![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №4 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
წინა თვეებთან შედარებით არსებითი ძვრები სასულიერო პრესაში არ შეინიშნება. პუბლიკაციების თემები ძირითადად უცვლელია: ქართველი ერის განსაკუთრებულობა და მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად გამოცხადება, სხვა კონფესიებთან მკვეთრად კრიტიკული მიმართება, რადიკალურად უარყოფითი პოზიცია ეკუმენიზმის და გლობალიზაციის მიმართ, მოძღვრისადმი უსიტყვო მორჩილების დამკვიდრება.
ხშირ შემთხვევაში, პუბლიკაციების ავტორები ეჭიდებიან მასშტაბურ თემებს და მთელი სერიოზულობით მსჯელობენ გლობალურ პროცესებზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნათარგმნი სტატიები (უმეტესწილად რუსულიდან, უფრო იშვიათად ბერძნულიდან), ასეთები კი რელიგიურ პერიოდიკაში ძალზე ხშირად გვხვდება, ძირითადად ანონიმურია - როგორც წესი, არ არის მითითებული სტატიის ავტორი, მითითებულია მხოლოდ სტატიის სახელწოდება ან წყარო, სადაც ის იყო განთავსებული.
![]() |
1.1 დამოკიდებულება სხვა კონფესიებისა და ეკუმენური მოძრაობის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
არაქრისტიანული რელიგიების შესახებ ინფორმაციაც და შეფასებაც სასულიერო პრესაში შედარებით მწირია. შეფასებითი ხასიათის ინფორმაციას შეიცავს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ სულთმოფენობის დღეს წარმოთქმული ქადაგების ფრაგმენტი, სადაც იგი ბუდიზმსა და, საერთოდ, აღმოსავლურ რელიგიებს ეხება: „უკანასკნელ პერიოდში მრავალი ადამიანი დაეწაფა აღმოსავლურ რელიგიებს - ბუდიზმს, ინდუიზმს და სხვა, მაგრამ სული ვერ დაასვენეს და ბოლოს მართლმადიდებელ სარწმუნოებამდე მივიდნენ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 4-10.6.04. გვ.4).
ეკლესიის ისტორიის ავტორიტეტული მკვლევარის, ბაბილინა ლომინაძის ნაშრომიდან მოყვანილ ნაწყვეტში, რომელსაც გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ სახელმწიფოში სხვადასხვა კონფესიებისთვის ერთნაირი სტატუსის მინიჭება მართლმადიდებლობისათვის „ძირის გამოთხრას“ ნიშნავს: „სამწუხაროდ, დღესაც პოლიტიკური პარტიების პროგრამაში თანაბარი რელიგიური უფლება აქვს მინიჭებული ქართველების ეროვნულ რელიგიას (მართლმადიდებლობას) და სხვა კონფესიურ ჯგუფებს და სექტებს იმ საბაბით, რომ სახელმწიფო (ვითომ) იცავს დემოკრატიას, შემწყნარებლობას (ტოლერანტობას). ყოველივე ეს იყო და არის ისტორიულად მიმდინარე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და რწმენის ხელოვნურად ძირის გამოთხრა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 25.6—1.7.04. გვ. 12-13).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასულიერო პრესაში გამოკვეთილია ქართველთა გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის იდეა, რომელიც კიდევ ერთხელ გაჟღერდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ნინოობის დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში: „მარად უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენს ქვეყანას მიანიჭა დიდი მადლი… სწორედ ამ მადლისა და წყალობის გამო, რაც ეპატიება სხვა ერებსა და ქვეყნებს, არ ეპატიება საქართველოს. ქართველ ადამიანს არ ეპატიება ურწმუნოება, მწვალებლობა. სექტანტობა უდიდესი ცოდვაა. ესაა ღალატი სჯულისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 4-10.6.04., გვ.6).
ამ თვის პერიოდიკა ნაკლებ ყურადღებას უთმობს პროტესტანტიზმს და კრიტიკის ქარცეცხლში კათოლიციზმს ატარებს.
კათოლიკური ეკლესიის უხეშ ცდომილებად მიიჩნევა ის, რომ კათოლიკეთა აზრით ადამიანის სულის ცხონება მხოლოდ ღვთის წყალობაზე კი არა, ადამიანის ნებასა და მის ქმედებაზეც არის დამოკიდებული: „კათოლიკები ფიქრობენ, რომ საუკუნო ნეტარება და ზეციური სასუფეველი სათნო ცხოვრებისათვის ღვთისგან ადამიანებს მიენიჭებათ როგორც კუთვნილი, როგორც ისეთი რამ, რაც ადამიანს შეუძლია მოითხოვოს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. როგორი წმიდა და მართალიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მაინც არ შეუძლია თქვას, რომ დაიმსახურა ზეციური სასუფეველი. პირიქით, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ თუ მიენიჭა საუკუნო ნეტარება, ეს მოხდა არა მისი დამსახურებისათვის, არამედ ღვთის აურაცხელი მოწყალების გამო.“ („აღსავალი“№10, 12.6.04., გვ.14)
კათოლიკური ეკლესიისადმი უკიდურესად კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს გაზეთი „ერი და ბერი“. გაზეთის 2004 წლის მერვე ნომერი თითქმის მთლიანად ეძღვნება კათოლიციზმისა და ეკუმენიზმის განქიქებას.
პუბლიკაცია „ეკუმენიზმის ანტიქრისტიანული არსი და მიზნები“ (გვ. 3-4), რომელიც კათოლიციზმს ვატიკანის II კრების კონტექსტში განიხილავს („ვატიკანის II კრების დოქტრინამ პაპიზმი ნეოწარმართობად აქცია“ - ციტატა ტექსტიდან), კითხვა-პასუხის ფორმა აქვს:
კითხვა: კათოლიკეთა სარწმუნოება გვევლინება თუ არა წარმართობის სრულიად ახალ სახეობად, თუ მას ანალოგი აქვს?
პასუხი: თანამედროვე რომაული კათოლიციზმის უშუალო წინამორბედია ნეოინდუიზმი, რომელიც მე-19-ე საუკუნეში აღმოცენდა. თვითონ კი მისი ნაირსახეობაა. ნეოინდუიზმი თვლის, რომ ინდუისტებიც, მუსლიმანებიც, ქრისტიანებიც და აგრეთვე ყველა სხვა რელიგიათა წარმომადგენლები ეთაყვანებიან ერთსადაიმავე „ღმერთს“, რომელსაც მრავალი სახელი აქვს, რომ მსოფლიოს ყველა თანამედროვე საღვთო წერილი მეტყველებს ერთსადაიმავე „ღმერთზე“, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: აბსოლუტური ყოფიერება, ან შივა, ან კრიშნა, ან ალაჰი, ან ქრისტე და ა.შ... ეს საფუძვლად დაედო საერთო რელიგიურ ეკუმენიზმსა და ლათინოპაპისტთა სწავლებას… 1893 წ. რელიგიათა ჩიკაგოს მსოფლიო კონგრესზე სვამი ვივეკანანდამ წამოაყენა იდეა - შეიქმნას მსოფლიო უნივერსალური რელიგია. ეს საფუძვლად დაედო საერთო რელიგიურ ეკუმენიზმსა და ლათინო-პაპისტთა სწავლება.“
„კათოლიციზმი, - აგრძელებს ანონიმი ავტორი, - ქრისტიანობას აქტიურად ანგრევს შიგნიდან; ჭეშმარიტი ღმერთის (ყოვლად წმინდა სამების და იესო ქრისტესი) და მისი გამოცხადების წინააღმდეგ ბევრად უფრო ეფექტიანად იბრძვის ვიდრე სხვა არაქრისტიანული რელიგიები… რომაული კათოლიციზმის ჭეშმარიტი მიზანია შექმნას მსოფლიო უნივერსალური რელიგია, რაც საფუძველს შექმნის ანტიქრისტეს რელიგიისათვის, და რომელიც მსოფლიოს ყველა ძირითად რწმენათა განმაზოგადებელი კონგლომერატი იქნება. შექმნას ერთიანი მსოფლიო უნივერსალური ეკლესია პაპის მეთაურობით, სადაც თაყვანისცემა მოხდება სხვადასხვა ღმერთისადმი“.
კათოლიციზმის განქიქებიდან ავტორი ეკუმენიზმზს უტევს, რომელიც, მისი აზრით, კათოლიციზმის განაყოფია:
კითხვა: რა არის ეკუმენიზმის ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები?
პასუხი: ვატიკანისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები ერთიდაიგივეა - შეიქმნას მსოფლიოს უნივერსალური წარმართული რელიგია და ანტიქრისტეს ეკლესია. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მართლმადიდებლობის ერთიანობის დარღვევა და მოშლა. (თუმცა, მანამდე ტექსტში აღნიშნულია, რომ ვატიკანი ოფიციალურად არაა ემს-ს წევრი.)
ამავე პუბლიკაციაში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ ეკუმენიზმის იდეები გარკვეული სიმპატიით სარგებლობენ მართლმადიდებელ მრევლსა და მოძღვრებს შორისაც კი: „თუ დავეყრდნობით, ერთი მხრივ, ეკუმენისტური მოლაპარაკებების კონფიდენციალურ ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის ცრუ „რელიგიური სიახლოვის“ პროპაგანდას, აგრეთვე სასულიერო აკადემიის მსმენელთა ეკუმენისტური პროგრამით მომზადებას, პროკათოლიკურად განსწავლული და განწყობილი არამდგრადი მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ერისკაცთა ფართო ფენის ფორმირებას, შეიძლება ვივარაუდოთ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკ-ლესიათა პოზიციების „დაახლოების“ შესაძლებლობა. ამგვარი „დაახლოების“ შესაძლებლობა გაზეთში ყოველმხრივ იგმობა.
საინტერესოა ამავე გაზეთის მეორე გვერდზე მამა არჩილ მინდიაშვილის კომენტარი: «დღეს ზოგიერთი ცდილობს ჩვენი ეკლესია ე.წ. ეკუმენისტურ საბჭოში მიაბრუნოს. ვისაც ეს ეზმანება, მინდა ვუთხრა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაფუძნებულია კლდეზე სარწმუნოებისა და არა ზოგიერთი ადამიანის ახირებასა და მცდარ შეხედულებებზე. მადლობა უფალს, რომ ასეთების ხელში არაა სადავეები ივერიის ეკლესიაში და არც არასოდეს იქნება“.
გაზეთის იგივე ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილია ამა წლის იანვარში კათოლიკურ ტაძარში ჩატარებული ეკუმენური ლოცვის დროს გადაღებული ფოტო. სხვა ქრისტიანული კონფესიების მღვდელმსახურთა შორის ამ ფოტოზე მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან აღბეჭდილნი. ფოტოს ორი წარწერა ახლავს: 1. (მსხვილი შრიფტით) უკანასკნელი გაფრთხილება მორჩილების დამრღვევებს; 2. ეკუმენისტურ (მწვალებლურ) ლოცვაში მონაწილე მღვდლები: ბასილ კობახიძე, ზაზა თევზაძე, გიორგი ჩაჩავა.
სათაურით „ვატიკანის მიზანმიმართული პროექტი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“ გაზეთის მე-5 გვერდზე გამოქვეყნებულია იმ ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შარშან ვატიკანსა და საქართველოს შორის უნდა დადებულიყო.
![]() |
1.2 ურთიერთობა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მიმართებაში, აშკარად იკვეთება რუსული და ბერძნული ავტოკეფალური ეკლესიების მიმართ კეთილგანწყობის ტენდენცია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ნათარგმნი პუბლიკაციების უმეტესობა რუსულიდან ან ბერძნულიდან ითარგმნება. ამასთან, ჩვენი საეკლესიო პერიოდიკა მაქსიმალურად ერიდება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებულ პრობლემებზე საუბარს და უპირატესად ინფორმაციული ხასიათის მასალებით შემოიფარგლება.
ინტერვიუ დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან სათაურით „ივერიის ღვთისმშობელს უკვე ველოდებით საქართველოში“ ეხება საქართველოს ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს საბერძნეთში, რომელიც ა.წ. 13-24 მაისს შედგა. დეკანოზი ზვიადაძე უსაფუძვლოს უწოდებს „ზოგიერთი პიროვნების“ მიერ გავრცელებულ აზრს, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ პატრიარქსა და ელადის ეკლესიის მეთაურს შორის არსებული უთანხმოების ფონზე ეს ვიზიტი
საბერძნეთის ეკლესიის აშკარა მხარდაჭერა იყო. მისი სიტყვებით, „ვიზიტი თვეებით ადრე დაიგეგმა, მაშინ როდესაც არავითარი უთანხმოება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს პირველსა და ელადის ეკლესიის მეთაურ ქრისტოდულოსს შორის არ არსებობდა“
(„აღსავალი“ 5.6.04., №9, გვ. 5-8).
![]() |
1.3 თანამედროვე ეპოქის დახასიათება; გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეთავში „გლობალიზაცია“ ჩვენ განვიხილეთ სტატიები (ძირითადად, რუსულიდან ტარგმნილი), რომლებიც ეხება ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს მიუხედავად იმისა, რომ თვით პუბლიკაციების ავტორები ამ ტერმინს პრაქტიკულად არ იყენებენ.
გვხვდება პუბლიკაციები, რომელთა ავტორები ცდილობენ „მართლმადიდებლურ ანტიგლობალიზმს“ საფუძვლად დაუდონ ე.წ. „დროის სულის“ ფილოსოფიურ-თეოლოგიური კონცეფცია და პრეტენზია აქვთ რესპექტაბელობაზე (კერძოდ, არ ხმარობენ ტერმინს „ჟიდომასონური შეთქმულება“).
მაგალითისთვის, არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის წერილი „დროის სულის შესახებ“ შეიძლება გამოვყოთ: „ჩვენს ქაოსურ თანამედროვეობაში ერთი ღვთაება სულ უფრო მეტად ავიწროებს დანარჩენ ... ეს ღვთაება არის დროის სული. მის წინაშე დღედაღამ მუხლს იყრიან გატანჯული ადამიანები და მსხვერპლად მიაქვთ სინდისი, სული, სიცოცხლე და გული. მას ჰყავს თავისი ფანატიკოსი ქურუმები, რომლებმაც საბრალო ქვეყანა აქციეს სამსხვერპლოდ. იგი თავის თავში მოიცავს თანამედროვე ცხოვრების ყველა წინააღმდეგობას, კულტურასა და ცივილიზაციას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას, კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს. დროის სული პიროვნებას თავისი თვითმპყრობელური ტირანიით ბორკავს, მექანიზირებულს ხდის: „შენ ჭანჭიკი ხარ თანამედროვეობის მგრგვინავ მექანიზმში, და იარსებე როგორც ჭანჭიკმა. ფატალიზმში განფენადი დეტერმინიზმი, აი ის საშუალება, რომლითაც ბატონობს დროის სული.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 4-10.6.04., გვ. 15).
გაზეთის „აცხოვნე სული შენი“ფურცლებზე ვხვდებით მოსაზრებას, რომ „XX საუკუნის II ნახევრიდან მასონობის ცენტრმა ევროპიდან ამერიკაში გადაინაცვლა. მას მხარს უმაგრებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მასონობა ესაა მსოფლიო შეთქმულება. ქვეყნებსა და სახელმწიფოებს მართავს „ფარული ხელი“ (23 კაცისგან შემდგარი საიდუმლო მთავრობა). მან გაანადგურა მონარქია, შექმნა კომუნიზმი, მანვე მოსპო იგი, იბრძვის ქრისტიანობის წინააღმდეგ… ამერიკანიზმი არის სულიერების, ჰეროიკისა და სილამაზის სიკვდილი და გახრწნა… შემოქმედება, შთაგონება - არც ერთი ამათგანი არ მიუცია ამ ქვეყანას მსოფლიოსთვის. კინოგარყვნილება, აფრიკელი ველურებისგან ნასესხები როკ-მუსიკა…“ („ვინ არის ჯორჯ სოროსი?!“, „აცხოვნე სული შენი“ №4, გვ. 9).
გაზეთი გვაუწყებს, რომ მასონების გრძელი ხელი საქართველოსაც მიწვდა: „მკითხველს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მასონობის, საქართველოს ამ მიხაკისფერი ჭირის შესახებ… 2003 წლის 2 ნოემბრიდან ხდება მართული პროცესი და მის უკან დგას ფარული ხელი და მსოფლიო თაღლითი, მასონთა ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი ჯორჯ სოროსი. აშშ-ს ჰეგემონიის ქვეშ ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება რუსეთის და საქართველოს (კავკასიის) წინააღმდეგ. იგი იქმნება რუსეთის ანგარიშზე და მის ნამსხვრევებზე. მსოფლიოს ფარდისმიღმიერთა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას შეადგენს ეროვნული მთავრობების ლიკვიდაცია და მათ ადგილას იუდევურ-მასონური მმართველი რეჟიმების შექმნა.“
გაზეთი მზა რეცეპტსაც გვთავაზობს მასონების დასამარცხებლად: „სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღვთაებრივი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლის შუქზე უნდა შემოწმდეს ნებისმიერი, თუგინდ ერთობ მომხიბლავი თეორია. სხვაგვარი შეხედულება მოკლებულია საღ აზრს და ბნელეთის ძალებთანაა წილნაყარი. ანუ, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა იდეოლოგია თვინიერ მართმადიდებლობისა. …ამ იდეოლოგიის მთავარ მოწინააღმდეგედ ლიბერალიზმი აღიქმება“ (ხათუნა საგინაშვილი, „რა იდეოლოგიას ირჩევს ხელისუფლება ათეიზმის სანაცვლოდ - მართლმადიდებლობას, თუ ლიბერალიზმს?“, „აცხოვნე სული შენი“ №4, გვ. 9-10).
თავის დროზე რუსულ სლავიანოფილურ წრეებში ჩამოყალიბებული აზრი, რომ დასავლეთმა დაკარგა ჭეშმარიტი სულიერება და ასეთის მატარებლად მართლმადიდებელი სამყარო რჩება, ჩვენს რელიგიურ პუბლიკაციებშიც აისახება. კერძოდ, მღვდელ-მონაზონ სერაფიმე (როუზის) რუსულიდან თარგმნილ წერილში „თანამედროვე მართლმადიდებლების შესახებ“ ვკითხულობთ: „დასავლეთში, უეჭველია, ღვთის მადლი უკვე მრავალი საუკუნის წინ დაკარგეს - ჩვენს თანამედროვე კათოლიკებს და პროტესტანტებს წარმოდგენაც კი არასდროს ჰქონიათ ღვთის მადლზე. ამიტომაც რა გასაკვირია დემონური იმიტაციის გამოცნობა რომ ვერ შეძლონ.“ („თანამედროვე მართლმადიდებლობის შესახებ“, „აცხოვნე სული შენი“, №4, გვ. 2).
![]() |
1.4 შიდასაეკლესიო ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
ის, რომ გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ (№20, 4-10.7.04) ბეჭდავს დეკანოზ ბასილ კობახიძის ინტერვიუს (გამოქვეყნდა ჟურნალში „კაკადუ“) მცირე ფრაგმენტს სათაურით „კაცი, რომელსაც ღვთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხვენოდა“, შეიძლება იმის მინიშნებად ჩავთვალოთ, რომ ისევ მზადდება მისი სასულიერო წოდებიდან განკვეთა. საქმე ისაა, რომ გაზეთის გარეკანზე გამოტანილია თვალშისაცემი სათაური „ვინ ქადაგებს ერესს“ იმ გვერდის მითითებით, რომელზეც დაბეჭდილია ჩარჩოში მოთავსებული ეს ფრაგმენტი:
„კითხვა: თავსაფრის ინსტიტუტი საიდან იღებს სათავეს?
პასუხი: მოციქული პავლე ამბობს, რომ ქალმა თავზე უნდა დაიფაროს .. პირადად მე არ ვეთანხმები ამ აზრს ისევე, როგორც არ ვეთანხმები აზრს, რომ მონა უნდა შეეგუოს თავის ბედს და ხმა არ ამოიღოს. ესეც ხომ უწერია მოციქულ პავლეს?! მოციქული პავლე, ასე ვთქვათ, ღმერთი არ არის, ის წერს თავის შეხედულებებს, რომლებიც შეიძლება არც გაიზიარო“.
კითხვა: ხომ არ იწყება ფიქრი რამე რეფორმებზე თუნდაც დოგმატიკის საკითხებში?
პასუხი: ასეთი ფიქრი ადრე წარმოუდგენელი იყო. ახლა კი ვნახოთ.“
ყურადღებას იმსახურებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელიც აქამდე სასულიერო აკადემიის რექტორობას ითავსებდა, აკადემიისა და სემინარიის მსმენელებს და ლექტორებს ახალი რექტორი წარუდგინა - ახალციხის და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე). ახალი რექტორი ადრე საპატრიარქოს საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ადგილი ახლა პატრიარქის ყოფილმა მდივანმა დეკანოზმა ზაქარია მაჩიტაძემ დაიკავა, ხოლო პატრიარქის მდივნად დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი დაინიშნა. („საპატრიარქოს უწყებანი“ 11-17.7.04., გვ. 5).
![]() |
1.5 ეკლესია და სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის გადაწყვეტილებამ თბილწყალკანალის 25 წლით ფრანგული კომპანიისთვის მართვაში გადაცემის თაობაზე საპატრიარქოს უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. „საპატრიარქოს უწყებანში“ (11-17.7.04., გვ. 6) გამოქვეყნებულ საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია: „მოსახლეობის უმრავლესობა გადახდის უუნაროა, ... ის ხალხი, ვინც ვერ გადაიხდის სათანადო საფასურს, დარჩება წყლის გარეშე“. მოყვანილია სხვა არგუმენტიც: „წყალი დღესაც არის მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული ნედლეული, რომელზეც მოთხოვნილება ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება ნავთობის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც გაუტოლდეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს უდიდესი ეროვნული სიმდიდრე მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებასა და მმართველობაში უნდა იყოს“.
![]() |
1.6 ნათლობა აჭარაში |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანში“ (№20, 4-10.7.04) განთავსებული ინფორმაცია სათაურით „ნათლობა აჭარაში“ გვამცნობს, რომ აჭარის სოფელ ზვარეში ჩატარდა საზეიმო წირვა, სადაც ათასამდე აჭარელი მოინათლა.
![]() |
1.7 მოძღვარი და მრევლი |
▲ზევით დაბრუნება |
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მოუწოდებს მრევლს „უკიდურესი უმწეობისკენ და უძლურობისკენ“: „ადამიანი ღრმად უნდა დარწმუნდეს თავის უძლურობაში... ის მთლიანად უნდა მიენდოს თავისი მოძღვრის ნებას, როგორც ქვა მოქანდაკის ხელებს ან თიხა მექოთნეს (რა თქმა უნდა, თუ მოძღვრის სწავლება არ ეწინააღმდეგება სახარებისეულ ცნებებს, რომლებიც მარადიულნი არიან).“ („კანდელი“ 25.6.-1.7.04., გვ. 8).
ამ საკითხისადმი ოდნავ განსხვავებული მიდგომა გვხდება არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) რუსულიდან თარგმნილ წერილში „მღვდელმსახური და აღსარება“: „სულიერი მამობა არის სიყვარული, და არა ძალაუფლება... სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას სულიერი დიქტატურის ელფერი არ უნდა დაჰკრავდეს. სულიერი მოძღვარი სულაც არ არის „სულიერი დირექტორი“, როგორც ასე ხშირად მოიხსენიება ლათინებთან. მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს მოძღვრის ძალაუფლება და მისდამი მორჩილების მომენტიც.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, 4-10.6.04, გვ. 16-17).
![]() |
1.8 მედიისადმი დამოკიდებულება |
▲ზევით დაბრუნება |
გარკვეული ადგილი ეთმობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კრიტიკას. „კანდელი“ ეხმიანება ამ თემას სტატიით „სიძვა“, რომელშიც ვკითხულობთ: „არ შეიძლება დღევანდელობაში ადამიანი უყურებდეს ტელევიდეო თუ რადიო გადაცემებს (სერიალებს, ფილმებს, კლიპებს თუ ჩანაწერებს) და არ იყოს ამ მძიმე ცოდვის თანამდები, რადგანაც 95 პროცენტი დროისა, რომელსაც ჩვენ ამ გადაცემებს ვუთმობთ, სიძვის, ვნების წარმომშობს, ან მის გასამართლებელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზეა გათვლილი.“ („კანდელი“,№22, 4-10.6.04., გვ. 4).
სასულიერო პერიოდიკის სიმპატიას ვერც საზღვარგარეთული მულტფილმები იმსახურებენ. „ქართველი ბავშვები არაქართული ცნობიერებით იზრდებიან. დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის შთამომავლობამ „ტელე-ღიპუცებს“ უნდა უყურონ. ანარადა გადართონ სხვა უცხოურ ტელეარხებზე, სადაც იწყება სრული ტრაგედია: „ტრანსფორმერები“, „სიმფსონები“, „ჯიბის მონსტრები.“ (ია გინგლაძე, „ფრთხილად! მულტფილმები. ანუ საშიში ზონა“, „აცხოვნე სული შენი“, №4, გვ. 7).
![]() |
2 სასულიერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
მაისის თვის სასულიერო პრესაში, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა კურთხევით გამოდის, კვლავ დომინირებს მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად გამოცხადების მცდელობა. ასევე კვლავ დიდი ყურადღება ექცევა ქართველი ხალხის განსაკუთრებულობას და მის მესიანურ როლს. მაგალითად, „საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს კათოლიკოს პატრიარქის საკვირაო ქადაგების ტექსტს, რომელშიც ნათქვამია: „როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რა არის ქართული იდეა, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქართველი ერის დანიშნულებაა, იქადაგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ვიცით სახარებიდან, რომ უკანასკნელ ჟამს ყველგან დაეცემა რწმენა, ზნეობა, საქართველო კი ღვთის მადლითა და წყალობით გაბრწყინდება და ჯილდოდ ამისა, როგორც დიდი მამა და მოღვაწე იოანე-ზოსიმე ამბობს, მეორედ მოსვლის ჟამს მთელი ქვეყნიერება განიკითხება „ქართულითა ენითა“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №18, 21-27.05.04).
ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური განწყობა დომინირებს „ერი და ბერის“ და „საპატრიარქოს უწყებანის“ მაისის ნომრებში. მკითხველს კვლავ მოუწოდებენ „უხილავი მტრის“ წინააღმდეგ გასაერთიანებლად: „ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილ და წამლეკ იდეოლოგიებს (საუბარია ლიბერალიზმზე). ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმრთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღვუდგეთ ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერთიანდით ღვთის გულისათვის!“ („ერი და ბერი“, №7, 2004წ.)
შედარებით ლიბერალური შეხედულებებია გადმოცემული ჟურნალ „კარიბჭის“ მაისის ნომერში. საკმაოდ საინტერესოა, რომ წინა გამოცემებისგან განსხვავებით, გაზეთი „კანდელი“ ძირითადად ისტორიული საკითხებისა და წმინდანთა ცხოვრების მიმართ იჩენს ინტერესს.
![]() |
2.1 გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ მაისის ნომრები კვლავ გაჟღენთილია საბრძოლო განწყობით “უხილავი მტრის” წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ერის დეგრადაციასა და მისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების წართმევას: „ღმრთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, თუმცა მცირე ხნით. მაგრამ ანტიქრისტე იქ ვერ გამეფდება, საყდარს ვერ განიმტკიცებს.“ (ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი. „საპატრიარქოს უწყებანი“, №16, 7-13.05.04). ან კიდევ: „ჩვენი ეკლესია ეროვნულია, სწორედ ამიტომ ებრძოდა მტერი უპირველეს ყოვლისა ეკლესიას, რათა ხერხემალში გაეტეხა საქართველო... ძლიერი საქართველო თავისი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებით!“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №17, 14-20.05.04).
ამავე გაზეთის რედაქტორი, ზურაბ ცხოვრებაძე ეხმაურება გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (30 აპრილი - 6 მაისი) დაბეჭდილ სტატიას, რომლის ავტორიც (ზურაბ დგებუაძე) განიხილავს ეკლესიაში არსებული პრობლემებს: „პერესტროიკის“ ეპოქაში კომუნისტური იდეოლოგიის წნეხისგან გამოთავისუფლებული საზოგადოებრივი ენერგია სტიქიურმა ეროვნულმა იდეოლოგიამ მოიცვა, რაც 9 აპრილის ტრაგედიითა და სისხლიანი სამოქალაქო ომით დასრულდა. იმედგაცრუებული და სასომიხდილი ერი კვლავ სარწმუნოებას დაეწაფა. სამწუხაროდ, რეპრესირებული და დასუსტებული მართლმადიდებლობა მზად არ აღმოჩნდა, სულიერი წინამძღოლის მისია ეკისრა. რელიგიური ცხოვრება ძირითადად ახალი ეკლესიების მშენებლობითა და მასში მომრავლებული მრევლის წირვა-ლოცვით შემოიფარგლა, ზნეობა კი უცვლელია“.
„საპატრიარქოს უწყებანის“ რედაქტორი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას: „რამდენად იყო მზად იმდროინდელი და, თუნდაც, დღევანდელი საქართველო, რომ ეკლესია და მისი წინამძღოლი თავის სულიერ წინამძღოლად“ ეგულა. ამასთანავე ზურაბ ცხოვრებაძე თვლის, რომ ეკლესიების მშენებლობა დადებითი მოვლენაა და აუცილებელია ამ პროცესში მთელი საზოგადოების ჩართვა: „ყოველი ახალი ტაძარი არის ლახვარი ბოროტისათვის, ეშმაკისათვის... ძალიან ბევრი ადამიანი ჯერჯერობით არ ცხოვრობს ეკლესიურად ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. კრიტიკოსები ვერ იაზრებენ, რომ ინტენსიურ ეკლესიურ ცხოვრებაში უნდა ჩაებას მთელი ერი, ეს უბრალოდ სასურველი კი არაა, არამედ აუცილებელია“. („საპატრიარქოს უწყებანი“, №17, 14-20.05.04)
მართლმადიდებლობაზე, როგორც ერთადერთ ჭერმარიტ სარწმუნოებაზე საუბარი კვლავ გრძელდება „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში: „ამ ცეცხლმა სულ ცოტათი მაინც დაწვა ჩვენი მანკიერი მიდრეკილებების ფესვები“... სტატიაში საუბარია დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის შთაბეჭდილებებზე, რომელიც მან იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის დროს მიიღო: „ალბათ, ვერ შევძლებ იმის აღწერას, რა განცდაა, როდესაც ცეცხლი გადმოდის. ხშირად მიფიქრია იმის შესახებ იქ შეკრებილი ამდენი სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანი რატომ არ იღებს მართლმადიდებლობას, როცა ხედავს, რომ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში გადმოდის ეს ცეცხლი.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №16, 7-13.05.04).
მართლმადიდებლობის, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად გამოცხადების მცდელობაა ასევე სტატიაში - „ვინ გადარჩება და ვინ მოხვდება სამოთხეში?“, სადაც ნათქვამია, რომ გადარჩებიან „მხოლოდ ისინი, ვისაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი. ისინი, ვინც მართლმადიდებელი ქრისტიანობის წიაღში იმყოფებიან. დანარჩენი ყველანი - ებრაელები, სომხები, კათოლიკები, პროტესტანტები - ტანჯვამოსილნი არიან.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №18, 21-27.05.04).
ამავე თემას ეხება სტატია - „ათონის მთიდან დანახული ეკუმენიზმი“, სადაც საუბარია ეკუმენურ მოძრაობაზე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის უარმყოფელ მოძრაობაზე: „ეს „ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას. ამრიგად, ეკუმენიზმი და დიალოგები, რომლებიც ესწრაფვიან საერთო თანხმობას ორმხრივი დათმობებით და კომპრომისებით, არ შეიძლება იქნას შეწყნარებული.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №19, 28.05-03.06.04).
საინტერესოა, რომ „საპატრიარქოს უწყებანის“ სხვადასხვა ნომრებში, ზოგჯერ ერთსა და იმავეშიც კი, ურთიერთგამომრიცხავი პრინციპები და შეხედულებები გვხვდება. დროდადრო გაზეთი შედარებით უფრო ლიბერალური ხდება და სხვა კონფესიებისა და კულტურების მიმართ ტოლერანტობაზე იწყებს საუბარს. იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი გაგა შურღაია თვლის, რომ ქართულ ეკლესიაში შექმნილი პრობლემების მთავარი მიზეზი მისი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულობაა: „დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ორსაუკუნოვან იზოლაციაზე, მაგრამ სამწუხაროდ, კულტურულ მსოფლიოსთან ჩვენი იზოლაცია გაცილებით დიდი ხანია გრძელდება... ამდენად, ჩვენ გვაქვს ობიექტური სირთულე იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან გამოვნახოთ ურთიერთობის თანამედროვე, ცივილიზებული ფორმები... ჩვენ, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს სხვასთან საუბარი.“ („მე ვარ მართლმადიდებელი, დავიბადე მართლმადიდებლურად და ასეც მოვკვდები“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №18, 21-27.05.04).
მართლმადიდებლობის იზოლაციას დანარჩენი სამყაროსგან უარყოფს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც საბერძნეთში ვიზიტის დროს განაცხადა: „არსებობს გავრცელებული აზრი, თითქოს არსებული პრობლემები ტექნიკური პროგრესის შედეგია. ეს არაა სწორი. სინამდვილეში ისინი სულიერების ნაკლებობამ წარმოშვა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. სინამდვილეში კი იგი ყველასთვის გახსნილია და თავის თავში მთელ სამყაროს იტევს.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №18, 21-27.05.04)
ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქი კულტურულ ინტეგრაციასა და მიღწევების ურთიერთგაცვლას უჭერს მხარს: „ყველა აღიარებს, რომ საქართველოს ეკლესიას ძალიან დიდი დამსახურება ჰქონდა წარსულში. მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაკლები და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მას დღეს, როცა მიმდინარეობს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი. დღეს, როდესაც მკვეთრად იჭრება უცხო ქვეყნების კულტურა და ფსევდოკულტურა, ეს ტალღა განურჩევლად არ უნდა მივიღოთ, რადგან იგი წალეკვას უქადის ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს. რა თქმა უნდა, რაც კარგი და მისაღებია, უნდა მივიღოთ აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც, მაგრამ ბევრი რამ, რაც მიუღებელია და ფსევდოკულტურას წარმოადგენს, უნდა დავგმოთ და განვეშოროთ, ამის გარჩევა ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს. („საპატრიარქოს უწყებანი“, №16, 7-13.05.04).
„საპატრიარქოს უწყებანის“ №16-ში გამოქვეყნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე მიღებული მიმართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიმართვა 9 პუნქტისაგან შედგება და მისი მთავარი პრინციპი ასეა ჩამოყალიბებული: „საქართველოს ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონს.“ ამავე მიმართვაში საპატრიარქომ წამოაყენა შემდეგი წინადადებები: „შეწყდეს ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები; საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიის მეთაურს და მის მხარდამჭერთ მისცეს უსაფრთხოების გარანტია; შეიქმნას კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემურ საკითხთა მოგვარებას; აჭარაში მიმდინარე მოვლენებისა თუ სხვა მტკივნეული საკითხების გაშუქებისას მასმედიის წარმომადგენლებმა უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება.“
საერო საქმეებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვის კიდევ ერთი ფაქტი გაშუქდა „საპატრიარქოს უწყებანის“ №17-ში: „თბილისის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტისადმი ერთგულებაში ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალი თბილისში, სამგორის ქუჩაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართა.“
სასულიერო პრესაში კვლავ აქტუალურია სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების შემოტანის საკითხიც. სტატიაში: „სექსუალური აღზრდა თუ აღვირახსნილობა“, დეტალურადაა განხილული მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც „სასწავლო დაწესებულებებში 2007 წლამდე ახალგაზრდობის 90%-ში უსაფრთხო სექსის ჩვევების დამკვიდრებას ისახავს მიზნად, სკოლაში „სასიცოცხლო უნარების სწავლება“ განხორციელდება 240 სკოლაში, დარიგდება 250 000 ბუკლეტი, ხოლო 400 პედაგოგი ტრენინგის კურსებს გაივლის; ახალგაზრდობის რაოდენობა, რომლებიც პრეზერვატივებს მუდმივად ხმარობენ, უნდა გაიზარდოს 60%-მდე.“ სტატიის ავტორი, გიორგი ყიფიანი თვლის, რომ ამ პროექტის ზეგავლენით „ახალგაზრდობის ყურადღება, ნაცვლად სწავლისა და შემეცნებისა, გადატანილ იქნება სქესობრივ აქტივობაზე“; ავტორი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლის აქტიურ ნაწილს „პირადი ინიციატივა“ გამოიჩინონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდობის მომავლის განსაზღვრაში.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, კერძოდ საგანმანათლებლო კურსიდან ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოებების ამოღებას ეხება სტატია „ქართული აგიოგრაფიული მწერლობა - ეროვნული კულტურის უნიკალური ძეგლი!“. ამ სტატიაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შეშფოთებას გამოთქვამს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით. სტატიაში გამოთქმულია აზრი, რომ ქრისტიანობისათვის თავდადებულ წმინდანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თხზულებები „არის ეროვნული ცნობიერების ცხოველმყოფელი წყარო, სულისა და ხორცის ერთობლივად მაცოცხლებელი. და რა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ღირებულებები შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მომავალ თაობებს, თუ ამ ცხოველმყოფელ წყაროს დავუხშობთ, თუ სკოლის მერხიდან არ დავაწაფებთ მას?“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №19, 28.05.-03.06.04).
![]() |
2.2 გაზეთი „აღსავალი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „აღსავალში“, ისევე როგორც სასულიერო პრესის სხვა გამოცემებში, არის მცდელობა მკითხველს დაუმტკიცონ მართლმადიდებელი ეკლესიის აღმატებულება და „რჩეულობა“ სხვა კონფესიებთან შედარებით. გაზეთის №5-ში ყურადღება კათოლიკურ ეკლესიაზეა გამახვილებული. აქ გამოქვეყნებულ სტატიაში - „კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო“ - ნათქვამია, რომ „მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმინდად და შეურყვნელად... კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმინდა ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი“ („აღსავალი“,№5, 8.05.04).
„აღსავლის“ 8 და 15 მაისის გამოშვებებში საუბარია ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე. ამ თემას ეხება სტატია „აბორტი - ერის განადგურების გზა“. აქ დეტალურად არის განხილული ნაყოფის ხელოვნურად მოშორების გზები და ჩანასახის მგრძნობელობა: „ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია „მარილიანი ამინოცენთეზი“. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს იმ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში… აბორტი არ არის მათი (ქალების - რედ.) პირადი საქმე. ეს მაშინ იქნებოდა მათი პირადი საქმე, იგი მხოლოდ მათ პიროვნებას რომ ეხებოდეს. მაგრამ საქმე ეხება სხვა პიროვნებასაც - ბავშვის პიროვნებას. . .“ („აღსავალი“,№6, 15.05.04).
![]() |
2.3 გაზეთი „ერი და ბერი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთში „ერი და ბერი“ გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსთაველ გოგონას ხატებთან ერთად მირონი სდის“, ნათქვამია: „დღეს საქართველოში უამრავი ხატიდან წარმოდინდა მირონი, უამრავი სასწაული და მინიშნება გვაჩვენა და კვლავაც გვაჩვენებს უფალი, რათა დავინახოთ და ვირწმუნოთ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება - სწორი გზა უფლისკენ მიმავალი.“ ამავე ინტერვიუში ნათქვამია:
არის თუ არა ეს სასწაული მინიშნება იმისა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება?
რა თქმა უნდა.
ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ მართლმადიდებელ ოჯახში“... („ერი და ბერი“, №7, 2004 წ.)
გაზეთში კვლავ მრავლად იბეჭდება სტატიები, რომელთა ავტორები მსოფლიოს აღსასრულის მოახლოებაზე, ანტიქრისტეს გაძლიერებაზე, მის შეთქმულებასა და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ. სტატიაში „აპოკალიფსის ქარიშხალი ივერიას ემუქრება“ წერია: „დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო! ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა ართმევენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში… ახალი სახელმწიფო იდეოლოგია - ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სარწმუნოების საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს - „მარადიულ ღირებულებად“ ამკვიდრებენ.
ამ ახალი სახელმწიფო რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ზურაბიშვილები, ბუღაძეები... და მათ აყოლილი პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ. ჰყავთ დამკვრელური „კომკავშირული“ აგიტბრიგადებიც, სულ „კმარა“ რომ აკერიათ პირზე და მუშტებს გვიქნევენ.“
ამავე სტატიაში განხილულია სინდისის თავისუფლებაც: „რას ნიშნავს „სინდისის თავისუფლება“? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის გათავისუფლება? ის ხომ ჩვენს ნებას არ ემორჩილება!!... „თავისუფალი“ ხარ! ვაშა, შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!“
მომავალ მსოფლიო აღსასრულს და ანტიქრისტეს შეთქმულებას ეძღვნება ასევე სტატია „ასეთი დიქტატურა მხოლოდ ეშმაკს შეეძლო ესწავლებინა მათთვის“. სტატიის შესავალში ნათქვამია: „ჩვენს ირგვლივ მძვინვარებს რეალურად უკვე დაწყებული აპოკალიფსის ქარიშხალი, მართლმადიდებელი ქრისტიანები დემონთა უთვალავ ლეგიონებთან - ლუციფერის ამ დაცემული და განკვეთილი ანგელოსის ჯარებთან - გადამწყვეტი ბრძოლის ყველაზე ცხარე ადგილას იმყოფებიან... ეშმაკი ასრულებს თავის სტრატეგიულ ამოცანას - შურს იძიებს ღმერთზე.“ ეშმაკის მოციქულები კი, წერია შესავალში, არიან „მასონისტურ-სიონისტური პირამიდის მწვერვალზე მყოფი თალმუდისტ-ლუციფერისტები, რომლებიც მეთურობენ მსოფლიოს საიდუმლო მთავრობას.“ შესავალს მოსდევს ამონარიდი ათონელი ბერ-მონაზონი პაისის ინტერვიუდან, რომელიც გადმობეჭდილია ი. ვორონოვის წიგნიდან „Стук в Златые Врата“: „აი, ეს არის კიდევ მათი სატანური სისტემა, რომლის იქითაც იმალება სიონისტების დიქტატურა... სიონისტები, მასონები და სხვები წლობით მუშაობდნენ, რომ მსოფლიო დაეპყროთ... ამავე მიზანს ემსახურება კომპიუტერი „მხეცი“ ბრიუსელში. მათ თვითონ შეარქვეს მას „მხეცი“. მას შეუძლია ინფორმაციის შენახვა ექვს მილიარდ ადამიანზე. ახლა მსოფლიოში ცხოვრობს 4-5 მილიარდი ადამიანი და მას კიდევ აქვს რეზერვი. ექნებათ რა დოსიე ყველა ადამიანზე და მთელი ეკონომიკა თავიანთ ხელში მოქცეული, ანტიქრისტეს ბეჭდის საშუალებით ჩვენ კონტროლზე აგვიყვანენ... როცა პასპორტს ეშმაკის სიმბოლო აზის და მე ხელს ვაწერ, რომ ეს ჩემი პირადი პასპორტია, ეს უკვე არაა წვრილმანი საქმე და აქედან გამომდინარე, ამით მე ღმერთისგან განდგომას ვიქონებ.“ („ერი და ბერი“ №7, 2004 წ.)
იგივე თემას ეძღვნება სტატია „ცოდვის რეკლამა კანონით“, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს ზემოთ მოყვანილ ინტერვიუს. („ერი და ბერი“ №7, 2004 წ.)
![]() |
2.4 გაზეთი „კანდელი“ |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთი „კანდელის“ მაისის გამოცემები ძირითადად ისტორიული და აგიოგრაფიული ხასიათის მასალებს ბეჭდავს.
![]() |
2.5 ჟურნალი „კარიბჭე“ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალ „კარიბჭის“ თვის თემაა - „ღმერთი სიყვარულია“ და, შესაბამისად, სტატიათა უმრავლესობა ქრისტესა და მოყვასისადმი სიყვარულს ეხება. სტატიები „ჯერ არ დამიწერია წიგნი, რწმენის თემას რომ არ შევხებოდი“ და „მართლმადიდებლობა და ტექნიკური პროგრესი“ საკმაოდ ლიბერალური განწყობისაა. პირველი წარმოადგენს ინტერვიუს გივი ალხაზიშვილთან, რომელიც სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხს ეხება და ამბობს: „მთავარი ის გახლავთ, რომ მართლმადიდებლობის პროპაგანდა იძულებად არ იქცეს. მართლმადიდებლობა რელიგიაა, რომელსაც სწორედ ნების თავისუფლება, სიყვარული გამოარჩევს.“
მეორე სტატიის ავტორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, მღვდელი ბიძინა გაბუნია, სასულიერო პირთა უმრავლესობისგან განსხვავებით, თვლის, რომ ტელევიზორი, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი არ შეიძლება ჩაითვალოს ბოროტი საწყისის გამოვლინებად. ისინი ადამიანებს მუშაობასა და ინფორმაციის გაცვლაში ეხმარებიან. ერთადერთი პირობა მათი კეთილსინდისიერი გამოყენებაა: „ტელევიზორი ტექნიკის მიღწევაა. ის თავისთავად არც ცუდია და არც კარგი. მთავარია როგორ გამოვიყენებთ, რას მოემსახურება იგი. ტელევიზიით ხშირად უჩვენებენ ძალზე უხამს ფილმებს, რომელთა ცქერაც პიროვნებას ზიანს აყენებს... ვფიქრობ, ტელევიზორი კი არ უნდა უარვყოთ, არამედ სატელევიზიო გადაცემები უნდა მოვაწესროგოთ“.
სტატიის ავტორი კოსმოსის თემასაც ეხება და თვლის, რომ „სხვა ცივილიზაცია არ არსებობს. იმას, რასაც თქვენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს უწოდებთ, ეკლესია დემონურ ძალთა გამოვლინებად მიიჩნევს. ესენი დაცემული სულები არიან, რომელთაც კარგად იციან, რომელ ეპოქაში რა ხერხით გვაცდუნონ. კონტაქტი ნამდვილად არის, მაგრამ არა ჰუმანოიდებთან, როგორც მათ უწოდებენ, არამედ დემონებთან.“
რუბრიკებში „ერიდე ცრუ მოძღვრებებს“ და „საფრთხე“, საუბარია ეკუმენური მოძრაობიდან მომდინარე საშიშროებასა და კრიშნაიდების ცრუ სწავლებაზე. „კრიშნაიტები, არსებითად, წარმართები არიან. ისინი კრიშნას კერპს სცემენ თაყვანს და მსახურების საგანგებო რიტუალებიც აქვთ, რომლებშიც კერპის შემოსვა და მისთვის საკვების მირთმევაც შედის. შემდგომ ამ ნაკერპავს (პრასადს) კრიშნაიდები ჭამენ, რითაც ბნელი, დემონური ძალების თანაზიარნი ხდებიან, რამეთუ მათგან თაყვანცემული და განდიდებული კრიშნა სხვა არავინაა, თუ არა ბოროტი სული, დემონი.“
სტატიაში - „ეკუმენიზმი ფარულად ანგრევს მართლმადიდებლობას“ - საუბარია კოთოლიციზმის მცდელობაზე საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება ეკუმენური მოძრაობის საშუალებით. სტატიაში ნათქვამია: „ეკუმენიზმს არ უცდია, აშკარად დაენგრია მართლმადიდებლობა; ის ყოველთვის ცდილობდა, გაემართლებინა, შეფარდებითი გაეხადა, შეესუსტებინა რწმენის ჭეშმარიტება... რომის კათოლიკები დღეს შთაგონებულნი არიან ეკუმენურ-მასონური სტრატეგიით პირდაპირ არ შეუტიონ მართლმადიდებლობას. ისინი თავს მართლმადიდებლური ტრადიციის დიდ თაყვანისმცემლებად და დამცველებად აცხადებენ და უყვართ იმის თქმა, რომ ჩვენს შორის მხოლოდ კულტურული განსხვავებაა და რომ ცდილობენ, ისარგებლონ ჩვენი წმინდა ტრადიციის საუნჯით. რეალურად კი ჩანს ბატონობის სურვილი და დიდი პატივმოყვარეობა. აშკარაა, რომ არ შეიძლება, გვერდიგვერდ არსებობდეს, ერთი მხრივ, ჩვენი ტრადიციებით აღფრთოვანება და ზრუნვა ჩვენზე, როგორც „ძმებზე რწმენაში“ და, მეორე მხრივ, უნიტარიზმის მტკივნეული მოვლენა.“ („კარიბჭე“, 05.04).