფერი იქნებოდა. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ იგი ეკონომიკის იდეალურ სახელმძღვანელოდ აღიარეს, მონოპოლიური სტატუსი მიანიჭეს და საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში უყოყმანოდ დანერგეს. თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მოუფიქრებელ ნაბიჯს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, ამიტომ ამ პრობლემაზე მომუშავე მეცნიერება მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი, რაც პრაქტიკულ ქმედებებს დაედება საფუძვლად.
RESUME
ECONOMICS IN THE CAPTIVITY OF IMPROVIDENCE
A. Sisvadze
Professor
One of the essential features of today's global eco-nomics is the transition of developed countries to super-industrial economics, whose rules are quite dif-ferent from those of the traditional economics. This process will certainly infuence the world economy, which will need to be refected in the economic sci-ence. In this regard, it is most important to develop a new understanding of the fundamental paradigms of the economic theory, since in case of their misunder-standing the outcome of any studies based on those paradigms will be incorrect and unrealistic no matter how logical the studies are. Moreover, there is a need to specify the name of the above scientific field.
The concept of „economical theory“ means the the-ory with a small, economical size, which does not exist. What we study is the theory of economics, or the „eco-nomic theory.” However, since this theory is the basis of other economic directions, it will be reasonable to use the term „general theory of economics.”
At present, the economic theory is being replaced by economics and the so-called „principles of eco-nomy” at the Georgian high schools. Economics co-vers a purely practical aspect of the economic science. On the other hand, the principles of economy study this science from normative point of view, which is impossible without studying the objective rules of economy. However, complex research into the econo-mic science is the prerogative of a general economic theory.
It is rather disturbing that the well-known manual by G. Mencue titled „Principles of economy” has be-en blindly idealized and introduced in our high scho-ols. Meanwhile, the so-called „principles” on which the manual is based are not principles at all, but or-dinary theoretical provisions. They certainly are not fundamental enough for an economic science to be based on them. Because those so-called principles are regarded as paradigms of economic theory, the whole manual is fraught with paralogisms.
Hence, the uncritical acceptance of foreign ideas as „perfect” is often a sign of intellectual improviden-ce and can produce only negative results.
![]() |
25 დააფინანსეთ კულტურა და გადაარჩინეთ... საქართველო! |
▲ზევით დაბრუნება |

გივი ჩხიკვიშვილი,
მწერალი და პუბლიცისტი
ბიზნესი და კულტურა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც ბიზნესი მაღალ დონეზეა განვითარებული, კულტურის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს. სახელმწიფო ბიზნესმენებს ხელს უწყობს იმაში, რომ მათ დააფინანსონ სხვადასხვა კულტურული პროექტები, სპექტაკლები, ფილმები, წიგნები და ა.შ.
გივი ჩხიკვიშვილი: ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში კავშირი ბიზნესსა და კულტურას შორის საკანონმდებლო ბაზითაა განმტკიცებული. ბიზნესმენებს გარკვეული საკანონმდებლო შეღავათები ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ამა თუ იმ კულტურულ პროექტებს აფინანსებენ, ამასთან, ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა სახელმწიფოს მიერ წახალისებულია საგადასახადო თუ საბაჟო კანონმდებლობით.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული საქველმოქმედო საქმიანობის საკანონმდებლო ბაზა, რაც თავის მხრივ, სტიქიურ და უმართავ ხასიათს აძლევს, როგორც საქველმოქმედო საქმიანობას, ასევე კულტურისა და ბიზნესის ურთიერთდამოკიდებულებას.

მეცენატობა - ისტორიული მოვლენა
ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას დიდი ამაგი დასდეს ისეთმა ცნობილმა ბიზნესმენებმა, როგორიც იყვნენ ძმები ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები. ისინი გულუხვად და უანგაროდ აფინანსებდნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
გივი ჩხიკვიშვილი: საქველმოქმედო საქმიანობა, მეცენატობა ისტორიული მოვლენაა. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმპერატორ ავგუსტინეს დროს, რომში ცხოვრობდა გამოჩენილი პიროვნება - მეცენატი, რომელიც საკმაოდ დიდი ქონების პატრონი იყო. იგი დიდ ინტერესს იჩენდა კულტურული ცხოვრებისადმი, აფინანსებდა პოეტებს, დრამატურგებს, თეატრის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. ყოველივე ამან ხელი შეუწყო კულტურულ აღმავლობას. იმ დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი რომაელი პოეტები, რომლებმაც განუმეორებელი კვალი დააჩნიეს მსოფლიო კულტურის განვითარებას.
ქართული კულტურის კრიზისი
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართული კულტურა სავალალო მდგომარეობაშია, რაც, ერთის მხრივ, გამოწვეულია სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებით კულტურისადმი, ხოლო მეორე მხრივ, კულტურული საქმიანობისათვის ბიზნესმენთა წახალისების საკანონმდებლო ბაზის არარსებობით.
გივი ჩხიკვიშვილი: უნდა ითქვას, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მოღვაწეობა, მხოლოდ ძეგლების დაცვის მხრივ შეიძლება მივიჩნიოთ დამაკმაყოფილებლად, ხოლო ქართული ხელოვნების სხვა დარგები, მეტადრე თეატრი და კინო, რომლებიც მწვავე კრიზისს განიცდიან, ჯეროვანი ყურადღების გარეშე რჩება, მართალია, სპექტაკლები კი იდგმება, მაგრამ დააკვირდით რამდენად დადის ხალხი თეატრში და რა წვლილი შეაქვს თეატრს ერის სულიერ ცხოვრებაში.
თანამედროვე ქართული თეატრი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მისიას. გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაა ქართულ კინემატოგრაფიაში, რაც საგანგებო მსჯელობას იმსახურებს.
დასანანია, რომ ქართულ თეატრსა და კინოში არ შექმნილა არც ერთი მეტ-ნაკლებად ღირსშესანიშნავი, მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემას ასახავდა. ორიოდე სპექტაკლი და გოგა ხაინდრავას ფილმი ვაკუუმს ვერ შეავსებს. სამაგიეროდ ქართული კინო და ტელეეკრანი წალეკეს ძალადობის ამსახველმა ფილმებმა, რაც უდიდეს ზიანს აყენებს მომავალი თაობის ფსიქიკას. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა აფხაზეთში ქართველთა გენოციდსა და ეთნოციდზე არც ერთი ფილმი არ გადაღებულა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ტარდება სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსები, რომლებიც არც თემატურად და არც შინაარსობრივად არ პასუხობენ ქვეყნის ინტერესებს. ამასთან, კონკურსის შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული. ესეც განსაკუთრებული მსჯელობის საგანია.
ბიზნესმენების ქველმოქმედება
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არიან ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც გარკვეულ ინტერესს იჩენენ კულტურული ცხოვრების მიმართ, აფინანსებენ ცალკეულ პროექტებს, სპექტაკლებს, ფილმებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

გივი ჩხიკვიშვილი: „თი-ბი-სი“ ბანკი და ცნობილი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აფინანსებენ ლიტერატურულ პრემია „საბას“. თუმცა, თავად ამ პრემიის მინიჭების პროცედურაც საკამათოა. უფრო მეტიც, პრემიას ანიჭებენ წინა წელს გამოცემული წიგნებისათვის, არადა, წიგნის გამოცემის ფუფუნება საქართველოში ჭეშმარიტ მწერალს დღესდღეისობით ნაკლებად გააჩნია. ამიტომ აღნიშნული პრემიის არეალში სულ ერთი და იგივე სახელები ტრიალებენ, ხოლო ყურადღების მიღმა რჩებიან მწერლები, რომლებსაც რაღაც ღირებული შეუქმნიათ ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ ამჟამად წიგნის გამოცემის საშუალება არა აქვთ.
შედარებით უკეთესი დამოკიდებულებაა პოპულარული საესტრადო მომღერლების მიმართ, მაგრამ ქართული ესტრადა უმძიმეს კრიზისს განიცდის. სახელმწიფო ასე თუ ისე მზრუნველობას იჩენს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმართ, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. მისასალმებელია, რომ ბანკი „რესპუბლიკა“ აფინანსებს არა მარტო ცალკეულ კონცერტებს, არამედ მთლიანად კლასიკური მუსიკის სეზონს.
თუ საერთო სურათზე ვიმსჯელებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ბიზნესისა და კულტურის ურთიერთდამოკიდებულება საქართველოში სტიქიურ და უმართავ ხასიათს ატარებს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დიდძალი თანხები იხარჯება მდარე გემოვნებისა და უზნეო შინაარსის პროექტებზე. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „ჯეო-ბარი“.
სამწუხაროდ, ეს ერთადერთი გამონაკლისი არაა - ქართველი ბიზნესმენები გულუხვად აფინანსებენ საეჭვო მხატვრული ღირებულებების მქონე არაერთ პროექტს.
გივი ჩხიკვიშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ, ბიზნესმენები ხშირ შემთხვევაში არა ჭეშმარიტად კულტურული ფასეულობებით, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენით არიან დაინტერესებული. ამასთან, მათ გარშემო იკრიბებიან არაპროფესიონალები და მლიქვნელები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აფინანსებინებდნენ ქართველ ბიზნესმენებს სხვადასხვა პროექტებს. თავად ეს პროცესი ხშირად კომიკურ ხასიათს იღებს. საერთოდ კი ვითარება ტრაგიკულია და გამოუსწორებელ დაღს ასვამს ერის კულტურულ ცხოვრებას.
მზია გოგოძე
P.S. როგორც ვხედავთ, ვითარება მართლაცდა საგანგაშოა. იმედი გვაქვს, რომ ამ აქტუალურ პრობლემას გამოეხმაურებიან ქართული კულტურის მოღვაწეები და ქართველი ბიზნესმენები. ჩვენის მხრივ მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს აიქმოვნებით მივაწოდებთ ფართო საზოგადოებას.
![]() |
26 ლარი ბოსიდი - „მისტერ პროდუქტიულობა“ |
▲ზევით დაბრუნება |

ლარი ბოსიდი წლების განმავლობაში ჯეკ უელჩის მარჯვენა ხელი იყო, მაგრამ თავისი შეფის დიდების ჩრდილში დიდხანს არ დარჩენილა. როდესაც ვიცეპრეზიდენტის საფეხურს მიაღწია, მან ისეთი ადამიანის რეპუტაცია მოიპოვა, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მოაწესრიგოს საქმეები ახალი ტექნოლოგიებისა და იდეების გამოყენებით.
ლარი ბოსიდი 1957 წლიდან მუშაობდა „ჯენერალ ელექტრიკსში“. მან სტაჟიორის სტატუსით დაიწყო, გაიარა კარიერის ყველა საფეხური და 1984 წელს ვიცეპრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ამ თანამდებობაზე იგი 1991 წლამდე დარჩა.
თუმცა, ბოსიდის ჰქონდა ამბიცია, რომ თავისი შესაძლებლობები სხვა სფეროებშიც გამოეცადა და ამიტომ იგი „ალაედ სიგნალის“ პრეზიდენტობას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
ბოსიდის მმართველობა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ 8 წლის შემდეგ, 1999 წელს, საკმაოდ წარმატებული „ჰანიველი“ შემოიერთა და მსოფლიო ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.
„ალაედ სიგნალის“ ისტორია 1920 წელს იწყება, როდესაც გაერთიანდა 5 ამერიკული ქიმიური კომპანია, რომლებმაც ერთობლივი ძალებით ლიდირებადი პოზიციები მოიპოვეს ახალი ნივთიერებების ბაზრებზე.
„ჰანიველი“ კი შედარებით ასაკოვანი კომპანია იყო. იგი დაარსდა 1885 წელს და თავიდან მხოლოდ ერთ ინოვაციურ მოწყობილობას აწარმოებდა - ეს იყო თერმოსტატი ნახშირის ღუმელის სარქველისთვის, რომელსაც ავტომატურად შეეძლო სარქველის მდგომარეობის რეგულირება ტემპერატურის მიხედვით, რაც ნახშირის შესამჩნევ ეკონომიას ახდენდა. ეს თერმოსტატი მე-XIX საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა იყო.
თუმცა, კომპანია მხოლოდ თერმოსტატების წარმოებით არ შემოფარგლულა. საუკუნოვანი განვითარების შედეგად „ჰანიველი“ გახდა მართვის სისტემების წარმოების ლიდერი მრეწველობის მრავალი დარგისთვის, განსაკუთრებით კი აეროკოსმოსური სფეროსათვის.
„ალაედ სიგნალი“ და „ჰანიველი“ წლების განმავლობაში ასე თუ ისე უმკლავდებოდნენ კონკურენციას, მაგრამ მათი მწარმოებლურობა გაცილებით დაბალი იყო არსებულ პოტენციალთან შედარებით. როგორც ექსპერტები ამბობდნენ ეს კომპანიები „მთვლემარე მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ.
როდესაც 1991 წელს ლარი ბოსიდი „ალაედ სიგნალის“ ხელმძღვანელობას შეუდგა, კომპანიის წლიური შემოსავალი 12,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კომპანია შედგებოდა 5 ქვედანაყოფისაგან, რომლებიც ურთიერთდამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ და მუდმივად ქიშპობდნენ ერთმანეთთან კორპორაციული რესურსების მოპოვების მიზნით. არაკოორდინირებული მმართველობის შედეგად კომპანია მალე წააწყდა შემოსავლების შემცირების, კაპიტალის უთავბოლო ხარჯვისა და ბიუროკრატიული ბარიერების ზრდის პრობლემებს.
ბოსიდიმ მოახდინა კომპანიის ქვედანაყოფების ინტეგრაცია და მოსთხოვა თანაგუნდელებს, რომ შეეცვალათ აზროვნების სტილი. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა არა მმართველთა არაპროფესიონალიზმი ან უნიჭობა, არამედ არასწორი, არაეფექტური მიდგომა საქმისადმი.
ბოსიდიმ სწრაფად შეცვალა მმართველობის სტილი, რაც კომპანიის ფინანსურ პარამეტრებზეც აისახა. ბოსიდის მმართველობის პერიოდში „ალაედ სიგნალის” სამრეწველო ინდექსი 500-ჯერ (!) გაიზარდა. 1998 წელს ბოსიდი ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ბიზნეს-ჟურნალმა „Chief Executive“ წლის ადმინისტრატორად აღიარა.
1999 წელს, „ჰანიველთან“ გაერთიანების შემდეგ, ბოსიდიმ დატოვა „ალაედ სიგნალის“ მმართველის პოსტი და გადაწყვიტა თავის გამოცდილება წიგნში გადმოეცა. 2002 წლისთვის ლარი ბოსიდიმ რემ ჩარანთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი: „შესრულება: როგორ მივიყვანოთ საქმე ბოლომდე“. ეს წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი.
„ჰანიველის“ სახელით გაერთიანებულ კომპანიას კი ძალიან დააკლდა „ბოსიდის ხელი“. 2000 წელს მნიშვნელოვნად დაეცა კომპანიის ყველა კომპონენტის პროდუქტიულობა, შემცირდა კომპანიის მოგების ნორმა და აქციათა ფასიც მკვეთრად დაეცა. კომპანია საჭემოტეხილ გემს დაემსგავსა.
2001 წლის ივლისში ბოსიდის ისევ სთხოვეს უკვე გაერთიანებული კომპანიის ფეხზე დაყენება.
შემოერთებულ სეგმენტში ბოსიდის დაახლოებით იგივე პრობლემები დახვდა, რაც თავდაპირველად „ალაედ სიგნალში“: არაეფექტური მმართველობა, ზედმეტად „გაბერილი“ საშტატო განრიგი, ხარჯების მენეჯმენტის უთავბოლო სისტემა. კომპანიას უბრალოდ არ ჰყავდა ისეთი ლიდერები, რომლებიც თავის თავზე აიღებდნენ მრავალფეროვანი ფუნქციების კოორდინაციას. ის ლიდერები კი, რომლებიც ლარი ბოსიდიმ „ალაედ სიგნალში“ აღზარდა - სხვა კომპანიების მმართველებად აღმოჩნდნენ მიწვეული, რადგან ბოსიდის „შეგირდებმა” საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭეს ბიზნეს-წრეებში.
ბოსიდიმ გადაწყვიტა, რომ ლიდერთა აღზრდა „კონვეიერზე დაეყენებინა“ - მან შექმნა კადრების ურთიერთობისა და კოორდინაციის უფრო კომუნიკაბელური სისტემა.
პარალელურად ბოსიდიმ შეიმუშავა საწარმოო რესტრუქტურიზაციის გეგმა. არაეფექტური მმართველობის შედეგად კომპანიის საშტატო განრიგი ზედმეტად გადატვირთული იყო. ბოსიდიმ სამსახურიდან 15800 თანამშრომელი დაითხოვა, დარჩენილი თანამშრომლებისათვის კი შრომის პროცესების „უნივერსალიზაცია” მოახდინა.
კომპანიისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ასევე მმართველთა ზედმეტი ორჭოფობა. ადმინისტრაცია ზედმეტად იყო დაკავებული შეკითხვით - „შევესაბამებით თუ არა მომხმარებელთა მოლოდინებს?“. მარკეტინგის სამსახური მუდმივად სწავლობდა კლიენტურის ინტერესებს და კონკურენტების ინოვაციებს, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ყოველთვის ეშინოდათ.
ბოსიდიმ აუხსნა ადმინისტრაციას, რომ მოლოდინებისადმი ზედმეტი „მონობა“ არაეფექტური სტრატეგიაა. მოლოდინი ცვალებადია, ამიტომ მოლოდინები ჩვენს სასარგებლოდ უნდა შევცვალოთ ან სულაც ახალი მოლოდინები შევქმნათ. ყველაზე უკეთესი კი ის არის, თუ მომხმარებელს ისეთ მოულოდნელ და სასარგებლო სიახლეს შესთავაზებ, რომელზედაც იგი არც კი ოცნებობდა.
მარკეტინგული დეზორიენტაციების პარალელურად არც საწარმოო პროცესები იყო რაფინირებული. ბოსიდიმ დახვეწა წარმოების პროცესი, რისთვისაც „ექვსი სიგმას“ სტრატეგია გამოიყენა. ამ სტრატეგიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომპანიის 100-მდე თანამშრომელი ფლობდა „სპეციალისტის შავ ქამარს”, 3000-მა თანამშრომელმა კი დამწყები ოსტატის „მწვანე ქამარი“ დაიმსახურა, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი უკვე 3000მა თანამშრომელმა გამოკრა ხელი „შავ ქამარს“.
„სიგმა ექვსის“ წარმატებული დანერგვის მუხედავად, კომპანიის საქმიანობაში მაინც არსებობდა ორგანიზაციული ხარვეზები. კომპანიაში ნაკლებად ხდებოდა გრძელვადიანი და ოპერატიული ამოცანების ურთიერთშეთანხმება - კომპანიის მესვეურები ერთმანეთში „ურევდნენ“ ტაქტიკას და სტრატეგიას. ოპერატიული ამოცანების ამოხსნა ხშირად ჭიანურდებოდა, სტრატეგიულ მიზნებს კი სათანადო მნიშვნელობა არ ენიჭებოდათ.


ბოსიდიმ კომპანიის დრო დაჰყო მოკლე და გრძელვადიან პერიოდებად და თანამშრომლებს განუცხადა, რომ: „თუ გინდა, რომ გზა არ აგებნეს, ხანდახან შორს უნდა გაიხედო, რადგან თუ მხოლოდ „ფეხებ ქვეშ“ იყურები და ადვილად გასავლელ ბილიკებს მიჰყვები, შეიძლება ჰორიზონტზე არსებულ მიზანს ასცდეო“.
მმართველობის უკეთესი კოორდინაციის მიზნით, ბოსიდიმ შეიმუშავა „დისკრეტიზაციის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას წარმოებისა და მმართველობის ყველა დონეზე. ერთიანი ინფორმაციული ველი საშუალებას მისცემდა თანამშრომლებს, რომ ყოველ წუთში ედევნებინათ თვალი კომპანიის საერთო მდგომარეობისათვის, რის შედეგადაც აღარ მოხდებოდა სხვადასხვა ქვედანაყოფების ქმედებების დისჰარმონია „დროსა და სივრცეში“. ძირითადი სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის მართვის პროცესი დაიყო მოკლევადიან ტაქტიკურ ოპერაციებად, რომლებიც უნდა შესრულებულიყვნენ განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში.
დისკრეტიზაცია უზრუნველყოფდა ოპერაციების თანმიმდევრობას და კომპანიის ფუნქციების უნისონში მოყვანას.
ახალი სისტემის დანერგვის მიზნით ბოსიდიმ ისევ დააბრუნა კომპანიაში ის ნიჭიერი მმართველები, რომლებმაც მასთან ერთად დატოვეს „ალაედ სიგნალი“.
ბოსიდის მიერ აღზრდილი მენეჯერები გაცილებით მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ სხვა კომპანიებში, მაგრამ თავის „გურუს“ უარი არ აკადრეს და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ისევ დაბრუნდნენ.
ერთ-ერთი ასეთი ლიდერი ლარი კიტელბერგერი ისევ დაბრუნდა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე და „დისკრეტიზაციის პროგრამის“ კონტროლი იკისრა. მან მთლიანად მოახდინა კომპანიის აპარატის რეორგანიზაცია მმართველობის ყველა სეგმენტში - საკადრო რესურსები, იურიდიული სამსახური, ფინანსების მართვა, მომარაგების სისტემა და ა.შ.
ამის შედეგად უფრო გაადვილდა კომპანიის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება:
1. პირველ რიგში, ზუსტად აღრიცხეს მატერიალური რესურსები, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო არსებული და სამომავლო ტექნოლოგიური ინიციატივები;
2. შემდეგ შეაფასეს საბიუჯეტო განაწილების დინამიკა და გააანალიზეს მისი შესაბამისობა სტრატეგიულ მოქმედებებთან;
3. განისაზღვრა მწარმოებლურობის მაჩვენებლები და ინვესტიციების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები.
ასეთმა გარკვეულობამ საშუალება მისცა მმართველობის ყველა რგოლს, რომ მინიმუმამდე შეემცირებინათ დანახარჯები და დაეხვეწათ ყველა საწარმოო პროცესი.
ადმინისტრაციამ შეიმუშავა შედეგების ანალიზის ერთიანი რუკა, სადაც აღინიშნებოდა კომპანიის ყველა სეგმენტის მიღწევები და პრობლემები, რამაც გაადვილა მმართველობის კოორდინაცია და ინვესტიციების ოპტიმიზაცია.
ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა ამ რუკების მონაცემების ანალიზი, რის საფუძველზეც იცვლებოდა ან იხვეწებოდა ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნები.
„დისკრეტიზაციის პროგრამამ“ მოსალოდნელზე მეტი შედეგები მოიტანა: მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში „ჰანიველმა“ 300 მილიონი დოლარით შეამცირა დანახარჯები. მხოლოდ ერთ წელიწადში განახორციელეს იმ გეგმების 60%25-ი, რომელთა შესრულებასაც 3 წლის განმავლობაში ვარაუდობდნენ. საერთო პროდუქტიულობა 1,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. კომპანიამ დაიბრუნა უოლსტრიტის ნდობა და აქციების ფასიც სწრაფად გაიზარდა.
ჩათვალა რა თავის მისია შესრულებულად, 2002 წელს ლარი ბოსიდიმ ისევ დატოვა კომპანიის მმართველის პოსტი.....
ერთი სიტყვით, მართვის განსაკუთრებული სტილით ლარი ბოსიდიმ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს-მმართველის სახელი დაიმკვიდრა.
კობა ბიწაძე
![]() |
27 მოზაიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ნიჭი პლუს თავდაჯერება
ჰენრი ფორდი - მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესმენი

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ჰენრი ფორდის ბედი, რომ არა მამისაგან ნაჩუქარი საათი. 12 წლის ბიჭუნას ცნობისწადილი ჰკლავდა, როდის ახდიდა ხუფს. ახადა და ნამდვილი სასწაული იხილა. აბა, ბავშვი რისი ბავშვია, თუ ბოლომდე არ ამოხსნის საიდუმლოებას! მანაც საათი დაშალა, მერე კი ისევ ააწყო! ამან ჭკუის სასწავლი გამოცდილება შესძინა ჯერ გულდასმით უნდა შეისწავლო ის, რასაც ხელს მოჰკიდებ და საქმე მხოლოდ მერე დაიწყო. ამ წესისათვის „ავტომობილების მეფეს“ მთელი სიცოცხლის მანძილზე არ უღალატია.
საქმის არსში ჩაკირკიტება ჰენრი ფორდს ცხოვრების ნორმად ექცა. როცა მამის ფერმიდან გაიქცა და კონკის ვაგონების ქარხანაში მოეწყო, იქაც არ ისვენებდა, ყველგან ცხვირს ჰყოფდა. ბევრს არ მოსწონდა ეს უცნაური ახალგაზრდა, მაგრამ თანდათან მიეჩვივნენ და აღტაცებასაც აღარ მალავდნენ - როცა მწყობრიდან გამოსულ მექანიზმს ხელს შეახებდა, ის მაშინვე „მეორე სიცოცხლეს“ იწყებდა. ერთი სიტყვით, ჰენრი ფორდისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობდა.

ჰენრი ფორდს უფრო დიდი საქმეები ეძახდა. მანაც მალე მიატოვა სამუშაო და ძმები ფაუერების გემთმშენებელ ქარხანას მიაშურა. გასამრჯელო დიდი არ ჰქონდა, ამიტომ დამატებითი სახსარი რომ მოეძიებინა, ღამღამობით საათების შეკეთებაზე მუშაობდა. არც ეს იყო მისი ოცნების მწვერვალი - გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ აეგო საკუთარი კონსტრუქციის ავტომანქანა. მაგრამ ეს სურვილი ჯერჯერობით აუხდენელი იყო: საამისოდ არც ფული ჰქონდა და არც ნახაზების შექმნა შეეძლო. როცა სამუშაოდ ლოკომობილების ფირმაში გადავიდა, ახლა ლოკომობილზე დაიწყო ოცნება. ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც სხვანაირი, ორიგინალური.
ფორდის მამას უილიამს, საკმაოდ კარგი ფერმა ჰქონდა და ყოველნაირად ცდილობდა, რომ შვილის ახირებისათვის როგორმე ლაგამი ამოედო. მაგრამ ჰენრის საშინლად სძულდა ძროხის რძე. მამამ შვილს 40 აკრი მიწაც კი აჩუქა იმ პირობით, რომ თავის გატაცებაზე უარს იტყოდა. ჰენრი დათანხმდა და, წარმოიდგინეთ, ნაჩუქარ მიწაზე სახლიც კი ააგო. მალე მის ცხოვრებაში შემოიჭრა კლარა ბრაიანტი, რომელიც სოფლის საცეკვაო მოედანზე გაიცნო. ქალიშვილი მოიხიბლა ჰენრის აწყობილი საათით. მალე ისინი შეუღლდნენ და ორი ბიჭიც შეეძინათ. უილიამ ფორდისგან განსხვავებით კლარა ბრაიანტს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მიზანმიმართული ჰენრი თავის ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანდა და ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი კონსტრუქციის ავტომობილს ააწყობდა. პირველი ძრავა ჰენრიმ სწორედ მეუღლის სამზარეულოში გამოსცადა.
ჰენრიმ მაინც გატეხა მამისათ ვის მიცემული სიტყვა - დეტროიტში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ქარხანა ააგო. პირველ პროდუქციას „თუნუქის ლიზა“ დაარქვეს. საწარმომ ათასობით მანქანა დაამზადა. „თუნუქის ლიზა“ ამერიკის სიმბოლოდ იქცა! ფორდის წარმატების საიდუმლო ისიც გახლდათ, რომ მან ყველა პროცესის ერთიანი ხაზი - კონვეიერი შექმნა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა რიცხვი და, შესაბამისად - ხარჯები. სამაგიეროდ გაიზარდა საწარმოს წარმადობა. საინტერესოა ერთი დეტალიც: ყოველივე ეს, განახორციელა კაცმა, რომელმაც ნახაზების შედგენა და კითხვაც კი არ იცოდა! ინჟინრები საგანგებოდ აგებდნენ სათანადო მოდელს და მერე მასთან ერთად მსჯელობდნენ, კამათობდნენ, აზუსტებდნენ დეტალებს. ჰენრი ფორდის „გაქანებაზე“ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის აღიარება და პატივისცემა, რასაც თომას ედისონი მის მიმართ იჩენდა. როცა ჰენრიმ მას თავისი გამოგონების შესახებ უამბო, ცნობილმა მეცნიერმა უყოყმანოდ უთხრა: „საინტერესო იდეაა. გააგრძელე მუშაობა, თქვენ დიდი მომავალი გაქვთ“. კლარა ბრაიანტის შემდეგ ეს იყო მეორე ადამიანი, ვინც ჰენრი ფორდის გამოგონება იწამა.

ფორდს თავის საწარმოში მკაცრი წესები ჰქონდა. იგი მარტო იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ ხელქვეითს პატიოსნად ემუშავა. ის მერეც აკონტროლებდა, მუშები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ თუ არა. ყველაფერი ზედმიწევნით აღინუსხებოდა, რაც ანაზღაურებაზეც მოქმედებდა. თუ ხელქვეითი ხელმძღვანელის მითითებებს არ დაემორჩილებოდა, შეიძლება სამუშაოსაც კი დამშვიდობებოდა.
ასეთი პრინციპების მქონე ჰენრი ფორდმა მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას - ოცდაათი წლის ქალი შეუყვარდა. კლარა ბრაიანტმა ოჯახი მაინც შეინარჩუნა. ჰენრიმ გამოსავალს მიაგნო - საყვარელი კომპანიის თანამშრომელზე დააქორწინა და მეფური საჩუქარიც მიართვა. ფორდმა ქალი სამშობიაროშიც მოინახულა, ხოლო პატარისთვის, რომელიც შემდეგ სიამაყით აცხადებდა, ავტომაგნატი ჩემი მამააო, ყურადღება არასოდეს მოუკლია.

ჰენრი ფორდმა დაამტკიცა, რომ ადამიანს მიზნის მიღწევა შეუძლია, თუ შეუპოვარი იქნება და დროებით წარუმატებლობა თავგზას არ აუბნევს. მთელი მისი ცხოვრება ალბათ მისაბაძი იქნება ყველასთვის, ვისაც რაიმე განსაკუთრებულის შექმნა სურს და, რა თქმა უნდა, რწმენასთან ერთად საამისოდ აუცილებელი ჭკუა და გონება ექნება. მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესმენს უყოყმანოდ მიანიჭეს „ავტომობილთა მეფის“ თიკუნი.
მოამზადა
გური ჯანელიამ

შრომამ შექმნა ადამიანი ?!
ალბათ, არა ერთხელ გსმენიათ: ქართველები იტალიელების მსგავსად, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხალხი ვართო. არ ვიცი, იტალიელები რას ფიქრობენ, მაგრამ ჩვენ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ნიჭიერება სიზარმაცეს უნდა ამართლებდეს, გაუგებარია... მავანთა განმარტებით, ქართველები, ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა გაგვაზარმაცა - კლიმატი იდეალურია, წამოწექი ჩრდილში, ხელს გაიწვდი - ხეზე ნაყოფს მოწყვეტ, მოგწყურდება და მიწიდან საოცარი მინერალური წყაროები მოჩუხჩუხებს. მე შენ გეტყვი და ებრაელების მსგავსად, უდაბნოს დამუშავება მოგიწევს, რომ ქვეყანა წალკოტად აქციო! თუმცაღა, მედიცინის ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენი სიზარმაცე, არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი სენია და შრომისმოყვარეობა კაი-გვარიშვილობის დამადასტურებელი თვისება. ჯერ კიდევ, XVII საუკუნეში იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი, წიგნში „სამეგრელოს აღწერა“ წერდა: „სამეგრელოში, რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს, მთავრიდან დაწყებული, ყველა, დიდი სიამოვნებით მუშაობს თავის ყანებში და მოჰყავს საზრდო.” დღეს კი, წარმოგიდგენიათ, იერარქიულად მაღლა მდგომი ადამიანი, თუნდაც, თავის მიწაზე მუშაობდეს? ერთადერთ გამონაკლისს თუ დაუშვებენ, ისიც - ტელეეკრანის წინ! ასე ვთქვათ, საკუთარი პერსონის დემოკრატიულობის „გასაპიარებლად.“
მაინც, როდის შემოგვეპარა პირველად სიზარმაცის ჭია? ალბათ „უძრაობის“ პერიოდში, რადგან, სწორედ მაშინ იყო შესაფერისი პირობები“... მაგრამ შევეშვათ იმ პერიოდს, ამაზე საკმარისად ითქვა. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება უფრო გვიანი პერიოდიდან. 90-იან წლებში, როდესაც მხოლოდ კანტიკუნტად თუ ჩანდნენ ჩვენში, უცხოელები, ერთ ქართულ ოჯახში ქირით შესული გადამთიელი მისტერი, თურმე, დილაადრიანად ამუშავებდა აივანზე გენერატორს, რის გამოც გამუდმებით იღებდა აქტიურ საყვედურებს სართულით დაბლა მცხოვრები ქალბატონისაგან. მისი განმარტებით, ხმაურზე ბავშვს ეღვიძებოდა და წუხდებოდა. ერთ დღესაც, ოფისიდან დაბრუნებული ბატონი სათამაშოთი ეახლა ქართველ ქალბატონს. რაოდენი იყო თურმე მისი გაოცება (უფრო კი, გაოგნება!), როდესაც „ბეიბის“ ნაცვლად ხელში შერჩა... საკმაოდ მოწიფული, საშუალო ასაკის მუტრუკი! საგულისხმო კომენტარმაც არ დააყოვნა: „ამხელა კაცებს რომ ბავშვებს ეძახით, იმიტომაა თქვენი საქმე „აწყობილი“. იქნებ, ქართველთა შვილები მართლაც საკმაოდ დიდხანს ვრჩებით ბავშვებად? ასეა თუ ისე, ჩვენ, ყოფილ პიონერებს, აშკარად გვებრალებოდნენ გადამთიელი თანატოლები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით, არ თაკილობდნენ, თუნდაც, კაფე-ბარებში, მიმტანებად ან ჭურჭლის მრეცხავებად მუშაობას. დღეს კი, თუ დასახელებულ ადგილებზე, დაუშვეს ვაკანსია, სოლიდურობისათვის (!) აუცილებლად ორ პირობას წამოგიყენებენ, - ინგლისური და კომპიუტერი! რა შუაშია და „ფარი და მახვილის!” ასოციაცია მიჩნდება - შრომისადმი ერთგვარი, უტრირებული დამოკიდებულება რატომ გვიყალიბდება?! დღემდე გულწრფელად გვიკვირს, მილიონერები თავიანთ შვილებს სრულწლოვანების მიღწევასთან ერთად, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარი შრომით თავის რჩენისათვის როგორ იმეტებენ ასე იოლად? ცნობილია, რომ მილიონერი როკფელერი საკუთრ შვილებს ფუფუნებაში არ აცხოვრებდა: პატარები, უქმად რომ არ მსხდარიყვნენ, თითოეული მოკლული ბუზისათვის მცირე გასამრჯელოს უხდიდა. ნამეტანიაო, მეტყვით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამერიკა სწორედ შრომისადმი ამგვარი დამოკიდებულების წყალობით არის ყველაზე, ყველაზე... წარმატებული ქვეყანა! რაც შეეხება დასაქმებას, ამბობენ, იქ სამუშაოს იოლად შოულობს ცალფეხა, ბრმა, დანაშაულებრივი წარსულის მქონე ზანგი და ჰომოსექსუალისტიო.
იაპონიაში კი, ისევე, როგორც ყველაფრისადმი, თავისი უცნაური და განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ შრომისა და დასაქმების მიმართაც. იქ, გარკვეულ ადამიანებს ხელფასს უხდიან იმაში, რომ ტოკიოს ქუჩებში იაროს და გამვლელებს ქათინაურები უთხრან.
განსხვავებული ვითარებაა ჩვენში: საყოველთაო უმუშევრობის პირობებში, ერთი ცნობილი სლოგანისა არ იყოს, სრულიად ჯანსაღ ადამიანს ხუთი კი არა, დღეში ხუთასი ნაბიჯიც არ ჰყოფნის, რომ დროებითი სამუშაო იშოვოს. რა თქმა უნდა, აჯობებდა, ამ პროგრამისათვის გამოყოფილი თანხა საწარმოთა ამუშავებას მოხმარებოდა! გახსოვთ, კახელმა ვაზი რომ აჩეხა, მაგრამ იმიტომ კი არ აჩეხა, რომ შრომა ეზარება, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენში უბრალოდ, შრომა გაუფასურდა!
სწორედ რომ, ბედის ირონიაა: როდესაც ქართველები, ბოლოსდაბოლოს, დავრწმუნდით, რომ არანაირი შრომა სათაკილო არ ყოფილა, სწორედ ახლა არ გვაქვს საკმარისი სამუშაო ადგილები!..
წარსულიდან კარგად გვახსოვს ცნობილი მოსაზრება, - შრომამ მაიმუნი როგორ აქცია ადამიანად! მას შემდეგ, რამდენი არ ვეცადეთ, რომ, თუნდაც, მაკაკას ჩვენს სასიკეთოდ ეშრომა (მაგალითად, ბანანები შეეგროვებინა), ის ოხერი მაინც ვერ ჩამოვიყვანეთ ხიდან! ჰოდა, ვშიშობ, უმუშევრებმა და უქონლებმა, მისი ბიოლოგიური ხვედრი არ გავიზიაროთ...
მზია გოგნიაშვილი
რა არ უყვარს ფულს ?
ბევრი დარწმუნებულია, რომ „ფული-ძალაუფლებაა“ ან „ფული „თავისუფლებაა“, მაგრამ ფული თავისთავად მხოლოდ ნივთია და მას არ შეიძლება რაიმე ძალაუფლება ჰქონდეს. ფულის საშუალებით ძალაუფლების „განხორციელება“ შეიძლება მხოლოდ ისეთი სისტემაში, სადაც ამ ფულის „კეთების“ და საიმედოდ შენახვის საშუალებები არსებობს და სადაც ადამიანები თვითონ უქვემდებარებენ თავს ფულს და არა კანონს. ფული და ძალაუფლება ადამინებს შორის ურთიერთობის შედეგია და არა პირიქით.

მაგრამ რატომღაც ზოგ ადამიანს ბევრი ფული აქვს, ზოგს კი ძალზედ ცოტა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა 99%25-ის ზოგადი გონებრივი შესაძლებლობები თითქმის თანაბარია. ამასთანავე, სიმდიდრე არ არის ინტელექტუალური შესაძლებლობების პირდაპირპროპორციული. ზოგიერთ მილიარდერს უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია. ბევრ ნიჭიერ ადამიანს კი ფული „გვერდს უვლის“...
რატომ? - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ფსიქოლოგები შეეცადნენ. მათ დაადგინეს, რომ სიმდიდრე ან სიღატაკე ეს სულიერი მდგომარეობაა და არა გონებრივი.
ადამიანის ჯიბის ზომა დამოკიდებულია მის განწყობაზე სხვა ადამიანების და თვით ფულის მიმართ. როგორც აღმოჩნდა, ფულს ძალიან არ უყვარს შემდეგი გრძნობები:
შური
არიან ადამიანები, რომლებიც ფულის მოპოვებას ცდილობენ არა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ „მეზობლების ჯინაზე“ - ისინი გამუდმებით აკვირდებიან თუ რა შეიძინეს მისმა ნაცნობ-მეგობრებმა, რა აცვიათ, სად მოგზაურობენ და ცდილობენ, რომ მათ როგორმე აჯობონ. „მადა ჭამაში მოდის“ და შურიანი ადამიანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება უფრო მდიდარ ადამიანს შეეჯიბროს - ვერ ახერხებს რა მილიონრების „დაწევას და გასწრებას“, იგი დეპრესიაში ვარდება, რაც პირდაპირ უარყოფითად მოქმედებს მის „ბედ-იღბალზე“.
სიძუნწე
ფულის „კეთება“ მხოლოდ ფულის ქონის მიზნით, ადრე თუ გვიან მათ უკმარისობას იწვევს. ძუნწი ადამიანი ისედაც სიღარიბეში ცხოვრობს - ეკონომიას აკეთებს აუცილებელი საგნების ყიდვაზედაც კი. უარს ამბობს კარგ დასვენებაზე და გართობაზე მხოლოდ იმისთვის, რომ თავის სიმდიდრეს ერთი ზედმეტი თეთრი მიამატოს. ფულის კეთების დაუოკებელმა სურვილმა და ბიზნეს-გამჭრიახობამ შეიძლება საკმაოდ დიდი ქონება მოაპოვებინოს ძუნწ ადამიანს, მაგრამ იგი ვერასოდეს ვერ იგრძნობს სიმდიდრის ნამდვილ „გემოს“, რადგან მისთვის მთავარია არა ის სიკეთეები, რაც ფულს მოაქვს, არამედ ამ ფულის ერთეულების რაოდენობა. ასე რომ, ძუნწი ადამიანი არაფრით არ სჯობია იაფი საფოსტო მარკების ღარიბ კოლექციონერს...
გარდა ამისა, სიძუნწე მუდმივ სტრესს იწვევს, გაუთავებელ კონფლიქტებს ოჯახის წევრებთან - რომ ისინი ბევრს ხარჯავენ და ბევრს ითხოვენ. თუ ეს კონფლიქტურობა ბიზნეს-პარტნიორებზეც გავრცელდა, მაშინ პარტნიორები ადვილად „გააგდებენ” თავიანთი რიგებიდან ჭირვეულ და უსიამოვნო „კრიჟანს”.
შიში
ფულს არ უყვარს მხდალი ადამიანები. თუ ადამიანი ფულს აგროვებს „შავი დღისთვის“, მაშინ ეს „შავი დღე“ ადვილად დაუდგება მას. უბედურების შიშით ადამიანი თვითონ აპროგრამებს თავს უარყოფით მოვლენებზე და ამით ფულს „განიზიდავს”.
უმჯობესია ფული დააგროვოთ „თეთრი დღისათვის” - ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა ეგზოტიკურ ადგილებში, ახალი შენაძენი და ა.შ.
ასევე ფულს არ „უყვარს“ ის ადამიანები, ვისაც ეშინია ბევრი ფულის ქონის. სიმდიდრის ფლობა თითქმის ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდ რისკთანაა დაკავშირებული. მდიდრები უფრო მეტად ხდებიან კრიმინალებისა და თაღლითების სამიზნეები. ამიტომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ „თვეში ვთქვათ, 1000 ლარი რომ მომცა - კიდევაც მეყოფა და კრიმინალებიც არ შემაწუხებენო”.
მაგრამ ვინც თავს 1000 ლარით შემოიფარგლავს, იგი 500 ლარსაც ვერ იშოვის. ამასთანავე, თუ ასეთი თვითშეზღუდვა მასობრივია, იგი დიდი ბიზნეს-პოტენციალის აუთვისებლობის მიზეზი ხდება, რაც საერთო ჯამში მასობრივ სიღატაკეს იწვევს. ღატაკ ქვეყანაში კი 1000 ლარი უკვე „დიდი ფულია“ და ადვილი შესაძლებელია, რომ სულ რაღაც 10 ლარის გულისთვისაც კი დაგაყაჩაღონ, მით უმეტეს, რომ 1000 ლარიანი ხელფასით მხოლოდ ღატაკ, კრიმინალურ უბანში თუ იქირავებ ბინას.
გარდა ამისა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია”. ამიტომ ნუ შეზღუდავთ თქვენს ბიზნეს-შესაძლებლობებს მხოლოდ კრიმინალებისა და თაღლითების შიშით, რადგან, ვინც თავის შესაძლებლობებს ზღუდავს, მას უარესად შეზღუდავენ გარემოებები.
კობა ცხრუკვეთელი
როგორ დავძლიოთ სტრესი გონებით
დაძაბულობა იწვევს სიზარმაცეს, რაც ჯანმრთელობაზე და ადამიანებს შორის ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს. დაძაბულობა იწვევს ზედმეტ ღელვას, მოუსვენრობას და მაღალ არტერიულ წნევას, რაც უარყოფითად აისახება მუშაობის ხარისხზეც.

ამიტომ სტრესის დაძლევას ან მისი თავიდან აცილებას ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ ფსიქოლოგთა შემდეგი რჩევები:
1. ფიქრი სამუშაოს შესახებ „დატოვეთ“ ოფისში - არასოდეს არ იფიქროთ სამსახურებრივ პრობლემაზე სახლში ან დასვენების დროს, თუნდაც ამ პრობლემის გადაჭრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ზედმეტი მუშაობა დასაშვებია მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში.
2. დასვენების დროს შეეცადეთ მოიხსნათ დაძაბულობა - დატკბით თავისუფლებით, თვალთახედვის არეს მოაცილეთ ნოუთბუკები, მობილური ტელეფონები, ბლოკნოტები თუ საქაღალდეები. განეწყვეთ ისე, რომ თითქოს პენსიაზე ხართ და მუშაობა სულაც არ გჭირდებათ, რომ ფული იშოვოთ.
3. დაძინების წინ არ იფიქროთ ხვალინდელ დღეზე - თორემ აუცილებლად გაგახსენდებათ შრომითი ვალდებულებები, რაც სტრესულ მდგომარეობაში დაგაბრუნებთ. ძილის წინ იფიქრეთ მომავალ შვებულებაზე ან რამე სხვა სასიამოვნოზე, მაგალითად, კარგი სიზმრები რომ ნახოთ.
4. არ დაუკავშიროთ სამსახური პირად ცხოვრებას. ჩათვალეთ, რომ სამსახური სულ სხვა სამყაროა და ოჯახი კიდევ სულ სხვა. ეცადეთ არ ილაპარაკოთ თქვენს პრობლემებზე ახლობელთა წრეში, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან თქვენი პროფესიის სპეციფიკაში.
5. შეადგინეთ მიზნების გეგმა და ეცადეთ წინასწარ არ იფიქროთ მათ წარუმატებლობაზე. წინასწარ ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს - თუ საქმე წარუმატებლად დამთავრდება - ნერვიულობით ვერაფერს შეცვლი. სიმშვიდის შენარჩუნებით კი უფრო ადვილად გაუმკლავდებით პრობლემებს.

6. იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა თქვენი საქმიანობის სფეროში და რომელსაც შეიძლება ენდოთ. ხანდახან ჩააბარეთ მას „აღსარება“ - მოუყევით თქვენს პრობლემებზე, შეცდომებზე. „აღსარება“ ზოგადად სტრესის მოხსნის ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა.…
7. ხშირად ეთათბირეთ თანამშრომლებს. თქვენს ნაცვლად რამდენიმე ადამიანი იფიქრებს პრობლემის გადაჭრაზე და შესაბამისად თქვენი ფსიქოლოგიური დატვირთვაც სხვებზე გადანაწილდება.
ასევე მნიშვნელოვანია სტრესის პრევენცია - დილის ვარჯიში, ზომიერი ჭამა, მშვიდი ძილი, ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება საკმაოდ ძლიერი ბარიერებია სტრესისათვის.
თუმცა, ყველაზე მთავარია თქვენი განწყობა საქმისადმი - ნუ აღიქვამთ თქვენს სამსახურს რაღაც დამამძიმებელ მოვალეობად. სამუშაო განიხილეთ როგორც საინტერესო საქმიანობა - ჩათვალეთ, რომ სამუშაო ისევე საინტერესოა, როგორც მაგალითად, კროსვორდის შევსება ან სათავგადასავლო წიგნის კითხვა.
თუ მძიმე ფიზიკური შრომა გიწევთ, ჩათვალეთ, რომ ეს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ვარჯიშია - გახსოვდეთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ყოველდღიური ვარჯიშის დროს რამდენიმე „პირობით“ ტონა ტვირთს გადაადგილებენ.
კობა ბიწაძე