The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №5 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №5 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივნისი, 2004 წ. პრესის მიმოხილვა. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ახალი 7 დღე, 11-17.06.04.
ანათემა მათ, ვინც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს!

გიორგი გაბაშვილის (1961-2001 წწ.) წერილის - „ეკუმენური მოძრაობის ინფერნალური ხასიათის“ მიხედვით მასალა მოამზადა თამარ ლაბაძემ

წერილი მიმართულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ემს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაბრუნების წინაღამდეგ. მისი რიტორიკა არაფრით განსხვავდება დღევანდელი მსგავსი თხზულებების რიტორიკისაგან - ემს ცხადდება „ქვეყნის ყველა სიცრუისა და მწვალებლობის ერთიან ფრონტად“ და „აპოკალიფსური ხასიათის მოვლენად“, ხოლო მასში გაწევრიანების მომხრეები, „ეშმაკის მსახურებად“. თავისი პოზიციის განსამტკიცებლად ავტორი იყენებს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის პირველიერარქის ვიტალის მკვეთრად ანტიეკუმენისტურ გამონათქვამებს. წერილი მთავრდება ანათემის ტექსტით, რომელიც წარმოთქვა რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის წმინდა სინოდმა ეკუმენიზმისა და მისი მიმდევრების მიმართ.

ახალი ვერსია, 7-13.7.04.
ლაშა გაბუნია
ღვთის ჭურჭელი, თუ ცრუ სასწაული?

რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ქუთაისელ ბიჭუნას თორნიკე ჯგერენაიას (რომლის შესახებ „ახალი ვერსია“ ა.წ. მაისში წერდა) ჯვრები და სტიგმატები სხეულზე ღვთის მადლით ესახება, გვაუწყებს ჟურნალისტი, და ამ თემაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის წინამძღვარს, მამა ალექსი (სინაურიძეს) ესაუბრება. მამა ალექსის სიტყვებით, „ანტიქრისტეს მოსვლამდე დედამიწაზე ცრუ სასწაულების რიცხვი მომრავლდება, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევართ ეს ვერ შეაცდენს“. რაც შეეხება თორნიკეს, მღვდელმსახური ეჭვობს, რომ მისთვის „მთავარი ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში ყოფნა კი არ არის, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენა“, ვინაიდან მიუხედავად ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს არაერთი დარიგებისა, ბიჭუნამ „იგრძნო რა საშიშროება, რომ მისი წარმოჩენა ეკლესიაში არ მოხდება, კათოლიკეთა მაგალითების მოყვანა დაიწყო… ანუ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, მართლმადიდებელი იქნება, კათოლიკე, თუ პროტესტანტი.“

ნინო ხარშილაძე
იეღოველები თბილისში კონგრესისთვის სასახლეს იშენებენ

გაზეთის იმავე გვერდზე მოთავსებულ სტატიაში აღწერილია, როგორ ყიდულობენ იეღოვას მოწმეები სახლებს თბილისის გარეუბნებში, როგორ ააშენეს მათ „სამეფო სახლი“ 500-კაციანი დარბაზითა და „საიდუმლო გვირაბით“ კონგრესების ჩასატარებლად და როგორ აშენებენ კიდევ ერთ უზარმაზარ სახლს 146-ე სკოლის ეზოში. „ყველაზე დიდი შტაბი მათ აეროპორტის დასახლების მე-13 და მე-14 ქუჩებზე აქვთ“, - წერია სტატიაში. მართლმადიდებლები, ავტორის ცნობით, ამ ქუჩაზე არც ისე ბევრია, „მაგრამ, ვინც დარჩა, ბავშვებს შიშით ქუჩაში ვერ უშვებენ - ეშინიათ არ გადაიბირონ... მათ გამგეობაში ქონიათ შეტანილი განცხადება, რომ სკოლის ეზოში ეკლესია აეშენებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.“

კომენტარისთვის სტატიის ავტორი ყოფილ პარლამენტარს გურამ შარაძეს მიმართავს, რომელიც ყვება, რომ გორიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ იეღოვას მოწმეები იქ „კონგრესს კონგრესსზე მართავენ, ადგილობრივი პოლიცია კი იეღოველებთან ქეიფობს და დროს ატარებს“. ბ-ნი გურამი თვლის, რომ მათი ასეთი გათამამება შემთხვევეითი არ არის - „ისინი ელოდებოდნენ მათთვის ხელსაყრელი ხელისუფლების მოსვლას“.

ხვალინდელი დღე, 8.6.04.
დალი ბჟალავა
რევოლუცია საპატრიარქოსაც გადაედო

4 ივნისს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში გამოსვლისას თბილისის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარმა გიორგი ჩაჩავამ ეკლესიაში მოქმედ გარკვეულ სასულიერო პირთა ჯგუფს და მათ მიერ მართვად „წმ. დავით აღმაშენებლის მრევლის კავშირს“ კათოლიკოს-პატრიარქსა და სხვა სასულიერო პირებზე ზეწოლაში დასდო ბრალი.

სტატია მოგვითხრობს, რა უძვღოდა ამ გამოსვლას და როგორ განვითარდა მოვლენები მის შემდეგ:

ტელეკომპანიის შენობიდან გამოსულ მამა გიორგი ჩაჩავას, მისი სიტყვებით, წმ. ნინოს ეკლესიის მოძღვარი დავით ქვლივიძე აედევნა და ეთერში გაკეთებული განცხადების განმარტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი მის მანქანას მანქანითვე გაჰყვა და მისი სავალი გზიდან გადაგდება სცადა.

ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მღვდელმა გიორგი ჩაჩავამ, დეკანოზმა ბასილ კობახიძემ და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მოძღვარმა ზაზა თევზაძემ „თავისუფლების ინსტიტუტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართულ ეკლესიაში რამდენიმე სასულიერო პირისგან შემდგარ რუსულ მეხუთე კოლონაზე“ ისაუბრეს და ზოგიერთი მათგანი დაასახელეს კიდეც, რასაც მცხეთა-თბილისის ეპარქიის მრევლმა ჟურნალისტთა სახლში საგანგებო შეკრებით უპასუხა. შეკრებაზე აღნიშნული პრესკონფერენციის მონაწილე სამი მღვდელმსახური მერკანტილურ გარიგებაში და მართლმადიდებლურ აღმსარებლობასთან ბრძოლაში დადანაშულეს.

ყოველივე ამის შემდეგ საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც კატეგორიულად გააფრთხილა ყველა სასულიერო პირი და მრევლის წევრი, რომ „კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის გარეშე განხორციელებული ქმედებები და საჯარო გამოსვლები, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ჰქონდა ადგილი და, სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში კიდევ უფრო გახშირდა, ყოვლად მიუღებელია და საეკლესიო დანაშაულს წარმოადგენს. თუ მსგავსი ქმედებანი კვლავაც გაგრძელდა, ასეთი პირების მიმართ გამოყენებული იქნება მკაცრი სასჯელი“

24 საათი, 8.6.04.
ნინო ცინცაძე
ბასილ მკალავიშვილი დაიჭირეს, გაუმარჯოს ბასილ მკალავიშვილს!

7 ივნისს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა და სასულიერო პირებმა პროტესტი გამოთქვეს წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარ გიორგი ჩაჩავას მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. „...საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი დამკვიდრდა. თუ ვინმემ თქვა, რომ საქართველოს ეკლესიას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა სხვა დენომინაციებთან, მას მაშინვე ემუქრებიან,“ - განაცხადა შეკრებაზე მღვდელმა გიორგი ჩაჩავამ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მამა გიორგი თანახმა იყო პატრიარქის წინადადება მიეღო და მღვდელ დავით ქვლივიძეს შერიგებოდა, მხოლოდ ერთი პირობით - თუ „წმ. დავით აღმაშენებლის მრევლის კავშირი“ აქტივობას შეწყვეტდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 5 ივნისს მამა დავით ქვლივიძე პატრიარქს მანიფესტაციებით დაემუქრა, მოგვიანებით კი მღვდლები დავით ქვლივიძე, ზურაბ ანთაძე, დავით ისაკაძე და სხვები პატრიარქს ეწვივნენ და „ძალის დემონსტრირებისთვის კი სიონის ტაძრის კარებში „დავით აღმაშენებლის საზიგადოების“ წევრები დააყენეს ...საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მამა გიორგი (ჩაჩავას) საქციელი დაგმო.“

ხვალინდელი დღე, 11.6.04.
თამარ ციბლაშვილი
რომის იმპერია დღესაც ცოცხალია?

10 ივნისს დმანელი ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მეუფემ განუმარტა სტუდენტებს, რომ ფანატიზმი მიუღებელია მართლმადიდებლური რწმენისთვის: „სასულიერო პირების მხრიდან, სამწუხაროდ, იკვეთება ფანატიზმისკენ მიდრეკილება. ისინი მრევლს და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ არის განწყობილი. შესაბამისად, ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი მათში აგრესიას იწვევს,“ - აღნიშნა ეპისკოპოსმა. მან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შესახებაც ისაუბრა და „გამომწვევი“ უწოდა იმ სასულიერო პირთა გამონათქვამებს, რომლებიც ემს-ს მწვალებლურ ორგანიზაციად ნათლავენ. „საქართველო გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან, მაგრამ სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა საბჭოში საპატიო ადგილი შეინარჩუნეს. შესაბამისად, მათაც ბრალს ვდებთ, რომ ჭეშმარიტების გზას ასცდნენ. ამგვარმა გაუაზრებელმა განცხადებებმა, შესაძლოა, ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიან სხეულს მოგვწყვიტოს.“

მეუფე ზენონმა შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ საუბარი რომის, ანუ კათოლიკური ეკლესიის იმპერიული ზრახვების შესახებ არც ისე უსაფუძვლოა, „მაგრამ საჭიროა ადამიანური, გონებრივი, ცივილიზებული და ჰუმანური საშუალებებით შევებრძოლოთ დამღუპველ გათიშულობას.“

ახალი თაობა, 11.6.04.
ნათია მსხილაძე
მართლმადიდებლობის გაძლიერება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება!

ინფორმაცია იგივე თემას ეძღვნება - დმანელი ეპისკოპოსი ზენონის შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომელიც, თურმე, ამ უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგის მეუფე ანანიას ინიციატივით შედგა. შეხვედრაზე მეუფე ზენონს იმაზეც უსაუბრია, რომ ჭორები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მღვდელმთავარი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან გადაგდებას გეგმავს, სინამდვილეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც ჭორები იმაზედ, რომ რევოლუციის შემდეგ უსახსრობის გამო საქართველოში ტაძრები აღარ შენდება. მეუფეს ისიც უარუყვია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საქართელოში მცხოვრებ კათოლიკებს ავიწროვებს.

ალია, 17-18.6.04.
თამარ როსტიაშვილი
ვის შეაქვს განხეთქილება საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში?!

სტატიის ავტორი, აღწერს იმ ვითარებას, რომელიც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში შეიქმნა და რომლის შესახებ საპატრიარქოში „ალიასთან“ საუბარი არავინ „არ ინება“: დღითი დღე მძაფრდება ურთიერთობები საულიერო პირთა ორ დაჯგუფებას შორის - ერთნი („ფუნდამენტალისტები“) კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში დაბრუნებას და ამ ორგანიზაციას, ისევე როგორც ყველა სხვა ქრისტიანულ კონფესიას ერეტიკულს უწოდებენ, მეორენი, მათ შორის წმინდა სინოდის რამდენიმე წევრიც, აცხადებენ, რომ საქართველოს ეკლესია სხვა კონფესიებთან დიალოგს არ უნდა განერიდოს, და მოწინააღმდეგე ბანაკს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. „ფუნდამენტალისტებს“ მხარს უმაგრებენ ბოლო თვეებში უაღრესად გააქტიურებული „წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი“ და „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი“, რომელთა წევრებმა პრესის ფურცლებიდან მიაყენეს შეურაცხყოფა და მძიმე ბრალდებები წაუყენეს სინოდის წევრ მღვდელმთავრებს - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს და დმანელ ეპისკოპოს ზენონს - მათი პროეკუმენისტური პოზიციის გამო. სტატიის ავტორის სიტყვებით, ამ ორგანიზაციების ლიდერების „სულიერი მოძღვრები და წარმმართველები“ არიან: ტაბახმელის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ იაშაღაშვილი, სოფელ დიღმის წმ. მარინეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე, სიონის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ ანთაძე, ქვემო ბეთლემის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ალექსანდერე ბოლქვაძე, ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

„ბარიკადების“ მეორე მხარეს აღმოჩდნენ: „წმ. პანტელეიმონის ტაძრის მღვდლები გიორგი ჩაჩავა და დავით ხიმშიაშვილი, გლდანის წმ. გიორგის ტაძარი - მიქაელ ასათიანი და აკაკი ქიქავა, ბერლინის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ლაზარე (სამადბეგიშვილი), ბრიუსელის ქართული სამრევლოს წინამძღვარი მიქაელ ბურდული, ანტვერპენის ქართული სამრევლოს წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი აბიბო (ქურციძე), მამა გიორგი კობაიძე (თბილისის მუხიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი), დმანისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი ზურაბ გრიგალაშვილი, მღვდელ-მონაზონი დავითი (თოდუა) და მამა ანტონ გელაშვილი (წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძარი), ათენის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დოქტორანტი მამა მელქისედეკ ჩხაიძე, მიუნხენის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ტაძრის წინამძღვარი მამუკა თავხელიძე, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი ალექსანდრე გალდავა, მამა ზაზა თევზაძე (ნარიყალის წმ. ნიკოლოზის ტაძარი), წმ. დიდმოწამე გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი.“ ამ სასულიერო პირებმა პრესის ფურცლებიდან პროტესტი გამოთქვეს წმ. სინოდის წევრების მიმართ გაჩაღებული კამპანიის წინააღმდეგ.

საპატრიარქომ, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი საკითხები მხოლოდ მის კედლებში უნდა განიხილებოდეს, „უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და ყველა სასულიერო პირს აუკრძალა ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ამიერიდან, პატრიარქის კურთხევის გარეშე, მასმედიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ მიიღებს პასუხს ელემენტალურ კითხვაზეც კი!“ - წერია სტატიაში. გარდა ამისა, თურმე შეიქმნა საღვთისმეტყველო კომისია, რომელშიც ორივე მხარე იქნება წარმოდგენილი. ამ კომისიის შესახებაც არავის არ სურს საუბარი, ვინაიდან, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვრის გიორგი ჩაჩავას სიტყვებით, საპატრიარქოში ასეთი „ჯენტლმენური“ შეთანხმება დაუდიათ.

დეკანოზ ბასილ კობახიძის აზრით, ეს კომისია „სრული ფიქციაა და დროის გასაწელად არის შექმნილი.“ ამაზე „თუნდაც ის მეტყველებს, რომ მის თავმჯდომარედ მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი დანიშნეს - მთავარი ფანატიკოსი“. პირველივე სხდომაზე კი, დეკანოზ ბასილ კობახიძის სიტყვებით, დეკანოზმა ზურაბ ანთაძემ სასულიერო აკადემიის ლექტორის, პატროლოგ ედიშერ ჭელიძის წიგნის აუტოდაფე მოითხოვა. ამ წიგნში, რომელსაც ჰქვია „მართლაც, ვის შემოაქვს შფოთი, განხეთქილება და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში?!“, ავტორი ნესტორიანულ ერესში ამხელს არქიმანდრიტ რაფაელ (კარელინს), არქიმანდრიტ ლაზარე აბაშიძეს და დეკანოზ ზურაბ ანთაძეს.დეკანოზ ბასილ კობახიძის ცნობით, წიგნი საეკლესიო მაღაზიებში იყიდებოდა, მაგრამ „ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების წევრებმა რამდენიმე ასეთი მაღაზია დაარბიეს, შეიჭრნენ შიგნით და ის წიგნები წაიღეს.“

სტატია ასე მთავრდება:
„P.S. ამ საუბრის შემდეგ საპატრიარქოში კომენტარისთვის კიდევ ერთხელ გადავრეკეთ, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ.“

24 საათი, 14.6.04.
ნოდარ ლადარია
მომავალ ორშაბათამდე

თავის საკვირაო მიმოხილვაში გაზეთის ომბუდსმენი ბ-ნი ნოდარ ლადარია ასეთ ფაქტზეც საუბრობს: „რამდენიმე დღის წინ სტიქაროსნებმა თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და უხეში ძალის გამოყენებით გამოაგდეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ვატიკანის ელჩი, მთავარეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი. ამ უკანასკნელმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს უშიშროების საბჭოს, მაგრამ არავინ დასჯილა... “

24 საათი, 19.6.04.
გაზეთ 24 საათის რედაქციას

წერილში, რომლითაც გაზეთს წმინდა ტაძრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო) მიმართავს 14 ივნისის ნომერში დაბეჭდილ ინფორმაციასთან დაკავშირებით (იხ. „მომავალ ორშაბათამდე“), ნათქვამია: „2 ივნისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა საყდრის დესპანის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა საერო პირმა. არც ერთ საეკლესიო პირს მოძალადისთვის მხარი არ დაუჭერია. უფრო მეტიც, ერთმა ადგილობრივმა მღვდელმა მოძალადის შეჩერებაც კი სცადა. წმინდა საყდრის სადესპანომ მომხდარი აქტი წესრიგის დარღვევად შეაფასა და, აქედან გამომდინარე, მიმართა შესაბამის ორგანოებს.“

24 საათი, 19.6.04.
ქრისტესმიერ სიყვარულს ვერაფერი დააბრკოლებს

წერილში, რომელსაც ხელს აწერს ნორვიჩის (დიდი ბრიტანეთი) კათედრალის კანონიკი და მისი მრევლის 5 წევრი, წერია: „გასულ კვირას ჩვენ პატივი გვქონდა ჩვენს მეგობრებთან ერთად დავსწრებოდით საკვირაო ლიტურგიას წმ. პანტელეიმონ მკურნალის მართლმადიდებელ ეკლესიაში... მოგვიანებით მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ლიტურგიაზე ჩვენმა დასწრებამ ზოგიერთის აღშფოთება გამოიწვია. ვიღაცის აზრით, ჩვენმა დასწრებამ ღვთისმსახურებაზე ტაძარი შებილწა და საჭირო გახდა მისი თავიდან კურთხევა. მსგავსი რამ შეუძლებელია ინგლისში მომხდარიყო. ჩვენ ძალიან შევწუხდით იმის გამო, რომ ჩვენმა მეგობრებმა წმ. პანტელეიმონის ეკლესიიდან უსაფუძვლო სასჯელის საშიშროება იგრძნეს იმ რეაქციის გამო, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის მხრიდან... იმედი გვქონდა, რომ ღვთისმსახურებაზე ჩვენი დასწრება მხოლოდ გაახარებდა ეკლესიის მრევლს, რადგან მხოლოდ ასეთ დროსაა შესაძლებელი გასულ საუკუნეებში დარღვეული ურთიერთობების აღდგენა, იმ ერთობისა და სიყვარულის დამყარება, რომლისკენაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს.“

წერილს თან ერთვის დეკანოზ ბასილ კობახიძის კომენტარი: „...ალავერდის ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) მოახდინა ზეწოლა საპატრიარქოზე, რათა მათ სადამსჯელო ზომები მიეღოთ დეკანოზ გიორგი ჩაჩავას მიმართ, რადგან, მისი აზრით, ინგლისელი სტუმრების მართლმადიდებელ ტაძარში მიღება ღვთის გმობაა. ორშაბათს, 14 ივნისს წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგი ცნობილაძემ ღვთისმსახურების აღსრულება დაიწყო. ამ დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე) და ღვთისმსახურების შეწყვეტა უბრძანა იმ მოტივით, რომ ინგლისელი სტუმრების მიღებით ტაძარი შეიბილწა და სანამ თავიდან არ იკურთხება, იქ ყოველგვარი ლოცვა იკრძალებაო.“ დეკანოზი ბასილ კობახიძე ამ ფაქტს თვლის „ექსტრემიზმისა და შუასაუკუნეობრივი სიბნელის გამოვლინებად“ და „იმ დევნა-შევიწროვების ახალ ეტაპად, რომელიც დიდი ხანია ხორციელდება დეკანოზ გიორგი ჩაჩავას მიმართ, მისი ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციის გამო.“

შემდეგ, მამა ბასილის თქმით, მოვლენები ასე განვითარდა - საპატრიარქოში ამ „გაუგონარი გადაწყვეტილების“ გასაპროტესტებლად მისულ დეკანოზ გიორგი ჩაჩავას მხოლოდ მაშინ მიაქციეს ყურადღება, როდესაც იქ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტები გამოჩდნენ. ის მაშინვე შეიყვანეს საპატრიარქოს შენობაში და ტაძრის შებილწვის შესახებ დადგენილების გაუქმება შესთავაზეს.

რეზონანსი, 21.6.04.
რუსიკო მაჩაიძე
არსებობს თუ არა ცხინვალში მართლმადიდებლური ეკლესია?

როგორც ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რამდენიმე წელია ცხინვალის რეგიონში მღვდელმსახურებას ის სასულიერო პირები ასრულებენ, რომლებიც ამჟამად თავს საბერძნეთის ე.წ. „კიპრიანეს ეკლესიას“ (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სქიზმაში მყოფი ძველი სტილის მიმდევრები) მიაკუთვნებენ. ეს მღვდელმსახურები ჯერ რუსული ემიგრაციული ეკლესიის ნაწილად აცხადებდნენ თავს. შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს მიმართეს მათ იურისდიქციაში მიღების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს და კიპრიანულ ეკლესიას შეაფარეს თავი.

24 საათი, 22.6.04.
შავსა და თეთრს შუა უდევს დიდი ზღვარი

კიდევ ერთი პასუხი სასულიერო აკადემიის და სემინარიის კურსდამთავრებულთა ჯგუფს, რომელთა წერილი „მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების შეურაცხყოფის გამო“ გაზეთ „24 საათში“ (30.4.04) გამოქვეყნდა. ამჯერად მათი ოპონენტი „საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის“ გაზეთ „მრევლის“ რედაქციის თანამშრომელი ქ-ნი გალინა ხარებაშვილი გახლავთ. „უფალთან დაკავშირებულ თემებზე“ (ზუსტი ციტატა ქ-ნი გალინას ტექსტიდან) იგი ანტიეკუმენისტური და ანტიდასავლური პოზიციებიდან საუბრობს, გაზეთ „მრევლის“ პრორუსულ მიმართულებას (ზემოთხსენებულ ჯგუფს თავის სტატიაში ამაზე ერთი-ორი მწარე სიტყვა აქვს ნათქვამი) ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისადმი ერთგულებით ხსნის - თურმე რუსეთის ბოლო მეფეს, ვის ხატებსაც „მთელ რუსეთში მირონი სდის“, ყველა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ისე კი არ უნდა შეხედოს, როგორც „რუს მეფეს“, არამედ როგორც „მართლმადიდებლობის ბოლო საყრდენს ამ ცოდვილ მიწაზე.“

24 საათი, 22.6.04.
მაია გურაბანიძე
ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ

გაზეთის იმავე გვერდზე განთავსებული სტატიის ავტორი ფუნდამენტალიზმსა და ფაშიზმს შორის ავლებს პარალელს. „აბა რა განსხვავებაა - „შენ რუსი ხარ“, „შენ კათოლიკე“, „შენ სომეხი“, „შენ გრიგორიანელი“ და ა.შ. ნაციონალიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის ყველაზე დიდი გამოვლენა ფაშიზმი და ფუნდამენტალიზმია ...დიახ, ბატონო, „ფაშიზმი“ მხოლოდ სვასტიკა და ნაციზმი არ არის. „ფაშიზმია“, როდესაც სკოლის მოსწავლეს უნერგავ, რომ ის, როგორც ქართველი, განსაკუთრებულად გამორჩეული მოვლენაა, რომ ის მართლმადიდებელია და ღმერთთან ყველაზე ახლოა... რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, უნდა გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, რომ ჩუმი, ფარული „მამაბასილიზმი“ ღვივის მრავალი ქართველი „პატრიოტის“ სულში, - წერია სტატიაში.

დილის გაზეთი, 23.6.04.
ირაკლი ბრაჭული
გვემუქრება თუ არა რელიგიური ფუნდამენტალიზმი ან რეფორმაციის საფრთხე?!

სტატიის მთავარი თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობაა: „კონსერვატორებს“, ანუ „მკაცრი კურსის“ მომხრე საეკლესიო წრეებს, რომლებიც „ეკუმენიზმს ერესად მიიჩნევენ“ და უკმაყოფილო არიან იმით, რომ „მართლმადიდებლობას არ მიენიჭა სახელმწიფო რელიგიის სტატუსი“, მკვეთრად დაუპირისპირდნენ ეგრეთ წოდებული „ლიბერალები“, რომლებიც „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში დაბრუნების და კონფესიათა შორის დიალოგის განახლების მომხრენი არიან“ და „განათლებისა და საეკლესიო მედიის განვითარების გადაუდებლობაზე საუბრობენ.“

„კონსერვატიზმის უკიდურეს გამოვლინებად“ სტატიის ავტორს ბასილ მკალავიშვილი ესახება, ხოლო „ლიბერალების“ - დეკანოზი ბასილ კობახიძე. „ერთ-ერთ მათგანს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ციხეში ამოაყოფინა თავი, ხოლო მეორე, „კავკასიური სახლის“ შესანიშნავ ოფისში იმყოფება და სულ უფრო აფართოვებს თავის მოღვაწეობას“ - აღნიშნავს ავტორი.“ მისი აზრით, ყველაზე აგრესიული რელიგიური ჯგუფი „კონსერვატორებიდან“ არის „განდგომილი ბასილ მკალავიშვილის ე.წ. გლდანის ეპარქია. მათი ლოზუნგია „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“, მიზანი კი „პოლიტიკური ისლამის ირანული ვარიანტი“. ხოლო „ლიბრალები“, რომელთა ლიდერი დეკანოზი ბასილ კობახიძეა, ისეთივე სიმძაფრით, ლოზუნგით „რეფორმაცია ან სიკვდილი!“ მიისწრაფიან თავისი იდეალისკენ, რომელიც, ავტორის სიტყვებით, „პოლიტიკური ისლამის თურქული ვარიანტია“.

ავტორს მიაჩნია, რომ ულტრალიბერალიზმიც და ულტრატრადიციონალიზმიც „ცნობიერებას აიძულებს ველურ მდგომარეობაში დაბრუნებას.“ მაგრამ ლიბერალიზმს მაინც განსაკუთრებულად უტევს: „ულტრალიბერალებს“ ეკლესიის რეფორმაცია აქვთ ჩაფიქრებული, და, „ვინც არ იცის, რას ნიშნავს „რელიგიური რეფორმაცია“, ის ვერც წარმოიდგენს, რა საფრთხე იმალება ამ თითქოსდა უწყინარ ცნებაში. რეფორმაცია ნიშნავს რეალური ეკლესიის ანტიეკლესიად გამოცხადებას…“.

სტატია ლუთერის საეკლესიო რეფორმის „საშინელებათა“ აღწერით მთავრდება.

2 სასულიერო პრესა *

▲ზევით დაბრუნება


წინა თვეებთან შედარებით არსებითი ძვრები სასულიერო პრესაში არ შეინიშნება. პუბლიკაციების თემები ძირითადად უცვლელია: ქართველი ერის განსაკუთრებულობა და მართლმადიდებლობის ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად გამოცხადება, სხვა კონფესიებთან მკვეთრად კრიტიკული მიმართება, რადიკალურად უარყოფითი პოზიცია ეკუმენიზმის და გლობალიზაციის მიმართ, მოძღვრისადმი უსიტყვო მორჩილების დამკვიდრება.

ხშირ შემთხვევაში, პუბლიკაციების ავტორები ეჭიდებიან მასშტაბურ თემებს და მთელი სერიოზულობით მსჯელობენ გლობალურ პროცესებზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნათარგმნი სტატიები (უმეტესწილად რუსულიდან, უფრო იშვიათად ბერძნულიდან), ასეთები კი რელიგიურ პერიოდიკაში ძალზე ხშირად გვხვდება, ძირითადად ანონიმურია - როგორც წესი, არ არის მითითებული სტატიის ავტორი, მითითებულია მხოლოდ სტატიის სახელწოდება ან წყარო, სადაც ის იყო განთავსებული.

____________________

* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

2.1 დამოკიდებულება სხვა კონფესიებისა და ეკუმენური მოძრაობის მიმართ

▲ზევით დაბრუნება


არაქრისტიანული რელიგიების შესახებ ინფორმაციაც და შეფასებაც სასულიერო პრესაში შედარებით მწირია. შეფასებითი ხასიათის ინფორმაციას შეიცავს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ სულთმოფენობის დღეს წარმოთქმული ქადაგების ფრაგმენტი, სადაც იგი ბუდიზმსა და, საერთოდ, აღმოსავლურ რელიგიებს ეხება: „უკანასკნელ პერიოდში მრავალი ადამიანი დაეწაფა აღმოსავლურ რელიგიებს - ბუდიზმს, ინდუიზმს და სხვა, მაგრამ სული ვერ დაასვენეს და ბოლოს მართლმადიდებელ სარწმუნოებამდე მივიდნენ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 4-10.6.04. გვ.4).

ეკლესიის ისტორიის ავტორიტეტული მკვლევარის, ბაბილინა ლომინაძის ნაშრომიდან მოყვანილ ნაწყვეტში, რომელსაც გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ სახელმწიფოში სხვადასხვა კონფესიებისთვის ერთნაირი სტატუსის მინიჭება მართლმადიდებლობისათვის „ძირის გამოთხრას“ ნიშნავს: „სამწუხაროდ, დღესაც პოლიტიკური პარტიების პროგრამაში თანაბარი რელიგიური უფლება აქვს მინიჭებული ქართველების ეროვნულ რელიგიას (მართლმადიდებლობას) და სხვა კონფესიურ ჯგუფებს და სექტებს იმ საბაბით, რომ სახელმწიფო (ვითომ) იცავს დემოკრატიას, შემწყნარებლობას (ტოლერანტობას). ყოველივე ეს იყო და არის ისტორიულად მიმდინარე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და რწმენის ხელოვნურად ძირის გამოთხრა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 25.6—1.7.04. გვ. 12-13).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასულიერო პრესაში გამოკვეთილია ქართველთა გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის იდეა, რომელიც კიდევ ერთხელ გაჟღერდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ნინოობის დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში: „მარად უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენს ქვეყანას მიანიჭა დიდი მადლი… სწორედ ამ მადლისა და წყალობის გამო, რაც ეპატიება სხვა ერებსა და ქვეყნებს, არ ეპატიება საქართველოს. ქართველ ადამიანს არ ეპატიება ურწმუნოება, მწვალებლობა. სექტანტობა უდიდესი ცოდვაა. ესაა ღალატი სჯულისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 4-10.6.04., გვ.6).

ამ თვის პერიოდიკა ნაკლებ ყურადღებას უთმობს პროტესტანტიზმს და კრიტიკის ქარცეცხლში კათოლიციზმს ატარებს.

კათოლიკური ეკლესიის უხეშ ცდომილებად მიიჩნევა ის, რომ კათოლიკეთა აზრით ადამიანის სულის ცხონება მხოლოდ ღვთის წყალობაზე კი არა, ადამიანის ნებასა და მის ქმედებაზეც არის დამოკიდებული: „კათოლიკები ფიქრობენ, რომ საუკუნო ნეტარება და ზეციური სასუფეველი სათნო ცხოვრებისათვის ღვთისგან ადამიანებს მიენიჭებათ როგორც კუთვნილი, როგორც ისეთი რამ, რაც ადამიანს შეუძლია მოითხოვოს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. როგორი წმიდა და მართალიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მაინც არ შეუძლია თქვას, რომ დაიმსახურა ზეციური სასუფეველი. პირიქით, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ თუ მიენიჭა საუკუნო ნეტარება, ეს მოხდა არა მისი დამსახურებისათვის, არამედ ღვთის აურაცხელი მოწყალების გამო.“ („აღსავალი“№10, 12.6.04., გვ.14)

კათოლიკური ეკლესიისადმი უკიდურესად კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს გაზეთი «ერი და ბერი". გაზეთის 2004 წლის მერვე ნომერი თითქმის მთლიანად ეძღვნება კათოლიციზმისა და ეკუმენიზმის განქიქებას.

პუბლიკაცია “ეკუმენიზმის ანტიქრისტიანული არსი და მიზნები'' (გვ. 3-4), რომელიც კათოლიციზმს ვატიკანის II კრების კონტექსტში განიხილავს (ვატიკანის II კრების დოქტრინამ პაპიზმი ნეოწარმართობად აქცია - ციტატა ტექსტიდან), კითხვა-პასუხის ფორმა აქვს:

  • კითხვა: კათოლიკეთა სარწმუნოება გვევლინება თუ არა წარმართობის სრულიად ახალ სახეობად, თუ მას ანალოგი აქვს?

  • პასუხი: თანამედროვე რომაული კათოლიციზმის უშუალო წინამორბედია ნეოინდუიზმი, რომელიც მე-19-ე საუკუნეში აღმოცენდა. თვითონ კი მისი ნაირსახეობაა. ნეოინდუიზმი თვლის, რომ ინდუისტებიც, მუსლიმანებიც, ქრისტიანებიც და აგრეთვე ყველა სხვა რელიგიათა წარმომადგენლები ეთაყვანებიან ერთსადაიმავე „ღმერთს“, რომელსაც მრავალი სახელი აქვს, რომ მსოფლიოს ყველა თანამედროვე საღვთო წერილი მეტყველებს ერთსადაიმავე „ღმერთზე“, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: აბსოლუტური ყოფიერება, ან შივა, ან კრიშნა, ან ალაჰი, ან ქრისტე და ა.შ... ეს საფუძვლად დაედო საერთო რელიგიურ ეკუმენიზმსა და ლათინოპაპისტთა სწავლებას… 1893 წ. რელიგიათა ჩიკაგოს მსოფლიო კონგრესზე სვამი ვივეკანანდამ წამოაყენა იდეა - შეიქმნას მსოფლიო უნივერსალური რელიგია. ეს საფუძვლად დაედო საერთო რელიგიურ ეკუმენიზმსა და ლათინო-პაპისტთა სწავლება.“

„კათოლიციზმი, - აგრძელებს ანონიმი ავტორი, - ქრისტიანობას აქტიურად ანგრევს შიგნიდან; ჭეშმარიტი ღმერთის (ყოვლად წმინდა სამების და იესო ქრისტესი) და მისი გამოცხადების წინააღმდეგ ბევრად უფრო ეფექტიანად იბრძვის ვიდრე სხვა არაქრისტიანული რელიგიები… რომაული კათოლიციზმის ჭეშმარიტი მიზანია შექმნას მსოფლიო უნივერსალური რელიგია, რაც საფუძველს შექმნის ანტიქრისტეს რელიგიისათვის, და რომელიც მსოფლიოს ყველა ძირითად რწმენათა განმაზოგადებელი კონგლომერატი იქნება. შექმნას ერთიანი მსოფლიო უნივერსალური ეკლესია პაპის მეთაურობით, სადაც თაყვანისცემა მოხდება სხვადასხვა ღმერთისადმი“.

კათოლიციზმის განქიქებიდან ავტორი ეკუმენიზმზს უტევს, რომელიც, მისი აზრით, კათოლიციზმის განაყოფია:

  • კითხვა: რა არის ეკუმენიზმის ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები?

  • პასუხი: ვატიკანისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები ერთიდაიგივეა - შეიქმნას მსოფლიოს უნივერსალური წარმართული რელიგია და ანტიქრისტეს ეკლესია. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მართლმადიდებლობის ერთიანობის დარღვევა და მოშლა. (თუმცა, მანამდე ტექსტში აღნიშნულია, რომ ვატიკანი ოფიციალურად არაა ემს-ს წევრი.)

ამავე პუბლიკაციაში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ ეკუმენიზმის იდეები გარკვეული სიმპატიით სარგებლობენ მართლმადიდებელ მრევლსა და მოძღვრებს შორისაც კი: „თუ დავეყრდნობით, ერთი მხრივ, ეკუმენისტური მოლაპარაკებების კონფიდენციალურ ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის ცრუ „რელიგიური სიახლოვის“ პროპაგანდას, აგრეთვე სასულიერო აკადემიის მსმენელთა ეკუმენისტური პროგრამით მომზადებას, პროკათოლიკურად განსწავლული და განწყობილი არამდგრადი მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ერისკაცთა ფართო ფენის ფორმირებას, შეიძლება ვივარაუდოთ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიათა პოზიციების „დაახლოების“ შესაძლებლობა. ამგვარი „დაახლოების“ შესაძლებლობა გაზეთში ყოველმხრივ იგმობა.

საინტერესოა ამავე გაზეთის მეორე გვერდზე მამა არჩილ მინდიაშვილის კომენტარი: „დღეს ზოგიერთი ცდილობს ჩვენი ეკლესია ე.წ. ეკუმენისტურ საბჭოში მიაბრუნოს. ვისაც ეს ეზმანება, მინდა ვუთხრა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაფუძნებულია კლდეზე სარწმუნოებისა და არა ზოგიერთი ადამიანის ახირებასა და მცდარ შეხედულებებზე. მადლობა უფალს, რომ ასეთების ხელში არაა სადავეები ივერიის ეკლესიაში და არც არასოდეს იქნება“.

გაზეთის იგივე ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილია ამა წლის იანვარში კათოლიკურ ტაძარში ჩატარებული ეკუმენური ლოცვის დროს გადაღებული ფოტო. სხვა ქრისტიანული კონფესიების მღვდელმსახურთა შორის ამ ფოტოზე მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან აღბეჭდილნი. ფოტოს ორი წარწერა ახლავს: 1. (მსხვილი შრიფტით) უკანასკნელი გაფრთხილება მორჩილების დამრღვევებს; 2. ეკუმენისტურ (მწვალებლურ) ლოცვაში მონაწილე მღვდლები: ბასილ კობახიძე, ზაზა თევზაძე, გიორგი ჩაჩავა.

სათაურით „ვატიკანის მიზანმიმართული პროექტი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“ გაზეთის მე-5 გვერდზე გამოქვეყნებულია იმ ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შარშან ვატიკანსა და საქართველოს შორის უნდა დადებულიყო.

2.2 ურთიერთობა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან

▲ზევით დაბრუნება


სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მიმართებაში, აშკარად იკვეთება რუსული და ბერძნული ავტოკეფალური ეკლესიების მიმართ კეთილგანწყობის ტენდენცია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ნათარგმნი პუბლიკაციების უმეტესობა რუსულიდან ან ბერძნულიდან ითარგმნება. ამასთან, ჩვენი საეკლესიო პერიოდიკა მაქსიმალურად ერიდება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებულ პრობლემებზე საუბარს და უპირატესად ინფორმაციული ხასიათის მასალებით შემოიფარგლება.

ინტერვიუ დეკანოზ გიორგი ზვიადაძესთან სათაურით „ივერიის ღვთისმშობელს უკვე ველოდებით საქართველოში“ ეხება საქართველოს ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს საბერძნეთში, რომელიც ა.წ. 13-24 მაისს შედგა. დეკანოზი ზვიადაძე უსაფუძვლოს უწოდებს „ზოგიერთი პიროვნების“ მიერ გავრცელებულ აზრს, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ პატრიარქსა და ელადის ეკლესიის მეთაურს შორის არსებული უთანხმოების ფონზე ეს ვიზიტი

საბერძნეთის ეკლესიის აშკარა მხარდაჭერა იყო. მისი სიტყვებით, „ვიზიტი თვეებით ადრე დაიგეგმა, მაშინ როდესაც არავითარი უთანხმოება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს პირველსა და ელადის ეკლესიის მეთაურ ქრისტოდულოსს შორის არ არსებობდა“

(„აღსავალი“ 5.6.04., №9, გვ. 5-8).

2.3 თანამედროვე ეპოქის დახასიათება; გლობალიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ქვეთავში „გლობალიზაცია“ ჩვენ განვიხილეთ სტატიები (ძირითადად, რუსულიდან ტარგმნილი), რომლებიც ეხება ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს მიუხედავად იმისა, რომ თვით პუბლიკაციების ავტორები ამ ტერმინს პრაქტიკულად არ იყენებენ.

გვხვდება პუბლიკაციები, რომელთა ავტორები ცდილობენ „მართლმადიდებლურ ანტიგლობალიზმს“ საფუძვლად დაუდონ ე.წ. „დროის სულის“ ფილოსოფიურ-თეოლოგიური კონცეფცია და პრეტენზია აქვთ რესპექტაბელობაზე (კერძოდ, არ ხმარობენ ტერმინს „ჟიდომასონური შეთქმულება“).

მაგალითისთვის, არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის წერილი „დროის სულის შესახებ“ შეიძლება გამოვყოთ: „ჩვენს ქაოსურ თანამედროვეობაში ერთი ღვთაება სულ უფრო მეტად ავიწროებს დანარჩენს . . . ეს ღვთაება არის დროის სული. მის წინაშე დღედაღამ მუხლს იყრიან გატანჯული ადამიანები და მსხვერპლად მიაქვთ სინდისი, სული, სიცოცხლე და გული. მას ჰყავს თავისი ფანატიკოსი ქურუმები, რომლებმაც საბრალო ქვეყანა აქციეს სამსხვერპლოდ. იგი თავის თავში მოიცავს თანამედროვე ცხოვრების ყველა წინააღმდეგობას, კულტურასა და ცივილიზაციას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას, კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს. დროის სული პიროვნებას თავისი თვითმპყრობელური ტირანიით ბორკავს, მექანიზირებულს ხდის: „შენ ჭანჭიკი ხარ თანამედროვეობის მგრგვინავ მექანიზმში, და იარსებე როგორც ჭანჭიკმა. ფატალიზმში განფენადი დეტერმინიზმი, აი ის საშუალება, რომლითაც ბატონობს დროის სული.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 4-10.6.04., გვ. 15).

გაზეთის „აცხოვნე სული შენი“ ფურცლებზე ვხვდებით მოსაზრებას, რომ „XX საუკუნის II ნახევრიდან მასონობის ცენტრმა ევროპიდან ამერიკაში გადაინაცვლა. მას მხარს უმაგრებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მასონობა ესაა მსოფლიო შეთქმულება. ქვეყნებსა და სახელმწიფოებს მართავს „ფარული ხელი“ (23 კაცისგან შემდგარი საიდუმლო მთავრობა). მან გაანადგურა მონარქია, შექმნა კომუნიზმი, მანვე მოსპო იგი, იბრძვის ქრისტიანობის წინააღმდეგ… ამერიკანიზმი არის სულიერების, ჰეროიკისა და სილამაზის სიკვდილი და გახრწნა… შემოქმედება, შთაგონება - არც ერთი ამათგანი არ მიუცია ამ ქვეყანას მსოფლიოსთვის. კინოგარყვნილება, აფრიკელი ველურებისგან ნასესხები როკ-მუსიკა…“ („ვინ არის ჯორჯ სოროსი?!“, „აცხოვნე სული შენი“ N4, გვ. 9).

გაზეთი გვაუწყებს, რომ მასონების გრძელი ხელი საქართველოსაც მიწვდა: „მკითხველს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მასონობის, საქართველოს ამ მიხაკისფერი ჭირის შესახებ… 2003 წლის 2 ნოემბრიდან ხდება მართული პროცესი და მის უკან დგას ფარული ხელი და მსოფლიო თაღლითი, მასონთა ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი ჯორჯ სოროსი. აშშ-ს ჰეგემონიის ქვეშ ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება რუსეთის და საქართველოს (კავკასიის) წინააღმდეგ. იგი იქმნება რუსეთის ანგარიშზე და მის ნამსხვრევებზე. მსოფლიოს ფარდისმიღმიერთა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას შეადგენს ეროვნული მთავრობების ლიკვიდაცია და მათ ადგილას იუდევურ-მასონური მმართველი რეჟიმების შექმნა.“

გაზეთი მზა რეცეპტსაც გვთავაზობს მასონების დასამარცხებლად: „სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღვთაებრივი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლის შუქზე უნდა შემოწმდეს ნებისმიერი, თუგინდ ერთობ მომხიბლავი თეორია. სხვაგვარი შეხედულება მოკლებულია საღ აზრს და ბნელეთის ძალებთანაა წილნაყარი. ანუ, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა იდეოლოგია თვინიერ მართმადიდებლობისა. …ამ იდეოლოგიის მთავარ მოწინააღმდეგედ ლიბერალიზმი აღიქმება“ (ხათუნა საგინაშვილი, „რა იდეოლოგიას ირჩევს ხელისუფლება ათეიზმის სანაცვლოდ - მართლმადიდებლობას, თუ ლიბერალიზმს?“, „აცხოვნე სული შენი“ №4, გვ. 9-10).

თავის დროზე რუსულ სლავიანოფილურ წრეებში ჩამოყალიბებული აზრი, რომ დასავლეთმა დაკარგა ჭეშმარიტი სულიერება და ასეთის მატარებლად მართლმადიდებელი სამყარო რჩება, ჩვენს რელიგიურ პუბლიკაციებშიც აისახება. კერძოდ, მღვდელ-მონაზონ სერაფიმე (როუზის) რუსულიდან თარგმნილ წერილში „თანამედროვე მართლმადიდებლების შესახებ“ ვკითხულობთ: „დასავლეთში, უეჭველია, ღვთის მადლი უკვე მრავალი საუკუნის წინ დაკარგეს - ჩვენს თანამედროვე კათოლიკებს და პროტესტანტებს წარმოდგენაც კი არასდროს ჰქონიათ ღვთის მადლზე. ამიტომაც რა გასაკვირია დემონური იმიტაციის გამოცნობა რომ ვერ შეძლონ.“ („თანამედროვე მართლმადიდებლობის შესახებ“, „აცხოვნე სული შენი“, №4, გვ. 2).

2.4 შიდასაეკლესიო ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


ის, რომ გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ (№20, 4-10.6.04) ბეჭდავს დეკანოზ ბასილ კობახიძის ინტერვიუს (გამოქვეყნდა ჟურნალში „კაკადუ“) მცირე ფრაგმენტს სათაურით „კაცი, რომელსაც ღვთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხვენოდა“, შეიძლება იმის მინიშნებად ჩავთვალოთ, რომ ისევ მზადდება მისი სასულიერო წოდებიდან განკვეთა. საქმე ისაა, რომ გაზეთის გარეკანზე გამოტანილია თვალშისაცემი სათაური „ვინ ქადაგებს ერესს“ იმ გვერდის მითითებით, რომელზეც დაბეჭდილია ჩარჩოში მოთავსებული ეს ფრაგმენტი:

  • „კითხვა: თავსაფრის ინსტიტუტი საიდან იღებს სათავეს?

  • პასუხი: მოციქული პავლე ამბობს, რომ ქალმა თავზე უნდა დაიფაროს პირადად მე არ ვეთანხმები ამ აზრს ისევე, როგორც არ ვეთანხმები აზრს, რომ მონა უნდა შეეგუოს თავის ბედს და ხმა არ ამოიღოს. ესეც ხომ უწერია მოციქულ პავლეს?! მოციქული პავლე, ასე ვთქვათ, ღმერთი არ არის, ის წერს თავის შეხედულებებს, რომლებიც შეიძლება არც გაიზიარო“.

  • კითხვა: ხომ არ იწყება ფიქრი რამე რეფორმებზე თუნდაც დოგმატიკის საკითხებში?

  • პასუხი: ასეთი ფიქრი ადრე წარმოუდგენელი იყო. ახლა კი ვნახოთ.“

ყურადღებას იმსახურებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელიც აქამდე სასულიერო აკადემიის რექტორობას ითავსებდა, აკადემიისა და სემინარიის მსმენელებს და ლექტორებს ახალი რექტორი წარუდგინა - ახალციხის და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე). ახალი რექტორი ადრე საპატრიარქოს საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ადგილი ახლა პატრიარქის ყოფილმა მდივანმა დეკანოზმა ზაქარია მაჩიტაძემ დაიკავა, ხოლო პატრიარქის მდივნად დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი დაინიშნა. („საპატრიარქოს უწყებანი“ 11-17.6.04., გვ. 5).

2.5 ეკლესია და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


მთავრობის გადაწყვეტილებამ თბილწყალკანალის 25 წლით ფრანგული კომპანიისთვის მართვაში გადაცემის თაობაზე საპატრიარქოს უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. „საპატრიარქოს უწყებანში“ (11-17.7.04., გვ. 6) გამოქვეყნებულ საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია: „მოსახლეობის უმრავლესობა გადახდის უუნაროა, ... ის ხალხი, ვინც ვერ გადაიხდის სათანადო საფასურს, დარჩება წყლის გარეშე“. მოყვანილია სხვა არგუმენტიც: „წყალი დღესაც არის მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული ნედლეული, რომელზეც მოთხოვნილება ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება ნავთობის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც გაუტოლდეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს უდიდესი ეროვნული სიმდიდრე მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებასა და მმართველობაში უნდა იყოს“.

2.6 ნათლობა აჭარაში

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანში“ (№20, 4-10.7.04) განთავსებული ინფორმაცია სათაურით „ნათლობა აჭარაში“ გვამცნობს, რომ აჭარის სოფელ ზვარეში ჩატარდა საზეიმო წირვა, სადაც ათასამდე აჭარელი მოინათლა.

2.7 მოძღვარი და მრევლი

▲ზევით დაბრუნება


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მოუწოდებს მრევლს „უკიდურესი უმწეობისკენ და უძლურობისკენ“: „ადამიანი ღრმად უნდა დარწმუნდეს თავის უძლურობაში... ის მთლიანად უნდა მიენდოს თავისი მოძღვრის ნებას, როგორც ქვა მოქანდაკის ხელებს ან თიხა მექოთნეს (რა თქმა უნდა, თუ მოძღვრის სწავლება არ ეწინააღმდეგება სახარებისეულ ცნებებს, რომლებიც მარადიულნი არიან).“ („კანდელი“ 25.6.-1.7.04., გვ. 8).

ამ საკითხისადმი ოდნავ განსხვავებული მიდგომა გვხდება არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) რუსულიდან თარგმნილ წერილში „მღვდელმსახური და აღსარება“: „სულიერი მამობა არის სიყვარული, და არა ძალაუფლება... სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას სულიერი დიქტატურის ელფერი არ უნდა დაჰკრავდეს. სულიერი მოძღვარი სულაც არ არის „სულიერი დირექტორი“, როგორც ასე ხშირად მოიხსენიება ლათინებთან. მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს მოძღვრის ძალაუფლება და მისდამი მორჩილების მომენტიც.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, 4-10.6.04, გვ. 16-17).

2.8 მედიისადმი დამოკიდებულება

▲ზევით დაბრუნება


გარკვეული ადგილი ეთმობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კრიტიკას. „კანდელი“ ეხმიანება ამ თემას სტატიით „სიძვა“, რომელშიც ვკითხულობთ: „არ შეიძლება დღევანდელობაში ადამიანი უყურებდეს ტელევიდეო თუ რადიო გადაცემებს (სერიალებს, ფილმებს, კლიპებს თუ ჩანაწერებს) და არ იყოს ამ მძიმე ცოდვის თანამდები, რადგანაც 95 პროცენტი დროისა, რომელსაც ჩვენ ამ გადაცემებს ვუთმობთ, სიძვის, ვნების წარმომშობს, ან მის გასამართლებელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზეა გათვლილი.“ („კანდელი“,№22, 4-10.6.04., გვ.4). სასულიერო პერიოდიკის სიმპატიას ვერც საზღვარგარეტელი მულტფილმები იმსახურებენ. „ქართველი ბავშვები არაქართული ცნობიერებით იზრდებიან. დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის შთამოვლობამ „ტელე-ღიპუცებს“ უნდა უყურონ. ანარადა გადართონ სხვა უცხოურ ტელეარხებზე, სადაც იწყება სრული ტრაგედია: „ტრანსფორმერები“, „სიმფსონები“, „ჯიბის მონსტრები“. (ია ქინქლადზე, „ფრთილად! მულტფილმები, ანუ საშიში ზონა“, „აცხოვნე სული შენი“, №4, გვ. 7)