![]() |
ცხელი შოკოლადი №32 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ტურაშვილი დათო, სადღობელაშვილი ქეთი, ბაბუაძე თამარ, ბექიშვილი ნინო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ცეცაძე მაია, ხარბედია მალხაზ, ჩიხლაძე დავით, სტურუა რობერტ, ლომაძე ნინო, სონღულაშვილი მალხაზ (მთავარეპისკოპოსი), გეგენავა თეონა, გვახარია გიორგი, მორჩილაძე აკა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ნოემბერი, 2007, მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ქეთი სადღობელაშვილი, ნინო ლომაძე, მაია ცეცაძე, დავით ჩიხლაძე, თეონა გეგენავა, მალხაზ ხარბედია, ნინო ბექიშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, ქეთო ცაავა, რადეკ პოლაკი ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე მარკეტინგი ლელა შუბითიძე გაყიდვების დირექტორი ნესტან ავალიანი სარეკლამო განყოფილება ნინო ძიძაძე, ანა ნადირაშვილი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.ge |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალმა „ნიუ-იორკერმა“ თავისი ყოველწლიური ფესტივალის ჩასატარებლად ცუდი დრო შეარჩია - „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრისათვის ვერ ვასწრებთ მის მიმოხოლვას. ნიუ-იორკიდან 14-ში დავბრუნდი, მაგრამ ჩემი ალტერ-ეგო თაიმს სკვერის 4 ნომერში, „ნიუ-იორკერის“ გამომცემლობა „კონდენასტის“ ცათამბრჯენში დარჩა და იქიდან მისი გამოხმობისათვის ცოტა უფრო მეტი დრო დამჭირდება.
ვიდრე ეიფორია გამივლის და შემდეგი ნომრისათვის ყველაფერს დაწვრილებით მოგითხრობთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს 3-დღიანი ფესტივალი, ისევე როგორც მისი დამაარსებელი ჟურნალი („ყველაზე ჭკვიანი, მრავალმხრივი და ცნობისმოყვარე მკითხველებისათვის“) აბსოლუტურად უნიკალური მოვლენაა.
„ნიუ-იორკერის“ ცნობილ ავტორებთან ერთად, ამ ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ მწერლები სალმან რაშდი და ორჰან ფამუქი, იან მაკიუენი, ჯონათან საფრან ფოიერი და ზადი სმიტი. აქვე გაიმართა დისკუსიები თემაზე „ერაყის გაკვეთილი და ირანი“, „საგამოძიები ჟურნალისტიკა და ამბის მოპოვება“, „ტელე-ტვინები“ და „როგორ ქმნის ჰოლივუდი ისტორიას“. 6 ოქტომბრის შაბათი საღამო მუსიკალურ და თეატრალურ პერფორმანსებს დაეთმო სიგურ როსთან, ფიონა ეფელთან და ანა სმიტთან ერთად. რამაც ყველაზე ძალიან გამახალისა (სტივ მარტინის ხუმრობებზე მეტად), იყო პროპაგანდისტული საღამო თემაზე „როგორ ატარებენ ნიუ-იორკერები ველოსიპედებს“.
მოკლედ, შემდეგ ნომერში მოსაყოლი ბევრი იქნება. ფესტივალზე რომ აღარაფერი ვთქვა, შედგა ისტორიული შეხვედრა-ინტერვიუ „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორსა და „ნიუ-იორკერის“ რედაქტორ, დევიდ რემნიკს შორის. აღარ გავაგრძელებ. თავის მოსაწონებლად კმარა. მით უმეტეს, რომ „თავმოსაწონი“ ამ ნომერშიც ბევრია.
დიანა ფანჩულიძე უოლ სტრიტის ქართველი ბროკერია - პირველი ქართველი ბროკერი. თამარ ბაბუაძე მოგითხრობთ მსოფლიოს ფინანსურ ეპიცენტრსა და ნიუ-იორკელი ფინანსისტების ცხოვრების წესსა და ფილოსოფიაზე, უოლ სტრიტის აუტანელ სიმსუბუქესა და სირთულეებზე.
ნინო ბექიშვილი მალხაზ სონღულაშვილს ყველაფერზე ესაუბრება, გარდა მთავარეპისკოპოსის მთავარი გატაცების, მთასვლელობისა. რელიგიურ სტერეოტიპებთან ბრძოლაში ავტორმა და რესპოდენტმა პირად ინტერესებზე სალაპარაკოდ ვეღარ მოიცალეს.
შემოდგომის რთველმა მალხაზ ხარბედია ქართული კულტურის ტრაგიზმზე დააფიქრა. თუ მართლა გაინტერესებთ, როგორ ჩაირა 2007 წლის ქართულმა რთველმა, წაიკითხეთ მისი კომენტერი ამ თემაზე და მერე თავად მაყაშვილის მარანშიც შეიარეთ, თეონა გეგენავასთან ერთად.
ლიტერატურული დამატება ნომრიდან ნომრამდე უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ლიტერატურის 48 გვერდის გადაფურცვლაც - იქ ნობელის პრემიის ლაურეატი, დორის ლესინგი, ორჰან ფამუქის სანობელე ლექცია, უილიამ ტრევორის „რწმენა“ და საინტერესო პროზა, პოეზია და კრიტიკული წერილები დაგხვდებათ.
ამდენი საკითხავის ფონზე, შემდეგი ნომრის მოლოდინი, წესით, არ უნდა გაგიხანგრძლივდეთ.
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
დათო ტურაშვილი
ჩვენები რომ ირლანდიელებს შეხვდნენ მსოფლიო თასზე, სულ ახალი გაკეთებული მქონდა ოპერაცია და არათუ რაგბის, ინგა გრიგოლიასა და ნებისმიერი საინფორმაციო გადაცემის ყურებაც კი აკრძალული მქონდა. მეტიც - ექიმებმა მითხრეს მხოლოდ იმ ფილმებს უყურე, რომელიც უკვე ნანახი გაქვს რომ ზედმეტად არ ინერვიულოო და ადვილი წარმოსადგენია, როგორი საშიში იქნებოდა ჩემი გაწვალებული გულისთვის საქართველო-ირლანდიის მატჩის ბოლო წუთები. თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როცა ჩვენებმა ნამდვილი დიდგორი მოაწყვეს დუბლინის მისადგომებთან, სწორედ ისეთი შეტევა დამეწყო, როგორიც ერთხელ უკვე მქონდა რეანიმაციაში მოხვედრამდე, მაგრამ მივხვდი, რომ ამჯერად სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ ღირს. რამდენიმე წამში ავწონდავწონე ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ თუ საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაამარცხებს, ჩემი მსხვერპლად შეწირვა ქართული რაგბისათვის ალალი იქნება და ახლაც ამ აზრის ვარ. ახლა, როცა საქართველოში სპორტის ზოგიერთი სახეობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ასე სამარცხვინოდ იქცევა, კიდევ უფრო ვიჯერებ, რომ საუკუნეების მანძილზე თუ კი რამ კარგი გვქონია ან შეგვიძენია ქართველებს, ბოლოს ეს ყველაფერი ჩვენს მორაგბეებს დარჩათ.
უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, მე რომ მომწონს, ისეთი საქართველო, ახლა მხოლოდ ქართულ რაგბში არსებობს - ნამდვილი, განათლებული და თავისუფალი...
ქეთი სადღობელაშვილი
ეტყობა, ქართული სულის უბიწობის სადარაჯოზე ფხიზლად მდგომმა პატრიოტულმა ორგანიზაციებმა თუ ცალკეულმა ერისკაცებმა ისე შეგვაჩვენეს - თქვენ არ გეღირსოთ ერთად საუბარიო - რომ კინაღამ ამიხდა. ივნისის ნომრისთვის დაგეგმილი ინტერვიუ რობერტ სტურუასთან ოქტომბრისთვის ძლივს მოვამზადე და თანაც, წვალებით. შეჩვენების მიზეზ-შედეგობრივი არსი ასეთია: 2003 წელს, გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ რობერტ სტურუასთან უჩვეულოდ აღაგზნო იმდროინდელი ქართული პრესა და საზოგადოება, მასობრივად ვრცელდებოდა ინტერვიუს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, სადაც რობერტ სტურუა ღიად გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას ქართველების მეორე ბიბლიის, „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. „მკრეხელი“ სტურუას მიმართ ერისკაცთა აღშფოთება იქამდე მივიდა, რომ მწერლებმა კოლექტიური წერილიც კი დაბეჭდეს თავიანთ გაზეთში. შეთქმულების თეორია მაშინაც აქტუალური იყო - ჟურნალისტთან წინასწარ შეთანხმებულ-დამუშავებული კითხვებისა და „ვეფხისტყაოსნის“ მიზანმიმართული გაბაიბურების შესახებ, იყო „აფსუს, შოთა!“ და ეგეთები. კიდევ კარგი, ქვეყანაში დანთებულმა რევოლუციამ სულზე მოუსწრო სტურუას, თორემ ტყავის გაძრობა ნამდვილად არ ასცდებოდა.
ახლა შეჩვენების შედეგზე: მაისსა და ივნისში რუსთაველის თეატრი „დასს“ ჰქონდა დაპყრობილი, სტურუა იძულების წესით შედიოდა მათთან და ძირითადად ეძინა, ან ისეთ საშინელებებს ეუბნებოდა, „დასელების“ თავმოყვარეობის ხარისხს რა ვუთხარი, თორემ უკანმოუხედავად დატოვებდა კაცი იმ ხვატით გაბუღულ ექსპერიმენტულ სცენას.
მერე - ორი დღით ბათუმში წასული იქ ერთ კვირას დარჩა, მოგვიანებით, შეხვედრისას, მესიჯებზე რატომ არ მპასუხობდით-მეთქი, ერთხელ - ტელეფონი მომპარეს პლაჟზე, მეორედ - ტელეფონი „კუპალნიკის“ ჯიბეში მედო და დამისველდაო. ხო კარგი წარმოსადგენია, „კუპალნიკს“ რომ ჯიბე აქვს და ჯიბეში კიდევ ტელეფონია.
მერე - თეატრთან ერთად გასტროლებზე წავიდა კიევში.
მერე - დავეცი და ორი ნეკნი გავიტეხე. ვიცი, რა საშინელი ტკივილებია და რომ მორჩები, მერეო.
მერე - ფილიპენკო დაადგა თავზე და ორი კვირა მასთან რეპეტიციობდა.
მერე - ინგლისში წავიდა კარგა ხნით.
მერე - ზაფხულის ხვატი და ცარიელი ქალაქი. აღარაფრის კეთება მინდოდა და ისიც არ ვიცოდი, ჟურნალში დავრჩებოდი თუ არა.
მერე - ისევ განახლდა სტურუას თემა და კი, მოდიო. რუსთაველის თეატრის საკრალურ ადგილას, ბუფეტში შევხვდით, ცოტა ხანს მსახიობების ფოიეში ვისაუბრეთ. ვიღაც ინგლისელი ელოდებოდა და გაქცევაზე იყო. მეორე დღეს ნიუ-იორკში მიფრინავდა, სადაც პროკოფიევის ოპერას დგამს. ფული მაქვს სასესხებელი და დილით მოდი, 10-ზეო.
მერე - ინტერვიუსთვის „ხვალ“ აღარ დადგა. დილის 7 საათზე მესიჯი მომივიდა- დიდი ბოდიში, შეხვედრა უნდა გადავდოთ, რომ ჩამოვალ, თქვენი ვიქნები თავიდან ტერფამდეო. ნიუ იორკში 20 დღე დარჩა.
მერე - ამერიკიდან დაბრუნებულს დღე და ღამე არეული ჰქონდა და ზეზეულად ეძინებოდა. რეპეტიციიდან გამოსულს, ხერხემ თავის სტუდიაში ნახევრად მძინარეს გადაუღო ფოტოები. ტახტზე წამოწოლილს ადგომა აღარ უნდოდა. ოღონდ ახლა დამაძინე და საღამოს, 7-ის ნახევარზე მოდი, მაგ დროისთვის გავიღვიძებო. რა თქმა უნდა, დააგვიანა და - რა ვქნა, ახლა გამეღვიძაო. ზალიკო ჩიქობავას ოთახში დავსხედით. მშიაო, ხაჭაპურები მოუტანეს. გასტრონომიული თანხლებით ვისაუბრეთ ერთი საათი და გრიშკოვეცის სპექტაკლზეც დაგვიანებით შევიდა. ხვალ, 10-ზე, ბუფეტშიო.
მერე - ისევ დააგვიანა. მესიჯით შევახსენე, რომ ველოდებოდი, მოვდივარო! შემოვიდა და მშია, რამე მაჭამეთო. გააკეთე „პორტრეტი ბუფეტშიო“.
მერე - მერე და მერე, დაჯექი და წერე! შეჩვენების შედეგი - სიცხიანი ვწერ.
არა, არა, მე მაინც რას მერჩოდნენ ეს ერისკაცები, თორემ სტურუა კიდევ, ჰო!
თამარ ბაბუაძე
მოგესალმებით!
ასე ომახიანად იმიტომ, რომ მართლა მომენატრა თქვენთან მოსალმება. ბოლო თვეები „ცხელი შოკოლადისთვის“ ხომ სულ ვთარგმნიდი და ვთარგმნიდი და იმდენი ვთარგმნე, სანამ კინაღამ საკუთარი ხმა არ დავკარგე და თარგმანში არ დავიკარგე. მაგრამ მხოლოდ კინაღამ. თარგმანში საბოლოოდ დაკარგვას მეგობარმა გადამარჩინა. ჩემი პირველი კლასის მეგობარმა, რომელმაც ამიღო, წამიღო და სულ სხვა (არ ვიცი უკეთეს თუ უარეს, მაგრამ ფაქტია უფრო რეალურ) სამყაროში დამკარგა. ამ სამყაროს უოლ სტრიტი ჰქვია და აშკარად გაცილებით ნაკლებ პოეტურია, ვიდრე თვით სიტყვა „სამყარო“. ამას მანამდეც ვხვდებოდი, როცა შარშან ნიუ იუორკში ამ ჩემს მეგობარს სამსახურში დავყვებოდი და ვხედავდი, როგორი იყო მისი სამუშაო დღე დილის 8-ის ნახევრიდან საღამოს 8-ის ნახევრამდე. მაგრამ იმან, რაც უოლ სტრიტზე ამ წერილის წერისას აღმოვაჩინე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს კი, სწორედ ჩემი მეგობრის დამსახურებაა. პირველ რიგში, კი მისი გულწრფელობის და პირდაპირობის. მან კარგად იცოდა, რომ სტანდარტები და ღირებულებები, რაც უოლ სტრიტს (და თვითონაც, როგორც სტრიტის მოხელეს) აქვს, ჩვენთან ბევრისთვის ახალი და მიუღებელიც კი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მოთმინებით ამიტანა, როგორც ინტერვიუერი და უოლ სტრიტის ყველა დახურული კარი შემაღებინა, თავის მიზნებშიც ჩამახედა და მაჩვენა, როგორ განსაზღვრავს მის აზროვნებას, მის ფასეულობებს, მისი ცხოვრების წესს ნიუ იორკის ფინანსური იმპერია და ამ ფონზე თვითონ როგორ ცდილობს, შეინარჩუნოს ძველი თვისებები და სენტიმენტები პირად გარემოში მაინც.
მოკლედ, იცნობდეთ, დიანა ფანჩულიძე, ჩემი მეგობარი, რომლის აზროვნებისაც მიკვრის და რომლის მიღწევებიც მეამაყება.
ნინო ბექიშვილი
როცა მალხაზ სონღულაშვილმა „ბეთელში“ დამპატიჟა, იქ ყველაზე მეტად, ერთმა უბრალო რამემ გამაკვირვა. პატარა კაპელაში, სხვა ხატებთან ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, მარტინ ლუთერ კინგის ხატი ეკიდა. აი, ეგეთი, ნაივურ სტილში შესრულებული, ოღონდ ნამდვილი ხატი, შარავანდედიანი და წარწერიანი. ჰო, ჩვენი წმინდანიაო, მითხრა ბაპტისურ-ევენგელისტური ეკლესიის წინამძღვარმა და ჩემი წარმოდგენები ხატებსა და წმინდანებზე ცოტა არ იყოს, შეაჯღანჯღარა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. თურმე, შეიძლება, ადამიანის უფლებებისა და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი შავკანიანი, წმინდანი იყოს! თუმცა, რატომაც არა? ამ წერილის იდეაც, სწორედ შავკანიანისა და (მომავალი) წმინდანის, დესმონდ ტუტუს ინტერვიუ რომ დაიბეჭდა „ცხელ შოკოლადში“, მაშინ გამიჩნდა. თანაც, „რელიგიურ უმცირესობებს“ მედიაში ადრე უფრო ვხედავდით, ისიც მხოლოდ ერთ კონტექსტში, მაშინ, როცა ბასილ მკლავიშვილის მრევლს მათი დარბევა-დაწიოკება მოუნდებოდა ხოლმე. დღეს, რატომღაც, არაფერს წერენ მათზე. არიან და ვითომ არც არიან, ჩვენი საზოგადოება მათ, უბრალოდ, არ იმჩნევს.
ერთ ხასიდურ სიბრძნეში ამგვარი რამე წერია: (ხასიდები ებრაელები არიან და სულ ეგრე, სიბრძნეებით ლაპარაკობენ) ზოსიამ თქვაო, იმას რომ მკითხავენ სამსჯავროზე, მოსე რატომ არ ვიყავიო, კი ვიცი, რა პასუხიც უნდა გავცეო, ეგ იოლი საქმეაო. მაგრამ ის თუ მკითხეს, ზოსია რატომ არ იყავიო, აი, მაშინ რა ვუპასუხო, მანდ კი ძალიან გამიჭირდებაო. ეს პატარა არაკი, რომელიც ძალიან მომწონს და მიყვარს, თითოეული ადამიანის განუმეორებლობასა და ერთადერთობაზე გვიყვება, იმაზე, რომ ჩვენი ვალი „ჩვენად“ ყოფნაა და იმაზეც, რომ ეს საკმაოდ ძნელი რამეა. ხასიდები, მგონი, საქართველოში არც არიან, რაც ძალიან სამწუხაროა. თორემ აუცილებლად მოვნახავდი ვინმე კუკულებიან ხასიდს, დავუჯდებოდი წინ და შევეკითხებოდი, როგორი საქმეა ზოსიად ყოფნა. ისე, მგონი, მალხაზ სონღულაშვილმა და მე, პირდაპირ არა, მაგრამ ამაზე მაინც ვილაპარაკეთ.
ანა კორძაია-სამადაშვილი
მესხეთში ვიყავი და წავი ვნახე. ცოცხალი წავი. ჯერ წყლიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა, კოხტა-კოხტა, პრიალა, მერე კი წამოიმართა და ისე მოხდენილად გაუჩინარდა ტალღებში, გაოცებული დავრჩი.
ცხადია, სასწრაფოდ მივწერე წავების დამცველ თამარ სუხიშვილს, ეს რა იყო, გოგო, ვაჰ, ეს რა იყო-მეთქი. იმან კი მოულოდნელი პასუხი გამცა: ნეტაი შენო. ვაი?
თურმე თბილისში დიდი ამბები ტრიალებს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ვინც შინაა, ტელევიზორს მისჩერებია, ერი ღელავს, მე კი - წავიო...
წავი ჯობია. წავი ძალიან ლამაზი და აბსოლუტურად უწყინარი ცხოველია. თევზს ჭამს, თან მავანი ღირსი მამის დარად დენით კი არ თევზაობს, ზუსტად იმდენს კლავს, რამდენიც სჭირდება. ვარძიასთან ქალებმა მითხრეს, ზამთარში წავები ყინულზე სხედან ხოლმე, წყვილ-წყვილად, ყინული ნელა მიცურავს მტკვარზე და წავები ცნობისმოყვარედ ატრიალებენო თავებს, ერთმანეთს ეუბნებიან, მაინც მაგარია ეს ჩვენი მტკვრის ხეობა, რას იტყვიო?
რა კარგია, რომ არეულობა და კრიზისები, ავად თუ კარგად, მთავრდება, წავები კი რჩებიან.
![]() |
3 კულტ-მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბაუჰაუზის ავანგარდული ფოტოგრაფია
გასული საუკუნის დასაწყისში გერმანიაში დაფუძნებული და ავანგარდული ხელოვნების აკადემიურ ცენტრად ქცეული სასწავლებლის - ბაუჰაუზის ისტორიას, 2 ოქტომბრიდან თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლის“ დამთვალიერებელმაც მიადევნა თვალი. „ბაუჰაუზის ფოტოგრაფია“ უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტმა, გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოში და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინეს. ბაუჰაუზის მუშაობაზე გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნელად, 40-ზე მეტი ფოტოგრაფის 124 ნამუშევარს, კურატორმა ვულფ ჰერცოგენრატმა მოუყარა თავი.
გამოფენაზე ექსპონირებულმა დილეტანტურმა, სპონტანურად გადაღებულმა, პროფესიონალურმა თუ კომერციული დანიშნულების ფოტოსურათებმა, ნათლად წარმოაჩინეს, რომ მაშინ ავტორები საკუთარ სურათებს დოკუმენტური კუთხით უფრო განიხილავდნენ, ვიდრე მხატვრულ ფოტოგრაფიად. ბაუჰაუზში ფოტოგრაფიის არც იდეოლოგია არსებობდა და არც სტილი. ყოველი ბაუჰაუზელი თავისთვის გამართლებულ საშუალებას თავად აყალიბებდა და ალბათ, ამიტომაც ასახავდნენ ასე უჩვეულოდ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ „ახალი ხედვით“ აღბეჭდილ საგნებს თუ უსაგნო კომპოზიციებს, არასტანდარტულ პორტრეტებს, ფოტომონტაჟისა თუ სასტამბო ბეჭდვის ნიმუშებს XIX-XX საუკენეების მიჯნაზე მოღვაწე „მოჩხაკუნე დოკუმენტალისტები“.
ოლეგ ტიმჩენკოს ნოსტალგია
ოლეგ ტიმჩენკოს ინტენსიური გამოფენები ყოველთვის თემატური და მხატვრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამჯერად, მხატვარი ძველი თბილისის ნოსტალგიამ შეიპყრო და სამი წლის წინ დაწყებული საგამოფენო სერიის („ნოსტალგია“) თემა კიდევ უფრო განავრცო. „შემოდგომას“, რომელიც ადრე თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოადგინა, 19 ოქტომბერს გალერეა „ბაიაში“ „გაზაფხული-ზაფხულის“ სერია მოჰყვა.
პირველი სურათი სახელწოდებით „ნოსტალგია“ 1983 წელს დაუხატავს. ძალიან დიდი ხნის შემდეგ კი ამ თემის გაგრძელება ისევ მოიწადინა. ტიმჩენკოს განმარტებით, ეს არ არის უბრალოდ ქალაქის ხედები, მისი ქუჩებით, არქიტექტურით, ფასადებით, აივნებითა და ღირსშესანიშნაობებით. პირიქით, ერთი შეხედვით შესაძლოა, ეს არც ისე შესამჩნევი და მომხიბლავია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქუჩებისა და სახლების ფრაგმენტებიაო.
ძალიან მარტივი და გასაგები სურათებით ავტორმა საკუთარი დამოკიდებულება გადმოსცა იმ ქალაქის მიმართ, რომელიც ძალიან უყვარს და მისი შემოქმედების ქომაგებს დაპირდა - სულ მალე „ზამთარიც“ იქნებაო.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
„დაიცადეთ, ჯერ კაპიტანი ფლინტი მოვიდეს!“
10 ოქტომბერს, თბილისის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში, ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა - ავსტრიელმა მწერალმა, რიხარდ შუბერტმა თავის მომავალ მკითხველს ახალი წიგნი გააცნო. „დაიცადეთ, ჯერ კაპიტანი ფლინტი მოვიდეს“ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ეჯახება თვითკმაყოფილი და ზედაპირულად პოლიტიზირებული კულტურა, რომელსაც თავი მემარცხენედ მიაჩნია, ცეცხლოვან, თვითმყოფად ინდივიდებს.
წიგნს წინასიტყვაობა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ელფრიდე იელინეკმა დაურთო. თავად ბატონი შუბერტის შესახებ დარბაზში შეკრებილებს უამბო ქალბატონმა მზია გალდავაძემ, თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, თქვენ კი სულ მალე „ცხელი შოკოლადი“ მოგითხრობთ.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
გერმანიის რელიგიური არქიტექტურა
ცხრა სამშენებლო პროექტი გოეთეს ინსტიტუტში არქიტექტურული მაკეტებით, ფოტოებით და განათებული პილონების სახით წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში გერმანიაში შექმნილი საკრალური ნაგებობების მრავალფეროვნებას წარმოაჩენდა. ეს გახლავთ თანამედროვე გერმანული არქიტექტურის შესახებ შექმნილი თემატური გამოფენების ციკლის მეორე ნაწილი, გოეთეს ინსტიტუტისა და Galerie Aedes Berlin-ის ერთობლივი პროექტი.
ფრაიბურგის ორმაგი ეკლესია ორი აღმსარებლობისთვის; მიუნხენში იესოს ეკლესია; კიოლნის წმინდა თეოდორეს ეკლესია; მიუნხენის საპანაშვიდე დარბაზი; ბერლინის „შერიგების კაპელა“; ჰანოვერის ქრისტეს პავილიონი (როგორც ერთიანი კათოლიკური და პროტესტანტული დარბაზი); დრეზდენის ორნაწილიანი სინაგოგა; ბერლინის კრემატორიუმი და მეშედის „სიმშვიდის სახლი“ - სწორედ ეს ცხრა ახალი შთამბეჭდავი რელიგიური ნაგებობა შეარჩიეს გამოფენისთვის „Made in Germany არქიტექტურა + რელიგია“. ეს სიმშვიდისა და ერთობლივი წირვისთვის განკუთვნილი ნაგებობებია, მაგრამ ცხადია, რომ გერმანელი არქიტექტორების ახალმა თაობამ რელიგიური შენობები ხელოვნების ნიმუშებად აქცია. ამის უტყუარ მაგალითად კი თუნდაც კრემატორიუმი „ბაუმშულენვეგი“ გამოდგება, რომელიც უსიამოვნო დანიშნულების მიუხედავად, არაამქვეყნიურ და ამაღლებულ ელფერს იძლევა და ქალაქის სილუეტსაც მეტაფორულ ხასიათს სძენს.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
ფოტო: ქეთო ცაავა
ის, მე და პირიქით
„ხო და არა - პირიქით. შავი და თეთრი და არა - პირიქით. ღირსება და უღირსობა და არა - პირიქით... ის მე და პირიქით. გრძელი და მოკლე და პირიქით, პირიქით, პირიქით...“ ეს მოსაზრება გერმანიაში ემიგრირებულმა ქართველმა მხატვარმა პერსონალურ გამოფენაზე, გალერეა „ჰობიში“ მიწვეულ სტუმრებს უფრო ვრცლად განუმარტა. „ამ გამოფენით მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრებაში (დაბადებისა და გარდაცვალების გარდა), ყველაფერი შეიძლება იყოს პირიქით.“ სამშობლოში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ინტენსიური მუშაობის შედეგად გამართული გამოფენა, ალიმ რიჟინაშვილმა მთავარ „ტრიბუნად“ გამოიყენა და ექსპოზიციაც „პირიქით“ მოაწყო: უჩვეულო „პირამიდებით“, „თეთრი მდელოთი“... და „იმედის ფერით“, რომელზე მუშაობის პროცესშიც ავტორს იმედი მწვანე ფერად დაუნახავს. მოლდავეთში დაბადებულ, საქართველოში გაზრდილ და ბერლინში ემიგრირებულ მხატვარს 17 წლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოშიც ბევრი რამ ეჩვენა პირიქით და დამტვრეული ქართულით აგვიხსნა, რომ აქ ყველაზე მეტად ხალხი მოეჩვენა შეცვლილი, რადგან: „ომი ცვლის ადამიანებს“!
ბადაგონი ალავერდში
9 ოქტომბერს, მზიანი შემოდგომის დღეს, ბევრმა კახეთის შუაგულისკენ, ალავერდისაკენ აიღო გეზო, სადაც ყველაზე მადლიანი სასმელი - ღვინო იბადება ხოლმე. იმ დღეს კომპანია „ბადაგონმა“ პირველი დაბადების დღე იზეიმა და ღონისძიება ღვინის დამფასებლებისთვის დიდი პროექტის იმ ერთ-ერთი ეტაპით დაიწყო, რომელიც მიზნად ალავერდის მონასტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას ისახავს და რომელსაც კომპანია „ბადაგონი“ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
იმ დღეს ალავერდის მონასტრის მარანში საუკენეების შემდეგ პირველად „ბადაგონის“ კუთვნილი ვენახების მოსავლიდან, „საფერავის“ ჯიშის ყურძენი დაიწურა. ამიერიდან კი ახლადრესტავრირებული, შუასაუკუნეების დროინდელი მარნის ტრადიციულ და ევროპულ ქვევრებიან დარბაზებში ღვინო, როგორც ტრადიციული, ისე ევროპული მეთოდით დაიწურება. დაღვინების პროცესს კი „ბადაგონის“ ტექნოლოგებთან ერთად, თვალყურს მონასტრის წევრებიც მიადევნებენ.
იუბილეზე მიწვეულ უამრავ სტუმარს (მათ შორის უკრაინიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან) „ბადაგონის“ ქარხნის დათვალერების საშუალებაც მიეცათ და ეგზოტიკური ფურშეტის (რომელზეც საგანგებოდ იტალიელმა მზარეულმა იზრუნა) დაგემოვნების საშუალებაც. უახლესი დანადგარებით აღჭურვილმა ქარხანამ - ღვინის ნაირფეროვანი კასრებით, სადეგუსტაციო დარბაზითა და ლაბორატორიით, სტუმრების მოლოდინს გადააჭარბა. რის შემდეგაც ყველამ უკვე ქარხნის მარანში გადაინაცვლა, სადაც მათ ქართული სუფრა, ქართული სიმღერა და „რა თქმა უნდა, ბადაგონი“ ელოდათ.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
უსუნო თაიგულებით ახსნილი სიყვარული
ემიგრაციული წარსულით ცნობილმა მხატვარმა კოკა რამიშვილმა 10 ოქტომბერს, შარდენის 10-ში, სიყვარულის სენით შეპყრობილებს ორგანზომილებიანი ფერწერა შესთავაზა. თუმცა, იქამდე მხატვრის ღია ბარათები წარწერით „მე შენ მიყვარხარ!“ უამრავმა ადრესატმა მიიღო. ბევრმა, ავტორის გარკვეულწილად პროვოკაციული გამოწვევა მიიღო და დამაინტრიგებელი თემატური გამოფენის „გასაშიფრად“ გალერეა „ბაიას“ მიაშურა. პაემანზე მისულებს 27 უსუნო, მაგრამ მრავალფეროვანი „თაიგული“ დახვდათ.
სამშობლოში მოწყობილი პერსონალური ექსპოზიცია, მხატვარმა სითბოს გამომხატველ ინტიმურ ნამუშევრად მიიჩნია და ალბათ, ამიტომაც გამოვიდა მისი საკმაოდ ფერადოვანი ექსპოზიცია სადა და არაორდინარული.
მიუნხენი, ვენა, ჟენევა - ეს ის ქალაქებია, რომლებმაც კოკა რამიშვილის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლა. პარიზში, პრაღაში, მოსკოვში, ბრიუსელსა და კიდევ ძალიან ბევრგან, მას ჯგუფურ ექსპოზიციებში მიუღია მონაწილეობა. სამომავლოდ კი შემოქმედებით გეგმებს სამშობლოს უკავშირებს და გულითად მილოცვებს ყველაზე გულწრფელად საკუთარი ნამუშევრების გაყიდვის შემდეგ მიიღებს.
„მე მინდა, შენ წაიღო სახლში სიყვარული, რომელიც დამიჯერე, მაგრა გამოგიყვანს!“- ეს დაპირება კოკა რამიშვილისგან მისმა ადრესატებმა, ჯერ კიდევ გამოფენამდე მიიღეს.
საერთაშორისო ფორუმი - „არტ კავკასია - 2007“
ოქტომბერში თბილისში, პროექტ „არტ კავკასია 2007“-ის ფარგლებში, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ექსპოზიცია გაიმართა. გამოფენა, კონფერენცია, ვორკშოფი... ამგვარ ღონისძიებებს მოიცავდა თბილისში მეოთხედ გამართული საერთაშორისო ფორუმი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების, განათლების, ცოდნის, პროფესიული დონის ამაღლებას, ინტერკულტურული დიალოგის განახლებას ემსახურება.
წელს „არტ კავკასია 2007“ ოთხ პროექტს მოიცავდა: „ერთი გაჩერება“; „ორი ოცნება“; „ლექსიკონის თეატრი“ და ანთელიონი“.
მრავალფეროვანი პროგრამიდან გამომდინარე კი გადავწყვიტეთ ჩვენც „ერთ გაჩერებაზე“ შევჩერდეთ, რომელმაც 11 ინდივიდუალური პროექტი რუსთაველის გამზირზე, მეტროს ორ გაჩერებას შორის (რუსთაველი და თავისუფლების მოედანი) სხვადასხვა კომერციულ სივრცეში (გარდა საგამოფენო სივრცეებისა) განათავსა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - მაღაზიებში, რესტორნებში, კაფეებში, ოფისებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებში... მოკლედ, ყველგან, სადაც ხალხმრავლობაა, პროექტის ორგანიზატორებმა, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, ურბანული განვითარების კონტექსტს, ბიზნეს გარემოსა შეუხამეს.
ქაშუეთის მიწისქვეშა გასასვლელით სარგებლობისას, გამვლელები გულმოდგინედ აკვირდებოდნენ კედელზე გაკრულ ნამუშევრებს, რომლებიც რუსი მხატვრების: ანდრეი რუდიევისა და პიტერ ბელის მიერ შემოთავაზებულ „ახალი რკინის“ ნიმუშებს წარმოადგენდნენ. პუშკინის სკვერში შეკრებილები, ბრიტანელი მხატვრების შემოქმედებას ეცნობოდნენ. ზოგიც ლიუბლიანელი შემოქმედებითი ჯგუფისგან პასუხის მიღებას ცდილობდა შეკითხვაზე: „რა არის ხელოვნება?“, ხან კი რუსი მხატვრების „მფრინავი ხალიჩის“ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდნენ...
ერთი სიტყვით, თბილისის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, როგორც ქალაქის ძირითადი მოდული, ოქტომბერში ნოვატორულ კულტურულ პრეზენტაციებს მასპინძლობდა.
ავტორი: მაია ცეცაძე
შოკოლადი გირჩევთ
ჩემი ციხე
იყო ერთი ხუროთმოძღვარი. მას იმდენად მარჯვე შეგირდი ჰყავდა, რომ ოსტატმა დამოუკიდებლად ააშენებინა კოშკი. ზოგს მიაჩნია, შეგირდის კოშკი ოსტატისას ჯობს კიდეცო, მაგრამ აბა, რა გითხრათ, ორივე ულამაზესია.
ცხადია, გულთბილი ქართველი ერი ამ კოშკებთან დაკავშირებით ათასგვარ საშინელებას ჰყვება: ოსტატი შურიანი იყო და შეგირდი დაასახიჩრაო; ჰკრა ხელი და კოშკიდან გადმოაგდოო; დაწყევლა და მას მერე შეგირდს ვეღარაფერი აუშენებიაო. სულ შემზარავი ამბებია, მაგრამ სულ ტყუილი. სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ორი მდინარის შესაყარზე ხერთვისის ციხე დგას და ისეთი ლამაზია, ისეთი დიდებული, რომ სრულიად არაპატრიოტულად განწყობილ კაცსაც კი გული სიამაყით აევსება, ეს რა გვქონია საქართველოში მცხოვრებლებსო.
მე რომ ყველაფერი მახსოვდა, სულ არ გამკვირვებია: თვალები რომ დამეხუჭა, მაინც მივაგნებდი მტკვრის პირთან ჩასასვლელ გვირაბს და „ჩვენს“ ბორცვს - იქ ვსხდებოდით ხოლმე დაბინდებისას, ხერთვისის ციხეს შევცქეროდით და სისულელეებზე ვლაპარაკობდით, ვთქვათ, რა უნდა მომხდარიყო, რომ ღამით გვირაბით ასვლა და „მსუქან“ კოშკამდე მისვლა გაგვებედა. მე ის გამიკვირდა, რომ მიცნეს: იქ მცხოვრებმა ქალბატონმა, მზია ნათენაძემ მკითხა, კიბერნეტიკოსებისა ხარო?
გახლავართ. მართალია, მას მერე უკვე ოცი წელი გასულა, მაგრამ სულ არაფერი ყოფილა ოცი წელი. არადა, დიუმას როცა ვკითხულობდი, მიკვირდა ხოლმე, არასრულწლოვანს, ამათ დამიხედე, ოცი წლის შემდეგ კიდევ რამდენის თავი აქვთმეთქი...
1987-1988 წლები ხერთვისის ციხის სარეტავრაციო სამუშაოებზე კიბერნეტიკოსებს ვახლდი და მიმაჩნდა, რომ ჩემი განზე გადადებული რამდენიმე ქვა ციხის გადარჩენის და საქართველოს ბედნიერი მომავლის საწინდარი იყო. ცხადია, თითო ქვას სახეზე ვერ ვცნობ, ამიტომ წელს, სექტემბრის ბოლოს, კვლავ ხერთვისის ციხეზე ასულს თამამად შემეძლო მეოცნება, რომ ეს ციხე სულ ჩემი აშენებულია, რომ მე რომ არა, ეს ყველაზე მაგარი კოშკები აქ მოსულ გოგოებს და ბიჭებს აღარ დახვდებოდათ.
და სწორედ ამ პრინციპით გირჩევთ სულით და გულით: შეუერთდით ხალხს, რომელიც ციხე-კოშკების და ტაძრების გაწმენდას ცდილობს, ვთქვათ, ტაძრელებს. ორი კენჭიც რომ გადადოთ განზე, მაინც თქვენი ციხე ან საყდარი გექნებათ, და როცა კვლავ ესტუმრებით ან ვინმე იტყვის, ესა და ეს ძეგლი ვნახე, იცი, რა მაგარიაო, საგრძნობლად აგიმაღლდებათ თვითშეფასების კოეფიციენტი. ეს კი, მოგეხსენებათ, ძალიან სასიამოვნო რამაა.
არაჩვეულებრივი დღეებისთვის და სამკაულისთვის დიდი მადლობა ტაძრელებს, ბატონ სოსოს და დეფის. იმედია, მალე შევხვდებით ერთმანეთს ხერთვისის ციხეზე - ცხადია, მკითხველო, შენთან ერთად.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
![]() |
4 აქცენტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ეტგარ კერეტი თბილისში! |
▲ზევით დაბრუნება |
შეხვედრა ეტგარ კერეტთან.
ეტგარ კერეტის მოთხრობების კრებულის, „ნებროთმა გარეკა“ ქართული გამოცემის
პრეზენტაცია.
7 ნოემბერი. არტ-კაფე „ქარავანი“
ჩვენება კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის“ პრიზიორი ფილმის „მედუზა“.
რეჟისორი: ეტგარ კერეტი და შირა ჯეფერი; სცენარის ავტორი: შირა ჯეფერი
8 ნოემბერი, კინოთეატრი „ამირანი“
![]() |
4.2 გიუნტერ გრასი დავიწყების წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
დასცხე დოლს, რომ ხსოვნა დარჩეს:
6 ნოემბერს 18.00 საათზე თბილისის გოეთეს ინსტიტუტი გიუნტერ გრასის 80 წლისთავს აღნიშნავს. სტუმრებისთვის მომზადებულია მცირე გამოფენაც - გიუნტერ გრასის ტექსტები და ნახატები, „Uber Lesen und Zeichnen“.
1945 წლის შემდეგ გიუნტერ გრასი თავის ქვეყანასა თუ მის საზღვრებს გარეთ გერმანული ლიტერატურის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლადაა მიჩნეული. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები მრავალგზის დაჯილდოვდა, მისი პოლიტიკური მრწამსი საყოველთაოდაა ცნობილი. 2007 წლის ოქტომბერში გიუნტერ გრასი 80 წლისა გახდა.
„როცა თომას მანის ან ჰაინრიხ მანის ბიოგრაფიას ჩავხედავ ხოლმე, მიხარია, რომ ემიგრაციას გადავურჩი. ეს ჩემი მიზანია - ჩემი ლიტერატურა იმას ვამსახურო, რომ ის, რაც მაშინ გერმანიაში მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს. ამიტომაა, რომ ხანდახან ხმას ვიღებ ხოლმე.“
ამ სიტყვებით მიმართა გიუნტერ გრასმა მისი 75-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ლიუბეკში, გიუნტერ გრასის სახლის გახსნის წინ ზეიმზე შეკრებილ საზოგადოებას, და ასე ახსნა, თუ რარიგად ხედავს თავის პოლიტიკურ როლს - გამფრთხილებლისა.
მოქანდაკე და მწერალი: ორ ხელოვნებას შორის
გიუნტერ გრასი დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს დანცინგში, ერთ უბრალო ოჯახში. 15 წლისა სამხედრო მოსამსახურე გახდა. ომის დასრულების შემდეგ 1947 წელს, ის დიუსელდორფში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქვის მთლელად მუშაობდა. 1948 წლიდან მან ჯერ დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა, შემდეგ კი ბერლინის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო გრაფიკისა და ქანდაკების სწავლა.
გიუნტერ გრასს არასოდეს დაუნებებია თავი ქანდაკების, გრაფიკისა და ფერწერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, მის სახვით ხელოვნებას მუდამ „ლიტერატურული წარმატების ქარი მართავდა“. გრაფიკული ნამუშევრები მრავალგზის განაპირობებდა ან თან ახლდა მის ტექსტებს: „გამუდმებით ვხატავ, და როცა არ ვხატავ, ვწერ ან კონცენტრირებულად არაფერს ვაკეთებ. და ხატვის დროსაც წინადადებები ეწყობა, რომლებიც სხვა ქაღალდზეა აღბეჭდილი“.
თუნუქის დოლი: საუკუნის რომანი
1956 წელს გრასის პირველი ლექსების კრებული გამოქვეყნდა. ორი წლის შემდეგ დიდი ლიტერატურული გარღვევა მოხდა: „თუნუქის დოლის“ ხელნაწერის საჯარო კითხვისთვის მან Gruppe 47-ის ჯილდო მიიღო (Gruppe 47, ჯგუფი 47 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული დაჯგუფება იყო; სახელი დაარსების წლის მიხედვით დაერქვა - 1947. ამ ჯგუფის წევრები, სხვებთან ერთად, იყვნენ ჰანს ვერნერ რიხტერი, ილზე აიხინგერი, ინგებორგ ბახმანი, პაულ ცელანი, ერიხ ფრიდი, ერიხ კესტნერი, ალექსანდერ ქლუგე და ალფრედ ანდერში, ასევე კულტურის კრიტიკოსები იოახიმ კაიზერი და მარსელ რაიხ-რანიცკი.) ეს არის პატარა ბიჭის, ოსკარ მაცერათის ამბავი, რომელიც მოზრდილთა სამყაროს წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადაწყვეტს, აღარასოდეს გაიზარდოს.
„თუნუქის დოლის“ წყალობით გრასი დიდი ეპიკოსების რიცხვს მიაკუთვნეს. ეს შთამბეჭდავი რომანი ქმედითი და პროვოკაციული ენით საუკუნეების მიჯნიდან ომის შემდგომ ხანამდე გერმანიის ისტორიის სულისშემძვრელ და მართალ სურათს წარმოადგენს.
„თუნუქის დოლი“, რომლის ფოლკერ შლიონდორფისეულმა ეკრანიზაციამ 1980 წელს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა, „დანცინგური ტრილოგიის“ პირველი ნაწილია. მას მიეკუთვნება ასევე ნოველა „კატა და თაგვი“ (1961) და რომანი „ასწლეული“ (1963), და ამ ტრილოგიით გრასმა არამარტო თხრობის დიდოსტატის, არამედ ვნებიანი პოლიტიკური მორალისტის სახელიც მოიხვეჭა.
როგორც ოსკარი: დასცხე დოლს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის
დღეს გიუნტერ გრასი, ალბათ, ყველაზე სახელმოხვეჭილი თანამედროვე გერმანელი მწერალია. მისი ნაწარმოებებიცა და პოლიტიკური გამონათქვამებიც მუდმივი მსჯელობის საგანია. თავისი დროის სადავო მემატიანე, ის 60-იან წლებში განსაკუთრებული მდგომარეობის კანონების წინააღმდეგ ილაშქრებდა და ოდერ-ნაისეს საზღვრის აღიარებისთვის იღვწოდა. მისი მრავალი იმჟამინდელი ტექსტი ინტელექტუალთა პასუხისმგებლობას ეძღვნება - მაგალითად, დრამა „პლებეები ამბოხებას ლამობენ“ (1966) ან რომანი „ადგილობრივი ანესთეზია“ (1969).
გიუნტერ გრასი რესპუბლიკის მცირერიცხოვან პარტიულ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება. 60-70-იან წლებში ის არჩევნების დროს ვილი ბრანდტის კონკურენტი იყო; ეს აღწერილია მოთხრობაში „ლოკოკინის დღიური“ (1972). 1982 წელს გრასი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.
80-იან წლებში ის გარემოს დაცვისა და სამშვიდობო მოძრაობაში ჩაერთო, რაც აისახა მის რომანში „ვირთაგვა“ (1986). გარდატეხის წლებში (1989-დან, როცა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანის შორის კედელი დაეცა და გერმანია კვლავ გაერთიანდა) მან „ნაჩქარევი ერთობის“ წინააღმდეგ გაილაშქრა. მისი მოთხრობა „თარსი“ (1992) აღწერს, როგორ რთულად შეეგუენ გერმანელები აღმოსავლელ მეზობელს.
ერთი წლის შემდეგ მან დევნილებთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პარტიის რიგები დატოვა. მიუხედავად ამისა, ის 1998 წელს ბუნდესტაგის არჩევნების დროს გერჰარდ შრიოდერის თანამებრძოლი იყო და დღესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ხაზის მიმდევარია.
დავიწყების წინააღმდეგ: ისტორია ისტორიებში
მისი ბოლო რომანი, „ვრცელი ველი“, რომელიც 1995 წელს გამოქვეყნდა, დღემდე კრიტიკოსთა მსჯელობის საგანია. მოქმედება ბერლინში ვითარდება, კედლის აღმართვიდან კვლავ გაერთიანებამდე, და 1948 წლიდან დღევანდელ დღემდე გერმანიის ისტორიის პანორამას წარმოადგენს. მისი ამოსავალი წერტილი პროტაგონისტი ფონტია, ფონტანესის სტილიზებული ანტიპოდი.
ოთხი წლის შემდეგ გრასმა კვლავ ახლებურად გააცოცხლა ისტორია. 100 ამბავში მან ავტობიოგრაფიის და გამოგონილი ამბების შერევით შექმნა მე-20 საუკუნის ხატი, რომელსაც „ჩემი საუკუნე“ უწოდა.
იმავე წელს, 1999-ში, გრასმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო, იმისთვის, რომ „შავი იუმორით გამსჭვალულ იგავებში ისტორიის მივიწყებული სახე დახატა“. ფაქტობრივად, გრასის შემოქმედება არის მწერლობა დავიწყებისა და ბრალის წინააღმდეგ. ეს მის ბოლოჟამინდელ ნაწარმოებებშიც ვლინდება: ნოველა „კიბოს ნაბიჯით“ (2002) 1945 წლის იანვარში დევნილთა გემის, „ვილჰელმ გუსტლოფის“ დაძირვისა და აღმოსავლეთიდან გერმანელთა განდევნის შესახებ მოგვითხრობს.
მჭიდრო სიმბიოზი: ხელოვნება და პოლიტიკა
2006 წლის ზაფხულში, ავტობიოგრაფიული „ხახვის გაფცქვნისას“ გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ეროვნული თუ საერთაშორისო პრესა გაოგნებითა და რისხით შეხვდა გრასის დაგვიანებულ აღიარებას, რომ 17 წლისა ის შშ-ის წევრი იყო. კომენტარების უმრავლესობა დაფუძნებული იყო მწარე იმედგაცრუებაზე, რომ ის, ვისაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბადალი არ ჰყავდა მიჩქმალვისა და დავიწყების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამრიგად ზნეობის ხატად იყო წარმოჩენილი, ათწლეულები დუმდა და საკუთარ შეცდომას არ აღიარებდა.
როგორც ჩანს, გრასს მტრული გამოსვლები გულზე მოხვდა და მან ბრძანა, რომ ეს „ცხვრების მოსამართლეთა“ და „ლინჩის წესით გასამართლების“ „განადგურების მცდელობა“ იყო. ლექსების კრებულში „სულელური აგვისტო“ (2007) მან თავისი განცდები ლექსებით, ლითოგრაფიებითა და ნახატებით გადმოსცა.
მე-80 იუბილის აღსანიშნავად ჰანზეს ქალაქი ლიუბეკი ნობელის პრემიის ლაურეატის პატივსაცემად გიუნტერ გრასის სახლში ორ ახალ გამოფენას მართავს. იხსნება ქანდაკებების ბაღი, რომელიც ამ სახლს მეზობლად მდგომ ვილი ბრანდტის სახლთან აკავშირებს. და არამარტო ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ გრასთან მომავალშიც გვერდიგვერდ აღმოვაჩენთ პოლიტიკას და კულტურას.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
![]() |
5 კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 მდაბიური ფერხული |
▲ზევით დაბრუნება |
რთველი-2007 და ქართული კულტურული ტრაგედია
ავტორი: მალხაზ ხარბედია
ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და მასმედიამ უკვე გააკეთა თავის საქმე, მათ უკვე კარგად დაგვანახეს თუ რა დამოკიდებულება აქვთ ვენახისადმი და როგორ ესმით ღვინო. ახლა ჯერი მეღვინეებზეა, წესით, ახლა მათ უნდა უკვდავყონ წლევანდელი სამარცხვინო რთველი და კარგი იქნება, თუკი ეტიკეტზე თარიღთან ერთად, რაიმე ტექსტსაც მიაწერენ, სადაც ერთ აბზაცში იქნება მოთხრობილი ქართული ვაზის წლევანდელი თავგადასავალი, ტექსტს, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე შეგვახსენებს, რომ 2007 წელს ვენახები გაიჩეხა, რომ გლეხი სრულიად მარტო დარჩა, რომ ვაზი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა, რომ მევენახეობა დასაცინი საქმიანობა გახდა.
იყო დრო, როცა ღვინოს გამარჯვების აღსანიშნავად უშვებდნენ ან რაიმე განსაკუთრებული თარიღის პატივსაცემად. თავის დროზე ბარონმა ფილიპ დე როტშილდმა, 1945 წელს მოწეული მოსავლიდან დაწურული თავისი ღვინის, „შატო მუტონ როტშილდის“ ეტიკეტზე დიდი V (Victoire-გამარჯვება) დაახატვინა და ამით აღნიშნა ფაშიზმის დამარცხება და წელი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროპისთვის. სხვებიც იყვნენ, რაიმე საიუბილეო ან საამაყო ფაქტი რომ უკვდავყვეს სპეციალური ღვინით და ათწლეულების მანძილზე შეახსენებდნენ მომხმარებელს ამ მოვლენას თავიანთი გამძლე, დიდი პოტენციალის მქონე ღვინით. საქართველოში დღეს არაფერი გვაქვს საამაყო, პირიქით, ჩვენთან კულტურული ტრაგედიების ხანა დგას და 2007 წელი „უმნიშვნელოვანესი“ იყო ამ მხრივ. საქართველოში სწორედ ეს ტრაგედიები უნდა უკვდავყოთ წლევანდელი მდარე ხარისხის, სუსტი, უპოტენციო ღვინით (2007-ში კარგი ღვინოებიც დაიწურება, მაგრამ ახლა მათზე არაა საუბარი), რომელიც სამუდამოდ ჩაგვიბეჭდავს მეხსიერებაში წლევანდელ დამარცხებასა და საერთო გულგრილობას.
რთველი 2007-მა ბევრი რამ შეცვალა კახელი გლეხის ცნობიერებაში. მგონი, გლეხი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული პოლიტიკა სათოფეზე არ უნდა მიაკარო ვაზს და ღვინოს და რომ მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოართვა ვენახზე საუბრის უფლება.
წელს ლამის ყველამ გამოიყენა რთველის თემა, ხელისუფლებამ, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მასმედიამ და ბევრმა კარგადაც იხეირა ამ პრომლემის გარშემო ატეხილი უმიზნო პოლემიკით. დაზარალდა მხოლოდ გლეხი, რთველის შემდეგ ბევრი მათგანი უფსკრულის პირას დადგა, უფსკრულისა, რომელიც წლევანდელი უსარგებლო მოსავლითაა ამოვსებული.
როგორც ჩანს, უკვე დადგა დრო ღვინოზე საუბრისას მკვეთრად გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მევენახე და მეღვინე, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ვითარება ნამდვილად გვაიძულებს ამას. დღეს მეღვინეს უკვე სულ სხვა მოთხოვნები აქვს მევენახისადმი, ყველა გლეხი კი სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ ნორმებს. არადა, იდეალურ პირობებში ეს ორი რგოლი ძალზე შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს და კანონთან ერთად, სწორედ ისინი უნდა არეგულირებდნენ მოსავლის ზუსტ რაოდენობასა და ყურძნის ხარისხს.
რუსული ემბარგოსა და 2005 წლიდან მორჩენილი დიდი რაოდენობით ღვინომასალების გამო, ბოლო ორი წელია, მოზრდილი კომპანიები მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობენ რთველში, გლეხისგან მცირე რაოდენობით ყურძენს შეიძენენ, თანაც მათ უკვე თავიანთი ვენახებიდან მოწეული მოსავალი აკმაყოფილებთ, ახალგაზრდა ვაზიდან მოკრეფილი ყურძენი, რომელმაც თითქმის მთლიანად გადაფარა ის რაოდენობა, რომელსაც გლეხი ავსებდა.
წელს ყველაზე ცხადად გამოჩნდა გაუცხოება ყურძნის მყიდველსა და გამყიდველს შორის და მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განცხადებებისა, ნათელია, რომ რთველი-2007 ამ გაუცხოების სიმბოლოდ იქცა.
წლევანდელ რთველზე ბლომად იყო ასეთი სიმბოლური აქტები, ვენახის გაჩეხვით დაწყებული, მოსავლის გადაყრით დამთავრებული. თუმცა კი ყველაფერი ძალიან მშვიდად დაიწყო, გაკრიალებული პროპაგანდისტული ვიდეო რგოლებით და მთავრობის ოპტიმისტური განცხადებებით.
სიტუაცია დაიძაბა, როცა გაირკვა, რომ ყურძენს ყველგან იაფად იბარებდნენ, თანაც, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც წესი, საფერავისა და რქაწითელის ფასებში თითქმის არ იყო სხვაობა. თავდაპირველად, ილუზია მქონდა, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა ე.წ. მიკროზონებში მოწეული ყურძენი და რქაწითელისა და საფერავის ფასებს შორის განსხვავებას იქ მაინც ვნახავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კახეთის საუკეთესო აპელასიონებში დავესწარი რთველს (მუკუზანი, წინანდალი, კონდოლი, ქინძმარაული), საპირისპიროში დავრწმუნდი. გარდა ამისა, კომპანიების კუთვნილი ვენახების გარდა, თითქმის ყველგან გაურკვეველი იყო მოსავლის მომავალი და ყველგან გლეხი ერთსა და იმავეს ჩიოდა. წარმოიდგინეთ, საუკეთესო ტერუარებზე ხდებოდა ასეთი ამბავი და რა ბედი ეწეოდა ნაკლებად სახელოვან ადგილებში მოწეულ ყურძენს.
ასევე ჩემი თვალით ვნახე უზარმაზარი რიგები და ღამისთევები 10-ზე მეტ ღვინის ქარხანაში (მანავიდან დაწყებული - შილდაით დამთავრებული), გზაზე დაღვრილი პირველი გამონაწური, მოლოდინში გაფუჭებული ყურძენი, დამჭკნარი საფერავის ვენახები, ბევრი ცრემლი და კიდე უფრო მეტი გინება და წყევლა-კრულვიანი მოკითხვები. ზემოხსენებული ფასი (40-50 თეთრი) ზოგჯერ ჩხუბითა და დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ დგინდებოდა და რა თქმა უნდა, ვერანაირად ასახავდა რეალობას, იგი უფრო თვითღირებულება იყო, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ითქვას: უხარისხო ყურძენი წელს შარშანდელზე მეტი იყო, ამას უხვმოსავლიანობაც დაერთო და მთლიანობაში ისეთი სურათი შეიქმნა, თითქოს მხოლოდ იაფფასიანი ყურძენი მოსულიყოს კახეთში. სწორედ ამის გამოა, რომ დღესაც ყველას ჰგონია, თითქოს კახეთში მხოლოდ 20 თეთრად იბარებდნენ ყურძენს.
ზევით უკვე გაიჟღერა სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებამ, რომ ყურძნის ფასის დადგენაში სახელმწიფო არ/ვერ ჩაერეოდა, თუმცა ლამის ერთადერთ გამოსავლად მათ „ვაზისა და ღვინის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დასახეს, რომლის მიხედვითაც, საბრენდე სპირტის დამზადება და შემდგომ მისი რეალიზება შედარებით გამარტივებული წესებით მოხდებოდა, მინისტრის მოადგილემ ისიც კი აღნიშნა, „ადრე საბრენდე სპირტის დამზადება გარკვეული დაძველების შემდეგ იყო ნებადართული, პროცედურების გამარტივებით კი, ბიზნესში ახალი მეწარმეები ჩაერევიან, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება“-ო.
შესაძლოა ეკონომიკურად ეს მომგებიანიც იყოს, მაგრამ ქართული ბრენდისთვის ეს ნამდვილად წამგებიანი იქნება. შეუძლებელია ბრენდების შემთხვევაში ე.წ. „პროცედურების გამარტივებამ“ შედეგი მოგვცეს, რადგან დაძველების გარეშე ღვინის სპირტს არც ფასი ექნება და ხარისხზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთმა გადაწყვეტილებამ ვერც ფრანგებს უშველა შარშან, როცა ბოჟოლეს ღვინო გაუსაღებელი დარჩა (იგი სახელგანთქმულმა „ბოჟოლე ნუვოს“ ფესტივალმაც ვერ გაყიდა) და იძულებულნი გახდნენ, 8 მილიონნახევარი ლიტრი ღვინიდან სპირტი გამოეხადათ (მკითხველს შევახსენებ, რომ გამეს ჯიშიდან დაწურული ბოჟოლე შედარებით დაბალი ღირსების ღვინოდ მიიჩნევა და სულ რამდენიმე თვეს ინახება). ცხადია, ამან ვერანაირად ვერ უშველა საქმეს, იმიტომ, რომ არც ერთი სპირტის სახდელის მფლობელმა 35 ევროცენტზე მეტი არ გადაუხადა მეღვინეს ლიტრში, მაშინ, როცა წინა წელს ნეგოციანტი მისგან 1.80 ევროდ ყიდულობდა ლიტრ ღვინოს. ალბათ, ასეთივე პრობლემები შეიქმნება ჩვენთანაც, მნიშვნელობა არა აქვს, ღვინომასალის შეძენაზე იქნება საუბარი თუ უშუალოდ ყურძენზე, სამაგიეროდ შიდა ბაზარი შესაძლოა უხარისხო სპირტებით გაივსოს. ამისთვის სახელმწიფომ 5 მილიონიანი კრედიტიც კი გასცა სამ კომპანიაზე, არადა, ევროკავშირი ყოველწლიურად 500 მილიონ ევროზე მეტს ხარჯავს გაუსაღებელი ღვინის გადამუშავებაში, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია და ერთადერთ გამოსავლად ვენახების გაჩეხვაღა დარჩა.
ჩვენ ბოჟოლეს მასშტაბის პრობლემა არ გვიდგას, რქაწითელიდან და საფერავიდანაც გაცილებით გამძლე და დიდი პოტენციალის მქონე ღვინო იწურება, ვიდრე გამედან, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოსავალი, რატომღაც, მაინც არ ჩანს.
მით უმეტეს, გამოსავალი არაა უწამლი ვაზის გაშენება, ბოლო დროს რამდენჯერმე ჩამოვარდა ამაზე სიტყვა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეის განხორციელება კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქართულ მეღვინეობას. ეს ჯიშები, ვაქირულა და შანიძე, ძალზე უხმოსავლიანია და არც განსაკუთრებული შრომა სჭირდება. მართალია, გლეხი მოგებული დარჩება, როცა ფაქტობრივად უშრომლად კილოში 20 თეთრს გადაუხდიან, სამაგიეროდ ბაზარი გაივსება უხარისხო, არაფრისმთქმელი, იაფფასიანი ღვინით, რომელსაც საქართველო კი არა, მთელი დსთ ვერ აითვისებს. თანაც არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ჯიშებმა აპელასიონის ღვინოებშიც შეაღწიოს (მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მეწარმე დღესაც ხშირად ურევს ხოლმე ვთქვათ, დედოფლისწყაროს საფერავს „მუკუზანში“, საგარეჯოს რქაწითელს კიდევ - „წინანდალში“).
წელს ძალზე სუსტად გამოჩნდა მასმედიის როლიც. ტელევიზიები, რომლებსაც რევოლუციების მოწყობა ეხერხებათ, ვერაფრით დაეხმარნენ კახელ გლეხებს, რადგან როცა გაირკვა, რომ რთველი აშკარად სერიოზული პრობლემებისა და ექსცესების ფონზე ჩაივლიდა (და რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერაფრით უშველიდა ვითარებას), იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტები საქმეზე გადასულიყვნენ, მოემზადებინათ სპეციალური თოქ-შოუები, ჩაეწერათ ექსპერტები და ცხადად ეჩვენებინათ სექტორში არსებული რეალური პრობლემები, ისინი პოლიტიკური რთველის ფერხულში ჩაებნენ და მიკროფონს ხან ოპოზიციისკენ იშვერდნენ, ხან ხელისუფლებისკენ (მოკლედ, პოლიტიკოსებს შეატოვეს გლეხი). მთელი ამ დღეების მანძილზე წარმოუდგენელი რამ ხდებოდა საქართველოს ტელევიზიით, თითქმის ყველამ გამოთქვა აზრი წლევანდელი რთველის და პრობლემის დაძლევის შესახებ, გარდა პროფესიონალებისა. ეკრანზე არ გამოჩენილა არც ერთი მეცნიერი, ექსპერტი, მეღვინე...
პირველმა ესტაფეტა, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-მა აიღო, როცა პოლიტიკოსების ბრალდება ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ კარგი სადღეგრძელოსავით აიტაცა და თავიანთი კოლეგები „სპექტაკლის დადგმაში“ დაადანაშაულა. ეს ყველაფერი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ მოხდა და საეჭვოდ დაემთხვა ორ ტელეკომპანიას შორის საინფორმაციო ომის დაწყებას. ამ დროიდან მოყოლებული, ორი კვირის მანძილზე (სანამ ყველაფერ ამას 12 ოქტომბერს ინგა გრიგოლიას „რეაქცია“ არ „დააგვირგვინებდა“), რთველთან და მევენახეობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ერთ თემას დაუკავშირდა, დადგა თუ არა იმედმა „გაკაჭვის სპექტაკლი“ და გადაუხადა თუ არა ბადრი პატარკაციშვილმა ავთო ყალაბეგაშვილს ფული. მთელი ამ ორი კვირის მანძილზე სხვა არც არაფერი მოგვისმენია რთველის შესახებ, არც ერთი საქმიანი წინადადება. კახელი გლეხის ძახილი ტელეკომპანიების კინკლაობამ ჩაახშო და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორი მართალი სიუჟეტი გავიდა ტელევიზიების ეთერში („დროების“ ჟურნალისტის, დაჩი გრძელიშვილის მიერ მომზადებული და რუსთავი 2-ზე, „ბიზნეს კურიერში“, თენგიზ გოგოტიშვილის სიუჟეტი კი, როგორც „არასაკმარისად ოპტიმისტური“, ვერ გავიდა რუსთავი 2-ის ეთერში), რომელიც პირდაპირ სვამდა საკითხს, ხელისუფლების, ოპოზიციისა და სხვა „დაინტერესებული პირების“ გვერდის ავლით.
მთელი თვე ტყუილად ველოდი, ტყუილად მქონდა იმედი, რომ ერთ-ერთი არხი მაინც მიუძღვნიდა რთველის პრობლემას სპეციალურ გადაცემას, ერთ-ერთ არხზე მაინც ვნახავდი ღამის ეთერში მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ქართულ მევენახეობაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრებდნენ. ამდაგვარი რამ მხოლოდ 12 ოქტომბერს მოხდა და უნდა ვაღიარო, რომ იმდღევანდელ „რეაქციას“ ცოტა რამ ჰქონდა საერთო რთველთან. გადაცემიდან ნათელი გახდა, რომ მასმედიას მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს, მხოლოდ თავისი სახელი აღელვებს და მხოლოდ რაღაცის გაშუქება-არგაშუქებაზე დაჰყავს პრობლემა, იმაზე კი ნაკლებად საუბრობენ, თუ რატომ მიიღო გლეხმა ეს გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ჟურნალისტები სიტყვას არ ამბობენ ამის გამო, მიდიან და პოლიტიკოსებს ეკითხებიან აზრს, რადგან საქართველოში ხომ მხოლოდ პოლიტიკოსებს მოეკითხებათ ჭკუა.
იმავე პოლიტიკოსების იდეა იყო ორი წლის წინადნელი კოლექტიური საწნახელიც, მდაბიური ფერხული, რამაც კიდევ ერთხელ შელახა ქართული ღვინის ისედაც ამღვრეული სახელი. როგორც ამბობენ ასეთ რამეს წელსაც აპირებენ, იმასაც დაგვპირდნენ, რომ „საწნახელები“ ქალაქის ყველა უბანში დაიდგმება და რომ ვაკე თავის წილ „ვალინკებს“ მიიღებს, მთაწმინდა კი თავისას. და რაც მთავარია, ორი დღის მანძილზე თბილისი ბრძოლის ველს დაემსგავსება, სადაც კვლავ გაიგონებთ საზარელ სიტყვებს: „წამო, ვიკიშკაოთ“.
![]() |
5.2 თეატრი - ძველი ამბის დასასრული ახალი ამბების ინტერვენციის ფონზე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: დავით ჩიხლაძე
კლოუნადა - ნუთუ შეიძლება ეს იყოს თეატრის მომავალი? რობერტ სტურუამ ერთ თავის უახლეს ტელე-ინტერვიუში განაცხადა, „თეატრში ამბავი დაიკარგაო“. გულისხმობდა, რომ დასავლეთში, კერძოდ ინგლისში ისეთი თეატრები აღმოაჩინა, ჩვენ რომ მხატვრობაში პაბლო პიკასოს, სალვადორ დალის, კაზიმირ მალევიჩს ან ჯეფ კუნსს ვუკავშირებთ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მთელი თანამედროვე მხატვრობა და მისი მოწინავე წარმომადგენლები გადაეჩვივნენ ჩვენთვის გასაგები ცხოვრებისეული საგნების და ფიგურების ხატვას. მაგრამ, აი, თეატრში თუ მსგავსი რამ შეგვხვდა, ამის გაგება ყველას გვიჭირს.
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, დასავლეთთან ლამის უკვე მთლიანად ინტეგრირებულ საქართველოში არათუ ექსპერიმენტული თეატრი არსებობს, არამედ მასზე წარმოდგენაც კი არა გვაქვს. მეორე - თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი გაგრძელება კლოუნადაა, მით უმეტეს, ისეთი თეატრისთვის, რომლისთვისაც მიმდინარე სოციალური და იდეოლოგიური მსოფლიო კონტექსტი უცხო არ არის და მხოლოდ ზღაპრების ლამაზი დადგმებით არ შემოიფარგლება. ამის დასტური კი, თუნდაც ნიუ-იორკში არსებული პოსტმოდერნული და ავანგარდული თეატრების ნახევარი მაინცაა. კლოუნადა სიცილ-სიცილში მიგვანიშნებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ დაგვაგვიანდა, არამედ, ახლა უკვე შეგნებულადაც ვაგვიანებთ - ამბავი ხომ თეატრში დიდი ხანია დამთავრდა (ეს დაახლოებით მაშინ მოხდა, როდესაც ალან რობ-გრიემ, ფილიპ სოლერსმა და ნატალი საროტმა ე.წ. ფრანგული „ახალი რომანი“ შექმნეს, სადაც ამბის თხრობა კონტექსტის აღწერამ შეცვალა). ეს დაახლოებით გასული საუკუნის შუა პერიოდს ემთხვევა. მას შემდეგ „ამბავი“ „ახალი ამბების“ ანუ მასმედიის იმიჯებითაც მოგვევლინა და აქ შეიძლება ენდი უერჰოლის ან მარშალ მაკლუენის გავლენაც ვეძებოთ.
ნიუ-იორკში (ქალაქში, რომელმაც უკვე დიდი ხანია შეცვალა მოდერნისტული პარიზის არტისტული მონოპოლია) რამდენიმე ასეული თეატრია და ამიტომაც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, დასავლეთის ანუ ჰოლივუდის კინო-იმპერიისგან განსხვავებით, თეატრალურ ფაბრიკად მიიჩნევა. ამ კუნძულზე, მანჰეტენზე მუშაობენ რიჩარდ ფორმანი, რობერტ ვილსონი, ჯუდით მალინა და სხვები და აქ შექმნილ ყოველ სიახლეს არა მხოლოდ მოდა, არამედ თეატრის ნამდვილი და დაძაბული დისკურსი ქმნის.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არტი ანუ ვიზუალური ხელოვნება დიდი ხანია, ასე თუ ისე, საერთაშორისო კონვერტირებას ექვემდებარება - თეატრი სრულიად ანტიკვარული სალონის ანტურაჟში გახვეული დარჩა. დრამატურგიაში ვერ დავასახელებთ იმის მაგალითს, რაც შეიძლება ეკვივალენტური იყოს ჩვენი არტის ნიმუშებისა, დრამატურგიის ენა იგივეა, რაც 100 წლის წინ იყო, ანუ სხვა სიტყვებით, ის უკვე დიდი ხანია მკვდარია. თანაც, ჩვენი თეატრი საკუთარ დედანად სწორედ დრამატურგიას მიიჩნევს და თეატრის ენას სულაც არ სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ რობერტ სტურუამ, მიხეილ თუმანიშვილმა, თემურ ჩხეიძემ, უფრო ადრე კი კოტე მარჯანიშვილმა, სანდრო ახმეტელმა, თუნდაც, ვახტანგ გარიკმა (თუმცა კი მისი იდეალი დრამატურგი და მსახიობი იყო, ვიდრე რეჟისორი) სხვადასხვა თეატრალური პლასტების წინ წამოწევაზე და მათთან თეორიულ მიდგომაზე გააკეთეს აქცენტი, მათი ეს ბრწყინვალე და მრავალფეროვანი სამუშაო მაინც ვეღარ იქნება გარანტი თეატრის დაზღვევისა დღევანდელი ლამაზი (ხშირად კი - ულამაზო) და მკვდარი დეკორატიულობისგან. მაგალითად, საინტერესო ძიებები ჰქონდა მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ მედეა კუჭუხიძეს 80-იან წლებში; საერთოდ მარჯანიშვილის თეატრში, ისევე როგორც სხვა მაშინდელ თეატრებში, იყო ისეთი ფორმალური ძიებებიც, რაც მათ დასავლეთის კულტურასთან აახლოებდა, დღეს კი ეს სიახლოვე მხოლოდ ლოზუნგებში და დევიზებში დარჩა. თეატრი კი ლოზუნგებით არ იქმნება. ჩვენში ახალი პრობლემა გაჩნდა - ლოზუნგი. ლოზუნგი აზროვნების სანაცვლოდ; სახე სახელის სანაცვლოდ, ანუ პაროდია, მოკლედ რომ ვთქვათ, თითქმის ყველაფერზე.
მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრებს წელს სიახლე აქვთ - მათ ექსპერიმენტული სცენა გახსნეს, რომელთაც ჯერ თითქოს არანაირი სამუშაო პროგრამა არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში, ეს საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა. შეიძლება, იქ რამის დადგმას აპირებენ (ისე ხომ სცენას არც დაარქმევდნენ), დარწმუნებული ვართ, მართლაც დიდია სიახლის სურვილი, რადგან ეს ადამიანური მოთხოვნილებაა, სტაგნაციას რომ ებრძვის და ისიც გვესმის, რომ გლობალიზაციას, პოლიტიკურის გარდა, რაღაც კულტუროლოგიური სიახლეებიც მოაქვს, მაგრამ, რის დადგმას, რაზე მუშაობას გეგმავენ და როგორ, ეს ჯერ არ ვიცით. გარდა სახელმწიფო თეატრებისა, ბოლო დროს მომრავლდა კერძო, მცირე მოცულობის თეატრები, სადაც შედარებითი შემოქმედებითი თავისუფლება უკვე გარანტირებულიცაა, მაგრამ აქაც იგივე სადადგმო მექანიზმები, ესთეტიკური ორიენტირები და თვით მსახიობების კონტინგენტი ფიგურირებს, რაც არა სისტემის, არამედ შინაარსის - თვით ჩვენი თეატრალური სააზროვნო სივრცის გარკვეული სახის ფორმალისტურ კრიზისზე მიანიშნებს.
ნიუ-იორკში შარშან ვნახე ერთი მცირე თეატრის, „დაშლადი ჟირაფის“ (Collapsible Giraffe) სპექტაკლი - მსახიობები და რეჟისორი ჯერ აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ კლოუნების თუ ბურლესკის სექსუალური სასაცილო დედოფლების და პაჟების კოსტუმებით და მაკიაჟით; ისინი ბევრს და ისტერიულად იცინოდნენ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი სხვადასხვა მხარეს მიიმალნენ კულისებში და მაშინვე გაჩნდნენ დიდ დარბაზში მიმოფანტულ სხვადასხვა ტელეეკრანებზე. ელექტრონული მუსიკის რიტმების ფონზე მათი პორტრეტები და სიცილი უკვე უხმო იყო, ეს 1 საათი გრძელდებოდა თითქოს და მერე იფიქრებდი, იცინოდნენ? ტიროდნენ? ექსტაზი იყო? სექსუალური ემოციები? თუ რა? გლობალიზაცია, იქნებ - ადამიანის სხეულის, ემოციის, სახის, თეატრის გლობალიზაცია.
მიხაილ ბარიშნიკოვი ზურგზე მიმაგრებული 8 მილიმეტრიანი მოძველებული კინოპროექტორით ცეკვავდა და საკუთარი სხვა ცეკვის პროექციებს აფენდა კედლებზე ტრიშა ბრაუნის კონცერტზე „ჯოის თეატრში“ მერევე ავენიუზე; სტივ პაქსტონი დადიოდა - მოვიდა ქუჩიდან, ავიდა სცენაზე და აღწერდა სიარულის მექანიზმს და საკუთარი ფეხის კუნთების მოქმედებებს მიკროფონში. მერე ქუჩაშივე გაბრუნდა და მისი ხმა უკვე იქიდან გვესმოდა.
ეს ყველაფერი ქორეოგრაფიული თეატრის კორიფეებს შეეხება. თუმცა, კლოუნადას, ბურლესკის თუ ვოდევილის გარდა ჯუდით მალინას და დღევანდელი „ლივინგ თეატრის“ ლიბანის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოწყობილი პოლიტიკური თეატრიც ხომ არსებობს, და ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი ოდესმე ჩვენც შეგვეხოს.
![]() |
6 რეპორტაჟი თამარაშენიდან |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 იყო ერთი სამშობლო |
▲ზევით დაბრუნება |
ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო იური ლობოდინი
თამარაშენი არის სოფელი შიდა ქართლის რეგიონში, ცხინვალიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე. ის განლაგებულია დიდი ლიახვის ხეობაში. თამარაშენი - ამაზე სახელწოდებაც მიუთითებს - თამარ მეფეს დაუარსებია. შემდგომში ის სამაჩაბლოს ნაწილი იყო, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახდა, 1990 წლამდე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
სოფლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო ივანე მაჩაბლის სახლმუზეუმი, რომელიც 1997 წლის 23 ივლისს დაბომბეს.
თუკი ინტერნეტის საძიებელში „თამარაშენს“ მიუთითებთ, სულ ცუდ ინფორმაციას მიიღებთ. თითქმის ყოველ გვერდზე საუბარია ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, დაბომბვაზე, სამმხრივ ბლოკპოსტებზე, დახოცილებზე, დაჭრილებზე, ღალატზე. აი, რამდენიმე სათაური: „სროლასაც ეჩვევი“, „სამხრეთ ოსეთში ქართული ძეგლი ააფეთქეს“, „მშობლებს ეშინიათ“ - ცხადია, ეშინიათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თამარაშენი, ჩუმი, დამალული ტრაგედია, კვლავ არსებობს, აქ ერთგული, თავდადებული, თავისი სახლის და მიწის მოყვარული, შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, და კვლავ ჩნდებიან ბავშვები, კვლავ კითხულობენ ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ შექსპირს და გოგოებს და ბიჭებს ერთმანეთი კვლავ უყვარდებათ.
მეგობარმა მომითხრო, რომ ერთხელ, ზამთარში, ღამით მოუწია თამარაშენიდან წამოსვლა. როცა სერპანტინზე მანქანით მიდიოდა, უკან მოჰყვებოდა „ვილისი“, რომელშიც ჯარისკაცები ისხდნენ. ამ გზაზე ერთი ძალიან ცუდი აღმართია და სწორედ იქ უზარმაზარი ჯიპი ყინულზე ასრიალდა და დაცურება დაიწყო. და აი, ჯარისკაცმა, რომელიც საჭესთან იჯდა, გაუგონარი საქციელი ჩაიდინა: მან რამდენიმე წამში იმგვარად დააყენა თავისი მანქანა, რომ მოცურებული მას შესკდომოდა - ეგებ გადაჩეხვას გადარჩენილიყო. ჩემმა მეგობარმა რაღაც სასწაულით მოახერხა მისთვის გვერდის ავლა და უფსკრულის პირას გაჩერება. თამარაშენელებიც ამ ჯარისკაცს ჰგვანან: ბევრი, ბევრი წელია, ჩუმად, ერთგულად, პათეტიკის გარეშე დგებიან იქ, სადაც საფრთხე გვემუქრება, და ყოველ დარტყმას უდრტვინველად უძლებენ.
მე კი თამარაშენში ჩასვლამდე ის, რასაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ ან პრესა წერდა, შორს, უჩემოდ განვითარებულ, რაღაცნაირად განყენებულ მოვლენებად მიმაჩნდა, რის გამოც დღეს ძალიან მრცხვენია.
დამოუკიდებლად თამარაშენში ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი - სხვა თუ არაფერი, არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი, გასეირნება რამდენად ნებადართულია. გარდა ამისა, ვიცი, რომ გზა, რომელზეც ჯარისკაცები დგანან, მგზავრს კარგს არაფერს უქადის. ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ მამუკა ხერხეულიძისა - მან ერთი მოგზაურობით ჩემთვის კიდევ უფრო მშვენიერი გახადა ის, რასაც სამშობლოს ვეძახი.
წერილი რედაქტორს თამარაშენიდან
...ჰოდა, იმას მოგახსენებდი, შორენა ჩემო, რომ მამუკამ თქვა, ხვალ თამარაშენში მივდივარ და თუ გინდა, წამოდიო, და მინდოდა და წავედით, სამი მამულიშვილი: მამუკა, თაზო და მე. სხვებიც ბევრნი იყვნენ, მაგრამ თავიანთ გზაზე.
ერთი კი ვიფიქრე, მაინც საზღვარია და ვინმეს რამე რომ მოებლანდოს და ცეცხლი გაგვიხსნას, რაღა ვქნა-მეთქი, მაგრამ მერე მისტიკაში გადავვარდი და გადავწყვიტე, რომ თუ ცოდვა მეშვიდე თაობაზე გადადის, მადლი ხომ მთლად მეასეზე უნდა გადავიდეს, და პაპაჩემი ნიკოლოზი ხომ ოსეთში ოსურად ქადაგებდა და ხალხს ნათლავდა, და რაღა იქ უნდა წამომწეოდა ტყვია და უბედურება? მერე ისიც ვიფიქრე, რომ მამუკა ნამდვილად არ მერჩის და ჩემი არგახარება რომ უნდოდეს, სხვა თუ არაფერი, ამხელა გზაზე წასვლა დაეზარებამეთქი... მოკლედ, წავედით.
მე ხომ ნახევრად ქართლელი ვარ და თაზოს მთელი ებრაელი სანათესაოც იქიდანაა, მაგრამ ლოკალპატრიოტიზმი აშკარად ორივეს ჩამკვდარი გვაქვს, რადგან გზადვე შევთანხმდით, რომ ქართლი ლამაზი კია, მაგრამ არ მოგვწონს. მეტისმეტად ბრტყელია. ცოტა ხანში გაირკვა, რომ არაფერი გვინახავს და არც არა გაგვეგება რა.
რომ გადავუხვიეთ და უკვე ჩემთვის უცნობ გზას დავადექით - მანამდე ტყვიავს არ გავცილებივარ - აღარაფერი აღარ იყო ბრტყელი. ავუყევით სერპანტინს და იქ დაიწყო ამბავი, რომელსაც ლექსიკური მარაგის სიმწირის გამო კუსტურიცას ფილმად მოვიხსენიებ. წესით ასეთ ადგილებს რა ჰქვია, არ ვიცი.
წარმოიდგინე: გზა, მწვანეში ჩაფლული, და გზაზე ორი ძაღლი, მწყობრი ნაბიჯით მომავალი, რაღაცნაირად საქმიანი გამომეტყველებით. გითხრა, ლამაზები იყვნენ-თქო, ტყუილი იქნება. მამუკას ვკითხე, ეს კოიოტები რას დასუნსულებენ-მეთქი, დასახლებული ადგილი იქ არაა და არა მგონია, მესაზღვრეები ამ ფინიების იმედად მდგარიყვნენ სამშობლოს სადარაჯოზე. მამუკამ ამიხსნა, რომ ეს ძაღლები ძალიან სერიოზული საზოგადოებაა. განსაკუთრებული ყნოსვა აქვთ თუ დაგეშილები არიან, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, დამალულ ნაღმებს აგნებენ და მერე ერთი ძაღლი ნაღმს ყარაულობს, რომ ზედ არავინ დააბიჯოს, მეორე კი ხალხთან გარბის და ატყობინებს, რომ იქ საშინელებაა დამალული. ჰოო... ძაღლების მიმართ დიდი პატივისცემა ვიგრძენი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მანქანიდან გადასვლა და ტყეში შესეირნება მაინც არ იყო აუცილებელი.
იმავე აღმართს რომ მივუყვებოდით, კიდევ ერთმა ამბავმა გამკრა გულში უშნოდ: ბუჩქნარში და ტყის პირას, საკმაოდ ახლო-ახლო, იდგნენ სამხედროები, ახალგაზრდა კაცები. რაღა დაგიმალო და ფრიად შთამბეჭდავი სანახავები იყვნენ; რა ვქნა, პაციფისტური შემართების მიუხედავად, ფორმიანი, თან იარაღიანი მამაკაცების მიმართ ვერა ვარ გულგრილი. ვაჰ, რას ვახარებ ძია ზიგის მიმდევრებს! მაგრამ ასე, ჩირგვებში რომ იდგნენ, არ მეამა და ვიკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი.
მამუკამ კვლავ წარბშეუხრელად მომიგო, რომ აქ სასაზღვრო ზოლის კონტროლი რთული საქმეა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის, ოსეთი სად მთავრდება და საქართველო სად იწყება, - ეგ მეც ვერ გავიგე და ვერც ვერასოდეს გავიგებ, - და ამიტომ შესაძლებელია, რომ ვინმემ რამე უვარგისობა განიზრახოს. ამიტომ დგანან ჯარისკაცებიო. ალბათ ითვლება, რომ დამამშვიდა, მაგრამ მე ერთიათად არ მეამა. ჯერ მარტო ამდენი ჯანმრთელი კაცი რატომ უნდა იდგეს აქ, ზაფხულში კიდევ რა უშავს და ზამთარში? თან სულ გაფაციცებული, სულ კონცენტრირებული, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ავადმყოფური იდეები აწუხებს, და ამ კაცების გოგოები რომ სულელებივით სხედან სადღაც მარტოკები, ესეც საკმაოდ გასაბრაზებელია.
კაი. ავედით, ავედით და უნაგირზე მოვექეცით. კლასიკური უნაგირია, შუაში გზა გადის, იქით-აქეთ ორი ჟანდარმივით ბორცვია. ერთზე ქართული საგუშაგოა, მეორეზე - რუსების. რუსულ საგუშაგოზე ვიღაცა ფოტოკამერიანი დგას, ობიექტივი ბრჭყვიალებს და იმით მივხვდი, და გამვლელ-გამომვლელს სურათს უღებს. რუსი ჯარისკაცების ცოდვით დავიწვი: ვისაც არ ეზარება, ყველა ენას უყოფს და სხვა უზრდელობებსაც აჩვენებს, ქართველებს კი რა, პრინციპში, სახლში არიან.
მერე იწყება დაღმართი და სოფელი ჩნდება. შორიდან რომ შეხედავ, აზრადაც არ მოგივა, რომ აქ ომი იყო და აგერ უკვე თექვსმეტი წელია, სულ რაღაცა ხდება, როგორც წესი, კარგი არაფერი. ეს ყოფილა თამარაშენი.
ამ ქვეყანაში ხომ თუ რამე რამედ ვარგა, ყველაფერს თამარის სახელი ჰქვია: ხიდს, კოშკს, ციხეს, რა ვიცი... თან როდის რა აშენდა ან გაკეთდა, არავინ დაგიდევს, თუ კარგია, თამარისაა. მამუკამ თქვა, ეს იმიტომ, რომ თამარის მერე სახელმწიფო არ გვღირსებიაო. ეს უფრო კარგი ვერსიაა, მე ერის ფანტაზიის ნაკლებობას ვაბრალებდი. ასევე ორნაირად შეიძლება განიხილოს კაცმა ისიც, რომ სულ საშინელი, ბრუტალური თქმულებები და ამბები გვაქვს. დამამშვიდებელი ვარიანტი: იმიტომ, რომ ცხოვრება გვქონდა ასეთი; ცუდი ვარიანტი: იმიტომ, რომ ასეთები ვართ.
მაგალითად, სასიყვარულო ისტორია თუ მთლად თამარაშენიდან არა, იქვე, სიახლოვიდან: ძველ დროში ადათი ყოფილა ასეთი, რომ ქალს, რომელსაც მამაკაცი ცოლად ითხოვდა, თავისი მომავალი ოჯახის ყველა წევრისთვის თითო წყვილი ლამაზი წინდა უნდა მოექსოვა. მშვენიერი ადათია, არა? არაფერიც. თურმე ერთხელ ერთი ასული მეუღლის ოჯახისთვის წინდების ქსოვას შეუდგა. ქსოვდა და ქსოვდა, უამრავი მოქსოვა, იმიტომ, რომ იმ ოჯახს უამრავი შვილი ჰყოლია, და იმ შვილებს ცოლები და ქმრები ჰყოლიათ და შვილებიც. მოკლედ, ქალს იმდენხანს მოუწია ქსოვა, რომ გათხოვება ვერ მოასწრო, ავად გახდა - ქსოვისგან არა, რაღაცა შეეყარა, - და მიწას წინდებიანად მიაბარეს. კარგია ვითომ ეს ამბავი?
მართალია, თავად თამარაშენში როცა ჩავედი, პასუხად კითხვაზე, იქმნება თუ არა სადღეისოდ ქართულ-ოსური ოჯახები, იქაურმა ქალბატონმა თანაგრძნობით გადმომხედა და მომიგო, აბა, როდის ყოფილა, სიყვარული საზღვარს დაებრკოლებინოსო. მოკლედ და ადამიანურად, პოლიტიკური წიაღსვლებისა და ტრაგიზმის გარეშე. საერთოდ, მე ასეთი სიცოცხლით სავსე და ფსიქიკურად დალაგებული ხალხი მგონი არც შემხვდრია, მე კი ენდოკრინოლოგს უნდა ვეჩვენო. სულ მეტირებოდა.
ერთმა ქალბატონმა თქვა, ნესტან-დარეჯანის წერილს წავიკითხავო. წიგნი ისე, სილამაზისთვის ეჭირა, თორემ სულ ზეპირად იცოდა. არადა, დედაჩემი რომ მიყვებოდა, პაპა ნიკოლოზის დედამ მთელი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა და პატარა როცა ვიყავი, პაპას სახლში, ფლავში, საღამოობით ხალხი ამ უსინათლო მოხუცის გარშემო „ვეფხისტყაოსნის“ მოსასმენად იკრიბებოდაო, „კატო ძალო, კატო ძალო, მერე რა იყო, თქვიო“, სულ ვფიქრობდი, იმისთვის მეუბნება, რომ შემრცხვეს და მეც ვისწავლო-მეთქი რამე. თურმე, სად ვარ. თან ეს ქალბატონი თავისთვის კი არ ბუტბუტებდა გაზეპირებულს, სერიოზულად კითხულობდა, გრძნობით, და დავიწყე ტირილი და აღარ მოვრჩი, სირცხვილი და თავისმოჭრა, ვინმე იფიქრებდა, „ვეფხისტყაოსანი“ არ წაუკითხავს და მიჯნურები ეცოდებაო.
საერთოდ, ცოტა არაადექვატურად ვიქცეოდი. ერთ ქალბატონს ვკითხე - ვინ მეკითხებოდა? თამარაშენიდან ბევრი იყო-მეთქი ლტოლვილი? ქალმა გაოცებით შემომხედა, მერე კი გადაწყვიტა, რომ აზრი ვერ დავალაგე და მიპასუხა, კი, ცხინვალში ვისაც სახლები დაეწვათ, ნაწილი აქ დასახლდაო.
ამ სოფლიდან არ მიდიან. როგორი წასასვლელია! მე ხომ ბუნების მშვენიერებების აღწერა არ გამომდის, მაგრამ დამიჯერე, იქაურობა ისეთი ლამაზია, თვალს ვერ მოწყვეტ. წყაროსთან ბარემ ათჯერ ჩავედი, რომ ლიახვისთვის მეყურებინა. სულ იქ ჩამოჯდომაც არ ვარგოდა - იქვე კაცები რაღაცას აშენებდნენ და გასაგრილებლად წყალთან მიდიოდნენ, ჩემი კი ერიდებოდათ.
ისე, მთელ სოფელში სულ რაღაცას აშენებენ, სულ რაღაცას ალაგებენ. აღმოსავლეთ საქართველსთვის მოულოდნელად ლამაზი, მოვლილი ეზოები აქვთ, ქუჩაში ბამბაზიისხალათიანი, ლამაზისეულივით ქალი ერთიც არ დამინახავს, ბავშვები კი დარბიან, მაგრამ გიჟებივით არ ღრიალებენ. საჭმელი ისეთია, ერთი კვირა რომ დამტოვო, ცენტნერი დავბრუნდები. სახარჯინი! ეს რა ყოფილა! დიდი ხაჭაპურივითაა, ოღონდ შიგ ყველის გარდა ისპანახის ან ჭარხლის ფოთლებიცაა და არაჟანიც. მომაკვდინებელია. თაზომ მითხრა, რომ ფიჩინიც ძალიან გემრიელია, დიდი ხინკალივითაა, რაღაცა შუალედური სტადია ხინკალსა და კუბდარს შორის, მაგრამ მე ის არ მიჭამია, არ ვიცი. სამაგიეროდ, დავლიე წითელი ღვინო, იმ ყურძენს ლომიაური ჰქვია და უგემრიელესია, და მამუკა კი ამტკიცებს, თამარაშენის ღვინო მსუბუქია და არ ათრობსო, მაგრამ აბა, რა გითხრა...
სულ აღარ მიკვირს, რომ ივანე მაჩაბელი ასე წერდა და მიხეილ ჯავახიშვილი მაინცდამაინც თამარაშენში ჩავიდა ქართულის სასწავლელად. ისე ლაპარაკობენ, სირცხვილით დაიწვები და ხმას ვერ ამოიღებ. მოკლედ, ყველაფერი თითქოს კარგადაა, და ზუსტად ამ ძალიან კარგობის გამო იყო ის დღე კუსტურიცული და მაღალი დონის ჰორორფილმი.
აი, ნახე: მაჩაბლების დაბომბილი სასახლის წინ ვიჯექი მორზე, უშველებელ გერმანულ ნაგაზს თავს ვაჩვენებდი, რომ მისი სულაც არ მეშინია, და მამუკამ მითხრა, აი, იქ რომ გავერანებული შენობაა, ყოფილი საფეიქრო ფაბრიკა, იქიდან ისროდნენო. ცხადია, გავხედე და ვათვალიერე, და მოვიდა ქალბატონი და მითხრა, მაინცდამაინც დაჟინებით ნუ უცქერ, იქ რამდენიმე ფანატიკოსი სნაიპერი ზის და შეიძლება გულმოსულებმა გესროლონო. ვაი, დედა! მერე ჯარისკაცს ვკითხე, - ხომ გეუბნები, აშკარად არ ვარ მათ მიმართ გულგრილი, მით უმეტეს, ესენი კარგი ჩაცმულ-დახურულები არიან და რემბოობანასაც არ თამაშობენ, თან საეჭვოდ კარგი გარეგნობის ბიჭები არიან ყველანი, ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული შენაერთია; ჰოდა, გავიპრანჭე და ვკითხე, რაღად ხართ-მეთქი აქ, ხომ აღარ ისვრიან-მეთქი. კიო, ბიჭმა მითხრა, დღისით აღარ ისვრიანო. ე.ი. ღამით ისვრიან.
ჰოდა, ვისხედით მე და თაზო, მაჩაბლების კარ-მიდამოსთან, მორებზე, დანგრეული ფაბრიკისკენ ზურგშექცეულები - იქით რაღა გამახედებდა! და ვერაფერსაც ვერ ვფიქრობდით.
ეგეთები ჩემი საფიქრალი არაა. ანკი, რაში გაინტერესებს ჩემი თეორიები საზღვრების, ეროვნებების, ომებისა და მსგავსების შესახებ. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი მალე მორჩება და აღარავის ეხსომება, რომ ოდესღაც რაღაც დებილური პასპორტები არსებობდა და შიგ ეროვნება ეწერა.
უკან რომ ვბრუნდებოდით, საძაგელმა თაზომ მითხრა, ისე, ვინმეს რომ მოეტაცე და ჟურნალისთვის გამოსასყიდი რომ მოეთხოვათ, მაგარი სარეკლამო აქცია გამოუვიდოდათ სეპარატისტებსო. არ მესიამოვნა. სულაც არ იყო კარგი ხუმრობა.
ისე, შორენა, ხომ გამომისყიდდით?
![]() |
7 ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 მართალი ტყუილი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, პირადი არქივი
მოგესალმებით, ბატონო და ჩვენი შეთანხმების საფუძველზე გიგზავნით რობერტ სტურუასთან საუბრების სტენოგრაფიულ ჩანაწერს, შესაძლოა, ის ამ ფრაგმენტულ საუბრებში რაღაცას მალავს, ან პირიქით, შეგნებულ ავანტურაზე მიდის, რას გაუგებ?! ნახეთ, რა გამოგადგებათ, იქნებ, ისტორიისთვის ერთი ფრაზაც კი სასარგებლო აღმოჩნდეს.
პატივისცემით ქ.ს.
თეატრის ფოიეში
- „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა არ შედგა. საზოგადოების რისხვის შეგეშინდათ თუ ეს მხოლოდ ავანტურული ექსპერიმენტი იყო?
- ისე რა. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენი ინტერვიუს მერე „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემები, სხვადასხვა ვარაუდები და კვლევები დაიბეჭდა, ხალხმა დაიწყო მისი კითხვა, ბავშვებმა დაასურათეს „ვეფხისტყაოსნის“ საკუთარი ვერსიები, ბევრი ნიჭიერი და უნიჭო სტატია დაიწერა ლიტმცოდნეების მიერ, მსახიობებს ისიც კი ვუთხარი, ერთი ნაწილი ჩვენი მისიისა უკვე შევასრულეთ-მეთქი.
- ამბობდით, ტექსტში სულ დაშიფრულ ადგილებს ვეჯახებიო. ახლა მაინც თუ მიაგენით იმ კოდს, რომელიც შიფრს გახსნის?
- პირიქით, ყველაფერი დავივიწყე. კარგია, როცა რაღაცას ივიწყებ და მერე სხვა თვალით უბრუნდები. პრინციპული ადგილები დარჩება, მაგრამ საბოლოოდ რა იქნება, ეგ არავინ იცის.
(ვიღაც გაივლის ფოიეში და სტურუას აჩვენებს ტრაფარეტს, რომელსაც აწერია „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (სპექტაკლი იყო ასეთი) და ეკითხება: ეს შენი ხელია? სტურუა - ჩემია, на мою могилу поставишь это - იბარებს).
- მეჩვენება, რომ „ვეფხისტყაოსანზე“ საუბარს გაურბიხართ, ბევრი ამბობს, სტურუას საზოგადოების შეეშინდა და ამიტომ გააჩერა სპექტაკლიო.
- შეეშინდათ ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, შვილებსა და შვილიშვილებს, ჩემთვის ტყავი არ გაეძროთ, თორემ მე არაფრის შემშინებია.
- არადა, თქვენი ერთი ფრაზა შიშის შესახებ იმდაგვარ კონტექსტში ატრიალეს ტელევიზიით, რომ თქვენზე შეშინებული კაცი ამ ქვეყანაში არ მოიძებნებოდა.
- არ მითქვამს, მე მეშინია-მეთქი, ვთქვი - შევატყვე, ხალხს როგორ ეშინია და ამის გამო ვშიშობ-მეთქი, თანაც ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე იყო ლაპარაკი, სადაც არ ვიცით, ხვალ რა გველის.
- არის ისეთი ქვეყანა, სადაც იციან, რა ელით?
- როგორ არ არის. ყველა ის ქვეყანა, სადაც კანონი მეფობს.
(ფოიეში ერთ-ერთ მსახიობს ეძახის - შენი ინტერვიუ მომეწონა. მსახიობი - რა ვიცი, გლეხურად დაწერეს. მე - ვინ არიან გლეხები, ჟურნალისტები? სტურუა - ნუ, ახლა, არ არიან? ამასწინათ, პრესკონფერენციაზე რაღაც მკითხეს და ცნობილი რეჟისორების გვარები ჩამოვუთვალე, მერე ვკითხე, თუ იცით, ვინ არიან ეს რეჟისორები-მეთქი, მთელი დარბაზი გაისუსა, ერთმაც კი ვერ მიპასუხა).
- ხშირად ამბობთ, რომ ხელოვნებას არაფრის შეცვლა შეუძლია და თეატრი ვერ ცვლის ადამიანს. თუ ასეა, გამოდის, რომ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის დგამთ სპექტაკლებს.
- პრინციპში ასეა. ცვლილებები, რაც ხდება ამა თუ იმ სპექტაკლის შემდეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ამბიციური უნდა იყო, რომ ეს ცვლილება შენს სპექტაკლს მიაწერო. ახმეტელმა თავისი ხელოვნებით, რასაკვირველია, შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება, სულიერ სფეროში უხილავი ცვლილებები შეიტანა, მაგრამ ძალიან თვითდაჯერებული დეგენერატი უნდა ვიყო, რომ ვთქვა: ჩემმა სპექტაკლმა შეცვალა სამყარო.
- სამყარო არა, მაგრამ თუნდაც ორი საათი ხომ შეცვალა მაყურებლის ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს ადამიანი ხომ ასეთი საათებისგან, დღეებისა და წამებისგან შედგება.
(არ მისმენს, ფოიეში ვიღაცას ეძახის).
- გეზარებათ ლაპარაკი?
- არა, არ ვიყავი ამისთვის მომზადებული, ლაპარაკს კი არ ვგულისხმობ, განწყობას. გუშინ მთელი ღამე ვუსმენდი პროკოფიევის ოპერას, გამაგიჟა. ადამიანის შეცვლაზე ვამბობდით, ხო? ვთქვათ, ნივთი, რომელსაც ნებისმიერი ხელოსანი ქმნის, ისიც კი ცვლის სამყაროს. თუ რაღაც ახალს წარმოადგენს, სკამიც კი იკავებს პატარა ადგილს ამ სამყაროში, ფიზიკას თუ გავითვალისწინებთ, მთელი ველები იცვლება ამ სკამის გარშემო.
- იმ პრინციპით, რომ წერტილსაც შეუძლია სივრცის შეცვლა?
- თავისთავად. ეს ძალიან კარგად ჩანს კომპიუტერში, როდესაც წერტილს ჩასვამ მზა წინადადებაში და ბლა-ლა-ლა, წავა ხოლმე მთელი ტექსტი. კარგი სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ცვლის დამოკიდებულებას, თუნდაც პროფესიულ სფეროში, რაღაცა ეტაპი თითქოს გადაიფურცლება, მერეც, იცვლებიან პროფესიონალები, ძველები ისე ვეღარ მუშაობენ, როგორც ადრე, თვითონ თეატრიც იცვლება. ბუნებრივია, რომ მაყურებლის აღქმაც იცვლება თეატრის მიმართ, ცხოვრებასაც სხვაგვარად უყურებენ, მართალია, სადღაც, მაინც ილექება ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ვამბობ, რომ ხელოვნება ვერ ცვლის სამყაროს, ვგულისხმობ იმას, რომ ბოროტი კაცი მაინც ბოროტად რჩება, კეთილი კი - კეთილად. ხელოვნებამ უსათუოდ სიკეთე უნდა გაამაგროს, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენამდე იყო შექმნილი გენიალური შედევრები, რომელთაც კაცობრიობა არ შეუცვლია. უბრალოდ, ამ შედევრებმა გაგვიღრმავა რეალობის აღქმა, მეტი არაფერი.
- ხუთიოდე წლის წინ ამბობდით, ფილოსოფიური სიღრმეები უფრო მაინტერესებს და ვფიქრობ, მაყურებელსაც ცხოვრების სხვაგვარი, ფილოსოფიური აღქმა სჭირდებაო. რა ჰქენით, დაიწყეთ ფილოსოფიურ სიღრმეებში მაყურებლის შეტყუება თუ დრომ შეგიშალათ ხელი.
- ერთია შენი ჩანაფიქრი, მეორეა მაყურებლამდე მისი მიტანა. დავუშვათ, მიხვედი იმ აზრამდე, რომ სამყარო არის რეალობა. პლატონი ამბობს, რომ ჩვენ სადღაც, გამოქვაბულში ვართ მიჯაჭვულები და ვუყურებთ კედელს, რომელზედაც იმ ადამიანთა ჩრდილები მოსჩანს, გარეთ რომ მოძრაობენ, საგნებს ვერ ვხედავთ, ვხედავთ მხოლოდ მათ ანარეკლს, იმის უფლებაც არ გვაქვს, უკან მივიხედოთ, რადგან მიჯაჭვულები ვართ, რეალობა წარმოადგენს პროექციას, ჩვენი აღქმის შედეგს, დავუშვათ, ამ აზრს ვეთანხმები და მინდა სცენაზე გადავიტანო, მაგრამ სიუჟეტის ტყვეობაში ხარ, ამიტომაც ცდილობ გმირების მოქმედება ახსნა ყოფითი მოტივაციით. ხშირად მინახავს, როცა პიესას გიყვებიან ძალიან უბრალოდ, ერთი რეჟისორი იყო თეატრში, რომელიც იდეალურად ყვებოდა პიესას, მაგრამ როცა მის სპექტაკლს ვუყურებდით, არაფერი მსგავსი იქ არ იყო. იდეის გადატანა უკვე დამოკიდებულია რეჟისორზე, მსახიობებზე, როგორ გადაიტან ამ იდეას აბა, რაზეც ახლა ვლაპარაკობ?
- ანუ თქვენს წარმოდგენილ რეალობას მარტო ვერ გაქაჩავთ.
- რა თქმა უნდა, შენ სათანადო ფორმები უნდა მოძებნო თეატრში, მაგრამ შესრულება ხომ უნდა ყველაფერ ამას. რაც ახლა ხდება მსოფლიო თეატრებში, საშინლად არ მომწონს, იმიტომ, რომ ცდილობენ რაღაც მეტაფიზიკურ სფეროში გადაიტანონ ცხოვრება, ძირითადად გერმანულმა თეატრმა დაიწყო ეს პროცესი და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ბოროტება და ძალადობა არის მუდმივი კატეგორია ყველა სფეროში, ამას კარგად, თანმიმდევრულად ამტკიცებენ და ყველა თეატრს დაედო ასეთი პოსტფროიდისტული იდეის დაღი.
- ლოგიკურია, რომ გერმანიაში ხდება ასეთი რამ, ჰიტლერგადატანილ სამყაროში. თქვენ არ ფიქრობთ, რომ მუდმივი კატეგორიაა ბოროტება?
- ვფიქრობ, მაგრამ, სიკეთეც ასევე მუდმივი კატეგორია მგონია. საინტერესო ისაა, რომ ჩვენ გერმანელებზე არანაკლებ საშინელ პირობებში ვცხოვრობდით, კომუნიზმიც ფაშიზმი იყო, შეიძლება უფრო მძაფრიც კი, იმიტომ რომ აქ გაუგონარი ფარისევლობა მეფობდა, ფაშისტები უფრო პატიოსნები იყვნენ იმ მხრივ, რომ რასაც ფიქრობდნენ, იმას ამბობდნენ, დავუშვათ, ებრაელების საკითხი. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს ერი უნდა განადგურდეს, კომუნისტები ამას არ ამბობდნენ, მაგრამ ასევე პრინციპულად ანადგურებდნენ ხალხებს. ნიუ იორკში ვდგამ პროკოფიევის ოპერას „Повесть о настоящем человеке“, რომელიც ითვლება ძალიან სუსტ ოპერად, რომ მითხრეს დადგიო, გულს შემომეყარა. დაწერილია მას შემდეგ, რაც სტალინმა და ჟდანოვმა გამოიძახეს შოსტაკოვიჩი და პროკოფიევი და ასწავლეს როგორ უნდა წერონ, სტალინი „სამაგალითო“ მელოდიებსაც კი უმღეროდა, თითქოს დედა უტირეს, დათრგუნეს, ყველა აგინებდა პრესაში და უეცრად პროკოფიევმა დაწერა ეს ოპერა, მოვისმინე და მომეჩვენა, რომ შეიძლება ეს უფრო დიდი ბუნტია წყობის მიმართ, ვიდრე დავუშვათ, შოსტაკოვიჩის პირდაპირი, ტრაგიკულ-გროტესკული აღქმა იმდროინდელი რეალობისა, სადაც სევდა კი არა, უფრო გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებაა, ამავე დროს ისეთ კოსმიურ ძალას გრძნობ ამ გროტესკულ მუსიკაში, რომ გაწვება და განადგურებს. პროკოფიევთან თითქოს ისეთი მელოდიებია, რომელიც ძალიან გავს 30-იანი წლების ფილმებს, სადაც ცელიკოვსკაია და ლიუბოვ არლოვა მღეროდნენ, მაგრამ ისე უცნაურად აქვს გაკეთებული ეს ყველაფერი პროკოფიევს, ხვდები, რომ ეს პაროდიაა, ამ სიტკბოში თითქოს იხრჩობი, მაგრამ ამავე დროს, გრძნობ, როგორ გშველის ეს მუსიკა იმაში, რომ იცხოვრო, თითქოს გეუბნება - ნუ, იყოს ასე, რა. გაგვაგიჟონ ამათმა, ჩვენ ხომ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ხომ უნდა ვთესოთ, ამ სისხლიან პერიოდში ვიღაც ხომ უნდა გვიყვარდეს, გავმრავლდეთ, ამ დროს კი ხალხი იხოცებოდა ციმბირში. ჩვენც არ ვცხოვრობდით კარგად, ძირითადად სულ პურზე დავდიოდი და დღემდე მახსოვს, როგორი პური იყო ომის შემდეგ.
- პურის და ნავთის რიგები შეგეხოთ?
- როგორ არა. ბაბუაჩემის ძმა ყოველთვის მთავრობაში იყო და ეგონათ, რომ არაფერი გვიჭირდა, არადა, ის, როგორც პრინციპული კომუნისტი არასოდეს დაგვხმარებია, მახსოვს, ერთხელ გამოგვიგზავნა ტომარა კარტოფილი და ყოველ 7 ნოემბერსა და 1 მაისს აწყობდა საგვარეულო წვეულებას, სადაც ყველა სტურუას ეძახდა. მახსოვს, პატარები გამორჩეულად ვემზადებოდით ამ დღისთვის და სტუმრობისას იმდენს ვჭამდით, რომ როცა ტორტი შემოჰქონდათ, კუჭი უკვე გადავსებული გვქონდა, ორ კოვზ ტორტს თუღა შევჭამდი და ამის გამო მწარედ ვტიროდი. მერე სულ ვფიქრობდი - რატომ არ გვიხვევდნენ ამ ტორტს. გაატანე რა, ბავშვს ტორტის ნაჭერი, ახლა ვბრაზდები ამაზე.
- გურმანი ბავშვობიდან იყავით?
-არააა, ახლაც არა ვარ დიდი მჭამელი, ძირითადად ღვინო მასუქებს. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენი ოჯახი კარგად ცხოვრობდა. მამაჩემი მხატვარ-მონუმენტალისტი იყო და პირველი დიდი შეკვეთა ჭიათურის თეატრისგან მიიღო, პლაფონის მოხატვა დაავალეს, ფული წინასწარ არ მისცეს, ამიტომ ვალებში ყიდულობდა ტემპერის საღებავებს, რომელსაც რენესანსის ტექნოლოგიით კვერცხის გულს ურევდა, ჩვენ კი ცილის ერბოკვერცხს გვაჭმევდნენ, დღემდე მახსოვს ეს გაუთავებელი, საშინელი ცილის ერბოკვერცხი. მაშინ ძალიან დიდ ფულს იძლეოდნენ მონუმენტურ ჟანრში, როცა პანოს მოხატვა დაასრულა, ჭიათურიდან დაურეკეს - ჩამოდი, ფული წაიღეო. სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ფული იცვლებოდა, მამა მიხვდა, რომ დიდ თანხას მისცემდნენ მაშინ, როცა ფულის გამოცვლამდე ორი დღე დარჩებოდა, შეგეძლო ეს ფული შეგეტანა ბანკში და 20 000-დან გამოგეტანა მხოლოდ 2000, დანარჩენი იკარგებოდა. მოკლედ, მისცეს უზარმაზარი თანხა, ზის მამაჩემი ჭიათურა-შორაპნის მატარებელში, ზამთრის პერიოდია, პატარა დათოვლილი სოფელი დაინახა და „სტოპკრანით“ გააჩერა მატარებელი, ატყდა ერთი ჩოჩქოლი, მამაჩემმა ხალხს უთხრა: ძალიან დიდი ფული მაქვს, თუ თანახმა ხართ, აი, იქ, სოფელი რომ მოსჩანს, ბიჭები წავიდნენ, პურმარილი შეუკვეთონ, დავსხდეთ აქ და ვიქეიფოთ, ფულს მე ვიხდიო. ეტყობა, იმ დღეს იმერლებიც ცუდ ხასიათზე იყვენენ და ყველა დათანხმდა, ლიანდაგის გასწვრივ რაღაც ფიცრები დადეს, კოცონები დაანთეს, შემოვარდნენ იმერელი გლეხები, უცბად გააწყვეს სუფრა და გაჩაღდა ქეიფი. ამ დროს შორაპანში პანიკაა - მატარებელი არ ჩამოვიდა, იფიქრეს, რაღაც მოხდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც ჭიათურის მარგანეცის წარმოება იყო, შეშინებულმა სადგურის უფროსმა ალბათ, წარმოიდგინა, როგორ დახვრეტდნენ და გამოაგზავნა დრეზინა, იცი, რომელ ფილმშია დრეზინა? „путевка Жизнь“. მოვიდა ეს დრეზინა და ხედავენ ფანტასმაგორიულ სურათს - ზემოიმერეთის შესანიშნავ პეიზაჟზე ზის მთელი მატარებლის „სასტავი“ და ქეიფობს, ჩამოსვეს დრეზინის ხალხი და ჩართეს ქეიფში. შორაპანსა და ზესტაფონში უკვე ფიქრობენ, რომ საშინელი კატასტროფა მოხდა და გამოაგზავნეს სასწრაფოს ვაგონი ექიმებითა და სანიტრებით, თან ახლავთ სადგურის უფროსი, ჩავიდნენ და ნახეს - ყველაფერი რიგზეა, გახარებულები დასხდნენ და იქეიფეს. მახსოვს, მამაჩემი რომ ჩამოვიდა დილით, 30 მანეთი მოიტანა იმ ფულიდან.
- ბოლო დროს ძალიან ხშირად ლაპარაკობთ მამაზე, გინდათ მისნაირი იყოთ?
- რაღაცაში ვგავარ, მაგრამ ის ჯერ ერთი, ლამაზი მამაკაცი და არაჩვეულებრივი ქართველი იყო, ყველა ჩემს მეგობართან მეგობრობდა. მერეც, ქალები გიჟდებოდნენ მასზე, მაგრამ მთლად ლამაზ ქალებთან არ ჰქონდა ურთიერთობა ჩემი სიმამრისგან განსხვავებით, რომელსაც სულ რომანი ჰქონდა ლამაზ ქალებთან. მამაჩემის ქალებზე ცოტას ვეჭვიანობდი, მაგრამ როცა მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მერე უკვე ვამაყობდი კიდეც.
- და რაში იყო საქმე?
- რაინდი კაცი იყო და ქალს ეპყრობოდა, როგორც ქალს, მისთვის სილამაზე არ იყო მნიშვნელოვანი, გიჟი გადარეული დონ-ჟუანი კი არ იყო, ენაგადმოგდებულები რომ დასდევენ ქალებს. მერე ერთი საყვარელი გაიჩინა და აი, აქ ცოტა, დედაჩემის გამო გვქონდა კონფლიქტი, გარდატეხის ასაკში ვიყავი და დედაჩემის მხარე დავიჭირე, ახლა ვნანობ, იმიტომ, რომ ჩვენს შორის შეიძლება უხილავი, მაგრამ მაინც განხეთქილება მოხდა, თითქოს რაღაც გაფუჭდა და ამის გამო სიყვარული დავაკელი, ეხლაც კი, ამის გამო სულ დანაშაულის გრძნობა მაქვს ხოლმე. მახსოვს, ღამე მოვიდოდა მთვრალი და დედა ეჩხუბებოდა, ერთხელაც გამოვედი და ვუთხარი - წადი რა, იმ ქალთან-მეთქი, დედაჩემი მეცა, შენი საქმე არ არისო.
რობერტ სტურუა, გიტი შრადე, გურამ საღარაძე, ტანია ბუხბინდერი
Untiteld 1 - 3 foto - Gogi Xarabadze, Robiko, Lika Chavchavadze.
რობერტ სტურუა, ლაშა თაბუკაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე
- იგივე ურთიერთობა გაქვთ შვილებთან?
- იცი, როგორ არის? ოჯახში ყალიბდება რაღაც კანონები, რომელსაც ოჯახის წევრები ვერ ანგრევენ. თანაც, რომ დავაკვირდი, ჩემი ცოლი ჰგავს დედაჩემს, ჩემი შვილების ცოლები გვანან ჩემს ცოლს და დედაჩემს, მოქცევა ოჯახში არის ისეთი, როგორც იქცეოდა მამაჩემი, სხვა ოჯახებს რომ ვაკვირდები, იქ სხვანაირი პრინციპია, ვთქვათ, შემონახულია ტრადიციული სადილობები, ყველა ოჯახი რაღაცნაირად ინახავს თავის წესებს, ჩვენთან დედაჩემი უმზადებდა საუზმეს მამაჩემს, მე თავად ვიკეთებ ხოლმე, ჩემი შვილებიც, იმიტომ რომ ჩემი ცოლი მძინარაა, ადრე ვერ იღვიძებს. რა ვთქვა კიდევ?
რობერტ სტურუა მამასთან ერთად
- ვიცი, რომ შეყვარებული ქალების მთელი არმია დაგყვებათ ხოლმე, თქვენი მსახიობი ქალებიც ყველაზე ეჭვიანობენ.
- ერთი წუთით.
(ფოიეში ვიღაცას ელაპარაკება ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე - ცილინდრს ვეძებდი მაგისთვის, იქ კი ტექსტი ისე გამოიყვანეს, თითქოს ინგლისში სულ ბაზარში დავდივარ).
სკოლის შეყვარებულმა ნინამ ამასწინათ მაგარი ფოტო მომიტანა. ნინა მაშინ შემიყვარდა, ვაჟთა მე-9-ში რომ ვსწავლობდი, ლევანდოვსკაიას გიმნაზიაში. ბოლო ორი წელი შეგვაერთეს გოგოებთან, მანამდე სულ ბიჭები ვიყავით. მიშა თუმანიშვილმა და ოთარ იოსელიანმაც ეგ სკოლა დაამთავრეს, ძალიან მაგარი პედაგოგები მყავდა, მეფისდროინდელები, როცა რომის ისტორიას გავდიოდით, ისტორიის მასწავლებელმა მაშინ პირველად, მხატვრულად წამაკითხა „კორიოლანოსის“ დედის ეპიზოდი, როცა დედა ეხვეწება შვილს რომ დაბრუნდეს და არ უღალატოს რომს. მერე ოთარ იოსელიანმა დრამწრე შექმნა, მაგრამ არ მიმიღო.
- რატომ?
- ნუ, უნიჭობის გამო. მოგვიანებით, ნაცნობობით მათამაშა სერგეი მიხალკოვის პიესაში „снежок“. ამერიკელ თეთრკანიანებთან სწავლობს ერთი შავი ბიჭი, რომელსაც დაცინვით დაარქვეს სნეჟოკი, რაღაც რასისტული თემა იყო და ვთამაშობდი სნეჟოკის მეგობარ ზანგს. ეტყობა, სხვა ბავშვები ვერ დაითანხმეს შავად შეღებვაზე, მაშინ რა საღებავი იყო, „პრობკას“ ვწვამდით და იმას ვისვამდით სახეზე.
(ტელეფონი „აფეთქდა“ - წავედი, წავედი, ინგლისელი მელოდება, 12 საათზე უნდა შევხვედროდი, უკვე პირველის ნახევარია).
20 დღის შემდეგ
- არსებობს თეორია ქართველების არტისტულ ბუნებასა და რეჟისორულ ნიჭზე. როგორც რეჟისორს, რამდენად მოგწონთ პოლიტიკოსების მიერ დადგმული „სპექტაკლები“, ექვემდებარება თუ არა ისინი რაიმე იდეას, კომპოზიციას, ამბის თხრობას, სიმართლეს?
- ეს უნიჭო დადგმები, რომლებიც განკუთვნილია კრეტინებისათვის, ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს. ისინი ისე გვეპყრობიან, როგორც თავიანთ კოლეგებს. ყველაზე საშინელია ცინიზმი იმ ხალხის მიმართ, რომელიც ძალაუფლების მაღალ საფეხურზე არ იმყოფება. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაფერს ვჭამთ და ეს სპექტაკლები მოგვწონს, რადგან ჰგონიათ, რომ მათი სპექტაკლები ბუნებრივია და თავისთავად, ვითომ სპონტანურად არის დაბადებული.
მე, მაგალითად, ყველასგან, ვინც აპირებს პრეზიდენტობას ან პარლამენტის წევრობას და ვისი არჩევაც ჩვენზეა დამოკიდებული, მოვითხოვ, უსათუოდ მოგვიტანონ ჯანმრთელობის ცნობა ციურიხის ზიგმუნდ ფროიდის ფსიქიატრიული კლინიკიდან, რადგან ძალიან ბევრ ფსიქიურად დაავადებულს ვხედავთ ჩვენს მთავრობაში და მეორე - ნიუ ორლეანში არის ნარკოლოგიური ცენტრი, საიდანაც ასევე უნდა მოგვიტანონ ცნობა. ეს ორი მოთხოვნა აუცილებლად უნდა შეიტანონ არჩევნების პუნქტში.
- რომელიმე ნორმალური ქვეყნის მთავრობებსა და ხელისუფლებაში თუ მიაქვთ ასეთი ცნობები?
-აუცილებლად, თუმცა, პრინციპში იქ არც სჭირდებათ, ჟურნალისტი გაიგებს, რომ ისინი გატაცებული არიან ნარკოტიკით და დამთავრდა.
(ტელეფონს პასუხობს -ბატონოოო? მე მიხეილი არ მქვია. სტურუას რობერტი ქვია, როცა ჩემს სახელს ისწავლით, მერე დამირეკეთ!
- თიშავს.
- ა, ბატონო, ჟურნალისტი იყო, მითხრა, ბატონო მიხეილო.
- იქნებ სხვაგან მოხვდა?
- არა, კაცო, ჩემთან რეკავდა.
- ხომ ხედავთ, რაზე ლაპარაკობდით და რა მოხდა, ტელეპათიაა)
- თქვენი სპექტაკლები ხშირად გარკვეულ წინასწარმეტყველებასა და პროგნოზს შეიცავდა, ბევრი ადრინდელი სპექტაკლი დღესაც ისეთივე თანამედროვეა ამ პოლიტიკური სიტუაციისათვის, როგორც მაშინ იყო.
- როცა „ჯარისკაცი და პრეზიდენტი“ დავდგით, რომელმაც არასასიამოვნო ურთიერთობა გამოიწვია მთავრობასთან, მაშინაც ბევრი რამე ვიწინასწარმეტყველეთ, არადა, ჯერ კიდევ იმედიანები ვიყავით და პრეზიდენტის სექსუალური ვნებებიც ზოგისთვის ძალიან რომანტიკული ჩანდა.
- ამ ყველაფერს რომ ამბობთ, არ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს?
- არაააა!!!! მთავრდება ზღვარი, როცა ყველაფერი უნდა თქვა, რასაც ფიქრობ.
რა არის იცი? როცა ამერიკაში პირველად ჩავედი (იმ პერიოდში მოკლეს რობერტ კენედი), საკმაოდ მაღალ წრეში აღმოვჩნდი, პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ ამერიკელი ინტელექტუალების დამოკიდებულება ჩემთვის იყო დამანგრეველი, არც აინტერესებდათ, რადგან იქ კანონი მოქმედებს, თანაც, იციან, რომ ვინც პოლიტიკაში მოდის, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან პოლიტიკას ძალაუფლების იარაღად იყენებენ. XX საუკუნეში საქართველო სულ სამი წელი იყო დამოუკიდებელი, რაც ბრძოლით არ მოუპოვებია, 24 წელს კი იყო აჯანყება, მაგრამ, როდესაც კრემლში გყავს სტალინი, ქართველი კაცი და იცი, რომ ვერ აჯობებ...
- ქართველ კაცს რატომ უსვამთ ხაზს?
- იმიტომ რომ, როცა ინტერვენციის მუზეუმს ვხედავ, ვფიქრობ, ვინ შემოვიდნენ აქ ინტერვენტები? სტალინის დიდი მოთხოვნით ლენინთან საუბრის შემდეგ ორჯონიკიძე, რა თქმა უნდა.
- ანუ ფიქრობთ, რომ ქართველში განუზომელი ძალაუფლების დოზა ძალიან მაღალია?
- არა. უბრალოდ, ქართველი კაცი ფეხებზე იკიდებს თავის სამშობლოს, როცა საქმე ეხება მის პირად პოლიტიკურ მიზნებს და ეს აშკარად ჩანს ისეთ ფიგურებში, როგორიც იყო ორჯონიკიძე და სტალინი. ის ტერორი, რომელიც აქ განახორციელეს, რუსეთისგან განსხვავებით, ერთით მეტი იყო. გავოცდი, როცა მარკესთან, „მარტოობის ას წელში“ წავიკითხე, როგორ ხვრეტდნენ ხალხს ღამით, პირდაპირ ვაგონებში, მერე მატარებლები მიჰქონდათ და ზღვაში ყრიდნენ. მეორე დღეს კი, როცა იღვიძებენ, მარკესი აკეთებს ასეთ მეტაფორას - მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სამი მეოთხედი გაქრა, არავინ არ ახსენებს ამ ღამეს. ჯეფერსონი ამბობს, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეს არის ხე, რომელიც ჩვენი სისხლით უნდა მოვრწყათო. ამერიკამ გაიარა ეს გზა, დემოკრატია იქაც არ იყო მიღწეული იოლი გზებით, იქ ბრძოლა დღესაც მიდის. აგერ, რუსეთის მიტროპოლიტი გამოდის ევროპარლამენტში - მისი სიტყვა კრახია ევროპული ლიბერალიზმის - და ევროპას სთავაზობს პუტინის რუსეთის მოდელს.
(საფერფლე სად გვაქვს? ბოთლის სახურავში აფერფლებს.)
- ცოტა ხნის წინ თქვენს მიმართ ხელისუფლებას მკვეთრად აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა, ამბობდნენ, რომ სტურუას თეატრიდან აგდებენ. თქვენც - ნეტა გამაგდებდნენო, მაგრამ დარჩით თეატრში.
- ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის უცხო არ არის, ველოდებოდი კიდეც ასეთ რეაქციას. არ მეგონა, თუ ესენი უკანონო ქვეყანას აშენებდნენ, თანაც, ძირითადად იურისტები ხო? ესენი ცოტა მოკომუნისტო ხალხია. იდეებს არ უნდა აჰყვე, ცხოვრება არის ცოცხალი პროცესი და შენ, პირველ რიგში ადამიანად უნდა დარჩე. ჩვენ კენედი იმიტომ მოგვწონდა, რომ ადამიანი იყო, მასაც არანაკლები სექსუალური ინტერესები ჰქონდა და ვიცით ხო, მისი რომანების შესახებ...
- რა არის ეს სექსუალური ინტერესები ბოლოს და ბოლოს? ჰქონდეს, თუკი სხვა რამეები მოწესრიგებული აქვს.
- არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ შენ უკვე შანტაჟის ობიექტი ხდები, ვიღაცა გადაიღებს ფოტოებს და მორჩა.
- დათრგუნული სექსუალურობა უფრო ცუდი არაა? ადამიანი ამ შემთხვევაში უფრო აგრესიული არ ხდება?
- კი, მაგრამ, როცა პირველი პირი ხარ, კანონი შენგან მოითხოვს თითქმის ქრისტიანულ მორალს. შენ შენი ქვეყნით უნდა იყო დაკავებული და კანონით, კანონს უნდა დაემორჩილო.
- ასე ჩვენს ისტორიაში, მეფეებსაც ჰყავდათ ხარჭები და უკანონო შვილებსაც კი აჩენდნენ.
- ჩვენი ისტორია არის მითების და ლეგენდების კრებული, რომელიც დაწერილია რომანტიული პოზიციით, წმინდანი მეფეები და კმაყოფილი ხალხი, რომელიც ამ მეფეებს ბელადად, ღმერთის დანიშნულებად თვლის. ისევ იმას ვუბრუნდები, ადამიანური რომ იყოს ეს ვნებები, რაღაცნაირად გავიგებდი და ვაპატიებდი, მაგრამ როცა შენი ცხოვრება არასექსუალურია, და როცა პირველი კაცი ხდები, მაშინ იყენებ ბოროტად შენს პოსტს, აქ არის ტრაგედია.
- ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ფეოდალურ საქართველოში თავადები რომ პირველი ღამის უფლებით სარგებლობდნენ.
- უნდა გითხრა, რომ ის კანონი იყო და ვერაფერს ვერ იტყოდი.
- ფეოდალურია დღესაც საქართველო, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.
„ვეფხისტყაოსანს“ თუ მიუდგებით ამ კუთხით? მოდით, გულწრფელად მითხარით, იცით, რა გინდათ ამ ნაწარმოებისგან?
- ვიცი, მაგრამ ჩემთვის. გარდა იმისა, რომ იდეურ მხარეში ვაპირებ კარგად გარკვევას, თუ რას ფიქრობდა თვითონ რუსთაველი, მინდა გავაკეთო სუფთა მხატვრული პოზიციიდან - რას ნიშნავს პოემის გასცენიურება, ლექსის გადაქცევა სცენურ მოქმედებად. ეს ამოცანა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სამყარო, რომელიც დაგვიტოვა მგოსანმა, რომლის სახელი მატიანეში არსად არის ნახსენები.
- პრინციპში, მაგას აქვს მნიშვნელობა? შედევრები დარჩენილა უცნობი ავტორებისგან.
- ეს არ იყო უბრალოდ ავტორი.
(მმართველი შემოდის და არკვევს გრიშკოცევის სპექტაკლზე შედის თუ არა. ლოჟაში შევალ ჩუმადო-ეუბნება)
ყველაზე სამწუხარო ჩვენს ისტორიაში კიდევ ის არის, რომ მემატიანეებისა ბრმად გვჯერა, მართალია, ისტორიკოსები ამბობენ, ვცდილობთ ჩვენი მატიანე სხვა ინფორმაციასაც შევადაროთო, მაგრამ ერთადერთი „სხვა ინფორმაცია“ სომხების მატიანე რჩება, რას დაწერს სომეხი ჩვენზე, ეგ არავინ იცის, რადგან ის ქიშპი და პირველობის სურვილი კავკასიაში სომეხს ყოველთვის ჰქონდა.
- ახლა ქსენოფობიას დაგაბრალებენ.
- რატომ კაცო, ეს ხომ არ არის დამალული. ჩვენ ისედაც ყველაფერს ვმალავთ, პოლიტკორექტულობა, რომელიც ასე მოდაშია ამ ბოლო დროს, აიძულებს ადამიანს იყოს ფარისეველი, არ თქვას სიმართლე. როცა ადამიანი და კაცობრიობა ავადაა, აუცილებელია დაასახელო დაავადება, გაერკვე რა გჭირს, რომ განიკურნო. პოლიტკორექტულობის შიშით ჩვენ რატომღაც ვმალავთ დაავადებას და პრობლემები და კონფლიქტები გადაგვაქვს სხვაგან, ვითომ არა ვართ ავად და ისეთ წამლებს ვიღებთ, რომლებიც ტკივილს გვიყუჩებს, მაგრამ მიზეზებს ვერ სპობს. თუნდაც, აიღოს კაცობრიობამ და შეხედოს იმ რელიგიურ კონფრონტაციას, რაც სამყაროშია, პრაქტიკულად, რელიგიურ ომებში ვართ ჩართული, უბრალოდ, არ ვამბობთ ამას.
- როგორ უნდა გადასუფთავდეს ჩვენი ისტორიის ზედაპირი, რომ მართლა გამოჩნდეს ის, რაც ნამდვილად ჩვენია, ცუდი, კარგი, არ აქვს მნიშვნელობა.
- ამისთვის, ჯერ ერთი, უქარქაშო ხმლები უნდა დავივიწყოთ. რასაკვირველია, სასიამოვნოა ქართველი კაცისთვის, იფიქრო, რომ შენი ქვეყანა წყვეტდა მსოფლიო პრობლემებს, შენ იყავი ნაწილი მსოფლიო პოლიტიკის, რაც მორიგი მითი მგონია...
- და რჩეული ერი?!
- მაინც მეჩვენება, რომ რჩეული ერი ვართ. წარმოვიდგინოთ რაღაც ყუთი, სადაც სხვა ერების შენაძენი ინახება, ჩვენ შეგვიძლია ამ ყუთში ჩავდოთ მხოლოდ და მხოლოდ პოეზიის, ხელოვნების, ცხოვრებისადმი სიყვარულის გამოცდილება და არა დავუშვათ სხვა რამ, თუნდაც ინტელექტუალური, რადგან ფილოსოფოსები ჯერ კიდევ გვაკლია, სამწუხაროდ, იმ პერიოდში, როცა ევროპა ერკვეოდა და ქმნიდა ახალ, კარტეზიანულ ფილოსოფიას, რომელმაც რევოლუცია მოახდინა აზროვნებაში, ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. თუმცა, ის მომენტი, რომ ჩვენ ყველანი ფილოსოფოსები ვართ, არის. გლეხიც ცდილობს გაერკვეს ცხოვრებაში, ინტელიგენტიც, მხატვარიც და უბრალო მუშაც, არ არსებობს ვარიანტი, რომ მათ რაღაც არ წაიფილოსოფოსონ, თუნდაც ყოფითი პოზიციიდან.
- ავანტურა, ერთგვარი სოციალური პროვოკაცია საზოგადოების აღელვებისთვის, თუნდაც აღშფოთებისთვის გჭირდებათ?
- დიახ. თეატრი ისეთი რამ არის, სადაც ავანტურა აუცილებელია, პრობლემას რომ მიაქციოს მაყურებელმა ყურადღება, გამოიწვიო უმაღლესი ემოცია, ამისათვის სკანდალები თეატრში აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, როცა შექსპირი დგამდა თავის პიესებს, ისეთი მაყურებელი ესწრებოდა, რომელსაც სკანდალები უყვარდა, თეატრში რომ მიდიხარ, თუ ნახე რაღაც ისეთი, დავუშვათ, ჩეხოვი...
- რომელიც არ გიყვართ?
- ძალიან მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ ჩეხოვს ვერ დადგამენ კიდევ 100 წელი. ჩეხოვის ორი პიესა დავდგი და მივხვდი, რომ ისეთ პრობლემებს ეხება და ისეთ სფეროში ეძებს არსს, სადაც მაყურებელი ვერ შედის. ჩვენ ვხედავთ ადამიანის ყოფას, ისტორიას, დავუშვათ, როგორ გაყიდეს ალუბლის ბაღი. თითქოს, უბრალოდ ალუბლის ბაღზეა ლაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გაყიდვა და განადგურება იმ საოცარი რუსეთის, რომელიც ეს ესაა იწყებდა ამოსვლას. ასეთი ფინალი მქონდა, რომ იქ სხვები კი არ ჩეხავდნენ ალუბლის ბაღს, არამედ თვითონ გმირები. რანევსკაია პირველი იღებდა ნაჯახს და ჩეხავდა - თუ ჩვენ არა, არც თქვენ! თითქოს ადამიანი გთავაზობს კარგ რაღაცას - ამოვძირკვოთ ხეები, ავაშენოთ პატარა სახლები, მოვიყვანოთ „დაჩნიკები“, რომლებიც ფულს გადაიხდიან და ჩვენც ვიცხოვრებთ, მაგრამ მისთვის ეს კატასტროფაა, რადგან არ შეუძლია მოსპოს ის სილამაზე, რომელსაც წინაპრები სათუთად ზრდიდნენ, ეს კონფლიქტია ყოფისა და შინაგანი მდგომარეობისა. ანდა „სამი და“, როცა ოჯახში შემოდის რძალი და ნელ-ნელა გაასახლებს სამ დას, ვერასოდეს წარმომედგინა ეს დიდ ტრაგედიად, სანამ თვითონ არ შემეხო მსგავსი სიტუაცია ოჯახში, როცა ადგილი უნდა დავუთმო შვილს, რძალს, შვილიშვილებს, ეს არის ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა.
- და მტკივნეულად აღიქვით ადგილის დათმობის პროცესი?
- არა, ნუ, უნდა დაუთმო, ცხოვრება ასეა მოწყობილი.
- თეატრში ადგილის დათმობაც მტკივნეულია?
- არა, თეატრს კარგი ისა აქვს, რომ გბეზრდება. ცხოვრებაში მოდის სიბერე და ურთიერთობები უფრო წყნარდება, ვნებები ქრება, გინდა, რომ აქედან გახვიდე, დაჯდე, იკითხო, იყო სადღაც, ზღვასთან.
- ახლა ამ განწყობაზე ხართ?
- ეს ყოველთვის მქონდა. ოთხჯერ მაქვს განცხადება დაწერილი წასვლაზე, ერთხელ გამაჩერა თუმანიშვილმა, მეორედ დორიან კიტიამ, მერე სერგო ზაქარიაძემ და ახლა, რამდენიმე ხნის წინ მსახიობებმა გაიგეს, რომ წასვლას ვაპირებდი და დიდი თხოვნებით მოვიდნენ. შეიძლება ეს აქტი იყო, გამეგო, რამდენად ვჭირდები მათ.
- და ჭირდებით?
- მთლად დიდი ილუზიები არ მაქვს, რომ ძალიან ვჭირდები. ცხოვრება ისეთი შესანიშნავი პროცესია, თაობა თაობას ცვლის და ახალს აღარ სჭირდება სხვა თაობის წარმომადგენელი.
- უცხოეთის დადგმებთან დაკავშირებით ერთხელ მითხარით, ხელიდან ხელში გადავდივარ, როგორც უწესო ქალიო.
- დიახ!
- უცხოეთის დადგმები თქვენი სურვილია და ისევ უმტკიცებთ საკუთარ თავს რაიმეს თუ ფინანსური უზრუნველყოფისთვის გჭირდებათ.
- ფინანსური მდგომარეობა უცხოეთის დადგმების დროს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
- „ახალტურეთ“ ხოლმე იქაურ დადგმებს?
- არა, მაგრამ ხშირად მიხდება კომპრომისზე წასვლა. ახლახანს ისრაელში დავდგი „მეფე ლირი“, ჩემი შეხედულება თეატრისადმი უცხოა მათთვის, რადგან სპექტაკლებს ისე დგამენ, როგორც ტელესერიალებს, პატარა ნაციონალისტური მომენტიც იყო, ისინი ვერ იტანენ...
(ფრთხილად შემოდის ზალიკო ჩიქობავა. - ნუ გეშინია კაცო, შემოდი, დაიწყო უკვე? - 3 წუთში დაიწყება. - ხვალ, 10 საათზე მოდი. - ხვალაც რომ ვერ გაიღვიძოთ ადრე? - არა, რეპეტიციისთვის ხომ უნდა მოვემზადო)
შენ მკითხე, „ვხალტურობ“ თუ არა, ვერ „ვხალტურობ“, გესმის? ჯერ ერთი, იმის ნახევარი მომცეს, რაც მეკუთვნოდა, ეს რომ გაეგო ჩემს ინგლისელ პროდუსერს, გაგიჟდებოდა. იცი, როგორ ვაჭრობენ? მე კიდევ, ფულზე ვაჭრობა არ შემიძლია. არადა, იმხელა ენერგია დავხარჯე, ჩემი ცხოვრების ნახევარი წაიღო ამ სპექტაკლმა.
- წეღან, ასაკიო, ვნებები ქრებაო. ერთხელ, მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა სექსუალურ აქტს შეადარეთ, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული და თანაბარ სიამოვნებასაც უნდა იღებდესო. როცა ლიბიდო ქრება, მაშინ რაღას ემსგავსება მსახიობის და რეჟისორის ურთიერთობა? ისევე როგორც ცხოვრების პარტნიორთან, ურთიერთობა უკვე სხვა სიბრტყეში გადადის?
- რამდენიმე წლის წინ ერთმა ცნობილმა დონ-ჟუანმა, ჩემზე უფროსმა, მითხრა: რობიკო, ნუ ღელავ ამ პერიოდზე, იმიტომ რომ მერე გამოცდილება მოდისო. ვნება არ ჩაგიქრება, უბრალოდ, ამ ვნების დაკმაყოფილების პრობლემა დადგება და მამაკაცებს აქვთ მილიონი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქალს ასიამოვნონო.
- მანდ ხო უკვე თამაში შემოდის.
- ნუ, თეატრში თამაში რა პრობლემაა. ჩვენ ხომ აქ ისედაც ვთამაშობთ.
- სხვათა შორის, თქვენს მსახიობებს შეუძლიათ თქვან თქვენზე, რომ შეგიძლიათ მათ გული ატკინოთ, მაგრამ თუ სხვა იტყვის იგივეს, არ სიამოვნებთ.
- ეს იცი რა არის? მამას მე ვაგინებ, მაგრამ სხვებმა რომ შეაგინონ, მე ავტეხავ ბაზარს!
- იცით, რა მიკვირს? „ჯარისკაცზე და პრეზიდენტზე“ რომ ატყდა ერთი ამბავი, „მტრის ნიღაბზე“ რატომ არ ჰქონდათ იგივე რეაქცია, ეს სპექტაკლი ხომ გაცილებით მეტად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების შინაგან მდგომარეობას.
- თეატრთმცოდნეებიც კი ვერ ახერხებენ აზრის გამოტანას სპექტაკლებიდან.
- სად გვყავს თეატრთმცოდნეები?
- ეგ დაწერე, ძალიან გთხოვ. საერთოდ კი, კარგი თეატთრმცოდნეც ისეთივე იშვიათობაა, როგორც კარგი რეჟისორი და კარგი მსახიობი.
- ყვარყვარეს აღდგენაზე არ გიფიქრიათ?
- არა. მგონია, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება თეატრში.
- „კავკასიური“ რომ აღადგინეთ?
- „კავკასიური“ განსაკუთრებული ისტორიაა, მე თვითონაც გაკვირვებული ვუყურებ ხოლმე. აი, ახლა ვარსიმაშვილმა დაწერა - „კავკასიურს“ ვდგამ, რადგან სტურუამ არასწორად დადგაო.
- სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორ დააკომპლექსეთ შემდგომი თაობები, რამდენიმე მათგანი არა მარტო ხელწერაში, მეტყველებასა და ქცევის მანერაში გბაძავთ, ფრაზეოლოგიაც კი თქვენგანა აქვს აღებული, თანაც ამბობენ, რომ დადგმის საშუალებას არ აძლევთ.
- სხვათა შორის, ყველას მივეცი დადგმის უფლება, ვინმე მითხარი, ვისაც აქ არა აქვს დადგმული ერთი სპექტაკლი მაინც.
(ცხრის ოცი წუთია უკვე, წავედი, წავედი, ხვალ 10-ზე)
ბუფეტში
- ისევ გასტრონომიულ ფონზე ვისაუბროთ?
- რითია ეგ ცუდი?
- გუშინდელი ჩანაწერი მოვისმინე და მომეჩვენა, რომ არცერთი აზრი არაა დამთავრებული.
- რად გინდა დასკვნების გამოტანა, თხრობაში დასკვნები ისედაც გამოტანილია.
- წერტილი რომ არ არის?
- როგორ არ არის, როცა შენ მეკითხები, შეკითხვაშია უკვე პასუხი და რაღა პასუხში არ იქნება პასუხი, არ გინდა ახსნა, ხალხისთვის ნუ წერ.
- აბა ვისთვის ვწერო?
- შენთვის!
- მსახობებისგან მოითხოვთ, რომ იყვნენ ხელოვანები, ამ სიტყვის ფართო გაგებით.
- მსახიობი რთული არსებაა, პრინციპში ის ცხოვრებაშიც განაგრძობს თამაშს, მაგრამ მაყურებელი ცდება, როცა გეუბნება, რომ მხოლოდ პრიმიტული და კაპრიზული არსებაა ადამიანი, რომელიც სცენიდან რაღაცას უყვება. ჯერ ერთი მაყურებელს შურს მსახიობის, იმიტომ რომ მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო მაყურებელმა, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, ამიტომაც ყოველთვის რჩება მსახიობის მიმართ კარგი შურის გრძნობა ან ზიზღი, რომ დაამციროს და ამით შენიღბოს თავისი სისუსტე. მსახიობს, რომელსაც ლიტერატურულ ნაწარმოებთან აქვს ურთიერთობა, მარტო შექსპირის ტექსტები რომ ილაპარაკოს, თუნდაც ცუდად, ისიც უკვე საკმარისად ცვლის, სიტყვებს ხომ მაგიური ძალა აქვთ. მსახიობის ურთიერთობა სამყაროსთან სხვანაირია, მას ხშირად რცხვენია შენთან ილაპარაკოს ამაზე, ინტელექტუალურად გამოხატოს თავი.
(მოაქვთ კერძები, აუჰჰ-თვალები უფართოვდება. - შენ არ გინდა ჭამა? - დილით ვერ ვჭამ. - მართლა? ტყემალიიი!)
- ადამიანები, რომლებიც თავიანთი სისუსტის დასაფარად სხვებს ამცირებენ, თქვენზეც წერენ ისეთებს, რომ ვიღაცამ თქვას: ნახე, რა მაგარია, სტურუასაც კი გადაუარა.
- ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ისინი მართალს წერენ. პიროვნული ზიზღი და შური თუ ამოძრავებთ, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ ნაწერს კოლეგების მეტი არავინ კითხულობს, ამიტომ ძალიან სიმპათიით ვუყურებ ჩემს მტრებს.
- ადრე თავი მოგწონდათ იმით, კარგი მატყუარა ვარო.
- სულ ასე მატყუარა რომ ვიყო, ხომ დავიღუპები. აგერ თემურ ნინუა, ჩვენი მხატვარია და იცის, რომ ერთხელ ერთი უნდა დახატოს, მეორეჯერ სხვა.
- ანუ, ერთხელ სხვანაირად უნდა მოიტყუოთ, მეორეჯერ სხვანაირად.
- დანიელი ფილოსოფოსი კირკეგორი თვლის, რომ ცხოვრება არ შეიძლება აშენდეს ერთ იდეაზე (სიტყვები ლუკმასთან ერთად იყლაპება), ის ამბობს, რომ ადამიანს არა აქვს საყრდენი, ამიტომ დღეს ასეთი ვარ, ხვალ ისეთი.
- რელიგიას თვლიან ხოლმე ერთ-ერთ საყრდენად.
(უცბად, ჯიბიდან ყვითელი მისაკრავი ქაღალდის გაცრეცილ ფურცელს იღებს)
- რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს თხოვეს წერილი მიეწერათ ღმერთისათვის, პასუხები შეკრიბეს და ცალკე წიგნად გამოსცეს, ეს წიგნი ისრაელში ვნახე და ყველაზე მეტად ქართველი ბავშვების წერილები მომეწონა, რადგან ძალიან გულწრფელი იყო. ნახე! - „ღმერთო, როგორ მაბრაზებ, როცა დედა ტირის.“- ვლადიმერი, 12 წლის. „ღმერთო, თუ ყველა ქართველი მოკვდება, საქართველოც მოკვდება, ნუ იზამ ამას“ - შოთა, 8 წლის. „მთავრობისკენ ხარ თუ ჩვენსკენ?“- კოტე, 8 წლის. „როცა დედამიწაზე ომია, არდადეგებზე ხარ?“- ადა, 8 წლის. „სად გინახავს, რომ ქართველს ვინმესთვის რამე ეთხოვოს, აქეთ გვთხოვე, კარგი ღმერთისთვის არაფერი დაგვენანება“- საშა, 10 წლის. „შეგიძლია, ჩემზე აღარ იზრუნო, თავს მიხედე“ - ლექსო, 9 წლის.
- თქვენში რაც არის, ამაში ღვთის ხელი არ ურევია?
- დავუშვათ ურევია, მერე? იცი, რაში მჭირდება ღმერთი, ჩემთვის ის უფრო დაკავშირებულია ზნეობასთან, ვიდრე თხოვნებთან - მომცეს ნიჭი, გამიგრძელოს ცხოვრება და ა.შ
- თქვენს გარშემო აღფრთოვანებულ-შეყვარებული ადამიანების გარემოცვა მოგწონთ?
- მეზიზღება.
- რა ვიცი, სულ ასეთ გარემოში ხართ და...
- თამაშობენ.
- წარსული გამძიმებთ თუ გიზიდავთ?
- ვივიწყებ, არ მახსოვს. სულ არის ახლა და ხვალ.
- ისეთი რამეებია, რაც არ გსიამოვნებთ?
- არა, არა, მეზიზღება, ბოლო 15 წელი მითუმეტეს.
- „კავკასიურის“ მსგავსი სპექტაკლი და მისგან გამოწვეული ემოცია კიდევ შეიძლება განმეორდეს?
- არ ვიცი და ვერც იმას ვიტყვი, მთავარი სპექტაკლი წინ არის-მეთქი, თეატრში პროგნოზირებადი არაფერია.
- ყველაზე საყვარელი საჩუქარი - წიგნი და ვისკი?
- წიგნი რჩება, ვისკის აღარ ვსვამ, ექიმებმა ამიკრძალეს. ღვინოს ვსვამ, როგორც ნაკლებად მავნეს.
- ხატვას რატომ არ გაყევით?
- (თავში ხელს ირტყამს) დეგენერატი რომ ვარ.
- მსახიობები ამბობენ, რომ დამოკიდებული პროფესია აქვთ. რეჟისურა არ არის დამოკიდებული პროფესია? იქაც ხომ თქვენი ჩანაფიქრი ვიღაცამ უნდა შეასრულოს, მსახიობის, მხატვრის, კომპოზიტორის საშუალებით გადასცეთ მაყურებელს ის, რაც გინდათ.
- არჩევანი?! შენ ირჩევ მთავარს, პიესას შენ ირჩევ და მერე რაც მოყვება, ეს უკვე შედეგია ამ არჩევანის, ასე, მხატვარიც დამოკიდებულია და მწერალიც.
- კი მაგრამ, ისინი მარტო არიან თავიანთ ხელოვნებაში, ირჩევენ კიდეც და ასრულებენ კიდეც, სხვა არ სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩანაფიქრი განახორციელონ.
- ჰოდა, ვინც ჩემს ჩანაფიქრს კარგად ასრულებს, იმას ვეძახი ჩემს მსახიობს.
- მარტო დარჩენის არ მეშინიაო, ერთხელ თქვით, ახლაც ასეა?
- არის მომენტები, როცა მარტო ვარ ხოლმე და ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს. როცა ინფარქტი მქონდა, სიკვდილის შიში ვერ ვიგრძენი, არადა, ხშირად ლაპარაკობენ იმ საშინელ შიშზე, რომელიც თურმე ასეთ დროს ეუფლება ადამიანს. როცა სხვა დაავადება მქონდა, ღამე ვერ ვიძინებდი, მეშინოდა, რომ რაღაც დამემართებოდა, ინფარქტის შემდეგ მძინავს ისე კარგად, როგორც არასდროს, სულ არ ვფიქრობ ამაზე.
- მუსიკა?
- არგენტინაში სულ ჩართული მქონდა კლასიკური მუსიკის არხი და სამი თვის მანძილზე ვუსმენდი, ორი საათი იყო კლასიკური ჯაზის პროგრამაც. დამებადა აზრი, რომ ბახისა და მოცარტის შემდეგ მუსიკა გახდა მელოდიებისა და ხალხური სიმღერების კარგი არანჟირება კომპოზიტორების მიერ და მხოლოდ XX საუკუნეში კვლავ დაიბადა მუსიკა, რომელიც გველაპარაკება თავისი ენით, ანუ უფრო აბსტრაქტული და რთული ენით, როგორც კი მელოდია იპარება კლასიკურ მუსიკაში ჩემთვის ის პრიმიტიული ხდება. რასაკვირველია, ასეთი მუსიკაც მოქმედებს გრძნობებსა და ემოციებზე, მაგრამ ჩემთვის მუსიკა სხვა რამეა, უფრო უკეთ რომ ავხსნა... მოგისმენია გურული ღიღინი? ერთხელ, ჯანომ მომასმენინა ანზორ ერქომაიშვილის მიერ სოფელში ჩაწერილი, 4 გურული ბებრის ღიღინი, რაღაც საოცრება იყო. მრცხვენია, რომ იაპონელებმა და ჩინელებმა დადგეს ბრწყინვალე სპექტაკლი ჩვენს ხალხურ სიმღერებზე, უფრო სწორედ, ჩანაწერებზე ისეთ რიტუალს ასრულებენ, რომ ქართული სიმღერა აღმოჩნდა მაგიური ძალის. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, თორემ ქართულ სიმღერაში არის უზარმაზარი მისტიკა, სამყაროს საიდუმლო, მეც მინდოდა დადგმა, მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან დიდი დრო სჭირდება ამას.
- მაქსიმალისტი თუ ხართ, ან ეს ან ის?
- არა, როგორც მაო ძე დუნი ამბობს: пусть цветут все цветы.
- ანდერძის დაწერაზე არ გიფიქრიათ? თუნდაც ფრანსუა ვიიონის სტილში.
- კარნახით დაწერა შექსპირმა ასეთი ცინიკური ანდერძი, ძალიან გრძელი, თავისი ხელმოწერით. სულ 4 ხელმოწერა აქვს შექსპირს და თუ ოთხივე ხელმოწერას დააკვირდები, იფიქრებ, რომ მას წერა არ შეუძლია. ანდერძში კი ასეთი რამეები წერია: ჩემს დისშვილს ვუტოვებ ჩაიდანს, გატეხილი ცხვირით, და ეგეთები. საოცრებაა. მე ჯერ არ ვაპირებ ანდერძის დატოვებას.
- ვითომ სხვაზე და გარედან: ვინ არის რობერტ სტურუა?
- (პაუზა) დავფიქრდები (ისევ პაუზა). სულ მაქვს შეგრძნება, რომ ძალიან ოსტატურად ვატყუებ ყველას, მაგრამ მეშინია იმ მომენტის, როცა ვიღაც მომეპარება, ამ ნიღაბს ჩამომხსნის და აღმოჩნდება, რომ იქ არაფერი არ არის.
- ესეც პოზა ხომ არ არის?
- ნუ, არის რაღაცა პოზა, რასაკვირველია. ლაპარაკიც ხომ ბოლოს და ბოლოს პოზაა, ანდა, რატომ წერენ ლექსებს, რომანებს.
- რომ გითხრან, ვეღარ გვატყუებო.
- სწორედ მაგის მეშინია.
- თუ სხვები არ ფიქრობენ, რომ ნიღბის იქით არაფერია?
- მე ხომ ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი არ არის.
(გულიანი სიცილი)
![]() |
7.2 სტრიტის აუტანელი სიმსუბუქე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი
„ჩვენთან ოჯახზე, პირად განცდებზე, ვინმე ახლობლის ან საკუთარ ავადმყოფობაზე ვერ ილაპარაკებ. სამსახურში ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. ავად გახდომა არც თავის გასამართლებლად გამოგადგება. ჩემს ბოსს უნდა, რომ მე სამსახურით ბედნიერი და აღფრთოვანებული მნახოს. მე ყველას უნდა ვაჩვენო, რომ სამსახურია ჩემთვის პრიორიტეტი. საქმე უნდა იყოს ცენტრალური ღერძი, რომლის გარშემოც უნდა იტრიალოს ჩემმა პირადმა ცხოვრებამ და ოჯახმა და არა პირიქით“.
„როცა ახალ კარიერას ვიწყებდი, ერთმა ცნობილმა და გავლენიანმა საქმოსანმა მითხრა: ნიუ იორკში ორგვარი ადამიანები ცხოვრობენ. ერთნი, რომლებიც არსებობენ და მეორენი, რომლებიც ცხოვრობენ. სამსახურიც იმის მიხედვით უნდა აირჩიო, შენ სად გინდა ყოფნა. ყოყმანის გარეშე მიპასუხე, რომელი გინდა იყო. ვუთხარი, რომ, რა თქმა უნდა, არსებობას ცხოვრება მირჩევნია! ჰოდა, მაშინ, კარიერასაც აქ უნდა მიხედო! - მირჩია მან.“
„აქ ასეა: ბიზნესს იმიტომ აკეთებენ, რომ მერე მაგრად გაერთონ და პირიქით - გართობის დროსაც კი ბიზნესს აკეთებენ“.
სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ეს ფრაზები ქუჩური სიბრძნიდანაა აღებული. უფრო სწორედ, ქუჩური არა; ერთი ქუჩის სიბრძნიდან, რომელიც მთელ მსოფლიოში იმდენად პოპულარული ქუჩაა, რომ ხშირად მას სრულ სახელს აღარც ეძახიან; სიტყვა „ქუჩას“ უბრალოდ ასომთავრულით წერენ და მას გულისხმობენ. ეს ქუჩა უოლ სტრიტია, ანუ იგივე - სტრიტი.
როცა პირველ კლასში ძინა ჩემი მეგობარი გახდა, ცოტათი მორცხვი იყო და ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ეტყობოდა, უბრალო, გულღია, გახსნილი და მიზანდასახული გოგო იყო. ძინა ასეთი რომ ყოფილიყო, მამა აკეთებდა ბევრს. ის ძინას ხუმრობით ეუბნებოდა, შენ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი უნდა იყოო. და როცა რამდენიმე წლის წინ ნინო ბურჯანაძემ ეს პოსტი დროებით ჩაიბარა, ძინა უკვე შორს იყო, მაგრამ ძველი ხუმრობა მამა-შვილს კარგად ახსოვდა, ამიტომ ძინამ თბილისში დარეკა და მამამისს უთხრა, დამასწრესო...
თუმცა, ხუმრობა იქეთ იყოს და მთავარია მონდომება და იმის გააზრება, რომ მამას მართლა სჯერა შენი დიდი მომავლის. ეს როგორც ჩანს, სხვანაირი ძალით გავსებს. ჰოდა, ძინა ისეთი მიზანდასახული, მოტივირებული, ამბიციური და ულევი ენერგიის მქონე აღმოჩნდა, რომ რაც მოინდომა, იმას მაინც მიაღწია.
ძინა დღეს უოლ სტრიტელია. თუ არ ვცდები პირველი ქართველი ბროკერია სტრიტზე. და ნამდვილად არ შევცდები, თუ გეტყვით - იშვიათი ქალი გამონაკლისი მამაკაცებით დომინირებულ ბიზნესში.
ის დღეს პროფესიონალი ბროკერია. მყიფე მორალური კოდექსით და დიდი მოთხოვნებით. უსაზღვრო თვითრწმენით და „მანოლო ბლაჰნიკის“ მაღალი ქუსლებით. აგრესიითა და „გეწყინა? ცივი წყალი დალიე“-ს ტონით. საქმოსნური სტანდარტული ღიმილით და ზომიერად გათვლილი, მახვილგონივრული იუმორით. „არაფერია გადაულახავი“-ს ამბიციით და „კიდევ მეტი მინდა“-ს სურვილით.
მოკლედ, უოლ სტრიტის გიგანტური მანქანის ბერკეტებს ძინა უკვე თვალდახუჭული ფლობს. ყოველ დღე, დილის რვიდან საღამოს ექვსამდე, მონიტორზე კომპიუტერული სისტემის გრაფებში მილიონობით ციფრს ითვლის, ბაზრის ფაქტორებს აჯამებს, გადაწყვეტილებებს იღებს და თავის უმსხვილეს კლიენტებს კიდევ უფრო ამსხვილებს. ის ინსაიდერია და წინ ძალიან სწრაფად მიიწევს.
თქვენი ეროვნება: ნიუ იორკელი
წარმატების მიღწევაში ორი რამ განსაკუთრებულად დაეხმარა.
პირველი ის, რომ ძინა ამერიკულ კულტურას თითქმის უპრობლემოდ გაუშინაურდა. სტანდარტული ამერიკული ღირებულებებიც მისთვის ახლობელი და მისაღები გახდა (ეს თავიდანვე მოხდა, როცა მეთერთმეტე კლასელი ძინა 1995 წელს გაცვლითი პროგრამით შტატებში პირველად წავიდა და იქ სკოლის ბოლო კლასი დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ თბილისში დროებით დაბრუნებული უკვე ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდა).
და მეორე - ნიუ იორკში ფეხის დადგმისთანავე გაიაზრა, რომ წინსვლის ყველაზე მეტ შანსს სწორედ ეს ქალაქი მისცემდა (2000 წლამდე, ანუ ნიუ იორკში გადასვლამდე ძინა აიდაჰოს შტატის უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის საფუძვლებს სწავლობდა).
ასე გახდა დღეს მისი გაგების, პიროვნების, ფასეულობების და რაღაც დოზით ეროვნების განმსაზღვრელიც კი - ნიუ იორკი.
„საიდან ხარო, როცა მეკითხებიან, ყოველთვის ვპასუხობ, რომ მსოფლიოს შვილი ვარ. ეროვნებით ქართველი ვარ, ჩემი ქალაქი ნიუ იორკია და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამერიკის ჩრდილო-დასავლეთშიც, კერძოდ აიდაჰოში... გამოდის, უკვე აღარც ნამდვილი ქართველი ვარ და ჯერ არც ნამდვილი ამერიკელი. რაღაც შერეული კულტურის გამოვდივარ. ასეთი შერეული წარსულის ადამიანები კი ყველაზე ბლომად ნიუ იორკში ცხოვრობენ. ამიტომ, აქ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემი არავის უკვირს. ნიუ იორკი ჩემი ქალაქია“.
სასიამოვნოა, დაიანა!
ძინას ნამდვილი სახელი დიანაა. ასე მამამ დაარქვა - ეუბნებოდა, ნადირობის ქალღმერთის გამოო. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ძინა თავის მითოლოგიურ სახელს ვერ იტანდა. ალბათ, იმიტომაც, რომ ამ უცხო სახელს სკოლაშიც ვერ შეეგუენ. თუმცა, ხომ გითხარით, ძინა გახსნილი და პირდაპირი ბავშვი იყო-მეთქი, ჰოდა, სხვების აზრს ყურადღებას არ აქცევდა და კლასში ყოველ დღე ახალ-ახალი მოთხოვნებით ცხადდებოდა - ასე მქვია, ასე დამიძახეთო. ძირითადად, ძინას დაძახებას ითხოვდა. იმდენჯერ და ისე დაჟინებით ითხოვა, რომ კონსერვატორულად განწყობილ მასწავლებლებსაც შეაგნებინა.
თუმცა, ყოველ სახელს აქვს თავისი დანიშნულება და სახელი „დიანა“-ს დატვირთვასაც ძინამ 1995 წელს მიაგნო - როცა პირველად წავიდა ამერიკაში. „დიანა აქ ბევრს ჰქვია და რახან პოპულარული სახელია, ამიტომ ამერიკულ კულტურაში ჩაჯდომა გამიიოლდა. გამოდის, საბოლოო ჯამში, მამაჩემის შერჩეულმა სახელმა გაამართლა“. ნამდვილად ასეა. კითხვაზე - „რა გქვიათ?“ მომხიბვლელი ღიმილით წარმოთქმული პასუხი - „მე დაიანა ვარ“, ბოსებს და კლიენტებს მის მიმართ ნდობით და შინაურულად განაწყობს. ძინას უცხოობას არც აქცენტი გასცემს. უკვე დიდი ხანია, მის ინგლისურს ნიუ იორკული აქცენტი გასდევს...
6:45 AM
მთელი ხუთი წლის განმავლობაში, როცა უოლ სტრიტზე საბანკო ნაწილში მუშაობდა, მაღვიძარა 5:45-ზე რეკავდა. 7:30-ზე უკვე შუა მანჰეტენზე ერთ-ერთი ცათამბჯენის მე-15 სართულზე, დილის თათბირზე იჯდა. ახლა, რაც გაყიდვების სექტორში გადავიდა და ბროკერი გახდა, 6:45-ზე დგება, იცვამს წინა საღამოს ამინდის პროგნოზის მიხედვით შერჩეულ ტანსაცმელს, 7:15-ზე უკვე ავტობუსში ზის და რვა საათის დადგომამდე ოფისშია.
სტრიტზე ვაჭრობა 9:30-ზე იწყება. რასაც ბროკერები მანამდე აკეთებენ, დილის მოთელვა შეიძლება დავარქვათ. ოფისში შესვლამდე ისინი აუცილებლად ყიდულობენ „ფაინენშლ თაიმსს“ ან „უოლ სტრიტ ჯორნალს“ - ეს ორი გაზეთი სტრიტის ბიბლიად ითვლება და იმიტომ. უოლ სტრიტელებსაც, ამ გაზეთში თავჩარგულებს, ყველგან ნახავთ - მეტროებში, ავტობუსებზე, გაჩერებებზე და „სთარბაქსში“ დილის ყავის მირთმევისას.
თუმცა, გაზეთიც რომ არ ეჭიროს ხელში, ნიუ იორკელ საქმოსანს მანჰეტენზე ჩაცმულობითაც იცნობ. სტრიტზე ხომ მკაცრად ჩამოყალიბებული ჩაცმის კოდექსი არსებობს. თუ იქაური ხარ, ტანსაცმელზეც უნდა გეტყობოდეს: ბევრ ბანკში აკრძალულია ჯინსი, მამაკაცებს აცვიათ ერთ ფერში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი და ქამარი, ქალებს - მაღალი ქუსლები და პიჯაკები. თუმცა, თუ ძალიან მაგარი ბროკერი ხარ, შეგიძლია საკუთარ თავს ამ წესების დარღვევის უფლებაც მისცე და სამსახურში ბეისბოლის მაისურით და შორტით გამოცხადდე. ერთი ასეთი მაგარი ბროკერი, რომელიც სტრიტის ჩაცმის კანონებს არღვევს, ძინასთანაც მუშაობს. თუმცა, თვითონ ძინას გაცილებით უფრო მოსწონს, როცა კორპორატიულად აცვია:
„ჯინსის ჩაცმის უფლება ახალ სამსახურში მაქვს, მაგრამ ისე ვარ მიჩვეული კორპორატიული ჩაცმის მკაცრ წესებს, რომ ჯინსს მაინც ვერ ვიცვამ. მომწონს ასე ჩაცმა იმიტომ, რომ ჩემს სტატუსს უსვამს ხაზს, უფრო სერიოზულს მხდის სამსახურთან დამოკიდებულებაში. და რადგან კორპორატიული ამერიკა მთლიანად ბიზნესსა და ფულზეა აგებული, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენთან დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინერის ვინაობასაც. შენი სამოსის ავტორი აუცილებლად ვინმე ცნობილი დიზაინერი უნდა იყოს“.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, ცნობილი დიზაინერების პირველი კლიენტი, ჰოლივუდისა და შოუბიზნესის შემდეგ, უოლ სტრიტია. აქ ყოველთვის ზეპირად იციან ახალი კოლექციები, „შანელის“ პიჯაკიან ბროკერს მოწიწებით ექცევიან და ხშირად საუბრის გასაბმელად, „რა კარგი ამინდია, არა?“-ს ნაცვლად ერთმანეთს ეუბნებიან: „მომწონს შენი ჩანთა, ვინ არის?“
„პირველად ეს უცნაური კითხვა საპირფარეშოში ხელის დაბანისას დამისვა თანამშრომელმა. გამიკვირდა და დაბნეულმა ვუპასუხე. თავიდან ვფიქრობდი, რომ სხვის ტანსაცმელზე ყურადღების აშკარად გამახვილება არ იყო კარგი საქციელი, მაგრამ თანდათან მივეჩვიე, ჩვენთან ყველა სვამს ამ კითხვას. თუ უკვე იცი, ვინც არის დიზაინის ავტორი, მაშინ პირდაპირ ეუბნები: „მომწონს შენი ჯიმი ჩუები...“
მოკლედ ასე, ეს ჯიმი ჩუებიანი და მანოლოებიანი ფეხები დილაადრიან გამომწვევად მიიჩქარიან ოფისში - ვაჭრობის დაწყებამდე, ინფორმაციის მოგროვება, კლიენტებთან გადარეკვა, ახალი ამბების გადაკითხვა რომ მოასწრონ (ძინას თავისი უფროსი ეუბნება: შენ, როგორც ბროკერს, ფულს გიხდიან იმაში, რომ ფლობდე ინფორმაციას. აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციას: რომელი ბანკი რას ყიდის, რას აფასებს, სხვას რა განაცხადები აქვს, ვინ უძღვება საქმეს, ვინ დაითხოვეს და ვინ დააწინაურეს. ეს ინფორმაცია ნებისმიერი ხერხით უნდა მოიპოვო, ანდა სულაც - მოიპარო!).
ზუსტად 9:30-ზე ძინა იწყებს ვაჭრობას. როგორც თვითონ ამიხსნა, უოლ სტრიტზე უამრავი ტიპის პროდუქტი იყიდება. ამ პროდუქტებს თავიანთი სიმბოლოები და სავაჭრო ნიშები აქვს და მათი მდგომარეობა ბაზარზე ყოველდღიურად იცვლება. ძინას ოფისში უოლ სტრიტზე თითქმის ყველაზე რთული პროდუქტით - ინდექს დერივატივებით ვაჭრობენ (ეს ყველაფერი დიდი მცდელობის მიუხედავად ჩემთვის დღემდე ჩინურივით რჩება, მაგრამ ოდნავ ქვევით მაინც შევეცდები აგიხსნათ).
ამ ოფისში ემსახურებიან მხოლოდ ბანკებს, ამიტომ შეკვეთებსაც მსხვილ-მსხვილს იღებენ. როცა ესა თუ ის ბანკი გადაწყვეტს გაყიდოს ან იყიდოს ოფციები (იგივე სამომავლო კონტრაქტები), ძინასნაირ ბროკერს მიმართავენ, ბაზარზე არსებული განაცხადები და შემოთავაზებები რომ მოიძიოს და წარმოადგინოს. ამიტომ ძინასთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტ ბანკში იცნობდეს საჭირო ადამიანს, ყველა არსებულ ინფორმაციას და ცვლილებას დაუყოვნებლივ რომ ფლობდეს. შემდეგ იწყება ვაჭრობა - შემოთავაზებულ ფასზე რამდენიმე ბანკი ვაჭრობს და ძინას ვალია, თავის კლიენტ ბანკს ყველაზე კარგ ფასში გააყიდინოს ან შეაძენინოს ოფციები.
ასეა, უოლ სტრიტზე ტერმინოლოგიით გადატვირთული ინგლისური ენაც კი სხვანაირად ისმის, რაც სტრიტის ავტონომიურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სტრიტელების ინგლისურს თავისი სლენგიც აქვს და რომ არ აგიხსნან, ვერასდროს მიხვდები, რომ „გრძელი მოკლეს წინააღმდეგ“ „გაყიდვა ყიდვის წინააღმდეგ“-ს ნიშნავს. ვერც იმას მიხვდები, რომ ხარი უოლ სტრიტზე ოპტიმისტ ინვესტორს ნიშნავს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საფონდო აქციების ფასები გაიზრდება, დათვი კი - პესიმისტ ინვესტორს, რომელსაც ამის არ სჯერა. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, აი, რა ხდება:
„საფონდო ბირჟაზე ფულს ორი გზით აკეთებენ: ყიდიან (სტრიტის სლენგზე ეს ასე ითქმება „go short“) და ყიდულობენ („go long“)“. გადაწყვეტილებას ეკონომიკური პროგნოზებიდან გამომდინარე იღებენ. ხარ-ინვესტორს, რომელსაც სჯერა, რომ ვთქვათ, ამერიკის ავტობაზარს საქმე კარგად წაუვა და დიდ მოგებას ნახავს, მიდის და „ჯენერალ მოტორსის“ აქციებს არსებულ ფასად ყიდულობს, შემდეგ იცდის, როდის გაიზრდება ფასი ამ აქციებზე, და ბოლოს, როცა მოგება დააკმაყოფილებს, მათ ისევ ჰყიდის და რომელიმე სხვა სექტორზე ერთვება“.
თუმცა, ეს საფონდო ბირჟის აქციებია. ძინა კი ამბობს, რომ მისი პროდუქტი სულ სხვაა.
„ვიცი, რთული გასაგებია, მაგრამ შევეცდები ავხსნა, რას ვაკეთებ პირადად მე. აი, მაგალითად, გუშინ, „მერილ ლინჩმა“ გამოთქვა ინტერესი, რომ სურდა გრძელვადიანი ოფციები შეეძინა, მე გავარკვიე სხვა ბანკებთან ფასები ამ პროდუქტზე. მოძიებული ინფორმაცია წარვუდგინე „მერილ ლინჩს“ და ცოტაოდენი ვაჭრობის შემდეგ „მერილ ლინჩს“ სასურველი პროდუქტი საკმაოდ მისაღებ ფასში ვაყიდინე. ხელფასს საკომისიოებით ვიღებ. ასე რომ, რაც უფრო დიდია შეკვეთა, მით უფრო იზრდება ჩემი ხელფასიც. გამიმართლა იმაში, რომ ინსტიტუციონალურ განყოფილებაში ვმუშაობ, ანუ შეკვეთებს მხოლოდ ბანკებისგან ვიღებ. ამიტომ თითო შეკვეთა მინიმუმ 25 მილიონიანია. უფრო ხშირად კი ჩვენს ფირმაში 100-300 მილიონიან შეკვეთებზე ვმუშაობთ“.
თქვენ ალბათ გაინტერესებთ, დამღლელია თუ არა მთელი დღის განმავლობაში ამდენი ციფრის დაანგარიშება, ამდენ პროცენტზე ლაპარაკი, ფასზე ამდენი ვაჭრობა, კლიენტის გაბრაზება და მისი აგრესიული შეტევის მოგერიება, მერე მისი დაწყნარება, საქმის გამოსწორება, ახალი საქმის დაწყება და ეს მაშინ, როცა გარეთ, მანჰეტენზე, სუფთა ჰაერზე, სიცოცხლე დუღს?
ჯერ ერთი, ამ საქმეს თავისი გამართლება აქვს და ოდნავ ქვე“ ვით ამაზეც მოგახსენებთ, და მერე მეორეც: ძინას აბსოლუტურად გულწრფელად მოსწონს ის, რასაც აკეთებს - ანუ, უოლ სტრიტული წესის თანახმად, მუშაობის დროსაც ერთობა. ის უკვე სტრიტის ენაზე ლაპარაკობს და სტრიტის ფილოსოფიით ხელმძღვანელობს. ოფისიდან გამოსვლამდე მისთვის სიცოცხლე თავისი კომპიუტერის მონიტორზე და ტელეფონის ყურმილში დუღს - თავისი განცდებით, ეჭვებით, ინტრიგებით, მოლოდინით, მოგებით და გამარჯვებით. ოფისიდან გამოსვლის შემდეგ კი უოლ სტრიტული ურთიერთობები ტეტ-ა-ტეტ გრძელდება. ძინას და დანარჩენ ბროკერებს კომპანია კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავებას სპეციალურად ავალდებულებს და ამისთვის სპეციალურ თანხასაც აძლევს. ამიტომ ექვსი საათის შემდეგ, ძინა და სხვა ბროკერები კლიენტებს რომელიმე ძვირფას რესტორანში ან კლუბში პატიჟებენ და ინფორმაციას ბიზნესის შესახებ ახლა უკვე არაფორმალურ სიტუაციებში ცვლიან. ამ შეხვედრებზე ორივე მხარე დიდ იმედებს ამყარებს. ბროკერის ვალია, საკუთარ ფირმას მსხვილი კლიენტი შეუნარჩუნოს, ამიტომ ის ხანდახან გემრიელი და მდიდრული ვახშმითაც უნდა ასიამოვნოს და ინფორმაციითაც უნდა მოამარაგოს სხვა ბანკების ბიზნესების შესახებ.
„ნიუ იორკში ძალიან პოპულარულია ერთი რეალითი შოუ „უოლ სტრიტის მეომრები“. ვგიჟდები ერთ ფრაზაზე, რომელიც ამ შოუს რეკლამაში მესმის ხოლმე. ნახე, რას ამბობენ: უოლ სტრიტს ორი მხარე აქვს, გაყიდვების მხარე და შესყიდვების მხარე. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ შესყიდვების ტრეიდერი ასწრებს გაყიდვების ტრეიდერს, პირველი აგინებს მას დედას და ყურმილს უკიდებს. გაყიდვების ტრეიდერი კი იძულებულია დაკიდოს ყურმილი და საპასუხოდ მხოლოდ მერე შეიგინოს. ამ დასკვნაში, რა თქმა უნდა, მოსაზრებები ცოტა უტრირებულია, მაგრამ სიმართლესთან ნამდვილად ახლოსაა. და რადგან მე გაყიდვების მხარეს ვმუშაობ, ამიტომ მეც ხშირად მიკივიან და მეჩხუბებიან ტელეფონში. ჩემი ვალია სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ გასარტყამად მეორე ლოყა არ შევუშვირო; უნდა ვეცადო პრობლემა საღამოს, მაინც, ჭიქა მარტინის თანხლებით უმტკივნელოდ და ღიმილით გადავჭრა“.
უოლ სტრიტი გარედან
ახლა კი ნამდვილი შინაურია, მაგრამ იყო დრო, როცა ძინამ უოლ სტრიტი გარედან დაინახა და შეაფასა. მისი მაშინდელი და ახლანდელი შეფასებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მაშინაც და ახლაც გულწრფელად აღიარებს, რომ უოლ სტრიტზე მატერიალური დოვლათის პერსპექტივამ და ამ დოვლათით უდარდელი ნიუ იორკული ცხოვრების ყიდვის სურვილმა მიიზიდა. აიდაჰოში - რაც ნიუ იორკისთვის დიდი პროვინციაა - უნივერსიტეტდამთავრებულ ქართველ გოგოს მისცეს შანსი და მან ეს შანსი გამოიყენა.
„ნიუ იორკში ცხოვრებაზე არასდროს ვოცნებობდი. მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ ცხოვრების შეცვლა მომინდა, ისეთ ადგილას გადაბარგება, სადაც ყოველდღიურობა უფრო სავსე და ხმაურიანია, ვიდრე აიდაჰოში. მალე გავიგე, რომ ნიუ იორკში ყველაზე დიდი ქართული სათვისტომო იყო, მე კი ისე მენატრებოდა ყველაფერი ქართული, რომ, ალბათ, ნიუ იორკზე არჩევანი, პირველ რიგში, ამიტომ შევაჩერე. მანქანაში ჩავტენეთ ყველაფერი, რაც ჩაეტეოდა და მოვაწყვეთ ხუთდღიანი მოგზაურობა ნიუ იორკამდე. თავიდან მეგობარმა შეგვიფარა ბრუკლინში. მახსოვს, დღის შუქზე რომ ვნახე ქალაქი, ძალიან არ მომეწონა, ჭუჭყიანი იყო და ცივი, თითქოს, სხვების, უცხოების ქალაქი იყო. ბრუკლინში ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაგონილმა რუსულმა ლაპარაკმა საერთოდ გამაგიჟა...“
ამდენი ეროვნების ხალხმა, ამდენი განსხვავებული წარსულის მქონე ადამიანმა, ქუჩაში შეფეთებულმა ამდენნაირმა კულტურამ, აიდაჰოს ერთფეროვან სურათს შეჩვეულ ძინას თვალები აუჭრელა. მაგრამ გონს მალე მოეგო:
„მე ხომ დიდი მიზნები მქონდა და მათი განხორციელება მინდოდა! (და ბარემ აქვე გეტყვი, რომ სწორედ ამაში ვხედავ ამერიკის ხიბლს - აქ უამრავი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ყველას აქვს შანსი, საკუთარ მიზანს ბოლომდე მიჰყვეს. აუყვეს კიბეს და საკუთარი არჩევანის მიხედვით, წარმატების რაღაც დონეს მიაღწიოს)... მოკლედ, უახლოეს კვირა დღეს ვიყიდე „ნიუ იორკ თაიმსი“, შევედი საჯარო ბიბლიოთეკაში და გაზეთში ნანახ რამდენიმე განცხადებაზე საკუთარი რეზიუმე გავაგზავნე. ერთერთი კომპანიიდან ორშაბათსვე დამირეკეს. ამ დროს ქუჩაში ვიყავი. ნიუ იორკის ხმაური ჯერ კიდევ ისე უცხოდ მიგუგუნებდა ყურებში, რომ ლაპარაკისას ერთიანად დავიძაბე, ძლივს გავიგე, რას მეუბნებოდნენ ტელეფონში. უკვე სამშაბათ დილას კი მეცვა ჩემი ოფიციალური შეხვედრებისთვის განკუთვნილი პიჯაკი, ვიჯექი მეტროში და კორპორაცია „სანრაიზ სექიურითიზ“ ოფისში მივდიოდი მანჰეტენზე. სულ ოდნავ ავნერვიულდი, როცა მივხვდი, მათი ოფისი ლექსინგტონის ავენიუსა და 57-ე ქუჩის კუთხეში მდებარე უზარმაზარ შენობაში იყო განთავსებული, მაგრამ გასაუბრებაზე უკვე წყნარად და თავდაჯერებულად შევედი. წინასწარ დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ შუაგული ამერიკიდან ჩამოსულსა და ახალ კოლეჯდამთავრებულს უხეშ ნიუ იორკელებზე სასიამოვნო შთაბეჭდილება უნდა მომეხდინა. ასეც მოხდა. ოთხშაბათს უკვე პირველი სამუშაო დღე მქონდა“.
ასე დაიწყო მუშაობა საინვესტიციო საბანკო კომპანიაში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო უოლ სტრიტი, ეს მხოლოდ გაუთვითცნობიერებლად მის გარშემო ტრიალი იყო. ძინას მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ნიუ იორკში სწავლა გაეგრძელებინა, თუ ჯერ მხოლოდ კარიერით შემოფარგლულიყო და სწავლა სამომავლოდ გადაედო. ერთ დღეს, ერთ ფრანგულ კომპანიაში სამწლიანი მუშაობის შემდეგ, საჭირო გახდა გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღება.
„მოულოდნელად გავიგე, რომ ჩემს განყოფილებაში ორი კომპანიის შეერთების გამო, ადგილებს ამცირებდნენ. უსამსახუროდ ვრჩებოდი. მაგრამ, კიდევ კარგი, სახელით ვიცნობდი ბანკის ხუთასივე თანამშრომელს, მათ შორის ევროპული ფონდების საბროკერო დეპარტამენტის უფროსსაც. ჰოდა, დავნიშნე შეხვედრა ენტონი უესტთან, რომელიც სტრიტზე დღესაც ძალიან გავლენიანი ტიპია და რჩევა ვკითხე. ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, საიდან ვიყავი, მშობლები ვინ იყვნენ, რატომ მოვხვდი ნიუ იორკში, რა მომწონს და არ მომწონს ამ ქალაქში, რა მინდა, ვაკეთო ცხოვრებაში... კარგა ხანს მისმინა და ბოლოს მითხრა: „ნიუ იორკში ორგვარი ადამიანები ცხოვრობენ. ერთნი, რომლებიც მხოლოდ არსებობენ და მეორენი, რომლებიც ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ. გააჩნია, შენ სად გინდა ყოფნა“. მე ვუთხარი, რომ, რა თქმა უნდა, სავსე ცხოვრება მერჩივნა. მაშინ, უოლ სტრიტზე კარიერას უნდა მიხედოო, მიპასუხა.
გადაწყვეტილება ამ საუბრის შემდეგ მივიღე. მალევე ვიპოვე ვაკანსია ერთ ფრანგულ კომპანიაში - „ქალიონ სექიურითიზ“, მაგრამ დამიწუნეს, ფინანსური გამოცდილებით სჭირდებოდათ ვინმე. მე კი არ დავნებდი. დავურეკე ამ კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსს და ვთხოვე, კომპანიის ხელმძღვანელს შემახვედრე-მეთქი. ვიცი, რომ ეს ის სამსახურია, რომელსაც თავს იოლად გავართმევ, ვიცი, რომ შევძლებ და ამაში მასაც დავარწმუნებ, თუ თუნდაც 2 წუთით პირადად შევხვდები-მეთქი. შეხვედრა მართლა მომიწყვეს, შევედი თუ არა ოფისში და დავინახე ჩემი მომავალი უფროსი, მივხვდი, ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ ჩაივლიდა. მართლაც კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე. სამსახურში მეორე დღესვე დამიბარა“.
პირველი სამუშაო დღე სავაჭრო სართულზე შოკი იყო. „ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდნენ მუშაობას ამ ხმაურში, ცალკე ტელევიზორი ღრიალებდა, ცალკე ტელეფონების ზარი ისმოდა, ვიღაც ჩხუბობდა, ვიღაც ხმამაღლა კამათობდა. ოღონდ არა ერთმანეთთან - ყველა ცალ-ცალკე გიჟდებოდა... ჩინურივით ჩამესმოდა მათი ენაც, თითქოს ინგლისურად სიტყვა არ ვიცოდი. მეგონა, ვერც ტელეფონის ზარს ვუპასუხებდი, აბა, ამ ხმაურში რა უნდა გავიგო-მეთქი. მერე როცა პირველად დავჯექი კომპიუტერთან და ჩვენი ფინანსური სისტემის „bloomerg“-ის გრაფები და საფონდო აქციების სიმბოლოები დავინახე, თვალები ამიჭრელდა, თან მონიტორები ისე იდგა, რომ ყველას შეეძლო ჩემს ეკრანზე ციფრების წაკითხვა. პირველად მაშინ შევყოყმანდი - იქნებ, ტყუილუბრალოდ ვარწმუნებდი იმ კაცს, რომ ამ საქმის გამკეთებელი ვიყავი?
თუმცა, ძინამ შეძლო, სხვებისთვის არაფერი ეგრძნობინებინა და სირთულეებს დამოუკიდებლად გამკლავებოდა.
„მივხვდი, თუ მორცხვობას გავაგრძელებდი, არაფერი გამოვიდოდა. უოლ სტრიტზე ყველა მაგარი ინდივიდუალისტი და პირდაპირია, ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს. შენთვის, ახალბედა დილერისთვის, არავის სცალია. არავინ გამოგელაპარაკება და დაგიყვავებს, თუ სხვისგან რამის სწავლა გინდა, ინიციატივა შენით უნდა გამოიჩინო იმიტომ, რომ ყველას უამრავი საქმე აქვს. თუმცა, სანამ ამას მივხვდებოდი, უამრავი შეცდომა დავუშვი, კითხვის დასმა მერიდებოდა და აბა, რა იქნებოდა. ერთ დღეს კი ასეთი რამ მოხდა: ჩემმა უფროსმა, რომლის გუნებაგანწყობასაც ვერაფერი გავუგე - ერთ წუთს გვეხუმრებოდა, მეორე წუთს - ილანძღებოდა, ბროკერების დარბაზში სამასამდე თანამშრომლის თვალწინ მიყვირა. ვერ ავიტანე, ენა შევუბრუნე და ყვირილითვე ვუპასუხე. მთელი დარბაზი გაშრა. ასეთი რამ მისთვის თურმე არავის გაუბედავს. როცა ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი, გარშემო კომპიუტერებიდან ყველა მწერდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რომ ახლა აუცილებლად დამითხოვენ. მაგრამ პირიქით მოხდა, უფროსს იმ ინციდენტის მერე უფრო მოვეწონე და დღემდე ჩემი კარგი მეგობარია“.
„ქალიონის“ ოფისში ძინა ნამდვილ კორპორატიულ ტიპად ჩამოყალიბდა. პირველად, იქ დაემორჩილა უოლ სტრიტის ჩაცმის კოდექსს. ისწავლა, რომ სამსახურში სამსახური უნდა გააღმერთოს, რომ მუშაობის დროს ყველაფერი დანარჩენი მის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. რომ ავად გახდომა სამუშაოს არ შესრულებისთვის საკმარისი საბუთი არ არის, რომ პირიქით, ეს სისუსტედ ითვლება. ისწავლა ადამიანების ამოცნობა ხელის ჩამორთმევის დროს - თუ ხელს ვინმე რბილად ართმევს, ესე იგი, თევზივით კაცთან აქვს საქმე, თუ ძლიერად - ესე იგი, ძლიერი პიროვნებაა. ხელის ჩამორთმევაში თვითონაც ბევრი ივარჯიშა, რადგან უოლ სტრიტზე არავის სურს, პირველივე შეხვედრაზე ვიღაცას აფიქრებინოს, რომ სუსტი და ადვილად დასაყოლიებელია. შთაბეჭდილება, რომელიც პირველივე ჯერზე უნდა მოახდინო, დაუვიწყარი უნდა იყოს, ახლად გაცნობილ ადამიანს უნდა აფიქრებინო, რომ შენ ძლიერი პიროვნება ხარ.
ძინამ ისწავლა სტრიტის სპეციფიკური იუმორიც და მიხვდა, რომ ხშირ შემთხვევაში უოლ სტრიტზე რომ გაძლო, იუმორის გრძნობა არ უნდა დაკარგო.
„ერთ დღეს, დილის თათბირზე დამაგვიანდა. ოფისში 7:30-ზე უნდა ვყოფილყავი, არადა, საცობში გავიჭედე და 15 წუთით დამაგვიანდა. პირდაპირ რომ დამეწყო თავის მართლება, დიდ საცობში მოვყევი და ამიტომაც დამაგვიანდა-მეთქი, უფროსი უკმაყოფილო დარჩებოდა, საყვედურს მივიღებდი იმიტომ, რომ საცობი თავის გასამართლებელი საბუთი არ არის. ამიტომ შევედი დარბაზში, თანამშრომლებს გავუღიმე და შუადღე მშვიდობისა-მეთქი, მივესალმე. ყველამ გაიცინა. დაძაბულობაც მოიხსნა“.
გაკვეთილი №1: უოლ სტრიტზე სულ უნდა უფრთხოდე ინტრიგებს. ბროკერი, რომელიც შენს გვერდით ზის შეიძლება პირში გიღიმის, არადა შენი მტერია. ასეთებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. თუ საჭირო გახდა, სამაგიერო უნდა გადაუხადო და მისი გაფუჭებული საქმეც მშვიდად გამოასწორო.
„ანუ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც დონალდ ტრამპმა თქვა ერთხელ, პირადულ ამბად არაფერი მიიღო, ეს მხოლოდ ბიზნესია. და აი, ერთ დღეს, მირეკავს ჩემი კლიენტი და მეუბნება, მისმინე, დაიანა, რატომ ლაპარაკობს სტრიტზე ყველა, რომ შენ, თურმე, დადიხარ და ხმებს ავრცელებ, თითქოს, ჩვენ 100 მილიონიანი შეკვეთა მოგეცითო. ცხადია, აბსურდი იყო. მსგავსი არაფერი გამიკეთებია. მივხვდი, რომელიღაც სხვა ბროკერის ხელი ერია. ამიტომ იმ ტიპს არც დავფიქრებულვარ, ისე შევუტიე: თქვენ თვითონ მომისმინეთ და მიპასუხეთ, რატომ ლაპარაკობს ერთი ჩემი ნაცნობი ბროკერი ყველასთან, რომ თქვენ 500 მილიონიანი შეკვეთის გაკეთებას აპირებთ, თქვენ ხომ ჩემი კლიენტი ხართ, რატომ ვიგებ ამას სხვისგან-მეთქი? რისკზე წავედი. მსგავსი არაფერი მქონდა გაგებული, ფაქტობრივად, მოვატყუე, თავი რომ დამეცვა, მაგრამ რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ჩემი ტყუილი სიმართლე იყო. იმ ტიპმა მართლა გააკეთა 500 მილიონიანი ფსონი. ამიტომ დავურეკე და კიდევ უფრო განაწყენებული ტონით ვუსაყვედურე. მან ბოდიში მომიხადა და შეცდომის გამოსასწორებლად მართლა ძალიან დიდი შეკვეთა მომცა. მერე კი ერთმანეთს რესტორანშიც შევხვდით და ბევრი ვიცინეთ უოლ სტრიტის ამ თვისებაზე - ჭორებზე და ინტრიგებზე“.
უოლ სტრიტზე მყიფე მორალური კანონები არსებობსო, კიდევ უფრო აკონკრეტებს ძინა. საზღვრის გადალახვა სინდისსა და უსინდისობას შორის ძალიან იოლი და მაცდუნებელია. გარშემო ყველა ყველაფერზე წამსვლელია. და რახან ყველა ასეთია, თვალი და გონებაც ეჩვევა და გგონია, რომ ეს ცუდი საქციელი არ არის.
„ამიტომ როცა უოლ სტრიტზე მუშაობ, სულ ფხიზლად უნდა იყო. შინაგანი ცენზურა უნდა აამუშაო. საკუთარ თავთან უნდა გაარკვიო, რისი გამკეთებელი ხარ, რა დოზით ხარ ამორალური და რისი გაკეთების უფლებას არ მისცემ თავს. მე ასე ვიქცევი. ვიცი, რომ სტრიტზე ძალიან შევიცვალე. საქართველოში, მზრუნველ და დაცულ ოჯახში გაზრდილი, აქ სულ სხვა ადამიანი გავხდი - აგრესიული, გასქელებული კანით, ზედმიწევნით პრაგმატული, მომთხოვნი, ამბიციური, პრეტენზიული, მაშინ როცა იყო დრო, საყვარელი, სასიამოვნო და თავაზიანი გოგო ვიყავი. ახლა კი, როცა თუნდაც, რესტორანში შევდივარ და რაღაც არ მომწონს, უხეში ტონით მოვითხოვ უკეთეს სერვისს იმიტომ, რომ ვიცი, ეს მე, უბრალოდ, მეკუთვნის და უნდა მივიღო... თუმცა, არის რაღაცეები, რასაც არასდროს გავაკეთებ. სტრიტზე მუშაობის მიუხედავად, შინაგანად ახლაც ძალიან სამართლიანი ვარ. საშინლად მტკივნეულად ვრეაგირებ ნებისმიერ უსამართლობაზე. ამიტომ, თუ არ იმსახურებს, არავის ვვნებ“.
მდედრობითი სქესი უოლ სტრიტზე
„უოლ სტრიტი ძალიან ჩაკეტილი და კონსერვატორული სივრცეა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ამით თბილისს მაგონებს. ვინ ვის იცნობს, ეს ჩვენთანაც ყველაზე საყვარელი საჭორაო თემაა. ქუჩაში ან კლუბში ვინმე სტრიტელს რომ შევხვდები, ეგრევე ნაცნობების გამოჩხრეკას ვიწყებთ... ხანდახან იმდენ ნაცნობს ვიპოვი ხოლმე, ჩემთვის, გულში მიკვირს - როგორ გამითავისებია ეს ქალაქი...
ძინა ამბობს, რომ უოლ სტრიტი თბილისს კიდევ ერთი რამით ჰგავს, რახან ყველა ყველას იცნობს, ამიტომ ერთმანეთსაც ნაცნობობით ქაჩავენ. „სტრიტზე უცხო ადამიანები არ უყვართ. ამიტომ შიგნით შეღწევა ძალიან ძნელია. ვაკანსიების დროს, ჯერ ნაცნობების კანდიდატურებს იხილავენ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში - უცხოების.
„ქალიონიდან“ მე ყველა მიცნობს. შესაბამისად, ყველამ, ვისაც „ქალიონში“ ნაცნობი ჰყავს, იცის ჩემი სახელი. ამ ახალ სამსახურში „ქალიონის გოგოსაც“ კი მეძახიან... მაგრამ ის, რომ ყველა გიცნობს, პასუხისმგებლობის გრძნობას მიმძაფრებს. კარგი რეპუტაციის შენარჩუნებას ყოველთვის ფხიზლად ვცდილობ. საკუთარი თავის რეპრეზენტაცია ყოველთვის ორიგინალურად უნდა შევძლო - კიდევ უფრო მეტმა რომ გამიცნოს და დამიმახსოვროს“.
თუმცა, ძინას დამახსოვრება კარგი რეპუტაციის გარეშეც ადვილია. ის კოსტუმიანი და ჰალსტუხიანი ბროკერების დიდ კასტაში იშვიათი ქალი გამონაკლისია. თან, ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის, ენერგიული და მომხიბვლელი ღიმილით.
ძინა ამბობს, რომ ქალისთვის ბროკერობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეც არის და ძალიან მოსახერხებელიც. „საპასუხისმგებლო იმიტომ, რომ უფრო მეტად უნდა ამტკიცო, რომ ძლიერი და კარგი ბროკერი ხარ - აგრესიულიც, შემტევიც და კლიენტის ინტერესების დამცველიც. უნდა ამტკიცო, იმიტომ, რომ ბროკერად ყველას მამაკაცი წარმოუდგენია, ქალ ბროკერს კი ერთი შეხედვით ყველა სუსტ პროფესიონალად აღიქვამს. ჩვენი პროფესია ხომ ყველაზე მეტად საჭიროებს კაცურ მიმწოლობას და უხეშობას და ამიტომ ქალებსაც ყოველთვის საკუთარი ძლიერების მტკიცება გვიწევს. მაგრამ რაღაც გაგებით, ბროკერობა ქალისთვის უფრო იოლია: უფრო იოლად გიმახსოვრებენ და ურთიერთობაც უფრო მეტად სიამოვნებთ. მეც ვცდილობ, სასიამოვნო მოსაუბრე ვიყო. როცა კლიენტები დასაახლოებლად ნიუ იორკის საუკეთესო ადგილებში დამყავს, ვცდილობ, საინტერესო თემებზე ვესაუბრო, იუმორიც გამოვამჟღავნო, ქალური მომხიბვლელობაც და ჭკუაც. მერე რა, რომ კაცებისთვის საყვარელ თემებზე, მაგალითად სპორტზე, ავტო-რბოლებზე, კრივზე და ბეისბოლზე არ ვუბამ საუბარს, სამაგიეროდ, ველაპარაკები ადამიანურ ურთიერთობებზე, პირად შთაბეჭდილებებზე, ბიზნესზე და ყველაფერი კარგად მიდის ხოლმე.
არ მოგატყუებ და პირდაპირ გეტყვი, ძალიან მეამაყება, როცა მეკითხებიან, რას აკეთებო და რომ ვპასუხობ - ბროკერი ვარმეთქი. როცა იმასაც გებულობენ, თუ რომელი პროდუქტის ბროკერი ვარ, თვითონ უოლ სტრიტელებსაც უკვირთ. თავიდან, როცა ამ სავაჭრო სართულზე დავიწყე მუშაობა, თანამშრომლებს პრაქტიკანტი გოგო ვეგონე. გაოცება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, ბროკერად ვიწყებდი მუშაობას. ჩემი სტატუსი თვითრწმენით მავსებს, როგორც ქალს და ასევე როგორც პროფესიონალსაც. ვგრძნობ ხოლმე, როცა ჩემს სამსახურზე ველაპარაკები, ბევრ მამაკაცს ვაკვირვებ. არ ესმით, ნაზი გარეგნობის მქონე ქალი, როგორ ართმევს ისეთ რთულ საქმეს თავს, როგორიც ჩემია“.
რატომ უოლ სტრიტი
ამერიკული იდეალი self-made ადამიანია. და ეს არის ძინას იდეალიც - ადამიანი, რომელიც ნულიდან იწყებს და დიდ სიმაღლეებს იპყრობს. თავისი ერთი კონკრეტული იდეალიც ჰყავს - ექსპრეზიდენტი ბილ ქლინთონი. მისი პოლიტიკური მრწამსიც მოსწონს და ის ფაქტიც, რომ ქლინთონმა ამდენს მიაღწია: „ქლინთონი და ზოგადად, დემოკრატები ჩემთვის ყველაზე სასურველი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ჩერჩილის ფრაზა - „იდეალისტი და დემოკრატი ხარ ოცი წლის ასაკში, მაგრამ ჩათვალე, სულელი ხარ, თუ 40 წლისა რესპუბლიკელი არ ხდები“ - მე რესპუბლიკელი არასდროს გავხდები. იმიტომ, რომ დემოკრატების პოლიტიკა მე, როგორც ეთნიკურ უმცირესობას და ემიგრანტს, უფრო მესადაგება, ვიდრე რესპუბლიკელებისა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია აქ ვცხოვრობ, ჩემს წარსულს არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის ვიქნები იმ კლასის ადამიანების დამცველი პოლიტიკურად, რომელსაც მე და ჩემი ოჯახი წარმოვადგენთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქლინთონი ჩემთვის მართლაც იდეალია - მოკრძალებული წარსული მან დიდებულ აწმყოდ აქცია. საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა და ჰარვარდში როუდსის სტიპენდიის სწავლული გახდა, შემდეგ კი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი“.
ეს პირადი შეხედულებები ძინამ მწყობრ სისტემაში სწორედ უოლ სტრიტზე მუშაობის პერიოდში მოაქცია. მანამდე მხოლოდ ხვდებოდა, რომ უოლ სტრიტზე სწორედ ეს იდეალი - წინსვლის შანსი იზიდავდა და ასევე ის, რასაც სტრიტი პირველ რიგში გაძლევს - მატერიალური კეთილდღეობა და სტატუსი. „ვუყურებდი 30 წლამდე უოლ სტრიტელებს და გულწრფელად მომწონდა ის უდარდელი ცხოვრების წესი, რასაც ფულით კეთებით აღწევდნენ. იყვნენ ჭკვიანები, ხუთი თითივით იცნობდნენ მთელ ინდუსტრიას, ნიუ იორკის ყველაზე დახურულ და ექსკლუზიურ ადგილებში უპრობლემოდ აღწევდნენ, ცხოვრობდნენ მანჰეტენის საუკეთესო რეზიდენციებში და ჰქონდათ მდიდრული ჰობი - ავტო-რალი, გოლფი, მოგზაურობა...“
მოკლედ, თავიდან სტრიტზე ძინა სწორედ ამ ცხოვრების წესით მოიხიბლა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა შინაგანი წინააღმდეგობა - „რა ამბავია, ამხელა მატერიალიზმი!“ „რატომ უყვართ ასე ფული? და როგორ პირდაპირ გამოხატავენ ამ სიყვარულს!“ „აქ, სტრიტზე თითოეულ ადამიანს შუბლზე იმხელა დოლარის ნიშანი ახატია, რამხელა შემოსავალიც აქვს. რაც უფრო მეტ $$ აკეთებ, მით უფრო პატივსაცემი და დაფასებული ხარ საკუთარ სამსახურშიც და მთელ ინდუსტრიაშიც. თავიდან ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. მაგრამ მერე კითხვა უოლ სტრიტელმა მეგობრებმა ასე დამისვეს: თუ ფინანსურ წინსვლაზე არ ფიქრობ, მაშინ აქ რა გინდა? ამ კითხვას დავუფიქრდი და მივხვდი - თუ უოლ სტრიტზე ვრჩები, მეც ასეთი უნდა ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ადგილი აქ არ არის. მას შემდეგ მეც ჩავები კონკურენციაში, მინდა, რომ იმდენად წარმატებული ვიყო ჩემს განყოფილებაში, რომ ყველა პატივისცემით მეპყრობოდეს. არასდროს ვკმაყოფილდები - შეიძლება ეს უკვე სენია, მაგრამ შეიძლება არც არის სენი და პირიქით, დადებითი თვისებაა. ყოველ შემთხვევისთვის, თავს ეჭვებით არ ვიტანჯავ და ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ „მიღწეულით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს დასასრული ჯერ კიდევ არ არის!“
რამდენიმე დაზუსტება
„სამსახურიდან წამოსვლა სირთულის გამო არასდროს მიფიქრია. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, გავუმკლავდე. თუ ოდესმე თავის დანებება მიფიქრია, ისიც გადაღლის გამო. არ იცი? ბროკერები იმდენ ენერგიას ხარჯავენ, რომ 40 წლამდე პენსიაზე გადიან, ანუ ფულს აგროვებენ და მერე რომელიმე საყვარელ ჰობის მისდევენ. თუ სადმე ნახე 50 წლის ბროკერი, ჩათვალე, არ ვარგა“.
„სად არის ადგილი სულიერებისთვის? იცი, ეგ აქ აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ყველას სახელით ნამდვილად არ ვილაპარაკებ და არ ვიტყვი, რომ სტრიტი სულიერად ამაღლებული ხალხითაა სავსე. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს - რელიგია, წიგნების კითხვა, ახლის გაგება, გამოფენაზე წასვლა... - ყველა აკეთებს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ეს ჩემი ქართული წარსულიდან მომყვება. საზრდოს წიგნებიდან დღემდე ვიღებ ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო. მაგრამ უკვე აღარ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ადამიანი, რომელიც მხატვრულ ლიტერატურას არ კითხულობს, სულიერად მწირი, ღარიბი ბუნების და უინტერესოა. მით უმეტეს, რომ აქაც კითხულობენ. ოღონდ ჩვენთან პოპულარული წიგნების თემატიკაა სპეციფიკური. მაგალითად, LIAR'S POKER („მატყუარას პოკერი“) უოლ სტრიტელების საყვარელი წიგნია და გიჟდებიან ეინ რენდზე, რომლის მსოფლმხედველობაც უოლ სტრიტულს ეთანხმება. ეს მწერალი თითქოს ჩვენს იდეალებს ამართლებს, ამიტომ პოპულარულია ფრაზა მისი წიგნიდან: „ფული საზოგადოების ღირსების ბარომეტრია“. მაგრამ, სამაგიეროდ, არ იციან, სხვა დიდი მწერლები. ერთხელ მახსოვს, ლიფტით ჩემს სართულზე ავდიოდი, ჩემი ყოფილი უფროსი დამემგზავრა, ხელში მარკესის ტომი მეჭირა, ყდას დააკვირდა, გვარი დამარცვლით წაიკითხა და მერე მკითხა - ვინ არისო! ცხადია, გავოცდი, მაგრამ ამ შემთხვევის გამო წარმოდგენა მასზე არ შემცვლია. ის კაცი მართლა ძალიან საინტერესო ადამიანია, იმდენად მრავალმხრივი ინტერესები აქვს და იმხელა ცხოვრებისეული გამოცდილება, იმდენად სასიამოვნო მოსაუბრეა, რომ წაკითხული წიგნების რაოდენობით და ხარისხით ვერ შევაფასებ. მე თუ ვკითხულობ, კი, შინაგანად ნამდვილად ვმდიდრდები, მაგრამ ვინც არ კითხულობს, ის ჩემი აზრით შინაგან სიმდიდრეს სხვა წყაროებით ივსებს.“.
რომ არა უოლ სტრიტი
„მე ხომ თავიდან აქ მოხვედრაზე არ ვოცნებობდი. უნივერსიტეტში ისეთი იდეალისტი პროფესორი გვყავდა, ისე მოგვაქცია საკუთარი გავლენის ქვეშ, რომ უფრო ლოგიკური იყო, სწავლა გამეგრძელებინა და დოქტურანტურაში ჩამებარებინა, ანდა გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის ეგიდით მესამე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მემუშავა... მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება რამდენიმე სხვადასხვაგვარ არჩევანს კი არ გაძლევს, არამედ გაძლევს ერთ კონკრეტულ შანსს, რომელიც, ალბათ, უნდა შენიშნო და გამოიყენო. ჩემს შემთხვევაში, ვეცადე, შანსი, რომელიც ცხოვრებამ მომცა, საუკეთესოდ გამომეყენებინა. მგონი, გამიმართლა, ასე რომ მოხდა იმიტომ, რომ მსგავსი შანსები ყველას არ ეძლევა. ამიტომ, ვაფასებ ჩემს ახლანდელ მდგომარეობას და წარმატებისთვის თავს არ ვიზოგავ“.
რა აკლია
„იყო ჩემში თვისებები, რომლებსაც უოლ სტრიტზე ვერაფრით გამოვამჟღავნებდი. ამ თვისებებიდან ზოგი ისე გაქრა, რომ პირად ცხოვრებაშიც აღარ ვიყენებ. უოლ სტრიტიდან კი სახლში, ალბათ, უამრავი თვისება მომყვება - სტრიტი მართლა დომინანტია და იმიტომ. ვიცი, წინათ უფრო გულისხმიერი, თავაზიანი, კეთილი ვიყავი, ახლა ამ კაცურ, აგრესიულ და უხეშ ინდუსტრიაში ამ თვისებებს ხშირად ვეღარ ვავლენ. ხანდახან საქმეში ჩართულს, ისიც მავიწყდება, რომ სინამდვილეში ძალიან ნაზი და დაუცველი ვარ - მომწონს, როცა თავს ასეთად ვგრძნობ. ეს კი უოლ სტრიტზე მისვლის შემდეგ სულ უფრო ნაკლებად ხდება. იქ ხომ ძლიერი და ამბიციური უნდა ვიყო. ამიტომ, თუკი ვინმე მეტყვის, რომ პეპელასავით ჰაეროვნად გამოვიყურები, მიხარია - ესე იგი, იმ დღეს პატარა გოგოსავით ვარ.
კიდევ მაკლია რაღაცეები... პირველ რიგში, ჩემს მშობლებთან და ძმასთან ურთიერთობა. ამ ნათესაურ სითბოს, რაც საქართველოში დამრჩა, ნიუ იორკში ქართველი მეგობრებით ვივსებ. ჩვენ ხომ აქ მშობლების და ქართული ოჯახების გარეშე ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთისთვის ყველაფერი უნდა ვიყოთ. წარსულიც და მოგონებებიც ერთნაირი გვაქვს. ამიტომ, შეიძლება გაგიკვირდეს და რაღაც ქართული ამბები და მოგონებები, რაც მანდ უკვე მოძველდა და დავიწყებას მიეცა, აქ დღევანდელი დღესავით აქტუალურია და მძაფრად გვახსოვს. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოდან მაშინ წამოვედით, როცა ბევრი რაღაც ხდებოდა და ეს ყველაფერი მეხსიერებაში ძალიან ცოცხლადაა შემონახული. ამ ამბებს ბევრ სხვა კარგ მოგონებასთან ერთად ძალიან ხშირად ვიხსენებთ...
იციან თუ არა ქართველი რომ ვარ? რა თქმა უნდა, ყველა ჩემმა კლიენტმა და თანამშრომელმა იცის. ამას ყოველთვის ღიად ვამბობ და მიხარია, როცა საქართველოზე საუბრით მათ დაინტერესებას იოლად ვახერხებ. ეს ნიუ იორკია. აქ უცხო ქვეყანაში დატოვებული წარსული არავის უკვირს. მაგრამ თემა - საქართველო მაინც ყოველთვის შთამბეჭდავია ხოლმე მათთვის“.
გოგა
გოგა ძინას ქმარია. ისინი ერთად 1997 წლიდან არიან, ანუ უკვე ათი წელია. გოგა აქამდე განზრახ არ ვახსენე - უოლ სტრიტულ ტენდენციას ბრმად მივყევი, ღერძად მეც ეს ინდუსტრია ავიღე და ძინას ოჯახი კი, ამასობაში დამეჩაგრა. მით უმეტეს, რომ სტრიტის სტანდარტი - სამსახურია უმნიშვნელოვანესი - დღე-ღამის 24 საათზე არ ვრცელდება. ეს სამსახურში წარსადგენი პოზიციაა, ისე კი, როგორც თვითონ ამბობს, გოგასთან ურთიერთობა მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. „ეს უბრალოდ, ურთიერთგაგების ამბავია. გოგას მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ. ამიტომ, თუ სახლში რამე პრობლემით ვბრუნდები, ან დაღლილი ვარ და ვამბობ, სამსახურიდან წამოვალ-მეთქი, გოგა ნამდვილ თერაპიას მიტარებს: ბევრს მელაპარაკება, ათას რაღაცას მიხსნის და ყველაზე შესაფერის დარიგებას მაძლევს. თან ამ დროს აბსოლუტურად გულწრფელია ხოლმე იმიტომ, რომ გოგას უფრო აღმოაჩნდა ის მსოფლმხედველობა, რაც სტრიტზეა გამეფებული და რასაც მე, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შევეგუე“.
თვითონ გოგა მხატვარია, მანჰეტენზე, ერთ-ერთ სტუდიაში დიზაინერად მუშაობს, საკმაოდ წარმატებული დიზაინერია და საქმე თვითონაც თავზესაყრელი აქვს. ამიტომ სამსახურის შემდეგ, ოჯახური განხილვების საგანი ხშირად სამსახური და განვლილი დღე ხდება - თავისი პრობლემებით და მიღწევებით.
„ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ნიუ იორკში, სადაც ბოლო დროს სულ უფრო მეტად დგება ეჭვქვეშ ოჯახური ფასეულობები, მონოგამიის აუცილებლობა და ერთგულება, ჩვენ ამ ფასეულობებს ვიცავთ და მის დარღვევაზე არც ვფიქრობთ. ამასაც ჩემს ქართულ წარსულს ვუმადლი. ოჯახის პატივისცემა ორივეს, მეც და გოგასაც, საქართველოდან გამოგვყვა მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ყველაზე შეგნებული ნაწილი ორივემ აქ გავატარეთ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთი გავზარდეთ, ალბათ, ამიტომ არ ვკარგავთ ერთმანეთთან სიახლოვის შეგრძნებას...“
ოცნება სტრიტის მიღმა
ინდექს დერივატივებით ვაჭრობას ძინა კონტრაქტის გათვალისწინებით სამ წელიწადს აპირებს. შემდეგ ინდუსტრიაში კიდევ ერთი ამდენი დრო დარჩება, მერე კი სტრიტზე კარიერის დამთავრება სურს: „აი, მაშინ დაიწყება ჩემი ოცნების ახდენა. ახლანდელ ფინანსურ მდგომარეობას შეჩვევის შემდეგ შეიძლება ცოტა გამიჭირდეს სხვა საქმის დაწყება, მაგრამ ვიმედოვნებ, იმის საშუალება მექნება, რომ მერე უდარდელად მივყო ხელი ყველაზე საყვარელ საქმეს - უნივერსიტეტს. მოვიპოვებ დოქტორის ხარისხს და რომელიმე უნივერსიტეტში ახალგაზრდებს კონსტიტუციურ სამართალს ვასწავლი. მგონი, რომ კარგი პროფესორი ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი ერთი აიდაჰოელი პროფესორის წყალობით, ვიცი, როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი. ამ პროფესორთან დღემდე მაქვს მიმოწერა. მეც მასავით მინდა, სტუდენტებს ვასწავლო, რომ სამყაროს და საკუთარი ცხოვრების შეცვლა შეიძლება, მთავარია ენთუზიაზმი და მონდომება. მართლა ძალიან მომენატრა ის იდეალიზმი, რაც ადამიანს მხოლოდ სტუდენტობის პერიოდში აქვს. მე ეს იდეალიზმი, დიდი ხანია დავკარგე, სტუდენტებთან ურთიერთობით კი იდეალისტურ გარემოსთან აღვადგენ კონტაქტს და იდეალისტ ადამიანებთან მექნება ურთიერთობა... სწავლა ყველგან და ყველაფრით შეიძლება - წიგნებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც, მაგრამ მე ყოველთვის წიგნებით სწავლა მიტაცებდა - ალბათ, ეს არის ჩემი დაფარული იდეალისტური მხარე, რომელსაც დღეს ვერ ვავლენ და რომელსაც თავს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მივუძღვნი!“
![]() |
8 სპეც-პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 მუსიკოსების ახალი თაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ვიზაჟი: Professional Make-Up Studio
მაიკო ღოლიჯაშვილი
30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრადმე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დაარსებიდან 90 წლის თავს აღნიშნავდა. დიდი დარბაზის სცენაზე ერთმანეთს კონსერვატორიის ყოფილი სტუდენტების რამოდენიმე თაობა შეხვდა. უფროსი „კურსდამთავრებულების“ უმეტესობას უჩვენოდაც კარგად იცნობთ, ამიტომაც მომდევნო გვერდებზე შედარებით უცნობ და წარმატებულ მუსიკოსებს წარმოგიდგენთ. ასეთები ცხრაზე გაცილებით მეტნი არიან. უბრალოდ, დახუნძლული საკონცერტო პროგრამისა და კიდევ უფრო გადატვირთული პირადი განრიგების ფონზე ჩვენ სულ ცხრა მათგანს შევხვდით. აი, ისინიც:
მარიკა გულორდავა (სოპრანო)
მარიკა ჯერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტია. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, კონსერვატორიისა (საოპერო სტუდიის) და ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დადგმებში და კონცერტებში აქტიურად მონაწილეობს. გახლავთ საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრიზიორი და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი.
ერთი თვის წინ, ესპანეთში მონსერატ კაბალეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრა. უკან კი პირველი ადგილით და უამრავი ახალი შემოთავაზებით დაბრუნდა.
ასე რომ, დღეს მსოფლიო ოპერის თეატრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამავე დროს, სწავლას განაგრძობს. უახლოეს მომავალში რუსეთსა და იაპონიაში აპირებს გამგზავრებას. იცით, რა უთქვამთ მარიკაზე კაბალეს კონკურსზე დიდ მაესტროებს? მგონი, ოცდამეერთე საუკუნის მარია კალასი აღმოვაჩინეთო.
თემურ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი)
სახელმწიფო კონსერვატორიაში საკრავებიდან ყველაზე მეტად ფაგოტმა მოხიბლა. რა ვიცი, ჟღერადობა აქვს სხვანაირიო, ამბობს. მე კიდევ მგონია, ყველა ინსტრუმენტალისტი ამას გიპასუხებთ. თემური 1997-98 წლებში ორგზის გახდა ვლადიმირ სპივაკოვის სტიპენდიანტი, 1999 წელს კი მუსიკოს-შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო და 2004 წელს მაგისტრის წოდება მოიპოვა. თბილისში სწავლის პერიოდში თბილისის სიმფონიურ ორკესტრში მუშაობდა სოლისტად. 2001 წლიდან კი აქტიურად თანამშრომლობს მიუნჰენის ფილარმონიის ახალგაზრდულ ჯგუფთან. ის ასევე მიუნჰენის კამერული ორკესტრისა და ბაიერის სახელობის ორკესტრის მიწვეული მუსიკოსია.
ალა სიმონიშვილი (სოპრანო)
1990 წელს თბილისის კონსერვატორიას ოზიმოს აკადემიის ერთ-ერთი დირექტორი ვენანციო სორბინი ეწვია. მაესტრომ ვოკალური ფაკულტეტიდან რამდენიმე სტუდენტს მოუსმინა და მათგან ოთხს ოზიმოს აკადემიაში სწავლის გაგრძელება შესთავაზა. ერთ-ერთი ალა სიმონიშვილი გახლდათ. ასე მოხვდა პირველად იტალიაში, ულამაზეს ქალაქ ოზიმოში, სადაც დღემდე ცხოვრობს და აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ოზიმოს აკადემიის გარდა ასწავლის რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის და გუბიოს აკადემიებში, სადაც ამჟამად სრულიად განსხვავებული სასწავლო პროგრამის, საოპერო ლაბორატორიის ჩამოყალიბებას გეგმავს. სიმღერით კი ყველგან მღერის, ევროპისა და ამერიკის, იაპონიის ცნობილი თეატრების საოპერო დადგმებსა და ფესტივალებზე ოპერის მიწვეული მსახიობია. მის რეპერტუარში ოცდახუთზე მეტი ოპერაა. ბელკანტისტი ვარო, ამბობს. თუმცა, თანამედროვე მუსიკასაც სიამოვნებით მღერის.
თბილისში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის და კონსერვატორიაში ახალგაზრდა კოლეგებისთვის მასტერკლასებს მართავს. სამომავლო გეგმები ჯერ-ჯერობით ისევ იტალიას უკავშირდება, თუმცა თბილისის კონსერვატორიასთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.
ქეთევან ქემოკლიძე (მეცო-სოპრანო)
ცოტა გვიან მივხვდი, სინამდვილეში რა მინდოდაო, მითხრა. ჯერ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრიატი, მერე კი მაგისტრატურა დაუმთავრებია. მოგვიანებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალზე განაგრძო სწავლა. 2007 წელს ბელვედერის (ვენა) კონკურსზე, ქეთი ლა სკალას სამხატვრო დირექტორს, ლუკა ტარჯეტის შეხვდა და მისი მოთხოვნით მილანის ლა სკალას თეატრთან არსებულ უმაღლეს საოპერო დახელოვნების აკადემიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა.
ქეთევან ქემოკლიძე გახლავთ ტულუზის საერთაშორისო კონკურსის გრანპრის (საფრანგეთი), ბელვედერის (ავსტრია), ვინიასის (ესპანეთი), ობრაზცოვას (რუსეთი) სახელობის საერთაშორისო კონკურსების ფინალისტი და სპეციალური პრიზების მფლობელი.
ლა სკალას სცენაზე მისი დებიუტი მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარში“ შედგა. მერე მოყვა შტრაუსის „სალომე“, „ასკანიო ალბაში“, მასნეს „მანონი“, ბარსელონას ლისეუს თეატრში ვერდის „ოტელოს“, როსინის „სევილიელი დალაქის“ პარტიები. მომავალი სეზონიც უკვე დატვირთული აქვს, ლა სკალას მერე მენჰირის მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრება და მალერის ვოკალური ციკლიდან „სიმღერები გარდაცვლილ ბავშვებზე“ იმღერებს.
გიორგი გვანცელაძე (ჰობოი)
გიორგი ჰობოისტია. თბილისის კონსერვატორიის მერე სწავლა მიუნჰენის რიხარდ შტრაუსის სახელობის კონსერვატორიაში და მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.
დღესაც გერმანიაში ცხოვრობს და პროფესიულ მოღვაწეობას ძირითადად იქ ეწევა. მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ მუშაობა ფრანკფურტის ოპერის თეატრში დაიწყო, სოლისტად. ამჟამად ზალცბურგის უნივერსიტეტ „მოცარტეუმში“ ასპირანტურაში აგრძელებს სწავლას. უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს: 2001 ფრანსუა ლელუს სახელობის კონკურსის გამარჯვებულია (საჩუქრად გადაეცა სპეციალური Marigaux ფირმის ინსტრუმენტი); საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა III კონკურსის I პრემიის ლაურეატი (ჩასაბერ საკრავებში); საქართველოს პრეზიდენტის, Daad-ის, ვლადიმირ სპივაკოვის, ლიანა ისაკაძის, გია ყანჩელის სახელობის კონკურსების სტიპენდიანტი.
მაია ჩიხრაძე (მეცო-სოპრანო)
მაია ჩიხრაძე თბილისის კონსერვატორიის იმ ოთხ სტუდენტთაგანი გახლავთ, ვინც 1991 წელს ოზიმოს აკადემიის დირექტორის მიწვევით იტალიაში სასწავლებლად გაემგზავრნენ. მაია უკვე აკადემიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ჩაება იქაური ოპერის თეატრის ცხოვრებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებსა და კონცერტებში ევროპის თეატრებში, ხშირად გამოდიოდა ფესტივალებსა და კონკურსებზე. მოგვიანებით, კალის საოპერო დახელოვნების და პეზაროს რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის აკადემიებში პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო.
გახლავთ ჯაკომო ლაური ვოლპის სახელობის 27-ე, ტოტი დალ მონტეს სახელობის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, კარმენის როლის საუკეთესო შემსრულებლის კონკურსის პრიზიორი.
თბილისში ერთი წლის წინ დაბრუნდა. თითქოს ბევრი არც უფიქრია, უბრალოდ, ადგა და წამოვიდა. „შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ მართლა საშინელმა ნოსტალგიამ ჩამომიყვანა. რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის აკადემიაში დღემდე ფიქრობენ, რომ დავბრუნდები. აქ უკვე უამრავი მოსწავლე მყავს, საქმეს სერიოზულად მოვეკიდე და ჩემი სამომავლო გეგმებიც თბილისის კონსერვატორიას უკავშირდება. ერთი სიტყვით, ასე გადავწყვიტე - ვრჩები.“
ლევან ცხადაძე (კლარნეტი)
მუსიკოსობა რომ გადაწყვიტა, არქიტექტურულზე სწავლობდა, თანაც მესამე კურსზე. ადგა და კონსერვატორიაში ჩააბარა. სულაც არ წყდება გული, სხვა რამის კეთება ვერც კი წარმომიდგენიაო, ამბობს.
თბილისში ცოტა ხნით დარჩება, მერე ისევ ამსტერდამში გაემგზავრება. იქ პიანისტ მეუღლე, ნინო გვეტაძესთან და პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. სწავლობს ამსტერდამის კონსერვატორიაში, ხარმენ დე ბოიეს კლასში და სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად სოლო და კამერული მუსიკის კონცერტებში მონაწილეობს.
ლევან ცხადაძე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის (2002) და ელიზაბეტ ლეონსკაიას სტიპენდიატი, ასევე ფრანსუა ლოლოს სახ. კონკურსის დიპლომანტი (2003), სადაც სპეციალური პრიზის სახით გადაეცა ცნობილი კლარნეტისტის პოლ მეიერის ინსტრუმენტი.
დაბრუნებას მალე აპირებს, ასე ამბობს, მინდა ჩემი აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს შემდეგ თაობას გადავცეო. „არც ის მინდა, ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობა რომ გავწყვიტო, მინდა მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელო, მოკლედ ვნახოთ.“
ნინო მაჩაიძე (სოპრანო)
დღეს უკვე პროფესიონალი ოპერის მსახიობია, მსოფლიო თეატრებთან რამდენიმე წლით ადრე აფორმებს კონტრაქტებს და საოპერო პარტიებსაც თავად ირჩევს. სტაბილურ სოლისტად მუშაობაზე უარი განაცხადა. ასე ურჩევნია, მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს და ხან ლონდონის კოვენტ გარდენს ეწვევა, ხანაც ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერას, ან სულაც ისევ მილანის ლა სკალას დაუბრუნდება. ერთი სიტყვით, 2010 წლის ჩათვლით განრიგი უკვე შედგენილდატვირთული აქვს.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ოთხი კონკურსის პრიზიორი გახდა: ათენი - 2000, თბილისი; დელფიური თამაშები - 2002, ბრიანსკი - ოქროს მედალი; ბელა ვოჩე - 2003, მოსკოვი, I პრემია; ლეილა გენჯერის კონკურსი - 2006, სტამბული, I პრემია.
2005 წელს, მილანში ლა სკალას თეატრთან არსებულ საოპერო დახელოვნების აკადემიაში ოთხასკაციანი კონკურსი გაიარა და ჩაირიცხა. სწავლის დროს ლა სკალას ოპერაში დონიცეტის „პოლკის ქალიშვილში“ მარიას, მოცარტის „ასკანიო ალბაში“ სილვიას, ვერდის „რიგოლეტოში“ ჯილდას პარტიები შეასრულა.
ამჯერად, თბილისიდან ისევ იტალიას უბრუნდება მილანის ლა სკალას, პიკოლა სკალას, კარლო ფელიჩეს, რეჯიო დე პარმას თეატრებში დონიცეტის, მოცარტის, ბელინის, ვერდის და პუჩინის ოპერებში მთავარ პარტიებს შეასრულებს. მერე მოყვება: ლონდონის კოვენტ გარდენი, მიუნხენის შტატსოპერა, ბარსელონას ლისეუ, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა...
ისე, ნინო 24 წლისაა.
სულხან გველესიანი (ბარიტონი)
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1998 წელს დაამთავრა. გახლავთ 1999 წლის მუსიკოს-შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსის დიპლომანტი. 2000 წელს კი - ბიულბულის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ისე, კონკურსები და ფესტივალები დიდად არ მიყვარსო, ამბობს. ჩემთვის წარმატების ყველაზე უტყუარი საზომი მაყურებლის რეაქციააო. ამიტომაც, ჯერ-ჯერობით აქტიურად მხოლოდ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სახელმწიფო კონსერვატორიის (საოპერო სტუდიის) სცენებზე მოღვაწეობს. შესრულებული აქვს ცამეტი მთავარი პარტია „აიდაში“ - ამონასროს, „რიგოლეტოში“ - რიგოლეტოს, „ტრუბადურში“ - დი ლუნას, „ტრავიატაში“ - ჟორჟ ჟერმონის, „ბალ-მასკარადში“ - რენატოს, „დონ კარლოსში“ - როდრიგო დი პოზას, „დონ პასკუალეში“ - მალატესტას, „აბესალომ და ეთერში“ - მურმანის პარტიები. თბილისის ოპერის თეატრის 2004 -2005 სეზონზე მიენიჭა წლის საუკეთესო მომღერლის სტატუსი.
საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენასაც ახლო მომავალში გეგმავს. „ახლა ვხვდები, დროა, ქვეყნის საზღვრებს გავცდე და მსოფლიო საოპერო გამოცდილებას უფრო ახლოს გავეცნო. ისე, ძალიან მიჯაჭვული ადამიანი ვარ, მიჭირს ჩემი სივრცის, გარემოს დიდი ხნით დატოვება. თუმცა, როგორ გითხრათ, უკვე მიდის მოლაპარაკებები გერმანიის და ამერიკის თეატრებთან. თუ ეს ჩემს საქმეს დაჭირდება, რა გაეწყობა, მომიწევს წასვლა.“
![]() |
9 ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 მთავარეპისკოპოსი სტერეოტიპების წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე. პირადი არქივი
ჩვენ თუ ქრისტიანობაზე გვაქვს პრეტენზია, გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ ყველა ადამიანი ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი და მას ასევე უნდა მოვეკიდოთ: სიყვარულით, პატივისცემით, თანაგრძნობით... თუ ვინმე ფიქრობს, რომ თავისი რწმენა სხვის რწმენაზე მეტია, დაე, მან ეს ადამიანისადმი სიყვარულით და პატივისცემით გამოხატოს და არა სიძულვილით, დამცირებითა და ჩაგვრით. ეს ბორკილი უკვე კარგა ხანია კისერს უხეხავს ჩვენს საზოგადოებას.
მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის სამოძღვრო სიტყვიდან
მალხაზ სონღულაშვილი ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის მთავარეპისკოპოსია საქართველოში, მაგრამ გრძელი წვერით, იასამნისფერი ანაფორით, ხის კვერთხითა და სანდლებით, ბიბლიურ მღვდელმთავარს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე პროტესტანტ მღვდელმსახურს. ვეკითხები, რატომ შეიმოსეთ ასე, ბიბლიური, არქაული იერი გაქვთ-მეთქი. ჯერ გულიანად იცინის და მერე მპასუხობს:
- ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენი სტერეოტიპები. სანამ ერთმანეთს შეხვდებიან, სანამ სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ, ყოველთვის ამ დამკვიდრებული სტერეოტიპებით სარგებლობენ. სიმართლე გითხრათ, ეს „ბიბლიური“ იერი მსიამოვნებს კიდეც, იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს სტერეოტიპის დანგრევაში ეხმარება. სხვათა შორის, ორივეგან, ტრადიციული ეკლესიის მხარეს და პროტესტანტული ეკლესიის მხარესაც.
გულღია და კეთილგანწყობილი მასპინძელია. რასაც მკითხავთ, ყველაფერს მოგიყვებითო, ღიმილით მეუბნება. თავიდან კი მთხოვს, ჩემს შესახებ მოვუთხრო ორიოდ სიტყვა. კარგი ჟესტია, ჩანს, აინტერესებს ადამიანი, რომელიც მის წინ ზის და რომელსაც უნდა ესაუბროს. სოფელ დიღომში ვართ, გასული საუკუნის შუა წლებში აშენებულ დიდ სახლში. ოთახში იმდენი საინტერესო და ძვირფასი წიგნია მიმოფანტული, ძირითადად უცხოური გამოცემები, რომ ძალიან მინდა, თავი შევიკავო, მაგრამ თვალები მაინც გამირბის მათკენ. ეს მთავარეპისკოპოსის მშობლიური სახლია, აქ გაიზარდა და დღესაც აქ ცხოვრობს. მეოთხე თაობის ევანგელური მორწმუნეა, მათ ოჯახში რწმენა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. მამა ღვთისმსახური ჰყავდა - ჯერ დიაკონი, შემდეგ ხუცესი, ბოლოს კი - თბილისის რეგიონის ეპისკოპოსი. 60-იან წლებში დაიბადა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში, მგზნებარე ათეიზმის წლებში. მაშინ მათ ოჯახს სოციალურადაც უჭირდა, ეკონომიკურადაც და თანაც, ეს რელიგიური დევნის დროც იყო. მშობლებს სოფლის საბჭოში იბარებდნენ და თუ რწმენას არ მოიშლიდნენ, შვილების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ.
- რელიგიის პირველ გაკვეთილებს ბებია მიტარებდა - უბირი ქალი, მართალია, კანდელაკი იყო, რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ წერა-კითხვა გვიან ისწავლა, ბიბლიას გატაცებით კითხულობდა, სწავლობდა და სხვებსაც ასწავლიდა. ძალიან მალე ეს ქალი ჩემთვის „ბიბლიის ქალად“ იქცა. ბებია ბიბლიის გმირების ამბების მიყვებოდა, დედაჩემი კი - საერო ზღაპრებს, წიქარას, სიზმარას, წითელქუდას. მაშინ არ მესმოდა, რით განსხვავდებოდნენ, ვთქვათ, წიქარას გმირები ბიბლიური გმირებისაგან. ეს ჩემთვის ერთი სამყაროს ნაწილი იყო, ერთდროულად ვეცნობოდი ორივეს. მოგვიანებით, თავისთავად ცხადია, გავაცნობიერე, რომ ეს სხვადასხვა რამ იყო. აღმოვაჩინე, რომ ის, რასაც ბებია მიყვებოდა, იყო ძალიან ძველი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც. გარდა კანონიკური ბიბლიური ტექსტებისა, წარმოდგენა არა მაქვს საიდან, მაგრამ ბებიამ აპოკრიფული სახარებებიც იცოდა, იესოს ბავშვობის დროინდელი ამბები და გადმოცემები. ამ სამყაროში გავიზარდე. თანაც, ოჯახში ყოველთვის იყო იმაზე საუბარი, რომ ქართული ბიბლია არა გვაქვს, არა გვაქვს ბიბლია თანამედროვე ქართულ ენაზე, ბიბლია, რომელსაც ყველა გაიგებს. მაშინ, ცხადია, არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს „ბიბლიის არქონა“ და წერა-კითხვა რომ ვისწავლე, გადავწყვიტე, ქართული ბიბლია დამეწერა. ბებიას ვთხოვე სახარება, რომელიც ბევრი კითხვისა და ხმარებისგან ძალიან გაცვეთილი იყო, დავიდე წინ და გადმოწერა დავიწყე. ძალიან მალე მომწყინდა, დიდი ასოებით ძლივს ვწერდი და ვწვალობდი, მაგრამ ბავშვობიდანვე ჩაისახა ჩემში, რომ ბიბლიის არარსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლი ჩვენს გარემოში, ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ქვეყანაში. მოგვიანებით, როცა დადგა დრო და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიბლიის სათარგმენლად მიმიწვია, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, და იმასაც მივხვდი, რომ ღმერთი მამზადებდა ამისთვის. როცა ძველ ენებს ვსწავლობდი, მაშინ ეს ჰობი იყო, ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს ცოდნა ძალიან მჭირდებოდა.
სკოლა სოფელ დიღომში დავამთავრე, ეს ძალიან ბედნიერი წლები იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ არქეოლოგიურ ექსპედიციაში წავედი ივრის ხეობაში, თიანეთში, 6-7 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს დავდიოდი იქ. მუშებად უბრალო მთიელები - ხევსურები, ფშაველები, მთიულები მუშაობდნენ, თიანეთი ხომ ძალიან ჭრელია მოსახლეობის მხრივ. ერთი-ორი ქისტიც იყო, ბევრი რამ ვისწავლე მათგან. როგორც სხვა ქვეყანაში წახვიდე და უცხო კულტურას ეზიარო, დაახლოებით ასეთი მნიშვნელობის იყო ჩემთვის მთის ხალხთან შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ბავშვობისას ბებიასთან ერთად ბიბლიის სწავლამ და მოგვიანებით, მთაში ყოფნამ, ყველაზე მეტად მომამზადა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც ვარ. ხშირად ვფიქრობ, ყველაზე ლამაზი წლები თიანეთში მაქვს გატარებული. ეს იყო აღმოჩენების წლები ლინგვისტური, ფოლკლორული, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. საოცარ ამბებს ყვებოდა ეს უბრალო ხალხი.
უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თან ყოველთვის აინტერესებდა ძველი ენები. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ოფიციალურად მხოლოდ ორ ქალაქში შეიძლებოდა ებრაულის სწავლა, თბილისსა და მაშინდელ ლენინგრადში. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ებრაულის კურსებზე შევიდა. ასწავლიდა ნისან ბაბალიკაშვილი, ცნობილი ებრაისტი. მამამისი თბილისის რაბინი გახლდათ, რელიგიური ოჯახიდან იყო. მეუბნება, რომ ამ კაცთან ურთიერთობისას სხვა ასპექტით, სხვა კუთხიდან დაინახა ბიბლიაც და ებრაული სამყაროც. პარალელურად, უნივერსიტეტში ძველ ბერძნულსა და ლათინურს სწავლობდა. ბუნებრივია, მოგვიანებით, ბიბლიის თარგმნისას ესეც გამოადგა. ჯერ კიდევ სტუდენტი, 23 წლისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიბლიის სათარგმნად მიიწვია, ისეთი ცნობილი მთარგნელების გვერდით, როგორებიც ზურაბ კიკნაძე, ბაჩანა ბრეგვაძე და ჯემალ აჯიაშვილი არიან. თავიდან არც სჯეროდა, რომ მათ გვერდით უნდა ემუშავა.
- ეს რეალობა აღმოჩნდა, დიდი მოწადინებით შევუდექი ამ საქმეს და დღესაც ვაგრძელებ, ბიბლიის თარგმნა ისეთი საქმეა, თუ დაიწყე, მერე მთელი ცხოვრება აგრძელებ, ებრძვი სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს. ვიღაცას აქვს ნათქვამი, მთარგმნელი ყველაზე ახლოს ეცნობა ტექსტს და ყველაზე გულდასმით კითხულობსო. საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში რვა წიგნია ჩემი ნათარგმნი და ამის გარდა, ზურაბ კიკნაძესთან ერთად მთელი ტექსტის რედაქტორიც გახლდით. ასევე, ზურაბ კიკნაძე და მე 2001 წლის გამოცემის რედაქტორებიც ვართ. თარგმანის თეორიაში არსებობს ლიტერატურული და დინამიური თარგმანი. დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში საგანგებო ყურადღება ექცევა დინამიურ თარგმანს, რომელიც, გარკვეული თვალსაზრით, ფუნქციური თარგმანია. მისი მთავარი მიზანია არა ფორმის, არამედ შინაარსის გადმოტანა. მომავალი პროექტი, თუ გამჩენმა ინება, სწორედ დინამიური თარგმანი იქნება. ასევე თითქმის დასრულებული მაქვს I საუკუნის ადრექრისტიანული მამათა ცხოვრებისა და აპოკრიფული ტექსტების, მათ შორის „დიდაქეს“ თარგმანი.
მალხაზ სონღულაშვილის გვარი პირველად მაშინ გავიგე, როცა ერთი პატარა წიგნი მომხვდა ხელთ. ეს იყო კლაივ ლუისის „ნარნიას ქრონიკები“, „ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადა“. შემოვისხამდი გვერდით შვილებს და ვუკითხავდი. მაშინ ძალიან მადლიერი ვიყავი იმ კაცისა, რომელმაც ეს წიგნი მშვენივრად გადმოაქართულა, თვითონაც ვისიამოვნე, „ნარნია“ მგონი, ერთადერთი წიგნი იყო, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად, მეც პირველად წავიკითხე და თანაც, ძალიან მომეწონა.
- ნარნია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. უკვე საკმაოდ მოწიფული ქრისტიანი ვიყავი, როცა „ნარნიას ქრონიკებს“ გავეცანი, მაგრამ ძალიან გამიტაცა ამ წიგნების კითხვამ და მათი მეშვეობით, ჩემი უკვე არსებული თეოლოგიის გადახედვამ, ლუისი ზღაპრული ენით მელაპარაკებოდა იმაზე, რაც ბავშვობიდანვე ნაცნობი იყო ჩემთვის. ზღაპარი და საღვთო წერილი მეორედ შეერთდა ჩემს ცხოვრებაში. ბოლოში რომ გავედი, ძალიან მომინდა, რომ ეს წიგნი ქართველ ბავშვებსაც წაეკითხათ. მყავდა ერთი პატარა მეგობარი გოგონა, რომელსაც ეს თარგმანი მივუძღვენი. მაშინ ოქსფორდში ვმუშობდი, სამსახურის შემდეგ, საღამოობით მივდიოდი ერთ მყუდრო პაბში, სადაც ხუთშაბათობით თავის დროზე ტოლკეინი და ლუისი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თან ვთარგმნიდი და თან ლუდსა ვწრუპავდი. ამ პაბს „არწივი და ბავშვი“ ჰქვია, თუმცა ასე ეძახიან „Bird and baby“, ამ პატარა, ინვალიდი გოგონასათვის ვაკეთებდი. გამოცემაზე ჯერ არ ვფიქრობდი. ერთმა ჩემმა მეგობარმა ბიბლიური საზოგადოებიდან შემომთავაზა გამოცემა, მეორემ - ბასილ კობახიძემ, რომელიც მაშინ საფრანგეთში სწავლობდა, წინასიტყვაობა დაწერა ამ წიგნითვის. აი, ასე დაიბადა ეს წიგნი ქართულად. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ეკლესიაში საშობაო სპექტაკლი დავდგით - „ნარნიას ქრონიკების“ მეორე წიგნი, ბავშვებმა ძალიან გაიხარეს, მართლაც კარგი გამოგვივიდა. ახლა ის ბავშვები უკვე გაიზარდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაიფანტნენ, მაგრამ ის გმირები, რომლებიც შობა დღეს ითამაშეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშობაო ლიტურგიის შემდეგ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სპექტაკლი.
მალხაზ სონღულაშვილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს სტაჟიორად და 1987 წლიდან ამ სექტემბრამდე, 20 წელი ასწავლიდა უნივერსიტეტში, ჯერ ისტორიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი - თეოლოგიის. პარალელურად თეოლოგიურ განათლებას შვეიცარიაში, ციურიხში იღებდა. 5 წლის განმავლობაში, დროდადრო ჩადიოდა სასწავლებლად. შემდეგ ოქსფორდში აგრძელებდა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას, მაგრამ როდესაც ქვეყანაში რელიგიური ექსტრემიზმი დაიწყო, იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო საქართველოში და დისერტაციაზე მუშაობა დროებით შეეწყვიტა. ეს მოვლენები ყველას გვახსოვს - დაიწყო აშკარა რელიგიური დევნა, წიგნების დაწვა და ეკლესიების ლეწვა. ბატონი მალხაზი საუბარს წყვეტს, გადის მეორე ოთახში და იქიდან ნახევრად დამწვარი ბიბლია გამოაქვს, (ბასილ მკლავიშვილის თაოსნობით რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი ბიბლიის 17 ათასი ეგზემპლარი დაწვეს) ჯერ კიდევ თბილი იყო, რომ მომიტანესო, მეუბნება. თურმე, კარგა ხანს ტრაპეზზე ედო ეს ბიბლია, მერე ავიღე, მძიმე საყურებელიაო. მე რეი ბრედბერის „ფარენჰეიტი“ და ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ვერის ბაღში ქართველი მწერლების წიგნების დაწვის ამბავი მახსენდება. პირველი რომ წავიკითხე - ცოტათი შევშინდი, მეორეს რომ ვუყურე - ძალიან, ახლა დამწვარი ბიბლია მიჭირავს ხელში. მთავარე პისკოპოსიც მეუბნება, შემზარავი სანახაობაა, წიგნები რომ იწვის, მაშინ ვიფიქრე, რომ იმას, ვინც წიგნს წვავს, ადამიანების ცოცხლად დაწვაც შეუძლია-მეთქი. დღეს სიტუაცია თითქოს გამოსწორდა, დღეს მართლმადიდებლობის სახელით აღარავინ დარბის და ჯვრებს არავის ურახუნებენ თავში, დღეს რელიგიური დევნის მეთოდები გაცილებით უფრო „დახვეწილია“. - დღეს ფსევდორელიგიურობის ეპოქაა. ეს სამწუხაროა, მით უმეტეს, ფუნდამენტალიზმი და შეუწყნარებლობაა არაა არც ერთი ტრადიციული რელიგიის ენდემური თვისება. ანაფორის ჩაცმა ადამიანს მღვდლად რომ აქცევდეს, და გულმოწყალებას ასწავლიდეს, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. წელს სექტემბერში უნივერსიტეტში დავბუნდი, იქ ებრაულსა და ბიბლიას ვასწავლი. ძალიან მიყვარს პედაგოგობა, მიმაჩნია, რომ სტუდენტებისაგან გაცილებით მეტს ვიღებ, ვიდრე გავცემ. ზაფხულში ინგლისში ვიყავი, ვიმუშავე ახალ პროგრამებზე, სტუდენტებისთვის წიგნები და პროგრამები ჩამოვიტანე, მივედი უნივერსიტეტში, ავედი დეკანატში, ცხრილში ჩემი საგანი და გვარიც ეწერა, სწორედ ცხრილს ვიწერდი, როცა ფაკულტეტის დეკანი კედელთან აიტუზა. თვალებში ვერ მიყურებდა. რაღაცას ბურტყუნებდა, ძლივს მითხრა, „აქ არაო“. თავიდან ვერც გავიგე, რას გულისხმობდა, თურმე, დამითხოვეს უნივერსიტეტიდან, ალბათ, იმიტომ, რომ ბაპტისტმა არ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლოს. როგორ შეიძლება, ბიბლია იყოს ბაპტისტური? კარგით, ებრაული ენა შეიძლება იყოს ბაპტისტური? ძალიან გავბრაზდი მაშინ. მიყვარს სტუდენტები, მსიამოვნებს სწავლების პროცესი, თორემ რა ჯამაგირიცაა უნივერსიტეტში, მოგეხსენებათ. შარშან საზოგადოებრივ არხზე დამიძახა თამარ კინწურაშვილმა, საგანმანათლებლო გადაცემა უნდა გამეკეთებინა, მერე ვიღაცამ ჩათვალა, რომ მე ბაპტისტობას ვიქადაგებდი ტელეეკრანიდან და ეს პროექტიც შეწყდა.
პირველად ვარ ბაპტისტურ ლიტურგიაზე. ადრე, ტელევიზორში მინახავს პროტესტანტების მგზნებარე ქადაგებები, რაღაცნაირად, იმავეს ველოდები აქაც. ეკლესიაში რომ შევდივარ, ეგრევე მოდის ვიღაც გოგონა და მეკითხება, „ცხელი შოკოლადიდან“ ხართ? მიღიმის და მიმიძღვის. ეპიკოსპოსის ოთახში შევყავარ, მოცუცქნული ოთახია, მერე, კაპელაში შევდივართ, რატომღაც სცენაზე მღვდელმსახურებთან და მგალობლებთან ერთად მსვამენ! აი, ამას ნამდვილად არ მოველოდი! იწყება ლიტურგია. ყველაფერი ცხადია და გასაგები. გალობენ, სახარებას, ფსალმუნებსა და პავლე მოციქულის ეპისტოლიდან ნაწყვეტებს კითხულობენ. მერე მთავარეპისკოპოსი ქადაგებს. ქადაგება იმდენად შთამბეჭდავია, ვუსმენ და ვფიქრობ, რომ ასეთი ქადაგების მოსასმენად, მეც კი სიამოვნებით ვივილიდი ბაპტისტურ ეკლესიაში. ქადაგებს რწმენის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ რწმენამ კი არ უნდა დააშოროს, არამედ, უნდა დაახლოვოს ადამიანები. სტუმარიც ყავთ, ამერიკელი ეპისკოპოსი, რომელიც გულთბილად ესალმება ხალხს. მერე ევქარისტია იწყება, ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარება, ეზიარება უკლებლივ ყველა, ვინც ეკლასიაშია, ეს ბაბტისტების კი არა, ქრისტეს ტაბლაა და ამიტომ ყველა კონფესიის წარმომაგდენელს შეუძლია ზიარებაო, ამბობს მთავარეპისკოპოსი.
ლიტურგიის შემდეგ ბატონ მალხაზს იმ რეფორმებზე ვეკითხები, რომლებიც ეკლესიაში სწორედ მან გაატარა.
- ამ ეკლესიის წიაღში დავიბადე, ჩემი აღზრდით და განათლებით მთლიანად ვეკუთვნი ამ თემს და ბუნებრივია, ასევე, ქართული კულტურის ნაწილიც ვარ. საბჭოთა პერიოდში ჩვენი ეკლესია გარკვეუწილად იზოლირებული იყო ქართული კულტურისაგან, საერო საზოგადოებისაგან და ჩაკეტილი იყო. ეს ბუნებრივიცაა, ჯერ მეფის რუსეთი დევნიდა, მერე - კომუნისტები. ჩვენი ეკლესიის დამაარსებელი, ილია კანდელაკი 1927 წელს ჩეკისტების დავალებით მოკლეს, ძალიან ბევრი გადაასახლეს. ფარული დევნა მერეც გრძელდებოდა, ამის გამო ეკლესიის მსოფლმხედველობა საკმაოდ ვიწრო გახლდათ. ეკლესიის მეთაურად 29 წლისა ამირჩიეს, ეს ძალიან მოულოდნელი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. საერო პირი ვიყავი, პროტესტანტულ ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა და ქადაგება, მაშინ ჯერ არ მექადაგა ეკლესიაში. თანაც ჩვენთან ლამის სავალდებულოდ ითვლება - ეკლესიის მეთაური ცოლიანი უნდა იყოს. ჩემი არჩევით ყველა ტრადიციული წარმოდგენა ეკლესიის მეთაურზე, თვითონ ეკლესიის მიერ იყო შელახული და დარღვეული. ეკლესიას ჰქონდა ალღოც და სურვილიც, რომ იმ ცვლილებების ფონზე, რაც მაშინ საზოგადოებაში ხდებოდა, ცვლილებები მომხდარიყო ეკლესიაშიც და ის თეოლოგიური და სოციალური კარჩაკეტილობისგან გათავისუფლებულიყო. რეფორმები ნელა დავიწყეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ და ისინი რამდენიმე სფეროს შეეხო. შევცვალეთ ლიტურგია. ვთქვით, რომ საჭიროა ეკლესია იყოს გახსნილი, ორიენტაცია აიღოს ეკუმენურ ღირებულებებზე, ანუ თავი მოიაზროს ერთი კათოლიკე ეკლესიის ნაწილად, სადაც არსებობენ განსხვავებული დენომინაციები, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და შესაბამისად, არ არსებობს ლიტურგიული ელემენტი, რომლის გამოყენებაც არ შეგვიძლია, ამან კარი გაგვიხსნა, უფრო შემოქმედებითად გვეფიქრა ლიტურგიაზე და უხვად გამოგვეყენებინა ელემენტები როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ლიტურგიებიდან. აღმოსავლურიდან ავიღეთ ბევრი რამ, რაც ქართული კულტურისთვის იყო შესაფერისი და ბუნებრივი. დასავლურისგან ავიღეთ ლიტურგიის სიცხადე და სიმარტივე. ვცადეთ, ეს ორი რამ გაგვეწონასწორებინა. დიდი მნიშვნელობა ევქარისტიასთან ერთად დავუთმეთ საღვთო წერილის კითხვას, ეს ლიტურგიის გულის-გულია, მისი განმატრება ხდება ქადაგებით, გალობით, მუსიკით და ქორეოგრაფიით.
მალხაზ სონღულაშვილმა „ბეთლეშიც“ დამპატიჟა. „ბეთელი“ დიდი, თეთრი და ნათელი სახლია თბილისის გარეუბანში. ჯერ მხოლოდ ერთი ფლიგელია დასრულებული. ყველაფერი ქათქათებს, კედლები, იატაკი, თვალისმომჭრელი სითეთრეა. ვნახე მოხუცები, რომელებიც იქ ცხოვრობენ, ერთ ქალბატონს ოთახშიც კი ვესტუმრე. აუცილებლად დაწერე, რომ ამათ გადამარჩინესო, მთხოვა. მოხუცებულთა სახლებზე ჩემი წარმოდგენები, ცოტა არ იყოს, შეჯაღანჯღარდა. ჩვენში ხომ ასეა, ჯერ კიდევ საბჭოთა სტერეოტიპები მოგვდევს. აქ არა მხოლოდ მოხუცებულთა თავშესაფარი, არამედ, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დახმარების ცენტრიც ფუნქციონირებს, ასევე ილია წინასწარმეტყველის სახელობის უმაღლესი სასულიერო სკოლა, საკვირაო სკოლა ყველა კონფესიის ბავშვებისათვის, ხატწერის სახელოსნო. ბატონი მალხაზი „ბეთელის“ აშენების ისტორიას მიყვება:
- ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, საქართველოს საზღვრებს შატილის მხრიდან ლტოლვილების დიდი ნაკადი მოადგა, საშინელ პირობებში იყვნენ, არ ჰქონდათ სრულიად ელემენტარული რაღაცეები, საჭმელი, ჩასაცმელი. მაშინ ეკლესიაში მოგვაკითხა ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა, დღეს ყველა ეკლესია მოვიარე და დახმარება არავის არ უნდა, ბოლო-ბოლო თუ ქრისტიანები ხართ, რამე გააკეთეთ, მუსულმანური თემებიც კი უარს ამბობდნენ მათ დახმარებაზეო. ჩეჩნები ქართველებისთვის ისტორიულადაც მტრები იყვნენ, აფხაზეთის ომის დროს მათი საქციელი მაშინ უფრო მტკივნეულად აღიქმებოდა, ამის გარდა, იყო დენომინაციური საქმეც. იმ წელს გროზნოში ბაპტისტური ეკლესია დაანგრიეს ჩეჩნებმა, გაიტაცეს გოგონები და ეკლესიის მეთაურის თავი ბაზარზე გამოჰკიდეს. ეს ყველაფერი ჩვენმა მრევლმა იცოდა. ნაირამ რომ დაასრულა საუბარი, ხალხს ვკითხე, რა ვქნათმეთქი. დეკემბერი იყო, დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა, მერე ერთი ქალი ადგა და თქვა, მოდით, შობას ნუ ვიზეიმებთ და ის ფული, რაც შობისთვის გვაქვს გადადებული, იმ ხალხს მივცეთო. ბუნებრივია, შობას ვერ გავაუქმებდით, მაგრამ ეს იყო სრულიად ახალი აზროვნების დასაწყისი ჩვენს ეკლესიაში, წავედით ჩეჩენ ლტოლვილებთან, ჩავუტანეთ წამლები, პროდუქტი. ვნახეთ მათი ტკივილი, მათი განსაცდელი და უკვე, პირველივე ჩასვლის შემდეგ, აღარ შეგვეძლო მიგვეტოვებინა ისინი. 5 წლის განმავლობაში, ხან სკოლა მოვუწყვეთ, ხან სახელმძღვანელოები ჩავუტანეთ, ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ გაცილებით მეტი მივიღეთ, ვიდრე გავეცით.
მივხვდით, რომ ჩვენ თვითონ გვჭირდებავიზრუნოთ იმ ხალხზე, ვისაც უჭირს, რომ ესაა ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება. და თუკი ჩეჩნებზე, რეალურ მტრებზე ვზრუნავთ, რატომ არ შეიძლება ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე? მოგვიანებით შეიქმნა „წმინდა ნინოს ორდენი“ რომლის დებიც 400 ყველაზე გაჭირვებულს, ავადმყოფსა და მარტოხელას უვლიან მთელ საქართველოში. ეს სახლი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, მაშინ ჩეჩნების თავშესაფარი იყო. მე აქეთ კაპელაში ვლოცულობდი, ისინი - იქით ოთახში, საღამოობით აქ ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა. მაგრამ ვხედავდით, რომ მოთხოვნილება გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ამ სახლს, ან სხვების სახლებს შეეძლო დაეტია. ასე დაიბადა დიდი სახლის იდეა, „ბეთელი“ ჯერ დაუსრულებელია, მაგრამ უკვე ფუნქციონიერებს და შეიკედლა მოხუცებულთა სახლი, სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები. საზაფხულო ბანაკები გვაქვს ბავშვებისათვის, მუსლიმურქრისტიანული ბანაკი, ბანაკი ინვალიდი ბავშვებისთვის. გვაქვს „კეთილი სამარიელის სახლი“, რომელიც გათვლილია ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, მარტოხელა დედებზე, ან იმ გოგონებზე, რომლებსაც მშობლები აიძულებენ გათხოვებას. ჩვენი ეკლესიის წევრები მუშაობენ ტრეფიკინგის, ემანსიპაციის საკითხებზე. ჩაკეტილი საზოგადოება ქალს არ მოიაზრებს სრულფასოვან ადამიანად. ეს ყველანაირი ტიპის ფუნდამენტალიზმისთვისაა დამახასიათებელი - მუსულმანურისათვის, ქრისტიანულისთვის, სიკჰურისათვის, სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოებაც არაა ბოლომდე თავისუფალი ამ ცოდვისაგან. ვმუშაობთ შიდსის პრობლემაზეც. ბუნებრივია, ეკლესიამ უნდა დაგმოს და გმობს კიდეც აღვირახსნილობას, სულ ერთია, ჰომოსექსუალური იქნება ეს აღვირახსნილობა თუ ჰეტეროსექსუალური. მაგრამ როდესაც მედიცინა გვეუბნება, რომ არსებობენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, რას უშვები ამ ხალხს? გაზის კამერაში ყრი? ჩვენი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს ის. ასევე, ვაპირებთ ნარკომანიის პრობლემაზე მუშაობის დაწყებას და ანგლიკანი მეგობრების დახმარების იმედი გვაქვს. ჩვენ უკვე ვეხმარებით რამდენიმე ნარკომანს. დავყვებით სარეაბილიტაციო ცენტრებში. იქიდან გულგახეთქილი ვბრუნდებით იმ დამოკიდებულებით, რაც იქაურ ექიმებს ამ ადამიანების მიმართ აქვთ. ვფიქრობთ, რომ პატარა პროექტი დავიწყოთ, ჯერ ხალხი გავგზავნოთ უცხოეთში სასწავლებლად. რახან მოხუცებულთა სახლი გვაქვს, ჩვენ ყოველ წელს ვუტარებთ ტრენინგებს მომსახურე პერსონალს. ახლა ეკუმენურ ჯგუფს ვაგზავნით გერმანიაში nursing-ის შესასწავლად. ჩვენი ექთანი ხომ რეალურად, nurse არ არის. ევროპაში კი ეს მთელი მეცნიერებაა. ამის სწავლება გვინდა დავიწყოთ ერთ-ერთ სამედიცინო სასწავლებელთან ერთად.
ბაპტისტურ ევანგელისტური ეკლესია ვარდების რევოლუციის დროს იმ ხალხთან იდგა, წვიმა რომ ასველებდა და დახმარებას, ცხელ საჭმელს სთავაზობდა ორივე მხარეს. აჭარაშიც იყვნენ. ასე იყო უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციის დღეებშიც, როცა ისინი ეკუმენურ ჯგუფთან ერთად კიევში ჩაფრინდნენ. ბოლოს კი, ისე გაიტაცათ ამ რევოლუციებმა, რომ ბელორუსიაში, არჩევნების დროს, მამა ბასილი და მალხაზ სონღულაშვილი დააპატიმრეს კიდეც.
- ბელორუსიის არჩევნების დროს ბრაზილიაში ვიყავით, ძალიან დაღლილები ვბრუნდებოდით იქიდან, და თანადგომის წერილი მივწერეთ იქაურ ქრისტიანებს, თუ საჭიროა ჩვენი ჩამოსვლა ჩამოვალთ კიდეც-თქო. იქიდან გვიპასუხეს, ძალიან გაგვახარებთ, თუ ჩამოხვალთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტ ლუკაშენკოს დაუჭერთ მხარსო. ვისაც კი დავურეკეთ იქაურ ქრისტიანებს, ყველა ამ პირობას გვიყენებდა. დარწმუნებულნი იყვნენ, ლუკაშენკო გაიმარჯვებდა. აი, ამან გადაგვაწყვეტინა წასვლა. საზღვარზე გაგვატარეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ანაფორები გვეცვა, თორემ იმ მატარებელში ვინც იყვნენ ქართველები, ყველანი ჩამოყარეს ვაგონებიდან. რამდენიმე სამსახურმა შეგვამოწმა, უშიშროებამ, მესაზღვრეებმა, მილიციამ, საბაჟომ. იმ დღესვე გავედით მოედანზე. უამრავი ახალგაზრდა შემოგვეხვია, მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ჯერ იქაურები ვეგონეთ. ძალიან წუხდნენ, ეკლესია არ დგას ჩვენს გვერდითო. წაღებული გვქონდა ქართული დროშა, ერთ უკრაინელ ბიჭს ვთხოვეთ, რომ თავისი დროშის გვერდით მიემაგრებინა ანკესზე. ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო ჩვენი მხრიდან. იმ დღეს ძალიან მოგვეწონა იქ ყოფნა, ის სულისკვეთება, რაც იყო. ვილოცეთ იმ ხალხისთვის. მეორე დღესაც გავედით და მალევე დაგვაპატიმრეს, უშიშროებაში წაგვიყვანეს, იმ ბრალდებით, რომ ტერორისტები ვიყავით. ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. ძირითადად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ხშირ-ხშირად გავყავდით დასაკითხად, გვითხრეს დაიძინეთო, მერე 10 წუთში წამოგვყარეს და ჩაგვიყვანეს რაღაც სარდაფში, სადაც ვიღაცეებს ცემდნენ, მიგვაყენეს კედელთან. ამ დროს ჩაჩქანიანმა და შუშისფარებიანმა ჯარისკაცებმა ჩამოიარეს. მერე რაღაც ოთახში შეგვიყვანეს, გადაგვიღეს ფოტოები, აიღეს ნაირ-ნაირი ანაბეჭდები. როცა დაგვიჭირეს, სანამ ტელეფონებს ჩამოგვართმევდნენ, მამა ბასილმა მოახერხა დარეკვა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე იცოდა ჩვენი ამბავი, ჩაერივნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მალევე გამოგვიშვეს, დეპორტაცია გაგვიკეთეს, ახლა 5 წელი აღარ მაქვს ბელორუსიაში ჩასვლის უფლება.
რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოში ჯუზეპე პაზოტო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის, როგორც ქრისტიანისათვის, ყველაზე დიდი გამოცდილება, რომელიც საქართველოში მიიღო, ის იყო, რომ უცბად, უმრავლესობიდან უმცირესობაში აღმოჩნდა. აღმოჩნდა დამცირებული, დაკნინებული, შეურაცხყოფილი. უმცირესობაში ყოფნა ყველა ქრისტიანისათვის, უარყოფითი, მაგრამ მაინც უზარმაზარი გამოცდილებააო და უმატებს, მხოლოდ საქართველოში დავფიქრდი იმაზე, როგორ გრძნობენ თავს იტალიაში პროტესტანტებიო.. ჯუზეპე პაზოტო იტალიელია, მალხაზ სონღულაშვილი და ჩვენი მრავალი არამართლმადიდებელი თანამოქალაქე კი ქართველები არიან, ბატონ მალხაზს ვთხოვ, ამიხსნას, როგორი განცდაა უმცირესობაში ყოფნა საკუთარ ქვეყანაში.
- თუ ეთნიკურ უმცირესობას ეკუთვნი, ჩვენი საზოგადოება ბავშვობიდან გამზადებს იმისთვის, რომ დისკრიმინებული ხარ, ეს რა თქმა უნდა, საშინელებაა და დასაგმობია, მაგრამ ამ დროს, თითქოს უკვე მზად ხარ იმისთვის, რომ ერთ დღეს, ვიღაცამ, შეიძლება, „სომეხო და თათაროო“ წამოგაძახოს. ეს ერთი უბედურებაა. სულ სხვაა, როდესაც ხარ ქართველი, ქართული კულტურის ნაწილი, ქართული საუნივერსიტეტო განათლება გაქვს და გეუბნებიან, რომ რაკი სხვანაირად ლოცულობ, არა ხარ სრულფასოვანი ქართველი, უფრო მეტიც, იმსახურებ იმას, რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ, შეგილახონ ღირსება, ქონება, სიწმინდეები, დაგარბიონ, ეს მტკივნეულია. რელიგიური უმცირესობის განცდა ძალიან მწარეა და დამრთგუნველი. ფსიქოლოგიაში ცნობილია უმცირესობის ძალა, იმის გამო, რომ უმცირესობა უფრო მოქნილია, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის, თუნდაც, ამ მოქნილობის გამო, რომელიც მას ბუნებრივად აქვს. იმის მაგივრად, რომ უმცირესობას დახმარებოდნენ მონაწილეობა მიეღო ქვეყნის შენებაში, მოხდა მათი განაპირება დამცირების, ხელყოფისა და შეურაცხყოფის გზით. რა თქმა უნდა, მწარე იყო, რა თქმა უნდა, მძიმე იყო. მაგრამ ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვეთ, როცა შევძელით და იმას, ვინც გვარბევდა, იმას, ვინც კეტებით დაგვდევდა - ვაპატიეთ, ვაპატიეთ სწორედ მაშინ, როცა შურისძიება შეგვეძლო. მაშინ ვფიქრობდით, და ახლაც გვგონია, როცა ადამიანი აშავებს, მან ბუნებრივია, უნდა ზღოს კიდეც, მაგრამ მაშინ მოგვეცა საშუალება, გვეჩვენებინა, რას ნიშნავს ჩვენთვის სახარებისეული ღირებულებები და როგორ გვესმის ქრისტიანობა. საქმე იმაშია, რომ ისინი, ვინც ახლა ციხეში სხედან, მხოლოდ შემსრულებელები იყვნენ. დამკვეთები დღესაც ბედნიერად გრძნობენ თავს ჩვენს საზოგადოებაში. სასამართლოზეც ვთქვი, რომ აქ კიდევ 5 კაცი უნდა იჯდეს-მეთქი. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, ის ეჭვები, რომელიც გვქონდა, სრულიად გამართლდა. ბასილ მკლავიშვილი აშკარად მართული იყო და თუ მოვინდომებთ, ძალიან იოლია ამის გაგება, ვისგან იყო მართული. სასამართლოზე რომ მივედი, კარები რომ გავაღე და დარბაზში შევედი, სიძულვილის დიდი ტალღა დემაჯახა - ფიზიკურად ვიგრძენი ეს სიძულვილი. უცნაური განცდა იყო. ჯერ ერთი, ჯარი იდგა, მეორეც - დარბაზი სავსე იყო აგრესიულად განწყობილი, დროშებით, ბაირაღებით და ხატებით შეიარაღებული ხალხით. გალიაში ცხოველიც კი უსიამოვნო სანახავია, მით უმეტეს ადამიანი. მკლავიშვილის ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და არაფერიც არ მომხდარა. მაშინ ვთქვი, რომ ეს ხომ გულუბრყვილობაა, მე რომ გავჩუმდე, ვიდეო მასალები ხომ არსებობს, ეს ხომ მთელმა მსოფლიომ ნახა-მეთქი. ეს ყველაფერი მოხდა, ზარალი სახეზეა და დათვლადია, მაგრამ ჩვენ ამ კაცს ვპატიობთ, ეს კაცი ქრისტიანია და ქრისტიანს უპირობოდ ვპატიობთ, ისე, როგორც იესო ქრისტემ გვაპატია ჩვენ ყველას. ბევრმა არ დაგვიჯერა, და მეტიც, ბევრი ჩემი მეგობარი, ევანგელური და პროტესტანტული წრეებიდან დღემდე შემომწყრალია ამის გამო, თვლიან, რომ ამით სამართლიანობას ვუღალატე. ბუნებრივია, სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ არსებობს გულმოწყალება, შერიგება და მცდელობა, რომ ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს. თანაც, ეს ყველაფერი მართმადიდებლობის სახელით ხდებოდა. ჩვენ ვაპატიეთ არა მარტო ამ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ, მართლმადიდებლობას ვაპატიეთ. ვიყოთ გულახდილები, ხომ ვიცით, საიდან მოდის ეს იმპულსები? ვაპატიეთ იმ გარემოს, რომელიც ამ მოვლენას ასაზრდოებდა. სარჩელი არ შეგვიტანია. სასამართლოზევე მივედი ბასილთან, ხელი საჯაროდ ჩამოვართვი, მერე ციხეშიც ვინახულე. იმის შემდეგ მალევე, ჩემი ეპისკოპოსად კურთხევის 10 წლის იუბილე იყო, ეკლესიაში ბევრი ხალხი მოვიდა, ნათესავები, მეგობრები, უამრავი საჩუქარი მივიღე, და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, იმ დღეს ბასილ მკლავიშვილის მრევლის ორი წევრიც მესტუმრა, ხატები მაჩუქეს და დიდი ტორტიც მომიტანეს. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის და მაშინვე ვუთხარი ჩემს მეგობრებს, არ გეწყინოთ, ამათი მოსვლა ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს შერიგების საჩუქარია-მეთქი.
ჩვენ რომ ვსაუბრობდით, საქართველოში, იმ დღეებში, დიდი ამბები ხდებოდა, ოქრუაშვილი ჯერ იმუქრებოდა, მერე ცრემლებს იწმენდდა, იქით - ოპოზიცია ბობობქრობდა, აქეთ - ხელისუფლება. სრულიად მოულოდნელად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მონარქიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. აბა, შენ რას ფიქრობ ამაზეო? მკითხა ეპისკოპოსმა. შუა საუკუნეებში დაბრუნება სულაც არ მინდა მეთქი, ვუპასუხე. გაეცინა და მითხრა - აი, ეს ტელევიზორი არც ერთ ქართულ არხს არ უჩვენებს, BBC-ვუსმენ და იქიდან ვგებულობ ყველაფერს, იმასაც კი, რაც საქართველოში ხდებაო.
- ოზურგეთში რომ შევდივართ, არის დიდი ბიბლბორდი - „ქართველნო, წინ დავით აღმაშენებლისაკენ“. ეს ძალიან სიმპტომატურია ჩვენი აზროვნებისთვის და კულტურისთვის. ჩვენ ხომ მითებს ვქმნით, ასე შევქმენით მითი, რომ XII საუკუნის საქართველო იდეალური სახელმწიფო იყო და ახლა ჩვენი მიზანია, რომ დავუახლოვდეთ ამ იდეალს, ანუ იმას, რაც წარსულში დავბრუნდეთ. ფილოსოფოსიც ხომ ამბობს, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. იმის მაგივრად, რომ მომავალზე ვიფიქროთ, წარსულზე ვფიქრობთ, ამ დროს, წარსული როცა ხდება იდეალი, წინ ვერ წახვალ. ჩვენ თვითონვე ვასაჭურისებთ ჩვენს მომავალს და ამ ქვეყნის მომავალს.
ჩვენი საუბრის დასასრულს ეპისკოპოსს დღევანდელ საზოგადოებაში ქრისტიანის დანიშნულებასა და როლზე ვკითხე.
- ჩვენთან უცნაური რაღაცა ხდება. დღეს პოლიტიკოსები მქადაგებლებად იქცენ. ერთი პოლიტიკოსის რეაქცია წავიკითხე კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებაზე მონარქიის აღდგენის შესახებ. ეს პოლიტიკოსიც ქადაგებს, პოლიტიკოსი, რომელის ვალიცაა პოლიტიკური პერსპექტივიდან ამიხსნას მონაქრიის მნიშვნელობა, რელიგიიდან გამომდინარე მელაპარაკება, ანუ ქადაგებს, ისე, თითქოს თეოლოგიური განათლება ჰქონდეს. ამბობს, როგორი მნიშვნელოვანია კონსტიტუციური მონარქია ბიბლიის და სახარების მიხედვით და თურმე, ეს უნდა იყოს ხალხის მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში მართლაც მნიშვნელოვანია, ვიღაცამ ილაპარაკოს ზნეობრიობაზე.
სულ ახლახანს, ორი დღის წინ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოვიდა რუსეთის პატრიარქი და დასავლური ცივილიზაციის უზნეობაზე ილაპარაკა. მეგონა, გული გამისკდებოდა, მან ჯერ თავისი სახელმწიფოსა და ეკლესიის ზნეობიობაზე ილაპარაკოს, თუნდაც, ჩეჩნებთან მიმართებაში. ეს ეკლესია არ იყო, ჩეჩნეთში მიმავალ ჯარს რომ ლოცავდა? ეს არაა ზნეობრიობის საკითხი და დასავლეთშია ზნებრიობის ნაკლებობა? ჩემი სიბრიყვით მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მთელი სინოდი გამოვიდოდა და მოინანიებდა იმას, რომ უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ, რომ ხალხს აბეზღებდნენ, ასრულებდნენ მათ დავალებებს. ჯერ დირე ამოიღონ საკუთარი თვალიდან და მერე დაუწყონ სხვის თვალში ბეწვს ძებნა. ეკლესიის ონტოლოგიური მოვალობა სწორედ ზნეობრიობაზე საუბარია. ეკლესიას შეეძლო ძალიან ბევრი რამ გაკეთებინა, მაგრამ ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან. ესაა დაკარგული შესაძლებლობების ეპოქა ჩვენი ეკლესიითვის. როდესაც ადამიანი ეკლესიაში მოვა და სიძულვილით აღივსება სხვა კულტურის მიმართ, სხვა რელიგიის მიმართ, სხვა კონფესიების მიმართ, ეს უკვე აღარაა ქრისტიანობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მოაქციო შენი გავლენის ქვეშ. ეგაა, სხვა არაფერია. არადა, ქრისტიანობა ხომ გავლენა არაა, ქრისტიანობა სიყვარული და თანაგრძნობაა.
![]() |
9.2 „თავად მაყაშვილის მარანი“ მე ამ ყურძნისგან გავაკეთებდი... |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თეონა გეგენავა
მე რომ ქართველი ვყოფილიყავი, მეცხოვრა თბილისში... მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, პროფესიით ან ფილოლოგი ან ექიმი... ბავშვობის მეგობრები რომ მყოლოდა, რომლებთანაც 7 წლის ასაკიდან ვმეგობრობ... მყოლოდა თავადი წინაპრები ან ერთი ისეთი მეგობარი მაინც, რომელიც თავადური წარმოშობით დღემდე ამაყობს... მყოლოდა ერთი მანქანა, ერთი საკუთარი სახლი თბილისში, მაგრამ არ მქონოდა წამალი, რომელიც მძიმე ოპერაციის შემდეგ ექიმის რჩევით, აუცილებლად უნდა მიმეღო... ეს წამალი რომ ღვინო ყოფილიყო და მამაჩემს მისი გაკეთება სცოდნოდა?.. გაკეთება თუ არა, სცოდნოდა ამ წამლის ნამდვილი გემო... აუცილებლად წავიდოდი კახეთში, ვიყიდდი ყურძენს, ჩამოვიტანდი თბილისში და მე ამ ყურძნისგან გავაკეთებდი ნამდვილ ღვინოს.
სოლიკო ცაიშვილი: „ცოტა ზღაპარს გავს ეს ამბავი. ძალიან საინტერესო სიუჟეტია. მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც დღეს ამ საქმეს ერთად ვაკეთებთ, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. გიორგი მაყაშვილი და დათო კაპანაძე კლასელები არიან, კლასელები ვართ მე და ირაკლი ფრუიძეც. ჩვენ 53-ე სკოლაში ვსწავლობდით, ესენი 55-ეში. გოჩა გორგოძე მოგვიანებით შემოგვიერთდა. ის ყველაზე უმცროსია. გიორგი და დათო ლევან ასათიანმა გამაცნო. ალბათ სადღაც 7-8 წლისანი ვიყავით. მას შემდეგ ვმეგობრობთ.“
გიორგი მაყაშვილი: „დღეს ხუთნი ვუძღვებით ამ საქმეს. მე და სოლიკო ფილოლოგები ვართ, გოჩა და ირაკლი - ექიმები. დათო კაპანაძე პედიატრია, გოჩა ანესთეზიოლოგი, ირაკლი წითელ ჯვარში მუშაობს. მე და სოლიკო ერთად ვმუშაობდით ლიტერატურის ინსტიტუტში. სოლიკო 24 წლის იყო დისერტაცია რომ დაიცვა, დოქტორია... ახლა დიდი წვერი აქვს, იქაური გლეხებისგან ვერ გაარჩევთ. აი, ჩავალთ ბაკურციხეში და ნახავთ. ნახევარ წელს იქ ატარებს. საერთოდ სოლიკო რომ არ ყოფილიყო ალბათ არაფერი გამოვიდოდა. მე უფრო იდეების გენერატორი ვარ. ჩემზე ამბობს ეგ ბრენდია, მაგას თავი დაანებეთო“.
სოლიკო ცაიშვილი: „1989 წელი იყო, როცა მე და ირაკლი ფრუიძემ პირველად გავაკეთეთ ღვინო. 80-იანი წლების ბოლოს ნორმალური ღვინის შოვნა შეუძლებელი გახდა. მე სახლში ყოველთვის მქონდა მამაჩემის მარაგები. მამაჩემი ისეთი ტიპი იყო, რომ ფაქტიურად, მთელ საქართველოს იცნობდა, ყველგან მეგობრები ჰყავდა და ყოველთვის უგზავნიდნენ კარგ ღვინოს, მაგრამ როდემდე შეიძლებოდა ეს ღვინო მისთვის მეთხოვა. ამიტომ, რადგან ქეიფი გვიყვარდა, გადავწყვიტეთ ყურძენი გვეყიდა და თავად დაგვეწურა. წავედით კახეთში და თელავის რაიონის სოფელ კონდოლში ყურძენი ვიყიდეთ. მაშინ „ნივა“ მყავდა, რომელიც მერე, 1992 წელს მომპარეს. ამ მანქანით 400 კილოგრამი ყურძენი ჩამოვიტანეთ თბილისში და ირაკლის მეუღლის სახლში დავწურეთ. ასე გავაკეთეთ პირველი ღვინო. არაჩვეულებრივი გამოვიდა. შემდეგ წელსაც იგივე მოხდა. ამ ღვინოს, რა თქმა, უნდა მხოლოდ ჩვენთვის ვაკეთებდით და ცოდნაც ძალიან მწირი გვქონდა, მაგრამ პირველ ორ წელიწადს უბრალოდ გაგვიმართლა. მესამე წელს გაგვიფუჭდა. მეოთხე წელს ისევ გავაკეთეთ და კარგი კი გამოვიდა, მაგრამ მომპარეს. მეც მქონდა საკუთარი სახლი ქალაქგარეთ და ეს ღვინო იქ ავიტანეთ. ეტყობა, დამინახა ვიღაცამ რომ ღვინო სახლში შემქონდა. არეულობის წლები იყო. სახლი გამიქურდეს და ეს ღვინოც წაიღეს. დავრჩი ასე ღვინის გარეშე და გული ავიყარე, დავანებე ამ საქმეს თავი. ამასობაში, გიორგი მაყაშვილს ინფარქტი დაემართა, გულის ოპერაცია გაიკეთა და ექიმმა ურჩია ყოველდღე ერთი ჭიქა წითელი ღვინო აუცილებლად უნდა მიიღოო. ეს სადღაც 6 წლის წინ იყო“.
გიორგი მაყაშვილი: „თბილისში საკუთარი სახლი გვაქვს და მამაჩემი ოჯახისთვის ყოველთვის წურავდა ყურძენს. გულის ოპერაცია რომ გამიკეთეს, საავადმყოფოდან გამოსული არ ვიყავი, მამაჩემს დავუბარე, ყურძენი იყიდე-მეთქი. ექიმმა მირჩია, ჰოლესტერინის რეგულირებისთვის წითელი ღვინო საუკეთესოაო. ყოველდღე სადილად ნამდვილი წითელი ღვინო უნდა მიმეღო. ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, ფეხზე დამაყენა. თუმცა, ავადმყოფობაც, რომ არ ყოფილიყო, იდეის დონეზე ღვინის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა. ძალიან მომწონდა ყურძნის წურვა. ჩემ წინაპრებს, მაყაშვილების მხრიდან, მარანი ჰქონდათ იყალთოში. დედაჩემი ბაქრაძეა, მაგრამ დედა ჰყავდა კახელი თავადი ჩერქეზიშვილი. ჩერქეზიშვილებს მანავში ჰქონდათ მარანი. ბებიაჩემის დედა ვახვახიშვილი იყო. ვახვახიშვილებსაც ჰქონდათ მარანი თელავში, მაგრამ ბებიაჩემის ბიძაშვილმა ის კარტში წააგო. ბებიაჩემის მამა ეჩხუბებოდა თურმე, სულელი ხარ, ყველაფერს აგებო. მაგრამ ბოლშევიკები მოვიდნენ და მაინც ყველაფერი წაართვეს...“
სოლიკო ცაიშვილი: „გიორგიმ მისი ავადმყოფობის შემდეგ ხელახლა აგვიყოლია და დავიწყეთ ამ ღვინოების კეთება. ოთხმა ადამიანმა დავდეთ ფული და ყურძნის საყიდლად ორი მანქანით კახეთში გავემგზავრეთ. გოჩა მაშინ ჩვენთან საქმეში არ იყო, მე მომღერალი კაცი ვარ, ვიცი მაინც დამპატიჟებთ სუფრაზე და ღვინოში ფულს არ გადავიხდიო. ჩამოვიტანეთ ყურძენი თბილისში და გიორგის სარდაფში გავაკეთეთ ღვინო. ამიტომ დავარქვით მას „თავადი მაყაშვილის მარანი“. არაჩვეულებრივი ღვინო გამოვიდა და სწორედ მაშინ დაიბადა აზრი, რომ ამ ყურძნებზე სირბილს, ერთ ჰექტრამდე ვენახი გვეყიდა. უნდა ვაღიაროთ, ესეც გიორგის იდეა იყო.“
სოლიკო ცაიშვილი: „ჯერ კიდევ მამაჩემის მარაგებიდან მახსოვდა, რომ ყველაზე მაგარი ღვინო კარდენახის ვენახებიდან იყო. სპეციალურად სამთავრობო წრეებისთვის ამ ნაკვეთებიდან ყურძენი თბილისში ჩაჰქონდათ და მისგან ღვინოს პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხანაში აკეთებდნენ. თავიდან ასეთი არჩევანი გვქონდა, ან მანავი ან კარდენახი. მაგრამ მანავში ვერაფერს მივაგენით. რაც შემოგვთავაზეს, სულ ივრის პირა ვენახები იყო. ჩამოვედით კარდენახში. ნაცნობმა გვირჩია, გვერდით სოფელში, ბაკურციხეში ძალიან კარგი სახლი იყიდება და ნახეთო. ზაფხულობით კარდენახში მართლაც ძალიან ცხელა, ამიტომ გადავწყვიტეთ გვენახა ეს სახლი და მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა. კახეთში იშვიათად ნახავ ასეთ ეზოს, იმერულს გავს, სახლი ეზოს სიღრმეშია შეწეული, ბაღი აქვს. მოკლედ, ძალიან მოგვეწონა აქაურობა და ეს სახლი პატარა ვენახთან ერთად ვიყიდეთ. სულ რაღაც 2000 დოლარად. ვიყიდეთ ასევე ჰექტრამდე ვენახი კარდენახში. ნაცნობი დაგვეხმარა. ეს კაცი დღემდე ჩვენთან მუშაობს, ვენახების მოვლაში გვეხმარება, ძველი ქართული ტერმინით რომ ვთქვათ, მეზვრეა. ის რაც მაშინ შევიძინეთ, ჩვენთვის სრულიად საკმარისი იყო. ჰექტრიდან დაახლოებით 3 ტონამდე ღვინოს მივიღებდით. ვიფიქრეთ, ერთ ტონას ნაცნობების საშუალებით გავყიდით და მიმდინარე ხარჯებს ამით დავფარავთო. მაისი იყო, როცა ამ ყიდვა-გაყიდვებს მოვრჩით. თან აქ არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით, ჩამოვდიოდით ორ კვირაში ერთხელ, კარგ პურმარილს გავშლიდით, ვქეიფობდით, მწვადს ვწვავდით, ქვეყანა სტუმრები გვყავდა. დღესაც, ჩვენ მეგობრებს ხშირად უცხოელებიც ჩამოყავთ“.
სოლიკო ცაიშვილი: „კარდენახი იმიტომ ავარჩიეთ, რომ ყურძნისთვის ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველად ვენახი შევიძინეთ წარაფში, ასე ჰქვია ამ ადგილს. აქ მოდის საუკეთესო რქაწითელი. პირველ ღვინოს რომ ვაკეთებდით, ძალიან ზედაპირული ცოდნა გვქონდა. დილეტანტური იდეებით გვქონდა თავი გატენილი. ამ სახლში გავაშენეთ უზარმაზარი აუზი. ქვევრების გაკეთებას ვეღარ ვასწრებდით, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ, ამ აუზში დავწურავდით ყურძენს და თბილისში გიორგის სარდაფში შევინახავდით. ღვინის შესანახად გადავწყვიტეთ, ტონიანი აკვარიუმები გვეყიდა. წავედით მეაკვარიუმესთან. მანაც გვითხრა, რაზეა ლაპარაკი, ზღაპრულ აკვარიუმებს გაგიკეთებთო. გაგვიხარდა. მართლაც ულამაზესი შესახედი იყო, ეს ქარვისფერი ღვინო ამ ტონიან აკვარიუმებში... მაგრამ რად გინდა, ერთი კვირაც არ იყო გასული რომ აკვარიუმებმა პანტაპუნტით გახეთქვა დაიწყეს. ფაქტიურად, ერთი მესამედი ღვინო დავღვარეთ. თან ეს აკვარიუმები მაინც და მაინც ღამით ან გამთენიისას სკდებოდა. საწყალი გიორგის მამა, დაგვირეკავდა, არიქა, გასკდაო და ჩვენც შუაღამისას მასთან გავრბოდით. მერე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ თავს ხომ არ დავაბრალებდით და ვაბრალებდით იმას, ვინც ეს აკვარიუმები გაგვიკეთა. ბოლოს დაშალეს და უკან წაიღეს. ჩვენ კიდევ ბოცები ვიყიდეთ და იქ ჩავასხით გადარჩენილი ღვინო. თან ეს აკვარიუმები ერთად კი არ სკდებოდა, რიგ-რიგობით და ჩვენც მაგრები ვიყავით, ერთი რომ გასკდა გადმოგვეღო რა, არა, სამივე სანამ არ გასკდა არაფერი არ ვქენით. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გამოვიდა რაღაც ზღაპრული ღვინო, ამიტომ დამატებით იდეებიც გაგვიჩნდა. ზუსტად ისეთი ღვინო გამოვიდა, მამაჩემს რომ ჰქონდა ხოლმე ჩამოსხმული, წარაფი. სწორედ ასეთ ღვინოს მივადექით და აი, აქ სცენაზე ჩნდება გოგი თუშმალიშვილი“.
„...ლეგენდების მეტი რა არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ეს კაცი მართლაც ლეგენდარული ადამიანი იყო. ნამდვილი მეღვინე. მასთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სხვა მეღვინეებთან სიარულს არანაირი აზრი არ ჰქონდა. პირდაპირ გასწავლიდნენ როგორ უნდა გაგეფუჭებინა ღვინო. ჩვენ როცა ბატონ გოგისთან მივედით, იგი უკვე ძალიან მოხუცი იყო და აღარ მუშაობდა, მაგრამ ერთადერთი ნამდვილი პროფესიონალი იყო. თან აღმოჩნდა, რომ თავის დროზე მისი ინტერესების სფეროში სწორედ ეს კარდენახის ზონა შედიოდა. ამ კაცს მოვლენების აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვა ჰქონდა. სულ მეგონა, რომ ღვინის წარმოებას უშველებელი ტექნოლოგური პროცესები და დანადგარები სჭირდებოდა, მაგრამ პირველი, რაც თუშმალიშვილმა გვითხრა და რაც სიმართლე აღმოჩნდა, იყო ის, რომ თუკი თქვენ ამ ტექნოლოგიებს და დანადგარებს გადაყვებით, უკეთეს შემთხვევაში, გამოგივათ ჩვეულებრივი ე.წ. ინდუსტრიული ღვინო და ამით ვერავის ვერ გააკვირვებთ, მილიონებიც რომ დახარჯოთ, ტექნოლოგიურად ევროპასთან შედარებით ყოველთვის ჩამორჩენილები იქნებით, რადგან ამ ტექნოლოგიებს პირველები ისინი ქმნიანო. ერთადერთ სწორ გზად, მან გვირჩია გვეკეთებინა ტრადიციული, ნატურალური ანუ ბუნებრივი გზით მიღებული ღვინო, ე.წ. hand made. თან ისეთი კაცი იყო, პირდაპირი, პირფერობა არ უყვარდა. ძალიან გვეშინოდა მასთან მისვლის. თუ არ მოეწონებოდა ღვინო, ეგრევე გეტყოდა, ეს რა მომიტანეო. მოკლედ, ჩვენი ღვინო ბატონმა გოგიმ მოიწონა, გაგვამხნევა და გაამყარა ჩვენი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ეს ღვინო მხოლოდ ჩვენთვის არ გვეკეთებინა და კომერციულ საქმიანობაზეც გვეფიქრა. ზუსტად ამ დროს, გავიგეთ, რომ ჩვენს მეზობლად, გვერდით ეზოში სახლი იყიდებოდა.“
„...ამასობაში გოჩასაც რამდენჯერმე აღარ დავალევინეთ ღვინო და მიხვდა, რომ მარტო სიმღერა საკმარისი არ იყო. ჩვენც არ ვართ მდიდარი ხალხი და ნაკლები ტვირთი რომ გვქონოდა, გოჩაც შემოვიყვანეთ საქმეში. ვიყიდეთ კიდევ ერთი სახლი მეზობლად, დამატებით ვენახი კარდენახში, ამჯერად ახოები, ავაშენეთ სადუღარი მარანი, სადაც პირველად იყრება ყურძენი და თებერვლამდე ამ მარნებშია და წელს უკვე ეს მიწისქვეშა მარანიც ავაშენეთ... მაგრამ მხოლოდ ჩვენი ხარჯებით ცხადია, ამას ვერ გავწვდებოდით, ამიტო, 40 ათასიანი კრედიტის აღება მოგვიხდა. თან ნელ-ნელა ყველაფერი გაძვირდა. ამ ხნის მანძილზე ჩვენმა რამდენიმე მეგობარმაც შეიძინა ვენახი კარდენახში. მათი ფართობი არენდით ავიღეთ, ვუვლით, ვაკეთებთ ღვინოს, ვყიდით და ნელ-ნელა მათაც თავის წილს მივცემთ. დღეისთვის უკვე 5 ჰექტრამდე ვენახი გვაქვს გაშენებული. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ფართობია.“
გიორგი მაყაშვილი: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მოგება არ მიგვიღია, წაგებაც არ გვქონია. თავიდან მიმდინარე ხარჯების დასაფარად ნაცნობების დახმარებით ღვინოს რესტორნებში ვაბარებდით, იაფად, მაგრამ სხვაგვარად ამ ბაზარზე არც გამოვიდოდა. მას შემდეგ, რაც ამ საქმით სერიოზულად დავკავდით, გათვლა ასეთი გვქონდა, რომ დაახლოებით 5 წელიწადში ფეხზე დავდგებოდით და ეს საქმე მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემდა მოგებას. მაგრამ მოხდა ისე, რომ სრულიად შემთხვევით, ერთ მშვენიერ დღეს იტალიელები გამოგვეცხადნენ. ეს ჩემი დისშვილის დაბადების დღეზე მოხდა.“
სოლიკო ცაიშვილი: „სრულიად ფანტასტიკური დამთხვევების ხარჯზე, მოხდა ისე, რომ გიორგისთან ვართ სახლში, მისი დიშვილის დაბადების დღეზე და ჩვენს მეგობარს ნიკო ნორაკიძეს ურეკავს ახლობელი და ეუბნება, რომ მასთან სტუმრად არიან უცხოელები, იტალიელები და ფრანგები, რომლებიც ხვალ მიდიან თბილისიდან, რომ საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ, ეძებდნენ ნამდვილ ღვინოს, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვეს და თუ შეიძლება რომ გიორგი მაყაშვილის ღვინო გავასინჯოთო? თან, რაღაც ნეორეალისტური სიტუაცია იყო, ეს ბავშვები დარბიან ჩვენ გარშემო, ერთი ამბავია და ამ დროს მოვიდნენ ეს უცხოელები. ვინმე ლუკა გარგანო თავის დეგუსტატორით და ფრანგი ჟან ჟაკი, რომელიც აღმოჩნდა, რომ საქართველოშია დასახლებული და მისდევს ბიო დინამიურ მეურნეობას. მოკლედ მოვიდა ეს ხალხი, დასხდნენ და წარმოიდგინეთ, რა ნერვიულობაში ვართ, ახლა ჩვენი ღვინო უნდა გასინჯონ. არ გველაპარაკებიან, აქვთ ეს რაღაც პროფესიონალური მოძრაობები, ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ წნევა მიწევს, გიორგიც ჭკუაზე არ არის, არაფერს რომ არ ამბობდნენ, იფიქრა ღვინო არ მოეწონათო და სთავაზობს ახლა ჭაჭას, გინდა თუ არა ეს დალიეთო. თან ფრანგული არც ერთმა არ ვიცით, გიორგის დის გარდა. ამ დროს ნახევარ წუთიანი პაუზაა და ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს. ვეკითხებით, ახლა გიორგის დას, გვითხარი რას ამბობენ-თქო და მანაც გვითარგმნა, ამბობენ, ეს არის ის რასაც ამდენ ხანს ვეძებდითო და რომ დაიწყეს ამ ღვინის ქება, აღარ გაჩერდნენ. მეუხერხულება იმის გამეორება რასაც ისინი ამბობდნენ... რომ ამ ღვინით დაამარცხებენ მსოფლიოს ინდუსტრიულ ღვინოს, ამ ფალსიფიკატორებს და ა.შ. მოკლედ აღფრთვანებულები დარჩნენ. ფაქტიურად, იმ საღამოსვე შევთანხმდით. გვკითხეს, რამდენი გაქვთ ღვინო რომ გაგავატანოთო. ივნისი იყო. ღვინის ნაწილი უკვე გაჩუქებული გვქონდა, ნაწილი დალეული, ნაწილი 3 ლარად ჩაბარებული და დარჩენილი იყო 2000 ბოთლი. გვითხრეს რამდენიც გაქვთ მოგვეცით, წავიღებთო. წაიღეს ეს ჩვენი თეთრი ღვინოები წარაფი და მწვანე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ღვინო მოხვდა იტალიისა და საფრანგეთის ბაზრებზე. ჩვენი ღვინო გაიყიდა ვერონაში, გენუასა და ტორინოში.“
„...არ იყო გასული 3 თვე, რომ შემოდგომაზე ისინი კვლავ გამოჩდნენ და ჩამოიყვანეს თავიანთი იდეური მამამთავარი, ფრანგი მეღვინე ნიკოლა ჟოლი. ეს კაცი პირველი მეღვინეა, რომელმაც დაიწყო ე.წ. ბიო დინამიური მეღვინეობის განვითარება, რაც გულისხმობს მეურნეობას, რომელიც ეფუძნება შტაინერის ანტროფოსოფულ თეორიას, რომელსაც ყველა დარგში ჰყავს მიმდევრები, მათ შორის ერთ-ერთია სოფლის მეურნეობა და კერძოდ მეღვინეობა. ამ თეორიის მიხედვით, ყველაფრის წარმოება უნდა ხდებოდეს ბუნებრივი გზით, ნატურალურად, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევების გარეშე. სწორედ ამას გვირჩევდა გოგი თუშმალიშვილიც, როცა ამბობდა, რომ ტრადიციებისგან არ უნდა გადაგვეხვია და ღვინო გვეკეთებინა მხოლოდ ამ უძველესი ქართული ტექნოლოგიით, რომელიც დაგროვილია ჩვენში, მაგრამ მას არავინ იყენებს, რის გამოც უბრალოდ იკარგება. ამ ტექნოლოგიით, თუ გინდა მიიღო ნამდვილი, ცოცხალი ღვინო, არათუ სასუქის გამოყენება, არამედ, ვენახის მორწყვაც კი არ შეიძლება, როდესაც ჩვენ ეს საქმე წამოვიწყეთ და ჩავუჯექით ძველ წყაროებს, აღმოჩნდა, რომ ეს ცოდნა დაგროვილია ჩვენს ათასწლოვან კულტურაში: ასტრალური კავშირები, ვაზების გაშენება, რამდენჯერ უნდა მოიხნას მიწა, უნდა გაითიბოს თუ არა, ბალახი უნდა მოცილდეს თუ არა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ჩვენც ზუსტად ამას ვაკეთებთ და არაფრის დამატება საჭირო არ არის.
თავის დროზე ამ ნიკოლა ჟოლისაც ჩვეულებრივ დაუწყია ღვინის წარმოება, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, წაიკითხა შტაინერის შრომები, გადაუსხვაფერდა გონება და სათავეში ჩაუდგა ამ ე.წ. ბიო დინამიურ მოძრაობას. ის ძალიან შეძლებული ადამიანია, ყოფილი ბანკირი. მისი საკუთრებაა 7 ჰექტარზე გაშენებული ვენახი ცნობილ ლუარას ზონაში. ეს არის მე-12 საუკუნიდან უწყვეტი ტრადიციის მქონე ვენახი, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის ცენზი აქვს მინიჭებული და ღვინო, რომელსაც ჟოლი აწარმოებს, ერთ-ერთი საუკეთესოა საფრანგეთში. გარდა ამისა, ის არის უზარმაზარი ორგანიზაციის „Renaissanse Des Aos“-ს პრეზიდენტი, სადაც გაერთიანებული არიან იტალიელები, ესპანელები, ფრანგები. ამ ორგანიზაციის წევრობისთვის არ არის აუცილებელი შენ მაინცდამაინც ბიო ღვინოს აწარმოებდე, მაგრამ შენი პროდუქტი ნატურალური უნდა იყოს, ისეთი, როგორსაც მიწა გაძლევს, შენი ღვინის სტრუქტურა არ უნდა იყოს შეცვლილი ქიმიური მინარევებით, მომხმარებელი არ უნდა მოატყუო. ლუკა გარგანო ჟოლის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი კომერსანტია, რომელსაც თავის მხრივ ღვინით და ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრე ტრადიციული ფირმა აქვს - Velier, ჯერ კიდევ ბაბუამისის დაარსებული, მაგრამ ლუკამ ამ ფირმის მიმართულება შეცვალა და დღეს მხოლოდ ნატურალური ღვინოებით ვაჭრობს, „ვინო ნატურალმენტე“ როგორც მას იტალიელები ეძახიან“.
„...ნიკოლა ჟოლი რომ ჩამოვიდა ახალი მღელვარება დაგვეწყო. აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ადამიანი, კონტაქტური და თბილი, მანაც გასინჯა ჩვენი ღვინო და დადებითად შეაფასა, თქვა, რომ მათთან ამ ღვინის გაყიდვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მოხდა ის, რომ ღვინო რომელიც მას გავასინჯეთ, თებერვლამდე ქვევრში იყო დადუღებული და შემდეგ მუხის კასრებში ვინახავდით. ამ ღვინოს ერთადერთ ნაკლად ის ჩაუთვალა, რომ მას მუხის კასრის გემო დაკრავდა. არადა, თავის დროზე თუშმალიშვილმაც გვითხრა, მუხის კასრებს ნუ გამოიყენებთო, მაგრამ არ დავუჯერეთ, რადგან ვიცოდით, რომ ასეთ კასრებს მთელი მსოფლიო იყენებდა. ამასობაში ასეთი რამ მოხდა. კარდენახში ღვინის დიდი ქარხანა იყო, რომელიც არეულობის წლებში დაიშალა და ზუსტად დაშლის წინ ქარხანას ჩამოსვლია მუხის საუკეთესო კასრების უზარმაზარი პარტია. გლეხებმა რომლებიც ამ ქარხანაში მუშაობდნენ დაიტაცეს კასრები და დაიწყეს მათი გაყიდვა. წარმოიდგინეთ, კასრს, რომელიც ევროპაში 800-900 ევრო ღირს, აქაური გლეხები 100 და 80 ლარად ყიდდნენ. ვიშოვე სამი ასეთი კასრი, და დავაწყვე ჩემს მეზვრესთან სახლში. ამ სამიდან ერთის ფული გადავიხადე და ორი ჯერ ნაყიდი არ მქონდა. სწორედ იმ დროს იყო ჟოლი ჩამოსული. ვთხოვე მას კასრებში კარგად ვერ ვერკვევი, შენ ფრანგი ხარ და გაჩვენებ, მირჩიე, იქნებ,რაღაც სისულელეს ვყიდულობთქო. ნახა ეს კასრები და მეკითხება, არა, ეს კი კარგი კასრებია, მით უფრო იმ ფასადაც როგორადაც თქვენ მათ ყიდულობთ, მაგრამ ჩვენ მუხის კასრებს იმიტომ ვიყენებთ, რომ ქვევრები არ გვაქვს, ისიც მალე ამოგვაქვს კასრიდან და მერე ბოთლებში ვინახავთ რომ მუხის გემო არ დაჰყვეს, თქვენ კიდევ ქვევრები გაქვთ და მუხის კასრები რად გინდათო. რა თქმა უნდა, ის დარჩენილი ორი კასრი აღარ ვიყიდე, მაგრამ ამას სოფელში კინაღამ აჯანყება მოჰყვა. წარმოიდგინეთ, ეს შეგროვებული კასრები, ამ ფულს ელოდებიან, მე კი აღარ ვყიდულობ. შემრჩა მხოლოდ ეს ერთი კასრი, რომელშიც ცოტა კონიაკი დამრჩა და იმას შევინახავ. გვეუბნებოდა გოგი თუშმალიშვილი, მაგრამ რომ არ დავუჯერეთ. სხვათა შორის, ქვევრებშიც დიდი სხვაობაა. საუკეთესო ქვევრებს კახეთში, ვარდისუბანში აკეთებენ. სამმა კაცმა იცოდა მისი გაკეთებდა. ერთი გარდაიცვალა. ორნი დარჩნენ და იმის მიუხედავად, რომ ამ ქვევრებზე დიდი მოთხოვნაა, სამწუხაროდ, მათი სწორად გაკეთების ტექნოლოგიას არავინ სწავლობს.“
„...ღვინისთვის ეტიკეტი მანამდეც გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ლუკასთან და ჟოლისთან ერთად ხელახლა დავიწყეთ მასზე მუშაობა, რადგან არსებობს სტანდარტები, რომლებიც ეტიკეტზეც დაცული უნდა იყოს. ჯერ იწერება მისი სახელწოდება „თავადი მაყაშვილის მარანი“ როგორც ბრენდი, მერე ის, რომ ეს არის რქაწითელი, ამას მოყვება ვენახის ადგილწარმოშობა და მისი სახელწოდება - კარდენახის წარაფი, და ბოლოს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მოითხოვეს, რომ ეტიკეტზე მითითებული ყოფილიყო ვენახის შეფასების ხარისხი - Grand Cru, რაც ნიშნავს უმაღლეს შეფასებას, რომლითაც შეგიძლია ღვინის წარმოშობა შეაფასო, თუ არ ჩავთვლით Grand Cru Classic-ს, რაც უკვე ყველაზე მაღალი საფეხურია. ასე მოხდა ეს ამბავი. წელს უკვე ათასი ბოთლით მეტი ღვინო შეგვიკვეთეს. ახლა ჩვენს უახლოეს გეგმებში კარგი ღვინის კეთების გარდა შედის ჟოლის ორგანიზაციაში „Renaissanse Des Aosში გაწვრიანება. ამ შემოდგომაზე განაცხადის შეტანას ვაპირებთ. ეს რთული სამწლიანი პროცედურაა, რომელიც გაუთავებელ დეგუსტაციებს და მოულოდნელ რევიზიებს გულისხმობს, მაგრამ ყველა მოთხოვნა თუ დააკმაყოფილე და მოიპოვე სამ ვარსკვლავიანი შეფასება, ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ბაზარი გახსნილი გაქვს და ის ადამიანებიც, ვისაც ასეთი ღვინო სჭირდებათ, თავად მოგნახავენ.“
![]() |
10 ფოტო-პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ოჯახი+საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: რადეკ პოლაკი
არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევდი მთელი ჩემი ოჯახი ექიმები ან მათემატიკოსები რომ ყოფილიყვნენ. ფაქტია, რომ მსახიობობა მინდოდა, ძალიან მინდოდა.
6 წლის ვიყავი. ვიდექი და ვტიროდი. გულამოსკვნით ვტიროდი. რეზო ჩხეიძე „დონ კიხოტს“ იღებდა. ბიძაჩემი (მამუკა კიკალეიშვილი) რაღაც უბედურებაში ჩაეჭეჭყათ და გარშემო ბევრი ნახევრად შიშველი ქალი დარბოდა. ისე შემეშინდა, ისე შემეცოდა, რომ თავი ვერ შევიკავე. მეგონა, ძალიან ტკიოდა. ერთი-ორი გულამოსკვნილი ამოგმინვის მერე გადასაღები მოედნიდან გამომათრიეს და ნაყინი მიყიდეს. მაშინ იცი, რა ვიფიქრე? საწყალი შვარცნეგერის შვილი, ალბათ, მამამისის მონაწილეობით ფილმებს რომ უყურებს, სულ ტირის-მეთქი. მთელი ჩემი ბავშვობა ხომ კულისებში, ფარდას ამოფარებულმა და გადასაღებ მოედანზე, კუთხეში მიჭუჭყულმა გავატარე. სცენის მტვერიც ოხრად მქონდა ნაყლაპი და ფირის ბაბინებზე ამძვრალს (მიკროფონს რომ მივწვდომოდი), არაერთი ფილმი გამიხმოვანებია. ინდური ფილმი. კარგად მახსოვს. ამიტომ, ყოველთვის მეგონა, რომ მსახიობი გამოვიდოდი. მეგონა კი არა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მე ხომ „ამ ყველაფერში“ გავიზარდე.
მაგრამ მე არ ვარ მსახიობი. ასეც ხდება ხოლმე. თუმცა, არც ამ პროფესიისგან ვარ დიდად შორს. არარეალიზებული მსახიობობიდან კინომცოდნეობაში ამოვყავი თავი და მინდა თუ არ მინდა, ისევ კინოს ვუტრიალებ. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელთაც ერთი ოჯახის წევრობის გარდა, საერთო პროფესია, საერთო საქმე აკავშირებთ. თქვენც იცნობთ მათ. ისინი ხომ საკუთარ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანები არიან.
მხატვრები
მამა-შვილი: თენგიზ და გიორგი მირზაშვილები
„კალა ჯგუფის“ დამფუძნებლები
ცოლ-ქმარი: ქეთი გაბაძე და ბაჩო მიქაძე
ქალის ტანსაცმელი: მაღაზია „დავითი“, ჭავჭავაძის გამზირი 15
სპორტი
მამა-შვილი: რატი და გიზო ურუშაძეები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები
ნეიროქირურგები
მამა-შვილი: მიშა და ირაკლი ჭელიშვილები
სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
ნეიროქირურგიის განყოფილება
ცოლ-ქმარი:
მარინა ჟღენტი „ახალი სკოლის“ დირექტორი და ირაკლი თოფურია International House თბილისი (საერთაშორისო სახლი) დამფუძნებელი ინტერიერი: წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“, სანქტ-პეტერბურგის 12
მუსიკოსები:
ძმები: ლადო და ბაკურ ბურდულები
![]() |
11 უახლესი ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 წიგნიდან იყო და არა იყო რა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: დათო ტურაშვილი
(გაგრძელება)
ჩვენ არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო, მიუხედავად იმისა რომ უკვე მეხუთეკლასელებს გვქონდა რაღაც პროტესტისმაგვარი - თუმცა ჯერ გაურკვეველი და ბუნდოვანი, ისეთივე ბუნდოვანი, როგორც თავად ის ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობდით.
არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო, რადგან ჩვენ გვიმალავდნენ იმას, რისი გაგებაც გვსურდა ჯერ კიდევ ძალიან პატარებს და ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ჩვენი სამშობლო ორჯერ დაიპყრო ყველაზე საშინელმა, ყველაზე დაუნდობელმა მტერმა, რაც კი ბუნებაში შეიძლება არსებობდეს და მან წაგვართვა მთავარი, რისთვისაც ადამიანი იბადება.
თავისუფლებასთან ერთად წაგვართვა სხვა უფლებებიც და ჩვენ უბრალოდ გვიმალავდნენ საკუთარ სამშობლოს, რომელიც საბჭოთა იმპერიის მხოლოდ ერთ-ერთი პროვინცია იყო. სამაგიეროდ, არ გვიმალავდნენ, რომ ამერიკაში (მაგალითად) ზანგებსა და ინდიელებს სასტიკად ავიწროებდნენ, ჩაგრავდნენ და აწამებდნენ და ჩვენ არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო.
ამიტომაც, დავიწყეთ იქიდან, სადაც დაჩაგრულები გვეგულებოდნენ და თორმეტი წლის ასაკში, რამდენიმე თანაკლასელთან ერთად, რამდენჯერმე (ღამით) ჩვენი უბნის კედლები, საპროტესტო პროკლამაციებით ავაჭრელეთ. ხელნაწერ პროკლამაციებს ხეებზეც ვაკრავდით და კატეგორიულად ვითხოვდით ინდიელების გათავისუფლებას. პროკლამაციების გავრცელება რომ მოგვბეზრდა, ჩვენმა კლასელმა გიო ახვლედიანმა ხელნაწერი გაზეთის გამოცემა დაიწყო, რომლის რედაქტორი და მხატვარიც თვითონვე იყო, ჩვენ კი მხოლოდ სტატიების სათაურებს ვარჩევდით და ესეც რომ მოგვბეზრდა, ნორჩ ლენინელს მივადექით.
ნორჩი ლენინელი (მაშინდელ საქართველოში) ერთადერთი საბავშვო გაზეთი იყო და იქ კი ძირითადად ქართული თეატრის შესახებ ვბეჭდავდი პატარა და სამარცხვინო წერილებს, მაგრამ გაზეთის რედაქციამ „არტეკის“ საგზურით მაინც დამაჯილდოვა და მახსოვს, როგორ ვინერვიულე ყირიმში გამგზავრების წინ.
„არტეკი“ საერთაშორისო პიონერული ბანაკი იყო და მართლაც მშვენიერი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, სადაც პიონერხელმძღვანელებად მთელი საბჭოთა კავშირიდან (ძირითადად რუსეთიდან) უჯანმრთელეს გოგონებს არჩევდნენ. პიონერხელმძღვანელების უმრავლესობა ოცი-ოცდაორი წლის ქალები იყვნენ და შებინდებისთანავე მთელი „არტეკის“ ტერიტორიაზე საშინელება ტრიალებდა, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო (მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდით) ამ საყოველთაო სიამოვნებაში მონაწილეობას ვერ ვღებულობდი და როგორც ჩანს, ნელ-ნელა გაბოროტება დავიწყე. ჩემს გაბოროტებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ რაზმის ხელმძღვანელმა, სადაც მოვხვდი, რატომღაც ქართულ ენაზე საუბარი აგვიკრძალა მე და ლევან ტრაპაიძეს და ამან ჩვენში საშინელი პროტესტი გამოიწვია. სერგეი ეიზენშტეინის ჯავშნოსან „პოტიომკინზე“ არაფერი იმის მსგავსი არ მომხდარა, რაც ჩვენ „არტეკში“ მოვიმოქმედეთ და ქართული ენის დასაცავად, ჩვენს მხარეზე, ყველა არარუსი ბავშვი გადმოვიბირეთ. როგორც ჩანს, არამზადობისაკენ მიდრეკილება იმთავითვე მქონდა და როგორც ამბოხების მეთაური, გაკავებულ მდგომარეობაში მიმგვარეს მთელი „არტეკის“ დირექტორს.
„არტეკი“ მაშინ თხუთმეტ უზარმაზარ ბანაკს აერთიანებდა, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა სამხრეთ ყირიმში და მთელი „არტეკის“ დირექტორი კი, რანგითა და მდგომარეობით, საკავშირო პოლიტბიუროს წევრებს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩემი შეშინებული სახე, როცა დირექტორმა მაგიდას მუშტი დაარტყა და ჩემს მშობლებს სამსახურიდან მოხსნით დაემუქრა. ჩემი „არტეკიდან“ გარიცხვის ბრძანება იქვე, ჩემს თვალწინ დაწერა და ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, ჩემი ასაკი, უფრო სწორედ ზემოხსენებული უასაკობა იყო.
ამ ამბავს ასე დეტალურად და დაწვრილებით იმიტომ ვიხსენებ, რომ „არტეკის“ ინციდენტიდან ათიოდე წლის შემდეგ, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა ასეთ მასიურ მოვლენად იქცა, მაშინაც მრავლად იყვნენ ადამიანები და ახლაც არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სჯეროდა და სჯერა, უკვირდა და უკვირს, რატომ ითვლებოდნენ რუსები ჩვენს დამპყრობლებად, როცა მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ „რუს ქალებს ყოველთვის ჩვენ ვტყნავდით“.
ჩვენი უბედურებაც ზუსტად ეგ იყო, რომ სექსუალური საკითხი „ვინ-ვის“, ჩვენს სასარგებლოდ, მხოლოდ ილუზიურად წყდებოდა და იქ, „არტეკშიც“, ასაკით რომ ცოტა უფროსი ვყოფილიყავი ან დაახლოებით მაინც რომ მცოდნოდა რა უნდა მექნა, ალბათ, არც მე დამზოგავდნენ პიონერხელმძღვანელები. სინამდვილეში კი მშვენიერმა რუსმა ქალებმა თორმეტი წლის ბავშვებს მშობლიურ ენაზე საუბარი აგვიკრძალეს და ამ ანომალიის ნამდვილი მიზეზი მხოლოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე სწორედ იმ დღეს, რუსთაველის პროსპექტზე დემონსტრაცია რომ დაიწყო და და ჩვენი სკოლის კარიც საგულდაგულოდ ჩაკეტეს. უფროსკლასელები ფანჯრებიდან ხტებოდნენ და რუსთაველისკენ გარბოდნენ, სადაც სტუდენტები მშობლიურ ენას იცავდნენ და მახსოვს როგორ ვინატრე სტუდენტობა...
ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდით იყო ის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გავმხდარიყავით, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ფაკულტეტზე ან კონკრეტულ პროფესიაზე არც მიფიქრია და დღესაც არ მჯერა, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში, ანუ სკოლის დამთავრებისთანავე, ადამიანმა შეიძლება ზუსტად იცოდეს საკუთარი სამომავლო არჩევანი. ყველა წესს, ბუნებრივია, გამონაკლისი აქვს და შეიძლება ვიღაცამ იცის ან ხვდება (ჩვიდმეტი წლის ასაკში), ვინ ან რა უნდა იყოს მომავალში, მაგრამ უმრავლესობა მაშინ, მხოლოდ იმიტომ ხდებოდა სტუდენტი, რომ ეს იმდროინდელ საზოგადოებაში აუცილებლობად ითვლებოდა. ჩვენს ძვირფას მშობლებს სხვაგვარი არჩევანი წარმოუდგენლად მიაჩნდათ და ახლაც მახსოვს ჩემი მშობლების გაოცებისაგან გაფართოებული თვალები, როცა მოკრძალებული ვარაუდი გამოვთქვი - იქნებ წელს არსად ჩავაბარო-მეთქი. მახსოვს საპასუხო ფრაზა „ხალხს რა ვუთხრათ, შვილო“ და მივხვდი, რომ იმის ახსნას, ნორმალურ ქვეყნებში რატომ ხდებიან სტუდენტები ჩვენგან განსხვავებით ოცი წლის ასაკში და უფრო გვიან, აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც იძულებული გავხდი უნივერსიტეტის მიმღები კომისია შემეწუხებინა (საბუთები ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე, რადგან ბიჭებს ურიგოდ იღებდნენ). ალბათ, ვერ შევძლებ იმის აღწერასა და გადმოცემას, რაც მაშინ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მისადგომებთან ხდებოდა - როცა თბილისური საშინელი ივლისის სიცხეში, ალბერ კამიუს სიცხეს რომ უფრო ჰგავდა, გაოფლიანებული ქართველი მშობლები გასაოცარი მონდომებით ელოდნენ საგამოცდო შედეგებს. სამწუხარო (და ტრაგიკულიც) ის გახლავთ, რომ დღემდე ქართველი მშობელი, მისი დამოკიდებულების გამო დიპლომის მიმართ, მართლაც რადიკალურად განსხვავებულია დანარჩენი სამყაროსაგან და ქართველი მშობელი კვლავ ერთადერთი და განუმეორებელია მთელს მსოფლიოში, რომელიც (მართლაც სამწუხაროდ) ისევ მზადაა ფული იმაში გადაიხადოს, რომ შვილი უსწავლელი დარჩეს...
ზემოთქმულს იმიტომ ვიხსენებ, რომ ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა და ხდება, პირდაპირ კავშირშია ჩვენს უცნაურ აზროვნებასა და ცნობიერებასთან, რომელსაც ათეული წლების მანძილზე ის აბსურდული გარემო აყალიბებდა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. იმ ტრაგიკომიკური სამყაროს გააზრებას, დედამიწის ერთი მეექვსედი გაუგონარი ექსპერიმენტით რომ შეაწუხა, კიდევ მრავალი წელი და სერიოზული დრო დასჭირდება.
ერთის თქმა კი ამთავითვე შეიძლება - ჩვენთვის, ქართველებისთვის, არსებობის საბჭოური სისტემა, აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა და არცერთ დროსა და ეპოქაში ქართველი კაცი ისე არ დაძაბუნებულა, როგორც XX საუკუნის მეორე ნახევარში. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს (დაწყებული 1921 წლიდან) იმ ქართველთა ფიზიკური განადგურება (დახვრეტა თუ გადასახლება), ვისაც რაღაცის შექმნა შეეძლო, (ანუ უბრალოდ აზროვნებდა), ბოლშევიკებმა ძლევამოსილად დაასრულეს და ქართული საზოგადოებისაგან მასა შექმნეს. შექმნეს სწორედ ის მორჩილი მასა, რომელიც ბრმა და ერთგული შემსრულებელი იყო კომუნისტური პარტიის მგზნებარე და სწორუპოვარი გადაწყვეტილებებისა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ გამონაკლისები - ადამიანები, ვინც კომპრომისზე არ წასულან და დინების საწინააღმდეგოდ იცხოვრეს, მაგრამ ძირითადი ნაწილისათვის ეს იყო სახელმწიფო, რომელიც ადამიანს საარსებო მინიმუმს დუმილის გამო აძაძლევდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მუშაობდა თუ არა ადამიანი. ქმნიდა თუ არა, საარსებო ხელფასს მაინც იღებდა და ადამიანში კვდებოდა უმთავრესი - უნარი ინიციატივისა, რომლის დეფიციტსა და აქედან გამომდინარე შედეგს, ჩვენი უფროსი თაობა ახლა განსაკუთრებით გრძნობს - როცა საკუთარი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით და აღმოვაჩინეთ რომ უმრავლესობას არც გვსურს და არც შეგვიძლია.
ჩვენი საზოგადოების სერიოზულ ნაწილს იმ ჭეშმარიტების სერიოზულად შეხსენება კვლავ სჭირდება, რომ სამყაროში ყველაზე ფასეული სწორედ ადამიანია. სწორედ ის ადამიანი, რომლის სიცოცხლეც სრულიად გაუფასურდა საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე და ალბათ, კაცობრიობის ისტორიას, საკუთარი მოქალაქეების ფიზიკურად მოსპობის ასეთი სასტიკი ანალოგი, არც მოეპოვება.
გარდა ფიზიკური განადგურებისა, საბჭოთა ხელისუფლების უდიდესი მტრობა საკუთარი ხალხის მიმართ, კოლექტივიზაციის იდეა და რეალიზაცია იყო (შემთხვევითი არ გახლდათ ჰიტლერის აღფრთოვანება კოლექტიური მეურნეობის პრინციპით). ზემოთქმულის გამო, განსაკუთრებით მტკივნეული ქართველი კაცის განშორება აღმოჩნდა ქართულ მიწასთან, რომელიც ყველაფერთან ერთად, სულიერი საზრდოც იყო მისთვის და ცხოვრების წესის განმსაზღვრელიც. ამ მიწასთან ქართველ კაცს სრულიად სხვა, გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა და საუკუნეების მანძილზე იმდენად ასაზრდოებდა მას, რომ ჩვენს წინაპარს აზრადაც არ მოსვლია, სხვა მცირერიცხოვან (ან მცირემიწიან) ხალხთა დარად, უცხო ქვეყნები დაელაშქრა ან დაეზვერა მაინც (ჰოლანდიელთა, პორტუგალიელთა თუ ინგლისელთაგან განსხვავებით, ქართველებს იმავე მიზნით არათუ გემი, ნავიც კი არ გამოუთლიათ და უპირველესად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ, არ სჭირდებოდათ. ვინ იცის დაეზარათ კიდეც).
გასაბჭოების შემდეგ ქართველი კაცი მიწას მოწყვიტეს და 1921 წელს ბოლშევიკურ რუსეთს უკვე მეორედ რომ არ დაეპყრო საქართველო, ანუ რომ არ ყოფილიყო სამოცდაათი საბჭოური წელიწადი ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ჩვენი პატარა ქვეყანა, მსოფლიოში თუ არა, ევროპაში მაინც ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო იქნებოდა. ამ განაცხადს ორი უმყარესი საფუძველი - ნიჭი და შრომა უდევს საფუძვლად, ხელოვნურად რომ ჩაკლეს ქართველ კაცში კომუნისტებმა და მოარული ფრაზაც ქართველი კაცის სიზარმაცის შესახებ, მათ მიერ არის მოგონილი და თანაც აბსოლუტურად შეგნებულად. შრომის კულტურა და მისადმი სიყვარულიც (შინაგანი მოთხოვნილებაც) გამიზნულად მოსპეს მასში, რადგან ქართველი კაცი ერთდროულად ვაზის მომვლელი, ოჯახის მამა და სვეტიცხოვლის აღმშენებელი, შეუძლებელია ზარმაცი ყოფილიყო.
ქართველის (და საერთოდ, საბჭოთა მოქალაქის) გაზარმაცება კარგად დაგეგმილი და გათვლილი მიზანი გახლდათ, რის პირდაპირ შედეგსაც, ჩვენი უფროსი თაობის ნოსტალგიის სახით, ხშირად ვიმკით. მათი ეს ნოსტალგია, რა თქმა უნდა, ანგარებას, პრაგმატიზმსა და პრიმიტიულ მატერიალიზმს ეყრდნობა. სამწუხაროდ, ისინი დღესაც მისტირიან საბჭოთა საქართველოს, როცა და სადაც კარგი ყველი მხოლოდ სამ მანეთამდე ღირდა (და აღარ ახსოვთ, რომ მხოლოდ ორმანეთიანი იყიდებოდა), თბილისიმოსკოვის რეისზე თვითმფრინავის ბილეთი 37 მანეთი ჯდებოდა (აღარ ახსოვთ, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი ბილეთს ვერ იშოვიდა), სასტუმრო ერთი ღამით ხუთი მანეთი არც უჯდებოდა ერთ კაცს (და აღარ ახსოვთ, შიგ რომ არ უშვებდნენ)...
მათ აღარ ახსოვთ, რომ დანარჩენ სამყაროს გელა ჩარკვიანის თვალებით უყურებდნენ; საკუთარ მანქანებს (შიშისაგან) სიდედრების სახელზე აფორმებდნენ, ფულს მიწასა თუ მუთაქებში მალავდნენ და წლიდან წლამდე სუხიშვილების გასტროლებს ელოდებოდნენ - იქნებ ჯინსებიც ჩამოიტანონო; აღარ ახსოვთ, როგორ დაატარებდნენ პარადებზე ლენინის პორტრეტებს დღისით და როგორ წერდნენ ღამღამობით ანონიმურ წერილებს მეზობლებსა და ახლობლებზე, აღარ ახსოვთ ყრილობებზე როგორი მონდომებით უკრავდნენ ტაშს ყველანაირ სისულელეს და როგორ აჭერინებდნენ ერთმანეთს, თუნდაც ანეგდოტების გამო, განსხვავებული აზრის გამო, სიტყვის გამო, ფიქრის გამო.
აღარ ახსოვთ, როგორ ადებილებდნენ მოსახლეობას კომუნიზმის მოლოდინში და ცხვრებივით მიერეკებოდნენ საარჩევნო სპექტაკლებზე.
შეიძლება, სწორედ რომ ახსოვთ მონობა, რომელსაც საშინელი თვისება აქვს და მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია. ურჩევნია იყოს მონა, ხელისუფლებამ ის ყბადაღებული 120 მანეთი უხადოს ყოველთვიურად და იყოს ჩუმად. იყოს ჩუმად და არ იაზროვნოს, თუნდაც არაფრის გამო მიიღოს ხელფასი, თუნდაც მინიმალური და არ იფიქროს თავისუფლებაზე. იმ თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობაა უპირველესად და მონები უბრალოდ გაურბიან მას, უბრალოდ, არჩევენ ბელადს ან პრეზიდენტს, რომელიც მათ ნაცვლად იაზროვნებს და ისინი ცხვრებივით მიყვებიან უკან.
ადამიანს კი ღმერთი ფიქრისთვის აჩენს და ფიქრი საწყისია თავისუფლების. თავისუფლების, რომელიც ადამიანსა და პიროვნებას, ერსა და ქვეყანას საკუთარი რაობისა და თვითმყოფადობის, კულტურისა და სულიერების შესანარჩუნებლად სჭირდება. სჭირდება, რადგან თავისუფლება თავად არის უზენაესი აზრი სიცოცხლისა და სამწუხაროზე სამწუხაროა, რომ დღესაც ადამიანებს ჩვენს ირგვლივ, ამ უმარტივესი ჭეშმარიტების შეხსენება სჭირდებათ. სამწუხაროზე სამწუხაროა, რომ დღესაც ჩვენს ირგვლივ იმ საშინელ აზრს გაიგონებთ, იყო თუ არა საჭირო თავისუფლებისათვის ბრძოლა და ღირდა თუ არა ამდენ ტკივილად. სვანურ ფოლკლორში საოცარი ფრაზაა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მითუმეტეს, თავისუფლებისათვის. და თუ ჩვენ ბრძოლის გზაზე შეცდომები დავუშვით, ეს ჩვენი ბრალია და არა თავისუფლების. მითუმეტეს, თუ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ შორსაა და მის მოპოვებას ერთი თაობის თავგანწირვა შეიძლება არც ეყოს.
ჩვენი დროის ბრძოლაც თავისუფლებისათვის სწორედ იქიდან დაიწყო, სადაც იგი ორი საუკუნის წინ დამთავრდა და ახლაც მახსოვს ეს დაუვიწყარი სცენა - ვდგავართ უნივერსიტეტის წინ პირველკურსელები და ზემოდან ფანტელებივით მოფრინავენ თეთრი ფურცლები. მაშინ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით აღნიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავი და პირველად ვნახე ნამდვილი პროკლამაცია. მახსოვს სიხარული იმის გამო, რომ რაღაც ხდებოდა, ვიღაცას პროტესტის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცოდით ვისთან მივსულიყავით, ვისთვის გვეთქვა, რომ საქართველოს ისტორიას ჩვენც ვსწავლობდით და უკვე ჩვენც ვიცოდით, როგორი ტრაგიკული აღმოჩნდა ქართველი ერისათვის გეორგიევსკში ხელმოწერილი ტრაქტატი. ისიც მშვენივრად ვიცოდით, რომ ტრაქტატის მუხლები რუსებმა უხეშად დაარღვიეს და 1801 წლიდან ჩვენი სამშობლო რუსეთის იმპერიაში აღმოჩნდა. სწორედ იმ დღეს დაიწყო საქართველოში (რუსეთის წინააღმდეგ) ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ეროვნული მოძრაობა საქართველოში დაიწყო 1801 წელს და არა გუშინ ან გუშინწინ, როგორც ეს მატყუარა ისტორიკოსებს და ქართველ პოლიტიკოსებს ჰგონიათ. მოძრაობა დაიწყო აჯანყებებით, რომელმაც საქართველოს რამდენიმე კუთხე მოიცვა და სხვადასხვა ფორმითა თუ შინაარსით, რამდენიმე ათეულ წელს გასტანა. XX საუკუნის დასაწყისში, რაც უფრო უხეშად შემოდიოდა რუსული ჩექმა ჩვენში, უფრო მეტად იზრდებოდა წინააღმდეგობა ქართველების მხრიდან და გრძელდებოდა მანამ, სანამ ყველაზე საზიზღარმა (მტერთა შორის) ვორონცოვმა ზუსტად არ ამოიცნო ჩვენი დამარცხების უებარი წამალი - მედლები და ორდენები, თანამდებობები და წოდებები - ყველა ამქვეყნიური პრიმიტიული „სიკეთე“, რის გამოც კონფორმისტმა ქართველებმა (თავად უკვე დაპყრობილებმა) სხვების დაპყრობასა და დამონებაშიც დაიწყეს მონაწილეობის მიღება და საკუთარი ეროვნული მოძრაობა, რუსეთის სამსახურზე გაცვალეს.
თუმცა, მაშინაც იყვნენ ადამიანები (მთელი თაობა) ვისთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც, XX საუკუნეში, უკვე ხელმეორედ, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები, ვისაც სწამდა, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა, დაპყრობილი სამშობლოა ...
მაშინაც, როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა თავისუფლებისთვის, მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც, დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც, ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც, გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც, სხვებიც - ადამიანები, რომლებსაც სძულდათ კონფორმიზმი და უყვარდათ თავისუფლება...
ვიცოდით რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა - ადამიანი, რომელიც შორეული ციმბირის საშინელ ბანაკში იჯდა, მაგრამ მაინც არ ტყდებოდა.
ჩვენი პირველი სტუდენტური მიტინგის მოთხოვნაც - მერაბ კოსტავას გათავისუფლება იყო და მიტინგისათვის მზადება ჩუმად დავიწყეთ...
![]() |
12 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 კლერის შუბლი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
ნაწილი ოცდამეოთხე
1996
„- მამა, უცბად ვიგრძენი, რომ სულ მარტო ვარ ამ სამყაროში“
„- ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც გაქრა შენი ცხოვრებიდან“
დიალოგი ფილმიდან „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“
ყველაფერი დიკენსით დაიწყო.
კლერს, ასე, 20-23 წლის გოგონას, პარიზის ლათინურ კვარტალში, 1968 წელს გახსნილი მუსიკალური მაღაზიის გამყიდველს, უზარმაზარი შუბლი ჰქონდა. აი, ისეთი, ვან დერ ვეიდენის ქალებს რომ აქვთ. ძალიან დიდი შუბლი რატომღაც სიმახინჯედ ითვლება (მგონი, ასე გადაწყვიტა პატერნალისტურმა კულტურამ!). მაგრამ ვან დერ ვეიდენის ქალები სწორედაც რომ პირიქით ფიქრობენ - თმებს უკან და ზევით იწევენ, რათა მაქსიმალურად გამოუჩნდეთ შუბლი. იდუმალების მისაღწევად კი კარგად გაუთოებულ, „დაკრახმალებულ“ გამჭვირვალე თავსაბურავს იკეთებენ. ნიდერლანდელი „რენესანსისტი“ ამითაც არ კმაყოფილდება და ზედა ჩარჩოთი ჭრის თავისი ქალების თავებს. თითქოს უნდა, მაყურებელს შეუქმნას ილუზია, რომ ეს თავი კიდევ გრძელდება ზევით, სივრცეში, და რომ ფერკმკრთალი, დათრგუნული ქალების პორტრეტებში სინათლე და ენერგია სწორედ ტვინიდან მოდის.
კლერსაც უკან ჰქონდა თმა გადაწეული. იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც საფრანგეთში მომიხდა ცხოვრება, ვარცხნილობისთვის ხელი არ უხლია. მხოლოდ „აბადოკებს“ იცვლიდა - ხან ლურჯი ეკეთა, ხან წითელი, ხანაც ვერცხლისფერი. ერთი ჩვევა ჰქონდა კიდევ; მაღაზიაში რომ დამინახავდა და „სალუტს“ იტყოდა, საფეთქელს მოიფხანდა ხოლმე.
ლათინური კვარტალი სტუდენტებისა და ტურისტების უბანია, იმ ხალხისა, ვისაც მადა შუაღამეზე მოსდის. ამიტომაცაა, რომ აქაურობა არა მარტო ღამის კაფეებითა და რესტორნებითაა მდიდარი, არამედ, გვიანამდე გახსნილი წიგნების და ფირფიტების მაღაზიებითაც. სტუდენტისთვის, რომელსაც კაფეში დაჯდომის ფული არა აქვს, მაგრამ არ ეძინება, ეს მაღაზიები დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა - რამდენ ხანსაც გინდა ფურცლე ძველი წიგნები და უსმინე მუსიკას. აქედან არავინ გაგაგდებს.
ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი იქვე, „Rue des ecoles“-ზე, ე.ი. „სკოლების ქუჩაზე“ იყო აშენებული. ამიტომ ღამით, როცა ნეიროსეკრეტორები მომაწვებოდა (ასეთი რამ კი კვირაში ერთხელ მაინც ხდებოდა) კლერის მაღაზიას ვესტუმრებოდი ხოლმე. ჩემი სტიქია ვიდეოს განყოფილება იყო. ქართულ ტელებაზარზე დამკვიდრებული პოსტმოდერნიზმი საავტორო უფლებებს არ ცნობდა, ამიტომ აქ შეძენილი ვიდეოკასეტა (სულ რაღაც 50 ფრანკად), თავისუფლად შეიძლებოდა მოხვედრილიყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სააპარატუროში და შესაბამისად, ეთერშიც გასულიყო.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, საავტორო უფლებებსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დამკვიდრებულ ნორმებს მაინცდამაინც არც კლერი ცნობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და სრულიად საქართველოსთვის არ ცნობდა.
ყველაფერი კი მართლა დიკენსით დაიწყო.
კლერის მაღაზიაში, რომელიც ძირითადად ჩაბარებული საქონლით ვაჭრობდა, „ოლივერ ტვისტის“ ძველი ეკრანიზაცია შედარებით ძვირი ღირდა. მაგრამ დიკენსზე როგორ ვიტყოდი უარს! სულ ფრენა-ფრენით დავბრუნდი საერთო საცხოვრებელში. ჩავდე კასეტა ნათხოვარ ვიდეოში. მაგრამ შენც არ მომიკვდე - ფირზე ზოლების მეტი არაფერი იყო. ქვითარი, საბედნიეროდ, შენახული მქონდა. დავბრუნდი მაღაზიაში და კლერს ვაცნობე, „ბრაკია“ მეთქი. ეგ არაფერი, სხვა კასეტა აიღე, მაგ ფასად ორი მოგივაო, მითხრა. ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და თავის ბლოკნოტში რაღაც მიაწერა.
ვიდეოკასეტების თაროსთან ჩავიცუცქე და კასტების არჩევა დავიწყე. რამდენიმე წუთში კლერმა დახლი მიატოვა და გვერდზე მომიჯდა. საერთოდ, ბევრი აკეთებს ამას, სახლში მიაქვს კასეტა, ფილმს იწერს, მერე ორიგინალს შლის, გვარწმუნებს, რომ „ბრაკია“ და ახალი კასეტა მიაქვსო... ისე გავბრაზდი, დავაპირე მეთქვა, შე მახინჯო, რეებს მაბრალებ-მეთქი. მაგრამ ამ ფრაზის ფრანგულად აწყობა არ მაცალა - ხელი მომკიდა და ჩამიყვანა ძველი ფირფიტების განყოფილებაში, სადაც ერთი შავ-შავი ბიჭი ელოდებოდა. ეს ალჟირელი ახმედი მისი შეყვარებული აღმოჩნა. 89 წლის ზამთარში ტურისტულ ჯგუფთან ერთად თბილისში ჩამოსულა. საქართველო ისე შემიყვარდა, 9 აპრილის ამბები რომ გავიგე, მეგონა სამყარო დაიქცაო.
ქართველებს კი, ჰო იცით, როგორ უჩუყდებათ ასეთ რაღაცეებზე გული. ორივეს შევთავაზე, მაღაზია რომ დაიკეტება, იქნებ ყავა დაგველია მეთქი.
ღამის სამ საათზე ლათინურ კვარტალშიც ყველაფერი დალუქული იყო. ამიტომ დიდხანს მოგვიხდა ბოდიალი.
კლერი ძალიან ამაყობდა, „ქართული ტელევიზიის ვარსკვლავი“ (ასე ამბობდა) მისი მუშტარი რომ იყო. როგორც გაირკვა, თავისი ახმედისთვის მოუყოლია ყველაფერი, რასაც დროდადრო ისმენდა ხოლმე ჩემგან - ის, რომ პარიზში დიდროს სტიპენდია მაქვს, ის, რომ „სკოლების ქუჩაზე“ ვცხოვრობ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემის დაწყებას ვაპირებ... და, რაც მთავარია, ის, რომ ამ გადაცემაში კლერის მაღაზიაში 50 ფრანკად ნაყიდი ვიდეოკასეტები უნდა ვატრიალო.
ლათინურ კვარტალში სეირნობისას, კლერმა და ახმედმა მიტერანის სახლი მიჩვენეს. მაშინ გავიგე პირველად, რომ საფრანგეთის სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ფრანსუა მიტერანს უარი უთქვამს ელისეს სასახლეში ცხოვრებაზე. ამავე დროს, სოციალისტური პარტიის დამაარსებელი, მონარქივით იქცეოდა, ხალხში იშვიათად გადიოდა. თავისუფალ დროს წერდა. განსაკუთრებით თეოლოგია იტაცებდა. მიტერანი დარწმუნებული იყო, რომ არადოგმატური რწმენა ყველაზე ცოცხალი რწმენაა და რომ ფანატიზმთან ბრძოლაში გაიმარჯვებ მხოლოდ მაშინ, როცა მას „სხვა ფანატიზმს“ არ დაუპირისპირებ, მხოლოდ მაშინ, როცა იარაღად კულტურას გამოიყენებ.
აქამდე არც ერთ ჩემს ნაცნობ ფრანგს მიტერანით აღფრთოვანება არ გამოუხატავს. უფრო მეტიც, პატარა კაფეში, ნოტრდამთან (ერთადერთი ღია კაფე იყო), ყავის სმის დროს, როგორც კი დაინახეს, რომ გულწრფელად დავინტერესდი მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტის ცხოვრებით, კლერმა და ახმედმა მთელი ღამე მიტერანის ახლადგამოცემული წიგნის ქება-დიდებაში გაატარეს.
„ჭეშმარიტების ჩემი ულუფა“ - ასე ჰქვია წიგნს ადამიანისა, რომელმაც მართლაც რომ წარმოუდგენელი შესძლო - 80-იან წლებში, როცა თითქმის მთელ დასავლეთს მემარჯვენეები მართავდნენ, ორჯერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და მიაგნო „მესამე გზას“, სადღაც კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის.
თუმცა კლერს, როგორც შევატყვე, მიტერანის პოლიტიკური მოსაზრებები დიდად არ აინტერესებდა. მან მიამბო პრეზიდენტის წიგნის იმ თავზე, რომელშიც მიტერანი 18-ე საუკუნის საფრანგეთში მომხდარ საზარელ ისტორიას იხსენებს - 19 წლის ჟან-ფრანსუა ლეფევრი სიკვდილით მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ყმაწვილს აღსარებაზე ქუდის მოხდა დაავიწყდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ დროს, სოფლის ხიდზე გატეხილი ჯვარი აღმოაჩინეს. სოფელმა ყველაფერი ამ ბიჭს (როგორც ჯადოქარს) დააბრალა. ლეფევრი ჯერ გაკრიჭეს, შემდეგ ენა მოაჭრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. მიტერანი 22 წლის იყო, როცა ლეფევრის შესახებ წაიკითხა. „ამ ისტორიამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ გრანდიოზული გეგმა დავსახე - საფრანგეთში სიკვდილით დასჯის გაუქმებას უნდა მივაღწიო“ - წერს პრეზიდენტი.
და მიაღწია კიდეც. მთელ ევროპაში მიაღწია. თუმცა საფრანგეთის იმ სოფელზე, სატანის მოციქულებსა და ჯადოქრებს რომ ამხელდა ხოლმე, ისევ ბევრს ფიქრობდა. დარწმუნებული იყო, რომ ამ ხალხს ცოტა მეტი რომ სცოდნოდა, სოფლის აფერისტი პასტორის, ძროხებისა და ქათმების გარდა რაღაც სხვაც რომ ენახა ცხოვრებაში, ასეთ სისასტიკეს არ ჩაიდენდა.
„- აი, ნოტრდამს შევყურებთ, მიტერანზე ვსაუბრობთ. რატომ არ შეიძლება, რომ გვერდზე მესხდნენ ჩემი ალჟირელი ნათესავები... პარიზში არ ყოფილან, არადა, აქაურობა ზოგიერთ პარიზელზე უკეთ იციან. მერე ესენი იტყვიან ალჟირელები ველურები არიანო“ - ამოიოხრა ახმედმა.
ჰო. მართლაც ძალიან ლამაზი იყო ნოტრდამის ეს სამხრეთი კედელი ღამის სამ საათზე. მართლაც მოგინდებოდა, ყველა შენს ახლობელს დაენახა ეს საოცრება. და არა მარტო ახლობელს. თუ გნებავთ მტერსაც. რა იცი, რა ხდება?
ყოველთვის მჯეროდა, რომ „დანახვა“ წამლობის საუკეთესო საშუალება იყო. მაგრამ სიტყვა „სარკმელი“ თავში სწორედ იქ, ნოტრდამის წინ გახსნილ ერთადერთ ღამის კაფეში მომივიდა. დანარჩენი კი კლერმა გააკეთა.
„- მოდი იცი რა ვქნათ? შენ მეორე ვიდეო იშოვე. მე კი რამდენიმე დღით გაგატან ხოლმე კასეტებს. გადაწერე და დააბრუნე. მაინც ნახმარს აბარებენ“. ეს თქვა და ისევ მოიფხანა საფეთქელი.
რა თქმა უნდა, დავთანხმდი. კლერის წყალობით ორმოცდაათამდე ფილმი გადავწერე და გადაცემაში, რომლის სახელი ფრანსუა მიტერანს, პარიზის ღვთისშობლის ტაძრის წინ გახსნილ კაფესა და ნათესავებმონატრებულ ახმედს უკავშირდება, მთელი ორი წელი ვატრიალე. სამშობლოში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ შეყვარებული ჰყავდა სტუმრად. ახმედი, ტრადიციულად, მუსიკის განყოფილებაში იქექებოდა. დამელაპარაკა საქართველოზე, აფხაზეთის ომზე, ფარაჯანოვზე, რომელიც ძალიან უყვარდა და ბოლოს „დეკალოგის“ საუნდტრეკი მაჩუქა - იმ ღამით ბევრი ვილაპარაკეთ სიკვდილით დასჯაზე, მერე მივხვდი, რომ არა იმდენად მიტერანით, რამდენადაც კიშლოვსკის ფილმით ვიყავი შთაგონებულიო.
1993 წელს პარიზის ეკრანებზე ქშიშტოფ კიშლოვსკის „ლურჯი“ გამოვიდა. ფრანგმა კინოგამქირავებლებმა გამოცდილ ხერხს მიმართეს და „ლურჯის“ პრემიერას კიშლოვსკის ძველი ფილმების რეტროსპექტივა დაამთხვიეს. „მოკლე ფილმი მკვლელობაზე“ სწორედ ლათინური კვარტალის ერთ პატარა კინოთეატრში უჩვენეს. ფრანგები წერდნენ, რომ არავის გამოუხატავს კინოში ასეთი სასტიკი მკვლელობა („მოკლე ფილმი მკვლელობაზე“) და ასეთი ნაზი სიყვარული („მოკლე ფილმი სიყვარულზე“).
ასეთი ლამაზი მუსიკაც დიდი ხანია არ დაწერილა კინოსთვის. არადა, კიშლოვსკის მეგობარსა და კომპოზიტორს, ზბიგნევ პრეიზნერს მუსიკალური განათლებაც კი არ ჰქონდა. სრულიად დამოუკიდებლად ისწავლა წერა.
„დეკალოგის“ საუნდრეკი იმავე პრინციპითაა აგებული, როგორც კიშლოვსკის სერიალი - დრამატურგია ვითარდება არა ხაზობრივად, არამედ „გამოძახილებებით“ პირველი ნაწილი ირითმება მეხუთეთი, მეორე - მეექვსე ნაწილით და ა.შ. ტონალობის მუდმივი ცვლილება აღსაქმელად შემაწუხებელი რომ არ გახდეს, პრეიზნერი მუდმივად მიმართავს პაუზებს. სიჩუმეში მხოლოდ ერთი რომელიმე ინსტრუმენტის უწყვეტი ბგერა ისმის ხოლმე. ასეა მუსიკაში, რომელიც დაიწერა ფილმისთვის „მოკლე ფილმი მკვლელობაზე“. აქ შოპენის აშკარა გავლენით, ფორტეპიანოს სამგლოვიარო მელოდია საყვირის ხმით, გამოუვალობისა და სასოწარკვეთის განწყობით ძლიერდება. მაგრამ „დეკალოგის“ საუნდტრეკის ყველაზე ეფექტური ნაწილი, ალბათ, მაინც ისაა - „მოკლე ფილმი სიყვარულზე“; გიტარის ერთი აკორდი, მერე პიანინო გიტარის თანხლებით, მერე პაუზა და ფლეიტა, რომელსაც ფონს ახლა ვიოლინოები უქმნიან... მერე ისევ პაუზა და გიტარა, ამჯერად უკვე ორკესტრის თანხლებით.
მუსიკა ამბობს იმას, რაც არ არის კადრში და მუსიკა ამბობს იმას, რისი დაჯერებაც უნდა კიშლოვსკის; „გიყვარდეს“ - ეს ნიშნავს შორს მყოფი დაიახლოვო, ანუ, ახლოდან დაინახო, „გიყვარდეს“ - ეს ნიშნავს ყურება ისწავლო.
ვატრიალებდი პრეიზნერის ამ მუსიკას „სკოლების ქუჩის“ საერთო საცხოვრებლის პატარა აივანზე, საიდანაც მთელი ლათინური კვარტალი ხელისგულივით ჩანდა - საფრანგეთის პრეზიდენტის სახლიც, ნოტრდამის სახურავიც, კლერის მაღაზიის ფასადიც... ვატრიალებდი და ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ მუსიკით უნდა დაიწყოს სატელევიზიო პროგრამა, რომელმაც „თვალი უნდა აუხილოს“ სრულიად საქართველოს!
1996 წლის 8 იანვარს, როცა მიტერანი გარდაიცვალა, თბილისი ისევ წყვდიადში იყო გახვეული. მაგრამ „სარკმლის“ დაწყებისთანავე სინათლე მოვიდა. იმ დღეს, სწორედ, ტრიუფოს რეტროსპექტივას ვიწყებდით. გადაცემის შესავალი ჩაწერილი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად მოვყვებოდი ჟან-ფრანსუა ლეფევრის დასჯის ამბავს და, ვინ იცის, შეიძლებოდა მეთქვა კიდეც: „ფრანსუა მიტერანი განუწყვეტლივ იმეორებდა „თავისუფლება - გაწყვეტაა!“... მაგრამ თქვენ, ძვირფასო ქართველო ტელემაყურებლებო, ეს „გაწყვეტა“ ვერა და ვერ მოახერხეთ, ვერა და ვერ მოწყდით იმას, რაზეც მამებმა და პაპებმა გადაგაბეს, ამიტომ ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იქნება ბნელეთის მოციქულების ხელში, კიდევ დიდხანს ვერ ისწავლით „ყურებას“, კიდევ დიდხანს გეგონებათ, რომ სამყაროს ცენტრი აქაა, თქვენს გარშემო, თქვენს ტერიტორიაზე, თქვენს ბინაში, თქვენს ტახტრევანზე, თქვენზე გადაბმული ნაშიერით გარშემორტყმულ სუფრაზე“.
ჰო, ასეთ ხასიათზე ვიყავი. სინათლე რომ ქრება, ანდა, ვარდიკო ნადიბაიძის (თავდაცვის მაშინდელი მინისტრის) მსგავსი პერსონაჟი ჩნდება ტელევიზორში, ყოველთვის ასეთ ხასიათზე ვდგები.
თუმცა „სარკმელი“ მაინც პოპულარული გადაცემა იყო. რეტროსპექტივებისა და ციკლების იდეამ აშკარად გაამართლა. ხალხი ნელნელა ფილმების ქართულად თარგმნასაც შეეჩვია. „ციკლურობამ“, ანუ ერთი რეჟისორის რამდენიმე ფილმის თანმიმდევრულმა ჩვენებამ, ანდა თემატურმა რეტროსპექტივებმა, რომელშიც ერთ თემაზე გადაღებული სხვადასხვა ავტორის ფილმი იყო ჩართული, მაყურებელს მოლოდინის გრძნობა გაუძლიერა. კარგი კინო კი, მოგეხსენებათ, არ არსებობს მოლოდინის გარეშე. მაშინაც კი, როცა პერსონაჟებიც და პუბლიკაც მხოლოდ სიკვდილს, ე.ი. დასასრულს ელოდებიან.
როგორც ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმებში.
13 მარტს „მაცნემ“ გამოაცხადა „ვარშავის ერთ კლინიკაში, გულის შეტევით გარდაიცვალა 54 წლის პოლონელი რეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი“. ტრიუფო მაშინვე გავწყვიტეთ (არადა, ისიც ხომ გულმა იმსხვერპლა).
„პოლონელებს ახლა კეთილი ღმერთი უნდათ, რომელიც ყველაფერს აპატიებს და არა მკაცრი ღმერთი, როგორც პროტესტანტულ დასავლეთში... მათ უნდათ ღმერთი, რომელიც სათნო დედას ჰგავს და არა მკაცრ მამას“ - კიშლოვსკისადმი მიძღვნილი ეჟი ტეპლიცის სიტყვებით დაიწყო ეს გადაცემა.
ნეტავი რას ვიკლავდი თავს? იმისთვის, ვისაც „სარკმელის მაყურებელი“ ერქვა, ისედაც ცხადი იყო, რომ გვახარია აქ საქართველოს გულისხმობდა, ხოლო იმას, ვისაც ფიზიოლოგიურად სძულდა ეს გადაცემა, დიდად არ აინტერესებდა რას ვიტყოდი. მთავარი იყო, რას ვაჩვენებდი!
„ფიზიოლოგიურად სძულხარ ამ ტელევიზიაში ზოგიერთებს!“... ჰო, ჰო, ოთარ სეფიაშვილმა მითხრა ერთხელ და თვითონვე დაამატა, „რატომ?“
თუმცა, წლის დასაწყისში ოთარ სეფიაშვილი აღარ იყო შემოქმედებითი გაერთიანება „ილუზიონის“ ხელმძღვანელი. საერთოდ, ტელევიზიაში ბევრი რამ შეიცვალა. გეგონებოდათ, საბჭოთა ეპოქა აღდგაო; პროგრამებს ქვეყანაში ჩამოსული „საპატიო სტუმრების“ მიხედვით ცვლიდნენ. თანაც როგორ! 9 აპრილს სასწრაფოდ ამოაგდეს „სარკმელი“ თავისი „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქით“ (როგორც ჩანს, ეროტიკული სცენის გამო) და ყოვლადწყალწაღებული ფრანგული დემაგოგია, „ძველი თოფი“ აჩვენეს (ერთგვარი ტრენინგი - შურისძიებისა და სიძულვილის სწავლის სახელმძღვანელო). მერე თბილისში გერმანიის კანცლერი, თუ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა - ბევრი იმსჯელეს და პროგრამაში ჩასვეს ნაციზმის ეპოქაში გადაღებული გერმანული ფილმი „ჩემი ოცნების ქალიშვილი“, ჰიტლერის საყვარელი მსახიობით, მარიკა როკით მთავარ როლში.
„აბა, რა გვექნა, იმ პათოლოგი ფასბინდერის ფილმი გვეჩვენებინა?“ - მომახსენეს გაზაფხულზე, როცა „სარკმელში“ გერმანული კინოს ნომერ პირველი რეჟისორის რეტროსპექტივა დაიწყო. გული მიგრძნობდა, რომ სწორედ ფასბინდერი დამეხმარებოდა იმაში, რასაც „გაწყვეტა“ ჰქვია, ფასბინდერის ეს ციკლი გამანთავისუფლებდა სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ბნელეთისგან, თავისი სპექტაკლით „ვირის ჩრდილი“ და რადიოგადაცემათა ციკლით „რას გვეტყვით ახალს, ბატონო ასლან?“
რა თქმა უნდა, ყველაზე რადიკალური „გაწყვეტა“ აქედან აბარგება იქნებოდა. მით უმეტეს, რომ იმხანად ამის საშუალება არსებობდა. მაგრამ იქნებოდა კი ეს „გაწყვეტა“, რომელსაც მიტერანი გულისხმობდა?
ყველაფერი მართლა დიკენსით დაიწყო. რომ არა კლერი და ზბიგნევ პრეიზნერის ის ლამაზი მუსიკა, შეიძლებოდა მთელი ცხოვრება მექილიკა ქშიშტოფ კიშლოვსკიზე და მის ჟულიეტბინოშიან (რა ვქნა?) „ლურჯზე“... მაგრამ „სარკმელმა“, თავისი ქუდით და „ციკლურობის“ განცდამ რადიკალურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ რეჟისორისადმი. ეს „ლურჯი“ ხომ დიდი ტრიპტიხის ნაწილია („თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“) და მისი საბოლოო გაგებისთვის აუცილებელიცაა გაიხსენო რა ხდება „თეთრში“, მერე კი „წითელში“
„თეთრში“ - „თანასწორობის“ იდეა იმდენადაა გამასხარავებული, რომ ფილმის ბოლოს ცხადი ხდება, ადამიანები (ყველგან!) იბრძვიან არა თანასწორობისთვის, არამედ სწორედაც რომ უთანასწორობისთვის, ე.ი. ძალაუფლებისთვის და დასავლეთს - აღმოსავლეთი (ამ შემთხვევაში პოსტკომუნისტური პოლონეთი) სჭირდება როგორც მხოლოდ და მხოლოდ მართვის ობიექტი. მეტი არაფერი.
და „წითელი“?... კიშლოვსკიმ დახოცა ყველა და გადაარჩინა თავისი გმირები, აღიარა, რომ რეჟისორი დემიურგია, რომელსაც ადვილად შეუძლია მართოს ადამიანები, აღიარა, რომ მანიპულაციის ვნებას არც პოლიტიკური სისტემა განსაზღვრავს და არც სოციუმი. ეს ვნება ყველაშია. აღიარა, დასცინა თავის თავს, მერე კი გამოაცხადა, რომ „წითლით“ თავს ანებებს კინოს გადაღებას.
უკუღმა რომ მივყვეთ, რაღა იქნება „ლურჯი“? რაღა იქნება ფილმი გაერთიანებული ევროპისადმი მიძღვნილი პათეთიკურ-კიტჩური ქორალით, რომელიც ჟულიეტ ბინოშის ტანჯულ-ინტელექტუალურ მზერას „აფორმებს“? თუკი ამ ციკლის მეორე და მესამე ფილმების ჟანრს გავიხსენებთ, ეს კვაზიტრაგიკული ისტორია, უბრალოდ, პაროდია გახდება. პაროდია გაერთიანებულ და ბედნიერ ევროპაზე!
თუმცა, არც „ლურჯი“ იყო კიშლოვსკის პირველი ფილმი ამ თემაზე. დასავლურ-აღმოსავლურ ასიმეტრიას მან „სამფერა ტრილოგიამდე“ მიუძღვნა ფილმი, რომელიც, რატომღაც მგონია, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ არის დაფასებული საქართველოში.
„ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“ - თავიდან ბოლომდე რეფლექსიების სამყაროა, რომელიც უცნაურ განწყობას ქმნის - უყურებ რეალობას და ივიწყებ რეალობას, ივიწყებ სადა ხარ! კიშლოვსკი უბრალო ხერხებით აღწევს იმას, რაზეც ბევრი იწვალა ანდრეი ტარკოვსკიმ ( მაგრამ მაინც ვერ შეძლო, რადგან მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა საკუთარ თავს) - ქმნის „დეტერმინირების“ განცდას, როცა მაყურებელი გრძნობს, რომ რაღაც მაღალ ძალაზეა დამოკიდებული, რაღაც ვერტიკალზე! აქ კი, ამ ჰორიზონტზე, სიმეტრია მოჩვენებითია. პოლონელი ვერონიკა მოულოდნელად კვდება, რაც მის ორეულს ბედნიერს ხდის საფრანგეთში. დასავლეთს სრული კეთილდღეობისთვის მსხვერპლი ჭირდება. იმ ფრანგული სოფლის მსგავსად, რომელმაც 18-ე საუკუნეში მსხვერპლად შეწირა 19 წლის ჟან-ფრანსუა ლეფევრი.
კიშლოვსკი დარწმუნებულია, რომ დასავლელი ადამიანი ისევე არაა თავისუფალი (არ შეუძლია „გაწყვეტა“), როგორც ის, ვისაც არათავისუფალ საზოგადოებაში უხდება ცხოვრება. „იმასაც კი, ვისაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის საშუალება აქვს, არ შეუძლია იყოს თავისუფალი“ - წერს ქშიშტოფ კიშლოვსკი თავის წიგნში. შეიძლება ამიტომაც არ გრძნობდა თავს „მსოფლიო მოქალაქედ“.
მეგობრები, თურმე, ურჩევდნენ, რომ ოპერაცია გულზე სხვაგან გაეკეთებინა - ნიუ-იორკში ან პარიზში. მაგრამ ვარშავა არ დათმო. ამბობენ, რომ ექიმებმა ვერ მოასწრეს იმ აპარატურის ათვისება, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა პარიზიდან და სწორედ ეს გახდა მიზეზი კიშლოვსკის სიკვდილისა საოპერაციო მაგიდაზე.
მადლობა ამ კაცს. თორემ, რომ არა ქშიშტოფ კიშლოვსკი, შეიძლებოდა 1996 წლის გაზაფხულზევე ჩამელაგებინა ჩემოდანი. მერე მეცხოვრა, სადმე ლათინურ კვარტალში და ცრემლიანი თვალებით მესაუბრა ახმედთან საქართველოსა და ალჟირის გაჭირვებაზე. ანდა საერთოდ აღარ შევსულიყავი კლერის მაღაზიაში. აბა, რა თავში ვიხლიდი მის კასეტებს? ვისთვის უნდა მეჩვენებინა?
„კლერის კოლექციის“ ერთი ფილმი კი მაინც ვერ ნახა „სარკმლის“ მაყურებელმა. მაისში საეთერო ბადეში უმტკივნეულოდ ჩასვეს ფასბინდერის „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“. მაგრამ სადღაც „მაცნეს“ დაწყების წინ დარეკეს და ბრძანეს, სასწრაფოდ შემეცვალა „პეტრა“ ფასბინდერის რომელიმე სხვა ფილმით. „მე ქალიშვილი მყავს და არ მინდა, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ „ლესბიანკა“ გახდეს“ - სრულიად გულწრფელად ამიხსნა შეფმა. მერე კი თავს იმართლებდა, ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, გვახარიამ თვითონ დახურა თავისი „სარკმელიო“. ანუ, „გაწყვიტაო“, რა!
ტელევიზია იძულებული გახდა გაზეთებში აეხსნა მაყურებლისთვის, რომ გვახარია რაღაც საზიზღობის ჩვენებას აპირებდა და რომ „ფილმები, რომლებშიც დიდი რაოდენობით პათოლოგიური მოვლენებია და ეს ავტორის დაკვირვების მთავარი ობიექტია, მგონია, ყველაზე მასობრივი კომუნიკაციისთვის, ის, როგორც ტელევიზიაა, არაა განკუთვნილი“ (გაზეთი „რეზონანსი“ 1996 წლის 13 ივნისი. სტილი დაცულია). ნანა ჯაფარიძემ ამ ამბავს სპეციალური „პრესსტუდია“ (იყო ასეთი გადაცემა) მიუძღვნა, მოიწვიეს „საზოგადოების წარმომადგენლები“; ნოდარ კაკაბაძე, ელდარ შენგელაია, თამუნა ჩიქოვანი, გიორგი მაისურაძე... ტელევიზიის დირექცია ამას არ ელოდა - ყველამ დაიცვა გადაცემა და ცენზურის შემოტევაზე დაიწყო ლაპარაკი. ასეთი „ასიმეტრიით“ დაბნეულმა ნანა ჯაფარიძემ ძველ ჟურნალისტურ ხერხს მიმართა და გადაცემის ბოლოს „მაყურებლის წერილი“ წაიკითხა: „აი, ახლა დარეკა მაყურებელმა. მორჩით ამდენ ლაპარაკს და დაიწყეთ „ველური გული“... ნუ, იმის დასადასტურებლად, რომ ქართველ მაყურებელს არ ჭირდება „სარკმელი“. მას „ველური გული“ მოსწონს.
ჰო. კითხვაც დამისვა, რას აპირებს ახლა გიორგი გვახარაო. ეს ძალიან კარგი კითხვა იყო. სრულიად საქართველოს ახალი ამბავი უნდა შეეტყო
„თქვენ, ალბათ იცით, რომ იხსნება რუსთავის ტელევიზია. იქ სჯერათ, რომ საქართველოში მხოლოდ „ველურ გულს“ არ უყურებენ. ამიტომაც იქ მივდივარ, სადაც ცენზურა არ არის“ - თვითკმაყოფილმა განვაცხადე და გადაცემის დამთავრებისთანავე „რუსთავი 2“-ის ოფისისკენ მოვკურცხლე. ამაყი ვიყავი, რომ ტელევიზიას, რომელიც 1996 წელს სულ რამდენიმე დღე იმუშავებს, პირველად რეკლამა მე გავუკეთე. თანაც სად? სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში!
ვაჟა-ფშაველაზე, იმ შენობაში, სადაც „რუსთავის 2“ მაშინ სტუდიის მშენებლობას იწყებდა, ლიფტს ღამის 12 საათზე თიშავდნენ. ოფისი კი 18-ე სართულზე იყო.
კიბეზე ფრენა-ფრენით ავრბოდი. ასე იცის მძიმე ტვირთის მოხსნამ და იმ გარემოსგან განთავისუფლებამ, სადაც „ფიზიოლოგიურად სძულხარ“. ვფიქრობდი იმაზე, რომ სულ მალე ისევ ვესტუმრები კლერს, რომელიც საფეთქელს მოიფხანს და მათხოვებს ფილმებს სრულიად საქართველოს გასანათლებლად, თავის ახალ, ამჯერად ამერიკელ შეყვარებულს გამაცნობს და დააყოლებს „ეს ქართული ტელევიზიის ვარსკვლავია“. რაღაც ძალიან დინამიური და რიტმული მუსიკა მიტრიალებდა თავში, შეიძლება, „პრესსტუდიის“ ქუდის მელოდია. ყოველ შემთხვევაში, კიშლოვსკი-პრეზინერი რომ არ იყო, თავისი პაუზებით, სიცარიელისა და გამოუვალობის განცდით, ნამდვილად მახსოვს. არა, ეს არ იყო კიშლოვსკი. უფრო ტარკოვსკის ჰგავდა. ისეთ მდგომარეობას, როცა მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს ანიჭებ საკუთარ თავს, როცა საკუთარ ტახტრევანზე კოტრიალისგან ნეიროსეკრეტორები გაწვება, როცა დარწმუნებული ხარ, ახვალ ზევით, აფრინდები, გადახედავ შენს ჩაბნელებულ ქვეყანას, თავისი „ვარდიკოებით“ და თავს იგრძნობ დემიურგად, რომელსაც ადამიანთა მართვის ძალაუფლება აქვს.
რა ვქნა, ძველი „ოლივერ ტვისტი“ დღესაც ვერ ვიშოვე.
![]() |
13 მწერლები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 კაცი საკურორტო ბიბლიოთეკიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: აკა მორჩილაძე
ადრე, ინტერვიუზე რო მოვიდოდნენ ხოლმე, აუცილებლად მკითხავდნენ, თქვენი საყვარელი მწერალი რომელიაო. ეტყობა, წესია ასეთი, რომ აუცილებლად უნდა გკითხონ: რახან წიგნებს წერს, საყვარელი მწერალიც ეყოლებაო.
ხან რას ვპასუხობდი, ხან რას, იმ წუთში რაც მომაფიქრდებოდა, ანდა იმ წუთში რის გადაკითხვაშიც ვიყავი.
აღარც მახსოვს, რას ვპასუხობდი, სიმართლე რომ ვთქვა, იმიტომ, რომ მგონი, ბარე შვიდი წელია დავატყვე, ინტერვიუს გაცემას აზრი არა აქვს, მით უმეტეს, როცა ის ისეთ რამეებს ეხება, რაც საერთოდ არ მაინტერესებს და ზრდილობის გულისთვის შეკითხულს, საყვარელი მწერალი რომელიაო, ძნელად გასცემ პასუხს ჯიგრიანად. არა, იყო ხოლმე, რომ ვინც მეკითხებოდა, კარგად მეკითხებოდა, იმიტომ, რომ რასაც მე ვაკეთებდი, დაახლოებით იმასვე აკეთებდა, ოღონდ,ცოტა სხვა ჟანრში, მაგრამ ეგეთი შემთხვევა სულ ერთი-ორი ყოფილა.
ხო, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს საყვარელი მწერალი რომელიაო, დამამხსოვრდა და გვარიანადაც დავფიქრდი ერთხელ.
იმის გამო კი არა, რომ ვიღაცისთვის მეთქვა, ჩემი საყვარელი მწერალი ეს არის და ამიტომ და ამიტომ-მეთქი, არამედ, თვითონაც დამაინტერესა. ეს ეგებ სასაცილოც იყოს, იმიტომ, რომ არა მხოლოდ იმას მეკითხებოდნენ ხოლმე, საყვარელი მწერალი რომელიაო, არამედ იმასაც, საყვარელი წიგნიო. რაღაცეებს იქაც ჩამოვთვლიდი ხოლმე, მაგრამ მერე და მერე დავატყვე, რომ ესეც საინტერესო არ იყო, რადგან ჩვეულებრივ, აღარ გკითხავდნენ, რატო არის მაინც და მაინც საყვარელიო და პირდაპირ ვეუბნებოდი, უჰ, ბევრია მეთქი ასეთი. მართლა ბევრია, რო დაფიქრდე, მაგრამ მაინც, სხვანაირად შეიძლება.
ახლა რომ დავფიქრდი, საყვარელი წიგნი სულაც არ ნიშანვს მაინც და მაინც, რომ ეს შედევრი იყოს. მგონი, ადრეც დავწერე ამ რვეულებში.
უბრალოდ, რაღაცით დაგემთხვევა ესა თუ ის წიგნი და მორჩა.
არის წიგნები, რომ მილიონებს დაემთხვევა, და არის, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს. ბორხესს უწერია ერთგან, როცა გავიგე, ჩემი წიგნი ოცდარვა ცალი გაიყიდაო, ძალიან გამიხარდაო. ხუმრობა ხომ არ არის, ჩემთვის უცნობმა ოცდარვა კაცმა, ჩემი წიგნი იყიდაო. სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ორმოცზე მეტი ნამდვილად არ უთქვამს.
ამიტომ, ალბათ, საყვარელ მწერალზე რომ დაფიქრდები, მის ნაწერებთან ერთად, მისი ცხოვრებაც გახსენდება. როცა მის ნაწერებს კითხულობდი, ალბათ, სულაც არ იცოდი რაიმე მისი ცხოვრებიდან და, მერე და მერე იმიტომ შეიტყვე, რომ მისი ნაწერები გიყვარდა.
მე კიდევ ის მახსენდება, რომ ერთი ზაფხულიც იყო და ერთს სამთო კურორტზე გახლდით, ვითარცა მოზარდი. იქ მინერლაური წყლებიც მრავლად მოჩუხჩუხებდა და იყო კინოდარბაზი, სადაც ყოველდღე დავიარებოდით, თუ მაინც და მაინც ინდური მიუზიკლი არ გამოდგებოდა. კინო ყოველდღე იცვლებოდა, თუ ინდური არ იყო: ინდურს უამრავი მაყურებელი ჰყავდა და ორ-სამ დღესაც კი დატოვებდნენ.
კინოდარბაზის, სხვანირად რომ ვთქვათ, კლუბის შენობაში, მარცხენა მხარეს იყო ადგილობრივი საკურორტო ბიბლიოთეკა. არ მგონია, რომ იქ მოსახლეობა დაიარებოდა. ეს სწორედ მეკურორტეებისთვის იყო. წიგნების მისაღებად პასპორტი იყო საჭირო, ანუ, თან უფროსი მაინც უნდა გხლებოდა. პასპორტიდან რაღაცეებს გადაიწერდნენ და მერე წიგნების წამოღებაც შეგეძლო.
ოღონდაც, ამ ბიბლიოთეკას, ისევე, როგორც ბევრ სხვას, ერთი უცნაური განწყობა ჰქონდა: ბიბლიოთეკარებს წიგნების გამოტანება დიდად არ უხაროდათ. ასეთ რამეს სკოლის ბიბლიოთეკაშიც შეაამჩნევდი.
რატომ იყო ასე, დაჯერებით ვერას მოგახსენებთ, მაგრამ დიდად არ უყვარდათ. პირველად რომ მიხვიდოდი, საერთოდაც ერთი წიგნის მეტს არ გამოგატანდნენ, აქაოდა, აბა, ამას როგორ დააბრუნებ, იმის მიხედვით მოგექცევითო.
ნახსენები უნდობლობა, მგონი, სწორედ წიგნის დაბრუნების საკითხი იყო: თუკი ვინმეს ბიბლიოთეკაში ფეხი შეუცდა და წიგნი გამოიტანა, ძალიან საეჭვოა რომ მის დასაბრუნებლად მეორედაც მივიდეს იქ და მერე ამ წიგნის ძებნა ბიბლიოთეკარებს უწევთ. მგონი, ასე იყო: ჩვენი ქართველური მოუწესრიგებლობის ამბიდან გამომდინარეობდა.
ჰოდა, არ უყვარდათ ბიბლიოთეკარებს, რომ წიაღებდი. განსაკუთრებით, კურორტზე: მიდი და ეძებე მერე.
იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, კურორტებზე ბიბლიოთეკებში ხალხმრავლობა იყო-მეთქი, მაგრამ ვიღაც ხომ მაინც მიდიოდა იქ? ეხლა რომ ვიხსენებ, საკურორტო ბიბლიოთეკების თაროებს, ნოდარ დუმბაძის ოთხი რომანის გამოცემა მახსენდება. ასეთი ნაკითხი წიგნი იშვიათად მინახავს. არ მახსოვს, რომელი პატარა ქალაქის, თუ კურორტის ბიბლიოთეკაში ვნახე ეს წიგნი, მაგრამ ასეთი ნაფურცლი არასდროს არაფერი მინახავს. საერთოდ, იმ დროის ბიბლიოთეკებში სწორედ ამით მიხვდებოდი, ვის წიგნებს კითხულობს ხალხი. ანდა, ვთქვათ გეტყოდნენ, პოპულარულ წიგნზე, გატანილიაო და მორჩა.
რატომღაც, ბიბლიოთეკებში სულ დავდიოდი. წიგნები სახლშიც მქონდა, მაგრამ ბიბლიოთეკის წიგნს სხვა გემო აქვს. ქვითარზე რომ ვადას გიწერდნენ, მაგარი რაღაცა იყო. ანუ, ამ ვადაში უნდა დაგებრუნებინა. არ მგონია, საქართველოში დათქმულ თარიღზე მიეტანოს ვინმეს, მაგრამ ხომ გიწერდნენ.
მერე: ბიბლიოთეკის ბეჭედი რომ ერტყა, თუ არ ვცდები, მეთექვსმეტე და ოცდამეთორმეტე გვერდებზე. ისე, რანაირი მკითხველი ვარ, იმ ძველი ბიბლიოთეკების ერთი წიგნიც არ შემომრჩენია სახლში. ერთი-ორჯერ საგანგებოდ ვეძებე. იმიტომ, რომ მახსოვს, ერთხელ, სოლოლაკში ერთი კარგი ბიბლიოთეკა დაიხურა, სრულიად გადასარევი და წიგნები ჩამოწერეს, პირდაპირ უნდა გადაეყარათ, მე მგონი. მე და ირაკლი მივედით, რახან ბიბლიოთეკის უფროსი ჩვენი დედების ახლო მეგობარი იყო და ვიქექებოდით იმ გადასაყრელად გამზადებულ წიგნებში. რაღაცეები წამოვიღეთ, მაგრამ სად არის ის რაღაცეები? აი, შეკითხვა.
კაი, მოვეშვები ეხლა ამ ბიბლიოთეკების გახსენებას. მგონი, იმიტომ გავაგრძელე ასე, რომ სწორედ გუშინ, მანქანაში ვიჯექი და რა გასაკვირია, რომ საცობში მოვყევი და მგონი, მთელს ათ წუთს ვუყურებდი ერთი, რკინის ცხაურებით დაცულ, თითქოსდა, სამუდამოდ დაკეტილი ბიბლიოთეკის ფასადს ქუჩის კიდეზე.
თუმცა, უბიბლიოთეკოდ, მაინც ვერ ვილაპარაკებიდი საყვარელ წიგნზე და ეს ორი ამბავიც ერთმანეთს გადაეხლართა, საცობი და საკურორტო ბიბლიოთეკა, რომელიც კინოდარბაზის ხელმარცხნივ მდებარეობდა.
იმ ბიბლიოთეკაში შავებში ჩაცმული ქალი უფროსობდა. ეტყობა, ქმარი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და თუმცა, წიგნების გამოტანება დიდად, ალბათ, მასაც არ უყვარდა, მაგრამ, მშობელთა პასპორტებით შეჭურვილი რომ დამინახა, უკან აღარ დაუხევია.
იცით რა? ერთი ცუდი თვისება მქონდა და მგონი ახლაც მაქვს. საერთოდ ვერ ვერთობოდი ახალგაზრდულ, გინდაც მოზარდულ თავყრილობებზე. საერთოდ. ამას დივანზე გდება მერჩივნა. იქ კი, იმ კურორტზე კარგი აივანი იყო, ზედაც სრულიად გაცვეთილი დივანი. პანსიონატში ჰყვებოდნენ, რომ ის ოროთახიანი და ორაივნიანი ნომერი რომელიც იმხანად ჩვენ გვეჭირა, უშიშროების თანამშრომლების სამყოფელი იყო მაშინ, როცა კურორტზე ქვეყნის რომელიმე მეთაური ჩამოვიდოდა. ქვეყნის მეთაურს მაშინ ცეკას მდივანი ერქვა. ამიტომ, ნომერში ტლევიზორიც კი იყო, აივნიდან გადაშლილ ხედზე კი უკვე მოგახსენთ. წამოწვებოდი იმ აივანზე და მიდიი.…
ჰოდა, წიგნები საჭირო იყო. უწიგნოდ, აბა, როგორ?
აი, უყურე როგორ არი. სადმე რომ მიდიხარ და სახლიდან მიგაქვს წიგნი, მერე ამ წიგნის წაკითხვა დიდად არ გინდა და წიგნს იმ ახალ ადგილას ეძებ. მე ასე ვარ და სხვისი კი არ ვიცი. სახლიდან წაღებული წიგნი დიდი-დიდი თვითმფრინავში წავიკითხო, ანდა მატარებელში, იმ ახალ ადგილას კი ძალიან მიჭირს და იქ ვეძებ ხოლმე წიგნებს. ჰოდა, იმ ძველ დროსაც ასე მიჭირდა და იმ შავებში ჩაცმულმა დეიდამ ამარჩევინა და ამარჩევინა. მთლად აწყვეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ ოთხი წიგნი კი გამომატანა. იმ ოთხიდან ორი ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ იმ ოთხიდან ორი, ამერიკული მოთხრობების კრებული იყო. ქართულად, სქლად, კოხტად გამოცემული. ეს ორტომეული მერე სახლშიც მქონდა, ანდა მანამდეც მქონდა სახლში, ოღონდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მოკლედ, აღარ მახსოვს. იქ რომ გამოვიტანე, ნაღდია.
ამერიკული მოთხრობის ორტომეული რუსულად გვქონდა. ახლა იმის მხოლოდ მეორე ტომი ვიპოვე სახლში. იქ ორი სრულიად გადასარევი მოთხრობაა: ო'ჰენრის „მუნიციპალური ანგარიში“ და ტომას ვულფის „მხოლოდ მკვდრებმა იციან ბრუკლინი“. არა, სხვებიც მაგარია იქ, რინგ ლარდნერის, ეპტონ სინკლერის და ასეთი მოწითალო ხალხისა, მაგრამ ის ორი მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ეს ქართული გამოცემა კი რაღაცით უკეთესი იყო.
ცხადია ორი ტომი, ორ საუკუნეს ნიშნავდა, პირველი მეცხრამეტეს და მეორე - მეოცეს. ჰოდა, ის მეოცისა არ წამიკითხავს. რატომ არ ვიცი. ეტყობა ჰემინგუეი უკვე ვიცოდი, სხვები კი არ მაინტერესებდა იმხანად. ეს შეცდომა იყო, თუმცა, მეცხრამეტე ისეთი მაგარი იყო, რომ მეოცეს ვეღარც გადავწვდებოდი.
ვაშინგტონ ირვინგით იწყებოდა: „რიპ ვან ვინკლი“, უცნობილესი ამბავია ერთი კაცისა, რომელიც ტყეში ძველი დროის ამერიკის მოსახლეებს გადააწყდება და შინ მრავალი წლის შემდეგ მოხუცებული დაბრუნდება, ისე, რომ ეს მრავალი წელი, თვითონ ერთი დღე ჰქონია.
საერთოდ, ყველა ამერიკული კრებული ირვინგით იწყება და ახლა იმას ნამდვილად ვერ მოვყვები, რა მაგარი ვინმე იყო ირვინგი, როგორ დაეხეტებოდა ესპანეთში, როგორ მოიგონა დიტრიხ ნიკერბოკერი და ასე შემდეგ. „რიპ ვან ვინკლი“ მრავლია წლით მქონდა ჩახვეული, ინგლისურის გაკევეთილებზეც კი ამ მოთხრობას ვკითხულობდი.
წიგნში ბევრი მაგარი ვინმე იყო. ედგარ პოდან მარკ ტვენამდე. პოსი, მგონი, „ოქროს ხოჟო“ და დიუპენის ერთ-ერთი მოთხრობა მოეთავსებინათ, დიდი მაიმუნი რომ დედა-შვილს დაგლეჯს. ასე მახსოვს. მარკ ტვენის უსასაცილოესი ნაწერები შეეტანათ, მაკუილიამსების ოჯახზე: თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ჭექა-ქუხილსა და ხუნაგს. მოკლედ, ძალიან კარგი წიგნი იყო ეს პირველი ტომი: ჰოთორნი, მელივლი.. თუ არ ვცდები, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამათი მოთხრობები იმ წიგნში არ მახსოვს. ჰო, ო'ჰენრიც იყო, თუმცა, მეცხრამეტე საუკუნისთვის მიკეუთვნებინათ. მგონი, ეს ორტომეული იმდენად საუკუნეთა საზღვრით არ იყო გაყოფილი, არამედ პირველი მსოფლიო ომით. საბჭოურად რომ ვთქვათ, ამერიკელი მწერლები დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციამდე და მის შემდეგ ორ ტომში განეთავსებინათ. კი, მგონი ასე იყო. იმიტომ, რომ ო' ჰენრისიც ძალიან კარგი მოთხრობები იყო, არც მთლად რიგითი. ვთქვათ, „ეი, შენ, ნუ ეკურკურები ჩემს გოგოს“. ეს კარგად მახსოვს. ღმერთო, სად არი ეს წიგნი? იქ მგონი ერნესტ სეტონ ტომპსონის „ლობოც“ კი იყო, თუმცა, სეტონ ტომპსონი კანადელი გახლდათ, ოღონდ ამერიკის მოქალაქე. ალბათ, ამიტომაც. ხომ გახსოვთ სეტონ ტომპსონი? „როლფი ტყეში“ და „პატარა ველურები“, ავტორისავე ნახატებით. ღმერთო, სად არი ეს წიგნები?
საქმე ის კი არ იყო, რომ ამ სქელ და კარგა დიდ წიგნში, უბრალოდ, მაგარ მწერლებს მოეყარათ თავი, არამედ ის, რომ რაღაცნაირი, მოუხელთებელი ერთობა იგრძნობოდა. თითქოს, ბევრ მწერალს დაეწერა ერთი წიგნი. ეს ძალიან მიმზიდველი სამყარო იყო. აკი ვამბობ, ზაფხულში წიგნის კითხვას სულ სხვა გემო აქვს. ზამთარში კიდევ, მოიცა ერთი!
კი, ეს ერთიანი სამყარო იყო. სამწუხაროდ, მე ამ წიგნის რედაქტორი და გამომცემლობა არ მახსოვს. მკითხველი იშვიათად აკვირდება ასეთ რამეებს. მერე მისი მსგავსი რამდენიმე წიგნი მქონია. ცნობილი კრებულებია, „გრეით ემერიქან შორთ სთორი“, სადაც ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ცოტა სხვანაირად და სხვა ავტორებითაც. თუმცა, არც ერთ ასეთ ამერიკულ კრებულს, რატომღაც, ისეთი გემო არ ჰქონია ჩემთვის, როგორიც იმ პირველ ტომს ჰქონდა.
შეიძლება ვთქვა, რომ ძალიან დიდხანს ეს ჩემი საყვარელი წიგნი იყო, მაგრამ ახლა ეს წიგნი აღარ მაქვს. დაიკარგა სადღაც, გაძვრა ხელიდან. ვიღაცას მივეცი, თუ ვიღაცამ წაიღო, აღარ ვიცი. მაშინ კი, წამოსვლის დილას დავაბრუნე ბიბლიოთეკაში, სხვა წიგნებთან ერთად.
ახლა კი ვიტყვი, რა იყო ჩემთვის მთავარი ამ წიგნში. ანუ, ყველაზე უფრო ვინ მომეწონა და ყველაზე უფრო ვინ იმოქმედა.
საქმე ის იყო, რომ იმ მწერლების სრულ უმრავლესობას, კრებულში რომ მოეყარათ თავი, ასე, თუ ისე, ვიცნობდი. მაშინ რამდენის ვიქნებოდი? ალბათ, ცამეტის. ჰოდა, მარკ ტვენი ვიცოდი და მიხაროდა, ედგარ პო ვიცოდი და ძალიანც მაშფოთებდა, მელვილიც ვიცოდი, „ტაიპი“ გვქონდა სახლში და „მობი დიკიც“, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ არ წამეკითხა. უფრო სწორედ მხოლოდ შესავალში, ვეშაპებზე შეკრებილი ამონარიდები წამეკითხა. ო'ჰენრი, რა თქმა უნდა. სეტონტომპსონი. აი, ხედავთ რა შეუძლია წლებს? ბრეტ ჰარტი საერთოდ დამავიწყდა. ოღონდ, აი ნახავ, ბრეტ ჰარტზე ცალკე დავწერ. და ამბროზ ბირსი? ყველა გამეგო, მაგრამ, სტივენ კრეინი კი არ ვიცოდი.
გულახდილად რომ ვქვა, ამ წიგნში შესულ მოთხრობებს ამორჩევით ვკითხულობდი და კრეინს ეგებ მხოლოდ მესამე დღეს მივადექი. არ ვიცოდი და ალბათ, ჯერ ნაცნობებს ვეტანებოდი.
ჰოდა, კრეინს რომ მივადექი ამ წიგნის კითხვის ხერხი სრულიად შემეცვალა.
იმიტომ, რომ მერე, კარგა ხანს, მხოლოდ კრეინს ვკითხულობდი და ვერაფრით ვანებებდი თავს.
წიგნში კრეინის სულ სამი მოთხრობა იყო. „ნავი“, „ცისფერი სასტუმრო“ და „პატარძალი მოვიდა იელოუ სკაიში“. პირველი ორი უფრო ერთი პონტისა იყო, დრამტული, მესამე კი სახალისო.
„ნავი“ დიდად არ მომწონდა, მაგრამ „ცისფერი სასტუმრო“ და „პატარძალი“, ჰო,…არ მგონია, რომ მაშინ საბჭოთა კავშირში გამოცემული ყოფილიყო კრეინის „მეგი“, „ქუჩების გოგო“ და „სიმამაცის ალისფერი ნიშანი“, სამოქალაქო ომის ამბავი. მაშინ საერთოდაც არ ვიცოდი, ვინ იყო ეს კრეინი, საიდან და რატომ არ არსებობდა მისი წიგნები.
საინტერესოა, როგორ მოქმედებს ხოლმე წიგნები ადამიანზე. უჰ, რა გაცვეთილი რამე ვთქვი. ჩემზე ძალიან იმოქმედა კრეინმა. წარმოუდგენლად. საერთოდ, ეს კრებული იმით იყო მაგარი, რომ რაღაც სრულაიდ უცნობ სამყაროში შეყავდი და გრძნობდი, რომ ამ სამყაროს საზღვრები არა ჰქონდა. მაშინ, რა თქმა უნდა, ასე ვერ გამოვხატავდი ამ აზრს, მაგრამ ვგრძნობდი. ცამეტი წლის რომ ხარ, ასეთ სიტყვებს ვერაფრით მოიფიქრებ. რაღაცას გრძნობ. ასე მემართებოდა, როცა ამერიკში სამხრეთის შესახებ ვუყურებდი ფილმებს. სამხრეთ ამერიკის კი არა, სამხრეთის შტატების შესახებ. ძალიან მიზიდავდა ეს სამყარო. ჩვენს გარშემო, ჩვენს წიგნებში ასეთი რამ არ არსებობდა. ამას კი მიხვდებოდი ცამეტი წლისა რომ იყავი, რომ იქ რაღაც სხვაა და სულ სხვანაირ რამეებს წერდნენ და წერენ. ამიტომ, მგონია, რომ ამ წიგნმა ძალიან დიდად შემცვალა. გარეგნულად რას შემცვლიდა, დიდად ვერა, შლაპას ნამდვილად ვერ დავიხურავდი, როგორც, ალბათ, ამ კრებულის გმირების უმრავლესობას ეხურა, მაგრამ, შიგნით კი შემცვალა. ინტერესი სულ სხვა მხარეს წაიღო. მაგ ასაკში ისედაც გეჯავრება იმის მიღება, რასაც გთავაზობენ, ეს კი ზედ დაერთო. მივხვდი, რომ შეიძლება, მოიგონო რაღაც სამყარო, რომელიც სულაც არ იქნება იმის მსგავსი, რასაც ყოველდღე ხედავ. მოგონებაც არ უნდა, აგერ იყო წიგნში. თუმცა, როგორც გაირკვა, ბოლოს მაინც მოგონება ვამჯობინე.
ამ საქმეში წამყვანი კრეინი იყო. მაშინ, ჩემს ფიქრებში გმირების პირდაპირ გადმოღებით ვიყავი გართული. აბა, მეტი რა შეგიძლია ეგეთ ასაკში? მაგრამ ეს ძალიანაც მომწონდა.
„ცისფერ სასტუმროზე“ ვგიჟდებოდი. ერთი ოხერი კაცის ისტორიაა, რომელსაც სასტუმროში არ დააყენებენ და სიკვდილს კი შულერის ხელიდან ჰპოვებს. სრულიად მხიბლავდა პერსონაჟების სახელები - აღმოსავლეთელი, კოვბოი, შვედი.
ანდა „იელოუ სქაის“, პატარა ქალაქის ამბავი. შერიფი სხვა ქალაქიდან უნდა დაბრუნდეს იქ და თან ახალშერთული ცოლი მოჰყავს. რაღა თქმა უნდა, შერიფს ქალაქში მისი მთავარი მტერი ელოდება, რომელსაც სურს, რომ მთელი ქალაქის წინაშე, კაცურად გაარკვიოს ურთიერთობა მასთან. არის ასეთი განთქმული ვესტერნი, „შუადღე“ ჰქვია. ძალიან ჰგავს კრეინის ამ მოთხრობას, მაგრამ მისდაგვარი გულუბრყვილო სიკეთე კი არა აქვს. ჰოდა, ეს ორი მტერი ერთმანეთს შუა ქუჩაზე ეგებება და ხანმოკლე ლაპარაკში, რომელსაც, ალბათ, სროლა უნდა მოჰყვეს, შერიფი ამბობს, აი, დავბრუნდი, ცოლი შევირთეო. მტერი კიდევ ისე გულწრფელად დაიბნევა და აიჭრება, რომ…ყველაფერი წესრიგშია - მემ, ჩემის მხირვ, ყველაფერი წესრიგშია - მგონი ასე ეუბნება პატარძალს. მერე მკვეთრად მიტრიალდება ქუსლებზე და დეზების ჟღარუნით მიდის.
კრეინი ოცდაცხრა წლისა გარდაიცვალა, ჭლექიანი იყო. ამერიკელებს მისი წიგნები დიდად არ უყვარდათ, ამათრახებდნენ კიდეც. განსაკუთრებით ლექსებს. ინგლისში კი „სიმამაცის ალისფერმა ნიშანმა“ დიდი სახელი დაიგდო. ბოლოხანს სწორედ ინგლისში ცხოვრობდა, მაგრამ ჭლექთან საომრად ჰაერს ეძებდა და საბერძნეთშიაც იყო და გერმანიაშიც, იმიტომ მოუსწრო სიკვდილმა. როგორც მახსოვს, ბოლოხანს ღატკად იყო, მანამდე კი საგაზეთო სახელი სამხედრო კორესპონდენტობით ჰქონდა გავარდნილი. კუბაზეც იყო და თურქეთ-საბერძნეთის ომშიაც. წვალობდა. ძირითადად წვალობდა. ცოლად ბორდელის მეპატრონე ქალი ჰყავდა, რომელიც იმავდორულად მწერალიც იყო და ჟურნალისტიც. ერთად დაეხეტებოდნენ ბრძოლებში. თავიდანც ასე გაიცნო, ომზე საწერად მიმავალმა. იცით რა არის? პოეტები რომ ადრე კვდებიან ხოლმე, თითქოს გასაგებია. ძველი, დიდი, ნამდვილი პოეტები. რომანების და მოთხრობების მწერალი კი, ადრე რომ კვდება, დიდი საცოდაობაა. ოცდაცხრა წლისა და ასეთი ნაწერი, ასეთი გამოცდილება ასეთი სიცოცხლეების და ბედ-იღბლის საქმეებში ჩახედულობა. ის კი მოკვდა. რა მაგარი იქნებოდა კრეინი ორმოცი და ორმოცდაათი წლისა, ადვილი მისახვედრია. როგორი იქნებოდა, ისიც წარმოსადგენია. იცით, რა ჰქონდა კრეინს? ფერები და სინამდვილე. სინადვილეს არა აქვს ხოლმე ისეთი ფერები, რომ წაგაქციოს. კრეინთან კი ჰქონდა. მას ჰქონდა დაუნდობლობა და სიკეთე. დაუნდობლობას არა აქვს ხოლმე სიკეთე. მასთან კი ეს გამოდიოდა.
მაშინ, როცა პირველად ვკითხულობდი, ამას, რასაკვირველია, ვერ ვხვდებოდი.
მაშინ მხოლოდ ფერები და ამბავი იყო. როგორ ვთქვა? მარკ ტვენი და ჰემინგუეი რომ შეურიო.
ეს დიდი იღბალი იყო, საკურორტო ბიბლიოთეკაში რომ კრეინის სამი მოთხრობა შემომხვდა. არა მგონია, რომ უამისოდ რაიმეს წერა დამეწყო, ვინაიდან მახსოვს, რაებს ვწერდი, როცა თოთხმეტი წლისა ვიყავი. არ ვიცი, ამით რაიმე ხეირი თუ გამოვიდა, მაგრამ წერა კი სწორედ იმიტომ მსიამოვნებდა, რომ კრეინის გმირთა აჩრდილებს დავატარებდი სასაცილო ფურცლებზე. ძალიან სასაცილოა, ახლა რომ ვფიქრობ, მაგრამ ფერებს კი ვგრძნობდი და გადმომქონდა. მერე კრეინი სხვამ შეცვალა, ისევ ამერიკელმა, მაგრამ ჩემთვის დასაწყისი ის იყო. რას ამბობ? ბუხრის გვერდით ქვიშით სავსე საფურთხებელი ყუთი რომ დგას, რომელშიაც ჩიბუხს ჩაბერტყავენ, ან სიგარის ნამწვავს ჩააგდებენ. ასეთ ნივთებს ვხედავდი იქა და მეც მინდოდა, რომ ასეთი ნივთებით გაძეძგილ სამყაროში ვყოფილიყავი. ადამიანებზე არაფერს ვამბობ. ამ სამყაროს დაფიქსირების აუცილებლობა კი წერა იყო.
ეს მერე იყო, ყველგან რომ ვყიდულობდი კრეინის წიგნებს. ბევრი არ არის, რას მოასწრებდა? ახლაც მიდევს თაროზე „სიმამაცის ალისფერი ნიშანი“. ზედ შუბლგადახვეული ჩრდილოეთის არმიის ჯარისკაცი ახატია. ძალიან მოხდენილია, ძალიან. თეთრ ნაჭერს სისხლი ამჩნევია. ნამდვილი სიმამცის ალისფერი ნიშანია. უი, საიტიც არსებობს ამ რომანისა და იმის ჩათვალიერებაც შეუძლია ვინმეს.
ეს ლაპარაკი კი, მგონი, სულ სხვა რამის გამო წამოვიწყე. საყვარელი წიგნიო, საყვარელი ავტორიო. მგონი, რაღაცები ვთქვი ამის შესახებ. ოღონდ, ეს უფრო ძველი დროის საყვარელ წიგნსა და ავტორზე იყო.
ისე კი, ჩემი საყვარელი წიგნი ერსკინ კოლდუელის „ჯორჯიელი ბიჭია.
![]() |
14 პირადი ენციკლოპედია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 ზაფხულის ნაამბობი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
სუნს კი არა, სუნებს და ბევრი ადამიანი, მაბრაზებს იმ პონტში, რო მაღიზიანებს. ისედაც ჰაერი არ არი და თან ბევრი როა, ყველას თავისი სუნი აქვს, და ერთად ეგ სუნები არი, იმ გაუნიავებელში ძაან ბევრი და ერთი მურტალი სუნია. ვერ ნიავდება. ვერ ერევა კონდიციონერები, თუ ძაან მაგარი არ არი. პროსტო ატრიალებს და სიგრილეა. თან ზაფხულში. და ზამთარში? არ ვიცი. ან ვერ გრძნობენ, ან არ ფიქრობენ, როგორი სუნია ხოლმე.
მე ეგრევე ვთქვი, რო გაჩუკას ეგ ამბავი სუნმა დამართა, ჰაერი არ იყო და ვეღარ ამოისუნთქა. ტვინში სისხლი ვეღარ მიაწოდა.
აბა, რომელ ტოტალიზატორში არი, რო რაღაცნაირი თავისი სუნი არ დგას. ფანჯრები კიდე ტოტალიზტორში, აბა, საიდან, ძმაო. როგორც ციხეში, თუ დაინახავენ, რო ფანჯარა არი, იმასაც ამოქოლავენ. საცა სალაროა, იქ ზედმეტი ფანაჯრა ვის რად უნდა. თან, თუ სახელიანი ტოტალიზატორია, სადაც აბაროტი არი სალიდნი. აბა, რა. სერიოზულია. გინდა ფანჯრები? რად გინდა.
ჩავედი საღამოს სათმაშოში. სათამშოს ვეძახი ტოტალიზატორს. მე თვითონ მოუფიქრე და მერე სხვებსაც მოეწონათ, თანდათან ეძახიან და მერე კიდე ვერავინ ვერ იფიქრებს, ვინ დარქვაო.
არ მომწონს სახელი ტოტალიზატორი. გრძელია, სათამაშო ჯობია. ორი წუთის ჩასული არ ვიყავი და ვაი, ვუი, გაჩუკა წაიქცა და გული აქ ცუდად, გული აქ ცუდად... პირველი, მეთქი, რამე ხო არ გაიკეთა, სუნია ისეთი, რო გაიკეთო, ვერ ისუნთქავ და მეთქი, მიაპარებს. არაო. მეც გამიკვირდა, არ გამიგია, რო გაჩუკა იკეთებდეს. პატიოსანი ბიჭია, პატარა ქვითრები უყვარს გადააბამს და ელოდება ლარში რო ცხოვრება გამოიცვალოს.
ვერ ვუყრებ, არ შემიძლია. ეს ამდენი ხალხიც დაეხვია, დააწვინეს მაგიდაზე. სასწრაფო გამოიძახეთ-მეთქი და მოეცალეთ, ჰაერი ისედაც არ არის. ვერ ვუყურებ. თან გაწითლდა. აბა, ურტყამენ ლოყებში, აბა წყლის დასხმა.
რა წყალი, მალხაზა არი იქ ერთი, იმან პირში უტაცა ხელი, ენა არ ჩაეყლაპოსო და უჭირავს, ძლივს უღებენ ამ პირს, კაცი გადაყირავდა.
იმ მალხაზამ გადაარჩინა ეგ, რო გითხრა. მალხაზამ და ვაჟელი როა მაღალი, ის საფეთქლებს უზელდა.
თვალი ვერ გავახელინეთ.
ვერ ვუყურებ, არადა, არ შემძილია, რო თუ იქ ვარ, არ ვუყურო.
თან ხო ტოტალიზატორია, ვინ შემოდის, ვინ გადის. ფორტოჩკების გოგოები ხო ვერ გამოვლენ და იქიდან იძახიან, ასე ქენით, ისე ქენითო. იმათაც შეეცოდათ. მარა, ვერ გამოდიან. ხო ჩაკეტილები არიან ფორტოჩკებში. ფირმაში არ ყოფილა ფოროტოჩკა, პირდაპირ არიო. ჩვენთან ჩაკეტილებია. გაჩუკა რო შეხედავ, გევასება, წესიერი ბიჭია, კაი ლაპარაკი იცის. საყვარელი, წესიერი ბიჭია. ფორტოჩკის გოგებსაც შეეცოდათ. ხო იცნობენ.
მეთქი, რამდენი წლის არი.
ოცდაშვიდი წლის არიო, გვეგვე მეუნება. ბავშვია. ცამეტი წლით ვარ დიდი. პასპორტში თორმეტით. პასპორტში ხო შეეშალთ და იმის მერე რამდენი პასპორტიც არ მომცეს, პირდაპირ გადააქთ. ამიტო, ცოტა ბებერი ვარ, მარა ეგ ნიჩივო.
მაგის ძმაკაცი მოვიდა, ეხლა იმან ჩაუყო პირში ხელი, ენა უჭირავთ, ეძახიან, გაჩუკ, გაჩუკ, ურტყამენ, არაფერი: თავს აქნევს. გემსის, გაჩუკ, გესმის? ინფარქტი აქო. რა ინფარქტი ბიჭო, ბავშვია. არაო, სტოპრაცენტი ინფარქტიაო, ძმაკაცმა, ნანერვიუელბიაო, მე ხო ვიციო. ამ დროს მეორე ძმაკაციც მოვიდა. შუსტრა მოვდიენ, სასწრაფოზე წინ. ძმაკაცობაც ეგ არი, ექიმმა როგორ უნდა მოგასწროს.
ლამის მე ავიკიდე ინფარქტი იმის შემხედავმა, ნერვოზები მომივდა. გამოვედი გარეთ.
გარეთ არ ჩანს ტოტალიზატორში რა არი, ოცდაშვიდი წლის ბიჭი რო კვდება, ვაბშე ვერ ხვდებიან. თან ტოტალიზატორის ვიტირნები ხო სულ შავადაა შეღებილი, შიგნით რო არ გამოჩდეს.
მეთქი, მოვწევ.
ჰაერზე.
ისედაც სიცხეა. ზაფხული რო მოდის, მაგარი სიცხეებია და ვერ ქაჩავს, შიგნით როა გამგრილებლები. ვერც სუნი მიაქვს და ვერც აგრილებს. ვერ ერევა ბევრ ხალხს.
იქ როცა ეწევი, ვაბშე ძნელია. თან ხო ვერ ვეწევი, ნერვოზები მაქვს აკიდებული და ყველა სიგარეტი მეჯავება, პაჩკით ვერ ვიდებ ჯიბეში. პაჩკას რო ვხედავ, ვხვდები რო მეჯავრება იმენნოი ეგ სიგარეტი. ღერებს რო ვიდებ, ვითომ არ მახსენდება რომელი სიგარეტი მაქვს. ყველა მეჯავრება. მოწევას რო ვიწყებ, უკვე მეჯავრება, ერთი ორი ნაპასი და გადავაგდებ. სულ ხიმიის გემო აქ.
შიგნით, რო არ ნიავდება, სიგარეტის სუნიც გარეული აქ. იმდენი სუნებია, იმას რო დაუწყო დაკვირვება, ვაბშე მოკვდები.
რო ვეწევი და მოვიდა სასწრაფო.
მეთქი, აქეთ, აქეთ და რო შევიყვანე ეს სასწრაფოს ქალები, რაც მე ვთქვი, იმას არ ამბობს, მეეცალეთ, ჰაერი მიეცითო?
მე ვუთხარი, არ არი აქ ჰაერი, ვერ ხედავ, ფანჯრებიც შავად არი შეღებილი, რო გინდოდეს გარეთ ჰაერის დანახვა, მაინც ვერ დანახავ-მეთქი.
წნევა გაუზომეს, რაღაცეები, ნემსი, და წასაყვნიაო. გული არ არიო. თავიაო და არ ვიცითო, სისხლი ხო არ ჩაექცაო. მე ვუთხარი, სისხლი როგორ ჩაექცა, ოცდაშვიდი წლის ბიჭია, არ კაიფობს და არაფერი, იმ ექიმმა გოგომ თქვა, გული არ არიო, იმიტო, რო ეგრევე კარდიოგრამა გადაუღეს და რაღაცა ნემსი გაუკეთეს, რაზეც, საწყალმა გაჩუკამ დიორგანიე მისცა. ხო იცი, კინოებში როა, ზუსტად ისე. რო ეკითხებოდენ, გაჩუკ, გესმის ჩვენიო, რაღაცა თქვა, იმ პონტში რო ხმა მოაწვდინა, თორე სიტყვა კი არ თქვა. ხოდა ეგ უფრო აპასნიაო, იმიტო, რო გაჩუკა საწყალი ამ მაგიდებზე გაწვენილი და ხან ხელებს გაიქნევდა, ხან ფეხებს, ისე რო ფეხებზე მთელი გულ-მუცლით ფიშტონა აწვა, ფეხები კიდე ცალკე ერთს ეჭირა, ერთი ვზროსლი მოდის ხოლმე, ქვითრისტი. ხელებს კიდე ცალ-ცალკე უჭერდენ. მე კი დავუჭერდი მარა, აღარ შემძილია ეგეთი რამეები, ახლოს ვერ მივდივარ, ვიგრუზები უბედურებოსგან.
ეს ხელების გაქნევა კრუნჩხვის პონტი იყო და გადასაყვანიაო, იმ ქალებმა თქვეს. მე პანაშვიდებზე ვიგრუზები და ეხლა კიდე ცოცხალი, მაგიდებზე დაწვენილი სუფთა ტრუპი იყო. ტრუპი, რა, მიცვალებული.
ეგრე წარმოვიდგინე. წარმოვიდგინე კი არა, წარმომედგინა. ვითომ გაჩუკა მიცვალებული იყო და ხელებს მაინც ამოძრავებდა რაღაცნაირად. გადასაყვანიაო, და მაგისებსაც დაურეკეთო ექიმებმა, უნდა დაერეკათ, რო დაიბრიდოს კაცი შინაურების გარეშე, ატვიჩაი ხარ? შინაურის თვლაწინ რო იბრიდება, მაინც ის არი, რო ხედავს, რა და როგორ და თუ სათქმელი არ არი, პრეტენზიის ამბავში, ვეღარაფერს ამბობს. თუ არა და ექიმებს აბრალებს. გაჩუკა ეგეთი ბიჭი არ იყო, რო ეგეთი შიანურები ყოლოდა, მარა ხო უნდა გააგებიო, კაცის ენა ნახევარის საათია სხვას უჭირავს თითებით, მალხაზა როა.
ამ ექიმებმა კი გაუკეთეს ნემსები და ნასილკაც შემოიტანეს, მარა, მე მაინც მალხაზას და მაღალი როა, ვაჟელი კვარტლელი იმის გადარჩენილი მგონია.
ძმაკცებიც მიყვებიან, მარა მაგრა ცუდათ გავხდი, საწყალი გაჩუკა ნასილკებზე რო გადააწვინეს. მაგრა ცუდათ გავხდი, რო წარმოვიდგინე, რო მეც ეგრე გადამწვინონ ნასილკებზე და ქუჩაში, იმდენ ხალხში, სანამ მანქანამდე მიგიყვანენ, ნასილკით გადებილებულს და ვისაც არ ეზარება, ესე, ზემოდან რო გიყურებს და სისულელეებს რო იძახიან: უი, რა ახლაგაზდა ბიჭია. რა მოუვიდა შვილო? და რო უნდა უთხრა - გული, ქალბატონო, ვიღაცა კიდე იტყივს, ისე რო წამყვანებმა ვერ გაიგონ: გული კი არა, გაიკეთებდა რამეს. გულს ამბობენ ყველაფერზე. რო გაიგებ, ხო უნდა მიუტრიალდე და უთხრა: შე ცუდო კაცო, რასაც ამბობ, ამბობ, სხვის გასაგონად როგორ ამბობ, თუ ძაღლი მოისმენს, ბოზი არ გამოდიხარ? მარა მე აღარ შემიძლია ეგეთი როჟები და ეგრევე ხმამაღლა ვეუნები, ვინც არიან. დარტყმამდე აღარ მიდის. ხო ხვდები, ისე ვეუნები, რო დარტყმამდე აღარ მიდის, მე აღარ ვურტყამ და თვითონ თუ დამარტყამს, იცის რო საშვილიშვილოდ წაგებულია.
ხოდა, მაგიტო არ მინდა რო ეგრე ქუჩაში გატანილ ნასილკაზე ვიწვე, რო რაღაცეები არ თქვან ჩემზე. სახლში რო მომივიდეს ეგეთი რაღაცა ნატუკას ვეტყვი, რო სასწრაფოს უთხრას, უკან ეზოდან მოვიდენ, იქედან ჩამიყვანონ.
გაჩუკა რო გავიყვანეთ და დაწყნარდა ყველაფერი და ახმაურდა. დაბრეცილმა ვახომ, სანამ თქვენ გაჩუკას უვლიდითო, ქვითრები შეუგდია. მაჩვენა, ას დოლარიანი სამი ქვითარი იყო. ეხლა, მე იმ პალაჟენიაში აღარ ვარ, ქვითრები ვავსო, მარა ქვითარს, თუ მაჩვენებ, ჩახედავ. შენი აზრები მითხარიო, დაბრეცილმა და შევუქე რა ბილეთი, მეთქი, სწორად აზროვნებ, პროსტო თამაში თუ წავა შენ სწორად ნააზორვნებულზე... სამივეში ერთი აზრი ჰქონდა გატარებული, ნიჩივო. იუვენტუსის წაგება, რაც სწორი იყო, ოღონდ არ ეჯერათ, შედიოდენ ნიჩიაზეც არა, მოგებაზე გრუზავდენ. როგორ უნდა მოეგო ეგეთი თამაში, ანდა, რომც მოეგო, ვინ მოაგებინებდა. ეხლა იუვენტუსია და საერთოდ, ეგრე მიიჩნევენ, რო მსაჯი ყოველთვის იუვნეტუსია. სუ პატარაზე მაინც, მარა ეს თამაში ხო მსაჯზე მაღალი იყო და თითონ იუვენტუსმა იცოდა, რო წააგებდა.
დაბრეცილი ვახოსი ის მომწონს, რო სწორად აზროვნებს. არი ხალხი, ვინც მთელი ცხოვრება მაზავს, იგებს კიდევაც, და მაინც არასწორად აზროვნებს. არი ეგრე ცხოვრებაში, არასწორს რო მიყვები, როგორც სწორს და რახან ამართლებს, სწორი გგონია. არასწორიც ხო გზაა და მიდის, რა ვეღარ ხედავს, უსპეხი რო მოდის. შეიძლება ეგრე ბოლომდე არასწორში მიყვე და ერთი არ გაგიტეხოს, ისე მთელი ცხოვრება გაყვე და მოკვდე და გეგონოს სწორი იყოო.
სათამაშოში ფეხბურთების ყურება არ მინდოდა, მარა მაინც მოვიცადე, იმიტო, რო იმ ორ ძმაკცთან ერთად, ვაჟელიც წაყვა და მე ვიფიქრე, რო მობრუნდება, ამბავს გავიგებ-თქო. მე ხო მობილური არ შემიძლია და ზოგჯერ თუ საქმე არ არი, არ დამაქვს. როცა საქმე არი, რო სვიაზზე უნდა ვიყო, ნატუკასი მომაქვს.