![]() |
თავისუფლება № 5 (41), მაისი, 2005 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: საყვარელიძე ფრიდონ , ბასილაია მერაბ , ბერგერი პიტერ ლუდვიგ, სპიკერი მანფრედ, ბოკერია გიგა , ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა კორექტურა: დალი ცქიტიშვილი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გიგა ფრანგიშვილის ფოტო |
![]() |
1 მე-3 მუხლი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიდონ საყვარელიძე
ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების ხელისუფალნი კატეგორიულად უარყოფენ თავისუფლებააღკვეთილი პირების წამების ფაქტებს; ნებისმიერი ახალი დემოკრატიების ხელისუფალნი სიამაყით იტყვიან, რომ მათთან წამებას უკვე აღარა აქვს ადგილი და რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ახლადფეხადგმული დემოკრატიის მთავარი მონაპოვარია. მიუხედავად ამისა, არცთუ იშვიათად, მსოფლიოში იფეთქებს ხოლმე სკანდალი ტრადიციული თუ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ. მსოფლიო მედია აჭრელდება წამების შემზარავი ფოტოებით, პოლიტიკოსები იწყებენ გულში მჯიღის ცემას და საუბარს ორმაგი სტანდარტების შესახებ. ვიღაც შეიძლება, დაისაჯოს კიდეც. როგორც წესი, მეისრე...
არადა, წამებისაგან თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, წამება დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში, ეს უფლება არ შეიძლება, შეიზღუდოს დროის რომელიმე მონაკვეთით ან სხვა ღირებულებებით.
გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, წამებად ჩაითვლება
,,ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიადგება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა - ფიზიკური ან მორალური, იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ცნობები, ან აღიარება, რათა დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიცაა იგი ეჭვმიტანილი, ან დააშინონ, ან აიძულონ ის ან მესამე პირი, ან სხვა მიზნით, რაც ემყარება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთ ტკივილს, ან ტანჯვას ადგილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან სხვა პირის მხრიდან, რომელიც ოფიციალურ რანგში გამოდის, ან როდესაც ადგილი აქვს წაქეზებას მათი მხრიდან, ან მდუმარე თანხმობას“.
საინტერესოა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლი წამებასთან ერთად მოიხსენიებს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელს, რითაც აახლოვებს ამ ცნებების მნიშვნელობას და მკვეთრად უსვამს ხაზს მათ დაუშვებლობას:
,,არავინ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი”.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი შინაარსობრივად თითქმის იდენტურია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლისა:
,,დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის მეთოდების გამოყენება'`.
მიუხედავად ხელისუფალთა მტკიცებისა, საქართველოში წამების ფაქტების არარსებობის შესახებ, რეალური ვითარება საწინააღმდეგოზე მეტყველებს - პრესა კვლავ ხშირად წერს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ წამებისა და ღირსების შემლახველი და სასტიკი მოპყრობის შემთხვევების თაობაზე, ადამიანის უფლებათა დამცველები ზედიზედ აწყობენ პრესკონფერენციებს და კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკობენ, ხელისუფლება აჭიანურებს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნებაზე ნებართვის გაცემას1. ამდენად, წამების თემა საქართველოსთვის კვლავაც აქტუალური რჩება.
ესეც არის, რომ ჩვენში ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლი ჯერ კიდევ არ ესმით სწორად და მისი ხსენებისას მხოლოდ ელექტროსადენთან მიერთებულ პატიმარს წარმოიდგენენ ხოლმე. არადა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო ამ მუხლში გაცილებით ღრმა შინაარსსა და ბევრ ისეთ ნიუანსს მოიაზრებს, რომელთა ცოდნა და, რაც მთავარია, გათვალისწინება სასარგებლო უნდა აღმოჩნდეს ხელისუფლებისათვის და განსაკუთრებით კი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის. თორემ, აგერ უკვე ორი გადაწყვეტილებაა გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ ამ მუხლის გამოყენებით.2
ჩვენ გადავწყვიტეთ, კონკრეტული მაგალითების მოხმობით უფრო ნათელი გაგვეხადა მე-3 მუხლში ჩადებული შინაარსი და მისი ინტერპრეტირება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ. კერძოდ, განვიხილავთ შემდეგი ხასიათის შემთხვევებს:
I. შემთხვევები, როდესაც დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები, რომელთა წარმომავლობის დამტკიცება ვერ ხერხდება;
II. შემთხვევები, როდესაც დაკავებულები უჩივიან პატიმრობის ადგილებში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს;
III. შემთხვევები, როდესაც მოპასუხესა და მოსარჩლეს განსხვავებული შეხედულებები აქვთ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის ცნებების მიმართ;
IV. ექსტრადიციის შემთხვევები იმ ქვეყნებში, სადაც პირი შესაძლოა, წამების მსხვერპლი აღმოჩნდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები
I. შემთხვევები, როდესაც დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები, რომელთა წარმომავლობის დამტკიცება ვერ ხერხდება
1. რიბიჩი ავსტრიის წინააღმდეგ3
სტრასბურგი, 1995 წლის 4 დეკემბერი
ავსტრიის მოქალაქე რიბიჩი და მისი მეუღლე 1988 წლის 31 მაისს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით დააპატიმრეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ისინი პოლიციაში იმყოფებოდნენ. გათავისუფლების შემდეგ რიბიჩი ამტკიცებდა, რომ ქ. ვენის ფედერალური პოლიციის უშიშროების განყოფილებაში მას ცუდად ეპყრობოდნენ. ის ამბობდა, რომ რამდენიმე მოწმემ, ჟურნალისტის, ფსიქოლოგისა და ექიმების ჩათვლით, ნახა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მას აღენიშნებოდა პოლიციის უბნიდან გათავისუფლების შემდეგ. კერძოდ, რიბიჩი მიუთითებდა სისხლჩაქცევებზე მარჯვენა წინამხრის გარეთა და შიდა ზედაპირებზე. ეს დაზიანებები შეიძლება გამოეწვია მხოლოდ პოლიციელების ქმედებებს, რომლებიც უხეშად შეურაცხყოფდნენ რიბიჩს და აიძულებდნენ მას, მიეცა აღიარებითი ჩვენება.
პოლიციელთა ვერსიით, განმცხადებელი დაკავებისას პოლიციის მანქანის კარებს დაეჯახა, რის შედეგადაც მიიღო ხელის დაზიანება.
მთავრობა აღნიშნავდა, რომ შიდა გამოძიებას არ გამოუვლენია უკანონო ქმედებები პოლიციელთა მხრიდან. მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის დარღვევის დასამტკიცებლად აუცილებელია, რომ ცუდი მოპყრობის ფაქტი დადასტურებული იყო ყოველგვარი ეჭვს გარეშე.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს აზრით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყოველ ადამიანზე, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, რადგანაც ეს უკანასკნელი მთლიანად პოლიციის ძალაუფლების ქვეშაა. ამ პერიოდში სხეულის დაზიანებების მიყენების შემთხვევაში, სწორედ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ განმცხადებლის მიერ აღწერილ მოვლენებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლის ჩვენებები სამედი ცინო დოკუმენტებითაა განმტკიცებული. სასამართლოს აზრით, მოცემულ საქმეში მთავრობამ არ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ სხეულის დაზიანებები განმცხადებელმა რაიმე სხვა სახით მიიღო, და არა მთლიანად ან ნაწილობრივ - პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის შედეგად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თავისუფლებააყრილი პირის მიმართ ნებისმიერი ქმედება, ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება, რის აუცილებლობასაც ამ პირის საქციელი სრულებითაც არ განაპირობებდა, ლახავს მის ადამიანურ ღირსებას და პრინციპში წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო კვლავ შეგვახსენებს, რომ გამოძიების ჩატარების სიმძიმე და დამნაშავეობასთან ბრძოლის უდავო სირთულე არ უნდა გახდეს პიროვნების ფიზიკური ხელშეუხებლობის შეზღუდვის საფუძველი.
მოცემულ საქმეში რიბიჩის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებები მოწმობს, რომ მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა შეიძლება, დახასიათდეს როგორც უმართებულო, არაადამიანური და ღირსების შემლახველი.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და დაავალა მოპასუხე სახელმწიფოს, განმცხადებლისათვის გადაეხადა 100 000 (ასი ათასი) ავსტრიული შილინგი მორალური ზიანისათვის, ხოლო 200 000 (ორასი ათასი) ავსტრიული შილინგი სასამართლო ხარჯების დაფარვის მიზნით.
Human Rights Watch-ის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას4
შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ წინასწარი დაკავების ადგილებში სამედიცინო პერსონალი სათანადო ყურადღებით ეპყრობა ყველა იმ პიროვნებას, ვისაც სხეულის დაზიანების ან ცუდად მოპყრობის რაიმე ნიშანი აქვს. სხეულის ყველა დაზიანება ან რაიმე ნიშანი დეტალურად უნდა აღინუსხოს და დაუყოვნებლივ ეცნობოს სათანადო ორგანოებს. სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ მოთხოვნის შესასრულებლად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი და ამასთან ერთად, შესაბამისი რესურსებიც არსებობს.
სისტემატურად და მიუკერძოებლად გამოიძიეთ ცუდად მოპყრობის თითოეული ფაქტი და ამგვარი გამოძიების შედეგები საჯაროდ გამოაცხადეთ.
2. აფანასიევი უკრაინის წინააღმდეგ,
სტრასბურგი, 5 აპრილი, 2005 წელი
მოსარჩლე 1964 წელს დაიბადა და უკრაინის ქალაქ ხარკოვში ცხოვრობს. 2000 წლის 1 მარტს იგი დააპატიმრეს, როგორც თაღლითობაში ეჭვმიტანილი და კიევის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
აფანასიევის განცხადებით, მას პოლიციაში ხელბორკილები დაადეს და დანაშაულის აღიარება მოითხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. შედეგად, აფანასიევი რამდენჯერმე სასტიკად სცემეს. ყოველი ცემის შემდეგ მას ემუქრებოდნენ, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, კიდევ სცემდნენ. ბოლოს, ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკავებულს მარცხენა ყურში ისე დაარტყა, რომ ამ უკანასკნელს ყური გაუსივდა და ნაწილობრივ სმენა დაკარგა. შემდეგ პოლიციელებმა იგი გააფრთხილეს, რომ ღამის განმავლობაში ,,ყველაფერი კარგად აეწონდაეწონა“, თორემ მომდევნო დღეს იგივე ელოდა.
მოსარჩლე ამტკიცებს, რომ მას მრავალი ნაკაწრი და სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბეჟილობა აღენიშნებოდა. 2000 წლის 3 მარტს აფანასიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გასინჯეს. 2000 წლის 7 მარტიდან 7 აპრილამდე სასამართლო სამედიცინო კვლევის განყოფილებაში მოსარჩელემ სამედიცინო შემოწმება გაიარა. სასამართლო მედიცინის ექსპერტმა მის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება დააფიქსირა. მოსარჩლეს აღენიშნებოდა მარცხენა ყურის დაზიანება, ნაკაწრები ტანზე, სახეზე, მარცხენა მკლავსა და ფეხზე.
2000 წლის 13 აპრილს მოსარჩლემ ხარკოვის რეგიონალურ პროკურორს მისი წამებისათვის პოლიციელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვა. 2000 წლის 24 აპრილს, ხარკოვის რაიონის პროკურორის თანაშემწის ბრძანებულების მიხედვით, საქმეს სისხლისსამართლებრივი დევნის სახე არ უნდა მისცემოდა, რის საფუძვლადაც შემდეგი გარემოებები მიუთითეს:
,,მიუხედავად სასამართლო სამედიცინო ექსპერტის 2000 წლის 5 აპრილის №747/ც განცხადებისა, რომ მოსარჩლეს აღენიშნებოდა სხეულის მცირე დაზიანება, რამაც მისი შრომისუნარიანობა მცირე ხნით დააქვეითა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხარკოვის რაიონის პოლიციის განყოფილების პოლიციელებმა ჩაიდინეს. მოსარჩლის მიერ წამოყენებული არგუმენტები მის მიერვე შეთხზულად შეიძლება, ჩაითვალოს. მან კარგად უწყის, რომ ძიებამ მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი საკმარისი ფაქტები მოიპოვა და ამჟამად დამსახურებული სასჯელის თავიდან აცილებას ცდილობს.“
მოსარჩლის მტკიცებები მისი წამების შესახებ ქვეყნის სხვა ზემდგომმა ინსტანციებმაც არ გაიზიარეს და აფანასიევმა სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართა.
მთავრობა ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, მოსარჩლემ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე დაზიანება მიიღო.
მოსარჩლე ამტკიცებდა, რომ გარდა განცხადებებისა, მისი სხეულის დაზიანების ხასიათისა და მიღების დროის შესახებ, არსებობდა საკმარისი მტკიცებულება სამედიცინო დასკვნის ჩათვლით, რითაც მტკიცდებოდა, რომ მან სხეულის ეს დაზიანება სწორედ პოლიციის განყოფილებაში მიიღო.
სასამართლომ განაცხადა, რომ მე-3 მუხლი განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი აბსოლუტურად კრძალავს წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ან სასჯელს. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მოვალეობაა, დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა პირთა უფლებები და თავისუფლება, როგორც ეს კონვენციაშია განსაზღვრული. მე-3 მუხლი კი სახელმწიფოსაგან წამებისა ან არაჰუმანური თუ შეურაცხმყოფელი მოპყრობისაგან მის იურისდიქციაში მყოფ პირთა დაცვას მოითხოვს.
სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ ცუდი მოპყრობა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა უთანაბრდებოდეს იმისათვის, რომ მსგავსი ქმედებები მე-3 მუხლის ფარგლებში არ მოხვდეს. ამ მინიმუმის შეფასება კი ფარდობითია: ის საქმის ყველა იმ ვითარებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა მაგალითად, მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური თუ მენტალური შედეგები და ზოგჯერ მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თავისუფლებააღკვეთილ პიროვნებაზე ფიზიკური ძალის გამოყენება, თუ ეს მისი საქციელით არ არის განპირობებული, მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების განსაკუთრებული დარღვევაა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ამ საქმის მასალები ამტკიცებს, მისი პატიმრობის პერიოდში მოსარჩლე ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩლე ვერ უზრუნველყოფს საკმარის მტკიცებულებას, რომ მან ეს დაზიანება პოლიციის თანამშრომელთა ქმედების შედეგად მიიღო. არ არსებობენ მოწმეებიც. სავარაუდო ცემის დროს დამოუკიდებელი მოწმის არარსებობის გამო, სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვინ მიაყენა მოსარჩლეს სხეულის ეს დაზიანებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, სამედიცინო დასკვნა, მოსარჩლის ჩვენება, პოლიციაში მისი სამი დღით დაკავების ფაქტი და მისი სხეულის დაზიანების სხვა რაიმე დამაჯერებელი მიზეზის არარსებობა, იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ იგი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.
სასამართლო აცხადებს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია თავისუფლებააღკვეთილი პირების კეთილდღეობაზე (უსაფრთხოებაზე) იზრუნოს, ხოლო ოფიციალურმა პირებმა კი უნდა დაიცვან ისინი. იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური პირების მოვალეობაა, პასუხი აგონ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თავისუფლებააღკვეთილი ადამიანებისათვის მიყენებულ ზიანზე, სასამართლო თვლის: მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხდა იმ ოფიციალური პირების დადგენა, ვინც დაკავებულის მიმართ ძალადობა გამოიყენა, სახელმწიფო კონვენციით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან მაინც არ თავისუფლდება.
ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით და მთავრობის მხრიდან მოსარჩლის სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებული რაიმე დამაჯერებელი ახსნა-განმარტების არარსებობის გამო, უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩლე არაჰუმანურ და შეურაცხმყოფელ მოპყრობას დაექვემდებარა, რაზედაც კონვენციის მიხედვით, პასუხი უნდა აგოს მთავრობამ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის მიხედვით, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გამოძიება ზერელედ აწარმოეს და მხოლოდ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები დაკითხეს. მიუხედავად მოსარჩლის განცხადებებისა და სხეულის აშკარა დაზიანებებისა, ისინი სიტყვაზე ენდნენ პოლიციელებს, რომლებიც ბრალდებას უარყოფდნენ და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ აღუძრავთ. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება ერთი წლის შემდეგ დაიწყო. სასამართლო დაეთანხმა მოსარჩლეს, რომ მისი სარჩელის განხილვის საწყის სტადიაზე დაშვებულმა დარღვევებმა, დიდი გავლენა მოახდინა შემდგომ გამოძიებაზეც. მოწმეთა უმრავლესობა მნიშვნელო ვანი დროის შემდეგ დაიკითხა (2001 წლის მაისი-ნოემბერი) და მათ 2000 წლის მარტში მომხდარ მოვლენებზე ჩვენებების მიცემა ვერ შესძლეს. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გამოძიების მსვლელობაში ოფიციალურ პირთა მხრიდან ორი სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა: მოწმეთა უმრავლესობა ხანგრძლივი პერიოდის გავლის შემდეგ დაიკითხა, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ დაუკითხავთ. სასამართლოს აზრით, ცალკე აღებული ასეთი დარღვევები საკმარის საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეასრულეს მოვალეობა, რასაც მათ კონვენციის მე-13 მუხლი5 აკისრებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოხდა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა; რომ მოპასუხე სახელმწიფომ მოსარჩლეს უნდა გადაუხადოს 6.500 ევრო (ექვსი ათას ხუთასი ევრო) არამატერიალური ზარალისათვის და 610 ევრო (ექვსას ათი ევრო) სასამართლო ხარჯებისათვის.
ზემოხსენებული საქმეებიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა ღირს:
● კონვენცია კატეგორიულად კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.
● გამოძიების ჩატარების სიმძიმე და დამნაშავეობასთან ბრძოლის უდავო სირთულე არ შეიძლება გახდეს ადამიანის წამების, მის მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საფუძველი.
● სახელმწიფო პასუხისმგებელია ყოველ ადამიანზე, რომელიც იმყოფება პატიმრობაში. ის ვალდებულია, იზრუნოს თავისუფლებააღკვეთილი პირების კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე.
● სხეულის დაზიანებების მიყენების შემთხვევაში სწორედ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, და არა დაზარალებულმა.
● თავისუფლებააყრილი პირის მიმართ ნებისმიერი ქმედება, ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება, რის აუცილებლობასაც ამ პირის საქციელი სრულებითაც არ განაპირობებდა, ლახავს მის ადამიანურ ღირსებას და წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
● ოფიციალური პირების მოვალეობაა, პასუხი აგონ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თავისუფლებააღკვეთილი ადამიანებისათვის მიყენებულ ზიანზე.
● სახელმწიფო არ თავისუფლდება კონვენციით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, როდესაც ვერ ხერხდება იმ ოფიციალური პირების დადგენა, ვინც დაკავებულის მიმართ ძალადობა გამოიყენა.
● არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა უთანაბრდებოდეს.
Human Rights Watch-ის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას
გაათავისუფლეთ თანამდებობიდან ნებისმიერი ეჭვმიტანილი პირი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ მათ თავად ჩაიდინეს დანაშაული, სხვას უბრძანეს ან მისცეს სანქცია, ჩაედინათ ამგვარი ქმედება, ან რეაგირება არ მოუხდენიათ წამების, ცუდად მოპყრობის ფაქტებზე. დანაშაულის თაობაზე სარწმუნო სამხილის არსებობის შემთხვევაში, წარადგინეთ სარჩელი.
დაკავებულს ან მის ადვოკატს მიეცით ექიმის ან ნებისმიერი სხვა მოწმის გამოძახების უფლება, რათა მან დაადასტუროს გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე დაკავებულის წამების ან ცუდად მოპყრობის ფაქტი.
გააძლიერეთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და დარწმუნდით, რომ მოსამართლეები სათანადოდ რეაგირებენ წამების თითოეულ ფაქტზე, აგრეთვე ნიშნავენ გამოძიებას, მიმართავენ დამცავ ზომებს და წამებისა და ცუდად მოპყრობის ფაქტების მიჩქმალვის საშუალებას არ უშვებენ.
სათანადო დამსჯელი ზომები უნდა გატარდეს იმ მოსამართლეთა მიმართ, ვინც არ დანიშნა გამოძიება, არ გაატარა დამცავი ზომები ან უარი განაცხადა წამებისა და სხვა სახის ცუდი მოპყრობის ფაქტების აღიარებაზე.
II. შემთხვევები, როდესაც დაკავებულები უჩივიან პატიმრობის ადგილებში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს
კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ
სტრასბურგი, 2002 წლის 15 ივლისი
განმცხადებელი, ჩრდილო-აღმოსავლეთის სააქციო ბანკის პრეზიდენტი, 1995 წელს დააპატიმრეს და 1999 წლის 3 აგვისტოს მაგადანის ქალაქის სასამართლოს განაჩენით, ბრალი ფულის მითვისებაში დასდეს. დაკავების დღიდან 1999 წლის 20 ოქტომბრამდე განმცხადებელი იმყოფებოდა ქალაქ მაგადანის №1 წინასწარი გამოძიების იზოლატორში.
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ის იმყოფებოდა საკანში, რომლის ფართობი 17 კვ.მ. იყო და რომელშიც განთავსებული იყო რვა საძინებელი ადგილი ორ იარუსად. ამასთან, საკანში თითქმის ყოველთვის იმყოფებოდა 24 პატიმარი, მათი რაოდენობა მხოლოდ ზოგჯერ იკლებდა 18-მდე. რამდენადაც თითო საძინებელი ადგილი განკუთვნილი იყო სამი პატიმრისათვის, მათ ძილი რიგის მიხედვით უწევდათ. დანარჩენები საკუთარი რიგის მოლოდინში იწვნენ, ან ისხდნენ იატაკზე ან მუყაოს ყუთებზე. ძილისათვის ნორმალური პირობები არ არსებობდა, რადგან საკანში დღედაღამ მუშაობდა ტელევიზორი, დღის საათებში კი ხმაური და ფუსფუსი იყო. საკანში სინათლე არასდროს ქვრებოდა. უნიტაზი საკნის კუთხეში მდებარეობდა ყველასათვის დასანახ ადგილას. ტიხარი უნიტაზს გამოაცალკევებდა პირსაბანისგან, მაგრამ არა საკნის საცხოვრებელი ნაწილისა და სასადილო მაგიდისაგან. უნიტაზი შემაღლებულ ადგილზე, იატაკიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, ხოლო ტიხარის სიმაღლე კი 1.1 მეტრი იყო. ამგვარად უნიტაზზე მჯდომარე ადამიანის დანახვა კარგად შეეძლოთ როგორც საკანში მყოფთ, ისე ზედამხედველსაც, რომელიც პატიმრებს კარის სათვალთვალოს მეშვეობით აკვირდებოდა.
საკანში არ იყო ვენტილაცია, ზაფხულში მასში ჰაერი დახუთული იყო და ცხელოდა, ზამთარში კი ძალიან ციოდა. დახუთული ჰაერის გამო ფანჯარა საკანში მუდამ გაღებული იყო. რადგანაც გარშემომყოფნი ბევრს ეწეოდნენ, განმცხადებელი უნებურად პასიური მწეველი გახდა. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისთვის არასდროს მიუციათ ნორმალური საწოლის თეთრეული, თეფშები და სხვა სამაგიდო ნივთები. ადმინისტრაცია გასცემდა მხოლოდ ბამბის მატრასსა და თხელ ფლანელის საბანს, ხოლო კვებისათვის საჭირო ნივთებს ის ითხოვდა თანასაკნელებისაგან, რომლებსაც ამ ნივთებს ნათესავები უგზავნიდნენ.
საკნებში ირეოდნენ ტარაკნები და ჭიანჭველები, მაგრამ მათი განადგურებისათვის ზომებს არავინ იღებდა. ერთადერთი პროფილაქტიკური სანიტარული ღონისძიება იმაში მდგომარეობდა, რომ ზედამხედველებს კვირაში ერთხელ მოჰქონდათ ერთი ვედრო ქლორი ტუალეტისათვის.
განმცხადებელს გაუჩნდა კანის სხვადასხვა დაავადება და სოკოვანი ინფექციები, მას ჩამოეცალა ფრჩხილები ფეხის თითებზე და ხელის ზოგიერთ თითზე. საკანში, რომელშიც განმცხადებელი იმყოფებოდა, ექვსჯერ მოათავსეს ტუბერკულიოზითა და სიფილისით დაავადებული პატიმრები და მოსარჩლეს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკურ ინექციებს უკეთებდნენ.
განმცხადებლის მტკიცებით, ის ყოველდღიურად გაჰყავდათ საკნიდან სასეირნოდ მხოლოდ ერთი საათით, ხოლო ცხელი შხაპის მიღება მას მხოლოდ თვეში ორჯერ შეეძლო.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფალნი ამტკიცებდნენ, რომ პატიმრობის პირობები არ შეიძლება გაუთანაბრდეს წამებას, ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ სასჯელს. განმცხადებლის პატიმრობის პირობები არ განსხვავდებოდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ იყო უარესი რუსეთში პატიმრობაში მყოფი სხვა პირების უმრავლესობის პირობებისაგან. ხელისუფალთ არ ჰქონიათ განმცხადებლისათვის ფიზიკური ტანჯვის, ან მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების განზრახვა. საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციამ ყველა შესაძლო ღონე იხმარა, რათა უზრუნველეყო ავადმყოფები სამედიცინო დახმარებით და არ დაეშვა სხვა პატიმართა ინფექციური დასნეულება.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ აღიარა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო პატიმრობის პირობები რუსეთში არადამაკმაყოფილებელია და არ პასუხობს ევროსაბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოების პენიტენციალური დაწესებულებებისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა გააუმჯობესოს პატიმრობის პირობები რუსეთში. ამასთან, სახელმწიფო ახორციელებს ახალი საგამოძიებო იზოლატორების და არსებულების რეკონსტრუქციის მიზნობრივ პროგრამებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საკნის ფართობი განმცხადებლის მტკიცებით, 17 კვ.მ. იყო, რუსეთის ფედერაციის ხელისუფალთა მონაცემების მიხედვით კი - 20.8 კვ.მ. საკანი აღჭურვილი იყო ორიარუსიანი საწოლებით და გათვლილი იყო 8 პატიმარზე. შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, თუ რამდენად შეესაბამება ასეთი პირობები მისაღებ სტანდარტებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო შეგვახსენებს, რომ წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის საწინააღმდეგო ევროპის კომიტეტმა ერთ პატიმარზე 7 კვ.მ ფართობი განსაზღვრა, როგორც მისაღები, სასურველი სტანდარტი პატიმართა საკნების მოწყობისათვის, ანუ 56 კვ.მ. 8 პატიმრის შემთხვევაში.
სასამართლომ მისაღებად მიიჩნია მტკიცება ამ საქმეში განმცხადებლის ღირსების დამცირების წინასწარი განზრახვის ნიშნების არარსებობის შესახებ. მართალია, საკითხი იმის შესახებ, გამიზნული იყო თუ არა პირის ღირსების დამცირება და პიროვნების ხელყოფა, მხედველობაში მისაღები ფაქტორია, მაგრამ ასეთი განზრახვის არარსებობა არ შეიძლება გამორიცხავდეს დასკვნას მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრობის პირობები, რომელშიც განმცხადებელი 4 წლისა და 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, მას ფიზიკურ ტანჯვას აყენებდა, ამცირებდა მის ადამიანურ ღირსებას და ბადებდა მასში გრძნობას, რომელსაც პიროვნების დამცირებისა და ხელყოფისაკენ მივყავართ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრის ყოფითი პირობები, კერძოდ, საკნის მეტისმეტი გადატვირთვა, ანტისანიტარული გარემო და ამის შედეგად, განმცხადებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის საზიანო შედეგები, განმცხადებლის პატიმრობის ხანგრძლივობასთან ერთად, ასეთ პირობებში ღირსების დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და დააკისრა მოპასუხე მხარეს განმცხადებლისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ევროს გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 3 000 (სამი ათასი) ევროსი - გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
ამ საქმიდან შეიძლება შემდეგი დასკვნები გამოვიტანოთ:
● წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის ევროპის კომიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობა ერთ პატიმარზე აუცილებელი ფართობის - 7 კვ. მ-ის გამოყოფის შესახებ ხანგრძლივი დროით დაკავების შემთხვევაში, ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, უთანაბრდება ღირსების შემლახველ მოპყრობას და შეიძლება, ევროპის სასამართლოს მიერ ქვეყანაში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის აღიარების ფორმალური საფუძველი გახდეს.
● თუ ჩვენს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპული თემიდის აზრით, საქართველოში წინასწარი გამოძიების საკნებში მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პენიტენციალური სისტემის მსხვერპლნი არიან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
__________________________
1. ანგარიში კონფიდენციალურ დოკუმენტად ითვლება მანამ, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფო არ მისცემს კომიტეტს ანგარიშის გასაჯაროების უფლებას.
2. ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ და შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ.
3. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს საქმეთა სრული ტექსტების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int, HUDOC-ის ძებნის სისტემის მეშვეობით. საკმარისია, შესაბამის გრაფაში შევიტანოთ საქმის დასახელება, აპლიკაციის
ნომერი, განაჩენის გამოტანის თარიღი, ან ნებისმიერი სხვა მითითებული ინფორმაცია.
4. Human Rights Watch-ის შემაჯამებელი მოხსენების სრული ტექსტის ხილვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://hrw.org/backgrounder/eca/georgia0405/
5. მე-13 მუხლი - კანონით ეფექტური დაცვის უფლება ,,ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, აქვს კანონით ეფექტური დაცის უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინონ იმ პირებმა, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური უფლებამოსილებით”.
![]() |
2 მედია და ერთი ,,იკარუსის“ მგზავრები |
▲ზევით დაბრუნება |
მერაბ ბასილაია
,,...პრესის მიმართ ნდობა კატასრტოფულად დაეცა. ეს ვარდნა იმ აღშფოთებისა და ცინიზმის პირდაპირპროპორციულია, რომელსაც მოქალაქეები საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ავლენენ. როდესაც ჟურნალისტი ვერ ხედავს იმ საზოგადოებას, რომელსაც უნდა ემსახუროს, მისი ფუნქცია იკარგება და მედია ისეთივე რიგით ინსტიტუციად იქცევა, როგორიც ბევრი სხვაა. თანამედროვე ჟურნალისტიკა კარგად გაიწვრთნა ისეთ დაპირისპირებებში, როგორებიცაა: ჟურნალისტი მათ წინააღმდეგ, ვისაც აშუქებს; რეპორტაჟი კომენტარის წინააღმდეგ; ფაქტი ფასეულობის წინააღმდეგ; ბეჭდური მედია ელექტრონული მედიის წინააღმდეგ. მოქალაქეები თანაბარი ცინიზმით განიმსჭვალენ მედიისა და პოლიტიკის მიმართ, რადგან ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთმანეთთან აწარმოებენ დიალოგს და მათ ამ ურთიერთობაში არანაირად არ მონაწილეობს ხალხი. უფრო მეტიც, მედიამ თავად დაიწყო პოლიტიკური ბოსების გენერაცია და დაივიწყა მოქალაქე და ხალხის ინტერესები“, - ცნობილი ამერიკელი მკვლევარების ლუის ა. ფრიდლენდის, ჯეი როზენის და ლიზა ოსტინის ამ შეფასებას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან. ისინი გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკული მედიის პრობლემებს იკვლევდნენ და აქტიურად ლობირებდნენ ჟურნალისტიკის ახალ თეორიას - სამოქალაქო ჟურნალისტიკას.
ამ თეორიის გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკა ხალხისა და მედიის ურთიერთობის თვისობრივად ახალი ეტაპია. ეს პრინციპი ეფუძნება იმის გაგებას, რომ ჟურნალისტს საკვანძო პასუხისმგებლობა აკისრია სამოქალაქო კულტურის განვითარებაში და, რომ განზე დგომა, საზოგადოებრივი კოლაფსის თუნდაც მიუკერძოებელი აღწერით შემოფარგვლა უკვე შეუძლებელია, რადგან ხალხის და მედიის გაუცხოება, მკვლევართა აზრით, უკვე შემდგარი ფაქტი იყო.
ეს რაც შეეხება 90-იანი წლების ამერიკას. საქართველოში მედიისა და ხალხის გაუცხოებაზე ფორმალურად არაფერი მეტყველებს. არიან რეიტინგული მედია საშუალებები, რომლებიც ერთმანეთს აუდიტორიის გადაბირებაში ეჯიბრებიან, საინფორმაციო ბაზარი გაჯერებულია, მედია ინფორმაციის ძირითადი წყაროა და რაც მთავარია ხალხი უყურებს ტელევიზორს და (მეტ-ნაკლებად) კითხულობს გაზეთს, ყველა ავტომობილში რადიოა ჩართული. მიუხედავად ამ ,,ტოტალური ურთიერთნდობისა“, მაინც არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ ასეთი გაუცხოება არსებობს. ძნელი სათქმელია ის, თუ რამხელაა საზოგადოების ეს ნაწილი. ზოგს მიაჩნია, რომ ისინი ერთ ,,მარშრუტკაში” მოთავსდებიან, ზოგიც ამბობს, რომ ორში. მე ვფიქრობ, ეს ხალხი ერთ ,,იკარუსსაც” გასწვდება ისე, რომ მავანთ ფეხზე დადგომაც მოუწევთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავადაც მიმგზავრია ასეთ ,,იკარუსში“ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც არაერთხელ მომეცემა ამ სიამოვნების საშუალება.
ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი, ვისაც არ ასვენებთ გამჩენი, ლიბერალური ფასეულობები და ღია საზოგადოების პრინციპები. არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და უბრალოდ ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეები... მოკლედ ისინი, ვისაც მედია სამოქალაქო სექტორად მოიხსენიებს. მოქალაქეთა ეს ჯგუფი წუხს, რომ საქართველოში მედია და ჟურნალისტიკა სამოქალაქო კულტურის ბურჯი არ არის, მედია ღია საზოგადოების იდეებს არ ლობირებს, არ არის პლურალისტური და ტოლერანტული. მედიამ დაივიწყა ხალხის საჭიროებები და მხოლოდ პოლიტიკის სუბიექტად იქცა. ანუ თითქმის იგივე პრობლემა, რომელზეც ზემოთ ნახსენები ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ. ამ ,,იკარუსის'` მგზავრებიც გამოთქვამენ აღშფოთებას თუ არა, გაკვირვებას იმის გამო, თუ საიდან ჩნდება მედიაში ე.წ. დღის თემები, როგორ საზღვრავენ რედაქციებში, რომ სწორედ ეს თემაა ხალხისთვის აქტუალური და ვინ ,,ბლოკავს“ ამა თუ იმ თემას. ამ ადამიანებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ჟურნალისტებმა ახალი მიდგომები უნდა ეძებონ და ისინიც ხშირად აპელირებენ მათ სამოქალაქო თვითშეგნებაზე. ზოგადად ეს არის ამ ,,იკარუსის'` მგზავრთა შეშფოთებისა თუ უკმაყოფილების მიზეზი, თორემ მედიით უკმაყოფილო პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიებიც არიან, ოღონდ სულ სხვა მიზეზის გამო. მათ მიაჩნიათ, რომ მედია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ეს ხელისუფლების მიერ მედიის შეზღუდვისა და მასზე ზეწოლის უტყუარი სიმპტომია.
„იკარუსის“ მგზავრებიც კამათობენ და მედიაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს ეძებენ, ოღონდ მოტივაცია ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია. როგორც წესი, ამ ,,იკარუსის“ მგზავრები მედიის ყურადღების დეფიციტს არ უჩივიან, მედია თავად არის მათი კომენტარებით დაინტერესებული, ისინი ხშირად ჩნდებიან სიუჟეტებსა და პუბლიკაციებში ექსპერტების როლში და მათ ეს ფუნქცია წლების განმავლობაში განვითარებულ საზოგადოებრივ პროცესებში დაიმკვიდრეს. უფრო მეტიც, ამ ,,იკარუსის“ მგზავრები, არცთუ იშვიათად, თავად ჟურნალისტებიც არიან.
მაშ ასე, უკმაყოფილება არის, უკმაყოფილების არსიც ფორმულირებულია. რჩება მთავარი კითხვა: ვისი ბრალია ყოველივე? ამ კითხვასთან მიმართებაში კი მგზავრთა აზრი მაინც იყოფა. ერთნი მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ერევა მედიის საქმიანობაში, ზღუდავს სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზეწოლას ახდენს ჟურნალისტზე და ამის დასტურად ჟურნალისტების მიერ, არაფორმალურად გამოთქმული ბევრი პრეტენზია მოჰყავთ. მეორენი შექმნილ მდგომარეობაში საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს ადანაშაულებს, რომელიც იმ ,,იკარუსში'` არ ზის და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები ნაკლებად აწუხებს. ამ მოსაზრების ავტორები აცხადებენ, რომ საზოგადოება ანუ ხალხია არაპროგრესული და შესაბამისად მედია გრძნობს საზოგადოებრივ დაკვეთას, ხოლო ეს საზოგადოება მედიას კარგს არაფერს უკვეთს. ზოგიც ჟურნალისტების დაბალ პროფესიონალიზმსა და განათლების ხარვეზებზე მიანიშნებს. პრაგმატიკოსები ახსნას ეკონომიკურ ასპექტებში ეძებენ და მთავარ პრობლემას სარეკლამო ბაზრის სიმწირეში ხედავენ.
გიგა ფრანგიშვილის ფოტო
უცნაურია, მაგრამ ძალზედ იშვიათად, ასეთ კამათში ჩნდება ისეთი საინტერესო ფიგურა, როგორიცაა მედიის მფლობელი. უფრო სწორად კი, მისი როლი და პასუხისმგებლობა მედიაში არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, საუბარია კერძო, კომერციულ მედია საშუალებებზე, რადგან ყოფილი სახელმწიფო და ჯერ საზოგადოებრივ ტელევიზიად ვერჩამოყალიბებული I არხი ცალკე საუბრის თემაა.
მედია მფლობელი - ადამიანი, ვისაც პრაქტიკულად ეკუთვნის ესა თუ ის ტელეარხი ან გაზეთი ან ორივე ერთად. ადამიანი, რომლის ხელშია ფინანსები და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მედია არ არის თვითკმარი, ანუ საკუთარ ხარჯებს ვერ ფარავს, დოტაციაზე ჰყავს ესა თუ ის მედია საშუალება და ხელფასს უხდის ჟურნალისტს.
ასეთები ბევრნი არ არიან და საზოგადოება მათ ბიზნესმენებად და დეპუტატებად იცნობს, ნაკლებად როგორც მედია მფლობელებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ხალხს სახეზეც კი არ უნახავს. არა და მათ გარეშე მედიაში არც კარგი მოხდება და არც ცუდი. თუკი საუბარია მედიის რაიმე სახით შეზღუდვაზე ან მასზე ზეწოლაზე, მაგალითად, ხელისუფლების მხრიდან, ამანაც ხომ მედია მფლობელზე უნდა გაიაროს. დავუშვათ, მხოლოდ დავუშვათ, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, თუნდაც პრეზიდენტი აპირებს, რაიმე კორექტივი შეიტანოს საინფორმაციო ნაკადში, დაბლოკოს ან პირიქით, გაავრცელოს რაიმე ინფორმაცია. ეს ვერ განხორციელდება ერთი ჟურნალისტის დონეზე. ეს, როგორც მინიმუმ, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის დონეზე უნდა გადაწყდეს. წარმოუდგენელი და ერთობ სარისკოა, რომ ასეთი გადაწყვეტილება რედაქციამ არხის დირექტორის გარეშე მიიღოს. ასევე წარმოუდგენელია, დირექტორმა კონსულტაცია არ გაიაროს მედია მფლობელთან. მით უმეტეს, რომ საქართველოში პრაქტიკულად არცერთ ჟურნალისტს კვალიფიციური კონტრაქტი არ აქვს და მთლიანად მფლობელზეა დამოკიდებული. ასე რომ, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, მედია სივრცეში დამოუკიდებელი მოქმედება, მედია მფლობელის გარეშე გაუჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, მედია მფლობელს უნდა დაურეკონ, შეხვდნენ, თხოვონ ან დააშანტაჟონ, მაგრამ მისი იგნორირება ვერ მოხერხდება. როგორ ისარგებლებს ამ ვითარებით მედია მფლობელი, არავინ უწყის. მას შეუძლია, ბოლომდე დაუდგეს გვერდში ჟურნალისტს, შეუძლია დაჰყვეს ძალაუფლების მპყრობელთა ნებას, შეუძლია შეევაჭროს და შეუძლია მათი იგნორირება მოახდინოს. მფლობელს ყოველთვის აქვს რაღაც არჩევანი.
მოხელეების მხრიდან განხორციელებულ ასეთ ქმედებებს, როგორც წესი, ბევრი მითქმამოთქმაც მოჰყვება და მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მეტწილად ღიად არ ადასტურებენ მათზე ზეწოლის მცდელობის ფაქტებს, ეს თემა მაინც საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი ხდება. უფრო მეტიც, სწორედ ჩვენი ,,იკარუსის'` მგზავრთა მეცადინეობით, ეს ინფორმაცია ზოგჯერ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ხდება ცნობილი. ამ ორგანიზაციებს კი აქვთ იმის საშუალება, რომ ხელისუფლებას მცირე, მაგრამ მაინც დისკომფორტი შეუქმნან.
ახლა წარმოვიდგინოთ, მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რომ მედია მფლობელი გადაწყვეტს, რაიმე კორექტივი შეიტანოს იგივე საინფორმაციო ნაკადში, დაბლოკოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან ნონგრატად გამოაცხადოს პერსონა, რომელიმე პოლიტიკური ფიგურა ან სულაც რომელიმე თემა.
გიგა ფრანგიშვილის ფოტო
რას მოიმოქმედებს ის? დაურეკავს პრეზიდენტს ან რომელიმე გავლენიან მოხელეს ან საინფორმაციოს შეფს ან ჟურნალისტს? არა. ის არავის არ დაურეკავს. ის უბრალოდ იტყვის, რომ ასე სურს და ეს საზოგადოებაში მითქმა მოთქმის საბაბიც არ გახდება. ასეთ შემთხვევაში, საუბარი იმაზე - რომ მედია არ არის უბრალო ბიზნესი, მას უნიკალური და კონსტიტუციით დაცული საზოგადოებრივი ღირებულება აქვს და რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა დაუშვებელია, ვისგანც არ უნდა მომდინარეობდეს იგი - უბრალოდ არ იქნება. არც ამ ,,იკარუსის'` მგზავრები დავწერთ ვრცელ პროტესტებს და არც ჟურნალისტები ილაპარაკებენ ბევრს, რადგან ეს უფრო სახიფათოა. სახიფათოა იმდენად, რამდენადაც სამუშაოს და ხელფასის დაკარგვის საფრთხე ასე უფრო რეალურია, ვიდრე ხელისუფლების გულისწყრომის შემთხვევაში.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მედია მფლობელები რეგიონებშიც არიან და ყველა ის საფრთხე, რომელიც ჟურნალისტს ე.წ. ნაციონალურ არხებზე ემუქრება, რეგიონებში ათმაგად რეალურია.
სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ჩემი ეს მსჯელობა ინსინუაციური თუ არა, მოდელირებულია. ანუ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მე მედია მფლობელებს ვაკისრებ, ჩემს პირად წარმოსახვაზეა დაფუძნებული, რადგან ვიმეორებ, არავინ აცხადებს და ღიად საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება მედია საშუალებების კულუარებში. მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბარიც ინსინუაციური და წარმოსახვითია, რადგან ჯერ არსად, არავის (ვგულისხმობ მედია სუბიექტებს) საჯაროდ არ განუცხადებია, რომ ჩინოვნიკები მათ რაიმესკენ უბიძგებენ და არც თანადგომა უთხოვიათ თუნდაც ამ ერთი ,,იკარუსის“ მგზავრებისათვის.
მე პირადად შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დღეს საქართველოში საინფორმაციო ნაკადს მთლიანად მედია მფლობელებისა და ხელისუფლების უხილავი თანამშრომლობა განსაზღვრავს. მე ვერ მოვახდენ საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური გამოცდილების იგნორირებას. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც მედია მფლობელები ვერ შეძლებენ ვითარების ისე მენეჯირებას, რომ დაიმალოს რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეთერიდან უკვალოდ გაქრეს აქტუალური თემა ან მოვლენა. ბოლოს და ბოლოს, არსებობს კონკურენცია და ამ კონკურენციის ობიექტური კანონები. მაგრამ ასევე არსებობს აქცენტი, დროულობა და ინტერპრეტაცია ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიის საყრდენი ის კომპონენტები, რომელთა მანიპულირებით, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ფაქტის ან თემის გააქტიურება ან პირიქით, დასამარება.
სწორედ აქ იწყება მთავარი წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა თუნდაც კამათის დონეზე. სწორედ ამ ზღვარზე რთულდება ისეთი ლოგიკური არგუმენტების ჩამოყალიბება, რომელთა მეშვეობით რაიმეს უარყოფა ან დასაბუთება მოხერხდება. და სწორედ ეს არის ის ზღვარი, რომელზეც უნდა გამოვლინდეს ხელისუფლების, მედია მფლობელების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების სამოქალაქო კულტურა.
იწყება გამოსავლის ძიება. უმეტესობა (იგულისხმება ,,იკარუსის“ მგზავრთა უმეტესობა) თვლის, რომ გამოსავალი ქართულ მედია სივრცეში ახალი მედია მოთამაშის გამოჩენა იქნებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ტელეკომპანიის, გაზეთის ან სულაც მედია ჰოლდინგის შემოსვლა. თუ უფრო დავაკონკრეტებთ მათ ამ წადილს, ლაპარაკი ახალ მედია მფლობელზეა. ისეთ მფლობელზე, რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი ლიბერალური იდეალები ექნება, არც ფინანსურად და არც პიროვნულად იქნება დამოკიდებული ხელისუფლებაზე და რაც მთავარია, არ ექნება საეჭვო წარსული, რაც ძირითადად შანტაჟის წყარო ხდება.
ასეთი მოთამაშის, ანუ როგორც მას ამ ,,იკარუსში'` უწოდებენ, ,,Player“-ის შემოსვლა მართლაც იქნებოდა გარღვევა მედია სივრცე-ში, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით, მედიაში კონკურენცია ობიექტურ კანონებს ემორჩილება და რაც მთავარია, ეს კანონები უსწრაფესად მოქმედებენ.
ეს გამოსავალი ყველას მოსწონს, თუმცა კითხვა - საიდან მოვა ასეთი ,,Player“-ი - უპასუხოდ რჩება. ევრო-ამერიკული სივრციდან? - თეორიულად შესაძლებელია. მაგრამ პრაქტიკული მოტივი? თუ საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იქნება კომერციული პროექტი და ყველაზე დიდი, რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდება, იქნება ის, რომ მას დოტაცია არ დასჭირდება (ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველოში ეს შესაძლებელია), მაგრამ მოგებაზე ლაპარაკი, ზედმეტი იქნება. თუ მედიას კომერციული მოგება არ მოაქვს, მაშინ მფლობელს პოლიტიკური დივიდენდები უნდა აინტერესებდეს. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვუბრუნდებით იმ წერტილს, საიდანაც დავიწყეთ.
მსჯელობის სწორედ ამ ფაზაში, როგორც წესი, ყველას საზოგადოებრივი ტელევიზია ახსენდება. ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით, პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტელევიზიის კონცეფციაა სამოქალაქო კულტურის, მოქალაქეზე ორიენტირებული მედია საშუალების შექმნის ოპტიმალური შანსი.
გიგა ფრანგიშვილის ფოტო
სტატიის დასაწყისში მოყვანილ ამერიკელ მკვლევართა მოსაზრებების კვალდაკვალ, ჩვენი ,,იკარუსის'` მგზავრთა დიდი ნაწილიც თვლის, რომ საქართველოშიც უნდა დაიწყოს სამოქალაქო ჟურნალისტიკის ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის არსი სათქმელად მარტივია: ჟურნალისტი საზოგადოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. საზოგადოება გაცილებით უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს, ვიდრე საინფორმაციო ბაზარი. ჟურნალისტმა მოქალაქეში უნდა დაინახოს არა ინფორმაციის მომხმარებელი, არამედ იმავე საზოგადოების წევრი, რომელსაც ჟურნალისტი თავად ეკუთვნის. პროფესიულ მიუკერძოებლობას ამოფარება და საკუთარი პოზიციის არგამჟღავნება, არცთუ იშვიათად თავის მოტყუება და ფარისევლობაა. ხოლო საინფორმაციო დღის, თვის და წლის პრიორიტეტების ანუ ე.წ. მთავარი თემების განსაზღვრა, ამ კონცეფციით, ისევ და ისევ მოქალაქეებთან მუდმივი დიალოგის გზით უნდა ხდებოდეს. თუმცა ამ კონცეფციის ექსპერტები, რომელთაც კონცეფციის რეალიზაციის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ, აცხადებენ, რომ ზოგადად სამოქალაქო ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა, არ ეწინააღმდეგება მაღალპროფესიული ჟურნალისტიკის არც ერთ სხვა თეორიას და მისი უმთავრესი ამოცანა სწორედ მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფაა. მით უმეტეს, რომ არ არსებობს ამ კონცეფციის რეალიზაციის რაიმე ერთი, უალტერნატივო გზა.
![]() |
3 პლურალიზმი, პროტესტანტიზაცია და ნებსითობის პრინციპი |
▲ზევით დაბრუნება |
პიტერ ლ. ბერგერი
იმთავითვე უნდა ითქვას, ურთიერთობა პლურალიზმსა (ანუ, სხვისი აზრისათვის ანგარიშგაწევასა) და აღმსარებლობას შორის მუდამ ორჭოფული გახლდათ. ერთის მხრივ, განსაკუთრებით ამერიკელთა შემთხვევაში, რწმენის პლურალიზმი პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიის წინსვლას უწყობს ხელს; მეორეს მხრივ - იგივე პლურალიზმი იბარებს გამოცდას, თუ რამდენად ძალუძს მორწმუნე ხალხს, იყოს შემწყნარებლური მოყვასის მიმართ, ანუ რამდენად ეგუებიან ისინი დემოკრატიის პრინციპებს, როცა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, მათი გაგებით, არაეკლესიურად იქცევა. ამერიკის ეკლესიებში ამ ბოლო დროს ატეხილი ყალილა აბორტებისა და ერთსქესიანი ქორწინების თაობაზე სწორედაც რომ ამის მაჩვენებელია (იმის თქმა მინდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც აღმოსავლეთის ქვეყნების ხილვა, სარწმუნოებასა და დემოკრატიას შორის კონფლიქტის მაგალითების საძიებლად). რელიგიური და მორალური პლურალიზმი იმის ილუსტრირებასაც ახდენს, თუ როგორ მიაღწიოს დემოკრატიულმა წყობამ საკუთარი თავის სრულ ლეგიტიმიზაციას. ისევ ამერიკის მაგალითი მოვიშველიოთ: შეერთებულმა შტატებმა, ჯერ პროტესტანტულ ქვეყნად დაიმყოფა თავი, შემდეგ ზოგადქრისტიანულად, და ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას - იუდეო-ქრისტიანულად. ახლა კიდევ სულაც ,,აბრაამისეული რწმენის“ სპექტრიც კი იხსენიება (ე.ი. იუდეო-ქრისტიანულ-მუსლიმური), რაც სულაც არ ეპიტნავებათ არამონოთეისტური რელიგიების მიმდევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში რელიგიური რიტორიკის გამოყენება ისედაც ყელში ჰქონდა ამოსული.
ეს ,,ახალი პლურალიზმი“, რაღა თქმა უნდა, გლობალიზაციამ მოიტანა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის ხარისხი იმდენად გაზარდა, რომ საზოგადოებათა დიდი უმეტესობა, შეიძლება ითქვას, ახლა უკვე პლურალისტურია და არც რელიგიური მიმდინარეობები დარჩენილან ამ პროცესის მიღმა.
მოდით შევთანხმდეთ, თანამედროვე მსოფლიოში ორი ყველაზე დინამიური აღმსარებლობაა - აგრესიული ისლამი და ზოგადად პროტესტანტიზმი - ძირითადად, მისი ე.წ. პენტიკოსტალური, ანუ ,,ორმოცდაათიანელების“ შტო.* ორივე პირწმინდად გლობალური მოვლენაა: ისლამური მოძრაობა არა მარტო ატლანტიკის ოკეანედან მოკიდებული, ვიდრე ჩინეთის ზღვამდე ტერიტორიებს მოიცავს, არამედ აჰმადიანურმა დიასპორამ შიგ ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც საგრძნობი ძალა მოიცვა. ვთქვათ, ინგლისში ყოველი კვირის განმავლობაში მეჩეთში მეტი ხალხი დაიარება, ვიდრე ანგლიკანურ ეკლესიებში. გასაგები მიზეზების გამო, ისლამის აგრესიული განაყოფები უფრო იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას, ოღონდ ჯიჰადის მქადაგებელთა თანაბრად, ზომიერი მაჰმადიანებიც სარგებლობენ ინტერნეტის სიკეთით და მობილური ტელეფონებითაც საუბრობენ, ფარულ თუ ღია შეხვედრა/კონფერენციებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
პენტიკოსტალიზმს რაც შეეხება, იგი ჯაჭვური რეაქციასავით წაეწყო ლათინურ ამერიკაში, საჰარას მიღმა აფრიკის ქვეყნებსა და შორეულ აღმოსავლეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ნაკლებადმიმზიდველ ჯგუფებზე, როგორიც ბოშებია ან თუნდაც, ინდოეთის მთიელი ტომები. ბრიტანელი სოციოლოგის, დეივიდ მარტინის მტკიცებით, ახლა მსოფლიოში სულ მცირე, 250 მილიონი თუ არა, მეტი პენტიკოსტალისტი მაინც უნდა იყოს (აქ მთავარი პრობლემა ჩინეთია, სადაც ამგვარი რამ ფაქტიურად აკრძალულია და მთელს მოძრაობას იატაკქვე-შა ხასიათი აქვს).
ასეა თუ ისე, რელიგიის გლობალიზაციას მხოლოდ ისლამისა თუ პროტესტანტიზმის ნიშნულზე ვერანაირად ვერ დავიყვანთ. თავად რომის კათოლიკური ეკლესიაც კი, რომელიც ისედაც მუდამ გლობალური ხასიათის ინსტიტუტი იყო, ძირეულად იცვლის თავის საერთაშორისო იერს: მისი ტრადიციული ძალმოსილების საყრდენი უკვე გასცდა ევროპის შუაგულს და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ფილიპინებსა თუ აფრიკაში მისი სწორედ ის თვისებები აგულიანებთ, რაც ვთქვათ, ნიდერლანდებში იწვევს შეშფოთებას (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამბავი ვატიკანშიც კარგად უწყიან, რაც მის ბოლოდროინდელ პოლიტიკაზეც აისახება).
რაც შეეხება რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, პოსტ-საბჭოთა პერიოდში მან საგრძნობი ძალა მოიცვა და პუტინის ხელისუფლების აშკარა ხელშეწყობით, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში (ე.წ. ,,ახლო საზღვარგარეთზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ) ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობს საკუთარი გავლენის გაძლიერებას.
შიგ ნიუ-იორკის კაკალ გულში, ანუ ბრუკლინში მოკალათებული ხასიდური მოძრაობა თავის მისიონერებს ისრაელსა და აღმოსავლეთ ევროპის სათვისტომოებში გზავნის; ,,ფილმი იესოსი“ - ამერიკული ევანგელისტური ორგანიზაციის გადაღებული და მსოფლიოს ასზე მეტ ენაზე დუბლირებული, ამავე ორგანიზაციის წევრებს ინდოეთის შორეულ სოფლებში ჩააქვთ და ადგილობრივი ბრაჰმანებისა და თავად ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ღრმა უკმაყოფილების მიუხედავად, იქ აჩვენებენ. მაგრამ არც ინდუიზმია, ასე ვთქვათ, ჯაბანი: ევროპისა თუ ამერიკის რომელ დიდ ქალაქში არ ნახავთ ღვთაება კრიშნას ცეკვა-სიმღერით მადიდებელ ადეპტებს! საერთოდ, ჰინდუიზმის გამავრცელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს - მშვიდი, თავშეკავებული ,,ვედანტას საზოგადოებიდან“ დაწყებული და წრეგადასული გულმოდგინებით გამორჩეული ,,საი ბაბა“-თი გათავებული - მსოფლიოს რომელ კუთხეში არ გადააწყდებით... ასევე, არც ბუდისტები აკლებენ ხელს - ჯერ იაპონიაში, ტაივანსა და სამხრეთ აზიაში გაიმაგრეს ფესვები და ახლა დასავლეთის ქვეყნებსაც მოედვნენ.
კარგად თუ გავიაზრებთ, ყველაფერი ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ფართოდ გავრცელებული ცრურწმენა, თითქოსდა თანამედროვეობა რელიგიური გრძნობების დაკნინებას იწვევდეს (რასაც ხშირად ,,სეკულარიზაციის თეორიად“ ნათლავენ), ყოვლად უსაფუძვლოა. ამაზე ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებთ - ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ყბადაღებული თეორიის საწინააღმდეგოდ, თანამედროვე სამყარო სხვადასხვა სარწმუნოებათა ნამდვილ აღორძინებას განიცდის (თუ, რაღა თქმა უნდა, ორ გამონაკლისსაც გავითვალისწინებთ - ესაა დასავლეთ ევროპა და სხვადასხვა ჯურის ინტელექტუალთა თხელი, ოღონდაც საკმაოდ გავლენიანი ფენა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში). ეს ყოველივე არცაა გასაკვირი - თანამედროვეობა სულაც არ განაპირობებს რწმენის დაცემას - მას, უბრალოდ, სარწმუნოებრივი პლურალიზმისაკენ მივყავართ.
თანამედროვე ტენდენციებმა - მასობრივმა მიგრაციამ თუ უბრალოდ, ტურისტულმა მოგზაურობებმა, ურბანიზაციამ, ნაკითხობამ და, რაც ყველაზე მთავარია, კომუნიკაციების ახალ-ახალმა ტექნოლოგიებმა იმგვარი ვითარება შექმნა, რომ სხვადასხვა აღმსარებლობითი ტრადიციები სრულიად განსხვავებულ, კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ვითარებაში წარუდგებიან ერთმანეთს. ნათელია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით დაცული რწმენის თავისუფლების ვითარებაში გახდა შესაძლებელი; ოღონდ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ხელისუფლება, მართალია სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც რელიგიური პლურალიზმის მოთოკვასა თუ სულაც ჩახშობას ცდილობს (ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი), თანამედროვე სამყაროს რეალობის პირობებში ამის განხორციელება ძალზე პრობლემატური ხდება.
ნება მომეცით, საკუთარ მაგალითზე გითხრათ: ორიოდ წლის წინათ ბუენოს-აირესში ჩავედი. თავში სულ ბორხესი და ტანგო მიტრიალებდა, ოღონდ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა პირველი, რაც აეროპორტის გზაზე ტაქსის ფანჯრიდან დავინახე, მორმონების უზარმაზარი ეკლესია იყო, გუმბათზე წამოსკუპული ანგელოზით. აქამდე ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთში ჩასახული ეს მიმდინარეობა ძნელად თუ ოდესმე გასცდენია იუტას შტატს, შეერთებული შტატების საზღვრებს კი - არასოდეს. ახლა მორმონები ლამისაა ყველგან იხილოთ, ციმბირის ჩათვლით.
რელიგიურ პლურალიზმს როგორც ინსტიტუციური, ასევე შემეცნებითი მახასიათებლები გააჩნია: პირველ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სარწმუნოებათაშორისი საბაზრო ურთიერთობების მსგავსი რამ გაჩნდა; ოღონდ ეს მთლად იმის მაუწყებელი არ არის, რომ საბაზრო ეკონომიკის კანონები უშუალოდ რელიგიათშორის ურთიერთობათა საკითხს უნდა მივუყენოთ. უბრალოდ, რელიგიურ ინსტიტუტებს უკვე ერთმანეთს შორის კონკურენცია უწევთ პოტენციური მიმდევრების დასაკვალიანებლად; ამგვარი კონკურენცია კი უცილობელი ხდება აღმსარებლობის არჩევანის პირობებში, როცა ამ საქმეში ეკლესიას ხელისუფლების იმედი აღარ შეიძლება ჰქონდეს. ასეთი ვითარება უკლებლივ ყველა ეკლესიაზე ახდენს გავლენას, თუნდაც მათი თეოლოგიური თვითშეგნება ამას ეწინააღმდეგებოდეს კიდეც.
სამღვდელოება ახლა დილემის წინაშე დგას: რაკიღა მათი გავლენა უპირობო აღარაა, მათ ამის მიღწევა დარწმუნების გზით უწევთ; ამას კიდევ ის შედეგი მოაქვს, რომ მოსახლეობა ერთგვარი მომხმარებელი ხდება, რომლის აზრი, თუნდაც ღვთისმეტყველთა მხრივ საკამათო, მაინც გასათვალისწინებელია.
რომის კათოლიკური ეკლესია ამის საუკეთესო მაგალითია: ქრისტიანული მრწამსის ეკლესიათაგან მას ყველაზე შთამბეჭდავი იერარქიული წყობა გააჩნია, რომელსაც მცირედ თუ გადაუსხვაფერებია დამოკიდებულება საკუთარი მრწამსის მიმართ, თუმც კი ვატიკანის II კრებასა და პაპის შემდგომი ენციკლიკების წყალობით, ცვლილებები მაინც თვალსაჩინოა. საქმე ისაა, რომ შეიცვალა თავად ეკლესიის დამოკიდებულება საკუთარი მრევლის მიმართ. ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს სამღვდელოებაზე მეტად ეკლესიაზე ერისკაცობა ზემოქმედებდეს. ეს იქნებ გადამეტებული ნათქვამიც იყოს - როგორიც ერი, ისეთი ბერიო, ოღონდ ჩვენს დროში ერის ზეგავლენა ეკლესიაზე მართლაც უდავოა.
ბოლო ხანებში ერთ დროს ამერიკული კატოლიციზმის ,,წმიდა ქალაქად'` მონათლულ ბოსტონში, არქიდიოცეზმა (მმართველმა იერარქიამ) უსახსრობის საბაბით, რამდენიმე მრევლის გაუქმება გადაწყვიტა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ,,ერი აღსდგა'` და სრული პატივისგებით, ოღონდ მაინც მტკიცედ წინ აღუდგა არქიეპისკოპოსის ნებას. კომპრომისის მიღწევა მოხერხდა და შედეგად, ,,დახურვას'` ორი მრევლი გადაურჩა.
პლურალისტური გარემო თვით კონფესიათაშორის ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას. როცა მოხმარების ბაზარზე გადიხარ, გინდა-არგინდა, რელიგიური ინსტიტუტი ხარ თუ კერძო პირი, არა მარტო თავისთავად კონკურენტულ გარემოში გიწევს მოქმედება, არამედ იმასაც ცდილობ, სხვებთან გამონახო საერთო ენა და იმავე კონკურენციის პირობები დაარეგულირო.
საეკლესიო ინსტიტუტების მხრივ ახლა უკვე აშკარა ხდება მცდელობა, თუნდაც საგანმანათლებლო მოღვაწეობის მეშვეობით შეაკავონ საკუთარი მრევლის შემცირების პროცესი.
მაგალითად, ამერიკაში იუდაიზმი წელებზე ფეხს იდგამს, რომ ებრაელები ქრისტიანთა მისიონერული ღონისძიებების ზეგავლენის საფრთხეზე აცრას. ოღონდაც, მოქიშპე რელიგიური ინსტიტუტები ცდილობენ, საკუთარი ქმედებები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციონ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად მაინც ხსნის ,,ეკუმენიზმის“ ფენომენს: ეკუმენისტთა სიამტკბილობა სწორედ იმის სურვილითაა განპირობებული, რომ სხვის ყანაში არავინ იჯლიგინოს.
სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინათ ამგვარი მოლაპარაკებები ამერიკულ პროტესტანტულ ეკლესიებს შორის უკვე საყოველთაო ,,თავაზიანობის წესად“ იყო მიჩნეული. ვთქვათ, პროტესტანტებს გარკვეულ ტერიტორიებზე ჰქონდათ აქტივობის უფლება, ხოლო სხვაგან პრიორიტეტი პრესბიტერიანელებს ეპყრათ; სხვები კი იმ მხარეში ფეხსაც არ დგამდნენ. ზოგან ამან იმგვარი პარადოქსული ვითარებაც კი შექმნა, რომ მაგალითად, პუერტო-რიკო საერთოდ ეკლესიების გავლენის მიხედვით აღმოჩნდა დაყოფილი: ვთქვათ, პრესბიტერიანელი მხოლოდ ამა თუ იმ ქალაქის მცხოვრები იქნებოდა უცილობლად. ამგვარი ,,თავაზიანობის წესი“, როგორც ტერმინი, ახლა უკვე დიდად აღარაა ხმარებაში, ოღონდ პრაქტიკულად კი ბევრგან მოქმედებს, და არა მარტო პროტესტანტებს შორის. მაგალითად, პროტესტანტიზმის ძირითადი შტო და კათოლიკეები დიდად არ ესწრაფვიან ერთმანეთის სამწყსოს გადაბირებას, და არც ებრაელებს უქადაგებენ თავიანთ მრწამსს. სხვათა შორის, თვით სიტყვა ,,პროზელიტობამ“ (სხვის სამწყსოში ქადაგებამ) დამამცირებელი ელფერიც კი შეიძინა ამერიკელთა შორის და ამ პრაქტიკის გამტარებლებს ალმაცერად უყურებენ. საკმარისია გავიხსენოთ, რაგვარი განაწყენება გამოიწვია ამერიკის უდიდესი ევანგელისტური გაერთიანების - ,,სამხრეთ ბაპტისტთა კონვენციის'` ანცხადებამ, ებრაელების ჭეშმარიტ რწმენაზე მოქცევის მცდელობაზე ხელს არ ავიღებთო. კაცმა რომ თქვას, ზემოხსენებული ,,თავაზიანობის წესი“, არაფორმალურად მაინც, ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიერაა გათავისებული შეერთებულ შტატებში - რაღა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც საერთოდ არავითარ შეთანხმებას არ ცნობს.
სარწმუნოებრივი პლურალიზმი თავად პიროვნების სინდისზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს: მარტივად თუ ვიტყვით, სარწმუნოება აღარაა თავისთავადი მოცემულობა ამა თუ იმადამიანისათვის. საერთოდ, ყველა საზოგადოებას რაღაც თავისი აქვს გამაერთიანებელი - იქნება ეს ზოგადი იდეა თუ ქცევის ზოგადი წესები, რაც წინასწარი მოცემულობით გადაეცემა ინდივიდუუმს, ხოლო რელიგია ისტორიულად სწორედ ასეთ მოცემულობას წარმოადგენდა. ახლა სოციალური ფსიქოლოგია იმას ხსნის, თუ როგორ აღიქვამს პიროვნება რაღაც იმთავითვე მოცემულს: ესაა ინდივიდუუმის გარემო საზოგადოებაში მიღწეული სოციალური თანხმობა. ისტორიის მანძილზე ინდივიდუუმთა უმეტესობა სწორედ ამგვარ გარემოში მყოფობდა. პლურალიზმი კი, თავის მხრივ, სწორედ ამ წინასწარგანსაზღვრულობას უთხრის ძირს: პიროვნება უკვე ვეღარ აღიქვამს ამას როგორც ტრადიციულად სავალდებულოს - მან არჩევანი უნდა გააკეთოს, ანუ გაიაზროს საზოგადოების ნორმატიული მოცემულობანი. ხოლო მრწამსი, რომელიც არჩეულია (დიდი მნიშვნელობა არცა აქვს, რამდენად ღრმა გააზრების შედეგია ეს არჩევანი) სრულიად განსხვავდება წინასწარ განსაზღვრული, ასე ვთქვათ, თავსმოხვეულისაგან. სულაც არაა სავალდებულო, ამგვარი რწმენა ნაკლებად მყარი იყოს, ან თავად მრწამსში შევიდეს რაიმე ცვლილება - მთავარია არა რა, არამედ როგორ იცვლება ადამიანის რწმენისადმი დამოკიდებულება.
ამგვარად, თუნდაც ურბანისტ კათოლიკეს შეუძლია მრწამსის ფორმულაც ისევე დაიცვას და ღვთისმსახურების წესიც - უცვლელი, ანუ ისეთი, მისი წინაპრები რომ მისდევდნენ სადმე ძირძველ კათოლიკურ სოფელში, მაგრამ ეს მისი მუდმივი არჩევანია, რომ სწორედ ასე და ამგვარად იქცეოდეს. ამით მისი რწმენა უფრო მეტად პიროვნული ხდება. აქედან გამომდინარე, რწმენა სუბიექტურ მოვლენად იქცევა და მისი სიმტკიცეც - უფრო ძნელად მისაღწევი.
ერთ-ერთ ჩემს წიგნში ამ პროცესს ,,ერეტიკული იმპერატივი'` ვუწოდე (სხვა არაფერი იფიქროთ - ბერძნული სიტყვიდან ,,ჰაირესის'` - რაც, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ,,არჩევანს'` ნიშნავს); ამგვარი რამ კი არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, ,,ლიბერალურ'` თუ ,,პროგრესულ'` რელიგიურ ჯგუფებში შეინიშნება: იგივე ვითარებაა, ოღონდ საპირისპირო - ყველაზე აგრესიულად განწყობილ კონსერვატიულ ჯგუფებშიც - იქ პიროვნება თავის აგრესიულობას ირჩევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი უფსკრულია ტრადიციულსა და ნეოტრადიციულ აღმსარებლობებს შორის: პირველი აუმღვრევლად მშვიდი და შემწყნარებლურად განწყობილიც შეიძლება იყოს, მეორე - უცილობლად აგრესიული და შეუწყნარებელია. თქმა არ უნდა, ეს მარტო რელიგიის განხრით არ ხდება: იგივე შეინიშნება ცხოვრების ყველა სფეროში. თუმცა კი კარგა ხანს მომიწია მტკიცება, რომ თანამედროვეობას ადამიანის ყოფა ბედისწერიდან არჩევანისაკენ მიჰყავს და აღმსარებლობასაც ატყვია ამისი კვალი. და როგორც თანამედროვეობას ძალაუნებურად მივყავართ განპიროვნებულობისაკენ, ასევე თანადროული რელიგიის მიმდევრებიც იაზრებენ, არჩევენ და საკუთარ თავზე ირგებენ იმ რელიგიური ხასიათის ინფორმაციას, რაზედაც მათ ხელი მიუწვდებათ. ფრანგმა სოციოლოგმა დენიელ ერვიუ-ლეჟემ [Hervieu-Leger] ამ ფენომენს ,,ბრიკოლაჟი'`, ანუ ,,მიკერება'` უწოდა (როგორც რომ ლეგოს ასაწყობ თამაშში მიეწყობა ნაწილები ერთმანეთს, სრული სტრუქტურის მისაღწევად); მისი ამერიკელი კოლეგა რობერტ უთნოუ [Wuthnow] უფრო შორს წავიდა და ,,კუბოკრული'`, თუ ,,ნაჭერ-ნაჭერ'` გაწყობილი რელიგიის ცნება შემოიტანა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ამერიკულ ინგლისურში ისედაც ადვილად ჯდება ამგვარი გაგება - რწმენის შერჩევითობა - რაც მყიდველ/მომხმარებლის იმ უფლებაზე მიანიშნებს, თავად შეარჩიოს საკუთარი სარწმუნოება და მომავლისთვის იმის უფლებაც დაიტოვოს, ოდესმე კვლავ შეიცვალოს მრწამსი თუ არა.
ამრიგად, პლურალიზმის ინსტიტუციონალურ და სუბიექტურ განზომილებებს თუ გავითვალისწინებთ, ერთ შორსგამიზნულ დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ: პლურალიზმის პირობებში, ყველა რელიგიური ინსტიტუტი, ადრე თუ გვიან, ნებაყოფლობით ასოციაციად გადაიქცევა - მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა თავად მათ ეს.
მაქს ვებერმა და ერნსტ ტროლჩმა [Weber, Troeltsch] რელიგიის ორი პროტოტიპული ფორმა გაანალიზეს: ,,ეკლესია“ - რომელსაც მავანი იმთავითვე განაკუთვნებს თავს, და ,,სექტა” - რომელსაც ის თავად ირჩევს. რიჩარდ ნიბური [Niebuhr] ვარაუდობს, რომ ამერიკულმა რეალობამ წარმოშვა მესამე - ,,დენომინაციური“ (ანუ, სახელდებული), როცა რომელიმე კონფესია იმთავითვე ცნობს და აღიარებს სხვა კონფესიებს, სულ ერთია, იქნება ეს de jure თუ de facto. კაცმა რომ თქვას, ამერიკის რელიგიის ისტორიის განმავლობაში, ყველა კონფესია ,,დენომინირებული“ გახდა, თანაც ნაციონალური მასშტაბით: იუდაიზმიც კი, რომელიც მკაცრად იცავს საკუთარ კონფესიურ და ეთნიკურ კუთვნილებას, სამ ამგვარ ნაწილადაა დაყოფილი; და ამგვარი სახელდების პროცესი კარგა ხანია გასცდა შეერთებული შტატების საზღვრებს. ანუ, რაც უფრო გლობალურ ხასიათს იღებს პლურალიზმი, მით მეტი რელიგიური ჯგუფი იქცევა ნებსით გაერთიანებად, თუნდაც გულზე არც ეხატებოდეთ ამგვარი ,,განსაზოგადოება“. არცაა გასაკვირი, რომ ბევრი მათგანი პლურალიზმს მომაკვდინებელ საფრთხედ მიიჩნევს და ყველა ხერხით ეწინააღმდეგება მის დამყოფებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან ერთი მარტივი დასკვნა გამომდინარეობს: რელიგიური ინსტიტუტის შესაძლებლობა - ფეხი აუწყოს პლურალისტურ გარემოს, უშუალოდაა დაკავშირებული მის უნართან, ფორმით მაინც შეეგუოს ნებსით ორგანიზაციად გადაქცევას. ოღონდ ამას, რაღა თქმა უნდა, მისი ისტორიული ფესვებიც განაპირობებს: ვთქვათ, პროტესტანტიზმს სხვა კონფესიების ტრადიციებთან შედარებით (სულ ერთია, ქრისტიანული იქნება ეს თუ სხვა) ამ მხრივ გარკვეული უპირატესო ბა გააჩნია; ანუ, ლუთერანურ-კალვინისტურმა რეფორმაციებს, რაკიღა მუდამ ხაზს უსვამდნენ პიროვნული სინდისის საკითხს, თანამედროვე ვითარებასთან და პლურალიზმის დინამიკასთან შეგუება a priori არ უნდა გაუჭირდეთ. ოღონდ ყველა პროტესტანტულ მიმდინარეობას არ ჰქონია უნარი, ნებსით კავშირად გადაქცეულიყო.
დეივიდ მარტინმა ბოლო ხანს გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლურ ქრისტიანობაში (აღმოსავლური ორთოდოქსია სხვა შემთხვევაა) შუა საუკუნეების შემდგომ აღმსარებლობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის სამი ტიპი ჩამოყალიბდა. პირველს მან ,,ბაროკოს კონტრრეფორმაცია“ უწოდა - ეს ეკლესიას, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის აღდგენის მცდელობა იყო და იგი რევოლუციამდელი საფრანგეთის დროს მთელს კათოლიკურ ეკლესიას მოედო, ხოლო რევოლუციის შემდგომ, რესპუბლიკურ წყობაში თავისებურ ,,სამოქალაქოსებურ“ (laique) ეკლესიად გადასხვაფერდა. აღსანიშნია, რომ მისი ეს ორივე ნაირსახეობა - სასულიეროცა და სამოქალაქოც, პლურალიზმის მირქმასთან ნამდვილად მწყრალად გახლდათ. მეორე ტიპი - ეს ,,განათლებული აბსოლუტიზმია“, ლუთერანული ჩრდილო-ევროპისა და ანგლიკანური რწმენისათვის დამახასიათებელი. მას უკვე მეტი შემწყნარებლობის უნარი გააჩნდა პლურალისტური ტენდენციების მიმართ და ნელინელ მოედო ჩრდილო ევროპის, ასე ვთქვათ, კეთილმოწყობილ ქვეყნებს. და ბოლოს, მესამე - ესაა ის, რასაც მარტინმა, მეტად მახვილგონივრულად, ,,ამსტერდამ-ლონდონ-ბოსტონის ბურჟუაზიული ღერძი“ შეარქვა და რომელიც რელიგიური პლურალიზმის განსახიერებაა. ოღონდ ისიც ითქვას, ამ ღერძის სამივე წერტილი არაა ერთნაირად გახსნილი ნებსითი გაერთიანებებისათვის. ჰოლანდიურ პლურალიზმს, არსებული ტოლერანტული ხელისუფლების პირობებში, თავი ქუდში ჰქონდა, მაგრამ ზოგიერთი დაჯგუფება (კალვინისტები, არმინიანელები, კათოლიკეები) ხშირად მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის საყრდენად იქცეოდა ხოლმე; ინგლისში რელიგიური ჯგუფების კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გაჩნდა, ე.წ. არაკონფორმისტული სპექტრი, ოღონდ ყველანი სახელმწიფო ანგლიკანური აღმსარებლობის ჩრდილში მოექცნენ. მხოლოდ შემდგომ, შეერთებულ შტატებად წოდებულ ინგლისურენოვან კოლონიებში მიაღწია რელიგიურმა პლურალიზმმა თავის პიკს, და შემდგომ ნებსით რელიგიურ კავშირთა საუკეთესო მაგალითად იქცა. რაღა გასაკვირია, თუ სრულიად ამერიკის საზოგადოება ახლა როგორც რელიგიურ, ასევე საერო პლურალიზმზე ლოცულობს.
ამ მხრივ პროტესტანტიზმის ზემოთ ნახსენები გარკვეული უპირატესობა დღესაც თვალსაჩინოა. პენტიკოსტალიზმისა და ზოგადად, პროტესტანტიზმის ნაირსახეობების ტრანსნაციონალური პოპულარობა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მათ არ უჭირთ ნებსითი გაერთიანებების სახით ჩამოყალიბება; ოღონდაც სრულიად არაა სავალდებულო, რელიგიური ჯგუფი მაინცა და მაინც პროტესტანტული წესისა იყოს - ზემოთ უკვე ვახსენე ვატიკანის II კრების შემდგომი კათოლიციზმი და ამერიკული იუდაიზმი. ამათ გარდა, იუდეოქრისტიანული სამყაროს მიღმაც შეიძლება მაგალითების პოვნა: თუნდაც 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ბუდიზმის და სხვა რელიგიური მიმდინარეობების აღზევება იაპონიაში (მავანმა ამას ,,ღმერთების პიკის საათიც“ კი უწოდა), რაც, ძირითადად, სწორედ რომ საერო ორგანიზაციების ძალისხმევით მოხდა. მე-19 ს-ში დაწყებული რეფორმისტული მოძრაობის შედეგად ჰინდუიზმიც იმავე გზას დაადგა; უდიდესი მაჰმადიანური ორგანიზაციებიც - ნადჰატულ-ულამა, ან თუნდაც მუჰამადია ინდონეზიაში - ორივე ნებსითი საერო მოძრაობაა და მათი მსგავსი ისლამურ ქვეყნებში ბევრია.
მე უკვე ვახსენე ,,ერეტიკული იმპერატივი“, და ეგებ ახლა ,,ნებსითი იმპერატივის“ ცნებაც დაგვემკვიდრებინა. ეს მოვლენა სწორედ მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა რელიგიური პლურალიზმი იმარჯვებს. საინტერესო ამბავია - კათოლიკე მიმომხილველები ტერმინ ,,პროტესტანტიზაციას“ მაშინ მიმართავენ, როცა მათ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების აუგად მოხსენიება სურთ. უმეტესად კი ეს ეკლესიის შიდა სოციალურ ცვლილებებს შეეხება - საერო პირთა მზარდ გავლენას, ეკლესიის ფაქტიურად დენომინაციურ ერთეულად ქცევას, და რაც მთავარია, გარკვეულ დოქტრინალურ ცვლილებებს - როგორიცაა აღმსარებლობის თავისუფლების თეოლოგიური საფუძველდება. ისიც აღსანიშნავია - ის ორი პიროვნება, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ამ ნორმების დამკვიდრებაში ვატიკანის II საბჭოზე, სწორედაც რომ თანამედროვე დემოკრატიის გულისგულის წარგზავნილები იყვნენ: ჯაკ მარიტენი საფრანგეთიდან და ჯონ კორტნი მიურეი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ამერიკელებს განსაკუთრებით უყვართ იმის აღნიშვნა, რომ ზემოხსენებული ცვლილებები შეუქცევადია - მოდერნიზმი წარმოშობს პლურალიზმს, რომელიც იწვევს ნებსითი ერთობების გაჩენას, რაც შემდგომ დემოკრატიის თავისებურ სკოლებად იქცევა ხოლმე. დაახლოებით ასე წარმოუდგენიათ - აი, ახალი ინგლისის რომელიმე პაწია ქალაქის თავყრილობა რომ საერთაშორისო სოციალური და პოლიტიკური წყობის მოდელად იქცეს! ვაი, რომ ემპირიული რეალობა, ცოტა არ იყოს, უფრო რთულია. თქმა არ უნდა, რაღაც ამგვარი ტენდენცია კი ისახება, ოღონდ ეს გზა რომ ია-ვარდით ვერ იქნება მოფენილი, ესეც ცხადია: ამ გზაზე წინააღმდეგობაც ბევრი იქნება და ვაითუ, გზამაც სადღაც სხვაგან გადაუხვიოს...
პლურალიზმის №1 წინ აღმდგომი, საყოველთაო აზრით, ე.წ. ,,ფუნდამენტალიზმია“. თავად ეს ცნება, ცოტა არ იყოს, საგონებელში მაგდებს: ამერიკული პროტესტანტიზმის ისტორიის ერთი მონაკვეთის სახელდება აიღო და სხვა აღმსარებლობით ტრადიციებს ასე იოლად მიუსადაგო, საორჭოფოდ მეჩვენება. თუმც თავადაც იძულებული ვარ, სახმარ ტერმინად იგივე გამოვიყენო, ფორმულირებაში მაინც ერთგვარ დაზუსტებას შემოგთავაზებთ:
ფუნდამენტალიზმი ეწოდება ნებისმიერ მისწრაფებას, ღვთისბოძებულად დააკანონოს ის, რაც მხოლოდ პიროვნული სინიდისის საქმეა, და შესაბამისად, ინდივიდის სოციოპოლიტიკურ გარემოზეც გადამწყვეტი გავლენა იქონიოს. ამგვარ მცდელობებს არა მარტო რელიგიური, არამედ საერო გამოვლინებებიც სჩვევიათ და სწორედ ამაზე გვექნება ახლა საუბარი.
რელიგიური ფუნდამენტალიზმი ყოველთვის მეტ-ნაკლებად ამბიციურია, პატივმოყვარე; მეტად ამბიციურობის შემთხვევაში იგი ცდილობს, მთელი საზოგადოება საკუთარ წარმოდგენებს დაუმორჩილოს: ჩვენი დროის ისტორიაში ამის ქრისტიანული ვარიანტის საუკეთესო მაგალითი ესპანეთის სამოქალაქო ომია, როცა რეკონკისტას - ესპანეთის ურჯულოთაგან გამოხსნის კათოლიკური იდეალი რესპუბლიკის ვითომდა ანტიქრისტიანულ, საერო ხასიათს დაუპირისპირდა. სწორედ ეს იყო ,,კონტრრეფორმისტული ბაროკოს“ ბოლო აფეთქება. ფრანკოს რეჟიმის შეცვლასთან ერთად ეს იდეაც დასამარდა და ახლა, უბრალოდ, წარმოუდგენელიც კია, კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი ლოცვა-კურთხევა ამგვარ საქმეს ოდესმე კიდევ გადააფაროს. და არც სხვა რომელიც გნებავთ კონგრეგაციამ (ბრალდება, თითქოს ამერიკელ ევანგელისტებს თეოკრატიული რეჟიმისაკენ ლტოლვა აქვთ, რბილად რომ ვთქვათ, უსაფუძვლოა - ასე თუ მივყევით, ზემოთ განსაზღვრულ ფუნდამენტალიზმისაკენ ფარულ მისწრაფებებს ნებისმიერი აღმსარებლობის მემარცხენე თუ მემარჯვენე ელემენტებში აღმოვაჩენთ). საქმე ისაა, რომ არადასავლურ ქვეყნებში ეს ტენდენცია შეუდარებლად უფრო ძლიერია და თვალსაჩინო.
შორს რომ არ წავიდეთ, რუსეთში ერთი სული აქვთ, კიდევ ერთხელ მიაღწიონ იმას, რომ ეკლესია და სახელმწიფო გაერთიანდეს (ესაა სწორედ ის, რასაც ორთოდოქსულ პოლიტიკურ აზროვნებაში sinfonia უწოდეს);
ისრაელში გარკვეული გავლენიანი ჯგუფები უარს არ იტყოდნენ, მთელი საზოგადოება მათი აღმსარებლობის კანონებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სტრუქტურად, ე.წ. ხალაქიკად ექციათ; ინდოეთში ცდები არ წყდება, ქვეყნის საერო კონსტიტუცია ჰინდუთვას დებულებებით შეცვალონ, რაც იმას ნიშნავს, ჰინდუიზმი ძალით მოახვიო თავს ყველა მოქალაქეს, გინდაც ის მართლმორწმუნე მაჰმადიანი იყოს... ყველა ამათ შორის კი უმეტესი ძალისხმევა მოდის ისლამური იდეოლოგიიდან, რომელსაც თეოკრატიული სახელმწიფოების შექმნა სურს, მთლიანად შარიათის კანონებზე რომ იქნებოდა დაფუძნებული. კაცმა რომ თქვას, ეს უკვე სხვა არაფერია, თუ არა ჯიჰადისტების ოცნება - ახალი ჰალიფატი, მთელს მაჰმადიანურ სამყაროს რომ მოიცავს (და არც ერთ დროს ,,ალაჰის წილხვედრ“ მიწებს ივიწყებენ - ვთქვათ, ბალკანეთსა და ალ ანდალუსიის მხარეს). ასეა ეს...
ამგვარი პროექტების რეალურად განხორციელების შანსები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, ოღონდაც მათ ყველას ერთი ,,უპირობო პირობა“ უდევთ საფუძვლად: მთელი საზოგადოების ამგვარ ერთიან, დამხმარე სტრუქტურად გადასაქცევად ღვთივბოძებული უცილობლობის შეგრძნებაა დასანერგი, ამისთვის კი ერთადერთი გზა არსებობს - ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება. ასეთ შემთხვევაში, თეოკრატიული სახელმწიფო ქვეყნის ყველა საერო ინსტიტუტს გააკონტროლებს, გარე სამყაროსთან კონტაქტებისა და ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.
ოღონდ ეგაა - თანამედროვე ვითარებაში ამგვარი რამის მიღწევა არც ისე ადვილია, ან არადა თანახმა უნდა იყო, ჩრდილო კორეასავით, კატასტროფულ ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანო საქმე. ოღონდ არც ისე გულარხეინად შეიძლება ვიყოთ, თითქოსდა რელიგიური ტოტალიტარიზმი საერთოდ შეუძლებელი რამ იყოს - ისლამური რეჟიმის გაბატონება ირანში ამის თვალსაჩინო მაგალითია ყველასათვის: რეჟიმს, რომელიც მზადაა, დაუნდობელ რეპრესიებზე ააგოს საკუთარი ხელისუფლება, ხოლო საკუთარი ხალხის მატერიალური შეჭირვება სულაც არ ანაღვლებს, ზოგჯერ შეუძლია კიდეც გაიტანოს თავისი.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რელიგიური ფუნდამენტალიზმი ყველაზე ნაკლებ სექტანტობას ახასიათებს: მათი ინტერესია საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ, სუბკულტურულ ნაწილში განაღვიძოს ,,ღვთივბოძებულობის'` შეგრძნება, თორემ ვინც მის ხელქვეითი არაა, ის ,,მტრისთვისაც დაულოცია;'` და სწორედ ამგვარ სუბკულტურაში ეძიებს და ჰპოვებს გარკვეული ფსიქიკური წყობის ინდივიდუუმი იმ სოციალურ თანხმობას, რაც მას სულიერი სიმყარისათვის სჭირდება. სწორედ ეს თვისება ახასიათებს ნებისმიერ სექტას. ოღონდ აქაც იგივეა - პლურალიზმის ბაცილაშეპარულ საზოგადოებაში გარე ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე მართლაც უმკაცრესი კონტროლი თუ არ დაწესდა, დამცველი ჯებირი მალევე მოირღვევა და წინასწარი მოცემულობის ეს არსებული რეალობა ერთ დღე-ღამეში შეიძლება ჩამოინგრეს. ამიტომაც სუბკულტურებშიც კი ყოველგვარი კონტაქტები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი, ყოველგვარი აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიუღებელი უნდა იყოს, და შედეგად, ისევ იმ ტოტალიტარულ მოთხოვნებს ვიღებთ, ოღონდ მინიატურაში... ასე და ამგვარად, სექტანტურ მოძრაობებსაც საკუთარი შეჭირვება აქვთ, ოღონდაც ,,რეკონკისტას'` იდეურ პრობლემებთან ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა.
თუმცა ისიცა ვთქვათ, რომ სხვადასხვა შემთხვევებში, ზოგიერთ აღმსარებლობით ტრადიციებში ამის საწინააღმდეგო მაგალითებიც შეიძლება მოვიყვანოთ, როცა ფუნდამენტალისტურ ჯგუფს საკუთარი, თუნდაც ერთი ციცქნა ტერიტორია გააჩნია - სრული იზოლაციისათვის საკმარისი (მაგალითად, დავითიანთა ერთობა ვაკოში, ტეხასის შტატი), ან ურბანისტული კომუნები ბრუკლინში, ანდა მეა შიარიმის დაჯგუფება იერუსალიმში; ასევე, სამონასტრო ან რაღაც მათი მსგავსი ერთობები (საქრისტიანოში მრავალი ასეთია) ან, თუნდაც, უფრო ვრცელ ტერიტორიებზეც კი (ჩრდილოეთ ნიგერია), რომელიც ისლამისტების სრულ კონტროლქვეშაა. სხვათა შორის, სექტანტურ სუბკულტურებს ყოველგვარი საკუთარი ტერიტორიის გარეშეც შეუძლიათ არსებობა - იმ პირობით, თუკი ურთიერთობებისა და კომუნიკაციების არხები სრულადაა გადაკეტილი (,,ოპუს დეი” გინდა თუ ,,სოკკა გაკკაი”, ,,ლუბავიჩერ ქაბადი” თუ მუსლიმთა საძმოები - მე აქ მხოლოდ სოციოლოგიური თვალსაზრისით ჩამოვთვლი მათ, მათი საქმიანობის რაიმე ზნეობრივ შეფასებას პრინციპულად ვერიდები).
თანამედროვე რეალობებს თუ გავითვალისწინებთ, ეს ორივე - როგორც მთელი საზოგადოების მომცველი, ასევე სექტანტური მინიტოტალიტარიზმის პროექტები - მეტად ძნელი განსახორციელებელია. მეორე შემთხვევაში ,,წარმატების” მიღწევის შანსი ბევრად მეტია, რადგან რეკონკისტას ტიპის ტრადიციები საერთოდ შეუთავსებელია პლურალიზმთან და რაიმე სახის ზავის თაობაზე აქ ლაპარაკიც არაა; სექტურმა მინიტოტალიტარიზმმა კი შეიძლება იგუოს იგი, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი მასთან უშუალო შეხება არ ექნა.
* * *
ყოველივე ზემოთქმულიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: პლურალიზმსა და დემოკრატიას შორის დამოკიდებულება საკმაოდ რთულია, კაცი ვერ იტყვის, თითქოს პლურალიზმი ერთმნიშვნელოვნად დადებთი ან უარყოფითი მოვლენა იყოს დემოკრატიისათვის: გააჩნია, რა რეაქცია აქვთ მასზე რელიგიურსა და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ლიბერალურ და უბრალოდ დემოკრატიებს შორისაც გვარიანი განსხვავებაა - ვთქვათ, იგივე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება სავსებით შეიძლება რელიგიურ უმცირესობათა მიმართ სრულ შეუწყნარებლობას იჩენდეს (როგორც ევანგელიკური პროტესტანტების მიმართ რუსეთში, მთელს მაჰმადიანურ სამყაროსა და ინდოეთში), თუმცა ტოლერანტული ავტორიტარული რეჟიმებიც გვახსოვს: ფრიდრიჰ დიდის დროინდელი პრუსეთი, იოზეფ II -ის დროინდელი ავსტრია ან თუნდაც ოტომანთა იმპერიაც კი - ოღონდ თავის საუკეთესო წლებში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ორი მთავარი შეკითხვა დაისვას: როგორი რეაქცია ჰქონდათ სხვადასხვა აღმსარებლობის ტრადიციებს პლურალისტურ გამოწვევაზე? იმის თქმა მინდა, ნებსითი აღიარების პრინციპი სწორედაც გადამწყვეტია ასეთ შემთხვევებში. მაშინ შეიძლება მკითხონ: რა პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთება ამა თუ იმ შემთხვევაში და თუ იმდენად ძლიერია ეს ინტერესები, რომ მოვლენათა მსვლელობაზეც უშუალო ზეგავლენა მოახდინონ?
ისტორიულ ჭრილში, პროტესტანტიზმს ყოველთვის გარკვეული უპირატესობა გააჩნდა, რაკიღა იოლად ეგუებოდა პლურალიზმის მოთხოვნებს. ეს უპირატესობა დღესდღეობითაც ვლინდება, განსაკუთრებით პენტიკოსტალიზმისა და პროტესტანტიზმის ზოგიერთი სხვა პოპულარული შტოს სულ უფრო და უფრო მზარდი პოპულარობის სახით. მაგრამ ესეცაა, ,,პროტესტანტიზაცია'` სხვა კონფესიურ ტრადიციებშიც იკიდებს ფეხს, და მის ისეთ ანტაგონისტურ აღმსარებლობაშიც, როგორიც რომის კათოლიკური ეკლესიაა. ასე რომ, დღესდღეობით როგორც პროტესტანტულ, ასევე არაპროტესტანტულ ეკლესიებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ დემოკრატიის განვითარებას ნებისმიერ ქვეყანაში, ხოლო ხიფათი მისთვის იმ მხრიდან მოდის, სადაც რელიგიური იდეოლოგიის საფარქვეშ ტოტალიტარული ერთაზროვნების განმტკიცება სურთ, ასეთი რამ კი არა მხოლოდ ე.წ. რადიკალური ისლამის მომხრეების აღუხდენელი ოცნებაა...
თარგმნა გია ჭუმბურიძემ
______________________
* ე. ი. ვისაც ორმოცდაათამდე, ანუ მოციქულებზე სულიწმინდის მოფენის დღე უჩანთ სათაყვანოდ.
![]() |
4 ქრისტიანობა და თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
მანფრედ სპიკერი
თეზისი იმის თაობაზე, რომ თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო ქრისტიანული ეკლესიების სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა დამკვიდრებულიყო, თითქოს ადვილად დამტკიცებადია. განა არ ებრძოდა კათოლიკური ეკლესია საფრანგეთის დიდ რევოლუციას, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს დაბადების მომენტად საყოველთაოდაა აღიარებული?! განა არ წააწყდა კონსტიტუციური უფლებებისა და ადამიანის უფლებების მოთხოვნა რომის პაპების სასტიკ წინააღმდეგობას?! განა ადგილობრივი ევანგელისტური ეკლესიები არ აგრძელებდნენ ოცნებას ტახტისა და საკურთხევლის კავშირსა და ეკლესიის მეთაურ უმაღლეს საერო ხელისუფალზე მაშინ, როცა მონარქია დიდი ხნის გაუქმებული და დემოკრატიით შეცვლილი იყო?! ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ყველგან, სადაც თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო აღმოცენდებოდა და ვითარდებოდა, იწყებოდა კონფლიქტები ეკლესიასთან. პოლიტიკური იდეების ისტორიისა და პოლიტიკური წყობის განვითარების უფრო დაწვრილებითი განხილვა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არა თუ მოწინააღმდეგე არ ყოფილა, არამედ მის ბებიაქალსაც კი წარმოადგენდა. სწორედ ქრისტიანობა აერთიანებდა და აერთიანებს თავისუფალი, სეკულარიზებული სახელმწიფოს მამოძრავებელ და მაცოცხლებელ ძალებს. ქრისტიანობა ევროპის სულია, თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო კი მისი სხეული.
1. განსხვავება spiritualia-სა და Temporalia-ს შორის
ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ბებიაქალია? ეს თეზისი თუნდაც იმიტომ საჭიროებს განმარტებას, რომ კონსტიტუციური სახელმწიფოს კონცეფცია ქრისტიანობაზე გაცილებით ძველია. ჯერ კიდევ არისტოტელეს პოლიტიკურ ფილოსოფიაში გამოითქვა აზრი საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ, რომელიც მონარქიის, არისტოკრატიისა და დემოკრატიის უპირატესობებს გააერთიანებდა. ამ კონსტიტუციას მან პოლიტეა უწოდა. საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ არისტოტელეს მიერ გამოთქმული იდეა არა მოქალაქეთა თავისუფლების, არამედ ბატონობის სტაბილურობის ინტერესებით იყო განპირობებული. მოქალაქე ჯერ კიდევ მთლიანად საზოგადოებრივ წარმონაქმნებს ექვემდებარებოდა. ის იყო ნაწილი პოლისისა, რომელიც ღმერთების თაყვანისცემის რიტუალს ატარებდა. ამიტომაც პოლიტიკის მეცნიერება იყო პირველი მეცნიერება ადამიანის შესახებ. პოლიტიკა და რელიგია ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული. რომის სახელმწიფოში პოლიტიკისა და რელიგიის ერთიანობა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა: იმპერატორს თაყვანს სცემდნენ როგორც ღმერთს: მაგალითად, ეს მოეთხოვებოდათ ჯარისკაცებს. თუ ისინი, როგორც ქრისტიანები ერთგულებდნენ ქრისტეს მცნებას - ,,მიეცით კეისარსა კეისრისა და ღვთისა - ღმერთსა!“ (მათე 22, 21) და იმპერატორის თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ, მაშინ მათ მოწამეობრივი სიკვდილი ელოდათ. პეტრე მოციქულმა ეს პრობლემა იერუსალიმის სინედრიონთან კონფლიქტის დროს განჭვრიტა: ,,ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ ( საქმეები 5, 29)
პოლიტიკურ-რელიგიურ ავტორიტეტებთან პირველი ქრისტიანების ამ კონფლიქტიდან temporalia-სა (წარმავალი, მიწიერი) და spiritualia-ს (სულიერი, მარადიული), პოლიტიკასა და რელიგიას შორის დღემდე მნიშვნელოვანი და კონსტიტუციური სახელმწიფოსთვის ფუძემდებლური განსხვავება განვითარდა. მოხდა პოლიტიკის რელატივირება, შეიზღუდა მეფის ხელისუფლება. ქრისტიანობამ სეკულარიზაციის შეუქცევადი პროცესი წამოიწყო. რა თქმა უნდა, განსხვავება spiritualia-სა და temporalia-ს შორის ერთბაშად არ დამკვიდრებულა. ქრისტიანობა თავდაპირველად ,,სახელმწიფო რელიგია“ გახდა. პოლიტიკური ხელისუფალნი, როგორც ქრისტიანები, საუკუნეების განმავლობაში სასულიერო საქმეებში გარკვეულ კომპეტენციაზე პრეტენზიას აცხადებდნენ - ეს იქნებოდა ეპისკოპოსების დანიშვნა, პაპების არჩევა თუ, რეფორმაციის შემდგომ, ქვეშევრდომთა კონფესიური იდენტიფიკაცია. კამათი მთავართა და პაპის ძალაუფლების საზღვრების შესახებ 1122 წლის ვორმსის კონკორდატით დასრულდა, რომელშიც სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის განსხვავება გაღრმავდა. კიდევ ექვს საუკუნეზე მეტი გავიდა, ვიდრე წარმოიქმნა ნამდვილად საერო მიზნებით შემოფარგლულისახელმწიფო აშშ-ში. რეფორმაციამ და კონტრრეფორმაციამ კი თავიდან ტახტისა და საკურთხევლის კავშირის ახალ გაფურჩქვნას შეუწყო ხელი. ქრისტიანობამ ბერძნული პოლისისა და რომის რესპუბლიკის განვითარება ეკლესიისა და სახელმწიფოს გამმიჯვნელ ისეთ საზოგადოებრივ წყობამდე მიიყვანა, სადაც თითოეულს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები და კომპეტენცია გააჩნია.
,,ახალი დროის პოლიტიკურ ისტორიას რომ საერო სახელმწიფოს დაღი ამჩნევია, ეს გარკვეული თვალსაზრისით, ქრისტიანობის სასურველი პროდუქტია.“
ულრიხ მეტცი.
თანამედროვეობის პოლიტიკურ აზროვნებაზე ქრისტიანობის გავლენის შესახებ.
2. თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო
თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო სპირიტულიასა და ტემპორალიას შორის განსხვავებას გულისხმობს. მისი მიზანი და ლეგიტიმურობის საფუძველი მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფაა. იგი ემყარება ანთროპოლოგიურ ფუნდამენტს, რომლის ცენტრალურ პუნქტს პიროვნების ცნება წარმოადგენს. ამ ცნებაში გაერთიანებულია ადამიანური არსებობის სხვადასხვა განზომილებანი - სხეული და სული, ინდივიდუალობა და სოციალურობა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა, ღვთისმსგავსება და ადამიანის ამბივალენტურობა. პიროვნების კუთვნილებაა ღირსება, რომელიც სახელმწიფოს წინმსწრებია და ნებისმიერ იმ მატერიალურ ღირებულებას აღემატება, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსთვის - პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისთვის - მნიშვნელოვანია. იგი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ, ზოგიერთ გარემოებაში კი სახელმწიფოს სურვილის საწინააღმდეგოდაც. ღირსებიდან გამომდინარეობენ უფლებები და მოვალეობანი, რომელნიც სახელმწიფოს წინმსწრებნი არიან და რომელთა დაცვაც მისი ლეგიტიმურობის საფუძველია. თითქმის კლასიკური სახით ეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის პირველ მუხლშია ასახული:
,,ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. მისი დაცვა და გაფრთხილება ხელისუფლების ყველა შტოს ვალია. ადამიანის ხელშეუხებელი და განუყოფელი უფლებები გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოში ყოველი ადამიანური ერთობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საფუძვლადაა აღიარებული. კანონმდებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და სამართალწარმოება ადამიანის ძირითადი უფლებებით, როგორც უშუალო მოქმედების სამართლითაა შეზღუდული.“
თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ამ ანთროპოლოგიურ დაფუძნებაზე ქრისტიანობის გავლენა აშკარაა. ადამიანის უფლებები თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს საძირკველია. ისინი ადამიანის პიროვნული ხატიდან გამომდინარეობენ. ადამიანის უფლებებს სახელმწიფო არ ქმნის, მას მათი განმახორციელებლის ფუნქციები აკისრია. ადამიანის უფლებათა ფესვები ბუნებით სამართალშია. ადამიანს ეს უფლებები იმიტომ აქვს, რომ ის ადამიანია. ეს უფლებები არის
,,ბუნებითი, უნივერსალური, ხელშეუხებელი: არავის, არც ცალკეულ ადამიანს, არც ჯგუფს, არც ავტორიტეტს და არც სახელმწიფოს მათი შეცვლა ან გაუქმება არ შეუძლია, რადგან ისინი უშუალოდ ღვთისგან მომდინარეობენ.“
იოანე პავლე მე-2. სამოციქულო ეპისტოლე 1988 წ.
ადამიანის უფლებები ქრისტიანობის ნაყოფია? წინას მსგავსად ეს მტკიცებაც განმარტებას მოითხოვს, რადგანაც არსებობდა კონფლიქტები კათოლიკურ ეკლესიასა და ადამიანთა იმ ჯგუფებს შორის, რომელნიც საკუთარი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ინტერესების დასაბუთებისას ადამიანის უფლებებს იმოწმებდნენ. ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი იყო როგორც განმანათლებლობის შედეგი და ადამიანის რაციონალისტური და ინდივიდუალისტური ხატის ასახვა. იგი ეკლესიასთან დაპირისპირების იარაღს წარმოადგენდა. ვინც ადამიანის უფლებების დამოწმებით, ზნეობრივი პასუხისმგებლობის უგულვებელყოფის ხარჯზე აფართოვებს თავის ინდივიდუალურ ავტონომიას, ის აუცილებლად წააწყდება ეკლესიის წინააღმდეგობას. ამგვარად, მე-19 საუკუნეში ადამიანის უფლებების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას წინააღმდეგობრივი ისტორიული თავისებურებანი განსაზღვრავდა, რომელთა შორის ,,მრისხანება, საყვედურები და უნდობლობა'`, ხან კი უარყოფა, გაკიცხვა და დაუფარავი მტრობა დომინირებდა. კათოლიკური ეკლესიის სოციალურ მოძღვრებაში ადამიანის უფლებათა რეცეფციის პროცესი რთულად მიმდინარეობდა. მისი ყურადღების ცენტრში იგი მხოლოდ მე-20 საუკუნის შუახანებში მოექცა. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ადამიანის უფლებებს ნიადაგი სწორედ ქრისტიანობამ მოუმზადა.
,,ადამიანის უფლებებში ქრისტიანობის მემკვიდრეობას წარმოადგენს იდეები კაცთა მოდგმის ერთიანობისა და მისი წევრების თანასწორობის, თითოეული ადამიანის, როგორც პიროვნების ერთადერთობისა და მისი ღირსების შესახებ, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას მოყვასის სიყვარულს და ამ სამყაროს გადარჩენის სურვილს ემყარება. ადამიანის უფლებები მხოლოდ ქრისტიანულ და პოსტქრისტიანულ კულტურულ არეალში შეიძლებოდა განვითარებულიყო.“
იოზეფ ისენზეე. ძირითადი კანონის წანამძღვრები.
პიროვნების ღირსებისა და თავისუფლების აღიარებიდან თავისუფალი კონსტიტუციური წყობისთვის სამი შემდგომი საწყისი გამომდინარეობს, რომელიც ასევე ქრისტიანულ მემკვიდრეობას - დემოკრატიას, ხელისუფლების დაყოფას და სამოქალაქო საზოგადოებას - შეიცავს. დემოკრატიასთან დაკავშირებით შეიძლება ორი შენიშვნა მოგვცენ. განა იგი ქრისტიანობაზე ძველი არაა? განა მისი, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა რეალიზების ცდები ხშირად ეკლესიასთან დაპირისპირებას არ იწვევდა? რა თქმა უნდა, დემოკრატია ანტიკური საბერძნეთიდან მომდინარეობს. არისტოტელეს პოლიტიკურ ფილოსოფიაში იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ არისტოტელეს რეფლექსიის მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც კონსტიტუტუციურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თავისუფლება კი არა, ბატონობის სტაბილურობაა. ამ ინტერესიდან გამომდინარე, იგი დემოკრატიის რელატივირებას და მონარქიულ და არისტოკრატიულ ელემენტებთან მის შერევას ცდილობს. დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ ქრისტიანობამ აღჭურვა - ისევ შემოვლითი გზებით - თავისი ანთროპოცენტრული და ეგალიტარული ორიენტაციით.
ეკლესიისა და დემოკრატიის ურთიერთობის კონფლიქტებით აღსავსე ისტორიის განხილვისას, პოლიტიკური ისტორია იდეების ისტორიისაგან უნდა განვასხვავოთ. მე-19 საუკუნის პოლიტიკური ისტორია მრავალი კონფლიქტის მოწმეა. ისინი დაპროგრამებულია, თუ დემოკრატიული უმრავლესობა იმ ზღვარს გადადის, რომელიც ყველასთვის და მათ შორის მისთვისაცაა დაწესებული. ადამიანის უფლებები და ზნეობრივი ვალდებულებანი მისთვისაც ხელშეუხებელი უნდა იყოს. ანგლოსაქსურისგან განსხვავებით, საფრანგეთის რევოლუციიდან აღმოცენებულმა კონტინენტურმა დემოკრატიამ ეს პრინციპები ძნელად გაითავისა. თავის მხრივ, ორივე კონფესიის ქრისტიანული ეკლესიის მხრიდან როგორც ადამიანის უფლებების, ასევე დემოკრატიის მიმართ, ადგილი ჰქონდა გაჯანჯლებას, უნდობლობასა და უარყოფას, რასაც კონფლიქტებით აღსავსე ისტორიაში თავისი წვლილი შეჰქონდა. იდეების ისტორიაში ძნელია დემოკრატიის ქრისტიანული მემკვიდრეობის უგულებელყოფა, როგორც მინიმუმ სამართლებრივი, ადამიანის უფლებათა მაღიარებელი და მისით შეზღუდული დემოკრატიის კონცეფციაზე გავლენის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა სახელმწიფო წყობის მიმართ, თუკი იგი ტირანიად არ გადაგვარდებოდა, შედარებით გულგრილი იყო. მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკური ინსტიტუტების წყობა კი არა, საერთო კეთილდღეობის გარანტირება იყო. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკური სისტემების საკითხში კათოლიკური სოციალური მოძღვრება ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა. თუმცაღა ნების გამოხატვის დემოკრატიულ პროცესში ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანი მონაწილეობა სწორედ ადამიანის უფლებათა და ადამიანის ქრისტიანული ხატის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს. იგი ევროპის სულის მომდევნო ელემენტია. პიროვნების თავისუფლება და ღირსება სამართლებრივ დემოკრატიას მოითხოვდა. პიუს მეთორმეტედან დაწყებული იგი სულ უფრო მეტად ექცევა კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრების პოლიტიკური ეთიკის ცენტრში. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია ქრისტიანულ-კათოლიკურ და პროტესტანტულ-კულტურულ არეალში დამკვიდრდა. უნდა ვაღიაროთ, გარდა იმისა, რომ დემოკრატია ქრისტიანობის მემკვიდრეა, აქამდე იგი თავისი სტაბილურობისა და ხანგრძლივობის დემონსტრირებას მეტწილად ქრისტიანულ ევროპაში ახდენდა.ჯერჯერობით ისევ პრობლემურია ეკლესიისა და დემოკრატიის ურთიერთობა მართლმადიდებლური ქრისტიანობის არეალში.
რაც შეეხება ხელისუფლების დაყოფას, ისიც ასევე განვითარებულია და გამოიყენება დასავლურ ქრისტიანობაში. მისი, როგორც სამართლებრივი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტის ტრიუმფალური სვლა პლანეტაზე აქედან დაიწყო. ხელისუფლების დაყოფა ხელისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. პირველი ნაბიჯი ხელისუფლების შეზღუდვისკენ სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის განსხვავების აღიარებაა. ხელისუფლების დაყოფა, როგორც სამართლებრივი დემოკრატიის სტრუქტურული ნიშანი, ზემოთაღნიშნულ ერთ განსხვავებაზე მეტს გულისხმობს. იგი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაყოფას და ურთიერთკონტროლს გულისხმობს. მისი იდეაა მინიმუმამდე დაიყვანოს ძალაუფლებით ცდუნება და მისი ბოროტად გამოყენება იქ, სადაც ძალაუფლებას ბოროტად ისედაც იყენებენ და შეამციროს მისი მავნე შედეგები. ადამიანის ბუნების ამბივალენტურობის აღიარებით ქრისტიანული მემკვიდრეობა ძალაუფლების დაყოფის კონცეფციაშიც მკაფიოდ იკვეთება. ადამიანმა შეიძლება, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულად, ასევე დესტრუქციულად; მან შეიძლება, ძალაუფლება საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად ან მის დასანგრევად გამოიყენოს. ხელისუფლების დაყოფის გზით, ამ ანთროპოლოგიური ფაქტიდან თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს სტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი დასკვნა გაკეთდა. სადაც, ნაციონალ-სოციალისტური ან კომუნისტური ტიპის ტოტალიტარული სისტემების მსგავსად, თეორიასა და პრაქტიკაში ამის უარყოფა ხდება, იქ როგორც პიროვნების ღირსებასა და თავისუფლებას, ასევე ქრისტიანობას ყოველთვის ერთდროულად ებრძვიან. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ქრისტიანობის გარკვეული კვალი მასაც ამჩნევია. სამოქალაქო საზოგადოების შედარებით ახალი ცნება აღნიშნავს დამოუკიდებელ და აქტიურ მოქალაქეთა საზოგადოებას, რომელიც თვითორგანიზებულია ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში, რომლის წევრები საკუთარი თავის არტიკულირებას ახდენენ თავისუფალ ასოციაციებში, პარტიებში, საინფორმაციო საშუალებებში, აყალიბებენ სოციალურ წესრიგს, მონაწილეობენ პოლიტიკური ნების გამოხატვაში და არა მარტო ეგუებიან თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არსებობას, არამედ მას, როგორც საერთო კეთილდღეობის პირობას, მხარსაც უჭერენ. სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელი დანამატია. ამას გულისხმობს ადამიანის პიროვნული ხატისა და აგრეთვე საზოგადოების შესახებ ქრისტიანული მოძღვრების სოციალური პრინციპების ლოგიკა, განსაკუთრებით კი სუბსიდიარიტეტის პრინციპი. იგი ამცნობს სახელმწიფოს, საკუთარ თავზე არ იტვირთოს ის საქმეები, რომელთა რეგულირება უფრო მცირე, ქვემდგომ დაწესებულებებს ან მოქალაქეებს შეუძლიათ და თავისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ქმედებებისას აქცენტი ქვედა ეშელონის დაწესებულებებისა და მოქალაქეების გაძლიერებაზე გააკეთოს. დაბოლოს, იგი დაფუძნებულია იმ ანთროპოლოგიურ აქსიომაზე, რომ ინდივიდის მიერ საკუთრ თავზე ინიციატივის აღებისა და თავისი ძალისხმევით შედეგის მიღწევის მზადყოფნა და უნარი ადამიანური ცხოვრების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. ეს პრინციპი ევროპის სულის კუთვნილებაა.
თარგმნა ზაზა იმერლიშვილმა
![]() |
5 გამარტივებული პროცესი - გარანტირებული უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
გიგა ბოკერია
საქართველოს პარლამენტმა 25 მარტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები შეიტანა. ხსენებული ცვლილებები ითვალისწინებს, ერთის მხრივ, გამოძიებისათვის ზედმეტი ბიუროკრატიული მოქმედებების ჩამოცილებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ბრალდებულისათვის დაცვის გაცილებით მაღალი სტანდარტების დაწესებას. განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას:
აღნიშნული ცვლილებების მიღებას ორი უმთავრესი მიზანი ჰქონდა, - აღნიშნა მან, - სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტიების გამყარება და სისხლის სამართლის პროცესის გამარტივება. ანუ, ერთის მხრივ, შეიქმნა მყარი, კონკრეტული და ეფექტური გარანტიები სამოქალაქო უფლებების დასაცავად, მეორეს მხრივ, გამარტივდა თავად პროცედურები, რაც ადრე სამართალდამცავებს უბიძგებდათ, თვალი დაეხუჭათ და გვერდი აევლოთ კანონისათვის. მართალია, სამართალდამცავებს გარკვეულწილად გაუმარტივდათ მუშაობა, მაგრამ მეორეს მხრივ გაუძნელდათ, რადგან ახალი კანონმდებლობა გაცილებით მყარ გარანტიებს ქმნის როგორც ვადების თვალსაზრისით, ისე სხვა ღირებულებების მხრივაც.
ყველაზე მთავარი, ალბათ, მოკვლევისა და გამოძიების ეტაპების გაერთიანებაა. ადრინდელი პრაქტიკით, ხდებოდა დუბლირება და ერთი და იგივე სამუშაოს ორჯერ ჩატარება. ეს, ერთის მხრივ, პრობლემატური იყო თავად გამოძიების ეფექტური წარმართვის თვალსაზრისით; მეორეს მხრივ კი, საქმის გაჭიანურების, კორუფციული გარიგებების და საქმის გაფუჭების საშუალება იყო. იგივე შეეხებოდა საქმის აღძვრის ინსტიტუტსაც. დამსწრეთა ინსტიტუტი კი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოების ჩაყენება იმ მდგომარეობაში, როდესაც სიყალბე გარდაუვალი იყო. ძნელია იმის თქმა, რომ ჩვენ სამართალდამცავებს ძალიან უჭირდათ და ერთგვარი მორალური დილემა ჰქონდათ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდა მათ. თითქმის ყველა პრობლემატური საგამოძიებო ქმედების ჩატარების დროს აუცილებელი
იყო დამსწრე, მოწმე, რაც ჩვენს ვითარებაში გულისხმობდა იმას, რომ აუცილებლად უნდა გეპოვა ადამიანი, რომელიც მოწმედ წამოგყვებოდა. ასეთი ადამიანის პოვნა კი, რომელიც თავის ნებით დათანხმდებოდა მოწმედ წამოსვლას, თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ შეიქმნა მთელი ინსტიტუტი ცრუ მოწმეებისა. როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ასეთ საკითხში სიყალბისკენ უბიძგებ, შემდეგ ძალიან ძნელია ჩარჩოებში მოქცევა. დღეს ეს ინსტიტუტი გაუქმებულია და არავითარი დამსწრე საჭირო აღარ არის.
თუ პირს სურვილი აქვს, მას შეუძლია, მოიწვიოს ან არ მოიწვიოს მოწმე. სხვა შემთხვევებში ეს იქნება ბრალდების სიტყვა ბრალდებულის სიტყვის საწინააღმდეგოდ და მისი გათვალისწინება სასამართლოს გადასაწყვეტი გახდება. მტკიცების ტვირთი ბრალდებაზეა.
საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ'`
(ძირითადი პრინციპები)
● წინასწარი გამოძიების გამარტივება - მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ეტაპების გაერთიანება;
● სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინსტიტუტის გაუქმება - გამოძიების სავალდებულობა;
● წინასწარ გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება;
● წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამიჯვნა;
● საგამოძიებო ორგანოთა გაზრდა;
● კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მიზნით სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენა მხოლოდ პროკურორის მიერ;
● ეჭვმიტანილის დაკავების დროს მისი ძირითადი უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების ვალდებულების დაწესება;
● დაკავებისას, ეჭვმიტანილის დამცველის მოწვევის ვადის გაზრდა 3 საათიდან 6 საათამდე;
● ბრალდებულად ყოფნის ვადის 24 თვიანი ვადის 12 თვემდე შემცირება;
● აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს არასაპატიმრო საშულებების გამოყენების უპირატესობა;
● პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში;
● წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის 4 თვემდე შემცირება;
● სასამართლო განხილვის დროს (სამივე ინსტანციაში) განსასჯელის პატიმრობის ვადის 30 თვიდან 12 თვემდე შემცირება;
● ეჭვმიტანილის და ბრალდებულის უფლება, საკუთარი ტექნიკური საშუალებებით განახორციელოს ჩვენების ჩაწერა;
● დამსწრის მოწვევის ვალდებულების სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის ჩამორთმევა და ამ უფლების ეჭვმიტანილისათვის და ბრალდებულისათვის გადაცემა;
● სასამართლოს ინიციატივით დამატებით გამოძიებაში საქმის დაბრუნების დაუშვებლობა;
● ბრალდებულის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებისათვის, მისი მხრიდან სასამართლო სხდომაზე უშუალოდ დადასტურების აუცილებლობა;
● მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობის შემთხვევაში მხარის შუამდგომლობით აღნიშნული ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობა;
● ჟურნალისტის უფლება, არ მისცეს ჩვენება მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შესახებ;
● პირადი ცხოვრების უფლების შეულახავად განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მტკიცებულებად დასაშვებობა;
● საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა სასამართლო განხილვის ეტაპზე;
● მხარეთა უფლება, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ორგანოები ბევრად უფრო ელასტიური გახდა და გაიზარდა მათი რიცხვი. საგამოძიებო ორგანოები ეყოლება იუსტიციის სამინისტროსაც, თავდაცვის სამინისტროსაც და შესაბამისად, მათ შეეძლებათ გამოძიების წარმოება. გამოძიება დღეიდან უბრალოდ ინფორმაციის შეგროვებაა, დევნა და გამოძიება კი ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ყველა ის ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლებრივ დევნასთან წარმოადგენს, უშუალოდ პროკურატურის კომპეტენციას. ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახით პირის თავისუფლების შეზღუდვასთან, რასაც სასამართლო სანქცია სჭირდება - გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ პროკურატურას აქვს და ესეც ძალზედ მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ერთობ მნიშვნელოვანია ვადების შემცირება. აბსოლუტურად ყველა ვადა - წინასწარი პატიმრობა, საერთო პატიმრობა და ა.შ. ორჯერ და მეტად შემცირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი წინასწარი გამოძიების ვადები აშკარად გაწელილი იყო და ხდებოდა ამ ფაქტორის ბოროტად გამოყენება. პრინციპულად შეიცვალა საკითხი, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდებას უკავშირდებოდა. თუკი აქამდე მძიმე დანაშაულზე მტკიცების ტვირთი ბრალდებაზე არ იყო, ანუ მათ არ უნდა ემტკიცებინათ პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა, დღეს მათ ამის დამტკიცება მოუწევთ. ან უნდა აჩვენონ, რომ არსებობს აშკარა ეჭვი, რომ ბრალდებული მიიმალება, ან ხელს შეუშლის გამოძიებას, ჩაიდენს ხელახალ დანაშაულს. აქამდე, მძიმე დანაშაულებზე მტკიცების ტვირთი მათზე არ იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ალბათ, მაინც არის ის სიახლე, რომ წინასწარი გამოძიების დროს, სასამართლო ეტაპამდე მოპოვებული ბრალდებულისა და მოწმის ნებისმიერი ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ითვლება, თუ ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებული ან მოწმე იგივეს არ გაიმეორებენ. ერთადერთი გამონაკლისი არის მოწმის გარდაცვალების ან მიმალვის შემთხვევაში. თუმცა მსგავს ვითარებაშიც კი ასეთი მოწმის ჩვენება ერთადერთ მტკიცებულებად არ ჩაითვლება და ეს საკმარისი ვერ გახდება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდებულის შემთხვევაში მხოლოდ ის ჩვენებები დაიშვება, რომლებიც ღია პროცესზე ითქვა. ეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ჩვენთვის, რადგან არსებობდა დიდი ტრადიცია ძალადობის ან თუნდაც წამების გზით ჩვენებების გამოძალვისა. ამის შემდეგ ბრალდებულები უარყოფდნენ ამ ჩვენებებს სასამართლო პროცესებზე, მაგრამ მოსამართლეები, სამწუხაროდ, ხშირად აპელირებდნენ ამ ჩვენებებზე, რადგან საპროცესო კოდექსი ამის შესაძლებლობას თეორიულად იძლეოდა. ახალი ცვლილებების თანახმად კი, ეს აღარ იქნება მოსამართლის ასარჩევი, შედეგად აღარ იარსებებს მოტივი იმისთვის, რომ წინასწარი გამოძიების დროს ადამიანს ჩვენება გამოსძალო.
ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ წინასწარი გაფრთხილება დაკავებულის უფლებების შესახებ გახდა სავალდებულო და ასეთი გაფრთხილების არარსებობის შემთხვევაში, ყველა სხვა მტკიცებულება დაუშვებელი იქნება. აუცილებელია ზეპირი გაფრთხილებაც და დაკავების ოქმში შეტანაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაუქმდა სასამართლოს ინიციატივით წინასწარ გამოძიებაში საქმის დაბრუნების ინსტიტუტი, რაც ერთ-ერთი მეთოდი იყო სასამართლოს მხრიდან პასუხისმგებლობის აცილებისა და საქმის გაჭიანურებისა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ასევე ჟურნალისტური გამოძიების თვალსაზრისით, ანუ ღია და პირდაპირ ჩაიწერა ის, რაც ადრე დავას იწვევდა, რომ პროფესიულ საიდუმლოებებთან დაკავშირებით ჟურნალისტი არის აბსოლუტურად დაცული. პროფესიული საიდუმლოების გამხელისათვის ჟურნალისტს პასუხს ვერავინ მოსთხოვს. ასევე, აშკარად და პირდაპირ ითქვა, რომ ფარული ჩანაწერები, თუკი ისინი სხვათა უფლებებს არ ლახავს, ანუ თუ ერთი პირი სხვა ორი პირის ჩანაწერს არ იწერს, ანუ სხვის პირად ცხოვრებაში თუ არ იჭრება - დასაშვები მტკიცებულებაა. მაგალითად, როდესაც ჟურნალისტი იწერს საუბარს, როდესაც პირმა პირადად მას დაურეკა - ეს გამოდგება მტკიცებულებად. მაგრამ, თუ მოხდა სხვა ორი პირის საუბრის ჩაწერა - ეს იქნება კანონდარღვევა, რომელიც, ცხადია, მტკიცებულებადაც არ გამოდგება. ამის უფლება სანქციის გარეშე არავის აქვს. მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ, სასამართლოს სანქციით განახორციელონ ანალოგიური ჩაწერა.
საპროცესო შეთანხმებას, რომელმაც გარკვეული, ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკა დაიმსახურა, ერთი მინუსი მაინც ჰქონდა - აქამდე არ არსებობდა გასაჩივრების უფლება.
გასაჩივრების უფლება არის დამატებითი გარანტია: თუ შეთანხმების მომენტში ადამიანის უფლებები შეილახა, ის შეშინებული იყო, პროცედურები კვალიფიციურად ვერ გაიარა - ეს ყველაფერი გაიწერება და გაუქმების საფუძველი გახდება. ამის გარდა, სასამართლო სანქციის გაგრძელება ნებისმიერ ინსტანციაზე გასაჩივრებადი გახდა.
მნიშვნელოვანია, რომ დამცველის მოწვევის უფლება დაკავებულისათვის, საკუთარი არჩევანით, 3 საათიდან 6 საათამდე გაიზარდა. აქამდე დაკავებულს ჰქონდა დაკავებიდან 3 საათი იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანით მოეწვია დამცველი, ხოლო თუ ვერ მოასწრებდა, ასეთ შემთხვევაში ავტომატურად ენიშნებოდა სახაზინო დამცველი.
ვადებიდან აღსანიშნავია, რომ ბრალდებულად ყოფნის ვადა 30 თვიდან 12 თვემდე, წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვიდან 4 თვემდე (2+1+1) და სასამართლო განხილვის ვადები სამივე ინსტანციაში 30 თვიდან 12 თვემდე შემცირდა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც მალე მივიღებთ, ნებისმიერი პირის საგამოძიებო მოქმედების დაწყებისას და დაწყების შემდეგ, თუნდაც პატიმრობაში ყოფნისას სამედიცინო შემოწმების სავალდებულობას შეეხება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკავებული ციხიდან გამოჰყავთ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ან ადგილზევე უტარებენ მოქმედებებს სხვა ან იმავე საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მას უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება. და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მატერიალურ კოდექსს ეხება, ახლა კანონმდებლობაში შედის ცვლილება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დეფინიციას უკავშირდება. საერთაშორისო დოკუმენტებზე დაყრდნობით, იგი ბევრად უფრო მოქნილი და ელასტიური ხდება. სანქციები ამ დანაშაულისათვის ძალზედ მაღალი იქნება.
ჩაიწერა გვანცა ლიპარტელიანმა