The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოლიდარობა №5 (26)


სოლიდარობა №5 (26)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: აფრასიძე დავით, ჩიტაშვილი მარინა, ზედანია გიგა, ჯაიანი მაკა, ქიქოძე არჩილ, ჯონსი სტივენ, ხეცურიანი ჯონი, გულიაშვილი ნათია, ანთაძე ია, მაისურაძე გიორგი, კაკაბაძე ნინია, ბაქრაძე ლაშა, ტუღუში ლაშა, დარჩიაშვილი დავით, ლობჟანიძე გიორგი, ბერძენიშვილი ლევან, ხარბედია მალხაზ, ანდრონიკაშვილი ზაალ
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე, მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი, ბექა მინდიაშვილი, თამარ შამილი, სერგო რატიანი გარეკანზე: ლევან ხერხეულიძის ფოტო ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა



1 ერთიანობა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მანიფესტი

არსებული ვითარება

რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შედეგად დღეს საქართველოში შექმნილია უმძიმესი ვითარება. აგვისტოში განვითარებულ ომში დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე გახდა ეთნოწმენდის მსხვერპლი, ისინი გამოდევნეს თავისი სახლებიდან, განადგურებულია მათი ქონება. მიუხედავად ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებებისა, მძიმე რეალობაა, რომ არავინ იცის, როდის შეძლებენ ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი არიან დაუცველნი და მუდმივად ემუქრებათ საფრთხე, რომ დახოცავენ, გაძარცვავენ, გადაუწვავენ სახლს და ამის არაერთი შემთხვევაა. აფხაზეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში რუს ოკუპანტებს მოწყობილი აქვთ საგუშაგოები, სადაც აჩერებენ საქართველოს მოქალაქეებს, არ აძლევენ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, უმოწმებენ საბუთებს, ჩხრეკენ და ამცირებენ.

მიუხედავად პრეზიდენტის დაპირებისა, რომ თავის პრეზიდენტობას მიუძღვნიდა საქართველოს გამთლიანებას, ადრე დაკარგულ ტერიტორიებს დაემატა ქსნის ხეობა - დღევანდელი ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა - ე.წ. ზემო აფხაზეთი, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობები - სულ ასამდე ქართული სოფელი.

ახალგორში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას აიძულებენ, მიიღონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თუ რუსეთის მოქალაქეობა, ან დატოვონ საკუთარი სახლები. დაიბომბა ქალაქები, დაიღუპა ხალხი, მოსახლეობამ მიიღო საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი.

და სწორედ დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელიც, ითქვას სიმართლე, რადგან გამოსავლის მოძებნა მხოლოდ სიმართლისთვის თვალის გასწორებით არის შესაძლებელი.

საქართველოს მარცხი განაპირობა ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ; ავტორიტარიზმის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი კატასტროფები.

საქართველოში არსებული ავტორიტარული მმართველობის რუსული მოდელი, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ პრობლემების ერთპიროვნულად და ძალისმიერად გადაჭრას ითვალისწინებს, აღმოჩნდა სწორედ ის მეხუთე კოლონა, რომელმაც საქართველოს მარცხი განაპირობა.

ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირება და მსოფლიოსთვის თავისი „ანტირუსულობის“ დამტკიცება გადაწყვიტა არა ადამიანის უფლებების დაცვით და სახელმწიფოში ევროპული დემოკრატიის აშენებით, რაც უმოკლესი გზაა ევროპისკენ, არამედ, ქვეყანაში დაამკვიდრა ავტორიტარიზმი და, მიუხედავად, ყველა მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, მაინცდამაინც კონფრონტაციის ის სფერო აირჩია, სადაც მთელი მსოფლიო რუსეთს სიფრთხილით ეკიდება. ამგვარი უგუნური გადაწყვეტილებები თავად ავტორიტარიზმის ბუნებიდან გამომდინარეობს.

საკუთარ თავში ჩაკეტილმა ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს და საკუთარ აზრს სცემს პატივს, დაკარგა სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რითაც ისარგებლა რუსეთმა და შეასრულა დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტერიტორიების მიტაცების მზაკვრული გეგმა. ამას შეეწირა ქვეყანა და ხალხი.

გამომწვევი მიზეზები

საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ადამიანის უფლებებს. საქართველოში ადამიანის უფლებები განუწყვეტლივ ირღვევა ყველა სფეროში და ამას სისტემური და სისტემატური ხასიათი აქვს. ხელისუფლება მუდმივად ახდენს იმის დეკლარირებას, თითქოს მისი მიზანი იყოს ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, რეალურად კი სრულიად საპირისპიროს სჩადის და ფეხქვეშ თელავს ყველა ძირითად ევროპულ ღირებულებას.

საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ჩამოყალიბდნენ რეპრესიულ ინსტრუმენტებად მმართველი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. ირღვევა მოქალაქეთა უფლებები მათ პირად ცხოვრებაში ჩარევით, რასაც სისტემატურად ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებისა და ტელეფონების მოსმენით, თვალთვალითა და სხვა გზებით და ამგვარ უკანონო ქმედებებს უკანა რიცხვებით აკანონებს სასამართლო.

ჩვეულებრივ ამბად იქცა განსხვავებული შეხედულების მქონე პირთა დევნაშევიწროება და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ქვეყანაში თარეშობს სამოქალაქო პირთაგან შემდგარი უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც არცერთ ოფიციალურ სტრუქტურაში არ ირიცხება და, ფაქტობრივად, ხელისუფლების არაფორმალური სადამსჯელო რაზმია.

პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირად ერევიან დამსაქმებელთა, მათ შორის, კერძო სექტორის გადაწყვეტილებებში, მათ ნაცვლად წარმართავენ საკადრო პოლიტიკას, მედიაში ცილისმწამებლურ პროპაგანდას აწყობენ და ახორციელებენ ზეწოლას სასამართლოზე. ეს ქმედებები არანაირი კანონით არ იმართება და მოქალაქეებს თავდაცვის მცირე შესაძლებლობასაც კი არ უტოვებს.

არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, რადგან მას წარმართავს სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთით, გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის გზით;

საქართველოში ჩვეულებრივ ამბად იქცა საკუთრების ხელყოფა, უკანონო ნგრევა და ჩამორთმევა. დაინერგა თავისთავად უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეები ღამით მიდიან პროკურატურაში და სახელმწიფოს ჩუქნიან თავიანთ ქონებას. ასეთ ვითარებაში ცინიკურად ჟღერს იმის დეკლარირება, რომ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით საკუთრების უფლება კარგად არის დაცული.

ჩამოყალიბდა „ელიტური“ კორუფცია. ადამიანთა ერთ ჯგუფის აქვს სრული პრივილეგია. სურვილისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ ოფიციალური სტრუქტურები, მოხსნან, ვინც სურთ, დაიჭირონ, გაუჩერონ ბიზნესი, დაუნგრიონ, წაართვან, აუკრძალონ, დაუყადაღონ და ა.შ. ის, რაც არ შეიძლება სხვისთვის, შეიძლება მათთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის.

კანონით დაშვებულია შეკრებები და მანიფესტაციები. არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოებს თითქოს უფლება აქვთ, ამ გზით გამოხატონ პროტესტი. თუმცა, ამ უფლების გამოყენების მცდელობა მოქალაქეებს ძვირად უჯდებათ. მათ თავს ესხმიან, სცემენ, უმტვრევენ მანქანებს, უჭრიან საბურავებს, მძღოლებს ართმევენ მართვის მოწმობებს, აიძულებენ, არ მოემსახურონ მომიტინგეებს, ადგენენ უკმაყოფილოთა სიებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ნათესავებსაც კი ყრიან სამსახურებიდან. ვინც ყველაფერ ამას არ შეეპუება და მაინც მიაღწევს მიტინგის ადგილამდე, მათ უსწორდებიან რეზინის ტყვიებით, რის გამოყენებასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს; ყველაფერ ამაზე კი პასუხს არავინ აგებს.

ცალკეული გამონაკლისის გარდა, ტელევიზიები მთლიანად კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან. სიხშირეები და კერძო ტელეკომპანიები ხელისუფლებამ უკანონო მანიპულაციებითა და ზეწოლით გადააფორმა მისთვის სასურველ ფიქტიურ მფლობელებზე. საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და მიმდინარეობს მედიის ჯერ კიდევ თავისუფალი ნაწილის მიზანმიმართული დათრგუნვა; ამის შედეგად, რეალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მოსჯილი გვაქვს, დილიდან საღამომდე ვუსმინოთ პროპაგანდას, რომ „მიშა მაგარია“, ყველაფერი კარგადაა, გავიმარჯვეთ და საქართველო მალე აყვავდება.

განსხვავებული აზრის აუტანლობა, თვითნებობა, კანონის უგულებელყოფა და მუდმივი თვითკმაყოფილება იქცა არსებული მმართველობითი სისტემის ყოველდღიური ცხოვრების წესად. განსხვავებული აზრის მოსმენის, განსჯის, კამათის, დიალოგის კულტურა დაიკარგა თვითონ ხელისუფლების წიაღშიც.

ხელისუფლებას ის კი არ აინტერესებს, გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი მის შესახებ, არამედ სურს, რომ ხალხმა მუდმივად უსმინოს, რას ფიქრობს ხელისუფლება საკუთარ თავზე.

ეს არ არის თავისუფლება და სამართლიანობა, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის გზა ევროპისკენ.

მმართველობითი სისტემა, რომელიც ახშობს საინფორმაციო სივრცეს და მას პროპაგანდით ცვლის, ვერ დაიცავს და არ დაიცავს ადამიანის უფლებებს, რადგან მას აინტერესებს მხოლოდ „პიარი“ და არა მოქალაქე.

ისე პომპეზურად და საზეიმო ვითარებაში, ალბათ, არავინ არასოდეს დამარცხებულა, როგორც - საქართველო აგვისტოს ომში და ეს იმიტომ, რომ ამ უმძიმეს დღეებშიც კი ხელისუფლება მხოლოდ ამ ავადსახსენებელ „პიარზე“ ზრუნავდა. და თუნდაც ელემენტარული საფუძველი ჰქონდეს ხელისუფლების ოპტიმიზმს, რომ თითქოს დაღუპული ადამიანები, ახალი ტერიტორიების დაკარგვა, გადამწვარი სოფლები და დევნილების ახალი ნაკადი მის მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებაა, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობას, კეთილგონიერება მოითხოვს, „გავიმარჯვეს“ ძახილი, კონცერტები და ტაშფანდურა იმ დროისთვის გადავდოთ, როცა ამ გამარჯვების კონტურებს მაინც დავინახავთ.

წესით, ასეთ ვითარებაში, განსჯის, დაფიქრების, ერთმანეთის მოსმენის, დაშვებული შეცდომების ძებნის და გაანალიზების დროა, რათა განსაცდელიდან საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს. მსგავსი არაფერი შეიმჩნევა.

სახელმწიფოს ცხოვრებაში მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორებიცაა - პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა, რადგან მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტისა და რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციები ერთპიროვნული ნებით და სურვილით განისაზღვრება. ამიტომ ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ თავდაცვის მინისტრს ღვინის გასაღება ევალება, შს მინისტრს - მშენებლობის კურატორობა, გენერალური პროკურორი „რთველის გენერლად“ ცხადდება, თბილისის მერი მოულოდნელად სამხედრო სარდლად გვევლინება და ა.შ. ეს მცირე ნაწილებია იმ დეტალებისა, რომელთაგანაც შედგება ავტორიტარული ქაოსი.

სახელმწიფოს კონსტიტუციასა და კანონებზე უპირატესი ძალა აქვს „ზემოდან“ წამოსულ ზეპირ დირექტივებსა და მითითებებს. სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და, ხშირ შემთხვევაში, სრული აღმოფხვრის იარაღია სისტემა, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და უწყება სინამდვილეში მმართველი პარტიის დირექტივებსა და გავლენიანი პირების გადაწყვეტილებებს ექვემდებარება.

საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და საკანონმდებლო ნორმები არ არეგულირებენ არც ამგვარი გადაწყვეტილებების ფორმასა და შინაარსს, არც მათი მიღებისა და განხორციელების პროცესს. ამგვარი დირექტივები ზეპირად გაიცემა, უცნობია საზოგადოებისთვის და არ ექვემდებარება მის კონტროლს.

საქართველოში საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად მიუწვდომელი შეიქმნა მოქალაქისთვის, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება უკონტროლო გახდა - იგი აღარ არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე; კონსტიტუცია და კანონები ხშირად იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად სჭირდება ეს კონკრეტული ცვლილება მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას მოცემულ მომენტში და არა იმის მიხედვით, სჭირდება თუ არა ეს ცვლილება ხალხს, ქვეყანას, ჩვენი სახელმწიფოს მომავალსა და მის განვითარებას.

თავისუფალი საზოგადოების უპირველესი ნიშანი არის „შიშისგან თავისუფლება“, ჩვენს ქვეყანაში კი მოქალაქეთა დაშინება და შიშის სინდრომის დამკვიდრება ხელისუფლების მხრიდან ცხოვრების წესად და სახელმწიფოს მართვის ბერკეტად იქცა.

საქართველოში ადამიანი განწირულია სამუშაოს დაკარგვისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ან კიდევ უფრო მძიმე სასჯელისთვის, თუ მისი თვალსაზრისი არ ემთხვევა ხელისუფლებისას. ეს პრაქტიკა ერთნაირად ვრცელდება როგორც საჯარო მოხელეებზე, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებზე.

განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის დროშითა და სახელით ხდება.

ის გარემოება, რომ ქვეყანა იმართება ავტორიტარულად და არა კანონებით, განსაკუთრებით ამწვავებს სოციალური უსამართლობის საკითხს. მიუხედავად ხელისუფლების პოპულისტური ლოზუნგებისა - ბრძოლა სიღარიბესთან, საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ა.შ. კრიტიკულ ზღვარს მიაღწია უმუშევრობამ, იზრდება ინფლაცია. ჩამოყალიბდა ჩინოვნიკური ბურჟუაზია, შეუქცევადი ხდება მსხვილი ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეობის შერწყმის პროცესი. მოქალაქე აბსოლუტურად დაუცველია საკუთარი ქვეყნის შრომის ბაზარზე.

ყველაფერ ამის გამო საქართველოში საყოველთაო იმედგაცრუებამ დაისადგურა.

ხელისუფლება კი შეპყრობილია აბსოლუტური უცდომელობის განცდით და საკუთარ ყველა ქმედებას თუ გადადგმულ ნაბიჯს უპირობოდ, ყოველგვარი განსჯისა და ანალიზის გარეშე, მორიგ დიდ გამარჯვებად გვისახავს.

კრიტიკული ზღვარი

ჩვენი სახელმწიფო არასწორად იმართება!

მმართველობის არსებულმა სისტემამ, წესმა და სტილმა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა და თუ რადიკალურად არ შეიცვალა ვითარება, შეიძლება სრული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ.

საქართველო არ არის ხელისუფლების საკუთრება, ის ყველა მოქალაქეს გვეკუთვნის, ეს არის ჩვენი ერთადერთი სამშობლო. ჩვენ გვაქვს უფლება და გვაკისრია მოვალეობა, ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, გამოსავალზე, შევაფასოთ მოვლენები, მოვითხოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მრავლადაა და მივიღოთ გადაწყვეტილებები.

არსებულ ვითარებასთან შეგუება ნიშნავს გადაჩეხვას იმ უფსკრულში, რომლის პირასაც მიგვიყვანა ავტორიტარულმა რეჟიმმა. ასეთ დროს გაჩუმება და უმოქმედობა დაღუპვას გვიქადის და დანაშაულის ტოლფასია. ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს აუცილებელია ერთობა, მაგრამ ერთობა მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, ფასეული და სიკეთის მომტანი, თუ იგი თავისუფალ ნებაზე, გონიერებასა და მაღალ იდეალებზეა დამყარებული. ერთობა უნდა დაეფუძნოს იმ ზნეობრივ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მათ დასაცავად ერთიანობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, და არა ერთიანობა ცხვრის ფარისა, რომელსაც წინ ვაცი მიუძღვის და გარშემო ძაღლები დარაჯობენ.

მე არაერთგზის მივმართე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს იმის შესახებ, რომ საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და იზღუდება დემოკრატია. მიუხედავად დაპირებებისა, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, სინამდვილეში კიდევ უფრო დამძიმდა. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „დემოკრატიის ახალი ტალღა“ ანუ ფსევდოდემოკრატიული ცვლილებები მხოლოდ ფასადის შელამაზებას ისახავს მიზნად და არა ძირეულ გარდაქმნას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები ისევ დაირღვევა, კანონი ისევ არ იკანონებს. ჩემს მოქალაქეობრივ და სამსახურებრივ მოვალეობად მიმაჩნია, ვამცნო ამის შესახებ საზოგადოებას.

სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო უწყებების მოვალეობაა, თუმცა, არა მხოლოდ მათი. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის წილი თითოეულ მოქალაქეს გვეკისრება. ჩვენი პასუხისმგებლობა მით უფრო იზრდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მმართველი ძალისა და მისი პოლიტიკური ლიდერების ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების იგნორირებისა და ავტორიტარული მმართველობის საბოლოოდ დამკვიდრებისკენ.

ეს პასუხისმგებლობა უნდა გამოიხატოს საზოგადოების თვითორგანიზებასა და შეკავშირებაში იმ მიზნით, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე და ამ გზით - მთელი საზოგადოების თავისუფლება და ღირსება. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, წარმოვადგენთ საზოგადოებას და ვართ პასუხისმგებლები - თითოეული წევრი მთელ საზოგადოებაზე და მთელი საზოგადოება თითოეულ წევრზე.

შეუქცევადი დემოკრატია

ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის, უპირობო და შეუქცევადი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, სახელმწიფოს გამთლიანებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის აუცილებელია:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს განსხვავებული შეხედულებების ადამიანების დევნა-შევიწროება;

  • ჩამოყალიბდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო;

  • დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა;

  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; ტელევიზიებზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმება. მედიაში ხელისუფლების მხრიდან სრული ჩაურევლობა;

  • შემუშავდეს სამართლიანი საარჩევნო კოდექსი; შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო;

  • შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სივრცე;

  • სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია;

  • ხელისუფლების შტოებს შორის კონსტიტუციური წონასწორობის დამყარება და პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების გადანაწილება;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის რეალური ფუნქციების მინიჭება;

  • საზოგადოების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დანერგვა, საჯარო ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისთვის;

  • საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა;

  • შეიქმნას სტაბილური, თავისუფალი, კონკურენტული ბიზნესგარემო;

  • შეკრებების, მანიფესტაციებისა და გაერთიანებების თავისუფლება;

ქვეყნის გამთლიანება, დევნილების საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება, საქართველოსკენ შემობრუნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების, რომელთაც დღეს აღარ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებად იწოდებოდნენ, შესაძლებელია არა ომით, არამედ სახელმწიფოში თავისუფებისა და სამართლიანობის დამკვიდრებით, თავისუფალი საზოგადოების დაფუძნებით. მხოლოდ დემოკრატია არის გზა კეთილდღეობისკენ და ისეთი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზებისა და ოსებისთვის.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს:

- ავტორიტარული მმართველობა საქართველოს დაღუპვით ემუქრება. ქვეყნის განსაცდელისგან დახსნის, ახალი კატასტროფების არიდების, სახელმწიფოს გამთლიანებისა და კეთილდღეობის მოპოვების ერთადერთი გზა გადის საქართველოში ნამდვილი და შეუქცევადი დემოკრატიის უპირობოდ დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი უფლება და, ამავე დროს, - მოვალეობა, რადგან მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ამის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ხელისუფლების დარწმუნებისა და მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმა.

მოგიწოდებთ, ვისთვისაც სისხლხორცეულად მტკივნეულია საქართველოს ყველა ეს პრობლემა, გავერთიანდეთ და ძალისხმევა არ დავიშუროთ დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავიმარჯვოთ, რადგან ამას ჩვენგან ქვეყნის აწმყო და მომავალი ითხოვს.

მივმართავ მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

- საქართველოში კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ გზად გვესახება ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა;

საქართველოს ხალხი არ იმსახურებს ავტორიტარულ რეჟიმს, საქართველოს ჰაერივით სჭირდება დემოკრატია, საქართველომ იცის, რა არის დემოკრატია, საქართველო მზად არის დემოკრატიისთვის, საქართველოს შეუძლია გახდეს დემოკრატიული ქვეყნების ღირსეული პარტნიორი. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ევროპაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამავე დროს, ღრმად გვჯერა, რომ ევროპასთან ინტეგრაციისა და ევროპის განუყოფელ ნაწილად ქცევის ერთადერთი გზა არის საქართველოში ევროპული დემოკრატიის დაფუძნება.

საქართველოს ხალხი დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღმოჩენილ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსადმი, მაგრამ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება თქვენი დახმარება დემოკრატიის დამყარებაში.

დაგვეხმარეთ დემოკრატიაში! დაგვეხმარეთ ხელისუფლების დარწმუნებაში, რომ დემოკრატიის ატრიბუტებისა და პრინციპების მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირება, ხოლო ცხოვრებაში ავტორიტარული სისტემის დამკვიდრება ქვეყანას კატასტროფას უქადის.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას:

- ავტორიტარული მმართველობა საქართველოს უხშობს განვითარებისა და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების პერსპექტივას. ხელისუფლება ვალდებულია, ამ ძნელბედობის ჟამს მაინც იპოვოს საკუთარ თავში ძალა და ქვეყნის და ხალხის ინტერესები პირადულზე მაღლა დააყენოს. ჩვენ ვერ გავაერთიანებთ ქვეყანას და ვერ მივაღწევთ კეთილდღეობას, თუ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოში თავისუფალი და სამართლიანი გარემო არ შევქმენით. დემოკრატია საქართველოსთვის სასიცოცხლო და გარდაუვალ ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება არა „დემოკრატიის ნაკუწები”, რომლის წყალობასაც გვპირდება ხელისუფლება დასავლეთისთვის თვალის ასახვევად, არამედ საქართველოს ხალხმა გადაუდებლად და მთლიანად უნდა მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის და ჩვენი უფლებაა - სრული, უპირობო და შეუქცევადი დემოკრატია.

შექმნილი მძიმე მდგომარეობა უკან დასახევ გზას აღარ გვიტოვებს, ამიტომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისას კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას თანამშრომლობისა და ღია დიალოგისთვის, რათა ქვეყანაში ავტორიტარული სისტემა შეიცვალოს დემოკრატიული მმართველობით და ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს.

ღრმად გვწამს, რომ ზემოთ დეკლარირებული პრინციპების ირგვლივ გაერთიანება, მათი ცხოვრებაში დამკვიდრება და განუხრელად დაცვა ის ერთადერთი გზაა, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იღვაწოს და იცხოვროს, როგორც თავისუფალმა პიროვნებამ და ღირსეულმა ადამიანმა.

2008 წლის 25 სექტემბერი

2 ომი და მისი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


მრგვალი მაგიდა

მართალია ომი დამთავრდა, მაგრამ მისი შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი განსჯის საგანი. აგვისტოს მოვლენები, ბუნებრივია, დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, აქტორებზე, რომლებიც ამ პოლიტიკას წარმართავენ. განვითარების შესაძლო გზებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ პოლიტოლოგი დავით აფრასიძე, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი და ფილოსოფოსი გიგა ზედანია.

  • მალხაზ სალდაძე: მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ რა ვითარებაა დღეს ქართულ პოლიტიკაში, როგორ მოქმედებენ დამთავრებული თუ გაყინული ომის შემდეგ ქართული პოლიტიკური ძალები, როგორ შეიძლება დაიგეგმოს მომავალში პოლიტიკური დღის წესრიგი და რა მიმართულებით შეიძლება წარიმართოს საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარება.

დავით აფრასიძე: ომის შემდეგ განვითარებული პროცესები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ. პირველი: ამ ომმა გამოიწვია პოლიტიკური ლანდშაფტის გადახალისების აუცილებლობა; მეორე: ბევრ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდა თავისი პროგრამების ხელახლა ჩამოყალიბების შესაძლებლობა (სხვა საკითხია როგორ იყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას); მესამე: შეიძლება დაიწყოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციების საკითხის განხილვა.

პირველ საკითხში ვგულისხმობ, რომ, ცხადია, ახალი მოთამაშეები გაჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე, რადგან ძალიან ბევრი ჩათვლის, რომ მოქმედი მთავრობის რესურსი ამოწურულია და ცვლილებებია საჭირო. მე სავსებით მიუკერძოებელი ვარ, როცა ამას ვამბობ. ალბათ ოპოზიციურ ძალებში დაიწყება გარკვეული გადაჯგუფებები, რაც იმაზე იქნება გათვლილი, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ ცვლილებების დაწყების ეტაპს.

0x01 graphic

დავით აფრასიძე

რაც შეეხება პროგრამების ჩამოყალიბებას, პოლიტიკური მოთამაშეები შეეცდებიან, რომ გარკვეული თემები მაქსიმალური ეფექტით გამოიყენონ, ზოგისთვის ეს შეიძლება ნაციონალურ-ისტორიული მომენტი იყოს კონფლიქტებთან მიმართებაში, ზოგისთვის კი - ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატიზაციის პროცესები და სხვ.

რაც შეეხება მესამე საკითხს, დღემდე საქართველოში ასეთი ვითარება იყო: დასავლურ არჩევანს არ ჰქონდა ალტერნატივა, მცირე გამონაკლისების გარდა თვლიდნენ, რომ ევროპა-ამერიკა ერთიანია და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ რუსეთის გვერდის ავლით. თუ აქ რაღაც პრობლემებს წავაწყდით, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათისას, არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხის გარკვეული რევიზია მოხდეს, და ის პოლიტიკური ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც დასავლური ორიენტაციის არაეფექტიანობის და ალტერნატიული გზების ძიების შესახებ ალაპარაკდებიან. ეს არაერთხელ მომხდარა და არც ახლა შეიძლება ასეთი რამ გამოირიცხოს.

მარინა ჩიტაშვილი: რასაც მე ვხედავ, ეს არის სრული შოკი, რომელშიც აღმოჩნდა ომის შემდეგ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიციაც. ოპოზიციაში ვგულისხმობ მთელ ოპოზიციურ სპექტრს და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას - მათ არ წარმოუდგენიათ არც მოვლენების თავიანთი ხედვა, არც განაცხადი, არც შექმნილი ვითარება შეუფასებიათ და ა.შ. ანუ ფაქტობრივად აგვისტოს ომი თავისი შედეგებით სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე არასახელისუფლო პოლიტიკური წრეებისა და მთლიანად მოსახლეობისთვის - ასეთ უბედურებას არავინ ელოდა. უბედურების შემდეგ პირველმა აჟიტაციამ, როკკონცერტებიან მიტინგებიანად, გაიარა. ეს ის ფაზაა, როდესაც ძნელია იმის დაჯერება, რომ წაგებული ხარ. ამას მოჰყვა მეორე, დეპრესიის ფაზა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა. ეს კრიზისი ნამდვილად არავისთვის ხელსაყრელი არ არის. მას ჩვენს ომთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სერიოზულ გალენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. და მესამე ფაზა - ეს არის პერიოდი, როდესაც თითოეული მხარე, რომელიც ახლა ძალაუფლებას ფლობს ან რომელსაც დიდი სურვილი აქვს მიიღოს ძალაუფლება, ქმნის თავის ახალ სტრატეგიას: ერთი საიმისოდ, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო მეორე იმისათვის - როგორ მოიპოვოს ეს ძალაუფლება. 1988 წლიდან 2008 წლამდე მე არ მინახავს არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გაწერილი ჰქონდა თავისი პროგრამა; მათი პროგრამები იყო ლოზუნგების ჩამონათვალი, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ძლიერ გვინდა მიწიერ სამოთხეში ვიცხოვროთ. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომელიმე მათგანმა რაციონალური პოლიტიკური განაცხადი წარმოადგინოს. დათოს ვეთანხმები იმაში, რომ ევროპულ ალტერნატივას ნამდვილად გამოუჩნდებიან ოპონენტები, მაგრამ რაც დათომ თქვა, მე იმას არ ვუწოდებდი ევროპულ ალტერნატივას, რადგან ამ ალტერნატივის დამუშავება მხოლოდ ომის შემდეგ ხდება; მანამდე ჩვენ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ალტერნატივა გვქონდა. ევროპული ალტერნატივა არ გულისხმობს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად ქცევას. ევროკავშირის მოსამზადებელი არცერთი დოკუმენტი რეალურად არ ყოფილა დამუშავებული, ამაზე არ იყო დაფუძნებული სახელმწიფო მოწყობის ის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. მგონი, ხელისუფლებასაც უწევს ახლა ორიენტირის არჩევა, იმაზე ფიქრი, თუ რომელ მხარეს გადაიხაროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკაში რესპუბლიკელების მოსვლა ერთმნიშვნელოვნად გარანტირებული არ არის.

გიგა ზედანია: ჩვენ დღეს არა მხოლოდ ომის შედეგებს ველოდებით, - ველოდებით ეკონომიკური კრიზისის შედეგებსაც მსოფლიოში და ჩვენთან, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შემდგომი პოლიტიკური პროცესებისათვის, და, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვინ გახდება ამერიკის ახალი პრეზიდენტი, რადგანაც, თუ ობამას მოსვლა დიდად არაფერს შეცვლის ჩვენ მიმართ ამერიკის დამოკიდებულებაში, სავარაუდებელია, რომ მაკკეინის მოსვლით ამერიკისა და ჩვენი ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავიდეს.

რუსეთ საქართველოს ომმა ნათლად გვაჩვენა, რომ საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ პარადოქსული სიტუაციაა, და ეს სიტუაცია უდავოდ შეუწყობს ხელს ქართული პოლიტიკის პარანოიდული სტილის - როდესაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ოპონენტებად კი არა მტრებად აღიქვამენ - კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ ომმა აჩვენა, რომ საფრთხე ძალიან რეალურია, რომ რუსეთი მართლა ვიღაცის გამოგონებული ფანტომი კი არ არის, არამედ იქ მართლა არსებობს ხალხი, რომლებიც ჩვენ ობიექტურად აღგვიქვამს მტრად და ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. არა თუ მხოლოდ ჩვენთან, ჩეხეთშიც კი, ევროკავშირის ქვეყანაში, რუსეთი მუშაობს მასმედიასა და პოლიტიკოსებზე, რომ არ დაუშვას ჩეხეთში ამერიკული თავდაცვითი სისტემების განლაგება. შესაბამისად, საქართველოში ეს მუშაობა კიდევ უფრო რეალური გახდა, და ეს ჩვენთვის გამანადგურებელია, რადგან დემოკრატიისა და ლიბერალიზმისკენ მიმართული შიდა პოლიტიკური პროცესების დალაგება ძალიან გაჭირდება ამ სიტუაციაში. ყოველთვის დაისმება შეკითხვა: ადამიანი, რომელიც გველაპარაკება, მართლა თავის აზრს გამოხატავს თუ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია? ეს პოლიტიკურ პროცესს მთლიანობაში ძალიან გაართულებს და დააცილებს ევროპულ სტანდარტებს, რადგან ევროპული სტანდარტების პოლიტიკა აბსოლუტურ უსაფრთხოებას გულისხმობს.

მარინა ჩიტაშვილი: ამ ომმა, მგონი, ერთი დადებითი შედეგი მაინც მოიტანა, კერძოდ ის, რომ მტერი აღარ არის საძებნელი. თუ აქამდე ამ თვალსაზრისით ბევრი კითხვის ნიშანი იყო, ახლა ყველაფერი გარკვეულია. როდესაც ვიცი, ვინ არის მტერი, ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა სახის პოლიტიკა შეიძლება მქონდეს მტერთან - დაყვავების, კონფრონტაციის, მოტყუებისა თუ ჩხუბის

  • მალხაზ სალდაძე: რამდენად აქტუალურია დემოკრატიის, პოლიტიკური ინსტიტუტების შემდგომი დემოკრატიზაციის საკითხი, მას შემდეგ, რაც ომი წავაგეთ?

დათო აფრასიძე: ახლა ვითარება ძალიან ამბივალენტურია, გარემო ჯერ კიდევ სპეკულაციურია და ძალიან რთულია რამის თქმა. იქნებ კარგი იყოს, რომ გაირკვა, ვინ არის მტერი, მაგრამ ეს თემა შეიძლება კიდევ უფრო ღრმად შემოიჭრას ქართულ პოლიტიკაში და იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ მტერი აქ არის, ჩვენს სახლში, არსად არ წასულა, და კითხვა, ვინ უდგას ჩვენს მტერს გვერდით, კი არ მოიხსნას დღის წესრიგიდან, არამედ კიდევ უფრო მძაფრად დაისვას. ყოველივე ამან შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რომელიც აიძულებს პოლიტიკურ მოთამაშეებს უფრო დიფერენცირებული, თემაზე ორიენტირებული მსჯელობა გამართონ, რომელიც დემოკრატიული პროცესებისკენ მიმავალი გზა იქნება, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის პირობებში ეს ძალიან რთული მოსახერხებელია. ამიტომ სად ვიმყოფებით განვითარების თვალსაზრისით, გადავდგით თუ არა ნაბიჯი წინ, ალბათ უფრო მას მერე გახდება ნათელი, როცა გაირკვევა უსაფრთხოების რა გარანტიებს მოგვცემს ევროპა და რამდენად ამოვიდგება მხარში ამერიკა. 90-იანი წლებიდან, ჩვენი პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობა საგარეო ფაქტორზეა დაფუძნებული, ანუ, რაც უფრო მეტია დასავლეთის დაინტერესება ჩვენი პრობლემების მოგვარებით, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ პროცესები ისე წარიმართოს, როგორც ჩვენ გვსურს; ხოლო როცა შეზღუდულია დასავლეთის მონაწილეობა, იზრდება ძველ გზაზე დაბრუნების ალბათობა, და ეს გზა მაინცდამაინც ვერ არის მჭიდრო კავშირში კულტურასთან. სწორედ ამას ვგულისხმობდი, რუსული ალტერნატიული რიტორიკის გაჩენა რომ ვახსენე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რიტორიკა ბუკვალური, სწორხაზოვანი იქნება, მაგრამ იგი ასახვას პოვებს პოლიტიკის წარმოების სხვადასხვა მეთოდებში.

გიგა ზედანია: რამდენადაც მართლა რთულია წინასწარმეტყველება იმისა, თუ რა მოხდება, იმდენად კიდევ უფრო ნათელი ხდება მიზნები, თუ საით გვინდა წავიდეთ. თუკი მართლა გვაქვს დასავლური ორიენტაცია, მაშინ, ცხადია, რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, რომლებიც დასავლეთთან დაგვაახლოებს, და ამ ნაბიჯებს ალტერნატივა, უბრალოდ, არ აქვს. ამას, მგონი, ყველა ეთანხმება - ხელისუფლება, რომელმაც „დემოკრატიის ახალი ტალღის“ დაწყება გამოაცხადა, ოპოზიციაც და საზოგადოებაც, რომელსაც ალბათ ბევრად მეტი უნდა, ვიდრე ის გვპირდება, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, მაგრამ მთავარია, რომ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება არა საკუთარ ძალებზე, არამედ მთლიანად ევროპულ და ამერიკულ ჩარევაზეა დამოკიდებული, ჩვენი პროექტი ერთადერთი შეიძლება იყოს - უფრო ახლოს მივიდეთ მათთან ინსტიტუციური და ღირებულებათა სისტემით, რომ მათ, გეოპოლიტიკური თუ სხვა ტიპის ინტერესთა ერთგულების გარდა, მორალური პასუხისმგებლობაც აიღონ, რაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში. დღევანდელი ევროკავშირის საგარეო დისკურსი იმ დაშვებას ეფუძნება, რომ მსოფლიო უფრო პატიოსანი გახდა, რაც არ უნდა გულუბრყვილოდ ჟღერდეს ეს. შესაბამისად, თუკი იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომლებსაც ჩვენგან მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, უფრო დაცული იქნება ჩვენი უსაფრთხოება. მე ამას საქართველოს პოსტმოდერნიზაციას დავარქმევდი, რადგან იგულისხმება, რომ ქვაკუთხედი უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება, რომელიც დაცული იქნება. რაკი დემოკრატიზაციის ახალი ტალღის საჭიროება არსებობს, უნდა კიდევაც დაიწყოს ეს პროცესი, და იგი უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო და რაც შეიძლება ყოვლისმომცველი.

დათო აფრასიძე: მიზეზები და შედეგები პარადოქსულად ურთიერთმონაცვლეობენ: რაც უფრო ინტენსიური იქნება დიალოგი პოლიტიკოსებს შორის, მით უფრო ფართო იქნება უსაფრთხოების ქოლგა, მაგრამ უსაფრთხოების ქოლგაა საჭირო იმისთავის, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა გადადგან ნაბიჯი ერთმანეთთან ინტენსიური დიალოგის საწარმოებლად.

გიგა ზედანია: ეს არის პარადოქსი, ეს არის დილემა.

მარინა ჩიტაშვილი: უნდა დავეთანხმო გიგას: მართალი გითხრათ, ჩემთვის გასაოცარი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ასეთი აქტიური ჩარევა ამ ომში და ეს იყო ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ, როგორც ახალი ტიპის ქვეყანა, მართლა წარმოვადგენთ ღირებულ ფენომენს. თუკი გადავხედავთ აშშ-ის თანამედროვე სტრატეგიულ ინტერესებს, საქართველო არ წარმოადგენს ისეთი სტრატეგიული ინტერესის მქონე პარტნიორს, როგორიც არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორიც არის ბრაზილია, ინდოეთი. ამიტომ ევროპა-ამერიკის ეს თანადგომა არის წმინდა იდეოლოგია, ღირებულებითი კატეგორიის თვალსაზრისით: თანამოძმის დახმარება და კიდევ ის, რომ არ შეიძლება დიდმა დაჩაგროს პატარა. ანუ, ფაქტობრივად, ეს არის იმის გამოხატულება, რომ, რაც უფრო მეტი იქნება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, რაც უფრო მეტი იქნება სიტყვის თავისუფლება, რაც უფრო მეტად იქნება ადამიანის უფლებები დაცული, მით უფრო გაიზრდება ევროპისა და ამერიკის დახმარება. ამ თვალსაზრისით მე დილემასაც კი ვერ ვხედავ ამაში: საქართველოს დემოკრატიულობა არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ მხარდაჭერისა და დაცულობის არეალში აღმოვჩნდეთ, თუ ვინმე მაინც დასვამს შეკითხვას, როგორ გავარჩიოთ, ვინ ლაპარაკობს რუსეთის სასარგებლოდ და ვინ - არა. ჩემი პასუხი იქნება: შედეგი ყოველთვის გამოაჩენს ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებს კვლავაც უნდოდეთ რუსეთთან დაბრუნება - ეს სრულიად შესაძლებელია. ამის მიზეზების ძებნას მე ისევ შიგნით დავიწყებდი. ორი დღის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი რეგიონში, სადაც ძალიან მარტივად ამიხსნეს, თუ რატომ უნდათ რუსეთთან დაბრუნება. მითხრეს: საზოგადოების რიგითი წარმომადგენელი ვარ, მართალია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ხომ ვეკუთვნი ამომრჩეველთა კატეგორიას! ხოლო, რაკი ვეკუთვნი, მე, ჩემი სურვილებითა და საჭიროებებით, რატომ არავის ვაინტერესებო. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი საკითხი - თანამონაწილეობის პრინციპი. თუკი ქვეყანაში არ იქნება განხორციელებული სახელმწიფოს მართვაში რიგით მოქალაქეთა თანამონაწილეობის პრინციპი, მაშინ რისკი იმისა, რომ შიგნით შეიქმნება არა იდეური, არამედ წმინდა ქცევითი მეხუთე კოლონა, დიდია. თუ ქვეყანა მაქსიმალური თანამონაწილეობის პრინციპით არ აიგება, მის „აყირავებას“ ბევრი არაფერი უნდა. როდესაც მტერი შინ გყავს, ეს, ერთი მხრივ, ძალიან ცუდია, მეორე მხრივ კი კარგია: ამ დროს სახელმწიფოსთვის ნათელია - ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ მტერი გავიდეს აქედან, ხოლო ვინც მტრის გვერდით დგას, ის დაგვიბრუნდეს.

0x01 graphic

მარინა ჩიტაშვილი

  • მალხაზ სალდაძე: რა იქნება შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი? ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ, უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, შეიძლება ალყაშემორტყმული ცნობიერების თუ მენტალიტეტის ერად ჩამოვყალიბდეთ, სადაც ალტერნატივების მიმართ, გარკვეული თვალსაზრისით, აგრესიული და შეუწყნარებელი დამოკიდებულება იქნება. მეორე მხრივ, დასავლეთი ჩვენგან ელის, რომ დემოკრატიულად განვითარდებით, რის პირობასაც საქართველოს მმართველი ელიტაც დებს. რა იქნება საზოგადოების დაკვეთა: მაქსიმალური კონტროლის დაწესება საზოგადოებრივ სივრცეზე და მკაცრი მობილობის უზრუნველყოფა თუ გაგრძელება იმ პოლიტიკური დღის წესრიგისა (თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძველი აქტივობიდან გამომდინარე), რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დადგომას გულისხმობს?

დავით აფრასიძე: ვფიქრობ, რომ ჩვენი უახლოესი პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენაში საზოგადოება მაინცდამაინც აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებს; ამ დღის წესრიგის ჩამოყალიბება მაინც ელიტარულ დონეზე მოხდება, პოლიტიკური ძალებისა და ევროპული თუ ამერიკული ისტებლიშმენტის თანამონაწილეობით. იმისათვის, რომ ამ სფეროში საზოგადოების უფრო ფართო მონაწილეობა დამკვიდრდეს და რეგიონის მოსახლეობამ თავი მონაწილედ მიიჩნიოს ქვეყნის მართვაში (რასაც ქალბატონი მარინა ამბობდა), საჭიროა ინჟინერია ყველა დონეზე, დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებიდან დამთავრებული თვითმმართველობის ყველაზე დაბალი დონეებით. ამას წანამძღვრად ვერ ვაქცევთ. სწორედ ამისთვისაა საჭირო დღის წესრიგზე შეთანხმება და დღის წესრიგის საკითხების ინიცირება ქვემოდან ზევით. რა თქმა უნდა, ძნელია იმის განსაზღვრა, იმ ადამიანს (ქალბატონმა მარინამ რომ ახსენა წეღან) მოეწონება თუ არა ის, რასაც ზემოთ გადაწყვეტენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი მონაწილეობით შედგენილი დღის წესრიგი იმის მანიშნებელი იქნება, რომ იგი თანამონაწილედ ყალიბდება. აი რატომ არის საჭირო პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილ პროგრამებში (თუმცა არა მგონია მათ შექმნაზე დაიწყონ ზრუნვა!) ისეთი სიტყვები და გამოთქმები, როგორიცაა „ნატო“, „რუსეთის საფრთხე“ და სხვ., იმგვარი კონტექსტით მიეწოდოს ამომრჩეველს, რომ თითოეული მაგანი მიხვდეს - ეს მისი პრობლემაა, ეს სასიცოცხლოდ ეხება მის ინტერესებს. ზოგს უკვირს, როგორ შეიძლება გლეხის პრობლემა დავუკავშირდეს ნატოს სტრატეგიულ ხედვას! პოლიტიკოსის ამოცანა სწორედ ის არის, რომ გლეხი მიახვედროს - მისი მიწა, მისი ნაშრომი, მისი უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, თუ მთელი ქვეყნის უსაფრთხოება არ იქნა გარანტირებული. პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ განმანათლებლური საქმიანობაა. მე მაინც მგონია, ეს პროცესი „განწირულია“ საიმისოდ, რომ უკეთესობისკენ წარიმართოს, რადგან დასავლური ინტერესი ჩვენ მიმართ, მორალური თუ სტრატეგიული (თუმცა მორალური ინტერესი ჭარბობს რეალურად!), იზრდება, რასაც რუსეთის არაადეკვატური ქცევებიც უწყობს ხელს.

გიგა ზედანია: ძალიან მიჭირს გაგება იმისა, რას გულისხმობენ, როდესაც საზოგადოებაზე ლაპარაკობენ. საქართველოში ამ დროს ალბათ გულისხმობენ ხოლმე ხალხს, მაგრამ ხშირად ერიდებათ, რომ „ხალხი“ თქვან; ზოგჯერ კი საზოგადოების ყველაზე დაწინაურებულ, ყველაზე აქტიური და არტიკულირებული პოზიციების მქონე წარმომადგენლებს გულისხმობენ. ხალხის დიდი ჩართულობის, დიდი თანამონაწილეობის იმედი მეც არა მაქვს, რადგან ჩართულობას ინსტიტუციები სჭირდება. თავის დროზე სენ ჟიუსტმა ფანტასტიკური რამ თქვა: „რაც უფრო მეტია ინსტიტუცია, მით უფრო მეტია თავისუფლება“. ჩვენში ჯერჯერობით ინსტიტუციები ძალიან ცოტაა. ქართველ მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მხოლოდ იმით შეუძლია, რომ რუსთაველის პროსპექტზე მივიდეს და იყვიროს - „გადადექი!“ ან „არ გადადგე!“. ანუ ამ თვალსაზრისით ძალიან ცოტა შესაძლებლობაა. ჩართულობის ხარისხი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. განვითარების ხარისხის პროპორციულად იზრდება. მასობრივი ჩართულობის ეტაპამდე დასავლეთის ქვეყნები მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მივიდნენ. სავსებით ვიზიარებ იდეალს: უნდა ვისწრაფოთ იმისკენ, რომ ჩართულობა და თანამონაწილეობა იყოს რაც შეიძლება ფართო, თუმცა, რეალისტებად თუ დავრჩებით, ამისი დიდი შანსი არ არის. გარდა ამისა: საზოგადოება არ ვიცი, რას იზამს, მაგრამ რაღაცა ტიპის შეთანხმება, მგონი, უკვე არსებობს - ომი აღარ შეიძლება. ესეც დიდი მონაპოვარია, რადგან ამაში ჩვენ დარწმუნებულები არ ვიყავით. შეიძლება ზოგიერთი დღესაც შესაძლებლად თვლიდეს ტერიტორიული პრობლემების ომის გზით მოგვარებას, მაგრამ საზოგადოებრივ ელიტაში ამაზე, მგონი, აღარავინ დავობს. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. დღემდე ეს ტერიტორიები რჩება ჩვენთვის უმთავრეს პრობლემად. საზოგადოებას არ უთქვამს - კარგი, რაკი წავაგეთ ომი, ხელი ავიღოთ ოსეთსა და აფხაზეთზე; მაგრამ საზოგადოებას გაუჩნდა განცდა, რომ ომით ვერ დავიბრუნებთ და არც უნდა დავიბრუნოთ ომით ეს ტერიტორიები. მე მგონი, ამას მივხვდით, რაც თავისთავად ცუდი არ არის.

მარინა ჩიტაშვილი: გავიმეორებ კითხვას: იქნება თუ არა საზოგადოების თანამონაწილეობა ქვეყნის მართვაში, დაეფუძნება თუ არა ამ პრინციპს ჩვენი შემდგომი განვითარება? ჩემი პასუხი გახლავთ: არა! ერთმნიშვნელოვნად არა! რადგან, ჩემი აზრით, საზოგადოების თანამონაწილეობა არც ხელისუფლებაში მყოფ ძალას აძლევს ხელს და არც იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის. ამის მიზეზი მარტივია: მათი აზრით, ქვეყნის სამართავად სრულიად საკმარისია ელიტური ჯგუფი, რომელიც მოისმენს ექსპერტთა დასკვნებს, განახორციელებს მათ რეკომენდაციებს და დამთავრდა! რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს შეიარაღება (90-იან წლებში რომ ჰქონდა) და არ შეუძლია შეიარაღებული აჯანყების მოწყობა? ის რჩება მშვენიერ ჭანჭიკად, რომლის საშუალებით მანიპულაცია უნდა განხორციელდეს. მე სწორედ იმაში ვხედავ საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ საფრთხეს, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰგონიათ, თითქოს მათ საზოგადოებაში იდეების იძულებით იმპლემენტაცია შეეძლოთ. მართალია, ელიტა ამბობს, ჩვენ წართმეულ ტერიტორიებზე უარი არ გვითქვამსო, მაგრამ, როგორ გგონიათ, თუკი ის საზოგადოება, რომლის მინიმუმ 40%25 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, იტყვის, თავი დაანებეთ წართმეულ ტერიტორიებზე ფიქრს და ჩემი მდგომარეობა გააუმჯობესეთო, განა არ გააჩენს ასეთი განწყობა ალტერნატიულ დისკურსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სფეროში? მე, საერთოდ, მიმაჩნია, რომ დემოკრატიულია ის ქვეყანა, სადაც ხალხის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში მაქსიმალურია, და ეს ხორციელდება პოლიტიკური ინსტიტუტების მეშვეობით. საქართველოში კი პოლიტიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა ან მათი სიმცირეა მთავარი პრობლემა. ჩემი აზრით, დემოკრატიის ახალ ტალღაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან სწორედ ამ პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, განმტკიცებას და მათთვის ხელშეწყობას უნდა გულისხმობდეს. სწორედ ეს გაზრდის ჩართულობისა და თანამონაწილეობის არეალს და არა ზეგავლენის თავსმოხვევა. როდესაც მე საკუთარი ნებით ვაკეთებ რაღაცას, მაშინ ჩემი პროდუქტიულობა ბევრად მეტია, ვიდრე იძულების შემთხვევაში. „საზოგაოებაში“ მე პირადად ვგულისხმობ ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში, და ვისაც ქვეყნის განვითარებაზე თავისი შეხედულებები აქვს, თუნდაც უმრავლესობისგან განსხვავებული. ის მაგალითი, რომელიც მე მოვიყვანე, ერთი პატარა სოფელის 350 მცხოვრების თვალსაზრისს გამოხატავდა და არა მგონია, რომ ერთი სოფლისათვის 350 კაცი ცოტა იყოს. თვალში მეცა, რომ ჩვენს მედიას, პირობითად რომ ვთქვათ, ფერმერისათვის ადგილი არ დაუთმია, არ დაინტერესებულა რა სჭირდება, რა პრობლემები აქვს მას. ამიტომ იგი (ეს „ფერერი“) თავს გარიყულად თვლის. ზოგჯერ ადამიანის მიმართ უბრალო ყურადღების გამოჩენაც კმარა, რომ მან თავი ქვეყნის მოქალაქედ იგრძნოს. ასეთი ადამიანის გადაბირება მოწინააღმდეგის მიერ ბევრად უფრო ძნელია.

  • მალხაზ სალდაძე: როდესაც ხელისუფლებას მისი ოპონენტები ომის დაწყების მიზეზებისა და კატასტროფული შედეგების გამო აკრიტიკებენ, მათი ძირითადი ბრალდება ის არის, რომ სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხი დაბალი იყოო. არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მილიტარიზაციის პროცესი საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების შეხედულებათა გაუთვალისწინებლად მიმდინარეობდა. როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მომავალზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ის შესაძლოა ისრაელის მსგავს - ნაციონალურ იდეაზე დაფუძნებულ - სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ისრაელი დემოკრატიული პრინციპების ერთგული ქვეყანაა და შეიძლება ეს პერსპექტივა უფრო მისაღები იყოს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ის ვარიანტი, როდესაც ერთი ელიტარული ჯგუფი, უფრო ქვეყნის პალესტინიზაციისკენ მიმართული, ახერხებს საზოგადოების მობილობის მექანიზმთა შექმნას საიმისოდ, რომ თავისი ხელისუფლება უფრო გაამყაროს. ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული ეჭვები და შიშები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ახლახან გავხდით მოწმე იმისა, როგორ იქნა მიღებული მანიფესტი სახალხო მოძრაობის თავისუფლებისა და სამართლიანობისათვისდაფუძნების შესახებ, რომელსაც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს შემოთავაზებული საზოგადოებისთვის; საუბარია სწორედ იმაზე, რომ სახელმწიფო, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იყოს ყურადღებიანი ქვემოდან წამოსული ინიციატივების მიმართ და მაქსიმალურად გამოირიცხოს მოულოდნელი ქმედებები თუნდაც ხელისუფლების მხრიდან. ამ მანიფესტში აქცენტი ძირითადად ადამიანის უფლებებზე კეთდება. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დოკუმენტს, რომელიც, არსებითად, ომბუდსმენის სამუშაო გამოცდილებას ეფუძნება და იმის გარკვევას ეძღვნება, თუ რა შეცდომები დავუშვით სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. როგორ შეაფასებდით ამ დოკუმენტს, რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს იგი იმ ფონზე, იმ საზოგადოებრივი განწყობების პირობებში, რომელიც დღეს, ომის შემდგომ სუფევს?

დავით აფრასიძე: შეიძლება ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ არ არის უტყუარი ის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ, რაც უფრო მეტია სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების ჩართულობა, მით უფრო ნაკლებია შეცდომები. არ არის ეს ასე! ჩვენ გვახსოვს საზოგადოების საკმაოდ დიდი ჩართულობით დაწყებული ომები - მსოფლიო მასშტაბის ომები. ამიტომ ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, თითქოს ხალხი უფრო მეტად რომ ყოფილიყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ოპოზიციური აზრიც რომ შესმენილი ყოფილიყო, ამ ომის არიდება შესაძლებელი იქნებოდა. ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რომ ეს ასე იქნებოდა, მარტივი რაღაცის გამო: მარინამ სწორად თქვა, რომ ჩართულობის დროს მნიშვნელოვანია არა იმდენად გამოთქმული აზრები, რამდენადაც ჩართულობის მექანიზმის გაჩენა, ანუ პოლიტიკა აქ ბოლომდე გამოთიშული არ არის. ძალიან უხეშად რომ ვთქვა, დიდ თანამონაწილეობაში დიდი საფრთხეცაა, თუ მას თან არ ახლავს პოლიტიკური კონკურენცია. დიდი თანამონაწილეობა დროშების მასობრივ ტრიალში შეიძლება გადაიზარდოს. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრებოდა თემების - კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობა - სათავისოდ გამოყენებით, და ეს ლოგიკურიცაა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მიმართულების დისკურსიც გაჩნდეს - „რატომ წავაგეთ? მე რომ ვყოფილიყავი, არ წავაგებდით“. ჩემი აზრით, ასეთ პროცესებს უნდა შევხედოთ როგორც ნორმალურ მოვლენას: როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი მანიფესტს შეიმუშავებს, მეორე ჯგუფი იმის საპირისპირო მანიფესტს დაწერს, მერე შეიძლება ესენი ერთად დასხდნენ და სულ სხვა მანიფესტი მიიღონ. აი ეს მრავალფეროვნება, მანიფესტების, მრგვალი მაგიდების, დისკუსიებისა თუ, უბრალოდ, განცხადებებისა უნდა აღვიქვათ როგორც ნორმალური პროცესი. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ დოკუმენტს: ჩემი აზრით, რაღაც მომენტები მასში სწორად არის შეფასებული, ზოგიერთი საკითხის შეფასებას კი მე პირადად არ ვიზიარებ, თუმცა მიმაჩნია, რომ, რაც უფრო მეტი ასეთი დოკუმენტი დაიდება, მით უფრო კარგი იქნება. თუმცა ჯობია, რომ ფუნქციები დანაწილებული გვქონდეს, ანუ თუ პოლიტიკაში მივდივართ და პოლიტიკურ პროცესებს ვეხმიანებით, მაშინ შესაბამისი მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. პირდაპირ ვიტყვი, სოზარის ეს განცხადებები ჯობია მისი პოლიტიკაში წასვლის შემდეგ გაკეთდეს და არა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნისას, რადგან, ჩემი აზრით, იმავე შეცდომას ვუშვებთ, რისთვისაც სხვას ვაკრიტიკებთ; ასეთი ქმედებით ინსტიტუტის ნდობას ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ კრიტიკული შენიშვნით დავკმაყოფილდები. ისე კი, თუ შევეჩვევით პირდაპირ ვუთხრათ ერთმანეთს ჩვენი შენიშვნები, უკეთესი იქნება საქმისთვის.

მარინა ჩიტაშვილი: ამ მანიფესტზე ჩემი ხელმოწერაც არის. მართალი რომ ვთქვა, მე დილემის წინაშე აღმოვჩნდი: მას ხელი მოაწერა ბევრმა ისეთმა ადამიანმა, რომელთა პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ვიზიარებ და არც არასოდეს გავიზიარებ, მაგრამ მანიფესტში ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან დაახლოებით თოთხმეტი მუხლია გადმოტანილი. თუკი მაქვს რაიმე პოლიტიკური კრედო, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, რაც ჩემი პროფესიითაც არის განპირობებული. მე ფსიქოლოგი ვარ და ამიტომ ადამიანის თავისუფლება (როგორც სხვათა, ასევე ჩემი საკუთარი თავისუფლება) უპირველესია ჩემთვის. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მე ვიტყოდი, რომ სოზარ სუბარის ბევრად უფრო პოლიტიზებული დოკუმენტები არსებობს - ესენია მისი ყოველწლიური ანგარიშები, რაზედაც მას ეუბნებიან, რომ მის მოხსენებას მოისმენენ, მაგრამ რეაგირებას არ მოახდენენ. მე სუბარის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ თუკი ამ დოკუმენტს შევხედავთ როგორც მანიფესტს, რომელსაც ინდივიდები აწერენ ხელს, ასეთ შემთხვევაში მას შეეძლო ეს გაეკეთებინა. დათოს ერთ რამეში სავსებით ვეთანხმები: რაც უფრო მეტი ასეთი მანიფესტი დაიწერება, მით უკეთესი იქნება: შევიძენთ კრიტიკული შენიშვნების გაზიარებისა და მათი მოსმენის კულტურას. ჩემი თვალსაზრისისგან განსხვავებულ აზრს თუ გამოთქვამენ, ამის გამო ხარაკირს არ ჩავიტარებ და არც სხვას გამოვჭრი ყელს განსხვავებული აზროვნებისთვის.

  • მალხაზ სალდაძე: მანიფესტთან დაკავშირებით მეც გავაკეთებ კომენტრს. რა მასალებსაც პრესაში გავეცანი ამის თაობაზე, ყველა მათგანში ჩანდა დაინტერესება იმით, ხომ არ მიდის სახალხო დამცველი პოლიტიკაში? საკითხის ასე დასმა არა მგონია მართებული იყოს. როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებზეა საუბარი, როდესაც იმის შეფასება ხდება, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ეს პოლიტიკის საკითხია და სახალხო დამცველის პოზიციაც მხოლოდ საჯარო მოხელის პოზიცია ვეღარ იქნება; ეს თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა. მანიფესტის მიღების მოტივი ჩემთვის გასაგები იყო: სახალხო დამცველის მოხსენებებს პარლამენტში სისტემისგან რეაგირება არ მოჰყვება, მანიფესტის ადრესატი კი ხალხია. თვითონ სახალხო დამცველის ინსტიტუტის იდეიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ ვითარებაში, რა ვითარებაც წლების განმავლობაში ჩვენთან შეიქმნა. ომთან კავშირში მანიფესტის თემა ჩემთვის საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ბადებს კითხვას: ხომ არ არის ეს საუბარი სასურველზე და არა იმაზე, რაც ხალხს რეალურად უნდა? არის მოსაზრება, რომ შეიძლება არასასურველი გზით წარიმართოს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრება, და ამავე დროს ჩვენ გვაქვს სურვილი წავიდეთ დასავლეთის მიმართულებით, რომელიც ჩვენგან უპირობოდ მოითხოვს, რომ დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით ვიაროთ. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამ მანიფესტის მიღება დროულია?

დავით აფრასიძე: მე მართლა მგონია, რომ, რაც ამ მანიფესტში წერია, კარგია და სწორია, ანუ ხალხისთვის კარგია, როცა მისი თავისუფლება, მისი უფლებები დაცულია, კარგია, როცა იგი სახელმწიფოს მშენებლობაშია ჩართული, როცა მას რაღაცას ეკითხებიან და ა.შ. მაგრამ პროცესი, რომლის შედეგადაც ამგვარ ვითარებას შეიძლება მივაღწიოთ, გულისხმობს არა ერთ, არამედ უამრავ მანიფესტს, უამრავ შეხვედრას ყველა დონეზე. ამიტომ ამ მანიფესტს ცალკე ვერ გამოვყოფ და ვერ ვიტყვი, რომ ის შეცვლის მდგომარეობას. ვაფასებ მას როგორც კარგ დასაწყისს.

გიგა ზედანია: მე არ მგონია, რომ ამ მანიფესტის მიღება დიდი რაღაცის დასაწყისია, იგი არც არაფრის დასასრული არ არის. მისი ხელმომწერნი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან, შესაბამისად, არა მგონია, რომ ამ ერთობას რაიმე დიდი მომავალი ექნეს. შესაძლოა ამას ექნეს მომავალი, როგორც სოზარ სუბარის მომავალი პოლიტიკური პარტიის რაღაც ბაზას, თუ ამ მიმართულებით მოხდა განვითარება. სხვა რამეს აქედან, მგონი, უნდა ველოდოთ. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ღმერთმა ქნას, რომ ეს იყოს საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის ახალი დასაწყისი, ამის საწინააღმდეგო მე ნამდვილად არაფერი მაქვს.

0x01 graphic

გიგა ზედანია:

მარინა ჩიტაშვილი: მე ხელი მოვაწერე დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ეს არის ღია ორგანიზაცია და ისიც წერია, რომ მე სხვა ხელისმომწერებზე პასუხისმგებლობა არ მეკისრება. ხოლო, თუ ეს პარტიულ ორგანიზაციად გადაკეთდება, მაშინ... მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, მე ვეკუთვნი ვებერიანულ პროფესიულ ამქარს და ვერ გავხდები ვერცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რადგან, როგორც ფსიქოლოგს, ამის უფლება არ მაქვს. კლინიკურ ფსიქოლოგიაში ვმუშაობ და სუბარის პარტიის წარმომადგენელი მოვა ჩემთან, როგორც პაციენტი, სალომე ზურაბიშვილის თუ მიხეილ სააკაშვილისა, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, ყველას ფობიას ერთნაირად უნდა ვუმკურნალო. ჩემი შეთავაზება იყო: დადეთ ეს მანიფესტი ფორუმზე და ნახეთ რამდენი ადამიანი მოაწერს ხელს. ეს იქნებოდა საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად აქტუალურია ეს დოკუმენტი. თავის დროზე ასეთ დოკუმენტს ჩეხეთში ჰაველთან ერთად ხელი 98 ადამიანმა მოაწერა. თუ აღმოჩნდება, რომ ამ დოკუმენტს ხელს 100 ადამიანი მოაწერს, ეს იმისი მაჩვენებელი იქნება, რომ სწორედ ასი ადამიანისთვისაა ეს დოკუმენტი ღირებული. ზოგიერთმა ასეთი რამ განაცხადა: ვებგვერდზე რომ დავდოთ, რვა გვერდს არავინ წაიკითხავსო. ჩემი აზრით, ამ რვა გვერდს თუ არავინ წაიკითხავს, ესე იგი, ეს დოკუმენტი არ ყოფილა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, გადაიქცევა თუ არა ეს ერთობა პოლიტიკურ გაერთიანებად, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მეეჭვება, რომ ხელმომწერებმა საერთო პოლიტიკური პლატფორმის შემუშავება მოახერხონ. შარშან, შვიდ ნოემბერს, სუბარი გალახულთა სიაში იყო და ამ ხალხმა ვერც მაშინ შეიმუშავა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა და საბოლოოდ სასურველი შედეგიც ვერ მიიღეს. გიგა სწორს ამბობს: ესენი ბევრჯერ შეიკრიბნენ, მაგრამ ამ შეკრებებს არ რაიმე სერიოზული გაგრძელება მოჰყოლია. იმის თქმა, რომ იმგვარ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდებიან, რომელიც ასეთ ორგანიზებულ და ინსტიტუციებში ფესვგადგმულ სახელისუფლებო სტრუქტურებს არჩევნებს მოუგებს, მე მგონი, დიდი იდიოტიზმია და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასე იქნება, ეგონოს! მე პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ.

  • მალხაზ სალდაძე: ბოლო კითხვა მექნება ასეთი: ომი გადავიტანეთ, საზოგადოებისთვის დიდი შოკის მომგვრელი იყო ის, რაც მოხდა. კრიზისიდან ჯერაც არა ვართ გამოსული, მით უმეტეს, რომ მომხდარის ეკონომიკურ და მის თანამდევ სოციალურ შედეგებს სამომავლოდაც უნდა ველოდოთ. როგორ ფიქრობთ, რა თემატიკა წამოიწევს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში წინა პლანზე და როგორ უპასუხებს ამას სახელმწიფო?

დავით აფრასიძე: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის პრობლემატიკის გარდა, საკმაოდ მატერიალისტური საკითხები დადგება დღის წესრიგში; ეს იქნება სოციალური და ეკონომიკური თემატიკა, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული ომთან, მაგრამ უთუოდ ექნება კავშირი ინვესტიციების საკითხთან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რაც მარინამ უკვე ახსენა. ამ გამოწვევას ჩვენ დამოუკიდებლად ვერ ვუპასუხებთ, აქ ყველაფერი დონორთა იმ კონფერენციებზე გადაწყდება, რომლებიც ამერიკისა და ევროპაში ჩატარდება, და, ვფიქრობ, დიდი რესურსები წამოვა ჩვენს დასახმარებლად. საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საზრუნავი ის უნდა იყოს, როგორ დავხარჯოთ ეს სახსრები ეფექტიანად. მე წინასწარ არ ვამბობ, რომ ფინანსების განკარგვა უმართებულოდ მოხდება, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია მონაწილეობითი სივრცის გაფართოება. პირველი - უნდა მოხდეს სწორი დაგეგმვა, და მეორე - სახსრები სწორად უნდა იქნეს გამოყენებული. მაინცდამაინც კორუფციას არ ვგულისხმობ, - ეფექტიანობაზე მაქვს საუბარი. როდესაც უბინაოდ დარჩენილ დევნილს ან ქონებადაკარგულ ბიზნესმენს ვეხმარებით, იქნებ ჯობდეს ვკითხოთ იმ ადამიანს, რა ფორმით ურჩევნია დახმარების მიღება, თორემ, თუ საქმე გავიადვილეთ და ერთი პრინციპით მივუდექით ყველას, სასურველ შედეგს ალბათ ვერ მივაღწევთ. მეორე საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დადგება, ეს იქნება საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო ორიენტაციის პრობლემა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნატოსთან მიმართებით ყველა ჩვენი მოლოდინი ჯერჯერობით შეიძლება არ გამართლდეს. ის გამოწვევებიც უნდა მივიღოთ, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ზოგადად დასავლური, ევროპული თუ ამერიკული, ორიენტაციის მიზანშეწონილობაზე. ამაზე პასუხები პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გასცეს. ამისათვის შეიძლება მანიფესტში წამოჭრილი საკითხები ადამიანის უფლებებისა და პიროვნული თავისუფლების შესახებ ყველასთვის გასაგებად განიმარტოს და წარმოჩენილი იქნეს დასავლური სამყაროს უპირატესობა ამ სფეროში. აქამდე ჩვენი საგარეო პოლიტიკა საკრალიზებული, ტაბუდადებული იყო, ახლა კი, რადგან ყველაფრის განსჯას და ყველაფერზე მსჯელობას ვიწყებთ, ეს საკითხიც აქტუალური გახდება.

გიგა ზედანია: შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ რუსეთთან დაახლოებას ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს უახლოეს მომავალში. ეს ომი იყო დამამცირებელი, ჩვენ ვნახეთ გამათხოვრებული რუსული არმია. რუსეთის პრობლემა ის არის, რომ მან არ იცის მოკავშირეთა მოპოვების არანაირი სხვა ხერხი, გარდა მუქარისა: „თუ ჩემთან არ იქნები, ტანკებით გადაგივლი!“. რუსეთს არ აქვს არც ეკონომიკური, არც კულტურული და არც იდეოლოგიური პროდუქტი, რომელიც მიმზიდველს გახდიდა მას მისი მეზობლების ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის. შესაბამისად, ერთი მხრივ, საქართველოში გამეფებული ნაციონალიზმი, რომელიც სულაც არ არის ცუდი, მეორე მხრივ, რუსეთის შიშველ ძალაზე დამყარებული პოლიტიკა, ჩემი აზრით, ვექტორის რუსეთისაკენ გადახრას დააბრკოლებს. შეიძლება გაჩნდეს რუსეთთან უფრო გაწონასწორებული მიმართების დამყარების მოთხოვნა, მაგრამ მეეჭვება, რომ რომელიმე მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ძალამ დსთ-ში დაბრუნება მოითხოვოს. ბევრია დამოკიდებული პოლიტიკურ სტაბილურობაზე, იმაზე, თუ როგორ წარიმართება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, როდის მივაღწევთ ეკონომიკური ზრდის ომამდელ ტემპს, რომელიც ძალიან მაღალი იყო, დროზე მოგვისწრებს თუ არა დასავლეთის ეკონომიკური დახმარება, რომელმაც ინვესტიციებისგან გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს, და რამდენად ეფექტიანად იქნება გამოყენებული იგი. შემდეგ: დემოკრატიზაციის ახალი ტალღა... უკვე ვთქვით, რომ ამის აუცილებლობა ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ჩვენ, ყველას, ალბათ იმისი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს პროცესი წარმატებით განვითარდება.

მარინა ჩიტაშვილი: მე ნათქვამს ბევრს ვერაფერს დავამატებ, გავიხსენებ რა ვითარებაა ხოლმე ომის შემდეგ განვითარებად ქვეყნებში. პირველად დავასახელოთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა, რომელიც სერიოზულად დადგება დღის წესრიგში ჩვენთანაც; მეორე - ომის შემდეგ ყოველთვის ხდება საგარეო პოლიტიკის გადახედვა და ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება; და მესამე - მოსახლეობის დაცულობის საკითხი, მეტად სერიოზული საკითხი. თუ ძველ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ნამდვილად კარგი იქნება მონიტორინგი დაწესდეს არამარტო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, არამედ უცხოელი დონორების მხრიდანაც, იმის გასაკონტროლებლად, თუ სად წავა და როგორ დაიხარჯება საერთაშორისო დახმარება; და - დათოს სავსებით ვეთანხმები - უნდა განისაზღვროს, რა ფორმებით უნდა გაეწიოს დაზარალებულებს დახმარება, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ერთ მაგალითს მოვიყვან: პაკეტებში, რომლებიც ამერიკული დახმარებიდან მიიღო ხალხმა, შედიოდა ვიტამინები, რასაც ვერ იყენებდნენ, რადგან ამ საკვებ პროდუქტს ეს ხალხი არ იყო მიჩვეული. ანუ ამ ვითარებაში ვინმემ საქართველოში ვიტამინების დამატებითი პარტიის შემოიტანა რომ გადაწყვიტოს, დახმარებისთვის განკუთვნილი სახსრების არასწორი დახარჯვა გამოვა. ასე რომ, ეს პრინციპული საკითხია.

3 ორგზის დევნილები

▲ზევით დაბრუნება


დევნილები

მაკა ჯაიანი

22 აგვისტოს, როცა სამაჩაბლოდან და კოდორის ხეობიდან დევნილი ადამიანების რეგისტრაცია დასრულდა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შემდეგი რიცხვი დაასახელა - 112000 დევნილი და 570 კომპაქტური დასახლება. ყველაზე მეტი ადამიანი - 58451 - თბილისში იყო რეგისტრირებული. რეგისტრირებულებიდან 33026 მამაკაცი იყო, 43273 - ქალი (მათ შორის ფეხმძიმეები), 31382 - არასრულწლოვანი (მათ შორის ახალშობილები).

მათი თავგადასავლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს - 112 ათასი ტკივილი და მწუხარება. ეს არის ამბები ადამიანებისა, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში საკუთარი სახლებიდან სიკვდილის, ძალადობის, შეურაცხყოფის შიშმა აჰყარა.

ამბობენ, რომ ომი ყველას ცვლის: ზოგი იმაზე უკეთესი ხდება, ვიდრე იყო, ზოგი - პირიქით. ზაფხულის ამ ერთმა თვემ უკვე ბევრი შეცვალა. დევნილობაში სამმა წყვილმა გადაწყვიტა დაქორწინება. მათ შორის ერთი შერეული წყვილია - ვაჟი ოსი, ქალი - ქართველი. ეს საუკეთესო დასტურია იმისა, რომ მათ ცხოვრებაში, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, სიხარულის დრო აუცილებლად დადგება.

იქამდე კი, დღეს, ამ წუთისთვის, ისინი ერთი დიდი მოაზაიკის ნაწილები არიან. მოზაიკისა, რომელშიც მუქი ფერი ჭარბობს და უსიხარულო სახელი ჰქვია - ადამიანთა ტრაგედია. 2008 წლის აგვისტო. საქართველო...

- სახელი?- ვარა.

- გვარი?

- ტურაშვილი.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 80-ისა გავხდი 14 აპრილს.

- მომიყევით...

- ერედვიდან ვარ... ეს ამბები რომ დაიწყო, შვილები გამოვუშვი, შვილიშვილები, მე სახლი არ დავტოვე. მეუღლე შარშან გარდამეცვალა.

მე ვთქვი, იქნებ, გადავარჩინო აქაურობა-მეთქი. მეხვეწებოდნენ შვილები, წამოდიო, არა-მეთქი, მოხუცი ვარ, რა უნდა მომივიდეს-მეთქი.

არ მეგონა, შვილო, ასე არ მეგონა, არ მეგონა, თუ ასე დავიტანჯებოდი, თორემ რა გამაჩერებდა (ტირის)...

- ძალიან გაგიჭირდათ?

- ერთ თვე მშიერ-მწყურვალები ვეგდეთ სამი მოხუცი ქალი...

შემოვიდნენ რუსები, შემოიყვანეს შეიარაღებული ყაჩაღები. ჩემს წინ, ჩემს გვერდით ცეცხლი წაუკიდეს სახლებს.

მერე, ერთი ოსი შემოვიდა, შემოიყვანა ერთი ათი შეიარაღებული კაცი და ეუბნება, - ამას ხმა არ გასცეთ, ესენი ძალიან კარგი ხალხიაო.

ვიყავით, შვილო! ძლიერი ხალხი ვიყავით, იმ ოლქში პირველები! ჩვენი სარჩო ჩადიოდა და იმით იკვებებოდა ცხინვალი, რას გვემართლებოდნენ (ტირის)...

გამიხარდა, მოვეხვიე იმ ბიჭს, შენ გენაცვალე, შენ, ნეტა, ვინა ხარ, შვილო-მეთქი. მაინცაო, ბაბო, ტყვია ტყვიაა, დაიმალე ხოლმე, სარდაფში იყავიო... ჩავიტანე ყუთები სარდაფში, დავალაგე ტახტივითა, გავშალე ლეიბი და იქ ვათენებდი ღამეს.

ვიფიქრე, გადავარჩინე სახლი-მეთქი, მაგრამ ვერა. ერთი ათი დღე შევინახე. მერე სხვები და სხვები შემოვიდნენ, ხან - ვინ, ხან - ვინ. მოდიოდნენ დანებითა და იარაღით, სულ პირში მჩრიდნენ, - რათა ხარო აქა? მა, სად წავიდე, წნევადარტყმული ქალი ვარ, ჩემს სახლში არ ვიყო, გზა არ არი, კვალი არ არი, მანქანა არ დადის, რა ვქნა-მეთქი, მგლებო, მოდით და შემჭამეთ, მოდით, რა შეგემატებათ-მეთქი?

ყველაფერი გაჰქონდათ. ძროხა გაიყვანეს - წაიყვანეს, ღორი გაიყვანეს - წაიყვანეს, რაც იყო საქონელი - სულ წაიყვანეს. მერე წაუკიდეს ცეცხლი და დამიწვეს სახლი (ტირის)...

ქვეით, მეორე ბიჭის სახლი იდგა, მასწავლებელია ჩემი ბიჭი და, ცოლ-შვილთან, შვილიშვილებთან ერთად თბილისში წამოვიდა, მის სახლში გადავედი. დღეში ოცი პირი შემოდიოდა, ლამის სული ამოეძროთ, - რათ არ მიდიხარო... მშიერ-მწყურვალი ვიჯექ, გამურული, გაზუნტლული, ყველაფერი იმ სახლში დამიწვეს, არც ტანსაცმელი გამომყვა იქიდან, არც რა... მერე რძლის ძველი ტანისამოსი ვიპოვე და ისინიღა მეცვა...

სად არი შენი შვილიო? მოვატყუე, - ცხინვალში ცხოვრობს-მეთქი. ცოლი ოსი ჰყავს, ჯავიდანა-მეთქი, სტალინის ქუჩას რომ ჩაუყვები, იქ ცხოვრობენ-მეთქი ცხინვალში. ის სახლი ხომ დამიწვით, ეს მაინც შემინარჩუნეთ, ამოდის ჩემი შვილი აქ, მპატრონობს, საჭმელი მოაქვს, სასმელი, იქნებ, ახლაც მოვიდეს-მეთქი... არ მიშველა... (ტირის) მე ვზივარ, ისინი ზიდავენ და ზიდავენ ყველაფერს. ჩამოგლიჯეს ძვირფასი ხალიჩები, ძვირფასი ფარდები, გაიტანეს ავეჯი, ჭურჭელი, ყველაფერი წაიღეს...

ყაჩაღებმა მეტი გვიყვეს, შვილო, ვიდრე ომმა. ოსები, დიდი და პატარა, და კაზაკები, მოდიოდნენ მანქანებით და ძარცვავდნენ და ზიდავდნენ ყველაფერს. არც ერთი სახლი არ დატოვეს, შვილო, ნაცრად აქციეს მთელი ჩვენი სოფელი (ტირის)...

- როგორ გამოხვედით იქიდან?

- თვის ბოლოს მოვიდა „წითელი ჯვარი“, ორი მანქანა. მოენე სხვა ჰყავდათ, კარგი ბიჭი იყო. გამეხარდა, რახან ადამიანის ხმა გავიგონე!.. დამაწერინეს შვილის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, მოვძებნით და დილაზე ამოვალთო, დამიბარეს.

იპოვეს, იმათ ვენაცვალე (ტირის), ამოვიდნენ დილაზე და წამომიყვანეს. 30 რიცხვი იყო. მათ მითხრეს, თორემ აღარც რიცხვი ვიცოდი და აღარც დღე... რას მოვესწარი, შვილო?!. როგორი ბედნიერი ქალი ვიყავ და რა დღეში ვარ!.. შრომის გმირი ვიყავ, ახლა აღარც სახლი, აღარც ქონება!..

კარალეთამდე ჩამომიყვანა „წითელმა ჯვარმა“, მერე ჩემი შვილი დამხვდა და იმან წამომიყვანა.

- ის მოხუცი ქალები სოფელში დარჩნენ?

- წამოუყვანიათ ისინიც. პირველად რომ მოვიდა „წითელი ჯვარი“, მივიყვანე მათთანაც, წამოდით, თამრო, დარეკე-მეთქი და, - მასე არ შეიძლება, ბაბო, ამათი პატრონიც უნდა მოვძებნოთო. მოუძებნიათ ისინიც, და წამოუყვანიათ. აღარავინაა ახლა ჩვენს სოფელში...

* * *

- სახელი?

- ჟანა.

- გვარი?

- ტერაშვილი

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 30-ის.

- მომიყევით...

- ტყვიავში ვცხოვრობ, ორი შვილი მყავს, გოგო და ბიჭი. 8-ში წამოვედით სოფლიდან. ჯერ რეხაში ჩავედით, მერე - გორში. სამი დღის მერე გორსაც ბომბავდნენ.

ჩემი ქმრის დეიდაშვილებთან ვიყავით, შევეხვეწე, ამიყვანეთ-მეთქი ტყვიავში, ტანისამოსი არაფერი გვქონდა წამოღებული, რამეს წამოვიღებ-მეთქი. ხათრი ვერ გამიტეხა და წამიყვანა მანქანით.

გზაში ჯარისკაცები შეგვხვდნენ, სასწრაფოები, ტყვიავიდან მოდიოდნენ, საავადმყოფოც დაბომბესო ტყვიავში, ნუ მიდიხართ, ხალხი იქიდან გამორბის, რუსები ცხინვალიდან გამოდიან, უკვე ერგნეთთან არიანო, მაინც გავედით. ეს იყო 14-ში...

იქიდან რომ მოვდიოდით, კარალეთთან უკვე ძალიან ბევრი ჯარისკაცი იყო დაჭრილი, მიწაზე იწვნენ (ტირის)... ბავშვები მოჰყავდათ, მკვდრები, პატარა ბავშვები, მიწაზე აწვენდნენ...

მაშინ წამოვედით, ჯერ რუსთავში, მამიდასთან, მერე - თბილისში. ერთი თვეა აქ ვართ. ჩემი მეუღლეც აქაა. დედამთილი და მამამთილი სოფელში დარჩნენ. სახლს ვერ მივატოვებთო...

აწუხებენ ჯარისკაცები, საჭმელს ითხოვენ, სასმელს, რომ ითვრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ... ბევრი გაჰყავთო ცხინვალისკენ, ქალებიც, კაცებიც, დღე ამუშავებენ და ღამე მკვდრებს ამარხინებენო...

* * *

- სახელი?

- ბელა.

- გვარი?

- დუიძე.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 55-ის ვარ.

- მომიყევით...

0x01 graphic

- გორის რაიონის სოფელ ყელქცეულადან ვარ. იქამდე დავრჩი სოფელში, სანამ დაბომბვა არ დაიწყო ვერტმფრენიდან. მეზობლის კაცი მოვიდა და თქვა, ქალები და ბავშვები აუცილებლად უნდა გავიყვანოთო. მაშინ წამოვედით სხვებთან ერთად მე, ჩემი შვილიშვილები და რძალი.

ჩვენ მეზობელმა წამოგვიყვანა მანქანით. ზოგი ტრაქტორით გამოვიდა, ზოგი - ფეხით, ვის როგორ შეეძლო. 7-ის საღამო იყო. ბნელდებოდა, რომ წამოვედით. კაცებიც წამოვიდნენ, მაგრამ უფრო ბევრნი დარჩნენ. ჩემი მეუღლეც იქ არის.

- რამე ამბავი მოგდით სოფლიდან?

- სამი დღის წინანდელი ამბები ვიცი. სამი დღეა მეუღლეს ვერ ვუკავშირდები და გული გახეთქვაზე მაქვს...

რუსის ჯარი დგას ჩვენს სოფელში. ისეთი უკონტროლობაა, ქალებისა და ბავშვების შეშვება არაფრით შეიძლება. საღამოს 7 საათიდან კომენდანტის საათია შემოღებული, სახლებში შედიან, ყველას ამოწმებენ, ღვინოს და არაყს თხოულობენ. საქონელი მიჰყავთ... რაც მოეწონებათ, ყველაფერი მიაქვთ, ტელევიზორი - გასართობად, სკამი -

დასაჯდომად, ყველაფერი, რაც უნდათ... უარს ვერ ეტყვი...

- კაცებისთვის არ არის საშიში?

- არის. მინდორში წვებიან ჩვენი კაცები, ვერ ნდობენ, ოსები შემოდიან, კაზაკები და, რასაც უნდა, იმას აკეთებენ. ისინია, რომ წვავენ და ძარცვავენ ყველაფერს.

ჩემმა ქმარმა, სულ მინდორში ვწევართ, რაც ესენი შემოვიდნენო... საჭმელი არაფერი აქვთ, სასმელი... ფქვილი შეუტანიათ ჰუმანიტარული ხაზით, მაგრამ რას უზამენ იმ ფქვილს? კაცები არიან, შუქი იქ არაა და არაფერი...

* * *

- სახელი?

- ჯიმშერი.

- გვარი?

- არჩვაძე.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 70 წლის.

- თქვენ, ქალბატონო?

- მზია არჩვაძე, 55 წლის. სოფელ ქორდიდან ვართ, გორის რაიონი.

- მომიყევით...

ბატონი ჯიმშერი: რო დაიწყო ეს ამბავი, ჩემი ოჯახობა გამოვუშვი. მე დავრჩი. ვერ წამოვედი, საქონელი მყავდა იქ, ქათმები, ბაღი, სახლ-კარი... ტრაბახით არ ვიტყვი და, ჩემისთანა ეზო მთელს სოფელში ძვირად თუ ვინმეს აქვს, მოწყობილი, გალამაზებული... ვერ დავანებე თავი...

მერე, არ ვიცი, წამოვკარი ფეხი რამეს, თუ რა იყო, მუხლებში ძალა აღარ მქონდა შიმშილით, წავიქეცი და სახე დავარტყი. კრიჭა შემეკრა. წყალსაც ძლივს ვსვამდი, მეზობელი მასმევდა იმასაც. 14 დღე ვიყავი ასე, ვიდრე ჩემმა ოჯახობამ არ წამომიყვანა...

ქალბატონი მზია: გორის ტრასა რომ გაიხსნა, გორში ჩავედი. მივედი მთავრობასთან, მაგრამ ვერ გამომყვნენ, „წითელი ჯვარიც“ ვერ გამომყვა, ვერ შევალთო, ვერც სასწრაფო დავითანხმე... წავედი და ტაქსით გამოვიყვანე.

- ტაქსი როგორ გამოგყვათ?

- თავის რისკზე. ვერ დავტოვებდი იქ. 14 დღე პური არ ჰქონდა ნაჭამი. ჩამოვიყვანე, მოვიყვანე აქ, გავწმინდე, გავასუფთავე და „მიხაილოვში“ წავიყვანე. კარგად მოუარეს.

ასე ვართ აქ. იქ, ჩვენს სოფელში, იარაღიანები დგანან. რუსები იმდენი არა, რამდენიც ოსების და კაზაკების ბანდები. შემოდიან, მიაქვთ, რაც უნდათ. მოსახლეობას აწვალებენ...

ბატონი ჯიმშერი: ეეჰ (ცრემლს იწმენდს)... დღეს ჩვენი სოფლის დღეობაა, აბა, დღეს იქ არ უნდა ვიყოთ?..

* * *

- რა გქვია?

- თათია.

- გვარი?

- ჯალაბაძე.

- რამდენი წლის ხარ?

- 10-ის.

- საიდან ხარ?

- სოფელ ქორდიდან.

- როგორ გამოხვედით სოფლიდან?

- მეზობელმა გვითხრა, სახლებს ცლიან, ერედვიდან ხალხია წამოსული და წადით აქედანო. ბომბებს ისროდნენ უკვე. ეზოში რომ გამოვედი, ცუდი სუნი იდგა...

ჯერ სარდაფში ვიყავით ჩამალულები. სახლები დაანგრია სულ, ზოგს ფანჯრები ჩაულეწა...

მანქანით წამოვედით, გორამდე ჩვენმა მეზობელმა ჩამოგვიყვანა, მერე „მარშრუტკას“გამოვყევით.

- არ გეშინოდა?

- ცოტა...

- წამოიღე რამე სახლიდან?

- ცოტა ტანსაცმელი.

- სათამაშოები?

- სათამაშოები აქ მოგვცეს.

- როგორ ცხოვრობ აქ?

- კარგად. მეგობრები მყავს.

- შენი სოფლიდან არიან?

- არა, აქ გავიცანი.

- ერთობით ერთად?

- კი.

- არაფერი გენატრება?

- კი...

- რა?

- ჩემი სახლი და სათამაშოები.

ხალხი ხალხისთვის

„იაშვილის კლინიკაში განთავსებულია დედა შვიდთვიანი ბავშვით, რომელიც სულ 1,7 კილოს იწონის. სჭირდება პამპერსი, მედიკამენტები, ბავშვის საჭმელი...“

„იოსელიანის 8-ში შეკედლებულია 2 დიაბეტიანი ავადმყოფი დევნილი და ჩაწოლილი მოხუცი. სასწრაფოდ სჭირდებათ შესაბამისი წამლები და სურსათი...“

„ბეჟანიშვილის მე-2 გასასვლელი, ბინა №27, ბავშვიან დედას ესაჭიროება ბავშვის საკვები და პროდუქტი...“

„ტაბიძის 19-ში, გორიდან დევნილ 2 ქალბატონს ესაჭიროება ყველა სახის დახმარება...“

„ვარკეთილი 3-ის მე-2 მიკრორაიონის, 166-ე ბაგა-ბაღში შესახლებულ ოჯახს სჭირდება დახმარება...“

„კონფლიქტის ზონიდან დევნილ ორსულ ქალებსა და მეძუძურ ბავშვებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ შესაბამისი დახმარება...“

ასეთი განცხადებები ოფიციალური ბრიფინგებით, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიასაშუალებებით შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში კეთდებოდა. პირადად ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე ოცამდე წერილი მოვიდა, დევნილების ზუსტი რაოდენობებისა და ადგილსამყოფელის მითითებით. ამ წერილების 80 პროცენტში გრაფაში - „საჭიროება“, ერთადერთი სიტყვა ეწერა - „ყველაფერი“.

საქართველო მზად არ იყო კიდევ 100 000 დევნილის მოსავლელად. ხელისუფლებამ მოახერხა და ღია ცის ქვეშ არ დატოვა ისინი, ვისაც ქვეყნის სხვა რეგიონებში ნათესავები და ახლობლები არ ეგულებოდა. ფაქტობრივად, ყველა სკოლა და ბაგა-ბაღი იქცა თავშესაფრად საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ადამიანებისთვის. სხვა ყველაფერი, დევნილობის პირველ საათებში და პირველ დღეებში, მოსახლეობის საზრუნავი შეიქნა.

კომპანია ACT-ს მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა, რითაც შეეძლო. კვლევის მიხედვით, თბილისის ოჯახების (გამოკითხვა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა) 72%25-მა კონფლიქტის ზონიდან დევნილთა დასახმარებლად გაიღო საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, საბნები, ბალიშები, ლეიბები; 29%25-მა კი ფული ჩარიცხა დევნილების დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ საბანკო თუ სატელეფონო ანგარიშებზე.

მიცკევიჩის 29-ში, სადაც დევნილთათვის საჭირო ნივთებისა და სურსათის შეგროვება დაიწყო, არ წყდებოდა მიმსვლელთა ნაკადი. ცოტა მოგვიანებით, როცა მორიგ ოფიციალურ ბრიფინგზე გამოცხადდა, ვისაც მანქანა გყავთ, დევნილებისთვის საკვების ჩამორიგებაში დაგვეხმარეთო, მიცკევიჩის ქუჩა მოხალისეებით გაივსო. დახმარების ასეთი ცენტრი რამდენიმე იყო და მიმსვლელი არც ერთს არ მოკლებია.

ეს არ იყო მხოლოდ ქართველების მიერ ქართველებისთვის გაწეული დახმარება. კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა დევნილებისთვის კარტოფილი, მაკარონი, ბრინჯი, ვერმიშელი, მარილი, შაქარი, ფქვილი, მანანის ბურღული და ტანსაცმელი შეაგროვეს და თბილისში ჩაიტანეს; საკვები პროდუქტები შეაგროვა 600 დევნილისთვის საქართველოში მოქმედმა „ებრაულმა თემმა“; „საქართველოს იეზიდთა კავშირმა“, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური და ეთნიკური საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, 90 დევნილი ოჯახისთვის მოამზადა საკვები პროდუქტების პაკეტი, რომლის შესაძენი თანხა საქართველოში მცხოვრებმა იეზიდებმა შეაგროვეს.

0x01 graphic

თავად სახალხო დამცველმა საჭირო საგნები და პროდუქტები დევნილებს გორსა და ატენის ხეობაში ჩაუტანა. სოზარ სუბარმა ხეობიდან 40 ადამიანი ჩამოიყვანა, მათ შორის ბავშვები, და თბილისში დააბინავა. 9 აგვისტოდან სახალხო დამცველის ოფისში ფუნქციონირებს სამოქალაქო დახმარების შტაბი, რომელმაც შემწეობა უკვე ათასობით დევნილს აღმოუჩინა.

კერძო სექტორი

ახალი დევნილების გაჩენიდან ორიოდ დღეში მასობრივი ხასიათი მიიღო კერძო კომპანიების მიერ დევნილებისთვის დასახმარებელი ფულადი სახსრების, ნივთებისა და კვების პროდუქტების შეგროვებამ და დარიგებამ. საკვების, ჭურჭლის, ჰიგიენური საშუალებების, თეთრეულის, საბნების, ლეიბების, ბალიშების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და მისთანათა გარდა, ეს დახმარება დევნილების ჩასახლების ადგილთა სახელდახელო რემონტსა და კომუნიკაციების მოწესრიგებასაც მოიცავდა. ამას, ძირითადად, სამშენებლო კომპანიები უზრუნველყოფდნენ.

შეიქმნა დევნილთა დახმარების რამდენიმე ფონდი. ამ საქმეში განსაკუთრებით ბანკებმა იაქტიურეს. 13 აგვისტოს ფონდი შექმნა „საქართველოს ბანკმა“. სექტემბრის დამდეგისთვის კერძო კომპანიებისა და მოქალაქეებისგან ფონდში ჩარიცხულმა თანხამ 1 400 000 ლარი შეადგინა. 14 აგვისტოს დევნილთა დასახმარებელი ფონდი შექმნა „თიბისი ბანკმა“. სექტემბრის პირველ დღეებში „თიბისი ფონდი დაზარალებულთა მხარდასაჭერად“ უკვე ფლობდა 7,5 მილიონ ლარს. ფონდის დამფუძნებლების განცხადებით, ეს თანხა განკუთვნილია გრძელვადიანი პროგრამებისთვის, რომელთა განხორციელება დევნილ ბავშვებს ნორმალური ცხოვრებისა და ღირსეული განვითარების პირობებს შეუქმნის.

კიდევ ერთი ფონდი შექმნა კიდევ ერთმა ბანკმა - „სახალხო ბანკმა“ დააფუძნა საქველმოქმედო „სახალხო ფონდი“, რომელიც ყოველდღიურად ივსება ბანკის თანამშრომელთა შემოწირულობებით. ყველა ეს ფონდი დევნილთა კონკრეტულ ჯგუფებზეა ფოკუსირებული.

საკვებითა და მედიკამენტებით დაეხმარნენ დევნილებს ქართული ფარმაცევტული კომპანიები, ხილო საადაზღვეო კომპანიებმა მათ სამედიცინო შემოწმების კამპანია წამოიწყეს. ერთგვარი ფსიქოლოგიური დახმარება გახდა დევნილი პატარებისთვის ის ღონისძიებები და ექსკურსიები, რომელთაც მათთვის ქართული კომპანიები, ასევე პოლონეთისა და უკრაინის ორგანიზაციები, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ აწყობენ.

დევნილი ბავშვებისთვის გრძელვადიან დახმარებას გულისხმობდა აქცია, რომელსაც 25 სექტემბერს თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ გამართა. კონცერტში მსოფლიოს გამოჩენილმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა, შემოსული თანხა კი მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდება. როგორც ფონდის დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე ამბობს, „იავნანა“ ბოლომდე იქნება პასუხისმგებელი მისი მფარველობის ქვეშ აყვანილი ბავშვების მომავალ ცხოვრებასა და განათლებაზე.

ქართული კომპანიების გარდა დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გამოყო ირანელი ბიზნესმენების კავშირმა; 13 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გამოაგზავნეს თურქულ-ლაზურმა კომპანიებმა; საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარნენ ისრაელელი ბიზნესმენები.

საერთაშორისო დონაცია

საკუთარი ხელფასებიდან გამოყვეს თანხები დევნილების დასახმარებლად საქართველოს პარლამენტის წევრებმა. მათგან გაღებული 75 ათასი ლარი, ძირითადად, პროდუქტების შესყიდვას მოხმარდა. თანხები გამოყო თბილისის მერიამაც, თუმცა, საკუთარი სახლებიდან თითო ხელი სამოსის ამარა გამოხიზნული ადამიანებისთის ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. საქართველოს დევნილებს ხელი მსოფლიომ გაუმართა.

საფრანგეთი, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ნორვეგია, იტალია, გერმანია, ჩინეთი - ეს არასრული ჩამონათვალია ქვეყნებისა, რომლებმაც საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება გამოაგზავნეს. უკვე 20 აგვისტოსთვის 35 დონორი ქვეყნიდან 32 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება შემოვიდა.

დახმარების სახით დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 2 მილიონი ფუნტი გამოუყო, ევროკავშირმა - 5 მილიონი ევრო, აშშ-მ - 5,75 მილიონი აშშ დოლარი. ამერიკის მთავრობა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოს 10 733 978 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარა. შტატებისვე ინიციატივით, საქართველოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და დევნილთა დასახმარებლად შეიქმნება „ფენიქსის ფონდი“, რომელშიც 2 მილიარდამდე აშშ დოლარი ჩაირიცხება.

საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის მზად არიან: მსოფლიოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მათ მიერ გამოყოფილი სახსრები როგორც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ისე დევნილთა უშუალო დახმარებას მოხმარდება. დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად 125 ათასი აშშ დოლარი შეაგროვა რომის პაპმა მორწმუნეთაგან. გაეროს ორგანიზაციებთან ერთად დევნილთა დახმარებას ეწევიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ორგანიზაცია „ქეა“, ქუვეითის ნახევარმთვარის ორგანიზაცია.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას შექმნილ პრობლემებთან გასამკლავებლად ასე აფასებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი, დევნილთა დახმარების სახელმწიფო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვალერი კოპალეიშვილი:

„ომის პირველივე დღეებიდან გაერო აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან დევნილების საკვებით უზრუნველსაყოფად, - ამბობს იგი, Save the children-ისა და Wold Vision internation-ის საშუალებით გაერო 10-დღიან რაციონს არიგებს დევნილებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. გაერო პირველი იყო, ვინც საქართველოში არასასურსათო დახმარება ჩამოიტანა - პლედები, ლეიბები, საბნები, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი. ჩვენ ამ ნივთების ძალიან მცირე მარაგი გვქონდა და მათ უპირველესად ორსულებსა და ბავშვებს ვურიგებდით.

ძალიან გვეხმარება შვეიცარიის განვითარების სააგენტო, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, დანიის ლტოლვილთა საბჭო, წითელი ჯვარი, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთია, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახერხებს. ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს USAID, ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის მთავრობა დაგვეხმარა. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. განუზომელია ის დახმარება, რასაც ეს ორგანიზაციები ჩვენ გვიწევენ“.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის კოორდინაციით დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით კვების 10-დღიანი რაციონი რიგდება. მშრალ საკვებს მიუჩვეველი ქართველი დევნილებისთვის დიდად სასიამოვნო არც ის აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სტუმრები მათ თავშესაფრებს საკვების დასარიგებლად ახლა 10 დღეში ერთხელ სტუმრობენ. უკმაყოფილება გამოიწვია რაციონის ოდენობამაც. სულზე 1,5 კგ. მაკარონი, 500 გრ. ლობიო, 300 გრ. შაქარი, 300 გრ. მცენარეული ზეთი, 50 გრ. მარილი, 500 გრ. მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ორცხობილა - ასეთია ამ დახმარების შემადგენლობა.

„გახშირდა საჩივრები საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით“, - ამბობს დევნილთა საკითხების სპეციალური საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კობა სუბელიანი, - „დევნილები ამბობენ, დახმარებას ყოველდღე არ ვღებულობთო, და ამას აპროტესტებენ. მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამის ეს რაციონი 10 დღის მარაგია და კოლექტიურ ცენტრებში ერთბაშად შედის. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან იმის თაობაზე, რომ დახმარება 7 დღეში ერთხელ შეიტანონ“.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის, ლოლა კასტროს, განცხადებით, ამ რაციონთან ერთად, დევნილებს გამომცხვარი პურიც მიეწოდება - 700 გრ. პური სულზე, ყოველ მეორე დღეს. პურის მიწოდებას უზრუნველყოფენ კომპაქტური დასახლების ადგილებთან მდებარე საცხობები, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელშეკრულებები გააფორმა. მოლაპარაკებები დონორებთან რაციონის გაზრდის თაობაზეც მიმდინარეობს.

დევნილების სამედიცინო მომსახურებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კურირებს. სამინისტროს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამარ ბოდოკიას, ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფომ 1700-ზე მეტ დევნილს უმკურნალა; 21 აგვისტოდან დევნილებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემაზე ყოველდღიურად მუშაობს სპეციალური კომისია.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დევნილებთან მედიკოსების ურთიერთობის მექანიზმი შემდეგია: დევნილი აკითხავს ამბულატორიას, რომელიც მისი ჩასახლების ადგილს ეკუთვნის, კონსულტაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური შემოწმების შემდეგ, ექიმი უნიშნავს მას შესაბამის მკურნალობას და წამლების სიას თავად აწვდის ჯანდაცვის სპეციალურ კომისიას. დამტკიცებული წამლების სია დევნილამდე ასევე ამბულატორიის ექიმის მეშვეობით მიდის. წამალს დევნილი მითითებულ აფთიაქში იღებს. წამალი, ისევე როგორც ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათთვის უფასოა.

დევნილები საუბარში საკვების, საწოლების, წამლების უკმარისობას უჩივიან.

„აქ ნორმალურად გვეპყრობიან, მშივრები არ ვართ, - ამბობს ისნის რაიონში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში ჩასახლებული ანა მარიამიძე, - ოღონდ საწოლი არ გვაქვს. ერთი „ლეჟანკა“ მომცეს მე, როგორც ფეხმძიმეს. მერე, ჩემმა მეუღლემ აქვე, სარდაფიდან დანჯღრეული რკინის საწოლი ამოიტანა, ააწყო და ბავშვი იმაზე დავაწვინეთ. მეუღლე და ჩემი დედამთილი იატაკზე წვანან, ლეიბზე... უფასოდ მიმკურნალეს, კონსულტაციაზეც კარგად მიმიღეს, მაგრამ წამლები არ მოუციათ. აქაც არიან ექიმები, ვუთხარი, რა წამლებიც მჭირდებოდა. მოგიტანთო, მითხრეს, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს...“

ანა 28 წლისაა. ორ თვეში მეორე შვილი ეყოლება. გორის რაიონის სოფელ ქერედან 7 აგვისტოს წამოვიდა. სხვა ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტყვიავამდე მეზობელს გამოჰყვა მანქანით, იქიდან თბილისამდე სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და მას შემდეგ გაუქმებულ ჰოსპიტალში ცხოვრობს.

სოფლიდან უფრო გვიან წამოვიდა მისი დედამთილი, მარინა. იქამდე, ვიდრე ქერეში რუსული ჭურვი არ ჩამოვარდა, სახლის დატოვება არ უნდოდა. იმ ჭურვმა მარიამიძეების ორი მეზობელი იმსხვერპლა. ამის შემდეგ თითქმის ყველამ დატოვა საკუთარი სახლი.

„ღმერთმა ქნას, მალე დავბრუნდეთ, - ამბობს მარინა, - იმედი მაქვს, სოფლებს არ მიგვატოვებინებენ. ჩვენ სოფლად გაზრდილები ვართ და აქ, ქალაქში ცხოვრებას სოფელი გვირჩევნია“.

ომბუდსმენის პოზიცია

სახალხო დამცველი ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელსაც არსებული პრობლემების შესახებ სხვებზე მეტი ინფორმაცია აქვს. მათი გაანალიზება სოზარ სუბარს დასკვნების გაკეთების საშუალებას უკვე აძლევს.

„დევნილებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა, - ამბობს ომბუდსმენი, - ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ, როცა ერთბაშად ჩნდება 100 ათასზე მეტი დევნილი, ყველა პრობლემის სწრაფად გადაჭრა შეუძლებელია. თუმცა ბევრი ამ პრობლემათაგანი არაორგანიზებულობის შედეგია.

მიდგომა იყო არასწორი. დონორებთან პირველ შეხვედრაზე, როცა ათიათასობით დევნილი იყო უკვე თბილისში, ტანკები იდგა გორში, ჯანდაცვის მინისტრი დონორებს არწმუნებდა, არანაირი დახმარება არ გვჭირდება, მედიკამენტებიც საკმარისი რაოდენობით გვაქვს და არც სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განვიცდითო... ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, ჩვენმა მეურნეობამ მცირეოდენი ზარალი განიცადა და ძალიან ცოტა დახმარებაა საჭირო იმისათვის, რომ ფოთის პრობლემა მოგვარდესო...

დამოკიდებულება იყო არასერიოზული. ამ მდგომარეობამ გასტანა რამდენიმე დღეს, რამაც, ბუნებრივია, ჰუმანიტარული კრიზისი გაამწვავა. დევნილებს შიოდათ, იატაკზე ეძინათ, ბევრს დღემდე იატაკზე სძინავს და ა.შ. ბევრ კომპაქტური დასახლების ცენტრში არ ფუნქციონირებს ტუალეტები. მათ გამართვას დიდ ხარჯები არ სჭირდება, მაგრამ ამ საქმეს ყურადღებას არავინ აქცევს. მინდელის №7-ში, მაგალითად, კოდორიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ - გრძელვადიანი დევნილები, რომლებიც, სამწუხაროდ, მალე ვერ დაბრუნდებიან შინ. მათთან ჯერ არავინ მისულა, რომ თუნდაც კანალიზაციის საკითხი მოეგვარებინა.

სუსტია კოორდინაცია სხვადასხვა დონორებს შორის, რის შედეგადაც ზოგჯერ ერთ ადგილას რამდენიმე ორგანიზაციის დახმარება მიდის, სხვაგან კი დევნილები სულ უყურადღებოდ არიან. იმ დევნილებს, ვინც კერძო სახლებში ცხოვრობს, ჰპირდებიან, რომ დახმარებას ბინაზე მიუტანენ, მაგრამ ეს დაპირება ხშირად არ სრულდება.

ბოლო დღეებში სხვა ტიპის პრობლემებმაც იჩინა თავი. დევნილებს ეუბნებიან, რომ სკოლის შენობა, სადაც ისინი შეასახლეს, უნდა დაცალონ, რადგან სწავლა იწყება. ხშირად მათი გამოყვანა შენობიდან პოლიციის ძალით ხდება, მაშინაც კი, როცა დევნილთა მხრივ არავითარ წინააღმდეგობას არა აქვს ადგილი. ისინი გვატყობინებენ, რომ ჩალაგებული ჰქონდათ ნივთები, მზად იყვნენ წასასვლელად, და მაინც პოლიციის თანხლებით გაიყვანეს შენობიდან. რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება, - გვეკითხებიან ისინი, - როცა ჩვენ ისედაც ბევრი სიმწარე და სტრესი გამოვიარეთ?

სერიოზული პრობლემები იქმნება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგად. გადაწყვიტეს, თბილისიდან გორში გადაეყვანათ დევნილები, გაშალეს „კარვების ქალაქი“, მაგრამ ამ „ქალაქს“ არ ჰქონდა არც წყალი, არც კანალიზაცია. ადამიანებს არ ჰქონდათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. განა არ შეიძლებოდა, ხალხის გადაყვანა მას მერე დაეწყოთ, რაც ბიოტუალეტებს დადგამდნენ, ანუ ორი დღის შემდეგ? ამასთან, პირველ დღეებში ეს ადამიანები პირდაპირ ბრეზენტგადაფარებულ მიწაზე იწვნენ. ზოგ მათგანს გამოტანილი აქვს კრედიტი - მეურნეობისთვის დასჭირდა, ან სახლი გაარემონტა, ან შეიძინა რაღაც. ახლა ვეღარ იხდის, არადა სთხოვდნენ. ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის პირს და საკითხი დადებითად გადაწყდა, მათ შეღავათებს დაუწესებენ. ან კიდევ - სტუდენტების სწავლის ქირა. რამდენიმე კერძო სასწავლებელმა გამოიჩინა კეთილი ნება და შეგვატყობინა, რომ მზად არიან, უფასოდ ასწავლონ დევნილ სტუდენტებს, მაგრამ საჭიროა ამ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა იქნეს შემუშავებული. ჩვენ ამ ინიციატივით მივმართეთ ხელისუფლებას.

არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანებს დაკისრებული აქვთ ჯარიმა და ვერ იხდიან მას. ყოფილ ჯარისკაცს, რომელიც ერაყში მსახურობდა და ბევრი მადლობაც აქვს მიღებული ადრე კარგი სამსახურისთვის, ახლა 5000 ლარის ჯარიმა დააკისრეს. ვერ იხდის, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამ კონფლიქტის დროს ყველაფერი დაკარგა. სხვა საკითხია, რამდენად სწორად შეუფარდეს მას ეს სასჯელი, მაგრამ ხვალ ეს ადამიანი, შეიძლება ციხეში ჩასვან, რადგან ჯარიმას ვერ იხდის.

0x01 graphic

როცა შენიშვნებს გამოვთქვამთ, სწყინთ, გვეუბნებიან, რომ მათ მიმართ სამართლიანები არ ვართ, რადგან ბევრს მუშაობენ, ღამეები არ სძინავთ და ა.შ. ღამეები რომ არ სძინავთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს კარგად აკეთებენ. შეიძლება სწორედ არაორგანიზებულობის ბრალი იყოს, ღამეები რომ არ სძინავთ.

გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ცოტა თუ გეტყვით, ვინ არის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ბევრმა, შეიძლება, სულ სხვა ვინმე დაგისახელოთ. იქნებ ვინმეს ეგონოს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არ არის ასე. მინისტრს რომ არ იცნობენ, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მართვა არასწორი პრინციპით ხორციელდება - რამდენიმე ადამიანი იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას.

ჩვენთან ხელმძღვანელობის ასეთი სტილია დამკვიდრებული: ამა თუ იმ დარგსა თუ სფეროს ხშირად ისინი კი არ მართავენ, ვისაც ეს თანამდებობით ევალება, არამედ ისინი, ვინც უფრო დაახლოებულნი არიან პირველ პირთან ან გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფთან. ამიტომ, როცა კრიზისი დაიწყო, სისტემამ ვერ იმუშავა, რადგან შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მიიღოს ყველაფერზე გადაწყვეტილება - ცხინვალში საომარი მოქმედებების წარმოების შესახებაც, დევნილების დახმარების თაობაზეც და ა.შ. და ა. შ.“

ორგზის დევნილები

მათ შორის, ვინც წლევანდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ დევნილად იქცა, ისეთებიც არიან, 1992 წელს ერთხელ უკვე რომ გახდნენ იძულებულნი საკუთარი სახლი დაეტოვებინათ. ორგზის დევნილებად იქცნენ ისინიც, ვინც 23 აგვისტოს თბილისის მერიის მიერ მობილიზებულ ავტობუსებში ავიდნენ იმ იმედით, რომ შინ ბრუნდებოდნენ, მაგრამ ისევ უკან წამოსვლა მოუწიათ; ნაწილს იმიტომ, რომ მათი სოფლები კვლავ რუს სამხედროებსა და „ბოევიკებს“ აქვთ დაკავებული, ნაწილს კი იმიტომ, რომ მათი სახლები ან გადამწვარია, ან ისეა დაზიანებული, რომ საცხოვრებლად აღარ ვარგა.

10 სექტემბრის მონაცემებით, ახალი კონფლიქტების შედეგად დედაქალაქში დევნილად რჩება 45 100 ადამიანი, რეგიონებში - 21 343. თბილისში მათთვის 468 დროებითი თავშესაფარი ფუნქციონირებს, რეგიონებში - 88. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი სპეციალური შტაბი, ფაქტობრივად, გორშია გადასული, სადაც დევნილებისთვის „კარვების ქალაქი“ გაშენდა. „კომბინატის დასახლებაში“ გაშლილი 70 კარავი 1500 კაცზეა გათვლილი. იტალიური „წითელი ჯვრის“ დახმარებით, „ქალაქში“ დამონტაჟდა სამზარეულო, სადაც ცხელი ორჯერადი საკვები ერთდროულად 5000 ადამიანისთვის მზადდება.

„ჩვენი ვარაუდით, მათი რიცხვი, ვინც საკუთარ სახლებში მოკლე ხანში ვერ დაბრუნდება, 30 ათასია, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი, - მათთვის გრძელვადიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული. არსებობს მთავრობის მოკლევადიანი გეგმაც, რომელიც დევნილებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნას გულისხმობს გამოსაზამთრებლად. მიმდინარეობს საჭირო ობიექტების მოძიება და გარემონტება პარტნიორების დახმარებით. მუშავდება სქემები საიმისოდ, რომ გამოზამთრებაში კერძო სექტორში ჩასახლებულ დევნილებსაც დავეხმაროთ.

რაც შეეხება მთავრობის გრძელვადიან გეგმას, იგი სწორედ ამ 30 ათას ადამიანზეა გათვლილი. მათთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობდა, გორში აშენდება საცხოვრებელი, სოფლის მცხოვრებთათვის კი მიწის ნაკვეთები გამოიყოფა და იქ ჩაიდგმება ასაწყობი სახლები. ერთ-ორ წელიწადში ეს ადამიანები შეიძლება მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდნენ კიდეც, ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მანამდე მათ ნორმალური პირობები ჰქონდეთ. ამაზე მუშაობა დაწყებულია“.

პარალელურად დევნილი მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხებზე სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ უნდა იმუშაოს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ხელისუფლება ამ საკითხს ალბათ იმ გამოცდილების გათვალისწინებით მიუდგება, რომელიც 16 წლის წინ შევიძინეთ, როდესაც საქართველოს ერთბაშად 312 ათასი დევნილი გაუჩნდა... თუმცა ეს იმ ტიპის გამოცდილებაა, რომლის მიღებასაც არავინ არავის უსურვებს.

4 ომი და თეთრი კურდღელი

▲ზევით დაბრუნება


ომი

არჩილ ქიქოძე

პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ცხელ შოკოლადში

ომი და ერთობა

ომის ამბავი მე აწუნთის უღელტეხილზე შევიტყვე... ომამდე გიდი ვიყავი და უცხოელები დამყავდა მთაში. იმ დღეს ჩემთან ერთად ფრანგების ჯგუფი იყო, კიდევ იყო მეორე გიდი, თაკო, და ჩვენი თუში მეგობარი - იურა ბუქვაიძე. იურამ უღელტეხილზე ერთი ადგილი იცოდა, სადაც „მაგთი“ იჭერდა, დარეკა და ომიაო, თქვა, - ესე მითხრეს, ჩვენებმა ცხინვალი აიღესო - და მერე გათიშულა ტელეფონი. ვეღარ დარეკა. იმ დღეს მთაში ვათიეთ და მეორე დღეს ჩავედით ხევსურეთის სოფლებში. აქაც არავინ არაფერი იცოდა, იცოდნენ, რომ იყო ომი და მორჩა... ჩვენმა ავტობუსმა დაიგვიანა და მხოლოდ გვიან საღამოს მოგვაკითხა მუცოში. მძღოლმა წესიერად ვერაფერი გვითხრა, მხოლოდ თითქოს - როკი აიღეს ჩვენებმაო. ეგ იყო და ეგ. ვიყავით დაზაფრულები, ქართველებიც და ფრანგებიც. მერე ვიღაც თბილისელმა ბიჭმა და გოგომ გამოიარეს, აქვე გვაქვს ბანაკიო, იქ ომია და მე კიდევ აქ ვარო, - ეს ბიჭი იძახდა, - თანაც რეზერვისტი ვარ და დეზერტირად არ ჩამთვალონო, ჩავალ ანატორში საზღვართან და რუსებს მაინც შევაგინებ იქიდანო. რაღაც აბსურდული სიტუაცია იყო. ზედ რუსეთის საზღვართან ვიდექით და აქ საოცარი სიმშვიდე იყო, სადღაც კიდევ ომი იყო გაჩაღებული, რომლის არც მასშტაბები ვიცოდით და არც ამბები. საღამოთი ფრანგებმა მითხრეს, შენთვის საჩუქარი გვაქვსო, და დიდი ამბით ათი წლის ფრანგული შავი ღვინის ბოთლი გადმომცეს: ძვირფასი ღვინოა, ესო ერთი-ორი წელი შეინახე და კიდევ უკეთესი იქნებაო. დაველოდე, როდის დაიძინებდნენ და მერე დავლიე, სულ მშიდობის სადღეგრძელოს ვამბობდი. იურა, რომელიც წვეთს არ სვამს, მარტო მიჭახუნებდა. მერე დასაძინებლად წავიდა, მე კი გარეთ ვიწექი იმ სიმშვიდეში, ვარსკვლავებს შევცქეროდი და ომზე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ვერ მქონდა გაცნობიერებული ყველაფერი.

0x01 graphic

გერმანელი მიშა, რომელიც ლტოლვილებს ეხმარება

დილით იურა დაგვემშიდობა, თავის „სომბრერო“ დაიხურა და თუშეთისკენ უქნა ცხენებს პირი, ოღონდ მანამდე თქვა: ვინ იცის, იქნებ მეც მეძებენ - დესანტი ვარო. მაშინ უფრო ვიგრძენი ომი, რადგან იურა წარმოვიდგინე იქ. მერე მთელი გზა ვიხსენებდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც რეზერვში იყვნენ ნამყოფი, განსაკუთრებით გიგა მახსენდებოდა, ყველა ომში ნამყოფი და რეზერვში ნებაყოფლობით პირველი წამსვლელი. რამდენიმე საათს მოვუნდით ბარისახომდე ჩასვლას და იქ დაიჭირა თუ არა ტელეფონმა, მესიჯებმა დაიწყო მოსვლა, რამდენიმე კაცისგან მომივიდა პატრიარქის ლოცვა, ჩემი და იტყობინებოდა: აქ ომია და ბავშვებიანად კახეთში გავიხიზნეთო. თაკომ თავისიანებს დაურეკა და ტირილი დაიწყო, ბევრი მისი მეგობარიც იქ აღმოჩნდა წასული. მე ტურ ოპერატორს დავურეკე და ტელეფონში მიყვირა: სასწრაფოდ ჩამოდით, ეგ ჯგუფი სადახლოში უნდა გავხიზნოთო. ომი იყო, ერთი სიტყვით...

მერე გიგას დავურეკე, ვიზეც ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, და თბილისში ვარო, - მითხრა, - შტაბში მივედი და შენი ბატალიონი დაიშალაო, მოხალისედ ჩავეწერე და არ მივყავართო. ომში ვერ მიდიოდა და გამწარებული ყველას აგინებდა რუსებსაც და მთავრობასაც... ვერც წავიდა. სამაგიეროდ, ბევრი ისეთი კაცი დამხვდა წასული, რომ იქ არაფერი ესაქმებოდათ - უსაშველო ლოთებიდან დაწყებულები ნუდისტპაციფისტებით დამთავრებულები. საბოლოოდ ყველა ჩემი ნაცნობი გადარჩა და ზოგი ადრე და ზოგიც გვიან დაბრუნდა სახლში. თუმცა, ჩემმა დამ ყველას გამოტირება მოასწრო... კახეთში ერთი ძმაკაცი მყავს და ისიც იქ იყო. საკუთარი ხელით ჩავსვი მარშრუტკაშიო, - მამამისი მოთქვამდა, - ვუთხარი, შვილო, სამშობლოს უჭირს. ერეკლე მეფე და ეგეთებიო. სად გავუშვიო, სასაკლაოზე გავუშვიო. ძლივს გადარჩაო. მაგას ტელეფონით მეუბნებოდა. ორიოდე კვირის მერე კი, როცა კახეთში ჩემი ცოლ-შვილის მოსანახულებლად ჩავედი, მდინარის პირას დავსხედით სამივე - ჩემი მეგობარი, მამამისი და მე. თან ღვინოც წავიღეთ და ცოტა მისაყოლებელიც. ჩემი ძმაკაცი, რომელიც მართლა მოტეხილი მეჩვენა, თავის თავგადასავალს მიყვებოდა, პირველად ნანახ სიკვდილზე მიამბობდა და სხვათა შორის მომიყვა მათ თანასოფლელ „მარშრუტკის“ მძღოლზე, რომელმაც თავის სოფლის რეზერვისტები გასაჭირში არ მიატოვა, სათითაოდ მოკრიბა დაბომბვის შემდეგ გორი-ცხინვალის გზაზე გაფანტულები და სამშვიდობოს გაიყვანა. უკვე შემთვრალი მამა კი სიყვარულით უცქერდა შვილს და: ნუ გეშინია, ლევან, შენი ბოღმა მაგათ ქალებზე მაქვს თავის დროზე ამოყრილიო, - ეუბნებოდა. ეს უკვე აღარ იყო სერიოზული, მაგრამ მე ყურში ცუდად მაინც არ მომხვედრია. ერთი, რომ ის კაცი ძალიან მიყვარს და მეორეც, უკვე ძალზედ ბევრი და ძალზედ არასერიოზული სიტყვები მქონდა მოსმენილი გაცილებით სერიოზული ხალხის პირიდან. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით...

იმ დღეს, მთიდან თბილისში რომ ჩამოვედით, რესპუბლიკის მოედანზე (მგონი, ახლა ვარდების მოედანი ჰქვია) მიტინგი იყო. ხალხი მანქანებით და დროშებით დარბოდა და ფრანგმა ჟურნალისტმა მითხრა: რაო, ფეხბურთის მატჩი ხომ არ მოგიგიათო? ეს ფრანგი იმ ტურისტული ჯგუფის წევრი იყო, რომელსაც მთაში ვახლდი. ჯგუფი სომხეთში გახიზნა საელჩომ, ის კი დარჩა, რადგან ჟურნალისტია და ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. დავასახლე ჩემთან და დაიწყო ჩვენი უცნაური ყოფა, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა. ფრანგი ხვდებოდა კუშნერს, სარკოზის, სააკაშვილს, ჩვენი მთავრობის სხვა წევრებს და საღამოობით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. ამ ჩვენი საუბრების შინაარსის გამხელის არავითარი მორალური უფლება არ მაქვს, მაგრამ ერთ რამეს კი მოვყვები. იმ დღეებში, როდესაც ქალაქში პანიკა სუფევდა და თბილისის შტურმზე იყო ლაპარაკი, მე ჩემი არგუმენტი მქონდა, ყველას ვეუბნებოდი, რომ სახლში მყავს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ რუსები თბილისში არ შემოვლენ და რომ ამას ამბობს დაჟინებით, კუშნერზე და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებზე დაყრდნობით, თუმცა, ფრანგი მსგავსს არაფერს ამბობდა. ჩემთან მოდიოდნენ მეგობრები და მოჰქონდათ სასმელი, მეკითხებოდნენ ფრანგის აზრს - უმეტესობას ოჯახები ჰყავდა დასავლეთში ჩარჩენილი. მერე დამშვიდებულები და ნასვამები სახლებში მიდიოდნენ. ფრანგი კი ძალიან გვიან ბრუნდებოდა და როცა ვეუბნებოდი, რაშიც იყო საქმე, საიდან გაჩნდა ამდენი ცარიელი ვისკის ბოთლი, ეცინებოდა. ეს ამბავი თვითონაც ძალიან მოსწონდა. დილაობით კი პირის ვარჯიშს აკეთებდა და მერე ფრანგული რადიოს ეთერში გადიოდა მოკლე რეპორტაჟით.

სინამდვილეში კი ძალიან ცუდად იყო საქმე და მე ყველაფრი ცუდისთვის ვიყავი მზად. მახსოვს, რომ, მგონი, რუსთაველზე მოვკარი თვალი „დიორის“ მაღაზიას და მომეჩვენა (შეიძლება, არც მომეჩვენა), რომ ეს კეთილდღეობა სულ მთლად ბუტაფორიული და წარმავალი იყო და ყველაფერი ძალიან მალე გაქრებოდა. სინამდვილეში ჩვენი ქალაქი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც ზოგი განრისხებული, ზოგი შეშინებული და ზოგიც დაბნეული იყო. მაგრამ მე ჩემი საკუთარი ფრანგი მყავდა სახლში და ეს მშველოდა, უფლებას მაძლევდა სხვებისთვის ჭკუა დამერიგებინა და დამემშვიდებინა. ეს ყველაფერი თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო...

ოც აგვისტოს კი გაფრინდა ჩემი ფრანგი და ჩვენი ერთობაც დაირღვა. ოცდაერთში ფონტენბლოდან დამირეკა და ჩემს ხუთი წლის ქალიშვილთან ერთად მის თეთრ კურდღელს ვასეირნებთ პარკშიო, - მითხრა. შემიძლია დავიფიცო, რომ არ გავბრაზებულვარ, არც მწყენია, პირიქით - გამეხარდა, ვიღაც რომ იყო მშვიდად ამ გაგიჟებულ სამყაროში, მაგრამ ფონტენბლოელი თეთრი კურდღელი, როგორც ევროპული კეთილდღეობის და სიმშვიდის ხატება, სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში.

მაინც რა დამამახსოვრდა იმ დღეებიდან ყველაზე ცხადად?! რა თქმა უნდა, თერთმეტში დიდგორობაზე ჩატარებული მიტინგი, რომელმაც იმ მოვლენას დაუდო საფუძველი, ერის გამთლიანებად რომ მონათლეს, ოღონდ ეს გამთლიანება ისეთი მყიფე და ეფემერული მგონია, როგორც ექსტრემალურ სიტუაციაში წარმოშობილი სიყვარული. 11-ში ამ მიტინგზე სამსახურიდან წაყვანილი ადამიანები 14-ში მიმტკიცებდნენ: ჩვენში პატრიოტმა გაიღვიძაო. მერე ამ გამთლიანებამ კიდევ 1 სექტემბერის ცოცხალი ჯაჭვი შობა და ორში ჩემი ძმაკაცები, რომლებიც ძლიან მიყვარს, უკვე ერთობის სადღეგრძელოს სვამდნენ ფეხზე ადგომით.

მაინც რა მოხდა დიდგორობას? ამ დღეს სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ დაამტკიცა, რომ ჩინებულ ფორმაში არიან და კვლავინდებურად კარგად ფლობენ მიტინგის ტექნოლოგიებს. მათ მოახერხეს და კატასტროფა გამარჯვებად აქციეს, წარუმატებლობა - წარმატებად. ჩვენი ლიდერების და გაუთავებელი აპლოდისმენტების შემყურეს აზრად მომივიდა, რომ თუკი წაგებულ ომს ასეთი ზეიმი მოჰყვა, რა იქნებოდა, რომ მოგვეგო? ალბათ, არაფერი შეიცვლებოდა, მხოლოდ შეიძლება ამ დიდგორობა დღეს უცხოური ლაზერებით გაკეთებული შარავანდედები გადმოსულიყო ზოგ-ზოგიერთის ნათელ თავებზე. მიტინგს მოჰყვა ტაში, იყო სიმღერა და ცეკვა, მანქანებით, დროშებით და სიგნალებით ქალაქში სირბილი, მაგრამ ამის გამო მე არავის დაძრახვას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ მორალისტი არასოდეს ვყოფილვარ. ბოლო-ბოლო 1928 წელს გადაღებულ შესანიშნავ ქართულ ფილმ „ელისოშიც“ ხომ ცეკვავენ სასოწარკვეთილი ადამიანები. სინამდვილეში ჩვენ დავმარცხდით და იმ დღეს რუსთაველზე იყო განრისხებული, შეშინებული და დაბნეული ათიათასობით ადამიანი, რომლებიც კარზე მომხდარი განსაცდელის წინაშე ერთად ყოფნის სურვილით იყო შეპყრობილი. ესეც ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია. ალბათ მიტინგიც საჭიროა ეგეთ დროს და ცოცხალი ჯაჭვიც. ერთმა მეგობარმა მითხრა, მე იმიტომ მივედი, რომ იმ ჩამოსული პრეზიდენტებისთვის მადლიერება გამომეხატა, მერე სიტუაციამ გამაღიზიანა და წამოვედი, თუმცა არ უნდა წამოვსულიყავიო.

ვფიქრობ, სიმართლე ის არის, რომ დღეს არანაირი ერთობა საქართველოში არ არსებობს. პირიქით, საზოგადოება ორ ნაწილადაა გახლეჩილი, ოღონდ ეს ორი მხარე ჯერ ღია დაპირისპირებაში არ შედის, მაგრამ უკვე ინგრევა სამეგობროები, ადამიანები ერთმანეთს თვალს არიდებენ და თანამოაზრეებს ეძებენ სალაპარაკოდ თუ საურთიერთობოდ. ნაპრალი მთავრობის მოყვარულთა და მის მოძულეთა შორის სულ უფრო ღრმავდება. მატულობს გაღიზიანება. საზოგადოების დიდი ნაწილი მიტინგზე ნაპოვნი ერთობით ტკბება და საკუთარი თავით ამაყობს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს თვალში საქართველომ, მგონი, მართლა ბევრი მოიგო, მას მერე, რაც ომიდან პაციფისტური წინააღმდეგობის გზაზე გადავიდა და ვინ იცის, უფრო მეტი მოეგო, თავის დროზე გაუთავებელ მილიტარიზაციაზე და საომარ რიტორიკაზე რომ ეთქვა უარი...

ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლებას კარტბლანში უჭირავს ხელში. ჯერ არ გასულა ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარი და როდის გავა - ღმერთმა უწყის, მაგრამ რა მოხდება, როდესაც რუსეთის ჯარი საწყის პოზიციებს დაუბრუნდება? როდესაც ქვეყნის დაპირებულ აღდგენაზე მიდგება საქმე? როდესაც ომის მძიმე შედეგებს ვიგრძნობთ უკლებლივ ყველა? როდესაც დაისმევა უამრავი შეკითხვა? ვშიშობ, ხელისუფლება ისევ მიტინგის და ეფემერული ერთობის გზაზე არ დარჩეს, რადგან ასეთი ერთობა, სადაც მოღალატე და აგენტია ყველა, ვინც მასში არ მონაწილეობს, შორეულ პერსპექტივაში ძალიან წამგებიანი და თვითონ ხელისუფლებისთვის კატასტროფის მომტანი მგონია, იმიტომ, რომ ძალიან მეცნობა ეს ყველაფერი და ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს მიტინგმა კონტრ მიტინგი არ შვას და ისევ სამოქალაქო დაპირისპირების ადგილად არ იქცეს ჩვენი მრავლისმნახველი რუსთაველის გამზირი.

აქვე ვიტყვი, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ადამიანური სისუსტეებით და ჩემიც, ისევე, როგორც ყველას სურვილია რაღაცის ნაწილი, რაღაცის მონაწილე ვიყო. მიტინგის ნაწილად ყოფნა კი ყველაზე იოლია, ამიტომაც ყველაზე დიდი ცდუნებაა, ხოლო ამ ცდუნებაში ხალხის ხელახლა, შეგნებულად შეყვანა არასწორი და ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია.

ლტოლვილები

- იყო მკვლელობები, იყო გაუპატიურებები, მაგრამ ყველაფერმა კიდევ უფრო იოლად ჩაიარა, ვიდრე თანამედროვეობის სხვა ომებში, გინდა აფრიკაში, გინდა ერაყში და გინდა ბალკანებზე. ჰო, ეს ერთ-ერთი ნაკლებ მსხვერპლიანი ომია - მეუბნება ჟღალი გერმანელი და თან თბილისის ქუჩებში თავის ნივას მართავს. მისი ცივი, პრაგმატული ტონი მე არ მაღიზიანებს და ამიტომ არაფერს ვპასუხობ. ამ კაცისთვის მე არაფერი მეთქმის მადლობის გარდა, რადგან პირველივე დღიდან გერმანელი, რომელსაც, რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიშა ჰქვია და რომლის გვარიც კი არ ვიცი, ჩვენს ქართლელ ლტოლვილებს ეხმარება თბილისში მცხოვრებ სხვა უცხოელებთან ერთად. ყოველდღე იღებს სურათებს, წერს აგარიშებს, თუ რაში დახარჯა ფული, ამ ყველაფერს ელექტრონული ფოსტით გერმანიაში და სხვა ქვეყნებში აგზავნის და კიდევ შოულობს ფულს ისევ ჩვენი ლტოლვილებისთვის.

ამჯერად მიშა ლეიბების საყიდლად მიდის ისანში, მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ადგილას და ვაჭრობითაც კარგად ვაჭრობს. ლტოლვილებისთვის არისო - ეუბნება და ანამუსებს გამყიდვლებსაც და სატვირთო მანქანის მძღოლსაც, რომლითაც ლეიბები სოფელ დიღმისკენ მიაქვს მექანიზაციის ინსტიტუტში და ფსიქიატრიული კლინიკაში განთავსებული ქართლელი დევნილებისთვის.

მიშას კარგად იცნობენ ნავთლუღის ბაზარშიც, სადაც დღეგამოშვებით ბოსტნეულით იტვირთება მისი და მისი მეგობრების მანქანა, ანდაც - ვიღაცისაგან ნათხოვები პიკაპი. მიშას გერმანული პედანტობით აქვს საქმე აწყობილი, აკეთებს იმას, რაც პრინციპში მისი საქმე არ არის, რასაც ჩვენი შემდგარი სახელმწიფოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვერ ან არ აკეთებს საკმარისად ეფექტურად. ხანდახან მას მე და ლუკა ბაქრაძეც ვეხმარებით (ლუკა საგანგებოდ ლტოლვილთა დასახმარებლად ჩამოვიდა გერმანიიდან და გული გამიხარა) და მიშა ისე გვიხდის ხოლმე მადლობას, რომ ძალიან მერიდება.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ მე მიშაზე და მისთანა უცხოელებზე ბევრი ვიფიქრე. ვიფიქრე იმ უცხოელ მეგობრებზე და სულაც უცხო ადამიანებზე, რომლებმაც ლუკას, მიშას, ჩემი ოჯახის წევრების პირად ანგარიშებზე გადმორიცხეს ფული, რომელიც მათთვის უცხო ხალხის დაპურებას ან გათბობას მოხმარდა. რომელიც, რა თქმა უნდა, მათ დასაპურებლად და გასათბობად, მათი პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ იყო და ვერც იქნებოდა. ეს ხომ ყველას ესმოდა, მაგრამ გააკეთეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან? მე კი მგონია, რომ ისინი უბრალოდ კეთილი ნების ადამიანები არიან და თავიანთ წილ პასუხისმგებლობას გრძნობენ მსოფლიოში მომხდარი ამბების მიმართ. დარწმუნებული ვარ, გერმანელი მიშა ასევე მოიქცეოდა სხვა რომელიმე ქვეყანაში რომ შესწრებოდა იმავეს.

ჩვენ კი ასეთ პასუხისგებლობას არ ვგრნობთ (პირველ მრავლობითში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვბრაზობ) არც მსოფლიოს და არც საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩვენთან თითქმის არავის სტკენია არათუ ერაყში დახოცილი ათიათასობით მშვიდობიანი მოსახლე, არამედ მთლად ყურის ძირში მომხდარი ჩეჩენი ხალხის გენოციდი, ხოლო როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ რამდენიმე ჩეჩენი მეომარი ჩუმად გადასცა რუსეთს, არავის აგვიტეხია ხმაური. ალბათ იმიტომ, რომ რუსეთის იმპერიალისტური სახე ჯერ კარგად არ გვქონდა დანახული. იმისთვის, რომ ეს სახე დაგვენახა, თურმე ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა და მტრის ჩვენთვის ნაცნობ გეოგრაფიულ წერტილებამდე - გორამდე და იგოეთამდე - მოსვლა იყო საჭირო.

მაშინ კი ისევ დასავლეთს მივმართეთ დასახმარებლად და დასავლელმა პოლიტიკოსებმა მართლა გააჩერეს რუსეთი, მართლა აგვარიდეს კიდევ უფრო დიდი უბედურება, სარკოზიმ ბევრი იფრინა აქეთ-იქით, ბერლუსკონიმ პუტინს ურეკა, მაკეინმა თქვა, დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართო, შავ ზღვაში კი ამერიკული ფლაგმანი შემოვიდა და ჩვენც გავიხარეთ, რომ რუსეთის ნამდვილი სახე გამოჩნდა თურმე. ოღონდ მე რატომღაც არ მჯერა, რომ მას მერე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ „ნორდ-ოსტის“ ამბების დროს შვიდასამდე საკუთარი მოქალაქე გაზით გაგუდა, პუტინის სახეს კიდევ რამე ნიღბის ჩამოგლეჯა სჭირდებოდა... ასეც რომ იყოს, გაღებული მსხვერპლის და დაღვრილი სისხლის გასამართლებლად ეს არგუმენტი ცოტა სამარცხვინოდ მეჩვენება.

მაგრამ, მოდი, ისევ მიშას და ლტოლვილებს დავუბრუნდები... ჟღალ გერმანელს მათი ნათქვამიდან მხოლოდ გულითადად ნათქვამი მადლობა და კიდევ რამდენიმე სიტყვა ესმის, მე კი მესმის რაღაც-რაღაცეები და რაღაც-რაღაცეებს შევსწრებივარ ამ დღეების მანძილზე, ამაზე მინდა ცოტა მოვყვე...

0x01 graphic

მე შევესწარი იმას, თუ როგორ დაურეკა ოსმა მეზობელმა ერთ-ერთ დევნილს და უთხრა: შენი დედ-მამა დახოცილები ყრიან ეზოში, მე მარტოკა ვერ ვმარხავ და სხვა ოსებს კი მოხმარება ეშინიათო; მე ვნახე კაცი, რომელიც საკუთარ სოფელში იყო შეპარული, რომ სახლიდან რაღაც-რაღაცეები და პირველ რიგში ფოტო-ალბომი წამოეღო, მაგრამ ვერ შეძლო და ბეწვზე გადარჩა, თუმცა ამას სრულიად აუღელვებლად ყვებოდა, მე შევესწარი იმას, როგორ გააგდო ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასახლებული ლტოლვილების ლიდერმა ქალმა - ყოჩაღმა იზამ საკრებულოდან მოვლენილი ქალბატონი: როგორ გამომწვევად გაცვია, ჩვენ კაცებს კიდევ ეგ უნდათო?! მე გავიცანი თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ლაშა, რომელიც ვარიანში თურმე კრივზე დადიოდა და, არ ვიცი, ომმა დააკაცა და ასეთი გახადა, თუ ყოველთვის ეგეთი მაგარი და ყოჩაღი იყო, ეს ბიჭი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მაგრა უხაროდა ჩვენი მისვლა, პროდუქტზე მეტად ყურადღება უხაროდა, დიდი კაცივით ამბობდა: ეს რა დაგვემართა, კაცო?! ორსართულიანი სახლი ოხრად დამრჩაო, - და მერე აუცილებლად მკითხავდა, - რას ფიქრობ, შევალთ ნატოში? მე კიდევ არაფერს ვპასუხობდი. ვუსმინე ქალებს, რომლებიც სოფელში ბაგაში დაბმულ საქონელს და დაბინავებულ მოსავალს მისტიროდნენ. მე ვნახე დევნილების ჯგუფი, რომლებიც ნაძალადევში ქიმიურ კომბინატში ათას შხამებში ცხოვრობდა. არ მინახავს, რადგან მხნეობა არ მეყო, მაგრამ გავიგე სამი წლის ბავშვის შესახებ, რომელიც დღისით დამუნჯებული იყო, ხოლო მთელ ღამეებს კივილში ატარებდა, ვნახე ორგზის დევნილი ქალი, ჯერ აფხაზეთიდან და მერე ქართლიდან, რომელსაც გულის მანკიანი სამი თვის ჩვილი ეჭირა ხელში, ვნახე პროდუქტისთვის ჩხუბიც და ვნახე დიღმის სკოლის ყოჩაღი დირექტორიც, რომელსაც პროდუქტის განაწილების საქმე ხუთიანზე ჰქონდა აწყობილი და მის სკოლაში დევნილთა შესახლების ათი დღის თავზე უკვე რამდენიმე ბავშვის ნათლია გამხდარიყო... რატომ ვყვები ამ ყველაფერს, და ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ სტატისტიკის და ტელევიზიით მოწოდებული ახალი ამბების უკან რეალური ადამიანები დგანან, რომელთაც ლტოლვილობის მძიმე ბედი ერგოთ, რომელთაც ღირსეული ყურადღება ესაჭიროებათ, რომლებიც არ უნდა მივივიწყოთ „მაპის“ და ნატოს წევრობის ახალი პერსპექტივებით აჟიტირებულებმა. მათ ბედს კი ვერავინ შეამსუბუქებს მთავრობის გარდა, რადგან ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის ბიზნესმენებისა, რომლებმაც მართლა ბევრი გაიღეს, მეზობლებისა, ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებმაც ბევრს გაუმართეს ხელი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თუნდაც „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოსი“, რომლის თანამშრომლებმაც ჩემ თვალწინ ძალიან ეფექტურად იმუშავეს რამდენიმე კვირის მანძილზე და თუნდაც მიშას მსგავსი კეთილი ნების ადამიანებისა. ხოლო დევნილთა უმეტესობა დღეს საშინელ პირობებში აგრძელებს ცხოვრებას, მათთვის გაწეული დახმარება საკმარისი არ არის და ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს.

შოუ გრძელდება

„ცხელი შოკოლადის“ წინადადებას სტატიის დაწერის შესახებ თავიდან დიდი ენთუზიაზმით შევხვდი, მერე გადამიარა და სულაც ავიღე ხელი. მაშინ ერთმა მეგობარმა მირჩია, დამეწერა იმაზე, რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა ან გამაბრაზა. ეს რაღაც ბოლოსთვის შემოვინახე და ამ რაღაცას რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2-ის“ ეთერით გასული გადაცემა „პროფილი“ ჰქვია. წამყვანი გოგონას სახელი და გვარი არ მახსოვს, თუმცა მას და მის გულშიჩამწვდომ ხმას „იმედის“ საკვირაო გადაცემიდან ვიცნობ.

გადაცემა „პროფილში“ ისევ გვაჩვენეს უბუდური გორელი ქალი, რომელიც 20 კილო ჯართის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს და რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით მას მერე გაათავისუფლეს, რაც გორის დაბომბვას მისი სამი შვილიდან ერთ-ერთი შეეწირა. როდესაც ამ ოჯახის შესახებ სიუჟეტი პირველად ვნახე, მეგონა, რომ „რუსთავი 2-ის“ რომელიღაც ჟურნალისტმა გმირობა ჩაიდინა და ისეთი რამ გამოამზეურა, რაც არ უნდა გვენახა. „უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობა მისი მოციქული!“ („მამლუქი“ და სხვა საომარ იშტაზე მოსაყვანი ფილმები იმდენჯერ გვაჩვენა რუსთავი ორმა ცეცხლის შეწყვეტამდეც და მას მერეც, რომ ზეპირად ვისწავლე). ოცი კილო ჯართი და სანახევროდ მოხდილი სასჯელი! ნეტავ, სულ რამდენი ჰქონდა მისჯილი სამი შვილის დედას ამ უმძიმესი კრიმინალისთვის? ამაზე ჟურნალისტები დუმან და ნელ-ნელა ვიგებთ, რომ ეს სამთავრობო პიარის ნაწილია, რომ, აი, როგორი გულმოწყალე ხელისუფლება გვყავს. ოღონდ, არ ვიცი, ამას რა ჰქვია, შუა საუკუნეების ფეოდალის წყალობა თუ „რიგითი რაიანის გადარჩენის“ ცუდი რიმეიკი. ეგ კიდევ არაფერი...

გადაცემა „პროფილის“ პირდაპირ ეთერში წამყავანი გოგონა უბედურ დედას აუწყებს, რომ მისი მეორე შვილი, რომელიც დაკარგული ეგონა, ნაპოვნია და აქ არის, ამ სტუდიაში, შემოჰყავთ ბავშვი, ტირის. წამყვანი გოგონა ამშვიდებს, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნებაო, - ეუბნება. ოღონდ, ეგეთი კეთილი ხმის პატრონს, როგორ გაუძლო გულმა და მანამდე როგორ არ შეახვედრა დედა-შვილი, არ ვიცი და მაგაზე ფიქრიც არ მინდა. მერე TBC-ბანკის წარმომადგენელი შემოიყვანეს და ის გაუბედურებულ, ჭერდაკარგულ ოჯახს, ახალი ბინის აშენებას დაჰპირდა. TBC-ბანკი გაახაროს ღმერთმა, მათ მართლა არაფერს ვერჩი, მით უმეტეს, ბანკის წარმომადგენელიც ნორმალური კაცი ჩანდა და საკმაოდ დაზაფრულად გამოიყურებოდა.

ეგეც არაფერი... გადაცემის ბოლო ბლოკში წამყვანს სტუდიაში რომეო და ჯულიეტა შემოჰყავს, ოსი ყმაწვილი და ქართველი გოგონა. ოღონდ ამათი ამბავი „ჰეფი ენდით“ დასრულდა - მტრობის, შუღლის და ომის მიუხედავად, მაინც იქორწინეს. არ მახსოვს, ამათაც აჩუქეს ან დაპირდნენ რამეს თუ არა, შეიძლება, ბოლომდე აღარ მიყურებია და გადავრთე, მაგრამ წამყვან გოგონას კი ერთი რამ მინდა გავახსენო, რომ ქართველებსა და ოსებს შორის ყველაზე მეტი შერეული ქორწინება იყო, ვიდრე ქართველებსა და რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, თუნდაც ის, რომ ოსები, სხვა ეროვნებებთან შედარებით ყველაზე მეტად იყვნენ ინტეგრირებული, ყველაზე კარგად ფლობდნენ ქართულს, ყველაზე ახლოს იყვნენ ჩვენთან კულტურულად, მაგრამ როდესაც უცაბედად დაინგრა საბჭოთა იმპერია და უთვალავმა დაბნეულმა ადამიანმა ჩვენთანაც და მათთანაც თავშესაფარი უმწიფარ ნაციონალიზმში და უზამაზარ მიტინგებში ნახა, მაშინ იმ ათასობით რომეომ და ჯულიეტამაც ვერ უშველეს საქმეს. ვერც ეს წყვილი, რომელსაც გულით ვუსურვებ ბედნიერებას, უშველის რამეს. მით უმეტეს, რომ ის რამდენიმედღიანი ომი, რომლის საშინელ შედეგებსაც ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ და რომელზეც ალბათ კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება, უკვე ნამდვილად აღარ იყო ჩვეულებრივი ეთნოკონფლიქტი, თუმცა კვლავ კატასტროფულად საზიანო იყო როგორც ქართველების, ასევე ოსებისთვის.

5 საქართველომ სერიოზულად უნდა დაიწყოს ფიქრი მრავალეროვანი ინტეგრირებული სახელმწიფოს შექმნაზე

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ინერვიუ მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორთან,
ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, სტივენ ჯონსთან

  • როგორ შეაფასებდით საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს?

ღრმად მწამს, რომ საქართველოში მომხდარი კონფლიქტების ეთნიკურ კონფლიქტებად მონათვლა არასწორი ინტერპრეტაციაა. მათთვის ეთნოკონფლიქტების დარქმევით პრობლემის მხოლოდ ერთ ასპექტს განვმარტავთ. აქ, ჩემი აზრით, ძირითადად არაეთნიკური ფაქტორებია განმსაზღვრელი. ეთნიკურ ელემენტს ამ კონფლიქტებში მე არსებით როლს ვერ მივანიჭებ - აფხაზებისა და სამხრეთელი ოსებისათვის ეთნიკური განსხვავებულობის განცდა ნამდვილად არის უკმაყოფილებისა და ქართველი უმრავლესობის მიმართ გაღიზიანების მოტივი - მაგრამ რეალური კონფლიქტის (ვგულისხმობ ძალადობასა და ომს) გაღვივებით, ძირითადად, საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოლიტიკური ელიტები არიან დაინტერესებულნი. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველების, აფხაზებისა და ოსების ურთიერთობათა ისტორიისათვის დამახასიათებელი იყო შერეული ქორწინებები, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა. ისეც უნდა განიმარტოს, როგორ მოხდა ამ მშვიდობიანი თანაცხოვრებიდან დღევანდელ დაპირისპირებამდე მისვლა? ეს არ არის ბუნებრივი პროცესი, ამას რაღაც ახსნა უნდა მოეძებნოს, „ეთნიკური საკითხი“ საამისოდ არ გამოდგება. უფრო სრულყოფილი ახსნა ისეთ საკითხებს უნდა მოიცავდეს, როგორებიცაა: ეკონომიკური კოლაფსის შედეგები, ეთნიკური ჯგუფების პრობლემების უგულებელყოფა, რუსეთის როლი და ნეოიმპერიალისტური პოლიტიკა, ისეთი ლიდერების შეცდომები, როგორიც გამსახურდია იყო, კონფლიქტის შენარჩუნებაში კონტრაბანდისტებისა და სამხედრო შენაერთების ინტერესები და ა.შ. ამ კონფლიქტების „ეთნოკონფლიქტებად“ მონათვლა არასწორია.

  • რა შეცვალა ამ მოვლენებმა მსოფლიოში?

ჩვენი შეფასების მიხედვით ეს კონფლიქტი მნიშვნელოვნად იმოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებზე, კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მომავალზე. მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიწყო ომი, აშკარაა, რომ რუსეთმა დაარღვია მეზობელი ქვეყნის საზღვრები, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული, და ამით ხელყო საერთაშორისო სამართალი. ვეთანხმები კონდოლიზა რაისს, რომ ეს ომი წინასწარ იყო დაგეგმილი. რუსი ჟურნალისტის, პაველ ფენგენგაუერის, ვარაუდით, მას რუსეთის სამხედრო წრეები უკვე აპრილში გეგმავდნენ. იმის ნიშანი, რომ რუსეთი ამ ომისათვის ემზადებოდა, კონფლიქტის წინა თვეებში მრავლად იყო (მაგალითად, სარკინიგზო ხაზის შეკეთება აფხაზეთში ან რუსული სამხედრო წვრთნა ჩრდილოეთ ოსეთში). მაგრამ არა მგონია, რომ ყველაფერში მხოლოდ რუსები უნდა დავადანაშაულოთ. ცხინვალზე შეტევა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო, რაც შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და მთავარსარდალს, ამის უფლება ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ სამხრეთელმა ოსებმა მხარი კოკოითსა და რუსებს დაუჭირეს. რატომ? თუ გადავხედავთ ბოლო 16 წლის ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, ცხადი გახდება - რატომაც. ოსებს ახსოვთ გამსახურდია და მათი ავტონომიის გაუქმება, ახსოვთ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი, როდესაც სამხრეთ ოსეთი უყურადღებოდ იყო მიტოვებული, და ახსოვთ, როგორ ექცეოდნენ სხვა არაქართველებს. შევარდნაძის დროს არ იქნა გამოყენებული სამხრეთელ ოსებთან და საქართველოს სხვა არაქართველ მოსახლეობასთან ხელისუფლების გადანაწილების შესაძლებლობები. 2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა. საერთო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებმა არ იზრუნეს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაზე და ვერ მოიპოვეს მათი ნდობა. ეს, რუსეთის იმპერიულ ამბიციებთან ერთად, პრობლემის ფუნდამენტური ასპექტია.

  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

0x01 graphic

შედეგები იმაზეა დამოკიდებული, რა რეაგირებას მოახდენენ აშშ და ევროკავშირი. თუ ისინი რუსეთს არ აიძულებენ გავიდეს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, მაშინ რუსეთის აგრესია არ შეწყდება. ამ შემოჭრით რუსეთი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა: პირველი იყო მისი მეზობელი ქვეყნების - უკრაინის, მოლდოვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების - ფინეთიზაცია. საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ქვეყნები უფრო მეტად დაფიქრდებიან რუსეთთან დაპირისპირების შედეგებზე. მეორე: რუსეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის ჰეგემონობას რეგიონში. მას არ სჭირდება ქვეყნების ანექსირება, ეს მართლაც ძალზე რთული იქნებოდა, მაგრამ მათი დაშინება შეუძლია. მესამე: რუსეთის ასეთი ქმედება შეაფერხებს კავკასიაზე გამავალი ალტერნატიული მილსადენებისთვის ინვესტიციებს გამოყოფას. ინტერვენციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქეთის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქება უბრალო დამთხვევა არ ყოფილა. ეს გაფრთხილება იყო ნავთობმომწოდებელი ქვეყნების - ყაზახეთისა და თურქმენეთის - მისამართით. ამ კუთხით რუსეთმა გაიმარჯვა. თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთი ახლა უკეთ გაიცნეს, დასავლეთ ევროპის გულუბრყვილობა შეირყა და საქართველოს ბედი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგში დადგა. საქართველოში შემოჭრას რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია არც მისსავე მოედანზე გაუუმჯობესებია. ამ შემოჭრით რუსეთი შიგნით დასუსტდა. მისმა საფონდო ბირჟებმა ღირებულების ნახევარი დაკარგეს, ხოლო ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, ინგუშებსა და ყაბარდოელებს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობამ დამოუკიდებლობის იმედი გაუჩინა. ისინიც დამოუკიდებლობას მოითხოვენ. რუსეთი შეიძლება ამ რეგიონში უდიდესი ძალა იყოს, მაგრამ შიგნით იგი სუსტია და ეს შემოჭრა მას ვერაფრით გააძლიერებს. თუმცა საქართველოს მომავლის ჩემეული ხედვა პესიმისტურია. პუტინმა სააკაშვილი გააფრთხილა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსს მოუწყობდა და სწორედ ეს გააკეთა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსეთი დაოსტატებულია მოვლენების გაყინვასა და დროის გაჭიანურებაში, იმედი აქვს, რომ ამასობაში სხვა ქვეყნების ინტერესი ამ საკითხების მიმართ განელდება.

  • როგორ უყურებთ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივას?

ვფიქრობ, ევროკავშირთან ინტეგრაცია უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ნატოსთან კავშირი. ნატო მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, მაგრამ ბევრი ქვეყანა დასავლეთში კითხვებს სვამს ნატოს დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით. დაიცავდა კი ნატო საქართველოს ბირთვული იარაღის მქონე რუსეთისაგან, საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო? ევროკავშირში გაწევრიანებას დიდხანს დასჭირდება ლოდინი, მაგრამ ეს საუკეთესო ვარიანტია დემოკრატიული, წარმატებული და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო საქართველოსთვის. ხოლო რა ტიპის უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას ნატო, ძნელი სათქმელია.

  • რა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რათა უფრო ეფექტიანად გადაიჭრას ეთნიკური და სხვა ტიპის კონფლიქტები?

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ შეგვიძლია რუსეთი დავადანაშაულოთ, მაგრამ საქართველო არ უნდა დარჩეს მხოლოდ აშშ-სა და ევროკავშირის იმედად, იმის იმედად, რომ ისინი დაეხმარებიან რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით ანდა რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მეორე ვარდების რევოლუციაზე ისაუბრა და მეტ დამოკრატიას დაგვპირდა. ამ ახალი დემოკრატიული რეფორმების ნაწილი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების - სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნებისა და სხვებისაკენ უნდა იქნეს მიმართული. ახლა საქართველომ სერიოზულად უნდა დაიწყოს ფიქრი მრავალეროვანი ინტეგრირებული სახელმწიფოს შექმნაზე, სადაც ყველას თანაბარი უფლებები და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თანაბარი შესაძლებლობები ექნება. სწორედ ასეთ ქვეყანად უნდა აჩვენოს საქართველომ თავი მსოფლიოს და არა ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ხელახლა იარაღდება (და რომელიც, როგორც აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სამხედრო ძალებს). ეს დროისა და ენერგიის ფლანგვაა.

6 სამართალი რუსულად

▲ზევით დაბრუნება


სამართალი

ჯონი ხეცურიანი

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დასრულდა. ახლა იგი ცდილობს „მოგებული ომის“ შედეგების იურიდიულად გაფორმებას. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) დამოუკიდებლობას ცნობს. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა საგანგებო მიმართვა და საზოგადოებას აუწყა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობისა და აუცილებლობის შესახებ. დიმიტრი მედვედევის აზრით, ბრძანებულების გამოცემისათვის არსებობდა რამდენიმე საფუძველი, კერძოდ:

1. საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია გაერო-ს წესდება, საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი მოვალეობები და განაახლა შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, რომლის მსხვერპლიც გახდა მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთის მშვიდობიანი მოქალაქეები. ასეთივე, ბედი ელოდა აფხაზეთს. 8 აგვისტოს თბილისმა გააკეთა არჩევანი - საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად მან აირჩია გენოციდი, რითაც გადაწურა ყველა იმედი ოსების, აფხაზებისა და ქართველების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობისა;

0x01 graphic

2. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხებმა არაერთხელ გამოავლინეს თავისუფალი ნება და მხარი დაუჭირეს თავიანთი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას რეფერენდუმების მეშვეობით, მათ უფლება აქვთ თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი;

3. რუსეთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ამ რეგიონების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე;

4. რუსეთის ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო სათათბირომ მათ ამ თხოვნას მხარი დაუჭირა და 2008 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით მიმართა;

5. გაერო-ს წესდება, „საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ“ გაერო-ს 1970 წლის დეკლარაცია, ეუთო-ს 1975 წლის დასკვნითი აქტი და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები უფლებას აძლევს რუსეთს, ცნოს სხვა სახელმწიფოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

ასეთია ის საფუძვლები, რომლებმაც გადააწყვეტინა რუსეთის პრეზიდენტს გამოეცა ბრძანებულება საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასა და კანონიერებაში და თავის მიმართვაში მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს რუსეთის მსგავსად იმოქმედონ. ამ მოწოდების შესახებ წერილის ბოლოს ვისაუბრებთ. ახლა კი განვიხილოთ საკითხი ზემოაღნიშნული საფუძვლების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წლის 26 აგვისტოს გამოსცა ბრძანებულება. ეს საჭიროა იმისათვის, რათა დავადგინოთ ამ ბრძანებულების იურიდიული ბუნება, მისი შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან და თვით რუსეთის კანონმდებლობასთან.

რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტია, რომელიც „არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონებს“ (90-ე მუხლი). რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, მართალია, რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტია, მაგრამ მას საერთაშორისო- სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს და, ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს აგრეთვე საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებსა და რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ეს აუცილებელია იმდენად, რამდენადაც რუსეთის კონსტიტუციით, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებები რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სისტემის შემადგენელი ნაწილია“ და მათ უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნიათ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ (მე-15 მუხლი). მაშასადამე, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის საკანონმდებლო აქტებს, რომლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და პრინციპები, აგრეთვე რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება უკანონო აქტი იქნება.

ამის გამოა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი მის მიერ გამოცემული ბრძანებულების სრულ შესაბამისობას გაერო-ს წესდებასთან, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ გაერო-ს 1970 წლის დეკლარაციასთან და ეუთო-ს 1975 წლის დასკვნით აქტთან.

ცნობილია, რომ სწორედ ამ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებშია მოცემული საერთაშორისო სამართლის ათი ძირითადი პრინციპი, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სისტემის უმნიშვნელოვანესი საწყისებია, მისი შინაგანი საფუძველია, საყოველათაოდ აღიარებულია, უნივერსალურია და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მკაცრად დაიცვას მათი მოთხოვნები.

ახლა კი ვნახოთ, რამდენად იცავს რუსეთი ამ პრინციპებს, რამდენად შეესაბამება რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.

1. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, უწინარეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს.

ისტორიულად და სამართლებრივად აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით.

საქართველომ გასულ საუკუნეში რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის (1921 წ.) შედეგად დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა რეფერენდუმის საფუძველზე, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის, მათ შორის ამ რეგიონებში მცხოვრებთა უმრავლესობამ, რეფერენდუმში მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამის შედეგად, საქართველო გაერო-ს წევრად მიიღეს იმ საზღვრებში, იმ ტერიტორიული მდგომარეობით, რომელიც მას გააჩნდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისას, ე.ი. აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ჩათვლით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობის, მათ შორის რუსეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

0x01 graphic

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობა გულისხმობს ამ ორი რეგიონის ტერიტორიების საქართველოსგან მისი ნების გარეშე ჩამოცილებას.

2. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოებს ურღვევად მიაჩნიათ ერთმანეთის საზღვრები და ამიტომ ისინი თავს შეიკავებენ ამ საზღვრების ყოველგვარი ხელყოფისაგან, არ შეეცდებიან მათ გადასინჯვას და არ ექნებათ ტერიტორიული პრეტენზიები. სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ აგრეთვე ყოველგვარი მოთხოვნებისა თუ მოქმედებებისაგან, რომელთა მიზანი იქნება ნებისმიერი სახელმწიფოს ნაწილის თუ მთელი ტერიტორიის დაპყრობა უზურპაცია. სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპი დასაშვებად მიიჩნევს საზღვრების მხოლოდ ნებაყოფლობით შეცვლას, დაინტერესებული სახელმწიფოების თანასწორუფლებიანი შეთანხმების შედეგად.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობით, რუსეთმა ცალხმხრივად, საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, შეცვალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრები.

თანამედროვე საერთაშორისო სამართლით, ამ პრინციპის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა დანაშაულადაა მიჩნეული.

3. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, არც ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არა აქვს უფლება, ჩაერიოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რა მიზეზითაც უნდა იყოს, სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში; დაუშვებელია შეიარაღებული ჩარევა და ჩარევის ყველა სხვა ფორმა ან ყოველგვარი მუქარა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს სამართალსუბიექტობის ან მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საფუძვლების წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ პრინციპის დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით, რუსეთმა თვითნებურად გადაწყვიტა სხვა სახელმწიფოს - საქართველოს რეგიონების სტატუსის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმეა. რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრძანებულება უშუალოდაა მიმართული საქართველოს პოლიტიკური საფუძვლების წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა იმიტომ მოხდა, რომ საქართველომ თავისი მოქმედებით „გადაწურა ყველა იმედი ოსების, აფხაზების და ქართველების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობისა“, არ შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძვლად იქნეს განხილული, რადგანაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის თვით ასეთი განცხადებაც კი თავისთავად წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეშ დარღვევას. არც ერთ სახელმწიფოს და მათ შორის რუსეთს, არა აქვს არანაირი უფლება გადაწყვიტოს სხვა საელმწიფოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი და განსაზღვროს ესა თუ ის ერები ერთ სახელმწიფოში იცხოვრებენ თუ ცალ-ცალკე.

ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევას თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ინტერვენციად მიიჩნევს.

4. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, ყველა სახელწიფო, მიუხედავად მისი ტერიტორიის სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა თანასწორუფლებიანია საერთაშორისო სამართლის წინაშე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენულ თანასწორობას, აგრეთვე ყველა უფლებას, რომელიც დამახასიათებელია მათი სუვერენიტეტისათვის, მათ შორის თითოეული სახელმწიფოს იურიდიული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფლებას. არცერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავს მოახვიოს სხვა სახელმწიფოს თავისი ბატონობა ან პრივილეგიურ მდგომარეობაში დააყენოს თავისი თავი.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ პრინციპის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით, ე.ი. ცალმხრივი აქტის გამოცემით, რუსეთმა დაადასტურა, რომ იგი საქართველოს არ განიხილავს როგორც იურიდიულად თანასწორ სუბიექტს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს თავის თავს საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ.

5. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოწესრიგების პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, ყოველი სახელმწიფო თავის საერთაშორისო დავებს სხვა სახელმწიფოებთან უნდა წყვეტდეს მშვიდობიანი საშუალებებით ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას. ამის შესაბამისად, სახელმწიფოები, რომლებიც მხარეები არიან საერთაშორისო დავაში და აგრეთვე სხვა სახელმწიფოები, თავს უნდა იკავებდნენ ყოველგვარი მოქმედებებისგან, რომელთაც შეუძლიათ იმდენად გაუარესონ მდგომარეობა, რომ საფრთხე შეუქმნან საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვას.

0x01 graphic

რუსეთი, რომელიც თავიდანვე მონაწილეა და მხარეა მის მიერ შეიარაღებული და მართული სეპარატისტული ძალების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ინსპირირებული კონფლიქტებისა, თითქმის თხუთმეტი წლის მანძილზე უარყოფდა ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყველა წინადადებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების, გაერო-ს, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მერ იყო შეთავაზებული. ამ ფონზე, ცალმხრივად, საქართველოს სუვერენული უფლებების გაუთვალისწინებლად, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა არა თუ ხელს შეუწყობს რუსეთ - საქართველოს ურთიერთობების მშვიდობიან მოწესრიგებას (როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართლის ზემოაღნიშნული პრინციპი), არამედ, პირიქით, იგი იმდენად გააუარესებს ამ ორ სახელმწიფოს შორის ამჟამად არსებულ ისედაც უაღრესად დაძაბულ ურთიერთობას, რომ რეალური საფრთხე შეექმნება საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვას.

6. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, რომლის ძალითაც ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

ამასთანავე, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის დანაწილება ან დარღვევა. ყოველმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარი მოქმედებისაგან, რომელიც მიმართულია სხვა რომელიმე სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივ თუ მთლიანი დარღვევისაკენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, ამ პრინციპის მხოლოდ პირველი ნაწილით იხელმძღვანელა, როდესაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ბრძანებულების გამოცემის საფუძვლად მიუთითა ამ სეპარატისტული რეჟიმების მიერ ჩატარებულ რეფერენდუმებზე, რომლებშიც გამოვლინდა აფხაზი და ოსი ხალხების ნება მათი არაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის თაობაზე და რომელზე დაყრდნობითაც სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმა დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით მიმართეს რუსეთის სახელმწიფოს.

არც სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები და არც მათი ლიდერების თხოვნა სამართლებრივ საფუძვლად ვერ გამოდგება შემდეგ გარემოებათა გამო: ამ სეპარატისტულ რეგიონებში რეფერენდუმები გაიმართა მას შემდეგ, რაც იქ ეთნიკური წმენდა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, მაგალითად, აფხაზეთიდან განდევნილი იქნა 250 ათასამდე ქართველი, 100 ათასამდე სხვა ეროვნების წარმომადგენელი და თვით აფხაზი მოსახლეობის ნახევარი (40 ათასამდე აფხაზი). ამიტომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობაში ჩატარებული რეფერენდუმი ვერანაირად ვერ გამოხატავს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხების და თვით აფხაზებისა და ოსების ნებას. არც ეთნიკური წმენდის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობაში სეპარატისტთა მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია ლეგიტიმური. გამომდინარე აქედან, ამ დე-ფაქტო ლიდერების მიერ გამოცემულ აქტებსა და მიმართვებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. ამის ნათელი დადასტურებაა ეუთო-ს სტამბოლის (1999 წ.) დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია: „მიუღებლად და უკანონოდ ვთვლით ამ წელს აფხაზეთში, საქართველო, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დეკლარაცია მიღებულია თვით რუსეთის მონაწილეობითა და დასტურით.

ხალხების თვითგამორკვევა უნდა ხორციელდებოდეს მოცემული სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემაში მონაწილეობის გზით, მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე. ამიტომ იყო რომ ჩეჩნეთში კონფლიქტის დროს, რომელშიც დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა, დასავლეთის სახელმწიფოები, რუსეთის კრიტიკისას, მართალია, მიუთითებდნენ სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ გამოყენებული ძალის არაპროპორციულობაზე, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეს მაინც რუსეთის საშინაო საქმე იყო. სწორედ ამიტომაც არის, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა უარს ამბობს სეპარატისტთა მიერ ეთნიკური წმენდის საფუძველზე შექმნილი თვითმარქვია დამოუკიდებელი სახელმწიფოების ცნობაზე და მოითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის როგორც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილების სტატუსის განსაზღვრას მხოლოდ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გავიხსენოთ, თუნდაც სულ ახლახან, 2008 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირი გმობს რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ ცნონ გამოცხადებული დამოუკიდებლობა. ამასთანავე, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ აფხაზებისა და ოსების თვითგამორკვევის ყალბად გაგებული უფლების რეალიზაციის მოტივით, სეპარატისტულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით მოხდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის ხელყოფა.

7. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოები კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარეული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარეობენ, აგრეთვე იმ ვალდებულებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით თუ სხვა შეთანხმებით იკისრეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავი აარიდოს იმ ვალდებულებათა შესრულებას, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებიდან, ასევე, არა აქვს უფლება, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელოს მისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლის დებულებები ან ნებისმიერი სხვა გარემოება. სახელმწიფომ თავისი კანონმდებლობა და ადმინისტრაციული წესები უნდა შეუსაბამოს თავის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ პრინციპის დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით რუსეთმა უხეშად დაარღვია როგორც ის ვალდებულებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარეობს (ეს კარგად ჩანს ამ წერილში მოყვანილი მაგალითებიდან), ისე ვალდებულებები, გამომდინარე რუსეთის მონაწილეობით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებიდან თუ შეთანხმებიდან, რომლებშიც რუსეთი ცნობს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობას.

თვალსაჩინოებისათვის მოვიტანთ ამონარიდს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის (მოსკოვის) დეკლარაციიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერაცაა ხელმოწერილი. დეკლარაციაში ვკითხულობთ:

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოები:

1. უზრუნველყოფენ თავიანთ ურთიერთობაში სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებს;

2. ადასტურებენ, რომ აგებენ რა თავიანთ ურთიერთობას, როგორც მეგობარი სახელმწიფოები, თავს შეიკავებენ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან ნებისმიერი სხვა ფორმის ზეგავლენისაგან, მათ შორის ბლოკადისაგან, რომ მხარს არ დაუჭერენ და არ გამოიყენებენ სეპარატიზმს თანამეგობრობის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, აგრეთვე, პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;

3. ადასტურებენ, რომ ტერიტორიების მიტაცება ძალის გამოყენებით არ შეიძლება აღიარებულ იქნეს, ხოლო სახელმწიფოთა ტერიტორიების ოკუპაცია - გამოყენებული საერთაშორისო ცნობის ან მისი სამართლებრივი სტატუსის შეცვლის თავსმოხვევისათვის“

ვფიქრობთ,ძნელი არ უნდა იყოს იმის დანახვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ძირშივე ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ნაკისრ ამ ვალდებულების ყველა პუნქტს.

4. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფოების ერათმანეთთან თანამშრომლობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოები, მიუხედავად მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის განსხვავებისა, მოვალენი არიან, ითანამშრომლონ ერთმანეთთან საერთაშორისო ურთიერთობათა სხვადასხვა დარგში, რათა დაიცვან საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით რუსეთი ადასტურებს თავის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას აგრესიული სეპარატიზმისადმი, უპირატესობას ანიჭებს ეთნიკური წმენდის შედეგად ჩამოყალიბებული თვითაღიარებული რესპუბლიკების დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ნაცვლად იმისა, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან, როგორც მეზობელ, სუვერენულ, გაერო-ს წევრ სახელმწიფოსთან საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვის საქმეში.

5. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო მნიშვნელობას, რომელთა პატივისცემა მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის არსებითი ფაქტორია და აუცილებელია სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფისათვის.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ შეუძლებელი იქნება ამ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ეთნიკური წმენდის შედეგების ლიკვიდაცია, ასიათასობით დევნილ საქართველოს მოქალაქეს წაერთმევა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების, საკუთრების, არჩევნებში მონაწილეობისა და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის ამ ბრძანებულებამ ბიძგი მისცა ამ რეგიონში ჯერ კიდევ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ახალ ტალღას, რომლის გამოც, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები სრულიად დაუცველი გახდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტურ რეგიონებში ჩადენილი ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევის, გენოციდის ფაქტებზე და ამით გაამართლა რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა მეზობელ ქვეყანაში, შემდეგ კი კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ბრძანებულების გამოცემა.

ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს დებულება, რომელიც კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით უცხო სახელმწიფოში იძულებითი ზომების გამოყენებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაერო-ს კომპეტენტური ორგანოები ჩათვლიან, რომ კონკრეტულ სახელმწიფოში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მასობრივ და სისტემატურ დარღვევას, რაც საერთაშორისო-სამართლებრივ დანაშაულად ითვლება. ცნობილია, რომ გაერო-ს არც ერთ კომპეტენტურ ორგანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია და, შესაბამისად, არც რუსეთისათვის მიუციათ უფლება, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით აღეკვეთა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი გენოციდის შესახებ, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის შიშველი ბრალდებაა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასამართლებლად და არ არის დადასტურებული არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. სამაგიეროდ, რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით აფხაზი სეპარატისტების მიერ ჩადენილმა ადამიანის უფლებათა მასობრივმა დარღვევებმა, ქართველი მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა დეპორტაციამ და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო.

ეუთო-ს ბუდაპეშტის (1994 წ.), ლისაბონის (1996 წ.) და სტამბოლის (1999 წ.) დასკვნით დოკუმენტებში დადასტურებლია, რომ აფხაზეთში ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსა და ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, რომლის შედეგად, აფხაზეთში მოკლულია 10 ათასამდე სამოქალაქო პირი, ხოლო 250 ათასამდე ეთნიკური ქართველი განდევნილია თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები მიღებულია რუსეთის მონაწილეობითა და თანხმობით, ე.ი. მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად რუსეთმაც დაადასტურა აფხაზეთში სეპარატისტული ძალების მიერ ჩადენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტები.

ასეთივე მდგომარეობა შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც, სადაც სეპარატისტებმა 1990 წელს მოახდინეს ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია, ბოლშევიკების მიერ 1922 წელს ხელოვნურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გამოაცხადეს დამოუკიდებელ „საბჭოთა რესპუბლიკად“ და საქართველოსაგან ამ რეგიონის ჩამოცილების მიზნით, გააჩაღეს ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის შედეგადაც დაიღუპა უამრავი ოსი და ქართველი ეროვნების ადამიანი, ეთნიკური წმენდის შედეგად კი ქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დევნილი გახდა.

რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამშვიდობო ძალები სამშვიდობო მისიის ნაცვლად სეპარატისტული რეჟიმების აქტიურ მხარდამჭერ ძალად გადაიქცნენ და ფაქტობრივად ამ რეგიონების სასაზღვრო ჯარების ფუნქციას ასრულებდნენ. ამ მხარდაჭერის იმედით, სეპარატისტული რეჟიმები თავს არიდებდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და უარს აცხადებდნენ დევნილების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებაზე.

0x01 graphic

ეთნიკური წმენდა საერთაშორისო სამართალში აღიარებულია ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სახეობად და გენოციდის გამოვლინების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. უკანასკნელ ხანებში სწორედ გენოციდი და ეთნიკური წმენდა იქცა აგრესიული სეპარატიზმის ძირითად იარაღად. „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი ჩადენისათვის დასჯის შესახებ“ გაერო-ს (1948 წ.) კონვენციის თანახმად, ყველა სახელმწიფო ვალდებულია აქტიურად ებრძოლოს გენოციდის ნებისმიერ გამოვლინებას თავისი საზღვრების შიგნით.

როგორც ვხედავთ, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა, ყველა საშუალებით, მათ შორის იძულებითი ზომებით, აღკვეთოს თავის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ნებისმიერი გამოვლინება, მით უმეტეს, როდესაც ეთნიკური წმენდის ფაქტები დადასტურებულია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი რუსეთს, „საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვის“ პრინციპის თანახმად, არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, თავს დაესხას მეორე სახელწიფოს, რაგინდ სამართლიანიც უნდა იყოს ის მოტივები, რომელთა ძალითაც ასეთი პრევენციული ზომების აუცილებლობა იქნება ნაკარნახევი. მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს უფლება, მიიღოს სათანადო ზომები, შეიარაღებული ძალების გამოყენების ჩათვლით, როდესაც ამას უშიშროების საბჭო დაადგენს. ამისათვის გაერო-ს წესდება სპეციალურ პროცედურებს ითვალისწინებს, რომელიც წესდების მე-7 თავშია გადმოცემული - „მოქმედება მშვიდობის დარღვევის საფრთხის, მშვიდობის დარღვევისა და აგრესიის აქტების შემთხვევაში“. ასეთია საერთაშორისო მართლწესრიგის მოთხოვნები.

მაგრამ, როგორც ჩანს, საერთაშორისო-სამართლებრივ ამკრძალავ ნორმებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვ. ზორკინი გაზეთ „როსიისკაია გაზეტა“-ში გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ვ. ზორკინი რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს მშვიდობის ძალით დამყარების ოპერაციას უწოდებს და წერს, რომ, ჩვეულებრივ, ასეთი ოპერაციების განხორციელება ხდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციით, მაგრამ რუსეთი რომ დალოდებოდა გაერო-საგან სპეციალური მანდატის მიღებას, დაიღუპებოდა უამრავი მშვიდობიანი მცხოვრები, ამასთან, ეს მშვიდობიანი მცხოვრებნი უბრალოდ მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეები კი არ იყვნენ მხოლოდ, არამედ მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან.

მაშასადამე, რუსეთის პრეზიდენტის დ. მედვედევის და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვ. ზორკინის აზრით, რუსეთს აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ, მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში, რუსეთის მოქალექეების (თუმცა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრებნი რუსეთის მოქალაქეებად გადაიქცნენ რუსული პასპორტების დარიგების ყოვლად უკანონო და სამარცხვინო კამპანიის შედეგად) ან საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შეიყვანოს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარღებული ძალები, დაბომბოს დასახლებული პუნქტები, გაანადგუროს ინფრასტრუქტურა და მოახდინოს ამ სახელმწიფოს ტერიტორიების დაპყრობა. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპის სრული პროფანაციაა და „საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვის“ პრინციპის უხეში დარღვევაა.

ამ პრინციპის მიხედვით, ძალის გამოყენების ყველაზე საშიშ ქმედებად მიჩნეულია აგრესია, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს. აგრესია არის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიის ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. აგრესიის განსაზღვრების შესახებ გაერო-ს 1974 წლის რეზოლუციის შესაბამისად აგრესიულ აქტად ჩაითვლება:

ა) ერთი სახელმწიფოს შეჭრა ან თავდასხმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით.

ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა ან ამ მიზნით სხვა იარაღის გამოყენება;

გ) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ნავსადგურების ან სანაპიროების ბლოკადა;

დ) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე;

ე) ერთი სახელმწიფოს მიერ, ან მისი სახელით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა და ა.შ.

ეს ნუსხა არ არის ამომწურავი, თუმცა ზემოაღნიშნული ჩამონათვალიც სავსებით საკმარისია რუსეთის მიერ ძალის გამოყენებისათვის სათანადო კვალიფიკაციის მისაცემად. თუ თვალს გადავავლებთ 2008 წლის 8 აგვისტოდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებებს, რომლებიც დღეს უკვე მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და შევაფასებთ მათ ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე, მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება-რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა სამხედრო აგრესია და მოახდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთანავე, რუსეთის სამხედრო აგრესიას და ოკუპაციას თან ახლდა ხელახალი ეთნიკური წმენდა, რომლის შედეგადაც ზემო აფხაზეთიდან განდევნილია 2500-მდე, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 30 000-მდე ქართველი მოსახლეობა, დაღუპულია მრავალი მშვიდობიანი მცხოვრები და განადგურებულია მათი საცხოვრებელი სახლები. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ამ სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შედეგების იურიდიულად გაფორმების მცდელობაა მხოლოდ.

0x01 graphic

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, რადგანაც რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ყველა ნორმასა და პრინციპს, რომელიც რუსეთის კონსტიტუციით რუსეთის ნაციონალური სამართლის შემადგენელი ნაწილია, ის არა მარტო საერთაშორისო კანონიერებას, არამედ თვით რუსეთის კონსტიტუციურ კანონიერებას არღვევს. ამის გამო მას, არა აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

ახლა რაც შეეხება ამ ბრძანებულების ხელმოწერისას რუსეთის პრეზიდენტის მოწოდებას, რომ სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძონ რუსეთის მაგალითს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სხვა სახელმწიფოებმა მართლაც რომ მიბაძონ რუსეთის მაგალითს, მსოფლიოში რა მოხდება. მოხდება ის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა 2008 წლის 25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში: „რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით მსოფლიოში ხელი ეწყობა სეპარატიზმს და ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, ხმა აღიმაღლოს ამის წინააღმდეგ.

სეპარატიზმი გადამდები ცენტრიდანული საშინელი ძალაა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს საფუძვლებს და თუ მას სერიოზული გასაქანი მიეცა, დედამიწას ქაოსი მოიცავს. მცირე ერები ყველა სახელმწიფოშია და მათ რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოინდომონ, ბუნებრივია, დაიწყება დაუსრულებელი ომები“.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები არა თუ არ მიბაძავენ რუსეთის მაგალითს, არამედ დაგმობენ მას, რადგან რუსეთის მაგალითი არის გზა არსაით.

7 მე ვხედავ ომს

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუები

ნათია გულიაშვილი

ინტერვიუები პირველად გამოქვეყნდა საიტზე: www.lib.ge
ია ანთაძე
გიორგი მაისურაძე
ნინია კაკაბაძე
ლაშა ბაქრაძე
ლაშა ტუღუში
დავით დარჩიაშვილი
გიორგი ლობჟანიძე
გიგა ზედანია
ლევან ბერძენიშვილი

0x01 graphic

ია ანთაძე
ჟურნალისტი

ია, პოლიტიკურ მოვლენებს ომამდეც ადევნებდით თვალყურს. როგორც ჟურნალისტი, რამდენად მზად იყავით ინფორმაციულად ამ ომისთვის, ანუ რამდენად იყო ეს ომი ლოგიკური შედეგი იმ მდგომარებისა, რის შესახებაც გქონდათ ინფორმაცია.

- მე მაინც ასე გამოვყოფდი და ვიტყოდი - რამდენად ვიყავი მე მზად და რამდენად იყო მზად ჩვეულებრივი მოქალაქე. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ მე ვარ ჟურნალისტი და ხელმისაწვდომობაც მეტი მაქვს იმ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, ყოველთვის კრიტიკულად ვეკიდები ინფორმაციას, რომელსაც ვიღებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან, რამდენადაც ჩემი პროფესიაა ასეთი - ყოველთვის გარკვეულ ფილტრში გავატარო მიღებული ინფორმაცია. მე, როგორც ჟურნალისტი, ნამდვილად ვიყავი ინფორმირებული იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო რაღაც საბრძოლო მოქმედებების დაწყება, იმიტომ, რომ 2003 წლის ნოემბრიდან მუდმივად ვაკვირდები იმ რიტორიკას, რომელშიც იყო და არის დიდი რაოდენობით მილიტარისტული ნოტები, და, გარდა ამისა, თვითონ მართვის სტილი - ძალადობრივი, რაც ახასიათებს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ შესაძლებელი იყო მას ეცადა, პრობლემა, რომელიც 17-18 წელია არსებობს, 2-3 დღეში გადაეწყვიტა სამხედრო ძალის გამოყენებით.

შესაძლებელია, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქესაც, მქონოდა ამ ომის მოლოდინი, რადგან კულუარებში თითქმის ყოველ ზაფხულს ამბობდნენ ბოლო წლების განმავლობაში, რომ შეიძლება ომი დაწყებულიყო. ხან აფხაზეთზე იყო საუბარი, ხან ოსეთზე. ამ წლის განმავლობაშიც, გაზაფხულიდან მოყოლებული, გრძელდებოდა ეს და ბოლოს თვეც კი დაზუსტდა - აგვისტოში ომი დაიწყებაო. მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ფართომასშტაბიანი ომი. ეს უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედება, რომელიც მალევე დამთავრდებოდა წარმატებით. ბევრჯერ მომისმენია ასეთი საუბრები, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. და როდესაც ისმებოდა კითხვა, როგორ არის გადაწყვეტილი პოლიტიკური ფაქტორი, რუსეთის ფაქტორი როგორაა გააზრებული მაშინ, როცა ომი უნდა დაიწყოს, პასუხი ის იყო, რომ რუსეთი ფართო მასშტაბით ამ ომში ვერ ჩაერევაო. არ იყო პასუხი იმაზე, რატომ ვერ ჩაერეოდა რუსეთი, შესაძლებელი იყო თუ არა იმ ადამიანთა ომით დაბრუნება, რომლებიც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ტყვიების, ბომბების ქვეშ? აი, ამ თემაზე დისკუსია არ იყო საჯარო სივრცეში, რაც ძალიან ცუდია.

იმის თქმა, რომ ვიღაცა არ ელოდა რუსეთისგან იმ ქმედებას, რომლის წინაშე ყველანი აღმოვჩნდით, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანია. ვინაიდან რუსეთი მუდმივად ადგას გაფართოების დოქტრინას, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსი ფილოსოფოსები, პოლიტოლოგები სრულიად ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ერთპოლუსიანი სამყარო უნდა დასრულდეს და რუსეთმა შეძლოს შექმნას მეორე პოლუსი ამერიკის პირისპირ, და რომ რუსეთმა უნდა მოძებნოს მოკავშირეები. განსაკუთრებით ეს ეხებოდა გაფართოებას სამხრეთისკენ. აქ შედიოდა როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნები, ისე, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თუკი ვინმე რუსეთს მისცემდა საბაბს, რუსეთი უკან არ დაიხევდა და შეეცდებოდა მაქსიმალურად გაეფართოებინა თავისი გავლენა და ამას მომავალშიც ეცდება, ეს ჩემთვის სავსებით ცხადი იყო და ძალიან უცნაურია, თუ ვინმესთვის ეს ასე არ იყო.

თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებისას კონფლიქტის ზონაში? და რამდენად ეთანხმებით ვერსიას იმის შესახებ, რომ ჯერ ოსებმა გახსნეს ცეცხლი და მხოლოდ ამას მოჰყვა პასუხად ქართველების მხრიდან სროლა?

- მე ძალიან ბევრ დევნილს შევხვდი ბოლო დღეების განმავლობაში - 3000-ზე მეტს. და ისინი (განსაკუთრებით დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობა) მუდმივად ამბობენ, რომ წლების განმავლობაში იბომბებოდნენ. ანუ რამე განსაკუთრებულად ახალი მათთვის ამ დღეებში არ მომხდარა. წლების განმავლობაში ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ფრონტისპირა ტერიტორიაზე და ფაქტობრივად იყვნენ მუდმივი საფრთხის ქვეშ, მათი სახლები, მათი სიცოცხლე არ იყო არანაირად დაცული. მაგრამ ახალი ის იყო, რომ რუსეთის 58-ე არმია საქართველოს საზღვართან ატარებდა დიდი წვრთნებს, ფაქტობრივად პირობით სამიზნედ იყო აღებული საქართველო და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ რუსეთი ყოველწამს მზად იყო დაეცვა საკუთარი ინტერესები, მათ შორის სამაჩაბლოში, რასაც ის აფორმებდა თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვად. ახალი ის იყო, რომ ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 5 აგვისტომდე, მორიგი სროლების, მორიგი დანაკარგების ფონზე, როდესაც პოლიციელები ჩაცხრილეს ქართულ ნაწილში, როდესაც 6 ადამიანი ცხინვალში გარდაიცვალა იმიტომ, რომ ქართული არტილერია უკვე იქ ისროდა. აი აქ იყო პრინციპული სიახლე, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი სამხრეთ ოსეთში. ეს უკვე ნიშნავდა ფაქტობრივად ომის გამოცხადებას. სხვათაშორის ეს განცხადება პირველად გავიგეთ ყურაშვილისგან, და მხოლოდ შემდეგ პრეზიდენტისგან, ანუ ჯერ სამხედრო პირისგან გავიგეთ, რომ უნდა აღდგენილიყო მთლიანობა. ეს იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ უკვე ფართო მასშტაბით უხსნიდა რუსეთს ხელფეხს, შემოეყვანა ტანკები.

ძალიან ძნელია საუბარი ახლა, ვინ დაიწყო პირველმა. რა თქმა უნდა, მუდმივი ფრონტის რეჟიმში ცხოვრობდა ის მოსახლეობა, მუდმივი საფრთხის პირობებში. მე არ ვარ მომხრე, ბრმად მივიღო ხელისუფლების ლოზუნგი, რომ ომი, რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო. რუსეთი ყოველთვის იყო მზად ტანკებით შემოსულიყო არა მხოლოდ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე.

როგორ შეაფასებთ ქართული და რუსული მასმედიების მუშაობას ომის წინა პერიოდში. როგორ შუქდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამ კონფლიქტის წინამდევი მოვლენები?

ფაქტობრივად, არა მხოლოდ წინა პერიოდში, არამედ მთელი წლების მანძილზე ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან ისმოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებების გზაა. სახალხო დამცველის ოფისი ახლა ცდილობს აღადგინოს ის სურათი, რაც მანამდე იყო მილიტარისტული ტერმინებისა და სულისკვეთების დანერგვის კუთხით, და აისახებოდა ქართულ მედიაში. მე გარწმუნებთ, ძალიან შთამბეჭდავი ნაკრები არის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის გამონათქვამებისა, როდესაც ისინი არ გამორიცხავდნენ ომის გზას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. გეტყვით, რომ იყო, თუ არ ვცდები, 22 ივლისი, როდესაც ტელეარხ „საქართველოზე“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, გადაცემაში „პროფესია ჯარისკაცი“ პირდაპირ იყო მითითებული ციტატა: „ბოლოს და ბოლოს უნდა შევიგნოთ, რომ ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია არა ფორმალობად ქცეული ლოცვით, ან ერთა ლიგის იმედზე, არამედ მხოლოდ ბრძოლით“. და ქვემოთ მინაწერი - ადოლფ ჰიტლერი. 1932 წელი.

სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად ასეთი მინიშნებებისა ჩვენ, საზოგადოებამ, ვერ ავიცილეთ თავიდან ის პროცესები, რომლებიც განვითარდა.

თქვენ ამბობთ, რომ მუდმივად იყო ხელისუფლების მხრიდან საუბარი ომის შესახებ, სად იყო ამ დროს ოპოზიცია?

- ეს კარგი კითხვაა - სად იყო ოპოზიცია? საქმე ისაა, რომ ოპოზიციამ იმდენი შეცდომა დაუშვა რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნო პერიოდში, რომ მაშინ საბოლოოდ გადაიწურა იმ ადამიანების იმედი, რომლებიც ფიქრობდნენ, ოპოზიცია შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს და რეალურად დაიცავს საზოგადოების ინტერესებსო. ვერ შეძლო ეს ოპოზიციამ ვერც საპრეზიდენტო და ვერც საპარლამენტო არჩევნებში. დღეს არც კი ისმის ეს შეკითხვა - სად იყო ოპოზიცია? რასაკვირველია, თუკი მუდმივად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ომი უნდა დაწყებულიყო, ოპოზიცია უნდა ყოფილიყო იქ, სადაც საჯარო სივრცეში დაისმებოდა ეს კითხვები - რატომ უნდა დავიწყოთ ომი, რატომ უნდა დავბომბოთ ჩვენივე მოქალაქეები, რომლებიც ცხინვალში ცხოვრობენ, რას მივიღებთ ამის შედეგად, რამდენად არის მოხსნილი პოლიტიკური ფაქტორი, და ა. შ. არ დასმულა ეს შეკითხვები, რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ საჯარო სივრცე (განსაკუთრებით სატელევიზიო) მთლიანად მონოპოლიზებული ჰქონდა ხელისუფლებას.

მაგრამ საზოგადოება მხოლოდ ტელევიზიიდან ხომ არ იღებდა ინფორმაციას? ან ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მთელ საზოგადოებაზე ტელევიზიიდან მიღებული პროპაგანდა მოქმედებდა. თქვენი აზრით, რამდენად იყო აზრთა და განწყობათა სხვაობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, წინა პერიოდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა. აი ომის შემდეგ კი ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელსაც აქვს ძალიან მწვავე შეკითხვები, მაგრამ არა აქვს სივრცე, სადაც ამ შეკითხვებს დასვამს, ვხედავთ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელიც გაოგნებულია იმ აქციებით, რომლის დროსაც საზოგადოების მეორე ნაწილი ზეიმობდა, და სვამდნენ კითხვას - რას ზეიმობენ ეს ადამიანები?

არის სხვა ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია კითხვები და აქვს მხოლოდ პასუხები. ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, სწორი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ რუსეთის ნამდვილი სახე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდინეთ ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი მიღწევა, როგორიც აქამდე არ ჰქონია საქართველოს. მე ძალიან მეშინია, რომ საზოგადოების ამ ორ ნაწილს იმდენად აღარაფერი აქვთ საერთო ამ ომთან, იმდენად რადიკალურად განსხვავებულია მათი პოზიციები, რომ, რაღაც ისეთი თუ არ მოხდა, რაც შეძლებს ეს დაპირისპირება შუა სივრცეში გადმოიტანოს, რაღაც საერთო შეხების წერტილები მოინახოს ამ ჯგუფებისთვის, შეიძლება მივიდეთ რადიკალურ დაპირისპირებამდე. წარმოიდგინეთ, როდესაც გონიერი ადამიანები ერთსა და იმავე კითხვაზე - ჩვენ ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ? - ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლევიან, როცა ისიც კი გაურკვეველია საზოგადოებაში გავიმარჯვეთ თუ დავმარცხდით, რა თქმა უნდა, არის დაპირისპირების ძალიან დიდი საფრთხე.

ხომ არ ყოფილა ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის დაპირისპირება უშუალოდ ომის წინა პერიოდში ?

- არა, პირიქით, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თვითონ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, საკმაოდ ნორმალურად იყვნენ ადაპტირებულნი ერთმანეთთან. თუმცა მე ისიც მითხრეს, რომ როდესაც გაჩნდა სანაკოევის ფაქტორი, ამის შემდეგ ცოტა გართულდა ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, არანაირი განსაკუთრებული აგრესია ქართველებს და ოსებს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მიმართ არ ჰქონიათ. მით უმეტეს ჩვენ რა გვქონდა გასაყოფი, ვინც „აქეთ“ ვცხოვრობთ. საზოგადოებებს არ ჰქონიათ ერთმანეთის მიმართ აგრესია.

თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, გაქვთ თუ არა ურთიერთობა ლტოლვილებთან? მიუხედავად უცხოეთიდან წამოსული დახმარებებისა, აშკარაა, რომ, მაგალითად, კარვების ქალაქში საკმაოდ რთული ვითარებაა.

- დიახ, ჩვენ ვიყავით ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც დევნილებისთვის დახმარება მიიღო გერმანული ორგანიზაციიდან, რისი საშუალებითაც 3000-ზე ცოტა მეტ დევნილს მივაწოდეთ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები.

მდგომარეობა დღეს ასეთია: მთავარი გამოწვევაა სად უნდა იცხოვროს იმ ხალხმა, ვინც თბილისში დარჩა. არსებობს მათ მიმართ მოწოდება, რომ წავიდნენ გორში, მაგრამ არის კატეგორიული უარიც დევნილების მხრიდან, ვინაიდან ისინი ასე თუ ისე უკვე მოეწყვნენ იმ ადგილებში, სადაც ახლა ცხოვრობენ. მათ არ უნდათ კარვებში ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთრისპირს. ადამიანები ითხოვენ თუნდაც მინიმალურ, მაგრამ ადამიანურ პირობებს, რაც სრულიად გასაგებია.

არსებობს ორი მიდგომა, ერთია მშვიდობიანი განვითარების გზა, როდესაც სახელმწიფო გამოყოფს მიწებს იმათთვის, ვინც, ზუსტად ვიცით, რომ კარგა ხანს ვერ დაბრუნდება შინ. უცხოელები ეხმარებიან ადამიანებს ამ მიწებზე ჩასახლებაში. ანუ მიწათმოქმედი ოჯახები ისევ მიწათმოქმედებად რჩებიან, ოღონდ სხვა მიწაზე.

არის მეორე მიდგომა, როცა დევნილებს უშენებენ კოტეჯებს, შეასახლებენ ამ კოტეჯებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ისევ ირიბად საომარი გზა, როდესაც ხელისუფლება მუდმივად იტყვის: აი მე მყავს კოტეჯებში შესახლებული ხალხი და რა ვქნა, ისინი უნდა დავაბრუნო, უნდა გავაძლიერო არმია, უნდა დავხარჯო ფული შეიარაღებაზე, ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი მაქვს და ეს ხალხი დასაბრუნებელია.

თუ სახელმწიფო აირჩევს პირველს, ის აირჩევს სამშვიდობო პოლიტიკას. მაგრამ ამ გზის არჩევის შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება იმის აღიარება, რომ ეს ადამიანები კარგა ხანს თავის ნამდვილ ფუძეს ვერ დაუბრუნდებიან.

ისევ მასმედიას დავუბრუნდეთ. მინდა პარალელი გავავლოთ 7 ნოემბრის მოვლენებთან, როცა ხელისუფლებამ დროებითი შეზღუდვა დააწესა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. ახლა, როცა ვითარება გაცილებით რთული და საპასუხისმგებლო იყო, მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

- მოდით, გავიხსენოთ, რა ვითარება იყო მანამ, სანამ 7 ნოემბერი დადგებოდა. არსებობდა ერთი ტელეკომპანია მაინც, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მაუწყებლობდა და კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ, ეს იყო „იმედი“. ეს იყო ამავდროულად ალტერნატიული აზრის გაჟღერების ადგილი. სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა სერიოზული შეზღუდვები დაეწესებინა მედიისათვის. ახლა კი, ომის წინ, აბსოლუტურად ყველა ტელევიზია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, მთლიანად ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.

ერთმა მეგობარმა, რომელიც „რუსთავი 2“-ში მუშაობს, მითხრა, რომ მათ აკრძალული ჰქონდათ სიტყვა „ლტოლვილის“ ან „დევნილის“ გამოყენება ეთერში, მათ უნდა ეთქვათ - „დაზარალებული“. აქამდე იყო ცენზურა დასული. ამის გამო, არანაირი განსაკუთრებული დეკრეტის გამოცემა საჭირო აღარ გახდა.

როგორ უყურებთ რუსეთის ტელევიზიების გათიშვის ფაქტს?

- ეს კარგი კითხვაა და საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ ძალიან არ ვეთანხმები რუსული ტელევიზიებისა და სააგენტოების გათიშვას. ბატონმა თემურ იაკობაშვილმა საკმაოდ ამაყად განაცხადა - „დიახ, ჩემი „სიგლახე“ უნდა ვთქვა, მე ვიყავი ის ადამიანი, რომლის ინიციატივაც იყო ამ არხების გათიშვა“. ეს არის ძალიან ცუდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ ენდობი შენს მოქალაქეებს, რომ მათ ნახონ ისიც, რასაც შენ აჩვენებ, როგორც სახელმწიფო, და ისიც, რასაც აჩვენებს სხვა სახელმწიფო, და მერე აქედან თვითონ გამოიტანონ დასკვნა.

და მეორე, ცუდი ის არის, რომ ამის შემდეგ გამოდის ხელისუფლების წარმომადგენელი და მიყვება ისინი იქ რას აცხადებენ და აშუქებენ. მაშინვე მიჩნდება პროტესტის გრძნობა, შენ რატომ მიყვები? თუ შენ უყურებ, რატომ არა მაქვს უფლება მეც ვნახო? ეს აბსოლუტურად არ ესადაგება დემოკრატიის პრინციპებს.

უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებზე რას იტყვით, რამდენად სწორად დაინახა მსოფლიომ მათი მეშვეობით აქ მომხდარი მოვლენები?

- მე ძირითადად BBC-ს ვუყურებდი და მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ ჩემი ცხოვრების მძიმე მომენტში ნათლად დავინახე, რას ნიშნავს BBC-ის ოპერატიულობა და რას ნიშნავს ჩვენი ტელევიზიების არაოპერატიულობა, მათ შორის „რუსთავი 2“-ის, რომელიც საკმაოდ ოპერატიულად ითვლება.

როცა რუსეთის პრეზიდენტმა პირველად განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რა თქმა უნდა, ცეცხლი იმწუთას არ შეწყვეტილა, მაგრამ ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოსვლა ამ განცხადებით. BBC-ზე ეს იყო Breaking News. ანუ ახალი ამბავი, რომელიც წყვეტს სხვა მიმდინარე ამბებს. გადმოვრთე მაშინვე ქართულ არხებზე და ვხედავ, რომ ქართველები ამაზე არაფერს ამბობენ. მოკლედ რომ გითხრათ, ქართულმა არხებმა 20 წუთის შემდეგ ჩართეს BBC, რომელიც უკვე აჩვენებდა ამას ეთერში. ასეთი შემთხვევა კიდევ ბევრი იყო.

ოპერატიულობის გარდა მრავალმხრივობაზეც უნდა ითქვას. BBC საშუალებას აძლევდა როგორც რუსულ, ისე ქართულ მხარეს გამოეხატა თავისი პოზიცია. არის სხვა მომენტებიც. მაგალითად, ისევ დევნილებისგან მაქვს ასეთი ინფორმაცია: კოდორის ხეობაში, დილით, როდესაც გაიღვიძეს ნახეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იქ აღარ იყო. ისინი გამოქცეულან, როგორც შემდეგ გაარკვიეს. მოსახლეობა კი ბედის ანაბარად იყო მიტოვებული. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ უნდა დაეტოვებინათ ხეობა. ეს ინფორმაცია არსად გასულა.

იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ტელევიზიები აცხადებდნენ: არის აბსოლუტური სიმშვიდე, არ არის პანიკა. მაგალითად, ზუგდიდში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ახლა არავინ წახვიდეთ ქალაქიდან და დაიცავით იგი როგორც შეგიძლიათო, მთელი ზუგდიდი ადგა და დაიცალა ქალაქი. მე თვითონ ვუსმენდი, როცა იქაური კორესპონდენტი რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში ამბობდა, ქალაქში დროშების ფრიალი და სიმშვიდეაო, მაშინ, როცა „თავისუფლების“ ეთერში სულ სხვა ინფორმაცია გადმოიცემოდა. პანიკაც იყო, დაცლილიც იყო ქალაქი და მონობარათი არ იყიდებოდა, რომ ვინმესთვის დაერეკათ, სერიოზული პრობლემა იყო კავშირის.

ახლა, როცა საომარი მოქმედებები დასრულდა, რა ხდება ტელევიზიებში?

- რასაკვირველია, არის ილუზიის შექმნის მცდელობა. მთელი დღეების განმავლობაში მთავარი სიუჟეტი, რასაც 8-10 წუთს უთმობდნენ, იყო ის, რომ მზადდება ჯაჭვი. დადგა ეს დღეც და მთელი დღის განმავლობაში აჩვენებდნენ, რომ აი, არის ჯაჭვი და არის ერთიანობა. მერე აჩვენეს სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოპოზიცია, რომელიც არ იდგა ჯაჭვში, არ იდგა იმიტომ, რომ ის არის რუსეთის აგენტი.

საინტერესოა, რამდენი ჯგუფი შეგიძლიათ გამოყოთ თუნდაც ამ აქციაზე მისულ საზოგადოებაში? ისინი ხომ ყველანი ტელევიზიის მოწოდებით არ მისულან იქ?

- რა თქმა უნდა, იყო ერთი ნაწილი, რომელიც ძალიან ლოიალურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ყველგან წავა, სადაც ხელისუფლება მოუწოდებს. მეორე ნაწილი იმიტომ იყო მისული, რომ პატრიარქმა მოუწოდა ამისაკენ, მესამე იყო ის ნაწილი, რომელიც მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლიდა, რომ რაღაც სამსახური გაეწია თავისი ქვეყნისთვის, და როგორც მოქალაქეს ეჩვენებინა, რომ დიდი პროტესტის გრძნობა აქვს რუსული აგრესიის მიმართ. ხოლო ის ხალხი, ბოლოს მანქანების სიგნალითა და დროშების ქნევით ნამდვილი კარნავალი რომ მოაწყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ან ტელევიზიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები იყვნენ, რომელთაც რეალობის შეგრძნება დაჩლუნგებული აქვთ. და ეს არ იყო მათი ბრალი. ყოველთვის ნაკლებად ვარ მოწოდებული საიმისოდ, რომ საზოგადოების რომელიმე ნაწილი რამეში დავადანაშაულო.

გარდა ამისა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეპრესიული აქტი, როდესაც, ასე ვთქვათ, საკარნავალო კულტურის ელემენტები ამოტივტივდა, როცა შენ იცინი მაშინ, როცა სიცილი არ შეიძლება, როცა შენ ხარ დაპყრობილი და აცხადებ, რომ თავისუფლების დემონსტრირებას ახდენ, როცა შეშინებული ხარ, მაგრამ ამბობ, რომ არაფრის გეშინია. ანუ, ეს არის ძალიან ღრმა კულტუროლოგიური მოვლენა და მე არ ვარ განწყობილი საიმისოდ, რომ ზედაპირულად შევხედო ამ ამბავს და ვთქვა, აი ადამიანები გამოატვინა ტელევიზიამ. მე ვფიქრობ, ეს საკვლევი ფენომენია და არ მინდა რაიმე ზედაპირულად ვთქვა.

თქვენი აზრით, დაიწყებს საზოგადოება მსჯელობას იმაზე, თუ როგორი იყო მისი (საზოგადოების) როლი, პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტში?

- ვფიქრობ, საუბრები დაიწყება, ოღონდ საკითხავია სად, რომელ სივრცეში მოეწყობა ეს დისკუსია.

და რა იქნება ის მთავარი კითხვები, რასაც საზოგადოება დასვამს?

- შეიძლება ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარი კითხვა იქნება ჩვენ ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ? და თუ კარგად დავუკვირდებით და ბოლომდე ჩავყვებით, ეს კითხვა კიდევ ბევრ სხვა კითხვას გააჩენს და მათაც უნდა გაეცეს პასუხი. დღეს არის სიტუაცია, როცა, სამწუხაროდ, არათუ პასუხები არ ვიცით, არამედ კითხვებიც არ გვაქვს. მე, მაგალითად, ყველაზე მწვავედ იმას განვიცდი, და ჩემი ყველაზე მწვავე კითხვაც ეს იქნება, თუ რატომ არ გამოქვეყნდა გარდაცვლილ ჯარისკაცთა სიები? ის ადამიანები ხომ პრაქტიკულად ამ სახელმწიფოსთვის დაიღუპნენ, ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. და ვისა აქვს უფლება დაგვიმალოს მათი გვარები. მე ეს მიმაჩნია მორალისგან ძალიან შორს მდგომ გადაწყვეტილებად. დიდი მადლობა რეგიონულ მედიას, რომ ისინი ეძებენ ამ გვარებს და პერიოდულად აქვეყნებენ კიდეც. და საერთოდ, რეგიონულმა მედიამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის დედაქალაქის მედიაზე გაცილებით უკეთ მუშაობს.

* * *

გიორგი მაისურაძე

ფილოსოფოსი

მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ომის მიზეზებზე საუბრისას, ბრალდებები ძირითადად ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ ისმის, როგორც ქართულ, ასევე რუსულ მხარეს. როგორ ფიქრობთ, ის, რაც მოხდა, მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსის ნების შედეგია?

- პირველ ყოვლისა, თუ კონკრეტულ მოვლენებს გავაანალიზებთ, ერთი მხრივ ნათელია, რომ რუსული იდეის ქვაკუთხედია, იყოს იმპერია, «Великая держава», რისგანაც ვერ თავისუფლდება. პუტინის ხანაში იმპერიული ამბიციები კიდევ უფრო გაძლიერდა. მაგრამ მეორე მხრივ, ის პოლიტიკაც, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებდა, რათა მისი მმართველობის პერიოდში მომხდარიყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, უკვე თავისთავად ბადებდა კონფლიქტურ სიტუაციას. ანუ, თუ ვხვდებით, რომ რუსეთი გვიწყობს პროვოკაციებს, უნდა გვეყოს ჭკუა და არ წამოვეგოთ პროვოკაციას.

რამდენად მოქმედებს რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკაზე უფრო ადრეული წარსულის ფაქტორები, მაგალითად, რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა შეიძლება მოვიაზროთ, როგორც რუსული მესიანიზმის გადმონაშთი?

- რა თქმა უნდა, ამაზეა დაფუძნებული რუსული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკა უკვე გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავი ბიზანტიის მემკვიდრედ გამოაცხადა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ მან თავი გამოაცხადა იმპერიად, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იგი ჯერ არ იყო იმპერია. მეორე მხრივ, მესიანიზმი დამახასიათებელია ყველა ქრისტიანული კულტურისთვის და სახელმწიფოსთვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ, როდესაც, მაგალითად, ქართულ მესიანიზმზე ლაპარაკობენ და ამბობენ, ის გვიან შუა საუკუნეებში გაჩნდაო, ეს ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. რეალურად, ჩემი აზრით, ქართული მესიანიზმი გაჩნდა მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში, სრულყოფილი გამოხატულებით - 80-იანი წლების ბოლოს. და ასეთი იდეოლოგიები, გარდა იმისა, რომ ამოვარდნილია დროიდან, ეპოქიდან და სრულიად ანაქრონულია, უკვე ბადებს კონფლიქტურ სიტუაციებსაც. თუ ამ კუთხით შევეხებით სამხრეთ ოსეთის და, გნებავთ, აფხაზეთის კონფლიქტსაც, მათ გაღვივებას მარტო რუსულ ფაქტორს, რუსულ იმპერიალიზმს ვერ დავაბრალებთ, მათი საფუძველი ქართულ იდეოლოგიაშიც იდო, იმ იდეოლოგიაში, რომელიც ყველაზე აშკარად 80-იან წლებში გამოიკვეთა. ქართულმა ერონულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მთავარ იდეოლოგიურ დოქტრინად აქცია ერთგვარი მესიანისტური იდეა. ყველაზე მკვეთრად აკაკი ბაქრაძისა და ზვიად გამსახურდიას ნაშრომებში გამოვლინდა ეს.

დავივიწყოთ ერთი წუთით ეს ისტორიული ღრმა საფუძვლები, რამდენადაც მე საერთოდ ისტორიის ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია. თანამედროვე სტანდარტებით თუ შევხედავთ, მე-17 საუკუნეში ჩამოსახლდა ადამიანი, მე-18-ში თუ XX საუკუნის მეორე ნახევარში, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ის მოქალაქეა და კანონიერი საფუძველი აქვს იცხოვროს იმ ტერიტორიაზე.

მე ძალიან კარგად მახსოვს სამხრეთ ოსეთში რა ხდებოდა. რა გააკეთა ქართული საზოგადოების ნაწილმა, უფრო სწორად, მთლიანად საზოგადოებამ, იმიტომ, რომ ამის საწინააღმდეგო რეაქცია არავის ჰქონია. 1988-89-90 წლებში ქართველმა მწერლებმა, ფილოლოგებმა, ისტორიკოსებმა დაიწყეს ეს აბსურდული ქადაგება, რომ ოსები ქართველებზე მეტად მრავლდებიან და ეს უნდა დავარეგულიროთ, რომ ოსი უცხო ელემენტია, მეხუთე კოლონაა და მათ არ უნდა მივცეთ საშუალება საკუთარი ნაციონალიზმი განავითარონ. ძალიან ალოგიკურია: მე თუ მაქვს უფლება ვიყო ნაციონალისტი, რატომ არ შეიძლება სხვასაც ჰქონდეს ეს უფლება? პირადად ჩემთვის ნებისმიერი სახის ნაციონალიზმი ანაქრონული და სახიფათოც კია, მაგრამ მე ვლაპარაკობ ზოგადად, თუ ქართველს უფლება ჰქონდა შეექმნა სახალხო ფრონტი ან არაფომრალური ნაციონალური ხასიათის ორგანიზაციები, რატომ არ ჰქონდა ოსს უფლება „ადამონ ნიხასი“ შეექმნა, რის გამოც ასეთი სკანდალები ატყდა? მთელ ქართულ საზოგადოებას კი იმიტომ ედება ამაში ბრალი, რომ არავის ხმა არ ამოუღია ამის წინააღმდეგ. ერთადერთი გამონაკლისი იყო ლიტერატურათმცოდნე რეზო ყარალაშვილი, რომელიც ამ ტენდენციების წინააღმდეგ წერდა.

მე ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა (უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ინტელიგენციას, ყველაზე მეტად ლიტერატორებს, ისტორიკოსებსა და ფილოლოგებს) მოამზადეს კონფლიქტისთვის ნიადაგი. თუ გადავხედავთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურას ან ისტორიოგრაფიას, არათუ შეფარვით, არამედ ღიადაა გამოხატული ეს ტენდენციები, და, ბუნებრივია, სათანადო პირობებში ყოველივე ეს იფეთქებდა.

80-იან წლებში თითქმის ერთადერთი, ვინც რადიკალურად გაემიჯნა ამ საზოგადოებას და ამგვარ აზროვნებას, იყო მერაბ მამარდაშვილი.

მე მახსოვს ის გრანდიოზული „აქცია“, როდესაც ათასობით ქართველი გაემართა ავტობუსებით ცხინვალისკენ, ეს იყო 1989 წელს. ცხინვალის მოსახლეობამ ჩაკეტა შესასვლელები და ქართველები არ შეუშვა. ეს უკვე იყო კონფლიქტის ესკალაცია. შეიძლება მაშინ ამ ნაბიჯს მთელი საქართველო არ იზიარებდა, მაგრამ ვერავინ გაბედა ამის წინააღმდეგ ხმა ამოეღო.

ჰიპოთეზური კითხვაა, მაგრამ საინტერესოა, რუსეთის ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, რამდენად დიდი იქნებოდა იმის ალბათობა, რომ მხოლოდ ქართულ-ოსური უთანხმოების შედეგად ომი დაწყებულიყო?

- ზუსტად იგივე მოხდებოდა, რაც ახლა მოხდა. ამ ხნის განმავლობაში სულ მახსენდება ფრაზები, რომლებიც 90-იან წლებში ყოველდღიური ტერმინოლოგია იყო - აფსუა-სეპარატისტები და ოსი ექსტრემისტები. ასე იხსენიებდნენ მათ. ეს არის ადამიანების შეურაცხყოფა. მათი უფლებების დარღვევა. იმის სურვილიც კი არ გასჩენია არავის, არც პოლიტიკურ, არც სოციალურ წრეებში, მისულიყვნენ და ეკითხათ მათთვის, რატომ სურთ ჩვენგან დამოუკიდებლად ყოფნა, რა არ მოსწონთ.

მით უმეტეს, რომ ოსეთის შემთხვევა, აფხაზეთისგან განსხვავებით, მართლაც ხელოვნურადაა შეკოწიწებული და ამას ისეთი რეალური საფუძვლები არ ჰქონია, როგორც აფხაზეთის კონფლიქტს. მაინც არავინ მისულა მათთან რომ ეთქვა, იქნებ რამე გიჭირთ და ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ გამოსავალი, რომ უკეთ ვიცხოვროთ ერთად. ან თუკი ისეთი ვითარებაა, როცა ორი ადამიანი ვერ იტანს ერთმანეთს, მაშინ ხომ გაყრა ბუნებრივია. ასე მოხდა, როცა ჩეხოსლოვაკია გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად, უმტკივნეულოდ, რადგან გადაწყვიტეს, რომ მათ ბევრი არაფერი ჰქონდათ ერთმანეთთან საერთო. ასეთი რამ ხდება. ხოლო, თუკი ვხედავთ, რომ ვიღაც ძალადობს, მაშინ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად მშვიდობიანი ფორმით მოვაგვაროთ პრობლემა, რისი სურვილიც მე, სამწუხაროდ, ვერ დავინახე ვერც პოლიტიკურ, ვერც საზოგადოებრივ ჯგუფებში.

ახლა, როცა დამთავრდა საომარი მოქმედებები, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, რამდენად დაიწყო მან კითხვების დასმა და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება?

- სწორედ ეს არ ხდება. ამას მოწმობდა ის მიტინგებიც, რომლებიც 12 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს გაიმართა. ამ აქციების ერთადერთი ფუნქცია იყო ის, რომ არ დავფიქრებულიყავით იმაზე, რა მოხდა. მე უფრო ღრმად წავალ: ბოლო 20 წლის პერიოდი რომ ავიღოთ, 1988 წლიდან 2008 წლამდე, არაფერზე რეფლექსია არ მომხდარა და არ გვიცდია უამრავი ტრაგიკული მოვლენიდან, რაც ამ ხნის განმავლობაში თავს დაგვატყდა, დასკვნები გამოგვეტანა. პირიქით, ვცდილობდით, მაქსიმალურად განგვედევნა ყველაფერი ჩვენი ცნობიერებიდან, დაგვევიწყებინა, დაგვერქმია მოვლენებისთვის რაღაც ფანტასტიკური, ზღაპრული სახელები, ყველაფერი ვიღაცებისთვის, გარეშე თუ შინაური მტრებისთვის, დაგვებრალებინა.

ეს უახლოესი ისტორიაა, ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდიოდა, ისეთ სურათს ხატავდა, როგორიც სურდა, და ამ ტენდენციებს გარკვეულად იდეოლოგიის სახეს აძლევდა.

თუმცა ბოლო აქციებთან დაკავშირებით საზოგადოების ერთ ნაწილს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ეს ნაწილი გარკვეული დისკუსიები გამოიწვიოს საზოგადოების სხვა ჯგუფებში?

- პროცენტულად ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, ვისთვისაც მიუღებელია ეს მილიტარისტულ-ნაციონალისტური აზროვნება, მილიტარისტული პატრიოტიზმი. მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველა დუმს, მაგრამ მათი ხმა იმდენად დაბალია, რომ რეალურად ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს პროცესებზე. ამჟამინდელ ხელისუფალთ, როდესაც ისინი სათავეში მოვიდნენ, წარმოუდგენლად დიდი ავტორიტეტი და გავლენა ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ეს სწორედ ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, ლიბერალური ფასეულობების შემოტანისათვის გამოეყენებინათ. მათ ეს არ გააკეთეს და საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდნენ, გამომდინარე იმ ტრადიციიდან, რომელიც საქართველოში უკვე არსებობდა და რომელიც 20 წლის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად იყო გამოხატული. კერძოდ, შეიქმნა მე-19 საუკუნის ნაციონალიზმი. ანუ ეს ნაციონალიზმი, რაც ახლა საქართველოშია, ევროპაში იყო მე-19 საუკუნეში. და არანაირ მოდერნიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

დღეს საქართველოში ეკლესია ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუტია და შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ, რა გავლენა ჰქონდა მას ქართულ საზოგადოებაზე მომხდარ კონფლიქტთან მიმართებაში.

დასაწყისში ქართული მესიანიზმი დასავლურს შეადარეთ. საინტერესოა, რა პარალელს გაავლებთ დასავლურ ქრისტიანობასა და ქრისტიანობის მართლმადიდებლურ ფორმას შორის, რომელიც დღეს საქართველოშია. ან რამდენად არის ეს კავშირში საბჭოთა სისტემასთან?

- მე ზუსტად ამ აზრზე ვარ, რომ ქრისტიანობის ის ფორმა, რომელსაც დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს, არის სტალინური აზროვნების რეანიმატორიუმი. აი სწორედ აქ მოხდა ყველაზე ძლიერად საბჭოური ცნობიერების დაკონსერვება. და შეიძლება ითქვას, დღეს კიდევ უფრო ტოტალური ხასიათი მიიღო ამ იდეოლოგიამ, დღევანდელმა ქართულმა მართლმადიდებლობამ, რამდენადაც ეკლესიამ მოახერხა ის, რომ ერევა ყოველი ადამიანის პირად ცხოვრებაში. მე სტალინის პერიოდში არ მიცხოვრია, მაგრამ მახსოვს ბრეჟნევის ეპოქა, გვიანდელი საბჭოთა კავშირი, და არ მახსენდება ვინმე ასეთი მასშტაბით ჩარეულიყო ადამიანების პირად ცხოვრებაში. ამის ახსნა იმითაც შეიძლება, რომ ჩვენ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ანუ, ვთქვათ, თუ არა მაქვს პატრიარქის კურთხევა და მისი მოწოდება, მე არ მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი პროტესტი და გავიდე რომელიმე მანიფესტაციაზე. ეს ყველაფერი ხდება უკვე ყოფით დონეზეც, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას და ვპოულობ ავტორიტეტს, რომელსაც გადავცემ ჩემი მართვის უფლებას. ეს ფუნქცია აქვს დღეს საქართველოში ეკლესიას.

რა არის მიზეზი იმისა, რომ, ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებმა ბევრად ეფექტურად მოახერხეს გამოსვლა საბჭოთა სისტემიდან მენტალური თვალსაზრისით? ამის მიზეზი ევროპასთან მათი სიახლოვეა? ანუ ქართულ საზოგადოებას მხოლოდ გეოგრაფიული პრობლემა აქვს?

- საქმე ისაა, რომ ევროპა ჩვენთვის არის გარკვეული ეკონომიკური კეთილდღეობის განსახიერება. მაგრამ ევროპა, ევროპელობა რომ გარკვეულ ვალდებულებებს, სტანდარტებს, სააზროვნო პრინციპებს, სამართლიანობის პრინციპებს, დემოკრატიულ ღირებულებებსაც გულისხმობს, ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვღიზიანდებით, როცა, მაგალითად, რომელიმე ევროპული სახელმწიფო ვეტოს ადებს ჩვენს წინსვლას ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრირების გზაზე. მაგრამ არ ვუფიქრდებით ამის მიზეზებს და ისევ მტრებს ვეძებთ, ვიგონებთ შეთქმულებებს, რომ, ვთქვათ, ანგელა მერკელი არის პუტინის აგენტი. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ რაღაცით არ შევესაბამებით იმ ორგანიზაციებს, რომლის წევრობაზეც ვოცნებობთ. არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, სააზროვნო სტანდარტებითაც არ შევესაბამებით. არავინ არ მიიღებს ისეთ ქვეყანას საკუთარ გაერთიანებაში, სადაც არ არის თავისუფალი მედია, სადაც სასამართლოს არა აქვს დამოუკიდებლობა და იურიდიული ინსტიტუტები არ მუშაობენ, სადაც არ არის ტოლერანტობა განსხვავებულთა მიმართ.

თუკი თავის დროზე, თქვენი თქმით, ლიტერატორებმა და ისტორიკოსებმა ჩაუყარეს საფუძველი კონფლიქტებს, ახლა ვინ უნდა გამოასწოროს ვითარება? არსებობენ ინდივიდები, რომლებიც ამას შეძლებენ?

- სწორედ ინდივიდებმა უნდა გააკეთონ ეს. არაფერი შეუძლებელი არაა, უბრალოდ, უნდა დაიწყოს ფართო დისკუსიები და ბოლოს და ბოლოს დავინახოთ საკუთარი თავი, გავაანალიზოთ მომხდარი, გამოვიტანოთ დასკვნები და შევიძინოთ გამოცდილება. მამარდაშვილი ვახსენეთ და მისი მოწოდებაც სწორედ ის იყო, რომ შეგვეძინა გამოცდილება! გაკვეთილის სახე მივცეთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს და ვეცადოთ გავიაზროთ, სად ვიმყოფებით. ნუ ვენდობით თავისთავად ცხად ჭეშმარიტებებს, იმიტომ, რომ არავითარი თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებები არ არსებობს.

0x01 graphic

ნინია კაკაბაძე
ჟურნალისტი, კინომცოდნე

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დამნაშავეების გამოვლენა და დაშვებული შეცდომების ძიება დაიწყო. ბრალდება კი ძირითადად საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი გაისმის. როგორ ფიქრობთ, ეს ომი კონკრეტულად ამ ადამიანების პოლიტიკის შედეგი იყო თუ სხვა მიზეზიც არსებობდა?

- რასაკვირველია, შეიძლება ცოტა უფრო მეტი პასუხი მოვთხოვოთ იმ ჯგუფს, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ისე კი, პასუხისმგებლები იმაზე, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ნებისმიერი ჩვენგანია, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თვით მედია.

ჩვენი ხელისუფლების პასუხი ამ ბრალდებაზე ისაა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, საქართველო კი მხოლოდ თავს იცავდა. მაგრამ კონფლიქტი იყო საქართველოსა და ოსეთს შორისაც. თქვენი აზრით, რუსეთის ფაქტორს თუ გამოვრიცხვით, ამ ორ მხარეს შორის როგორ განვითარდებოდა ურთიერთობა?

- სამწუხაროდ, ვფიქრობ, ომი მაინც იქნებოდა და ეს ომი საქართველოს გამარჯვებით დამთავრდებოდა. მე მახარებს კიდეც, ასე რომ არ მოხდა, ასეთი ომისთვის იყო განწყობა ჩვენს ქვეყანაში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან აქტიური მორალურ-იდეოლოგიური მზადება, რაც მრავალი კომპონენტისგან შედგებოდა - დაწყებული პატრიოტული ბანაკებით და დამთავრებული სარეკლამო რგოლებითა და მუსიკალური კლიპებით. მთელი რიტორიკა - არა მხოლოდ ხელისუფალთა, არამედ ოპოზიციური პარტიების, საჯარო პირებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გამოსვლებიც კი - აგრესიულობით გამოირჩეოდა. დღეს ჩნდება შეკითხვა: ხომ არ ვართ ცოტა არაადეკვატურები იმის მიმართ, რაც მოხდა? თუ 8 აგვისტომდე ჩვენ ვეგუებოდით იმას, რომ სისხლი უნდა დაღვრილიყო, ომი უნდა დაწყებულიყო, სხვაგვარად შეუძლებელი გვეგონა კონფლიქტების მოგვარება, ტერიტორიების - და არა ადამიანების! - დაბრუნება, ომის შემდეგ დავიწყეთ ამ დაღვრილი სისხლის გამართლება. აქამდე ომისთვის ვემზადებოდით და ახლა ომს ვამართლებთ!

ხელისუფლება ქმნის „გამარჯვებული ერის“ განწყობას, რასაც ხელს უწყობს მედია და, სამწუხაროდ, საზოგადოება მზადაა მიიღოს ეს, მზადაა დაიჯეროს ეს ტყუილი. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა დავამსგავსეთ ქართულ ქელეხს, სადაც გლოვა ღრეობაში და დღესასწაულშიც კი გადადის.

რა უნდა იყოს საზოგადოების ამ განწყობის მიზეზი, მხოლოდ პროპაგანდა?

- ამას ძალიან ბევრ ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს. ობიექტური მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მართლაც ვართ დამარცხებული მხარე და გვაქვს დამარცხებული ერის კომპლექსი. ომების შედეგად გვყავს 500 000-მდე დევნილი, შეიძლება მეტიც. 15 წლის მანძილზე ამ ფრონტზე ჩვენ განუწყვეტლივ ვმარცხებოდით. ეს აჩენს ბრაზსა და ბოღმას. არ გვსურს დავფიქრდეთ იმაზე, რატომ ვერ ვიმარჯვებდით. იქნებ მილიტარიზაციის გზით კი არ უნდა გვევლო, არამედ სახალხო პოლიტიკა, სახალხო დიპლომატია უნდა გაგვეძლიერებინა? მაგრამ ამაზე დაფიქრებას ადამიანებს ურჩევნიათ მტრის ხატი შექმნან და ყველაფერი მას გადააბრალონ.

ის ადამიანები კი, ჩვენი თანამოქალაქეები ქონფლიქტურ რეგიონებში, უფრო და უფრო უცხოვდებიან ჩვენგან.

ოსებთან დამოკიდებულებას ხომ არ ამძაფრებს ის მომენტიც, რომ მათ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ნაკლებად აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის უფლება, ვიდრე აფხაზებს?

- სწორედ ესაა არასწორი ხედვა. ყველანი ოდესღაც სადღაც ჩასახლებულნი ვართ. უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელსაც აქვს იქ სახლი, აქვს მოქალაქეობა, არის იმ ადგილის მკვიდრი და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი დღის, კვირის და საუკუნის წინ დასახლდა იქ. ის კი არ არის მთავარი, ვინ საიდანაა მოსული, უნდა ვეცადოთ და ჩვენი მიზანი უნდა იყოს შევძლოთ მათთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრება.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობას მშვიდობიანი განვითარების გზებს ურჩვდნენ. თქვენი აზრით, რამდენად აქტიური იყო კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის მცდელობები ოპოზიის მხრივ?

- იცით რა, ამას ისინი ამბობენ წაგებული ომის შემდეგ. ომი რომ მოგვეგო, არ ექნებოდა მნიშვნელობა რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა, რამდენი სოფელი გადაიწვებოდა და რამდენი დევნილი გვეყოლებოდა, ამაზე ხმას არავინ ამოიღებდა და ეს არავის გაახსენდებოდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებას საომრად აქეზებდნენ, ისინი ყოველი გამოსვლისას ახსენებდნენ ხელისუფლებას დაკარგულ ტერიტორიებს და აჩქარებდნენ დაებრუნებინათ ისინი. ერთადერთი რესპუბლიკური პარტია მახსოვს, რომელიც ყოველთვის განზე იდგა პრობლემის საომარი გზით მოგვარებისაგან. ხოლო ამ პარტიის წარმომადგენელი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ყოველთვის აქტიურად მუშაობდა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ოფიციალურად იყო რუსეთის აგენტად მიიჩნეული.

პროპაგანდას, რომელიც რამდენჯერმე ახსენეთ, ადამიანთა ერთი ნაწილი უყურებს როგორც სამშობლოს სიყვარულის გაღვივებას. ამ შემთხვევაში საქმე პატრიოტიზმის დამახინჯებულ გაგებასთან ხომ არა გვაქვს?

- რასაკვირველია. ეს იყო შენიღბული პროპაგანდა, რისი საშუალებითაც სწორედ 2008 წლის აგვისტოსთვის მზადდებოდა ქვეყანა, მზადდებოდა ნაციონალისტური იდეებით გაჟღენთილი საზოგადოების შესაქმნელად. რატომღაც ვერ გაიგეს ის, რომ პატრიოტიზმი არ ისწავლება. პატრიოტული ხელოვნება არ არსებობს. სამშობლოს სიყვარული ისევე ბუნებრივია, როგორიც მშობლების, დებისა და ძმების სიყვარული... ბოლოს და ბოლოს საქართველო იქამდე მივიდა, რომ პატრიოტი ამ ქვეყანაში იქცა რაღაც საზოგადოებრივი სტატუსის მაჩვენებლად, თითქოსდა პროფესიად. მახსოვს „საქართველოს ბანკის“ რეკლამა, რომლის იდეა ის იყო, რომ ეჩვენებინათ როგორ შეაქვთ ბანკში ფული სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის წარმომადგენლებს. აჩვენეს მასწავლებელი, ინჟინერი, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც და ბოლოს - „პატრიოტი“. დიახ, ხელისუფლებამ პატრიოტიზმი პროფესიად აქცია. ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. არადა, ევროპასთან ინტეგრაციაზე ვაცხადებთ პრეტენზიას! ევროპამ ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ნაციონალიზმის, პატრიოტიზმის ასეთი ქადაგება. ამან მიიყვანა ის მეორე მსოფლიო ომამდე, ამან მოუტანა ევროპას ფაშიზმი, ნაციზმი. როგორმე უნდა გავთავისუფლდეთ ვიწრო ნაციონალური იდეოლოგიისაგან.

ამ წუთას მახსენდება ლადო ასათიანის ის ლექსები, რომლებიც სამშობლოს თემას ეძღვნება და იმ დღეებში ჟღერდა „პატრიოტულ“ სატელევიზიო რგოლებში. უნდა ვიცოდეთ, რომ პოეზიას აქვს თავისი სამყარო, ის ლოკალურია და არ არის განკუთვნილი ასეთი ვულგარული მოხმარებისთვის, არ შეიძლება პოეზია გამოვიყენოთ როგორც იდეოლოგია, როგორც პროპაგანდის საშუალება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე ომი გადავიტანეთ, როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ რამდენად შეძლო მათი შედეგების გაანალიზება?

- სამწუხაროდ, ისევ ჩვეული გზით მივდივართ. ჩვეული გზა კი ნიშნავს იმას, რომ 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში უკვე მეხუთედ იღვრება სისხლი - 9 აპრილი, ოსეთში პირველი ომი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთი და ბოლოს ისევ სამხრეთ ოსეთი, თითქოს ახალ წრეზეც კი წავედით. და ამ ხნის განმავლობაში ვერ გავაანალიზეთ ეს მოვლენები. სამწუხაროდ, შეფასება, კრიტიკული ანალიზი, დასკვნა, ასე ვთქვათ, დოკუმენტის სახით არ დადებულა. რა მოხდა, როდის, რატომ მივედით ამ შედეგებამდე, სად დავუშვით შეცდომები? არ არის დასჯილი არცერთი დამნაშავე, არცერთი მათგანის ქმედების შეფასება არ მომხდარა. და ახლაც, როგორც ვხედავ, არ ვაპირებთ უკანასკნელი ომის შეფასებას, გამოკვლევას, პასუხისმგებლობის აღებას და, მგონი, საზოგადოებას ურჩევნია კიდეც განუსჯელად შევეგუოთ იმ შედეგს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, და არ დავფიქრდეთ, რამ მიგვიყვანა აქამდე. ეს იმის ნიშანია, რომ შეიძლება ფიზიკურად გადავრჩეთ, მაგრამ ჩვენი განვითარება კვლავ რამდენიმე წლით შეფერხდება.

რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად რამდენად ქმედითი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს დასავლეთის ქვეყნების მხრივ?

- იცით, ჩვენ აღმოვჩნდით მართლაც არანორმალური აგრესიის მსხვერპლი რუსეთის მხრიდან. ახლა თვალშისაცემია პირველ ყოვლისა ის, თუ როგორ დაგვჩაგრა უზარმაზარმა ბოროტების იმპერიამ. ამიტომაც, ჩემი აზრით, დღეს დასავლეთი სერიოზული შეფასებებისგან თავს იკავებს და მისი ინტერესი, ისევე როგორც საქართველოს უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ინტერესი, ის არის, რომ რუსეთის ჯარი გავიდეს საქართველოდან. ვფიქრობ, ამის შემდეგ წამოვა უწინარეს ყოვლისა ევროპიდან ის შეკითხვები, რომელსაც ვერ გაექცევა ვერც ჩვენი ხელისუფლება და ვერც მთლიანად ქვეყანა.

ევროპა ყოველთვის იქნება ფრთხილი, მით უმეტეს მაშინ, თუ ჩვენ ვაძლევთ ამ სიფრთხილის საფუძველს.

მხოლოდ პოლიტიკურად სწორი ნაბიჯები რამდენად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გზა ევროპისაკენ გაიხსნას ჩვენთვის? კიდევ რა ღირებულებების არქონა გვაშორებს ევროპას?

- სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა არც კი იცის რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან დახშულ სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები დიდი ხანია გაიხსნა. ვერც სახელმწიფოებრივ და ვერც ინდივიდუალურ დონეზე ვერ ვაკმაყოფილებთ დასავლეთის მოთხოვნებს. დავიწყოთ იქიდან, რომ დემოკრატიამდე, რაზედაც ფუნდამენტურად დგას დასავლეთი, გვაკლია სიტყვის თავისუფლება, სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა, ინდივიდუალურ დონეზე არ მუშაობს ცნობიერება და არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ლიბერალური ღირებულებები.

მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ კონფლიქტთან და რა გავლენას ახდენდა ეს დამოკიდებულება საზოგადოებაზე?

- ეკლესიამ ძალიან დადებითი როლი შეასრულა თვითონ ომის დღეებში, მან ბევრი გააკეთა ტყვეების, დაჭრილებისა და მიცვალებულების გამოსაყვანად საომარი ზონიდან. ბევრი დევნილისგან მსმენია, რომ საპატრიარქო ეხმარება მათ. ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ ის იდეოლოგია, რაც ეკლესიას ჰქონდა ომამდე, გაუმართლებელია. სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდების ერთ ნაწილშიც კი არსებობს აზრი, რომ რუსეთთან თანაარსებობა საქართველოსთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ლიბერალურ ევროპასთან და ამერიკასთან, იმიტომ, რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე ერი, ჩვენი მეზობელი, რომელთანაც ამდენი ხანი გვიცხოვრია. ეკლესია აცხადებდა, ლიბერალიზმი მართლმადიდებლობის ყველაზე დიდი მტერიაო. ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს ამჟამად საზოგადოებაზე და დიდწილად მისი ამგვარი პოზიციის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ასე შორს ვართ ლიბერალური ღირებულებებისგან.

და ბოლოს, რა ფორმით უნდა დაიწყოს საზოგადოებაში დისკუსიები, მომხდარის გაანალიზება და რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ეს დისკუსიები ადამიანთა ვიწრო წრით არ შემოიფარგლოს?

- ეს ძალიან რთული საკითხია. რა თქმა უნდა, ყველა საშუალება მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული, უპირველეს ყოვლისა კი - მასმედია, ელექტრონულიც და ბეჭდვითიც, განსაკუთრებით ტელევიზია, რომელსაც დღეს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და რომელიც არ სწყალობს განსხვავებულ აზრს. ერთადერთი არხი, სადაც განსხვავებული აზრის მოსმენა შეიძლება, „კავკასიაა“, მაგრამ სამწუხაროდ ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და, გარდა ამისა, მეორე უკიდურესობას წარმოადგენს. ამრიგად, ყველანაირად უნდა შევეცადოთ ნებისმიერი საშუალებით დავიწყოთ დისკუსიები, დავიწყოთ თუნდაც ბოლო ომის შეფასება. მე კი ვისურვებდი, რომ მთლიანად უკანასკნელი 20 წლის საქართველო და მისი პოლიტიკული განვითარება იქნეს შეფასებული.

* * *

ლაშა ბაქრაძე
ფილოლოგი-გერმანისტი,
ისტორიკოსი

თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია ომის მიზეზების ძიებისას მხოლოდ პოლიტიკოსებსა და მათ შეცდომებზე საუბარი?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ახლადარჩეული ხელისუფლება აცხადებს, დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთო, და თუმცა მშვიდობიანად დაბრუნებას ანიჭებენ უპირატესობას, არც საომარი გზით დაბრუნებას გამორიცხავენ. ასე რომ, ეს კატასტროფა ქართული საზოგადოების ბრალიც არის, რადგან ვერცერთი მთავრობა ვერ მოვა საქართველოს სათავეში, თუ არ იტყვის, რომ ამ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ნებისმიერი გზით! ეს საზოგადოება ეთანხმებოდა სამხედრო საშუალებებით კონფლიქტის გადაჭრას. ომი დაიწყო ოცი წლის წინ და დაიწყო რუსეთმა, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო ამ კონკრეტულ მომენტში, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ცხინვალში შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს აუცილებლობად წარმოაჩინოს, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არამარტო აქ, არამედ უცხოეთშიც, იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც საქართველო მეგობრებად თვლის.

მე არ ვამბობ, რომ თავი არ უნდა დავიცვათ, ჩვენი მოსახლეობა არ უნდა დავიცვათ, იარაღს ხელი არ მოვკიდოთ, მაგრამ რა მოიტანა ცხინვალში შესვლამ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსებმა საზღვარი გადმოკვეთეს? ცხინვალის მოვლენები რომ არ ყოფილიყო, ჩვენს მტრებს საქართველოს საწინააღმდეგოდ ბევრად ნაკლები საშუალება ექნებოდა საპროპაგანდოთ. ჩვენ დავარქვათ ამას პროვოკაციაზე წამოგება, მაგრამ პროვოკაციაზე წამოგებისთვისაც ვიღაც არის პასუხისმგებელი.

რატომ იყო საზოგადოებაში საომარი განწყობა, რა კონკრეტულმა მიზეზებმა განაპირობა ეს?

- უბრალოდ, როცა საუბარი იყო ტერიტორიების დაბრუნების გზებზე, საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმებოდა და მიესალმებოდა კიდეც სამხედრო გზით დაბუნებას.

გარდა ამისა, ეს იყო შედეგი მილიტარიზმის პროპაგანდისა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს საქართველოში.

ხელისუფლება, სამწუხაროდ, თვლის, რომ, როგორც შევიდა ამ კატასტროფაში, ისევე შეუძლია გამოვიდეს, ისე, რომ მათ აზროვნებაში არაფერი შეიცვალოს და თითქოს არაფერი არ მომხდარა, ისე იქცევა; მის მიმართ გამოთქმულ ყოველგვარ კრიტიკას სრულიად ავადმყოფურად ეკიდება.

რუსეთისა და მისი პროვოკაციის ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, თვითონ ქართულ საზოგადოებას რა დამოკიდებულება ჰქონდა ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ?

- თავის დროზე, როდესაც ოსეთთან კონფლიქტი წარმოიშვა, მაშინაც ქართული საზოგადოება იყო სერიოზულად დამნაშავე. ქართული საზოგადოებისთვის, საერთოდ, დამახასიათებელი იყო ისტერიული მდგომარეობა, რაც, მაგალითად, გამოიხატა 1989 წელს, როცა ოსების პატარა ჯგუფმა, რომელსაც ერქვა „ადამონ ნიხასი“, წერილი გაუგზავნა აფხაზებს. ამან გამოიწვია სრულიად ისტერიული რეაქცია ქართულ პრესაში. ამაზე იწერებოდა გაუთავებლად, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა ის, რომ ამ პატარა სეპარატისტულ ჯგუფს საშუალება მიეცა ქართველთა ისტერიის პირობებში ოსური საზოგადოების მობილიზაცია მოეხდინათ საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ავადმყოფური რეაქცია რომ არ ყოფილიყო, რაც მაშინ დამახასიათებელი იყო ყველასათვის, განსაკუთრებით კავკასიაში მცხოვრები ერებისათვის, და ჩვენ რომ შეგვძლებოდა საბჭოთა კავშირის რღვევას ისტერიების გარეშე შევხვედროდით, მაშინ ეს კონფლიქტი ასე ადვილად გასაღვივებელი არ იქნებოდა რუსებისათვის.

პროპაგანდა ახსენეთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ის, რაც ტელევიზიით გადაიცემოდა, სამშობლოს სიყვარულის პროპაგანდა იყო, რაშიც თავისთავად ცუდი არაფერია. თქვენი აზრით, რა მოვლენაა ეს და როგორ იმოქმედა მან საზოგადოებაზე?

- პატრიოტიზმის ისეთი პროპაგანდა, როგორსაც დღეს საქართველოში ვხედავთ, საბჭოთა პერიოდს მახსენებს. საერთოდ, ბევრი რამ მახსენებს საბჭოთა პერიოდს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა საკმარისად პატრიოტულია და ეს სიმღერები და ცეკვა-თამაში სრულიად ზედმეტია და, საერთოდაც, მე არ ვთვლი, რომ ეს პატრიოტიზმია. პატრიოტიზმი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩანს ხოლმე, მაგალითად, როცა ადამიანი თავისი სახლის წინ ქუჩას არ აბინძურებს და, როცა ტყეში გადის, ნაგვის მთებს არ ტოვებს იქ, ეს არის პატრიოტიზმი. მაგრამ ჩვენში ითვლება, რომ პატრიოტი თუ ხარ, თოფი უნდა გეჭიროს ხელში, დროშას აფრიალებდე და პატრიოტული ლექსები იცოდე. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჩლუნგი პატრიოტიზმის პროპაგანდა საბოლოო ჯამში არანაირ შედეგს არ იძლევა, გარდა ადამიანების დაჩლუნგებისა.

დღეისათვის, როცა 20 წლის განმავლობაში საკმარისად დაგვიგროვდა ომისგამოცდილება“, საზოგადოება საკუთარი შეცდომებიდან დასკვნის გამოტანას შეეცდება თუ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკოსებს გადააბრალებს?

- მე შევარდნაძის დროსაც არ ვამბობდი, რომ ყველაფერში ხელისუფლება იყო დამნაშავე. საერთოდ, როცა საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება, რომ საზოგადოება - ეს არის პატარ-პატარა ნაწილებად დაშლილი, სხვადასხვა ინტერესთა მქონე ჯგუფები, რომელთაც ჩვენში არანაირი ინსტრუმენტი არა აქვთ საიმისოდ, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ ქვეყანის პოლიტიკაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე 20 წელია დამოუკიდებლობის გზაზე ვდგავართ და ვერ შევძელით საზოგადოებრივი სფეროს, ეგრეთწოდებული, public space-ის შექმნა, იმისათვის, რომ რაღაცნაირი გავლენა ვიქონიოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამას, რასაკვირველია, არცერთი ხელისუფლება ხელს არ უწყობდა, არადა ეს სწორედ ხელისუფლების ინტერესიც უნდა იყოს, თუკი ისინი ქვეყნის სტაბილურობაზე ფიქრობენ და არა მხოლოდ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფების ძალაუფლებაზე. ასეთი კონფლიქტების დროს ძალიან კარგად ჩანს რამდენად ცუდია, რომ არათავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ისეთ საზოგადოებაში, სადაც აზრის ჩამოყალიბება, მიზნების ერთობლივად მიღწევა ძალიან ძნელია. როდესაც ამ public space-ზე ვსაუბრობთ, იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ, მაგალითად, ელექტრონული მედიასაშუალებები, პირველ ყოვლისა ტელევიზია, რომელიც ყველაზე გავლენიანია საქართველოში, ფაქტობრივად, ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. მოვლენების არანაირი ანალიზი იქ არ ხდება და ეს საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ძალიან ცუდია ქვეყნის განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩანს სურვილი, ის სიტუაცია, რომელიც იყო კონფლიქტამდე, მე ვიტყოდი, კატასტროფამდე, ასევე იქნეს შენარჩუნებული საქართველოში. ჩვენ დავინახეთ როგორი სუსტია საზოგადოება, რომელიც არ არის შინაგანად თავისუფალი. არ შეიძლება შინაგანად მონა იყო და გარედან გამოჩნდე როგორც თავისუფალი ერი.

მაგრამ თუ საზოგადოება სხვადასხვა ჯგუფისგან შედგება, მისი ერთი ნაწილი მაინც არ შეეცდება დასვას კითხვები?

- საქმე ისაა, გაეცემა თუ არა ამ კითხვებს პასუხი. რა კითხვები დაისმება, ესეც საკითხავია. რასაკვირველია, არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც დასვამენ შეკითხვებს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ერთი რამ: პოლიტიკოსები რომ დაირქვეს, მხოლოდ ამ ჯგუფების ინტერესი არ უნდა იყოს კითხვების დასმა. ეს არის მთელი საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხები, რომელთა განხილვაში, მე მგონი, ყველამ, ვისაც აზრი მოეკითხება ამ ქვეყანაში, მონაწილეობა უნდა მიიღოს.

Public space-ის ვერშექმნისა და ერთობლივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ჯერ ინდივიდუალურ დონეზე არ ვართ მზად პასუხისმგებლობის ასაღებად?

- რასაკვირველია. საერთოდ, სიტყვა „პასუხისმგებლობა“ არ ნიშნავს მარტო დამნაშავის მიერ დანაშაულზე პასუხისგებას. თითოეულ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა თუნდაც იმ გარემოსადმი, რომელშიც ცხოვრობს. თუმცა ვიწრო წრეშიც არის ადამიანი რაღაცაზე პასუხისმგებელი. მაგრამ, საზოგადოდ, ქართველი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ არ არის კრიტიკულად განწყობილი.

თავისთავად ცხადია, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, ეს ასეც უნდა იყოს. პრობლემა სხვადასხვა ჯგუფთა არსებობა როდია, არამედ ის, რომ მათ შორის აზრთა ჯანსაღი გაცვლა-გამოცვლა არ ხდება, ეს ქვეყანა არ იძლევა ამის საშუალებას. აი, ესაა პრობლემა. ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებისათვის არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნია და, როგორც ტყიდან გამოვარდნილი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, ქუჩაში გვიწევს მხოლოდ და მხოლოდ დისკუსია.

ოპოზიცია დღეს ხშირად იხსენებს, რომ ის ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებს სთავაზობდა. თქვენი აზრით, რამდენად რეალური იყო მათი სამშვიდობო გეგმები?

- ოპოზიციაშიც ერთმანეთისგან განსხვავებული ჯგუფებია. ახლა, რასაკვირველია, რიტორიკისთვის, როდესაც ურემი უკვე გადაბრუნდა, ყველას შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს შექმნილი ვითარება. მაგრამ, ჩემი აზრით, მარტო იმაზე კი არ უნდა დავფიქრდეთ, რაც მოხდა, არამედ იმაზეც, რა მომავალში მოხდება. ვერც ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავ. ერთადერთი, რაც ქართულ სივრცეში ხდება, ისაა, რომ ველოდებით ევროკავშირი რას გააკეთებს, ამერიკა რას გააკეთებს და ა.შ. ჩვენ თვითონ ძალიან პასიურები ვართ.

დასავლეთის მიმართ უკმაყოფილებასაც გამოვთქვამთ, რადგან ევროპისგან უფრო დიდ მხარდაჭერას მოველოდით. თქვენი აზრით, ევროპის თავშეკავების მიზეზი მხოლოდ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები იყო თუ საქართველოს მიმართაც ჰქონდა მას პრეტენზიები?

- საქართველომ, როგორც დაჩაგრულმა, პატარა ქვეყანამ, თავისთავად გამოიწვია უცხოეთში გარკვეული სიმპათიები. „New-York Times“ წერდა, მაგალითად, რომ საქართველო დამარცხდა ველზე, მაგრამ მედიაში გაიმარჯვაო. თუმცა ეს გამარჯვება, ცხადია, საბოლოო არაა. რას გვაძლევს იგი, სხვა საკითხია. როდესაც ეს ყველაფერი დროში გაიწელება, მაშინ შეიძლება გამარჯვებაც შედარებითი გახდეს. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე ვაფასებთ - რა არის ახლა ჩვენთვის მომგებიანი და რა - წამგებიანი. ეს ჩანს ყველაფერში. მაგალითად, ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს, თუ ვინმე არაპროქართულ რამეს იტყვის ე.წ. მეგობარ ქვეყნებში. ეს ასე იქნება და ამას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს ქართველი ადამიანი - ყველანი აღფრთოვანებულნი ვერ იქნებიან ჩვენი ქვეყნით ან ჩვენი ქვეყნის მთავრობით. აქ მხოლოდ ის ფაქტორი როდი მოქმედებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს ფლობს, არამედ ისიც, რომ ევროპისა და ამერიკისთვისაც საკითხი ასე ისმის: რამდენად არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველო მათთვის.

დასავლეთთან ინტეგრირების შესაძლებლობა, საზოგადოების ერთი ნაწილის ფიქრით, ძირითადად შეიარაღების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის დონის ამაღლებაზეა დამოკიდებული. რამდენად საკმარისია ამ სტანდარტების დაკმაყოფილება საამისოდ?

- რასაკვირველია, ჩვენ ძალიან შორს ვართ დასავლეთისაგან აზროვნებით, მაგრამ მე მომხრე ვარ სწორედ ამ ინტეგრირებისა იმისათვის, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ, ძალაუფლება აღარ იყოს კონცენტრირებული ვიწრო წრეში, როგორც დღეს არის; იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი გამოძიება და ა.შ. უფრო მეტი ყურადღება მიექცეს სოციალურ სფეროსაც, ისევე როგორც ბუნების დაცვას.

ლიტერატურის როლი როგორია, თქვენი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში? თუ აისახა შექმნილი პოლიტიკური ვითარება დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში ან თუ მოახდინა მან გავლენა საზოგადოებაზე?

- იმისათვის, რომ ლიტერატურას ჰქონდეს გავლენა, ის უნდა იყოს ხარისხიანი. ასეთი ლიტერატურა დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვაქვს. საერთოდ, დღევანდელი ქართული კულტურისათვის ანალიტიკურობა არ არის დამახასიათებელი. ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი რამ მოხდა საქართველოს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ძალიან ცუდად არის ხელოვნებაში, მხატვრულ ლიტერატურაში ასახული. ასევე, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ უხარისხო და უგემოვნო მუსიკალურ კლიპს, რომლებიც ამ მოვლენების გამო შეიქმნა. ეს ალბათ საზოგადოების ძალიან დაბალ ფენებზე ახდენს გავლენას, საერთო ჯამში, საზოგადოებაზე კი - ვერა. ამას იუმორით უყურებენ ალბათ.

სად უნდა შეიქმნას, თქვენი აზრით, დღეს ის სივრცე, რომლის საშუალებითაც საზოგადოებრივი დისკუსიები უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს?

- ასეთი სივრცე დასავლეთში პრესაც არის, იქ გაზეთებსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. საქართველოში კი ერთადერთი საშუალება საამისოდ ტელევიზიებია, რომლებზედაც, ფაქტობრივად, ხელი არ მიგვიწვდება, და რომლებიც ამ ფუნქციას არათუ ვერ, არამედ მიზანმიმართულად არ ასრულებენ, რადგანაც არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი თავისუფალი აზრის გაჭაჭანება ამ ქვეყანაში არ უხარიათ.

0x01 graphic

ლაშა ტუღუში
ჟურნალისტი

ინფორმაციულად რამდენად იყო საზოგადოება მზად ამ ომისთვის? ანუ იყო თუ არა მისთვის მოულოდნელი 8 აგვისტოს განვითარებული მოვლენები?

- მე ვფიქრობ, მასმედიის საშუალებით საკმაოდ ხშირად საუბრობდა ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი იმაზე, რომ ომის დაწყების ალბათობა დიდი იყო. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ეს დიდი სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, თუ თვალყურს ადევნებთ რუსულ მედიასაშუალებებს, შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 7 აგვისტოს, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების წინა დღეს. საუბარია იმაზე, რომ შვიდში რუსული არმიის ნაწილები უკვე იყვნენ შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე, მათ გადმოკვეთეს საზღვარი.

ისევ წინა პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, თუ არსებობდა საზოგადოების მოთხოვნა მასმედიის საშუალებებისადმი, რომ ყოფილიყო დისკუსიები კონფლიქტის შესახებ?

- კი, როგორ არა, მე შემიძლია პირობითად ორ ბანაკად დავყო ჩვენი საზოგადოება. ერთი ბანაკი უფრო მეტად იყო დაინტერესებული სამშვიდობო პროცესით, მათ ჰქონდათ კიდეც მოსაზრებები, კონცეფციები ამ კუთხით. იყო მეორე ბანაკი, რომელსაც არ სჯეროდა სამშვიდობო პროცესით ურთიერთობის მოწესრიგებისა. ისინი ამბობდნენ - კი, ეს კარგი გზაა, მაგრამ მდგომარეობას ამით ვერ შევცვლით.

ახლა ბევრს კამათობენ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა, თავიდან აგვეცილებინა ომი. ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთული საკითხია და საჭიროა სერიოზული კვლევა, რადგან ბევრი რამეა გასარკვევი. მართალია, აცხადებენ, სახმელეთო ოპერაცია ქართველებმა დაიწყესო, მაგრამ მანდ გასარკვევია, რა ხდებოდა მანამდე. დღეს ადვილია საუბარი ხელისუფლების შეცდომებზე. შეიძლება ვიყოთ კრიტიკულები და ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ყველაფერი, რაც საჭირო იყო, არ გაკეთდა, მაგრამ, თუ გვინდა ობიექტურები ვიყოთ, ჯერ გამოძიებაა საჭირო.

რაც შეეხება, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, საკითხი ასე იდგა: რამდენად შეეძლოთ ოსებს დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაედგათ მაშინ, როცა ქართულ მხარეს მათთან მოლაპარაკება სურდა? ის ფაქტი, რომ ცხინვალში ე.წ. ხელისუფლება მოსკოვიდან არის დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა, ძალიან ართულებდა ამ პროცესს. თუმცა ალბათ მეტი ძალისხმევა იყო საჭირო და მეტად უნდა გვეფიქრა ოს ხალხთან მოლაპარაკებაზე. იყო ამის შესაძლებლობა და ეს შანსი დავკარგეთ.

მიუხედავად იმისა, რა როლს თამაშობდა რუსეთი, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ელიტები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის მოსაზრება, რომ ქართული ტელეარხები მილიტარისტულ და ნაციონალისტურ პროპაგანდას ავრცელებდა და, ზოგადად, მასმედიის როლი როგორი იყო ამ კონფლიქტში?

- ნაციონალიზმში ზოგჯერ შოვინიზმს გულისხმობენ, რაც უმართებულოა. ნაციონალიზმი (არა შოვინიზმი!), ისევე როგორც პატრიოტიზმი, უარყოფითი მოვლენა არ არის.

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, ჩემი აზრით, არაობიექტური იყო, მათი ინფორმაცია ზოგჯერ სიტუაციის დაძაბვისკენ იყო მიმართული. რატომ ხდებოდა ეს, არ ვიცი. რაც შეეხება იმას, რომ ქართველებს აფხაზეთიც და ცხინვალიც თავის სამშობლოდ მიაჩნიათ და სტკივათ ეს პრობლემა, სავსებით ბუნებრივია. ვერ ვიქნებით ნიჰილისტები ამასთან დაკავშირებით და ვერ შევეგუებით იმას, რაც ხდება. მაგრამ „ვერ შევეგუებით“ არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიულები ვიყოთ. მე არ მინდა უკიდურესობაში გადავარდნა - არც ზედმეტი პროპაგანდა, რომელიც შუღლის თესვით, მტრის ხატის შექმნით იქნება გაჯერებული; და, მეორე მხრივ, არც ნიჰილიზმის და იმით დაუინტერესებლობის მომხრე ვარ, რაც დღეს ხდება.

ზღვარი უნდა გავავლოთ სიმართლესა და აგიტაცია-პროპაგანდას შორის. მხოლოდ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. ზოგ შემთხვევაში ეს რისკს შეიცავს. მაგრამ ჟურნალისტის პროფესია, გარკვეულწილად, გულისხმობს ამ რისკსაც.

როგორ შეაფასებთ ომის დროს ქართული, რუსული და დასავლური მედიის მუშაობას?

- იცით რა, ომი ძალიან რთულად გასაშუქებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა შენი ქვეყანაა ამ ომში ჩართული, როცა შენს ქალაქს ბომბავენ და შენს ხალხს ხოცავენ. მეორე მხრივ, შესაძლოა შენი სახელმწიფოც არ იყოს ისეთი, როგორსაც ისურვებდი, რომ ყოფილიყო. ამიტომ ძალიან რთულია... მაგრამ ზღვარი მაინც სადღაც გატარდა. თუ დააკვირდებოდით რუსულ და დასავლურ მედიას, აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვას შეამჩნევდით. რუსული მედია ისეთივე იყო, როგორიც მე მახსოვს საბჭოთა კავშირის დროს, პრაქტიკულად იქ არ არსებობდა განსხვავებული, კრიტიკული დამოკიდებულება თავისი ხელისუფლების მიმართ. ძალიან იშვიათად ხდებოდა თბილისში მცხოვრები ადამიანების პოზიციის წარმოჩენა, მაშინ, როცა ქართული მედიასაშუალებები მეტად ცდილობდნენ გაეგოთ რას ფიქრობდნენ რუსი პოლიტიკოსები, სამხედროები და ა.შ. ამ სამი მედიიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი ხარისხის იყო დასავლეთის მედია, პროფესიული, ობიექტური.

კიდევ ერთი საკითხი - ის, რომ ომის დაწყების შემდეგ გაითიშა რუსული მედიასაშუალებები, როგორც ტელევიზია, ისე ინტერნეტსაიტები, მე ვთვლი, რომ არ იყო სწორი, რადგან ქართული საზოგადოება კი არის იმდენად გონიერი, ტყუილ-მართალი გაარჩიოს. გასაგებია, რომ ასეთ დროს პროპაგანდის მძლავრი იარაღია მედია, მაგრამ, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უკვე მომზადებულია და იცის ფასი ობიექტური ინფორმაციისა. მას უნდა ჰქონდეს საშუალება მოისმინოს რუსული მედიის შეხედულებები თავის ქვეყანაზე.

საინტერესოა შევადაროთ რა მდგომარეობა იყო მასმედიაში აფხაზეთის ომის შემდეგ და ახლა.

- ეს არ არის იოლი. ვფიქრობ, ჟურნალისტები მაშინაც თავის საქმეს ასრულებდნენ და ეწირებოდნენ კიდეც ომს. რისკი, რა თქმა უნდა, ახლაც იყო. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ მაშინ მედიის საშუალებით შეიძლებოდა გაგეგოთ, მაგალითად, ჯარისკაცთა დისლოკაციის ადგილები და ფაქტობრივად მედია იყო სამხედრო საიდუმლოებების შეტყობის საშუალება. ახლა მსგავს მოვლენას ადგილი არ ჰქონია. თუმცა კრიტიკული მოსაზრებები თითქოს მაშინ უფრო მეტად ისმოდა, თითქოს პოლიტიკური სისტემაც უფრო გახსნილი იყო, რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს. მე ვგულისხმობ ომის შემდგომ პერიოდს.

დღეს ტელევიზიაში, „კავკასიის“ გარდა, დისკუსიას და ორ, ერთმანეთისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, ერთ სტუდიაში დამსხდარს, ვერ ნახავთ.

საზოგადოებაზე როგორ აისახება ეს, მისგან არ მოდის კითხვები და ამ დისკუსიის გამართვის მოთხოვნა?

- იცით, დღეს შეიძლება საზოგადოებამ ყველა კითხვაზე ვერც მიიღოს პასუხი, თუმცა კითხვები აუცილებელია დაისვას. ვფიქრობ, შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიკამათოთ ისე, რომ არ შევუქმნათ პრობლემა სახელმწიფოებრივ სტაბილურობას. მასმედიამ კი საშუალება უნდა მისცეს მთელ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, გამოხატონ განსხვავებული აზრი. შეიძლება ასეთ აზრს დღეს პრესაში ან ინტერნეტსივრცეში ვხვდებოდეთ, გარკვეული დოზით, მაგრამ ტელევიზია ამისთვის დახურულია და ამიტომ, ვფიქრობ, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

დღეს, როდესაც დასავლეთთან ინტეგრირებას ვცდილობთ, რამდენად მზადაა ამისთვის საზოგადოება, სახელმწიფო, თუნდაც მედიის ხარისხიდან გამომდინარე?

- მე მგონი, საზოგადოება მზად არის. ჩვენ ვართ დასავლური ტიპის საზოგადოება. ჩვენი პრობლემები ძირითადად პოლიტიკის პრობლემებია: დაუბალანსებელი პოლიტიკური სისტემა, მთავრობის მიერ მართული სასამართლო და მედიაში არსებული პრობლემებიც, ჩემი აზრით, არასწორი პოლიტიკის ბრალია. თვითონ საზოგადოებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის უფრო წინაა ამ თვალსაზრისით, ვიდრე პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები ჩამორჩნენ საზოგადოებას. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ როგორც კი გამოსწორდება პოლიტიკური სიტუაცია, ბევრად სწრაფად წავიწევთ წინ ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისა და დემოკრატიის შენების გზაზე.

0x01 graphic

დავით დარჩიაშვილი
პოლიტოლოგი

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფების მხრივ ძირითადი ბრალდებები ხელისუფლების პირველი პირების მისამართით გაისმის. თქვენი აზრით, რამდენად იყო ეს ომი ცალკეულ ადამიანთა პოლიტიკის შედეგი? ხომ არ უნდა ვეძიოთ ამ კონფლიქტის საფუძვლები არაპოლიტიკურ სივრცეში, საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ სფეროში?

- მე არ მგონია, რომ საზოგადოებაში ბრალდებები სჭარბობდეს მხარდაჭერას. როდესაც მეზობელი ქვეყანა გესხმის თავს, ცოტა უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარ მთავრობას უსაყვედურო ამის გამო და ისიც შეცდომად ჩაუთვალო, საპასუხოდ ხელი რომ გამოიღო. რა თქმა უნდა, „ხელის გამოღების“ ყველა ნიუანსი გამოსაკვლევია და საამისოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიღებულია. კვლევა ჩატარდება როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ინტელექტუალური რესურსით, ისე საერთაშორისო დონეზეც. არსებითად, ეს კვლევა-ძიება უკვე მიმდინარეობს. ომი იყო მხოლოდ ერთი რამის, რუსული იმპერიალიზმის შედეგი. ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი შიდა პოლიტიკის ავ-კარგი, მეორე კი არა, მესამეხარისხოვანია. პუტინს უნდოდა და თავს დაგვესხა. უარი უნდა გვეთქვა დასავლეთთან ინტეგრაციაზე და არ დაგვესხმებოდა. მაგრამ დასავლეთთან ინტეგრაციაზე უარი საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასია.

კიდევ ერთი: ქართველები თუ სრულიად დაცლილნი ვიქნებით ნაციონალური განცდისაგან, მავანის თვალში ესეც მოხსნის პრობლემებს. მაგრამ სამყარო ნაციონალური განცდებით და ინტერესებით იმართება. არ იქნება ქართული ნაციონალიზმი, მის ადგილს სხვისი ნაციონალიზმი დაიჭერს. რა თქმა უნდა, ნაციონალიზმი არ უნდა იყოს ეთნიკური, არ უნდა გადადიოდეს ქსენოფობიაში, არ უნდა უპირისპირდებოდეს დემოკრატიას. ეს შესაძლებელია, რადგან დემოკრატია და ნაციონალიზმი ტყუპისცალებია. ეს პროცესი დაწყებულია საქართველოში. ნიშანდობლივი ფრაზა, რომელიც ახასიათებს 2003 წლის შემდგომ ქართულ ნაციონალიზმს, არის: „ვისაც სძულს ოსი, მისთვის მე ვიქნები ოსი“. ოფიციალურ ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ეს ნამდვილად სიახლე იყო, რასაც სააკაშვილს ვერავინ შეეცილება. ადრე თუ გვიან ეს მოიტანდა შედეგს. ეგებ ამიტომაც იჩქარა პუტინმა. მან იმის გამოც იჩქარა, რომ ევროკავშირი მზარდ აქტიურობას იჩენდა საქართველოს კონფლიქტების მოსაგვარებლად, რაც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის მონოპოლიას ამ სფეროში. ახლა ვითარება შეიცვალა. რუსეთის ჯარმა მოიგო ერთი ბრძოლა. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ეს პიროსის გამარჯვებაა - რუსეთი პოლიტიკურ ომს აგებს.

რამდენად არის დღეს რუსეთის პოლიტიკა რუსული მესიანიზმის იდეის გადმონაშთი? და თუ ასეა, ნებისმიერი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში რამდენად იქნებოდა შესაძლებელი ომის თავიდან აცილება?

- რუსეთში მესიანიზმი დიდხანს გასტანს ალბათ. მაგრამ მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში მესიანიზმს ნაკლები გავლენა ექნება კონკრეტულ პოლიტიკაზე. თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში მესიანიზმი ძვირი სიამოვნებაა. რუსეთს ამისთვის დიპლომატიური და ეკონომიკური რესურსი არ ეყოფა. თუმცა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მას ბევრი უბედურების დატრიალება შეუძლია. ეს ჩვენ უკვე გამოვცადეთ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ ერთგვარად მიჩქმალა ქართულ-ოსური კონფლიქტი. რუსეთის ფაქტორი რომ არა, რამდენად შეიძლებოდა ქართულ-ოსური ურთიერთობა ომამდე მისულიყო?

- დარწმუნებული ვარ, რუსული ფაქტორის გარეშე კონფლიქტი დიდი ხნის მოგვარებული იქნებოდა. ოსებისათვის ზოგიერთი რადიკალი ქართველისაგან დაცვის საუკეთესო გარანტია ობიექტური, მიუკერძოებელი სამშვიდობო ფორმატი იქნებოდა, რომელსაც ოფიციალური თბილისი ითხოვდა და ითხოვს.

რა ურთიერთობა იყო ქართულ და ცხინვალში მოსახლე ოსურ საზოგადოებებს შორის, ხომ არ შეინიშნებოდა შოვინისტური დამოკიდებულება ეროვნულ უმცირესობათა მიმართ? იმართებოდა დისკუსიები ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების თობაზე?

- შოვინისტები ყველა ერში მოიძებნებიან და არც ქართველები ვართ ამისაგან დაზღვეულნი. მაგრამ არა მგონია, საქართველოში ასეთ დამოკიდებულებას სერიოზული გასაქანი ჰქონოდეს როდესმე. დისკუსიების ნაკლებობა არასოდეს ყოფილა. მუშაობდა ე.წ. სახალხო დიპლომატიაც. დღეს ზოგი მიიჩნევს, რომ კონტაქტებს არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე სააკაშვილის მთავრობამ შეუქმნა დაბრკოლებები. არადა საქმის არსი სხვაგვარია - სახალხო დიპლომატია იძლევა ეფექტს, თუ მას აქვს გავლენა გადაწყვეტილების მიმღებებზე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა პოლიტიკურ ელიტებზე. სწორედ აქ იჩინა თავი კონტაქტების არაეფექტურობამ - ისინი ვერ აღწევდნენ რუსეთამდე, ვერანაირად ვერ ზემოქმედებდნენ კონფლიქტის ძირითად მონაწილეზე, რომელიც მშვიდობისმყოფელად ინიღბებოდა. შესაბამისად, ერთ ადგილს ვტკეპნიდით, არ ჩანდა პერსპექტივა. მოსკოვის კარნახით ცხინვალი არ თანხმდებოდა არანაირ ძვრაზე კონფლიქტის ძირითადი მიზეზების მოხსნის - პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრისა და უსაფრთხოების ინტერესების დაკმაყოფილების - მიმართულებით.

ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს აცხადებენ, რომ ხელისუფლება მუდმივად ემზადებოდა ომისათვის, ისინი კი მას სთავაზობდნენ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზებს. რას იტყვით ამაზე? მიმდინარეობდა თუ არა ომამდე აქტიურად სამშვიდობო მოლაპარაკებები?

- ოპოზიციის ნაწილში არსებობდა საინტერესო მოსაზრებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში. ოპოზიციის ნაწილს ჰქონდა ამ თემებზე აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების სურვილი. ეს გასაგები და მისაღებია. ასეთი სურვილები ჰქონდათ უმრავლესობაშიც. უბრალოდ, ოპოზიცია ვერ აკონკრეტებდა, როგორ უნდა მიღწეულიყო გარღვევა - მეორე მხარის გულწრფელი და გაბედული თანხმობა და რუსული ფაქტორის განეიტრალება. ხელისუფლებას კი ამის ილუზია დაეკარგა და ცდილობდა რუსეთთან გაერკვია ურთიერთობა დასავლეთთან ინტგეგრაციით, უშუალოდ კრემლთან მოლაპარაკებით.

ომისათვის მზადება კი ყველა სუვერენული ქვეყნის ვალია, თუ მას ჰიპოთეტურად მაინც ემუქრება ვინმე. საქართველოს შემთხვევაში ასეთი მუქარა წლების მანძილზე იყო რეალიზებული ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი დარღვევის ფორმით.

თქვენი აზრით, დღეს ოსი ხალხი (არა მისი მმართველები) რამდენად მიიჩნევს დამნაშავედ ქართულ საზოგადოებას და რა შანსი არსებობს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკება შედგეს?

- მეეჭვება, რომ სეპარატისტულად განწყობილ წრეებთან რაიმე მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს უახლოეს მომავალში, თუ არ მოხდება რუსული ფაქტორის განეიტრალება და დაბალანსება სამშვიდობო პროცესების ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზაციით. მაგრამ იმავდროულად, ოსების საკმაო რაოდენობა თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევს და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამდენად, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ნამდვილად აქვს ნორმალური განვითარების პერსპექტივა.

ხშირად საუბრობენ მასმედიის (ძირითადად ტელევიზიის) საშუალებით პატრიოტიზმისა და მილიტარიზმის პროპაგანდაზე. იყო თუ არა ეს პროპაგანდა პოლიტიკის ნაწილი და რამდენად იმოქმედა მან ქართულ საზოგადოებაზე?

- პატრიოტიზმის პროპაგანდა ერის მშენებლობის ნაწილია. ერის მშენებლობა კი არ არის ერთჯერადი პროცესი. პატრიოტიზმის პროპაგანდა განსაკუთრებით აქტუალურია კრიზისული ვითარებების ჟამს. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ სფეროში გადააჭარბო, გიღალატოს გემოვნებამ. მე პირადად ზოგიერთი კლიპი მომწონდა, ზოგიერთი - არა. მილიტარიზმზე ჩემს აზრს კი ბოლო პასუხში მოგახსენებთ.

რეზერვისტების ინსტიტუტის მიმართ კრიტიკულმა განწყობამ იჩინა თავი. თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა ამ ინსტიტუტმა და რამდენად ჯდება ის ნატოს სტანდარტებში, რის მიხედვითაც ვაკომპლექტებთ ქართულ არმიას.

- რეზერვის კონცეფცია სრულიად მისაღები იყო. მაგრამ ვადები მასობრივი რეზერვის შექმნისა არ იყო მთლად რეალისტური. საჭირო იყო უფრო მცირე რაოდენობით დაწყება. უკვე ამ ეტაპზე ჩანს, რომ რეზერვს არ ჰყავდა საკმარისი ოფიცრები. თუმცა ერთიცაა, აგვისტოს ომში რეზერვის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები აჩვენებს, რომ თბილისი არ ემზადებოდა საომარი მოქმედებების დასაწყებად, იგი თავისდაუნებურად აღმოჩნდა მასობრივი და ამ მასობრიობით მოულოდნელი სამხედრო შემოსევის წინაშე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად ამახვილებდა ყურადღებას საქართველოსა და რუსეთის ერთმორწმუნეობაზე. ესეც ხომ არ იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსეთს ეფიქრა, საქართველო ჩემ გარეშე დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებსო?

- რუსეთში ირაციონალური აზროვნება და ქედმაღლური დამოკიდებულება ყოფილი „მოკავშირე რესპუბლიკებისადმი“ სერიოზული პრობლემაა. მაგრამ არ მგონია, რუსი პოლიტიკოსები დღენიადაგ აკვირდებოდნენ იმას, თუ რას და როგორ ქადაგებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამავე დროს, ერთმორწმუნეობა და სუვერენიტეტი სხვადასხვა რამეა, არათანაბარზომიერი ცნებებია და მათ ერთმანეთზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. ვფიქრობ, ქართველთა უმეტესობას, მათ შორის სამღვდელოებას, ეს მშვენივრად ესმის.

საქართველომ სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა პოვა, და მაინც, თქვენი აზრით, რომელ ორგანიზაციას ან სახელმწიფოს შეეძლო გაეკეთებინაუფრო მეტი საქართველოსთვის და რა იყო დასავლეთის მხრივ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციებისგან თავშეკავების მიზეზი - მხოლოდ ევროპის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება თუ საქართველოს მიმართ არსებობდა რაიმე პრეტენზიები?

- ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოში სტაბილურობისა და დემოკრატიის დასაცავად, მეტის გაკეთება ევალებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატია არ არის უნაკლო და უღრუბლო - სულ რაღაც 4 წელია, რაც ქართული დემოკრატიის მშენებლობის ახალი მცდელობა დაიწყო. შესაბამისად, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც ჰქონდათ და აქვთ შენიშვნები დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ტემპებისა თუ მიმართულებების გამო. მაგრამ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე თვისებრივად სხვა იყო - იგი წლების მანძილზე ემუქრებოდა საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივას. შესაბამისად, მსოფლიოს მეტი განსჯა, მონდომება და გაბედულება უნდა ეჩვენებინა ამ საფრთხესთან დაპირისპირებისას. საქართველოში არამარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და, ამავე დროს, რუსეთის მომავალი წყდება. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვფიქრობ, რომ მსოფლიომ „გაიღვიძა“ და ეს ჩვენი ტრაგიკული წვლილია მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის გაღებული.

დღეს, როცა აქტიურად ვესწრაფვით დასავლეთთან ინტეგრირებას, რამდენად არიან საზოგადოება და პოლიტიკური ჯგუფები მზად ამისათვის, და, გარდა მილიტარისტული სტანდარტებისა, კიდევ რა ევროპული სტანდარტების, რა ევროპული ღირებულებების ათვისება მოგვიწევს?

- „მილიტარისტული სტანდარტები“ შეუფერებელი სიტყვათწყობა მგონია. ცნება „მილიტარიზმს“ თავისთავად უარყოფითი კონოტაცია აქვს და ნატოში მისი სტანდარტების დანერგვით არავინაა დასაქმებული. მილიტარიზმი ძირითადად ნიშნავს სამხედროთა დომინირებას პოლიტიკაში, ეკონომიკაში, პირად ცხოვრებაში. ასეთ რამეს მე საქართველოში ვერ ვხედავ. თუ საუბარია ნატოს სტანდარტებზე თავდაცვის პოლიტიკაში და თავდაცვის სისტემის მშენებლობაში, ეს სხვაა. ამაში სამოქალაქო კონტროლიც იგულისხმება და სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე არც ისე განუვითარებელია საქართველოში. ძირითადი ღირებულებები, რაც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისთვისაა საჭირო, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაა. კანონმდებლობის დონეზე ყოველივე ამას საკმაოდ კარგი საფუძველი აქვს, თუმცა კანონის მიღებიდან მის იმპლემენტაციამდე გზა ყოველთვის არაა უნაკლო და ჩვენი დემოკრატიის ახალგაზრდა ასაკი აქაც იჩენს თავს.

0x01 graphic

გიგა ზედანია
ფილოსოფოსი

დღეს, როცა საომარ მოქმედებებს გარკვეული დროითი დისტანცია გვაშორებს, სად უნდა ვეძებოთ ომის მიზეზები - ცალკეულ ხელისუფალთა მიერ გატარებულ პოლიტიკაში, საზოგადოებაში თუ მეზობელ სახელმწიფოში? მაგალითად, ხშირად ამბობენ, რომ ომის მიზეზი პუტინის პირადი სიძულვილი იყო სააკაშვილის მიმართ...

- აზრი, რომ ომი დაკავშირებული იყო მაინცდამაინც იმასთან, პუტინს სააკაშვილი რომ არ უყვარდა, ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენება. თუმცაღა თავად ეს ანტიპათია, რა თქმა უნდა, თავის როლს ითამაშებდა. საქმე ის არის, რომ ეს ომი გამოწვეული იყო ქვეყნების, ასე ვთქვათ, ნაციონალური პროექტებით, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდა. რუსეთს 2000 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პუტინი სათავეში მოვიდა, არჩეული აქვს ერთი სტრატეგია, რომელიც უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიას. შესაბამისად, სადღაც ეს სტრატეგიები ერთმანეთს უნდა შეხლოდა, და, სამწუხაროდ, ეს შეხლა მოხდა აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში. ამის დაყვანა პირად სიმპათია-ანტიპათიებზე საკითხის მეტისმეტად გამარტივება იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რამდენად აუცილებელი იყო ეს შეხლა ახლა, უნდა ითქვას, რომ სამყაროში ყველაფერი შემთხვევითია. ეს კონფლიქტიც შეიძლებოდა სხვა დროს მომხდარიყო, მაგრამ ეს სხვა დრო აუცილებლად დადგებოდა, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ნათლად აცხადებდა, თუ როგორ წარმოედგინა მას რეგიონის მომავალი. და რეგიონის მომავალში, რუსეთის მიხედვით, არ შედიოდა ნატოში გაწევრიანებული საქართველო და უკრაინა. ამას რუსეთი ერთმნიშვნელოვნად საფრთხედ აღიქვამს, რაც გამოწვეულია იმით, რომ მას არ უნდა იყოს ერთი ჩვეულებრივი წევრი ევროპული გაერთიანებებისა თუ მსოფლიო ერთობისა, მას უნდა შეინარჩუნოს საკუთარი ავტონომია, როგორც სუპერსახელმწიფომ, რომელიც არ იქნებოდა შეზღუდული რეგიონში გარედან თავს მოხვეული ვალდებულებებით, და თვითონ ექნება სუვერენული გადაწყვეტილებების უფლება ამ რეგიონში, ხოლო მომავალში - მის გარეთაც. შესაბამისად, ეს წარმოდგენა აუცილებლად შეეხლებოდა სადღაც უკრაინისა და საქართველოს ხედვას, რომელთა პოლიტიკურ ელიტებს საკუთარი ქვეყნების ნატოში ხილვა უნდათ.

მაგრამ ამ ომში იყო მესამე მხარეც და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. როგორ წარმოიდგენდით მოვლენების განვითარებას იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფაქტორი გამოირიცხებოდა? მივიდოდით ომამდე? სხვაგვარი პოლიტიკა ხომ არ უნდა გაგვეტარებინა ოსების მიმართ?

- ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ოსეთსა და აფხაზეთს შორის. ეს კითხვა აფხაზეთის მიმართ უფრო ლეგიტიმური იქნებოდა, იმიტომ, რომ აფხაზეთში მართლაც არსებობს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობს იმავე რუსეთისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად. მაგრამ, რაც შეეხება ოსეთს, იქ სხვა ვითარებაა. სამხრეთ ოსეთი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო რუსეთის მხრიდან დაფინანსებული ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ერთადერთი მოვალეობა ეკისრებოდა - არასტაბილურობის შემოტანა საქართველოში. შესაბამისად, ამ ადამიანებთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელი იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ არანაირ ინტერესს არ იჩენდნენ მოლაპარაკებისადმი, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და არა ოსეთისა. შესაბამისად, ეს კითხვა აფხაზეთის შემთხვევაში უფრო გამართლებული იქნებოდა, ოსეთთან მიმართებაში ის უმართებულოა.

თქვენ ლაპარაკობთ ოსების ერთ ნაწილზე. რა ურთიერთობა იყო საზოგადოების სხვა ნაწილში, ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის?

- რასაკვირველია, ქართულ საზოგადოებაში იყო და დღემდე რჩება განცდა იმისა, რომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, რომ ეს არის პრიორიტეტი. ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე, არის ქვეყნები, რომლებიც ამას ეგუებიან (მაგ., გერმანია შეეგუა კიონიგსბერგის დაკარგვას). საქართველოში ეს შეუძლებელი იქნებოდა. ძალიან გაუჭირდებოდა და დღესაც გაუჭირდება ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც გამოვა და იტყვის, მოდი, დავანებოთ თავი ამ ტერიტორიებსო. ქართველი ხალხი ამას აღიქვამს როგორც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. აგრესიულობას რაც შეეხება, ეს ნებისმიერი ომის თანმდევი მოვლენაა. მე არ მგონია, რომ ეთნიკური სიძულვილი იყოს ქართველებსა და ოსებს შორის. თუმცა ნამდვილად არსებობდა იმის განცდა, რომ ამ ტერიტორიებს მხოლოდ ომით თუ დავიბრუნებდით. ბევრი ფიქრობდა ამას საზოგადოებაში. რამდენად სწორი იყო ეს, სხვა საკითხია. როგორც აღმოჩნდა, არ იყო სწორი. მაგრამ ისევ ვიმეორებ: ის განცდა, რომ შეიძლებოდა იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთს, ეს არაა სწორი.

დღეს ბევრი საუბრობს, რომ საქართველოში მასმედიით პატრიოტიზმისა და მილიტარიზმის პროპაგანდა ხდებოდა, რაც საზოგადოებას ომისთვის განაწყობდა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს?

- პატრიოტიზმზე როცა ვლაპარაკობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ეთნიკური ნაციონალიზმის ქადაგება და საკუთარი სამშობლოს სიყვარული. მეორე ტიპის პატრიოტიზმი სრულიად მისაღებია, ნებისმიერი ქვეყანა აკეთებს ამას. პირველი არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ერთი ეთნოსის სხვა ეთნოსებზე დომინირებას გულისხმობს. შესაბამისად, ჩემი აზრით, პირველი ტიპის ნაციონალიზმის ქადაგებას ადგილი არ ჰქონია. ხშირად ხაზგასმით ამბობდნენ ხოლმე, როცა ქართველებზეა ლაპარაკი, საქართველოს მოქალაქეები იგულისხმებიან და არა ეთნიკური, „სისხლით“ ქართველებიო. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. რაც შეეხება მილიტარიზმის ქადაგებას, უდავოდ, ეს პროცესი მიმდინარეობდა, იყო განცდა, რომ ყველანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები უნდა ვიყოთ. მე არ მგონია, რომ ეს მაინცდამაინც ხელს შეგვიწყობს კონფლიქტების მოგვარების საქმეებში.

არათუ მოგვარება, პირიქით, კონფლიქტების გამწვავება ხომ არ მოიტანა ამან? გავიხსენოთ თუნდაც კლიპი ფსოუს წყალი, სადაც შეიარაღებული არმია ქმნის განცდას, რომ ეს იარაღი აფხაზეთისკენაა მიმართული.

- ყველაზე ცუდი, რაც ამ კლიპზე შეიძლება ითქვას, ის არის, რომ იგი არ ვარგა ესთეტიკური კრიტერიუმებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჯარსა და მის პოპულარიზაციას, არმია, ზოგადად, მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ რამდენად უნდა იყოს დღეს ის საქართველოს პრიორიტეტი, ამაზე ფიქრია საჭირო.

საზოგადოება რამდენად აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავს იმისთვის, რაც მოხდა?

- ძალიან მეეჭვება აკისრებდეს. ქართული საზოგადოება არ არის რეფლექსიური და, შესაბამისად, საკუთარ პრობლემებს იშვიათად აანალიზებს ხოლმე. ძირითადად მარტივი გამოსავლების ძიებაშია და ცდილობს ბრალის გაპიროვნებას, ანუ ყველაფერი ვიღაც ადამიანის ბრალია და მორჩა. თავისთავად, ქვეყნის განვითარების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ძალიან კარგი იქნებოდა სერიოზული საზოგადოებრივი დებატები დაიწყებულიყო, მაგრამ მგონი ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

მაგრამ საზოგადოება ხომ მეტ-ნაკლებად ურთიერთგანსხვავებული ჯგუფებისგან შედგება, ერთი ნაწილი მაინც არ არის ამ დებატების მსურველი?

- ეს დებატები ძალიან მცირე ნაწილს სურს. კი, ალბათ ვიღაცა რაღაცას იტყვის, გამოქვეყნდება რამდენიმე კრიტიკული სტატია, მაგრამ საზოგადოებაზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

საზოგადოების ერთ ჯგუფს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ომის შემდგომ გამართული აქციების მიმართ. თქვენი აზრით, რა იყო რეალურად ამ აქციების მიზანი, რისი ჩვენება უნდოდა იქ მისულ ხალხს?

- მიტინგზე გამოსვლა იყო ერთიანობის დემონსტრირება გარე სამყაროსათვის. მათ, ვინც იქ მივიდა, თქვეს, რომ გარე საფრთხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა განსხვავებები. რა თქმა უნდა, ამას თან სდევდა კიჩური მომენტებიც, რომლებიც ყოველთვის ახლავს ხოლმე ამ ტიპის დემონსტრაციებს, მაგრამ ასეთ დროს ესთეტიკა სწორედაც რომ არაა გადამწყვეტი.

რაც შეეხება განსხვავებულ ჯგუფებს, იცით, არის მომენტები, როდესაც განსხვავებას აზრი ეკარგება. მაგალითად, აზრი არ ექნებოდა 12, 13, 14 აგვისტოს გამოსულიყო ადამიანი და ეთქვა, პასუხი აგოს საქართველოს ხელისუფლებამ. რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომლის ქვეყანაც ოკუპირებული იყო, მაგისტრალებზე მტრის ჯარი იდგა და მთავრობა ვერ აკონტროლებდა სიტუაციას?! ანუ იმის ვგულისხმობ, რომ ყველაფრის სათქმელად თავისი დრო არსებობს.

რასაკვირველია, ახლა დაიწყება კითხვების დასმა; მაგალითად, ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება ამას და ეს იქნება ძალიან მძაფრი კრიტიკა, დარწმუნებული ვარ.

რაც შეეხება იმის განცდას, იყო თუ არა ეს კონფლიქტი ქართული საზოგადოების ბრალი, მოდით, ასე ვთქვათ - თუ ეს ასე იყო, მაშინ ძალიან მცირე დოზით. ეს იყო იმ „ძალების“ კონფლიქტი, რომლებიც ქართული საზოგადოების გარეთ იმყოფებოდნენ. ამ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს ჩვენს თავში ვერ აღმოვაჩენთ, რამდენიც უნდა ვეძიოთ.

დღეს არსებობს ერთგვარი მოლოდინიც დასავლეთის მხარდაჭრისა და, მეორე მხრივ, უკმაყოფილებაც, რომ დასავლეთმა ყველაფერი არ გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად. ამის მიზეზი დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე პრეტენზიების არსებობაც ხომ არ არის, გარდა რუსეთზე ევროკავშირის ეკონომიკური დამოკიდებულებისა?

- დიდი ხნის განმავლობაში ევროპის რეაქცია ამ კონფლიქტებზე თვალის დახუჭვა იყო, რათა ზედმეტი პრობლემები არ გასჩენოდათ. შეიძლება ევროპაში ბევრი ფიქრობდა იმას, რომ, მოდი, ეს რეგიონი მართლაც მივანდოთ რუსეთს და ჩვენ მშვიდად ვიყოთ. მაგრამ რუსეთის ქმედებებმა იმდენად გადალახა ყველა საზღვარი, ასეთმა თავის მოტყუების ლოგიკამ ვეღარ გაჭრა. რუსეთს რომ ცოტათი თავი შეეკავებინა, დღეს ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში იქნებოდა, ვიდრე აღმოჩნდა. მან დაარღვია ყველანაირი კანონისა და მორალის ჩარჩოები, ამიტომ ევროპას ამაზე მკაცრად რეაგირება მოუწია. ეს დარღვევები რომ არა, ჩვენთვის ნაკლებად ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნებოდა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებას რაც შეეხება, ევროპაში ბევრს ალბათ აღიზიანებდა საქართველოს ასეთი ერთმნიშვნელოვანი ორიენტაცია ამერიკაზე. საქმე ისაა, რომ ამ კონფლიქტამდე ევროპასა და ამერიკას იმის შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინათ. ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი რაღაცებს შეცვლის. რასაკვირველია, იყო ტერორიზმი, იყო ირანის პრობლემა, მაგრამ კიდევ ერთი ძალა ჩნდება მსოფლიოში, რომელიც ერთნაირად მტრულადაა განწყობილი როგორც ევროპის, ისე ამერიკის მიმართ, საერთოდ, მთელი თავისუფალი სამყაროს მიმართ. შესაბამისად, აუცილებლად დაუახლოვდება ერთმანეთს ამერიკისა და ევროპის პოლიტიკა. გაღიზიანება, რომელიც ევროპელებს ჩვენდამი ჰქონდათ, როგორც, ასე ვთქვათ, სულსწრაფი, ამერიკის ასე თავგამოდებით მხარდამჭერი პატარა ნაციის მიმართ, ადგილს დაუთმობს ბევრად უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას.

მაგრამ პოლიტიკის გარდა ევროპას თავისი ღირებულებებიც აქვს. და დღეს, როცა ევროპულ სივრცეში ინტეგრირება გვინდა, მზად არის ჩვენი საზოგადოება ამ ღირებულებების მისაღებად?

- რომ გითხრათ, ბოლომდე მზადაა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მაგრამ ღირებულებებიც, პრინციპში, ცვალებადი რამაა, ანუ ბევრი რამ ახდენს ამ ღირებულებებზე გავლენას - ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარება, ის პოლიტიკური სისტემა და ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანას აქვს, გარემო, რომელშიც მას უხდება სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა... რუსეთისგან მომდინარე საფრთხე თუ დაიკლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოზე იმიტომ, რომ საფრთხის არსებობისას დემოკრატია მუდამ იზღუდება. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე შემცირდა, პოლიტიკური სისტემაც უფრო განვითარდება ჩვენში და ღირებულებათა სისტემაც უფრო დაუახლოვდება ევროპულს, მით უმეტეს, გაითვალისწინეთ, რომ ევროპაშიც ეს ღირებულებები სულ რამდენიმე ათეული წელია, რაც დამკვიდრდა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეული ტიპის სტაბილურ გარემოში ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა; შესაბამისად, მისი ათვისება სრულიად შესაძლებელია საქართველოსთვისაც.

0x01 graphic

გიორგი ლობჟანიძე
აღმოსავლეთმცოდნე

დღეს ყველაზე კარგი თავშესაფარი არაპროფესიონალებისთვის არის პოლიტიკა, ვისაც კი რამე აზრი გაუჩნდება მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების თაობაზე, ფიქრობს, რომ შეუძლია პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული როლი ითამაშოს.

- ამიტომაც, მე თვითონ არანაირი სურვილი პოლიტიკაზე საუბრის არა მაქვს, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციაა, როცა პოლიტიკა თვითონ არ განებებს თავს და მოქალაქეობრივი პოზიცია მაინც უნდა გამოხატო იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს თავზე დაგემხო ქვეყანა, რომ წასასვლელი არსად გაქვს. გამოგვეცალა ხელიდან სახელმწიფო, დავკარგეთ ის, რაც უნდა შეგვენარჩუნებინა, რისი გარანტიც სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.

ამ გარანტიების ვერშესრულების მიზეზი სად უნდა ვეძებოთ?

- იცით, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ომის იდეა თვითონ საზოგადოებაში არსებობდა და ახლა რატომღაც მთელი საზოგადოება ცდილობს ერთ კაცს გადააბრალოს თავისი წარმატებაც და წარუმატებლობაც. როცა ომის იდეა საზოგადოებაში მომწიფებულა, იდეის აქტუალიზებას წინ ბევრი არაფერი უდგას. ამას სჭირდება მასობრივი ინფორმაციის უსირცხვილო საშუალებები, რომლებიც ამ აზრს ხალხს თავში ჩაუტენიან. თავისთავად ხომ არ გაჩნდებოდა ხალხში იდეა! რა თქმა უნდა, მეორე მხარესაც, რუსეთს ვგულისხმობ, ასეთი ვითარებაა, აბსოლუტურად არაჯანსაღი. ეს ომი საზოგადოებამ შეამზადა და პუტინი და მედვედევი იყვნენ, უბრალოდ, საზოგადოებრივი ნების აღმსრულებლები. რომ დაფიქრდნენ ამ ანტიქართულ ისტერიაზე, მიხვდებიან: ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა და თვითონ რუსულ საზოგადოებას დაანგრევს, ისევე, როგორც ნებისმიერი სიძულვილი ნებისმიერ საზოგადოებას დაანგრევს. თუ ოსების მიმართ პიროვნული სიძულვილი გამიჩნდა, მე თვითონ დამანგრევს ეს სიძულვილი.

თქვენი აზრთ, რა დამოკიდებულება იყო ჩვენს საზოგადოებაში ცხინვალში მცხოვრები ოსების მიმართ. ომის შემდეგ პრობლემამ ქართულ-რუსულ სიბრტყეზე გადაინაცვლა და ამან თითქოს დაჩრდილა ქართულ-ოსური ურთიერთობანი.

- სამწუხარო ისაა, რომ რატომღაც, აფხაზებსა და ოსებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებად არ განვიხილავთ ხოლმე. ახლაც, გამოცხადდა შედეგები, რამდენი კაცი დაიღუპა ცხინვალში, და საუბარი იყო დაღუპულ ქართველთა რაოდენობაზე. არავის მოუვიდა აზრად გამოაცხადოს, რომ იქ ჩვენი გაცილებით მეტი თანამოქალაქე დაიღუპა. ეს ნიშნავს, რომ იქ გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე ქართველიც და ოსიც. და შენ თუ სახელმწიფო ხარ, ისინი არ უნდა გამიჯნო ერთმანეთისგან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ჩვენც ბევრი რამ შეგვეშალა. თუმცა, ცხადია, მათაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ, მათაც მოეთხოვებათ საკმარისი შეგრძნება სახელმწიფოებრიობისა, მაგრამ სეპარარისტებს ამას ვერ მოვთხოვთ. ხალხს რაც შეეხება, ხალხებს შორის შეუძლებელია ასეთი მუდმივი კონფლიქტი არსებობდეს. ხალხი თვითონ გამონახავს საერთო ენას, თუ ვინმემ თავს არ მოახვია ურაპატრიოტული ლოზუნგები. კონფლიქტის ზონაში არანაირი პრობლემა არ იყო ხალხთა შორის.

მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებაში იყო ომის იდეა. სამშვიდობო ხაზით კონკრეტულად რა კეთდებოდა, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ამ ინტერვიუს ვწერთ „კავკასიური სახლში“, რომლის იდეაც არის კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული სივრცე, შესაბამისად, ეს სამშვიდობო ორგანიზაციაა. ჩვენ გვქონდა სამშვიდობო გეგმებიც, როგორ შეიძლებოდა მივსულიყავით ოსებთან და როგორ შეიძლებოდა გვეცხოვრა ერთ სივრცეში ისე, რომ ყველას აზრი ყოფილიყო გათვალისწინებული. მაგრამ ჩვენი მოსაზრება არავინ გაითვალისწინა, ვინაიდან, როგორც ვთქვი, საზოგადოებაშივე ჭარბობდა ომის რიტორიკა. რეგულარულად ჩადიოდნენ კავკასიური სახლიდან აფხაზეთშიც, ცხინვალშიც და არავითარი პრობლემა შესვლაზე არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო რთული დიალოგები, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა და ომის გარდაუვალობა არ იგრძნობოდა.

იცით, როცა ასე აქტიურად წარმოებდა ომის პროპაგანდა ტელევიზიით, ვრცელდებოდა ამდენი კლიპი ჯარის გაძლიერების თაობაზე, ამ დროს სრულიად დავიწყებული იყო საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, ინტელიგენცია, მეცნიერები, ბინას აძლევდნენ მხოლოდ სამხედროებს. ეს პრივილეგიად ითვლებოდა. ასეთივე კლიპებით წაეხალისებინათ მეცნიერება, ხელოვნება, ის დარგები, რომლებიც რეალურად გაგვაჩნდა, და იქნებ ქვეყანა თავზე არ ჩამოგვმხობოდა!

ეს ყველაფერი არის ძალიან საშიში. მაგალითად პატრიოტიზმის თემით მანიპულირება ძალიან ადვილია იმიტომ, რომ ყველა ჯანსაღ ადამიანში დევს იმ ადგილის სიყვარული, სადაც დაიბადა. სამწუხაროდ, ჩვენ საბჭოთა კავშირისგან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. ამან დაგვიტოვა, ზოგადად, პატრიოტიზმით არაჯანსაღი გატაცება. ეს პატრიოტიზმი სუფევდა სუფრებზე, ისეთი ტიპის ლექსებში, რასაც პოეზიას ნამდვილად ვერ დავარქმევთ: „ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო“ და ა.შ. ეს იყო სრული ისტერია. რეალურად ჩემთვის პატრიოტიზმი პირველ ყოვლისა არის პროფესიონალიზმის გაღრმავება. ჩემი პატრიოტიზმი არის ჩემი პროფესიონალიზმი, რითაც შემიძლია სარგებელი მოვუტანო ქვეყანას.

რამდენიმე წლის წინ თქვენ ირანში ცხოვრობდით, აღმოსავლურ ქვეყანაში. იქაური საზოგადოებისთვის დამახასიათებელ რა თვისებებს გამოყოფდით, რაც, თქვენი აზრით, შეიძლება აკლია ქართულ საზოგადოებას?

- ნებისმიერ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეჟიმი. ირანსაც აქვს თავისი რეგლამენტაცია. მაგრამ ირანი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია საქართველოსთან შედარებით იმიტომ, რომ გაცილებით დიდი ქვეყანაა, დიდი რესურსები აქვს. მაგრამ მე მინდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება: ირანში ბევრად მეტია ახალგაზრდების ხვედრითი წილი. საქართველო ამ მხრივ მოხუცი ქვეყანაა, ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, რაც ყველაზე ტრაგიკულია. ჯერ იყო ის გაუმართლებელი აფხაზეთის ომი, სადაც ჩაწვა ჩემი თაობის უმრავლესობა, გენეტიკური სილაღის მატარებელი ახალგაზრდობა; წამოიზარდა ახალი თაობა და მეორე ომმაც მოგვისწრო.

ირანში არის ძალიან ცოცხალი საზოგადოება, რომელიც არასოდეს დაუშვებს ისეთ მანიპულაციებს საკუთარი ერის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში.

თქვენი აზრით, როგორი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისადმი და რა გავლენა ჰქონდა ამ დამოკიდებულებას საზოგადოებაზე?

- იცით რა, საკითხი თავიდანვე ასე იყო დასმული: მართლმადიდებელი რუსეთი ებრძვის მართლმადიდებელ საქართველოს. პატრიარქმა ისიც თქვა, რომ ასეთი რამ პირველად ხდებაო. არათუ პირველად არ ხდება, არამედ ის, რაც მართლმადიდებელმა რუსეთმა გაუკეთა საქართველოს, მუსლიმურ ქვეყნებსაც არ გაუკეთებიათ, რადგან ისინი ეკლესიებს არ ეხებოდნენ, ხოლო ის, რასაც მათზე ჩვენი ისტორიკოსები წერენ - თითქოს ხატები გამოჰქონდათ და ფეხებით დგებოდნენ მათზე, ეს ზღაპარია. რეალობა ისაა, რომ მუსლიმი არასოდეს დაგინგრევს ეკლესიებს, რუსმა კი ფრესკები ჩამოგიფხიკა.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ სიმართლეს არავინ გვეუბნება, არც წარსულზე და არც იმაზე, რა ხდება დღეს. არადა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სწორად შეაფასო შენი დამოკიდებულება. ბოლოს და ბოლოს ეს ომი იმიტომ მოხდა, რომ ხალხს დააჯერეს, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც არანაირი ომის აღარ უნდა ეშინოდესო.

ახლა რას უპირებენ ამდენ ბავშვს, რომლებსაც ნათლად დაანახეს, რომ რუსეთი შეიძლება ნახევარ საათში თბილისში გაჩნდეს თავისი გამანადგურებლებით და ამაზე პასუხს არავინ აგებდეს?

რას იტყვით დასავლეთისგან დახმარების მოლოდინზე, როგორი შეიძლება იყოს რეალურად ამ დახმარების შედეგი?

- დასავლეთის დახმარებას, საერთოდ, იმ შემთხვევაში იქნება აზრი, თუ ჯერ ქართველები გაიაზრებენ მომხდარს. ამის იმედს, სხვათაშორის, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაძლევს ისევ ჩვენი მთავრობა, მისი კონსოლიდირებული მოქმედება ომის პერიოდში, რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ იმ მომენტში ისე იმუშავა, როგორც შეეძლო, დიპლომატიურ სარბიელზე მაინც. მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ისევ გაგრძელდება ომის რიტორიკა.

გამოეცხადებინათ მორატორიუმი ამ ზონებზე და ეთქვათ, რომ არ ვაპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას უახლოესი 10 წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, განევითარებინათ ეკონომიკა, მეცნიერება, კულტურა, ტექნიკა, ბიზნესი ის კომპონენტები, რასაც სახელმწიფო უნდა დაეყრდნოს. და ამ პერიოდის განმავლობაში იქნებ თვითონ გასჩენოდათ იმ რეგიონებს ჩვენთან დაბრუნების სურვილი.

მაგრამ ამ პროგრამით მოსვლა ხელისუფლებაში რამდენად იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მთელი საზოგადოების უპირველესი პრიორიტეტი და მოთხოვნა ამ ტერიტორიების დაბრუნება იყო?

- აი ეს არის ზუსტად საკითხავი! ვინ მოვიდა ხელისუფლებაში და რითი მოვიდა. როცა მოდიხარ და ამბობ, რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს, უკვე წინასწარ იცი, რომ ამ დაპირებას ვერ შეასრულებ.

გარდა ამისა, მარტო ტერიტორია ხომ არ არის? რუსების მიმართაც იგივე შეკითხვა გაჩნდება, ძალიან მწვავე შეკითხვა! ეს ის ტერიტორიაა, სადაც ხალხი ცხოვრობს, და გინდა ომით დაიბრუნო ეს ადგილი? მე პირადად არ მინდა. ჩვენ ხომ ერთად უნდა ვიცხოვროთ.

ზემოთ პატრიოტული ლექსები ახსენეთ, დღეს რამდენად ერევა ლიტერატურა ცხოვრებაში და რამდენად აისახება ლიტერატურაში საზოგადოებრივი მდგომარეობა?

- ლიტერატურა არ არის სწორხაზოვანი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი თაობის მწერლებში უფრო ნიჰილიზმი ჭარბობდა, რადგან ჩვენ რეალურად დავინახეთ რას წარმოვადგენდით.

ერთ დროს, ზვიადის საქართველოში, ყველაზე პოპულარული პოეტი იყო თინათინ მღვდლიაშვილი, რომელსაც ჰქონდა ასეთი სტრიქონები: „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“... „გული გაიმაგრე დავით“. სრული მარაზმი. სხვათა შორის, აღმაშენებელი ძალიან კარგად იყო ინტეგრირებული თავისი დროის მსოფლიოსთან და არასოდეს ყოფილა ისეთი პათეტიკური, როგორადაც შემდეგ წარმოადგინეს.

დღეს ძალიან კარგი პოეტები და პროზაიკოსები გვყავს, მაგრამ ისინი ძალიან იშვიათად ჩანან. არიან ტელეეკრანის პოეტებიც, ვისაც საზოგადოება უსმენს, უფრო სწორად, ვისაც აქვს საშუალება საზოგადოება აიძულოს, რომ მას უსმინონ. მათ ჩაანაცვლეს საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა. ეს უფრო საშინელებაა, იმიტომ, რომ მაშინ გაცილებით ადვილი იყო გარჩევა, ვინ სად იდგა. ახლა კი ეს ნომენკლატურული მწერლობა საღდება ხალხის აზრად, მის მოთხოვნად; ინერგება აზრი, თითქოს საზოგადოება ითხოვს მაინც და მაინც ამა და ამ პოეტს. სინამდვილეში ეს არის გარკვეული წრეების, თუნდაც იმავე სახელისუფლო წრეების, დაკვეთა: მათი სურვილია, რომ ეს ადამიანები ჩანდნენ ეკრანზე.

დღეს რა არის ის მთავარი ღირებულებები, რისი აღიარება, მიღება, ათვისება სჭირდება საზოგადოებას დასავლეთთან ინტეგრირებისთვის?

- მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხდება ღირებულებების აცდენა თვითონ საზოგადოებაში. არსებობს ფუნდამენტური ღირებულებები დასავლური სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელსაც ქართული საზოგადოება არ იზიარებს, თუმცა თან გვინდა რომ ულტრაეროვნულები ვიყოთ. იყავი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ ნურავის გამოეკიდები სხვა სარწმუნოების გამო. ეს ხომ მარტივია. როცა ვამბობ, რომ საზოგადოება უნდა ეცადოს აითვისოს დასავლური ღირებულებები, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვას საკუთარზე. პირიქით, უნდა გააღრმაოს საკუთარი და აითვისოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები - და არა მხოლოდ დასავლური.

0x01 graphic

ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ძირითადად ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობთ, ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს არა აქვს ოსებთან მოლაპარაკების შანსი. თქვენი აზრით, ოსები ბრალს მხოლოდ სააკაშვილს სდებენ?

- უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ლაპარაკი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებზე და არა „სხვა ოსებზე“. საქართველოს მოქალაქეებზე. მიუხედავად იმისა, თვითონ რომელი პასპორტი ჩაიდეს ჯიბეში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვცადოთ მათთან მოლაპარაკება.

მაგრამ ისინი უარყოფითად განწყობილნი მხოლოდ მთავრობის მიმართ არიან? ზოგადად ქართულ საზოგადოებაზე ხომ არ ვრცელდება ეს დამოკიდებულება?

- საზოგადოების მიმართ რაც გაურკვევლობა და პრეტენზიებია, ეს ყველაფერი განელდება მაშინ, როცა გამოიკვეთება დამნაშავეები, ვისთანაც ლაპარაკი შეუძლებელია. და მერე, როცა საზოგადოება საზოგადოებას ელაპარაკება, ბუნებრივია იქ ხალხი გამორჩეულია, ვიღაცას ელაპარაკები, ვიღაცას - არა.

ფაქტი ასეთია, ის ადამიანები, რომლებიც მეტად არიან დამნაშავეები რაღაც საქმეში, ნაკლებად ფლობენ შანსებს. სააკაშვილს ნამდვილად არ დაელაპარაკება არცერთი ოსი არასოდეს. მაგრამ ვიღაცას, ვისაც ომი არ მიაჩნია მართებულად და ლაპარაკი ურჩევნია, მეტი შანსი ექნება. მაგალითად, არძინბას არ ჰქონდა ჩვენთან ლაპარაკის შანსი, ისევე, როგორც შევარდნაძეს - აფხაზებთან. სააკაშვილს ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა ამით. ის, ვინც საომარ მოქმედებებშია ჩართული, ნაკლებად ივარგებს შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

ახლა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება ამ ომისთვის ემზადებოდა დიდი ხნის განმავლობაში. მაინტერესებს, თუკი ასეთი ცხადი იყო მთავრობის გეგმები, რამდენად ქმედითი იყო ოპოზიცია იმ პერიოდში?

- ოპოზიცია ნამდვილად ქმედითი იყო, ჩვენ ვთავაზობდით მშვიდობიანი განვითარების გზას. ჩვენ ვამბობდით, ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც არ იომებს. საზოგადოებაში რომ სხვა იდეა იყო პოპულარული, ეს ოპოზიციის ბრალი არ არის. საქართველოში პოპულარული იყო ომის იდეა.

და რა იყო ამის მიზეზი?

- მიზეზი არის ის, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ოსებთან ომია საჭირო და არა ლაპარაკი. ჩვენ ვამბობდით, რომ პრობლემა ომით ვერ გადაწყდება, და სხვათაშორის ეს იმასაც ნიშნავს, რომ ახლა ოსებმაც უნდა იცოდნენ: იმას, რაც მათ ახლა ომით მოიპოვეს, ვერ შეინარჩუნებენ. ამ ომში გაირკვა, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ გვქონდა, შესაბამისად დამარცხდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ იდეას მხარს უჭერდა.

საქართველოში ახლა გაჩნდებიან რევანშისტებიც, ესენი იქნებიან ძალიან ცოტანი, ხოლო მშვიდობის მსურველნი იქნებიან მეტნი. ასე ხდება ხოლმე. როცა გერმანიამ წააგო ომი, იქაც იყვნენ რევანშისტები, ოღონდ 0,1 პროცენტი. და იყვნენ ქვეყნის აშენების მსურველნი, რომლებმაც მოინანიეს ეს ომი. მე არავის არავის ვადარებ, მაგრამ საქართველომ დასკვნები უნდა გამოიტანოს იქიდან, რაც მოხდა. მე არ ვაკრიტიკებ მარტო სააკაშვილს და მთავრობას, მე ვაკრიტიკებ სააკაშვილის ამომრჩეველსაც. ჩვენი ბავშვების სიცოცხლის შეწყვეტაში დამნაშავე მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არ არის, არამედ ყველა, ვინც იცოდა, რომ ის ომს აპირებდა, ვისაც მოსწონდა ომის იდეა, ვისაც ეგონა, რომ რეზერვისტებით ომს მოვიგებდით, ვინც იმდენად ბრიყვი იყო, რომ 14 წლის ბავშვს პატრიოტს არქმევდა. პატრიოტიზმი არის არჩევანი. არჩევანს აკეთებს გონიერი ადამიანი, როდესაც მას აქვს არჩევანის უნარი და ცოდნა. საერთოდ, პატრიოტიზმით სიამაყე არის ავადმყოფობა. არ შეიძლება ამაყობდე იმით, დედა გიყვარს. სამშობლოსა და დედის სიყვარული არის ვალდებულება და არ შეიძლება ამის პროფესიონალიზაცია და დროშასავით ქნევა.

როგორ ფიქრობთ, ომის დასრულების შემდე, საზოგადოებამ ჯეროვნად გაიაზრა თუ არა ამ ომის შედეგები?

- არა, საზოგადოების ნაწილს, უბრალოდ, ჰგონია, რომ დამარცხება არის გამარჯვება. ეს არის ჩვეულებრივ, პოსტტრავმატული გრძნობა, როდესაც არ გინდა დაიჯერო, რომ დამარცხდი.

ანუ ომის შემდგომი აქციები ამ მდგომარეობას უკავშირდება?

- გარკვეულწილად კი, მაგრამ აქციებზე რომ მდედრობითი სქესი ჭარბობს, ესეც რაღაცის პასუხია. მდედრები უფრო დიდხანს არიან მითოლოგიის ტყვეობაში, კაცები უფრო რეალისტები არიან, უნდა მოგახსენოთ. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მითოლოგიაში არიან სულ, თუმცა ამაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, პოლიტიკას ისინი არ წარმართავენ.

დღეს რუსეთის მხარეს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრზე საუბრობენ როგორც ომის ძირითად ინიციატორებზე. რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მისი საზოგადოება, როგორ იყო განწყობილი?

- ჯერ ერთი, უნდა ვთქვა, რომ თუ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მაინცდამაინც ოსეთში ომისთვის ემზადებოდა. მას უბრალოდ სადღაც სჭირდებოდა გამარჯვება. ეს შეიძლება ყოფილიყო ინგუშეთი ან უკრაინა, ან სხვა ადგილი.

მაგრამ მას განსაკუთრებული ინტერები არ ჰქონდა სამხრეთით?

- რატომ? თქვენ გგონიათ, რომ მას არა აქვს ინტერესი ინგუშეთში? ჩეჩნეთში არ დახოცა ხალხი? რუსეთს უნდოდა წარმატებული ომი. მოგება. რუსეთი ასეთი საზოგადოებაა, სხვათა შორის ჰგავს ქართულ საზოგადოებას, ჩვენც ხომ გვინდოდა ომი? მაგრამ რუსეთმა ეს მოგება მიიღო. 5000 რუსით 2 ქართველს მოგვიგეს. უბრალოდ ახლა ის ქართველები, რომლებმაც რუსეთის ეს მოგება ვერ აღკვეთეს, იმაზე აღარ უნდა ფიქრობდნენ, როგორ გააძლიერონ არმია და შეიარაღება. რუსეთს ვერანაირი არმიით საქართველო ვერ მოუგებს. ამიტომ მივისწრაფით ნატოსკენ. მხოლოდ ნატოს შეუძლია დაიცვას თავი რუსეთისგან. მაგრამ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ხელისუფლებას შევცვლით. ამიტომ, თუ დაგვისვამენ საკითხს: ნატო თუ სააკაშვილი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ ნატოს.

თქვენ ფიქრობთ, რომ საკითხს ასე დაგვისვამენ? როცა რუსეთმა მოითხოვა ჩვენი ხელისუფლების გადაყენება, ამერიკამ განაცხადა, რომ ეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება იყო.

- და ეს პასუხი სასაცილო არ იყო? მე გამეცინა. თუმცა მთავრობას, რა თქმა უნდა, რუსეთის მოთხოვნით არ გადავაყენებთ. ეს ჩვენი, ქართველი ხალხის, გადასაწყვეტია.

და რა პოზიცია აქვს ევროპას ამ დროს?

- უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირიდან ადამიანთა ის ჯგუფი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო ამ ომში. ჩვენ ამერიკამ კი არა, ევროკავშირმა გაგვიჩერა რუსი აგრესორი. უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტი სარკოზი ჩამოვიდა და მიაღწია ექვსპუნქტიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს დღევანდელ მთავრობას, ხოლო ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. არის განსხვავება, არა?

თუმცა ჩვენ გვჭირდება ნატოც და ევროკავშირიც. რადგან ევროკავშირი ნიშნავს სტანდარტებს. ეს კი ნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს დღევანდელ პარლამენტზე.

რაც შეეხება ნატოს, ნატო არ ნიშნავს მრავალმილიონიან არმიას, ნატო ნიშნავს იმდენს, რამდენსაც ნატო იტყვის.

მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დასავლეთი, მაგრამ თუ გინდა დასავლეთი, მაშინ ქვეყანაში გჭირდება დემოკრატია, რაც საქართველოში არ არის. ავიღოთ ტელევიზია. საქართველოს მასშტაბით ახლა 3 ძირითადი არხი მაუწყებლობს. „რუსთავი-2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „იმედი“. ამ არხებზე ბოლო დღეებში საერთოდ არ არის განსხვავებული აზრი, იქ ფიზიკურად არ არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი გაშვება არ შეიძლება. არც ლტოლვილები არიან - მათ თურმე არ უჭირთ, ძალიან კარგია თურმე სექტემბერში კარავში ცხოვრება, ამას გვიმტკიცებენ დღეს ეს ტელევიზიები. და რაც მთავარია, არსებობენ ექსპერტები, ოღონდ არა ის ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. გამოდის უცნობი ტიპი და ამბობს ექსპერტი ვარო. ანუ საზოგადოების ნდობა ფეხებზე ჰკიდიათ. ესაა მათი დავალება. დემოკრატიის დროს, როცა პრობლემაა, ყველა ლაპარაკობს. წაგებულ ომს ანალიზი არ სჭირდება?

თქვენი აზრით, საზოგადოება მოითხოვს ანალიზს?

- თუ საზოგადოებაში ის ხალხი იგულისხმება, ვინც ახლა გამოყრილია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რა თქმა უნდა, ისინი მოითხოვენ პასუხს. დანარჩენი ქართველების აზრი აქ არაფერს არ ნიშნავს. დანარჩენი ქართველების აზრი არაა მნიშვნელოვანი.

ფიქრობთ, რომ დანარჩენებს არ აწუხებთ ეს პრობლემა?

- კი, რა თქმა უნდა, აწუხებთ, მაგრამ დანარჩენი ქართველები არ გადაწყვეტენ რამეს და რეფერენდუმზე არ გავა ეს საკითხი. პასუხს ლტოლვილები მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილიც ეძებს ახლა ამ პასუხებს. ის მოიფიქრებს და იტყვის, რომ არსებობს მეხუთე კოლონა, ანუ რუსების აგენტები, და ფიქრობს, რომ დაიჭერს ხალხს.

და რა იქნება მთავარი კითხვა?

- მთავარი კითხვა იქნება: როდესაც არ წყდება კონფლიქტი ომის გზით, შენ რატომ თქვი უარი მშვიდობიან მოლაპარაკებებზე; თუ ცნობილია, რომ რუსეთს უნდა ეომო და წააგო, რატომ იწყებ და რატომ არქმევ ამას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? ესე იგი, რაღაცა იმედები ჰქონდა და მოტყუვდა.

თქვენი აზრით, ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ საკუთარი შესაძლებლობებით მოუგებდა რუსეთს?

- ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა ამ კონფლიქტში ჩარევას, რატომ ჰქონდა ეს იმედი, მთავრობას უნდა ჰკითხოთ.

შეცდნენ. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისითაც ბევრი შეცდომაა დაშვებული. ამას ანალიზი სჭირდება, ხოლო დამნაშავეებს - დასჯა. ტერიტორიის მთლიანობის აღდენის მაგივრად ახალი დაკარგული ტერიტორიები მივიღეთ. ანუ შედეგი არის... ამბობენ, შედეგი არის ის, რომ მთელი მსოფლიო გვერდით დაგვიდგაო. ეს არის მსოფლიოს შედეგი და ყოჩაღ მსოფლიოს, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? რუსეთი არის აგრესიული და მსოფლიო გიცავს. ეს მსოფლიოს დამსახურებაა და არა საქართველოსი.

ტყუილია და სასაცილოა ის, რომ პოლიტიკური პარტია ბანაკებით შეაშინებს და თავს მოაწონებს მსოფლიოს. რად უნდოდათ ეს პატრიოტთა ბანაკები? უნდა ვაღიაროთ, რომ ფული გადავყარეთ ამაში. ეს იგივე იყო, რაც რუსეთში „ნაშისტები“ არიან. Наши - რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერი ახალგაზრდული მოძრაობაა. ასეთი რამ იყო გერმანიაშიც - ჰიტლერის დროს და ერქვა Hitlerjugend. ჩვენ რაში გვჭირდებოდა? პატრიოტთა ბანაკები იყო შეცდომა, რეზერვისტების მომზადებაში დაშვებული იყო შეცდომები. რეზერვისტებმა ვერაფერი ვერ ისწავლეს და ომში ისინი არ გამოდგნენ.

თვითონ რეზერვისტების ინსტიტუტი რამდენად გამართლებულია თქვენთვის?

- რა თქმა უნდა, გაუმართლებელია. არმია უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალებით. პროფესიული არმია, არა გაწვევითი, ნიშნავს, რომ ფიზიკურად კარგად მომზადებული ინტელექტუალი უნდა იყოს არმიაში, უნდა ჰქონდეს კარგი ხელფასი. რეზერვისტების მე არ მჯერა, ნატოს სტანდარტებში რეზერვისტები არ არის.

რამდენადაც თქვენ აუცილებელ პირობად მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა, თუკი ეს მოხდა, რა უნდა იყოს ის პირველი გონივრული ნაბიჯები, რაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას?

- თავდაპირველად მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ კონფლიქტების მოგვარების დროს არ გამოვიყენებთ ძალას, იქნება კონფლიქტურ რეგიონებში თუ დანარჩენ საქართველოში. ანუ ის, რაც 7 ნოემბერს ჩავიდინეთ თბილისში, არ უნდა ჩავიდინოთ აგვისტოში ცხინვალში. იქაც და იქაც ჩვენი მოსახლეობაა. უნდა შეწყდეს საქართველოს ზემილიტარიზაცია და ამაზე დაიხარჯოს მხოლოდ იმდენი რესურსი, რაც საკმარისია ნატოს სტანდარტებისთვის.

8 „ამბავისტის“ ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


მედია

მალხაზ ხარბედია

19-ე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ტფილისში პრესა გაჩნდებოდა და ცნობისმოყვარე მოსახლეობა „გაზეთში ჩაგდებული“ ამბებით დაიწყებდა საზრდოობას, ქალაქში ინფორმაციის მთავარ მატარებლებად და გადამცემებად ე.წ. „რაამბავისტები“ არსებობდნენ. მაქსიმე ბერძნიშვილმა თავის ერთ კარგ წიგნში კარგი აბზაცები მიუძღვნა ამ ინსტიტუტს, „სალაყბოს“, ანუ „ამბავისტებს“, რომლებიც მაშინ ბატონის მოედანზე იყრიდნენ თავს (ბატონის მოედანს 1828 წელს გუბერნატორის მოედანი დაერქვა, მოგვიანებით ეგზარქოსისა, დღეს კი ერეკლეს მოედანი ჰქვია) და ქალაქის მოსახლეობას საინფორმაციო წყურვილს უკლავდნენ. ამბავისტებისკენ აპარებდნენ ყურს ჯერ კიდევ 1800 წელს გენერალი ლაზარევი და საქართველოს მომავალი მთავარმართებელი კნორინგი, ამავე მოედანზე შეხვდა ქართული საზოგადოება ქვეყნის ანექსიასაც, ერთი წლის შემდეგ, აქვე გაირჩეოდა 1812 წლის კახეთის აჯანყების დეტალები და 1832 წლის ცნობილი შეთქმულების ცინცხალ ამბებსაც აქ შეიტყობდნენ ტფილისელები.

0x01 graphic

200-ზე მეტი წლის შემდეგ, საქართველოს მორიგი ოკუპაციისას, სამწუხაროდ ზუსტად იგივე სიტუაცია დავინახეთ ჩვენს დედაქალაქში. საომარი მოქმედებებიდან 2-3 დღის შემდეგ, როცა მოსახლეობა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოფიციალური ტელევიზიებიდან ვერაფერს ახალს ვერ გაიგებდნენ, როცა სახელდახელოდ შექმნილი „საინფორმაციო ცენტრის“ ტრიბუნიდან საკმაოდ უცნაური განცხადებები გააკეთეს ენადაბმულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, თავად „საინფორმაციო ცენტრმა“ კი წესად შემოიღო ღამის 10-11 საათზე დამშვიდობება, ხალხმა პარლამენტის წინ (სხვა მოედნებზეც) შეკრება დაიწყო და თავისი ძალებით სცადა ინფორმაციის მოპოვება (არადა მაშინ საკმაოდ რთული იყო ადგილის პოვნა ამგვარი შეკრებებისთვის, იმიტომ, რომ მთელი ქალაქი ხელისუფლების თხოვნით მოწყობილი აქციების ტალღაში იყო გახვეული).

ამ დროისთვის, როცა პირველი „ამბავისტური“ მიდრეკილებები გამოჩნდა საზოგადოებაში, ზოგიერთ ინტერნეტ-ფორუმზეც კი უკვე ძალიან იყო შეზღუდული ფორუმელთა უფლებები, ზოგიერთი კი, საერთოდაც, დახურეს. გამორთეს მთელი რუნეტი (რუსული ტელეარხები კონფლიქტის პირველივე საათებში გათიშეს) და ყველაზე მრავალმომხმარებლიან ქართულ ელექტრონულ გამოცემებში გამოჩნდა გაფილტრული ინფორმაციები.

ყველაფერ ამის გამო, „ამბავისტების“ ინსტიტუტი მთელი თავისი სისავსით აღდგა (ძალიან გთხოვთ, რიგით თბილისურ ჭორებთან ნუ გავაიგივებთ „ამბავისტების ღვაწლს“, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება საკმაოდ ბუნდოვანი ეჩვენოს მათ შორის ზღვარი) და გარკვეული დროის მანძილზე ასეულობით ადამიანი მისი ამბებით იკვებებოდა. რამდენჯერმე მყავს ეს ხალხი ნანახი პარლამენტის წინ, სადაც ერთად იყრიდნენ ხოლმე თავს თბილისელები, რამდენიმე სამხედრო, დევნილები - რომლებიც სულ რაღაც ორი დღის წინ მოსწყვიტეს მშობლიურ მიწას - ჰოდა იდგნენ და ამბებს ჰყვებოდნენ. „ამბავისტური“ თავყრილობები ეწყობოდა მცირემომხმარებლიან ინტერნეტ ფორუმებზეც, ხოლო „დიდ ქართულ“ ფორუმებზე „ამბავისტურ“ აზრთა გაცვლა-გამოცვლას შსს-ს ვოლონტერები აკონტროლებდნენ, მიდიოდა წაშლისა და რედაქტირების ურთულესი პროცესი, ზოგი გაფრთხილებასაც კი იღებდა, ხშირი იყო ე.წ. „ბანის“ შემთხვევებიც. თუმცა ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ რედაქტირებით გადაღლილი აქტივისტები იძინებდნენ და გვიან ღამით ბურთი და მოედანი „ამბავისტებს“ რჩებოდათ. მახსენდება 11 აგვისტოს ღამის 4-5 საათი, როცა თბილისში რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს. რა თქმა უნდა, ეგრევე ტელევიზორი ჩავრთე. ტელევიზორში შსს შიშინებდა. გამახსენდა, რომ „საინფორმაციო ცენტრი“ იმ საღამოსაც 10 საათზე დაგვემშვიდობა, ასე რომ, ჩვენი არხებიდან ვერაფერს შევიტყობდი. ჰოდა ავდექი და ერთ-ერთ დიდ ქართულ ფორუმს მივაკითხე. იქ უკვე გაეხსნათ 3 წუთის წინ მომხდარზე თემა, „მიმდინარეობდა კვლევა-ძიება“... მოკლედ, დაახლოებით 10 წუთში ფორუმელებმა ზუსტად დაადგინეს ბომბების ჩამოყრის ადგილი, ერთმა მაღალსართულიანი კორპუსის მცხოვრებმა კი ფაქტის ამსახველი ფოტოებიც კი „დაყარა“ ფორუმზე.

მეორე დღეს ის ფორუმი დახურეს.

ალღოთი გამორჩეული

სულ სხვა ცხოვრება დაიწყო 11-12 აგვისტოდან, ამ დროს უკვე ვგრძნობდი ჩემს თავში რაღაც ცვლილებებს, „ერთ მშვენიერ დღეს კი, ამ წერილის ავტორმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ საშინელ მწერად გადაქცეულიყო“. მოკლედ, მოხდა წარმოუდგენელი მეტამორფოზა და მეც „ამბავისტი“ გავხდი, მაიძულეს. ეს ის დღეები იყო, როცა უკვე პირველი აზრიანი გამოხმაურებები გამოჩნდა უცხოურ პრესაში და მეც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მივეჯაჭვე ინტერნეტს.

ამ სტატიების მხოლოდ სათაურებისთვის რომ გადაგვევლო თვალი, საკმარისი იქნებოდა, რათა ჟარგონით კარგად გაჯერებული ჩახლართული სიუჟეტი მიგვეღო ეფექტური დასაწყისითა და ბუნდოვანი გაგრძელებით. ამ სათაურებს მიღმა ცნობილი და უცნობი ავტორები, მწერლები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები და ზოგჯერ, უბრალოდ ხუმარა ხალხიც კი გამოერეოდა ხოლმე. გლობალურ ქსელში, უფრო კონკრეტულად კი დასავლური გამოცემების ვებგვერდებზე იმდენი ნაწერი დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში მომხდარისადმი მიძღვნილი, რომ გარკვეული „ალღოს“ გარეშე შეუძლებელი გახდებოდა მასთან გამკლავება. ეს „ალღოც“ ამ სტატიების კითხვისას გამომუშავდა, მისი წყალობით უკვე ლამის გრაფიკული გარეგნობით შემეძლო სტატიის შინაარსისა და პათოსის ამოცნობა, რომ არაფერი ვთქვათ ავტორის გვარზე და გაზეთის დასახელებაზე. ამ „ალღოს“ ანატომიის აღწერა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ ჯობს მისივე წყალობით გამოფილტრულ თემატურ ბლოკებს გადავხედოთ, რომელიც ამ ზღვა მასალიდან გამოირჩა.

სააკაშვილი და რედ ბული

ჯობს ყველაზე მშობლიურით და ახლობელით დავიწყოთ, ჩვენი პრეზიდენტით, რომელზეც პირველი მწვავე შეფასებები პირველივე სტატიებში გამოჩნდა. მაგალითად, ბრიტანელმა „მტრედმა“ („ქორებად“ და „მტრედებად“ დანაწევრების პრინციპებს შემდეგ თავებში გავეცნობით) რობერტ სკიდელსკიმ სააკაშვილს „უჭკუო პოლიტიკოსი“ უწოდა, რომელიც „შეეცადა ქვეყნის თეორიული სუვერენიტეტი პრაქტიკულად ექცია და შედეგად საქართველოს თეორიული სუვერენიტეტიც კი დაკარგა“. წერილს იგი იმით ამთავრებდა, რომ სააკაშვილის თავიდან მოშორებას გვირჩევდა, „არა სამხედრო დანაშაულებისთვის, არამედ სრული არაკომპეტენტურობისთვის“. ანატოლ ლივენი („თაიმსიდან“) სააკაშვილს დასავლეთისთვის ხაფანგის დაგებაში ადანაშაულებდა. მისი სიტყვით, „როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელიც ცდილობდა ომში ისე ჩავეთრიეთ, რომ აზრიც კი არ გვკითხა ამის შესახებ“. სხვა ავტორი კი პირიქით, ხაფანგის მსხვერპლად სახავდა მას: „ამოთხარეთ ორმო საქართველოს ლიდერის თვალწინ და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი იქ ჩავარდება“.

ერთი სიტყვით, დასავლეთში მეტაფორებისა და შედარებების ყველა თესაურუსი მოაღეს სააკაშვილის დასახასიათებლად, ნაირნაირი სახელითა და ზედსართავით ამკობდნენ მას. ბჟეზინსკიმ მის ნაბიჯს „ბრიყვული“ უწოდა, სხვებმა „იმპულსური“, „თავხედური“ და „გაუწონასწორებელი“, მეთ ბრაიზამაც კი გაიმეტა სიტყვა „შეცდომა“. ყველა ერთხმად ამბობდა, რომ მოუთმენელმა სააკაშვილმა არაფრად ჩააგდო ამერიკელთა გაფრთხილებები და მაინც გაება პუტინის ხაფანგში (არადა ჩვენ პირიქით ვიცოდით, ღმერთი, რჯული, სააკაშვილი აფრთხილებდა დასავლეთს).

თუმცა ჩვენს პრეზიდენტს ქომაგებიც ბლომად აღმოაჩნდნენ, და ესენი არ იყვნენ მხოლოდ ბალტიისპირელი ან პოლონელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები, არამედ ცნობილი ამერიკელი მწერალი (როგორც იგი თავის თავს უწოდებს) და ჩვენი პრეზიდენტის მეგობარი (ესეც მისგან ვიცით) მელიქ კაილანი (წერს გამოცემებისთვის, Wall Street Journal, Vogue, New York Times, Forbes და სხვ.). იგი ლამის ერთადერთი იყო დასავლელ ავტორთაგან, ვინაც ჰალსტუხის ღეჭვის ცნობილი კადრების საპასუხოდ მწვავე გულისტკივილით ამოსთქვა: „გამოჩნდა აბსურდული და დესტრუქციული ვიდეოკადრები, სადაც პრეზიდენტი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს (იგი ხანდახან ხელსახოცსაც ღეჭავს, რათა მოწევის სურვილი დაძლიოს), მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მასტიმულირებელ პრეპარატებს იღებს, სინამდვილეში კი გასამხნევებლად იგი Red Bull-ს სვამს“.

მე მგონი, უნდა ვენდოთ ამ კაცს, იგი ხომ ბოლო 1 თვის მანძილზე დაწერილ ყველა სტატიაში აღნიშნავს, რომ საათები კი არა, დღეები გაუტარებია პრეზიდენტის გვერდით და კარგად იცნობს მას, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანას, რასაც ვერ ვიტყვით შემდეგი ქვეთავის გმირებზე.

სტალინის საჩუქრები

კიდევ კარგი ტაბლოიდების ვებგვერდებს არ ვათვალიერებდი, თორემ აი იქ კი მართლა ბევრ სისულელეს მოაგროვებდა კაცი. თუმცა უცოდინრობა და არასწორი დასკვნები „რესპექტაბელურ“ გამოცემებშიც ბევრი იყო. უპირველეს შეცდომად ფუკუიამას ძველი იდეები მიიჩნიეს. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ფუკუიამას დასცინოდა ისტორიის დასასრულის გულუბრყვილო იდეის გამო, ერთმა ისიც კი დაუწერა, „ისტორიამ თავისი სვლა განაახლა და მისი დასასრულის მაცნეც კუდში ამოიყენა მაჩანჩალად“-ო. ძალიან ბევრს ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერი გაახსენდა „ისტორიის დასასრულზე“ სოლჟენიცინის რეაქციის გარდა, „ახალი სასტიკი ძალის შესახებ“. ერთი სიტყვით, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა თავიდანვე აჩვენეს ზოგიერთი იდეის უსუსურობა, რაც მოგვიანებით უცოდინრობითა და არასწორი მოთხოვნებით დაგვირგვინდა.

მაგალითისთვის, ზემოხსენებული რობერტ სკიდელსის აზრით კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოზე იყო დამოკიდებული, მხოლოდ მას შეეძლო. ხოლო ალენ მინკი, ლევიგლუკსმანთან პოლემიკისას აღნიშნავდა, რომ ისტორია სერბებს უფრო სწყალობდა, ვიდრე ქართველებს, რადგან კოსოვო საუკუნეების მანძილზე სერბებს ეკუთვნოდათ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი სტალინის რეჟიმმა მიუერთაო საქართველოს. სტალინური მიერთების ბრიყვულ იდეას იზიარებს და სამარცხვინო ნიუანსებით ავსებს სახელოვანი ნოამ ჩომსკიც. იგი პირდაპირ ამბობს, „ოსეთი სტალინმა თავის სამშობლოს, საქართველოს გადასცაო“ და შემდეგ სოფისტური გაღრეჭვით გვაწვდის მახვილგონივრულ დასკვნას: „არსებითად, დღეს დასავლური სახელმწიფოები ამტკიცებენ: სტალინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განუხრელად უნდა დავიცვათ“-ო.

კიდევ უფრო „ჭკვიანურ“ კითხვას სვამს ერთი ფრანგი მიმომხილველი „ფიგაროდან“: „ნუთუ მართლა შეუძლია იოსებ სტალინის ქვეყანას რუსეთის მტრად გადაიქცეს?“

რუსული ცივილიზაცია

სულ მალე გაირკვა, რომ რუსეთში ქვეყანა კი არა, მთელი ცივილიზაცია იგულისხმებოდა. ეს ქვესათაური, მართალია უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველის სიტყვით, პუტინის მეორე ვადის პერიოდში სრულიად სერიოზულად დაიწყეს ამ თემის დამუშავება. „რუსული ცივილიზაციის“ იდეა, ბევრის აზრით, არაფრით ჩამოუვარდება „ევროპული ცივილიზაციისას“, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ერთ-ერთ მატრიცას წარმოადგენს. რუსეთის, როგორც ევროპასა და აზიას შორის გაწოლილი განსაკუთრებული ქვეყნის კონცეფცია ბოლო წლებში ახალი შინაარსებით შეივსო, თუმცა მთავარმა პრობლემებმაც მალე იჩინეს თავი, პირველ რიგში კი მიზიდულობის ძალის არქონამ (უფრო მეტიც, ანტიპათიამ) და რეგიონალური ინტეგრაციის ინიცირების სრულმა უუნარობამ. ამას დაემატა ღრმა პოლიტიკური მარტოსულობაც (რა პოეტურად ჟღერს!) და იმის გაცნობიერება, რომ ნიკარაგუასთან, სირიასთან, ბელორუსთან და “ხამასთან” ერთად შორს ვერ წახვალ.

ზეობიექტური ევროპელი კომენტატორები ყველაფერს დასავლური დემოკრატიების წარმოუდგენელ ეგოცენტრიზმს აბრალებენ, რომლებმაც ვერ მოახერხეს საბრალო რუსეთის ცხოვრებით ცხოვრება, რათა ჩასწვდომოდნენ, თუ რა გამოიარა ამ ქვეყანამ 20 წლის მანძილზე. მათი აზრით, რუსეთი გარდამავალ პერიოდშია, ისევე, როგორც 1970-იანი წლების ბრაზილია და ომის შემდგომი პერიოდის იაპონია, და ამიტომ ამ კომენტატორებს არც ერთპარტიული მმართველობა აკვირვებთ. რუსეთს მადლობასაც კი უხდიან იმისთვის, რომ უნივერსალური იდეოლოგიის მეშვეობით არ ცდილობს სამყაროს „გადარჩენას“ და დიდ პლიუსად უთვლიან თავმოყვარეობას, განსხვავებით ბევრი დასავლეთ ევროპელისგან, რომლებიც უბრალოდ ვერ იტანენ საკუთარ თავს.

პოსტამერიკა

თავმოყვარეობას ვერც ამერიკელებს წაართმევ, თუმცა ბევრის აზრით, ამ ამაყი ადამიანების ჰეგემონიამ ძალა დაკარგა. ცნება „პოსტამერიკა“ ცოტა ხნის წინ ფარიდ ზაკარიამ შემოიტანა. ყველა თანხმდება, რომ მამა-ბუშის მიერ გამოცხადებული ამერიკის ერთპოლარული ხანა დასრულდა, ისტორიას ჩაბარდა „გლობალური გაქანების“ ფილოსოფია და რეგიონალური პოლიტიკის ერა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ რეგიონალური მოთამაშეები უფრო მნიშვნელოვანნი გახდნენ: ევროკავშირი და რუსეთი ევროპაში, ირანი და მდიდარი არაბული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთი აზიაში, ბრაზილია და ვენესუელა ლათინურ ამერიკაში.

როგორც ამბობენ, სამყაროს ამ ახალ კონტურებს მხოლოდ ობამა ხედავს (განსაკუთრებით ახლა, არჩევნების წინა პერიოდში გაუმახვილდა მზერა), მხოლოდ მას აქვს გაცნობიერებული, რომ არ შეიძლება სამყაროს დაყოფა დემოკრატიებად და ავტოკრატიებად და რომ დიპლომატიის ახალ ეპოქას დასავლეთი მოუმზადებელი ეგებება. ამასობაში კი „ბრიჩ“-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) მოქმედებების ერთიან პროგრამას აყალიბებენ და თუკი ექსპერტებს ვენდობით, 2035 წლისთვის მათი მთლიანი შემოსავალი „დიდი შვიდეულისას“ გადააჭარბებს.

როცა თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ერთმა ევროპელმა დიდი თანამდებობის ჩინოვნიკმა თქვა, რომ დასავლეთს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ეს გადაწყვეტილება. საქმე ის კი არაა, რომ დასავლეთი მტყუანი იყო, როცა ამ ნაბიჯს დგამდა ან ნატო იყო მართალი საქართველოს მაპის გადავადებით. უბრალოდ, ახალ სამყაროში სულ უფრო მეტად უნდა დავუფიქრდეთ შედეგებს, რაც შეიძლება ჩვენს ნაბიჯებს მოჰყვეს. როგორც ნადერ მუსავიზადე ამბობს (გახსოვთ ალბათ, აშშ-ს ელჩი გაეროში), „ჩვენ შესაძლოა კმაყოფილებას განვიცდიდეთ კოსოველთა მხარდაჭერით ან ქართველების გამხნევებით, მაგრამ შესაძლოა ამის გამო რომელიმე სხვა არენაზე მოგვიწიოს საფასურის გადახდა“.

ნაბუკო - ოპერა ჩაიშალა?

პოსტამერიკულ პრობლემატიკასთანაა დაკავშირებული ნავთობის საკითხიც, რომელსაც კონფლიქტის პირველ პერიოდში საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებდნენ და კიდევ უფრო მეტი იმედი მოეცათ დიკ ჩეინის კავკასიაში ვიზიტის წინა დღეებში, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის გამოთიშვა იყო რეგიონიდან დასავლეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების საქმეში. ჩეინის ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა ილჰამ ალიევის არჩევანის დაჩქარებასაც, ამ არჩევანის გაკეთებას აზერბაიჯანი ათი წლის მანძილზე არიდებდა თავს. უმნიშვნელოვანესი იყო Nabucco-ს საკითხის გარკვევაც, ანუ იქცეოდა თუ არა ეს გაზსადენი ევროპის გათავისუფლების სიმბოლოდ (თავის დროზე ვერდის ოპერაც ცვლილებების სიმბოლოდ იქცა) და მრავალი სხვ.

სულ სხვა განწყობილება სუფევდა შეხვედრის შემდეგ, გაზეთმა „ტაიმსმა“ დიკ ჩეინის ვიზიტს აზერბაიჯანში ლამის კატასტროფული ჩავარდნა უწოდა. როგორც გაზეთი წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ზედიზედ რამდენიმეჯერ საჯაროდ შეურაცხყო ჩეინი, შეხვედრის დასასრულს კი საერთოდაც მედვედევს დაურეკა, გულმოსული ვიცე-პრეზიდენტი კი მის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ბანკეტზეც კი არ დარჩენილა ამის გამო.

ამასობაში სულ თარისა და დაირის თანხლებით მიიწევს წინ საქმე კასპიის გადაღმა ქვეყნებში. იქ ნაბუკოზე არც კი ფიქრობენ და ყაზახეთ-უზბეკეთი ერთობლივად აპირებს რუსეთში მიმავალი გაზსადენის გაყვანას. გარდა ამისა, ნაბუკოს ემუქრება „სამხრეთ ნაკადის“ პროექტი, ხმას არ იღებს თურქეთიც, რომელიც რუსეთიდან, შავი ზღვის გავლით იღებს გაზს, ხოლო ირანი საერთოდაც ამ დასავლური პროექტის ბლოკირებას აპირებს და ცოცხალი თავით ეცდება კასპიის ზღვის ფსკერს არავინ გააკაროს.

ქორები და მტრედები

ამ მწვავე ვითარებაში მსოფლიო ორად გაიყო, ერთ მხარეს მოხვდნენ ქვეყნები, რომლებსაც ჟურნალისტები „ქორებს“ უწოდებენ, მეორე მხარეს კი - „მტრედები“. იმავე პრინციპით დაიყვნენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც.

ქორებს მიეკუთვნებიან ქვეყნები, რომლებმაც საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავეს რუსეთის წინააღმდეგ. ესენია პირველ ყოვლისა აშშ, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და სხვ. მტრედები კი ძირითადად ევროპაში ღუღუნებენ: იტალია, გერმანია, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი... სადღაც მათ შორისაა მოქცეული საფრანგეთი, რომელიც სხვა დროს ალბათ მტრედების რიცხვში იქნებოდა, რომ არა ევროპის წინაშე აღებული ვალდებულება. დღეს იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპამ ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს, არც ქორივით იკივლოს, მაგრამ უდარდელ ღუღუნსაც დაანებოს თავი. პოლიტიკოსთაგან უკვე სტაჟიან ქორად ითვლება დიკ ჩეინი, ასევე ჯონ მაკკეინი, ახალი თაობიდან კი ბრიტანელები - დევიდ მილიბენდი და დევიდ კემერონი. მტრედების რიგებში იტალიელი და გერმანელი პოლიტიკოსები მოიაზრებიან, ასევე - გადაღლილი, ყოფილი მინისტრები დიდ ბრიტანეთში და მრ. სხვ.

ანალოგიების წინააღმდეგ

სწორედ „ქორები“ იყვნენ პირველი პარალელების ავტორები. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად მოვლენების შეფასებაში ნეოკონსერვატორებმა აიღეს ინიციატივა და დაიწყო ანალოგიების გრძელი ნუსხის შევსება: 1914 წელი, ბუდაპეშტი, პრაღა, ჰიტლერი, სტალინი, ცივი ომი და ა.შ. ჟურნალისტმა დევიდ რემნიკმა ამგვარ რიტორიკას „კომიქსური“ უწოდა და იგი ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა მას. მალე ექსპერტებმაც ცხადად დაგვანახეს, რომ ამ ანალოგიებს საფუძველი აკლდა, რადგან მიმდინარე მოვლენები იდეოლოგიურ და გლობალურ განზომილებაში არ განიხილებოდა და მეტი სიზუსტისკენ მოუწოდებდნენ ამგვარი პარალელების ავტორებს. პირველ რიგში აუცილებელი იყო სიტუაცია წარმოგვედგინა როგორც განსაკუთრებული, ცალკეული შემთხვევა, მითუმეტეს, როცა საუბარი კავკასიის რეგიონს ეხებოდა. არადა უცნაურია, ანალოგიებს ყველაზე აქტიურად სწორედ ჩვენ, ქართველები მივმართავდით, პირველივე დღიდან ავიტაცეთ ეს კლიშეები და ჩვენი ხელისუფლება დღემდე ვერ გამოსულა მათი გავლენიდან.

სხვათა შორის, ანალოგიებს ვერც ცივი ომის რიტორიკის მოწინააღმდეგეებმა დააღწიეს თავი. მაგალითისთვის, ალენ მინკი გვირჩევდა: „საქართველოს პრეზიდენტმა ფინური დემოკრატიის ნიმუში უნდა გაითვალისწინოს, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, არადა მუდამ საბჭოთა კავშირის საფრთხის ქვეშ იყო. პრინციპებსა და თავშეკავებულობას საკმაოდ კარგად შეუძლიათ შერწყმა. ეს შესაძლოა პოლიტიკური ხელოვნების კვინტესენციასაც წარმოადგენდეს“.

გამოსავლის ძიებაში

რადგან რჩევით დავამთავრე წინა თავი, ბარემ უცხოურ პრესაში ბლომად მიმობნეული სხვა რჩევებითვე გავაგრძელებ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისას რომ იშვა სხვათა გონებაში. ზოგიერთი ავტორის წერილი მთლიანად რჩევა იყო, ზოგი კი ბრძნული შეგონებებით მთავრდებოდა. „შეცვალეთ იმპულსური პრეზიდენტი უფრო ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსით“, მოგვიწოდებდა ერთი ავტორი და იქვე აზუსტებდა, რომ ჯანსაღი აზროვნება ამ შემთხვევაში „ნატოზე“ უარის თქმას და რუსეთთან ჩახუტებას ნიშნავდა. „შეაჩერეთ შავი ზღვის მილიტარიზაცია (ჩვენ არა, ამერიკელებს გულისხმობდა) და ისე ნუ იქცევით, თითქოს კონფლიქტს მაღალი მიზნები ამოძრავებდეს და ეს იყოს ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას შორის“. „ლოკალური კონფლიქტი ლოკალურ კონფლიქტად უნდა დარჩეს“.

სამწუხაროდ, დრომ გვიჩვენა, რომ ეს ლოკალური კონფლიქტი არ იყო, ამიტომ, როცა პრობლემამ გლობალში გადაინაცვლა, რჩევებიცა და მოწოდებებიც შეიცვალა, გაიზარდა მასშტაბი (ყველანაირი მასშტაბი, მათ შორის, სისულელისაც). აი ერთი ავტორის მიერ შემოთავაზებული გამოსავალთა ნუსხა:

1. ვაღიაროთ, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთისადმი მიმართულ თავის პოლიტიკაში დასავლეთი შეცდომებს უშვებდა.

2. რუსეთის მეზობლებისთვის „ნატოს“ წევრობის შეთავაზება პროვოკაციად აღიქმება, ამიტომ, მოდით, ერთიანად შევთავაზოთ ალიანსის სრულმასშტაბიანი წევრობა რუსეთს, როცა იქ ნამდვილი დემოკრატია დამყარდება.

3. უშიშროების გარანტიები მხოლოდ მაშინ უნდა მივცეთ, როცა შეგვიძლია მისი შესრულება (აგაშენათ ღმერთმა!).

4. აუცილებელია ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.

5. აუცილებელია რაც შეიძლება მალე ინტეგრირდნენ უკრაინა და საქართველო ევროპულ ეკონომიკაში და სასწრაფოდ აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკური დახმარება.

6. რუსეთის ელიტამ თავის კისერზე უნდა იგრძნოს საკუთარი მოქმედებების შედეგი.

7. არ უნდა დავკარგოთ ზომიერების გრძნობა. ზუსტად 40 წლის წინ საბჭოთა ტანკები პრაღაში შევიდნენ, მაგრამ დღეს ჩეხები და სლოვაკები თავისუფალი ერები არიან. დასავლეთს უნდა სჯეროდეს თავისი ღირებულებების. საბოლოოდ თავისუფლებისკენ ლტოლვა შიშზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება (ლეტ ჩერეზ სოროკ, გენაცვალე!).

0x01 graphic

წარმოუდგენელი გათვლები გააკეთა „ვაშინგტონ ტაიმსის“ მიმომხილველმა, გერი ანდერსონმა. მისი სიტყვით, რუსეთის საქართველოზე თავდასხმაში იყო კარგი ამბავიც და ცუდი ამბავიც. ცუდი ამბები შორს წაგვიყვანდა, კარგი კი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთმა აშშ-ს ჩამოართვა „ცუდი ბიჭის“, გნებავთ „ბუას“ ტიტული, ეს კი უკვე დიდი გამარჯვება იყო. შემდეგ მოდიოდა სამი ვარიანტი:

ვარიანტი პირველი - საკითხის გადაწყვეტა კოსოვოს სცენარით. რეფერენდუმების გამართვამდე ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოკუპირებას ახდენენ გაეროს მშვიდობისმყოფელები. რუსებს ეს ვარიანტი მოსწონთ, რადგან რეფერენდუმზე, ცხადია, ყველა დამოუკიდებლობას მისცემს ხმას. ქართველებს ეს ვარიანტი არ მოსწონთ, და იწყება ვარიაციები თემაზე, რისი წყალობითაც დროთა განმავლობაში ვნებები შეიძლება ცოტათი დაცხრეს. ერთ-ერთი ასეთი ვარიაცია შეიძლება იყოს გაეროს პროტექტორატის დამყარება ორივე პროვინციაში მანამ, სანამ პრობლემის მოსაგვარებლად კონფერენციას არ მოიწვევენ. კონფლიქტის დემილიტარიზაცია საშუალებას მისცემს რუსეთსაც და საქართველოსაც ღირსეულად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. თუმცა ჯერ ცნობილი არაა, მოინდომებენ თუ არა რუსები ამ სიტუაციიდან გამოსვლას.

ვარიანტი მეორე - აშშ გამოაცხადებს, რომ თავიანთ საექსპედიციო აეროდრომებს რთავენ საქმეში და პიზიციებზე განლაგებისთვის ჯავშანსატანკო ბრიგადებს გამოაგზავნიან, რათა ქართული დემოკრატია და ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ნავთობსადენი დაიცვან. რა თქმა უნდა, რუსები ჩათვლიან, რომ ყულფი ძალიან მოუჭირეს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ უკან დაიხიონ. ამ შემთხვევაში რუსეთი ან დანარჩენი საქართველოს ოკუპაციას მოახდენს, ან ევროპას შეუწყვეტს ნავთობის და გაზის მიწოდებას. ყველაფრის მიუხედავად, თუკი რუსეთის მიერ საქართველოს დატოვებასა და სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ამერიკა ზემოხსენებულ ნაბიჯებს გადადგამს, მაინც დიდი შანსია რუსეთი მოლაპარაკებებზე წამოვიდეს. თუმცა ეს ძალიან სარისკო ვარიანტია.

ვარიანტი მესამე - ყველაზე ნაკლებად რისკიანი. რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია გრძელდება, რათა რუსებს უკანდახევა აიძულონ. საქმეში ერთვება ოლიმპიადის ბოიკოტი, „დიდი რვიანიდან“ გარიცხვა და ყველანაირი მოლაპარაკების შეწყვეტა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე. რუსეთს სურს, რომ მას კვლავ სერიოზულად აღიქვამდნენ; ამერიკას კი ეს ქვეყანა ირანელებთან და ჩრდილო კორეელებთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებისთვის სჭირდება.

ასეთი შორეული გათვლების გარდა, ბოლო დროს „ვაშინგტონ პოსტის“ ფურცლებზე ძალიან სერიოზულად დაიწყეს საუბარი იმის შესახებაც, რომ აშშ უმთავრესად სააკაშვილის დაცვითაა დაკავებული (ეს გასაგებიცაა, რადგან რუსეთი ღიად აცხადებდა თავის სურვილს სააკაშვილის გადაყენების შესახებ), არადა საქართველო და მისი დემოკრატია გაცილებით ადვილი დასაცავი იქნებოდა და უფრო მეტი ქმედითი დახმარებაც შეიძლებოდა ქვეყნისთვის გაეწიათ, რომ არა სააკაშვილი. სტატიების ავტორთა აზრით, საქართველოსთვის საუკეთესო მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში დახმარება იქნებოდა, სამწუხაროდ თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი პარლამენტი და ძლიერი ოპოზიციური პარტიები საქართველოში ფუფუნებაა, ოცნებაა, და, ბევრის აზრით, აშშ-ს რომ თავის დროზე თვალი არ დაეხუჭა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში, არჩევნების გაყალბებაზე და ა.შ., ქართული დემოკრატია უფრო ძლიერი იქნებოდა და რუსეთის პროვოკაციებზე უაზრო რეაგირებისთვისაც ნაკლები შანსი დარჩებოდა. შესაბამისად, საქართველო უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა მოსკოვის ზეწოლას.

რა თქმა უნდა, ამ სტატიებში გაიჟღერა ნინო ბურჯანაძის სახელმაც, იყო საუბარი იმაზეც, რომ საქართველოს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რათა გამოირკვეს, „აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უნარი დემოკრატიული ინსტიტუტების დახმარებით გამოიძიოს თავისი პრეზიდენტის საქციელი და პასუხი აგებინოს იმ უზარმაზარ ზარალზე, რაც მან ქვეყანას მოუტანა“. საუბარი იყო იმაზეც, რომ აშშ-ს დახმარების ახალ პაკეტში ფული მთლიანად ბიუჯეტისთვისაა გათვალისწინებული, სახსრები ეკონომიკურ მხარდაჭერასა და აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს და დემოკრატიული ინტიტუტების გამყარებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად ერთი დოლარიც კი არაა გათვალისწინებული.

ევროპა და მომავალი

ცალკე საკითხია ევროპა, რომელსაც დღევანდელ წერილში მხოლოდ გაკვრით შევეხე. ევროპა, სადაც ბევრს ფიქრობენ და მძიმედ მოქმედებენ, რთული ორკესტრი, რომელსაც ამერიკისგან განსხვავებით ძალიან უჭირს უნისონში დაკვრა, ევროპა, რომელიც გულწრფელად გამოხატავს ხოლმე განცვიფრებას და ძალიან ბევრ კითხვას სვამს, ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც. როგორც ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, ევროპა ესაა ინსტრუმენტი უთანხმოების შესამცირებლად და დრამატული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ევროპა რომ არ ყოფილიყო, თავის დროზე სერიოზული დაპირისპირება (რა თქმა უნდა, არა შეიარაღებული) მოხდებოდა ჰელმუტ კოლის პროხორვატულად განწყობილ გერმანიასა და მიტერანის პროსერბულ საფრანგეთს შორის.

5 წლის წინ გერმანელი ფოლოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი თავის ევროპელ კოლეგებს დაუკავშირდა და სთხოვა, ყველას ერთდროულად, ერთსა და იმავე დღეს გამოექვეყნებინა საპროგრამო სტატია ევროპის, მისი მომავლისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ეს „აქცია“ ევროპის წამყვან გაზეთებში გაიფანტა. ჟაკ დერიდამ „ფრანკფურტერ ალგემაინესა“ და „ლიბერასიონისთვის“ დაწერა სტატია, უმბერტო ეკომ „რეპუბლიკასთვის“, ბასკმა ფილოსოფოსმა ფერნანდო სავატერმა „პაისისთვის“, ჯანი ვატიმომ „სტამპასთვის“, ადოლფ მუშგმა „ნოიე ციურხერ ცაიტუნგისთვის“, რიჩარდ რორტიმ (მერე რა რომ ამერიკელი იყო!) „ზიუდდოიჩე ცაიტუნგისთვის“. ევროპის ყველაზე ცნობილმა მოაზროვნეებმა ზუსტად ერთ დღეს დაიწყეს მკითხაობა თავიანთი მშობლიური კონტინენტის მომავალზე, რომელსაც ერთი მხრივ ევროპული ოჯახის ახალი წევრები „უტევდნენ“, მეორე მხრივ კი მას ერაყის ომთან დაკავშირებით უნდა დაეკავებინა თავისი პოზიცია.

5 წლის წინ უმბერტო ეკოსთვის ევროპის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა „მესამე გზად“ ჩამოყალიბება, რომელიც აშშ-სა და აღმოსავლეთის დაპირისპირებას გაანეიტრალებდა. მისი აზრით, საბაჟოსა და ვალუტის ერთიანობას საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სისტემის გაერთიანებაც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ჰაბერმასისთვის ამ მთლიანობის მიღწევა შეუძლებელი გახდებოდა ესტონეთთან, თურქეთთან, პოლონეთთან და სხვა მარგინალურ ევროპულ ქვეყნებთან ერთად და, მისი აზრით, ევროპის კონსოლიდაცია მხოლოდ იმ ქვეყნებს მოიცავდა, რომლებიც ევროკავშირის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ.

დღეს ეს პრობლემა აბსოლუტურად განსხვავებული კუთხითა და სხვა სიმწვავით დადგა ევროპელების წინაშე. დღეს ევროპით ამერიკაც სარგებლობს და აღმოსავლეთიც. თუკი 5 წლის წინ ამ აღმოსავლეთად ჩინეთი ან იაპონია მოჩანდა, ახლა მას რუსეთი განასახიერებს, იმდენად, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიც კი განუდგნენ რუსეთს და სიამოვნებით დაუთმეს ამ გაურკვეველ წარმონაქმნს გაურკვეველი სამომავლო მისია.

დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ევროპაში, ყველაზე რადიკალურები ევროკავშირის ახალგაზრდა წევრები არიან, ისინი, ვინც თავიანთი ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად, გნებავთ დასაცავად იბრძვიან (და ხშირად ევროპის მიღმა ეძებენ მოკავშირეს, მაგალითად, ამერიკაში), მეორე მხრივ კი დიდი ბრიტანეთი, ვინც არსებითად ამერიკის ხაზს ატარებს ფიქრებში ჩაძირულ კონტინენტზე (უმბერტო ეკო შეგვახსენებს, რომ ევროპის ფესვები ბერობამდე, ფრანცისკანელებამდე მიდის, ე.წ. საერო ღირებულებები კი ევროპის შედარებით ახალი მონაპოვარია, საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი). ჩვენი ადგილი ჯერ კიდევ არ ჩანს მთელს ამ განლაგებაში, სამაგიეროდ მათ ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართულ მაგალითზე, ევროპა ხომ მიჩვეულია შემოვლით გზებს - თავის დროზე არისტოტელეს ნააზრევიც არაბების დახმარებით გაიცნეს ევროპელებმა, პლატონამდე კი ისინი ნეოპლატონიზმს ეზიარნენ.

ხოლო ჩვენ ალბათ ისევ ისე, ძველებურად გადავაგორებთ ამ ამბებს, ვერც რაიმეს გავიაზრებთ და ვერც ვერაფერს მივხდებით. ყველაზე არსებითი ისევ ხელიდან გაგვისხლტება, ჩვენს საფიქრებელს ისევ სხვები იფიქრებენ, დასკვნებსაც სხვები გამოიტანენ, ისინი, ვინაც თარგმანის თარგმანსაც არ თაკილობენ ჭეშმარიტების დასადგენად.

9 შემობრუნების წერტილი

▲ზევით დაბრუნება


ორიენტირი

ზაალ ანდრონიკაშვილი
პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „ანაბეჭდი“

0x01 graphic

რუსეთთან ომმა ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, ისეთ წერტილამდე მიგვიყვანა, რომ დიდი ხნით გადადებული წარსულის გადაფასება და მომავლის განსაზღვრა ადრე თუ სასურველი და აუცილებელი იყო, ახლა აუცილებელი და გადაუდებელი გახდა. საქართველოში არც საბჭოთა, არც პოსტსაბჭოთა წარსული განსჯისა და შეფასების საგანი არ გამხდარა. ჩავთვალეთ, რომ დამოუკიდებლობის მიღება ავტომატურად ნიშნავდა საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას. კი დავუკავშირეთ ჩვენი მომავალი „დასავლეთს“ - ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემას და ევროპის კავშირს, მაგრამ არ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ასეთი მომავლის არჩევა ჩვენგან გარკვეულ - და არცთუ მცირე - ძალისხმევას მოითხოვს. მოდერნიზაცია ჩვენს მიზნად კი გამოვაცხადეთ, მაგრამ არ გვითქვამს, ამ მოდერნიზაციაში ხელს რა გვიშლის, ან ეს მოდერნიზაცია როგორ გვესმის. ეს საბჭოთა და პოსტაბჭოთა გაუაზრებელი წარსული კი ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის გზაზე მძიმე ტვირთად გვაწევს. ერთ-ერთი ხელის შემშლელი, მაგალითად, ის არის, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამოგვიყალიბდა მომხმარებლური ცნობიერება, რომელიც ცხოვრების მაქსიმალურ სტანდარტს გულისხმობს შრომის მინიმალური დანახარჯის საფასურად; მეორე ის არის, რომ, ჩვენი აზრით, 06-დან ნახმარ „ოპელ ვექტრაზე“ თუ გადავსხდებით, უკვე ევროპელები ვართ, ახალ კომპიუტერს თუ ვიყიდით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოდერნიზაციამ წარმატებულად ჩაიარა, ანდა, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანისათვის 100 ახალი ტრაქტორის საზეიმოდ ჩამოყვანა საკმარისად მიგვაჩნია. მოდერნიზაცია, რომელიც ჩვენი ევროპული პროექტის ნაწილია, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს წარმატებული, როდესაც კარგად გვეცოდინება, კარგად გვექნება გააზრებული რა არის ამისათვის საჭირო და რა შრომის დახარჯვას მოითხოვს იგი ჩვენგან. გააზრების, რეფლექსიის, შეგნების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ახლა კი ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ერთ-ერთ ასპექტზე - პოლიტიკურ აზროვნებაზე მინდა ვისაუბრო.

ვარდების რევოლუცია თითქოს იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ვერც გამსახურდიას პრეზიდენტობისას (რომელსაც ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის კონცეფცია საერთოდ არ ჰქონია), ვერც შევარდნაძის პერიოდში (რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოს შესახებ წარმოდგენა კი ჰქონდა, მაგრამ ბრეჟნევის ეპოქის კორუფციული გარიგებების ჩვევა ახალ დემოკრატიულ რჯულზე უმტკიცესი აღმოაჩნდა), ხარისხობრივად სხვა საფეხურზე აეყვანა. შეიძლება ბევრი ედავო პოსტრევოლუციურ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ კონცეფციას, მაგრამ უდავოა, რომ ის მოდერნიზაციის ერთ-ერთი შესაძლო პროექტია სხვა პროექტებს შორის. ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს თითქოს პოლიტიკური იმპლიკაციებიც უნდა ჰქონოდა: სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში და ასევე საზოგადოების ბევრი სხვა სფეროს, მაგალითად, მასმედიის, მაქსიმალური თვითრეგულირება სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანი ან მინიმალური კონტროლის ფონზე. მაგრამ ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი პოლიტიკურ პლანში საბჭოთა საზოგადოებრივი პოლიტიკური აზროვნების გადმონაშთებს წააწყდა და მასთან კონფლიქტშიც მოვიდა. რაში მდგომარეობდა ეს საბჭოთა გადმონაშთები?

წინ დავით აღმაშენებლისაკენ!

2004 წლის იანვარში, ბერლინში ვიზიტისას, საგარეო პოლიტიკის საზოგადოებაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ჰკითხეს, საქართველო რომელი ევროპა არისო, ძველი თუ ახალიო. სააკაშვილის პასუხმა ნაწილობრივ არსებული მდგომარეობა და ხალხში გავრცელებული აზრი აღწერა, ნაწილობრივ კი მისი და არამარტო მისი, არამედ ზოგადად - როგორც ჩვენი ჟურნალისტები იტყვიან - ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმოდგენები ასახა. პასუხი ასეთი იყო: საქართველო უძველესი ევროპა არისო.

ასეთი პასუხი გულისხმობს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია არა მისი მოსახლეობის არჩევანის, ევროპული ფასეულობების გაზიარების გამო, არამედ თავისი ისტორიიდან გამომდინარე, საკუთარი ძალისხმევის გარეშე. ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაშიც იგივე მუქთახორული საბჭოთა აზროვნებიდან მომდინარე პრინციპი მუშაობს: მეკუთვნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა - უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი კარგი ვარ, სახელმწიფოებრიობის ორიათასწლოვანი ისტორია მაქვს და ზეზვა და მზია პირველი ევროპელები იყვნენ. თანამედროვე სამყაროში კი ამგვარი არგუმენტაცია არ მუშაობს.

„უძველესი ევროპა“ თავისი ზეზვათი და მზიათი აისბერგის მწვერვალია, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქართული პოლიტიკა (ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ მხრივ განსხვავება მინიმალურია - ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ კუთხით ჩემპიონობას ვერავინ ჩამოართმევს) ზოგადად წარსულზე და არა მომავალზეა ორიენტირებული.

წარსულზე ორიენტაცია პოსტრევოლუციურ საქართველოში სიმბოლოების დონეზე კი აისახა, მაგრამ ეს სიმბოლოები, ერთი მხრივ, პოლიტიკური აზროვნების გამოხატულება იყო და არის, მეორე მხრივ, პოლიტიკური აზროვნების განვითარებას დაღს ასვამს და პოლიტიკური აზროვნების მოდერნიზაციას ხელს უშლის. დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი, როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციის ნაწილი, წმინდა გიორგის და პრომეთეს ძეგლები თბილისში ძალიან კონკრეტული პოლიტიკური აზროვნების ნიშნებია. დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი საქართველოს უცხო ძალებისაგან გათავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილის სიმბოლური დაფიქსირებაა - ოღონდ ამ სიმბოლურ აქტს თავისი იმპლიკაციები აქვს. პირველი იმპლიკაცია იმაში მდგომარეობს, რომ დავით აღმაშენებლის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველო, კავკასიის და ნაწილობრივ მცირე აზიის რეგიონალური „ზესახელმწიფო“, თანამედროვე ქართული პოლიტიკური აზროვნების გარკვეულ იდეალად გვევლინება. ფორმულა „საქართველო გაბრწყინდება“, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად არამარტო ეკლესიის მესვეურნი და სხვადასვა ტიპის ტრადიციონალისტები, არამედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც იყენებენ, ამ იდეალად დასახული შუა საუკუნეების საქართველოს მომავალში პროეცირების მცდელობაა. შუა საუკუნეების საქართველო, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში იდეალად არის დანახული, კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძის ნაციონალისტური რომანების საქართველოა - ქართული საბჭოთა ეპოქის წარსულის ნოსტალგიური ნარცისისტული თვითტკბობის პროდუქტი. ალბათ არ არის გასაკვირი, რომ შუა საუკუნეების საქართველო, რამდენადაც არ უნდა იყოს ძვირფასი ჩვენთვის, ჩვენი ისტორიული ცნობიერებისთვის, ჩვენი ვინაობისთვის, ეს პერიოდი მოდერნიზაციულ მოდელად ვერ გამოგვადგება. მეორე იმპლიკაცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ სიუჟეტის მთავარი გმირი მეფეა - ღვთივკურთხული ავტოკრატი. (სამართლიანობისათვის ისიც უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ღვთივკურთხეულობა - მისი ეკლესიაში კურთხევა, ისევე როგორც დავით აღმაშენებლის, როგორც პოლიტიკური სიმბოლოს, გამოყენება ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ვარდების რევოლუციამ კი ამ მხრივ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა და შევარდნაძის დაწყებული ტრადიცია გააგრძელა). ღვთივკურთხეული ავტოკრატის ფიგურა კი ვერც ზოგადად დემოკრატიულობის და მით უმეტეს ვერც დემოკრატიულობის ნეოლიბერალურ ვერსიას ვერაფრით მიესადაგება. მესამე იმპლიკაცია იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ სიუჟეტში ძალის გამოყენებით ხდება, რაც ასევე ვერანაირად ვერ ეთანხმება ტერიტორიების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაბრუნების ოფიციალურად დეკლარირებულ პრინციპს. დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის სიმბოლური ჟესტი სხვა ენაზე გველაპარაკება, რომელიც არ არის მოდერნიზაციის გზაზე მდგომი სახელმწიფოსა და თანამედროვე პოლიტიკის ენა. პრომეთეს ძეგლიც ანალოგიური მნიშვნელობის მატარებელია - პრომეთე, რომანტიზმის ერთ-ერთი საყვარელი ფიგურა, თავისუფლების სიმბოლო, ქართული პოლიტიკური აზროვნების კონტექსტში სინათლის მოტანის - მოდერნიზაციის სიუჟეტის გმირია. მაგრამ ამ სიუჟეტშიც მოდერნიზაციის მატარებელი - ცეცხლის მომტანი - ერთი გმირია. მკითხველს მივანდობ იმის განსჯას, თუ ვინ იგულისხმება ამ გმირში, საქართველო, მისი პრეზიდენტი თუ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, იმიტომ, რომ თავისთავად ამგვარი პოლიტიკური სიმბოლო დემოკრატიის და მოდერნიზაციის გზაზე მდგარი სახელმწიფოსათვის ასევე შეუსაბამოა. წმინდა გიორგის ფიგურა როგორც პოლიტიკური სიმბოლო თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში ზვიად გამსახურდიამ შემოიტანა. ამ სიუჟეტში წმინდა გიორგი საქართველოა, რომელიც კრემლის ურჩხულს ებრძვის და ამარცხებს (გამსახურდიას ლექსიკით, ეს „კრემლის ურჩხულზე ამხედრებული ქემალისტური თურქეთი“ იყო, მაგრამ ქემალისტური თურქეთი ამასობაში საფრთხის მაგივრად სტრატეგიული პარტნიორი გახდა და სიუჟეტიდან ამოვარდა). კრემლის ურჩხულთან ბრძოლა ქართულ პოლიტიკურ სიმბოლიზმს ესმის როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა, სადაც სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს. თანამედროვე „დასავლეთს“, მიუხედავად პოლიტიკური მესიანიზმის დღემდე არსებული ელემენტებისა, არც ასეთი პოლიტიკური ენის ესმის. „ბოროტების იმპერიის“, „ბოროტების ღერძის“ და „ჯვაროსნული ომების“ მეტაფორიკა კი არსად წასულა, მაგრამ „დასავლეთს“, განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკის პირობებში, ძალიან უჭირს იმის აღიარება, რომ ვთქვათ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად კარგები ვართ, ხოლო რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ცუდი. ჩვენი პოლიტიკური სიმბოლიზმი მათთვის გასაგები არ არის, მაგრამ დასავლეთი მხარს გვიჭერს და შეიძლება მხარი დაგვიჭიროს მომავალშიც იმიტომ, რომ ჩვენ, რუსეთისგან განსხვავებით, იმავე ფასეულობებს ვაღიარებთ და ამ ფასეულობებით ცხოვრება გვინდა - ოღონდ არამარტო დეკლარაციების დონეზე. ამიტომ, ჩვენი მიზანი ის კი არ არის და არც შეიძლება იყოს, ვაჩვენოთ მსოფლიოს რა ცუდია რუსეთი, არამედ ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დასავლურ ფასეულობებს ვიზიარებთ და არამარტო ვიზიარებთ, არამედ ამ ფასეულობებით ცხოვრების და ამ ფასეულობების დაცვის ძალა და უნარი შეგვწევს, შეგვიძლია გავხდეთ „დასავლეთის“ ნაწილი.

ჩვენი პოსტსაბჭოთა პოლიტიკური მითოლოგიის სამივე სიუჟეტი: დავით აღმაშენებლის (იდეალურად წარმოსახული შუა საუკუნეების საქართველო), წმინდა გიორგის (საქართველო როგორც მსოფლიოში სიკეთის დამცველი და სიკეთისათვის წამებული ქვეყანა) და პრომეთე, (საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიულობის პიონერი) - დღევანდელი მოდერნიზაციის პროექტისათვის ვერც სიმბოლურ დონეზე, ვერც ამ სიმბოლოებიდან გამომდინარე შიდა ან საგარეო პოლიტიკური აზროვნების დონეზე ვერც დაგვაკმაყოფილებს და ვერც გამოგვადგება. სამწუხაროდ, ეს არც პოსტრევოლუციურ პოლიტიკურ ელიტას გაუაზრებია. ამ მხირვ, იგი გამსახურდიასა და შევარდნაძის პოლიტიკის გამგრძელებლად მოგვევლინა. პოლიტიკური შიზოფრენია - განსხვავება დეკლარირებულ კურსსა და პოლიტიკური აზროვნების სიმბოლურ ასახვას შორის კი მოსახლეობასაც და იმ „დასავლეთსაც“, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ, არაერთგვაროვან სიგნალებს უგზავნის და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ჩვენი საზოგადოება და „პოლიტიკური სპექტრი“, როგორც ამ საზოგადოების ნაწილი, თავის მიზნებში, სურვილებსა და ფასეულობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა.

ამ პოლიტიკურ მითოლოგიას კიდევ ერთი და არანაკლებ სერიოზული იმპლიკაცია აქვს: ეს გახლავთ გმირის, მეთაურის ბელადის ფიგურა. ამ ფიგურის საბჭოთა ვერსია ასეთ სურათს გვიხატავს: აი, ჩვენ გვძინავს, ძია სტალინის ფანჯარა კი განათებულია, მუშაობს, ჩვენზე ფიქრობს, ჩვენზე ზრუნავს. ჩვენი მოვალეობა კი ის არის, გვიყვარდეს ძია სტალინი, დავუჯეროთ მას და მის ბრძნულ გადაწყვეტილებებს. თუ კი ეჭვი შეგვეპარა რამეში, ესე იგი, ხალხის მტრები ვართ და გულაგის არქიპელაგში მოგზაურობა დავიმსახურეთ. ამ ფიგურის და სურათის ქართული პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია იმაში მდგომარეობდა - და ამაში მარტო პოლიტიკოსებს ვერ დავანაშაულებთ, პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, - რომ პასუხისმგებლობა მთლიანად სხვებს გადავაბარეთ, ჩვენ თვითონ კი ხელები დავიბანეთ. ჯერ გამსახურდია ავირჩიეთ 87%25-ით; მერე დიდმა ნაწილმა ვთქვით, რომ გამსახურდიამ ვერ გაამართლა და შევარდნაძეს დავუძახეთ, ავირჩიეთ ასევე ძალიან დიდი უმრავლესობით, მერე დავუჩოქეთ კიდევაც და ვეხვეწებოდით, არ გადადგეო; მერე შევარდნაძეც გადავაყენეთ და ავირჩიეთ „მიშა“, ასევე ძალიან დიდი უმრავლესობით. არჩევნების ეს დინამიკა (გნებავთ საპრეზიდენტო და გნებავთ საპარლამენტო) კი იმას ნიშნავს, რომ ერთი ბელადის და ერთი პარტიის კატეგორიებით აზროვნებას ჯერ ვერ გადავეჩვიეთ - და ამ არჩეული ბელადისაგან ველოდებით ყველაფერს, ჰოდა ამ ყველაფერს რომ ვერ ვიღებთ - და ბუნებრივია, რომ ვერც მივიღებთ, - მორიგ ბელადს გავისტუმრებთ და ვიტყვით, ჩვენ კი ვართ კარგები, მაგრამ პოლიტიკოსები ცუდები აღმოჩნდნენო. ერთი მხრივ, პოლიტიკოსებმა ვერ მოიშორეს ერის წინამძღოლის ამბიციები, მეორე მხრივ კი, ამომრჩეველი ვერ გახდა ამომრჩეველი და ვერ გადაეჩვია პოლიტიკოსში წინამძღოლის და არა მის მიერ დაქირავებული სახელმწიფო მოხელის დანახვას. იმის ძიება, ვინ უფრო დამნაშავეა, დიდად შედეგიანი არ იქნება, იმიტომ რომ „პოლიტიკური სპექტრიც“ ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ყველასაგან განსხვავებულად ვერ იაზროვნებს. ის, რომ პოლიტიკურ „ფიგურას“ ჭეშმარიტებაზე, გნებავთ პოლიტიკურ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია აქვს, უფრო ჭკვიანია, უფრო ბრძენია და ამიტომ მხოლოდ მან იცის სად უნდა წავიდეთ და როგორ, სახიფათო ილუზიაა, რომლისაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებსაც და მათ ამომრჩევლებსაც ვარდების რევოლუციამდეც სჯეროდათ და დღემდეც სჯერათ. ახლა კი მოვიდა იმის დრო, რომ ეს ილუზიაც წარსულში დავტოვოთ. ამ აზროვნების დასაძლევად საერთო ძალისხმევაა საჭირო - და ასევე იმის გაცნობიერებაც, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომები ჩვენი შეცდომებიც არის - რაკი ჩვენ ავირჩიეთ, პასუხს ამ შეცდომებზე მარტო კონკრეტული პოლიტიკოსები კი არ აგებენ, არამედ - ჩვენც.

ჯორჯიაზ დაივერსითი ანუ ძალა ერთობაშია

0x01 graphic

პოსტსაბჭოთა პოლიტიკური აზროვნების კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე უფრო მძიმე რელიქტი ეროვნული პოლიტიკაა. ქართული ნაციონალიზმი დღევანდელი სახით ასევე საბჭოთა პერიოდში წარმოიშვა - მის გამომუშავებაში ქართულმა სამეცნიერო და შემოქმედებითმა ინტელიგენციამ შეასრულა დიდი და არცთუ სახარბიელო როლი. არასახარბიელო იმიტომ, რომ ნაციონალიზმიც სხვადასხვაგვარი არსებობს, ხოლო ქართული ნაციონალიზმი მომავალი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნაზე კი არ იყო ორიენტირებული, არამედ საკუთარი წარსულით ნარცისისტულ ტკბობაზე. ამ ნარცისისტულმა ტკბობამ, რომელიც მითოლოგიზებული წარსულის შექმნაში, პატრიოტული ლექსის თქმაში, ლოზუნგებში, სადღეგრძელოებში, სიმღერასა და დროშის ფრიალში გამოიხატებოდა, ყველა მნიშვნელოვანი და მნიშვნელობის მატარებელი სოციალური მოქმედება ჩაანაცვლა და მომავალზე ფიქრი, მომავლის დაგეგმვა მომავალზე ოცნებით შეცვალა. მაშინ როდესაც ბალტიისპირელი დისიდენტებიც და ინტელექტუალებიც მომავალი დამოუკიდებლობის პრაქტიკულ გეგმებს სახავდნენ, ქართველი დისიდენტები და ინტელექტუალები ლოზუნგების ენას ვერაფრით გასცდნენ. ამ ლოზუნგების ენის გამოხატულება მიტინგი გახდა - მიტინგი, რომელიც წესით და რიგით ხალხის ერთი ჯგუფის პოლიტიკური მოთხოვნების გამოხატვის საშუალებაა, საქართველოში პოლიტიკოსების (გნებავთ სამთავრობო და გნებავთ ოპოზიციური) და ამომრჩევლების რიტუალური, უფრო სწორად კი რიტუალიზებული ერთობის - არა პოლიტიკური ნების, არამედ პოლიტიკური აზროვნების ჩამანაცვლებელი აფექტების - გამოხატვის საშუალებად იქცა. ელექტრონულმა მედიამ (განსაკუთრებით „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“) ეს მიტინგი უკვე ტელევიზორის მქონე ყველა ოჯახში შეიტანა. ამ სახიფათო ტენდენციის ბოლო გამოხატულება ომის დროს გამართული მიტინგი იყო. ის, რომ ამ მიტინგზე ზოგიერთი გამომსვლელი რუსეთთან ომს დიდგორის ბრძოლას ადარებდა - აზროვნებაზე აფექტის გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითია. სწორედ აზროვნების აფექტებით ჩანაცვლების გამო დამოუკიდებლობას ურაპატრიოტული ლოზუნგებით და არა ახალი სახელმწიფოს მშენებლობის გეგმით შევხვდით. ურაპატრიოტიულით იმიტომ, რომ რეალურ მოქმედებას სიმბოლური მოქმედებით ვანაცვლებდით და გვეგონა, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი საქართველოს სადღეგრძელოს ყანწით დალევით ერთხელ და სამუდამოდ მოხდილია; ურაპატრიოტულით იმიტომაც, რომ გვეგონა, ჩვენი „პატრიოტიზმი“ საქართველოს სხვა ეთნოსების დაკნინების ხარჯზე უნდა გამოვლენილიყო. აფხაზებთან კონფლიქტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ლატენტური იყო, სწორედ იმ დროს გაღვივდა, ხოლო ოსეთის კონფლიქტი გამსახურდიას ნაციონალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო. გამსახურდია გროზნოდან გადმოვასვენეთ და ნიკოლოზ ბარათაშვილის და გალაკტიონ ტაბიძის გვერდზე დიდი პატივით დავკრძალეთ, იმაზე კი არაფერი გვითქვამს, რომ ამ ადამიანის პოლიტიკამ - რომელზეც დღეს ჩვენ ვაგებთ პასუხს - საქართველოს განვითარებას და მის მთლიანობას არამარტო ტერიტორიული, არამედ საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგებით, უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მავანი კრიტიკოსი იტყვის, ეს კონფლიქტები ხომ რუსების მიერ ჩადებული ნაღმი იყოო, მათი გაღვივებული იყოო, თორემ ჩვენ ვინა და ოსები და აფხაზები ვინაო. ის, რომ რუსეთს იმპერიული პოლიტიკის აგერ ლამის სამასწლოვანი გამოცდილება აქვს და ამ კონფლიქტების გაღვივებისათვის ყველაფერს გააკეთებდა - ნათელია. ცხადია, რომ მტრისაგან მტრულ საქციელს უნდა მოელოდე და იმდენი ჭკუა გქონდეს თავში, რომ მის პროვოკაციებს არ აჰყვე. მაგრამ არც ის გამოვა, შენი შეცდომაც მტერს გადააბრალო და თქვა - ყველაფერი იმისი ბრალია, მე კარგი ბიჭი ვარო. ამგვარი ინფანტილიზმი, მით უმეტეს პოლიტიკურ აზროვნებაში, აქამდეც საზიანო იყო და ეხლაც საზიანოა. ისიც უნდა გავიგოთ, რომ რუსებს კონფლიქტის ზონებში პროვოკაციების მოწყობის საშუალება ჩვენივე ნაციონალური პოლიტიკით ჩვენც მივეცით. ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ საკმარისი გონიერება, ვერ გამოვნახეთ საკმარისი ძალა იმისათვის, რომ პირველ ყოვლისა აფხაზებისა და ოსებისათვის გვეგრძნობინებინა, რომ ჩვენ მართლა ერთნი ვართ და არა მხოლოდ ბოლოდროინდელ ფერად პლაკატებზე, რომ ჩვენ გვესმის მათი შიშებისა და საფრთხეებისა და მზად ვართ გავიზიაროთ ისინი. ამ მხრივ, გამსახურდიას და შევარდნაძის შემდეგ არც პოსტრევოლუციურ საქართველოს შემოუთავაზებია არაფერი ახალი. პირიქით, გადავიღეთ კლიპი, რომლის ავტორებმა და მონაწილეებმა ღირსების ორდენი, მაშასადამე სახელმწიფოს ოფიციალური მხარდაჭერა მიიღეს. ამ კლიპში აფხაზეთიდან დევნილი ქართველები აფხაზეთში ძველი იკარუსის ავტობუსით ბრუნდებოდნენ, ხოლო ამ კლიპის მთავარი გმირი ახალი ქართველები კი ახალთახალი ჯიპებით მიდიოდნენ ზღვაზე დასასვენებლად - აფხაზი კი ამ კლიპში არსად იყო. კონფლიქტების და ომების მერე კი არც იმისი ძალა და უნარი გვეყო, რომ იმისთვის მაინც მოგვეხადა ბოდიში, რაც მათ წინაშე დავაშავეთ. კი, ისინიც დამნაშავე არიან ჩვენს წინაშე - მაგრამ ჩვენ ჩვენი დანაშაული ვაღიაროთ და ამ დანაშაულისათვის ვითხოვოთ პატიება. ვიღაცას შეიძლება ბოდიშის მოხდა არ მოეწონოს, მაგრამ ღირსება, პასუხისმგებლობის გრძნობა, დიდსულოვნება ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა უფროა, ვიდრე საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვა ან სხვისთვის გადაბრალება. ვიღაცას შეიძლება ბოდიშის მოხდა დაგვიანებულად მოეჩვენოს, ვიღაცას კი ზედმეტად იდეალისტურად. არც ერთია მართალი, არც მეორე, რადგანაც აფხაზები და ოსები არსად მიდიან, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და მომავალ ურთიერთობებზე უნდა ვიფიქროთ. პოლიტიკური რეალისტებისათვის კი არც ის უნდა იყოს უცხო, რომ რუსეთი აფხაზეთის აღიარების შემდეგ თავს აფხაზეთის ბატონ-პატრონად იგრძნობს, აფხაზები კი დღეს თუ ხვალ მიხვდებიან, რომ ის საფრთხე, რომელიც ქართველებისაგან მომდინარე ეგონათ, სინამდვილეში რუსეთისგან ემუქრებათ. თუნდაც ამიტომ არ არის გვიან გადავაფასოთ ჩვენი ისტორია, ჩვენი დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობების მიმართ - გავიაზროთ, რომ ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი ამ ქვეყნის ერთნაირი და თანაბარი უფლებების მქონე მოქალაქეები ვართ. გავიაზროთ და არა ლოზუნგებად გამოვიყენოთ, რომლისაც ჩვენთვითონვე არ გვჯერა, დღეს დავრგოთ ის ხე, რომელიც ათ, ოც ან ოცდაათ წელიწადში მოისხამს ნაყოფს.

სასოწარკვეთა ახლა ისეთივე ფატალური შეცდომა იქნება, როგორიც ისევ და ისევ გარდასულ დღეთა დიდების ნარცისისტულ ტკბობაში გადავარდნა. დღეს უნდა გავიაზროთ წარსულის გამოცდილება, დასკვნა გამოვიტანოთ წარსული შეცდომებიდან, ვიტვირთოთ ამ შეცდომების პასუხისმგებლობა და ახალი აზროვნებით დავიწყოთ ახალი საქართველოს შენება, რომელიც უძველესი ევროპა კი არა, თანამედროვე ევროპის ნაწილი იქნება. ამისათვის საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების შეცვლა არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. შეგვიძლია ამის გაკეთება? დიახაც, შეგვიძლია.

10 დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი?

▲ზევით დაბრუნება


REX ET RECTUM

დავით დარჩიაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მთავრობა, დემოკრატიულია იგი თუ არა, ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას გაატარებს, - რადგან დაუნდობელ ანარქიულ საერთაშორისო ასპარეზზე ეს ერთადერთი ლოგიკური არჩევანია. რა თქმა უნდა, შეიძლება დავა ამ მტკიცებულების მართებულობაზე. პოლიტიკურ მეცნიერებებში არანაკლებაა ცნობილი თეზა, რომ ეროვნული ინტერესებისა თუ ეროვნული უსაფრთხოების საფარქვეშ ხშირად ჯგუფისა თუ კონკრეტული ინსტიტუტის წარმომადგენელთა ინტერესი და უსაფრთხოება იმალება. ასეთი რამ კი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში უფროა მოსალოდნელი. მაგრამ ისეც ხდება, რომ ავტორიტარული მმართველები ასეთებად ეროვნული ინტერესების გულწრფელი ერთგულებით ხდებიან ან/და დემოკრატია სესხულობს ავტორიტარიზმის ნიშნებს საერთოსახელმწფოებრივი განსაცდელის ჟამს.

0x01 graphic

ავტორიტარიზმი პრაქტიკაში არჩევანის უფლების შეზღუდვებთან, არა კანონის, არამედ კონკრეტული ინდივიდების უზენაესობასთან ასოცირდება. ამავე დროს, იგი გულისხმობს სახელმწიფოს უპირობო უზენაესობაზე ხაზგასმას და მოქალაქეთა მობილიზებას მთავრობის მიზნების ირგვლივ. ეს უკანასკნელი ტენდენცია, ამა თუ იმ დოზით, დღემდე არსებულ ყველა პოლიტიკურ სისტემას განუცდია. სახელმწიფო ინტერესები და მათ დასაცავად გაერთიანება არაერთხელ ყოფილა ევროპისა თუ ამერიკის დემოკრატიულ ლიდერთა მისწრაფება. პოლიტიკოსთა მსგავსი მოთხოვნები ხშირად თავად დემოკრატიულ იდეალთა გადარჩენის აუცილებლობითაც იყო და არის ხოლმე არგუმენტირებული. საინტერესოა, რომ დემოკრატიის საფუძვლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დამცველი ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმი - ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია - დასაშვებად მიიჩნევს რიგი ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას სწორედ ეროვნული ანუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შეზღუდვა ადეკვატური, პროპორციული და დროში შეზღუდული უნდა იყოს. ამ მოთხოვნათა დაცვის სადარაჯოზე დგას საერთაშორისო და ეროვნული დემოკრატიული მექანიზმები. მაგრამ არისტოტელედან მოყოლებული მაინცაა ცნობილი, რომ საზოგადო და ინდივიდუალური კეთილდღეობისათვის მოწოდებულ ნებისმიერ პოლიტიკურ მექანიზმს ემუქრება ეროზიის მუდმივი საფრთხე. შესაბამისად, ზღვარი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის მყიფეა და მოწყვლადი. ავტორიტარიზმის ზოგიერთი მაგალითის განზოგადებით ჰაროლდ ლასველმა „გარნიზონ-სახელმწიფოს“ თეორიული მოდელი შექმნა. ასეთ სახელმწიფოში ყველაფერი ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს ემორჩილება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მომხდენი მთავარი სააგენტოები სამხედრო, სპეციალური და საპოლიციო სამსახურებია. ლასველს, პირველ ყოვლისა, თვალწინ 30-იანი წლების იაპონია ედგა, მაგრამ დემოკრატიისა და უსაფრთხოების ურთიერთმიმართების ზოგიერთი მკვლევარი „გარნიზონ-სახელმწიფოს“ ელემენტებს 60-იანი წლების დემოკრატიულ აშშ-სა და 90-იანი წლების დემოკრატიულ ისრაელშიც ხედავდა.

ასეთი ვითარების ერთი მიზეზი თავად უსაფრთხოების ბუნდოვანი და სუბიექტური ბუნებაა. საფრთხე, რისკი უფრო ადამიანთა აღქმების თავისებურებებითა და ურთიერთდარწმუნების ძალით კონსტრუირდება, ვიდრე ობიექტურად და მატერიალურად. შესაბამისად, სოციალურ ფსიქოლოგიასა და კულტურას არანაკლები გავლენა აქვს საგარეო - თუ საშინაოპოლიტიკურ ნაბიჯებზე, ტაქტიკურ ბალანსზე კონკრეტულ დემოკრატიულ და ავტორიტარულ იმპულსებს შორის, ვიდრე მატერიალურ ინტერესებსა თუ მათ წინააღმდეგ მოქმედ ობიექტურ გარემოებებს. რაკი მათემატიკური სიზუსტით ვერასოდეს გაიზომება, თუ რამდენად გარდაუვალი და სასიკვდილოა საფრთხე, ძნელი სათქმელია რა დოზით არის დასაშვები მოქალაქეების ინდივიდუალური თავისუფლებების შეზღუდვა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

და მაინც, უსაფრთხოება დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის „ტოლობის“ ერთადერთი ნიადაგია, სადაც დემოკრატიას თავისი სისუსტე აქვს. დევიდ სიგალის ხატოვანი გამოთქმით, დემოკრატია „ცალი ხელით ომისათვის“ უნდა იყოს მზად, ან არადა ნაკლებდემოკრატიული გახდეს. ეს ნიშნავს, რომ სარისკო გარემოებებში დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო მსჯელობები, ღიაობა და მონაწილეობა, ისევე როგორც ადამიანის უფლებებისადმი მგრძნობიარობა შეიძლება დროის და რესურსების დაკარგვას იწვევდეს. მაგრამ დემოკრატიის სისუსტე ტაქტიკურია, ავტორიტარიზმის სასარგებლო არჩევანი კი სტრატეგიული მარცხის ტოლფასია. ბერძენსპარსელთა ომებიდან ცივ ომამდე ისტორიამ ამის უამრავი მაგალითი დატოვა.

არისტოტელე, რომელიც დემოკრატიის პრაქტიკულ განხორციელებაში არანაკლებ ხიფათს ხედავდა, ვიდრე მცირეთა თუ ერთპიროვნულ მმართველობებში, თავად დემოკრატიის არსს ორგვარად განმარტავდა - თანასწორობა და თავისუფლება. ეს პრინციპები ყავლგაუსვლელია დღესაც. მეტიც, მათი განხორციელება და დაცვა უალტერნატივოდაა აღიარებული თანამედროვე სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც რეჟიმი, რომლის ავტორიტარულობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, დემოკრატიიდან გადახვევებს ისევ დემოკრატიული იდეალებისათვის ბრძოლით ამართლებს. ანუ ღირებულებათა თუ ფილოსოფიურ დონეზე დემოკრატიამ უკვე კარგა ხანია, რაც დაამარცხა ავტორიტარიზმი. თუმცა ირონია იმაშია, რომ ამ იდეალთა ანუ თანასწორობისა და თავისუფლების სახელით ზოგჯერ იმავე ავტორიტარიზმის ყველაზე უკიდურესი ფორმის, ტოტალიტარიზმის ნიადაგი იქმნება.

ტოტალიტარიზმი, ანუ ადამიანთა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი ცხოვრებისა და საკუთრების უფლების შელახვა, ფაშიზმსა და კომუნიზმთან ასოცირდება. თავის დროზე, თანასწორობისა და, განსაკუთრებით, თავისუფლების შემლახავი ეს ორი იდეოლოგია სწორედ ამ იდეალებით აპელირებდა, პოულობდა გამოძახილს მილიონებში და შემდეგ ამ მილიონებისგანვე ქმნიდა მორჩილ მასას. პროცესს ახლდა მრვალრიცხოვანი მსხვერპლი. ეს მსხვერპლია ფაშიზმისა და კომუნიზმის გაუკუღმართებული ბუნების ყველაზე ნათელი სამხილი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ იდეოლოგიათა გულწრფელი მიმდევრების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ავტორიტარიზმის სხვა, უფრო მოკრძალებული ფორმების მხარდამჭერებს. ტერორი არ იყო ფაშისტებისა და კომუნისტების ერთადერთი იარაღი. ზოგჯერ ისინიც წარმატებით იყენებდნენ საარჩევნო თუ პირდაპირი დემოკრატიის ტექნოლოგიებსაც.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ფაშიზმი ან კომუნიზმი იმ ფორმითა და დოზით დაუბრუნდეს კაცობრიობას, რა ფორმითა და დოზითაც პირველი მათგანი 1945, ხოლო მეორე 1991 წლამდე არსებობდა. მაგრამ რადიკალური ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობა ის ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ფაქტორებია, რომლებიც დემოკრატიის საარჩევნო ტექნოლოგიებს და, შესაბამისად, თანასწორობა-თავისუფლების იდეოლოგიურ ტანდემს ავტორიტარიზმის უკიდურესი ფორმების მშენებლობის სამსახურში აყენებს ხოლმე. არისტოტელე არ საუბრობს ქსენოფობიების დამღუპველობაზე თანამედროვე გაგებით, მაგრამ დემოკრატიაში მას სწორედ ის აშინებს, რაც ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობის დროს განსაკუთრებით ვლინდება - უპიროვნო მასად ქცეული, ზოგჯერ მატერიალური ანგარებითაც მობილიზებული უმრავლესობის მიერ ინდივიდუალიზმის, ღირსებისა და პროფესიონალიზმის ფეხქვეშ გათელვა. ესაა პირდაპირი გზა ავტორიტარიზმისაკენაც, რადგან მასად ქცეული მოქალაქეები აუცილებლად ითხოვენ ბელადს.

ავტორიტარიზმი - მემარცხენე ბუნების იქნება იგი თუ მემარჯვენე, ტოტალიტარული თუ სხვა სახისა - არაპრაგმატულიცაა და ამორალურიც. ტოვებს რა სხვადასხვა დონის ძალაუფლების მქონეთ მხოლოდ ზემდგომთა ნებისა და კონტროლის ამარა, იგი ა) კლავს ინიციატივას და ბ) ხელს უწყობს კლანურ და ნეპოტისტურ დამოკიდებულებებს. საბოლოო ჯამში ეს ყოველივე პოლიტიკის ხარისხზე აისახება და უცილობლად წარმოშობს მასობრივ უკმაყოფილებას. ამგვარი სისტემის ამორალურობა კი ის არის, რომ რაც არ უნდა კონვენციური იყოს ადამიანური მორალი, დღეს მის ქვაკუთხედად ის უფლებებია, რომელთაც უცილობლად ზღუდავს ავტორიტარიზმი.

შესაბამისად, ნათელია, რომ როგორც პიროვნულ, ისე ეროვნულ კეთილდღეობას დემოკრატია ჰაერივით სჭირდება. მაგრამ გარდა იმავე პიროვნული და ეროვნული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი შეზღუდვებისა, დემოკრატიის სრულფასოვან და გამუდმებულ ზეობას ისიც აბრკოლებს, რომ პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, თავად დემოკრატიის შექმნა-ფუნქციონირება კი - დაუსრულებელი პროცესი.

ამ დაუსრულებლობის მანიშნებელია უამრავი ეპითეტი, რომელიც დემოკრატიის თითქოსდა ნათელი ორი პრინციპის - თანასწორობისა და თავისუფლების - განხორციელების კონკრეტული ფორმები იმსახურებს. პირდაპირი თუ წარმომადგენლობითი, დელიბერატორული, კონსენსუსზე დამყარებული თუ ინტერაქტიური, - ეს ტერმინები დემოკრატიის ექსპერტებმა მის ცალკეულ წახნაგებსა თუ პრაქტიკებზე ხაზგასასმელად მოიგონეს. აქ აღარაფერს ვამბობ საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელთა ან სხვადასხვა საარჩევნო სისტემათა შორის განსხვავებაზე. ეს უკანასკნელნი ზოგადი სისტემებია, ზემოჩამოთვლილი კატეგორიები კი ამ სისტემათა ფარგლებში მოქმედ წესებზე, პროცედურებსა და ნორმებზე მიგვანიშნებს. სხვადასხვა პოლიტიკურ ანდა ისტორიულ-კულტურულ გარემოებებში თანასწორობისა და თავისუფლების მაქსიმალური უზრუნველყოფისათვის ხან ერთი სისტემა თუ პროცედურაა უჯობესი, ხანაც მისი საპირისპირო ვარიანტი.

სურათს კიდევ უფრო ართულებს ფასადური დემოკრატიებისა და ყალბი დემოკრატების არსებობა. საქმე მარტო ის როდია, რომ დღეს ავტორიტართა უმეტესობაც დემოკრატობას დაიბრალებს და არჩევნებისა და კონსტიტუციონალიზმის იმიტირებას შეეცდება. პრობლემას ქმნის დემოკრატიულ ან ნაკლებდემოკრატიულ რეჟიმებთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც დემოკრატიული ლოზუნგებით აპელირებენ და საარჩევნო ტექნოლოგიებსაც იყენებენ, მაგრამ მათი დემოკრატიულობა ლოზუნგებისა და არჩევნების მიღმა არ მიდის. მათ არც შიდაორგანიზაციული დემოკრატია გააჩნიათ და არც იდეოლოგია, რომელიც თანასწორობისა და ინდივიდუალური თავისუფლების ფასეულობებს რეალურად დაეყრდნობოდა. გარდა ულტრანაციონალისტური თუ ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ძალებისა, მათ რიგებს ავსებენ ამავე იდეური შეფერილობის ტერორისტული ორგანიზაციები და კრიმინალური დაჯგუფებები. შეიძლება პოსტმოდერნულ გამოწვევად მივიჩნიოთ ვითარება, როდესაც, უსაფრთხოების იმპერატივიდან გამომდინარე, დემოკრატები იძულებულნი ხდებიან ძალის გამოყენებას მიმართონ, არადემოკრატები კი დემოკრატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების დროშებს აფრიალებენ და ეფექტურად იყენებენ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს მოქმედ ხელისუფლებათა დისკრედიტაციისათვის.

არსებითი აქ საკომუნიკაციო საშუალებების, მასმედიის პრობლემაა. მისი თავისუფლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ქვაკუთხედია. მაგრამ ხშირად ხდება, რომ იურიდიული თავისუფლების მოპოვება წინ უსწრებს მედიის წარმომადგენელთა უნარს, ზოგჯერ კი სურვილსაც, რათა ფაქტი ინტერპრეტაციისაგან იქნეს გარჩეული. ასეთ შემთხვევებში სიტყვის თავისუფლება ფარსად იქცევა და მის უკან დამკვეთის თუ დამკვეთთა ინტერესი იმალება.

ამგვარ პროცესთა საინტერესო მაგალითებს იძლევა ისტორიული გერმანია, თანამედროვე ერაყი, პალესტინა და, თუნდაც, საქართველო. სამწუხაროდ, ასეთ დროს ვითარებაში მყისიერი გარკვევა უჭირთ ხოლმე საერთაშორისო დემოკრატიული წრეების წარმომადგენლებსაც. ზოგჯერ კი ეს უკანასკნელნი აშკარად შეუსრულებად, იდეალისტურ მოთხოვნებს უყენებენ განსაცდელში მყოფ პროდემოკრატიულ ხელისუფლებებს, - მოთხოვნებს, რომელთა შესრულება კონკრეტულ კრიზისულ ვითარებებში შეიძლება ხელისუფლებაზე, ე.ი. დემოკრატიის პერსპექტივებზე ხელის აღების ტოლფასი იყოს.

დემოკრატიის თეორეტიკოსთა თანახმად, ამ პოლიტიკური წყობის ფუნქციონირებისათვის არჩევნების გარდა დამოუკიდებელი პოლიტიკური, სამოქალაქო და ეკონომიკური სექტორებია საჭირო. ეს გულისხმობს ჩამოყალიბებულ პარტიულ სისტემებს, პოლიტიკისაგან დამოუკიდებელ ბიზნესს და მრავალრიცხოვან სამოქალაქო საზოგადოებას. არსებითია თავისუფალი მედიაც, რომლის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალიზმს გულისხმობს. ამავე დროს, აუცილებელი ხდება შესაბამისი პოლიტიკური კულტურა, რაც უნდა გამოიხატოს ქცევის, პოლიტიკური „თამაშის“ როგორც დაწერილ, ისე დაუწერელ ნორმებში, და კრიტიკული და ინდივიდუალისტური განსჯის უნარის მქონე მოქალაქეთა სიმრავლეში. თეორიულად მაინც, ასეთ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იყოს როგორც ავტორიტარიზმი, ისე ყალბი დემოკრატების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. მაგრამ ასეთი რეალობა ბევრად უფრო ღრმა ტრანსფორმაციას გულისხმობს, ვიდრე დემოკრატიული ინსტიტუტების ნორმატივისტული მშენებლობა თუ კანონის უზენაესობის დეკლარირებაა.

სანამ საზოგადოებაში პრევალირებს გაგება, რომ კანონი მისთვის გვერდის ასავლელადაა მოგონილი, ყველაზე უფრო დემოკრატიული ხელისუფლებაც მუდმივად იდგება მარცხის საფრთხის ან ავტორიტარული ელფერის მქონე გადაწყვეტილებების მიღების ცდუნების წინაშე. თანაც თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა ნიუანსი კანონით გათვალისწინებული ვერ იქნება. თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპთა განუხრელ ერთგულებას ხელისუფლების შტოების გამიჯვნის, მათი შეკავება-გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმების გარდა, დემოკრატიული კულტურის დანერგვა სჭირდება. მხოლოდ შესაბამისი კულტურის მქონე საზოგადოებას (და არა მხოლოდ მის ელიტას) შეეძლება სწორი ბალანსის პოვნა უფლებებსა და მოვალეობებს, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას შორის. მაგალითისათვის, საზოგადოებაში, სადაც ახლა დემოკრატია შენდება, ცოტა ხნის წინ კი ავტორიტარიზმი და კორუფცია ყვაოდა, საჯარო სამსახურის ეფექტიანობის და სტაბილურობის გარანტიები არა იმდენად კანონებით, არამედ ქცევის ეთიკური ნორმებითაა დასანერგი. წარსულიდან ნაანდერძევ არაპროფესიონალიზმთან საბრძოლველად კი საკადრო პოლიტიკაში ხელისუფლებას დისკრეციის უფრო მაღალი დონე სჭირდება, ვიდრე ეს პროფესიონალიზმის მაღალი ტრადიციების მქონე ზოგიერთ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ საზოგადოებებშია მიღებული.

ლიბერალიზმი არის ალბათ ის საკვანძო ცნება, რომელიც გადამწყვეტია დემოკრატიის არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული გამარჯვებისათვის ავტორიტარიზმზე. საერთოდ, დემოკრატიაზე საუბრისას ლიბერალიზმიც იგულისხმება, რადგან სწორედ იგი ასოცირდება კანონის უზენაესობასა და რიგ სამოქალაქო (უპირველეს ყოვლისა საკუთრების დაცვისა და სინდისის თავისუფლების) უფლებებთან. მაგრამ ლიბერალიზმი არადემოკრატიულ პირობებშიც, მეფეთა და იმპერატორთა მიერ შეზღუდული პარლამენტების დროსაც არსებობდა; ხოლო არჩევნები, როგორც დემოკრატიის მთავარი პროცედურული მექანიზმი, სწორედაც რომ უმცირესობებისა და კერძო საკუთრებისათვის შეიძლება იყოს სარისკო. ლიბერალიზმისა და დემოკრატიის არცთუ მარტივი დიალექტიკა თავად ძირეული დემოკრატიული იდეალების - თანასწორობისა და თავისუფლების ურთიერთმორგების სირთულეზეც მიუთითებს. თანასწორობა რიგ ვითარებებში უფრო კოლექტივისტური ელფერის ღირებულებად შეიძლება იქცეს, მაშინ როდესაც თავისუფლებაში სწორედ პიროვნული, ინდივიდუალური ინტერესები იწევს წინ.

„არალიბერალურ დემოკრატიათა აღზევების“ ავტორი, ფარიდ ზაქარია თავის გახმაურებულ სტატიას იწყებს ამერიკელი დიპლომატის, რიჩარდ ჰოლბრუკის ნათქვამით ბოსნიის 1996 წლის არჩევნების წინ: „წარმოიდგინეთ, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად გამოცხადდეს, მაგრამ არჩეულნი აღმოჩნდნენ რასისტები, ფაშისტები, სეპარატისტები, რომელნიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან მშვიდობასა და რეინტეგრაციას. ეს დილემაა“. ფარიდ ზაქარიას დაკვირვებით, ბევრგან სწორედ კლასიკური ავტორიტარიზმების ნანგრევებზე დემოკრატიულად არჩეული მთავრობები ავლენენ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის და ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისების, არსებითად, ავტორიტარულ და დიქტატორულ ტენდენციებს. კონსტიტუციურ ლიბერალიზმს მოჰქონდა დემოკრატია, მაგრამ დემოკრატიას არ ეტყობა, რომ კონსტიტუციური ლიბერალიზმი მოსდევდეს, - ამბობს ფარიდ ზაქარია.

მას ედავებიან, აღნიშნავენ, რომ არალიბერალური დემოკრატიები არ არსებობს - ისინი დემოკრატიის სიმულაციაა, თუნდაც არჩევნების გზით დამყარებული, რადგან დემოკრატია წარმოუდგენელია კონსტიტუციური უფლებების, იმავე ლიბერალიზმის გარეშე და თუ სადმე ეს ხდება, დემოკრატიიდან გადახვევას აქვს ადგილი და არა მის არალიბერალურ ვარიანტს. მაგრამ ეს დავა უფრო ტერმინოლოგიურია, ვიდრე არსებითი. როგორც უკვე ითქვა, არისტოტელესაც იმიტომ არ მოსწონდა დემოკრატია, რომ მასში ინდივიდზე მასის ბატონობის ზაქარიასეულ არალიბერალურ ბუნებას ხედავდა - რა თქმა უნდა, განსხვავებულ, ანტიკურ კონცეპტუალურ ჩარჩოებში.

თუმცა ზაქარიაც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის, ანუ თანასწორობისა და თავისუფლების, სრულყოფილი და მყისიერი დანერგვის აპოლოგეტი. იგი პოლიტიკური კვლევების რეალისტურ სკოლას განეკუთვნება და ეჭვით უყურებს იდეალების სწრაფი განხორციელების პერსპექტივებს. ზაქარია პროვოკაციულად სვამს რიტორიკულ კითხვას, სად ჯობს ცხოვრება, არალიბერალურ-დემოკრატიულ ჰაიტიში, თუ ლიბერალურ-ნახევრადდემოკრატიულ ანტიგუაზე. იგი ასევე დაასკვნის, რომ მყისიერი არჩევნები ეგვიპტესა თუ მაროკოში ამ საზოგადოებებს უფრო არალიბერალურს გახდიდა.

მაგრამ განათლებული ავტორიტარიზმი - მონარქიისა თუ სამხედრო დიქტატურის სახით - ვერ იქნება დემოკრატიის ალტერნატივა. ავტორიტარიზმი რყვნის. შესაბამისად, საბოლოო ჯამში იგი თავადაა არალიბერალური და, იმავე ზაქარიას მტკიცებით, მხოლოდ საგანგებო ვითარებებში თუა შესაძლებელი არალიბერალური საშუალებებით ლიბერალურ მიზანს ემსახურებოდე. ავტორიტარიზმი, რაც სისტემური ძალადობის გარეშე განუხორციელებელია, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მსგავსი წყობის საზოგადოებებში დემოკრატია და რადიკალური იდეოლოგიები უკავშირდება ერთმანეთს.

პრინციპული, სტრატეგიული პასუხი კითხვაზე - დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი? - ცალსახად პირველის სასარგებლოდაა გასაკეთებელიც და გაკეთებულიც. მაგრამ დემოკრატია პროცესია და არა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული პროექტი. ასევე ავტორიტარიზმსაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა წახნაგები და დონეები. ზოგიერთ შემთხვევებში კი ავტორიტარიზმი მეტ პატივისცემას იჩენს ინდივიდუალური, სამოქალაქო უფლებების მიმართ, ვიდრე დემოკრატიულად შექმნილი და არჩევნების მეშვეობით ურთიერთმონაცვლე მთავრობები. ტაქტიკურ დონეზე მაინც, დემოკრატიის საყრდენები, თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპებიც რთულად თანაარსებობენ. შესაბამისად, საგანგებო, კრიზისულ თუ გარდამავალ პირობებში კითხვა - დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი? - დილემურ სახეს იღებს. დილემის გადაწყვეტას არა მხოლოდ და არა იმდენად დემოკრატიის საუკეთესო მექანიზმებისა და პრაქტიკების დანერგვა სჭირდება, არამედ დემოკრატ მოქალაქეთა კრიტიკული მასა, რომელთა გონებაში დემოკრატია და ლიბერალიზმი, ანუ ტოლერანტობა, თანაარსებობას შეძლებს. ეს კი იმდენადვეა პარლამენტისა თუ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერის, რამდენადაც საგანმანათლებლო სისტემის რეფორმისა და ლიბერალური განათლების მასობრივად დანერგვის საკითხი.

0x01 graphic

შესაბამისად, ნამდვილი დემოკრატიის მშენებლობას, ავტორიტარიზმთან არა მხოლოდ იურიდიულად ბრძოლას, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერებიდან მის აღმოფხვრას, განუხრელი ძალისხმევა და საგრძნობი დროც სჭირდება. პროცესის სადარაჯოზე კი უნდა იდგეს ძალაც და ისეთი ინსტიტუტებიც, რომელნიც დააბალანსებს უმრავლესობის ნებას. შეერთებულ შტატებში ერთი ასეთი ინსტიტუტი სენატია, რომელშიც რამდენიმე ათეული მილიონი კალიფორნიელი და სულ რამდენიმე მილიონი არიზონელი თანაბარი რაოდენობის დელეგატებს აგზავნის. მავანს ეს შეიძლება არადემოკრატიულად მოეჩვენოს, ისევე, როგორც საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა. მაგრამ ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი ცნობილი, თავისთავად არცთუ დემოკრატი პერსონაჟი, მახვილგონივრულად შენიშნავდა - დემოკრატია ლობიოობა არაა.

2008 წლის 25 ივნისი

11 ტოტალიტარიზმი და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ჯერ სქემები დავძლიოთ
გიორგი გვახარია

არაფერი არ ემუქრება აზროვნების სიზუსტეს ისე,
როგორც განსხვავების უუნარობა.
ედმუნდ ბერკი

ჩემი მეგობრები უკვე ვეღარ მალავენ შეშფოთებას - მათი 5 წლის ბიჭი ჭკუას კარგავს ომობანას თამაშზე. არაფერი უხარია ისე, როგორც თოფის ხელში დაჭერა.

საბავშვო ბაღში არ დადის. ტელევიზორში მარტო „დუტას ზღაპრებს“ უყურებს. დედამისი, როგორც თავად მითხრა, მხოლოდ „კეთილ წიგნებს“ უკითხავს. უფრო მეტიც, დროდადრო მოცარტსაც ასმენინებს.

ძალიან მშვიდი ოჯახია. ბავშვის თანდასწრებით ცოლ-ქმარი ხმას არ იმაღლებს. ახლა ყველაფერს ეზოს აბრალებენ - მეზობლის ბავშვებმა დააჭერინეს თოფი და იმათ შეაყვარეს „ომობანა“ და „შტაბებიო“. უფრო მეტიც, მეზობელმა გვითხრა, რომ თანატოლების დაჩაგვრა დაიწყო, ხანდახან ბავშვებს თავში ურტყამსო.

- თქვენს ბიჭს „სახლობანა“ და „კუკლები“ რომ ჰყვარებოდა, ეს არ შეგაშფოთებდათ? - იკითხა ერთხელ ბავშვის დიდმა ბაბუამ - ე.ი. მამის პაპამ. დედამ - არაო, მამამ - კი, ესეც შემაშფოთებდაო... მერე ორივემ ასე თქვა: უბრალოდ გვინდა, „ნორმალური ადამიანი“ გაიზარდოსო.

თუკი „ინსტინქტური აგრესიულობის“ ფსიქოანალიტიკური თეორიით ვიმსჯელებთ, ამ ბავშვის ქცევაში არანორმალური არაფერია. ფროიდს თუ დავუჯერებთ, აგრესიულობა ადამიანის ფსიქიკაში თავიდანვეა დამკვიდრებული... თუმცა ფსიქოანალიტიკოსებთანაც კი აგრესიულობა არაა წარმოდგენილი, როგორც მარადიული მოცემულობა. ეს, უბრალოდ, ადამიანური ქცევის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც დროთა განმავლობაში რაღაც კონსტრუქციულით შეიძლება შეიცვალოს.

ბოლოს და ბოლოს, ეს ბავშვი გაიზრდება, „სპერმას გაისვრის“... „სექსუალური ეთიკა“ ჩამოყალიბდება (ვილჰემ რაიჰის საყვარელ ტერმინს თუ გავიხსენებთ), და „ომობანას“ თუ „ნადირობის“ ინსტინქტი, შესაძლოა, სრულიად საპირისპირო - აღმშენებლობით ვნებად იქცეს.

სხვათა შორის, ტოტალიტარიზმის სწორედ სექსუალურ-ფსიქოლოგიურ სტადიებზე ამახვილებენ ყურადღებას ლევან ლომინაშვილი და ზაზა შათირიშვილი წერილში „ტოტალიტარიზმის არქიტექტურა“, მერაბ მამარდაშვილის ლექციებს თუ არ ჩავთვლით, ქართულ ენაზე დაბეჭდილ ფაქტობრივად პირველ პუბლიკაციაში, რომელშიც ტოტალიტარული ხელოვნების ნიშნებია განხილული („ახალი პარადიგმები“, 1999, №3, გვ. 63-75). წერილის დასაწყისში ავტორები კითხულობენ: „მაინც რა არის ტოტალიტარიზმის დამახასიათებელი ძირითადი ნიშან-თვისება?“ და ამ შეკითხვას უპასუხებენ ციტატით იგორ სმირნოვის წიგნიდან, რომელშიც „ახალი კულტურის“ ისტორია განიხილება ფსიქოლოგიურ სტადიებად; რომანტიზმი შეესაბამება კასტრაციულ სტადიას, რეალიზმი - ოიდიპალურს, ავანგარდი - სადისტურს და პოსტმოდერნიზმი - სიმბიოზურს... განხილულია კიდევ ერთი სტადია - სოციალისტური რეალიზმი (ტოტალიტარული ეპოქის კულტურა), რომელიც წარმოდგენილია, როგორც „მაზოხიზმი“. ქართველი მეცნიერები მაზოხიზმის სმირნოვისეულ თეორიას უკავშირებენ თეოდორ რაიკისა და ჟიულ დელეზის მოსაზრებას, რომლის თანახმად, მაზოხისტური რიტუალის მთავარ ფაზას წარმოადგენს „სასპენსი“ (სიამოვნების „გაჭიმვა“) და აკეთებენ პარადოქსულ დასკვნას - ამ თვალთახედვით ჰიჩკოკი, შესაძლოა, ტოტალიტარული ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაც კი იყოსო... ასე უკავშირდება ტოტალიტარული კულტურის შესახებ ქართულად დაბეჭდილ ერთ-ერთ პირველ სერიოზულ პუბლიკაციაში ალფრედ ჰიჩკოკის ტრილერები სტალინისეულ ტერორს... ერთ სქემას მოჰყვება ახალი - სერგეი ეიზენშტეინის გზა ავანგარდიდან („ჯავშნოსანი პოტიომკინი“) ბიზანტიურ-მართლმადიდებლური სტილის აღორძინებამდე.

0x01 graphic

პუბლიკაციის ავტორები კინოს ისტორიკოსები არ არიან, ამიტომ სრული უფლება აქვთ არ იცოდნენ, რომ „ალექსანდრე ნეველი“, მიუხედავად მისი პატრიოტული პათოსისა, მიუხედავად რუსული ხატწერის პრინციპზე აგებული სახვითი გადაწყვეტისა, სწორედაც რომ „ანტიტოტალიტარული კინოა“ - მიხეილ ჭიაურელის პატრიოტულ-ფსევდოკლასიცისტური ფილმებისგან განსხვავებით, თავიდან ბოლომდე ბრეხტის გაუცხოების ეფექტზეა აგებული. ეიზენშტეინი მაქსიმალურად იცავს დისტანციას „ისტორიული ობიექტისგან“ და ამით აღწევს ირონიას იმ მასალის მიმართ, რომელსაც გამოხატავს. აბსოლუტურად იგივე შეიძლება ითქვას ჰიჩკოკზეც. მაგალითად, მისი „ფანჯარა ეზოს მხარეს“ არის არა იმდენად სასპენსის კულტი, რამდენადაც ირონია „სასპენსურ-პირველყოფილ ინსტინქტებზე“ და შესაბამისად - ავტორის სურვილი, ის პირველყოფილი, ველური ინსტინქტი, რასაც „გაწელვა“, ე.ი. დროზე ძალადობა, დევნა და თვალთვალი ჰქვია, ჯერ გაგვააზრებინოს (თვითონაც გაიაზროს) და მერე გაგვათავისუფლოს (თვითონაც გათავისუფლდეს) მისგან.

ეიზენშტეინს ეს ინსტინქტები დეტალურად აქვს შესწავლილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „არაგულგრილი ბუნება“. ძაღლსაც კი არ უყვარს ადვილად მოპოვებული ნანადირევიო, ამტკიცებს ეიზენშტეინი და მოჰყავს უამრავი მაგალითი ბუნებიდან, რომელიც თავის მხრივ იმდენადაა საკრალური, იდუმალი, რამდენადაც სასტიკი და „სისხლიანია“...

პოსტსაბჭოთა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ტოტალიტარულ ეპოქაზე მსჯელობისას, მეცნიერები, როგორც წესი, ემიჯნებიან ამ მოვლენის ფსიქოანალიტიკურ, სხვაგვარად რომ ვთქვათ „ბუნებრივ“ ძირებს, რადგან იმის თქმა, რომ ადამიანი, თავისი ბუნებით ავტორიტარულია, რომ დაპყრობისა და ძალადობის ვნება უნივერსალურია და თავისი ბიოლოგიური საფუძვლები აქვს, სრულ დისკომფორტს უქმნის ავტორსაც და მკითხველსაც. ამასთან ერთად, საქართველოში კვლავაც დამკვიდრებულია შეფასებები „ბავშვივით გულწრფელი“, „ბავშვივით გულუბრყვილო“... 2007 წლის ნოემბრის ამბების ერთ-ერთ გმირს, ლევან გაჩეჩილაძეს, საზოგადოების ერთი ნაწილი სწორედ ამ თვისებების გამო უჭერდა მხარს... გარკვეული თვალსაზრისით პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა - ინფანტილიზმის ერთ ფორმას დაუპირისპირდა მეორე, და კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ „ბავშვურ“ პოლიტიკურ კულტურას მხოლოდ დროებითი გამარჯვების მოტანა შეუძლია და რომ „ომობანას“ თუ „რევოლუციობანას“ თამაშს, რაოდენ გამართლებული და ბუნებრივიც არ უნდა იყოს ის, მაინც ვერ მოჰყვება სასურველი შედეგი, თუკი მხოლოდ ემოციებსა და ინსტინქტებზე იქნება დაფუძნებული.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნოემბრის მოვლენების „ანალიზი“ წარმოადგინა დოკუმენტურ ფილმში „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, რომელიც თავიდან ბოლომდე ინფანტილურ მაყურებელზე იყო გათვლილი, და რომელსაც, წესით და რიგით, უნდა დაეგვირგვინებინა ინფანტილურ სახეებზე (შადრევნები, კაშკაშა ფერებად შეღებილი სახლები, საბავშვო გასართობი ცენტრები) აგებული პოლიტიკა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ამ შემთხვევაში არ შევეხები ფილმის სამართლებრივ მხარეს და ვერც სურათის „პერსონაჟების“ გამართლებას ან გაკიცხვას გავბედავ... ჩემთვის ამჯერად უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ იყო აგებული მთელი ეს ფილმი - როგორი ინტონაციით კითხულობდა წამყვანი ტექსტს, როგორი მუსიკა იყო გამოყენებული, როგორ დამონტაჟდა სურათი და როგორ განვითარდა მისი დრამატურგია. ფაქტობრივად, 2008 წლის საქართველომ იხილა 37 წელს გადაღებული საბჭოთა სურათის ასლი - აგენტებითა და მავნებლებით, რომლებიც „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ხელს უშლიდნენ ქვეყნის აყვავებას (მხატვრული სიყალბე, საერთოდ, დამახასიათებელია ასეთი ტიპის ფილმებისთვის). ბუნებრივია, ოპოზიციამაც არ დააყოვნა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ საქართველოში „სტალინიზმი აღორძინდა“.

არადა ეს „ვრედიტელი“ ჩვეულებრივი ზღაპრული პერსონაჟია. ბავშვებს უყვართ ასეთი გმირები (ანტიგმირები) და ასეთი პერსონაჟები უყვარს ინფანტილურ აზროვნებას. მაგრამ ქართული საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერება და, თუ გნებავთ, გემოვნება არც ისე პრიმიტიული აღმოჩნდა, როგორც ეს ხელისუფლებას ეგონა. შეიძლება ითქვას, რომ ფილმმა „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ მხოლოდ დათვური სამსახური გაუწია ხელისუფლებას და... ვითარებამ ცოტა ხანში ანეკდოტური სახე მიიღო - ხელისუფლების წარმომადგენლები იფიცებოდნენ, რომ არაფერი ჰქონდათ საერთო ამ სურათთან.

სიტუაციის აბსურდულობამ თავად ამ ფილმის ახლებური შეფასების საშუალებაც მოგვცა. როგორც ჩანს, ეს იყო უფრო „სტალინიზმის კარიკატურა“ და არა „სტალინიზმის აღორძინება“... ასეთი „კულტურული ასლები“ (მითუმეტეს პოსტმოდერნის ეპოქის კულტურაში) ვერასდროს შექმნიან თანაარსებობის ეფექტს. პუბლიკა, რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური კულტურა, მაინც დარჩება „ბრეხტის სივრცეში“, ე.ი. შეინარჩუნებს დისტანციას პროპაგანდისტულ მასალასთან.

შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნეს არ ჰქონია უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე ტოტალიტარიზმია. მაგრამ თუკი იმავე გერმანიაში („ფრანკფურტის სკოლიდან“ დღემდე) საზოგადოებამ კარგა ხანია გაიაზრა, შემდეგ კი გაემიჯნა ნაციონალ-სოციალიზმსა და მის მემკვიდრეობას, პოსტსაბჭოურ სივრცეში ასეთი გამიჯვნა ან, ისევ ბრეხტს თუ შევაწუხებთ, - „გაუცხოება“ არ მომხდარა. ტოტალიტარიზმის მკვლევართა უმრავლესობა ამას იმით ხსნის, რომ გერმანული საზოგადოების „კათარზისი” (მათ შორის „ფრანკფურტის სკოლის“ მოღვაწეობა) მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მარცხმა დააჩქარა. საბჭოთა კავშირის დანგრევა კი შედარებით უმტკივნეულოდ მოხდა. არ იყო „ტრავმა“ და ამიტომ არ იყო კათარზისი.

შესაბამისად, არაეფექტური აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა კულტურის როლი, ინტელექტუალების როლი. ამ უკანასკნელთ, როგორც ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება (მათ შორის დემოკრატიულშიც), წესით და რიგით, არ უნდა მიეღოთ პროპაგანდისტული მითები, რომელსაც პოსტსაბჭოთა მთავრობები ამკვიდრებდნენ. მაგრამ საქართველოში, მაგალითად, კულტურის მოღვაწეთა უმრავლესობამ, უბრალოდ, დაივიწყა, რომ კრიტიკული პოზიცია, ეჭვი, ხელისუფლების მიერ „გაშვებული“ გზავნილების მიმართ უნდობლობა, ინტელექტუალის ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. პოსტსაბჭოთა ქართული კულტურა მნიშვნელოვნად ჩამორჩა 90-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარე მოვლენებს, რადგანაც, უამრავ სხვა მიზეზთან ერთად, არ ჰქონდა „ისტორიზმის“ გამოცდილება, თავად იყო მოქცეული იმ მითების მარწუხებში, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა.

გამონაკლისები, რა თქმა უნდა, იყო. ჯერ კიდევ 80-იან წლებში საქართველოში გამოჩნდნენ მხატვარი-კონცეპტუალისტები, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ნორმატიულ ესთეტიკასთან ბრძოლა ფერწერაში. კონცეპტუალიზმი ლოზუნგური სტიქიიდან დაიბადა და მისი პაროდირება დაიწყო. ტოტალიტარული ტექსტების, ვიზუალური და ხმოვანი კლიშეების უტრირება, საბჭოთა იდეალების დეჰეროიზაცია ქართველი 80-იანელების შემოქმედებით პრინციპად იქცა. მოგვიანებით სწორედ მხატვრებმა დაიწყეს პერფომანსების მოწყობა კულტურაში დამკვიდრებული ახლა უკვე პოსტსაბჭოთა მითების წინააღმდეგ. მაგრამ მედიამ (არამარტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა მედიამ) ამ „ანტიტოტალიტარულ პერფომენსებს“ ვერ მიანიჭა მასშტაბური ხასიათი, ვერ აქცია „ტენდენციად“ თანამედროვე ქართულ კულტურაში.

მოგვიანებით, ახლა უკვე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების (ეს ხალხი თავის თავს სწორედ 80-იანელი კონცეპტუალისტების მემკვიდრეებად აცხადებდა) „ანტიტოტალიტარულ აქციებს“ ქართულმა მედიამ ეკლესია დაუპირისპირა... და ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობის ხარისხი ქვეყანაში ძალზე მაღალია (ამას ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკვლევა ადასტურებს), გამოვიდა, რომ კულტურის განახლების ნებისმიერ ცდას დღევანდელ საქართველოში უპირისპირდება არა იმდენად ხელისუფლება, რამდენადაც თავად საზოგადოება.

1933 წელს გერმანულ გაზეთებში გამოქვეყნდა მანიფესტი: „რას ელიან ხელისუფლებისგან გერმანელი მხატვრები“. ბერლინელი ფერმწერები მიმართავენ ხელისუფლებას ამოიღოს „კოსმოპოლიტური მხატვრობა“ გერმანული კოლექციებიდან და განდევნოს გერმანული კულტურიდან მხატვრები, რომლებიც „შეურაცხყოფას მიაყენებენ ეროვნულ ტრადიციებს“. ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქის მედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტოტალიტარული ცნობიერების დამკვიდრებაში.

მერაბ მამარდაშვილი 1990 წელს წაკითხულ ლექციებში ტოტალიტარიზმს სწორედაც როგორც ცნობიერების პრობლემას განიხილავს, ე.ი. ფაქტობრივად, როგორც კულტურის პრობლემას. „ის ფსიქიკური ძალები, რომლებმაც ამუშავებისას ოცდაჩვიდმეტი წელი მოახდინეს, ლატენტური სახით დღესაც მუშაობს ჩვენს სულებში“, - ამბობს მამარდაშვილი... რაც იმასაც ნიშნავს, რომ იმავე სტალინიზმის ეპოქა არამარტო არ დამთავრებულა სტალინის სიკვდილით, არამედ არც დაწყებულა სტალინით და რომ „პერესტროიკის ეპოქისთვის“ დამახასიათებელი „შტურმი სტალინზე“ უნაყოფო აღმოჩნდა იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმი უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც ერთ კონკრეტულ ეპოქაში დაბადებული პრობლემა, როგორც ზღაპარი ბოროტ მეფეზე. ისევ და ისევ ინფანტილური და ისტორიის მიმართ მორალისტური დამოკიდებულების შედეგი იყო თენგიზ აბულაძის „მონანიებაც“, რომელიც დღეს უკვე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც არა იმდენად „ანტიტოტალიტარული“, რამდენადაც მხოლოდ „ანტისტალინური“ ფილმი. აღმოჩნდა, რომ იგავი, რომელსაც წლების მანძილზე ამკვიდრებდა ქართული კინოხელოვნება და რომელმაც გადაარჩინა კიდეც ჩვენი კინო საბჭოთა ცენზურისგან, მეტისმეტად „მცირე ჟანრია“ ტოტალიტარიზმის ჭეშმარიტი სურათის გამოსახატავად.

და სწორედ აქ მივუახლოვდით ერთ დელიკატურ პრობლემას, რომლის გაგებისა და გააზრებისთვის მართლაც რომ მოზრდილი ადამიანის ტვინია საჭირო და არა ინფანტილურ-ირაციონალური სწორხაზოვნება.

თავის დროზე საბჭოთა კინომცოდნეებმა ლამის სამაგიდო წიგნად აქციეს ზიგფრიდ კრაკაუერის წიგნი „კალიგარიდან ჰიტლერამდე“, რომელშიც 20-იანი წლების გერმანელ ავანგარდისტებს, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალ-სოციალისტური ესთეტიკის ჩამოყალიბება ბრალდებათ. კრაკაუერის კონცეფცია მარტივია. სიმარტივე და სიცხადე კი ყოველთვის უფრო ეფექტურად ზემოქმედებს მკითხველზე, ვიდრე ნიუანსებით გადატვირთული „ჩახლართული აზრები“. გერმანელი კინომცოდნე და კულტუროლოგი ამტკიცებს, რომ ვაიმარის რესპუბლიკის ხელოვნებისთვის დამახასიათებელმა „ანტირეალისტურმა სტილმა“, ნორმიდან გადახრილი პერსონაჟებით გატაცებამ, ნაციონალ-სოციალისტური კულტურისთვის მოამზადა ნიადაგი.

აიდეალებდი ნორმიდან გადახრილს და მიიღე კიდეც - ჰიტლერის სახით. ასეთია კრაკაუერის ლოგიკა.

თითქმის იდენტურ სქემაზეა აგებული პოსტსაბჭოთა კულტუროლოგთა ნაშრომები, რომლებშიც სტალინური ტოტალიტარიზმის საფუძვლებია მიმოხილული. ტოტალიტარული მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში აქ განსაკუთრებით „მოხვდათ“ რუს სიმბოლისტებს, რომელთა უმრავლესობა, მოგეხსენებათ, აღფრთოვანებული შეხვდა ბოლშევიკურ რევოლუციას. მათთვის (უპირველეს ყოვლისა ბლოკისთვის, ანდრეი ბელისთვის), ოქტომბრის რევოლუცია სტიქიის სინონიმი გახდა („სტიქიაზე“, როგორც დამანგრეველ მოძრაობაზე, კი ისინი ჭკუას კარგავდნენ). ბლოკი, რომელმაც პოემაში „თორმეტნი“ ბოლშევიკური რაზმი სახარების 12 მოციქულს შეადარა, ბოლშევიზმს განიხილავდა, როგორც „კმაყოფილებისგან“ განთავისუფლების საშუალებას. სიმბოლისტები არ უარყოფენ იმას, რომ სტიქია კეთილისა და ბოროტის მიღმა კატეგორიაა და „მორალს“ არ ექვემდებარება, სტიქიას შეუძლია შეიწიროს კიდეც ადამიანი. მაგრამ ეს იქნება (ბლოკს თუ გავიხსენებთ) „გმირული მსხვერპლშეწირვა“... ასე იქმნება მითი რევოლუციაზე, როგორც ისტორიის დასასრულზე, დროის დასასრულზე და ამ პლანეტაზე მარადიულობის დამკვიდრებაზე.

ამის შემდეგ, 20-იანი წლების ეს კულტურული იდეა, ნელ-ნელა განიცდის ცვლილებას. სტიქია ისევ „მოდაშია“, მაგრამ უპირატესობა ენიჭება დისციპლინირებულ სტიქიას, რომელიც სახელმწიფო ძალას დაექვემდებარება. კომუნიზმის მშენებლობაში (ე.ი. „შეჩერებულ დროში“) მასებს ბელადი-მამა უნდა შეუძღვეს.

სწორედ ესაა ტოტალიტარული კულტურის გამორჩეული თვისება - ტოტალიტარიზმი წარმოიქმნება და ვითარდება სხვისი იდეებისა და სიმბოლოების ბაზაზე, მიმართავს სხვისი იდეებისა და სიმბოლოების უტრირებას, იყენებს მათ, იმორჩილებს და საბოლოო ჯამში ამ იდეების სრულ დისკრედიტაციას აღწევს.

იგივე შეიძლება ითქვას რუსულ მართლმადიდებლობაზე, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი სტალინიზმის წინაპირობად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ სტალინიზმი უფრო „აგრძელებს“ მართლმადიდებლობას, ვიდრე უარყოფს მას.

კიდევ ერთი რუსი სიმბოლისტი, ვიაჩესლავ ივანოვი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა, კულტურა გადაიქცევა ახალ რელიგიად და მართლმადიდებლობის ყველა ატრიბუტს მოირგებს (ივანოვის წინასწარმეტყველება გამართლდება: ბოლშევიკები ტაძრებს ააფეთქებენ და მათ ნაცვლად კულტურის სასახლეებს ააშენებენ), მხატვარი კი თავიდან აიცილებს ინდივიდუალისტურ ვნებებს და ხალხის დაკვეთის შესრულებაზე გადავაო. ივანოვი ჯერ კიდევ 1907 წელს დაწერილ სტატიაში ამბობს, ასეთ სიტუაციაში მხატვარი „ხელოსანი“ ხდებაო... ანუ, ფაქტობრივად წინასწარმეტყველებს მასკულტურიის დამკვიდრებას, მასკულტურისა, რომლის მთავარი მიზანი მითების შექმნა უნდა გახდეს.

მაგრამ რატომ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსმა სიმბოლისტებმა მოამზადეს „სტალინური კულტურა“ და რომ მართლმადიდებლობა გახდა სტალინიზმის „ფუნდამენტი“? ან - რომ ვაგნერმა და ნიცშემ „გაანაყოფიერეს“ ნაციონალ-სოციალიზმი? რატომ სდებენ ბრალს ეიზენშტეინს ისეთი, ერთი შეხედვით „ანტიტოტალიტარული რეჟისორები“, როგორებიც არიან ტარკოვსკი და იოსელიანი, სტალინური „ნეოკლასიციზმის“ ჩამოყალიბებაში? (ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებენ ზაზა შათირიშვილი და ლევან ლომინაიშვილიც).

ეიზენშტეინი თავადაც არ მალავდა, რომ ქმნიდა „კინომუშტს“ - ბეხტერევის რეფლექსოლოგიისა და ფსიქოანალიზის გავლენით. არის თუ არა ეს ტოტალიტარიზმი? ანდა არის თუ არა ტოტალიტარიზმი მალევიჩის სურვილი, გააერთიანოს მაყურებელი რაღაც კოსმიურთან, გაარღვევინოს „ინდივიდუალიზმის საზღვრები“, ე.ი. გააკეთოს ის, რასაც ეიზენშტეინი კინოში ცდილობდა და რისთვისაც ტარკოვსკი-იოსელიანი მას „ტოტალიტარიზმს“ აბრალებდნენ?.. ბოლოს და ბოლოს ნებისმიერი ხელოვნების მიზანი ხომ ეს არის - მაყურებლის, მსმენელის გამოფხიზლება.

ე.ი. ხელოვნება, თავისი არსით, ძალადობაზეა აგებული?

ანდა, რატომ გადაიქცა მოდად ლამის უკვე მსოფლიო კულტუროლოგიაში სტალინური და ფაშისტური ფსევდოკლასიციზმის გაიგივება? უფრო სწორად, იმის მტკიცება, რომ ვინაიდან ეს ორი მოვლენა, ფაშიზმი და სტალინიზმი, იდენტურია, ორივე იდეოლოგია კულტურაში ზუსტად ერთნაირად აისახა. კულტუროლოგები, ხელოვნებათმცოდნეები გატაცებით ავლებენ პარალელს, მაგალითად, ნაციონალ-სოციალისტურ და სტალინურ კინოს შორის, წერენ მანიქეიზმზე, როგორც 30-იანი წლების საბჭოთა, ასევე გერმანულ ფილმებში (ამ სურათების სტრუქტურა ყოველთვის „გმირი-მტერის“ წინააღმდეგობაზეა აგებული). მაგრამ ასეთი გამარტივებული ანალოგიის მოყვარულებს ავიწყდებათ, რომ დაპირისპირება „კეთილი-ბოროტი“, „გმირი-მტერი“ ამავე პერიოდის ამერიკული ფილმების ტენდენციაცაა; უფრო მეტიც, ამერიკულ ვესტერნებში ამ დროს მკაფიოდ მკვიდრდება იდეა - თუკი მტერი არ ნებდება, ის უნდა განადგურდეს!

ის, რაც „ტოტალიტარული კინოს“ მკვლევართა ნაშრომებში წარმოდგენილია როგორც სტალინურ-ჰიტლერული ტერორის სტილი - უკიდურესობამდე მიყვანილი საფოსტო ბარათის ესთეტიკა, ფრონტალური კომპოზიციები, მთავარი გმირის მუდმივი ხაზგასმა კადრში და ფინალში, მთავარი გმირის გამარჯვების აუცილებლობა - შეიძლება ითქვას უნივერსალურია მთელი 30-იანი წლებისთვის, თავისებური მოდაა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ერთნაირად მიჰყვებიან, როგორც ტოტალიტარულ, ასევე დემოკრატიულ ქვეყნებში, რაც ეჭვს ბადებს, რომ კულტურა არ ექვემდებარება მხოლოდ „ყოფიერებას“ და არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ან რომელიმე იდეოლოგიის დაკვეთას. კულტურას თავისი ისტორია აქვს და მისი გააზრება ისევე რთულია, როგორც, მაგალითად, მოდის გააზრება (მოდის განვითარების კანონზომიერება ყველაზე ირაციონალურიაო, წერდა იური ლოტმანი).

მაგრამ „ტოტალიტარულ ცნობიერებას“ არ უყვარს არც ეჭვი და არც გართულებული აზროვნება. ტოტალიტარიზმი „ნახევრადგანმანათლებლობის“ ან, უფრო მეტად, „ანტიგანმანათლებლობის“ ფორმაა. ისტორია არ ცნობს ანალოგიებს. ანალოგიებს ცნობენ ადამიანები - მიმსგავსების, უნიფიკაციის ცოდვა კი სწორედაც რომ ტოტალიტარიზმის მთავარ თვისებად შეიძლება მივიჩნიოთ. და ასე, ჩვენ შეიძლება თავად გავხდეთ იმ ცოდვის მსხვერპლი, რომელსაც „ვასამართლებთ“.

გავრცელებულია აზრი, რომ ტოტალიტარული კინემატოგრაფი პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ მისი მიზანი მაყურებლის აღზრდა, მისი გარდაქმნაა... მაგრამ პროპაგანდა პრინციპში თანამედროვე საზოგადოების მოვლენაა, ანუ საბაზრო ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. პროპაგანდა გულისხმობს ახალ ტექნოლოგიებს, ვიზუალური ინფორმაციის მიწოდების თანამედროვე ფორმებს. ამ თვალსაზრისით ჰიტლერი - მასკულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოვლინებაა. „ბაზარზე“ იგი გამოდის არა როგორც ღმერთი (სტალინისგან განსხვავებით), არამედ როგორც „კინოვარსკვლავი“. სტალინი კი ერიდება დოკუმენტურ ფილმებში გადაღებას (ეს ტენდენცია ანდრე ბაზენმა ჯერ კიდევ 50-იან წლებში შენიშნა. ფრანგი კინომცოდნე წერდა, ჰიტლერი საბჭოთა ფილმებში უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე გერმანულში) - ჰიტლერისგან განსხვავებით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეკრანზე დამკვიდრდეს ბელადის „ღვთაებრივი ორეული“, ღვთაების სახე.

არის თუ არა ეს პრინციპული განსხვავება? და რატომ ერიდება პოსტტოტალიტარული ეპოქის კულტუროლოგია გამოიკვლიოს ეს „ნიუანსები“? ანდა, თუკი ტოტალიტარულ სისტემაში შეუძლებელია თავისუფალი კულტურის განვითარება (ორუელი 1941 წელს დაწერილ წერილში ამტკიცებდა, თავისუფალი ბაზრის განადგურება მთლიანად მოკლავს თავისუფალ ლიტერატურასო), რა ვუყოთ, მაგალითად, თანამედროვე ირანულ კინოს? შინაარსობრივი თვალსაზრისით ქიაროსთამის, მაჰმალბარფის, მაჯიდის და სხვათა ფილმები ოფიციალურ იდეოლოგიას არ უპირისპირდება. ეს რეჟისორები არ იღებენ „ანტოტოტალიტარულ ფილმებს“... მაგრამ მათი სურათების სტილი ჰოლივუდის ნებისმიერ ფილმზე უფრო „ანტიტოტალიტარულია“; ჭარბ პლასტიკურობას აქ ემატება ხაზობრივი პერსპექტივის უარყოფა, როცა ფილმის ყურება ტექსტის კითხვას არ ემსგავსება, როცა ფილმის აღქმისას მაყურებელი აღარ ეძებს ცენტრს, რომელსაც კლასიკურ ფილმებში მთელი გამოსახულება ემორჩილებოდა (ფემინისტი კინომცოდნეები ასეთ კინოს „მასკულინურს“ უწოდებენ). ირანში იქმნება კინემატოგრაფი, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ახლო ხედებზეა აგებული („სახე“, რომელსაც შეგიძლია დააკვირდე, მაინცდამაინც არ უყვარდათ არც ნაცისტებს და არც სტალინისტებს), რომლის გმირები პირდაპირ უმზერენ მაყურებელს.

რა ვუყოთ ამ გამონაკლისებს? ვამტკიცოთ, რომ ეს მაგალითები „ანომალიაა“ თუ საკუთარი სქემებისა და კონცეფციებისგან განთავისუფლებას შევეცადოთ?

თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ჩვენთან, დღეს წინააღმდეგობრივ პროცესებს აქვს ადგილი. კლერიკალიზმის და მისტიციზმის თითქმის თანაბარი განვითარება, როცა „თავისუფალი ჟურნალ-გაზეთების“ ერთ გვერდზე მართლმადიდებელი მოძღვრის შეგონებები იბეჭდება, მეორეზე კი ჯადოქართა წინასწარმეტყველება, გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად მატულობს სკეფსისი აღორძინებისა და განმანათლებლობის იდეების მიმართ. ბუნებრივია, სოციალური ფაქტორი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფრუსტრაციის განცდა და „ირაციონალური სიმარტივისკენ“ მიდრეკილება, როგორც წესი, მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანის მიზნები ვერ ხორციელდება. იქმნება ახალი მითები, რომლებსაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით აიტაცებს ხოლმე მოსახლეობის წვრილბურჟუაზიული ფენა, ხვალინდელი დღის შიშით რომ ცხოვრობს და კონკურენტების რომ ეშინია.

შვარცის ზღაპარში „დრაკონი“ რაინდი ლანცელოტი დრაკონისგან დაპყრობილ ქალაქში ჩადის და იქაური მოსახლეობისგან ესმის - ერთადერთი, რაც დრაკონმა კარგი გააკეთა, ის არის, რომ ბოშები გაასახლა აქედანო... „მაგრამ ბოშები საყვარელი ხალხია“, - გაკვირვებულია ლანცელოტი. „რას ამბობთ, საშინელი ხალხია“, - პასუხობს არქივარიუსი, - „მართალია, ცხოვრებაში არ მინახავს ბოშა, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ უცნაური ხალხია - ხეტიალი სისხლში აქვთ გამჯდარი... ბავშვებს იპარავენ...“

დრაკონი, როგორც ჩანს, ცდილობდა მოსახლეობის ყურადღება მითიურ ბოშებზე გადაეტანა... დაახლოებით ისე, როგორც ამას დღევანდელი ქართული მედია (და, შესაძლოა, მთელი კულტურაც) აკეთებს - სწორედაც რომ „მიღებული მოსაზრებებით“ ცდილობს ბაზარზე დამკვიდრებას.

მიღებულია მოსაზრება, რომ, მაგალითად, ახალგაზრდებისთვის რომანტიზმია დამახასიათებელი და თუკი ახალგაზრდა ასეთი არ არის, გვეჩვენება, რომ ეს უცნაური, პათოლოგიური ახალგაზრდაა... იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფებზე. სოციალური ფენა გამოირჩევა რაღაც თვისებებით, რომელთა ტირაჟირებას მაქსიმალურად ცდილობს ჩვენი მედია (და მისი გავლენის ქვეშ მყოფი კულტურა). მაგალითად, „რუსთავი 2“ გვიჩვენებს ტრანსექსუალს (მას „სექსო“ ჰქვია), რომელიც თავის სასიყვარულო თავგადასავლებზე ლაპარაკობს... კორესპონდენტს არ აინტერესებს, მისი ცხოვრების თუ ხასიათის სხვა დეტალები, სექსუალური ცხოვრების გარდა... ვინაა, რა უყვარს, როგორ პირობებში გაიზარდა... მაყურებელს საბოლოოდ უნდა „ჩაუჯდეს“ აზრი, რომ ტრანსექსუალები მხოლოდ სექსზე ფიქრობენ (განსხვავებით ჰეტეროსექსუალებისგან?)... ერთ განზოგადებას მეორე მოჰყვება: „ასეთები არიან ცისფრები: მხოლოდ სექსზე ფიქრობენ, ბავშვებს აუპატიურებენ...“

„მიღებულ წარმოდგენებზე“ თამაში საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის კიდევ უფრო საშიში ხდება, როცა კულტურა ეთნიკურ თემებს შეეჭიდება ხოლმე. საქართველოში თითქმის არ ჰქონდათ რეაქცია ფეხბურთის მატჩების კომენტატორებზე, რომლებიც გაკვირვებას ვერ მალავდნენ, რატომაა საფრანგეთის ნაკრებში „ამდენი ზანგი და სომეხი“ და რომ „ფლეგმატურ შვედს როგორ არ მოუგებს ტემპერამენტული იტალიელი“... ეთნოცენტრიზმი, როცა სხვა ხალხის, სხვა კულტურის გამოცდილებას საკუთარი კულტურული გამოცდილებიდან განიხილავენ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მკვიდრდება ჩვენს კულტურაში. ცხადია, განსხვავება არსებობს; ტემპერამენტული იტალიელისთვის შვედი მეტისმეტად ცივია... შვედისთვის კი იტალიელი - მეტისმეტად ხმაურიანი... მაგრამ, როცა სწორედ ტემპერამენტი იქცევა მთავარ განმასხვავებლად, ლამის მტრულ „განწყობად“, იქმნება პრობლემა. ყველაფერთან ერთად, ასეთ პირობებში დისკრიმინირებული ჯგუფები თავის დაცვის მიზნით გაერთიანებას იწყებენ და უმრავლესობის აგრესია მათ ზოგჯერ მართლაც უქმნის „გამორჩეულობის“ განცდას... მერე კი ეს სოლიდარობა თაობიდან თაობაში გადადის, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტად აძლიერებს უმრავლესობის აგრესიას.

ქართულ არასამთავრობო წრეებში მიღებულია აზრი, რომ ეთნიკური სტერეოტიპების შექმნას უკონტაქტობა, კომუნიკაციის ნაკლებობა უწყობს ხელს. მაგალითად, ქართველი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ „ყველა სომეხი ვაჭარია“ და ამას სომხეთის ისტორიით, უფრო მეტიც, გეოგრაფიული მდებარეობით ხსნიდეს. ზოგიერთ სოციოლოგს, კონფლიქტოლოგს, ფსიქოლოგს სჯერა, რომ ადამიანებს შორის მჭიდრო ურთიერთობამ შესაძლოა შეცვალოს ეს განწყობა... ანუ, ნათელი გახდეს, რომ, ჯერ ერთი, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ეთნოსს მიეკუთვნება შეიძლება „ასეთი“ არ იყოს და რომ ისტორიული და ეკონომიკური ფონის ცვლილებამ შეიძლება მთლიანად დაანგრიოს ეს სტერეოტიპი. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანებს შორის კონტაქტი პანაცეა არ არის ქსენოფობიისგან გასათავისუფლებლად. ასეთ კონტაქტებს შეუძლიათ შეცვალონ განწყობა ერთი ან ორი ადამიანის მიმართ, მაგრამ საეჭვოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ზოგადად კულტურაში... მაგალითად, არ არის გამორიცხული, აფხაზთან დაახლოების, დამეგობრების შემდეგ, ქართველმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ცხოვრობენ დღეს აფხაზები, რა აწუხებთ და რას მოელიან ისინი ქართველებისგან, თქვას: „შენ არა ხარ ნამდვილი აფხაზი. შენ გამონაკლისი ხარ“... იგივე შეიძლება ითქვას „აღმზრდელობით პროპაგანდაზე“, რომელსაც დრო და დრო მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ანდა, მაგალითად, საზოგადოებრივი არხი ყოველკვირეულ თოკშოუში „იტალიური ეზო“... სავარაუდოა, რომ ამ ტრენინგების, სემინარების მონაწილეები, ასეთი ტელეგადაცემების მაყურებლები, უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ, და არა აგრესიულ ფენას. შესაძლოა ამიტომაცაა, რომ ასეთ პროპაგანდისტულ-აღმზრდელობით ღონისძიებებს ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია თანამედროვე ქართულ კულტურაში.

და აქ დავუბრუნდეთ ომობანას მოყვარულ 4 წლის ბიჭუნას, რომელსაც ვერანაირმა „კეთილმა ზღაპრებმა“ და მშობლების ყურადღებამ ვერ „გადააყვარა“ თოფები. ვერავინ დედამიწაზე, ვერც ერთი მეცნიერი, ალბათ, ვერ შესთავაზებს მის მშობლებს „სქემას“, რომლითაც შესაძლებელი გახდება აგრესიის დათრგუნვა ანდა მისი ჩანაცვლება ბავშვში. ადამიანი განუმეორებელია. ისევე როგორც განუმეორებელია ფონი და ატმოსფერო, რომელშიც იგი იზრდება. ამ „ფონს“ თავისი ისტორია აქვს და მისი შესწავლისთვის, შესაძლოა, ერთი ცხოვრებაც კი არ გახდეს საკმარისი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „შესწავლა“ არ უნდა გაგრძელდეს. რაც უფრო მეტი კონკრეტულობა იქნება ტოტალიტარიზმისა და ძალადობის ანალიზის პროცესში, რაც უფრო მეტად ჩაერთვება ამ „ფიქრში“ საზოგადოება, მით უფრო მეტია „აღმოჩენის“, ანუ კათარზისის შანსი. „შესწავლა“ ვერ დასრულდება ვერასდროს, რადგან, მერაბ მამარდაშვილის თქმისა არ იყოს, „აზრი არსად არ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აზრში, რომელიც არ არის ადგილი და რომელსაც არ შეიძლება მიეკუთვნოს ადგილი. როცა ადგილი მიეკუთვნება, იგი კვდება როგორც აზრი“.

და თუ ტოტალიტარიზმი გარკვეულწილად აზრის სიკვდილია. ტოტალიტარიზმთან ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი ეჭვითა და განახლებული აზრით შეიძლება.

2008 წლის ვლისი

12 Summary

▲ზევით დაბრუნება


It is obvious that our new issue of the magazine „Solidaroba“ (Solidarity) will cover the August events, the topic that is of current importance in Georgia. Most of the articles are on this problem.

In our new issue we offer the following articles to our reader: Round-Table on the perspectives of development of Georgia with participation of the psychologist Marine Chitashvili, political scientist David Aprasidze and philosopher Giga Zedania.

Here we also present interviews with Ms. Ia Antadze, Mr. Levan Berdzenishvili, Ms. Ninia Kakabadze, Mr. Lasha Bakradze, Mr. Lasha Tugushi, Mr. Giga Zedania, Mr. David Darchiashvili and Mr. Giorgi Lobjanidze that were published on the site: www.lib.ge. The respondents are making analysis of the events developed in August in Georgia.

Professor of the Mount Holyoke College, expert on Caucasus issues Mr. Stephen F. Jones answers the questions of our journal.

Mr. Joni Khetsuriani, member of the Constitutional Court of Georgia makes a legal evaluation of the Russian-Georgian war in his article „Law in Russian“.

Ms. Maka Jaiani describes the situation of the internally displaced persons.

Literary critic Malkhaz Kharbedia offers an original view on evaluations of international media on freedom of media and Russian-Georgian war. „Solidaroba“ also publishes an article on Georgian values and the modern history by Zaal Andronikashvili. This article was first published in the magazine „Anabechdi“. We also present an article „the War“ by Archil Kikodze that was first presented to the reader by the magazine „Tskheli Shokoladi“.

The political scientist Mr. David Darchiashvili presents and article on democracy and authoritarianism. Mr. Giorgi Gvakharia makes an overview of cultural and totalitarian topics.