The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პოსტმოდერნიზმი და მასობრივი კულტურა


პოსტმოდერნიზმი და მასობრივი კულტურა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბერეკაშვილი თამარ
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © კონსულთაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 პოსტმოდერნიზმი და მასობრივი კულტურა

▲ზევით დაბრუნება


თამარ ბერეკაშვილი

სიტყვა „პოსტმოდერნიზმი“, ისევე როგორც „პოსტმოდერნი“, ბოლო დროს ერთ-ერთი საყოველთაო ხმარების ტერმინებია, თუმცა მათი განსაზღვრება არაცალსახაა. არ არსებობს ერთიანი შეხედულება იმის თაობაზეც კი, ვინ გამოიყენა ისინი პირველად. ერთნი ავტორად იჰაბ ჰასანს ასახელებენ, სხვები - ფედერიკო დე ონიზის, მესამენი - ამიტაი ესციონის. ყველა შემთხვევაში ეს ტერმინი, როგორც ხდება კიდეც, რაზედაც იური ლოტმანიც წერდა, ჯერ ფურცელზე ლიტერატურამ აამეტყველა და შემდეგ გადაიქცა ის რეალობად. პოსტმოდერნიზმის და პოსტმოდერნის ცნებები ხშირად განიხილება როგორც იგივური, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ შეხედულებას, რომლის თანახმად, პოსტმოდერნი განსხვავდება პოსტმოდერნიზმისგან, რაც მარტო განსხვავებულ სახელწოდებებში არ იჩენს თავს. პოსტმოდერნიზმი ეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სრულიად განსაზღვრული სტილია, რომელსაც ზოგჯერ გვიანდელ მოდერნს მიაკუთვნებენ, ხოლო როდესაც საუბარია პოსტმოდერნზე, იგულისხმება არა რაღაც ვიწრო სტილისტური მიმდინარეობა, არამედ ისტორიული ვითარება, სიტუაცია, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია ჩვენი იდეები, შეხედულებები, გეოგრაფიული მდებარეობა, გემოვნება, ასაკი თუ სქესი. ამდენად, თუ პოსტმოდერნიზმი მიეკუთვნება უპირატესად კულტურას, პოსტმოდერნი - ისტორიას, პოსტმოდერნიზმი სუბიექტურია, ხოლო პოსტმოდერნი ობიექტურად ჩამოყალიბებული ვითარებაა.

ამ ახალი პოსტმოდერნული ეპოქის ჩამოყალიბება სათავეს იღებს XX საუკუნის სამოციანი წლებიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა მასობრივ სტუდენტურ გამოსვლებს ევროპის, და არა მარტო ევროპის, ბევრ ქვეყანაში. სტუდენტები აუჯანყდნენ არაეფექტურ, მოძველებულ პოლიტიკურ, სოციალურ რეჟიმს. შესაცვლელი გახდა არა მარტო პოლიტიკა, არამედ საერთოდ მოდერნისტული არსებობის წესი, მიდგომები, პრიორიტეტები. თავისი უფლებებისთვის და თვითდამკვიდრებისთვის მოგვიანებით გამოვიდნენ ქალები, სექსუალური უმცირესობები.

პოსტმოდერნის ეპოქისადმი არაერთგვაროვანი მიდგომაა. იურგენ ჰაბერმასი მიიჩნევს, რომ პოსტმოდერნი - ეს არის დაუმთავრებელი მოდერნი. დღეისთვის, მისი აზრით, მოდერნმა თავის პიკს მიაღწია და არ შეიძლება ლაპარაკი სრულიად ახალ და განსხვავებულ პარადიგმაზე.

ნიუ ეიდჟიც უარყოფს პოსტმოდერნისტული ეპოქის არსებობას. ის, რაც დღეს ხდება უეჭველად მოდერნია, რაზედაც მეტყველებს თვით ამ მოძრაობის დასახელება, რომელიც ემთხვევა მოდერნს და უბრალოდ მის გვიანდელ ფაზაზე მიუთითებს.

ბოდრიარი მოდერნს უწოდებს „სცენის ეპოქას“, ვინაიდან მასში ყველა მოვლენა მიისწრაფოდა თვითწარმოდგენისთვის, როგორც სცენაზე, რის დაგვირგვინებას ტელევიზია წარმოადგენს. პოსტმოდერნული მიდგომა ეს პირველ რიგში იმის გაგების ტოლფასია, რომ ყველაფერი არ შეიძლება იყოს წარმოჩენილი.

დენიელ ბელიც არ იზიარებს პოსტმოდერნისტული ეპოქის თავისებურებას. წარმოადგენს რა ტექნოკრატიის დამცველს, ის მიიჩნევს, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოება საწარმოო ურთიერთობების განვითარების ისეთი სტადიაა, როდესაც ქრება ყველა ისტორიული სოციალურ-ეკონომიკური წინააღმდეგობა ტექნიკის განვითარების შედეგად. ანუ ბელი პოსტმოდერნისტულ ეპოქას აიგივებს პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებასთან, რასაკვირველია პოსტინდუსტრიული საზოგადოება პოსტმოდერნის ერთ-ერთი აუცილებელი და თანმყოლი მოცემულობაა, მაგრამ პოსტმოდერნი მაინც არ დაიყვანება მასზე. პოსტმოდერნის გამოწვევებმა ენთუზიაზმი გამოიწვიეს „ახალ მემარჯვენეებში“ (ა. მელერი. ა. დე ბენუა, რ. სტოიკერსი და სხვა). ისინი სიხარულით აღნიშნავენ, რომ დამთავრდა პრინციპების განუყოფელი ბატონობის ეპოქა. თუმცა, სწორედ განმანათლებლობის დიადი პროექტის შელახვა აწუხებს ი. ჰაბერმასს. ის ბრალს სდებს პოსტმოდერნის მხარდამჭერებს რენეგატულობაში და ფაშიზმშიც კი. მთლიანად უარყოფს რა პოსტმოდერნს, ის მასში ხედავს პრე-მოდერნის დაბრუნებას.

უმბერტო ეკოს აზრით, პოსტმოდერნისტული ხედვის ნიშნები ყველა ეპოქას ახასიათებს სულიერი კრიზისის პერიოდში. სწორედ ამ დროს ხდება ინდივიდუალური სუბიექტის გამწირება, რის შედეგადაც იკარგება ტრადიციის დამცავი პიროვნული სტილი.

პოსტმოდერნიზმი ჩვეულებრივ ითვლება ისეთი კულტურის ქმნილებად, რომელსაც არ გააჩნია აბსოლუტი, ზუსტი განსაზღვრებები ან საფუძვლები. მას ახასიათებს შეხედულებების პლურალიზმი და განსხვავებულობა. მოხდა განმანათლებლობის იდეალების გაუფასურება ან უფრო სწორედ მათი გატოლება ნებისმიერ სხვა იდეალებთან. აზროვნებამ დაკარგა უნარი და რწმენა იმისა, რომ სამყაროს შეცნობა ძალუძს. საზოგადოდ აზროვნებამ დაკარგა პრიორიტეტი და ინტუიციამ თავისი უფლებები დაიბრუნა. უპირატესობის მინიჭების აუცილებლობა გაქრა და ტრადიციულმა, ძველმა, არქაულმა ისეთივე ძალა შეიძინა, როგორც თანამედროვემ.

ასეთი რელატივიზმის მიუხედავად, მისი აბსტრაგირება პოსტმოდერნულ სისტემაში მაინც არ ხდება, ისევე როგორც არ ხდება ნებისმიერი სხვა პრინციპის აბსტრაგირება. როგორც ჰანს კიუნგი აღნიშნავს, რელატივიზმი პოსტმოდერნში, ისევე როგორც პოსტმოდერნისტულ კულტურაში მუდამ ჰუმანიზმთან ერთად ფიგურირებს. ასეთი მიმართებაა ყველა სხვა მიმართულებების მიმართ და მათ შორის მოდერნიზმის მიმართაც. სწორედ რელატივიზმის მუდმივი წყვილობა ჰუმანიზმთან განასხვავებს პოსტმოდერნისტულ ჰუმანიზმს მოდერნულისგან, რომელშიც ჰუმანიზმის აბსტრაგირება ხშირად იწვევდა მის საპირისპირო მოვლენას (თუნდაც, მაგალითად, ბოლშევიზმი).

პოსტმოდერნისტული ცნობიერებისთვის სრულიად უცხოა პროფეტულობა. ესთეტიკურ სფეროში რელატივიზმი ანადგურებს ავტორისეულ დიქტატს, ავტორის ტოტალიტარიზმს, ნებისმიერ იდეოლოგიას. ამიერიდან ავტორი, მწერალი, ხელოვანი აღარ ლაპარაკობს ყველას სახელით, აღარ არის ხალხის მასწავლებელი, წინამძღვარი. პოსტმოდერნის პრინციპებზე თუ ვილაპარაკებთ, რასაკვირველია, უნდა ითქვას, რომ ასეთი პრინციპები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით პრინციპად ერთი ჭეშმარიტების უარყოფას. ჯერ კიდევ ვიტგენშტაინი აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტება უბრალოდ სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს იმას, რასაც აღნიშნავს ლექსიკონის მიხედვით. ჭეშმარიტება სიტყვაა, რომელსაც არსი არა აქვს. ანუ უარყოფილია ჭეშმარიტების ისტორიულობა და ის სიტყვაა, რომელიც ტექსტის ერთ-ერთი ელემენტია. ანუ ისტორიის ნაცვლად ტექსტი გვაქვს. ისტორია კი ტექსტის წაკითხვის ისტორიაა.

პოსტმოდერნიზმი დემოკრატიული ხელოვნებაა იმ აზრით, რომ წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული აზროვნების ასახვას. ამავე დროს პოსტმოდერნიზმის

განურჩევლობა სტილების, ჟანრების მიმართ, ისევე როგორც გულგრილობა შეფასებებისადმი და მასობრივი კულტურის მიმღებლობა ნებისმიერი სხვა კულტურის გვერდით სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პოსტმოდერნიზმი თავადაა მასობრივი კულტურა. მასობრივი კულტურა სრულიად სხვა მოვლენაა და წარმოადგენს სწორედ მოდერნიზმის პროდუქტს, მის ქმნილებას. ის ხელოვნების ერთ-ერთი დარგია თავისი ამოცანებით, გამოხატვის ფორმებით. საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა ჟანრები იმდენად ურთიერთშეღწევადი გახდა, რომ ხშირად ე.წ. მაღალი ხელოვნების ნაწარმოები მასობრივი კულტურის ბევრი ელემენტის მატარებელი ხდება. ადგილი აქვს „ორგვარ კოდირებას“ ანუ მხატვრული ნაწარმოები ხდება მისაღები როგორც მასობრივი მომხმარებლისთვის, ისე ელიტარულისთვის.

პოსტმოდერნიზმის ტიპური ნაწარმოებებია ბოლო წლებში ეგზომ პოპულარული მწერლების იაკუნინის, პელევინის, მ. პაფიჩის წიგნები. პოსტმოდერნიზმი არც მასობრივი ხელოვნებაა და არც ელიტარული. ის უბრალოდ ხელოვნებაა.

რაც შეეხება მასობრივ კულტურას, რომელსაც დიდი უმრავლესობა სწორედ პოსტმოდერნიზმს უკავშირებს, (და რასაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ), მისი ასეთი გავრცელება გამოწვეულია პოსტმოდერნიზმის ,,შემწყნარებლობით” და აკრიტიკულობით, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, იმით, რომ პოსტმოდერნიზმისთვის უცხოა ელიტარულობისკენ სწრაფვა, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო მოდერნიზმისთვის, რამაც დიდწილად გამოიწვია პროტესტი კლასიკური ელიტარული ხელოვნების წინააღმდეგ ე. წ. პოპ-არტის სახით.

1969 წ. ჟურნალ „Playboy“-ში ლელსი ფედლერი უკვე საუბრობდა ლიტერატურული მოდერნის აგონიაზე. ფედლერი მოუწოდებდა „ელიტარულ“ და „მასობრივ“ ხელოვნებას შორის საზღვრების მოშლისკენ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ლიტერატურა უნდა გამხდარიყო მდარე, ბულვარული და მასობრივი. მასობრივი კულტურის მკაცრი ან ცალსახა განსაზღვრება არ არსებობს. კამათს იწვევს ამ სახელწოდების ორივე ნაწილი - „კულტურა“ და „მასა“. რამდენიმე წლის მანძილზე გამართულმა მსჯელობამ IEP-ში (პარიზი) ვერ ჩამოაყალიბა მასობრივი კულტურის კანონიკური განსაზღვრება.

INALCO-ს სემინარმა დაადგინა „მასობრივი კულტურის“ ხუთი კრიტერიუმი:

1. მისი წარმატება ინდუსტრიული ხასიათისაა (და შესაბამისად, შესაძლებელია მისი უსასრულოდ რეპროდუცირება; ერთგვარად ეს არის „ასლების კულტურა“);

2. მისი გავრცელება ხდება მას-მედიის მეშვეობით (მას-მედიის ყველა სახეობა შეიძლება მონაწილეობდეს და ხშირად მონაწილეობს კიდეც მისი წარმოების პროცესში);

3. ის ადვილად ხელმისაწვდომია და მას სრულებით არ აფერხებს არც საზღვრები, არც კლასები, არც ერები;

4. მისი შინაარსი და წარმოდგენის ფორმა მეტად ჭრელია. მას აქვს თავისი რიტუალები, მითები, ვარსკვლავები. ანუ ის სრულებით არ არის ერთსახოვანი და მარტივი, როგორც მას ხშირად ახასიათებენ;

5. მასობრივი კულტურა მიმართულია კეთილდღეობისკენ, სიამოვნებისკენ, სიხარულისკენ, რაღაც აზრით. და სწორედ ამიტომ იხარჯება მასზე უამრავი სახსრები, ის კომერციულ ტერმინებში იაზრება კიდეც. ერიკ მასემ მასობრივი კულტურა განსაზღვრა როგორც „კულტურულ ობიექტთა (და მასთან დაკავშირებული პრაქტიკების) ერთობლიობა, რომელიც იწარმოება კულტურული ინდუსტრიით და ემსახურება მეტად ჰეტეროგენულ პუბლიკას“.

არსებობს „მასობრივი კულტურის“ სხვა სახელწოდებებიც, მაგალითად, „მსოფლიო კულტურა“. ამ სახელწოდების ავტორი სირენელი ამოდის იმ ფენომენიდან, რომ XX საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ „მოხდა მასობრივი კულტურის კრისტალიზება მსოფლიო კულტურად“.

ბარტის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება მასობრივი კულტურისა მდგომარეობს მის დესაკრალიზაციაში, ის არ არის ანთოლოგიური, მაშინ როცა ე. წ. მაღალი ხელოვნების ნაწარმოებები გადიან ერთგვარ ფილტრში, როგორც კულტურის, ისე ისტორიის.

მასობრივი კულტურის ნაწარმოების ფუნქცია ერთადერთია - მოხდეს მისი მოხმარება. აქ მახსენდება ერთ-ერთი რუსი მომღერლის ბოგდან ტიტომირის პასუხი შეკითხვაზე, რატომ მღერის ის მდარე სიმღერებს. მან უპასუხა - „Народ хавает“.

უეჭველია მასობრივი კულტურის კიდევ ერთი თვისება: ის ვითარდება ძირითადად მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებში, რაც გასაგებია, ვინაიდან მასობრივი კულტურა მოითხოვს მრეწველობას და კომერციას და მას სჭირდება მომხმარებელი, რომელიც მზად არის მის მისაღებად - მოცლილი და სოციალურად ნაკლებად შეზღუდული.

მეორე მხრივ, მასობრივი ხელოვნებისთვის ერთ-ერთ დამახასიათებელ ელემენტს წარმოადგენს მარგინალური ჯგუფების, მარგინალური ადამიანების ყოფა და ცხოვრება (განსაკუთრებით ლიტერატურისათვის); ამასთან, მასობრივი კულტურის მარგინალიზმი სოციალური კრიტიციზმის სახეს ატარებს. „გარიყულთა“, სოციალური ფსკერის წარმომადგენელთა სამყარო, დამნაშავეობა, ხელისუფლების კორუფცია და ა. შ. დიდაქტიკური ხასიათისაა, რაც უცხოა პოსტმოდერნიზმისთვის, რომლისთვისაც მარგინალი არანაირად არ ფასდება - ეს არის უცხო, ისეთივე უცხო, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანია სხვისთვის და თვით საკუთარი თავისთვის, თუ ოდნავ მაინც ჩაფიქრდება ან გასცდება ჩვეულ საზღვრებს. პოსტმოდერნიზმის თავისებურება ის კი არაა, რომ მისი ხელოვნება ერწყმის, ენაცვლება ან იგივური ხდება მასობრივის; მასობრივი ერთ-ერთი რიგითი, თანასწორი და სრულუფლებიანი ელემენტი ხდება ხელოვნების.

მასობრივი ლიტერატურა ძირითადად იმ საზოგადოებებში ვითარდება, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განათლებულია, ყოველ შემთხვევაში იცის კითხვა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, სწორედ პოსტმოდერნიზმის დამკვიდრების პარალელურად ელიტარულის და მასობრივის დაპირისპირებამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა. მასობრივი ხელოვნების გატოლებამ ხელოვნების სხვა ფორმებთან, თუნდაც ელიტარულ ხელოვნებასთან კარგად წარმოაჩინა ამ დაყოფის ფარდობითობა. ბევრი შემოქმედი (მწერალი, რეჟისორი, მუსიკოსი) ხშირად მასობრივი ხელოვნების სიუჟეტით თუ ფორმით ცდილობს თვითგამოხატვას, ექსპერიმენტირებას (თუნდაც უმბერტო ეკო, გრენუეი).

ხშირია შემთხვევები, როდესაც მასობრივი ხელოვნების ნაწარმოებები ელიტარულის სახეს იღებს გამოცემის ტიპის გამო. ასე ხდება ავტორის პირველად გამოცემის დროს, ასეთივე იერი ჰქონდა საბჭოთა პერიოდში ფანტასტიკური ლიტერატურის გამოცემას, მაგ., სტრუგაცკების წიგნებს. ამგვარად, ეს შეფასების საკითხად იქცევა. გარდა ამისა, ეს არის კონტექსტის პრობლემა, რომელშიც ნაწარმოები არსებობს. ვივალდის მუსიკის თანხლებით ყინულზე შესრულებული ცეკვა მასობრივ კულტურას მიეკუთვნება, ალბათ, ისევე, როგორც მიქელანჯელოს ნახატში გახვეული ნამცხვარი.

ამგვარად, პოსტმოდერნისტული ხელოვნება, რომელიც ერთგვარად წარმოადგენს თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების გამოხატულებას, ხასიათდება არა მარტო ყველა კულტურისთვის ჩვეული დაყოფით მაღალ, ელიტარულ ხელოვნებად და მასობრივად, არამედ აგრეთვე ხელოვნების ამ ორ ტიპს შორის საზღვრების მოშლით და ურთიერთშენაცვლებით. ბევრ შემთხვევაში სწორედ ე. წ. ელიტარული ატარებს მასობრიობის ნიშნებს, ხოლო მასობრივი მარტოოდენ ტრადიციული „მომხმარებლის“ ვიწრო წრეს თუ ემსახურება.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ბევრი ავტორი, კრიტიკოსი, ფილოსოფოსი თანამედროვე პოსტმოდერნისტულად წოდებულ ხელოვნებას უკარგავს ღირებულებას, თვლის რა, რომ ეს მიმდინარეობა სრულიად ამორალურია; იმ აზრით კი არა, რომ ამორალურია, არამედ იმ გაგებით, რომ მორალური შეფასება მისთვის უცხოა. თვითონ ეთიკური შეფასების (ისევე როგორც ესთეტიკურის ან ნებისმიერი სხვა) მისდამი მიყენება უადგილოა და აზრს მოკლებული. აქ „კარგი“ და „ცუდი“, „ლამაზი“, და „მახინჯი“, „მოსაწონი“ და „დასაგმობი“ არ არსებობს. მისი შედარება შეიძლება მარტო რეფერატთან და მართლაც, პოსტმოდერნიზმი განუწყვეტლად ყველაფერს განმარტავს, თუმცა მოკლებულია ნებისმიერ შეფასებებს.

თუ ხელოვნების მისამართით ზემოთმოყვანილი მსჯელობა სამართლიანი და სანდო ჩანს, როგორც კი იგივე მახასიათებლებს განვიხილავთ საყოველთაო ცხოვრებაში, პოლიტიკაში, სოციალურ ურთიერთობებში, მაშინვე ჩანს მსგავსი მიდგომის ცალმხრივობა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ განსხვავებების გათანასწორება და იერარქიის მოშლა, რაც ხელოვნებაში თითქოსდა ამორალურ სახეს იღებს, რის გამოც ბევრი კრიტიკოსის საყვედურს იმსახურებს, პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში ვლინდება როგორც ყველა ადამიანის უფლებების თანაბარი დაცვა მისი განსხვავებულობის მიუხედავად, იქნება ეს კანის ფერი, თუ წარმომავლობა, ენა თუ ეროვნება. ასეთივე ვითარებაა მარგინალობის მიმართაც. სწორედ მარგინალიზაციის ხაზგასმამ და მისი უფლებების აღდგენამ მოიტანა ის ძვრები, რომლებიც მოხდა სექსუალური უმცირესობების ლეგალიზაციით, ქალთა უფლებების გაზრდით, ერთა თვითგამორკვევით და ა. შ., რაც უეჭველად პროგრესულ და დადებით მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

თუ დავუბრუნდებით პირიქით, საზოგადოების და სამყაროს გავლენას ხელოვნებაზე, უნდა აღინიშნოს მისი რამდენიმე ახალი მხარე. გლობალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ლიტერატურა, ხელოვნება გახდა გართობის და შესაბამისად, გაყიდვის ობიექტი, რაც ხშირად მისი სხვადასხვა ენაზე წარმოდგენის აუცილებლობას იწვევს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთი მხრივ, როგორც აღინიშნა, მწერალს თუ მუსიკოსს აღარა აქვს უფლება და აუცილებლობა, ისაუბროს, გამოვიდეს ადამიანთა დიდი ჯგუფების სახელით და პრეტენზია ჰქონდეს მიიპყროს ყველას ყურადღება, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველა დიდი და უბრალოდ შესამჩნევი, წარმატებული ნაწარმოები, იქნება ეს ლიტერატურაში თუ ხელოვნების სხვა სფეროში, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხვდება. მეორე თვისება, რომელიც შეიძინა ხელოვნებამ საზოგადოების ახალ თვისობრიობასთან დაკავშირებით, არის მისი აგების, ფორმირების ძველისაგან განსხვავებული წესი, რაც აიხსნება, კინოხელოვნების, შემდგომ ტელევიზიის და საერთოდ „საკომუნიკაციო“ არხების განვითარებით. ეს თავს იჩენს ხელოვნების (მაღალი ხელოვნების) ახალ სახედ ჩამოყალიბებაში, საზოგადოდ მთელი ხელოვნების ახლებურ სტრუქტურირებაში, ახალი ენის შექმნაშიც კი, სურათის, გამოსახულების როლის გაზრდაში.

ამგვარად, პოსტმოდერნის ეპოქა მთლიანად ცვლის კულტურის შინაარსს. ამასთან, მისთვის დამახასიათებელი კულტურის დიფერენციაცია მცირედ დამოკიდებულ ან სრულიად დამოუკიდებელ კულტურულ სტილებად, ფორმებად და ა. შ., იწვევს ახალი საკვლევი სფეროების გაჩენასაც.