![]() |
სოლიდარობა№6(39) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ტუღუში გიორგი, მაკგოლდრიკ ჯეიმი, წულუკიანი თეა, ბერლინი ისაია, ცხადაია გიორგი, ბექიშვილი ნინო, დანელია ნინო, პაიჭაძე დავით, ჯაფიაშვილი ნინო, ვართანიანი ოლესია, იმერლიშვილი მედეა, აღდგომელაშვილი ეკა, საყვარელიძე ფრიდონ, მენი ალექსანდრე, პაპუაშვილი ნუგზარ, ანდრონიკაშვილი ზაალ |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: გიორგი ტუღუში ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი გარეკანზე: ლევან ხერხეულიძის ფოტო ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს მისამართი: თბილისი, რამიშვილის 6, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა |
![]() |
1 ადამიანის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ადამიანის უფლებები - ერთწლიანი ძალისხმევის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან
ამ ინტერვიუში გიორგი ტუღუში აჯამებს 2010 წლის მანძილზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მუშაობას, აფასებს სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებს და საუბრობს იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რაც დღეს არსებობს ადამიანის უფლებეათა დაცვის კუთხით.
ესაუბრა ბექა მინდიაშვილი
როგორ შეაფასებდით გასულ წელს? ზოგადად ადამიანის უფლებებს რომ შევეხოთ, რა სფეროებში გვაქვს გაუმჯობესება და სად გვაქვს სტაგნაცია?
ეს წელი საინტერესო და დატვირთული იყო, როგორც სახალხო დამცველისთვის, ისე მთელი ოფისისთვის, ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც გვერდში ედგა სახალხო დამცველს და მასთან ერთად მუშაობდა. ძალიან რთულია რამდენიმე გვერდში ჩაატიო ერთწლიანი მუშაობის შეფასება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ერთ წელიწადში სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო რამდენიმე სფეროში არსებული პრობლემებისა და მიღწევების სრული გაანალიზება. გამოვყოფდი დევნილების თემას, სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა წარმატებულად იმუშავეს ანგარიშზე, რომელიც უკვე ორ ენაზეა დაბეჭდილი. დეტალურად შევაფასეთ სასჯელაღსრულების სისტემა და მალე მზად გვექნება სპეციალური მოხსენება ჯანდაცვის საკითხებზე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. გაგრძელდა მუშაობა უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით. ეს სახალხო დამცველისთვის და ომბუდსმენის ოფისის ტოლერანტობის ცენტრისთვის უწყვეტი პროცესია. ჩავატარეთ ფართო საგანმანათლებლო საქმიანობა ჟურნალისტებთან, სტუდენტებთან, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, გვქონდა საშუალება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ინფორმაცია მიგვეწოდებინა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სტუდენტები, რომელთაც რამდენჯერმე შევხვდი პირადად. სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა არაერთი ინდივიდუალური საჩივარი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხებოდა. ისინი შევისწავლეთ და კონკრეტული შედეგიც მივიღეთ, მივაღწიეთ დარღვეული უფლების აღდგენას. მინდა აღვნიშნო აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის გაძლიერება რამდენიმე მიმართულებით - განსაკუთრებით ბავშვის, ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კუთხით. ახლახან დავასრულეთ მონიტორინგი იმ დაწესებულებებში, სადაც როგორც ხანდაზმულები, ისე შშმ პირები და ბავშვები იმყოფებიან. ერთ-ერთ ჩვენს სარჩელს, რომელიც მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს შეეხება, სწორედ ახლა განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. მომზადებულია კიდევ რამდენიმე სარჩელი, რომელთაც მალე შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ჯერ წელი დასრულებული არ არის, დაგეგმილი გვაქვს არაერთი საინტერესო ღონისძიება ადამიანის უფლებათა კვირეულში. საგულისხმოა ტოლერანტობის დღის აღნიშვნა, რაც უკვე ტრადიციად იქცა სახალხო დამცველისთვის და მისი ტოლერანტობის ცენტრისათვის. 16 ნოემბერს საინტერესო შეხვედრის მომსწრენი გავხდით, როდესაც დავაჯილდოვეთ არაერთი გამოჩენილი და საინტერესო ადამიანი, მედიასაშუალებები, შესაძლებლობა გვქონდა მიგვემართა ფართო საზოგადოებისთვის. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზში ისხდნენ თავად უმცირესობის წარმომადგენლებიც, როგორც ეთნიკურის, ისე რელიგიურის, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია.
ზოგადად, ვთვლი, რომ წარმატებული წელი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ. გვინდა უფრო მეტი ადამიანის უფლების დაცვა მოვახერხოთ, უფრო ფართოდ ვიურთიერთოთ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ჯგუფთან, მეტი დრო დავუთმოთ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ სახალხო დამცველის დახმარება; კიდევ ერთხელ გამოვყოფ უმცირესობებს - ჩვენ გარკვეულწილად წარმოვადგენთ ფორუმს, სადაც მათ ყოველთვის უსმენენ. მინდა ისიც ვთქვა, რომ მომავალი წლიდან რამდენიმე პრიორიტეტი დაგვემატება.
თქვენ მეკითხებით საზოგადოდ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. რამდენიმე სფეროში, რა თქმა უნდა, არის პროგრესი, მცირე გაუმჯობესება. მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ მოუგვარებელია. მინდა შევეხო პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, განსაკურებით ჯანდაცვის კუთხით. რამდენიმე დაწესებულება, რომელთა ლიკვიდაციაც სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ შარშან მოითხოვა, დღემდე ფუნქციონირებს.
საკმაო წინსვლა გვაქვს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემები მაინც რჩება. წლის ბოლო გამოირჩეოდა ერთგვარი პროგრესით რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით, იკლო მათზე თავდახმების რაოდენობამ, რელიგიურ უმცირესობებს გადასცეს რამდენიმე შენობა, რომელიც სადავო იყო. თუმცა ვიცით, რომ არის არაერთი საკითხი, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. სახალხო დამცველის აპარატი, ცხადია, გააგრძელებს მუშაობას რელიგიური უმცირესობების უფლებათა დასაცავად.
სახალხო დამცველის აპარატი, სხვა მიმართულებებთან ერთად, განსაკუთრებით ინტენსიურად მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგზე. გავიხსენოთ კონკრეტული მაგალითები, რა შედეგი მოუტანია სახალხო დამცველის ჩარევას...
ცხადია, ვერ ვიტყვი იმას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ან საერთოდ არ სრულდება, ან ყველა სრულდება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა იზიარებენ ომბუდსმენის რეკომენდაციებს, თუმცა ხშირად ხდება, რომ ვერ ვიღებთ ობიექტურ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული ჩვენი წინადადებები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად მოხერხდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა პატიმრებისთვის, მათი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. ვმუშობთ არამარტო ინდივიდების საქმეებზე, არამედ ზოგად სიტუაციასაც ვსწავლობთ, ვახერხებთ არსებული პრობლემების ადეკვატურ შეფასებას. როცა სისტემური ხასიათის პრობლემას ვხვდებით, სისტემური ხასიათის რეკომენდაციებს შევიმუშავებთ. არის შემთხვევები, როცა ამ რეკომენდაციების გაზიარებაც ხდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობისა და მათი ცემის ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. გვქონდა რამდენიმე საჩივარი და ჩვენი მონოტორინგის შედეგადაც გამოვლინდა ამგვარი ფაქტები, განსაკუთრებით ქსნის დაწესებულებაში. აგვისტოსა და სექტემბერში სერიოზული პრობლემები იყო გეგუთში და ქუთაისის N2 დაწესებულებაში. პატიმართა მიმართ ხორცილდებოდა ფიზიკური ზეწოლა, მათ სცემდნენ; იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე პატიმარი სპეცრაზმმა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს. ამგვარი საკითხები ჩვენთვის პრიორიტეტია. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით სიმშვიდეა და ჩვენთან საჩივრების შემოდინება არასათანადო მოპყრობის გამო საკმაოდ შემცირდა. ახლა ვაპირებთ კიდევ ერთი სისტემური მონიტორინგის ჩატარებას და, შესაბამისად, შევაფასებთ, რომელი რეკომენდაცია შესრულდა და რომელი - არა. თუმცა აშკარაა, რომ სახალხო დამცველის რამდენიმე რეკომენდაცია არ შესრულებულა, ამაში დასარწმუნებლად ადგილზე მისვლა არც არის საჭირო.
იყენებს თუ არა სახალხო დამცველი რეკომენდაციების გარდა სხვა ბერკეტებს?
ცხადია, რეკომენდაცია სახალხო დამცველის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც შეუძლია კანონიდან გამომდინარე შექმნას. ამ დოკუმენტში იგი მიუთითებს როგორც დარღვევის ფაქტზე, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს დარღვეული უფლების აღდგენა და კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. სახალხო დამცველი აქტიურად იყენებს მედიას, სამოქალაქო საზოგადოების და ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას, როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე იმ ორგანიზაციებისას, რომელთა დიდ ნაწილს ოფისი საქართველოში არც აქვს, მაგრამ მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. რეკომენდაცია ერთ-ერთი საშულებაა; მივმართავთ სხვა მეთოდებსაც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ სახალხო დამცველის ოფისს დიდი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან და ჩვენს ანგარიშებს დიდ ყურადღებას რომ აქცევენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ, მთელი რიგი ორგანიზაციებისა, იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ კარგად ვმუშაობთ.
დევნილებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, თქვენ პირადად შეხვდით მინისტრს. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
ვერ გეტყვით, რომ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სულ ერთი თვის წინ გახდა, რადიკალური ცვლილებები განხორციელდა. ყველაზე კრიტიკული თემა მაინც დევნილების გამოსახლებების საკითხია. შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც მთლიანად გაწერს ამ საკითხს, გათვალისწინებულია მთელი რიგი დაცვითი მექანიზმებისა, რამაც მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს დევნილთა უფლებების დარღვევის თავიდან აცილება, თუ ყველა პროცედურას იქ გაწერილი წესების მიხედვით განახორციელებენ. გარდა ამისა, იყო არაერთი ინდივიდუალური საქმე, რომელთა თაობაზე სამინისტროს მივმართეთ და ვიცი, რომ რაღაც პროგრესი არის, მაგრამ ძალიან ბევრი დევნილის პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. გაისად ვაპირებთ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების მდგომარეობის დეტალურად გაანალიზებას, წელს მხოლოდ იმ დევნილებით შემოვიფარგლეთ, რომლებიც კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობენ. წლის დასაწყისში, ცხადია, გადავამოწმებთ, თუ რა ბედი ეწია სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ძნელია წინასწარ თქმა, რა შედეგებს მივიღებთ, თუმცა სამინისტრომ აღიარა, რომ ანგარიში ძალიან მკაცრი და კრიტიკულია, მაგრამ - ობიექტურიც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვხედავ, რომ ეს უწყება, ზოგიერთი სხვა უწყებისაგან განსხვავებით, არ გაურბის პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით რა მდგომარეობაა? გაუმჯობესდა თუ არა სიტუაცია?
დღეს სახალხო დამცველის აპარატში გაცილებით უფრო მეტი საჩივარი სოციალურეკონომიკური უფლებების კუთხით შემოდის. ადრე ბევრი იყო საჩივრები პოლიციისა და პროკურატურის მიმართ. ცხადია, ამგვარი საჩივრები ახლაც არის, მაგრამ მათმა რაოდენობამ იკლო. გარკვეული თვალსაზრისით სიტუაცია ამ მხრივ გაუმჯობესდა და შეუძლებელია ამას სახალხო დამცველი ვერ ხედავდეს. როცა რომელიმე მიმართულებით მცირდება საჩივრების რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ იმ სფეროში მდგომარეობა გამოსწორებულა. მაგალითად, თუკი ადრე დროებითი მოთავსების იზოლატორებში პატიმრებს სცემდნენ, ახლა ამგვარმა შემთხვევებმა იკლო. გარკვეულწილად გაუმჯობესდა მდგომარეობა სხვა მიმართულებებითაც. ადრე აჭიანურებდნენ ჩვენთვის პასუხის გაცემას ან ზოგიერთ საქმეზე პოლიცია საერთოდ არ ახდენდა რეაგირებას. ასევე, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გვხვდება, სათანადოდ გამოძიებული, როგორც წესი, არ არის ხოლმე. ეს სახალხო დამცველისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი და პრობლემაა. იგივე ითქმის პოლიციის მხრივ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც. პოლიციელთა ქმედებებში ხშირია დანაშაულის ნიშნები. ასე რომ, დაუსჯელობა დღესდღეობით მაინც რჩება პრობლემად. მუდმივად თვალყურს ვადევნებთ, რა შედეგი მოსდევს ჩვენს მცდელობებს, და აქ სიტუაცია ნამდვილად არასახარბიელოა.
რეკომენდაციებში ხშირად გაისმის, რომ სასამართლოს განჩინებები არ არის დასაბუთებული.
ადმიანისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განჩინებაში დაუსაბუთებლობა სისტემური პრობლემაა. ჩემთვის შეუძლებელია სტატისტიკური მონაცემები მოგცეთ, იმიტომ, რომ სახალხო დამცველი დასკვნას იმ კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე აკეთებს, რომელსაც სწავლობს. ის საქმეები, რომლებიც შევისწავლეთ, მიუთითებდა, რომ ეს პრობლემები სასამართლო სისტემაში ისევ არსებობს. სახალხო დამცველი ან საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქმეებს ან მას მიმართავენ. შესაბამისად, იმ საქმეებში, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, ეს პრობლემა კვლავ იჩენს თავს. ამაზე 2009 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაშიც გვქონდა საუბარი, ვთქვით, რომ პრობლემები სისტემურია.
სახალხო დამცველი მუდმივად მუშაობს განსაკუთრებით მოწყლვადი ჯგუფების თემებზე, მათ შორის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების პრობლემებზეც. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
ჩემი აზრით, დღესდღეობით ფსიქიატრია ერთ-ერთი უმწვავესი თემაა, ეს არის ჩამორჩენილი სფერო, რომელსაც სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საუბარია არა მხოლოდ ერთ რომელიმე დაწესებულებაზე, არამედ მთელ სისტემაზე. ერთნაირი სურათი ფიქსირდება საქართველოში არსებულ ექვსივე დაწესებულებაში. ქართული ფსიქიატრია ჩამორჩა, ვერ აუწყო ფეხი განვითარების ტემპს. მეთოდები, რომლებსაც დღეს ქართველი ფსიქიატრები მიმართავენ, საკმაოდ მოძველებულია. ამას ექიმებიც აღიარებენ, ამბობენ, რომ არა აქვთ თანამშრომლების გადამზადებისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვის საშუალება. ხშირია ფსიქიატრიული დაწესებულებების თავშესაფრად გამოყენების ფაქტებიც - იქ არიან ადამიანები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არანაირად არ სჭირდებათ, პრობლემებია ჰოსპიტალს გარე სერვისების დანერგვაში, ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს მსგავსი მომსახურება. პოზიტიური ის არის, რომ პაციენტების ცემის ფაქტები აღარ შეგვხვედრია, ის მედიკამენტებიც, რომლებითაც მათ მკურნალობენ, საკმაოდ კარგი ხარისხის თანამედროვე სამკურნალო საშუალებებია. მაგრამ ამის იქით, ფაქტობრივად, ვერაფერი კეთდება. ასათიანის სახელობის კლინიკაში, საძინებელში, სადაც პაციენტები იყვნენ, შარშან თებერვალში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იყო. აქედან შეიძლება დავასკვნათ, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება პაციენტებს, რომელთაც თბილი და ნორმალური გარემო სჭირდებათ.
როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა?
ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ ფსიქიატრია მისთვის პრიორიტეტი იქნება და ამ სფეროში ძირეული რეფორმები დაიწყება. იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველის ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ბოლო ანგარიშშია ჩამოყალიბებული, გათვალისწინებული იქნება. ეს სამინისტროს საშულებას მისცემს რეფორმები სწორი მიმართულებით განახორციელოს და ის ხარვეზები აღმოიფხვრას, რომლებიც დღესდღეობით არსებობს. ამის თაობაზე მე არაერთხელ მქონია საუბარი როგორც წინა ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე ამჟამინდელი მინისტრის მოადგილესთან. ვაპირებ მინისტრსაც შევხვდე.
10 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგენთ მოხსენებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ. რა საკითხებზეა საუბარი ამ მოხსენებაში და რამდენად ეფექტურად წარიმართება მუშაობა სახელმწიფო უწყებებთან ამ მიმართულებით?
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემების არაერთი აღწერაა წინა, 2009 წლის მეორე ნახევრის, ანგარიშშიც. ვაკრიტიკებ სახელმწიფო პოლიტიკას ამ მიმართულებით და ვამბობ, რომ ის, რაც კეთდება, არ არის საკმარისი იმ სტანდარტების დასაცავად, რაც ამ პირების მიმართ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. უნდა აღვნიშნო, რომ დღემდე რატიფიცირებული არ არის გაეროს კონვენცია შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ. ისიც კარგად გვესმის, რომ ქვეყანა მზად არ არის საკუთარ თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რომელსაც ეს კონვენცია ითვალისწინებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ კონვენცია პროგრესული რეალიზაციის საშუალებას იძლევა. არაადაპტირებული გარემო რჩება და, ალბათ, კვლავ დიდი ხნის მანძილზე დარჩება პრობლემად. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ის სპეციალიზებული დაწესებულებებიც კი, რომლებიც მორგებული უნდა იყოს ამ ადამიანების საჭიროებებს, არ არის ადაპტირებული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ადამიანები დაჩაგრულად გრძნობენ თავს ქალაქში, იმიტომ, რომ მათთვის არ არის შექმნილი სათანადო ინფრასტრუქტურა. ჩვენ მიერ დაფიქსირებულია არაერთი დარღვევა იმ პირების მიმართ არაადეკვატური მოპყრობისა, რომლებიც ინსტიტუციებში იმყოფებიან, მომსახურე პერსონალი არასწორ მეთოდებს იყენებს მათთან ურთიერთობისას, ძლიერია მათ მიმართ სტიგმა, ადამიანებს ყოფენ რაღაც ნიშნების მიხედვით, გამოიყენება ტერმინი „გიჟი“, რაც სრულიად მიუღებელია. ანგარიშში ვისაუბრებთ ხანდაზმულებზე, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის მოხუცებულთა სახლებში იმყოფებიან, ვისაუბრებთ ჩვილ ბავშვთა სახლებზეც. ვფიქრობ, ანგარიში დიდ რეზონანსს გამოიწვევს, მისი გაცნობა შესაძლებელი იქნება სახალხო დამცველის ვებგვერდზე და, ვიმედოვნებ, მედიაც ყურადღებას გამოიჩენს მის მიმართ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად მუშაობს ქალისა და ბავშვის უფლებებზე. რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ?
ქალთა ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ გარკვეულ პრობლემად რჩება. ეს საკითხი უფრო მწვავედ რეგიონებში დგას. ამიტომ რეგიონულ ოფისებში „იუნიფემის“ დახმარებით იურისტები დავიქირავეთ, რომელებიც ადგილზე უწევენ კონსულტაციებს ქალებს.
უნდა შევეხო ოჯახური ძალადობის თემასაც, - მასზე საუბარს საქართველოში ძალიან ბევრი თავს არიდებს. ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის პრობლემა და ყველას უნდა აღელვებდეს. ოჯახური ძალადობის რამდენიმე მსხვერპლმა პირადად მომართა სახალხო დამცველის აპარატს და შევეცადეთ მაქსიმალურად დავხმარებოდით მათ. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თავშესაფარში გადავიყვანეთ.
ბავშვთა უფლებებს ვიცავთ არა მხოლოდ იმ ინსტიტუციებში, სადაც ისინი სრულწლოვანების ასაკამდე იმყოფებიან, არამედ მაშინაც ვრეაგირებთ, როდესაც ბავშვზე ზეწოლა ხდება და ბავშვის უფლებებს არ ითვალისწინებენ.
ჩვენ ვისაუბრეთ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ქალებზე, ბავშვებზე. ხომ არ გეგმავს სახალხო დამცველის ოფისი რაიმე სახის კამპანიურ საგანმანათლებლო მუშაობას ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, განსაკუთრებით რეგიონებში?
ვერ ვიტყვი, რომ მომავალ წელს სახალხო დამცველის ოფისის მნიშვნელოვანი მიმართულება კამპანიების წარმოება იქნება, თუმცა ჩვენი კომპეტენციის მიხედვით ვიმუშავებთ, რათა გამოვლინდეს ნაკლოვანებები, აისახოს ისინი ანგარიშში და შემდეგ ამ საკითხების პოპულარიზაცია მოხდეს. ვაპირებთ რეგიონებში დევნილების შესახებ ანგარიშის წარდგენას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას ანგარიშს რომ გავაცნობთ, შევეცდებით მათგან მხარდაჭერა მოვიპოვოთ. სახალხო დამცველი მარტო ვერ დაიცავს ადამიანის უფლებებს. მას პირველ ყოვლისა სასამართლო უნდა ეხმარებოდეს, შემდეგ კი - მთელი საზოგადოება.
ჩვენს საზოგადოებაში დგას, ერთი მხრივ, მედიის თავისუფლების ხარისხის პრობლემა, მეორე მხრივ კი - ირღვევა მედიასტანდარტები. როგორ შეაფასებდით ვითარებას ამ სფეროში?
არ მინდა მედია დავყო სხვადასხვა სეგმენტებად, თუმცა, რა თქმა უნდა, ბეჭდვითი მედიის თავისუფლების ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სატელევიზიო მედიისა. ვთვლი, რომ მედიაგამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ანუ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს მედიამფლობელები, ერთობ წინგადადგმული ნაბიჯია - ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის თავისუფლების განსამტკიცებლად. თუმცა მარტო ეს არ იკმარებს იმისათვის, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში ამაღლდეს.
რა თქმა უნდა, როდესაც ქსენოფობიურ სტატიებს ვაწყდებით და ქსენოფობიური გამონათქვამების ციტირება ხდება, თანაც, როცა ამით ამაყობს როგორც ჟურნალისტი, ასევე მისი რესპონდენტიც, ჩემი აზრით, ეს დასაგმობია. სამწუხაროდ, ხშირია ეთიკური სტანდარტების დარღვევაც.
სახალხო დამცველი არასდროს არ უნდა შეიჭრას იმ სფეროში, რომლის რეგულირება თვით მედიამ უნდა აიღოს თავის თავზე. როდესაც სახალხო დამცველისთვის მედიაზე რაიმე სახით ზეწოლა ხდება ცნობილი - ან ვიღაცის სარედაქციო დამოუკიდებლობა იზღუდება, ან რომელიმე ჟურნალისტს ხელს უშლიან საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ყველა ეს თემა სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ომბუდსმენი ვერავის მიუთითებს, როგორი სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს ჟურნალისტმა, რედაქტორმა ან მედიამფლობელმა. თუმცა სახალხო დამცველი მიესალმება იმას, თუ მედიასაშუალება დამოუკიდებელია და ადეკვატურად აშუქებს მთელ რიგ პრობლემებს, მათ შორის ისეთ თემებს, რომლებზე საუბარსაც ბევრი მედიასაშუალება გაურბის. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უმცირესოებისთვის საინტერესო მასალების გაშუქებას მეტი დრო უნდა დაეთმოს, უნდა ვისაუბროთ მათ კონკრეტულ პრობლემებზეც. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ რაღაც წარმატებებს მივაღწიეთ, ტოლერანტობის დღეს დავაჯილდოვეთ გადაცემა „ჩვენი ეზო“, ეს სტიმულის მიმცემი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მედია იცავდეს ეთიკის სტანდარტებს, რა თქმა უნდა, იყოს სამართლიანი და შემოწმებულ ინფორმაციას ავრცელებდეს. ბეჭდვითი მედიის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატიც გამხდარა დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავეცანი რამდენიმე სტატიას, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა რეალობასთან. ეს სამწუხარო ფაქტია.
ალბათ მაინც განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უმცირესობები, რომელთა პრობლემებს მედია ან საერთოდ არ ეხება, ან ნეგატიურად აშუქებს, ასეთია, მაგალითად, რელიგიური უმცირესობები, ან სექსუალური უმცირესობები. როგორია სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამ ჯგუფებთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, მედიამ თავი არ უნდა აარიდოს პრობლემებზე საუბარს. აქ მედიას გადამწყვეტი როლი ენიჭება. თუკი ამგვარ საკითხებზე დისკუსიები გაიმართება, მალე დაიმსხვრევა სტიგმები და საზოგადოებაც უფრო ინფორმირებული იქნება. ჩვენ ვვითარდებით, მაგრამ იმისათვის, რომ ევროპული თანამეგობრობისა და ნატოს წევრი გავხდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მათი გამოცდილება. ის ქვეყნები, რომელთაც ჩვენ ვბაძავთ, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ამ თემებზე ღიად საუბარი გარკვეულ პროგრესამდე მიგვიყვანს და რეალურად შევძლებთ შევცვალოთ დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ.
სახალხო დამცველი სისტემურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, ჩართულია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის გეგმის განხორციელების მონიტორინგში - ეს უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ რას იტყვით ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე?
ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისინი აისახოს სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში. კვლავაც დიდ სირთულეს ქმნის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების მხრივ სახელმწიფო ენის არცოდნა. საჭიროა ეთნიკური უმცირესობების აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ქვეყანაში, სადაც საკმაოდ დიდია ეთნიკური უმცირესობების წილი, ისინი უფრო აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს, ცხადია, არ ეხება მარტო სახელმწიფო დაწესებულებებს, ზოგადად ვიტყვი - ეს ადამიანები, გაცილებით ხშირად უნდა ჩანდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, უმცირესობების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ პოლიციის რიგებში იმსახურონ, პოლიციის აკადემიაში ქართულ ენას ასწავლიან. ბოლო დროს საგრძნობლად იმატა იმ ახალგაზრდების რიცხვმა, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას. თუმცა ენის შესწავლა ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს და ხელისუფლებამ რეგიონები პედაგოგებითა და სახელმძღვანელოებით უნდა უზრუნველყოს. ბოლო რამდენიმე წელია ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით სახალხო დამცველისთვის აღარავის მოუმართავს. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ვითარება ამ სფეროში გაუმჯობესდა, მაგრამ, ცხადია, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. გაცილებით მეტი მუშაობაა ჩასატარებელი, რომ ის შედეგი მივიღოთ, რისკენაც ვისწრაფით.
გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, მას ადამიანის უფლებათა სფეროში საგანმანათლებლო მისიაც აკისრია. თუ ადამიანს წარმოდგენა არა აქვს საკუთარი უფლებების შესახებ, ის ვერც მოითხოვს მათ დაცვას... რას გეგმავთ იმისათვის, რომ განათლების დონე ამ თვალსაზრისით ამაღლდეს?
გამოვცემთ საგანმანათლებლო მასალებს, რომელსაც ვაგზავნით დაწესებულებებში, რეგიონებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სკოლებში. ვცდილობთ ამ მიზნით გამოვიყენოთ მედიასაშუალებებიც. წელს ცუდად ნამდვილად არ გვიმუშავია, თუმცა ფინანსური რესურსის სიმცირის გამო გაგვიჭირდა გაგვეკეთებინა ის, რისი სურვილიც გვქონდა. გვინდა მომავალ წელს იმ ტელეგადაცემების თანადამფინანსებლები ვიყოთ, რომლებიც ადამიანის უფლებების საკითხებს მიეძღვნება. გარდა ამისა, ვგეგმავთ რამდენიმე უცხოური გამოცემის თარგმნას და სახალხო დამცველის ანგარიშების პოპულარიზაციას. ჩვენი ჟურნალი „სოლიდარობაც“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამოდის, მკითხველს სწორედ იმგვარ ინფორმაციას აწვდის, როგორის ნაკლებობაც ნამდვილად შეინიშნება დღევანდელ მედიაში. სამწუხაროდ, ჩვენი რესურსი შეუზღუდავი არ არის. ვცდილობთ მოვიზიდოთ დამატებითი სახსრები, რათა საგანმანათლებლო სეგმენტი გავაძლიეროთ. წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა საგანმანათლებლო კლიპები, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შევქმენით. მათში საუბარი იყო უფლებების დარღვევაზეც და იმაზეც, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა იმ დროს, როცა მათი უფლებები ირღვევა. ბოლო წლებში სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ ცნობადი გახდა. შეიძლება არ იცოდნენ, ვინ არის სახალხო დამცველი, მაგრამ ჩემი ამოცანა ის არის, რომ ინსტიტუტი იყოს მყარი და ძლიერი, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი.
![]() |
2 ანგარიში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა 2010 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვილთა, ბავშვების, ზრდასრულებისა და ხანდაზმულების სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში
შესავალი
2010 წლის 27 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ), ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა.
წინამდებარე ანგარიშში ასახულია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, როგორც ცალკეულ დაწესებულებებში, ასევე სისტემურად, რის საფუძველზეც შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის ინიციატივას და ემსახურებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გააქტიურებას უფლებათა დაცვის სფეროში.
მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ რეზიდენტულ დაწესებულებებში:
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი
მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი
კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი
სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა შახლი
ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი
დუშეთის ბავშვთა სახლი1
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი
მონიტორინგისძირითადი შედეგები
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი სისტემური და კერძო ხასიათის დარღვევებისა, მათ შორის:
დაწესებულების ბენეფიციარებისადმი არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები, რომელიც ხორციელდებოდა როგორც პერსონალის, ისე სხვა ბენეფიციარების მიერ.
სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების სერიოზული ნაკლებობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში.
არაადაპტირებული გარემო, რომელიც ამ ადამიანებს უზღუდავს არა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას, არამედ, რიგ შემთხვევებში, გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებასაც არ აძლევს მათ. მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილია ფაქტები, როდესაც ბენეფიციარები წლების განმავლობაში ოთახიდან ვერ გამოდიან, რადგან არ აქვთ საინვალიდო ეტლი და გარემო არ არის ადაპტირებული.
პერსონალის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც უშუალო კავშირშია ბენეფიციართა უფლებრივ მდომარეობასთან.
სამედიცინო დახმარების ნაკლებობა. ბენეფიციართა მკურნალობისა და მოვლის სტანდარტი არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.
პირადი ცხოვრების თავისუფლების შეზღუდვა: ზრდასრულ ბენეფიციარებს არ აქვთ შვილებთან ერთად ცხოვრებისა და მათზე ზრუნვის საშუალება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ფაქტობრივად იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან; არ ხდება მათი თავისუფალი დროის ეფექტური დაგეგმვა. მონიტორინგის ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა ვერცერთი ბენეფიციარი დათრგუნული ფსიქო-ემოციური განწყობის გარეშე. მათი განცხადებით, მათ არ აქვთ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება და დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ღირსეული ცხოვრების პირობებს.
ამავე დროს, დადებითად შეიძლება შეფასდეს გარკვეული ცვლილებები დაწესებულებების მართვის პროცესში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააგენტომ უკანასკნელ პერიოდში განახორციელა. კერძოდ: სააგენტომ ყველა დაწესებულებისათვის შეიმუშავა ერთიანი შინაგანაწესი, რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა საკითხთა მომწესრიგებელი ნორმატიული მასალის სისტემატიზაცია; გაიწერა ბენეფიციართა პირადი მონაცემების დაცვის წესი, უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. სააგენტო ახორციელებს ფილიალში მომუშავე პერსონალის პროფესიული ქცევის საკანონმდებლო რეგულირებას, კერძოდ, შეიქმნა თანამშრომელთა ქცევის კოდექსი. 2010 წელს სააგენტოს მიერ განხორციელდა მომვლელთა და აღმზრდელთა კვალიფიკაციის შეფასება და მათი გადამზადებაც, თუმცა საჭიროა ამ ღონისძიებას სისტემატური, არაერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს.
დაწესებულებების სამართლებრივი რეგულირება
მონიტორინგის პერიოდში ადგილზე გადამოწმდა ის სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც წესრიგდება დაწესებულებების (ფილიალების) საქმიანობა; როგორც სააგენტოდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია და განხორციელდა დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი.
დაწესებულებების შინაგანაწესის2 მე-10 თავის - „გამომწვევი ქცევის მართვის შესახებ“ - შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამ თავის თანახმად დაწესებულების პერსონალს უფლება აქვს გამოიყენოს ბენეფიციარის მიმართ „ფიზიკური ჩარევა და ფიზიკური შეზღუდვა“. ფიზიკური შეზღუდვის მეთოდის გამოყენების საკითხი საქართველოს კანონმდებლობაში დარეგულირებულია „საქართველოს კანონით ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“.3 ამ კანონის თანახმად, „ექიმ-ფსიქიატრს უფლება აქვს, სტაციონარში მყოფი პაციენტის მიმართ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდები, თუ არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა დაზიანების რეალური საფრთხე და მისი თავიდან აცილება სხვაგვარად შეუძლებელია“; ხოლო, დაწესებულებების შინაგანაწესის ჩანაწერის მიხედვით, „პროგრამა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ ჩარევას, უფლებათა და პირადი თავისუფლების შეზღუდვას, წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული ფილიალის ადმინისტრაციასთან“. შინაგანაწესში აგრეთვე არ არის განმარტებული (არ არსებობს მითითება სხვა რეგულაციაზე) ფიზიკური შეზღუდვის მეთოდის გამოყენების კონკრეტული წესი და პროცედურა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში დამატებით დარეგულირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის ბრძანებით №92/ნ „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ“. შესაბამისად, შინაგანაწესი, რომელიც საერთოა ყველა დაწესებულებისთვის, არ არეგულირებს შემდეგ საკითხებს: დროის რა პერიოდით გაიცემა ფიზიკური შეზღუდვის ნებართვა, რა სახის მეთვალყურეობა უნდა გაეწიოს ბენეფიციარს ფიზიკური შეზღუდვის პროცესში, რამდენ წუთში ერთხელ უნდა გადამოწმდეს მისი მდგომარეობა, რა დოკუმენტაცია უნდა შედგეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდის გამოყენების დროს პასუხისმგებელი პირის მიერ.
ყველა დაწესებულებას აქვს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ქცევის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს პერსონალისა და ბენეფიციარების ქცევის წესებს და უფლება-მოვალეობებს. აღსანიშნავია, რომ „ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს ბენეფიციართა უფლება-მოვალეობებს, ხოლო პერსონალის შემთხვევაში აღწერილია მხოლოდ მოვალეობები მათი უფლებების განსაზღვრის გარეშე, რაც ცალმხრივს ხდის აღნიშნულ დოკუმენტს და რაც ეწინააღმდეგება ქცევის კოდექსის მიზანს.
ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელიც აწესრიგებს დაწესებულებების საქმიანობას, დახვეწას საჭიროებს.
არასათანადო მოპყრობა
მონიტორინგის პროცესში პერსონალის მხრიდან ბენეფიციართა მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე საჩივარი არ დაფიქსირებულა, თუმცა ბენეფიციარები საუბრობდნენ ღირსების შემლახველ და დამამცირებელ მოპყრობაზე, როგორც პერსონალის, ისე სხვა ბენეფიციარების მხრიდან.
X საქმე4
ერთ-ერთ დაწესებულებაში ფიზიკური შეზღუდვის მქონე პაციენტი (არ აღენიშნება მენტალური შეზღუდვა) საინვალიდო ეტლის არქონის გამო მუდმივად საწოლშია მოთავსებული. მონიტორინგის დროს ქალბატონი მენსტრუალური ციკლის პერიოდში იწვა პლასტმასის საყოფაცხოვრებო ტაშტზე, ვინაიდან, თხოვნის მიუხედავად, მას არ მიაწოდეს ჰიგიენური პაკეტი. გარდა ჰიგიენის წესის დარღვევით გამოწვეული ფიზიკური დისკომფორტისა, ბენეფიციარი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.
სტანდარტი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, „დამამცირებელია ქმედება, რომელიც წარმოშობს მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდას, რომელსაც შეუძლია მისი დამცირება და დაკნინება. დამამცირებელი მოპყრობა ასევე მოიცავს მოპყრობას, რომელიც არღვევს მსხვერპლის ფიზიკურ თუ სულიერ ხელშეუვალობას...“5
ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში
მონიტორინგის დროს სენაკის შშმ ბავშთა სახლში იმყოფებოდა 16 სრულწლოვანი ბენეფიციარი.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის ვითარება, რომ 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს შორის არის მუდმივი კონფლიქტი.
როგორც სენაკის შშმ ბავშთა სახლის პერსონალი აღნიშნავს, სრულწლოვანი ბენეფიციარები მუდმივ სტრესში ამყოფებენ სხვა არასრულწლოვან ბენეფიციარებს და დაწესებულების პერსონალს. მონიტორინგის დროს დაწესებულების ხელმძღვანელმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მიაწოდა მსგავსი კონფლიქტების შესახებ არსებული ჩანაწერები: „რამდენიმე დღის წინ კ.ჩ.-მ სცემა ვ.კ, ცემის ფაქტს შეესწრნენ ძიძები, მაგრამ ვერ ჩაერიენ, რადგან შიში აქვთ ბენეფიციარების“ (სენაკის შშმ ბავშვთა სახლის პერსონალის ჩანაწერი).
„ერთ-ერთი ბენეფიციარი ფეხებით დადიოდა დირექტორის კაბინეტში არსებულ მაგიდაზე და ვაზა ესროლა მეორე ბენეფიციარს, დირექტორის თანდასწრებით“ (ბენეფიციარის ახსნა-განმარტება).
„ერთ-ერთი გადაზრდილი ბენეფიციარი აღმზრდელებს მუქარით ფულს სძალავს. დამემუქრა: „მაკომპრომეტირებელ სურათებს გადავიღებ ჯგუფში ბავშვთან, გასული რომ იქნებიო, ინტერნეტში დავდებ და ნახე მერე რა მოგივაო“ (სენაკის შშმ ბავშვთა სახლის პერსონალის ჩანაწერი).
სიტუაცია მნიშვნელოვნად დამძიმდა პერსონალისთვის. მათ დახმარებისთვის მიმართეს როგორც დაწესებულების ხელმძღვანელს, ასევე სააგენტოს დირექტორსაც.
სენაკის შშმ ბავშვთა სახლის აღმზრდელის განცხადება დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ: „გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა თავი დაცულად ვიგრძნოთ და დაუბრკოლებლად ვემსახუროთ ჩვენი სახლის აღსაზრდელებს“.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეზიდენტულ დაწესებულებებში ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას, როგორც პერსონალის მხრივ, ისე ბენეფიციარებს შორის, რაც უფლებამოსილი პირებისაგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.
დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით
დუშეთის ბავშვთა სახლის მონიტორინგის დროს ხშირად გაისმოდა სტერეოტიპული და შეურაცხმყოფელი ფრაზები ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფის მიმართ, რომელთაც „გიჟებად“ მოიხსენიებდნენ.
ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ბენეფიციართა მიმართ სტერეოტიპულ და შეურაცხმყოფელ სახელწოდებებს იყენებს დაწესებულების პერსონალი, რომელიც ბენეფიციარებს კატეგორიებად ყოფს და მათ მიმართ განხვავებულ დამოკიდებულებას იჩენს.
ე.წ. „გიჟები“ სხვა ბენეფიციარების მსგავსად არ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, ყველა მნიშვნელოვან საკითხს მათ მაგივრად წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაცია სხვა ბენეფიციარებთან, „ჭკვიანებთან“ შეთანხმებით.
გადაადგილების თავისუფლება
მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციართა გადაადგილების თავისუფლება არ არის შეზღუდული დაწესებულებების შინაგანაწესით, ის მაინც ფაქტობრივად შეზღუდულია ყველა იმ ბენეფიციარისთვის, რომელიც საინვალიდო ეტლს იყენებს.
არაადაპტირებული გარემოს გამო ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან ვერც შენობის შიგნით და ვერც მის გარეთ. შენობები არ არის აღჭურვილი ლიფტითა და პანდუსით. ამავე დროს ბენეფიციარების გარკვეულ რაოდენობას არა აქვს საინვალიდო ეტლი.
„ეტლი მომპარეს, 10 წელია ეზოში არ გავსულვარ, არავის ჩავყავარ. მეც არასდროს მითხოვია. როცა ვხედავ არაფრად მაგდებენ, ვეღარ ვთხოვ“ (ქუთაისი ხანდაზმულთა პანსიონატი).
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მე-2 სართულზე მცხოვრებ ბენეფიციარს, რომელიც ეტლს იყენებს, მუდმივად უწევს სხვა ბენეფიციარისთვის დახმარების თხოვნა სართულიდან სართულზე გადასაადგილებლად. პანსიონატის მეორე სართულზე არ არის საპირფარეშო, რის გამოც ამ ბენეფიციარს ხშირად საათობით უხდება ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შეკავება.
პრივილეგირებული ბენეფიციარები
მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ რიგ დაწესებულებებში არსებობენ პრივილეგირებული ბენეფიციარები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი განახორციელონ სხვა ბენეფიციარებზე.
ამ მოვლენის ხელშემწყობია ის ფაქტი, რომ, როდესაც პერსონალი ვერ უმკლავდება რთული ქცევის ბენეფიციარებს, „საშველად“ გამოკვეთილ „ლიდერ“-ბენეფიციარებს იხმობს, რომლებიც ერთგვარი ავტორიტეტით სარგებლობენ დაწესებულებაში მყოფ ბენეფიციართა შორის.
დუშეთის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო სიტუაციას6, როდესაც უკიდურესად აღგზნებული პაციენტის მდგომარეობის მართვის მიზნით დაწესებულების ადმნისტრაცია დახმარებას სხვა ბენეფიციარს სთხოვდა, ვინაიდან არსებობდა საფრთხე იმისა. რომ პერსონალი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავდა.
ანალოგიური სახის ინფორმაცია მიიღო ექსპერტთა ჯგუფმა ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ზოგიერთი ბენეფიციარისგანაც.
ერთ-ერთი ბენეფიციარი მონიტორინგის ჯგუფთან საუბრისას ძალიან დაძაბული იყო, მუდმივად იმეორებდა, თქვენ წახვალთ, „ექთნები შემიყვანენ ოთახში და დამკითხავენ, ინვალიდებს გაალახინებენ ჩემს თავს“.
„ამოჩემებული ჰყავთ რამდენიმე ბენეფიციარი და იმათ უსწორდებიან სხვა ბენეფიციარები, ძირითადად სენაკიდან გადმოსულებს. ერთ-ერთ ბენეფიციარს სასადილო ოთახში საჭმელს არ აჭმევენ, ისე სცემენ“ (ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარი).
სენაკის შშმ ბავშვთა სახლში ბენეფიციართა სხვადასხვა საცხოვრებელ ოთახში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც შესაძლებელია წარმოადგენდეს პრივილეგიის ნიშნების არსებობას რიგი ბენეფიციარებისათვის. მაგ., ერთ-ერთი ბენეფიციარის საცხოვრებელი ოთახი აღჭურვილია კონდინციონერით და მუსიკალური ცენტრით, რაც ყველა ბენეფიციარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის.
ზემოაღნიშნული ფაქტები ქმნის ორმაგი დისკრიმინაციის საფრთხეს იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც იქვე ცხოვრობენ, მაგრამ არ სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაწესებულების შიგნით.
ბენეფიციართა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
ბენეფიციართა მნიშვნელოვან ნაწილს შეზღუდული აქვს პირადი ცხოვრების თავისუფლება.
მ.ა-ს შემთხვევა
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ყოფნის დროს ექსპერტები ესაუბრნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონს, მ.ა-ს, რომელსაც აქვს დიდი სურვილი დაიბრუნოს და თავისთან აცხოვროს მცირეწლოვანი შვილი. ბავშვი ამ მომენტში კერძო სააღმზრდელო დაწესებულებაში იმყოფება. მცირეწლოვანის ორივე მშობელი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარია.
სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრმა საქმის შესასწავლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა7. სააგენტოს მიერ სოციალურ მუშაკს დაევალა შემთხვევის შესწავლა და შეფასება.8 სოციალური მუშაკის შეფასების თანახმად, „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვილის მშობლები გულწრფელად ზრუნავენ საკუთარ შვილზე, ამის გამოხატულებაა ის, რომ თავისი კუთვნილი პენსიის მიღებისთანავე მიდიან ზესტაფონში შვილის მოსანახულებლად. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ მშობლები მზრუნველები არიან, უყვართ საკუთარი შვილი და, ბუნებრივია, უნდათ მასთან ერთად ცხოვრება. საყურადღებოა, რომ ბავშვის დედას აქვს თვითმოვლის და პირადი ჰიგიენის დაცვის უნარი. მისი საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მ.ა. აწესრიგებს ოთახის მეორე მობინადრის, ცერებრალური დამბლით დაავადებული ავადმყოფის ჰიგიენურ მდგომარეობას, ოთახში წესრიგი და სისუფთავეა. მიუხედავად მშობლებს სურვილისა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის პირობებში განთავსდეს ჩვილი“.
შემთხვევა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს შეზღუდული შესაძლებლობისა და არსებული პირობების გამო ეზღუდებათ ოჯახური ცხოვრების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკის შეფასების თანახმად, მათ აქვთ ბავშვზე სათანადოდ მზრუნველობის უნარი.
გარემო და საცხოვრებელი პირობები
დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია, ეზო და შენობაში შესასვლელები:
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული 8 დაწესებულებიდან 7 დაწესებულებაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მხოლოდ 2 მათგანის ეზო (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის და სენაკის შშმ ბავშვთა დაწესებულების) და მთავარი შესასვლელი აკმაყოფილებს სამშენებლო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს,9 რაც უზრუნველყოფს მისაწვდმობას ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის მობილურობაშეზღუდული ადამიანებისთვის. საგულისხმოა, რომ დანარჩენი დაწესებულების მთავარი შესასვლელი ასევე აღჭურვილია ბილიკებით (ე.წ. „პანდუსებით“), მაგრამ მათი გამოყენება ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დახმარების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან პანდუსის დახრის კუთხე აჭარბებს სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმას. ზოგიერთ შემთხვევაში ბილიკებმა შესაძლოა შექმნას რეალური საფრთხე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. იგივე მდგომარეობაა შენობების შიგნით არსებულ პანდუსებზე.
შესწავლილი 8 დაწესებულებიდან მხოლოდ 2 შენობაა აღჭურვილი ლიფტით (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) მიუხედავად იმისა, რომ ყველა შენობა მინიმუმ ორსართულიანია. მუშაობს მხოლოდ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ლიფტი, მაგრამ ისიც ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს, კერძოდ, ლიფტში არ არის ეტლის მანევრირებისათვის საჭირო სივრცე.
სანიტარული კვანძები (საშხაპეები და საპირფარეშოები):
შესწავლილი 8 შენობიდან ხელმისაწვდომობა დაცულია 2 დაწესებულებაში (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სენაკის შშმ ბავშვთა დაწესებულებაში), თუმცა ვერცერთი მათგანი სრულად ვერ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საჭიროებებს, რადგან ამ შემთხვევაშიც დარღვეულია დადგენილი ნორმები. კერძოდ: უნიტაზები არაა აღჭურვილი დამხმარე მოაჯირებით და უმეტეს მათგანზე მორყეული ან გატეხილია საფარი; საშხაპეებს არ აქვს დამხმარე მოაჯირები; სანიტარული კვანძები შეუღწევადია (ვიწრო შესასვლელის გამო) და, შესაბამისად, ხელმიუწვდომელია ეტლით მოსარგებლეთათვის. აღსანიშნავია, რომ სენაკის შშმ ბავშვთა დაწესებულების სანიტარულ კვანძებს არ აქვს კარების საკეტები შიგნითა მხრიდან.
სასადილოები
შესწავლილი 8 დაწესებულებიდან ხელმისაწვდომი სასადილო არის მხოლოდ ერთში (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში). დანარჩენი 7 დაწესებულების სასადილო ხელმიუწვდომელია ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლის დახმარებით გადაადგილდებიან (არასტანდარტულია შესასვლელები, მაგიდების სიმაღლე, მაგიდებს შორის არსებული მანძილი, მცირეა ეტლით გადაადგილებისთვის საჭირო სივრცე ოთახში და ა.შ.). ამიტომ ეტლის მომხმარებელი ბენეფიციარები უმეტესად ოთახებში სადილობენ.
ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები არასახარბიელო მდგომარეობაშია. ოთახების განათება არასაკმარისია. ზოგიერთ დაწესებულებაში დერეფნები იმდენად ჩაბნელებულია, რომ ღამის საათებში გადაადგილებაც კი ძნელდება (სენაკის შშმ ბავშვთა სახლი). ოთახების ფართისა და მათში განთავსებული საწოლების რაოდენობის გათვალისწინებით, 8 დაწესებულებიდან მხოლოდ 2 (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, სენაკის შშმ ბავშვთა დაწესებულება) შეესაბამება ეტლის მოხმარებისთვის დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ოთახები არაა აღჭურვილი განგაშის ელექტრონული ღილაკით (გამონაკლისია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 1 საცხოვრებელი ოთახი).
ბენეფიციართა გადმოცემით, გადაადგილების პრობლემის მქონე ბენეფიციარების ტრანსპორტით მომსახურება არ ხდება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მონიტორინგის დროს თითქმის ყველა დაწესებულების დერეფნებსა და საცხოვრებელ ოთახებში იგრძნობოდა მძაფრად გამოხატული შარდის სუნი. დაწესებულებების უმრავლესობაში არ არის სავენტილაციო სისტემა, ხოლო სადაც არის - არ მუშაობს.
დაწესებულებათა უმეტესობაში საპირფარეშოები არ იკეტება შიგნიდან. ზოგიერთ დაწესებულებაში სააბაზანოს საშხაპე კაბინებს არ აქვთ გამყოფი ტიხარი (მაგ., დუშეთის ბავშვთა სახლში). უმეტეს მათგანში სააბაზანოში არ არის სარკე (მაგ., ძევრის შშმ პირთა დაწესებულებაში, სენაკის შშმ ბავშვთა სახლში).
ბენეფიციარები გამოკითხვის დროს აღნიშნავენ, რომ პირადი ჰიგიენის ნივთები საკმარისი რაოდენობით აქვთ, თუმცა ეს არ დადასტურდა საცხოვრებელი ოთახების მონახულების დროს.
ქალბატონებს მუდმივად ჰქონდათ ჰიგიენური პაკეტების არქონის პრობლემა.
პერსონალი
ყველა დაწესებულებაში აღინიშნება პერსონალის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი ნაკლებობა. მაგალითად, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ჯანმრთელი ბავშვების ინტეგრირებულ ჯგუფებს (15 ბავშვი) ორი აღმზრდელი ემსახურება; როცა ერთ-ერთი შვებულებაში გადის, ჯგუფში რჩება მხოლოდ ერთი აღმზრდელი, რაც შეუძლებელს ხდის ბავშვთა ნორმალურად კვებას (განსაკუთრებით მცირეწლოვანთა ჯგუფში) და სრულფასოვან მოვლა-ზრუნვას (მაგ,. ხელში აყვანას). ამის შედეგად ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ, დღე-ღამის განმავლობაში 18-20 საათს დაწოლილი ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაყვანა და მობილურობის ხელშეწყობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სსიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სააგენტოს:
უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის პერსონალი ყველა დაწესებულებაში;
უზრუნველყოს უწყვეტი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა არსებული პერსონალისთვის;
უზრუნველყოს შრომის სათანადო პირობების შექმნა არსებული პერსონალისთვის და მათი შრომითი უფლებების დაცვა.
მკურნალობა, მოვლა და რეაბილიტაცია
რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის ღონისძიებების ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა აღნიშნულ დაწესებულებებში.
ფიზიკური რეაბილიტაცია
მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლს არ ჰყავს ფიზიკური თერაპევტი და/ან რეაბილიტოლოგი. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის 138 ბენეფიციართან მუშაობს მხოლოდ ერთი ფიზიკური თერაპევტი (მასაჟისტი), რომელიც, მისივე გადმოცემით, ვერ ახერხებს ყველა ბავშვთან მუშაობას. შესაბამისად, ბენეფიციართა უმრავლესობას აღენიშნება მძიმე ხარისხის კონტრაქტურა (სახსრების ჩაკეტვა) ოთხივე კიდურში, პათოლოგიური პოზა და განუვითარებელი ფიზიკური შესაძლებლობები. ადრეული სარეაბილიტაციო კურსის გაუვლელობის მიზეზით ბენეფიციარები მოკლებულნი არიან ჯდომისა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის განვითარების შესაძლებლობას. ისინი მთელ დღეებს მწოლიარენი ატარებენ. შედეგად, სახეზეა მძიმე ინსტიტუციონალური შეფერხება, რომლის მართვაც ასაკის მატებასთან ერთად რთულდება.
ფიზიკური რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ არსებობს სენაკის, კოჯრის, დუშეთის, და თბილისის დაწესებულებებში.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
დაწესებულებათა უმრავლესობაში ჰყავთ ფსიქოლოგი. მათ მიმართ კმაყოფილებას გამოთქვამენ ბენეფიციარები, თუმცა ბენეფიციართა ფსიქო-ემოციური რეაბილიტაციისთვის ერთი ფსიქოლოგის მუშაობა (საშუალოდ 50-მდე ბენეფიციართან) რეაბილიტაციის გუნდის გარეშე არაეფექტურია.
დაწესებულებებში ხდება კონფლიქტები ბენეფიციართა (სენაკის შშმ ბავშვთა სახლში, დუშეთის ბავშვთა სახლში, ძევრის პანსიონატში) და პერსონალსა და ბენეფიციართა შორის (თბილისი ხანდაზმულთა პანსიონატში), სადაც ფსიქოლოგის ინტერვენცია არაეფექტურია. კონფლიქტის ესკალაცია ზოგჯერ პოლიციის ჩარევის აუცილებლობას იწვევს, რაც პრობლემის არა გადაწყვეტის, არამედ დროებითი განმუხტვის საშუალებაა.
ზოგადი ფსიქო-სოციალური ფონი დაწესებულებებში დამთრგუნველია, ბენეფიციართა უმრავლესობას აქვს დეპრესიული განწყობა და მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება.
ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა და სოციუმში ინტეგრაცია
მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვაზე ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმების არსებობის თაობაზე ბენეფიციარები პასუხობდნენ, რომ ამგვარი დოკუმენტის შესახებ საერთოდ არ სმენიათ.
„შრომა-თერაპია“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში საყურადღებოა შრომა-თერაპიის არასწორი გაგებაც, რაც შესაძლოა შრომითი ექსპლუატაციის სპეციფიკური ფორმის საფუძველს წარმოადგენდეს. მაგალითად:
„ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარები შრომა-თერაპიას ძირითადად გადიან პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან“ (წყარო: დაწესებულების მიერ ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტაცია), რაც არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობაში არსებულ დასაქმებითი/შრომითი თერაპიის განმარტებას.
მონიტორინგის დროს ექსპერტებმა მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რამდენიმე შშმ ბენეფიციარი გარკვეული გასამრჯელოს ფასად (1-2 ლარი, საჭმელი ა.შ.) ეხმარება მოსახლეობას: მუშაობს ბაღში, ალაგებს ბინებს და სხვ.
მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაო არ იყოს გათანაბრებული შრომა-თერაპიასთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი არღვევს პირის უფლებას შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობის და მოპყრობის თანასწორობაზე.
ექსპერტების ჯგუფმა რამდენიმე დაწესებულებაში ბენეფიციარებისგან მიიღო ინფორმაცია იძულებითი შრომის შესახებ: ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ერთ-ერთ ბენეფიციარს სისტემატურად გააქვს ნაგავი უსასყიდლოდ. პერსონალის თქმით, ეს მისი სურვილით ხდება. თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვაზე, თუ რატომ ეწევა იგი ამ საქმიანობას, მან უპასუხა: „მეუბნებიან გაიტანეო და მეც გამაქვს“.
თ. კ.-ს შემთხვევა:
2010 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში. ბენეფიციართა დოკუმენტაციის შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ 2010 წლის 5 ივნისს სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის მცირეწლოვანი (6 წლის) ბენეფიციარი თ. კ. ბავშვთა სახლში ჩარიცხვიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. მონიტორინგის ჯგუფმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა დაწესებულების უფროსს; ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგინდა შემდეგი გარემოებები:
2004 წლის 13 მარტს დაბადებული თ. კ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს 20 მაისის №01020014 გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან 2010 წლის 5 ივნისს რეანომობილით გადაიყვანეს სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში.
სამედიცინო ისტორიის თანახმად ბენეფიციარის დიაგნოზი იყო: სპასტიური ტეტრაპარეზი, ფსიქომოტორული განვითარების ღრმა ჩამორჩენა. თუმცა 2010 წლის5 ივნისს (სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის ექიმი-პედიატრის, ნევროლოგის, ფსიქოლოგისა და მორიგე ექთნის მიერ შედგენილი აქტის11 თანახმად) სენაკში გადაყვანისას თ. კ.-ს „საერთო მდგომარეობა მძიმე იყო, იგი შეერთებული იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, წონა - 6500 გრ., სიგრძე - 90 სმ, მაჯა - 75, სუნთქვა -15.“
მათი განმარტებით, ბავშვს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოყვანისას მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რის შემდეგაც აღენიშნებოდა სუნთქვის მსუბუქი უკმარისობა. თ. კ.-ს დაწესებულებაში მიყვანის დროს სამედიცინო დანიშნულება არ ჰქონია, ბავშვი იმყოფებოდა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში.
დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით, თ. კ. არ უნდა ჩარიცხულიყო სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო სენაკის შშმ ბავშვთა სახლს ბავშვისთვის ინტენსიური თერაპიის ჩატარების უფლება, დაწესებულების დებულების მიხედვით, არა აქვს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბავშვთა რეანიმაციის მომსახურება არ არის სენაკის რაიონში. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში აუცილებელი გახდებოდა ბენეფიციარის ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანა, რაც გაძნელდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნული საშიშროების შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელმა 5 ივნისს ტელეფონით შეატყობინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააგენტოს იურისტს მარიამ ხაჭაპურიძეს და განუცხადა, რომ საჭირო იყო ბენეფიციარის დაუყოვნებლივ ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვი გარდაცვლილიყო. სააგენტოდან მიიღო პასუხი, რომ გაარკვევდნენ, რატომ ჩაირიცხა ასეთი მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვი სენაკის შშმ ბავშვთა სახლში. სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ, თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდებოდა, მცირეწლოვანი აუცილებლად გადაეყვანათ საავადმყოფოში.
ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის მიუხედავად თ. კ. ორი დღის განმავლობაში არ გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
თ. კ. 2010 წლის 7 ივნისს დილის 9 საათზე გარდაიცვალა.
ამ შემთხვევის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.12
თავისუფალი დროის მართვა
ზრდასრულ ბენეფიციართა სრული უმრავლესობისათვის დღე არასტრუქტურირებულია. სარეაბილიტაციო/სოციალური ინტეგრაციის პროგრამების არქონის/ნაკლებობის გამო ისინი დღეებს უინტერესოდ ატარებენ.
უმეტესად ტელევიზორს უყურებენ, თუმცა ზოგჯერ მათთვის ტელევიზორის დისტანციური მართვის აპარატიც მიუწვდომელია (მაგ., ძევრის შშმ პირთა პანსიონატში).
სქესობრივი კავშირების საკითხზე ინფორმაციით უზრუნველყოფა
სქესობრივი კავშირების თაობაზე არცერთ დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციართათვის ინფორმაციის მიწოდება. არ არსებობს ერთიანი მიდგომა ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და, ამავე დროს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. დუშეთის შშმ პირთა სახლში სქესობრივი კავშირების საკითხზე სრულწლოვან ბენეფიციართა ინფორმირება გამოიხატება დაწესებულების უფროსის საუბრებით, რაც ძირითადად ამგვარი კავშირების აკრძალვით შემოიფარგლება.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ახალი სააგენტოს დაფუძნებისთანავე მოხდა მის სტრუქტურაში არსებული ყველა სამზრუნველო დაწესებულების სრული ცენტრალიზაცია. ამან ნეგატიური ზეგავლენა იქონია სამედიცინო მომსახურების დროულად და სათანადოდ უზრუნველყოფის ხარისხზე. როგორც დაწესებულებების უფროსები ინტერვიუებში აღნიშნავენ, მომსახურების სააგენტოს მიერ ყველა ფილიალისთვის ერთიანი შესყიდვების პროცესის განსახორციელებლად მათ წინასწარ, წლის დასაწყისში, უნდა მიაწოდონ ცენტრალურ აპარატს მთელი წლის განმავლობაში გამოსაყენებელი მედიკამენტების ჩამონათვალი - რაოდენობის მითითებით.
სამედიცინო ინფრასტრუქტურა და დოკუმენტაცია
კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში სამედიცინო კაბინეტი და იზოლატორი არ არის აღჭურვილი სველი წერტილებით. არ აქვთ უბედური შემთხვევების რეგისტრაციისა და ინფექციური დაავადების სასწრაფო შეტყობინების ჟურნალები.
სენაკის შშმ ბავშვთა სახლში არ აწარმოებენ დაზიანებისა და თვითდაზიანების ჟურნალს.
დუშეთის ბავშვთა სახლი არ არის აღჭურვილი სამედიცინო იზოლატორით, თუმცა აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წინა მონიტორინგის10 დროს მიცემული რეკომენდაციების შედეგად დუშეთის ბავშვთა სახლში შეიქმნა სამედიცინო მომსახურების, ინფექციურ დაავდებათა, დაზიანებისა და უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალები, რაც დადებით პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს.
არასათანადო სამედიცინო მომსახურება
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხშირად ესაჭიროებათ სამედიცინო ჩარევა, სააგენტოს დებულების თანახმად, ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა; ყველა სხვა შემთხვევაში კი ბენეფიციარი სტაციონარში უნდა გადაიყვანონ; ეს სამედიცინო დახმარების დაგვიანების დიდ რისკთან არის დაკავშირებული: საავადმყოფოში ტრანსპორტირება მოითხოვს გახანგრძლივებულ პროცედურას. მაგ., სენაკის რაიონში რეანიმაციის განყოფილების არარსებობის გამო გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია ხდება ათობით კილომეტრით დაშორებულ საავადმყოფოში, რომლის დროსაც იკარგება პაციენტის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი საათები. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა ერთ-ერთი ბენეფიციარის შემთხვევაში.
სტაციონარული სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა
როგორც დაწესებულების დირექტორები და სამედიცინო პერსონალი აღნიშნავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობას აღენიშნება ჯანმრთელობის ისეთი ქრონიკული პრობლემები, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე მწვავდება.
დ. გ.-ს შემთხვევა
2010 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში. ბენეფიციართა დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ 2010 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი, ახალშობილი (12 დღის) დ. გ.. მონიტორინგის ჯგუფმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა დაწესებულების პედიატრს, დარეჯან ნიკოლაძეს, რის საფუძველზეც დადგინდა შემდეგი გარემოებები:
ბენეფიციარი დ. გ., დაბადებული 2010 წლის 6 აპრილს „ხობის უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური საბჭოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით (№05/899), 9 აპრილს ჩაირიცხა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში. სოციალური მუშაკის მიერ მოხდა ბავშვის შეფასება და საჭიროებად განისაზღვრა ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსება.
მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის პედიატრის განმარტებით ახალშობილი დ. გ. დაწესებულებაში მიყვანილ იქნა სოციალური მუშაკის, ექიმისა და ექთანის მიერ. ბავშვი იყო ძლიერ აღგზნებული და ტიროდა განუწყვეტლივ. ბავშვისთვის სახვევების მოხსნაზე ექთანმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც ახალშობილი ჩვილ ბავშვთა სახლის პედიატრმა გახსნა. ბავშვის მდგომარეობა იყო უმძიმესი, აღენიშნებოდა ჰიდროცეფალია, დიდი პულსირებული ყიფლიბანდი; არ ჰქონდა ყლაპვისა და სხვა ფიზიოლოგიური რეფლექსები. პედიატრის მოთხოვნით ბავშვი სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან შვილ ბავშვთა სახლს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა დ.გ-სთვის ადეკვაკვატური სამედიცინო დახმარების გაწევისა. იმავე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში დიაგნოზად დადგინდა: ახალშობილთა სეფსისი, სეპტიური შოკი, წყლულოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტი, ჰიდროცეფალია - თავის ტვინის ანომალიური განვითარება, ც.ნ.ს. პერინატალური დაზიანების, დათრგუნვის სინდრომი, ანემია.
არასრულწლოვანი დ. გ. 2010 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.
ამ შემთხვევის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.13
რიგ შემთხვევაში ბენეფიციარები, რომელთაც განსაკუთებული მოვლა ესაჭიროებათ ჯანმრთელობის ქრონიკულად რთული მდგომარეობის გამო, საავადმყოფოებში მომვლელი პერსონალის ნაკლებობის მიზეზით და არასათანადო პირობების გამო უარს აცხადებენ ჰოსპიტალიზაციაზე, შესაბამისად, დგებიან მკურნალობის დაგვიანების რისკის ქვეშ.
ფიზიკური შეზღუდვა
მონიტორინგის დროს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დაწესებულებაში ექსპერტებმა ბენეფიციარის ფიზიკური შეზღუდვის/ფიქსაციის ფაქტი დააფიქსირეს.
Y-ს საქმე14
ერთ-ერთ შშმ ბავშვთა დაწესებულებაში 6 წლის ბენეფიციარი მოთავსებული იყო მჭიდროდ მომდგარ კომბინიზონში, ხელები სახელოს ნაცვლად აღმზრდელების მიერ ჩატანებული ჰქონდა სხეულთან, ხოლო სახელოები დამატებითი ფიქსაციის მიზნით გადაკრული იყო კომბინიზონის გარეთა მხრიდან. ამგვარ მდგომარეობაში ბავშვი გაურკვეველი დროის (დაწესებულებას არ აღმოაჩნდა არანაირი ჩანაწერი) განმავლობაში იმყოფებოდა საწოლში, ხანდახან მარტო, მეთვალყურეობის გარეშე.
სტანდარტი
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად: „ექიმფსიქიატრს უფლება აქვს სტაციონარში მყოფი პაციენტის მიმართ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდები, თუ არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა დაზიანების რეალური საფრთხე და მისი აცილება სხვაგვარად შეუძლებელია... ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენება წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხის ამოწურვისთანავე“.
სამართლებრივი დაცვის მექანიზმები
მონიტორინგის დროს დაწესებულებებში არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და ბენეფიციარებთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებულნი თავიანთი უფლებების შესახებ.
პრეტენზიის გამოთქმის უფლება
დაწესებულებებში უზრუნველყოფილია პრეტენზიებისა და საჩივრების გამოთქმის უფლება, რაც დარეგულირებულია დაწესებულებების საერთო შინაგანაწესით15. დაწესებულებათა უმრავლესობაში თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდებულია საჩივრის ყუთი, რომელსაც თვეში ერთხელ ხსნიან და საჩივრებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ ბენეფიციარები. ასევე უცნობია, თუ რამდენად ხდება ბენეფიციართა პრეტენზიების გათვალისწინება დაწესებულების მართვისას.
მიუხედავად მონიტორინგის ჯგუფთან გამოთქმული მრავალი საჩივრისა სხვადასხვა პირებისა და უწყებების მიმართ, ბენეფიციარები თავს არიდებენ წერილობითი საჩივრით მიმართვას. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს მათი დაწესებულების დირექტორს დააზარალებს; ამ უკანასკნელთან კი ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოაღნიშნულ „დამოკიდებულების სინდრომს“. ბენეფიციარები ხშირად ექსპერტებისგან მოითხოვდნენ მათი პრობლემები დოკუმენტურად არ დაეფიქსირებინათ.
„თუ დავიჩივლებ რამეზე ვინმესთან, მეორე დღეს ამოდის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩემთან და მეუბნება, რა გაგიკეთე კარგის მეტიო, მაგრძნობინებს, რომ მე ვარ ინვალიდი და ენა არ უნდა ამოვიღო“ (ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი).
მეურვეობა
მეურვეობის საკითხი მწვავედ დგას შშმ პირთა დაწესებულებებში. მნიშვნელოვანი პრობლემაა ბენეფიციართა სამოქალაქო უფლებების დაცვის საკითხი. განსაკუთრებით იმ ბენეფიციარებთან მიმართებით, რომლებსაც ქმედუნარიანობა შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვთ.
შშმ პირთა დაწესებულებაში განთავსებულ ბენეფიციარებზე მზრუნველობას ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა გაურკვეველია ვისზე მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის განხორციელების უფლების დელეგირება: დაწესებულებებზე, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ, თუ სოციალური მომსახურების სააგენტოზე, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოზე.
მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ბენეფიციარი სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ, თუმცა დღემდე არ ჰყავთ დანიშნული მეურვე, რაც აფერხებს მათი უფლებების განხორციელებას.
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების პრობლემა
დაწესებულებებში მოთავსებულ ბენეფიციართა დიდ რაოდენობას მონიტორინგამდე არ ჰქონდათ განსაზღული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც, ერთი მხრივ, სისტემური აღურიცხავობის პრობლემას წარმოშობს სახელმწიფოსთვის, მეორე მხრივ კი, ინდივიდებს უმცირებს შესაძლებლობას მიიღონ შესაბამისი მომსახურება და პენსია. თუმცა უშუალოდ მონიტორინგის პროცესში ექსპერტების მიერ დაფიქსირდა, რომ ზოგიერთი დაწესებულების ადმინისტრაცია, მაგ., ძევრის შშმ პირთა პანსიონი, ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძებას აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, რაც დადებით პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს.
შშმ ბავშვთა სტატუსის არქონა მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის თბილისის ჩვილ ბავშვთა დაწესებულებას, რომელმაც ამ გარემოების გამო ვერ მოახერხა ბენეფიციარის ჩარიცხვა ბავშვთა სახელმწიფო რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში16. მონიტორინგის პერიოდში მოძიებულ იქნა 20-მდე ჩვილი ბავშვის დოკუმენტაცია, რომელთა შშმ პირთა სტატუსის დაგდგენის თხოვნით დაწესებულებამ 6 თვის წინ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ამ ბავშვებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში (საჭიროების იდენტიფიცირებიდან დღემდე) შეეზღუდათ შესაბამის სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობა.
დასკვნითი რეკომენდაციები:
სსიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააგენტომ:
მიიღოს ზომები იმისათვის, რომ ბენეფიციართა და პერსონალის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად დაიხვეწოს დაწესებულებების მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაცია;
უზრუნველყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება ნებისმიერი სახის ღირსების შემლახველი და არასათანადო მოპყრობის აღკვეთისათვის;
შეიმუშაოს ბენეფიციართა შორის ძალადობის შემთხვევების სისტემური დარეგულირების მეთოდოლოგია;
უზრუნველყოს სათანადო სამუშაო პირობები სენაკის შშმ ბავშვთა სახლის პერსონალისთვის;
განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისათვის;
უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი ჩართულობა დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი პრივილეგია მცირე ჯგუფების მიმართ;
სათანადო პირობების შექმნით უზრუნველყოს ბენეფიციართა უფლების რეალიზაცია - მონაწილეობა მიიღონ დაწესებულების მართვისა და მონიტორინგის პროცესებში;
უზრუნველყოს დაწესებულებების მომარაგება საჭირო რაოდენობისა და ხარისხის დამხმარე საშუალებებით (მათ შორის საინვალიდო ეტლებით) ბანეფიციართა თავისუფალი გადაადგილებისათვის;
უზრუნველყოს ბენეფიციართა პირადი ცხოვრების თავისუფლება და ხელი შეუწყოს მათ მაქსიმალურ ჩართულობას საკუთარი შვილების აღზრდის პროცესში. ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, შექმნას სათანადო პირობები მშობლებისა და შვილების თანაცხოვრებისთვის;
უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემო და შესაბამისი საშუალებებით აღჭურვოს ყველა ინსტიტუცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დაწესებულება განკუთვნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
უზრუნველყოს ბენეფიციარები პირადი ჰიგიენის ნივთებითა და საშუალებებით;
მოახდინოს სანიტარული კვანძების ინდივიდუალიზაცია, ჩაატაროს საცხოვრებელი ოთახების რემონტი, უზრუნველყოს განათება;
უზრუნველყოს სარემონტოსარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება კვების ბლოკებში, გარემო პირობების შესაბამისობა უსაფრთხო კვების სტანდარტებთან, საკვების დროული მომარაგება და კვების ბლოკის აღჭურვა საჭირო ინვენტარით;
რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ქონების განკარგვის საკითხის დარეგულირება, რათა დაწესებულებამ განახორციელოს აუცილებელი სარემონტო სამუშაოები;
უზრუნველყოს სათანადო რეაბილიტაციისა და სოციალური პროგრამების განხორციელება დაწესებულებებში;
უზრუნველყოს ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმების შექმნა და შესრულება, ასევე - მის შესრულებაზე ეფექტური კონტროლის დაწესება;
უზრუნველყოს მულტიდისციპლინარული რეაბილიტაციის გუნდის მუშაობა;
უზრუნველყოს ბენეფიციარების ჩართულობა დაწესებულების გარეთ არსებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და სოციალური ინტეგრაციის პროგრამებში;
უზრუნველყოს ბენეფიციართა დაცვა სექსუალური ძალადობისგან პირადი ცხოვრების თავისუფლების დაცვით;
უზრუნველყოს ბენეფიციართა დაცვა შრომითი ექსპლუატაციისაგან;
უზრუნველყოს მედიკამენტების მიწოდების ადეკვატური სისტემა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ბენეფიციართა სამედიცინო საჭიროებებს;
უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარების დროული ხელმისაწვდომობა ყველა ბენეფიციარისთვის. ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა;
აღკვეთოს ფიზიკური შეზღუდვის გამოყენება, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების დარღვევით;
უზრუნველყოს რეგულაციების მოწესრიგება და პერსონალის კვალიფიკაციით აღჭურვა გადაუდებელ შემთხვევაში ფიზიკური შეზღუდვის გამოყენებისათვის შესაბამისი სტანდარტის დაცვით;
უზრუნველყოს ბენეფიციარები ინფორმაციით საკუთარი უფლებების შესახებ;
სრულყოს საჩივრების მიღებისა და განხილვის შიდა მექანიზმები;
იზრუნოს საიმისოდ, რათა ცხადად აისახოს ბენეფიციართა უკუკავშირის შედეგად განხორციელებული ცვლილებები დაწესებულების მუშაობაში;
უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარისთვის დაზღვევის პაკეტების გადაცემა და მათი ინფორმირება ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების შესახებ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ:
განახორციელოს სენაკის შშმ ბავშვთა სახლში მცხოვრები 18 წელს გადაცილებული პირების გადაყვანა ალტერნატიულ საცხოვრებელში და უზრუნველყოს როგორც სენაკის ბავშვთა სახლის ბენეფიციართათვის, ისე18 წელს გადაცილებული შშმ პირებისთვის ცხოვრებისა და მოვლის სათანადო პირობები;
მიიღოს სათანადო ზომები იმისათვის, რომ სამზრუნველო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე მოხდეს ბენეფიციართა ბიოფსიქო-სოციალური საჭიროებების ზუსტი შეფასება, რასაც დაეყრდნობა სათანადო დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსების გადაწყვეტილება;
უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შშმ სტატუსის დადგენა იმ ბენეფიციარებთვის, ვისაც არ აქვს ასეთი სტატუსი; უზრუნველყოს ქმედუუნაროდ აღიარებულ ბენეფიციართათვის და არასრულწლოვნებისთვის მეურვეების დანიშვნის პროცედურების დაჩქარება.
შენიშვნები:
1. მონიტორინგის პერიოდში დუშეთის ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
2. დამტკიცებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით №1/561, 2010 წლის 14 ივლისს.
3. მიღებულია 2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ.
4. ინიციალები დაფარულია პირის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.
5. ევროპის საბჭო (2005), წამების აკრძალვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელება, გზამკვლევი.
6. 30 სექტემბერი, 2010 წელი.
7. 2010 წლის 15 ოქტომბერს, წერილი №1268/08.
8. აღნიშნულის შესახებ გვეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან 2010 წლის 12 ნოემბერს, წერილი №04/12-21085.
9. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 2003 წლის 3 თებერვლის №1 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „საცხოვრებელი გარემო ინვალიდებისათვის, გეგმარებითი ელემენტების ნორმალები“ და „საზოგადოებრივი შენობანაგებობები ინვალიდებისათვის, გეგმარებითი ელემენტების ნორმალები“.
10. 2010 წლის თებერვალი.
11. აღსაზრდელის სენაკის შშმ ბავშვთა სახლში მიღების აქტი თარიღით: 05.06.2010
12. 2010 წლის 25 ოქტომბერი, რეკომენდაცია №1305/08.
13. 2010 წლის 25 ოქტომბერი, რეკომენდაცია №1306/08.
14. ინციალები დაფარულია პირის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.
15. შინაგანაწესის მე 4-თავი
16. შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
![]() |
3 ინტერვიუ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 ტოლერანტობა ჩართულობისა და გარიყულობის თვალსაზრისით |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ ჯეიმი მაკგოლდრიკთან, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან საქართველოში
ესაუბრა ნანა საჯაია
16 ნოემბერს სახალხო დამცველმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტოლერანტობის დღე აღნიშნა. რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობის კულტურის მხარდაჭერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის, კონკრეტულად რა მიმართულებები მიგაჩნიათ განსაკუთრებით აქტუალურად ამ თვალსაზრისით?
საქართველომ გრძელი გზა განვლო, მას დიდი ისტორიული და კულტურული წარსული აქვს, მაგრამ ამავდროულად ის ახალგაზრდა სახელმწიფოა და აქვს პრობლემებიც და მოსაგვარებელი საკითხებიც.
საქართველოსათვის უცხო არ არის კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. საქართველოს კულტურაში განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები თანაარსებობენ. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, რადგანაც მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი მნიშვნელოვან სამუშაოს ატარებს ტოლერანტობის კულტურის განვითარების მიმართულებით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მას ამ საქმიანობაში ხელს უწყობს. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სანდო პარტნიორია და მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.
ტოლერანტობის კულტურის მხარდაჭერაზე და მის პოპულარიზაციაზე რომ ვისაუბროთ, თქვენი აზრით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით?
ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სამოქალაქო განათლება და ცნობიერების ამაღლებაა. რას ნიშნავს იყო ტოლერანტული? ვფიქრობ, ეს საკითხი ჩართულობისა და გარიყვის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. ზოგიერთი სოციალური ჯგუფი მიიჩნევს, რომ ის უმრავლესობის მიღმაა დარჩენილი და არ შეუძლია ხმა მიაწვდინოს გადაწყვეტილების მიმღებებს. ისინი თავს იზოლირებულად გრძნობენ. აუცილებელია მათი საზოგადოებასთან დაკავშირება, რათა მათი ხმა ისმოდეს. ხოლო მათი პრობლემები უნდა ვაღიაროთ და მოგვარების გზები ვეძებოთ.
დემოკრატია საზოგადოების ყველა ფენას უნდა მოიცავდეს, რათა ყველამ, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანაბრად იგრძნოს საქართველოს პროგრესი და განვითარება.
ვფიქრობ, ამ საკითხის მოგვარების საუკეთესო გზა განათლებაა, განათლება უნდა გამოვიყენოთ როგორც ხიდი და გზა უმცირესობათა ჩართულობისკენ. განათლებაში ვგულისხმობ, როგორც ინსტიტუციურ განათლებას, ასევე საჯარო, სამოქალაქო და მედია განათლებას. ამ მხრივ მთავრობის, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა თანაბრად მნიშვნელოვანია.
კონკრეტულად რომელ ჯგუფებს გულისხმობთ გარიყულებში?
ნებისმიერ საზოგადოებაში ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ხალხი ფართო საზოგადოების მიღმა რჩება. საქართველოს შემთხვევაში ეს ის ხალხია, ვისზედაც სახალხო დამცველის ოფისს არაერთხელ უსაუბრია.
საქართველოს მაგალითზე როგორ ხედავთ მათ ჩართულობას მთავრობის პოლიტიკის გათვალისწინებით?
პირველ ყოვლისა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები და მათ ჩართულობაზე უნდა ვიზრუნოთ, თავი საზოგადოების ნაწილად ვაგრძნობინოთ მათ. ეთნიკურ თუ რელიგიურ მრავალფეროვნებას პატივი უნდა ვცეთ.
რამდენად უწყობს ხელს თქვენი მისია ადამიანის უფლებების განმტკიცებას საქართველოში? როგორ შეაფასებდით ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში, რა პრობლემებს ხედავთ და რა უნდა გაკეთდეს მათ გადასაჭრელად?
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. გაეროს განვითარების პროგრამა რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისთან, თანამშრომლობს.
მისასალმებელია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციას. თუმცა კონვენციებზე ხელის მოწერა მისი განხორციელების გარეშე არ არის საკმარისი. პოლიტიკა კონკრეტული ქმედებებით უნდა გამყარდეს.
როგორ შეაფასებდით იმ ძალისხმევას, რაც ამ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ გასწია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის მიმართულებით?
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობა ცნობს ამ პრობლემების მნიშვნელობას. ამავდროულად სახალხო დამცველის ოფისი განაგრძობს პრობლემებზე საჯარო საუბარს. მას აქვს შესაძლებლობა მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში და ის პარლამენტს წარუდგინოს. ამ საკითხებზე ღია და საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.
პროგრესს რაც შეეხება, არ ვიცი როგორ უნდა გაზომო პროგრესი, ეს რთული საქმეა. პროგრესი კონკრეტული ქმედებით უნდა გამოიხატებოდეს, ისეთით, როგორიცაა უმცირესობების წარმოჩენა, მათი ინტეგრირება საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში. ისიც საგულისხმოა, აქვთ თუ არა უმცირესობებს დასაქმების იგივე შესაძლებლობები, რაც უმრავლესობას, რამდენად მოიცავს განათლების სისტემა უმცირესობების შესაძლებლობებსა და ინტერესებს, არის თუ არა სასწავლო პროგრამები მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე მომზადებული, აქვთ თუ არა მასწავლებლებს მოტივაცია წავიდნენ და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იმუშაონ. ვფიქრობ, პროგრესი ასე უნდა გაიზომოს.
როგორც ბრძანეთ, სახალხო დამცველის ოფისი რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად უმცირესობების პრობლემების იდენტიფიკაციას ახდენს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურად ეხმაურება მთავრობა ამ პრობლემებს?
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხების არსებობას აღიარებს. პოლიტიკის შემუშავება უწყვეტი პროცესია. ამ მხრივ საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინტერესთა დაცვის კამპანიები უნდა განახორციელონ, რათა მთავრობის ყურადღება მიიპყრონ და უმცირესობათა პრობლემები შეახსენონ მას.
როგორ ფიქრობთ, რამდენად ტოლერანტულია რელიგიურ უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის ურთიერთობები საქართველოში და რამდენად დაცულია რელიგიური თავისუფლება?
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში საკმაოდ სრულ ინფორმაციას იძლევა ამ საკითხის თაობაზე. ჩვენ შეფასებისას ამ წყაროს ვეყრდნობით.
გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირების საკითხი სხვადასხვა ორგანიზაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ძალისხმევის მიუხედავად ჯერ კიდევ გადაუჭრელია. როგორ შეაფასებდით ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მდგომარეობას საქართველოში და რას იტყვით კონკრეტულად ამ კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით?
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა კონვენციას მოაწერა ხელი, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული კონვენციის რატიფიცირების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამოცანაა ეს საკითხები პრიორიტეტულად აქციონ. სახალხო დამცველი ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით და გაეროც მზად არის თავისი დახმარება გააგრძელოს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ბევრი მიმუშავია. არასდროს მესმოდა, თუ რატომ არ უნდა ჰქონოდათ მათ ყველა ის შესაძლებლობა, რითაც სხვები სარგებლობენ. ეს საკითხი ყველა ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა გახდეს.
ფიქრობთ, რომ ეს არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი?
ეს ნებისმიერი თანამედროვე მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს. ვფიქრობ, საქართველოს თანამედროვე მთავრობა ჰყავს. ამავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემები ყველა ჩვენგანის საქმეა. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემების გადაწყვეტაში.
თანამედროვე, გლობალურ სამყაროში ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტოლერანტული და ღია გარემო. როგორ შეაფასებდით საქართველოს ამ თვალსაზრისით, თუნდაც დასაქმების მაძიებელთა მიგრაციის საკითხი რომ ავიღოთ?
საქართველოში ყოველწლიურად უცხოეთში მცხოვრები მისი მოქალაქეებისგან საკმაოდ დიდი თანხები შემოედინება. შარშანდელი მონაცემებით, ამ თანხამ 800 მილიონი დოლარი შეადგინა, 2008 წელს კი - მილიარდს გადააჭარბა. მიგრაცია ისეთი რამეა, რასაც ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მიმართავს. მე ემიგრანტების ოჯახიდან ვარ, ჩემი მშობლები უკეთესი სამსახურის ძიებაში ირლანდიიდან შოტლანდიაში გადასახლდნენ. ევროპასა და შეერთებულ შტატებში მიგრაციის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, რამაც საქართველომდეც მოაღწია. გლობალიზაციის და გახსნილი საზღვრების პირობებში საქართველოც ვერ გაექცევა მიგრაციას, ხალხი ხომ უკეთესი შესაძლებლობებისთვის მოგზაურობს ქვეყნიდან ქვეყანაში.
თუ არსებობს რამე სპეციფიკური მიზეზი, რის გამოც ხალხი საქართველოდან ემიგრაციაში მიდის?
ვფიქრობ, მიზეზი ყველგან ერთია - ცხოვრების უკეთესი პირობები და მეტი შესაძლებლობები შენთვის და შენი ოჯახისთვის.
ზოგადად როგორ შეაფასებდით დემოკრატიის განვითარების ხარისხს საქართველოში. უახლოესი პერსპექტივა რომ ავიღოთ, სად და როგორ ხედავთ ჩვენს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში?
საქართველოს პროგრესი უკანასკნელი წლების მანძილზე თვალშისაცემია. სხვადასხვა კვლევებსა და სტატისტიკას თუ შევხედავთ, ბევრ სფეროში აშკარა გაუმჯობესებას დავინახავთ. ხალხს უნდა, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი იყოს და მსოფლიომ საქართველო თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნად დღესვე აღიაროს. ამისათვის საჭიროა დემოკრატიამ მთელი საზოგადოება და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას, დემოკრატიული პროცესები მხოლოდ დედაქალაქში არ უნდა იყოს აქტიური.
დემოკრატია არ არის ცარიელი ყუთი, რომელსაც ადვილად შეავსებ. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყუთში განსხვავებული ადამიანები არიან, ამას კი მეტი დრო მიაქვს, რაც პროცესს ართულებს. დემოკრატიით ხომ ყველამ თანაბრად უნდა ისარგებლოს.
![]() |
4 სამართალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 საკუთრების უფლების დაცვა: ევროპული სასამართლოს ქართული პრეცედენტები |
▲ზევით დაბრუნება |
თეა წულუკიანი
საკუთრების დაცულობის უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით არის უზრუნველყოფილი. მის თანახმად,
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.
ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში მოხსენიებული ქართული ტერმინი „საკუთრება“ ინგლისურ და ფრანგულ ავთენტურ ტექსტებში შეესაბამება სიტყვას „ქონება“ (possessions ინგლისურად, ბიენს ფრანგულად). თუმცა ფრანგული ტექსტის დანარჩენ ნაწილში სიტყვა „საკუთრება“ არის ნახსენები, რაც მას ინგლისური ტექსტისაგან განასხვავებს. ტექსტებს შორის ეს სხვაობები არ წარმოშობს გაუგებრობებს, რადგან „ქონება“ ავტონომიურ ტერმინად ითვლება და მისი განსაზღვრება სახელმწიფოების შიდა სამართლით დადგენილ ცნებებზე დამოკიდებული არ არის. თუ რა იგულისხმება ამ ტერმინში და რას იცავს კონვენციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება, ამას თავად ევროპული სასამართლო ადგენს სხვადასხვა პრეცედენტულ საქმეში მოცემული განმარტებების მეშვეობით.
ამ განმარტებების თანახმად, „ქონება“ შეიძლება იყოს როგორც პირის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება1, აგრეთვე ქონება, რომლითაც ის გარკვეული დროის განმავლობაში სარგებლობს (მაგალითად, დევნილისთვის კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრისით)2, ან მატერიალური ხასიათის უფლებები (მაგალითად, ხელფასის ან პენსიის კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილი უფლება3, ან სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული ფულადი თანხის მიღების უფლება4), ან კიდევ რეალური და მოთხოვნადი კრედიტი, რომლიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს საკუთრების უფლებით სარგებლობის ლეგიტიმური მოლოდინი5 (მაგალითად, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ე.წ. „საკმარისად დადგენილი“ უფლება).
ქართული საქმეებიდან, რომლებიც საკუთრების უფლების ჭრილში იქნა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული, რამდენიმე, ყველაზე ნიშანდობლივ პრეცედენტს გამოვყოფთ. 2010 წლის 2 მაისს ძალაში შევიდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ6, რომლითაც დადგინდა, რომ დარღვეულ იქნა მომჩივანთა საკუთრების უფლება. 1930-იან წლებში, მომჩივნებს მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, თავად კი ბავშვთა სახლში გაამწესეს. 1998 წელს, ისინი და მათი მშობლები სასამართლომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლებად ცნო. 2005 წელს, მომჩივნებმა სასამართლოებს მიმართეს და, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების საფუძველზე, მატერიალური და მორალური კომპენსაცია მოითხოვეს.
ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, „რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით“, ხოლო მისი მე-9 მუხლის მიხედვით კი - „პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების (...) სახით, და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, აგრეთვე მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი“. მოცემული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულებები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.
ქართულმა სასამართლოებმა მომჩივნების მოთხოვნა უარყვეს ძირითადად იმ მოტივით, რომ 1997 წლის კანონის მე-8 და მე-9 მუხლებში მოხსენიებული ცალკე კანონები მოცემულ ეტაპზე მიღებული არ იყო.
ევროპულმა სასამართლომ სხვადასხვა მიდგომა გამოიჩინა მომჩივანთა მე-8 და მე-9 მუხლებით უზრუნველყოფილი უფლებების მიმართ და დაადგინა, რომ პირველი დებულებით მათ „საკმარისად დადგენილი“ საკუთრების უფლება არ ჰქონდათ და ამ ნაწილში მათი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ხოლო მეორე დებულებით ასეთი უფლება არსებობდა და ის დარღვეული იყო სწორედ შიდა სასამართლოების მიერ ნახსენები ცალკე კანონის მიუღებლობის გამო.
პირველ ყოვლისა, ევროპულმა სასამართლომ შეგვახსენა თავის გადაწყვეტილებაში, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გამოასწორონ თავიანთი წინამორბედი რეჟიმების მიერ დაშვებული უსამართლობა და აანაზღაურონ მიყენებული ზიანი7. აქ, რა თქმა უნდა, ნაცისტური, ფაშისტური, საბჭოთა და სხვა გარდასული რეჟიმები იგულისხმება და არა - რომელიმე ხელისუფლება, რომელიც, უბრალოდ, მიუღებელი ხდება მომდევნო ხელისუფლების თვალში. პირველი ოქმის პირველი მუხლი აგრეთვე არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, დაუბრუნონ ინდივიდებს ერთხელ ჩამორთმეული ქონება თუკი ჩამორთმევა კანონიერად მოხდა და არ ზღუდავს სახელმწიფოების თავისუფლებას, თავად დაადგინონ ის პირობები, რომელთა დაცვითაც მათ სურთ დააბრუნონ ეს ქონება ან სანაცვლოდ კომპენსაცია გადაიხადონ.8 პირის მატერიალური ხასიათის ინტერესს ან კრედიტს მხოლოდ მაშინ იცავს პირველი ოქმის პირველი მუხლი, როდესაც ის „საკმარისად არის დადგენილი“ და იძლევა ლეგიტიმური მოლოდინის საფუძველს საკუთრების უფლების განხორციელების შესახებ. მატერიალური ინტერესი თუ კრედიტი კი მაშინ ითვლება „საკმარისად დადგენილად“, როდესაც მას საკმარისი საფუძველი აქვს შიდა კანონმდებლობაში ან/და დადასტურებულია სასამართლო პრაქტიკით.9 მაგალითად, საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებით არ სარგებლობს წინაპრებისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების უბრალო იმედი, თუკი ამ ქონებაზე საკუთრების უფლება დიდი ხანია დაკარგულია და შიდა სამართალში არ არსებობს საკმარისი საფუძველი მის დასაბრუნებლად.10 ამ პრინციპების შესაბამისად, ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის შესახებ ევროპულ სასამართლოში შეტანილი არაერთი საქმე ძველი საბჭოთა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც, მიუღებლად იქნა ცნობილი.11
იგივე პრინციპების გამოყენებით, კილაძეების საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე მომჩივნებს არ ჰქონდათ „საკმარისად დადგენილი“ მატერიალური ხასიათის უფლება, მოეთხოვათ მათი მშობლებისთვის ჩამორთმეული უძრავი და მოძრავი ქონების დაბრუნება ან ამ ქონების ჩამორთმევით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამ მუხლის თანახმად, თავად ქონებრივი უფლებების აღდგენის ბუნება და წესი უნდა იქნეს დადგენილი მომავალში ცალკე კანონით. მხოლოდ მე-8 მუხლის ტექსტის საფუძველზე შეუძლებელია ითქვას, შეეხებათ თუ არა ქონებრივი უფლებების აღდგენა თავად მომჩივნებს, რომლებსაც მშობლებისთვის ჩამორთმეული ქონება არასოდეს მიუღიათ მემკვიდრეობად. მხოლოდ ამ ტექსტზე დაყრდნობით აგრეთვე შეუძლებელია დადგინდეს, ცალკე კანონში ნაგულისხმევი იქნება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი ქონება თუ ის ქონებაც, რომელიც ჩამორთმევის შემდეგ მესამე პირებზე გასხვისდა. აგრეთვე უცნობია, რის უფლებასთან შეიძლება გვქონდეს მომავალში საქმე - ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის, ეკვივალენტური ქონების საკუთრებაში გადაცემის თუ სათანადო ფულადი კომპენსაციის მინიჭების უფლებასთან. ამ და სხვა უცნობი გარემოებების გამო ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნების მატერიალური ხასიათის უფლება კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე საკმარისად დადგენილი არ იყო იმისათვის, რომ მიეცა საფუძველი ლეგიტიმური მოლოდინისათვის ერთ დღეს საკუთრების უფლებით სარგებლობის შესახებ. საჩივრის ეს ნაწილი მიუღებლად იქნა ცნობილი, როგორც არათავსებადი ratione materiae კონვენციის დებულებებთან.
რაც შეეხება 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნები აკმაყოფილებდნენ ყველა იმ კრიტერიუმს, რომელთა საფუძველზეც რეპრესიის მსხვერპლს შეიძლება მიეცეს მორალური კომპენსაცია განცდილი ზიანისთვის: მომჩივნები, ისევე როგორც მათი მშობლები, რეპრესიის მსხვერპლად იქნენ აღიარებულნი და მათ რეპრესია განიცადეს კანონით დადგენილ პერიოდში და ტერიტორიაზე. მე-9 მუხლის საფუძველზე მათ უდავოდ ეხებათ მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება არა მხოლოდ როგორც რეპრესიის უშუალო მსხვერპლთ, არამედ როგორც რეპრესირებული მშობლების პირველი რიგის მემკვიდრეებსაც. ეს ფაქტი, სხვათა შორის, არც ქართულ სასამართლოებს უარუყვიათ, რაც ევროპულმა სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლო დამატებით არგუმენტად მიიჩნია. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს აზრით, მომჩივნები მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით ვერ სარგებლობდნენ მორალური კომპენსაციის უფლებით, რომ მე-9 მუხლში მოხსენიებული კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი „მოცემულ ეტაპზე“ დადგენილი არ იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-9 მუხლის საფუძველზე მომჩივნებს ჰქონდათ საკმარისად დადგენილი საკუთრების უფლება, რომლის განხორციელებაშიც მათ ხელს უშლიდა ცალკე კანონის მიუღებლობა. შესაბამისად, ქართველი კანონმდებლის თერთმეტწლიანი სრული უმოქმედობა არღვევდა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას, რაზეც ზოგადად საქართველოს სახელმწიფო აგებს პასუხს საერთაშორისო სტრუქტურების წინაშე.
ევროპულმა სასამართლომ გამონაკლისის სახით მიუთითა საქართველოს სახელმწიფოს, „სწრაფად“ მიეღო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები იმისათვის, რომ არა მხოლოდ მომჩივნებს, არამედ დანარჩენ პირებსაც, რომელთაც ეხებოდა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლი, შეძლებოდათ ესარგებლათ მათთვის მინიჭებული მორალური კომპენსაციის უფლებით. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ, თუ ეს ზომები ექვსი თვის ვადაში არ იქნებოდა მიღებული, სახელმწიფოს იური და კლაუს კილაძეებისათვის რვაათასი ევრო უნდა გადაეხადა ცალკე კანონის მიუღებლობით გამოწვეული მორალური ზიანის სახით.
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ექვსთვიანი ვადა 2010 წლის 2 ნოემბერს გავიდა, მაგრამ სახელმწიფომ ჯერაც სათანადოდ არ აღრიცხა ის პირები, რომელთაც 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე ფულადი კომპენსაცია ეკუთვნით, არ დაადგინა ამ პირთა თითოეულ კატეგორიაზე გასაცემი თანხის ოდენობა და არ დაიწყო კომპენსაციების გაცემა შემჭიდროებულ ვადებში მოცემულ პირთა ხანდაზმულობიდან გამომდინარე. ევროპული სასამართლოს მიერ მითითებული ამ ზომების განუხორციელებლობა ნიშნავს, რომ იური და კლაუს კილაძეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვაათასი ევრო უნდა ჩაერიცხოთ პირად ანგარიშზე და რომ მათ მსგავს სიტუაციაში მყოფ რეპრესიის მსხვერპლთ (სავარაუდოდ, 12 000-მდე ადამიანს) შეუძლიათ იმავე წარმატებით იჩივლონ ევროპულ სასამართლოში შიდა გასაჩივრების გზების ამოწურვის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის შედეგი, რომელსაც ევროპული სასამართლო ელოდა, რადგან კილაძეების საქმე „პილოტურ“ საქმედ ითვლება, რომელშიც სახელმწიფოს ისეთი ზოგადი ხასიათის ზომების მიღება ევალებოდა, რომლებსაც არა მხოლოდ ამ ორი მომჩივნისათვის არამედ მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა მოქალაქეებისათვისაც უნდა მოეტანა დადებითი შედეგი. პილოტური პროცედურის გამოყენება სახელმწიფოებს უბიძგებს ადამიანის უფლებების დარღვევის ესა თუ ის ფაქტი ქვეყნის შიგნითვე გამოასწორონ და ამით აღკვეთონ პოტენციური მომჩივნების რეალურ მომჩივნებად გადაქცევა. ქვეყნის შიგნით უფლებათა დაუცველობა ევროპული სასამართლოს გადატვირთულობას და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების შენელებას იწვევს, რაც წევრი სახელმწიფოების ინტერესში, როგორც წესი, არ უნდა შედიოდეს.
საქმე საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ12 აფხაზეთიდან დევნილი პირის მისთვის მიკუთვნებული საცხოვრისიდან უკანონო გამოსახლებას ეხებოდა. კერძოდ, 1994 წლის იანვარში, ბათალბი საღინაძე, როგორც აფხაზეთიდან დევნილი აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახთან ერთად შეასახლა ავჭალაში მდებარე კოტეჯში, რომელიც ამ სამინისტროს საკუთრება იყო. 2004 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე სპეცდანიშნულების რაზმის სამოცამდე წარმომადგენელმა მომჩივანი და მისი ოჯახი კოტეჯიდან გამოასახლა.
ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი, გარდა პირველი ოქმის პირველი მუხლისა, კონვენციის მე-8 მუხლის (საცხოვრისის დაცულობის უფლება) საფუძველზეც ჩიოდა. მოპასუხე მთავრობის მტკიცებით, მომჩივანს არ ჰქონდა კანონით დადგენილი საკუთრების უფლება მოცემულ კოტეჯზე და მისი გამოსახლება არ არღვევდა პირველი ოქმის პირველი მუხლით დაცულ უფლებას.
ევროპულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივანს თვითნებურად არ დაუკავებია კოტეჯი. ის და მისი ოჯახი კოტეჯში შესახლებულნი იქნენ შინაგან საქმეთა მინისტრის 1993 წლის 29 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამინისტროს კუთვნილი კოტეჯის განკარგვას აფხაზეთიდან დევნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახების საცხოვრისით დასაკმაყოფილებლად. ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტიც, რომ მომჩივნის მიერ კოტეჯის მფლობელობა იყო განგრძობითი და რომ ის მას განკარგავდა კეთილსინდისიერად. კერძოდ, მომჩივნის მიერ კოტეჯის ფლობა ხდებოდა ღიად, ის ათი წლის განმავლობაში მას აუმჯობესებდა, ბაღში რგავდა ნარგავებს და აშენებდა ბოსტანს, ჰქონდა მეურნეობა და არსებობისათვის საჭირო საკვების მარაგი. გარდა ამისა, მომჩივანი კოტეჯში გაკვეული დროით იფარებდა დევნილ ნათესავებსაც, რისთვისაც სახელმწიფოსგან ნებართვის აღება არ სჭირდებოდა. თავად სახელმწიფოს არცერთხელ არ გამოუთქვამს უარყოფითი აზრი მომჩივნის მიერ კოტეჯში შექმნილ ეკონომიკურ და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებით.
ევროპულმა სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია ისიც, რომ დევნილთა შესახებ 1996 წლის 28 ივნისს მიღებული კანონით სახელმწიფომ დაადასტურა დევნილის უფლება, არ ყოფილიყო გამოსახლებული თავისი დროებითი საცხოვრისიდან აფხაზეთში იურისდიქციის აღდგენამდე, ხოლო გამოსახლების აუცილებლობის შემთხვევაში მიეღო სანაცვლოდ სხვა საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია (კანონის მაშინდელი რედაქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი). ეს დაადასტურა კიდეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხინთიბიძისა და სხვების საქმეში 2001 წლის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ამ გარემოებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს ჰქონდა სადავო კოტეჯით სარგებლობის უფლება, რომელსაც საკუთრების დარად იცავს პირველი ოქმის პირველი მუხლი.
რაც შეეხება ამ უფლების განხორციელებაში ჩარევას, რაც მომჩივნის კოტეჯიდან გამოსახლებაში გამოიხატა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოსახლება არ იყო კანონიერი. კერძოდ, გამოსახლებას საფუძვლად ედო შინაგან საქმეთა მინისტრის ზეპირი ბრძანება და არა - სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ხინთიბიძის ზემოხსენებულ საქმეში. ამასთან, არ იყო ნათელი ის გადაუდებელი გარემოება, რომელიც მომჩივნის მიერ კოტეჯში მშვიდობიანად ათწლიანი ცხოვრების შემდეგ გამოვლინდა და რომელიც მინისტრს აიძულებდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის საფუძველზე, გამოსახლების შესახებ ზეპირი ბრძანება მიეღო. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაშიც კი, ზემოხსენებული 51-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი იყო ზეპირი ბრძანება წერილობით გაფორმებულიყო, რაც არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ გამოსახლება არ მოხდა სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მან ასეთ პროცესად არ ჩათვალა ის პროცესი, რომელიც გამოსახლების შემდეგ გაიმართა და ეხ პოსტ ფაცტო დაადასტურა გამოსახლების კანონიერება.
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსახლების უკანონობა, მისივე პრეცედენტის თანახმად, აღარ ხდიდა საჭიროს იმის დამატებით განხილვას, ემსახურებოდა თუ არა ეს გამოსახლება ლეგიტიმურ მიზანს და დაცული იყო თუ არა თანაზომიერება გამოსახლებასა და დასახულ მიზანს შორის.
აქედან გამომდინარე, დარღვეული იყო პირველი ოქმის პირველი მუხლი. იგივე მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აგრეთვე დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რადგან მომჩივანმა უკანონო გამოსახლების შედეგად საცხოვრისი დაკარგა.
მორალური კომპენსაციის სახით ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს 15 000 ევრო მიანიჭა, ხოლო მატერიალური კომპენსაციის სახით კი მოპასუხე სახელმწიფოს მიუთითა, დაუბრუნოს მას კოტეჯით სარგებლობის უფლება (რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ) „მანამ, სანამ მომჩივანი და მისი ოჯახი ღირსეულად არ დაბრუნდებიან აფხაზეთში, საქართველო“.
ევროპულმა სასამართლომ ამასთანავე დაადგინა, რომ კოტეჯის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფომ მომჩივანს კოტეჯის სანაცვლოდ სხვა საცხოვრისი უნდა შესთავაზოს როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს ან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გადაუხადოს სათანადო კომპენსაცია, რომლის ოდენობაც უნდა დადგინდეს მოცემული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ევროპული სასამართლო იტოვებს უფლებას, თავად დაადგინოს კომპენსაციის ოდენობა კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად.
ეს გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ძალაში შევიდა 2010 წლის 27 აგვისტოს.
შპს „ამატ-ჯი“-ს და შპს „იზა“-ს ქართული საქმეები13 სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ეხება. ამ საქმეებში ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული ფულადი თანხა ან სხვა მატერიალური ფასეულობა საკუთრებაა კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის გაგებით და ამ დებულების დაცვის გარანტიებით სარგებლობს. ამგვარი სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლების ხელყოფაა (პირველი ოქმის პირველი მუხლის პირველი წინადადება)14.
მსგავს საქმეებში, თუ მოპასუხე სახელმწიფო სტრუქტურაა, სახელმწიფოს ევალება დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, თუნდაც აღმასრულებლის მხრიდან აქტიურობას არ ჰქონდეს ადგილი. ამ შემთხვევაში პირს არ სჭირდება აღუსრულებლობის შესახებ ცალკე სასამართლო პროცესი წამოიწყოს, რათა შემდეგ საკუთრებით სარგებლობის უფლების დარღვევის ფაქტი ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს. ასეთი საქმეების რიცხვს განეკუთვნებოდა შპს „ამატ-ჯი“-სა და შპს „იზა“-ს საჩივრები, რომლებშიც მოპასუხეები თავდაცვისა (სასამართლოს მიერ მინიჭებული თანხა - 254 188 ლარი) და განათლების სამინისტროები (სასამართლოს მიერ მინიჭებული თანხა - 11 547 ლარი) იყვნენ. პირველ საქმეში ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს 200 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც მოიცავდა როგორც სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებულ გადაუხდელ თანხას, ასევე გადაუხდელობით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს. მეორე საქმეში კი, იმავე საფუძვლებით, მომჩივანს 10 000 ევრო მიენიჭა მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.
რაც შეეხება საქმეთა იმ კატეგორიას, რომლებშიც მოპასუხე კერძო პირია, აღმასრულებელი პასუხისმგებელია მიიღოს კანონით დადგენილი ზომები, რათა სასამართლო გადაწყვეტილება დროულად აღსრულდეს. აღმასრულებლის პასიურობის ან გულგრილობის შემთხვევაში კი კრედიტორმა მას ეროვნული სასამართლოების წინაშე უნდა უჩივლოს, რათა შემდგომ ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანა შეძლოს.15 2010 წლის 27 აგვისტოს ძალაში შევიდა გადაწყვეტილება საქმეზე ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ. ამ საჩივარში საქმე ეხებოდა ბათუმში მდებარე სახლს, რომლის ნახევარიც მომჩივანმა 1994 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს 300 ევროს ეკვივალენტ თანხად კუპონებში მიჰყიდა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასლან აბაშიძის რეჟიმის დასრულების შემდეგ, 2004 წლის 7 ივნისს, მომჩივანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 1994 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, როგორც ყოფილი მინისტრის მოადგილის მხრიდან ზეწოლის შედეგად დადებულის, ბათილად ცნობა მოითხოვა. ეს სარჩელი სრულად იქნა დაკმაყოფილებული 2004 წლის 18 ნოემბერს და ქონება მომჩივნის სახელზე აღირიცხა კანონით დადგენილი წესით.
თუმცა ამასობაში, 2004 წლის 25 აგვისტოს, აჭარის პროკურატურამ ზემოხსენებული მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სისხლის სამართლის კოდექსის 37-1 მუხლის თანახმად, მისი კუთვნილი დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევა მოითხოვა. ჩამოსართმევ ქონებაში მომჩივნის სახლიც იქნა შეტანილი როგორც ყოფილი მინისტრის მოადგილის საკუთრება. ამ საქმეზე 2005 წლის 17 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც აღინიშნა, რომ მომჩივნის სახლი ვერ იქნებოდა მინისტრის მოადგილისთვის ჩამორთმეული, რადგან ის, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის საკუთრებას წარმოადგენდა.
2005 წლის 24 მარტს აჭარის პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ამ სამოქალაქო დავაში ის არ ყოფილა ჩართული როგორც მესამე, დაინტერესებული მხარე. ამასთანავე, მან პრეტენზია გამოთქვა, რომ თავის დროზე სამოქალაქო დავის განხილვა არ იქნა შეჩერებული ყოფილი მინისტრის მოადგილის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცედურის დასრულებამდე. მომჩივანმა პასუხად შენიშნა, რომ აჭარის პროკურატურამ 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ, ყველაზე გვიან, უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 17 იანვრის განჩინებით შეიტყო და რომ გასული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
2005 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსმა, რომელსაც 1994 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა დამოწმებული აგრეთვე მიმართა სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით. მან აღნიშნა, რომ, როგორც ნოტარიუსი, ისიც უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საქმის განხილვაში ჩართული. მისი მტკიცებით, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ მან მხოლოდ 2005 წლის 28 სექტემბერს შეიტყო გაზეთიდან „ბათუმელები“. შესაბამისად, 426-ე მუხლით დადგენილი ერთ-თვიანი ვადა არ იყო გასული.
2005 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სხდომა მომჩივნის (რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს) გარეშე ჩაატარა. მან ნოტარიუსის წერილობითი და ზეპირი არგუმენტები დასაბუთებულად მიიჩნია და 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა.
საქმის ხელახალი განხილვისას ნოტარიუსი მოპასუხედ, ხოლო აჭარის პროკურატურა კი მესამე პირად იქნა ჩართული. მომჩივანს საქმის განხილვის შესახებ დროული შეტყობინება არ მიუღია. მან ბათუმში მცხოვრები საკუთარი დისგან შეიტყო, რომ დაუდგენელ დროს, ბათუმის სასამართლომ საქმე განუხილველად დატოვა. თუმცა 2007 წლის 7 თებერვალს საჯარო რეესტრმა აცნობა მომჩივანს, რომ ბათუმის სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მისი ქონება სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა. 2008 წლის 21 აპრილის წერილით კი, იგივე რეესტრმა მომჩივანს აცნობა, რომ ეს ქონება ყოფილი მინისტრის მოადგილის სახელზე ირიცხებოდა.
ჭიჭინაძის საქმეში, ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ერთხელ გადაწყვეტილი დავა გადახედვას არ უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ საქმის ხელახალი განხილვის სურვილის გამო.16 ერთხელ გადაწყვეტილი დავის ხელახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.17 წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი აქვს სამართლებრივი გარკვეულობის18 პრინციპის უგულებელყოფას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი). გარდა ამისა, თუ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება პირს მატერიალური ხასიათის უფლებებს ანიჭებს, ამგვარი გადაწყვეტილების უსაფუძვლოდ გაუქმება ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლების დარღვევაცაა.19
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის გადახედვის შესაძლებლობა, როგორც ასეთი, არ იყო ავტომატურად შეუსაბამო კონვენციის დებულებებთან. თუმცა მის განხილვას დაქვემდებარებულ საქმეში, კონკრეტული გარემოებების მიხედვით უნდა დადგენილიყო, გამართლებული იყო თუ არა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის მომჩივნის საზიანოდ შებრუნება. ამ საკითხის შესწავლისას ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422 ე მუხლის პირველი ბ) ნაწილის მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოხდა 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, მხოლოდ მხარეებს ჰქონდათ გაუქმების მოთხოვნის უფლება და არა ნოტარიუსს, რომელიც მოცემული საქმის თავდაპირველი განხილვისას მხარედ არ გამოდიოდა. გარდა ამისა, სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ნოტარიუსს მხოლოდ 2005 წლის 28 სექტემბერს შეეტყო 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ ნოტარიუსთა პალატა, ისევე როგორც საჯარო რეესტრი იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა და, მისი აზრით, დაკვირვებით გამოკვლევას საჭიროებდა ის ფაქტი, შეიძლებოდა თუ არა ნოტარიუსთა პალატას არ სცოდნოდა არსებული გადაწყვეტილების შესახებ, მაშინ, როდესაც ამის შესახებ საქმის კურსში თავიდანვე იყო ჩაყენებული საჯარო რეესტრი. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლემ სათანადოდ და დროულად არ შეატყობინა მომჩივანს საქმის განხილვის შესახებ და მხოლოდ ნოტარიუსის არგუმენტების მოსმენის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საბოლოოდ დადგინდა, რომ მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობდა და რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა არასწორად იქნა გამოყენებული. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნისთვის სადავო ქონების საკუთრებაში დაბრუნება დაეკისრა (რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ). ამგვარის შეუძლებლობის შემთხვევაში, ევროპულმა სასამართლომ მხარეებს მიუთითა, რომ შეთანხმდნენ „გონივრული“ კომპენსაციის ოდენობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ევროპული სასამართლო იტოვებს უფლებას თავად განსაზღვროს ამგვარი კომპენსაციის ოდენობა. გარდა ამისა, მომჩივანს მორალური ზიანის სახით 5 000 ევრო მიენიჭა.
ევროპულ სასამართლოში შეტანილი მნიშვნელოვანი საქმეებია აგრეთვე ბადრი მელაძე საქართველოს წინააღმდეგ და ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ20. მართალია, ორივე საჩივარზე შეჯიბრებითობა უკვე შედგა, მაგრამ ისინი მიმდინარე საქმეებია და, აქედან გამომდინარე, განხილვის შედეგებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა საქმეების ფაქტობრივი გარემოებები საინტერესოს ხდის თავად შედეგის მოლოდინს.
ბადრი მელაძის საქმეში მომჩივნის მშობლები 1976 წლიდან ფლობდნენ 961 კვ. მ. მიწის ნაკვეთს მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში. მათ ამ ნაკვეთზე დარგეს ხეხილი და გააშენეს ვენახი. 1980-იან წლებში, მომჩივანმა ნაკვეთზე ორსართულიანი სახლი ააშენა და იქ დასახლდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. იგი იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 2006 წლამდე ისე, რომ ქონება არ ჰქონდა სათანადო წესით დარეგისტრირებული. 2006 წლის 10 დეკემბერს, მომჩივნისა და მისი ოჯახის შინ არყოფნისას, თბილისის მერიამ სახლი დაანგრია.
2007 წლის 10 ივლისს, მიღებული იქნა კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რომელსაც „რაც შენია, შენია“-ს კანონი ეწოდა. ამ კანონის საფუძველზე მომჩივანმა იმავე წლის დეკემბერში მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურის წარმოებისას მან შეიტყო, რომ 2007 წლის 4 ოქტომბერს მიწის ნაკვეთი მერიის საკუთრებად იქნა რეგისტრირებული და რომ 2008 წლის 29 იანვარს ის მერიამ კერძო კომპანიას მიჰყიდა, რომელსაც ვერეს ხეობის გარკვეულ ტერიტორიაზე აკვაპარკი უნდა აეშენებინა.
მომჩივანმა სასამართლო პროცედურა წამოიწყო 2008 წლის 29 იანვრის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მუნიციპალიტეტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის იმ აქტების გაუქმების მოთხოვნით, რომლებიც ამ ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო. მომჩივანი ჩიოდა, რომ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება მოხდა მისგან მალულად და რომ მას ამის გამო არ მიეცა საშუალება ესარგებლა იმ უფლებით, რომელსაც „რაც შენია, შენია“-ს კანონი ანიჭებდა. სასამართლო დავა ქვეყნის შიგნით წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
ამ საქმეში მხარეებმა პირველ ყოვლისა იმის დასადგენად უნდა იდავონ, არის თუ არა მომჩივნის მიერ საკუთრებად დაგულებული მიწის ნაკვეთი ის ქონება, რომელსაც შეიძლება იცავდეს პირველი ოქმის პირველი მუხლი, და, თუ არის, დაირღვა თუ არა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება.
ხონიაკინას საქმე პენსიის კანონით დადგენილი გადაანგარიშების უფლების გაუქმებას ეხება. მომჩივანი პენსიაზე 2000 წლის მაისში გავიდა. უზენაესი სასამართლოს შესახებ ამ დროს მოქმედი კანონის თანახმად, მომჩივანს მისი თვიური ხელფასის შესაბამისი პენსია დაენიშნა (1 073 ლარი), რომელიც უნდა გაზრდილიყო მოქმედი მოსამართლის ხელფასის ზრდის კვალდაკვალ. 2001 წლის მარტში მოქმედი მოსამართლის ხელფასის ზრდის შესაბამისად პენსიის გადაანგარიშების ეს ვალდებულება კანონმდებელმა გააუქმა. 2005 წლის 10 მარტს ეს წესი კვლავ იქნა კანონში შეტანილი, ოღონდ მხოლოდ იმ მოსამართლეებისათვის, რომლებიც 2005 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე დატოვებდნენ თანამდებობას. 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით კი საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პენსია 1 200 ლარით განისაზღვრა, გარდა იმ მოსამართლეებისა, რომლებმაც თანამდებობა 2005 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე დატოვეს (ისინი მიიღებდნენ თვიური ხელფასის შესაბამის თანხას იმ ვადით, რომლითაც განისაზღვრებოდა მათი უფლებამოსილება, თანამდებობიდან რომ არ გადამდგარიყვნენ).
შიდა სასამართლოებში დავის შედეგად მომჩივანმა შეძლო მიეღო მოქმედი მოსამართლის თვიური ხელფასის მიხედვით გადაანგარიშებული პენსია (3 000 ლარი) 2005 წლის დეკემბრამდე პერიოდისთვის. დანარჩენ ნაწილში, მისი არგუმენტები გაზიარებულ არ იქნა.
ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნის მტკიცებით, გადაანგარიშებადი პენსიის უფლების დაკარგვა მისთვის ერთხელ კანონით მიკუთვნებული ქონების ჩამორთმევას ნიშნავს. ამ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის ამჟამად დავა მიმდინარეობს.
დასკვნის სახით საინტერესოა აღინიშნოს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემა საქართველოში თითქმის აღარ არსებობს და ამ საგანზე ევროპულ სასამართლოში შეტანილი დავების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ჭიჭინაძის საქმე პროკურატურის მიერ კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებში გამოყენების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მთავარი როლი ამ საქმეში მაინც მართლმსაჯულებას აკისრია, რომლის უპირველესი მოვალეობაც არაკანონიერი ან დაუსაბუთებელი ქმედებისაგან მოქალაქის კანონიერი ინტერესის დაცვაა. ქვეყნის შიგნით საღინაძის საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ალბათ უნდა შეაჩეროს დევნილთა საცხოვრისიდან გამოსახლების პროცესი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. თუმცა იმავე გადაწყვეტილებამ აქამდე უკანონოდ გამოსახლებულ დევნილებს შეიძლება გზა გაუხსნას ევროპულ სასამართლოში წარმატებით ჩივილისაკენ. კილაძეების საქმეში ევროპული სასამართლოს მიერ მითითებული ზოგადი ხასიათის ღონისძიებების გაუტარებლობამაც შეიძლება საჩივართა ახალი ტალღა გამოიწვიოს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ევროპული სასამართლოს ისედაც პრობლემატურ მდგომარეობას, რომელსაც მხოლოდ საქართველოდან 4 300-ზე მეტი საჩივარი აქვს განსახილველი. 2009 წლის მონაცემებით, საქართველო საჩივართა შემტან 47 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა, რაც, მისი მოსახლეობის ოდენობიდან გამომდინარე, დამაფიქრებელ რეალობად შეიძლება ჩაითვალოს.
შენიშვნები:
1. იხ. კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (დიდი პალატის გადაწყვეტილება) No.44912/98, §35, CEDH 2004 IX.
2. იხ. საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, Nო.18768/05, 27 მაისი 2010 წ.
3. იხ. იხტიგიაროღლუ საბერძნეთის წინააღმდეგ, Nო.12045/06, §§52 და 53, 19 ივნისი 2008 წ.
4. იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, No.59498/00, $40, ECHR 2002 III.
5. იხ. მალჰუს ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (დიდი პალატის გადაწყვეტილება), No.33071/96, 13 დეკემბერი 2000 წ.
6. კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, No.7975/06, 2 თებერვალი 2010 წ.
7. ერნევაინ და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (განჩინება), No.14849/08, 12 მაისი 2009 წ.
8. ფონ მალცანი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (დიდი პალატის განჩინება), Noს.71916/01, 71917/01 და 10260/02, § 77.
9. როში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (დიდი პალატის გადაწყვეტილება), No32555/96, § 129, ჩEDH 2005 X; სლავოვ და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (განჩინება), No.20612/02, 2 დეკემბერი 2008 წ.
10. გრატცინგერ და გრატცინგეროვა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (დიდი პალატის განჩინება), No.39794/98, $ 69 in fine, CEDH 2002 VII.
11. ქართული მაგალითებიდან იხ. თეიმურაზ ანდრონიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, No.9297/08, 2010 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება საჩივრის მიუღებლობის შესახებ.
12. საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, No.18768/05, 27 მაისი 2010 წ.
13. შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, No.2507/03, ECHR 2005 VIII; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, No.28537/02, 27 სექტემბერი, 2005 წ.
14. იხ. ბაკალოვი უკრაინის წინააღმდეგ, No.14201/02, §39, 30 ნოემბერი 2004 წ.
15. იხ. ნაზრეთიან საქართველოს წინააღმდეგ, No.13909/06, 2009 წლის 7 ივლისის განჩინება საჩივრის მიუღებლობის შესახებ; ძიზინი უკრაინის წინააღმდეგ, No.1086/02, 2003 წლის 24 ივნისის განჩინება საჩივრის მიუღებლობის შესახებ.
16. ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (დიდი პალატის გადაწყვეტილება), No.28342/95, §61, ECHR 1999 VII.
17. რიაბიხი რუსეთის წინააღმდეგ, No.52854/99, §52, ECHR 2003 IX.
18. legal certainty, ინგლისურად.
19. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, No.59498/00, §40, ECHR 2002-III.
20. ორივე საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მომჩივანთა მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნებისა და ევროპული სასამართლოს მიერ მოპასუხე მთავრობისათვის დასმული შეკითხვებისთვის, იხ.
http://cmiskp.echr.coe.int/tkp197 view. asp?item=2&portal=hbkm&action =html&highlight=%2522badri meladze %2522&sessionid=63122245&skin= hudoc-cc-fr http://cmiskp.echr.coe.int/tkp197view. asp?item=3&portal=hbkm&action= html&highlight =khoniakina&sessionid=63122245&skin=hudoc-cc-fr
![]() |
5 LUMEN |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 თავისუფლების ორი გაგება |
▲ზევით დაბრუნება |
ისაია ბერლინი1
აიძულო ადამიანი - ნიშნავს წაართვა მას თავისუფლება, მაგრამ თავისუფლება რისგან? კაცობრიობის ისტორიაში თითქმის ყველა მორალისტი თავისუფლებას ადიდებდა. ამ, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა სიტყვის - ბედნიერების და სიკეთის, ბუნებისა და რეალობის - მნიშვნელობა იმდენად მრავალშრიანია, რომ მისთვის გამოუსადეგარი არცთუ ბევრი განმარტების პოვნაა შესაძლებელი. არ ვაპირებ ამ მრავალშრიანი სიტყვის არც ისტორიის, არც მით უმეტეს მისი ორ ასეულზე მეტი მნიშვნელობის, ისტორიკოსების მიერ გამოვლენილი იდეების განხილვას. მე მხოლოდ მისი ორი ცენტრალური მნიშვნელობის განხილვას შევეცდები, მნიშვნელობების, რომლებიც თავის თავში მოიცავენ კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც წარსულის, ისე, თამამად ვიტყვი, მომავლისაც. თავისუფლების ამ პოლიტიკური მნიშვნელობებიდან პირველს მე (პრეცედენტის მიყოლით) „ნეგატიურს“ ვუწოდებ, და ეს მნიშვნელობა იგულისხმება პასუხში შეკითხვაზე: „როგორია ის სფერო, რომლის ფარგლებშიც სუბიექტს - იქნება ეს ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი - აქვს ან უნდა ჰქონდეს უფლება სხვა ადამიანების მხრიდან ჩარევის გარეშე აკეთოს ის, რისი კეთების უნარიც აქვს, ან იყოს ის, ვინც მას შეუძლია იყოს?“ მეორე მნიშვნელობას მე პოზიტიურს ვუწოდებ და ის იგულისხმება პასუხში შეკითხვაზე: „რა ან ვინ არის კონტროლის ან ჩარევის წყარო, რა ან ვინ აიძულებს ადამიანს განახორციელოს ეს და არა რომელიმე სხვა მოქმედება, ან იყოს ასეთი და არა სხვანაირი?“. ცხადია, ეს სხვადასხვა შეკითხვებია, მაგრამ მათზე პასუხები შესაძლოა ნაწილობრივ ემთხვეოდეს ერთმანეთს.
„ნეგატიური თავისუფლების“ ცნება
ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ადამიანი იმდენად არის თავისუფალი, რამდენადაც არავინ (არც სხვა ადამიანი, არც ადამიანთა ჯგუფი) არ უშლის ხელს მის მოქმედებებს. ამ აზრით, პოლიტიკური თავისუფლება არის სწორედ ის სფერო, რომლის ფარგლებშიც ადამიანს შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ არ განიცდიდეს ჩარევას სხვების მხრიდან. თუ სხვა ადამიანები არ მაძლევენ საშუალებას გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემეძლებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ამ ხარისხით მე არ ვარ თავისუფალი; თუ სხვა ადამიანების მოქმედების გამო ხსენებული სფერო ვიწროვდება, გარკვეულ ზღვარზე მეტად მცირდება, მაშინ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ იძულების და, შესაძლოა, მონობის მდგომარეობაში ვარ. მაგრამ სიტყვა იძულება არ მოიცავს ყველა შემთხვევას, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე გავაკეთოთ. თუ მე არ შემიძლია ათ ფუტზე მაღლა ახტომა ან სიბრმავის გამო ვერ ვკითხულობ, ან ამაოდ ვცდილობ ჰეგელის ყველაზე რთული ადგილების გაგებას, უცნაური იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ ხარისხით მე მონობას ან იძულებას განვიცდი. იძულება გულისხმობს სხვა ადამიანების წინასწარ განზრახულ შეჭრას სფეროში, რომელშიც წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრკოლებლად მოქმედების შესაძლებლობა მექნებოდა. თქვენ მხოლოდ მაშინ ხართ მოკლებული პოლიტიკურ თავისუფლებას, როდესაც სხვა ადამიანები რომელიმე მიზნის მიღწევაში გიშლიან ხელს2. მიზნის მიღწევის უუნარობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლების არარსებობას3. ამასვე მოწმობს ისეთი ურთიერთდაკავშირებული გამოთქმების თანამედროვე გამოყენება, როგორიცაა „ეკონომიკური თავისუფლება“ და „ეკონომიკური მონობა“. ამტკიცებენ, ზოგჯერ ძალიან დამაჯერებლადაც, რომ, თუ ადამიანი ძალიან ღარიბია და არ შეუძლია პური იყიდოს, მსოფლიოში იმოგზაუროს ან დახმარებისთვის სასამართლოს მიმართოს, თუმც კი ეს ყველაფერი არ არის იურიდიულად აკრძალული, მაშინ ის არ არის უფრო თავისუფალი, ვიდრე როდესაც ეს კანონით აკრძალულია. თუ ჩემი სიღარიბე თავისებური ავადმყოფობა იქნებოდა და არ მომცემდა პურის ყიდვის, მსოფლიოში მოგზაურობის საფასურის გადახდის ან სასამართლოში ჩემი საქმის განხილვის მიღწევის საშუალებას, ისევე როგორც კოჭლობა არ მაძლევს სირბილის საშუალებას, არაბუნებრივი იქნებოდა მასში თავისუფლების, მით უმეტეს პოლიტიკური თავისუფლების არარსებობის დანახვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც ნივთის შეძენის უუნარობას ვხსნი იმით, რომ სხვა ადამიანებმა მიიღეს გარკვეული ზომები და ამიტომ მე, მათგან განსხვავებით, არ მაქვს ფული ამ ნივთის შესაძენად, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიჩნევ თავს იძულების ან დამონების მსხვერპლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვა „იძულების“ გამოყენება დამოკიდებულია გარკვეული სოციალურეკონომიკური თეორიის მიღებაზე, რომელიც ხსნის ჩემი სიღატაკისა და რაღაცის კეთების უუნარობის მიზეზებს. თუ მატერიალური სახსრების არარსებობა გონებრივი და ფიზიკური უნარების ნაკლებობით არის გამოწვეული, მაშინ, მხოლოდ ნახსენები თეორიის მიღების შემდეგ, დავიწყებ საუბარს არა უბრალოდ სიღატაკეზე, არამედ თავისუფლების არარსებობაზე4. და თუ ამასთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩემს გაჭირვებას გარკვეული სოციალური მოწყობა განაპირობებს, რომელიც, ჩემი აზრით, უსამართლო და უპატიოსნოა, მაშინ ეკონომიკურ მონობაზე ან ჩაგვრაზე ვილაპარაკებ. „ჩვენ აღგვაშფოთებს არა საგანთა ბუნება, არამედ მხოლოდ ბოროტი ნება“, - ამბობდა რუსო. ჩაგვრის კრიტერიუმი ის როლია, რომელსაც, ჩვენი აზრით, ასრულებენ სხვა ადამიანები, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, ნებით თუ უნებლიეთ ეწინააღმდეგებიან ჩვენი სურვილების განხორციელებას. თავისუფლება ამ აზრით ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სხვები მე ხელს არ მიშლიან. რაც უფრო ფართოა ჩაურევლობის სფერო, მით მეტია ჩემი თავისუფლება.
სწორედ ასე ესმოდათ თავისუფლება ინგლისური პოლიტიკური ფილოსოფიის კლასიკოსებს5. მათი შეხედულებები იმის თაობაზე, თუ რამდენად ფართო შეიძლება ან უნდა იყოს ხსენებული სფერო, განსხვავდებოდა. მათი აზრით, არსებულ ვითარებაში ის არ შეიძლება უსაზღვრო იყოს, რადგან მისი უსაზღვროება გამოიწვევდა იმას, რომ ყველა დაუსრულებლად შეუქმნიდა ერთმანეთს წინაღობებს და ასეთი „ბუნებრივი თავისუფლების“ შედეგად სოციალური ქაოსი წარმოიქმნებოდა და ადამიანთა მინიმალური საჭიროებებიც კი არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, სუსტის თავისუფლებას კი ძლიერები გათელავდნენ. ამ ფილოსოფოსებს მშვენივრად ესმოდათ, რომ ადამიანის მიზნები და მოქმედებები თავისით ვერ მოვლენ ჰარმონიაში, და ისინი (როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი ოფიციალური დოქტრინები) თავისუფლებაზე მაღლა ისეთ ფასეულობებს აყენებდნენ, როგორიცაა სამართლიანობა, ბედნიერება, კულტურა, უსაფრთხოება ან თანასწორობის სხვადასხვა სახეობა, და ამიტომ მზად იყვნენ შეეზღუდათ თავისუფლება ამ ფასეულობების ან მისივე (თავისუფლების) გულისთვისაც კი. რადგან სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა სოციალური გაერთიანების მათი თვალსაზრისით სასურველი ტიპის შექმნა. ამიტომ აცხადებდნენ ეს მოაზროვნეები, რომ ადამიანთა თავისუფალი მოქმედების სფერო კანონით უნდა იყოს შეზღუდული. თუმცა ისინი - განსაკუთრებით ისეთი ლიბერტარიანელები, როგორიც იყვნენ ლოკი და მილი ინგლისში, კონსტანი და ტოკვილი საფრანგეთში - ასევე უშვებდნენ, რომ უნდა არსებობდეს პირადი თავისუფლების გარკვეული მინიმალური სფერო, რომელში შეჭრაც არანაირი გარემოებისას არ შეიძლება. თუ ეს თავისუფლება ირღვევა, მაშინ ინდივიდუალური ნება ძალიან ვიწრო ჩარჩოებში მოექცევა და ეს ჩარჩოები ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობების მინიმალური განვითარებისთვისაც კი ძალიან ვიწრო იქნება, ამ შესაძლებლობების გარეშე კი ადამიანები ვერ შეძლებდნენ არათუ მათი აზრით სასიკეთო, სწორი ან წმინდა მიზნების მიღწევას, არამედ ამ მიზნების დასახვის უნარსაც იქნებოდნენ მოკლებულნი.
აქედან გამომდინარეობს, რომ აუცილებელია კერძო ცხოვრებისა და საჯარო ძალაუფლების სფეროებს შორის საზღვრის გავლება. სად გავატაროთ ის - ამაზე კამათი და შეთანხმება შეიძლება. ადამიანები მრავალმხრივ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი და ადამიანის არავითარი ქმედება არ შეიძლება იმდენად კერძო იყოს, რომ არანაირად და არასდროს ეხებოდეს სხვა ადამიანების ცხოვრებას. „ქარიყლაპიას თავისუფლება ციმორის სიკვდილია“; ზოგიერთის თავისუფლება დამოკიდებულია სხვების შეზღუდვებზე. „ოქსფორდის პროფესორის თავისუფლება, - შეუძლია დასძინოს ვინმემ, - განსხვავდება ეგვიპტელი გლეხის თავისუფლებისგან“. ეს იდეა რაღაც ერთდროულად ჭეშმარიტისა და მნიშვნელოვანისგან იკრებს ძალას, თუმც კი თვით ფრაზა იაფფასიან პოლიტიკურ ეფექტზეა გათვლილი. უდავოა, მიანიჭო ნახევრად შიშველ, წერა-კითხვის არმცოდნე, მშიერ და ავადმყოფ ადამიანებს პოლიტიკური უფლებები და სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობის გარანტიები, მათი მდგომარეობის აბუჩად აგდებაა; ამ ადამიანებს უპირველეს ყოვლისა სამედიცინო დახმარება და განათლება სჭირდებათ და მხოლოდ შემდეგ გააცნობიერებენ ისინი თავიანთ გაზრდილ თავისუფლებას და შეძლებენ მის გამოყენებას. რა არის თავისუფლება მათთვის, ვისაც არ შეუძლია მისი გამოყენება? თუ ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლებით სარგებლობა, მაშინ რა არის მისი ღირებულება? ადამიანებს ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა მისცე; „ზოგჯერ ჩექმები შექსპირის ნაწარმოებებზე მნიშვნელოვანია“, - ამბობდა მეცხრამეტე საუკუნის რადიკალი რუსი მწერალი; ინდივიდუალური თავისუფლება ადამიანის მთავარი მოთხოვნილება არ არის. თავისუფლება არ არის უბრალოდ რაიმე იძულების არარსებობა; ასეთი ახსნა მეტისმეტად ბერავს ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაშინ ის შეიძლება ან ძალიან ბევრს, ან ძალიან ცოტას ნიშნავდეს. ეგვიპტელ გლეხს უპირველეს ყოვლისა, და ყველაზე მეტად, ტანსაცმელი და სამედიცინო დახმარება სჭირდება და არა პირადი თავისუფლება, მაგრამ ის მინიმალური თავისუფლება, რომელიც მას დღეს სჭირდება, რომელიც ხვალ დასჭირდება, არ არის თავისუფლების რაღაც განსაკუთრებული ნაირსახეობა. ეს ისეთივე თავისუფლებაა, როგორიც პროფესორების, მხატვრების, მილიონერების თავისუფლება.
ვფიქრობ, დასავლელი ლიბერალების სინდისის ქენჯნას ის კი არ იწვევს, რომ ადამიანები, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ თავისუფლებას ესწრაფიან, არამედ ის, რომ თავისუფლების მქონე უმცირესობამ ის მოიპოვა უმრავლესობის ექსპლუატირებით, ან, უკეთეს შემთხვევაში, ცდილობდა არ შეემჩნია, რომ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა მოკლებულია თავისუფლებას.
ლიბერალებს აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ თუ ინდივიდუალური თავისუფლება ადამიანთა უმაღლესი მიზანია, დაუშვებელია, რომ ადამიანთა ნაწილმა წაართვას თავისუფლება სხვებს, მით უმეტეს - სხვის ხარჯზე ისარგებლოს თავისუფლებით. თავისუფლების თანასწორობა; მოთხოვნა არ მოეპყრო სხვებს ისე, როგორც არ გენდომებოდა, რომ ისინი მოგქცეოდნენ; ვალის მოხდა მათ წინაშე, ვისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა შენი თავისუფლება, აყვავება და აღზრდა; სამართლიანობა მისი ყველაზე მარტივი და უნივერსალური მნიშვნელობით - ასეთია ლიბერალური მორალის საფუძვლები. თავისუფლება არ არის ადამიანთა ერთადერთი მიზანი. რუს კრიტიკოს ბელინსკისთან ერთად შემიძლია ვთქვა, რომ თუ სხვა ადამიანები მოკლებულნი არიან თავისუფლებას, თუ ჩემმა ძმებმა სიღატაკეში, სიბინძურესა და ტყვეობაში უნდა იცხოვრონ, მაშინ არ მინდა თავისუფლება ჩემთვის, მე უარვყოფ მას და უპირობოდ ვირჩევ ჩემი ძმების ხვედრს. მაგრამ ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ ცნებების აღრევით. თუნდაც არ მსურდეს უთანასწორობისა და ფართოდ გავრცელებული სიღატაკის მოთმენა და მზად ვიყო მსხვერპლად გავიღო ჩემი თავისუფლების ნაწილი ან მთლიანად ჩემი თავისუფლება - ამ მსხვერპლზე ნებაყოფლობით შემიძლია წავიდე, მაგრამ ის, რაზედაც უარს ვამბობ სამართლიანობის, თანასწორობისა და ამხანაგებისადმი სიყვარულის გულისთვის - თავისუფლებაა. ყველა საფუძველი მექნებოდა დავეტანჯე დანაშაულის გრძნობას, თუ გარკვეულ გარემოებებში მზად არ ვიქნებოდი ამ მსხვერპლის გასაღებად. მაგრამ მსხვერპლი არ იწვევს იმის ზრდას, რასაც შეეწირა: თავისუფლება არ იზრდება, როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო მსხვერპლად შეწირვის მორალური მოთხოვნილება და მისი კომპენსაცია. ყველაფერი ის არის, რაც არის: თავისუფლება თავისუფლებაა; ის არ შეიძლება იყოს თანასწორობა, პატიოსნება, სამართლიანობა, კულტურა, ადამიანური ბედნიერება ან მშვიდი სინდისი. თუ ჩემი თავისუფლება, ჩემი კლასის ან ხალხის თავისუფლება რაღაც რაოდენობის ადამიანთა ტანჯვასთან არის დაკავშირებული, მაშინ სისტემა, რომელშიც შესაძლებელია ასეთი ტანჯვა, უსამართლო და ამორალურია. მაგრამ თუ მე ვკვეც ჩემს თავისუფლებას ან მთლიანად უარს ვამბობ მასზე, რათა ნაკლებად მრცხვენოდეს არსებული უთანასწორობისა, და ამასთან სხვების ინდივიდუალური თავისუფლება არსებითად არ იზრდება, მაშინ თავისუფლების აბსოლუტურ გამოხატულებაში მისი დაკარგვა ხდება. ეს შეიძლება ანაზღაურებული იყოს სამართლიანობის, ბედნიერების ან სიმშვიდის ზრდით, მაგრამ სახეზეა თავისუფლების დაკარგვა, და ფასეულობათა უბრალო აღრევა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ, მართალია, ჩემი „ლიბერალური“ ინდივიდუალური თავისუფლება გადაგდებულია, მაგრამ თავისუფლების რომელიღაც სხვა სახეობა - „სოციალური“ ან „ეკონომიკური“ - გაიზარდა. თუმცა ეს არ აბათილებს აზრს, რომ შიგადაშიგ საჭიროა ზოგიერთის თავისუფლების შეზღუდვა იმისთვის, რომ სხვების თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამის კეთებისას? თუ თავისუფლება წმინდა, ხელშეუხებელი ფასეულობაა, მაშინ ასეთი პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ერთ-ერთი საწინააღმდეგო ნორმა, პრაქტიკაში მაინც, უნდა დაითმოს: თუმცა არცთუ ყოველთვის ისეთი მოსაზრებებით, რომელთა მკაფიოდ ჩამოყალიბება, მით უფრო უნივერსალურ წესებად და მაქსიმებად განზოგადება არის შესაძლებელი. და მაინც, პრაქტიკაში კომპრომისი უნდა იქნეს მიღწეული.
ფილოსოფოსებისთვის, რომელთა თვალსაზრისი ადამიანის ბუნების შესახებ ოპტიმისტურია და რომლებსაც ადამიანთა ინტერესების ჰარმონიზაციის შესაძლებლობის სჯერათ (მათ შორის არიან ლოკი, ადამ სმიტი და, შესაძლოა, მილი) სოციალური ჰარმონია და პროგრესი არ უარყოფენ კერძო ცხოვრების საკმარისად დიდი სფეროს არსებობას, რომლის საზღვრების დარღვევის უფლება არც სახელმწიფოს აქვს, არც ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. ჰობსს და მის მომხრეებს, განსაკუთრებით კონსერვატიულ და რეაქციულ მოაზროვნეებს, მიაჩნდათ, რომ ადამიანებს ერთმანეთის ხოცვასა და სოციალური ცხოვრების ჯუნგლებად და უდაბნოდ ქცევაში ხელი უნდა შევუშალოთ; ისინი ადამიანთა შესაკავებლად სიფრთხილის ზომების შემოღებას გვთავაზობდნენ და ამიტომ აუცილებლად მიაჩნდათ ცენტრალიზებული კონტროლის სფეროს გაფართოება და, შესაბამისად, ინდივიდის მიერ გაკონტროლებული სფეროს დავიწროება. მაგრამ ერთნიც და მეორენიც თანხმდებოდნენ, რომ ადამიანის არსებობის რაღაც სფერო სოციალურ კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ამ სივრცეში შეჭრა, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ის, დესპოტიზმია. თავისუფლებისა და კერძო ცხოვრების სფეროს ყველაზე თავგამოდებული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომელიც არასდროს ივიწყებდა იაკობინელთა დიქტატურას, მოგვიწოდებდა დესპოტური ხელყოფისგან დაგვეცვა, უკიდურეს შემთხვევაში, რწმენის, შეხედულებების, თვითგამოხატვისა და საკუთრების თავისუფლება. ჯეფერსონმა, ბერკმა, პეინმა და მილმა ინდივიდუალური თავისუფლებების სხვადასხვა ნუსხები შეადგინეს, მაგრამ ერთმანეთის მსგავსად ასაბუთებდნენ ხელისუფლების რაღაც მანძილზე შეჩერების აუცილებლობას. თუ ჩვენ არ გვინდა „უარვყოთ ჩვენი ბუნება“, პირადი თავისუფლების თუნდაც მინიმალური სფერო უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ აბსოლუტურად თავისუფლები და უარი უნდა ვთქვათ ჩვენი თავისუფლების ნაწილზე, რათა შევინარჩუნოთ დარჩენილი ნაწილი. სხვისი ნებისადმი სრული მორჩილება თვითგანადგურებას ნიშნავს. მაშინ როგორი უნდა იყოს მინიმალური თავისუფლება? ეს ის თავისუფლებაა, რომელზეც ადამიანი ვერ იტყვის უარს ისე, რომ თავისი ადამიანური ბუნების წინააღმდეგ არ წავიდეს. რა არის მისი არსი? როგორი ნორმები გამომდინარეობს მისგან? ეს კითხვები იყო და, როგორც ჩანს, მუდამ იქნება გაუთავებელი კამათის თემა. მაგრამ, რომელი პრინციპითაც არ უნდა იყოს შემოფარგლული ჩაურევლობის სფერო, იქნება ეს ბუნებრივი უფლება თუ ადამიანის უფლებები, სარგებლიანობის პრინციპი თუ კატეგორიული იმპერატივის პოსტულატი, საზოგადოებრივი შეთანხმების ხელშეუხებლობა თუ ნებისმიერი სხვა ცნება, რომლის დახმარებითაც ხსნიან ან ასაბუთებენ ადამიანები თავიანთ შეხედულებებს, აქ ნაგულისხმები თავისუფლება არის თავისუფლება რაღაცისგან; ის რომელიღაც მოძრავი, მაგრამ მუდამ მკაფიოდ გააზრებული საზღვრის შიგნით შეჭრის აკრძალვას ნიშნავს. „მხოლოდ ისეთი თავისუფლება იმსახურებს თავისუფლების სახელს, როდესაც სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვესწრაფოდეთ იმის მიღწევას, რაც ჩვენთვის საკეთილდღეოდ მიგვაჩნია“, - ამბობდა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქომაგი. თუ ეს ასეა, აქვს კი იძულებას რაიმე გამართლება? მილს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აქვს. ყველა ინდივიდს სამართლიანად აქვს მინიმალური თავისუფლების უფლება, ამიტომ საჭიროა შევზღუდოთ ყოველი მათგანი, აუცილებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებითაც, რათა მან სხვა ინდივიდს არ წაართვას თავისუფლება. არსებითად, კანონის ფუნქცია სწორედ ასეთი შეტაკებების თავიდან აცილებაა: ამით სახელმწიფოს როლი მიდის იქამდე, რასაც ლასალმა აგდებულად ღამის დარაჯის ან მოძრაობის მარეგულირებლის ფუნქცია უწოდა.
რატომაა მილისთვის ასეთი წმინდა ინდივიდუალური თავისუფლების დაცვა? თავის ცნობილ ტრაქტატში იგი აცხადებს, რომ მანამდე, ვიდრე ადამიანებს არ ექნებათ უფლება ისეთი ცხოვრების წესით იცხოვრონ, როგორითაც მათ სურთ და როგორიც „მხოლოდ მათ ეხებათ“, ცივილიზაცია ვერ განვითარდება; თუ არ იქნა იდეების თავისუფალი გაცვლა, ჩვენ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტების პოვნას; არ იქნება თვითმყოფადობის, ორიგინალურობის, გენიალობის, გონებრივი ენერგიისა და ზნეობრივი ვაჟკაცობის განვითარების საშუალება. საზოგადოებას „მასობრივი საშუალოობის“ სიმძიმე გასრესს. ყველაფერი მრავალფეროვანი და შინაარსით მდიდარი გაქრება ჩვეულებისა და მორჩილებისადმი ადამიანთა მუდმივი მიდრეკილების წნეხის ქვეშ (რომელიც მხოლოდ „გამოფიტულ და უნაყოფო“, „შეზღუდულ და დამახინჯებულ“, „მიმჭკნარი ნიჭის“ მქონე ინდივიდებს შობს). „ადამიანის წარმართული განდიდება ისევე იმსახურებს პატივისცემას, როგორც ქრისტიანული თავგანწირვა“. „ადამიანის მიერ რჩევის ან გაფრთხილების მიუხედავად დაშვებული შეცდომით გამოწვეულ ზიანს ბევრად აჭარბებს ბოროტება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც სხვებს აქვთ უფლება აიძულონ ადამიანი აკეთოს ის, რაც მათ მისთვის საკეთილდღეოდ მიაჩნიათ“. თავისუფლების დაცვას „ნეგატიური“ მიზანი აქვს - ჩარევის თავიდან აცილება. დაემუქრო ადამიანს დევნით, თუ ის არ დათანხმდება იცხოვროს ისე, რომ მის მაგივრად სხვებმა აირჩიონ მიზნები, ჩაუკეტო მას ყველა კარი, გარდა ერთისა, ნიშნავს ეწინააღმდეგებოდე იმ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც თვითონ ატარებს თავის ცხოვრებას. და აქ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად კარგია პერსპექტივა, რომელიც იმ ერთადერთი კარის იქით არის, და რამდენად კეთილშობილურია მათი მოტივები, ვინც შეზღუდვებს აწესებს. ერაზმის დროიდან (შესაძლოა ვინმემ თქვას - ოკამის დროიდანაც) დღემდე სწორედ ასე ესმით თავისუფლება ლიბერალებს. სამოქალაქო თავისუფლებებისა და ინდივიდუალური უფლებების ყველა მოთხოვნა, ექსპლუატაციისა და დამცირების, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ხელყოფისა და წეს-ჩვეულებითა თუ ორგანიზებული პროპაგანდით შობილი მასობრივი ჰიპნოზის წინააღმდეგ ყველა პროტესტი ადამიანის ამ ინდივიდუალისტური და მრავალი კამათის გამომწვევი კონცეფციიდან გამომდინარეობს. ამ პოზიციასთან დაკავშირებით სამი მომენტი უნდა გამოვყოთ. ჯერ ერთი, მილი ორ სხვადასხვა წარმოდგენას ეყრდნობა. პირველის თანახმად, ნებისმიერი იძულება თავის თავად ბოროტებაა, რადგან ის ხელს უშლის ადამიანის სურვილების განხორციელებას, მაგრამ ის სხვა, უარესი ბოროტების თავიდან აცილებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ. ჩაურევლობა კი, როგორც იძულების საწინააღმდეგო რამ, თავისთავად სიკეთეა, თუმც არა ერთადერთი. ეს წარმოდგენა არის თავისუფლების „ნეგატიური“ კონცეფცია მის კლასიკურ ვარიანტში. მეორე წარმოდგენის თანახმად, ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ აღმოაჩინონ ჭეშმარიტება და საკუთარ თავში აღზარდონ ხასიათის გარკვეული, მილისთვის მოსაწონი, ტიპი, რომელიც ისეთ თვისებებს მოიცავს, როგორიცაა კრიტიკულობა, თვითმყოფადობა, მდიდარი წარმოსახვა, დამოუკიდებლობა, მორჩილების სურვილის არქონა ყველაზე ექსცენტრიკული გამოვლინებით და ა.შ. ჭეშმარიტების აღმოჩენა და ასეთი ხასიათის აღზრდა მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი. ორივე ეს წარმოდგენა ლიბერალურია, მაგრამ ისინი არ არის ერთი და იგივე და მათ შორის კავშირი საუკეთესო შემთხვევაში ემპირიულია. არავინ დაიწყებდა მტკიცებას, რომ ჭეშმარიტება და თვითგამოხატვის თავისუფლება შეიძლება იყოს იქ, სადაც აზრი დოგმით არის შებოჭილი. მაგრამ ისტორიული ფაქტები უფრო იმას მოწმობს, რომ პატიოსნება, ჭეშმარიტების სიყვარული და მგზნებარე ინდივიდუალიზმი მკაცრი და სამხედრო დისციპლინის მქონე გაერთიანებებში, როგორც მაგალითად, შოტლანდიასა და ახალი ინგლისის პურიტან-კალვინისტების თემში, არანაკლებ ხშირად ყვავის, ვიდრე უფრო შემწყნარებელ და ნეიტრალურ საზოგადოებებში. (სწორედ ამას ამტკიცებდა ჯეიმს სტეფანი, რომელმაც თავის წიგნში „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ („Liberty, Equality, Fraternity“) შთამბეჭდავად შეუტია მილს). ეს აბათილებს მილის არგუმენტს, რომ თავისუფლება ადამიანის ნიჭის განვითარების აუცილებელი პირობაა. თუ ეს ორი მიზანი ერთმანეთთან შეუთავსებელია, მილი სასტიკი დილემის წინაშე დგება ჯერ კიდევ იმ სირთულეების წარმოქმნამდე, რომლებსაც მისი დოქტრინისა და თავად მილის მიერ ჰუმანისტურად ახსნილი თანმიმდევრული უტილიტარიზმის შეუთავსებლობა იწვევს6.
მეორეც, - ეს დოქტრინა შედარებით გვიან შეიქმნა. ანტიკური სამყარო ნაკლებად იცნობდა ინდივიდუალურ თავისუფლებას როგორც გააზრებულ პოლიტიკურ იდეალს (მისი რეალური განხორციელებისგან განსხვავებით). უკვე კონდორსე აღნიშნავდა, რომ რომაელებისა და ბერძნების სამართლებრივ წარმოდგენებში ინდივიდუალური უფლებების ცნება არ არსებობდა; იგივე შეიძლება ითქვას იუდეურ, ჩინურ და ყველა შემდგომ უძველეს ცივილიზაციასთან მიმართებით7. ამ იდეალის გამარჯვება დასავლეთის ცოტა ხნის წინანდელ ისტორიაშიც კი უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი. თავისუფლება, ასეთი განმარტებით, არცთუ ხშირად ხდებოდა ლოზუნგი, რომელიც ხალხის დიდ მასებს აერთიანებდა. სურვილი, არ განიცადო ხელყოფა და საკუთარ თავს ეკუთვნოდე, უფრო იმას მოწმობს, რომ ცივილიზაციამ, როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე მთლიანად საზოგადოების სახით, განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია.
კერძო ცხოვრების სფეროსა და პირადი ურთიერთობების, როგორც რაღაც წმინდას, განმარტება გამომდინარეობს თავისუფლების კონცეფციიდან, რომელმაც, მის რელიგიურ ფესვებს თუ გავითვალისწინებთ, დასრულებული გამოხატულება მხოლოდ აღორძინების ან რეფორმაციის ეპოქის დადგომის შემდეგ მიიღო8. მაგრამ ამ თავისუფლების დასუსტება ცივილიზაციისა და მთელი ზნეობრივი მსოფლმხედველობის სიკვდილის ნიშანი იქნებოდა.
თავისუფლების ამ გაგების მესამე თავისებურება ყველაზე მნიშვნელოვანია. ის იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფლება, ასეთი გაგებით, თვითმპყრობელობის ზოგიერთ ფორმასთან ან, ყოველ შემთხვევაში, თვითმმართველობის არარსებობასთან არის თავსებადი. ამ აზრით თავისუფლებას მართვის სფეროსთან, და არა მის წყაროსთან, აქვს პრინციპული კავშირი. სინამდვილეში, დემოკრატიამ მოქალაქეს შეიძლება ჩამოართვას იმ თავისუფლებათა უდიდესი რაოდენობა, რომლებითაც ის მმართველობის სხვა ფორმების არსებობისას სარგებლობს, და, გარდა ამისა, ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ ლიბერალურად განწყობილი დესპოტი, რომელიც თავის ქვეშევრდომებს ფართო პირად თავისუფლებას აძლევს. თავისი მოქალაქეებისთვის თავისუფლების ფართო სფეროს დატოვებასთან ერთად, დესპოტი შეიძლება იყოს უსამართლო, ახალისებდეს უთანასწორობის უკიდურეს ფორმებს, არ ზრუნავდეს წესრიგზე, სათნოებასა და ცოდნის განვითარებაზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის არ ზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას ან, ყოველ შემთხვევაში, ამას უფრო ნაკლებად აკეთებს, ვიდრე მმართველები მრავალი სხვა რეჟიმის პირობებში, ის აკმაყოფილებს მილის განსაზღვრებას9. თავისუფლება ამ აზრით არ არის დაკავშირებული, ლოგიკურად მაინც, დემოკრატიასა და თვითმმართველობასთან. ზოგადად, თვითმმართველობას სხვა რეჟიმებზე მეტად შეუძლია უზრუნველყოს სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის უკეთესი გარანტიები, და ამიტომ მრავალი ლიბერტარიანელი გამოდიოდა მის მხარდასაჭერად. მაგრამ ინდივიდუალურ თავისუფლებასა და დემოკრატიულ მმართველობას შორის არ არის აუცილებელი კავშირი. პასუხი შეკითხვაზე „ვინ მმართავს?“ ლოგიკურად არ უკავშირდება შეკითხვას „რამდენად მზღუდავს მთავრობა?“. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ავლენს ნეგატიური და პოზიტიური თავისუფლების ცნებებს შორის უდიდეს განსხვავებას10. თავისუფლების პოზიტიური განმარტება ძალაში შედის, როდესაც ვცდილობთ ვუპასუხოთ შეკითხვებს - „ვინ მმართავს?“ და „ვინ უნდა მითხრას რა უნდა გავაკეთო ან არ გავაკეთო, და ვინ უნდა ვიყო ან არ უნდა ვიყო?“, და არა მაშინ, როდესაც გვიჩნდება შეკითხვა „რისი გაკეთება შემიძლია და ვინ შემიძლია ვიყო?“, ამიტომ კავშირი დემოკრატიასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის მნიშვნელოვნად უფრო სუსტია, ვიდრე ეს ერთის და მეორის მრავალ დამცველს მიაჩნია. სურვილი, მართავდე საკუთარ თავს ან, უკიდურეს შემთხვევაში, მონაწილეობდე საკუთარი ცხოვრების მართვის პროცესში, ისეთივე დიდი შეიძლება იყოს, როგორც სურვილი - გქონდეს მოქმედების თავისუფალი სფერო, ისტორიულად კი, შესაძლოა, - უფრო ძველიც. მაგრამ ამ შემთხვევებში ჩვენ ერთი და იგივე არ გვსურს. სინამდვილეში, სურვილის საგნები აქ სრულიად განსხვავებულია და სწორედ ამ გარემოებამ მიგვიყვანა იდეოლოგიათა დიდ შეჯახებამდე, რომელმაც დაიმორჩილა ჩვენი მსოფლიო. თავისუფლების „პოზიტიური“ კონცეფცია გულისხმობს არა თავისუფლებას „გან“, არამედ თავისუფლებას „თვის“ - თავისუფლებას იცხოვრო ცხოვრების მითითებული წესით, ამიტომ „ნეგატიური“ თავისუფლების მომხრეებისთვის ის ზოგჯერ სასტიკი ტირანიის თვალთმაქცურ ნიღბად იქცევა ხოლმე.
II. პოზიტიური თავისუფლების ცნება
სიტყვა „თავისუფლების“ „პოზიტიური“ მნიშვნელობა მომდინარეობს ინდივიდის სურვილიდან - იყოს საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი. მინდა, რომ ჩემი ცხოვრება და გადაწყვეტილებები ჩემზე იყოს დამოკიდებული და არა რაიმე გარეშე ძალების მოქმედებაზე. მინდა ვიყო საკუთარი და არა სხვათა ნების გამოხატვის იარაღი; მინდა ვიყო სუბიექტი და არა ობიექტი; მინდა, რომ ჩემი საკუთარი მოტივები და შეგნებულად დასახული მიზნები მამოძრავებდეს, და არა გარედან მოქმედი მიზეზები; მინდა ვიყო ვიღაც: მინდა ვიყო გადაწყვეტილების მიმღები მოღვაწე და არ მინდა ვიყო ის, ვის ნაცვლადაც გადაწყვეტილებას სხვები იღებენ; მინდა თვითონ ვხელმძღვანელობდე საკუთარ თავს და არ მინდა ვემორჩილებოდე გარემოს ან სხვა ადამიანების ზემოქმედებას, როგორც საგანი, ცხოველი ან მონა, რომელიც მოკლებულია ადამიანური საქმიანობის უნარს: არ შეუძლია მიზნების დასახვა, ქცევათა მიმართულებების არჩევა და მათი განხორციელება. სწორედ ამას ვგულისხმობ, ნაწილობრივ მაინც, როდესაც ვამბობ, რომ რაციონალური არსება ვარ და ჩემი გონება განმასხვავებს, როგორც ადამიანს, მთელი დანარჩენი სამყაროსგან. უპირველეს ყოვლისა მინდა თავი აღვიქვა მოაზროვნე, ნებისყოფიან, აქტიურ არსებად, რომელიც პასუხისმგებელია მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეუძლია თავის მრწამსსა და მიზნებზე დაყრდნობით გაამართლოს ის. მე იმდენად ვგრძნობ თავს თავისუფლად, რამდენადაც ვაცნობიერებ, რომ ასეთი ვარ, და დამონებულად - რამდენადაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ ვარ ასეთი.
თავისუფლება - იყო საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი, და თავისუფლება წინააღმდეგობებისგან, რომელსაც სხვა ადამიანები უწევენ ჩემს არჩევანს, ერთი შეხედვით არ ჩანს ერთმანეთისგან ლოგიკურად მოწყვეტილად - მხოლოდ ერთი და იგივე აზრის გამოხატვის დადებითი და უარყოფითი ხერხია. მაგრამ თავისუფლების „პოზიტიური“ და „ნეგატიური“ ცნებები ისტორიულად სხვადასხვა მიმართულებით და არცთუ ყოველთვის ლოგიკურად სწორი ნაბიჯებით ვითარდებოდნენ, სანამ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს პირისპირ არ შეეჯახნენ.
ამ სიტუაციის ახსნისას ზოგჯერ იმ ძალას იმოწმებენ, რომელიც თავიდან სრულიად უწყინარმა საკუთარი თავის ფლობის მეტაფორამ მიიღო. „მე საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ვარ“, „არავის მონა არ ვარ“, მაგრამ განა არ შეიძლება ბუნების მონა ვიყო (როგორც პლატონისა და ჰეგელის მიმდევრები მსჯელობენ)? ან საკუთარი მოუთვინიერებელი ვნებების მონა? განა ისინი ერთი და იგივე გვარეობითი ცნების - „მონის“ - ნაირსახეობები არ არის - ზოგი პოლიტიკური და სამართლებრივი, სხვები - ზნეობრივი და სულიერი? განა ადამიანებს არა აქვთ სულიერი მონობისგან და ბუნებისადმი მონური მორჩილებისგან თავის გათავისუფლების გამოცდილება, და განა ასეთი გათავისუფლებისას ადამიანები საკუთარ თავში არ აღმოაჩენდნენ, ერთი მხრივ, რომელიღაც გაბატონებულ მე-ს, მეორე მხრივ კი, რაღაც ისეთს, რაც ამ მე-ს ემორჩილება? შემდეგ ამ გაბატონებულ მე-ს სხვადასხვა ხერხით აიგივებენ გონებასთან, ადამიანის „უზენაეს ბუნებასთან“, მის „რეალურ“, „იდეალურ“ ან „ავტონომიურ“ მე-სთან, მესთან, რომელიც იმ ნივთებისკენ მიისწრაფის, რომლებსაც ხანგრძლივი დაკმაყოფილება მოაქვთ, „საუკეთესო“ მე-სთან, შემდეგ კი ამ მე-ს უპირისპირებენ ირაციონალურ ლტოლვებს, უკონტროლო სურვილებს, ადამიანის „მდაბალ“ ბუნებას, ამწუთიერი სიამოვნებისკენ მის სწრაფვას, მის „ემპირიულ“ ან „ჰეტერონომულ“ მე-ს, რომელიც სურვილისა და ვნების ყოველ აღტყინებას ემორჩილება და რომელსაც თავისი „რეალური“ ბუნების სრული გამოვლენისთვის მკაცრი დისციპლინა სჭირდება. დღესდღეობით ამ ორ მე-ს შორის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დიდი უფსკრულია: რეალური მე აღიქმება როგორც რაღაც უფრო ფართო, ვიდრე თავად ინდივიდი (ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით), როგორც რაღაც სოციალური „მთლიანობა“ - იქნება ეს ტომი, რასა, ეკლესია, სახელმწიფო თუ ყველა ცოცხალის, გარდაცვლილისა და ჯერ კიდევ არდაბადებულის დიადი ერთიანობა, რომელშიც ინდივიდი ელემენტის ან ასპექტის სახით შედის. შემდეგ ამ არსებას „ჭეშმარიტ“ მე-სთან აიგივებენ და ის, თავს ახვევს რა თავის დაუმორჩილებელ წევრებს ერთიან კოლექტიურ ან „ორგანულ“ ნებას, აღწევს საკუთარ თავისუფლებას, რომელიც ასე აღმოჩნდება მისი წევრების „უმაღლესი“ თავისუფლება. მრავალჯერ თქმულა, რომ საშიშია გამოყენება სხვადასხვა ორგანული მეტაფორისა, რომლებიც იძულებას იმით ამართლებენ, თითქოს მათ ადამიანებისთვის თავისუფლების „უფრო მაღალი“ დონე მოაქვთ. ასეთ საუბრებს დამაჯერებლობას მატებს ის, რომ ჩვენ შესაძლებლად, და ზოგჯერ გამართლებულადაც, მიგვაჩნია ადამიანთა იძულება ზოგიერთი ისეთი მიზნის (ვთქვათ, სამართლიანობისა და საზოგადოებრივი აყვავების) მისაღწევად, რომლებისკენაც მათ აუცილებლად ექნებოდათ მისწრაფება უფრო განათლებულები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არ მიისწრაფიან თავიანთი სიბრმავის, უმეცრებისა და უზნეობის გამო. ამის შედეგად ჩემთვის უფრო ადვილია ვიფიქრო, რომ სხვა ადამიანებს მათთვისვე, მათი, და არა ჩემი, ინტერესების გულისთვის ვაიძულებ. შემდეგ ვაცხადებ, რომ მათზე უკეთ ვიცი რა სჭირდებათ მათ სინამდვილეში. საუკეთესო შემთხვევაში აქედან გამომდინარეობს, რომ ისინი, თუ ჩემსავით რაციონალურნი და ბრძენნი იქნებოდნენ, ისევე კარგად გაიგებდნენ საკუთარ ინტერესებს, როგორც მე მესმის, არ შეეწინააღმდეგებოდნენ იძულებას ჩემი მხრიდან. მაგრამ მე გაცილებით მეტიც შემიძლია ვამტკიცო. შემიძლია განვაცხადო, რომ სინამდვილეში ისინი მიისწრაფიან იმისკენ, რასაც თავიანთი უმეცრების გამო შეგნებულად ეწინააღმდეგებიან, რადგან მათში არსებობს რაღაც ფარული რაობა - მათი გაუმჟღავნებელი რაციონალური ნება ან „ჭეშმარიტი“ მიზანი, და ეს რაობა, მიუხედავად იმისა, რომ მას უარყოფს ყველაფერი, რასაც ისინი გრძნობენ, აკეთებენ, რაზედაც ღიად საუბრობენ, არის მათი „ნამდვილი“ მე, რომლის შესახებაც სივრცესა და დროში არსებულმა მათმა საწყალმა ემპირიულმა მე-მ შეიძლება არაფერი იცოდეს, ან იცოდეს ძალიან ცოტა. სწორედ ეს შინაგანი სული არის ის ერთადერთი მე, რომელიც იმსახურებს, რომ მისი სურვილები გათვალისწინებული იქნეს11. ასეთი პოზიციის დაკავებით შემიძლია ადამიანთა და ერთობათა რეალური სურვილების იგნორირება, შემიძლია დავაშინო, დავჩაგრო, ვაწვალო ისინი მათი „ნამდვილი“ მე-ს სახელით და იმისი ურყევი რწმენით, რომ რაც არ უნდა იყოს ადამიანის ჭეშმარიტი მიზანი (ბედნიერება, მოვალეობის შესრულება, სიბრძნე, სამართლიანი საზოგადოება, თვითრეალიზაცია), ის მისი თავისუფლების - მისი „ჭეშმარიტი“, თუმცა კი ხშირად მეორე პლანზე გადაწეული და არგამოვლენილი მე-ს თავისუფალი არჩევანის იდენტურია.
ეს პარადოქსი არაერთხელ არის მხილებული. ერთია ვამბობდე, რომ ვიცი, თუ რა არის სიკეთე X-სთვის (თუმცა მან შეიძლება ეს არც იცოდეს), და შეიძლება X-ს სურვილების იგნორირება ამ სიკეთისა და თავად მისი გულისთვის, მაგრამ სულ სხვაა იმის თქმა, რომ eo ipso მან ეს სიკეთე არსებითად გაუაზრებლად აირჩია - აირჩია არა როგორც ადამიანმა ყოველდღიური ცხოვრებიდან, არამედ როგორც რაღაც რაციონალურმა მე-მ, რომლის შესახებ მისმა ემპირიულმა მე-მ შეიძლება არც იცოდეს, აირჩია როგორც რაღაც „ნამდვილი“ მე, რომელსაც შეუძლია გაიაზროს თავისი სიკეთე და არ შეუძლია არ აირჩიოს ის, როდესაც ის დადგენილია. ეს საშინელი პერსონიფიკაციაა, როდესაც ის, რასაც X აირჩევდა, ის რომ ყოფილიყო, ვინც არ არის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჯერ არ არის, უთანაბრდება იმას, რის მიღწევასაც სინამდვილეში ცდილობს X და რასაც სინამდვილეში ირჩევს, თვითრეალიზაციის ყველა პოლიტიკური თეორიის გულისგულს ქმნის. ერთია მეუბნებოდე, რომ შეიძლება მაიძულებდე ჩემივე სიკეთის გულისთვის, რომელიც ჩემი სიბრმავის გამო არ მესმის; ზოგჯერ ეს სასარგებლოა ჩემთვის და ნამდვილად ზრდის ჩემს თავისუფლებას. მაგრამ სულ სხვაა იმისი მტკიცება, რომ, თუ ეს სიკეთეა ჩემთვის, მაშინ მე არსებითად არც მაიძულებენ, რადგან მე - ვიცი ეს თუ არა - უნდა მინდოდეს ის. მე თავისუფალი ვარ (ან „ნამდვილად“ თავისუფალი ვარ) მაშინაც კი, თუ ჩემი საწყალი სხეული და ჩემი სულელი გონება მკვეთრად უარყოფენ ამ სიკეთეს და უგუნურად ეწინააღმდეგებიან მას, ვინც ცდილობს, თუნდაც კეთილი სურვილით, თავს მომახვიოს ის.
ეს მაგიური გარდასახვა (ან ხელების მოქნილობა, რისთვისაც უილიამ ჯეიმსი სრულიად სამართლიანად დასცინოდა ჰეგელიანელებს) უპირობოდ, ასევე მარტივად შეიძლება შეეხოს თავისუფლების „ნეგატიურ“ გაგებასაც. ამ შემთხვევაში „მე“, რომელსაც წინააღმდეგობა არ უნდა შეხვდეს, რეალური სურვილებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდიდან უცებ ხდება „ნამდვილი“ ადამიანი, რომელიც იდეალური მიზნისადმი სწრაფვასთან იგივდება, მიზნისადმი, რომელზეც მისი ემპირიული „მე“ არც კი ოცნებობდა. პოზიტიური აზრით, თავისუფალ მე-სთან ანალოგიით ეს „ნამდვილი“ ადამიანი უცებ იბერება რაღაც ზეპიროვნულ რაობად: სახელმწიფოდ, კლასად, ერად ან ისტორიის მსვლელობადაც კი, - რომლებიც აღიქმება ადამიანური თვისებების უფრო „რეალურ“ მატარებლად, ვიდრე ემპირიული „მე“. მაგრამ, ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკის თვალსაზრისით, თავისუფლების „პოზიტიური“ კონცეფცია როგორც საკუთარი თავის ფლობა, მისი წინაპირობით ადამიანის შინაგანი გაორებულობის თაობაზე, უფრო ადვილად ახორციელებს ადამიანის ორ ნაწილად გახლეჩას: ტრანსცენდენტულ ბატონად და სურვილებისა და ვნებების ემპირიულ კონად, რომელიც მკაცრად უნდა იყოს ლაგამამოდებული. სწორედ ამ გარემოებამ შეასრულა მთავარი როლი. ეს ამტკიცებს (თუ, რა თქმა უნდა, საჭიროა ასეთი აშკარა ჭეშმარიტების მტკიცება), რომ თავისუფლების კონცეფცია უშუალოდ გამომდინარეობს წარმოდგენებიდან იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას, მის მე-ს. ადამიანისა და თავისუფლების განსაზღვრებებზე შესაძლებელია მრავალი მანიპულაციის მოხდენა იმისათვის, რომ ის მნიშვნელობა მივიღოთ, რაც მანიპულატორს სურს. უახლესმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა, რომ ეს საკითხი სულაც არ არის წმინდად აკადემიური.
ორი მე-ს განსხვავების შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ განვიხილავთ, რომელ ორ ძირითად ისტორიულ ფორმაში გამოვლინდა სურვილი - გმართავდეს შენი „ნამდვილი“ მე. პირველი ფორმა ესაა ყველაფერზე უარის თქმა დამოუკიდებლობის მიღწევისთვის, მეორე კი - თვითრეალიზაცია ან ერთ კონკრეტულ პრინციპთან ან იდეალთან თავის გაიგივება იმავე მიზნის მიღწევისთვის.
III. თავისუფლება და სუვერენულობა
საფრანგეთის რევოლუცია, ყოველ შემთხვევაში მისი იაკობინური ფორმით, ისევე, როგორც ყველა დიდი რევოლუცია, პოზიტიური თავისუფლების წყურვილის სწორედ ასეთი შხეფი იყო, წყურვილის, რომელმაც ფრანგების დიდი რაოდენობა მოიცვა; მათ თავი გათავისუფლებულ ერად აღიქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანისთვის ის ინდივიდუალური თავისუფლებების მკვეთრ შეზღუდვას ნიშნავდა. რუსო აცხადებდა, რომ თავისუფლების კანონები უფრო სასტიკი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ტირანიის უღელი. ტირანია ბატონთა მოსამსახურეა. კანონი არ შეიძლება ტირანი იყოს. როდესაც რუსო თავისუფლებაზე საუბრობს, გულისხმობს არა ინდივიდის „ნეგატიურ“ თავისუფლებას - არ განიცადოს ჩარევა განსაზღვრული სფეროს ფარგლებში, არამედ ის გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა სრულუფლებიანი წევრი, გამონაკლისის გარეშე, მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, რომელსაც ყოველი მოქალაქის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში ჩარევა შეუძლია. მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ლიბერალებმა სწორად განჭვრიტეს, რომ თავისუფლებას „პოზიტიური“ აზრით ადვილად შეუძლია დააზარალოს მრავალი „ნეგატიური“ თავისუფლება, რომლებიც მათ ხელშეუხებლად მიაჩნდათ. ისინი ამბობდნენ, რომ ერის სუვერენულობას ადვილად შეუძლია ინდივიდის სუვერენულობის განადგურება. მილი მოთმინებით და უცილობლად ამტკიცებდა, რომ ხალხის მმართველობა არ არის აუცილებლად თავისუფლება. რადგან ისინი, ვინც მართავენ, სულაც არაა აუცილებელი იგივე ადამიანები იყვნენ, ვისაც მართავენ, ამიტომ დემოკრატიული თვითმმართველობა არის რეჟიმი, რომლის დროსაც ყველა კი არ მართავს საკუთარ თავს, არამედ, საუკეთესო შემთხვევაში, ყველას სხვები მართავენ. მილი და მისი მოწაფეები უმრავლესობის ტირანიისა და „გაბატონებული განწყობილების ან აზრის“ ტირანიის შესახებ საუბრობდნენ და დიდ განსხვავებას ვერ ხედავდნენ ტირანიის ამ და ნებისმიერ სხვა სახეს შორის, რომლებიც კერძო ცხოვრების ხელშეუხებელი საზღვრების შიგნით ხელყოფენ ადამიანის მოქმედების თავისუფლებას.
თავისუფლების ორ სახეობას შორის კონფლიქტს ვერავინ იაზრებდა უკეთ და ვერავინ ჩამოაყალიბა ის უფრო მკაფიოდ, ვიდრე ბენჟამენ კონსტანმა. ის აღნიშნავდა, რომ როდესაც შეუზღუდავი ძალაუფლება, რომელსაც ჩვეულებრივ სუვერენიტეტს უწოდებენ, წარმატებული აჯანყების შედეგად ერთი ხელიდან მეორეში გადადის, ეს არ ზრდის თავისუფლებას და მონობის ტვირთი უბრალოდ სხვების მხრებზე გადააქვს. იგი სვამდა შეკითხვას, რატომ უნდა ადარდებდეს ადამიანს, კერძოდ რა თრგუნავს მას - სახალხო მთავრობა, მონარქი თუ დესპოტური კანონები. კონსტანს მშვენივრად ესმოდა, რომ „ნეგატიური“ ინდივიდუალური თავისუფლების მომხრეებისთვის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, თუ ვის აქვს ძალაუფლება, არამედ ის, თუ რა რაოდენობის ძალაუფლება არის მოქცეული ერთ ხელში. მისი აზრით, შეუზღუდავი ძალაუფლება, ვის ხელშიც არ უნდა იყოს ის, ადრე თუ გვიან ვიღაცის განადგურებამდე მიგვიყვანს. ადამიანები ჩვეულებრივ ამა თუ იმ მმართველის დესპოტიზმის წინააღმდეგ გამოთქვამენ პროტესტს, მაგრამ ტირანიის რეალური მიზეზი, კონსტანის თანახმად, ძალაუფლების კონცენტრაციაა, რა ვითარებაშიც არ უნდა ხდებოდეს ეს, რადგან თავისუფლებას აბსოლუტური ძალაუფლების, როგორც ასეთის, არსებობა ემუქრება. „ხელი კი არ არის უსამართლო, იარაღია მეტისმეტად მძიმე - ზოგიერთი ტვირთი მეტისმეტად მძიმეა ადამიანის ხელისთვის“, - წერდა ის. დემოკრატიას, რომელმაც სძლია ოლიგარქიას, პრივილეგირებულ ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს, შემდგომში შეუძლია ისევე დაუნდობლად ჩაგროს ადამიანები, როგორც მისი წინამორბედი მმართველები ჩაგრავდნენ. ნაშრომში, რომელიც თანამედროვე თავისუფლებისა და ძველთა თავისუფლების შედარებას ეძღვნებოდა, კონსტანი აღნიშნავდა, რომ ყველასათვის თანაბარი უფლება ჩაგროს - ან ჩაერიოს - არაა თავისუფლების ეკვივალენტური. თავისუფლებაზე ერთსულოვანი უარიც კი ვერ ინარჩუნებს მას რაღაც საოცრებით მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ თანხმობა მიცემული და საერთო იყო. თუ მე თანახმა ვარ ავიტანო ჩაგვრა და სრულიად გულგრილად ან ირონიით ვუყურებ საკუთარ მდგომარეობას, განა ამიტომ ნაკლებად ვარ დაჩაგრული? თუ საკუთარ თავს თავად ვყიდი მონად, განა ნაკლებად მონა ვარ? თუ თავს ვიკლავ, განა ნაკლებად მკვდარი ვარ - მხოლოდ იმის გამო, რომ ნებაყოფლობით ვიკლავ თავს? „ხალხის მმართველობა - მოუწესრიგებელი ტირანიაა; მონარქია კი - უფრო ეფექტიანი ცენტრალიზებული დესპოტიზმი“. კონსტანი ინდივიდუალური თავისუფლების ყველაზე საშიშ მტრად რუსოს მიიჩნევდა, რადგან მან გამოაცხადა, რომ „თუ საკუთარ თავს ყველას ვაძლევ, მე ჩემს თავს არავის ვაძლევ“. მაშინაც კი, თუ სუვერენი „ყოველი“ ჩვენგანია, კონსტანისთვის გაუგებარი იყო, სურვილის შემთხვევაში რატომ არ შეუძლია ამ სუვერენს ჩაგროს ერთ-ერთი „მათგანი“, ვინც მის განუყოფელ მე-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, შეიძლება მერჩივნოს, რომ თავისუფლებები იმ კრებამ, ოჯახმა ან კლასმა წამართვას, რომლებშიც მე უმცირესობა ვარ. ამ შემთხვევაში შესაძლოა მოვახერხო დავარწმუნო სხვები გააკეთონ ჩემთვის ის, რისი უფლებაც ჩემი თვალსაზრისით მაქვს. მაგრამ, როდესაც თავისუფლებას ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები ან თანამოქალაქეები მართმევენ, მე მაინც მთლიანად ვკარგავ მას. ჰობსი უფრო გულახდილი მაინც იყო; ის არ ცდილობდა საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს სუვერენი არ იმონებს. ის ამართლებდა ამ მონობას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უსირცხვილოდ არ უწოდებდა მას თავისუფლებას.
მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ლიბერალური მოაზროვნეები დაუღალავად ამტკიცებდნენ, რომ, თუ თავისუფლება ნიშნავს სხვა ადამიანების შესაძლებლობების შეზღუდვას იმისათვის, რომ მე მაიძულონ ვაკეთო ის, რისი კეთებაც არ მსურს, ან შეიძლება არ მსურდეს, მაშინ, როგორიც არ უნდა იყოს იდეალი, რისი გულისთვისაც მე მაიძულებენ, მე არ ვარ თავისუფალი და ამიტომ აბსოლუტური სუვერნიტეტის დოქტრინა თავისი არსით ტირანულია. ჩვენი თავისუფლების შესანარჩუნებლად არ არის საკმარისი გამოვაცხადოთ, რომ მისი დარღვევა დაუშვებელია, თუ ეს დარღვევა სანქცირებული არ იქნება ამა თუ იმ თვითმპყრობელი მმართველის, სახალხო კრების, მეფის პარლამენტის, მოსამართლეების, ხელისუფალთა რომელიღაც კავშირის ან კანონის მიერ, რადგან კანონიც შეიძლება დესპოტური იყოს. ამისთვის უნდა შევქმნათ საზოგადოება, რომელიც აღიარებს თავისუფლების სფეროს, რომლის საზღვრების დარღვევა არავის შეუძლია. ამ საზღვრების დამდგენ ნორმებს სხვადასხვა დასახელება ან ხასიათი შეიძლება ჰქონდეთ: მათ შეიძლება დავარქვათ ადამიანის უფლებები, ღვთის სიტყვა, ბუნებრივი უფლება, სასარგებლოობის მოსაზრებები ან „ადამიანის უცვლელი ინტერესები“. მე ისინი შეიძლება მივიჩნიო აპრიორულად ჭეშმარიტად ან შემიძლია ჩემს უმაღლეს მიზნად ან ჩემი საზოგადოებისა და კულტურის უმაღლეს მიზნად გამოვაცხადო. ამ ნორმებისა და მცნებებისთვის საერთო ისაა, რომ ისინი იმდენად ფართოდ არის აღიარებული და საზოგადოების ისტორიული განვითარების პროცესში იმდენად ღრმად ჩაინერგა ადამიანების ნამდვილ მოქმედ ბუნებაში, რომ ამ მომენტისთვის ისინი ადამიანის შესახებ ჩვენი წარმოდგენის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ინდივიდუალური თავისუფლების რაღაც მინიმუმის ურყევობის გულწრფელი რწმენა ამ საკითხში უკომპრომისო პოზიციას მოითხოვს. დღეს უკვე ნათელია, რა მცირე იმედს გვიტოვებს უმრავლესობის მმართველობა; დემოკრატიას, როგორც ასეთს, არა აქვს ლოგიკური კავშირი თავისუფლების აღიარებასთან და ზოგჯერ, ცდილობდა რა შეენარჩუნებინა საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულება, ის მოკლებული იყო უნარს დაეცვა თავისუფლება. როგორც ცნობილია, ბევრი მთავრობისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა თავისი ქვეშევრდომების იძულება გამოეხატათ ამ მთავრობისთვის სასურველი ნება. „დესპოტიზმის ტრიუმფი იმაში მდგომარეობს, რომ აიძულოს მონები თავი თავისუფლებად გამოაცხადონ“. აქ ძალა შეიძლება არც გახდეს საჭირო; მონები შეიძლება სრულიად გულწრფელად აცხადებდნენ თავიანთი თავისუფლების შესახებ და თან მონებად რჩებოდნენ. შესაძლოა, ლიბერალებისთვის პოლიტიკური - ან „პოზიტიური“ - უფლებების (როგორიც არის, მაგალითად, სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობის უფლება) მთავარი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს უფლებები იძლევა ლიბერალებისთვის უმაღლესი ფასეულობის - ინდივიდუალური „ნეგატიური“ თავისუფლების დაცვის საშუალებას.
მაგრამ, თუ დემოკრატიებს შეუძლიათ დარჩნენ დემოკრატიებად და თან ჩაახშონ თავისუფლება, ამ სიტყვის ლიბერალური მნიშვნელობით მაინც, მაშინ რამ შეიძლება გახადოს საზოგადოება ნამდვილად თავისუფალი? კონსტანის, მილის, ტოკვილისა და მთელი ლიბერალური ტრადიციისთვის, რომელსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ, საზოგადოება არ არის თავისუფალი, სანამ მისი მართვა არ ხორციელდება, სულ მცირე, შემდეგი ორი ურთიერთდაკავშირებული პრინციპის საფუძველზე. ჯერ ერთი, აბსოლუტურად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ ადამიანთა უფლებები, ხელისუფლება კი ასეთი არ არის, ამიტომ, რა ხელისუფლებაც არ უნდა მართავდეს ადამიანებს, მათ სრული უფლება აქვთ უარი თქვან ადამიანისთვის შეუფერებელ მოქცევაზე. მეორე, - უნდა არსებობდეს სფერო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ხელშეუხებელნი არიან, ამასთან ეს ფარგლები დგინდება არა ნებისმიერი წესით, არამედ იმ ნორმების შესაბამისად, რომლებმაც იმდენად ფართო და დროთა განმავლობაში შემოწმებული აღიარება მოიპოვეს, რომ მათ დაცვას მოითხოვს ჩვენი წარმოდგენები ნორმალური ადამიანის შესახებ, აგრეთვე იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს უგუნურად ან ადამიანისთვის შეუფერებლად მოქმედება. მაგალითად, უაზრობა იქნება ვიფიქროთ, რომ სასამართლოს ან ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს რაღაც ფორმალური პროცედურის გამოყენებით შეუძლია ამ ნორმების გაუქმება. როდესაც ნორმალურ ადამიანზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმასაც, რომ მას არ შეუძლია ადვილად დაარღვიოს ეს ნორმები და ამასთან ზიზღის გრძნობა არ უჩნდებოდეს. ზუსტად ასეთი ნორმები ირღვევა, როდესაც ადამიანს გაუსამართლებლად აცხადებენ დამნაშავედ ან სჯიან კანონით, რომელსაც არა აქვს უკუქმედების ძალა; როდესაც ბავშვებს უბრძანებენ დაასმინონ თავიანთი მშობლები, მეგობრებს - უღალატონ ერთმანეთს, ჯარისკაცებს კი - გამოიყენონ ომის წარმოების ბარბაროსული მეთოდები; როდესაც ადამიანებს აწამებენ და ხოცავენ, უმცირესობებს კი მხოლოდ იმიტომ ანადგურებენ, რომ მათი არსებობა აღიზიანებს უმრავლესობას ან ტირანს. სუვერენის მიერ კანონიერად გამოცხადებული ასეთი მოქმედებები ჩვენს დროშიც კი თავზარდამცემია და ეს იმით აიხსნება, რომ მიუხედავად არსებული კანონებისა, ჩვენთვის აბსოლუტური მორალური ძალა აქვს ბარიერებს, რომლებიც არ გვაძლევს უფლებას სხვა ადამიანებს თავს მოვახვიოთ ჩვენი ნება. საზოგადოების, კლასის ან ჯგუფის თავისუფლება, ნეგატიური აზრით განმარტებული, იზომება სწორედ ამ ბარიერების სიმყარით, აგრეთვე იმ გზების რაოდენობითა და მნიშვნელობით, რომლებსაც ისინი ღიად ტოვებენ თავისი წევრებისთვის, თუ ყველასთვის არა, მათი უდიდესი უმრავლესობისთვის მაინც12.
ეს პირდაპირ უპირისპირდება იმათ მიზნებს, ვისაც თვითმმართველობის პოზიტიური აზრით თავისუფლების სჯერა. პირველებს ხელისუფლების ალაგმვა სურთ, სხვებს - მისი ხელში ჩაგდება. ეს კარდინალური საკითხია. აქ არის არა უბრალოდ ერთი ცნების ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია, არამედ სიცოცხლის მიზნების შესახებ ორი საფუძველშივე განსხვავებული და შეურიგებელი წარმოდგენა. ეს კარგად უნდა გავიაზროთ, მაშინაც კი, თუ პრაქტიკაში ხშირად გვიწევს მათ შორის კომპრომისის ძიება. ორივე ეს პოზიცია აბსოლუტურ მოთხოვნებს გვიყენებს და ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება არ შეიძლება. მაგრამ სოციალურ და მორალურ პლანში სრული გაუგებრობა იქნებოდა იმის აუღიარებლობა, რომ ორივე ეს პოზიცია ისწრაფის ცხოვრებაში გაატაროს უმაღლესი ფასეულობა, რომელიც ისტორიული და მორალური თვალსაზრისით ღირსია კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ინტერესებს მიეკუთვნებოდეს.
IV. ერთი და მრავალნი
არის ერთი შეხედულება, რომელიც ყველა სხვაზე მეტად არის პასუხისმგებელი დიადი ისტორიული იდეალების გულისთვის ადამიანთა მასობრივ მსხვერპლზე, ისეთი იდეალებისა, როგორიცაა სამართლიანობა, პროგრესი, მომავალი თაობების ბედნიერება, გათავისუფლებული ერის, რასის ან კლასის წმინდა მისია, თავად თავისუფლებაც კი, როდესაც ის საზოგადოების თავისუფლებისთვის ცალკეული ადამიანების შეწირვას მოითხოვს. ამ შეხედულების თანახმად, სადღაც - წარსულში ან მომავალში, ღვთიურ გამოცხადებაში ან ცალკეული მოაზროვნის გონებაში, მეცნიერებისა და ისტორიის მიღწევებში ან კეთილი ადამიანის ალალ გულში - საბოლოო გადაწყვეტა არსებობს. ამ ძველ რწმენას ასაზრდოებს შეხედულება, რომ ადამიანთა ყველა პოზიტიური ფასეულობა საბოლოო ჯამში აუცილებლად ერთმანეთის თავსებადია და, შესაძლოა, ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს კიდევაც. „ბუნება თითქოს მტკიცე ჯაჭვით აბამს ერთმანეთს ჭეშმარიტებას, ბედნიერებასა და სათნოებას“, - ამბობდა დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, და მსგავსი სიტყვებით საუბრობდა თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის შესახებ13. მაგრამ მართებულია კი ეს? უკვე ბანალური გახდა იფიქრო, რომ პოლიტიკური თანასწორობა, ეფექტიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სოციალური სამართლიანობა თუ თავსებადი არიან, მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლების უმცირეს ნაწილთან, მაგრამ არა შეუზღუდავ laissez-faire-თან; სამართლიანობა, კეთილშობილება, საჯარო თუ კერძო საქმეებში ერთგულება, ადამიანური გენიის სულიერი მოთხოვნილებები და საზოგადოების საჭიროებები შეიძლება ერთმანეთს მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ. აქედან შორი არაა განზოგადებამდე, რომ არცთუ ბევრი სიკეთე ეთავსება ერთმანეთს, ყველაზე ნაკლებად კი კაცობრიობის იდეალები არიან თავსებადი. ჩვენ შეიძლება შეგვეკამათონ, რომ ეს ფასეულობები სადღაც და როგორღაც უნდა არსებობდნენ ერთად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო ვერ იქნება კოსმოსი, ვერ იქნება ჰარმონია; წინააღმდეგ შემთხვევაში ფასეულობათა კონფლიქტი იქნება ადამიანის ცხოვრების შინაგანი, აურიდებელი ელემენტი. თუ ზოგიერთი ჩვენი იდეალის განხორციელების გამო სხვა იდეალების განხორციელება, პრინციპში, შეუძლებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სრული თვითრეალიზაციის ცნება ფორმალური წინააღმდეგობა, მეტაფიზიკური ქიმერაა. პლატონიდან მოყოლებული, ჰეგელისა და მარქსის უკანასკნელ მოწაფეებამდე, ყველა რაციონალისტ-მეტაფიზიკოსისთვის უარის თქმა საბოლოო ჰარმონიის ცნებაზე, რომელიც ყველა საიდუმლოს ხსნის და ყველა წინააღმდეგობას შეარიგებს, უხეშ ემპირიზმს, ფაქტების სისასტიკის წინაშე უკან დახევას, საგნების რეალობის წინაშე გონების დაუშვებელ მარცხს, ყველაფრის ახსნის, გამართლების, სისტემაში მოქცევის უუნარობას ნიშნავდა, რასაც „გონება“ აღშფოთებით უარყოფს. მაგრამ რადგან ჩვენ არა გვაქვს აპრიორული გარანტია იმისა, რომ შესაძლებელია ჭეშმარიტი ფასეულობების სრული ჰარმონია, რომელიც, როგორც ჩანს, რომელიღაც იდეალურ სფეროში მიიღწევა და ჩვენთვის ჩვენს საბოლოო მდგომარეობაში მიუღწევადია, ჩვენ ემპირიული დაკვირვების ჩვეულებრივი საშუალებებისა და ჩვეულებრივი ადამიანური შემეცნების იმედი უნდა გვქონდეს. ისინი კი, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმისი მტკიცების (ან თუნდაც მტკიცების აზრის გაგების) საფუძველს, რომ ყველა სიკეთე ერთმანეთის თავსებადია, ისევე, როგორც იმავე მიზეზების გამო ყველაფერი ცუდიც თავსებადია. სამყაროში, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში ვხვდებით, ჩვენ ერთნაირად მნიშვნელოვან მიზეზებსა და ერთნაირად აუცილებელ მოთხოვნებს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი და, ვაღწევთ რა ზოგ მიზანს, ჩვენ უცილობლად გვიწევს სხვების მსხვერპლად შეწირვა. სწორედ ამიტომ ანიჭებენ ადამიანები ასეთ უდიდეს ღირებულებას არჩევანის თავისუფლებას: თუ დარწმუნებულნი იქნებოდნენ, რომ დედამიწაზე შესაძლებელია რაღაც სრულყოფილი მდგომარეობის მიღწევა, როდესაც ადამიანების მიზნები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მაშინ მათ აღარ ექნებოდათ მტანჯველი არჩევანის გაკეთების აუცილებლობა, ამასთან ერთად კი არც არჩევანის თავისუფლებას ექნებოდა კარდინალური მნიშვნელობა. მაშინ ამ სრულყოფილი მდგომარეობის მოახლოების ნებისმიერი საშუალება მთლიანად გამართლებული იქნებოდა და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი თავისუფლების მსხვერპლად შეწირვა მოგვიწევდა ამ მდგომარეობის მოსაახლოებლად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორედ ასეთი დოგმატური რწმენაა პასუხისმგებელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შეუბრალებელი ტირანებისა და მჩაგვრელების ღრმა, უშფოთველ, ურყევ დარწმუნებულობაზე, რომ მათ ნამოქმედარს მთლიანად ამართლებს მათი მიზანი. არავის მოვუწოდებ თვითსრულყოფის იდეალის, როგორც ასეთის, დაგმობისკენ - არა აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანების შესახებ ვილაპარაკებთ თუ ხალხების, რელიგიების, კლასების შესახებ, - და არ ვამტკიცებ, რომ რიტორიკა, რომელსაც მის დასაცავად იყენებდნენ, მუდამ შეცდომაში შეყვანის თაღლითური საშუალება იყო და ზნეობრივ და ინტელექტუალურ უზნეობაზე მეტყველებდა. სინამდვილეში, იმის ჩვენება მინდოდა, რომ თავისუფლების ცნება მისი „პოზიტიური“ მნიშვნელობით სამართლიანობისთვის მებრძოლი ყველაზე მძლავრი თანამედროვე მოძრაობების სულისჩამდგმელი ეროვნული და საზოგადოებრივი თვითმმართველობის ყველა ლოზუნგის გულს ქმნის; არ აღიარო ეს - ნიშნავს არ გესმოდეს ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და იდეები. მაგრამ ასევე უპირობოდ მცდარად მიმაჩნია ისეთი ერთიანი ფორმულის პრინციპული შესაძლებლობის რწმენა, რომელიც ადამიანთა ყველა განსხვავებული ჯაჭვის ჰარმონიაში მოყვანის საშუალებას იძლევა. ეს მიზნები ძალიან განსხვავებულია და, პრინციპში, ყველა მათგანი როდი შეიძლება ერთმანეთს შეურიგდეს, ამიტომ კონფლიქტის და, ესე იგი, ტრაგედიის შესაძლებლობას ადამიანის როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, მთლიანად ვერასდროს ამოშლი. ამდენად, აბსოლუტურ მოთხოვნებს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა არსებობის ადამიანური პირობების უცილობელი ნიშანია. ეს ღირებულებას მატებს თავისუფლებას, რომელიც, როგორც აკტონს მიაჩნდა, არის თავად მიზანი და არა დროებითი მოთხოვნილება, რომელიც ჩვენი გაურკვეველი წარმოდგენებიდან და უგუნური, მოუწესრიგებელი ცხოვრებიდან ამოიზრდება; თავისუფლება არ არის სირთულე, რომელიც მომავალში რომელიღაც პანაცეის დახმარებით დაიძლევა.
მე იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაზე ლიბერალურ საზოგადოებებში ინდივიდუალური თავისუფლება არჩევანის ერთადერთი ან მთავარი კრიტერიუმია. ჩვენ ვაიძულებთ ბავშვებს მიიღონ განათლება და ვკრძალავთ საჯაროდ სიკვდილით დასჯას. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს თავისუფლებას. „ჩვენ“ ამართლებს ამ შეზღუდვას, რადგან უწიგნურობა, ბარბაროსული აღზრდა, სასტიკი სიამოვნებები და გრძნობები ჩვენთვის უარესია, ვიდრე მათ გამოსასწორებლად და ჩასახშობად აუცილებელი შეზღუდვები. ეს პოზიცია სიკეთისა და ბოროტების ჩვენეულ გაგებას, ჩვენს, ასე ვთქვათ, მორალურ, რელიგიურ, ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და ესთეტიურ ფასეულობებს ემყარება, რომლებიც, თავის მხრივ უკავშირდება ჩვენს წარმოდგენებს ადამიანისა და მისი ბუნების ძირითად მოთხოვნილებებზე. სხვა სიტყვებით, ასეთი პრობლემების გადაჭრისას ჩვენ გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვხელმძღვანელობთ იმით, როგორ გვესმის, თუ რისგან შედგება ნორმალური ადამიანის ცხოვრება მილისეული „შეზღუდული და დამახინჯებული“, „გამოფიტული და უნაყოფო“, ნატურების არსებობის საწინააღმდეგოდ. ვაპროტესტებთ რა ცენზურისა და პირადი ქცევის მაკონტროლებელი კანონების არსებობას, ვხედავთ რა მათში პიროვნების თავისუფლების დაუშვებელ დარღვევას, იქიდან გამოვდივართ, რომ ამ კანონებით აკრძალული მოქმედებები ასახავენ კარგ (ფაქტობრივად კი ნებისმიერ) საზოგადოებაში ადამიანთა ფუნდამენტურ მოთხოვნილებებს. დაიცვა მსგავსი კანონები - ნიშნავს მიგაჩნდეს, რომ ეს მოთხოვნილებები არაარსებითია ან არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სხვა საშუალება, გარდა სხვა, უმაღლეს ღირებულებებზე უარის თქმისა, ღირებულებებზე, რომლებიც ინდივიდუალურ თავისუფლებაზე უფრო ღრმა მოთხოვნილებებს გამოხატავენ. მიჩნეულია, რომ ღირებულებათა შეფასების აქ გამოყენებულ კრიტერიუმს არა სუბიექტური, არამედ, ვითომ და, ობიექტური - ემპირიული ან აპრიორული სტატუსი აქვს.
იმის გასარკვევად, რამდენად შეუძლია ადამიანს ან ერს ცხოვრების წესის არჩევისას თავისუფლებით ისარგებლოს, მრავალი სხვა ფასეულობის გათვალისწინებაა საჭირო, მათგან, როგორც ჩანს, ყველაზე ცნობილია - თანასწორობა, სამართლიანობა, ბედნიერება, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი. ესე იგი, თავისუფლება არ შეიძლება შეუზღუდავი იყოს. როგორც სამართლიანად შეგვახსენებს რ. ჰ. ტონი, ძლიერთა თავისუფლება, როგორიც არ უნდა იყოს მათი ძალა - ფიზიკური თუ ეკონომიკური, უნდა შეიზღუდოს. ამ მაქსიმაში არსებული პატივისცემის მოთხოვნა არის არა შედეგი, მომდინარე რაღაც აპრიორული წესიდან, რომელიც გვამცნობს, რომ, მაგალითად, ერთი ადამიანის თავისუფლებისადმი პატივისცემა ლოგიკურად იწვევს სხვა ადამიანების თავისუფლებისადმი პატივისცემას, არამედ ეს მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ სამართლიანობის პრინციპებისადმი პატივისცემა და ადამიანებს შორის აღმაშფოთებელი უთანასწორობის გამო სირცხვილის გრძნობა პიროვნებისთვის იმდენადვე არსებითია, რამდენადაც თავისუფლების სურვილი. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ვიქონიოთ, - არა შემთხვევითი, არამედ აუცილებელი ჭეშმარიტებაა. როდესაც ბერკი ანაზღაურების, შერიგებისა და გაწონასწორების მუდმივ აუცილებლობას შეგვახსენებს, როდესაც მილი „ცხოვრებაში ახალ ექსპერიმენტებს“ და მათ თავიდან აურიდებელ შეცდომებს ეყრდნობა, როდესაც ვიაზრებთ, რომ პრინციპულად შეუძლებელია მივიღოთ მკაფიო და განსაზღვრული პასუხები არა მხოლოდ პრატიკაში, არამედ თეორიაში, რომელშიც სამყარო იდეალურია თავისი სრულიად კეთილი და რაციონალური ადამიანებითა და აბსოლუტურად ნათელი იდეებით, ამან შეიძლება გააღიზიანოს ის, ვინც საბოლოო პასუხებს და ერთიან, ყოვლისმომცველ და მარადიულ სისტემებს ეძებს. მაგრამ აუცილებლად სწორედ ამ დასკვნამდე მივა ის, ვინც კანტთან ერთად კარგად შეითვისა ჭეშმარიტება, რომ კაცობრიობის დაღრეცილი ღეროდან არასდროს არცერთი სწორი ნივთი არ დამზადებულა.
ზედმეტია იმის შეხსენება, რომ მონიზმი და ერთიანი კრიტერიუმის რწმენა ყოველთვის ღრმა ინტელექტუალური და ემოციური დაკმაყოფილების წყარო იყო. არა აქვს მნიშვნელობა საიდან გამოგვყავს შეფასების კრიტერიუმი, იქიდან, თუ როგორ ხედავენ მომავალ სრულყოფილ მდგომარეობას მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფოსები და მათი ტექნოკრატიული მიმდევრები ჩვენს დროში, თუ მისი საფუძველი წარსულშია - a terre et les morts, - როგორც გერმანელი ისტორიცისტები, ფრანგი თეოკრატები და ინგლისურენოვანი ქვეყნების ნეოკონსერვატორები მიიჩნევენ, მაგრამ ის მისი მოუქნელობის გამო აუცილებლად შეეჯახება კაცობრიობის ისტორიის რომელიღაც მოულოდნელ ნაბიჯს, რომელიც მას არ შეეწყობა. და მაშინ შესაძლებელი იქნება ამ კრიტერიუმის გამოყენება პროკრუსტესებრი სისასტიკის გასამართლებლად - რეალურად არსებული ადამიანთა საზოგადოების ვივისექციის იმ დადგენილი ნიმუშის შესაბამისად, რომელსაც წარსულსა თუ მომავალზე ჩვენი წარმოდგენები გვიკარნახებს, წარმოდგენები, რომლებიც ადვილად შესაძლებელია მცდარი აღმოჩნდეს, და რომლებიც, როგორც ცნობილია, დიდწილად, თუ მთლიანად არა, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. ვცდილობთ რა ადამიანების სიცოცხლის ფასად შევინარჩუნოთ აბსოლუტური კატეგორიები და იდეალები, ჩვენ თანაბრად ვარყევთ მეცნიერების მიერ შემუშავებულ და ისტორიის მიერ გამოჭედილ პრინციპებს; ასეთი პოზიციის მომხრეები დღეს მემარცხენეებს შორისაც შეიძლება შეგვხვდეს და მემარჯვენეებს შორისაც, მაგრამ ის მიუღებელია მისთვის, ვინც ფაქტებს სცემს პატივს.
ჩემთვის პლურალიზმი „ნეგატიური“ თავისუფლების გარკვეული წილის მისეული მოთხოვნით უფრო ჭეშმარიტი და უფრო ადამიანური იდეალია, ვიდრე მათი ჯაჭვები, ვინც დიდ ავტორიტარულ და მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებულ საზოგადოებებში ცდილობს იპოვოს თვითგანხორციელების „პოზიტიური“ იდეალი კლასების, ერებისა და მთელი კაცობრიობისთვის. ის თუნდაც იმიტომ არის უფრო ჭეშმარიტი, რომ აღიარებს ერთმანეთისგან განსხვავებული და მუდმივად მოქიშპე ადამიანური ჯაჭვების მრავალფეროვნებას. იმის დაშვებით, რომ შესაძლებელია ყველა ფასეულობის ერთი სკალით რანჟირება, ჩვენ, ჩემი აზრით, უარვყოფთ ჩვენს წარმოდგენას ადამიანებზე, როგორც მოქმედების თავისუფალ აგენტებზე და მორალურ გადაწყვეტილებაში ვხედავთ მოქმედებას, რომელიც, პრინციპში, ლოგარითმული სახაზავის დახმარებით შეიძლება შევასრულოთ. მტკიცება, რომ უმაღლეს, ყოვლისმომცველ და მაინც მიღწევად სინთეზში მოვალეობა ინტერესია, ინდივიდუალური თავისუფლება კი სუფთა დემოკრატია ან ავტორიტარული სახელმწიფო, - მეტაფიზიკურ საბურველში თვითმოტყუების ან შეგნებული თვალთმაქცობის დამალვას ნიშნავს. პლურალიზმი უფრო ადამიანურია, რადგან შორეული და შინაგანად წინააღმდეგობრივი იდეალის გულისთვის ადამიანებს არ ართმევს (როგორც ამას სისტემების შემქმნელები აკეთებენ) იმას, რაც მათ, არსებებს, რომლებსაც სრულიად განუჭვრეტავი სახით შეუძლიათ შეიცვალონ, თავიანთი სიცოცხლისთვის აბსოლუტურად აუცილებლად მიაჩნიათ14. საბოლოო ჯამში, უმაღლეს ფასეულობებს შორის თავის არჩევანს ადამიანები ისე აკეთებენ, როგორც შეუძლიათ, რადგან მორალის ფუნდამენტური კატეგორიები და პრინციპები - ხანგრძლივ სივრცულ-დროით პერსპექტივაში მაინც - განსაზღვრავენ მათ სიცოცხლეს და მათი ყოფის, აზროვნებისა და პიროვნული ინდივიდუალობის ნაწილს შეადგენენ - ყოველივე იმას, რაც მათ ადამიანებად აქცევს.
შეიძლება მარადიულობაზე პრეტენზიის არმქონე მიზნების თავისუფალი არჩევანის იდეალი და მასთან დაკავშირებული ფასეულობათა პლურალიზმი მხოლოდ ჩვენი დაისისკენ მიმავალი კაპიტალისტური ცივილიზაციის გვიანდელი ნაყოფებია: ამ იდეალს არ აღიარებდნენ წარსულის პრიმიტიული საზოგადოებები, შემდგომ თაობებში კი ის, შესაძლოა, ცნობისმოყვარეობას და სიმპათიას გამოიწვევს, მაგრამ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. შეიძლება ეს ასეა, მაგრამ აქედან, ვფიქრობ, არანაირი სკეპტიკური დასკვნა არ გამომდინარეობს. პრინციპები არ ხდება ნაკლებად წმინდა, თუ მათი მარადიული არსებობის გარანტირება შეუძლებელია. სინამდვილეში, სურვილი - განიმტკიცო იმის რწმენა, რომ რომელიღაც ობიექტურ სამეფოში ჩვენი ფასეულობები მარადიული და ურყევია, მხოლოდ ბავშვობის გარკვეულობისა და ჩვენი პირველყოფილი წარსულის აბსოლუტური ფასეულობების მონატრებაზე მეტყველებს. „იაზრებდე საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტების ფარდობითობას და მაინც ურყევად მისდევდე მათ - აი ეს განასხვავებს ცივილიზებულ ადამიანს ველურისაგან“, - ამბობდა ჩვენი დროის შესანიშნავი მწერალი. შესაძლოა, მოითხოვო მეტი - ღრმა და აურიდებელი მეტაფიზიკური მოთხოვნილებაა, მაგრამ მისცე მას უფლება წარმართოს ჩვენი მოქმედება - არანაკლებ ღრმა, მაგრამ ბევრად უფრო საშიში ზნეობრივი და პოლიტიკური უმწიფრობის სიმპტომია.
შენიშვნები:
1. Berlin Isaiah. Two Concepts of Liberty (SemoklebiT)//Berlin I. Four Essays on Liberty. London, Oxford Univ. Press, 1969, p. 121-134, 162-172.
2. აქ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგოს ჭეშმარიტება არ იგულისხმება.
3. ჰელვეციუსმა ეს ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა: „თავისუფალი ადამიანი - არის ადამიანი, რომელიც არაა შებორკილი, არაა ჩაკეტილი ციხეში, არაა მონასავით სასჯელის შიშით დაშინებული... უცნაური იქნებოდა თავისუფლების უქონლობა დაგვერქმია იმისთვის, რომ არ შეგვიძლია არწივივით ღრუბლებში ფრენა, ვეშაპივით წყალქვეშ ცხოვრება...“ (Гельвеции К.А. Соч. в 2-х т. Т.1, М.: Мысль, 1973, с.175).
4. საზოგადოებრივი კანონების მარქსისტული კონცეფცია, უპირობოდ, ამ თეორიის ყველაზე ცნობილი ვარიანტია, თუმცა ეს თეორია, როგორც მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, შედის როგორც ზოგიერთ ქრისტიანულ და უტილიტარულ, ისევე ყველა სოციალისტურ დოქტრინაში.
5. „თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც არაფერი უშლის ხელს აკეთოს ის, რაც სურს“, - ამბობდა ჰობსი (Гоббс Т. Соч. В 2-х т. Т 2, М.: Мысль, 1991, с. 163). კანონი ყოველთვის „ბორკილია“, მაშინაც კი, თუ ის გვიცავს კანონის ჯაჭვებზე უფრო მძიმე ჯაჭვებისგან, როგორიცაა უფრო რეპრესიული კანონი ან წეს-ჩვეულება, დესპოტის თვითნებობა ან ქაოსი. ამავეს ამბობს ბენტამიც.
6. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ყველა მოაზროვნე, მცირე გამონაკლისის გარდა, იმისკენაა მიდრეკილი, რომ მიაჩნდეს: ყველაფერი ის, რაც, მათი აზრით, სიკეთეს მიეკუთვნება, შინაგანად დაკავშირებული ან, უკიდურეს შემთხვევაში, ერთმანეთთან თავსებადია. აზრის ისტორიაში, ისევე, როგორც ერების ისტორიაში, უამრავი მაგალითია, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო ან, უკიდურეს შემთხვევაში, განსხვავებული ნაწილები ხელოვნურად ერთიანდებოდა დესპოტურ სისტემაში და რომელიღაც საერთო მტრის შიშით ინარჩუნებდა ერთიანობას. როდესაც რაღაც დროის შემდეგ ეს შიში ქრებოდა, მოკავშირეებს შორის მაშინვე ჩნდებოდა წინააღმდეგობები, რომლებიც ანგრევდნენ სისტემას, ზოგჯერ მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
7. ამ თემის ნაყოფიერ განხილვას ნახავთ წიგნში: Villey Ì. „Lemons d'histoire de la philosophic du droif, Paris: Dalioz, 1957, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება პირადი უფლებების ცნების განვითარებას ოკამის შემდეგ.
8. ღვთიური და ბუნების კანონების აბსოლუტური ავტორიტეტისა და ღვთის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის ქრისტიანული (ისევე, როგორც იუდაისტური და მუსლიმური) რწმენა ძალიან განსხვავდება საკუთარი შეხედულებების თანახმად ცხოვრების თავისუფლების რწმენისგან.
9. სინამდვილეში, შეიძლება შევეკამათოთ მოსაზრებას, რომ ფრიდრიხ დიდის დროინდელ პრუსიაში ან იოსებ მეორის ავსტრიაში მდიდარი წარმოსახვის, თვითმყოფადობის და შემოქმედებითი გენიის მქონე ადამიანები, ისევე როგორც სხვადასხვა უმცირესობანი, ნაკლებ იდევნებოდნენ და კანონებისა და წეს-ჩვეულებებისგან ნაკლებად მძიმე ჩაგვრას განიცდიდნენ, ვიდრე მრავალ უფრო ადრეულ და გვიანდელ დემოკრატიაში.
10. „ნეგატიური თავისუფლების“ ხარისხის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან რთულია. ერთი შეხედვით შეიძლება გვეჩვენოს, რომ მისთვის მხოლოდ სულ მცირე ორ ალტერნატივას შორის არჩევანის შესაძლებლობა არის მნიშვნელოვანი. თუმცა არჩევისას ადამიანს ყოველთვის როდი აქვს ერთნაირი თავისუფლება ან საერთოდ არ აქვს თავისუფლება. თუ ტოტალიტარულ სახელმწიფოში წამების მუქარის ან თუნდაც სამსახურის დაკარგვის შიშით ვღალატობ მეგობარს, სრული საფუძველი მაქვს ვამტკიცო, რომ თავისუფლად არ ვმოქმედებ. და მაინც, რა თქმა უნდა, ვაკეთებ არჩევანს და შემიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, თეორიულად მაინც ავირჩიო სიკვდილი, წამება ან ციხე. ასე რომ, ალტერნატივების უბრალო არსებობა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ჩემი საქციელი თავისუფალი იყოს ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით (თუმცა ის შეიძლება ნებაყოფლობითი იყოს). ვფიქრობ, ჩემი თავისუფლების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ა) რამდენი შესაძლებლობა მაქვს (თუმცა მათი დათვლის მეთოდი უცილობლად ეყრდნობა იმას, თუ როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეხედულებები გვაქვს. ქცევის შესაძლო მიმართულებები სულაც არაა ისევე დისკრეტული, როგორც ვაშლები, რომელთა დათვლა სირთულეს არ წარმოადგენს); ბ) რამდენად ადვილი ან რთულია ყოველი ამ შესაძლებლობის განხორციელება; გ) რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობები ჩემი ცხოვრებისეული გეგმების, ჩემი ხასიათისა და იმ ვითარების თვალსაზრისით, რომელშიც აღმოვჩნდი; დ) რამდენად შეიძლება ხელი შეუშალოს ამ შესაძლებლობების განხორციელებას სხვა ადამიანების შეგნებულმა მოქმედებამ; ე) რა ღირებულებას ანიჭებს ამ მრავალფეროვან შესაძლებლობებს არა მხოლოდ თვითონ ადამიანი, არამედ იმ საზოგადოების საერთო აზრი, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს. საჭიროა ყველა ამ პარამეტრის „ინტეგრირება“, შედეგად მიღებული დასკვნა კი ყოველთვის და უცილობლად არაზუსტი და სადავო იქნება. სავსებით შესაძლებელია, რომ არსებობს თავისუფლების ყოვლად განსხვავებული სახეობები და ხარისხები, რომელთა განლაგება ერთ რომელიმე სკალაზე არ შეიძლება. მეტიც, თუ საზოგადოების თავისუფლებას განვიხილავთ, ჩვენ წინაშე წამოიჭრება ისეთი (ლოგიკურად აბსურდული) შეკითხვები, როგორიცაა „ზრდის თუ არა X სოციალური მოწყობა ბ-ნ A-ს თავისუფლებას უფრო მეტად, ვიდრე ბატონების B-ს, C-ს და D-ს თავისუფლებას ერთად?“ ასეთივე სირთულეები ჩნდება უტილიტარისტული კრიტერიუმის გამოყენებისას. და მაინც, თუ გაზომვის სიზუსტეს არ მოვითხოვთ, გვაქვს საკმარისად საიმედო საფუძველი მტკიცებისთვის, რომ შვედეთის მეფის საშუალო ქვეშევრდომი მთლიანობაში ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ესპანეთის ან ალბანეთის საშუალო მოქალაქე. ცხოვრების წესები ერთმანეთს უნდა შევადაროთ როგორც გარკვეული მთლიანობები, თუმცა ასეთი შედარების განხორციელების მეთოდის დასაბუთება და მიღებული დასკვნის ჭეშმარიტების დამტკიცება ძალიან რთულია, თუ საერთოდ შესაძლებელია. მაგრამ ცნებების გაურკვევლობა და გამოყენებული კრიტერიუმების სიმრავლე თავად კვლევის საგნის განმასხვავებელი თავისებურებაა და არა შედეგი გაზომვის არასრულყოფილი მეთოდებისა და კიდევ იმისი, რომ ზუსტი აზროვნების უნარს მოკლებულნი ვართ.
11. „ნამდვილი თავისუფლების იდეალი ეს არის ადამიანთა საზოგადოების ყოველი წევრისთვის თავისთვის საუკეთესოს მიღწევის მაქსიმალური შესაძლებლობა“, - ამბობდა ტ. ჰ. გრინი 1881 წელს. თუ გვერდზე გადავდებთ იმ ფაქტს, რომ აქ აღრეულია თავისუფლებისა და თანასწორობის ცნებები, ეს აზრი ნიშნავს, რომ, როდესაც ადამიანი ამწუთიერ სიამოვნებას ირჩევს და ამით უარს ამბობს თავისი მე-სთვის (რომელი „მე“-სთვის?) საუკეთესო სიკეთეზე, ის ყალბ თავისუფლებას ახორციელებს. მისი ჩამორთმევით ის არ დაკარგავს არაფერს მნიშვნელოვანს. გრინი ნამდვილი ლიბერალი იყო, მაგრამ მრავალ ტირანს შეეძლო ყველაზე უარესი რეპრესიული ზომების გასამართლებლად გამოეყენებინა მისი ფორმულა.
12. დიდ ბრიტანეთში ასეთი კანონიერი ძალა კონსტიტუციით ენიჭება სრულუფლებიან სუვერენს - პარლამენტში დაბრძანებულ მეფეს. ამ ქვეყნის შედარებით თავისუფალი ხასიათი იმით აიხსნება, რომ ამ თეორიულად ყოვლისშემძლე არსების მოქმედებებს წეს-ჩვეულებები და საზოგადოებრივი აზრი ზღუდავს. ნათელია, რომ მნიშვნელოვანია არა შეზღუდვების ხასიათი - სამართლებრივი, მორალური ან კონსტიტუციური -, არამედ მათი ეფექტიანობა.
13. კონდორსეს თანახმად (ვისი „ესკიზიდანაც“ მოვიყვანეთ ეს სიტყვები), სოციალური მეცნიერების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გვაჩვენოს „როგორ დააკავშირა ბუნებამ განათლების პროგრესი თავისუფლების, სათნოებისა და ადამიანის ბუნებრივი უფლებებისადმი პატივისცემის პროგრესთან; როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ეს ერთადერთი რეალური სიკეთეები, რომლებიც იმდენად ხშირად არიან დაშორებულნი ერთმანეთს, რომ ისინი შეუთავსებელნიც კი ჰგონიათ, პირიქით, განუყოფელნი გახდნენ. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ერთა მნიშვნელოვანი რიცხვის განათლება ერთდროულად მიაღწევს გარკვეულ ზღვარს“. შემდეგ ის განაგრძობს: „ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთი ბავშვობის, თავიანთი სამშობლოს, თავიანთი დროის მცდარ შეხედულებებს მას შემდეგ, რაც შეითვისებენ ყველა ჭეშმარიტებას, რომლებიც ამ შეხედულებების დასანგრევად არის აუცილებელი“ (Кондорсэ Ж. А. Эсказ исторической картины прогресса человеческого разума. М., 1936, с. 12, 13). ირონია შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ ყველა სიკეთის გაერთიანების აუცილებლობისა და შესაძლებლობის კონდორსესეული რწმენა მცდარი შეხედულების სწორედ ის სახეობაა, რომელიც მან ასე კარგად აღწერა.
14. ვფიქრობ, ეს კარგად თქვა ბენტამმა: „ინდივიდუალური ინტერესები - ერთადერთი რეალური ინტერესებია... შეიძლება კი ეს ისე გავიგოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი იმდენად სულელია, რომ ... ადამიანი, რომელიც არ არის, ურჩევნიათ იმას, ვინც არის; ტანჯავენ დღეს მცხოვრებთ იმათი ბედნიერების ხელშეწყობის საბაბით, ვინც ჯერ არ დაბადებულა და, შესაძლოა, არც არასდროს დაიბადოს?“ ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც ბერკი ბენტამს ეთანხმება. ეს ნაწყვეტი მეტაფიზიკურის საწინააღმდეგოდ პოლიტიკის ემპირიული გაგების არსს გამოხატავს.
![]() |
5.2 რატომ ვერ ამართლებს ლიბერალური და კომუნიტარიანული თეორიები: სუბიექტური უნივერსალიზმის პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ცხადაია
სანამ უშუალოდ მთავარ პრობლემაზე - ძირითადი მორალური და პოლიტიკური თეორიების ფუნდამენტურ სისუსტეებზე გადავიდოდეთ, უპრიანი იქნებოდა, რომ ლიბერალური დემოკრატიის (შესაბამისად, თავისუფლებისა და თანასწორობის) საკითხი ექსკლუზიურად მორალური თეორიის საზღვრებში მოვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, ჯერ არ აღმოჩენილა, ბევრი საზოგადო მოღვაწე, ადამიანების უფლებების დამცველი და თეორეტიკოსი ეკონომიკური განვითარების პრობლემას დემოკრატიული თეორიის კომპეტენციას მიაკუთვნებს. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ვაშინგტონის ლიბერალური კონსენსუსის მიხედვით, დემოკრატიზაცია და ლიბერალიზაცია წარმატებული განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მის საპირისპიროდ კი ე.წ. „ბეიჯინგის კონსენსუსი“ დემოკრატიზაციას განვითარების პროექტის ნაწილად საერთოდ არ მოიაზრებს. ამ ფონზე საჭიროა იმის დაზუსტება, თუ რაში გვჭირდება განვითარების პროცესში დემოკრატია და ლიბერალიზმი.
პირველ ყოვლისა, დემოკრატიზაცია ამცირებს კორუფციის დონეს და აუმჯობესებს მთავრობის ეფექტურ მუშაობას. „ეფექტურ მუშაობაში“ იგულისხმება მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულობა და რეაგირებადობა. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საქმე ის არის, რომ ეს არაა განვითარების ერთადერთი გზა, რადგან კორუფციის დონის შემამცირებელი და ხალხზე მზრუნველი მთავრობა შესაძლოა ავტორიტარული ხასიათისაც იყოს. ხშირ შემთხვევაში, პირიქით, ავტორიტარიზმმა შესაძლოა იმაზე მეტი წარმატებით იმოქმედოს ეკონომიკურ წინსვალზე, ვიდრე დემოკრატიამ.
თეორეტიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ, მართალია, დემოკრატიას პირდაპირი დადებითი გავლენა განვითარებაზე არ აქვს, ანუ კაუზალური კავშირი დემოკრატიასა და განვითარებას შორის არ არსებობს, მაგრამ არსებობს ირიბი გავლენა. ეს გულისხმობს ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სტაბილურობა. მაგალითად, პინოჩეტის დიქტატურის შედეგად ჩილეში, იმის გამო, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა დაიშალა და მისი პრივატიზაცია მოხდა, მოსახლეობის ჯანრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ზოგიერთ ავტორიტარულ ქვეყანაში კი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა რეჟიმის ინტერესებში არ შედის, ადამიანური კაპიტალის შექმნა ფერხდება და ეს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. რაც შეეხება, სტაბილურობას, დემოკრატიის პირობებში მისი მიღწევა, მართალია, ძნელია, მაგრამ როდესაც მიიღწევა, დემოკრატიული სისტემის სტაბილურობა ზოგჯერ უფრო მყარია ხოლმე, ვიდრე ავტორიტარულის.
მიუხედავად ამისა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში (კორუფცია, ჯანდაცვა, განათლება და სტაბილურობა) ისტორიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ავტორიტარულ ქვეყნებს ან ისეთებს, რომლებიც სრულფასოვანი დემოკრატიები არ არიან (მაგალითად, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები; რომ არაფერი ვთქვათ ნავთობით მდიდარ არაბულ სახელმწიფოებზე) ისეთივე წარმატების მიღწევა შეუძლიათ, როგორც დემოკრატიულებს.
ამ დაკვირვებამ საკულტო ლიბერალიზმის ისეთი თეორეტიკოსებიც კი დააფიქრა, როგორიც, მაგალითად, ჯონ როლსია. როლსმა თავის ნაშრომში „ხალხთა კანონი“ საზოგადოებების განსაკუთრებული ტიპი გამოყო, რომლებსაც, მისი აზრით, მართალია, ლიბერალიზმის ნიშნები ისე არ ახასიათებთ (როგორც დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებს), მაგრამ ამ ქვეყნებში ადამიანის ძირითად უფლებებს პატივს სცემენ და მოქალაქეებს უსამართლოდ არ სჯიან. როლსის განმარტების აშკარა ბუნდოვანების მიუხედავად, მაინც შეიძლება იმისი თქმა, რომ იგი მუსლიმურ და აღმოსავლეთ აზიურ სახელმწიფოებს გულისხმობდა (მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავის ჰიპოთეტურად შექმნილ სახელმწიფოს მუსლიმურ „კაზანისტანს“ უწოდებს).
ლიბერალი როლსი თუმცა აღიარებს, რომ დემოკრატიზაცია და ლიბერალიზაცია ექსკლუზიურად მორალური და პოლიტიკური თეორიის საკითხებია, ის მაინც არ ამბობს უარს ეკონომიკურ არგუმენტებზე (სიღარიბისა და კორუფციის შემცირება). ეს კი ისედაც კონცეპტუალურად გაუმართავ ადამიანის უფლებების თეორიას დამატებით ტვირთს აკისრებს. ლიბერალური თეორიის ეკონომიკურ განვითარებაზე პრეტენზია მისი ზოგადი რაციონალისტური ბუნებიდან გამომდინარეობს.
ადამიანის უფლებების ლიბერალურ თეორიას, ეკონომიკურ ასპექტზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად, ორი მთავარი პრობლემა აქვს: პირველი, რომ ის სხვა ქვეყნებსა და საზოგადოებებზე დასავლური ისტორიული, სოციალური და კულტურული გამოცდილების ექსტრაპოლაციას ახდენს, და მეორე, რომ იგი აპრიორ მოცემულობად იღებს „რაციონალისტურ“ გარემოსა და რაციონალური ინტერესების მქონე ინდივიდების არსებობას. ლიბერალური თეორიის ონტოლოგიური მატრიცა რომ მცდარია, ამაზე დღეს უფრო და უფრო ცოტა თეორეტიკოსი დავობს, თუმცა ისეთი „ოპერაციული“ ცნებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ჯერაც ფართოდ გამოიყენება.
სინამდვილეში, მულტიკულტურალისტები სრულიადაც არ ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ დასავლური კულტურული გამოცდილების სხვა კულტურებზე განვრცობა ფუნდამენტური სოციოლოგიური შეცდომაა. ასევე, რა თქმა უნდა, არ ცდებიან არც პოსტმოდერნისტები, პოსტსტრუქტურალისტები, კონსტრუქტივისტები და ათასი ჯურის პოსტგანმანათლებლობის ადეპტები, რომლებიც სრულიად დამაჯერებლად ასაბუთებენ რაციონალისტური თეორიების (მაგ., ლიბერალიზმის და რაციონალური არჩევანის თეორიის) ონტოლოგიურ პრობლემებს. ზემოთჩამოთვლილმა ჯგუფებმა ონტოლოგია თავიანთ ძირითად საკვლევ თემად გაიხადეს ე.წ. „ლინგვისტური შემობრუნების“ მეშვეობით, რითიც ეფექტურად გადაწიეს გვერდზე ეპისტემოლოგიური დილემები და ეპისტემოლოგია გარკვეულწილად ონტოლოგიას დაუქვემდებარეს. ენა, როგორც შემეცნების ძირითადი საშუალება, შემეცნების მთავარ ობიექტად აქციეს.
რაციონალური არჩევანის თეორია, სულ მცირე, იმაში მაინც ცდება, რომ ცალკეულ ადამიანებს მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარს მიაწერს. ლიბერალური კონცეფციის მიხედვით, ისე გამოდის, რომ ერთეული ინდივიდი მხოლოდ საკუთარი ეგოისტური (არა მაინცდამაინც უარყოფითი გაგებით) ინტერესის დასაკმაყოფილებლად დგამს ნაბიჯებს და თანაც ამ დროს ქმედების მომგებიანობასაც ითვალისწინებს.
სინამდვილეში, სოციალური სურათი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ლიბერალ-განმანათლებლებს ერთი შეხედვით ეჩვენებათ. გადაწყვეტილების მიღებაზე ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას: ჯგუფური იდენტობები და ინფორმაციის ნაკლებობა. ეკონომიკურ თეორიებში ამ ორი ფაქტორის გაუთვალისწინებლობა ერთ-ერთი მთავარი შეცდომის მიზეზი ხდება (იხილეთ ჯოზეფ სტიგლიცის ნაშრომები ინფორმაციის ნაკლებობის ფაქტორთან დაკავშირებით). ჯგუფური იდენტობის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა კი იწვევს იმ ფუნდამენტური რეალობის უარყოფას, რომელიც ადამიანებს აიძულებს ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა პირად ინტერესზე მაღლა დააყენონ. სადავო საკითხია, რა განაპირობებს ადამიანების ამგვარ ქცევას: პირადი მოხალისეობა თუ ინსტიტუციური ძალადობის ფორმები, მაგრამ ფაქტია - ადამიანები არსებობენ და აზროვნებენ სოციალურ ჯგუფებად (მათ შორის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაციონალური იდენტობებია).
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ მცდარია არა მხოლოდ დემოკრატიული თეორიის რაციონალური პრეტენზია ეკონომიკური განვითარების წახალისებაზე, არამედ ზოგადად მისი უნივერსალისტური დოგმები.
თუ ჩარლზ ტეილორს, ალასდერ მაკინტაერს, მაიკლ უოლცერსა და სხვა კომუნიტარიანელ თეორეტიკოსებს დავეთანხმებით, რომ ლიბერალური თეორიის სოციოლოგიური და კულტურული სურათი არაადეკვატურად წარმოაჩენს ადამიანურ რეალობას, ისევ მთავარ კითხვასთან დაბრუნება მოგვიწვს: რომელ სფეროს განეკუთვნება დემოკრატიის თეორია - ეკონომიკისა და განვითარების (ამ უკანასკნელში ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ლიბერალურდემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების გავრცელება იგულისხმება) თუ წმინდა მორალური თეორიის.
პასუხი ცალსახაა: დემოკრატია ექსკლუზიურად მორალის სფეროა. უფრო მეტიც, პოლიტიკა, როგორც ასეთი, მორალისა და ეთიკის სფეროს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ განვითარებას საერთო არაფერი აქვს ეკონომიკურ განვითარებასთან და ეს ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა. თავად ეკონომიკური სიკეთეც არ არის საზოგადოების სიკეთეებს შორის არსებული უმაღლესი იდეალი (თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აშკარად არის). საზოგადოებრივი სიკეთეების მნიშვნელობა სხვადასხვა საზოგადოებებში შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს.
პოლიტიკური პროცესი სოციალურ ბრძოლას გულისხმობს, ანუ სოციალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებასა და კონსენსუსს. ამ დაპირისპირების ფორმა უბრალოდ სოციოპოლიტიკური modus vivendi-ა და არა რაიმე უნივერსალისტური, უცვლელი მოცემულობით განსაზღვრული ეტაპი; აქედან დასკვნა: დემოკრატია, როგორც ტელეოლოგიური იდეალი, არ არსებობს და მისი მიღწევაც ყველა საზოგადოების საბოლოო მიზანი არ არის. დემოკრატია უფრო აღწერითი ცნებაა და იგი სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს აღწერს.
თუ ეს ასეა, მაშინ რა განაპირობებს სხვადასხვა პოლიტიკურ წყობილებებს, ანუ იმას, რასაც ზემოთ სოციოპოლიტიკური modus vivendi ვუწოდეთ? რატომ არის, რომ დასავლეთში გავრცელებულია ლიბერალური დემოკრატია, სადაც შედარებით გამოკვეთილი რაციონალური „ინტერესები“ (არა ლიბერალურ „ფიქსირებული“, არამედ კონსტრუქტივისტული გაგებით) არსებობს და საკუთარი სოციალური ბაზის მქონე პარტიები მოღვაწეობენ? ამის საპირისპიროდ, ხომ, მაგალითად, საქართველოში ჭეშმარიტად „პოსტმოდერნული“ მდგომარეობაა, სადაც სოციალური, ჯგუფური იდენტობების რიტორიკა ინდივიდუალურ ინტერესებს თითქმის სრულიად ფარავს. შედეგად, ტრადიციების, ეკლესიის, ეროვნული იდენტობის საკითხები უფრო მაღლა დგება, ვიდრე სოციალური კლასის და ინდივიდების. პარტიების რიტორიკაში კი ერთმანეთს ერწყმის მემარჯვენე და მემარცხენე, კონსერვატორული და ლიბერტარიანული ელემენტები. რაციონალისტურ დაყოფებს აზრი ეკარგება და სხვა კულტურული სივრცისგან ნასესხები ცნებები პოსტმოდერნულ არეულობას ქმნის.
ამგვარი კონსტრასტის ასახსნელად ისეთი ტრადიციული ეკონომიკური არგუმენტები აღარ გამოგვადგება, როგორიცაა საშუალო ფენის არარსებობა და სიღარიბე. ფაქტია, რომ იმავე ტიპის „პოსტმოდერნული“ სიტუაცია შეიძლება ისეთ მდიდარ, არადასავლურ ქვეყნებშიც შეიქმნას, როგორიც მაგალითად სინგაპური ან გაერთიანებული არაბთა ემირატებია. პრობლემა საშუალო ფენის, როგორც ეკონომიკური კონცეფციის, არარსებობა კი არა, არამედ საშუალო ფენის, როგორც სოციალური მნიშვნელობის მქონე ფენომენის, გაგების ნაკლებობაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: „საშუალო ფენა“ არ არის მატერიალისტური მოცემულობა, რომლის არარსებობაც მიზეზშედეგობრივი გზით უნდა განაპირობებდეს ნაკლებ დემოკრატიას. უფრო მეტად მნიშვნელოვანი საზოგადოების საერთო სოციო-კულტურული სურათია, ანუ ის, თუ რა ითვლება საზოგადოებაში „სიკეთედ“, ან რამდენად იერარქიული თუ ეგალიტარულია წყობილება და ა.შ.
ერთი სიტყვით, კომუნიტარიანელებს თითქმის ყველა იმ კითხვაზე აქვთ პასუხი, რაც ლიბერალური თეორიის არასრულყოფილების შესავსებად არის საჭირო. კომუნიტარიანელებს შეუძლიათ დამაჯერებლად აგვიხსნან, თუ რატომ არ არის ზოგიერთი საზოგადოება დემოკრატიული, მაშინ, როდესაც სხვები ინდივიდუალისტური და ლიბერალურია (მაგ., იხილეთ ჩარლზ ტეილორის მთავარი ნაშრომი „მეს წყაროები - მოდერნული იდენტობის შექმნა“).
ამავე დროს, კომუნიტარიანელები ისე შორს მიდიან თავიანთ აღწერით საქმიანობაში, რომ ავიწყდებათ ის მთავარი წინაპირობა, საიდანაც დაიწყეს: პოლიტიკის მორალური და ეთიკური ხასიათი. კომუნიტარიანელებს ისეთი სოციოლოგიური კონცეფციებით, როგორიცაა „სოციალური კლასი“, „ნაციონალიზმი“, „რაციონალიზმი“, „კულტურა“, „ჯგუფური იდენტობები“, შეუძლიათ საზოგადოების მაკროსურათი აგვიხსნან, თუმცა ისინი არაფერს გვეუბნებიან იმ მორალურ დილემებზე, რაც ამ საზოგადოებებში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ „ლინგვისტური შემობრუნების“ შემდეგ სუბიექტმა დაკარგა თავისი როლი სოციალურ თეორიაში და მეორეხარისხოვან პერსონაჟად იქცა.
ერთი მხრივ, ლიბერალური თეორია თავისი რაციონალისტური და ეთნოცენტრისტული (ევროპაცენტრისტული) პრეტენზიებით და, მეორე მხრივ, კომუნიტარიანიზმი თავისი კულტურული რელატივიზმითა და პარტიკულარიზმით, პოლიტიკური თეორიის ორ უკიდურესობას წარმოადგენს. პირველი სხვებზე უპირატესად ერთი კულტურული სივრცის ღირებულებებს აცხადებს და ამას ერთი საზოგადოებრივი მოდელის - რაციონალისტური საზოგადოების - უნივერსალურობას უმატებს. მეორე კი სრულიად უარყოფს კულტურის გარეთ გასვლისა და კულტურის გარედან კრიტიკის შესაძლებლობას.
რაციონალიზმის თვითდაჯერებულობას შეიძლება პანგლოსიანიზმი ვუწოდოთ, ვოლტერის ცნობილი მოთხრობის „კანდიდის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სახელის მიხედვით. პანგლოსი თავისი ცხოვრებით ლაიბნიცის რაციონალიზმის პაროდირებას ახდენს, არ ტოვებს არავითარი შემთხვევითობის შესაძლებლობას და ყველა მოვლენას წინასწარ დადგენილ უნივერსალურ ენას მიაწერს. დღევანდელი უნივერსალისტური ლიბერალიზმი თავისი ონტოლოგიით გარკვეულწილად სწორედ პანგლოსიანურია, რადგან ის არ ტოვებს ადგილს არარაციონალური ქმედებისთვის. და უფრო მეტიც, პანგლოსიანური გამოდის კომუნიტარიანიზმიცა და მულტიკულტურალიზმიც (რომლებმაც ბევრი ისწავლეს თავიანთი ფრანგი მეტრისგან - მიშელ ფუკოსგან), რადგან ისინი არ ტოვებენ ადგილს მეინსტრიმიდან აცდენილი სოციალური და კულტურული მნიშვნელობებისთვის. უფრო მეტიც, ისინი საერთოდ უყურადღებოდ ტოვებენ „სუბიექტს“.
დღესდღეობით ამ პრობლემაზე ყველაზე სრულყოფილად ფრანგი ფილოსოფოსი ალან ბადიუ წერს, რომელიც, ერთი მხრივ, განმანათლებლური რაციონალიზმის მრავალგზის გაკიცხულ ონტოლოგიას უარყოფს და, მეორე მხრივ, საფუძვლიანად აკრიტიკებს კომუნიტარიანელებისა და პოსტმოდერნისტების თავდაჯერებულ რელატივიზმს. ბადიუს ფილოსოფიურ და ეთიკურ კრიტიკას რომ თავი დავანებოთ (იგი მიიჩნევს, რომ სუბიექტის გადარჩენის საკითხი ფილოსოფიისა და მორალის საქმეა და არა ონტოლოგიის, რადგან ეს უკანასკნელი სამყაროს მოწყობას აღწერს სიმრავლეთა თეორიის მიხედვით), თავად ონტოლოგიის დონეზეც კი უკვე შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ კომუნიტარიანელების სოციოლოგიურ რეალობას გლობალიზაციისა და ახალი მედიის გავრცელების სახით სერიოზული პრობლემები ექმნება.
ადამიანის უფლებების რიტორიკამ რომ თავი აარიდოს როგორც ლიბერალური, ისე კომუნიტარიანული თეორიების პრობლემებს, ორი მთავარი გამოსავლის პოვნაა შესაძლებელი: საერთო კოსმოპოლიტური პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა (მაგალითად, ისეთის, როგორიც ევროკავშირია, ან ისეთის გაძლიერეიბა, როგორიც გაეროა), ან სუბიექტზე დამყარებული მორალური ბრძოლის წარმოება. ბადიუ ასეთ ბრძოლას კომუნისტურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს კავშირი სახელმწიფოსთან, არამედ ის უნდა ეფუძნებოდეს სოციალურ მოძრაობებსა და სუბიექტურ უნივერსალიზმს.
ბადიუ თავის შრომაში „წმინდა პეტრე: უნივერსალიზმის საფუძვლები“ წერს: „იმ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, რომლის მიმართაც ჭეშმარიტება მოქმედებს, უნივერსალიზმმა თავი უნდა წარმოაჩინოს განსხვავებების წინაშე და გვაჩვენოს, რომ თავიანთი გაყოფადობის მტკივნეული გამოცდილებით, მათ შეუძლიათ მიეგებონ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მათ გადაფარავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალი და კაცი, ებრაელი თუ ბერძენი, მონა თუ თავისუფალი ადამიანი - ყველა განსხვავება თავის თავში შეიცავს უნივერსალიზმს, რაც მათთვის მინიჭებული ერთგვარი ღირსებაა“. ცოტა მოგვიანებით იგი ამატებს: „განსხვავებები, როგორც ინსტრუმენტული ტონები, გვაძლევს შეცნობად უნივოკალობას, რაც საბოლოოდ ჭეშმარიტების მელოდიას ქმნის“.
ბადიუს უნივერსალიზმი, როგორც ინსტუტიციებისგან გათავისუფლების სუბიექტური გზა, პანგლოსიანური რაციონალიზმის პრეტენზიებსაც თავს არიდებს და არც კულტურულ რელატივიზმში იკარგება. ბადიუს ჰიპოთეზა პოლიტიკურ მეცნიერებაში ჯერ კიდევ ელოდება განხილვასა და დამუშავებას. მეორე მხრივ კი, იმავე პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება მივმაროთ ჯორჯო აგამბენის უნივერსალურ თეორიას სუვერენობაზე, როგორც საზოგადოებების განმსაზღვრელ ცენტრალურ ფაქტორზე, რომელიც ცალკეული საზოგადოებების კულტურული და პოლიტიკური ჩარჩოების გარღვევით შეიძლება დასრულდეს.
გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიო მოქალაქის, მსოფლიო სოციალური სამართლიანობის, „დემოკრატიის გავრცელების“ და უნივერსალური ადამიანის უფლებების კონცეფციებს პოლიტიკურ დისკურსში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ამ პრობლემებთან გამკლავება არსებითად სწორედ ახალ ფილოსოფიურ ჩარჩოს მოითხოვს. ლიბერალური და კომუნიტარიანული თეორიების სისუსტეების განხილვით ახალი მორალური თეორიის კონტურების აღმოჩენა შეიძლება, თუმცა ამ გზაზე ბევრ აქამდე გავრცელებულ წარმოდგენაზე უარი უნდა ვთქვათ.
![]() |
6 დისკუსია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 უმცირესობები ქართულ მედიაში |
▲ზევით დაბრუნება |
მედიაზე დაკვირვება, ბეჭდურზეც და ელექტრონულზეც, ალბათ ყველაზე კარგი საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ როგორია ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა უმცირესობის მიმართ. 2010 წელს მედიის განვითარების ფონდმა ქართულენოვან მედიასაშუალებებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხთა გაშუქების მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგებიც საკმაოდ დამაფიქრებელ სურათს გვიხატავს: უმცირესობების საკითხები უფრო ბეჭდურ მედიაში შუქდება, ვიდრე ელექტრონულში. ხშირია დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენება უმცირესოების მიმართ; ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს და. ა. შ.
როგორ აფასებენ ქართული მედიის მუშაობას თავად ჟურნალისტები, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი უმცირესობების პრობლემებზე მუშაობისას, როგორ უნდა შუქდებოდეს მედიაში სხვადასხვა უმცირესობასთან დაკავშირებული საკითხები, რა არის გასაკეთებელი სიტუაციის გამოსასწორებლად - ამ თემებზე თავად ჟურნალისტები საუბრობდნენ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ დისკუსიაზე.
მონაწილეობენ: ნინო დანელია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), დავით პაიჭაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ნინო ჯაფიაშვილი (ჟურნალი „ლიბერალი“), ოლესია ვართანიანი (რადიო „თავისუფლება“), მედეა იმერლიშვილი (რადიო „მწვანე ტალღა“) და ეკა აღდგომელაშვილი („ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“).
ნინო ბექიშვილი
რამდენად ადეკვატურად აშუქებს ქართული მედია უმცირესობების საკითხებს?
ნინო დანელია: ვიტყოდი, რომ ქართული მედია უმცირესობების საკითხებს თითქმის არ აშუქებს. ვსაუბრობ ზოგადად ქართულ მედიაზე - ვგულისხმობ ტელევიზიას, პრესას, რადიოს. გამონაკლისები, ცხადია, აქაც არის და ეს გამონაკლისები მხოლოდ ადასტურებს წესს.
ნინო დანელია
ქართველი ჟურნალისტები უფრო ხშირად საუბრობენ ეთნიკურ უმცირესობებზე, შემდეგ მოდის რელიგიური უმცირესობები და რაც შეეხებათ დანარჩენებს, მაგალითად, სექსუალურ და კულტურულ უმცირესობებს, მათზე, როგორც წესი, ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ლაპარაკობენ. ამას არც შეიძლება გაშუქება დავარქვათ. ქართველი ჟურნალისტები, ზოგადად, ძალიან ზედაპირულად უყურებენ ამ თემას. უმცირესობები მედიის ყურადღებას უმეტესად მაშინ იპყრობენ, როცა რაიმე კონფლიქტი ხდება, რასაც, როგორც წესი, ნეგატიური კუთხით აშუქებენ. ეგზოტიკურ ამბებსაც აქცევენ ყურადღებას, მაგალითად, რელიგიურ ან ეთნიკურ დღესასწაულებს. გამოდის, რომ უმცირესობების თემა ქართული მედიისთვის დაკავშირებულია ან ნეგატიურ ამბავთან, ან ეგზოტიკასთან. გაშუქების ხარისხი, როგორც წესი, ძალიან დაბალია. ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ ქართული მედია ამ თემებს არ აშუქებს.
მედეა იმერლიშვილი: მინდა დავეთანხმო ნინოს, ქართული მედია ან არ აშუქებს, ან თუ აშუქებს უმცირესობების პრობლემებს, ძალიან ფრაგმენტულად. ამას ალბათ აქვს მიზეზები. პირველი ისაა, რომ ჟურნალისტებმა არ იციან როგორ წერონ, როგორ ისაუბრონ ამ თემებზე. მეორე - ჟურნალისტებს, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, საზოგადოებაში არაპოპულარული თემების წამოჭრის და მათზე საუბრის ეშინიათ, ჰგონიათ, რომ აუდიტორიას დაკარგავენ.
ეკა აღდგომელაშვილი: შეიძლებოდა კითხვა ასეც დაგვესვა - რატომ არ აშუქებს მედია იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს? არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს უმცირესობა - ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული. ამ მრავალფეროვნებით მართლაც ერთობ მდიდარია ჩვენი ქვეყანა! მეტსაც ვიტყოდი, არა მხოლოდ უმცირესობებზე არ საუბრობს, არამედ, მგონი, ამ ბოლო დროს მოდის სიახლეების მეტს არც არაფერს აშუქებს ჩვენი მედია, განსაკუთრებით, ელექტრონული. ტელევიზიებს თუ დავუჯერებთ, მოდის სიახლეებზე უფრო მნიშვნელოვანი არც არაფერია ჩვენს ქვეყანაში.
მგონი, უმცირესობების პრობლემები რაღაცნაირად იმასაც უკავშირდება, რომ მედია, იშვიათი გამონაკლისების გარდა სოციალური თემატიკით საერთოდ არ ინტერესდება. ძალიან ხშირად ამას იმით ამართლებენ, რომ ამგვარ თემებზე დაკვეთა არ არსებობსო. ამ არგუმენტის მქონე ჟურნალისტების გასაგონად ვიტყოდი, რომ სოციალური ქსელების, სამოქალაქო ჟურნალისტიკის ტალღამ, რომელიც ახლა დაიძრა, ასახა ის სურათი, რაც დღეს საქართველოში გვაქვს - მედიამ დაკარგა ის ფუნქცია, რომელიც ნამდვილად უნდა ჰქონდეს, და ადამიანები ცდილობენ მედიასივრცეში არსებული სიცარიელე შეავსონ. ფაქტია, რომ სოციალური საკითხები ძალიან აქტუალურია სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე, ცალკეულ ბლოგებზე. ასე რომ, არგუმენტი, თითქოს საზოგადოების მხრიდან ამგვარი დაკვეთა არ არსებობდეს, არა მგონია სწორი იყოს.
ნინო დანელია: 2009 წელს ჩატარდა კვლევა, სადაც პირდაპირ იყო გაზომილი აუდიტორიისა და მედიის ურთიერთობა. ქართველი მაყურებლის, მსმენელისა და მკითხველის გადამწყვეტმა უმრავლესობამ ქართულ მედიაში ყველაზე მეტად სოციალური საკითხები მოისაკლისა. ისე მოხდა, რომ თითქოს ადამიანი მოშორდა ახალი ამბების სფეროს. კვლევამ, პირიქით, სწორედ ის წარმოაჩინა, რომ აუდიტორიას სოციალური თემატიკა ძალიან აინტერესებს. ეს ასეც უნდა იყოს. წარმოუდგენელია ადამიანს არ აინტერესებდეს ინფორმაცია და მსჯელობა, რომელიც უშუალოდ მას და მის გარშემო მყოფ ადამიანებს შეეხება.
დავით პაიჭაძე: რადგან ეს საკითხი არ მისწავლია და არ მიკვლევია, ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი, რომ ქართული მედია უმცირესობების თემას არ აშუქებს. ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს, მე მწერალი ვარ და არა მკითხველი. აქ ის ჟურნალისტები ვსხედვართ, რომლებიც ხანდახან მაინც ვაშუქებთ ხოლმე ამგვარ თემებს. სხვებიც ალბათ აშუქებენ, მაგრამ - სხვა სტანდარტებით. შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ გაშუქებად ნამდვილად ჩაითვლება ის, რასაც ისინი აკეთებენ. აქ ერთი პრობლემა დგას. როდესაც უმცირესობებს ვაშუქებთ, მათ კი არ ვალაპარაკებთ, ჩვენ ვსაუბრობთ მათზე. თვითონ უმცირესობების წარმომადგენლები მედიაში, მართლაც, იშვიათად ჩანან. ეს ნამდვილად ასეა. საკუთარ თავზეც შემიძლია იგივე ვთქვა. მეორე წელია საზოგადობრივ მაუწყებელზე გადაცემა მიმყავს და მხოლოდ ერთხელ მყავდა მოწვეული აგიტ მირზოევი. უმცირესობებზე სხვა დროსაც გვილაპარაკია, მაგრამ უმცირესობა მხოლოდ აგიტს წარმოუდგენია. ამ ბრალს მარტო ჟურნალისტებს ვერ ავკიდებთ. აქ არის ენის ცოდნის პრობლემაც. ამის გამო რაღაც რიდიც არსებობს თავად უმცირესობების მხრიდან, რომ ქართულად კარგად ვერ ისაუბრებენ, რაც მე სულაც არ მიმაჩნია პრობლემად, - ისაუბრონ ისე, როგორც შეუძლიათ. კიდევ ერთი ნაკლი ინფორმაციის ფრაგმენტულობა და დამსხვრეულობაა. ვგულისხმობ იმას, რომ ვისაც რა მოაფრინდება თავში, იმის მიხედვით აშუქებს. არ არის სისტემური გააზრება, თანმიმდევრული წვდომა უმცირესობათა საკითხებისა. რომელიმე უმცირესობაზე პროეცირება სპონტანურად ხდება, კაცმა არ იცის, რის გამო, და არასდროს არ არის თანმიმდევრული, გააზრებული სარედაქციო პოლიტიკის შედეგი. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. აქ არ ვგულისხმობ გამოხატულად ქსენოფობიურ გაზეთებს, რომელთაც ასეთი გეზი აქვთ. მარტო სათაურებზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ისინი ძველ გზას არ აგდებენ. ამგვარ პრესას საერთოდ არ ვკითხულობ. რაც შეეხება სხვა გაზეთებს, რომელთაც არა აქვთ გამოხატულად შავრაზმული მიმართულება, ამავე დროს უმცირესობათა მიმართ არც გააზრებული სარედაქციო პოლიტიკა გააჩნიათ. აქ ნამდვილად ცალკე გამოვყოფდი ჟურნალ „ლიბერალს“.
ოლესია ვართანიანი: ჩემი მოსაზრებები გარკვეულწილად ემთხვევა იმას, რაც აქ უკვე ითქვა. პირველ ყოვლისა მე ცალ-ცალკე გამოვყოფდი ბეჭდვით მედიას და ტელევიზიას. იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა ტენდენციები ჩანს ტელე და ბეჭდურ მედიაში. „მწერალ“ მედიას მივაკუთვნებდი ინტერნეტბლოგებს და სოციალურ ქსელებსაც. ტელევიზიაში ნამდვილად უფრო სპონტანურია უმცირესობების თემების გაშუქება და უკავშირდება რიამე კრიმინალურ დანაშაულს, რომელიმე ჩინოვნიკის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში სტუმრობას ან რელიგიურ დღესასწაულს. სხვა შემთხვევებში უმცირესობების წარმომადგენლებზე ტელემედია საერთოდ არ საუბრობს. თუ ბეჭდურ მედიას გადავხედავთ, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში შევხვდებით პრობლემების ადეკვატურ გაშუქებას, ბეჭდური მედია სავსეა ქსენოფობიური მასალებით უმცირესობების შესახებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამგვარი სტატიები მუდმივად ჩნდება ქართულ გაზეთებში, სულ მიჩნდება შეკითხვა, ნუთუ არავინ არ კითხულობს მათ?
იმას, რომ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები თანმიმდევრულად არ შუქდება, სხვა მიზეზებიც აქვს. ამ თემებში უფრო კარგად ვერკვევი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პრაქტიკული სირთულეებიც არსებობს. ვთქვათ, მე ვარ ჟურნალისტი და მსურს, რეგულარულად გავაშუქო ის, რაც ჯავახეთში ხდება. ეს რომ გავაკეთო, პირველწყაროსთან კონტაქტი მჭირდება, ანუ რეგულარულად უნდა ვიარო ჯავახეთში, მქონდეს ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენს რეალობაში ეს ძალიან ძნელია. აქ მხოლოდ ენის პრობლემა კი არ დგას, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი ფინანსურად საკმაოდ ძვირი ჯდება. ჟურნალისტები ნამდვილად აწყდებიან ამ პრობლემას.
ნინო დანელია: ამ შემთხვევაში ალბათ ერთადერთი გამოსავალი რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებთან თანამშრომლობაა.
ოლისია ვართანიანი
ოლესია ვართანიანი: მეც მიმაჩნია, რომ იმ გამოცემებს, რომელთაც უმცირესობებთან დაკავშირებით გააზრებული პოლიტიკა აქვთ, ძალიან წაადგებოდათ ამგვარი თანამშრომლობა. უბრალოდ, ვიღაცამ უნდა დაიწყოს ამ თემებზე მუშაობა. რედაქციებმაც ზუსტად უნდა იცოდნენ, რა უნდათ - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე ცვლილებების აღწერა, სახელმწიფო ენის შესასწავლად ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ხარჯვის ანალიზი, თუ იმის თქმა, რომ უმადური აზერბაიჯანელები სახელმწიფო ენას არ სწავლობენ.
ნინო ჯაფიაშვილი: მთავარი ხაფანგი, როდესაც უმცირესობებზე ვწერთ, ალბათ ისაა, რომ ამ დროს თავისთავად იგულისხმება თითქოს პრობლემატურ, არასრულფასოვან, დაჩაგრულ ჯგუფზეა საუბარი. ჩემი აზრით, სწორედ აქ იმალება ყველაზე დიდი საფრთხე. „ლიბერალი“ მუდმივად წერს ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ უმცირესობებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. როდესაც ამგვარ მასალას ვგეგმავთ ან უკვე მზა სტატიას ვუწევთ რედაქტირებას, ვმსჯელობთ იმაზე, დავწეროთ თუ არა, რომ ეს სომეხი ეროვნების ოჯახია ანდა, მნიშვნელოვანია თუ არა მოცემულ კონტექსტში იმის აღნიშვნა, რომ ვიღაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, ან ფიზიკური შეზღუდვები აქვს. ხშირად უმცირესობებზე საუბარი უნდათ, მაგრამ თავად ეს მასალები იქცევა ხოლმე სტიგმატიზაციის წყაროდ, რადგან აქცენტი სწორედ მათ განსხვავებულობაზე კეთდება. ვფიქრობ, ამ ადამიანებზე ისევე უნდა ვწეროთ, როგორც ყველა დანარჩენზე. ეს არის „ლიბერალის“ რედაქციის საფიქრალი, როცა უმცირესობების შესახებ ვწერთ.
დავით პაიჭაძე
დავით პაიჭაძე: მაშინ გამოდის, რომ ამ თემებზე დუმილია ყველაზე კარგი გამოსავალი. თუკი არ შუქდება მოქალაქეების სოციალური პრობლემები და არც უმცირესობები, გამოდის, რომ დუმილში ისინი თანასწორები არიან.
ნინო ჯაფიაშვილი: მთავარი გამოწვევაა სწორედ ისაა, რომ ამ ჯგუფებზე ვისაუბროთ სწორედ ისე, როგორც თანასწორებზე. დაფიქრება სჭირდება იმას, როგორ უნდა ისაუბრო მათზე ისე, რომ უფრო მეტად არ მოახდინო მათი მარგინალიზაცია.
დავით პაიჭაძე: გააჩნია, რა პრობლემაზე საუბრობ. თუკი სიუჟეტი იმაზეა, რომ, ვთქვათ, მირზა-შაფის ქუჩიდან ოჯახები აყარეს, არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ იქ - შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე ყოფილიყო. არა მგონია, „ლიბერალს“ უჭირდეს სწორი ფორმულირება.
ნინო ჯაფიაშვილი: არ უჭირს სწორედ იმიტომ, რომ ამ საკითხებზე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ. მაგალითად, ჯავახეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მათ განსაკუთრებული პრობლემები სწორედ იმიტომ აქვთ, რომ ეთნიკური უმცირესობა არიან. არადა, მათ აქვთ აბსოლუტურად ტიპური პრობლემები, ყველა სხვა რეგიონების მოქალაქეების მსგავსი. ჟურნალისტები ხშირად არ უფიქრდებიან ამგვარ საკითხებს.
ნინო დანელია: ეკამ ძალიან კარგი სიტყვა ახსენა - მრავალფეროვნება, ნაცვლად უმცირესობებისა. მედიამრავალფეროვნების ინსტიტუტს შემუშავებული აქვს მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომელთა გათვალისწინებაც იქამდე მიგვიყვანს, რომ ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია: უმცირესობებზე საუბრის დროს არ არის აუცილებელი მათი კუთვნილების აღნიშვნა. მეორე მხრივ კი, როდესაც პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზეა საუბარი, უნდა ეცადო, რომ აქ აუცილებლად ჩართო ქალი, ეთნიკური და სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. საუბარია ზოგად თემებზე, იმაზე, რაზედაც მედია ყოველდღიურად საუბრობს. ეს ადამიანები უფრო ხილვადი უნდა გახდნენ საზოგადოებისთვის. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ჩვენ ყველას გვაწუხებს რაღაც პრობლემები და ეს ქვეყანა სწორედაც რომ მრავალფეროვანია.
დავით პაიჭაძე: ჩვენს მედიაში უმცირესობებზე საუბარი უფროა, ვიდრე თვითონ უმცირესობების ხმა ისმის. ეს იმის გამოც ხდება, რომ ჟურნალისტი ეძებს რაღაც კოლიზიას, სიახლეს, კონფლიქტს. ეს კონფლიქტები ხშირად არ იჩენს თავს და ჟურნალისტებს უმცირესობების ყოფა ესახებათ ჩვეულებრივ რუტინად. ჟურნალისტის თვალი კი გამეცადინებულია ზედაპირულად თვალშისაცემი მოვლენების შემჩნევაზე. შეიძლება პრეზიდენტი ჩავიდეს ახალქალაქში, სომხურად მიესალმოს მოსახლეობას და ამას აუცილებლად გააშუქებენ, ან რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში, შეიძლება, ვიღაცას თავ-პირი დაამტვრიონ და ამას აუცილებლად აჩვენებენ. მაგრამ თუკი ეს ხალხი რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს, ჟურნალისტმა. უბრალოდ, არ იცის, რა გააშუქოს.
თუმცა გარდა ამისა არსებობს გარკვეული ტაბუებიც. მაგალითად, ტელემედიას არ გაუშუქებია ქვემო ქართლში მეჩეთის დანგრევის ფაქტი, არც ნორაშენის ეკლესიასთან დაკავშირებული სკანდალი...
ნინო დანელია: საქართველოში ნამდვილად არსებობს უმრავლესობის ტირანია, - ეს ჩვეულებრივი მეცნიერული ტერმინია. საზოგადოებრივი აზრის მკვლევარებს უყვართ ხოლმე ამის აღნიშვნა. ძალიან კომფორტულია, როდესაც შენს მხარეს საზოგადოებაა და მისი რიტორიკის ნაწილი ხარ. კომფორტულია იმავე ემოციით ისაუბრო, როგორითაც საზოგადოების უმრავლესობა საუბრობს.
ნინო ჯაფიაშვილი: მართლაც, ხშირად პრობლემად იქცევა ჟურნალისტების იდენტურობა უმრავლესობის აზრთან. ჟურნალისტები შეცდომებს უმეტესად იმიტომ უშვებენ, რომ არ ფიქრობენ, არ აანალიზებენ ბევრ რამეს. თუ თვითონ არიან მართლმადიდებლები, გულწრფელები არიან, როცა წერენ როგორც მართლმადიდებლობის დამცველები და არა როგორც ჟურნალისტები. ეს იმასაც ეხება, როგორ ვწერთ ჩვენ აფზახებსა და ოსებზე, რუსებზე. ჟურნალისტის იდენტობა იმდენად წინ მოიწევს, რომ ვეღარ ხარ ობიექტური და მოუკერძოებელი.
ნინო დანელია: ყოველთვის არ ხდება ასე. მაგალითად, „ლიბერალის“ სტატიები, რომლებიც უმცირესობებს შეეხებოდა, ჩემთვის ახალი იყო. გავიგე, როგორ ცხოვრობენ ბოშები, გავიგე ახალი ამბავი ადამიანებზე, რომლებიც მცხეთასთან ჯვარს აშენებენ. ამ სტატიებში არ იყო სკანდალზე საუბარი. ეს იყო სწორედ ახალი ამბავი, რომელიც გავიგე. თანაც ტონალობაც შესაბამისი გახლდათ. თუ მოვინდომებთ, შეიძლება უმცირესობებზე კარგად წერა.
ნინო ჯაფიაშვილი: ის, რომ უმცირესობებზე, მათ პრობლემებზე ვსაუბრობთ, თავისთავად იწვევს ამ ადამიანების გარიყვას. შეიძლება მოვძებნოთ კუთხე და ვისაუბროთ უმრავლესობის შიშებზე. საზოგადოება გულწრფელია თავის შიშში უმცირესობის მიმართ. რაღაც საფრთხეს ხედავს, რომლის მიზეზებიც არ იცის, რაღაცას ისე მიიჩნევს საფრთხედ, რომ ვერ ხვდება, რატომ არის ის საფრთხე, ან არის თუ არა საერთოდ საფრთხე. შესაძლებელია ამ კუთხით წერაც. მე რომ სადმე მიმიწვიონ და ასე წარმადგინონ: „ჩვენთან იმყოფება უმცირესობისწევრი ნინო ჯაფიაშვილიო“, ნამდვილად დისკომფორტს ვიგრძნობ.
ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი: განსხვავებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ამის შედეგად კარგი ან ცუდი ხარ. პრობლემა თავისთავად ჯგუფისადმი კუთვნილება არ შეიძლება იყოს. ჩემი კანის ფერი არ არის პრობლემა, პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულება კანის ფერის მიმართ. იმასაც ამბობენ, რა საჭიროა გამოიყოს ქალთა უფლებები, როცა არის ადამიანის უფლებები? მაგრამ არსებობს რაღაც სპეციფიკა, რომელსაც სრულად ვერ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა კონვენცია. არსებობს სპეციფიკური საჭიროებები, ამა თუ იმ ჯგუფისთვის დამახასიათებელი, რომელთა გათვალისწინება ზოგად დისკურსში ვერ მოხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ მედიაში არ დაიკარგოს მრავალფეროვნება, არ უნდა დაიკარგონ ეს ადამიანები. მაგალითად, ტრანსგენდერები ნამდვილად არსებობენ და ამ ადამიანების არშემჩნევა, უბრალოდ, დანაშაულია. ასეთი უამრავი ადამიანია ჩვენთან. თუკი ადამიანი არქიტექტორია და საუბრობს არქიტექტურაზე, არ არის აუცილებელი აღინიშნოს მისი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ, როცა მარტო ამ კუთხით ინტერესდება მედია, არ არის სწორი. ეს ძირითადად მაინც განათლების საკითხია. დიდი ხანია ვსწავლობ სექსუალური უმცირესობების თემას მედიაში. მათ ადრე ან ნეიტრალურად, ან ნეგატიურად აშუქებდნენ. ნეიტრალურნი იმ შემთხვევაში იყვნენ, თუ უცხოელებზე წერდნენ, ნეგატიური კი მაშინ - თუ შინაურებს ეხებოდნენ. დღეს ასეთი სურათია: მკვეთრი პოლარიზაცია მოხდა. ჟურნალისტებს აქვთ ან მკვეთრად ნეგატიური, ან მკვეთრად პოზიტიური დამოკიდებულება. ის მედიაც კი, რომელიც ცდილობს ამ ჯგუფზე ისაუბროს, ადამიანს როგორც სათამაშოს, ისე აღიქვამს. ასეთებისთვის გეი ბოათი მორთული მამაკაცია. ერთი ამტკიცებს, რომ ლამაზია ეს მამაკაცი, მეორე ამბობს - საზიზღარიაო. ადამიანს კი ამ ბოათი მორთულ მამაკაცში ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვერ ხედავს.
2003 წლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მოდის ტოლერანტული და იმისგან ნამდვილად განსხვავებული რიტორიკა, რაც მანამდე იყო. ანუ, ქვეყნის მმართველობის რიტორიკა და, გარკვეულწილად, ქმედებებიც შეიცვალა. რაღაც ნაბიჯები თუნდაც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში გადაიდგა. აისახა თუ არა ეს მედიაზე?
ნინო ჯაფიაშვილი
ნინო დანელია: მგონი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ხელისუფლება გულწრფელია. ის ადამიანები, რომელთაგანაც ტოლერანტული რიტორიკა მოდის, მართლა ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ისინი მართლა ცდილობენ ამის გაკეთებას. გახსოვთ ალბათ, ყველა არჩევნების მერე ამგვარი ბრალდება ისმის, რომ კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები მხარს უჭერენ ხელისუფლებას. ჩატარდა კვლევა და გაირკვა, რომ, მაგალითად, მარნეულში არავინ ჩასულა ოპოზიციიდან, იქ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები დადიოდნენ და მხოლოდ ისინი ესაუბრებოდნენ მარნეულელებს; იქაური მოსახლეობა მარტო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარებს იცნობდა და ა. შ. ყველა პოლიტიკოსი რაღაცას აკეთებს ხმებისთვის და, თუკი შენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო ხმები, მაშინ ეს ადამიანებიც მნიშვნელოვანნი იქნებიან.
დავით პაიჭაძე: მოდი, გავიხსენოთ, რას აკეთებდა მედია შევარდნაძის დროს, როცა ხელისუფლება არ ცდილობდა ტოლერანტობის გამოჩენას და, პირიქით, წაახალისებდა და მფარველობდა სხვადასხვა მადისკრიმინირებელ ჯგუფებს. მედია ხელისუფლებასთან ამ კუთხით სრულ ჰარმონიაში იყო. ახლა, როცა ხელისუფლებაც შეიცვალა და მიდგომებიც, მედიის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჰარმონიაში იყო შევარდნაძის ხელისუფლებასთან, ეს შვებად იქცა - შენ, თუ გინდა ოპოზიციური და კრიტიკული იყო, გეძლევა საშუალება გამოავლინო შენი კულტურული წინააღმდეგობა ხელისუფლების მიდგომებისადმი. ისინი - დაწყებული უაღრესად შავრაზმული მედიით და გულწრფელი მედიით დამთავრებული - ამ არატოლერანტულ და მადისკიმინირებელ სულისკვეთებას სხვადასხვა სიმძაფრით, მაგრამ თანაბარი სიამოვნებით ავლენენ, იმიტომ, რომ ეს არის გამოხატულება ხელისუფლებისადმი კრიჭაში დგომისა. თანაც საკუთარ ფუნქციას, იმას, რომ პრესა კრიტიკული უნდა იყოს, ასევე ერგებიან. ამრიგად, ხელისუფლების რიტორიკამ მათზე იმოქმედა, მათ მისცა გასაქანი და მათივე თვალში ფუნქციის გააზრების, ანუ არატოლერანტული პათოსის, ლეგიტიმაცია მოახდინა. დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებს ზოგნი მოდერნიზაციულს ვუწოდებთ, ზოგნი დამანგრეველსა და იდენტობის წამშლელს ეძახიან. ეს უკანასკნელნი იდენტობის, ქართველობის დასაცავად სწორედ არატოლერანტული პოზიციიდან იბრძვიან. პრესას ამის გამო არავინ ერჩის. რაც ჩემთვის ნიშანია ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა.
ეკა აღდგომელაშვილი: ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ იმავეს ვერ ვიტყვით ტელემედიაზე. ავად თუ კარგად, ბეჭდვითი მედია საუბრობს რაღაც საკითხებზე, ტელევიზიაში კი ბევრი თემა ტაბუდადებულია. პრესა ჩვენს ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, რადგანაც ნაკლები გავლენის სფერო აქვს. ტელევიზია კი ნამდვილად კონტროლდება.
თუკი მედიის მთელ სპექტრს გადავხედავთ, განსაკუთრებით დიდტირაჟიან გაზეთებს, ძალიან მძიმე სურათი იხატება - მათი უმრავლესობა სწორედ ქსენოფობიას უწევს პროპაგანდას. ეს ნაკლებად, მაგრამ მაინც შეეხება ტელემედიასაც მაგალითად, როდესაც ჯიჯი რეჯინს იმედის ეთერში ჰკითხეს, რცხვენოდა თუ არა საკუთარი სომხური წამომავ-ლობის, მისი პასუხი იყო „დიახ“. მერეც დიდხანს უჭირდა გაეგო, რომ აქ მის ღირსებას შეეხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნინო დანელია: უკანასკნელ მაგალითს გავიხსენებ. ამას წინათ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში წამყვანი ჯაბა ქარსელაძეს ჩააცივდა - გინდა თუ არა მითხარი, ბიჭთან გქონდა რომანი თუ გოგოსთანო. აქ ორი პრობლემა დგება - პირველი ის, რომ ჟურნალისტი უხეშად იჭრება ადამიანის პირად სივრცეში და სულში ხელს უფათურებს, რისი უფლებაც არა აქვს, და მეორე - ეს ტიპური შემთხვევაა, რაზედაც თავად მედიამ უნდა იმსჯელოს. ჩვენ, ჟურნალისტებმა, თუ არ დავიწყეთ ასეთ შემთხვევებზე წერა, ამას სხვა არ გააკეთებს. როცა თავად მედია არღვევს ადამიანის უფლებებს, სწორედ მედიის რეაქციაა ძალიან მნიშვნელოვანი.
რა საშუალები გვაქვს ჟურნალისტებს იმისთვის, რომ ეთიკის ნორმების დარღვევა გავაპროტესტოთ?
ნინო დანელია: ჯერჯერობით მუშაობს მედიაეთიკის საბჭო „ქარტია“. მას არა აქვს უფლება საჩივარი მიიღოს ან განიხილოს იმ შემთხვევაში, როცა დამრღვევი ამ საბჭოს წევრი არ არის. „ქარტიამ“ რამდენიმე საკითხი უკვე განიხილა, მაგრამ ამ კუთხით რეაგირების ჩემოყალიბებული მექანიზმები არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, იქნებ სახალხო დამცველთან შეიქმნას მედიაომბუდსმენის შტატი. ამაზე გიორგი ტუღუშთან გვისაუბრია და ის არ არის წინააღმდეგი.
როგორ წარმოგიდგენიათ, რა ფუნქცია ექნება ამგვარ სტრუქტურას? რას გააკეთებს ის?
ნინო დანელია: დაახლოებით ისეთივე, როგორიც სახალხო დამცველის ანგარიშებს აქვს. ცხადია, მხოლოდ რეკომენდაციის ფორმა ექნება.
საქართველოში კრიმინალიზებული არ არის „სიძულვილის ენა“. როგორ ფიქრობთ, ღირს საკითხზე დისკუსიის დაწყება? სხვა რა შეიძლება დავუპირისპიროთ იმ სიძულვილის ნაკადს, რომელიც გაზეთებიდან მოედინება? თუ ამ გაზეთების დიდ ტირაჟებს გავითვალისწინებთ, ეს სერიოზული საფრთხე უნდა იყოს.
ნინო დანელია: ამ საკითხზე არ მიმუშავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველო, სადაც ჯერ კიდევ დაუცველია სიტყვის თავისუფლება, მედიის კანონმდებლობით რეგულაცია სარისკოა. ჩვენ შეიძლება კარგი მიზნები გვქონდეს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ მივიღოთ. ვფიქრობ, ამგვარ სიტუაციაში გამოსავალია ამ თემებზე მუდმივად საუბარი. მე მაქსიმალური ჩართულობის მომხრე ვარ; იზოლირებულად, სისხლის სამართლის კანონმდებლობით მედიის რეგულაცია საშიშია.
ეკა აღდგომელაშვილი: თავიდან მეც ვეწინააღმდეგებოდი სიძულვილის ენის კრიმინალიზებას, ის ჩემთვის ნამდვილად უკავშირდებოდა ცენზურას. ქვეყანაში, სადაც მედია არ არის ბოლომდე თავისუფალი და ქსენოფობიაც ყვავის, მართლაც არსებობს ის საფრთხეები, რაზეც ახლახან ითქვა. მეორე მხრივ, სხვაგვარად რომ შევხედოთ, კანონი „სიძულვილის ენის შესახებ“ მხოლოდ მედიას არ ეხება, იგი იმ საჯარო, სახელმწიფო მოხელეებსაც ეხება, რომლებიც ხშირად ხმარობენ ქსენოფობიურ გამოთქმებს და ამის გამო პასუხს არ აგებენ. ქსენოფობიის იმ დონიდან გამომდინარე, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, ვფიქრობ, კანონი ნამდვილად მისაღებია. მაგრამ კანონში უნდა ჩაიდოს მექანიზმები, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მედიასაშულებებს, ვის წინაშე უნდა იყვნენ ისინი პასუხისმგებლები. ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს ცალკეული აქტორების პასუხისმგებლობა.
მედეა იმერლიშვილი
ოლესია ვართანიანი: ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, სრულიად მიუღებელია რომელიმე უმცირესობის დასაცავად სიტყვის თავისუფლების რეგულირება. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ კანონში რაიმე პუნქტი ჟურნალისტის სისხლის სამართლით დასჯას ითვალისწინებდეს. საქართველოსთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, როცა მივიღეთ კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ. საქართველო იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვში შედის, არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაშიც კი, სადაც ჟურნალისტებს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ სჯიან. ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით უნივერსალურია. გეთანხმებით, რომ საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ჟურნალისტები არიან საზოგადოების ნაწილი, წერენ საზოგადოებისთვის და საზოგადოებაზე. ხანდახან მიჭირს ბრალი დავდო ჟურნალისტებს იმიტომ, რომ ისინი საზოგადოების განწყობებს ასახავენ. სპეციალური კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ რვა წელია საქართველოში ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ მედიაც და მთელი საზოგადოებაც წინ მიდის. მეჩვენება, რომ ჩვენი ჟურნალისტები უფრო და უფრო უკეთ აშუქებენ უმცირესობების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, პრობლემებს. ძნელად წამომიდგენია რვა წლის წინ კრიტიკული სტატია წამეკითხა იმაზე, რომ ვიღაცას პირდაპირ ეთერში ჰკითხეს, სომხური წარმომავლობის ხართო? რვა წლის წინ სრულიად წარმოუდგნელი იყო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანის ფოტო საუკეთესო ჟურნალის ყდაზე აღმოჩენილიყო. წინ მივდივართ და კანონმდებლობის გამკაცრება არ გვჭირდება.
დავით პაიჭაძე: თქვენ თქვით, რომ სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები. მე მეფიქრება, რომ სიძულივლის ენას და ქსენოფობიურ გამონათქვამებს ყველაზე ხშირად ჩვეულებრივი მოქალაქეები იყენებენ ყოველდღიურ საუბარში - მაგალითად, სოციალურ ქსელებში. ძალიან მაინტერესებს, როგორ დგას ეს საკითხი ევროპაში, სადაც სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, ინტერნეტშიც იკავებენ თავს ქსენოფობიური გამონათქვამებისგან? ნამდვილად ვიცი, რომ შეიძლება შეხვიდე ინტერნეტში და სრულიად თავზარდამცემი რაღაცები წაიკითხო ამ მხრივ. თუნდაც იმიტომ არა ვარ ამ კანონის მომხრე, რომ მიღებისთანავე აბსურდად იქცევა. იმდენი ადამიანის გასამართლება მოგვიწევს, რასაც სასამართლო სისტემა, უბრალოდ, ვერ აუვა.
ეკა აღდგომელაშვილი: წევრი სახელმწიფოებისთვის არსებობს ევროპის საბჭოს რეკომენდაცია „სიძულვილის გამოხატვის შესახებ“ და „მედიის და შემწყნარებლობის კულტურის შესახებ“. ეს არის ძალიან ფრთხილი რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რაოდენ მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და რაოდენ ფრთხილი უნდა იყოს სახელმწიფო, როცა ამ კანონზე დაიწყებს მუშობას. ეს არ გულისხმობს უბრალო აკრძალვას, ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამებს ჟურნალისტებისთვის, კანონზე მუშაობის პერიოდში ჟურნალისტების ჩართულობას და ა. შ. ევროპაში, სანამ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია მოხდებოდა, ამას ძალიან დიდი მუშაობა უძღოდა წინ. იქ დღეს შეიძლება არ არის აქტუალური ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის თემა, მაგრამ სხვაგვარი პრობლემები აქვთ. ქსენოფობია არ არის ისეთი რამ, რისი აღკვეთაც ერთი ხელის მოსმით შეიძლება. დღეს ევროპაში ისლამოფობიაა გავრცელებული. რაც შეეხება ზღვარს სიტყვის თავისუფლებასა და გარედან თავს მოხვეულ პოლიტკორექტულობას შორის, ის, მართლაც, ძნელი საპოვნელია. ამას ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად განსაზღვრავს, კანონი ყველა ქვეყანაში მორგებულია ადგილობრივ რეალობას.
ნინო ჯაფიაშვილი: აქ აღინიშნა, რომ სიძულვილის ენას მიმართავენ პოლიტიკოსები, უბრალო ადამიანები, მაგრამ ამის ტირაჟირებას მედია ახდენს და ამიტომ მისი პასუხისმგებლობა იზრდება. ჟურნალისტზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამგვარ გამონათქვამებზე. მეც მომწონს ჩვენი კანონი და წინააღმდეგი ვარ დამატებითი რეგულაციებისა. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ცოტა სხვანაირად უნდა მივუდგეთ - სასკოლო განათლებიდან დაწყებული, თავად ჟურნალისტების განათლებით დამთავრებული. ჟურნალისტები თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ასეთი ტიპის გამონათქვამების ტირაჟირება არ მოახდინონ. მაშინ მათ მიმართ ნდობა გაცილებით დიდი იქნება. თუკი გარე რეგულაციები იქნება შემოღებული, ამას ის ადამიანები, ვინც სიძულვილის ენას მიმართავენ, სიტყვის თავისუფლების შესაზღუდავად გამოიყენებენ.
მედეა იმერლიშვილი: ანუ უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, როდის ვიგრძნობთ ჟურნალისტები პასუხისმგებლობას? წეღან რომ ტელეგადაცემები ვახსენეთ, მათ ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავთ. ვიღაცამ უნდა უთხრას მაყურებელს, მსმენელსა და მკითხველს, რაც ხდება.
ნინო დანელია: ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემმა სტუდენტმა მითხრა, რომ დედამისმა, რომელიც „პროფილის“ მაყურებელია და ეს გადაცემა მოსწონს, უყურა გოგი გვახარიას „წითელ ზონას“, სადაც ნინია კაკაბაძე და ზვიად ქორიძე საუბრობდნენ ყვითელ პრესაზე, და სადაც აჩვენეს ის ცნობილი კადრები, როცა მაია ასათიანი ომში ტრავმირებულ ბავშვს აიძულებდა თავიდან გაეხსნებინა ომის დღეები. წამყვანმა ბავშვს თავიდან გაუცოცხლა ყველაფერი. მედიიდანვე, გოგი გვახარიას გადაცემიდან, გაიგო ჩემი სტუდენტის დედამ, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება. საზოგადოდ, ადამიანები რაღაცებს მექანიკურად უყურებენ, მაგრამ თუკი ავუხსნით, ხვდებიან რაშიც არის საქმე. რაც უფრო მეტი ისაუბრებს ამგვარ თემებზე, მით უკეთესი. ამიტომაც მგონია, რომ განათლებაა მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციიდან.
![]() |
7 ორიენტირი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 რამდენიმე მინიპორტრეტი ბალტიის ქვეყნების დისიდენტური მოძრაობიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიდონ საყვარელიძე
როგორც ცნობილია, ბალტიის რესპუბლიკები - ლატვია, ლიტვა და ესტონეთი - საბჭოთა კავშირსა და ჰიტლერულ გერმანიას შორის 1939 წლის აგვისტოში დადებული „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით“ ცნობილი საიდუმლო ხელშეკრულების შედეგად საბჭოთა კავშირს მიეკუთვნა, რასაც ამ უკანასკნელის მიერ 1940 წლის ივნისში ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია მოჰყვა. ესტონეთისა და ლატვიისაგან განსხვავებით ლიტვის პრეზიდენტი სმეტონა არ გადამდგარა და არც საბჭოთა კავშირისაგან მხარდაჭერილი ახალი მთავრობისათვის გადაუცია ხელისუფლება. ამ და სხვა მიზეზების გამო ლიტვის ვითარება განსხვავდებოდა ესტონეთსა და ლატვიაში არსებული ვითარებისაგან, რასაც განაპირობებდა, ერთი მხრივ, როგორც ნაციონალური ისე რელიგიური თვალსაზრისით კომპაქტური მოსახლეობა (ლიტველები, რომელთა უმრავლესობა კათოლიკეა, მოსახლეობის 80%25-ზე მეტს შეადგენენ), მეორე მხრივ კი, კათოლიკური ეკლესიის სიძლიერე და მისი პოლიტიკური აქტიურობა. ხელისუფლებისგან ეკლესიის გარკვეულ დამოუკიდებლობას ისიც უწყობდა ხელს, რომ მის მეთაურს - რომის პაპს - რეზიდენცია სხვა ქვეყანაში ჰქონდა. რა თქმა უნდა, ერთ წერილში შეუძლებელია ბალტიის სამივე ქვეყანაში არსებული დისიდენტური მოძრაობის აღწერა, ამიტომ ძირითადად ლიტვურ დისიდენტურ მოძრაობაზე და მის წარმომადგენლებზე ვისაუბრებთ, როგორც ბალტის ქვეყნებში ამ მოძრაობის ლიდერზე. თუმცა ბალტიის სხვა რესპუბლიკებში არსებულ ვითარებასაც შევეხებით.
შესაძლო წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით ბალტიის სამივე ქვეყანაში რეპრესიები ახალი რეჟიმის დამყარების პირველივე დღეებიდან დაიწყო. ეს კარგად ჩანს ლიტვის მაგალითზე. ამ ქვეყანაში ინტელიგენციის ნაღები ოკუპაციის პირველივე დღეებში დააპატიმრეს, სხვები (36 000 ადამიანი) გადაასახლეს. 1944 წელს საბჭოთა ჯარების მოახლოების გამო ემიგრაციაში წავიდა 60 000 კაცი, ძირითადად ინტელიგენციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები. შემდგომ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბალტიის სამივე რესპუბლიკაში მძლავრი პარტიზანული მოძრაობა გაიშალა, რომელსაც „ტყის ძმების“ სახელით ცნობილი შეიარაღებული ჯგუფები აწარმოებდნენ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით მწვავედ 1944-1947 წლებში ლიტვაში მიმდინარეობდა. პარტიზანების წინააღმდეგობის საბოლოო ჩახშობა 50-იანი წლების შუახანებში მოხდა. ამ ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმთან შეიარაღებული პარტიზანული დაპირისპირების დროს 50 000 კაცი დაიღუპა, ზოგი უშუალო საბრძოლო შეტაკებებისას, ზოგი დახვრიტეს, ამდენივეს 25-25 წელი მიუსაჯეს. 350 000 ათასი ადამიანი კი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში გადაასახლეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მართლაც შემაძრწუნებელი ციფრებია! ვფიქრობ, ეს მონაცემები საკმარისი არგუმენტია იმ მოარული მოსაზრების გასაქარწყლებლად, თითქოს ბალტიის ქვეყნებმა დამოუკიდებლობას მხოლოდ ცივი გონებისა და ანგარიშიანობის წყალობით მიაღწიეს.
ბალტიის ქვეყნების საბჭოთა ბანაკებში ჩამოყალიბდა ლიტველი პოლიტიკური პატიმარდისიდენტის ტიპი, რომელიც არ ცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას და, აქედან გამომდინარე, არც მათ კანონებს, ამიტომ მისთვის, იარაღით ხელში ბრძოლას მიჩვეული ყოფილი პარტიზანისთვის, რაღაც ქაღალდების წერა და საბჭოთა პროკურორებთან ჩივილი არა მხოლოდ სრული უაზრობა იყო, არამედ ღირსების შეუფერებელ საქციელადაც ითვლებოდა.
მინიპორტრეტი N1 - პიატრას პაულაიტისი
ლიტველ დისიდენტ პატიმრებს შორის გამოირჩეოდა პიატრას პაულაიტისი. ის რომსა და ლისაბონში ღვთისმეტყველებასა და იურისპრუდენციას სწავლობდა, იყო ფილოსოფიის დოქტორი. 1935-39 წლებში ვენაში მუშაობდა ლიტვის საელჩოში. ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ლიტვაში დაბრუნდა. გერმანული ოკუპაციის დროს ქალაქ იურბარკასში ლათინურ ენას ასწავლიდა. 1942 წლის 16 თებერვალს, ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს, მისმა მოსწავლეებმა გესტაპოს შენობაზე დამოუკიდებელი ლიტვის დროშა აღმართეს. პიატრასი გესტაპომ დააპატიმრა და კაუნასში გადაიყვანა, მაგრამ გაიქცა. 1944 წელს, საბჭოთა ჯარების შემოსვლისთანავე, პაულაიტისი საკუთარ მოსწავლეებთან ერთად „ლიტვის თავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირის“ წევრი გახდა და კავშირის გაზეთს - „თავისუფლებისკენ“ - რედაქტორობდა. 1946 წელს სამხედრო ტრიბუნალმა მას 25 წელი მიუსაჯა. 1956 წელს საქმეს გადახედეს და ის გაათავისუფლეს. მერე ცეცხლფარეშად მუშაობდა საკონსერვო ქარხანაში. შემდგომში, 1957 წელს, კაუნასის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა შორის „ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის“ კვლავ გაასამართლეს და ისევ 25 წელი მიუსაჯეს. პაულაიტისი 1983 წლის 12 აპრილს გათავისუფლდა, 79 წლის ასაკში, კგბ-ს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, რომელმაც მას მემუარების წერაც კი აუკრძალა. სიცოცხლის 6 წელი იატაკქვეშეთში დაჰყო, 35 (sic!!!) კი პატიმრობაში. ის 1986 წელს გარდაიცვალა, მისი დაკრძალვა კი ანტისაბჭოთა დემონსტრაციად გადიქცა.
მცირე ხნით სტალინის სიკვდილის შემდგომ პერიოდს დავუბრუნდეთ, როდესაც ე.წ. „ხრუშჩოვის დათბობამ“ სისტემის ლიბერალიზაციის იმედი გააჩინა. ლიტვის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში ეთნიკური რუსები არარუსი წევრებით შეიცვალა. ასე გაჩნდა ლიტვური პარტიული ნომენკლატურა, რომელიც მზრუნველობას იჩენდა თავისი ქვეყნის კულტურის მიმართ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლიტვის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სნეჩკუსი, რომელიც ამ პოსტზე 1974 წლამდე იმყოფებოდა და ნაციონალურად ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებდა. ამ თაობამ შექმნა ღირებული მხატვრული ნაწარმოებები და სამეცნიერო შრომები. ტექნიკური პროგრესიც ასევე რესპუბლიკის სამსახურში ჩადგა. ამის ყველაზე ნათელი დემონსტრირება იყო რესპუბლიკის გზები, რომლებიც უკვე მაშინ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. მომავალში სწორედ ეს თაობა გახდება ის ძალა, რომელიც სათავეში ჩაუდგება ნაციონალურ აღორძინებას. „პრაღის გაზაფხულმა“ ახალი სული შთაბერა დისიდენტურ მოძრაობას. ლიტვის რეაქცია საბჭოთა ტანკების პრაღაში გამოჩენაზე 1972 წლის კაუნასის მოვლენებში გამომჟღავნდა.
მინიპორტრეტი N2 - რომას კალანტა
რომას კალანტა ინტელიგენტური საბჭოთა ოჯახიდან იყო. რელიგიისადმი ინტერესი არასდროს გამოუჩენია, თუმცა ეროვნული დამოუკიდებლობა და თავისუფლება მისი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა. 1972 წლის 14 მაისს 19 წლის რომას კალანტა კაუნასის ცენტრში, მუსიკალურ თეატრთან არსებულ შადრევანთან მივიდა, რომელიც ახალგაზრდობის შეხვედრების პოპულარული ადგილი იყო. აქ მან სამლიტრიანი ქილიდან ბენზინი გადაისხა და ასანთი აანთო. კალანტა მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითდაწვის ადგილიდან შორიახლო მან მოკლე წერილი დატოვა: „ჩემს სიკვდილში დამნაშავე მხოლოდ პოლიტიკური სისტემაა“. დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრის თავიდან ასაცილებლად კგბ-ს მუშაკებმა კალანტა გამოცხადებულზე ორი საათით ადრე დაკრძალეს. მაშინ სახლთან შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფი ქალაქის ცენტრალური ქუჩისკენ - თავისუფლების პროსპექტისკენ - დაიძრა (უნდა ითქვას, რომ, მართალია, სსრკ-ში იყო ცალკეული ქალაქები, რომლის ცენტრალურ ქუჩას არ ერქვა ლენინის ან სხვა კომუნისტი ლიდერის სახელი, მაგრამ კაუნასი ლამის ერთადერთი ქალაქი იყო, რომლის ცენტრალურ ქუჩას კომუნისტებისთვის ასე საძულველი თავისუფლების სახელი ერქვა). გაისმოდა შეძახილება „ლიტვა“, „თავისუფლება“. 18 და 19 მაისს დემონსტრაციებში სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ძირითადად ახალგაზრდებმა. დემონსტრაციის ჩახშობაში მილიციელები, ე.წ. „დრუჟინნიკები“ და ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. პროტესტანტებს სცემდნენ, აკავებდნენ, აპატიმრებდნენ. ბევრი მათგანი ქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გადაიყვანეს და იქ დატოვეს. სულ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ოფიციალურმა ექსპერტიზამ კალანტა ფსიქიკურ ავადმყოფად მიიჩნია. შემდგომ კალანტა ვიტისის ჯვრის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. რომას კალანტა ლიტვის ეროვნული გმირია.
ამ პერიოდის სხვა დემონსტრაციები ძირითადად სპორტული ღონისძიებების შემდეგ იმპულსურად იწყებოდა. ასე იყო 1977 წლის ოქტომბერში, როდესაც ფეხბურთის მატჩის შემდეგ ახალგაზრდობა ქუჩებში გამოეფინა ლოზუნგებით: „ძირს ოკუპანტების კონსტიტუცია“, „რუსებო წაეთრიეთ აქედან“. არსებობს ვერსია, რომ ცნობილი ლოზუნგი - „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“, რომელიც არამარტო ბალტიის ქვეყნების უპირველესი ლოზუნგი გახდა, პირველად სწორედ ამ დემონსტრაციების დროს გაისმა. როგორც ამბობენ, მორიგ ანტირუსულ ლოზუნგს მოჰყვა პასუხი - „ჩვენც თქვენთან ერთად ვართ“, რამაც ზემონახსენები ლოზუნგის „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“ დაბადება გამოიწვია.
სპორტი, განსაკუთრებით კი კალათბურთი, შემდგომაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში. მძლავრი კალათბურთის გუნდი „ჟალგირისი“, რომლის სიამაყე იყო არვიდას საბონისი, საბჭოთა რუსეთის ყველაზე ავტორიტეტულ გუნდსა და იმ წლების უცვლელ ჩემპიონს არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის გუნდს (ცსკა) დაუპირისპირდა და არაერთხელ დაამარცხა. ამ გამარჯვებებს იდეოლოგიური სარჩულიც ქონდა, სწორედ არმიული კლუბის დამარცხება იყო ლიტველებისათვის ყველაზე სასურველი.
ლიტვის დისიდენტურ მოძრაობას ეროვნულ-რელიგიურ მოძრაობასაც უწოდებენ, რადგან მასში ნაციონალურ საკითხთან ერთად რელიგიურსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. კათოლიკური ეკლესიის უფლებებისათვის ბრძოლა ძირითადად იატაკქვეშა გამოცემის - „კათოლიკური ეკლესიის ქრონიკა“ - საშუალებით ხორციელდებოდა. 1972 წელს დაარსებული ამ ცნობილი სამიზდატური ჟურნალის მეშვეობით მსოფლიო საზოგადოებას მიეწოდებოდა ინფორმაცია ლიტველი კათოლიკეების უფლებების დარღვევის შესახებ. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ ვერცერთხელ ვერ შეძლო „კათოლიკური ეკლესიის ქრონიკის“ რედაქციის ადგილსამყოფელის დადგენა, თუმცა იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ქრონიკის გამავრცელებლებს სხვადასხვა ხნით პატიმრობა მიუსაჯეს.
1975 წელს ლიტვაში შედგა ცნობილი რუსი უფლებადამცავის სერგეი კოვალიოვის სასამართლო პროცესი, რომელსაც სხვა ბრალდებებთან ერთად „კათოლიკური ეკლესიის ქრონიკის“ ეგზემპლარების შენახვასაც სდებდნენ ბრალად, რაც გახდა კიდევაც პროცესის მოსკოვიდან ვილნიუსში გადატანის ფორმალური მიზეზი. თუმცა ეს ხელისუფლების სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა. ლიტველების დახმარებაში ბრალდებული რუსი უფლებადამცავის სასამართლო პროცესმა ბალტიელებზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც შემდგომ ძლიერ შეუწყო ხელი მოსკოველ უფლებადამცავებთან, განსაკუთრებით კი პროცესზე დასასწრებად ჩასულ ანდრეი სახაროვთან კონტაქტების გაღრმავებას.
დისიდენტური მოძრაობის სხვა ფორმა იყო უფლებადამცავი მოძრაობა ზოგადად.
ლიტვის ჰელსინკის ჯგუფი მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაფუძნებიდან 6 თვის შემდეგ შეიქმნა, რის შესახებაც 1976 წლის 26 ნოემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გაცხადდა. ჯგუფის დამფუძნებლები იყვნენ კათოლიკე მღვდელი კაროლის გარუცკასი, ლიბერალური ინტელიგენციის წარმომადგენლები - ტომას ვენცლოვა და ონა ლუკაუსკაიტე-პოშკენე, ფიზიკოსი ეიტან ფინკელშტეინი.
მინიპორტრეტი N3 - ტომას ვენცლოვა
ლიტველი მწერლის ანტანას ვენცლოვას შვილი, პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი დისიდენტი და უფლებადამცველი ტომას ვენცლოვა ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1977 წელს იგი სსრკ-დან გაასახლეს. ემიგრაციაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა იოსიფ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან. დღეს ის სლავური ენებისა და ლიტერატურის პროფესორია იელის უნივერსიტეტში (აშშ).
შემოქმედებითი დამსახურებებისათვის დაჯილდოებულია ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით: დიდი ლიტველი თავადის გიადიმანასის ორდენის კომანდორის ჯვრით, ვიტისის ჯვრის ორდენის ოფიცრის ჯვრით, ეროვნული პრემიით კულტურასა და ხელოვნებაში და სხვ.
ტომას ვენცლოვა არის ლიუბლინის მარია კიური-სკლადოვსკაიას უნივესიტეტის, კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის, ტორუნის კოპერნიკის უნივერსიტეტის და, სულ ბოლოს, 2010 წლის 1 ივნისიდან კაუნასის ვიტოვტ დიდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ვილნიუსში, იმ სახლში, სადაც გაიზარდა ტომას ვენცლოვა, მოქმედებს ვენცლოვების ოჯახის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
ცენტრალური ფიგურა ლიტვის ჰელსინკის კავშირში გახლდათ ლიტვის გათავისუფლების იდეით შეპყრობილი კათოლიკური მოძრაობის ძველი, აქტიური მონაწილე, ლიტვის ისტორიისა და კულტურის საუკეთესო მცოდნე ვიქტორას პიატკუსი. ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსებამდე პიატკუსი ორჯერ იხდიდა სასჯელს როგორც პოლიტპატიმარი. მან ბანაკებში სულ 16 წელი გაატარა. ჰელსინკის ჯგუფმა მოღვაწეობა კათოლიკური მოძრაობის მხარდაჭერით დაიწყო, თუმცა ის დაკავებული იყო აგრეთვე პრობლემებით, რომლებიც კათოლიკური და ნაციონალური მოძრაობების ფარგლებს სცილდებოდა. ჰელსინკის ჯგუფის დოკუმენტებში აისახებოდა ლიტვაში მცხოვრები გერმანელების დისკრიმინაცია, როგორც ლიტველების, ასევე არალიტველების ემიგრაციის უფლების დარღვევა, ყოფილი პოლიტპატიმრების მდგომარეობა არამარტო ლიტვაში, არამედ ესტონეთსა და ლატვიაშიც. 1977 წელს, როგორც ზემოთ ვთქვით, ტომას ვენცლოვას მოქალაქეობა ჩამოართვეს და აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს ვიქტორას პიატკუსი, 1979 წლის გაზაფხულზე ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა კაროლის გარუცკასი (პაპმა, იოანე პავლე II-მ, მას სიკვდილის წინ უკანასკნელი კურთხევა გამოუგზავნა). თუმცა ჯგუფი კათოლიკური და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებით შეივსო.
სხვადასხვა მიზეზის გამო დისიდენტური მოძრაობა ბალტიის დანარჩენ ორ ქვეყანაში უფრო სუსტი იყო, ვიდრე ლიტვაში. თითქოსდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით ამ ქვეყნების ერთდროული საბჭოთა ოკუპაცია მათი მომავალი თანამშრომლობის სტიმული უნდა გამხდარიყო, მაგრამ დისიდენტური მოძრაობის აშკარად გამოხატულმა კათოლიკურმა და ნაციონალურმა მიმართულებამ ლიტვაში ხელი შეუშალა ამ მოძრაობაში მეზობლების - არალიტველებისა და არაკათოლიკეების ჩაბმას. თუმცა ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის წმინდა უფლებადამცავი პოზიცია, რა თქმა უნდა, მიმზიდველი იყო მეზობელი ესტონეთისა და ლატვიის ეროვნული და სამოქალაქო წინააღმდეგობის წარმომადგენლებისათვის.
ოკუპაციისადმი ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის იდეამ ჯერ კიდევ 1962 წელს შვა იატაკქვეშა ორგანიზაცია „ბალტიური ფედერაცია“, თუმცა სახელმწოდება მხოლოდ ჩანაფიქრზე მიუთითებდა, რადგან ორგანიზაციაში მარტოოდენ ლატვიელები შედიოდნენ.
ვიქტორას პიატკუსმა დაპატიმრების წინ მუშაობა დაიწყო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ეროვნული მოძრაობების მთავარი კომიტეტის შესაქმნელად. 1979 წლის შემოდგომაზე ეს იდეა განხორციელდა ე.წ. 45-ის მიმართვით, რომელიც მოლოტოვრიბენტროპის პაქტის დადებიდან 40 წლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელდა.
მიმართვის ავტორები მოუწოდებდნენ საბჭოთა მთავრობას უარი ეთქვა იმ ტერიტორიულ მონაპოვრებზე, რომლებიც ამ პაქტის მეშვეობით განხორციელდა. მიმართვის ხელმომწერთა უმრავლესობა ლიტველი იყო, თუმცა მას ხელს აწერდა აგრეთვე ოთხი ესტონელი და ამდენივე ლატვიელი. ხელისუფლებამ ამ მიმართვას ჩხრეკებისა და დაკითხვების ტალღით უპასუხა. მიმართვის ხელმომწერი სამი ლიტველი და ორი ესტონელი დააპატიმრეს.
ამ მიმართვის მსგავსი იყო ასევე ღია წერილი საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს 21 ბალტიელი აწერდა. მიმართვის ავტორები მხარს უჭერდნენ გაეროს რეზოლუციას უცხო ქვეყნის ჯარების ავღანეთიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ. წერილში ნათქვამი იყო, რომ ბალტიის ქვეყნებს, ისევე როგორც ავღანეთს, დადებული ჰქონდათ ხელშეკრულებები საბჭოთა კავშირთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. სწორედ ამ ხელშეკრულებებზე უთითებდა კრემლი 1940 წელს, როდესაც საბჭოთა ჯარები ბალტიის ქვეყნებში შეიჭრნენ და მათი ოკუპაცია მოახდინეს. „ამიტომაც, - ნათქვამი იყო წერილში, - ესტონელმა, ლატვიელმა და ლიტველმა ხალხებმა კარგად იციან ამ მოქმედებების როგორც მიზანი, ისე შედეგი“.
ამ წერილს ლიტველების გარდა ერთი ლატვიელი და ორი ესტონელი აწერდა ხელს - მარტ ნიკლუსი და იური კუკი.
მინიპორტრეტი N4 - იური კუკი
ტარტუს უნივერსიტეტის თანამშრომელი, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი იური კუკი 1979 წლამდე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, შემდეგ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რის გამოც უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. ზემოთ ნახსენებ წერილზე ხელმოწერის გამო კუკი დააპატიმრეს. ხელისუფლების ჩანაფიქრი - კუკი სულით ავადმყოფად გამოეცხადებინათ, რათა ის ესტონური ინტელიგენციის განწყობების მატარებლად არ შერაცხულიყო - ვერ განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ესტონეთში ჩატარებულმა სამმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ კუკი ჯანმრთელად ცნო, ვერც მოსკოვის ავადსახსენებელი სერბსკის სახელობის ინსტიტუტის თეთრხალათიანმა ჯალათებმა გაბედეს სხვა დიაგნოზის დასმა. ხელისუფლებამ არ ისურვა ესტონურ ისტებლიშმენტთან წაკიდება და იური კუკს იმ დროისათვის საკმაოდ მსუბუქი განაჩენი - საბჭოთა ბანაკებში ორი წლით გამწესება გამოუტანა. თუმცა სულ მალე კუკი ბანაკში გარდაიცვალა. ამის მიზეზი იყო შიმშილობაგამოცხადებული კუკის იძულებითი კვება ელემენტური ნორმების დარღვევით, რომლის შესახებ შეუძლებელია არ სცოდნოდათ ამ ნორმების დამრღვევებს. როგორც ჩანს, პოლონეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ვიღაცამ ზემოთ ესტონელების დაშინება გადაწყვიტა.
ლიტვის ჰელსინკის ჯგუფი, ისევე როგორც უკრაინული, დაპატიმრებებით გაანადგურეს. 1981 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს სკუოდისი, სტატკიავიჩუსი, ვაიჩუნასი და იურიავიჩუსი. 1981 წლის 24 ნოემბერს კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა მღვდელი ლაურინავიჩიუსი, რომელმაც თავის დროზე ჰელსინკის ჯგუფში მღვდელი კაროლის გარუცკასი შეცვალა.
თუმცა ძალიან მალე ლიტვური საიუდისის და ესტონური სახალხო ფრონტის დრო დადგა. სისტემამ უკანასკნელად 1991 წელს ვილნიუსის ტელეცენტრზე მიტანილი იერიშით გაიბრძოლა, მაგრამ ეს უკვე აგონია იყო. ბალტიის რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და დღეს ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან.
![]() |
8 TOLERANCE |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 რელიგია, „პიროვნების კულტი“ და სეკულარული სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
„...განცვიფრდა მთელი მიწა და უკან გაედევნა მხეცს. თაყვანი სცეს გველეშაპს, რადგან მან ძალაუფლება მისცა მხეცს. თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“ მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი...“
აპოკალიფსი 13:3-5
ალექსანდრე მენი
ამ აზრმა მე ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გამაკვირვა, როცა წვრთნის დროს უბედური შემთხვევის შედეგად ჩემი თანაკლასელი გარდაიცვალა. ისინი, ვინც უკანასკნელ წუთებში მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ჰყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის წინ სტალინს მიმართავდა, რომელიც თითქოს მის წასაყვანად მოვიდა. ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, ეს ძალზე დამაფიქრებელი იყო: მანამდე ეს ბიჭი არ ამჟღავნებდა არავითარ „იდეურობას“ (როგორც ამას მაშინ ამბობდნენ). პირველად სწორედ იმ მომენტში გამიელვა აზრმა: „ეს ხომ რელიგიაა!“ მომაკვდავის სულში რაღაც უზენაესმა და წმინდამ მამის სახე მიიღო, რომლისადმი მადლიერების გამოხატვას მიჩვეული ვიყავით ბედნიერი ბავშვობის გამო. წლებთან ერთად ეს ჩემი ვარაუდი ღრმა დარწმუნებულობად იქცა, რომელიც უკვე მყარდებოდა უამრავი დაკვირვებით და, საბოლოოდ, დამეხმარა უზარმაზარი ისტორიული ტრაგედიის გააზრებაში, რომელიც ჩემი თაობის ახალგაზრდობის ფონად იყო ქცეული.
საკითხის გადაუდებლობა
დღეს, როცა ჩვენთან გამოფხიზლების მტკივნეული, მაგრამ სასარგებლო პროცესი იწყება, ხშირად ჩნდება შემდეგი შეკითხვა: როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? რამ წარმოშვა ისტორიის ეს ხანგრძლივი „პოლარული ღამე“, რომელიც იოსებ ბესარიონის ძე სტალინსა და მის თანამზრახველებს უკავშირდება? რამ აიძულა ისინი ასეთი სისასტიკით ეწარმოებინათ ომი საკუთარი ქვეყნის ერების წინააღმდეგ? და როგორ მოხდა, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ სახლში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოქმედებდა როგორც დამპყრობელი, შეეძლო ეთამაშა მიწიერი ღვთაების როლიც? (...)
ყველაზე უფრო არადამაჯერებლად და ზედაპირულად ჟღერს მითითებანი იოსებ ჯუღაშვილის ცუდ ხასიათზე. ძალაუფლებისმოყვარე და უპრინციპო ადამიანები, სადისტები და ინტრიგანები ყოველთვის და ყველგან მრავლად იყვნენ. მაგრამ როგორ გავიგოთ, რომ ასეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა დედამიწის ერთი მეექვსედი და, იმავდროულად, რატომ იყო იგი ღვთაებრივი შარავანდედით მოსილი? სტალინის ტიპს ვერ ავხსნით მხოლოდ ჩამოთვლილი თვისებებით.
იქნებ ის მართლაც იყო უნივერსალური გენიის მატარებელი პიროვნება, როგორც ამას მისი აპოლოგეტები ამტკიცებენ, რამაც განაპირობა მისი მოთავსება ზეადამიანურ კვარცხლბეკზე და ასევე კანონზე მაღლა? ესეც ძალიან საეჭვოა. სტალინი არ გამოირჩეოდა მაჰათმა განდისთვის დამახასიათებელი შარმით (ქარიზმით). მას არც ლენინის მსგავსი ინტელექტი ჰქონდა, არც დიდი მწერალი გახლდათ, როგორც იულიუს ცეზარი, არც იმდენი პიროვნული სიმამაცე გააჩნდა, როგორც მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელს, სუვოროვს ან ნაპოლეონს. ის ორატორიც კი არ იყო, რომელსაც მასებისათვის საკუთარი ენთუზიამის გადადება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი აცხადებდა კიდეც პრეტენზიას გადამწყვეტ სიტყვაზე მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფეროში - ეს ყველაფერი წმინდა ფიქციაა. ადამიანმა, რომელსაც სასულიერო სემინარიაც კი არ ჰქონდა ბოლომდე დამთავრებული, ფილოსოფია დაიყვანა ყბადაღებულ „მეოთხე თავამდე“, ისტორიული და ეკონომიკური მეცნიერებანი ტყუილების გროვად აქცია, ყელში უჭერდა გენეტიკასა და სოციოლოგიას, ლინგვისტიკასა და კიბერნეტიკას, ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარება კი მთელი ათწლეულობით შეაჩერა. (...)1
ზოგიერთი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, განსაკუთრებით დასავლეთში, ამტკიცებს, რომ სტალინური რეჟიმი წმინდად რუსული მოვლენაა, რომელიც განპირობებული იყო დემოკრატიული ტრადიციების სისუსტით ყოფილ მეფის რუსეთში. მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ როგორ ავხსნათ ანალოგიური მოვლენები სხვა ქვეყნებში: მაო ძედუნის გაღმერთება, პოლ პოტის დიქტატურა, აღმოსავლეთ ევროპის „მცირე კულტები“? როგორ ავხსნათ ავტოკრატია (თუნდაც სხვაგვარი ელფერის მქონე) გერმანიაში, იტალიაში და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში? სხვადასხვა კულტურის, ტრადიციისა და რასის ერთა განსხვავებული იდეოლოგიების მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ამ დაავადების ძირითადი სიმპტომების მსგავსებანი დავინახოთ. (...)
დამორჩილების მოთხოვნილება წარმოადგენს ატავიზმს, ინსტინქტს, რომელიც მხეცური სამყაროდან იმემკვიდრეს ადამიანებმა, რომლებიც, როგორც წესი, ბელადების ხელმძღვანელობით ცხოვრობდნენ. მეორე მხრივ, ყოფიერების საზრისის, იდეალის ძიება განუყოფელი თვისებაა კულტურისა და ადამიანისა, როგორც სულიერი არსებისა. (...) სტალინიზმის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ, წარმოქმნა რა რელიგიური ვაკუუმი, ერთიან კალაპოტში გააერთიანა ადამიანთა ატავისტური და სულიერი მისწრაფებანი, შეძლო ხალხის ცნობიერებაში ჩამოეყალიბებინა უზენაესი იდეალის, „ყოველივეს საზომის“, ბელადის მითოლოგიზებული სახე და ამით შეემკო იგი ღვთაებრივი ატრიბუტებითა და უსაზღვრო ძალაუფლებით. (...)
მე მსურს ამ პრობლემის ერთ ასპექტს შევეხო: რა ადგილს იჭერს სტალინის კულტი რელიგიის ისტორიაში სწორედ როგორც კულტი. შემდეგ კი დავსვათ შეკითხვა, რა შხამსაწინააღმდეგო საშუალებები არსებობს დღეს, რომელიც ამ ავადმყოფობის განმეორებას შეუშლიდა ხელს?
ქრისტე და კეისარი
რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ ისინი უარყოფდნენ კეისრის მიწიერი ღვთაების სტატუსს. ზოგადად რომის იმპერია რჯულთშემწყნარებლობისკენ იყო მიდრეკილი, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ის არ უშვებდა კომპრომისს. ქრისტიანებისგან ითხოვდნენ თუნდაც მხოლოდ ფორმალურ აქტს: საკმარისი იყო ერთი მუჭა საკმევლის მიყრა კეისრის საკურთხევლის წინ მოწყობილ მაყალზე. მაგრამ ათასობით ქრისტიანი ამჯობინებდა გადასახლებას, საპყრობილეს, წამებას და სიკვდილსაც კი, რადგან მათთვის ამგვარი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქმედებაც კი ქრისტეს ღალატს წარმოადგენდა.
ქრისტიანები არ იყვნენ ანარქისტები ან მეამბოხენი, რომლებიც სახელმწიფო მოწყობის ალტერნატიულ ვარიანტზე უთითებენ. წარმოადგენდა რა სულიერ მოძრაობას, ახალი რწმენა არ მიიჩნევდა საკუთარ ამოცანად პოლიტიკური პროექტებისა და უტოპიების შექმნას. ქრისტიანობა უკვე არსებულ წესრიგსა და კანონებს იღებდა როგორც პოზიტიურ მოცემულობას. რომის იმპერია ხომ, - მისთვის დამახასიათებელი ყველა არასრულყოფილებათა მიუხედავად, - სამართლის, კანონიერების ბერძნულ იდეას ავითარებდა, რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. ამ ფაქტს მჭიდროდ უკავშირდება მოციქულ პავლეს მცნება „უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილების“ შესახებ. მისი სწავლების მიხედვით, თავად პრინციპი ხელისუფლებისა, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ ქაოსს უპირისპირდება, დადგენილია „ღმერთის მიერ“. მაგრამ ამასთან ერთად ეკლესია სხვა პრინციპითაც ხელმძღვანელობდა, „საქმე მოციქულთაში“ ვკითხულობთ: „ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანთა“. საუბარია კონკრეტულად რელიგიურ სფეროზე, შესაბამისად, ამ სიტყვებში სინდისის თავისუფლების მოთხოვნაა.
ამას გარდა, ქრისტიანობა არ უგულებელყოფდა საკუთარ უფლებას ზნეობრივი შეფასება გამოეთქვა კეისრის ქმედებების თაობაზე. კერძოდ, აპოკალიფსი ურჩხულის სახით გამოსახავს ტირანულ იმპერიას, რომელიც ებრძვის წმინდა ადამიანებს, - ეს სიმბოლო დანიელის საწინასწარმეტყველო წიგნიდან არის აღებული, რომელიც ისტორიაში რელიგიური თავისუფლების პირველ მანიფესტს წარმოადგენს.
კეისრის გაღმერთების წინააღმდეგ გალაშქრებით ქრისტიანობა გამოწვევის წინაშე აყენებდა იმ ფსიქოლოგიურ ტენდენციასაც, რომელიც დაქვემდებარებისა და შიშის, აღფრთოვანებისა და ბატონის ძლიერი ხელის მოთხოვნილებების ნარევისგან შედგება, ხოლო ზეციურ დესპოტთან დაკავშირებული წარმოდგენა მიწიერი ძალაუფლების მატარებელზე ასოცირდება.
სახე მარადისობისა, რომელიც იესო ნაზარეველში გამოვლინდა, თავისუფალია მსგავსი ნიშნებისგან. ყველაზე ნაკლებად შეიძლება დავინახოთ მასში დაფარული სურვილების პროექცია, რომელიც მიწიერი ძალაუფლების კულტს ასაზრდოებს.
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, რომლებიც ყოველგვარი „ღვთაებრივი დესპოტიზმის“ ცდუნებაზე მაღლა იდგნენ, წინასწარმეტყველებდნენ, რომ მხსნელი დედამიწაზე მოვა მიწიერი მბრძანებლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ატრიბუტების გარეშე. და მართლაც, სახარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს ისეთს, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებასა და გადაწყვეტილებას თრგუნავს. ქრისტე იბადება და ცხოვრობს ღარიბ, არადიდგვაროვან და უგულებელყოფილ (მოძულებულ) ადამიანებს შორის. მისი მოწაფეები ელიტის წარმომადგენლები კი არა, არამედ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, მეთევზეები არიან. ქრისტე სასწაულებს არ აღასრულებს იმ მიზნით, რომ დაამტკიცოს საკუთარი ძალაუფლება. მას არ ჰყავს მორჩილი ჯარი, როგორც მუჰამედს, არ ახდენს ზეწოლას ადამიანთა სულებზე. მას არ უჭერს მხარს არც რელიგიური და არც საერო ხელისუფლება. ქრისტე დედამიწაზე არსებობს არა როგორც ტრიუმფატორი, არამედ როგორც უარყოფილი და დევნილი, რომელიც გაუგებრობის კედლებითაა გარშემორტყმული. მან იგემა ღალატის, ცილისწამებისა და განკითხვის სიმწარე. ის კვდება არა ხანდაზმულ ასაკში და ერთგულ მოწაფეთა შორის, როგორც ბუდა, არამედ სიჭაბუკის წლებში, სამარცხვინო ბოძზე, როგორც უკანასკნელი დამნაშავე, ბრბოს ყიჟინის ფონზე; იგი, ჯვარზე გაკრული, ბოლოს ყველამ მიატოვა. ის არც თავისი აღდგომის შემდეგ ევლინება თავის ჯვარმცმელებს იმისათვის, რომ მათი ნება გატეხოს, აიძულოს ისინი ირწმუნონ მისი, როგორც ღმერთისა.
მართალია, გარკვეულ მომენტებში ქრისტე ზოგჯერ მკაცრიც ყოფილა, მაგრამ ის ყოველთვის უფრთხილდება ადამიანის თავისუფლებას, ცდილობს არ ჩაერიოს მასში, რადგან ეძებს არა მონებს, არამედ მეგობრებს2. სახარებაში არ არის დაჟინებული3 არგუმენტები, რომლებიც თავისუფალი ნების პარალიზებას მოახდენდა, იქნება ეს დაურღვეველი სასწაულებრივი ფენომენები თუ ლოგიკის უდავო დასკვნები. ამას ნათლად აცნობიერებდა მოციქული პავლე, როცა წერდა: „ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე, ხოლო მათვე ჩინებულთა, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე“ (1 კორ. 1:22-24).
ტყუილად როდი ამბობდა დანტე, რომ ქრისტიანობის უდიდესი სასწაული იყო მის მიერ მსოფლიოს დაპყრობა სასწაულების გარეშე. ქრისტეს ქადაგება სულიერი თავისუფლებისკენ მოწოდება იყო, რომელიც ადამიანების თავისუფალი სინდისისკენ არის მიმართული. „თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმანო“, - ღაღადებს პავლე. როცა მოციქულები ქვეყნის ოთხივე მხარის დასაპყრობად გაემართნენ, მათ არ გააჩნდათ დამხმარედ არავითარი გარეგნული ძალა და ამით ისინი იდეალურ მაგალითს წარმოადგენენ ქრისტიანთა ყველა შემდგომი თაობისთვის. ამ სახარებისეულ იდეალს ვერ დაჩრდილავს ვერცერთი ის ღალატი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხდებოდა.
„ქრისტიანული იმპერია“
მე-4 საუკუნის დამდეგს რომის იმპერიამ შეცვალა ქრისტიანობასთან ბრძოლის ტაქტიკა. მან ცნო იგი და სახელმწიფო რელიგიადაც4 გამოაცხადა, მაგრამ იმავდროულად შეუმჩნევლად დაიქვემდებარა. ამით იწყება ეკლესიისთვის ტრაგიკული პერიოდი, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება საკუთარ მიზნებს ახორციელებდა ქრისტესა და ეკლესიის სახელით.
სახარების შუქზე „სახელმწიფო რელიგიის“ და ასევე „ქრისტიანული სახელმწიფოს“ თვით იდეა საეჭვო და სადავოა. ნებისმიერი სახელმწიფო, თუნდაც ყველაზე სრულყოფილი წყობით, საბოლოო ჯამში ძალადობის ორგანოს წარმოადგენს, რომლის შეთავსებაც რთულია ქრისტიანული თავისუფლების სულთან.
წარმართობაში საზოგადოებრივი წესრიგი, ჩვეულებრივ, აღიქმებოდა როგორც კოსმიური წესრიგის ნაწილი. სახელმწიფო და რელიგია სამყაროს ერთიანი წყობის ასპექტებს წარმოადგენდა. ქრისტიანობამ, პირიქით, სულიერი, „საღვთო“ სფერო განაცალკევა „კეისრის“ სფეროსგან. ასეთი პოლარიზაცია უკვე გულისხმობდა საკუთარ თავში ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის წინაპირობას...
ნებისმიერი იმპერია მიისწრაფის საზოგადოების მონოიდეოლოგიური მოწყობისაკენ, რომელიც ხელსაყრელია მისთვის. შუა საუკუნეებში „ერთგვაროვანი აზროვნების“ უზრუნველყოფის საშუალება იყო სახელმწიფო რელიგია. მეფეები და მმართველები ხშირად მიმართავდნენ ძალადობრივ ქრისტიანიზაციას, კონფესიური ერთობის რეპრესიული გზით განმტკიცებას. ამრიგად, თუ იმპერატორი არიანელი იყო, ის დევნიდა ორთოდოქსებს და თუ ორთოდოქსი იყო, დევნიდა არიანელებს . ამ ყალბ,5 თუმცა ისტორიულად, შესაძლოა, გარდაუვალ კავშირს კეისარსა და ეკლესიას შორის უზარმაზარი ზნეობრივი ზიანი მოჰქონდა ეკლესიისთვის. საერო პოლიტიკის სტილისადმი დაქვემდებარებით საეკლესიო ხელმძღვანელობა თანდათან ითვისებდა კიდეც მის ტაქტიკასა და მეთოდებს, რაც გარდაქმნიდა კიდეც მას, განსაკუთრებით შუა საუკუნეების დასავლეთში, სახელმწიფოს მაგვარ მოცემულობად.
თუმცა, როგორც ეს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო, როდესაც წინასწარმეტყველნი ამხელდნენ ხოლმე ამა ქვეყნის ძლიერთ, ეკლესიაშიც ყოველთვის არსებობდნენ სახარებისადმი ერთგულებაშენარჩუნებული მოღვაწენი, რომლებიც გადაჭრით გმობდნენ კეისრის შეჭრას სულიერ ცხოვრებაში. გავიხსენოთ თუნდაც წმ. ამბროსი მედიოლანელისა და წმ. იოანე ოქროპირის პროტესტი, პაპი მარტინისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიმტკიცე, ხატების დამცველნი ან რუსი უვერცხლონი, სავონაროლას და იან ჰუსის საქმიანობა, წმ. მაქსიმ გრეკი და წმ. ფილიპე მოსკოველი. ეკლესიის ეს ოპოზიციური ძალები მუდმივად ახსენებდნენ ავტოკრატებს, რომ არსებობს „ღვთაებრივი საზომი“ ყოველივესი, რომელიც მიწიერ ძალაუფლებაზე მაღლა დგას. (...)
საკრალური ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის ჩანაფიქრი, საბოლოო ჯამში, კრახისთვის იყო განწირული, თუნდაც იმიტომ, რომ იესოს კეთილი უწყებისთვის უცხოა ძალადობისა და მბრძანებლობის იდეა. მიმართავს რა მოციქულებს, როგორც ახალი აღთქმის ეკლესიის წევრებს, ქრისტე ამბობს: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს“ (მარკ. 10:42-43). იყო მცდელობები ამ მცნებისათვის გვერდის ავლისა „ქრისტიანულ სამყაროში“ არსებულ რელიგიურ სანქციებზე დამყარებულ მონარქიებში, სახელმწიფო რელიგიის, „სიმფონიის“, „ორი მახვილის“ (ანუ საერო და საეკლესიო მახვილის) თეორიის პრინციპების გამოყენებით. მაგრამ ყოველივე ეს ერთობ სუსტი აღმოჩნდა და ფეოდალიზმის დაცემისთანავე თეოკრატიული ხელისუფლების გაბანკროტებითა და სეკულარული სახელმწიფოს იდეის გაჩენით დამთავრდა.
ძალაუფლების სეკულარიზაცია
ამ პროცესს ორი მთავარი წყარო ასაზრდოებდა. პირველ ყოვლისა, კონფესიურმა პლურალიზმმა, რომელიც დასავლეთში რეფორმაციის შედეგად გაძლიერდა, სახელმწიფო აღმსარებლობის იდეები ეჭვის ქვეშ დააყენა. მე-16-17 საუკუნეებში წარმოქმნილმა რელიგიურმა ომებმა წარმოაჩინა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს საეკლესიო აზრთა სხვადასხვაობას და რომ საზოგადოებაში სიმშვიდის უზრუნველყოფა მას მხოლოდ რჯულთშემწყნარებლობის პრინციპის დაცვით შეუძლია.
მეორეც, რენესანსმა, ანტიკურობის რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა იდეებმა, გზა გაუხსნა რელიგიური სანქციებისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს თეორიისა და პრაქტიკის დამუშავებას.
ახალი დროის პოლიტიკური სეკულარიზმის მამად, როგორც წესი, მიიჩნევენ ნიკოლო მაკიაველის (1469-1527). ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გალაშქრებით, მან ამით მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია მას (ქრისტიანობას. - დ. თ.) გაათავისუფლა რა იგი მისთვის უცხო საერო სტიქიისაგან. მაგრამ საკუთარ განაზრებებში საზოგადოების საფუძვლების შესახებ მაკიაველი უფრო შორს წავიდა. იყო რა პრაგმატიკოსი, ის ეგოიზმს („ინტერესებს“) განსაზღვრავდა როგორც ისტორიის მთავარ მამოძრავებელ ძალას. ადამიანური ბუნების უარესი მხარეები მან წინა პლანზე წამოსწია. შედეგად მაკიაველიმ პოლიტიკა გამიჯნა არა მხოლოდ რელიგიისგან, არამედ ყოველგვარი მორალისგანაც.
ასე წარმოიშვა პირველად აბსოლუტური ძალაუფლების კონცეფცია, რომელსაც უკვე აღარ ზღუდავდა არავითარი ბარიერი. ის გადაიქცა რაღაც თვითკმარ მოცემულობად, ეს კი ამართლებდა მის მიერ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას. მართალია, თავად მაკიაველი ფიქრობდა, რომ ხელმწიფეს შეუძლია ხალხის სასიკეთოდ მოქმედება, მაგრამ ამ სიკეთეს, ტომას ჰობსის მსგავსად, იგი საზოგადოებაში მკაცრი (ხისტი) წესრიგის დამყარებაში, მისთვის რკინის აღვირის ამოდებაში ხედავდა, რისი გაკეთებაც ხელმწიფეს ყოველთვის უნდა შეეძლოს.
მაკიაველის თეორიები ამართლებდა ადამიანში ფესვგადგმულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ვნებას - ვნებას ძალაუფლებისადმი. ცნობილია ათასობით მაგალითი, როდესაც ადამიანები სხვადასხვა მოტივით ნებაყოფლობით ამბობდნენ უარს სიმდიდრეზე, ქორწინებაზე და ბევრ სხვა რამეზეც, მაგრამ ისტორიამ მხოლოდ ერთეული შემთხვევები იცის ძალაუფლებაზე საკუთარი ნებით უარის თქმისა. ამიტომ მაკიაველიზმი გახდა მაცდუნებელი (წარმტაცი) მოდელი ავტოკრატიისთვის, რომელიც რელიგიური შეზღუდვებისგან განთავისუფლებისკენ მიისწრაფის.
ოდნავ წინ თუ გადავხტებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი მიღწეულ იქნა მხოლოდ მე-20 საუკუნეში წარმოქმნილი ტოტალიტარიზმის დროს. მე-18-19 საუკუნეებში მაკიაველიზმმა ვერ შეძლო გაბატონებული პოზიციის მოპოვება და მხოლოდ ცალკეული დროებითი გამარჯვებებით კმაყოფილდებოდა. ქრისტიანობასთან შეჯერებული რელიგიური და ზნეობრივი იდეები საკმაოდ ძლიერი იყო, რომლის გაუქმება თუ შესუსტება ვერ მოახერხა ამ ძალაუფლებამ. ფრანგული რევოლუციის ბელადებიც კი, რომლებმაც ათეისტური პოზიციებიდან დაიწყეს მოქმედება, იძულებულნი გახდნენ მიეღოთ რელიგია, თუნდაც დეიზმის ფორმით (რობესპიერის მიერ შემოღებული უზენაესი არსების კულტით).
პარალელურად ვითარდებოდა დემოკრატიული ტენდენციები, რომლებმაც პირველად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იჩინეს თავი (რუსეთში ნოვგოროდი და საქალაქო კომუნები დასავლეთში). მათ აუცილებლად უნდა წარემართათ საზოგადოება გზაზე, რომელიც ეკლესიის სახელმწიფოსგან და კეისრის ღვთისგან გამოყოფას გულისხმობდა. ამის აუცილებლობა კი დასტურდებოდა დასავლეთში სულ უფრო და აღმსარებლობითი მრავალფეროვნების გამო.
ბელადობისგან განსხვავებით, დემოკრატია მხოლოდ ადამიანურ საზოგადოებაშია წარმოქმნილი, ცხოველური სამყაროსთვის ის უცნობია. იგი გამომდინარეობს პიროვნების როგორც უზენაესი ფასეულობის შეგნებიდან, რომელიც ამოზრდილია რელიგიური პერსონალიზმის ნიადაგიდან, მისწრაფებიდან, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის რაციონალური სტრუქტურის მიცემა.
გასულ (მე-19. - დ. თ.) საუკუნეში დემოკრატია სამეცნიერო რაციონალური აზროვნების განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, რომელიც, ინგლისელი ისტორიკოსის ქრისტოფერ დაუსონის კონცეფციის თანახმად, ქრისტიანობასთან ერთად მეორე ფუნდამენტალური ელემენტი იყო ევროპული კულტურისა. ევროპის რწმენა სახარებაში იყო ფესვგადგმული, მისი მეცნიერება და პოლიტიკური სტრუქტურა კი - ანტიკურობაში.
ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების ეკლესიის მამებმა გვიჩვენეს, როგორ არის შესაძლებელი შემოქმედებითი ურთიერთობა ამ ერთმანეთის შემავსებელ ელემენტებს შორის. მაგრამ ახალი დროის პრაქტიკაში განხეთქილების სულმა იძალა ევროპული კულტურის მთელი შენობის რყევების ფონზე. ეს შეეხო იმ სფეროსაც, რომელიც საზოგადოების ოპტიმალური მოწყობის ამოცანას უკავშირდება.
ის, რომ ეკლესიები ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფოს, მეცნიერების, პოლიტიკის სეკულარიზაციას, ერთ-ერთი ტრაგიკული თავია ქრისტიანობის ისტორიაში. მრავალსაუკუნოვანმა ინერციამ, რელიგიაში სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმის დანახვის ჩვევამ, კეისრის მხარდაჭერის ძებნამ სავალალო შედეგები გამოიღო. ის საეკლესიო მოღვაწენი, რომლებიც, ფ. ლამენიეს მსგავსად, ხელს უწვდიდნენ დემოკრატიასა და სეკულარიზმს, იზოლაციაში აღმოჩნდნენ და მათ საეჭვო იარლიყები მიაკერეს.
მე-18-19 საუკუნეებში რწმენასა და მეცნიერებას შორის განხეთქილებას აღრმავებდა დემოკრატებისა და განმანათლებლების ანტიკლერიკალიზმი, რომელიც თანდათან იქცა აგრესიად თავად რელიგიის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ. რელიგიაში რეაქციის, როიალიზმისა და კონსერვატიული ტენდენციების მოკავშირეს ხედავდნენ და, გარკვეული აზრით, ამგვარი შეხედულება შეესაბამებოდა სინამდვილეს. რელიგიის წინააღმდეგ იყენებდნენ სხვადასხვა მეცნიერების მიღწევებს, ევოლუციონიზმს, ბიბლიურ კრიტიკას, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებს. მაგრამ საზოგადოების რელიგიური და ეთიკური საფუძვლების მოშლა უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. სწორედ ამან გამოიწვია კულტურის ის მტკივნეული კრიზისი, რომლითაც აღბეჭდილია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა.
უფლის სასუფევლის, სამყაროსა და ადამიანის ტრანსფორმაციის ქრისტიანული მოლოდინი შეიცვალა პროგრესისადმი რწმენით - ბიბლიური ესქატოლოგიის საერო ვარიანტით. ამ რწმენის თანახმად, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება, განათლება და სოციალური ინსტიტუტები თავისთავად გახდის კაცობრიობას ჰუმანურსა და ბედნიერს. თუმცა თავდაჯერებული მე-19 საუკუნის პროგნოზებს აღსრულება არ ეწერა.
პირიქით, ისტორია მიზანსწრაფულად უახლოვდებოდა მსოფლიო ომების ეპოქას...
შემოკლებული თარგმანი
დავით თინიკაშვილისა
შენიშვნები:
1. ა. მენის ამ სიტყვებთან დაკავშირებით საყურადღებო უნდა იყოს ასევე შემდეგი შემთხვევაც: „...არის ვერსია, რომ მეცნიერი (ცნობილი ფიზიოლოგი და ფსიქიატრი ბეხტერევი. - დ. თ.) მოულოდნელად გარდაიცვალა არა საკვებით მოწამლვის შედეგად, როგორც ამას ოფიციალური ვერსია ღაღადებდა პრესაში, არამედ ის მოწამლეს
2. სწორედ სტალინის მითითებით, მას შემდეგ, რაც მას (სტალინს. - დ. თ.) პარანოიის დიაგნოზი დაუსვა“ (Кинякина, О. Н. Superгинтелект. М., გვ. 14). - (მთარგმ.). სწორედ ამიტომ ხომ არ უწოდებდა ქრისტე თავის მოწაფეებს მეგობრებს და არა მონებს, რადგან უკვე გაცნობიერებული ჰქონდათ მისი მოძღვრების არსი? (შდრ. ინ. 15:15). - (მთარგმ.).
3. სიტყვასიტყვით „დამახრჩობელი“, „ზეწოლის მომხდენი“ - давящий. (მთარგმ.).
4 აქ მცირე უზუსტობას უშვებს ალ. მენი. მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა გამოცხადდა ლეგიტიმურ (არა სახელმწიფო) რელიგიად, რაც იმას გულისხმობს, რომ ქრისტიანობა გახდა ერთ-ერთი დაშვებული რელიგია სხვა აღმსარებლობებთან ერთად. უფრო ზუსტად კი, ქრისტიანები გაანთავისუფლეს კერპების თაყვანისცემის ვალდებულებისგან. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია მე-5 საუკუნეში ხდება იმპერატორ იუსტინიანეს დროს, როდესაც იმპერიაში იკრძალებოდა და იდევნებოდა ყველა ერეტიკული თუ არაქრისტიანული მიმდინარეობა და როცა უკვე „კანონი ითხოვდა ყველა წარმართის მონათვლას ჯარიმის, ქონების კონფისკაციის ან განდევნის მუქარით“ (И. Меиндорф. Единство империи и Раздиление христианство. М, 2003, с. 25). ასევე, როგორც ალ. შმემანი წერს, სახელმწიფო რელიგიის პირობებში „სწორედ ეკლესია ითხოვდა წარმართებთან ბრძოლას, რითიც იგი აშკარად უგულებელყოფდა შემწყნარებლობის პრინციპს. ეკლესიამ დაივიწყა ტერტულიანეს სიტყვები: „საზოგადო სამართალიც და ბუნებრივი რჯულიც იმას ითხოვს, რომ თითოეული თაყვანს სცემდეს ღმერთს იმგვარად, როგორადაც მას ეს სწამს... ერთმა რელიგიამ არ უნდა იძალადოს მეორეზე“ (А. Шмеман. Исторический Путь Православия. Киев 2003, с. 158). - (მთარგმ.).
5. ზოგჯერ კი პრიორიტეტების ამგვარი ცვალებადობა ერთი კონკრეტული იმპერატორის შეგნებაშიც მომხდარა. მაგ., კონსტანტინე დიდი თავდაპირველად არიანელებს დევნიდა, შემდეგ კი ორთოდოქსების შევიწროვება დაიწყო, რომლის კულმინაციაც მის მიერ წმინდა ათანასე დიდის - ორთოდოქსების ლიდერის, გადასახლება გახლდათ. (მთარგმ.).
![]() |
8.2 რელიგიათა და კულტურათა დიალოგი წარსულსა და აწმყოში: უძველესი ქართული წარწერები და ეკუმენური თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნუგზარ პაპუაშვილი
პოლემიკა პეტრე იბერზე
თითქმის ათი წელიწადია, რაც საქართველოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა წრეებში, ერშიც და ბერშიც, ცხარე პოლემიკა მიმდინარეობს. ვითარება განსაკუთრებით ბოლო წელს დაიძაბა, რადგან ამ საზოგადოების (ამ ეკლესიის) უმაღლესმა სასულიერო პირმა, კათოლიკოსპატრიარქმა ილია II -მ, მკაფიო პოზიცია ჯერჯერობით არ გამოხატა. საქმე ეხება ქართველი უფლისწულის, ბაკური დიდის შთამომავლის, მსოფლიოში ცნობილი ბერისა და მოღვაწის, მაიუმის (იგივე ღაზის) სახელგანთქმული ეპისკოპოსის - პეტრე იბერის (411-491 წწ.) - აღმსარებლობასა და წმინდანობას.
ეკლესიის ისტორიაში პეტრე იბერი (ივერიელი) ცნობილია მონოფიზიტად (ერთბუნებიანად) ანუ ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) დადგენილებათა მოწინააღმდეგედ. ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი, ანუ აღნიშნული კრების მადლმოსილების მაღიარებელი ეკლესიის ხედვით, იგი არის ერეტიკოსი (მწვალებელი) და, მაშასადამე, ეკლესიისაგან განკვეთილი, რომლის წმინდანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა არავის უარუყვია მისი საღვთისმეტყველო განათლება და პატრიოტული სულისკვეთება. რთული საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ კონფესიური სხვაობის მიუხედავად, პეტრე იბერი XIII -XIV სსში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად მიიჩნია; შეიქმნა მისი ცხოვრების ქართული აგიოგრაფიული ვერსია და ჰიმნოგრაფიული კანონი; დაწესდა ხსენების დღე (3 დეკემბერი). ეს ვითარება გაგრძელდა XVIII ს-ის შუა წლებამდე, უაღრესად განათლებული კათალიკოსის, ანტონ I-ის, ეპოქამდე. სავარაუდოა, რომ ამ უკანასკნელმა გაიგო პეტრე იბერის არამართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და მისი სახელი სადღესასწაულო პრაქტიკიდან ამოიღო.
და, აი, თანამედროვე ქართულ საეკლესიო სივრცეში მოულოდნელად გაიელვა სურვილმა, დამტკიცდეს პეტრე ქართველის მართლმადიდებლობა. რა არგუმენტებით ოპერირებენ ამ სიახლის თაოსნები და მხარდამჭერები და რას პასუხობენ მათ საეკლესიო ტრადიციის მიმდევრები და აპოლოგეტები, ცალკე მიმოხილვის საგანია. ჩვენთვის ამ შემთხვევაში არსებითია პასუხი კითხვაზე: რამ განაპირობა ეს სიახლე და, ზოგადად, რა აპირობებს ქართველ მორწმუნეებსა თუ არამორწმუნეებს შორის ასეთ სიახლეებს? უნდა ვაღიაროთ, რომ ვდგავართ მძიმე პრობლემის წინაშე, რომლის სახელია ქართული საეკლესიო ნაციონალიზმი. მისი ერთ-ერთი ნიშანია რწმენა, რომ ჭეშმარიტი ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველია. თუკი ასეა, როგორ შეიძლება, რომ, მაგალითად, პეტრე იბერი იყოს კარგი ქართველი და არ იყოს მართლმადიდებელი? ეს რწმენა წარმოშობს ოცნებას: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავამტკიცოთ, რომ ჭეშმარიტი ქართველი, მაგალითად, პეტრე იბერი იყო მართლმადიდებელი. ბუნებრივად დაისმის კითხვა: ქართული კულტურა მარტო მართლმადიდებელი ქართველების კულტურაა?
კულტურის ფესვები
წყლის ნაყვაა იმის მტკიცება, რომ ამა თუ იმ ხალხისა და ქვეყნის პროგრესს სხვა ხალხებთან და ქვეყნებთან შეხვედრები და გაცნობები განაპირობებს. ამ გზით, და მხოლოდ ამ გზით, ხერხდება ორი, სამი და მეტი მსოფლმხედველობის შეხვედრა, რის შედეგადაც თითეული მათგანი მდიდრდება და ღრმავდება. ეგევე ითქმის რელიგიური შემეცნების სისტემათა მისამართითაც. გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ, რომ საღვთო დოგმატებისა და თეორიების სიტყვიერად და წერილობითად ჩამოყალიბება სწორედ აღმსარებლობათა შეხვედრების, დიალოგებისა და დისკუსიების საფუძველზე განხორციელდა.
გამონაკლისი არც საქართველო, მისი რელიგიური სპექტრი და ქართული კულტურაა. წერილობითი და არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ ეს მხარე კულტურული და რელიგიური ტრადიციების გზაჯვარედინსა და გზათშესაყარს უძველესი დროიდან წარმოადგენდა. აქ ყოველთვის ხვდებოდა ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ფარსიზმი და ელინიზმი, რაც ადგილობრივი ტომების ნატურალურ ანუ ბუნებით რწმენა-წარმოდგენებს (ნატურრელიგიას) მაღალ რეგისტრში ასვლის შესაძლებლობას აძლევდა: მას კულტურასთან აზიარებდა.
რელიგიათა და კულტურათა ასეთი დიალოგი არც ქრისტიანულ საქართველოში შენელებულა. ქართლის, ეგრისისა და აფხაზეთის ქრისტიანებმა ინტელექტუალური და შემოქმედებითი კონტაქტები არამარტო ევროპისა და აზიის თანამორწმუნეებთან დაამყარეს, არამედ სხვადმორწმუნეებთანაც. ისიც უდავოა და თვალსაჩინო, რომ ქართული ქრისტიანული კულტურის შექმნასა და განვითარებაში წვლილი მხოლოდ ერთ სარწმუნოებას კი არ შეჰქონდა, არამედ სხვადასხვა აღმსარებლობებსა და ტრადიციებასაც. ასე რომ, კორექტივსა და დაზუსტებას მოითხოვს აზრი და ლოზუნგი, რომლის თანახმად ქართული კულტურა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ტრადიციის ნაყოფია. ეს თეორია პოსტსაბჭოურ საქართველოში იმდენად დიდ შაბლონად და სტერეოტიპად გადაიქცა, რომ მან ადგილი ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო აქტში მოიპოვა. ამის დასტურია „კონსტიტუციური შეთანხმება“ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც აღნიშნულ ლოზუნგს და თეორიას აქსიომური ჭეშმარიტების იარლიყს განუსაკუთრებს და სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციად წარმოაჩენს. მისი დეკლარაციით, „მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები“ მხოლოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა. საქართველოს წარსული და თანამედროვეობა, მისი ისტორია, წერილობითი ტრადიცია, ეთნოგრაფია და ფოლკლორი ვერ ადასტურებს, რომ „მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები“ მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენისა და პრაქტიკის ნაყოფია. მართალია, ამ რწმენასა და პრაქტიკას აღნიშნული კულტურის შექმნაში ლომის წილი უდევს, მაგრამ ამ უბანში სხვა რწმენებისა და რელიგიური სისტემების მონაწილეობას ვერ გამოვრიცხავთ. ჭეშმარიტების წინაშე უნდა ვაღიაროთ: საქართველოს ისტორიის, მისი კულტურის, მისი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი ტრადიციებისა და, ზოგადად, მისი ფასეულობების ფორმირებაში არამართლმადიდებლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ეს ვრცელი თემაა და საგანგებო მსჯელობას მოითხოვს.
საერთო და საზოგადო ტვირთი
ამჯერად ჩვენ მიმოვიხილავთ ქართული კულტურის ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - უძველესი წერილობითი ძეგლის შექმნის, აღმოჩენისა და შესწავლის ისტორიას, რადგან ეს ისტორია თავისთავადაა რელიგიათა და კულტურათა დიალოგის პირმეტყველი ხატი. აქედან ჩანს, რომ ქართული კულტურის, საეკლესიო და საერო ტრადიციების ქმნადობაში არამართლმადიდებელი ქართველებიც მონაწილეობდნენ და არცთუ უმნიშვნელო მასშტაბით. ისტორია, რომლის პერიპეტიებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, არის ეროვნებათა, კულტურათა და რელიგიათა დიალოგის, მართლმადიდებლებთან სხვადმადიდებლების, ქართველებთან არაქართველების თანადგომის მაგალითი და იმ უმაღლესი ზნეობრივი მცნების ხორცშესხმა, რომელიც მოციქულმა ასე ჩამოაყალიბა: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატ. 6,2). და რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი და მძიმე ტვირთი, როგორიცაა უცხოეთის ცის ქვეშ ეროვნული სულიერებისა და კულტურის კერის დაარსება? მით უმეტეს - ამ კერის აღმოჩენა თხუთმეტი საუკუნის შემდეგ და იმ საიდუმლოს გაცხადება, რომელსაც ამ კერაზე დახვავებული ქვა-ღორღი ფარავს? ასეთი ტვირთი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი ზიდვა არამცთუ ერთ პიროვნებას, არამედ ერთ ეკლესიასა და სახელმწიფოსაც არ ძალუძს. საჭიროა და აუცილებელი ეკუმენური თანამშრომლობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა რელიგიათა და კულტურათა დიალოგი, მხარში დგომა და ხელის გამართვა.
სიცხადისათვის უმჯობესია ამთავითვე ითქვას შემდეგი: - ქართველი უფლისწული მურვანოსი, რომელმაც კონსტანტინოპოლში მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში მონოფიზიტებისა და მათი მოძღვრებისადმი სიმპათიები გამოავლინა და ბერმონაზვნის სქემა შეიმოსა, დიდ ეკუმენურ საქმიანობას შეუდგა. მან, რომელსაც პეტრე დაარქვეს, საქმიანი და ძმური ურთიერთობა არამარტო თანამორწმუნეებთან დაამყარა, არამედ სხვადმორწმუნეებთანაც, კერძოდ, დიოფიზიტებთან (მართლმადიდებლებთან). მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა მნათობმა, სვიმეონ საკვირველმოქმედმა, ის ეპისკოპოსად აკურთხა და მას, პეტრე იბერს, სულიერი ენერგიის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მისცა.
მან, მონოფიზიტმა (დღევანდელი გაგებით არამართლმადიდებელმა) ქართველმა, პალესტინაში ქართული სულიერების ბრწყინვალე კერა, დიდი სამონასტრო კომპლექსი, შექმნა და უცხოეთში თანამემამულეთა სამსახური იტვირთა.
მრავალთა წელთა და ჟამთა შემდეგ იტალიელმა თეოლოგმა და არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად, იუდას უდაბნოში, აღმოაჩინა ქართველთა უძველესი მონასტერი და ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში - მოზაიკური წარწერები.
უცხოეთში იძულებით დარჩენილმა ქართველმა კათოლიკე თეოლოგმა, ფილოლოგმა და არქეოგრაფმა მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილმა ეს დოკუმენტი შეისწავლა და მისი შინაარსი საერთაშორისო საზოგადოებრიობას გააცნო; დაასაბუთა, რომ ეს პეტრე იბერის დაარსებული და ზემოთ ხსენებული მონასტერია.
სამშობლოში, საქართველოში, მოღვაწე ენათმეცნიერმა და ფილოლოგმა, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა ზუსტად განსაზღვრა ბეთლემის წარწერების ადგილი და მნიშვნელობა კულტურის ისტორიაში.
იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი და თამარ მეფის საფლავი
ამ პატრიარქისა და საქართველოსადმი მისი ინტერესის შესახებ ფართო საზოგადოებრიობისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ამის თაობაზე მხოლოდ მკვლევარი ვასილ ჩაჩანიძე გვესაუბრება. იგი, პროფესიით სამთო ინჟინერი, გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში, საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა, რის გამოც მას რომში მოღვაწე ქართველი კათოლიკე მღვდლის, პროფესორ მიხეილ თარხნიშვილის გაცნობისა და მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა მიეცა. უკანასკნელს კი თანამემამულისათვის ისეთი ინფორმაცია მიუწოდებია, რომელიც გვაგებინებს, თუ ვინ დააყენა ვირჯილიო კორბო ქართველოლოგიური კვლევაძიების გზაზე.
ეს გზა იერუსალიმის კათოლიკეთა პატრიარქმა, ალბერტო ფორიმ, გაკაფა (ჩაჩანიძე: გვ. 26). იგი ჯერ კიდევ რომის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის დროს, 1946 წლამდე, დაინტერესდა ჯვაროსანი რაინდების ცნობით საქართველოს დიდბუნებოვანი და ძლევამოსილი მეფის, თამარის, იერუსალიმში გადასვენებისა და იქ დაკრძალვის შესახებ. შესაძლებელია, რომ მან ვატიკანის არქივში საკუთარი თვალით ნახა და გაიცნო ერთი ჯვაროსანი რაინდის წერილი, 1120 წლის ახლო ხანს ბეზანსონის ეპისკოპოს ამადიოსისადმი მიწერილი. ეს დოკუმენტი XX ს-ის დასავლეთ ევროპაში ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას ბევრი ქართველი და არაქართველი იმოწმებდა. მისი შინაარსი შთამბეჭდავადაა ასახული გრიგოლ რობაქიძის რომანში „გრაალის მცველნი“, რომელიც გერმანიაში გერმანულად დაიწერა და 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ამბებს მოგვითხრობს. ამ დროს საქართველოში შემოაღწევს ისტორიული ცნობა ჯვაროსნებისა და ქართველების თანადგომისა და თანამშრომლობის შესახებ, რაც სამშობლოს ავბედობით, ხსენებული აჯანყების დამარცხებით, გულდამძიმებულ ჭაბუკებს შთააგონებს: უიმედობას ნუ მიეცემით! საქართველოს მდიდარი წარსული აქვს. მის მიმართ გულწრფელი ინტერესი და სიყვარული კათოლიკურ ევროპას ადრეც გამოუჩენია და ახლაც გამოიჩენს, რადგან ამ ქვეყნისა და მისი ხალხის შინაგან პოტენციას ის კიდეც ხედავს და კიდეც აფასებს! ერთ-ერთმა გმირმა, სამშობლოსათვის თავმიძღვნილმა რაინდმა, ეს წერილი ზეპირად იცის და თანამებრძოლებს ასე გადასცემს: „ქართველმა ლაშქარმა გამარჯვებით გადაიარა მთელი წინა აზია, აიღო სამასი ციხე-სიმაგრე და ცხრა დიდი ქალაქი. ჩვენკენ მოემართება თამარ მეფის ვაჟი, გასაოცარი ჭაბუკი, გარდაცვლილი დედის სანუკვარი სურვილისამებრ, იერუსალიმის აღება რომ განუზრახავს. აქ მას სულმოუთქმელად ელოდებიან. თავისი გვირგვინოსანი დედის მიწიერ ნეშთსაც თან მოასვენებს“ (თარგმანი თ. კოტრიკაძისა. „ჩვენი მწერლობა“, 2010, №16, გვ. 26-27).
ხსენებულმა პატრიარქმა, ალბერტო ფორიმ, როგორც ჩანს, ირწმუნა ეს უწყება და იმოდენა მნიშვნელობა მიანიჭა მას, რომ ამ მიმართულებით სერიოზული კვლევითი სამუშაოს ჩატარება დაგეგმა. მან იტალიიდან გამოიწვია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მაღალი კვალიფიკაციის არქეოლოგი, მღვდელმონაზონი ვირჯილიო კორბო და დაავალა, გათხრები იორდანეს უდაბნოს იმ ტერიტორიაზე ეწარმოებინა, სადაც (მისი ინტუიციით) ქართველთა სამონასტრო კომპლექსის ნაშთთა არსებობა ივარაუდებოდა. იგი ფიქრობდა, წმინდა დედოფლის ცხედარს თანამემამულე ბერები სამუდამო განსასვენებელს თავიანთ სავანეში მიუჩენდნენო.
მუშაობა დიდი გულმოდგინებით წარიმართა. მართალია, წმინდა მეფის საფლავი არ გამოვლინდა (ვერ დადასტურდა), მაგრამ იქ არანაკლები მნიშვნელობის ძეგლი აღმოჩნდა. ვასილ ჩაჩანიძე აღნიშნავს: „ვატიკანის ფონდებში დაცული ცნობა (მეფე თამარის გადასვენების შესახებ. - ნ. პ.) საფუძვლად დაედო იერუსალიმში, იორდანის უდაბნოში, არქეოლოგიური გათხრების დაწყებას იტალიელი მეცნიერის პ. ვირჯილიო კორბოს ხელმძღვანელობით 1946 წელს. ალბერტო ფორის ვარაუდი სწორი და ზუსტი გამოდგა (ქართული მონასტრის ნაკვალევთან დაკავშირებით. - ნ. პ.). არქეოლოგიური გათხრების შედეგად უკვე 1948 წელს აღმოჩნდა ბირ ელ-ყუტის მიდამოებში ქართული მონასტრის არსებობის ნიშნები, ხოლო შემდგომმა დეტალურმა გათხრებმა 1952 წ. დღის სინათლეზე გამოიტანა უმნიშვნელოვანესი ქართული ტაძარი, პეტრე იბერიელის მიერ V საუკუნეში აგებული მონასტერი ქართული კულტურის უძვირფასესი ექსპონატებით“ (ჩაჩანიძე: გვ. 31). აღმოჩენა, რომელმაც პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუთის (კუთთის) სანახებში 1946 წელს დაწყებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება დააგვირგვინა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დაგვირგვინების ეს წელიწადი - 1952 - ოქროს ასოებით შევიდა ქართული კულტურის ისტორიაში.
ეკლესიის ისტორიის თავმიძღვნილი მკვლევარი
მღვდელი (პატრი) ვირჯილიო კორბო (ვირგილიო ჩორბო) არის დამსახურებული არქეოლოგი და ეკლესიის ისტორიკოსი. იგი დაიბადა 1918 წლის 8 ივლისს იტალიის ერთ პატარა, მაგრამ ისტორიულ ქალაქში, რომლის სახელია ავიგლიანო. მშობლებმა დროულად იზრუნეს მის სასულიერო განათლებაზე; ათი წლის ყმაწვილი პალესტინაში გაგზავნეს და იქ ფრანცისკანელთა ბიბლიურ სკოლაში შეიყვანეს, რის გამოც მას იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა და პირველქრისტიანთა ნატერფალის ხილვისა და უშუალოდ განცდის შესაძლებლობა მიეცა. და მან ისე შეიყვარა ქრისტიანული აღმოსავლეთი, რომ თავი მისი წარსულის კვლევა-ძიებას მიუძღვნა. იგი დაბრუნდა სამშობლოში; დაამთავრა რომის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი; აღიკვეცა ბერად; ეკურთხა მღვდლად და ფრანცისკანელთა ორდენს შეუერთდა. ეს ნიშნავს: მან, ისე როგორც წმ. ფრანცისკო ასიზელმა, უარი თქვა ოჯახსა და პირად საკუთრებაზე და ქრისტეს ეკლესიას მთელი არსებით შეუერთდა. ამ ნაბიჯმა მას სარწმუნოებრივი და მეცნიერული საქმიანობის ეფექტურად და სრულფასოვნად წარმართვა გაუადვილა.
ფრანცისკანელთა ორდენი არის ერთ-ერთი რომაულ-კათოლიკური საზოგადოება, რომელსაც მდიდარი წარსული და სასულიერო-საგანმანათლებლო მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ვირჯილიო კორბო ამ საზოგადოების იმ ფრთას შეუერთდა, რომელიც ცნობილია სახელით „უმრწემეს (ე.ი. პატარა, მდაბალ) ძმათა გაერთიანება“ (ორდო ფრატრუმ მინორუმ); იგი ფრანცისკანელ მინორიტთა ანუ, ქართულად, უმრწემესთა ორდენის წევრი გახდა (ლათ. მინორ „უფრო პატარა“, უმრწემესი). ეს ორდენი წმ. ფრანცისკო ასიზელმა 1207 წლის ახლო ხანს დააარსა, ხოლო მისი არსებობა და უფლებები 1210 წელს პაპმა ინოკენტი III -მაც აღიარა. ფრანცისკანელების და, მით უფრო, მინორიტი ფრანცისკანელების არსებით ნიშანს ქრისტესმიერი უპოვარება და სიგლახაკე წარმოადგენდა იესო ქრისტეს იმ სიტყვების შესაბამისად, რითაც მან მდიდარ ჭაბუკს მიმართა: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“ (მათე 19,21).
ფრანცისკანელთა ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრებამ ვირჯილიო კორბოს არამარტო სულიერ ცხოვრებაში მოაპოვებინა წარმატებები, არამედ პროფესიულ პრაქტიკაშიც. არქეოლოგიის ველზე დამოუკიდებლად მუშაობა მან 1940 წელს დაიწყო. მისი გამოკვლევები იუდეის, იორდანიისა და გალილეის სიძველეებს მიეძღვნა. მის სახელთანაა დაკავშირებული ჰეროდე დიდის ციხესიმაგრის, უფრო ზუსტად, მახიარუსის, მიკვლევა, ასევე: კაპერნაუმში პეტრეს სახლისა და ამ სახლში მოწყობილი სამლოცველოეკლესიის პირველადი ფენის გამოვლენა. ეს ეკლესია დღემდე ცნობილ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის უძველესად ითვლება და ამ ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლაში კორბოს ლომის წილი უდევს. მანვე აღმოაჩინა ბიზანტიური პერიოდის რამდენიმე ბაზილიკა და სამონასტრო კომპლექსის ნაშთები. როდესაც ქართველთა სულიერი კერის ნაშთებს მიაგნო, მას უკვე „წმინდა ნაკრძალ ადგილთა გათხრების დირექტორის“ თანამდებობა ეჭირა.
ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდის ამ თავმიძღვნილმა მკვლევარმა ხანდაზმულობის წლები კაპერნაუმში, გალილეის ზღვისპირა ქალაქში, გაატარა. ესაა ადგილი, რომელმაც წუთისოფლისაგან დევნილი იესო ქრისტე შეიფარა (მათე 4,13) და რომელმაც მოციქულს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები გაახსენა: „ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი; ჩრდილის ქვეშ მსხდომთ ნათელი აღმოუბრწყინდათ“ (ეს. 9,1; მათე 4,14-16). და ვირჯილიო კორბო სწორედ აქ, ბნელისაგან ნათელის ამობრწყინების ქალაქში, 1991 წლის 6 დეკემბერს, წმ. ნიკოლოზ მირონლუკიელის ხსენების დღეს, გარდაიცვალა (Virgilio-Corbo. - wikipedia.org).
წმინდა მიწაზე ქართველთა სამონასტრო კომპლექსის აღმოჩენასა და შესწავლას ვირჯილიო კორბოს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ თემაზე პირველი ნაშრომი მან 1953 წელს გამოაქვეყნა და ფართო საზოგადოებრიობას შემდეგი აუწყა: მეცნიერებისათვის უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონასტრის არამარტო ნანგრევები და ინვენტარის ნაშთი, არამედ იმ ხალხის წერილობითი კულტურის ასევე უძველესი ნიმუშებიც, რომლის წარმომადგენლებსაც ეს მონასტერი ეკუთვნოდათ; შეუძლებელია აღნიშნულ ძეგლზე სრულყოფილი წარომოდგენა შეგვექმნას, ვიდრე მისი მოზაიკური იატაკის ეპიგრაფიკული მასალა არ ამოიკითხება და არ გაიშიფრება. ამ პრობლემის გადაჭრა არქეოლოგმა რომში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, კათოლიკე მღვდელს, მიხეილ თარხნიშვილს მიანდო. აი, რას ამბობს იგი ამის თაობაზე: „დიდად პატივცემულმა მღვდელმა დოქტორმა მ. თარხნიშვილმა გულწრფელი აღფრთოვანებით უპასუხა ჩვენს მოწოდებას, მოეცა ქართული წარწერის ტრანსკრიპცია და გამოკვლევა“. ეს გამოკვლევა მან ჩართო თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „siiar el-Ramanis (მწყემსთა მინდვრის) გათხრები და შემოგარენის მონასტრები“, რომელიც 1955 წელს იერუსალიმში დაიბეჭდა. ხსენებული გამოკვლევა (ჩანართი) წიგნის მე-8 თავშია მოცემული და, ამდენად, წიგნის ეს ნაწილი მთლიანად სიიარ ელ-ღამანის ნაწილის, ბირ ელ-ყუთის, ქართულ არქეოლოგიურ მასალას ეთმობა. ამ თავის სათაურია: „წმიდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტერი ბირ ელყუთში“. მისი მე-3 ქვეთავი თარხნიშვილის გამოკვლევას მოიცავს. წიგნის აღნიშნული მონაკვეთი (მერვე თავი) და სხვა ადგილები, სადაც საქართველოს შესახებაა ლაპარაკი, თარგმნა ისტორიკოსმა ბეჟან გიორგაძემ (გამოქვეყნებულია ვ. ჩაჩანიძის დასახელებულ გამო-ცემაში: გვ. 53-98). ბ. გიორგაძის ცნობით, კორბოს თავისი წიგნი გამოუგზავნია აკად. აკაკი შანიძისთვისაც, რომელსაც 1958 წელს ამ თემაზე მოხსენება წაუკითხავს („საბჭოთა ხელოვნება“, 1959, №12, გვ. 34).
ქართველთა მონასტერი ბეთლემის მახლობლად მდებარეობს. ვირჯილიო კორბომ მისი ყველა დეტალი აღწერა და გაარკვია, რომ სულიერი მოსაგრეობის ეს სავანე ერთობ თავისებური კონსტრუქციის შენობასა და კარ-მიდამოს წარმოადგენდა. იქ, თურმე, სამეურნეო ცხოვრებაც დუღდა და გადადუღდა. მის შემოგარენს ვენახი და ზეთისხილის ბაღები ამშვენებდა, რაზეც საწნეხელების, მარნისა და სხვა სამეურნეო საშუალებების არსებობა მეტყველებს. ეს გარემოება, მკვლევრის თქმით, ქართველთა საძმოს იუდეის ბერთა სხვა საძმოებისაგან გამოარჩევს და მისი წევრების შრომისმოყვარეობას ადასტურებს. თავად მონასტერს კვადრატის ფორმა აქვს და რამდენიმე სადგომს, სათავსს, ეკლესიას, სასაფლაოს, გალავანსა და კარიბჭეს მოიცავს. ეკლესია ჩრდილოეთით მდგარა, ეგვტერი კი სამხრეთით. ჰქონია შთამბეჭდავი სატრაპეზოც. ზოგიერთი სადგომის იატაკი მოზაიკით ყოფილა მოპირკეთებული. სატრაპეზოსთან (მე-4 სადგომთან) დაკავშირებით გამოკვლევაში ნათქვამია: მისი „მთავარი დამახასიათებელია ის, რომ იგი შედგება მოზაიკური იატაკისაგან, რომელსაც დაკავებული აქვს მთელი ოთახი და ახლაც კარგადაა შენახული... იგი მრავალფერი კენჭებითაა მოსხმული: თეთრი, ალისებრ წითელი, შავი, ცისფერი, მწვანე. ცენტრალურ ფართობს შემოვლებული აქვს შვიდი რიგის არშია. მის დიაგონალში თეთრი მოზაიკის წნულებია გამოყოფილი... თეთრი წნულის დიაგონალზე მოთავსებულია დიდი წარწერა. წარწერა ჩასმულია ჩარჩოში, რომელსაც კიდურებზე ორი სახელური ახლავს. ჩარჩო გაკეთებულია ქსოვილის ხუთი პარალელური ხაზისაგან თეთრი და შავი ფერებით... წარწერის ტექსტი ხუთი პწკარისაგან შედგება. ასოების სიმაღლე 10 სანტიმეტრია...“ (ჩაჩანიძე: გვ. 65). სწორედ ამ და სამი მსგავსი წარწერის ამიკითხვა მიანდო ვირჯილიო კორბომ იმდროისათვის რომში მომუშავე ქართველოლოგს მიხეილ თარხნიშვილს.
სამშობლოსათვის დამაშვრალი „ჭეშმარიტ სამშობლოში“ დაბრუნდა
მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილი (1897-1958) ახალგაზრდა ქართველი კათოლიკეების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ცოდნის გასაღრმავებლად 1919 წელს კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, კონსტანტინოპოლიდან კი - დასავლეთ ევროპაში. მათ სამშობლოს იმედები გაამართლეს, - იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ისინი სასულიერო განათლებისა და მეცნიერების მაღალ დონეს ეზიარნენ, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის გამო თავიანთ ქვეყანაში ვეღარ დაუბრუნდნენ და ემიგრანტის უღელი იძულებით შეიბეს. მიხეილ თარხნიშვილმა ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო (მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მონოგრაფიულად შეისწავლა თამარ ჭუმბურიძემ: თარხნიშვილი 1994: გვ. 9-29). იგი ევროპაში ჩავიდა როგორც მართლმადიდებელთა ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბერძენთა წესის კათოლიკე, ე.ი. უნიატი ქრისტიანი, და 1931 წელს მღვდლად ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში (სააბატოში) ეკურთხა. მამა მიხეილი ევროპაში ქართველ კათოლიკეთა სამრევლოს ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა, რაც არ მოხერხდა. ამის შემდეგ მას ირანში წასვლა და იქ მცხოვრები თანამემამულეების მოძღვრად სამსახური შესთავაზეს, მაგრამ ეს ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო: უკურნებელი სენი (ყელის კიბო) აღმოაჩნდა, რომელიც მას ათ წელიწადზე მეტ ხანს აწამებდა. აი, აქ დადასტურდა მისი სულის გასაოცარი სიმტკიცე, პატრიოტული შემართება და მორწმუნეობის ხარისხი. ქართველმა კათოლიკე მღვდელმა სული და გული მიუძღვნა წინაპართა წერილობითი მემკვიდრეობის შესწავლას და ამ მემკვიდრეობის საერთაშორისო სარბიელზე წარმოჩენას. მან სწორედ ამ დროს, ავთვისებიანი სიმსივნის მძვინვარების ჟამს, აკადემიური ნაშრომები შექმნა და მათგან ბევრი სასიკვდილო სარეცელზე მიჭაჭვულმა დაწერა. სიკვდილიც თითქოს განზრახ იგვიანებდა, თითქოს დროს აძლევდა, რათა მას სამშობლოსა და მეცნიერებისათვის ვალი პატიოსნად გადაეხადა. და მართლაც: წუთისოფლისაგან გაწირულს, რომში თითქმის მიუსაფრად მყოფს, მუშაობა არ შეუწყვეტია ბოლო დღემდე, 1958 წლის 15 ოქტომბრამდე, ვიდრე სული ამოხდებოდა.
მიხეილ თარხნიშვილის, როგორც სასულიერო პირისა და მეცნიერის, სულის საოხად პანაშვიდები არამარტო კათოლიკურ ეკლესიებში გადაიხადეს, არამედ პარიზის წმ. ნინოს ქართველ მართლმადიდებელთა ეკლესიაშიც. ბევრი გულში ჩამწვდომი სიტყვა წარმოითქვა და დაიწერა, მაგრამ ვერაფერი შეედრება ეპიტაფიას, რომელიც მის საფლავს ამშვენებს: „კაცი რელიგიური ერთგულებით სახელგანთქმული, მორჩილებითა და ღვთისმოსაობით შემკული, მუშაობაში მუყაითი და სანიმუშო, მახვილი გონებისა და ღრმა ცოდნის პატრონი... სამშობლოსაგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ ბოლოს და ბოლოს ბრუნდება ჭეშმარიტ სამშობლოში“.
1952 წლის დეკემბერში, როდესაც პალესტინაში ქართული მოზაიკური წარწერები გამოვლინდა, მიხეილ თარხნიშვილმა თავისი ჯანმრთელობის საბედისწერო დიაგნოზი უკვე იცოდა. ამის მიუხედავად მან ხალისით მიიღო ვირჯილიო კორბოს წინადადება და აღნიშნული ძეგლი იმ ფოტომასალის მიხედვით შეისწავლა, რომელიც მას იერუსალიმიდან 1953 წლის მარტში გაუგზავნეს. როგორც ჩანს, მეცნიერმა სწრაფად გაართვა თავი ერთობ რთულ ამოცანას და გამოკვლევის შედეგები იმავე წლის ივნისში უკვე სოლიდური ნაშრომის სახით წარმოადგინა. პირველი სტატია იტალიურად დაიწერა და იმავე წლის ივნის-ივლისში ორჯერ გამოქვეყნდა რომსა და მილანში (ჩართულია კორბოს დასახელებულ წიგნშიც. იხ. ზემოთ). მეორე სტატია, რომელიც ავტორმა ქართულად დაწერა, გამოქვეყნდა 1954 წელს ქართულ სამეცნიეროპოპულარულ ჟურნალში „ბედი ქართლისა“ (№16, პარიზი) სათაურით: „ახლად აღმოჩენილი ქართველთა მონასტერი ბეთლემში“ (მეორე პუბლიკაცია: თარხნიშვილი 1994: გვ. 336-544).
თანამემამულეებისათვის განკუთვნილი პუბლიკაცია იწყება მილოცვით: „უკანასკნელი წლები ნაყოფიერ ხანად უნდა ითქვას ქართული კულტურის კერისათვის უცხოეთში. ახლად ნაწარმოებმა გათხრებმა მზეზე გამოიტანეს საუკუნეთა მტვერ ქვეშ დამარხული ქართველთა მონასტრები ქ. ანტიოქიის სანახებში და ეგვიპტის უდაბნოს მამათა სამყოფში. ეს აღმოჩენა უკვე გავაცანით ქართულ საზოგადოებას გადმოხვეწილობაში მაინც. ამ მონაპოვარს დაემატა ახალი ალბათ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაბა ბეთლემს, სადაც ქრისტე იშვა: ქართული მონასტერი და ეკლესია წმიდა თეოდორესი“.
სტატიაში წარმოჩენილია ვირჯილიო კორბოს ღვაწლი და მოყვანილია მისი სიტყვები ქართულად, რითაც მ. მიხეილი შესანიშნავ მთარგმნელად გამოიყურება. გვმართებს აქვე შევნიშნოთ: რომ არა მ. მიხეილის წვლილი, არც აღმოჩენილი ეკლესია-მონასტრის სახელობა და არც მის გარშემო არსებული სხვა პირველხარისხოვანი ამბები გვეცოდინებოდა. ასეთი ინფორმაციები მოცემულია იატაკის იმ ოთხ მოზაიკურ წარწერაში, რომლებიც ხუცური ასომთავრულით არის შესრულებული და რომელთა ამოკითხვის სირთულეს ქართველმა მეცნიერმა ბერმა სრულყოფილად გაართვა თავი. ამით მან ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის ბრწყინვალე ცოდნა დაადასტურა. დაადასტურა აგრეთვე აკადემიური სიფრთხილე და კოლეგიურობის კულტურაც: მან, როგორც თავად აღნიშნავს, მუშაობის პროცესში თვისტომი ემოგრანტი პროფესორი მიხაკო წერეთელი ჩართო და გამოკვლევის შედეგები მას გამოქვეყნებამდე გააცნო. რომ არა შესაშური პროფესიული ალღო, ასეთი თავისებური რელიეფის წარწერების ამგვარი სიზუსტითა და სისწორით ამოკითხვა და ისიც მხოლოდ ფოტოსურათების მეშვეობით შეუძლებელი იქნებოდა. ამ სირთულეს ავტორი ასე ახასიათებს: „რაკი მოზაიკები მათი წარწერებითურთ მრავალფეროვანი კენჭებით არის იატაკზე გამოყვანილი, ამიტომ ძნელია მათი ფოტოგრაფიების ზუსტი გადაღება“.
აღმოჩნდა, რომ ოთხიდან ყველაზე კარგად მეოთხე სადგომის წარწერაა შემონახული. იგი, ამასთანავე, ხორცსავსე და მრავლისმეტყველია. ამიტომ მკვლევარი მას პირველ ადგილზე აყენებს (აღნიშნავს ლიტერით A) და ასე კითხულობს: „შეწევნითა ქრისტჱსითა და მეოხებითა წმიდისა თეოდორეჲსითა შეიწყალენ ანტონი აბაჲ და ოსია მომსხმელი ამის სეფისაჲ და მამა-დედაჲ ოსიაჲსი. ამენ!“. დანარჩენი წარწერები ძლიერ დაზიანებულია, მაგრამ მკვლევარმა მათი შინაარსის გარკვევა მაინც მოახერხა; გამოავლინა საკუთარი სახელები: მარუან, ბურზნ, ორმიზდ, ბაკურ, გრიგორ (?) და მათი იდენტიფიკაციაც სცადა. მან მიანიშნა სახელების „მარუან“ და „ბურზნ“ პეტრე იბერთან და მის მამასთან, ბუზმირთან, დაკავშირების შესაძლებლობა. ერისკაცობაში პეტრე იბერსაც ხომ მურვანი (მურვანოსი) ერქვა! ცნობილია ისიც, რომ პეტრე იბერმა, დიდმა ბერმა და საეკლესიო მოღვაწემ, V ს-ის 20-იან წლებში პალესტინის მიდამოებში თანამემამულეებისა და ბერძნებისათვის დაარსა სასტუმრო (ქსენონი) და მონასტერი, რომლებსაც მან „საფქვილე და საპურე“, „საზეთე და საღვინე“ გაუჩინა. მ. თარხნიშვილმა „ანტონი აბაჲ“-ის იდენტიფიკაციაც მოახდინა. მისი დაკვირვებით, ეს ის ქართველი მამა (აბა) ანტონია, რომლის შესახებ ცნობას სვიმეონ მესვეტის დედის, მართას, აგიოგრაფი გვაწოდებს. იგი VI ს-ის შუა წლებში ცხოვრობდა. ამ დაკვირვებამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სხვა ქართველ მკვლევრებს ასეთი დაშვების შესაძლებლობა მისცა: მონასტერი, რომელიც V ს-ის პირველ ნახევარში პეტრე იბერმა და მისმა მოძღვარმა იოანე ლაზმა დააფუძნეს, ერთი საუკუნის შემდეგ აბა ანტონმა, ასევე ქართველმა, სეფით (მოზაიკური იატაკით) გაამდიდრა და გაალამაზა. ამ წარწერების საფუძველზე მ. მიხეილმა დაადგინა, რომ ეს სავანე, - ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი, - წმ. თეოდორეს სახელს ატარებდა და მას უცხოეთში ქართული კულტურის ცენტრის ფუნქციაც ჰქონდა.
გამოკვლევის ძირითადი დასკვნები ასეთია: „წმ. თეოდორეს მონასტერი უძველესი ქართული სავანეა უცხოეთში, რომლის ადგილ-მდებარეობა და ნანგრევები ჩვენამდის შენახულა; მისი წარწერანიც ქართული დამწერლობის უძველეს ნეშთად უნდა ჩაითვალოს სამშობლოს გარეთ; ეს წარწერა უძველესი ქრისტიანული წარწერა ყოფილა მთელს პალესტინაში; დიდია ასევე ამ წარწერათა პირველ-ყოფილი რაოდენობა, რასაც ტოლი არა ჰყავს სირია-პალესტინაში; ეს წარწერები მნიშვნელოვანია აგრეთვე ქართული სახელთმცოდნეობისათვის, ენათმეცნიერებისათვის და ლექსიკისათვის, რომელსაც ავსებს ახალი სახელებით და სიტყვებით... ეს წარწერანი გვატყობინებენ, რომ უცხო ცის ქვეშ მყოფი ქართველები იმ თავითვე ცდილან მაღლა დაეჭირათ ეროვნული დროშა, მყარი ძეგლი აეგოთ მისთვის და ქართულით და ქართველობით დაედასტურებინათ მათი ვინაობა-მეობა სხვა მოდგმის ხალხთა შორის... მაშინდელ ქართველებში მძლავრად გაღვიძებული ყოფილა ისტორიულ ამბავთა აღნუსხვის და მომავალი თაობასათვის შეძლებისამებრ ხანგრძლივ შენახვის სურვილი მათი კედლებზე თუ იატაკზე ამოჭრით“.
ამდენად, მიხეილ თარხნიშვილს წილად ხვდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონასტრის კვალის გამოვლენისა და შესწავლის სათავეებთან დგომის ბედნიერება. მისმა ნაღვაწმა სათავე დაუდო ამ ძეგლის და, განსაკუთრებით, მისი წარწერების გაღრმავებულ შესწავლას, რაც სამშობლოში, საქართველოში, განხორციელდა.
მეტი სიზუსტე და სიცხადე საქართველოში
ცნობებმა უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლისა და წარწერების აღმოჩენის შესახებ საქართველოშიც შემოაღწია ტოტალიტარული რეჟიმისა და უცხოურ ლიტერატურაზე მკაცრი კონტროლის მიუხედავად. პირველი ინფორმაცია 1956 წელს გამოქვეყნდა (ალ. გამყრელიძე, უძველესი ქართული წარწერების აღმოჩენა პალესტინაში. „ლიტერატურული გაზეთი“, 1956, 15.VI, №24). პრობლემას სხვადასხვა დროს გამოეხმაურნენ: კორნელი კეკელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, ბეჟან გიორგაძე და სხვანი (ზოგადი მიმოხილვა: მენაბდე II: გვ. 23-25, 301-303), მაგრამ ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა თქვა. გიორგი წერეთელი (1904-1973) მსოფლიო მასშტაბის აღმოსავლეთმცოდნე (სემიტოლოგი) ენათმეცნიერია. იგი ცნობილია აგრეთვე პირველხარისხოვანი ნაშრომებით დამწერლობის ისტორიასა და თეორიაში. როდესაც ის ვირჯილიო კორბოს წიგნს გაეცნო, მას პალეოგრაფიული კვლევა-ძიების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამის დასტურია მისი ნაშრომი არმაზის ბილინგვის (ბერძნულ-არამეული ეპიტაფიის) შესახებ, რომელიც მან 1941 წელს გამოაქვეყნა. ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა არამეული დამწერლობის უცნობი ვარიანტი, რომელიც მეცნიერებაში „არმაზის არამეულის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ნაშრომში მოცემულია ცდა, პასუხი გაეცეს კითხვას, რომელიც ფუნდამენტურია: რომელი დამწერლობით, ანდა დამწერლობებით, სარგებლობდნენ ქრისტიანობამდელ საქართველოში?
მონოგრაფია „უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან“ დაისტამბა 1960 წელს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით. გამოცემა ზედმიწევნით აკადემიური ხასიათისაა. თვალში საცემია ყველა ზემოთ დასახელებული ავტორის პოზიციათა მაქსიმალურად გათვალისწინება და ფართო ანალიზი. საგანი განხილული და შსწავლილია კომპლექსურად; არც ერთი კუთხე, დაკავშირებული ისტორიასთან, ლიტერატურასთან, ონომასტიკასთან, ლექსიკოლოგიასთან და, მით უმეტეს, პალეოგრაფიასთან მეცნიერული ყურადღების მიღმა დარჩენილი არ არის. ამ გზით და ამ მეთოდით მოხერხდა ძეგლის დათარიღება და მასთან დაკავშირებული კულტურულ-ისტორიული საკითხების გარკვევა.
ძეგლის ეპიგრაფიკული მხარის განხილვას, რაც გამოკვლევის ძირითადი ობიექტია, გიორგი წერეთელი ამ სიტყვებით იწყებს: „ბეთლემის ქართულ წარწერებს სპეციალური სტატია მიუძღვნა ქართული კულტურისა და მწერლობის გამოჩენილმა მკვლევარმა, განსვენებულმა მეცნიერმა მიქელ თარხნიშვილმა“ (გვ. 10). და მართლაც: მიხეილ თარხნიშვილისადმი პატივისცემა და მისი ნაღვაწის ობიექტურად წარმოჩენის სურვილი მონოგრაფიაში ცოცხლად იგრძნობა. ავტორი წერს: „მ. თარხნიშვილის ნაშრომში მოცემულია წარწერების ტექსტი ლათინური თარგმანითა და კომენტარებით. უნდა ითქვას, რომ, ჩვენი აზრით, წარწერები წაკითხულია მ. თარხნიშვილის მიერ აბსოლუტურად სწორად და ზუსტად, და თითქმის არ არის არც ერთი ასო, რომლის წაკითხვა შესწორებას საჭიროებდეს. სწორია აგრეთვე თარგმანი და ტექსტის ინტერპრეტაცია. დაზუსტებას მოითხოვს მხოლოდ ზოგიერთი სიტყვის, კერძოდ, საკუთარი როგორც ქვემოთ დავინახავთ, წარწერისა და მონასტრის დათარიღების საკითხიც“ (გვ. 10-11).
გ. წერეთელმა განავითარა მ. თარხნიშვილის მსჯელობა „ანტონი აბაჲ“-ს შესახებ და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: ეს მართლაც ის ანტონია, რომელზეც მიგვითითებს თარხნიშვილი და რომელზეც გვიამბობს სვიმეონ მესვეტის დედის, მართას, „ცხოვრება“. იგი ორ ქართველ თანამემამულე ბერთან ერთად შავ მთაზე წმ. სვიმეონთან მაშინ მივიდა, როდესაც უკანასკნელმა ღმერთს შეღაღადა და ცხოველმყოფელი ძელის (ჯვრის) ნაწილის მიმადლება სთხოვა. ანტონ ქართველი „მართას ცხოვრებაში“ ასე მოიხსენიება: „ამბა ანტონი, კაცი ღირსი და მონაჲ სარწმუნოჲ უფლისა თჳსისაჲ“, რომელიც ნახვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სვიმეონმა სელევკიის ეპისკოპოსად აკურთხა. მკვლევრის დაკვირვებით, „წარწერის გაკეთების დროს მას იგივე მდგომარეობა ჰქონია, როგორიც შავ მთაზე მისვლისას“. ამდენად, წარწერა გაკეთებულია მის გაეპისკოპოსებამდე, უფრო ზუსტად, - სვიმეონთან მისვლამდე, მეტი დაკონკრეტებით, - სვიმეონის სვეტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, ე.ი. 552 წლამდე. „მართას ცხოვრება“ იმასაც გვაუწყებს, რომ ანტონი საქართველოდან ოცი წლის ჩამოსული იყო, როდესაც სვიმეონთან მივიდა. ასე რომ, შესაბამისი წარწერა 532-552 წლებში უნდა იყოს შესრულებული (გვ. 15-17). ესაა „სეფის მოსხმის“ თარიღი.
რაც შეეხება მონასტრის დათარიღებას, გასაღები მოცემულია სახელების მარუან და ბურზნ იდენტიფიკაციაში. გ. წერეთელი იმოწმებს აკად. სიმონ ყაუხჩიშვილს, „ქართლის ცხოვრების“ გამომცემელს, რომელიც ამბობს: „მ. თარხნიშვილს შესაძლებლად მიაჩნია, რომ წარწერაში წავიკითხოთ ის სახელები, რომელთაც ატარებდნენ პერტე იბერი და მისი მამა: მარუან და ბუზმირ. თუ ეს ასეა, მაშინ ისე გამოდის, რომ ბეთლემის ქართულ წარწერებში გვაქვს სახელები: ბაკურ, მარუან (=მურვანოს) და ბუზმირ, რომელთაგან მარუან არის პეტრე იბერის სახელი; ბუზმირ პეტრე იბერის (მარუანის) მამისა; ბაკურ არის პეტრე იბერის პაპა (დედის მამა)“. წერეთელი არსებითად ეთანხმება ამ მსჯელობას და დასძენს: II და III წარწერა „მართლაც პეტრე ქართველს ეკუთვნის. ამიტომ ბუნებრივია, რომ III წარწერაში მოხსენიებული ბაკურიც პეტრე ქართველის პაპად... მივიჩნიოთ“. მაშასადამე, II და III წარწერებში პეტრე იბერის ახლო გენეალოგიაა წარმოდგენილი. „აშკარაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძეგლთან, რომელიც თვით პეტრე ქართველს აუგია პალესტინაში“ (გვ. 24). ავტორის ყურადღებას განსაკუთრებით პეტრე იბერის ცხოვრების ის რედაქცია იპყრობს, რომელიც მოცემულია ლეონტი მროველის თხზულებაში და რომელშიც შენახულია პირდაპირი ცნობა იმის შესახებ, რომ პალესტინის ქართველთა მონასტერში ღვინისა და ზეთის მეურნეობას მისდევდნენ. ტექსტში ვკითხულობთ: მან, პეტრემ, „მოვლნა ყოველნი უდაბნონი ეგჳპტისა და სკიტისანი, და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. კუალად მონასტერსა და ქსენონსა თჳსსა მიიქცა, და სიყმილსა შინა საფქვილე, საცერცვე, საზეთე და საღჳნე - ყოველნივე ჭურჭელნი ლოცვითა თჳსითა აღავსნა“ (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 134).
მკვლევარი დასძენს: „იორდანეს უდაბნოში აღმოჩენილ მონასტერს აქვს საღვინე და საზეთე სათავსოები, რომლებიც პეტრე ქართველს მოუწყვია თავის მონასტერში და, ვფიქრობთ, ეს გარემოება საბოლოოდ ამტკიცებს, რომ ეს მონასტერი პეტრე ქართველის მიერ აგებული ძეგლია ქართული კულტურისა პალესტინაში“ (გვ. 27). მან გაითვალისწინა ფილოლოგიურ მეცნიერებაში არსებული გამოკვლევები მარვანის ანუ მურვანოსის, იგივე პეტრე იბერის, ბიოგრაფიის შესახებ, რომელთა თანახმად ამ წმინდანმა და მისმა თანამოსაგრე იოანემ აღნიშნული უდაბნოს მონასტრები 429-434 წლებში დააარსეს, და განაცხადა: „ამავე ეპოქას ეკუთვნის ის წარწერები, რომლებშიაც პეტრე ქართველი და მისი წინაპრებია მოხსენიებული და რომლებიც სულ ცოტა ერთი საუკუნით არიან დაშორებული ანტონი სელევკიელის წარწერისაგან“. მისი დაკვირვებით, ეს მონასტერი საფუძვლიანად დაზიანდა მიწისძვრის შედეგად, რაც სპეციალური ლიტერატურის თანახმად იქ VI ს-ის შუა წლებში რამდენიმეჯერ მოხდა (გვ. 28, სქ. 1). მონასტრისა და, კერძოდ, მისი იატაკის განახლება ამ გარემოებას უნდა განეპირობებინა.
ზოგადი დასკვნა ასეთია: „წარწერები II. და III. დაშორებული არიან I. წარწერისაგან სულ ცოტა ერთი საუკუნით. ამავე დროს ეს წარწერები არიან უძველესი დღემდე ცნობილ ყველაზე ძველ წარწერათა შორის, ვინაიდან ნახევარი საუკუნით მაინც წინ უსწრებენ დღემდე ყველაზე ძველად მიჩნეულ ბოლნისის წარწერებს. ამრიგად, ბირ ელ-კუთთის წარწერათა სახით ჩვენა გვაქვს ქართული დამწერლობის ყველაზე ადრინდელი ძეგლები“ (გვ. 29).
ძველი აღმოსავლეთის ენების პროფესიული ცოდნა გ. წერეთელს დაეხმარა პასუხი ეპოვა კითხვაზე: რას ნიშნავს III წარწერის გრი: „გრი-ორმიზდ“? მ. თარხნიშვილმა მხოლოდ მიუთითა მისი გაშიფვრის სირთულეზე და ალბათობის დონეზე იგი გრიგორად წაიკითხა. გ. წერეთელმა დაადგინა, რომ „გრი“ ირანული სიტყვაა, გვხვდება ადამიანის საკუთარი სახელის წინ, აქვს ატრიბუტის მნიშვნელობა და ნიშნავს: „სული“. ამდენად, III წარწერის ტექსტში მოხსენიებულია არა გრიგოლი ან გიორგი, არამრდ გრი-ორ-მიზდ-ი (გვ. 34), ე.ი. „სული ორმიზდისა“.
გ. წერეთელი ეთანხმება მ. თარხნიშვილის დაკვირვებას წარწერათა ენის თაობაზე, კერძოდ, იმ აზრს, რომ ამ წარწერებში აღბეჭდილია სხვადასხვა დროის სალიტერატურო ქართული: II და III წარწერის ენა უფრო ძველი ჩანს, ვიდრე I-ისა, ე.ი. წარწერებს შორის ასაკობრივი სხვაობა შეინიშნება. გ. წერეთელმა დაასაბუთა, რომ წარწერა, რომელშიც ბაკურია მოხსენიებული (ე.ი., III ), პირველ წარწერაზე ძველია. იგი ამბობს, რომ ეს თარხნიშვილმაც იგრძნო, თუმცა მან აღნიშნული გარემოების ინდივიდუალური ხელწერის საფუძველზე ახსნა დასაშვებად მიიჩნია. გ. წერეთელს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს განსხვავება არა ინდივიდუალური თავისებურებების, არამედ ასაკის შედეგია. II და III წარწერების „საერთო სახე და დუქტუსი დამწერლობისა გაცილებით უფრო არქაულია, ვიდრე აბა ანტონის წარწერაში... ისინი სულ სხვა ეპოქას ეკუთვნიან, ვიდრე აბა ანტონის წარწერა და, სულ ცოტა, ერთი საუკუნით მაინც არიან მასზე დაშორებული“ (გვ. 43). „ამგვარად, წარწერათა პალეოგრაფიული ანალიზი ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ იორდანეს უდაბნოს ქართული მონასტრის წარწერები სხვადასხვა ეპოქისანი არიან. მარუანისა და ბაკურ - გრი-ორმიზდის წარწერათა სახით ჩვენ გვაქვს ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები არა მარტო ქრონოლოგიურად, არამედ პალეოგრაფიული თვალსაზრისითაც“ (გვ. 45).
პალესტინის ქართული წარწერების ადგილი და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიისათვის გიორგი წერეთელმა ასე განსაზღვრა: „ვარაუდობენ, რომ ქართული ანბანი ჩვენი წელთაღრიცხვის 412-429 წლებში უნდა იყოს შექმნილი. ვფიქრობთ, ეს ჰიპოთეზა პალესტინის აღმოჩენების შემდეგ საბოლოოდ უნდა იქნეს უარყოფილი. მართლაც, თუ ქართული ანბანი 429 წლის ახლო ხანებში გამოიგონეს, ძნელად საფიქრებელია შესაძლებელი ყოფილიყოს ქართველი უფლისწულისათვის, რომელიც ამაზე გაცილებით ადრე... თორმეტი წლის ასაკში სამშობლოდან გადაიხვეწა და რომელსაც თან საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, 433 წლის ახლო ხანებში, ე.ი. ქართული ანბანის გამოგონების ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, პალესტინის უდაბნოს მონასტერში ქართული ეპიგრაფიკის უმნიშვნელოვანესი ძეგლები შეექმნა“(გვ. 47).
ქართული კულტურა და რელიგიათა დიალოგები
იმის გარკვევა, ქართული ანბანის გამოგონებიდან ოთხი-ხუთი წლის შემდეგ იყო თუ არა შესაძლებელი პალესტინაში ამავე ანბანით მაღალი დონის ეპიგრაფიკული ძეგლის შექმნა ანუ რამდენად წყალგაუვალი და დამაჯერებელია გიორგი წერეთლის არგუმენტაცია ამ შემთხვევაში, ცალკე გამოკვლევის საგანს შეადგენს. ჩვენთვის აქ მთავარი და არსებითი სხვა გარემოებაა: ფაქტი, რომ ქართული წერილობითი კულტურის უძველესი ძეგლი (ჩვენამდე მოღწეულთა შორის) საქართველოს საზღვრებს გარეთ, წმინდა მიწაზე - იერუსალიმისა და ბეთლემის სანახებში - აღმოჩნდა, ამ კულტურის სიღრმისა და სივრცის მასშტაბს მეტი რელიეფურობით ასაჩინოებს.
აღნიშნული აღმოჩენის შედეგად ახალმოქცეული საქართველო, მეოთხე-მეხუთე საუკუნეების ქართლი, ცოცხლდება და ვხედავთ, რომ მისი მორწმუნე და ჩინებული შვილები თავიანთი ქვეყნის საზღვრებში არც გეოგრაფიული და არც სულიერი თვალსაზრისით ჩაკეტილები არ არიან. მათთვის უცხოა მსოფლმხედველობითი და კულტურული იზოლაცია. ისინი არ კმაყოფილდებიან იმით, რასაც უკვე მიაღწიეს ჭეშმარიტების გზაზე, რადგან იციან, რომ ეს გზა, ჭეშმარიტების შემეცნების გზა, უსასრულოა. მათ მოეხსენებათ, რომ ეს იგივე კულტურათა დიალოგის გზაა, რაც პირველ ყოვლისა სხვადასხვა ქვეყნისა და ერის ძეთა და ასულთა შეხვედრებს, გაცნობებსა და დამეგობრებას ითვალისწინებს, დამეგობრება კი - გამოცდილებათა და მიღწევათა ურთიერთგაცვლას. თუ გსურს, რომ სრულყოფილების სამანებს მიუახლოვდე, კულტურისა და მეცნიერების მსოფლიო სტანდარტებს ეზიარო, აუცილებლად ამ გზას უნდა დაადგე. ესაა ცივილიზაციის კანონი, რაც ზემოთ განხილული ძეგლის აღმშენებლებს და გამამშვენებლებს - პეტრე იბერს, იოანე ლაზსა და მამა ანტონს - კარგად მოეხსენებოდათ. ისინი არ მოერიდნენ ცხრა მთის გადალახვას, რათა იდეალს მიახლებოდნენ. მათ გადასერეს სივრცე, გავიდნენ ვრცელ ასპარეზზე და მივიდნენ იქ, სადაც მაშინდელი მსოფლიოს სულიერი აკვანი ირწეოდა. წმინდა მიწა ის ადგილია, სადაც ხალხები, რელიგიები და ტრდიციები ერთმანეთს ხვდებიან და ეცნაურებიან. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც, ყველაფერი კი გაცნობით და დიალოგით იწყება.
პალესტინის ქართველთა ნამონასტრალი და მასთან დაკავშირებული ლიტერატურა საკმარის ინფორმაციას გვთავაზობს იმის წარმოსადგენად, თუ როგორ გაეცნენ ქართველი მამები წმინდა მიწებზე ბერძნებსაც, ლათინებსაც, ასურებსაც და სხვებსაც. ეს ინფორმაცია აღბეჭდილია იმ მასალაში, რაც ჟამთა სიავეს გადაურჩა და დღეს არქეოლოგების ხელთაა. მათი მეშვეობით ჩვენ ვგრძნობთ და ვხვდებით, რომ ეს მამები სხვადასხვა ქვეყნისა და ტომის წარმომადგენლებთან ძმურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს ფიზიკური თუ სულიერი ტვირთის ზიდვაში ეხმარებოდნენ. ურთიერთთანადგომის მაგალითად წარმოგვიდგება პალესტინაში ქართველთა სულიერი და მატერიალური კულტურის კერის ჯერ დაარსების, შემდეგ აღდგენისა და გამშვენების, კერძოდ კი იატაკის ადგილობრივ კოლორიტთან შეხამებით მოპირკეთების (სეფის მოსხმის) პროცესი. კულტურათა დიალოგის კვალი აქ სხვა დეტალების მიხედვითაც თვალსაჩინოა. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ განხილულ ქართულ წარწერებში ლათინური შრიფტიც ფიგურირებს და ამ ანბანით შესრულებული ტექსტის კვალიც ჩანს. ეს სხვა არაფერია, თუ არა იმის საბუთი, რომ წმ. თეოდორეს მონასტრის ქართველ მოწესეებს სარწმუნოებრივი და კულტურული კონტაქტები ლათინებთანაც ჰქონდათ.
ქართულ-ლათინური კონტაქტები დღესაც გრძელდება. ის, რაც უკვე ვთქვით, კულტურათა დიალოგის კერძო გამოვლენაა. ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა იმ სამი ადამიანის სახელები, რომელთა ნაშრომნაამაგარი ზემოთ ნაწილობრივ მაინც წარმოვაჩინეთ და მივუთითეთ, რომ მათ მხრებზე დგას ამ ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის მოძიების, აღმოჩენისა და შესწავლის ტვირთი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლი სწორედ კულტურათა დიალოგის გზით გაცოცხლდა და მეორედ დაიბადა. არც ის იქნება სიმართლისაგან შორს, თუ ვიტყვით, რომ ამ პროცესმა გარკვეული აზრით და მასშტაბით აღმოსავლეთი და დასავლეთი დააახლოვა. რომისა და საქართველოს ეკლესიები, კათოლიკეებად და მართლმადიდებლებად დაყოფილ ქრისტიანთა წარმომადგენლები ამ საქმეში ერთმანეთს შეხვდნენ და თითქოს კიდეც გაერთიანდნენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, I I , თბ., 1980.
ვ. ჩაჩანიძე, პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში, თბ., 1974.
გ. წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960.
თ. ჭუმბურიძე, მიქელ თარხნიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
მ. თარხნიშვილი, წერილები, თბ., 1994.
Virgilio-Corbo. http://it.wikipedia.org/wiki/Virgilio-Corbo
![]() |
9 რელიგიის თავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 საქართველო: ანგარიში 2010 რელიგიის თავისუფლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის
დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიურო
სამართლებრივ-პოლიტიკური სტრუქტურა
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, სხვა კანონები და სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უწყობს რელიგიის თავისუფალ აღმსარებლობას. კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ასევე ითვალისწინებს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება მთავრობასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ცნობს ამ უკანასკნელის განსაკუთრებულ სტატუსს. მთავრობას არცერთ სხვა რელიგიურ ჯგუფთან ამგვარი შეთანხმება არ აქვს.
სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ღვთისმსახურებაში ჩარევას, პიროვნების დევნას რელიგიური კუთვნილების, რწმენის საფუძველზე, ასევე რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებაში ხელის შეშლას. ამ აკრძალვების დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. მსგავსი დარღვევა, ჩადენილი საჯარო მოხელის ან ოფიციალური პირის მიერ, ფასდება, როგორც ძალაუფლების გადამეტება და ისჯება უფრო მაღალი ჯარიმით და თავისუფლების უფრო ხანგრძლივი ვადით აღკვეთით.
გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილებას ადამიანის უფლებათა, მათ შორის რელიგიური თავისუფლების, დაცვა ევალება. სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის შესახებ საჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა აქტიურად აგრძელებენ რელიგიის თავისუფლების დაცვას. თუმცა რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებმა, მაგალითად, იეჰოვას მოწმეებმა, უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა სათანადოდ გამოძიებული არ ყოფილა.
მთავრობა ეროვნულ დღესასწაულებად მიიჩნევს შემდეგ რელიგიურ დღესასწაულებს: მართლმადიდებლურ შობას, ნათლისღებას, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლურ აღდგომას, აღდგომის ორშაბათს, წმინდა ანდრია მოციქულის დღეს, მარიამობას, სვეტიცხოვლობასა და გიორგობას, პრეზიდენტმა ნოვრუზ-ბაირამი, დღესასწაული, რომელსაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმები აღნიშნავენ, 2010 წლის 21 მარტს ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
2006 წელს მიღებული კანონის თანახმად, რელიგიურ ჯგუფებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მთავრობასთან დარეგისტრირება შეუძლიათ კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით (ისეთი ფორმით, როგორიცაა გაერთიანება ან ფონდი), იმასათვის, რომ მიიღონ ოფიციალური სამართლებრივი სტატუსი და საგადასახადო შეღავათები. გაერთიანების დასაფუძნებლად საჭიროა წევრების სათანადო რაოდენობა (აუცილებელია, სულ მცირე, 5 წევრის არსებობა), ხოლო ფონდს ჰყავს ერთი ან ორი დამაარსებელი, რომლებიც ფონდს ქმნიან გარკვეული მიზნით, კონკრეტული ჯგუფის ან ფართო საზოგადოების სასარგებლოდ. ყველა შემთხვევაში რეგისტრაცია ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში ხდება, რომელმაც განცხადების შეტანიდან სამი დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე თანხმობა ან უარი უნდა თქვას. უარის გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. საანგარიშო პერიოდის მანძილზე არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე ჯგუფს რეგისტრაციაზე უარი მიეღოს. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ იურიდიული სტატუსისა და საგადასახადო შეღავათების მისაღებად მათ დარეგისტრირება მოუწიათ როგორც არაკომერციულ ორგანიზაციას და არა როგორც რელიგიურ ჯგუფს.
ზოგადი განათლების შესახებ კანონი აღნიშნავს, რომ: „კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სარგებლობენ რელიგიური რწმენის, აღმსარებლობისა და თვითშეგნების თავისუფლებით და უფლება აქვთ თავიანთი სურვილით აირჩიონ და გამოიცვალონ ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობა“.
2005 წლის კანონი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს სახელმწიფო სკოლებსა და რელიგიურ სწავლებას, ჩარჩოში სვამს მთავრობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონკორდატს და მართლმადიდებლობის სწავლებას სასწავლო პროგრამაში არჩევითი საგნის სტატუსს ანიჭებს. კანონში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლობის სწავლება შეიძლება მხოლოდ სასწავლო საათების შემდეგ და რომ მას არ უნდა ხელმძღვანელობდეს სკოლა ან მასწავლებელი. გარედან მოწვეულ ინსტრუქტორებს, მათ შორის სამღვდელოებას, არ შეუძლია რეგულარულად ესწრებოდეს ან ხელმძღვანელობდეს მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობას, ან მათ კლუბებსა და შეხვედრებს. სწავლებას უმეტესად საერო თეოლოგები უძღვებიან და არა - სასულიერო პირები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რეგულარულად განიხილავს სკოლებში გამოყენებულ რელიგიურ და სხვა სახის სახელმძღვანელოებს მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში. ამგვარი განხილვა არ იმართება სამთავრობო სტრუქტურებში. რელიგიური და სხვა სახის სახელმძღვანელოების განხილვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმსახურო მოღვაწეობის ნაწილია.
რელიგიური თავისუფლების შეზღუდვები
მთავრობა ზოგადად ხელს უწყობდა რელიგიის თავისუფალ აღმსარებლობას. საანგარიშო პერიოდში არ შეცვლილა მთავრობის დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. ამავდროულად, რელიგიური ჯგუფები, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ მათ არ აქვთ თანასწორი იურიდიული სტატუსი, ოფიციალურად არ არიან აღიარებული როგორც რელიგიები და ვერ სარგებლობენ იმგვარი პრივილეგიებით, რაც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს. რელიგიური უმცირესობები პრეტენზიას გამოთქვამდნენ იმის გამოც, რომ მათ საჩივრებს ადგილობრივი პოლიცია ხშირად დროულად არ პასუხობდა და ზოგჯერ გამოძიებასაც არ ატარებდა.
2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმება საქართველოს მართლამდიდებელ ეკლესიასა და მთავრობას შორის ამ ორი სუბიექტის ურთიერთობას განსაზღვრავს. კონკორდატი რამდენიმე წინაღმდეგობრივ პუნქტს შეიცავს, როგორიცაა პატრიარქისთვის მინიჭებული იურიდიული ხელშეუხებლობა; საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა განსაკუთრებული უფლება, შეარჩიოს სამხედრო ნაწილებში მომსახურე სამღვდელო პირები; ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები გათავისუფლებულნი არიან სამხედრო სამსახურისგან; საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მთავრობაში მინიჭებული აქვს უნიკალური საკონსულტაციო ფუნქცია, მეტადრე განათლების საკითხებში. კონკორდატის ბევრი საკამათო პუნქტის ასამოქმედებლად პარლამენტს შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მართებს. საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის პარლამენტს აღნიშნული კანონმდებლობა მიღებული არ ჰქონდა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკელსიამ სამთავრობო ბიუჯეტიდან 2010 წელს 13,3 მილიონი დოლარი (25,3 მილიონი ლარი) მიიღო.
ებრალური თემი რამდენიმე წელია რეგისტრირებულია როგორც გაერთიანება. არა იმიტომ, რომ თავად სურდათ ასე, არამედ იმიტომ, რომ ეს სტატუსი მათ სინაგოგის აღდგენის საშუალებას აძლევდა. თუმცა სინაგოგა მათ საკუთრებაში არ დაბრუნებულა და ხელისუფლებისგან იჯარით სიმბოლურ ფასად - 1 დოლარად - იქირავეს. საკუთრების „დაქირავებით“ ინვესტორების სურვილი დაკმაყოფილდა და შესაძლებელი გახდა აღდგენითი სამუშაობის დაწყება.
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ უარი განაცხადა ფონდის ან გაერთიანების სტატუსით დარეგისტრირებაზე, რის გამოც ის იურიდიული სტატუსის გარეშეა. რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ კათოლიკური თემის ნაწილი დაარეგისტრირა, რათა საკუთრებასა და ქონებაზე იურიდიული კონტროლი მოეპოვებინა. ამგვარი რეგისტრაცია მას საშუალებას აძლევს კონტროლი დაამყაროს ეკლესიის ნაგებობებზე და ამავდროულად ათავისუფლებს ადრინდელი პრაქტიკისგან, როცა ეკლესიას მისი რელიგიური ერთეულების რეგისტრაცია კერძო პირების სახელზე უხდებოდა. რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ ფრთხილად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ რეგისტრაციის არსებული ფორმები „ღირსების უარმყოფელი“ იყო. ბაპტისტებმა და იეჰოვას მოწმეებმა ეს უკმაყოფილება გაიზიარეს.
რეგისტრაციის პირობებით კმაყოფილი მხოლოდ კრიშნაიდები იყვნენ, ვინაიდან ამან მათ 100-კაციან თემს ტაძრის აღდგენისა და კონტროლის საშუალება მისცა, თუმცა ამ ჯგუფის არსებობას მთავრობის დამატებითი ყურადღება აღარ მიუქცევია.
საანგარიშო პერიოდში ქობულეთის ეკლესიამ დაკარგა ეკლესიის შენობა. შენობა მისიონერებმა 2005 წელს შეისყიდეს და კერძო პირის სახელზე დაარეგისტრირეს, რამდენადაც ჯგუფმა ვერ შეძლო დარეგისტრირებულიყო როგორც რელიგიური ორგანიზაცია და თავად შეეძინა ქონება. კერძო პირმა კი შემდგომში დაგროვებული გადასახადებისა და სხვა დავალიანებების გამო შეძენილ ქონებაზე მფლობელობის უფლება დაკარგა.
სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სარეგისტრაციო კანონი უზრუნველყოფდა ადეკვატურ ბალანსს რელიგიური უმცირესოებების საჭიროებებსა და სურვილს შორის, და დაცულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი. მთავრობის მტკიცებით, რელიგიური უმცირესობებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მათ შორის უსარგებლო დაპირისპირებას გამოიწვევდა და რომ არსებული სარეგისტრაციო კანონი ეფექტურად უზრუნველყოფს რელიგიური ჯგუფების თანაბარუფლებიანობას. მთავრობის აზრით, რეგისტრაციის კანონი რელიგიის მიმართ ნეიტრალურია და მხოლოდ იმას აზუსტებს, არის თუ არა ორგანიზაცია მოგებაზე ორიენტირებული. რეგისტრირებული რელიგიური ჯგუფების საკუთრება და საგადასახადო სტატუსი არსებითად ისევე დაცულია, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. თუმცა ხელისუფლებამ აღიარა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ გაუგებრობას შეღავათების მიღებისას ან მთავრობის აღმასრულებლებთან ურთიერთობისას. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ირწმუნება, რომ, კონკორდატის თანახმად, მას მხოლოდ სიმბოლური უპირატესობები აქვს; მაგალითად, ის თავისუფალია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (მართლმადიდებელ ეკლესიას არ უწევს გადასახადის გადახდა და შემდეგ კომპენსაციის ლოდინი), აგრეთვე რელიგიური ნივთების გაყიდვიდან შემოსული მოგების გადასახადისაგან.
2010 წლის 12 მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად მხარეები ითანამშრომლებდნენ, რათა ხელი შეეწყოთ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის, როგორც სასჯელის ფორმის, პატიმრებთან პრაქტიკაში გამოყენებისთვის, მათ შორის ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისთვის ეკლესიებსა და მონასტრებში. არცერთ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას მსგავსი შეთანხმება არ აქვს სახელმწიფოსთან. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანახმად, სასჯელის ამ ალტერნატიულ პროგრამაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი პატიმრების შერჩევაა.
ამავე სამინისტროსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, მთავრობამ და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2002 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პატიმრებთან დასაკავშირებლად ნებართვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა სთხოვონ. სასჯელაღსრულების სამინისტროს თქმით, მიუხედავად ამგვარი რეგულირებისა, ხელმძღვანელობა არცერთი რელიგიური ჯგუფის წარმოამდგენელს პატიმრებთან კონტაქტზე უარს არ ეუბნება. თუმცა, ბაპტისტურ და მუსლიმურ თემებში აცხადებდნენ, რომ ამ კუთხით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. რომაულკათოლიკური ეკლესიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პატიმართან შესახვედრად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვა სჭირდებოდა. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის სასჯელაღსრულების სამინისტრო რამდენიმე თემთან ამ ტიპის პრობლემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავს.
წინა ანგარიშის დროს იყო რამდენიმე საჩივარი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადადებასთან დაკავშირებით. ადვენტიზმის მიმდევარმა დროულად ვერ მიმართა შესაბამის სააგენტოს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახურით ჩანაცვლება მოეთხოვა. შესაბამისად, მას მოუხდა სავალდებულო სამხედრო მსახურება. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შედეგად ეს საკითხი განხილულ იქნა. საანგარიშო პერიოდის დასასრულს, სახალხო დამცველის რეკომენდაცია მხედველობაში იქნა მიღებული. ადვენტისტს მოვალეობისგან შაბათობით ათავისუფლებდნენ თავისი რელიგიური მრწამსის შესაბამისად.
გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რელიგიური ირგანიზაციებისათვის იმ ქონების დაბრუნება, რომლის ჩამორთმევა კომუნისტური რეჟიმის დროს მოხდა, კვლავ სადავო საკითხად რჩება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობას ყოფილი მესაკუთრეებისთვის არ დაუბრუნებია რამდენიმე ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა თუ სამლოცველო სახლი. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას ახალციხის რეგიონში, რაბატში, ეკლესია 2009 წლის დეკემბერში დაუბრუნდა, თუმცა საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის მთავრობასთან მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აგრძელებდა მფლობელობასთან დაკავშირებული პირობების გამო, რადგანაც რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს იურიდიული სტატუსი, რაც რელიგიურ ორგანიზაციად აღიარებისთვის არის საჭირო. თბილისში მთავარი მეჩეთი და ორი სინაგოგა რელიგიური თემების შემოწირულობით აღადგინეს, მაგრამ ისინი კვლავაც სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ამავდროულად, იმ ეკლესიებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე დაუბრუნდა, ნაწილობრივ მთავრობის დაფინანსებით აღადგენენ, იმ მოტივით, რომ ეს ნაგებობები ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. ამავე მოტივით მთავრობამ მეჩეთების დაცვისა და მოვლისთვისაც გამოყო სუბსიდიები. სხვა რელიგიურ ჯგუფებში ამბობენ, რომ მთავრობამ არ უზრუნველყო დაფიანსების ნეიტრალურად და სამართლიანად გადანაწილება. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განცხადებით, თბილისში მათმა ეკლესიამ, რომელიც 100 000 კაციან მრევლს ემსახურება, დაფინანსება ვერ მიიღო იმის გამო, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ უარი განაცხადა მთავრობასთან დარეგისტრირებაზე. კულტურის სამინისტრომ კი განმარტა, რომ სარემონტო პროექტს ვერ დააფინანსებდა, თუ ეკლესიის მფლობელი კანონიერად არ დარეგისტრირდებოდა. რომაულ-კათოლკურ ეკლესიასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში სჯერათ, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული დავები არ გადაჭრილა გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესების მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინების შედეგად მოხდა, რაც მკაფიო უპირატესობას საქართველს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მთავრობას არ სურდა ამ სადავო ეკლესიების საკითხის გადაწყვეტა იმის შიშით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს გაანაწყენებდა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარ მოთხოვნად რჩება თბილისში 5 და ახალციხეში 1 ეკლესიის დაბრუნება. ამას გარდა, მათთვის კიდევ 30-მდე ეკლესიის საკითხია სადავო. ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ნორაშენის ტაძრის სტატუსთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორივე მხარე, სომხეთის სამოციქულო ეკლესიაც და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც თავის საკუთრებად აცხადებს, და, რომელიც 1995 წელს დაიკეტა.
2009 წლის 19 ნოემბერს ჩამოინგრა სომხური სამოციქულო ეკლესიის მტკიცებით სადავო ეკლესია თბილისში. ცნობების მიხედვით, ეკლესია 1356 წელს აუშენებიათ, საბჭოეთის დროს კი დაუხურავთ და მას საწყობად იყენებდნენ. ეკლესია არ გახსნილა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, როცა ეკლესიათა საკუთრების საკითხის მოგვარება კულტურის სამინისტროს დაევალა. 2010 წლის 20 ნოემბერს სომხეთის ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მთავრობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ადანაშაულებდა, რომ მათ ვერ დაიცვეს წმინდა სომხური ნაგებობა. თბილისის მერიამ გაწმენდითი სამუშოები დაიწყო საანგარიშო პერიოდის დროს, მაგრამ ეკლესიის აღდგენის საქმე წინ არ წასულა.
რომაულ-კათოლიკური ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და რამდენიმე პროტესტანტული დენომინაციის წარმომადგენლები კვლავაც სიძნელეებს აწყდებიან ახალი ეკლესიების აშენების ნებართვის მოპოვებისას. ადგილობრივი მმართველობა ყოყმანობს იმ შენობათა აგებისთვის საჭირო ნებართვების გაცემაზე, რომელთა აშენებამ შეიძლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაანაწყენოს.
თბილისის მეჩეთის ახუნდის (სულიერი მოძღვრის) ჯუმას სიტყვით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სათემო ცენტრის აშენების ნებართვას ქალაქის მმართველობა აჭიანურებდა. აჭარელი მუსლიმების ცდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ქონება დაებრუნებინათ, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. ადგილობრივი მმართველობა პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდა მეჩეთების დაბრუნებასთან დაკავშირებით ინტენსიურად შემოსულ თხოვნებს. ადგილობრივი მუსლიმი ლიდერის თქმით, აჭარაში თითქმის ყველა მეჩეთი ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმთა საკუთრების უფლება ძალიან ცოტა მათგანზე ვრცელდება.
რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფები, მათ შორის იეჰოვას მოწმეები, კვლავ იტყობინებიან, რომ პრობლემები ექმნებათ საღვთისმსახურო შენობის აგების ან დაქირავების დროს, ასევე კომუნისტების ეპოქაში ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნებასთან დაკავშირებითაც, თუმცა ეს ჯგუფი დღეს აღარ არის იძულებული ღვთისმსახურება საკუთარი უსაფრთხოების მიზნით პრივატულ სივრცეში აღასრულოს.
იეჰოვას მოწმეებს კვლავ პრობლემები აქვთ თბილისში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. ჯგუფმა საჭირო დოკუმენტები მერიაში წარადგინა, მაგრამ უარი მიიღო. 2008 წელს იეჰოვას მოწმეებმა სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო ადმინისტრაციის წინაღმდეგ მშენებლობის ნებართვის გაუცემლობის გამო. 2009 წლის თებერვალში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვეტილემა მათ სასარგებლოდ გამოიტა. მოპასუხეებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. თუმცა იეჰოვას მოწმეებმა შემდგომ მშენებლობის გაგრძელება შეძლეს და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის შენება თითქმის დაასრულეს კიდეც. იეჰოვას მოწმეები კიდევ რამდენჯერმე წააწყდნენ პრობლემას, მათ შორის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა იეჰოვას მოწმეებმა სცადეს ნაყიდი უძრავი ქონება მათი კანონიერი ორგანიზაციის სახელით დაერეგისტრირებინათ, მაგრამ ეს მცდელობები ხშირად უშედეგოდ მთავრდებოდა, ან იმის გამო, რომ იურიდიული დავა ჭიანურდებოდა, ან კიდევ იმიტომ, რომ ქონებას სხვა ვინმე იძენდა. იეჰოვას მოწმეებმა უძრავი ქონების კერძო პირების სახელით რეგისტრაცია დაიწყეს და შემდეგ გადაამისამართეს ეს საკუთრებები კანონიერი ორგანიზაციის სახელზე.
იეჰოვას მოწმეებმა აღნიშნეს აგრეთვე, რომ პრობლემები შეექმნათ მთავრობისგან ზუგდიდში სამლოცველო სახლის (ღვთისმსახურების ადგილის) აშენებისთვის საჭირო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებითაც. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ისინი ჯერ კიდევ ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
იეჰოვას მოწმეები იტყობინებოდნენ, რომ 2009 წლის 14 ივლისს სამმა წევრმა ქალაქ სენაკის მმართველობაში შეიტანა მოთხოვნა, რათა რელიგიური შეკრებებისთვის ერთ-ერთი შენობით სარგებლობის ნებართვა მიეღოთ. ქალაქის მმართველობამ მათ უარი განუცხადა და არაოფიციალურ წერილში უარის მიზეზად მათი რელიგიური კუთვნილება დაასახელა. ჯგუფმა საჩივრით მიმართა ადგილობრივ მერიას, ასევე - გენერალურ პროკურატურას, სახალხო დამცველს, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს. ნებართვა მიიღეს 6 ივნისს, საჩივრის შეტანიდან 11 თვის შემდეგ.
იეჰოვას მოწმეთა გეგმა, აეშენებინათ საზოგადოებრივი ცენტრი ავლაბარში, თბილისში, ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შეაჩერა იმის გამო, რომ დაეჭვდა, რამდენად კანონიერად ჰქონდათ შეძენილი იეჰოვას მოწმეებს საკუთრება. სასამართლომ გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ მიიღო და ხელმძღვანელობამ გასცა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ნებართვა. იეჰოვას მოწმეთა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ისევ უარს ეუბნებიან ისეთი შენობის გამოყენებაზე, რომელიც 200 კაცზე მეტს იტევს. გენერალურ პროკურატურას კი ამ უარის გამო პასუხისგებაში არავინ მიუცია. ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ მოითხოვენ ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ იმედოვნებენ, რომ პრობლემა დიდი დარბაზის აშენების ნებართვის გაცემით გადაიჭრება. ისინი არ აპირებენ ამ გეგმაზე ხელის აღებას და კვლავ ცდილობენ დაიქირავონ შენობა.
სახალხო დამცველის მოხსენების თანახმად, კვლავ ჰქონდა ადგილი შემთხვევებს, როდესაც მასწავლებლები მართლმადიდებლური თეოლოგიის გაძლიერებას საკლასო ოთახში ლოცვებითა და სკოლაში ხატებისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების გამოფენით ცდილობდნენ.
სახალხო დამცველის დახასიათებით, ეს პრობლემა განსაკუთრებულად შეიმჩნეოდა აჭარაში, სადაც მუსლიმი მოსწავლეები ხშირად ხდებიან რელიგიური შევიწროების ობიექტები მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონე მასწავლებლების მხრიდან. განათლების სამინისტრომ შექმნა გენერალური ინსპექციის დეპარტამენტი, რომელსაც ევალება მასწავლებლისათვის შეუფერებელი საქციელის შესახებ შემოსული საჩივრებისა და სტუდენტების რელიგიური თავისუფლების დარღვევათა შემთხვევების განხილვა.
წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, სახალხო დამცველის მოხსენებაში არ ყოფილა აღნიშნული არცერთი ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდლების მხრიდან რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების და სარწმუნოებათაშორის ქორწინების კრიტიკისა, ან კათოლიკე და პროტესტანტი მოსწავლეების აბუჩად აგდებისა. თუმცა არამართლმადიდებლური კონფესიების და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ, მიუხედავად ოფიციალური ცნობების არარსებობისა, მსგავსი შემთხვევები გვხვდება.
რელიგიური თავისუფლების საწინააღმდეგო უკანონო ქმედებები
2009 წლის 1 ნოემბერს მთავრობამ დაიწყო გამოძიება facebook-ზე განთავსებული ვიდეოსერიების გამო, რომლებიც შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისთვის. პროკურატურამ დააკავა და შემდეგ გამოუშვა ორი პირი, გამოძებისას კი ამოიღეს მათი კომპიუტერული აღჭურვილობა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ამ საქმის გამოძიება, ამტკიცებდნენ რა, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. 2009 წლის 3 ნოემბერს სახალხო დამცველმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას დაესახელებინათ, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ომბუდსმენის წარმომადგენელთა თქმით, მათ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ.
იეჰოვას მოწმეებმა განაცხადეს 2009 წლის 17 ივლისს მომხდარი ინციდენტის შესახებ, მათი თემის წევრზე ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ ეხებოდა, და რომელშიც, მათი ცნობით, ჩართული იყო პოლიციის თანამშრომელი. პირმა საჩივარი შეიტანა, თუმცა გამოძიება საანგარიშო პერიოდის ბოლომდე ჭიანურდებოდა.
რამდენიმე შემთხვევის განხილვას, რომლებიც უკვე გასაჩივრდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ადგილობრივი სასამართლოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჭიანურებდნენ. მათ შორის იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და ცნობა 2001 წელს პოლიციის თანამშრომლებისა და მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის შესახებ. მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ აპელაციაზე უარი განაცხადა. რაკი ამ საქმეებზე ყველა შიდა რესურსი ამოიწურა, განახლებული საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად მომზადდა. იეჰოვას მოწმეებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 5 სარჩელი გაგზავნეს, მათ შორის იყო: ძალადობრივი დევნა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, ასევე პოლიციის ოფიცერთა და მთავრობის ოფიციალურ პირთა არაკანონიერი ქმედებები და იეჰოვას მოწმეთა კანონიერი საკუთრების ლიკვიდაცია.
საანგარიშო პერიოდში მთავრობამ გამოიძია თავდასხმის, დაშინებების, შანტაჟისა და ძალადობის შემთხვევები. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებდა საკუთარი ძალაუფლების ზომიერად გამოყენებას, რომ შეზღუდული საგამომძიებლო და საბრალდებო რესურსების პირობებში აქცენტი 2003 წლის შემდეგ აღძრულ საქმეებზე გაეკეთებინა. შესაძლებლობის ფარგლებში 2003 წლამდე მომხდარი შემთხვევების გამოძიებაც გადაწყდა, მაგრამ უპირატესობა ახალ საქმეებს ენიჭებოდა. რელიგიური უმცირესობების ჯგუფები შიშობენ, რომ შეიძლება შეწყდეს ის საქმეები, რომელიც შეიძლებოდა გამოძიებული ყოფილიყო 2003 წლამდე არსებული კანონებით.
რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებული გაუმჯობესებები და პოზიტიური ნაბიჯები
2010 წლის 21 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში უმეტესად ეთნიკური აზერბაიჯანელებით და მუსლიმებით დასახლებულ ქალაქ მარნეულს სტუმრობდა, „სპარსულ ახალ წლად“ წოდებულ ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავად, რომელიც მან ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. 2009 წლის 25 დეკემბერს პრეზიდენტი რომაულკათოლიკურ ეკლესიას და კათოლიკე საზოგადოებას ეწვია და შობის დღესასწაული მიულოცა. 2009 წლის 20 დეკემბერს სააკაშვილი ბათუმში მეჩეთს ესტუმრა და ქვეყანაში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ძმურ ურთიერთობაზე ისაუბრა. 2009 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა ადგილობრივ მუსლიმურ თემთან ერთად თბილისის მეჩეთში ყურბან-ბაირამი - „დიდი ბაირამობა“ - იზეიმა.
2009 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა „ტოლერანტობის საერთაშორისო დღე“ აღნიშნა, სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება მიანიჭა, მათი თანამშრომლობისა და წვლილისთვის ტოლერანტობის განმტკიცების საქმეში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ყველა ძირითადი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ მის საქმიანობაში პრიორიტეტი უმცირესობებისადმი ტოლერანტობას და რელიგიურ საკითხებს ენიჭებოდა.
2009 წლის 15 სექტემბერს ძველი თბილისის უბანში მდებარე 150-წლოვანი აშკენაზის სინაგოგა, რომელიც 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო მძიმედ დაზიანდა, ხელახლა გაიხსნა. გახსნის აღსანიშნავ ღონისძიებას პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილიც ესწრებოდნენ. სინაგოგაში ებრაული თემისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ძველი თბილისის უბნის სილამაზეს, სადაც ორი სინაგოგა, მეჩეთი, მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიები გვერდიგვერდ დგას, და სადაც ქართულად, ებრაულად, სომხურად და აზერბაიჯანულად მოსაუბრე მცხოვრებნი მშვიდობიანად თანაარსებობენ. ეს ღონისძიება ფართოდ გაშუქდა მედიის მეშვეობითაც.
საზოგადოების დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლებისადმი
არ შეწყვეტილა განცხადებები რელიგიური კუთვნილების, რწმენის ან აღმსარებლობის ნიადაგზე საზოგადოებაში შეურაცხყოფის მიყენების ან დისკრიმინაციის შესახებ. ცნობების მიხედვით, დევნაშევიწროების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის გარეთ. ინციდენტებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოქალაქეები, მთავრობის წარმომადგენლები და მართლმადიდებელი პროვოკატორები. ქვეყანაში არსებულ „ტრადიციულ“ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები, კათოლიკეთა, სომეხი ქრისტიანების, ებრაელებისა და მუსლიმების ჩათვლით, გამხდარან შეურაცხყოფის მსხვერპლი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების ზოგიერთი წევრი კვლავ შიშს გამოხატავდა „არატრადიციულ“ რელიგიურ უმცირესობათა, მაგალითად, იეჰოვას მოწმეებისა და ბაპტისტების მიმართ. ზოგიერთი პიროვნების თვალსაზრისით, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფები საფრთხეს უქმნიდნენ ქართულ ეკლესიასა და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებს.
საანგარიშო პერიოდში რელიგიური უმცირესობის რამდენიმე ჯგუფი ფუნდამენტალისტი მართლმადიდებელი ქრისტიანების შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, რომელთა შორის იყვნენ საერო და სასულიერო პირები. შეურაცხყოფა გამოიხატებოდა ბუკლეტების გავრცელებით, რომლებიც მშობლებს აფრთხილებდა კათოლიკურ ეკლესიაში არსებული პედოფილიის შესახებ, აგრეთვე - მუსლიმთა კულტურული ცენტრის მშენებლობის გამო ქუჩის აქციის გამართვით, რომლის დროსაც, როგორც ადგილობრივი მუსლიმები იუწყებიან, აქციის მონაწილეები მათ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ (მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მოვიდა და სიტუაცია განმუხტა, არცერთი მონაწილე არ დაუკავებიათ), ასევე - ფართო საპროტესტო აქციით ასირიული კულტურის დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში სასულიერო პირებიც ერივნენ, ისინი არ იყვნენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური წევრები. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“, ლიდერის თქმით, მისი ორგანიზაციის წევრებს ძალადობა არასოდეს განუხორციელებიათ.
2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ გამართული დისკუსია ფუნდამენტალისტი ქართველი მართლმადიდებლების ორი ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის (სმმ) წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემის ზოგიერთ სტუმარს და ტელევიზიის თანამშრომლებს. სტუდიაში პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა. მათგან შვიდი სასამართლოს წინაშე წარდგა და საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხემძღვანელის ცნობით, 2010 წლის 4 მაისს ფუნდამენტალისტი ქართველი მართლმადიდებლების ჯგუფის წევრმა მას თავში ჩაარტყა მაშინ, როცა იმყოფებოდა იმ წიგნის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი კრიტიკულ განწყობას შეიცავს. მოწოდებული ინფორმაციით, აქცია ჩაშალა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, რომლის ზოგიერთმა წევრმა ფიზიკურად შეურაცხყო დემონსტრაციის მონაწილეები. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ სცადა ერთმანეთისგან დაეშორებინა კონფლიქტის მხარეები, მაგრამ არ გამოიყენა სათანადო ზომები, მათ შორის დაკავება.
ორმოცდაათიანელთა საზოგადოების ინფორმაციით, სარეკლამო კონტრაქტები, რომლებიც მათ რამდენიმე ვებსაიტთან ჰქონდათ დადებული, ტელეკომპანია „კავკასიის“ ინციდენტის შემდეგ გაუუქმეს, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიებს ეშინოდათ ისინიც არ გამხდარიყვნენ ფუნდამენტალისტი ჯგუფების სამიზნე. იმავე საზოგადოების ინფორმაციით, ანალოგიური მიზეზით მათ ვერ შეძლეს კონტრაქტების გაფორმება მეტროს სადგურებში სარეკლამო ბანერების განსათავსებლად.
მუსლიმური საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათი თემის ცენტრის მშენებლობის ნებართვა იმის შედეგად გაუქმდა, რომ მუნიციპალიტეტში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა პეტიცია შეიტანა ამ ნებართვის გაუქმების მოთხოვნით.
2009 წლის 10 დეკემბერს ილიას უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია ისლამის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონფერენციის სადისკუსიო ნაწილი ჩაიშალა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრთა ზემოქმედების გამო.
2009 წლის 17 ოქტომბერს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით თბილისში ასირიული კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის დღეს მმკ-ს წევრებმა, ანტიკათოლიკური პლაკეტებით ხელში, დროებით დაბლოკეს ცენტრის შესასვლელი. პოლიციამ შესასვლელის გათავისუფლება გახნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე შეძლო. 15 ოქტომბერს ვატიკანის საელჩოსთან ერთდღიანი აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებს ეკავათ ბანერები, რომლებიც შეურცხმყოფელი, ქსენოფობიური იყო. სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 6 და 7 ოქტომბერს, 80-კაციანმა ჯგუფმა მმკ-ს ხელმძღვანელობით ადიგენის რაიონის სოფლებში - არალსა და ვალეში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, მსვლელობა მოაწყო. ისინი ავრცელებდნენ სიძულვილის ენის შემცველ ბროშურებს, ამტკიცებდნენ რა, რომ კათოლიკე მღვდლები (კონკრეტული სახელების მითითებით) პედოფილები არიან.
2009 წლის 16 სექტემბერს ფუნდამენტალისტური მართლმადიდებლური ჯგუფების წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს მეჩეთის აღდგენას ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში. ჯგუფის წევრები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოითხოვდნენ მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი ცნობის ჩვენებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის იურიდიული უფლება მათ არ ჰქონდათ, და სოფლის მოსახლეობას მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში დარბევით ემუქრებოდნენ. მოსახლეობამ სცადა მათი დარწმუნება, რომ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული ჰქონდთ. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის მეჩეთის აღდგენა არ იყო დამთავრებული, ვინაიდან ამ დრომდე არ გარკვეულა მთავრობის მხრიდან ოფიციალური ნებართვის გაცემის საკითხი. მართლმადიდებლური ჯგუფების წევრები აგრძელებდნენ თვალყურის დევნებას, რომ მოსახლეობას მეჩეთის აღდგენა არ განეახლებინა. ერთ-ერთი ჯგუფის, მმკ-ს, ხელმძღვანელი ადასტურებდა, რომ ისიც ამ თვალყურის დევნების მონაწილე იყო, რადგან მეჩეთის აღდგენა ნებართვის გარეშე უკანონოაო.
რელიგიური უმცირესობები მედიის გულგრილ დამოკიდებულებაზეც საუბრობდნენ. რელიგიურ უმცირესობათა ზოგიერთი ლიდერი აღნიშნავდა, რომ მედია საერთოდ უგულებელყოფდა მათ საქმიანობას.
2010 წლის 27 მარტს და 2009 წელს სამჯერ იეჰოვას მოწმეები ძალადობის და რამდენიმე შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ გარეშე პირების მხრიდან. ხელისუფლებას ყველა შემთხვევის შესახებ აცნობეს, თუმცა გამოძიებები საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე კვლავ ჭიანურდებოდა.
2010 წლის 7 მარტს ორი ნასვამი ადამიანი თბილისში იოჰოვას მოწმეთა სამლოცველო სახლს თავს დაესხა და შენობას ქვები დაუშინა. ამ საკითხზე საჩივარი გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისში შევიდა. სხვა საჩივარი იმ მიწის ყოფილი მფლობელების წინააღმდეგაც შევიდა, სადაც შენობა იყო განთავსებული. საჩივარი მათ მიერ 9 აპრილს ორგანიზებულ დემონსტრაციას ეხებოდა, რომლის დროსაც ხელი შეუშალეს იეჰოვას მოწმებს, რომ შენობა დაეკავებინათ. საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის გამოძიება გრძელდებოდა. იეჰოვას მოწმეების ინფორმაციით, ნასვამი ადამიანების წინააღმდეგ აღძრული საქმე დაიხურა, რადგან ამ პირების პოვნა ვერ მოხერხდა. იუსტიციის სამინისტროს თანახმად კი, საქმე 2010 წლის 17 აპრილს დაიხურა, რადგან შენობისთვის მიყენებული ზიანი 82 დოლარს (150 ლარს) არ აღემატებოდა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არასაკმარისია იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ხოლო ყოფილი მფლობელების წინაღმდგეგ აღძრული საქმე, იეჰოვას მოწმეების ცნობით, დაიხურა, რადგან დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ ყოფილა.
2009 წლის 13 დეკემბერს, იეჰოვას მოწმეების განცხადებით, ქალაქ მარტვილში ხუთმა პიროვნებამ მათ ორ წევრს სცემა და მოუწოდა ქალაქი დაეტოვებინათ. მათი თქმით, ერთ-ერთი მათგანი იუსტიციის სამინისტროს მარტვილის საპასპორტო დეპარტამენტში მუშაობდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მეორე თავდამსხმელი ქალაქის მერიის თანამშრომელი იყო, ხოლო ერთი მათგანი კი მარტვილის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი გენერალურ პროკურატურაში შეიტანეს. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყებოდა, იეჰოვას მოწმეთა ორმა წევრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის განყოფილებას გამოძიების შეწყვეტისათვის მიმართა, რადგან მათ მომჩივანთ შეურაცხყოფა მიაყენეს არა ფიზიკურად, არამედ სიტყვიერად. შედეგად, 2010 წლის 4 მაისს გამოძება შეწყდა.
2009 წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, იეჰოვას მოწმეთა ორ წევრს სცემეს და იარაღით დააშინეს ისინი. პოლიციამ დაზარალებულები განყოფილებაში წაიყვანა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაცია გადაეცა აგრეთვე გენერალურ პროკურატურას და სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის ოფისის და იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის გრძელდებოდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სანომრე ნიშანი, რომელიც დაზარალებულებმა თავდამსხმელთა მანქანაზე შენიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა და 2007 წლის შემდეგ არ გამოუყენებიათ.
2009 წლის 20 ოქტომბერს, ზუგდიდში სამლოცველო სახლის მშენებლობისას, დაუდგენელმა პირებმა დაარღვიეს მავთულიანი ღობე და იეჰოვას მოწმეებს მოთხოვეს, ქონება დაეთმოთ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მალევე მოვიდა, მას საქმის გამოსაძიებლად არაფერი გაუკეთებია. მოგვიანებით, იმავე დღეს, დაახლოებით 150-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს თემის წევრებს და მშენებლობაზე შეიჭრა. პოლიცია დაბრუნდა, მაგრამ კვლავ არაფერი მოუმოქმედებია მომხდურთა წინააღმდეგ. გვიან ღამით 20-მდე ადამიანი შეიჭრა შენობაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 4 წევრს. პოლიცია კვლავაც გამოცხადდა, მაგრამ დაზარალებულთა დასაცავად არც ამჯერად მოუმოქმედებია რამე. იეჰოვას მოწმეებმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს. პოლიციის უფროსის მოადგილე მათ დაცვას დაჰპირდა. 2009 წლის 17 ნოემბერს სამშენებლო სამუშაოები განახლდა, რასაც პოლიციაც ესწრებოდა, რათა თავდამსხმელებს მშენებლებისთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ.
2009 წლის 20 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებს შეურაცხყოფა მიაყენეს სოფელ ღვანკითში. ინფორმაცია მიეწოდა ადგილობრივ პოლიციას, გენერალურ პროკურატურას და სახალხო დამცველის ოფისს. 2010 წლის 12 მაისს იეჰოვას მოწმეებს შეტყობინეს, რომ გამოძიება შეწყდა. მათ გადაწყვეტილების გასაჩივრება დააპირეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიება 2009 წლის 27 ოქტომბერს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. სამინისტროს ინფორმაციით, სხვა მოწმეთა დაკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ რელიგიური მასალების განადგურების მიუხედავად, ბრალდებულთა მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
2009 წლის 3 ივლისს ახალქალაქში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ირაკლი ხომერიკმა იეჰოვას მოწმეს სახეში გაარტყა. 2009 წლის 7 ივლისს საჩივარი შევიდა გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისში. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და და ხომერიკმა ოფიციალური გაფრთხილება მიიღო.
იეჰოვას მოწმეების ცნობით, 2004 წლიდან მათ საშუალება არ აქვთ თბილისში დაიქირაონ ობიექტები ხალხმრავალი რელიგიური შეკრებებისთვის.
2009 წელს იეჰოვას მოწმეებმა წარმოადგინეს 35 ინციდენტის სია. ყველა მათგანის შესახებ ეუწყა ხელისუფლებას. ჯგუფის ცნობით, მხოლოდ ორ საქმეზე მოხდა პირის პასუხისგებაში მიცემა. დანარჩენი საქმეები არ დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების ცნობით, ხელისუფლებამ თავმდამსხმელთა ვინაობა იცოდა. საჩივრები შეიცავდა შეურაცხყოფის მიყენებას იმ დროს, როცა იეჰოვას მოწმეები ცდილობდნენ სხვებთან თავიანთ რწმენაზე საუბარს; ასევე - შეკრებების ადგილების, განსაკუთრებით კი იმ „სამეფო დარბაზების“ (იეჰოვას მოწმეთა სალოცავი შენობების) დაზიანებას, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა; აგრეთვე - მათი კუთვნილი მანქანების დაზიანებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამას გარდა იყო უამრავი შემთხვევა, როცა სამლოცველო სახლების კედლებზე გრაფიტით ხატავდნენ ჯვრებს და სხვა გამოსახულებებს.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2009 წლის განმავლობაში იყო დაახლოებით 41 შემთხვევა, როცა რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებმა შესაძლო სასამართლო ინსტანციებში სცადეს თავიანთი უფლებების დარღვევის გასაჩივრება. პოლიციამ თავდასხმების შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, მაგრამ შემდეგ სათანადო ღონისძიებების გატარება ჭიანურდებოდა და პოლიცია ამ დანაშაულებებს აფასებდა, როგორც უბრალო „ხულიგნობას“. კანონის თანახმად, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემლობას გამოხატავს, ძალადობის გმოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2009 წლის მეორე ნახევარში იგივე პრობლემები რჩებოდა. რელიგიური უმცირესობებისათვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების აღდგენის პროცესი არ იყო დაწყებული. საგადასახადო წესები რელიგიური უმცირესობებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული იყო. რომაულ-კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და მუსლიმები უარს ამბობდნენ არსებული მეთოდით რეგისტრაციაზე, რადგან რეგისტრაცია იურიდიული პირის და არა რელიგიური ორგანიზაციის სახელით მათთვის მიუღებელი იყო. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნები საშუალო სკოლებში არ სრულდებოდა. სამართლადამცავები არ იცავდნენ კანონს და არ რეაგირებდნენ ადეკვატურად, როცა დანაშაული მოტივირებული იყო რელიგიური შეუწყნარებლობით. სხვა დენომინაციის მღვდლები საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ვერ შედიოდნენ წინასწარი დაკავების საკნებში და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია ძალიან მცირე ყურადღებას იჩენდა (თუკი საერთოდ იჩენდა) რელიგიური უმცირესობების პრობლემათა მიმართ.
2008 წლის 9 ოქტომბერს დამაზიანებელ თავდასხმათა სერიის უკანასკნელ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ვანის ევანგელისტურპენტაკოსტალურ სალოცავ სახლში. სახალხო დამცველის ოფისის ჩარევის შედეგად პოლიციის უფროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა 2008 წლის დეკემბერში საქმე დაიხურა, რის მიზეზადაც აუცილებელი თავდაცვის საჭიროება დასახელდა.
ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს ყოფილი მეჩეთი ადგილობრივ პოლიციას ეკავა, ხოლო მეორე მეჩეთი ქალაქ ქობულეთში საცეკვაო სტუდიას „მასპინძლობდა“. ადიგენის რაიონში მაჰმადიანი მესხების მიერ აშენებული დაახლოებით შვიდი უმოქმედო მეჩეთი იყო, რომლებსაც საქონლის სადგომად იყენებდნენ. მუსლიმმა მოსახლეობამ (რომელთა უმრავლესობა აჭარიდან არის გადმოსახლებული) ვერ შეძლო ამ მეჩეთების დასაკუთრება. ქალაქ აბასთუმანში დაბრუნებულმა მესხებმაც მოითხოვეს კუთვნილი მეჩეთის დაბრუნება.
აშშ-ის მთავრობის პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მთავრობასთან რელიგიური თავისუფლების საკითხს განიხილავს იმ ზოგადი პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. აშშ-ის საელჩო კავშირს ამყარებს ყველა სარწმუნოების წარმომადგენელ რელიგიურ თემთან. აშშ-ის საელჩოს ოფიციალური პირები, ელჩის ჩათვლით, რელიგიის თავისუფლების საკითხებზე ხშირად ხვდებოდნენ პარლამენტის, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობენ. საელჩო მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას და ტოლერანტობას სახალხო დიპლიმატიის გამოყენებით, რაც მოიცავს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირებისა და საელჩოს წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლებს, პრესასთან ინტერვიუებს.
საელჩო უშუალოდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან, რათა მისაწვდომობა ჰქონდეს ნებისმიერი აღმსარებლობის პატიმართან; განათლების სამინისტროსთან - სკოლებსა და სასწავლო პროგრამებში რელიგიის სწავლების საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით; და იუსტიციის სამინისტროსთან - რელიგიური შეხედულებებით მოტივირებული შესაძლო თავდასხმების გამო.
2010 წლის 8 მაისს ამერიკის საელჩომ განცხადებით გამოხატა შეშფოთება ტელეკომპანია კავკასიის სტუდიაში მომხდარი ინციდენტის და განსხვავებულ აზრზე, შეხედულებებსა და მრწამსზე ამ ფაქტის დიდი გავლენის გამო. განცხადება ყველა მთავარი საინფორმაციო საშუალების მიერ გაშუქდა.
2008 წლის 5 მაისს ელჩი ეწვია უმეტესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონს სამცხეჯავახეთში, სადაც ის შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის საკითხებზე მუშაობენ. ის შეხვდა აგრეთვე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ლიდერს ძირითადად სომხებით დასახლებულ ახალქალაქში. საელჩოს ოფიციალური პირები რეგულარულად მოგზაურობდნენ სხვადასხვა რეგიონში და ხვდებოდნენ ადგილობრივ სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რელიგიის თავისუფლების საკითხის განსახილველად. საელჩოს წარმომადგენლობა ესტუმრა რამდენიმე ეკლესიასაც, რომლებიც საქართველოს მართლადიდებელ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებს შორის დავის საგანია, და ხაზი გაუსვა ამ ძეგლების შენარჩუნების მნიშვნელობას, სანამ მფლობელობის საკითხი მოგვარდება.
2010 წლის 27 აპრილს საელჩო ეწვია უმეტესად მუსლიმი, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონს და მეჩეთს ქალაქ მარნეულში. საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებოდნენ ახუნდს, ქვეყნის მუსლიმთა უმრავლესობის რელიგიურ ლიდერს, თბილისის მეჩეთში. საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ ბაირამობის დღესასწაულს ბოლნისის რაიონში, სადაც 2009 წლის 20 სექტემბერს მეჩეთის რეკონსტრუქციას დაპირისპირება ახლდა. საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ მუსლიმთა საზოგადოების წევრებსაც, რომლებსაც თბილისში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სურდათ, და 2009 წლის 10 დეკემბერს ცენტრისთვის შერჩეული შენობა მოინახულეს.
2009 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ელჩმა თავის რეზიდენციაში უმასპინძლა დისკუსიას რელიგიურ უმცირესობათა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შორის. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, რომლებიც რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის საკითხებზე მუშობენ.
2009 წლის დეკემბერში ელჩი შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, აგრეთვე ფუნდამენტალისტი ქართველი მართლმადიდებლების ჯგუფს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, რათა განეხილათ მათი ჯგუფის იდეოლოგია, მეთოდები და მოსაზრებები. საელჩოს ოფიციალური პირები მუდმივად ხვდებოდნენ ქრისტიანული საზოგადოების უმცირესობათა წარმომადგენლებს და სტუმრობდნენ მათ სათემო ცენტრებს, მათ შორის ბაპტისტებს, იეჰოვას მოწმეებს, კათოლიკეებსა და ორმოცდაათიანელებს.
რელიგიური შემწყნარებლობის წახალისების მიზნით აშშ-ის საელჩომ რამდენიმე პროექტი დააფინანსა, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები, ვიზიტორთა პროგრამების პრეზენტაციები და თვალსაჩინო გამომსვლელთა/სპეციალისტთა ლექციები. 2010 წლის 29 მარტიდან 17 აპრილამდე „საერთაშორისო სტუმარ-ლიდერთა პროგრამის“ ფარგლებში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ლიდერები ამერიკაში გაემგზავრნენ, რათა ფოკუსირებულად ემუშავათ უმცირესობებისა და ტოლერანტობის საკითხებზე.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გააგრძელა 2,7 მილიონ დოლარად ღირებული ოთხწლიანი პროექტის დაფინანსება. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მოქალაქეთა ეროვნული ერთიანობის განმტკიცებაში. ამერიკის მთავრობა ეხმარება საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, სადაც რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტი მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგებს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ და მცირე გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მხარს უჭერს ყოველკვირეულ თოქ-შოუს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საკითხებს ეძღვნება და რომელშიც ცნობილ რელიგიურ მოღვაწეებს მიუღიათ მონაწილეობა.
![]() |
10 ზღვარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 თავისუფალი სივრცე მამარდაშვილის ფილოსოფიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ზაალ ანდრონიკაშვილი
ამას წინათ ოთარ იოსელიანის ინტერვიუ წავიკითხე. ამ ინტერვიუში რეჟისორი ამბობს: „ჩვენ გადავიღეთ ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ მიდის ხალხი ქვეყნებიდან, სადაც ცხოვრება გაძნელდა, სადღაც, სადაც ჰგონიათ, რომ უკეთესად იცხოვრებენ […] თუმცა უნდა გითხრათ, რომ აქაც (საფრანგეთში) მაყურებელი იმდენად დაავადებულია ჰოლივუდურსაბჭოთა გემოვნებით - შემთხვევით კი არ ვაერთიანებ ორივეს -, იმდენად მიჩვეულია უხამსობას, რომ აღარც კი ესმით თავისივე არც თუ ისე შორეული წარსულის შესანიშნავი კინოსი. საფრანგეთში ახლა აღარავის აღარ აინტერესებს კულტურა, ახალგაზდები წიგნებს აღარ კითხულობენ“. ფილმი „შანტრაპა“ ქართველ კინოკრიტიკოსებს არ მოეწონათ, არ მოეწონათ მისი ინტერვიუც, სადაც საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია დაინახეს. ვერდიქტი ასეთი იყო:
იოსელიანი ვეღარ იღებს კარგ ფილმებს, მისი ფრანგული ფილმები ბევრად ჩამოუვარდება ქართულს იმიტომ, რომ იოსელიანს, ისევე, როგორც მისი თაობის საბჭოთა რეჟისორებს, მხოლოდ საბჭოთა ცენზურის პირობებში შეეძლოთ მუშაობა, თავისუფალი ბაზრის პირობებში კი სათქმელი არაფერი დარჩათ. ეს შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად მართალიც არის, ძალიან ზოგადია და ძნელად თუ გამოდგება ოთარ იოსელიანის კინოხელოვნების დასახასიათებლად - იოსელიანი ერთ-ერთი (თუ ერთადერთი?) მაგალითია იმისა, რომ საბჭოთა გამოცდილების რეჟისორი თავისუფალი ბაზრის პირობებში ფილმების (ჩემი აზრით, კარგის, თუმცა ეს არ არის ახლა მსჯელობის საგანი) გადაღებას ახერხებს და წარმატებასაც აღწევს. ჩემთვის უფრო სხვა პრობლემაა საინტერესო: იმას, რასაც ოთარ იოსელიანი თავის ინტერვიუებში დისკურსული ფორმით მთლად დალაგებულად ვერ ამბობს, გაცილებით უკეთ ამბობს თავისი ფილმებით. მაგალითისათვის „ორშაბათ დილას“ გავიხსენებ. ამ ფილმის გმირი, ფრანგი ვენსანი, რომელიც ქარხანაში მუშაობს, თავისუფალ დროს კი ხატავს, გადაწყვეტს მიატოვოს ოჯახი და ბედნიერების (წაიკითხეთ: თავისუფლების) საძებნელად სხვაგან წავიდეს. ჩავა ვენეციაში და აღმოაჩენს, რომ ვენეცია (რომანტიკული ქალაქის კლიშე) არაფრით განსხვავდება ფრანგული სოფლისაგან. მისი ვენეციელი მეგობარი ისეთივე ქარხანაში მუშაობს, როგორშიც ვენსანი. ერთი ადგილი არაფრით სჯობია მეორეს, ჰორიზონტალურ სივრცეში გადაადგილება არ ნიშნავს თავისუფლებას. სხვა ადგილას წასვლით, გაქცევით, თავისუფლებას ვერ მოიპოვებ. „ორშაბათი დილა“ სხვა გამოსავალს პოულობს: ვენსანის შვილები საფრენ აპარატს გააკეთებენ და ჰორიზონტალური სივრციდან ვერტიკალურში გადაადგილდებიან. ოთარ იოსელიანის კინომეტაფორები შეიძლება მოძველებულად მოგვეჩვენოს: ჰორიზონტალური სივრცე ვს ვერტიკალური სივრცე (ფრენა და აღმაფრენა ფილმში სინონიმებია), ხატვა როგორც სულიერების სფერო, ქარხანაში მუშაობა როგორც „დეჰუმანიზაცია“. ეს მეტაფორები ალბათ, მართლაც, სამოციანი წლების ხელოვნებისა და ფილოსოფიის ენიდან არის გადმოყოლილი, მაგრამ რამდენადაც სიმბოლოებთან გვაქვს საქმე, მათ, ბუნებრივი პოლისემიურობის გამო, თავისუფლად შეიძლება სხვა მნიშვნელობაც მივანიჭოთ. (სწორედ ამიტომ არის უფრო საინტერესო იოსელიანის ფილმების ყურება, ვიდრე მისი ინტერვიუების კითხვა). ხელოვნების „სულიერებასთან“ დაკავშირება, რასაც იოსელიანის ინტერვიუებში ამოვიკითხავთ და შეიძლება მის ფილმებზეც გადავიტანოთ, ბევრს გააღიზიანებს კიდეც. რა უბედურებაა ეს „სულიერება“, მნიშვნელობადაკარგული, გაცრეცილი საბჭოთა ტერმინი!
მაგრამ ის ენა გვაქვს, რომელიც გვაქვს, და მეტაფორები მეტაფორებად უნდა მივიღოთ. პრობლემა, რომელსაც იოსელიანი ეხება (და რომელიც მის ფილმებსა და ინტერვიუებში სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება), ასეთია: შეიძლება თუ არა არათავისუფალი სივრციდან თავისუფალში გადასვლა, გათავისუფლება? და, თუ შეიძლება, როგორ? შესაძლებელია ამ შეკითხვის საფუძველი რეჟისორის ბიოგრაფიაში ვეძებოთ: საბჭოთა კავშირში გაზრდილ მოაზროვნე ადამიანთან თავისუფლების პრობლემა არ გაგვაკვირვებდა. დღევანდელი გადასახედიდან მიამიტი საბჭოთა მოქალაქისათვის გათავისუფლება საბჭოთა წყობილების დანგრევის (დისიდენტურ ვარიანტში) ან საბჭოთა კავშირიდან გაქცევის სინონიმი იყო. იოსელიანის გამოცდილება სწორედ ამას გვიჩვენებს: საბჭოთა მოქალაქე თავისუფალ სამყაროში მოხვდა და აღმოაჩინა, რომ თავისუფლება არ შეიძლება მოიპოვო ადგილის შეცვლით. (აქ საუბარია პირად გამოცდილებაზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ღირსია იმისა, რომ ამაზე დაფიქრდე). ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა სულაც არ ნიშნავდა ავტომატურად თავისუფლების მოპოვებას. იოსელიანის ფრანგული ფილმები (ყოველ შემთხვევაში „ორშაბათი დილა“ მაინც) იმით არის საინტერესო, რომ ჩვეული „პუბლიცისტური“ მიდგომა ავტორს მათში მეტაფიზიკურ მიდგომაში გადაჰყავს. თავისუფლება, რომელსაც იოსელიანი ეძებს (ამას გაიგებს მისი ფილმის გმირი ვენსანი), არ არის ემპირიული კატეგორია, ის მეტაფიზიკური კატეგორიაა. თავისუფლება როგორც მეტაფიზიკური კატეგორია კი მერაბ მამარდაშვილთან მიგვიყვანს. პრობლემა, რომელსაც იოსელიანი წარმოგვიდგენს „ორშაბათ დილაში“ ერთ-ერთი ცენტრალურია (თავს უფლებას მივცემ სუბიექტური ვიყო) მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში. მამარდაშვილი და იოსელიანი ერთი თაობის ადამიანები არიან, შესაძლოა ამ პრობლემისათვის მსგავსი ბიოგრაფიული კონტექსტი განმსაზღვრელი ყოფილიყო.
შარშან ჩემს კოლეგასთან ერთად ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სემინარი ჩავატარე მერაბ მამარდაშვილის შესახებ. ერთ-ერთ სხდომაზე მამარდაშვილის მოსწავლე, რუსი ფილოსოფოსი მიხაილ რიკლინი მოვეწვიეთ. სტუდენტებმა რიკლინს ჰკითხეს, დღეს რამდენად აქტუალურია მამარდაშვილიო. რუსმა ფილოსოფოსმა, ჩემი აზრით, მოულოდნელი პასუხი გასცა: მამარდაშვილი მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადამიანი, რომელიც გვასწავლიდა, რომ საბჭოთა კავშირში თავისუფალი აზროვნება შესაძლებელი იყო, ადამიანი, რომელმაც აზროვნების იმპულსი მოგვცაო, მაგრამ მისი ფილოსოფია არა მგონია დღეს აქტუალური იყოსო. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრს ახსენებენ, მისი ფილოსოფია (და ამ ფილოსოფიის აქტუალურობის საკითხი) არ შესწავლილა. მამარდაშვილი დღეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებისა და აფორიზმების კრებული უფროა, ვიდრე ფილოსოფოსი, რომელმაც ინტელექტუალური მემკვიდრეობა დაგვიტოვა. შესაძლოა ამის მიზეზი მამარდაშვილის ენა იყოს, თითქოს ყველასთვის გასაგები, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ ძნელი (ბევრი მისი მსმენელი ჰყვება, რომ ლექციის მოსმენისას ჰქონდათ შეგრძნება, რომ ყველაფერი ესმოდათ, მაგრამ ლექციის შემდეგ აღარაფერი ახსოვდათ). ეს ფილოსოფიური ტერმინებისაგან გაწმენდილი, თავისუფალი ენა, მამარდაშვილის „ორნამენტული“ სტილი (მამარდაშვილი იშვიათად ამბობს „სათქმელს“ პირდაპირ - ხან მიუახლოვდება მას, ხანაც დაშორდება (ამით შეიძლება მისი ფილოსოფია პრუსტის რომანთან უფრო ახლოს იდგეს, ვიდრე დისკურსიულ ფილოსოფიურ ნაშრომებთან) მის გაგებას, პირიქით, ართულებს. ვერ დავდებ თავს, რომ მამარდაშვილის ფილოსოფიის შესანიშნავი მცოდნე ვარ. არც პროფესიონალი ფილოსოფოსი ვარ და ამიტომაც მისი ტექსტების ანალიზისათვის აუცილებელ კონტექსტუალიზაციას ფილოსოფიის ისტორიაში, შეფარული ციტატების დადგენას დ ა.შ. ვერ ვითავებ. სამაგიეროდ შევეცდები მამარდაშვილის აზრის რეკონსტრუქციას, თუმცა ვიცი, რომ ერთი ხიფათი შეიძლება მელოდებოდეს: როგორც ბერტრან რასელი მეუბნებოდა, მირჩევნია, ვერ გამიგოს ფილოსოფოსმა, ვიდრე არაფილოსოფოსმა გამიგოსო. მაშ, როგორია თავისუფალი სივრცე მერაბ მამარდაშვილთან?
I. თავისუფალი სივრცის მეტაფიზიკური გაგება
1989 წელს პარიზში, კონფერენციაზე, რომელიც ევროპის კულტურული იდენტობისადმი იყო მიძღვნილი, მერაბ მამარდაშვილმა წაიკითხა მოხსენება, რომელსაც „ევროპული პასუხისმგებლობა“ დაარქვა. ამ მოხსენებაში მამარდაშვილი მაქსიმალურად შემჭიდროებული ფორმით შეეცადა გადმოეცა საკუთარი ფილოსოფია. გამოსვლის ფორმატისა და გადმოცემის სიმჭიდროვის გამო გასაკვირი არ არის, მოხსენების შინაარსი მისი მსმენელისათვის გაუგებარი დარჩენილიყო (დაახლოებით ასეთ შთაბეჭდილებაზე საუბრობდა მიხაილ რიკლინი). იდეებზე საუბრისას, რომლებიც მას „პირადი გამოცდილების საფუძველზე“ გაუჩნდა, მამარდაშვილი მონიშნავს დაკვირვების წერტილს, რომლიდანაც მისი აზრის მოძრაობა დაიწყო. ეს გახლავთ წერტილი ადამიანისა, „რომელიც არ დაბადებულა ევროპაში, ცხოვრობდა პროვინციაში და იქ შეიმეცნებდა თავისი ქვეყნის ისტორიას და მის კულტურას“. რეტროსპექტულად, უკვე მიღებული გამოცდილების შედეგად, მამარდაშვილი ამბობს, რომ ეს წერტილი გარკვეულწილად მომგებიანიც იყო იმიტომ, რომ საშუალება მისცა „დაენახა ისეთი რამეები, რაც შეიძლებოდა ევროპელის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო“. იმ სივრცეში ცხოვრებამ, რომელსაც მამარდაშვილი პროვინციულს ეძახის და რომელსაც მოგვიანებით დავახასიათებ, შეაძლებინა მას „გაეაზრებინა უფრო მეტი, ვიდრე ეს შეუძლია ევროპელს, რომელიც თავის მდგომარეობას ნორმალურად, ბუნებრივად თვლის“. ეს აზრი (რომ არათავისუფალ სივრცეში მცხოვრებ ადამიანს შეიძლება თავისუფლება უკეთ ესმოდეს, ვიდრე თავისუფალ სივრცეში მცხოვრებს, ისევე, როგორც აზრი, რომ ევროპა არის თავისუფალი აზრი, და ასევე ისიც, რომ ევროპული თავისუფლება ბუნებრივი და ნორმალურია) საკამათოა, თუმცა ამაზე ახლა არ შევჩერდები, რადგანაც მამარდაშვილი მოგვიანებით თვითონ აყენებს ეჭვქვეშ ამ მდგომარეობის „ნორმალურობას“ და „ბუნებრიობას“. ამჯერად კი შევეცდები გავარკვიო, რა იგულისხმება მამარდაშვილისეულ ცნებებში, უფრო სწორად კი ფიგურებში (ერიხ აუერბახის გაგებით) - „პროვინცია“ და „ევროპა“.
„თქვენ (ევროპელებს)“, ამბობს მამარდაშვილი, „არ გაწუხებთ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი პირველ რიგში არის ძალისხმევა გახდე ადამიანი, რომ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, არამედ მდგომარეობაა, რომელიც უწყვეტად იქმნება“. ეს წინადადება ძალიან მჭიდრო ფორმით შეიცავს მამარდაშვილის ონტოლოგიის და ეპისტემოლოგიის ბირთვს.
დეკარტის „cogito“-ს პრინციპიდან გამომდინარე, მამარდაშვილი თვლის, რომ „სამყარო არ არის მოწყობილი, როგორც დასრულებული მთლიანობა“, რადგანაც ჩვენ ვერ გვექნებოდა საქმე „ისეთ სამყაროსთან, რომელიც ამოწურვადი იქნებოდა თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით“ - თუკი სამყარო ასეთი (დასრულებული მთლიანობა) იქნებოდა, მაშინ, ჯერ ერთი, „მისი ინფორმაციულობა დიდი ხნის წინ ამოიწურებოდა“ და, მეორე მხრივ, „ნებისმიერი პირადი განცდა ჩანაცვლებადი ან ჩანაცვლებული იქნებოდა ცოდნით ამ განცდის შესახებ“ (მაგ., ჩემს სიყვარულს არ ექნებოდა აზრი, თუ მეცოდინებოდა, რა არის სიყვარული და ა. შ.). შესაბამისად, მამარდაშვილი ფიქრობს, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება, მხოლოდ დაუსრულებელ სამყაროშია გააზრებადი. როგორ სამყაროზეა საუბარი და როგორ „ასრულებს“ ადამიანი ამ სამყაროს? სამყარო, რომელთანაც ადამიანს აქვს საქმე, ერთი მხრივ, „დაუსრულებელია“, მეორე მხრივ, კი აღიწერება ფიგურის „მზა სამყარო“ ან კანონის „ყოველთვის უკვე გვიანაა“ მეშვეობით. ეს წინააღმდეგობა მოჩვენებითია, რადგანაც სამყაროს „დაუსრულებლობა“ სწორედ მის „მზაობაშია“ დამალული. სტატიაში „ცნობიერების პრობლემა და ფილოსოფიური მოწოდება“ მამარდაშვილი „მზა სამყაროს“ „საგნობრივ სამყაროს“ ან „სამყაროს იდეოლოგიურ სურათს უწოდებს“, რომელიც იქმნება არავერბალური ფილოსოფიის პირველაქტების დუბლირების შედეგად. „არავერბალური ფილოსოფია“ (невербальное философствование) არის დეკარტის cogito-ს პრინციპის მამარდაშვილისეული გაგება, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანის მიერ აზროვნების შესაძლებლობა არის გარკვეული სიცხადე ან სიაშკარავე, რომელსაც არანაირი დამატებითი საფუძველი ან ახსნა არ სჭირდება. ადამიანის აზროვნება თავისი არსით და თავის საფუძველში სწორედ ამ „წმინდა“ - გარეშე პირობებისაგან დამოუკიდებელი - აზროვნების ნაწილია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი - მისი სხვადასხვა მანიფესტაცია. „მზა სამყარო“ სწორედ ისეთი სამყაროა, სადაც ეს მანიფესტაციები (ენობრივი და საგნობრივი) იკავებენ ამ აზროვნების პირველაქტის ადგილს, ანაცვლებენ მას ისე, რომ ხშირად ადამიანი ვეღარ არჩევს მანიფესტაციას პირველაქტისგან, რომელსაც ეს მანიფესტაციები უკვე აღარ შეიცავს, თუმცა კი მისგან მომდინარეობს. სწორედ ამ მდგომარეობას (მანიფესტაციებს პირველაქტების გარეშე) ეძახის მამარდაშვილი დუბლირებას, „არეკვლას“ (зеркальность) ან „იდეოლოგიურ სურათს“. უნდა მოხდეს სამყაროს ამ „იდეოლოგიური სურათის“ რედუქცია იმისთვის, რომ დავინახოთ „რა მოხდა სინამდვილეში“ (ანუ დავინახოთ სწორედ ის პირველაქტები, რომლებიც ხორციელდება საგნობრივ კრისტალიზაციამდე). (არ ვიცი, მისცემს თუ არა მკითხველს რაიმე ინფორმაციას იმის ცოდნა, რომ მამარდაშვილი აქ, გარკვეულწილად, გერმანელ ფენომენოლოგ ედმუნდ ჰუსერლს ეყრდნობა, ოღონდ მას თავისებურად გაიაზრებს). „ყოველთვის უკვე გვიანია“ იმიტომ, რომ ყოველ წუთს სამყარო, „სადაც ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივადაა დაკავშირებული“, უკვე ჩამოყალიბებულია იმ გაგებით, რომ „რამდენადაც ცოტა ხანი არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვმოქმედებდეთ, მაინც საკმარისად დიდხანს ვმოქმედებთ იმისათვის, რომ სამყარო ჩვენს უკან შეიკრას და უჩინარ კანონად იქცეს, რომელიც ჩვენს მიმართ მოქმედებს“. ანუ ყოველ მოცემულ მონენტში ჩვენ „მზა სამყაროსთან“ გვაქვს საქმე და არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც არსებობს რაიმე ისტორიული წერტილი, რომელშიც ეს სამყარო არ იყო „მზა“. ანუ „ყოველთვის უკვე გვიანია“ ნიშნავს, რომ ყოველთვის უკვე გვიანი იყო. კანონი, რომელზეც მამარდაშვილი საუბრობს, მეტაფიზიკური აპოსტერიორის კანონია. ეს ცნება მამარდაშვილს პრუსტზე ლექციებში („გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია“) შემოაქვს. მეტაფიზიკური აპოსტერიორი ნიშნავს რაღაცას, რაც ერთდროულად ჭეშმარიტიც არიც (a priori) და გამოცდილებიდანაც გამომდინარეობს (a posteriori). ეს მეტაფიზიკური, ანუ აპრიორული აპოსტერიორი ნიშნავს, რომ ჩემს გამოცდილებაში შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც მომავალში ჩემი განცდების ან აზროვნების კანონად გადაიქცევა იმ თვალსაზრისით, რომ სხვანაირი განცდა ან სხვანაირი აზროვნება მე აღარ შემეძლება (ამას მამარდაშვილი მარსელის ალბერტინასადმი სიყვარულის მაგალითზე აჩვენებს, რომლისთვისაც სიყვარული მხოლოდ ერთი ფორმით (ეჭვიანობით) და მხოლოდ ერთ ქალთან (ალბერტინასთან) იყო განხორციელებადი). მამარდაშვილის მიხედვით „მზა სამყარო“ სწორედ აპრიორული აპოსტერიორის კანონით იქმნება და ეს კანონი (ყოველ შემთხვევაში, როგორც მე მესმის ის, რასაც მამარდაშვილი ამბობს), მოქმედებს არამარტო ცალკეული ადამიანების, არამედ „სოციალური აზროვნების“ შემთხვევაშიც.
ადამიანის ადგილი სამყაროში სწორედ ამ დასრულებულობას და დაუსრულებლობას შორის განისაზღვრება. ინტერვიუში „როგორ მესმის ფილოსოფია“ მამარდაშვილს სხვა ნიუანსი შემოაქვს: „სამყარო მოწყობილია როგორც რაღაც, რაც მუდმივი შექმნის პროცესშია, მასში ყოველთვის მოიძებნება ადგილი ჩემთვის, თუ მე მართლაც მზად ვარ ყველაფერი თავიდან დავიწყო“. აქედან რამდენიმე რამ გამომდინარეობს: მაგალითად, ის, რომ ადამიანის „ადგილი“ სამყაროში არანაირად არ არის გარანტირებული და რომ ამ ადგილის დაკავება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი გარკვეულ პირობებს შეასრულებს. ადამიანი (ანუ ის, რასაც მამარდაშვილი განსხვავებით პირველი, ბიოლოგიური დაბადებისაგან „მეორედ დაბადებას“ ან „ადამიანის დანიშნულებას“ უწოდებს) ყოველთვის შესაძლო ადამიანია, და მისი თავისუფლება სწორედ სამყაროში მისი პოტენციურობის რეალიზაციის შესაძლებლობაშია.
აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ, რადგან ადამიანისთვის „მეორედ დაბადება“ ანუ მისი ადამიანობის „პროგრამის შესრულება“ შესაძლებლობაა, დასაშვებია ის პირობაც, რომ ადამიანმა შეიძლება ეს „პროგრამა“ ვერ შეასრულოს. ამ ვერშესრულებას თავისი სერიოზული იმპლიკაციები აქვს, რომელზეც მეორე ნაწილში ვისაუბრებ.
პირობა, რომელიც ადამიანმა ამ შესაძლობის რეალიზაციისათვის უნდა შეასრულოს, არის ადამიანის „მოწოდების“ შესრულება, რაც მამარდაშვილისათვის გულისხმობს იმ აქტების შესრულებას, რომლებიც ადამიანის ინდივიდუალური მონაწილეობისა და ძალისხმევის გარეშე ვერ შესრულდება. რა აქტებზეა საუბარი? ინტერვიუში „როგორ მესმის ფილოსოფია“ მამარდაშვილი განმარტავს, რომ საუბარია ფილოსოფიურ აქტებზე ცნობიერების აქტების გაგებით (ფილოსოფიური აქტი არის ცნობიერების აქტი ანუ ცნობიერების „სიცოცხლის გამოვლინება“ - ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ), „იქნება ეს სამრეწველო შედევრის (მაგ., სკამის) თუ პოემის შექმნა თუ სამოქალაქო საქციელი დ ა.შ“. ანუ ფილოსოფიური აქტი არ გულისხმობს ფილოსოფიას აკადემიური დისციპლინის გაგებით, არამედ გულისხმობს ცნობიერების აქტებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება განხორციელდეს (მამარდაშვილი ასეთ ფილოსოფიას „რეალურ ფილოსოფიას“ ეძახის და განასხვავებს მას „ცნებების ფილოსოფიისაგან“). ფილოსოფიური აქტი, რომელზეც მამარდაშვილი საუბრობს, ეს არის „სამყაროს და ამ სამყაროში თავისი თავის გააზრების განსაკუთრებული აქტი, რომელიც რაღაც განზოგადებულ, მოვლენების ყოველდღიური დევნისაგან თავისუფალ უნივერსალურ ცოდნას გვაძლევს“. ფაქტობრივად საუბარია ისევ „პირველაქტებზე“, რომლებიც ხდება წერტილში, რომელშიც მოხვედრისას იძულებულნი ვართ [...] გავჩერდეთ“. ამ გაჩერების წერტილს, რომელიც დაკავშირებულია „პირველაქტებთან“ ან „ფილოსოფიურ აქტებთან“ მამარდაშვილი „ნულოვან წერტილს“ ან „ფილოსოფიურ პაუზას“ უწოდებს (სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც „თავიდან დაწყება“ ხდება). „ნულოვან წერტილში“ ან „ფილოსოფიურ პაუზაში“ „ნულამდე დაიყვანება სივრცე, დრო და მოცულობა, რომელსაც ადამიანი სოციალურ კავშირებში, მდგომარეობაში და კულტურულ იერარქიაში იკავებს“, და, გარდა ამისა, ხდება „საგნობრივი, არეკლილი რეფერენციების დაბლოკვა“ (საუბარია „მზა სამყაროს“ აღქმის მექანიზმებზე). ანუ „ფილოსოფიური აქტის“ მექანიზმი იმას გულისხმობს, რომ წყდება ყველა კავშირი, რომელიც შეიკრა ადამიანის პირადი მონაწილეობის გარეშე (მათ შორის ადამიანის „იდენტობის“ შემკვრელი კავშირები, რომლებიც მე ჩემს თავთან მაკავშირებს და რომლებიც ასევე აპრიორული აპოსტერიორის კანონით იკვრება) - ხდება „მზა სამყაროს“ რედუქცია. და ამ ოპერაციის შესრულებისას, ამბობს მამარდაშვილი, „ჩვენ წარმოვიდგენთ სამყაროს, რომელიც თითქოს თავიდან იქმნება, ის (სამყარო) რეპროდუცირდება და გრძელდება ზუსტად იმიტომ, რომ ყოველ წერტილში და ყოველ ჯერზე თავიდან იქმნება“. სწორედ ეს არის „პირველაქტი“, რომელზეც მამარდაშვილი საუბრობს, როდესაც ადამიანი „მზა სამყაროს“ კი არ აღიქვამს, არამედ თავისი სააზროვნო აქტის პროცესში თვითონ ქმნის ისეთ სამყაროს, რომელშიც წინასწარ მისი აზროვნების შესაძლებლობის გარდა არაფერია მოცემული, ქმნის სამყაროს თავისი პირადი ძალისხმევით, რომელსაც, როგორც მამარდაშვილი ამბობს, არანაკლები ძალა სჭირდება, ვიდრე შესაქმის აქტს. „ამ წერტილში“ (ნულოვან წერტილში) - ამბობს მამარდაშვილი - „გადაიკვეთება ის ძალოვანი ხაზები (силовые линии), რომლებიც განსაზღვრავენ (ადამიანის) ყოფიერებას“ (იმიტომ, რომ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ახდენს „მზა სამყაროს“ რედუქციას და თავისი ძალისხმევით ახალ სამყაროს ქმნის ან სამყაროს ისე ხედავს, თითქოს ის ახალი შექმნილი იყოს - რაც ერთი და იგივეა - ადამიანი იწყებს „ყოფნას“, თავისუფლდება და ხდება ადამიანი), „და როდესაც მოვხვდებით გადაკვეთის ამ წერტილში ყოფიერების სიბრძნით, სამყაროს მოწყობის სიბრძნით გაოგნებულები გავშეშდებით“. ეს, ცოტა არ იყოს, მისტიკური პასაჟი უფრო ნათელი გახდება, თუ „სამყაროს მოწყობის სიბრძნის“ და „ყოფიერების სიბრძნის“ ადგილას დავაყენებთ ცნობიერებას იმ გაგებით, როგორიც ჰქონდა მამარდაშვილს, ანუ როგორც „რაღაც პირველადი სახით ინდივიდის გარეთ განთავსებულ“ „გარკვეულ კვაზი-სივრცულ წარმონაქმს“, განსაკუთრებული სახით არსებულ კოსმოლოგიურ კონსტანტას, რომელსაც ონტოლოგიური სტატუსი გააჩნია და რომელიც შეგვიძლია ფიგურალურად წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანი, რომელიც აზროვნებს მარადიულად და უწყვეტლივ. (შევთანხმდით, რომ აზროვნებას მამარდაშვილი იმას კი არ ეძახის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ, არამედ „ფილოსოფიურ აქტებს“). მამარდაშვილი ცნობიერებას განსაზღვრავს როგორც ტოპოსს (ადგილს), რომელშიც სწორედ ის სიცხადე (ან სიაშკარავე) ხორციელდება, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი, როგორც „არავერბალურ აზროვნებაზე“, ანუ ცნობიერება არის ის ადგილი, სადაც ხდება აზროვნების გარეშე მიზეზებისაგან დამოუკიდებელი აქტი, რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ საგნობრივ კრისტალიზაციას. როგორც მამარდაშვილი ამბობს, ეს არის ადგილი, „რომელშიც ეს სიაშკარავეები ხორციელდება უკიდურესი ინდივიდუაციის ზღვარზე, სადაც არაფერი არ არის დასაშვები იქამდე, სანამ მე არ განვიცდი ან არ გამოვცდი, და აგრძელებს (დროში შესაძლებელს ხდის) ჩვენს (ჩემსას, შენსას) სამყაროში ცხოვრებისეულ მყოფობას, რომელიც ჩვენთვის უეჭველია“. ერთი მხრივ, საუბარია ადამიანის უკიდურესად ინდივუდუალურ შესაძლებლობაზე (იმიტომ, რომ ამ აქტებს ადამიანის გარდა ვერავინ შეასრულებს), მეორე მხრივ კი, ასევე „უკიდურეს უნივერსალიზაციაზე“. „ეს არის რაღაც იდუმალი წერტილი“ - ამბობს მამარდაშვილი - „რომელშიც შინაგანის რაღაც ამოტრიალებით“ (ისეთის, სადაც შიდა და გარე ადგილებს იცვლიან) „ხორციელდება აბსოლუტური რეალიზმი. ან უკიდურესი სოლიფსიზმი. ოღონდ ჩემზე, ჩემი გავლით“. ამ წერტილს მამარდაშვილი ლექციებში პრუსტის შესახებ ინდივიდუალური სულის უნივერსალურ სულზე გაცვლის წერტილს ეძახის. ამ აზრს ძალიან მნიშვნელოვანი იმპლიკაციები აქვს თავისუფალი სივრცის გააზრებისათვის, რადგანაც იგულისხმება, რომ უკიდურესი ინდივიდუალიზაციის წერტილში ჩნდება უნივერსალურობა და ეს წერტილი ის წერტილია, სადაც ხდება ფილოსოფიური აქტი იმ გაგებით, რომ ხდება „მზა სამყაროს“ რედუქცია და ხდება გადასვლა აზროვნების და გაცნობიერების სივრცეში (пространство понимания).
ფილოსოფიურ აქტს მამარდაშვილი ისეთ აქტს უწოდებს, სადაც ონტოლოგიურად დაფუძნებულ ცნობიერებასთან ზიარება ხდება (онтологически укорененное сознание), და ეს არის აქტი, რომელშიც ადამიანი სამყაროს კრავს. სწორედ ამ ფილოსოფიური აქტის შედეგად ჩნდება სივრცე, რომელიც ადამიანს შეუძლია დაიკავოს. ამ სივრცეს, რომელიც თავისუფალია საგნობრივი კრისტალიზაციებისაგან, საგნობრივი ენისაგან და ინტერპრეტაციებისაგან, მამარდაშვილი (ამჯერად უკვე დროით კატეგორიებში) „მარადიულ აწმყოს“ ან „დინამიურ მარადისობას“ უწოდებს. ამ ცნობიერი არსების ცხოვრებისეული აქტის შესრულებით ადამიანი ასრულებს თავის მოწოდებას (ანუ თავის პოტენციას, გახდეს ადამიანი არა ბიოლოგიური გაგებით, არამედ ცნობიერი არსების გაგებით), ანუ ახდენს თავისუფლების შესაძლებლობის რეალიზაციას.
ადამიანის მდგომარეობას, რომელიც იქმნება „მზა სამყაროს“ კავშირების გაწყვეტისას ფილოსოფიური აქტის შედეგად, მამარდაშვილი „თავისუფლების მდგომარეობას“ ეძახის. თავისუფლების ეს მდგომარეობა „არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა ავაღორძინოთ. ამ თვალსაზრისით, თავისუფლება არის ტვირთი, რომელსაც ჩვენ, ადამიანები […] ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვიგდებთ ხოლმე, თუ გარეშე პირობები ამის საშუალებას გვაძლევს ან სულაც ამისკენ გვიბიძგებს.
გამოდის, რომ თავისუფალი სივრცე ჩნდება მოძრაობაში, რომელიც იწყება „ნულოვან წერტილში“, რომელშიც წყდება სამყაროს „ჩვეული“ კავშირები. სწორედ „ფილოსოფიური პაუზის“ ეს წერტილი ქმნის ადამიანის ადამიანობის რეალიზაციის შესაძლებლობას, ან იმის შესაძლებლობას, რასაც პრუსტის შესახებ ლექციებში მამარდაშვილი „ხსნის“ სიმბოლოთი აღნიშნავს.
მაშასადამე, ჯერჯერობით შეგვიძლა დავასკნათ, რომ ადამიანი ასრულებს თავის „პრორამას“, დანიშულებას მაშინ, როდესაც ახორციელებს აზროვნების პირველაქტს (სადაც არაფერია წინასწარ მოცემული მისი აზროვნების სიაშკარავის გარდა), საკუთრივ ფილოსოფიური აქტის, ლექსის დაწერის, სამოქალაქო საქციელის ან რაიმე სხვა ფორმით, რომ ეს აქტი არის უკიდურესად ინდივიდუალური (იმ გაგებით, რომ მისი შესრულება მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია), მაგრამ ამავე დროს არის უკიდურესად უნივერსალურიც (იმ გაგებით, რომ ამ აქტის განხორციელებისას ადამიანი „გადადის“ ცნობიერების სივრცეში, რომელიც უნივერსალურია - საერთო პირობაა ყველა ადამიანისათვის) და რომ ეს აქტი არის ის, რასაც მამარდაშვილი „ხსნის“ მეტაფორით (და თავისუფლების კატეგორიით) აღწერს, და რომ სივრცე, რომელიც იხსნება ამ აქტის განხორციელებისას (ცნობიერების სააზროვნო სივრცე) არის თავისუფალი სივრცე. თავისუფალი სივრცე ამ გაგებით თავისუფალი სივრცის მხოლოდ ერთი, ონტოლოგიური ან მეტაფიზიკური ასპექტია. (მეტაფიზიკური, მისივე განმარტებით, არის ისეთი, რომელიც ჩვენი გამოცდილების მიღმაა, წინ უსწრებს ჩვენს გამოცდილებას და არის ჩვენი გამოცდილების ორგანიზაციის საშუალება და იმავდროულად მისი სტრუქტურა, რომელიც განსხვავდება ამ გამოცდილების შინაარსისაგან. მაგ., ცნობიერების იმ ფორმით დაშვება, როგორც ამას მამარდაშვილი აკეთებს, მეტაფიზიკურია).
თავისუფალი სივრცის (რომელიც ინდივიდუალურის უნივერსალურად გადაქცევის წერტილში ჩნდება) მამარდაშვილისეული მეტაფიზიკური გაგების სოციალურ სივრცეზე გადატანის შესაძლებლობაზე მეორე ნაწილში ვისაუბრებ.
![]() |
11 Summary |
▲ზევით დაბრუნება |
The 6th (2010) issue of the magazine „Solidaroba“ is aimed at summarizing the work carried out by the Public Defender's Office this year. In this issue the Public Defender, George Tugushi highlights results achieved in various fields of the PDO activity and points out key challenges related to human rights protection. The magazine also presents the special report of the Public Defender on the rights of persons with disabilities.
In our last issue of 2010 we present the report on Religious Freedom in Georgia by the Bureau of Democracy, Human Rights and Labor Affairs at the United States Department of State.
Jamie McGoldrick, UNDP Resident Representative and UN Resident Coordinator in Georgia, talks about the relevance and importance of the tolerance concept and culture.
One of the main indicators for the development of tolerance culture is media. What are the difficulties faced by journalists while working on minority related problems and how should they cover minority topics? - these issues are highlighted by journalists in the discussion held at the Public Defender's Office.
The following material tackles the topic of religious tolerance: a translated article „Religion and Secular State“ by Alexander Men and “Religious and Cultural Dialogue in the Past and Present: Georgian Ancient Inscriptions and Ecumenical Cooperation“ by Nugzar Papuashvili.
The rubric „Lumen“ presents an essay by Isaiah Berlin „Two Concepts of Freedom“. In his article “Free Space in Merab Mamardashvili's Philosophy”, Zaal Andronikashvili tries to analyze concept of freedom interpreted by Merab Mamardashvili. In this issue we also present an article „Why are not liberal and Communitarian Theories Successful: Perspectives of Subjective Universalism“ by George Tskhadaia.
In the final issue of 2010, Pridon Sakvarelidze completes the cycle of articles about soviet dissidents with his work on Thomas Venclova and other Baltic dissidents and Thea Tsulukiani closes the ECtHR case law cycle with the article „Right to property: Georgian Cases of the European Court of Human Rights“.