The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №20 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №20 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა სექტემბერი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ხვალინდელი დღე, 7-8.09.05.
რუბრიკა: „დედაეკლესია“
როგორ ადამიანს ეწოდება განათლებული

„...როგორ შეიძლება, - წერს უსახელო ავტორი, - განათლებულები ვუწოდოთ იმ ადამიანებს (თუნდაც იყვნენ მეცნიერ-გამომგონებლები, უცხო ენათა მცოდნენი და სხვადასხვა დარგის ხელმძღვანელნი), რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს აგრძელებენ მარადიული ჯოჯოხეთის სატანჯველში?“ ურწმუნო ადამიანს, სტატიის მიხედვით, არ შეიძლება ვუწოდოთ განათლებული, არამედ „მეცნიერი, სწავლული, წიგნიერი და ნებისმიერი სხვა საქები სიტყვა, მხოლოდ არა განათლებული“. თავისი მოსაზრების დასადასტურებლად ავტორი იმ მეცნიერებს ახსენებს, ვინც ევოლუციის თეორიას მიუძღვნეს თავიანთი დისერტაციები თუ სხვა ნაშრომები. „ჭეშმარიტების ფესვებით უნდა გაღვივდეს ყოველი ცოდნა... წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერს დიდი ცოდნით დიდი ბოროტების მოტანა შეუძლია.“

ახალი თაობა, 7.09.05.
შორენა კიწოწაშვილი
გამოიყენება თუ არა შუღლის ენა ქართულ მედიაში?

6 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისში რელიგიათა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ამ დღეს საბჭოს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა - „საქართველოს მუსლიმანთა კონგრესი“, რომელმაც 5 სექტემბერს გაიარა რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.

საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება რელიგიური საკითხების მედიაში გაშუქების პრობლემას მიექცა. სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ქართულ პრესაში მართლმადიდებლობისაგან განსხვავებული კონფესიების მიმართ არაკორექტული და ხშირად ცილისწამებლური მასალები იბეჭდება. ცნობილმა რელიგიურმა დისიდენტმა, დეკანოზმა ბასილ კობახიძემ ქართული მედიის ენას ამ საკითხში „შუღლის ენა“ უწოდა.

ახალი ვერსია, 14-15.09.05.
თამარ ჩიბურდანიძე
გილოცავთ ახალ წელს

პუბლიკაცია ეძღვნება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი წლის 1 სექტემბერს (ახალი სტილით - 14 სექტემბერს) აღნიშვნას. ამ ტრადიციის მიზეზების ასახსნელად გაზეთი ამაღლების ტაძრის წინამძღვარს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის პედაგოგს, მღვდელ ბიძინა გუნიას ესაუბრა. საუბრიდან ვგებულობთ, რომ იმის თაობაზე თუ ვინ, რატომ და როდის დაამკვიდრა ეს წესი, მრავალი მოსაზრება არსებულა. (თარიღი ემთხვევა პირველი მსოფლიო კრების გახსნას; ამ დღეს მაცხოვარი ნაზარეთის სინაგოგაში შესულა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წარმოუთქვამს; კონსტანტინე დიდმა ამ დღეს, 321 წელს, „გამანადგურებელი დარტყმა აგემა მაქსენტის“ (იგულისხმება მაქსენციუსი - რედ.), რითაც ქრისტიანობას გზა გაუხსნა და ა.შ.). ერთი სიტყვით, რესპონდენტის საუბრიდან შეიძლება ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თარიღს საკრალური მნიშვნელობა ჰქონია.

ახალი თაობა, 17.09.05.
ინტერპრესნიუსი
მკალავიშვილი იეღოვას მოწმეთა შეკრების დარბევაში მონაწილეობას უარყოფს

თბილისის საოლქო სასამართლომ გლდანის ეპარქიის წინამძღვრის ბასილ მკალავიშვილის და და იმავე ეკლესიის სტიქაროსანის პეტრე ივანიძის საქმის განხილვა განაახლა. ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც მკალავიშვილს 6 წლით, ივანიძეს კი 4-ით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ადვოკატებმა საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ისინი მკალავიშვილის და ივანიშვილის ბრალდებების მოხსნას და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. იეღოვას მოწმეების დარბევებში და მათი ლიტერატურის დაწვაში მონაწილეობას მკალავიშვილი კვლავინდებურად უარყოფს.

ახალი თაობა, 21.09.05.
მედიანიუსი
გურამ შარაძე იეღოველთა სექტის კონგრესის ჩატარებას აპროტესტებს

გურამ შარაძე „გვაფრთხილებს“ რომ, 23-25 სექტემბერს მარნეულში „იეღოველთა სექტა“ კონგრესის ჩატარებას გეგმავს. „ზუგდიდში წარმატებით ჩატარებული კონგრესის შემდეგ იეღოველები ნელ-ნელა დედაქალაქისკენ მოიწევენ“, - აცხადებს შარაძე და ხელისუფლებას მოუწოდებს „წინ აღუდგეს ამ უმსგავსოებას და ბოლო მოუღოს ქვეყანაში უცხოური დაჯგუფებების პარპაშს“.

მისი აზრით მართლმადიდებელ ეკლესიას კათოლიკური ორგანიზაციებიც დიდ საშიშროებას უქმნიან; მაგალითისთვის შარაძე სახელმწიფო სკოლებისთვის განკუთვნილ პროგრამას - „ვაშენოთ მომავალი“ ასახელებს. პროგრამას კათოლიკური დახმარების ფონდი ახორციელებდა, მაგრამ პატრიარქის ჩარევის შემდეგ პროგრამა შეჩერდა.

ახალი თაობა, 22.09.05.
თეა მარხვაიძე
კოკოითის პროვოკაციაზე რეაგირებას მოვახდენთ

სტატიაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის დღის“ აღნიშვნას ეხება, მოხსენიებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი მეორისთვის გაგზავნილი წერილი. წერილში რუსული ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან საეკლესიო სამართლის უხეშ დარღვევებზეა საუბარი: ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ცხინვალში სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის ეპისკოპოსი თეოფანე ჩასულა; კანონიკური დარღვევებია აფხაზეთის ეპერქიაშიც... ილია მეორე მაინც იმედოვნებს, რომ ასეთ ფაქტებს ბოლო მოეღება და ერთმორწმუნე ერებს შორის ნდობა აღდგება.

ქრონიკა, 26.09-2.10.05.
ლევან ცალუღელაშვილი
რატომ ნათლავენ თბილისელ მიცვალებულებს მორმონები, რა მიზნით სთავაზობენ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლას, როდის ჰყავდათ მრავალი ცოლი და რა ინტერესები აქვთ საქართველოში

„მოგწონს თუ არა ეს თუ ის სექტა, - წერს ავტორი, - არავინ გეკითხება. კანონი და კონსტიტუცია მათ დიდი ხანია მწვანეს უნთებს... საქართველოში რელიგიური „პავილიონის“ დახლზე უკვე რწმენის ფართო არჩევანია. ამ „ბაზარზე“ მართლმადიდებელ ეკლესიას სერიოზული ადგილი უჭირავს, მაგრამ როგორ შეინარჩუნებს იგი პოზიციებს მომავალში?“

ასეთი შესავალი ავტორს იმისთვის დასჭირდა, რომ „მორიგ რელიგიურ მიმდინარეობაზე“ - ამჯერად მორმონებზე - ორიოდე „კეთილი“ სიტყვა თქვას მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დასაცავად. წერილში ამ რელიგიის დამაარსებლის ბიოგრაფიაა მოყვანილი, თვით მორმონები კი უზარმაზარი ქონების და შესაძლებლობის ორგანიზაციის წევრებად არიან წარმოდგენილი. საერთოდ, სტატიის მთელი სულისკვეთება ისეთია, მკითხველს მოუნდება მორმონის დანახვაზე თავს გაქცევით უშველოს.

სტატიის ბოლოს საუბარი ჰუმანიტარული დახმარების „ბნელ“ წარმომავლობას ეხება. დახმარება საქართველოში სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებებისაგან მოდის, რაც თურმე ქართველთა სულებს და მართლმადიდებელ ეკლესიას საფრთხეს უქმნის.

რეზონანსი, 27.09.05.
ეკა გულუა
მარნეულში ქართველ იეღოველთა 2-დღიანი კონგრესი ჩატარდა

სტატიაში წერია, რომ გურამ შარაძეს გაუვრცელებია ინფორმაცია იეღოვას მოწმეთა კონგრესის თაობაზე და მოსახლეობისთვის მოუწოდებია „ამ უმსგავსოებას წინ აღდგომოდა“. მიუხედავად ამისა, მარნეულში იეღოვას ქართველ მოწმეთა კონგრესს მშვიდად ჩაუვლია; ახლა კი აქ არაქართველი მოსახლეობის კონგრესის ჩასატარებლადაც ემზადებიან. მარნეულში ჩასული „რეზონანსის“ ჟურნალისტი მეორე კონგრესის მოსამზადებელ ეტაპს დასწრებია და გამგებელს და ადგილობრივ მოსახლეობას გასაუბრებია. პუბლიკაციის მიხედვით, იქაურ ქართველებს და აზერბაიჯანელებს „იეღოველები“ დიდად არ ეპიტნავებათ, მაგრამ მათ მიმართ აგრესიას არც ისე ბვევრი ავლენს. მარნეულის მართლმადიდებელი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ იეღოვას მოწმეები აქცენტს სოციალურად დაუცველ ფენებზე აკეთებენ, - სთავაზობენ ფულს, აწვდიან მედიკამენტებს, ხელს უწყობენ სამედიცინო დახმარების მიღებაში და ა. შ. ამ გზით ისინი ხალხს იბირებენ. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ანტისექტანტური განწყობა განსაკუთრებით ქართულ სოფელ წერეთელში შეინიშნება: „იეღოვას ხსენებაზე მათი წარმომადგენელი ვეგონე და კინაღამ ჩამქოლეს“. გამგებელი ამირან შუბითიძე ჟურნალისტთან საქართველოს კოსტიტუციაში ჩადებულ აღმსარებლობის თავისუფლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოფიციალური ფორმით მასახლეობას მისთვის იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ პროტესტით არ მიუმართავს, თუმცაღა სმენია, რომ მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიები მათ მიმართ მრავლადაა.

2 სასულიერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


2.1 სააპატრიარქო და მასმედია

▲ზევით დაბრუნება


„აცხოვნე სული შენი“ ბეჭდავს ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლების ნაწყეტს სათაურით „ეკლესია და მასმედია“, რომელშიც თანამედროვე მსოფლიოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლსა და მნიშვნელობაზეა საუბარი და ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის ფორმები, რომლებიც უნდა არსებობდეს ეკლესიასა და მასმედიას შორის.

კონცექციის მიხედვით, მასმედია, „რომელსაც გააჩნია აუდიტორიაზე ზეგავლენის უსაზღვრო ძალა, ატარებს უსაზღვრო პასუხისმგებლობას ადამიანთა აღზრდაზე... ეკლესიის განმანათლებლური, აღმზრდელობითი და საზოგადოებრივ-სამშვიდობო მისია უბიძგებს მას ითანამშრომლოს საერო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან... ის ჟურნალისტები, რომლებიც აქვეყნებენ ადამიანთა სულების განმხრწნელ მასალებს, უნდა დაისაჯონ ეკლესიის კანონიკური წესების შესატყვისად“. ეკლესიასა და მასმედიას შორის, წერია ამ კონცეფციაში, ”წარმოიქმნება ხოლმე ღრმა პრინციპული ხასიათის კონფლიქტები. ეს ხდება ხოლმე ღვის სახელის გმობის, სხვა სახის მკრეხელობის, ეკლესიის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სისტემატიუტრი შეგნებული დამახინჯების, ეკლესიასა და მის მსახურებზე აშკარა ცილისწამებისის შემთხდვევებში. ამგავარი კონფლიკტების წარმოშობისას უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას, ანდა საეპარქიო იერქარქიას ევალება, შესაბამისი გაფრთხილებისა და მოლაპარაკების, როგორც მინიმუმ ერთი მცდელობის შემდგომ, მიიღოს შემდეგი ზომები: შეწყვიტოს აღნიშნულ მასმედიის საშუალებბასა და ჟურნალისტთან ურთიერთობა; მოუწოდოს მორწმუნეებს ბოიკოტი გამოუცხადონ აღნიშნული მასმედიის საშუალებას; მიმართოს სახელმწიფო ხელისუფლების ოგანოებს კონფლიკტის თაობაზე; დამნაშავე პირებს დაადონ კანონიკური სასჯელები, თუკი ისინი არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები.“ („აცხოვნე სული შენი“ №6. 09.05, გვ. 7).

2.2 შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ სათაურით „რეალური ხელისუფლება დღეს თავისუფლების ინსიტუტია“ ბეჭდავს ინტერვიუს პატიმართა უფლებების დამცველთან, ქალბატონ ნანა კაკაბაძესთან. ქ-ნ ნანას აზრით, დღეს ქვეყანას ფაქტიურად მართავს თავისუფლების ინსტიტუტი, ყველა სტრატეგიული თანამდებობა მათი კადრებითაა დაკომპლექტებული. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიქმნა ეს „მავნებლური სტრუქტურა“ დასვლეთის გარკვეული ძალების მცდელობით, თუ მან თვითონ მონახა დასავლეთში საყრდენი, კაკაბაძე პასუხობს, რომ თავისუფლების ინსტიტუტი „თავად აწვდიდა საზღვარგარეთ იმგვარ ინფორმაციას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ლახავს რელიგიური უმცირესობების უფლებებს“.

კითხვაზე, არის თუ არა „ეკლესიაზე განხორციელებული დარტყმების მთავარი მიზეზი გლობალიზაციის პროცესები, რომლებსაც რელიგიურ ენაზე ეკუმენიზმი ეწოდება“, ქ-ნი ნანა პასუხობს: „გარკვეულ უცხოურ ძალებს უნდათ საზოგადოებაზე გავლენა მათ ხელში იყოს. ერთადერთი ადგილი სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა ქართული სული საპატრიარქოა. ის დარტყმები, რომლებიც ხორციელდება ეკლესიაზე ანტიქრისტიანულ ხასიათსაც ატარებს... პოზიციისა და ოპოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი ნულის ტოლია. ხალხს მხოლოდ ღვთისა და ეკლესიის რწმენაღა დარჩა.“ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან ქ-ნი ნანა ხედავს ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში: „ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი, რომ უფლისგან გადარჩენა დავიმსახუროთ, თორემ მექანიკურად, ჩვენი ღვაწლის მგარეშე ივერია არ გაბრწყინდება“. („აცხოვნე სული შენი“ №6. 09.05, გვ. 7).

2.3 ქალისა და კაცის ურთიერთობა, თანამედროვე ყოფის საკითხები

▲ზევით დაბრუნება


წინა თვეების მსგავსად რელიგიური გამოცემები საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ ქალისა და კაცის ურთიერთობას და თანამედროვე ყოფის საკითხებს. ჟურნალი „კრიალოსანი“ ბეჭდავს ინტერვიუს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარ დეკანოზ გიორგი სხირტლაძესთან.

როდესაც საუბარი შეეხება იმას, თუ რამდენად მართებულია ჯვრისწერამდე სექსუალური კონტაქტი, რამდენად აუცილებელია ქალის მიერ უბიწოების დაცვა, მამა გიორგი პასუხობს, რომ „არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც არ იყო ადრე, ან არ იქნება ხვალ... ყოველთვის იყო მრუშობა, კაცის კვლა, ქურდობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც ცუდია, იმას „მივხედოთ.“ დღეს, მისი სიტყვებით, ტაძარში ყველანაირი ხალხი დადის. მაგრამ მამა გიორგი იმედოვნებს, რომ ყველა „თავის ფართობს“ იპოვის ეკლესიაში. იყო თანამედროვე, მისი სიტყვებით, არ ნიშნავს მარადიულ ფასეულობებზე უარის თქმას.

როდესაც ჟურნალისტი ე.წ. „ქალწულობის ინსტიტუტს“ ეხება, მამა გიორგი აღნიშნავს, რომ „ქრისტიანობაში უბიწოების ინსტიტუტი ძალიან მაღლა დგას. იგი თითქმის ანგელოზთა ცხოვრებას უტოლდება“. თუმცაღა, მისი სიტყვებით, ადამიანმა, „რომელიც დაეცა, ქალწულობა დაკარგა, არ უნდა წარიკვეთოს სასო, ისევ ქრისტეს უნდა შეუდგეს.“

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ქალის ჩაცმულობას, მამა გიორგი აღნიშნავს, რომ „რჯულის კანონი კრძალავს ქალის აღვირახსნილ ჩაცმულობას... ეს იქნება შარვლით, ნახევრად შიშველი თუ ჭრელა-ჭრულა სამკაულებით სიარული“. კითხვაზე, რას ნიშნავს ქალის თავისუფლება, მამა გიორგი პასუხობს: „მანდილოსნის უფლებაში გარკვეული მორჩილება იგულისხმება, არ არსებობს თავისუფლება მორჩილების გარეშე. რადგან ჭეშმარიტი თავისუფალი მხოლოდ მორჩილია“. („კრიალოსანი“ №7. 09.05, გვ. 26-27).

ეკლესიისა და თანამედროვე ყოფის საკითხებს ეხება ჟურნალ „ქაროზში“ დაბეჭდილი პუბლიკაცია „ღირებულებათა გადაფასება მოითხოვს შეფასებას“. (ავტორი ნანა ობოლაძე). სტატიაში გამეორებულია რელიგიურ პრესაში არა ერთხელ გამოთქმული შეხედულება, რომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთი შვილების ჩაცმულობას - „მოდის აყოლამ ქალს თითქოს სირცხვილიც დაავიწყა და თავმოყვარეობაც... არ შეიძლება მოდა უფრო მაღალღირებული იყოს, ვიდრე მართლმადიდებლური მრწამსი... მეტისმეტად მოდის აყოლა კი ამპარტავნებაა და მეტი არაფერი“. („ქაროზი“ №7. 09.05, გვ. 28-29).

2.4 ოფიციალური ვიზიტები

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანი“ ბეჭდავს ინფორმაციას აშშ-ს ახალი ელჩის ბატონ ჯონ ტეფტის საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ. ელჩი შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. უწმიდესი ესაუბრა სტუმარს საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ტრადიციებისა და სიწმინდეების შესახებ და შემოიფარგლა ეტიკეტით გათვალისწინებული ფორმულით კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების აუცილებლობის შესახებ, რომელიც, როგორც მან განმარტა, საჭიროა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. პასუხად საპატიო სტუმარმა დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოს კეთილდღებისათვის. („საპატრიარქოს უწყებანი“, №9, .2005 წ.)

გაზ. „აღმსარებელი“ ბეჭდავს ინტერვიუს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესთან, რომელიც ეხება საქართველოს პატრიარქის ვიზიტს პოლონეთში. ეპისკოპოსის სიტყვებით, პატრიარქმა პოლონეთში ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკები მაიდანეკიც და ოსვენციმიც მოინახულა. ნანახმა, ამბობს მეუფე სტეფანე,ს წაკითხულს ბევრად გადააჭარბა: „ეს არის გაფრთხილება - რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც ზნეობრივ მხარეს იდეოლოგიით გაუთიშავენ“. („აღმსარებელი“ №8. 09.05. გვ. 3).