![]() |
სოლიდარობა №5(32) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ტუღუში გიორგი, ფულერი ელიზაბეტ, მინდიაშვილი ბექა, დოლიძე ხათუნა, ზაზაშვილი ნატო, ჭიჭინაძე სალომე, ხორავა თეა, ცირამუა მაია, ცხადაია გიორგი, წულუკიანი თეა, დალი რობერტ, ხიდაშელი ნინო, ბექიშვილი ნინო, საყვარელიძე ფრიდონ, სპიკერი მანფრედ, სორდია გიორგი, აუგსტი გარი, შავგულიძე თამარ |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი გარეკანზე: მარიკა ასათიანის ფოტო ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ,
კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...
მარტინ ნიიმიოლერი
პასტორი,გერმანიის
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
![]() |
2 სამოქმედო არეალი |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი ტუღუშთან
რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი ომბუდსმენი, ადამიანის უფლებების კუთხით რომელი სფეროები იქნება მისთვის პრიორიტეტული, სად გადის უფლება-დაცვით საქმიანობასა და პოლიტიკურ პოზიციებს შორის ზღვარი, როგორ აპირებს იგი უმცირესობათა უფლებების დაცვას? ამ და სხვა საკითხებზე „სოლიდარობის“ მკითხველს ესაუბრება საქართველოს რიგით მეოთხე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
ბატონო გიორგი, თქვენ უკვე დიდი ხანია ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწეობთ. როდის დაინტერესდით ამ საკითხებით? კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობდით?
ადამიანის უფლებებით განსაკუთრებით მაშინ დავინტერესდი, როცა სასწავლებლად შვედეთში წავედი. მანამდე საქართველოს პარლამენტში კანონმდებლობაზე ვმუშაობდი, ვიყავი გაეროს განვითარების პროგრამის იურიდიული მრჩეველი საარჩევნო საკითხებში. შვედეთში დავიწყე სასამართლო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესწავლა და როდესაც კონკრეტული საქმეები ვნახე, უფრო გამიღრმავდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ. გადავწყვიტე მაქსიმუმი გამეკეთებინა იმისათვის, რომ პროფესიის მიხედვით მეპოვა სამსახური, რაც ადვილი არ იყო. მახსოვს, ჯერ კიდევ ვსწავლობდი, როცა რამდენიმე განაცხადი გავაგზავნე საზღვარგარეთ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. სწავლას რომ ვამთავრებდი, ეუთომ გამოაცხადა ვაკანსია ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე. იქვე შევავსე განაცხადი და გამოვაგზავნე. გარდა ამისა, სოზარ სუბარმა შემომთავაზა, რომ ჩამოვიდოდი, მუშაობა ომბუდსმენის აპარატში დამეწყო. როდესაც დავბრუნდი, საერთაშორისო საკითხების სამმართველოს უფროსად დამნიშნეს.
სხვათა შორის, მაშინ არჩევანის წინაშე დავდექი: სწორედ იმ დროს მოვიგე კონკურსი და შემეძლო ვენაში, გაეროს ოფისში წავსულიყავი სტაჟირებაზე (ეს დაფინანსებული სტაჟირება იყო); ან დავრჩენილიყავი სახალხო დამცველის ოფისში სამუშაოდ, ან ეუთოს ოფისში მემუშავა. ეუთოში მუშაობა ვარჩიე და იქ ოთხი წელი გავატარე. მინდა გითხრათ, რომ ამ ოთხი წლიდან უინტერესო ნამდვილად არცერთი არ ყოფილა, მაგრამ პირველი ორი წელიწადი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ხშირად მიწევდა სიარული საპყრობილეებში. შეხება მქონდა სისხლის სამართლის ინდივიდუალურ საქმეებთან და ზოგადად ადამიანის უფლებებთან. პრობლემების დიდი სპექტრი იყო - რელიგიური უმცირესობების, პროკურატურის, სასამართლოს საკითხები... ძალიან სასარგებლო გამოცდილება მივიღე. მერე უკვე თავად გამოვიჩინე ინიციატივა და დავიწყე სასჯელაღსრულების ადგილების მონიტორინგი, რისი პრაქტიკაც მანამდე ეუთოში არ ჰქონიათ. პოლიციის განყოფილებებისა და დროებითი დაკავების იზოლატორების შემოწმებასაც ვახორციელებდი. გარდა ამისა, არაერთ სამუშაო ჯგუფში ჩავერთე, მონაწილეობა მივიღე სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებაში, ვიყავი წამების წინააღმდეგ ეროვნული გეგმის შემუშავებისა და მისი განხორციელების მონაწილე, არაერთ კონფერენციაზე მომიწია გამოსვლა უცხოეთშიც და თბილისშიც, ხშირად ვიყავი ტრენერიც. ამ ოთხმა წელმა ძალიან საჭირო გამოცდილება შემძინა. ამასთან, 2005 წელს ევროპის წამების აკრძალვის კომიტეტის წევრად ამირჩიეს. ეს კი უკვე სულ სხვა გადმოსახედი აღმოჩნდა ჩემთვის, საერთაშორისო გამოცდილება მივიღე: უცხოეთის ქვეყნებში თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგის ჩატარების საშუალება მომეცა. გარდა ამისა, ვმუშაობდი კანონმდებლობაზე და მინდა გითხრათ, რომ ეს კომიტეტი ჩვენს კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანოა მათ შორის, რომლებიც თავისუფლების შეზღუდვის ადგილების შემოწმებას ახდენენ. პარალელურად ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას, დღემდე მყავს სტუდენეტები. სხვათა შორის, ორი მათგანი დღემდე ჩივის, რომ მათი თემების წაკითხვა ვერ მოვასწარი. რაც აქ მოვედი, იმდენი საქმეა, აღარ ვიცი, როდის რას მოვკიდო ხელი. მაგრამ იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება და ისევ გავაგრძელებ სტუდენტებთნ მუშაობას.
როგორ გესმით სახალხო დამცველის, მისი აპარატის როლი და რატომ გადაწყვიტეთ ამ რთულ თანამდებობაზე მოსვლა?
ჩემი პროფესიული საქმიანობის უკანასკნელი წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე ყოფილ ომბუდსმენთან მომიწია მუშაობა. ვესაუბრებოდი მათ იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს ინსტიტუტი, ვეცნობოდი მათ ხედვას. ბუნებრივია, სოზარ სუბართანაც მისაუბრია და რამდენიმე სხვა მოქმედ ომბუდსმენთანაც, რომლებიც საქართველოში არ ჩამოსულან, მაგრამ უცხოეთში პრობლმებს, რა თქმა უნდა, არაერთ სფეროში ვხედავ. ჩვენ ბევრი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. პენიტენციალურ სფეროში პრობლემების აღმოფხვრას მთლიანად ვერ შევძლებთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ ისეთი შედეგები მივიღოთ, რომ ამ თემაზე აღარ იყოს მუდმივად ლაპარაკი. ბუნებრივია, დარჩება მიმდინარე პრობლემები, რომლებიც მარტო ჩვენთან კი არა, ბევრ ქვეყანაშია. საქართველოსთვის ყოველთვის სამაგალითო იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ითვლებოდა, რომ ეს ქვეყნები ძალიან წინ წავიდნენ, იყო მცდელობები გავცნობოდით მათ პრაქტიკას, გადმოგვეღო მათი კანონმდებლობა. ნამყოფი ვარ ლატვიაში, ვიცნობ იქაურ ვითარებას და აღარ მიკვირს ბევრი რამ, რაც საქართველოში ხდება. განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება ისეთი სისტემური პრობლემები ნახო, როგორსაც აქ ვერ შეხვდები, რაც, ცხადია, სასიხარულოა. ზოგადად, საქართველოში ჰგონიათ, რომ ყველაფერი ციხიდან და პენიტენციალური სისტემიდან იწყება. ავიწყდებათ, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში სხვაგანაც არანაკლები პრობლემებია. საქართველოში იშვიათად ლაპარაკობენ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე, რაც რეალურად მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა ხდება საპყრობილეებში. 20 000 პატიმარი გვყავს და, ბუნებრივია, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები შეწუხებელნი არიან. მოსახლეობას ეს თემა ასე ძლიერ იმიტომ აინტერესებს, რომ საპყრობილე დახურული სისტემაა, შიგ ვერ შედიხარ, არ იცი რა ხდება იქ. მაგალითად, მუზეუმში ერთხელ წახვალ, დაათვალიერებ და უკვე იცი, რა ვითარებაა იქ, მეორედ შეიძლება აღარც წახვიდე. რაც შეეხება ციხეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, ანუ ადგილებს, სადაც შეზღუდულია შესვლა, მათ მიმართ დიდია ინტერესი და ეს ბუნებრივი ინტერესია. ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული ობიექტური გარემოებითაა გამოწვეული, მაგრამ ბოლო დროს ამან რაღაც სტიგმის ხასიათიც მიიღო. ეს ის პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს. აუცილებელია სახელმწიფოში იყოს სასამართლო, რომელსაც მოსახლეობა ენდობა. ომბუდსმენისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს გამართული ფუნქციონირება და მის მიმართ ნდობის გაჩენა. ომბუდსმენს პირდაპირი ბერკეტი არა აქვს საიმისოდ, რომ რაიმე ზემოქმედება მოახდინოს სასამართლოზე. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა. სახალხო დამცველს ბევრ ქვეყანაში სასამართლოზე ზემოქმედება არ შეუძლია, თუმცა არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ომბუდსმენს ამ კუთხით გარკვეული ბერკეტები მოეპოვება. აქ ჩვენ ვაწყდებით ორი სტრუქტურის ურთიერთობის საკითხს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და, მეორე მხრივ, ომბუდსმენს ამ მიმართულებით სიტყვა ეთქმოდეს. კანონში არის მუხლი, რომლის მოდიფიცირებაც უნდა მოხდეს, რადგან ძალიან დიდ გაუგებრობებს იწვევს. ეს მუხლი გულისხმობს შემდეგს: თუ ომბუდსმენი შეისწავლის საქმეს და დაინახავს, რომ სასამართლოს წარმოების დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, იგი შესაბამის სასამართლო ინსტანციას მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქმე გადაიხედოს. მაგრამ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, მისი შესრულება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის და, როგორც წესი, სასამართლო ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. სახელმწიფო დაწესებულებებიდან ჩვენთან წერილები მოვიდა - განმცხადებლებს ატყობინებდნენ, იცით, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ კანონში სათანადო მუხლი არის და ომბუდსმენს მიმართეთო. იქ, სადაც ეს წერილები დაიწერა, უნდა იცოდნენ, რომ ეს მუხლი დღეისათვის მკვდარია, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია სასამართლოზე ზემოქმედების მოსახდენად. ადრე გენპროკურორს ჰქონდა უფლებამოსილება მოეთხოვა საქმის გადახედვა. უზენაეს სასამართლოშიც იყო პლენუმი და პრეზიდიუმი, რომელთაც ასევე ჰქონდათ საამისო უფლებამოსილება. დღეს ეს აღარ არსებობს. როცა საქმე დაიხურება, განაჩენი საბოლოოა და მხოლოდ ის შეგიძლია სტრასბურგში წახვიდე და ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლო. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. კანონის ეს მუხლი ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს და ომბუდსმენს რაიმე ბერკეტი გაუჩნდეს, რომელიც არც სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელყოფს და სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებასაც შესაძლებელს გახდის. ამის თაობაზე უკვე ვესაუბრე აპარატის თანამშრომლებს, კიდევ მოგვიწევს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში უმცირესობების წარმომადგენლებმა სხვათა თანასწორად იგრძნონ თავი? ვგულისხმობთ ყველანაირი ტიპის უმცირესობებს - ეთნიკურს, რელიგიურსა და სექსუალურს.
უმცირესობების თემა პრიორიტეტული იყო სახალხო დამცველის ოფისისთვის და ვთვლი, რომ ამ სფეროში ბევრი კარგი რემეა გაკეთებული. თუნდაც ის, რომ ომბუდსმენის აპარატთან ფუნქციონირებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოები, უკვე ბევრს ნიშნავს. მათ წარმომადგენლებს შევხვდი და დავინახე, რომ დადებითად არიან განწყობილნი და უნდათ სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობა. ამ ოფისში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულებაა. ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მთავრობის მიერ შემუშავებულია კონცეფცია და არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებულია ის რეკომენდაციები, რომლებიც სწორედ სახალხო დამცველის აპარატში იქნა შემუშავებული. რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, ჩემი თაობის და უფრო ხანდაზმული ხალხი საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხზე. ამას დრო დასჭირდება, საჭიროა მენტალიტეტის შეცვლა. თუმცა, თუ საქართველოს ევროპის ოჯახის წევრობა სურს და თავს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, არის რაღაცები, რასაც ცოტა სხვა თვალით უნდა შევხედოთ. თუმცა, მდგომარეობა ნელ-ნელა აქაც იცვლება. ერთ მაგალითს მოვიყვან ჩვენი უახლესი წარსულიდან: როცა ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა განაცხადა ჰომოსექსუალები სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონო, მან საზოგადოების მხრივ არათუ სიმპათია, არამედ გაკიცხვაც კი დაიმსახურა. მისი განცხადება აღქმული იყო, როგორც ძალიან უარყოფითი რამ და პარლამენტარს თავის მართლებაც კი მოუხდა. ეს ერთობ პოზიტიური ნიშანია. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების თემა საქართველოში ნელ-ნელა სიმკვეთრეს კარგავს. საჭიროა სწორი მუშაობა საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენ ყველას გვჭირდება იმის ცოდნა, თუ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. ამ თემაზე ძალიან ხშირად სრული უმეცრება მომისმენია, ხშირად ჩემი მეგობრებიც გამიკრიტიკებია. სახალხო დამცველმა უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველს, გარდა უფლებების დაცვისა და მონიტორინგისა, საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია. რის გაკეთებას აპირებთ ამ მიმართულებით?
სახალხო დამცველს საკმაოდ შეზღუდული რესურსები აქვს. ეს ქვეყანა არც ისე პატარაა, ომბუდსმენი კი ერთი ჰყავს. თუმცა, თუკი შემეძლება სადმე მივიდე და ვისაუბრო, ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა იმუშაოს საგანმანათლებლო მიმართულებით, გამოძებნოს რესურსი იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების სწავლება მოხდეს ქვედა დონზე, ანუ რიგით მოქალაქეებამდე მიაღწიოს ინფორმაციამ. მათ ძალიან სჭირდებათ საკუთარი უფლებების ცოდნა, რადგან გაცილებით უკეთაა დაცული ის მოქალაქე, რომელმაც თავისი უფლებები იცის. ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვევა, თუ მოქალაქე ინფორმირებულია, შეუძლია პრობლემები შეუქმნას უფლებათა დამრღვევს. შევარდნაძის პერიოდში ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო დაკავებულთა ცემა პოლიციის განყოფილებებში, მათ უმეტესობაზე, როგორც წესი, ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენდნენ. ზოგჯერ ადამიანი იწყებდა ჩივილს, მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციას, მედიას და თემა აქტუალური ხდებოდა. სხვადასხვა ქვეყანაში მონიტორინგისას არასრუწლოვანი მსჯავრდებულებისგან მომისმენია, რომ ადმინისტრაცია მათზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ისინი ამბობდნენ, - მერე რა მოხდა, ეგ მიღებული წესიაო. ან უსამართლო სასჯელს გამოუწერდნენ, მათ კი ეგონათ, ეს დავიმსახურეთო. არც ჩვენთანაა ინფორმირებულობის დონე მაღალი, ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ მხრივ. გაეროს დაფინანსებით კვლევა ჩავატარეთ და ვიცით, სად გვაქვს სუსტი წერტილები. გამოიკითხა მოსახლეობის ნაწილი და დადგინდა, რომელ თემას თვლიან ისინი მნიშვნელოვნად, სად არის პრობლემები, სად არის ნაკლები ინფორმირებულობა და სხვ. სახალხო დამცველს, საბედნიეროდ, ეძლევა იმის საშუალება, რომ გარკვეული ღონისძიებები, რასაც თვითონ მატერიალური რესურსების არარსებობის გამო ვერ ატარებს, დონორების მხარდაჭერით მაინც განახორციელოს. რა თქმა უნდა, სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სახალხო დამცველის ოფისი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბევრს მუშაობდა პოლიტიკურ უფლებებზე. თქვენი წინამორბედი საუბრობდა იმაზე, რომ ამ უფლებათა დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებდა. საუბრობდა პოლიტიკურ პატიმრებზე, ყურადღებას ამახვილებდა არჩევნების პროცესზეც. თქვენ რას იტყვით ამ თემებზე?
რაც შეეხება არჩევნებს, ომბუდსმენი მასზე მხოლოდ დაკვირვებას უნდა აწარმოებდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაებას პოლიტიკურ თამაშში. ამ მხრივ ომბუდსმენს საკმაოდ შეზღუდული რესურსი აქვს და სხვის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს ეყრდნობა. არჩევნების დროს ძალიან მნიშვნელო ვანია მონიტორინგი სასჯელაღსრულების ადგილებზე. პატიმრებს თავისუფლების აღკვეთის სულ რამდენიმე დაწესებულებაში აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იქ სხვები ვერ შედიან და ამიტომ სწორედ ომბუდსმენს აქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს საარჩევნო უფლება პატიმრებმა. ცხადია, სახალხო დამცველს შეუძლია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს სათანადო ორგანოებსა და უწყებებს, აღკვეთოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნების პერიოდში, თუკი ასეთი რამ გამოვლინდა, შეისწავლოს ნებისმიერი კანონდარღვევა და წარმოადგინოს საკუთარი აზრი ამის თაობაზე. ვთქვათ, თუ რომელიმე კანდიდატის რეგისტრირებას დისკრიმინაციულად შეუშლიან ხელს ან მოხსნიან მას არჩევნებიდან, სახალხო დამცველმა ეს საქმე უნდა შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს. ის კი, რომ ომბუდსმენმა არჩევნები სამართლიანად ან გაყალბებულად აღიაროს, მგონი, ზედმეტის აღებაა საკუთარ თავზე. არჩევნებს უამრავი დამკვირვებელი ჰყავს და სახალხო დამცელის მხრიდან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. თქვენ პოლიტიკური თემები ახსენეთ. რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული საქმეები, რომლებიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. ამ საქმეების დეტალურად შესწავლა ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, ზოგიერთი საქმე ამჟამად აღარც არის ჩვენს ოფისში. უმეტეს მათგანზე სახალხო დამცველმა უკვე გამოხატა თავისი პოზიცია და მე მათ, რომც მინდოდეს, ვეღარ გადავხედავ. თუმცა იმისათვის, რომ ინფორმირებული ვიყო, საჭიროა, ამ საქმეებს ვიცნობდე. რაც შეეხება ტენდენ- ციებს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ტიპური ტენდენციაა ქვეყანაში. წინა წლებში იყო გახმაურებული საქმეებიც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო. ბუნებრივია, არის საქმეები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა არ უნდა მოახდინოს ამ თემის პოლიტიზება. ომბუდსმენი სამართლებრივად უნდა სწავლობდეს საქმეებს და სადაც პრობლემას ხედავს, იქ მიუთითებდეს სამართლიანი სასამართლოს ან სხვა ნებისმიერი უფლების დარღვევაზე, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო თავისუფლების აღკვეთას. ამ საქმეებს სახალხო დამცველი, ცხადია, ვერ გაექცევა და არც უნდა გაექცეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ომბუდსმენი უპირველესად იმ სამართლებრივ დასკვნებს ეყრდნობა, რომლებიც იურისტების მიერ კეთდება.
რომელი საქმეები მოგვხვდათ თვალში? ხომ ვერ გამოყოფდით რომელიმე მათგანს?
არ მინდა წარსულზე მოვახდინო ფოკუსირება. პირველი საქმე, რომელიც ჩემი ხელმოწერით გავიდა ოფისიდან, ეხებოდა პირს, ვინც ერთი პოლიციელი მოკლა, ორი კი დაჭრა. ჩვენი აპარატის თანამშრომლები შეხვდენენ მას საპყრობილეში და ნახეს, რომ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ჩვენ ამ საქმის შესწავლა და გამოძიება მოვითხოვეთ. იყო მეორე თემა, როდესაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პოლიციის სამმართველოს კიბის უჯრედში ჩავარდა და იმ სახის დაზიანება მიიღო, რომ გარდაიცვალა. მას მარნეულში რამდენიმე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. ვთვლი, რომ სამართალდამცავებს იმ პირის მიმართ, რომელიც ასეთი მძიმე დანაშაულის გამო იყო დაპატიმრებული, მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ. მივმართეთ პროკურატურას, რომ მასალები მოგვაწოდონ და უკვე მიმდინარეობს გამოძიება. ახლახან ჩემს მაგიდაზე იყო ერთი საქმე - მოქალაქე პოლიციელებს ბრალს სდებს მის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო. ვამზადებთ რეკომენდაციებს, მოვითხოვთ აღნიშნული საქმის გამოძიებას. ასევე, ერთ - ერთი პატიმარი მკურნალობას ითხოვს და მას აუცილებლად დავეხმარებით. იყო ისეთი საქმეებიც, რომლებიც ჩემამდე დაუსაბუთებული ინფორმაციის სახით მოვიდა - სახალხო დამცველმა მოქმედება რომ დაიწყოს, საჭიროა საქმე კარგად იყოს შესწავლილი.
მალე პარლამენტში უნდა შევიდეს თქვენი ანგარიში...
ანგარიში, რა თქმა უნდა, კრიტიკული იქნება. რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი. ერთი თავი პოლიციას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შეეხება; არის თავი, რომელიც მიმოიხილავს შეკრება-მანიფესტაციების უფლებას და იმ მოვლენებს, რომელთაც ამ უფლების განხორციელებისას ჰქონდა ადგილი უახლოეს წარსულში, 2009 წლის იანვრიდან მოყოლებული 6 თვის განმავლობაში. მოვითხოვთ ჯერჯერობით გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას. არის თავი დევნილთა უფლებებზე, საკუთრების უფლებაზე, მიმოხილულია სხვა საკითხებიც, რაც ყოველთვის აისახება ხოლმე სახალხო დამცველის მოხსენებაში და რომლებიც უმცირესობებს და მათ უფლებებს შეეხება. ანგარიშის უმეტესი ნაწილი მზადაა.
დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, გისურვებთ წარმატებებს.
![]() |
3 თავისუფლების სახლის ანგარიში საქართველოს შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში
ელიზაბეტ ფულერი
დედაქალაქი: თბილისი;
მოსახლეობა: 4,4 მილიონი;
მეშ/სულზე: 4,760 აშშ დოლარი
მონაცემები მოწოდებულია მსოფლიო ბანკის მიერ, მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები 2009წ.
გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების რეიტინგი და საშუალო ქულები
_________________________________________________________________
|
1990- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
საარჩევნო |
4,00 |
4,50 |
5,00 |
5,25 |
5,25 |
4,75 |
4,75 |
4,50 |
4,75 |
5,25 |
სამოქალაქო |
3,75 |
4,00 |
4,00 |
4,00 |
3,50 |
3,50 |
3,50 |
3,50 |
3,50 |
3,75 |
დამოუკიდებელი |
3,75 |
3,50 |
3,75 |
4,00 |
4,00 |
4,25 |
4,25 |
4,00 |
4,25 |
4,25 |
მმართველობა* |
4,50 |
4,75 |
5,00 |
5,50 |
5,75 |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
ეროვნული |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
5,50 |
5,50 |
5,50 |
5,75 |
6,00 |
ადგილობრივი |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
6,00 |
5,75 |
5,50 |
5,50 |
5,50 |
სამართლებრივი |
4,00 |
4,00 |
4,25 |
4,50 |
4,50 |
5,00 |
4,75 |
4,75 |
4,75 |
4,75 |
კორუფცია |
5,00 |
5,25 |
5,50 |
5,75 |
6,00 |
5,75 |
5,50 |
5,00 |
5,00 |
5,00 |
დემოკრატიის |
4,17 |
4,33 |
4,58 |
4,83 |
4,83 |
4,96 |
4,86 |
4,68 |
4,79 |
4,93 |
* დაწყებული 2005 წლის გამოცემიდან თავისუფლების სახლმა დაიწყო ცალკე ანალიზისა და რეიტინგის გამოქვეყნება ეროვნული დემოკრატიული მმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობისათვის, რათა მიეწოდებინა მკითხველისთვის ამ ორი მნიშვნელოვანი სფეროს უფრო დეტალური და დაწვრილებითი ანალიზი.
შენიშვნა: რეიტინგებში ასახულია თავისუფლების სახლის, მისი აკადემიური მრჩევლებისა და წინამდებარე ანგარიშის ავტორის (ავტორების) შეთანხმებული პოზიცია. ანგარიშში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მის ავტორს (ავტორებს). შეფასებები ემყარება 1-დან 7-მდე სკალას, სადაც 1 წარმოადგენს დემოკრატიული პროგრესის უმაღლეს საფეხურს, ხოლო 7 - ყველაზე დაბალს. დემოკრატიის რეიტინგი წარმოადგენს მოცემულ წელიწადში შეფასებული კატეგორიების ქულათა საშუალო მაჩვენებელს.
წინასიტყვაობა
1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ განიცადა ქაოსისა და ეკონომიკური ვარდნის რამდენიმე წელიწადი, როდესაც მან დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე. ორივე რეგიონს ათწლეულების მანძილზე საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილმა პირველმა მდივანმა და შემდგომში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც დაბრუნდა თბილისში 1992 წლის მარტში და არჩეული იქნა პრეზიდენტად 1995 წელს, ვერ შეძლო კორუფციის დამარცხება და ვერც მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც დასრულდა მისი გაძევებით 2003 წლის ნოემბერში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც არჩეული იქნა პრეზიდენტად 2004 წლის იანვარში, წარმატებას მიაღწია კორუფციის შემცირებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით, მაგრამ ვერ მოახერხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე იურისდიქციის აღდგენა. პრეზიდენტ სააკაშვილის საჯაროდ გაცხადებულმა პროდასავლურმა ორიენტაციამ და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილმა გაამწვავა მოსკოვთან არსებული ფარული დაძაბულობა. მისმა აშკარა ავტორიტარულმა ტენდენციებმა, სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების პარალელურად, უბიძგა ოპოზიციას 2007 წლის ნოემბერში დაეწყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც ძალადობრივად იქნა ჩახშობილი.
სააკაშვილმა გაიმარჯვა ხელახლა დანიშნულ ვადამდელ არჩევნებში მეორე საპრეზიდენტო ვადაზე 2008 წლის 5 იანვარს. ამ არჩევნებს ოპოზიციამ გაყალბებული უწოდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი დარღვევები როგორც ამ არჩევნებში, ისე 21 მაისს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებშიც, რომელშიც სააკაშვილის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეინარჩუნა აბსოლუტური უმრავლესობა. დაძაბულობა რუსეთთან გაღრმავდა აპრილში მას შემდეგ, რაც ნატომ უარი განაცხადა საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზებაზე, რისი იმედიც საქართველოს ჰქონდა. თუმცა ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და უკრაინა შეუერთდებოდნენ ალიანსს მომავალში, ჯერჯერობით დაუზუსტებელ დროს. ქართულ სამხედრო ძალებსა და ოსეთის ბოევიკებს შორის რამდენიმე კვირის მანძილზე გამართული ცალკეული ურთიერთსროლების კულმინაცია იყო ქართული არტილერიის მიერ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალის დაბომბვა 2008 წლის 7 აგვისტოს, რასაც რუსეთმა მოულოდნელი სამხედრო შეტევითა და ქართული ქალაქების დამომბვით უპასუხა. დაიღუპა 500-მდე საქართველოს სამოქალაქო და სამხედრო პირი, ხოლო 130000 ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის სახელით მოქმედებდა, მხარეებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები შესთავაზა, რაც მიიღეს როგორც რუსეთმა, ისე საქართველომ. ორი კვირის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფორმალურად აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და შემდეგ ორივე რეგიონთან სამხედრო ალიანსი გააფორმა. წამყვანი ოპოზიციონერები ადანაშაულებდნენ სააკავშილს არადემოკრატიული და ავტორიტარული მეთოდების გამოყენებაში და მოითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს.
ეროვნული დემოკრატიული მმართველობა. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საკონსტიტუციო გარანტიების მიუხედავად, საქართველო რჩება ჰიბრიდულ სისტემად, რომელშიც პრეზიდენტისადმი ლოიალურ პარლამენტს არ ძალუძს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარული ტენდენციების შეჩერება.
იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ არ მოისურვა გადაედგა რეალური ნაბიჯები განაწყენებულ და შიდა დაპირისპირებებით დაქსაქსულ ოპოზიციასთან დიალოგისათვის, კიდევ უფრო გაამწვავა პოლარიზაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის უუნარობამ, მოეპოვებინა ნდობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების მოსახლეობაში, ხელი შეუწყო მოსკოვს, ჩაეთრია საქართველო კონფლიქტში, რომელიც დასრულდა ასობით ადამიანის სიკვდილით, ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილებით და რუსეთის მიერ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ერთპიროვნულად აღიარებით.
პრეზიდენტზე ზემოქმედების რეალური ბერკეტების არარსებობის, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან დიალოგის გამართვაზე უარისა და რუსეთთან მომხდარი აგვისტოს ომის ირგვლივ პასუხგაუცემელი კითხვების გამო ეროვნული დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი გაუარესდა 5,75-დან 6,00-მდე.
საარჩევნო პროცესი. ოპოზიციამ უარყო როგორც 5 იანვარს გამართული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, ისე მაისში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები და გაყალბებულად გამოაცხადა არჩევნები. ორივე შემთხვევაში საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პროცედურული დარღვევები ხმების დათვლისა და საარჩევნო ცხრილების შედგენის დროს. მათ ასევე აღნიშნეს ის არასამართლიანი უპირატესობა, რომლითაც სარგებლობდა პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო კანონში მარტში შესული წინააღმდეგობრივი ცვლილებები, რომელთაც შექმნეს „თამაშის არათანაბარი წესები მმართველი პარტიის სასარგებლოდ“ და ასევე „პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფი ოფიციალური პირების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიების წარმართვის ფაქტები. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეუთოს მიერ დაფიქსირებული ხარვეზების და მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლების მხრიდან ამ ხარვეზების აღმოფხვრის უუნარობის გათვალისწინებით საარჩევნო პროცესის რეიტინგი 4,75-დან 5,25-მდე შემცირდა.
სამოქალაქო საზოგადოება. მრავალფეროვანმა და მღელვარე სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს აღმოცენდა, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დასაწყისში, დაკარგა ძალა. არ არსებობს სამართლებრივი შეზღუდვები ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნებასა და საქმიანობაზე, რომელთა მოღვაწეობა არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლებებს. მაგრამ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოკიდებული რჩება უცხოელ სპონსორებზე, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ხშირად უგულებელყოფს მათ რეკომენდაციებს. რეგიონებში დაფიქსირებული იქნა ადგილობრივი თანამდებობის პირების მხრიდან მცირე არასამთავრობო ორგანიზაციებზე უკანონო ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები. პროფკავშირები ფუნქციონირებენ სამართლებრივი შეზღუდვებისა თუ ჩარევის გარეშე, მაგრამ მათი უნარი, დაიცვან და ხელი შეუწყონ მშრომელთა ინტერესებს, შეზღუდულია არალიბერალური შრომითი კანონით, რომელიც გამოიცა 2007 წელს. სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი 3,50-დან 3,75-მდე გაუარესდა.
მედიის დამოუკიდებლობა. საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას და კრძალავს ცენზურას. მიუხედევად ამისა, პრაქტიკაში ცალკეული ჟურნალისტები და საინფორმაციო საშუალებები ზოგჯერ წნეხის ქვეშ ექცევიან, ხოლო ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური და კანონით დადგენილი პირობები ხშირად ირღვევა. მედიასივრცეში დომინირებენ ის საინფორმაციო არხები, რომელთა მფლობელებიც მხარს უჭერენ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მარტში ოპოზიციის მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლამ არ მოიტანა სასურველი აზრთა პლურალიზმი. რუსული ვებგვერდები დაიბლოკა, ხოლო რუსული სატელევიზიო სადგურების რეტრანსლაცია შეჩერებულ იქნა აგვისტოს ომის დასაწყისში. საქართველოს რეიტინგი მედიის დამოუკიდებლობის სფეროში 4,25 ნიშნულზე რჩება.
ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა. ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა ადგილობრივ მმართველობასთან დაკავშირებით ფართოდ განიხილება როგორც არადამაკმაყოფილებელი. კვლავ არ ხდება ხალხის მიერ მსხვილი ქალაქების მერებისა და რეგიონთა გუბერნატორების არჩევა. მოქალაქეები ხშირად აწყდებიან სიძნელეებს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დახმარების ან იმ ადგილობრივი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, რაც შეიძლება მათ პირადად შეეხებოდეს. საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს სამხრეთ საქართველოში დასახლებული სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ საჩივრების იგნორირებას ან უსაფუძვლოს უწოდებს მათ. ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი უცვლელი რჩება - 5,50.
სამართლებრივი ბაზა და დამოუკიდებლობა. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ფართოდ გახმაურებული ბრალდებების საწინააღმდეგოდ, რომ მთავრობა, და არა სასამართლო, განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეების შედეგს და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ და არავის წინაშე არ არის პასუხისმგებელი. საპატიმროებში არსებული პირობები კვლავაც ძალზე მძიმეა. რეიტინგი სამართლებრივი ბაზისა და დამოუკიდებლობის სფეროში უცვლელი რჩება - 4,75.
კორუფცია. 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება ატარებს შერჩევით კამპანიას კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც, ბევრი ადამიანის აზრით, ხელ-ფეხს უხსნის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები აფიქსირებენ შესამჩნევ პროგრესს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, მაგრამ „Transparency International Georgia“-ს მიერ დასახელდა მრავალი დარგი, სადაც ხელისუფლება ყურადღების მოდუნებისა თუ პოლიტიკური ნების უქონლობის მიზეზით წარუმატებელი აღმოჩნდა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში. კორუფციის რეიტინგი უცვლელი რჩება 5,00 ნიშნულზე.
2009 წლის პერსპექტივა. გარდაუვალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევაა აინაზღაუროს აგვისტოს ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალი, დაიბრუნოს ინვესტორთა ნდობა და უზრუნველყოს საცხოვრებელი და დახმარება ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისათვის. როგორც მოსალოდნელია, ეს პრობლემები გარკვეულწილად დაჩრდილავს ზეწოლას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, რომ მოხდეს რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტურად დასაბუთებულ ფაქტებზე და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ აცხადებს პრეტენზიას სახალხო მხარდაჭერაზე და ამტკიცებს, რომ ის არ გადადგება მანამ, სანამ არ ამოიწურება მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის დამდეგს. დანაწევრებული ოპოზიცია შეიძლება ძალზე სუსტი და დაქსაქსული აღმოჩნდეს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები კვლავაც მინიმალურია, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარების გათვალისწინებით.
ძირითადი ანგარიში
ეროვნული დემოკრატიული მმართველობა
1999- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
5,50 |
5,50 |
5,50 |
5,75 |
6,00 |
კონსტიტუციის თანახმად, საქართველო წარმოადგენს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ხოლო პრეამბულაში განმტკიცებულია ქართველი ხალხის ვალდებულება - დაამყაროს დემოკრატიული სოციალური წყობა, ეკონომიკური თავისუფლება და სოციალური მდგომარეობა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და მშვიდობიან ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს მოქალაქეთა უფლებას, ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანდნენ მათში. 2004 წლის თებერვალში შეტანილმა ცვლილებებმა გააძლიერა აღმასრულებელი შტოს ძალაუფლება პარლამენტთან შედარებით, რომლის ორჯერ დათხოვნის უფლებაც პრეზიდენტს აქვს ერთი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. მომდევნო ცვლილებამ 2006 წელს შეზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება მოსამართლეების დანიშვნისა და განთავისუფლების კუთხით, ხოლო 2008 წლის ოქტომბერში მიღებული შემდგომი ცვლილებით პრეზიდენტს მიენიჭა უფლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის მინისტრი (შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად).
კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებები, რომელთაგან ზოგიერთის გამო საჭირო გახდა შესაბამისი კანონების გადახედვა ან ახლების მიღება, გვაფიქრებინებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა კონსტიტუციას განიხილავს არა დემოკრატიული სახელმწიფოს შენების ან მართვის იდეალურ დამხმარე საშუალებად ან განსაზღვრებად, არამედ დროებით პროგრამად მოკლევადიანი ამოცანების მისაღწევად და ძალაუფლების განსამტკიცებლად. ანალოგიურად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მინისტრთა კაბინეტის ხშირი რეორგანიზაცია ეჭვის ქვეშ აყენებს პოლიტიკური სტაბილურობისა და მიზნების რაიმე ზოგადი ხედვის არსებობას. 13 ოქტომბერს ყოველკვირეულ გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვისას 403 რესპონდენტის თითქმის 40%25-მა განაცხადა, რომ ისინი არ ენდობიან ქვეყნის ლიდერებს.
სააკაშვილის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 150-დან 119 მანდატი მოიპოვა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ამრიგად, მის ხელში რჩება ძალაუფლება, რომ გამოსცეს ნებისმიერი კანონი და განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც აუცილებელია უმრავლესობის ხმათა ორი მესამედი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებული ყველა მომდევნო კანდიდატურა (ლადო გურგენიძე 2008 წლის იანვარში, გრიგოლ მგალობლიშვილი 2008 წლის ნოემბერში), მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა დიდი გამოცდილება ეროვნულ პოლიტიკაში.
ქმედითი დემოკრატია გულისხმობს ერთი ან რამდენიმე ისეთი ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის საპარლამენტო წარმომადგენლობას, რომელიც საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ზეგავლენა იქონიოს საკანონმდებლო პროცესზე და რომელიც ლეგიტიმურად აღიარებს ლიდერობას. მაგრამ ქართული ოპოზიცია უარყოფს და გაყალბებულად ცნობს 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, არჩევნებისა, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმეორედ იქნა არჩეული ხმათა გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ოთხი წლის წინათ; ასევეა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც, სადაც 11 მონაწილე ოპოზიციური პარტიიდან და ბლოკიდან 3-მა მიაღწია 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, რომ წარმომადგენლობა მოეპოვებინა (მეოთხე ოპოზიციურმა პარტიამ ორ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოიპოვა ადგილები). 31 არჩეული დეპუტატის ნახევარზე მეტმა საბოლოოდ უარი განაცხადა თავიანთ საპარლამენტო მანდატებზე პარლამენტში, რომელსაც ისინი არალეგიტიმურს უწოდებენ. ამის საპასუხოდ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2007 წლის მაისში შეიტანა ცვლილება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობაში, რათა ჩამოერთმია შესაბამისი პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, თუმცა ეს გადაწყვეტილება გაუქმდა რუსეთთან მომხდარი აგვისტოს ომის შემდეგ.
ამგვარი საპასუხო ზომა მიუთითებს პოლიტიკური პოლარიზაციის გარკვეულ ხარისხზე და ურთიერთდაპირისპირებაზე, რაც ხელს უწყობს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ისე იმ პარტიების მარგინალიზაციას, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში, რაც მცირე შესაძლებლობას უტოვებს მათ, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ნაცვლად ამისა ისინი იძულებულნი არიან წერონ ღია წერილები, გაახმოვანონ მოთხოვნები თუ ულტიმატუმები პრეზიდენტის მიმართ ან საჯარო დემონსტრაციები მოაწყონ. ოპოზიციის პოტენციალი, რომ ზემოქმედება მოახდინოს ცვლილებებზე, ასევე შესუსტებულია გახშირებული უთანხმოებებით ტაქტიკასთან დაკავშირებით.
იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის იმდროინდელმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ იკისრა არაოფიციალური შუამავლის როლი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. ეს უკანასკნელი უპირობოდ დაეთანხმა მხოლოდ ერთს იმ 17 მოთხოვნიდან, რომლებიც, ოპოზიციის აზრით, აუცილებელი იყო არჩევნების შედეგად წარმოქმნილი „პოლიტიკური კრიზისის“ დასაძლევად.
პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია მერყეობს ოპოზიციისთვის დათმობების (როგორიც არის სამთავრობო პორტფელების ან საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის შეთავაზება) მხარდაჭერას (მაგრამ არა აუცილებლად განხორციელებას) და ოპოზიციის მხრიდან მისი პოლიტიკის ყოველგვარი კრიტიკის უარყოფას შორის, რასაც ის არაპატრიოტულ საქციელს უწოდებს. პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა „Human Rights Watch“-ის მიერ 12 მარტს წამოყენებული წინადადება, რომ გენერალური პროკურატურისთვის დაევალებინათ 2007 წლის ნოემბერში პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის ფაქტის გამოძიება.
2008 წლის მაისში პარლამენტმა დააყენა წინადადება გარკვეული ზომების მიღებაზე, რომლებიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციური ცვლილებებისა და აუდიტის პალატის შესახებ ახალი კანონის შემუშავების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის გაზრდას. ოპოზიცია უხელმძღვანელებს ანტიკრიზისულ საბჭოს - ორგანოს, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დახმარების განაწილების მონიტორინგის მიზნით. ანტიკრიზისულ საბჭოში წარმოდგენილნი იქნებიან აგრეთვე არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
პრეზიდენტ სააკაშვილის მოჩვენებითმა უუნარობამ, გააცნობიეროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიებზე მცხოვრები არაქართული მომსახლეობის შიში და მწუხარება და მიიღოს საბასუხო ზომები, ხელი შეუწყო მოსკოვის მხრიდან ამ გაყინული კონფლიქტებით მანიპულირებას, რამაც საქართველო სამხედრო დაპირისპირებაში ჩაითრია, რაც საბოლოოდ რუსეთის მიერ ამ ორი ერთეულის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით დასრულდა. აგვისტოს ომმა გამოიწვია მილიონობით დოლარის ოდენობის ზარალი ქართულ ეკონომიკაში და ეჭვქვეშ დააყენა სააკაშვილის არგუმენტაცია და მომავალი პოლიტიკური როლი.
აგვისტოს ომის გამომწვევი მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აძლევდა ბრძანებებს ქართველ სამხედროებს, რომ დაეწყოთ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ის გამოჩნდა ტელევიზიით და გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა. ქართველი თანამდებობის პირები განსხვავებულ განმარტებებს იძლეოდნენ საარტილერიო დაბომბვასთან დაკავშირებით, აცხადებდნენ რა, რომ ეს საჭირო იყო რუსეთის შემოჭრის შესაჩერებლად როკის გვირაბის გავლით, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს, ან, რომ დაბომბვა დაიწყო ოსების მხრიდან ეთნიკური ქართული სოფლების დაცხრილვის საპასუხოდ.
რაიან გრისტმა, ეუთოს უფროსმა დამკვირვებელმა ბრიტანეთიდან, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა 7-8 აგვისტოს ღამეს, 2008 წლის 7 ნოემბერს „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი რაოდენობის ქართული შენაერთები მიიწევდნენ ცხინვალისკენ პრეზიდენტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეუთოს მონიტორებმა განაცხადეს აგრეთვე, რომ იმ საღამოს მათ არ შეუნიშნავთ ოსების მხრიდან ქართული სოფლების სავარაუდო დაცხრილვა. გრისტის მტკიცებით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული მოქმედებები ყველა შემთხვევაში „არაადეკვატური“ იყო.
პრეზიდენტი სააკაშვილი გამუდმებით უარყოფდა ბრალდებებს, რომ მან უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო. იგი უარყოფს, რომ საქართველომ სამხედრო მარცხი განიცადა. ამის საპირისპიროდ, მან ომის დაწყებაში დაადანაშაულა ნაწილობრივ რუსეთი, რომელსაც, მისი მტკიცებით, განზრახული ჰქონდა ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება და საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურება, ხოლო ნაწილობრივ - საერთაშორისო საზოგადოებრიობა, რომელმაც ვერ შეძლო მოსკოვის შეჩერება. საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას არ გააცნო იმ წერილის სრული ტექსტი, რომელშიც პრეზიდენტი ოფიციალურად უარს აცხადებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის სამომავლო გამოყენებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
ქართველი ოპოზიციონერები თავდაპირველად თავს იკავებდნენ აგვისტოს კონფლიქტამდე და კონფლიქტის პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებების შესახებ კითხვების დასმისაგან. მაგრამ სექტემბერში ბურჯანაძემ გამოაქვეყნა 43 კითხვისაგან შემდგარი ჩამონათვალი, რომელიც ძირითადად შეეხებოდა მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის შეუსაბამობებს, რაზედაც პრეზიდენტმა ვერ შეძლო პასუხის გაცემა. ოქტომბრის ბოლოს ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ ის აპირებს ჩამოაყალიბოს ოპოზიციური პარტია და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე 2009 წლის დამდეგს. ბურჯანაძის პარტიის - „დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო“ - დამფუძნებელი ყრილობა 2008 წლის 23 ნოემბერს გაიმართა.
სააკაშვილს მისი გუნდის სხვა წამყვანი ფიგურებიც ჩამოშორდნენ. მათ შორის იყო რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. 2008 წლის 24 დეკემბერს ირაკლი ალასანიამ, რომელიც სამი კვირით ადრე გადადგა გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან, ჟურნალისტებს თბილისში განუცხადა, რომ ის შეუერთდა ოპოზიციას. ისიც ითხოვდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
საარჩევნო პროცესი
1999- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
4,00 |
4,50 |
5,00 |
5,25 |
5,25 |
4,75 |
4,75 |
4,50 |
4,75 |
5,25 |
კონსტიტუციის თანახმად, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი ხმის უფლების საფუძველზე. ეს დოკუმენტი ადგენს აგრეთვე, რომ პარლამენტი ირჩევა ოთხი წლის ვადით, ხოლო პრეზიდენტი - ხუთი წლის ვადით. თუმცა 2006 წლის დეკემბერში პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კონსტიტუციაში, რათა დაეშვა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პარალელურ რეჟიმში ჩატარება 2008 წლის შემოდგომაზე. ეს არჩევნები უნდა გამართულიყო 2009 წლის იანვარში და 2008 წლის გაზაფხულზე შესაბამისად. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე მოგვიანებით განმარტავდა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას სჭირდებოდა დრო, რათა მიეღწია გარკვეული „ძირითადი მიზნებისთვის“ ქვეყნის „ეროვნული ინტერესებიდან“ გამომდინარე.1
ამ ცვლილების სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ 2007 წლის ნოემბერში: დაენიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს, რაც ნაწილობრივ დააჩქარა მის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მომიტინგეების დარბევისა და ქვეყნის მასშტაბით დროებითი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიმართ ნეგატიური საერთაშორისო რეაქციის შეკავების აუცილებლობამ. ნაადრევი არჩევნების პარალელურად გაიმართა არასავალდებულო პლებისციტი, რომელშიც ხმის მიმცემთა 63,5 პროცენტმა მხარი დაუჭირა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე დანიშვნას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვრისთვის, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 21 მაისისთვის, რითაც ოპოზიციის კანდიდატებსა და პარტიებს მიეცათ მხოლოდ მინიმალური, კანონით დადგენილი პერიოდი (ორი თვე) თავისი კამპანიების ორგანიზებისა და წარმართვისათვის.
22 საპრეზიდენტო კანდიდატიდან საბოლოოდ რეგისტრაცია გაიარა შვიდმა, მათ შორის იყო გაძევებული მილიარდერი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბერში ბრალი დასდო რუსეთთან კონსპირაციულ მოლაპარაკებაში მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით. არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც არ არსებობდა შეზღუდვები წინასაარჩევნო კამპანიაზე, ის გაიმართა დაძაბულ და პოლარიზებულ ატმოსფეროში და „დაჩრდილული იქნა ფართოდ გავრცელებული ბრალდებებით დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ, მათ შორის საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ოპოზიციის აქტივისტებზე. განსხვავება სახელმწიფოს მოქმედებებსა და პრეზიდენტ სააკაშვილის კამპანიას შორის... პრაქტიკულად აღარ არსებობდა“.
2001 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთოს შეფასებით, გარკვეული შეუსაბამობებისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, წარმოადგენდა ადეკვატურ ბაზას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის, შეცვლილი იქნა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ეუთომ დაადგინა, რომ მათი განხორციელება არჩევნების წინ „ზოგადად არ შეესაბამება პრაქტიკაში აღიარებულ სწორ მეთოდებს“.
ფაქტობრივ კენჭისყრასა და ხმების დათვლის პროცესს პრობლემატური უწოდეს როგორც ეუთოს მონიტორებმა, ისე დამარცხებულმა კანდიდატებმა. ეგზიტპოლების საფუძველზე მაშინდელმა მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების დარგში, დავით ბაქრაძემ, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმეორედ იქნა არჩეული. ოფიციალური დათვლის შედეგად სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47%25. მას მოჰყვებოდა ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე - კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერდა 2007 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბებული ეროვნული საბჭო - 25,69%25-ით. ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 56%25-ს. გაჩეჩილაძე ამტკიცებდა, რომ რეალურად პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუგროვებია 48%25-ზე მეტი (ანუ ნაკლები, ვიდრე 50%25-ს პლუს ერთი ხმა, რაც საჭიროა პირველ ტურში გამარჯვებისათვის). გაჩეჩილაძე უშედეგოდ ითხოვდა ხმების გადათვლას ან მეორე ტურის დანიშვნას.
ეუთოს წინასწარ ანგარიშში დაფიქსირებული იყო მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები ხმების დათვლის დროს, ხოლო საბოლოო ანგარიშში არჩევნები შეფასებული იქნა როგორც „არსებითად შესაბამისი ეუთოსა და ევროსაბჭოს ვალდებულებებისა და სტანდარტების უმეტეს ნაწილთან“. ამავე დროს, იქ აღნიშნული იყო „იმ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებდნენ“.
მარტის დამდეგს პარლამენტმა ნაჩქარევად დაამტკიცა ახალი სამართლებრივი ბაზა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის, რის შედეგადაც დეპუტატთა საერთო რაოდენობა შემცირდა 235-დან 150-მდე, რომელთაგან 75 არჩეული იქნებოდა პროპორციული სისტემით იმ პარტიებიდან თუ ბლოკებიდან, რომლებიც მოიპოვებდნენ ხმათა მინიმალურ 5%25-ს. დანარჩენი 75 არჩეული იქნებოდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, რომლებიც სიდიდით მნიშვნელოვნად განს- ხვავდებიან ერთმანეთისაგან (6 000-დან 140 000-ზე მეტ ამომრჩევლამდე). ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ კანონის საბოლოო ვარიანტი განსხვავდებოდა რამდენიმე კრიტიკულ ასპექტში იმ ვარიანტისგან, რომელიც წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდში იყო შეთანხმებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და პარლამენტის სპიკერ ნინო ბურჯანაძეს შორის. ეუთოს დამკვირვებლების საბოლოო ანგარიშში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ ცვლილებებმა „შექმნა არათანაბარი სათამაშო მოედანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ... განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსებისა და „პოლიტიკური ლიდერების“ მიერ საარჩევნო კამპანიების ჩატარების თვალსაზრისით“.
ცხრა პარტიამ და სამმა კოალიციამ გაიარა რეგისტრაცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის. კამპანიის დროს განმეორდა ბევრი ის უარყოფითი მოვლენა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე იქნა შემჩნეული, მათ შორის პოლიტიკური დაპირისპირება და ოპოზიციური საქმიანობის დაბლოკვა. საბოლოო მონიტორინგის ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოითქვა რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ, რომ კატეგორიულად გაეფრთხილებინა ყველა სახელმწიფო მოხელე, არ ჩარეულიყო საარჩევნო პროცესში და მკაფიოდ გაემიჯნა ერთმანეთისგან სახელმწიფოს საქმიანობა და წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ საპარლამენტო შეჯიბრის დროს კვლავაც მეორდებოდა საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შემთხვევები, რომ ხმა მიეცათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის და არ ხდებოდა აღნიშნული პარტიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა.
22 ივლისს საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა დოკუმენტურად დაასაბუთა 100-ზე მეტი მასწავლებლისა და სხვა საჯარო მოხელის დათხოვნის ფაქტები სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში იმ მიზეზით, რომ მათ ვერ შეძლეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა მაისის არჩევნებში. არსებული მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის გამოცდილება იყო უპირველესი კრიტერიუმი მუშაკთა შემცვლელების არჩევისას.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა 119 ადგილი, გაერთიანებული ოპოზიციის/ეროვნული საბჭოს და ახალი მემარჯვენეების ბლოკმა - 17, ქრისტიან-დემოკრატებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ თითოეულმა მოიპოვა 6 ადგილი, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ - 2. ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 53%25 (2004 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდში ამომრჩეველთა რაოდენობა 63,9%25-ს შეადგენდა), რაც ამომრჩეველთა გულგრილობის მაღალ დონეზე მიუთითებდა.
ეუთოს წინასწარ ანგარიშში გაკეთდა დასკვნა, რომ არჩევნების დროს ამომრჩევლისთვის შეთავაზებული იყო ფართო არჩევანი და რომ ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობები, შეესრულებინა ეუთოს და ევროსაბჭოს ვალდებულებები. თუმცა დამკვირვებელთა მისიამ აღნიშნა აგრეთვე არსებობა რიგი პრობლემებისა, რომელთა გამოც ეს მცდელობები შეფასდა როგორც „არათანაბარი და არასრული“. საბოლოო ანგარიშმა დაადგინა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხშირად პოლიტიკური მიმართულებების მიხედვით აკეთებდა არჩევანს და გადაწყვეტილებებს არ იღებდა კანონზე დაყრდნობით. სხვა შეუსაბამობებთან ერთად მასში ხაზგასმული იყო მნიშვნელოვანი განსხვავება იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცალკეულ უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და მაისის დასაწყისში არსებულ რაოდენობას შორის.
სამოქალაქო საზოგადოება
1999- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
3,75 |
4,00 |
4,00 |
4,00 |
3,50 |
3,50 |
3,50 |
3,50 |
3,50 |
3,75 |
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაიწყო. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დამდეგს ხელმისაწვდომმა უცხოურმა დაფინანსებამ გააძლიერა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და გავლენა, როგორიც არის თავისუფლების ინსტიტუტი, რომლის ყოფილმა წევრებმა კრიტიკული როლი ითამაშეს 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის განვითარებაში.
თუმცა გასული ხუთი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან, შესუსტდა. „Transparency International Georgia“-ს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ვარდების რევოლუციის ყველაზე თვალსაჩინო წარმატებებმა არასწორი შეხედულება შეუქმნა პოტენციურ დონორებს - თითქოს ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აღარ იყო საჭირო. ამავდროულად, სახელმწიფო არანაირ ფინანსურ დახმარებას არ გასცემს: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ვეტერანი აქტივისტის თქმით, რაც ციტირებული იყო „Georgia Today“-ს 2008 წლის 1 აგვისტოს გამოშვებაში, ის ვერ იხსენებს ვერცერთ შემთხვევას საქართველოს მთავრობის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებისა.
ორი ყველაზე მაღალპროფესიული და ქმედითი ჯგუფი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი (წარსულში ცნობილი როგორც ადამიანის უფლებათა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრი) - კვლავ განაგრძობს უკანონო ფაქტების შეფასებასა და დასაბუთებას. ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც თავისუფლად თანამშრომლობენ და შეუძლიათ მიიღონ დახმარება უცხოეთში დაფუძნებული მსგავსი ორგანიზაციებიდან. მაგრამ, როგორც წესი, მათ რეკომენდაციებს უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს მთავრობის პოლიტიკის ფორმირებაზე. რეალურად, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ევროკომისია, რიგ შემთხვევებში უფრო მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტაცია და საჩივრები, ვიდრე საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოსი. მაშინაც კი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმატებით ახერხებენ წარუდგინონ თავიანთი წინადადებები სამთავრობო სტრუქტურებს, ისინი აწყდებიან პრობლემებს იმის გარკვევისას, თუ რა საპასუხო ზომები იქნა მიღებული ან იყო თუ არა საერთოდ რაიმე რეაგირება.
რაკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ტოტალურად დომინირებს, ეს მას საშუალებას აძლევს იგნორირება გაუწიოს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წამოსულ კრიტიკას კანონპროექტების მიმართ, ხოლო ბევრი ჟურნალისტის მხრიდან გამოვლენილ თვითცენზურას შეუძლია კიდევ უფრო შეამციროს არასამთავრობოების უნარი, საჯაროდ გაახმაურონ თავიანთი საქმიანობა. განსაკუთრებით რეგიონებში არიან დაუცველნი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის წინაშე.
საქართველოს არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობას დაარეგულირებს. 1997 წლის სამოქალაქო კოდექსი ადგენს ადამიანების უფლებას, ჩამოაყალიბონ კავშირები ან ჯგუფები ისეთი არაკომერციული საქმიანობისთვის, რომელიც არ არის აკრძალული კანონით. მოთხოვნა, რომ ასეთ ჯგუფებს გაევლოთ რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში, გაუქმებული იქნა 2007 წელს; ამჟამად ისინი უნდა დარეგისტრირდნენ საგადასახადო ორგანოებში. არასამთავრობო ორგანიზაციათა დაფინანსება რეგულირდება 1997 წლის კანონით გრანტების შესახებ, რომლის თანახმადაც გრანტების უმრავლესობა განთავისუფლებულია გადასახადებისაგან, და ასევე საგადასახადო კოდექსით.
ძნელია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მთლიანი რაოდენობის დადგენა, ვინაიდან რეგისტრირებულ ერთეულთაგან ბევრი შეიძლება აღარ ფუნქციონირებდეს. გაეროს განვითარების პროგრამის ქალთა უფლებების გაფართოების პროექტის მიერ შედგენილ სიაში მითითებულია 32 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც კონკრეტულად ქალებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. სხვა ჯგუფების მოღვაწეობის სფეროები მოიცავს პოლიტიკას, ადამიანის, რელიგიურ, უმცირესობათა და ცხოველთა უფლებებს, გარემოს დაცვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებას, თავისუფლად შექმნან და გაერთიანდნენ პროფესიულ კავშირებში. საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ძირითადი კონვენციის რატიფიცირებაც მოახდინა. საბჭოთა პერიოდის შრომითი ფედერაციის შთამომავლის - საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანების - განცხადებით, მის რიგებში დაახლოებით 650 000 წევრია. ორი ყველაზე ცნობილი ინდივიდუალური პროფკავშირია საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი („სოლიდარობა“) და მეტროპოლიტენის თანამშრომელთა დამოუკიდებელი პროფკავშირი.
შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „კანონი ხალხისათვის“ მიერ დასახელდა 2006 წელს გამოცემულ ყველაზე უსამართლო კანონად. კოდექსი სთავაზობს დამსაქმებლებს, რომ თანამშრომლებთან გააფორმონ არა წერილობითი, არამედ სიტყვიერი კონტრაქტები. ის დამსაქმებლებს მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებს აგრეთვე სავალდებულო სამუშაო საათების ოდენობის დადგენისას. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გამოთქვამს პრეტენზიას, რომ კანონი ორიენტირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და არა მუშაკთა უფლებების დაცვაზე.
განათლების სისტემა უკანასკნელი წლების მანძილზე მრავალჯერ გახდა კრიტიკის საგანი. სკოლების მთლიანი რაოდენობის თითქმის ერთი მესამედი (უმეტესწილად სოფლებში) დაიხურა ხარჯების შემცირების მიზნით, რაც წარმოადგენდა ნაბიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაგვიანებით, 2008 წლის მარტში, მოინანია. 2007 წლის ივნისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ ახალი კანონი დაგმო როგორც არაკონსტიტუციური, რომელიც უფლებას აძლევდა სკოლის დირექტორებს დაეთხოვათ ყველა მასწავლებელი და ხელახლა აეყვანათ ისინი მოკლევადიანი კონტრაქტების საფუძველზე. 2008 წლის მარტში გამოცხადდა, რომ კანონმდებლობაში შეტანილი იქნებოდა ცვლილებები, რათა მასწავლებლებისთვის გაეფორმებინათ უვადო კონტრაქტები. უმაღლესი განათლების სისტემაში სტანდარტიზებული საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების შემოღებამ ხელი შეუწყო კორუფციისა და მექრთამეობის შემცირებას უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესში.
დამოუკიდებელი მედია
1999- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
3,75 |
3,50 |
3,75 |
4,00 |
4,00 |
4,25 |
4,25 |
4,00 |
4,25 |
4,25 |
რადიოარხები, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით ჰქონდათ მაუწყებლობა, და ტოლერანტულად ეპყრობოდა მათ, რომელთაც უფრო შეზღუდული აუდიტორია ჰყავთ. ცალკეული ჟურნალისტები, განსაკუთრებით სოფლად, ზოგჯერ ხვდებიან ზეწოლის ქვეშ და ხშირად ირღვევა კონსტიტუციური და სამართლებრივი პირობები ინფორმაციის თავისუფალი მისაწვდომობის კუთხით. საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) მის მიერ გამოცემულ მედიის მდგრადობის ინდექსში მედიის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას აღწერდა, როგორც „ლიბერალურს და პროგრესულს, მაგრამ არასაკმარისად ათვისებულს“.2
მედიასივრცეში ჭარბობს ელექტრონული საშუალებები, რომელთა შორის უმთავრეს როლს ტელევიზია თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 200 დამოუკიდებელი გაზეთი, ბეჭდვითი ხაზები მცირეა და გაძნელებულია მათი გავრცელება დიდი ქალაქების გარეთ. ყოველკვირეულ გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ 2008 წლის 16 სექტემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 50%25-მა განაცხადა, რომ არასოდეს კითხულობს გაზეთს.
ტელე და რადიომაუწყებლობას ზედამხედველობას უწევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც დაფუძნდა 2000 წელს და შედგება პრეზიდენტის მიერ ექვსი წლის ვადით დანიშნული ხუთი წევრისაგან. 2008 წლის 16 სექტემბერს თავის ყოველწლიურ მიმართვაში პარლამენტისადმი პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ ხუთიდან ერთი ადგილი შეეთავაზებინათ ოპოზიციის წარმომადგენლისათვის, რასაც მოჰყვა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა დეკემბრის დამდეგს, რითაც საპარლამენტო უმცირესობას მიენიჭა უფლებამოსილება დაესახელებინა კომისიის ერთი წევრის კანდიდატურა.
გასული წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ამ ორგანოს კომპეტენცია და ობიექტურობა. 2007 წლის ნოემბერში დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის, „იმედის“, მაუწყებლობის შეჩერებით კომისიამ 2008 წელს დააყენა „იმედის“ ლიცენზიის გაუქმების საკითხი იმ მოტივით, რომ მისი სავარაუდო მფლობელის, ქვეყნიდან გადასახლებული მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის მიერ განაცხადი პრეზიდენტობაზე წარმოადგენდა კანონის დარღვევას, ვინაიდან კანონი კრძალავს სამთავრობო პირების ან პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ სატელევიზიო ლიცენზიის ფლობას. ადამიანის უფლებათა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ასეთი შეფასების სამართლიანობა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „იმედის“ მფლობელი იყო არა პატარკაციშვილი, არამედ კომპანია „ტელეიმედი“. პატარკაციშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 12 თებერვალს, რამაც სათავე დაუდო სამართლებრივ დავას მისი ქონების გარშემო; „იმედზე“ კონტროლი გადაეცა ჯოზეფ კეის, შორეულ ნათესავს, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებული იყო საქართველოს მთავრობასთან. 10 დეკემბერს „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა გოგი ჯაოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის აიძულა თავისი აქციები კეისათვის გადაეცა. პატარკაციშვილის ოჯახის სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ გადაცემა მოხდა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე და რომ ისინი გეგმავენ საქმის აღძვრას სასამართლოში, რათა დაიბრუნონ კონტროლი ტელეარხზე, რომელმაც მაუწყებლობა 1 სექტემბერს შეაჩერა.
ორი წამყვანი ჟურნალისტი დამოუკიდებელი რადიო „იმედიდან“ დათხოვნილი იქნა 2008 წლის მაისში საეჭვო მოტივებით, რამაც საყოველთაო დაგმობა გამოიწვია. იანვარში ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტთა 43,7%25-მა განაცხადა, რომ ისინი რეგულარულად უსმენენ რადიო „იმედს“, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე რომელიმე სხვა რადიოსადგურს.3
კიდევ ერთი გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აპრილში უარყო დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგურის, „მაესტროს“, განაცხადი ლიცენზიაზე, რათა დაეწყო პოლიტიკური პროგრამების მაუწყებლობა გასართობ და მუსიკალურ გადაცემებთან ერთად. „მაესტროს“ მფლობელმა მამუკა ღლონტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 30 სექტემბერს მხარი დაუჭირა უარის გადაწყვეტილებას; სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, რომელსაც არჩევამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე პარლამენტში მიიწვია და მას ლიცენზიის გაცემა უბრძანა, რაც კომისიამ 28 ნოემბერს შეასრულა.
ივლისში გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგური „კავკასია“ - ერთადერთი დარჩენილი კრიტიკული ხმა „იმედის“ მემკვიდრეობით გადაცემის შემდეგ, რომელიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობს -სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ფინანსურმა პოლიციამ ბიზნესმენებზე ზეწოლა დაიწყო, რათა მათ აღარ შეესყიდათ სარეკლამო დრო ამ ტელეარხზე.
2005 წელს სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია გარდაიქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ექვსი წევრისაგან შემდგარი სამეურვეო საბჭო. საბჭოს წევრები პარლამენტის მიერ ინიშნებიან. შექმნისთანავე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების კრიტიკის საგანი გახდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მაუწყებელი არ ასრულებს თავისი მანდატით განსაზღვრულ პირობას - იყოს ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის წყარო. 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დასაწყისში ოპოზიციამ წარმატებით მოითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ახალი სამეურვეო საბჭოს შექმნა, რომელშიც ცხრიდან ხუთი ადგილი ოპოზიციას დაეთმობოდა. ეთნიკური უმცირესობების მხრიდან წამოყენებული იქნა ექვსი ალტერნატიული კანდიდატი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ადგილზე, მაგრამ არცერთი არ იქნა არჩეული.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯარო კრიტიკა გამოიწვია 26 მაისს ოპოზიციის მიერ მოწყობილი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის ზედაპირულად გაშუქებისათვის. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი გადადგა თანამდებობიდან და განაცხადა, რომ მისი შეზღუდული უფლებამოსილება არ აძლევდა საშუალებას, წინააღმდეგობა გაეწია გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისათვის.
რამდენიმე გამორჩეული ოპოზიციური ფიგურა, მათ შორის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, სექტემბრის შუა რიცხვებში შეთანხმდა ჩამოეყალიბებინათ სპეციალური ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობდა აზრთა სხვადასხვაობის დაცვას სატელევიზიო მაუწყებლობაში. შესაძლოა ამ ნაბიჯის საპასუხოდ 10 ოქტომბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილება, რომელიც მას ვალდებულებას აკისრებდა რეგულარულად გაეშუქებინა პოლიტიკური დებატები („მაესტრო“, „იმედი“ და, ზოგადად, ხელისუფლების მომხრე „რუსთავი-2“ შეასრულებენ იმავე პირობას).
ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უკან არ იხევს, რათა დასაჯოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ინდივიდუალური ჟურნალისტები უარყოფითი რეპორტაჟებისთვის, უარს ათქმევინებს ზოგიერთ ჟურნალისტს იყოს მთავრობის მიმართ კრიტიკული, გამოიძიოს სავარაუდო კორუფციის ფაქტები, რომლებშიც მონაწილეობენ მაღალი თანამდებობების პირები, და სიღრმისეული რეპორტაჟები მოამზადოს საკამათო პოლიტიკურ საკითხებზე.
სრულყოფილი და ობიექტური რეპორტაჟის მომზადება კიდევ უფრო ძნელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული პრობლემების გამო. IREX-ის 2008 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის მიხედვით, „კერძო პირები და პრეს-სამსახურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, ან ვერ ახერხებენ ამას დროულად, ან უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე, ამასთან, ისინი არ იძლევიან არანაირ წერილობით დასაბუთებას თავიანთი ქმედებებისთვის მაშინაც კი, როდესაც ინფორმაცია განკუთვნილია დაუყოვნებელი გავრცელებისათვის“. ანგარიშში აღნიშნულია აგრეთვე, რომ მედიასაშუალებები იშვიათად აპროტესტებენ ასეთი უარის ფაქტებს სასამართლოში, ვინაიდან ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო. ამავდროულად, ბეჭდვითი საშუალებები ხშირად ჩივიან, რომ მაუწყებლებს უფრო კეთილგანწყობილად ეპყრობიან და, როგორც ცნობილია, პოლიტიკოსები ბოიკოტს უცხადებენ იმ არხებს, რომელთაც ისინი მტრულად განწყობილად ან არაკოოპერაციულად მიიჩნევენ. არსებობს ცალკე სამართლებრივი აკრძალვები საგადასახადო სისტემასთან თუ სამთავრობო სხდომების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიმართ.
ინტერნეტის გამოყენება საქართველოში კვლავაც შეზღუდულია; IREX-ს მოჰყავს ციტატა 2007 წლის აგვისტოში რვა დიდ ქალაქში ჩატარებული გამოკითხვიდან, რომლის თანახმადაც რესპონდენტთა მხოლოდ 14,7 პროცენტი სარგებლობდა ინტერნეტით; გაცილებით უფრო დაბალია ინტერნეტის გამოყენება სოფლად. არ არსებობს იურიდიული ან ოფიციალური შეზღუდვები ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე. თუმცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან გაჩაღებული ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოქტომბრის ბოლომდე დაიბლოკა რუსული საინფორმაციო ვებგვერდები.
ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა
1999- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
მ/ა |
6,00 |
5,75 |
5,50 |
5,50 |
5,50 |
საქართველო დაყოფილია ცხრა რეგიონად - სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი (რომელიც მოიცავს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ტერიტორიის უმეტეს ნაწილს) და კახეთი - რომლებიც იყოფა 60 თვითმმართველ ერთეულად. ცხრა რეგიონული გუბერნატორი ინიშნება პრეზიდენტის მიერ, მაგრამ ანგარიშვალდებულნი არიან რეგიონული მართვის საკითხებში მინისტრის წინაშე. დანარჩენ ორ ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს, აფხაზეთს (რომელიც საქართველოს იურისდიქციისაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს) და აჭარას, აქვთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ხოლო თვითმმართველ დედაქალაქ თბილისს რეგიონული სტატუსი აქვს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წელს ექვსი გუბერნატორი შეცვალა. მარტის დამდეგს მან წამოაყენა აგრეთვე წინადადება შექმნილიყო არაოფიციალური სახელმწიფო საბჭო, რომელიც გადაწყვეტდა რეგიონული ეკონომიკის საკითხებს. გაუგებარია, თუ როგორ მოახდენდა საბჭო თავისი საქმიანობის კოორდინირებას რეგიონული მართვის საკითხების სამინისტროსთან.
ქალაქებისა და რაიონების მეთაურებს (გამგებლებს) ირჩევენ ადგილობრივი საბჭოები (საკრებულოები), რომლებიც, თავის მხრივ, პირდაპირ აირჩევიან შერეული მაჟორიტარული/პროპორციული სისტემით. 2005 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 1277 გამოკითხულ რესპონდენტთა 89%25 მხარს უჭერს მერებისა და რეგიონული გუბერნატორების პირდაპირ არჩევნებს.4
ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა განისაზღვრება 2005 წლის კანონით, რომლითაც გაუქმდა თვითმმართველობის ყველაზე დაბალი საფეხური, რომელიც ცალკეულ სოფლებს მოიცავდა; ადგილობრივი მმართველობის შესახებ წინა 1997 წლის კანონის საფუძველზე შეიქმნა 1033 ასეთი ერთეული, რომელთაც მხოლოდ მინიმალური ავტონომია ჰქონდათ როგორც პოლიტიკურ, ისე ფინანსურ საკითხებში. 2005 წლის კანონით შენარჩუნდა რწმუნებულის ადგილობრივი თანამდებობა, რომელიც ინიშნება ერთი წლის ვადით გამგებლის მიერ და გამგებელსა და საკრებულოს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს.
მაშინ, როდესაც ფორმალურად 2005 წლის კანონი ადგილობრივ საბჭოებს უფრო მეტ ავტონომიას ანიჭებს, ვიდრე ადრე ჰქონდათ, 2007 წლის კანონი ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობის შესახებ ეროვნულ მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენაზე და რეგიონულ გუბერნატორებს უფლებამოსილებას ანიჭებს გააუქმონ ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონი ხალხისათვის“ ამას უწოდებს ყველაზე ცუდ საკანონმდებლო დოკუმენტს, რომელიც მიღებული იქნა 2007 წელს. ცენტრალიზებული კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებაზე გაძლიერდა 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების საფუძველზე, როდესაც ძალაში დარჩა პრეზიდენტის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის მიერ დასახელებულ საბჭოთა უდიდესი ნაწილი.
2008 წლის თებერვალში „Trans- parency International Georgia“-ს ფილიალმა 2007 წლის მაისსა და დეკემბერს შორის ქვეყნის მასშტაბით 20 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მრგვალი მაგიდის ფორმატით მიმდინარე განხილვის მონაწილეებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ მუნიციპალიტეტებს არა აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და სერიოზული ზეწოლის ქვეშ არიან მერებისა და რწმუნებულების მხრიდან. ზოგიერთი ასახელებდა არგუმენტს, რომ ცენტრალური ხელისუფლებისა და რეგიონული გუბერნატორების ახლად შექმნილი საზედამხედველო ორგანო გამიზნული იყო მხოლოდ ძალაუფლების ვერტიკალური სისტემის გასაძლიერებლად და ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების ავტონომიის შესაზღუდავად. დისკუსიის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ან მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება პრობლემურია, განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების, განხორციელებისა და გამჭვირვალობის კუთხით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ლოიალური გახდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ 2004 წლის შემდეგ, როდესაც რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის განდევნამ გზა გაუკვალა ახალი 30-მანდატიანი რეგიონული პარლამენტის არჩევას და ახალი რეგიონული მთავრობის ფორმირებას. ორივეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დომინირებს. 2008 წლის გაზაფხულზე აჭარის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რითაც პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა. ერთიანმა ნაციონა- ლურმა მოძრაობამ მომდევნო არჩევნებში, 3 ნოემბერს, 16 ადგილი მოიპოვა.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვამდეც კი საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავდა სურვილს, რომ ოფიციალური ავტონომია და რეალური თვითმმართველობა მიენიჭებინა ქვეყნის იმ ნაწილებისთვის, სადაც ძირითადად არაქართული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ. სამხრეთში მდებარე ჯავახეთი უმეტესწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ხოლო თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებული რაიონები - აზერბაიჯანელებით. რამდენიმე სომეხი აქტივისტი, ჯავახეთის ოფიციალური ავტონომიის მოთხოვნის ინიციატორები, 2008 წლის ივლისში დააკავეს. რეგიონულ დონეზე პოლიტიკური პარტიების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი აკრძალვა ზღუდავს ამ უმცირესობათა შესაძლებლობას, რომ თავიანთი პრობლემები დააყენონ ქვეყნის ხელმძღვანელობის წინაშე და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზების ძიების შესახებ დისკუსიებში.
სასამართლოების ბაზა და დამოუკიდებლობა
1999- |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
4,00 |
4,00 |
4,25 |
4,50 |
4,50 |
5,00 |
4,75 |
4,75 |
4,75 |
4,75 |
სასამართლოს დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ნიშნავს მოსამართლეებს, ამჟამად დამოუკიდებელია პრეზიდენტისგან და მის შემადგენლობაში შედის პარლამენტის ორი წევრი ოპოზიციიდან. სასამართლო სისტემის უახლესი რეფორმის საფუძველზე დაწესდა მოსამართლეების უვადო დანიშვნა და 2009 წლის იანვრიდან დაწყებული სასამართლო პროცესები წარმოებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს აგრეთვე „საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც მუდმივ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს“, რაც გულისხმობს რწმენისა და რელიგიის სრულ თავისუფლებას და ქონების ფლობის, შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების უფლებას. ის კრძალავს წამებას, არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობასა და დასჯას, ასევე ისეთ მოპყრობასა და დასჯას, რომელიც ხელყოფს ადამიანის პატივსა და ღირსებას.
მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისე კონსტიტუციის დებულებები ადამიანის უფლებების შესახებ ხშირად ირღვევა. სოზარ სუბარი, რომელიც 2004 წლის სექტემბერში ხუთწლიანი ვადით იქნა არჩეული ადამიანის უფლებათა სახალხო დამცველად, 2007 წელს აცხადებდა, რომ მის სამსახურში 2006 წლის განმავლობაში საერთო ჯამში 3500 საჩივარი შევიდა, ორჯერ მეტი, ვიდრე 2005-ში. ამ რაოდენობიდან 2100 სისხლის სამართლის საქმეებს შეეხებოდა.5 სუბარი იმასაც აცხადებდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები სისტემატურად კარნახობენ მოსამართლეებს სასამართლო პროცესების შედეგებს. 2008 წლის აპრილში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეაგროვა 40000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო შეწყვეტილიყო ზეწოლა მოსამართლეებზე და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით გამოეტანათ საბრალდებო განაჩენი.6 2 ივლისს ყოველდღიურ გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ წარმართული 16000 სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ 16 დასრულდა გამამართლებელი განაჩენით. 2007 წლის 8 დეკემბერს ამავე გაზეთში ციტირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის სიტყვები, რომ ყოველი მეორე სასამართლო პროცესის გადაწყვეტა ბრალის აღიარების გარიგებით ხდება.
უდანაშაულობის პრეზუმფცია სისტემატურად უგულებელყოფილია ოფიციალური მედიის მხრიდან გაკეთებულ რეპორტაჟებშიც. მაგალითისათვის, 2008 წლის 27 აგვისტოს შუადღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოცხადდა რამდენიმე რიგითი საგადასახადო მუშაკის დაკავების შესახებ სავარაუდოდ ქრთამის გამოძალვის ფაქტზე; ყველა მათგანის ვინაობა დასახელდა და ისინი აჩვენეს ხელბორკილებით პოლიციის ოფიცრებთან ერთად. მედიის მიერ სასამართლო პროცესების არასაკმარისი გაშუქება ასევე შეიძლება პრობლემა იყოს. 2007 წლის დამდეგს ბათუმიდან თბილისში გადასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მედიის მხრივ მინიმალური ყურადღება ეთმობოდა.
2008 წლის იანვარში პრეზიდენტისადმი ღია წერილში სუბარმა გააკრიტიკა გენერალური პროკურატურა როგორც „მონსტრი“ და „ქვეყნის ჭეშმარიტი მმართველი“. ოქტომბრის ბოლოს პროკურატურა გაერთიანდა იუსტიციის სამინისტროსთან, რითაც შეიქმნა ახალი პოზიცია, რომელიც იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის ფუნქციებს ითავსებს. მისი ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება აღძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის, მინისტრთა კაბინეტის, მოსამართლეებისა და ადამიანის უფლებათა სახალხო დამცველის წინააღმდეგ. მას ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პრეზიდენტს ექნება მისი დათხოვნის უფლება. არც მთავარი პროკურორი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ამ შერწყმის ოფიციალურად გაჟღერებული მიზანი იყო საკანონმდებლო ორგანოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, რათა მას უფრო საფუძვლიანი მონიტორინგი გაეწია გენერალური პროკურატურის საქმიანობისთვის.
2007 წელს სუბარი ასევე აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ბრალდებით, რომ ის ხელს აფარებდა „სადამსჯელო ჯგუფს, რომელიც კანონზე მაღლა დგას და შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი ადამიანი, თუ ასეთი ქმედება ჩაითვლება მიზანშეწონილად“. ერთი წლის შემდეგაც, 2008 წლის სექტემბერში, სუბარი აცხადებდა, რომ გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცნენ „რეპრესიულ ინსტრუმენტებად“ და ხშირად ახორციელებენ სასამართლოებზე ზეწოლას. სუბარის თქმით, დევნა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვს, საკუთრების უფლებების დარღვევა, შენობების უკანონო დემონტაჟი და კონფისკაცია - ყოველივე ეს ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. 2008 წლის მარტში მან პარლამენტს წარუდგინა კანონ- პროექტი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის თაობაზე სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით, რომელიც გამოიძიებდა მოქალაქეთა და სახელმწიფოს შორის საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ დავებს.
ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს არაერთხელ აუტეხავთ განგაში პოლიციის მიერ წამებისა და ფიზიკური ძალის გამუდმებულად გამოყენების გამო ეჭვმიტანილთაგან აღიარების გამოძალვის მიზნით და ციხის პერსონალის მხრიდან პატიმრების მიმართ ძალადობის თაობაზე. 22 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოახდინა სუბარის სიტყვების ციტირება, რომ წამების პრევენციის მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა 2007 წლის ივნისში, ჯერ არ ჰქონდა დაწყებული მუშაობა.
ივნისში 100-ზე მეტმა ქალმა პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა მძიმე პირობებისა და უხეში მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად. შესაძლოა, ასეთი კრიტიკის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრომ ციხის ადმინისტრაციისთვის მოაწყო სასწავლო კურსი, რომელსაც აფინანსებდა ეუთო, ხოლო ოქტომბერში პარლამენტმა გადაწყვიტა შეექმნა კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა საპატიმროებში არსებულ პირობებს. სექტემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებდა, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან 54 პატიმრის სიკვდილის შემთხვევათა უმრავლესობა პირდაპირი შედეგია ციხის ადმინისტრაციის მხრივ პატიმართა საჭიროებების განზრახ უგულებელყოფისა.
ოცზე მეტმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც მხარს უჭერდა ორგანიზაცია „Human Rights Watch“, ივნისში პრეზიდენტს მიმართა ვეტო დაედო საკანონმდებლო ცვლილებებისათვის, რომელთა თანახმად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მინიმალური ასაკი მცირდებოდა 14-დან 12 წლამდე ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიც არის განზრახ მკვლელობა და ძარცვის უმეტესი ფორმა, მაგრამ პრეზიდენტი მოთხოვნას არ გამოეხმაურა.
კორუფცია
1999-2000 |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
5,00 |
5,25 |
5,50 |
5,75 |
6,00 |
5,75 |
5,50 |
5,00 |
5,00 |
5,00 |
2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიზანმიმართული კამპანია მომძლავრებული კორუფციის წინააღმდეგ, რაც ათწლეულზე მეტია ხელს უშლიდა საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური სტაგნაციის დასრულების მცდელობებს. თავის ანგარიშში „ბიზნესის კეთება“ მსოფლიო ბანკმა საქართველოს მე-18 ადგილი მიაკუთვნა საუკეთესო პრაქტიკის ეკონომიკებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, თუმცა ის მხოლოდ 102-ე ადგილზე აღმოჩნდა გადასახადების გადახდის კუთხით. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ გააძლიერა ინვესტორთა დაცვის მექანიზმები, ნაწილობრივ იმ საძრომების აღმოფხვრით, რომელთა საშუალებით „მსხვილ კორპორაციათა მფლობელები ახერხებდნენ მცირე ინვესტორთა ექსპროპრიაციას“. ის ასევე აქებდა ახალ კანონმდებლობას გადახდისუუნარობის შესახებ, რომელიც არეგულირებდა კომპანიების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესებს, და ხაზს უსვამდა, რომ საქართველომ დააჩქარა სამშენებლო ნებართვების დამტკიცების პროცესი, გაამარტივა ქონების რეგისტრაციის პროცედურა და გააუქმა სააქციო კაპიტალის ანაზღაურებული წილის მოთხოვნა დამწყები ბიზნესებისთვის. და ბოლოს, ანგარიში აღწერდა საქართველოს კერძო კრედიტების ბიუროში მომხდარ პროგრესს; ეს ბიურო „საცალო მოვაჭრეების, კომუნალური დაწესებულებების და სავაჭრო კრედიტორებისგან მიღებულ გადახდის ინფორმაციას აერთიანებდა იმ მონაცემებთან, რომელსაც ის აგროვებს და ანაწილებს“.
პარალელურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2007 წელს აღნიშნავდა, რომ გარკვეული ქართული კანონები სრულად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს ან არ იყო სათანადოდ ეფექტური კორპორაციული მმართველობის, გადახდისუუნარობისა და უზრუნველყოფით წარმოებული ოპერაციების კუთხით.
„Transparency International“-ის 2008 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ დაფიქსირებული იყო შემდგომი გაუმჯობესება საქართველოს შემთხვევაში, რომელიც რეიტინგით 180 ქვეყნიდან 67-ე ადგილზე იყო - ერთ დონეზე განასა და ელ-სალვადორთან - 3,9 ქულით, 2007 წლის 3,4 ქულასთან შედარებით (10 არის საუკეთესო ქულა ინდექსის 1-10 სკალაზე). მაგრამ „Transparency International Georgia”-მ აღნიშნა, რომ 2008 წლის ინდექსის რეიტინგები უმეტესად 2006-2007 წლების მონაცემებს ეყრდნობოდა, ხოლო 2008 წლის 26 სექტემბრის პრესრელიზში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმ ნაკლოვანებების გამოსწორება, რომლებსაც ორგანიზაცია ერთი წლის წინ უსვამდა ხაზს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახელმწიფო სამსახურების ეფექტური რეფორმა, საჯარო მოხელეთა ქონების დეტალური შემოწმება, მოკვლევის საფუძველზე ანტიკორუფციული ზომების განხორციელება, საპროცესო გარიგებების გაზრდილი გამჭვირვალობა, ინფორმაციის უკეთესი ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესება და მიზანმიმართული სახელმწიფო ხარჯები.
საქართველოში გავრცელებული შეხედულებაა, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება უმოწყალოდ უსწორდება წვრილმანი კორუფციის ყველაზე აშკარა გამოვლინებებს ბიუროკრატიის უმდაბლეს საფეხურზე, როგორიც არის საგზაო პოლიციის მიერ ფულის გამოძალვა, სააკაშვილი თვალს ხუჭავს კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სერიოზულ ფაქტებზე მის უახლოეს გარემოცვაში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ბევრ ჟურნალისტს, განსაკუთრებით მსხვილი ურბანული დასახლებების ფარგლებს გარეთ, ეშინია ოფიციალური კორუფციის შემთხვევების გამოძიება. თუმცა მედია სისტემატურად აშუქებს იმ საშუალო და დაბალი დონის მოხელეების დაკავებისა და გასამართლების ფაქტებს, რომელთაც ბრალად ედებათ სხვისი ქონების მითვისება ან თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
ელიზაბეტ ფულერი შეუერთდა რადიო „თავისუფლების“ კვლევას როგორც კავკასიის ქვეყნების ანალიტიკოსი 1980 წელს. 1997 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის მაისამდე ის იყო RFE/RL-ის საინფორმაციო გამოცემის რედაქტორი.
__________________
შენიშვნები
1. „კავკასუს პრესი“, 24 ოქტომბერი, 2007 წ.
2. „IREX-საქართველო“ მედიის მდგრადობის ინდექსში 2008 (ვაშინგტონი, IREX 2008 წ), http://www.irex.org/programs/msi-eur/2008/georgia asp.
3. „რადიოსადგური „იმედი“ ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია“, „ინტერნიუს საქართველო“, 4 თებერვალი, 2008 წ., http://media.ge/eng/page.php?m=news-detailed&id-numb=2865.
4. „მესინჯერი“, 20 დეკემბერი, 2005 წ.
5. „კავკასუს პრესი“, 26 მაისი, 2007 წ.
6. „კავკასუს პრესი“, 17 აპრილი, 2008 წ.
![]() |
4 უძინარი ძალადობა (დისკუსია ბავშვებზე ძალადობის შესახებ) |
▲ზევით დაბრუნება |
მრგვალი მაგიდა
ბექა მინდიაშვილი
შარშან გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ორი სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა, რომლებიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ბიჭებისა და გოგონების დაახლოებით 80%25 განიცდის სხვადასხვა ფორმის ფიზიკურ (79,8%25) თუ ფსიქოლოგიურ (82,3%25) ძალადობას. ბავშვები ძალადობას ყველგან აწყდებიან, სადაც ყოფნა უწევთ: ოჯახებში, სკოლებსა და სოციალური ზრუნვის დაწესებულებებში. სამივეგან ძალადობის ინიციატორი შეიძლება იყოს ან უფროსი ადამიანი, ან სხვა ბავშვი. სამწუხაროდ, ბავშვებზე ძალადობა ის თემაა, რომელზედაც ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად მსჯელობენ. მხოლოდ მაშინ ახსენდებათ იგი, როცა მოზარდი დანაშაულს ჩადის და თვითონ ხდება მოძალადე. ამ დროს მედიაც და საზოგადოებაც აქტიურდება ხოლმე. თუმცა იმ მიზეზებით, რამაც ბავშვი მოძალადედ აქცია და დანაშაულამდე მიიყვანა, როგორც წესი, არ ვინტერესდებით. როგორი ფორმები აქვს ბავშვებზე ძალადობას, საიდან იღებს სათავეს ეს მოვლენა და რა უნდა გაკეთდეს ამ მხრივ მდგომარეობის გამოსასწორებლად - ამ საკითხების გარკვევას დისკუსიაზე შევეცადეთ.
დისკუსიაში მონაწილეობენ: ხათუნა დოლიძე - ჯოენის ცენტრის ფსიქოლოგი, ნატო ზაზაშვილი, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი, სალომე ჭიჭინაძე - საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ბავშვთა ზრუნვისა და სოციალური პროგრამების სამმართველო, თეა ხორავა - საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის იურისტი, მაია ცირამუა - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი.
ხათუნა დოლიძე: საუბარი იმის განმარტებით დავიწყოთ, თუ რა არის ბავშვებზე ძალადობა. ძალადობა ნებელობითი ან, შეიძლება, უნებლიე ქცევაა ბავშვის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რეალურ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას, ფსიქიკას, განვითარებას, ღირსების განცდას. ბავშვზე ძალადობის უამრავი ფორმა არსებობს: ფიზიკური, სექსუალური, ვერბალური; ძალადობაა ისეთი კრიტიკაც, რომელმაც შეიძლება ბავშვის ღირსება შელახოს. ხშირად გარკვეული ქცევის არარსებობაც ძალადობაა, მაგალითად, ბავშვს მოვლა სჭირდება და როცა მშობლის გულგრილობის გამო ამას მოკლებულია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურია პრობლემის განსაზღვრავის როგორ ესმის და რა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად? ამ მიმართულებით სწორედ ახლა დავიწყეთ ფიქრი და მუშაობა. დასავლეთში ბავშვებზე ძალადობის თემაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში დაფიქრდნენ, როცა ამერიკელმა მეცნიერმა კემპემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომლითაც საზოგადოებას ყურადღება მიაქცევინა ამ პრობლემაზე. პირველი ეტაპი დაფიქრებისა იყო. მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება სწორედ იმ ეტაპზეა, რა ეტაპზეც დასავლეთი თითქმის 60 წლის წინ იყო, და არა - შემდგომ ეტაპებზე, როცა იმის ახსნას შეეცადნენ, თუ რეალურად რა იყო ბავშვებზე ძალადობის მიზეზები. დაიწერა უამრავი წიგნი, ჩატარდა მრავალგვარი კვლევა და დაგროვდა საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ სწორი რეაგირება მოეხდინათ, დროულად დაეფიქსირებინათ შემთხვევები და ადეკვატურად დახმარებოდნენ ძალა- დობის მსხვერპლ ბავშვებს. და, რაც მთავარია, განვითარებულ ქვეყნებში პრევენციაზე მუშაობენ. დღეს იქ ამ საკითხის მიმართ ინტეგრაციული, ინტერდისციპლინარული მიდგომაა, სადაც ჩართულია ექიმიც, ფსიქოლოგიც, სოციალური მუშაკიც, სკოლაც, საავადმყოფოებიც, ყველა პირი და სტრუქტურა, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება.
ხათუნა დოლიძე
ნატო ზაზაშვილი: საქართველოში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების მიერ ტოლერანტობა, მიმღებლობა ძალადობის მიმართ ძალიან მაღალია. როდესაც მშობელს ან მასწავლებელს ვეკითხებით, ძალადობენ თუ არა ბავშვებზე, როგორც წესი, გვპასუხობენ, რომ - არა. მაგრამ თუ კითხვას დაუკონკრეტებთ, - ჰკითხავთ, ხელი გაგირტყამთ ან ყური აგიწევიათ ბავშვისთვის, ან ხშირად უყვირით მას? - ბევრი მათგანი გიპასუხებთ, რომ ეს გაუკეთებიათ. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ამგვარ ქცევას ძალადობად არ აღიქვამს - არ მიაჩნია, რომ ცემა ძალადობაა. თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში ბავშვებმა ჩემი თხოვნით დაწერეს თემა „რა არის ძალადობა?“. ერთ-ერთი სოფლის სკოლაში რამდენიმე მეათეკლასელმა საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი ახსენა, რომელიც ბავშვებს ურტყამდა, როცა ისინი ნოტებს სწორად ვერ იღებდნენ. ერთი გოგონა წერდა, ახლაც რომ მხვდება ეს მასწავლებელი, მე ტანში მაჟრიალებს, ის კი დიდი სიყვარულით მომიკითხავს ხოლმეო. სიტუაციის მთელი დრამატიზმი იმაშია, რომ ის მუსიკის პედაგოგი ვამპირი და ბოროტების განსახიერება კი არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია. უბრალოდ, თვითონაც ისეთ სიტუაციაშია გაზრდილი და ჩამოყალიბებული, სადაც აღზრდის ძალადობრივი ფორმები მიღებული და დამკვიდრებული იყო; ითვლებოდა, რომ დასჯა ბავშვებს მომავალში გამოადგებათ, კარგები გაიზრდებიან, ვთქვათ, სწორად სიმღერას ისწავლიან. აღზრდის ავტორიტარული სტილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია დამკვიდრებული, სწორედ ძალადობრივ მეთოდებს გულისხმობს. განსაკუთრებით რთულად რეგიონებშია საქმე. ბავშვი შეიძლება ისეთ გარემოში იზრდებოდეს, სადაც მამა ძალადობს დედაზე, ბაბუა-ბებიაზე. მეზობლის ოჯახშიც იგივე ხდება. მივა საბავშვო ბაღში და მოძალადე აღმზრდელი დახვდება იქ, სკოლაში მასწავლებელი ძალადობს მასზე, ტელევიზორში შეიძლება ნახოს საკრებულოში როგორ ურტყამენ სკამებს ერთმანეთს. ამგვარ გარემოში გაზრდილი ბავშვი თვითონაც იღებს ძალადობას, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დასაშვებ ფორმას, და ჩვეულებრივ მოვ- ლენად აღიქვამს მას. რაიმე მიზნის მიღწევა ძალადობრივი გზებით სრულიად მისაღებ ნორმაადაა ქცეული.
ნატო ზაზაშვილი
სალომე ჭიჭინაძე: უკვე წლებია, ამ სფეროში ვმუშაობ, ჩემს ხელში ბევრნაირმა ბავშვმა გაიარა - დაწყებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელებით და დამთავრებული მატარიალურად საკმაოდ ძლიერი ოჯახების შვილებით. 2003 წლიდან საქართველოში ახალი პროფესიის წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი გავხდი და მჭიდრო შეხება მქონდა ინსტიტუციებში მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან. დღეს კი წარმოვადგენ სამმართველოს, რომელიც იმ პოლიტიკას, სტრატაგიას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს. ეს რეფორმა 2004 წლის შემდეგ დაიწყო, განათლების სამინისტროში მოვიდა ბევრი ახალი კადრი, ვინც რეალურ მითითებებს და რეკომენდაციებს აძლევდა სახელმწიფოს. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, ანუ ბავშვების დაბრუნებაზე ბიოლოგიურ მშობლებთან ან ალტერნატიულ ოჯახებში მათ დაბინავებაზე. შარშან გაეროს ბავშვთა ფონდმა საფუძვლიანი კვლევის შედეგი წარმოადგინა, რომელიც შემაშფოთებელ მონაცემებს შეიცავს იმის თაობაზე, თუ რა სახის ძალადობებია ფესვგადგმული ქართულ სინამდვილეში - ოჯახში, სკოლასა თუ ბავშვთა სახლებში.
თეა ხორავა: როცა განათლების სამინისტროში, რესურსცენტრში, ვმუშაობდი, ბავშვებზე ძალადობის ფაქტები საკმაოდ ხშირი იყო, მაგრამ კანონში იმის ბერკეტები არ არსებობდა, რომ ეფექტურად გვემოქმედა მის წინააღმდეგ. დღეს კანონმდებლობა შეიცვლა, თუმცა მას ბევრი ნაკლი აქვს: პროცედურები მკაფიოდ არ არის გაწერილი, არ არის მითითებული როგორ უნდა ვიმოქმედოთ ძალადობის ამა თუ იმ შემთხვევის დროს. სალომეს დავეთანხმები: როდესაც პოლიციელი გამოძახებაზე მიდის და ხედავს, რომ მშობელი ბავშვს ცემს, - ფიქრობს, - მერე რა მოხდა, ვინ არ უცემიათ ბავშვობაშიო. კანონის მიხედვით პოლიციელმა ასეთ დროს დამცავი ორდერი უნდა გამოწეროს. როგორც წესი, ქართველი პოლიციელები ცდილობენ ამგვარ შემთხვევებს ხულიგნობის კვალიფიკაცია მისცენ. უცხოეთში, თუ ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განმეორდა ძალადობა, სოციალურ მუშაკსა და პოლიციას ის ბავშვთა თავშესაფარში გადაჰყავთ, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი მისი რეაბილიტაციისთვის. ჩვენთან ამ ტიპის დაწესებულებები, უბრალოდ, არ არის. ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება თავშესაფარში, თუ დედაც ძალადობის მსხვერპლია, რადგან საქართველოში მხოლოდ ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრები არსებობს. არადა, ძალიან ხშირად ბავშვზე ძალადობას მუდმივი ხასიათი აქვს. ქართველი სამართლადამცავები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკავებენ მოძალადეს, თუ დაინახეს, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
თეა ხორავა
ნატო ზაზაშვილი: წელს გაზაფხულზე ამერიკაში ვიყავი, სადაც გვაჩვენეს როგორაა აწყობილი ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო სისტემა. იქ 12 წლის ბავშვს უკვე შეუძლია დარეკოს პოლიციაში და პოლიციელი გამოიძახოს, მოითხოვოს დამცავი ორდერი, - შეუძლია, საკუთარი თავი დაიცვას. საქართველოშიც არის მიღებული კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ბავშვის დაცვას არ ითვალისწინებს. ეს კანონი მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფომ ძალადობის მსხვერპლი ქალები დაიცვას. ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი, მაგრამ დედის გარეშე არასრულწლოვანს ვერ მივიღებთ. შარშან მოგვმართეს სახალხო დამცველის აპარატიდან; მამა სექსუალურად ძალადობდა ორ გოგონაზე, დედა საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ და საჭირო გახდა ბავშვების უსაფრთხო ადგილას მოთავსება. სამწუხაროდ, ჩვენ არც იურიდიულად გვქონდა ამ ბავშვების მიღების უფლება და არც სათანადო პირობები გაგვაჩნდა. როგორც ვიცი, ისინი შემდეგ ნათესავებმა შეიფარეს.
მაია ცირამუა: ჩვენი საზოგადოების მიერ ძალადობის ერთადერთ ფორმად აღიარებულია ფიზიკური ძალადობა. ძალადობის სხვა ფორმებიც რომ არსებობს, ჩვენთან, უბრალოდ, არ იციან. ძალიან ხშირად შემხვედრია დედა, რომელიც ვერ ხვდება, რომ შვილი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავს. ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც ძალადობის ფორმა, ნამდვილად არა აქვს გაცნობიერებული ჩვენს საზოგადოებას. ძალადობრივი აქტია ისიც, როცა დედა შვილს ძალად აჭმევს სუპს, და ამგვარი რამ ყოველდღიურობაში ხშირად ხდება. არსებობს ძალადობის პოლარული ფორმები, ბავშვის უგულებელყოფაც. როცა ბავშვი არ არის საკუთარი მშობლისთვის ზრუნვის ობიექტი, ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ამგვარი რამ მხოლოდ სოციალურად ძალიან გაჭირვებულ ფენაში არ გვხვდება. დღეს გახშირდა შემთხვევები, როცა ბავშვს არა აქვს კომუნიკაცია მშობლებთან. აღმზრდელები, ძიძები ჰყავს, თითქოს არაფერი აკლია, მაგრამ პატარას კონტაქტი სწორედ ბიოლოგიურ დედ-მამასთან სჭირდება. არსებობს ძალადობის კიდევ ერთი სასტიკი ფორმა - ჰიპერმზრუნველობა, რომელსაც მშობელი მაშინაც კი ვერ ანებებს თავს, როცა შვილი უკვე ზრდასრულია, დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს. მშობელს კი ჰგონია, რომ შვილი ისევ საშოში ჰყავს, ჯერ არ გაუჩენია. ძალადობის ეს ფორმები ჩვენი საზოგადოების მიერ სრულიად გაუცნობიერებელია.
ნატო ზაზაშვილი: ძალადობის ეს ფარული ფორმა - ჰიპერმზრუნველობა - ძალიან გავრცელებულია ჩვენს კულტურაში. ბავშვის ნება ამ დროს მთლიანად უგულებელყოფილია, და ყველაფერი ისე და იმგვარად ხდება, როგორც მშობელს სურს. ამის შედეგად ზიანდება ბავშვის ფსიქიკა, მათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება აღარ შეუძლიათ. ეს კი ინფანტილიზმს იწვევს, ასეთი „აღზრდის“ შედეგად ბავშვებს არ უვითარდებათ ნებისყოფა და ცხოვრებაში ბევრ სირთულეებს აწყდებიან. ამგვარი მოძალადეები, როგორც წესი, დედები არიან ხოლმე.
მაია ცირამუა: თუმცა ბავშვები ძალიან ხშირად სწორედ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. მახსოვს, ბავშვებს რეზო ინანიშვილის „კიტრის ქურდს“ ვუკითხავდი და ერთ-ერთმა მოსწავლემ ასეთი ამბავი გაიხსენა. მის სოფელში ბიჭს კიტრი მოუპარავს. ის ფეხებით დაუკიდებიათ ხეზე და მთელი სოფლის ბავშვებისთვის უჩვენებიათ - აი, ასე დაგემართებათ, თუკი იქურდებთო. ისიც პრობლემაა, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტები ხშირად ჩვენს საზოგადოებაში დაფარულია, არ ხმაურდება ხოლმე. როდესაც საკმაოდ კულტურული ოჯახებიდან ჩემთან პრობლემური ბავშვები მოჰყავთ, ხშირად ირკვევა, რომ მშობლები, რომლებიც ერთი შეხედვით ნამდვილად არ ჰგვანან მოძალადეებს, ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ძალადობას, როგორც აღზრდის ფორმას. ეს სტერეოტიპი საკმაოდ ღრმადაა ჩვენში გამჯდარი.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, სადაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვთ?
ხათუნა დოლიძე: ვინაიდან დასავლეთში ამ საკითხებს უკვე დიდი ხანია შეისწავლიან, ამ ფენომენის მიმართ იქ მრავალგვარი მიდგომა არსებობს. უპირველესად ძალადობის მიზეზებს იკვლევენ. ერთ-ერთი მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ასეთ დროს ბავშვზე ძალადობა მშობლის შეგნების დონითა და ფსიქოტიპით არის განპირობებული. ეს მაინც მშობლების დისკრიმინაციას ჰგავს და ძალიან ცალმხრივი თვალსაზრისია. არის მეორე - სოციალური მიდგომა, რომლის მიხედვითაც ძალადობის მიზეზი შეიძლება სიღარიბე და სოციალური სტატუსი იყოს. არსებობს მესამე - ეკოლოგიური თეორია, რომელიც ძალადობას მრავალი მიზეზით ხსნის. სოციალური დასწავლის ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, რომელიც ქცევით და კოგნიტურ ასპექტებს მოიცავს, ძალადობა დასწავლადია. როდესაც ბავშვი რეალურად ხდება ძალადობრივი ქცევის თანამონაწილე და დამკვირვებელი, ის სწავლობს, რომ ამ ქცევით შეიძლება სასურველ შედეგს მიაღწიოს, - გამოხატოს ემოცია, მართოს სიტუაცია, კონფლიქტი. ასეთ დროს ბავშვი სხვისი ძალმომრეობის აქტის მოდელირებას საკუთარ ქცევაში ახდენს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაზრისია, რომელმაც რეალურად აამუშავა განვითარებული ქვეყნების პროგრამები. მშობელი, რომელიც მოძალადეა, ოდესღაც აუცილებლად თვითონაც იყო ძალადობის მსხვერპლი. მნიშვნელოვანია ისიც, ადრეულ ეტაპზე როგორი ემოციურ კავშირი არსებობს დედასა და ბავშვს შორის, ნორმის ფარგლებშია ეს კავშირი თუ არა. აღმოჩნდა, რომ ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი მშობელთან ემოციური მიჯაჭვულობის დეფიციტია. შემდეგი ეტაპია ოჯახი - აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ფსიქოტიპი, დედასა და მამას შორის ურთიერთობის ფორმები და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად ატარებს ისეთ პიროვნულ თვისებებს (ვთქვათ, ან ხმაურიანია, ან დაუმორჩილებელი), რაც გარკვეულწილად უბიძგებს მშობელს იმისკენ, რომ ძალადობრივ ხერხებს მიმართოს. დასავლეთში მშობლებს ამ სირთულეებთან გამკლავების სტრატეგიებს ასწავლიან. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს არსულებს გარემოც: მეზობლები, სკოლა, ეზო, - ფართო სოციალური სპექტრი. დაბოლოს, მაკროსისტემა: კულტურა, დამოკიდებულებები, ღირებულებები და ა. შ. მაკროსისტემა შეიძლება ფიზიკურად არ ძალადობდეს ბავშვზე, მაგრამ მაინც აქტიურად ზემოქმედებდეს.
ქართული ტრადიციები ახსენეთ. რას გულისხმობდით ამაში? რამდენადაა ქართული კულტურის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმა წახალისებული?
სალომე ჭიჭინაძე: ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა: ქართული ოჯახები სასურველი ქცევის გამოწვევისთვის გარჯას და დასჯას ერთმანეთთან აიგივებენ. ბუნებრივია, ბავშვისთვის უპირატესი გარემო ოჯახია. ბავშვს სწორედ მშობლები ზრდიან როგორც მოძალადეს, რადგან მისი აღზრდისას ძალადობრივ ხერხებს მიმართავენ. ცნობილია ისიც, რომ ძალადობის ფიზიკური კვალი შეიძლება ალაგდეს, ფსიქოლოგიური ტრავმები კი დიდხანს რჩება. ძალადობის ის ფორმა, რომელიც ჩვენს კულტურაშია გავრცელებული, მაგალითად, მიმართვები - „დებილო“, „კრეტინო“, ძალიან მძიმე კვალს ტოვებს ბავშვებში. მასწავლებლებიც ხშირად სცოდავენ ამ მხრივ, ღირსების შემლახავ გამოთქმებს იყენებენ და სხვ. ფსიქოლოგიური ძალადობა კი არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან აქტუალურია.
სალომე ჭიჭნაძე
მაია ცირამუა: იმ სტერეოტიპის გადახედვა, რომელიც გვმოძღვრავს, „შვილი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო“, ჩვენს კულტურაში ჯერჯერობით არ მომხდარა. რომ დავფიქრდეთ, მრავალ ამგვარ ანდაზას გავიხსენებთ. აღზრდის ასეთი ძალადობრივი არქეტიპი რაღაცნაირად დევს ჩვენს კულტურაში. ჩვენ თვითონ ვზრდით მოძალადეებს. ბავშვს ვეუბნებით, არ დაარტყა შენზე პატარასო, და ამ დროს თვითონ ის ბავშვია ძალადობის ობიექტი. ძალადობრივი ქცევა კარგად დასწავლადია. მე ვერ ვიტყვი, რომ სხვა კულტურებში არ გვხვდება ამგვარი არქეტიპები, ხანდახან ძალიან განვითარებული ქვეყნებიდან საკმაოდ მატრავმირებელი საქმეები ხმაურდება. ეს არქტიპები ჯერ უნდა გააცნობიეროს ჩვენმა საზოგადოებამ, შემდეგ კი დაფიქრებამ და გაცნობიერებამ ჩვენი ხედვა უნდა გააფართოოს.
მაია ცირამუა
სალომე ჭიჭინაძე: ჩვენც, სოციალურ მუშაკებს, რომ გვკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ძალადობის ფესვები ქართული აღზრდის ფორმაშია. უკვე რამდენიმე წელია ძალადობის თემაზე ტრენინგებს ვუტარებ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს. შარშან, ოჯახში ძალადობის კანონის მიღების შემდეგ, განათლების სამინისტროს 2006-2008 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები გადაამზადეს, მათ შორის პოლიცილები და უბნის ინსპექტორები. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიწევდა მათთან მუშაობა. ტრენინგი ერთდღიანი იყო, მაგრამ დავინახე, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ესმით ტელევიზიით ტერმინები „ფიზიკური ძალადობა“ და „სექსუალური ძალადობა“, წარმოდგენა არა აქვთ რა არის ძალადობა. მათთვის ცემა-ტყეპა აღზრდის მიღებული სტილია და, როცა ტრენერი განუმარტავთ, რომ ეს ძალადობაა, ძალიან უკვირთ. ცხადია, ერთ დღეში ვერ გარდაქმნი ადამიანს. მენტალიტეტის შეცვლას წლები დასჭირდება. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში განსაზღვრულია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობები, - მშობელიც და სახელმწიფოც სწორედ ამ პირობების შექმნას უნდა უზრუნველყოფდნენ. ჩვენ ვცდილობთ სამთავრობო გეგმით განისაზღვროს ის პროცედურები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსში და სხვა ნორმატიულ აქტებშია გაწერილი. თუმცა დავინახეთ, რომ არც პოლიცია და არც სოციალური მუშაკები, როდესაც ძალადობას აწყდებიან, სათანადო პროცედურებს არ მიმართავენ.
როგორი მდგომარეობაა ინსტიტუციებში? ბავშვთა სახლებში?
სალომე ჭიჭინაძე: იქაც ერთობ არასახარბიელო მდოგომარეობაა. როგორი გადმონაშთიცაა ის ბავშვთა სახლები, ისეთივე აღზრდის მეთოდები აქვთ იქაურ აღმზრდელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საბჭოთა დროიდან მუშაობს ამ ინსტიტუციებში. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ამ სფეროს მუშაკთა ტრენინგები. ვცდილობთ ახალი მეთოდების ათვისებაში დავეხმაროთ მათ. გარკვეული შედეგი არის, მაგრამ მენტალიტეტის შეცვლა ერთჯერადი ტრენინგებით მაინც ვერ ხერხდება. ბის შესახებ. რაც შეეხება ბავშვებს შორის ძალადობას, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია. სკოლას, თუ მატერიალური ბაზა საშუალებას აძლევს, შეუძლია ჰყავდეს ფსიქოლოგი, მაგრამ როგორც წესი, ბავშვები თავს არიდებენ სკოლის ფსიქოლოგთან ურთიერთობას და უპირატესობას ქუჩურ გარჩევებს ანიჭებენ.
მაია ცირამუა: მე და ჩემი მეგობრები სკოლას ბავშვობაში „სიძულვილის ფაბრიკას“ ვეძახდით, იმდენად ამაზრზენი იყო აღზრდის იქ დამკვიდრებული მეთოდი: მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაცინვა, მასხრად აგდება და ა. შ. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მეორეკლასელი ბავშვი, რომელიც შემდეგ ჩემთან დადიოდა, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში ასე დასაჯა მასწავლებელმა: ბავშვს მათემატიკის სწავლა უჭირდა და იმ დღეს დავალება ვერ შეუსრულებია. პედაგოგმა მოსწავლეებს უბრძანა მისთვის ეთქვათ, შენ ამ კლასის ყველაზე ჩამორჩენილი და მოუწესრიგებელი მოსწავლე ხარო. ბავშვმა ეს ფრაზა თავისი კლასელებისგან 25-ჯერ მოისმინა. ტრავმა მიიღო არა მხოლოდ იმან, ვისაც ამას ეუბნებოდნენ, არამედ ყველა დანარჩენმაც, - მათ ხომ ამის თქმა არ უნდოდათ, ეს მათი ტექსტი არ იყო. ნამდვილი სადიზმია! ბავშვს ამის გამო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა და ამიტომაც მოვიდა ჩემთან. დარწმუნებული ვარ, ამგვარ მასწავლებლებს პასუხს არ სთხოვენ. ჯადოსნური წრეა შეკრული: შესაძლოა, ეს მასწავლებელი თვითონაა ძალადობის მსხვერპლი - ან მოძალადე ქმარი ჰყავს, ან ბავშვობაში ძალადობდნენ მასზე და ახლა თავის მოსწავლეებზე იყრის ამის გამო ჯავრს.
ხშირად გამიგონია, სწორედ მშობლები მოითხოვდნენ იმას, რომ მასწავლებლები მკაცრად მოექცნენ ბავშვებს. როგორია დღევანდელი სკოლა ამ მხრივ?
თეა ხორავა: ძალადობა სკოლაში ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის რესურსცენტრში ვმუშაობდით, საკმაოდ ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას. და არა მხოლოდ მასწავლებელთა მხრიდან - ბავშვებიც ხშირად ძალადობდნენ ერთმანეთზე. იყო დაჭრის შემთხვევებიც, სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღიძრა. ერთხელ უფროსკლასელები რესურსცენტრში მოვიწვიეთ ძალადობის თემაზე სასაუბროდ. ბავშვებმა თქვეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ხშირი იყო აგრესია, რაც მათში პროტესტის გრძნობას იწვევდა. დღეს განათლების სამინისტრო მასწავლებლებთან სწორედ ამგვარი დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად მუშაობს. ტარდება შეხვედრები, ტრენინგები. ახლა, სამოქალაქო განათლების შემოღების შემდეგ, ბავშვებმა უფრო მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ. რაც შეეხება ბავშვებს შორის ძალადობას, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია. სკოლას, თუ მატერიალური ბაზა საშუალებას აძლევს, შეუძლია ჰყავდეს ფსიქოლოგი, მაგრამ როგორც წესი, ბავშვები თავს არიდებენ სკოლის ფსიქოლოგთან ურთიერთობას და უპირატესობას ქუჩურ გარჩევებს ანიჭებენ.
მაია ცირამუა: მე და ჩემი მეგობრები სკოლას ბავშვობაში „სიძულვილის ფაბრიკას“ ვეძახდით, იმდენად ამაზრზენი იყო აღზრდის იქ დამკვიდრებული მეთოდი: მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაცინვა, მასხრად აგდება და ა.შ. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მეორეკლასელი ბავშვი, რომელიც შემდეგ ჩემთან დადიოდა, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში ასე დასაჯა მასწავლებელმა: ბავშვს მათემატიკის სწავლა უჭირდა და იმ დღეს დავალება ვერ შეუსრულებია. პედაგოგმა მოსწავლეებს უბრძანა მისთვის ეთქვათ, შენ ამ კლასის ყველაზე ჩამორჩენილი და მოუწესრიგებელი მოსწავლე ხარო. ბავშვმა ეს ფრაზა თავისი კლასელებისგან 25-ჯერ მოისმინა. ტრავმა მიიღო არა მხოლოდ იმან, ვისაც ამას ეუბნებოდნენ, არამედ ყველა დანარჩენმაც, - მათ ხომ ამის თქმა არ უნდოდათ, ეს მათი ტექსტი არ იყო. ნამდვილი სადიზმია! ბავშვს ამის გამო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა და ამიტომაც მოვიდა ჩემთან. დარწმუნებული ვარ, ამგვარ მასწავლებლებს პასუხს არ სთხოვენ. ჯადოსნური წრეა შეკრული: შესაძლოა, ეს მასწავლებელი თვითონაა ძალადობის მსხვერპლი - ან მოძალადე ქმარი ჰყავს, ან ბავშვობაში ძალადობდნენ მასზე და ახლა თავის მოსწავლეებზე იყრის ამის გამო ჯავრს.
სალომე ჭიჭინაძე: იქაც ერთობ არასახარბიელო მდოგომარეობაა. როგორი გადმონაშთიცაა ის ბავშვთა სახლები, ისეთივე აღზრდის მეთოდები აქვთ იქაურ აღმზრდელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საბჭოთა დროიდან მუშაობს ამ ინსტიტუციებში. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ამ სფეროს მუშაკთა ტრენინგები. ვცდილობთ ახალი მეთოდების ათვისებაში დავეხმაროთ მათ. გარკვეული შედეგი არის, მაგრამ მენტალიტეტის შეცვლა ერთჯერადი ტრენინგებით მაინც ვერ ხერხდება.
ხშირად გამიგონია, სწორედ მშობლები მოითხოვდნენ იმას, რომ მასწავლებლები მკაცრად მოექცნენ ბავშვებს. როგორია დღევანდელი სკოლა ამ მხრივ?
თეა ხორავა: ძალადობა სკოლაში ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის რესურსცენტრში ვმუშაობდით, საკმაოდ ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას. და არა მხოლოდ მასწავლებელთა მხრიდან - ბავშვებიც ხშირად ძალადობდნენ ერთმანეთზე. იყო დაჭრის შემთხვევებიც, სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღიძრა. ერთხელ უფროსკლასელები რესურსცენტრში მოვიწვიეთ ძალადობის თემაზე სასაუბროდ. ბავშვებმა თქვეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ხშირი იყო აგრესია, რაც მათში პროტესტის გრძნობას იწვევდა. დღეს განათლების სამინისტრო მასწავლებლებთან სწორედ ამგვარი დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად მუშაობს. ტარდება შეხვედრები, ტრენინგები. ახლა, სამოქალაქო განათლების შემოღების შემდეგ, ბავშვებმა უფრო მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ. რაც შეეხება ბავშვებს შორის ძალადობას, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია. სკოლას, თუ მატერიალური ბაზა საშუალებას აძლევს, შეუძლია ჰყავდეს ფსიქოლოგი, მაგრამ როგორც წესი, ბავშვები თავს არიდებენ სკოლის ფსიქოლოგთან ურთიერთობას და უპირატესობას ქუჩურ გარჩევებს ანიჭებენ.
მაია ცირამუა: მე და ჩემი მეგობრები სკოლას ბავშვობაში „სიძულვილის ფაბრიკას“ ვეძახდით, იმდენად ამაზრზენი იყო აღზრდის იქ დამკვიდრებული მეთოდი: მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაცინვა, მასხრად აგდება და ა. შ. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მეორეკლასელი ბავშვი, რომელიც შემდეგ ჩემთან დადიოდა, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში ასე დასაჯა მასწავლებელმა: ბავშვს მათემატიკის სწავლა უჭირდა და იმ დღეს დავალება ვერ შეუსრულებია. პედაგოგმა მოსწავლეებს უბრძანა მისთვის ეთქვათ, შენ ამ კლასის ყველაზე ჩამორჩენილი და მოუწესრიგებელი მოსწავლე ხარო. ბავშვმა ეს ფრაზა თავისი კლასელებისგან 25-ჯერ მოისმინა. ტრავმა მიიღო არა მხოლოდ იმან, ვისაც ამას ეუბნებოდნენ, არამედ ყველა დანარჩენმაც, - მათ ხომ ამის თქმა არ უნდოდათ, ეს მათი ტექსტი არ იყო. ნამდვილი სადიზმია! ბავშვს ამის გამო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა და ამიტომაც მოვიდა ჩემთან. დარწმუნებული ვარ, ამგვარ მასწავლებლებს პასუხს არ სთხოვენ. ჯადოსნური წრეა შეკრული: შესაძლოა, ეს მასწავლებელი თვითონაა ძალადობის მსხვერპლი - ან მოძალადე ქმარი ჰყავს, ან ბავშვობაში ძალადობდნენ მასზე და ახლა თავის მოსწავლეებზე იყრის ამის გამო ჯავრს.
ხათუნა დოლიძე: დღეს ჩვენთან მასწავლებლები არ თვლიან საჭიროდ სოციალურ ქცევებზე გაამახვილონ ყურადღება. აქცენტი მარტო საგნის სწავლებაზე კეთდება. მასწავლებლის ერთ-ერთი ფუნქცია ისიცაა, რომ ბავშვებმა სოციალურად მისაღები ფორმებით ურთიერთობა ისწავლონ, მართონ კონფლიქტები, შეეძლოთ ბრაზის მართვა და სხვ. ტრენინგები უფრო მეტად უნდა იყოს ამ საკითხებზე ორიენტირებული. ისევ დასავლურ გამოცდილებას დავესესხები. ამერიკაში დღეს მრავალპროფილიანი ცენტრები მუშაობენ მშობლებისა თუ მასწავლებლების განათლებაზე, მუშაობენ მედიასთან. არის კიდევ ერთი რგოლი - ბავშვთა საავადმყოფოები ის დაწესებულებაა, სადაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ხვდებიან, ამიტომ მედიკოსებსაც სჭირდებათ სპეციალური განათლება, რათა ამოიცნონ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და დაეხმარონ მას. მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა მოხდეს სამედიცინო გარემოს ჰუმანიზაცია. არსებობს ფსიქო-სოციალური სერვისები, რომელთა დანიშნულებაა შეამცირონ სტრესის ზემოქმედება და მოახდინონ სამედიცინო მომსახურების ადაპტაცია ბავშვებზე. ამგვარი სერვისები გულისხმობს თამაშის პროგრამებსაც, რათა საავადმყოფოს პირობებში, ბავშვისთვის უჩვეულო სტრესულ გარემოში, არ მოხდეს მცირეწლოვანი პაციენტის განვითარების შეფერხება.
სალომე ჭიჭინაძე: ჰოსპიტლებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ერთი რამ: ჩვენთან ასეთი სტერეოტიპია დამკვიდრებული: თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაგიჩნდა, ეს ტრაგედიად აღიქმება, და სამშობიაროებში ექიმები, გინეკოლოგები და პედიატრები ჯერ კიდევ მშობიარობის შემდგომი სტრესის მდგომარეობაში მყოფ მშობელს ურჩევენ უარი თქვას შვილზე და ის სახელმწიფო კმაყოფაზე დატოვოს, რაც შესაძლოა ამ ბავშვისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს. ექიმები, რომლებიც ჰუმანური იდეების მატარებლები უნდა იყვნენ, ჯალათებივით იქცევიან.
რამდენადაა ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იმ ფილმებისა და მულტფილმების ყურება, სადაც აგრესია თვალსაჩინოა? ძალადობს თუ არა მედია ბავშვებზე?
მაია ცირამუა: თუ ფილმზე და მულტფილმზეა საუბარი, ეს მაინც მხატვრული, პირობითი სინამდვილეა, - კეთილი იმარჯვებს ბოროტზე და ამას ძალიან ხშირად კათარზისული ეფექტიც აქვს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ერთი დევნილი ბიჭი აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ისტერიული გატაცებით უყურებდა ფილმებს ომზე, აგრესიაზე, საშინელებებზე. დედამისი ამის გამო ძალიან შეშფოთებული იყო. ეს ბავშვი ერთ-ერთ ფსიქოკორექციულ ჯგუფში მონაწილეობდა. შემდეგ, როცა გავზომეთ ამ ჯგუფის ბავშვებში აგრესიის დონე, აღმოჩნდა, რომ მას თითქმის არ ჰქონდა აგრესია. იმ ფილმების ყურებით ის თავის აგრესიას უმკლავდებოდა. სულ სხვაა, როდესაც ტელევიზიით ვაჩვენებთ კადრებს, როგორ მოითხოვენ ადამიანები დაემხოს ხელისუფლება, ვუჩვენებთ დემონსტრაციების დარბევას. ბავშვი ამ დროს ხედავს, რომ ძალადობრივი ქცევა ერთნაირად მისაღები ყოფილა ოჯახში, ქუჩაში, პარლამენტში, მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ვნებს მათ, ვინაიდან ბავშვებს ისედაც ძალიან უჭირთ თავიანთი ემოციების მართვა. ჩვენთან დღეს აგრესიის სოციალიზაცია არ ხდება. ბავშვს არავინ ასწავლის, როგორ გაუმკლავდეს აგრესიულ იმპულსებს. ამას არც ოჯახში, არც სკოლაში არ ასწავლიან და ამ დროს ტელეეკრანზე ბავშვი მრავალნაირ ძალადობას ხედავს. უკვე ორი წელია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან ვმუშაობ ავჭალის კოლონიაში და იქ ბავშვების 80%25 გისოსებს მიღმა სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ შეძლეს თავიანთ აგრესიასთან გამკლავება. დღეს ისინი საკმაოდ მძიმე სასჯელებს იხდიან. ჩვენი საზოგადოება არასენსიტიურია ამ ბავშვების მიმართ. მედიას დღეს ვერ განვიხილავთ იმ საშუალებად, რომელიც აგრესიის სოციალიზაციას მოახდენს, პირიქით, ის სწორედ ძალადობის ტირაჟირებას ეწევა.
ხათუნა დოლიძე: ვერ ვიტყვი რომ თანამდროვე კინოპროდუქცია მთლიანად ძალადობის შემცველია, არის ბევრი საინტერესო და კეთილი ფილმი. მედიის უარყოფით გავლენას უფროსებიც განვიცდით - საინფორმაციო გადაცემები, როგორც წესი, სისასტიკის შემცველი კადრების ჩვენებით იწყება. რეკლამებიც უხვად შეიცავენ ძალადობის სცენებს. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ელექტრონული მედიით ძალადობის ყურება ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ქცევაზე. შეიძლება ბავშვმა პირდაპირ არ გაიმეოროს ის ძალადობა, რასაც ეკრანზე უყურებს, მაგრამ ნანახი მის ფსიქიკაში რჩება და ზემოქმედებს. მშობელმა რაღაცნაირად უნდა აკონტროლოს, რას უყურებს ბავშვი ტელევიზორში, მაგრამ სრული კონტროლი შეუძლებელია. მთლიანად იზოლაციაში ხომ ვერ მოაქცევს ბავშვს? თანაც, ის ინფორმაცია, რაც ტელევიზიებით გადმოიცემა, იმ საზოგადოების ცხოვრებას ასახავს, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა. მნიშვნელოვანია არა ის, რას უყურებს ბავშვი, არამედ ის, ეხმარება თუ არა მშობელი ამ ინფორმაციის გადამუშავებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელსა და ბავშვს შორის ჯანსაღ ურთიერთობას. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს ნანახიდან.
ისევ იქამდე მივდივართ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი აღზრდის პროპაგანდას.
სალომე ჭიჭინაძე: ორი წლის წინ „დროებაში“ ასეთი შინაარსის სიუჟეტი გავიდა: ვითომ ერთ-ერთ ბავშვთა სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდმა მამათმავლობის აქტი ჩაიდინა ვიღაცასთან. ეს ფაქტი ვერც ერთმა ექსპერტმა და ვერც ერთმა გამოძიებამ ვერ დაადასტურა. თითქოს ბოდიშიც მოიხადეს, მაგრამ ამ მოზარდისთვის ეს ფაქტი ტრაგედიად იქცა, მას დღესაც ელანდება, რომ შეთქმულება მოაწყვეს მის წინააღმდეგ. და ეს ერთადერთი შემთხვევა როდია, როცა მედია არაკორექტულად მოიქცა. წლების განმავლობაში გაშვილების პრობლემაზე ვმუშაობდი. მახსოვს, მიტოვებულ ბავშვებს საინფორმაციო გამოშვებებში აჩვენებდნენ და მეორე დღეს ეს ბავშვი გასაყიდ პროდუქტად იქცეოდა ხოლმე. ადამიანთა, მათ შორის მცირეწლოვანის, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. ეს ხშირად ქართველ მშობლებს ავიწყდებათ. ბავშვთა კონვენციაში ისიც არის ნათქვამი, რომ ბავშვს აქვს მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილებების მიღებისას მისი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ. ბავშვის აზრის გათვალისწინება კი ჩვენთან არავის უნდა, არც მშობელს. ბავშვები ხშირად ერთმანეთის მოქიშპე მშობლების ხელში იარაღად იქცევიან ხოლმე. ჟურნალისტებიც ივიწყებენ მედიაეთიკას და არავინაა მაკონტროლებელი. ადამიანები მხოლოდ სანახაობით იკვებებიან და მედიამ ეს იცის. რაც შეეხება ძალადობის შემცველ საბავშვო მულტფილმებს და სერიალებს, ხშირად ბავშვებს პირდაპირ კალკირებულად გადმოაქვთ ცხოვრებაში ეკრანზე ნანახი. და თუ მშობელი დაკავებულია და ბავშვთან ურთიერთობაში არ არის ჩართული, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. სანდრა რულოვსმა ერთხელ ტელევიზიით თქვა, ქართველი მშობლები საკუთარ შვილებთან დროის გატარებას გაურბიან, სხვებს უტოვებენ, თვითონ კი ამ დროს შარდენზე სხედან და ყავას სვამენო. სანდრა რულოვსის ამ გამონათქვამს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ეს სიმართლეა. მშობლები (ეს განსაკუთრებით მატერიალურად ძლიერ ფენას ეხება) განრიდებულები არიან შვილების აღზრდის პროცესს. იქ კი, სადაც მძიმე სოციალური ფონია, მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობენ და მათ როლს ხშირად ბებიები ასრულებენ. ესეც აღრევაა აღზრდის სტილში, რაც ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას აქვს იდეა, რომ შევქმნათ სატრენინგო მოდული, რათა, ვისაც სურვილი ექნება, ისწავლოს მშობლობა.
დღეს მრავალ ოჯახშია კომპიუტერი და ბავშვებს ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა საიტებზე, სადაც შეიძლება ძალადობას გადააწყდნენ...
თეა ხორავა: მშობლები ვერ აკონტროლებენ თავიანთ შვილებს, როდესაც ისინი კომპიუტერებთან სხედან. დიდი პრობლემაა ინტერნეტძალადობაც, როდესაც სხვადასხვა ჩათებში ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, მათი გაკონტროლება მშობლებს არ შეუძლიათ და ეს სრულიად შეუსწავლელი სფეროა.
ხათუნა დოლიძე: თუკი ოთახში შედიხართ და თქვენმა შვილმა კომპიუტერის ეკრანზე გახნილი ფანჯარა ჩაკეცა, ე.ი. რაღაცას ისეთს აკეთებს, რომ თქვენგან მეტი ყურადღება სჭირდება. მშობელთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ბავშვი გარკვეულწილად დაცულია.
რა მექანიზმები მუშაობს დღეს ჩვენთან ბავშვთა დაცვის სფეროში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?
სალომე ჭიჭინაძე: განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ძალიან მაღალია. იქ ზუსტად იციან ძალადობის შემთხვევაში ვის სად და როგორ უნდა მიმართონ. არსებობს რამდენიმე რგოლი და სისტემა უკვე კარგადაა განვითარებული. სარეაბილიტაციო ცენტრები საჭიროა როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, ისე მოძალადეებისთვისაც, რადგან მათაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. ჩვენთან კი... სად უნდა წავიყვანოთ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი? ზოგადი საუბარი იმაზე, რომ ამგვარი ცენტრი შეიქმნეს, დაიწყო, მაგრამ მთავარია მომსახურების ხარისხი. არც ის ვიცით, რა ვუყოთ ბავშვს რეაბილიტაციის შემდეგ. თუკი ისევ მოძალადესთან დავაბრუნებთ, ამით შეიცვლება რამე?
მაია ცირამუა: როდესაც მშობელთან ვმუშაობ, ვცდილობ მას გავახსენებინო, როგორი იყო თვითონ ბავშვობაში, რა მოთხოვნილებები და სურვილები ჰქონდა, როგორ იბლოკებოდა ეს სურვილები და რა ემართებოდა ამ დაბლოკილი სურვილების გამო. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც საკუთარი თავის განვითარებას და აღზრდას ფრუსტრაციის მეთოდით ცდილობს, არა გვაქვს გაცნობიერებული, რომ ფრუსტრაცია ძალადობრივ ქცევას იწვევს. როდესაც ადამიანის სურვილები იბლოკება, ის აგრესიული ხდება. არც ის გვაქვს გამოკვლეული, ბავშვების როგორი მიმღებლობა აქვთ მასწავლებლებს. ბევრ მასწავლებელს ბავშვი არ უყვარს, და როცა ბავშვი არ გიყვარს, ვერც მის ცელქობას აიტან, ვერც მის პროტესტს და ყველაფერზე მძაფრი რეაქცია გექნება. ეს ყველაზე სუსტი ადგილია ჩვენი განათლების სისტემაში. გვინდა, რომ უნარების ტესტი ბავშვებმა კარგად ჩააბარონ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ეს უნარები სწორედ სკოლაში განუვითაროთ.
ხათუნა დოლიძე: მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პროგრამებზე, რომლებიც ძალადობის აღმოფხვრას და პრევენციას უწყობს ხელს. ის, რომ უმკურნალო ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, უკვე პრევენციაა, რათა ამ ბავშვმა შემდეგ აღარ განახორციელოს ძალადობის აქტი. საჭიროა სწორი აღზრდის მეთოდების პროპაგანდა და ჯანსაღი კომუნიკაციური უნარების განვითარება მშობლებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობელმა იცოდეს ამა თუ იმ ასაკში რას უნდა ელოდეს ბავშვისგან. ჩვენთან ამ ცოდნის სერიოზული დეფიციტია. ზრუნვის ნაკლებობაც ძალადობაა და ზედმეტი მზრუნველობაც, განათლების ნაკლებობაც ძალადობაა და სწავლის დაძალებაც. ხშირად ბავშვს მისთვის შეუფერებელ სიტუაციაში აყენებენ, იმის გაკეთებას აიძულებენ, რაც რეალურად არ შეუძლია და თამაშის შესაძლებლობას უზღუდავენ. დასავლეთში ძალიან პოპულარულია პროგრამები, რომლებითაც მშობლები ბავშვთან ურთიერთობას სწავლობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამგვარ პროგრამებში მონაწილენი სხვებთან შედარებით ნაკლებად მოძალადენი არიან და შვილებთან ურთიერთობაც მეტ კმაყოფილებას ანიჭებთ. ასეთი ტიპის მოდულის ამუშავებას სწორედ ახლა ვიწყებთ ჯო ენის ცენტრში. ეს მშობლებისა და ბავშვების საკეთილდღეოდ კეთდება და მიმართული იქნება იმისაკენ, რომ მშობლებს სწორი მოლოდინები განუვითაროთ.
![]() |
5 ინტერესები, ძალაუფლება და ცოდნა ქართულ საზოგადოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური ექსპლიკაციები
გიორგი ცხადაია
ფუკოდიანური სათაური შემთხვევით არ შემირჩევია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მემარცხენე პოზიციებიდან გაშუქება აკლია. ეს კი თავის მხრივ აქტიური მემარცხენე ლიბერალიზმის დისკურსის არსებობას მოითხოვს, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ჩანასახების ფორმით შეიმჩნევა. ბოლო ხანებში ხელისუფლების ელიტისტურმა მიდგომამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პროტესტის სურვილი გააჩინა, მაგრამ ეს პროტესტი ჯერ კიდევ ვერ გადაიზარდა ორმხრივ კომუნიკაციაში. ორივე მხარე ცალ-ცალკე არჩევს ერთმანეთის საქმეებს, დემოკრატიული დებატები და საჯარო სივრცე შეზღუდულია. მხარეების სიხისტე და მოუქნელობა იმით გამოიხატება, რომ ისინი ერთი სათამაშო მოედნის გარდა სხვა არცერთს ლეგიტიმურად არ ცნობენ. ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი მოდერნიზაციისა და პროგრესის ერთადერთ აგენტად გამოაცხადოს, ხოლო მეორე მხრივ კი, ოპოზიცია ამ პროცესიდან განდევნილი სოციალური ჯგუფების უკან დაბრუნებას ითხოვს. ამ დროს სახელმწიფო „საგანგებო მდგომარეობას“ აცხადებს და უცხო ქვეყნის აგენტების დევნას იწყებს. ანალოგიურად, ოპოზიცია იკავებს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს და აცხადებს საკუთარ საგანგებო მდგომარეობას, რომელშიც მხოლოდ ერთადერთი იდეოლოგია ბატონობს. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან, რომლებიც ერთმანეთის გარიცხვით არიან დაკავებულნი. თუმცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი პროცესის ნაწილი იქნებოდა, რადგანაც ორივე მიმართულებას არსებობის ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ პროცესის დემოკრატიულ კალაპოტში მოქცევას ის აფერხებს, რომ კომუნიკაცია ვერ ხერხდება. სისტემის ტოტალიტარიზმის დარღვევა თავისუფალი საჯარო სივრცის შექმნით არის შესაძლებელი და არა ერთმანეთის მარგინალიზებით. ამავე დროს შეგვიძლია ისიც ვამტკიცოთ, რომ სანამ მხარეები მოწინააღმდეგის დემონიზაციით არიან დაკავებულნი, სამოქალაქო საზოგადოების აღმოცენებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება. „სამოქალაქო საზოგადოება“ ამ შემთხვევაში მოდერნიზაციის ღირებულებების გამავრცელებელ ორგანიზაციათა ჯგუფს კი არ აღნიშნავს, როგორც ეს ნეოლიბერალებს ესმით, არამედ ისეთ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობასა და დაპირისპირებას, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააზრებული აქვთ სახელმწიფო და ნაციონალური იდეოლოგიის პირისპირ.
მემარცხენეობა, როგორც მოქალაქეთა ინტერესების არტიკულაციისა და საჯარო სივრცის ხელშეწყობა
მემარცხენეობა მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს რევოლუციას პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რევოლუცია ხორციელდება არა მაინცდამაინც მარქსისტული პროექტის მიხედვით, არამედ სოციალური რეალობის ანალიზის, ნარატივების დეკონსტრუქციისა და საკუთარი ინტერესების სახელმწიფოსა და სხვა ძალაუფლებრივი ინსტიტუტების წინაშე წარმოჩენით. რევოლუციას სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის კონფლიქტი და თანამშრომლობა განაპირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო თავისუფალი საჯარო სივრცის არსებობა, და ამას მეტ-ნაკლებად ორივე მხარე უფრთხის.
უკანასკნელ ხანებში თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე ამტყდარმა სკანდალმა ჩვენი თეზისი გაამყარა. ოპოზიციურ არხზე - „კავკასიაზე“ - გასულ სიუჟეტში თავისუფლების ინსტიტუტის წევრ თუთბერიძეს ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებდნენ. ამის მიზეზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქზე შექმნილი და თუთბერიძის მიერ ვირტუალურ სოციალურ ქსელ ფეის- ბუქზე განთავსებული უცენზურო ვიდეოები გახდა. სიუჟეტს მოჰყვა სასიკვდილო მუქარები „მორწმუნე“ მოქალაქეებისგან და საპატრიარქოს განცხადება, რომ მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაგმო თეა თუთბერიძის საქციელი და თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა ეკლესიას. თუთბერიძის წინააღმდეგ გამოვიდნენ ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც ხელისუფლებისგან მისი დასჯა მოითხოვეს. ამ საკითხზე დებატები ისევ და ისევ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გაიმართა, სადაც, მიუხედავად ადრინდელი განცხადებებისა, სულ მცირე იმაზე მაინც შეთანხმდნენ, რომ თეა თუთბერიძეზე ფიზიკური ძალადობა საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობისა და მორალის ზოგად ნორმებს შეეწინააღმდეგებოდა. თავისუფალ საჯარო სივრცეში, სადაც ორივე მხარის ინტერესები ნათლად გამოკვეთა, საბოლოოდ ძალადობის მინიმალიზაციაზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევამ საზოგადოებაში არსებული მანკიერებებიც უხვად გამოავლინა, წარმოქმნილმა დისკუსიამ ადამიანებს საშუალება მისცა თამაშის წესებზე ემსჯელათ.
მსგავსი ტიპის დისკუსიებს გაურბიან ქართველი მემარჯვენეები (ხელისუფლებაში და პროსახელისუფლო არასამთავრობო ორგანიზაციებში მყოფი იდეოლოგები), რადგან მიაჩნიათ, რომ საზოგადოებაში ღირებულებების ინსტალირება ზემოდან უნდა მოხდეს, რაც რთული და ხანგრძლივი პროცესია. მათი შეხედულება ორი მთავარი მიზეზის გამო არის მცდარი: 1. მიუხედავად იმისა, რომ ერ-სახელმწიფოს ინსტიტუციური ძალაუფლების მრავალმხრივი მექანიზმები მოეპოვება, საზოგადოებაზე განხორციელებული პოლიტიკური ძალადობის შედეგი სულაც არ შეესაბამება ხოლმე საწყის ლიბერალურ ჩანაფიქრს (იმ შემთხვევაში, თუ მყარი არგუმენტის მოყვანის ხათრით იდეალისტები ვიქნებით და ჩავთვლით, რომ ეს ჩანაფიქრი არსებობს და მიზანი მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება არ არის); 2. მოქალაქეთა ინტერესების კონსტრუირება შეუძლებელია მაშინაც კი, თუ წარმოვიდგენთ, რომ სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური კულტურის მოდიფიკაცია უტოპია არ არის. სახელმწიფოს იმ მოდელის უკან, რომელიც ევროპაში ჩამოყალიბდა, ნებისმიერი ადამიანის რაციონალური ინტერესი დგას. მაგალითად, კონტინენტურ ევროპაში ეს სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელების ურთიერთობით გამოიხატა. გადამხდელი (taxpayer) წარმოადგენს სახელმწიფოს მეწილეს (stakeholder). ამ შემთხვევაში მოქალაქე აბსტრაქტული ერთეული კი არ არის, არამედ სახელმწიფოს, როგორც კორპორაციის, ერთ-ერთი მფლობელია და, შესაბამისად, მასზე პოტენციური ან აქტიური გავლენის მქონეც. ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის“ წევრი ილია რუბანისი (2009) ამ სიტუაციას შემდეგნაირად აღწერს: (საქართველოში) „პოლიტიკოსებს არ აქვთ კავშირები ძალაუფლების წყაროსთან, არავითარი სოციალური მოთხოვნები, არავითარი აგრეგატული ინტერესების გამოხატვა. მოკლედ, ესაა ცარიელი ჩეკი, რომელიც საპრეზიდენტო ვადისთვის არის გამოწერილი. როგორც ფეოდალურ დროში მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მეფის ხელისუფლება კონტროლდება ფეოდალი ბატონებისგან, რომელთაც სურთ თავად გახდნენ მეფეები“.
საჯარო სივრცის განსაზღვრა ძალაუფლებისა და ცოდნის კატეგორიებით
რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ შეხედულებისგან, რომ სიტუაციის სირთულეს მხოლოდ პოლიტიკურ სარბიელზე რამდენიმე ადამიანის ყოფნა განაპირობებს, რომლებიც სხვებს საკუთარი ინტერესების გამოხატვას უშლიან. საჯარო სივრცის არსებობა სხვადასხვა სოციალურ ფაქტორთან ერთად დიდად არის დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზეც, თუმცა ამასთან ერთად სტრუქტურული ფაქტორების როლიც არ უნდა გამოგვრჩეს სათვალავიდან. ჩვენ უმთავრესად გვაინტერესებს ის სოციო-კულტურული განმსაზღვრელები, რომლებიც პოლიტიკურ სისტემაში გაჩენილ პრობლემებს განაპირობებს. ამისათვის კი პირველ ყოვლისა უარი უნდა ვთქვათ ნორმატიულ მსჯელობებზე და ცივი გონებით შევეცადოთ ისტორიულ მოვლენებზე დაკვირვებას. ამის საპირისპიროდ კი საქართველოს ხელისუფლებაში გავრცელებულია შეხედულება, რომ პოლიტიკური თავისუფლების ათვლა 2003 წლიდან იწყება.
ზემოაღნიშნული პრიმიტიული შეხედულებები სწორედ იმ მემარჯვენე დისკურსის შედეგია, რომელიც ხელისუფლების წრეებში ბატონობს. ამ დისკურსისთვის მნიშვნელოვანია არა სისტემაში ადამიანების ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება, არამედ საკუთარი ლიბერალური განზრახვების საჯაროდ პერფორმირება. მახსენდება ორი შემთხვევა, რომლებიც მსგავსი დასკვნების გამოტანით დასრულდა. ერთხელ დიალოგი მქონდა ხელისუფლების ერთ-ერთ წევრთან, რომელიც მიმტკიცებდა, რომ გარკვეულ სფეროებში ლიბერალიზაცია შეიძლება დამღუპველი იყოს. ჩემს კითხვაზე „რატომ?“ მან მიპასუხა, რომ ეს ხელისუფლებაში მათი ყოფნის გარანტირებისთვის არის აუცილებელი. კითხვაზე, თუ რატომ არის აუცილებელი მათი ხელისუფლებაში ყოფნა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი მივიღე: იმიტომ, რომ ლიბერალური რეფორმები განვახორციელოთ! ესე იგი, მისი აზრით, მოქალაქეებმა, რომლებსაც დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმების მხარდაჭერა სურთ, მათ მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით უნდა დაუჭირონ მხარი, რომ მათი განზრახვები ოპონენტის განზრახვებისგან განსხვავდება. დაახლოებით მსგავს ლოგიკას ვხედავ საბჭოთა კომუნისტების მიერ საკუთარი პარტიის უზენაესობის დასაბუთებაშიც: ეს იყო ავანგარდული პარტია, რომელსაც - ერთადერთს - ჰქონდა ექსკლუზიური შესაძლებლობა მიეღწია კომუნიზმისთვის, და ამ პრეტენზიის უკან იდგა მხოლოდ მშრალი ოპტიმიზმი. მეორე შემთხვევაც იმავე თემატიკას ეხება, თუმცა იმჟამად ურთიერთობა მქონდა არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არამედ მათ მხარდამჭერებთან. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა, თუ ხელისუფლებაში ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე მოვიდოდა. აქაც კომუნიზმის მიღწევის ლოგიკა ბატონობს. შევადაროთ ამას ასეთი მსჯელობა: კომუნიზმს ვერ მივაღწევთ, თუ სტალინის მაგივრად ტროცკი გვიხელმძღვანელებს! საქმე ის არის, რომ თავად რაღაცის მიღწევის იდეაა აბსურდული, იქნება ეს დემოკრატია, ევროკავშირში გაწევრიანება თუ კომუნიზმი. ერთ-ერთ სტატიაში ევროკავშირში გაწევრიანების იდეა („მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“) შევადარე ჰორიზონტს, რომელიც, რაც უფრო მივიწევთ მისკენ, მით უფრო გვშორდება. იგივე ითქმის კომუნიზმსა და დემოკრატიაზეც. შეუძლებელია მიაღწიო იდეალურ მდგომარეობას მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი გაქვს, და რომ სათავეშიც ისეთი ადამიანები იმყოფებიან, რომლებსაც თავიანთ მხარდამჭერებში გულანთებული იდეალისტების იმიჯი აქვთ. ამ გულანთებულობას სხვანაირად შეგვიძლია „ქარიზმა“ დავარქვათ. საქართველოში მოქალაქეები, იმის მაგივრად, რომ იფიქრონ რა არის მათთვის სასარგებლო, ფიქრობენ იმაზე, თუ რა იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო. „ქვეყანა” აქ ისეთივე აბსტრაქტული ცნებაა, როგორც „მოქალაქე“, რომელიც კარგავს კონკრეტულ საჯარო სივრცეში არსებობის უფლებას. მას მხოლოდ მასობრივ პერფორმანსებში (ე.წ. „მასოვკებში“) დგომა ევალება.
ზემოთ აღწერილი აზროვნების ფორმები და კატეგორიები, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეულ სტრუქტურულ ლოგიკას ექვემდებარება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საბჭოთა კომუნიზმს, შუალედურ ანომიურ პერიოდს და პოსტსაბჭოთა ნეოლიბერალურ ნაციონალიზმს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილ მდგომარეობას კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი იაკობ რიგი (2004) „ბატონობის ქაოტურ ფორმას“ უწოდებს. მისივე განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, რომელიც წარმოიშვა როგორც გაბატონებული კლასის პასუხი საბჭოთა „ჰეგემონიის კრიზისზე“ (გრამში, 1971). ძველმა პოლიტიკურმა ელიტამ დაკარგა მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია, ძველი „საღი აზრი“ (common sense) მოიშალა, და ელიტამ დაკარგა მოსახლეობაზე მორალური და კულტურული ბატონობის მექანიზმები. ასეთ სიტუაციში, იაკობ რიგის აზრით, ძველი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც უკეთესი კადრები ჰყავთ და მეტი გამოცდილებაც აქვთ, ახალი ფორმებით ახდენენ რეორგანიზებას.
საქართველოში ბატონობის ქაოტური ფორმა დამოუკიდებლობის პირველ წლებში გამოიკვეთა, როდესაც კრიმინალური ბანდები აკონტროლებდნენ ქვეყანას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არამარტო ქვეყნის სუვერენიტეტი დაირღვა, არამედ ჰეგემონური ბატონობის ძველი ფორმაც მოიშალა. საჯარო სფერო საბჭოთა მორალის ტრადიციული კატეგორიებისგან დაიცალა და კრიმინალურ ქაოსში გადაიზარდა. ბანდების ბატონობა ხასიათდებოდა ფიზიკური ძალადობის, ქრთამის, რეკეტის მექანიზმების აქტიური გამოყენებით და რბილი ჰეგემონური ძალის შეზღუდვით. პარადოქსულია, რომ ეს მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდა და ძალიან მალე ძველი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის ლიდერის, შევარდნაძის, დაბრუნებამ შესაძლებელი გახადა „ტრადიციული“ ჰეგემონური ძალაუფლების აღდგენა. თუმცა, იმავე იაკობ რიგის თუ დავესესხებით, ამ შემთხვევაშიც კი „ბატონობის ქაოტური ფორმა“ ისევ წარმართავდა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. სახელმწიფოს ტრადიციული ვებერისეული კონცეფცია პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კლიმატის აღსაწერად უკვე ვეღარ გამოგვადგება, რადგანაც, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში საქმე გვქონდა სახელმწიფოსთან, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ახორციელებდა არა მხოლოდ ინსტიტუციური ძალადობის მეშვეობით, არამედ კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ფეოდალურ ლიდერებთან „გარიგების“ გზით (მაგ.: ასლან აბაშიძის აჭარა).
იმ პერიოდში ერთი ჯგუფის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა, ანუ ტრანზიცია, მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც საბჭოთა ელიტისა და კოლექტიური მეხსიერების უზარმაზარი გავლენა დაგვანახა. მართლაც საინტერესოა იმისი გამოკვლევა, თუ რამ განაპირობა ბანდების ლეგიტიმურობის კვაზისახელმწიფოს ლეგიტიმურობით ჩანაცვლება. უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ საბჭოთა მილიციის როლი წესრიგის დამყარების საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ინტელიგენციის ერთი ნაწილიც აქტიურად ითხოვდა საკუთარი პრივილეგიების აღდგენას, რაც თავის მხრივ სისტემის სტაბილიზაციის მოთხოვნაში გადაიზარდა, საბჭოთა მილიციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის დამყარება და შემდგომ სტატუს კვოს დიდი ხნით შენარჩუნება. სიტუაციის ამგვარი სოციეტალური ანალიზისას გამოიკვეთება ცოდნის, როგორც ძალაუფლების წყაროს, როლი. ეს იყო საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მონაკვეთი, როდესაც მშვიდობა დამყარდა და შენარჩუნდა საბჭოთა ელიტების პირადი ინტერესებისა და მოსახლეობის კოლექტიურ მეხსიერებაში არსებული სტაბილურობის იმიჯის გადაკვეთით. ტრანზიცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მოსახლეობის კოლექტიური მეხსიერების უზარმაზარი გავლენის შედეგად მათმა რბილმა ძალამ იმაზე უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა, ვიდრე აქტიურმა ფიზიკურმა ძალადობამ. თუმცა ამან ისიც დაგვანახა, რომ რბილი ძალის ბატონობის შემთხვევაშიც მშვიდობის დივიდენდი არც ისე ბევრი სიკეთის მომცემია. უფრო მეტიც, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ საბჭოთა ელიტის ნარჩენებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ტანდემი მხოლოდ სტაგნაციას განაპირობებდა და არა ქვეყნის განვითარებას.
იმისათვის, რომ ცოდნამ ძალაუფლების სტატუსი შეიძინოს, იგი გარკვეული სოციო-კულტურული რეალობის ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს. მაგალითად, პირველყოფილ საზოგადოებებში - შამანი, შუა საუკუნეების ევროპაში - თეოლოგი ინკვიზიტორები, საბჭოთა პერიოდში მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორები ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას, რომელიც კონკრეტული საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, და ამით იძენდნენ გავლენას. დროთა განმავლობაში ცოდნის ერთ ტიპს მეორე ენაცვლება და მიმდინარეობს ბრძოლა პრიორიტეტული ინტელექტუალური სფეროების დასადგენად. ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ტრანზიცია ცოდნისა და ძალაუფლების წყაროებთან მიმართებით უკვე 2003 წელს მოხდა, როდესაც საბჭოთა ინტელექტუალური ცოდნა „დასავლურმა“ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელის წარმოქმნის საფუძველი ძირითადად ის ფინანსური რესურსები გახდა, რომელიც უცხოურმა ფონდებმა საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის გამოიყენეს.
ცოდნის ორ ზემოაღნიშულ ტიპს მესამეც მიემატა: სასულიერო ცოდნა. ეს უკანასკნელი გაძლიერდა ეთნონაციონალიზმით გაჯერებულ გარემოში. ეკლესიის ავტორიტეტს შეეფარა ტრადიციული ცოდნის მატარებელი სხვა ჯგუფებიც, დაწყებული ძველი ელიტიდან, დამთავრებული კრიმინალური ავტორიტეტებით. ცოდნის თითოეული ასეთი ტიპი თავის მხრივ პიროვნულ იდენტობებს ქმნის. იდენტობებს შორის ბრძოლაში ერთი გამარჯვებული არ არსებობს. მემარჯვენე იდეოლოგია, რომელიც, მაგალითად, ამერიკაში ისლამური იდენტობების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობებს“ ქადაგებს, ისევე ხისტი და რადიკალურია, როგორც ქართული მემარჯვენეობა, რომელიც საჯარო სივრცეში ქართული კონსერვატიზმის ან თუნდაც ულტრაკონსერვატიზმის ლეგიტიმურობას არ ცნობს. ქართული მემარჯვენეობა იდენტობის საკუთარ ტიპს აგრესიულად იცავს და ჰეგემონის პოლიტიკას ახორციელებს, რაც საგანმანათლებლო და ძალოვანი ინსტიტუტების რეფორმებით, ნაციონალისტური პერფორმანსებითა და მედიის კონტროლით გამოიხატება. ცოდნის ერთი ფორმა აგრესიულად ცდილობს გადაფაროს მეორე. ამ ბრძოლაში კი თავისუფალი დისკუსია იკარგება.
დასკვნა
ცოდნისა და ძალაუფლების მიმართების განხილვამ ვულგარული მემარცხენე რიტორიკის საფრთხე აგვაცილა თავიდან, თუმცა ტრადიციული მემარჯვენე ლიბერალური დისკურსიდან რამდენიმე კითხვა დაგვიტოვა: თუ საზოგადოებაში ძალაუფლებების მიმართებები, რაც ცოდნის სხვადასხვა ტიპებში გამოიხატება, განსაზღვრავს იდენტობების ხასიათს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ერთი მათგანის, პირობითად „პროგრესულის“, მეორეზე ბატონობა გამართლებულია? ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ ადამიანები საკუთარ ინტერესებს შესაძლოა ვერ აცნობიერებდნენ, რადგან წარსული ცოდნის კატეგორიებით აპელირებენ და ამიტომ საჭიროა მათი ზემოდან კონტროლი? იქიდან გამომდინარე, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ორივე კითხვას შეგვიძლია თამამად გავცეთ უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ცოდნის ეს კატეგორიები თავისთავად როდი არსებობენ განყენებულ სივრცეებში, და ამიტომ შეუძლებელია მათი პროგრესულობის მტკიცება აქტიური დისკუსიის, დემოკრატიული მონაწილეობისა და ყველა ადამიანის ინტერესის გამოხატვისათვის ბრძოლის გარეშე. სხვაგვარად აზრს კარგავს ყოველგვარი თავისუფლებისა და ლიბერალიზმის რიტორიკა. ამიტომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის გამართვა, აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა და მედიასივრცის გათავისუფლება ამ ეტაპზე უმთავრეს პრიორიტეტებად უნდა იქცეს. ჩაკეტილი წრეები უნდა გაიხსნას და მხარეებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, თუ რა იქნება მათთვის თავისუფლების მომტანი. მათ უნდა მოილაპარაკონ და დაადგინონ მნიშვნელობები. და ამ პროცესში უნდა გამოიკვეთოს ის განსხვავებებიც, რომლებიც შემდეგ ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. მხოლოდ ასე, ადამიანთა ინტერესების არტიკულაციის ხელშეწყობით და თავისუფალი დისკუსიით არის შესაძლებელი მშვიდობიანი ტრანსფორმაციების განხორციელება, სხვაგვარად შესაძლოა, რომ ისევ საზოგადოებრივი დაპირისპირებებისა და ქაოსის გზას დავადგეთ. ჩვენს მსჯელობას ვაცლავ ჰაველის (1986) სიტყვებით დავასრულებთ: „ადამიანებმა, რომლებიც პოსტტოტალიტარულ სისტემებში ცხოვრობენ, კარგად იციან, რომ საკითხი, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები ფლობენ ძალაუფლებას და როგორ განსაზღვრავენ ისინი ერთმანეთს, გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის მქონეა, ვიდრე ის საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ მათ იცხოვრონ როგორც სრულფასოვანმა ადამიანებმა“.
![]() |
6 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე პრეცედენტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
უფლება
თეა წულუკიანი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია („კონვენცია“) არ შეიცავს განსაკუთრებულ დებულებებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა (ინვალიდთა) უფლებების შესახებ. ამის საჭიროება არც არსებობს, რადგან ინვალიდები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ისევე სარგებლობენ კონვენციით უზრუნველყოფილი თითოეული უფლებით, როგორც სხვა ნებისმიერი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები. კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების რატიფიკაციით ხელშემკვრელმა მხარეებმა იკისრეს ამ უფლებების უზრუნველყოფისა და დაცვის ვალდებულება ყოველი, მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირის მიმართ.
საჩივრების განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ქვევით - „სტრასბურგის სასამართლო“ ან „ევროპული სასამართლო“) მხოლოდ ზემოხსენებულ კონვენციას იყენებს, რადგან იგი ამ კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორგანოა და მასში ჩამოთვლილი უფლებების დაცვისათვის არის მოწოდებული. სხვადასხვა საჩივარზე გამოტანილ გადაწყვეტილებებსა (მისაღებობის შესახებ) და განჩინებებში (არსებითი მხარის შესახებ) მოყვანილ მსჯელობათა და დასკვნათა ერთობლიობა ქმნის სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ერთხელ დადგენილი პრეცედენტი მომდევნო, მსგავსი საქმის განხილვისას საზომად და სახელმძღვანელოდ გამოიყენება. თუმცა კონვენცია ცოცხალი ინსტრუმენტია, ფეხს უწყობს საზოგადოების განვითარებას და, აქედან გამომდინარე, რომელიმე პრეცედენტი კონკრეტული საკითხისადმი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული მიდგომა არ გახლავთ. მართლაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, არსებული პრეცედენტის ცვლილება და, შესაბამისად, ახალი მიდგომის შემუშავება შეიძლება მოხდეს.1
წინამდებარე სტატიაში სტრასბურგის შესაბამისი პრეცედენტების მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელი კატეგორია იქნება მიმოხილული. ეს პრეცედენტები ეხება კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლებითა და კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) უზრუნველყოფილ უფლებებს. მოცემული კაზუსები ეხება როგორც პატიმრობაში, ასევე თავისუფლებაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
მაგალითად, საქმე ვენსანი საფრანგეთის წინააღმდეგ (Vincent v. France, no 6253/03, 24 October, 2006) ეხებოდა პარაპლეგიის მქონე ინვალიდ პატიმარს, რომელიც ეტლის მეშვეობით გადაადგილდებოდა და, ჰქონდა რა სრულად შენარჩუნებული ხელების ფუნქცია, დამოუკიდებელი გახლდათ. მცირეწლოვანი ბავშვის მოტაცებისათვის მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ის ჩიოდა სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირობების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ პირველ ციხეში, კარის ღიობების სივიწროვის გამო, ის ვერ გადაადგილდებოდა დაწესებულებაში ეტლის მეშვეობით; საკნის საშხაპე ოთახში მის დასახმარებლად დამაგრებული სახელურები მოუხერხებელი იყო; ციხის ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა მას სათანადო სამედიცინო დახმარებით, რადგან ვადაგასულ დრენაჟებს აძლევდა; მისი პირადი ჰიგიენის ჟესტებს მის საკანში მყოფი სამი პატიმარი ესწრებოდა ხოლმე და სხვ.
შეისწავლა რა მომჩივნისა და მთავრობის წერილობითი მოსაზრებები შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, და, ჩათვალა რა საჭიროდ, ზეპირადაც მოესმინა მხარეებისათვის, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნისადმი მოპყრობა იყო დამამცირებელი და რომ საფრანგეთის სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. კერძოდ, სასამართლომ დადგინა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, მომჩივანი პატიმრობაში იმყოფებოდა მოძველებულ ციხეში, სადაც ინვალიდი პატიმრების ყოფნისათვის სათანადო პირობები არ არსებობდა. მართალია, ავეჯი და სააბაზანო ოთახები შესაბამისობაში იყო მოყვანილი ინვალიდი პატიმრების მდგომარეობასთან, მაგრამ კარების ღიობების სივიწროვის გამო მომჩივანს არც საკუთარი საკნის დატოვება შეეძლო და არც - დაწესებულებაში საკუთარი ძალებით გადაადგილება. მართლაც, დადგინდა, რომ კარში გასასვლელად მომჩივანს ხელში იყვანდნენ, მისი ეტლის ერთ ბორბალს აძრობდნენ, ეტლს გაიტანდნენ, ბორბალს ისევ დაუმაგრებდნენ და მომჩივანს ეტლში ჩასვამდნენ. სასამართლოს აზრით, მომჩივნის ამგვარ მდგომარეობაში ჩაყენება სავსებით შეიძლებოდა ყოფილიყო დამამცირებლად მიჩნეული. გარდა ამისა, ზემოხსენებული პროცედურის გამო, მომჩივნის გადაადგილება მთლიანად გარეშე პირებზე და მათ მოცალეობაზე იყო დამოკიდებული.
სასამართლომ არ მიიჩნია დასაშვებად, რომ ამგვარი მდგომარეობა ოთხ თვეს გაგრძელდა, მაშინ, როცა იმავე რეგიონში არსებობდა სხვა ციხეები, სადაც ინვალიდი პატიმრებისათვის სათანადო პირობები იყო შექმნილი. საფრანგეთის მთავრობამ ვერ ახსნა, თუ რა უკიდურესი საჭიროებით იყო გამოწვეული მომჩივნის მოცემულ ციხეში ყოლა. რაც შეეხება მომჩივნის სხვა პრეტენზიებს იმავე ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ მათ გამო მომჩივანს იმაზე მეტი წვალება უწევდა და იმაზე მეტი ვნება ადგებოდა, ვიდრე ეს ზოგადად ახლავს თან ნებისმიერ პატიმრობას (ე.წ. სერიოზულობის დასაშვები ზღვარი კონვენციის მე-3 მუხლის გაგებით2).
საქმეში პრაისი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Price v. the United Kingdom, no 33394/96, 10 July, 2001), მომჩივანი ქალბატონი ოთხივე კიდურის პათოლოგიასა და თირკმელებს უჩიოდა. მის წინააღმდეგ გახსნილი ვალაუვალობის საქმის განხილვისას მან უარი განაცხადა პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვებზე და სასამართლოსადმი უპატივცემლობისათვის (contempt of court) შვიდდღიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს შენობის დატოვებისას მომჩივანმა პოლიციელს სთხოვა, ნება დაერთო მისთვის ციხეში თან წაეღო ელექტროეტლის დასატენი ბატარეა, რაზედაც პოლიციელმა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ ბატარეა ფუფუნების საგანი იყო.
ციხეში გადაყვანამდე მომჩივანმა ერთი ღამე დროებითი დაკავების საკანში გაატარა. მისი თქმით, ამ საკანში მდგარი ხის საწოლი და მისი ლეიბი არ შეესაბამებოდა ინვალიდი ადამიანის მოთხოვნილებებს და თეძოებს სტკენდა. ამიტომ მან ძილი თავისსავე ეტლში არჩია. გამოსაძახებელი ზარი და შუქის ჩასაქრობი ღილაკი მისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე იყო, ისევე როგორც საპირფარეშოში დასაჯდომი ადგილი. მომჩივანი დროდადრო ჩივილით მიმართავდა პოლიციელებს და ამბობდა, რომ სციოდა. მას პოლიციელმა ჯერ ორი, შემდეგ კი მესამე საბანი მიუტანა და შეფუთნა. გარდა ამისა, პოლიციელმა მას ცხელი სასმელი შესთავაზა, რაზედაც მომჩივანმა უარი განაცხადა. მან საჭმელზეც უარი თქვა. შუაღამისას მომჩივანმა ექიმი მოითხოვა, რომელიც გამოძახებულ იქნა. ექიმმა აღნიშნა, რომ მომჩივნისთვის წოლითი მდგომარეობა მოუხერხებელი იყო და შინაც რბილ სავარძელში ჩამჯდარს ეძინა. ექიმმა მიიჩნია, რომ პატიმარს 25 გრადუსი ცელსიუსის სითბოს პირობებში ყოფნა სჭირდებოდა, რადგან ვერ მოძრაობდა. მან მომჩივანს წამლები დაალევინა და იზოთერმულ მოსასხამში გაახვია.
მეორე დღეს მომჩივანი ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სადაც ის ციხის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. სამედიცინო ისტორიაში ცენტრის ექთანმა ჩანაწერი შეიტანა და აღნიშნა, რომ მომჩივანს უროლოგიური პრობლემები და დროდადრო თირკმელების უკმარისობა აწუხებდა. მან აცნობა ექიმს, რომ მომჩივნისათვის მიჩენილ ექთანს ღამით დამხმარე დასჭირდებოდა მომჩივნის ლოგინიდან წამოსაყენებლად და საპირფარეშოში შესაყვანად. ამ საჭიროების შესახებ ექთანმა ღამის ბადრაგსაც აცნობა. მომჩივანი სამედიცინო საწოლზე დააწვინეს, მაგრამ ლეიბი მაგარი იყო და მომჩივანს ეშინოდა, ნაწოლები არ გასჩენოდა. იგი ისეთ პალატაში მოათავსეს, რომლის კარიც საკმაოდ განიერი იყო ეტლით სამოძრაოდ. გარდა ამისა, პალატის საპირფარეშოში დასახმარებელი სახელურები იყო დამაგრებული. სამედიცინო ცენტრში მოთავსების პირველივე საღამოს მომჩივნმა სასადილოში ივახშმა. პატიმრობის განმავლობაში ის წყლის სმაზე უარს ამბობდა და მხოლოდ წვენებს იღებდა შეზღუდული რაოდენობით.
პირველი გასინჯვისას მკურნალმა ექიმმა თავის ჩანაწერებში აღნიშნა, რომ მომჩივანს მკლავები, წინამხრები და ფეხები არ ჰქონდა, ხოლო შენარჩუნებული ფეხის ტერფები მცირე ზომისა იყო. საწოლი მომჩივნისათვის მაღალი, ხელსაბანის ნიჟარა კი მიუწვდომელი აღმოჩნდა, ხოლო ეტლის ბატარეა დაცლის პირას იყო მისული. გარდა ამისა, ჰიგიენის დასაცავად მომჩივანი მომვლელს საჭიროებოდა (კერძოდ, მკლავებისა და წინამხრების უქონლობის გამო ის დახმარებას საჭიროებდა საპირფარეშოდან სუფთად გამოსასვლელად), საჭირო იყო მის ოთახში სათანადო ტემპერატურის შენარჩუნება და სხვ. ექიმის აზრით, მომჩივნისათვის შექმნილი პირობები ვერ აკმაყოფილებდა მისებრი ინვალიდი ადამიანის მოთხოვნილებებს. სამედიცინო ისტორიის მიხედვით, მომჩივანს შინ ჰქონდა არაერთი აპარატი, რომელთა მეშვეობითაც უადვილდებოდა აბაზანაში ჩასვლა და იქიდან ამოსვლა, მისთვის საჭირო სხვა მოქმედებებსაც გარეშე პირთა დაუხმარებლად ახორციელებდა. ყოველდღე აბაზანის მიღება კი მისთვის აუცილებელი იყო უმოძრაო კიდურის კანზე დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ყოველ საღამოს მომჩივანს დაბანაში ექთანი ეხმარებოდა, რომელსაც თავისი ძალებით უჭირდა მისი აწევა და ლოგინში ჩაწვენა. ამ ექთნის აზრით, მომჩივნის მოვლისთვის ერთი ადამიანი არ იყო საკმარისი. სამედიცინო ისტორიის მიხედვით, ციხის დირექტორი თანახმა იყო მომჩივნის საავადმყოფოში გადაყვანაზე, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა, რადგან მომჩივანს რაიმე კონკრეტული დაავადება არ აწუხებდა, რის გამოც საავადმყოფო მას ვერ მიიღებდა.
მომჩივნის თქმით, ერთ საღამოს ბადრაგის ქალმა ის საპირფარეშოში დასვა და სამი საათის განმავლობაში მიატოვა. ამან იგი იძულებული გახადა დათანხმებოდა კაცი ექთნის დახმარებას ჰიგიენის ჟესტების შესრულებასა და საპირფარეშოდან გამოსვლაში. ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, იმ ღამეს მხოლოდ ერთი ექთანი ქალი იყო მორიგე, რომელსაც მომჩივნის ლოგინიდან ასაწევად ბადრაგის ორი კაცის დახმარება დასჭირდა, თუმცა, მთავრობის თქმით, ორივე მაშინვე გავიდა ოთახიდან და ექთანი ქალი მარტო იყო მომჩივანთან, როცა მას ჰიგიენის დაცვასა და საპირფარეშოდან გამოსვლაში ეხმარებოდა.
მომჩივანმა, შიდა კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის მხოლოდ ნახევარი - სამნახევარი დღე მოიხადა. მისი ციხიდან გასვლის წინ ექიმმა შენიშნა, რომ მომჩივანს შარდის შეკავება აღენიშნებოდა. მან მიუთითა პერსონალს, გათავისუფლებამდე მომჩივანი ებანავებინათ და კათეტერის მეშვეობით შარდის შეკავების პრობლემა მოეგვარებინათ.
გათავისუფლების შემდეგ, მომჩივნის მტკიცებით, პატიმრობის პირობების გამო მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა ათი კვირის განმავლობაში. სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართულ საჩივარში ის დროებითი დაკავების საკანში გატარებული ღამის გამო ჩიოდა და ამტკიცებდა, რომ ციხის სამედიცინო ცენტრშიც არ იყო მისი მდგომარეობისათვის აუცილებელი პირობები შექმნილი. მისი აზრით, ექთნები და ბადრაგი მას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და გასაჭირს არ უმსუბუქებდნენ.
სტრასბურგის სასამართლომ მისი საჩივარი წერილობითი პროცედურის ფარგლებში განიხილა. შეისწავლა რა მხარეთა მოსაზრებები, მან დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. კერძოდ, სასამართლომ მიუღებლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საქმის განხილვისას ჩადენილი სამართალდარღვევისათვის მომჩივანს ისე მიესაჯა განსაკუთრებით მძიმე სასჯელი პატიმრობის სახით, რომ მოსამართლეს არ გაურკვევია, სად მოიხდიდა ის სასჯელს და იქნებოდა თუ არა იმ დაწესებულებაში მისი მძიმე მდგომარეობის შესაბამისი აპარატურა და გარემო. მართალია, მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლომ მის ხელთ არსებულ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ არც პოლიციაში და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი პირობები არ იყო შექმნილი. მან არ მიიჩნია დასაშვებად ის ფაქტი, რომ მომჩივანმა სიცივეში გაატარა მთელი ღამე და რომ, მიუხედავად ექიმის შენიშვნებისა, პოლიციამ არაფერი იღონა მისთვის სათანადო პირობების შექმნის ან გათავისუფლებისათვის. რაც შეეხება ციხეში არსებულ პირობებს, მიუხედავად მხარეებს შორის არსებული უთანხმოებისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ბადრაგი ღებულობდა ხოლმე მონაწილეობას მომჩივნის საპირფარეშოში დასმასა და იქიდან გამოყვანაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან განზრახვის არარსებობისა, მომჩივანი ქალბატონისადმი დამამცირებელი მოპყრობა იყო აგრეთვე მისი სიცივეში ყოლა ჯანმრთელობისათვის საშიშ პირობებში, მისთვის ზედმეტად მაღალი საწოლის მიჩენა და ამ საწოლის სიმაგრე, საპირფარეშოში შესვლასა და დაბანის პროცესში წამოჭრილი სიძნელეები.
საქმე სავინი და სავინა უკრაინის წინააღმდეგ (Saviny v. Ukraine, no 39948/06, 18 December, 2009) ბრმა მშობლებისა და მათი სამი არასრულწლოვანი შვილისაგან შემდგარ ოჯახს ეხებოდა. პირველი მომჩივანი 2006 წლიდან უმუშევარი იყო, მეორე მომჩივანს კი ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ არ უმუშავია. ოჯახს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ორი ოროთახიანი ბინა ეკავა, რომელთაგან მხოლოდ ერთს იყენებდა. ბინებში იყო გათბობა, მაგრამ არ იყო ცხელი წყალი და სათანადო კანალიზაცია. 1991-2001 წლებში მომჩივნებს შვიდი შვილი შეეძინათ. მოგვიანებით სამი მათგანი სახელმწიფომ ჩამოართვა და ინტერნატს მიაბარა მშობლების მხრიდან შესაბამისი მოვლისა და აღზრდის შეუძლებლობის გამო, ერთი კი გაშვილებულ იქნა მომჩივნების თანხმობით. 1997 წელს, ო.ს., მეხუთე შვილი, პანსიონატს იქნა მიბარებული და მომჩივნებს ის შაბათ-კვირას და არდადეგებზე შინ მიჰყავდათ. პანსიონატის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე საჩივრით მიმართა მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ ო.ს. სკოლიდან ხშირად გარბოდა, ხეტიალობდა, აგროვებდა ცარიელ ბოთლებს და მათხოვრობდა. 1998-2004 წლებში, არასრულწლოვანთა მუნიციპალური სამსახურისა და მეურვეობის საბჭოს თანამშრომლები მომჩივნებს დაახლოებით ათჯერ ეწვივნენ შინ და შეაფასეს რამდენად აკმაყოფილებდა მათი ცხოვრების პირობები ბავშვთა აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნებს. კერძოდ, დადგინდა, რომ ეს პირობები სრულიად შეუსაბამო იყო ბავშვთა აღსაზრდელად - ჭუჭყიანი, ცივი და აბლაბუდებით სავსე ბინა რემონტს საჭიროებდა, ტანსაცმელი და ხალიჩები იატაკზე და საწოლებზე ეყარა, ყველა საწოლს თეთრეული არ ჰქონდა, ხოლო არსებული თეთრეული ძალიან ჭუჭყიანი იყო. ჩვილი ბავშვის ლეიბი შუაში შარდს გამოელპო, ჭურჭელი დაურეცხავი ეწყო, სამზარეულოში არ იყო საჭმელი, დაუბანელ ბავშვებს უცნაურად ეცვათ. ერთ-ერთი დასკვნის თანახმად, ბავშვები ავად იყვნენ, თუმცა სიმპტომები არ იყო აღწერილი. ერთხელ ვიზიტად მისულ თანამშრომლებს ბავშვებმა კარი არ გაუღეს იმ მიზეზით, რომ მშობლები რძის საყიდლად არიან წასულნიო.
დაუდგენელ დროს მომჩივნებმა თხოვნით მიმართეს მუნიციპალიტეტს მათ ბინაში გაზი გაეყვანათ, რათა ცხელი წყალი და საჭმლის მომზადების საშუალება ჰქონოდათ. ეს თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა მეზობლების წინააღმდეგობის გამო, რომელთაც საშიშად მიაჩნდათ ბრმა მობინადრეების მიერ გაზით სარგებლობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის აზრით, გაზის გაყვანა ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო. 2000 წელს პირველმა მომჩივანმა მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურს მიმართა და სამსახურის პოვნაში დახმარების აღმოჩენა ითხოვა. ამ თხოვნაზე რეაგირება მოხდა თუ არა, უცნობია. 2001 წლის თებერვალში კ.ს., სამთაგან ერთ-ერთი შვილი, ექიმმა გასინჯა და დაადგინა, რომ ის მეტყველების განვითარებაში ჩამორჩებოდა და პირველი სტადიის ანემია ჰქონდა, თუმცა სხვა მხრივ ფიზიკურად ჯანმრთელი იყო და არც ცუდად ნაკვები ჩანდა. იმავე თვეში მომჩივნებს გამოეყოთ დაახლოებით 20 ევროს ეკვივალენტი თანხა ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად.
2003 წლის ივლისში, მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების კომიტეტმა მომჩივნები გააფრთხილა, რომ ცხოვრების პირობები, რომლებშიც მათი სამი შვილი იზრდებოდა, გაუმჯობესებას საჭიროებდა.
დაუდგენელ დროს კ.ს.-ს საბავშვო ბაღმა გასცა ცნობა, რომლის თანახმადაც მომჩივნებს ის მუდმივად მიჰყავდათ ბაღში და წასაყვანადაც დროზე აკითხავდნენ. მეორე მომჩივანი ყურადღებით აკვირდებოდა კ.ს.-ს განვითარებას და სათანადოდ რეაგირებდა მასწავლებლებისა თუ სამედიცინო პერსონალის შენიშვნებზე. გაკვეთილებზე ნაკლებად აქტიური და ჯიუტი კ.ს. ბავშვებთან ურთიერთობისას გახსნილი იყო, თუმცა ხანდახან ამხანაგები გაოგნებულნი იყვნენ მისი ჭუჭყისა და დასვრილი ტანსაცმლის გამო.
2003 წლის დეკემბერში ბავშვთა სამედიცინო ცენტრმა დაადასტურა, რომ ო.ს. და კ.ს. სკოლაში იკვებებოდნენ და საზაფხულო ბანაკში წასასვლელი საგზურებითაც სარგებლობდნენ, რადგან ისინი პირველი სტადიის ანემიით იყვნენ დაავადებულნი. 2004 წლის იანვარში ადგილობრივმა პროკურორმა, არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების კომიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე აღძრა მომჩივანთა სამი ბავშვის სახელმწიფოსათვის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მომჩივნები სათანადოდ არ უვლიდნენ ბავშვებს, ისინი ჭუჭყიანნი და მშივრები იყვნენ და ხშირად უწევდათ შინ მარტო დარჩენა. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა აღნიშნეს, რომ მომჩივნების ბინაში ანტისანიტარია სუფევდა და საცხოვრებელი პირობები აუტანელი იყო. გარდა ამისა, კ.ს.-ს და ო.ს.-ს ანემია აწუხებდათ. სასამართლოს აზრით, ცხოვრების ასეთი პირობები საშიში იყო სამი ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, უვარგისი იყო მათი მორალური აღზრდისათვის. თანაც ო.ს. ხეტიალობდა, აგროვებდა ცარიელ ბოთლებსა და პარკებს.
მომჩივნებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრეს და აღნიშნეს, რომ ეროვნული კანონმდებლობით, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის შემთხვევებში იყო ნებადართული ბავშვების მშობლებისაგან მოცილება. საამისო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მშობელთა მიერ ბავშვის შენახვისთვის თავის არიდება, ულმობლობა, მშობლების ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ბავშვების ექსპლოატაცია, მათი ჩაბმა მათხოვრობასა და მაწანწალობაში. მომჩივნების მტკიცებით, არც ერთი ეს მიზეზი მათ საქმეში არ არსებობდა. მართალია, მათი ცხოვრების პირობები არ იყო სათანადო, მაგრამ უკეთესს თავიანთ შვილებს ისინი მხოლოდ და მხოლოდ სიბრმავის გამო ვერ სთავაზობდნენ. სახელმწიფო კი დახმარების მაგივრად შვილებს ართმევდათ, რაც მათ, როგორც მშობლებს, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები გაიზიარა და დასძინა, რომ ამ დასკვნებზე მომჩივნების სიბრმავე გავლენას ვერ მოახდენდა. მისი აზრით, მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ცხოვრების პირობების გამო ისინი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენეს. პირიქით, საქმის მასალების მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს ცდა არ დაუკლიათ თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მომჩივნების დასახმარებლად.
2006 წლის მარტში საკასაციო ინსტანციამ მომჩივნების საჩივარი უარყო.
სასამართლო განხილვის არცერთ სტადიაზე ბავშვები არ დაკითხულან.
ევროპულმა სასამართლომ შეაფასა, თუ რამდენად იყო თანაზომიერი სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნების ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების განხორციელებაში ჩარევა იმ მიზნისა, რომელსაც ეს ჩარევა ემსახურებოდა. პირველ ყოვლისა სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლისა და შვილის ერთად ყოფნის უფლება ოჯახური ცხოვრების ერთ-ერთი ფუძემდებლური ელემენტი იყო. მიუხედავად იმისა რომ, აღსაზრდელად ბავშვის სახელმწიფოსთვის მიბარების სფეროში ეროვნული ორგანოები მიხედულების გარკვეული თავისუფლებით სარგებლობენ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტა განსაკუთრებულად გამონაკლის შემთხვევებში უნდა მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ამგვარი ზომის გამოყენების შესახებ საკმარისად საღ და წონად მოსაზრებებს უნდა ეფუძნებოდეს. სახელმწიფოს მოვალეობაა ყურადღებით შეაფასოს, თუ რა გავლენას იქონიებს ამგვარი გადაწყვეტილება მშობლებსა და ბავშვზე. მაგალითად, როდესაც სახელმწიფო ორგანოები ბავშვის საფრთხისაგან დაცვის საჭიროებაზე საუბრობენ, ამგვარი საფრთხის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იქნეს. როდესაც ბავშვის მშობლისაგან მოცილების აუცილებლობას განიხილავენ, სახელმწიფო ორგანოებს ევალებათ შეაფასონ გახდება თუ არა ბავშვი მშობელთან დატოვების შემთხვევაში გულგრილობის ან ძალადობის, არასაკმარისი აღზრდის ან მშობლიური სითბოს ნაკლებობის მსხვერპლი, ან საჭიროა თუ არა სახელმწიფოსათვის ბავშვის მიბარება ამ უკანასკნელის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მხოლოდ ბავშვის უკეთეს გარემოში აღზრდასთან და მისი მშობლის არასახარბიელო მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული არგუმენტი, ევროპული სასამართლოს აზრით, არ არის საკმარისი ისეთი რადიკალური ზომის მისაღებად, როგორიც ოჯახის გახლეჩაა. მისი აზრით, ეს პრობლემები ფინანსური და სოციალური დახმარების გზით შეიძლება გადაწყდეს. სტრასბურგის სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ბავშვის მშობლისგან მოცილების დასაბუთებულობის შემთხვევაშიც კი ეს ზომა დროებითი უნდა იყოს და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ყველაფერი იღონოს, რათა ოჯახი კვლავ გაერთიანდეს, როგორც კი მისი გახლეჩის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აღარ იარსებებს, ხოლო სანამ ოჯახი გაყოფილია, მან მშობლებსა და შვილებს შორის რეგულარული კონტაქტი უნდა უზრუნველყოს და, ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში და-ძმები ერთმანეთს არ დააშოროს.
განიხილა რა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ამ პრინციპების თანახმად და შეაფასა რა ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნებისთვის შვილების ჩამორთმევის აუცილებლობის დასაბუთებულობა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მოყვანილი არგუმენტები მომჩივნების ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილების აღზრდაზე ამ შესაძლებლობათა გავლენის შესახებ სათანადო (რელევანტური) არგუმენტები იყო წარმოდგენილი ამ ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, მისი აზრით, ეს არგუმენტები არ იყო საკმარისი. დასკვნა, რომ ბავშვები ჭუჭყიანად იყვნენ ჩაცმულები, ცუდად იკვებებოდნენ და ხშირად მარტო რჩებოდნენ შინ, მხოლოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ნათქვამს ემყარებოდა, რომლებმაც რამდენჯერმე მიაკითხეს მომჩივნებს სახლში. სხვა რაიმე მტკიცებულება (სამედიცინო დასკვნა, თავად ბავშვების, პედიატრებისა თუ მეზობლების მოსაზრებები) არ იქნა მოძიებული. თვით ანემიის თაობაზე არსებული ცნობაც საქმის განხილვამდე ერთი წლით ადრე იყო გაცემული.
ამასთანავე, მომჩივნების ეჭვი, რომ ეს ცნობა აღარ შეიცავდა ნამდვილ ინფორმაციას, არ იქნა გადამოწმებული. გარდა ამისა, ო.ს.-ს ხეტიალისა და მათხოვრობის შესახებ ინფორმაცია არ იყო საკმარისი - ის არც თარიღებს, სიხშირეს, მოწმეების ვინაობასა და სხვა შესაბამის გარემოებებს არ შეიცავდა.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ სასამართლოებს სიღრმისეულად უნდა გამოეკვლიათ, თუ რა ზომით გამომდინარეობდა ბავშვების არასათანადო აღზრდის შესახებ მოსაზრება მომჩივნების ფიზიკური ნაკლიდან, და ხომ არ იყო ეს უმეტესად დაკავშირებული მათ ფინანსურ სიძნელეებთან და სხვა სახის დათრგუნულობასთან, რომელთა მოგვარებაც სათანადო ფინანსური და სოციალური დახმარების გზით შეიძლებოდა. მართალია, ევროპული სასამართლოს უფლებამოსილება არ გახლავთ იმის შეფასება, ოჯახის შენარჩუნებისთვის უნდა ჰქონოდათ თუ არა მომჩივნებს უფლება მოეთხოვათ ცხოვრების გარკვეული დონის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს აზრით, ეს საკითხი უნდა გამხდარიყო სათანადო სახელმწიფო ორგანოების და, მოგვიანებით, სასამართლოების განსჯის საგანი. სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია დასაშვებად, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეისწავლეს ხომ არ იყო ბავშვების მდგომარეობა გამოწვეული მომჩივნების ემოციური ან მენტალური უმწიფარობით ან საოჯახო პრობლემების გადაწყვეტის სურვილის არქონით. ეროვნულ სასამართლოებს აგრეთვე არ შეუფასებიათ ის ფაქტი, რომ მომჩივნებმა რამდენჯერმე სცადეს თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესება და დახმარებისათვის შესაბამის ორგანოებს მიმართეს; არ გამოიკვლიეს რამდენად დასაბუთებული იყო მუნიციპალიტეტის მტკიცება იმის შესახებ, რომ, სათანადო მატერიალური და სოციალური დახმარების მიუხედავად, მომჩივნებმა თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ მიაღწიეს. სასამართლოები მხოლოდ მუნიციპალიტეტის ამ მტკიცებას დაეყრდნენ ისე, რომ საქმეში არ იყო ცნობები დახმარების ბუნების, რაოდენობის, სიხშირისა და საკმარისობის შესახებ.
და ბოლოს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვები არასოდეს ყოფილან დაკითხულნი (მაგალითისთვის, ო.ს. ცამეტი წლის იყო) და რომ მშობლებისაგან განშორების შემდეგ ისინი ერთმანეთსაც დააშორეს. უფრო მეტიც, ორი მათგანი შორეულ ქალაქში გადაიყვანეს, რაც მომჩივნებს მათთან რეგულარული კონტაქტის საშუალებას არ აძლევდა.
საქმეში კიარტან ასმუნდსონი ისლანდიის წინააღმდეგ (Kjartan Edmondson v. Iceland, no 60669/00, 12 October, 2004), მომჩივანი ჩიოდა, რომ ახალი კანონმდებლობის საფუძველზე მას ინვალიდობის პენსია გაუუქმეს, რომელსაც ის თითქმის ოცი წლის განმავლობაში ღებულობდა.
მომჩივანს, ყოფილ მეზღვაურს, 1978 წელს 200-კილოგრამიანი ქვის მასა დაეცა მარჯვენა ფეხზე და წვივი დაუმსხვრია. მას 100%25-იანი ინვალიდობა დაუდგინდა, რის საფუძველზეც იგი, კანონმდებლობის შესაბამისად, პენსიას იღებდა. ერთ-ერთ მოთხოვნას ინვალიდობის პენსიის მიღებისათვის წარმოადგენდა იმ სამუშაოს შესასრულებელი უნარის სულ ცოტა 35%25-ით სამუდამო დაკარგვა, რომელსაც ის ტრავმამდე ასრულებდა. ამისათვის მომჩივანი ხანგამოშვებით სამედიცინო კონტროლს გადიოდა და კანონის შესაბამისად ღებულობდა ინვალიდობის პენსიასაც. პარალელურად მან მუშობა დაიწყო გადაზიდვების საწარმოში, მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებაში.
1992 წელს კანონმდებელმა დაადგინა, რომ ინვალიდობის პენსიის მიღებისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ძველი მეზღვაურის მიერ იმავე სამუშაოს შესრულების უუნარობას კი არა, ნებისმიერი სამუშაოს შესრულების უნარს უნდა დაფუძნებოდა. ახალი კანონი საპენსიო ფონდის ინიციატივით იქნა მიღებული მისი ფინანსური სიძნელეებიდან გამომდინარე (20 მილიარდამდე დეფიციტი). კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად, ახალი კრიტერიუმი კანონის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში არ უნდა გამოეყენებინათ იმ პირების მიმართ, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის თარიღისთვის უკვე ღებულობდნენ ინვალიდობის პენსიას.
ახალი კანონის მიღების შემდეგ მომჩივნის შრომისუნარიანობა თავიდან შემოწმდა ექიმის მიერ, რომელმაც მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულების უნარის 25%25-ით დაკარგვა დაუდგინა, რაც კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, 1997 წლის პირველი ივლისიდან, მომჩივანს ინვალიდობის პენსიისა და ამ პენსიის დანამატის (ბავშვის აღზრდისთვის განკუთვნილი თანხის) მიღება შეუწყდა. მომჩივნის მსგავს მდგომარეობაში 54 სხვა პირიც აღმოჩნდა.
მომჩივანმა თავისი საპენსიო უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, მომჩივანმა ისლანდიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ მომჩივნის პენსიის უფლება, რომელსაც ის სამსახურებრივი ტრავმის შედეგად ღებულობდა, კონსტიტუციით იყო დაცული. თუმცა მან მიიჩნია, რომ ამ პენსიის შეწყვეტა გამართლებული იყო საპენსიო ფონდის ფინანსური სიძნელეებით. გარდა ამისა, ახალი კანონი ყველა პენსიონერს თანაბრად შეეხო და მხოლოდ ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ამოქმედდა.
1997 წლის პირველი ივლისიდან ვიდრე ევროპული სასამართლოს მიერ მისი საჩივრის განხილვამდე, მომჩივნის გაანგარიშებით, მან 12 მილიონზე მეტი ისლანდიური კრონი დაკარგა. მან ამ გაანგარიშების დეტალები სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარადგინა და მიიჩნია, რომ მისთვის პენსიის უფლების ჩამორთმევა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა იყო. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდამავალი დებულება ხუთწლიანი პერიოდის შესახებ 1994 წელს მიღებული კანონის საფუძველზე გაუქმდა და რომ, მიუხედავად ამისა, მას 1997 წლიდან პენსია მაინც ჩამოართვეს. ამდენად, მისი აზრით, მის ქონებრივ უფლებებში სახელმწიფოს ჩარევას კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა. რაც შეეხება ამ ჩარევის თანაზომიერებას დასახულ მიზანთან, მომჩივანმა მიიჩნია, რომ 54 ადამიანი, რომელთაც პენსია საბოლოოდ შეუწვიტეს, მეზღვაურთა საპენსიო ფონდის პენსიონერთა საერთო რაოდენობის 0,1%25-ს წარმოადგენდა და, რა კუთხითაც არ უნდა შეფასებულიყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ ამ მცირე ჯგუფის წყალობით დაზოგილი თანხა საპენსიო ფონდს რაიმე სახის ფინანსურ შვებას მოუტანდა ან მათთვის პენსიის ჩამორთმევა საერთოდ მოემსახურებოდა იმ მიზანს, რომელსაც საპენსიო ფონდი ისახავდა. და ბოლოს, მომჩივანს უსაფუძვლოდ მიაჩნდა მთავრობის მტკიცება იმის შესახებ, რომ მისი, როგორც მეზღვაურის, შრომისუნარიანობის 100%25-ით დაკარგვა არავითარ გავლენას არ ახდენდა მის შრომისუნარიანობაზე სხვა პროფესიულ დარგში. პირიქით, მომჩივნის მტკიცებით, მისი ფიზიკური შესაძლებლობები ტრავმის შემდეგ მას მხოლოდ ადმინისტრაციული ტიპის სამუშაოს შესრულების საშუალებას აძლევდა, რის სანაცვლოდაც მიღებული ხელფასი ბევრად ნაკლები იყო იმ ხელფასზე, რომელსაც ის მიიღებდა, მეზღვაურად რომ დარჩენილიყო. უფრო მეტიც: როცა ინვალიდობის პენსიას ღებულობდა, მისი მთლიანი შემოსავალი მაინც ნაკლები იყო იმ ხელფასზე, რომელსაც ის მეზღვაურობის შემთხვევაში მიიღებდა.
ისლანდიის მთავრობის აზრით, მომჩივნისთვის პენსიის ჩამორთმევა საერთო საზოგადოებრივ ინტერესებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა საპენსიო ფონდის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე შემოტანილი ახალი კრიტერიუმები ობიექტურად გამოიყენებოდა ყველა ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. მთავრობის აზრით, მნიშვნელოვანი იყო მომჩივნისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა ყოფილი მეზღვაურებისადმი იმავე კრიტერიუმების გამოყენება, რომლებიც ზოგადად ინვალიდი პირებისადმი გამოიყენებოდა. კერძოდ, მომჩივანი და მისი მსგავსი პირები ინარჩუნებდნენ შრომის უნარიანობას ხმელეთზე და ამ სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ხელფასი არსებობისათვის სავსებით ჰყოფნიდათ. თუმცა ისინი მაინც ღებულობდნენ ინვალიდობის პენსიას როგორც შრომისუუნარონი ზღვაზე. ახალი წესის თანახმად კი ამ პირების შრომისუნარიანობა არა სამუშაოს ადგილის მიხედვით, არამედ ზოგადად სამუშაოს შესრულების უნარის კუთხით ფასდებოდა, ისევე, როგორც ეს ნებისმიერი ინვალიდის შემთხვევაში ხდებოდა. ინვალიდობის პენსია უნდამიეღოთ იმ პირებს, ვისთვისაც ინვალიდობის დადგომამ შემოსავლის გაუქმება გამოიწვია. ამდენად, კანონმდებლის ჩარევა მომჩივნის ქონებრივი უფლების განხორციელებაში თანაზომიერი იყო დასახულ მიზანთან და, აქედან გამომდინარე, ამ უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.გარდა ამისა, მომჩივანი იმავე საპენსიო ფონდიდან სრულად ღებულობდა პენსიას ასაკის გამო. და ბოლოს, მთავრობა ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მომჩივნის უფლება ინვალიდობის პენსიაზე აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენდა და რომ, ძველი კანონი არ უქმნიდა მომჩივანს მოლოდინს იმისა, რომ ამ პენსიას ის მუდმივად მიიღებდა. კერძოდ, ძველი კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ინვალიდს აღარ ჰქონდა უფლება, მიეღო ინვალიდობის პენსია, თუკი ის სხვა სამსახურიდან ამ პენსიის ოდენობის ტოლი ხელფასის მიღებას დაიწყებდა. იმის გამო, რომ საპენსიო ფონდი არ ფლობდა მომჩივნის ხელფასის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის აზრით, ამ ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე, არ იყო გამორიცხული, რომ, ახალი კანონის მიუღებლობის შემთხვევაშიც კი, მომჩივანს აღარ ჰქონოდა უფლება მიეღო ინვალიდობის პენსია.
სტრასბურგის სასამართლომ პირველ ყოვლისა აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდში თანხის რეგულარული შეტანა დასაბამს აძლევს თანხის შემტანის ქონებრივ უფლებას და ის, თუ როგორ განაწილდება დაგროვილი თანხები შემტანთა შორის, გავლენას ახდენს ამ უფლებით სარგებლობაზე. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი არ უზრუნველყოფს უფლებას კონკრეტული რაოდენობის პენსიის მიღებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივანს საპენსიო ფონდში თანხები შეჰქონდა 1969-1981 წლებში და რომ ეს მას რაიმე კონკრეტული რაოდენობის პენსიის მიღების უფლებას კი არა, არამედ ზოგადად პენსიის მიღების უფლებას აძლევდა გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. მხარეებს არ უდავიათ, და სტრასბურგის სასამართლომაც არ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ან საკუთრების ჩამორთმევას პენსიის სახით, ან საკუთრებით სარგებლობის რეგულირებას. ჩაითვალა, რომ საქმე ეხებოდა მესამე შემთხვევას - ქონებით თავისუფლად სარგებლობის შეზღუდვას. შეზღუდვის კანონიერების (სხვაგვარად, კანონით გათვალისწინებულობის) საკითხიც არ იქნა სადავოდ მიჩნეული. უმთავრესი პრობლემა ამ საჩივარში უფლების შეზღუდვისა და ამ შეზღუდვით დასახული მიზნის თანაზომიერებაში მდგომარეობდა. სწორედ ამ კუთხით განიხილა ევროპულმა სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რათა დაედგინა დაცული იყო თუ არა წონასწორობა საზოგადოების, როგორც კოლექტიური ერთობის, საერთო ინტერესსა და ინდივიდის ძირითადი უფლებების დაცვის საჭიროებას შორის. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად საქმისადმი მთავრობის მიდგომა გაეზიარებინა და საჩივარი მთლიანად ისლანდიური საპენსიო სისტემის კონტექსტში განეხილა. მან ჩათვალა, რომ საქმის განხილვა მისი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით უნდა შემოფარგლულიყო.
ევროპულმა სასამართლომ პირველ ყოვლისა მთავრობის არგუმენტები განიხილა, რომლებიც ძველი კანონის მე-13 მუხლს ეფუძნებოდა (იხ. ზევით) და მომჩივნის მიერ სადავო ინვალიდობის პენსიის მუდმივად მიღების მოლოდინს შეეხებოდა. მან დაადგინა, რომ ეს არგუმენტები ეროვნული სასამართლოების წინაშე განხილვის საგნად არ ქცეულა და რომ პირველად მის წინაშე იქნა წამოყენებული.
მან მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, ეს არგუმენტები დაუდგენელ და გაურკვეველ ფაქტებს ემყარებოდა და რომ, მეორე მხრივ, მომჩივანს რომც შეწყვეტოდა ინვალიდობის პენსია მე-13 მუხლის საფუძველზე, ეს პენსიის მიუღებლობის ცალკე იურიდიული საფუძველი და, ამდენად, სულ სხვა დავის საგანი იქნებოდა. ამ შემთხვევაში პენსიის შეწვეტა მოცემული იურიდიული საფუძვლით არ მომხდარა და ევროპული საჩივრის საგანს არ წარმოადგენდა. ამიტომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა მთავრობის ეს არგუმენტები საქმის განხილვისას მხედველობაში არ მიიღო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საპენსიო ფონდის ფინანსური პრობლემების გადაჭრა ლეგიტიმური მიზანი იყო პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ახალი კანონით დადგენილი წესები ობიექტურ კრიტერიუმებს ემყარებოდა - მაგალითად, ყოფილ მეზღვაურთა ზოგადი შრომისუნარიანობის შეფასების სავალდებულო ხასიათს, როგორც ეს სხვა ინვალიდების შემთხვევაში ხდებოდა ისლანდიაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ახალი კანონის ძალით 104 ადამიანმა დაკარგა საპენსიო უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო 60 ადამიანის შემთხვევაში კი ეს დანაკარგი 50-100%25-ს შეადგენდა. სასამართლომ გამაოცებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ მომჩივანი 54 კაცისგან შემდგარ ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომელთათვისაც, დანარჩენი პენსიონერებისგან განსხვავებით, პენსია 100%25-ით იქნა გაუქმებული. ამასთანავე, მოცემული საპენსიო ფონდის 689 პენსიონერთა დიდი უმრავლესობა ახალი კანონის მიღების შემდეგაც აგრძელებდა იმავე რაოდენობის პენსიის მიღებას და მხოლოდ 54 პირის მიმართ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი ზომა - პენსიის სრულად გაუქმება. ადამიანებისადმი მოპყრობაში არსებული ამოდენა განსხვავება იმდენად მნიშვნელოვანი იყო კონვენციის მე-14 მუხლის კუთხით (დისკრიმინაციის აკრძალვა), რომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გაგებით თანაზომიერების საკითხის განსაზღვრაშიც, ევროპული სასამართლოს აზრით, დიდ როლს შეასრულებდა. მომჩივნის შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ისიც ემატებოდა, რომ მას მთლიანად წაერთვა ის პენსია, რომელსაც 20 წლის განმავლობაში უწყვეტად ღებულობდა. მომჩივნის მიერ წლების მანძილზე საპენსიო ფონდში თანხების შეტანის სურვილი სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ, ძველი კანონის თანახმად, მისი შრომისუნარიანობის ხარისხი საჭიროების შემთხვევაში სწორედ მეზღვაურის შრომის გათვალისწინებით იქნებოდა შეფასებული. ამდენად, სტრასბურგის სასამართლოს თვალში მომჩივანს ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მისი შრომისუნარიანობა სწორედ მეზღვაურის სამუშაოს შესრულების კუთხით იქნებოდა ყოველთვის შეფასებული და არა ზოგადად სამუშაოს შესრულების კუთხით. თანაც კანონი არ კრძალავდა, რომ მომჩივანს ინვალიდობის პენსიის სრულად მიღების პარალელურად ემუშავა, ოღონდ იმ პირობით, რომ მიღებული პენსია არ ყოფილიყო დაკარგულ ხელფასზე მაღალი. თანაც ეს პირობა თავიდანვე იყო დათქმული კანონში და არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი და გაუგებარი ის, რომ მომჩივანი და სხვა მისთანანი საზღვაო პენსიის მიღების პარალელურად ხმელეთზე მუშაობდნენ. სასამართლომ ის ფაქტიც მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ, ახალი კანონით დადგენილი ახალი კრიტერიუმების შესაბამისადაც კი, მომჩივანს ზოგადი შრომისუნარიანობა 25%25-ით ჰქონდა დაკარგული და, მიუხედავად ამისა, მაინც კარგავდა ინვალიდის პენსიას სრული ოდენობით, რომელიც მისი თვიური შემოსავლის ერთ მესამედს წარმოადგენდა.
ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თუმცა სახელმწიფო სოციალური დაცვის სფეროში მიხედულების თავისუფლებით სარგებლობს, მომჩივანზე, როგორც ინდივიდზე, დაკისრებული ტვირთი მეტისმეტად დიდი იყო და ვერ ჩაითვლებოდა საზოგადოების, როგორც კოლექტიური ერთობის, ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროებების თანაზომიერად. სასამართლოს აზრით, საქმე ალბათ სხვაგვარად იქნებოდა, მომჩივანს რომ ინვალიდობის პენსია მთლიანად კი არ წართმეოდა, არამედ გონივრული ოდენობით შეზღუდვოდა და ეს შეზღუდვა საერთო ინტერესების თანაზომიერი ყოფილიყო.
ზემომოყვანილი რამდენიმე პრეცედენტიდან ნათლად გამოსჭვივის, რომ ხელშემკვრელ სახელწიფოთა მხრიდან კონვენციის სხვადასხვა მუხლით უზრუნველყოფილი უფლებების დაცვა ინვალიდთა შემთხვევაში სპეციალურ ძალისხმევას და სათუთ დამოკიდებულებას მოითხოვს. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მეტი ყურადღებითა და სიფაქიზით ეკიდება სახელმწიფო ინვალიდთა უფლებებსა და მათი ცხოვრების პირობებს, მით მეტია მოცემული სახელმწიფოს განვითარების ხარისხიც. საკითხისადმი გულისხმიერი მიდგომა კი სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სახელმწიფო და კერძო სექტორისათვის სავალდებულო წესების დადგენას (მაგალითად, არქიტექტურულ პროექტებში ინვალიდთათვის ადვილი შესასვლელისა თუ შენობის შიგნით თავისუფლად გადაადგილების საშუალებების გათვალისწინების ვალდებულებას) და შესაბამისი ადმინისტრაციული პრაქტიკის ჩამოყალიბებას გულისხმობს. როგორი ლიბერალური სულისკვეთების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისკენაც არ უნდა ილტვოდეს რომელიმე სახელმწიფო, ინვალიდთა უფლებების სფერო ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელზე პასუხისმგებლობასაც ის ვერ მოიხსნის.
რაც შეეხება ინვალიდ პატიმრებს, ზოგიერთი მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: პირის მიერ ჩადენილი ქმედების ბუნება და მისი სიმძიმე (მაგალითად, ბავშვის მოტაცება, ბ-ნი ვენსანის შემთხვევაში) არ გახლავთ ის კრიტერიუმები, რომლებიც მხედველობაში უნდა მიიღებოდეს მოცემული პირისათვის პატიმრობის პირობების შერჩევისას. ამ კრიტერიუმს სტრასბურგის სასამართლო, ბუნებრივია, მხედველობაში არ იღებს იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება პატიმრობის პირობები კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტრანდარტებს. სტანდარტი ერთი და იგივეა, და ის ერთნაირად მაღალია ე.წ. ჯიბის ქურდისა და კრიმინალური ავტორიტეტის შემთხვევაში. პატიმრებისადმი განსხვავებული მოპყრობის საჭიროება შეიძლება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს და სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ თითოეულმა პატიმარმა ადამიანურ და ადამიანის ღირსების შესაბამის პირობებში მოიხადოს სასჯელი. საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობა მოსამართლის მიერ დადგენილი სასჯელის ისეთ პირობებში აღსრულებაა, რომლებიც პირს პატიმრობისაგან განუყოფელ გარდაუვალ ტანჯვაზე მეტ ვნებას არ მიაყენებს.
შენიშვნები:
____________________
1. იხ., სხვებს შორის, ვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ (Vilho Eskelinen and Others v. Finland, no 63235/ 00, April 2007).
2. იხ., სხვებს შორის, კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland [GC], no 30210/96, $ 94, ECHR 2000-XI).
![]() |
7 პოლიარქია, პლურალიზმი და სივრცე |
▲ზევით დაბრუნება |
LIBERUM ARBITRIUM
რობერტ დალი
დემოკრატიის ადგილმდებარეობის ისტორიულმა ცვლილებამ მცირე ქალაქ-სახელმწიფოებიდან მსხვილი და გიგანტური ნაცია-სახელმწიფოებისაკენ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ხასიათის ძვრები გამოიწვია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეორია მანამდე სრულ თანხმობაში იყო პრაქტიკასთან. მე-18 ს-ის ბოლოს ქალაქ-სახელმწიფოების შესწავლა, რომელიც ორ ათასწლეულზე მეტი ხნის მანძილზე განიხილებოდა ბუნებრივ და განსაკუთრებით სასარგებლო წყობილებად დემოკრატიული სისტემისთვის - ამ შეხედულებას ჯერ კიდევ იცავდა რუსო თავის „საზოგადოებრივ შეთანხმება“-ში (1762), თითქმის საყოველთაოდ განდევნილი აღმოჩნდა ნაცია-სახელმწიფოების შესწავლის შედეგად, ხოლო დემოკრატიულ ძალისხმევას, იდეებსა და იდეოლოგიებს თავისი სიმძიმის ცენტრი ნაცია-სახელმწიფოების მართვის დემოკრატიზაციის პრობლემისკენ უნდა გადაეტანათ.
თუმცა ამ ცვლილების შედეგები არ იქნა გათვალისწინებული მთელი თავისი მასშტაბით. მე მინდა აღვნიშნო შვიდი ამგვარი მნიშვნელოვანი შედეგი:
1. წარმომადგენლობა. ყველა მოქალაქის ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის წარმომადგენლობის ერთად მოკრების პრაქტიკულად განუხორციელებლობის გამო, რომელიც რუსომ ანათემას გადასცა ზემოთ დასახელებულ ნაშრომში, გარდაუვალი გახდა პოლიტიკური სისტემის სივრცის გაფართოება.
2. სივრცის გაფართოება. როგორც კი წარმომადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ქალაქ-სახელმწიფოების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ალიანსთან დაკავშირებული ბარიერები მოიხსნა და, ამრიგად, წარმომადგენლობით დემოკრატიას შეეძლო უსაზღვროდ გაეფართოებინა თავისი მოქმედების სივრცე.
3. მონაწილეობის საზღვრები. როგორც გაზრდილი სივრცის პირდაპირი შედეგი, პოლიტიკური მონაწილეობის ზოგიერთი ფორმა უფრო მეტად შეზღუდული აღმოჩნდა, ისევე როგორც მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს ქალაქ-სახელმწიფოებში არ შეეძლო ერთმანეთში განეხილა პოლიტიკური საქმეები. იმ შემთხვევაშიც კი თუ სივრცობრივი (ანუ კომუნიკაციური) ბარიერები დაიძლეოდა ელექტრონული საშუალებებით, დროის მიერ დადგენილი საზღვრები საკმაოდ ხისტი იქნებოდა. თქვენ ადვილად დარწმუნდებით ამ საზღვრების არსებობაში, თუკი მარტივ არითმეტიკულ გამოთვლას მიმართავთ. დაითვალეთ რამდენ დროს წაიღებდა იმ პოლიტიკური ზომების რეალიზაცია, რომელიც ყველაზე მეტად ეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს მონაწილეობის პროცესის განხორციელების დროს.
4. მრავალფეროვნება. თუმცა სივრცესა და მრავალფეროვნებას შორის კავშირი არ არის მკაფიო, მაგრამ უეჭველია, იმ ზომით, რა ზომითაც პოლიტიკური კავშირები გაიზრდება მოცულობით, ამ პოლიტიკაში მონაწილენი უფრო მეტ მრავალფეროვნებას გამოავლენენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს იქნება მრავალფეროვნება ადგილობრივი და რეგიონული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, იდეოლოგიური, პროფესიული და სხვ. მოქალაქეთა ჰომოგენურ დასახლებებს რაც შეეხება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო ენით, რასით, ისტორიით და რელიგიით, იქ ეს მრავალფეროვნება შეუძლებელია ყველა პრაქტიკული პარამეტრის მიხედვით.
5. კონფლიქტი. ამრიგად, პოლიტიკურ ფენებად დაყოფა გარდაუვალი ხდება, ხოლო პოლიტიკური კონფლიქტი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და როგორც პოლიტიკური აზრი, ასევე პოლიტიკური პრაქტიკაც კონფლიქტს აღიქვამს პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ დამახასიათებელ ნიშნად. რამდენადაც ინტერესთა კონფლიქტის ფესვები ადამიანისა და საზოგადოების ბუნებაში ძევს, ხოლო ამ კონფლიქტების ჩახშობა შეუძლებელია ადამიანის თავისუფლების ჩახშობის გარეშე. ამდენად საუკეთესო მეთოდი ამგვარი კონფლიქტების პრევენციისთვის - სივრცის გაფართოებაა. ამ დროს პოლიტიკური კონფლიქტები იშვიათად გადაიზრდება ხოლმე მწვავე სამოქალაქო ომებში.
მეექვსე და მეშვიდე შედეგები, რომლებიც სივრცის ცვლილებას და დემოკრატიის ადგილს უკავშირდება, არის პოლიარქია და ორგანიზაციული პლურალიზმი, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ.
ტერმინი. რამდენადაც ტერმინ „პოლიარქიას“ არ გააჩნია თავიდანვე განსაზღვრული მნიშვნელობა და მეც გარკვეული ეჭვები აღმეძვრის, როცა იგი მიმოქცევაში შემომაქვს, ნება მიბოძეთ ორიოდე სიტყვით მის წარმოშობაზე შევჩერდე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში ეს ტერმინი პირველად ლინდბლომმა1 და მე გამოვიყენეთ (წიგნში „პოლიტიკა, ეკონომიკა და კეთილდღეობა“, 1953), სადაც მას განვიხილავდით როგორც პროცესს.
პოლიარქიის პროცესად განხილვა წიგნის თეორიული ორიენტაციისადმი გაღებული ხარკი იყო, წიგნისა, რომლის ქვესათაურიც ასე ჟღერდა: „დაგეგმარება და პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემები ბაზისურ სოციალურ პროცესებში“. მეოთხე ნაწილში ჩვენ აღვწერეთ „ოთხი მთავარი სოციალურ-პოლიტიკური პროცესი“: ლიდერთა მიერ განხორციელებული კონტროლი და თავად ლიდერთა კონტროლი. იერარქია ანუ ლიდერთა მხრიდან კონტროლი; პოლიარქია ანუ ლიდერების კონტროლი, დაბოლოს, გარიგება ანუ კონტროლი ლიდერთა შორის (ე.ი. ლიდერების მიერ ერთმანეთის კონტროლი).
სოციალური პროცესების სისტემას, რომელიც ამას შესაძლებელს ხდის, ჩვენ დავარქვით პოლიარქია. ეს სიტყვა გამოსულია ხმარებიდან, მაგრამ, ჩვენი აზრით, იგი სრულად პასუხობს ჩვენს მოთხოვნას. დემოკრატიის მსგავსად, პოლიარქიაც, როგორც რეჟიმის ტიპი, შეიძლება განხილულ იქნეს სხვადასხვა კუთხით. უპირველეს ყოვლისა პოლიარქია შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რეჟიმის სპეციფიკური სახეობა თანამედროვე სახელმწიფოს მართვისთვის, რომელიც თავისი ნიშან-თვისებებით განსხვავდება მე-19 ს-მდე არსებულ ყველა სხვა რეჟიმისგან. ასევე განსხვავდება იგი თანამედროვე რეჟიმების უმრავლესობისგანაც, რომლებიც ნაცია-სახელმწიფოებში არსებობს. ეს განსხვავება ორი სხვადასხვა ნიშან-თვისების შეპირისპირებით წარმოიშობა: ესენია ოპოზიციისადმი შემწყნარებლობის მაღალი ხარისხი და ხელისუფლების ქცევებზე გავლენის მოხდენის ფართო შესაძლებლობა და მშვიდობიანი გზით რომელიმე ოფიციალური პირის გადაყენებაც კი.
უფრო მკაფიოდ პოლიარქიები სხვა რეჟიმებისგან შეიძლება გავარჩიოთ შვიდი ინსტიტუტის არსებობითა და მათი რეალური ფუნქციონირებით. ეს ინსტიტუტებია: დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული უნივერსალური უფლება არჩევისა; საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება; სამართლიანად ორგანიზებული არჩევნები, სადაც გამორიცხული იქნება ყოველგვარი ძალადობა თუ იძულება; აზრის გამოხატვის თავისუფლების საიმედო დაცვა (მთავრობის, გაბატონებული იდეოლოგიის, საზოგადოების კრიტიკის ჩათვლით); ალტერნატიული და ერთმანეთის კონკურენტული საინფორმაციო წყაროების არსებობა, რომელიც სამთავრობო კონტროლის მიღმაა; თავისუფლების მაღალი ხარისხის არსებობა სხვადასხვა ავტონომიური ორგანიზაციების შექმნისას, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შექმნის ჩათვლით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია; მთავრობა მაქსიმალურად უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩევლების ნებაზე და ეს ნაცია-სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროდუქტია.
ჩვენი დემოკრატი წინაპრები არცთუ ისე უგუნურები იყვნენ. მათ იცოდნენ რას აკეთებდნენ, მიისწრაფოდნენ რა საყოველთაო არჩევნების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის მიღებისა და სხვ. უფლებების რეალიზაციისკენ. თუმცა თქმა იმისა, რომ პოლიარქიული ინსტიტუტების არსებობა აუცილებელია გაფართოებულ სივრცეში დემოკრატიული პროცესის განხორციელებისთვის, არ ნიშნავს იმის თქმას, რომ ისინი საკმარისია და, ჩემი აზრით, არცთუ ისე ბევრი ჩვენგანი ფიქრობს ასე. პოლიარქია შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც პოლიტიკური სისტემის კონტროლი, რომელშიც უმაღლესი ოფიციალური პირები სახელმწიფოს მმართველობის დროს სახალხო არჩევნების შედეგად გადარჩევის საშიშროების წინაშე დგებიან.
ამიტომ ისინი იძულებულნი არიან საკუთარი ქცევების ვარიირებას მიმართონ, თუკი სხვა კონკურენტებთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება სურთ. ამ თვალსაზრისით, პოლიარქიის ყველაზე ნათელი ნიშან-თვისება პოლიტიკური ელიტის ღია შეჯიბრია თანამდებობისთვის.
დაბოლოს, პოლიარქიის ინტერპრეტირება შესაძლებელია როგორც სისტემისა, რომელშიც უფლებები ინსტიტუციონალურად არის გარანტირებული და დაცული. თითოეული ამ შვიდ ინსტიტუტთაგან უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებების დაცვას, რაც ამართლებს მის არსებობასა და ფუნქციონირებას.
სათავეები. პოლიარქიის მსგავსად, ტერმინი „პლურალიზმი“, რომელსაც დღეს ვიყენებთ, პოლიტიკურ მეცნიერებაში ნეოლოგიზმს წარმოადგენს. საინტერესო იქნება ვნახოთ, როგორ არის ის განმარტებული ოქსფორდის ლექსიკონში. მეშვიდე ტომში მოთავსებული სტატია პლურალიზმზე პირველად 1907 წელს გამოქვეყნდა. მასში პლურალიზმი ნიშნავს „პლურალურად არსებობის საშუალებას; პლურალური არსებობის პირობას ან ფაქტს. 1ა. (საეკლ.) ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე ადამიანის მიერ სხვადასხვა მრევლის წევრობა; ბ. ნებისმიერი სახის ორი ან მეტი თანამდებობის შერევა ერთსა და იმავე დროს; (...) 2. (ფილოს.) თეორია ან აზროვნების სისტემა, რომელიც აღიარებს ერთზე მეტ მთავარ პრინციპს: საპირისპიროა მონიზმისა. ამ ტერმინის რელიგიური მნიშვნელობით გამოყენებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს - ყველაზე ძველი წყარო, სადაც იგი ამ გაგებით გვხვდება, 1362 წელს განეკუთვნება. თუმცა მე-19 ს-ში კვლავ განახლდება კამათი ამერიკის ეკლესიაში პლურალიზმის მართლზომიერების შესახებ.
სახელმწიფოსა და საზოგადოების პლურალისტურ ინტერპრეტაციებს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა 20-იანი წლების დამდეგს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, სადაც ზოგიერთმა ცნობილმა პოლიტოლოგმა ეს ინტერპრეტაციები დეტალურად გამოიკვლია პროფესიული ჟურნალების ფურცლებზე. პლურალიზმისადმი ათწლიანი ყურადღება ნელ-ნელა მიინავლა ატლანტიკის ორივე მხარეს. თუმცა თავად ტერმინი და მასთან დაკავშირებული ძირითადი იდეები ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. ეს ტერმინი საკმაოდ გავრცელებული იყო იმ დროსაც, როცა ლინდბლომთან ერთად ვმუშაობდი წიგნზე „პოლიტიკა, ეკონომიკა და კეთილდღეობა“ (1950-1952 წლებში). ჩვენთვის ახლობელი იყო როგორც ბრიტანული და ევროპული იდეები პლურალიზმზე, ასევე თავად ეს ტერმინი და გამოვიყენეთ იგი იმის ასახსნელად, თუ რას ვგულისხმობთ პოლიარქიაში. პოლიარქია ნიშნავს სოციალური პლურალიზმის მნიშვნელოვან ხარისხს ანუ სოციალურ ორგანიზაციათა მრავალფეროვნებას, რომლებიც ავტონომიას ინარჩუნებენ ერთმანეთის მიმართ.
როგორც პოლიარქიის განვითარება ნიშნავდა დემოკრატიული ინსტიტუტების ახლებურად გააზრებას, ასევე პლურალიზმის თანდათანობითი აღქმა, როგორც დემოკრატიის ორგანული და აუცილებელი ასპექტისა, მასთან დაკავშირებული კლასიკური წარმოდგენების უგულებელყოფას ნიშნავს. თუმცა წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა ღვთაების თაყვანისცემა, სხვადასხვა ენაზე მეტყველება და ა.შ., რაც კონფლიქტური ინტერესების ერთიან კონსტრუირებას ნიშნავს, - აღქმული იქნებოდა ვითარცა ერესი. როგორც ამას ჯერ კიდევ არისტოტელე აღიარებდა და როგორც ამ ასიოდე წლის წინ იტალიელ ჰუმანისტთა მიერ წამოყენებულ vivere civile-ს2 კონცეფციაში იქნა დასაბუთებული, მოქალაქეები უნდა იყვნენ სხვადასხვა ასოციაციების წევრნი, რომლებსაც სხვადასხვა სპეციფიკური მიზნები აქვთ. ამ ასოციაციების კერძო მიზნები შეიძლება კონფლიქტში მოვიდნენ სხვა ასოციაციების მიზნებთან, მაშინ, როცა ასეთ შემთხვევებში კერძო და ზოგად ინტერესებს შორის ურთიერთშეთანხმება სასურველი იქნებოდა.
პლურალიზმი და პოლიარქია. მონისტური შეხედულება, რომელიც რუსოსთვის იყო დამახასიათებელი, სავსებით შეთავსებადია დემოკრატიასთან ქალაქ-სახელმწიფოების მცირე მასშტაბების გამო, სადაც ძირითადად სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო დარგები მოქმედებს. თავისი მასშტაბით არცთუ ისე დიდ დემოკრატიულ ასოციაციებში სხვა მცირე ასოციაციების არსებობა, რომლებიც ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, კონფლიქტის სტიმულს იძლევიან, რაც არ არის სასურველი და თავიდან უნდა იქნეს აცილებული რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეს დემოკრატიული იდეა განხორციელდეს ნაცია-სახელმწიფოს მასშტაბით, რის შედეგადაც ფუნქციონირებას დაიწყებს პოლიარქიის ინსტიტუტები.
ამ შემთხვევაში ვითარდებიან შედარებით დამოუკიდებელი მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი ასოციაციები და ორგანიზაციები. ჩვენ ისინი როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო ასოციაციებად უნდა განვიხილოთ, რადგან სამოქალაქო ასოციაციას პოლიტიკური აქტივობის განხორცილებაც შეუძლია. რასაკვირველია, არ არსებობს ისტორიული მაგალითი, როცა პოლიარქია და ორგანიზაციული პლურალიზმი არ არსებულა ერთად. მაგრამ იმ დროს, როცა ორგანიზაციული პლურალიზმი შეიძლება არც იყოს საკმარისი პირობა პოლიარქიისთვის, თვით პოლიარქიის ინსტიტუტები თვითკმარია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ხარისხის მქონე ამ მრავალრიცხოვანმა ორგანიზაციებმა და ასოციაციებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორგანიზებული კოოპერაციის უპირატესობა სასურველს ხდის ამ ორგანიზაციებს. მართლაც, შედარებით ავტონომიური პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა აუცილებელია მსხვილმასშტაბიანი დემოკრატიის არსებობისთვის.
დაბოლოს, პოლიარქიის არსებობისთვის აუცილებელი პირობები შესაძლებელს ხდის დამოუკიდებელი ორგანიზაციების არსებობას კანონის თვალსაზრისით. ის, რომ მათი არსებობა სასურველია და შესაძლებელი, მათ არსებობას გარდაუვალს ხდის. ეს განამტკიცებს თავისუფლების პირველ, ჯერ კიდევ სუსტ, ყლორტებს, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმებში წარმოიშობა კონტროლის შესუსტების კვალობაზე. ამას მოწმობს იტალიის, ავსტრიის, გერმანიისა და იაპონიის მაგალითები მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ასევე ჩეხოსლოვაკიის შემთხვევა 1968 წელს, პოლონეთი „სოლიდარობის“ ზეობის ხანაში და სხვ. დამოუკიდებელ ინსტიტუტთა ჩახშობა მხოლოდ თვით პოლიარქიის ინსტიტუტების ჩახშობით არის შესაძლებელი.
საკმარისია დავაკვირდეთ პოლიტიკურ სისტემებსა და პროფკავშირებს ორ ქვეყანაში, რათა დავინახოთ რა სხვაობებია მათ შორის. ცხადია, რომ ევროპული ქვეყნების პოლიტიკური სისტემებიც კი ძალზე მრავალფეროვანია. ორგანიზაციული ცხოვრების ამგვარი განსხვავებები პლურალიზმსა და პოლიარქიას შორის გართულებულ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. თუკი პლურალიზმი პოლიარქიის სისტემაში აუცილებელი, სასურველი და გარდაუვალია, მას არასასურველი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. თუკი, მაგალითად, ერთი სახეობის ინტერესები შეიძლება აკუმულირებული იყოს რომელიმე ორგანიზაციაში მისი რესურსების გათვალისწინებით, სხვა ინტერესები კი - არა, მაშინ ამგვარი სისტემა ხელს შეუწყობს უთანასწორობას მოქალაქეთა შორის და ზოგიერთი სახეობა ამ უთანასწორობისა შეიძლება ძალზე უსამართლო იყოს. ანუ უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც ასე ძალიან აღელვებდა რუსოს.
ოციოდე წლის წინ ს. როკანმა3 გამოაქვეყნა ნარკვევი ნორვეგიის შესახებ, რომლის მთავარი აზრის ჩამოყალიბება მისივე სიტყვებით არის შესაძლებელი: „მრავლობითი დემოკრატია და კორპორაციული პლურალიზმი: ხმები ითვლება, მაგრამ გადამწყვეტია რესურსები“. კაბინეტი, წერდა იგი, „ელექტორალური იერარქიის მწვერვალზე იმყოფება, მაგრამ იგი ოთხ კორპორაციულ კავშირთაგან, რომლებიც ერთმანეთთან თანხმდებიან, მხოლოდ ერთ-ერთია“. დანარჩენ სამში ის, რასაკვირველია, შრომას, ბიზნესსა და ფერმერებს მოიაზრებდა. იგი განაგრძობს: „რა თქმა უნდა, კაბინეტმა უნდა აიღოს შუამავლის როლი კონფლიქტში მყოფ ინტერესებს შორის. საგარეო პოლიტიკის საქმეებში მან შეიძლება იშვიათად (თუკი საერთოდ შეუძლია მას ეს) მოახვიოს თავს საკუთარი ნება ვინმეს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ფლობს ელექტორალურ ძალაუფლებას. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მან საკუთარი პოლიტიკის მოდიფიცირება მოახდინოს კომპლექსური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად მთავარ დაინტერესებულ ორგანიზაციებთან“. სისტემები, რომლებიც მრავლობითი დემოკრატიის კომბინირებას ახდენენ კორპორაციულ პლურალიზმთან, მნიშვნელოვან უპირატესობებს ფლობენ, რაც, ჩემი აზრით, არ ექვემდებარება განსაზღვრებას. გარდა ამისა, ეს სისტემები დემოკრატიის თეორიისა და ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის საკმაოდ რთულ პრობლემებს წარმოშობენ, რომლებიც ასევე ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
ამ მტკიცების დასაბუთება არ არის ძნელი. კორპორაციული პლურალიზმი, თუნდაც იმ სახეობისა, რომელიც როკანმა აღწერა ნორვეგიის მაგალითზე, პრაგმატულ, უტილიტარულ საფუძველზე არსებობს. მაგრამ ასეთი კორპორაციონიზმი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფისკენ არის მიდრეკილი. შესაძლოა დემოკრატიის ჩვენეული გაგება ასე თუ ისე მოერგოს არსებულ პრაქტიკას, მაგრამ ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, შეუძლებელია რამდენადმე დამაკმაყოფილებელი თეორიული ფორმულირების გამოძებნა, რომელიც უზრუნველყოფდა დემოკრატიული ლეგიტიმურობის მქონე კორპორაციონიზმს.
კორპორაციონიზმის სკანდინავიური ვარიანტი უფრო პრობლემის იდენტიფიკაციაა, ვიდრე მისი გადაჭრა (მოგვარება). მაგალითად, შეერთებული შტატები უფრო მეტად იმ ცენტრალიზებული და ნაციონალური მასშტაბის ორგანიზაციების ნაკლებობას განიცდის, რომლებიც შესაძლებელს ხდიან დემოკრატიული კორპორაციონიზმის სტრუქტურას შვედეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრიაში. აქ ეს პრობლემა სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, მაგალითად, ცნობილ „რკინის სამკუთხედებში“, რომლებიც კონგრესის კომიტეტებს, მის ბიუროკრატიასა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს აერთიანებს და რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღებისას.
ნაციონალურ შეთანხმებას, რომელიც კორპორაციულ სისტემებში წარმოიშობა, უფრო მეტად დრამატულ შედეგებამდე მივყავართ, მაგრამ ამ „რკინის სამკუთხედების“ სტაბილურ მუშაობას ხანგრძლივმოქმედი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და სრულიად მისაღებია საჯარო პოზიციიდან. ამრიგად, ამ ცვლილებამ, რომელმაც გააფართოვა დემოკრატიის სივრცე ქალაქსახელმწიფოსგან ნაცია-სახელმწიფოსკენ, იმავდროულად მონისტური დემოკრატია პლურალისტული დემოკრატიით ჩაანაცვლა.
პრაქტიკებისა და ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, რომელიც მასშტაბურ გარდაქმნებთან არის დაკავშირებული, თავისთავად დრამატულია და შორს მიმავალი შედეგები აქვს. შეიცვალა თავად დემოკრატიული თეორია. შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი შეთანხმება, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოსთვის შეუქცევადად ცვალებად სივრცეში. ამ თვალსაზრისით, ამ მოვლენამ ჭეშმარიტად რევოლუციური ზემოქმედება იქონია. ტოკვილმა წამოაყენა იდეა, რომლის მიხედვითაც თანამედროვე სამყაროში დემოკრატიისთვის შესაბამისი ადგილი სწორედ დიდი ნაცია-სახელმწიფოებია და არა პატარა ქალაქ-სახელმწიფოები. მისი შემდგომი თაობა კი არა მხოლოდ შეიარაღდა ამ იდეით, არამედ საკუთარი აზროვნების მთავარ საფუძვლადაც კი აქცია იგი. მაშასადამე, დემოკრატიულ თეორიას მსხვილმასშტაბიანი დემოკრატიული რეალობის გათვალისწინებით გარკვეული კორექტივები ესაჭიროება. კლასიკურ-დემოკრატიულ მტკიცებულებათა მონისტური დებულებები მსხვილმასშტაბიანი დემოკრატიის პლურალისტულ სინამდვილეს ეჯახება და ხშირად თეორია არაადეკვატურია ხოლმე როგორც აღწერილობით, ასევე ნორმატიულ თვალსაზრისებთან.
შესაძლებელია პოლიარქიის განხილვა რეჟიმის ერთ-ერთი სახეობადაც, რომელსაც ნაცია-სახელმწიფო მართავს. მასში საზოგადოებრივ საქმეებზე ძალაუფლება და ავტორიტეტი განაწილებულია ორგანიზაციებსა და ასოციაციებზე, რომლებიც საკმაოდ ავტონომიურები არიან არა მხოლოდ ერთმანეთთან მიმართებაში, არამედ ხშირად სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობასთან მიმართებითაც.
ეს ფარდობითად ავტონომიური კავშირები მოიცავენ არა მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებიც ლეგალურად ყალიბდებიან და სახელმწიფო მმართველობის ობიექტებს წარმოადგენენ, არამედ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც, ასე ვთქვათ, „კერძო“ ინსტიტუციებს წარმოადგენენ (ეს ტერმინი ბევრს შეიძლება აქ უადგილოდ მოეჩვენოს). ეს ნიშნავს, რომ ისინი რეალურად სრულიად დამოუკიდებლები არიან სახელმწიფოსგან თუ ყველაფერში არა, ყოველ შემთხვევაში, მთავარში მაინც.
პოლიარქია სხვა მხრივაც განსხვავდება კლასიკურ-მონისტური დემოკრატიისგან - ეს არის ავტონომიური ორგანიზაციების ფუნქციები, ძალაუფლება და ლეგიტიმურობა საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. პოლიარქია ავტორიტარული რეჟიმებისგანაც განსხვავდება შემდეგი ორი პუნქტით: 1. პოლიარქიის ინსტიტუტებით, რომლებიც არცერთ ავტორიტარულ რეჟიმში არ არსებობს და რომლებიც უზრუნველყოფენ საკმაოდ დიდ სივრცეს დემოკრატიული პროცესისათვის; 2. ორგანიზაციული პლურალიზმის მასშტაბით, რომელიც ნათლად განასხვავებს, ერთი მხრივ, პოლიარქიას მონისტური ავტორიტარული რეჟიმებისგან ანუ ტოტალიტალური სისტემებისგან, და, მეორე მხრივ, ჯოან ლინცის გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, შეზღუდული პლურალიზმის ავტორიტარული რეჟიმებისგან. მონისტური დემოკრატიის იდეალთან შედარებით, რომელიც კლასიკური ათენიდან რუსომდე არსებობდა, ორგანიზაციული სუბსისტემებისა და სუბმმართველობების ძალაუფლება და ავტორიტეტი, დემოკრატიული თვალსაზრისით, ნაკლებად არის მნიშვნელოვანი.
თუმცა პარადოქსულია (ან შესაძლოა არც იმდენად პარადოქსული), რომ ჩვენს სამყაროში მონიზმის თეორია და პრაქტიკა ყველაზე კარგად ავტორიტარულ რეჟიმებშია წარმოდგენილი. თუკი თანამედროვე სამყაროში პოლიარქიის ყველაზე აშკარა ალტერნატივად გვევლინება არა ქალაქ-სახელმწიფოს დემოკრატია, არამედ ავტორიტარიზმი, მაშინ, დემოკრატიის პერსპექტივის თვალსაზრისით, პოლიარქიისა და პლურალიზმის არასრულყოფილი სისტემები უფრო მიმზიდველად გამოიყურება. რადგან თუ იდეალურ მონისტურ დემოკრატიასთან შედარებით პოლიარქიისა და პლურალიზმის სუბსისტემები ვეებერთელად და მოუხერხებლად გვეჩვენება, ავტორიტარული რეჟიმების მონიზმთან და შეზღუდულ პლურალიზმთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა.
ავტორიტარული რეჟიმები შეზღუდულები აღმოჩნდებიან ხოლმე თავიანთ ძალაუფლებაში პირველ ყოვლისა პოლიარქიის ინსტიტუტებით. ამრიგად ის, რომ ორგანიზაციის ძალაუფლება და ავტორიტეტი შეზღუდულია, სულ მცირე, ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს, რომელიც ნათელი მინიშნებაა, თუ რატომ აქვთ საკმაოდ ძლიერ ორგანიზაციებს ავტონომიის ისეთი ხარისხი, რომელსაც ისინი ფლობენ. მეორე მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც დავრწმუნდით, ეს ორგანიზაციები აუცილებელია მნიშვნელოვანი მასშტაბის დემოკრატიისთვის. გარდა ამისა, დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებულია ადრეულ პლურალისტთა შეხედულებები: შედარებითი ავტონომიურობა აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისა და სათანადო სოციალურ-პოლიტიკური წყობისათვის. ამის გარეშე მათი არსებობა წარმოუდგენელია.
ამიტომ მათი არსებობა ისეთივე საფუძვლიანია, მორალურია და პრაქტიკულია, რამდენადაც თვით სახელმწიფოს არსებობა. საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების რთული სისტემა, რომელშიც ისინი მონაწილეობენ, ხშირად განიხილება როგორც ძალზე მოხერხებული უტილიტარული აზრით, ყოველ შემთხვევაში, ძალზე მოხერხებული ნებისმიერ სხვა ალტერნატივასთან შედარებით. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, უკანასკნელი, მიზეზი - პოლიარქიის პირობებში ნებისმიერი მთავრობისთვის მეტად რთულია ხელყოს როგორც მრავალი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ავტონომია, ასევე მათი ავტორიტეტული მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში. მიუხედავად ამისა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ უკვე ვიპოვეთ დამაკმაყოფილებელი გზა პლურალიზმსა და დემოკრატიას შორის არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, რომელიც ამჟამად არსებობს როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში. დემოკრატიული პლურალიზმის ანომალია, რომელზედაც ოციოდე წლის წინ წინასწარმეტყველურად მიუთითა ნორვეგიელმა სტეინ როკანმა, აქამდე არ არის დაძლეული (მოგვარებული): ითვლიან ამომრჩეველთა ხმებს, მაგრამ ხშირად მაინც ორგანიზაციული რესურსები წყვეტენ საქმეს.
თარგმნა
დავით თინიკაშვილმა
შენიშვნები:
________________
1. ჩარლზ ლინდბლომი - ამერიკელი პოლიტოლოგი.
2. vivere civile - (ლათ.) სამოქალაქო ცხოვრება.
3. სტეინ როკანი (1921-1979) - ცნობილი ნორვეგიელი პოლიტოლოგი.
![]() |
8 სამართლიანობის პოზიციიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ორიენტირი
„საქართველოს ყველა მკვიდრი - ქართველიც, ოსიც, აფხაზიც, ლეკიც და აზერბაიჯანელიც, ქრისტიანიც, მაჰმადიანიცა და იუდეველიც, რესპუბლიკელიცა და მონარქისტიც, თქვენ წარმოიდგინეთ, „ცალკე აღებული“ კომუნისტიც კი ზურაბს, როგორც მართლა ქრისტიანს, მოყვასად მიაჩნდა, ყოველ მათგანს პატივს სცემდა და ამიტომაც ჰქონდა ეს „უცნაური უნარი“-მათთან თანასწორი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა შეეძლო. შვილით ტრაბახი არ დამაბრალოთ - ეს უნარი ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს მას, ვინც დემოკრატობაზე დებს თავს“.
ნიკო ჭავჭავაძე
ნინო ხიდაშელი
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და მისმა რამდენიმე ლიდერმა დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის მომავალი. დღეს უკვე ცხადია, რომ ეს მოძრაობა ჩვენთან მთლიანად ნაციონალისტური იყო, ნაკლებად იყო ორიენტირებული ადამიანის უფლებებსა და იმ ლიბერალურ ღირებულებებზე, რასაც თანამედროვე ევროპული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს. 9 აპრილის ტრეგედიის შემდეგ კი ნაციონალისტურ აღტკინებას რელიგიური ისტერიაც დაემატა, რაც გარკვეულწილად ახლაც, თითქმის 30 წლის შემდეგაც, გრძელდება. დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით უფრო იოლი დასანახია, ერთი მხრივ, ის შეცდომები, რაც მაშინდელმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და მასთან ერთად მთელმა ქართულმა საზოგადოებამ დაუშვა, მეორე მხრივ კი, ის სტრატეგია, რაც საბჭოთა იმპერიამ თავისუფლებამოწყურებული საქართველოს წინააღმდეგ აამუშავა და, საბოლოოდ, წარმატებით გამოიყენა კიდეც.
იმდროინდელ ქართულ არაფორმალურ პოლიტიკურ სპექტრში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა და მისი გამოკვეთილი ლიდერის, ზურაბ ჭავჭავაძის მოღვაწეობა სწორედ ზომიერი, არაისტერიული პათოსითა და რეალისტური პოლიტიკის გატარების მცდელობით გამოირჩეოდა. ზურაბ ჭავჭავაძეს, სამწუხაროდ, არ დასცალდა საკუთარი იდეების რეალიზება: ვერც საქართველოს დამოუკიდებლობას მოესწრო და ვერც თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსად იქცა - 1989 წლის 21 დეკემბერს, 36 წლისამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. დღეს, როცა მისი სტატიების, ინტერვიუების, გამოსვლების ჩანაწერებს ვეცნობით, ცხადი ხდება, რომ მისი სახით საქართველოს სახელმწიფომ საღი აზრის მქონე და ძლიერი პოლიტიკოსი დაკარგა.
„ზურაბი იმდროინდელ პოლიტიკურ კონიუნქტურაში კარგად ვერ ეწერებოდა, მაგრამ შემდგომ აბსოლუტურად შეუცვლელი ადამიანი იქნებოდა. მას ჰქონდა უნიკალური თვისება: ერთი მხრივ, იყო ქართველი ტრადიციონალისტი და პატრიოტი, მეორე მხრივ კი - ლიბერალი, დასავლური ორიენტაციის ადამიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა დემოკრატია და ლიბერალური ღირებულებები. ვერ იტყოდი, რომელი ჭარბობდა მასში. რელიგიასთან მიმართებაშიც სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. იყო მართლმადიდებელი, და ასევე - ტოლერანტი ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის მიმართ“, - ამბობს ზურაბ ჭავჭავაძის ახლო მეგობარი დათო ზურაბიშვილი.
ზურაბ ჭავჭავაძე 1953 წლის 5 თებერვალს დაიბადა თბილისში. ცნობილი ფილოსოფოსის, ნიკო ჭავჭავაძის, ვაჟმა თავიდან ქიმიკოსობა გადაწყვიტა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ამ პროფესიას აღმოსავლეთ გერმანიასა და მოსკოვში ეუფლებოდა, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა და ალბათ არც არაფერი შეუშლიდა ხელს მომავალ წარმატებულ მეცნიერულ კარიერას, რომ არა მისი არჩევანი - ზურაბ ჭავჭავაძემ 1986 წელს ექსტერნად ჩააბარა ქართული ლიტერატურის ისტორიის საუნივერისტეტო კურსი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „XII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“. სასულიერო პოეზიით მისი დაინტერესება ალბათ იმანაც განაპირობა, რომ 1979 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პირად მდივნად მუშაობდა, მონაწილეობას იღებდა საეკლესიო ცხოვრებაში და სასულიერო ლიტერატურასთან ახლო შეხება ჰქონდა. ზურაბ ჭავჭავაძის დისერტაციაც და რამდენიმე სამეცნიერო წერილიც, არა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურის, არამედ, უპირველესად, ქრისტიანული თეოლოგიის ღრმა ცოდნით გამოირჩევა. მისი დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი სარგის ცაიშვილი, იგონებდა: „ზურაბ ჭავჭავაძესთან შეხვედრა შეუმზადებლად მოხდა. ერთ დღეს ლიტერატურის ინსტიტუტის კარი ახოვანმა ჭაბუკმა შემოაღო... ზურაბი შეეჭიდა ისეთი სფეროს კვლევას, როგორიცაა სასულიერო პოეზია. მისი ნაშრომი, „დავით აღმაშენებლის აღსარება“, არის არა მხოლოდ მეცნიერული ნარკვევი, არამედ ესეისტური ჩანახატიც, სადაც აშკარად ჩანს მისი პიროვნული თვისებები. იმედით ველოდებოდი იმ ხელსაყრელ ჟამს, როცა დაუბრუნდებოდა მეცნიერულ მოღვაწეობას, მაგრამ ზურაბ ჭავჭავაძე გატაცების კაცი იყო და ბოლო წლებში მთელი არსებით გადაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში“. ფილოლოგიური მოღვაწეობა ზურაბ ჭაჭავაძეს გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია, აქვეყნებდა საკმაოდ საინტერესო წერილებს ძველი და თანამედროვე ქართული მწერლობის შესახებ, მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანის მთავარი სარედაქციო კოლეგიის სამეცნიერო ლიტერატურის განყოფილების გამგედ. მისი რედაქტორობით გამოიცა არაერთი წიგნი, მათ შორის, ზურაბ სარჯველაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“.
ზურაბ ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი, ვინც მამა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევდა. ჩავიდა პოლონეთში, შეხვდა იქაურ მეცნიერებს, მოიძია მასლები, თარგმნა და ქართულ პრესაში გამოაქვეყნა გრიგოლ ფერაძის შესახებ პოლონელი მკვლევარის მიერ დაწერილი სტატია. დავით ზურაბიშვილი იხსენებს, რომ რახან საქარველოში უკვე შეინიშნებოდა რელიგიური ფანატიზმის პირველი ნიშნები, ზურაბი თვლიდა, - აუცილებელი იყო ისეთი მოღვაწის პოპულარიზაცია, როგორიც მამა გრიგოლი გახლდათ: მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ვინც სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში და ამასთანავე - ბრწყინვალე მკვლევარი, ეკლესიათა შორის დიალოგის მომხრე და თანამედროვე ეკუმენური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ზურაბ ჭავჭავაძე ერთგან წერდა: „ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირში რევოლუცია ხორციელდება „ზემოდან“, ჩვენი ინტელიგენცია კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა. შეხედეთ, რა ხდება რუსულ პრესაში - იბეჭდება ათი, თხუთმეტი წლის წინ დაწერილი სქელტანიანი რომანები, რომელთა შექმნისას, ავტორებს, ცხადია, არ ჰქონდათ მათი გამოცემის იმედი. ჩვენს მწერლებს კი, მცირედი გამონაკლისების გარდა, არაფერი აღმოაჩნდათ გამოსაქვეყნებელი. ჩვენი ინტელიგენცია მომავალზე ნაკლებად ფიქრობს და, მაშასადამე, ვერ ასრულებს თავის უპირველეს ფუნქციას“. ეს მსუბუქი და სევდანარევი საყვედური ქართველი მწერლების მიმართ ნამდვილად არ ყოფილა უსაფუძვლო - მაშინდელი ინტელიგენცია მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობდა საბჭოეთში და კარგად იყო მორგებული იმდრიონდელ კონიუნქტურას. ქართველების კონფორმიზმს ძალიან მარტივად ახადა ფარდა საბჭოთა ცენზურის შესუსტებამ და შემდეგ - გაქრობამ. ზურაბ ჭავჭავაძე ამ სამწუხარო რეალობას კარგად ხედავდა და რადგან იმდროინდელი „კომუნისტობა“ წმინდა წყლის ფორმალობად მიაჩნდა, თვლიდა, რომ ინტელიგენციასთან თანამშრომლობა აუცილებელი იყო; არა დაპირისპირება, არამედ დიალოგი და ქვეყნის მართვაში მათი ჩართვა.
ზურაბ ჭავჭავაძე ერთ-ერთი მოთავე იყო საბჭოთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წამებით მოკლული ნაზი შამანაურის დღიურების გამოცემისა. მიუხედავად იმისა, რომ უფლებადაცვითი საქმიანობა იმ წლებში ქართველი არაფორმალებისთვის არ ყოფილა პირველი რიგის საკითხი, ის ადამიანის უფლებების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ზურაბ ჭავჭავაძის ბავშვობის მეგობარი რესტავრატორი სოსო ბანძელაძე იხსნებს, რომ ზურამ, თამრიკო ჩხეიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, 1988 წლის გაზაფხულზე მთავრობის სასახლის წინ სულ რამდენიმეკაციანი მიტინგი მოაწყო. მომიტინგეები იმხანად პატიმრობაში მყოფი თინათინ ფეტვიაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. თინათინ ფეტვიაშვილი 1983 წელს „თვითმფრინავის ბიჭებთან“ ერთად დაიჭირეს. მაშინ მილიცია ჩაერია და მომიტინგეები მალევე დაშალეს. თუმცა მცდელობას ამაოდ არ ჩაუვლია - ზურაბმა სტატიაც გამოაქვეყნა, ბევრი იარა საბჭოთა მოხელეების კაბინეტებში და მიაღწია იმას, რომ თინათინ ფეტვიაშვილი გაათავისუფლეს.
ზურაბ ჭავჭავაძის პოლიტიკური მოღვაწეობა 1987 წლიდან იწყება: „თავიდან, როცა ჭავჭავაძის საზოგადოება შეიქმნა, ზურაბი მისი წევრი არ ყოფილა, მაგრამ ხშირად იყო ხოლმე ჩვენთან ერთად, - იგონებს თამარ ჩხეიძე, - ასე ხუმრობდა, მე ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი კი არა, ნათესავ, - ჭავჭავაძე ვარო, მაგრამ შემდეგ ინტენსიურად ჩაერთო ჩვენს მოძრაობაში. ის ინიციატივიანი ადამიანი იყო, სულ ახალ-ახალ გზებს ეძებდა და მალე გამგეობის წევრადაც ავირჩიეთ. როცა საქმეს მოჰკიდებდა ხელს, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ებმებოდა ხოლმე მასში“. ძალიან მალე ზურაბ ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამოკვეთილ ლიდერად იქცა.
„თავისუფლება მოვა და ამ დიდი ხნის ნანატრი დღის დადგომა, შეიძლება, მარტო ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული. მაგრამ ის, რომ თავისუფლება შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ დამოუკიდებელი საქართველოს ხელმეორედ ანექსია, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზრუნავია“, - ამბობდა ზურაბ ჭავჭავაძე თავის უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის“ მისცა. ამ ნაწყვეტიდან, და უფრო კი მთელი ინტერვიუდან, კარგად ჩანს ის პოლიტიური რეალიზმი, რითაც ზურაბ ჭავჭავაძე იმდროინდელ არაფორმალთა სპექტრში ნამდვილად გამოირჩეოდა; ჩანს ისიც, თუ როგორ ჰქონდა გააზრებული იმ საფრთხეთა უმეტესობა, რომელთა წინაშეც დამოუკიდებელი საქართველო აუცილებლად დადგებოდა, და ის პასუხისმგებლობაც, რომელიც სწორედ მათ, მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერებს აწვათ მხრებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ქართველ ხალხს შთააგონებდა, რომ საბჭოთა იმპერიას სწორედ ჩვენ, ქართველები, ვშლიდით, და რომ მთავარი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო - მერე კი... მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, და, თუ მოგვშივდებოდა, „ბალახსაც შევჭამდით“.
წიგნში, რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ გამოიცა, მისი სამეცნიერო შრომები, ესეები, სტატიები, თარგმანები და ინტერვიუებია თავმოყრილი. მხოლოდ ამ პატარა წიგნის მიხედვითაც კი საკმაოდ იოლი მისახვედრია, ბევრ საკითხზე როგორი რეალისტური, დღეისთვისაც კი თანამედროვე და საღი თვალსაზრისი ჰქონდა ზურაბ ჭავჭავაძეს, უპირველესად კი - ეროვნებათაშორის ურთიერთობებსა და იმ ნაღმებზე, რაც საბჭოთა სისტემამ საქართველოში ჩადო, რომელთა პირისპირაც საბჭოეთისგან თავდახსნილი საქართველო აუცილებლად აღმოჩნდებოდა. სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელიწადი ზურაბ ჭავჭავაძემ სწორედ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მოგვარებას მიუძღვნა. წიგნში შესული სტატიების უმეტესობაც სწორედ ამ საკითხებს შეეხება. „პოტენციურ მოკავშირეებს მტრად ნუ მოვიკიდებთ“ - გვაფრთხილებდა იგი.
ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მისი მეგობრები და თანამებრძოლები ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ მას კამათისას შეეძლო თვით ყველაზე მტრულად განწყობილი ადამიანებიც კი დაერწმუნებინა საკუთარი პოზიციის სისწორეში. შეეძლო უკვე აგორებული კონფლიქტების დაწყნარება და ეს არაერთხელ გაუკეთებია კიდეც. ერთგან წერდა: „თუ ჩვენ პოლიტიკაში ვმონაწილეობთ, ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც ჩვენ გვიყვარს, ვინც ჩვენ გულზე გვეხატება და ვინც ჩვენი ბიძაშვილ-მამიდაშვილია, იმასთან მივიდეთ და მოვნახოთ საერთო ენა; ჩვენი მოვალეობაა, საერთო ენა მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულად არის განწყობილი. ეს არის ხელოვნებაც პოლიტიკური მოღვაწეობისა და აუცილებლობაც“
„ზურაბ ჭავჭავაძე ეროვნებათაშორის ურთიერთობებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, - ამბობს თამარ ჩხეიძე, - მისი პოზიცია ჯანსაღი იყო: მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტის გაჩაღება. მით უმეტეს, აშკარად ჩანდა, რომ ეს კონფლიქტები შეგნებულად მზადდებოდა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ამას პროვოკატორების საშუალებით აკეთებდა, და ასეთ პროვოკატორებს, როგორც წესი, ორივე მხარეს პოულობდა ხოლმე. თანაც ზურაბისთვის უცხო იყო ის თვალსაზრისიც, რომ ყველაფერი ქართველების ბრალია. მისი ტოლერანტობა კაპიტულანტური კი არ იყო, არამედ ჯანსაღი პოზიციიდან უდგებოდა საკითხს. მან რამდენჯერმა ჩაშალა აშკარა პროვოკაცია, როცა უკვე თითქმის შეტაკების პირას იყო საქმე მისული. მაშინ ცხინვალში არაქართულ მოსახლეობაში გაავრცელებდნენ ხმას, ქართველები მოდიან და უნდა დაგვარბიონო; აქ, თბილისში გაიმართებოდა მიტინგი, სადაც ამბობდნენ, რომ, აი, ოსები ხოცავენ ქართველებს, წავიდეთ, რამე ვიღონოთო. იქ მაშინ სიტუაცია შეტაკებისთვის მზად არ ყოფილა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა. ასეთ დროს ზურაბი ჩვენი საზოგადოების წევრებთან ერთად სასწრაფოდ გარბოდა ხოლმე ცხინვალში და იქაურებთან მოლაპარაკებას ცდილობდა. საუბარი ყოველთვის იმ პოზიციიდან მიმდინარეობდა, რომ არავითარი სახელმწიფო საქართვლოს გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს. ზურა სამართლიანობის პოზიციიდან ესაუბრებოდა ყველას - მტრული დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ არცერთ ეთნიკურ უმცირესობასთან არ უნდა დაგვეშვა“.
ზურაბ ჭავჭავაძე ცდილობდა დაერწმუნებინა აფხაზები და ოსები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არათუ შეზღუდავდა მათ უფლებებს, არამედ პირიქით - თავისუფალ საქართველოში მათ ფართო კულტურულ ავტონომიას, ენის, კულტურის განვითარებას და ადამიანის უფლებათა დაცვას ჰპირდებოდა. 1988 წელს, აფხაზებთან სოხუმში შეხვედრის შემდეგ, როდესაც აფხაზური ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრებს უთხრეს, არ ვართ დაინტერესებულები ჩვენმა შვილებმა განათლება აფხაზურ ენაზე რომ მიიღონ, ჩვენ რუსულს ვანიჭებთ უპირატესობასო, ზურაბ ჭავჭავაძემ აღნიშნა: „მე მგონია, რომ ამ ფაქტიდანაც (ანალოგიური კი უამრავია) შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ანტიქართულ მოძრაობას აფხაზეთში არ შეიძლება დაერქვას აფხაზური ეროვნული მოძრაობა. იგი, ფაქტობრივად, ანტიაფხაზურიც კი არის“. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭავაძე ხედავდა აფხაზების განწყობას, მაინც აგრძელებდა მათთან მუშაობას, ცდილობდა მოეწყო ერთობლივი მიტინგები, გამოენახა საერთო ენა. მაგრამ უპირველეს ამოცანად აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვას მიიჩნევდა. 1989 წლის 2 აპრილს სოხუმში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, სადაც ითქვა, რომ „ქართველები აუცილებლად იპოვიდნენ გზას აფხაზთა გულებისკენ“. თბილისის აპრილის მოვლენებიც სწორედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით დაიწყო. აქციებისა და გაფიცვის მთავარი მიზანიც ეს იყო - იძულებული გაეხადათ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მიეღო კონკრეტული ზომები აფხაზეთში ქართველთა უფლებების დასაცავად. მალევე მიტინგის მიზანი შეიცვალა და სსრკ-დან საქართველოს დაუყოვნებლივ გამოყოფის მოთხოვნაში გადაიზარდა, და, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავაჭავაძე აპრილის მიტინგებზე ამ მოთხოვნის წინააღმდეგი იყო (ის მიიჩნევდა, რომ სსრკ იშლებოდა და დამოუკიდებლობა მაინც მოვიდოდა. მთავარი სხვა რამ იყო - როგორ შევძლებდით დამოუკიდებლად ცხოვრებას), მაინც ბოლომდე მონაწილეობდა ამ აქციაში და ბუნებრივია, 9 აპრილის ღამესაც იქ იყო.
1989 წლის 21 ივლისს ზურაბ ჭავჭავაძემ საქართველოს უახლეს ისტორიაში უჩვეულო ფურცელი ჩაწერა: თანამოაზრეებთან ერთად ჩავიდა ცხინვალში, სადაც სიტუაცია უაღრესად დაძაბული იყო, შეხვდა ოსური არაფორმალური ორგანიზაციის „ადამონ ნიხასის“ ხელმძღვანელებს და მოლაპარაკებები გამართა მათთან. მაშინ ორივე მხარემ შეძლო ერთმანეთისთვის მოესმინათ და ერთობლივი განცხადება მიეღოთ: „შეიძლება ითქვას, ჩვენ ფსიქოზის წინაშე ვდგავართ, რომელიც შეიძლება მხოლოდ გონივრული და ერთობლივი მოქმედებებით ავიცილოთ. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოძმე ხალხებს, ნუ აჰყვებიან პოლიტიკოსთა ლიტონ განცხადებებს, (...) როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლირებას. კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ პირიქით - უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს... ჩვენ ვაცხადებთ, რომ არავის მივცემთ ნებას, ხელყოს ჩვენი ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი, რამეთუ კარგად ვუწყით: ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია მხოლოდ ორივე ჩვენი ხალხის მტერი“. ოსი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ალან ჩოჩიევი, მაშინ აღნიშნავდა, რომ ქართველი არაფორმალებიდან ყველაზე მეტად ზურაბ ჭავჭავაძე მოსწონდა: დათმობაზე წასვლა არ უყვარს, პრინციპულია, მაგრამ ზურაბს დიალოგის ღირსეულად წარმართვა შეუძლიაო.
ზურაბ ჭავჭავაძე სტატიას, რომელიც მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების საკითხებს მიუძღვნა, ასე იწყებს: „ილია ჭავჭავაძის ბედი დაჰყვა მისი სახელობის საზოგადოებას. ჩვენც დიდი ილიას მსგავსად გაუთავებლად გვლანძღავენ, ათასგვარ საძაგლობას გვიგონებენ“. მაშინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ძალიან ბევრ საკითხში რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ, მათ შორის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ 1944 წელს სტალინის მიერ საქართველოდან ერთ ღამეში გასახლებული მესხების საქართველოში დაბრუნებას. საგულისხმოა ისიც, რომ ზვიად გამსახურდია თავიდან მომხრე იყო მესხთა ჩამოსახლებისა, მაგრამ შემდეგ უცებ შეიცვალა პოზიცია. ზურაბ ჭავჭავაძე ამ თემასაც ჰუმანურად და გონივრულად უდგებოდა: მიიჩნევდა, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მიეღო ეს ნატანჯი ხალხი (მაშინ ფერღანის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო). საჭირო იყო იმ მესხების ეტაპობრივი ჩამოსახლება, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ ქართული ძირები და სამშობლოში დაბრუნება სურდათ. პოლიტიკურ ოპონენტებს კი ილიას ცნობილ „ოსმალოს საქართველოს“ ახსენებდა: „ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს“...
გამსახურდიას რიტორიკა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით იმ ხანებში ამგვარი გახლდათ: „ახლა ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, ვითომცდა ეროვნული მოძრაობა, ცრუეროვნული მოძრაობა და იძახის, როგორ გეკადრებათ, ხალხნო, ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართო, ჩვენ ხალხთა მეგობრობა უნდა ვიქადაგოთო, ჩვენ არჩევნებში ყველას უნდა მივაღებინოთ მონაწილეობაო: ლეკსაც, თათარსაც, სომეხსაცო. ქართველი ერი არ უჭერთ მხარს, გესმით? ახლა ამათი მხარდაჭერა უნდათ და ეუბნებიან, რას ბრძანებთ, სად მიდიხართ, ეს ხომ თქვენი მამულია, თქვენი მიწააო, როგორ გეკადრებათ, ვინ გიშვებთო. აგერ, თათრებს ეფერებიან შუა ქართლში. აი, ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ცრუ ჯგუფები, ცრუ პარტიები, (...) აქ ცრუ საზოგადოებაც არის, ვითომ ჭავჭავაძის, ისინიც ამ გზაზე დგანან. ილიას წმინდა სახელი დაირქვეს ამ მოღალატეებმა და მერე თურქების ნახევარმილიონიან არმიას მოეზიდებიან საქართველოში. ახლა ესენიც გულმოცემულები არიან, ლეკებიც. ამბობენ, კაცო, არ ყოფილა ისე ჩვენი საქმე, ეს ჩვენი სამშობლო ყოფილაო. ამას ეროვნული მოძრაობა ამბობს, არაფორმალები ამბობენო, კაცო, გესმით? აი, რას აკეთებს მთავრობა. დაინახა გაუტყდა ავტორიტეტი, ხალხი მას აღარ უჯერებს და ახლა შექმნა თავისი აგენტები ჩვენს მოძრაობაში, გესმით? თავისი აგენტების ჯგუფები, რომ ეს არაქართული მოსახლეობა აქ გაამრავლოს, რომ მერე გადაგვყლაპონ კარგად, გესმით? გესმით, რა შეთქმულებაა ჩვენი ერის წინააღმდეგ? (...) ეს ვითომც ეროვნული ფორუმი, ეს ცრუფორუმი, სადაც შეიყარა მოღალატეები, გამყიდველები, საქართველოს მოღალატეები შეერთდნენ და დაგვიპირისპირდნენ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას. თქვენ ნაციონალისტები ხართ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ სხვა ერებს, თქვენ ეთნოკრიზისებს იწვევთო. ეთნოკრიზისს უძახიან, ქართველებს რომ ვიცავთ, ქართ- ველი ერის ინტერესებს ვიცავთ და სამაჩაბლოში ქართველებს რომ ჟლეტენ და ჩვენ რომ ხმას ვიმაღლებთ, რომ, არიქა, დავიცვათ ოსებისგან ქართველები, თურმე, ეს ეთნოკრიზისში ჩარევა არის. თურმე ეს ნაციონალიზმია, გესმით?“ (ყვარელი, 1990. მიტინგის აუდიოჩანაწერი).
ცხადია, ამ რადიკალურ პოზიციას მარტო ზურაბ ჭავჭავაძე არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სწორედ ის იყო პირველი, ვინც აშკარად, პრესის საშუალებით დაუპირისპირდა გამსახურდიას, როცა ამ უკანასკნელმა ციხიდან ახალგამოსული დისიდენტი ზაქარია ლაშქარაშვილი სუკის აგენტად გამოაცხადა და დასავლეთში ინფორმაცია გაავრცელა, - არ დახმარებოდნენ ემიგრაციაში წასულ ლაშქარაშვილს. ზურაბ ჭავჭავაძემ გამსახურდიას, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ნებისმიერი ოპონენტისათვის „კრემლის აგენტის“ იარლიყის მიწებება, 1978 წლის მონანიება გაუხსენა, რომელიც პროგრამა „ვრემიას“ საშუალებით მთელმა საბჭოთა კავშირმა ნახა. წერილში, რომელიც ჟურნალ „ივერიაში“ 1988 წელს გამოქვეყნდა, ზურაბ ჭავჭავაძე წერდა: „მეტისმეტად თამამი ხომ არ არის გამსახურდიას განცხადება, რომ თითქოს იმხანად გარეთ აღარ იყო დარჩენილი არცერთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა გადებას საინფორმაციო ხიდისას დასავლეთში, განახორცილებდა ჟურნალის გამოცემას, გონივრეულად წარმართავდა ახალგაზრდულ მოძრაობას. ვითომ, ასე იყო საქმე? გამსახურდიას გარდა მართლა აღარავინ იყო საქართველოში?! - არ გადიოდა ინფორმაცია დასავლეთში, არ გამოდიოდა თვითგამოცემითი ჟუნალები, თუ სწორედ იმხანად - 1978 წლის 14 აპრილს არ ჩატარდა დღემდე ყველაზე მასობრივი დემონსტრაცია საქართველოს სსრ ისტორიაში? (...) რა თქმა უნდა, ქრისტიანული მოვალეობაა ადამიანის მიერ გამომჟღავნებული სისუსტის მიტევება და ჩვენც ასე უნდა მოვქცეულიყავით, რომ არა გამსახურდიას შემდგომდროინდელი სრულიად შეუწყნარებელი მოქმედებები: იგი წლების მანძილზე ცდილობს ჩირქი მოსცხოს უკლებლივ ყველას, ვინც კი დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოში. (...) ჩირქს სცხებს აკაკი ბაქრაძეს. რად ღირს თუნდაც სულ ბოლოდროინდელი ფაქტი: გამსახურდიამ მიმართა პარიზში შექმნილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტის დირექტორს ჯანრი კაშიას (რომელიც თავის დროზე ასევე სუკის აგენტად ჰყავს გამოცხადებული), მიმიღე შენს ინსტიტუტში, სანამ სუკი აკაკი ბაქრაძეს გამოგიგზავნიდესო“.
„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა“ - ასე ერქვა ვრცელ სტატიას, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც გამსახურდიამ ღირსების სასამართლოზე მიიწვია ზურაბ ჭავჭავაძე. მანამდე გამოაცხადა, ლაშქარაშვილისთვის სუკის აგენტი არასდროს მიწოდებიაო. ამ შეკრების ფირი მაშინდელ ტელევიზიას ჩაუვარდა ხელში, დაამონტაჟეს და ისე გადასცეს. ალბათ ბევრ თქვენგანს ემახსოვრება ის კადრები, გია ჭანტურია რომ ეუბნება ზურაბს - „გაგიხვრიტავ ტვინს!“. ზურაბ ჭავჭავაძის მეგობარი და მისი წიგნის შემდგენელი ანზორ აბჟანდაძე წერს: „ფირი დაამონტაჟეს ისე, რომ ზურაბ ჭავჭავაძე რაც შეიძლება არასახარბიელოდ წარმოჩენილიყო და ეს ფალსიფიცირებული ვიდეოჩანაწერი ორჯერ გადასცეს ტელევიზიით. ეს ფაქტობრივად იყო ზვიად გამსახურდიასთვის სახელის ხელოვნურად შექმნის, მისი კერპადქცევის ხელისუფალთაგან დაგეგმილი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი“
ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ის არჩევენი გააკეთა, რასაც ის თავისი ხანმოკლე პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა - რადიკალიზმი აირჩია და ვერც იმ გამოწვევებს გაართვა თავი, რისიც ზურაბ ჭავჭავაძეს ყველაზე მეტად ეშინოდა. შედეგებს კი დღეს ვიმკით...
![]() |
9 ერთი სიმი - პაატა საბელაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი წრე
„თუკი ღმერთი ჰომოფობია, ვერ ვიწამებ ასეთ ღმერთს“.
დესმონდ ტუტუ
ნინო ბექიშვილი
2005 წელს პარიზში ILGA1 ევროპის კონფერენციაზე ერთი მოლდოველი ხანშიშესული გეიაქტივისტი პაატა საბელაშვილთან მივიდა და უთხრა: „Разве грузин может бытъ геем“? თურმე ასეთი სტეროტიპიც არსებობს. ქართველების სტეროტიპებს შორის კი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან ნეგატიური დამოკიდებულება, ანუ ჰომოფობია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ თუ ჩვენს ბეჭდურ მედიას2 გადავხედავთ ან ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურებთ, ან ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმებს შევავლებთ თვალს, მისი დაძლევა დღეს შეიძლება წარმოუდგენლადაც კი მოგვეჩვენოს.
კანონმდებლობის მხრივ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე 15 წლის წინანდელი ევროპა.3 მაგრამ ეს ჩვენი საზოგადოებისგან წამოსულმა მოთხოვნამ კი არ განაპირობა, არამედ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის სურვილმა - ქართული კანონები უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოშია, თუმცა, არც აქაა იდეალური მდგომარეობა, არ არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება, რაც თავისთავად არამარტო ლგბტ ჯგუფის, არამედ, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის დაცვის გარანტია იქნებოდა.
პაატა ერთ შემთხვევას იხსენებს, რომელიც 1999 წელს რომში, ახალგაზრდული ევროპარლამენტის სესიაზე, მოხდა. პაატა საქართველოს დელეგაციის წევრი იყო. იქ ერთ-ერთმა მომხსენებლმა რეზოლუცია წარადგინა სამოქალაქო უფლებების შესახებ, რომელშიც ლგბტ ჯგუფის უფლებებზე განსაკუთრებით იყო გამახვილებული ყურადღება. ბოლოს დასძინა, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც თვითონაც გეია და ამის გამო არაერთხელ გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი. თითქმის ყველანი ფეხზე წამოდგნენ და ისე უკრავდნენ ტაშს გამომსვლელს. საქართველოს დელეგაციიდან კი მხოლოდ პაატა ადგა. თან ქართველების დამცინავ მზერას ვიჭერდი და ამაში იყო რაღაც ძალიან მტკივნეული და ავადმყოფურიო, - ამბობს იგი.
1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. მანამდე, 70-იან წლებში, ამერიკის ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაციამ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალობა პათოლოგია არ არის, მიუხედავად ამისა, ლგბტ ადამიანებს ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში უხდებათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, იმის მტკიცება, რომ არც ავად არიან, არც არაფერს აშავებენ. არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც ჰომოსექსუალებს დღესაც სჯიან. არა მხოლოდ აპატიმრებენ, არამედ კლავენ: რამდენიმე წლის წინ ირანში ორი ბიჭი საჯაროდ ჩამოახრჩვეს. ამას სამართლიანობის და ღმერთის სახელით აკეთებენ. აკეთებენ იმიტომ, რომ ადამიანები უფრო ზნეობრივები გახდნენ. საჯარო ჩამოხრჩობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალები ინტერნეტით გავრცელდა. დღეს ქვებით ჩაქოლვას ირანში ორი პორნოვარსკვლავი ელოდება. ასეთი წესი აქვთ - კაცებს ჩამოხრჩობა, ქალებს - ჩაქოლვა ელით და ამხელა ცივილიზებული მსოფლიო, ადამიანის უფლებათა დამცველი ამდენი ორგანიზაცია და აქტივისტი უძლურია ამ სისასტიკის წინაშე. „ჰომოფობია კლავს. ჰომოფობია ისაა, რაც ქრისტიანებს და ისლამისტებს აერთიანებსო“, - ამბობს პაატა. ის საქართველოში ლგბტ ადამიანთა უფლებებს იცავს. ამას ყოველთვის აკეთებს - სამუშაო და არასამუშაო დროს, მაშინაც, როცა „ფონდ ინკლუზივში“ საკმაოდ რუტინული სამუშაოს შესრულება უხდება, და მაშინაც, როცა სადმე საღამოობით მეგობრებთან ერთად ზის და საუბრობს; იქ აუცილებლად აღმოჩნდება ვიღაც, ვინც, უბრალოდ, რაღაც არ იცის, შეკითხვას სვამს და პაატაც ცდილობს ახსნას, რატომაა ჰომოფობია ჩვენს საზოგადოებაში, რა გზის გავლა მოუწიათ იმ ქვეყნებს, სადაც დღეს პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები (არტისტებზე რომ არაფერი ვთქვათ) ღიად ცხოვრობენ. ეგ კი არა, პაატა იმასაც ამბობს, ღამის კლუბში გასართობად ჩემი წასვლაც აქტივიზმის აქტია - ვიღაცას აუცილებლად მოუნდომებენ შეურაცხყოფის მიყენებას ან დაცინვას, ან, უბრალოდ, შარიან ხალხს რა გამოლევსო. იქ, სადაც სხვები გაცლას და თავის არიდებას ამჯობინებენ, პაატა ვერ ჩუმდება.
„ღიად ცხოვრებას ის უპირატესობა აქვს, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობ. ხომ მარტივად ჟღერს? ბავშვობიდანვე მინდოდა, ჩემებურად მეცხოვრა. არასდროს ვამბობდი ტყუილს, არ ვიყენებდი თავს იმ მდგომარეობაში, რომ ტყუილის თქმა დამჭირვებოდა. ტყუილის გარეშე ცხოვრება გაძლიერებს. როცა იცი, რომ მართალი ხარ, არაფრის გეშინია. ეს არის ის, რაც გადაწონის ყველა იმ პრობლემას, რაც ღიად ცხოვრების დროს ჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ იმ კლიშეებსა და სტერეოტიპებს, რაც მეტ-ნაკლებად ყველგან არსებობს, - ჰომოსექსუალი არ შეიძლება მუშაობდეს სკოლაში, დიპლომატიურ სამსახურში, უშიშროების სამსახურში, ჯარში, რადგან შეიძლება დააშანტაჟონ, - ღიად ცხოვრება აცამტვერებს - თუ ადამიანი გახსნილია და არ მალავს პირად ცხოვრებას, მაშინ მას დასაშანტაჟებელი არაფერი აქვს“.
ჰომოფობიის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა (ჩვენში - არარსებობა). გვეშინია იმის, რაც უცხოა, უცნაურია, ვერ ჯდება ჩვენს სტერეოტიპებში. ორი წლის წინ, როცა „ფონდ ინკლუზივს“, სადაც პაატა მუშაობს, საზოგადოებრივი ტელევიზიით ჰომოფობიის თემაზე საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმის ჩვენება უნდოდა, უარი მიიღო. მაშინდელმა დირექტორმა ჯერ საეთერო ბადე მოიმიზეზა, დროს ვერ გამოვნახავთო, მერე თქვა - ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა არააქტუალურიაო. პაატას ეს ყველაფერი ძალიან აბრაზებს, მაგრამ ამბობს, რომ უცხოეთში წასვლა და იქ ჰარვი მილქისნაირი მამაცი ადამიანების ბრძოლის შედეგად მოპოვებული თავისუფლების ხარჯზე ცხოვრება არ სურს. უფრო მეტიც, ეს ამორალურადაც კი მიაჩნია. უნდა, რომ წარმატებული მოდელი იყოს მათთვის, ვინც საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას მომავალში გადაწყვეტს.
„ხანდახან ძალიან მინდა, არ ვიყო გეი და ისე ვიცავდე ლგბტ ადამიანების უფლებებს, ცოტა მეუხერხულება, ისე გამოდის, რომ საკუთარი უფლებებისთვისაც ვიბრძვი, ჩემი პირადი საქმის კეთება მიწევს. ხანდახან ისიც მინდა ხოლმე, რომ სხვაგან ვიყო, არ ვიყო მოძრაობაში. სულ ვფიქობ იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს ფიქრი ფსიქოზს მმართებს. წელს მეორედ დავდექი ისეთ გუნებაზე, რომ აღარ მინდოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. პირველად რამდენიმე წლის წინ პირადი ამბის გამო მომინდა აქედან წასვლა. უბრალოდ, მინდოდა, ქუჩაში ნაცნობები რომ შემხვდებოდნენ, არ ეკითხათ, როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი. მეორედ წელს გამიჩნდა ეს გრძნობა. თითქოს ყველა სადღაცაა გასული და იზოლირებულია რეალობიდან, ვისაც რით შეუძლია - ზოგი ჟურნალ „სარკით“, ზოგი ტელვიზორით, ზოგი ფეისბუქშია ჩაკეტილი. ყველა საკუთარ ნაჭუჭშია. როცა გამოჩნდა პროტესტის პატარა ტალღა, პირველი არხის გადაცემა „დიდ ათეულთან“ დაკავშირებით, და ტელევიზიის წინ მივედით, ადამიანების რაოდენობამ შემაშინა. შემაშინა ჩვენი პროტესტის უსუსურობამ - ძალიან ცოტანი ვიყავით. როცა არ ხედავ, გგონია, რომ სადღაც მაინც არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს, თუ დაგჭიდება. უცებ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს პირადად ვიცნობ და ამან მართლა შემაშინა...“.
„თუ ნამდვილ საჭიროებას ვერ ვგრძნობ, საქმეს ვერ ვაკეთებ ხოლმე. 2005 წელს ერთ-ერთ კერძო კლუბში ათი გეიფართი მოვაწყვე, „ქამინგაუთ ფართები“4 დავარქვი. მანამდე ხალხი ცალ-ცალკე დადიოდა ან წყვილად და მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. სადმე სხვაგან თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, თვალს არიდებდნენ, ვინმეს რამე რომ არ ეფიქრა. ერთ მშვენიერ დღეს შევუთანხმდი კლუბს, იქ შაბათობით დიჯეი მოჰყავდათ ხოლმე და მაინც დიდი მხიარულება იყო. მანამდე, ვისაც ვიცნობდი, ყველას დავუარე და დავპატიჟე. პირველ შეხვედრაზე 62 ადამიანი მოვიდა, ტევა არ იყო კლუბში. მერე ნელ-ნელა ჯფუფის შეგრძნებაც გაჩნდა, დაიწყეს მეგობრობა, ჯგუფი შეიკრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსაწვევში ეწერა „გეიფართი“, ბევრი ჩვენი ჰეტეროსექსუალი მეგობარიც დადიოდა. მაგრად ვერთობოდით“.
სწორედ ამ პერიოდში პაატამ ეკა აღდგომელაშვილის ვებსაიტი minority.ge აღმოაჩინა, ცდილობდა ILGA-სთან დაკავშირებას, რომელიც იმ დროს არ იყო დაინტერესებული საქართველოთი, არ უნდოდათ ყამირ მიწაზე ფეხის დადგმა. სწორედ ასე, ILGA-ს საშუალებით დაუკავშირდა მოლდოველი აქტივისტი მაქსიმ ანმეგეკიანი, რომელიც მაშინ მოლდოვურ ლგბტ ადამიანების უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში მუშაობდა. დღეს მაქსი და პაატა ერთად მუშაობენ ILGA-ს ევროპის ორგანიზაციაში, პაატა ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ერთადერთი წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. პირველად ILGA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე პაატა პარიზში მოხვდა, და ჰყვება, რომ ეს სახალისო და დასამახსოვრებელი თავგადასავალი იყო. „პარიზის მერმა, რომელიც გეია, მიღება მერიაში გამართა. პარიზის მერია ძალიან ლამაზი სასახლეა. რომ შევედით, ბურჟუაზიულ ფრანგულ ფილმებში რომ გვინახავს, ზუსტად ის სიტუაცია იყო, თაიგულებითა და შამპანურებით დაგვხვდნენ. დარბაზში ექვსფერიანი დროშა და ევროკავშირის დროშა იყო გამოფენილი, დარბაზამდე, კორიდორში კი - ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ კონფერენციას. „როცა ჩვენი დროშა დავინახე, დიდი სიამაყე ვიგრძენი“.
პაატამ და მისმა მეგობრებმა 2006 წელს დააფუძნეს „ფონდი ინკლუზივი“, რომლის რეგისტრაციის ცნობაში წერია - „ფონდი ინკლუზივი - საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია“. პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ თითზე ჩამოსათვლელია ასეთი ორგანიზაციები, რომელთაც ღიად უწერიათ წესდებაში თავიანთი საქმიანობის შესახებ. ფონდის დამფუძნებლებმა მაშინ გადაწყვიტეს, რომ კომპრომისის დრო არ იყო.
ეკა აღდგომელაშვილი თვლის, რომ სოციალური თვალსაზრისით ამ ადამიანების ერთად შეკრება, მაშინ, როდესაც მათთვის არ არსებობს საჯარო სივრცე, მნიშვნელოვანია:
„ორი ტიპის ადამიანები არსებობენ. ერთნი, რომლებსაც არ მოსწონთ გარემო, მაგრამ ცდილობენ შეიცვალონ, ადაპტირდნენ და მოერგონ მას, და მეორენი, ვისაც აქვთ ამბიცია, რომ გარემო შეცვალონ, იმიტომ, რომ უსამართლოა. ადამიანს, რომელსაც ღირსების გრძნობა გააჩნია (აქ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს), უჩნდება ბუნებრივი პროტესტი უსამართლო გარემოს მიმართ; მერე უკვე როლი და გარემო გაიძულებს იყო ასეთი - გამოიჩინო სამოქალაქო გმირობა. პაატა მეორე ჯგუფს მიეკუთვნება. ლგბტ ადამიანების თემა ჩვენთან არა მხოლოდ საჯარო სივრცეში, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაშიც ტაბუირებული იყო. როცა ვებგვერდის პროექტი წარვადგინე, სოროსის ფონდმა უარი მითხრა დაფინანსებაზე იმ მიზეზით, რომ ეს თემა არ არის აქტუალური საქართველოშიო. მაშინ „ქალთა გლობალური ფონდი“ დამეხმარა. შევხვდით რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ საკითხებზე იქნებოდა ორიენტირებული. რაღაც მზაობა გაჩნდა. ჯგუფის შეკვრას ალბათ პაატას გარეშე ძნელად თუ შევძლებდი“.
პრინციპი, რაზედაც თავიდანვე შეთანხმდნენ, იყო ინკლუზია, ანუ მაქსიმალური ჩართულობა. ესაა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც შეკრულია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო. ამას ემყარება ეს ერთობა. რაც უფრო ნაკლებია ჰომოფობია, მით უფრო ნაკლებადაა ჯგუფის შიგნით ჩაკეტილობა. თავიდან ჯგუფიც საკმაოდ ჰომოფობიური იყო, ისეთივე სტერეოტიპები ჰქონდათ, როგორც დანარჩენ საზოგადოებას. არსებობდა ჰეტეროფობიაც, რაც მაინცდამაინც არცაა გასაკვირი. აღსანიშნავია ისიც, რომ „ინკლუზივში“ მარტო გეები და ლესბოსელები არ მოდიოდნენ, მოდიოდნენ მათი მეგობრებიც, ადამიანები, ვისაც ეს საკითხი, უბრალოდ, აინტერესებდათ.
ეს ჯგუფური შეხვედრები გავრცელებული პრაქტიკაა, როცა ადამიანი მოდის არა კონკრეტულ თემაზე საუბრის მოსასმენად, არამედ იმიტომ, რომ სწორედ მიზეზია მისთვის საინტერესო. პაატას და ეკას თავიდან ცოტა გაუჭირდათ, იმიტომ, რომ „ინკლუზივში“ ცოტანი დადიოდნენ და ისიც, ძირითადად, ბიჭები, მერე ნელ-ნელა შეემატათ გოგონებიც. შარშან კი უფრო მეტი გოგო დადიოდა, ვიდრე ბიჭი. ფონდში შეხვედრებისას ინფორმაციას იღებდნენ, ბევრ ახალს გებულობდნენ და, შესაბამისად, დამნაშავედ აღარ გრძნობდნენ თავს, სტიგმა ეხსნებოდათ. ეს „ინკლუზივის“ დამფუძნებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. „ინკლუზივში“ ცალკე აქვთ სადისკუსიო კლუბიც, ორი წელია, რაც ქალთა კლუბიც დაამატეს. დიდი შრომა დასჭირდა საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას და ჯგუფის შიგნით ჰომოფობიის აღმოფხვრას. თურმე თავიდან ბევრი იმასაც კი ვერ ხვდებოდა, როდის ხდებოდა მათი დისკრიმინაცია. დღეს საქართველოში პირდაპირი დისკრიმინაცია თითქოს არ არსებობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ზოგიერთები სამსახურიდან სწორედ ორიენტაციის ნიშნით დაითხოვეს, მაგრამ სულ სხვა რამ მოიმიზეზეს. ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც ხშირია. ისიც ხდება, რომ მშობლები სახლიდან აძევებენ შვილებს, მაგრამ როგორც წესი, თვითონ ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი ორიენტაცია დამალონ და ამ ფაქტებზეც ჩუმდებიან. როცა ბევრი ადამიანი ცხოვრობს ღიად, სწორედ მაშინ იწყება პირდაპირი დისკრიმინაცია.
გიორგი სამნიძე: პაატა „ინკლუზვში“ გავიცანი. „ინკლუზივამდე“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, რომ გეი ვარ - შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩემი იდენტობის უმთავრესი ნაწილი. ამ შეხვედრების მერე კი მივხვდი, რატომ ხდებოდა ასე - ჩემთვის სექსუალური ორიენტაცია პრობლემა იყო და იმიტომ. არც ისე დიდი დრო გავიდა და საკუთარ ორიენტაციას უკვე სულაც არ აღვიქვამ რაიმე განსაკუთრებულ ნიშნად, ეს ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც, მაგალითად თვალების ან თმის ფერი, ან კიდევ ის, რომ მარჯვენა ხელით ვწერ და არა - მარცხენათი. პაატა მეუბნებოდა - უნდა იყო ღია, არ მოერიდო საკუთარი პრობლემების გაანალიზებას, თვალი არ დახუჭო რაღაცაზე და მიხვდები, რომ დროთა განმავლობაში ის, რაც პრობლემა იყო, სასაცილოდ მოგეჩვენება და ხელს არასოდეს შეგიშლის ცხოვრებაშიო. „ინკლუზივმა“ ბევრი სტერეოტიპი დამინგრია - თურმე რა მითებით ვცხოვრობდი და როგორი არასწორი წარმოდგენები მქონია! მაგალითად, მეც, ბევრის მსგავსად, დარწმუნებული ვიყავი, რომ გეების საზოგადოება ზედმეტ ყურადღებას აქცევდა სექსუალობას და ზოგადად სექსს - რომ, თუ სადმე რამდენიმე გეი შეიკრიბებოდა, მათი საუბრის მთავარი თემა აუცილებლად სექსი იქნებოდა. ახლა მეცინება ამ აზრებზე - თურმე როგორი ჰომოფობი ვყოფილვარ მე თვითონ და არ მცოდნია! დამიჯერეთ, რომ არა პაატა, კიდევ კარგა ხანს მექნებოდა ასეთი სულელური წარმოდგენები. ამას გარდა, პირველად სწორედ მასთან ურთიერთობამ ამიხილა თვალი იმაზე, რომ, როცა რაღაც არ მოგწონს, ჩრდილში კი არ უნდა დადგე და დაელოდო, სანამ „პატრონი“ გამოგიჩნდება, არამედ ხელი უნდა გაანძრიო, ხმა უნდა ამოიღო. სწორედ ამას აკეთებს პაატა თავის თანამოაზრეებთან ერთად“.
ფონდი „ინკლუზივი“ პირველ ქართულ ლგბტ ჟურნალ „მეს“ 2006 წლის აგვისტოდან გამოსცემს. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ საინფორმაციო ბიულეტენი იქნებოდა. ეკა აღდგომელაშვილს სტატიების წერის გამოცდილება ჰქონდა, პაატა ინგლისურად თარგმნიდა. მოხდა ისე, პირველივე ნომერმა დიდი ყურადღება მიიქცია, მათ საელჩოები და ის ადამიანები დაუკავშირდნენ, რომლებიც პროფესიულად იყვნენ დაინტერესებულნი ამ საკითხებით. ჟურნალი ნომრიდან ნომრამდე სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება, დღეს ის ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანადაფინანსებით გამოდის.
ფონდისთვის სახის მიცემა, ფინანსური რუტინა, საგადასახადოსთან ურთიერთობა, თანამშრომლებიშთვის პირობების შექმნა თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ გაცილებით უფრო რთული ადამიანების მოზიდვა და ლგბტ მოძრაობის ჩამოყალიბება აღმოჩნდა.საქართველოში საერთოდ არ გვაქვს მოძრაობების გამოცდილებაო, - ამბობს პაატა, - მაგალითად, როცა რაღაც ინტერესთა ჯგუფი საერთო იდეით ერთიანდება და სტრატეგიაზე დამყარებულ ბრძოლას იწყებს. საქართველოში თითქმის არ არსებობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მოძრაობა, ქალთა მოძრაობაც ძალიან სუსტია.
პაატა და მისი პარტნიორები ითვალისწინებენ იმ შეცდომებსაც, რაც დასავლეთში ლგბტ მოძრაობებს დაუშვიათ. ჯგუფი ჩართულია გეგმების განსაზღვრაში, უსმენენ ყველა შემოთავაზებას.
„რაც მთავარია, არ ვცდილობთ ამ სფეროს მონოპოლიზაცია მოვახდინოთ. ამიტომ ჩვენ თავს ეროვნულ ქოლგაორგანიზაციად აღვიქვამთ, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს გარე ინიციატივებს. ვთანამშრომლობთ ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც გახსნილები არიან და თვლიან, რომ ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც დანარჩენი ჯგუფებისა. ამიტომაც მაშინვე დავიწყეთ ურთიერთობა „თანადგომასთან“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“. ეს ამ ორგანიზაციებისთვისაც, მათი სამოქალაქო ღირსებისთვისაც მნიშვნელოვანია, „თანადგომას“ კვალიფიციური კონსულტანტები ჰყავს. რაც შეეხება აივ შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას, ამისთვის მათი ფსიქოლოგები უფასო ტესტირებას ატარებენ. თავიდან, სანამ ჩვენი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო სექსის საშუალებებს შევიძენდით, მათ „თანადგომა“ გვაძლევდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი ბევრ ადამიანს დაეხმარა, ვინც ძალადობას შეეჯახა. არც ის დაზარებიათ, რომ საჯარო განცხადებები გაეკეთებინათ. ამას წინათ გია ჭანტურიას დისკრიმინაციულ გამონათქვამებს უპასუხეს. ჩვენც
ვაგრძელებთ ამ საქმეზე მუშაობას. სახალხო დამცველმაც ჩართო თავის მოხსენებაში ეს საქმე.
პაატა იმასაც მიხსნის, რას განიცდიან ჰომოსექსუალები ჰომოფობურ საზოგადოებაში; ზუსტად იმას, რასაც განიცდის რუსეთში მოხვედრილი ქართველი.საინტერესოა ისიც, რომ რუსეთში სკინჰქდები ერთნაირად ურტყამენ გეებსა და კავკასიელებს. მთავრობა და ეკლესიაკი ერთნაირად დისკრიმინაციულ გამოთქმებს იყენებს გეებისა და ქართველების მისამართით. თავად იდენტობა არასდროს არ არის პრობლემა. პრობლემას სწორედ ეს ქმნის, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია.
დაბოლოს, ის რაც ჩვენი საუბრის დასასრულს მითხრა პაატამ:
„საკუთარ ცხოვრებაზე იფიქრეთ და ჩემს ცხოვრებას თავი გაანებეთ. არმინდა გავიგონო ფრაზები, იყავი შენთვის, მარტო იყავიო. ნუ მელაპარაკებით ოჯახზე, იმიტომ, რომ ამ შენიშვნები: ქვეყანაში მე არასდროს არ მექნება ოჯახი! ვერასდროსშევძლებ ქუჩაში ხელიგადავხვიო ჩემს შეყვარებულს, მაშინ თქვენც ნუდადიხართ ჩახუტებულები! მეკითხებიან - გცემენ, გაგდებენ სამსახურიდან? ამკითხვის დასმის უფლება არავის აქვს. ჩემი ცხოვრება არ არის არცემა და სამსახურიდან არგამოგდება. ნუ მელაპარაკებით ქართულ ტრადიციებზე. ქართული ტრადიცია ისაა, რასაც ქმნი შენც, მეც, ისიც და რასაც ყველანი მივყვებით. ქართული მენტალიტეტი შედგება ჩემი, შენი და სხვისი, ანუ ყველას მენტალიტეტისგან. საქართველოს ისტორია არ არის გეოლოგია, ქანების ისტორია, ეს არის ადამიანების და მათი სასიკეთო საქმეების ისტორია. რად გინდათ შორს წასვლა, აკაკი წერეთელი ამბობდა: „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო!“ მათ შორის ერთი სიმი მეც ვარ და საქართველო ჩემიც ისევეა, როგორც თქვენი“...
შენიშვნები
___________________
1. ILGA - ინტერნაციონალური ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ ადამიანების (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსგენდერი) უფლებებს იცავს.
2. ფონდი ინკლუზივი აწარმოებს მედიამონიტორინგს. იხ. http://www.inclusive-foundation.org/home/files/media-analysis-ka.pdf
3. საქართველოში ზრდასრულ მამაკაცებს შორის ურთიერთ თანხმობაზე დამყარებული სქესობრივი კავშირი 2000 წლის 1 ივნისამდე ისჯებოდა. სხვა ცვლილებებისშესახებ:იხ:http://www.inclusive-foundation.org/home/files/legal-overview-en.pdf
4. coming out, coming out of closet - ამ ტერმინის ზუსტი შესატყვისი ქართულად არარსებობს, სიტყვა-სიტვით იატაკქვეშეთიდან ამოსვლას ნიშნავს. იგულისხმება ორიენტაციის არდამალვა, გახსნილად ყოფნა, ღიად ცხოვრება.
![]() |
10 „ვალენსას კედელი“ და ბერლინის კედელი |
▲ზევით დაბრუნება |
LUMEN
პოლონური „სოლიდარობის“ ისტორიიდან
ფრიდონ საყვარელიძე
პოლონეთის დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობა“ ოფიციალურად 1980 წლის 31აგვისტოს დაფუძნდა. კულმინაციურ მომენტში მასში 9,5 მილიონზე მეტი წევრი, ანუ ქვეყნისმოსახლეობის თითქმის მესამედიიყო გაერთიანებული. სოლიდარობა მთელი ქვეყნის ბევრი სფეროს განახლების საფუძველი გახდა, იქნებოდა ეს ეკონომიკური რეფორმები, კომუნისტური აპარატის უსამართლობის, მისი უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ლიკვიდაცია თუ მოქალაქეთა უფლებებისა და ნაციონალური ტრადიციების აღდგენა.
„სოლიდარობა“ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სახალხო, ამავე დროს გამოკვეთილად პაციფისტური, მოძრაობა იყო და მუდამ ძალადობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ის სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე და მორალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. მან ეჭქვეშ დააყენა კომუნისტური ღირებულებები პოლონეთში, შემდგომში კი მთელ საბჭოთა ბლოკში. თუმცა „სოლიდარობის“ დაბადებას წინ უძღოდა კომუნისტური სისტემის მიმართ პოლონელი ხალხის წინააღმდეგობის ხანგრძლივი ისტორია.
წინაისტორია
1945 წლის თებერვალში იალტის შეხვედრაზე ანტიჰიტლერული კოალიციის ლიდერებმა - ჩერჩილმა, რუზველტმა და სტალინმა - ევროპის ზოგიერთი ქვეყნისსაზღვრები შეცვალეს და მსოფლიოს ომისშემდგომი ბედი ისე განსაზღვრეს, პოლონელთა აზრი არავის უკითხავს. იქ, ყირიმში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს თითქმის ნახევარი საუკუნით წაართვეს თავისუფლება და დემოკრატიის შანსი, როდესაც ისინი საბჭოთა ბლოკს მიაკუთვნეს. ომის შემდგომ წლებში პოლონურ იატაკქვეშეთში მოქმედი სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა გაანადგურეს, ათასობით „ხალხის მტერი“ ან დახვრიტეს, ან ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. იდევნებოდა თავისუფლების უმცირესი გამოვლინებაც კი, ხალხი დათრგუნეს და დაიმორჩილეს სადამსჯელო მეთოდებით. სტალინის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა რეჟიმის ერთგვარი შერბილების განცდა, თუმცა 1956 წლის პოზნანის სისხლიანმა ამბებმა, როდესაც სოციალური მოთხოვნებით გაფიცულ სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხნის მუშებს ხელისუფლებამ ტანკები და ავიაცია დაუპირისპირა, ყველას დაანახა რეჟიმის რეალური სახე. ამას მოჰყვა 1968 წლის სახალხო ამბოხი, ამჯერად ინტელიგენციისა, როდესაც უხეშად ჩაახშეს სტუდენტთა მოძრაობა დემოკრატიისათვის. 1970 წლის დეკემბერში სურსათზე ფასების მკვეთრმა გაძვირებამ გდანსკის საწარმოების გაფიცვა და მრავალათასიანი დემონსტრაციები გამოიწვია, რაზედაც ხელისუფლების პასუხი იგივე იყო - მილიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ბრძანება მიიღო, ქალაქში კი რეგულარული არმიის ნაწილები შევიდნენ, რომლებიც არამარტო დემონსტრანტებს ესროდნენ, არამედ შემთხვევით გამვლელებსაც. ასობით ადამიანი დაიღუპა, კიდევ უფრო მეტი დაიჭრა, 3000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. დაღუპულებს საიდუმლოდ ასაფლავებდნენ, საფლავები ქრებოდა, ოჯახებს აშინებდნენ. თუმცა ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო ამ ტრაგიკული მოვლენების ამოშლა ხალხის ხსოვნიდან. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც მსგავსი მოვლენები ხდებოდა, რასაც ემატებოდა საბჭოთა ჯარების აღვირახსნილი თარეში და ძალმომრეობა 1953 წელს ბერლინში, 1956 წელს ბუდაპეშტში და 1968 წელს პრაღაში.
1976 წელს პოლონეთში შეიქმნა დემოკრატიული ოპოზიციური მოძრაობა - საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტი, რომელმაც დამფუძნებლების სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები გამოაქვეყნა. ხალხისა და პოლონეთის ხელმძღვანელობისადმი 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში პირველად გაჟღერდა მომავალში საკვანძო სიტყვა „სოლიდარობა“. მასშინათქვამი იყო, რომ იმ ვითარებაში, როდესაც რეპრესირებულებს პროფკავშირი და სხვა სოციალური ინსტიტუტები მხარს ვერ უჭერენ, ეს როლი საკუთარ თავზე საზოგადოებამ უნდა აიღოსო.
„ხალხს არა აქვს განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლის სხვამეთოდი სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გარდა“, - ნათქვამი იყო მიმართვაში. საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტი ჰელსინკის კონფერენციის შედეგებს ეყრდნობოდა, სადაც საბჭოთა კავშირმა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აიღო. მოძრაობა გამოსცემდა საკუთარ ბიულეტენს. ემიგრაციასთან და უცხოელ კორესპონდენტებთან, განსაკუთრებით რადიო „თავისუფალევროპასთან“ კავშირების წყალობით მისი მუშაობა აქტიურად შუქდებოდა მთელ მსოფლიოში. ფართოდ გაჩაღდა „როტატორული“ საგამომაცემლო მოძრაობა, რომელიც ცენზურის გვერდის ავლით ბეჭდავდა ჟურნალ-გაზეთებს, მოგვიანებით კი - წიგნებსაც. ზოგიერთ ქალაქში შეიქმნა თავისუფალი პროფკავშირები, სოლიდარობის სტუდენტური კომიტეტები.
კაროლ ვოიტილას რომის პაპად არჩევა პოლონელი ხალხის ერთიანობის მძლავრ სტიმულად იქცა. ისტორიულად პოლონური კათოლიციზმი, როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე ნაცისტური ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის, და, აქედან გამომდინარე, საზოგადოების კონსოლიდაციის ცენტრი იყო. რეჟიმს ეშინოდა ეკლესიის და იძულებული იყო მასთან თანხმობა ეძებნა. 1979 წლის ივნისში იოანე პავლე II-ის (კაროლ ვოიტილას) პოლონეთში ვიზიტის დროს მილიონობით ადამიანმა იგრძნო მძლავრი შინაგანი ძალა, კოლექტიურინების გამოყენების შესაძლებლობამ კი მათ თავისუფლების გემო აგრძნობინა. პაპის ვიზიტმა როგორც საზოგადოებას, ასევე კომუნისტურ ხელისუფლებას მკაფიოდ დაანახა, რომ პოლონეთს აქვს თავსმოხვეული რეჟიმისგან დამოუკიდებელი, მყარი საყრდენი. წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ვარშავის მოედანზე 2 ივნისს პაპის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „მოგვივლინე სული შენი, რათა განაახლოს ქვეყანა! ეს ქვეყანა!
„სოლიდარობის“ სათავეებთან
ამავე დროს ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსი სუფევდა. ფასები მუდმივად იზრდებოდა, განსაკუთრებით სურსათზე. ამავე დროს საგრძნობი იყო თითქმის ყველა პროდუქტის ნაკლებობა. 1980 წლის ივლისში გაფიცვა დაიწყო ქალაქ ლიუბლინში, რომელმაც 150 ქარხანა და 50000 ადამიანი მოიცვა. გაჩერდა საქალაქო ტრანსპორტი, რკინიგზა. პირველად ომისშემდგომ ისტორიაში ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყო და სოციალურ დათმობებზე წავიდა. 11 ივლისს ხელი მოეწერა შეთანხმებას ხელისუფლებასა და გაფიცულ მუშებს შორის.
გდანსკის გემთსაშენის ეზო, 1980 წლის აგვისტო
გდანსკის გემთმშენებელ ქარხანაში გაფიცვა 1980 წლის 14 აგვისტოს დაიწყო სამუშაოდან დათხოვნილი ანა ვალენტინოვიჩის მხარდასაჭერად. მისი ინიციატორები იყვნენ საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტის წევრი ბოგდან ბორუსევიჩი და სამსახურიდან 1970 წლის გაფიცვის გამო დათხოვნილი ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა, რომელიც აქციაში მონაწილეობის მისაღებად გალავნის კედელზე გადაძვრა, რადგან გემთსაშენის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული ჰქონდა.
16 აგვისტოს, როდესაც ხელისუფლებამ გაფიცულებს კომპრომისი შესთავაზა და ფასების ზრდის გამო ხელფასზე დანამატს შეჰპირდა, ბევრმა ჩათვალა, რომ მიზანი მიღწეულია და მუშებს ქარხნის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. მხოლოდ ადგილზე მისული მცირე საწარმოების წარმომადგენლების ზეწოლით გადაწყდა სოლიდარული გაფიცვის გამოცხადება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
შეიქმნა ერთიანი საგაფიცვო კომიტეტი, რომელმაც 21 მოთხოვნა ჩამოაყალიბა, რომელთა შორის 7 პოლიტიკური იყო. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავისუფალი პროფკავშირების შექმნის, გაფიცვის უფლების, სიტყვის თავისუფლების, პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ზომების მიღების მოთხოვნებს.
18 აგვისტოს დაიწყო გაფიცვა შეცინში, სადაც მსგავსი მოთხოვნებით ასევე შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტი. გაფიცვების ტალღამ მალე ზემო სილეზიას მიაღწია. გდანსკის საგაფიცვო კომიტეტში აგვისტოს ბოლოსთვის უკვე 700-მდე საწარმოს წარმომადგენელი შედიოდა. ამრიგად, გაფიცვაში, რომელმაც ნახევარი ქვეყანა მოიცვა, 700 000-მდე მუშა იღებდა მონაწილეობას.
გდანსკში მუშებთან, ჟურნალისტებთან, მხატვრებთან ერთად თავი მოიყარეს ოპოზიციონერმა ინტელექტუალებმა (მათ შორის იყვნენ თადეუშ მაზოვეცკი და ბრონისლავ გერემეკი). გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებდნენ ხალხის საკმაოდ დიდი ჯგუფები, რომლებიც მუდმივად გემთსაშენ ქარხანასთან ტრიალებდნენ და გაფიცულებისათვის უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდნენ. მათ მოჰქონდათ საჭმელი, თბილი ტანსაცმელი, ექიმები სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფდნენ, ცნობილი მსახიობები კონცერტებს მართავდნენ. იზრდებოდა საკუთარი სიძლიერისა და ერთიანობის გრძნობა. აქ იბადებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანთა ნამდვილი სოლიდარობა. აქვე, გემთსაშენის ცენტრალურ შესასვლელთან, მღვდელ-სახურები მესას აღავლენდნენ, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრებოდა.
23 აგვისტოს გაფიცვის მასშტაბების შემდგომი ზრდის საფრთხით შეშფოთებულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკმაყოფილებდა მოთხოვნების უმრავლესობას. საგაფიცვო კომიტეტის ხელმძღვანელობა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის შიგნით ერთიანი აზრი არ იყო და ნაწილი აქციების გაგრძელებას ითხოვდა, კომპრომისზე წავიდა და შეთანხმება დადასტურდა კიდეც ხელმოწერებით როგორც გდანსკში, ასევე სხვა ქალაქებში.
ეს იყო პირველი სერიოზული ბზარი, რომელიც ერთ შეხედვით ძალიან მყარ კომუნისტურ სისტემაში გაჩნდა. პროტესტის მასშტაბებმა კრემლი გააოცა, თუმცა მაშინ რუსმა კომუნისტებმა ვერ გაბედეს შეიარაღებული თავდასხმა პოლონეთზე, რადგან ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯად ჩათვალეს.
შეთანხმების თანახმად მთელ პოლონეთში დაიწყო თავისუფალი პროფკავშირების შექმნა (სწორედ ეს იყო, ვალენსას აზრით, მთავარი მონაპოვარი, რის გამოც ღირდა სხვა საკითხებში დათმობაზე წასვლა), ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად პროფკავშირები იმ ქალაქებშიც ფუძნდებოდა, რომლებიც შეთანხმებით არ ყოფილა საამისოდ გათვალისწინებული.
საბოლოოდ 17 სექტემბერს გდანსკში დაფუძნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობა“. მასში გაწევრიანების სურვილი სამმა მილიონმა ადამიანმა გამოთქვა. მის რიგებში ყველა პროფესიის წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ. ამავე დროს ლეხ ვალენსას ხელმძღვანელობით შეიქმნა შემთანხმებელი კომისია. სოლიდარობის ლეგალური მოქმედების პირველ პერიოდს პოლონეთში „თავისუფლების კარნავალს“ უწოდებდნენ. ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანას „სოლიდარობა“ ადვილად უმკლავდებოდა ასეულობით პროფკავშირული ბიულეტენის გამოცემით, მათ შორის იყო თადეუშ მაზოვეცკის რედაქტორობით ოფიციალურად გამომავალი ნახევარმილიონიანი ტირაჟის მქონე „სოლიდარობის ყოველკვირეული“. ხელისუფლებას პლაცდარმად მხოლოდ ტელევიზია შემორჩა.
რეჟიმის ბოლო გაბრძოლება
მიუხედავად ზემოთქმულისა, ხელისუფლება ფარ-ხმალს არ ყრიდა. ქვეყანაში მატულობდა პოლიტიკური დაძაბულობა, სულ უფრო საგრძნობი იყო ეკონომიკური სიძნელეები. ხელისუფლება ხელს უშლიდა დემოკრატიულ რეფორმებს. სტიქიურად იწყებოდა სხვადასხვა მასშტაბის გაფიცვები აგვისტოს შეთანხმებების დარღვევის გამო.
ხელისუფლება პროვოკაციებზე მიდიოდა, ხალხის განწყობა კი სულ უფრო რადიკალური ხდებოდა. ამის მაგალითი იყო 1981 წლის მარტის პროვოკაცია ქალაქ ბიდგოშში, როდესაც სპეციალურად გამოძახებულმა მილიციის რაზმმა სცემა პროფკავშირის აქტივისტებს. მათ დასაცავად მთელ ქვეყანაში ოთხსაათიანი გაფიცვა მოეწყო, რაც „სოლიდარობის“ უზარმაზარ ძალაზე მეტყველებდა, თუმცა კომპრომისის მოძებნა მაშინ მოხერხდა.
1981 წლის სექტემბერში „სოლიდარობის“ I ყრილობა გაიმართა, რომელმაც სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად მიიღო მიმართვა აღმოსავლეთ ევროპის მშრომელებისადმი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად კომუნისტური ბანაკის ქვეყნებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციებისა, „სოლიდარობა“ არის მუშათა გაფიცვების შედეგად შექმნილი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც მხარს დაუჭერს ყველას, ვინც ამ გზით სიარულს მოინდომებს.
სოლიდარობის ეს სიმბოლო, რომელსაც ძალიან მალე მთელ მსოფლიოში ცნობდნენ, მხატვარმა ეჟი იანიშევსკიმ შექმნა. აქ გამოსახული ასო-ნიშნები, მასაში მჭიდროდ მდგომი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების მსგავსად, მხარში უდგანან და ეყრდნობიან ერთმანეთს.
ამ დოკუმენტმა გააცოფა კრემლი. ლეონიდ ბრეჟნევმა პოლონეთის კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს სტანისლავ კანიას დაურეკა და პოლონეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოსთხოვა. დიდ საბჭოთა ქარხნებში „აღშფოთებულ“ მუშათა კოლექტივების მიტინგები გაიმართა, სადაც „სოლიდარობის“ დამგმობი რეზოლუციები მიიღეს. გერმანელმა კომუნისტებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „სოლიდარობის“ სენი ადვილად გადამდები იყო, ცალმხრივად დახურეს მანამდე უვიზო მოძრაობისათვის ღია საზღვარი პოლონეთთან.
მსხვილი დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნა მთლიანად ეწინააღმდეგებოდა კომუნისტური სისტემის არსს. პოლონეთის ხელმძღვანელობამ ხელისუფლების მონოპოლიის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა, რასაც სხვა მეზობელი ქვეყნების ზეწოლამ და საბჭოთა ინტერვენციის საფრთხემ შეუწყო ხელი. სრულიად საიდუმლო ვითარებაში დაიწყო მზადება სამხედრო მდგომარების გამოსაცხადებლად. პარალელურად სპეციალური საბჭოთა კომისია (ე.წ. სუსლოვის კომისია) შეიარაღებული ჩარევის გეგმას ამზადებდა. ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარებიც მზად იყვნენ სამხედრო ჩარევისათვის - საბჭოთა კავშირის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და ჩეხოსლოვაკიის 18 დივიზია იყო მობილიზებული პოლონეთის საზღვართან 1981 წლის დეკემბრის დამდეგს. მაგრამ იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ შეიარაღებული ჩარევაზე, რადგან ვითარება საამისოდ არასახარბიელოდ ჩაითვალა, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, გაფრთხილების შემდეგ. გარდა ამისა, ერთი მხრივ, ნათელი არ იყო, თუ როგორ მოიქცეოდა პოლონეთის არმია, მეორე მხრივ კი აშკარა იყო რა რეაქცია ექნებოდა ამგვარ ინტერვენციაზე დასავლეთსა და პოლონეთის საზოგადოებას.
1981 წლის 13 დეკემბერს ვოიცეხ იარუზელსკიმ პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ქუჩებში გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, მილიციის სპეცდანაყოფები, გაითიშა სატელეფონო კავშირი, გამოცხადდა კომენდანტის საათი. შეჩერდა ყველა გაერთიანებისა და პროფკავშირების მოღვაწეობა. იმავე ღამეს დაიწყეს როგორც „სოლიდარობის“ ლიდერების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის აქტივისტებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების დაკავება ან ინტერნირება (ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ პირველ ორ დღეს 5 000 ადამიანი დააკავეს). ეს პროცესი 1986 წლამდე გრძელდებოდა. „სოლიდარობა“ კანონგარეშედ გამოცხადდა, თუმცა იატაკქვეშეთში მან 7 წელი იარსება.
მიუხედავად იმისა, რომ „სოლიდარობამ“ ვერ შეძლო ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა სამხედრო ძალისადმი, ძალიან მალე გაჩნდა წინააღმდეგობის კერები, რომლებიც სასტიკად იხშობოდა. სილეზიაში მილიციამ ცეცხლი გაუხსნა მუშებს, რომლებიც კატოვიცეში ერთ-ერთ შახტს იცავდნენ. იმ დღეს 9 მუშა დაიღუპა. სულ სამხედრო მდგომარეობის დროს სიკვდილის 115 შემთხვევაა დოკუმენტურად დაფიქსირებული. მსოფლიოში დიდი რეზონანსი ჰქონდა 1984 წელს ცნობილი პოლონელი სასულიერო პირის, ეჟი პოპელიუშკოს, მხეცურ მკვლელობას უშიშროების სამსახურის მუშაკების მიერ. 80-იანი წლების დამდეგს მან უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, როგორც „სოლიდარობის“ კაპელანმა. სამხედრო მდგომარეობის შემოღების შემდეგ პოპელიუშკო თავის ქადაგებებში ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლისკენ მოუწოდებდა ხალხს.
სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების პირველ ხანებში, როდესაც კავშირები უკიდურესად შეზღუდული იყო (არ მუშაობდა ტელეფონები, დაიხურა ყველა გაზეთი სახელისუფლებო გამოცემების გარდა, სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იყო ქალაქიდან გასვლა), განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თავისუფალმა სიტყვამ. ამიტომ ყველგან იქმნებოდა ინფორმაციის შეგროვების და გადაცემის ქსელი. შეიქმნა დროებითი საკოორდინაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში დაპატიმრებას გადარჩენილი აქტივისტები შევიდნენ. მისი მიზანი სამხედრო მდგომარეობის გაუქმება, ინტერნირებულებისა და დაპატიმრებულების განთავისუფლება, „სოლიდარობის“ აღდგენა იყო.
იატაკქვეშა „სოლიდარობა“ უზარმაზარ საგამომცემლო საქმიანობას ახორციელებდა. გამომცემელთა, ტიპოგრაფთა და „სამიზდატების“ გამავრცელებელთა დაპატიმრებების მიუხედავად, ეს მოძრაობა საოცარი სისწრაფით იკრებდა ძალას. მთავარი იატაკქვეშა გაზეთი ყოველკვირეული „მაზოვშე“ 80 000-იანი ტირაჟით გამოდიოდა. ამას გარდა იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა 5 000-მდე პერიოდული გამოცემა, გამოვიდა 7 000 დასახელების წიგნი და ბროშურა. ამას გარდა, ამ წლებში იმართებოდა დამოუკიდებელი გამოფენები, ლექციები და კონცერტები, თეატრალური სპექტაკლებიც კი, როგორც წესი - კათოლიკურ ეკლესიებში, რომლებიც იმხანად ქვეყნის შიგნით განსხვავებული აზრის მფარველი და ანტიკომუნისტური მოძრაობის ერთადერთი მძლავრი საყრდენი გახდა.
თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა „სოლიდარობის“ პერიოდის პოლონეთს, როგორც თავისუფლების ერთადერთი კუნძულს საბჭოთა ბლოკში, კარგად ჩანს დასავლური სამყაროს რეაქციიდან სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო. საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მრავალმა სხვა ქვეყანამ „სოლიდარობის“ დევნას პოლონელი ხალხის არნახული მასშტაბის მორალური და მატერიალური მხარდაჭერით უპასუხეს. კამპანიაში თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და შრომის მსოფლიო ორგანიზაციებიც ჩაებნენ. შემოდიოდა ჰუმანიტარული დახმარება, პროდუქტი, მედიკამენტები და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კონტრაბანდული გზებით - ტექნიკა, საღებავები, მატრიცები, როტატორები, ტიპოგრაფიული მოწყობილობაც კი.
რაკიღა დასავლეთის დახმარება ვახსენეთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც გავიხსენებთ, რომელიც მეტად დამახასიათებელი იყო იმდროინდელი პოლონეთისათვის. დასავლეთიდან კონტრაბანდულად შემოჰქონდათ ბატარეებზე მომუშავე აუდიოტექნიკა, მაგნიტოფონები. ამ მაგნიტოფონებს ღამღამობით მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე ათავსებდნენ და მაღალ ხმაზე რთავდნენ. მაგნიტოფირზე ჩაწერილ მიმართვაში იყო თხოვნა მოსახლეობისადმი, აენთოთ და ჩაექროთ ბინებში შუქი, თუკი მაგნიტოფონის ხმა ესმოდათ. ბატარეები სულ ნახევარ საათს მუშაობდა, ამას გარდა უშიშროებაც ადვილად აგნებდა მათ სახლების სახურავებზე და ანადგურებდა. მაგრამ მაგნიტოფონის ხმა მართლაც ბევრს ესმოდა, რისი დასტურიც იყო მოციმციმე ღამის ვარშავა. ამის შესახებ აღტაცებით და ერთგვარი ნოსტალგიის გრძნობით ჩემთვის არაერთ თვითმხილველს მოუყოლია: თანამოაზრეთა სიმრავლის, ერთმანეთის მხარში დგომის, კოლექტიური ნების გამოხატვისა და სოლიდარობის შეგრძნება ძალას ჰმატებდა თითოეულ პოლონელს. ასეთი მეთოდი არაერთი იყო. მარტო იმის გახსენება რად ღირს, როდესაც მსგავსი მიმართვების საფუძველზე რეჟიმის მოწინააღმდეგე ყველა პოლონელი მარშალკოვსკის ქუჩის მარცხენა მხარეს დადიოდა, ყველა დანარჩენი კი მარჯვენაზე. თუმცა რაღა „ყველა დანარჩენი“, როდესაც მარცხენა მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის სიმრავლის გამო გავლა ჭირდა, ამაყად მიაბიჯებდნენ თავისუფლებისმოყვარე პოლონელები, მარჯვენა მხარე კი სრულიად ცარიელი იყო. მხოლოდ ხანდახან დაიძახებდა რომელიმე მოქალაქე - გადავდივარ პურის საყიდლად - და პურის შეძენის შემდეგ ისევ მარცხენა მხარეს ბრუნდებოდა. ეს სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითი იყო.
ძნელია აღტაცების გარეშე გაიხსენო ის ორიგინალური ხერხებიც, რითაც საზოგადობა სატელევიზო არხებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ებრძოდა, როდესაც საღამოობით, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყების წინ, მთელი პოლონეთი ეზოში გამოდიოდა და ძაღლებს ასეირნებდა.
პოლონური „მრგვალი მაგიდა“ და მისი შედეგები
პირველი გარღვევა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში 1986 წლის სექტემბერს ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება იყო. ამის საპასუხოდ ლეხ ვალენსამ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტს პოლონეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაუქმების თხოვნით მიმართა. ეს ნაბიჯი მოლაპარაკებების დაწყებაზე პრინციპულ თანხმობას ნიშნავდა. 1986 წლის 29 სექტემბერს შეიქმნა ჯერ კიდევ არალეგალური „სოლიდარობის“ დროებითი საბჭო ლეხ ვალენსას ხელმძღვანელობით. იატაკქვეშეთიდან თანდათან ორგანიზაციის რეგიონული სტრუქტურებიც გამოვიდნენ. დაიწყო „სოლიდარობის“ დაკანონების განმეორებითი, საკმაოდ რთული პროცესი.
1988 წელს კვლავ აგორდა გაფიცვების ახალი ტალღა, აგვისტოში გაჩერდა სილეზიის შახტები, გდანსკის გემთსაშენი და ბევრი სხვა ქარხანა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ 1980 წლის აგვისტოს მოვლენები მეორდება.
და, აი, 1988 წლის 31 აგვისტოს ლეხ ვალენსა გდანსკიდან ვარშავაში ჩავიდა და და შინაგან საქმეთა მინისტრ ჩესლავ კიშჩაკს შეხვდა. ამ შეხვედრას ეპისკოპოსები ეჟი დომბროვსკი და სტანისლავ ჩოსეკი ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი ჩესლავ კიშჩაკი სამხედრო მდგომარეობიდან (1981-83) მოყოლებული პოლონეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, განგებამ სწორედ მას არგუნა ოპოზიციასთან დიალოგის იდეის ხორცშესხმა. ადრე მან დააპატიმრა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელობა, ახლა კი, 1987 წლის 17 სექტემბერს, სწორედ მან გამოაცხადა ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება და 225 ოპოზიციონერი ციხიდან გამოვიდა. 1989 წლის დამდეგს კი ის გადადგომით დაიმუქრა, თუ კომუნისტური ხელისუფლება მხარს არ დაუჭერდა ოპოზიციასთან დიალოგს.
ძალზე საინტერესოა თვით დიალოგის დაწყების გარემოებები. ერთი შეხედვით არაფერი მიანიშნებდა იმას, რომ კომუნისტები ხელისუფლების დათმობის საფრთხის წინაშე იდგნენ: 1980-81 წლების კრიზისი დიდი ხნის ჩავლილი იყო, რამდენიმე მცირე არალეგალურ ჯგუფად დაყოფილი ოდესღაც მრისხანე „სოლიდარობა“ ხელისუფლებისთვის თითქოს დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. 1981 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, პოლონურ საზოგადოებას „სოლიდარობის“ მოღვაწობასთან დაკავშირებული სწრაფი ცვლილებების იმედი გაუქრა. არადა, ხელისუფლება მკაფიოდ ხედავდა, რომ ეკონომიკური რეფორმები გარდაუვალია. ისიც ცხადი შეიქნა, რომ რეფორმა მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ ვერ გატარდებოდა და მას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა. და აქ ხელისუფლებას გუმანმა უკარნახა, რომ რეზერვად შესაძლოა ოპოზიცია ქცეულიყო - ალტერნატიული ძალა, რომელიც შენს მხარეზე უნდა გადმოიყვანო და ამით მადესტაბილიზებელი ფაქტორი გაანეიტრალო. პასუხისმგებელი და კომპრომისის მაძიებელი ოპოზიცია, რომელმაც მაშინ ლეხ ვალენსას გარშემო მოიყარა თავი, ასევე მიხვდა, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება ბევრ დათმობაზე წავიდოდა. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა რაოდენ სწორი, მაგრამ ამავე დროს მძიმე იყო ოპოზიციის არჩევანი. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მოლაპარაკებას. აცხადებდნენ, რომ არ სჯეროდათ მთავრობის კეთილი ნებისა და ოპოზიციონერ კოლეგებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ. ბევრმა მათგანმა დატოვა „სოლიდარობის“ რიგები, ასე მოიქცა, მაგალითად, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი ანჯეი გვიაჟდა.
აქ ერთი გარემოებაც უნდა გავიხსენოთ. 1988 წლის მაისს პოლონეთში ჩასული ზბიგნევ ბჟეზინსკი „სოლიდარობის“ ლიდერებს შეხვდა. ერთ-ერთი კითხვა, რომლიც მან პირდაპირ დასვა, ასე ჟღერდა: „დაელაპარაკებით კომუნისტებს?“. პასუხები სხვადასხვაგვარი იყო.
მოლაპარაკებები სოფელ მაგდალენკაში, შსს-ს ვილაში იმართებოდა. მას ლეხ ვალენსა და ჩესლავ კიშჩაკი, როგორც თანათავმჯდომარეები, რიგრიგობით უძღვებოდნენ. მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარე ნათელი პოლიტიკური პლატფორმით წარდგა. პოლონელი კომუნისტები იმედოვნებდნენ, რომ პოლიტიკურ სტრუქტურაში სერიოზული ცვლილებების განუხორციელებლად მოახდენდნენ ოპოზიციის ლიდერების მთავრობაში კოოპტაციას. მხოლოდ გენერალი იარუზელსკი ხვდებოდა, რომ „ისინი სოციალიზმს კედელთან მიაყენებენ“. ასეც მოხდა - მოლაპარაკებამ რადიკალურად შეცვალა პოლონეთის საზოგადოება და მმართველობის ფორმა.
1989 წლის 4 აპრილს გამოცხადდა „მრგვალი მაგიდის“ შეთანხმება, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა: „სოლიდარობის“ განმეორებითი რეგისტრაცია და მისი ლეგალიზაცია დამოუკიდებელი პროფკავშირის სახით, პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება, საკანონმდებლო ხელისუფლების კომპრომისული ფორმირება (35%25-იანი კვოტა ოპოზიციისათვის სეიმში და სენატის თავისუფალი არჩევნები), ოპოზიციის კანდიდატებისათვის დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანიის ჩატარების გარანტია, აგრეთვე ოპოზიციური გაზეთის - „გაზეტა ვიბორჩას“ - გამოცემის შესაძლებლობა, მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სასამართლოების დამოუკიდებლობა. ამასთან ერთად ოპოზიციამ ვალდებულება აიღო არ მოეწოდებინა გაფიცვებისაკენ და მხარი დაეჭირა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმისათვის; ეს შეთანხმება ცხადდებოდა ოთხწლიან კომპრომისად, რასაც თავისუფალი არჩევნები უნდა მოჰყოლოდა.
1989 წლის 4 ივნისს არჩევნები გაიმართა, რომელიც კომუნისტების საბოლოო დამარცხებით დასრულდა. „სოლიდარობამ“ დიდ წარმატებას მიაღწია: მან თითქმის სრულად აითვისა სეიმის კვოტა და 160 მანდატი აიღო, სენატის არჩევნებში კი 100-დან 99 მანდატი მოიპოვა.
1989 წლის არჩევნებში ხალხის სოლიდარობამ ამ ჯაჭვივით გაწყვიტა წელში კომუნისტები
აღებული ვალდებულების შესაბამისად ორივე პალატამ გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტად გენერალი იარუზელსკი აირჩია (ერთი ხმის უპირატესობით), ხოლო მთავრობის თავმჯდომარედ - ჩესლავ კიშჩაკი. თუმცა კიშჩაკმა ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება დ გადადგა. 24 აგვისტოს პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარე გახდა „სოლიდარობის“ წევრი თადეუშ მაზოვეცკი - პირველი არაკომუნისტი ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
დაიწყო „შოკური თერაპიის“ სახელით ცნობილი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ლეშეკ ბალცეროვიჩი ჩაუდგა სათავეში. რეფორმა აშშ-ისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიმდინარეობდა და ინფლაციის რადიკალურ მოთოკვას, სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე ბალანსის მიღწევას, ეკონომიკის ყველა სფეროში საბაზრო მექნიზმის დანერგვას ითვალისწინებდა.
1990 წლის 22 სექტემბერს სეიმმა თვითდაშლა გამოაცხადა. 22 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტად ლეხ ვალენსა აირჩიეს.
არჩევნების ეს შედეგი პოლონეთში კომუნიზმის კრახს და საბჭოთა ბლოკში პირველი არაკომუნისტური მთავრობის შექმნას, ცენზურის გაუქმებას და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დადგომას ნიშნავდა.
დღეს პოლონეთის „მრგვალი მაგიდა“ ისტორიკოსთა განსჯის საგანია. თუმცა არ იქნებოდა ურიგო, თუ მის გამოცდილებას თანამედროვე პოლიტიკოსებიც გაითვალისწინებდნენ.
1989 წელს უნგრეთის ჯერიც დადგა, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ასევე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ხალხების ბედიც პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ტიმოთი არტონ ეშმა, პრაღის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს იკითხა: „პოლონეთში ეს 10 წელიწადს გრძელდებოდა, უგრეთში - 10 თვეს, გდრ-ში - 10 კვირას, იქნებ ჩეხეთში 10 დღეც საკმარისი აღმოჩნდეს?“
დრომ აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1980 წლის აგვისტოს ევროპის ისტორიისათვის. მან დასაბამი დაუდო ომისშემდგომ ევროპაში უმსხვილეს მშვიდობიან გადატრიალებას, რომლის გეოგრაფია განფენილი იყო გდანსკის გემთსაშენის ცენტრალურ შესასვლელსა და ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭეს შორის. „სოლიდარობის“ მიერ ინიცირებული პროცესის წყალობით დაინგრა ბერლინის კედელი - ევროპის იალტისშემდგომი გაყოფის სიმბოლო. ამ გარდაქმნების მამოძრავებელი ძალა საზოგადოებრივი სოლიდარობა იყო.
1980 წლის აგვისტოში გდანსკის მუშებმა პატივისცემა და თავისუფლება არამარტო საკუთარი თავისთვის მოითხოვეს, არამედ კომუნისტური დიქტატურის ქვეშ მცხოვრები ყველა ადამიანისათვის, რითაც პრაქტიკაში განახორციელეს პოლონური დევიზი: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის!“ 1980 წლის შემოდგომაზე ლეხ ვალენსა რომ გდანსკის გემთსაშენის კედელზე არ გადამხტარიყო, 1989 წლის შემოდგომაზე ბერლინის კედელი არ დაინგრეოდა. „ვალენსას კედელი“ და ბერლინის კედელი თანამედროვე ევროპის ორი მნიშვნელოვანი სიმბოლოა, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.
![]() |
11 ქრისტიანობა და თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
EX CATHEDRA
მანფრედ სპიკერი
თეზისი იმის თაობაზე, რომ თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო ქრისტიანული ეკლესიების სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა დამკვიდრებულიყო, თითქოს ადვილი დასამტკიცებელია. განა არ ებრძოდა კათოლიკური ეკლესია საფრანგეთის დიდ რევოლუციას, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს დაბადების მომენტად საყოველთაოდ არის აღიარებული? განა არ შეეჯახა კონსტიტუციური უფლებებისა და ადამიანის უფლებების მოთხოვნა რომის პაპების სასტიკ წინააღმდეგობას? განა ადგილობრივი ევანგელისტური ეკლესიები არ აგრძელებდნენ ოცნებას ტახტისა და საკურთხევლის კავშირსა და ეკლესიის მეთაურ უმაღლეს საერო ხელისუფალზე მაშინ, როცა მონარქია დიდი ხნის გაუქმებული და დემოკრატიით შეცვლილი იყო? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ყველგან, სადაც თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო აღმოცენდებოდა და ვითარდებოდა, იწყებოდა კონფლიქტები ეკლესიასთან.
პოლიტიკური იდეების ისტორიისა და პოლიტიკური წყობის განვითარების უფრო დაწვრილებითი განხილვა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არათუ მოწინააღმდეგე არ იყო, არამედ მის ბებიაქალსაც კი წარმოადგენდა. სწორედ ქრისტიანობა აერთიანებდა და აერთიანებს თავისუფალი, სეკულარიზებული სახელმწიფოს მამოძრავებელ და მაცოცხლებელ ძალებს. ქრისტიანობა ევროპის სულია, თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო კი მისი სხეული.
1.განსხვავება სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის
ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ბებიაქალია? ეს თეზისი თუნდაც იმიტომ საჭიროებს განმარტებას, რომ კონსტიტუციური სახელმწიფოს კონცეფცია ქრისტიანობაზე უფრო ძველია. ჯერ კიდევ არისტოტელეს პოლიტიკურ ფილოსოფიაში გამოითქვა აზრი საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ, რომელიც მონარქიის, არისტოკრატიისა და დემოკრატიის უპირატესობებს გააერთიანებდა. ამ კონსტიტუციას მან პოლიტეა უწოდა. საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ არისტოტელეს მიერ გამოთქმული იდეა არა მოქალაქეთა თავისუფლების, არამედ ბატონობის სტაბილურობის ინტერესებით იყო განპირობებული. მოქალაქე ჯერ კიდევ მთლიანად საზოგადოებრივ წარმონაქმნებს ექვემდებარებოდა. ის იყო ნაწილი პოლისისა, რომელიც ღმერთების თაყვანისცემის რიტუალს ატარებდა. ამიტომაც პოლიტიკის მეცნიერება იყო პირველი მეცნიერება ადამიანის შესახებ. პოლიტიკა და რელიგია ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული. რომის სახელმწიფოში პოლიტიკისა და რელიგიის ერთიანობა კიდევ ერთი ნაბიჯით წავიდა წინ: იმპერატორს თაყვანს სცემდნენ როგორც ღმერთს: მაგალითად, ეს მოეთხოვებოდათ ჯარისკაცებს. თუ ისინი, როგორც ქრისტიანები, ერთგულებდნენ ქრისტეს მცნებას - „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა - ღმერთსა!“ (მათ. 22, 21) - და იმპერატორის თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ, მაშინ მათ მოწამებრივი სიკვდილი ელოდათ. პეტრე მოციქულმა ეს პრობლემა იერუსალიმის სინედრიონთან კონფლიქტის დროს განჭვრიტა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმ. 5, 29).
პოლიტიკურ-რელიგიურ ავტორიტეტებთან პირველი ქრისტიანების ამ კონფლიქტიდან ტემპორალიასა (წარმავალი, მიწიერი) და სპირიტუალიას (სულიერი, მარადიული), პოლიტიკასა და რელიგიას შორის დღემდე მნიშვნელოვანი და კონსტიტუციური სახელმწიფოსთვის ფუძემდებლური განსხვავება განვითარდა. მოხდა პოლიტიკის რელატივირება, შეიზღუდა მეფის ხელისუფლება. ქრისტიანობამ სეკულარიზაციის შეუქცევადი პროცესი წამოიწყო. რა თქმა უნდა, განსხვავება სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის ერთბაშად არ დამკვიდრებულა. ქრისტიანობა თავდაპირველად „სახელმწიფო რელიგია“ გახდა. პოლიტიკური ხელისუფალნი, როგორც ქრისტიანები, საუკუნეების განმავლობაში სასულიერო საქმეებში გარკვეულ კომპეტენციაზე პრეტენზიას აცხადებდნენ - იქნებოდა ეს ეპისკოპოსების დანიშვნა, პაპების არჩევა თუ, რეფორმაციის შემდგომ, ქვეშევრდომთა კონფესიური იდენტიფიკაცია. კამათი მთავართა და პაპის ძალაუფლების ფარგლების შესახებ 1122 წლის ვორმსის კონკორდატით დამთავრდა, რომელშიც სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის განსხვავება გაღრმავდა. კიდევ ექვს საუკუნეზე მეტი გავიდა, სანამ წარმოიქმნა ნამდვილად საერო მიზნებით შემოფარგლული სახელმწიფო აშშ-ში. ქრისტიანობამ ბერძნული პოლისისა და რომის რესპუბლიკის განვითარება ეკლესიისა და სახელმწიფოს გამმიჯვნელ ისეთ საზოგადოებრივ წყობამდე მიიყვანა, სადაც თითოეულს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები და კომპეტენცია აქვს. „ახალი დროის პოლიტიკურ ისტორიას რომ საერო სახელმწიფოს დაღი ამჩნევია, ეს ქრისტიანობის უშუალო, გარკვეული თვალსაზრისით, სასურველი პროდუქტია“ (ულრიხ მეტცი, „თანამედროვეობის პოლიტიკურ აზროვნებაზე ქრისტიანობის გავლენის შესახებ“).
2. თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო
თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის განსხვავებას გულისსხმობს. მისი მიზანი და ლეგიტიმურობის საფუძველი მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფაა. იგი ემყარება ანთროპოლოგიურ ფუნდამენტს, რომლის ცენტრალურ პუნქტს პიროვნების ცნება წარმოადგენს. ამ ცნებაში გაერთიანებულია ადამიანური არსებობის სხვადასხვა განზომილებანი - სხეული და სული, ინდივიდუალობა და სოციალურობა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა, ღვთისმსგავსება და ადამიანის ამბივალენტურობა. პიროვნების კუთვნილებაა ღირსება, რომელიც სახელმწიფოს წინმსწრებია და ნებისმიერ იმ მატერიალურ ღირებულებას აღემატება, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსთვის - პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისთვის - მნიშვნელოვანია. იგი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ, ზოგიერთ გარემოებაში კი სახელმწიფოს სურვილის საწინააღმდეგოდაც. ღირსებიდან გამომდინარეობს უფლებანი და მოვალეობანი, რომელნიც სახელმწიფოს წინმსწრებნი არიან და რომელთა დაცვაც მისი ლეგიტიმურობის საფუძველია. თითქმის კლასიკური სახით ეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის პირველ მუხლშია ასახული: „ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. მისი დაცვა და გაფრთხილება ხელისუფლების ყველა შტოს ვალია. ადამიანის ხელშეუხებელი და განუსხვისებელი უფლებები გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოში ყოველი ადამიანური ერთობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საფუძვლადაა აღიარებული.
ადამიანს უფლებები იმიტომ აქვს, რომ ის ადამიანია. ეს უფლებები არის „ბუნებითი, უნივერსალური, ხელშეუხებელი: არავის, არც ცალკეულ ადამიანს, არც ჯგუფს, არც ავტორიტეტს და არც სახელმწიფოს მათი შეცვლა ან გაუქმება არ შეუძლია, რადგან წარმოადგენდა. ვინც ადამიანის უფლებების დამოწმებით, ზნეობრივი პასუხისმგებლობის უგულებელყოფის ხარჯზე აფართოებს თავის ინდივიდუალურ ავტონომიას, ის აუცილებლად წააწყდება ეკლესიის წინააღმდეგობას. ამგვარად, XIX კანონმდებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და სამართალწარმოება ადამიანის ძირითადი უფლებებით, როგორც უშუალო მოქმედების სამართლითაა შეზღუდული”.
თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ამ ანთროპოლოგიურ დაფუძნებაზე ქრისტიანობის გავლენა აშკარაა. ადამიანის უფლებები თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს საძირკველია. ისინი ადამიანის პიროვნული ხატიდან გამომდინარეობენ.
ადამიანის უფლებებს სახელმწიფო არ ქმნის, მას მათი განმახორციელებლის ფუნქციები აკისრია. ადამიანის უფლებათა ფესვები ბუნებით სამართალშია.
ისინი უშუალოდ ღვთისგან მომდინარეობენ”. (იოანე პავლე II, სამოციქულო ეპისტოლე, 1988 წ.).
ადამიანის უფლებები ქრისტიანობის ნაყოფია? წინას მსგავსად ეს მტკიცებაც განმარტებას მოითხოვს, რადგანაც არსებობდა კონფლიქტები კათოლიკურ ეკლესიასა და ადამიანთა იმ ჯგუფებს შორის, რომელნიც საკუთარი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ინტერესების დასაბუთებისას ადამიანის უფლებებს იმოწმებდნენ. ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი იყო როგორც განმანათლებლობის შედეგი და ადამიანის რაციონალისტური და ინდივიდუალისტური ხატის ასახვა. იგი ეკლესიასთან დაპირისპირების იარაღს საუკუნეში ადამიანის უფლებების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას წინააღმდეგობრივი ისტორიული თავისებურებანი განსაზღვრავდა, რომელთა შორის „მრისხანება, საყვედურები და უნდობლობა”, ხან კი უარყოფა, გაკიცხვა და დაუფარავი მტრობა დომინირებდა. კათოლიკური ეკლესიის სოციალურ მოძღვრებაში ადამიანის უფლებათა რეცეფციის პროცესი რთულად მიმდინარეობდა. მისი ყურადღების ცენტრში იგი მხოლოდ XX საუკუნის შუა ხანებში მოექცა. ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად ადამიანის უფლებებს ნიადაგი სწორედ ქრისტიანობამ მოუმზადა. „ადამიანის უფლებებში ქრისტიანობის მემკვიდრეობას წარმოადგენს იდეები კაცთა მოდგმის ერთიანობისა და მისი წევრების თანასწორობის, თითოეული ადამიანის, როგორც პიროვნების ერთადერთობისა და მისი ღირსებისა შესახებ, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას, მოყვასის სიყვარულს და ამ სამყაროს გადარჩენის სურვილს ემყარება. ადამიანის უფლებები მხოლოდ ქრისტიანულ და პოსტქრისტიანულ კულტურულ არეალში შეიძლება განვითარებულიყო” (იოზეფ ისენზეე, „ძირითადი კანონის წანამძღვრები“).
პიროვნების ღირსებისა და თავისუფლების აღიარებიდან თავისუფალი კონსტიტუციური წყობისთვის სამი შემდგომი საწყისი გამომდინარეობს, რომელიც ასევე ქრისტიანულ მემკვიდრეობას - დემოკრატიას, ხელისუფლების დაყოფასა და სამოქალაქო საზოგადოებას - შეიცავს. დემოკრატიასთან დაკავშირებით შეიძლება ორი შენიშვნა მოგვცენ. განა იგი ქრისტიანობაზე ძველი არაა? განა მისი, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა, რეალიზების ცდები ხშირად ეკლესიასთან დაპირისპირებას არ იწვევდა? რა თქმა უნდა, დემოკრატია ანტიკური საბერძნეთიდან მომდინარეობს. არისტოტელეს პოლიტიკურ ფილოსოფიაში იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ არისტოტელეს რეფლექსიის მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც კონსტიტუტუციურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თავისუფლება კი არა, ბატონობის სტაბილურობაა. ამ ინტერესიდან გამომდინარე, იგი დემოკრატიის რელატივირებას და მონარქიულ და არისტოკრატიულ ელემენტებთან მის შერევას ცდილობს. დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ ქრისტიანობამ აღჭურვა - ისევ შემოვლითი გზებით - თავისი ანთროპოცენტრული და ეგალიტარული ორიენტაციით.
ეკლესიისა და დემოკრატიის ურთიერთობის კონფლიქტებით აღსავსე ისტორიის განხილვისას პოლიტიკური ისტორია იდეების ისტორიისაგან უნდა განვასხვაოთ. XIX საუკუნის პოლიტიკური ისტორია მრავალი კონფლიქტის მოწმეა. ისინი დაპროგრამებულია, თუ დემოკრატიული უმრავლესობა იმ ზღვარს გადადის, რომელიც ყველასთვის და მათ შორის მისთვისაცაა დაწესებული. ადამიანის უფლებები და ზნეობრივი ვალდებულებანი მისთვისაც ხელშეუხებელი უნდა იყოს. ანგლოსაქსურისგან განსხვავებით, საფრანგეთის რევოლუციიდან აღმოცენებულმა კონტინენტურმა დემოკრატიამ ეს პრინციპები ძნელად გაითავისა. თავის მხრივ ორივე ქრისტიანული კონფესიის ეკლესიის მხრიდან როგორც ადამიანის უფლებების, ასევე დემოკრატიის მიმართ ადგილი ჰქონდა გაჯანჯლებას, უნდობლობასა და უარყოფას, რასაც ამ კონფლიქტებით აღსავსე ისტორიაში თავისი წვლილი შეჰქონდა. იდეების ისტორიაში ძნელია დემოკრატიის ქრისტიანული მემკვიდრეობის უგულებელყოფა, როგორც მინიმუმ სამართლებრივი, ადამიანის უფლებათა მაღიარებელი და მისით შეზღუდული დემოკრატიის კონცეფციაზე გავლენის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა სახელმწიფო წყობის მიმართ, თუკი იგი ტირანიად არ გადაგვარდებოდა, შედარებით გულგრილი იყო. მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკური ინსტიტუტების წყობა კი არა, საერთო კეთილდღეობის გარანტირება იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკური სისტემების საკითხში კათოლიკური სოციალური მოძღვრება ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა. თუმცაღა ნების გამოხატვის დემოკრატიულ პროცესში ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანი მონაწილეობა სწორედ ადამიანის უფლებათა და ადამიანის ქრისტიანული ხატის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს. იგი ევროპის სულის მომდევნო ელემენტია. პიროვნების თავისუფლება და ღირსება სამართლებრივ დემოკრატიას მოითხოვდა. პიუს XII-დან დაწყებული იგი სულ უფრო მეტად ექცევა კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრების პოლიტიკური ეთიკის ცენტრში. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია ქრისტიანულ-კათოლიკურ და პროტესტანტულ-კულტურულ არეალში დამკვიდრდა. უნდა ვაღიაროთ, გარდა იმისა, რომ დემოკრატია ქრისტიანობის მემკვიდრეა, აქამდე იგი თავისი სტაბილურობისა და ხანგრძლივობის დემონსტრირებას მეტწილად ქრისტიანულ ევროპაში ახდენდა. ჯერჯერობით ისევ პრობლემურია ეკლესიისა და დემოკრატიის ურთიერთობა მართლმადიდებლური ქრისტიანობის არეალში.
რაც შეეხება ხელისუფლების დაყოფას, ისიც ასევე განვითარებულია და გამოიყენება დასავლურ ქრისტიანობაში. მისი, როგორც სამართლებრივი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტის, ტრიუმფალური სვლა პლანეტაზე აქედან დაიწყო. ხელისუფლების დაყოფა ხელისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. პირველი ნაბიჯი ხელისუფლების შეზღუდვისკენ სპირიტუალიასა და ტემპორალიას შორის განსხვავების აღიარებაა. ხელისუფლების დაყოფა, როგორც სამართლებრივი დემოკრატიის სტრუქტურული ნიშანი, ზემოთ აღნიშნულ ერთ განსხვავებაზე მეტს გულისმობს. იგი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გაყოფას და ურთიერთკონტროლს გულისხმობს. მისი იდეაა მინიმუმამდე დაიყვანოს ძალაუფლებით ცდუნება და მისი ბოროტად გამოყენება იქ, სადაც ძალაუფლებას ბოროტად ისედაც იყენებენ, და შეამციროს მისი მავნე შედეგები. ადამიანის ბუნების ამბივალენტურობის აღიარებით ქრისტიანული მემკვიდრეობა ძალაუფლების დაყოფის კონცეფციაშიც მკაფიოდ იკვეთება. ადამიანმა შეიძლება იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულად, ასევე დესტრუქციულად; მან შეიძლება ძალაუფლება საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად ან მის დასანგრევად გამოიყენოს. ხელისუფლების დაყოფით ამ ანთროპოლოგიური ფაქტიდან თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს სტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი დასკვნა გაკეთდა. სადაც, ნაციონალ-სოციალისტური ან კომუნისტური ტიპის ტოტალიტარული სისტემების მსგავსად, თეორიასა და პრაქტიკაში ამის უარყოფა ხდება, იქ როგორც პიროვნების ღირსებასა და თავისუფლებას, ასევე ქრისტიანობას ყოველთვის ერთდროულად ებრძვიან. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ქრისტიანობის გარკვეული კვალი მასაც ამჩნევია. სამოქალაქო საზოგადოების შედარებით ახალი ცნება დამოუკიდებელ და აქტიურ მოქალაქეთა საზოგადოებას აღნიშნავს, რომელნიც თვითორგანიზებულნი არიან ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში, საკუთარი თავის არტიკულირებას ახდენენ თავისუფალ ასოციაციებში, პარტიებში, საინფორმაციო საშუალებებში, აყალიბებენ სოციალურ წესრიგს, მონაწილეობენ პოლიტიკური ნების გამოხატვაში და არამარტო ეგუებიან თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არსებობას, არამედ მას, როგორც საერთო კეთილდღეობის პირობას, მხარს უჭერენ. სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელი დანამატია. მას გულისხმობს ადამიანის პიროვნული ხატისა და აგრეთვე საზოგადოების შესახებ ქრისტიანული მოძღვრების სოციალური პრინციპების ლოგიკა, განსაკუთრებით კი სუბსიდიარიტეტის პრინციპი. იგი ამცნობს სახელმწიფოს საკუთარ თავზე არ იტვირთოს ის საქმეები, რომელთა რეგულირება უფრო მცირე, ქვემდებარე დაწესებულებებს ან მოქალაქეებს შეუძლიათ და თავისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ქმედებებისას აქცენტი საკუთარი ქვედა საფეხურის დაწესებულებებისა და მოქალაქეების გაძლიერებაზე გააკეთოს. და ბოლოს, იგი დაფუძნებულია იმ ანთროპოლოგიურ აქსიომაზე, რომ ინდივიდუუმის მიერ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებისა და თავისი ძალისხმევით შედეგის მიღწევის მზადყოფნა და უნარი ადამიანური ცხოვრების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. ეს პრინციპი ევროპის სულის კუთვნილებაა.
3. სოციალური სამართლებრივი სახელმწიფო
თვალშისცემია ქრისტიანობის გავლენა თანამედროვე სოციალური სახელმწიფოს განვითარებაზე. მოყვასის სიყვარულის სახარებისეულმა მცნებამ საზოგადოებაში ადამიანური კლიმატის „დასათბობი“ ენერგია გამოათავისუფლა, რაც ანტიკური საზოგადოებისთვის უცხო იყო. მოხუცების, ქვრივებისა და უქონელთათვის ზრუნვა ქრისტიანული თემის მოვალეობად ითვლებოდა და მას საკუთარ თავზე მონასტრები, ორდენები და სამკურნალო დაწესებულებები იღებდნენ. რეფორმაციის ქვეყნებში ეს ამოცანა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია პიეტიზმმა, რომელიც ამ ფუნქციას თემებისა და ფონდების მეშვეობით ახორციელებდა. სოციალური სახელმწიფოს აღმოცენებაში XIX საუკუნეში მრავალი სულიერი მიმდინარეობა და ფაქტორი მონაწილეობდა: კონსერვატიული შეხედულებანი ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, საზოგადოების მართვაზე პოლიტიკის პასუხისმგებლობის სოციალისტური კონცეფციები, ამხანაგობათა ლიბერალური მოძრაობანი, პიეტიზმი და კათოლიკური სოციალური მოძღვრება. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანული შთაგონება მხოლოდ ბოლო ორი მიმდინარეობისთვის არ იყო დამახასიათებელი. სახელმწიფო რომ არამარტო სამართლებრივი, არამედ სოციალური სახელმწიფოც უნდა იყოს, რომ სამართლისა და უსაფრთხოების გარდა იგი ადამიანის ღირსების შესაფერისი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებისთვისაც უნდა ზრუნავდეს, რომ მისი ვალია მოქალაქეთა დაცვა შემოსავლების დაკარგვისგან, რაც ავადმყოფობით, ინვალიდობით, მოხუცებულობითა თუ უმუშევრობით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ იგი სოციალური უსაფრთხოების, სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის გარანტი უნდა იყოს - ეს ყოველივე ჭეშმარიტად ქრისტიანული მემკვიდრეობაა. 1891 წელს ლეონ XIII-ის პირველმა სოციალურმა ენციკლიკამ ღერუმ ნოვარუმ სახელმწიფოს, როგორც „ღამის გუშაგის“ იმ დროს ფართოდ გავრცელებული კონცეფციის საპირისპიროდ, ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოებრივ ამოცანას გაუსვა ხაზი. მაინცის ეპისკოპოსის, კეტლერის ნაშრომები ამ ენციკლიკის დიადი წინამორბედი იყო. პარლამენტის ბადენელი დეპუტატის ფრანც იოზეფ ბუსის „საფაბრიკო სიტყვაში“ სოციალურ-სახელმწიფოებრივი ამოცანები უკვე 1837 წელს ერთ-ერთი გერმანული სახელმწიფოს პარლამენტში გამოსვლის დროს განისაზღვრა.
სოციალური სახელმწიფოს განვითარებაში ქრისტიანთა მიერ შეტანილი წვლილი მარტო თეორიას კი არა, პრაქტიკასაც, კერძოდ, კანონმდებლობას და პოლიტიკას ეტყობა. რა თქმა უნდა, ბისმარკის სოციალური კანონმდებლობა მარტო პიეტისტური მოტივებიდან არ აღმოცენებულა. მის პოლიტიკურ მიზანს მუშათა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებით სოციალ-დემოკრატიული ოპოზიციის დასუსტება წარმოადგენდა. მაგრამ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე სოციალური სახელმწიფოს განვითარებაში გადამწყვეტი სიტყვა ცენტრისტული პარტიებისა და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ქრისტიანებმა თქვეს. 1891 წელს მუშათა დაცვის შესახებ კანონში საწარმოს მუშაობაში მუშათა მონაწილეობის პირველი, ჯერ კიდევ ფაკულტატური რეგულირების უფლების შეტანაში აქტიურად მონაწილეობდა ფრანც ჰიტცე, რომელმაც ორი წლის შემდეგ მიუნსტერის უნივერსიტეტში ქრისტიანული სოციალური მეცნიერების პირველი კათედრა ჩაიბარა. საქარხნო საბჭოების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელმაც მმართველთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწარმოს მუშებთან შეთანხმების სავალდებულო რეგულირება შემოიტანა, ფრანც ჰიტცე და ჰენრიხ ბრაუნსი მონაწილეობდნენ. გერმანული სოციალური სახელმწიფოს განვითარებაში ჰენრიხ ბრაუნსს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მას, კათოლიკე მღვდელს, 1920-დან 1928 წლამდე თორმეტი კაბინეტის შემადგენლობაში იმპერიის შრომის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მან შემოიღო საფაბრიკო სამართალი, დავების გადაწყვეტის პროცედურები, გაამარტივა და სრულყო სოციალური დაზღვევა და უმუშევართა სუბსიდია უმუშევრობისაგან დაზღვევით შეცვალა. მისი რეფორმებით გამოწვეული იმპულსები სოციალური სახელმწიფოსთვის დღემდე მნიშვნელოვანია. მისი დამსახურებანი პიუს XII-მ 1931 წელს აღნიშნა თავის ენციკლიკაში Quadragesimo anno.
4. საერთაშორისო სოლიდარობა
დიდია ქრისტიანობის წვლილი საერთაშორისო სოლიდარობის განვითარებაშიც. თუ მხედველობაში არ მივიღებთ შუა საუკუნეების ევროპულ ქრისტიანულ იმპერიებს, რომელთაც ეროვნული საზღვრები ჯერ არ იცოდნენ, მაშინ ცხადი გახდება, რომ ეროვნული შეზღუდულობის მძლეველი საერთაშორისო სოლიდარობა XIX და XX საუკუნების დიდი, მწარე და სისხლიანი გამოცდილების გვიანდელი ნაყოფია. ეს მწარე და სისხლიანი გამოცდილება ევროპამ და მსოფლიომ მაშინ შეიძინა, როცა პოლიტიკურ ხელისუფლებას ქრისტიანობასთან დაპირისპირებული ნაციონალისტური, ნაციონალ-სოციალისტური და კომუნისტური იდეოლოგიები განსაზღვრავდნენ. საერთაშორისო სოლიდარობის ინიციატივებს ქრისტიანული კულტურის წრის და მასთან ერთად ევროპის სულის კვალი ატყვია. ეს თანაბრად ეხება როგორც კონრად ადენაუერის, რობერტ შუმანისა და ალჩიდო დე გასპერის მიერ ინსპირირებულ ევროპის გაერთიანების პროცესს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტის აღმოფხვრის კონცეფციებსა და ინსტიტუტებს, 1919 წელს დაარსებულ მშრომელთა საერთაშორისო ორგანიზაციას (ი.მ.ო) და გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციას.
მესამე ათასწლეულის დასაწყისისთვის საერთაშორისო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტის აღმოფხვრა ან თუნდაც შერბილება წარმოადგენს. ამ საკითხის თეორიულ და პრაქტიკულ რეალიზაციაში ქრისტიანობამ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. ქრისტიანული სოციალური ეთიკა ძველთაგანვე ხაზს უსვამდა იმას, რომ სოლიდარობის პრინციპი ვრცელდება როგორც საზოგადოების შინაგან წესრიგზე, ასევე საერთაშორისო წესრიგზეც.
ინდუსტრიული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანი, როცა მატერიალურად უზრუნველყოფილნი პროგრესული გადასახადების, კარიტასული დახმარებისა და სოციალური დაცვის სოლიდარული სისტემის მეშვეობით შეეწევიან ნაკლებად უზრუნველყოფილებს, რათა მათ ადამიანური ღირსების შესაბამისი ცხოვრების დონე ჰქონდეთ, საერთაშორისო დონეზეც უნდა აღიარონ. ამიტომაც ქრისტიანული სოციალური მოძღვრება მუდმივად შეაგონებს ინდუსტრიულ ქვეყნებს, რათა მათ მესამე სამყაროს განვითარებისთვის გამოყოფილი დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდონ. იგი ხაზს უსვამს მიწიერი სიკეთეების უნივერსალურ დანიშნულებას, ერების ურთიერთზე დამოკიდებულებას, მშვიდობის, სამართლიანობისა და მთელი კაცობრიობის ერთიანობის მისაღწევად ყველა ხალხის, კულტურისა და რელიგიის თანამშრომლობის აუცილებლობას.
ქრისტიანული სოციალური მოძღვრება მიმართავს განვითარებად ქვეყნებს, რათა მათ გააცნობიერონ, რომ საკუთარი პროგრესის შემოქმედნი და მასზე პასუხისმგებელნი თავად უნდა იყვნენ. განვითარებადი ქვეყნების მზადყოფნა და უნარი - განავითარონ საკუთარი ინიციატივები, მათთვის გაწეული საერთაშორისო დახმარების წარმატების წინაპირობაა. აუცილებელია აგრეთვე დიქტატორული პოლიტიკური სისტემების რეფორმირება და მათი გარდაქმნა დემოკრატიულ სისტემებად. სამართლებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოლიტიკური ნების გამოხატვაში თავისუფალი და თანასწორი მონაწილეობის გარეშე ეკონომიკური და სოციალური პროგრესი წარმოუდგენელია. ქრისტიანული სოციალური მოძღვრება უარყოფს როგორც მარქსისტული ორიენტაციის „დამოკიდებულების თეორიას“, რომელიც განვითარებად ქვეყნებს მთლიანად ინდუსტრიულ სახელმწიფოებზე დამოკიდებულად თვლის და ყველა უბედურებაზე პასუხისმგებლად ამ უკანასკნელთ მიიჩნევს, ასევე ადრეულ ლიბერალურ პოზიციას, რომელსაც გადაჰქონდა რა სახელმწიფოს, როგორც ღამის გუშაგის, მოდელი საერთაშორისო დონეზე, განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარად მიტოვება სურდა.
5. სოციალური საბაზრო ეკონომიკა
თავისუფალ კონსტიტუციურ სახელმწიფოს მისი შესაბამისი ეკონომიკური წყობა ესაჭიროება. საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებით, ასეთ წყობას დღესდღეობით სოციალური საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს. მასშიც არის ქრისტიანული მემკვიდრეობა? ეს კითხვა დიფერენცირებულ პასუხს მოითხოვს. სოციალური საბაზრო ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური პრინციპების კონცეფცია, მხოლოდ ნახევარ საუკუნეს ითვლის. მის წინამორბედ ეკონომიკურ წყობებს ან უსაზღვრო კონკურენტული თავისუფლება ან კონკურენციის ელიმინირება და სახელმწიფოს მხრიდან ცენტრალური მართვა ახასიათებდა. სოციალური საბაზრო ეკონომიკა ორივე მოდელს ემიჯნება. იგი კონკურენტული თავისუფლებისა და სოციალური უსაფრთხოების შეთავსებას ცდილობს.
ჩარჩო კანონმდებლობის მეშვეობით, იგი როგორც ბაზრის უპირატესობების, ასევე სოციალური სამართლიანობის გარანტირებას ესწრაფვის. ამ კონცეფციის მამები, ლუდვიგ ერჰარდი, ალფრედ მიულერ-არმაკი, ვილჰელმ რიოპკე და სხვანი, ევანგელისტი ქრისტიანები არიან და არა ღვთისმეტყველნი ან სოციალური ეთიკის სპეციალისტები. ისინი, როგორც ეკონომისტები, ქრისტიანული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციას ახდენენ. მათგან განსხვავებით, ორივე ქრისტიანული კონფესიის ეკლესიას 80-იანი წლების ბოლომდე სოციალური საბაზრო ეკონომიკის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა და ეს სირთულეები ბოლომდე მოხსნილი არ არის. თუმცაღა, ყოველთვის არსებობდნენ სოციალური ფილოსოფოსები, რომელნიც მიუთითებდნენ, რომ სოციალური საბაზრო ეკონომიკა - ადამიანის ქრისტიანული ხატიდან, ხოლო სუბსიდიარიტეტისა სოლიდარობის პრინციპებიდან გამომდინარეობს (კათოლიკური მხრიდან: იოზეფ ჰოფნერი, ვილჰელმ ვებერი, ანტონ რაუშერი, ლოთარ როსი, ვოლფგანგ ოკენფელცი; ევანგელისტური მხრიდან: მარტინ ჰონეკერი და ტრუტც რენტდორფი). მაგრამ თავად ეკლესიებში დიდი ხნის მანძილზე დომინირებდა შეხედულება, რომელიც ბაზარსა და კონკურენციას მხოლოდ ადამიანური ეგოიზმისა და არაკონკურენტუნარიანი ადამიანების მიმართ გულგრილობის სარბიელად განიხილავდა.
მხოლოდ 1991 წლიდან კათოლიკურ ეკლესიასა და გერმანიის ევანგელისტურ ეკლესიაში გამოჩნდა სოციალური საბაზრო ეკონომიკის, როგორც ისეთი ეკონომიკური წყობის კონცეფციის რეცეფციები, რომლებიც ქრისტიანული სოციალური მოძღვრების ლოგიკას შეესაბამება და რომლის მხარდაჭერა, მსოფლიოში ქრისტიანობის ამოცანათა პერსპექტივიდან გამომდინარე, შესაძლებელია. კათოლიკურმა ეკლესიამ ეს კონცეფცია ისე მიიღო, რომ მისი სახელი არ უხსენებია. 1991 წლის 1 მაისის ენციკლიკაში Centesimus Annus იოანე პავლე II - ის მიერ ბაზრის, მოგების, მეწარმისა და სახელმწიფოს შესახებ გამოთქმული მოსაზრებანი სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციას შეესაბამება. გერმანიის ევანგელისტურმა ეკლესიამ 1991 წლის სექტემბერში მრევლისადმი მიმართვაში „საერთო კეთილდღეობა და პირადი სარგებელი. მომავლის წინაშე პასუხისმგებელი ეკონომიკური ქმედებები“ ასევე მხარი დაუჭირა სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციას. მაგრამ რაოდენ სასიხარულო და ნიშანდობლივიც არ უნდა იყოს ეს დოკუმენტები, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ეკლესიების მასწავლებელი გერმანიის თავისუფალი კონსტიტუციური წყობა იყო. მათ აღიარეს, რომ ადამიანის ღირსების შესაფერისი საცხოვრებელი პირობები მხოლოდ ინდივიდუალურ ქცევასა და სათნოებაზე კი არა, საზოგადოებრივ სტრუქტურებზეცაა დამოკიდებული. მათ კიდევ უფრო ღრმად გაიაზრეს, რომ ქრისტიანული სოციალური მოძღვრება სტრუქტურების ეთიკასაც უნდა მოიცავდეს. მეორე მხრივ, სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია ისეთ წანამძღვრებს ემყარება, რომელთა სიღრმისეული გააზრება მათ ქრისტიანულ მემკვიდრეობას აშკარას ხდის. ეკონომიკური წყობის თითოეული მოდელი ადამიანის შრომაზე, საკუთრებასა და თავად ადამიანზე გარკვეულ წარმოდგენებს ემყარება. ამ თვალსაზრისით შრომა ადამიანის ისეთი მოღვაწეობაა, რომლის მეშვეობით, ერთი მხრივ, იგი გარდაქმნის ბუნებას, აწარმოებს საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებელ მატერიალურ სიმდიდრესა და მომსახურებას, მეორე მხრივ კი, ამ უკანასკნელთა მეშვეობით იგი ახდენს თვითრეალიზებას და გონზე დამყარებულ ბატონობას დედამიწაზე. შრომა სამყაროს პოზიტიურ ხედვას გულისხმობს. თავისუფლების დასაცავად და ცხოვრების პასუხისმგებლური წესის დასამკვიდრებლად წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგი ადამიანის რეწვითი აქტივობის შედეგია, გულისხმობს სოციალურ პასუხისმგებლობას და მესაკუთრეს თავისი საკუთრების საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენებას ავალდებულებს. და ბოლოს, სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეის ცენტრში დგას თავისუფალი, დაინტერესებული, ინიციატივიანი, საკუთრების შემქმნელი, პასუხისმგებლობის მქონე და შრომისათვის მზადმყოფი ადამიანი, რომელიც, როგორც წესი, მზადაა და აქვს უნარი თავად იზრუნოს საკუთარი ცხოვრებისათვის. ამ კონცეფციის ანთროპოლოგიურ წანამძღვრებს მიეკუთვნება იმის აღიარებაც, რომ ადამიანს ორგვარი ნება გააჩნია, მისი ცოდნა ყველგან და ყოველთვის არასრულია, მისი მოქმედება ყოველთვის ბრძნული არაა და ბაზარზე თავისი ინტერესების განხორციელებით მას საერთო კეთილდღეობაში თავისი წვლილის შეტანა ან მისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ამიტომაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მომწესრიგებლის, მაკონტროლებლისა და კორექტორის ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც იგი ადამიანის კონსტრუქციულ ქმედებებს ხელს შეუწყობს, დესტრუქციულს კი - შეზღუდავს. ამ წანამძღვრებში ქრისტიანული მემკიდრეობაა ასახული, რისი არდანახვაც შეუძლებელია.
6. დასკვნა
თავისუფალი კონსტიტუციური წყობის აქ განხილული საფუძვლები გვიჩვენებს, რომ თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არსებითი ელემენტები ქრისტიანული კულტურიდანაა ნასესხები. სამართლებრივი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ხელისუფლების დაყოფა, სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური სახელმწიფო, საერთაშორისო სოლიდარობა და სოციალური საბაზრო ეკონომიკა ქრისტიანობის მიერ გამოკვეთილი ადამიანის პიროვნული ხატის კვალს ატარებენ, ამიტომაც თავისუფალ კონსტიტუციურ სახელმწიფოს ქრისტიანობისაგან დაცვა არ ესაჭიროება. ეს უკანასკნელი პირველის მოწინააღმდეგე არაა. ქრისტიანობა უნდა მოიაზრებოდეს იმ გარანტად, რომელიც თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ბაღნარს გულაგის არქიპელაგისა და საკონცენტრაციო ბანაკის უდაბნოდ გადაქცევისაგან დაიცავს. ქრისტეს ჯვარი, რა თქმა უნდა, იყო და არის ტვირთი, მაგრამ არა დამთრგუნველი, არამედ განმათავისუფლებელი.
თარგმნა
ზაზა იაშვილმა
![]() |
12 ბოშები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოსები საქართველოში
საქართველოში ბოშათა პრობლემების გადაჭრისათვის გადადგმული პირველადი ნაბიჯები
გიორგი სორდია
შესავალი
ბოშათა თემის ისტორია საქართველოში, მათი ყოველდღიური ცხოვრება, ურთიერთობები სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან თუ მათ წინაშე მდგარი პრობლემები საქართველოს ეთნიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი საკითხია. ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ბოშათა უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას სისტემური ხასიათი აქვს, საქართველოში ბოშებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზება თუ მათი უფლებების დაცვა მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაში იმყოფება. ამის მთავარი მიზეზი ბოშებისა და მათი ყოფის შესახებ ინფორმაციის სიმწირეა, როგორც საზოგადოებაში, ასევე სახელისუფლო წრეებში.
საქართველოში პირველი სისტემური და ყოვლისმომცველი კვლევა ბოშების შესახებ უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მიერ ჩატარდა 2007 წელს და კვლევის შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდა კიდეც1. ნაშრომში წარმოდგენილია ბოშათა გადმოსახლების ისტორია საქართველოში, განსახლების ადგილები, დემოგრაფიული მონაცემები, თემის სოციალური სტრუქტურა, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა პრობლემები.2
კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი პრობლემატიკა გამოიკვეთა: უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, განათლებისა და ჯანდაცვის მცირედ ხელმისაწვდომობა, იზოლირება ქვეყნის ძირითადი მოსახლეობისაგან, დოკუმენტაციის უქონლობა და ა. შ. ამ კვლევის შემდეგ უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა კვლავ განაგრძო ბოშათა თემის შესწავლა, რაც მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, ბოშათა სრულ დემოგრაფიულ აღწერას, მათი პრობლემების უფრო სიღრმისეულად შესწავლას, საჭიროებების შეფასებას, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას თემის ეთნიკური და კულტურული თავისებურებების შესახებ, მეორეს მხრივ კი - სპეციალური ანკეტირების მეშვეობით ბოშათა სოციალური პრობლემატიკის დოკუმენტირებას, რამაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ზუსტი მონაცემები ბოშათა თემის წევრთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის, ბავშვებში დაბადების მოწმობების რაოდენობის, მოზარდთა დასაქმებისა თუ სკოლაში ჩარიცხულ ბავშვთა რაოდენობის თაობაზე.
კვლევა განხორციელდა 2008 წლის მეორე ნახევარში და 2009 წლის დამდეგს2.უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის №39 სამუშაო მოხსენებაში წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა კვლევის მასალებში დაფიქსირებულია მთელი რიგი ახალი მიგნებებისა, რომლებიც ბოშათა თემის დემოგრაფიასა და სტატუსს შეეხება. ამ მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნებით, ვიმედოვნებთ, ბიძგი მივცეთ საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს იზრუნონ ბოშათა წინაშე არსებული მწვავე პრობლემების გადასაჭრელად.
ბოშათა განსახლების არეალი და დემოგრაფიული მონაცემები
საქართველოს ბოშათა თემი დაახლეობით 1000 სულს ითვლის. ეს რაოდენობა მოიცავს მოლდაველთა დასახლებას თბილისში და ქუთაისში, ჭავჭავაძის სახელობის ხიდთან მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ბოშათა მსგავს ცხოვრების წესს მისდევენ (იხ. სქოლიო 5 და 6). ამ 1000 პირში არ შედიან აფხაზეთში მცხოვრები ბოშები.
ბოშათა გადმოსახლეობა საქართველოში მე-19 საუკუნის დამდეგიდან დაიწყო, განსაკუთრებით დაჩქარებული ტემპით ეს პროცესი საბჭოთა პერიოდში, 1930-70-იან წლებში, წარიმართა. გადმოსახლება ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან ხორციელდებოდა3. დღესდღეობით ბოშები საქართველოში მცირე ჯგუფებად არიან განსახლებულნი როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ:
თბილისი, სამგორის რაიონი
მჭიდრო დასახლება ნავთლუღის ბაზართან ახლოს, სადაც ბოშათა 17 ოჯახი (196 სული) არის განსახლებული. სამგორის ბოშათა აბსოლუტური უმრავლესობა ნაქირავებ კერძო სახლებში ცხოვრობს, თავს ირჩენს ნავთლუღის და ლილოს ბაზრობებზე ვაჭრობით, მცირე ნაწილი მათხოვრობს. სამგორში ბოშები შედარებით ახალი დასახლებულები არიან, კერძოდ, მათ აქ ჩამოსახლება 1980-იანი წლების ბოლოდან დაიწყეს ქუთაისიდან, სადაც დღემდე არიან რეგისტრირებულები და აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. გადმოსახლების მიზეზად თავად ბოშები ქუთაისში იმდროისათვის არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ასახელებენ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიუხედავად, მათ არ დაუკარგავთ კავშირები ქუთაისთან, აქვთ სავაჭრო ურთიერთობა, ხშირად აკითხავენ ნათესავებს4.
ქუთაისი, ავანგარდის უბანი
საბჭოთა პერიოდში ქუთაისის ბოშათა დასახლება ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, მთელ ქალაქში იყვნენ მიმოფანტულნი, თუმცა ბოლო დროს მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც გარე მიგრაციით არის გამოწვეული, ძირითადად, რუსეთის მიმართულებით და აგრეთვე ერთი ჯგუფის თბილისში, სამგორის რაიონში გადმოსახლებით. დღეისათვის ქუთაისში მცხოვრები ბოშები წარმოდგენილნი არიან ავანგარდის უბნის ორ მცირე დასახლებაში, რომელიც ექვს ოჯახს (42 სულს) ითვლის. ერთი მათგანი უბნის დასაწყისში არსებული კერძო სახლებისაგან შედგება, სადაც ბოშათა ორი ოჯახი ცხოვრობს, მეორე უბნის ცენტრალურ ნაწილში არსებული სექციური, ცხრა სართულიანი კორპუსია, სადაც ბოშების მხოლოდ ოთხი ოჯახია დარჩენილი. კერძო სახლებში მცხოვრებნი ბოშათა ტრადიციულ ცხოვრების წესს ინარჩუნებენ, რასაც მათი ჩაცმულობაც მოწმობს, მაშინ როდესაც კორპუსის ბინადარი ბოშები ურბანიზაციის გავლენის შედეგად სხვა მაცხოვრებლებისგან არ გამოირჩევიან5.
ქობულეთი, გილაურის უბანი
მსგავსად სამგორისა, ქობულეთშიც ბოშათა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლებაა საქართველოში. იქ მათი რაოდენობა ჩვიდმეტ ოჯახს (87 სულს) შეადგენს. ისინი ქალაქის ცენტრთან ახლოს, სარკინიგზო ხაზის აღმოსავლეთით, გილაურის უბანში სახლობენ. ცხოვრობენ საკუთარ სახლებში, რომლებიც მთელ უბანში არიან გაბნეული. საცხოვრებელი პირობები სხვა დასახლებებისაგან განსხვავებით იქ შედარებით უკეთესია, აქვთ უწყვეტი ელექტროენერგია და წყალი. ეწევიან ვაჭრობას, ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს, რომლებსაც შემდგომ ყიდიან. ნაწილი მძღოლია ან მეთევზეობას მისდევს და სხვ.
ბათუმი, ბესიკის ქუჩა
ბათუმში ბოშათა ძალიან მცირე ჯგუფი არსებობს - სამი ოჯახი (14 სული), რომლებიც ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ ბესიკის ქუჩაზე. ესენი წაროშობით ქუთაისიდან არიან და, მათი განცხადებით, დროებით იმყოფებიან ბათუმში. ძირითადად მათხოვრობენ.
დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ლენინოვკა
აქ ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებული ბოშების შედარებით დიდი რაოდენობა, 11 ოჯახი, სულ 73 სული. სოფელში ბოშების გარდა ცხოვრობენ რუსები (6 ოჯახი) და ქართველები (2 ოჯახი). ლენინოვკელ ბოშებს საკუთარი სახლები და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსადეგი ეზოები აქვთ. სოფელს უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია. წყალგაყვანილობა და კანალიზაცია არ არის, წყალს სოფლის ცენტრში არსებული რამდენიმე ჭიდან მოიპოვებენ. მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო პირობების არსებობისა, სოფელი სიღარიბით გამოირჩევა. მოსახლეობის უმეტესობა დაუსაქმებელია, ნაწილი ვაჭრობას ეწევა, ძირითადად, დედოფლისწყაროში, ასევე ლილოს ბაზრობაზე და თბილისის რკინიგზის სადგურთან. ლენინოვკელი ბოშებისთვის არც მათხოვრობაა უცხო6.
გარდაბნის რაიონი, სოფელი გაჩიანი
ეს შედარებით მცირე დასახლებაა, თუმცა საკმაოდ მჭირდო და ხალხმრავალი. გაჩიანში ბოშათა თექვსმეტი ოჯახია, სულ 122 ადამიანი. ათი ოჯახი კომპაქტურად არის დასახლებული სოფლის ძირითადი ნაწილიდან მოშორებით, ექვსი ოჯახი კი გაფანტულად ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობის გარემოცვაში.
საცხოვრებელი პირობები გაჩიანში, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა საკუთარ სახლებში ცხოვრობს, ბევრად უარესია, ვიდრე ლენინოვკაში ან სამგორში. ნაწილი სახლებისა კაპიტალურად ნაშენებია, ნაწილი კი სახელდახელოდ მოწყობილი, ფარდულის ტიპის ნაგებობაა. სახლებთან ახლოს აქვთ ეზოებიც, თუმცა ისინი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის არ არის გამოსადეგი. დასახლებას აქვს სასმელი წყლის პრობლემაც. წყლის მილი დასახლებიდან 200 მეტრის მოშორებით გადის და იქიდან უწევთ სასმელი წყლის ზიდვა. ელექტროენერგია სოფელს მიეწოდება, თუმცა იმდენად დაბალი ძაბვით, რომ არც ტელევიზორისა და არც მაცივრის ასამუშავებლად საკმარისი არ არის. თავის სარჩენად მოსახლეობა ვაჭრობს, ძირითადად ლილოს ბაზრობაზე და თბილისის რკინიგზის სადგურთან, მათი ნაწილი მათხოვრობს.
თბილისი, ლილოს დასახლება
ეს დასახლება თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. იქ ბოშათა 3 ოჯახი ბინადრობს (31 სული). ორი ოჯახი გვერდიგვერდ ცხოვრობს, ერთი კი - ცოტა მოშორებით. ბოშათა ლილოს დასახლება შედარებით ახალი შექმნილია, დაახლეობით 10 წლის წინ გაჩნდა. ერთი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, მეორე ქუთაისიდან არის გადმოსახლებული, მესამე კი - მცხეთის რაიონიდან. დასახლებაში არის კიდევ ერთი საცხოვრებელი ადგილი, კარავი, სადაც დროდადრო ვაჭრობის მიზნებით ჩამოდიან ხოლმე ბოშები სოფელ ლენინოვკიდან და რამდენიმე ხანს რჩებიან.
სამივე ოჯახი რეგისტრაციისა და ოფიციალური ნებართვის გარეშე ცხოვრობს სახელდახელოდ აშენებულ პატარა სახლებში. მათი საცხოვრებელი ადგილების ახლოს რამდენიმე საწარმო მდებარეობს - ლიმონათის ქარხანა, ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა და სხვ. ცხოვრების ნებართვა სწორედ ამ ქარხნების მესვეურთა მიერ აქვთ მიღებული გარკვეული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ. ქარხნების გაჩერების შემთხვევაში ბოშათა მომავალი ბედი გაურკვევლი იქნება.
თელავი
თელავისა და გურჯაანის რაიონებში მრავლად იყვნენ ბოშები წარმოდგენილნი, თუმცა ბოლო დროს მათი რიცხვი შემცირდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბოშები სახლობდნენ სოფელ მუკუზანში, 1990-იან წლებში და თანამედროვე პერიოდში მათი ნაწილი ლენინოვკაში გადასახლდა, ნაწილი - გაჩიანში, ზოგი კი რუსეთში წავიდა უკეთესი სამსახურის შოვნის იმედით. აღნიშნული მიგრაციული პროცესების გამო გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში არსებული ბოშათა დასახლება, რომელიც ერთ დროს კახეთში ბოშათა კონცენტრაციის მთავარ ადგილად ითვლებოდა, მთლიანად დაიცალა. უკანასკნელმა ბოშურმა ოჯახმა დასახლება 2008 წლის დეკემბერში დატოვა. დღეისათვის ბოშები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შემორჩნენ ქალაქ თელავში, კერძოდ, მთავარი საკოლმეურნეო ბაზრის სიახლოვეს, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სახლობს ბოშათა სამი ოჯახი (24 სული), რომლებიც განთავსებულები არიან სპეციალურ ვაგონებში, სადაც კუსტარულად აქვთ შეყვანილი ელექტროენერია. ამ ტერიტორიის დროებით გამოყენების უფლება ბოშებს გაზგასამართი სადგურის მეპატრონეებისაგან აქვთ მიღებული გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ. კერძოდ, რამდენიმე ბოშა სადგურში ღამის დარაჯად მუშაობს. თელავში მცხოვრები ბოშების მთავარი შემოსავლის წყარო კი მათხოვრობაა.
წარმომავლობა, კლანები და სოციალური სტრუქტურა
თვით ბოშებთან ინტერვიუების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრები ბოშები ორ მონათესავე შტოს განეკუთვნებიან და როგორც კულტურული ტრადიციებით, ასევე რელიგიური აღმსარებლობით თუ ლინგვისტური თავისებურებებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ამ ორი შტოს აღსანიშნავად საქართევლოში მცხოვრები ბოშები ხმარობენ ტერმინებს - კრიმი (ყირიმელი) და ვლახი. პირველი ტერმინით მოიხსენიებიან ყირიმიდან, სამხრეთ უკრაინიდან და სამხრეთ რუსეთიდან გადმოსახლებული მუსლიმი ბოშები, ხოლო მეორე ტერმინით - ძირითადად უკრაინიდან და ასევე რუსეთიდან გადმოსახლებული ქრისტიანი ბოშები.
კრიმის შტოს განეკუთვნება ქუთაისში, სამგორში, ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები ყველა ბოშა, ასევე ლილოში მცხოვრები ერთი ოჯახი, ხოლო ვლახის შტოს აკუთვნებს საკუთარ თავს გაჩიანში, ლენინოვკასა და თელავში მცხოვრები ყველა ბოშა, ასევე ლილოში მცხოვრები ორი ოჯახი.
კრიმის შტოს წევრები ტრადიციულად ისლამის აღმსარებლები იყვნენ, გვარებიც უმეტეს შემთხვევაში მუსლიმურფუძიანი აქვთ, ოღონდ რუსული დაბოლოებით. საქართველოში ცხოვრების შედეგად ისლამი თანდათანობით იკარგება, დღეის მდგომარეობით მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას აქვს ის შენარჩუნებული, ძირითადად მოხუცებს. კრიმის შტოს უდიდესი ნაწილი დღეს უკვე მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია, თუმცა რელიგიურობის მაღალი დონით არ გამოირჩევიან. გამონაკლისს წარმოადგენენ ქობულეთელი ბოშები, რომელთა დიდი ნაწილი უკანასკნელი 20 წლის მაძილზე ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრი გახდა და ევანგელისტურ ღვთისმსახურებას ასრულებს სახელდახელოდ მოწყობილ სამლოცველოში.
ვლახის შტოს წევრები კი იმით გამოირჩევიან, რომ უკრაინული და რუსული გვარები აქვთ და მორწმუნე მართლმადიდებლები არიან. ორივე შტო ერთმანეთს ბოშებად მიიჩნევს, თუმცა მათ შორის არსებული სხვაობების გამო მჭიდრო კავშირები არ გააჩნიათ, იშვიათად უნათესავდებიან ერთიმეორეს. ახლო ურთიერთობას ლინგვისტური სხვაობებიც უშლის ხელს. მართალია, ორივე შტო ბოშურად მეტყველებს, მაგრამ სხვაობა დიალექტებს შორის ზოგ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.
ეს ორი შტო რამდენიმე მცირე კლანებად თუ საგვარეულოებად იყოფა. კრიმის შტო შემდეგ საგვარეულო კლანებად არის დაყოფილი: ჩორადაესი, პეტალიდისი, ჯუჯუკეა, ბუბულიადესი. ოთხივე ეს კლანი საქართველოში კრიმის შტოს ყველა დასახლებაშია წარმოდგენილი. ვლახის შტო კი გაჩიანში შემდეგ კლანებად იყოფა: ბუტკა, პლაშუნი, მელენკი, მანკი, ტემრიუკი. ლენინოვკაში წარმოდგენილია კლანები: ჰარბუზი, ნალიჰაჩი, პალენკი, მეკორია, ლილოსა და გაჩიანში კალაშის კლანი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ თითოეული ეს კლანი შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე სხვადასხვა გვარს. კლანის წევრები ახლო ნათესავებად აღიქმებიან, თემის თითოეულმა წევრმა - ორივე შტოში - კარგად იცის საკუთარი კლანური წარმოშობის შესახებ, რაც მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ბოშათა ეთნო-კულტურულ თვით-იდენტიფიკაციისათვის. ტრადიციით კლანებს შიგნით ქორწინებები აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ როგორც კრიმის, ასევე ვლახის შტოს შენარჩუნებული აქვს კავშირები თავიანთ მონათესავე თემებთან რუსეთში, სადაც პერიოდულად ჩადიან ხოლმე. თავად საქართველოს ბოშების განცხადებით, რუსეთში მათ მოიხენიებენ ტერმინით „ქართველი ბოშები“. ამ სახელწოდებით რუსეთში მცხოვრები ბოშები მათ სხვა ბოშებისაგან განასხვავებენ.
ბოშათა თემს ტრადიციულად კასტური სტრუქტურა და იერარქიული ლიდერობა ახასიათებდა. არსებობდნენ თემის ლიდერები, ე.წ. ბარონები, რომლებიც შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ამა თუ იმ სადავო საკითხის გადაჭრისა თუ თემისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. დროთა განმავლობაში თემის შიდა ორგანიზაციულმა სტრუქტურამ ცვლილებები განიცადა და თანდათანობით ბარონის ინსტიტუტმა დაკარგა ადრეული გავლენა. დღესდღეობით ბარონები ფორმალურად მაინც არსებობენ, თუმცა მათი ავტორიტეტი არ არის საკმარისი თემის სხვა წევრების ნაცვლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ტრადიციული სისტემის რღვევამ წინა პლანზე წამოწია ოჯახის მნიშვნელობა და ოჯახის უფროსის გავლენა, რომელიც ახლა უკვე გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად ითვლება, თუმცა მისი გავლენა საკუთარი ოჯახის ფარგლებს არ სცილდება. ის თვალყურს ადევნებს ოჯახის წევრთა მორალურ აღზრდას, აღკვეთს მიუღებელი ტრადიციების დამკვიდრების მცდელობას და ა. შ. ერთ-ერთი ვალდებულება ოჯახის უფროსისა, მაგალითად, ვლახის შტოში, ის არის, რომ არ დაუშვას შერეული ქორწინება; კერძოდ, ვლახის შტოს წევრებისათვის ტრადიციულად მიუღებელია მუსლიმებზე დაქორწინე- ბა, მათ შორის კრიმის შტოს წარმომადგენელ მუსლიმებზედაც. ოჯახი ასევე არ მიესალმება ქორწინებას ქართველებთან და სომხებთან, თუმცა ეს ფორმალური აკრძალვა უკვე აღარ მოქმედებს, რისი გამოხატულებაცაა უკანასკნელ პერიოდში მომრავლებული შერეული ბოშურ-ქართული და ბოშურ-სომხური ქორწინებები. შედარებით განსხვავებული სურათია კრიმის შტოში, სადაც ქორწინებები სხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებთან კულტურული ტრადიციებით არ არის აკრძალული.
ენა, კულტურა
საქართველოში მცხოვრები ბოშებისათვის მშობლიური ენა არის ბოშური, რომელიც წარმოდგენილია ორი ძირითადი დიალექტით, ესენია კრიმი და ვლახი (იხ. ზემოთ). ორივე წარმომავლობის ბოშები მშობლიური ენის დონეზე ფლობენ რუსულსაც, რომელიც ამავე დროს საკომუნიკაციო ენაა კრიმისა და ვლახის შტოებს შორის. საკმაოდ მაღალია ბოშების მიერ ქართული ენის ფლობის დონეც, თუმცა იგი რუსულის ცოდნის დონეს ჩამოუვარდება. ქართულ ენაზე მეტყველების დონე ბოშათა დასახლების ადგილებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქუთაისსა და სამგორში მცხოვრები ბოშები საკმაოდ კარგად მეტყველებენ ქართულად, უფრო მეტიც, ქართველებთან აქტიური კონტაქტის შედეგად შეძენილი აქვთ ამ რეგიონის მცხოვრებთათვის დამახასიათებელი იმერული აქცენტი. მსგავსი ვითარებაა ქობულეთშიც, თუმცა, ქუთაისისგან განსხვავებით, ქობულეთელ ბოშათა ნაწილს არ შეუძლია ქართულად წერა-კითხვა. ქართული ენის ფლობის თვალსაზრისით გაცილებით რთული მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოს ვლახის შტოს წევრ ბოშებში. მაგალითისათვის, ვლახთა ორ ძირითად დასახლებაში - გაჩიანსა და ლენინოვკაში - ქართულ ენას, ისიც არასრულყოფილად, მხოლოდ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ბოშები ფლობენ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ორივე ეს სოფელი იზოლირებულია ქართველებით დასახლებული ადგილებისაგან.
მართალია, საქართველოს ბოშათა თემმა თითქმის სრულფასოვნად შეინარჩუნა ეროვნული და კულტურილი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ენა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ბოშათა სხვა ტრადიციებზე. თანდათანობით დავიწყებას ეძლევა ბოშათა ჩაცმულობის ტრადიციული სტილი, იშვიათობას წარმოადგენს ქალის ლამაზად მორთულ-მოკაზმული, ბრჭყვიალა კაბები, იკარგება ბოშური სიმღერისა და ცეკვის კულტურაც. საბჭოთა ხანაში ძალიან ხშირად იმართებოდა ბოშათა ქუჩის ფესტივალები, მეტადრე ქუთაისსა და ქობულეთში. ფესტივალის დროს მთელი ბოშათა თემი გარეთ გამოდიოდა და ტრადიციულ ბოშურ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებდა. მუსიკალურობა საქართველოს ბოშებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ, თითქმის ყველა ბოშა, განსაკუთრებით ქობულეთში, ფლობს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას, თუმცა საჯარო კონცერტებსა და ფესტივალებს უკვე აღარ მართავენ. გამონაკლისს წარმოადგენს ქორწილის რიტუალები, რაც კარგი შესაძლებლობაა ბოშური ტრადიციული ხელოვნების წარმოსაჩენად. ქორწილზე ახლო ნათესავები იყრიან თავს, საქორწილო დღესასწაული რამდენიმე დღეს გრძელდება, რასაც თან სდევს იმპროვიზებული სიმღერები და ცეკვები. თუმცა ბოლო დროს თავი იჩინა ქორწილების რესტორანში გადახდის ტენდენციამ, რაც მომავალში არასახარბიელოდ აისახება ბოშურ ტრადიციულ კულტურაზე, მისი შენარჩუნების თვალსაზრისით.
განათლების ხელმისაწვდომობა
სკოლაში სიარულის მაჩვენებელი ბოშებში უკიდურესად დაბალია და ეს ბოშათა თემის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ბოშათა ბავშვების ძალიან მცირე რაოდენობა დაიარება სკოლაში. არის დასახლებები (ლილოში, სამგორში, ბათუმში), სადაც ერთი ბავშვიც კი არ სწავლობს სკოლაში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: მშობლები ბავშვებს სავაჭროდ ან სამათხოვროდ აგზავნიან, რაც ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა; ზოგჯერ მშობელი მთელი დღის განმავლობაში საშოვარზეა გასული და ურჩევნია შვილები სახლში დარჩნენ და საოჯახო საქმეები აკეთონ; სწავლის ხელის შემშლელი სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ბავშვების ნაწილს დაბადების მოწმობა არ აქვს (იხ. ქვემოთ); კიდევ ერთი, შესაძლოა უმთავრესი, მიზეზი იმისა, რომ ბოშათა ბავშვების ესოდენ მცირე რაოდენობა დადის სკოლაში, მშობლების მხრივ საკუთარი შვილებისათვის განათლების მიღების აუცილებლობისა და განათლების უპირატესობის გაუაზრებლობაა. მშობელთა უმეტესობას თავად არა აქვს საშუალო განათლება მიღებული, განსაკუთრებით ეს შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბოშებს. ქუთაისისა და ქობულეთის ბოშა მშობელთა უმეტესობას საშუალო სკოლა დამთავრებული აქვს, რაც ძირითადად მათი დასახლებების ურბანიზაციისა და მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რომლისთვისაც საშუალო განათლების გავრცელება, მათ შორის მოსახლეობის ყველაზე მარგინალურ ჯგუფებშიც კი, პრიორიტეტს წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით ჩამორჩა პერიფერიული გაჩიანისა და ლენინოვკის ბოშათა თემი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარია.
და მაინც მშობლები შვილების სწავლის პრინციპული მოწინააღმდეგეები არ არიან, ზოგიერთებს პირიქით, დიდი სურვილი აქვთ ბავშვებს განათლება მიაღებინონ და განიცდიან, რომ ვერ ახერხებენ ამას. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ახსნა-განმარტებებისა და სათანადო მუშაობის ჩატარების შემთხვევაში ადვილად მოხერხდება ბოშა მშობლების დარწმუნება იმაში, რომ ბავშვები სკოლაში მიაბარონ. 2008 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა აქტიური ახსნა-განმარტებითი და საინფორმაციო მუშაობა ჩაატარა ბოშათა ლენინოვკის თემში, საიდანაც მხოლოდ ერთი ბავშვი დადიოდა სკოლაში. ამის შედეგად შესაძლებელი გახდა კიდევ ცხრა ბავშვი ჩარიცხულიყო უახლოეს, დედოფლისწყაროს, საჯარო სკოლაში.
დოკუმენტაცია და რეგისტრაცია
შესაბამისი დოკუმენტაციის უქონლობა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში მცხოვრები ბოშებისათვის. უკანასკნელ პერიოდში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა ლენინოვკის, სამგორის, ქუთაისისა და ქობულეთის ბოშებში, სადაც, როგორც ზრდასრულ, ასევე არასრულწლოვან ბოშათა უმეტესობას უკვე აქვთ საჭირო დოკუმენტები (პირადობისა და დაბადების მოწმობები), ხოლო რეგისტრირებული თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არიან, გამონაკლისს წარმოადგენენ სამგორში მაცხოვრებელი ბოშები, რომელთაც ქუთაისის რეგისტრაცია აქვთ (იხ. ზემოთ).
დოკუმენტების თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა გაჩიანში, ლილოსა და თელავში, სადაც ბოშა მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს არანაირი დოკუმენტაცია არ მოეპოვება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ბოშათა პასიურობა და სათანადო ოფიაციალურ ორგანოებში გამოცხადებისაგან და განცხადების წარდგენისაგან თავის შეკავებაა, ხოლო, მეორე მხრივ, თვით ამ ოფიციალური სტრუქტურების ნაკლები დაინტერესება ბოშათა დოკუმენტების მოწესრიგებით. კვლევის პროცესში ჩვენ მიერ შეგროვებულ იქნა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები გაჩიანში ბოშათა დოკუმენტირების შესახებ, რაც შემდეგ გარდაბნის რაიონის საპასპორტო სამსახურს მიეწოდა გაჩიანში მცხოვრებ ბოშათა კოლექტიური განცხადებებითურთ შესაბამისი დოკუმენტების გაცემის თაობაზე. ამის შემდეგ საპასპორტო სამსახურის თანამშრომლები ჩავიდნენ დასახლებაში, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, ეს საკითხი მაინც მოუგვარებელი რჩება.
სხვა ეთნოსებთან ურთიერთობა
ბოშათა თითქმის ყველა დასახლება საქართველოში მულტიეთნიკურ გარემოში მდებარეობს და ბოშებს მუდმივი ურთიერთობები აქვთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, მაგალითად, ლენინოვკაში - ქართველებთან და რუსებთან, გაჩიანში - აზერბაიჯანელებთან, სამგორში - ქართველებთან, სომხებთან და აზერბაიჯანელებთან, ქუთაისსა და ქობულეთში - მეტწილად ქართველებთან.
თვით ბოშების განცხადებით, მათ არავითარი პრობლემები არ ექმნებათ არცერთი ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთაგან. ბოშებმა არ დაადასტურეს მათ მიმართ აშკარა დისკრიმინაციის ფაქტების არსებობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართულ საზოგადოებაში, ჯერ კიდევ აშკარაა ბოშების შესახებ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მოქმედების ძალა. ფართო საზოგადოების მიერ ბოშები აღიქმებიან ბინძურ და გაუნათლებელ ხალხის მასად, რომლებმაც მხოლოდ მათხოვრობა და ქუჩის ვაჭრობა იციან. ასეთი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას მეტწილად ხელს უწყობს დიდი ქალაქების ქუჩებში მოხეტიალე და მათხოვარი ბავშვების არსებობა, რომლებიც ხშირად ბოშები სულაც არ არიან, მაგრამ საზოგადოება ყველა მათგანს ბოშად მიიჩნევს. ტერმინი „ბოშა“, უფრო სწორად, ხალხში უფრო გავრცელებული მისი რუსული შესატყვისი - „ციგანი“, იქცა კრებით სახელად, რომლითაც აღინიშნება ქუჩებში მოწანწალე ბავშვები თუ მოხეტიალე ღარიბი მოსახლეობა განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.
ბოშათა თემის საჭიროებები და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ქმედება
კვლევის წარმოების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საჭიროებებისა, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბოშათა თემის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას. კერძოდ, ოთხ ძირითად პუნქტს გამოვყოფდით:
საზოგადოების, განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებისა და ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ ნდობის აღდგენის საჭიროება. ნდობა მეტწილად იმ მიზეზით არის დაკარგული, რომ სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები არაერთხელ დაინტერესებულან ბოშების პრობლემატიკით, თუმცა ეს დაინტერესება სამწუხაროდ მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტებით შემოიფარგლებოდა და არანაირი ქმედითი თანადგომა არ ყოფილა გამოხატული. ამის გამო უკანასკნელ პერიოდში ბოშები ზოგ შემთხვევაში არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდნენ მათთან ვიზიტად მისულ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
საქართველოს ბოშური თემის კონსოლიდაციის საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ბოშები საქართველოში არცთუ ისე დიდი რაოდენობით არიან, მათი თემი არ არის შეკრული. არ გააჩნიათ არანაირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც იღვაწებს თემის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისათვის ან ამ პრობლემების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის გასაცნობად;
ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო პროგრამების ცოდნის საჭიროება. საქართველოში მცხოვრებ ბოშათა აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათთვის ხელმისაწვდომი სოციალური შეღავათების, საპენსიო თუ ჯანდაცვის ფონდების არსებობის შესახებ;
საზოგადოებაში ბოშებთან დაკავშირებული სტრეოტიპების შეცვლის საჭიროება.
უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა 2008 წლის ივლისიდან ნორვეგიის მთავრობის დახმარებით წამოიწყო ქმედება, რომელიც აღნიშნული პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად7. საწყის ეტაპზე ბოშათა თემში მოძებნილ იქნა ახალგაზრდა, მოტივირებული და დაინტერესებული ბოშა, რომელიც სტაჟიორად იქნა აყვანილი უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრში. ის აქტიურად ჩაერთო მუშაობაში, რამაც ძალიან გაგვიადვილა ბოშათა კეთილგანწყობის მოპოვება და მათში გრძელვადიანი ნდობის გაღვივება.
ბოშათა შორის ინფორმაციული ვაკუუმის შევსებისა და საკუთარი სამოქალაქო უფლებების უკეთ გაგების მიზნით გადაწყდა სპეციალური ტრენინგის ჩატარება თემის პოტენციური ლიდერებისათვის. ამ მიზნით 2009 წლის დამდეგს ბოშათა ყველა დასახლებიდან მოძიებულ იქნა ცხრა წარმომადგენელი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდა თბილისში, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით. ტრენინგზე აქცენტი ძირითად სამოქალაქო უფლებებზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობის სპეციფიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსზე გაკეთდა.
ტრენინგმა კარგი შესაძლებლობა მოგვცა ბოშათა მომავალი განვითარების შესახებ მსჯელობისათვის. თვით ბოშებმა გამოხატეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსების სურვილი, რომლებიც ბოშათა უფლებების დასაცავად იბრძოლებენ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახლო მომავალში სამი ბოშური ორგანიზაციის დაარსების თაობაზე (ლენინოვკაში, ქუთაისსა და ქობულეთში) შემდეგი მიზნებით:
ბოშათა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
საქართველოს ბოშათა თემში სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება;
ბოშათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება საქართველოში;
ბოშათა და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ კჯუფებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და კულტურული ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა;
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბოშებს შორის კულტურული და ეთნიკური კონსოლიდაციის განვითარება;
განათლების მისაღებად ბოშების წახალისება;
საზღვარგარეთ არსებულ ბოშათა ორგანიზაციებსა და საქართველოში მცხოვრებ ბოშებს შორის კავშირების დამყარება; საქართველოში ბოშების თაობაზე არსებული ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსება და ბოშური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოშებისათვის განათლების მიღება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა ხელი შეუწყო ლენინოვკაში მცხოვრები ბავშვებისათვის ავტობუსის დანიშვნას უახლოეს სკოლამდე, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროში, სოფლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სკოლის პედაგოგებთან ერთად ბოშა მშობლებიც დავარწმუნეთ ბავშვების სკოლაში სიარულის აუცილებლობაში. ამის შედეგად უკვე ცხრა ბავშვი დაიარება სასწავლებელში და დიდი მონდომებით მონაწილეობს სასწავლო პროცესში (იხ. ზემოთ).
სოფელი ლენინოვკა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პოზიტიურად შეიცვალოს მოსახლეობის განწყობა განათლების მიღების აუცილებლობის მიმართ, და როგორ უნდა დაიწყოს და განვითარდეს ინტეგრაციის პროცესი. მაგალითისათვის აღვნიშნავდით, რომ ცხრა ბოშის ორგანიზებულმა და ჯგუფურმა ჩარიცხვამ სკოლაში როგორც ბოშა ბავშვებისა და ქართველი მოსწავლეების დამეგობრება, ასევე ბოშა და ქართველი მშობლების დაახლოებაც გამოიწვია. გახშირდა ქართველების სტუმრობის ფაქტები ლენინოვკაში და პირიქით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოშათა თემში არსებული პრობლემატიკა უკანასკნელი წლების მანძილზე მეტწილად უცვლელია (კვლავაც სახეზეა განათლების, ჯანდაცვისა თუ სოციალური შეღავათების მიღების მცირედ ხელმისაწვდომობა, პრობლემები დოკუმენტირებისა და რეგისტრაციის საკითხში, უკიდურესი სიღარიბე და სხვ.), ზემოაღნიშნული ინივიატივის შედეგები აშკარად იმედის მომცემია და წარმოაჩენს, რომ ბოშათა დამოკიდებულების შეცვლა განათლების მიღებისა და თემის მობილიზაციის მიმართ ნამდვილად შესაძლებელია. თემის პრობლემების გადაჭრისათვის მცდელობები მხოლოდ ახლა დაიწყო. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი იმედოვნებს, რომ ეს კვლევა და ბოშებთან დაკავშირებული ადრეული მასალები დაეხმარება შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს უახლოეს წლებში დადებითად გადაწყვიტონ ბოშათა წინაშე მდგარი პრობლემები.
შენიშვნები:
______________________
1. იხ. დევიდ ჟაკონი, „გამოსავალი არ არის: ბოშათა თემის შეფასება საქართველოში“, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის სამუშაო მოხსენება №39, თებერვალი. 2008.
2. კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის პროგრამის „უმცირესობათა მართვის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ მეშვეობით. პროგრამა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.
3. უფრო დაწვრილებით საქართველოში ბოშათა გადმოსახლების ისტორიის, საბჭოთა და დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში მათი ცხოვრების შესახებ იხ. დევიდ ჟაკონის დასახელებული ნაშრომი.
4. თბილისში არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ დიდი დასახლება ლოტკინის უბანში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ბოშების უბანს“, რუსული ტერმინოლოგიით „ციგანსკი პასიოლოკს“ უწოდებს. ეს ჯგუფი, რომელიც დაახლეობით 300 სულისაგან შედგება, ცხოვრების თითქმის ისეთსავე წესს მისდევს, როგორიც ჩვეულებრივ დამახასიათებელია ბოშებისათვის, ეწევიან ვაჭრობას თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალზე, ბავშვების ნაწილი კი მათხოვრობს, რის გამოც ისინი იქაური მოსახლეობისთვის ბოშებად აღიქმებიან, თუმცა საკუთარი თავის ბოშებთან იდენტიფიკაციას ეს ჯგუფი არ ახდენს, ბოშებად მოხსენიება მათ აგრესიასაც კი იწვევს. ისინი თავს მოლდავურ ეთნოსს მიაკუთვნებენ. მათივე განცხადებით, ისინი მოლდავეთიდან და დასავლეთ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსახლდნენ 1930-იან წლებში.
5. ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ჭავჭავაძის სახელობის ხიდთან, კუსტარულად აშენებულ თავშესაფრებში ვხვდებით კიდევ ერთ ეთნიკურ ჯგუფს, ხუთი ოჯახის შემადგენლობით (დაახლოებით 50 სული), რომლებიც საკუთარ თავს ბოშებს უწოდებენ, თუმცა ქუთაისში მცხოვრები სხვა ბოშები უარყოფენ მათ ბოშურ წარმომავლობას და აშკარა აგრესიასა და მტრობას გამოხატავენ მათ მიმართ. ეს ჯგუფი მართლაც გამოირჩევა ბოშებისაგან, ისლამის აღმსარებლები არიან, ამასთანავე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თავიანთი წარმომავლობის შესახებ და ამის თაობაზე ერთმანეთის საწინააწმდეგო ინფორმაციას იძლევიან. ესენი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან არიან შემოსულები, საუბრობენ ბოშებისაგან სავსებით განსხვავებულ ენაზე, რომელიც ქურთული ენის კურმანჯული დიალექტი უნდა იყოს.
6. მადლობას ვუხდით საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს სალომე ალანიას და საბა გვეტაძეს, რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ სოფელ ლენინოვკაში ჩატარებულ საველე კვლევებში და დიდი წვლილი შეიტანეს ინფორმაციის მოგროვებასა და ადგილობრივი ბოშებისაგან ინტერვიუების აღებაში.
7. ეს ინიციატივა არის უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის პროგრამის „უმცირესობათა მართვის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ შემადგენელი ნაწილი. პროგრამა დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
![]() |
13 ევროპა და ევროპელები |
▲ზევით დაბრუნება |
ინტეგრაცია
გარი აუგსტი
2009 წელს ომისშემდგომი ევროპის მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის იუბილე აღინიშნება. ამ სტატიის სათაური ძალიან ზოგადია, მაგრამ მე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე ევროპის ფორმირების მოკლე ისტორიით შემოვიფარგლები და მნიშვნელოვან ნაწილს გერმანიის გაერთიანებას, ევროსაბჭოს ჩამოყალიბებას და იმ საკითხებს დავუთმობ, რომლებიც ევროპაში ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებსა და იმ კანონმდებლობას ეხება, რომელიც უმცირესობათა შესახებ არსებობს. ვფიქრობ, ეს საკითხები ძალიან ახლოს არის იმ პრობლემებთან, რომლებიც დღევანდელი საქართველოს წინაშე დგას.
მეორე მსოფლიო ომი არსებითად პირველი მსოფლიო ომის შედეგების რევიზიის მცდელობა იყო. ცხადია, არც ამ ომის შემდეგ მოგვარებულა ყველაფერი იდეალურად. რა თქმა უნდა, ეს ძალთა იმდროინდელი შეფარდების შედეგი იყო. მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა ცივი ომის პირობებში მოახერხეს ძირითადი პრობლემების გონივრულად გადაწყვეტა, განხორციელდა პანევროპეიზმის იდეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოითქმებოდა ევროპელი მოაზროვნეების მიერ. აქედან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 1949 წელს, ე.ი. 60 წლის წინ, იქნა მიღებული. თუ 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემამდე დასავლეთის და საბჭოთა კავშირის დაპირისპირების ფოკუსში გერმანია იყო, დღეს, სამწუხაროდ, საქართველო გახდა ამ ბრძოლის ასპარეზი. ცხადია, საქართველო თავისი მნიშვნელობით ძალზე შორსაა გერმანიისგან, მაგრამ, საბედნიეროდ, არც პუტინის რუსეთია საბჭოთა კავშირი.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად ევროპაში საზღვრები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც იალტის კონფერენციაზე დაფიქსირდა. გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად გაიყო. გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა საოკუპაციო ზონას წარმოადგენდა. ამ ზონის შიგნით იყო მოქცეული ასევე ოთხად გაყოფილი ბერლინი.
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად და საშინელი ინფლაციის დასაძლევად სამ დასავლურ ზონაში 1948 წლის 20 ივნისს წარმატებული ფინანსური რეფორმა განხორციელდა - შემოღებულ იქნა ახალი მარკა. მის საპასუხოდ იმავე წლის 23 ივნისს საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინის ბლოკადა დაიწყო, რის შედეგადაც დასავლეთ ზონებსა და ბერლინს შორის ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყდა. დასავლეთ ბერლინს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და სურსათი საბჭოთა საოკუპაციო ზონის გერმანიიდან. ეს იყო მცდელობა, რომ დასავლეთ ბერლინი აღმოსავლეთ გერმანიისთვის მიეერთებინათ. ბერლინის ამ ნაწილის უზრუნველყოფა თითქმის ერთი წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა იტვირთეს, რომლებმაც ამისათვის საჰაერო ხიდი მოაწყვეს.
ფუნდამენტური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული 1949 წელს. 23 მაისს კონრად ადენაუერმა ხელი მოაწერა ე.წ. „ძირითად კანონს“, რომლის საფუძველზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა დაარსდა. ამ კანონს არ დაერქვა კონსტიტუცია, ვინაიდან თავიდანვე იგულისხმებოდა მისი დროებითი ხასიათი - მას გერმანიის გაერთიანებამდე უნდა ემოქმედა. ამის საპასუხოდ 1949 წლის 7 ოქტომბერს საბჭოთა საოკუპაციო ზონაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. იმავე წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელშეკრულება წარმოადგინეს, რომელსაც 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც შეუერთდა.
1951 წლის ივლისში საფრანგეთმა და აშშ-მა გერმანიასთან საომარი მდგომარეობის შეწყვეტა გამოაცხადეს. საბჭოთა კავშირმა ასეთი განცხადება 1955 წელს გააკეთა.
უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთ ევროპის ეკონომიკურ აღორძინებაში მარშალის გეგმამ. ამ გეგმის თანახმად, დასავლეთ გერმანიამ 1949-52 წლებში დახმარების სახით 14 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. იმ დროს ეს უზარმაზარი თანხა იყო. გერმანიაში განვითარდა ე.წ. სოციალური საბაზრო ეკონომიკა, რომლის ავტორია ლუდვიგ ერჰარდი. ეს განვითარება იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მას გერმანიის ეკონომიკური სასწაული დაერქვა.
ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1952 წელს, როდესაც დაარსდა 6 ქვეყნის მიერ შექმნილი ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება და ატომური ენერგიის ევროპული საზოგადოება. ამით დაარსდა საერთო კონტროლი ამ ქვეყნებში ნახშირის, ფოლადის და ატომური ენერგიის წარმოებაზე, ე.ი. ფაქტიურად სამხედრო პოტენციალზე, რითაც შეუძლებელი გახდა ახალი ომის მომზადება. ეს გაერთიანება იყო ევროკავშირის წინამორბედი. ევროკავშირი ფაქტობრივად 1957 წელს შეიქმნა რომის ხელშეკრულების შედეგად.
ევროპული გაერთიანების ფონზე ძალიან მკაფიოდ ჩანს, რამდენად ხელოვნური და იძულებით შექმნილი იყო აღმოსავლეთის ბლოკი - 1955 წლიდან ვარშავის ბლოკად წოდებული. მასში გაერთიანდნენ საბჭოთა კავშირის მიერ ომის შემდგომ შექმნილი ე.წ. სახალხო დემოკრატიის ქვეყნები.
1953 წლის ივნისში საბჭოთა ტანკებით იქნა ჩახშობილი სახალხო აჯანყება აღმოსავლეთ გერმანიაში.
1956 წელს აჯანყდა უნგრეთი.
1968 წელს ვარშავის ბლოკის ქვეყნებმა ჩაახშეს პრაღის გაზაფხული. ამ დროს იყო ჩამოყალიბებული ე.წ. ბრეჟნევის დოქტრინა „შეზღუდული სუვერენიტეტის“ შესახებ, რომლის დღევანდელი ვარიანტი არის „გავლენის სფეროები“.
შემდეგ პოლონეთში შეიქმნა პროფკავშირი „სოლიდარობა“, რომელმაც ყველაზე ძლიერ შეარყია საბჭოთა ბლოკი. ამ ბლოკის რღვევა საბოლოოდ დააფიქსირა 1961 წელს აშენებული ბერლინის კედლის დანგრევამ 1989 წლის 9 ნოემბერს. ეს იყო შედეგი იმისა, რომ მოსკოვის მიერ შექმნილი და მკაცრ დიქტატურაზე დამყარებული სატელიტური „სახალხო დემოკრატიები“ არასტაბილურნი იყვნენ. რა იყო საბჭოთა ბლოკის რღვევის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ღირებულებები, რომლებზედაც ის იყო დაფუძნებული, ფუჭი აღმოჩნდა. ეს უშუალოდ იმაში გამოიხატა, რომ დასავლეთი ცხოვრების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა, რაც არამარტო მატერიალური კეთილდღეობის მაღალ დონეს ნიშნავს, არამედ - თავისუფლებასა და დემოკრატიასაც. მოვიყვან ძირითად დებულებებს ევროკავშირის საკონსტიტუციო შეთანხმებიდან:
განმარტება: ევროპული ქვეყნების კავშირი არის კავშირი ქვეყნებისა, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ეროვნულ ინდივიდუალობას, თავიანთი პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციას ახდენენ ევროპულ დონეზე და ფედერაციულ საწყისებზე მართავენ საერთო კომპეტენციის სფეროებს.
კავშირის განმსაზღვრელი თვისებაა ერთა მრავალფეროვნების აღიარება. კავშირი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსათვის, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულია და ამ ღირებულებების განხორციელების ვალდებულებას კისრულობს ურთიერთხელშეწყობის მეოხებით.
ევროპული ღირებულებები: ადამიანის ღირსება, ძირითადი უფლებები, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ტოლერანტობა, ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
ევროკავშირის მიზნები: საერთო ღირებულებების, ინტერესებისა და კავშირის დამოუკიდებლობის დაცვა; ეკონომიკური და სოციალური შეკავშირებისათვის ხელშეწყობა; შიდა ბაზრის, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის განმტკიცება; დასაქმების მაღალი დონის სოციალური დაცვისათვის ხელშეწყობა; გარემოს დაცვის მაღალი დონე; ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესის ხელშეწყობა; საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, აგრეთვე კავშირის ღირებულებების დაცვის პოლიტიკის განვითარება და ხელშეწყობა.
ევროკავშირი უნიკალური საერთაშორისო წარმონაქმნია: ის შეიცავს საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფოს ნიშნებს, მაგრამ ფორმალურად არც ერთია და არც მეორე. კავშირი არ არის საერთაშორისო საჯარო სამართლის სუბიექტი, მაგრამ უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც ანგარიშგასაწევ როლს თამაშობს.
ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში ერთიანი სავალუტო სისტემაა, რომელიც ევროზეა დამყარებული. ფულად-საკრედიტო პოლიტიკას განსაზღვრავს ევროპული ცენტრალური ბანკი.
ევროკავშირის ქვეყნის ყოველი მოქალაქე ევროკავშირის მოქალაქეც არის, ანუ ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ეროვნული და ევროპული. დღეისთვის ევროკავშირისადმი კუთვნილება სამი ატრიბუტით განისაზღვრება, ესენია: თავად ევროკავშირის წევრობა, შენგენის ზონისა და ევროზონისადმი მიკუთვნებულობა. ევროკავშირის წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს შენგენისა და ევროზონისადმი კუთვნილებას.
ტრადიციული დაყოფა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებად არ არის მიღებული ევროკავშირში. ევროკავშირის სასამართლო ცალსახად არის უმაღლესი ინსტანციის ევროკავშირის სასამართლო ორგანო. საკანონმდებლო ფუნქციები აქვს როგორც ევროპარლამენტს, ასევე ევროკავშირის საბჭოს; აღმასრულებელი ფუნქციები - კომისიას და ევროსაბჭოს. ევროკავშირის საბჭოში შედიან სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები. ევროკომისია არის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო ევროკავშირში. იგი 27 წევრს აერთიანებს -თითო წარმომადგენელს ყოველი ქვეყნიდან. ევროპარლამენტი არის 785 დეპუტატის შეკრება, რომლებიც პირდაპირი კენჭისყრით აირჩევიან. ევროპარლამენტის წევრები ერთიანდებიან არა ეროვნული ნიშნით, არამედ პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით. ევროსასამართლო შედგება 27 მოსამართლისგან (თითო ყოველი ქვეყნიდან).
ევროსაბჭოს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენს ევროპული საბჭო, რომელშიც სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შედიან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს და შედგება წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენელთაგან. ხუთ დიდ სახელმწიფოს აქვს 18 ადგილი; მინიმალურია 2 ადგილი. ეროვნული დელეგაცია პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის წევრებისაგან უნდა შედგებოდეს და მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა დაბალანსებული უნდა იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, რომელიც სტრასბურგში მუშაობს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ „ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია“. ევროსასამართლო განიხილავს კონვენციის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა სკითხს, სახელმწიფოთაშორის საქმეებსა და ცალკეული პიროვნების საჩივრებს.
საინტერესოა ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის შედარება. უპირველეს ყოვლისა ევროკავშირი ნებაყოფლობით არის შექმნილი. მასში შესასვლელად სახელმწიფო საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს, უწინარესად დემოკრატიის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოები თანაბარუფლებიანნი არიან - ყოველი სახელმწიფო რიგრიგობით, ნახევარი წლის განმავლობაში, ასრულებს ევროკავშირის პრეზიდენტის მოვალეობას. საბჭოთა კავშირი და აგრეთვე დსთ-ც „უფროსი ძმის“ პრინციპით აიგებიან, ძირითადი მოთხოვნა ერთგულებაა და არავითარი მოთხოვნა არ არის დემოკრატიაზე. საბჭოთა კავშირი ფარულ ასიმილაციას, ე.ი. ერთიანი საბჭოთა ხალხის ჩამოყალიბებას, გულისხმობდა.
საინტერესოა განვიხილოთ თურქეთის მაგალითი, რომლის ნაწილიც ევროპაში მდებარეობს და ამიტომ მას ევროკავშირში შესვლის პრეტენზია აქვს. უნდა ითქვას, რომ თურქეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის მიმართულებით. დღეისათვის თურქებს, ძირითადად, იმას ედავებიან, რომ ისინი ჯეროვნად არ იცავენ ქურთების, როგორც ეროვნული უმცირესობის, უფლებებს. ამ თემაზე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, არსებობს მოსაზრებაც, რომ თურქეთის კულტურა, რომელიც ისლამს ემყარება, ძალიან განსხვავებულია ევროპულისაგან. მეორე მხრივ, თუ ევროპა მას უარს ამ მიზეზით ეტყვის, შეიძლება თურქეთი მუსლიმური ფუნდამენტალიზმისკენ შებრუნდეს, რაც არამარტო არასასურველია, არამედ საშიშიც არის.
ევროპული მენტალიტეტის ძალიან საინტერესო მაგალითია შვეიცარია, რომელიც, მართალია, არ შედის ევროკავშირში, მაგრამ იგი ყველა ევროპული ღირებულების მატარებელია. როგორც ცნობილია, შვეიცარიაში ოთხი ძირითადი ეთნოსია წარმოდგენილი: გერმანელები, ფრანგები, იტალიელები და რეტო რომანელები. აქედან სამ ეთნოსს აქვს დიდი სახელმწიფოები, მაგრამ შვეიცარიელებს თავისუფლებისთვის, აგრეთვე ფეოდალების წინააღმდეგ მრავალწლიანი საერთო ბრძოლა აერთიანებთ. ეს არის მათი ღირებულება და ისინი გაერთიანებულები არიან მყარ და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში. მათ არ აერთიანებთ რელიგია - მათი უმრავლესობა სხვადასხვა კონფესიის პროტესტანტი ან კათოლიკეა. ყოველი ეთნოსი ინარჩუნებს თავის ენას და იქ ყველამ იცის მინიმუმ ორი ენა, რომლებსაც ისინი სკოლაში სწავლობენ. აქედან მე მინდა გადავიდე ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებზე ევროპაში.
იმპერიების ნგრევამ, რაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებს მოჰყვა შედეგად, მნიშვნელოვნად შეცვალა საზღვრები, რამაც მრავალი ეროვნული უმცირესობა გააჩინა. ამას დაემატა საბჭოთა იმპერიის ნგრევისას წარმოშობილი ეროვნული უმცირესობები.
ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა მიიღო ამ საკითხის დასარეგულირებლად, არის „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩოკონვენცია“. ამ დოკუმენტს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისგან“ განსხვავებით „ჩარჩოკონვენცია“ ჰქვია, ვინაიდან ეროვნულ უმცირესობათა საკითხი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ამის თაობაზე მხოლოდ ძალიან ზოგადი პრინციპების დადგენა შეიძლება. 1998 წლიდან ევროსაბჭოში შემავალ სახელმწიფოებს უფლება აქვთ შეუერთდნენ ამ კონვენციას, რომელზე დაყრდნობით ქვეყანამ თვითონ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული კანონები. „ჩარჩო“ აწესებს იმ საზღვრებს, რომელშიც ქვეყანას შეუძლია მისი თავისებურებების გათვალისწინებით განსაზღვროს სამთავრობო პოლიტიკა. ეს განსაზღვრა არანაირად არ ათავისუფლებს სახელმწიფოს იურიდიული ვალდებულებისგან, დაიცვას კონვენციის დებულებები. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამ ჩარჩოს შესაბამისი კონცეფცია.
აღსანიშნავია, რომ ჩარჩოკონვენციაში არ არის „ეროვნულ უმცირესობათა“ ცნების განმარტება, ვინაიდან დღეისათვის ვერ მოხერხდა ისეთი დეფინიციის შემუშავება, რომელიც ევროსაბჭოს ყველა ქვეყნისთვის იქნებოდა მისაღები. კონვენციაში ნათქვამია, რომ ყოველი პირი, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება, თვითონ წყვეტს, არის თუ არა ის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, და ეს არჩევანი არ უნდა აყენებდეს მას არამომგებიან მდგომარეობაში. კონვენციის პირველივე პუნქტში ნათქვამია, რომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის განუყოფელი ნაწილია და, როგორც ასეთი, საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში შედის. კონვენციაში ხაზგასმულია, რომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვა ხდება კანონის უზენაესობის ფარგლებში და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის დაცვით. ხშირად სვამენ კითხვას: რა საჭიროა ცალკე კანონი ეროვნული უმცირესობებისათვის? საქმე ის არის, რომ გარდა პიროვნული უფლებებისა, არსებობს აგრეთვე კოლექტიური უფლებები ეროვნული უმცირესობებისთვის: უფლება საკუთარი კულტურის, ენის, რელიგიის და ა.შ. შენახვისა.
ევროპაში შემავალ 45 ქვეყანაში 300-ზე მეტი ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს, რომელთა საერთო რაოდენობა 100 მილიონ ადამიანს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ყოველი მეშვიდე ევროპელი თავს ეროვნულ უმცირესობად აღიარებს. საქართველოში ეროვნულ უმცირესობას მიეკუთვნება ყოველი მესამე-მეოთხე ადამიანი. ევროპაში ლაპარაკობენ თითქმის 70 ენაზე, რომელთაგანაც 37 ენა აღიარებულია ეროვნულ ენად, 53 ენა კი ე.წ. არასახელმწიფოებრივ რეგიონალურ და უმცირესობის ენას მიეკუთვნება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმ უმცირესობათა გარდა, რომლებიც საზღვრების გადანაწილებისას წარმოიშვნენ, ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც არსად არა აქვთ თავიანთი სახელმწიფო. ევროპაში მათ მიეკუთვნებიან გერმანიაში მცხოვრები სლავური წარმოშობის ლუჟიცელი სორბები. გერმანიაში, დანიასა და ჰოლანდიაში ცხოვრობენ ფრიზები, საფრანგეთსა და ესპანეთში - ბასკები. მთელ ევროპაში ცხოვრობენ ბოშები. საქართველოში ასეთ უმცირესობებს მიეკუთვნებიან ქურთები, ეზიდები და ასირიელები.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას რატიფიცირებული ჰქონდეს ჩარჩოკონვენცია. მაგრამ ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანას, საფრანგეთს, სერიოზული პრობლემები აქვს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. საფრანგეთი საერთოდ არ აღიარებს ეროვნული უმცირესობების არსებობას, მაშინ, როცა მას დიდ თავსატეხს უქმნიან ბრეტონელები, ბასკები და სხვა უმცირესობები, რომელთაც არ აძლევენ უფლებას სკოლებში ისწავლონ თავიანთი ენა, არ უწყობენ ხელს მათი კულტურისა და თვითმყოფადობის განვითარებას. მაგალითად, ელზასში, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ გერმანელები, არ არის გერმანული სკოლები და გერმანული მეხუთე კლასიდან ისწავლება როგორც უცხო ენა.
საქართველოში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, ენის პრობლემა სხვაგვარად დგას. ეროვნული უმცირესობები ძირითადად საკუთარ და რუსულ ენას ფლობენ, ქართულს კი - იშვიათად. ამ ვითარებით გამოწვეული სიძნელეები განსაკუთრებით თვალში საცემია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. ამჟამად იქ ახალგაზრდა თაობა რუსულ ენასაც ცუდად ფლობს, რის გამოც ისინი სავსებით იზოლირებულნი არიან დანარჩენი საზოგადოებისგან. ეს კი ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ საქართველოს მოქალაქეობის შეგრძნება. ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა ბილინგვური განათლების დანერგვა იქნებოდა.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ, ცხადია, იდეალურად არსად არაფერია მოგვარებული. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს ეროვნული უმცირესობების პრობლემა, არიან სკინჰედები და ნეონაცისტები და ამიტომ ამ პრობლემაზე მუშაობა შეუჩერებლივ უნდა მიმდინარეობდეს.
საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო უნდა იყოს იმის გაცნობიერება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებების დაცვა და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამას. გავიხსენოთ კუნძულ კვიპროსის რესპუბლიკა, სადაც ბერძნები ცხოვრობენ. ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრია. სხვა სახელმწიფოა თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსი, სადაც თურქები ცხოვრობენ და იგი მხოლოდ თურქეთის მიერ არის აღიარებული. ცხოვრების ხარისხი, კეთილდღეობის დონე კვიპროსის რესპუბლიკაში, განსხვავებით ჩრდილოეთ კვიპროსისაგან, ძალიან მაღალია. ახლა დაიწყო მოლაპარაკებები ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანების თაობაზე.
![]() |
14 შავ-თეთრი სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი წრე
სოციალური დახმარების ახალი სისტემა სამი წლისაა
მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით, საქართველოში სოციალური დახმარებების სრულიად ახალი, საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარებების სისტემა ამოქმედდა. იქამდე ქვეყანაში მოქმედებდა მხოლოდ კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება გათვალისწინებული იყო - ზოგადად, პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ომის ვეტერანებისა და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.
მაკა ჯაიანი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, მორის წამალაშვილის, განმარტებით, კატეგორიებზე დაფუძნებული სოციალური დახმარების შეცვლას საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური დახმარებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონია. „სოციალური დახმარება, თავისი არსით, სწორედ საჭიროებაზე დაფუძნებული ბენეფიტია, კატეგორიების მიხედვით სოციალური დახმარების გაცემამ კი შეიძლება მისი არსი შეცვალოს, - ამბობს ბატონი მორისი, - შესაძლოა პენსიონერი მარტოხელა იყოს, მაგრამ - შეძლებული; ინვალიდი ბავშვის ოჯახიც შესაძლოა შეძლებული ოჯახი იყოს და ა.შ. ამ დროს შეიძლება მრავალი გაჭირვებული ადამიანი ვერ იღებდეს დახმარებას იმის გამო, რომ არცერთ არსებულ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ძნელია მათთვის დამატებითი კატეგორიების შემოღება. ამდენად, თუ გვსურს სოციალური დახმარება რეალურად იყოს მიმართული საჭიროებაზე, იგი უნდა გაიცეს არა კატეგორიის, არამედ ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“.
გატარებული ცვლილებების აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური ინციატივებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი. მისი სიტყვით, „ადრე, ახალი სისტემის შემოღებამდე, კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების დროს, რეალური სურათი სიკეთის გადანაწილებისა გვიჩვენებდა, რომ მიზნობრიობა ძალიან დაბალი იყო - ყველაზე ღარიბები არ იღებდნენ ყველაზე მეტს. სოციალური დახმარებების არსი კი სწორედ ის არის, რომ ყველაზე სუსტებმა მიიღონ ყველაზე მეტი. ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა წარმოაჩინა, რომ მიზანი, რომელიც ამ სამი წლის წინათ იქნა დასახული, მიღწეულია. ახალმა სისტემამ გაამართლა“.
მიღწეული მიზანი
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი ნაწილია, მოქმედებს კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების ნაწილიც, საოჯახო დახმარებებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიების სახით. საოჯახო დახმარების ოდენობა 22-დან 35 ლარამდე მერყეობს, იგი თვეში ერთხელ გაიცემა და მისი მიმღები, 2009 წლის ივნისის მონაცემებით, 23 964 ბენეფიციარია. საყოფაცხოვრებო სუბსიდია (ყოველთვიური ფულადი გასაცემი სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პენსიონერებისთვის დაწესებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად), შვიდი, ოცდაორი, ორმოცდაოთხი ლარის ოდენობით, თვეში ერთხელ გაიცემა და მას, იმავე მონაცემებით, 70 930 ბენეფიციარი იღებს.
საჭიროებებზე დაფუძნებული სისტემის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების მსურველი ოჯახი (ადამიანი), რომელიც მიიჩნევს, რომ უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში სპეციალურ ფორმას ავსებს. ამის შემდეგ მასთან სოციალური აგენტი მიდის, რომელიც, საოჯახო მეურნეობის დათვალიერების, ოჯახის წევრებთან გასაუბრების, მათ შესახებ ინფორმაციის შეკრების შედეგად ავსებს ოჯახის დეკლარაციას (დეკლარაციას ხელს ოჯახის წარმომადგენელიც აწერს). სარეიტინგო ქულა, რომელიც გადამწყვეტია დახმარების მიღებისთვის, დეკლარაციის საფუძველზე გამოიანგარიშება და ოჯახს მიეცემა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა“. დახმარება ეძლევა ოჯახებს, რომელთა ქულა 57 001 და უფრო დაბალია.
სოციალური დახმარების ახალი ტიპი - ყოველთვიური საარსებო შემწეობა - ინიშნება განაცხადის შევსებიდან მეოთხე თვეს და, ოჯახის სულადობის მიხედვით, 30-დან 390 ლარამდეა (ერთსულიანიდან - თექვსმეტსულიანი ოჯახის ჩათვლით). 2009 წლის ივნისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 531 273 ოჯახიდან საარსებო შემწეობას იღებს 161 264 ოჯახი (30,4%25). აქედან ერთწევრიანი 51 572 ოჯახია (30 ლარი), ორწევრიანი - 36 226 (54 ლარი), სამწევრიანი - 19 525 (78 ლარი), ოთხწევრიანი - 21 166 (102 ლარი), ხუთწევრიანი - 15 560 (126 ლარი), ექვსწევრიანი - 9 457 (150 ლარი), შვიდდა მეტწევრიანი - 7 758 (174 ლარი და მეტი). ამასთან, თუკი ოჯახი საოჯახო დახმარებას ან/და დევნილობის ყოველთვიურ შემწეობას იღებს (28 ლარი დევნილზე), არჩევანის გაკეთება მოუწევს: საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში ეს დახმარებები მას შეუწყდება.
საარსებო შემწეობა სოციალური დახმარების მობილური სახეა და მუდმივი არ არის. ოჯახის განმეორებით შემოწმებისა და დახმარების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს: ის, რომ ოჯახის ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას; ოჯახის წევრის დაბადება ან გარდაცვალება; დასაქმება; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება; იძულებით სამკურნალოდ გაგზავნა და ა.შ.
ოჯახის მდგომარეობის შეფასების საკითხი მოსახლეობაში დღემდე დიდ ვნებათაღელვას იწვევს.
ერთი ასეთი ფაქტის შესახებ, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში მოხდა, „გურიის მოამბე“ წერდა. ლურსმანაშვილების შვიდსულიან ოჯახს, ხელახალი შემოწმების შედეგად, სოციალური დახმარება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ოჯახის ერთი წევრი ციხიდან გამოვიდა. ოჯახი, რომელიც სამ ავარიულ ოთახში ცხოვრობს, მთელ მის მეურნეობას 20 ძირი თხილის ბუჩქი შეადგენს და ორი - პირველი და მეორე ჯგუფის - ინვალიდი ჰყავს, სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს და უვადო შიმშილობით იმუქრება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელი ოთარ რევიშვილი კი განმარტავს, მართალია, დეკლარაციიდან ჩანს ლურსმანაშვილების მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ოჯახს ქულები არ ეყო იმისათვის, რომ დახმარება შეენარჩუნებინაო.
სამი წლის განმავლობაში ამ სახის პრეტენზია ქართულ მედიაში არაერთხელ დაფიქსირებულა. მაგალითად, მოქალაქე ქეთო შიხაშვილი ცდილობდა გაერკვია, რატომ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი ქულების რაოდენობაზე მცირეხელფასიან სამსახურში ქალიშვილის დასაქმებამ: „ერთ პატარა, დაობებულ კედლებიან, 10 კვადრატულ ოთახში შვილთან ერთად ვცხოვრობ, ასთმა მაქვს და თვეში 70 ლარის წამლები მჭირდება. როგორ შეიძლება ჩემი პენსია და ჩემი შვილის 150 ლარი საარსებოდ გვეყოს? ოჯახისთვის არაფერი შემიმატებია და როგორ უნდა გამხდარიყო ჩემი ქულა 126 150? არაფერი მესმის...“ („სამომხმარებლო კალათა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები“, გაზეთი „მონიტორი“, www.polity.ge).
იმავეს ჩიოდა იქვე მოქალაქე ჟუჟუნა გაჩეჩილაძე: „ოჯახში სამი წევრი ვართ, შვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და 62 ლარსაც კი არ გვაძლევენ. მეზობლების ნაჩუქარი ძველებური ტელევიზორი და სარეცხის მანქანა მაქვს, „ფანერკების მინები“ მაქვს ჩასმული და აბანოდან წყალი ვედრით გამაქვს, ისე ჟონავს. მომანიჭეს 79 920 სარეიტინგო ქულა. ვერ ვხვდები, ამ ქულას როგორ ანგარიშობენ, ჩემს მეზობელს „მარშრუტკა“ ჰყავს, კარგად ცხოვრობს და ის იღებს სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას“.
ძირითადი პრეტენზიები (გულგრილობა, მიკერძოებულობა) სისტემის ყველაზე დაბალ რგოლზე - სოციალურ აგენტზე - მოდის, რომელსაც ოჯახთან უშუალო კონტაქტი აქვს და დეკლარაციას ავსებს. რამდენი იყო ასეთი პრეტენზია ან საჩივარი და გათავისუფლდა თუ არა სამსახურიდან ვინმე მათ საფუძველზე, - სოციალური მომსახურების სააგენტოში ვერ აზუსტებენ. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ეკა ალავიძის, ინფორმაციით, სოციალური აგენტების ქსელის განახლება განუწყვეტლივ მიმდინარეობს. თავად სოციალური აგენტები კი აცხადებენ, რომ ოჯახების დეკლარაციებს ისინი არსებული მოთხოვნებისა და მითითებების შესაბამისად ავსებენ.
შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სურათი დგინდება, ქართველმა სპეციალისტებმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად დაამუშავეს. „საქართველოში არ არსებობს სისტემა, რომელიც ინდივიდუალურ შემოსავლებს აღრიცხავს. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ მეთოდს - მიახლოებითი შეფასების სისტემას. მისი სიზუსტე, შესაძლოა, ჩამოუვარდებოდეს შემოსავლების აღრიცხვაზე დაყრდნობილ მეთოდს, მაგრამ საკმაოდ აპრობირებულია მსოფლიოში, - ამბობს მორის წამალაშვილი, - ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ვაფასებთ ოჯახის შინამეურნეობას, როგორც ეკონომიკურ ერთეულს. 160-მდე ინდიკატორი მონაწილეობს ამ შეფასებაში და მოიცავს, ფაქტობრივად, ყველაფერს. აქ არის ოჯახის წევრთა დემოგრაფიული მონაცემები - ასაკი, სქესი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი და მისი სიშორე-სიახლოვე კომუნიკაციის საშუალებებთან, რაიონულ ცენტრთან, სავაჭრო ცენტრთან, საავადმყოფოსთან; აღინიშნება მაღალმთიანია თუ არა დასახლება, შემოსავლის რა წყაროები და ხარჯები აქვს ოჯახს, რა მდგომარეობაშია მისი მეურნეობა, საცხოვრებელი და ა.შ.
მორის წამალაშვილის სიტყვით, თავად ეს ინდიკატორები 2004-05 წლებში ჩატარებული სპეციალური კვლევებით, გაჭირვებულ ოჯახებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა. მისი განცხადებით, როგორც ყველა სტატისტიკურ მეთოდს, ამ მეთოდსაც აქვს ცდომილება, თუმცა, მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის შედეგად, ამ ტიპის იმ ხუთ პროგრამას შორის, რომლებიც ახლა ხორციელდება, ქართული პროგრამის შეფასებისას ცდომილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 20%25 დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, კრიტერიუმები, რომლითაც სახელმწიფოში სიღარიბის დონე განისაზღვრება, ექსპერტების ნაწილისთვის მიუღებელია.
„ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ კაპანაძის განმარტებით („სიღარიბესთან ბრძოლაში მეთოდოლოგიის ცვლა უსარგებლოა“, გაზეთი „რეზონანსი“, 2009 წლის ივლისი), სიღარიბის რამდენიმე ზღვრის გამოყენებაა რეკომენდებული: უკიდურესი ანუ ფიზიოლოგიური სიღარიბის ზღვარი; დაცულობის ანუ საშემოსავლო სიღარიბის ზღვარი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ფიზიოლოგიური, ანუ უკიდურესი სიღარიბისგან დაცულობის ზღვარს; დეპრივაციული სიღარიბის ზღვარი, რომელიც იმავდროულად საშემოსავლო სიღარიბისგან დაცულობის ზღვარსაც წარმოადგენს და მისი შემადგენლობა უკვე შეიცავს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო კომპონენტებს. არსებობს აგრეთვე სიღარიბის ე.წ. იერარქიული საფეხურები - სტრუქტურული და მენტალური სიღარიბე, რომელიც დღევანდელი საქართველოსთვის ნაკლებად აქტუალურია. ზოგადად კი სიღარიბის ზღვარი თავისი შინაარსით, ექსპერტის განმარტებით, წარმოადგენს მინიმალურ სამომხმარებლო კალათს, რომელიც როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო ნაწილსაც შეიცავს.
სოციალური დახმარების სისტემის რეფორმის შედეგად, სახელმწიფომ აქცენტი ღატაკების (და არა ღარიბების) არსებობისთვის საჭირო კალორაჟის შევსებაზე გააკეთა, თუმცა კრიტიკა სასურსათო კალათის შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაისმა. მაგალითად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სპეციალისტი გულად ლომინაშვილი მიიჩნევს, რომ სასურსათო კალათის ცვლილება ხელოვნურია და ადამიანისთვის საჭირო კალორაჟს არ ასახავს (ეს საკითხი ამ ორგანიზაციამ მინიმალური ხელფასის გამოყვანის კონტექსტში შეისწავლა). „სასურსათო კალათის ახალი ნორმატივები 2003 წლის 8 მაისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცდა, - აცხადებს ბატონი ლომინაშვილი, - შედეგად, ძველი ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა არაჟანი, ცხვრის ხორცი, დამარილებული და შებოლილი თევზი, კიტრი, მწვანილი, ციტრუსი, ყურძენი. ისინი ჩაანაცვლა: ბურღულმა, მაწონმა, ნადუღმა, კარალიოკმა, საზამთრომ, ნესვმა, გოგრამ, ბადრიჯანმა, კაკალმა, თხილმა, მზესუმზირამ, საკონდიტრო ნაწარმმა. გარდა ამისა, ახალი გაანგარიშების პირობებში თითქმის ორჯერ შემცირდა ხორცის საერთო მოხმარების ნორმა, 2,2-ჯერ - რძისა, 30%25-ით - ხორბლის პურისა, 2-ჯერ - თესლოვანი ხილისა, 33%25-ით - მცენარეული ზეთისა და ა.შ.“
კითხვის ნიშნები ექსპერტების მოსაზრებები მოქმედი საარსებო მინიმუმისა და მინიმალური სასურსათო კალათის თაობაზე აჩენს კითხვას - რამდენად ასახავს რეალობას განცხადება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე აკეთებს: „თუ 2004 წელს სოციალური პროგრამებით უკიდურესად ღატაკი მოსახლეობის 20%25 იფარებოდა, დღეს მათი რაოდენობა 78%25-მდეა ასული. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, ახალი კრიტერიუმების მიხედვით, სიღატაკისა და სიღარიბის დონეები მკვეთრად არის შემცირებული. თუ 2004 წლის მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებლი 52%25 იყო, დღეს იგი 5%25-მდეა შემცირებული“.
ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემების ნაწილი, რომელმაც ამ სამი წლის განმავლობაში იჩინა თავი, შესაძლოა, სწორედ იმით იყოს განპირობებული, რომ სოციალური დახმარების ახალმა სისტემამ, მისი ფულადი შემწეობის ნაწილმა, მიზნად დაისახა შიმშილისგან ეხსნა ადამიანი. „ახალი კრიტერიუმებით, სიღატაკის მაჩვენებელი 12%25-დან 9%25-მდე შემცირდა. ეს 9%25 კალორაჟული სიღარიბეა, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვხედავთ ამას - როცა არარეზენტატულ თვისებრივ კვლევას ატარებ, ამ 9%25-ში მყოფი არ გეუბნება, რომ პურს ვერ ჭამს, სულ სხვა პრობლემაზე გელაპარაკება, ძირითადად - წამალზე. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უკიდურესად არ უჭირთ, უბრალოდ, შეიძლება კალორაჟული სიღარიბე სულაც არ არის საქართველოში მთავარი პრობლემა“.
ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ს არ აღემატება, სამედიცინო დაზღვევასაც იღებენ. მათ საკმაოდ კარგი სამედიცინო მომსახურების პაკეტი ეძლევათ, მაგრამ მასში არ შედის წამლებით მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად არყევს ისედაც რთულ მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ბიუჯეტს. „დღეს ოჯახი ღატაკდება და კალორაჟს ვერ იღებს იმიტომ, რომ სხვა რამეზე ეხარჯება ფული. ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ სამედიცინო ხარჯებია, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი, - იყო ასეთი შემთხვევა: დაავადდა ძალიან ღარიბი ოჯახის წევრი ახალგაზრდა ქალი. დიდი ფული დაჯდა მისი ჰოსპიტალური მკურნალობა და, სახლში რომ გაეწერა, ერთ თვეში გარდაიცვლა, რადგან ვერ მიხედა ოჯახმა. საავადმყოფოდან რომ გაწერეს, მძიმე, ხანგრძლივი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, დიეტა, მოვლა, რეაბილიტაცია სჭირდებოდა. ოჯახმა ვერ მოახერხა ეს და ქალი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის დაზღვევის, როგორც გაღატაკებისგან დამცავი საშუალების, მნიშვნელობა მეტად დიდია, თუმცა ახლანდელი კვლევები გიჩვენებს, რომ მასში წამლის კომპონენტის არარსებობა სერიოზული ხარვეზია. ღარიბ ოჯახებში სწორედ წამლის ხარჯის გამო კლებულობს ოჯახის წევრთაგან მიღებული კალო-რაჟის რაოდენობა - ადამიანები არჩევენ წამალზე დახარჯონ ფული და არა კვებაზე“.
ზოგადად, ჯანდაცვისთვის სახელმწიფო იმაზე ბევრად ნაკლებს გამოყოფს, ვიდრე საჭიროა - სახელმწიფო ბიუჯეტის 5%25-ს, საერთაშორისოდ მიღებული 20%25-ის ნაცვლად. ვითარებას ამძიმებს სამედიცინო მომსახურების ფასების ინფლაცია და წამლის ფასების ზრდა. ყოველივე ეს კი, ჯამში, ართულებს საქართველოს უღარიბესი ადამიანების მდგომარეობას. დევი ხეჩინაშვილის აზრით, კერძო და სახელმწიფო სუბიექტების უფრო ქმედითმა თანამშრომლობამ და ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურმა ჩარევამ ამ საქმეში შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებას. ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოშიც ფიქრობენ.
მორის წამალაშვილის აზრით, მიახლოებითი შეფასების მეთოდი პერიოდულ დახვეწას ითხოვს, რადგან სიღარიბის განმსაზღვრელი სამი წლის წინანდელი კრიტერიუმი დღეს შეიძლება მოძველებული აღმოჩნდეს. „მაგალითად, მობილური ტელეფონი სამი წლის წინათ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ახლა კი ის ადვილად ხელმისაწვდომია, - გვეუბნება იგი, - ამ სამი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა, შესაბამისად, ინდიკატორებიც შესაცვლელია“. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით უკვე მიმდინარეობს პროგრამის სამწლიანი მოქმედების შეფასება. რეკომენდაციები, რომლებიც შეფასების შედეგად მომზადდება, არსებული ინდიკატორების გადახედვის საფუძველი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ დიდი შრომა გასწია, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია. მოყვანილი მაგალითების გარდა, ამაზე ის ინფორმაციაც მეტყველებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აგვისტოს შუა რიცხვებში გაავრცელა („ახალი თაობა“, 15-16.08, 2009 წელი). ცენტრმა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. ოჯახი, ცენტრის მონაცემებით, იმდენად გაჭირვებულია, რომ სიცივისა და შიმშილისაგან ბავშვი მოუკვდა. სიყმაშვილების მთელი ქონება დანგრეული სახლი, ორი რკინის საწოლი, ფეხმოტეხილი სკამი, რკინის ღუმელი, ერთი მაგიდა, მეზობლების მიერ ნაჩუქარი 70-ლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორი და რამდენიმე თეფშია, მათი შემოსავალი კი - თვეში სამჯერ, მეზობლის საქონლის მწყემსვით მიღებული 21 ლარია. ამ ინფორმაციის გავრცელების დროისთვის ისინი ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიმღებთა სიაში არ ირიცხებოდნენ.
![]() |
15 ინტერნეტი და თავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერნეტი
თამარ შავგულიძე
ბოჭკოს მოლოდინში...
ყვარელში ხმა გავარდა, რომ მალე „ოპტიკას“ გაიყვანენ. 30 წლის გიორგი ტალაშვილიც ყვარელში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც კრიზისის გამო სამსახური დაკარგა (ბანკში მუშაობდა), გადაწყვიტა ინტერნეტკაფე დააარსოს. ბიზნესგეგმაც მზად აქვს, ადგილიც შეარჩია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყვარელში ინტერნეტი, პრაქტიკულად, არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ფიჭური და CDMA ტექნოლოგიების (უსადენო) ინტერნეტს, რომელმაც, როგორც აქაურები ამბობენ, „ხალხს თმები გაუთეთრა“...
ყვარლელები მოუთმენლად ელიან „ბოჭკოს“, განსაკუთრებით - ახალაგაზრდები. ზოგმა კომპიუტერი განვადებით იყიდა, ზოგმა დანაზოგი მთლიანად „კომპიუტერში ჩადო“; ვინც ამდენი ვერ მოახერხა, ბოლო კაპიკები შეაკოწიწეს და სახლში, როგორც თავად ამბობენ, „დანჯღრეული კომპიუტერი დააგდეს“ - ვინიცობაა კაბელი მალე გაიყვანონ, ხელცარიელი არ დავხვდეთო... ზოგმა ყურძენი გადაცვალა კომპიუტერში, ზოგმა კი - საქონელი... იმიტომ, რომ, როგორც თავად ამბობენ, „ადამიანებს ყოველთვის აქვთ სწრაფვა სიახლისკენ“, თანაც ძალიან ბევრი უცხოეთში ოჯახის სარჩენად გადაიხვეწა. ადვილი წარმოსადგენია, მათთვის, ვისაც შვილი ან დედა 5 წელია არ უნახავს, რას ნიშნავს „სკაიპი“ და ვიდეოთვალი.
კომპანიები ინტერნეტბაზარს იყოფენ
ინტერნეტი, რომლითაც დღეს კახეთი „მარაგდება“, ძირითადად ორ კომპანიას ეკუთვნის. ესენია: „გაერთიანებული ტელეკომი“ და „მაგთიკომი“, „მაგთიფიქსი“. „გაერთიანებული ტელეკომი“ კახეთს დღეს ინტერნეტს როგორც რადიოსარელეო ხაზებით, ასევე CDMA ტექნოლოგიით აწვდის. მთლიანად კახეთში ორივე საშუალებით კომპანიას 3500-მდე აბონენტი ჰყავს. მართალია ამის შედეგად ინტერნეტით სარგებლობა კახელებს ბევრად გაუადვილდათ, მაგრამ სარელეო ხაზიც, ისევე, როგორც არსებული სიდიემეი და ფიჭური ტექნოლოგია, ექსპერტთა შეფასებით, არ იძლევა სწრაფი და უწყვეტი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობას. „გაერთიანებულ ტელეკომში“ გვითხრეს, რომ უკვე შემუშავებულია ახალი პროექტი, რომლითაც დაახლოებით ერთ წელიწადში გურჯაანის, თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს აბონენტები თბილისი-თელავის ახალი ოპტიკური მაგისტრალით და დსლ ტექნოლოგიით მაღალსიჩქარიან ინტერენტს მიიღებენ. ამას გარდა, ინტერნეტი იმ რაიონებშიც შეაღწევს, სადაც დღემდე ამისი ტექნიკური საშუალება არ არსებობდა: ესენია ახმეტა და დედოფლისწყარო. აქ ინტერნეტით სარგებლობის მსურველებს, ისევე, როგორც სიღნაღის მოსახლეობას, რადიოსარელეო ხაზებით მოემსახურებიან. 2009 წლის დამდეგისთვის რეგიონებში კომპანიას 7 822 აბონენტი ჰყავდა, აგვისტოს მონაცემებით კი მათი რაოდენობა 25 121-მდე გაიზარდა, ანუ კახეთში „გაერთიანებულ ტელეკომს“ აბონენტების მოზიდვის მხრივ 300%25-იანი ზრდა აქვს.
რეგიონებში სულ 4 ათასამდე აბონენტი ჰყავს „კავკაზუს ონლაინს“ (ბანკების, სკოლების, კერძო პირების ჩათვლით). თავის დროზე კომპანია „ტელენეტმა“, რომელიც შემდგომ „კავკაზუს ონლაინმა“ იყიდა, კარგი სასტარტო პირობები შექმნა ინტერნეტის რეგიონული ქსელის გასაფართოებლად. „ტელენეტი“ ბაზარზე სიახლით გავიდა, რომელიც Point to Multipoint access-ს ეფუძნებოდა, „რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი საბაზო სადგურიდან ვემსახურებოდით 200-მდე აბონენტს, - გვითხრა „გაერთიანებული ტელკომის“ ინტერნეტპროექტების განვითარების დირექტორმა, ნიკოლოზ ჭიაურელმა, რომელიც ადრე „ტელენეტს“ ხელმძღვანელობდა, - ინტერნეტრესურსს საქართველოს რკინიგზის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელიდან აზერბაიჯანის გავლით ვიღებდით. ჯერ აპარატურა თბილისში დამონტაჟდა და შემოწმდა. თავდაპირველად ჩაირთო წყნეთი, შემდეგ რადიოლინკით, ანუ სარელეო ხაზით, სიგნალი გავუშვით ცივის ანძაზე, თელავში, ყვარელში და გურჯაანში. შემდეგ იმავე პრინციპით შევედით ბორჯომში, ახალციხეში, ბაკურიანში. მეორე ეტაპზე დავფარეთ დასავლეთი... დაიფარა გორი, ფოთი, ბათუმი ოზურგეთი. მივყევით ეროვნული ბანკის ქსელს და იმ ქალაქებში შევდიოდით, სადაც ყველაზე მეტი ბანკი იყო, ანუ ბანკები იყო ჩვენი ათვლის წერტილი. ვეძებდით აგრეთვე ნიშებს, ანუ აუთვისებელ ადგილებს“. ასეთი სამოქმედო გეგმით „ტელენეტმა“ 2003-2005 წლებში კორპორაციული ბაზრის 48%25 მოიპოვა.
საქმე ის იყო, რომ ინტერნეტბაზრის მოთამაშეების უმეტესობამ („ტელენეტი“, „ვანექსი“, „სანეტი“, „ჯორჯია ონლაინი“, „ეგრისი“) გათვლას ე.წ. „მდიდარ აბონენტებზე” აკეთებდნენ, ანუ - კერძო კომპანიებზე, რომლებიც რეალური გადამხდელები იქნებოდნენ. იმ დროისთვის აპარატურაც და ინტერნეტრესურსიც ძალზე ძვირი სიამოვნება იყო უბრალო მოქალაქეებისათვის, ინტერნეტს მოიხმარდნენ მხოლოდ მდიდარი ორგანიზაციები და ის კერძო პირები, ვისაც გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ არ განვითარდა ინტერნეტი მასობრივად რეგიონებში.
თუმცა იმ დროს მოქმედებდა ევროპული ბანკის მიერ დაფინანსებული განათლების სამინისტროს პროექტი, რის შედეგადაც შეიქმნა მცირე მოცულობის ქსელი რეგიონებში განათლების სისტემისთვის ინტერნეტის მისაწოდებლად. იგივე მიზანი აქვს დღეს პროგრამა „ირმის ნახტომს“, რომლის ხელმძღვანელმა, თამარ კაკუტიამ, გვითხრა, რომ 2011 წელს საქართველოს ყველა 2280 საჯარო სკოლა და რესურსცენტრი სრულად იქნება აღჭურვილი ინტერნეტითა და კომპიუტერებით. ამ ეტაპზე „ირმის ნახტომის“ ფარგლებში ინტერნეტი 230-მდე სკოლაში უკვე არის. „ჩვენი მიზანია ინტერნეტმა მიაღწიოს ყველაზე მაღალმთიან სკოლებშიც კი. გეგმის თანახმად, 2009 წლის ბოლოს ინტერნეტში უნდა ჩაერთოს 446 საჯარო სკოლა“, - გვითხრა ქალბატონმა თამარმა. იმისათვის, რომ ინტერნეტით სარგებლობა სოფლის დანარჩენმა მაცხოვრებლებმაც შეძლონ, სკოლებთან არსებულ რესურცენტრებთან სოფლის თემის დაახლოების პროექტიც არსებობს. დღეს „ირმის ნახტომის“ ფარგლებში მოქმედი პროგრამით სკოლებში ყოველ 22 ბავშვზე 1 კომპიუტერი მოდის. შედარებისთვის: ესტონეთში მსგავსი პროგრამის ფარგლებში 1 კომპიუტერით 10 ბავშვი სარგებობს. სულ „ირმის ნახტომის“ ხელშეწყობით მიმდინარე წლის ბოლოს სკოლებში 30 000 კომპიუტერი იმუშავებს. პროექტს „მაგთიკომი“ ახორციელებს.
იგივე „მაგთიკომი“ ქმნის ერთიან სამთავრობო კომპიუტერულ ქსელს, რომელშიც ზემოხსენებული „ირმის ნახტომის“ პროექტით აღჭურვილი სკოლები და რესურსცენტრები იქნება ჩართული. პროექტი 2011 წელს დასრულდება, მისი საერთო ღირებულება 13 175 693 ლარს შეადგენს. „მაგთიკომი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია დღეს რეგიონულ ბაზარზე.
„რეგიონული ჟურნალისტებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემა იყო, განსაკუთრებით კახეთში, - გვიამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე. - როდესაც რეგიონული მედიის ანალიზს ვაკეთებდი, ხშირად გაზეთს ვერ მიგზავნიდნენ, რადგან არ ჰქონდათ წესიერი ინტერნეტი ან საერთოდ არ ჰქონდათ ინტერნეტი. დასავლეთში უკეთესად იყო საქმე, რადგან გაზეთის გამოგზავნის და მათთან კონტაქტის პრობლემა არასოდეს მქონია, გარდა ხარაგაულისა. ხარაგაულში ერთადერთი ინტერნეტი ჰქონდა გამგეობას და გაზეთის წარმომადგენლებს სამუშაო საათების დამთავრების მერეც არ უშვებდნენ მასთან. ძალიან წვალობდნენ და ასე, ჩუმ-ჩუმად, ინტერნეტის გამოყენებით უშვებდნენ გაზეთს. ახლა ეს პრობლემა აღარ არის - ძალიან დიდი ცვლილება შეიტანა ინტერნეტთან მიმართებაში „მაგთიფიქსმა“. 15-ლარიანი „მაგთიფიქსი“ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, სახლში ჰქონდეთ ინტერნეტი. მართალია, ის ნელია და წყვეტაც ხშირია, მაგრამ მაინც დიდი შეღავათია, რომ თუნდაც ასეთმა ინტერნეტმა რეგიონებშიც შეაღწია და მისი ხელმისაწვდომობა უცებ გაიზარდა“.
მაგრამ სოფლისა და მცირე ქალაქების მაცხოვრებლები მაინც ჩივიან, რომ „მაგთიფიქსის“ ინტერნეტი არ არის სწრაფი და სტაბილური. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გელა ბუთბაიამ, აგვიხსნა, რომ „მაგთიკომის“ და CDMA ტექნოლოგიით მომუშავე სხვა კომპანიების პრობლემა სუსტი რეგიონული ინფრასტრუქტურაა: „მათ აქვთ დაბალი სიმძლავრის ბევრი საბაზო სადგური, თუმცა ინტერნეტის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა ჰქონდეთ ნაკლები რაოდენობის, მაგრამ დიდი სიმძლავრის სადგურები“. ამავე თემაზე „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ გურგენიძემ, გვითხრა, რომ „მაგთიკომი“ აპირებს გააძლიეროს საბაზო სადგურები, თუმცა დღეს არსებულ მაქსიმალურ, 153-კილობიტიან სიმძლავრეს, ვერ შეცვლის. „ჩვენი რჩევა იქნებოდა ინტერნეტის დადგმის მსურველებმა რეგიონებში შეიძინონ ჩვენი EVDO (მონაცემთა ევოლუციური ოპტიმიზირებული გადაცემა) მოდემები“. „მაგთიფიქსის“ EVDO მოდემით ქსელში ჩართვა 155 ლარი ღირს, ხოლო თვიური გადასახადი 45 ლარია, რაც სოფლის მკვიდრთათვის არც ისე ადვილად ხელმისაწვდომი თანხაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „მაგთიკომი“ ინტერნეტპროვაიდერების ბაზარზე დღეს საკმაოდ სერიოზულ მოთამაშედ ყალიბდება. ინტერნეტპორტალ ტოპ. გე-ს რეიტინგის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში „მაგთიკომი“ 20 პროვაიდერს შორის სტაბილურად მეოთხე პოზიციას იკავებს. ზურაბ გურგენიძის ინფორმაციით, ყოველდღიურად „მაგთიფიქსის“ ევიდიო ინტერნეტმოდემს საშუალოდ 80-100 ახალი აბონენტი ყიდულობს, ხოლო მთლიანად ამ ეტაპზე კომპანიას EVDO მოდემით მოსარგებლე 1600-2000 აბონენტი ჰყავს.
ინტერნეტპროვაიდერები ცდილობენ, მაგრამ „დიდი ფული“ არის საჭირო
ექსპერტები აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ინტერნეტბაზრის რეალური ლიდერი ის კომპანია გახდება, რომელიც შეძლებს აბონენტებს ყველაზე დაბალ ფასად მიაწოდოს ინტერნეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ან ისინი, ვისაც აქვს თანამედროვე სახაზო-საკაბელო მეურნეობა მთელი ქვეყნის მაშტაბით. „ხარისხითაც და ფასითაც შედარებით ოპტიმალური გამოსავალია იმ კომპანიების მომსახურება, ვისაც თანამედროვე მეურნეობა აქვს“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში კომუნიკაციების დარგის ექსპერტმა ვახტანგ აბაშიძემ.
„არის მიმართულებები, რომლებიც ჯერ აუთვისებელია, ნიშები, რომლებზედაც მოთხოვნა არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია მაღალხარისხიანი ინტერნეტსერვისის მიწოდება, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ქსელის გაფართოებას. ერთ-ერთი მიმართულება არის ჩვენი რეგიონული ბაზრის გაზრდა, რაზედაც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვხედავთ ამ ბაზრის პერსპექტივას“, - გვითხრა „გაერთიანებული ტელეკომის“ ინტერნეტპროექტების დირექტორმა ნიკა ჭიაურელმა.
„ეს არის 1400 კილომეტრის სიგრძის ყველაზე მაღალი გამტარიანობის მქონე რეგიონული მნიშვნელობის მაგისტრალი, რომლის მეშვეობით საქართველო რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით ჩაერთვება ინტერნეტში. კაბელის გამტარუნარიანობა 1,3 ტერაბიტია. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის და სწრაფი ინტერნეტი გვექნება, - განაცხადა ვარნა-ფოთის ახალი ოპტიკურბოჭკოვანი მაგისტრალის პროექტის წარდგენისას „კავკაზუს ონლაინის“ გენერალურმა დირექტორმა მამია სანადირაძემ. - ჩემი პროგნოზით, ინტერნეტის ფასი დაიწევს და ეს სერვისი საყოველთაო გახდება. ჩვენი მიზანიც ეს არის - ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის“.
შავი ზღვის ფსკერზე ჩადებული და სპეციალური დამცავი გარსით აღჭურვილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელზედაც 75 მილიონი დოლარი დაიხარჯა, უკვე თითქმის ერთი წელია მოქმედებს, თუმცა საქართველოს „ყველა ოჯახამდე“ ინტერნეტს ჯერაც არ მიუღწევია. რა თქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური ტექნიკური და ფინანსური მიზეზები აქვს. საქმე ის არის, რომ დღეს საქართველოში თითქმის ყველა პროვაიდერის ინტერნეტი საქართველოს რკინიგზის კუთვნილ მაგისტრალურ კაბელში გადის (ერთის, „ეგრისის“, გარდა, რომელსაც ჰყავს ინტერნეტის საკუთარი მიმწოდებელი ფოთი-ნოვოროსიისკის ოპტიკურბოჭკოვანი ხაზით - მისი „მონათესავე“ კომპანია „ფოპტნეტი“. „ფოპტნეტის“ კაბელი სამანქანო გზის გასწვრივ გადის და მთელ საქართველოს კვეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. „ეგრისს“ და „ახალ ქსელებს“ აქვთ საკუთარი საკაბელო ქსელი ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ბოლნისსა და რუსთავში); ანუ ყველა კომპანიის კუთვნილი კაბელი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ წყაროებიდან ინტერნეტი „მოედინება“, თავს იყრის საქართველოს რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ მდებარე ერთ დიდ მაგისტრალურ სადენში. ეს სადენი სტრატეგიულია, რადგან რკინიგზის ლიანდაგებს მიჰყვება და ყველა დიდ ქალაქამდე მიდის დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. ამიტომაც არის, რომ ინტერნეტწვდომა მეტ-ნაკლებად ცენტრალურ ქალაქებში დღეს არსებობს. სხვა საკითხია ის, რომ კაბელი ქალაქებამდე კი მიდის, მაგრამ შიგნით, ქალაქში, საკუთარი სახაზო-საკაბელო მეურნეობა, რომელმაც ინტერნეტი უნდა გაატაროს, ყველას არ გააჩნია, ასეთი მეურნეობა აქვს მხოლოდ „გაერთიანებულ ტელეკომს“.
„გაერთიანებულ ტელეკომში“ გვითხრეს, რომ დიდ ქალაქებში აბონენტებისთვის ADSL ტექნოლოგიის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება დღის წესრიგში დგას, რისთვისაც კომპანია ყველა სადგურის ციფრულით შეცვლას ეტაპობრივად გეგმავს. პროცესი რამდენიმე წელიწადს გასტანს და სოლიდურ ინვესტიციებს საჭიროებს.
საქართველოს რკინიგზის ხელშია „გასაღები“
ერთი თვის წინ საქართველოს რკინიგზამ „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის“ გასაყიდად ტენდერი გამოაცხადა. სწორედ ამ კომპანიის საკუთრებაა დღეს ინტერნეტის განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ოპტიკურბოჭკოვანი წყვილები. დღეს საქართველოს რკინიგზის მაგისტრალურ კაბელში გამავალი 12 წყვილიდან 4 „გაერთიანებულ ტელეკომს ეკუთვნის“, 6 - საქართველოს რკინიგზას, რომელთა მეშვეობითაც ის სხვადასხვა პროვაიდერს, მაგალითად, იმავე „კავკაზუს ონლაინს“ ემსახურება; დანარჩენი წყვილები სტრატეგიული მნიშვნელობის უწყებებს ეკუთვნის. ამდენად, კომპანიას, რომელიც ტენდერს მოიგებს და წყვილებით ისარგებლებს, რეგიონებში ინტერნეტის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა ექნება, თუ, რა თქმა უნდა, იგი გამოძებნის ფინანსურ რესურსებს კილომეტრობით ოპტიკური კაბელის მცირე ქალაქებსა და სოფლებში შესაყვანად.
ამდენად, თუკი ინტერნეტის დღეს, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ დაქსაქსული სისტემა შეიკრა და ამუშავდა, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად საქართველოს ინტერნეტით „დაქსელვა“ არც ისე შორეული მომავლის საქმეა. მაგალითად, კომპანია „დელტაკომი“ 1 280-კმ-იანი ინტერნეტმაგისტრალის პირველი მონაკვეთის (თბილისი-ვალე) მშენებლობას ზაფხულში დაასრულებს. როგორც „დელტაკომში“ აცხადებენ, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც საქართველოს საკომუნიკაციო ქსელებს მნიშვნელოვნად დაცულს გახდის. „პროექტის განხორციელება საქართველოს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში ქვეყანა არ დარჩეს კავშირგაბმულობის ობიექტებისა და კვანძების გარეშე“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ კომპანიის ხელმძღვანელმა პაატა ქიქოძემ. მისი სიტყვით, მაგისტრალი თურქეთთან დაგვაკავშირებს და საქართველოსთვის ინტერნეტის მიღების კიდევ ერთი წყარო გახდება. „ვალე-თბილისის მაგისტრალი იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ოპტიკური კაბელი თბილისი-სარფის, თბილისი-წითელი ხიდისა და თბილისი-სადახლოს მიმართულებით ჩაიდება. ჯამში მაგისტრალის სიგრძე 1 280 კილომეტრს შეადგენს“, - აცხადებს ბატონი პაატა.
ერთიანი ინტერნეტმაგისტრალების სისტემაში აღმოჩნდება, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პროექტი, რომლის თაობაზე სულ ახლახან, 24 სექტემბერს, ხელი მოაწერეს ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტომ და „გაერთიანებულმა ტელეკომმა“. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ქვეყნის მასშტაბით მოამზადებს ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მქონე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და სატელეფონო მომსახურების განვითარების პროექტს. „ასეთი მაგისტრალის განვითარება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილური ქსელის შექმნას და გააფართოებს თანამედროვე ტელეკომუნიკაციებს სამხრეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც აქამდე ეს მომსახურება არ არსებობდა“, - აღნიშნულია სააგენტოს პრესრელიზში.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის, გელა ბუთბაიას, განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველო მთლიანად დაიფაროს ოპტიკური კაბელებით და ინტერნეტი მართლაც „ყველა სოფლის ყველა ოჯახში“, შევიდეს მინიმუმ 10 000 კილომეტრი კაბელი არის საჭირო, რაც ათეულობით მილიონიან ინვესტიციებს მოითხოვს. ინტერნეტში ასეთ ცნობას წავწყდი: ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობას, რომელიც 2015 წლისთვის ყველაზე შორეულ რაიონებსაც უზრუნველყოფს სწრაფი ინტერნეტკავშირით, - წერს Postimees.ee/LETA. ამ მიზნით მთავრობამ საინფორმაციო საზოგადოების განვითარების პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს განცხადებით, მთავრობამ საკმაოდ კონკრეტული მიზნები დასახა - 2012 წლისთვის სწრაფი ინტერნეტი (100 მეგაბიტი წამში) ხელმისაწვდომი უნდა იყოს ესტონეთის ტერიტორიის 90%25-ზე, ხოლო 2015 წლისთვის - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის გასავითარებლად შეიქმნება სპეციალური ფონდი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიარდამდე კრონა იმ რაიონებში ინფრასტრუქტურის გასამართავად, სადაც ქსელის კომერციული განვითარება არარენტაბელურია.
რა სიკეთეს არიან მოკლებული საქართველოს რეგიონები?
არის თუ არა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დღეს მზად ინტერნეტით მუდმივად სარგებლობისთვის ყოველთვიურად თუნდაც 15 ლარის ფასად? ნიშანდობლივია, რომ ეს რიცხვი ბაზარზე მხოლოდ შარშან, ცენტრალურ ინტერნეტპროვაიდერებს შორის მძაფრი კონკურენციის გაჩაღების შემდეგ დაფიქსირდა, როგორც ყველაზე მცირე, ერთმეგაბიტიანი სიჩქარის ინტერნეტპაკეტის ფასი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ 2009 წელს საქართველოში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი. გელა ბუთბაიას თქმით, ინტერნეტის მომხმარებელთა ბოლო რაოდენობამ, ანუ მათმა რაოდენობამ, ვისაც ინტერნეტწვდომა შეუძლია წელს, 900 000 ადამიანი შეადგინა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამ ციფრს სანდოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ რეალურად საქართველოში ინტერნეტაბონენტების რაოდენობის დადგენა მხოლოდ კომპიუტერის ინტერნეტქსელში ჩართვის დროს ე.წ. აი-პი მისამართების დათვლითაა შესაძლებელი. ზემოთ მოტანილი რიცხვი კი არის აი-პი მისამართების ერთიანი მაჩვენებელი გადამრავლებული ოჯახის წევრთა და დაწესებულებებში მომუშავე ადამიანთა სავარაუდო რაოდენობაზე, რომლის ზუსტი დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, რომც დავეყრდნოთ მარეგულირებელი კომისიის რიცხვს (900 000 მომხმარებელს) და გავითვალისწინოთ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემი, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა დღეს 4 385 000 ადამიანს შეადგენს, საიდანაც სავარაუდოდ მილიონამდე საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებიდან 2 485 000-ს ინტერნეტთან წვდომა არა აქვს.
რას არიან მოკლებული ეს მოქალაქეები? პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ზღვა ინფორმციას, რომელიც განთავსებულია საქართველოსა თუ მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონის ვებგვერდებზე; გასართობ ფილმებს, თამაშებს, ვიდეოკლიპებს, პარტნიორისა თუ მომავალი მეუღლის პოვნის შესაძლებლობებსაც კი, ინფორმაციას ბიზნესის წარმართვის და ბიზნესპარტნიორისა თუ კონკურენტის შესახებ, საგანმანათლებლო და მხატვრულ ლიტერატურას, ოფიციალურ და არაოფიციალურ ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე, სამეცნიერო ნაშრომებს, ყველაფერს, რასაც გასწვდება ან ვერ გასწვდება ადამიანის ფანტაზია, ერთი სიტყვით, ინფორმაციის იმ ნაკადს, რომლის გარეშე დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში ადამიანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი ხდება; და, რაც მთავარია, დღეს იქ, სადაც ინტერნეტი არ არის, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მოკლებულია გამოხატვის თავისუფლებას.
რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების თქმით, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტით სარგებლობის სურვილი ბევრს აქვს. ესენი ძირითადად სოციალურად აქტიური ახალგაზრდები არიან - ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და, ზოგადად, შედარებით შეძლებული და ინტერესიანი ადამიანები. რამდენიმე რეგიონში ბევრმა 155-ლარიანი მოდემიც კი შეიძინა. ბევრი ცდილობს მსოფლიო ქსელში მობილურითაც შეაღწიოს. ჩვენმა კვლავამ წარმოაჩინა, რომ ინტერნეტით სხვადასხვა სოციალურ ქსელებში („თანაკლასელები“, ფეისბუკი, ბლოგები, ფორუმები) ძირითადად მხოლოდ საქართველოს დიდი ქალაქებსა და ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანები აქტიურობენ, მიზეზიც გასაგებია - აქტივობა არის იქ, სადაც ინტერნეტია.
მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ინტერნეტი ლამისაა ადამიანების მთავარ საკომუნიკაციო წყაროდაც კი იქცა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ევროპის სახელმწიფოებში, გაჩნდა სრულიად ახალი ვირტუალური სისტემა, რომელიც, შეიძლება ითქვას, „მეოთხე ხელისუფლებაზე“ და, ზოგადად, ყველა ტიპის ხელისუფლებაზე უფრო ძლიერი და გავლენიანია.
ბლოგოსფერო საზოგადოების ავანგარდში
ეს სისტემა შექმნეს თანამედროვე ადამიანებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ინტერნეტის შესაძლებლობებს. 90-იანი წლებში ინტერნეტმა ახალი ტიპის მედიაც კი შეიქმნა - ბლოგერები, რომელთა გავლენა თანამედროვე მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. ბლოგერი არის ადამიანი, რომელიც ინტერნეტსივრცეში თავის პირად დღიურებს აქვეყნებს და მათი მეშვეობით საკუთარ აზრებს უზიარებს მთელ სამყაროს. თუ ბლოგერს ბევრი მკითხველი ჰყავს, ასეთი ადამიანი თანდათან ძალიან პოპულარული ხდება და მისი მოსაზრებები გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ში დღეს ბლოგოსფეროს საზოგადოება წამყვან ბეჭდვით და ტელემედიასაც კი უწევს კონკურენციას. მაგალითად, 2002 წელს ბლოგერების უმრავლესობამ, და არა წამყვანმა მედიასაშუალებებმა, ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ოფიციალური წვეულების დროს ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ტრენტ ლოტის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ-ში გაცილებით უკეთ იქნებოდა საქმე, სტრომ ტერმონდი რომ გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტიო. საქმე ის არის, რომ 1948 წელს პრეზიდენტობის ამ კანდიდატმა თავისი საარჩევნო კამპანია რასისტული სეგრეგაციის პროპაგანდაზე ააგო. ბლოგერების მიერ მისი საჯარო კრიტიკის შემდეგ უმრავლესობის ლიდერი ლოტი იძულებული გახდა პოსტიდან გადამდგარიყო.
ჩინეთში უკანასკნელ დროს ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი მოვლენა ინტერნეტის მეშვეობით ხდება ცნობილი.
პეკინის უნივერისტეტის პროფესორის ვან ცისინის თქმით, „ინტერნეტის განვითარებაში ირეკლება ადამიანების წყურვილი გაიგონ სიმართლე; ქსელის მეშვეობით ჩინელი ხალხი ახდენს თავისი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას, ინარჩუნებს აგრეთვე კავშირს ხელისუფლებასთან“. მიმდინარე წლის თებერვალში იზოლატორში პოლიციელების ზედამხედველობის დროს დაიღუპა 24 წლის ლი ციაომინი. პოლიციამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა მოულოდნელად, უბედური შემთხვევის გამო, გარდაიცვალა. ინტერნეტში დაიწყო ამ შემთხვევის აქტიური განხილვა, მოდიოდა ათასობით შეტყობინება მათგან, ვისაც ლი ციაომინის მოულოდნელი სიკვდილის საქმის გამოძიებაში მონაწილეობის მიღება სურდა. პროვინციის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ საქმის გამოსაძიებლად გამოეყენებინა ღია, გამჭვირვალე მეთოდი. შეიქმნა სახელმწიფო კომისია, სადაც ამ საქმით დაინტერესებული 15 ყველაზე აქტიური ინტერნეტმომხმარებელი შევიდა.
ჩინეთში დღეს 360 მილიონი ინტერნეტმომხმარებელია. ისინი ინფორმაციას იღებენ და საკუთარ მოსაზრებებს ინტერნეტით გამოხატავენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 82%25-ის აზრით, ინტერნეტქსელი ჩინეთში ურთიერთობის დემოკრატიული არხის განვითარების საშუალებაა. ჩინეთის მმართველები დღეს აცნობიერებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფით ხელისუფლება ხალხის ნდობას დაკარგავს, ამიტომ მთავრობის წარმომადგენლები ინტერნეტის მეშვეობით ცდილობენ გაიგონ, რას ფიქრობს მათზე ხალხი.
საქართველოში სულ 500 აქტიური ბლოგერია, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანში კი, არაოფიციალური მონაცემებით, - 20 000. „ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად დედაქალაქშიც და რეგიონებშიც აუცილებლად გაიზრდება ქართული ბლოგების რაოდენობა და ახალი მედიის გავლენა. ფორუმი, რომელიც 2 დღის წინ ჩავატარეთ მთაწმინდის პარკში, ისეთ თემებს მოიცავდა, როგორიცაა ბლოგინგი, აუდიობლოგები, სოციალური ქსელები და მათი გამოყენება როგორც პირადი ინტერესებისთვის, ისე საზოგადოების საკეთილდღეოდ. ახალი მედიის განვითარება აუცილებლად მოიტანს მეტ გამჭვირვალობას საზოგადოებისთვის ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა განათლება, სოციალური თემები, პოლიტიკური თემები. ამიტომაც ახალ მედიას, ანუ ინტერნეტმედიას, დღეს უკვე სოციალურ მედიას უწოდებენ“, - გვითხრა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ. იმავე ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა პირველი ქართული ბლოგკატალოგი, www.blogroll.ge, სადაც თავმოყრილია ყველა ქართული აქტიური ბლოგი, ხოლო დამწყები ბლოგერებისთვის განთავსებულია პრაქტიკული რჩევები.
ქართველ ბლოგერებს შორის რამდენიმე ძალიან პოპულარულია, მათ შორის არიან რადიო „თავისუფლების“ საიტზე განთავსებულ ბლოგთა ავტორები. ია ანთაძე ამბობს, რომ დღეს რეგიონებში გაცილებით ბევრი მკითხველი ჰყავთ, ვიდრე თუნდაც შარშან... ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად არიან რეგიონში მცხოვრები ადამიანები ჩართული ინტერნეტით გამართულ საჯარო დისკუსიებში, ია ანთაძემ გვიპასუხა: „აღმოსავლეთიდან ნაკლებად მეხმაურებიან, უფრო დასავლეთიდან. ფოთში არის ზოგჯერ ძალიან დიდი აქტივობა. ქუთაისიდან, ბათუმიდან და გორიდანაც იწერებიან. ძალიან დაძაბული და საინტერესო დისკუსიები გვაქვს. ადამიანები ხშირად გამოგონილი სახელებითა და გვარებით შემოდიან და გულახდილად საუბრობენ ყველაფერზე, რაც აწუხებთ. რა თქმა უნდა, თემას სტატიის სახით ჩვენ ვთავაზობთ, მაგრამ შეთავაზებულ თემას ხშირად გავცდებით ხოლმე. ამ ბოლო დღეებში ერთ სტატიაზე 1530 კომენტარიც კი დაფიქსირდა, რაც თავისებური „რეკორდიც“ კი ყოფილა ბლოგერების სამყაროში. რადიო „თავისუფლების“ პრაღის ოფისიდან მაცნობეს, რომ ევროპაში კომენტარების როდენობა ერთ სტატიაზე საშუალოდ სამოც-სამოცდაათს არ აღემატება ხოლმე... რაც მთავარია, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ის არის, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება ეძლევათ“.
რადიო „თავისუფლების“ კიდევ ერთი თანამშრომლის, გიორგი გვახარიას, თქმით, ბლოგის წერისას ის ცდილობს დაიცვას ბალანსი „პოლიტკორექტულობასა“ და „პერსონალურობას“ შორის, რადგან „პერსონალურობა“ ბლოგერობის ძირითად არსს წარმოადგენს. ყოველი ახალი ბლოგი, რომელზედაც გამოხმაურება მიიღო, მისთვის ახალი იდეის, ახალი ბლოგის დაწერის სტიმულია. „თან იგებ, როგორი რეიტინგი გაქვს, რას ფიქრობენ შენ მიერ შეთავაზებულ მოსაზრებებზე შენი მკითხველები. ჩემი აზრით, ბლოგერობა კარგი რამაა, რადგან უშუალო დიალოგი გაქვს ადამიანებთან, - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი გვახარია. - ზოგადად ინტერნეტი ათავისუფლებს ადამიანს. ზოგიერთი ანონიმურად შემოდის და თავის შეხედულებას გამოთქვამს ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც მიაჩნია, რომ სრულიად გიჟური რამაა, მაგრამ როდესაც დაინახავს, რომ კამათის მონაწილეებს სავსებით ნორმალური რეაქცია აქვთ მის თვალსაზრისზე, მას შეუძლია გაიხსნას და გახსნას საკუთარი ვინაობაც“.
დამოუკიდებელ სტუდიებში მომუშავე მედიის წარმომადგენელთა აზრით, საქართველოში ინტერნეტის განუვითარებლობის გამო ამ სფეროში მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილია გათვითცნობიერებული. რეგიონებს არ აქვთ წვდომა თანამედროვე ინტერნეტთან და, შესაბამისად, არ აქვთ საშუალება ინფორმაცია ალტერნეტიული გზით მიიღონ. „როდესაც რეგიონებში ინტერნეტი განვითარდება, ყველა შეძლებს ნახოს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები და თავად გამოიტანოს დასკვნა, როგორ ვითარდება საქართველო. ანდა, მაგალითად, „ქართლის ხმის“ კორესპონდენტი საბა წიწიკაშვილი დადებს ინტერნეტში საკუთარ სახელდახელოდ მომზადებულ სიუჟეტს და ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწვდის თანამოქალაქეებს“, - ამბობს ჩვენთან საუბარში სტუდია „მონიტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი.
ამერიკის უნივერსიტეტებში ცალკე ფაკულტეტიც კი შეიქმნა, სადაც ახალ მედიას ასწავლიან, სტუდენტები ეუფლებიან ბლოგერობას, მათ აგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, რადგან ბლოგის ბაზარი მთელი მსოფლიოა. კარგი ბლოგერი დღეს ყველაზე პოპულარული ჟურნალისტია შეერთებულ შტატებში. ბლოგერი არის პირობითი ცნება და სინამდვილეში ნიშნავს კონიუნქტურისგან, პროპაგანდისგან, კლიშეებისგან თავისუფალ ადამიანს, რომელიც, ასე ვთქვათ, „ხელიდან უსხლტება“ სტანდარტებისგან შებოჭილ ტრადიციული მედიას. მართალია, არატრადიციულ მედიაში სანდოობის საკითხი ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ აქვე, ბლოგოსფეროში და მის ფარგლებს გარეთაც ძევს თვითრეგულირების მექანიზმი: ინფორმაცია შეგიძლია რამდენიმე ბლოგერთან გადაამოწმო და საბოლოო სიმართლე იმავე „ნიუ იორკ თაიმსის ფურცლებზე“ ან სულაც ისევ ბლოგერებთან იპოვო.
ამას წინათ ინტერნეტში ერთ-ერთი ქართველი ბლოგერის „აგორებულ“ თემას გადავაწყდი, რომელიც ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობას ეხებოდა. ამ ბლოგის და იქ ნაპოვნი „პოსტების“ წაკითხვის შემდეგ მთლიანად შემეცვალა დამოკიდებულება ყვითელი ავტობუსით მგზავრობის მიმართ: ყოველთვის ვიღებ ბილეთს იმიტომ, რომ „მპოსტავებმა“ დამარწმუნეს - ამ ბილეთის საფასურის გადახდით ჩვენ მძღოლებს ვუხდით ხელფასს. და კიდევ: რაკი ავტობუსის ყველა გაჩერებასთან ნაგვის ურნები არ დგას, დაკუჭულ ბილეთს ჩანთაში ვინახავ, რადგან თითქოს ყურში ჩამესმის „მპოსტავის“ შეგონება: „და ქუჩებში რომ აგდებენ ამ ბილეთებს, ეგ როგორია????!!“ აქვე მსურს მოვიტანო პასაჟი იმავე ბლოგიდან: „მოკლედ, დღეს აღმოვაჩინე, რომ კონტროლიორებს „ფერი შეუცვლიათ“ და სეზონთან ერთად განაცრისფრებულან. ავტობუსში როცა ავდივარ, ყვითელ ხალხს ეგრევე ვნიშნავ თვალით და დღეს უცებ ორი ნაცრისფერი კაცი წამომადგა თავზე. კიდევ კარგი, რომ ბარათზე ფული მქონდა. სტუდენტური ბარათი მაქვს. მეც კონტროლიორის ამოსვლის დროს ვიხდი ფულს, ზოგჯერ სინდისი-კონტროლიორი მიჭედავს და მაშინ უძლური ვხდები მის წინაშე“.
„ბლოგი ხსნის ადამიანის სულს და აძლევს საშუალებას ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს ნებისმიერ გარემოში“, - ვკითხულობთ ერთ-ერთ ქართულ საიტზე; ნეტავ როდის ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს თავისუფლად ინტერნეტის ქსელებით დამუხტული აქტიური თანამედროვე საქართველო?
![]() |
16 Summary |
▲ზევით დაბრუნება |
Our new issue of the magazine „Solidaroba“ presents an interview with Mr. George Tugushi, the newly elected Public Defender, where he introduces his priorities and planned activities. „Solidaroba“ also presents „Freedom House“ report on Human Right in Georgia in 2009. In the rubric „Round-Table“ psychologists - Khatuna Dolidze and Maia Tsiramua, the head of union „Sapari“ - Nato Zazashvili and the representatives of the Ministry of Labor, Health, and Social Affairs of Georgia - Salome Chichinadze and Thea Khorava discuss evident and hidden cases of child abuse. In this issue we traditionally present two translated articles: „Poliarchie and Pluralism“ by Robert A. Dahl and „Christianity and Constitutional Regime“ by Manfred Spicker. Pridon Sakvarelidze tells the reader about the anti-communist movement „Solidarity“ in Poland. In the same rubric we present an article about the Georgian dissident movement in the 80s. George Tskhadaia's article focuses on nationalism and its core institutions. Tamar Shavgulidze introduces her article about the freedom of media in the blog-culture content. Geopolitical division and settlement of the national minorities' problems in Europe are discussed in the article by Harry Augst. Thea Tsulukiani presents an article on the Case Law of the European Court of Human Rights related to disability rights. Maka Jaiani describes the State programme in respect of the population in need and below the poverty line. The topic of ethnic minorities is covered in the article „Roma in Georgia“ by George Tskhadaia. In this issue our reader has an opportunity to get acquainted with the history of protection of sexual minority rights during the last years.