The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №7 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №7 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
აღწერა: პრესის მიმოხილვა აგვისტო, 2004 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ახალი თაობა, 2.8.04.
შორენა გონგლიძე
ციხეში მყოფ მკალავიშვილის მმხრეებს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

წერილის ავტორი არ მალავს თავის სიმპატიას ბასილ მკალავიშვილისა და მისი მრევლის მიმართ და არ უწონებს პოსტრევოლუციურ ხელისუფლებას მისი „თვითნებობის“ (სტატიაში ეს სიტყვა ბრჭყალებშია ჩასმული) აღკვეთას. სტატიაში ნათქვამია, რომ „სხვადასხვა სექტის წარმომადგენლების“ ჩვენებები მკალავიშვილის და მისი მომხრეების წინააღმდეგ „არასაკმარისია და სინამდვილეს არ შეესაბამება“. ჟურნალისტი გვაცნობებს, რომ ბასილ მკალავიშვილთან ერთად დაპატიმრებული ექვსი „მისი სულიერი შვილიდან“, რომლებიც მე-5 იზოლატორში იმყოფებიან, ორს - აკაკი მოსაშვილსა და ავთანდილ ჯანაძეს - სასწრაფოდ ესაჭიროება ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა (მოსაშვილს კუჭის წყლულის მძიმე ფორმა აქვს, ჯანაძეს კი მსხვილი ნაწლავის ანთება გაუმწვავდა). მათ სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს გლდანის ეპარქიის მრევლიც.

ახალი თაობა, 3.8.04.
ნათია მსხილადე
მკალავიშვილს სტენოკარდიული შეტევა ისევ დაემართა

წრილში მოყვანილია იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის რამაზ დოლიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ მკალავიშვილს განუვითარდა ჰიპერტონიული კრიზი და გულის უკანა კედლის იშემია, რის გამოც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

24 საათი, 5.8.04.
ნუგზარ პაპუაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი
ნუ გავაკეთებთ, რაც არ გვინდა გაგვიკეთონ ჩვენ

სტატია ანალიტიკურია. მისი ავტორები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ „ქართველების მოღვაწეობის კვალის გულმოდგინედ განადგურება ყველგან - ათენის ნახევარკუნძულზე (ივირონში) იერუსალიმსა, თუ ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვა ადგილებში“ შემთხვევითი არ არის. ქართული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული სისტემატიური აგრესია კიდევ ერთხელ გამოვლინდა ახლახანს რუსთაველის ფრესკის მიმართ ჩადენილ ვანდალურ აქტში, რომელმაც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ყოველივე ამას ავტორები აღიქვამენ, როგორც რეაქციას ჩვენი სხვადასხვა ინსტიტუტების მცდარ მიდგომებზე. მათ არასამართლებრივად მიაჩნიათ საპატრიარქოს მიერ დაყენებული მოთხოვნა - დაუბრუნდეს საქართველოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული ძეგლები, ასეთივე შინაარსის განცხადებები გაკეთებული ხელისუფლების წარმომადგენელების, მათ შორის პრეზიდენტის, მრავალი პოლიტიკოსის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის მიერ; საპატრიარქოს მიერ ეპარქიების გახსნა (თუნდაც ნომინალურის) ლაზეთში და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში იმყოფება და ა.შ., რომლებიც, ავტორთა აზრით, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ეთიკურ ნორმებსაც, სჯულის კანონსაც და ქრისტიანულ მოძღვრებასაც: „უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენმა არასამართლებრივმა და, მეტიც, არაკულტუროლოგიურმა პრეტენზიებმა 21-ე საუკუნის ვანდალს ძილი დაუფრთხო და ვანდალური ქმედება წაახალისა. იქნებ ახლა მაინც შევძლოთ საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნება!“

სტატიაში ქართული საზოგადოებრიობის მორალურ მდგომარეობაზეცაა საუბარი - მომძლავრებულ რელიგიურ ექსტრემიზმზე, ეკლესიურ ნაციონალიზმზე, გამორჩეულობის განცდაზე, სხვისი ფასეულობების უარყოფაზე, როდესაც სხვის დევნას და შევიწროვებას ქართველების მიერ საზოგადოებრივი პროტესტი არ მოჰყვება.

ავტორები იხსენებენ ქართველი კათოლიკეებისთვის ეკლესიების ჩამორთმევას გორში, ბათუმში, ქუთაისში, ივლიტაში; ქართველი მართლმადიდებელი მღვდლის მიერ კათოლიკე მისიონერების საფლავების განადგურებას იგივე ივლიტაში, გორის კათოლიკური ეკლესიის ძველი ფრესკების გადაღებვით და სხვ. - და ეკითხებიან რუსთაველის ფრესკის ხელჰყოფით აღშფოთებულ თანამემამულეებს, აღელვებთ, თუ არა მათ ეს საკითხები? „ჩვენს მღვდლებს, ეპისკოპოსებს, მწერლებს, პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს არ მოსწონთ, როდესაც მავანი და მავანი ჩვენს სიწმინდეებს შეურაცხყოფს, მაგრამ წარბიც არ შეუტოკდებათ, როდესაც სხვის სიწმიდეებს ჩვენ შევურაცხყოფთ“.

ახალი თაობა, 15-21.8.04.
სოფო ჩიხლაძე
საქართველო აუცილებლად გამთლიანდება

14 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში საგანგებო განცხადება გააკეთა. მან მოუწოდა ერს ერთიანობისკენ და მტკიცე რწმენა გამოთქვა, რომ საქართველო გამთლიანდება.

ამავე დღეს სპეციალური განცხადება კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე გააკეთა რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ. მან შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა მშვიდობისმყოფელებს უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აიცილების გამო.

ხვალინდელი დღე, 13.8.04.
მანანა ნოზაძე
ეკლესიის მომხრენი და მოწინააღმდეგენი მხარდამჭერებს აქუჩებენ

გაზეთის სტუმარი წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგირაძე კატეგორიულად უარყოფს მისი ორგანიზაციის მონაწილეობას განსხვვებულად მოაზროვნე სასულიერო პირების შეურაცხყოფაში, მუქარაში და ცემაში, მათ შორის წმ. პანტელეიმონის ეკლესიის მღვდელ გიორგი ჩაჩავაზე თავდასხმაში: „თავდასხმა არ ყოფილა. ჩვენმა წევრებმა უთხრეს, ფოტოს გადაგიღებთო, თუმცა მან არ ისურვა“. თურმე იმ დღეს მამა გიორგის, მიუხედავად სინოდის დადგნილებისა, მღვდელმსახურის სამოსელი არ ეცვა, და კავშირის წევრები მის მხილებას აპირებდნენ. „ჩაჩავას, კობახიძის და თევზაძის მიმართ, რომლებიც რჯულის კანონს არღვევენ და ეკუმენისტებთან ლოცულობენ, 7000 ხელმოწერა შევაგროვეთ, თანაც ეკლესიურად მოაზროვნე მრევლში, და სინოდის წინაშე მათი განკვეთის საკითხი დავაყენეთ“, - ამბობს ავთანდილ უნგირაძე. მისი მტკიცებით, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის წევრები საპატრიარქოს სანქციის გარეშე არაფერს აკეთებენ. ისინი და მათი სულიერი ძმები - ქეთევან წამებულის საზოგადოება და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი - მართლმადიდებლობას ვატიკანის ხრიკებისგან იცავენ, ვისი „აგენტებიც საქართველოში სჯულის კანონის დარღვევით მოქმედებენ...“

უნგირაძემ ჟურნალისტს შესცივლა, რომ ბოლო დროს მედიაში მართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა გაჩაღებული, კერძოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“, და რომ კამპანიაში „ჩაერთო უშიშროების უწყების ზოგიერთი მაღალჩინისანი.“ მისი სიტყვებით,

უშიშროების თანამშრომელმა ნიკოლოზ კილაძემ მოიარა წმ. ქეთევანის, წმ. ნინოს და წმ. მარინეს ეკლესიები და „არასანქციონირებული დაკითხვა მოუწყო პატიოსან მღვდლებს - დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას, დავით ისაკაძეს, დავით ქვლივიძეს.“

24 საათი, 13.8.04.
ზაზა ფაჩუაშვილი
კერძო პირის კერძო ინიციატივის ანატომია

ავტორი გვატყობინებს, რომ რამდენიმე დღის წინ უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი ნიკა კალაძე რამდენიმე ტაძარში მივიდა და სამი ცნობილი მღვდელი დაკითხა - დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია, დეკანოზი დავით ისაკაძე და მღვდელი დავით ქვლივიძე. უშიშროების სამინისტროში კი ოფიციალურად განუცხადებიათ, რომ არავითარი დაკითხვა არ ყოფილა. წერილში ნათქვამია, რომ ამ ფაქტს წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლი გამოეხმაურა, მაგრამ არაა დაზუსტებული სად და რა ფორმით. ავტორის აზრით, საქმე გვაქვს „პატიოსანი მღვდლების დაშინების მცდელობასთან.“

4 საათი 16.8.04.
ნოდარ ლადარიას ყოველკვირეული მიმოხილვა
მომავალ ორშაბათამდე

ავტორი თავის მიმოხილვაში 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას - ზაზა ფაჩუაშვილის „ერძო პირის კერძო ინიციატივის ანატომიას“- ეხება და გვახსენებს, რითაა ცნობილი მასში ნახსენები სასულიერო პირი; „მღვდელმა დავით ქვლივიძემ: „ავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის წევრთან“, დიმიტრი ჩიტაიასთან ერთად „რუსთავი-2“-ის ოფისთან ჩხუბი აუტეხა მღვდელს, გიორგი ჩაჩავას, რის გამოც მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული სასჯელი.“ დეკანოზი დავით ისაკაძე: დიღმის სკოლების ეზოებში დირექტორების, მასწავლებლებისა და ბავშვების თანდასწრებით აწყობდა კოცონზე წიგნების დაწვას, მისი სახელი არაერთხელ გაჟღერებულა თბილისში რუსულენოვანი ორმოცდაათიანელების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით. დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია: ქართული სამხმიანი გალობის წინააღმდეგ მისი გააფთრებული ბრძოლა იმდენად აუტანელი გახდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებით თბილისს მოაშორეს და გადაიყვანეს, სადმე მიუსავალში კი არა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში - ჩაჩიბაიამ ეს განკარგულება არ შეასრულა და ორი დღის განმავლობაში აქციებს მართავდა საპატრიარქოს ეზოში“.

კვირის პალიტრა, 16-22.8.04.
ზვიად ჩაკვეტაძე
საქართველოს ღვთისმშობელი გამოეცხადა

სტატიის ავტორი რედაქტორის დავალებით ეწვია ბორჯომის რაიონის სოფელ ფაფას ეკლესიას, სადაც საკუთარი თვალით იხილა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადება - კედელზე ღვთისმშობლის სახება. ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოს სერაფიმესგან კი ჟურნალისტმა შეიტყო, რომ მან კათოლიკოს-პატრიარქს სახების ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც უწმინდესი მას ტელეფონით დაუკავშირდა, სასწაულებრივი გამოცხაედების დეტალები გამოჰკითხა და „დაადასტურა, რომ ეს აშკარად ღვთის ნიშანი და ღვთისმშობლის გამოცხადებაა.“ მეუფის ცნობით, ბოლო დროს ბორჯომში სასწაულები მომრავლდა. მაგალითად, „შარშან რუსეთიდან იქაურმა მოქალაქემ ხატი ჩამოაბრძანა ... ამ ხატს ოთხი თვის მანძილზე მირონი სდიოდა.“ ერთ-ერთ ოჯახშიც სდიოდა თურმე მირონი ხატებს. მწვანე მონასტრის ახლოს კი ნაკადულიდან, სადაც თურქებმა წმინდა მამები დახოცეს, დამსვენებლებს მათი სისხლით შეფერილი ქვები ამოუღიათ და სახლში წაუღიათ. „თურმე რამოდენიმე წუთში მაგიდაზე ჭიქა და თეფში არ დარჩენილა, რაღაც ძალა ჭურჭელს ჰაერში ისროდა და ძირს ანარცხებდა“ - მოუთხრო ჟურნალისტს მეუფე სერაფიმემ.

24 საათი, 18.8.04.
რუბრიკა: ნომრის სტუმარი
ინტერვიუერი: ნოდარ ლადარია
მამა ავთანდილ გიორგობიანი: რუსეთმა კავკასიისგან გაგვაუცხოვა

გაზეთის სტუმარია მამა ავთანდილ გიორგობიანი - ყოფილი ფიზიკოსი, 30 გამოგონებისა და 103 პუბლიკაციის ავტორი. ის მღვდლების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც აკრძალული აქვთ ღვთისმსახურება. როგორც ინტერვიუს წინასიტყვაობაშია ნათქვამი, „საელკესიო კანონებით მათი განკვეთის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ გაბატონებული სასულიერო მიმართულება და სასულიერო პირის ყველაზე გავრცელებული ფსიქოტიპი მათ ახლოს ვერ იკარებს“.

მამა ავთანდილი რაჭის სოფელ ფუტიერში მოღვაწეობდა. ეს სოფელი დაკავშირებულია იმ აჯანყებასთან, რომელიც საქართველოში „იმერეთის აჯანყებად“ (1819-1820 წწ.) არის ცნობილი. მამა ავთანდილის თქმით, რუსი ისტორიკოსები უფრო ზუსტნი არიან და მას „церковное восстание“ - ს უწოდებენ - მისი მიზეზი „ქართული საეკლესიო განძისა და სიწმიდეების იმპერიული მთავრობის მიერ ექსპროპრიაცია იყო. განსაკუთრებულად ცნობილია ფუტიერის ბრძოლა, რომელიც 1820 წ. 3 ივლისს მოხდა და მასში 2000 კაცი დაიღუპა. 1990 წ. გადაიხადეს ამ ბრძოლის 170 წლისთავი. თქვენ წარმოიდგინეთ, რაჭის კომუნისტური ნომენკლატურაც კი დაესწრო ზეიმს. საპატრიარქოდან კი არავინ მოსულა. 2000 წ., 180 წლისთავზე, იგივე გამეორდა - საპატრიარქოს მხრიდან არავის მიუღია მონაწილეობა... 2000 წლის აგვისტოს ფუსტობის ტრადიცია აღვადგინე. ფუსტებად სვანეთსა და რაჭაში საეკლესიო განძის მცველები, ქრისტეს მებრძოლები იწოდებიან... სწორედ მაშინ ამიკრძალეს ღვთისმსახურება“ - ყვება მამა ავთანდილი.

24 საათი, 24.8.04.
საქარველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამის, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლის და დმანელი ეპისკოპოსი ზენონის მიმართვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო თანამეგობრობას

„რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტი ქართველ და ოსი ხალხის დაპირისპირებად წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი ისევ ადგილი აქვს რუსეთის იმპერიულ აგრესიას სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ამ აგრესიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურ მონაწილეობს იღებს. მის მიერ გაგზავნილმა სამღვდელოებამ უკანონოდ დაიპყრო სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტაძრები, რის გამოც ადგილობრივ მღვდელმთავარს და სამღვდელოებას არ ეძლევა შესაძლებლობა საეკლესიო მსახურების განხორციელებისა, რაც ეწინააღმდეგება წმიდა სამოციქულო ტრადიციებს, საეკლესიო კანონებს და წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას... რუსეთი ცდილობს საქართველოსთვის ცხინვალის რეგიონის არა მარტო ტერიტორიულ, არამედ ეკლესიურ ჩამოშორებასაც... ეს ყოველივე ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ სახარების მარადიულ ჭეშმარიტებებს... ჩვენ მივმართავთ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მათ ქმედითად დაუჭირონ მხარი საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და დაგმონ რუსეთის აგრესია“ - ნათქვამია მიმართვაში.…

ახალი თაობა, 24.8.04.
შორენა გონგლიძე
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად მონაწილეობს

23 აგვისტოს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მართლმადიდებელი ეკლესიის სამმმა იერარქმა - ხობისა და ფოთის ეპისკოპოსმა გრიგოლ (ბერბიჭაშილმა), დმანელმა ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯულმა) და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა ისევ ისაუბრეს იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ქართულ-ოსურ კონფლიქტში რუსეთის პოლიტიკური ელიტა და რუსეთის ერთმორწმუნე ეკლესია ასრულებენ. როგორც ცნობილია ასეთივე, შინაარსის საგანგებო განცხადებით მათ ადრე მიმართეს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, მსოფლიო რელიგიურ ლიდერებს და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას.

მედია-ნიუსი
ოს სეპარატისტებს რუსული ეკლესიაც აქეზებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები რუსეთის იმპერიული აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებენ

საქარველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამის, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლის და დმანელი ეპისკოპოსი ზენონის მიმართვის ტექსტი. თავის წინათქმაში გაზეთი განსაკუთრებულად (მსხვილი შრიფტით) გამოჰყოფს ასეთ ციტატას მოყვანილი ტექსტიდან: „ჯერ საქართველოს ეკლესია უნდა განთავისუფლდეს რუსული ეკლესიის ძალიან დიდი გავლენისაგან.“

ახალი თაობა, 25.8.04.
მედია-ნიუსი
გურამ შარაძეს არც ქართველი მღვდელმთავრები მოსწონს და არც რუსული ეკლესია

როგორც ჩანს, შარაძე მთავარი პატრიოტის იმიჯს ვერ თმობს, და არ უნდა სამ მართლმადიდებელ იერარქს ჩამორჩეს ამ ასპარეზზე. ის ოპერატიულად ავრცელებს განცხადებას, რომ იზიარებს მათ პროტესტს რუსეთის ეკლესიის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში უხეში ჩარევის გამო. ამავე დროს ყოფილი პარლამენტარი მოხერხებულად ახდენს დისტანცირებას მღვდელმთავრებთან ეკლესიურ საკითხებში და პარალელურად უწოდებს მათ ხელისუფლების დაქირავებულებს და ქართულ ეკლესიაში შფოთის შემტანებს.

ახალი თაობა, 25.8.04.

რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (სიც!) დუმას

დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირიც უმტკიცებს საზოგადოებას სამშობლოს ერთგულებას და სასწრაფოდ აპროტესტებს რუსეთის „აგრესიულ და დამპყრობლურ პოლიტიკას, რაც უკიდუესად მწვავედ გამოვლინდა აჭარაში, აფხაზეთში და სამაჩაბლოში. „როგორც ჩანს - წერია მიმართვაში - ლენინებისა და ტროცკების მემკვიდრეები - ბჟეჟინსკები (ტექსტში ასეა!), ჟირინოვსკები და სხვანი დღესაც განსაზღვრავენ რუსეთის პოლიტიკას“. დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირის ხედვით, „დუმის ზოგიერთი დეპუტატის პოლიტიკური კლოუნადის მიღმაც ჩანს ღვთისმბრძოლი, ეკუმენისტური სულისკვეთების, ანტიქართული და არამარტო ანტიქართული პოლიტიკა“. კავშირი ბოლომდე ვერ იმეტებს მოძმე ეკლესიას და სინანულით განიხილავს „იგივე კონტექსტში რუსეთის ეკლესიის იმ ცალკეული იერარქების პოზიციას და ქმედებას, რომლებიც ეკუმენისტურ შეკრებებზე მწვალებლებთან ერთად ლოცულობენ მშვიდობისათვის და ამავდროულად იწყნარებენ ერთმორწმუნე ერის წინააღმდეგ მათივე ხელისუფლების მიერ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის ხელყოფას, რაც ასევე ეკუმენისტურ ძალებს აძლევს საბაბს, ჩამოაგდონ შუღლი და განხეთქილება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიების შორის“.

24 საათი 28.8.04.
გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საზოგადოება

მეუფე გრიგოლი პარალელს ავლებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობებს XIX საუკუნეში (როდესაც „საქართველოს ეკლესია, როგორც რელიგიურ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გადაიქცა ინსტრუმენტად რუსეთის იმპერიის ხელში, რომლის პოლიტიკური ინტერესები გამოიხატებოდა ქართული ეროვნული ცნობიერების მოშლაში...“) და დღეს, „როდესაც ქართული სახელმწიფო და საზოგადოება გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და მსოფლიო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის. მავანთა მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მრევლის წინაშე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დასავლური სტრუქტურების საქართველოსადმი მტრულ ძალად წარმოჩენა ნიადაგს უმზადებს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირებას, რაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს... საქართველოში და მის ირგვლივ არსებული ვითარების სულიერი და პოლიტიკური ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ კონფესიათაშორისი და შიდა კონფესიური შეუწყნარებლობა ზოგადად რელიგიურ მოვლენას კი წარმოადგენს, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში რელიგიას უფრო მაპროვოცირებელი ფუნქცია აქვს დაკისრებული, ხოლო მიზეზსაც და მიზანსაც წმინდა პოლიტიკური შინაარსი აქვს.“

ალია, 28-30.8.04.
ავტორის გარეშე
პროკურორ კერესელიძეს მამა ბასილი ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს

27 აგვისტოს ვაკე-საბურტალოს სარაიონო სასამალთლოში შედგა სასამართლოს სხდომა, რომელზეც ბასილ მკალავიშვილისა და 6 მისი მრევლის წევრის საქმე განიხილებოდა. პროკურორის შემდეგ სიტყვით გამოსულმა მკალავიშვილმა ჯერ ღმერთს მადლობა შესწირა, რომ სარწმუნოებისთვის ციხეში ზის და მართლმადიდებლობისთვის სიკვდილის მზადყოფნა გამოთქვა, შემდეგ დარწმუნებით განაცხადა, რომ პროკურორი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და მისი აცილება მოითხოვა. მკალავიშვილს ადვოკატებმაც აუბეს მხარი და მისი და მასთან ერთდ დაკავებული 6 პიროვნების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაც მოითხოვეს. სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურორმა ტელეკამერების წინ შელახული რეპუტაციის აღსადგენად კატეგორიულად მოითხოვა საზოგადოებას წარედგინოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, რომელიც მას ათიოდე დღის წინ ჰქონია გავლილი.

ამ შეხლა-შემოხლის შემდეგ მოსამართლემ მოწმეების გამოუცხადებლობის საბაბით სხდომა დახურულად გამოაცხადა და 7 სექტემრისთვის გადაიტანა.

2 სასულიერო პრესა *

▲ზევით დაბრუნება


აგვისტოს თვის მასალები შედარებით მწირია. ძირითადად მეორდება წინა თემატიკა. კვლავინდებურად განსაკუთრებით პოპულარურია ეკუმენიზმის, მასონების და მეორედ მოსვლის საკითხები. ამასთან წინა თვეებში დაფიქსირებული ტენდენცია კვლავ ძალაშია: კათოლიციზმის მაქსიმალური და რადიკალური კრიტიკა, პროტესტანტული ეკლესიებისადმი შედარებით ზომიერი დამოკიდებულების ფონზე.

_________________

* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

2.1 1. სხვა კონფესიებთან მიმართება

▲ზევით დაბრუნება


სხვა კონფესიებისადმი დამოკიდებულება კვლავ აგრესიულობით გამოირჩევა. ამასთან მათ უკავშირებენ სხვადასხვა სპეცსამსახურებს, მასონებსა და სხვა საიდუმლო ორგანიზაციებს. ამ ფონზე ხაზი ესმევა ქართველების განსაკუთრებულ სულიერებას და ქართული მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ მისიას. გაზეთ „კანდელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „ამერიკული და დასავლური ქვეყნების ცხოვრების წესი, უცხო და შეუთავსებელია ქართული სულიერებისათვის. ეს მტერმაც კარგად იცის. ამიტომ ყოველნაირად ცდილობს და მილიონობით დოლარსაც ხარჯავს, რათა სულიერად მოსპოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“. დღეს ბევრი ცდილობს მოკლას ქართული სული, მათი მცდელობა ამაოა, რადგან რელიგიური სექტები და მასონური ორგანიზაციები ვერ შეცვლიან ღვთის ნებას. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. მთავარია სული გადავირჩინოთ. ვიაროთ ეკლესიაში, მოძღვარს ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ რათა მიგვეტევოს ცოდვები“ (ელგუჯა გრიგალაშვილი, „უპირველესი მიზანი-მრევლის სულიერებაა“, „კანდელი“, 20-26.8.04, გვ. 8-9)

2.2 2. სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან მიმართება. ეკუმენიზმი

▲ზევით დაბრუნება


როგორც აღვნიშნეთ სხვა ქრისტიანულ ეკლესიათაგან დარტყმის ძირითადი ობიექტი კათოლიციზმია. ამასთან ტრადიციულად არ უთითებენ გამოქვეყნებული მასალების წყაროს თუ ავტორს. საბჭოურ-რუსული პროპაგანდის სტილში ცდილობენ რომის პაპი დაუკავშირონ ერთის მხრივ მასონებს, ხოლო მეორე მხრივ ფაშიზმს. პუბლიკაციაში მოყვანილია თარგმანი წიგნიდან „მასონობა-მითი თუ სინამდვილე“:

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის მონარქიულ დინასტიათა უმრავლესობა ლიკვიდირებულ იქნა. მასონების გეგმა ნაწილობრივ შესრულებული აღმოჩნდა. თუმცა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გლობალური ბატონობის გზაზე წარმოადგენდნენ კათოლიკური და სხვა ქრისტიანული კონფესიები“. ავტორის თქმით მასონებმა მაინც შეაღწიეს კათოლიკური ეკლესიის წიაღში. ვატიკანის საქმიანობა თითქოსდა დაკავშირებულია საიდუმლო ორგანიზაცია „ბნაი ბრიტთან“ (როგორც ამტკიცებენ ეს გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელშიც მხოლოდ ებრაელები შედიან). განსაკუთრებული კრიტიკის საგანია დღევანდელი რომის პაპი, რომელიც თურმე: „მუშაობდა გერმანიაში ქალაქ ფარბენში გაზის წარმოებაზე, სწორედ იმ გაზისა, რომელიც იგზავნებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში გაზის კამერებისთვის“ (ჩვენის მხრივ დავძენთ რომ არავითარი ქალაქი ფარბენი ბუნებაში არ არსებობს. არსებობდა კონცერნი „ფარბენინდუსტი აგ“ („ფარბენ“ გერმანულად საღებავს ნიშნავს) რომელიც მართლაც ამზადებდა გაზს საკონცენტრაციო ბანაკებისათვის-ბ.ბ.). შემდეგ პუბლიკაციაში ნათქვამია: „1983 წლის 27 ნოემბერს იოანე პავლე II-მ მთელს მსოფლიოში გამოცხადებული თავისუფალ კალატოზთა ეკლესიიდან განკვეთა შეცვალა. ერთი წლის შემდეგ პაპმა სრულიად დაუფარავად ღია აუდიენციაზე მიიღო „სამხრივი კომისიის“ მთელი შემადგენლობა, დახლოებით 200 კაცი. აღნიშნული საიდუმლო ორგანიზაცია 1973 წელს ჩამოყალიბდა დევიდ როკფელერისა და ზბიგნევ ბჟეზინსკის მიერ, რათა „გაეროსთან“ თანამშრომლობით უფრო სწრაფად მომზადებულიყო „ახალი მსიოფლიო წესრიგის“ ურღვევი პლაცდარმი. ამიტომ ამ ელიტარულმა ორგანიზაციამ მიზნად დაისახა გაერთიანება ყველა ძირითადი ეკონომიკური ძალის, აქედან გამომდინარე აირჩიეს სამხრივი ნაცია-ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და დასავლეთ ევროპა“ (ნაწყვეტი წიგნიდან „მასონები-მითი თუ სინამდვილე“ - „ერი და ბერი“, №10, გვ. 8-9).

კათოლიციზმის ბევრად შერბილებული კრიტიკა გვხდება საქართველოს პატრიარქის ქადაგებებში. ილიაობის დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგებაში იგი აღწერს თავის პირადი ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალს და შემდეგ გვამცნობს ერთი ოსი მეცნიერის მონათხრობს იმის შესახებ, რომ ევროპაში ყოფნისას კათოლიკურ ტაძარში შესულა და მისდა გასაოცრად აღმოუჩენია რომ იქ სანთლებს არ ანთებენ, სიმბოლურად ანთებენ მხოლოდ ელექტრონათურებს: „ისინი სანთელს იმიტომ არ ანთებენ, რომ კედლის დაჭვარტლას ერიდებიან, ადამიანის სული არ აწუხებთ. თუ სული იღუპება მათთვის არაფერია. სამაგიეროდ კედლებს და ნახატების უფრთხილდებიან.“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 6-12.8.04).

2.3 3. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მიმართება

▲ზევით დაბრუნება


სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობა ძირითადად ოფიციალური ინფორმაციით იფარგლება და კორექტულ ხასიათს ატარებს. როგორც „საპატრიაქოს უწყებანის“ რუბრიკაში „ქრონიკა“ ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ ირინეოსს. საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტს - რუსთაველის ფრესკის განადგურებას ჯვრის მონასტერში. პატრიარქმა დაგმო მომხდარი და პრეზიდენტს დახმარება აღუთქვა („საპატრიარქოს უწყებანი“, №28, 6-12.8.04). ელადის ეკლესიამ ასევე დაგმო ჯვრის მონასტერში მომხდარი ვანდალიზმის აქტი („საპატრიარქოს უწყებანი“, №28, 6-12.8.04)

2.4 4. თანამედროვე ეპოქის დახასიათება. გლობალიზაცია

▲ზევით დაბრუნება


არც ერთ სხვა სფეროში არ ვლინდება ისეთი აგრესიულობა, როგორც თანამედროვე ეპოქის დახასიათებაში. გაზეთ „ერი და ბერი“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „სოლომონის ტაძრის მშენებლობა უკვე მზადდება“ საუბარია ანტიქრისტეს მოახლოებულ მოსვლაზე, რომელიც საბოლოოდ იერუსალიმის ტაძრის აგების შემდეგ მოხდება.

პუბლიკაციაში სხვათა შორის მოყვანილია საზღვარგარეთ მოღვაწე რუსი სქიმმონაზონი ანტონის (ჩერნოვის) გამონათქვამი: „ებრაელთა მესია იერუსალიმში ოქროს კარიბჭედან შევა. შარშან უკვე ჩაიდო ქვა სოლომონის ტაძრის საფუძველში. უკვე მომზადებულია მსხვერპლად შესაწირი ცხოველები. იერუსალიმის მთავარმა რაბინმა ორჯერ გამოაცხადა, რომ „მაშიახი“ უკვე დაბადებულია. მისთვის მომზადებულია მმართველი პოსტი გაეროში, კათოლიკური ეკლესიის იერარქები - პაპი და კარდინალები - უკვე ემზადებიან, რომ უღალატონ ქრისტეს. კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ჩვენც გვეხებიან“.

ამერიკაში მოღვაწე მეორე რუსი პირი იური ეგოროვი აღნიშნავს: „წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ ანტიქრისტეს და ქვეყნიერების აღსასრულის წინ აშენებული იქნება მესამე ტაძარი იერუსალიმში. ამისთვის თითქმის ყველაფერი მომზადებულია. ასწავლიან მღვდლებს (ლევიტელ მღვდლებს), აშშ-ში ზოგი ქრისტიანიც კი აგროვებს ფულს მშენებლობისათვის. დადის ხმები, რომ მთელი საშენი მასალა დამზადებულია მაგრამ სატაძრო მთაზე, მორიას მთაზე ორი მეჩეთია, როცა მათ როგორმე მოაშორებენ - ააფეთქებენ ან დაშლიან და გადაიტანენ - ეს უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ მოახლოებულია, უკვე კართანაა (ანტიქრისტე - ბ.ბ.). ჯერ კიდევ 1941-42 წწ. დეკანოზი სერგეი ბულგაკოვი წერდა: „მისი (ანტიქრისტეს-რედ.) გზა წმინდა ქალაქის დაუფლებაზე გადის“.

„საზღვარგარეთის ბეჭდვითი ორგანოები იუწყებიან, რომ იერუსალიმის ახალ ტაძარში ლევიტელთა მსახურების მომავალ აღდგენასთან დაკავშირებით ჩაფიქრებულია სინედრიონის მოწვევა. რაბინი მ. შნირსონი წინასწარმეტყველებს, რომ „კატასტროფული კონფრონტაცია“, რომელიც 1992 წელს უნდა მოხდეს, საფუძველს მოუმზადებს მესიის მოსვლას» (წიგნიდან „Россия перед вторым пришествием“, „ერი და ბერი,“, 2004, №10, გვ 8-9).

2.5 6. ყოფითი ურთიერთობები. კულტურა

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანი“ ეხება აღზრდის თემას და განიხილავს თავისუფალი აღზრდის მეთოდს. ამ თეორიის თანახმად, აღნიშნავს ავტორი (სიდონია ანასაშვილი): „ბავშვები საკუთარ თავს უნდა მივანდოთ და ხელი არ შევუშალოთ, რომ გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი პიროვნება“. დღეს-დღეობით ეს მიდგომა გაბატონებული ხდება. ავტორის აზრით, „ადვილი წარმოსადგენია რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარი მეთოდების გამოყენებას. შეიძლება თუ არა მორწმუნე ადამიანი დაეთანხმოს აღზრდის ასეთ მეთოდს. ასე ხომ ადამიანთა ის თაობა გაიზრდება, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური ინტერესებით იხელმძღვანელებენ“. ავტორს აღზრდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია: „გონივრული და ზომიერი იძულება და სასჯელი“. ამასთან სასჯელი უნდა იყოს არა პირდაპირი, არამედ ირიბი, მაგალითად: „ტკბილეულობის გარეშე დატოვება, დროებით თამაშის აკრძალვა, სტუმრებთან ყოფნაზე უარის თქმა და სხვა“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №30, 20-26.8.04, გვ. 19).

გაზეთი „მრევლი“-ში გამოქვეყნებული „მართლადიდებელი ქრისტიანის“ სახელით ხელმოწერილი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული. მასში ავტორი ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, ცალკეული მეცნიერები და სასულიერო პირებიც კი. ავტორის თქმით, ისინი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ბრალს სდებენ კონსერვატიზმში, ექსტრემიზმში, ფანატიზმში და სექტანტობაში. ავტორი იძლევა ამ ცნებების მისეულ დეფინიციას და თვლის, რომ მათი გამოყენება ქართული მართლმადიდებლობის მიმართ არასწორია. მეტიც ეს ეშმაკის მსახურებაა: „ეშმაკი, ბნელეთის მოციქული, ებრძვის ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტების დამცველ მართლმადიდებელ ეკლესიას. ყველა ვინც ებრძვის ეკლესიას, ეშმაკის სამსახურში დგება და თუ არ შეინანა, მოელის მარადიული სიბნელე ჯოჯოხეთში... ჩვენ არ გვეშინია თუ დაგვცინებენ - სხვადასხვა დამამცირებელ სახელებს დაგვიძახებენ. ჩვენ, მართლმადიდებლები ღმერთს ვთხოვთ, მოგვცეს ძალები, მოვითმინოთ არა მარტო დაცინვა და და ცილისწამება, არამედ ყველანაირი დევნა მართლმადიდებელი ეკლესიის, ჭეშმარიტი სწავლების დასაცავად“ („მრევლი“№88, 8. 2004)

2.6 7. მასმედიასთან მიმართება

▲ზევით დაბრუნება


მასმედიისადმი დამოკიდებულება კრიტიკულია. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ე.წ. ზომბირების მეთოდოლოგიებს, რომელიც ისევ და ისევ უკავშირდება მსოფლიო შეთქმულებას. ამ თემას ეძღვნება გაზეთ „ერი და ბერი“-ში გამოქვეყნებული სტატია „25-ე კადრი და ზომბირებული მაყურებებლი“. ავტორის თქმით საბჭოთა ტელევიზია გამუდმებით იყენებდა 25-ე კადრის ეფექტს. ამასთან: „ტექნიკის განვითარების ახალი სისტემების შემუშავება მოჰყვა. 25-ე კადრს დაემატა სარეკლამო ხასიათის ინფორმაციები, რომლებიც უფრო ღრმად აღწევდა ადამიანის ცნობიერებაში, ასევე ახლებური ხედვა, რომელსაც უნდა შეეცვალა უკვე დრომოჭმული კომუნისტური ხედვა“. როგორც ავტორი აღნიშნავს საბჭოთა მოსახლეობა კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ 25-ე კადრის ეფექტის გამოყენებით განაწყვეს, რასაც საბოლოოდ საბჭოთა სისტემის დაშლა მოჰყვა. (წიგნიდან მასონობა - მითი თუ სინამდვილე. სტატია: 25-ე კადრი და ზომბირებული მაყურებებლი; „ერი და ბერი“, №10, გვ 9-10).

ტელევიზიისადმი, სახელდობრ რელიგიური გადაცემების მიმართ, კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს არქიმანდრიტი რაფაელი. ის წერს: „ლოცვა სულიერი ცხოვრების ცენტრია. ადამიანის სულს უძრავი ცენტრიდან ცვალებადი წარმოდგენების მბრუნავ წრეზე აგდებს. ლოცვისა და ჭვრეტის გარეშე წარმოუდგენენლია ღვთის შინაგანი განცდა. ტელევიზორი რომც გახდეს რელიგიური გადაცემების არხი, ის მაინც მოსწყვეტს რელიგიას მთავარს - სიღრმესა და მისტიკას, შეჩერდება რა კატეხიზატორობაზე, სიტყვის საჯაროდ გამოცხადების დონეზე და არა ძალისა. რელიგიური ინტუიციის გარეშე, მდუმარებაში მიღწეულ ასეთ გამოცხადებას არ მიიღებენ ან მიიღებენ სულიერ კულტურულ ღირებულებათა დონეზე“ (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ტელევიზიის შესახებ, („კანდელი“,№31, 6-12.8.04, გვ.11)