![]() |
ტოლერანტობა და სამოქალაქო ინტეგრაცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ტოლერანტობა და სამოქალაქო ინტეგრაცია |
საავტორო უფლებები: © საქართველოს გაეროს ასოციაცია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” ფარგლებში. ჟურნალი მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტთან მოქმედი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს საქმიანობა. გამოცემა ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროცესში სამთავრობო ინსტიტუტების ჩართულობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალი გამოიცა 2008 წელს ქართულ და ინგლისურ ენებზე. სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2008 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ერთიანი სახელმწიფოს სიძლიერე მისი მრავალფეროვნებაა
ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს და მემკვიდრეობად დაგვიტოვეს მრავალეთნიკური თანაცხოვრების უდიდესი კულტურა. ჩვენი თაობის ამოცანაა, ამ უნიკალური გამოცდილების პოლიტიკური კულტურის ხარისხში აყვანა და თანამედროვე ტიპის სახელმწიფოებრივ პრაქტიკაში დამკვიდრება. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობა, საქართველოს მთელ საზოგადოებაზე თანაბრად გადანაწილებული ტესტი, გამოცდა: ნებისმიერი ეთნოსის, რწმენის, კულტურის, ტრადიციის შენარჩუნება და განვითარება, მულტიკულტურული გარემოს უზრუნველყოფა და როგორც შედეგი, უმთავრესის მიღწევა - საქართველოში მოქალაქე უნდა აღწევდეს წარმატებას მხოლოდ იმიტომ, რომ სწავლობს, შრომობს, არის კანონმორჩილი და არავითარი სხვა ფაქტორი მას არ უნდა ეღობებოდეს. ეს არის ჩემი, და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების იდეალი.
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი არ არის მოკლე ვადაში მიღწევადი ამოცანა. ამ პროცესში, ცხადია, ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფოსა და უმცირესობის ჯგუფების თანამშრომლობა. თუმცა, პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ განსხვავებულობისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების აუცილებლობას ვერ გააცნობიერებს მთელი საზოგადოება.
ამ ერთიანობის გამოძახილი უნდა იყოს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია, რომლის შემუშავებაზეც დღეს პრეზიდენტთან არსებული საბჭო მუშაობს. საბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის, თავად უმცირესობათა წარმომადგენლები. ეს დოკუმენტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დეკლარირება იქნება იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უმცირესობებთან მიმართებაში ახორციელებს და რომელიც სამოქალაქო ცნობიერებაზე დამყარებულ ხედვას ეფუძნება.
ცხადია, ჩვენ ვერ შევქმნით იმაზე ღირებულ ნაციონალური ინტერესების კონცეფციას, ვიდრე ეს ევროპაზე გაცილებით ადრე, XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა შექმნა. დავით აღმაშენებლის მსგავსად, დღეს ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ოსს, აფხაზს, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს, ებრაელს, ბერძენს, უკრაინელს, ლატვიელს, ლიტველს, ესტონელს, ასირიელს, ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე დაიბადა და ცხოვრობს, რომ საქართველო ჩვენი საერთო სახლია, მრავალფეროვნება კი - ის უნივერსალური ღირებულება, რომელიც ყველა ჩვენთაგანს საერთო გვაქვს.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი მომზადებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, გაეროს ასოციაციის ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ ფარგლებში.
ჟურნალი მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს, პრეზიდენტთან მოქმედი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს საქმიანობა ინტეგრაციის მიმართულებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს გამოცემა გაზრდის საზოგადოები ინფორმირებულობას ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურობის შესახებ.
![]() |
3 შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
„ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ხელისუფლებამ ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო 2005 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა. პრეზიდენტის განკარგულებითვე განისაზღვრა საბჭოს ფუნქციები. სახელდობრ:
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შესწავლა და ანალიზი;
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ფართო ეროვნული კონსენსუსის მიღწევა, მის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული პირის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისა და პოლიტიკურ, სოციალურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებთან დიალოგის გამართვის გზით;
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შექმნაში სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმის შემუშავება;
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პოლიტიკური, ფინანსური, ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ექსპერტული რესურსებით უზრუნველყოფის სქემების შემუშავება;
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება;
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მონიტორინგისა და ცვალებად გარემოზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმების შემუშავება.
საბჭოს დაევალა
2008 წლის 31 ოქტომბრამდე შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება;
საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ინფორმირება მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობას დაევალა
2008 წლის 31 დეკემბრამდე, საბჭოს წარდგინებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
სამუშაო ჯგუფები
საბჭომ განსაზღვრა სტრატეგიული გეგმის ექვსი ძირითადი მიმართულება, რის საფუძველზეც საბჭოს ფორმატში ექვსი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ესენია: კანონის უზენაესობა, განათლება, კულტურა, საზოგადოების სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, მედია, სამოქალაქო მონაწილეობა.
საბჭოს შემადგენლობა
თამარ კინწურაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი,
საბჭოს თავმჯდომარე
თემურ იაკობაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
რეინტეგრაციის საკითხებში
დავით ტყეშელაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
რეგიონალური მმართველობის საკითხებში
ზინაიდა ბესტაევა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე
ანა ჟვანია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გიგა ბოკერია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ანდღულაძე
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ვატო ლეჟავა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე
დავით დარჩიაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი,
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი მინაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჩიორა თაქთაქიშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
სოზარ სუბარი
საქართველოს სახალხო დამცველი
მამუკა ფაჩუაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე
ზურაბ გუნცაძე
სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს დირექტორი
რამაზ აფციაური
გაეროს ასოციაციის დირექტორი
დავით აფრასიძე
კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი
ზაურ ხალილოვი
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი
გენადი მურადიანი
საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე
გიგა ზედანია
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“
სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი
ინტერვიუ
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარესთან თამარ კინწურაშვილთან
თავისი საქმიანობის რა ეტაპზეა ამჟამად პრეზიდენტთან მოქმედი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო? შეიძლება ითქვას, რომ საბჭო თავისი საქმიანობის აქტიურ ფაზაშია, თითქმის მზადაა და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ დოკუმენტს, რომელმაც ქვეყანაში ტოლერანტობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.
ქვეყნის პრეზიდენტთან მოქმედ საბჭოს ყველა წევრს სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი დოკუმენტის ეფექტიანობას დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად არის ჩართული მის შემუშავებასა და განხილვაში ფართო საზოგადოება. ამ მიზნით საბჭომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სახალხო დამცველთან მოქმედ ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან, მის საქმიანობაში ჩართო არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპეტენტური ექსპერტები. გაიმართა და კვლავაც გაიმართება რეგულარული შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ამ შეხვედრებზე განიხილება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია და წინადადებები, რაც საბოლოოდ მთავრობის სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს.
რომელი მიმართულება გამოიკვეთა ამ შეხვედრების შედეგად ყველაზე პრობლემატურად?
არაერთი კვლევა და საექსპერტო დასკვნა ცხადყოფს, რომ უმთავრესი სირთულე, რომელიც ინტეგრაციის პროცესს აფერხებს, სახელმწიფო ენის არცოდნასთან დაკავშირებული საკითხებია და ხელისუფლების ფოკუსირებაც სწორედ ამ მიმართულებით ხდება. თუმცა, თუ შედეგზე გვინდა ვიყოთ ორიენტირებული, მხოლოდ ენის შესწავლაზე კონცენტრირება არ არის საკმარისი. საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. ცალკე აღებული სკოლა ან უმაღლესი სასწავლებელი ვერ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ინტეგრაციის პროცესში ჩვენს წინაშე დგას. კომპლექსური მიდგომა, სოციალური კომპონენტის პარალელურად, მედიის ხელმისაწვდომობას, ქვეყნის მმართველობაში უმცირესობათა ჩართულობის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. სწორად უნდა შევაფასოთ და დავძლიოთ ის გაუცხოება, რომელიც მულტიეთნიკურ ურთიერთობებში ათწლეულების წინ ხელოვნურად შეიქმნა. გაუცხოება ისტორიის არცერთ ეტაპზე არ იყო საქართველოს ყოფისათვის დამახასიათებელი მოვლენა. მრავალეთნიკური გარემო ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის განუყოფელი ნაწილი და უპირატესობა იყო. ეს ფაქტორი, თანამედროვე სამყაროშიც სახელმწიფოებრივი წარმატების უდიდესი რესურსია. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალეთნიკური საქართველო, უნიკალური მულტიკულტურული გარემო გადამწყვეტია დემოკრატიული პროცესებისა და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცების პროცესში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ყოველდღიური ზრუნვა და იმ მრავალფე-როვნების პოპულარიზაცია, რომლითაც ისტორიულად ამაყობს ჩვენი ქვეყანა.
რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩართულობა ამ პროცესში?
საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა, სრულად აცნობიერებს იმ ღირებულებებს, რომელიც ევროსაბჭოს ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციითაა დეკლარირებული. ამ დოკუმენტის რატიფიცირება სახელმწიფომ 2005 წელს მოახდინა, მისი იმპლიმენტაციის პროცესში კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ევროპის საბჭოს, ეუთოსა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერა და ის პროექტები, რომლებიც ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. თუმცა, კვლავაც გავიმეორებ, რომ ამ საქმეში მთავარი და გადამწყვეტი საქართველოს საზოგადოების პოზიცია და ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. გარწმუნებთ, ეს პოზიციაც და ნებაც უპირობოა.
![]() |
4 საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 კანონის უზენაესობა |
▲ზევით დაბრუნება |
სამართლებრივი ჩარჩო საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყანას რატიფიცირებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნიან ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის თვალსაზრისით. ეს შეთანხმებებია:
გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (15.09.1991).
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (25.01.1994).
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი (25.01.1994).
შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენცია (04.05.1995).
ევროპის კულტურული კონვენცია (16.04.1997).
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია (16.04.1999).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (12.05.1999).
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია (26.10.2004).
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია (13.10.2005).
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია (04.11.2006).
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, რელიგიისა, ეროვნული და ეთნიკურ წარმომავლობისა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით განხორციელებული ქმედება, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა. რასობრივ, რელიგიურ, ეროვნულ ან ეთნიკურ ნიადაგზე დანაშაულის ჩადენა არის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებთან მიმართებაში.
კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი უზრუნველყოფილია თარჯიმნის დანიშვნით, მშობლიურ ენაზე სასამართლო და საგამოძიები დოკუმენტების გადაცემით იმ ბრალდებულის, ეჭვმიტანილის ან სისხლის სამართალწარმოების სხვა მონაწილისთვის, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა. სისხლის სამართალწარმოებაში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. თარჯიმნის მონაწილეობა აგრეთვე უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას. ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას, პირს, რომელმაც განცხადება ან სხვა დოკუმენტი წარადგინა არასახელმწიფო ენაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიეცემა დამატებითი ვადა თარგმანის წარმოსადგენად. სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს უნდა განემარტოს მისი უფლებები და მისდამი მოპყრობის წესები მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
კულტურა და განათლება
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, განავითაროს თავისი კულტურა თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და ისარგებლოს მშობლიური ენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, თითოეული მოქალაქის კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებისა და გამდიდრების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული, უფლება აქვთ, მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე. სახელმწიფო აგრეთვე უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებას, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე თავიანთ საცოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, რისთვისაც დამატებით დაფინანსებას გამოყოფს.
აკრძალულია საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციისთვის. საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს დამკვიდრებას და დაიცვან უმცირესობების უფლება, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.
მედია
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით ვალდებულია, თავის პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნება, სათანადო პროპორციით განათავსოს ეთერში უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული ბიუჯეტის არანაკლებ 25%25 უნდა მოხმარდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული, აგრეთვე უმცირესობების ენაზე მომზადებული პროგრამების გადაცემას. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობის წარმომადგენელთა აზრების გაშუქება.
მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. პოლიტიკური პარტიის წევრობა არ შეიძლება შეიზღუდოს რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიადაგზე.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ ან რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, აგრეთვე პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნის ან საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა.
საკანონმდებლო ცვლილებები
პრეზიდენტთან მოქმედი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც დაარეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის, საჯარო სამსახურში უმცირესობის წარმომადგენელთა დასაქმებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის, თარჯიმნით უზრუნველყოფის სერვისის დახვეწისა და სხვა საკითხებს.
თემურ იაკობაშვილი
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს უწყებას რამდენიმე თვის წინ დაევალა ეროვნული უმცირესობების საკითხზე მუშაობა. ჩვენ გვყავს სპეციალური მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით - ქალბატონი ელენე თევდორაძე, რომელსაც ამ თემებზე მუშაობის საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ უკვე გვქონდა, რამდენიმე სამუშაო ვიზიტი როგორც ქალბატონ თამარ კინწურაშვილთან, ასევე პრეზიდენტთან მოქმედ საბჭოსთან, რომელიც ეროვნული უმცირესობების შესახებ კონცეფციაზე მუშაობს. ამ ეტაპზე ხდება ერთობლივი საქმიანობა კონცეფციის დახვეწის მიმართულებით. ის საქმიანობა, რომელსაც ეწევა საბჭო, ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, თუ ეს კონცეფცია არ იქნა გათვითცნობიერებული და მოწონებული თავად უმცირესობების მიერ, მაშინ მას თავსმოხვეული დოკუმენტის ფორმა ექნება.
საბჭოს მიერ შემუშავებულ კონცეფციას ჩვენი სამინისტრო წარადგენს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად. ჩვენ ამ სფეროში რამდენიმე მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. გვქონდა შეხვედრა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებთან, გვექნება შეხვედრები მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან. ასევე ჩავატარებთ კონსულტაციებს სხვადასხვა იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით, რათა საერთო სურათი შევკრიბოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც შეეფერება დემოკრატიის მშენებელ საქართველოს, ტოლერანტულ საქართველოს, რომელშიც ტოლერანტობა არ არის უცხოური სიტყვა, არამედ არის ეროვნული თვისება სხვა ეროვნულ თვისებებთან ერთად.
განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა დასრულდეს ამ დოკუმენტებზე მუშაობა. და ეს იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ევროკავშირში ან ეუთოში კოჭები უნდა გაუგოროთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს პრეროგატივაა, პრიორიტეტი და საჭიროებაა, რომ რაც შეიძლება მალე, წლის ბოლომდე, როგორც მაქსიმუმ, ჩვენ ამ კონცეპტუალურ თემებზე დავასრულოთ მუშაობა.
![]() |
4.2 განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების ხელმისაწვდომობა
სახელმწიფო უმცირესობების მიერ საკუთარ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე“. ამასთანავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენის.
დღეს სახელმწიფო 123 სომხურენოვან, 94 აზერბაიჯანულენოვან, 23 რუსულენოვან და 1 უკრაინულენოვან სკოლას აფინანსებს. 417 შერეული ტიპის სკოლაში (აქედან 3 ოსურენოვანი სკოლაა) ორი ენობრივი სექტორია გაერთიანებული, ხოლო 6 მათგანში ერთდროულად სამი სექტორი ფუნქციონირებს.
2007 წელს კი „სახელმწიფო ენის“ პროგრამის ფარგლებში თბილისსა და შიდა ქართლში ოსური საკვირაო სკოლები გაიხსნა.
2007 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ქართულ და არაქართულენოვან სკოლებში განათლების საერთო სისტემის დანერგვის მიზნით, არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოების სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე თარგმნას ახორციელებს. ისტორიის სახელმძღვანელოები ნათარგმნია ოსურ და აფხაზურ ენებზეც.
სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით, რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
„არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე სამი წელია, რაც სწავლების ახალი მეთოდის დანერგვა ხორციელდება. აღნიშნული პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს:
ქართულის, როგორც საკომუნიკაციო ენის, სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა. ამ მიზნით ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო „თავთავი“ (წიგნი, სავარჯიშო რვეული და მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო) გამოიცა და სამცხეჯავახეთსა და ქვემო ქართლში უსასყიდლოდ გავრცელდა. ამ ეტაპზე „თავთავის“ პირველი სამი თავია დაბეჭდილი, რომელიც ენის კომპეტენციის დაწყებით სამ დონეს შეესაბამება. 2009 წელს იგეგმება სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული, აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული სასაუბროების შექმნა.
შესაბამისად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლების ტრენინგი ხორციელდებოდა. 2009 წლიდან ეს პროგრამა უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენს. დაგეგმილია პედაგოგებისთვის „ქართულის, როგორც საკომუნიკაციო საშუალების“ და „ქართულის, როგორც მეორე ენის“ შესწავლისთვის ვაუჩერების გამოყოფა, რაც მათ პროფესიული განვითარების საშუალებას მისცემს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ეუთოს მხარდაჭერით, „მოზარდებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2007 წლიდან საჯარო სკოლებისა და რესურს-ცენტრების დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გაიხსნა ენის შემსწავლელი სახლები მასწავლებლებისთვის, საჯარო მოხელეთათვის, სამხედროებისთვის, სამედიცინო და სოციალური მუშაკებისთვის, ვაჭრობაში ჩართული ადამიანებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისთვის. 2009 წელს დაგეგმილია კიდევ ორი „ენის სახლის“ გახსნა ქვემო ქართლში, ასევე მათი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიით აღჭურვა.
პროგრამა „საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაცია და ლინგვისტური პრობლემები“ საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შესწავლის მიზნით, 2007 წელს კავკასიოლოგიის დარგში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ქალაქ თბილისის 98-ე რუსულენოვანი საჯარო სკოლა
გია ნოდია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც საკვანძოა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისათვის. პირველ რიგში, გამოვყოფდი, ქართული ენის არასაკმარის ცოდნას. სამწუხაროდ, დღესდღეობით, არაქართულენოვანი სკოლები სრულყოფილი განათლების მიღების საშუალებას არ იძლევა. განათლების სამინისტრო საპილოტე ფორმატიდან უკვე ბილინგვუალური სწავლების სისტემურ დანერგვაზე გადასვლას გეგმავს და ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ექსპერტებთან.
უმაღლეს სასწავლებლებში უმცირესობის წარმომადგენელთა მოზიდვის მიზნით სახელმწიფომ წელს გარკვეული ნაბიჯები გადადგა, როდესაც ძირითადი გამოცდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩაატარა. თუმცა მუშაობა ეთნიკური უმცირესობებისთვის ეროვნული გამოცდის სისტემის დახვეწის მიმართულებით კვლავაც გრძელდება.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო სექტორთან, რომელსაც, ჩვენი ღრმა რწმენით, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც ტოლერანტული სულისკვეთებისა და ღირებულებების დამკვიდრების, ასევე ინტელექტუალური დახმარების გაწევის თვალსაზრისით, სიტუაციის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მინდა ერთ გარემოებასაც გავუსვა ხაზი. ინტეგრაციის პრობლემა არ არის მარტო სახელმწიფოს, ან მხოლოდ უმრავლესობის და ქართული საზოგადოების პრობლემა. უმცირესობებსაც აქვთ გარკვეული შიშები, თავიანთ თავში ჩაკეტვის მიდრეკილებები, გაზვიადებული შიში უმრავლესობის მიმართ, რომ მათ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრები გააჩნიათ მათი გასახლების ან ასიმილაციის. როდესაც საქართველო გახდება ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის რეალური წევრი, დემოკრატიულ სამყაროში მოქმედი ზოგადი ღირებულებები და კანონები, იმედია, გაზრდის მათ რწმენას სახელმწიფოს მიმართ. ამ მიმართულებით შესაძლოა, პოზიტიური როლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა ითამაშონ.
მულტილინგვური სწავლება
ეროვნული უმცირესობებისათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მულტილინგვური განათლების დანერგვას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. სამინისტრო მუშაობს მულტილინგვური განათლების პოლიტიკის დოკუმენტზე. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს 40-მდე შერეული ტიპის სკოლაში მულტილინგვური პროგრამის პილოტირება იგეგმება. მულტილინგვური განათლების პროგრამების პილოტირება 2006-2007 წლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 12 სკოლაში ეუთოს დაფინანსებით შვეიცარიულმა ორგანიზაცია „სიმერამ“ განახორციელა.
უმაღლესი განათლება
უმაღლესი განათლების მიღების მსურველთათვის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში, 2008 წელს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართულ ენასა და ზოგად უნარჩვევებში 390 რეგისტრირებული აბიტურიენტი და 43 მასწავლებელი გადაამზადა. ამასთანავე წელს პირველად გამოცდები ზოგად უნარ-ჩვევებში უმცირესობების ენებზე ჩატარდა. ვინაიდან ადამიანი მშობლიურ ენაზე უკეთ ავლენს თანმიმდევრული მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარს, ზოგადი უნარების ტესტი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი კოორდინაციას გაუწევს ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრების მუშაობას უშუალოდ ბენეფიციარების საცხოვრებელ ტერიტორიაზე მომავალ წელსაც, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის.
„სოციალური გრანტების“ პროგრამის ფარგლებში კი სახელმწიფო აფინანსებს იმ სტუდენტებს, ვინც საშუალო განათლება სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში მიიღო. თითოეული რეგიონიდან 20 სტუდენტი ფინანსდება. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო პროგრამებსაც კონფლიქტური რეგიონების მკვიდრი რამდენიმე სტუდენტისთვის.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ განვითარებისა და რეფორმების ფონდი კი უცხოეთში სწავლების დაფინანსების პროგრამას სთავაზობს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს. ფონდის დაფინანსებით, 2007 წელს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე უნგრეთსა და აშშ-ში ეროვნული უმცირესობის 7 წარმომადგენლი გაემგზავრა. კონკურსის საშუალებით 7 ახალი სტუდენტი 2008 წელსაც შეირჩა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის (GIPA) მხარდაჭერით, 2008 წელს ფონდი სახელმწიფო მართვის პროგრამაზე უკრაინის მართვის ეროვნულ აკადემიაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი კურსების პროგრამა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენებას ისახავს მიზნად.
პროგრამა ითვალისწინებს უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე - ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულის, ბოლნისის, ყარაჯალას საჯარო სკოლების ბაზაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრების შექმნას.
მოსამზადებელ ცენტრებში აბიტურიენტებს ადგილობრივი სპეციალისტები მოამზადებენ. მასწავლებელთა კონსულტირებას, ტრენინგებს, მათთვის შესაბამისი საგამოცდო პროგრამებისა და დამხმარე მასალების მიწოდებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
მოსამზადებელი პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის - როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ისე სკოლადამთავრებულთათვის.
მომზადდება სპეციალური კურსი ყველა საგამოცდო საგანში, კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის კი სასწავლო პროცესი ფოკუსირებული იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის ეფექტურად ათვისებაზე.
პროფესიული სწავლება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“ 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფოს მხარდაჭერით დაფუძნდა. სკოლა საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის დაწესებულებებში მართვის დემოკრატიული სტილის დამკვიდრების, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლების, საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევის და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების და მათი სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით შეიქმნა. კვალიფიციური საჯარო მოსამსახურეების მომზადების გარდა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეთნიკური უმცირესობებისთვის სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამაც მოქმედებს.
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი
ანა ჟვანია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ განათლების სამინისტროს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მეტად საპასუხისმგებლო და გადამწყვეტი როლი აკისრია. ვინაიდან გაუცხოების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან გარიყულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ენობრივი ბარიერის არსებობაა. როდესაც სახელმწიფო ენის შემსწავლელ პროგრამებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც ვითვალისწინებთ - ქართული ენის შესწავლის პარალელურად, არ უნდა დაიკარგოს უმცირესობათა კულტურული იდენტობა. ამიტომ განათლების სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს სთავაზობს გარანტირებულ სტანდარტს - რომლითაც ისწავლება როგორც სახელმწიფო ენა, ასევე უმცირესობების ენა.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის მმართველობაში, სახელმწიფო ინვესტირებას პროფესიული განათლების მიმართულებით ახდენს. საჯარო სექტორში უმცირესობის წარმომადგენელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო საგანმანათლებლო კომპონენტს ახორციელებს. ჩვენ გვინდა, გავაფართოოთ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობა იმ რეგიონებში, სადაც უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ. სკოლა არა მარტო სახელმწიფო მოხელეებს ამზადებს, არამედ უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის კურსსაც სთავაზობს. ზურაბ ჟვანიას სკოლის რეფორმირება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ძალზედ დროული და საჭირო ინიციატივაა.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ რეორგანიზაციაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹680 ბრძანებით, შეიქმნა ახალი სამეთვალყურეო საბჭო, იგეგმება წესდების შეცვლა და სკოლის ფილიალების დაარსება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამებისა და მეთოდიკის შესაცვლელად.
პროფესიული სწავლების ცენტრები
საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში შემუშავდა „პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამა“, რომელიც 2006-2009 წლებში განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში უკვე მოხდა შემდეგი პროფსასწავლებლების რეაბილიტაცია:
ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი;
კაზრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი (ბოლნისი);
კასპის პროფესიული სწავლების ცენტრი;
წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილის პროფესიული სწავლების ცენტრი (მცხეთა);
ქარელის პროფესიული სწავლების ცენტრი;
თელავის პროფესიული სწავლების ცენტრი.
„ირმის ნახტომი“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტ მომსახურებით უზრუნველყოფას ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ეროვნების მოზარდებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, რომელიც სასკოლო ინტერნეტ-გვერდების დიზაინის შემუშავებას და განთავსებას გულისხმობს.
![]() |
4.3 კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
პროგრამა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“, მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის, საქართველოს რუსული კულტურის ცენტრის, თბილისის პეტროს ადამიანის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების ბაზაზე ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში არაერთი საპრემიერო ჩვენება, გამოფენა, პრეზენტაცია თუ დისკუსია გაიმართა, გამოიცა კრებული „კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“.
ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით კი ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში 25 სომხური, 15 აზერბაიჯანული, 14 შერეული, 5 ოსური ბიბლიოთეკა, ასევე არაერთი სახელოვნო სკოლა და საკლუბო დაწესებულება ფუნქციონირებს.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ასევე ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და ობიექტების ინვენტარიზაციას. ქ. თბილისის მერია თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრების, მათ შორის, ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დაფინანსებას ახორციელებს.
თბილისის პანთეონებისა და ხელოვნების ძეგლების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობის პროგრამა კი თბილისში არსებული პანთეონების, მათ შორის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოვლა-პატრონობასა და დაცვას გულისხმობს.
კონცერტი აბანოთუბანში. თბილისი, 2007 წლის 1 ივნისი
სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი
ზოგადად, როცა უმცირესობების ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, რომ პირველ რიგში, იმ ადამიანების ხედვა უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც უმცირესობას მიეკუთვნებიან. ამ მხრივ ყველაზე დიდი ფორუმი, სადაც უმცირესობები იკრიბებიან და მსჯელობენ მომავალ განვითარებაზე და თავიანთი ადგილის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, არის სახალხო დამცველის ოფისთან არსებული უმცირესობათა საბჭო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტთან მოქმედ საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, უფრო მაღალ დონეზე მიიღონ მონაწილეობა იმის განსაზღვრაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ინტეგრაცია და საერთოდ, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს უმცირესობებთან დაკავშირებით ქვეყანაში. აქამდე სამწუხაროდ, მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, პროცესს არ ჰქონდა მიღებული ისეთი სისტემური ხასიათი, როგორც მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
სხვათა შორის, ერთი წლის წინ საბჭომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის შეიმუშავა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ევროპის უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის იმპლიმენტაცია. ამ რეკომენდაციებს ძალზედ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან პოზიტიური შედეგიც იქნა მიღწეული და ბევრი სახელმწიფო უწყება, სამინისტრო სერიოზულად მიუდგა ამ რეკომენდაციებს და მათ დანერგვას.
თუკი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საბჭო ეფექტრად იმუშავებს, შემუშავებული იქნება ინტეგრაციის სახელმწიფო გეგმა და ამ პროცესში სახალხო დამცველთან მოქმედი საბჭო აქტიურად ჩაერთვება, ვფიქრობ, პროგრესი სახეზე იქნება. სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და პრეზიდენტთან არსებულ სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს შორის მემორანდუმის ფორმატით გათვალისწინებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ ერთი და ორი წარმომადგენელი კი არ იღებს მონაწილეობას, არამედ - პრაქტიკულად ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია.
![]() |
4.4 სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
დასაქმების ხელშეწყობა
ხელისუფლება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად პროფესიულ სწავლებაში სახელმწიფო სახსრების ინვესტირებას განიხილავს. ამ მიზნით შემუშავდა და ამოქმედდა „პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის“ სამწლიანი საპრეზიდენტო პროგრამა (2006-2009), რომლის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია მოხერხდა (იხ. გვ. 19).
ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების და საჯარო მოხელეთა გადამზადების სკოლა კი სახელმწიფო სექტორში უმცირესობის წარმომადგენელთა მოზიდვას ისახავს მიზნად.
„იაფი სესხის პროგრამა“
„იაფი სესხის“ სამთავრობო პროგრამა მოსახლეობის დასაქმებას და შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კრედიტები დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და შეღავათიანი პერიოდით გაიცემა. პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ქვეპროგრამა განხორციელდა. სახელდობრ:
რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარება,
ექსპორტის წახალისება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქალაქის მუნიციპალიტეტებმა შემდეგი პროექტები დაამტკიცა:
არხის გაყვანა. სოფელი მუხრანი, ბოლნისი
კახეთში, ლაგოდეხსა და თელავში, ვარდის ეთეროვანი ზეთებისა და ხე-ტყის გადამუშავების საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება (255 000 ლარი).
ქვემო ქართლში, კერძოდ გარდაბანში, სამშენებლო წარმოებისა და თაფლის წარმოების განვითარება (900 000 ლარი).
სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ნინოწმინდაში, ახალციხესა და ასპინძაში, რძის მიმღები პუნქტების გახსნა, მეცხოველეობისა და კვების პროდუქტების წარმოების განვითარება (5 192 000 ლარი).
შიდა ქართლში, კერძოდ კასპში, მარცვლეული კულტურის გადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკური გადაიარაღება (330 000 ლარი).
მცხეთა-მთიანეთში, კერძოდ მცხეთაში, მერქან-ბურბუშელის და გრეხილი ავეჯის მწარმოებელი საწარმოების აღჭურვა (561 500 ლარი).
ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს
პროგრამის „ათასწლეულის გამოწვევის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფონდი - „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ დააარსა. 295,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია, რომელიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით მიიმართება.
საქართველოს ათასწლეულის პროგრამის მთავარი მიზანია ეკონომიკური განვითარების გზით სიღარიბის დაძლევა. პროგრამით გათვალისწინებული სახსრები რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას ხმარდება. პროგრამის ფარგლებში ხუთი პროექტი ხორციელდება.
სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია
2008 წლის 20 მარტს საქართველოს ათასწლეულის ფონდმა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის მიზნით, 65 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.
ვან ბაიბურთი
პრეზიდენტის მრჩეველი სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების საკითხებში
დარწმუნებული ვარ, რომ ეთნიკურ უმცირესობებში საქართველოს კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების სურვილი ძალიან დიდია.
ამ ხალხს 2002 წლამდე ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგული ჰქონდა. ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობა განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიზარდა. ამის საფუძველია ის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რაც ხელისუფლების მხრიდან წყდება. ჯავახეთის მაგალითზე ვიტყვი - გზები გაკეთდა, მოსახლეობას აქვს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია მიეწოდებათ, ხელფასები, პენსიები დროულად რიგდება. შენდება ახალი საწარმოები. ჯავახეთში, ქვემო ქართლში ინვესტორი შემოვიდა. ეს კი ხალხის დასაქმებას განაპირობებს. ყოველივე კი ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. ასე რომ, ნდობა მართლა არსბობს. მარტო ერთი რამის ეშინიათ, უფრო სწორად კი არ ეშინიათ დისკომფორტი აქვთ, როცა მოდიან და საყვედურობენ - რატომ არ იციან ქართული ენა. სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი უმცირესობებში არსებობს.
პრობლემა დღესდღეობით მხოლოდ ენობრივი ბარიერია. დანარჩენ ყველა კომპონენტში ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები, რასაკვირველია, გრძნობენ და ამაყობენ იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან.
ისრაელის კომპანია „აშტორმი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფარცხისიგოხნარის (თეთრიწყაროს რაიონი), გოხნარი-ნარდევის (წალკის რაიონი), ნარდევი-სათხეს (ნინოწმინდის რაიონი) მონაკვეთებზე განახორციელებს.
პროექტი, რომელიც სამწლიანია და სამუშაოების დასრულებას 2011 წლისთვის ითვალისწინებს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში საგზაო სატრანსპორტო ქსელის აღდგენასა და აღნიშნულ რეგიონებში შემოვლითი გზების მშენებლობას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელების შედეგად ხელსაყრელი პირობები შეიქმნება ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა ბიზნესის განვითარებისთვის. ამავდროულად გზის რეაბილიტაცია დააჩქარებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას საქართველოს სხვა რეგიონებთან.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია
აზერბაიჯანული კომპანია „ნავთობისა და გაზის მშენებლობის ტრასტი“ 2008 წლის იანვრიდან გაზის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ფაზის განხორციელებას შეუდგა.
აღნიშნული სამუშაოები ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია ჩრდილოეთ-სამხრეთ მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული უბნების აღდგენა და შედეგად ქვეყანაში გაზით მომარაგების უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფის მიღწევა, ასევე ეკოლოგიის დაბინძურების პრევენცია. პროექტით 22 დაზიანებული უბნის აღდგენაა გათვალისწინებული.
რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება
მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს ათასწლეულის ფონდს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულება ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტი, რომლის სამუშაოებსაც ნაწილობრივ ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს, 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2010 წელს დასრულდება.
პროექტის განხორციელების მიზანია რეგიონის მოსახლეობის 24-საათიანი, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყალმომარაგების უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადებათა რისკს, გააუმჯობესებს პირობებს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის, გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას.
აგრობიზნესის განვითარების პროექტი
აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში ფონდმა სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში არაერთი ადამიანი დაასაქმა.
აგრობიზნესის განვითარების პროექტის მიზანია წვრილი, ფერმერული მეურნეობებიდან კომერციულ, მომგებიან აგრობიზნესზე საგრანტო ინვესტიციების, ტექნიკური დახმარებისა და საბაზრო ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით გადასვლა. აღსანიშნავია, რომ გრანტები თანადაფინანსების პრინციპით, მცირე გადასამუშავებელი საწარმოების, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, უწყვეტი საწარმოო ჯაჭვისა და პირველადი წარმოების განვითარებისთვის გაიცემა.
2011 წლისთვის 250-მდე პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი, რაც სოფლად დაახლოებით 2 450-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და არაპირდაპირ სარგებელს დაახლოებით 54 000 ფერმერს მოუტონს.
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტი
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი გეგმავს გრძელვადიანი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ინვესტიციების განხორციელებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, მეტწილად ტურიზმსა და სოფლის მეურნეობის დარგებში. ინვესტიციების შედეგად განვითარდება საწარმოები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაძლებელი გახდება ქვეყანაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაიზრდება ადგილობრივი მომწოდებლისგან პროდუქციის და მომსახურების შესყიდვა, რაც შემოსავლისა და მოგების ზრდას განაპირობებს.
გაზის გაშვება სამცხე-ჯავახეთში
პეტრე მამრაძე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უშუალო ფუნქციაა. მინდა გითხრათ, რომ გასაკეთებელი ძალზედ ბევრია, მათ შორის კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს საქართველოს საჭიროებებს და თავსებადი იყოს ევროპის საბჭოს და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან. მართალია, საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებზე არავითარი შეზღუდვა არ არის, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით. ამ მხრივ საბჭოურმა წყობამ მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ძნელბედობის ჟამს კი საქართველოში ამ საკითხს არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ამჟამად განათლების სამინისტროსთან დაწყებულია ენის შესწავლის პროგრამები, ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით. დღეს ყველა პირობა იქმნება იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ქართული ენის სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობა. ეს არის ინტეგრაციის ერთ-ერთი, მაგრამ აუცილებელი პირობა.
პარლამენტის დეპუტატები ვგეგმავთ გასვლას რეგიონებში, იქ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები. საჭიროა ვითარების ადგილზე შესწავლა, ყველა იმ პრობლემის გარკვევა, რომელიც მოსაგვარებელია, რათა ინტეგრაცია სრულყოფილი იყოს. სექტემბრიდან ასეთი გასვლები ინტენსიურ სახეს მიიღებს. მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობის პირობებში შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღება.
![]() |
4.5 მედია |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმირება უმცირესობების ენებზე
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი მედია საშუალებაა, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების ენებზე მაუწყებლობის ვალდებულება კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული. საქართველოს პარლამენტმა კიდევ უფრო გაამყარა ეს ნორმა, როდესაც 2008 წლის 21 მარტს „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა და დაავალდებულა საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროგრამული ბიუჯეტის არანაკლებ 25%25 ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული მოვლენების, ასევე უმცირესობების პროგრამების გადაცემას მოახმაროს.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებშია ასახული.
„მოამბე“ უმცირესობების ენებზე
ქვეყანაში განვითარებული მთავარი მოვლენების შესახებ უმცირესობების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ყოველდღიურად მზადდება საინფორმაციო პროგრამები ეთნიკური უმცირესობების ენებზე. „მოამბის“ გუნდი ყოველდღიურად აშუქებს ეთნიკური უმცირესობების კონკრეტულ პრობლემატიკას, კულტურასა და ტრადიციებს, არაქართული წარმომავლობის ცნობილი მოღვაწეების წვლილს ქართული კულტურისა და სახელმწიფოს განვითარებაში.
„მოამბე“ ეთნიკური უმცირესობების - აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე - ეთერში ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, 25 წუთიანი ქრონომეტრაჟით გადის. გარდა ამისა, 2006 წლიდან ეთნიკური უმცირესობების უკეთ ინფორმირების მიზნით, საზოგადოებრივი რადიოს ეთერშია ყოველდღიური 5 წუთიანი საინფორმაციო გამოშვებები. რუსულენოვანი „მოამბის“ ქრონომეტრაჟი 10 წუთია, ხოლო ყოველ შაბათს 30 წუთიანი რუსულენოვანი საკვირაო - ანალიტიკური პროგრამა მზადდება.
2007 წლის შემოდგომაზე „მოამბის“ ფორმატი განახლდა. ცვლილებების მიზანი გადაცემის დინამიზმისა და ყურებადობის გაზრდა იყო. ხოლო 2008 წლის იანვრიდან რადიოს ყოველდღიურ ხუთენოვან საინფორმაციო პროგრამებთან ერთად ეთერშია ქურთულენოვანი 25 წუთიანი საკვირაო პროგრამა. შემოქმედებითი ჯგუფი კვირის მთავარ მოვლენებთან ერთად მსმენელს გასართობ-შემეცნებით ბლოკსაც სთავაზობს.
პროგრამები ეთნიკური უმცირესობების ენებზე მუდმივად იღებს გამოხმაურებას ტელემაყურებლისგან, მათ შორის კონფლიქტური რეგიონების მცხოვრებლებისგან. სიუჟეტების თემები სწორედ რიგითი ტელემაყურებლებისგან მიღებული წერილები ხდება.
რადიოხიდი
2007 წლიდან ეთერშია ყოველკვირეული რადიო-ხიდი ბაქოსთან და ერევანთან, რომელიც ერთდროულად ამიერკავკასიის სამი ქვეყნის რადიო-ეთერში გადის. გადაცემა სამი ბლოკისგან შედგება და პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ თემატიკას მოიცავს.
ბეჭდური გამოცემები უმცირესობების ენებზე
„ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უმცირესობის ენებზე გამოცემულ ბეჭდურ მედია საშუალებებს აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წლიდან მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან პერიოდული გამოცემების დაფინანსებაზე, გაზეთები „გურჯისტანი“ (აზერბაიჯანულ ენაზე) და „ვრასტანი“ (სომხურ ენაზე) ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით უმცირესობათა ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ლიტერატურის განვითარების მიზნით გამოდის.
საინფორმაციო გამოშვება აფხაზურ ენაზე
საზოგადოებრივ მაუწყებელზე
დისკუსიის ხელშეწყობა
„იტალიური ეზო“
2007 წლის 2 ივნისიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშია თოქ-შოუ „იტალიური ეზო“. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა მაუწყებლის ამ გადაცემის მთავარი მიზანია. ადვილად აღსაქმელი ფორმით გადაცემა მაყურებელს აწვდის ინფორმაციას და ხელს უწყობს აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებს უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობით. თოქ-შოუ ქართულენოვანია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ფართო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი.
ფორმატი ამერიკელი ჟურნალისტისა და პროდიუსერის სტენ მეთიუს ხელმძღვანელობით შემუშავდა, რომელსაც შეერთებულ შტატებში სატელევიზიო დებატებსა და უმცირესობებისათვის განკუთვნილ გადაცემებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2006 წლის დეკემბერში მან შემოქმედებითი ჯგუფის წევრებისათვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა, დაიგეგმა საპილოტო გადაცემები, მომზადდა ფორმატი.
მრავალფეროვანია თითოეული გადაცემის თემატიკა, რომლის მომზადებისას შემოქმედებითი ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, ითვალისწინებს გაეროს ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რედაქციაში შემოსულ სატელეფონო ზარებს და იმ წერილებს, რომელთაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან „იტალიური ეზოს“ მაყურებლები გადაცემის ავტორებს უგზავნიან. შემოქმედებითი ჯგუფის წევრები მუდმივად იღებენ წერილებს სამცხე-ჯავახეთიდან, სადაც „იტალიური ეზოს“ საფოსტო ყუთებია დამონტაჟებული.
მრავალფეროვანია გადაცემის სტრუქტურაც, რაც თოქ-შოუს ყურებადს ხდის არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების, არამედ ფართო, ქართული აუდიტორიისთვისაც - გადაცემის განსხვავებული სეგმენტების ურთიერთკავშირი არსებული პრობლემების განსხვავებული კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას იძლევა. თოქ-შოუ ოთხ მთავარ სეგმენტს მოიცავს: სიუჟეტი, სპეციალური სტუმარი, პერფორმანსი და დისკუსია. „იტალიური ეზო“ დატვირთულია გასართობი ელემენტებით - მისი მიმზიდველობა ფართო აუდიტორიისთვის პროექტის დასაწყისშივე ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. გადაცემის განუყოფელი ნაწილია ასევე უკვე ტრადიციად ქცეული რუბრიკები - „იტალიური ეზო“ და ვოქს-პოპი.
ის, რაც ყველას აერთიანებს და უყვარს - სპორტი, მუსიკა, ხელოვნება - „იტალიური ეზოს“ სპეციალური სტუმრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომლებმაც სწორედ ამ სფეროებში მიაღწიეს წარმატებას. პერფორმანსის ბლოკში კი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მაყურებელს საკუთარ ხელოვნებას აცნობენ. სტუდიაში ყოველთვის ჟღერს ცოცხალი მუსიკა.
თოქ-შოუ ეთნიკურ უმცირესობებზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე
სიუჟეტი, როგორც წესი, ეთნიკური უმცირესობებისათვის აქტუალურ პრობლემებს ეხება ან ასახავს საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ტრადიციებს, პრობლემების გადაჭრის წარმატებულ ისტორიებს და განსხვავებული ეთნიკური მოქალაქეების წარმატებული თანაცხოვრების მაგალითებს, ასევე განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიღწევებსა და წვლილს ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის განვითარებაში.
გარდა ამისა, გადაცემის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი, „მსჯელობის დრო“, ეთნიკური უმცირესობებისათვის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება და მასში ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მსჯელობენ.
დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობს აუდიტორია, რომელიც მეტწილად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. სპეციალურად გადაცემისათვის პროდიუსერები რეგიონებიდან დისკუსიაში მონაწილე სტუმრებს და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს იწვევენ. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მოსაზრებებისა და ხედვის, ასევე პრობლემების ფართო ქართული აუდიტორიისათვის გაცნობაა. ეთნიკური უმცირესობების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სტუდიაში ხშირად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა პასუხისმგებელ პირებს უწევთ.
„იტალიურ ეზო“-ში არაერთხელ გაშუქდა ისეთი თემები, როგორიცაა მასმედია და მისი როლი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონების პრობლემატიკის გაშუქებაში; ქართული ენის სწავლების პრობლემები საქართველოში, კერძოდ, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში; უმუშევრობა და დასაქმების პრობლემები; ერთიანი ეროვნული გამოცდები; ქალის როლი საზოგადოებაში; რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში და ა.შ.
პროექტი USAID-ის მხარდაჭერით, „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით ხორციელდება.
დავით დარჩიაშვილი
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობს დემოკრატიას და სტაბილურობას და ამისათვის ქვეყანაში შიდაინტეგრაციული პროცესები უნდა მიმდინარეობდეს.
წინა მოწვევის პარლამენტმა ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ჩარჩო კონვენციაში დეკლარირებული პრინციპების იმპლიმენტაცია დამატებითი ნაბიჯია, რომელსაც პრეზიდენტთან მოქმედი საბჭო ახორციელებს. საბჭოს მიერ მომზადებულ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმას აღმასრულებელი ხელისუფლება დაამტკიცებს.
უმცირესობების ინტეგრაცია თავისთავად გულისხმობს ინფორმირებულობას და ჩართულობას როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრაში. ვფიქრობ, ხელისუფლების ხედვა, რომელიც საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში აისახება სწორედ ამ პროცესებს წაახალისებს.
მცირესობების კულტურული და ისტორიული ფასეულობების პოპულარიზაცია
„მრავალეროვანი საქართველო“
USAID-ის პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“, რომლის მედია კომპონენტსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს, მომზადდა დოკუმენტური ფილმების ციკლი „მრავალეროვანი საქართველო“. აღნიშნული ციკლი, რომლის სლოგანია - „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“ - საქართველოში მცხოვრებ ცხრა ეროვნულ უმცირესობაზე მოგვითხრობს და ცხრა დოკუმენტურ ფილმს მოიცავს. პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ინტეგრირების ხელშეწყობა. ციკლი მაყურებელს მოუთხრობს ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის საქართველოში დასახლების ისტორიის, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ. მომზადდა ფილმები სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, ებრაელების, ბერძნების, ქისტების, ქურთების, უკრაინელებისა და უდების შესახებ. აღნიშნული ფილმები მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობისთვის უკეთ გაცნობას და მათი კულტურისა და ყოფის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
დოკუმენტური ფილმების ციკლი „მრავალეროვანი საქართველო“
ბექა მინდიაშვილი
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2006 წელს დაარსდა. ტოლერანტობის ცენტრი კოორდინაციას უწევს ორ საბჭოს, რომელიც სახალხო დამცველის ოფისთან არსებობს, ეს არის ეთნიკური უმცირესობების საბჭო და რელიგიათა საბჭო, რომელშიც ძალიან ბევრი რელიგიური გაერთიანებაა წარმოდგენილი და იგი ამ თვალსაზრისით უნიკალურია.
ტოლერანტობასთან დაკავშირებით ზოგადად გამოვყოფდი უმთავრეს საკითხს: სადაც არის უმრავლესობა და უმცირესობა, ეს პრობლემა ყველგან იჩენს თავს, როდესაც უმრავლესობა მეორეხარისხოვან მოქალაქედ აღიქვამს უმცირესობის წარმომადგენელს და იტანს მის არსებობას. ასეთი მანკიერი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელი პრობლემა არ არის, თუმცა ეს ვერ დაგვამშვიდებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკვე გაიარა შეუწყნარებლობის აქტიური გამოვლინების ფაზა, დღეს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე კვლავაც მრავალი გადასაწყვეტი ამოცანა დგას. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკა ინტეგრაციასა და რელიგიის თავისუფლების დაცვისკენ არის მიმართული. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საბჭოსთან თანამშრომლობას და იმ საქმიანობას, რომელსაც ეს საბჭო უდგას სათავეში. მინდა აღვნიშნო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობის დინამიკა. თუმცა ვთვლი, რომ ეს ყოველივე არასაკმარისია, ვინაიდან რელიგიის თავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტს არ სცილდება. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ საჭიროა უფრო ეფექტური ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით.
სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. სამოქალაქო სეტორს უნდა გააჩნდეს გარემო, სადაც იმოქმედებს თავისუფლად ამ მიმართულებით, ანუ არ იქნება საზოგადოების უარყოფითი განწყობა და ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლა.
მე გამოვყოფდი ასევე მედიას, სადაც ან ძალიან ცოტა ადგილი ეთმობა ეთნიკური უმცირესობის საკითხებს ან საერთოდ არ შუქდება, რაც ინტეგრაციის პროცესს არანაირად უწყობს ხელს. კონსოლიდაცია უნდა მოხდეს იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ტოლერანტობის განვითარების საკითხით.
![]() |
4.6 სამოქალაქო მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებაში გადამწყვეტი მნიშნელობა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ და სახელმწიფო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის წინაპირობების შექმნას ენიჭება.
პირდაპირი გზით მონაწილეობის ფორმისა (ელექტორალურ მონაწილეობის ან უშუალოდ ამა თუ იმ სუბიექტის არჩევის) და, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმების, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის გარდა, მნიშვნელოვანია უფრო ფართო, საკონსულტაციო და სამონიტორინგო მონაწილეობის უზრუნველყოფა, რასაც საფუძველი პრეზიდენტთან არსებულ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შორის მემორანდუმის ხელმოწერით ჩაეყარა.
მემორანდუმის ხელმოწერა
პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შორის, 2008 წლის 26 ივნისს, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს სახელით, პრეზიდენტის მრჩეველმა და საბჭოს თავჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა და სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სახელით, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მოაწერეს ხელი.
ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, 26 ივნისი
„მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, ითნამშრომლონ საქართველოში ტოლერანტული გარემოს განვითარებისა და განმტკიცების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხარისხის ამაღლებისათვის“, - აცხადებენ მემორანდუმის ხელმომწერნი.
მემორანდუმი ითვალისწინებს უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართვას სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში და მათი რეკომენდაციების ასახვას პრეზიდენტთან არსებული საბჭოს მიერ შემუშავებულ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ციკლის - „მრავალეროვანი საქართველო“ - პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
საჯარო შეხვედრები
მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფორმატში, საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭომ ომბუდსმენთან არსებულ ინტეგრაციის საბჭოსთან ერთად თბილისსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საჯარო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია“ და სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები განიხილებოდა.
კონცეფციის საჯარო განხილვა ახალციხეში, 10 ივნისი
ახალციხე, 10 ივლისი
10 ივლისს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს წევრები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს შეხვდნენ.
შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი თამარ კინწურაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ანა ჟვანია, რეფორმებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარე კობა ჩოფლიანი, გაეროს ასოციაციის დამფუძნებელი რამაზ აფციაური ესწრებოდნენ. საბჭოს წევრებმა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაცია მოახდინეს და დოკუმენტთან დაკავშირებით დამსწრეთა მოსაზრებები მოისმინეს.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო განათლების მიმართულება, რომელზეც განათლების მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა. რეფორმებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა დამსწრეებს უმცირესობებისათვის შემუშავებული საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. შეხვედრის მონაწილე სომხური ახალგაზრდული კავშირის, დემოკრატ მესხთა კავშირის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ასოციაციის, ტოლერანტის, მესხეთის უნივერსიტეტისა და სტუდკავშირის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც ითანამშრომლონ პრეზიდენტთან არსებულ საბჭოსთან კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
მარნეული, 16 ივლისი
16 ივლისს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაცია მარნეულში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრებმა დოკუმენტი განსახილველად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების - მარნეულის მედია ცენტრის, ახალგაზრდული ცენტრის, „მტრედის“, ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის, განათლების სფეროს, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს წარუდგინეს.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით, სასურველია შემუშავდეს სპეციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ენის შესწავლას სკოლამდე, საბავშვო ბაღიდან უზრუნველყოფს. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტის მრჩეველმა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში თამარ კინწურაშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების საკითხებში მუბარის გარაევმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ანა ჟვანიამ, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა, საბჭოს წევრებმა ლევან რამიშვილმა და რამაზ აფციაურმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.
კონცეფციის განხილვა მარნეულში, 16 ივლისი
აკაკი მინაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
პრეზიდენტთან მოქმედ საბჭოში პარლამენტარებიც ვართ წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონცეფციის შემუშავების პროცესში საკანონმდებლო ორგანოცაა ჩართული.
მას შემდეგ, რაც საბჭო დაასრულებს სამოქალაქო ინტეგრაციის ხედვაზე მუშაობას, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რისი შემადგენლი ნაწილიც იქნება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
ამ ეტაპზე, ჩემი ღრმა რწმენით, უმთავრესი არის იმ ვალდებულებათა პირნათლად შესრულება, რაც საქართველომ ევროსაბჭოს ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებისას აიღო, რითაც სახელმწიფომ გამოხატა პოლიტიკური ნება, დაიცვას და განამტკიცოს ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებები.
კონცეფციის განხილვა სახალხო დამცველის ოფისში, 30 ივლისი
თბილისი, რელიგიურ უმცირესობათა საბჭო, 30 ივლისი
30 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრები სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, პრეზიდენტის მრჩეველი თამარ კინწურაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი ესწრებოდნენ, ძირითადად საკანონმდებლო რეგულირების და საბჭოსთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ სპეციალური კანონის ნაცვლად შესაძლოა, შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რელიგიურ გაერთიანებათა წინაშე არსებულ პრობლემებს დაარეგულირებს.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა რელიგიურ საბჭოს ახალი კანონპროექტრი გააცნო, რომლის მიხედვითაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროცედურული მხარე გამარტივებულია.
თბილისი, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო, 31 ივლისი
ეროვნულ კონცეფციაში საკანონმდებლო და განათლების საკითხების ასახვას მიეძღვნა 31 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში გამართული შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან.
შეხვედრის მონაწილეებმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავების შესაძლებლობა განიხილეს და ამ მიზნით სახალხო დამცველთან მოქმედ სამუშაო ჯგუფებსა და პრეზიდენტის საბჭოსთან არსებულ სამუშაო ჯგუფებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ანა ჟვანიამ ისაუბრა ბილინგვუალური სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლესი განათლების პროგრამებზე.
კონცეფციის განხილვა სახალხო დამცველის ოფისში, 31 ივლისი
ზაურ ხალილოვი
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
საბჭოს წევრებს არაერთი შეხვედრა გვქონდა უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოხდა მათი ინფორმირება იმ კონცეფციის შესახებ, რომელიც დამუშავების პროცესშია. ჩვენ გვსურს, რომ ამ ადამიანებმა შემდეგში საკუთარი რეკომენდაციები, შენიშვნები მოგვაწოდონ. მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რა არის მათთვის უფრო პრიორიტეტული. ამიტომ მათი ჩართვა პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად მოაგვაროს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, იქნება ეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საკუთარი ხედვა და სამოქმედო გეგმა, რას აპირებს ახლო მომავალში ინტეგრირების მიმართულებით.
ალქალაქი, 1 აგვისტო
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია 1 აგვისტოს, ახალქალაქში პრეზიდენტის მრჩეველმა თამარ კინწურაშვილმა, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ოფისში წარადგინეს.
შეხვედრის მონაწილეებმა წამოჭრეს სასამართლოში თარჯიმნით უზრუნველყოფის საკითხი, რაც პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში აისახება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონცეფციასთან დაკავშირებით ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი მოამზადებს საკუთარ რეკომენდაციებს, რომელთაც რეგიონალურ კონფერენციაზე განიხილავენ.
კონცეფციის განხილვა ახალქალაქში, 1 აგვისტო
გიორგი მელქაძე
ევროპის საბჭოს ეთნიკურ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა საბჭოს მოქმედი ექსპერტი
არსებული კანონმდებლობა ეროვნული უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ ძირითად ნაწილში საკმაოდ კარგად ასახავს უმცირესობების ინტერესებს, თუ არ ვისაუბრებთ რამდენიმე დეტალზე. უფრო პოლიტიკის საკითხი არის მოსაწესრიგებელი, ანუ ერთია კანონი როგორია და მეორე, როგორ ხორციელდება ეს კანონი რეალობაში. აი, ამ მხრივ პოლიტიკა კარგად შესამუშავებელია. კერძოდ, კარგი იქნება არსებული რეალობის გათვალისწინება. ეთნიკური უმცირესობები ჩვენთან გარკვეულ ბარიერებს აწყდებიან. ეს არის უფრო სპეციფიური რეგიონების პრობლემა. ბარიერი ძირითადად გამოიხატება ენის უცოდინარობაში. ამ მხრივ შეიძლება რამე გაკეთდეს იგივე საკანონმდებლო დონეზე.
ეროვნული ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, რადგანაც ყოველთვის, როდესაც უმცირესობებზეა საუბარი, დგას საკითხი, თუ რამდენად ერთგვაროვანია პრაქტიკა. სახელმწიფო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს და ეს ამჟამად არსებული კონცეფციის პროექტში კარგად არის ასახული.
საქართველოში მოქმედი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოები
საპატრიარქოსთან არსებული საბჭო
საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხეთის წმინდა სამოციქულო, ევანგელისტურ-ლუთერანული და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე ებრაელები და მუსლიმი სასულიერო პირები, 2005 წლის 20 ივნისს დაარსდა.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო
სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ რელიგიურ საბჭოში (შეიქმნა 2005 წლის 21 ივნისს) 23 რელიგიური ორგანიზაციაა გაწევრიანებული.
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო
თნიკური უმცირესობების საბჭოში 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისთვის შექმნილია: მედიისა და ინფორმაციის; განათლებისა და კულტურის; რეგიონალური ინტეგრაციისა და კონფლიქტების პრევენციის და იურიდიულ საკითხთა კომისიები, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ორგანიზაციები.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებული საბჭოები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქმედებს ეთნიკურ უმცირესობათა, რელიგიურ საკითხთა, გენდერული თანასწორობის, რეგიონალური, უნარშეზღუდულთა და სოციალურ საკითხთა, ახალგაზრდების, ბავშვთა და მშობელთა, პოლიტიკური საზოგადოებრივი საბჭოები. საბჭოები შეიმუშავებენ და მაუწყებელს წარუდგენენ რეკომენდაციებს პროგრამულ პრიორიტეტებში ასახვის მიზნით. საბჭოების შექმნისა და პროგრამული პრიორიტეტების შემუშავებაში მათი ჩართვის ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული (კანონი მაუწყებლობის შესახებ).
რამაზ აფციაური
გაეროს ასოციაციის დამფუძნებელი დირექტორი
რამდენად აქტიურადაა სამოქალაქო სექტორი ჩართული ინტეგრაციის პროცესებში?
სამოქალაქო სექტორი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინტეგრაციის პროცესში. შესაძლოა, ამ ჩართულობის დონე არ იყოს საკმარისი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ინტეგრაციის პროცესში და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში. მაგალითად, საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით „ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბევრ სხვა მნიშვნელოვან აქტივობასთან ერთად ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ეროვნული ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, და ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვაზე. ასევე აღსანიშნავია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში, რაც საერთო ჯამში, ხელს უწყობს ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან პოზიტიური ტენდენციების ჩამოყალიბებას.
რა როლს თამაშობს ან უნდა ითამაშოს მთავრობამ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებისა და ეთნიკური მრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში?
უმცირესობების ინტეგრაცია და ეთნიკური მრავალფეროვნების დაცვა კომპლექსური პროცესია, რომელშიც ყველა მოქმედ სუბიექტს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, მაგრამ სახელმწიფოს და მთავრობის პოლიტიკური ნებისა და ჩართულობის გარეშე ამ პროცესის ეფექტური წარმართვა შეუძლებელია. სახელმწიფოზეა დამოკიდებული უმცირესობებთან დაკავშირებული სრულყოფილი კანონმდებლობის არსებობა, რომელიც საშუალებას მისცემს თუნდაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თავისი წვლილი შეიტანონ ინტეგრაციის პროცესში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის არსებობა უმცირესობებთან დაკავშირებით, რაც პირველ რიგში, გაზრდის ეროვნული უმცირესობების ნდობას სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ და ამ პროცესებში მათ აქტიურ ჩართვას გამოიწვევს.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭო, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, მთავრობის აქტიურობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. პრეზიდენტთან არსებული ეს საბჭო საკმაოდ აქტიურად მუშაობს სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტის შესაქმნელად. გარდა ამისა, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურები საკმაოდ აქტიურები არიან უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში. როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ?
ქვეყნის ევროატლანტიკური ამბიციების გათვალისწინებით, საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის საკითხმა საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ ამ საკითხის მნიშვნელობას და მას საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობაში განსაკუთრებულ ადგილს უთმობენ.
![]() |
5 პარტნიორი ორგანიზაციები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს გაეროს ასოციაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გაეროს ასოციაცია (საგა), 1995 წლის დეკემბერში დაარსდა. საგა ადამიანის უფლებათა პრინციპებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად მუშაობს და მოქალაქეებს საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანი მექანიზმებით უზრუნველყოფს. საგა 1996 წლიდან გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრია.
ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამა
ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარები სააგენტოს მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავება. საგა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას, ჩამოაყალიბოს ეროვნული ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ერთიანი მრავალეთნიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი დისკუსიებისა და დებატების გამართვას როგორც მოქალაქეების, ასევე ორგანიზაციების მონაწილეობით.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, CIPDD
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი თბილისში, 1992 წელს დაფუძნდა. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პარტიას, თუმცა ის არ არის ნეიტრალური პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით. ის მონაწილეობს ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო ინიციატივებში.
პროგრამა დამოუკიდებელი მედია სამხრეთ კავკასიაში
პროექტი ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, სამხრეთ საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან მიიღონ თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება უფრო სიცოცხლისუნარიანი ადგილობრივი მედია საშუალებების მეშვეობით.
ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა დემოკრატიული პოლიტიკური მონაწილეობისათვის
პროექტი სამხრეთ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას უწყობს ხელს.
საქართველოში უმცირესობათა ინტეგრაციისათვის გარემოს გაუმჯობესება სასკოლო განათლების სისტემაში რეფორმების მხარდაჭერის გზით
პროექტის მიზანია სამოქალაქო ცხოვრებაში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის ზრდა და მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების თანაბარი დაცვა, განურჩევლად მათი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა.
სამართლებრივი განათლების ასოციაცია - ALPE
ALPE დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პროფესიულ საკომუნიკაციო საქმიანობას ეწევა. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცება. სოციალური რეკლამა, მედია კამპანიები და რეგულარული საგამომცემლო საქმიანობა, სასწავლო პროგრამები და ტრენინგები - ორგანიზაციის კომუნიკაციური სტრატეგიის ძირითადი ინსტრუმენტებია.
„განათლების და ტოლერანტობის კულტურის საშუალებით ინტეგრაციის ხელშეწყობა“
პროექტის მიზანია საქართველოში ეთნიკური და ლინგვისტური უმცირესობების ინტეგრირება ფართო სამოქალაქო საზოგადოებაში, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების სივრცის შექმნა და სახელმწიფოში მდგრადი დემოკრატიული სივრცის მხარდაჭერა. პრიორიტეტს ასევე გენდერის ჩართვა წარმოადგენს. განათლება და გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით პრიორიტეტული სფეროებია.
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, OSGF
თავის პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო გასცემს გრანტებს არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებზე. ფონდის მიზანი საქართველოში ღია საზოგადოების ღირებულებების პოპულარიზაციაა. ის ემსახურება მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებს და საჯარო ინტერესების დაცვას.
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მისიას წარმოადგენს ღია საზოგადოების მშენებლობისათვის სტრუქტურული და კულტურული ტრანსფორმაციის აქტიური მხარდაჭერა. ფონდის აქტივობები სწორედ ამ მისიას უკავშირდება.
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამა
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო, რეგიონული და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ლიბერალური და შიდა გამჭვირვალობის ღირებულებების მონიტორინგს და მხარდაჭერას. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტების მოგვარება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, რეგიონული და ევროპული ინტეგრაცია, სამოქალაქო განათლება (ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება).
თავისუფლების ინსტიტუტი
თავისუფლების ინსტიტუტი არის ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება. იგი სამოქალაქო კამპანიების, დებატების, კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობით ესწრაფვის, დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება - საშუალება ეფექტური მონაწილეობისათვის
პროექტი მიზნად ისახავს უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას, საქართველოს საშუალო სკოლებში კარგი მმართველობის ინიციატივის მეშვეობით. პროექტის ფარგლებში იგეგმება მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიდგომის შემოტანა და დამკვიდრება. პროექტის გუნდი ჩაატარებს ტრენინგების ციკლს მონაწილეობით ბიუჯეტირებაში და მენეჯმენტში, და აამაღლებს ცოდნას დაინტერესებული პირების უფლებების შესახებ საქართველოს მაშტაბით 40 საჯარო სკოლაში.
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) არის არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია სამოქალაქო ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისათვის.
ფონდის მიზანია საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა ისე, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური ან სხვა კუთვნილებისა შეეძლოს თანაბრად გამოიყენოს უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო შეთანხმებებით.
დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის
პროექტი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში (განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში).
ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა დემოკრატიული პოლიტიკური მონაწილეობისათვის
პროექტი ძირითადად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზეა გათვლილი და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სამოქალაქო განათლების პროგრამის განხორციელებას; ამომრჩეველთა განათლებას; ადგილობრივი მედია საშუალებების პროფესიულ განვითარებას; ქართლში ქართული ენის სწავლებისათვის ახალი მეთოდოლოგიის შექმნასა და მულტიპლიკატორების ქსელის ჩამოყალიბებას.
სამართლებრივი განათლება - ეროვნული უმცირესობების წარმატებული ინტეგრაციის გზა
პროექტი მიზნად ისახავს უფასო სამართლებრივი და საგანმანათლებლო რჩევების მიცემას თბილისსა და ქვემო ქართლში მცხოვრები უმცირესობებისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლების სასამართლოში ადვოკატირებას და ადგილობრივი ადვოკატების ტრენინგს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1
www.president.gov.ge
www.diversity.ge