![]() |
ბიზნეს-მაცნე იანვარი, №1 (2) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მესხიშვილი ანზორ, გოგიაშვილი შალვა, შუბლაძე გიორგი, ბიწაძე კობა, ქოქიაური ლამარა, რობაქიძე რევაზ |
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება) |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ დირექტორი: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორს მოადგილე: კობა ბიწაძე მარკეტინგის სამსახ. ხელმძღვანელი: ეკა ბალახაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, ოთარ წიგნაძე, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა №400467916; კოდი 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა |
![]() |
1 როგორ უზრუნველვყოთ მიწაზე კერძო საკუთრება |
▲back to top |
უძრავი ქონება
ანზორ მესხიშვილი
ექსპერტი
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. კონსტიტუციის ამ მუხლში აღნიშნულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
მიუხედავად ამისა, უკანასკნელ პერიოდში ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ხელყოფის მცდელობებს რაიონის ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. რადგან ასეთმა მცდელობებმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება, საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 22 ივნისს მიიღო კანონი „ქონების ლეგალიზების შესახებ“. ამ კანონის მიზანი იყო დამატებითი გარანტიები შეექმნა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისათვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და სხვა კანონმდებლობით აღიარებული კერძო საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ამ კანონის მოქმედება გავრცელდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერ ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ამ კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული კანონის ამოქმედებისთანავე ლეგალიზირებულად ჩაითვალა ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული საკუთრების შეძენა ან/და საკუთრების შეძენის საფუძველი. ბათილია ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
თუ ამ კანონით გათვალისწინებულ ლეგალიზებას ექვემდებარება ერთსა და იმავე ქონებაზე განხორციელებული საკუთრების შეძენა და საკუთრების შეძენის საფუძველი, მაშინ, ლეგალიზებულად ითვლება საკუთრების შეძენა. თუ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზების შემდეგ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული დაადგენს რაიმე სახის ცვლილებას (გარდა სავალდებულო სერვიტუტისა), რომელიც არ იყო დაწესებული პრივატიზების დროს, მესაკუთრე უფლებამოსილია აღნიშნული ცვლილების სანაცვლოდ მოითხოვოს კომპენსაცია (თუ ის ამ ცვლილების განხორციელების წინააღმდეგია). სახელმწიფო ან შესაბამისი თვითმმართველი ერთეული ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის ამგვარი მოთხოვნა.
სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირს ეკრძალება ქონებაზე საკუთრების შეძენის ან/და საკუთრების შეძენის საფუძვლის მართლზომიერების დასადგენად გამოძიების წარმოება, ან ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლი, შესწავლა, შემოწმება.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში (თბილისი, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი, დუშეთი, ზუგდიდი, გარდაბანი, მცხეთა) ადგილი ჰქონდა მიწის საკუთრების ხელყოფის მცდელობებს.
საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ინიციატივით ასეთი მცდელობების უმრავლესი შემთხვევები აღმოფხვრილ იქნა. თბილისის მერიამ და საკრებულომ მიიღეს დადგენილებები და სათანადო გადაწყვეტილებები და მათ მიერ ადრე გამოცხადებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელყოფდა კერძო საკუთრებას, ბათილად გამოცხადდა. სამწუხაროდ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში (ბორჯომი) კვლავ გრძელდება მიწაზე კერძო საკუთრების ხელყოფის მცდელობები. იმისათვის, რომ აღიკვეთოს ასეთი მცდელობები, საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფი ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“.
ამ დადგენილებით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში შეწყვიტონ საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. აგრეთვე კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპებზე დაყრდნობით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საგამომძიებლო ორგანოებს დაევალათ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასევე ადმინისტრაციულ და საგამომძიებლო ორგანოებს დაევალათ 2007 წლის 22 დეკემბრამდე წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (შესრულდა თუ არა ეს დადგენილება ჩვენთვის უცნობია).
იმედია, სამართალდამცავი და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები გაითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ნორმატიულ აქტებს და კერძო საკუთრების ხელყოფის მცდელობებს ადგილი აღარ ექნება.
![]() |
2 კონკურენცია და კანონმდებლობა |
▲back to top |
SOS!
შალვა გოგიაშვილი
ეკონომიკის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი
აღიარებულია, რომ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით, ობიექტური ეკონომიკური კანონების, მათ შორის მოთხოვნა-მიწოდების კანონის ზემოქმედებას ყოველთვის არ მოყვება მხოლოდ სასურველი დადებითი ეფექტი. ამიტომ საბაზრო სტიქიის ნეგატიურ გამოვლინებათა შემცირების მიზნით აუცილებელია თვითრეგულირების კორექტირება და მისი მიზანმიმართული ზემოქმედების ზომებით შევსება. ასეთი ზეგავლენა ხორციელდება ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების დახმარებით, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა სამართლებრივი ანტიმონოპოლიური რეგულირება. მისი უმთავრესი დანიშნულებაა კონკურენციის სტიმულირება, ეკონომიკური პროცესების მონაწილეთა მხრიდან კონკურენციული მექანიზმის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის თავიდან აცილება და აღკვეთა. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ არამარტო ხელი შეუწყოს კეთილსინდისიერ კონკურენციას, არამედ აღკვეთოს ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მიმართულია მონოპოლიზირებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაკენ.
კონკურენციული კანონმდებლობა, როგორც წესი, მოიცავს მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რეგულირების სამ ძირითად ზომას /პროცედურას/: შემზღუდავს, გამაფრთხილებელს და აღმკვეთს. ამასთან, კონკურენციული კანონმდებლობის ეროვნული მოდელები განსხვავდებიან როგორც ტერმინოლოგიით, ისე თავისი მიმართულებით, შინაარსით, პროცესუალური და სხვა ასპექტებით.
ანსხვავებენ კონკურენციული კანონმდებლობის ამერიკულ და ევროპულ მოდელებს პირველი მათგანი /მისი ყველაზე ნათელი გამოვლინებაა აშშ-ის ანტიტრესტული კანონმდებლობა/ გამოდის ყველა მონოპოლიის აპრიორულად არასამართლებრიობის პრინციპიდან. ანტიტრესტულ კანონმდებობაში ჩართულია აგრეთვე ნორმები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ. ეს მოდელი, გარდა აშშ-ისა, მოქმედებს კანადაში, იაპონიაში, არგენტინაში. კონკურენციული კანონმდებლობის ევროპული მოდელი მიმართულია მონოპოლიური /დომინირებული/ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და მონოპოლიური საქმიანობის წინააღმდეგ, მონოპოლიებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფისაკენ; ამასთან, თვით მონოპოლიები არ ითვლებიან არამართლზომიერად. ნორმები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ ევროპულ მოდელში გამოყოფილია ცალკე კანონის რეგულირების სფეროდ. აღნიშნული მოდელი გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში, ასევე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია წარმოადგენს ეკონომიკური აგენტის (აგენტების) მიზანმიმართულ ქმედებებს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში დაუსაბუთებელ (დაუმსახურებელ) უპირატესობათა მოსაპოვებლად; ეს ქმედებები ეწინააღმდეგებიან მოქმედი კანონმდებლობის დებულებებს, სამეურნეო ბრუნვის წესებს, წესიერების, გონივრულობის და სამართლიანობის მოთხოვნებს და აყენებენ (შეიძლება მიაყენონ) ზარალს სხვა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს ან მათ საქმიან რეპუტაციას.
სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციის სრულყოფის, დანახარჯების შემცირებისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების გზით სავსებით დასაშვები, ნორმალური და აუცილებელი მოვლენაა კონკურენციულ ბრძოლაში უპირატესობის მოპოვება. უფრო მეტიც, ეს უპირატესობანი განპირობებულია სასაქონლო ბაზარზე კონკურენციული მექანიზმის არსებობით. რაც შეეხება ეკონომიკური აგენტების მიერ დაუმსახურებლად უპირატესობათა მიღწევას, სახელმწიფო მათ წინ უნდა გადაეღობოს სამართლებრივი და ორგანიზაციული ბარიერებით.
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია - ესაა სპეციფიური სამართლებრივი ინსტიტუტი. იგი არ წარმოადგენს მონოპოლიური საქმიანობის ფორმას, არ უკავშირდება საბაზრო ძალაუფლების არაჯეროვნად (ბოროტად) გამოყენებას და ძირითადად ახასიათებს კონკურენტების ქცევას ეთიკური ნორმების თვალსაზრისით.
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ეკონომიკური შედეგები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არაა ისე ცხადად გამოხატული, როგორც მონოპოლიური საქმიანობისა, უკავშირდება კონკურენციის „ხარისხის“ გაუარესებას და როგორც შედეგი ეფექტიანობის შემცირებას.
კონკურენციული კანონმდებლობა, რომლის დანიშნულებაა ურთიერთობათა დარეგულირება კონკურენციის სფეროში და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, ფაქტობრივად აიძულებს საქონელმწარმოებლებს, რათა მომხმარებელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ მაქსიმალურად დაბალი ფასებით (ზღვრული დანახარჯების დონეზე) რესურსების ყველაზე უფრო ეფექტიანი გამოყენების პირობებში. იგი მოწოდებულია კონკურენციის იდეალებთან რეალური სამეწარმეო პრაქტიკისა და მართვის მეთოდების დაახლოებისათვის. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადაც არსებობს კონკურენცია, იქ შესაძლებელია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების არსებობაც. აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა ცნობილია ყველა ქვეყანაში იმის მიუხედავად, თუ საბაზრო ურთიერთობების რა „სტაჟი” გააჩნიათ ამ ქვეყნებს და რამდენად დიდი ხანია მიმდინარეობს კონკურენციულ კანონმდებლობათა რეალიზაცია.
საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ეკონომიკურ შეჯიბრებაში (კონკურენციაში) უნდა იმარჯვებდეს ეკონომიკური აგენტი, რომელიც აწარმოებს ყველაზე უფრო სასარგებლო (იმ დროისთვის საჭირო) პროდუქციას მომხმარებლისთვის ყველაზე უფრო მისაღებ (მომგებიან) პირობებში. ეს კი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეკონომიკური აგენტი დაიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს. მაგრამ სპორტული შეჯიბრების ანალოგიურად, აქაც შეიძლება წარმოიქმნას ცდუნება აღნიშნული წესების არად ჩაგდებისა და მათი გვერდის ავლისა.
ეკონომიკურ კონკურენციაში „არბიტრის“ ფუნქციას თავისი არჩევანით, როგორც წესი მომხმარებელი ასრულებს. მაგრამ საბაზრო სიტუაციის გართულების გამო იგი ხშირად ჯეროვნად ვერ ახერხებს როლის შესრულებას და თავადვე რჩება მოტყუებული, რამდენადაც ყოველთვის არ შეუძლია დამოუკიდებლად ამოიცნოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვა ესაჭიროება როგორც მომხმარებელს, ისე პატიოსან კონკურენტს, რომელიც ემორჩილება კანონმდებლობით დადგენილ საბაზრო „თამაშის წესებს“. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნებისმიერი ფორმის გამოვლინების თავიდან აცილება და აღკვეთა ემსახურება არა მარტო კონკრეტული მომხმარებლისა და მეწარმის, არამედ საერთოდ მთელი საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოდ პროგრესის სტიმულირებას.
სხვადასხვა ქვეყნების კონკურენციული კანონმდებლობებით და კონკურენციის სფეროში მოღვაწე ექსპერტთა შეფასებით ეკონომიკური აგენტის ქმედება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტად ითვლება, თუ ეს ქმედება:
- მიმართულია სამეწარმეო საქმიანობაში უპირატესობის მისაღებად;
- ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქმიანი ბრუნვის, წესიერების, გონივრულობისა და სამართლიანობის აღიარებულ ნორმებს;
- მატერიალურ ზიანს აყენებს (შეუძლია მიაყენოს) სხვა ეკონომიკურ აგენტებს - კონკურენტებს ან ჩრდილს აყენებს მათ საქმიან რეპუტაციას.
წესიერებისა და სამართლიანობის ნორმები სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების სოციალური და მორალურ-ეთიკური პრინციპების გამოხატვა. ამდენად, ისინი ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდნენ არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ზოგჯერ ერთი ქვეყნის შიგნითაც. ამასთან, ეს ნორმები შეიძლება იცვლებოდნენ დროთა განმავლობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განსაზღვრება ნაკლებად ეფექტურია ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ობიექტური შეფასებისათვის. არსებობს პარამეტრების რიგი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მკაფიოდ განისაზღვროს, როგორი პრაქტიკა შეიძლება იქნეს განხილული „არაკეთილსინდისიერი“-ს და როგორი „კეთილსინდისიერი“-ს რანგში. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, როგორც საბაზრო ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირების საფუძვლების საწინააღმდეგო მოვლენა, კანონით აკრძალულია ყველა ქვეყანაში, სადაც კი არსებობს კონკურენციული კანონმდებლობა.
ანალოგიურად, საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, კერძოდ, „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით იკრძალებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იყო მისი გამოვლინების სახეები:
- კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც ადრესატს უქმნის არასწორ წარმოდგენას და ამით უბიძგებს გარკვეული სამეურნეო ქმედებისაკენ;
- ეკონომიკური აგენტის მიერ კონტრაგენტის შეცდომაში შეყვანის მიზნით გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება;
- კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა დემპინგური ფასების გამოყენებითა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით;
- ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი შეხედულების შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტირება;
- კონკურენტის ან მესამე პირის სასაქონლო ნიშნისა და საფირმო დასახელების თვითნებურად გამოყენება;
- კონკურენტის ან მესამე პირის სასაქონლო ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული გაფორმების მითვისება;
- სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო, სავაჭრო ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება მისი მფლობელის თანხმობის გარეშე.
ბუნებრივია, სასურველია ამ ნუსხის მაქსიმალურად გაფართოება და სრულყოფა, რათა კონკურენციის და სასამართლო ორგანოებს ჰქონდეთ შესაბამის სამართალდარღვევებზე ადექვატური და ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. ამასთან, ჩამონათვალი არ უნდა იყოს ამოწურვადი, რათა სასამართლოებს (კონკურენციის ორგანოებს) მიეცეთ საშუალება გარკვეული ანალიზის საფუძველზე მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ან ამკრძალავი გადაწყვეტილება. აღნიშნულის დასაბუთებისთვის საკმარისია ითქვას, რომ არაა გამორიცხული ისეთი ფაქტების გამოვლენა, რაც ნამდვილად არ იყოს შესაბამისობაში ჯანსაღი კონკურენციისა და ბიზნესის ეთიკის წესებთან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ შედიოდეს კონკრეტულ ჩამონათვალში.
სამწუხაროდ, „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის გაუქმების შემდეგ (2005წ.) საქართველოს მოქმედი კონკურენციული კანონმდებლობა და მათ შორის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საერთოდ არ „სცნობს“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. უფრო მეტიც, კანონმდებლობაში მისი დეფინიციაც კი არ არსებობს.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ყველა ქვეყანაში აკისრიათ სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ვალდებულნი არიან პარტნიორებისა და კონკურენტების მიმართ დაიცვან ბიზნესის ეთიკის ნორმები, რაც ჩვენის აზრით, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონკურენციაში ჯანსაღი, კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას. ამასთან, მკაცრი კონკურენციული ბრძოლის პირობებში სასაქონლო ბაზრის მხოლოდ ეთიკური კრიტერიუმებისა და საზოგადოებრივი შეფასების იმედად დატოვება სრულიად მიუღებელია, ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე სათანადო კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოს ოპერატიული ჩარევის გარეშე ცალკეულმა ეკონომიკურმა აგენტებმა და უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიძლება განიცადონ მნიშვნელოვანი, ხოლო რიგ შემთხვევაში გამოუსწორებელი, კატასტროფის ტოლფასი ზიანი.
სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში სწორი კონკურენციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ეკისრება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილია სამინისტროების, კომიტეტების, კომისიების, საბჭოებისა თუ სააგენტოების სახით. საქართველოში კონკურენციული პოლიტიკის წარმართვა და კონკურენციული კანონმდებლობის პრაქტიკული რეალიზაცია ევალება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს.
ამ სააგენტოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები კონკურენციული პოლიტიკის სფეროში განსაზღვრულია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
აღნიშნული ამოცანების განხორციელებისთვის სააგენტოს მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილებანი. კერძოდ, კანონის თანახმად „სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართ სააგენტო უფლებამოსილია:
ა) წარუდგინოს ამ კანონის დამრღვევ სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიწერილობა მის მიერ მიღებულ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაზე;
ბ) მოსთხოვოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს ამ კანონის დებულებების დარღვევით განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
გ) წარდგენილ მიწერილობაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობის შემთხვევაში დასვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
დ) დააყენოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევი თანამდებობის პირის დისციპლინური, ადმინისტრაციული ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.“
ამასთან, ეკონომიკური აგენტების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში, სააგენტო უფლებამოსილია:
„ა) მოსთხოვოს აგენტს ამ კანონის დებულებების დარღვევით განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ბ) დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე აგენტის მიერ ანალიზის განხორციელების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
გ) მოსთხოვოს აგენტს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
დ) მიმართოს სასამართლოს აგენტის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით განხორციელებული ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.“
ბაზარზე კონკურენციული სამართლის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა, ხორციელდება ეკონომიკური აგენტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და მათი თანამდებობის პირების მიერ კონკურენციული კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობით შესრულების მეშვეობით. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ყველა არ იქნება მზად ამ ნორმების შესასრულებლად. იმ შემთხვევებში, როცა აღნიშნული კანონმდებლობა ირღვევა ან არ სრულდება, მის დაცვას უზრუნველყოფს იძულებითი პროცესუალური ნორმები. ამ მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილია მუხლები (1592 და 1593), რომლებიც ითვალისწინებენ შესაბამის სასჯელს (დაჯარიმებას). კერძოდ, კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის თაობაზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიწერილობის შეუსრულებლობა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა - ათასიდან სამი ათას ლარამდე. ხოლო ამ სააგენტოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელი როგორც მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შეზღუდვისათვის, ასევე სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისათვის.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ არა თუ არ არეგულირებს (ან კრძალავს) მონოპოლიურ საქმიანობას, არამედ მის განმარტებასაც კი არ იძლევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მონოპოლიური საქმიანობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით, მაშინ კიდევ უფრო ცხადი ხდება მითითებული კანონის ეს ნაკლოვანება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კანონის სათაურშიც და შესაბამისი სააგენტოს სახელწოდებაშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი „თავისუფალ ვაჭრობა“-ს, მაგრამ თვით კანონში არაფერია ნათქვამი კონკრეტულად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ან ნორმების თაობაზე. ჩვენ ამ სახელწოდების საწინააღმდეგო თავისთავად არაფერი გვაქვს, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ხოლო სააგენტოსთვის ამ სფეროში რეალურად ფუნქციების მინიჭება და მათი პრაქტიკული რეალიზაცია როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო ბაზარზე. მხედველობაშია მისაღები, ისიც რომ კონკურენციის კეთილსინდისიერებისა თუ არაკეთილსინდისიერების საკითხი უშუალოდ უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოის მექანიზმს, ხშირ შემთხვევაში კი განსაზღვრავს კიდევაც ამ უკანასკნელს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველო არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულება გვავალდებულებს ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებისათვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებას და სასაქონლო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას, ცხადი ხდება, თუ რამდენად საშურია ქვეყნის კონკურენციული კანონმდებლობის დაახლოება შესაბამის ევროკანონმდებლობასთან.
საქართველოს კანონმდებლობაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დეფინიციისა და მისი გამოვლინების ცალკეულ სახეობათა მეტნაკლებად სრული ნუსხის არარსებობა, უპირველეს ყოვლისა, ურთულებს მდგომარეობას იმ ეკონომიკურ აგენტებს, რომელთა საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული უცხოელ პარტნიორებთან (რომლებისთვისაც აპრიორულად მიუღებელი და წარმოუდგენელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამ სფეროში შესაბამისი შემზღუდავი და ამკრძალავი საკანონმდებლო მექანიზმის არარსებობა), პატენტრწმუნებულებს და სასამართლოებს. ამ უკანასკნელთ უხდებათ სამეწარმეო საქმიანობის სფეროში არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე სამოქალაქო სამართლის ნორმებით აპელირება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს და ახანგრძლივებს გადაწყვეტილებათა მიღებას კონკურენციის სფეროში. აქ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ იმ მიზეზთა შორის, რომლებმაც განაპირობეს აშშ-ში ჯერ კიდევ 1890 წელს ანტიტრესტული კანონის მიღება და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს ფორმირება, იყო საერთო სასამართლოების გადატვირთულობა, ზოგადობა და შედეგად ხანგრძლივი ვადები, რაც ბიზნესისთვის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამღუპველია, რადგან აუცილებელია სასწრაფო და კვალიფიციური რეაგირება.
და ბოლოს, აუცილებელია აღინიშნოს თვით თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის შესახებ. კერძოდ, თუ მოხდება კონკურენციის კანონმდებლობის სათანადო სრულყოფა ევროკანონმდებლობასთან მისი დაახლოებისა და ჰარმონიზაციის გზით (ანუ თუ მასში აისახა კონკურენციული კანონმდებლობისთვის აუცილებელი და საზოგადოდ მიღებული ისეთი საკონკურენციო ნორმები, როგორიცაა: ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალაუფლება და დომინირებული მდგომარეობა, ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე ბარიერების შექმნა და ფასებით მანიპულირება, ეკონომიკურ აგენტთა ანტიკონკურენციული შეთანხმებები და შერწყმები, ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დისკრიმინაციული და კონკურენციის შემზღუდავი სხვა ქმედებები, მათ შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მეთოდების გამოყენებით) და სააგენტოსათვის დღეისათვის მინიჭებული ილუზორული როლისა და კომპეტენციის ნაცვლად რეალური ფუნქციებისა და რეფორმირებული კონკურენციული კანონმდებლობის შესაბამისი, კონკურენციის სფეროსთვის საზოგადოდ დამახასიათებელი პრობლემატიკის გადასაჭრელად აუცილებელი უფლებამოსილებების მინიჭება, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სააგენტოს ბაზაზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოს ფორმირება, როგორც ამას ითვალისწინებს “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და რაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა განხორციელებულიყო, ან უკიდურეს შემთხვევაში სააგენტო გამოყვანილ იქნეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობიდან და საქვეუწყებო დაწესებულების სახით დაექვემდებაროს იუსტიციის სამინისტროს.
![]() |
3 ბიზნესის დაგეგმვის თავისებურებანი მართვის რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების სისტემაში |
▲back to top |
კონსულტაცია
გიორგი შუბლაძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების (საბაზრო ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის) და საქართველოს რეგიონების (ავტონომიური წარმონაქმნების, მხარის, რაიონების, ქალაქების) სუვერენიზაციის (თვითმმართველობის) პირობებში ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მართვის სრულყოფა სხვადასხვა რგოლში. საბაზრო ურთიერთობათა ფორმირება დაკავშირებულია მეურნეობრიობის (ეკონომიკური გაძღოლის) ახალ ფორმებთან, რომლებიც ემყარებიან საკუთრების ფორმების მრავალფეროვნებას. ეს გულისხმობს რადიკალურ ცვლილებებს სამეურნეო მექანიზმსა და რეგიონული მართვის მეთოდებში, განსაკუთრებით - მიკროდონეზე.
ბევრ რეგიონში - ავტონომიური და ადგილობრივ (მუნიციპალურ) წარმონაქმნებში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის გაცნობიერებული მართვის სისტემის ფუნქციონირების ხასიათი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში. ხშირად რეგიონები დამოუკიდებლობის გაძლიერებას ცდილობენ (მაგალითად, აჭარის ყოფილი რეგიონის) და არ ითვალისწინებენ, რომ ასეთი ავტარკია ზიანს აყენებს სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მართვის ერთიან სისტემას. ამასთან ერთად ყველა სახის მმართველობითი საქმიანობის ზუსტი საკანონმდებლო ბაზის უქონლობა, განსაკუთრებით ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, ამცირებს მართვის რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების პასუხისმგებლობას, ინიციატივას და ფხიანობას (გერგილიანობას), რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
საბაზრო ურთიერთობათა ფორმირება-დამკვიდრება ცალკეულ მუნიციპალურ წარმონაქმნებში (ქალაქებში, საქალაქო და სასოფლო რაიონებში, მუნიციპალურ მხარეებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში), რომლებსაც გააჩნიათ თავისებური ბუნებრივ-კლიმატური, ისტორიული, ეროვნულ-რელიგიური თავისებურებები, მოითხოვს აწონილ-დაწონილ და კარგად მოფიქრებულ მიდგომას, საკუთრების სხვადასხვა ფორმების ფუნქციონირებისა და მართვის მექანიზმის ღრმა თეორიულ გააზრებას. ამიტომ ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მუნიციპალური მენეჯმენტი - მართვის მეცნიერება, რომელიც უყალიბებს შესაბამის მენეჯერებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ გააანალიზონ ეკონომიკური (სამეურნეო) პროცესები კონკრეტულ ტერიტორიაზე და დაიწყონ მეცნიერულ კვლევათა მეთოდების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა მიმართულებებში.
მართვის ნებისმიერი სისტემის ცენტრალური ბირთვია დაგეგმვა. საბაზრო ეკონომიკის, მისი გარდამავალი პერიოდის (საქართველოს ეკონომიკის) პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის დაგეგმვა, რომელიც საზღვარგარეთულ პრაქტიკაში ცნობილია ბიზნეს-გეგმის სახელწოდებით. ტრადიციული გაგებით ბიზნეს-გეგმის ჩამოყალიბების საფუძველია ან დამუშავების პროცესში არსებული კონკრეტული პროდუქტი, ან რაიმე ჩანაფიქრი, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი ბიზნესობიექტის გაფართოების ან ახალი ობიექტების შექმნის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ასეთ სამუშაოთა ძირითადი შემკვეთებია საწარმოების (ფირმების) ხელმძღვანელობა (მენეჯერები) ან ბიზნესმენთა ჯგუფები, რომლებიც მზად არიან დააფინანსონ ანალოგიური სამუშაოები. ბიზნეს-გეგმის ელემენტების გამოყენება მთლიანად შეესაბამება ხელისუფლების ეროვნული რეგიონული ორგანოების მდგომარეობის სპეციფიკას. მართალია, ამ ორგანოების როლი ეკონომიკური პროცესების მართვაში შეიცვალა, მაგრამ მათი გავლენა ამ პროცესებზე გარდამავალ პერიოდშიც წინანდებურად არსებითია.
თუ ახლო წარსულში სახელმწიფოებრივი საკუთრების დომინირებისას ხელისუფლების რეგიონული ორგანოები იყენებდნენ პირდაპირი ადმინისტრირების მეთოდებს (როგორც მთლიანად ქვეყანაში), საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ეს ორგანოები ეწევიან აქტიურ მუშაობას სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე მოქნილი (ოპერატიული) რეაგირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მექანიზმის შექმნა-გამოყენებისათვის, რომელიც ყალიბდება საკუთრების სხვადასხვა ფორმების სუბიექტების სამეურნეო (ეკონომიკური) საქმიანობის (ბიზნესის) შედეგად. ამ საფუძველზე ვითარდება მჭიდრო, თვისებრივად ახალი ურთიერთობები საქონელმწარმოებლებთან, რაც გამოიხატება რეგიონული ადმინისტრაციის სპეციფიკურ მონაწილეობაში ბიზნესის დაგეგმვისას.
ხელისუფლების რეგიონული ორგანოები პასუხისმგებელია საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ობიექტების (საწარმოების) მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარებისათვის. ასეთი ობიექტების თითოეული მათგანის მიხედვით ბიზნეს-გეგმის დამუშავება წარმოადგენს მათი განვითარების ერთადერთ რაციონალურ გზას საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში. ამასთან, ბიზნეს-გეგმებში უნდა გაითვალისწინონ ფირმის დარგობრივი პროფილი, რეგიონული ბაზრის განვითარების პერსპექტივები, შემოსავლების დინამიკა და ბიზნესის შესაბამისი სახეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ცვლილებათა აუცილებლობა, რათა უზრუნველვყოთ შესათავაზებელი პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანი დონე. ასეთი დამუშავება განაპირობებს ობიექტების ადაპტაციას ახალ ეკონომიკურ პირობებთან და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას.
ბიზნესის მრავალფეროვნება, რომლის განვითარებაში მონაწილეობენ ხელისუფლების რეგიონული ორგანოები (კერძოდ, შეკვეთა ბიზნეს-გეგმის დამუშავებაზე არ შეიძლება გაფორმდეს, თუ მისი დაფინანსება არაა გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში და არაა შეთანხმებული ადგილობრივ ადმინისტრაციასთან), მოითხოვს დიფერენციულ მიდგომას და ფინანსური, ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სპეციალურ შეგროვებას.
ბიზნეს-გეგმის რეგიონული შეკვეთის მიხედვით დამუშავების (შედგენის) ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ კვების პროდუქტების რეგიონული ბაზრის ორგანიზაცია შეკვეთის მიხედვით.
ბიზნეს-გეგმის ერთ-ერთ განყოფილებაში მოცემულია ძირითადი მწარმოებლების დახასიათებები, რომლებიც მოქმედებენ სასაქონლო რეგიონულ ბაზარზე ან შესწევს უნარი გავიდეს მასზე. ამასთან, მოცემულია იმ საქონელმწარმოებელთა შეფასებაც, რომლებიც განლაგებულია მოცემულ რეგიონში და იმათიც, ვინც ეწევა შესაბამის საქმიანობას მის ფარგლებს გარეთ.
შუამავალი ორგანიზაციებისათვის პროდუქციის ანალოგიური სახის მიხედვით მონაცემები მოაქვთ ერთობლივი მუშაობის დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე ძირითადი მსხვილი ორგანიზაციების (10-15) და სხვა ორგანიზაციების ჯგუფების გამოყოფით, რომელთა მიწოდების მოცულობა თანხაში საორიენტაციოდ უნდა შეადგენდეს რეგიონში მოცემული პროდუქტის საქონელბრუნვის საერთო მოცულობის არაუმეტეს 10-12%.
პროდქუციის მოცულობის შესაბამისი მაჩვენებლების შეჯამებით მიიღება რეგიონული ბაზრის გაჯერების დახასიათება, რაც რეგიონის სასურსათო პოლიტიკის განსაზღვრისა და ადმინისტრაციის სტრატეგიის შემუშავების ამოსავალი პუნქტია მოსახლეობის (უპირველეს ყოვლისა, ქალაქის მოსახლეობის) კვების პროდუქტებით მომარაგებისათვის.
მარკეტინგულ კვლევათა საფუძველზე ანალიზდება ამა თუ იმ საქონელმწარმოებლებთან და მიმწოდებლებთან თანამშრომლობის პერსპექტიულობა. გარდა ამისა, კვლევათა ფარგლებში ფასდება რეგიონში საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოთხოვნისა და შემოსავლების მულტიპლიკატორების მეშვეობით განისაზღვრება პოტენციური მოთხოვნის შესაძლო მოცულობა. აგრეთვე განიხილება შესაბამისი პროდუქტის მოხმარების ტრადიციები და რეგიონში ჩამოყალიბებული თავისებურებები, რაც ბიზნესგეგმის შემმუშავებლებს (შემქმნელებს) შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ დროული და ქმედითი სარეკლამო კამპანიები, დააზუსტონ პირობები და აწარმოონ დამატებითი მოლაპარაკებები ბაზრის მონაწილეებთან.
პროდუქტების სხვა რეგიონებიდან მიწოდებისას ტარდება შესაბამისი პროდუქციის ფასის სატრანსპორტო კომპონენტის (შემადგენლის) ანალიზი. ბიზნეს-გეგმაში გაითვალისწინება ცალკე განყოფილება, რომელიც ასაბუთებს გადაზიდვების ეფექტიანი ორგანიზაციის სქემას, იგი უზრუნველყოფს სატრანსპორტო ხარჯების მინიმიზაციას და პროდუქციის შეუფერხებელ მიწოდებას. საკუთარი ტრანსპორტის გამოყენებისას ბიზნეს-გეგმაში უნდა აისახოს პარკის მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები.
ბიზნეს-გეგმის ცალკე განყოფილებაში საბუთდება ურთიერთმოქმედებისა და უცხოელ პარტნიორთა პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობის ხარისხის ფორმების შერჩევა. შეფასება ეძლევა რეგიონში იმპორტშემცვლელი წარმოების ორგანიზაციის შესაძლებლობას, მათ შორის, უცხოური ფირმების მონაწილეობით.
კვების პროდუქტების რეგიონული ბაზრის შექმნის ბიზნეს-გეგმის დამუშავების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოცემული პროდუქციით (საქონლით) ვაჭრობის პროცესის ორგანიზაციის საკითხებს, არსებული სავაჭრო ქსელის პროექტის მოთხოვნებთან შეხამების შესაძლებლობისა და ახალ სავაჭრო საწარმოთა შექმნის პირობების შეფასებას. მოცემულ განყოფილებაში განიხილება საბითუმო და საცალო ვაჭრობის ოპტიმალური თანაფარდობის ვარიანტები. განისაზღვრება რეგიონული ადმინისტრაციის აუცილებელი მონაწილეობის ხარისხი სასურსათო (კვების პროდუქტების ბაზრის სხვადასხვა რგოლში; განიხილება განსაკუთრებით საიმედო პარტნიორებთან საფირმო მაღაზიების შექმნის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა.
პროექტის წარმატებული რეალიზაცია ბევრად დამოკიდებულია სარეკლამო კამპანიის სწორად წარმართვაზე, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესაძლებლობებსა და მოსახლეობის მზადყოფნაზე, მხარი დაუჭირონ მოცემული რეგიონისათვის პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციის ზოგიერთ ახალ ფორმებს.
ბიზნეს-გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის ორგანიზატორებისა და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობათა საკითხების ახსნა-განმარტება. ნაკლები დაინტერესებისას მათი მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში შემოიფარგლება საერთო ორგანიზაციული საკითხებით.
ბიზნეს-გეგმაში აუცილებლად აისახება კანონის მოთხოვნები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ადგილობრივი და ავტონომიური წარმონაქმნების ხელისუფლების საკანონმდებლო აქტები, დადგენილებები, განკარგულებები, ინსტრუქციები, რომლებიც ხელს უწყობენ შესაბამისი სასაქონლო ბაზრის შექმნას. მასში საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინება რეგიონთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება.
რეგიონული სასაქონლო ბაზრის ორგანიზაციის ბიზნეს-გეგმის თავისებურებად ითვლება პროექტის საბიუჯეტო ეფექტიანობის უფრო სრული გაანგარიშების აუცილებლობა, რომელიც გამოიყოფა დამოუკიდებელ განყოფილებად. მოცემული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მასში განისაზღვრება რეგიონის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების (გასავლების) შედგენილობა, მათი თანაფარდობა დაფინანსების საერთო მოცულობასთან, სახსრების დაბრუნების ვადები და პირობები, რეალიზაციის არაპირდაპირი (ირიბი) შედეგები.
ბიუჯეტის შედგენილობაში გაითვალისწინება: რეგიონულ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობები და გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის რეალიზაციასთან; ხელფასიდან შემოსავლებზე გადასახადი, რომელიც დარიცხულია პროექტში გათვალისწინებული სამუშაოებისა და მომსახურების სხვადასხვა სახის შესრულებისათვის; საწარმოებიდან (ფირმებიდან) საგადასახადო შემოსულობათა ნამატი, რომელიც დაკავშირებულია პროექტის რეალიზაციის გავლენით განპირობებულ მათ ფინანსურ მდგომარეობასთან.
ბიუჯეტში შემოსულობათა გაანგარიშება კეთდება პროექტის დამუშავების მომენტში მოქმედი ნორმატიული ბაზის შესაბამისად. ამასთან, საჭიროა განისაზღვროს ბიუჯეტის ეფექტიანობის მაჩვენებელი.
პროექტის სრული მოცულობით საბიუჯეტო ფინანსირებაში მართვის რეგიონული ორგანოების მონაწილეობის შემთხვევაში ბიუჯეტის ეფექტიანობა განისაზღვრება თანხობრივი შემოსულობით საგადასახადო და სხვა გადასახადებისაგან, აგრეთვე საწარმოთა განკარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგებით. ამასთან, ხარჯების შედგენილობაში ჩაირთვება პროექტის ყველა საინვესტიციო დანახარჯი.
ბიუჯეტის ეფექტიანობის შეფასებისას გაითვალისწინება არა მარტო რეგიონის ფინანსური ინტერესები, არამედ სოციალური ეფექტიანობაც პროექტის რეალიზაციიდან.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების (საბინაო, ეკონომიკური და ა.შ.) რეალიზაციის საფინანსო სქემების დამუშავებისათვის გამოიყენება რამდენიმე სხვა მიდგომა, მაგრამ მეთოდურ საფუძვლად რჩება ბიზნეს-გეგმა.
მართვის რეგიონულ (ადგილობრივ) ორგანოებს შეუძლიათ შეასრულონ გარკვეული როლი საწარმოების ბიზნეს-გეგმების დამუშავების ორგანიზაციაში. ამ მხრივ ფრიად მნიშვნელოვანია რეგიონის დონეზე ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების აქტიური მუშაობა საწარმოებში (ფირმებში) საინვესტიციო საქმიანობისადმი საბაზრო მიდგომათა შესამუშავებლად. საქმე ის არის, რომ გარე და შიგა ფაქტორების ფართო სპექტრი განსაზღვრავს საქონელმწარმოებელთა დამოუკიდებელი ორგანიზაციების (ფირმების) მმართველობითი რგოლების ქცევის თავისებურებებს. ეს დაკავშირებულია კომერციულ საკრედიტო რესურსებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების უქონლობასთან, არათანმიმდევრულობასთან მოხმარებასა და დაგროვებაში დაბალანსებული პოლიტიკის ფორმირებაში და სხვა. ამიტომ საშუალო და მეტწილად მცირე ფირმებისათვის მჭიდრო ურთიერთობას ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ხშირად არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი ფუნქციონირებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია რეგიონებში ბიზნესის ინკუბატორების როლი, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე ფირმებს შეღავათიანი კრედიტების შეთავაზებისა და მუშაობის ხელსაყრელი პირობების შექმნის თვალსაზრისით.
საწარმოები (ფირმები), რომლებიც განლაგებულია მცირე და საშუალო ქალაქებში და არ წარმოადგენენ რესპუბლიკური ან რეგიონული მნიშვნელობის ობიექტებს, ცდილობენ მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მხარდაჭერა ინოვაციურ წამოწყებათა განხორციელებისათვის. მაგრამ ამ ორგანოების წინაშე დგება არჩევანის საკითხი: როგორ საწარმოებს და რა ფორმით გაეწიოთ მხარდაჭერა; რა თანმიმდევრობით და როგორ მიიღონ მონაწილეობა მათ საქმიანობაში; როგორ ჩამოყალიბდეს და დაიცვან რეგიონის ინტერესები ზემდგომ დონეზე. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „სახელმწიფო ბიზნესის“ ხმარება ნონსენსია, ვინაიდან ბიზნესი კერძო საქმიანობაა (კერძო სექტორია) და სახელმწიფო და მისი ორგანოები შეიძლება გამოდიოდნენ კერძო საწარმოების შემკვეთის როლში (მაგალითად, სამკერვალო ფაბრიკის მიერ სამხედრო ტანსაცმლის შეკერვა თავდაცვის სამინისტროს შეკვეთითა და ანაზღაურებით).
გაერთიანებული ამოცანის საფუძველია, ერთი მხრივ, საინვესტიციო კლიმატის ფორმირება, რომელიც შეესაბამება კვლავწარმოებითი (აღწარმოებითი) პროცესების ორგანიზაციის საბაზრო სტანდარტებს, მეორე მხრივ, სამეურნეო საქმიანობის (ბიზნესის) რეგიონულ თავისებურებათა მაქსიმალურად გათვალისწინებულ მრავალფეროვნებას.
ბიზნეს-გეგმების დასაბუთებული შედგენა და მათი ეფექტიანი განხორციელება ადგილებზე არსებითად დამოკიდებულია ეფექტიან მუნიციპალურ მენეჯმენტსა და შესაბამის კადრებზე (მენეჯერებზე).
![]() |
4 კომპანია უნდა იყოს პროგრესული და არა რეაქციული |
▲back to top |
მენეჯმენტი
კობა ბიწაძე
ექსპერტი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეთქვას ცხოვრებაში - ეს რა შანსი გავუშვი ხელიდან! აქამდე რას ვუყურებდი?“.
ხშირად ასეც ხდება „რაიმე შესაძლებლობის პერსპექტივას მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როდესაც ეს შესაძლებლობა უკვე ხელიდან გვეცლება.
ასეთი ლაფსუსების მიზეზი არის ის, რომ ადამიანი მიმდინარე მოვლენებს განიხილავს არა მომავლის თვალსაწიერიდან, არამედ როგორც არსებული ტენდენციების ლოგიკურ შედეგს.
პერსპექტიული შესაძლებლობების გამოყენებისათვის, მოსალოდნელი მოვლენები უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ტენდენციების პროგნოზირების მეთოდით, არამედ იმ რაკურსითაც, თუ რა სიურპრიზებს გვპირდება მომავალი.
თანამედროვე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალიზის ისეთი მეთოდიკა, რომელიც აძლიერებს მოულოდნელი შესაძლებლობების გამოყენების უნარს.
ეს უნარი მაშინ აქვს კომპანიას სათანადო დონეზე თუ დადებითი პასუხები გაეცემა შემდეგ შეკითხვებს:
1. გაქვთ მოქმედების ერთიანი გეგმა, რომელიც მოიცავს თქვენი ბიზნესის განვითარების ყველა ასპექტს?
2. წინასწარ თუ აფასებთ მოსალოდნელი შენაძენების ან გაყიდვების ეფექტურობას არსებული სცენარების მიხედვით?
3. აანალიზებთ, თუ რა წვლილი შეაქვს ბიზნესის ცენტრალურ ნაწილს თქვენი საქმის სხვა სექტორებში?
4. სწრაფად და ეფექტურად უმკლავდებით არასაწარმოო ბარიერებს?
თუ ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხი გაქვთ - ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ეკონომიკურ ვარდნებს და გამოიყენოთ ის განსაკუთრებული შესაძლებლობები, რომლებიც ჩნდებიან პოსტკრიზისული აღმავლობის პირველ ეტაპებზე.
არაორდინალური შესაძლებლობების გამოყენებისთვის უნდა მოხდეს შესაძლებლობებისა და კომპეტენციების ცნებების გამიჯვნა.
კომპეტენცია - ეს არის კომპანიის უნარი თუ შესაძლებლობა გარკვეული წესით იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში - ე.ი. კომპეტენცია მოიცავს იმ მოქმედებებს, რაც კომპანიამ ისედაც უნდა განახორციელოს ბაზარზე ადგილის შენარჩუნების მიზნით.
გადამწყვეტი შესაძლებლობა - ეს არის არაორდინალური სიტუაციის შედეგი და შესაბამისად მოქმედებაც არასტანდარტული უნდა იყოს.
ყოველი შესაძლებლობა შეიძლება უნიკალური იყოს, მაგრამ მათი გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ ყოველთვის მზადყოფნაში იყოს მართვის ოპერატორიუმი, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას:
პროდუქტიულობის მუდმივი მართვა;
გამბედაობის ტალანტის მენეჯმენტი;
ფოკუსირებული კორპორაციული გარიგებები.
პროდუქტიულობის მართვა, თავის მხრივ, მოიცავს დანახარჯების მენეჯმენტს, საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტს და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.
თუ კომპანიას უნდა რომ კრიზისები დაძლიოს და ახალი შესაძლებლობები გამოიყენოს, იგი უნდა განასხვავებდეს დანახარჯებისა და საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტებს.
რატომ არ მუშაობს კრიტიკულ სიტუაციებში ტრადიციული მენეჯმენტი? - იმიტომ რომ კომპანიები ცდილობენ შეამცირონ დანახარჯები ერთად ყველა სექტორში - როგორც უშუალოდ კაპიტალზე, ასევე მართვაზე, საბრუნავ საშუალებებზე და ა.შ.
მაგრამ ბიუჯეტის ტოტალური შემცირება უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხზე, არამედ კომპანიის იმიჯზედაც. „ზედმეტი“ თანამშრომლების მასობრივი დათხოვნები, რეკლამის რაოდენობის შემცირება, „პი-არ“ აქციების შეჩერება არც ისე კარგ განწყობას ქმნის კომპანიის მიმართ.
მენეჯერები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ კლიენტების შეფასებები და მათი მოქმედებები ნაკლებად არის ინერციული - კლიენტები უმეტესად სიტუაციურად მოქმედებენ ცვალებადი განწყობების მიხედვით.
ამიტომ ბიუჯეტის უბრალო შეკვეცა საკმაოდ უარყოფით შედეგებს იძლევა. ამიტომ კომპანიამ უნდა ჩაატაროს დანახარჯთა სტრუქტურის ანალიზი ყოველი სექტორისა და სეგმენტის მიხედვით - უნდა დაადგინოს თუ რომელ მათგანს აქვს ყველაზე უპირატესი მნიშვნელობა და რომელ მათგანში შეიძლება იყოს შემცირებული დანახარჯები ყველაზე უმტკივნეულოდ.
ერთ შემთხვევაში შეიძლება რომ მარკეტინგის რაღაც ელემენტები დისტრიბუტორს დაეკისროს თვითონ კომპანიის ნაცვლად. მეორე შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს მომსახურების ის სახეები, რომლებსაც არ აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა და მხოლოდ „ანტურაჟისთვის“ იყო შემოღებული.
ყველაზე მძიმე შემთხვევაში კი სჯობს ბაზრის ერთ რომელიმე სეგმენტზე საერთოდ თქვა უარი, ვიდრე ყველა სეგმენტში შეისუსტო პოზიციები.
ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება ეფექტური იყოს წამგებიანი საწარმოო სეგმენტების გაყიდვა და მათ ნაცვლად ახალი დანადგარების ყიდვა იმ სეგმენტებისათვის, რომლებსაც განვითარების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტი დანახარჯების შემცირების უფრო ოპტიმალური მიმართულებაა. საბრუნავი კაპიტალის ეფექტურობის ამაღლება არის კომპანიის მომგებიანობის ზრდის ყველაზე ადვილი და სწრაფი საშუალება. წარმოების სხვადასხვა სფეროებში საბრუნავი კაპიტალის ოპტიმიზაციის განსხვავებული შესაძლებლობები არსებობს. ყველაზე მარტივი და საერთო მეთოდი - ეს არის ნედლეულის მარაგების შემცირება. თუ კომპანია წინასწარ ყიდულობდა ვთქვათ 5 თვის განმავლობაში საჭირო ნედლეულს, ოპტიმიზაციის შემდეგ უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თვის მარაგის შესყიდვა. ფასების მერყეობისაგან თავდაცვა კი ფიუჩერსული გარიგებებითაც ეფექტურია. საბრუნავი კაპიტალიდან ამოღებული თანხები შეიძლება გამოიყენებოდეს უფრო აქტუალური მიმართულებით. ასეთია მაგალითად, პროდუქტიულობის ტექნოლოგიური ზრდა.
პროდუქტიულობის ტექნოლოგიური ზრდა შეიძლება მიღწეული იყოს რამდენიმე განსხვავებული მეთოდით. ყველაზე იაფი მათ შორის არის მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია. შედარებით უფრო რთულია ძირითადი პროცესების რეორგანიზაცია. ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი შეიძლება ჩაითვალოს ახალი კონცეფციებისა და პროცესების გამოგონება.
როგორც წესი, ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელია ნოუ-ჰაუების და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ბოლო ათწლეულის გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები რამდენჯერმე ამაღლებენ კომპანიის პროდუქტიულობას. ასევე, სწრაფად ზრდიან მოგების ნორმას მარტივი ნოუ-ჰაუები, რომელთა დანერგვა ძირითადი პროცესების არსებით შეცვლას არ მოითხოვენ.
მაგრამ ნებისმიერი ტექნოლოგიური გაუმჯობესება არ იქნება ეფექტური შესაბამისი საკადრო რესურსის გარეშე. თანამედროვე წარმოებაში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება „ადამიანის ფაქტორს“.
ტალანტების მენეჯმენტი - ეს არის თანამშრომლების განაწილება შესაბამის თანამდებობებზე და მათ შორის კავშირების დამყარება. ლიდერმა უნდა გამოარჩიოს „ძირითადი მოთამაშეები“ და მათი ინიციატივები ნაკლებად უნდა შეზღუდოს. სხვა თანამშრომლებმა კი შესაფერისი პოზიციები უნდა მიიღონ „დაცვაში“ თუ „ნახევრადთავდასხმაში“.
ბიზნესის ცნობილი კორიფე ჯეკ უელჩი ხშირად იმეორებდა: „ყველაზე დიადი სტრატეგიაც კი არ იქნება ეფექტური კომპანიისთვის, თუ არ შეირჩევიან ამ სტრატეგიის შესაფერისი მენეჯერები“.
ტალანტების შერჩევასთან ერთად აუცილებელია ნაკლებად ეფექტური კონტიგენტის გადახალისება. ცნობილი ბიზნესმენები ყოველწლიურად ათავისუფლებენ თავიანთი თანამშრომლების არაეფექტურ 10%-ს და მათ ნაცვლად სხვა ახალ კადრებს ღებულობენ. ამრიგად ხდება მთელი კოლექტივის დონის ზრდა.
ამასთანავე, მზრუნველობას იჩენენ წარმატებული მენეჯერების მიმართ - როგორც წესი, მათ სთხოვენ, რომ დაესწრონ სხვადასხვა სახის სემინარებს, ტრეინინგებს. ბევრ დიდ კორპორაციას გააჩნია თავისივე სასწავლო ცენტრები, სადაც მენეჯერებს აძლევენ საშუალებას, რომ იგრძნონ თავი კომპანიის უმაღლეს ხელმძღვანელებად. როლების ასეთი შესრულება დაწინაურებამდე უყალიბებს მენეჯერს ლიდერის თვისებებს.
ბოლო პერიოდში შეიცვალა ასევე კადრების შეფასების კრიტერიუმებიც. ცნობილი ბიზნეს- გურუ ჯონ ჩამბერსი ამტკიცებდა, რომ სამუშაოს პასიური მაძიებელი უფრო მეტს მიაღწევს კომპანიაში, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც დაჟინებით უნდა ამ კომპანიაში მუშაობა მისი პრესტიჟულობის ან მაღალი ხელფასების გამო.
ტალანტების მენეჯმენტის მეთოდიკის მიხედვით მთავარი არის არა ცოდნა და გამოცდილება, არამედ მენეჯერის სწორი დამოკიდებულება პროცესების მიმართ.
ბიზნეს-ტალანტი უნდა გრძნობდეს ფარულ შესაძლებლობებს, იგი უნდა განიხილავდეს განვითარების ყველა შესაძლო მიმართულებას და რაც მთავარია, უნდა იყოს გაბედული.
„ტრადიციული“ მენეჯერები როგორც წესი, პასიურად მიჰყვებიან არსებულ ტენდენციებს, რადგან ეშინიათ რომ უჩვეულო მოქმედებებით ქაოსი ან უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიონ. ბიზნეს-ტალნატს კი შეუძლია იმოქმედოს არაორდინალურად და თან სწორად.
მენეჯერის ეს დადებითი თვისებები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე პირობებში, როდესაც ტოტალური ხასიათი მიიღო ფირმების შერწყმამ, დაშლამ თუ მათი სეგმენტების ყიდვა-გაყიდვამ.
სწრაფად ცვალებადი ეკონომიკური გარემო სულ უფრო ხშირად აიძულებს კომპანიებს, რომ მოახდინონ სტრატეგიული გადაჯგუფებები.
ეს კი მოითხოვს კორპორაციული გარიგებების ფოკუსირებულ მართვას.
კორპორაციული გარიგებები რომ ეფექტური იყოს, ამისათვის აუცილებელია კარგად ფოკუსირებული კრიტერიუმები და მიზნები. თუ კომპანიამ არ გამოავლინა გრძელვადიანი ტენდენციები და არ შეიმუშავა მათი გამოყენების გეგმა, მაშინ ყოველ ორ თვეში მოუწევს სეგმენტების ყიდვა-გაყიდვა, რასაც საწარმოო პროცესის შეფერხება ან სულაც გაჩერება მოჰყვება.
ზედმეტი სეგმენტების გაყიდვა და ახლის ყიდვა, ან კომპანიების შერწყმა უნდა მოხდეს ისე, რომ ინტეგრაციის პერიოდში არ შემცირდეს კომპანიის პროდუქტიულობა. ამის განხორციელება კი არც ისე ადვილია.
კომპანიების უმეტესობა უფრო მეტ წარმატებას აღწევს უკვე არსებული პროცესების ოპტიმიზაციით ვიდრე სეგმენტების ყიდვა-გაყიდვებით. მაგრამ ბაზარზე მომხდარი რადიკალური ცვლილებების შედეგად აუცილებელი ხდება საწარმოო პროცესების ფუნდამენტური რეორგანიზაცია.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სეგმენტის შესყიდვა უფრო ეფექტური და მომგებიანია, ვიდრე გაყიდვა. გამყიდველი უარყოფით განწყობებს იწვევს - იგი წარმოსდგება წარუმატებელ ადამიანად, რომელმაც ვერ შესძლო კომპანიის სათანადო მართვა. ინფორმაცია საწარმოს სეგმენტის გაყიდვის შესახებ იწვევს უნდობლობას აქციონერთა და კლიენტთა რიგებში. გარდა ამისა ძნელია იპოვნო ისეთი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი რეზერვები მთელი სეგმენტის შესყიდვისათვის. ამიტომ კომპანიათა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს შერწყმას ან აქტივების ურთიერთგაცვლას. ბოლო 10 წლის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კორპორაციულ გარიგებების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 25% წარმოადგენდა სეგმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს. დანარჩენი 85% კი იყო კომპანიების შერწყმის ან მათ შორის აქტივების გაცვლის ოპერაციები. ზოგიერთ შემთხვევაში გაერთიანება არც ისე ეფექტური იყო კომპანიათა კულტურებს შორის განსხვავებების გამო, მაგრამ სუფთა მატერიალურ ასპექტში შერწყმათა აბსოლუტური უმეტესობა ყოველთვის წარმატებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც. მაგალითად, „დაიმლერ-კრაისლერის“ გაერთიანებამ დიდი წარმატებები მოუტანა „კრაისლერს“ პირველი 2 წლის განმავლობაში, მაგრამ შემდგომ დაშვებულმა შეცდომებმა „კრაისლერის“ სექტორი ისევ წამგებიანი გახადა.
მთავარი შეცდომა, როგორც წესი არის ის, რომ გაერთიანების მიუხედავად კომპანიები ელიან, რომ მათ საქმეს მეორე გააკეთებს. ახლადშერწყმული სეგმენტები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ვალდებულებები დააკისრონ ურთიერთს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკაცრი ცენტრალიზებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
თუ ბიზნესმენს უნდა რომ კომპანიის განვითარების ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, მას უნდა ახსოვდეს, რომ კომპანია უნდა იყოს პროგრესული და არა რეაქციული...
![]() |
5 საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივა |
▲back to top |
ინვესტიციები
ლამარა ქოქიაური
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი
საქართველო ფინანსური რესურსების ნაკლებობას ეკონომიკის ბევრ სექტორში ჯერ კიდევ განიცდის. ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკებს, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის წარმართვისას საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. შესაბამისად, მაღალია სესხის საპროცენტო განაკვეთებიც. აქედან გამომდინარე, თანხების გამონახვა ახალი პროექტების ან სულაც ჩვეულებრივი საქმიანი ოპერაციებისთვის აქ უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ქართული კომერციული ბანკების კრედიტები ხშირად მოკლევადიანი, სესხის მოცულობა - შეზღუდული, ხოლო საპროცენტო წლიური განაკვეთი ხშირ შემთხვევაში მაღალია და შეადგენს 14-20%-ს. ასეთ პირობებში, ადგილობრივი კერძო სექტორი მხოლოდ მოკლევადიან პროექტებში რისკავს ფულის დაბანდებას.
გარემოსდაცვითი, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტები, განახლებადი ენერგიების გამოყენება, ენერგოეფექტიანობის ამაღლება, საქართველოსათვის სასიცოცხლოდ ესოდენ საჭირო სოფლის მეურნეობის აღორძინება და განვითარება, ტყეების დაცვა და გაშენება შედარებით დიდ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს და ფინანსური მოგება საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში მოაქვს. ცხადია, ფინანსურ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და საკრედიტო პირობების ისეთი სიმძიმე, როგორიც საქართველოშია, ხელსაყრელ პირობებს არ ქმნის, რათა კერძო სექტორმა მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები განახორციელოს.
2003 წლის ნოემბერის შემდგომ პერიოდშიც ზოგადი მდგომარეობა ისევ არამდგრადია, თუმცა შეინიშნება გარკვეული პოზიტივიც. ამაზე მეტყველებს ამ 2-3 წლის განმავლობაში შემოსული უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკასა და სამშენებლო ბიზნესში. ცხადია, ეს ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღების მიმართულებით გასაკეთებელი ჯერაც ბევრია. უპირველესად, აუცილებელია საინვესტიციო კანონმდებლობის რეფორმა. მის შექმნას ხელს უშლიდა ქვეყანაში არსებული კონფლიქტური სიტუაციები და დაკარგული ტერიტორიები, ასევე კორუფციული მდგომარეობა, ჩრდილოვანი ეკონომიკა, ბიზნესის განვითარებისათვის არაჯანსაღი საკანონმდებლო ბაზა და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკაში, უცხოური ინვესტიციების სტიმულირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორთათვის გარკვეული გარანტიების უზრუნველყოფა, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
პრაქტიკულ ასპექტში სახელმწიფო გარანტიების უზრუნველსაყოფად აპრობირებულია და უპირატესად მისაღებია შემდეგი ფორმები:
უცხოელ ინვესტორთათვის არადისკრიმინაციული, როგორც წესი, ეროვნული რეჟიმის უზრუნველყოფა;
უცხოელ ინვესტორთა დაცვა შესაძლო ექსპროპრიაციისა და ნაციონალიზაციისაგან;
მოგებისა და სხვა შემოსავლების შეუფერხებელი გადაგზავნის შესაძლებლობა საზღვარგარეთ;
გარანტიების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უცხოელ ინვესტორს;
საინვესტიციო პროექტში უცხოელი ინვესტორის მონაწილეობის შემთხვევაში დავის განხილვის წესის განსაზღვრა.
უცხოელი ინვესტორების სახელმწიფო გარანტიის სისტემის ცენტრალურ კომპონენტად შეიძლება ჩაითვალოს მათი დაცვა ქონების შესაძლო ექსპროპრიაციისა და ნაციონალიზაციისაგან. აღნიშნული ნორმა, როგორც წესი, ასახულია ეროვნულ კონსტიტუციებში და უცხოური ინვესტიციების შესახებ სპეციალურ საკანონმდებლო აქტებში.
შეიძლება ითქვას, საინვესტიციო გარემო, ესაა ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული ქვეყნისათვის და განსაზღვრავს შესაძლებლობებს და სტიმულებს, რათა ფირმებმა გააფართოვონ საქმიანობის მასშტაბები, განახორციელონ ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კონკურენციაში. საინვესტიციო გადაწყვეტილებათა რისკი მეწარმეებს ეკისრებათ, მაგრამ სახელმწიფო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე, იცავს რა უფლებებს საკუთრებაზე, ახორციელებს სამართლებრივ რეგულირებას და ბიზნესის დაბეგვრას, ქმნის ფინანსური ბაზრისა და შრომის ბაზრის ფუნქციონირების პირობებს, საბაზრო ინფრასტრუქტურას.
მსოფლიო ბანკის კვლევები გვიჩვენებს, რომ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ საინვესტიციო გარემოზე. განეკუთვნებიან: პოლიტიკური განუსაზღვრელობა (28%), მაკროეკონომიკური არასტაბილურობა (23%), გადასახადები (19%), სამართლებრივი რეგულირება (10%), კორუფცია (10%).
საქართველო - ესაა ქვეყანა შემოსავლების საშუალოდ დაბალი დონით. მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 2005 წელს შეადგენდა დაახლოებით 1681 დოლარს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლებში არსებობს მნიშვნელოვანი არათანაბრობა.
მართალია, საქართველო მაღალი რეიტინგით არ სარგებლობს, მაგრამ მისი გაზრდა სავსებით შესაძლებელია, თუ მთავრობა გაატარებს გაწონასწორებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და წარმატებით გადაწყვეტს რეგიონულ პოლიტიკურ კონფლიქტებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პრივატიზაციის პროცესში მიღწეული გარკვეული წარმატებები, ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანი რესტრუქტურიზაცია და მთავრობის ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო-საბიუჯეტო მაჩვენებლების ან რეფორმათა გეგმების მნიშვნელოვანი შეცვლა ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებს საფრთხეს შეუქმნის და რეიტინგზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საბაზრო ინსტიტუტების გაძლიერება. კერძოდ, უფრო მეტად უნდა იყოს დაცული საკუთრების უფლება; გასათვალისწინებელია, რომ, ბიზნესმენთა აზრით, ადმინისტრაციულ და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით სასამართლო ხშირად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს; პრობლემატურია სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; ნიშანდობლივია ისიც, რომ, ეკონომიკური სუბიექტების მიერ საქმიანობის შეწყვეტას საქართველოში საშუალოდ 2-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება საქართველოში ჩამორჩება ბიზნეს-გარემოს ლიბერალიზაციის ტემპს და ხელისუფლების მხრიდან გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
საქართველოს ეკონომიკის მომავალი განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების დონე. საქართველოში 2005 წელს ინვესტიციებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 61% შეადგინა. თუმცა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ინვესტიციების ძირითად ნაწილს წარმოადგენდა „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანი“-ს ნავთობსადენში დაბანდება. იმისათვის, რომ გაიზარდოს შიდა კერძო ინვესტიციები, რათა შეიქმნას ახალი საწარმოები, ქვეყანაში აუცილებელია გაუმჯობესდეს ინსტიტუციონალურ-სამართლებრივი ბაზა და ბიზნეს-გარემო, დაჩქარდეს ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესი და განმტკიცდეს ფინანსური სექტორი.
დღესდღეობით ეკონომიკის ზრდის დაჩქარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა სამეწარმეო აქტივების გაძლიერებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების სფეროში. ქვეყანაში, სადაც მყარი სამართლებრივი სისტემა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო არსებობს, ბიზნესს შეუძლია გლობალური კონკურენციის პირობებში სერიოზული ამოცანების გადაჭრა.
საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელია მსხვილი ინვესტიციები, ამიტომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება დღემდე ერთერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
ამ ბოლო პერიოდში არსებითი ცვლილებები არ განუცდია მშპ-ის წარმოების სტრუქტურას: წლიურ გამოსახულებაში გაგრძელდა წმინდა გადასახადებისა და ვაჭრობის წილის მატების, ამასთან, აგრარული სექტორის წილის კლების ტენდენცია. შემცირდა ჯანდაცვისა და მშენებლობის წილიც, საფინანსო შუამავლობის წილი კი, პირიქით, გაიზარდა. საგრძნობლად იმატა სახელმწიფო მმართველობის წილმაც.
ბოლოდროინდელი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს პოზიტიური კავშირი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისათვის ეკონომიკის „კარის“ უფრო მეტად გაღებასა და უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლის უთანაბრობის შემცირებას შორის. ინდოეთი, ჩინეთი, უგანდა და მექსიკა „გლობალიზაციის მიმდევარი“ ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკაც, მეტი ინტეგრაციის შედეგად, უფრო სწრაფად იზრდება. ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია ფასების ნაკლები დამახინჯება. აქედან გამომდინარე, ისინი მეტ ინვესტიციებს იზიდავენ და, შესაბამისად, უფრო სწრაფადაც იზრდებიან. ამას შეიძლება დავამატოთ ის, რომ ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდი ქვეყნებისათვის. კარგად მართული ღია ეკონომიკა ასეთი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ფაქტორია. ეკონომისტებიც და რეალური მონაცემებიც ეკონომიკური ზრდისათვის ღია ვაჭრობის მნიშვნელობაზე მეტყველებენ, მაგრამ ამავე დროს მიუთითებენ იმ უმნიშვნელოვანეს როლზეც, რომელსაც ამ ზრდაში ქვეყნის სპეციფიკის შესაფერისი ადგილობრივი ინსტიტუტები და სტრატეგიები ასრულებენ.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეუძლია დამატებითი ფინანსების უზრუნველყოფა, ტექნოლოგიისა და ნოუ-ჰაუს შემოტანის სტიმულირება და საექსპორტო ბაზრებში შეღწევის გადაადგილება. ისინი, ასევე, ზემოქმედებენ ადგილობრივ ეკონომიკაზე შიდა მომწოდებელთან კავშირების მეშვეობით და ხელს უწყობენ მწარმოებლობის გაუმჯობესებას.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ნამდვილად არსებობს კორელაცია. მაგრამ მისი ქმედების მიმართულება არ არის ნათელი: ხშირად შეინიშნება ორმხრივი მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთქმედება ბრუნვის სასარგებლო ეფექტით. ქვეყანა მიმზიდველი უნდა იყოს („საინვესტიციო კლიმატი“) პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის და ხელი უნდა შეეწყოს ექსპორტზე ორიენტირებული ინვესტიციების დაბანდებას იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსის ნეგატიური ეფექტი შესუსტდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პოზიტიურ როლს ავტომატურად არ ასრულებს. მათ შეიძლება დაბალი ტექნოლოგიური გადაცემა მოჰყვეს, თუ უცხოელების საკუთრებაში მყოფი სექტორი იზოლირებული იქნება დანარჩენი ეკონომიკისგან, როგორც ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შემთხვევაში იყო. ეს ტენდენცია უფრო ძლიერია მაშინ, როდესაც მიმღებ ქვეყანაში სამრეწველო საკუთრების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. ამჟამად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის მრეწველობაზე ორიენტირებული, იგი ინფრასტრუქტურაში (მაგალითად, ტელეკომუნიკაციებში) ან მომსახურებაში (როგორიცაა საცალო ვაჭრობა, დაზღვევა და საბანკო საქმე) იდება. მაგალითად, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი არასაწარმოო სექტორშია თავმოყრილი.
მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეუძლია საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარება, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა (საავტომობილო გზები, რკინიგზა, საზღვაო პორტები და აეროპორტები), ტურიზმი (სასტუმროები), სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების წარმოება და მრეწველობის სხვა დარგები. გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებშისამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების (ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, სინგაპური და ტაივანი) წარმატებული განვითარება ექსპორტის ჩანაცვლებას ეფუძნებოდა. ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დაფუძნებული, ექსპორტზე ორიენტირებული განვითარების სტრატეგია, რომელიც, მსუბუქი მრეწველობიდან საინჟინრო მომსახურებისკენ გადანაცვლებით, დამატებული ღირებულების ზრდისა და საექსპორტო ბაზრების ათვისების შესაძლებლობას იძლევა. ამ ქვეყნების წარმატების ძირითად პირობებს შორის იყო ძლიერი (ზოგჯერ ტოტალიტარული) სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა სტაბილურ და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და დადებითი გარე ფაქტორების შექმნას (განათლება, სოციალური პოლიტიკა, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა). განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში, რომლებშიც არ იყო ასეთი პირობები, ეკონომიკური განვითარება 90-იან წლებში შეჩერდა (ლათინური ამერიკა) ან რეგრესი განიცადა (აფრიკა).
ამას წინათ, ისეთმა დიდმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, გააერთიანეს იმპორტის და ექსპორტის ჩანაცვლების სტრატეგიები. ისინი ღიაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისეთი ნაკადებისთვის, რომლებიც მსხვილი შიდა ბაზრების აღმოცენებაზეა ორიენტირებული. სამრეწველო პროდუქციის ექსპორტს ისინი ფარდობითი უპირატესობის (იაფი მუშახელი, მასალატევადი ნაწარმი და მაღალი ოსტატობა ზოგიერთ სფეროში) მიხედვით ახორციელებენ. ამასთან, მათ შესწევთ შეთანხმების უნარი და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ცოდნისა და ნოუ-ჰაუს მძლავრი ნაკადების უზრუნველყოფა და მულტინაციონალური კომპანიების სტრატეგიებით სარგებლობა.
პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არც ისეთი მასშტაბი გააჩნია, რომ ინვესტორებისათვის მიმზიდველ ბაზრად იქცეს და არც იმის უნარი შესწევს, რომ შეთანხმებას მიაღწიოს ნოუ-ჰაუს შემოტანაზე. მას ორი შესაძლებლობა აქვს:
- გაერთიანდეს ორი აღნიშნული მიზნის მისაღწევად ისე, როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნები არიან გაერთიანებულნი MERCOSUR-ში (სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საერთო ბაზარი);
- ინტეგრირება მოახდინოს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია ALENAA-ში (ჩრდილოეთ ამერიკის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) ან ევროკავშირთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ეკონომიკური ინტეგრაციის მეორე ფორმა, რომელიც მეზობლობაზეა დაფუძნებული, ბაზრებზე შეღწევის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ცოდნის ტრანსფერის, მომსახურების ექსპორტირებისა და სიახლოვის გამო, წარმოების ქვეკონტრაქტული ორგანიზაციის უკეთეს საშუალებებს იძლევა. თუ არსებობს სათანადო პირობები, ეს ორი პროცესი შეიძლება გაერთიანდეს: აზიაში, სამხრეთ ამერიკასა თუ აფრიკაში რეგიონული ქვე-ინტეგრირება ამ რეგიონების მიმზიდველობის ხარისხს ზრდის, ვინაიდან ისინი ინვესტორებისათვის უფრო დიდ ბაზრებად იქცნენ. ეს ვარიანტი საქართველომ სერიოზულად უნდა განიხილოს, ვინაიდან ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია შავი ზღვის აუზის, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის, ქვეყნებთან ინტეგრირებასთან.
როგორც ძირითადი პროგრამული დოკუმენტი, ისე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, ემყარება მოსაზრებას, რომ ღია ეკონომიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების უმთავრესი ფაქტორებია. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი დოკუმენტი უფრო ძლიერ აქცენტს აკეთებს ღია ეკონომიკასა და ლიბერალიზაციაზე, სამოქმედო გეგმა კი საინვესტიციო და ეკონომიკური საქმიანობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. რაც ნიადაგს უქმნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას. ამ უკანასკნელის წყალობით შექმნილი ღია ეკონომიკა მისაღებია ევროპისთვის, რომელიც მწარმოებლური კაპიტალის იმპორტის 2/3-ს განვითარებული ქვეყნებიდან ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მიდგომა - კარის გაღება ვაჭრობისა და კარის გაღება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, ერთმანეთს ავსებს. საქართველოს დიდი და მზარდი სავაჭრო დეფიციტი იმის მაჩვენებელია, რომ ღია ვაჭრობას ავტომატურად არ მოაქვს სარგებლობა, თუ საინვესტიციო და ბიზნესკლიმატი მეწარმეებისათვის ისეთ პირობებსა და სტიმულებს არ ქმნის, რომ ახალ შესაძლებლობებზე რეაგირება მოახდინონ. გამოცდილებამ, განსაკუთრებით პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, გვიჩვენა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ხშირად ღია ეკონომიკის სიკეთის სრულად მიღების წინაპირობაა.
ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, სამოქმედო რეკომენდაციები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
მიზანშეწონილია შემუშავდეს მყარი საინვესტიციო კანონმდებლობა, დაცული იქნეს კანონის უზენაესობა ამ სფეროში. დღეისათვის მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ; 1996 წელს მიღებული კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“, 2002 წლის კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“; 2006 წლის კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საკმარისი არ არის. ჩემი მოსაზრებით, აღნიშნული კანონები საჭიროა გადაისინჯოს და მკაცრ შესაბამისობაში მოვიდეს: ა) კომენტარებთან ინვესტიციების გარანტიებით მრავალმხრივი სააგენტოს შესახებ კონვენციაზე. ბ) 1985 წელს სეულში მიღებულ კონვენციასთან - ინვესტიციების გარანტიების მრავალმხრივი სააგენტოს დაარსების შესახებ.
საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისითაც ცალკე განხილვის საგანია მზარდი ინვესტიციების სტერილიზაციის თემა. უცხოური ინვესტიციების მართვისთვის საჭიროა მთავრობამ გაატაროს მკაცრი ფისკალური და ოპტიმალური პოლიტიკა, რომელიც ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული.
ყველა ინვესტიციის შემოდინება დამოკიდებულია ინვესტორების რწმენაზე საქართველოში ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით. მაკროეკონომიკური არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ინფლაციას. არის მოსაზრება, რომ პოლიტიკური არასტაბილურიბაც უარყოფით გავლენას ახდენს. ნათელია, რომ თუ ინვესტორებს ეშინიათ, ხედავენ რისკს, მაშინ ისინი ფულს არ ჩადებენ.
აღიარებულია, რომ საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად 10 კონკრეტული მიზეზი არსებობს:
პოლიტიკური და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები;
მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო;
კონკურენტული სავაჭრო წესები;
ლიბერალური საგადასახადო გარემო;
სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია;
მოდერნიზებული ბიზნეს ლიცენზიების სისტემა;
რეფორმირებულ ტექნიკური რეგულირების სისტემა;
სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა;
კონკრეტული საბანკო სექტორი;
საქართველო - უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა.
ჩემის მხრივ, დავამატებდი მეთერთმეტეს: საქართველო უდიდესი ინტელექტუალური სიმდიდრის ქვეყანაა.
დღეს ხშირად და ბევრს წერენ ეკონომიკური კადრების მომზადების დონის ამაღლებაზე. ამასთან, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ინვესტირების საფუძვლების, ინვესტიციური პროექტების, საინვესტიციო მენეჯმენტის სწავლების საკითხებს, ვინაიდან ინვესტიციები ეკონომიკის ქვაკუთხედია. ამ დებულების ჭეშმარიტებას ყველა აღიარებს. დროა ეს საქმითაც დამტკიცდეს.
![]() |
6 საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით |
▲back to top |
რა ცვლილებებია უნაღდო ანგარიშსწორების წესებში
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება (№336) „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე პირი.
გადასახადის გადამხდელის დასახლება - ამ ველში შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი შემთხვევიდან ერთ-ერთი:
- სახსრების გადამხდელი იურიდიული პირის სრული დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი, თუ გადამხდელი ახდენს თავის საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვას;
- იმ პირის სრული დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ვის მაგივრადაც ბიუჯეტში ხდება გადახდა.
გადახდის დანიშნულება - უნდა მიეთითოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ გადახდასთან (საქონლის, შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების დასახელება, სასაქონლო საბუთების, ხელშეკრულებების ნომრები, თარიღი, წინასწარი გადახდები და სხვა).
დამატებითი ინფორმაცია - სარეზერვო ველი დამატებითი ტექსტური ინფორმაციისათვის. სხვის მაგივრად საბიუჯეტო გადახდების შემთხვევაში, მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი (პირი, რომელიც ახდენს სახსრების გადახდას).
ბრძანების თანახმად, ბანკს უფლება აქვს ოპერაციები შეასრულოს ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული ოპერაციის ელექტრონული არქივიდან აღდგენა და ბეჭდვა.
ფიზიკური პირი უფლებამოსილია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს, როგორც სხვა ფიზიკური პირის, ისე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებზე ან განახორციელოს ბიუჯეტის, ან სხვა გადახდა. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსილია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად; საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვები ხორციელდება ფიზიკური პირისაგან მიღებული ფულადი სახსრების ხარჯზე, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსილია ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხვები აწარმოოს სხვა პირის მაგივრად.
საგადასახადო დავალების შევსებისას გასათვალისწინებელია შემდეგი თავისებურებები:
- იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ახდენს თავის საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას, საგადასახადო დავალების რეკვიზიტი - „გადამხდელის დასახელება“ შეივსება არსებული წესით, ამასთან, იგივე დასახელება, სავალდებულო წესით, იდენტურად გამეორდება საგადასახადო დავალების ველში „გადასახადის გადამხდელის“ დასახელება.
ამ შემთხვევაში (როდესაც გადამხდელი ახდენს თავის საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას) გრაფაში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ მიეთითება საგადასახადო ორგანოების მიერ ამ გადამხდელისათვის ან ფიზიკური პირისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი;
- თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის (საგადასახადო ვალდებულების შესრულება) 41 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელი ახდენს თავისი საგადასახადო ვალდებულების დაფარვას, ასეთ შემთხვევაში „გადამხდელის დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის დასახელება, რომელიც სახსრებს იხდის, ხოლო „გადასახადის გადამხდელის დასახელებაში“ მითითება იმ პირის სრული დასახელება, ვის მაგივრადაც იხდიან. გრაფაში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ მიეთითება იმ პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ვის მაგივრადაც იხდიან.
ბრძანება ძალაშია 2007 წლის 23 დეკემბრიდან.
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვა და დაბეგვრის კონტროლი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2007 წლის 17 დეკემბერს გამოსცა ბრძანება (№1295) „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ინსტრუქციის დანართი №1 შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ბრძანება ძალაშია 2007 წლის 24 დეკემბრიდან.
რა ცვლილებებია საბაჟო კოდექსში
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 7 დეკემბერს მიიღო კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით შესაძლებელია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური საქონელი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საქონელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე უგრძელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადა):
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12- პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი საქონელი:
- პირადი საუველირო სამკაული;
- ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
- ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრიტი;
- ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
- ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტაფონი;
- ერთი რადიომიმღები;
- ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
- ერთი ტელევიზორი;
- ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
- ერთი კალკულატორი;
- ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
- ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
- ერთი კარავი და კარავის სხვა მოწყობილობა;
- სპორტული აღჭურვილობა;
კანონი ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან.
რა ჯარიმა დაგეკისრებათ, თუ ავტომანქანის მართვის მოწყობით უკანონოდ ისარგებლებთ
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 14 დეკემბერს მიიღო კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ერთდროულად ისარგებლებს ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მართვის მოწმობით, ან დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილ ორგანოს ცრუ ინფორმაციას მიაწოდებს სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ჯარიმას არ გადა იხდის დადგენილ ვადაში, მას დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ პირი ჯარიმასა და საურავს არ გადაიხდის განსაზღვრულ ვადაში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმჯევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
კანონი ძალაშია 2007 წლის 26 დეკემბრიდან.
ვინ თავისუფლდება გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 14 დეკემბერს მიიღო კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.
კანონი ძალაშია 2007 წლის 26 დეკემბრიდან.
ცვლილებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 14 დეკემბერს მიიღო კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი.
კანონი ძალაშია 2007 წლის 26 დეკემბრიდან.
რა შემთხვევაში მოხდება არქიტექტურული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 18 დეკემბერს მიიღო კანონი „არქიტექტურულ- სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე», რომლის თანახმადაც, თუ მიწერილობა დროულად არ შესრულდება, დამრღვევი დაჯარიმდება მხოლოდ მიწერილობის არადროულად შესრულებისათვის. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიწერილობით განსაზღვრული ვადის დინება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზედამხედველობის ორგანომ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება უნდა მიიღოს, თუ:
- დარღვევები გამოსწორებულია და მიწერილობა შესრულდა;
- განხილვისას გამოვლინდა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართლადარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
- პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
- არარსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, არქიტექტურულსამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების თაობაზე. დადგენილების მიღების შემდეგ ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, გასცეს მიწერილობა დარღვევების გამოსწორების შესახებ.
მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნებისა.
კანონი ძალაშია 2008 წლის 11 იანვრიდან.
* * *
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 18 დეკემბერს მიიღო კანონი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების (ინდივიდუალური შენობა-ნაგებობები მათზე მიმაგრებული მიწით ან მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ბინები) საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.
კანონი ძალაშია 2007 წლის 27 დეკემბრიდან.
ცვლილებები უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების წესში
საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 4 იანვარს გამოსცა ბრძანებულება (№7) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.
ბრძანებულების თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს:
- ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება- დაშენებისა;
- მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მრავალბინიან სახლებზე მიშენება- დაშენების შემთხვევაში სამშენებლო მოცულობის აზომვითი ნახაზი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში არსებული ობიექტის პროექტი;
- ფოტოსურათები;
- დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა.
აღსანიშნავია, რომ მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხიმგებლობა არ ეკისრება ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ორგანოს და ეს სრულად წარმოადგენს შენობა- ნაგებობის მესაკუთრის რისკს.
ბრძანებულება ძალაშია 2008 წლის 11 იანვრიდან.
რა საბაჟო პროცედურები ხორციელდება საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან ნიმუშის აღებისას
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2008 წლის 9 იანვარს გამოსცა ბრძანება „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განხორციელებული საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომლის თანახმადაც დამტკიცდა:
- ინსტრუქცია „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ (დანართი №1);
- საქონლის დათვალიერების უწყება (დანართი №2);
- საქონლის დათვალიერების აქტი (დანართი №3);
- საქონლის დათვალიერების უწყებისა და საქონლის დათვალიერების აქტის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №4).
დანართი № 1 - ინსტრუქცია საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ
თავი № 1 - ზოგადი დებულებები
მუხლი № 1
„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ ინსტრუქცია” (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრავს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელ საბაჟო პროცედურებს, მათი ჩატარების წესებს და ამ პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი № 2
ამ ინსტრუქციის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებაზე;
ბ) მგზავრის პირადი ნივთების (ბარგის) დათვალიერებაზე;
გ) მგზავრის დათვალიერებასა და შემოწმებაზე;
დ) საფოსტო გზავნილის დათვალიერებაზე;
ე) ელექტროგადამცემი ხაზებით და მილსადენით გადაადგილებულ საქონელზე.
თავი № 2 - საქონლის დათვალიერება
მუხლი № 3
1. საქონლის დათვალიერება (შემდგომში - დათვალიერება) წარმოადგენს საბაჟო პროცედურას, რომელიც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ და ითვალისწინებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას ლუქების, შტამპებისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნით, სატრანსპორტო საშუალებების, მათი სატვირთო სათავსების გახსნით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე საქონლის შეფუთვის გახსნით.
2. დათვალიერების მიზანია საბაჟო კონტროლის მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაცია, აკრძალული საქონლის შემოტანა/ გატანის აღკვეთა, საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების გატარება, საქონლის ფარულად გადაადგილების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არადეკლარირებული საქონლის გამოვლენა, დეკლარირებული საქონლისთვის მინიჭებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის სისწორის განსაზღვრა.
მუხლი № 4
დათვალიერებას ახორციელებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე (შემდგომში - საბაჟო მოხელე).
თავი № 3 - დეკლარანტის უფლება-მოვალეობები
მუხლი № 5
საქონლისა ან/და სატრანსპორტო დათვალიერებისას დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) დაესწროს დათვალიერებას, საქონლის სინჯისა და/ან ნიმუშის აღებას;
ბ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისას წერილობით დააფიქსიროს საკუთარი აზრი, მისცეს ახსნაგანმარტებები;
გ) მიიღოს დათვალიერების აქტის ასლი;
დ) მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერება და დათვალიერებისას საბაჟო მოხელეების მხრიდან მისი კანონიერი უფლებების დაცვა.
მუხლი № 6
დათვალიერებისას დეკლარანტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა;
ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს დათვალიერებას და აღმოუჩინოს დახმარება საბაჟო მოხელეს (განახორციელოს საქონლის ტრანსპორტირება, აწონვა, საქონლის რაოდენობის განსაზღვრა, გადმოტვირთვა-დატვირთვა, გადატვირთვა, შეფუთვების გახსნა ან ხელმეორედ შეფუთვა, ასევე შენობების, საცავების და სხვა ადგილების გახსნა, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები).
თავი № 4 - საბაჟო მოხელის უფლება-მოვალეობები
მუხლი № 7
დათვალიერებისას საბაჟო მოხელე უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს დეკლარანტს წარმოადგინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები;
ბ) მიიღოს დათვალიერებაში მონაწილე პირთაგან ინფორმაცია;
გ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაზარდოს დათვალიერების მოცულობა და/ან გამოიყენოს დათვალიერების უფრო დეტალური ფორმა;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;
ე) აიღოს საქონლის სინჯი და/ან ნიმუში.
მუხლი №8
დათვალიერებისას საბაჟო მოხელე ვალდებულია:
ა) განახორციელოს დათვალიერება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და შედეგები ასახოს დათვალიერების აქტში;
ბ) სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დადგენილი წესით შეადგინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი და მასალები, სათანადო რეაგირებისათვის, წარუდგინოს დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს;
გ) არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს;
დ) დაიცვას დეკლარანტისა და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა უფლებები;
ე) წერილობით აცნობოს საბაჟო ორგანოს უფროსს დათვალიერების მოცულობისა და ფორმის შეცვლის შესახებ (მიზეზების მითითებით), ასევე აღნიშნული ასახოს დათვალიერების აქტში.
თავი №5 - დათვალიერებაზე დამსწრე პირები
მუხლი №9
დათვალიერებას ესწრებიან:
ა) დათვალიერების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ასევე საბაჟო ორგანოს სხვა მოხელე;
ბ) დეკლარანტი - თავისი სურვილით ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;
გ) საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირები ან მათი წარმომადგენლები საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;
დ) დროებითი შენახვის საწყობის ან საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის პასუხისმგებელი პირი, როცა საქონელი ინახება აღნიშნულ საწყობში ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტში;
ე) ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ახორციელებენ დატვირთვა-გადმოტვირთვის ან დათვალიერებასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს;
ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ან/და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები - საბაჟო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე;
ზ) საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით მოწვეული ექსპერტები, სპეციალიტები. საბაჟო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სხვა ქვეყნების საბაჟო ორგანოების წარმომადგენლები.
მუხლი №10
დეკლარანტის ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების დაუსწრებლად დათვალიერება ხორციელდება:
ა) აღნიშნული პირების საქონლის დათვალიერების უწყებით განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობისას;
ბ) როდესაც დეკლარანტის ან/და საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირების მიზეზით ვერ ხერხდება დათვალიერების უწყების გადაცემა;
გ) როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან სახელმწიფო უშიშროებას ან საზოგადოებრივ წესრიგს ან ცხოველებსა და მცენარეებს ან სხვა გადაუდებელ გარემოებათა არსებობისას;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიტოვებისას, როდესაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან/და მფლობელის დადგენა შეუძლებელია.
თავი №6 - დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღება
მუხლი №11
დათვალიერებას ექვემდებარება:
ა) რისკების მართვის სისტემის საფუძველზე, საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA) მეშვეობით წითელ დერეფანში გადაყვანილი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი;
ბ) საქონელი, როდესაც მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით, საქონლის იდენტიფიცირება შეუძლებელია დათვალიერების გარეშე;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი.
დ) საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას.
მუხლი №12
1. საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA) მეშვეობით, წითელ დერეფანში გადაყვანილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელზე დათვალიერების უწყებას აფორმებს საბაჟო მოხელე.
2. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დათვალიერებაზე გადაწყვეტილებას საქონლის დათვალიერების უწყების ფორმით იღებს:
ა) საბაჟო ორგანოს უფროსი ან მის მოადგილე;
ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს (განყოფილების) უფროსი (ან მის შემცვლელი);
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირები.
3. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის დათვალიერების უწყება არ გამოიწერება.
4. საქონლის დათვალიერების უწყება გამოიწერება ამ ბრძანების 2 დანართით დადგენილი ფორმით.
მუხლი №13
საქონლის დათვალიერების უწყებაში მითითებული უნდა იყოს: უწყების გამცემი საბაჟო ორგანო; დათვალიერების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე; დეკლარანტი ან/და საქონლის მიმღები (გამგზავნი), საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირები ან მათი წარმომადგენლები; დათვალიერების ადგილი, დრო, მოცულობა და ფორმა; დეკლარაციის ან სხვა თანმხლები დოკუმენტის მონაცემები; დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის სახელი, გვარი და ხელისმოწერა; უწყების გაცემის თარიღი.
თავი №7 - განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების სახეები
მუხლი №14
1. განმეორებითი დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, ამავე პირის ინიციატივით ან დეკლარანტის ან/და საბაჟო მოხელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, და ფორმდება საქონლის დათვალიერების ახალი უწყებით.
2. დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებულ განმეორებით დათვალიერებაში მონაწილეობის უფლება არა აქვს თავდაპირველი დათვალიერების განმახორციელებელ საბაჟო მოხელეს.
მუხლი №15
1. დამატებითი დათვალიერება ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ იგი მიიჩნევს, რომ საქონლის ნაწილის დათვალიერების შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მთელ საქონელზე, ასევე ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. დამატებითი დათვალიერება გულისხმობს საქონლის სრულ ან შერჩევით (ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილ დათვალიერების მოცულობაზე მეტი ოდენობით) დათვალიერებას.
3. დამატებითი დათვალიერება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
4. დამატებითი დათვალიერების მოცულობა განისაზღვრება იმის გათვალისწინებით, რომ მიღებულ იქნას საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესახებ საკმარისი ინფორმაცია.
მუხლი №16
1. მიზანმიმართული დათვალიერება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. მიზანმიმართული დათვალიერება გულისხმობს საქონლის ნებისმიერი შეფუთვის (შეკვრის) გახსნას ან/და სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი სათავსის (განყოფილების) შემოწმებას, მასში საქონლის სამალავების ან/და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაადგილებული საქონლის აღმოჩენის მიზნით.
3. მიზანმიმართული დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს დათვალიერებასთან, განმეორებით დათვალიერებასთან ან დამატებით დათვალიერებასთან ერთდროულად.
4. მიზანმიმართული დათვალიერება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
თავი №8 - დათვალიერების მოცულობა და ფორმა
მუხლი №17
1. თუ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია ერთი სახეობის (ერთი დასახელების, ერთი და იგივე წონის, ერთგვაროვნად შეფუთული) საქონელი (ყუთი, შეკვრა და ა. შ.) დათვალიერება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევითობით (ძირითადი ან დამატებითი განზომილების ერთეულის მიხედვით), საქონლის 5%25-ის მოცულობით.
2. ერთ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებული ან/და ერთი სატრანსპორტო საშუალებით (ერთი სატრანსპორტო დოკუმენტით) გადაადგილებული სხვადასხვა სახეობის (ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით) საქონლის დათვალიერება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე, თითოეული სახეობის საქონლის 10%25-ის მოცულობით. ცალკეული შეკვრის (ფუთის, ყუთის) გახსნისას ამოღებული საქონელი ექვემდებარება დათვლას (აწონვას).
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის სახეობა აჭარბებს 50-ს, შესაძლებელია დათვალიერება განხორციელდეს შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე საქონლის სახეობის 20%25-ისა (ე.ი. თუ გვაქვს 50 სახეობის საქონელი, დათვალიერება შეიძლება ჩაუტარდეს 10 სახეობის საქონელს, ისიც თითოეულს 20%25-ის მოცულობით).
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი თვალიერდება შემთხვევითი შერჩევითობით (ძირითადი ან დამატებითი განზომილების ერთეულის მიხედვით), საქონლის 2%25-ის მოცულობით.
მუხლი №18
იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერებისას აღმოჩნდება შეუსაბამობა წარდგენილ დოკუმენტებსა და საქონლის ფაქტიურ მონაცემებს შორის, საქონლის დათვალიერების აქტის საფუძველზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას დათვალიერების მოცულობის გაზრდისა და უფრო დეტალური დათვალიერების ფორმის გამოყენების თაობაზე.
მუხლი №19
შემოსავლების სამსახურის უფროსს შეუძლია ცალკეული სახეობის საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებებზე, წლის გარკვეულ პერიოდში ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს დათვალიერების შესაბამისი მოცულობა და ფორმა.
თავი №9 - ტექნიკური საშუალებების გამოყენება
მუხლი №20
დათვალიერების, განმეორებითი ან დამატებითი ან მიზანმიმართული დათვალიერების დაჩქარების და ეფექტურობის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც იძლევა საშუალებას მიღებული იქნეს ინფორმაცია საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების დადგენის, სამალავების აღმოჩენის და სხვა მიზნით, ამასთან, არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და არ აყენებს ზიანს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებასა და გარემოს.
მუხლი №21
საბაჟო კონტროლის ტექნიკური საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებიც გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე.
მუხლი №22
საქონლის აღმოსაჩენად, რომლის შემოტანა ან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებული სპეციალური საშუალებები.
მუხლი № 23
მიზანმიმართული დათვალიერებისას საქლიბი, სახერხი და სხვა მსგავსი ხელსაწყოები გამოიყენება იმ საქონლის გამოსავლენად, რომელიც დამალვის მიზნით შენიღბულია საღებავით და სხვა საშუალებებით ან განთავსებულია სპეციალურად მოწყობილ სამალავებში.
თავი №10 - საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება
მუხლი №24
1. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მოხელე უფლებამოსილია, აიღოს გამოკვლევისათვის საჭირო საქონლის სინჯები ან/და ნიმუშები. სინჯებისა ან/და ნიმუშების აღების შესახებ დგება დადგენილი ფორმის აქტი. აღნიშნული აქტის მეორე ეგზემპლიარი გადაეცემა საქონელზე უფლებამოსილ პირს ან მის წარმომადგენელს, თუ მისი ვინაობა დადგენილია.
2. საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღების ფაქტი უნდა აისახოს საქონლის დათვალიერების აქტში, ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ საქონლის რომელი შეკვრიდან (ყუთი, ფუთა და სხვა), რა რაოდენობის სინჯი ან/და ნიმუში იქნა აღებული.
3. აუცილებლობის შემთხვევებში საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება წარმოებს ექსპერტის ან სპეციალისტის მონაწილეობით.
4. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება, საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, შეუძლია ასევე დეკლარანტს, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირს, მათ წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლებს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს სინჯებისა და ნიმუშების აღების უფლება ეძლევათ, თუ მათი აღება:
ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლის განხორციელებას; ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებელ ნიშნებს;
გ) არ იწვევს საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან თავის არიდებას ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი შეზღუდვებისა და აკრძალვების შეუსრულებლობას.
მუხლი №25
1. სინჯებისა და ნიმუშების აღებისას დეკლარანტის მიერ სინჯებზე და ნიმუშებზე ცალკე საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, იმ პირობით, რომ ისინი მითითებული იქნება საქონლის საბაჟო დეკლარაციაში.
2. დეკლარანტი და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებაში, კერძოდ, თავიანთი ხარჯით განახორციელონ საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებასთან დაკავშირებული სატვირთო და სხვა საჭირო ოპერაციები.
მუხლი №26
1. დეკლარანტს ან საქონელზე სხვა უფლებამოსილ პირს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ხოლო საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ვალდებული არიან, დაესწრონ საბაჟო მოხელის და/ან სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებას.
2. საბაჟო მოხელეს უფლება აქვს დაესწროს დეკლარანტის, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის, მათი წარმომადგენლების და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლების მიერ სინჯებისა და ნიმუშების აღებას.
3. საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს უფლება აქვთ დეკლარანტებისა და მათი წარმომადგენლების დაუსწრებლად აიღონ საქონლის სინჯები და ნიმუშები ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში სინჯებისა და ნიმუშების აღება ხორციელდება არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებით.
4. საბაჟო ორგანოებს უნდა ეცნობოს სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ აღებული საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევების შედეგების შესახებ, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს აგრეთვე დეკლარანტს ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირებს ან მათ წარმომადგენლებს.
მუხლი №27
1. სინჯებსა და ნიმუშებს იღებენ იმ მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია მათ გამოსაკვლევად.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის სინჯების ან/და ნიმუშების გამოკვლევა საჭიროებს სპეციალური ცოდნას, ინიშნება ექსპერტიზა.
3. ექსპერტიზა ტარდება საბაჟო ორგანოს მიერ მოწვეული შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლების ან სხვა ექსპერტების მიერ, რომელთაც დასკვნის გასაცემად გააჩნიათ სპეციალური ცოდნა.
4. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ, საბაჟო მოხელის წერილობითი დასაბუთების საბუძველზე.
5. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება წერილობითი ფორმით, რომელშიც აღინიშნება ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, ექსპერტიზის ჩატარების ადგილი, იმ ორგანიზაციის (ექსპერტის) დასახელება, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, ექსპერტიზისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და მასალების ჩამონათვალი.
6. ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტის მოწვევა ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც სხვა პირობებთან ერთად აღინიშნება პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტის მიერ შეგნებულად ცრუ დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
7. ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქონლის დროებითი შენახვის ვადებს, თუ საქონლის გაშვება არ ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე.
მუხლი №28
1. საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევების შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირებს ან მათ წარმომადგენლებს.
2. გამოკვლევების დამთავრების შემდეგ საქონლის სინჯები ან/ და ნიმუშები უბრუნდება მათ მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სინჯები და ნიმუშები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება განადგურებას ან მათი ნაწილი გახარჯული იქნა გამოკვლევის პროცესში ან როდესაც სინჯებისა და ნიმუშების დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება მათ ღირებულებას.
3. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხდება დეკლარანტის ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.
4. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის აანაზღაუროს სინჯის და/ან ნიმუშის აღებით გამოწვეული დანაკლი
თავი №11 - საქონლის წონის დადგენა
მუხლი №29
1. თითოეული სახეობის საქონელზე წონის დადგენა ხორციელდება შერჩევით, მაგრამ არა ნაკლებ წონის საერთო რაოდენობის 10%25-ისა.
2. დასაშვებია საქონლის საერთო წონის განსაზღვრა ერთი დასახელების საქონლის ერთი შეკვრის წონის გადამრავლებით ანალოგიური შეკვრების რაოდენობაზე.
3. საქონლის დათვალიერების აქტში უნდა მიეთითოს საერთო წონის განსაზღვრის გაანგარიშების მეთოდი.
მუხლი №30
1. საქონლის წონის დადგენის მიზნით, დათვალიერებისას უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მუშა მდგომარეობაში მყოფი ასაწონი საშუალებები.
2. აკრძალულია დადგენილი ნორმების დარღვევით არსებული ასაწონი საშუალებების გამოყენება.
მუხლი №31
თუ საქონლის მოცულობას (ან რაოდენობას) განსაზღვრავს ექსპერტი (სპეციალისტი), მაშინ ექსპერტიზის აქტის ასლი უნდა დაერთოს საქონლის დათვალიერების აქტს.
მუხლი №32
1. შეკვრის გახსნა ხორციელდება შერჩევით ან სრულად საქონლის დათვალიერების უწყების შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ყველა შეკვრის (ყუთი, ფუთა და სხვა) გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია შეკვრის (ფუთა) პირველადი სახის აღდგენა.
თავი №12 - საქონლის დათვალიერების აქტი
მუხლი №33
1. დათვალიერების, განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების შედეგები ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული საქონლის დათვალიერების აქტით (დანართი 3).
2. საქონლის დათვალიერების აქტს ადგენს საბაჟო მოხელე, რომელიც მონაწილეობს დათვალიერებაში.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც დათვალიერებას ესწრებიან ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება საქონლის დათვალიერების აქტში, ისინიც აწერენ ხელს და შესაბამისად გადაეცემათ აქტის თითო ეგზემპლარი (ასლი).
მუხლი №34
აკრძალულია:
ა) საქონლის დათვალიერების აქტის შედგენა სხვა პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ამ ინსტრუქციის შესაბამისად უფლებამოსილ საბაჟო მოხელეს;
ბ) საქონლის დათვალიერების აქტში ისეთი მონაცემების შეტანა, რომელიც არ ეხება დათვალიერებას;
გ) საქონლის დათვალიერების შედეგების გაფორმება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმისა (დანართი 3) და შემოსავლების სამსახურის მიერ დამზადებული საქონლის დათვალიერების აქტის ბლანკებისაგან განსხვავებული სხვა ფორმით.
თავი №13 - დასკვნითი დებულებანი
მუხლი №35
1. საბაჟო ორგანოები და მათი მოხელეები პასუხისმგებელნი არიან იმ ზიანისთვის, რომლებიც ფიზიკური ან იურიდიულ პირებსა და/ან მათ ქონებას მიაყენეს თავიანთი არამარლთზომიერი გადაწყვეტილებებით, მოქმედებებით ან უმოქმედობით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
2. დათვალიერებისას საბაჟო ორგანოების თანამშრომლების მართლზომიერი ქმედებით წარმოშობილი ზიანი, რომელიც მიადგა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს არ ანაზღაურდება.
მუხლი №36
დათვალიერების განხორციელებისას საბაჟო ორგანოს თანამშრომლების კანონიერი გადაწყვეტილებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა, ან მათი შესრულებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი №37
ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისას მონაწილე პირებისათვის, წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 15 იანვრიდან.
გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2008 წლის 10 იანვარს გამოსცა ბრძანება „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომლის თანახმადაც, დამტკიცდა:
- „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №1 „ა“ და „ბ“ დანართებით);
- „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №2).
ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა „გადახდის წყაროსთან განაცემების დაბეგვრისა და სოციალური გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1047 ბრძანება.
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 15 იანვრიდან.
ცვლილებები მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2008 წლის 8 იანვარს გამოსცა ბრძანება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხას“ დაემატა შემდეგი ქვეპუნქტები:
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.უ) ზარალის ანაზღაურების ან გირაოს სახით თანხის გადახდის დასტური;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ფ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიში.
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 14 იანვრიდან.
![]() |
7 რა მოგვცა რეგიონული ეკონომიკის მონიტორინგმა |
▲back to top |
რეგიონები: იმერეთი
რევაზ რობაქიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის
ფილიალის მმართველი
საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალი ევროკავშირის ქვეყნებში დანერგილი „რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ეკონომიკურ სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობით რეგიონის ბიზნეს-სიტუაციის მიმოხილვას ეწევა.
2007 წლის ეკონომიკური მონიტორინგის ჩატარება დაემთხვა ქუთაისში მასშტაბური ეკონომიკური და კულტურული პროექტის დაწყებას, რომელიც ქალაქის ცენტრალური ნაწილის ძირეულ რეკონსტრუქციასა და განახლებას ითვალისწინებს და რისთვისაც ქალაქში 40 მილიონი ლარის ინვესტიციები ბანდდება. საერთო შეფასებით, ეს პროექტი კარდინალურად გააუმჯობესებს ქუთაისისა და რეგიონის საინვესტიციო და ეკონომიკურ გარემოს, მარტო ამ და სხვა პროექტებით 2008 წელს ქუთაისში 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგის ძირითადი ასპექტები შემდეგ სურათს იძლევა.
ქუთაისისა და რეგიონის საინვესტიციო პროექტები
2007 წლის ნოემბერში ქუთაისში პრაქტიკულად დაიწყო პირველი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება, გათვალისწინებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე თეთრი ხიდის, კლასიკური და წმინდა ნინოს გიმნაზიების რესტავრაცია, თეთრი ხიდიდან რუსთაველის ხიდამდე ფეხით სასიარულო სანაპიროს მოწყობა (რაც აქამდე არ არსებობდა), 120 ნომრიანი სასტუმრო „ქუთაისის“ რეკონსტრუქცია და სამი ახალი სასტუმროს აგება, რომელთა ტევადობა 200 ადგილია. გაბაშვილის გორაზე არსებული პარკის სრული რეკონსტრუქცია და იქ საზაფხულო თეატრის აგება, საბაგირო გზის გაახლება, იტალიიდან ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების ატრაქციონების დამონტაჟება. დანგრეული კინოთეატრ „რადიუმის“ ასწლოვანი შენობის პირვანდელი ისტორიული პროექტით აგება, მის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე არქიტექტურული პროექტების მიხედვით საოფისე და სამუზეუმო შენობების აგება, იგეგმება თანამედროვე ტიპის ლუდსახარში წარმოების აგება თავისი ღია და დახურული კვების ობიექტებით, რომელთა სასარგებლო ფართი 2000 მ2-ს შეადგენს. ამ პროექტით კიდევ გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი კვების ობიექტის აშენებაც. რეკონსტრუქცია პირველ ეტაპზე შეეხება ტერიტორიას, რომლის ფართი 6,7 ჰექტარია. ყველა შენობა მოპირკეთდება ეკლარის ქვით, რომელიც ქუთაისის მახლობლად მოიპოვება. გარდა ამისა იგეგმება ქალაქში არსებულ სამრეწველო საწარმოებში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციების განხორციელება და ამ ობიექტების რეალური ამუშავება. რაც შეეხება რეგიონს, აქ აღსანიშნავია ტყიბულის, ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებში განხორციელებული ინვესტიციები:
- ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზმა“ 16.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა;
- ზესტაფონში ამავე კომპანიის მიერ 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით 2500 კაცი დასაქმდა. უკრაინელ ინვესტორებთან ერთობლივად ზესტაფონის საქკაბელმა პირველად ბოლო წლების მანძილზე აამოქმედა ცნობილი საქკაბელის ქარხანა, სადაც 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა;
ტყიბულში - შპს „საქინვესტმა“ აღადგინა და დაიწყო ქვანახშირის მოპოვება-რეალიზაცია. რაშიც 8,8 მილიონი ლარი დაიხარჯა. „საქართველოს რკინიგზამ“ ტყიბული-ქუთაისის სარკინიგზო ქსელის რეაბილიტაციისათვის 3,6 მილიონი ლარი დახარჯა.
ასეთი მოვლენების ფონზე ჩვენი გამოკვლევის ჩატარებამ სათანადო ასახვა ჰპოვა მონიტორინგის მონაწილე სუბიექტთა პასუხებში.
ეკონომიკური მონიტორინგის ჩატარება საჭირო და აქტუალური აღმოჩნდა ადგილობრივი აღმასრულებელი ხელსუფლებისათვის, განსაკუთრებით კომერციული ბანკების ფილიალებისთვისაც რეგიონში, ვინაიდან, ისინი აკეთებენ პროგნოზებს, თუ როგორი იქნება ბიზნესის მოთხოვნა კრედიტებზე, ასევე რა ახალ საბანკო პროდუქტებს ელოდება კლიენტურა საბანკო სექტორისგან და სხვა.
მონაწილეთა დარგობრივი სტრუქტურა
რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგის ჩასატარებლად თავდაპირველად თუ 25 კომპანია იღებდა მონაწილეობას, 2007 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროფილის 47 კომპანიამ გამოთქვა სურვილი მასში მონაწილეობაზე. პროექტს შეემატა ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონების საწარმოები. მონიტორინგის მონაწილეთა სტრუქტურა მრავალპროფილიანი სექტორებისგან შედგება.
არსებული მდგომარეობა
მონიტორინგის 30 პუნქტიანი სპეციალური ფორმა (ანკეტა) სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი ასახავს არსებულ სიტუაციას, მეორე ნაწილი შეეხება წარმოებაზე მოქმედ დადებით და უარყოფით ფაქტორებს, მესამე ნაწილი წარმოდგენას გვიქმნის ბიზნესის განვითარების მდგომარეობაზე უახლოეს პერსპექტივაში და რაც მთავარია, მოლოდინს.
პოზიტიური კონიუნქტურის ფონზე დამაფიქრებელია, რომ გასული წლის მანძილზე ცალკეული კვარტლების ანალიზზე დაყრდნობით მონიტორინგში მონაწილე კომპანიათა 18%25 უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფინანსური ნაკადების ბანკებში მოძიების სირთულეებზე, საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებზე. ამასთან, ისინი თვალნათლივ ხედავენ იმ სამშენებლო აქტივობას ქალაქსა და რეგიონში, რომელიც 2007 წელს შეიმჩნეოდა ბიზნეს-ობიექტების გახსნით, მაგალითისათვის: ახალი წლის წინა დღეებში გაიხსნა „პოპულის“ სუპერმარკეტი, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული და უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ქუთაისელ მომხმარებლებში. გაიზარდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მასშტაბები და უცხოეთში მომუშავე ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან რეგიონში შემოსული კერძო ინვესტიციები.
როდესაც საწარმოთა არსებულ სიტუაციას ვსწავლობდით, ჩვენი დაინტერესება გამოიწვია პასუხებმა კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა კონტრაქტების რაოდენობა საგარეო ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ მეწარმეთა 47,50%25-ს ასეთი კონტრაქტები საანგარიშო პერიოდში საერთოდ არ ჰქონია, ხოლო 17,5%25- ს კონტრაქტები შეუმცირდა. რაც შეეხება ამ კითხვაზე დარგობრივ ჭრილში გაცემულ პასუხებს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად 28,57%25- ით კონტრაქტები სამრეწველო საწარმოებს შეუმცირდათ. რაც შეეხება ვაჭრობას, საწარმოთა 71,4%25-ს საგარეო კონტრაქტები არ ჰქონია. ამიტომ, არაა გასაკვირი საბანკო სტატისტიკის მონაცემი, რომ გასულ 2007 წლის 9 თვეში 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უცხოეთიდან რეგიონის ბანკებში იურიდიულ პირებზე ჩამორიცხული ვალუტის მოცულობა 10%25-ით შემცირდა. ანუ პირდაპირი კავშირები უცხოეთის ბიზნეს- წრეებთან რეგიონის ბიზნეს-სუბიექტებს შეუმცირდათ. ეს ჩვენის აზრით, ორი ფაქტორითაა გამოწვეული: პირველი რუსეთის ემბარგოს გამოძახილი და მეორე, ის რომ რეგიონში სავაჭრო სექტორში ძირითადად მოქმედებენ დისტრიბუტორები და ისინი იმპორტული სავაჭრო საქონლის ჩამოტანისას კონკურენციას ვერ უწევენ მსხვილ იმპორტიორებს, რაც ბუნებრივია, ამცირებს მათ მოგებასა და თავისუფალ ფულად სახსრებს.
ისევე როგორც ცალკეულ კვარტალურ ჭრილში, ახლაც განსაკუთრებით მაღალია დანახარჯები ვაჭრობა-მომსახურების სექტორში, ვფიქრობთ, სხვა მიზეზებთან ერთად ეს გამოწვეული უნდა იყოს ერთი ძირითადი მიზეზით: მომსახურების სექტორში საქმიანობის გაფართოება აუცილებლად მოითხოვს სერვისის ახალ-ახალი ფორმების პერმანენტულ დანერგვას, ობიექტების კეთილმოწყობას, კაპიტალური ხარჯების გაწევას. მართალია საბოლოო ჯამში ეს ამ სექტორში ტარიფებისა და ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს აუცილებლად გასაწევი ხარჯებია. ანალოგიურია დანახარჯების ზრდა მრეწველობაში, რაც საწარმოთა ტექნიკური გადაიარაღების ლოგიკური შედეგია.
რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციასა და გაწეულ მომსახურებაზე ფასებს, მონიტორინგის მონაწილენი მიუთითებენ ფასების ზრდას ძირითადად ვაჭრობისა და მომსახურეობის სფეროში. ამ დარგების წარმომადგენლები ძირითად მიზეზად მსოფლიო ბაზრებზე სასურსათო პროდუქციის (მათ შორის, პურის, ზეთის, კარაქის), ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვან გაძვირებას ასახელებენ. რაც გაწეულ მომსახურებაზე და გასაყიდ პროდუქციაზე ფასების ზრდის სფუძველი გახდა.
გამოკითხვის ამ ნაწილში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ თუ როგორი გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებამ საწარმოს საქმიანობაზე? - აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 66,7%25-ის აზრით, გავლენა არ მოუხდენია, ხოლო 6,7%25 მიიჩნევს, რომ მან დადებითი გავლენა იქონია. თუმცა, რესპოდენტთა 26,7%25-მა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებამ უარყოფითად იმოქმედა. საინტერესოა პასუხები დარგობრივ ჭრილშიც: ყველაზე უარყოფითი გავლენა, - ისევე როგორც 2007 წლის III კვარტალში, ლარის კურსის ცვლილებამ ვაჭრობასა და მომსახურებაზე მოახდინა. ვაჭრობის დარგის წარმომადგენლებს უფრო მეტად აწუხებთ ის საერთო ინფლაციური პროცესები, რომელიც რეგიონში შეიმჩნევა და უარყოფით გავლენას ახდენს მათ სამეწარმეო საქმიანობაზე.
ტრადიციულია რესპოდენტთა მთლიანობაში აშკარად დადებითი დამოკიდებულება დაკრედიტების პირობების გაუმჯობესების მიმართ ის ფაქტი, რომ საბანკო სექტორი მეთოდურად აუმჯობესებს მომსახურებას, დაკრედიტების პირობებს და კრედიტი უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობაზე, ამას რეგიონის საბანკო სტატისტიკა და 2007 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 55%25-ით გაზრდილი სესხებიც მოწმობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის დაკრედიტების ზრდა. საბანკო დაკრედიტების მეშვეობით წყალტუბოს ათამდე სოფელში წარმოებული ბოსტნეულის 80%25 ექსპორტზე იქნა გატანილი. ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერები საშუალო ფენად აღიქვამენ საკუთარ თავს, არ ფიქრობენ ემიგრაციაზე, პირიქით, სხვა რაიონების ასეულობით მცხოვრებს აკმაყოფილებენ სამუშაოთი. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართებით ბანკებს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი.
ახლა, რაც შეეხება რისკებს: თუ 2007 წლის მესამე კვარტალში გამოკითხულ რესპოდენტთა 38,3%25 თვლიდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები გაიზარდა, მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 42,2%25-მდე ავიდა. ასეთი მეწარმეების რიცხვი გაცილებით აღემატება მათ, ვინც ფიქრობს, რომ რისკები შემცირდა (2,2%25).
გასულ წელს ჩვენ პირველად შევთავაზეთ მეწარმეებს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება გადასახადების არსებული სისტემის მიმართ. მეწარმეთა 58%25-ის აზრით, არსებული სისტემა მათ ბიზნესს აბრკოლებს, ამავდროულად ისინი დადებითად აფასებენ, საქართველოს მთავრობის ინიციატივას საგადასახადო წნეხის შემცირებისა და კოდექსის დახვეწაზე.
მოლოდინი
ბიზნესის მოლოდინი დღეს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მდგენელად იქცა, თუ ბიზნესს უახლოეს პერსპექტივასთან დაკავშირებით დადებითი პროგნოზი გააჩნია, ეს შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებლად მივიჩნიოთ.
რაც შეეხება 2008 წლის პირველ კვარტალს, რეგიონის ბიზნესის მოლოდინი ზომიერია. მართალია ახალი წლის პირველ თვეებში იანვრის პირველი ნახევრის შემდეგ რეგიონის ვაჭრობის სექტორს, როგორც წესი, აქტივობა უმცირდებათ, რის გამოც, გამოკითხვის საერთო ციფრები ამ დარგში ნეიტრალურია. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ოპტიმისტურია მშენებლობისა და მომსახურების სფეროს მოლოდინი.
მეწარმეთა მოლოდინში იკვეთება სურვილი, რომ ქვეყანაში ბიზნესისადმი დამოკიდებულება იყოს თანმიმდევრული, გამჭვირვალება რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, კერძო საკუთრების დაცვა. შეღავათიანი პირობების შექმნით კი შიდა რეგიონული ბიზნესი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ინდიკატორი იქნება.
![]() |
8 ბიზნეს-სტრატეგია |
▲back to top |
ახალი წიგნები
რაც უფრო იზრდება „ადამიანის ფაქტორის“ როლი თანამედროვე ეკონომიკაში, მით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფირმები თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვეს ტრეინინგებმა და სხვადსხვა სასწავლო კურსებმა. მაგრამ ახალბედა „ტრენერები“, როგორც წესი, უკვე ცნობილ თეორიულ პოსტულატებს სკურპულოზურ ქვეპუნქტებად ყოფენ და შემდეგ მათ ფსიქოლოგიურ ასპექტებში განიხილავენ.
ეკონომიკური ცოდნის ასეთი სკურპულოზური „ფსიქოლოგიზაცია“ მსმენელს ინფორმაციული რუტინისაკენ უყალიბებს მიდრეკილებას. თანამედროვე ეკონომიკას კი შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.
წარმოდგენილი წიგნი შედგენილია მსოფლიოში აღიარებული ტრეინინგ-ცენტრებისა და საკონსულტაციო ჯგუფების მასალათა მიხედვით. ეს ორგანიზაციები - სკანდინავიური „მენეჯერთა სკოლა“, „ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი“, საკონსულტაციო ფირმა „მაისიგმა“ და სხვანი. ცნობილნი არიან იმით, რომ მსმენელებს და კლიენტებს უვითარებენ შემოქმედებითი აზროვნებისა და სტრატეგიული ხედვის უნარს. ამ სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრებმა შეიმუშავეს ბიზნესის ანალიზის ძალზე ეფექტური მეთოდები, რომლებიც არასოდეს დაკარგავენ აქტუალობას. ამ ორგანიზაციების სასწავლო გეგმებს და თეორიულ ბაზას ქმნიდნენ ისეთი აღიარებული მეცნიერები და მოქმედი პრაქტიკოსები, როგორებიც არიან ბენგდტ კარლოფი, სვენ სედერბერგი, ლი იაკოკა, ჰენრი მინცბერგი, გვერტ ჰოფშტედე და სხვები.
წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ დამწყები მენეჯერების, არამედ ასევე გამოცდილი ბიზნესმენებისათვის, რადგან აღნიშნული სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრების მომსახურებით უმეტესად დიდი და ავტორიტეტული კომპანიები სარგებლობენ.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებულმა გლობალურმა კატაკლიზმებმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს არა მხოლოდ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, არამედ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანეს უკვე მიმდინარე ახალ ეკონომიკურ ტენდენციებში.
ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დასრულების სტადიაში შევიდა ინდუსტრიული ეპოქა, როდესაც მოთხოვნა აშკარად სჭარბობდა მიწოდებას, რაც მეტ-ნაკლებად მაღალტემპიან ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფდა.
90-იანი წლებიდან დაიწყო ახალი პოსტინდუსტრიული ერა, რომელიც ხასიათდება მიწოდების სიჭარბით. ბევრი მოელოდა რომ საბჭოთა კავშირის დეფიციტური ბაზრის გახსნა მნიშვნელოვნად შეასუსტებდა დასავლეთში არსებული ჭარბწარმოების პრობლემას. მაგრამ ყოფილმა სოციალისტურმა ეკონომიკამ ერთბაშად ვერ შეითვისა დასავლური პროდუქცია და ინვესტიციები. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონების კომპლექსური ათვისების მიუხედავად, მაინც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ერთობლივი მიწოდება უფრო დიდი ტემპით იზრდება, ვიდრე ერთობლივი მოთხოვნა.
ამ რაოდენობრივი თანაფარდობის ცვლილებამ ბიზნეს-კლასისაგან მოითხოვა ისეთი ახალი უნარ-ჩვევები, რომლებიც აღემატებიან ტრადიციულ გამოცდილებას. მანამდე მიჩნეული იყო, რომ თუ ერთი კომპანიის პროდუქციას კარგი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, მაშინ მყიდველი ადვილად იგრძნობდა ამ უპირატესობას სხვა პროდუქციის მიმართ.
მაგრამ ტექნოლოგიების სტანდარტიზაციის შედეგად სხვადასხვა ფირმების პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები გათანაბრდა, ამიტომ კომპანიებს, თავისი პროდუქციის უპირატესობაში მყიდველთა დარწმუნება უჭირთ.
ამ პრობლემის გადაწყვეტა უფრო მეტად ბაზარზე ორიენტაციის უნარს მოითხოვს, ვიდრე რომ სპეციალურ სტატიკურ ცოდნას. ტექნოკრატიულმა მეთოდებმა უკვე ამოწურეს თავისი შესაძლებლობები და თანამედროვე ეკონომიკაში უპირატესობა ადამიანურ ღირებულებებს ენიჭება.
თანამედროვე ბიზნესმენს უნდა შეეძლოს მომხმარებლის ახალი მოთხოვნილებათა წინასწარ განჭვრეტა და ამის მიხედვით წარმოების დაგეგმა იმ წინაპირობათა გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ რესურსების ოპტიმალურ ხარჯვას.
შემოსავლების ზრდის შედეგად შეიცვალა მომხმარებლების ინტერესები და უფრო მეტად მენტალური გახდა, ვიდრე ეკონომიკური. თუ ადრე უპირატესობა პროდუქციის ტექნიკურ რაციონალობას ენიჭებოდა, დღეს ამ მოთხოვნას ემატება მიდრეკილება ისეთი აქსესუარებისაკენ, რომლებსაც ეკონომიური ან რაციონალური დანიშნულება არ გააჩნიათ - ეს არის მაგალითად კომპიუტერული კონტროლი ჩვეულებრივი ელექტრომაჩვენებლების ნაცვლად, დიზაინი, სტატუს- ქვო, იმიჯი და ა.შ.
ე.ი. პოსტინუდისტრიულ ეკონომიკაში უპირატესობა ენიჭება ისეთ უმნიშვნელო „ნოუ-ჰაუებს“, რომლებიც პროდუქციას მხოლოდ კომფორტულობას მატებენ ან პატივმოყვარეობას უღვივებენ მყიდველს.
ასეთი არაეკონომიკური „ნოუ-ჰაუების“ საფუძველზე ყოველწლიურად ათიათასობით ახალი კომპანია იხსნება. მაგრამ მათი ნახევარი გახსნის პირველსავე წელს კოტრდება ისე, რომ მყარი ადგილის მოპოვებასაც კი ვერ ასწრებს. შემდგომ წელს საწარმოთა კიდევ ერთი მესამედი იხურება. მხოლოდ დარჩენილი ერთი მეხუთედი ზეიმობს სამი წლის იუბილეს. ასე, რომ თანამედროვე ეკონომიკაში „ნოუ-ჰაუების“ დამკვიდრებაც კი დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
უმთავრესი პრობლემა - ეს არის სიახლეების ანალოგიურობა. თანამედროვე მეცნიერება იმდენად განვითარდა, რომ ერთი და იგივე შედეგის მიღწევა სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება. მაგრამ ანალოგიურ პროდუქტებსაც გააჩნიათ თუნდაც უმნიშვნელო განსხვავებები. თანამედროვე ბიზნესმენს უნდა შეეძლოს მყიდველთა დარწმუნება თავისი ოდნავ განსხვავებული პროდუქციის უპირატესობაში. ეს კი ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას მოითხოვს.
მეორე მიზეზი - ეს არის ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპები - ე.ი. სანამ ახალი „ნოუ-ჰაუ“ ბაზარზე ადგილს დაიკავებდეს, მანამდე ჩნდება სხვა სიახლე, რომელიც უკვე არსებულს აღემატება. მაგრამ სრულიად ახალი „ნოუ-ჰაუს“ ნაკლია სიძვირე საწყისი კაპიტალდაბანდებების დაუფარავობის გამო. უკვე დანერგილი „ნოუ-ჰაუს“ საწყისი დანახარჯები კი ნაწილობრივ უკვე დაფარულია. ბიზნესმენს უნდა შეეძლოს თუნდაც ამ მცირე უპირატესობის გამოყენება, რადგან შესაძლებელია ისეთი ახალი ნიშების პოვნა, რომელსაც უკეთესი სიახლე ვერ მისწვდება თავისი თვისობრივი პარამეტრების ან სიძვირის გამო.
სხვადასხვა გამოკვლევებით დადგენილია, რომ საწარმოთა უმეტესობის გაკოტრების მთავარი მიზეზი ბიზნესმენთა არაკომპეტენტურობაა და არა არახელსაყრელი კონიუნქტურა ან სხვა გარემოებები.
თანამედროვე ეკონომიკის მდგომარეობა მოითხოვს არა სტანდარტული ფორმულებით ოპერირებას, არამედ შემოქმედებით მიდგომას სიტუაციის ანალიზისა და წარმოების დაგეგმვის მიმართ.
წარმოდგენილ წიგნში გადმოცემულია ბიზნეს-სტრატეგიის არა სტატიკური და კარგად ცნობილი ოპერატორიუმები, არამედ განხილულია მათი შემოქმედებითი გამოყენების მეთოდები თვალსაჩინო მაგალითებთან ერთად. მაგალითი კი ყველაზე კარგი მასწავლებელია. უკვე ცნობილი თეორიების ახალი რაკურსით გახსენება არასოდეს არის ზედმეტი. როგორც ამბობენ გამეორება - ცოდნის დედაა. წარმოდგენილი წიგნის შინაარსი ხელს შეუწყობს სტრატეგიული ხედვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
სტრატეგიული მართვის უნარ-ჩვევებს დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეკონომიკაში, რადგან ცვალებადი საბაზრო კონიუნქტურა აიძულებს ბიზნესმენს, რომ ოპერატიულ-ტაქტიკურ მიზნების მიღწევაზე იმუშაონ.
მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებებზე ორიენტაცია შესაძლოზე ნაკლებ შედეგებს იძლევა გრძელვადიან პერიოდში. ოპერატიული განწყობების შედეგად მეწარმე ძალიან ბევრ პერსპექტიულ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, რადგან იგი ვერ ხედავს ამ შესაძლებლობათა პოტენციალს რამდენიმე წლის შემდეგ.
ამიტომ, სტრატეგიული აზროვნების განვითარებით შესაძლებელია რესურსების ოპტიმალური გამოყენება და საწარმოს კონკურენტული პოზიციების განმტკიცება გრძელვადიან პერიოდში.
![]() |
9 რამდენად ეფექტურია თქვენი კომპანიის მართვის სტრატეგია |
▲back to top |
ტესტი
ქვემოთმოყვანილი მტკიცებები შეაფასეთ ქულებით 0-დან 2 მდე.
თუ მტკიცებულება ზუსტად შეესაბამება თქვენს კომპანიაში არსებულ სიტუაციას - შეაფასეთ 2 ქულით.
თუ ნაწილობრივ შეესაბამება - შეაფასეთ 1 ქულით.
შეუსაბამობის შემთხვევაში - შეაფასეთ 0 ქულით.
1. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენი კომპანიის მომგებიანობის ძირითად ფაქტორებს
0 1 2
2. ჩვენ ღრმად ვაანალიზებთ მოგების, ფულის ნაკადებისა და კომპანიის ღირებულების ურთიერთდამოკიდებულებას
0 1 2
3. ჩვენ გეგმაზომიერად ვახორციელებთ ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებებს
0 1 2
4. ჩვენ ვიცით, როგორ განვსაზღვროთ კომპანიის ფინანსური პრიორიტეტები, თუ რას მიენიჭოს უპირატესობა და რა ხარისხით - ერთობლივ შემოსავალს, მოგების ნორმას, თუ კომპანიის სააქციო ღირებულებას?
0 1 2
5. ჩვენ ვიცით, როგორ განვსაზღვროთ კომპანიის საბაზრო პრიორიტეტები - პროდუქტის, მარკეტინგის, კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით
0 1 2
6. ჩვენ ვერკვევით იმ სტრატეგიების ხასიათში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მომგებიანობის გაზრდაზე
0 1 2
7. ჩვენ ვიცით თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი პროდუქცია ან მომსახურება, რომ გავზარდოთ მოგება
0 1 2
8. ჩვენ ვიცით როგორ ავირჩიოთ და გამოვიყენოთ მარკეტინგის ის ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ გასაღების აქტივიზაციას და კონკურენტების შევიწროვებას
0 1 2
9. ჩვენ ვიცით, როგორ გავზარდოთ შემოსავლები გასაღების არხების განვითარების საშუალებით
0 1 2
10. ჩვენ ვიცით როგორ გავზარდოთ შემოსავლები თვით გაყიდვის პროცესის სრულყოფითა და გამრავალფეროვნებით
0 1 2
თუ თქვენს მიერ მიღებული ქულების რაოდენობა 10-ს არ აღემატება, მაშინ თქვენი მმართველობა ძალზე შორსაა სრულყოფილებისაგან და თქვენი ორგანიზაცია დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ მუშაობის სტილი და დაეუფლოთ მართვის ახალ მეთოდებს.
თუ თქვენ დააგროვეთ ქულები 10-დან 25-მდე, მაშინ თქვენი მმართველობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არის ხარვეზები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.
თუ თქვენი შეფასება 25 ქულაზე მეტია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ წარმატებული მმართველი ხართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განვითარებაზე ხელი უნდა აიღოთ და მხოლოდ მიღწეულით იამაყოთ: ბიზნეს-გარემო ყოველდღიურად იცვლება და ახალ მოთხოვნებს უყენებს ყველაზე წარმატებულ კომპანიებსაც კი.