The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 7(19), ივლისი, 2003


თავისუფლება № 7(19), ივლისი, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვახარია გიორგი , საყვარელიძე ფრიდონ , პაპუაშვილი ნუგზარ , გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: სერგო ფარაჯანოვის ნამუშევარი: მამის საშინელი და სასაცილო ცხოვრება. 1984 ყველა უფლება დაცულია WWW. LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge



1 პოლიტკორექტულობა და შემოქმედის (როგორც ადამიანის) უფლებები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იორგი გვახარია

1988 წლის დასაწყისში, თბილისსა და ერევანში სერგო ფარაანოვის უკანასკნელი ფილმის, ,,აშუღ ყარიბის პრემიერა გაიმართა. თბილისის კინოს სახლში გამოსვლისას ფარაანოვმა, ამ ნამდვილმა ,,საიათნოვამ კინოში, რომელსაც ,,კავკასიური კულტურების შემრიგებელსაც უწოდებდნენ, განაცხადა: თბილისური კულტურა სომხებმა შექმნეს, ქართველებმა მხოლოდ მიითვისეთ ყველაფერიო... ორი კვირის შემდეგ ფარაანოვი ერევანში ჩავიდა, ,,აშუღ ყარიბის პირველი ჩვენების წინ სცენაზე ავიდა და ბრძანა: სომხები უნიჭო ხალხი ხართ, კავკასიაში ჭეშმარიტ კულტურას მხოლოდ ქართველები ქმნიანო.

ორივე საღამოს, ძირითადად, ფარაანოვის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. ამიტომ თბილისსა და ერევანში დარბაზმა კარგა მაგრად მოილხინა დიდი რეისორის ამ მორიგ ოინბაზობაზე. ყველამ იცოდა, რომ ,,აშუღ ყარიბის ავტორს უყვარდა პუბლიკუმის პროვოცირება, გაღიზიანება, მისი ფარისევლობის ,,გაშიშვლება. კინემატოგრაფიული საზოგადოება ,,არ ავარდა თბილისელი სომეხის ქილიკზე. თუმცა, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნებოდა ხალხის რეაქცია, ფარაანოვს ეს სიტყვები თბილისში, ან ერევანში რომელიმე ხალხმრავალ მიტინგზე რომ ეთქვა.

სხვათა შორის, ,,აშუღ ყარიბის“ გადაღება სულ რამდენიმე თვით რომ გაჭიანურებულიყო, სომხეთსა და აზერბაიჯანში სერგო ფარაჯანოვი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებოდა. ,,აშუღ ყარიბის“ რამდენიმე სცენა ხომ ბაქოშია გადაღებული, ყარაბახის კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოხეტიალე აშუღისა და მდიდარი ფეოდალის უიღბლო სიყვარულის ამბავი, თურქულენოვან ხალხთა ფოლკლორია, რომლის ეკრანიზაციას ომის დაწყების შემდეგ სომხეთის მოსახლეობა უთუოდ გააპროტესტებდა, აზერბაიჯანში კი ვეღარ გამართავდნენ სომეხი რეჟისორის ფილმის პრემიერას.

0x01 graphic

,,ხულიგნობა შემოქმედის სტიქიაა, იგი ჰგავს ჩარლის მაწანწალას, რომელსაც ყოველთვის ორი მტერი ჰყავს - პოლიციელი და უმრავლესობა.

არ არის გამორიცხული, რომ დიდ რეჟისორს გულმა უგრძნო, რომ ამ რეგიონში საზარელი ომი მზადდებოდა. ამიტომ მისი გამოსვლები თბილისში, ბაქოსა და ერევანში, იყო არა ოინბაზობა, არამედ უკანასკნელი ცდა, შეეჩერებინა სისხლისღვრა კავკასიაში... ეს იყო ,,მესიჯი“, რომელსაც იგი შემოქმედებით საზოგადოებას უგზავნიდა, თითქოს სთხოვდა:

,,გააჩერეთ ეს ბრბო, გააჩერეთ უმრავლესობა, თქვენ მაინც ნუ შეგეშინდებათ არაპოპულარული ლოზუნგების.

,,აშუღ ყარიბის“ კავკასიური პრემიერები ამ ზამთარს გამახსენდა, როცა პარიზში ფრანგული კინოაკადემიის პრემიების, ,,სეზარების“ გადაცემა მოეწყო. ,,სეზარის საღამო“ დაემთხვა ერაყში დაწყებულ ომს და პაციფისტების ხალხმრავალ დემონსტრაციებს ევროპაში. ფრანგი კინემატოგრაფისტების აბსოლუტური უმრავლესობა ომის წინააღმდეგი იყო. ,,შატლეს“ თეატრში ,,სეზარებით“ დაჯილდოვება დაემსგავსა ჯორჯ ბუშის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რომელშიც ფრანგებმა ჰოლივუდის საგანგებოდ მოწვეული ვარსკვლავებიც ჩართეს - მაგალითად, მერილ სტრიპი. მან ბევრი ილაპარაკა ომის საშინელებაზე, ,,მშვიდობიანი დიალოგის” აუცილებლობაზე და შესაბამისად, ფრანგების აღფრთოვანება და ოვაციები დაიმსახურა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ერაყში ომი დაიწყო, იმავე მერილ სტრიპს ლოს-ანჟელესში, ,,ოსკარით“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მოუხდა გამოსვლა. ბუნებრივია, ყველა ელოდა, რომ ამერიკელი ვარსკვლავი აქაც შეუტევდა ომის მომხრეებს... მაგრამ არა. მერილ სტრიპი ოსტატურად ,,ჩაეწერა“ ცერემონიალის ორგანიზატორთა მიერ მოგონილ ფორმატში. ომის წინააღმდეგ ერთი სიტყვაც არ დაცდენია.

ეს ორი მაგალითი გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ,,ყოფიერება ყოველთვის არ ქმნის ცნობიერებას“ და რომ თავისუფალი ხელოვანისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ სად, რომელ გარემოში, ან, თუ გნებავთ, რომელ სისტემაში უხდება მას მოღვაწეობა. ხელოვანი, თუკი მას თავისუფლებაზე აქვს პრეტენზია, უმრავლესობის დიქტატს არ უნდა დამორჩილდეს. პირიქით, უმრავლესობასთან კონფლიქტი გარკვეული თვალსაზრისით ,,სიამოვნებასაც“ უნდა ანიჭებდეს და როგორც პაზოლინი იტყოდა,

,,სისტემატიურად, ყოველდღე უნდა დგამდეს თავის სიკვდილს, საკუთარ ვარცმას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ,,ხულიგნობა“ შემოქმედის სტიქიაა. იგი ჰგავს ჩარლის მაწანწალას, რომელსაც ყოველთვის ორი მტერი ჰყავს - პოლიცილი და უმრავლესობა.

კანონი, როგორც წესი, უმრავლესობის ხელშია. ამიტომ სიტყვა ,,კანონმორჩილი“ დიდი შემოქმედისთვის ყველგან და ყოველთვის ნონსენსია, ფიზიოლოგიურად აუტანელია. ეს უკვე ტრადიციაა, რომელიც ხელოვანს უქმნის ,,გიჟის“, ,,პათოლოგის“, ,,დამნაშავის“, ,,მანიაკის“ იმიჯს... რომელმაც არაერთი დიდი მწერალი, მხატვარი გამოამწყვდია ციხეში და სულით ავადმყოფთა დაწესებულებებში, რომელმაც შექმნა უფსკრული შემოქმედსა და საზოგადოებას შორის.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დიდი ხელოვანისთვის მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობები?

რუსი კინემატოგრაფისტები განუწყვეტლივ ქილიკობენ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც თავის მემარცხენე ორიენტაციას არასდროს მალავდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ თუ კინორეჟისორი გადაიღებს ფილმს ჰოლოკოსტზე, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრაზე, სექსუალურ დისკრიმინაციაზე, მისი სურათი აუცილებლად მოხვდება ,,ბერლინალეს“ კონკურსში მაშინაც კი, თუ ფილმს არავითარი მხატვრული ღირებულება არა აქვს. რუსმა პოლიტიკოსებმა ბევრი იმხიარულეს არიზონას შტატის გუბერნატორის თანაშემწის, ჯოანა რაიტის ცნობილ წერილზე, რომელშიც ეს ქალბატონი კატეგორიულად სთხოვდა ხელისუფლებას, აეკრძალათ სასკოლო პროგრამებში ჯონ ტოლკიენის ნაწარმოებების ჩართვა. რაიტი მიიჩნევს, რომ ტოლკიენის წიგნებში შეიმჩნევა ,,ნაციონალური, რასობრივი, სექსუალური და რელიგიური არასრულფასოვნების პროპაგანდა... მის დადებით პერსონაჟებს ევროპული გარეგნობა აქვთ, უარყოფით გმირებს კი - მონღოლოიდური და აფრო-ამერიკული...“, რომ ,,ქალებს მხოლოდ ათი პროცენტი ეთმობათ ტოლკიენის ნაწარმოებებში“.

ცხადია, ჯოანა რაიტის ,,კალკულაცია“ მართლაც რომ ღიმილის მომგვრელია, ისევე როგორც ღიმილისმომგვრელია, მაგალითად, ,,ტოლერანტობის ტესტი“, რომელსაც ამსტერდამში, ანა ფრანკის მუზეუმში უტარებენ დამთვალიერებელს. საზოგადოების ,,გამოსწორება“ აღზრდით (რომელიც ჯერ კიდევ პლატონმა დაიწყო), მოსახლეობის ზომბირების ეს ძველთაძველი ფორმა, რომელიც ასე ძალიან უყვართ დასავლელ მემარცხენეებს, პოლიტკორექტულობა - ისევ და ისევ დოქტრინაა, რომელიც აიძულებს ცოცხალ არსებას, ჯერ კიდევ სკოლაში დაიზეპიროს უკვე ჩამოყალიბებული სქემები და ახალი სტერეოტიპებით შეიზღუდოს აზროვნების სივრცე. პოლიტკორექტულობა - პიროვნული, ინდივიდუალური თვისებების დაკარგვით ემუქრება ადამიანს, ფაქტობრივად ავტორიტარული აზროვნების ახალი ფორმაა, რადგან აკვიატებული აზრი, რაოდენ საზიზღარიც, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს, ყოველთვის მოიცავს პიროვნულს. ადამიანი, როგორი საზიზღარიც არ უნდა იყოს იგი ჩემთვის, ცოცხალი არსებაა. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მასაც შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, აღმიქვას მე ,,საზიზღრობად“. სქემებითა და დოქტრინებით აკვიატებული აზრის დათრგუნვა კი არაფერს მოგვცემს აგრესიის და, რაც მთავარია, ,,ჰუმანური სქემების“ დისკრედიტაციის გარდა.

ერთხელაც იმავე ბერლინის ფესტივალზე, სადაც ხშირად, სექსუალური უმცირესობების თემაზე გადაღებულ უსაშველოდ პრიმიტიულ ფილმს დიდი ზარ-ზეიმით უჩვენებენ და ასაღებენ როგორც ,,მოვლენას“, კინოდარბაზში ვიღაც წამოხტება და იტყვის: ,,რატომ გვიბურღავთ ტვინს, რა გაგვიჭირეთ საქმე თქვენი პედერასტებით?” და ეს ,,ვიღაც“ მართალი იქნება; რადგან პრიმიტიული, მხატვრულად უსუსური ფილმი თუ წიგნი ყოველთვის ტოვებს ,,პროპაგანდის“ შთაბეჭდილებას; რადგან შემოქმედი არასდროს არაა იქ, სადაც უმრავლესობაა.

0x01 graphic

სერგო ფარაჯანოვის ნამუშევარი ,,რომული და რემი. ფრაგმენტი

ჯერჯერობით ამ ,,ვიღაცის“ როლს ,,ბერლინალეზე“ და არა მარტო ბერლინის კინოფორუმზე, პრესაში, ნაირ-ნაირ ინტერნეტ-საიტებზე, სპეციალურ კვლევით ინსტიტუტებში, რუსი კულტუროლოგები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები ასრულებენ. ბოლო დროს რუსეთში დასავლურ ფასეულობებთან ბრძოლისთვის ახალი ტაქტიკა აირჩიეს - დასავლურ ლიბერალიზმს თავად ლიბერალიზმის პოზიციიდან უტევენ. თუ დემოკრატია ,,საუკეთესო წყობა“ არ არის, რატომ არ შეიძლება, შევუტიოთ მას და სამოქალაქო საზოგადოება - ფარისევლობაში, სიყალბეში, არაგულწრფელობაში ვამხილოთ? რუსებს მხარი აუბეს ქართველმა ქსენოფობებმაც, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას კულტურულ თუ რელიგიურ თვითმყოფადობაზე აგრესიად ნათლავენ. მათი უმრავლესობა ფარითა და მახვილით იცავს კულტურულ თუ რელიგიურ მრავალფეროვნებას ამ პლანეტაზე, სძულს გლობალიზაცია, დუჟმორეული ლაპარაკობს მასონურ შეთქმულებებზე, მაგრამ იმის გაგონებაც კი არ უნდა, რომ კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნება შეიძლება არსებობდეს (და უნდა არსებობდეს) ერთი კულტურის, ან ერთი ქვეყნის ,,შიგნითაც“, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავად უნდა შეუწყოს ხელი აზრის, პოზიციის მრავალფეროვნებას, რომ იგივე ჯოანა რაიტის წერილი ამერიკის საზოგადოებას დისკუსიის, და ე.ი განვითარების საბაბს აძლევს... და რომ ტოლკიენის წიგნებს იქ არავინ წვავს.

რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, როცა რუსი პოლიტიკოსი, რომელიც ჩეჩნეთში, მთელი ხალხის გენოციდს უჭერს მხარს, ამერიკის ადმინისტრაციას მილიტარიზმში ამხელს ერაყის ომის დაწყების პირველივე დღეებში. რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც ზამთარში, მრავალათასიან პაციფისტურ დემონსტრაციებში მონაწილეობდა პარიზსა თუ ბერლინში, არ არის ის ხალხი, რომელმაც მოსკოვში, შეერთებული შტატების საელჩოს წინ ანტისაომარი მიტინგი გამართა საბჭოთა კავშირის დროშებითა და სტალინის პორტრეტებით ხელში.

საქართველოსა და რუსეთში, სადაც საზოგადოება ქსენოფობური დოქტრინებისგან ვერ გათავისუფლებულა, სადაც ის ხალხი, ვინც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, ჯერ კიდევ უმცირესობაშია, ,,პოლიტკორექტულობა“ არ არის ,,დასავლური პოლიტკორექტულობის“ იდენტური. ამიტომ ჯოანა რაიტი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოების ,,კალკულაციას“ მიმართა, მერე კი მისი აკრძალვა მოითხოვა და ქართველი ქსენოფობები, რომლებიც წიგნების (მათ შორის, უკვე ,,ჰარი პოტერის“) დაწვისკენ მოგვიწოდებენ, ერთნაირად იქცევიან, მაგრამ საზოგადოებისთვის მათ ქცევას არა აქვს ერთნაირი მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა დამცველები ყოფილ კომუნისტურ სივრცეში გარკვეული თვალსაზრისით უნდა ჰგავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც დასავლეთში ადამიანის უფლებების ,,დოქტრინად“ გადაქცევას ეწინააღმდეგებიან... რადგან ადამიანის უფლებების დამცველი - ადამიანის, როგორც შემოქმედის უფლების დამცველია, იგი საზოგადოების განვითარე-ბისთვის, მათ შორის კანონის განვითარებისა და დახვეწისთვის იღწვის. იგი უფრო ჩარლის მაწანწალაა, ვიდრე პოლიციელი... იგი არ უყვარს უმრავლესობას, ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს ,,ერის სინდისი“, ე.ი. ის, რაც შემოქმედებით ინტელიგენციას დაარქვეს ჩვენში.

ქართულმა ინტელიგენციამ ცნობილ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან, სიამოვნებით ,,შეითვისა“ ეს ტერმინი, შემდეგ კი, ჩვენი შემოქმედების უმრავლესობამ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ვერც პრეზიდენტი მოიხსენია აუგად და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე. საინტერესოა, რა მოხდებოდა ამ შეხვედრაზე, მას სერგო ფარაჯანოვი, ან დასავლური კულტურის რომელიმე სახელგანთქმული ,,ხულიგანი” რომ დასწრებოდა?

2 სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

,,წინააღმდეგობა ძალადობის გარეშე... ემყარება რწმენას, რომ სამყარო სამართლიანობის მხარესაა. აქედან გამომდინარე, არაძალადობრივი მეთოდების მომხრეებს მომავლის ღრმა რწმენა აქვთ. ეს რწმენა კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ არამოძალადე მოწინააღმდეგემ აიტანოს ტკივილი და ტანვა შურისძიების სურვილის გარეშე, რადგანაც იცის, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლაში მას კოსმიური ძალები უჭერენ მხარს.

მარტინ ლუთერ კინგი

ამ სტატიაში მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგის, ჰენრი ტოროსა და სხვათა გამოცდილებას გაგიზიარებთ და ისტორიული მაგალითების მოშველიებით შევეცდებით, ავხსნათ არაძალადობრივი აქციების არსი. ვისაუბრებთ მოქმედების ისეთ ფორმაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა, ოპოზიცია შინაგანად გარდაიქმნას, თუკი თქვენ თავადვე შეიცვლებით. თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა ოპოზიციაზე საკუთარ თავზე ზეწოლის მეშვეობით.

ქვემოთმოყვანილი ციტატების გაცნობისას, ვფიქრობ, გაგაოცებთ ყველა ის პრობლემა, რომელთაც ზემოთხსენებული ლიდერები თავიანთი იდეების ადამიანებამდე მიტანის პროცესში აწყდებოდნენ. გაგაკვირვებთ ისიც, თუ რამდენად ეხმაურება მათი იდეები და მიდგომები დღევანდელობას!

0x01 graphic

არაძალადობრივი აქციები - ფილოსოფია

იესო ნაზარეველი

კონფერენციაზე, რომელიც არაძალადობრივი აქციების მოკლე პრეზენტაციას მიეძღვნა და სადაც განდისა და იესო ქრისტეს მაგალითები მოიყვანეს, ერთ-ერთმა ორატორმა აუცილებლად ჩათვალა, ეთქვა: ,,გიჯობთ, მოეშვათ იესოსავით ქადაგებას და უფრო ადამიანურად დაგველაპარაკოთ!“. ამ სიტყვებზე დაფიქრება უთუოდ ღირს.

ბიბლიის ახლებური ხედვა

თუ თქვენ ,,რწმენაში დაეჭვებული“ ქრისტიანი ხართ, გამონახეთ დრო იმისათვის, რათა ხელახლა აღმოაჩინოთ თქვენი რწმენის ძალა. სხვას თუ არაფერს მოიმოქმედებთ, სცადეთ, წაიკითხოთ იობის წიგნი. უეჭველია, ყველას შეაძრწუნებს ის ტანჯვა, რომელიც მან გამოიარა და გაუჩნდება სასოწარკვეთილი შეკითხვა: ,,რატომ?

0x08 graphic
იყო თუ არა ის ღმერთის ერთადერთი ძე? აღსდგა კი იგი მკვდრეთით? ეს პირადი რწმენის საკითხებია. მაგრამ იყო კი იგირეალური პიროვნება? უეჭველია, იყო. გასაოცარია, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ იესო ნაზარეველი მხოლოდ მითია. ის რეალური ისტორიული პიროვნებაა, რომელიც მოხსენიებულია არა მხოლოდ იმდროინდელი ებრაელი ისტორიკოსების, არამედ რომაელების ნაშრომებშიც. ეს ნაშრომები არ მოიცავს ბევრ ცნობებს ნაზარეველის შესახებ გარდა იმისა, რომ ის იყო რელიგიური ლიდერი, რომელიც ჯვარს აცვეს. რეალობას შეესაბამება მისი გამონათქვამები ,,კონტრკულტურის“ შესახებაც. კარგით, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ის მხოლოდ ხორციელი არსებაა.. მაგრამ განა მისი ცხოვრება და იდეები მხოლოდ ადამიანურ განზომილებაში გამოიხატება?

30 წლის ასაკში ის უარს ამბობს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და გადის ხალხში, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ: ,,ღმერთს ვუყვარვართ, როგორც თავისი შვილები, ჩვენ ერთმანეთი და-ძმანივით უნდა გვიყვარდეს.” ასეთია ძალა კაცისა, რომელსაც მართლა სწამს.

ჩახედეთ ბიბლიას (ან სხვა რომელიმე რელიგიურ ლიტერატურას). ეს არის ისტორია, თუ როგორ აღიქვამდნენ სხვადასხვა ხალხები თავიანთ ღმერთს კაცობრიობასთან მიმართებაში. ყველა თაობისათვის მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილები: განმეორებადი თემები, რომლებიც შემოქმედის ძახილია, კრებული მონათხრობებისა, თუ როგორ რეაგირებდნენ ადამიანები ამ ძახილზე...

დავუბრუნდეთ რწმენის მოთხოვნილების საკითხს. იფიქრეთ ძველი ბიბლიური მოთხრობების შესახებ: პატარა დავითზე, რომელიც ძლიერი გოლიათის გასანადგურებლად მიემართება; დაბრმავებულ სამსონზე; ებრაელ ხალხზე, რომელიც იძულებულია 40 წელი უდაბნოში იხეტიალოს იმის გამო, რომ არ ირწმუნა, ღმერთის მიერ აღთქმულ მიწაზე ცხოვრებას თუ შეძლებდა... შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები წმინდა წერილშია, სადაც ნათქვამია: ვიდრე უფლის ნების ძალას დავინახავდეთ, ჯერ თავად ამ ძალის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ვიდრე მთელი ისრაელის მამა გახდებოდა, აბრაამი მზად უნდა ყოფილიყო თავისი მხოლოდშობილი ძე შეეწირა მსხვერპლად.

ცხოვრება რწმენით, სიყვარულითა და მსხვერპლშეწირვით

გაიხსენეთ იესოს ყველაზე ძლიერი სიტყვები, რომლითაც ცნობილი ლოცვა ,,მამაო ჩვენო“ იწყება. ეს სიტყვაა ,,აბბა“ (ებრაულად - მამა, როგორც ბავშვები ეძახიან საკუთარ მამებს). ამ სიტყვებით ისრაელის ყოვლისშემძლე ღმერთი მოსიყვარულე მშობლად იქცა (ამაზე უფრო ადამიანურად როგორღა უნდა მიემართა მისთვის იესოს!).

შეგვიძლია კი, შევცვალოთ ქვეყანაში არსებული საოჯახო სამართლის საოცრად კორუმპირებული და ფესვგადგმული სისტემა? ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ მამას, ღმერთს, მართლაც შეუძლია, დაგვეხმაროს და გაგვამარჯვებინოს. ჩვენ მხოლოდ პირველი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ადგილიდან დავიძრათ და ვირწმუნოთ, რომ ის გვიხსნის.

იესო მზად იყო, ყველაფერი უკან მოეტოვებინა, რადგანაც მას მართლაც სწამდა. ეს ცხადი ხდებოდა მასთან ურთიერთობისას ან მისი ნამოქმედარის ხილვისას. ზოგს აფრთხობს ერთი რამ - ნაზარეველს უნდა სცოდნოდა, რომ ,,ხელისუფლება“ აპირებდა მოსვლას და მის განადგურებას. მას ხომ შეეძლო, გაქცეულიყო და კიდევ ებრძოლა... მაგრამ ქრისტე ეწამა, გაბოროტებისა და შურისძიების გარეშე. რატომ არის უკვდავი ის 2000 წლის შემდეგაც. ,,ის ცხოვრობდა იმავე პრინციპებით, რომელთაც ქადაგებდა.” ყური უგდეთ მთაზე წარმოთქმულ ქადაგებას, რომელიც, ალბათ, ადრეც გსმენიათ:

,,თუ ვინმემ მარვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე; ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას; ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.

მათეს სახარება 5:39-41

რას გვასწავლის იესო: როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როცა საქმე უსამართლობასთან გვაქვს? ბევრი ადამიანი ქრისტეს იდეებს უბრალოდ ,,მორჩილებისაკენ“ მოწოდებად აღიქვამს, თუმცა, ეს სულაც არ არის ასე. მთავარია არა იმდენად მიტევება, არამედ მოქმედება. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. მაგრამ მოგვიწოდებს კი იესო, უმოწყალოდ მოვითხოვდეთ დასჯას? ცხადია, არა.

,,...და თუ ვინმე თქვენი შვილის წაყვანას განიზრახავს, მაშინ...“ რა? იქნებ პასუხი ასეთია: ,,მაშინ საკუთარი თავისუფლებაც შესთავაზეთ მათ.“ ეს დაეხმარება თქვენს ,,მჩაგვრელს“, დაინახოს საკუთარი შეცდომა. ის იძულებული გახდება, საკუთარ თავს ჰკითხოს, ,,რატომ მოიქცა ეს ადამიანი ამგვარად?“. შესაძლოა, თქვენმა მოწინააღმდეგემ უმალვე არა, მაგრამ მაინც გაანალიზოს როგორც საკუთარი ქმედება, ასევე ჩვენი რეაქცია. ,,მჩაგვრელისადმი“ სიყვარულისა და თანადგომის გამოვლენით, ჩვენ მეტ ტანჯვას ვიღებთ საკუთარ თავზე.

,,გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, რათა იყვეთ თქვენი ზეციური მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

მათეს სახარება, 5:44,45

0x08 graphic
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავაშავეთ - და შესაძლოა, ლოყაში გარტყმაც დავიმსახურეთ - ჩვენ უბრალოდ მათ შანსი მივეცით, კიდევ ერთხელ გაგვარტყან და ზიანი არავის მიადგეს, ჩვენს გარდა.

სხვა მეთოდები

რეფორმების გასატარებლად დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიხდება. ზოგიერთი თქვენგანისთვის მისაღებია ისეთი ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა ლობირება და მშვიდი აქციები, მუშაობა სისტემის შიგნით, სასამართლოსა და საზოგადოებაში. ყველაფერი ეს კარგია. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ სათანადოდ დააფასებთ იმ პოზიტიურსაც, რასაც ნებისმიერ სამოქალაქო მოძრაობას არაძალადობრივი აქციები შესძენს. თქვენ უდაოდ კარგ კამპანიაში იგრძნობთ თავს!

წმინდა ფრანცისკ ასიზელი

თანამედროვე ადამიანების უმეტესობისთვის წმნიდა ფრანცისკის სახელი ,,ცხოველთა მოყვარულთან“ ასოცირდება (მას ყოველთვის მხარზე მჯდომი ჩიტით გამოსახავენ). ის, რაც ტოროს შესახებ ითქვა, კიდევ უფრო მეტად შეეფერება წმინდა ფრანცისკს -

,,ღირსეული ადამიანის ნიმუში, ტრადიციების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს უნარი, გამოაფხიზლოს მთვლემარე თანამემამულენი და მორალური პრინციპებით ცხოვრება ასწავლოს მათ.

ის მუდამ გვახსენებს, რომ ვინც არაძალადობრივ ქმედებებზე ამყარებს იმედს, მოსიყვარულე ღმერთისადმი რწმენით უნდა განიმსჭვალოს.

,,ილოცეთ მუდმივად, სიტყვები კი მაშინ წარმოთქვით, როცა ეს აუცილებელია.

წმინდა ფრანცისკი

0x01 graphic
ფრანცისკ ასიზელი ადრეულ შუა საუკუნეებში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ეს იყო ძალადობის ეპოქა, როცა ადგილობრივი ქალაქები ერთმანეთს ,,ღირსების“ დასაცავად ეომებოდნენ, თითქოს ყველა სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე ნადირობდა.

მან საკუთარ თავზე იტვირთა ადამიანებში ქრისტიანული იდეების გამოღვიძების ურთულესი მისია. ის შეეცადა ამ მისიის განხორციელებას არა სხვათა ქცევის გაკონტროლების, არამედ საკუთარი თავის გარდაქმნის გზით. ბევრი ადამიანი, რომელიც რეფორმებისაკენ ისწრაფვის, ხშირად პრობლემის მასშტაბურობის გამო ვარდება დეპრესიაში. ,,რას შეცვლის ჩემს მიერ გაღებული მცირედი მსხვერპლი?“ ფრანცისკი გვახსენებს, რომ სიყვარულითა და რწმენით განმსჭვალულ მოქმედებას ჩვენთვის ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს. მაგრამ საკმარისია კი ეს სხვებისათვის და მთლიანად სამყაროსათვის? ამის მართვა ჩვენს ძალებს აღემატება. განდიც იმ აზრზეა, რომ როდესაც ზედმეტად დიდ აქცენტს ვაკეთებთ შედეგებზე, ჩვენ ვკარგავთ უნარს, ვიმოქმედოთ საკუთარი მრწამსის მიხედვით.

წმინდა ფრანცისკმა მოგვცა მორჩილებისა და სიდუხჭირეში ცხოვრების მაგალითი. უარი თქვა ყველაფერზე, რაც გააჩნდა. მზად იყო ეტანჯა იმისათვის, რომ თავისი მრევლი მოექცია. ქვემოთ მოყვანილია ნაწყვეტი რომანიდან, რომელიც არ არის ბიოგრაფიული, თუმცა ასიზელის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება (,,საკუთარ ცხოვრებაზე სქოლასტიკური მუშაობისათვის“). აქ მოთხრობილი შესაძლოა, ფანტასტიკადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს შემთხვევები სრულიად შეესაბამება წმინდანის რეალურ ცხოვრებასა და მისეულ მეთოდებს - ის მართლაც უნიკალური იყო. ღვთის ეს პატარა ,,მასხარა“ გახდა მიზეზი იმისა, რომ რეალურ ცხოვრებისეულ სიამეთა ძიების პროცესში, არაერთმა ,,მცოდნე“ და ,,მდიდარმა“ ადამიანმა, უარი თქვა ყველაფერზე, რაც გააჩნდა.

ნაწყვეტი ,,ბერძენი ზორბა- ავტორის, ნიკოლას კაზანძაკისის შესავლიდან

ადრეც დამიწერია, რომ ამ წმინდანის უხილავ არსებობას ყველგან ვგრძნობდი. რადგანაც ჩემთვის წმინდა ფრანცისკი ნიმუშია ადამიანისა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა; ადამიანისა, რომელმაც შესძლო, მოეხადა ჩვენი უპირველესი ვალი, რომელიც გაცილებით აღმატებულია, ვიდრე ზნეობა, ჭეშმარიტება თუ მშვენიერება: ესაა ვალდებულება, ღვთის მიერ ბოძებული ხორციელი სხეული გარდავქმნათ სულიერ სხეულად.

,,ახალი სიგიის ქადაგება

ფრანცისკს მოსასხამი აეკეცა, მოედნის ნაპირას ხტოდა და ცეკვავდა. ,,მოდით, მოდით ყველანი,“ - გაჰყვიროდა ის, - ,,მოდით, ძმანო, მოისმინეთ ახალი სიგიჟე!“

უკან ადევნებული ბავშვები სიცილით უშენდნენ მას ქვებს... მშვიდი და მომღიმარი დროდადრო უკან ბრუნდებოდა, ბავშვებისკენ ხელს იწვდიდა და გაჰყვიროდა: ,,ვინც ერთ ქვას მესვრის, ღმერთმა დალოცოს ერთხელ მაინც; ვინც ორ ქვას მესვრის, ღმერთმა ორჯერ დალოცოს; ვინც სამს მესვრის, ღმერთმა სამჯერ დალოცოს,“ - ამის თქმაზე მისკენ ქვების მთელი ჯერი მიდიოდა.

შუბლიდან და ნიკაპიდან უკვე სისხლი გადმოდიოდა... სისხლში გასვრილი აღფრთოვანებული ხტუნავდა და ცეკვავდა. ,,ისმინეთ, ძმანო“, - მღეროდა ის, - ,,ისმინეთ ახალი სიგიჟე!“...

,,გვითხარი, გვითხარი, გვითხარი!“ - ისმოდა ყოველი მხრიდან ხალხის ხარხარი. ფრანცისკი ტაძრის კიბეებზე ადიოდა, დამცინავი ბრბოს წინაშე ხელებგაშლილი გაჰყვიროდა:

,,სიყვარული!
სიყვარული!
სიყვარული!

შემდეგ ის მოედნის ერთი ბოლოდან მეორისკენ გარბოდა, ხტუნავდა, ცეკვავდა და გაჰყვიროდა... ,,მშვიდობა თქვენდა!“ - ეუბნებოდა სათითაოდ მასთან მისულ ადამიანებს. როდესაც ბევრი ადამიანი შეჯგუფდებოდა და სკვერიც გაივსებოდა, ის ხელებს აღაპყრობდა და გაჰყვიროდა - ,,მშვიდობა“, ,,მშვიდობა თქვენს გულებში, თქვენს სახლებში, მშვიდობა თქვენს მტრებს. მშვიდობა ქვეყანასა ზედა! სამოთხე სულ ახლოსაა!“

შეგიძლია სიმდიდრის გაღება?

...ერთხელ ფრანცისკთან მივიდა ვაჭარი, სახელად ბერნარდ კანიტავალელი, რომელიც ფრანცისკოს მამის, სინიორ ბერნარდინოს მსგავსად ქსოვილით ვაჭრობდა... მას სმენოდა ფრანცისკის შესახებ და თავდაპირველად ღიმილის მომგვრელად ეჩვენებოდა ბერნარდინოს განებივრებული ვაჟიშვილის ისეთი გამოხტომები, როგორიცაა კეთროვანთა კოცნა, საჯაროდ გახდა და საკუთარი მამისათვის თავისი ტანსაცმლის დაბრუნება. ბერნარდს არ შეეძლო ზუსტად აღექვა, თუ რაში მდგომარეობდა ფრანცისკის ეს ,,ახალი სიგიჟე“... მართლა ღმერთი ხომ არ აძლევდა მას ძალას, აეტანა შიმშილი, სიშიშვლე და დამცირება?..

,,ერთი აზრი მტანჯავს“, - მიმართა ბერნარდმა ფრანცისკოს, - ,,შემიწყალე და გაანათლე ჩემი სული.“ ფრანცისკომ ბერნარდს ხელი მოუჭირა და წამოაყენა ის. ,,გისმენ, ძმაო ბერნარდ. შენს სულს მე კი არა, ღმერთი გაანათლებს. მიამბე შენი გასაჭირი.”

,,ერთმა კეთილშობილმა დიდი განძი მომაბარა შესანახად. ამ განძს მე მრავალი წელი ვიცავდი, მაგრამ ახლა ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობაში ვაპირებ წასვლას. რა უნდა ვუყო ამ განძს?“

,,უნდა დაუბრუნო იმ კაცს, ვინც მოგაბარა. ვინ არის ის კეთილშობილი?“ ,,ქრისტე. მთელი ჩემი სიმდიდრე მას ეკუთვნის. როგორ დავუბრუნო ის მას?“

...როგორც კი წმინდა ჯორჯოს მოედანს მივაღწიეთ, ბერნარდმა თავისი მაღაზია გააღო და ზღურბლზე მდგარმა დაიყვირა: ,,ვინც კი ღარიბი და ჩაუცმელია, მოდით ჩემთან! ქრისტეს სახელით მე გავცემ მთელს ჩემს საქონელს.“

...როგორ მორბოდა ხალხი! ქალები, გოგონები, მოხუცი კაცები, მათხოვრები: როგორი გაბრწყინებული იყო მათი თვალები, როგორ ხარბად ეპოტინებოდნენ ყველაფერს ამ კვირა დღეს! ბერნარდი ღიმილითა და კმაყოფილებით ხან ერთს ეოხუნჯებოდა, ხან - მეორეს, დიდი მაკრატლით ჭრიდა ქსოვილს და არიგებდა თავის სიმდიდრეს.

დროდადრო ბერნარდი ფრანცისკს ეუბნებოდა: ,,რა სიხარულია ძმაო ფრანცისკ! რა შვებაა!“

ამ დროს გზად მამა სილვესტერმა ჩაიარა. იმის ხილვაზე, თუ როგორ ანიავებდა ბერნარდი თავის ქონებას, მღვდელს გული გაუსკდა. ,,რა სირცხვილია ასეთი სიმდიდრის გაფლანგვა!“ ჩაიჩურჩულა თავისთვის... ფრანცისკი მიუხვდა, რას ფიქრობდა ის.

,,მამა სილვესტერ, გახსოვთ, რას ამბობს იესო ქრისტე? ბოდიშს გიხდით, რომ გახსენებთ:

,,თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში“. (მათე, 19:20) მაშ, რაღატომღა აქნევთ თავს?“

მამა სილვესტერმა ჩაახველა, წამოწითლდა და თავისი გზა განაგრძო. ფრანცისკმა ძლიერ განიცადა, რომ მას ტკივილი მიაყენა. ,,მამა სილვესტერ, მამა სილვესტერ!“ - დაიყვირა მან. მღვდელი შემობრუნდა. ,,მე თქვენ ქრისტეს სიტყვები შეგახსენეთ. მომიტევეთ. თქვენ, როგორც ღვთისმსახურმა, ეს სიტყვები ხომ ჩემნაირ ცოდვილზე უკეთ უწყით.“

ფრანცისკი მამა სილვესტერის გვერდით რომ მდგარიყო, მის თვალებზე ორ დიდ ცრემლს შეამჩნევდა.

შეგიძლიათ ინტელექტის გაღება?

სინიორ პიეტრო ბოლონიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სახელოვანი პროფესორი იყო... თავისი საყვარელი სტუდენტის სიკვდილის გამო მან ბოლონია რამოდენიმე დღის წინ დატოვა. ის ვერ მოერია წუხილს, მამისეულ სახლში გამოიკეტა და არავის ნახვა არ სურდა... შუაღამემდე კითხვის გამო მას ლოყები ჩაუცვივდა, სახე გამოუშრა და ისეთი ყვითელი გაუხდა, როგორც ის ძვირადღირებული პერგამენტია, რომელსაც ქრისტეს ვნებათა ჩასაწერად იყენებდნენ ბერები.

,,მაპატიეთ“, - თქვა მან, - ,,თავიდან რომ ვიწყებ. მე მყავდა სტუდენტი სახელად გვიდო, რომელიც საკუთარი ვაჟიშვილივით მიყვარდა... ოცი წლის ასაკში მას უკვე ხანდაზმული კაცის ცნობიერება და ერუდიცია ჰქონდა. რამოდენიმე დღის წინ ის გარდაიცვალა.“

ქვითინის შესაკავებლად მან ტუჩები მოიკვნიტა.... ,,ბოლოს, როცა ის აგონიაში იყო, მის ბალიშთან დავიჩოქე და ვუთხარი: ,,გვიდო, შვილო ჩემო, თუ ღმერთი თავისთან მოგიხმობს... მსურს, რომ ერთ ღამეს სიზმრად მეწვიო და მიამბო, რა ხდება იმ ქვეყნად.“

,,...ის მოვიდა. დღეს გამთენიისას... უცნაური მოსასხამი ემოსა. არა, ეს არ იყო მანტია, ეს იყო ასეულობით ქაღალდის ფურცელი, რომელიც მისი სხეულის გარშემო ერთად იყო აკინძული, ეს იყო ყველა მისი სწავლისდროინდელი ხელნაწერი. აქ იყო ყველა პრობლემა, შეკითხვა, ფილოსოფიური და იურიდიული დილემები, თეოლოგიური საკითხები... ის იმდენად იყო დამძიმებული ამ ქაღალდებით, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, სიარული არ შეეძლო. ,,გვიდო, შვილო ჩემო“, - დავუყვირე მას, - ,,რა არის ეს... რა გიშლის ხელს, რომ იარო?“

,,მე ახლახან მოვბრუნდი ჯოჯოხეთიდან“, - მიპასუხა მან, - ,,და ვიღწვი, რომ მივაღწიო სალხინებლამდე, მაგრამ ამაოდ. ქაღალდების ეს გროვა მაბრკოლებს...“ სინიორ პიეტრო წამოდგა. ,,ახლა ყველაფერი დასრულებულია“, თქვა მან. ,,აქ მოსვლამდე ყველა ჩემი ხელნაწერი, ყველა ჩემი წიგნი ცეცხლს მივეცი და დავწვი. მე გადავრჩი... ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყება, დიდება, უფალო!“

შეგიძლიათ, უარი თქვათ ძალადობაზე?

,,ჩემი სახელია ფრანცისკ ასიზელი. მე ღვთის პატარა საყვარელ გლახასაც მეძახიან და მის მასხარასაც...“

,,მე ვარ ბერი ესპანეთიდან. ცხრა მთა იმისთვის გადმოვიარე, რომ პაპის ნებართვა მივიღო ისეთი ორდენის დაფუძნებაზე, რომელიც ერეტიკოსებისა და ურწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს. ჩემი სახელია დომენიკი“.1

,,მეც ვითხოვე პაპისაგან ნებართვა, შემექმნა ორდენი და მექადაგა.“

,,რა უნდა გექადაგა, ძმაო ფრანცისკ?“

,,სრულყოფილი სიდუხჭირე და ჭეშმარიტი სიყვარული.“

,,თქვენ არ აპირებთ ერეტიკოსების, ცოდვილებისა და ურწმუნოების დასაწვავად ყველა სოფელში კოცონის დანთებას?“

,,არა, არა“, - შეკრთა ფრანცისკი, -

,,მე არ ვაპირებ ცოდვილების მოკვლით ცოდვის მოსპობას, მე არ ვაპირებ ომის გაჩაღებას ბოროტებისა და ურწმუნოების წინააღმდეგ. მე სიყვარული უნდა ვიქადაგო და ამავდროულად მე უნდა მიყვარდეს; მე თანხმობა უნდა ვიქადაგო და ამ ქვეყანად ყველა ძმასავით უნდა მიყვარდეს...

,,ადამიანი ბუნებით ბოროტია - ბოროტი, ცბიერი და დემონური,“ - ბრაზით წამოიძახა თეთრი მანტიით შემოსილმა დომენიკმა. ,,სიკეთე, რომელზეც შენ საუბრობ, საკმარისი არ არის; აქ იძულებაა საჭირო. თუ სხეული ხელს გიშლის, ის უნდა განადგურდეს სულის გადასარჩენად. მე ესპანეთში შეშას ცეცხლი უნდა წავუკიდო, სულები სხეულებს მიწას მიაბარებენ, ფერფლად აქცევენ და თავად ზეცას მისწვდებიან.“

..სიყვარული!
..ძალა!
,,მიტევება!

,,ძმაო, ფრანცისკ, ცხოვრება არ არის ადგილი, სადაც ხელგაყრილი წყვილები სიყვარულზე ღიღინებენ და დასეირნობენ. ცხოვრება ომი, მძიმე შრომა და ძალადობაა!... წყლის დალევა თუ გსურს, ჭა ამოთხარე; თუ ბოროტების დამარცხება გსურს, თავს დაესხი ბოროტებას... ნუ მიყურებ შეშინებული, საცოდაო, ძვირფასო ბერო. თავად ბიბლიაც იგივეს ამბობს: ,,მოძალადემ სასუფეველშიც ძალით შეაღწია.“

ფრანცისკმა ამოიოხრა. ,,მე არ ვიცოდი, ძალადობაც თუ ღმერთის შექმნილი იყო. შენ გააფართოვე ჩემი თვალსაწიერი, მაგრამ ჩემი გული სხვას ამბობს და მოსთქვამს: ,,სიყვარული! სიყვარული!“ მაგრამ ვინ იცის, იქნებ ჩვენი გზები ერთ დღეს შეიყრება და ერთმანეთს უფლისკენ მიმავალ გზაზე შევხვდებით.“

,,ჰქმენი ესე, უფალო“, - უპასუხა უცნობმა, - ,,მაგრამ ვშიშობ, რომ შენ კაცთა შორის დაცემული კრავი ხარ - მგელთა შორის დაცემული კრავი. ისინი მანამ შეგჭამენ, ვიდრე შენს მიზანს მიაღწევ. მომიტევე, თუ გულწრფელად გეუბნები იმას, რასაც ვფიქრობ: შენ ყველაფერი იცი სიყვარულის შესახებ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შენ ისიც უნდა იცოდე, რომ სიძულვილიც ღმერთისაგან მოდის და ისიც ღმერთის სამსახურშია. და ასეთ დროებაში, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა დაცემულია, ღმერთს სიძულვილი უფრო ემსახურება, ვიდრე სიყვარული.“ ის ადგა, რათა წასულიყო.

,,მშვიდობით, ძმაო დომენიკ. მინდა იცოდე, რომ ლომები და კრავები, სიყვარული და ძალა, სინათლე და ცეცხლი, კეთილი და ბოროტი - ყველანი ღვთისაკენ ილტვიან, თუმცა, ამის შესახებ არა უწყიან. სიძულვილმა ეს არ იცის, უეჭველია, მაგრამ სიყვარულმა ეს ნამდვილად იცის... მე შენ ერთ სასიხარულო საიდუმლოს გაგანდობ: ერთ დღეს ყველა ერთად შეიყრება იქ, სადაც უფალი დგას გამოწვდილი ხელებით.“

ჰენრი დევიდ ტოროს ესსე - ,,სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ - სწორედ მსგავსი გამოცდილების შედეგად დაიწერა. ,,მონობა და ომი მიუღებელია ათასობით ადამიანის შეხედულებისთვის ... თუმცა, არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყოველივე ამას ბოლო მოეღოს .... ისინი მერყეობენ, წუხილს გამოთქვამენ, ზოგჯერ პეტიციებსაც ადგენენ, მაგრამ სულით და გულით არაფერს აკეთებენ და არც რაიმე შედეგი მოაქვს მათ აქტივობას. ისინი მშვიდად დაელოდებიან, რომ სხვამ აღმოფხვრას ეს ბოროტება და აღარ მოუხდეთ ამაზე წუხილი... ერთ ღირსეულ ადამიანზე 999 ღირსების ქომაგი მოდის.

მაშინაც კი, როცა ხმას აძლევთ სამართლიანობას, ბევრს არაფერს აკეთებთ მისი დამკვიდრებისათვის. თქვენ მხოლოდ მოკრძალებით გამოხატავთ თქვენს სურვილს,რომ სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. კეთილგონიერი ადამიანი სამართალს მარტო ბედის ანაბარა არ მიატოვებს და არც უმრავლესობას გადაულოცავს მის აღსრულებას. მასების ქმედებაში არც ღირსრაიმე სათნოების ძიება...“

,,იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ადამიანს უსამართლოდ აპატიმრებს, პატიოსანი ადამიანის ადგილი მხოლოდ ციხეშია.

...მაგრამ მდიდრები... მათ ყოველთვის მოისყიდის ის დაწესებულება, რომელიც მათ ამდიდრებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც მეტია ფული, მით უფრო ნაკლებია ღირსება, რადგანაც ფული ადამიანსა და მის მიზნებს შორის დგას... ასე, რომ მორალური საფუძველი მას ფეხქვეშ ეცლება...

ჩემს ერთობ თავისუფლებისმოყვარე მეზობლებს რომ ვესაუბრები, ჩემთვის ნათელი ხდება, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ საკითხის მნიშვნელობასა და სირთულეზე... მთავარი მაინც ისაა, რომ... მათ აშფოთებთ იმაზე ფიქრიც კი, თუ რა ბედი ეწევათ მათ ახებსა და ქონებას დაუმორჩილებლობის შემთხვევაში... თუ მე უგულვებელვყოფ სახელმწიფოს მოთხოვნას, როდესაც გადასახადის ქვითარს წარმომიდგენს, ის დაუყოვნებლივ ჩამომართმევს მთელს ქონებას და ამის შემდეგაც მოსვენებას არ მოგვცემს არც მე და არც ჩემს შვილებს. ეს ძნელი გადასატანია...

ჰენრი დევიდ ტორო

0x08 graphic
ჰენრი დევიდ ტორო დაიბადა 1816 წელს მასაჩუსეტსში, შეძლებულ ოჯახში. მან ჰარვარდის კოლეჯი დაამთავრა, რის შემდეგაც ადგილობრივ სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. თუმცა, სკოლაში ტორომ მხოლოდ 2 კვირა დაჰყო, რადგანაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შემდეგ მან გარკვეული პერიოდი კერძო მასწავლებლად და დაქირავებულ მუშად იმუშავა, შემდეგ კი წერას შეუდგა. ის უაღრესად შეაშფოთა იმან, რომ მისმა ერმა დასაშვებად მიიჩნია მონობა და მექსიკა-ამერიკის ომი.

1845 წლის 4 ივლისს თავისი ხელმოკლე საცხოვრებლიდან ის გადასახლდა ქოხში, რომელიც უოლდენის გუბის მახლობელ ტყეში ააშენა. ახდენდა რა მთავრობისაგან საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას, ორი წელი ის იქ ცხოვრობდა.

სწორედ აქ დააპატიმრეს ტორო ადგილობრივი სულადობრივი გადასახადის გადაუხდელობის გამო. ამ ნაბიჯით ტორომ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის არ აღიარებდა მთავრობას, ,,რომელიც როგორც საქონელს, ისე ყიდულობს და ჰყიდის ქალებს, კაცებსა და ბავშვებს...“ მან ციხეში მხოლოდ ერთი ღამე დაჰყო, რადგანაც ეს გადასახადი მისი ოჯახის წევრმა გადაიხადა.

ასე რომ, სახელმწიფო განზრახ არასდროს ეწინააღმდეგება ადამიანის ცნობიერებას, ინტელექტუალურსა თუ მორალურს, არამედ მხოლოდ მის სხეულს ებრძვის. იგი აღჭურვილია არა განსაკუთრებული სიბრძნითა და პატიოსნებით, არამედ აღმატებული ფიზიკური ძალით.

მაჰათმა განდი

0x01 graphic
მაჰათმა განდი 1869 წელს ინდოეთში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისს ადგილობრივ პროვინციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ის პრინციპულ ადამიანად იყო ცნობილი. განდი მისი მეოთხე ვაჟი გახლდათ, რომელიც მეოთხე ცოლისაგან შეეძინა (პირველ სამი გარდაეცვალა). ყველაზე თბილი გრძნობები მას დედასთან აკავშირებდა, რომელსაც იმ ,,უწმინდესს“ და ,,ღრმად რელიგიურ პიროვნებად“ მოიხსენიებდა, რომელიც დათქმულ სიტყვას არ გადავიდოდა.

მოზარდობის პერიოდში იგი ქურდობდა, რასაც საკუთარ ოჯახს არ უმხელდა, თუმცა საკუთარი რწმენის კარნახით, ის ყოველთვის აღიარებდა დანაშაულს და პატიებას ითხოვდა. მას ახსოვს, მამის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც მან არა შიშის, არამედ სიყვარულის კარნახით, გულწრფელი აღიარებისა და სინანულის გამო დაიმსახურა.

ინგლისში სამართლის სკოლაში სწავლისას მან ბჰაგავატგიტას კითხვა დაიწყო. ეს იყო ჰინდუს ენაზე დაწერილი ტექსტი, რომელიც თავისი მნიშვნელობით მუსულმანური ყურანისა და ქრისტიანული ბიბლიის ანალოგიურია. ორთოდოქსი ინდოელები გიტას იმ ისტორიული ბრძოლის აღმწერ ნაწარმოებად აღიქვამდნენ, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ შეეცადა ლიდერი სისხლისღვრის თავიდან აცილებას, მაგრამ როდესაც ღმერთმა მას საკუთარი მოვალეობა შეახსენა, იგი დათანხმდა, ძალადობრივი ქმედებებისთვის მიემართა. განდიმ, რომელიც არაძალადობრივი მეთოდების მომხრე იყო, ამ ,,ბრძოლაში“ იმ დუელის ალეგორია დაინახა, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის სულში. ასე თუ ისე, ის ეთანხმებოდა უმოქმედობის ,,გიტა“-სეულ დაგმობას და ამავდროულად თავად არიდებდა თავს იმ ბოროტებას, რომელიც ქმედებებს სდევს თან.

ის, ვინც შედეგებზე ფიქრობს, ხშირად საკუთარი მოვალეობის შესრულების უნარს კარგავს. ის სულსწრაფი ხდება და ბრაზს ანთხევს ... ერთი საქმიდან მეორეზე გადაერთვება და არცერთის ერთგული არ არის... ვინც შედეგებზე ზედმეტად ფიქრობს ...ყურადღება ეფანტება, სინდისზე ხელს იღებს, მისი შეფასებით, ყველაფერი მართებულია და ამიტომაც, მიზნის მიღწევას ის ყველა პატიოსანი და ამორალური საშუალებით ცდილობს. საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭირო შინაგანი სიმშვიდის მოპოვება შესაძლებელია არა ,,შედეგებზე“ ორიენტირებით, არამედ თვითუარყოფით...

ქრისტიანული ,,ძველი აღთქმის“ პირველი წიგნები მას მოსაწყენი ეჩვენა, მაგრამ ,,ახალი აღთქმა“, როგორც თავად აღნიშნავს, ,,პირდაპირ გულში ჩასწვდა”. ისეთმა იდეებმა,როგორიცაა ,,მეორე ლოყაც მიუშვირე... და გიყვარდეთ თქვენი მტრები“, სულით ხორცამდე შეძრა.

24 წლის ასაკში, ახალბედა იურისტი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. საზოგადოებაში, რომელიც მკვეთრად იყო დაყოფილი კანის ფერის, მრწამსისა და პროფესიის მიხედვით, ცალკეულ ჯგუფებს შორის შურისა და უნდობლობის ატმოსფერო მეფობდა. განდიმ მატარებელზე პირველი კლასის ბილეთი ეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ კონდუქტორმა გააფრთხილა, ყველა ინდოელი მესამე კლასით მგზავრობსო - მან ვაგონის დატოვებაზე უარი განაცხადა. ინციდენტის აღსაკვეთად პოლიციელს მოუხმეს და იგი ბარგთან ერთად მატარებლიდან გადმოაგდეს. მთელი ღამე ის ეკლებზე იჯდა და ფიქრობდა, თუ როგორ მოქცეულიყო: ინდოეთში დაბრუნებულიყო თუ... გადაწყვიტა, ებრძოლა. ის გახდა არაფორმალური ლიდერი, რომელიც მოუწოდებდა ინდოელებს, ნებისმიერ საქმეში (ბიზნესის ჩათვლით) არ დაეკარგათ თავიანთი ღირსება, დაევიწყებინათ განსხვავებული მრწამსი და ესწავლათ ინგლისური. მან რკინიგზას წერილობით მიმართა და ,,კარგად ჩაცმული“ ინდოელებისათვის პირველი კლასით მგზავრობის ორგანიზება მოითხოვა. ამ ინციდენტმა დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ ცხოვრებაზე.

არაძალადობრივი აქციები - სატიაგრაჰა

განდის არ მოსწონდა არც თავად ტერმინი ,,პასიური წინააღმდეგობა”, არც ამგვარი წინააღმდეგობის იდეა. ტერმინი სატიაგრაჰა, ორი სიტყვის - სატიას (სიმართლის სიყვარული) და აგრაჰას (სიმტკიცე, ძალა) კომბინაციას წარმოადგენს.

,,სიმართლის დაცვა ტანვის მიყენებით არა მოწინააღმდეგისათვის, არამედ საკუთარი თავისათვის.

სატიაგრაჰა მშვიდობიანი მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს მოწინააღმდეგეთა მოქცევას სიწმინდის, თავმდაბლობისა და პატიოსნების დემონსტრირების გზით. ეს არის გარდაქმნა და არა განადგურება. ძალადობა და აგრესია მსხვერპლში - მწარე გრძნობებს, ხოლო მოძალადეში დაუნდობლობას აღვიძებს.

მთავარი იყო, მოეხმოთ მოწინააღმდეგის საღი აზრისა და ზნეობისათვის. ,,ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეუძლია ადამიანმა თავი იგრძნოს ღირსეულად, სხვათა დამცირებით.“ მოწინააღმდეგეთა შორის საბოლოო შერიგების მისაღწევად სატიაგრაჰა დასაშვებად მიიჩნევს მუდმივ დიალოგს. შეურაცხყოფა, დაშინება და პროპაგანდა ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ ხელს უშლის.

ციხე

შემოთავაზებული კანონით, ინდოელებს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ხმის მიცემა ეკრძალებოდათ. იგივე კანონი მათ რეგისტრაციის გავლასა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ტარებასაც ავალდებულებდა. ვინც კანონის მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდა, პატიმრობა და შესაძლო დეპორტაცია ელოდა. კანონმა ინდოელთა საზოგადოება აღაშფოთა, ერთერთ შეკრებაზე ბევრმა ღმერთს შეჰფიცა, რომ არასდროს დაემორჩილებოდა ამ კანონს. განდიმ მათ მიმართა:

,,მთავრობამ ღირსების ყოვლგვარი გრძნობა დაკარგა. თუ ჩვენ არ გავრისკავთ, მხოლოდ საკუთარ უსუსურობასა და სილაჩრეს გამოვავლენთ.

განდიმ უთხრა ხალხს, თუ რისი ტოლფასი იყო ეს რისკი: შესაძლოა, ისინი ციხეში ჩაესვათ, ეცემათ, შეურაცხყოფაც კი მიეყენებინათ მათთვის, დაეკარგათ სამუშაო და საკუთარი ქონება. ,,მაგრამ მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, - წარმოსთქვა მან, -

,,რომ ვიდრე საკუთარი სიტყვის ერთგული თუნდაც ერთი მუჭა ადამიანი იარსებებს, ამ საქმეს მხოლოდ ერთი დასასრული ექნება და ეს დასასრული გამარვებაა.

ეს არ იყო მარტივი გზა. მთავრობის სადამსჯელო ღონისძიებებმა მოძრაობას ბევრი ადამიანი ჩამოაშორა. ზოგიერთ აქტივისტს ჩამოართვეს ქონება და მოახდინეს მათი ინდოეთიდან დეპორტირება. ტრანსვაალში მცხოვრები 13 ათასი ინდოელიდან ერთდროულად 2500 ციხეში იჯდა, ხოლო 6 ათასი პროვინციიდან იყო გაქცეული. წინააღმდეგობის მოძრაობის ზოგიერთი აქტივისტი ციხეში ზედიზედ ხუთჯერ იჯდა და სასჯელის მოხდის მომენტისთვის სასამართლოს ახალი განაჩენების მოლოდინში იყო. ხელისუფლება ზოგიერთ აქტივისტს სასტიკად ეპყრობოდა, ზოგს ფიზიკურადაც კი ანადგურებდა.

ცნობები ამ მოვლენების შესახებ ინდოეთსა და ინგლისში გავრცელდა, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. ხელისუფლება შიშმა მოიცვა. მასობრივი დემონსტრაცია მაშინ დაიგეგმა, როდესაც თეთრი რკინიგზის თანამშრომლები სულ სხვა მიზეზით გაიფიცნენ. განდიმ დაუყოვნებლივ მოითხოვა დემონსტრაციის გადადება. სატიაგრაჰა ხომ არ იყო მოწოდებული მოწინააღმდეგის განადგურების, ნგრევისა და დამცირებისაკენ. წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეები იმედოვნებდნენ, რომ გულწრფელობით, რაინდობითა და თვითგვემით მოწინააღმდეგის ცნობიერებასა და სულზე მოახდენდნენ გავლენას. მათ არასდროს უსარგებლიათ მთავრობის პრობლემებით და არც არაბუნებრივი ალიანსები დაუმყარებიათ. ამგვარი ჟესტი ბევრმა დააფასა.

მთავრობამ თანდათან შეცვალა თავისი დამოკიდებულება. ,,თქვენ არ შეგიძლიათ, 20 ათასი ინდოელი ციხეში გამოამწყვდიოთ, - ამ სიტყვებით გენერალმა სმატმა თავისი ახალი, შემრიგებლური დამოკიდებულების დეკლარირება მოახდინა. კანონები შეიცვალა. ოცდაათი წლის შემდეგ სმატი იხსენებდა:

,,ბედმა მარგუნა, ვყოფილიყავი ისეთი კაცის მოწინააღმდეგე, რომელსაც ადრეც უდიდეს პატივს ვცემდი... მას არასოდეს დავიწყებია ადამიანური მხარე, არ გამოსულა წყობილებიდან და არც სიძულვილს დამორჩილებია. იუმორის დახვეწილი გრძნობა კი ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი შეინარჩუნა. მისი ქმედებათა ხასიათი და სულიერი თვისებები მაშინაც და შემდგომაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ სისასტიკისა და ძალადობისაგან, რომელიც დღეს ასე მოდურია... მისი მეთოდი იყო, კანონის განზრახ დარღვევა, მიმდევართა მხარდაჭერის მასობრივ მოძრაობაში გადაზრდა... კანონდაუმორჩილებლობის გამო დიდი ოდენობით ინდოელების საპატიმროში აღმოჩენა...

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჟილბერტ მარი ასე აფასებს მას:

..უფრთხილდით ადამიანს, რომელიც არ იღწვის მატერიალური კეთილდღეობის, კომფორტის, აღიარების თუ დაწინაურებისათვის, არამედ უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც სწორად მიიჩნევს. ის საშიში და მოუხელთებელი მოწინააღმდეგეა, რადგანაც მისი სხეული, რომლის დათრგუნვაც თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, მის სულთან შედარებით ნაკლებად ღირებულია.

რეიდი მარილის საწარმოში

პრობლემის აღწერა

ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი ინდოეთსს მრავალი თვალსაზრისით კეთილგანწყობილ ად მართავდა, ეს მაინც ერთი ქვეყნის მიერ მეორეს მართვა იყო. ინდოელ ხალხს დამოუკიდებლობა სურდა. დამოუკიდებლობისთვის სახალხო მოძრაობის ეგიდით არაერთი აქცია განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანის შესახებ ქვემოთ გიამბობთ.

გეგმა

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც განდიმ ფოკუსირება მოახდინა, იყო ბრიტანული ,,მარილის აქტები“. ამ დოკუმენტის თანახმად, დანაშაულად გამოცხადდა ინდოეთში, ბრიტანეთის მთავრობის გარდა, ვინმესგან მარილის შესყიდვა. ეს კი ნიშნავდა მონოპოლიის გამოცხადებას ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც ცხელ კლიმატურ პირობებში გადასარჩენად ადამიანებსა და ცხოველებს ერთნაირად ესაჭიროებოდათ. მარილის დამზადება კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლებოდა. ბრიტანელებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, განდიმ ამ კანონის განზრახ დარღვევა დაგეგმა.

დასაწყისი

აქციის დაწყებამდე განდიმ წერილით მიმართა ბრიტანელ მეფისნაცვალს.

,,ძვირფასო მეგობარო, ვიდრე სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებდე და იმ რისკზე წავიდოდე, რომლის გაწევაც მთელი ამ წლების განმავლობაში შიშს მგვრიდა, იძულებული ვარ, მოგმართოთ თქვენ და ვეძიო გამოსავალი. ჩემი პირადი მრწამსი აბსოლუტურად ნათელია. არ შემიძლია განზრახ მივაყენო ზიანი სულიერ არსებას... მიუხედავად იმისა, თუ როგორ მომექცევიან ისინი მე და ჩემიანებს... წყეულად ვაცხადებ ბრიტანულ წესს... ექსპლუატაციის გაძლიერებითა და დამანგრეველად ძვირადღირებული სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნით, რომლის შენახვის ფუფუნებაც ქვეყანას არა აქვს, მილიონობით ადამიანი გაღატაკდა. მან ჩვენ პოლიტიკურად დაგვამონა. ძირი შეურყია ჩვენი კულტურის საფუძვლებს... მან ჩვენ სულიერად დაგვაკნინა...

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არაძალადობრივ აქციებში გამოიხატება... ჩემი ამბიციაა, არაძალადობრივი მეთოდებით გარდავქმნა ბრიტანელი ხალხი და დავანახო მათ ის უსამართლობა, რაც მათ ინდოეთს დამართეს. მე არ ვაპირებ, თქვენი ხალხისათვის ზიანის მიყენებას. მე მსურს, ვემსახურო მათ ისევე, როგორც საკუთარ ხალხს...

და თუ ინდოელი ხალხი მე გამომყვება, ვფიქრობ, რომ ის ასეც მოიქცევა, ტანვა, რომელსაც ისინი გაივლიან... საკმარისი იქნება ყველაზე გულქვა გულების მოსალბობადაც კი.

0x01 graphic

მეფისნაცვალმა განდის მხოლოდ მოკლედ უპასუხა: ,,მისი უდიდებულესობა... წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ თქვენ აირჩიეთ კურსი, რომელიც კანონის დარღვევას და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნას ისახავს მიზნად.“ რაზეც თავის მხრივ, განდიმ უპასუხა:

,,მუხლმოდრეკილმა გთხოვეთ პური და სანაცვლოდ მივიღე ქვა.

რა მოხდა

განდიმ და მისმა 75 მიმდევარმა მსვლელობა მოაწყვეს 250 მილით დაშორებული ზღვისკენ და ეს მანძილი 24 დღეში გაიარეს. აქციის მონაწილეებს სიხარულით ხვდებოდნენ სოფლებში, სადაც განდი ხალხს მიმართავდა. 1930 წლის 5 აპრილს მათ ზღვამდე მიაღწიეს. განდიმ აიღო წყლისგან გამოხდილი მარილი და ამით კანონი დაარღვია. ასე დაიწყო აჯანყება იარაღის გარეშე. სხვადასხვა მხარის სოფლის მაცხოვრებლები ტაფებით ხელში ზღვისკენ მიემართებოდნენ და მარილს ამზადებდნენ. ერთ თვეში 60 ათასი ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა - ინდოელებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დააპატიმრეს განდიც.

მოძრაობამ დჰარასანას მარილის საწარმოში სპეციალური ,,რეიდი“ განახორციელა. დემონსტრანტების რიგი დადგა 400 მცველითა და ეკლიანი მავთულებით დაცულ მარილის საბადოების მისადგომებთან. ისინი ჩუმად მიუახლოვდნენ ღობეს. უბრძანეს უკან დაეხიათ. პოლიცია თავს დაესხა დემონსტრანტებს და ხელკეტებით ცემა ისინი - მიუხედავად ამისა, აქციის არც ერთ მონაწილეს ხელი არ აღუმართავს, თუნდაც თავდაცვის მიზნით. თავის ქალაზე დარტყმის ხმებსაც კი გაიგონებდით. 300-ზე მეტი დემონსტრანტი, რომელმაც დაზიანება მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბრიტანელები ინდოელებს ხელკეტებითა და იარაღის კონდახით სცემდნენ. ეს ინციდენტი ბრიტანეთის ადმინისტრაციისათვის დიდ სირცხვილად იქცა, ისინი სინდისმა შეაწუხა. ინდოელებს ქედი არ მოუხრიათ და არც უკან დაუხევიათ. ინგლისი დაუძლურდა, ხოლო ინდოეთი უძლეველი გახდა.

დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი

0x01 graphic
კინგი 1929 წელს ,,შავ“ ატლანტაში ჯორჯიის შტატის დედაქალაქში დაიბადა, საშუალო ფენის ოჯახში. მამამისი ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იყო, რომელმაც დამოუკიდებლად გაიკვლია ცხოვრებაში გზა და ბაპტისტთა ცნობილი სასულიერო პირი გახდა. დედამისი მშვიდი და წინდახედული ადამიანი იყო, რომელიც წონასწორობას იშვიათად კარგავდა. სამხრეთული ცხოვრების წესის შესახებ მან 5 წლის ასაკში შეიტყო, როდესაც თეთრკანიან მეგობარს მხოლოდ იმიტომ დააშორეს, რომ ამ უკანასკნელს თეთრებისათვის განკუთვნილ სკოლაში ცალკე უნდა ესწავლა. მაშინ დედამ მას უთხრა: ,,სხვაზე ნაკლებად თავი არასოდეს იგრძნო. ყოველთვის უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ პიროვნება ხარ.“

თუ გვსურს, არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და სხვათა ,,წარმოუდგენელი“ წარმატებები ჩვენივე შთაგონების წყაროდ ვაქციოთ - გავეცნოთ დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის ცხოვრებას და მის ბრძოლას სამხრეთში სეგრეგაციის (რასობრივი დაყოფის) წინააღმდეგ. ძნელია მოიძებნოს კინგის უკეთესი ბიოგრაფია, ვიდრე სტივენ ბ. ოუტსის ბესტსელერი ,,დაე, იგუგუნონ დაფდაფებმა“.

განსაკუთრებით საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ იცვლებოდა პოლიტიკური ფორტუნა, და როგორ იქცა ერთ დროს წარმოუდგენლად მიჩნეული ,,სამოქალაქო უფლებათა აქტი“ კანონად. წაიკითხეთ პრეზიდენტ კენედის მიმართვა ხალხისადმი, რომელიც ჩვენ, როგორც მშობლებს, დღესაც ბევრს გვეუბნება.

ერთხელ კინგი თავის მასწავლებელთან ერთად ავტობუსით შინ ბრუნდებოდა. როცა ავტობუსი თეთრკანიანიებით გაივსო, მძღოლმა მათ უკან გადაჯდომა მოსთხოვა. თავდაპირველად ის უარზე იყო, თუმცა ბოლოს მაინც გადავიდა უკან. მოგვიანებით ამ ეპიზოდს კინგი ასე იხსენებდა:

,,ის ღამე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. ცხოვრებაში ასე ძლიერ არასდროს გავბრაზებულვარ.

კინგმა სწავლა მურჰაუზის კოლეჯში გააგრძელა და ძირითად საგნად სოციოლოგია აირჩია. ზაფხულში ის შავ მუშად მუშაობდა, რათა ადამიანებთან ურთიერთობა დაემყარებინა, ,,გაეგო მათი მდგომარეობა და განეცადა მათი გასაჭირი.“ მან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ კაპიტალიზმი ექსპლუატაციას უწევდა შავებს და რასიზმს აღვივებდა. თავისი აგრესია კინგმა თეთრკანიანების ნაცვლად სისტემის წინააღმდეგ მიმართა. კოლეჯი 1948 წელს სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.

შემდეგ სწავლა პენსილვანიაში, ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო კროზერის სემინარიაში გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმეტყველების დოქტორის კურსს გადიოდა, მას სურდა, დაუფლებოდა სოციალური უსამართლობის აღმოფხვრის საკითხებს. 90-იანი წლების თეოლოგის, უოლტერ რაუშენბახის შრომებიდან მან გააცნობიერა აქტიური ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობა, რომელიც ვრცელდება როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც.

მან უარყო კარლ მარქსის შრომები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის რწმენას იმის შესახებ, რომ: ,,რეალობის ცენტრში გული ძევს, ცოცხალი მამა, რომელიც მთელი სიცოცხლე თავისი შვილების გადარჩენისათვის იღწვის.“ მარქსი ამ სულიერ საწყისს უარყოფდა. ის არც იმ მიდგომას ეთანხმებოდა, რომლის თანახმადაც ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“. თუმცა, კაპიტალიზმის სისასტიკის მარქსისეულ კრიტიკას ისიც იზიარებდა.

ბუკერ . ვაშინგტონი შავკანიანებს მოუწოდებდა, დაევიწყებინათ სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში ,,პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ“ (1896) მხარი დაუჭირა. ვაშინგტონი ურჩევდა შავკანიანებს, ეზრუნათ საკუთარი თავის სრულყოფასა და თეთრების პატივისცემის მოხვეჭაზე, რომლებიც მათ, როგორც ძმებს, ისე მოეპყრობოდნენ. ამ გზით კი რასობრივი სიმშვიდე დაისადგურებდა. ნებაყოფლობით სეგრეგაციას სხვებიც ემხრობოდნენ. ბევრიშავკანიანი სასულიერო პირი მოუწოდებდა თავის მრევლს, შეგუებოდა არსებულ სტატუს ქვოს იმ იმედით, რომ აღთქმულ მიწაზე ყველანი თანასწორი იქნებოდნენ. კინგმა ამგვარი მიდგომის წინააღმდეგ გაილაშქრა: ,,შავკანიანთა გონება და სული დამონებულია.“ როგორ შეიძლება, შავკანიანებმა რაიმე უფლება მოიპოვონ იმ ქვეყანაში, რომელსაც თეთრკანიანი უმრავლესობა მართავს. მან წაიკითხა ჰენრი დევიდ ტორო, და აღფრთოვანდა იმ იდეით, რომ:

,,ერთ პატიოსან ადამიანს შეუძლია, მორალური რევოლუცია ააგოროს!

სემინარიაში სწავლობდა ერთი სამხრეთელი სტუდენტი, რომელიც საშინლად ვერ იტანდა შავკანიანებს. ერთხელ ის კინგს ოთახში შეუვარდა და დატენილი პისტოლეტით

დაემუქრა. კინგმა სიტუაცია მშვიდი საუბრით განმუხტა. საერთო საცხოვრებელში ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ კინგმა ამ კაცის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე უარი თქვა. თავდამსხმელმა კინგს ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც ისინი დამეგობრდნენ. ამ შემთხვევამ კინგს ასწავლა, თუ როგორ უნდა აქციო მტერი მეგობრად.

კინგი არც ისე გულუბრყვილო ადამიანი იყო, ეჭვის შეტანა რომ არ დაეწყო ქრისტიანული სიყვარულის შესაძლებლობაში - გამოეწვია რეალური სოციალური გარდაქმნები. ისტორიამ მას დაანახა, თუ როგორი უძლური შეიძლება იყოს ზოგჯერ სიყვარული. სიყვარულმა ვერ შესძლო სამხრეთში მონობის აღმოფხვრა, ვერც მეორე მსოფლიო ომის შეჩერება. ის დააფიქრა საკუთარი თავის პაციფისტად წარმოდგენის შესაძლებლობამ. ნიცშეს შრომების გაცნობისას, მისი რწმენა შეარყია გამონათქვამმა, რომ ღმერთი მოკვდა და ადამიანს მხოლოდ უმდაბლესი ემოცია - გადარჩენისათვის ბრძოლა

ამოძრავებდა. ,,გიყვარდეს მოყვასი შენი“ შესაძლოა, ამართლებდეს კერძო შემთხვევებში, მაგრამ არა ერებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის ურთიერთობაში.

ის ესწრებოდა სემინარებს მაჰათმა განდის მოძღვრების შესახებ და ეცნობოდა, თუ როგორ იყენებდა განდი სოციალური ცვლილებების მისაღწევად ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ძალას. განდიმ დაანახა მას, რომ შესაძლებელი იყო აგრესიის პოზიტიური მიმართულებით გარდაქმნა. არაძალადობა ბოროტებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას ნიშნავს. განდის ისტორიამ კინგს დაანახა, თუ როგორ შეიძლებოდა გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების ჩატარება მოწინააღმდეგის სიძულვილის გარეშე - ღვთიური სამართლის ღრმა რწმენით. ტერმინი სატიაგრაჰა თავის თავში სწორედ სიყვარულისა და ძალის ერთიანობას მოიცავდა. ეს სულაც არ ნიშნავდა ბოროტებისათვის წინააღმდეგობის არგაწევას, არამედ ბოროტების წინააღმდეგ პოზიტიურ არაძალადობრივ აქციებს წარმოადგენდა.

ინდოეთში განდის წარმატება კინგისათვის იყო სტიმული და ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სიყვარულის ძალამ რადიკალურ სოციალურ ცვლილებებზე ისეთ გარემოში, სადაც ზანგები ისევე იტანჯებიან, როგორც სამხრეთში. ქრისტიანული სიყვარულის, ,,აგაპეს“ მეშვეობით კინგმა დაინახა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმაა და რომ კაცობრიობა საერთო პროცესშია ჩართული.

ავტობუსის უკანა ადგილები, მონტგომერი, ალაბამა (1955 წელი)

პრობლემის აღწერა

ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობისთვის ავტობუსი გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. ზოგიერთი თეთრკანიანი მძღოლი შეურაცხყოფას აყენებდა ზანგებს და მათ ,,ნიგერებს“, ,,მაიმუნებსა“ და ,,შავ ძროხებს“ უწოდებდა. ზანგებს არ ჰქონდათ პირველ ოთხ რიგში ჯდომის უფლება (მოლოდ თეთრებისათვის ასეთი წარწერა იყო გამოკრული ამ ადგილებზე). თუ ავტობუსში გაცილებით მეტი თეთრკანიანი ამოვიდოდა, ვიდრე მათთვის გათვალისწინებული ადგილი იყო, შავკანიანები უნდა ამდგარიყვნენ და მათთვის საკუთარი ადგილი შეეთავაზებინათ. თუ თეთრკანიანი შავკანიანის გვერდით დაჯდებოდა, შავკანიანი უნდა ამდგარიყო. თუ ავტობუსში შავკანიანთათვის განკუთვნილი ნაწილი გაივსებოდა, მაგრამ თეთრკანიანთა

ადგილები ცარიელი დარჩებოდა - შავკანიანებს იქ დაჯდომის უფლება მაინც არ ჰქონდათ. ეს პოლიტიკა ქალაქის ხელისუფლების ბრძანებით იყო დამკვიდრებული და ამ წესების დარღვევა პატიმრობით ისჯებოდა.

დასაწყისი (1955 წელი)

მკერავის ზანგი ასისტენტი, ქ-ნი როზა პარკსი ავტობუსით სახლში ბრუნდებოდა. მას შავებისთვის განკუთვნილი ადგილი ეკავა. ავტობუსი გაივსო და თეთრკანიანებისთვის ადგილი აღარ დარჩა, ამიტომაც მისის პარკს უთხრეს, ამდგარიყო და თეთრკანიანისთვის ადგილი დაეთმო, მაგრამ შავკანიანი ქალბატონი დაღლილი იყო და ამ სიტყვებს არ დაემორჩილა. მძღოლი მას პოლიციაში დარეკვით დაემუქრა. ,,წადი და დარეკე,“ - უპასუხა ქალმა. ამ ინციდენტის გამო მისის პარკს ბრალი კანონის დარღვევაში დასდეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სატელეფონო ზარების საშუალებით შეიტყვეს შავკანიანთა ლიდერებმა და სამოქმედო გეგმაც დასახეს.

გეგმა

40-50 ღვთისმსახური და სხვა სამოქალაქო ლიდერი ერთად შეიკრიბა. მათ ორგანიზება გაუკეთეს ქალაქის ავტობუსებში შავკანიანი მოსახლეობის ბოიკოტს, მაგრამ ამავე დროს აკრძალეს ძალადობრივი მოგერიების ყოველგვარი შესაძლებლობა, რადგანაც რამოდენიმე შავკანიანი იმუქრებოდა, რომ თეთრკანიან მძღოლებს თავს გაუტეხავდა.

რა მოხდა

,,სანდი ფეიფერმა“ (კვირის გაზეთი) შავკანიანები პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა. გაზეთი წერდა, რომ მისის პარკსი განზრახ დასვეს იმ ავტობუსში და რომ ზანგებს აპირებდნენ მიემართათ იმავე ტაქტიკისთვის, რომელსაც ,,თეთრი საბჭოები“ შავი ბიზნესების ბოიკოტირებისას იყენებდნენ. კინგი დაიბნა, ხომ არ იყო ეს არასწორი გადაწყვეტილება? ხომ არ იყო ბოიკოტი არაეთიკური? ბევრი განსჯის შემდეგ კინგი მიხვდა, რომ სინამდვილეში ეს ,,ბოიკოტს“ კი არა, იმ სისტემის უგულვებელყოფას ნიშნავდა, რომელიც მათ უფლებებს ბღალავდა. ისინი სულაც არ ისახავდნენ მიზნად საავტომობილო კომპანიებისათვის ზიანის მიყენებას. კინგი ტოროს სიტყვებზე ფიქრობდა:

,,ვინც ბოროტებას პროტესტის გარეშე იღებს, სინამდვილეში ბოროტებასთან თანამშრომლობს.

შავკანიანები თანამშრომლობდნენ ამ ბოროტებასთან.

ბოიკოტის წინა ღამით კინგი შიშმა და დარდმა აიტანა - ვაი თუ ხალხი ძალზედ დაშინდება ან აქციის მიმართ გულგრილობას გამოავლენს? ისინი იმედოვნებდნენ, რომ აქციაში შავკანიანთა 60%25 მაინც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, თუ ბოიკოტში ნაკლები ხალხი ჩაერთვებოდა - მათ დასცინებდნენ და ეს მოძრაობისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა? გამთენიისას ის ძალზედ გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ შავკანიანი მოსახლეობის თითქმის 100%25 აქციის მონაწილე გახდა!

ამის შემდეგ არაერთი შეკრება გაიმართა, რომლებზეც კინგს იწვევდნენ და გამოსვლებს თხოვდნენ:

ჩვენ ამერიკის მოქალაქეები ვართ და გვსურს, მოვიპოვოთ მოქალაქეობა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვსურს სიტუაცია გამოსწორდეს.... დადგა დრო, როცა ადამიანები დაიღალნენ. ამ საღამოს ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ ჩვენს მჩაგვრელებს, რომ ჩვენ დავიღალეთ - სეგრეგაციითა და დამცირებით, ფეხქვეშ გათელვით.

პროტესტის გარდა ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია... ჩვენ ამ ღამით იმისათვის შევიკრიბეთ, რათა გადავრჩეთ, დავძლიოთ ის თმენის უნარი, რომელიც გვაიძულებს, შევეგუოთ ყველაფერს, შევეგუოთ უსამართლობასა და თავისუფლების არქონას ...მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ქმედების დროს ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ კანონისა და სამართლიანობის უმაღლესი პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ. ერთიანობა დღევანდელობის უდიდესი მოთხოვნაა, და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, ჩვენ არა მხოლოდ სასურველის, არამედ იმის მიღწევასაც შევძლებთ, რასაც სამართლიანად ვიმსახურებთ.

თუ ჩვენ არა ვართ მართალნი, მაშინ ქვეყნის უზენაესი სასამართლოც უსამართლო ყოფილა. თუ ჩვენი ქმედება არასწორია, მაშინ აშშ-ს კონსტიტუციაც უსამართლო ყოფილა... თუ ჩვენ არა ვართ მართალნი, მაშინ იესო ნაზარეველიც უბრალო უტოპისტი მეოცნებე ყოფილა, რომელიც დედამიწაზე არასდროს მოსულა. თუ ჩვენ არა ვართ მართალნი, მაშინ სამართალი ტყუილი ყოფილა.

ჩვენი პროტესტი... მუქარისა და დაშინების გარეშე. ჩვენ კანონისა და სამართლიანობის უმაღლესი პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ... ჩვენ ქმედებებს მხოლოდ ქრისტიანული რწმენის ყველაზე ღრმა პრინციპები განსაზღვრავს...

გიყვარდეთ მტერი თქვენი, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გიყენებთ. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ჩვენი წინააღმდეგობა დასრულდება, როგორც ისტორიის უმნიშვნელო დრამა და მისი ხსოვნა სამარცხვინო საბურველით დაიფარება... ისტორიაში დაიწერება... ცხოვრობდა ადამიანთა რასა, შავკანიანთა რასა, ხალხი, რომელსაც გააჩნდა მორალური ძალა, საკუთარი უფლებები დაეცვა. და მათ ახალი ფურცელი ჩაწერეს ისტორიისა და ცივილიზაციის ლაბირინთებში.

ინტრიგები

ისინი მერსა და იურისტებს შეხვდნენ, რომელთაც რამოდენიმე მიუღებელი წინადადება შესთავაზეს. მათი ინტერესი იყო მხოლოდ ერთი რამის - რასობრივი სტატუს კვოს შენარჩუნება. კინგი მიხვდა, თუ რამდენად რთული იყო პრივილეგირებულთა გადარწმუნება, უარი ეთქვათ საკუთარ პრივილეგიებზე. ისინი უნდა იაძულო, ასე მოიქცნენ. უნდა გააგრძელო წინააღმდეგობის გაწევა მანამ, ვიდრე ისინი თავადვე არ დათმობენ. შავკანიანები განაგრძობდნენ მასობრივი მიტინგების ჩატარებას, რაც მათ უდრეკობას და მიზანდასახულობას აძლიერებდა. ამ მოძრაობას ზოგიერთი თეთრკანიანი თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა, როგორც ღიად, ასევე ფარულად.

ერთ-ერთ მოლაპარაკებაზე მერი შეეცადა, მოძრაობა გაეხლიჩა, ხოლო კინგისთვის ისეთი ადამიანის იარლიყი მიეკრა, რომელსაც ,,დიდი მადა“ აქვს და შეთანხმების მიუღწევლობა სწორედ მისთვის დაებრალებინა. მერი შეეცადა, მოძრაობის სხვადასხვა ლიდერების სიამაყის გრძნობაზე ეთამაშა.

იანვარში კინგი მუქარის ზარებსა და სიძულვილით აღსავსე წერილებსაც კი იღებდა. მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დაშინებულნი იყვნენ, მაგრამ მას ბრძოლა არ შეუწყვეტია. 30 იანვრის შეკრებაზე მან შეიტყო, რომ მისი სახლი ააფეთქეს! გარკვეული პერიოდი მის სახლს შეიარაღებული მეგობრები დარაჯობდნენ, რის გამოც კინგი თავს უხერხულად გრძნობდა და მალე ასეთი სამსახურის გაწევაზე უარი უთხრა. ნებისმიერ ძალადობას კინგი მხოლოდ ღმერთის რწმენითა და სიყვარულის ძალით უპირისპირდებოდა.

სასამართლო, სააროობა და გადაწყვეტილება

მარტში ის დააპატიმრეს და ბოიკოტისათვის გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას სასამართლოში კარგი ადვოკატი წარმოადგენდა, კინგი მაინც დამნაშავედ ცნეს. მან განაჩენი გაასაჩივრა. ეს საქმე ყველა ახალი ამბისა და გაზეთის მთავარ თემად იქცა. მოძრაობის საქმიანობა ძალზედ ფართოდ გაშუქდა ტელევიზიითა და პრესით. საქმემ უზენაეს სასამართლოსაც მიაღწია. 1956 წლის ნოემბერში უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც, ავტობუსებზე დაწესებული სეგრეგაციული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნეს. ერთი წლის შემდეგ, 1956 წლის დეკემბერში თეთრკანიანებსა და შავკანიანებს ავტობუსებში ერთად ჯდომის უფლება ჰქონდათ.

სამოქალაქო უფლებათა აქტი (1961 წელი)

მონტგომერიში მიღწეული წარმატების შემდეგ მოძარობის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, მოძრაობის წევრებს არწმუნებდნენ, რომ ჯერ კიდევ არ იყო ,,შესაფერისი დრო“ სამოქალაქო უფლებათა აქტის კონგრესში გასატანად. კინგსა და პრეზიდენტ ჯონ კენედის შორის სიტუაცია დაიძაბა, რადგანაც კინგი ,,მორალის კითხვის ტონით საუბრობდა, რაც მიუღებელი იყო კენედისათვის“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ აპირებდა კონგრესში სამოქალაქო უფლებათა აქტის გატანას, როგორც ეს კინგს სურდა, რადგანაც ეს აქტი კაპიტოლიუმის მიმართ გავლენიანი სამხრეთელების გაუცხოებას გამოიწვევდა და საფრთხეს შეუქმნიდა სხვა აუცილებელ სოციალურ კანონმდებლობას.

ოლბანი, ორია - წარუმატებლობა (1961-1962 წლები)

პრობლემის აღწერა

ოლბანიში (ჯორჯიის შტატი) ძალიან მკაცრი სეგრეგაციული კანონები მოქმედებდა. ხალხმა კინგს ქალაქში ჩასვლა და მათთან საუბარი სთხოვა. ზოგიერთი ოლბანიში კინგის ჩასვლის წინააღმდეგი იყო, რადგანაც ისინი ადგილობრივი მოძრაობის ადგილზე გაკონტროლების მომხრეები იყვნენ.

რა გეგმა იყო და რა მოხდა

ხალხი ნებაყოფლობით არღვევდა სეგრეგაციულ კანონმდებლობას, დააპატიმრეს ასეულობით ადამიანი. საპროტესტო მოძრაობას კინგიც შეუერთდა და ჩანდა, რომ 1961 წლის დეკემბერისთვის მათ გამარჯვებისთვის უნდა მიეღწიათ. კინგმა უარი განაცხადა თავდების თანხის სანაცვლოდ ციხიდან გამოსვლაზე და პატიმრობაში დარჩა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ქალაქის ხელისუფლება მზად იყო ცვლილებების გასატარებლად, მაგრამ დაპირებები დაპირებად დარჩა - კინგი ციხიდან გამოვიდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა... 1962 წლის გაზაფხულზე მოძრაობა კვლავ შეეცადა, გააქტიურებულიყო. კინგმა ფიცი დადო, რომ სასურველი შედეგის მიღწევას არაძალადობრივი კამპანიის მეშვეობით შეძლებდა. ამ მოძრაობაში ბევრი ადამიანი აქტიურად იყო ჩაბმული, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანდა. ადგილობრივი პოლიციის უფროსი პრიჩეტი აქტივისტებს თავაზიანად ისტუმრებდა სატუსაღოში. როდესაც დემონსტრანტები პოლიციის შენობის წინ მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდნენ, პოლიციის უფროსიც მათთან ერთად ლოცულობდა. თუმცა ამ მოვლენების გაშუქება ძალზედ რთული იყო.

1962 წლის 20 ივლისს ფედერალურმა სასამართლომ ქალაქში საპროტესტო აქციების ჩატარება აკრძალა. კინგი და სხვა ლიდერები ორჭოფობდნენ. არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ, დაერღვიათ სასამართლოს ბრძანება (მანამდე ფედერალური სასამართლო ადამიანის უფლებების მიმართ კარგად იყო განწყობილი) თუ ბრძოლა გაეგრძელებინათ. გადაწყდა, დროებით შეჩერებულიყვნენ და ბრძანების გაუქმებისათვის მიეღწიათ.

წარუმატებლობა

ლიდერთა გადაწყვეტილებამ მოქმედებების გაჭიანურების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გაამძაფრა და ძალადობა გააღვივა. საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს, მაგრამ უკვე ძალზედ გვიან იყო. კინგმა მოგვიანებით აღიარა, რომ მოქმედების დაყოვნება შეცდომა იყო, რამაც მთელი ძალისხმევა ხერხემალში გადატეხა.

ბირმინგემი, ალაბამა - წარმატება (თებერვალი, 1963 წელი)

პრობლემის აღწერა

ეს იყო სიძულვილით დამუხტული და რასობრივად ძალზედ დაპირისპირებული ქალაქი. პოლიციის უფროსს, ,,ბუღა“ კონორს, შავკანიანი დემონსტრანტების მიმართ უხეშობის დემონსტრირების სულაც არ ეშინოდა.

რა გეგმა იყო და რა მოხდა

გაიმართა მშვიდობიანი მარში. კინგი და ბევრი სხვა აქტივისტი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. სწორედ აქ დაწერა კინგმა თავისი ცნობილი ,,წერილი ბირმინგემის ციხიდან”, რომლითაც მან იმ სასულიერო პირებს მიმართა, ვინც სამოქალაქო უფლებების მოთხოვნას არ შეუერთდნენ. ეს წერილი მთელს ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა და კლასიკად იქცა.

0x01 graphic

მოგვიანებით კინგი ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ როგორც ჩანდა, მოძრაობა საკმაოდ დასუსტებული იყო. გაჩნდა ახალი იდეა - მოძრაობაში მოსწავლეები ჩაებათ. ბავშვების ქუჩაში გასვლისაკენ მოწოდება საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ოპონენტთა მხრიდან მწვავე კრიტიკას გამოიწვევდა, მაგრამ აქტივისტებს უკან არ დაუხევიათ.

მეორე დღეს 1000-ზე მეტი მოზარდი, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ 6 წლის იყო, ქუჩაში გამოვიდა. იმ დღეს პოლიციამ 900 დემონსტრანტი დააპატიმრა და ციხეში მათ გადასაყვანად სასკოლო ავტობუსები გამოიყენა. ამ სცენამ პოლიციის ერთ-ერთი კაპიტანი შეძრა:

,,10-15 წლის შემდეგ, როცა უკან მოვიხედავთ და ყველაფერს ახლებურად შევხედავთ, ალბათ ვიტყვით, რა სულელი შეიძლება იყოს ადამიანი?

მეორე დღეს მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ მოვლენებს ჟურნალისტები ფართოდ აშუქებდნენ. პოლიცია ბავშვებს წყლის ჭავლითა და გერმანული ნაგაზებით დაუპირისპირდა. სამი ბავშვი მძიმედ იყო დაკბენილი. მეორე დღეს ნაციონალურმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს აქციის ამსახველი ფოტოები - ქვეყანა შეძრწუნებული იყო მომხდარით. რამოდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი დემონსტრაცია ჩატარდა. დემონსტრანტები პოლიციის კორდონს მიუახლოვდნენ, კონორმა პოლიციელებს უბრძანა, ,,შლანგები ჩაერთოთ.“ პოლიციელებმა ბრძანება არ შეასრულეს. ხალხი პოლიციას შეერია.

,,იტყოდით, რომ დემონსტრაციაში ღმერთის ხელი ერია. ხალხი პოლიციის კორდონში ისე გადიოდა, რომ მათ არავინ ცემდა.

კინგმა ისიც კი თქვა, რომ

,,ცხოვრებაში პირველად სწორედ აქ ვიგრძენი არაძალადობრივი მოქმედებით მოგვრილი სიამაყის ძალა.

წარმატება

ადგილობრივმა მეწარმეებმა მთავრობისაგან ცვლილებების გატარება მოითხოვეს და სასადილო დახლების, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის შადრევნების სეგრეგაცია შეაჩერეს.

სამოქალაქო უფლებათა აქტის სტატუსი (1963 წლის ივნისი)

ბირმინგემში მიმდინარე მოვლენებისადმი საზოგადოების უდიდესმა მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ პრეზიდენტმა კენედიმ მიზანშეწონილად ჩათვალა საზოგადოებრივ

ობიექტებზე სეგრეგაციის კანონის გაუქმება. 11 ივნისს პრეზიდენტის მიერ სამოქალაქო უფლებების შესახებ წარმოთქმული სიტყვა მთელს ქვეყანაში ტელევიზიით გადაიცა:

,,ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მორალური საკითხის წინაშე ვდგავართ. ეს საკითხი ისეთივე ძველია, როგორც ბიბლია და ისეთივე ძვირფასი, როგორც ამერიკის კონსტიტუცია. საკითხის არსი არის ის, უნდა მიენიჭოს თუ არა ყველა ამერიკელს თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები... ვის სურს ჩვენ შორის, შეიცვალოს კანის ფერი და მათ ადგილზე აღმოჩნდეს? რომელი ჩვენგანი იქნებოდა კმაყოფილი, თუ ასეთ შემთხვევაში მას მოთმინებასა და ლოდინისაკენ მოუწოდებდნენ? მე მინდა ამერიკის კონგრესს ვთხოვო, შეასრულოს ის დაპირება, რომელიც ამ საუკუნეში მას ბოლომდე არ მიუყვანია და რომლის თანახმადაც, ამერიკის ცხოვრებასა და კანონმდებლობაში რასობრივი დაყოფის ადგილი არ არის.

კანონპროექტი კონგრესში 1963 წლის 19 ივნისს შევიდა. ქვედა პალატაში მისი მიღება უპრობლემოდ მოხდა, თუმცა, 1964 წელს სენატში გადაწყვეტილების მიღება ძალზედ გაჭიანურდა. შავკანიანთა წინააღმდეგ ძალადობა უფრო მასშტაბური გახდა, რამაც სენატი აიძულა, გადაწყვეტილების მიღება დაეჩქარებინა. პრეზიდენტმა აქტს ხელი 1964 წლის 2 ივლისს მოაწერა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

__________________________

1. წმ. დომენიკი, დომინიკანელთა ორდენის და წმინდა ინკვიზიციის დამაარსებელი. ავტორისეულ ტექსტში წმ. დომენიკის შეხედულებები საკმაოდ ჰიპერბოლიზირებულადაა წარმოდგენილი და გაიგივებულია ინკვიზიციის სისასტიკესთან. სინამდვილეში, წმ. დომენიკს ინკვიზიციის ფუნქცია სულ სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი სულაც არ იყო ადამიანების კოცონზე დაწვის მომხრე (რედ. შენიშვნა).

3 ევთანაზია - მოწყალება თუ მკვლელობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფრიდონ საყვარელიძე

სიცოცხლის უფლების ასპექტები

0x01 graphic

სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე ადამიანის ყველა სხვა უფლება ყოველგვარ აზრსა და დასაბუთებას დაკარგავდა. ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა პირველად 1215 წელს, ინგლისის მეფის მიერ ხელმოწერილ თავისუფლების დიად ქარტიაში დაფიქსირდა. თუმცა დღეს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის უფლებათა არც ერთ ევროპულ დოკუმენტში არ არის დებულება, რომელიც სიცოცხლის უფლების გარანტი იქნებოდა. ამგვარად, სიცოცხლე დღემდე არ არის მიჩნეული აბსოლუტურ უფლებად.

სანამ სიცოცხლის უფლების ცალკეულ ასპექტებზე ვისაუბრებდეთ, სასარგებლო იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა იგულისხმება სიცოცხლის უფლებაში: უფლება თუ თავისუფლება? ან იქნებ ორივე ერთად?

უფლებები, რომელთაც სხვაგვარად პოზიტიურ უფლებებსაც უწოდებენ, გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ჩვენგანის მიმართ. მაგალითად, განათლების უფლება ხელისუფლებას იმ სკოლების შექმნას ავალდებულებს, რომელშიც ყველა ბავშვს შეეძლება სწავლა. ზუსტად ასევე, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება ხელისუფლებას აკისრებს სასამართლო დაწესებულებების ქსელის შექმნის მოვალეობას, რომელსაც შეუძლია, მიმართოს თითოეულმა ადამიანმა მისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადასაწყვეტად. სიცოცხლის უფლება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოს უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოს მოვალეობას, მაჩუქოს უკვდავება, მაგრამ ესეც რომ მოახერხოს, თვითმკვლელობას ხომ ვერ ამიკრძალავს? სინამდვილეში სიცოცხლის უფლების ამგვარი გაგება იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დამეხმაროს სიცოცხლის შენარჩუნებაში. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულებას - ყოველი ადამიანი გარკვეული მინიმუმით უზრუნველყოს, თორემ თუ ადამიანმა არსებობა ვერ შესძლო და შიმშილით დალია სული, რაღა სიცოცხლის უფლებაზეა საუბარი. სიცოცხლის უფლება იმასაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა შემიქმნას ცხოვრების უსაფრთხო პირობები, რათა არც სახლში შემომივარდეს ბანდიტი და არც ქუჩაში გამოსვლის მეშინოდეს. ამგვარად, გამოდის, რომ სიცოცხლე სწორედაც რომ ადამიანის უფლება ყოფილა.

თავისუფლებები, რომელსაც ნეგატიურ უფლებებსაც უწოდებენ, სახელმწიფოს პასიურობას გულისხმობს. როდესაც ვამბობთ, რომ მე მაქვს რომელიმე თავისუფლება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, უხეშად რომ ვთქვათ, ცხვირი ჩაყოს ჩემს საქმეებში. სიტყვის ან სინდისის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას ამ საკითხებში ჩარევას. სიცოცხლის უფლების ამგვარი გაგება ნიშნავს, რომ ჩემი სიცოცხლე ჩემს ხელშია და მისი წართმევის უფლება არავის აქვს, სხვა დანარჩენი კი ჩემი საზრუნავია. ამგვარად, სიცოცხლე თავისუფლებაც ყოფილა. სამწუხაროა, რომ პოზიტიური და ნეგატიური უფლებების დაყოფა ენობრივად ყოველთვის ზუსტად ვერ გადმოიცემა.

როდესაც სიცოცხლის უფლებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს გონებაში, პირველ რიგში, სიკვდილით დასჯა ამოტივტივდება ხოლმე და ეს გასაგებიცაა. მაგრამ სიცოცხლის უფლება ბევრ სხვა მნიშვნელოვან ასპექტსაც მოიცავს. მათ შორისაა აუცილებელი თავდაცვის პრობლემა.

მაქვს თუ არა უფლება, თავდაცვის მიზნით მოვკლა თავდამსხმელი, რომელიც თავად მიპირებს მოკვლას, ან კიდევმაქვს უფლება მოვკლა ქურდი, რომელმაც ჩემი ქონება ხელყო და რამდენიმე წამში უახლოეს მოსახვევს მიემალება?

სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ომი, რომელიც, როგორც წესი, მაშინ იწყება, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთში ვერ რიგდებიან. აქვს სახელმწიფოს უფლება, გამგზავნოს მის მიერ დაწყებულ ომში და მომანიჭოს სხვა ადამიანის მოკვლის უფლება?

ან უნდა მოვაკვლევინო თუ არა მე თავი მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებმა წაიჩხუბეს?

თითოეული ეს საკითხი არაერთი მწვავე დისკუსიის საგანი გამხდარა და კვლავაც ასე იქნება. მაგრამ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული ძალზედ სერიოზული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როდესაც საქმე სიცოცხლის დასაწყისთან და მის დასასრულთან გვაქვს. პირველი აბორტების პრობლემას ეხება, მეორე კი - ევთანაზიას. მკითხველის ყურადღების მიპყრობა ამჯერად სწორედ ამ უკანასკნელზე გვსურს.

რა არის და რა არ არის ევთანაზია?

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინამ არნახულ წარმატებებს მიაღწია, ექიმები ღმერთები არ არიან. ზოგიერთი პაციენტი განწირულია. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ასეთი ავადმყოფის მიმართ? ვალდებულია თუ არა ის, ბოლომდე იბრძოლოს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის და ამასთან გაახანგრძლივოს მისი ტანჯვა, თუ ექიმს აქვს უფლება, გაათავისუფლოს ადამიანი ტანჯვისაგან და მას ,,ტკბილი სიკვდილი” აჩუქოს?

ტერმინი ევთანაზია (ბერძნულიდან: ,,eu” - კარგად და ,,tha'natos” - სიკვდილი) პირველად 70-იანი წლების დასაწყისში, ჰოლანდიაში გაჩნდა. ევთანაზია ნიშნავს ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარებას, ანუ მის მოკვდინებას, მისივე თხოვნით, გარკვეული ქმედებებით ან უმოქმედობით, მათ შორის სიცოცხლის შენარჩუნების ხელოვნური ზომების შეწყვეტით.

ევთანაზიის სამ სახეს არჩევენ:

1. აქტიური ევთანაზია - სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, პაციენტისათვის სხვადასხვა პრეპარატების შეყვანა ან სხვა ქმედება.

2. პასიური ევთანაზია - სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტა.

3. თვითმკვლელობა ექიმის დახმარებით (assisted suicide) - ავადმყოფისვე თხოვნით, მისთვის სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების, ან მათ შესახებ ინფორმაციის გადაცემა.

არ შეიძლება საუბარი ევთანაზიაზე, როდესაც სიკვდილი არ არის შეგნებული ქმედების ან უმოქმედობის შედეგი. ამგვარად, ზოგიერთი სამედიცინო ქმედება, რომელიც ხშირად ჰგავს პასიურ ევთანაზიას, არ განეკუთვნება ამ უკანასკნელს, ვინაიდან მისი მიზანი ავადმყოფის სიცოცხლის მოსწრაფება არ არის: ასე მაგალითად, რეანიმაციული ღონისძიების არჩატარება, როდესაც ცხადია მისი არაეფექტურობა; ან აზრის დაკარგვის შემთხვევაში, რეანიმაციული ღონისძიების შეწყვეტა; ან კიდევ ავადმყოფისათვის ნარკოტიკების მაღალი დოზის დანიშვნა, როდესაც რისკის მიუხედავად, ეს სრულიად აუცილებელია. ასეთი შემთხვევები არ შეიძლება ჩაითვალოს ევთანაზიის ფორმებად, რადგან გავრცელებული საექიმო პრაქტიკაა.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წერილის თემა არ არის იმ შემთხვევების განხილვა, როდესაც ავადმყოფი უარს ამბობს მკურნალობაზე. ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეულ ადამიანს თავად აქვს საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის უფლება. ეს ღვთის მიერ ბოძებული არჩევანის უფლებაა. სწორედ ამიტომ, ადამიანს (ავადმყოფს, პაციენტს) უფლება აქვს, უარი თქვას არა მხოლოდ რომელიმე პროცედურაზე (მაგალითად, სისხლის გადასხმაზე), არამედ საერთოდ მკურნალობაზე. ეს მისი გადასაწყვეტია და ნებისმიერი იძულება დაარღვევს მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას და განიხილება, როგორც ძალადობა. ჩვენ განვიხილავთ იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფება ექიმის უშუალო მონაწილეობით, ან მისი დახმარებით ხდება.

ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ის ერთ-ერთი საკამათო სამედიცინო, რელიგიური, იურიდიული თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. ევთანაზია დაკავშირებულია პრინციპული ხასიათის კონფლიქტებთან. ამ დროს წარმოიშვება კონფლიქტი ძირითად ფასეულობებს შორის - ერთი მხრივ, სიცოცხლეს, როგორც ფასეულობასა და მეორეს მხრივ, თითოეული ადამიანის უფლებას შორის, ავტონომიურად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლის შესახებ. გარდა ამისა, ეს არის კონფლიქტი საკუთრივ სიცოცხლესა და სიცოცხლის ხარისხს შორის.

მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა

ევთანაზიის პრაქტიკა ზოგ ქვეყანაში ფართოდაა დანერგილი და წახალისებულია სახელმწიფოს მიერ; ზოგან ევთანაზიის შესაძლებლობის თითოეულ შემთხვევას სასამართლო განიხილავს და გასცემს ან არ გასცემს შესაბამის ნებართვას. ბევრ ქვეყანაში იგი კანონმდებლობითაა აკრძალული, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს ამ საკითხის დამარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. სიკვდილში დახმარების გაწევა ახალი მოვლენაა. რამდენად დასაშვებია ადამიანის ჩარევა სხვა ადამიანის სიკვდილსიცოცხლის საკითხების გადაწყვეტაში?

ჰოლანდიაში, მაგალითად, ამ კითხვას დადებითად პასუხობენ. დიახ, ექიმს უფლება აქვს, ტანჯვისაგან გაათავისუფლოს ავადმყოფი. ყოველი ოცდამეხუთე უკურნებელი სენით დაავადებული ჰოლანდიელი, რომელიც სახლში ხვდება სიკვდილს, სამედიცინო დახმარების ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს. საავადმყოფოებში კი ასე იქცევა ყოველი სამოცდამეთხუთმეტე. ჰოლანდია პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც გამოიყენა, 1994 წელს კი დააკანონა ევთანაზიის პრაქტიკა. ამ უკიდურესი ზომის გამოსაყენებლად რამდენიმე პირობა არსებობს. ჯერ ერთი, თავად პაციენტმა უნდა გამოთქვას ამ ქვეყნიდან ნებაყოფლობით წასვლის სურვილი; ამასთან ის ავსებს შესაბამის ანკეტას. მეორე - პაციენტის თხოვნა ყოველმხრივ უნდა განიხილოს არა მარტო მკურნალმა ექიმმა, არამედ დამოუკიდებელმა სპეციალისტებმაც. მესამე - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - თავად პაციენტმა რამდენჯერმე უნდა დაადასტუროს ევთანაზიის სურვილი. ამას გარდა, ევთანაზიის გამოყენება არ შეიძლება, თუ ავადმყოფი არ იტანჯება. მწვავე დებატები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ტანჯვა - მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს, თუ სულიერ და გონებრივ მოშლილობებსაც. გადაწყვიტეს, რომ ამის გადაწყვეტა ექიმებისთვის მიენდოთ. და ბოლოს, ამ პროცედურას ასრულებს ექიმთა ერთობლივი განცხადება, რომლებმაც ამ უკიდურესი ზომის განხორციელება გადაწყვიტეს. კანონის მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ ერთს მიაღწიეს - 12-16 წლის მოზარდები მხოლოდ მშობლების თანხმობით შეძლებენ განკარგულების გაცემას გარკვეულ პირობებში მათთვის სასიკვდილო ინექციის შეყვანის შესახებ.

0x01 graphic

ევთანაზიის მომხრეთა გამოფენა, ჩიკაგო, 1999 წელი

0x01 graphic

ევთანაზიის მომხრე ლოზუნგით: გადაარჩინე სამყარო, მოიკალი თავი, New York 1998,

მარტო 1999 წელს სასიკვდილო ინექციები 2216 ადამიანს გაუკეთდა. სიკვდილის საერთო შემთხვევებიდან 3,5%25 ევთანაზიაზე მოდის. ჰოლანდიის ევთანაზიის საზოგადოება კი 25 წლის წინ შეიქმნა. დღეს ამ საზოგადოებაში 100 000 წევრია გაერთიანებული. ყოველწლიური საწევრო შესატანი 35 გულდენია (დაახლოებით 15 დოლარი). გაწევრიანების მსურველი ავსებს სამ სხვადასხვა ფერის ანკეტას, რომელშიც გასცემს განკარგულებას მისი იმ ქვეყნად გადასვლის წესების შესახებ. მაგალითად, უარს ამბობს მკურნალობაზე მძიმე ავტოკატასტროფის შემთხვევაში, ან მოითხოვს მომაკვდინებელი პრეპარატის შეყვანას ქრონიკული, განუკურნებელი დაავადების შემთხვევაში.

მომაკვდავებს შვეიცარიაშიც ,,ეხმარებიან”. აქ ,,ტკბილი სიკვდილი” აფთიაქშიც კი იყიდება - მართალია, რეცეპტით და მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებზე. აი, გერმანიაში კი დანაშაულად ითვლება, თუკი მომაკვდავის თხოვნით ექიმი აქტიური ჩარევით ათავისუფლებს მას ტანჯვისაგან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნაციონალსოციალიზმის წლების გამოცდილებაა. მაშინ ათიათასობით გერმანელი, რომელთაც თანდაყოლილი გონებრივი და ფიზიკური ნაკლი აღენიშნებოდათ, სახელმწიფო პროგრამის - ,,ერის გენოფონდის გაჯანმრთელება” - მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ მოწყალების გაღების მიზნით მკვლელობა მჭიდროდ დაუკავშირდა თეთრხალათიანი ნაცისტების თვითნებობას, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ თავად ჰქონდათ იმის გადაწყვეტის უფლება, თუ ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ არა.

კათოლიკურ იტალიაში სიტყვა ევთანაზია პოპულარული არ არის. თუმცა, დისკუსიები ამ თემაზე მიმდინარეობს, როგორც სამედიცინო, ისე საზოგადოებრივ წრეებში.

ამ რამდენიმე წლის წინ ტურინში ჩატარებული ევთანაზიის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილე იურისტებმა შეიმუშავეს საკმაოდ საინტერესო დოკუმენტის - ,,ბიოლოგიური ანდერძის” პროექტი, რომლის მიხედვითაც, მისი ხელმოწერა შეეძლოთ განუკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს. ის ათავისუფლებდა იურიდიული პასუხისმგებლობისაგან იმ მედპერსონალს, რომელიც ავადმყოფებს ,,ტკბილ სიკვდილში” დაეხმარებოდა. სიმპოზიუმის მონაწილენი ხაზს უსვამდნენ, რომ ევთანაზია უნდა განიხილონ, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება. შეიქმნა კომიტეტი, რომელსაც შესაბამისი კანონპროექტი უნდა შეემუშავებინა და განსახილველად წარედგინა იტალიის პარლამენტისათვის. მაგრამ ამ იდეამ იტალიაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ამის მიზეზია ის შეურიგებელი პოზიცია, რომელიც ევთანაზიის საკითხებში კათოლიკურ ეკლესიას უჭირავს. უმაღლესი პონტიფიკი სხვა ადამიანის აჩრდილთა სამყაროში გადასვლის ბუნებრივ პროცესში ადამიანის ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგია. უკანასკნელ ხანებში იოანე პავლე მეორემ ნამდვილი ჯვაროსნული ომი გამოუცხადა ევთანაზიას. პრეზიდენტის და სხვა უმაღლესი ჩინოვნიკებისადმი მიმართვაში პაპმა მისთვის უჩვეულოდ მწვავე ფორმით მოსთხოვა ხელისუფლებას, მიეღო ზომები ოჯახის დასაცავად, აბორტების და ევთანაზიის ასაკრძალად. ამასთან, მან გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ევთანაზიიის ლეგალიზაციის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია. პაპმა განაცხადა, რომ სიცოცხლის დაცვა ჩასახვიდან ცხოვრების ბოლომდე ევანგელიასა და თანამედროვე კულტურას შორის გააფთრებული კამათის საგანია. მან მოუწოდა ეკლესიის მსახურებს, ყველა საშუალებით იბრძოლონ ევთანაზიისა და თვითმკვლელობაში დახმარების წინააღმდეგ.

,,მათი მანკიერი მენტალობის წინაშე, ვინც პატივს არ სცემს სიცოცხლეს, განსაკუთრებით კი მის სისუსტეებს, უნდა შეგახსენოთ, რომ ის ღვთის ბოძებულია და მისი დაცვა ყველას მოვალეობაა, - თქვა პაპმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ვალდებულება განსაკუთრებით ეხება სამედიცინო სფეროს მუშაკებს.

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ექიმპათოლოგანატომის, ,,ექიმი-სიკვდილი”-ს მეტსახელით ცნობილ ჯეკ კევორქიანის საქმიანობამ, რომელიც თავს ევთანაზიის მხურვალე მომხრედ აცხადებდა. 1989 წელს მან შექმნა ე.წ. ,,თვითმკვლელობის მანქანა” (Mercitron) - სისტემა, რომელიც საკუთარ სისხლში ტოქსიკური პრეპარატების შეყვანის საშუალებას აძლევს იმ პაციენტებს, რომელთაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ თვითმკვლელობა რაიმე სხვა სახით. მისი ,,დახმარებით”, 130 ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ის ოთხჯერ წარსდგა სასამართლოს წინაშე ასისტირებული სუიციდის ბრალდებით, მაგრამ ოთხივეჯერ გაამართლეს. 1999 წლის მარტში კი მას ბრალად დასდეს პაციენტის მკვლელობა, როდესაც მან სასიკვდილო სენით დაავადებულ ადამიანს ტოქსიკური ნივთიერების ლეტალური დოზა შეუყვანა და თან სიკვდილის აქტი ვიდეოფირზე ჩაიწერა. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

PRO ET CONTRA

) Pro

ევთანაზიის სამედიცინო ასპექტთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია; ექიმებმა დასვეს დიაგნოზი და შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს. რაც შეეხება ეთიკურ მხარეს, აქ საკამათო ბევრია. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას სწორედ ამ საკითხების განხილვა აინტერესებს. კონკრეტულად კი - ხომ არ არის ევთანაზიის ნებისმიერი გამოვლინება მკვლელობის კანონით ლეგალიზებული ფორმა?

ზოგი ადამიანი, რომლის თვალწინ ახლობელი იღუპება და მის ტანჯვას ბოლო არ უჩანს, თვლის, რომ როცა მომაკვდავი თვითონ ითხოვს მისი ტანჯვისათვის ბოლოს მოღებას, აქ მორალზე ლაპარაკი ზედმეტია. თუკი ამ ადამიანის სიცოცხლე მშვენიერი იყო, ასეთივე უნდა იყოს მისი სიკვდილიც - ამბობენ ევთანაზიის მომხრეები.

0x01 graphic

საფოსტო ბარათი კარიკატურით კევორქიანზე, ავტორი: Bruce MacKinnon, Nova Scotia, Canada

0x01 graphic

კიდევ ერთი კარიკატურა კევორქიანზე

ჰოლანდიაში საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევთანაზია არ განიხილება როგორც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. გამოკითხულთა 80-90%25 სწორედ ასე ფიქრობს. 1994 წელსაც კი, როდესაც მოხდა ევთანაზიის ლეგალიზაცია, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ კი საჯაროდ დაგმო ამგვარი პრაქტიკა, ევთანაზიის მომხრე ჰოლანდიელთა რიცხვი 5%25-ით გაიზარდა. ამასთან ერთად, ევთანაზიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ჰოლანდიაში იშვიათობა არ არის. 1999 წელს ჰოლანდიური ქალაქის ლეოვარტენის სასამართლომ 6 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯა ექიმს, რომელმაც ინექციის ფატალური დოზა შეუყვანა მძიმე ავადმყოფს ისე, რომ სხვა ექიმებს არ მოთათბირებია და არ უცნობებია ადვოკატისთვის. ამასთან, სასამართლომ მის ქმედებაში ბოროტი განზრახვა ვერ აღმოაჩინა, რის გამოც მხოლოდ პირობითი სასჯელით დაკმაყოფილდა.

ევთანაზიის შემთხვევათა რიცხვი ჰოლანდიაში დღითი-დღე მატულობს და ალბათ, ასეც გაგრძელდება მომავალში, ვინაიდან: ჯერ ერთი, მოსახლეობა მიეჩვია იმ აზრს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი ბედის განსაზღვრა (უნდა ითქვას, რომ სიტყვა ,,დამოუკიდებლად” მთლად ზუსტი არ არის, ვინაიდან საკუთარი ბედის გადაწყვეტა სხვისი, ამ შემთხვევაში - ექიმის დახმარებით ხდება); მეორეც, მიმდინარეობს საზოგადოების დაბერების პროცესი, ასე რომ, ასეთ შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება.

დღეს სამედიცინო ტექნიკა და ინტენსიური თერაპიის მეთოდები იმდენად განვითარდა, რომ აპარატებს, რომლებიც ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, პრაქტიკულად შეუზღუდავად შეუძლიათ, გადასწიონ სიკვდილის დადგომის მომენტი. გაჩნდა პრობლემა, რომელიც პასიურ ევთანაზიას უკავშირდება და რომელიც გერმანიამ საკანონმდებლო გზით გადაწყვიტა. საფუძვლად აიღეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებმა შეწყვიტეს იმ პაციენტთა ინტენსიური თერაპია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ კომის მდგომარეობაში, გამოჯანმრთელების რეალური შანსების გარეშე. ამ შემთხვევებში ექიმები ეყრდნობოდნენ იმ მოსაზრებას, რომ თავად პაციენტიც არ იქნებოდა ექიმის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი, საკუთარი აზრის გამოთქმა რომ შესძლებოდა. გერმანიის ექიმთა ფედერალურმა პალატამ 1998 წელს გამოსცა დირექტივა, რომელშიც დათქმულია ე.წ. პასიური ევთანაზიის შესაძლებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმები იღებენ გადაწყვეტილებას ავადმყოფის სავარაუდო ნებიდან გამომდინარე.

ევთანაზიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია თავისი ნების გამოხატვა, თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა კი მას მხოლოდ ხელოვნურად უგრძელებს სიცოცხლეს და არ მოაქვს არც შვება და არც გამოჯანმრთელება, მას აქვს სიკვდილის უფლება. იმაზე ხომ არ ღირს დაფიქრება - კითხულობენ ისინი, შეიძლება თუ არა, ამგვარ მდგომარეობას დაერქვას სიცოცხლე? უნდა კი სიცოცხლე ავადმყოფს, რომელიც წლობით იმყოფება რეანიმაციაში, გახვეულია ათასგვარ სადენში და მიერთებულია სხვადასხვა აპარატურასთან და თანაც იმის უმცირესი შანსიც კი არა აქვს, რომ ერთხელ მაინც მოვიდეს გონზე? ექიმისათვის, თავისი

პროფესიიდან გამომდინარე, ძნელია დანებება, მაგრამ არც ერთ ექიმს აქვს უფლება, უსასრულოდ გაახანგრძლივოს ავადმყოფის ტანჯვა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. ყოველ ადამიანს აქვს არა მარტო ღირსეული სიცოცხლის უფლება, არამედ სიკვდილის დროს საკუთარი ღირსების შენარჩუნების უფლებაც - აცხადებენ ისინი.

) Contra

გერმანიის ექიმთა პალატის ზემოთ ნახსენებმა გადაწყვეტილებამ ცოცხალი დისკუსია გამოიწვია. სადავოა, ვარაუდით ხელმძღვანელობა - ამბობენ ევთანაზიის მოწინააღმდეგენი, რადგან მისი მართებულობის დამტკიცება შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ,,ვარაუდის” საფუძველზე ავადმყოფის სავარაუდო ნების შესახებ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე. ამგვარად, ავადმყოფის ნების ცოდნის გარეშე ექიმს შეუძლია, შეწყვიტოს ავადმყოფის სიცოცხლის შენარჩუნების ზომები. ექიმთა პალატის ახალი დირექტივების კრიტიკოსებს მოჰყავთ საფუძვლიანი არგუმენტი: პაციენტის თხოვნით მოკვდინება, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 216 მუხლის მიხედვით, დანაშაულია; ხოლო პაციენტის მოკვდინება, მისი სავარაუდო სურვილის მიხედვით კი, ლეგალური გახდა.

ბუნებრივი სიკვდილი არა სხვისი ხელით სიკვდილია. ეს უკანასკნელი შეიძლება არა მხოლოდ ქმედების, არამედ უმოქმედობის გამოც დადგეს. არადა, არსებობს ადამიანის, განსაკუთრებით კი ექიმის მოვალეობა, ყველაფერი გააკეთოს სიცოცხლის გადასარჩენად. ევთანაზია ბუნებრივი სიკვდილის უარყოფაა. ნებისმიერი არგუმენტი უმტკივნეულო და ტანჯვისგან გამათავისუფლებელი ,,ტკბილი სიკვდილის” სასარგებლოდ ვერ გადასწონის იმ სასწორს, რომლის მეორე ფიალაზე ზნეობა და ადამიანურობა ძევს. ერთი ადამიანის მიერ მეორეს სიკვდილის მოსწრაფება უმძიმესი ცოდვაა სამყაროს წინაშე ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ თანამედროვე ეპოქამ, სამეცნიეროტექნიკურმა პროგრესმა შეცვალონ ადამიანური ღირებულებების ბუნება - აცხადებენ ევთანაზიის მოწინააღმდეგენი და დასძენენ - ისიც მართალია, რომ სიკვდილიც ღირსეული უნდა იყოს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მომაკვდავთან ადამიანური დამოკიდებულებით, მისთვის ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქებით. თანამედროვე მედიცინაში ცნობილია, რომ ავადმყოფისათვის ტკივილის მოხსნა, ან უკიდურეს შემთხვევაში, მისი მნიშვნელოვანი შემსუბუქება სრულიად შესაძლებელია და თუ ეს არ ხდება, ავადმყოფს პირველ ყოვლისა ექიმი უნდა შეეცვალოს, მაგრამ არა იმ ექიმით, რომელიც მას მოკლავს და ტკივილისაგან გაათავისუფლებს, არამედ იმით, რომელმაც იცის ტკივილის მართვა და ემოციურად გატანჯული და დეპრესიაში მყოფი ავადმყოფისათვის თანაგრძნობის გაწევა.

ევთანაზიის მომხრეები აცხადებენ, რომ ევთანაზიის კანონით აკრძალვა ფაქტობრივად ადამიანის ტანჯვის ნებართვაა და სხვა არაფერი. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ თუ ხელისუფლება კრძალავს დაბინძურებული პროდუქტით ვაჭრობას, ეს ადამიანების შიმშილით დახოცვის სურვილითაა ნაკარნახევი.

ხელისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, ძალაუფლება მისცეს ადამიანთა ერთ ჯგუფს (ამ შემთხვევაში ექიმებს) მეორე ჯგუფის (პაციენტების) მოსაკლავად; ამიტომ

ევთანაზიისადმი მიმართებაში, სიცოცხლე სწორედაც რომ თავისუფლებაა,

რადგან თავად სახელმწიფო არ უნდა იყოს მკვლელი, ესე იგი არ უნდა დანიშნოს კანონით ლეგალიზებული ჯალათი ექიმის სახით, რომელიც პაციენტის სისხლში რომელიმე პრეპარატის სასიკვდილო დოზას შეიყვანს, თუნდაც მისი თანხმობით, რადგან ადამიანის თანხმობა არ არის საკმარისი არგუმენტი მისი სიკვდილით დასასჯელად. ამგვარად, ევთანაზიის ნებისმიერი ფორმის ლეგალიზება დანაშაულია.

მოწყალების ყალბ საბურველში გახვეული ევთანაზია არის არა ადამიანის უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი სიკვდილსიცოცხლეს შორის, ანუ მისი სიკვდილის უფლება, არამედ ის მკვლელობის უფლებაა. ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფება ,,კეთილშობილური” მიზნებით (არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა კეთილხმოვან სიტყვას მოვიხმობთ ამ ქმედების აღწერისას: ,,ტკბილ სიკვდილს” თუ ,,ტანჯვისაგან გათავისუფლებას”) ფარისევლობაა და ცინიზმი - ასეთია ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა ვერდიქტი.

0x01 graphic

ალათი სანსონი

ბოლოსიტყვის ნაცვლად

ცნობილია, რომ საფრანგეთში, იაკობინური ტერორის პერიოდში, პარიზის მთავარი ჯალათი შარლ-ანრი სანსონი გილიოტინის კიბეზე ასულ ქალბატონებს გალანტურად უწვდიდა ხელს, რითაც საკუთარ კეთილშობილებას და კარგი აღზრდის მანერებს უსვამდა ხაზს, შემდგომში კი საკმაოდ მოხერხებულად ვაჭრობდა მარია ანტუანეტას თმის კულულებით თუ ლუდოვიკო XVI-ის კამზოლის ნაჭრებით.

ასეთივე მოწყალებაა ევთანაზიაც.

თანაგრძნობა და ღრმა სიმპათია მათ მიმართ, ვინც იტანჯება - აი, ჭეშმარიტი მოწყალება - თვლიან ევთანაზიის მოწინააღმდეგენი.

მეც ასე ვფიქრობ...

4 სასჯელი და სინანული

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უგზარ პაპუაშვილი

განიღვიძე, რიმელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკვდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან. ეფეს. 5:14

პიროვნების კეთილშობილება და სულგრძელება, სხვათა შორის, ტყვეთა და პატიმართა მიმართ ლმობიერებაში ვლინდება. კოლექტივი, საზოგადოება და სახელმწიფო ჰუმანურია, თუკი დამარცხებულთა, დატყვევებულთა და დასჯილთა შებრალების, თანალმობის (თანატკივილის) უნარს ამჟღავნებს. სიბრალული ადამიანობის არა მარტო ნიშანი, არამედ საზომიცაა, - ზნეობის მაჩვენებელი.

საღვთო წერილი მთლიანად და, მით უმეტეს, იესო ქრისტეს ბაგეთაგან თქმული სიტყვები უცხოთა შეწყნარების, ცოდვათა მიტევების და მსჯავრდებულთა შებრალების სულისკვეთებითაა გამსჭვალული.

შებრალებას და თანალმობას, ამ ერთობ ადამიანურ თვისებებს, ღრმა ანთროპოლოგიური საფუძველი აქვს. ხილული სამყაროს ბინადართა შორის ღვთის მცნებები ანუ, რაც იგივეა, წესრიგი და წესიერება პირველად ადამიანთა წინაპრებმა - ადამმა და ევამ - დაარღვიეს. ამ აქტს თეოლოგიის ენაზე პირველცოდვა ეწოდება. მისი მასშტაბი და შინაარსი გლობალური, ყოვლისმომცველი აღმოჩნდა. მან მყისიერად, ერთბაშად და თვისობრივად შეცვალა კაცის სხეულიც და ხასიათიც. დაირღვა გვამისა და სულის სიმრთელე. ცოდვა გადაეგო გარემომცველ სამყაროს, სულიერ და უსულო საგნებს, ცხოველებს და მცენარეებს, მთელს მატერიალურ სივრცეს, რომელიც გაუხეშდა და, ადამიანის მსგავსად, ხრწნისა და სიკვდილის გარდაუვალ კანონს დაექვემდებარა. სწორედ პირველი ადამიანია იმის მიზეზი, რომ წუთისოფელში ყოველი დაბადებული, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, თანაელმის და თანაკვნესის მოაქამომდე (რომ. 8:23). „ყოველი დაბადებულის“ ქვეშ პირველ რიგში ჩვენ, ადამისა და ევას გენეტიკური შთამომავლები, ვიგულისხმებით და დედამიწაზე არ არსებობს ძეხორციელი, თავისუფალი რომ იყოს პირველცოდვის შედეგისაგან. ესაა ტვირთი, რითაც იბადება ადამიანი. თავად „ტვირთი“ კი სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა და მიდრეკილება ცოდვისაკენ - ქურდობისაკენ, მრუშობისაკენ, მკვლელობისაკენ... იმის გამო, რომ პირველცოდვა თაობიდან თაობას გადაეცემა, ადამიანი სუსტი ნებისყოფის არსებად იბადება და ასეთად რჩება. ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე იარსებებს წუთისოფელი, რომელიც, ერთი ცნობილი მწერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „არც ისე ცუდია, როგორც ამბობენ, და არც ისე კარგი, როგორც ჰგონიათ“.

მართალია, პირველცოდვის შედეგად ადამიანი ცოდვის შვილი გახდა, მაგრამ ღვთის შვილობის პატივი და ღირსება არ დაუკარგავს. მას შერჩა ღვთის ხატება და მსგავსება: ადამიანი კვლავაც გონიერი არსებაა. მას აქვს ცოდვისაკენ მიდრეკილება, მაგრამ მისი ძლევისა და მასზე ბატონობის უნარიც შესწევს (შდრ. დაბ. 4:7). ეს უნარი არის ის ელენენტი, რაც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს და რაც მას, ცხოველისაგან განსხვავებით, პასუხისმგებელ პიროვნებად ქმნის. მისი ნებისმიერი ქმედება არის განსჯადი და მოელის მსჯავრს ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, კაცთაგანაც და ღვთისაგანაც.

ადამიანს არა მარტო დანაშაულისაგან თავის შეკავების, მასზე ბატონობისა და ცოდვაში ფეხის არჩადგმის უნარი აქვს (რასაც ყოველთვის ვერ იყენებს), არამედ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება, სასჯელის მოხდა, ცოდვის მორევიდან ამოსვლა, ნებისყოფის

განმტკიცებაც ძალუძს. ესაა პროცესი, რომელსაც შესაძლებელია ზნეობრივი მკურნალობა ვუწოდოთ. იგი მეტად მძიმე და რთული პროცედურაა.

როგორც ნებისმიერი მძიმე და რთული წინაღობის გადასალახად კაცს კაცის დახმარება სჭირდება, ასევე (და მით უმეტეს) სჭირდება თანადგომა ცოდვილს, რათა გააცნობიეროს, რომ ავადაა ზნეობრივი ავადმყოფობით. დანაშაულის გაცნობიერება არის სასელი, თვითსასჯელი, და სასამართლო ვალმოხდილია, თუკი მისი მსჯავრი მსჯავრდებულს გამოსწორების სურვილს აღუძრავს.

სულიერების დონეზე ამ პროცესს სინანული ეწოდება. მისი ბერძნული შესატყვისია „მეტანოია“, რაც გონების გარდაქმნას, განწმენდას, განახლებას და, ამდენად, ზნის, ხასიათის გამოკეთებას, პიროვნების გაუმჯობესებას ნიშნავს. დაახლოებით ამავე შინაარსისაა ლათინური ზმნა „პოენიტეო“ (მე ვინანიებ). მასთან ეტიმოლოგიურ კავშირში უნდა იყოს სიტყვა ,,პოენა“, რაც ნიშნავს სასელს. აქედან წარმოდგება სასჯელაღსრულების სამსახურთა ზოგადი სახელი - პენიტენციალური სისტემა.

სინანული, ჩვეულებრივ, დარდთან, სევდასთან, გულშემუსრვასა და ცრემლებთან ასოცირდება. ასეცაა: კაცმა, რომელმაც საკუთარი დანაშაული შეიგნო, მხიარულ ხასიათზე ვერ დადგება და შეიძლება, იგლოვოს კიდეც (ძაძები შეიმოსოს, ნაცარი დაიყაროს, გულში მჯიღი იცეს). ეს მის ინდივიდუალურ ხასიათზეა დამოკიდებული და პირადი საქმეა. სინანული, როგორც ასეთი, პიროვნების ფერიცვალებას, გარდაქმნას, გასხივოსნებას გულისხმობს და თუ ინდივიდი, მორწმუნე იქნება იგი თუ არამორწმუნე, ქრისტიანი თუ არაქრისტიანი, ტირილისა და გოდების შემდეგაც იგივე დარჩა, რაც ადრე იყო, მას ფუჭად უტირია და ამაოდ უგლოვია, - მის გულსა და გონებაში სინანულის საიდუმლო არ აღსრულებულა.

კულტურა, მეცნიერება და ყველაფერი, რაც სულიერი და ინტელექტუალური აქტივობის ნაყოფია, ადამიანის გაუმჯობესებისთვისაა მოწოდებული. მაგრამ იმ სამყაროს უშუალო მიზანი, რასაც რალიგიას და ეკლესიას ვუწოდებთ, არა მარტო კაცისა და კაცთა მოდგმის გაუმჯობესებაა, არამედ (და პირველ რიგში) დაცემულთა აღდგინება და გზასაცდენილის გზაზე დაყენება. მოწოდება, - მოინანიეთ! ანუ: გამოიცვალეთ, გარდაიქმენით, გამოკეთდით! ქრისტეს მოძღვრებისა და მისი ეკლესიის საძირკველია. ასე მიმართა ხალხს პირველად წინასწარმეტყველმა და წინამორბედმა იოანემ (მათე 3:2; ლუკა 3:3). მისი ქადაგების შინაარსი იესო ქრისტემ გააღრმავა და სრულყო, როდესაც თქვა:

თუ არ მოინანიებთ, დაიღუპებით! (ლუკა 13:3,5).

ეს ნიშნავს: სასუფევლის ღირსი გახდება ანუ ღვთის დიდებაში შევა ის, ვინც, ეპიგრაფად წარმოდგენილ სიტყვებს რომ დავესესხოთ, ზნეობრივი ძილისაგან გამოიღვიძებს და ქრისტეს ნათელით განათლდება.

ქრისტიანული დოგმატიკის თანახმად, მონანიება ანუ სინანული, როგორც საეკლესიო საიდუმლო, გამოსყიდვის აქტთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ეს აქტი აღსრულდეს, აუცილებელია სასჯელი. ბიბლიური ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ურჩი და უსმი ისრაელის სასჯელი. დამნაშავე ისჯება, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, - თვის თავს ისჯის, დანაშაულის ხასიათისა და მასშტაბის შესაბამისად. ასეთია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ (პირველ რიგში) საღვთო განგებულებაც. ამისთვისაა მოწოდებული როგორც საერო, ისე საეკლესიო სამართალი. აქვე ისიც მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დასჯა არის არა მიზანი, არამედ აუცილებლობა, რათა დანაშაულის (როგორც მოვლენის) აღხოცვა და გაქარწყლება მოხერხდეს.

სასჯელი ორი სახისაა - სულიერი და ფიზიკური (საეკლესიო და ადმინისტრაციული) იმის კვალდაკვალ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სულიერი დანაშაული, რასაც, ჩვეულებრივ, ცოდვას ვუწოდებთ, სულიერების სფეროს განეკუთვნება, და თუ რჯულისმიერია იგი (საეკლესიო განაწესის დარღვევა), მისი რეგულირება რჯულის კანონის პრეროგატივაა. ეს მორწმუნეთა საზოგადოების, ეკლესიის, პრივატული პრობლემაა. მაგრამ თუკი დანაშაული მძიმეა, რომელმაც ფიზიკური ზარალი და ზიანი მოიტანა, იგი ძალისმიერ სასჯელსაც ექვემდებარება.

პენიტენციალურ სისტემას ერთადერთი მიზანი და ამოცანა აქვს (უნდა ჰქონდეს!) - დამნაშავის გამოსწორება. ესაა იდეალი, რომელიც ხორცს სულის განწმენდის გზით ისხამს. სულის განწმენდა კი იგივე სინანული, ჭეშმარიტი მეტანოიაა, რაც თავის თავში თვითსასელსაც მოიცავს. პენიტენციალური ღონისძიებები, იქნება ეს სულიერ-ინდივიდუალური, სამოძღვრო-ეკლესიური ეპიტიმია თუ ძალისმიერი და ადმინისტრაციული, მაშინ ჩაითვლება ნაყოფიერად, როდესაც თვითსასჯელით დაგვირგვინდება. იგულისხმება სინანულის სრულყოფილება, - ნამდვილი მეტანოია, სრული პენიტენცია, რომელიც თავისუფალი აქტია, სულის ძალდაუტანებელი სუნთქვაა და მას მხოლოდ ხელშეუხები პიროვნული ნება აღმოაცენებს.

სულიერი პენიტენცია და იძულებითი სასელი, ისე როგორც სული და სხეული, არსებითად ერთი მთლიანობაა, რადგან მათი მიზნები და იდეალები ერთმანეთს ემთხვევა. ესენი ეკლესიურ და არაეკლესიურ საზოგადოებათა საერთო მოზნები და იდეალებია. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეკლესია და მისი იერარქია არა მარტო ეკლესიის პენიტენციალური სისტემის ეფექტურობასა და სრულყოფილებაზე ზრუნავს, არამედ იმაზეც, რაც ძალისმიერი და ადმინისტრაციულია, მაგრამ საბოლოო მიზნის გათვალისწინების გამო მასაც პენიტენციის სახლად, პენიტენციის ზონად მოვიხსენიებთ. სასულიერო პირების სამოძღვრო პრაქტიკასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაში დანაშაულისა და სასჯელის მოტივს ხშირად შევხვდებით. გამონაკლისი არც წმ. ეპისკოპოსი გაბრიელია (1825-1896).

იგი ერთობ განათლებული და გულისხმიერი მღვდელმსახური გახლდათ, დიდი სამოძღვრო გამოცდილებით აღჭურვილი; აკადემიურ დონეზე იცნობდა არა მარტო საღვთისმეტყველო, არამედ საბუნებისმეტყველო დისციპლინებსაც. მას, როგორც მოძღვარს, განსაკუთრებით სულისა და სხეულის ურთიერთობათა პრობლემები აინტერესენდა, რაც აისახა მის ფუნდამენტურ შრომაში „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (გამოიცა 1858 წელს). წიგნმა სპეციალისტთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა (თარგმნილია ქართულად და გამოცემულიც).

წმ. გაბრიელის მრავალრიცხოვანი ქადაგებები, რომელთა ნაწილი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა გამოცემული, რელიგიურფსიქოლოგიური და ზნეობრივი სიღრმით გამოირჩევა. ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით პატიმართა წინაშე თქმული სიტყვები იპყრობს. სულის თვისებებისა და ხასიათების პროფესიული ცოდნა მღვდელმთავარს დამნაშავე და დასჯილ ადამიანებთან მამაშვილური ურთიერთობის დამყარებას უადვილებდა. მისი ქადაგებების, სიქველის და ინდივიდუალური კონტაქტების შედეგად არაერთი გზასაცდენილი და ბოროტმოქმედი გამოსწორდა. ამ ქადაგებებს აქტუალობა და ცხოველმყოფლობა დღესაც არ მოკლებია.

5 სიტყვა თქმული ქუთაისის საპყრობილეში ეკლესიის კურთხევასა ზედა 1871 წელსა იანვრის 3-სა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა

საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა.

მათე 25,36

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სხვათა შორის კეთილთა მოქმედებათა, ამასაც მოითხოვს ჩვენ ქრისტიანეთაგან, რომ არ დავივიწყოთ, არამედ მივხედოთ მათ, რომელნი თვისმა უბედურებამ შთააგდო საპყრობილესა შინა.

აღმასრულებელნი ესრეთისა მცნებისა, ჩვენ, შემწეობითა მრავალთა კეთილმსახურთა ქრისტიანეთა, ავაშენეთ და მოვაწყეთ ეკლესია ესე, და დღეს, ღვთის მადლით, იგი იქმნა განახლებულ და კურთხეულ. დიდითა სიხარულითა და მადლობითა უნდა მიიღოთ თქვენ, ძმანო და ქრისტიანენო, აქა დაპყრობილნო, ესრეთი მოწყალება ღვთისა და საზოგადოებისა! თუ ეკლესია ვისმესთვის ქვეყანაზე არის საჭირო და სასარგებლო, თქვენთვის ასწილ უმეტესად.

თქვენ ყოველნი შეპყრობილნი ხარათ აქა უთუოდ ცუდისა საქმისათვის, და მით უმეტესად საჭირო არის თქვენთვის ეკლესია, ლოცვა, სინანული, ვედრება ღვთისა. თქვენც ქრისტიანენი ხართ, მონათლულნი ხართ! ღმერთმან ნუ ჰქმნას, რომ თქვენ შორის ვინმე იყოს უღმრთო, სჯულზე ხელაღებული. რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა. წმიდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. თქვენგანაც მოელის იგი სინანულისა, მოქცევასა. დედას უფრო ებრალება თვისი შვილი, უბედურებაში ჩავარდნილი. ქვეყანამ რომ უარგყოს, საკუთარმა დედამ რომ აღარ მიგიღოს და შერცხვეს შენი, წმიდა ეკლესია არ დაგივიწყებს შენ და არ გაგაგდებს, არამედ ყოველთვის ელის, რომ მიიქცე მისდამი და მიიღო მისგან სულიერი განახლება და განწმენდა, ამისთვის მადლობას უნდა შესწირვიდეთ ღმერთსა და მთავრობასა და მთელს საზოგადოებასა. ღმერთსა მისთვის, რომელ, თუმცა მრავალგზის და მრავალფერად შეგიწუხებიათ იგი ცუდითა თქვენითა ყოფაქცევითა, ხშირათ შეურაცხჰყოფთ მადლსა მისსა, არცხვენთ სახელსა მისსა, რომელი მოგცათ და გეწოდა თქვენ. მაგრამ მან მაინც არ გაგაგდო თქვენ, მაინც ელის, რომ მიჰბრუნდებით მისკენ. შეჰხედე, რა მოწყალებებით იტყვის უფალი იესო ქრისტე: საპყრობილესა შინა ვიყავ და მომხედეთ მე. ესე იგი: ვინც საპყრობილეში მყოფს მიჰხედა და შეეწია, იგი შემეწევა და მომხედავსო, მე ვიყავი საპყრობილეში, მე შემეწიე შენაო. მთავრობას და საზოგადოებას მისთვის უნდა ჰმადლობდე, რომელ, თუმცა თქვენ მთავრობისაც, საზოგადოებისაც და მთელი ქვეყნის შემაწუხებელი იყავით, თუმცა მრავალი ჭირი და უბედურება მიაყენეთ მრავალთა კაცთა, გარნა მაინც ებრალებით მათ.

მართალია, ფრიად საბრალონი და საცოდავნი ხართ, და არა მხოლოდ მით, რომელ აქ შეპყრობილნი ხართ, დატყვევებულნი, - ეგ კიდევ დიდი არაფერი იქნებოდა, - არამედ ფრიად საცოდავნი და სატირალნი ხართ თქვენ მით, რომ ცოდვისაგან ხართ შეპყრობილნი, ცოდვის ტყვენი ხართ, ცოდვისაგან წარტაცებულნი და შეკრულნი. ამისთვის ებრალებით თქვენ ღმერთსა და კეთილგონიერსა კაცსა. ცოდვა არის პირველი თქვენი მტერი და დამატყვევებელი, ცოდვამ შემოგაგდო თქვენ აქ და მოგაკლო თქვენ პირველი სიკეთე კაცისა - თავისუფლება. დამიჯერეთ, ძმანო ჩემნო, როდესაც ცოდვას გააგდებ გულისაგან, თუ ოოდესმე ცოდვისაგან დაგიხსნა ღმერთმან, მაშინ ამ საპყრობილედგანაც გამოხვალ. ამისთვისაც მოგვცა დღეს ღმერთმან ეს მოწყალება, რომ ეღირსეთ საყდარსა, ამისთვისაც ეცადა მთავრობა და საზოგადოება აშენებას საყდრისა ამის, დაყენებას მღვდელისას, წირვა და ლოცვის აღსრულებას, რომელ იქმნება, ვინმე თქვენგანმა ბოლოს იცნას, რისგან წარმოსდგება მისი უბედურება, იცნას ჭეშმარიტება, მოვიდეს სინანულში, და მით დაიხსნას თავი თვისი სულიერისა ტყვეობისაგან, რათა მიენიჭოს მას ხორციელიცა თავისუფლება.

მაგრამ ეს შესაძლებელია, ძმანო ჩემნო, მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ეცდებით და კარგად, გონიერად ისარგებლებთ ამ ეკლესიითა. როგორც უწინ ვსთქვით, არავისთვის არ არის ისრე საჭირო და სასარგებლო ეკლესია, როგორც თქვენთვის. თქვენი მდგომარეობა სხვა არის და მძიმე, ძმანო ჩემნო. ვინც კი სოფელში თავისუფლად სცხოვრებს და არაფერი უჭირს, იმასაც კი ჰმართებს, რომ თავის თავზე და თავის მდგომარეობაზე ჰფიქრობდეს, და ღმერთს ევედროს, რომ გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა; მით უმეტესად გმართებსთ თქვენ, რომ თქვენ თავზე იფიქროთ. როდესაც შემოგიყვანონ ამ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, დაჰფიქრდი შენ გულში, ჰკითხე შენ თავს: რისთვისდაგემართა შენ ეს უბედურება, ესე იგი საპყრობილეში შესვლა? ნუ ეფერები შენს თავს, ნუღარ დაჰმალავ შენს გულში შენს ბრალს, მოინანე შენი ცოდვა, ევედრე ღმერთსა, რომ გამოგიყვანოს სულიერისა ტყვეობისაგან, და მით განთავისუფლდე ხორციელისა ტყვეობისაგანაც. ვისაც ჭკუა სრულიად არ დაუკარგავს, ვინც სრულიად არ გამოსულა სირცხვილისაგან, ვისაც აჩნია კიდევ ცოტაოდენი ადამიანობა და კაცის სინდისი, მას შეუძლია ისარგებლოს თავისი უბედურებით, თვისი უბედურება გარდააქციოს ბედნიერებად: ამ საპყრობილესაგნ გამოვიდეს განათლებული და განთავისუფლებული.

ღმერთო, მოწყალეო, მაცხოვარო ჩვენო! მოჰხედე საწყალთა ამათ და დაჩაგრულთა ცოდვათაგან და ეშმაკისაგან. განუღე მათ კარი სინანულისა და მოქცევისა. განაახლე ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ისურვონ, მიეც მათ ლმობიერება გულისა და შემუსვრილება სულისა. მრავალი და დიდი შეუძლია შენსა მოწყალებასა! როგორათაც დღეს საკურთხეველსა ამას ზედა აღნთებულ იქმნა შენს წინაშე სანთელი, აგრეთვე აღანთე მათ გულში ნათელი შენისა მეცნიერებისა. ამინ.

___________________________


* ამოღებულია წიგნიდან: ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა თქმულნი 1870-1884 წლებში, ტომი მეორე, გამოცემა მეორე, ქუთაისი, 1913, გვ. 361-364.

6 პრესა პრესის ქვეშ

▲ზევით დაბრუნება


რეგიონი

აჭარაში გამომავალ მცირერიცხოვან პრესას რამდენიმე წლის წინ გაზეთი ,,ქობულეთი“ გამოაკლდა. ეს საინფორმაციო საშუალება ხელისუფლებამ მაშინ გაზეთ ,,აჭარა P.S.“-ის მეშვეობით ,,მოინელა”. პირველი პრეცედენტი, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე სარჩელი შევიდა, სწორედ გაზეთ ,,ქობულეთს” უკავშირდება. საქმე, სახელწოდებით, ,,ქათამაძე საქართველოს წინააღმდეგ” ევროსასამართლოში უკვე რეგისტრირებულია.

მეორე რეგიონალური გაზეთი, რომელსაც ხელისუფლება ,,აჭარა P.S.”-ის მეშვეობით დაუპირისპირდა, ,,ბათუმელებია”. ამ უკანასკნელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეუზღუდა, რაც ელემენტარული პროცესუალური ნორმების დარღვევაში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, რედაქციამ დააკმაყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება და სახელშეცვლილი ,,ბათუმელები” ახლა უკვე ,,გაზეთ ბათუმელების” სახელით გამოვიდა. თუმცა, დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების შევიწროება ამით არ დამთავრებულა. ხელისუფლება ახლა უკვე სტამბის თანამშრომელთა და გამავრცელებელთა დაშინებით ცდილობს ,,გაზეთ ბათუმელების” საქმიანობის შეჩერებას.

7 თუ ,,ბათუმელები” გქვია სახელად...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქალაქ ბათუმის სასამართლომ 25 ივლისს ბათუმში გამომავალ დამოუკიდებელ გაზეთ ,,ბათუმელებს” გამოსვლის უფლება შეუჩერა. ოფიციალურად ამის მიზეზი გაზეთისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნაა, რომლითაც სასამართლოს გაზეთმა ,,აჭარა P.S.”-მა მიმართა.

მოსამართლე ამირან ფაღავამ დააკმაყოფილა ,,აჭარა P.S.”-ის სარჩელი. ამასთან მან სხდომაზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა:

,,სარჩელი დაკმაყოფილდეს, დავალდებულდეს შპს ,,ბათუმელების დირექცია შეუცვალოს სახელწოდება მის მიერ გამოცემულ დამოუკიდებელ ქართულ გაზეთ ,,ბათუმელებს, შპს- და შეაჩეროს საქმიანობა სახელწოდების შეცვლამდე.

28 ივლისს აღმასრულებელმა მოგვმართა წინადადებით, დაუყოვნებლივ აღგვესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. სააღსრულებო ფურცელი კანონის უხეში დარღვევით, გადაწყვეტილების გამოტანის დღესვე ყოფილა ამოწერილი, რითაც შეიზღუდა ჩვენი უფლება, კანონით დადგენილ ვადაში გაგვესაჩივრებინა ზემოთხსენებული გადაწყვეტილება.

ეს სააღსრულებო ფურცელი უკანონოდ რომ იყო გამოწერილი, ჩვენთან თავად აჭარის იუსტიციის მინისტრმა თამაზ ბაზიაშვილმა და იუსტიციის საბჭოს მდივანმა როსტომ გუნთაიშვილმაც აღნიშნეს. ამის მიუხედავად, 29 ივლისს რედაქციაში სახეშეცვლილი სახით და იმავე ნომრით, კვლავ გამოგზავნეს სააღსრულებო ფურცელი. პარალელურად გააფრთხილეს სტამბა და პრესის გავრცელების სამსახურები(?!), რომ თუ მოგვემსახურებოდნენ, მათ პასუხისგებაში მისცემდნენ.

რედაქციამ კერძო საჩივრით გააპროტესტა დაუყოვნებლივი აღსრულება. ვითხოვეთ, დაეჩქარებინათ განხილვა, რათა გაზეთის გამოცემა არ შეფერხებულიყო და წესისამებრ სამშაბათს გამოსულიყო. მოსამართლე ამირან ფაღავამ არ გაითვალისწინა თხოვნა და პასუხად განაცხადა, რომ საჩივარს განსახილველად უმაღლეს სასამართლოში აგზავნიდა. პარალელურად მოსამართლის თანაშემწემ გვამცნო, რომ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა ერთი თვით შვებულებაში იყო გასული და ამის გამო კანცელარია საქმეებს არ იღებდა, ანუ ერთი თვე საქმე თაროზე დაიდებოდა...

ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებული გაზეთის შეფერხებით, ამიტომაც მივმართეთ სასამართლოს განცხადებით, რომ მზად ვიყავით დავმორჩილებოდით განჩინებას და შეგვეცვალა გაზეთის სახელწოდება - თუკი წესდებაში ცვლილების შეტანა იმავე დღეს მოხდებოდა, რათა მკითხველს დროულად მიეღო გაზეთი.

სამწუხაროდ, სასამართლომ ,,ბათუმელები”-ს დირექციის თხოვნა არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა, რითაც კიდევ უფრო გაგვიღრმავდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი წვრილმანი სასაქონლო ნიშნის, პროდუქციის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნა კი არ არის, არამედ ზეწოლა თავისუფალ მასმედიაზე. მით უფრო, რომ ,,ბათუმელებში” დასაქმებულ ჟურნალისტებს ,,კეთილისმსურველები” მოიხსენიებენ, როგორც ,,რეგიონისა და ქვეყნისათვის საშიშ ჯგუფს”...

ამასთან დირექციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ავთო აბაშიძე. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნისას, ,,ბათუმელებში” გამოქვეყნდა წერილი ,,ასანიძემ კიდევ ერთ კაცს სავარძელი მოუტანა. წერილში საუბარი იყო იმის თაობაზე,რომ სტრასბურგში ავთო აბაშიძის ხშირი სტუმრობა და ასანიძის საქმით მისი დაინტერესება დაფასდა. პუბლიკაციას ავთო აბაშიძის მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა. აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ გაგვაფრთხილა, რომ მას რამდენიმე გაზეთის დახურვის გამოცდილება ჰქონდა და ,,ბათუმელებსაც” სულ მალე დახურულთა გზას გაუყენებდა... ამ მუქარას სასამართლოს გადაწყვეტილებით, რედაქციაში საგადასახადო ინსპექციის შემოსვლა მოჰყვა. მოტივი გახლდათ ეჭვები, თითქოს გადასახადები იმალებოდა. თუმცა, ხელჩასაჭიდი ამ შემთხვევაშიც ვერაფერი ნახეს.

ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალიღა ვიპოვეთ - შპს ,,გაზეთი ბათუმელები” თბილისში დარეგისტრირდა და ,,საშიში ჯგუფი” კვლავ ბათუმში აგრძელებს მუშაობას.

,,გაზეთი ბათუმელები

0x01 graphic

0x01 graphic

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სხვადასხვა რიცხვითა და ერთი და იმავე ნომრით იდენტური შინააარსის სააღსრულებო ფურცელი გამოწერა

8 ,,ქათამაძე საქართველოს წინააღმდეგ”

▲ზევით დაბრუნება


1998 წლის 14 აგვისტოს გაზეთის რედაქტორმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც გადმოცემული იყო რედაქტორის აზრი გაზეთ ,,აჭარა.PS”-სა და ამ გაზეთის თანამშრომლებზე.

,,აჭარა.PS”-ის რედაქტორმა ტარიელ ქათამაძემ, აგრეთვე გაზეთში მომუშავე სხვა პირებმა, ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მათი პატივის და ღირსების შელახვისათვის, სარჩელით მიმართეს. საქმე, სირთულის გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა. სასამართლომ, საქმეში თანამოპასუხეებად გაზეთ ,,ქობულეთის” რედაქცია და მისი დამფუძნებელი ქობულეთის რაიონის გამგეობაც ჩართო.

სასამართლომ ნატო ქათამაძეს და დანარჩენ მოპასუხეებს სოლიდარულად, 4000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნატო ქათამაძის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა.

0x01 graphic

მას შემდეგ, რაც ,,შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები” ამოწურა, ნატო ქათამაძემ ევროპის სასამართლოს განცხადებით მიმართა. იგი ამტკიცებს, რომ დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი უფლებები და თავისუფლებები. მისი შეფასებით, ხელყოფილია აზრის გამოთქმის თავისუფლების პრინციპი, სასამართლომ არ გამიჯნა კერძო და საჯარო პირი. ამ უკანასკნელს კრიტიკული გამონათქვამებისადმი, მეტი მოთმინება ევალება. მოსარჩელეთა შეფასებით, კურიოზია, რომ სასამართლომ ,,ცნობების გამავრცელებლად” არამარტო საინფორმაციო საშუალება და ჟურნალისტი, არამედ გაზეთის დამფუძნებელი - ქობულეთის რაიონის გამგეობაც მიიჩნია.

საქმე, სტრასბურგში ,,ქათამაძე საქართველოს წინააღმდეგ” სახელით არის რეგისტრირებული და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.