The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პრეტენზია ყოვლისმომცველ ცოდნაზე


პრეტენზია ყოვლისმომცველ ცოდნაზე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 პრეტენზია ყოვლისმომცველ ცოდნაზე

▲back to top


ჩვენი შეკრების მიზეზმა, იმ მთავარ პრაქტიკულ პრობლემასთან ერთად, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ეკონომისტები, თემის შერჩევისას არჩევანი თითქმის აღარ დამიტოვა. ერთი მხრივ, ეკონომიკის სფეროში ახლახან შემოღებული ნობელის პრემია ჩვენი დარგის აღიარების საქმეში მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს და იმის დასტურია, რომ საზოგადოება ეკონომიკურ მეცნიერებასაც მიაგებს, თუნდაც გარკვეული დოზით, ღირსებასა და პატივს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის ასე უშურველად რომ ემეტება. მეორე მხრივ, ეკონომისტებისგან ელიან პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა ვიხსნათ თავისუფალი სამყარო მზარდი ინფლაციის სერიოზული საფრთხისგან, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, იმ პოლიტიკის შედეგია მრავალი ეკონომისტი რომ უჭერდა მხარს და რომლის განხორციელების აუცილებლობაშიც ისინი მთავრობებს დაჟინებით არწმუნებდნენ. მართლაც, ამჟამად ცოტა რამ თუ გვაქვს საამაყო: როგორც ამ პროფესიის წარმომადგენლები, ჩვენ მრავალი გაუგებრობის მიზეზი აღმოვჩნდით.

მეჩვენება, რომ პროცესების მართვაში ეკონომისტების აღნიშნული წარუმატებლობა მჭიდროდაა დაკავშირებული მათ მიდრეკილებასთან - უაღრესად წარმატებული საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდების ბრმად მიბაძვის მცდელობასთან, რომელიც ჩვენს სფეროში კარდინალური შეცდომების მიზეზი შეიძლება გახდეს. საქმე ეხება მიდგომას, რომელსაც, როგორც წესი, „საიენტისტურს“ უწოდებენ და რომელიც, როგორც აღვნიშნე დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, „არამეცნიერულია ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, რადგან გულისხმობს აზროვნების ჩვევების მექანიკურ, ბრმა გადატანას მათი ტრადიციული გამოყენების დარგებიდან, სადაც მოხდა მათი ჩამოყალიბება, სრულიად განსხვავებულ სფეროებში.“1 მინდა დავიწყო იმის ჩვენებით, თუ რატომაა უახლოეს წარსულში დაშვებული ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომები ამ „საიენტისტური“ მიდგომის შედეგი.

თეორია - რომელსაც ფულადი და საფინანსო პოლიტიკა ეფუძნებოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში და, რომელიც, ჩემი აზრით, სწორი მეცნიერული მეთოდის მცდარი გაგების შედეგია - ამტკიცებს, რომ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პოზიტიური კორელაცია დასაქმების დონესა და საქონელსა და მომსახურებაზე არსებულ ერთიან მოთხოვნას შორის, რასაც მივყავართ იმ რწმენამდე, რომ სრული დასაქმება შეგვიძლია მუდმივად უზრუნველვყოთ მთლიანი ფულადი დანახარჯების გარკვეული მოცულობის შენარჩუნებით. იმ თეორიათა შორის, რომლებიც უმუშევრობის მაღალი დონის ახსნის მიზნით ჩამოყალიბდა, ეს, ალბათ, ერთადერთია, რომლის გასამყარებლადაც შეიძლება რაოდენობრივი მონაცემების შემცველი საბუთის მოყვანა. მიუხედავად ამისა, მე მას ძირეულად მცდარად მივიჩნევ და მისი რჩევების შესაბამისად მოქმედებას, როგორც ახლა ვრწმუნდებით, დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

ამას მივყავართ ფუნდამენტურ საკითხთან. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით, ეკონომიკურ და ყველა იმ მეცნიერებაში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია არსებითად რთული ფენომენების კვლევა, მოვლენების ასპექტების რაოდენობა, რომლის განმარტებაც გვსურს, ბევრად (შეიძლება ითქვას ფატალურად ბევრად) აღემატება მათ შესახებ ემპირიული მასალის მოპოვების შესაძლებლობას და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მრავალ მნიშვნელოვან მონაცემს შესაძლოა საერთოდაც არ შეიცავდეს, მაშინ როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებულია დაშვება, ზოგადად, ალბათ, სწორიც, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს დაკვირვების ობიექტზე, უშუალოდ ექვემდებარება დაკვირვებასა და რაოდენობრივ ანალიზს; ხოლო ისეთი რთული, მრავალი ინდივიდის ქმედებებზე დამოკიდებული ფენომენის კვლევისას, როგორიცაა ბაზარი, ყველა ის გარემოება, რომლებსაც განსაზღვრავს პროცესის შედეგს, მიზეზთა გამო, რომეთაც ქვემოთ შევეხები, ალბათ, არასოდეს იქნება ცნობილი და ვერც რაოდენობრივ ანალიზს დაექვემდებარება. და მაშინ, როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მკვლევარს ხელეწიფება სრული ანალიზი იმისა, რაც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია პრიმა ფაციე თეორიიდან გამომდინარე, სოციალურ მეცნიერებებში, ხშირად, სწორედ ის მიიჩნევა მნიშვნელოვნად, რაც აღრიცხვას პრინციპულად ექვემდებარება. ხანდახან საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ჩვენგან მხოლოდ ისეთი თეორიების ჩამოყალიბებას მოითხოვენ, რომლებიც მხოლოდ აღრიცხვად სიდიდეებს დაეფუძნება.

ძნელია უარყოფა, რომ ასეთი მოთხოვნა საკმაოდ თვითნებურად ზღუდავს იმ ფაქტების რიცხვს, რეალურ სამყაროში არსებული მოვლენების შესაძლო მიზეზებად რომ შეიძლება განვიხილოთ. ამ შეხედულებას, რომელსაც, ხშირად, საკმაოდ გულუბრყვილოდ სამეცნიერო პროცედურის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, რამდენიმე პარადოქსული შედეგი ახასიათებს. ბაზართან და მსგავს სოციალურ სტრუქტურებთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მრავალ ფაქტს ვფლობთ, რომლის ანალიზსაც აღრიცხვად სიდიდეებში ვერ ვახერხებთ და რომლის შესახებაც მხოლოდ ძალიან დაუზუსტებელ და ზოგად ინფორმაციას ვფლობთ. და რადგან ამ ფაქტებიდან გამომდინარე შედეგები ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში რაოდენობრივი მონაცემებით დადასტურებას არ ექვემდებარება, უბრალოდ ხდება მათი იგნორირება მათ მიერ, ვისაც აღთქმა აქვთ მიცემული - გაითვალისწინონ მხოლოდ ის, რასაც ისინი მეცნიერულ საბუთად მიიჩნევენ: შედეგად, თავიანთ კვლევებს ისინი სრული კმაყოფილებითა და თავდაჯერებით აფუძნებენ ფიქციაზე, რომ მხოლოდ ის ფაქტორებია მნიშვნელოვანი, რომელთა ანალიზიც მათ შეუძლიათ.

მაგალითად, ერთიან მოთხოვნასა და სრულ დასაქმებას შორის მხოლოდ მიახლოებითი კორელაცია თუ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, რადგან რაოდენობრივ მონაცემებს მხოლოდ ამის შესახებ ვფლობთ, სწორედ ის მიიჩნევა ერთადერთ ანგარიშგასაწევ მიზეზ-შედეგობრივ კავშირად. ამ სტანდარტის შესაბამისად, მცდარი თეორიისთვის შესაძლოა უკეთესი „მეცნიერული“ საბუთი არსებობდეს, ვიდრე მოვლენების სწორი ახსნისთვის, რაც ამ უკანასკნელის უარყოფის საკმარისი მიზეზია, რადგან მის გასამყარებლად არ არსებობს დამაკმაყოფილებელი რაოდენობრივი მონაცემები.

ნება მიბოძეთ, ზემოაღნიშნული მოსაზრება იმ მოვლენების მაგალითზე გიჩვენოთ, რომლებიც, ჩემი აზრით, მაღალი უმუშევრობის მთავარი მიზეზია. ეს კი, ამავე დროს, დაგვეხმარება დავინახოთ, თუ რატომ არის შეუძლებელი ამ ტიპის უმუშევრობის ინფლაციონისტური პოლიტიკის მეშვეობით ხანგრძლივად, მყარად აღმოფხვრა, რასაც დღეს გაბატონებული მოდური თეორია გვირჩევს. ჩემი აზრით, აღნიშნული პრობლემის სწორი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს თანხვედრა სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე არსებულ მოთხოვნასა და ამ პროდუქტების საწარმოებლად საჭირო სამუშაო ძალისა და სხვა რესურსების გადანაწილებას შორის. ჩვენ საკმაოდ კარგ „ხარისხობრივ“ ცოდნას ვფლობთ იმ ძალების შესახებ, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოთხოვნასა და მიწოდების გათანაბრებას იწვევს; ცნობილია ამის ხელშემწყობი პირობებიც და ის ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლია ამ პროცესისთვის ხელის შეშლა. ამ პროცესის ახსნისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ყოველდღიური გამოცდილების ფაქტებს ეფუძნება და მათ შორის, ვინც ჩვენს არგუმენტაციას თვალყურს ადევნებს, ცოტა თუ დააყენებს ეჭვქვეშ ფაქტებთან დაკავშირებულ დაშვებებს ან მათზე დაყრდნობით მიღებული დასკვნების ლოგიკურ მართებულობას. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი საფუძველი მივიჩნიოთ, რომ უმუშევრობა ფარდობითი ფასების და ხელფასების სტრუქტურის დამახინჯებაზე მიანიშნებს (როგორც წესი ფასის მონოპოლიების ან სახელმწიფოს მხრიდან დადგენისას) და ყველა სექტორში სამუშაოზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების წონასწორობის აღსადგენად აუცილებელი იქნება ფარდობითი ფასების ცვლილება და სამუშაო რესურსების გადანაწილება.

მაგრამ, როდესაც ფასების და ხელფასების კონკრეტული სტრუქტურის დადგენისას საქონლის და მომსახურების უწყვეტი გასაღების უზრუნველსაყოფად რაოდენობრივ დასაბუთებას ითხოვენ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ცნობილია ზოგადი პირობები, როდესაც მყარდება, როგორც ჩვენ მას, არცთუ კორექტულად, ვუწოდებთ, წონასწორული მდგომარეობა. მაგრამ ასეთი წონასწორული მდგომარეობისას ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა კონკრეტული ფასებისა და ხელფასების შესახებ. ჩვენ მხოლოდ იმ პირობების ფორმულირება შეგვიძლია, რომელთა არსებობისას ბაზარმა, შესაძლოა, ისეთი ფასები და ხელფასები ჩამოაყალიბოს, რომელთა შემთხვევაში მოთხოვნა მიწოდების ტოლი იქნება. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ისეთი სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც გვიჩვენებდა, თუ რამდენად შორდება არსებული ფასები და ხელფასები იმ ციფრებს, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა სამუშაო ძალის არსებული მიწოდების გამოყენებას. თუმცა უმუშევრობის მიზეზების წინამდებარე განმარტება ემპირიული თეორიაა იმ გაგებით, რომ შესაძლებელია იგი მცდარი აღმოჩნდეს, მაგალითად, თუ ფულის მიწოდების მუდმივი ზრდით გამოწვეული ხელფასების ზოგადი ზრდა უმუშევრობას არ გამოიწვევს, და ნამდვილად არაა თეორია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებდით ხელფასების სიდიდესა ან შრომის მოსალოდნელ გადანაწილებასთან დაკავშირებული კონკრეტული ციფრობრივი პროგნოზების ჩამოყალიბებას.

მაგრამ რატომ ვართ იძულებული ეკონომიკურ მეცნიერებაში ისეთი ფაქტების არცოდნა ვაღიაროთ, რომელთა შესახებაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემთხვევაში მეცნიერისგან დეტალური ინფორმაციის მიღების მოლოდინი სრულიად კანონიერად ითვლება? ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ისინი, ვისზეც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაგალითი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ამ მდგომარეობით უკმაყოფილო არიან და ისეთი სახის დასაბუთებას ითხოვენ, რაც მიღებულია ამ სფეროში. ამის მიზეზი კი, როგორც უკვე მოკლედ აღვნიშნე, იმაში მდგომარეობს, რომ სოციალურ მეცნიერებებს, ბიოლოგიის მსგავსად, მაგრამ ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უმეტესი დარგებისგან განსხვავებით, საქმე არსობრივად რთულ სტრუქტურებთან აქვს, ანუ ისეთ სტრუქტურებთან, რომელთა დამახასიათებელი თვისებების ჩვენება მხოლოდ შედარებით დიდი რაოდენობის ცვლადებზე დაფუძნებული მოდელებით შეიძლება. მაგალითად, კონკურენცია არის პროცესი, რომელიც გარკვეულ შედეგებს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, როდესაც მასში მონაწილეობას საკმაო რაოდენობის ადამიანები მიიღებენ.

ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით, როდესაც მსგავსი სახის პრობლემები ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იჩენს თავს, ამ სირთულის დაძლევა შესაძლებელია არა ინდივიდუალური ელემენტების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის, არამედ ელემენტების სპეციფიკური თვისებების გამოვლინების ფარდობითი სიხშირის ან გამოვლინების ალბათობის შესახებ მონაცემების გამოყენებით. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ საქმე გვაქვს, როგორც ამას დოქტორმა უორენ უივერმა (როკფელერის ფონდის ყოფილი წარმომადგენელი) უწოდა, სპეციფიკურ, სოციალურ მეცნიერებებში არსებულ „ორგანიზებული სირთულის ფენომენებისგან“ სრულიად განსხვავებულ, „არაორგანიზებული სირთულის ფენომენებთან, რაც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მხრიდან უკეთ გააზრებას“.2 ორგანიზებული სირთულე ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ასეთი სახის რთული სტრუქტურების ეს თვისება არა მარტო იმ ელემენტების ინდივიდუალურ თვისებებსა და შედარებით სიხშირეზეა დამოკიდებული, რომლითაც ისინი ვლინდება, არამედ ამ ელემენტების ერთმანეთთან კავშირის თავისებურებებზე. შედეგად, ასეთი სტრუქტურების ფუნქციობის აღწერისას არ შეგვიძლია კონკრეტული ელემენტების შესახებ ინფორმაციის სტატისტიკური ინფორმაციით ჩანაცვლება და, თუ გვსურს ჩვენს თეორიებზე დაყრდნობით კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება, თითოეული ელემენტის შესახებ, ჩვენ სრულ ინფორმაცია გვჭირდება. კერძო ელემენტების შესახებ ასეთი სახის კონკრეტული ინფორმაციის გარეშე იძულებული ვართ დავკმაყოფილდეთ ზოგადი სტრუქტურის პროგნოზით - რასაც ადრე ვუწოდე „pattern predictions” - ანუ მხოლოდ პროგნოზით იმ, სავარაუდო, სტრუქტურების ზოგიერთი ზოგადი თვისების შესახებ, და ჩვენი პროგნოზები არ შეიცავს არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას სტრუქტურის შემადგენელი კონკრეტული ელემენტების თაობაზე.3

ეს კი ჩვენი თეორიებისათვის, რომლებიც სრულფასოვანი ბაზრის პირობებში ფარდობითი ფასებისა და ხელფასების სისტემების ჩამოყალიბებას განსაზღვრავს, განსაკუთრებით აქტუალურია. ფასებისა და ხელფასების ამ განსაზღვრაზე ის სპეციფიკური ინფორმაცია ზემოქმედებს, რომელსაც ფლობს საბაზრო პროცესის ყოველი მონაწილე - ფაქტების სიმრავლე, რომელიც მთლიანობაში უცნობი რჩება დამკვირვებელი მეცნიერისა თუ ნებისმიერი ცალკეული გონებისთვის. და სწორედ ესაა საბაზრო წესრიგის უპირატესობის წყარო და მიზეზი იმისა, რომ, როდესაც მას ხელისუფლების წნეხი არ თრგუნავს, ის წესრიგის სხვა ტიპებს ყოველთვის ისე ჩაანაცვლებს, რომ რესურსების ახალ ალოკაციაში სულ უფრო იზრდება სპეციფიკური ფაქტების ცოდნის ხვედრითი წონა, ცოდნისა, რომელიც გაფანტულია ურიცხვ სუბიექტთა შორის და რომელსაც ვერასოდეს დაეუფლება ცალკეული მათგანი. და რადგან ჩვენ, დამკვირვებელ მეცნიერებს, შესაბამისად, არასოდეს გვეცოდინება ამ წესრიგის განმსაზღვრელი ყველა ფაქტორი და არც ის, თუ ფასებისა და ხელფასების რა სტრუქტურისას გახდება შესაძლებელი მთლიან მოთხოვნაზე ადეკვატური მიწოდება, ამდენად, არც ამ წესრიგიდან გადახვევის შეფასება შეგვიძლია და ვერც ჩვენი თეორიის სტატისტიკურ გადამოწმებას ვახერხებთ, რომ შემოთავაზებული ფასებით ზოგიერთი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვას შეუძლებელს სწორედ ფასებისა და ხელფასების სისტემის ამ ,,წონასწორობიდან“ გადახვევა ხდის.

ვიდრე განვაგრძობდე ჩემი უშუალო ინტერესის საგანზე - დასაქმების დღევანდელ პოლიტიკაზე - ყოველივე ზემოთქმულის ზემოქმედებაზე მსჯელობას, ნება მიბოძეთ მოსაზრებები რაოდენობრივი ცოდნის ჩვენი თანდაყოლილი სიმწირის - ხშირად იგნორირებული, მაგრამ ძალზე აქტუალური - შესახებ უფრო ზუსტად ჩამოვაყალიბო. ეს აუცილებელია, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საერთოდ უარვყოფდე მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ეკონომიკაში. სინამდვილეში, დიდ სიკეთედ მიმაჩნია, რომ შეგვიძლია მათემატიკური მეთოდების, კერძოდ, ალგებრული განტოლებების მეშვეობით, იმ მოდელების თუ სტრუქტურების (,,pattern`) ზოგადი ბუნების აღწერა - მაშინაც, როდესაც არაფერი ვიცით რიცხობრივი სიდიდეების შესახებ -, რომლებიც მათ კონკრეტულ შემთხვევებს (გამოვლინებებს) განსაზღვრავს. ამ ალგებრული ტექნიკის გარეშე ალბათ ვერ მოხერხდებოდა ბაზარზე მიმდინარე განსხვავებული პროცესების ურთიერთგანმაპირობებელი ბუნების ყოვლისმომცველი სურათის შექმნა. თუმცა, ამან მიგვიყვანა ილუზიამდე, რომ ამ ტექნიკის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია მოცემული სიდიდეების განსაზღვრა და მათი წინასწარმეტყველება, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა რაოდენობრივი ან რიცხობრივი კონსტანტების ფუჭი ძიება. და ეს იმის მიუხედავად, რომ მათემატიკური ეკონომიკის თანამედროვე ფუძემდებლები ამ ილუზიისგან თავისუფალი იყვნენ. მართალია, განტოლებების მათი სისტემები, რომლებიც ბაზრის წონასწორობის მოდელებს აღწერს, ისეა აგებული, რომ, თუკი შევძლებდით ყოველი აბსტრაქტული ფორმულის ყველა ცვლადის კონკრეტული ციფრებით ჩანაცვლებას, ანუ, თუ გვეცოდინებოდა ამ განტოლებების ყველა პარამეტრი, მოვახერხებდით ყველა გაყიდული საქონლისა და მომსახურების ფასისა და რაოდენობის დადგენასაც. მაგრამ, როგორც ვილფრედო პარეტომ (ამ თეორიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა) ჩამოაყალიბა, თან სრულიად ცხადად, ამ თეორიის მიზანი არ შეიძლება იყოს ის, რომ მან აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს ფასების რიცხობრივ კალკულაციამდე, რადგან, როგორც ის ამტკიცებს, ყველა მონაცემის ჩვენ მიერ დადგენის იმედი სრული ,,აბსურდი“ იქნებოდა.4 მართლაც, ეს მთავარი მომენტი უკვე ცნობილი იყო თანამედროვე ეკონომიკის ღირსშესანიშნავ წინამორბედ, XVI საუკუნის იმ ესპანელი სწავლულებისთვის, რომლებიც ხაზს უსვამდნენ, რომ მათემატიკური ფასი, რასაც ისინი pretium mathematicum-ს უწოდებდნენ, იმდენად იყო დამოკიდებული მრავალრიცხოვან კერძო გარემოებაზე, რომ ეს აღემატებოდა ადამიანის ცოდნას და მხოლოდ ღმერთისთვის შეიძლება ყოფილიყო ხელმისაწვდომი.5 და ვისურვებდი, რომ ჩვენს მათემატიკოს ეკონომისტებს, ხანდახან, გულთან ახლოს მიეტანათ ეს ფაქტი. უნდა ვაღიარო, ვეჭვობ, მათ მიერ აღრიცხვადი სიდიდეების ძიებას ეკონომიკური ფენომენების თეორიული გააზრების პროცესში რამე პოზიტიური წვლილი შეეტანოს - იმ დამსახურებისგან განსხვავებით, რაც მათ კერძო შემთხვევების აღწერის საქმეში აქვთ. არც ის მიმტევებლობა მეჩვენება მართებულად, ამ დარგის დაცვაში მის მცირეწლოვან ასაკს რომ მოიშველიებს: სერ უილიამ პეტი, ეკონომეტრიის ფუძემდებელი, რაც უნდა იყოს, სერ ისააკ ნიუტონის უფროსი კოლეგა გახლდათ სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში!

ცოტას თუ შევხვდებით ისეთ შემთხვევას, რომ მხოლოდ თვლადი სიდიდეების მნიშვნელობის ცრურწმენას არსებითი ზიანი არ მოეტანოს ეკონომიკაში. მაგრამ დღევანდელი ინფლაცია და დასაქმების სირთულეები ძალზე სერიოზული პრობლემებია. შედეგად, მეცნიერი ეკონომისტების უმრავლესობის მიერ უგულებელყოფილია მზარდი უმუშევრობის ჭეშმარიტი მიზეზი, რადგან ვერ ხერხდება მისი მოქმედების დადასტურება აღრიცხვად სიდიდეებს შორის ხილულ ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვებით და, რომ აღრიცხვად ზედაპირულ მოვლენებზე ცალმხრივმა, თითქმის აბსოლუტურმა კონცენტრაციამ ისეთი პოლიტიკის შექმნა გამოიწვია, რომელმაც არსებული მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა.

რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო, რომ თეორია, რომელსაც უმუშევრობის ჭეშმარიტ ახსნად მივიჩნევ, ერთგვარად შეზღუდულია, რადგან იმ ტიპის მოვლენების შესახებ, რასაც უნდა ველოდეთ მოცემულ სიტუაციაში, ის მხოლოდ ზოგადი პროგნოზის საშუალებას იძლევა. მაგრამ პოლიტიკაზე უფრო ამბიციური ინტერპრეტაციები ზემოქმედება არ იყო წარმატებული და ვაღიარებ, რომ უპირატესობას ჭეშმარიტ, თუმცა, შესაძლოა, არცთუ სრულ ცოდნას ვანიჭებ - რაც უნდა გაურკვევლი და არაპროგნოზირებადი იყოს იგი - ყოვლისმომცველ ცოდნაზე პრეტენზიასთან შედარებით, რაც, სავარაუდოდ, მცდარია. ნდობას, რომელიც, ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ მცდარი თეორიის მიმართ აღიარებულ მეცნიერულ სტანდარტებთან კონფორმულობამ შეიძლება გამოიჩინოს, როგორც დღევანდელი მაგალითი გვარწმუნებს, სერიოზული შედეგები მოჰყვა.

მართლაც, განხილულ შემთხვევაში, სწორედ ის ღონისძიებები, რომლებსაც გაბატონებული ,,მაკროეკონომიკური“ თეორია გვთავაზობს, როგორც საშუალებას უმუშევრობის წინააღმდეგ, ანუ საერთო მოთხოვნის გაზრდას, იქცა რესურსების ძალზე მცდარი ალოკაციის მიზეზად, რამაც, სავარაუდოდ, გარდაუვალი გახადა შემდგომი ფართომასშტაბიანი უმუშევრობა. დამატებითი ფულადი სახსრების ეკონომიკური სისტემის იმ პუნქტებისკენ უწყვეტი მიმართვა, სადაც ის დროებით მოთხოვნას წარმოშობს, რომელიც მაშინვე შეწყდება, როგორც კი შეწყდება ან შემცირდება ფულის ნაკადი და ფასების ზრდის მოლოდინთან ერთად, მუშახელსა და სხვა რესურსებსაც ჩაითრევს, ასაქმებს მანამ, სანამ გრძელდება ფულის ალოკაცია იმავე მოცულობით ან, უფრო, სანამ გრძელდება ფულის ნაკადის აქსელერაცია იმავე სიჩქარით თუ პროპორციებით. ის, რაც ამ სტრატეგიამ წარმოშვა, არა იმდენად დასაქმების დონეა - რაც ვერავითარი სხვა სტრატეგიით ვერ მოხერხდებოდა -, რამდენადაც დასაქმების გადანაწილება, რასაც ვერ შევინარჩუნებდით განუსაზღვრელი ვადით და რასაც გარკვეული ხნის შემდეგ მხოლოდ ინფლაციის შესაბამისი ხარისხით მივაღწევდით, რაც მალე მთელი ეკონომიკური აქტივობის დეზორგანიზაციამდე მიგვიყვანდა. საქმე ისაა, რომ მცდარმა თეორიულმა შეხედულებამ გაურკვეველ, იმ საეჭვო მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომელშიც შესაძლო ახალი მასშტაბური უმუშევრობისგან თავს ვეღარ დავიზღვევთ; არა იმიტომ - როგორც, ხანდახან, ამ თვალსაზრისს მცდარად წარმოგვიდგენენ თითქოს ეს უმუშევრობა გამოწვეულია შეგნებულად, როგორც ინფლაციასთან ბრძოლის საშუალება, არამედ იმიტომ, რომ ის დაშვებულია იძულებით - ესაა ძალზე სამწუხარო, მაგრამ წარსულის მცდარი პოლიტიკის გარდაუვალი შედეგი, რაც მოჰყვება ინფლაციის ზრდის შეჩერებას.

მაგრამ ახლა ამ უშუალო, პრაქტიკული ხასიათის პრობლემებზე მსჯელობა უნდა შევწყვიტო, რაც იმის საჩვენებლად დამჭირდა, თუ რა სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს მეცნიერების ფილოსოფიის აბსტრაქტული საკითხების მცდარი გაგება. და გვაქვს სრული საფუძველი ვიყოთ ფრთხილი იმ მასშტაბურ - როგორც სივრცეში, ასევე დროში - საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც ფსევდომეცნიერული მსჯელობის არაკრიტიკულ მიღებას მოჰყვება იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც ახლა მქონდა მსჯელობა. ის, რის წარმოჩენაც ამ ტიპური მსჯელობის მეშვეობით მინდოდა, რა თქმა უნდა, ჩემს სფეროს ეხება, მაგრამ, მჯერა, იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად იმ მეცნიერებების მისამართითაც, რომლებიც შეისწავლიან ადამიანს - რაც ზედაპირულად, უაღრესად მეცნიერულ პროცედურად მოჩანს, ხშირად ყველაზე არამეცნიერულია და, გარდა ამისა, ამ სფეროებში არსებობს ზღვარი, სადამდეც შეიძლება განივრცოს მეცნიერების მიღწევები. ეს ნიშნავს, რომ სურვილს - მეცნიერებას ან მეცნიერულ პრინციპებზე დაფუძნებულ კარგად მოფიქრებულ კონტროლს, დავაკისროთ მეტი, ვიდრე ეს შეუძლია მეცნიერულ მეთოდს - შესაძლოა ძალზე სავალალო შედეგი მოჰყვეს. ახალ დროში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრესი იმდენად აღემატებოდა მოლოდინს, რომ ნებისმიერი ვარაუდი მისი შესაძლო ფარგლების შესახებ ეჭვს აღძრავდა. ასეთ გაგებას განსაკუთრებით ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, ვინც იმედოვნებდა, რომ პროგნოზისა და კონტროლის ჩვენი მზარდი უნარი, ზოგადად მიჩნეული მეცნიერული პროგრესის სპეციფიკურ შედეგად, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში მალე მოგვცემდა საშუალებას ამ უკანასკნელისთვის ფორმა აბსოლუტურად ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით მიგვენიჭებინა. და ჭეშმარიტია, რომ იმ აღგზნებისა და აღტყინების საპირისპიროდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევები რომ აღვივებენ, წვდომა, გაგება, რომელიც სოციალური სფეროს შესწავლის შედეგად ყალიბდება, ხშირად ამ ვნების მხურვალებას ერთგვარად აგრილებს; და, ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ჩვენი პროფესიის უფრო მგზნებარე ახალგაზრდა წევრები მისი აღიარებისთვის ყოველთვის არ არიან მზად. თუმცა მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენა ძალზე ხშირადაა დაფუძნებული მცდარ ფუნდამენტზე, რომ მეცნიერული მეთოდი მზა ტექნიკის გამოყენებას წარმოადგენს ან, უფრო სამეცნიერო პროცედურის ფორმის, და არა არსის, მიბაძვას, თითქოს საკმარისი იყოს მხოლოდ მისდიოთ ერთგვარ კულინარულ რეცეპტს, რათა გადაწყვიტოთ სოციალური პრობლემები. ხანდახან გეჩვენება, რომ უფრო ადვილია მეცნიერების ტექნიკის ათვისება, ვიდრე აზროვნებისა, რომელიც აშიშვლებს პრობლემების არსს და გვასწავლის, თუ როგორ გადავწყვიტოთ ისინი.

კონფლიქტი - ერთი მხრივ, რასაც დღევანდელ საზოგადოებაში გაბატონებული განწყობა მეცნიერებისგან მოელის, რომ ის შეძლებს საყოველთაო მოლოდინის აღსრულებას და, მეორე მხრივ, მის რეალურ შესაძლებლობებს შორის - სერიოზულია, რადგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამდვილი მეცნიერები ადამიანური საქმიანობის ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობას აცნობიერებენ, მაინც, რამდენადაც ადამიანები მათგან უფრო მეტს მოელიან, აღმოჩნდებიან ისეთებიც, ამ ფუჭ მოლოდინს რომ აყვებიან, ან ისეთებიც, გულწრფელად რომ ჩათვლიან, რომ ხალხის მოლოდინის საპასუხოდ მეტი შეუძლიათ, ვიდრე ეს მათ ხელეწიფებათ. ხშირად, ექსპერტისთვის საკმაოდ რთულია, ხოლო დილეტანტისთვის კი, კიდევ უფრო ხშირად, შეუძლებელი, იმაში გარკვევა, თუ მეცნიერების სახელით გაცხადებულ პრეტენზიებში რა არის და რა არ არის ლეგიტიმური. მედიის მიერ ზრდის ფარგლების თაობაზე მეცნიერების სახელით გაკეთებული მოხსენების უჩვეულო რეკლამირება და იმავე მედიის დუმილი ამ მოხსენების გამანადგურებელი კრიტიციზმის შესახებ, რითაც შეხვდა ამ უკანასკნელს კომპეტენტურ ექსპერტთა ჯგუფი, და მეცნიერების პრესტიჟის გამოყენების ასეთი შემთხვევები ჩვენში შეშფოთებას იწვევს. მაგრამ, არა მარტო ეკონომიკის სფეროში ცხადდება ფართო, ყოვლისმომცველი პრეტენზიები ყველა ადამიანური საქმიანობის უფრო მეტი მეცნიერული წარმართვისა და სპონტანური პროცესის ,,გაცნობიერებული ადამიანური კონტროლის“ სასარგებლოდ. თუ არ ვცდები, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და სოციოლოგიის ზოგიერთი დარგი, რომ არ ვახსენოთ ეგრეთ წოდებული ისტორიის ფილოსოფია, უფრო მეტად არის სნეული მეცნიერული ცრურწმენებით და მაცდური დაპირებებით იმის თაობაზე, თუ რა შეუძლია მეცნიერებას.

თუ ვაპირებთ ვიყოთ მეცნიერების რეპუტაციის დამცველები და დავიზღვიოთ თავი ცოდნის ქედმაღლობისგან, რომლებიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროცედურებთან ზედაპირულ მსგავსებას ეფუძნება, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამგვარი ქედმაღლობის დაცხრობისა და გაუვნებელყოფისკენ, რომელთაგან ზოგიერთი ახლა ავტორიტეტული საუნივერსიტეტო დეპარტამენტების კანონიერ გატაცებათა საგანი გამხდარა. ძნელია გადავაჭარბოთ ჩვენს მადლიერებაში თანამედროვე მეცნიერების ფილოსოფიის ისეთ წარმომადგენელს როგორიცაა სერ კარლ პოპერი, რადგან იგი გვთავაზობს კრიტერიუმს, რომელიც დაგვეხმარება განვასხვაოთ მეცნიერებაში ნამდვილი და ყალბი, და რომელსაც ბევრი დოქტრინა, დღეს მეცნიერულად საყოველთაოდ აღიარებული, დარწმუნებული ვარ, ვერ დააკმაყოფილებდა. თუმცა არის ზოგიერთ სპეციფიკური პრობლემა, დაკავშირებული იმ არსობრივად რთულ ფენომენებთან, რის მნიშვნელოვან მაგალითსაც სოციალური სტრუქტურები წარმოადგენს და რის გამოც ვისურვებდი დასკვნის სახით, ზოგადი გამოთქმებით, ხელახლა ჩამომეყალიბებინა მიზეზები, რატომაც ვაწყდებით ამ სფეროში არა მარტო აბსოლუტურ ბარიერებს სპეციფიკური მოვლენების წინასწარმეტყველებისას, არამედ, თუ რატომ შეიძლება იქცეს რწმენა - თითქოს ვფლობთ ისეთ მეცნიერულ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავაბიჯოთ, გავიდეთ გარკვეულ საზღვრებს მიღმა - სერიოზულ დაბრკოლებად ადამიანური ინტელექტის პროგრესის საქმეში.

მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, შემდეგია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შთამბეჭდავი და სწრაფი პროგრესი მოხდა სფეროში, სადაც გამოჩნდა ახსნისა და პროგნოზირების იმ კანონებზე დაფუძნების შესაძლებლობა, რომლებიც განხილულ ფენომენებს მცირერიცხოვანი ცვლადების ფუნქციებად განიხილავს, კერძოდ: კონკრეტული ფაქტების ან მოვლენათა შედარებითი სიხშირის ცვლადებად. სწორედ ეს არის, ალბათ, მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამ სფეროებს, როგორც ,,ფიზიკურს“ გამოვყოფთ იმ, უფრო რთულად ორგანიზებული სტრუქტურებისგან, რომლებსაც აქ არსობრივად რთულად მოვიხსენიებ. ორივე სფეროში ერთი და იმავე მდგომარეობის გამამართლებელი მიზეზები არ არსებობს. სიძნელეები, რომლებსაც ვაწყდებით უკანასკნელში, როგორც ეს შეიძლებოდა გვეფიქრა, არა იმ თეორიების ჩამყალიბებისას წარმოშობილი სირთულეებია, განსახილველ მოვლენათა ახსნას რომ ემსახურება, თუმცა შემოთავაზებული განმარტებების შემოწმებისა და, შესაბამისად, მცდარი თეორიების გაბათილებისას ისინი სპეციფიკურ პრობლემებს წარმოშობს. ეს განპირობებულია იმ მთავარი პრობლემით, რაც ჩვენი თეორიების რეალური სამყაროს სპეციფიკურ სიტუაციებთან მისადაგებისას წარმოიშვება. არსობრივად რთული ფენომენების თეორია დიდი რაოდენობით კერძო ფაქტებს უნდა მოიცავდეს; და ყველა ამ ფაქტის დადგენა უნდა მოხერხდეს მის საფუძველზე პროგნოზისას ან საკუთრივ მისი ტესტირებისას, რისი წარმატებით დამთავრების შემთხვევაშიც ამის საფუძველზე აღარ არის მოსალოდნელი სერიოზული სირთულეები ისეთი პროგნოზის გაკეთებაში, რომელიც გადამოწმებას ექვემდებარება - თანამედროვე კომპიუტერების დახმარებით არ იქნებოდა რთული ამ მონაცემების შესაბამისი თეორიული ფორმულების ცარიელ გრაფებში შეტანა და მომავლის წინასწარმეტყველება. რეალური სირთულე - რის გადაჭრაშიც მეცნიერებას მცირე წვლილი თუ შეუძლია შეიტანოს, და რაც, ხანდახან, გადაუჭრელიც კია - არის ცალკეული ფაქტების დადგენა.

ამ პრობლემის სირთულის ბუნებას მარტივი მაგალითი გვიჩვენებს. წარმოვიდგინოთ მობურთალთა მცირერიცხოვანი, დაახლოებით ერთი დონის ორი გუნდი. თუ ჩვენ ვიცით ზოგიერთი სპეციფიკური ფაქტი, ინდივიდუალურ მოთამაშეთა უნარის სხვა ცოდნასთან ერთად - ყურადღების კონცენტრაციის ხარისხი, მოვლენების გააზრების ნიჭი, მათი გულის, ფილტვების, კუნთების და ა. შ. მდგომარეობა თამაშის ყოველი ეპიზოდისთვის, შესაძლოა, შევძლებდით შედეგის წინასწარმეტყველებას. მართლაც, თუ გვექნებოდა ზუსტი წარმოდგენა თამაშსა და გუნდებზე, საკმაოდ ზუსტად გავთვლიდით შესაძლო შედეგს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავადგენთ ყველა ამ ფაქტს და, შესაბამისად, თამაშის შედეგი მეცნიერულად პროგნოზირებადი მოვლენების ფარგლებს მიღმა დარჩებოდა, რაც უნდა კარგად ვიცოდეთ, თუ რა გავლენას იქონიებს თამაშის შედეგზე ცალკეული გარემოება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ რამე პროგნოზს თამაშის მსვლელობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ვიცით სხვადასხვა თამაშის წესები, რომელიმე მათგანზე დაკვირვებისას ადვილად მივხვდებით, თუ რა თამაშს ვუყურებთ და რა სახის ქმედებას უნდა ველოდეთ და რას არა. მაგრამ, პროგნოზის ჩვენი უნარი მოქცეული იქნებოდა მოვლენების ზოგადი განვითარების ფარგლებში და ვერ გასწვდებოდა ცალკეული მოვლენების პროგნოზის საქმეს.

ეს ემთხვევა იმას, რასაც ადრე მხოლოდ სტრუქტურის პროგნოზი ვუწოდე და რითაც სულ უფრო მეტად ვიფარგლებით, როდესაც შედარებით მარტივი კანონების სამყაროდან იმ მოვლენათა წყებაზე გადავდივართ, სადაც ორგანიზებული სირთულე ბატონობს. ამ გზაზე წინსვლისას კი სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ ზოგიერთი და არა ყველა ცალკეული გარემოების დადგენა შეგვიძლია, რომლებიც ყველა მოცემული პროცესის შედეგს განსაზღვრავს; ამდენად, ჩვენ მოსალოდნელი შედეგის მხოლოდ ცალკეული მონაცემების პროგნოზი თუ შეგვიძლია. ხშირად, ერთადერთი, რასაც ვახერხებთ, ესაა სტრუქტურის ზოგიერთი ასპექტის აბსტრაქტული თვისების წინასწარმეტყველება, რამაც შეიძლება იჩინოს თავი, და ეს იმ სახის ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებაა, რის შესახებაც ინდივიდუალურად ძალზე ცოტა რამ ვიცით. მაინც, და არ მომბეზრდება ამის ხაზგასმა, ჩვენთვის ხელმისაწვდომია პროგნოზი, რომლის გაყალბებაც შესაძლებელია და რასაც, ამიტომ, ემპირიული მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, იმ ზუსტ პროგნოზთან შედარებით, რომელსაც, ჩვეულებრივ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოველით, ამგვარი, მხოლოდ სტრუქტურული წინასწარმეტყველება, მეორე თანრიგის მიღწევაა, რასაც ადამიანი ადვილად ვერ ეგუება. მაგრამ საშიშროება, რომლისგანაც მინდა დავაზღვიო საზოგადოება, მდგომარეობს იმის რწმენაში, რომ, თუ გვსურს ჩვენი მეცნიერული პრეტენზიების აღიარება, უნდა შეგვეძლოს მეტი, ვიდრე რეალურად შეგვიძლია. ეს კი გზაა შარლატანობისა და კიდევ უფრო უარესისკენ. იმ რწმენით მოქმედება, რომ გვაქვს ცოდნა და ძალა, რაც საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ჩვენი ნება-სურვილით წარმართვის საშუალებას გვაძლევს, ანუ გვაქვს ცოდნა, რასაც სინამდვილეში არც ვფლობთ და ვერც დავეუფლებით, შეიძლება დიდი ბოროტების მიზეზი გახდეს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეუძლებლისადმი სწრაფვა შესაძლოა ნაკლებად საძრახი იყოს; მეტიც, იქ შეიძლება ზედმეტი თავდაჯერებულობა წავახალისოთ, რადგან ასეთმა ექსპერიმენტებმა ახლებური ხედვა და მიდგომა უნდა წარმოშვას. მაგრამ მცდარი რწმენა, რომ სოციალურ სფეროში გარკვეული ძალაუფლების გამოყენება სიკეთის მომტანია, ალბათ, ძალუფლების ახალი წყაროს შექმნამდე მიგვიყვანდა, რომელიც სხვა ადამიანებს ხელისუფლების ამ განშტოების დაქვემდებარებას აიძულებდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ძალაუფლება თავისთავად არ იქნებოდა ნეგატიური, მისი განხორციელება ხელს შეუშლიდა იმ მამოძრავებელ ძალებს, რომელთა მეშვეობითაც, მათი გაცნობიერების გარეშე, ადამიანი თავის მიზნებს ახორციელებს. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ რა ფაქიზ კომუნიკაციურ სისტემას ეფუძნება განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოება - კომუნიკაციურ სისტემას, ბაზარს რომ ვუწოდებთ და, რომელიც, იმ გაფანტული ინფორმაციის გადამუშავების ეფექტიანი მექანიზმი აღმოჩნდა, მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომლის განზრახ შექმნასაც შეძლებდა ადამიანი.

თუ ადამიანს არ სურს - სოციალური წესრიგის გაუმჯობესების ცდაში - ნეგატიური არ სჭარბობდეს პოზიტიურს, მან უნდა ისწავლოს, რომ ამ და სხვა სფეროშიც, სადაც ორგანიზაციული სახის არსობრივი სირთულე ჭარბობს, ის ვერ შეძლებს იმ სრული ცოდნის მოპოვებას, რაც პროცესების სრული კონტროლის წინაპირობა იქნებოდა. ამდენად, იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ის მოიპოვებს, მან არ უნდა განიზრახოს შედეგებითვის მისთვის სასურველი სახის მიცემა, ისე როგორც ამას ახერხებს ხელოსანი თავის ხელობაში, არამედ შესაბამისი გარემოს შექმნით უფრო ზრდისა და წინსვლის ხელშეწყობას ეცადოს ისევე, როგორც ამას თავისი ნარგავებისთვის აკეთებს მებაღე. არსებობს საშიშროება მზარდი ძლიერების გადაჭარბებულ რწმენაში, რაც წარმოშვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროგრესმა და რაც აცდუნებს ადამიანს, ,,წარმატებით გაბრუებულმა“, სცადოს და - თუ გამოვიყენებთ ადრინდელი კომუნიზმის პოპულარულ ფრაზას - ადამიანური ნების კონტროლს არა მარტო ბუნებრივი, არამედ ადამიანური გარემო დაუმორჩილოს. საკუთარი ცოდნის გადაულახავი ზღვრის აღიარებამ თავმდაბლობას უნდა აზიაროს ის, ვინც სწავლობს საზოგადოების სტრუქტურას, რაც დააზღვევდა მას ფატალური სწრაფვისგან - იყოს საზოგადოების გაკონტროლების ცდის თანამონაწილე, რომელმაც იგი, შეიძლება აქციოს არა მარტო საკუთარი კოლეგებისა თუ ტოლების მიმართ ტირანად, არამედ ცივილიზაციის დამანგრეველადაც, იმ ცივილიზაციისა, არც ერთ ცალკეულ გონებას რომ არ შეუქმნია, და რომელიც მრავალი და მრავალი მილიონი ადამიანის თავისუფალი შემოქმედების ნაყოფია.

_____________________

1. „Scientism and the Study of Society”, Economica, ტომი IX, ნომ. 35, agvisto 1942, gadmobeWdili The Counter-Revolution of Science -Si, Glencoe, III., 1952, gv. 15.

2. უორენ უივერი, ,,A Quarter Century in the Natural Sciences”, The Rockefeller Foundation Annual Report 1958, თავი I, ,,Science and Complexity”.

3. იხ. ჩემი ესე ,,The Theory of Complex Phenomena” წიგნში - The Critical approach to science and Philosophy . Essays in Honor of K. R. Popper, გამომც. მ. ბუნგე, ნიუ-იორკი 1964, და ხელახლა დაბეჭდილი (დანართებიანად) ჩემს ნაშრომში Studies in Philosophy, Politics and Economics, ლონდონი და ჩიკაგო, 1967.

4. ვ. პარეტო, Manuel d'economie politique, II გამ., პარიზი, 1927, გვ. 223.4.

5. ნახეთ, მაგ., ლუის მოლინა, De iustitia et iure, კიოლნი 1596-1600, ტ. II განთ.? 347, ნ. 3 და განსაკუთრებით იოჰანეს დე ლუგო, Disputationem de iustitia et iure tomus secundus, Lyon 1642, ganT. 26, seqc. 4, n. 40.