The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი (თებერვალი 2005. №2)


ცხელი შოკოლადი (თებერვალი 2005. №2)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბაბუაძე თამარ, სუხიშვილი თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, კირვალიძე სოფიო, ხარბედია მალხაზ, მორჩილაძე აკა, მახარაძე ირენ, ტურაშვილი დათო, კვინიკაძე ნესტან, ახალაშვილი ნათია
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ყდაზე: ნინო ქათამაძე ფოტო: დავით მესხი რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა ნომერზე მუშაობდნენ: ნენე კვინიკაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, ნათია ახალაშვილი, ნანა ნიკოლაძე, თამარ სუხიშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ფოტო : დათო მესხი, ლევან ხერხეულიძე ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი დიზაინი: დავით თეთრაძე, ალექსი კახნიაშვილი დისტრიბუცია: კოკა სვანიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: shorena@cezanne-web.com © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია



1 დუბლი № - „სიყვარული დაფრინავს“

▲ზევით დაბრუნება


ექსკლუზივები

თამრიკო ფოცხიშვილი

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: იური მეჩითოვი

„კედლის გადაღებებზე“ გურამ წიბახაშვილი

კარი ღიაა.

ეს უკვე უცნაური დეტალია:

როცა პოეტები ლექსს წერენ, და მათი შვილები კი ოთახებში ყიჟინას სცემენ, პოეტები, როგორც წესი, კარს ხურავენ ხოლმე. შეიძლება გაღიზიანებულები აჯახუნებენ კიდეც. მაგრამ არა იმიტომ, რომ ბავშვები სძულთ, ან აგრესიული მუზის შეტევას გრძნობენ. უფრო იმიტომ, რომ ეშინიათ, ტვინის ხვეულებში ჩასახული აზრი ფურცელზე გადმოტანამდე არ გაქრეს.

მათ ჰერმეტულად დახურული სივრცე სჭირდებათ. საიზოლაციო ლენტით ამოგმანული კარ-ფანჯრები. სრული ინტროსპექცია. საკუთარ თავში შესვლა, რათა თოთო აზრები ქირურგიული ხელთათმანებით, დაუმახინჯებლად, ინფექციის შეუყრელად გამოიყვანონ გარეთ. აზრის გააზრების, რითმის გარითმვის ეს პროცესი იმდენად სათუთი და ენით აუწერლად სასიამოვნოა, რომ ერთადერთი სიტყვა ესადაგება ყველაზე სრულყოფილად, ფრანგული - Fragile. თვითონ მოქმედებას კი - „მაცალეთ, ლექსს ვწერ“ - ყველაზე დრამატულად ერთადერთი გრამატიკული დრო გამოხატავს - ინგლისური აწმყო განგრძობითი.

და აი ახლა, ამ სახლში სწორედ ეს სათუთი და საბედისწერო დრო დგას - განგრძობითი. „ყოფნა“ დამხმარე ზმნას მიმატებული საუღლებელი ზმნის აწმყო მიმღეობა. ანუ, „მე ლექსს ვწერ“. ახლა.

კარი კი ღიაა.

კარს იქით, საწერ მაგიდასთან კაცი ზის და ბუტბუტებს. სილუეტზევე ეტყობა დაძაბულობა. უკან გადავარცხნილი თმები, განიერი მხრების მოხაზულობა, ნელი ცქმუტვა და გაურკვეველი ბგერათშეთანხმებები. ხან ხმამაღალი, აღტკინებული წამოძახება, ხანაც - ჩამცხრალი, დამშვიდებული მიგნება. სიტყვები, რითმები, სილუეტის რხევა - ისე, როგორც რეპი, ოღონდ 60-იანების სტილში, ლირიკული.

კარი ღიაა. კაცი ლექსს წერს. სანახაობა იმდენად რიტუალურია, რომ დერეფანში მოთამაშე ბავშვებიც წამით ჩერდებიან, აყურადებენ. ძალიან, ძალიან ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ მათგან სულ რამდენიმე მეტრში რაღაც იბადება...

თამრიკო და ბასა ფოცხიშვილები ასე იზრდებიან. პოეტურ და მატერიალისტურ სამყაროებს შორის გახსნილი საზღვრებით. სახლში, სადაც ყველაფერი „ლექსის მეტრული საზომით იზომება“.

0x01 graphic

ზეიმი“. მაგიდასთან საშა იოსელიანი

მათი მამა აფრენაზე ოცნებობს. „აფრინდება და ფრიი“.

ის ძალიან პოეტურია. „ლოდინს ლილისფერს ნეტა, რა ჰქვია“.

თამრიკოს წლების მერეც პირველ რიგში ეს ორი ლექსი ახსენდება.

ხელნაწერი კი ოთახში, საწერ მაგიდასთან უკიდია.

აქ კარგია. მარტო მოგონებები მხედავენ

დღეს დები იმას ქმნიან, რასაც პოსტ-საბჭოთა და პოსტ-90-იანი წლების ომების ქართული პოპ-კულტურა ჰქვია. „გიხაროდენ“ და მოქკავშირი, პირველი ქართული სერიალი „სახლი ძველ უბანში“, უცნობის კლიპიდან „ნაშებში“ გაპარული ქმრები, „გზავნილი 21-ე საუკუნეში“, ახალი წლის ღამის კონცერტები, შეყვარებული კაცების არყები, ნაძვის ხეების ფესტივალი... ანუ, ახალი ქართული პარამეტრებით რომ გავზომოთ - ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრება. უკვე გადანაწილებული როლები - ბასა უფრო პოპულარულია, ვიდრე თამრიკო. მაგრამ ისინი მაინც ერთად არიან - უიერარქიოდ. ერთად მუშაობენ. თამრიკო ამბობს, რომ ბასამ ქართული კლიპის გზა გაკვალა. „ახლა ის განვითარდება, სხვანაირად არ შეიძლება“. ახლა ბასა ფილმზე მუშაობს. თამრიკოც აპირებს, უფრო სერიოზული რამ შექმნას. „რამდენი ხანია, კინოში აღარ მიმუშავია. ბოლოს გოდერძი ჩოხელის „მიჯაჭვული მგლები“ იყო, თუ არ ვცდები 1998 წელს... ახლა ნაძვის ხის ფესტივალი ჩავატარეთ, ბევრი დრო და ენერგია წაიღო. წინ კიდევ ორი ფესტივალი მელის. ტრიესტში ბასას მარიკა თხელიძის კომპოზიციიისთვის გადაღებული Just Try მიაქვს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ. მერე ბერლინში მივდივარ. მიყვარს ეს ქალაქი და მისი კინოფესტივალი. ყველაზე ნაკლებად ბურჟუაზიულია, ყველაზე კარგად არის წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის პროდუქცია. იქაც საქმეები მაქვს. მერე კი ჩამოვალ და ყველაფერს მივხედავ“.

ეს უახლოესი გეგმებია. ბუნებით აქტიური და ენერგიული მხატვარი მათ განხორციელებას ცდას არ დააკლებს. მაგრამ პაუზა ყოველთვის საჭიროა. თამრიკომაც იცის ერთი მოხერხებული ჩრდილი პოპ-კულტურული რუტინისგან თავის დასაცავად. ჩრდილი, ანუ ის ლექსის მეტრული საზომით შემოფარგლული სივრცე, სადაც ბავშვობიდან გადმოყოლილი პოეტური აურა დღემდე ტრიალებს.

ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვაგრძელებთ. იქ გავჩერდით, როცა ოთახის კარი ღია იყო და ათწლეულების განმავლობაში ძალიან პოპულარული, რამდენიმე თაობისთვის საყვარელი პოეტი, დერეფნიდან შემოჭრილი ბავშვების ხმაურის ფონზე, სტრიქონებს რითმავდა. მერე კარზე ზარი ირეკებოდა. მოდიოდა გოგი ცაბაძე და იწერებოდა სიმღერა „მეფაიტონე“. იწერებოდა დიდხანს - იქვე მუშავდებოდა, სწორდებოდა, ტექსტიც და მელოდიაც, ყველაფერი ექსპრომტად. გოგონები თამაშს წყვეტდნენ - ხან მამის, ხან გოგი ცაბაძის ცქერით იღლებოდნენ. გადიოდა დრო და სიმღერას, რომელიც მათ თვალწინ იქმნებოდა, ყველგან ისმენდნენ - ქუჩაშიც, რესტორანშიც, ტაბახმელაშიც, წყნეთის გზებზეც.

მერე კიდევ ზარი. ამჯერად ნანი ბრეგვაძე იდგა ზღურბლთან. თამრიკო ქვევიდან აჰყურებდა ქალს, რომელიც უკვე ნანახი ჰყავდა ფილმში „ორერა: სრული სვლით წინ“. ქალი, რომელიც, გოგონას აზრით, ძალიან გამოპრანჭული და ლამაზი იყო. თამრიკოს პატარა სკამი ჰქონდა. შეიტანდა ოთახში, კუთხეში დაჯდებოდა და უსმენდა: „ეს ნოტი აიღე“... „ეს სიტვა ხომ არ ჯობია?“

ზარი მესამედ. ლევან გოთუა მოდიოდა. „რეპრესირებული, გადასახლებიდან დაბრუნებული. მორისს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა“. ყველანი ერთად ქალაქგარეთ მიდიოდნენ. არაგვის ხეობა, გუდამაყარი. ბევრი ფოტო. ბოლოს პიკნიკი. თამრიკოს ეგონა, რომ მიწაზე დაგებულ გადასაფარებელს „კლიონკა“ ერქვა. ლევან გოთუა უსწორებდა: „არა, ეს მუშამბაა, გენაცვალე“. - თუ ქართულად ლაპარაკობდნენ, ყოველგვარი მინარევების გარეშე უნდა ელაპარაკათ. ეს სიტყვაც - „მუშამბა“ ბავშვურ მეხსიერებას განსაკუთრებულად აეკვიატა - ხომ დაგმართნიათ?

მამა არ ჩხუბობდა. „ერთხელ, როცა ბასას და ჩემს კინკლაობაში დედაც ჩაერია, მორისი შემოვიდა და გულწრფელად გაკვირვებულმა გვკითხა: რა გაჩხუბებთ, ნახეთ, გარეთ რა ამინდია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, რა დროს ეს არისო“.

დრო გადიოდა, პოეტური და თავისუფალი აურა კი სახლში არ იცვლებოდა. „მამა იმდენად თავისუფლად მოაზროვნე კაცი იყო, რომ ყოველ სიახლეს იოლად ეგუებოდა ხოლმე. ვერაფრით წარმომედგინა, რომ მორისი ახერხებდა და ეცნობოდა ახლადგამოჩენილი კოტე ყუბანეიშვილის ლექსებს. ერთხელ კოტე ჩემთან სტუმრად მოვიდა. მორისი კი გამოვიდა და კოტეს მის ლექსებზე დაუწყო ლაპარაკი. მე იმდენად არ გამკვირვებია, რამდენადაც თვითონ კოტეს. თუმცა, რა იყო გასაკვირი მორისს ხომ გულწრფელად უხაროდა, როცა ხედავდა, რომ ადამიანი თავისუფლად აზროვნებს და კარგად იცის ქართული ენა“.

ამ შეხვედრის შემდეგ ერთი დამთხვევა მოხდა. ბასამ „სიყვარული დაფრინავს“ გადაიღო. უცნობმა ლექსს სხვა ტექსტი დაამატა რეპის სახით. მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს დებმა, რომ მამის სტრიქონებისთვის: „სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის“ მისამღერი კოტე ყუბანეიშვილს დაუწერია: „მიპასუხე, გენაცვალე, ვისი სული გსურს?“

მამა - ობობა

მხატვრისთვის ლექსი შინაგანი სამყაროს ის გამოძახილია, რაც ფუნჯის ტილოზე მოსმით ვერაფრით გამოხატა. პოეტისთვის პირიქით - ნახატია ის იდეა, რაც სიტყვებად ვერ გარდაქმნა, ტაეპებად ვერ გარითმა და ფუნჯის საღებავში ამოვლება არჩია.

თამრიკოს ბავშვობიდან ახსოვს მამის ერთი ნახატი - იმ მუშამბასავით აკვიატებული, ოღონდ ამჯერად ვიზუალურ მეხსიერებას შემორჩენილი: წითელ ფონზე თეთრი ცხენი დგას, ჯაჭვებითაა დაბმული და აწყვეტას ლამობს. ქართული რომანტიზმით, თუ მსოფლიო ეპოსით ნასაზრდოები, სრულიად პირდაპირი მეტაფორაა, მაგრამ პოეტისთვის და მისი ქალიშვილისთვისაც ძალიან ინტიმური და მტკივნეული - საბჭოთა პერიოდის წნეხის ფუნჯით გაპროტესტება.

„სახატავი ქაღალდი დღემდე არ მიყიდია. მორისისგან შემომრჩა. არაჩვეულებრივად ხატავდა. მხატვრობაც მან შემაყვარა. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო“.

გარდა იმისა, რომ პოეტი ხატავდა, პოეტსაც ხატავდნენ. ბავშვი გაიღვიძებდა დილას და დერეფანში ვედროებით მოტანილი თიხა ხვდებოდა - მეგობარი მამას აქანდაკებდა. მერე ეს ქანდაკება სასადილო ოთახში იდგა დიდხანს. ამიტომ იყო, რომ თუ ბავშვები, როგორც წესი, თვალ-წარბიან და გაცინებულ მზეს, ყვავილებიან მდელოს, გრძელკაბიან, ხელებგაჩაჩხულ პრინცესებს და მათ გვერდით უპროპორციოდ მდგარ პრინცებს ხატავდნენ, თამრიკომ პირველივე ცდაზე მამის პორტრეტი დახატა. „უფრო ობობას ჰგავდა. შენახული გვაქვს. მერეც ხშირად ვხატავდი მორისს“.

0x01 graphic

კედლის გადაღებებზე. თამრიკო და გივი ჩუგუაშვილი
ფოტო: იური მეჩითოვი

პროფესიის არჩევას კიდევ ერთი ძვირფასი მოგონება უკავშირდება. „სკოლას ვამთავრებდი, როცა მამამ ქანდაკების სასწავლად როლანდ ნაროუშვილთან მიმიყვანა. იმავე პერიოდში როლანდი ჭაბუა ამირეჯიბის ქანდაკებაზე მუშაობდა. „დათა თუთაშხიაც“ იმავე პერიოდში უნდა გამოცემულიყო. მე ოთახის სიღრმეში ვიჯექი, შეგირდის რანგში. ჭაბუა მოქანდაკის პირისპირ - მენატურის ადგილას იჯდა და ამბებს ჰყვებოდა. მერე კი, როცა წავიკითხე „დათა თუთაშხია“, კლასელებს დიდხანს ვახარბებდი, რომ ეს ისტორიები ძალიან ინტიმურ სივრცეში, თვითონ მწერლისგან მქონდა მოსმენილი; რომ პირადად მწერალი ჰყვებოდა რაღაც ეპიზოდებს რომანიდან, რომელმაც მერე ყველა აალაპარაკა“.

რომანი

ამ სიტყვის ორჯერ ხსენება სიტყვების თამაშზე მეტია, რადგან ორ რომანს ვგულისხმობთ - მამის და შვილის. ორივე მათგანი - თავისიც და მშობლისაც შვილს ისე ძალიან მოსწონს, რომ კინოს სიუჟეტად აღიქვამს. ისედაც: „ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რომანები კინოს ჰგავს“. მერე კინო მთავრდება. ამბავი ხან წყდება, ხან გრძელდება. სიყვარული კი სულ რჩება, და თან, სულ დაფრინავს.

მამის რომანი ასე იყო: გაგრაში დაიწყო, შუაგულ შავ ზღვაში.

როზიტა ქერათმიანი იყო. მორისმა ის შორიდან დაინახა - მზის სხივებზე აბრიალებული თმებით. რუსი ეგონა. უკან დაედევნა. გოგონა უკვე ზღვაში ღრმად იყო შესული, როცა პოეტი წამოეწია და ჰკითხა: „Который час“ - ასეა ხოლმე, როცა ერთდროულად ცურვისგან და მღელვარებისგან სუნთქვა გეკვრება, როცა პოეტურობა და ორიგინალობა გტოვებს, საშველად ბანალურობას მოუხმობ ხოლმე და გამოსავალს სტანდარტულ ფრაზებში ეძებ...

პასუხი ქართულად მიიღო და ისე გაუკვირდა, ისე დაიბნა, რომ ნაპირზე გამოსულმა, ქერა გოგონა დედას გააცნო; თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი - კონსტანტინე გამსახურდიას, გოგლა ლეონიძეს.

მაჩაბლის ქუჩაზე, დიდი ხეების ჩრდილქვეშ დანიშნული პაემნები ქორწილით დაგვირგვინდა. თამადა გოგლა ლეონიძე იყო.

შვილი სულ შეყვარებული იყო. ჯერ გამოგონილი პერსონაჟი - გია ჟაკეტაშვილი უყვარდა. მერე კი „სკოლაში მიღებული გამოცდილების“ შემდეგ დაასკვნა, რომ ბიჭები ერთი ნახვით, მათი გარეგნობის მიხედვით კი არ უყვარდებოდა, არამედ სიყვარულის გასაღვივებლად განსაკუთრებული სიტუაცია სჭირდებოდა. მას პოტენციური სიყვარულის ობიექტი მაშინ უნდა დაენახა და აღმოეჩინა, როცა ის რაიმეს გამორჩეულად აკეთებდა. ამ ლოგიკით, თამრიკოს სკოლაში შეუყვარდა ბიჭი, რომელსაც ერთხელ იმ მომენტში შეხედა, როცა მან კალათში სამქულიანი მოათავსა; მერე კი ერთი ბიჭი მოსწონდა, რომელიც კარგ მოთხრობებს წერდა.

ანუ: „ჩემი სიყვარული ყოველთვის Action-ში მოდიოდა“...

0x01 graphic

გიორგი და თამრიკო გადაღებებზე აფრიკაში

Action! ორი მნიშვნელობით

რეჟისორის ასისტენტის ეს ბრძანება გადასაღებ მოედანზე ხშირად ისმის ხოლმე. დუბლი 1, დუბლი 19, დუბლი 178-ე... არ ვარგა. ერთხელაც, თავიდან, Мотор! = Action!

გიო მგელაძე „არა, მეგობარო!“-ს ცუდ დროში იღებდა. დროში, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე თაობას - ჩემსას, ჩემზე ცოტა წინას და იმაზე უფრო წინას - ათქმევინა, რომ ჩვენ დაკარგული თაობა ვართ. დრომ, რომელმაც ლევან აბაშიძე იმსხვერპლა.

გიორგი გურგულია „არა, მეგობარო!“-ს გადაღებებზე ლევანმა მიიყვანა და ყველას გააცნო, მათ შორის თამრიკოსაც. თამრიკო 33 წლის იყო, გიორგი - 4 წლით უმცროსი, მოჩხუბარი. მუშაობდნენ, იღებდნენ, მერე ლევანი გაქრა. პირველი შოკის შემდეგ მთელმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გადაღებები მაინც დაესრულებინათ. გიო მგელაძემ გამოსავალი სუბიექტურ კამერაში იპოვა - კამერა ლევანი იყო, გადასაღებ მოედანზეც ყველა მისთვის თამაშობდა.

სწორედ იმ დროს მოხდა ის Action, რომელიც უკვე გადაღების დაწყებას კი არა, იმ მოქმედებას ნიშნავდა, სიყვარულს რომ იწვევს; ანუ ის გრამატიკული დრო დადგა, თავიდან რომ ვახსენეთ. ლექსის წერის არ იყოს, შეყვარებასაც ხომ ძალიან უხდება ეს აწმყო განგრძობითი. და წარმოიდგინეთ, რა ბედნიერია ადამიანი, ვინც მაშინვე გაიაზრებს გასააზრებელს და სათქმელს ზუსტად „ყოფნა“ დამხმარე ზმნისა და საუღლებელი ზმნის აწმყო მიმღეობით იტყვის: „მე მიყვარდება. ეს ამ წამებში ხდება“.

თამრიკო კამერის ობიექტივში იყურებოდა, დეტალებს ასწორებდა, ამოწმებდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. ამ დროს მის წინ გიორგი გურგულია იდგა და თამაშობდა. „თამაშობდა კარგად“.

- რას აკეთებდა?

„განსაკუთრებულს არაფერს. კამერისკენ უნდა გამოეხედა. გამოიხედა, მე ობიექტივიდან ვადევნებდი თვალს. მივხვდი, ჩემთვის თამაშობდა. ამას ქალი ყოველთვის გრძნობს“.

კინო დამთავრდა. მაგრამ არ დამთავრდა ამბავი. „არადა, მეგონა, რომ არჩევანი გაკეთებული მქონდა. მეგონა, რომ თავი საქმისთვის უნდა შემეწირა - საკუთარი ქორწინება ვერ წარმომედგინა. იმდენად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, რომ ამან მერე ტრადიციული ქართული ოჯახის შექმნაშიც შემიშალა ხელი. თვეების განმავლობაში ვიყავი გადაღებებზე, ტყე-ღრეში დავდიოდი, უამრავ რამეს თვითონ ვწყვეტდი. ამიტომ დაქორწინების შესახებ მოსაზრებაც სპონტანურად შევცვალე. თვითონ გიორგი დამეხმარა. ამ მხრივ ძალიან აქტიური ადამიანი აღმოჩნდა“.

- გამოგივლი და წავიდეთ, - უთხრა.

თამრიკომ ზურგჩანთა აიღო და წავიდნენ.

დრო იგივე იყო: ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების წრიალის. ყველა გაგებით.

ტაქსმა მოსაშვილის ქუჩაზე მიიყვანა, ერთ პატარა ოთახში. გიო მგელაძემ შამპანური მოიტანა, თამრიკომ სამთავროს დედათა მონასტრიდან დედების მიერ ნაჩუქარ, იქ კი ჰუმანიტარული დახმარებიდან მოხვედრილ „ვეჯი ბურგერებს“ წყალი დაასხა და კატლეტი შეწვა. ასეთი იყო მათი ქორწილი.

„ტრადიციული ქართული სამასკაციანი ქორწილი ჩვენთვის მთელ თვეზე გადანაწილდა. ქუჩაში მანქანები არ დადიოდა. შუქი არ იყო. ჩემს გარშემო უამრავი უმუშევარი იყო, მაგრამ ჯიხურებში შამპანური მაინც იყიდებოდა. ვიღაც ყოველთვის ახერხებდა ყიდვას და ასე ნაწილ-ნაწილ მოდიოდნენ მოსალოცად. ერთი თვის თავზე მივხვდი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, გავგიჟდებოდი. ისევ ავიღე ჩემი ზურგჩანთა და სამუშაოდ წავედი. სერიალის „სახლი ძველ უბანში“ გადაღებები დაიწყო“.

ერთი თვის თავზე ყოველ საღამოს „ვეჯი ბურგერებით“ გადახდილი ქორწილი დამთავრდა და დაიწყო პირველი ჩხუბი.

სერიალის გადაღებები კავკასიის ბირჟაზე, პავილიონში მიმდინარეობდა, სადაც ყოველდღე აყალმაყალი იყო და სროლა ისმოდა თუ სერიალში გოგოლა კალანდაძის გმირი ელოდებოდა ბავშვს, სინამდვილეში - თვითონ თამრიკო იყო ორსულად. გიორგი ნერვიულობდა და ცოლის სახლიდან გასვლას აპროტესტებდა. „როცა პირველად მომთხოვა შინ დარჩენა, მაშინ გავიაზრე, თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება“.

თუმცა, ჩხუბი მათ ისე მიიღეს, როგორც ერთთვიანი ქორწილისა და თაფლობის თვის შემადგენელი ნაწილი. ამ ტრივიალურ თემებზე წარმოქმნილ კამათს სანთლის შუქზე გამართული ჭადრაკის პარტიებით აგვირგვინებდნენ. „ეს საუკეთესო პერიოდი იყო“.

0x01 graphic

დათო და თამრიკო კანში

1995 წლის თებერვალში დათო დაიბადა. „მერე უკვე, როგორც მთელი ქვეყანა, ისე ჩემი ოჯახიც, თანდათან, ეტაპობრივად დგებოდა კალაპოტში. მეტიც, მგონი, რევოლუციის პერიოდში განვქორწინდით. არჩევნებზე ერთად წავედით და როცა არჩევნები საჭირო აღარ იყო, ჩვენი ოჯახი დაიშალა“.

ტყუილად არავის ეჩვენება, რომ თამრიკო განქორწინებაზე მართლაც ყოველგვარი ტკივილისა და სასოწარკვეთის გარეშე საუბრობს. ყველაფერი ისევე ლაღად და თანხვედრილი გრძნობით დასრულდა, როგორც დაიწყო. ისინი ერთად მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ერთდროულად მიხვდნენ, რომ სიყვარული დამთავრდა.

„როცა პირველად წავედით ერთად, საკუთარ გადაწყვეტილებაზე მთელი გზა მეცინებოდა. ძალიან მიხაროდა, რომ ასე ვიქცეოდი. მიკვირდა და მიხაროდა. ფინალიც ასეთივე მხიარული იყო - ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, იუმორსა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული“.

მოკლედ, სიყვარული დამთავრდა და ეს მათ საქმესაც დაეტყო. სანამ კარგად იყვნენ, ერთობლივი ნამუშევრებიც კარგი გამოსდიოდათ: ღვინო „სათავადო“ და შეყვარებული კაცების არაყი. მაყურებელმა ორივე რეკლამა შეიყვარა, იმიტომ, რომ წყვილმა მასში მთელი გრძნობა ჩადო. თითქმის სულ ასე იყო - თავიანთი სიყვარულიდან გამომდინარე, საქმესაც ერთგულებით ეკიდებოდნენ. ბოლო პერიოდში ერთად შექმნილი ნამუშევრების გახსენება კი თამრიკოს არც სურს - გრძნობის გაციება საქმეშიც გამოვლინდა და იმიტომ.

მარიკა თხელიძემ პრეზენტაციაზე მთელი ოჯახი დაპატიჟა - გიორგი, თამრიკო და დათო. ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე მივიდა. იმ საღამოს გადაწყვიტეს, ოჯახურ პრობლემაზე ღიად ესაუბრათ.

რამდენიმე ხანში თამრიკოს დათო ნიცაში მიჰყავდა, ფესტივალზე. ფიქრობდა, რომ შვილს მშობლების დაშორებით გამოწვეულ ტრავმას მოგზაურობით გაუიოლებდა. ერთმანეთსაც ამის გამო შეხვდნენ, მაგრამ არა თამრიკოს ან გიორგის სახლში, ან კაფეში, არამედ საქმიან ადგილას, ნოტარიუსთან, სადაც გიორგის წერილობითი თანხმობით უნდა დაედასტურებინა, რომ დედას ბავშვს საზღვარგარეთ ატანდა.

„მოსაწევად გარეთ გამოვედით. ვიდექით კოსტავაზე, კარგი ამინდი იყო, ვეწეოდით და არ ვიცოდით, პირველად რომელს გვეთქვა. იდგა დაძაბული სიჩუმე, ისევე, როგორც სიყვარულის ახსნის დროს არის ხოლმე“. ბოლოს, სიგარეტის ნაფაზსა და ნაფაზს შორის, ნავსი გატყდა და სათქმელი ითქვა. ორივემ შვებით ამოისუნთქა. გაერთნენ კიდეც. „იმდენად არაფერი გვქონდა საკამათო, რომ ერთადერთი კითხვა გაჩნდა: „ზაური ვის დარჩეს?“

ზაური მძღოლია.

რაღაც უნდა გითხრა

დიდ სიყვარულს ასე გმირულად მხოლოდ ძლიერი ქალები ელევიან ხოლმე. იმის აღიარება, რომ ისტორია დამთავრდა, როგორც წესი, უჭირთ. თამრიკო კი მიიჩნევს, რომ ძლიერია. კერპები არ ჰყავს, მაგრამ ყოველთვის აღაფრთოვანებდა სამი ქალი, სამივე გერმანელი: მარლენ დიტრიხი, ლენი რიფენშტალი და მარია ბრაუნი - ისე, როგორც ფასბინდერის ფილმშია. „როცა ფაშისტობას აბრალებდნენ, ლენი ადგა და აფრიკაში წავიდა ფოტოების გადასაღებად... მე ეს ქალები შინაგანი ძლიერების და ურყევობის გამო მომწონს. ფაქტი, რომ ისინი არსებობდნენ, მეც მამხნევებს“.

ძლიერი ქალები ტრაგედიებს შემართებით იტანენ. თამრიკოსთვის თვითმფრინავის ბიჭების ისტორია ძალიან ახლობელია. ერთად ნახეს ფილმი თვითმფრინავის გატაცების შესახებ, საიდანაც რადიკალური პროტესტის იდეა დაიბადა. თამრიკომ ნანახი უმალ დაივიწყა, ბიჭებმა - არა. თამრიკოს მეგობარს, დათო მიქაბერიძეს სახეზე შეთქმულის იერი დაედო. მისი იშვიათი ფირფიტებითა და ათასგვარი საინტერესო ნივთით სავსე ოთახიც, რომელიც მთელს სამეგობროს უყვარდა, თანდათან გაიძარცვა; მთელი სივრცე და აურა ბიბლიამ დაიკავა. თამრიკოსთვის მისი საქციელი იდუმალების ბურუსში გაეხვია, მაგრამ ყურადღება მაინც არ მიაქცია, ეგონა, რომ სიყვარულის ბრალი იყო. ერთ საღამოს, მეგობრის სახლიდან დიდი მხიარულების შემდეგ, შინ ბრუნდებოდნენ. დათო მოულოდნელად დასერიოზულდა. და ძალიან უცნაური ხმით მიმართა: „რაღაც უნდა გითხრა...“ მაგრამ თამრიკომ მეგობრის სახლიდან გამოყოლილი აღტკინებული ხალისით უპასუხა და დათომაც აღარაფერი თქვა.

0x01 graphic

გიორგისთან სახლში, თამრიკოს ნამუშევრების ფონზე

მერე მოხდა ის, რაც იმ ღამეს დათომ მას არ უთხრა. ქვეყანა ამოტრიალდა. ყველაფერი გადაფასდა. ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა. წარსულს ჩაბარდა რომანტიზმის ხანა, როცა გაცნობიერებული, თუ გაუცნობიერებელი პროტესტისთვის ქუჩის კოსტიუმირებული შოუებიც კმაროდა; როცა ხან „ბონი და კლაიდის“ დღე ჰქონდათ, ხან - ამერიკული ვესტერნის და ქუჩებსაც შესაბამისად გამოწყობილები იპყრობდნენ. მერე გამოივლიდა ვიღაც გიტარით, დათო მიქაბერიძე მივიდოდა, სთხოვდა გიტარას და თამრიკოსთან ერთად, ექსპრომტად, ფოტოს იღებდა - თამაშით, მხიარული ჟესტიკულაციით.

ერთხელ გრამოფონის საღამოც მოაწყვეს. დათოს გოგო მოსწონდა. გოგო ავად იყო. დათომ მისთვის გრამოფონის ჩუქება გადაწყვიტა. კონტექსტიც მოუფიქრა. თამრიკომ ოციანი წლების კაბა ჩაიცვა, დათო - გეტსბივით გამოეწყო. ხელში გრამოფონი ეჭირათ და მიდიოდნენ დაბადების დღეზე - რეალობიდან სრულიად ამოვარდნილები.

იმ დროს თბილისში სხვანაირი ბიჭები ცხოვრობდნენ. ისეთი სხვანაირები, რომ ბევრს, შეიძლება, არც გაუმართლა და ასეთებს ვეღარასდროს შეხვდება. „ბოლოს არ ვიცი, როდის ვნახე ასეთი მამაკაცები, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო იცვლება ყველაფერი. ვცდილობ, თინეიჯერების თაობაში ჩავიხედო. ვაკვირდები იმ ბავშვებს, ბასას გადაღებებზე რომ მოდიან ხოლმე, მაინტერესებს, აქვთ თუ არა ასეთი ურთიერთობები. რაღაც მსგავსებას ვხედავ, მაგრამ იმ რომანტიკას, რომელიც წინათ იყო, მათ სამყაროში ვერ ვპოულობ ხოლმე... აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე, იმ პერიოდის მეგობრებს რომ ვხვდები. საახალწლო პროექტზე ჩვენთან ერთად გოგა ჩხეტიამაც იმუშავა. დიდი ხნის მერე შევიყარეთ, და მივხვდი, რომ ძველი სამეგობრო ისევ ვიკრიბებოდით. ძალიან გამეხარდება, თუ ლადო მაისაიასთანაც მომიწევს ოდესმე მუშაობა. დანარჩენები? იურა ბერიშვილი დღემდე ზის თავის სახლ-სახელოსნოში და იმას აკეთებს, რასაც წინათ - ხატავს...“

ფინალი

თამრიკო მხატვარია, მაგრამ იმდენადაა კინოსთან შეზრდილი, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებაც კინოენით საუბრობს: „ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი რომანები კინოს ჰგავს“; „ჩემი სიყვარული action-ში მოდის“; „ეს ამბავი ისეთი საინტერესოა, რომ კინოს სიუჟეტად აღვიქვამ“... - ასე ლაპარაკობს თამრიკო და თუ მას მივბაძავთ, გამოდის, რომ ამ ისტორიასაც დასასრული კი არა - ფინალი აქვს. ოღონდ, ყველა ფინალი ხომ პირობითია და სინამდვილეში ახალ დასაწყისს გულისხმობს - მომავალ დროს.

0x01 graphic

სალვადორ დალისთან ერთად რომში

ჯერ კი ისევ აწმყო განგრძობითი დგას. თამრიკო ისევ შეუსვენებლად მუშაობს და დათოს ზრდის. დათო 10 წლისაა. დედის და მამის განშორებას მტკივნეულად არ აღიქვამს, რადგან ბავშვი თავიდანვე მიხვდა, რომ ამ გაყრაში არ იყო არც ჩხუბი და, რაც მთავარია, არც ტყუილი. მიხვდა, რომ ყველაფერი სტრესის გარეშე, ბუნებრივად მოხდა; რომ დედა და მამა ასე უკეთ გრძნობდნენ თავს. ეს ჰარმონიული არჩევანი ბავშვის ხასიათშიც ვლინდება. „ძალიან არ მინდოდა მამასავით მოჩხუბარი გამოსულიყო, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. დათო ძალიან სხარტია და აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე გიჟდება. ანუ, თუ მამამისი უსისტემოდ ჩხუბობდა, დათომ სისტემა მოუძებნა ამას - ეს უკვე ჩემი დეტალია. უყვარს წიგნებიც, რის გამოც დედაჩემი მე მამსგავსებს, რადგან იყო დრო, როცა წიგნებს მიმალავდნენ - ერთხელ საყინულეშიც კი ვიპოვე...“

თამრიკო კი მუშაობს. ტრიესტიდან და ბერლინიდან დაბრუნებული, მომავალი დროის დადგომას ელის, როცა წვრილ-წვრილ, მიმდინარე პროექტებს რაღაც დიდ და უფრო ამბიციურ კინოპროექტს მოაყოლებს. ჯერ ამაზე ლაპარაკი არ უნდა. მერე უფრო დიდი ეფექტი ექნება. ამასობაში კი ცხოვრება დამხმარე ზმნა „ყოფნისა“ და საუღლებელი ზმნის ინგ-იანი ფორმით გრძელდება. ამავე დროში ერთი უწყვეტი, მუდმივად ბრუნვადი მოქმედება ხდება. თვითონ გამოიცანით, რაც.

2 წიბახა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: თამარ სუხიშვილი
ფოტო: დავით მესხი

ერთხელ ვიღაცამ დარეკა, წიბახას სთხოვეთო. მამამ ყურმილი აიღო: რომელი წიბახა გინდათ, მთლად უფროსი, საშუალო, თუ პატარებიო. „ყველანი წიბახები ვართ. აბა, ამხელა გვარის თქმა არ გინდა?“ თუმცა ოფიციალურად მეტსახელი წიბახა ამერიკაში შეარქვეს. გურამს მაშინ ნიუ-იორკში ჰქონდა გამოფენა. „იქიდან დამირეკეს, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ამხელა გვარი რა ამბავია, უნდა შევამოკლოთო. რაც გინდათ, ის ჰქენითმეთქი.“ ასე გამოიფინა ნიუ-იორკში გურამ წიბახის ნამუშევრები. „მერე ვიფიქრე, ალბათ ებრაელი ვეგონეთ. ექსპოზიცია გოლდშტაინის გალერეაში შედგა. გაზეთში სტატიაც ვიღაც ებრაელმა ჟურნალისტმა დაწერა. გახსნაზე 16 ნამუშევარი გაიყიდა, ორი ფოტო ბრუკლინის მუზეუმმა იყიდა. ბრუკლინის მუზეუმი კი მოგეხსენებათ... ალბათ იფიქრეს, ჩვენს ძმას იქ ხომ არ უჭირსო და...…“

გურამ წიბახაშვილი, იგივე წიბახა. გეცოდინებათ, წიბახას ყველა იცნობს. არ იცით?! თქვენ რა, საქართველოში არ ცხოვრობთ? ფოტოგრაფი - ასე უწოდებს თავის თავს, სხვები ფოტოხელოვანს ეძახიან. სხვათა შორის, შესანიშნავი, დაუზარელი და, რაც მთავარია, საინტერესო მოსაუბრეა. მისგან ყოველთვის რაღაც სიახლეს ელით და თანაც, ყოველთვის აქვს სტუმრებისთვის კარგი ჩაი, რაც საბჭოთა დროს ჩაის კულტურით განთქმულ საქართველოში ახლა, სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულა. არა, თუ ჩაის არ სვამთ, ყავა იყოს. შაქრით თუ უშაქროდ?

სტუდია დღეს უკვე რელიკვიადქცეული სოცრეალიზმის ატრიბუტებითაა სავსე. ფანჯრის სიახლოვეს, კედელზე ორი პორტრეტია - თამამად მომღიმარი მერლინ მონრო და ხშირ ულვაშებში ღიმილჩაბრუნებული სტალინი. არ იფიქროთ, რომ ჩვენი მასპინძელი გაქანებული სტალინისტია (მერლინ მონროზე ვერაფერს მოგახსენებთ). უბრალოდ, დიდი ხანია დაინტერესებულია კიჩური ხელოვნებით. სტალინიც და მერლინ მონროც ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოები ორიგინალურად არის დამზადებული - კინოფირისგან (ერთ რამეს ვერ დაუკარგავ, ყველაფერში ორიგინალურია, თუმცა ამბობს, ჩვეულებრივი ვარო). ფირს ცხელ წყალს ასხამდნენ და აჩარჩოებდნენ. ესეც კიჩური მიდგომაა. პორტრეტები ნავთლუღის ბაზარზეა ნაყიდი. ძველი ნამუშევრები არაა, ახალი გაკეთებული უნდა იყოს. სტალინი - სტალინისტებისათვის, მერლინი - ასაკოვანი მექალთანე მამაკაცებისათვის. სტუდიაში კი ისინი ერთმანეთის გვერდზე მოხვდნენ: სტალინი - მერლინისათვის, მერლინი - სტალინისათვის. იდეოლოგიური მტრების ვირტუალური ინტიმი.

0x01 graphic

წიბახას შპარგალკები

სკამზე მილან კუნდერა დევს. ახალი გამოცემა. იასამნისფერი ყდით (ამასობაში რომანის სათაური კი დამავიწყდა. ეგ ხომ ბევრს წერს). ტელეფონთან გადაშლილია კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. „ალისას“ ხშირად კითხულობს - მარტივი წასაკითხია და თან ეს აბსურდიც ძალიან მიმზიდველია. „ყოველი წაკითხვისას რაღაც სიახლეს აღმოაჩენ ხოლმე.“ კიდევ? - კიდევ ძალიან მოსწონს ჯოისის „ულისე“. თუმცა „ულისე“ მხოლოდ ერთხელ წაიკითხა - „იმას მეორედ რა წამაკითხებს.“ როცა ნიკო ყიასაშვილის ცნობილი თარგმანი გამოიცა, მაშინაც ასე უფიქრია: ამხელა წიგნს რა წამაკითხებსო, მაგრამ „მერე საკუთარ თავს ვუთხარი, სირცხვილია, ბოლოსდაბოლოს, ერთ წელიწადში ხომ წავიკითხავ-მეთქი. თავიდან გამიჭირდა, მერე გამიტაცა. ბოლოს კი მივხვდი, რომ მთლიანად ნაწარმოების გავლენის ქვეშ მოვექეცი.“ ეს ყველაფერი ქვეცნობიერად მოხსტუდია დღეს უკვე რელიკვიადქცეული სოცრეალიზმის ატრიბუტებითაა სავსე. ფანჯრის სიახლოვეს, კედელზე ორი პორტრეტია - თამამად მომღიმარი მერლინ მონრო და ხშირ ულვაშებში ღიმილჩაბრუნებული სტალინი. და. მხატვრული შთაბეჭდილებები ყველაზე კარგად მის ფოტონამუშევრებში აისახა. ასე შეიქმნა გურამ წიბახაშვილის ფოტოსერია „ულისეს“ თემაზე. სერიის ათიოდე სურათი ბატონი ნიკოსთვისაც უჩუქებია. გურამ წიბახაშვილის კოლექციაში კი ნიკო ყიასაშვილის ხელნაწერიც ინახება - ნაწყვეტები ჯოისის თარგმანიდან...

პირველი გამოფენა

პირველი გამოფენა 1985 წელს ჰქონდა. მაშინ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა საგამოფენო დარბაზი: „მანამდე კომბლესავით ვმუშაობდი. ფოტოებს ვიღებდი და ჭერში ვაწყობდი... მერე კი თავხედობა გამოვიჩინე. თანაც ყველა ფოტოგრაფის ტელეფონის ნომერი გავიგე, დავურეკე და გამოფენაზე დავპატიჟე.“ უცნობი ფოტოგრაფის გამოფენაზე უამრავი ხალხი მოვიდა. „მაშინ ურთიერთობის დეფიციტი იყო. ახალი ფოტოების დათვალიერებაზე მეტად მხატვრებსა თუ ფოტოგრაფებს ერთმანეთთან დალაპარაკება უნდოდათ.“

წიბახას უბნური ცხოვრება

კატა უნდა წაიღო სასაფლაოზე შუაღამისას, ისეთ ადგილას, სადაც ბოროტი ადამიანი ასაფლავია. და აი, შუაღამისას მოვა ეშმაკი, შეიძლება, ორი ან სამიც; მაგრამ მათ ვერ დაინახავ, მხოლოდ გაიგონებ, თითქოს ქარი ზუზუნებსო. შეიძლება ისიც გაიგო, ერთმანეთს როგორ ელაპარაკებიან. როცა ისინი მკვდარს წაათრევენ, უნდა ესროლო მკვდარი კატა და თან თქვა: ჯოჯო მისდევს მკვდარს, კატა მისდევს ჯოჯოს

მარკ ტვენი, ტომ სოიერის თავგადასავალი

თბილისის ერთი ტიპიური უბანი, უფრო სწორად - გარეუბანი. ტყე, რომელიც ახლა თითქმის გაჩეხილია და ძველი სასაფლაო, პატარა გორაკზე შეფენილი. სკოლის ფანჯრები სასაფლაოსკენ მიმავალ გზას გადაჰყურებს. „იმასაც შევეჩვიე, რომ ადამიანი იბადება და კვდება. ხშირად ამას ძალიან გვიან ეჩვევიან ხოლმე.“

ირონიული რეალობა - ადამიანის ფოტოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება: პასპორტი და სასაფლაო. დამთრგუნველია, არა?

„პასპორტში მიწერია, რომ წითელწყაროში დავიბადე. მართლაც ეგრე იყო. დედაჩემი თავის მშობლებთან სტუმრად იყო ჩასული და იმ დროს დავიბადე. იქ რამდენი ხანი დავყავი, რა თქმა უნდა, არ მახსოვს. გავიზარდე კუკიაზე. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. კუკიაზე ყველა ბავშვი ასე იზრდება. ძალიან მაგარი ადგილია. აქეთ ხუდადოვის ტყე, იქით - სასაფლაო. ადრე, მგონი, აქ სოფელი იყო. ტიპიური გარეუბანი, ინტერნაციონალური. უბნური ცხოვრება: ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას მეგობარია. ერთი დიდი „ობშჩინასავითაა“. ასეთი რაღაცეები შემდგომში ადამიანის ცხოვრების წესზე, ფსიქიკასა და, საერთოდ, ყველაფერზე გავლენას ახდენს. თუმცა იმას არ ვამბობ, სხვა გარემოში რომ მეცხოვრა, ფოტოგრაფი არ გამოვიდოდი-მეთქი. ყველა ფოტოგრაფი ხომ კუკიაზე არ გაზრდილა...“

ამ უბანს გარეშეთათვის ცოტა შელახული სახელი ჰქონდა. თუმცა ვენდოთ ფოტოგრაფის თვალს: „ესეც სტერეოტიპია. ჩვეულებრივი უბანია. ალბათ პერიფერია რომ იყო, იმიტომ ჰქონდა ასეთი სახელი. ხშირად, უბრალოდ, თუ ვინმეს რაიმე ჰქონდა გასარჩევი, შუა ცენტრში, ლენინის ძეგლის წინ რომ არ გაერჩიათ, აქ ამოდიოდნენ ხოლმე. შორს იყო და ნაკლები ყურადღება ექცეოდა. თორემ ისე? ლხინია, ერთად არიან, ჭირია, ერთად არიან. კომუნასავითაა. სხვაგვარად ვერ იცხოვრებ. იმას უჭირს - შენ უნდა მიეხმარო, შენ გიჭირს - ის მოგეხმარება. ეს დღესაც ასეა. მამა ახლაც იქ ცხოვრობს და მეც კვირაში ორი დღე მაინც იქ ვარ.“

აქტიური ქუჩის ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია. „ბირჟაზე ვიდექი ხოლმე?“ - „არა, კაცო, რა ბირჟაზე...“ თუმცა ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. „კი, ხანდახან იყო ჩხუბები. მეც ვიღაცას ვუცემივარ. ახლა რომ გითხრათ, ვინმე მიცემიამეთქი, ეგეთი არ ყოფილა. კონფლიქტების მოგვარებაც ჩვენს უბანში უფრო მარტივად ხდებოდა, ვიდრე სხვაგან.“

„თავისუფალ დროს ჩემთან ან რომელიმე ამხანაგთან ვიკრიბებოდით ხოლმე. ქუჩაში დგომის დრო არც მქონდა, სკოლა, მერე... ისე, კაცმა რომ თქვას, რას ვაკეთებდი? ცოტა ხანს ცურვაზე დავდიოდი, ერთი წელი პიონერთა სასახლეში, ფიზიკის წრეზე ვიარე. რატომ მაინცდამაინც ფიზიკის წრეზე, არავინ იცის. მუსიკაზე ძალით დამათრევდნენ, მაგრამ ვინ დაგამთავრებინა. ჩემი მონაცემებით როგორ შეიძლება, რომ მუსიკალური დაამთავრო. სახლში ბევრი წიგნი მქონდა. ვკითხულობდი. რომ გითხრათ, კითხვა ძალიან მიყვარდა-მეთქი, არა. თუმცა, თუ რაღაც საინტერესოს წავაწყდებოდი, ვკითხულობდი. ცოტას ვხატავდი კიდეც: როცა ცუდად ხატავ, გინდა, რომ კარგად დახატო. აი, ასეთი ბავშვობა მქონდა“.

აქა შიშველი ქალის გამოჩენა

კოკამ დააძრო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ მამამისის მიერ შვედეთის საერთაშორისო სიმპოზიუმიდან ჩამოტანილი ფრიად უწყინარი ეროტიკული ბუკლეტი და ჩვენ უცხო ხილთა შესატკბობად შემოგვკრიბა, ზაურა გაჯიევმა თავისებურად, მძიმედ თქვა:

- სად ნაღდი ქალი? ამას არ უჩანს რამეები.

ჩემი უბნელია, ვზროსლი კოტე, - განაგრძო გაჯიევმა. - რუსეთშია ნაჯდომი. იმას სათვალე აქვს, გაიკეთებ, ყველა ტიტველა გამოჩნდება.

აკა მორჩილაძე, აგვისტოს პასიანსი

სკოლის სიახლოვეს ერთი კიოსკი იდგა. გამყიდველი უსინათლო იყო. გაზეთებთან ერთად ჟურნალებსაც ყიდდა - მხატვრულსაც და ფოტოგრაფიულსაც, პროფესიულსაც და სამოყვარულოსაც: „ჩეხური ფოტორევიუ“, „გერმანული ფოტოგრაფია“, „ფოტო - კინო - მაგაზინ“, „ბოლგარსკოე ფოტო“, „ჩეხოსლოვაკური ფოტოგრაფია“, „სოვეტსკოე ფოტო“, „ხუდოჟნიკი“ და რა გინდა, სულო და გულო. პირდაპირ, თვალს ჭრიდა. VIII თუ IX კლასში იყო, ამ ჟურნალების ფერადმა გარეკანებმა მისი ყურადღება რომ მიიქცია. შეიძლება იმიტომ, რომ იქ შიშველი ქალების ფოტოები იბეჭდებოდა. ამის გარეშე ჟურნალი ხომ არ არსებობს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ერთხელ რომ იყიდა და დაათვალიერა, ვეღარ მოეშვა და იმის მერე სკოლის ბუფეტისთვის დანაზოგი ფული სულ ამ ჟურნალებზე მიდიოდა. ძვირი ღირდა, თავისი ფასი 2 მანეთი იყო და კიოსკში 3 თუ 4 მანეთად იყიდებოდა.

ერთხელ ჟურნალების მთელი დასტა ჩაუვარდა ხელში. ძველ კინოთეატრ „ამირანში“ ვიღაც ქალი ჟურნალებს დაატარებდა, თან ასეთ ხმამაღალ რეკლამას უკეთებდა: შიშველი მოდები, შიშველი მოდებიო. ვინ არ დაინტერესდებოდა ასეთი რეკლამის შემდეგ. ჰოდა, სრულიად შემთხვევით, 60-იანი წლების „ჩეხური ფოტორევიუ“ შერჩა ხელში. 15-მდე ნომერი იყიდა. წარმოგიდგენიათ იმ ქალის სიხარული?

მერე, IX თუ X კლასში ფოტოაპარატი აჩუქეს, „ჩაიკა“. ექსკურსიებზე რაღაც ფოტოებს იღებდა. ნელ-ნელა გამჟღავნებაც ისწავლა. ამაში მეზობელი გურამ ძიძიკაშვილი და ბიძაშვილი ეხმარებოდნენ. ისინი მოყვარული ფოტოგრაფები იყვნენ. პირველად არაფერი გამოუვიდა, არც მეორედ. მესამე მცდელობა უკვე რაღაცას ჰგავდა, მეოთხე უკეთესი იყო და… მერე უკვე ჟურნალში მოწონებული ფოტოების ასლების დამზადებას ცდილობდა. მოკლედ, ექსპერიმენტებს ატარებდა. „ვერთობოდი. ბავშვობაში როგორ შეიძლება რამეს სერიოზულად მოეკიდო. მე ეგეთი ბავშვი არ მინახავს. ასეთი რაღაცეები უფრო გართობაა, ცოტა შემეცნებაც, ოღონდ არა გამიზნული. თუ ეს გამიზნული შემეცნებაა, ასეთი ბავშვი, უბრალოდ, ცოდოა.“

ფოტოგრაფიული დღიურები

გავრცელებული განმარტებაა: ფოტოგრაფია - „შეჩერებული წამი“. ხშირად მეტი მხატვრულობისა თუ დამაჯერებლობისთვის გოეთეს ფრაზას მოაყოლებენ ხოლმე: „შეჩერდი, წამო!“

0x01 graphic

გურამ წიბახაშვილი. ფოტო: გიგა წიბახაშვილი

„ეს ყველაფერი ზღაპარია. ზღაპარი კარტიე ბრესონის „გადამწყვეტი მომენტიდან“ მოდის: ფოტოგრაფია გადამწყვეტ მომენტს, კულმინაციას აფიქსირებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. თავად ბრესონიც ყველაფერს დგამდა, ის ინტუიციით გრძნობდა ფოტოგრაფიულ გარემოს და მერე თვითონ რეჟისორობდა.“

აი, თუნდაც, კარტიე ბრესონის ერთი ცნობილი ფოტო - ბიჭი კუთხიდან გამოდის, ხელში ბოთლი უჭირავს. როგორც ამბობენ, ბავშვს ფული გადაუხადა და ერთი 15-ჯერ მაინც გაატარ-გამოატარაო. მერე დანარჩენი კადრები მოსპო, ერთი დატოვა და თქვა - ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ამის მერე ხალხი დარბის და ეძებს ამ გადამწყვეტ მომენტს. „ჩემი აზრით, შეჩერებული წამი არ არსებობს. კადრი დროის მონაკვეთია (მართალია, ძალიან მცირე), რომელშიც გიცხოვრია. ხომ წერ დღიურში, მაგალითად, ამა და ამ დღეს ორიდან სამამდე ვიყავი აქ. ჰოდა, ეს შენი ორიდან სამამდე არის ეს კადრიც. დროის ის მონაკვეთები, რომელსაც აფიქსირებ და განაზოგადებ, ეს შენი დღიურებია.

წერით არ ვწერ. რას დავწერ, წერა სად ვიცი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დაწერ თუ გადაიღებ. ჩემი დღიურები ჩემი ფოტოებია. რაც ჩასაწერია, ყველაფერს ვიწერ. ჩემი პროფესია ამით არის მიმზიდველი. მგონია, რაღაცეების დაფიქსირება ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც ჩანს, ადამიანს არ ჰყოფნის მხოლოდ ის, რომ თავისთავად არსებობს და უნდა, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი არსებობა. ამ დაფიქსირების შემდეგ ის სხვა ფორმით იწყებს არსებობას, სხვა განზომილებაში, სხვა სივრცეში, სხვა პარალელურ სამყაროში. ფოტოგრაფიაც პარალელური სამყაროა. და ეს პარალელური სამყაროები იმდენად ძლიერია, რომ ვფიქრობ, ამ პარალელურ რეალობაში უფრო მეტად განვიცდით, ვიდრე ნამდვილ რეალობაში. მაგალითად, ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდ როლს თამაშობენ არარეალური იმიჯური ტიპები, ვიდრე რეალურები. გინახავთ ოდესმე კლაუდია შიფერი? - არც მე. მაგრამ ის ჩვენს რეალობაში დიდ ადგილს იკავებს. უცებ რადიოს ჩართავ და გახარებენ, რომ მან მეხუთე შვილი გააჩინა. რაში გჭირდება ამის ცოდნა? მაგრამ ხომ იცი. ჩვენც ისევე ვირტუალურად ვცხოვრობთ, როგორც ე.წ. „კომპიუტერშჩიკები“. რეალობისთვის ადგილი აღარ რჩება. ნებით თუ უნებლიეთ, არარეალური ხატებიც გვაქვს თავში. ის, თუ რა სახეები შემოდის შენში, საშიშიც არის და მნიშვნელოვანიც. ისე, ეს არარეალური სამყაროც ისევე გჭირდება, როგორც რეალური - პური, შაქარი, წყალი, შოკოლადი, ქალი...“

როგორ მოფრინავდა როიალი ზღვის თავზე

სახალინი. მეორე მსოფლიო ომი დამთავრებულია. ხალხი შიმშილობს. ყველაზე ძვირი - ხილია. ერთი ვაშლი ოთუს ბირად ფასობს. არადა, თუ გინდა, რომ სურავანდს გადაურჩე, ხილი უნდა ჭამო. გამარჯვებულ ჯარს ეპიდემიის საფრთხე ნაკლებად ემუქრება, მათ რაღაც ფული აქვთ შემონახული და ვიტამინებს ეძალებიან. თუმცა ყველა არა. ომის შემდეგ ერთმა ნაფრონტალმა დიდძალი ქონება დააგროვა, უკვე ყველაფერი აქვს - გაკრიალებული როიალიც და კიდევ, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ახლა ერთი სული აქვს, შინ როდის დაბრუნდება. სურავანდი შეეყარა და ყველა კბილი დასცვივდა, მაგრამ მაინც ბედნიერია, სახლში ხელცარიელი რომ არ ბრუნდება... და აი, დემობილიზაციის დროც დადგა. თვითმფრინავი დატვირთა და უკვე ჰაერშია. ზღვას რომ გადმოუფრინეს, თვითმფრინავის ერთი ძრავა გამოირთო და მფრინავებმა ტრაგიკული ხმით აცნობეს: ძრავა გაფუჭდა, ზედმეტი ტვირთი უნდა გადავყაროთო. ის კაცი ხედავდა, როგორ მიფრინავდა ზღვის თავზე როიალი, სკივრები... კრიჭაშეკრული იჯდა, რაღა უნდა ექნა. ყველაფერი რომ გადაყარეს, მფრინავები მერეღა მოუბრუნდნენ სიცილით - ვიხუმრეთო. იმას როგორ ეხუმრებოდა, თავად წარმოიდგინეთ. ეს ნამდვილი ამბავია. გურამ წიბახაშვილს მამამ უამბო. „ტრაგიკულია ეს თუ კომიკური? ვერ გაიგებ. გაურკვევლობაა. აი, ეს არის ომი. ყველაფერი გაუკუღმართებულია.“

მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ცნობილი ფილოლოგი. ომი რომ დამთავრდა, ექვსი თუ შვიდი წელი ისევ ჯარში მსახურობდა. მანჯურიასთან ომშიც ყოფილა. „შეიძლება ითქვას, ომის შემდგომი პერიოდი უფრო საინტერესოა, ვიდრე თვით ომი. ომი აღარ არის, მაგრამ არიან სამხედროები, რომლებსაც საქმე აღარ აქვთ. და იქ ისეთი ამბები ტრიალებს... ტრაგიკულიც, კომიკურიც...“

ომის თემა გურამ წიბახაშვილს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. „ომში გადაღებული ფოტოები, რა თქმა უნდა, საინტერესოა იმ გაგებით, რომ მათი დათვალიერებისას შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეს. მაგრამ სწორედ ამიტომ არ მაინტერესებს. მე ჩვეულებრივი ცხოვრება უფრო მიზიდავს, უბრალო ყოფა გაცილებით საინტერესოა.“

„ომობანას თუ ვთამაშობდი ბავშვობაში? - ნამდვილად არ მახსოვს. სხვები თუ თამაშობდნენ, ალბათ მეც ვითამაშებდი.“ „ფოტოგრაფიაც პარალელური სამყაროა. და ეს პარალელური სამყაროები იმდენად ძლიერია, რომ ვფიქრობ, ამ პარალელურ რეალობაში უფრო მეტად განვიცდით, ვიდრე ნამდვილ რეალობაში.“ გურამ წიბახაშვილი. ფოტო: გიგა წიბახაშვილი.

წიბახას Love Story

„ბავშვობაში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, ბაღის მასწავლებელი მიყვარდა. ისე ხომ არ ვიქნებოდი, ვიღაც მეყვარებოდა...“ მეუღლე - მანანა ჯავაშვილი უნივერსიტეტში გაიცნო. კურსელები იყვნენ. ერთად სწავლობდნენ ქიმიის ფაკულტეტზე. ახლა ნამდვილად ვეღარ იხსენებს, მაშინვე, ანუ ერთი ნახვით შეუყვარდა თუ არა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. „რომ შევაბი, თუ როგორ ამბობენ? მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა. მაშინ პატარები ვიყავით (მაშინდელი გაგებით). მშობლებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების გამხელა დიდი პრობლემა იყო. არც კი ვიცოდით, ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ჰოდა, ტრადიციულ მეთოდს მივმართეთ - გავიპარეთ.“ გურამი ეს-ესაა 20 წლის გამხდარიყო, მანანა 19-ის იყო.

გაპარვაში გურამს და მანანას მეგობრები დაეხმარნენ. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მშობლების გარდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. ერთ საღამოს კურსელები საქეიფოდ წავიდნენ. ეს ქეიფიც „ჩაწყობილი“ იყო - შეყვარებულებს ბილეთები ღამის მატარებელზე ჰქონდათ აღებული და დრო ხომ უნდა გაეყვანათ. მანამდე მეგობრებთან ერთად გეგმები დაალაგეს, ვინ უნდა ასულიყო მანანას მშობლებთან, ვინ - გურამის მშობლებს უნდა დალაპარაკებოდა. შეყვარებულ წყვილს მეგობრები აქტიურად გულშემატკივრობდნენ. ახლადშექმნილი ოჯახის ბიუჯეტზეც კი იზრუნეს და ფული შეაგროვეს. ჩანაფიქრი ასეთი იყო: ფული ბოლო მომენტში უნდა გადაეცათ, რომ ახალგაზრდებს არ ეუკადრისათ და ვერც უკან დაბრუნება მოეხერხებინათ. ამ რთული ამოცანის შესრულება დათო თავართქილაძეს დაევალა. ქეიფზე ახალგაზრდები ისე შეზარხოშდნენ, რომ კაი დროს გაახსენდათ საჩუქარი. დიდხანს მისდევდა დათო მატარებელს. „ჩვენ უკვე მატარებელში ვიყავით და ვერაფრით ვერ მივხვდით, რატომ მოგვდევდა ეს ბიჭი უკან... ასე გავიპარეთ.“

გაჩერება - სოხუმი. არ გეგონოთ, რომ გაგანია ზაფხული იყო. მოქმედება ზამთარში ხდებოდა, თებერვალში. „მოიცა, რა რიცხვი იყო? ქალებს ეგეთ რამეებზე გართულება გაქვთ ხოლმე, მამაკაცებს ხშირად საყვედურობენ - როგორ არ გახსოვს შენი ქორწინების დღეო? ვერ გამიგია, რატომ უნდა მახსოვდეს? თუმცა მოიცა, მახსოვს, მახსოვს...“

25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. „რამდენიმე კვირით ადრე, 1 თებერვალს 20 წლის გავხდი (იცინის). არც ისე პატარა ვყოფილვარ. მანანა ერთი წლით პატარა იყო.“

მოკლედ, ასეა თუ ისე, გურამს და მანანას თავი დიდებივით ეჭირათ. სერიოზული სახით მივიდნენ რომელიღაც სასტუმროში და ოთახის დაქირავება ითხოვეს. მაგრამ… ფინალი უკვე გასაგებია. „შემოგვხედეს და გვითხრეს, აბა დაახვიეთ ახლა აქედან, სასტუმრო არა, ტოროლაო.“ მაშინ ახალგაზრდებს ქორწინების მოწმობის გარეშე სასტუმროში ვინ შეუშვებდა. ასე აღმოჩნდნენ თებერვლის სუსხიან დილას უცხო ქალაქში. ახლა აღარც ახსოვთ, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც სოხუმი შუა ზამთარში. ალბათ ზაფხულის ზღვის რომანტიკის გამო, „თორემ წადი რა, მაგალითად, წითელწყაროში, სადაც მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული და ყოველი კუთხე-კუნჭული ნაცნობი იყო.“ რაღა უნდა ექნათ ღია ცისქვეშ? პირველი, რაც მოაფიქრდათ, კულინარიული პრობლემის მოგვარება იყო. იქვე, ერთ ფაცხაში გადასარევ აჭარულ ხაჭაპურს აცხობდნენ. მერე ნახეს ფილმი - კომედია „ოთხი მუშკეტერი“ და თადარიგიც დაიჭირეს: უკან, თბილისში დასაბრუნებელი ბილეთები აიღეს. მაგრამ საღამომდე სადგურში ხომ ვერ ისხდებოდნენ, დრო როგორმე ხომ უნდა გაეყვანათ?

0x01 graphic

სახლში. ფოტო: ირა ბიაშვილი

ფირი ხელახლა იხვევა. ისევ სახაჭაპურე, ისევ ფილმი... „იმ დღეს სამჯერ ვჭამეთ აჭარული ხაჭაპურები და ორჯერ ვნახეთ ერთი და იგივე ფილმი.“ ამასობაში სადგურზე წასვლის დროც მოახლოვდა. ესეც თქვენი საქორწინო მოგზაურობა. თუმცა ეს ერთი დღე სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მშობლები (ორივე მხარე) შვილების ქორწინებას შეგუებოდნენ.

ოჯახობა

„ჩემს ბავშვობაში ინდური ფილმების ბუმი იყო. შესაბამისად, ჩემს ვირტუალურ რეალობაში, ბრიჯიტ ბარდოს მაგივრად, ზიტა და გიტას ტიპის ქალები ცხოვრობდნენ. ლამაზი შავგვრემანი ქალები მომწონს. ჩემი ცოლიც ძალიან ჰგავს ლამაზ ინდოელ ქალს. ერთია, რომ შუბლზე ხალი არა აქვს.…“ ერთხელ ძალიან სასაცილო ამბავი გადახდათ თავს. გურამი და მანანა გერმანიაში იყვნენ. სადღაც წავიდნენ ექსკურსიაზე, ციხესიმაგრეზე უნდა ასულიყვნენ. იქამდე გრძელი გზა იყო. ამხელა გზის გავლა დაეზარათ. მოდი, მოკლეზე გადავჭრათო, იფიქრეს. „საბჭოთა ცნობიერება რომ გაქვს, თორემ წადი რა ჩვეულებრივი გზით.“ მანანას თეთრი თუ მოვარდისფრო კოსტიუმი აცვია. ნამდვილ ინდოელს ჰგავს, რადჰას. ღობეზე მიძვრებიან. უეცრად ალყაში აღმოჩნდნენ. თეთრი, ქერა ბავშვები ნაძვის ხესავით ეხვევიან, წრე შეკრეს და რაღაცეებს მღერიან. „უამრავი ქერა ბავშვი და ჩვენ ორი - შავი“. ბავშვები გაკვირვებულები შესცქერიან მანანას, ხელს იშვერენ და გაიძახიან: აღმოსავლეთის პრინცესა, აღმოსავლეთის პრინცესაო. უდედმამო ბავშვთა სახლის ეზო ყოფილა. მანანას გულმა ვეღარ გაუძლო და ატირდა. „კიდევ კარგი, ბავშვებს ვიზები არ ჰქონდათ, თორემ ყველას სახლში წამოიყვანდა.“

ჰყავს სამი შვილი: გიგა, მარიამი და ლადო. „პირველ შვილს რომ ველოდებოდით, გიჟებს ვგავდით. ფეხით სიარული ჯანმრთელობააო და კუკიიდან უნივერსიტეტამდე მანანა ლექციებზე ყოველდღე ფეხით დამყავდა. პირველ ლექციაზე ლექტორის გარდა არავინ მოდიოდა. უფრო ამიტომ არ ვაცდენდით. მეცოდებოდა ის კაცი და ვისხედით აუდიტორიაში ორნი - მე და მანანა.… მეოთხე კურსზე ერთი ხანშიშესული ლექტორი გვყავდა. მახსოვს, უკანა მერხზე ვისხედით და მანანამ რაღაც გადმომიჩურჩულა. ლექტორმა შენიშვნა მომცა: ყმაწვილო, გადმოჯექით, ეგ ქალი თქვენ გაგაფუჭებთო. და ატყდა ერთი სიცილი...“

„გიგა რომ დაიბადა, აბსოლუტურად არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ მამა გავხდი. მეც და მანანაც სტუდენტები ვიყავით, ლექციებს არ ვაცდენდით. ბავშვი, ფაქტობრივად, დედაჩემმა გაზარდა. მერე, როცა მარიამი გვეყოლა, უკვე სრულფასოვან მამად ვთვლიდი თავს.“ შვილებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. „უბრალოდ, მათთან ურთიერთობისათვის ცოტა დრო მრჩება. თანაც სამივენი ძალიან დამოუკიდებლები არიან. მგონია, მათთვის მეგობარი უფრო ვარ, შორეული მეგობარი. აი, მანანა კი ნამდვილი დედაა.“

0x01 graphic

გურამი და მანანა 1993 წელი. ფოტო: იური მეჩითოვი

რა უყვარს და რა არ უყვარს

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამოსახულების ხარისხს, სიზუსტეს და ვიზუალურ აზროვნებას.

თავის დროზე მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტარკოვსკის „ნოსტალგიამ“ (თუმცა ტარკოვსკი მისი საყვარელი რეჟისორი არ არის). პირველივე კადრებიდან შეატყო, რომ გამოსახულება იყო სხვანაირი, სხვანაირი და ლამაზი: „მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. უბრალოდ, ფირი იყო კარგად დაბეჭდილი. იქ ნაცრისფერი ნაცრისფერი იყო, მწვანე - მწვანე; ხოლო რაც მანამდე ფილმები მქონდა ნანახი, ისინი ცუდად იყო დაბეჭდილი.“

არ უყვარს ე.წ. ბუხეფექტები. „მიყვარს, როცა რაღაცას ისრუტავ ნელ-ნელა და მერე ხვდები, რომ მასში რაღაც ძლიერი არის.“ უყვარს ყველაფერი ნაღდი, ყოველგვარი არტისტულობისა და კეკლუცობის გარეშე. ყველაზე მეტად მის გაღიზიანებას კეკლუცობა იწვევს.

უყვარს, როცა ყველაფერს თავის სახელს არქმევენ.

შესაბამისად, უყვარს სიურრეალისტები, რომელთაც ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ: „დაარქვით საგნებს თავისი სახელი!“ სიურრეალისტები, დალის გამოკლებით (შეიძლება კიდევ სხვებისაც, ამდენი აღარ ვიცი), რადგან „დალი კეკლუციც არის, პოზიორიც და აფერისტიც“.

ძველისძველი, გაცრეცილი ფოტოები მასში სენტიმენტალურ განცდებს არ იწვევს. მასში მოწიწებას მხოლოდ ჭეშმარიტი ღირებულებები აღძრავს. „როინაშვილისა და ერმაკოვის ფოტოები იმიტომ კი არ მომწონს, რომ ძველია, ჩემთვის ქალაქის ასახვის მათეული მეთოდია საინტერესო.“

გურამ წიბახაშვილი რეალისტია. ის არასოდეს ყოფილა რომანტიკოსი, რადგან არასოდეს უცდია რეალობიდან გაქცევა. რაც შეეხება სიურრეალიზმით დაინტერესებას, ეს მიმდინარეობა მისთვის რეალობიდან საინტერესოდ გასვლაა, რეალობის საზღვრების გაფართოებაა, მაგრამ არა გაქცევა. „ცალი ფეხით ყოველთვის რეალიზმში დგანან.“

ვერ ეგუება ტერმინს - შემოქმედება და ამ სიტყვის ხმარებისას ძალიან ფრთხილია. „ჩემი გაგებით, შემოქმედი ღმერთია. იმას, რასაც ჩვეულებრივად აკეთებ, არ შეიძლება შემოქმედება დაერქვას. შემოქმედება შეიძლება ბეთჰოვენის ცხოვრებას უწოდო - ეს თავგანწირვა იყო, ტანჯვა. თანაც, ამას დროც განსაზღვრავს. დღესდღეობით ჩვენში შემოქმედებაზე საუბარი ძალიან უტრირებული მეჩვენება ხოლმე. წამდაუწუმ ლაპარაკობენ: ამის შემოქმედება, იმის შემოქმედება, ჩემი შემოქმედება ხომ - საერთოდ. ამიტომ ირონიულად ვუყურებ საკუთარ „შემოქმედებას.“

პასიურ დასვენებას ვერ იტანს. ძილი დასვენებად არ მიაჩნია. საღამოობით ტელევიზორს უყურებს, უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა, გართობა. თუ საქმიანი გართობაა, ხომ მთლად უკეთესი. „ვცეკვავ? - კი, ხანდახან ვცეკვავ. კონდიციას გააჩნია. უფრო სწორად, ხალხს გააჩნია. სმით არ ვსვამ. მაგრამ იმდენ ღვინოს ვსვამ, რამდენიც მსიამოვნებს. შესაბამისად, კარგ ხასიათზე ყოველთვის ვარ ხოლმე. ისე, როცა არ ვსვამ, მაშინაც კარგ გუნებაზე ვარ.“

ტელეფონი რეკავს. წიბახას სთხოვენ. უნდა გავიდეს. თავის უზარმაზარ ჩანთას მოიგდებს მხარზე. გარეთ ისევ ჭყაპია. ცრის. სტუდიის შესასვლელში (თუ გასასვლელში) ყავის კოლოფი დევს, რკინისაა, ხუთთეთრიანებით სავსე. ისე ლიფტით ვერ ჩახვალ. ლიფტში, ხურდის ჩასაყრელი რკინის ყუთის მაგივრად, ძველი ტელეფონის ავტომატია დამონტაჟებული - ესეც ჩვენი დროის კიჩი.

3 ჩემი სახლი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სახლი.

  1. ადამიანთა საცხოვრებელი შენობა;

  2. გადატ. ერთ სახლში მცხოვრებნი, ოჯახი;

  3. გადატ. ბინა, თავშესაფარი;

  4. ზოგიერთი კულტურულ-საზოგადოებრივი დაწესებულების სახელწოდება.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

დიდი მეგობარი, დიდი ერის შვილი, არაჩვეულებრივი მთხრობელი და მხიარული თანამეინახე, რომელსაც ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი, და არა ტურისტის, არამედ მსოფლიოს მოქალაქის სტატუსით, ერთ-ერთი შორეული მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ხსნიდა, რომ სახლი სადღაც კი არა, ვიღაცასთანაა. თავის სახლს მან სწორედ იქ მიაგნო, საიდანაც მისი მოგზაურობა დაიწყო: თბილისში, ხრუშჩოვკაში, სადაც ერთ მშვენიერ დილას თავის სატრფოს გამოუცხადა, სიგარეტს ვიყიდი და მოვალო. წავიდა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა - თავის გოგონასთან, თავის სახლში.

არ ვიცით, იპოვეს თუ არა ჩვენმა გმირებმა ასეთი სახლი; არ ვიცით, აქვთ თუ არა ნივთები, რომელთა თან ტარებითაც მუდამ შინ გრძნობენ თავს - ამბობენ, ასეთი რამეებიც ხდებაო. არ ვიცით, ეგებ ზაზუნა ჰყავთ, რომელთან ერთადაც ქვეყანას მოივლიდნენ და სულ შინ იქნებოდნენ. ასეთების არაფერი გამეგება, რაც არ ვიცი, არ ვიცი.

ამიტომ მათი იმ სახლების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ვნახეთ, ანუ - იხ. ზემოთ - იმ საცხოვრებელი შენობების შესახებ, რომლებშიც ისინი, ადამიანები ცხოვრობენ; მათ ირგვლივ თუ სხვა ადამიანები არა, საკუთარი იდეები მუდამ ირევიან - ესეც ოჯახია; ეს სახლები მათი თავშესაფარია და თუკი მათ ნათესავ-მეგობრებს კულტურულ საზოგადოებად მივიჩნევთ - რატომაც არა? ამ სიტყვის მეოთხე მნიშვნელობით განმარტებაც შეიძლება.

0x01 graphic

გუგა კოტეტიშვილი მხატვარი

ჩემი სახლი მომწონს და ძალიან მიყვარს - მამშვიდებს. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი აქ უფრო ხშირად და თან მარტო. სამწუხაროდ, არ გამომდის: ან საერთოდ სხვაგან ვარ ხოლმე, ან შინ ვარ, მაგრამ მარტო ყოფნას ვერ ვახერხებ…

0x01 graphic

0x01 graphic

მამუკა ბერიკა მუსიკოსი

ჩემთვის სახლი იურტასავითაა. ნივთების მინიმალური რაოდენობა მაქვს. ძალიან იოლად შემიძლია, მთელი ავლა-დიდება ჩავალაგო და სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად.

რატომღაც თვლიან, რომ მარტო მცხოვრები მამაკაცის სახლი უსუფთაო უნდა იყოს და არეული. პირიქით! ასეთი მამაკაცის საცხოვრებელი განსაკუთრებით მოვლილია, თუნდაც იმის გამო, რომ იცის: ერთ დღეს შეიძლება მშვენიერი ქალი ეწვიოს.

0x01 graphic

ნინო ხოშტარია ტელეჟურნალისტი

სამი წელია, ამ სახლში ვცხოვრობთ: მე, ბაჩა და კიდევ ბევრი ადამიანი. გიჟი არა ვარ, ჩვენს გარდა აქ მართლა ვიღაცეები ცხოვრობენ. მათთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. რომ შემოვდივარ ხოლმე ოთახში და სინათლეს ვანთებ, ვესალმები: „აი, მეც მოვედი“.

საკუთარი სახლი არ მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ არც მქონია. ადრე მინდოდა, ახლა კი მივხვდი, რომ ასე სჯობს, მიჯაჭვული არაფერზე არ უნდა იყო. ეს სახლი მიყვარს, მაგრამ ის არ მმართავს. ზოგი ინტერიერი გკარნახობს, როგორ უნდა იცხოვრო, ჩაი როგორ უნდა დალიო, სტუმრები როგორ უნდა მიიღო... ამ სახლს მე განვაგებ. ხოლო როცა მომბეზრდება, სხვაგან წავალ.

0x01 graphic

ლადო ფოჩხუა მხატვარი

ძალიან ბევრი სახლი მქონია. ახლაც ასე ვარ - შეერთებულ შტატებში და წყნეთში. იქაც - სახლში და აქაც - სახლში…

ჩემთვის სახლი ის ადგილია, სადაც არაფერი მაღიზიანებს და ვთქვათ, კომპაქტდისკებიც ისე მაქვს დალაგებული, რომ ძებნა არ მიწევს.

0x01 graphic

მაია კანკავა ფერმწერი, მუსიკოსი

ჩემი ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბია. მისი სიმბოლო სახლია, ოჯახი. შესაძლოა, ჩემი ინტერესი სახლის, ინტერიერის მიმართ ამანაც განაპირობა.

ჩემთვის სახლი ცოცხალი არსებაა, გამოკვეთილი, ინდივიდუალური სახის მქონე. ის მატერიალური გარსია, მისი ბინადარნი კი მისი სასიცოცხლო ენერგიაა. შენი სახლი შენი ნაწილია, შენი მატერიალური გარსი, შენი შემოქმედება.

ადამიანი სიმყუდროვისკენ მიისწრაფვის, სადაც საკუთარ თავთან დარჩენას შეძლებს. ამ მიზნის მიღწევა სხვებთან ურთიერთობასაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს - მარტივად: ბედნიერი ხდები.

0x01 graphic

გია გუგუშვილი მხატვარი

ბავშვობიდან ვხატავ. სახატავ რვეულებში ვხატავდი და პირველი ორი გვერდი ყოველთვის მიფუჭდებოდა ხოლმე. მერე და მერე, რვეულს როცა ვეჩვეოდი, სულ უფრო კარგი ნახატები გამომდიოდა. ბინაც ასეა. ეს ჩემი ბინა საკმაოდ არაკომფორტულია, მაგრამ ისე მივეჩვიე, რომ აქ მე მე ვარ. აქ საკუთარ თავს ვგრძნობ, თუმცა საკუთარი თავით უკმაყოფილო გახლავართ. როგორც საქართველოში ყოფნა, ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ აქ ვარ და არსად მივდივარ.

იმას, რომ სახლი ჩემს ციხე-სიმაგრედ ვიგულო, ვერაფრით მივაღწიე. არ ხერხდება. საერთოდ, რამის გაკეთება ძალიან ძნელია, უამრავი დრო მიდის იმაში, რომ არაფერი არ კეთდება.

ბინა კი ისეთი რამაა, ხომ იცი: როგორი ცხვირიც გაქვს, ისეთია კედელზე შენი ჩრდილიც.

0x01 graphic

გაგა ნახუცრიშვილი პოეტი

სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მძიმე წუთებში ყველაზე კარგად გრძნობ თავს.

0x01 graphic

ზაზა ლოდია მხატვარი

სახლი მიყვარს, ერთი-ორი კვირით წასვლა და ისევ სახლში დაბრუნება. რამდენიმე დღეც კი თუ სხვაგან ვარ, მინდა, რომ ჩემებური სახლი მოვიწყო. სახლი ხომ მარტო კედლები არ არის, განწყობაა, მის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანები. ისეთი სახლი უნდა მოიწყო, რომ ანგელოზი მოვიდეს და შიგ დასახლდეს.

0x01 graphic

ოთარ ყარალაშვილი გამომცემელი

ჩემთვის სახლი ძალიან მნიშვნელოვანია. ტიპი ვარ ასეთი. სადაც კი ვცხოვრობდი - არადა, ბევრგან მიცხოვრია - ყველგან ვიწყობდი გარემოს.

ეს სახლი ჩემთვის შემოქმედებითი ენერგიის სრულად გამოყენების საშუალება იყო. თავისთავად სახლის კეთება ძალიან საინტერესო პროცესია. უბრალოდ, მერე აღმოვაჩინე, რომ მეტისმეტად ბევრი დრო და ენერგია მიაქვს, სხვისთვის აღარ მრჩებოდა დრო. ეს აღარ მესიამოვნა, მაგრამ ვეღარ გამოვერიდე, სახლი კი ფაქტიურად მაინც დაუმთავრებელია.

0x01 graphic

ირაკლი სანაია არქიტექტორი, მუსიკოსი

სახლი მიყვარს - ვის არ უყვარს? რასაკვირველია, მიყვარს ჩემი სახლი: დაღლილი როცა ვარ, სხვის სახლში ხომ არ მივიჩქარი… დღეს იქაც კი ვერ ვისვენებ, სადაც გავიზარდე - ჩემს სახლში მინდა.

ისე, დრო და შესაძლებლობა რომ მქონდეს, ბევრ რამეს შევმატებდი, მაგრამ ეგ არაფერი, ასეც კარგია.

4 ნინო ქათამაძესთან, სულ რამდენიმე წუთით

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სოფიო კირვალიძე
ფოტოექსკლიუზივი: დავით მესხი
კლუბი: „აჭარა“, 15 დეკემბერი, 2005 წელი
ნინო ქათამაძის კონცერტი

მრავალი, მრავალი წლის წინათ, დედამიწას უცნაური ადამიანი მოევლინა. ამბობენ, ძალიან ლამაზი იყო, ოქროსფერი, და სულ მღეროდა - თავის უფალს ადიდებდა, ავდრისღრუბლისფერ კრიშნას და მის მარადიულ მეუღლეს, მოცეკვავე რადჰას. მორწმუნენი ამტკიცებენ, ეს უცნაური კაცი, ჩაიტანია - ადამიანი კი არა, თავად უფალი იყო, რომელიც ქვეყნიერებას იმისთვის მოევლინა, რომ ჩვენში ღვთისადმი მიძინებული სიყვარული გაეღვიძებინა. არა ტანჯვა-ვაებითა თუ ფილოსოფიური სპეკულაციებით, არამედ სიმღერით, გალობით, ცეკვით...

ასე იყო თუ ისე, მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს, დასავლეთ ბენგალიაში, ნავადვიპაში, ჩაიტანიასთან ერთად უამრავი ადამიანი ცეკვავდა და მღეროდა: ყოვლისმპყრობელო! მე არც სიმდიდრე მწადია, არც დიდება, არც მშვენიერი ქალები, არც მიმდევრები. მე არც განათლება მიზიდავს, არც მაღალფარდოვანი სიტყვები და არც ხელოვნება. მხოლოდ ერთი რამ მინდა - შენი სახელის გალობის უმიზეზო სურვილი მქონდეს.

მცოდნე ხალხი ამბობს, ძალიან ბედნიერები იყვნენო. მე ვერაფერს გეტყვით. მღეროდნენ კია - ეს დანამდვილებითაა ცნობილი.

0x01 graphic

CURRICULUM VITAE

ნინო ქათამაძე, მომღერალი.

დაიბადა 1972 წლის 21 აგვისტოს;

1990-დან 1994 წლამდე სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის მუსიკალურ ინსტიტუტში, ვოკალის ფაკულტეტზე;

1991-1998 წლებში სხვადასხვა ჯგუფებთან და შემსრულებლებთან ერთად მღეროდა;

1994-1998 წლებში სათავეში ედგა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სოციალურად დაუცველ არტისტებსა და ინვალიდებზე ზრუნვას ისახავდა მიზნად;

1999 წლიდან რეგულარულად იწყებს გამოსვლას ჯგუფ Insight-თან ერთად საქართველოს, რუსეთისა და ევროპის სხვადასხვა კლუბებში.

წესით, ეს ჩემი ნაამბობის გმირის ცხოვრებაა - რიცხვები, ფაქტები, თარიღები. ძალიან კარგი. ამომწურავი ინფორმაციაა. უბრალოდ, რამდენიმე დეტალი აკლია: ნინო ქათამაძე მთის ძირას დაიბადა, საიდანაც მწვერვალები და ზღვა მოჩანდა. მის სახლთან წყალსაცავი თავის სიმღერას მღეროდა, ელექტროგადამცემი - თავისას, და როცა გოგონა ზემოთ აიხედავდა ხოლმე, ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ, მის ირგვლივ კი ციცინათელები ირეოდნენ. ზემოხსენებული ფაქტები არც იმის შესახებ გვაუწყებს, რომ დილით უნაგირა მთიდან მზე იწვერებოდა, ამოდიოდა, ამოდიოდა - და ყველა მღეროდა. პატარა გოგონას ნამდვილად ესმოდა, როგორ ადიდებდა უფალს ყოველი სული.

მაშინ ყველაზე შორეული მიზნის მიღწევაც კი სავსებით შესაძლებელი იყო. იქ, იმ მთის კალთაზე გინდა მოხვედრა? ნება შენია, გზას გაუდექი და მიგიყვანს, აბა, რას იზამს. იმ ოდესღაც პატარა გოგონამ დღესაც ზუსტად იცის, რომ აუხდენელიც შეიძლება ახდეს.

კითხვა: სად ისურვებდა ნინო ქათამაძე ცხოვრებას?

პასუხი: ალბათ, ვენეციაში.

კითხვა: ზღვისა და მზის პრინციპით?

პასუხი: ჰო.

კომენტარი: ნინო ქათამაძეს უმზეობა არ უყვარს.

წარმოიდგინე, რომ ცა გაიხსნა, კეთილმა ანგელოზმა გადმოგხედა და გითხრა: ინატრე, ნინო. ის ერთი, სანუკვარი სურვილი მითხარი და აგიხდება. რას იტყვი?

აღმოჩნდა, რომ ნინოს, ჩემგან განსხვავებით, აზრადაც არ მოსდის, რომ ანგელოზი გახსნილი ზეციდან გადმოხედავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სასწაულები ხდება. „გჯეროდეთ სასწაულების!“ ეს სასწაული აქვეა, არავინ იცის, სად იჩენს თავს: მატარებლის ბაქანზე თუ ბრბოში. თავს რომ იჩენს, ამაში ნინოს ეჭვი არ ეპარება. მისი ყველაზე სანუკვარი, ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნება კი ის ყოფილა, რომ თვითონ გადაიქცეს კეთილ ჯადოქრად - სადღაც, მთაზე, კოხტა სახლში იცხოვროს... კაცმა რომ თქვას, ნაწილობრივ, ნინოს ეს ოცნება უკვე აუხდა: პატარა, ლამაზ სახლში ცხოვრობს. ერთი ბეწო ეზოში ზღაპრული ხეც იზრდება. კატაც ჰყავს, თურმე პია ჰქვია (პიანინო!) - დიდი, რუხი, ფუმფულა, როგორიც კეთილ ჯადოქარს შეეფერება; ხოლო სიხარულის დარიგებაში - ნინო ქათამაძე უშურველია.

ამჯერად კვლავ შევხვდი. სავარძელში ფეხმორთხმული ნინოს შემყურეს, ის სახეები მახსენდებოდა, რომლებსაც გზად ვეყრებოდი ხოლმე: იმ ცნობისმოყვარე, მოსიყვარულე გოგონებს გრძელ თმაში ყვავილები ჰქონდათ ჩაწნული; პაციფიკით დამშვენებული მაისურების გაუხდელად ტარების გამო მხოლოდ იდაყვებამდე გარუჯულები, საღამოობით სანაპიროზე დანთებულ ცეცხლთან ჩაცუცქდებოდნენ ხოლმე და კონსერვის ქილებისა და სავარცხლების თანხლებით მღეროდნენ: „დახედე რუკას, ტარტუში მივდივართ“. მხიარული დრო იყო, და საერთოდ, „მიყვარს შეშლილები, რომელთაც გააფთრებით სწყურიათ სიცოცხლე, ენატრებათ საუბარი, გადარჩენაზე ოცნებობენ; რომელთაც ერთბაშად სურთ ყველაფერი; რომლებიც ფარ-ხმალს არასოდეს ყრიან და არასდროს წამოსცდებათ უხამსი სიტყვა. ისინი ყოველთვის იწვიან, იწვიან, იწვიან.“ - ამ სიტყვებს ჯეკ კერუაკს დავესესხე, უკეთ მაინც ვერ ვიტყოდი, არადა, თქმა მინდოდა, რადგან ნინო ქათამაძის შესახებ ვსაუბრობთ.

არ ვიცი, როგორია სინამდვილეში ნინო ქათამაძე. ვფიქრობ, ეს არც არავინ იცის, და მისი ცხოვრების დეტალების ცოდნა არც არაფერს შეგვმატებს. მთავარია, რომ მღერის, და როგორც მისი კონცერტის დროს ჩემს ზურგსუკან მჯდომმა უცნობმა ბრძანა, „ეს სიმღერა კი არა, აფეთქებაა!“ სულ მგონია, რომ ყოველი გამოსვლის შემდეგ ხელახლა უნდა დაიბადოს. გარკვეულწილად, მიხარია კიდეც, რომ მისი პოლიტიკური მრწამსისა თუ სასიყვარულო თავგადასავლებისა არაფერი გამეგება. ამგვარად ის ჩემთვის საუკეთესო პრინციპის ხორცშესხმად რჩება: ცხოვრობს, მღერის და უყვარს.

რიტორიკული შეკითხვა: რატომ აინტერესებს ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ვის ვინ უყვარს, ვის ვინ ჰყვარებია, ვინ ვინ მიატოვა და ა.შ. და ა.შ.? რატომ აინტერესებთ ადამიანებს სხვისი სიყვარულის ამბები?

გულკეთილი პასუხი საკუთარ შეკითხვაზე: იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი არ აქვთ და სხვისი გულისფრიალი იმედს უღვივებთ, რომ ეს ამბავი ოდესმე მათაც შეემთხვევათ, მათაც ეტყვის ვინმე: „ჩემო ძვირფასო“?

ვშიშობ, რომ ნინო ქათამაძეს „ჩემოს“ ძნელად თუ უწოდებს ვინმე. ის ყველას უმღერის. როგორც თვითონ ამბობს, პირადად ვინმეს მიმართ გრძნობა, დიდი-დიდი, ერთი ფრაზის დასასრულისთვის იყოს შთაგონების წყარო. სცენაზე მდგომი მომღერალი იმდენ ადამიანს უშლის გულს, იმდენ ადამიანს უძღვნის საკუთარ თავს და იმდენის წინაშე რჩება გახსნილი, გაშიშვლებული, რომ მისი საკუთრად დაწესით გულების მსურველებს ალბათ ძალიან მძიმე განცდები ეუფლებათ. ნინოს სახლშიც კი, როცა მისი თხუთმეტწუთიანი სტუმარი ვიყავი და მსმენელთა რიგებში მდგომის სტატუსი არ მქონდა, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ამ ქალს - კეთილმოსურნეს, მომღიმარს - ერთ თემაზე ან ერთ პირვნებაზე კონცენტრირება შეუძლია. მაშინაც კი, როცა რაიმეს მიამბობდა, მეგონა, ის საკუთარ სიტყვებს კი არა, რაღაც სხვას უსმენდა, მისთვის ახლობელს, ჩვეულს და მერე, თუ მოუნდებოდა, შეიძლება ჩვენთვისაც გაემხილა.

რთული ქვეწყობილი წინადადები და დასრულებული ფრაზები ნინო ქათამაძეს არ ახასიათებს. ის უფრო ემოციურად გადმოგცემთ ნაფიქრს თუ განცდილს და არა ვერბალურად. ეს საინტერესო შეგრძნებაც კია - რაღაცის დადევნება, რაც, თუ ჩაავლე, უჩვეულო სახით წარმოგიდგება: გოგონა, რომელსაც ყველი ისე ამოჰყავს, თითქოს საიდუმლო რიტუალს ასრულებდეს; სიმღერა, რომელიც იწყება, ვითარდება, სრულდება და უმალვე ახლით იცვლება - უწყვეტი წრე, მედიტაციური მდგომარეობა, განუწყვეტელი სიკვდილი და განუწყვეტელი დაბადება. ასეთივეა მისი „სიყვარულიც“: სიტყვა, რომელსაც ის მანტრასავით იმეორებს.

აგრესიული მსმენელი, რომელიც პირველი სიმღერის დროს უმსგავსოდ იქცევა, მეორე სიმღერის მოსმენისას უფრო მშვიდდება, მესამე სიმღერა - და ისიც გრძნობს რაღაცას, რას - თვითონ არ იცის. ნინო ამბობს, რომ ეს სიყვარულია. ალბათ ასეცაა. დავუჯეროთ, ამ ამბავს უფრო ლოგიკურ ახსნას მაინც ვერ მოვუძებნით.

„სიყვარული თვითშემეცნების სხივებია, მისი სურნელი. სიყვარული ყოვლისმომცველი სიხარულია. სიყვარული ისაა, რომ ხედავ, ვინ ხარ - მაშინ ისღა დაგრჩენია, რომ საკუთარი თავი სხვებს გაუნაწილო. სიყვარული ისაა, რომ ყველაფერთან, რაც კი არსებობს, ორგანულ, ორგაზმისმაგვარ ერთობას გრძნობ.

სიყვარული არ არის სხვაზე დამოკიდებული, სიყვარული არსებობის ფორმაა. სხვა აქ არაფერ შუაშია. კი არ გიყვარს, სიყვარული ხარ. ცხადია, როცა სიყვარული ხარ, გიყვარს კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ შედეგია და არა წყარო. წყარო ისაა, რომ თავად ხარ სიყვარული.

და მაშინ ხეები და ჩიტები და ღრუბლები და მზე და ვარსკვლავები - ყველა შენშია. სიყვარული ისაა, რომ შენს საკუთარ სამოთხეს ხარ ნაზიარები“.

პასუხი კითხვაზე: საყვარელო ოშო, რა არის სიყვარული?

0x01 graphic

თუ მოაზროვნე ადამიანი ხარ, იგულისხმება, რომ საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამ, რომელზე პასუხიც არ არსებობს. შეიძლება მთელი სიცოცხლე აზრებით აივსო და შინ მიმავალი მაინც მარტოსულად გრძნობდე თავს. გრძნობები ყველაზე დიდი ყურადღების ღირსია. მუსიკა ჩემთვის გრძნობაა.

ერთი ძალიან მაგარი ამერიკელი მომღერალი ქალი

…2004 წლის 24 მაისს, „Русский Дом. Усадьба. Джаз“-ის შემდეგ ანონიმის გამოძახილი ასეთი იყო: „ნინო ქათამაძე, უბრალოდ, ბუხართან რომ მჯდარიყო და ჩუმად ემღერა, ისიც საკმარისი იქნებოდა - მაინც ყველა სტუმარს შეძრავდა. ეს საოცარი ქალი აჭარიდან ხან თავზეხელაღებულ ჰაუს-ვოკალისტ Scilla-ს მოგვაგონებს, ხან ბოსას წარბშეუხრელ დედოფალ ასტრუდ ჟილბერტოს. კონცერტის შემდეგ ისეთი გრძნობა გექნებათ, რომ მსგავსი არაფერი გსმენიათ. დიდხანს იქნებით ბალახზე პირაღმა წამოწოლილი და თვალს ვერ მოსწყვეტთ ცაზე ნელ-ნელა ანთებულ ვარსკვლავებს“. მაშინ ნინო ქათამაძეს „შენელებული მოქმედების ქართული ჭურვი“ უწოდეს, რაც მე ძალიან მომეწონა. იარაღში დიდი რუსი ერი ხომ ჩინებულად ერკვევა. ჭურვი კი იმისაა, რომ ერთხელაც იქნება და აფეთქდება. ისიც ძალიან მისასალმებელია, რომ ნინო ქათამაძე ქართულად მღერის. გარწმუნებთ, ვიწრონაციონალური ვნებები ნაკლებად მაღელვებს. უბრალოდ, ეს მომღერალი სიტყვებს კი არა, გრძნობებს მღერის, გნებავთ, ლაპარაკობს კიდეც. და ამ ფონზე სულ არაა აუცილებელი, რომ ყველას ყველაფერი დაუღეჭოს - გამგები ისედაც გაიგებს.

5 ერთგულების ასი წელი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: მალხაზ ხარბედია
ფოტო: როიტერი

„გახსოვს გაბრიელ?... მახსოვს, მახსოვს, რავა არ მახსოვს!...“ ასე დავარქმევდი სურათს, რომელიც შარშანწინ გადაიღეს, ჰავანას საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე, 2003 წელს, გაბოსა და მერსედესის გაცნობიდან 58 წლის შემდეგ.

მარკესმა მერსედეს ბარჩე პარდო პირველად 1946 წელს ნახა. გოგონა მაშინ 13 წლის იყო, მარკესი 18-ის და ბორდელებს დაჩვეული ახალგაზრდა ჟურნალისტი მისმა პირველივე მზერამ დაატყვევა. ეს ტყვეობა 14 წელი გაგრძელდა, 14 წლის შემდეგ კი თეთრ პიჯაკში გამოწყობილმა გაბომ მერსედესის ხელი ითხოვა.

მათი ცხოვრება თავგადასავლებით იყო სავსე, ბევრჯერ მოუწიათ ადგილის გამოცვლა. 1959 წელს, პირველი შვილის, როდრიგოს დაბადების შემდეგ ისინი ნიუ იორკში ჩავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაძლეს და ავტობუსით მექსიკის გზას დაადგნენ. 1962 წელს მეორე შვილიც შეეძინათ, გონსალო. 1965 წელს კი მარკესი „მარტოობის ასი წლის“ წერას შეუგდა. გაბო მუშაობდა, დანარჩენს კი მერსედესი უძღვებოდა. ბავშვების მოვლის გარდა, მას ბევრი სხვა პასუხისმგებლობაც დაეკისრა. სწორედ მერსედესი „დაჩალიჩობდა“ ქაღალდის, ყავისა და სიგარეტის ფულზე.

სხვათა შორის, მერსედესი „მარტოობის ას წელშიც“ გაიელვებს, იგი ბუენდიას მეგობრის, გაბრიელის საცოლეა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარკესის ორი ყველაზე უცნაური პერსონაჟი ქალის, რებეკასა და ცად გაფრენილი მშვენიერი რემედიოსის შესაქმნელად, შთაგონების წყარო სწორედ მერსედესი იყო.

18 თვის შემდეგ, მარკესს რომანის 13 ათასი გვერდი დაუგროვდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ოჯახს კაპიკი აღარ ჰქონდა გამომცემლისთვის ტექსტის გასაგზავნად, რომ აღარაფერი ვთქვათ ვალზე, რომელმაც 10 ათას დოლარს გადააჭარბა. აქაც მერსედესმა ივაჟკაცა, გაყიდა ფენი და უთო და სამი უზარმაზარი ბანდეროლის გასაგზავნი ფულიც ამით იშოვა.

მერსედესზე კიდევ ერთ ამბავს ჰყვებიან. საქმე ისაა, რომ 80-იანების ბოლოს მარკესს თურმე აღარც ახსოვდა 1982 წელს შვეიცარიის ბანკში გახსნილი ანგარიში, სადაც მან ნობელის პრემიის თანხა შეინახა. ეს ამბავი ცოლმა მაშინ შეახსენა, როცა გაბომ კოლუმბიაში საკუთარი ჟურნალის, „კომბიოს“ გამოცემა გადაწყვიტა.

მერსედესი მთავარი პერსონაჟია მარკესის ცხოვრების რომანში. იგი ადევნებს თვალყურს ოჯახს. მარკესებს ხომ რამდენიმე სახლი აქვთ: სამი კოლუმბიაში, ერთიც ფიდელას ნაჩუქარი - კუბაზე, ჰავანაში, და ასევე მეხიკოში, პარიზსა და ბარსელონაში. მერსედესი უვლის ავადმყოფ მეუღლეს (მარკესს 1998 წელს ლიმფური ჯირკვლების კიბო აღმოაჩნდა და მას რამდენიმე ურთულესი ოპერაციის გადატანა მოუწია), თავად მაკონდოს შემოქმედი კი კარგ ამინდში 1992 წელს გამოშვებული Lancia Thema Turbo-თი დასეირნობს ხოლმე, რომლის საჭესაც დონ პეჩე უზის, წარსულში ცნობილი რეციდივისტი, დღეს კი მარკესის 6 კაციანი დაცვის უფროსი.

6 ზოგი ჭირი მარგებელია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: მალხაზ ხარბედია
ფოტო: როიტერი

0x01 graphic

თხუთმეტწლიანი ფატვას მიუხედავად, რუშდიმ გასულ წელს უკვე მეოთხედ იქორწინა. როგორც ჩანს, ირანელ ფანატიკოს-მუსულმანთა მუქარებს ეს კაცი აღარაფრად აგდებს და მაშინ, როცა მისი „სატანური სურების“ მთარგმნელებს იაპონიაში, შვედეთსა თუ რუსეთში საშინლად უსწორდებიან, რუშდი მშვენიერი პადმა ლაკშმის აყვავებული მკერდის ჩრდილქვეშ „განიგრილებს სულს“. ეს ქალი 24 წლითაა უმცროსი სახელგანთქმულ მწერალზე და უკვე თავადაც საკმაოდ გაითქვა სახელი, როგორც ტოპ-მოდელმა, ტელე-კინო ვარსკვლავმა და კულინარიული წიგნების ავტორმა.

რუშდი პირველად კლარისა ლუარდზე დაქორწინდა. მისი მეორე რჩეული მარიანა უიგინსი იყო, 1990 წელს კი „ბუკერის ლაურეატი“ ელიზაბეტ უესტს გადაეყარა, ვისთან ერთადაც თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები გაატარა. მაგრამ დადგა 1999 წელი და ნიუ იორკში, სრულიად შემთხვევით, პადმა პარვატი ლაკშმი გაიცნო და მის ცხოვრებაში ახალი, რომანტიკული სიუჟეტის დროც დადგა. ასეთ ქალებზე რუშდი ბევრს წერდა, ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან მოყოლებული. ასე რომ, როგორც იქნა, გამონაგონი და რეალობა ერთმანეთს შეხვდა.

პადმასთან შეუღლებით რუშდი საკუთარ ძირებსაც დაუბრუნდა. როგორც მიხვდით, ლაკშმი ინდოელია და მისი სახელი ინდურ ნაყოფიერების ქალღმერთს უკავშირდება, სულ მალე, კი ეს ნომინალური ნაყოფიერება შესაძლოა რეალობადაც იქცეს; ამაში მალე დარწმუნდებით, თუკი ახლად დაქორწინებულთა სასიყვარულო ჟღურტულს მოუსმენთ და წაიკითხავთ - ინტერნეტი ხომ სავსეა ასეთი ურთიერთკომპლიმენტებით. მაგალითისთვის პადმას ერთი ფრაზაც საკმარისი იქნებოდა, სადაც იგი ამბობს: „სალმანი უფრო ცეცხლოვანი და სექსუალურია, ვიდრე ბრედ პიტი“-ო.

ისინი შარშან დაინიშნენ, 20 თებერვალს, 17 აპრილს კი „ქორწილიც ქნეს“, ნიუ იორკში. ვარდებით მოფენილ დარბაზებში სიტარისა და ტაბლების ხმა ისმოდა და წყვილს 250-ზე მეტი სტუმარი ულოცავდა, უნივერსიტეტელი პროფესორებითა და ცნობილი მწერლებით დაწყებული - სტივ მარტინითა და ლუ რიდით დამთავრებული.

ქორწილის შესახებ ბევრს ყვებოდნენ და იმასაც ამბობდნენ, რუშდის მეგობარი ბებერი მწერლები პადმას დაქალებს „ნამეტანი“ უჟუჟუნებდნენ თვალებსო. დაველოდოთ, იქნებ რომელიმე მათგანმა მაგარ გოგოსაც გამოკრას ხელი.

7 ლაშა-გეორგ, მიამბე რამე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი
ჰოლანდია. 2003 წელი. ზურაბ ალავერდაშვილის ფოტო

- ძია რიმუს, ზღაპარი მიამბე, რა!

- ზღაპარიო? თუ ჩუმად იჯდები, ყურადღებით მომისმენ, არ შემაწყვეტინებ და წამდაუწუმ არ მკითხავ, მერე, მერეო, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ზღაპარი გიამბო.

- მე, ძია რიმუს, გასუსული ვიჯდები.

- კარგი. მაშ, ასე

ძია რიმუსის ზღაპრებიდან

0x01 graphic

თბილისი. ხელოვნება და ლაშა ბაქრაძე

ეს კაცი იმდენი წლის წინათ გავიცანი, რომ გახსენება აღარ მიხარია… ხან არქეოლოგიურ ექსპედიციებში დარბოდა და ხან ეთნოგრაფიულში. ის ბუბა ყარალაშვილის საყვარელი სტუდენტი იყო და მე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცუდად ვხდებოდი. ჯერ იყო და, თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა გერმანისტიკას, მერე იენაში გადავიდა. გერმანიაში ძალიან დიდხანს ცხოვრობდა, სწავლობდა და ხან რადიოში მუშაობდა, ხან ჟურნალებისთვის წერდა.

გამოხდა ხანი და ეს ჩემი ნაცნობი კაცი შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. მერე კვლავ გერმანიაში დაბრუნდა, პოლიტოლოგიის შესასწავლად, და მას აქეთ, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტიც ბრძანდება. ეს კაცი გერმანიაში ხან ქართული ლიტერატურის დღეებს აწყობდა და ხან ქართველ ხელოვანთა გამოფენებს.

სად იყო და სად არა, ჩვენი გმირი ვენაში გაემგზავრა - კვლევითი საქმიანობა და მსგავსები. ერთ წელიწადში კი დიტო ცინცაძის მიერ გადაღებულ „უიღბლო მკვლელებში“ მთავარ როლში ვიხილეთ. მერე მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ტბა“ სცენარი დაწერა და შორეულ ტეხასში პრიზი მიიღო. ევროპელ ლიტერატორებთან ერთად, მან 2000 წელს „ლიტერატურული ექსპრესით“ ნახევარი ევროპა მოიარა, - და დისერტაცია დაიცვა; თან, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების, კერძოდ, ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობის შესახებ.

მერე მიუნხენში გაემგზავრა, სადაც სცენარისტთა სახელოსნოში სცენარების წერას სწავლობდა. იმხანად, თბილისში მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ეროტიკული ამბავი“ აჩვენეს. ქართული ზნეობის სადარაჯოზე მდგომნი აღშფოთდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი ჩვენი გმირი კი კოტბუსის კინოფესტივალზე ჟიურის წევრად აირჩიეს. ამის შემდეგ დიტო ცინცაძემ სან-სებასტიანში „ოქროს ნიჟარით“ დაჯილდოვებულ „გასროლის შიშში“ იარაღით მოვაჭრის, უსაძაგლესი ქართველი მაჩოს როლში გადაიღო. ჩვენმა გმირმა ფრანგულ მოკლემეტრაჟიან „ფაბრიკაშიც“ მიიღო მონაწილეობა.

მოკლედ, სად აღარ იყო, რა არ ისწავლა, რა არ აკეთა... ბატონ დოქტორ ლაშა ბაქრაძის შესახებ მოგახსენებდით.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლაშა ბაქრაძე დიდი ხნის წინათ გავიცანი, შესაბამისად, პატარები აღარ ვართ. მაგრამ არც ისე საშინლადაა საქმე, როგორც ლაშა ჰყვება ხოლმე. ავსტრიიდან ჩამოსულმა მიამბო, რომ ვენის აკადემიაში საოცარი ტილო აღმოაჩინა - ფლამანდიელი მხატვრის ნამუშევარი. ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, რომელსაც ზურგსუკან ცელიანი სიკვდილი ამოსდგომია. ყველაზე გასაბრაზებელი სურათის სახელწოდებაა: „მხატვრის ავტოპორტრეტი 34 წლის ასაკში“.

მაშინ ლაშა ოცდაცამეტისა იყო, და თუ დავუჯერებთ, მას აქეთ, ზურგსუკან გამუდმებით ესმის ცელის ზუზუნი: ზზნგ! ზზნგ! ზზნგ!

მაგრამ ცელის ზუზუნი ხელს არ უშლის, რომ მხიარულად დააბიჯებდეს ამ დედამიწაზე და ამბები ისმინოს, ამბებს მოჰყვეს. დაწერას მოყოლას ამჯობინებს და ალბათ, მართალიცაა. ისედაც ცელი ზუზუნებს, როგორ შეიძლება ასეთებზე დროის ხარჯვა.…

ქართველთა სადიდებლად, ლაშა ბაქრაძე მუდამ აღნიშნავს, რომ მარად საკუთარ პრობლემებზე, სამუშაოზე თუ დაფინანსებაზე მოსაუბრე ჩრდილოევროპელთაგან განსხვავებით, ჩვენ ამბის თხრობის უნარი გვაქვს: რაღაც იწყება, ვითარდება, მთავრდება. სულ ერთია, რას ვყვებით - კუიბიშევში ქალების გაცნობის იმედად ჩასვლის თუ განძის პოვნის ამბავს; მთავარია, რომ ვყვებით. ლაშას ნაამბობი ხშირად კლასიკური ჩინური რომანის ქარგას ჰგავს: ის, რომ გმირი ჩნდება, სულ არ ნიშნავს, რომ ნაამბობის ბოლომდე გმირად დარჩება; ის შეიძლება ისევე უმისამართოდ გამოჩნდეს და გაქრეს, როგორც ის ჩინური რესტორანი, რომელიც ლაშა ბაქრაძემ ტუნისში მოგზაურობისას, რკინიგზის გასწვრივ აღმოაჩინა - ნამდვილი ჩინური რესტორანი, შესასვლელთან აღმართული ორი დრაკონით... ოღონდ ირგვლივ უდაბნო იყო, მატარებელი იქ საერთოდ არ ჩერდებოდა, კაცი არ იყო, რომ რაიმე შეეკვეთა. დიდი-დიდი, ვინმე ბედუინს ჩამოევლო.

მთავარია, რომ ჩინური რესტორანი იყო, დრაკონებიანი.

საბრალო გოგო

ლაშა ქალებზე არაფერს გიამბობთ, ტყუილად ნუ ჰკითხავთ. პირად ცხოვრებაზე საუბარი, ინტიმური დეტალების მოყოლა და ექსჰიბიციონისტური გამოსვლები არ ახასიათებს. ერთმა ჟურნალისტმა იმდენი ჰქნა, რომ ინტერვიუში ათქმევინა, ქალის ეროვნებას არ დაგიდევთო, და იმანაც, თავის სტატიას დიდებული სათაური გაუკეთა: „ლაშა ბაქრაძეს ცოლად ზანგი ქალი მოჰყავს!“ ერთ არაპოლიტკორექტულ წინადადებაში ორი საშინელი ტყუილი!

სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ საუბრისას, ლაშა ბაქრაძე თავის ბავშვობას იხსენებს, სრულიად უდრტვინველსა და ბედნიერს, როცა ერთხელ, ეზოში თამაშის დროს, მოფარებულ ადგილას მეზობლის პატარა, თავისზე ერთი წლით უმცროსი, იმხანად ხუთი წლის ფუმფულა გოგო გაიყვანა და აკოცა. „ლოყაზე?“ - „არა, როგორც წესი და რიგია“. ეს ამბავი გოგოს მამამ გაიგო და მას მერე შვილს ეზოში აღარ უშვებდა, ლაშასა და მსგავსი მავნე ადამიანებისგან გადარჩენის მიზნით. აი, ასე.

დიდი შიში

ბერნში, სადაც თეოლოგიას სწავლობდა, ერთ ჩინებულ ახალგაზრდასთან მეგობრობდა. ის ბიჭი მღვდლობას აპირებდა და მერე გახდა კიდეც - ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ერთხელ გაირკვა, რომ მომავალი მღვდელი გერმანიაში მანქანით გამგზავრებას აპირებდა, და ვინაიდან იქ ლაშასაც რაღაც საქმე ჰქონდა (ვეჭვობ, შვეიცარიაში მოწყენილობისგან სული ხდებოდა), თან გაიყოლა.

მანქანა შვაბეთის ალპებში, სერპანტინზე მიუყვებოდა გზას. ნისლი ჩამოწვა, ტრასაზე მანქანის ჭაჭანება არ იყო. მომავალი მღვდელი ლაშას მიუბრუნდა და უთხრა: „ლაშა, მშია“. რა გაეწყობა, შიოდა კაცს. მაგრამ ცოტა ხანში თანამგზავრს კვლავ მიუბრუნდა და ავისმომასწავებელი ჩურჩულით გაუმეორა: „მშია“. „ვაიმე!“ - იფიქრა ლაშამ.

კაცს თვალები უელავდა, საჭეს გამწარებით უჭერდა ხელს და ხმას უწევდა და უწევდა: „მშია, მშია!“ „გადამჩეხავს? შემჭამს?“ მე, ალბათ, მანქანიდან გადავხტებოდი.

საბედნიეროდ, რომელიღაც უბედურ ბენზინგასამართ სადგურს მიადგნენ და რაღაც უბედური სოსისები იყიდეს, მართალია, საშინელი რაოდენობით. კაცმა ყველაფერი ჩასანსლა და შემდეგ ლაშას აუხსნა, რომ შიმშილის მიმართ ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს და თუ დიდ განსაცდელში ჩავარდა, ანუ უმალვე ვერ დანაყრდა, თავს ვეღარ აკონტროლებს.

რას იზამ, ხალხი ჭრელია.

ჰო, როგორც მოგახსენეთ, ის კაცი დღეს მღვდელი გახლავთ.

ანდალუზიური სამკუთხედი

ანდალუზიაში, ალპუხარას მთებში, პაწაწინა სოფელია. ლაშას თქმით, იქაურები დიდი სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ იქ ისეთი ამბები ტრიალებს, რომ ალმოდოვარს ნამდვილად გაუგებს კაცი. „მანამდე მეგონა, რომ აჭარბებდა ხოლმე, მაგრამ არა!“

სწორედ ამ სოფელში, არცთუ ლამაზ ხალხში, ერთი ბრგე, ლამაზი მამაკაცი გამოერია. ის მასწავლებელი იყო. გარეგნული მონაცემებისა და სოციალური მდგომარეობის წყალობით, მთელი სოფლის ქალები მას ეტრფოდნენ და თუკი რომელიმე ქალი ოდნავ მაინც შეიხედებოდა, ყველასთან ჰქონდა საქმე.

ერთხელაც, მასწავლებელს ერთ გათხოვილ ქალთანაც გაუბამს რომანი - მთლად რომანიც არა; ისე, ერთი-ორჯერ. ეს ამბავი ქმარს გაუგია, რომელიც პატარა ტანის, სუსტი მამაკაცი ყოფილა. გაუგია და არაფერი უთქვამს - თითქოს ჩაყლაპა.

გავიდა რამდენიმე კვირა, და ერთ დღესაც, ორგული ცოლის მეუღლეს სოფლის მთავარ მოედანზე ახლად ნაყიდი მანქანა შეუგრიალებია. მან მანქანიდან თავი გამოყო და იქვე მდგომ მასწავლებელს დაუძახა.

მერე რა, რომ ოდესღაც მის ცოლთან იგორავა, მაინც თანასოფლელები იყვნენ. თან, ის არასასიამოვნო ამბავიც კარგა ხნის მომხდარი იყო. მასწავლებელი მანქანასთან მივიდა და რადგან ტანად მაღალი ბრძანდებოდა, ფანჯარასთან დაიხარა.

შეურაცხყოფილმა ქმარმა გაუქანა და სახეში სთხლიშა, უმალვე დაძრა მანქანა და გაქროლდა.

ასეთი იყო ანდალუზიელი მასწავლებლის ამბავი.

თამარი

ჩემი უმისამართო ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, რომ ლაშა ბაქრაძის სადისერტაციო თემა, ჩემზე უკეთ თავად ავტორმა თუ იცის. ჰოდა, 1914-1918 წლებში ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობის შესწავლისას, ლაშამ სახელმწიფო არქივში მრავალი წერილი აღმოაჩინა - გერმანიასა და შვეიცარიაში გახიზნულ ქართველთა მიმოწერა. ამ წერილებში ხშირად იყო ნახსენები ვინმე თამარი, რომელზეც მამაკაცები ძალიან ზრუნავდნენ; წუხდნენ, რომ ავადმყოფობის გამო, ხალხში გარევას ერიდებოდა. ვინ იყო ეს თამარი, მაინც ვერ გავიგე და დიდად არც მიდარდია - რამდენი ემიგრანტი დაიტანჯა, რა ჩემი განსაცდელია. მით უმეტეს, რომ ლაშამ დისერტაცია წარმატებით დაიცვა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, გერმანიაში მყოფი ლაშასგან წერილი მომივიდა, სადაც მრავალ სხვა ამბავსა თუ ჭორთან ერთად, ნათქვამი იყო, რომ „ჩვენი თამარი მორფინისტი ყოფილა“. ვაი? ვინ თამარი?

აი, ის თამარი, ემიგრანტი, სრულიად კომიტეტის მზრუნველობის საგანი. მისი ამბის გასაგებად ლაშამ ბერლინის არქივები გადააქოთა და დაადგინა, რომ ნარკომანთან გვქონია საქმე.

რაღა გვიჭირს.

0x01 graphic

გზაში. ზურაბ ალავერდაშვილის ფოტო

0x01 graphic

ლაშა და მეგობრები. თბილისი. გასული საუკუნე

წმინდა ევსტათი

ბარსელონაში, ერთ მშვენიერ ბარში, რომელიც ბარსელონელებს და უცხო სტუმრებს მთლად მეცხრამეტე საუკუნიდან ახარებს, ერთი კაცი დადიოდა. ლაშამ შენიშნა, რომ მის გვერდით მჯდომებს პატარა, გარმონივით დაკეცილ ქაღალდს აჩვენებდა ხოლმე: დიდი რუდუნებით შლიდა და მერე ასევე გულმოდგინედ კეცავდა. ცხადია, ძალიან დაინტერესდა, სანამ ერთ დღეს თავადაც მის გვერდით არ აღმოჩნდა და მისი განძი არ ნახა: წმინდა ევსტათის ცხოვრების და მარტვილობის ამსახველი სურათები.

იმ კაცმა, ესპანურის გარდა, არცერთი ენა არ იცოდა, მაგრამ იმის მოყოლა კი შეძლო, რომ წმინდა ევსტათი ამ კაცის მფარველი ყოფილა, მისი წმინდანი. კაცი ამაყად ამბობდა, რომ სახლში ამ წმინდანის ყველა გამოსახულება აქვს, სულ ნაირ-ნაირები, მაგრამ მერე დასევდიანდა: ამ ბარში, საპირფარეშოს თავზე, კიდევ ერთი ჰკიდია, ისეთი, როგორიც მას არ აქვს, ზღაპრული სილამაზისა. და ეს ღორები - ხელი ბარმენებისკენ გაიშვირა - არ აძლევენ! ძალიან ძვირს უფასებენ! მას კი ამდენი ფული არ აქვს! მაგრამ ეგ არაფერია, შეაგროვებს და იყიდის.

ამ სევდიან ამბავს ისეთი გზნებით ჰყვებოდა, რომ ყოველგვარ ფუჭ სანტიმენტებს მოკლებულმა ბატონმა ბაქრაძემ ჯიბეზე ხელი გაიკრა და წმინდა ევსტათის შეძენისთვის ათი ევრო გაიღო. კაცი უმალვე გამოცოცხლდა და ტკბილად მიმართა ბერმენებს, რომელთაც მანამდე ღორებს უწოდებდა: ეს კაცი ჯიგარია, ორი ლუდი და მიწის თხილიო! „წუწურაქი კი არ იყო,“ დაასკვნა ლაშამ.

0x01 graphic

უიღბლო მკვლელებისგადაღების დროს

0x01 graphic

რეკლამა ფირმისთვის H&M

ჩვენიანი

2000 წელი. ლიტერატურული ექსპრესი. მრავალ სხვა ლიტერატორთან ერთად, მატარებელში ერთი ბასკი მწერალიც იმყოფებოდა, რომელიც დიდი კომუნიკაბელობით არ გამოირჩეოდა - იჯდა თავისთვის. მაგრამ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოახლოებისთანავე, აშკარად ნირი წაუხდა და საჩქაროდ დაუმეგობრდა ქართველებს - გიო ახვლედიანს, ლაშა ბუღაძეს და ლაშა ბაქრაძეს.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დაზაფრულმა ბასკმა ისიც კი გაიხსენა, რომ ბასკები და ქართველები მთლად ნათესავები არიან. ძალიან წახდა კაცი.

ბელორუსიაში გამართულ მიღებაზე გამცილებელმა ბელორუსმა ბიჭმა საზოგადოებას ანთებული თვალებით ამცნო, რომ დიდი პურმარილი გველის, ხორციც კი იქნებაო. ლიტერატორებს ბედნიერი ბავშვები დახვდნენ, ყვავილებით ხელში და, ლაშას თქმით, ჩიკა-ჩიკარამაიას ძახილით.

და მაშინ ბასკი გადაირია, ლაშას შესძახა: „ყვავილები არ გამოართვა! ფრანკოს დროს, ჩვენც ასე გვექცეოდნენ, ყვავილებს გვაყრიდნენ, რომ პედერასტები გავმხდარიყავით!“ თავად მან მორთმეული ყვავილები, ცხადია, გადაყარა.

ბასკები აშკარად ჩვენი ნათესავები არიან.

ციდან ჩამოსული კაცი

21-ე საუკუნეს უშგულში შევხვდი, კავკასიელი მამაკაცების შესახებ ფილმის გადაღებების დროს. შესანიშნავი დარი იყო - მზე, ლურჯი ცა, ბრჭყვიალა თოვლი… და ამ მშვენიერებაში ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც სახეგაბადრული კაცი გადმოვიდა. ასეთი ბედნიერი ლაშა არასოდეს მენახა.

სვანური ქუდი ეხურა და ყველა ჯიბე - ჯიბეები კი უხვად ჰქონდა - კანფეტებით ჰქონდა გამოტენილი. ვერტმფრენის შესახვედრად შეგროვებული ბავშვები პირდაღებულები შესცქეროდნენ. ის კანფეტებს არიგებდა, ხანდახან ყიჟინასაც დასცემდა ხოლმე.

მერე ლამარიაზე ავედით - წელამდე თოვლში. მერე ქვედა სოფლისკენ გავეშურეთ და ვერტმფრენის ზუზუნიც გაისმა. მიდის! ვაშა, ლაშა, დარჩები!

და ლაშა გაიქცა, როგორც მერე თავად აღიარა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მას ასეთ ტემპში შეეძლო სირბილი, მით უმეტეს, მოლიპულ გზაზე, აღმართში. მაგრამ გაიქცა და ვერტმფრენსაც მიუსწრო.

მერე კი, საღამოს, გაირკვა, რომ იმ დღეს უშგულის ბავშვებს თოვლის ბაბუა ეწვიათ. ცხადია, თოვლის ბაბუა იყო, აბა, ვინ იქნებოდა: ციდან დაეშვა, კანფეტები დაარიგა და ისევ გაფრინდა.

მარტივი დასკვნა: ასე იქმნება ზღაპრები.

მზიანი მთა

საოცარი სახელწოდებები აქვთ ხოლმე დასახლებულ ადგილებს. მაგალითად, გერმანიაში იმდენი რაღაცბერგია, კაცს ტიბეტი ეგონება - „ბერგი“ მთას ნიშნავს. არადა, ისეთი ბრტყელია იქაურობა, ისეთი ბრტყელი...

ზონენბერგი, ანუ მზიანი მთა, განსაკუთრებით ტკბილი ადგილი ყოფილა. დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს, ეს დასავლეთ ბავარიაში შეჭრილი სამკუთხედი დახურული სასაზღვრო ზონა იყო - როგორც, ერთ დროს, ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი. იმ დალოცვილ ზონენბერგში, ვგონებ, არც კი იცოდნენ, რომ გერმანელის გარდა, დედამიწაზე სხვა ერის ხალხიც ცხოვრობდა.

ერთ დღესაც ლაშა ზონენბერგში აღმოჩნდა და ერთ ახალგაზრდასთან ერთად ლუდი მიირთვა. კარგი ბიჭი იყო, ზომიერად ჩლუნგი და არც ისე მთვრალი. ის მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მიხვდა, რომ ლაშა ადამიანი კია, მაგრამ გერმანელი არაა, და ჰკითხა კიდეც, საიდან ხარო. პასუხის მოსმენის შემდეგ, უცებ წელში გაიმართა და - ინდიელების შესახებ ფილმები ხომ გინახავთ? მკერდში მჯიღი ჩაიკრა: „მე - იოჰან, შენ - “

ცუდია, როცა ბრიყვი ხარ. თან ზონენბერგში.

0x01 graphic

ლიტერატურული ექსპრესი - 2000“. ლაშა ბაქრაძე და გიო ახვლედიანი

0x01 graphic

ჰანს შაიბისაიეტის ასულისმგლების გარემოცვაში. დათო მესხის ფოტო

ამბავი იმისა, თუ როგორ გადაარჩინა ლაშა ბაქრაძემ ერთი ცოდვილი სული

ეს სევდიანი ამბავი იმით დაიწყო, რომ ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა და ლაშამ ყველაზე მსხვილბურჟუაზიულ მაღაზიაში შემარბენინა. იქ არასოდეს შევსულვარ, რადგან ბევრი რამ მომწონდა, მაგრამ ვერ ვყიდულობდი. ლაშამ მითხრა, შევიდეთო, და შევედი - ასეთ ამბებში ის ჩემზე უკეთ ერკვევა.

ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდე. ო, რა ლამაზი ფეხსაცმელი ვიყიდე! თან რა იაფად! ეს ფეხსაცმელი იმდენად მომწონდა, რომ მეორე დღეს, ერთ დიდ ფილოსოფოსსა და მწერალთან სტუმრად მიმავალმა, თავი გავწირე და გაგანია იანვარში ლაშას მოკლე კაბასა და თხელ წინდებში გამოვეცხადე. ძალიან კი მციოდა, მაგრამ მაინც - ჩემი ლამაზი ბაჩიები იმ მოხუც ფილოსოფოსს ხომ მაინც უნდა დაენახა. კიდევ კარგი, ლაშას დაგვიანება არ სჩვევია.

ძალიან სევდიანი საღამო იყო. მალე დაბნელდა. ფილოსოფოსს ჩაისა და ცუდი შამპანურის გარდა, არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ ვითომდა მყუდროდ განათებულ, ჩემი აზრით კი დეპრესიულად ჩაბნელებულ ოთახში ვისხედით. პირველ მსოფლიო ომსა და გარეწარ კაიზერებზე ვსაუბრობდით. რუსეთის მეფის კარი და საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ. ჩვენთან ერთად მყოფი ქალბატონი ნაზი, აქროლადი და ცრემლივით წმინდა იყო, საქართველოში ერთხელ ნამყოფი და ხავსმოდებული გალავნებით აღტაცებული. ძალიან მშიოდა და ვგრძნობდი, რომ მალე გავგიჟდებოდი. ვიცოდი, რომ გარეთ არაბუნებრივად შემცივდებოდა და მძულდა ჩემი ახალი ფეხსაცმელიც, ბერლინიც და ჩემი ცხოვრებაც. ის ქალი ხომ მძულდა და მძულდა.

წამოსვლისას ლაშამ მითხრა, ნუ გეშინიაო. აქედან ტაივანურ რესტორანში წავალთ და მაგრად ვჭამთო. მერე კიდევ სადმე წავალთ და იქაც ვჭამთო. მოკლედ, ნუ გეშინიაო.

ნურას უკაცრავად. გამოსვლისთანავე იმ ქალმა - ფოკუს-მოკუს! ჩანთიდან ორი მოსაწვევი ამოაძრო და გახარებულმა გვითხრა, გერმანულ-ქართული საზოგადოების შეკრებაზე ხართ დაპატიჟებულიო. შეკრების თემა - საქართველოს კონსტიტუცია.

ნუ გეშინიაო, მითხრა ლაშამ. მივალთ და ხუთ წუთში გავიპარებითო. აქედან ტაივანურ რესტორანში წავალთ და მაგრად ვჭამთო. მერე კიდევ სადმე წავალთ და იქაც ვჭამთო. მოკლედ, ნუ გეშინიაო.

მაგრამ ვერსადაც ვერ გავიპარეთ, რადგან დარბაზი საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბატონ ლაშა ბაქრაძეს ტაშით შეხვდა. ჩვენ საპატიო ადგილებზე დაგვსხეს. მეც ვიღიმოდი და ძალიან ვამაყობდი, რომ ამ შესანიშნავ შეკრებაზე ასეთ შესანიშნავ კაცთან ერთად მოვხვდი - ო, როგორ მიხაროდა საქართველოს კონსტიტუციის შესახებ გერმანელის მიერ წაკითხული მოხსენების მოსმენა!

ყველაფერი მთავრდება და მოხსენებაც დამთავრდა. უკვე აღარ მშიოდა და აღარც მციოდა. მორჩა. როცა შპრეეს ჩავუარეთ, ცხოვრებაში პირველად და, იმედია, უკანასკნელად ვიფიქრე, ხომ არ ვისკუპო-მეთქი. რაა რო? ივერია უჩემოდაც გაბრწყინდება, შეუცვლელი არავინაა. არ მითქვამს, მაგრამ იმ ღამეს შპრეეს შავი წყალი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა.

და მაშინ ლაშამ მითხრა ის, რაც სულ მახსოვს: „მოდი, ჯერ ვჭამოთ და მერე გადავხტეთ“. პრინციპში, მართალი იყო. რომ გადავმხტარიყავი, ვეღარაფერს შევჭამდი.

ჩვენ ტაივანელთან წავედით და ვჭამეთ, მერე სხვაგანაც წავედით და იქ ვეღარ ვჭამე იმიტომ, რომ ტაივანელთან ძალიან ბევრი ვჭამე და ამას ძალიან ვნანობდი. მაგრამ ფაქტია, რომ აღარ გადავხტი.

სწორადაც მოვიქეცი. მოესწრება. მეც მესმის ხოლმე ჩემს ზურგსუკან: ზზნგ! ზზნგ! რა მეჩქარება.

ლაშამ მითხრა, რომ მეცამეტე საუკუნეში ბერ დოგენს შესანიშნავი ლექსი დაუწერია:

ყვავილები - გაზაფხულზე,
გუგული - ზაფხულში,
შემოდგომაზე - მთვარე,
ცივი, სპეტაკი თოვლი - ზამთარში.

მერე, მეთვრამეტე საუკუნეში, ეს ლექსი ვინმე რიოკანიმ გადაამღერა:

რა დარჩება ჩემს შემდეგ?
ყვავილები - გაზაფხულზე,
გუგული - მთებში
და ნეკერჩხლის ფოთლები - შემოდგომაზე.

არაა ცოტა. თქვენ რას იტყვით?

8 ვთამაშობთ თბილისობანას

▲ზევით დაბრუნება


აკა მორჩილაძე
სერიალი
ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი
გაგრძელება (დასაწყისი 2005 წლის იანვრის ნომერში)

II თავი, ლაპარაკებით მოგრძო და ისევ კიკილას წარმოდგენებით შეთხზული და მართალგამორეული, რახან გამოჩნდა წყნეთელი ზახოდა

ეს ძველი ამბავია. მისული გახლდით და მაგიდაზე პირქვე გადაშლილი სტივენ კრეინის წიგნი ვნახე. ინგლისური წიგნი იყო, რბილყდიანი და გადამსკდარი. ახლა, სიმონ, როგორი ამბავი გახლავს, იცი? მე სანთელს ავანთებ და გამოვალ ქუჩაში, დღისით და მზისით,. დავუყვები დაღმართებს და ავუყვები აღმართებს. მლოცველი კი არ ვიქნები და ვინმე ტკივილოსანი, არამედ ახალგაზდა კვაალისმაძიებელი. დავივლი ამ სანთლით ყოველ კუთხე-კუნჭულს და ვერა ვნახავ დიასახლისს, თუნდ ახალგაზრდას, თუნდაც დროულსა, რომ სტივენ კრეინის წიგნი მაგიდაზე პირქვე გადაშლილი ედოს, თვითონ კიდევ, ერბო-კვერცხს აშიშხინებდეს ტაფაზე.

მაშინ ოხუნჯობის ხასიათზე ვიყავ, გერმანიისკენ მეჭირა გეზი და ცხოვრების ხელახლად დაწყების მუღამი იმგვარად მხიბლავდა, რომ ბიჭებს რიგრიგობით ჩამოვუვლიდი და იქ გვარიანად ვერთობოდი.

ამიტომაც, ზურას ვუთხარ, ასე, ქალაქურად:

- ცოლს რაებს აკითხებ, ტო, რა არი... გინდა რო თავი მოიკლას?

- თავი მოიკლას?

- აბა, მა ეს სტივენ კრეინი რა გგონია? კაცებს აგიჟებს და ქალს რაღას უზამს?

ასეთ სათნო ქალს.

- თათუნ!

- რა არი?

- კუკლუშ, ეს რა წიგნია? რაებს კითხულობ?

- პედერასტებზეა. მეტრაკეებზე. აი, ნახე, - ვუჩურჩულე მე,

- აი, „ცისფერი სასტუმრო.“

- და სასტუმროში არიან პედერასტები?

- მთელი სასტუმრო პედერასტებით არი სავსე.

- და თათუნა რატო კითხულობს?

- მეც მაგას გეკითხები. თათუნა რატო კითხულობს?

- თათუნ, რატო კითხულობ ამ წიგნს?

- რა ვიცი, ვკითხულობ...

- რაღა პიდარასტებზე კითხულობ, ქალზე და კაცზე წაიკითხე.

- ხო, ხო, აბა, არ ვიცი, ერთი, ქალები რატო უნდა კითხულობდენ ასეთ წიგნებს.

- აი, კიკილამ გამხილა.

თათუნას აღარ მოუსმენია, ისე გავიდა.

- ისე, ინგლისური რო ვიცოდე, მეც წავიკითხავდი პიდარასტებზე, - ჩაიხითხითა ზურამ.

აღარ მითქვამს, რო „ცისფერი სასტუმრო“ სულაც არ არი პედერასტებზე, სიკვდილის მაძიებელ კაცზეა, რომელსაც არავინ უშლის ხელს ამ სიკვდილის ძებნაში. არ არი მაინცდამაინც თბილისელი გოგოს, გინდა კლასიკური ფილოლოგის საკითხავი ამბავი და მერე თათუნას ერთი-ორი სიტყვა გადმოვაგდებინე. საერთოდ, ხმადაბლა ლაპარაკი იცოდა და ისიც გაირკვა, რო სტივენ კრეინი მისი საყვარელი მწერალი ყოფილიყო. ეს გამიკვირდა იმიტო, რო ფილოლოგოსებს, გინდაც კლასიკურებს, რუსები უყვართ, თათუნას კიდე დოსტოევსკი უნდა ყვარებოდა. დადიოდა ოჯახწამოკიდებული გერმანიის ქალაქებშიო, ჭლექიანიო, სასტუმროს საზიზღარ ნომრებში წერდა და ჩვენხელა მოკვდაო, ასე მითხრა ამ კრეინზე. ეგ ამბავი კი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, ჩვენებური გოგო თუ ესევითარ მღელვარებით ალაპარაკდებოდა ამგვარ რამეზე. თანაც, ლიტერატურაა, ჭორები ხო არა.

ის დრო იყო, როცა კარგად ვიცოდი ამათი ცხოვრება. წამოვწვებოდი და ათას სხვა რამესთან ერთად, ამათი ცხოვრების სურათებიც დამიდგებოდა ხოლმე თვალწინ.

აი, ვთქვათ, მანქანით მიდიან.

- ჰა? - ჰკითხა ზურამ, - სად ჩამოგსვა? აქედან ჯობია?

- ხო.. აქ.. სადმე...

- კუკლუშ, არ ინერვიულო... ხო არ შემოგყვე? არ არი სანერვიულო...

- არა, რა გინდა?.. ვერ ვიტან, ქმრები რო დააცილებენ ამ კლინიკების დერეფნებში...

- დერეფნებში კი არა, კორიდორებში... დერეფანი რა ქართულია? - გაიცინა ზურამ, - ჩვენი მასწავლებელი ამბობდა კონიდორს... მერე ნიკა ტრი დნია კონდორს ეძახდა...

- შევალ, - კარი გააღო თათუნამ.

- იცი რა? - ჩაფიქრდა უცებ ზურა, - ხუთი თვე არაფერი არ არი... ხალხი წლობით ელოდება. მოდი რა, ნუ შეხვალ...

რა საყვარელი და კეთილი იყო!

თათუნამ იცოდა... თქვენა გგონიათ არ იცოდა?

- აგაძვრენენ ეხლა იმ საზიზღარ სავარძელზე, ამათი ქვის ხანა დედას რო შვც... მერე კიდე გეტყვიან, წესრიგშია ყველაფერი, ელოდეთო. მერე მე ვერ მოვისვენებ და წავალ... ეხლა მე მომცემენ ხელში პლასტმასის ჭიქას და გამიშვებენ საზიზღარ ტვალეტში, გააკეთეო...

თათუნა გაოცებული და გახალისებული უყურებდა.

- ხო, ეგრე ამბობენ, გააკეთეო, - თავი დაუქნია ზურამ - აბა, ხო არ გეტყვიან, ჩამოკარიო...

- გაჩუმდი, - ვითომ ეწყინა თათუნას.

- ხო. მერე მე ვერ გავაკეთებ... გიჯამოვი ხო არა ვარ, რო ეგრე გავაკეთო... ვიქნებით ისევ გაურკვევლობაში. ამიტო, წვალების გარეშე გაურკვევლობაში ყოფნა ჯობია, წვალებით გაურკვევლობაში ყოფნას..

თათუნა ფიქრობდა, შესულიყო თუ არა ქალთა კონსულტაციის თეთრმინებიან ოფისში.

- ვითომ იყავი, რა?

- ვის ვატყუებთ?

- დედებს, - თქვა ზურამ - ჰა... დავაწექი?

- დააწექი, - ამოიოხრა თათუნამ.

- ეხლა არ ჩამოუშვა ცხვირი... გეხვეწები. ჩაგახჩობ კაპუჩინოში... სად წავიდეთ?

- სახლში, - თქვა თათუნამ და ენაზე იკბინა - არა... არა.. სადმე...

ზურამ გადმოხედა, ამოიხვნეშა და სიჩქარე გადართო.

მერე, ალბათ ვერაზე, ერთ კაფეში ისხდნენ, იმ კაფეში, რომლის ვიტრინაზეც ვიღაცას შავი საღებავით მიეწერა: ძირს ხუნტა. ეხ, ძმანო, აი ეგ არის თბილისი. კაფეს რესპექტაბელური ეჭირა, წარწერა კი ვერაფრით წაეშალათ, რაღაც სამუდამო და აუტანელი საღებავით შეესრულებინა ხუნტის მტერს. ამიტომაც, ბარე ერთ თვეში იმ კაფეს ყველა ხუნტას ეძახდა და პატრონმაც შეიფერა ეს სახელი. ორიოდ თვეში აბრა გააკეთებინა: ზედ ვარდები კიაფობდნენ და ლათინური წარწერაც ელავდა: Junta. მაგრამ ახლა, კაფეს ჯერ არ ერქვა ხუნტა. ამ წარწერის ამბავი კი თათუნას ზურამ უამბო.

კაპუჩინო არ ვარგოდა. საერთოდ არ იყო კაპუჩინო. უფრო კაკაოს ჰგავდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან წყალწყალას აკეთებდნენ. ეს გაგიკვირდებათ, ძმანო? თბილისი გახლავთ. საერთოდაც, მგონი, ახალი ამბავი იყო, რომ კაპუჩინო არსებობს.

თათუნამ დააპირა, ზურას ვეტყვი, კაპუჩინო არ ვარგაო, მაგრამ გადაიფიქრა, რაიმე არ ატეხოსო.

საერთოდ, გამუდმებით ეშინოდა, რომ ზურას რამე არ აეტეხა.

სახლში ჯანდაბას, ქუჩაში.

ეს გოგოების ბრალიც იყო. სულ თავიდან ისინი ეჩიჩინებოდნენ: იცი ეგ ვინ არი? იცი ვინ არიან მაგის ძმაკაცები? რო იცინის, ის ხო არ გგონია? იცი, ეგენი რაებს აკეთებდნენ? მაგან და კვეტომ, ერთხელ... მაგან და გამცემლიძემ ერთხელ... ახლა თათუნა გოგოებზე უკეთ კი იცნობდა ზურას, მაგრამ ამ უცნაურ შიშს, რომ მის ქმარს სახალხოდ რამე არ აეტეხა, მაინც ვერ მორეოდა. განა ამას ვერ ვხვდებოდი? თან კიდევ, თათუნაც ხო არსებობდა? იმასაც ხო ქონდა თავისი ხასიათი?

თათუნამ ჩაკეტვა იცოდა. დადუმება. ზოგჯერ ისე გამოვიდოდა, რომ ზურა რაც უფრო ფართოდ გამოაღებდა თავის ალაყაფებს, თათუნა მით უფრო მჭიდროდ გადარაზავდა თავის კლიტეებს.

აი, ეს იყო თქვენი კიკილას თვალთახედვით და მეტი არაფერი. თუმცა, მეტი რაღა უნდა ყოფილიყო?

თათუნა კითხულობდა, ზურა ხუმრობდა:

- აი, მზითევი... რამდენი ტონა იქნება? - და თაროებს ახედავდა - ა, კიკილ... მაგარია?

აქაც, ამ კაფეში, თათუნა ნემსებზე იჯდა. ზურა კი ცდილობდა, გაემხიარულებინა. სხვაგან დიდად არც ჩანდა, რომ ზურა მხიარული იყო. თათუნასთან კი გაიქაჩებოდა ხოლმე.

- ეხლა საქმე მაქ შენთან, კუკლუშ, - თქვა უცებ ზურამ. მანქანის გასაღებით ფრჩხილს იწმენდდა.

- არ უნდა მითხრა?

- არა... კი უნდა გითხრა, მარა… ეხლა მერაბა რო იყოს... ან ბიჭები... ნიკუშა... უფრო თავისუფლად გეტყოდი... კი არ მიტყდება, მარა...

„რაღაც საშინელებას მეტყვის ვიღაც გოგოზე... მაგიტო არ შემიშვა კონსულტაციაში...“ გაიფიქრა თათუნამ, მაგრამ უფრო შორს წასვლა ზურამ აღარ აცალა:

- თათუნ, ხო იცი როგორც არი... არსებობენ პოლიციელები. არსებობენ ბიჭები... მერე მოუვათ ხოლმე ერთმანეთთან ჩხუბი და ზოგჯერ პოლიციელები იმალებიან, ზოგჯერ ბიჭები...

- ადრე პოლიციელები იმალებოდენ...

ზურას გაეცინა.

- ეხლა მაგას ბევრი დრო უნდა... -თქვა ხმადაბლა - იმ ოთახში ხო მაინც არა ვართ... შეიტან წიგნს, გამოიტან წიგნს, ხო?

- ხო.

- ხო. ეხლა ეგეთი ამბავია. ამაღამ მე ერთ ბიჭს მოვიყვან და ცოტა ხანს იმ ოთახში იცხოვრებს. გავუგორებთ ჩვენი სპალნის ტელევიზორს და არ გამოვა საერთოდ...

თათუნამ პირი დააღო, თითქოს რაღაც უნდა ეთქვაო, იმ გაციებული კაპუჩინოს ფინჯანი კი ხელში შერჩა. თითქმის სავსე ფინჯანი.

- ეხლა ვიცი, რაც უნდა თქვა და ჯობია არ თქვა... საჭმელები შენ არ უნდა უკეთო, შენ არ უნდა ურეცხო და შენ არ უნდა უკერო ნასკები...

- მაგას არ ვამბობ, - წაიკნავლა თათუნამ.

- ყველა ცოლი მაგას ამბობს. კუკლუშა კიდე არა... - გაიცინა ზურამ - ეხლა გეტყვი პირდაპირ. იმ ოთახიდან საერთოდ არ გამოვა. რასაც ჩვენ შევჭამთ, იმას შეჭამს. შენი მაგრა შერცხვება. თვალებშიც არ შემოგხედავს. სმა არ იქნება... რისიც შეგეშინდა, წამლის ხარშვა არ იქნება. ცოტა ხანს დარჩება... შენთვის საშიში არ არი. შენი გულისთვის ტანკს შეუვარდება... არ დადუმდე ეხლა...

- ეძებენ? - რაღაცას დაებღაუჭა თათუნა.

- სადაც წაასწრებენ, იქ დაატყნავენ - თქვა ზურამ - მაგრა უჭირს...

- მკვლელია? - სხვა რა გაახსენდებოდა თათუნას.

- არა.

- და ვინმე რო მოვიდეს, სტუმარი? - ეს კი იყო ჩასაბღაუჭებელი.

- ეგ ოთახი გასაღებით იკეტება... ჩაკეტილია და მორჩა... ჰა, თქვი ეხლა...

- რა ვთქვა?

- რა ვქნა...

- მე რო გითხრა არა-თქო, არ მოიყვან?

- ვახ, რა მურტალი კითხვები იცი, - სიგარეტს მოუკიდა ზურამ

- კაი. შეილება მოვიყვანო?

- ხმადაბლა, ხალხია - შეშინდა თათუნა - კარგი, მოიყვანე...

- ნუ შეგეშინდება რა, კუკლუშ... ნუ ხარ ეგეთი მშიშარა...

- ვინ არი?

- ბიჭია რა...

- სახელი არა აქვს? ხო უნდა დავუძახო...

- როგორ არა აქ, - გაეცინა ზურას - ზახოდა, წყნეთელი... ბავშვობის ძმაკაცია... ყველა ზაფხულს... ძმა არი, რა... ხო იცი, როგორ ითვლება?

- მე ზახოდა დავუძახო?

- რავი, თუ გინდა დაუძახე...

- ნამდვილი სახელი მითხარი...

ზურას გაეცინა.

- რა იყო, არა აქ ნამდვილი სახელი?

- სოგრატი.

- რა?

- სოგრატა.

თათუნას სიცილი წასკდა.

- სოგრატა ი ბაგრატა. ბაბუამისის სახელია. სოგრატ ყვავილაშვილი...

- და სოგრატ ყვავილაშვილი არი შენი ბავშვობის მეგობარი?

- ძალიან გახალისდა თათუნა.

- ძმა.

- და არი ყაჩაღი?

- არა... რა ყაჩაღი... ერთი მორფინისტი ბიჭია. საწყალი, მაგარი წესიერი, დარდიანი. სულ მიწაში იყურება.

- ეხლა ნუ შემაყვარებ... სოგრატ ყვავილაშვილი, - გადაიკისკისა გოგომ.

- ნეტა მაგით დამეწყო... ეგრე ხო არ გადაირეოდი.

- როდის გადავირიე? სოგრატ ყვავილაშვილი! - შესძახა თათუნამ. - სახლში რას ეძახიან?

ზურამ წარბები შეკრა და სწრაფად და ბრაზიანად გამოისროლა:

- სოგრო!.. სოგროუ!..

კვლავ იცინოდნენ.

- წამო რა, წავიდეთ... დედაჩემთან ხო დამტოვებ?

- ხო... სოგორუ!..

- ფხუ!...

ღამით კი თათუნა დივანზე მიწოლილიყო. ელოდა. თორმეტი ხდებოდა, კარის ხმა რომ გაიგონა.

- შემო, ხო...

თავჩაქინდრული ჯეელი შავტუხა უნდა ყოფილიყო. ერთი ნომერი პადსტავკით გადაღებული თმა და ხშირი, გადაბმული წარბები ჰქონდა. ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაეტენა და ხალიჩას ჩაშტერებოდა.

- აი, თათუნ, ეს არი ზახოდა, - თქვა ზურამ - დაჯე... ზახოდა დაჯდა. ერთხანს ისევ ხალიჩას ჩაშტერებოდა, მერე კი ტელევიზორისკენ გააპარა თვალი. თათუნა სამზარეულოში გავიდა და დაიძახა:

- ზურა...

- რა იყო? - შეჰყვა ზურა...

- მისმინე... ნამცხვარი გავაკეთე... აი, რულეტი... ეხლა მე მაგათი არ ვიცი, საღამოსაც ხარჩოებს და რამეებს ჭამენ, თუ... იქ კატლეტებია ხვალისთვის... ლოგინი დავუგე და ტელევიზორი გავიტანე... ოღონდ ანტენა ვერ შევაერთე... იქ თავთან ყვითელი პირსახოცი უდევს... თუ უნდა, დაიბანოს...

ზურამ შუბლზე აკოცა სწრაფად.

- კუკლუშ, - თქვა ჩახრინწული ხმით - რა კლიენტი ხარ...

ჩაიზე ზახოდა მოშინაურდა. ასევე შავი, ბრაზიანი თვალები გამოაჩინა. ზურამ კონიაკი გამოაძრო კარადიდან.

- კურვაზიე გაგიგია, ხეჩო? - დაანახა სტუმარს.

- მაგარი იქნება. რათ უნდა გაგება? - ეს იყო ზახოდას პირველი სიტყვები ამ ოჯახში. სამ-სამი რომ ჩაარტყეს, ზახოდამ ფეხიანი ჭიქა აიღო და წამოდგა.

- თათუნ, შენი სადღეგრძელოა, - ჩაიფხუკუნა ზურამ.

- თამრიკოს სადღეგრძელო მინდა შევსვა... - გული ამოაყოლა ზახოდამ - დღეისდღეისობით, ჩემო დაიკო, მე შენ არ გიცნობდი. გიცნობდი, რა, შორიდან. როგორც ზურას ულაპარაკნია, ისე გიცნობდი. ამ ბინაშიც ეხლა პირველად ვარ.. .

- რა პირველად, - გაუჯავრდა ზურა - რაც შენ აქ გიცხოვრია...

- რაც თამრიკომ შემოაბიჯა ამ ჭერის ქვეშ. დღეისდღეისობით ეს ბინა არი გამთბარი შენი სიყვარულით, ჩემო დაიკო... დღეისდღეისობით, მე მიჭირს. ან დავრჩები, ან მოვკვდები. თუ დავრჩები, დღეის შენი დახვედრა მემახსოვრება სულ. დამახსომდება. სულ ბოლომდი სულ ვიტყვი, რო ჩემმა დაიკომ მე გული დამანახვა... გაგიმარჯოს თამრიკო, შენი პატარა ძმა ვარ...

- შენზე უმცროსია, ტო, - ხელი წაკრა ზურამ.

- მე ყოველთვის უნცროსი ვიქნები, - თქვა ზახოდამ - ყოველთვის პატარა ვიქნები თამრიკოსთან.

მერე ზახოდას ეძინა.

- რა დააშავა?

- რათ გინდა? რამე რო მოხდეს...

- რა უნდა მოხდეს? - შეშფოთდა თამრიკო.

ზურამ ჩაიღიმა, რო იცოდა ხოლმე, ისე:

- მოატყუა ვიღაცეები. დაიჭირეს, პრაკოლი უნახეს. წაიყვანეს. იქ თქვა, ბარიგას დაგაჭერინებთო. ოღონდ ორასი დოლარი მომეცით, ფული არა მაქ და ხო უნდა მივცეო. თავისი ჯიბიდან გაატანეს. შეუშვეს პადიეზდში, ქვემოთ ელოდებიან. ავიდა, წამალი აიღო და მოტყდა... ეძებენ. ეგ არი, მეტი არაფერი. იპოვნიან, დაჭყლიტავენ...

- ეძებენ?

- აბა რას იზამენ, გოგო? ვინ შეგარჩენს? ეგ დაცინვაზე უარესია..

- და როგორ გამოიპარა?

- კითხე და გეტყვის. სულ შენთან არ იქნება?

ზურამ ტელევიზორს გაუშტერა თვალი.

- ზურა? - მიეხუტა თათუნა - მეც რო რაღაცა გითხრა...

- აბა, რისთვის ვარსებობ? ჰა...

- არა, რა ვიცი...

- ჰა, მოვკვდი, მიდი რა... - წამოჯდა ზურა.

თათუნა მოემზადა. სცადა სუნთქვა მოეწესრიგებინა.

- აქ ვიღაცა რეკავს, ზურა.

- მდუმარე?... შენ მაგაზე არ ინერვიულო, - გაეცინა ზურას.

- აღარ არი მდუმარე, ლაპარაკობს...

- ვა... რაო, რა მინდაო?

- მაშინებს.

- რა?

- მკვლელია.

ზურამ გადაიხარხარა.

- ჩუ, არ გაეღვიძოს.

- რას გაშინებს?

- საშინელებებს ამბობს და მართლდება... იმ დღეს დარეკა,.. ქალბატონ თამარს მეძახის... მეოთხეზე ცხოვრობთო, დღეს შენი მანქანის ნომერი მითხრა...

ზურა დუმდა.

- ქალი მოვკალი გლდანშიო. კრიმინალურ ქრონიკას უყურეო... რაც მოყვა, ის იყო ტელევიზორში.

- რა იყო?

- ზუსტად ისე იყო. ქალი, აკუწული, - ატირდა თათუნა - მოგძებნიო. ჩემი მესაიდუმლე ხარო...

- რატო არ მითხარი?

- მერე აღარ დაურეკია და...

- რა, რა?

- და დღეს დარეკა. მტკვარში რო კაცი ნახეს, მე გადავაგდეო. და უყურეო... ვუყურე. იყო. მერე რო ვუყურებ, რეკავს და მაშინებს. დავუკიდებ, რეკავს.

- ნუ იღებ! - წამოხტა ზურა და სიგარეტის კოლოფს სტაცა ხელი - მე ავიღებ!.. ნუ ტირიხარ.. მაგას მოუტყნავ დედის ტრაკს!.. მაგას გავხრავ, მე მაგის.. ნუ ტირიხარ!

- მანიაკი ვარო, - ამოისლუკუნა თათუნამ - ვერ დამიჭერენო, შენსკენ მოვიწევო...

- ნუ იღებ! გესმის?.. რა შარში იგდებს ზოგი თავს, ა?

- შენ რო არ ხარ, მაშინ რეკავს... ასე გამოდის, - აღმოხდა თათუნას.

ზურა სავარძელში გაშეშდა. კარგა ხანს იჯდა ასე, ეწეოდა და მიშტერებოდა ტელევიზორს.

- ე, - მოისმა ბოლოს - ე... წამო, კუკლუშ, დავწვეთ... მანიაკებს და ანანისტებს მე მივხედავ... შენ ზახოდა არ გამიციო...

III თავი, მაიაკის გათამამების ჩვენებით, კიკილას გარეშე და ზახოდასთან ერთად

ზახოდა კაბინეტში შეკეტილიყო. ზუსტად ისე, როგორც ზურა ამბობდა.

- სოგრატა რას შვება? - შემოსული არ იყო, იკითხავდა ზურა.

- წიგნებს ითვლის, - ეცინებოდა თათუნას - რატო რუსული კითხვა არ ვიციო, ამბობს...

- ქართული ხო იცის, - უხაროდა ზურას და კარს შეაღებდა,

- გამო ჰა, ბიბლიოთეკის გამგე...

სოგრატ ყვავილაშვილი არ იყო ძნელი შესანახი კაცი. მდუმარე გახლდათ და თათუნას კარისკაცივით ექცეოდა. ზურას მოსვლამდე ოთახიდან ძნელად გამოდიოდა, ზარის ხმაზე კი უსიტყვოდ წამოდგებდა და თავისი ოთახისკენ გასწევდა. ამიტომ, სტუმრებს არასოდეს უნახავთ.

ასე გრძელდებოდა და თათუნას ვეღარც კი წარმოედგინა, რომ მათ სახლში პოლიცია მოვარდებდოდა და სამივეს დაიჭერდა.

ათი დღის განმავლობაში, ერთადერთხელ იყო, რომ ვიღაცამ დარეკა და ქართლური ომახიანობითა და სითამამით მოითხოვა:

- ზურასა სთხოვეთ, თუ შეიძლება...

- ზურა არ არიი... - მიუგო თათუნამ.

- მაშინ, ისა... თქვენთან ერთი ბიჭი უნდა იყვეს და იმასა სთხოვეთ.

- ვინ ბიჭი? - ეგღა აკლდა თათუნას, რო ასე იოლად დაეძახა.

- კარგი, ბოდიშით, - და დაკიდა.

თათუნამ კაბინეტის კარზე მიაკაკუნა.

- შეილება?

ზახოდა უკვე ფეხზე იდგა, პერანგის ზედა ღილებს იკრავდა.

- ვიღაცამ დარეკა... თქვენთან რო ბიჭიაო. მე უთხარი, აქ ბიჭი არავინ არ არი-თქო...

- როგორი ხმა ჰქონდა, თამრიკო? - ჰკითხა ზახოდამ.

- შენნაირი, - თათუნამ სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა.

ზახოდას ჩაეცინა.

- პოლიცია ხო არ იქნებოდა?

- ა-რაა... პოლიცია წინდაწინ ხო არ დარეკამს, გეემზადეო. შეილება დავრეკო?

- დარეკე და საერთოდ... ნუ ხარ შეკეტილი. ეს ტელვიზორი გამოგაშტერებს... გინდა წიგნი აგირიჩიო?

- რუსულათ არ ვიცი და სურათებს ხო არ ვნახავ შიგა?

- ქართულს მოგცემ...

ზახოდა სასტუმრო ოთახში გავიდა, თათუნამ კი თაროები აათვალჩაათვალიერა. მერე ქვემოდან ერთი მწვანეყდიანი ტომი გამოაძრო და გადაფურცლა.

- ტელეფონი რეკავს, თამრიკო... - შემობრუნდა ზახოდა.

- მესმის... აი, ეს არი კვაჭი კვაჭანტირაძე... დაჯექი და წაიკითხე. პირველი რომელიც არი, ისა...

ზახოდამ ჩაიღიმა. ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი და წიგნი გამოართვა.

თათუნა ტელეფონისკენ გაქანდა. ტელეფონს რა დაღლიდა? რეკავდა და რეკავდა.

- ქალბატონო თამარ...

ღმერთო! ათი დღეა არ დაურეკია და..

- მე... აქ აღარ დარეკოთ...

- ქალბატონო თამარ, ყურმილთან არმოსვლა, დამალვას არ ნიშნავს...

- ჩაახველა მანიაკმა - მომენატრეთ. ამიტომაც მოგანატრეთ თავი.. მითხარით რამე და მერე მე გეტყვით ახალი საგმირო საქმეების შესახებ.

- რა გინდათ ჩემგან, - წაიჩურჩულა თათუნამ.

- თქვენგან?.. როგორც რაინდმა, ჯერ საგმირო საქმეები უნდა ჩავიდინო და უამრავი ვიგინდარა მოვსპო... ეს კი თქვენ მოგიძღვნათ. ვეფხისტყაოსანი ხო გისწავლიათ სკოლაში?

თათუნას არ უპასუხია.

- თუ დაგითვლიათ, ტარიელს რამდენი კაცი ჰყავდა მოკლული? დონ კიხოტი ვერ კლავდა და ყველა დასცინოდა. ახლა მისმინეთ... სანამ შევხვდებით, დღეს ცხრის ნახევარზე...

- ვიცი, - აღმოხდა თათუნას.

- საინტერესოა, რა იცით?

- ვიცი...

- ესე იგი, თქვენ უკვე ელოდებით... ამჯერად თქვენ გეძღვნებათ ერთი საზიზღარი ადამიანის თავი... მარად გალეშილმა, ვარკეთილის მეტროსთან ჰპოვა აღსასრული. შეღამებული იყო და ის შინ მიდიდოდა, ვინ იცის, ეგებ ცოლის საცემრადაც, მაგრამ ვინ აცალა?... მკვლელი კვლავ არ ჩანს. დიახ, ალიკ ნასიევმა ისედაც ბევრი იცოცხლა. უყურეთ და დატკბით, ეს თქვენ გეძღვნებათ... აბა, რას იტყვით?

- აღარ დარეკო... გემუდარები... გეხვეწები, აღარ დარეკო...

- ქმართან გამთქვით? თუმცა, ეს სულერთია. ნუ მიპასუხებთ. ამ ბოლო დროს, რაღაც ადრე ბრუნდება შინ... ჩანს, რაღაცამ შეაშფოთა. თქვენც სულ გარე-გარე დადიხართ, დაყვებით. ეს რას ნიშნავს, მე გამირბიხართ? თათუნა აქვითინდა. გაიგონა, როგორ გაჭრიალდა კაბინეტის კარი.

ოთახში ზახოდამ შემოყო თავი. თვალებით ჰკითხა, რა ხდებაო. თათუნამ თავი გადააქნია და ტუჩებზე თითი მიიდო.

ზახოდა გაქრა.

- ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა, - მოისმა ყურმილიდან.

- მანიაკი ხარ.. - ამოთქვა თათუნამ.

- თქვენ რა იცით მანიაკების, ქალბატონო თამარ... თქვენ რა გესმით. როგორც გულის მანდილოსანს, ისე გეტრფით, თორემ გგონიათ ვერ ვხვდები, რომ ამ ქვეყნისა ბევრი არაფერი გაგეგებათ. აი, თქვენ მაგალითად, პიტერ აკროიდი გაგიგიათ?

- ვინ?

- აი, ხომ ხედავთ... ესეც დავალება თქვენ... მოძებნეთ და წაიკითხეთ, პიტერ აკროიდი, „ელიზაბეტ კრის პროცესი“... მიხვდებით ვინა ვარ, რა და როგორ... უყურეთ ალიკ ნასიევის საზარელ მკვლელობას „კრიმინალურ ქრონიკაში.“ ახლოვდება ჩვენი მწველი ამბორი...

თათუნამ დაკიდა.

ტელეფონი, რა თქმა უნდა, აზუზუნდა.

- აღარ დაკიდოთ ხოლმე... მომავალ შეხვედრამდე.

თათუნა იჯდა და ცრემლს იწმენდდა შუათითით.

- ხო მშვიდობაა, თამრიკო, - ზახოდა ოდნავ დაბნეული, მაგრამ ანთებული ჩანდა.

- კი...

- ვინმე მოკვდა?

- არა, არა...

- ეხლა მე ვინ მკითხავს, - კეფა მოიქექა ზახოდამ - ზურა აქ არ არი და... თამრიკო, შენ ვინც გაწყენიებს, კუბოში ჩავაწვენ... აი, ესე, პაბეგში რო ვიყვე და ოთახიდან ვერ გამოვდიოდე, მაინც...

- მადლობთ, ზახოდა...

- ეგრე, - სახე გაუნათდა წყნეთელს - ძლივასძლივას სახელი არ დამიძახე?

- არ ვიცოდი რა დამეძახა... სოგრატა დაუძახეო, ზურა მეუბნება...

- ჩემი ნათლია რა ვთქვი, - დადნა ზახოდა - პარიკმახერს მოანათლინეს ჩემი თავი... და რა მაგარი ბიჭი გამოვედი. ჩემი და, კიდე, ქურდმა მონათლა, შალიკო გასპაროვმა. მე უთხარი, თქვენა, ქალო, დედაჩემს უთხარი, ქურდს ვერ მომანათლინეთ? ქურდის სული მაქ და პარიკმახერ ბარდუას რო მომანათლინეთ, პარიკმახერი გინდოდა რო გამოვსულიყავი?

თათუნამ გადაიკისკისა.

- ხო, ეგრე იყო... მერე ჩემი და გაჰყვა... ე... - ხელი ჩაიქნია ზახოდამ.

- მოყევი... მოყევი...

- სიძე ვცემე, რა.. სულ კანისტრა ვურტყი...

- რატო, კაცო... - იცინოდა თათუნა.

- აბა, და რო გაატანო, როგორია... თან, ეგეთსა... ქორწილში დავცხე ის კანისტრა, - ჩაიხითხითა ზახოდამ - დავითვერი მაგრათ და წავიწიე ზედა, დაგიმტვრევ სათბურებს-თქო. სათბური ჰქონდა მამამისს, კაი დროში. ეხლა რაღა აქ საწყალს. ვინ მიმიშვა. რო წავიწიე და ჩამომიყვანეს ეზოში. დამსვეს. იქ დავინახე ის კანისტრა და, ერთიც არი და, ვხედავ, ჩამოვიდააა... დავცხე თავში.

- და რატო, რატო.. - კინაღამ ჩაბჟირდა თათუნა.

- რატო, რა და ჩემი და უნდა იმასექნა და, - დაიმორცხვა ზახოდამ.

- ეხლაც ცემ შენ საწყალ სიძეს?

- თუ გაახურებს, ეხლაც ვცემ, რა... მარა ეხლა რუსეთშია, რეისავიკი გახდა. ორჯონიკიძეზე მოაქ მანქანებით, - ხელი ჩაიქნია ზახოდამ - რა ქნას, ხო უნდა აჭამოს ამათა...

- მოდი, ეხლა, მე და შენ გავაკეთოთ შოკმანჟე...

- ჰა? - შეცბა ზახოდა.

- შოკმანჟე. ტკბილია ეგეთი, შოკოლადის, უნდა შევყინოთ.

- ჰოოო, - ამოისუნთქა ზახოდამ - რო არ ვიცი?

- გასწავლი, მაგას რა უნდა?

- ხინკალი ვიცი... მწვადი, ლიუბოი საჭმელს გავაკეთებ. საქელეხოს, ჯვარი წერია ასი წელი, ვაფშე გავაკეთებ.

- წამო, წამო, - და ვითომ მკაცრად უთხრა - წიგნს ძილის წინ წაიკითხავ...

შეღამებულზე, როცა ზურა მოვიდა, როცა ის-ის იყო დამთავრდა კრიმინალური ქრონიკა, რომელსაც ზახოდამ განუზომელი ინტერესით უყურა, ოღონდ არა თავის საკანში, არამედ ლოჯში და რომლის ცქერისასაც თათუნამ გულისფანცქალით ჰკითხა სტუმარს, ეს ლოთი კაცი რატომ უნდა მოეკლათო, ხოლო ზახოდამ მიუგო, ვინმე თავისნაირს შეეყრებოდა, ეგეთი, დღეში ასი კაცი კვდებაო, ჰოდა, როცა ზურა მოვიდა, თათუნამ ზარ-ზეიმით გამოუცხადა:

- სოგრატ ყვავილაშვილმა შოკმანჟე გააკეთა. მხიარული საღამო გამოვიდა.

- ერთ-ორ დღეს და მეტს აღარ შევაწუხებ თამრიკოს, - გაიდორბლა ზახოდა.

- მერე შოკმანჟეს ვინ გაგვიკეთებს? - ხალისობდა თათუნა.

- ბირჟაზე უნდა ჩახვიდე წყნეთში, კინოსთან. .. რა ქვია, კაფე როა, ერთმანეთს რო ბრიდავთ ხოლმე? იქ უნდა ჩამოარიგო შოკმანჟე, - სთავაზობდა ზურა.

მერე თათუნა სამზარეულოში იყო და ჭურჭელს რეცხავდა. ჩაესმოდა როგორ ჩურჩულებდა ზახოდა. მერე ზახოდა კაბინეტში გავიდა.

- თათუნ, მოდი ერთი აქ...

„უთხრა, რო ვტიროდი,“ გაიფიქრა თათუნამ და გაუკვირდა, იმ ზარის შემდეგ რა სწრაფად დავდექი კარგ ხასიათზეო. ყურმილი რომ დაკიდა, მაშინაც აღარ იყო შეშინებული და აცახცახებული. ამას ახლა მიხვდა.

- თათუნ!

- ხო, რა იყო... - ხელები შეიმშრალა თათუნამ.

- მოდი, აქ დაჯექი..

- აჰა, დავჯექი...

- კუკლუშ, რაც მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ, გიტირია? - თვალი თვალში გაუყარა ზურამ - და ეხლა არ თქვა, ზახოდა ჩამშვები ყოფილაო. ზახოდას გული გაუხეთქე. ნახევარი საათი ცეკვა-თამაში დავიწყე, რო გაცინებოდაო... რატო, კუკლუშ?

თათუნამ ვერ უპასუხა. უცებ:

- იმ დედამოტყნულმა დარეკა, ხო? მითხარი, ერთი... მითხარი, რა თქვა... ჩქარა, თორე ავწევ აქაურობას ჰაერში! - ზურამ სკამს ფეხი ჰკრა და გადააყირავა. გაფითრებული იყო.

- ისევ დაემთხვა, - თავი ჩაქინდრა თათუნამ.

- ნუ იღებ ტელეფონს! ნუ იღებ ტელეფონს! - აღრიალდა ზურა

- ნომრის გამომცნობს მოვიტან... - ძლივს ამოისუნთქა ბოლოს.

- როცა შენი ქმარი სახლშია, მაშინ არ დავრეკავო...

„როგორ არ მივიდე ტელეფონთან?“ გაიფიქრა თათუნამ, „ეს ზახოდაც მაგარი ვინმე ყოფილა. როგორ უთხრა...“

- ჩემი ეშინია არა, მაგ დედამიწერილს... სწორათ ეშინია... შარი რა, შარი... ზახოდა ეგრე უნდა მოქცეულიყო, გესმის? - თითქოს ესმოდა ზურას.

- მე გეტყოდი, - დაიკნავლა თათუნამ.

- როდის, შვიდშაბათს? - უცებ გაიცინა ზურამ - რატო უნდა ტიროდეს ჩემი ცოლი?

მერე ისინი იწვნენ.

თათუნა თვალგახელილი ფიქრობდა:

„ელიზაბეტ კრის პროცესი“.

სად ვიშოვნო?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

9 ვიტრაჟებიდან დოლ-გარმონამდე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ირენ მახარაძე
ფოტო: დათო მესხი

ბიჭებო, სვით არაყი,
მიაყოლეთ პური,
გიყვარდეთ გოგოები
და სამოთხეში მოხვდებით!

0x01 graphic

მაგდა ნოვაკოვსკა უკვე თბილისელი გოგოა

„სიყვარულში კომპრომისზე წასვლა ძალიან ცუდია. თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს. სიყვარულის გამო კომპრომისზე წასვლა კი სულ სხვაა. აქ ალბათ პრიორიტეტებშია საქმე. თუ შენს ცხოვრებაში სიყვარულია მთავარი და არა კარიერა, მაშინ სიყვარულისთვის ყველაფერზე წახვალ. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი,“ - ასე ფიქრობს პოლონელი გოგონა მაგდა ნოვაკოვსკა და ამ სიტყვებში ალბათ თავის ქართველ მეუღლეს, ზაზა კორინთელს (ზუმბას) გულისხმობს. მაგდა რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. უკვე ტკბილი ქართულით მეტყველებს და შორისდებულებიც ქართული წამოსცდება ხოლმე. მშობლები ზოფია და სტეფანი, ასევე უფროსი და - კატაჟინა ხშირად ენატრება. გახარებულია, რომ მშობლებს დიდი ხნის ოცნება აუსრულებიათ და საკუთარი სახლი შეუძენიათ ქალაქ ქელცის მახლობელ სოფელში, ისეთ ადგილას, „ტურები რომ ჩხავიან“. კატაჟინა კი თურმე გემზე მოწყობილა სამუშაოდ, გემს „ტრანს-ატლანტიკი“ ჰქვია და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. „ისიც ჩემი ხასიათის არის, ვერ ჩერდება ერთ ადგილას“, ამბობს ჩვენი რესპონდენტი. თავად მაგდას კი ასეთი მოუსვენრობა პირველად შვიდი წლის წინ დაეტყო.

გამარჯობა, ია იზ გრუზიი!

1997 წელი. კრაკოვს ბუღი ასდის. ისმის მუსიკა. საზაფხულო კონცერტს, სიცხის მიუხედავად, მაყურებელი არ აკლია. მზე ჩასასვლელად ემზადება, ხალხი კი თანდათან მატულობს. ფიქრებში გართულ პოლონელ თინეიჯერს, მაგდა ნოვაკოვსკას კი ველოსიპედზე ამხედრებული დასიცხული რაინდი მიუახლოვდება და მამა-პაპური, კავკასიური აქცენტით ეტყვის: „გამარჯობა, ია იზ გრუზიი!“

„გრუზინს“ მაშინ ველოსიპედი ჰყავდა. დღევანდელივით სამთვლიან ლურჯ მოტოციკლეტს ჯერ არ დააგელვებდა! ჰოდა, ეს ჩვენი მხედარი ზაზა კორინთელიც, დასეირნობდა ველოსიპედით კრაკოვის ვიწრო ქუჩებში და პოლონელ გოგონები თავისი ორენოვანი მისალმებით ხიბლავდა.

თავიდან ჩამავალი მზის ფონზე ამ უცხოტომელი ბიჭის მხოლოდ სილუეტი მოჩანდა, შემდეგ ამ სილუეტმა ხმა ამოიდგა და დამტვრეული პოლონურით კიდევ რაღაც თქვა. მერე დიდხანს საუბრობდნენ. „გრუზინი“ მუსიკოსი აღმოჩნდა. მაგდა ძლიერ მოიხიბლა. ისინი ყველაზე მეტად მუსიკის სიყვარულმა დააახლოვა. ქართული სიმღერაც პირველად ზაზასგან მოისმინა. მოისმინა და გაოგნდა. ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში იშვიათად ხდება - ახლადგაცნობილებს ერთნაირი განცდა დაუფლებიათ: ერთმანეთის პოვნის სიხარული. მაშინვე „დაუნახავთ“ ერთმანეთი. დაუნახავთ და შეყვარებიათ.

მანამდე კი 19 წლის პოლონელი გოგონა კონკრეტული მიზნებით ცხოვრობდა, კრაკოვის ჯაზის აკადემიაში სწავლობდა და თან ვიტრაჟის სახელოსნოში მუშაობდა.

პოლონეთში ვიტრაჟის ხელოვნებას თურმე მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონია. კრაკოვში მრავლად ყოფილა საოჯახო სახელოსნოები, რომლებიც ვიტრაჟის ტექნიკის საიდუმლოს მხოლოდ ოჯახის წევრებს ანდობენ. მაგდას გაუმართლა და მალე, პირველი საიდუმლოებები მასაც გაანდეს. ისიც შეუდგა საყვარელი საქმის შესწავლას. ჯერ შუშას ჭრიდა, ამუშავებდა, მერე კი ამ ყველაფერს ტყვიის ჩარჩოში ათავსებდა. თურმე კარგად გამოსდიოდა. ახლა ენატრება ეს საქმე, მაგრამ თბილისში ვიტრაჟზე მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა ადვილი არ არის: მასალა არ იშოვება, გერმანიიდან უნდა ჩამოიტანო. ეს კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

0x01 graphic

მასალის სიძვირის გამო, მაგდას სახელოსნო ძალიან მალე გაკოტრებულა. სწორედ ამიტომ მოუხდა საყვარელ სამუშაოსთან დამშვიდობება. მაგდას ხელით შესრულებულ ვიტრაჟებს დიდი სიამოვნებით ნახავდა კაცი, მაგრამ ზუმბას გადამკიდეს, თავისი ხელნაკეთებისათვის ფოტოების გადასაღებად, როგორც ჩანს, ვეღარ მოუცლია.

ყველაფრის მიუხედავად, მაგდა მაინც ოპტიმისტია. ხშირად ამბობს: „როდესაც ეძებ, პოულობ კიდეც. ბევრჯერ შეიძლება გული გეტკინოს, ცუდად მოგექცნენ, მაგრამ არასდროს არ უნდა თქვა, რომ რაღაცის მერე ცხოვრება დამთავრდა. ხომ ვარსებობ. ე.ი. ის, რაც ჩემია, უეჭველად ვიპოვი“. ვინ იცის, ალბათ ამის მიზეზიც აქვს...

მაგდას იქით გზა არ ჰქონდა

1998 წელი. თბილისი. მაგდა პირველად ჩამოდის ზაზას ქალაქში.

მანმადე კი კრაკოვში ერთად გატარებული რვა თვე იყო. მაგდამ უკვე იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა: სიყვარული.

თბილისში ჩამოსვლას წინ უცნაური ამბები უძღოდა.

დაიწყო კრაკოვული ზამთარი და მაგდას პირველი გამოცდაც ახლოვდებოდა. ზაზა საქართველოში მარტო აპირებდა გამგზავრებას. არ უნდოდა, ამ ზამთარში პოლონეთიდან გაყინულ თბილისში წაეყვანა საცოლე. გულდაწყვეტილი მაგდა ბედს უნდა შეგუებოდა. მეტი რა გზა ჰქონდა. თან ფიქრობდა, ზაზა წავა. მერე რა მოხდება? ჩამოვა თუ არ ჩამოვა? და საერთოდ, რა არის ეს მითიური „გრუზია“, იქედან ხალხი ბრუნდება თუ არ ბრუნდება?! არ იცოდა.

ბარგით დატვირთულ ზაზას ავტობუსზე დააგვიანდა და უკან მობრუნდა. მეორე ჯერზეც არაფერი გამოუვიდა. საზღვარზე პრობლემები შეექმნა და ისევ დაბრუნდა. მესამედ, თვითმფრინავით გადაწყვიტა გამგზავრება, მაგრამ რეისი გადაიდო. ისევ კრაკოვში ჩარჩა. მაგდას კი ზაზა უკვე თბილისში ეგულებოდა.

პოლონეთში დარჩენილმა ზუმბამ გადაწყვიტა საცოლესთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. კრაკოვში ერთი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ქართველი ქალბატონი, ნელი. ზაზამაც მასთან შეთანხმებულად დაიწყო მოქმედება. მისი დავალებით ნელიმ მაგდას დაურეკა და უთხრა, რომ შობა დღეს ვიღაც სადილად ეპატიჟებოდა. მაგდამ იფიქრა, გულს გადავაყოლებო და დათანხმდა. რას წარმოიდგენდა, რესტორანში ზაზა თუ შეეგებებოდა. სიხარულით ცას ეწია. ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო მის ცხოვრებაში. ამის მერე რაღა უნდა ექნა ქართველ ჯეელს, მოჰკიდა ხელი თავის შეყვარებულს და აეროპორტისკენ გაეშურა. ამჯერად არანაირი შეფერხება არ ყოფილა. თვითმფრინავიც იყო, საზღვარიც მშვიდობიანად გადაკვეთეს და ასევე მშვიდობით ჩამოფრინდნენ თბილისში.

ასე იყო. ზაზა კორინთელი სამჯერ არ გაუშვეს პოლონეთიდან. მეოთხე ცდაზე გაუმართლა, ოღონდ მაგდას გარეშე წასვლა არაფრით გამოუვიდა.

მუსიკა და უძილო ღამეები

ორი წელი დასჭირდა, ქართული რომ კარგად ესწავლა. მერე კი ვინ არ მოიხიბლა მაგდას ტკბილი, პოლონურ აქცენტთან შეზავებული ქართულით. ჩემი პოლონელი ბებიაც გამახსენდა, გემრიელად რომ ურევდა პოლონურ გამოთქმას იმერულ-გურულ კილოსთან.

თავიდან ოჯახი და ოჯახური საქმეები. გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი. მთავარი ეს იყო. მისთვის გემრიელი სადილების მომზადებაც სიამოვნებდა. ფანტასტიკურია! მაგრამ მთელი ცხოვრება წინსაფრით და ხელებდაკაპიწებული ხომ ვერ იქნები? პოლონელ რძალს აქაური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა? არც ზაზას უნდოდა ისეთი ცოლი, მთელი დღე სინით ხელში სამზარეულოდან მისაღებ ოთახში წინ და უკან რომ იბზრიალებდა. უქმად ჯდომას ვერც მაგდა აიტანდა. როგორც ამბობს, რაღაც უნდა მოემოქმედა.

ის ხომ აბსოლუტურად უცხო ქალაქში მოხვდა. ამიტომაც ცდილობდა გარკვეულიყო, რა ხდებოდა ირგვლივ; აინტერესებდა, რას ფიქრობდა, როგორ ცხოვრობდა აქაური ხალხი. თანდათან ზაზას თბილისური სამყარო მისიც ხდებოდა: „მივხვდი, რომ ურთიერთობები აქ ადამიანურ ფასეულობებზეა აგებული“.

ასე იყო თავიდან. ახლა მაგდას უამრავი საქმე აქვს.

„დღეს შემიძლია გითხრა, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაქვს პატარა სამყარო, რომელიც ჩემი ხელით ავაშენე, რომელიც მართლა ჩემია“. ამ სამყაროში უმთავრესია მუსიკა. მუსიკა და უძილო ღამეები. ისე, რომ ჰკითხოთ რა პროფესიისაა, იცით რას გიპასუხებთ? „ვერ გეტყვით, მუსიკოსი ვარ თუ არა. ისე, ხანდახან ვუკრავ“.

თბილისშიც სიყვარულთან ერთად ხომ მუსიკამ ჩამოიყვანა. შარშანდელი ფესტივალის დროს, მთელი საქართველო რომ შემოიარა, სხვადასხვა კუთხეში, ოჯახებში ქართულ სიმღერებს უმღეროდნენ და კარგ ღვინოსაც ასმევდნენ. „აი, ასეთი საქართველო მიყვარსო“, ამბობს. თვითონ კარგად მღერის. დასარტყამ ინსტრუმენტებზეც უკრავს. ზუმბასთან ერთად ხშირად გამოდის კონცერტებზე. ხოლო როცა მაყურებელი მის მელოდიებს აიტაცებს ხოლმე, დიდი ენერგიით ივსება. ისეც ყოფილა, რომ კარგი კონცერტის მერე, ორი ღამე ვერ დაუძინია.

მაგდა ჟურნალისტიც გახლავთ. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდება პოლონეთის მთავარ გაზეთში „ვიბორჩა“. ერთი სიტყვით, პოლონელებს აქაურ სიახლეებს ამცნობს. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ წერს. ყველაზე მეტად დატვირთული რეჟიმი რევოლუციის პერიოდში ჰქონდა. ნოემბრის მოვლენებზე ოცდაათამდე სტატია დაუწერია.

პოლონურ ენასაც ასწავლის. რამდენიმე მოწაფე ჰყავს. ყველაზე მეტად ეს საქმიანობა მოსწონს. თბილისში გაჩაღებულ ქართულპოლონურ კონფერენციებზე თარჯიმნადაც უწევს მუშაობა, ხოლო გდანსკის თეატრის ხელმძღვანელის დაკვეთით, ლაშა ბუღაძის პიესას - „თეატრს“ თარგმნის.

სიყვარული ქართულად, პოლონურად თუ უნივერსალურად

„ცხენები ძალიან მიყვარს. იპოდრომზეც დავდივარ. იქაურმა მასწავლებელმა, დიმამ ერთხელ ასე მითხრა: „სამი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს ცხოვრებაში: ღვინო, ცხენი და ქალი“. ასეა, ვერ მოერევი ღვინოს ყანწით, ცხენს - მათრახით, ქალს - ძალით. სიყვარულის თუ არაფერი გაგეგება, სჯობს ახლოსაც არ მიხვიდე მათთან, სამივე ძალიან საშიშია.

პირველად, თბილისის ქუჩებში ერთი რამ მოხვდა თვალში. აქ ყველაფერი ბოლო მოდაზეა. გოგონები მოდას მისდევენ. კარგია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მეტყველებს ჩაცმულობა მათ ინდივიდუალობაზე. გაუკვირდა, ყველა გოგონას მაღალყელიანი ჩექმა რომ ეცვა. „ასე ერთნაირად ჩაცმულები რომ დადიან, მოილაპარაკეს თუ რა?“ ისიც ახსოვს, რაც ერთ სეზონზე თბილისში იყო მოდაში, პოლონეთში ერთი წლის მერე აუტაცებიათ.

ოთხი წელია რაც თბილისში ცხოვრობს და ამ ქალაქთან უკვე ბევრი რამ აკავშირებს. არა მხოლოდ ზაზას გამო. მოგონებები, საყვარელი ადგილები, მეგობრები. „დღეს თბილისი ჩემი ქალაქია. აბსოლუტურად ჩემი“, ამბობს მაგდა. თბილისში მაგდას პოლონელი მეგობრებიც ჰყავს: იუსტინა, კატაჟინა, ალექსანდრა. ბედნიერია, უახლოესი ადამიანები მის გვერდით რომ არიან. მათთან ერთად ყოფნას არაფერი ურჩევნია. მოენატრება? - დაურეკავს, შეუვლის. საათობით ლაპარაკობენ ათას რამეზე.

როგორც მაგდა ამბობს, პოლონელი ქალი ძალზე მოსიყვარულეა. მან კარგად იცის, თუ რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ მიზანს, სამსახური იქნება ეს თუ პირადი ცხოვრება. ასეთია თვითონ და ასეთები არიან მისი მეგობრებიც. თუმცა მათი მთავარი პრობლემა სათანადო მამაკაცის პოვნა ყოფილა. მაგდა ფიქრობს, რომ ეს საზოგადოებაში ქალის როლის გააქტიურებამ განაპირობა, და არა იმან, რომ მამაკაცმა თავისი ფუნქცია დაკარგა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თურმე პოლონელი ქალები ვერ პოულობენ ისეთ მამაკაცებს, გვერდით ფარად რომ დაუდგებიან.

ქართველ ქალებზე საუბრისას, მაგდა ერთ ქართულ გამოთქმას იხსენებს, ოჯახში ქალიც მე ვარ და კაციცო. ქართულ სინამდვილეში მაგდა ქალს ასე ახასიათებს: ქალი ოჯახის საქმეს აკეთებს იმიტომ, რომ იცის, სხვა ამას მის ნაცვლად ვერ გააკეთებს. გარდა ამისა, ის მუშაობასაც ახერხებს და თავის მოვლასაც, ლამაზად გამოიყურება და იღიმის. ეს უნარი ქალს ბუნებისგან აქვს მინიჭებული, ასეა მოწყობილი. მაგრამ თუ ამისთვის სტიმულიც აქვს, ის ქალი ბედნიერია.

მაგდას დაკვირვებით, ქართველი მამაკაცები სულაც არ ჰგვანან პოლონელებს. ძირითადი განსხვავება მენტალიტეტშიაო. პოლონეთში აქცენტი გადატანილია პიროვნულ განვითარებაზე, აქ კი ტრადიციაზე, საერთო აზრზე, საზოგადოებაზე, თავისი პატარა წრის შექმნაზე.

სამსახურიც ისეთი აქვს, რომ უფრო ხშირად მამაკაცებთან უწევს ურთიერთობა. პოლიტიკასთან მიმართებაში კი, ქართველ მამაკაცებს ასე აფასებს: პოლიტიკაში მოღვაწე მამაკაცები მამლებს შეიძლება შევადაროთ. პატარა ეზოში ათი მამალი რომ გაუშვა, ჩხუბი არ მოხდება?!

თუმცა პოლიტიკა იქით იყოს, მაგდას და ზაზას უყვართ მოგზაურობა. საზღვარგარეთ ცხოვრებაზეც უფიქრიათ. უცხოვრიათ კიდეც ვარშავაში, კრაკოვში. მაგრამ თავს კომფორტულად მხოლოდ თბილისში გრძნობენ, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე მყუდრო ბინაში. ეს პატარა, ლამაზი სამყარო თავიანთი ხელით ააშენეს. „რაც გვჭირდება, ყველაფერი აქ არის. საქართველო ზაზას სამშობლოა. დღეს აქ ვართ...“

10 ამბავი ქალისა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცოდა და მაინც არაფრის ეშინოდა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ოფიციალური ინფორმაცია: 2004 წლის 28 დეკემბერს,
71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ,
გარდაიცვალა აშშ- სინდისი, მწერალი და ესსეისტი
სიუზან ზონტაგი.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ენი ლაიბოვიცი

ცხადია, მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთები სულშიჩამწვდომ ნეკროლოგებს აქვეყნებდნენ, გაიძახოდნენ, რომ მისი სახით, „უჩვეულო, კრიტიკული ხედვის მქონე მოაზროვნე“ და „მამაცი და ქედუხრელი დისიდენტი“ დავკარგეთ. სალმან რუშდიმ, კიდევ ერთმა „მამაცმა და ქედუხრელმა დისიდენტმა“, ამერიკის პენ-ცენტრის სახელით უაღრესად ორიგინალური სიტყვა წარმოთქვა: „სიუზან ზონტაგი დიდი პროზაიკოსი გახლდათ, გაბედული და ორიგინალური მოაზროვნე, რომელიც სიმართლისთვის საბრძოლველად მუდამ მზად იყო. ის ჩემი დაუღალავი თანამებრძოლი იყო მრავალი ბრძოლის დროს. მან ინტელექტუალური ღირსების იმდენად მაღალი დონე წარმოაჩინა, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი - ჩემი ჩათვლით - მასზე აკეთებს და გააკეთებს სწორებას. ზონტაგის აზრით, ლიტერატურული ნიჭი მწერალს იმის სათქმელად ეძლევა, რაც კაცობრიობას დღეს ყველაზე მეტად აღელვებს. ტირანიის პირისპირ მდგომი ნებისმიერი მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი აზრის და შთაგონების თავისუფლება უნდა იყოს“.

რა მეთქმის. ისე, სალმან რუშდისგან მეტს მოველოდი.

მოკლედ: მემარცხენე ლიბერალისა და კულტურის კრიტიკოსის - ზონტაგის პროვოკაციული განცხადებები მართლაც შთამბეჭდავი იყო. ეს „რადიკალური მოდის დედა“ (ამ ეპითეტს ტომ ვულფს დავესესხე) 60-70-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე აშკარა გავლენას ახდენდა. კარგს თუ ცუდს? - ამის შეფასება მთლიანად თქვენს მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ერთი კია, რომ დისკუსიების „ტემპერატურა“ აშკარად გაიზარდა და მთელს მსოფლიოს მოედო.

ო, როგორ აღიზიანებდა სიუზანი თვითკმაყოფილ საზოგადოებას! ერთხელ ბრძანა, რომ „ჩვენ ჰერმენევტიზაცია კი არა, ხელოვნების ეროტიზაცია გვესაჭიროება“; რომ კამპუსი „იდეალური ადგილია სერიოზულობის ტახტიდან გადმოსანარცხებლად“; რომ სამოციან წლებში კაცობრიობას ახალი მოციქულები მოევლინენ, რომლებმაც „ახალი ვნება“ შემოიტანეს. მოწინააღმდეგეების მთლად ჭკუიდან გადასაყვანად სიუზან ზონტაგი თავს სერიოზული არგუმენტაციით არ იწუხებდა: ის იგებდა არა თეორიით, არამედ განწყობით, ტონალობით. 1982 წელს (და არა 60-იანების მიწურულს) კრიტიკოსი მერვინ მადრიკი თავის სტატიაში, სახელწოდებით „მომღიმარი სიუზი სიყვარულითაა დაკავებული და არა ომით“, წერდა, რომ „მას (ანუ სიუზან ზონტაგს - ა.კ.ს.) ჭეშმარიტება, გულწრფელობა და რეალობასთან შესაბამისობა არ აინტერესებს. მისთვის მნიშვნელოვანია სტილი, ანუ უსტილობა, თუკი სტილში საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას ვიგულისხმებთ“. საბრალო მადრიკ!

თქვენ წარმოიდგინეთ, სიუზან ზონტაგი 11 სექტემბრის შემდეგაც უკმაყოფილო იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის „იმპერიული პროგრამით“, რის გამოც „სამშობლოს მოღალატედ“ შერაცხეს და ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ისიც კი ბრძანეს, ზონტაგის თავბრუდამხვევი კარიერა ინტელექტუალური მიღწევების კი არა, რადიკალური მოდის მიმდევრობის შედეგიაო.

დაე, ილაპარაკონ. როდის იყო, სიუზან ზონტაგს ასეთები აფრთხობდა?!

2003 წლის 13 ოქტომბერს ფრანკფურტში საერთაშორისო წიგნის ბაზრობა (სხვათა შორის, მსოფლიოში დღემდე უდიდესი ბაზრობა ყოფილა) დასრულდა. ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარში, სადაც ოდესღაც გერმანიის პირველი პარლამენტი შეიკრიბა და, ლამაზად რომ ვთქვათ, გერმანული დემოკრატიის აკვანი დაირწა, გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანებამ მშვიდობის პრემია (პატივსა და დიდებასთან ერთად, 15 ათასი ევრო) ამერიკელ მწერალსა და ესსეისტ სიუზან ზონტაგს გადასცა. მის მიერ იმ დღეს წარმოთქმული სამადლობელი სიტყვიდან მოყვანილი ციტატები დღესაც აქტუალურია.

0x01 graphic

ეროვნული ჯილდო წიგნისთვის ამერიკაში. 2000 წლის 15 ნოემბერი

სამადლობელი სიტყვა, რომელსაც ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა, ივან ნაგელმა „ყველა მოაზროვნე ინტელექტუალისთვის სამაგალითო გამოსვლა“ უწოდა, ამერიკასა და ევროპას შორის არსებულ წინააღმდეგობებს ეძღვნებოდა. ტყუილად ხომ არ იყო სიუზან ზონტაგი „ზნეობისა და უზნეობის გამძაფრებული აღქმით დაჯილდოებული მშვიდობისთვის მებრძოლი“! ზოგიერთები კი ძალიან გაჯავრდნენ, საკუთარი მთავრობა ასე როგორ გაიმეტაო: „მშვიდობის პრემია პროვოკატორისთვის“ - მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სიუზან ზონტაგს ასეთი სათაურები სულ არ სტკენდა გულს. იქნებ პირიქით, ახალისებდა კიდეც.

თავისი გამოსვლა მწერალმა იმით დაიწყო, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც კითხვა და საკუთარ სულიერ სამყაროზე კონცენტრირება ლამის ცუდ ტონად მიიჩნევა, ლიტერატურა თავისუფლებას ნიშნავს. სიუზან ზონტაგმა ბრძანა, რომ „ამერიკელები თავს გავიდნენ, ვინაიდან საკუთარი თავი მიაჩნიათ ერთადერთ ძალად, რომელსაც ცივილიზაციის მომავლის გადარჩენა ძალუძს; ისინი თვლიან, რომ თავს არავის ესხმიან, მხოლოდ თავს იცავენ ავი ბარბაროსებისგან; ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ღმერთი მხოლოდ მათ მხარეზეა“. მსგავსი რამ მას ადრეც უთქვამს: „შეერთებული შტატები უცნაური ქვეყანაა. ხალხს მკვეთრად გამოხატული ანარქისტული მიდრეკილებები აქვს და, ამავე დროს, კანონის მიმართ ლამის ცრურწმენამდე მისულ რიდს განიცდიან. ისინი უზნეო წარმატებას აღმერთებენ და თან ძალიან მკაფიო წარმოდგენა აქვთ სიკეთისა და ბოროტების შესახებ“.

0x01 graphic

დასვენება ბაღში, პრესკონფერენციის წინ. 2003 წლის 9 ივნისი, რომი

ცხადია, უკვე მშვიდობის პრემიის ლაურეატ ქალბატონ ზონტაგს არც ის გამორჩენია, რომ მისთვის ჯილდოს გადაცემის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გამოცხადება არ ინება, და „თავისიანებს“ მწარედ გაჰკრა კბილი, - სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ ჯილდო ანტიამერიკული და პროევროპული განწყობისთვის მომანიჭესო. გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანებას ესღა აკლდა - ისედაც სულ აბრალებენ, რომ მისი მთავარი მიზანი საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციაა. თუ მართლაც ასეა, ამჯერად გაერთიანებამ მიზანს აშკარად მიაღწია - იმ, უკვე შორეულ 2003 წელს, მშვიდობის პრემიის გამო დიდი ვნებათაღელვა ატყდა...

ვიეტნამი პატარა ქვეყანაა, სადაც მშვენიერი ხალხი ცხოვრობს. მას მსოფლიოში ყველაზე მდიდარი, ძლიერი და უზომოდ შეიარაღებული ქვეყანა სასტიკად და სრულიად უსაფუძვლოდ ჩაგრავს. ამერიკა დანაშაულებრივ, კრიმინალურ სახელმწიფოდ იქცა, რომელიც თვითკმაყოფილებით, უძღებობითაა გარყვნილი და იმ შემზარავი რწმენითაა გამსჭვალული, რომ მას სამყაროს ბედის გადაწყვეტის უფლება აქვს.

სიუზან ზონტაგი

ჩვენ, ყოფილ საბჭოთაკავშირელებს, ტოტალიტარიზმისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მებრძოლი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, წესით, ვერ გაგვაკვირვებენ. მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს (იმედია, გვახსოვს), რომ დასავლეთში მცხოვრები, პროგრესულ ინტელექტუალებად შერაცხული მოღვაწეები ჩინებულად ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, მაგრამ დუმდნენ იმის შიშით, რომ მათ განცხადებებს ბურჟუაზიის დემოკრატიული ფასეულობების დამცველები „ბოროტად გამოიყენებდნენ“. ამიტომ ისინი არც საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას აღუშფოთებია და არც ავღანეთის ომი განუხილავთ განსაკუთრებული გზნებით. სამაგიეროდ, თუ სადმე, სამხრეთ ამერიკაში, ვინმე პატარა ბიჭს თავში წაარტყამდა - ოოო!

დღესაც ასეა: ევროპელი და ამერიკელი ინტელექტუალების დიდი ნაწილი ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო საშინლადაა დასტრესილი, მაგრამ არა მაშინ, როცა მოქმედება კუბასა თუ ჩინეთში ხდება. პაციფისტური მოძრაობაც ამავე კალაპოტში მიედინება: ის, რომ ნატო იუგოსლავიას შეეხო, ძალიან ცუდია ის, რომ ერაყში ომია, ძალიან ცუდია; ჩეჩნეთის ომი კი რა… მე ისიც კარგად მახსოვს, ბერლინის პენ-კლუბის წევრები რომ გასძახოდნენ, სერბები რა სახსენებელი არიან, ჰკა მაგათა, ჰკაო.

0x01 graphic

სიუზან ზონტაგი. ენი ლაიბოვიცის ფოტო

სიუზან ზონტაგი კი უკომპრომისო ქალბატონი ბრძანდებოდა და, სხვათა შორის, ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგაც ილაშქრებდა. ერაყის ომსა და პრეზიდენტ ბუშს ის ისეთივე წარმატებით „მისწვდა“, როგორც მარკესსა და კუბას: „გაბრიელ გარსია მარკესი ფიდელ კასტროს მეგობარია, კარგად იცის, კუბაზე რაც ხდება და დუმს“. საშუალო სტატისტიკურმა პაციფისტებმაც ვერაფერი მოუხერხეს ზონტაგს, რადგან მას შეეძლო მშვიდად ეთქვა: „ძალადობა ყოველთვის გასაკიცხი როდია, ყველა ომი როდია უსამართლო“. მოკლედ, პაციფისტებიც გადაკიდებული ჰყავდა. ძალიან მოჩხუბარი ქალი იყო. მივიდა, დაინახა, დაწერა - და მერე ვეღარავინ გადაათქმევინებდა. მართალია, თვითონ ყველაფერზე სულ სხვადასხვა აზრი ჰქონდა ხოლმე, მაგრამ მხოლოდ საკუთარ აზრს ითვალისწინებდა, შესანიშნავი პრინციპით: თუ არ მოგწონთ, ნუ მომისმენთ და ნუ წაიკითხავთ. აი, ასე.

მოდით, ერთად ვიგლოვოთ, მაგრამ სისულელეებს ერთად ნუ გავაკეთებთ. ერთი მარცვალი ისტორიული ცნობიერება მაინც რომ გვქონდეს, წარსულისა და მომავლის გაგებაში დაგვეხმარებოდა. სულ გვიმეორებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია. მე ამაში სანუგეშოს დიდს ვერაფერს ვხედავ.

სიუზან ზონტაგი

ესსეებში მან მხოლოდ ერთხელ ახსენა საკუთარი თავი. 1972 წელს პარიზში თავისი ოთახი აღწერა, სადაც ის წიგნების გარეშე გამოიკეტა და საბეჭდ მანქანასთან ერთად განმარტოვდა. ქალბატონი ზონტაგის თქმით, ის ამგვარად ეძებდა საკუთარ ხმას.

მაგრამ შემდეგ, მან ბალიშის ქვეშ რამდენიმე წიგნს, მათ შორის, პოლ გუდმენის „ახალ რეფორმაციასაც“ მიაგნო.

დილით ზონტაგმა შეიტყო, რომ გუდმენი გარდაიცვალა. არადა, გუდმენმა, თავისდაუნებურად, მის ცხოვრებაში დიდი მასწავლებლის როლი ითამაშა.

ნიუ იორკელმა ანარქისტმა ინტელექტუალმა პოლ გუდმენმა 1962 წელს გამოაქვეყნა ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი „მოზღვავებული აბსურდი“, სადაც ქვეყნიერებას სამოციან წლებში ახალგაზრდული მოძრაობის დაწყება ამცნო. სიუზან ზონტაგი იმაზე საუბრობდა, თუ რას ნიშნავდა ეს უჩვეულო მამაკაცი მისთვის, იმხანად ჩვიდმეტი წლის სიუზანისთვის, რომელიც მის ყველა ნაწარმოებს იცნობდა. ის იგონებდა, თუ როგორ ცდილობდა ნიუ იორკში გამართული წვეულებების, მოხსენებებისა თუ საჯარო კითხვის საღამოების შემდეგ მასთან გამოლაპარაკებას, მაგრამ არც ერთხელ არ მიეცა ამის საშუალება. არადა, სიუზანს უნდოდა ეთქვა, რომ მის წიგნებში შეერთებული შტატების ახალგაზრდობის პორტრეტი არასრულყოფილი იყო, რადგან ერთი დეტალი აკლდა - გოგონები; ან გოგონა. მაგალითად, სიუზან ზონტაგი.

1972 წელს, უკვე ორმოცი წლის სიუზანი იხსენებდა, თუ წლების განმავლობაში როგორ არად აგდებდა მამაკაცი, რომელიც მისთვის ლამის სათაყვანებელი პიროვნება გამხდარიყო. როგორც ჩანს, სიუზანმა დიდი მასწავლებლისგან ესეც ისწავლა: შემდგომში თვითონაც არანაკლებ განსაცდელში აგდებდა თავის თაყვანისმცემლებს; პოლიტიკური შეხედულებებისგან განსხვავებით, იშვიათად თუ აჩვენებდა ვინმეს თავის ქალურ არსს. ლამაზი ქალი კი იყო, და მტრულად განწყობილი საზოგადოება ხშირად ამასაც ბრალად უთვლიდა - თავის შთამბეჭდავ გარეგნობას ბოროტად იყენებსო. ნეტა, რატომაა ცუდი ლამაზი ქალი?

1968 წელი - კუბა და ვიეტნამი, 1973 წელი - ჩინეთი, 1993 წელი - სარაევო და იქ დადგმული „გოდოს მოლოდინში“.… განვაგრძოთ?

სიუზან ზონტაგი 1933 წლის 16 იანვარს, ნიუ იორკში დაიბადა. ბერკლისა და ჩიკაგოში, ჰარვარდში, ოქსფორდსა და პარიზში ის ლიტერატურასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მისი ლიტერატურული დებიუტი რომანი „კეთილისმყოფელი“ იყო. სანამ სერიოზულად დაიწყებდა რომანების წერას, ერთობ უჩვეულო წვრთნას გადიოდა: მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა ევროპელი, ძირითადად, ფრანგი ფილოსოფოსების, მწერლების და ხელოვანების ლიტერატურულ პორტრეტებს (ქალბატონი ზონტაგი ყველას როდი უთმობდა ყურადღებას; მას მხოლოდ ექსტრემისტები და მათი მიმდევრები იზიდავდა). უნდა ითქვას, რომ ამ ესსეების არსებობას მნიშვნელოვანწილად „ნიუ იორკ რევიუს“ გამომცემლებს უნდა ვუმადლოდეთ: რობერტ სილვერსმა და ბარბრა ეპშტაინმა სიუზან ზონტაგი შემთხვევით გაიცნეს, მასთან თანამშრომლობა ისურვეს და აი, რა გამოვიდა: ჟურნალის წყალობით, სიუზან ზონტაგი მეოცე საუკუნის ევროპელ მოაზროვნეთა ცოდნასა თუ ცნობაში უპირობო ავტორიტეტად გადაიქცა (აქედან ორი დასკვნა: 1. ყველა საქმეს სწავლა უნდა; და 2. ძალიან კარგი რამაა კარგი გამომცემელი, - ა.კ.ს.).

60-იან წლებში ფრანგულ გაზეთებში მას „ავანგარდის მოციქულს“ უწოდებდნენ, თავად სიუზანი კი თვლიდა, რომ „ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავალი“ იყო. მწერალს გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ავანგარდული კულტურის არცერთი დეტალი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მისი გმირები იყვნენ ტენესი უილიამსი, არტურ მილერი, ლეროი ჯონსი, ჯეიმს ბოლდუინი, ის აშუქებდა ეჟი გროტოვსკის და პიტერ ბრუკის სასცენო ექსპერიმენტებს, „ახალ რომანს“ თუ „აბსურდის თეატრს“, კამპუსს, ჰეფენინგებს, პოპ-არტს და ენდი უორჰოლის შემოქმედებას. ზონტაგი წერდა, როგორც ჯონ ქეიჯის კონკრეტული მუსიკის, ასევე ჯოზეფ კორნელის მინიატურული ზარდახშების შესახებ.

ყველაზე დიდი ხმაური ატყდა კრებულის გამო, რომლის სახელწოდებაა „ინტერპრეტაციის წინააღმდეგ“; მერე კი „რადიკალური ნების მაგალითებში“ შესულმა ესსემ „პორნოგრაფიული წარმოსახვა“ საზოგადოება მთლად გადარია. მე მაინც მოვერიდები, რომ მკითხველს 1967 წელს დაწერილისა და ნაჩხუბარის შესახებ ვუამბო. თუ რამეა - ზონტაგის წიგნების წაკითხვა ნამდვილად შესაძლებელია და არც ჩემს ინტერპრეტაციას საჭიროებს - მით უმეტეს, რომ თავად ქალბატონ ზონტაგს ნებისმიერი ინტერპრეტაცია ეჯავრებოდა.

11 დონ პეპე

▲ზევით დაბრუნება


ფოტომოთხრობა

დათო ტურაშვილი
ფოტოების ავტორი: გია ჩხატარაშვილი

ისინი, ვისაც ტფილისში უნახავს ალექსანდრე დიუმა, ცოცხლები აღარ არიან. შეიძლება ცოცხალი იყო ვინმე მათ შორის, ვისაც კნუტ ჰამსუნის ჩამოსვლა ახსოვს საქართველოში, მაგრამ მხოლოდ თეორიულად, რეალურად კი ცოცხლები არიან ისინი, ვინც თბილისში სტუმრად მყოფ ჯონ სტეინბეკს მასპინძლობდნენ. ცოცხლები არიან ისინიც, ვინც ჩვენი ქალაქის ქუჩებში საკუთარი თვალით ნახა გაკვირვებული ბობ დილანი და აღშფოთებული ალენ გინზბერგი.

პირადად, საქართველოში ჩამობრძანებულ სახელოვან უცხოელებს შორის, კარგად მახსოვს კევინ კიგანი - პირდაღებული რომ დატოვა ოთარ გაბელია და მასთან ერთად ჩვენი რესპუბლიკის გაწვალებული მოსახლეობა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის, მაინც ჯოზეფ ზავინულის კონცერტი იყო. ჯო ზავინულის თბილისში ჩამოსვლა და საერთოდ, მისი შემოქმედების პოპულარიზაცია საქართველოში, რეჟისორ დავით საყვარელიძის დიდი დამსახურებაა, რომელსაც ზავინულის ფოტოებით თავისი ოთახი ჯერ კიდევ საბჭოთა ბავშობაში ჰქონდა აჭრელებული და მაშინაც კი, როცა ყველა საბჭოთა ბავშვს სოფია როტარუსა და ლევ ლეშჩენკოს მოსმენა ევალებოდა, სუყო მაინც ჯიუტად უსმენდა ჯო ზავინულს და მეტიც - მის შემოქმედებას აქტიურ პროპაგანდას უწევდა. პირველად ზავინულის კომპოზიციები მეც სუყომ მომასმენინა და პირველივე მოსმენაზე მივხვდი, რომ ჯო ზავინული ნამდვილი გენიოსი იყო. ანკი რა ძნელი მისახვედრი ეგ იყო, მაგრამ იმას, რაც თბილისის კონცერტზე ვნახე და მოვისმინე, მაინც ძნელად წარმოვიდგენდი და მაინც არ მჯეროდა, რომ რასაც სცენიდან ვისმენდი (მეშვიდე რიგში ვიჯექი), ადამიანის მიერ იყო შექმნილი. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ჰარმონიის მიღწევა მართლაც შესაძლებელია და რაც მთავარია, ვიყავი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და არა რომელიმე გრიმის რომელიმე ზღაპარში. თუმცა იმ საიდუმლოს ამოხსნას, რასაც ზავინულის სასწაული ჰქვია, იქვე დარბაზშივე შევეცადე და მგონი მივაგენი კიდეც: ჩემის ღრმა რწმენით (რაც თავისთავად სუბიექტური მოსაზრებაა), ყველაზე მნიშვნელოვანი საზრდო, რითიც ჯო ზავინულის შემოქმედება იკვებება - ფოლკლორია. ზავინულმა იმდენად კარგად იცის მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური ფოლკლორი, რომ ზემოთქმულის გამო, მისთვის მუსიკაში არანაირი სირთულე აღარ არსებობს და იმ ზღვა ნიჭის გამოყენებასაც, რომელიც მას აქვს, სწორედ ცოდნასთან ერთად ახერხებს. უკვე ნახსენები ჰარმონიულობაც მის შემოქმედებაში, ამ აუცილებელ სინთეზს ეფუძნება კიდეც და შედეგიც (შესაბამისად), სამართლიანია - მთელს მსოფლიოში, იქ, სადაც სერიოზული მუსიკა სერიოზულად უყვართ, ჯო ზავინული ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მართლაც უზარმაზარი ფიგურა და ავტორიტეტია.

0x01 graphic

0x01 graphic

თბილისში ზავინულის კონცერტს, რა თქმა უნდა, ქართველი მომღერლებიც ესწრებოდნენ (ვინც ხალხურ სიმღერებს ასრულებს) და კონცერტის ბოლოს (რომელიც სინამდვილეში ნამდვილი დღესასწაული იყო), ქართველები სცენაზე ავიდნენ მადლობის სათქმელად. ჯო ზავინული (თავისი პატარა, კოხტა და კლასიკური თავით), დაღლილი და ცოტა გაკვირვებული იყო მადლიერების უჩვეულო გამოხატვით - ოცამდე მამაკაცი (დიდი ქართული თავებით), სცენაზე ადიოდნენ და ოფლიანი ტუჩებით კოცნიდნენ გენიოს მუსიკოსს. გენიოსს ყველაფრის ცოდნა არც ევალება და ზავინულმაც არ იცოდა, რომ სანამ რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩნდებოდით, საქართველოში კაცები ერთმანეთს მხოლოდ მხარზე კოცნიდნენ და ისიც იდგა გაოგნებული ამ უჩვეულო სანახაობით. სუფრაზეც, მის პატივსაცემად რომ გაიმართა კონცერტის შემდეგ, როცა თამადა შეზარხოშდა ღვინისა და სიყვარულისგან და მეზობელი მამაკაცი გულში ჩაიკრა, მანოლო ბოდრენამ ზავინულის გასაგონად, ბავშვივით, აღტაცებულმა იყვირა:

- Don Pepe, look, Don Pepe!..

პეპე ზავინულმა, სუფრის ბოლოსკენ, როგორც ჩანს, თვალი შეაჩვია ამ უცნაურ სანახაობას და აღარაფერი უკვირდა. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ქართველი კაცების ურთიერთამბორს (მიუხედავად ამ კაცების მონდომებისა) საერთო არაფერი აქვს ჰომოსექსუალიზმთან და დონ პეპემაც ამოისუნთქა. პირიქით, ძალიან გამხიარულდა, სიამოვნებით მოუსმინა გლახო ზახაროვის დასტის ნარჩენებს და ხელებიც კი გაშალა. სხვათა შორის, ზავინულის კონტრაქტში მართლაც იყო მუხლი, რომლის თანახმადაც, ჯო ზავინული, კონცერტის შემდეგ, აუცილებლად უნდა მისულიყო სტუმრად საყვარელიძეებთან ოჯახში და საკუთარი თვალით ენახა სუყოს ოჯახის კედლები. ერთხელ თურმე, ბავშვობაში, სუყოსთვის მამამისს, ბატონ ივანეს უკითხავს, - ამ კაცის ფოტოები რომ გაქვს ყველგან გაკრული, ასეთი ვინ არისო.

სუყოს უხუმრია, მამაჩემიაო და ბატონ ივანეს (შვილზე უფრო დიდი იუმორის პატრონს) - ფულიც მაგან მოგცეს ხოლმე და მე აღარ შემაწუხოო...

ალბათ რამდენჯერ გაუმართავთ ბანკეტი ჯო ზავინულის პატივსაცემად.

რამდენ ქვეყანაში, მაგრამ სახლში რომ დავეპატიჟებინე ვინმეს, კონცერტის შემდეგ, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარაო და ბატონი პეპე, მართლა ბედნიერი ჩანდა. დონ პეპე რატომ და ვინ დაარქვა არ მიკითხავს, მაგრამ მანოლო ბოდრენაც ასე მიმართავდა ზავინულს და ვიქტორ ბეილიც, რომელსაც მოტეხილი ფეხი მთელ სიგრძეზე ჰქონდა დაბინტული. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ჯერ მორიდებულად, შემდეგ კი დაჟინებით მოვითხოვე, რომ დილით, როცა აეროპორტისაკენ დავიძრებოდით ძვირფასი სტუმრების გასაცილებლად, აუცილებლად შეგვევლო ბიჭიკო ასკურავასთან, ვიქტორ ბეილის მოტეხილი ფეხის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე განსხვავებული უკვე დალეული მქონდა, მაინც მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია - თუ სტუმრების პატივისცემა ბოლომდე გვინდოდა, მაშინ ბიჭიკო ასკურავასთან აუცილებლად უნდა მიგვეყვანა ვიქტორ ბეილი, რადგან იგი ზავინულის ბენდის წევრი იყო და ჯო ზავინულს ჯანმრთელი ბასისტი უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ფეხმოტეხილი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვიქტორ ბეილისთვის საღი ხელები უფრო აუცილებელი იყო, ვიდრე საღი ფეხები. თვითონ ვიქტორს რომ ავუხსენი, თუ რატომ ვახსენებდი მის სახელს ასე ხშირად და ხმამაღლა, დიდი მადლობა მითხრა თანაგრძნობისათვის და ნუ შეწუხდები და იმ ქართველ ექიმსაც ნუ შეაწუხებო, - მითხრა. რა შეწუხება ეგ არის, ბიჭიკო ასკურავას სხვა საქმე კი არაფერი აქვს-მეთქი, მაგრამ მაინც დავითანხმე და თუ ჩემი პატივისცემა გინდა, ერთი აქეთ მოიწი და ერთ უწყინარ შეკითხვაზე მიპასუხეო. ჩემი თავი გენაცვალოს-მეთქი და ვიქტორ ბეილის გვერდით გადავჯექი. სწორედ ამ დროს ქეთი გამცემლიძე შალახოს ნაირსახეობას ცეკვავდა იქვე, სუფრის მისადგომებთან და საყოველთაო ტაშისცემის მიუხედავად, ვიქტორმა მაინც ხმადაბლა, ჩუმად მკითხა - ეს თამადა კაცი და ის დანარჩენი კაცები გეები ხომ არ არიანო. მინდოდა მეთქვა რას კადრულობ-მეთქი, მაგრამ მაინც მოვითმინე და შევეცადე მშვიდად მეპასუხა რო გეები თქვენსკენ მოიკითხეთ-მეთქი და უცებ შემაწყვეტინა - თუ გეები არ არიან, მაშ კაცები ერთმანეთს რატომ კოცნიანო. კიდევ უფრო მეწყინა, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალა მოვიკრიბე და კიდევ ერთხელ შევეცადე მშვიდი სახით ამეხსნა ქართული ხასიათისა და სუფრის თავისებურება, რომელიც კაცებს შორის ურთიერთამბორს გულისხმობს შეზარხოშების ჟამს, მაგრამ ეს მხოლოდ ურთიერთპატივისცემას ნიშნავს და სხვას არაფერს. ვიქტორ ბეილი საპასუხოდ მხრებს იჩეჩავდა მხოლოდ, საკმაოდ გაკვირვებული სახით, რომ ორი ქართველი ვაჟკაცი (სწორედ მათგან, ვისაც უსამართლოდ დასწამეს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები), გაღიმებული მიადგა ვიქტორს და მის მოტეხილ ფეხსაც, ასეთივე ღიმილითა და სიყვარულით მიეტანა. ბეილის თვალებს (მე რომ გადმომხედა შეშინებულმა) რა დამავიწყებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე მივხვდი რასაც უპირებდნენ მას, მაინც ისეთი გაკვირვებული სახე მივიღე, თითქოს არ ვიცოდი, რომ კახური კრამიტის შეცვლა თაბაშირითაც შეიძლება, თუ ღვინო კარგია. ღვინო კი მართლაც სანაქებო იყო და მაკრატელი - დიდი, ჩვენი ბებიებისდროინდელი, რომლითაც ვიქტორ ბეილის მოტეხილ ფეხზე დადებულ თაბაშირს ფრთხილად გაჭრიდნენ და როგორც განსხვავებულს, ისე გამოიყენებდნენ იმ მშვენიერი ღვინის მისართმევად. გულგახეთქილ ვიქტორს ბოლოს რომ ავუხსენი, რასაც აპირებდნენ მისი თაბაშირით, ერთადერთსიტყვიანი კითხვით მომმართა - რატომო და მერე მონოტონურად, მგონი აეროპორტამდე იმეორებდა იმ ერთ სიტყვას: ”Why?...”

თამადის რომელიღაც მოადგილე ასევე დაუზარებლად პასუხობდა Why not და მერე ქართულად აგრძელებდა იმის ახსნას ვიქტორ ბეილისათვის, რაც მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა - შენი პატივისცემა უნდათ და თანაც ეს გიპსი აღარ დაგჭირდება, მთავარია, ბიჭიკომდე მივაღწიოთ-მეთქი. Who is this Bichiko? - მერამდენედ მეკითხებოდა სახელოვანი სტუმარი და მეც მერამდენედ ვეუბნებოდი რომ ბიჭიკო ასკურავა არის მოტეხილობების ცნობილი დიდოსტატი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. როგორც ჩანს სტუმარს სურდა, რომ არა მხოლოდ ასეთი მშრალი ინფორმაცია ჰქონოდა დიდოსტატის შესახებ, მაგრამ ასკურავას შესახებ მეც ბევრი არაფერი ვიცოდი და ერთადერთხელ მყავდა ნანახი, ისიც შემთხვევით, ჩემი ფეხმოტეხილი მეგობრის ოჯახში. იმ ოჯახში შესულს სახელდახელოდ სუფრა დამხვდა გაშლილი, სადაც ბიჭიკო ასკურავა იდგა ჭიქით ხელში და იოსებ სტალინს და იესო ქრისტეს ერთად გაუმარჯოსო, - სადღეგრძელოს ამბობდა. ვიქტორ ბეილის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ნასვამი ვიყავი, ამ ამბავს მაინც ვერ მოვუყვებოდი - აშკარად ჰყოფნიდა თავისი გაჭირვებაც და უფრო მეტად შეშინებასაც აზრი აღარ ჰქონდა. აზრი აღარ ჰქონდა ვიქტორ ბეილისთვის თაბაშირის ახსნასაც, რადგან რომა რცხილაძემ შიდა ქართლიდან ჩამოტანილი კრამიტები ჩამოარიგა (კახურს რომ არ ჩამოუვარდებოდა ისეთი) და ვიქტორ ბეილიც თაბაშირის აყრას გადაურჩა, თანაც ასკურავასთან გავლას ვეღარ ვასწრებდით, ვინაიდან უკვე თენდებოდა, თვითმფრინავის გაფრენამდე კი, ხაშიც უნდა მოგვესწრო. მგონი სწორედ რომა რცხილაძემ თქვა ჰავლაბარში ძაან მაგარი ხაში ვიციო და სუყომაც ჯო ზავინულს გულმოდგინედ აუხსნა, რა სიკეთე მოაქვს ხაშს გამთენიისას და რატომ არის იგი აუცილებელი ღამენათევი და ნაწვალები ადამიანებისათვის. დონ პეპეც მიხვდა, რომ ამ ქვეყანაში, ჩათრევას ჩაყოლა სჯობია და მზადყოფნის ნიშნად ხელები გაშალა. როცა ჩვენს ძვირფას მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ქუჩაში გამოვედით, უკვე თენდებოდა ჩვენსავით დაღლილ თბილისში და სხვებისა რა მოგახსენოთ და მე კი მართლა ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ერთი გავიფიქრე კიდეც, სახლში ხომ არ გავიპარო-მეთქი, მაგრამ შემრცხვა. მართალია, სტუმრები არც მომიკითხავდნენ და ალბათ უჩემობას ვერც გაიგებდნენ, მაგრამ მაინც შემრცხვა და რაც მთავარია, იმ მოვლენებსაც გამოვაკლდებოდი, რაც ჰავლაბრის იმ სახაშეში გველოდა.

0x01 graphic

სახაშე ჰგავდა ტიპიურ საბჭოურ სასადილოს (ოღონდ ცოტა ადრეულ ვერსიას) და მიუხედავად იმისა, რომ კარგა ტევადი ჩანდა, თითქმის სავსე იყო და მაგიდების შეერთების შემდეგ, რამდენიმე სკამის ჩამატება მაინც დაგვჭირდა. ჩვენსავით ღამენათევი, დაღლილი და ნაწვალები ხალხი დაგვხვდა, მაგრამ ზავინულმა მაშინვე დაიჯერა, რომ ახლა ამ ქვეყანაში, ამაზე უკეთესი ადგილის წარმოდგენაც კი, შეუძლებელი იყო. დონ პეპემ საჩვენებელი თითიც კი ასწია ზევით, ხაშის გასინჯვისთანავე და იმასაც მიხვდა, რომ სწორედ ხაში ათანაბრებს ადამიანებს ამ უცნაურ ქვეყანაში. ხაში კი მართლაც სანაქებო იყო და ერთიანობის რაღაც ძალიან თბილი განცდა მეც ვიგრძენი იმ ხალხის მიმართ, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ისინიც ჯო ზავინულის მასპინძლებად თვლიდნენ თავს და არც ვცდებოდი. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი მეზობელი სუფრიდან, შუახნის კაცი მოგვიახლოვდა ჭიქით ხელში და ქართულად, მაგრამ სომხური აქცენტით დაგვლოცა და ზავინულს კი ინგლისურად ჰკითხა, - პიტერ გაბრიელის მედუდუკეს თუ იცნობო. არაო, - დონ პეპემ და იმან კი - ჩემი ბიძაშვილიაო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა უფრო შინაურულად და ჩვენთვის ქართულად გაიმეორა - პიტერ გაბრიელის მედუდუკე ჩემი კუზენიაო. ვაო, - ჩვენც გავიკვირვეთ და სახაშის კარიც გაიღო და გიორგი რამიშვილიც შემოვიდა, აშკარად უცხოელებთან ერთად. როგორც გაირკვა, ფრანგები იყვნენ და პირდაპირ აეროპორტიდან მოდიოდნენ ხაშის სადიდებლად. გამოთავისუფლებული მაგიდა მოვაჩოჩეთ და ფრანგებმა ერთი კი გაიკვირვეს ამ უცნაურ ადგილას ჯო ზავინულის დანახვა, მაგრამ თითო ჭაჭა რომ მისცეს ძარღვებში სულ ადვილად დაიჯერეს, რომ ამ ქალაქში ყველაფერი ხდება. სწორედ რომ ახალი სადღეგრძელოს თქმას აპირებდა თვითონ დონ პეპე, სახაშის კარი ისევ რომ გაიღო და რამდენიმე ისეთი მთვრალი ადამიანი შემოვიდა, მხოლოდ ვაჟა დურმიშიძეს რომ გაუხარდებოდა მათი დანახვა და სამწუხაროდ ვაჟა დურმიშიძის საკადრისი სუფრა არ გაგვიშლია და ბატონო ვაჟა ამიტომაც იქ არ ბრძანდებოდა. უფრო სამწუხარო ის იყო, რომ ახალშემოსულებმა ცარიელ მაგიდას ვერ მიაგნეს, მაგრამ უკან გაბრუნება არც უცდიათ და ისე მიმოიხედეს ირგვლივ, თითქოს მათი საოჯახო, მემკვიდრეობით მიღებული სკამები გვქონდა დაკავებული და არც ვიმჩნევდით. გვათვალიერეს დიდხანს და ის იყო გავიფიქრე კიდეც, ხომ არ ჩავიჩოჩოთ-მეთქი, რომ სწორედ იმ მაგიდას მიადგნენ, სადაც პიტერ გაბრიელის სომეხი მედუდუკის ბიძაშვილი მიირთმევდა ხაშს თავის დოსტებთან ერთად და ახალმოსულებში რომელიც კოჭლობდა, სწორედ მან იკითხა მათი სადაურობა. მარტივ შეკითხვას, თუ რა უბნელები იყვნენ, ძალიან მარტივად უპასუხეს, რომ ეს მათი უბანი იყო და მართლებიც იყვნენ, თუ იმას გულისხმობდნენ, რომ ჰავლაბარში სომხები ოდითგანვე ცხოვრობდნენ. თუმცა, რომ კოჭლობდა, მას (დანარჩენებსაც ალბათ) მოეჩვენა, რომ ამ მარტივ პასუხში ავლაბრელმა სომხებმა საჯაროდ გაამჟღავნეს ტერიტორიული პრეტენზიები დანარჩენი თბილისელებისა და საერთოდ ქართველების მიმართ. სწორედ ამაზე მეტყველებდა ახალმოსულთა თითქმის ერთდროული რეაქცია ხელების მკვეთრი მოძრაობით - აი, თქვენი უბანიო და ჩხუბი რომ გარდაუვალი იყო, აშკარად ჩანდა. პირველი, ვინც გასაშველებლად წამოდგა, დავით ევგენიძე იყო და იმდენად თამამად და გულწრფელად მოიპატიჟა ისინი ჩვენს სუფრასთან, რომ მათი აგრესია მოულოდნელად სადღაც გაქრა და ხალისითაც შემოგვიერთდნენ. სიამოვნებითაც დალიეს ჩვენი სტუმრების სადღეგრძელო და ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩვენი ქალაქის ეთნიური სიჭრელე, როგორც პრობლემა, აღარ ახსოვდათ, რომ სწორედ ის, რომელიც კოჭლობდა, დათო ევგენიძის მარცხენა ყურს ავისმომასწავლებლად დააკვირდა. საყურე რატომ გიკეთიაო, - რომ ჰკითხა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თბილისის საკითხი ამოწურული ნამდვილად არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ევგენიძეს პასუხის გაცემა სულ არ გაუჭირდებოდა. არც გაჭირვებია და ისიც კი გაიხსენა, რომ საყურეს ქართველი მეფეებიც კი ატარებდნენ და საყურე მეკობრეების მოგონილია და არა პედერასტების. რამდენიმე წყაროც კი დაასახელა და მათ შორის კასტელის ჩანახატებიც, თუმცა, ფეხს რომ ითრევდა, იმ მთვრალი კაცისთვის კასტელი ვერაფერი ავტორიტეტი გამოდგა და კასტელის ხსენებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ჩვენო, ყველას ვუღიმით და ვეფერებით, სუფრებს ვუშლით და ამასობაში კი თბილისიც დავკარგეთ და საქართველოც, ამათი დედებს რო შევთხარეო და ორივე ხელი იმ სუფრისკენ გაიშვირა, სადაც იმუბნელები ისხდნენ და ვინ იცის ისევ პიტერ გებრიელზე საუბრობდნენ. დედების ხსენებაზე ყველანი ფეხზე წამოხტნენ და ერთმა მათგანმა თავანკარა ქართულით ამ ჩვენის დედაც ახსენა, რასაც სრულიად მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა - ამან უცებ ფეხის პროთეზი მოიხსნა და სომხების სუფრისკენ, გამეტებით ისროლა. როგორც ჩანს, ეს არ იყო პირველად გამოყენებული ილეთი მისი მხრიდან, რადგან ისე სწრაფად და ოსტატურად შეიხსნა ფეხი და თბილისის დამპყრობლებს სტყორცნა, რომ გაკვირვებაც ვერ მოვასწარით. არც იყო გაკვირვების დრო, რადგან ხაშის თეფშებში ჩავარდნილ ფეხს რაც მოჰყვებოდა, სულ არ არის ძნელი წარმოსადგენი და მახსოვს, იმ საშინელ ჩხუბში, მაინც როგორ ვცდილობდი ვიქტორ ბეილის მოტეხილი ფეხის გადარჩენას. ვამხნევებდი კიდეც იმ საშინელ ქაოსში - არ შეგეშინდეს, თუ რამეა, ბიჭიკო ასკურავასთან გავლას მაინც მოვასწრებთ-მეთქი. სინამდვილეში ვერ მოვასწრებდით, დრო აღარ იყო და თვითმფრინავსაც ძლივს მივუსწარით, ნაჩქარევად დავემშვიდობეთ სტუმრებსაც და მაკას შეკითხვას, თუ სად ვიყავი ამდენ ხანს, ზუსტად ისეთი სიმშვიდით ვუპასუხე, როგორსაც მხოლოდ ცოლები იმსახურებენ - ჯოჯოხეთში.

რამდენიმე თვის შემდეგ კახა ბუაჩიძესთან ერთად ვესტუმრე ავლაბრის იმ სახაშეს, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა. ქართულად ეწერა „დაკეტილია“, ინგლისურად კი (დიდი ასოებით) - „Internet Café“…

12 პარიზი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: დათო მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

13 „თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი!“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მიშა კობახიძე სიყვარულის შესახებ

„1953 წელს გარდაიცვალა სტალინი. დასაფლავების დღეს, მამამ ქალაქ თბილისში, ბერიას მოედანზე, სამგლოვიარო მიტინგზე წამიყვანა. სამარისებური სიჩუმე იყო. ქვემოდან მამას - გერმანე კობახიძეს ავხედე. შემეშინდა. სხვებისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდია შლაპა. ამის გამო, შეეძლოთ ეცემათ ან დაეპატიმრებინათ. ქურთუკზე ჩამოვქაჩე და ვუთხარი: მამა შლაპა მოიხადე. მან კი მიპასუხა - მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შლაპით ვიდგე. ეს არავის გაუგია, არც შეუმჩნევია, რადგან იმ წუთიდან სხვა დრო დაიწყო“.

ევროპის რვეულიდან / 1997 / პარიზი
მიხეილ კობახიძე

2005 წლის იანვარი. პარიზი. მოქნილი, ახალგაზრდული ნაბიჯებით, ზურგჩანთამოკიდებული ისევ შეყვარებული მიუყვებოდა ლუქსემბურგის ბაღის კონტურებს…. კუთხის კაფედან მიმტანები ალერსიანი ღიმილით ხვდებოდნენ. თავისი ფილმების მსგავსად, ყველაფრის მიუხედავად, სილაღე მაინც არ დაუკარგავს.

„ყველა ფილმი ჩემთვის პატარა ექსპერიმენტია. როცა ფილმს ვაკეთებ, მაყურებელზე არ ვფიქრობ, ხოლო როცა ფილმი შედგება და მაყურებლის წინაშე აღმოვჩნდები, ბუნებრივია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფილმმა მასზე გავლენა მოახდინოს, სიხარული მოუტანოს, დააფიქროს და აღაფრთოვანოს კიდეც. ერთადერთი, „ქორწილს“ როცა ვიღებდი, განზრახული მქონდა ისეთი ფილმი გადამეღო, რომ ყველას მოწონებოდა, მიმეღო დიპლომი და ჩემთვის კინოსტუდიის კარი გაეღოთ. ახლაც კი მიკვირს, როგორ გავბედე და „ქორწილის“ შემდეგ „ქოლგა“ გადავიღე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო და თუ ვერ გავივლიდი, ამით დასრულდებოდა ჩემი კინემატოგრაფი, მაგრამ სწორედ ეს მხიბლავდა. ფილმს თავდაპირველად „წვიმა“ ერქვა. ბოლოს, როცა მათ ქოლგა გაუფრინდათ, წვიმა დაიწყო და დარჩნენ უქოლგოდ. ამ დროს მესამე გმირი მოხტის წვიმაში, ქოლგით ხელში. დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს სცენა ზედმიწევნით ძლიერი იყო და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. მაგრამ დეკემბერი იყო, მსახიობებს ზაფხულის სამოსი ეცვათ და წვიმის გადაღება ვერ მოხერხდა. როცა რამე არ გამომდის, სწორ გამოსავალს სწორედ მაშინ ვპოულობ. თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ვიბნევი. ამ შემთხვევაში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და აზრი მომივიდა: ფინალში წვიმა სწორი არ იქნება იმიტომ, რომ წვიმას ქოლგა რეალურ სამყაროში გადაჰყავს და ჩვეულებრივ ქოლგად გარდაქმნის. ქოლგა კი სიმბოლოა. ხშირად უკითხავთ ჩემთვის „ქოლგა“ რისი სიმბოლოაო. ქოლგის სიმბოლიკა ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი იმ ფილმს ნახულობს, რომელსაც საკუთარ ცნობიერებაში ქმნის.

როცა „ქოლგაზე“ მუშაობა დავამთავრე, მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც არც დრო იქნებოდა და არც სივრცე. თან, ფილმში არც ერთი მსხვილი და საშუალო ხედი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი. შედეგი კი ის იყო, რომ ამ ფილმის შემდეგ დამდგმელ რეჟისორად მუშაობა ამიკრძალეს და ჩემს საქმეს 30 წლით ჩამოვშორდი“.

1967 წელს, როდესაც ეკრანებზე „მუსიკოსები“ გამოვიდა, მაყურებელმა ფინალური კადრში სიმბოლური ვერაფერი შენიშნა. არაფერი განსაკუთრებული: მსახიობები - გია ავალიშვილი და მიხეილ კობახიძე ცეკვით გადიან კადრიდან. რჩება თეთრი ფონი. სინამდვილეში კი მიშა კობახიძე კინოდან წავიდა.

დაიწყო… ემიგრანტული პოეზიის თუ სოლჟენიცენის პერიოდი, ჩინური მედიცინა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, მურაბების ფესტივალი, თაფლის კვირეული, კედელზე გაკრული ვარსკვლავების რუკა და ნახევრადპროფესიული ჭოგრიტიდან გალაქტიკის ჭვრეტა, ტიბეტი, ბიბლიის კითხვა, დებატები, იმხანად „აკრძალულ ხილთან“ ზიარების დაუოკებელი სურვილი.

ასეთი რა ხანა იყო? ერთ დღეს, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებმა, მათ შორის მიშა კობახიძემ, თავიანთი ფილმები მოიკითხეს. პასუხი კი ერთობ ექსტრავაგანტული იყო: სახელმწიფოს ვერცხლი დასჭირდა და გადავადნეთო.

ეს ტყუილის ქვეყანა იყო.

დაიწყო ექსკლუზიური ექსპერიმენტები, მხოლოდ მისთვის.

„ჩვენ ბევრნი ვიყავით, დიდი ოჯახი. სად წავსულიყავი? ბავშვები სკოლაში არ მივაბარე. არ მინდოდა, საბჭოთა სკოლაში რომ ევლოთ. სახლში ვამეცადინებდი. ალბათ კარგადაც მოვიქეცი, სწორად ცხოვრება ისწავლეს. თერთმეტი წლის მანძილზე მიძახებდნენ და ციხით მემუქრებოდნენ, თუ ბავშვებს სკოლაში არ დავაბრუნებდი. მაინც არ ჩამსვეს ციხეში. ვმუშაობდი, ცოლი კერავდა. გავყიდეთ ყველაფერი: ავეჯი, ავტომობილი, სახლი“.

1981 წელს ც.კ.-ს პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ მიხეილ კობახიძე დაიბარა და უთხრა: „ოღონდ დაიწყე მუშაობა და რაც გინდა, ის გადაიღეო. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გადაიღო ანტისაბჭოთა ფილმი, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე?!“

თითქოს კინოსთან დაბრუნების სურვილი გაჩნდა. მაგრამ ანტისაბჭოთა ფილმს წინ ანტისაბჭოთა ნაბიჯმა გაუსწრო: საქართველოდან თვითმფრინავი სახელოვანი ოჯახის შვილებმა გაიტაცეს. მათ შორის იყო გეგა კობახიძე.

ხელმძღვანელობას 23-24 წლის ბიჭების შეეშინდა და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.

„ჩემთვის ეს იყო დასასრულის და თან ახლის დასაწყისის ნიშანი. ამ მოვლენის შემდეგ საბჭოთა კავშირში ისეთი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც აღარავინ დაუხვრეტია და რომელმაც, თავისი მოქმედებით, ფაქტობრივად, დაშალა ეს სისტემა.

ბიჭების დახვრეტის ფაქტი გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, რომ განაჩენი აღსრულდა, მაინც არ გვჯეროდა. ჩვენში იმედი ცოცხლობდა და ამ იმედს თვით უშიშროების სამსახური თესავდა.

ის ერთი სიტყვა, რომელიც მინდა ვთქვა, მარტო გეგას არ ეხება. მათ ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი არ გადააბრალა. ყველამ ყველაფერი თავის თავზე აიღო.

ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც იმ დღეს ბერიას მოედანზე არ დაუსჯიათ, ოცდაათი წლის შემდეგ სწორედ მის შვილიშვილს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.

ამ მოვლენამ ბევრი რამ შეცვალა და ბევრი დააფიქრა. ბოლოს ის დღეც დადგა, როდესაც ყველაფერი უნდა დაშლილიყო. ის, რაც სიმართლეზე არ არის აგებული, დიდხანს ვერ ძლებს. თვითმფრინავის გატაცების არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ საქართველოდან გაქცევა, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს უნდოდა. არადა, საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ იყო ადვილი. პირადად მე, საშუალება რომ მქონოდა, ახლობლებთან ერთად, დაუფიქრებლად გავიქცეოდი.“

კინოსგან ის უკვე ძალიან შორს იყო. მას არასოდეს აინტერესებდა საბჭოთა ან ანტისაბჭოთა კინო. „მინდოდა, საკუთარ თავში სიხარულის პოვნა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება.“

დღესასწაულებს, რომელსაც მიშა კობახიძე ახლობლებისთვის აწყობდა, დღემდე აჟიტირებულები იხსენებენ. თუმცა იქვე უმატებენ: საღამოს დასასრულს მიშა წასავლელად გაემზადებოდა ხოლმე. დაიხურავდა ქუდს და საოცრად სევდიანი გადიოდა. არავინ იცის, ასეთ დროს სად მიდიოდა. ამის თვითმხილველი არ არსებობს. თუმცა როგორც თავად აღნიშნა, მხიარულება ისევ მხიარულებით ხომ არ დასრულდებოდაო?!

და ერთ დღესაც, კვლავინდებურად მოწყენილი წავიდა… ამჯერად ყველამ იცოდა, სად. ახლა ის არამარტო კინოსგან, არამედ საქართველოდანაც შორს იყო. მიშა კობახიძე პარიზში აღმოჩნდა.

„დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, მაგრამ პარიზი ის ქალაქია რომელიც სულიერად მამშვიდებს. აი, დილას რომ გამოვალ და უცნობები მესალმებიან, ჩაგივლიან დერეფანში და უეცრად გაიგონებ: bonjours, მონსიეურ. ადამიანებს შორის კონტაქტი აქ უწყვეტია. მერე კაფეში შეხვალ, გაგიღიმებენ, შენც გაუღიმებ. ეს ძალიან ძლიერ აურას ქმნის. უკვე თავს ადამიანად გრძნობ.

იყო ასეთი შემთხვევა, ფეოდოსიაში ჩავედით, გადაღება გვქონდა. საჭმელი გამოგველია. ჩემმა დირექტორმა თქვა, ახლავე ვიპოვი ვინმესო. ვიღაც ქალი მოიყვანა. ასე თქვა, რესტორანის დირექტორია და ახლავე გაგვიღებს რესტორანსო. წამოვდექი და რევერანსით შევეგებე. უეცრად იმ ქალმა მომაძახა: Пошёл на хуй

მერე ჩემი დირექტორი გამოვიდა და თქვა: იმ ქალმა მითხრა, ერთი კვირა წყალი არ ყოფილა და თეფშები ჭუჭყიანიაო.

აღარ მინდოდა არაფერი.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაში გავატარეთ და ბევრი ვიცინეთ, მაგრამ როცა ასეთ სისტემაში ცხოვრობ, როცა ყველა გიყურებს და ფიქრობს: ვინ ხარ, რა გინდა; ყველა გზომავს, გწონის, - ცოტა მძიმეა. აქ არავინ ერევა შენ საქმეში, ყველა გიღიმის და თუ რაღაც გაგიჭირდა, ცდილობენ დაგეხმარონ. რასაკვირველია, ადამიანური პრობლემები, რაც ყველას გვაღელვებს, აქაც არის.

მაგრამ ახლა, როცა ჩემს პროფესიასთან დაბრუნებას ვაპირებ, ჩემთვის აქ ცხოვრება მისაღებია. ვცდილობ, დადებითი ვიბრაცია დავიჭირო, ფორმა მივცე და სხვას მივაწოდო. მერე ვუყურო იმ სხვას, თუ როგორ გავლენას ახდენს მასზე ჩემი ნააზრევი.

ეს არის ჩემი თამაში. ეს არის ჩემი მსახიობობა, ჩემი თვითგამოხატვის სურვილი. არც გეგაზე და არც სხვა მოვლენებზე მისაუბრია ბევრი. უარყოფითი მოვლენების გახსენებაც კი არ მინდა. ვგრძნობ, ამით სხვას ძალიან ბევრს ვუშავებ. ისე, რაც უფრო ითმენ ტკივილს, უფრო მეტადაც გითანაგრძნობენ. შენ თუ გტკივა, სხვასაც ტკივა. შენ თუ ითმენ, სხვაც ითმენს. შენ თუ მაგარი ხარ, სხვები შენზე მაგრები არიან. ასეა ცხოვრება მოწყობილი“.

ოთხი თვის მანძილზე, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქების (რა თქმა უნდა, პარიზის ჩათვლით) კინოთეატრები უხმო და შავ-თეთრმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა დაიპყო. ეს მიშა კობახიძის ფილმები იყო, რომლებიც მაყურებელს აღაფრთოვანებდა. მოკლე ხანში, საქართველო სწორედ ამ რეჟისორთან ასოცირდებოდა.

„როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ზოგმა ნავთობი დაისაკუთრა, ზოგმა მდინარე. მე საკითხი დავაყენე, რომ ჩემი ფილმები გადმოეცათ. იმ ფილმების დასაკუთრება შევძელი, რაც ადრე სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამ ფილმების რეჟისორიც და პროდიუსერიც მე ვიყავი, ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდით.

ამან საშუალება მომცა, ფილმები ევროპაში გამეტანა და ფესტიველებზე მონაწილეობა მიმეღო, იმის მიუხედავად, რომ დღეს ცოცხალი არავის ვგონივარ.

პარიზში ცხოვრების დაწყება სულაც არ არის ძნელი. უბრალოდ, იმაზე უნდა იფიქრო, თუ რისი გაკეთება შეგიძლია. ვიღაცას ცხელი შოკოლადის კეთება შეუძლია, ვიღაცას ლექციის წაკითხვა ეხერხება.… აქ ყველა პროფესია დაფასებულია, სჭირდებათ და გზა ყველგან ხსნილია. თუ ღრმად გწამს და გინდა ამ საქმის კეთება, შეძლებ. თავისუფლება გაძლევს ამის საშუალებას“.

0x01 graphic

„ახლა აქ ვარ. პარიზს ჩემი შექება არ სჭირდება. ჩემი თვალით დანახული პარიზი საოცრებაა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ამოხსნი, ისევე, როგორც ცხოვრებას. ჩვენ ერთ გარკვეულ განზომილებაში ვართ, სხვა განზომილება ჩვენთვის დაკეტილია. ერთეულებისთვის შეიძლება მეორე და მესამე განზომილება გახსნილი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მათთვისაც დიდი საიდუმლოება იწყება, როდესაც იმ დონეს მიაღწევენ, რომლის მიღმა გაღწევის უნარიც აღარ შესწევთ. ხანდახან მიკვირს, როგორ იტევს ეს ქალაქი ამდენს. თბილისი ძალიან ეშხიანი, მომხიბვლელი ქალაქია, მაგრამ დღეს იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩანაფიქრს ვერ განახორციელებ. მგონი, უბრალოდ, ასეთი პერიოდია.

ჯერ გასარკვევია ვინ ვართ: ევროპელები, აზიელები? სუფრებზე ყოველთვის ზურნა-დუდუკი იყო, აღმოსავლური რიტმების ფონზე მიდიოდა ქეიფი. იქ რეგტაიმს და ჯაზსს არავინ უკრავდა. ქვეცნობიერში აღმოსავლური და აზიური ჭარბობს. გონებით, მაინც ევროპისკენ მივილტვით.

რთული რეგიონია: არც იქით ხარ, არც აქეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის რთული იქნება იმის მიღწევა, რაც აქ უკვე მიღწეულია. იმედი მაინც მაქვს, რომ დიდი სიკეთე უნდა დატრიალდეს, თუ სიძულვილი არ გადაწონის. სამყაროში უარყოფითიც არის და დადებითიც. მთავარია, შენ რომელს აგროვებ და რომელს გადასცემ.

ერთი რამ აღმოვაჩინე - საქართველო აქედან უფრო მიყვარს და გადავწყიტე, აქ ვიყო და უფრო მიყვარდეს“.

„რაც შეეხება აქაურ ქალებს... აქაური ქალი ისე იცვამს, რომ სურვილი აქვს თავისი ყველაზე მიმზიდველი მხარე წარმოაჩინოს, და ეს ლამაზია. ამის უკან ხედავ ადამიანს, რომელიც გიზიდავს თავისი სურვილით, რომ დადებითი მხარე დაგანახოს. სიამოვნებას განიჭებს სრულიად უცხო ადამიანი. რაღა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაეკიდო: ერთი დღით ვარ ჩამოსული და უარი არ მითხრა.

აქ მარტო ქალაქი კი არა, ხალხიც ლამაზია. ლამაზია, როგორ იღიმის, როგორ ლაპარაკობს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქალები აკონტროლებენ თავიანთ თავს, მაგრამ ისე ბუნებრივად, რომ ვერც იგრძნობ. თავი ისე უჭირავთ, რომ ამაში სიყალბეს ვერ შეამჩნევ. ეს ბუნებიდან გამომდინარეა, ამის სწავლა შეუძლებელია. პარიზში ასეთები იბადებიან.

ჩვენთან ეს სულ სხვანაირად არის. ისტორიულად, ქალი დამალული, შენიღბული იყო. როცა თავისუფლების ხანა დადგა და ქალმა თავისი თქვა, აღმოჩნდა, რომ თურმე მას შეუძლია მუშაობა. მამაკაცები კი ქაოსში აღმოჩნდნენ: 70 წლიანი უზრუნველი ცხოვრება უკვალოდ გაქრა. დაჯდა და დაიწყო სმა. ეს კი აბსოლუტურად სხვა სამყაროა“.

გავიდა დრო. მიშა კობახიძე ისევ დაუბრუნდა კინოს.

„ჩემგან ახალ ფილმს ელოდნენ და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ საფრანგეთიდან ისევ ძველი ფილმებით ჩამოვიდოდი და მათ ჩევნებას გავბედავდი: ხუთი მოკლემეტრაჟიანი, აქედან ორი ინსტიტუტში გადაღებული და ერთი პატარა, რომელიც საფრანგეთში გადავიღე. ეს არის და ეს, რაც შევქმენი და წარმოვადგინე, როგორც ერთი ფილმი. იმიტომ გავაერთიანე, რომ მეჩვენებინა გზა, რომელიც გავიარე. ბოლო ფილმი „გზა“, რომელიც ჩემთვის ექსპერიმენტია, სიზმრის ფორმა აქვს. ეს არ არის ჩვენი რეალობა, ხოლო განცდა, რომელიც მას მოაქვს, ჩვენი რეალობისა და სიზმრის დამაკავშირებელია. სიზმარი სხვა რეალობაა, მხოლოდ უნდა შეაღო ის კარი, რომელსაც იქ შეყავხარ. თუ იმ კარის შეღების გეშინია და ამ რეალობას ებღაუჭები, უსუსური ხდები. ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, შევაღოთ კარი, რომელსაც სხვა რეალობაში შევყავართ.

ამჟამად ორი პროექტი მაქვს: ერთი - ხუთი ნოველისაგან შემდგარი სრულმეტრაჟიანი ფილმი; მეორე - სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „როგორც ღრუბელი“, რომელიც უკვე რამდენიმე კონკურსშია გამარჯვებული და ნაწილობრივ დაფინანსებულია კიდეც. თუ ეს მოხერხდა, შეიძლება ამით დავასრულო. მერე წავალ სადმე, სიმშვიდეში, დავჯდები და ვიქნები ჩემთვის“.

„ჩემი ფიზიკური სხეული მაგრძნობინებს, რომ დრო გადის, მაგრამ სული სხვაა. ის არც ახალგაზრდაა და არც მოხუცებული. ასევე ღრმად მწამს, რომ არ შეიძლება ადამიანი ქრებოდეს, არსაიდან მოდიოდეს და არსაით მიდიოდეს. უბრალოდ, ამ რეალობიდან სხვაში გადასვლის დრო დგება. რაც შეეხება მარადიულ ახალგაზრდობას, შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი! ამაში ხელს არავინ გიშლის და არც არავითარი ვარჯიშებია საჭირო“.

იქაც, პარიზში, საუცხოო ამბებს რომ გვითხრობდა კეთილი ჯადოქარივით, მთავარია იმოქმედოო - თქვა ბოლოს და ქურთუკი მოიცვა. წასვლისას მოწყენილი ჩანდა. მხიარულება მხიარულებით ხომ არასოდეს მთავრდება.

მიდის მონმარტრის ქუჩაზე. ქოლგა გაფრენილია, ქორწილი - ჩაშლილი, მაგრამ ის მაინც ბედნიერია, რადგან სულია გაახალგაზრდავებული.

14 პატარა პრინცის ნათესავები

▲ზევით დაბრუნება


მისი მარშრუტი ასეთია: ტულუზა-კასაბლანკა, კასაბლანკა - დაკარი. ხან სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს, ხან - აფრიკაში. არაბი მეგობრები ხომ, საერთოდ, აღმერთებენ. თუმცა რა გასაკვირია?! ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ფრთიანი მანქანით იქ დაფრინავს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქლემების ქარავანებით წყლის საძებნელად კვირებს ატარებს.

სოფელში ჩადის. დიდ სკივრში ინახება ნივთები, რომელთაც შვიდი წლიდან აგროვებს. ჩადის და ამ ნივთებს ამოალაგებს ხოლმე, ძირს აწყობს და წარსულს უბრუნდება.

მას არაფრის ეშინია. ყველა ფრენა წარმატებით მთავრდება, მაგრამ ამბობს: გამარჯვებულები ჩუმად უნდა იყვნენ!

ის მადლობელია უცნობი ქალბატონის, რომელმაც წინა ღამით მისთვის ბახის ნაწარმოები შეასრულა.

ფრენებს შორის იმ წიგნებს წერდა, რომელიც ოკუპირებული საფრანგეთის საზოგადოებას ახალ ძალებს მატებდა.

კიდევ იყო ერთი წიგნი, რომელიც პატარა პრინცის ამბავს მოგვითხრობდა. მკითხველს ყველაზე მეტად ეს წიგნი შეუყვარდა. დღემდე, ბესტსელერების ჩამონათვალში, ის კონკურსგარეშე ლიდერია. სტილისტურად, ბავშვის დაწერილი დღიური გეგონება, - არადა, სავსეა გამოცდილებით.

1944 წლის 31 ივლისს ის თითქოს ჩვეულებრივად აფრინდა. გავიდა დრო. თავიდან ჩათვალეს, რომ მოგვიანებით გამოჩნდებოდა. მაგრამ, როცა ძალიან დააგვიანდა, მთელს მსოფლიოს ამცნეს: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ჰაერში გაუჩინარდა. ის საფრანგეთის გათავისუფლებამდე სამი კვირით ადრე დაიღუპა.

„პატარა პრინცი“! - ასეთ დროს ემოციას ვერ ფარავენ და ამბობენ: ვგიჟდები.

მივხვდი, მხოლოდ ადამიანებს როდი უსრულდებათ ოცნებები. არსებობენ ბედნიერი ჟურნალებიც, რომლის ფურცლებზეც ეგზიუპერის შთამომავალთა ექსკლუზიური ინტერვიუ შეიძლება მოხვდეს, ანდა პარიზში მდებარე ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ცენტრის ფოტორეპორტაჟი წარმოგიდგენთ.

ვის ჰგავს ეს ქალბატონი?

კარი გაიღო და ასაკოვანი ქალბატონის მომღიმარე სახე გამოჩნდა. ეს კლოდ პრიმაკოვი გახლდათ, ეგზიუპერის დის შვილიშვილი. ჩაი მოგვართვა და საყვარელი სიგარეტი - უფილტრო „გალუაზი“ გამოგვიწოდა.

ჩვენ არ ვყოფილვართ პირველი ქართველები, რომელიც ქალბატონმა კლოდმა გაიცნო. მეუღლის დედა, ქართველი ანასტასია მიქელაძე იყო. 80-იან წლებში საქართველოში ნამყოფს, დღემდე ღიმილს ჰგვრის ბედნიერი სახეების გახსენება. რესტორნებში მაგიდებიდან გვიხმობდნენ და გვეპატიჟებოდნენო. „ვეფხისტყაოსანსაც“ საპატიო ადგილი უპოვია მის ბინაში, სადაც კლოდი ახლა მარტო ცხოვრობს. მეუღლე ოთხი წლის წინ გარდაეცვალა. გოგონა პარიზში, სხვა სახლში დაბინავდა. ვაჟი კი ნანტში ცხოვრობს, ქართველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

სეირნობა, მეგობრების წრეში გართობა და ჩოგბურთი უკვე წარსულს ჩაბარდა. მანქანა, რომელიც გადაადგილებაში ეხმარება და წიგნები: ჰემინგუეი, კუნდერა. ჩვენში პოპულარული თანამედროვე ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი როცა ვუხსენე, ჩაეღიმა და თქვა: ძალიან უცნაური მწერალიაო. კეთილგანწყობილი და საინტერესო გარეგნობის ქალბატონი ძალიან მივამსგავსეთ ეგზიუპერის. გაირკვა, რომ პირველები აღმოვჩნდით, ვინც ეს მსგავსება შენიშნა.

„ბავშვობაში დედა არ გვაკითხებდა „პატარა პრინცს“. თვლიდა, რომ ნაადრევი იქნებოდა. ჩემს შვილებს, პირიქით, ადრეულ ასაკში წავაკითხე და ძალიან მოიწონეს.

0x01 graphic

მე არ შევხვედრივარ ანტუანს. ის 1944 წელს გარდაიცვალა და მაშინ პატარა ვიყავი. მისი და, ბებიაჩემი ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ქალბატონი იყო. ის ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. ჩინეთში იმდენ ხანს ცხოვრობდა, რომ ენაც შესანიშნავად ისწავლა და ფიზიკურადაც კი დაემსგავსა ჩინელს.

ათი-თორმეტი წლის ასაკში, ეგზიუპერით მოხიბლული, ინგლისში აღმოვჩნდი. იქ უამრავი წიგნი წავიკითხე ომზე.

როდესაც საფრანგეთში გერმანული არმია შემოვიდა, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ბებიასთან გაგვხიზნეს. მშობლები პარიზში დარჩნენ. საფრანგეთი ორ ნაწილად გაიყო. ერთიდან მეორეში გადავედით. გერმანელები სახლებს იკავებდნენ. ჩვენთანაც შემოვიდნენ, მაგრამ არ ავუწიოკებივართ.

ძალიან ამაღელვებელი გარემო იყო. ბაღებში ტანკები იდგა. სრული ქაოსი... მამა ფანჯარასთან დაგვაყენებდა და გვაფრთხილებდა, რომ გარეთ გასვლა სახიფათო იყო. თუმცა, ამ სანახაობას გვამახსოვრებინებდა, როგორც რეალობას.

ყოველდღე რაღაც ხდებოდა. მამა ცდილობდა, BBC-ზე ნამდვილი ამბები მოესმინა და საქმის კურსში ყოფილიყო.

ინგლისში სამი წელი ვსწავლობდი. შემდეგ სარეკლამო ინდუსტრიაში ვიშოვე სამსახური.

სასიყარულო ისტორიაც ჩვეულებრივად დაიწყო. არანაირი მისტიკა. ჩემს ქმარს შესანიშნავი მშობლები ჰყავდა. თვითონ საფრანგეთში იყო დაბადებული.»

ქალბატონი კლოდი ვერაფერს ხედავს უცნაურს იმაში, რომ ლეგენდარული მწერლის სისხლისმიერი ნათესავია. არანაირი უტრირება. მის ბინაში ერთი ფოტოც კი ვერ ვნახეთ, არამცთუ ნივთი, რაც ეგზიუპერისთან ასოციაციას აღძრავდა.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამ მწერლის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ვუამბობდით, ისიც ვაუწყეთ, რომ საყვარელი წიგნების ჩამონათვალში „პატარა პრინცი“ კვლავინდებურად ლიდერობს. კლოდმა თავმდაბლობა გამოიჩინა, ჩაიღიმა და კითხვა შემომიბრუნა, ეგზიუპერის გარდა, კიდევ რა არის იმ ჩამონათვალშიო?

როგორც ადგილზე გაირკვა, ყველაზე ცოტას სწორედ ბაბუაზე საუბრობს. უყვარს, როცა პარიზის მეხუთე და მეექვსე უბნებს მანქანით უვლის წრეს და სენ ჟერმენზე ფეხით სეირნობს. ზაფხულს ზღვის პირას მდებარე სახლში ატარებს, რომელიც ყოველთვის სავსეა საყვარელი მეგობრებით.

„არ ვარ მოდას აყოლილი, თუმცა სხვაზე ძალინ მომწონს ძვირფასი მორთულობა. ღვინო და მოდა ფრანგისთვის უმთავრესია. პარიზი იცვლება, მაგრამ არაფერი ემუქრება არქიტექტურას და ქალებს. აქ ძალიან ბევრი რამეა, რაც თავს გაყვარებს.“

საუბრის დიდი ნაწილი ინფორმაციების გაცვლას დაეთმო. მას თურმე მიშა კობახიძის შავ-თეთრი ფილმები მოსწონს, უყვარს მუზეუმები და არ დადის ოპერაში. ჩვენ ვუთხარით, რომ ყოფილი ბარნოვის, დღეს უკვე ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, არის ერთი ბაღი, რომელიც ორ პრესტიჟულ უბანს - ვერას და ვაკეს აერთებს და რომელსაც, აგერ უკვე რამდენი ხანია, მრგვალ ბაღს უწოდებენ. მის შუაგულში პატარა პრინცის ქანდაკება დგას, რომლის ირგვლივაც ის ცხოველებია გამოსახული, ასე კარგად რომ გვახსოვს წიგნიდან. მადამ კლოდს ისიც ვაუწყეთ, რომ ჩვენს ქალაქში იყო დრო, როცა დილაობით, მრგვალ ბაღში ჩვენი საყვარელი გმირების ქანდაკებები აღარ გვხდებოდა... მერე ისევ დგამდნენ, მერე ისევ ქრებოდნენ.

კლოდ პრიმაკოვი დინჯად გვისმენდა და საუბრის ბოლოს მაინც დაეტყო, რომ მას ერთადერთი გმირი ჰყავს. ეს გმირი ბაბუა - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი გახლავთ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

პატარა პრინცი ფრანგი არ არის

ჟან-პოლ გოტიეს განწყობაში გადაწყვეტილი პარიზი, ასიმეტრიის კლასიკური გააზრებით, სავსეა ფანტასტიური მისამართებით. მაგრამ იყო გამონაკლისიც, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:

სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული პატარა პრინცის პატარა ქანდაკებები. პატარა პრინცის ჯადოსნური მოსასხამი. ათასნაირი ნივთი მისი გამოსახულებით, და წიგნები - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემული. ეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ცენტრის ოფისი იყო, რომლის ხელმძღვანელიც მწერლის კიდევ ერთი ნათესავი - მეორე დის შვილიშვილი ოლივიე დ' აგი გახლავთ.

და თუ მადამ კლოდ პრიმაკოვთან ერთი ფოტოსურათიც ვერ მოვიძიე და მაინც, მწერლისადმი მისი დამოკიდებულება შესანიშნავად ვიგრძენი, აქ, ამ ოფისში, ეგზუპერის საავტორო უფლებების, P.R.-ის, არქივისა და ზღაპრული გარემოს სივრცეში აღმოვჩნდი.

რამდენიმე თანამშრომელი მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას პერიოდების მიხედვით იკვლევს. ეს ცენტრი კონტაქტებს იმ ქვეყნებთან ამყარებს, სადაც ამ წიგნის თარგმნის სურვილს გამოთქვამენ. ასეთი ქვეყანა კი 120-ზე მეტი აღმოჩნდა.

„გასულ წელს სამხრეთ კორეაში ვიყავი. წიგნების მაღაზიაში შევედი და ვუთხარი, „პატარა პრინცი“ მომეცით-მეთქი. უეცრად გამყიდველი მომიბრუნდა და მკითხა, ჩვენ 47 თარგმანი გვაქვს, თქვენ რომელი გნებავთო. შოკში ჩავვარდი და ყველა შევიძინე. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს უნივერსალური შემთხვევაა. ეს ნაწარმოები ერთნაირად უყვართ ბრაზილიაში, იაპონიაში, არგენტინაში. პატარა პრინცი ფრანგი არ არის.

ტოკიოში ეგზიუპერის მუზეუმია, რომელსაც წელიწადში მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. იაპონელებს ეგზიუპერი გამორჩეულად უყვართ. მოგეხსენებათ, სამურაების ქვეყანაა და ალბათ ანტუანშიც მებრძოლს ხედავენ. მისი ფილოსოფია, მოვლენების მთლიანობაში აღქმითა და სიმსუბუქით, იაპონელებისთვის ახლობელი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, საფრანგეთში ჯერ არ არსებობს მისი მუზეუმი. ეს ჯერჯერობით დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ჩემთვის ეს წიგნი ათი წლის ასაკში გახდა ცნობილი, მოვიხიბლე და სამუდამოდ შევიყვარე.

ბებია 1992 წელს გარდაიცვალა, შესანიშნავი ქალბატონი იყო. ძმაზე საუბარი არ უყვარდა. ოჯახური მოგონება ბევრი არც ჰქონია, ვინაიდან ანტუანმა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო ფრენა და, შესაბამისად, ხშირად ოჯახიდან შორს იყო.

ეგზიუპერი იმ მწერალთაგანია, რომლის ცხოვრებაც ზღაპრული თავგადასავლებით იყო სავსე. მის შესახებ უამრავი სასიყვარულო ისტორია არსებობს, რომლებიც მოგონებების წიგნებშია შესული. მოკლედ, ცხოვრების სენტიმენტალური მხარე. მომხიბვლელი მამაკაცი გახლდათ და პოპულარობითაც სარგებლობდა ქალბატონებში. ისე, ბავშვობიდანვე ქალების გარემოცვაში იზრდებოდა. მამა ადრე გარდაეცვალა, დედა და დები დარჩნენ.

ანტუანის მეუღლე კონსუელო ძალიან ორიგინალური ქალბატონი გახლდათ. ის ხელოვანი იყო და ამიტომაც, მათი ერთობლივი ცხოვრება ხშირად ირეალურობაში გადადიოდა.

უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ „პატარა პრინცი“ 1940-43 წლებში, ამერიკაში დაიწერა და იქვე დაიბეჭდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. საფრანგეთში კი მხოლოდ 1945 წელს გამოვიდა. წელს პირველი გამოცემიდან 60 წელს აღვნიშნავთ.

როცა წიგნისთვის ილუსტრაციები მომზადდა, უამრავი შეცდომა დაუშვეს. საუბარია ილუსტრაციასა და ტექსტს შორის აცდენაზე და ორიგინალთან შედარებით, ფერთა შეუსაბამობაზე. 50 წლის მანძილზე, ადამიანები მცდარ ვერსიას ეცნობოდნენ.

ათი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ორიგინალური ვერსია გამოგვეცა. მაგრამ უცნაური რამ მოხდა: ორიგინალები დაიკარგა.“

ამასობაში ჩემი აზრი გამოვხატე და ვთქვი: დარწმუნებული ვარ, ამერიკაშია.

ოლივიეს ჩაეცინა და თქვა: რა თქმა უნდა, ამერიკაშია. უახლოეს მომავალში ამერიკაში სწორედ ამის გასარკვევად მივდივარო.

„გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ამიტომაც, ორიგინალებს ახალი ილუსტრაციები ჩავუნაცვლეთ, რომელზეც ფრანგი დიზაინერები მუშაობდნენ. თუმცა, კიდევ ერთი საოცრება მოხდა: ახლი ვერსიებიც გაქრა.

მაგრამ მისტიური არამარტო ილუსტრაციების ბედია. „პატარა პრინცში“ უამრავი დამთხვევა და მინიშნებაა.… ორიგინალურ ვერსიაში 44 მზის ჩასვლაა, 44 კი ის წელია, როცა ეგზიუპერი გარდაიცვალა. ეს მოახლოებული სიკვდილის წინასწარმეტყველებაა“.

ჩვენს წინ, მაგიდაზე უნიკალური გამოცემები ეწყო. ზოგიერთს თავად ავტორის ავტოგრაფი ამშვენებდა. 60 წლის წინანდელი პირველი გამოცემები, გახუნებული ყდით.

1943 წლის 7 აპრილი - პირველი გამოცემის თარიღია. იმ დღეს კი 2005 წლის იანვარი იყო და ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ცენტრის ოფისში, ოლივიე დ' აგის თხოვნით, ქართული გამოცემის (მთარგმნელი ჟორჟ ეკიზაშვილი) სათაურის ქვეშ, ლათინური ასოებით ვწერდი: PATARA PRINTSI. ეს, უბრალოდ, ჟღერადობისთვის.

დამშვიდობებისას, ოლივიემ თქვა: საქართველოს გადაეცით, რომ ის ჩვენს გულშიაო. და სწორედ ამიტომ, ამერიკიდან დაბრუნებული, ორიგინალური ილუსტრაციების ბედის შესახებ სწორედ ჩვენ მოგვაწვდის ინფორმაციას. „ცხელი შოკოლადის“ მკითხველი კი იქნება პირველი, ვინც ამ ექსკლუზიურ ასლებს იხილავს.

15 „ემიგრანტი არ ვარ… ისევ ქართულ კინოს ვაკეთებ“

▲ზევით დაბრუნება


ერთ დღესაც, პროპაგანდისტული ფილმებით დაღლილ ქართულ კინოში ახალი თაობა მოვიდა. კინოსტუდიას სათავეში ფილოლოგი, გერმანისტი და მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ კვესელავა ჩაუდგა, რათა ნიკოლოზ შენგელაიას ელისოს შემდეგ, დაღმავლობისკენ წასული პროცესი შეეჩერებინა და ქართული კინოს აღმავლობა დაწყებულიყო. მოსკოვი მიხვდა: ეს უბრალო მოვლენა არ იყო.

ამ თაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს პარიზში ვეწვიეთ და დაგეგმილი სამოცწუთიანი ინტერვიუ მის პარიზულ სახელოსნოში ჩავწერეთ. და მაინც, მასტერკლასი გამოვიდა.

0x01 graphic

მე კინოს გადაღება ამიკრძალეს

„თავიდანვე პარადოქსულ და მეტაფიზიკურ ფილმებს ვიღებდი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებდა. რასაკვირველია, ქართული ხელმძღვანელობა (მხედველობაში მაქვს პარტიული ხელმძღვანელობა) ემორჩილებოდა იმ დიქტატს, რომელიც ცენტრიდან მოდიოდა და გაირკვა, რომ „პასტორალის“ შემდეგ, კინემატოგრაფში ჩემი ადგილი აღარ იყო. ჯერ ერთი, თავის დროზე ყველა ფილმი აიკრძალა, ან ძალიან მცირე ბიუჯეტით გამოდიოდა. ეს არ იყო ანტისაბჭოთა ფილმები, მაგრამ ეს ფილმები ისეთ განწყობას ქმნიდნენ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. რასაკვირველია, „გიორგობისთვეში“ ამ სისტემის ნიშნები იგრძნობოდა, მაგრამ „იყო შაშვი მგალობელი“ და „პასტორალი“ აბსოლუტურად სისტემის გარეთ იდგა. და ვინაიდან მოსკოვი უპირატესობას მსუბუქ ქართულ კომედიებს ანიჭებდა, ამ ფილმებმა ძალიან გააღიზიანა. თქვენ კინოს აღარ გადაიღებთო, ასე მითხრეს.

მაშინ საქართველოს იმდროინდელ ხელმძღვანელს, ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვე, რომ ასეთ ვითარებაში საზღვარგარეთ მუშაობის უფლება მაინც მოეცათ. წავედი და გადავიღე „მთვარის ფავორიტები“. როცა დავბრუნდი, ე.წ. პერესტროიკის ხანა დამხვდა. პერესტოიკის შემოსვლასთან ერთად, პროპაგანდისტულმა კინომ ფუნქცია დაკარგა. ამიტომ კინოდაფინანსება შემცირდა. პრაქტიკულად, ჩვენი კინემატოგრაფის ნგრევაც აქედან დაიწყო. თანდათან, მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის სტუდიები თვითდაფინანსებაზე გადავიდნენ.

ვთვლი, რომ ამ ეტაპზე თბილისში ჩამოსვლა არ ღირს... კინოსტუდია არ არსებობს, ყველაფერი გაყიდულია, კინოთეატრებში კაზინოები და კაფეებია გახსნილი. დავუშვათ, ეს ყველაფერი გაქირავდა, მაგრამ რა გარანტიაა, რომ ეს თანხა კინოს მოხმარდება? როგორც ცნობილია, საქართველოში დღეს ფულის ჯიბეში ჩადება უცხო არაა. გული იმაზე შემტკივა, რომ ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა აღვზარდეთ და მათ უნარს და ნიჭს ვერ ვიყენებთ. დღევანდელი მთავრობა ჯერჯერობით თითსაც არ ანძრევს იმისთვის, რომ სიტუაცია როგორმე მოაგვაროს. არადა, ქართულ კინოს შეუძლია თავის შენახვა. არ ვიცი, ეს ჩვენი კულტურის სამინისტროს ბრალია, არეულობის მიზეზია, თუ… ამ ამღვრეულ წყალში ვიღაც-ვიღაცეები თევზს იჭერენ. არ მაქვს იმის დრო, რომ კინოს გადარჩენისთვის ვიბრძოლო. ამას სხვა პროფესია სჭირდება. მე არც პოლიტიკოსი ვარ. ამიტომ, იძულებული ვარ, ჩემი საქმე ვაკეთო.

ვფიქრობ, ჩემი ფილმები მაინც ქართულია. სრულწლოვან ადამიანს აღარ შეუძლია ფრანგი ან ამერიკელი გახდეს. …ხომ ცნობილია, რომ ყველა მწერალი და ხელოვანი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობდა, - იქნება ეს რახმანინოვი, სტრავინსკი, დოვლატოვი თუ ნაბოკოვი, - საკუთარ ფესვებთან მჭიდრო კავშირს არ კარგავდნენ.

ემიგრანტი არ ვარ. იმედი მაქვს, არც ჩემი კინო არის ის მასალა, რომელიც სხვა კულტურას ეფუძნება. კულტურული ველი საქართველოსა და ევროპას შორის საერთოა. ჩვენ აზროვნებაც ერთი გვაქვს. ეს ბერძნებიდან, საერთო კულტურული აკვნიდან მოდის. ამიტომ, რასაც ვაკეთებ, ევროპელებისთვისაც მისაღები და გასაგებია. ეს ბუდისტური ან მაჰმადიანური კულტურა როდია, არამედ იუდეოქრისტიანულ საფუძველზე აგებული ხილვაა ამ ქვეყნისა და ამ წუთისოფლისა.

მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ უახლოეს ხანში, საქართველოში რამე შეიცვალოს. ამიტომ ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ ჩავიდე თბილისში და იმ მწირი ფინანსური შესაძლებლობებით, რაც საქართველოს გააჩნია, ვისარგებლო მე და არა იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ცდილობენ რაღაც შექმნან.“

ჩემი ხმა კინოში

„ჩემს ფილმებში ხმის გამოყენება ორ მიზანს ემსახურება. თითოეულ მონაკვეთში, ვცდილობ, გარკვეული აზრი ჩავაქსოვო, მაგრამ მეტაფორის დონეზე არაფერი არ უნდა დარჩეს. კინოს საშუალებები ძალიან შეზღუდულია, ამიტომ, იძულებული ვარ, გამოსახულების და ტექსტის თანხლებით, ის ხმები გამოვიყენო, რომლებიც ამა თუ იმ აზრს გაამძაფრებენ და გაამდიდრებენ. ამიტომ, მაგალითად, ბილიარდის ბურთების კაკუნი კონკრეტული ადამიანის, სახელდობრ, ქარხნის დამარცხებული დირექტორის სულიერ განწყობას გამოხატავს.

ხმის და, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართ, საოცრად სათუთი დამოკიდებულება მაქვს. ვცდილობ, მუსიკა გამოსახულების თანხლებად არასდროს ვაქციო. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსახულება არ არის მეტყველი და მუსიკას მოითხოვს. ხმას კონკრეტული წყარო უნდა ჰქონდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცამ ფანჯარასთან ჩაიარა, იღიღინა. თუ რაღაც მუსიკა ისმის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყოფითი სიტუაციიდან გამომდინარე ჟღერს (ვთქვათ, მეზობლის ფანჯრიდან).

ამავე დროს, ხმის საშუალებით შესაძლებელია კადრის ჩარჩოების გაფართოებაც. თუ გამოსახულება გაფართოებას მოითხოვს, ამას ეძლევა ხმა, რომელიც გარედან შემოდის; ვთქვათ, ბავშვების ჟივილ-ხივილი, ან შორეული მუსიკა, ან მოძრაობის ხმები, ან თვითმფრინავის გადაფრენის ხმა. კადრის გაფართოების ამ ხერხს ხშირად მივმართავდი „პასტორალში“.

ხმას მესამე ფუნქციაც აქვს. ხანდახან ამა თუ იმ კადრს რაღაც ბგერების ან ბგერათა წყობის საშუალებით ვიმახსოვრებთ. მოგვიანებით, სხვაგან იგივე ბგერები რომ გავიმეორო, წინამავალი კადრის ასოციაცია გაჩნდება. ასე იქმნება ბგერათა წყობა. ამიტომ, ბევრი ჩემი წინამორბედის მსგავსად, ვცდილობ, ნაკლები მნიშვნელობა მივანიჭო სიტყვას და დიალოგს. საერთოდ, ვფიქრობ, ეს კინემატოგრაფის ტრადიციული მეთოდია, რომელსაც მეც ვიზიარებ».

ლიტერატურა... თარგმანები…

„სტუმარ-მასპინძელი“, „ბაკულას ღორები“, „ვეფხისტყაოსანი“,- ყველაფერი მოგონილია, მაგრამ ეს ადამიანთა შორის ხიდის გადების, წუთისოფელზე შეხედულების გაზიარების გზაა და ალბათ, ამითაა საინტერესო.

დოკუმენტური კინო ნაძალადევი მასალის შეკოწიწებაა, რომელიც ავტორის ნებას, მის შეხედულებას და მოვლენების მისეულ აღქმას ეფუძნება, მაგრამ ეს არ არის დოკუმენტი. ძველ საბჭოთა დოკუმენტურ ფილმებშიც ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული, მაგრამ სინამდვილეს ჰგავდა. ძიგა ვერტოვის ფილმები თავიდან ბოლომდე შეთხზული ფილმებია, თუმცა ნატურა და საგანი, რომელსაც ის იღებდა, თითქოს ნამდვილია.

ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ თუ „გლახის ნაამბობი“ ჯგუფური პროტესტია, იმ დროის და საზოგადოების შეხედულებაა უბედურებაზე, რამაც საქართველო შეიპყრო. გოგოლის „მკვდარი სულები“ კი რუსულ საზოგადოების სენის მიმართ გამოხატული ჯგუფური პროტესტია.

უპირატესობას ანტიკური ხანის ავტორებს ვანიჭებ. და მაინც, ორი საყვარელი ავტორი მყავს: ვაჟა და დავით კლდიაშვილი. მომწონს ჩემი მეგობარი ერლომ ახვლედიანი.

რაც შეეხება თარგმანებს, ამ მხრივ ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა. ქართულ ენაზე ლიტერატურა არ ითარგმნება. არც იმ დონის მთარგმნელები გვყავს, როგორიც საფრანგეთში ან რუსეთშია. სამწუხაროდ, ის გზა გადავჭერით, რომლითაც მსოფლიო ლიტერატურას ვეცნობოდით. ამ შემთხვევაში, რუსულ ენას ვგულისხმობ. ვფიქრობ, მომავალი თაობის სულიერი აღზრდისთვის ეს ძალიან სახიფათოა.

რასაკვირველია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დიდხანს ვცხოვრობდით, მაგრამ რუსული ენა შესანიშნავი და უმდიდრესია. 19-ე საუკუნის მეორ ნახევარში თერგდალეულები ხომ ზუსტად იმ თარგმანების საშუალებით ეზიარებოდნენ მსოფლიო კულტურას, რაც რუსულ ენაზე არსებობდა. თარგმანი იყო ის ხიდი, რომელიც ადამიანს მსოფლიო ლიტერატურასთან აკავშირებდა. რა დაგვემართება მოკლე ხანში, არავინ იცის“.

0x01 graphic

ქალაქები კარგავენ ადამიანურ სახეს

„დროთა განმავლობაში, ყველა ქალაქი იცვლება. მახსოვს, თუ როგორი იყო წინათ ჩემი ქალაქი. ისიც ვიცი, როგორი უნდა ყოფილიყო ის ქალაქი, სადაც ახლა ვარ. თბილისი ისე შეიცვალა და დამახინჯდა, არ შეიძლება ადამიანს სევდა არ მოერიოს. რასაკვირველია, ამაში დიდი წვლილი აფხაზეთის ტრაგედიას და ლტოლვილების ჩამოსვლას მიუძღვის. ასეა პარიზშიც. დღევანდელ პარიზში ქვები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ ცხოვრობენ. ძველი მონმარტრი შეიცვალა. სულ დაცარიელდა მონპარნასი. იქ, სადაც ერთ დროს მხატვრები ცხოვრობდნენ, დღეს ბურჟუაზიული კუთხეა. მონპარნასზე იყო კაფე „როტონდა“... მე კიდევ შევესწარი ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც იქ დადიოდნენ, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან. ელისეს მინდვრები დღეს უკვე სხვაა. ქუჩებს რომ აუყვეთ, ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ, თუმცა ყველა ბუტიკი და მაღაზია დღეს იაპონელების ხელშია. მაგალითად, ებრაელების უბანი ჩინელებმა დაიპყრეს. პარიზის ჩრდილოეთი არაბებითა და აფრიკიდან ჩამოსული მოსახლეობითაა სავსე. ქალაქი კარგავს თავის სახეს და ქვები რჩებიან“.

მამაკაცები და ქალბატონები

„ბოლშევიკების პეროიდში, მამაკაცისთვის ღირსების შენარჩუნება ძალიან ძნელი იყო. მამაკაცების უმრავლესობამ იმ პერიოდში თავიანთი პოზიციები დათმო. ამიტომ, თუ რამდენიმე მეგობარი მყავს, ეს უკვე დიდი სიმდიდრეა. დიდ პატივს ვცემ ზურაბ ნიჟარაძეს, დიმა ერისთავს, ერლომ ახვლედიანს, სულ რამდენიმე ადამიანს და კოლეგას. ქალბატონები გადარჩნენ. საქართველოში ტრადიცია არსებობს: ქალბატონი საკუთარ თავზე ისეთ ტვირთს იღებს, რომ დიდი პატივისცემის ღირსია. ჩემი მეგობრები ის ქალბატონები არიან, რომლებთანაც ყოველთვის ადვილად შემეძლო ამოსუნთქვა და საუბარი. ამავე დროს, ქალებს ერთი თვისება აქვთ: ზუსტად იციან, ვინ არის მხარდაჭერის ღირსი. ამიტომაც, ჩემი მეგობრების უმრავლესობა ქალბატონებია.

სამწუხაროდ, პარიზში მამაკაცებს ყოველთვის კარიერაზე ზრუნვა უხდებოდათ. ამიტომ ძალიან ბევრმა აქაც დათმო პოზიცია. ღირსეული მამაკაცის პოვნა აქაც ძალიან ძნელია. მათზე არ ვსაუბრობ, ვინც მთავრობაშია. მათ მდაბალი ინტერესები ამოძრავებთ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. კომერსანტები კი, პატივისცემას საერთოდ არ იმსახურებენ. ისინი მეთევზეებს ჰგვანან, რომლებიც ბრიყვი თევზების დაჭერას ესწრაფვიან.

ჩვენ და ფრანგებს ერთი წარსული არ გვაქვს. ჩემი წარსული მათ არ იციან, მათი შეიძლება არც მე ვიცი. ალბათ, ამის გამო, ჩვენს შორის დიალოგი ძნელად იმართება. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად ჩავდივარ თბილისში, რომ ეს დანაკლისი შევივსო.“

ერთი დღე

„შვიდიდან პირველ საათამდე ვმუშაობ. საღამოს ცოტას ვმუშაობ, მერე ვეცნობი, თუ რა ხდება მსოფლიოში, მერე ისევ იგივე. მუშაობის სხვადასხვა ეტაპი არსებობს. მდიდარი დღე არ მაქვს“.

თქვენ ჩვენთან გელოდებიან

„მოსკოვში არის ასეთი დაწესებულება: სახელმწიფო კინოინსტიტუტი. ომის შემდეგ იქ ეიზენშტეინი, პუდოვკინი, დოვჟენკო, რომი ასწავლიდნენ. მათთვის ეს ერთგვარი თავშესაფარი იყო, ვინაიდან საბჭოთა კინემატოგრაფი იმ დროს ცენზურის ზეწოლას და მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა. სულ რვა ფილმს აკეთებდნენ წელიწადში. ეს რვა ფილმიც პოლიტბიუროს ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ამიტომაც, იმ თაობამ, რომელიც ამ სკოლას ამთავრებდა, თეორიულად ყველაფერი იცოდა, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ახორციელებდა.

ვფიქრობ, საქართველოში მასტერკლასის ჩატარებას მათთვის, ვინც პრაქტიკულ საქმიანობას არ ეწევა, აზრი არ აქვს. მასტერ კლასი მაშინ არის საინტერესო, როდესაც პრაქტიკიდან გამომდინარე, კონკრეტული კითხვები გიჩნდება და ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებ. კინო არ არის თეორიული მოვლენა. ის მაინც ძალიან კონკრეტული და გამოცდილებიდან მომდინარე ცოდნის რეალიზებაა.

არიან თეორეტიკოსები, რომლებსაც საქართველოში არ აქვთ მასალა, რის შესახებაც დაწერენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში კინემატოგრაფი აღარ არსებობს. ხელმძღვანელობა ამაზე არ ზრუნავს. არადა, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ მსოფლიოს ჩვენი არსებობა ვამცნოთ. ოთარ ჭილაძის გადათარგმნა და იმ ბაზარზე გატანა, სადაც უამრავი ნაწარმოებია, ვერ ითამაშებს იმ როლს, რასაც სხარტი საშუალება - კინემატოგრაფი შეძლებს.“

საუბრის ბოლოს, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მაგიდაზე გაშლილი კადრირების შესახებ ვიკითხე:

- რა არის ეს, ბატონო ოთარ?

- ეს ახალი ფილმის პროექტია. სიუჟეტი - ისევ იგივე,… რასაც ვაკეთებ ხოლმე.

სამოცდამეერთე წუთი იწყებოდა. რეჟისორი ჩქარობდა. ამიტომ ვეღარ მოვასწარი ჩავძიებოდი, - „რასაც ვაკეთებ ხოლმე“-ში „იყო შაშვი მგალობელი“ იგულისხმებოდა, თუ „ბანდიტები. თავი მეშვიდე“?!

0x01 graphic

16 ჯერ ფოტო

▲ზევით დაბრუნება


ნოველა
ნესტან კვინიკაძე
2004

სტეფანწმინდას კინოეფექტივით ედება ხოლმე ნისლი. არაფერი ჩანს. წინ გაშვერილი ხელიც კი ბუნდოვანია. ასეთ დროს, მხოლოდ წარსულია ხილული. უფრო სწორად, ფიქრი წარსულზე, - ვერაფერს ცვლი და, უბრალოდ, უფრთხილდები - ტკივილით დაწყებულს, ვიდრე სიცილამდე.

უგზოობის თუ ბედისწერის წყალობით, აქაურობას შემოვრჩით. ერთობ ალტერნატიულად გამოვიყურები - სოფლის გამგებლისაგან ნათხოვარი ჩექმებით, ჩოფიკაშვილების საგვარეულო ნაბადით და ამსტერდამში ნაყიდი ნაქსოვი ქუდით.

სასტუმროს ნომრიდან მყინვარის ცქერაში, რატომღაც, უცხოეთში სასწავლებლად წასვლა გამახსენდა. მაშინ არავის გავუფრთხილებივარ, რომ იმ ქალაქში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარება იგივეა, რაც უცხოელისთვის ჩვენი ვაზის მოვლაში დაოსტატება.

მაინც შემოვრჩი იქაურობას.

ასაკოვანი ქალბატონები ძვირფასი ქურქებით და მოვლილი, სასაცილოდ შემოსილი ძაღლებით, მშვიდად მიმოდიან ცენტრალურ ქუჩაზე. გადანათებულ მაღაზიებში მხოლოდ ტურისტები ხმაურობენ.

როცა ამ ქალაქში ყოფნის მეოცე დღეს დევიდ ბოუის კონცერტის აფიშა შევნიშე, გაოცებული დავრჩი. ვინ წავა ამ კონცერტზე, - ვფიქრობდი ჩემთვის, - ეს გადაღრძუებულები?

არანაირი უცნაურობა. აქ, უბრალოდ, შობადობის უდაბლესი მაჩვენებელია და, შესაბამისად, მოხუცი უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე ახალგაზრდა.

პირველად აქ ვნახე მაღაზია, დიდი წითელი ასოებით - LEICA. ჩემი ფოტოგრაფი მეგობრებისგან ამის მეტი რა მსმენია. LEICA-ს ფოტოაპარატი ფოტოგრაფის ბიოგრაფიაში თურმე ბოლო საფეხურია. „მაგნუმელებს“ სულ LEICA-ები აქვთო, მითხრეს ერთხელ. ვკითხე, „მაგნუმელები“ ვინღა არიანმეთქი. ყველაზე მაგარი ფოტოგრაფებიო, რომლებიც ექსტრემალურ პირობებში მუშაობენ. მათ თვალწინ ვინმე რომ კვდებოდეს, ჯერ ფოტო უნდა გადაუღონ და მერე მიეშველონ, შეიძლება გვიანიც იყოს, მაგრამ ჯერ - ფოტო!

მაგრები ყოფილან ეგ შენი „მაგნუმელები“-მეთქი, ვერ დავფარე წყენა.

ობობის ქსელივით დაგეგმარებული ქალაქის მე-16 რაიონში დავბინავდი. მეზობლად ინტელექტუალი მორფინისტები ცხოვრობდნენ. ვერაფრით ვერ გაუშინაურდნენ ამ სიტყვას. ხუმრობით „ლოტოგაფებს“ ვეძახდი, ეცინებოდათ. სინამდვილეში, სულ ფეხებზე მეკიდა მათი არჩევანი. როცა მომინდებოდა, მაშინ მაწევინებდნენ, ავსტრიული ბომონდის ცხოვრებაზე მიამბობდნენ და ქალაქში ორიენტირებაში მეხმარებოდნენ. რა მინდოდა სხვა?! სამ თვეში ფულს დავხარჯავდი და დავბრუნდებოდი უკან, სამშობლოში, რადგან ჩემი სწავლა-განათლების ამბავი იმთავითვე გადაწყდა, - ინსტიტუტის შორიახლოსაც არ გამაკარეს. მუშაობის დაწყებაც გამორიცხული იყო, მითუმეტეს, ჩემი ფიზიკური და სქესობრივი მონაცემებით. ნამდვილად არ მიღირდა ვენური სასახლეების სარესტავრაციოდ გამზადებულ ხარაჩოებზე დგომა, სადაც მთელი დღის მანძილზე, ყინვასა და მტვერში გიწევს მუშაობა და ეს ყველაფერი დღიურ ფულად ძლივს გყოფნის. ამიტომ გამოცდილების დაგროვება გადავწყვიტე.

დილით ჩაი და ვენურ კაფეებში გაზეთების კითხვა, შუადღეზე - „შნიცელი“, მუზეუმები, საღამოს - „შივას ცრემლები“, ღამით - ტრფობის სარეცელი, ბოლოს კი - Какие-то светские сны.

რაღა თქმა უნდა, იმ ასაკში, უცხო ენაზე სიყვარულის ახსნის მოსმენა მეათასე ხარისხოვანი იყო (ნეტავი რომელ ასაკშია აქტუალური?). მე მაინც ჩვენიანი მოვძებნე, - სიმპათიური, შავგვრემანი.

ერთად ვცხოვრობდით და, ფაქტობრივად, საწოლიდან არ ვდგებოდით. შემდეგ კი, ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად, თვალს ერთ დეტალს გავუშტერებდი, თმას საჩვენებელი თითით ნერვიულად ვიხვევდი და ვფიქრობდი: ნუთუ ეს ჩემს თავს ხდება? არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემი ყურის შორიახლოს გაისმებოდა გახშირებული სუნთქვა. ყოველ შემთხვევაში, სხვის ქალაქში ცოდვების მონანიებაზე ძილის წინაც არ მიფიქრია.

ჰომოსექსუალები და ლესბოსელები პირველად იქ ვნახე და მხოლოდ წელს მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება მათ გვერდით მიცხოვრია.

მოკლედ, სულ რაღაც თვენახევარში, შევიცვალე. ახლა უკვე მინდოდა, რომ ჩვენი გამჟღავნებული ალერსი სხვებსაც ენახათ. ამიტომ მეტროში, დისკოთეკაზე თუ წვიმაში - ყველგან სიყვარულის დემონსტრირებას ვახდენდით. თუმცა, ეს მე მეგონა ასე. სინამდვილეში არც არავინ გვამჩნევდა. იქაურებს მხოლოდ ერთმანეთის ქურქებზე რჩებათ თვალი. ეს არის და ეს.

გულწრფელად რომ ვთქვა, ვენური ვოიაჟიდან კონკრეტული ისტორია არც მახსენდება, ხშირად არაფხიზელი, გაბრუებული, ან ავადმყოფობით ძალაგამოცლილი ვიყავი. მახსოვს, განშორება იყო რთული. ახლა რომ ვფიქრობ, მაინც პატარა ვიყავი. ცრემლები და ბილეთის დახევის მცდელობა.

დაბრუნებულს ვერავინ მცნობდა. საგრძნობლად გამხდარი ვიყავი და თვალებში სიამოვნების განცდით გამოწვეული რაღაც უცნაური ნაპერწკლები მქონდა.

თავიდან მენატრებოდა ჩემი ლტოლვილის სტატუსის მქონე მიჯნური, რომელმაც ყველაფერი მანახა. მაგრამ ძალიან მალე, არამარტო „ის“, არამედ მთელი ავსტრიაც კი დავიწყებას მიეცა. ჩვენს ქალაქს ერთი თვისება აქვს: თუ გინდა იამაიკიდან დაბრუნდი, როგორც კი გმირთა მოედანს შემოუვლი წრეს, მაშინვე ყველაფერი გავიწყდება.

ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. კიდევ კარგი, გამოცდილი მაინც დავბრუნდი, - ვფიქრობდი ჩემთვის. ჰოდა, შემდგომი ცხოვრების განმსაზღვრელი ჩემივე გამოცდილება გახდა.

მოკლედ, სამახსოვოდ უამრავი წიგნი, ნახატი და ათასგვარი სისულელე დამრჩა. რაც დრო გავა, ისინი უფრო ღირებული გახდება. ერთადერთი მეგობარი ბიჭი, რომელთანაც წმინდად მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებ, სტეფანწმინდის სასტუმრო ოთახში ახლა ჩემს გვერდით ზის. თოვლის გადნობას ველოდებით, რომ გზა გაიხსნას და შინ დავბრუნდეთ.

მეგობარიც, ჩემს მსგავსად, ზის და წარსულს იგონებს. სრულიად განსხვავებულს, მაგრამ მაინც წარსულს.

გუშინ ღამით კი მყინვარის ფონზე სექსი გვქონდა, ოღონდ ერთმანეთის ტუჩებს არ შევხებივართ. - ყველაზე მაგარი მკერდი გაქვს, - მითხრა მან.

ისევ იგივე!!! მე ვბრაზდები, გამგებლის ახლა უკვე ნაჩუქარ ჩექმებს ვიცვამ, ჩოფიკაშვილების საგვარეულო ნაბადს ვისხამ და გარეთ გავდივარ, რომ თოვლში გავიარო. ნისლია. მცივა. ამსტერდამში ნაყიდ ქუდს თვალებამდე ვიფხატავ, უფრო იმიტომ, რომ ვერავინ შემამჩნიოს და აღარავის მოვეწონო.

ყველა კაცი „მაგნუმელია“! ჯერ ფოტო! ჯერ ფოტო!

17 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


რაღაც ჭკვიანურად მინდა, დავიწყო. იმას ვეძებ, რაც წიგნებზე ოდესმე, ვინმეს უთქვამს. პირველივე ციტატას ისეთს ვპოულობ, ზუსტად ახლა რომ გამოგვადგება - მეც და თქვენც - ამ ტექსტს ვინც კითხულობთ. აი, ისიც: „როცა კი ცოტაოდენი ფული ჩამივარდება ხელში, წიგნებს ვყიდულობ; და თუ რამე მრჩება - მერე საკვებსა და ტანსაცმელს“ - ერაზმუს როტერდამელი.

ეს სიტყვები სადღაც 1466-დან 1536 წლების პერიოდშია ნათქვამი, ანუ იმ ხანაში, როცა სახელგანთქმული მწერალი და ფილოსოფოსი, ზემოთ ხსენებული ერაზმუსი მოღვაწეობდა.

ამ სიტყვებისგან სულ ცოტა 470 წელი გვაშორებს და ვიცი, ბევრს ჰგონია, რომ წიგნებისადმი ასეთი თავგანწირული დამოკიდებულება საუკუნეების ბრუნვაში აორთქლდა. მსგავს თავგანწირვას ახალი ათასწლეულის ადამიანს ვერ მოთხოვ, მით უმეტეს ქართველს, რომელსაც დიდი ხანი არ არის, რაც წიგნის მაღაზიების კულტურა აღუდგინეს, ანდა უფრო პრიმიტიულად: წიგნები დაუბეჭდეს და ჩამოუტანეს.

მაგრამ ჩვენს ქალაქში ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ჯერ წიგნისკენ მიუწევთ გული, და მერე, თუ ფული დარჩათ - თეთრ პურზე მოსდით ნერწყვი. უბრალოდ, ისინი შეუმჩნევლად არსებობდნენ მაშინ, როცა სხვებს მწვადი ერჩივნათ ლიტერატურას, წიგნის მაღაზიას კი - ფენოვანი ხაჭაპურის ჯიხური. და უფრო წელგამართულნი დადიან ახლა, როცა მსგავსი ალტერნატივა, მადლობა ღმერთს, აღარ არსებობს.

ასეთი ადამიანები წიგნს, შეიძლება, ისეთი ინტენსივობით ვერ ყიდულობენ, როგორც სურთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ წიგნის მაღაზიებში შენობით იცნობენ, ღიმილითა და თავის ქნევით ესალმებიან, და კითხვის დაუსმელად მიუთითებენ ახლადმიღებული გამოცემების შესახებ.

ვინ, ვინ და მაღაზიის კონსულტანტებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ეს ადამიანები, როგორც წესი, თხელი აღნაგობისანი არიან, ნერვული მოძრაობით, ანთებული თვალებით, მაგრამ მცირე ფიზიკური წონის მიუხედავად, მაინც გმირულად ითვისებენ ხოლმე მათზე გაცილებით სქელტანიან ტომებს და პარალელურად ოცნებასაც ასწრებენ: „როცა კი ცოტაოდენი ფული ჩამივარდება ხელში, წიგნს ვიყიდი; და მხოლოდ მერე, თუ რამე დამრჩა...“

სწორედ ასეთებისთვის და მათთან მიმსგავსებულთათვის ეხლა ერთ სამადლო საქმეს ჩავიდენ: შევალ მაღაზიაში, ჯერ შორიდან შევათვალიერებ თაროებს, პანორამულ ხედს შევიქმნი, თვალს შევაჩვევ ყდების ზღვას - იდუმალებას სხვადასხვაგვარი გრადაციით რომ განმაცდევინებენ. მერე მივუახლოვდები. გაუაზრებლად გადავატარებ მზერას სათაურებსა და გვარებს. დავწყნარდები, დავიმახსოვრებ თითოეულ ფერს, ილუსტრაციას, სახელწოდებას და ავტორს. თუ საჭირო გახდა, კიბესაც მოვიმარჯვებ, ავძვრები ზედა თაროზე და შევაღწევ ორ რიგად განლაგებული წიგნების სიღრმეში. თან თვალები გამადიდებელი შუშით მექნება შეიარაღებული, არც ერთი ახალი გამოცემა რომ არ გამომრჩეს.

წიგნებს გადავხედავ განურჩევლად მათი ფერისა, სქესისა, ეროვნულობისა და რელიგიური აღმსარებლობისა, ყურადღებას მივაქცევ მხოლოდ სიახლეს - „ისინი მაქსიმუმ“ დეკემბერში უნდა იყვნენ გამოცემულნი.

კიდევ ერთი: არ დავიცავ არანაირ ლოგიკურ, თანმიმდევრულ წყობას და ახალი გამოცემების შესახებ ქაოტურად გიამბობთ - მრავალფეროვნებისთვის. მერე კი იმ სათაურებსაც გაგაცნობთ, რომელთა გამოჩენასაც იანვარი-თებერვლის პერიოდში უნდა დაველოდოთ.

მაშ ასე, ხელში ვიღებ პირველ წიგნს, ვფურცლავ და მცირე ჩაკირკიტებისა და ჩაფიქრების შემდეგ, პაუზას ვარღვევ, თავს მაღლა ვწევ, პირდაპირ თვალებში გიყურებთ და წიგნის თაროდან გიამბობთ შემდეგს:

პაულო კოელიო

0x01 graphic

თერთმეტი წუთი,
ალქიმიკოსი

თარგმანი:
ირინა მჭედლიშვილი
ვლადიმერ კახუჩაშვილი
მზია გელაშვილი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2004 წ.

ამ ორი გამოცემით შეიძლება ითქვას, რომ პაულო კოელიოს მიერ დახატული წრე იკვრება. სახეზეა - პირველი ბესტსელერი „ალქიმიკოსი“, რომელმაც კოელიო მსოფლიო სავაჭრო ნიშნად აქცია და მისი ბოლო წარმატებული რომანი - „თერთმეტი წუთი“. ვინც წაიკითხა, ამბობს, რომ „თერთმეტი წუთი“ კოელიოს დანარჩენი რომანებისგან ძალიან გასხვავდება. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ისე კი, სიტყვები და ფრაზეოლოგია მაინც უცვლელად მეჩვენება: „სული და სხეული - სიყვარულის ალქიმია“. ისევ ალქიმია... სანამ ამ ალქიმიას აღმოაჩენდეს, კოელიოს გმირი, ბრაზილიიდან შვეიცარიაში ბედის საძიებლად ჩასული მარია უამრავ მამაკაცს ხვდება. მაგრამ ვინც მის სულს ეხება, მის ხორცს ვერ აღაგზნებს, ვინც მის ხორცს ესიყვარულება - მის სულს ვერ სწვდება... მაგრამ ასე დიდხანს არ გრძელდება. კლასიკური თუ ჰოლივუდური, თუ, სულაც, კოელიოსებური ზღაპრის პრინციპით, ყველაფერი „ჰეფი-ენდით“ მთავრდება. ათასგვარი დამცირების ატანის, ათასგვარი განსაცდელის გადალახვის შემდეგ, მარია საკუთარ თავსაც იპოვის და ნამდვილ სიყვარულსაც.

0x01 graphic

ბორის ვიანი
პიესები

თარგმანი:
პაატა ჯავახიშვილი

გამომცემლობა დიოგენე 2004 წ.

როცა ინფორმაციული წინასიტყვაობითა და პაატა ჯავახიშვილის შესანიშნავი თარგმანით ვიანის „დღეთა ქაფი“ გამოიცა, მაშინვე წავიკითხე და მივხვდი, რომ ძალიან კარგი და სრულიად განსხვავებული მწერალი აღმოვაჩინე. შესაბამისად, წიგნის თაროზე ბორის ვიანის ახალ თარგმანთან გადაწყდომა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. წიგნში სამი პიესაა შესული: „საყოველთაო გატყავება“, „გენერლების სამხარი“, „იმპერიის მშენებლები ანდა შმურცი“.

აქაა ჩვეული ირონია, სატირაც, სხარტი წინადადებები, უცნაური სიტუაციები და პერსონაჟები (მაგალითად, როგორიც მყრალი გამტყავებელია) და ასევე უუცნაურესი რომანტიკა: „ფანჯრებში მწვანე ხეებს ვხედავდი, მზე ყოველთვის შემოიხედავდა ხოლმე. იმ წლებში თორმეტივე თვე მაისი იყო. იმ მაისებში კი - ოცდათერთმეტივე დღე - კვირა. კვირებს ახალი ცვილისა და ინგლისური კანფეტების სუნი ადიოდა“...

წიგნის შესავალში ნათქვამია, რომ პიესები ძალიან მსუბუქად იკითხება და სცენაზეც ძალიან კარგი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ.

0x01 graphic

მარკ ტვენი

ტომ სოიერის
თავგადასავალი

თარგმანი:
ასმათ ლეკიაშვილი

გამომცემლობა არეტე 2004 წ.

„ტომ!“ - როცა დეიდა პოლი ეძახის ტომს, პასუხი კვლავაც არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს მას, რომ ახალ გამოცემაში ყველაფერი ძველებურად არის. ბავშვები შეიძლება, ვერაფერს მიხვდნენ, მაგრამ მშობლემა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ „ტომ სოიერი“ პირველად ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორედ ახლა ითარგმნა. ის ვერსია კი, რომელიც ჩვენს ბავშვობასთან გაიგივდა, რუსულიდან გახლდათ გადმოქართულებული.

ახალგაზრდა გამომცემლობა „არეტემ“ საქმე შესანიშნავ მთარგმნელს ასმათ ლეკიაშვილს მიანდო და ამ უკანასკნელმაც უფრო სრულყოფილად, უფრო მოქნილად გადმოთარგმნილი შტრიხებით თავიდან დახატა სამყარო, ურომლისოდაც ზოგადად, ბავშვის ბავშვობა წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება. ცნობისთვის: წიგნი გაფორმებულია „ტომ სოიერის“ პირველი ილუსტრატორის თრუ უილიამსის ნახატებით. ანუ, აქ მართლაც ყველაფერი შეძლებისდაგვარად მიახლოებულია დედანს.

დაბოლოს, ეს წიგნი წლევანდელ „საბაზე“ საუკეთესო თარგმანის ნომინაციაზეა წარდგენილი.

0x01 graphic

რუბენ გალიეგო
თეთრით შავზე

თარგმანი:
ნინო ბექიშვილი

გამომცემლობა დიოგენე 2004 წ.

ვფურცლავ წიგნს და გრაფაში - „სამადლობელი“ ვკითხულობ: „მადლობა ევას, ჩვენს პირველ დედას, იმიტომ, რომ ვაშლი შეჭამა. მადლობა ადამს იმიტომ, რომ მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა ევას. შემდეგ იგივე სამადლობელი ეძღვნება ბებიას, დედას და ცოლებსაც; ამ უკანასკნელთ „იმიტომ, რომ იყვნენ“.

მე, პირადად, რაღაცნაირად მეღიმება ისე, სხვისი მახვილგონიერება რომ გსიამოვნებს ხოლმე. ცხადია, კითხვას ვაგრძელებ და მერე უარესად მეღიმება და უარესად მომწონს: „გმირი ვარ. გმირობა ადვილია. თუ ხელ-ფეხი არა გაქვს, ან გმირი ხარ, ან მკვდარი“. რამდენიმე წინადადების მერე კი, საზარელი დეტალით ვიტყობ, რომ ამ გმირს, რომელიც თავშესაფარში მცხოვრები ბავშვია, ხელ-ფეხი მართლაც არ აქვს: „პატარა ბიჭი ვარ. ღამეა. ზამთარი. ტუალეტში მინდა. ძიძას დავუძახებდი, მაგრამ შორს არის... საწოლისკენ ვიწევი, პირაღმა ვბრუნდები და სხეულს ძირს ვისვრი. დაცემა. ტკივილი. თავით ვაღებ კარს და გარეთ გავდივარ“.

რუბენ გალიეგო თავისი უნიკალური ორბუნებოვნებით - სარკასტულისა და კეთილის საოცარი ნაზავით - შარშანდელი „ბუკერის“ ლაურეატს დი.ბი.სი. პიერს მაგონებს. თვითონაც ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ბიოგრაფია აქვს და გმირიც ასეთი ჰყავს - პატარა, მარტოსული, ინვალიდი ბიჭი, რომელიც ჭერში შავ ფონზე ნელა მცოცავ თეთრ ასოებს ხედავს. ამ ასოებით აწყობილი სიტყვებითა და წინადადებებით კი გალიეგო ძალიან ძლიერ მხატვრულ ტექსტს ქმნის (ეს მისი პირველი რომანია). მთელი გულით გირჩევთ წაკითხვას.

0x01 graphic

ზაზა ბურჭულაძე
სახარება ვირისა
გაგა ლომიძის კომენტარებით

გამომცემლობა ლოგოს პრესი 2004 წ.

თავიდანვე შეგახსენებთ, რომ ბურჭულაძის წინა რომანი „მინერალური ჯაზი“ 2003 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი და სალიტერატურო პრემია „საბას“ ნომინანტი გახლდათ. ამჯერად ის სახელმწიფო პრემიაზეა წარდგენილი. „სახარება ვირისა“ ბურჭულაძის ახალი რომანია, რომელშიც წინა ტექსტის ხაზია გაგრძელებული და დახვეწილი ლიტერატურული პროზის კიდევ ერთ ნიმუშს წარმოადგენს. ის, რასაც ლევან ბერძენიშვილი „მინერალური ჯაზის“ შესახებ შენიშნავდა, აქტუალობას არც „სახარება ვირისა“-ს შემთხვევაში კარგავს. ბურჭულაძის ბოლო რომანშიც ისეა, როგორც ბატონი ლევანი „მინერალურ ჯაზზე“ ამბობდა: „ნამდვილი მწერალი თამაშობს: ერთმანეთისთვის მანამდე უცნობ სიტყვებს დაამეგობრებს და ტრივიალური გონებისთვის მოულოდნელ წყვილებს ქმნის... ერთმანეთს შეუხვედრელი სიტყვები ათას წელს იცხოვრებდნენ ცალ-ცალკე და ვირტუალურად შესაძლებელი რომელიმე მსაზღვრელ-საზღვრული არასოდეს არავის მიერ არ წარმოითქმებოდა არც ერთ ენაზე, სწორედ ამ მწერალს რომ არ მოენდომებინა მისი გამოგონება, და არა მხოლოდ გამოგონება, არამედ გასათაურება, ანუ გაუნიკალურება, ანუ გაუკვდავება...“

ვისაც სურს სიტყვებისა და აზრების ამ ერთი შეხედვით ჩახლართულ ლაბირინთში იმოგზაუროს, „სახარება ვირისა“ უნდა იკითხოს. თუ, რა თქმა უნდა, „მინერალური ჯაზის“ ესთეტიკას უკვე იცნობს.

კიდევ ერთი: „სახარება ვირისა“ წლევანდელ „საბაზე“ წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაზეა წარდგენილი.

0x01 graphic

ლაშა ბუღაძე

ბოლო ზარი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2004 წ.

ეს ბუღაძის პირველი რომანია და, ალბათ ამიტომაც, თაროზე ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დევს. სისქე - არა შესაშინებელი. პირიქით, კლასიკური რომანებისგან მას თავისი ფორმატიც განასხვავებს - უფრო 12-ფურცლიან საერთო რვეულს ჰგავს. თუმცა, ეგ არაფერი. ხელი უკვე შეეჩვია ამ თხელი წიგნების ყიდვას, თვალი - ერთი ამოსუნთქვით მათ გადაკითხვას, ტვინი - აღქმას, აღფრთოვანებას და დამახსოვრებას ან პირიქით, დავიწყებას. „ბოლო ზარიც“ ასეთია - ლაკონური და, თუ მისი ავტორის ვინაობას, სტილსა და ძველ ტექსტებს გავითვალისწინებთ, სასაცილოც. მთავარი გმირი ნინჩოა, თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე. ნინჩო ოცდაერთი წლის კრიმინალს ნოდრიკუჩას უყვარს, მაგრამ პრესტიჟული სკოლის, როგორც ჩანს, პრესტიჟული მოსწავლე, თაყვანისმცემლების რიცხვს არ უჩივის, რისი დასტურია ისიც, რომ ნინჩოს თავს თანაკლასელი დემურიც აწონებს.

„რითი ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი - შეიტყობთ ლაშა ბუღაძის პირველი რომანიდან „ბოლო ზარი“. სათაური, ცოტა არ იყოს, გაზეთის რუბრიკის ანონსივით ჟღერს, მაგრამ წიგნში ზუსტად ასეა. თბილისელი თინეიჯერები და ბუღაძის იუმორის თაყვანისმცემლები კი, „ბოლო ზარს“ იმედია, მალე დააგემოვნებენ.

ავტორი: თამარ ბაბუაძე

18 ქოთნის ყვავილები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნათია ახალაშვილი
ფოტო: დავით მესხი

ქოთნის ყვავილების ტრადიციულ სახეობებთან ერთად, გაჩნდა ეგზოტიკური ჯიშებიც, რომელთა სამშობლო შეიძლება ავსტრალია, აფრიკა ან სამხრეთ ამერიკა იყოს.

დროთა განმავლობაში მოდა იცვლება. გაჩნდნენ ახალი პრეტენდენტები, როგორც ორქიდეა ან ბანსაის ტექნიკით გამოყვანილი ჯუჯა ხეები.

თუ ყვავილის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად ნათელი ადგილი უნდა მიუჩინოთ, რამდენად ტენიანი თუ მშრალი ჰავაა შენობაში, რა ტემპერატურაა იქ ზამთარსა თუ ზაფხულში. ზოგ მცენარეს მთელი წელი მაღალი ტემპერატურა და მეტი ტენი სჭირდება. ზოგს - აუცილებლად გრილი ზამთარი. მესამე იმდენად მომთხოვნია, რომ მისთვის წყალი და ნიადაგიც კი განსაკუთრებული დაგჭირდებათ. ისიც გასათვალისწინებელია, საჭიროების შემთხვევაში თუ შეძლებთ მცენარის დამატებით განათებას.

0x01 graphic

ქლოროფიტუმი

სამშობლო - სამხრეთ ამერიკა;

ზომა - ფოთლები აღწევს 20-40 სმ-ს;

ყვავილობა - მთელი წელი, თუ სითბოში ამყოფებთ. ბუჩქის შუა ნაწილიდან ამოდის ტოტი, რომელიც 1 მეტრამდე იზრდება და ყვავილობის შემდეგ, მასზე შვილობილი ჩნდება, საჰაერო ფესვებით;

გამრავლება - შვილობილის გადარგვით ან გადარგული ბუჩქის გაყოფით;

გადარგვა - ყოველ გაზაფხულზე;

ტემპერატურა - თავს კარგად გრძნობს, როგორც გრილ, ისე - თბილ გარემოში. ზამთარში - 12-140;

განათება - სინათლე უყვარს, მაგრამ პირდაპირ მზის სხივებს მოარიდეთ.

მორწყვა - გაზაფხულიდან შემოდგომამდე უხვად მორწყეთ. ცხელ ამინდში დანამეთ. ზამთარში მორწყვა შეამცირეთ და დანამვა შეწყვიტეთ. სიცივეში მეტი ტენი მცენარის ფოთლებზე ყავისფერ ლაქებს აჩენს და ფესვები ლპება.

ჰაერის ტენიანობა - ადვილად იტანს მშრალ ჰაერს. ზაფხულში უმჯობესია გარეთ გაიტანოთ;

ნიადაგი - 2/5 ბაღის მიწა, 1/5 ნეშომპალა, 1/5 ტორფი და 1/5 ქვიშა;

დამატებითი კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე ორ კვირაში ერთხელ, კომპლექსური სასუქით.

0x01 graphic

ფიკუსი

სამშობლო - ტროპიკული აზია;

ზომა - ბუნებაში 10-20 მეტრამდეც აღწევს, საოჯახო პირობებში - მაქსიმუმ 2 მეტრი;

ყვავილობა - საოჯახო პირობებში არ ყვავის;

გამრავლება - შესაძლებელია კალმით; კალამს ვიდრე ჩარგავთ, უმჯობესია რამდენიმე დღე წყალში გააჩეროთ;

ტემპერატურა - ოთახის - 18-230-ის ინტერვალით. ზამთარში ეცადეთ, რომ ტემპერატურა 120-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს;

განათება - უყვარს სინათლე, მაგრამ პირდაპირ მზის სხივებს მოარიდეთ;

მორწყვა - გამოზომილი;

ჰაერის ტენიანობა - ზაფხულში და ზამთარში, ცენტრალური გათბობის პირობებში, აუცილებლად სჭირდება ფოთლების დანამვა;

ნიადაგი - 3/5 ბაღის მიწა, 1/5 ტორფი და 1/5 ქვიშა;

დამატებითი კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე ორ კვირაში ერთხელ, კომპლექსური სასუქით.

0x01 graphic

ჩიტავაშლა

სამშობლო - ევრაზია;

ზომა - 2,5 მეტრამდე აღწევს;

ყვავილობა - მაისის ბოლოს იწყება და 2-3 კვირას გასტანს;

ნაყოფი - პატარა ზომის ვაშლის ფორმის;

გამრავლება - თესლით, ტოტით ან კალმით;

ტემპერატურა - მცირე დროით ყინვასაც უძლებს; ზაფხულში 23-250;

განათება - მზიანი ადგილი, მაგრამ ჩრდილსაც იტანს;

ნიადაგი - ნეშომპალით მდიდარი;

0x01 graphic

ეხმეია

სამშობლო - ბრაზილია. გვხვდება მექსიკიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე;

ზომა - ფოთლებით განისაზღვრება და შეიძლება 70 სანტიმეტრამდე გაიზარდოს. კარგად იზრდება ოთახის პირობებში;

ყვავილობა - ძირითადად ზაფხულში ყვავის;

გამრავლება - შეიძლება შვილი ტოტებით, რომლებიც ყვავილის ძირში ამოდიან. მცენარე ყვავილობის შემდეგ კვდება. სიკვდილის შემდეგ, „შვილ“ ტოტს „დედის“ ნაწილთან ერთად გამოყოფენ და ცალკე ქოთანში რგავენ;

ტემპერატურა - ზაფხულში - 20-250, ზამთარში - არანაკლებ 180;

განათება - ინტენსიური. ეხმეია საჭიროებს მკვეთრ სინათლეს, თუმცა პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. მცენარე თავს ნახევარჩრდილშიც კარგად გრძნობს;

მორწყვა - ზამთარსა თუ ზაფხულში - უხვი;

ჰაერის ტენიანობა - მაღალი. ეხმეიას ყოველ დილას ფოთლების დანამვა სჭირდება;

ნიადაგი - 1/3 ფოთლოვანი მიწა, 1/3 ტორფი და 1/3 ქვიშა. ნიადაგში აუცილებლად ჩაამატეთ ხის ნახშირი და მცენარეების გამხმარი ფესვები.

0x01 graphic

მჟაუნა

სამშობლო - სამხრეთ აფრიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.

ზომა - 15-25 სმ სიმაღლის;

ყვავილობა - ზაფხულში - ვარსკვლავისებური ხუთფურცლიანი თეთრი ან ვარდისფერი ყვავილებით;

გამრავლება - ბუჩქის გაყოფით;

გადარგვა - წელიწადში ერთხელ, აპრილში;

ტემპერატურა - ზამთარში მინიმუმ 2 გრადუსი, ზაფხულში - ეცადეთ 180-ს არ ასცდეს;

განათება - დილაობით პირდაპირი მზის სხივები სასარგებლოა;

მორწყვა - ყოველ 4-5 დღეში (ზრდის პერიოდში). ზამთარში ნუ მორწყავთ, მიწა ქოთანში მშრალი უნდა იყოს;

ჰაერის ტენიანობა - შეეფერება მშრალი ჰაერი, თუ ტემპერატურა 150-ზე მეტი არ არის;

ნიადაგი - ქვიშიანი სუბსტრატი კაქტუსებისათვის;

დამატებითი კვება - ზაფხულში - თვეში ერთხელ სასუქით.

0x01 graphic

ბეგონია

სამშობლო - ინდოეთი, მალაიზია;

ზომა - 20-40 სმ სიმაღლისა და სიგანის. იშვიათად ერთ მეტრამდეც იზრდება;

ყვავილობა - პატარა ზომის თეთრი ან ღია ვარდისფერი ყვავილებით. საჭიროა ყვავილების მოწყვეტა, რათა მცენარე კარგად გაიზარდოს;

გამრავლება - კალმით მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ;

გადარგვა - გაზაფხულის დასაწყისში;

ტემპერატურა - არ უყვარს ძალიან მაღალი ტემპერატურა. მთელი წელი უნდა ეცადოთ 14-220 ცელსიუსით შეუნარჩუნოთ.

განათება - მცენარეს სინათლე უყვარს და მზიან ფანჯარასთან მოათავსეთ;

მორწყვა - ზაფხულში კვირაში 2-ჯერ, ზამთარში - ნიადაგი 2 სმ-ის სიღრმეზე უნდა გამოშრეს. ქოთანს ძირი წყალში არ უნდა ედგას.

ჰაერის ტენიანობა - ზამთარში დაბალი. არასოდეს დანამოთ. მის ფოთლებს წყლის წვეთები არ უყვარს.

ნიადაგი - 1/4 სათბურის მიწა, 1/4 ორგანული სასუქი, 1/4 ტორფი და ძირში 1/4 წვრილი ქვიშა (დრენაჟის გასაუმჯობესებლად);

დამატებითი კვება - 10 ლიტრ წყალში გააზავეთ ერთი შეკვრა თხევადი სასუქი და აპრილიდან შუა აგვისტომდე ამ მკვებავი ნარევით მორწყეთ ხოლმე;

აირი

ეს მცენარე ძალიან უხდება აკვარიუმსა და წყლის კომპოზიციებს.

სამშობლო - ჩრდილო ამერიკა, ევროპა;

ზომა - ოთახში 10-15 სანტიმეტრამდე იზრდება, ბუნებაში კი 1-1,5 მეტრამდეც აღწევს.

ყვავილობა - ძალიან იშვიათად;

გამრავლება - ფესვების გაყოფით ხდება, რის შემდეგაც მალე იზრდება.

ტემპერატურა - გადახურებას ვერ იტანს.

განათება - პირდაპირი მზის სხივებისგან ფოთლების წვერები შავდება და კვდება. სასარგებლოა გრილი ადგილი გაფანტული სინათლით.

მორწყვა - სჭირდება უხვი, ქვესადგამში მუდმივად უნდა ჰქონდეს წყალი

ჰაერის ტენიანობა - დაბალი;

ნიადაგი - 2/5 მდინარის შლამი, 1/5 ტორფი და 2/5 ქვიშა.

დამატებითი კვება - უმჯობესია თავი შეიკავოთ.

0x01 graphic

სამოთხის ჩიტი - სტრელიცია

სამშობლო - სამხრეთ აფრიკა;

ზომა - ქოთანში სიმაღლეში 1,2 მეტრამდე იზრდება;

ყვავილობა - აპრილიდან ნოემბრამდე ეგზოტიკური ჩიტის ფორმის ნარინჯისფერი (15 სმ ზომის) ყვავილებით;

გამრავლება - გაზაფხულზე, ბუჩქის გაყოფით;

გადარგვა - ყოველი წლის გაზაფხულზე;

ტემპერატურა - მცენარის ყვავილობისთვის აუცილებელია, რომ ზამთარში სიმშვიდე შეუნარჩუნოთ. მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილზე, 7-120 ტემპერატურაზე. ზაფხულში ოპტიმალურია 23-250;

განათება - სასარგებლოა პირდაპირი მზის სხივები;

მორწყვა - ზრდის პერიოდში 3 დღეში ერთხელ. ზამთარში ყოველ 10-15 დღეში.

ჰაერის ტენიანობა - ზამთარში თუ ტემპერატურა 150-ზე მეტია, ყოველდღე დანამეთ მისი ფოთლები;

ნიადაგი - ერთი წილი სათბურის მიწა, ერთი წილი ქვიშა, ერთი წილი ბაღის მიწა და 20%25 ორგანული სასუქი;

დამატებითი კვება - აპრილიდან ოქტომბრამდე ყოველ 3 კვირაში ერთხელ, თხევადი სასუქით.

0x01 graphic

ამერიკული აგავა

სამშობლო - ცენტრალური ამერიკა, ანტილიის კუნძულები;

ზომა - ფოთლის სიგრძით იზომება და შეიძლება 15 მეტრსაც მიაღწიოს;

ყვავილობა - იშვიათად ყვავილობს, 10 წლის ასაკიდან;

გამრავლება - ფესვების გამონაზარდებით;

გადარგვა - წელიწადში ერთხელ - სწრაფად მზარდებისთვის, ნელა მზარდებისთვის - 2 წელიწადში ერთხელ;

ტემპერატურა - ზამთარში გრილ ადგილას განათავსეთ, მინიმუმ 50 ტემპერატურაზე და არც ისე განათებულ ადგილას; ზაფხულში - 22-250.

განათება - კაშკაშა მზე უყვარს და მაისის შუა რიცხვებიდან შეგიძლიათ გარეთ დადგათ;

მორწყვა - ზაფხულში ყოველ 7-10 დღეში, ზამთარში - თვეში ერთხელ. ბუჩქის შუაში წყალი არ ჩაასხათ;

ჰაერის ტენიანობა - განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს;

ნიადაგი - 1/3 ბაღის მიწა, 1/3 მსხვილი ქვიშა და 1/3 ტორფი;

დამატებითი კვება - ზაფხულში 2-3-ჯერ კაქტუსების სასუქით (ნაკლები აზოტით) გამოკვებეთ.

0x01 graphic

გვიმრა (Nefropiles)

სამშობლო - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული ტყეები;

ზომა - მცენარის ფოთლების სიგრძით განისაზღვრება და აღწევს 70სმ. დაბერებული ფოთლები ყვითლდება და სცვივა;

ყვავილობა - არასოდეს ყვავის.

გამრავლება - შეგიძლიათ გაზაფხულზე გადარგვისას, როდესაც დედა ყვავილისაგან გამოყოფთ შვილ გადანაწიდს;

ტემპერატურა - ზაფხულში - 18-250; ზამთარში არანაკლებ 16-180;

განათება - ინტენსიური, უმჯობესია მცენარე მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ;

მორწყვა - მხოლოდ რბილი წყლით. მიწის საფარი ყოველთვის ნესტიანი უნდა იყოს. მოერიდეთ მის გამოშრობასა და ჭარბწყლიანობას;

ჰაერის ტენიანობა - მაღალი. გვიმრას რეგულარულად სჭირდება რბილი წყლის შეპკურება ზაფხულში და თუ მცენარე ოთახში იზამთრებს - მაშინაც;

ნიადაგი - 1/4 ბაღის მიწა, 1/4 ნეშომპალა, 1/4 ტორფი და 1/4 ქვიშა;

დამატებითი კვება - უნდა განახორციელოთ გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში ორჯერ, კომპლექსურად.

0x01 graphic

ადიანტუმი - ვენერას თმა

სამშობლო - სამხრეთ ბრაზილია;

ზომა - 40-50 სმ-ს აღწევს;

ყვავილობა - არ აქვს;

გამრავლება - სპორებით, ოთახის პირობებში გაძნელებულია. ახალ მცენარეს ფესვების გაყოფით მიიღებთ;

გადარგვა - ყოველ გაზაფხულზე;

ტემპერატურა - ზამთრის პერიოდში 200-ზე ნაკლები არ არის მიზანშეწონილი.

ზაფხულში - უფრო მაღალი;

განათება - არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი. ქოთანი მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს;

მორწყვა - მხოლოდ რბილი, თბილი წყლით. არ დაუშვათ ნიადაგის გამოშრობა. დროგამოშვებით ქოთანი თბილ წყალში ჩადგით და შემდეგ დაწურვა აცალეთ;

ჰაერის ტენიანობა - აუცილებელია მოუმატოთ. ამისათვის საჭიროა დანამოთ არა თვით მცენარე, არამედ - მის გარშემო ჰაერი;

ნიადაგი - ერთი წილი ბაღის მიწა, ერთი წილი ნეშომპალა, ერთი წილი ტორფი და ერთი წილი მსხვილი ქვიშა;

დამატებითი კვება - ხორციელდება გაზაფხულიდან შემოდგომამდე, თვეში ორჯერ, ყვავილებისთვის განკუთვნილი სასუქით. მარილებს ვერ იტანს.

0x01 graphic

კრასულა (ფულის ხე)

ამ მცენარეს ხშირად „ფულის ხეს“ ეძახიან იმის გამო, რომ მისი ფოთლები მონეტის ფორმისაა. თავად მცენარე პატარა ხეს ჰგავს.

სამშობლო - სამხრეთ აფრიკა.

ზომა - ოთახის პირობებში 1 მეტრამდე აღწევს.

ყვავილობა - ხშირად არ ყვავის. მისი ყვავილები პატარა ზომის თეთრი ან ვარდისფერია.

გამრავლება - ფოთლით ან ღეროთი.

ტემპერატურა - ზაფხულში - 22-250, ზამთარში - 12-140.

განათება - საკმაოდ ინტენსიური. კარგად იტანს პირდაპირ მზის სხივებსაც, მაგრამ ნახევარჩრდილშიც მშვენივრად გრძნობს თავს.

მორწყვა - გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეზღუდული. ზამთარში კი მინიმუმამდე დაიყვანეთ.

ჰაერის ტენიანობა - არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. დანამვა არ სჭირდება, კარგად იტანს მშრალ ჰაერს.

ნიადაგი - 3/5 მიწა, 1/5 ტორფი და 1/5 ლამი.

დამატებითი კვება - კაქტუსების მსგავსად - გაზაფხულსა და ზაფხულში.

0x01 graphic

მონსტერა

ეს სახეობა აერთიანებს 20-მდე სახეობის ტროპიკულ ლიანებს, რომლებიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში შეიძლება შეგხვდეთ. ასეთი კოლორიტული სახელი ამ ჯგუფს თავისი დიდი ზომის ფოთლების გამო შეერქვა. მონსტერა ერთ-ერთი ყველაზე დიდფოთლოვანი ოთახის მცენარეა.

სამშობლო - მექსიკიდან პანამამდე;

ზომა - ოთახის პირობებშიც კი შეიძლება ძალიან დიდი გაიზარდოს. სწრაფად ზრდად მონსტერას აუცილებლად სჭირდება საბრჯენი. მისი ჰაერში ჩამოკიდებული ფესვების მოცლა არ შეიძლება. არც მიწის მიყრაა მიზანშეწონილი;

გამრავლება - ყველაზე ადვილად მისი საჰაერო გამონაზარდების გადარგვით ხდება;

ტემპერატურა - მთელი წლის განმავლობაში - ოთახის. ზამთარში მცენარე შეიძლება ცოტა ხნით მინიმუმ 100 სიგრილეში ამყოფოთ. 160-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მონსტერას ზრდა ფერხდება;

განათება - არ უნდა იყოს კაშკაშა. მონსტერა ტროპიკული ბინდბუნდის შვილია. ვერ იტანს პირდაპირ მზის სხივებს და უყვარს ნახევარჩრდილი, თუმცა კარგი განათების პირობებში, იგი გაცილებით ეფექტურად გამოიყურება;

მორწყვა - მუდმივი. მისი ნიადაგი სულ ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ - არა ნესტიანი. ზამთარში უფრო იშვიათად მორწყეთ, მაგრამ ნიადაგის გამოშრობა დაუშვებელია;

ჰაერის ტენიანობა - ზაფხულში შეიძლება ხელოვნურად გაზარდოთ, რეგულარულად დაუნამეთ ფოთლები. ასევე შესაძლებელია მისი ფოთლების სველი ნაჭრით გაწმენდაც.

ნიადაგი - 1/4 ბაღის მიწა, 1/4 ნეშომპალა, 1/4 ტორფი და 1/4 ქვიშა.

დამატებითი კვება - გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, ორ კვირაში ერთხელ.

0x01 graphic

ნანდინა

სამშობლო - იაპონია, ჩინეთი.

სიმაღლე - აღწევს 1.5 მეტრამდე.

ყვავილობა - ზაფხულში

გამრავლება - თესლით;

ტემპერატურა - ზამთარში მცირე ყინვასაც უძლებს. ზაფხულში მიზანშეწონილია 20-230-ის შენარჩუნება.

განათება - მზიანი; მაგრამ კარგად ეგუება ჩრდილსაც;

მორწყვა - ნორმალური, როგორსაც მიაჩვევთ.

ჰაერის ტენიანობა - განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

ნიადაგი - 2/4 ბაღის მიწა, 1.4 ნეშომპალა და 1/4 ქვიშა.

დამატებითი კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაამდიდრეთ.

0x01 graphic

კაქტუსი გასტერია

სამშობლო - მექსიკა;

ზომა - 20-25სმ;

გამრავლება - შვილობილებით. მოშორებულ შვილს ოდნავ აშრობენ და ქოთანში ამის შემდეგ რგავენ;

გადარგვა - გაზაფხულზე;

ტემპერატურა - ზამთარში მინიმალურია +50, მაგრამ ოპტიმალური - 8-120, ზაფხულში - 20-220;

განათება - მიზანშეწონილია ნახევარჩრდილი, მაგრამ მზის გულზეც კარგად ძლებს. უმჯობესია, თუ ნათელ ფანჯარასთან განათავსებთ;

მორწყვა - ნიადაგი ოდნავ ტენიანი შეუნარჩუნეთ. ზამთარში იშვიათად მორწყეთ;

ჰაერის ტენიანობა - მშრალი;

ნიადაგი - კაქტუსისთვის შესაფერი ნიადაგი, დამატებული აგურის ნატეხები და ხრეში;

დამატებითი კვება - გადარგვისას მინერალური სასუქი ემატება (10 გრამი განზავებული ერთ ვედრო გრუნტში).

0x01 graphic

ბოკარნეა

თუ გსურთ ისეთი მცენარე, რომელსაც ზედმეტი მოვლა არ სჭირდება, მაშინ არჩევანი ბოკარნეაზე უნდა შეაჩეროთ, რომელიც ასევე ნოლინას სახელითაცაა ცნობილი. მისი გაბერილი ტანი კარგად ინახავს წყალს. ამ განსხვავების გამო, დიდ ბრიტანეთში მას „სპილოს ფეხი“ შეარქვეს. გრძელი, თასმის მსგავსი ფოთლების გამო, მას „ცხენის კუდსაც“ ეძახიან. ბოკარნეას ერთადერთი სახეობა, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, არის გადაზნექილი ბოკარნეა.

სამშობლო - მექსიკა;

ზომა - ბუნებრივ პირობებში 3 მეტრს აღწევს, ტანის დიამეტრი კი - 1 მეტრს. ოთახში მისი სიმაღლე 1,5 მეტრს არ სცდება. ბოკარნეა ძალიან ნელა იზრდება; ყვავილობა - საოჯახო პირობებში არ ყვავის;

გამრავლება - კალმით ხდება;

გადარგვა - ყოველ გაზაფხულზე;

ტემპერატურა - ზაფხულში - 18-250. უმჯობესია ქოთანი ზაფხულში გარეთ გაიტანოთ. ზამთარში 12-150-ზე ნაკლები ტემპერატურა არ არის მიზანშეწონილი;

განათება - საჭიროა მკვეთრი. უმჯობესია ქოთანი, სამხრეთ, ან სამხრეთ-დასავლეთ ფანჯარასთან მოათავსოთ. დაჩრდილვას მცენარე არ საჭიროებს;

მორწყვა - ზამთარსა თუ ზაფხულში ზომიერი. ნიადაგის გამოშრობით მიხვდებით მორწყვის საჭიროებას. დაიმახსოვრეთ, რომ ბოკარნეა ვერ იტანს ზემდეტ ტენს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მორწყვა შეამცირეთ.

ჰაერის ტენიანობა - მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. ბოკარნეა კარგად იტანს მშრალ ჰაერს და დანამვას არ საჭიროებს.

ნიადაგი - 2/3 ბაღის მიწისა და 1/3 ქვიშისაგან უნდა შედგებოდეს;

დამატებითი კვება - ზაფხულში თვეში ერთხელ ხორციელდება.

0x01 graphic

ციკასი

ციკასი ერთ-ერთია ძველი წიწვოვანი მცენარეების ორიგინალურ ჯგუფში, რომლის წარმომადგენლებიც საოჯახო პირობებშიც იზრდებიან. მცენარეს დაავადებები და პარაზიტები ვერაფერს აკლებენ. იზრდება ნელა, ყოველ წელს მხოლოდ ერთი ახალი ფოთოლი გამოაქვს.

სამშობლო - სამხრეთ იაპონია;

სიმაღლე - ოთახის პირობებში 60 სმ-ს არ აღემატება. ბუნებაში - ძალიან ნელა იზრდება და შეიძლება 2 მეტრამდეც მიაღწიოს;

ყვავილობა - ფოთლებით პალმას მოგაგონებთ, ამის მიუხედავად, წიწვოვანებს მიეკუთვნება და არასოდეს ყვავის. ყვავილის ნაცვლად, გირჩის მსგავს ნაყოფს იკეთებს;

გამრავლება - ოთახის პირობებში თითქმის შეუძლებელია;

გადარგვა - იშვიათად, 3-4 წელიწადში ერთხელ;

ტემპერატურა - ზაფხულში - 22-250, მისი ქოთანი ისეთ ადგილას უნდა დადგათ, რომელიც კარგად ნიავდება. უმჯობესია, ცხელ ამინდში სუფთა ჰაერზე გაიტანოთ. ეცადეთ ზამთარში - ტემპერატურა 150 ცელსიუსზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს;

განათება - ინტენსიური. ზამთარ-ზაფხულ ციკასს მკვეთრი სინათლე სჭირდება და, ამავე დროს, მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს;

მორწყვა - რეგულარული, მაგრამ ფრთხილი. ნიადაგი მუდმივად ოდნავ ტენიანი უნდა ჰქონდეს. დაუშვებელია ქოთანში წყლის დაგუბება;

ჰაერის ტენიანობა - არ აქვს მნიშვნელობა. დანამვა მხოლოდ ზამთარში ცენტრალური გათბობის ქონის შემთხვევაში დასჭირდება;

ნიადაგი - 4/6 ბაღის მიწა, 1/6 ტორფი და 1/6 ქვიშა. სჭირდება კარგი დრენაჟი;

დამატებითი კვება - გაზაფხულსა და ზაფხულში, თვეში ერთხელ ორგანული სასუქით (ძროხის ან ცხენის ნაკელი) გაამდიდრეთ.

ფილოდენდრონი

სამშობლო - ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა;

ზომა - დამოკიდებულია მცენარის ღეროზე და სიმაღლეში 60 სმ-დან 2 მეტრამდე მერყეობს;

ყვავილობა - თითქმის არ ყვავილობს საოჯახო პირობებში;

გამრავლება - ხდება ფესვების გაყოფით;

ტემპერატურა - გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში - 18-200. ზამთარში - ნაკლებად სასურველია 160-ზე ნაკლები ტემპერატურა;

განათება - არ არის საჭირო ძალიან მკვეთრი. მცენარეს ან გაფანტული სინათლე სჭირდება, ან ბინდი. ვერ იტანს პირდაპირ მზის სხივებს;

მორწყვა - რეგულარული და უხვი. ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში მოუკელით;

ჰაერის ტენიანობა - მაღალი. მას ხშირად სჭირდება დანამვა ან სველი ნაჭრით ფოთლების გაწმენდა;

ნიადაგი - 3/5 ბაღის მიწა, 1/5 ტორფი და 1/5 ქვიშა;

დამატებითი კვება - გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ, ზამთარში - თვეში ერთხელ.

0x01 graphic

პახიპოდიუმი

ყურადღება! მისი წვენი მომწამვლელია!

სამშობლო - აფრიკა, მადაგასკარი;

ზომა - ბუნებაში 5 მეტრსაც აღწევს; ოთახში შეიძლება 1,5 მეტრსაც მიაღწიოს. წელიწადში 5 სმ-ს იმატებს;

ყვავილობა - იშვიათად. ოთახში თითქმის არ ყვავილობს;

გამრავლება - ვეგეტატიურად შეუძლებელია; მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი თესლით შეგიძლიათ;

გადარგვა - ორ წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე;

ტემპერატურა - მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი, 20-250-ის ინტერვალში. ზაფხულში შეგიძლიათ მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ. ზამთარში ტემპერატურა 180-ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს;

განათება - მკვეთრი. კარგად იტანს პირდაპირ მზის სხივებს;

მორწყვა - რეგულარული. ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. გამოშრობის შემთხვევაში ფოთლები სცვივა;

ჰაერის ტენიანობა - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ტენიანი ჰაერი მცენარეს არ სჭირდება;

ნიადაგი - 3/5 ბაღის მიწა, 3/5 ტორფი და 3/5 ქვიშა. ნიადაგის ზედაპირი ხრეშით უნდა დაიფაროს;

დამატებითი კვება - ხდება თვეში ერთხელ კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქით.

0x01 graphic

სპარსული ციკლამენი

სამშობლო - წინა აზიის მთიანი რაიონები, ლიბანის, პალესტინის, თურქეთისა და კვიპროსის ტერიტორიები;

ზომა - დაბალი ბალახის მსგავსი მცენარეა;

ყვავილობა - ზამთარში. ყვავილების ფერი - თეთრი, წითელი, ვარდისფერი ან იისფერია. დაყვავილებული ნაწილები თვითონვე სცილდება;

გამრავლება - შეგიძლიათ თესლით;

გადარგვა - 2-3 წელში ერთხელ. მას საკმაოდ დიდი ბოლქვი აქვს, რომელიც გადარგვისას ნახევრამდე უნდა დაფაროთ.

ტემპერატურა - ზამთარში - 12-160. ტემპერატურის შენარჩუნება ყვავილობის გაგრძელებას ხელს უწყობს. წელიწადის ეს დრო მცენარისათვის სიმშვიდის პერიოდია, რის შემდეგაც ფოთლებს კარგავს.

განათება - კარგი. არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები და კარგად იზრდება ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრის რაფებზე.

მორწყვა - ყველაზე კარგი „დაბანის“ მეთოდია - ქოთანი პერიოდულად რბილ, გრილ წყალში ჩადგით ხოლმე, რის შემდეგაც კარგად დაწურვის საშუალებას მისცემთ. ზაფხულშიც იგივე პრინციპით, მაგრამ - უფრო იშვიათად.

ჰაერის ტენიანობა - მოუმატეთ, ოთახის ტემპერატურის წყლით დანამეთ.

ნიადაგი - 2/5 ფოთლოვანი მიწა, 1/5 ნეშომპალა, 1/5 ტორფი და 1/5 ქვიშა.

გადარგვა

თუ ახალნაყიდ მცენარეს ამჩნევთ, რომ პატარა ქოთანშია, ნუ იჩქარებთ მის გადარგვას. კონსულტანტს აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა, ზოგი მცენარე ამას მეტად მტკივნეულად განიცდის. მცენარეს გადარგვის საჭიროებას შემდეგი ნიშნებით შეატყობთ:

- თუ ფესვები სულ ძირში გაიზარდა;

- მორწყვის შემდეგ ნიადაგი თუ მალე შრება;

- თუ ხშირი „კვების“ მიუხედავად, მცენარე ნელა იზრდება;

- თუ მცენარეს მიწიანად ამოიღებთ და ნახავთ, რომ მიწა სულ ფესვებითაა სავსე, ეს მისი გადარგვის საჭიროების უტყუარი ნიშანია.

შემდეგ:

- შეარჩიეთ სათანადო ნიადაგი, რომელსაც მოზრდილ ქოთანში ჩაამატებთ;

- მოამზადეთ ქოთანი, რომლის დიამეტრი უწინდელზე ერთნახევარჯერ დიდი იქნება;

- თუ იგი მეორადი მოხმარებისაა, კარგად გარეცხეთ;

- კარგი დრენაჟისათვის, ძირში ქოთნის ნამსხვრევები ან კარამზიტის თხელი ფენა ჩაუყარეთ;

- ამის შემდეგ ისეთი სისქის ახალი ნიადაგის საფარი გააკეთეთ, რომ ძველი ქოთნის შიგთავსი სრულად განთავსდეს;

- გადარგვამდე ერთი საათით ადრე, მცენარეს წყალი დაუსხით და შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ქოთნიდან;

- ძველი ფესვებისა და ნატეხებისაგან გაათავისუფლეთ და ახალ ქოთანში ჩარგეთ;

- ცარიელ ადგილებზე ახალი მიწა ჩაამატეთ, დატკეპნეთ, ისევ დაუსხით წყალი და რამდენიმე დღე ჩრდილიან ადგილზე დადგით;

- 4-5 დღის შემდეგ მუდმივი ადგილი მიუჩინეთ და ჩვეულებრივად განაგრძეთ მისი მოვლა.

მადლობა კომპანია
ფიტო დიზაინსა და
მაღაზია არტ-ფლორ-დიზაინს