![]() |
ახალი აზრი № 2 (8), 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: აფრასიძე დავით, ეთერია ემირ, ბუჯიაშვილი დ., მეგრელიშვილი ზაზა, ღირსიაშვილი ლევან, სიგუა ირინა |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი ( დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დავით აფრასიძე
ფილოსოფიის დოქტორი (პოლიტიკური მეცნიერებები, ჰამბურგის უნივერსიტეტი); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის თანამშრომელი
შესავალი
2 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს რიგით მე-5 საპარლამენტო არჩევნები იქნება. ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, წინა არჩევნების დადებითი შედეგები ჯერაც არ ჩანს. შედეგად, ლოგიკურია მოსახლეობის განწყობა, რომ 2 ნოემბრის არჩევნები ქვეყნის განვითარებას სწორ გზაზე ვერ დააყენებს. ამას ემატება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოუყალიბებლობა და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის დაბალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის დემოკრატიული თამაშის წესებზე შეთანხმებასა და მათ ინსტიტუციონალიზაციას. შესაბამისად, მომავალი არჩევნების ზოგადი პროგნოზი უფრო პესიმისტურია. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, დემოკრატიული ტრანზიცია შეუძლებელია არჩევნების გარეშე. შესაბამისად, არჩევნები არ ნიშნავს ყველაფერს, მაგრამ მის გარეშე ვერაფერი მიიღწევა.
წინამდებარე სტატიაში, სისტემური გარდაქმნების თეორიებზე დაყრდნობით, შევეხებით არჩევნების მნიშვნელობას დემოკრატიული გარდაქმნებისათვის. იმთავითვე აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოური გარდაქმნების ფენომენი განსაკუთრებული ხასიათის მოვლენაა და იგი ხარისხობრივად და მასშტაბურობით აშკარად განსხვავდება დემოკრატიული ტრანზიციის სხვა შემთხვევებისაგან. მიუხედავად ამისა, ყველა სახის სისტემური ტრანსფორმაცია არის პროცესი, რომლის შედეგი დასაწყისში არაა ცნობილი. შედეგად, პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის დაწყებიდან 10-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ, მივიღეთ ე. წ. არასრული, ნაკლოვანი დემოკრატიები, რომლის ერთ-ერთი სახე ე.წ ,,ჰიბრიდული რეჟიმებია“. პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის ფენომენი, საქართველოს მაგალითზე, ცხადყოფს, რომ ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, მთავარი პრობლემა არის ეფექტური (ლეგიტიმაციისა და შედეგის კუთხით) სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რამეთუ ურთულესი პროცესები მიმდინარეობს მართვის მექანიზმების ფაქტობრივად არარსებობის პირობებში.
წინამდებარე სტატიის მიზანი სისტემური ტრანსფორმაციის მეტად რთული ფენომენის სრული ანალიზი ვერ იქნება. ამ თემაზე არსებული ლიტერატურის ეგზემპლარული მიმოხილვის, რიგი ცნებების განსაზღვრების გზითა და ცალკეული თეორიული კონსტრუქციების საქართველოს რეალობასთან მისადაგების მცდელობით, მხოლოდ იმ საკითხების წამოჭრას შევეცდები, რომელთა მომავალი კვლავაც, როგორც საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების პრაქტიკულ მოგვარებას, ასევე ტრანსფორმაციის ფენომენის შემდგომ თეორიულ კვლევას უნდა წაადგეს.
მსოფლიო დემოკრატიზაციის მესამე ტალღა და პოსტსაბჭოური სინამდვილე
1970-იან წლებში სამხრეთ ევროპაში სამი დიქტატურა - ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. ამით მსოფლიო ისტორიაში ე. წ. დემოკრატიზაციის მესამე ტალღა დაიწყო, რომელიც 1980-იან წლებში ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ცალკეულ რეგიონეზე გავრცელდა და ცივი ომის დასრულების პარალელურად ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებიც მოიცვა.1 ლოგიკურია, ამ პროცესში, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური სისტემის ტრანზიცია, ანუ მართვის ავტოკრატიული ფორმიდან დემოკრატიულზე გადასვლა იგულისხმება.2თუმცა, სამხრეთი ევროპისა თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოსტსოციალისტურ და განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ დემოკრატიზაციაში არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის, არამედ ეკონომიკური და ასევე საზოგადოებრივი სისტემების გარდაქმნა ხდება. ამაში იგულისხმება ,,გეგმიური ეკონომიკის“ საბაზრო პრინციპებით შეცვლა, პოლიტიკური კულტურის და ზოგადად კულტურის ტრანსფორმაცია, გნებავთ მოდერნიზაცია. ყურადსაღებია, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნების შემთხვევაში ამ პროცესების პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფოს შენება. ამ მოვლენას ხშირად ,,გემის ზღვაზე აგების“ ფენომენს უწოდებენ, რითაც იმის თქმა სურთ, რომ ურთულესი ,,საზოგადოებრივი ცვლილებები შესაბამისი მართვის მექანიზმების არარსებობის ფონზე მიმდინარეობს და ეს მექანიზმები - სახელმწიფო ინსტიტუტები, სამართავი პროცესების პარალელურდ შენდება“.3 ამასვე ემატება დროის ფაქტორი, ანუ ის, რომ, რაც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებმა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შექმნეს, ახალმა დემოკრატიებმა რამდენიმე წელიწადში უნდა აითვისონ.
პრობლემათა ეს მცირე ექსკურსი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ პოსტსოციალისტური, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოური ტრანსფორმაცია თვისებრივად განსხვავებული პროცესია და იგი დემოკრატიზაციათა ისტორიულ კლასიფიკაციაში დამოუკიდებელ ადგილს იმსახურებს.4 აქ ჩვენ საქმე გვაქვს ყოვლისმომცველ სისტემურ ტრანსფორმაციასთან, რომელიც მოიცავს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების არა მხოლოდ გარდაქმნას, არამედ ფაქტობრივად ახლიდან შექმნას და, რაც ჩემი აზრით, მთელი ამ პროცესებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ღრმა საზოგადოებრივი ხასიათის ცვლილებებს, ფასეულობათა გარდაქმნის, ძველის რღვევისა და ახალი ნორმატიული სტრუქტურების ჩამოყალიბების კუთხით. მატერიალური და იდეური სტრუქტურების ამგვარი მასშტაბური გარდაქმნა კაცობრიობის ისტორიას, ვფიქრობ, ჯერ არ მოსწრებია. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ამ პროცესის წარმატება, ანუ როგორც ამბობენ ,,სინათლე გვირაბის ბოლოს“ ჯერაც არაა გარანტირებული.
დემოკრატია და ,,ჰიბრიდული რეჟიმები“
საქართველო ამ გარდაქმნების შუაგულშია. ყველა პრობლემა, გამოწვევა თუ საფრთხე, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ჩვენთვის უცხო არაა და გამოვლენის სხვადასხვა ფორმა აქვს. ჩვენი ტრანსფორმაცია, შიდა პრობლემების მთელი კომპლექსის გარდა, უდავოა, რომ არახელსაყრელმა საგარეო პირობებმა კიდევ უფრო დაამძიმა. ამჯერად, ჩვენი სინამდვილის ერთ კონრეტულ ასპექტს გამოვყოფ. კერძოდ, რა მნიშვნელობა და რა ფუნქცია აქვს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნისათვის არჩევნებს, მის სამართლიან ჩატარებას. ვიდრე ამ საკითხს უშუალოდ შევეხები, დავაზუსტებ დემოკრატიის ცნებასა და მის ძირითად პრინციპებს.
ახალს არაფერს ვიტყვი, თუ დემოკრატიას განვსაზღვრავ როგორც ხალხის მმართველობას. ბერძნული სიტყვა დემოკრატია ორი სიტყვისაგან შედგება და ნიშნავს დემოს-ის (ხალხი, ბევრი) კრატეინ (ბატონობა, მართვა). ასე რომ, თუ დემოკრატიის თეორიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სარტორის დეფინიციას დავეყრდნობით, დემოკრატია არის პოლიტიკური თანაცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა და ტიპი.5 ამჯერად არ მივყვებით დემოკრატიის ცნების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის მიმოხილვასა და მისი ისტორიული განვითარების ანალიზს.6 ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ სისტემასთანაა დაკავშირებული და იგი განუყოფელია შემდეგი პრინციპებისაგან: სახალხო სუვერენიტეტი, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები, ხელისუფლების სახალხო კონტროლი.7 ყველა ამ პრინციპის თავმოყრა შეიძლება ერთ წინადადებაში, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი პოლიტიკური ხელისუფლება მომდინარეობს ხალხისაგან, შექმნილია ხალხისათვის და კონტროლდება ხალხის მიერ. თითოეული პრინციპის ირგვლივ კიდევ უფრო შორსმიმავალი დავა და კამათია, თუმცა არც ამ დისკუსიაში ჩაღრმავებაა წინამდებარე სტატიის მიზანი. ამ პრინციპების დასახელება მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ დემოკრატიის ფენომენი მის წყაროსთან, ხალხთან დამეკავშირებინა. ყველა ზემომოყვანილი პრინციპის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ხალხის უშუალო მონაწილეობით პოლიტიკურ პროცესებში. პირდაპირი დემოკრატია, ანუ შემთხვევა, როცა მთელი მოსახლეობა იღებს პოლიტიკურ გადაწვეტილებებს, როგორც ეს მაგალითად ბერძნულ პოლისებში ხდებოდა, თანამედროვე ტიპის ტერიტორიულ სახელმწიფოში პრაქტიკულად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როგორიცაა რეფერენდუმი, შეუძლებელია. ამდენად მას დღეს ე. წ. წარმომადგენლობითი დემოკრატია ცვლის, ანუ როცა პოლიტიკური ხელისუფლება ხალხის მიერ აირჩევა. ანუ, დემოკრატიის იდეის პრაქტიკული განხორციელება არჩევნების კონცეფციას ეფუძნება. არჩევნების გზით მიიღწევა ზემოჩამოთვლილი პრინციპების დაკმაყოფილება: არჩევნებში მონაწილეობს შესაბამისი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქე. ისინი სარგებლობენ აქტიური და პასიური საარჩევნო ხმის უფლებით, ანუ შეუძლიათ აირჩიონ და არჩეულ იქნენ. ამით დაცულია სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი; არჩევნები ტარდება ღიად და სამართლიანად, რაც ადამიანის პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალეობის საუკეთესო გამოვლენაა; არჩევნების რეგულარული ხასიათი კი, ხელისუფლების კონტროლის საუკეთესო საშუალებაა. ამდენად, არჩევნებს დემოკრატიისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ბევრი თეორეტიკოსისათვის, ქვეყანა, სადაც თავისუფალი და თანასწორი არჩევნები ჩატარდა, უკვე დემოკრატიულად შეიძლება იწოდოს.8
ალბათ, დროა, ნორმატიული მსჯელობიდან, ანუ იმის მტკიცებიდან, თუ როგორ უნდა იყოს, ემპირიულ დონეზე გადავინაცვლოთ და ვთქვათ, როგორ არის ეს სინამდვილეში. დასაწყისში ვთქვით, რომ მსოფლიოში დემოკრატიზაციის რამდენიმე ტალღა თუ მოქცევა არსებობდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ არსებობდა მიქცევებიც, ანუ დემოკრატიზაციის პროცესი არ იყო შეუქცევადი, იგი სტაგნაციის პერიოდში ექცეოდა და ხშირად ისევ ავტოკრატიის წიაღში ბრუნდებოდა. ლათინური ამერიკის ქვეყნებმა დემოკრატიული მიქცევა-მოქცევის რამდენიმე ეტაპი განვლეს. ანალოგიური ვითარება გვაქვს პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც. თითქმის ყველა ქვეყანა, ბალტიისპირეთის გამოკლებით, 90-იანი წლების შუა ხანებში მიღწეული ,,დემოკრატიის მწვერვალიდან“ ისევ თავქვე დაეშვა და ზოგიერთი ლამის წარსულში დაბრუნდა. არადა, თავისუფალი არჩევნები, მეტნაკლები გამონაკლისებითა და დარღვევებით, ყველგან ჩატარდა. ამით ლოგიკური დასკვნა, რომ დემოკრატიის ე. წ. მინიმალისტური კონცეფცია, რომ თავისუფალი არჩევნებით ქვეყანა დემოკრატიული ხდება, რეალობას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. დემოკრატიზაცია, როგორც ვთქვით, პროცესია, ისევე როგორც თავად დემოკრატია, და მისი წარმატებული დასრულებისათვის (ამას თეორიაში დემოკრატიულ კონსოლიდაციას უწოდებენ), არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება - იგულისხმება სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემა, პოლიტიკური პარტიები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმურ და ეფექტურ არხებს შექმნიან. აუცილებელია ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა, რადგან მხოლოდ ძლიერი ეკონომიკური წრეები და მათი სიმრავლე ქმნის მდგრადი პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბების საფუძველს, ხოლო სოციალური კეთილდღეობის მინიმუმის გარეშე შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, რომელიც თავის უფლებებს იცნობს და სათანადოდ იცავს კიდეც.9 სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია წარმოუდგენელია შესაბამისი პოლიტიკური კულტურის გარეშე, რაც ზოგადად მოსახლეობის კულტურული მოდერნიზაციის შემადგენელი ნაწილია. ეს კი ისეთი სოციალური ორგანიზმების აქტიურ მონაწილობას მოითხოვს, როგორიცაა მაგალითად განათლების სისტემა, ეკლესია და ა.შ. თუმცა, საჭიროა რომ ამ ორგანიზმებმა შესაბამისი ტრანსფორმაცია თავადაც განიცადონ.
ეს მცირე და არასრული ექსკურსი10 მიუთითებს, რომ დემოკრატიული და ზოგადად სისტემური ტრანსფორმაციის გზაზე საქართველო ჯერ კიდევ დასაწყისში იმყოფება და ეს პროცესი არც ხვალ და არც ზეგ არ დასრულდება. ჩვენგვარ ქვეყანას ხშირად ,,დეფექტურ დემოკრატიას“ უწოდებენ. ამ ცნების ქვეშ იგულისხმება ის ნაკლოვანებები, რომელიც დემოკრატიის მხოლოდ ფორმალური ნიშნების მქონე ქვეყნებს ახასიათებთ. ,,დეფექტის“ სახეები მრავალგვარია და თითოეულს თავისი სახელი მოეძებნება.11 ჩემი აზრით, საქართველოს სინამდვილეს უფრო ,,ჰიბრიდული რეჟიმი“ უნდა ვუწოდოთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული სახელმწიფო თუ საზოგადობრივი ინსტიტუტები ფორმით თანამედროვე და დემოკრატიულია, ხოლო შინაარსით ტრადიციული (ამ ცნებას მე აქ ჩამორჩენილის სინონიმად ვიყენებ) და ავტოკრატიული. ის, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება სახელმწიფო ინსტიტუტებში, მიუთითებს, რომ სახელმწიფო მხოლოდ შირმა, ზედნაშენია, რომლის უკანაც ფეოდალური წესები ბატონობს. კიდევ უფრო სავალალოა, რომ ამგვარი თამაშის ფორმა თუ წესები აღიარებულია ,,პოლიტიკური გაერთიანებების“ მიერაც, რომლებიც ხშირად არა იდეოლოგიური ინტერესების საფუძველზე იქმნება, არამედ ერთი ,,ფიურერის“ ირგვლივ იკრიბება, აშკარად გამოხატული კლანური ხასიათი აქვსYდა ამით, არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ხელისუფლების სუროგატს წარმოადგენს. ძველი ანეკდოტი მოქალაქეთა კავშირის შესახებ - გარეთ მწვანე, შიგნით წითელი და ალაგ-ალაგ შავი - ზუსტად ასახავს ჩვენი დღევანდელობის ჰიბრიდულ რეალობას როგორც პოლიტიკური სისტემის (პირველ რიგში სახელმწიფოს), მაგრამ ასევე ეკონომიკური სისტემისა და უფრო გლობალურად საზოგადოების მიმართებაში.
რადგან საზოგადოებას შევეხეთ, უნდა ითქვას, რომ იგი ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს. ის, რასაც ,,საზოგადოება“ შეიძლება ეწოდოს, საკუთარი უფლებების ცოდნითა და ამ უფლებების განხორციელებისათვის ორგანიზაციული მომზადების გარკვეული დონით ხასიათდება.12 ჩვენთან, პოლიტიკური ტერმინოლოგიით, არსებობს მასა. მე ამ ცნებას უარყოფით დატვირთვას არ ვაძლევ, უბრალოდ ამით იმის თქმა მსურს, რომ ხალხი ჩვენთან არაორგანიზებულია და ამდენად პოლიტიკურად ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს. როგორც ისტორია გვაჩვენებს, მასების როლი დემოკრატიზაციაში მხოლოდ მარგინალურია.13 ისინი მაშინ ჩნდებიან ასპარეზზე, როცა ორგანიზებული ჯგუფები (ელიტები) ამას მოინდომებენ, ხოლო როცა მიზანი მიღწეულია, მასებისათვის მიცემული დაპირება ისევ დავიწყებას მიეცემა.
უნდა ითქვას, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია და დემოკრატიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მხოლოდ განვითარებული დემოკრატიისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენს შემთხვევაში კი მასას, ხალხს საყოველთაო ნიჰილიზმი და საზოგადოებრივი, საჯარო მოვლენების მიმართ ინდეფერენტულობა ახასიათებს. პარადოქსია, თუმცა ამ პარადოქსის ახსნა რთული არ არის, რომ გაღარიბებული და მოტყუებული მოსახლეობა, რომელიც მისი უფლებების აშკარა შელახვას ხედავს, ამ უფლებების დასაცავად არათუ არ წამოიმართება და უზნეო ხელისუფლებას წინააღმედგობას გაუწევს, არამედ პირიქით, ნიჰილიზმში, ფატალიზმში ვარდება და თავის ნაჭუჭში იკეტება. იგი საკუთარ გადარჩენაზე ზრუნავს, მიდის მცირე გარიგებებზე ხელისუფალთან (ან ნათესაობრივ გზას გამონახავს, ანდა კორუფციის მცირე ფორმებს დაყაბულდება) და ამით, ფაქტობრივად, ხელს უწყობს რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას.14 მასა არ ენდობა სახელმწიფოს, მაგრამ შედის გარიგებაში მის მოხელესთან. შესაბამისად სასელმწიფო არის მხოლოდ ფასადი, რომლის მიღმაც ჰიბრიდული რეჟიმის რეალური სახე, ჩამორჩენილი კლანურ-კორუფციული სისტემა იფურჩქნება. შესაბამისად, საქართველოს მსგავს ,,ჰიბრიდულ ქვეყნებში“ ხელისუფლებას ირჩევენ ფორმალურად, ხოლო რეალურად არჩევნების ფასადს მიღმა იგი უბრალოდ ინიშნავს თავს.
არჩევნები ყველაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ მის გარეშე არაფერი შეიცვლება
არჩევნები, როგორც აღინიშნა, დემოკრატიის მინიმუმია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც 2 ნოემბერის საპარლამენტო და არც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებით დემოკრატიის საბოლოოდ გამარჯვებასა და კეთილდღეობას არ უნდა ველოდეთ. არჩევნები მხოლოდ რთული გზის დასაწყისი იქნება, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე ამ გზას ვერასდროს შევუდგებით. ანუ, ვილი ბრანტის ერთი ცნობილი გამოთქმის - ,,მშვიდობა ყველაფერი არაა, მაგრამ მშვიდობის გარეშე არაფერია“ - პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ: მხოლოდ არჩევნები დემოკრატია არაა, მაგრამ არჩევნების გარეშე დემოკრატია არ არსებობს.
რას შეცვლის თავისუფალი არჩევნები თითოეული ჩვენგანისათვის? ბევრის ღრმა რწმენით, არაფერს, თუმცა იგი მაინც რამდენიმე კონკრეტულ შედეგს მოიტანს. დღეს არსებულ ვითარებას არ სჭირდება ღრმა ანალიზი, რათა მივხვდეთ, რომ მმართველ რეჟიმს, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში, დამარცხება ემუქრება. ხელისუფლების ცვლილება იქნება ამ არჩევნების უდიდესი დამსახურება, და არა იმიტომ, რომ ოპოზიცია ბევრად უკეთესია ხელისუფლებაზე, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნება ხელისუფლების მშვიდობიანი, სამართლებრივი, ანუ კონსტიტუციური გზით ცვლის პირველი პრეცედენტი.
სხვა ქვეყნების გამოცდილების განზოგადება და ამის შედეგად ტრანსფორმაციის თეორიაში ჩამოყალიბებული ჰიპოთეზები იძლევა საშუალებას, ამ ფაქტის რამდენიმე შესაძლო შედეგი გამოვყოთ:
1. ჩამოყალიბებას დაიწყებს ,,არჩევითობის თამაშის წესი“. ხელისუფლებაში მოსულ დღევანდელ ოპოზიციას ექნება იმის შეგრძნება, რომ, ,,რაც მოვახერხეთ ჩვენ, შეიძლება მოახერხოს სხვამაც“. ანუ, მოისპობა ,,ხელისუფლებაში ქრონიკულად ყოფნის სინდრომი“ და დღევანდელ ხელისუფლებას, ოპოზიციაში გადასულს, სამომავლოდ ისევ გაუჩნდება შანსი პოლიტიკური პაექრობის გზით დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ცხადია, ეს სურათი იდეალურია და მისი განხორციელება ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენცია ისევე სასიცოცხლოა პოლიტიკური სისტემისათვის (დემოკრატია ხომ ,,საჯარო კონკურენციაა“, იხ. ზემოთ), როგორც ეკონომიკურისათვის.
2. ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა გაამყარებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ხალხს გაუჩნდება რწმენა, რომ ამ ქვეყანაში მათ აზრს ეკითხებიან. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფოს ლეგიტიმურობის საფუძველი, რაც მას არაპოპულარული, მაგრამ გადაუდებელი რეფორმების გატარების საშუალებას მისცემს. სახელმწიფოს ეფექტურობის გაზრდა კი კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის მხრიდან მისადმი ნდობას, საფუძველს გამოუთხრის კლანურ სისტემას და ნანატრი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს.
3. და ბოლოს, ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ცვლა (თუ არ ჩავთვლით კომუნისტური მმართველობის პრაქტიკულად არშემდგარ ჩანაცვლებას 1990 წელს), საქართველოს საგარეო ავტორიტეტს ერთი-ორად გაზრდის. ევროკავშირი, რომლისკენაც ასე თავგამოდებით მივისწარფვით, აღმოსავლეთ-ევროპელი კანდიდატი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებასა და მათი პოლიტიკური სისტემების სტაბილურობას ხშირად სწორედ იმით ამოწმებს, თუ რამდენჯერ მოხდა ამ ქვეყნებში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. აქვე მინდა ვთქვა, რომ, ბევრისაგან განსხვავებით, საგარეო ფაქტორს ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში ბევრად ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დადასტურებულია, რომ სისტემური გარდაქმნების წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით წყდება. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ პროცესში მარტოოდენ მხარდაჭერა შეუძლია.15
დასკვნა
არჩევნების აუცილებლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, თეორიული დამტკიცება, ალბათ, ნაკლებად სჭირდება. იგი აქსიომაა. ამ სტატიით კიდევ ერთხელ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ არჩევნები პირველი, მინიმალური ინდიკატორია ქვეყნის დემოკრატიულობის შესაფასებლად. არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარება ავტოკრატიული სისტემის დასრულებასა და დემოკრატიული სისტემის დაწყებას მოასწავებს. დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის, ანუ გამყარებისათვის კი, ბევრად უფრო რთული პროცესებია გასავლელი, რაც პირველ რიგში, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში გამოიხატება, რომელიც შემდეგ შესაბამისი საზოგადოებრივი ცნობიერებით, დემოკრატიული ქცევის სტილით უნდა გამყარდეს. ეს პროცესი, როგორც აღვნიშნეთ, შეუქცევადი არაა და იგი შეიძლება წარუმატებლადაც კი დასრულდეს. ამდენად, გადაუდებელი ამოცანაა დემოკრატიული ტრანზიციის, მთლიანად ტრანსფორმაციის ურთულესი პროცესების სიღრმისეული კვლევა: როგორ და რატომ ხდება ავტოკრატიული სისტემების გარდაქმნა? რა სტრუქტურული უპირატესობა აქვს დემოკრატიას ავტოკრატიულ სისტემასთან შედარებით? რა აუცილებელი წანამძღვრებია დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის საჭირო? რა როლი ეკისრება ამ პროცესებში სახელმწიფოს? როგორია მასების, ელიტის როლი? რა გავლენა აქვს ამ პროცესებზე საერთაშორისო გარემოს? რა მსგავსება და განსხვავებაა პოსტსაბჭოურ და ტრანსფორმაციის სხვა შემთხვევებს, ცალკეულ ქვეყნებს შორის და ა.შ. ამ საკითხებზე მუშაობისას აუცილებელია მსოფლიო მასშტაბით უკვე დაგროვილი ცოდნის, თეორიების, მიდგომებისა და მეთოდების გაცნობა და გამოყენება. ვფიქრობ, საქართველოს კონკრეტული სინამდვილიდან მიღებული ემპირიული მასალაც საინტერესო იქნება ზემონახსენები პრობლემების შემდგომი განზოგადებული ანალიზისათვის.
___________________
1. Samuel P. Huntington, The Third Wave: Democratization in the Late Twentieth Century, University of Oklahoma Press 1991.
2. ცნება ტრანზიცია, როგორც წესი მხოლოდ ავტორიტარული პოლიტიკური სისტემიდან დემოკრატიულზე გადასვლის პროცესის აღსაწერად გამოიყენება, მაშინ როცა ტრანსფორმაციას უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს (მოიცავს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ სისტემებს) და შეიძლება პირუკუ პროცესის აღწერასაც მოიცავდეს, მაგალითად: დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ავტოკრატიულად გარდაქმნა. ცნებებისა და ტრანსფორმაციის თეორიების შესახებ იხ. Wolfgang Merkel, Systemtransformation, Eine Einführung in die Theorie und Empirie der Transformationsforschung, Opladen 1999. განსაკუთრებით გვ. 21-169
3. იხ. J.Ealster/C.Offe/U.K. Preuss (ed.), Institutional Design in Post-Communist Societies: Rebulding the Ship at Sea, Cambridge 1998; Claus Offe, Der Tunnel am Ende des Lichts, Frankfurt/New York 1994, გვ. 57-79; Gunter Schubert/Rainer Tetzlaff (Hrsg.), Blockierte Demokratien in der Dritten Welt, Opladen 1996, გვ. 10.
4. მსგავსი შეფასება იხ. Michael MacFaul, The Fourth Wave of Democracy and Dictatorship, in: World Politics 54, January 2002, გვ.212-244.
5. Giovanni Sartori, Demokratietheorie, Darmstadt 1997, გვ. 17.
6. ბოლო დრომდე აღიარებული დემოკრატიის ,,რეალისტური“(იგულისხმება ცხოვრებაში განხორციელებადი) დეფინიცია ეკუთვნის რობერტ დალს. მისი ელეგანტური და მომჭირნე დეფინიციით დემოკრატია (იგი მას პოლიარხიას უწოდებს), სხვა არაფერია თუ არა ,,კონკურენცია, რომელიც ღიაა მონაწილეობისათვის“. Robert Dahl, Polyarchy, Participation and Opposition, New Haven/London 1971. ეს, მეცნიერული თვალისაზრისით, მეტად მომჭირნე დეფინიცა, ბევრის აზირთ, ოპერაციონალურ დონეზე რთული მოსახმარია და იგი დამატებით კონსტიტუციურ-სამართლებრივი განზომილების შემოღებას მოითხოვს. ანუ, კონკურენცია და მასში მონაწილეობის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იქნეს რეგულირებული. იხ. Wolfgang Merkel/Aurel Croissant, Formale und informale Institutionen in defekten Demokratien, in: Politische Vierteljahresschrift, 41. Jg., 2000, გვ. 3-30.
7. შდრ. Aurel Croissant, Von der Transition zur Defekten Demokratie: Demokratische Entwicklung in den Philipinen, Südkorea und Thailand, Wiesbaden 2002, გვ. 26-31.
8. ე. წ. დემოკრატიის მინიმალისტური და მაქსიმალისტური კონცეფციების შესახებ იხ. Adam Przeworski Democracy and the Market. Political and Economic Reform in Eastern Europe and Latin America, Cambridge 1991; Geoffrey Pridham/Tatu Vanhanen (ed.), Democratization in Eastern Europe, London 1994.
9. შდრ. კლასიკური ნაშრომი ამ თემაზე Seymor M. Lipset, Some Social Requisites of Democracy: Economic Development and Political Legitimacyin: American Political Science Review, Vol. 53, Nr. 1, გვ. 69-105.
10 უფრო ვრცლად, შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვით იხ. Merkel 1999.
11. ე.წ ,,მსაზღვრელიანი დემოკრატიების“ შესახებ იხ. David Collier/Steven Levitsky, Democracy with Adjectives: Conceptual Innovation in Comparative Research, in: World Politics 49, March 1997, გვ. 430-451; Guillermo O`Donnell, Delegative Democracy, in: Journal of Democracy Vol. 5, Nr. 1 1994, გვ. 55-69; Fareed Zakaria, The Rise of Illiberal Democracy, in: Foreign Affairs, Vol 76. Nr. 6, 1997, გვ. 22-43; Terry Karl, The Hybrid Regimes of Central America, in: Journal of Democracy Vol. 6, Nr. 3, 1995, გვ. 72-86; Wolfgang Merkel, Defekte Demokratien, in: Wolfgang Merkel/Andreas Busch (Hrsg.), Demokratie in Ost und West, Frankfurt a. M. 1999, გვ. 361-381.
12. საზოგადოების, შესაბამისი პოლიტიკური კულტურის როლზე დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის იხ. კლასიკური ნაშრომი Gabriel A. Almond/Sidney Verba, The Civic Culture: Political Attitudes and Democracy in Five Nations, London/New Delhi 1990 (პირველი გამოცემა 1963) და ასევე Robert D. Putman, Making Democracy Work. Civic Traditions in Modern Italy, Princeton 1993. ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა და შემდგომ კი მათი აღიარება სამოქალაქო საზოგადოების მიერ, დემოკრატიის მაინც ყველაზე მთავარ წინაპირობად მიმაჩნია. იხ. ასევე Axel Hadenius, Institutions and Democratic Citizenship, Oxford University Press 2001.
13. შდრ. Merkel 1999, გვ. 111-118.
14. პოსტსაბჭოურ სივრცეში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის ფენომენზე და მიზეზებზე იხ. Richard Rose, Postcommunism and the Problem of Trust, in: Larry Diamond/Marc F. Plattner (ed.), The Global Resurgence of Democracy, Baltimore/London 1996, გვ. 251-263.
15. ევროკავშირისა და ბალკანეთის მაგალითზე იხ. Heinz-Jürgen Axt, Vom Wiederaufbauhelfer zum Modernisierungsagenten: Die EU auf dem Balkan, in: Aus Politik und Zeitgeschichte, B 10-11/2003, გვ. 18-26.
![]() |
2 გლობალიზაციის არსის განსაზღვრისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ემირ ეთერია
თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასპირანტი
ანგარებითი ინტერესების ძალა მნიშვნელოვნად ზვიადდება იდეების თანდათანობით გაძლიერებასთან შედარებით.... მაგრამ ადრე თუ გვიან სწორედ იდეები, და არა ანგარებითი ინტერესები ხდება საშიში სიკეთისა და ბოროტებისათვის.
ჯონ მეინარდ კეინსი
XX სუკუნის 90-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ტენდენცია ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაცია გახდა. ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe-ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global-მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა.
გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს, ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაცია XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ყველაზე აქტუალური თემა გახდა, რომელიც აქტიურად განიხილება სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებში, თუმცა აღნიშნული პროცესის სირთულიდან და ყოვლისმომცველი ხასიათიდან გამომდინარე, ადგილი აქვს გლობალიზაციისადმი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რაც სავსებით ლოგიკურია.
სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, თვით ტერმინ -გლობალიზაციის განმარტებისას ვლინდება, როგორც უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ველინგი აღნიშნავს ,,რთული აღმოჩნდა გლობალიზაციის განსაზღვრა კონცეპტუალურად და ჩვენება ემპირულად“.1 აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაპირველად უპრიანი იქნება გლობალიზაციასთან დაკავშირებით ცნობილი მეცნიერების შეხედულებების მოკლე მიმოხილვა.
მსოფლიო ეკონომიკის ზოგიერთი მკვლევარი (ვ. ინოზემცევი, გერმანელი მკვლევარი კ. ენსლინი და სხვა) ერთმანეთთან აიგივებს ინტერნაციონალიზაციის და გლობალიზაციის პროცესებს, ,,საზოგადოების შესახებ მეცნიერებისათვის ცნობილია ორი პროცესი, რომელებმაც საზოგადოება მთლიანობის უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, ხოლო ცალკეული სოციალური მოვლენები-ურთიერთგანპირობებულობის უფრო მაღალ დონეზე. პირველი არის სამრეწველო რევოლუციის ეტაპზე ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნა….. მეორე ასეთივე მასშტაბური პროცესი XX საუკუნეში გავრცელდა და ინტერნაციონალიზაციის სახელწოდება მიიღო.. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მესამე პროცესი, რომელსაც გლობალიზაცია შეიძლება ვუწოდოთ, არ არსებობს2.“. ზოგიერთი მეცნიერი (მაგ. რუსი აკადემიკოსი ვ. სერგეევი) თვით სახელმწიფოებს შიგნით გამოყოფს ე. წ ,,გლობალიზებულ რაიონებს” (მაგ. რუსეთში მოსკოვ-სანკტ-პეტერბურგის დერეფანს), რომლებსაც ის განიხილავს როგორც “ჭიშკარს გლობალურ მსოფლიოში”3.. თანამედროვე ეტაპზე, მსოფლიო ეკონომიკის ზოგიერთი მკვლევარი (გერმანელი მკვლევარები ჰ. მარტინი და ხ. შუმანი, რუსი მეცნიერი მ. დელიაგინი და სხვა) გლობალიზაციის პროცესის განხილვისას ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ორგანიზაციების და ტრანსეროვნული კორპორაციების (ტეკ), ტრანსეროვნული ბანკების (ტებ), ასევე რეგიონების მზარდ როლზე, მასობრივი ცნობიერების ფორმირებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, მათ ზეგავლენაზე, ასევე ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტებაზე და ა.შ.4. აღნიშნული მკვლევარები გლობალიზაციაში ხშირად ამერიკის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ექსპანსიას მოიაზრებენ. ამავე დროს, ზოგიერთი მკვლევარი (რუსი მეცნიერი მ. ლებედევა, ასევე რ. კოხენი, ს. კრასნერი) სახელმწიფო საზღვრის ტრანსფარენტულობის ზრდაში ხედავენ გლობალიზაციის არსს, ,,ეროვნული სახელმწიფოების საზღვრები თავდაპირველად გამჭვირვალე გახდა ეკონომიკურ სფეროში. შემდეგ აღნიშნული პროცესი გადავიდა სოციალურ, სამხედრო, პოლიტიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე, ასევე სხვა რეგიონებზე“5. პროფესორ ნ. ჭითანავას აზრით ,,გლობალიზაცია არის ისტორიული პროცესი მისთვის დამახასიათებელი ეტაპებით, თავისებურებებით, ტენდენციებით, კანონზომიერებებით.. იგი ადეკვეტურად ასახავს შრომის დანაწილების მრავალმხრივ პროცესს, სცილდება ეკონომიკურ ჩარჩოს, მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა მხარეს (პოლიტიკას, იდეოლოგიას, კულტურას, რელიგიას) ერთმანეთთან უშუალო კავშირში აერთიანებს ინტეგრაციისა და ავტონომიზაციის პროცესებს, დამოუკიდებლობას, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ალიანსების შექმნისაკენ მისწრაფებას. ამიტომ სწორედ უნდა მივიჩნიოთ, რომ გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი კატეგორიაა“6 გლობალიზაციაზე მსჯელობისას ადგილი აქვს ორი განსხვავებული მოვლენის ერთმანეთში არევას, ,,ერთი მხრივ, არსებობს პოპულარული პოლიტიკური იდეოლოგემა, რომლის ფარგლებშიც გლობალიზაციის ქვეშ მოიაზრება ზეეროვნული სტრუქტურების ფორმირება (უმთავრესად, დასავლეთის ქვეყნების ინიციატივით)... მეორე მხრივ, მიმდინარეობს რეალური პროცესები, რომლებიც ერთი შეხედვით ამყარებენ ზემოთხსენებულ იდეოლოგემას, მაგრამ რეალურად მასთან ცოტა თუ აქვთ საერთო.“7
გლობალიზაციას განსაკუთრებით კრიტიკულად აფასებენ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნების მეცნიერთა უმრავლესობა, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სახელმწიფოს მონაწილეობით ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებელ განვითარებას და გლობალიზაციის პროცესს განიხილავენ ეროვნული ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. ამავე დროს, აღნიშნული ქვეყნების მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ ეროვნული ტრადიციებზე, ფასეულობებზე, კულტურულ თვითმყოფადობაზე გლობალიზაციის უარყოფით ზეგავლენაზე ანუ აქცენტს აკეთებენ გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიურ კულტურულ-პოლიტიკურ შედეგებზე. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლესთერ თუროუ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ,,მიუხედავად გლობალიზაციის ფორმების განსხვავებულობისა, მათი შინაარსი საერთოა და ემყარება კომერციული ფირმების მიერ მაქსიმალური მოგების მიღების სურვილს8“. აღნიშნულ შეხედულებას იზიარებენ უნგრელი მეცნიერი-ეკონომისტი ი. მაგაში, ბელორუსი ალ. დანილოვი და სხვები, რომელთა აზრითაც გლობალიზაციის უმთავრეს მამოძრავებელ ძალას უდიდესი კომპანიები, ფინანსების და კაპიტალის საერთაშორისო ბაზარი წარმოადგენს9. ლ. თუროუ ეროვნულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, ეროვნული მთავრობის როლის შემცირების, ცივი ომის დასრულებისა და პატარა-ქალაქ სახელმწიფოების არსებობის ფაქტორების ემპირული შედეგების საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ “50 წლის შემდეგ თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფოთა უმრავლესობა აღარ იარსებებს“10
რუსი აკადემიკოსების ო. ბოგომოლოვისა და ა. ნეკიპელოვის აზრით ,,ქვეყნებს და ხალხებს შორის მზარდმა ურთიერთდამოკიდებულებამ, მიუხედავად მათი განსხვავებისა განვითარების დონეებს, კულტურას, რელიგიას, ისტორიულ ტრადიციებს შორის მიაღწია ისეთ სტადიას, რომელსაც ტერმინ- გლობალიზაციით ასახავენ“11. ეკონომიკურ ლექსიკონში გლობალიზაცია განმარტებულია როგორც ,,მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომლის საფუძველს წარმოების და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის გაღრმავება წარმოადგენს. გლობალიზაციის შედეგად თანაბრდება მეურნეობრიობის პირობები, ერთმანეთს უახლოვდება ფასები, საქონლის, მომსახურების, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისას, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური და საფონდო ბაზრების საქმიანობაში იხსნება ბარიერები12“. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების აზრით ,,გლობალიზაცია არის მსოფლიოს ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, როგორც საქონლის, მომსახურების საერთაშორისო გადაადგილების, კაპიტალის ინტერნაციონალური ნაკადების მზარდი მოცულობის და ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელების შედეგი“13.
როგორც ზემოთმოყვანილი განმარტებებიდან ჩანს, გლობალიზაციის პროცესის განსაზღვრისას ყველა მეცნიერი მიუთითებს ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდაზე, რომელიც ამოსავალ წერტილად გამოდის გლობალიზაციის დახასიათებისას. თუ გლობალიზაციას მარტო ურთიერთდამოკიდებულების ზრდამდე დავიყვანთ, ამ პროცესის გაძლიერებაზე ჯერ კიდევ კ. მარქსი მიუთითებდა ,,ძველი, ადგილობრივი და ეროვნული ჩაკეტილობის, საკუთარი წარმოების პროდუქციით არსებობის ადგილას მოდის ერებს შორის ყოველმხრივი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება“14. ამავე დროს, ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდას აღნიშნავს ტერმინი - ინტერნაციონალიზაცია და ამ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა არა ახალი ტერმინის- გლობალიზაციის გამოყენება, არამედ ინტერნაციონალიზაციის სამი სტადიის (ეტაპის) გამოყოფა: (1) პირველ მსოფლიო ომამდე არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესები, რომელიც უმთავრესად მეტროპოლიებს და კოლონიებს შორის ურთიერთობებში ვლინდებოდა. (2) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ XX საუკუნის 90-იან წლებამდე კაპიტალისტური სისტემის შიგნით მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესები. (3) XX საუკუნის 90-იანი წლებიდან კაპიტალისტური სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესების გადასვლა მსოფლიო დონეზე ანუ ეკონომიკური საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის უმაღლესი ფორმა. მაგრამ აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ თუ ინტერნაციონალიზაცია წმინდა ეკონომიკური ფენომენია, თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მის საფუძველს ეკონომიკური ურთიერთობები წარმოადგენს, სცილდება მარტო ეკონომიკურ განზომილებას. აქედან გამომდინარე კაპიტალისტური სისტემის შიგნით მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესმა დაასრულა გლობალიზაციის ისტორიული პროცესიის ერთი ეტაპი და გახდა გლობალიზაციის თვისებრივად ახალ ფორმაში გადასვლის ანუ ახალი პროცესების განვითარების საფუძველი. ამრიგად, გლობალიზაცია უფრო მეტია ვიდრე ურთიერთდამოკიდებულება, თანაც თანამედროვე ეტაპზე ადგილი აქვს ასიმეტრიულ ურთიერთდამოკიდებულებას და მნიშნელოვნად აღემატება მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებას. აქედან გამომდინარე გლობალიზაციის და ინტერნაციონალიზაციის გაიგივება, გლობალიზაციის პროცესის მარტო ურთიერთდამოკიდებულების ზრდამდე დაყვანა, აღნიშნული პროცესის გამარტივებაა.
გლობალიზაციის არსის განსაზღვრის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისი გამიჯვნა ინტერნაციონალიზაციის პროცესებისაგან. ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია მჭიდროდ ურთიერთ-დაკავშირებული პროცესებია, მაგრამ არა ერთი და იგივე. ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის შიგნით მიმდინარე პროცესის საზღვარს გარეთ, საწყისი ჩარჩოდან გასვლას, მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის რამდენიმე სუბიექტის მოქმედების გაერთიანებას საერთო ამოცანების, მიზნების, საქმიანობის სახეების ირგვლივ, რომელიც აუცილებლობით არ იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ან თითქმის ყველა წევრის მონაწილეობას. გლობალიზაცია კი გულისხმობს ამა თუ იმ პრობლემის თუ საქმიანობის გადასვლას უშუალოდ მსოფლიო, გლობალურ დონეზე, რომელიც გარკვეული ხარისხით მოიცავს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. სწორედ ინტერნაციონალიზაციის პროცესების რეგიონულიდან (ცალკეული ქვეყნების მონაწილეობით) უშუალოდ მსოფლიო, გლობალურ დონეზე გადასვლა წარმოადგენს გლობალიზაციის პროცესის განვითარების საფუძველს.
ამავე დროს, აუცილებელია, გლობალიზაცია განვიხილოთ როგორც უწყვეტი ისტორიული პროცესი, რომელიც თანამედროვე ეტაპზე ახალი მოვლენების და პროცესების განვითარების საფუძველი გახდა. ამრიგად, ჩვენი აზრით, გლობალიზაციისაკენ სწრაფვა კაცობრიობის განვითარების ისტორიის დამახასიათებელი თავისებურებაა, რაც თავდაპირველად სხვადასხვა თემების, ტომების, ქალაქებისა თუ სახელმწიფოების მზარდ ურთიერთობებში პოულობდა გამოხატულებას. ყოველი ძლიერი სახელმწიფო ახორციელებდა პოლიტიკას თავისი გავლენის სფეროს გაფართოებისათვის, რაც XX საუკუნის მეორე ნახევრამდე, უმთავრესად სამხედრო მეთოდებით ხორციელდებოდა. გლობალიზაციის პოლიტიკას ემსახურებოდა ნაცისტურ-ჰიტლერული რეჟიმი, რომელიც გერმანიის ბატონობის ქვეშ მსოფლიოს გაერთიანებას ცდილობდა, ანუ ეს იყო გლობალიზაციისაკენ სწრაფვა სამხედრო ძალის გამოყენებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფაშისტური გერმანიის სწრაფვა და წინა საუკუნეებში აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების ყველა წამოწყება (თუნდაც ნაპოლეონის პოლიტიკა) წარმატებითაც რომ დასრულებულიყო, როგორც ისტორია ნათელყოფს დიდხანს მაინც ვერ გაგრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, კაცობრიობის განვითარების ისტორია უარყოფს სამხედრო ძალის გამოყენებით გლობალიზაციის შესაძლებლობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო მეთოდებით გლობალიზაცია წარსულს ჩაბარდა.
XX საუკუნის უკანასკნელ ნახევარში მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურმა წესრიგმა ცვლილებების ორი ეტაპი განვლო: I. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი 80-იანი წლების ჩათვლით, როცა მსოფლიო სამ ნაწილად იყო დაყოფილი: კაპიტალისტური, სოციალისტური და განვითარებადი, ე. წ. ,,მესამე სამყარო“, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ეკონომიკური განვითარების დონით, ცხოვრების სტილით, მსოფლმხედველობით და ა.შ. აღნიშნულ პერიოდში მსოფლიო წესრიგი კაპიტალისტურ და სოციალისტურ სისტემებს შორის ე. წ. ,,ცივი ომის” კონცეფციაზე იყო დაფუძნებული. ორი ანტაგონისტური ბლოკის მთავარი სახელმწიფოები - აშშ და საბჭოთა კავშირი - ცდილობდნენ თავიანთი გავლენის ორბიტაში მოექციათ სხვა ქვეყნები, უმთავრესად ,,მესამე სამყაროს“ ქვეყნები. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციისაკენ სწრაფვა XX საუკუნის მეორე ნახევრის მთავარი პოლიტიკური მიმართულება იყო, რომელშიც თავისებური წვლილი შეჰქონდა საბჭოთა კავშირსაც. გლობალიზაციისკენ სწრაფვაში აღნიშნულ ქვეყნებს შორის განსხვავება ის იყო, რომ საბჭოთა კავშირი სოციალიზმის, კომუნიზმის იდეებს იყენებდა, რაც შეიძლება დახასიათდეს როგორც სოციალისტური გლობალიზაცია ანუ გლობალიზაცია იდეოლოგიის მეშვეობით. საბჭოთა კავშირის დაშლამ, კომუნიზმის, როგორც უტოპიური იდეოლოგიის დასამარებამ დაამტკიცა სოციალისტური გლობალიზაციის უპერსპექტივობა. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით აშშ დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, კერძო საკუთრების და სხვა იდეებით გამოდიოდა, რასაც კაპიტალისტური გლობალიზაცია ანუ ეკონომიკურ-პოლიტიკური გლობალიზაცია შეიძლება ეწოდოს. კაპიტალისტურმა სისტემამ, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-მა გლობალიზაციისაკენ ყველაზე ოპტიმალური გზა შეარჩია - ეკონომიკური გლობალიზაცია. ეს უკანასკნელი თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, განვითარებული ქვეყნების, განსაკუთრებით კი აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო. გლობალიზაციის სხვა სახეებთან შედარებით პროგრესული, ჰუმანური და ამავე დროს გარდაუვალი დასავლური ვარიანტის - ეკონომიკურ-პოლიტიკური გლობალიზაციის რეალიზაციის საწყისი ეტაპია 1948 წელი, როცა აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების თაოსნობით დაარსდა გენერალური შეთანხმება ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ (GATT), 1995 წლიდან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო). ამავე პერიოდში აშშ-მა დაიწყო ე. წ. ,,მარშალის გეგმის განხორციელება, რომლის მეშვეობითაც მან სტრატეგიულ მოკავშირედ აქცია დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ანალოგიური პოლიტიკა განხორციელდა იაპონიაში (ე. წ. ,,მაკარტურის პოლიტიკა“), სადაც ეკონომიკური რეფორმები აშშ-ის პროგრამით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კაპიტალისტური სისტემის შიგნითაც არსებობდა წინააღმდეგობები (სავაჭრო-ეკონომიკური უთანხმოებანი), მაგრამ ეს უფრო ტაქტიკური გადახვევები იყო, რომელიც ზიანს არ აყენებდა მიზნის მიღწევას. ამავე დროს, ,,რადგან აშშ-ის ეკონომიკური სიძლიერის საფუძვლად მკვლევარები სავსებით სამართლიანად ე. წ. ,,რეიგანომიკის“ პოლიტიკას თვლიან, შესაბამისად უპრიანი იქნებოდა აშშ-ის თანამედროვე გეოსაფინანსო პოლიტიკის ევოლუციის განხილვის დაწყება 1981 წლიდან15“. აღნიშნულ პერიოდში, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში გაბატონდა ლიბერალური შეხედულებები. 1948 წელს GATT-ის შექმნით დაწყებული ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ნეოკონსერვატიული რეფორმების შედეგად, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში, 80-იან წლებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
II ეტაპი არის XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი, რომელიც ,,ცივი ომის“ დამთავრებით, სოციალისტური სისტემის დაშლით, გერმანიის გაერთიანებით და, შესაბამისად, ორ ანტაგონისტურ სისტემას შორის წინააღმდეგობების მოსპობით ხასიათდება, რაც უკანასკნელი ბიძგი გახდა გლობალიზაციისაკენ სწრაფვაში.
თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ევროპა-ამერიკის, ანუ დასავლეთის მსოფლიო მასშტაბით ექსპანსიას. ზოგადად, გლობალიზაციის პროცესი საზოგადოების განვითარების შედეგს წარმოადგენს და მისი ფესვები კაცობრიობის განვითარების ისტორიის საწყისი ეტაპებიდან მოდის. გლობალიზაციის პროცესი ვითარდებოდა ადამიანის განვითარების, გარესამყაროს შესახებ მისი ცოდნის ამაღლების პარალელურად, რაც, თავის მხრივ, გლობალიზაციის ობიექტურ, გარდაუვალ ხასიათზე მიუთითებს. თუმცა უკანასკნელი, არც ობიექტურობა და არც გარდაუვალობა არ ნიშნავს პროგრესულობას. გლობალიზაცია პროგრესულია იმდენად, რამდენადაც წარმოადგენს როგორც თვით ადამიანის, ისე გარესამყაროს შესახებ ცოდნის ამაღლების, განვითარების შედეგს. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ერის, საზოგადოების განვითარების დონე, ადრე თუ გვიან ამაღლდება გლობალიზაციის იდეამდე. საზოგადოების განვითარების პოსტინდუსტრიული ეტაპი გლობალიზაციის გამოვლინების სტადიაა. გლობალიზაცია, უპირატესად, დასავლეთ ევროპის და აშშ-ის განვითარების შედეგია, რაც გლობალიზაციაში სწორედ ევროპა-ამერიკის ექსპანსიის მოაზრებას განაპირობებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გლობალიზაცია წარმოადგენს არა მარტო აღნიშნული რეგიონების, არამედ ყველა რეგიონის განვითარების იმანენტურ პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე ქვეყანა ან რეგიონი განვითარების პოსტინდუსტრიულ ეტაპს მიაღწევდა, გლობალიზაციაში ნაგულისხმევი იქნებოდა სწორედ აღნიშნული ქვეყნის თუ რეგიონის ექსპანსია, რომელიც გარდაუვალია განვითარების პოსტინდუსტრიულ სტადიაზე. ამავე დროს, XX საუკუნის 90-იან წლებში დასავლეთის პოსტინდუსტრიული ქვეყნების თაოსნობით, გლობალიზაციას ხელს უწყობდა სოციალისტური სისტემის დაშლა, ანუ გლობალიზაციის მიღწევის კვაზიალტერნატიული, ე.ი. მიუღებელი მიმართულების მოსპობა, რამაც კაპიტალისტური სისტემის ფარგლებში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებს უშუალოდ მსოფლიო დონეზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა.
ცნობილია, რომ მსოფლიო ეკონომიკა წარმოადგენს შრომის საერთაშორისო დანაწილების საფუძველზე, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი (საერთაშორისო ორგანიზაციების და რეგიონული ინტეგრაციული დაჯგუფებების მეშვეობით) ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობებით ურთიერთდაკავშირებულ ეროვნულ ეკონომიკათა ერთობლიობას. ამდენად როცა საუბარია გლობალიზაციაზე, მაშინ ჩვენი აზრით, უპირატესად იგულისხმება ჯერ ერთი, საერთოდ მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია და არა მისი რომელიმე კომპონენტის, და მეორე, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ურთიერთგადაჯაჭვისა და ურთიერთგანპირობებულობიდან გამომდინარე, გლობალიზაციის პროცესების ინტერდისციპლინარული (დისციპლინათაშორისი) მეთოდების, უპირატესად ეკონომიკურ-პოლიტოლოგიური მიდგომის გამოყენების საფუძველზე კვლევის აუცილებლობა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია არის საქონლის, მომსახურების, წარმოების მობილური ფაქტორების თავისუფალი გადადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრების გამჭვირვალობით ეროვნული ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულება-ურთიერთშეღწევადობის ზრდისა და შერეული ეკონომიკის, ღია ეკონომიკის, პოლიტიკური დემოკრატიისა და პოსტინდუსტრიული საზოგადოების პრინციპების მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრების საფუძველზე ერთიანი, გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირების პროგრესული, ისტორიულ-ლოგიკური პროცესი, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებითა და ზოგადსაკაცობრიო, გლობალური პრობლემების არსებობით აფიქსირებს პლანეტარული ცივილიზაციის ერთიანობას. აქედან გამომდინარე, გლობალიზაცია, თავისი არსით, ობიექტურ, ხანგრძლივვადიან პროცესს და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების უმაღლეს სტადიას წარმოადგენს. გლობალიზაციის პროცესის შედეგად ფორმირებული გლობალური ეკონომიკა გულისხმობს არა მარტო ერთიანი ეკონომიკური სისტემის ფორმირებას, არამედ სახელმწიფოთა შიგნით და სახელმწიფოთაშორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების ერთიანი პრინციპის - პოლიტიკურ-ეკონომიკური დემოკრატიის, საბოლოო ანგარიშით კი, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ადამიანთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საუკეთესო ფორმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დამკვიდრებას. სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოების განვითარების უმაღლესი ფორმაა, რომელიც თავისთავად გულისხმობს ღია საზოგადოების არსებობას. თუმცა, მსოფლიო მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მსოფლიო მთავრობის აღიარებას, რომელიც ერთერთი თანამედროვე უტოპიაა. სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო ურთიერთშემავსებელ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. სამოქალაქო საზოგადოება წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფოს გარეშე და პირიქით. გლობალიზაციის პროცესი ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ეკონომიკურ აგენტთა შორის ურთიერთობებზე, არამედ მოიცავს ადამიანისეული საქმიანობის ყველა სფეროს: პოლიტიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, კულტურულ და ა.შ. ურთიერთობებს, განაპირობებს აღნიშნულ სფეროებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდას. თუმცა, გლობალიზაციის პირობებში აღნიშნულ სფეროებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა არ ნიშნავს მსოფლიო მასშტაბით ადამიანისეული საქმიანობის ყველა მიმართულების უნიფიკაციას. ცალკეულ სახელმწიფოს (ეროვნულ ეკონომიკას) ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების აღიარებისა და დამკვიდრების საფუძველზე, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად განვითარების შესაძლებლობა აქვს, ანუ გლობალიზაციის პირობებში ადგილი აქვს განვითარების საფუძვლების უნიფიკაციას, რომელიც ობიექტური აუცილებლობით არ განაპირობებს მათი შემდგომი განვითარების ერთგვაროვნებას. გლობალიზაციის პროცესის მრავალ სახეობას შორის ყველაზე სწრაფი ტემპით ფინანსური (ეკონომიკური) გლობალიზაცია ვითარდება, რომლის ობიექტურ საფუძველს წარმოების და ვაჭრობის ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს. ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი ეროვნული ეკონომიკების განვითარების პროპორციებს, ურთიერთქმედების მექანიზმს, ფუნქციონირების ნორმებსა და სტანდარტებს განსაზღვრავს. გლობალიზაციის პროცესების შედეგად ფორმირებადი გლობალური ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების მექანიზმი მსოფლიო დონეზე ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთობების, ეკონომიკური პროცესების რეგულირების ფორმებისა და მეთოდების განმსაზღვრელ სისტემას წარმოადგენს, რომელიც ემყარება მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სამართლებრივ ნორმებს და გლობალური კვლავწარმოებითი პროცესის, გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმართულებებს და დინამიზმს განსაზღვრავს. ამრიგად, გლობალიზაციის ისტორიულმა პროცესმა განსაზღვრულობა, გამოკვეთილი სახე კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მიიღო, რაც ნათლად ადასტურებს იმ თეზისს, რომ გლობალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა განვითარების იმანენტური პროცესი, როცა კაცობრიობის უმრავლესობამ გააცნობიერა პლანეტის ბუნებრივად განუყოფელი მთლიანობა.
ამრიგად, ზემოთმოყვანილ განმარტებებთან და საერთოდ გლობალიზაციის გავრცელებულ განსაზღვრებებთან ჩვენი განმარტების გარკვეული წინააღმდეგობის გამო აუცილებლად მიგვაჩნია მისი დაწვრილებით დასაბუთება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება შემდეგ პრინციპულ მოსაზრებებს: (1) შერეული ეკონომიკის პრინციპების მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებას. როგორც ბევრი მეცნიერი, მათ შორის პროფესორი რ. გოგოხია აღნიშნავს ,,შერეული ეკონომიკის ეფექტიან ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი რეგულირების როლი, ამ უკანასკნელს არ ძალუძს შეცვალოს კონკურენტული საბაზრო ორგანიზაცია. ის უნდა მიესადაგოს მას და ორივე უნდა რეალიზდებოდეს როგორც შერეული ეკონომიკის ქვესისტემა”16. გლობალიზაციაში ეკონომიკის ორგანიზაციის აღნიშნული ფორმის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრების მოაზრება მტკიცდება იმ გარემოებითაც, რომ მსოფლიოში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის რეგულირებაზე ხელაღების არცერთი პრეცენდენტი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რამდენადაც სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციის - სოციალური ფუნქციის (და არა მარტო მისი) შესრულება სხვა არცერთ ინსტიტუტს არ ძალუძს, მით უმეტეს განვითარების დაბალი დონის ქვეყნებში. (2) რაც შეეხება ღია ეკონომიკის პრინციპს, ამას ნათლად ადასტურებს I. ცალკეული ეროვნული ეკონომიკების სწრაფვა გაწევრიანდნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. II. აქტიურად ჩაერთონ რეგიონული ინტეგრაციის პროცესებში. რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა ცალკეული ქვეყნის მხრიდან განიხილება, როგორც გლობალიზაციის ნეგატიური შედეგების შესუსტება-აღმოფხვრის და ამავე დროს, გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ჩართვის უმთავრესი ინსტრუმენტი. აღნიშნული თავისებურება გლობალიზაციის პროცესში ცალკეული ეროვნული ეკონომიკის საერთო მახასიათებელს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი მიუთითებს ეროვნული ეკონომიკების სწრაფვაზე შეათანხმონ რეგიონალიზაციის და გლობალიზაციის პროცესები, რომლებიც კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციის უფრო მაღალი ხარისხით. გლობალიზაციის პირობებში, ყოველი ეროვნული ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების თავისებურებას წარმოადგენს არა ინტეგრაციულ პროცესებში თავისთავად ჩართვა (განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებისათვის იმავე დონის ქვეყნებთან), არამედ მიერთება (გაწევრიანება) იმ ინტეგრაციულ დაჯგუფებებთან, რომლებშიც წარმოდგენილი არიან განვითარებული ქვეყნები. რეგიონული ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება, ევროკავშირის ანალოგიური დაჯგუფებების წარმოქმნა (ერთიანი ვალუტით), სხვა დადებით შედეგებთან ერთად შეამცირებს გლობალიზაციის ერთ-ერთი უარყოფითი თავისებურების (განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებისათვის), სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობის მასშტაბებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმატებული ინტეგრაციული დაჯგუფებების ჩარჩოებში არსებული ვალუტათა უფრო მცირე რაოდენობა საერთაშორისო საფინანსო სისტემის შედარებით მაღალი სტაბილურობის გარანტად გვესახება. (3) მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ისწრაფვის პოლიტიკური დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დანერგვისაკენ, ანუ შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკური სისტემის ერთიანი, საერთო საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი, რაც სახელმწიფოს (როგორც ინსტიტუტის), საზოგადოების პროგრესული განვითარების ნათელი დამადასტურებელია და აღნიშნული პრინციპების მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრების მისწრაფების ტენდენცია უდავოა. (4) პოსტინდუსტრიული საზოგადოების პრინციპები ხაზს უსვამს მეცნიერების განმსაზღვრელ როლს საზოგადოების განვითარებაში, ხოლო აღნიშნული ტიპის საზოგადოების უმთავრესი ნიშნები, როგორც თვით პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორიის ფუძემდებელი დ. ბელი აღნიშნავს, დაკავშირებულია მეცნიერების და ტექნიკის განვითარების მაღალ დონესთან. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ინოვაციები ყოველთვის ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი გლობალიზაციის ერთ-ერთ სტიმულატორად მოგვევლინა. გლობალიზაციის პირობებში წინა პერიოდთან შედარებით, როცა ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორად მიწის და კაპიტალის რესურსები განიხილებოდა, უპირატესობა ინტელექტუალურ და ფინანსურ (მობილურ) რესურსებს ენიჭება.თუმცა აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები კიდევ უფრო აღრმავებს პოსტინდუსტრიულ და ინდუსტრიულ-აგრარულ საზოგადოებებს შორის წინააღმდეგობებს. საზღვრების გახსნილობის პირობებში (აქ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას ვგულისხმობთ) განვითარებად ქვეყნებში უახლესი ტექნოლოგიების გავრცელება, აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობისათვის ნათელს ხდის მათ ჩამორჩენას სხვა ქვეყნებისაგან მრავალი მიმართულებით, რაც მათი მხრიდან თავიანთი სუსტი განვითარების მიზეზების ძიების გაძლიერებას იწვევს. ყოველ ინდივიდს თუ ინდივიდთა ჯგუფს აქვს მიდრეკილება, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი საგარეო სფეროში ეძიოს. ამ მხრივ სახელმწიფოები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ამავე დროს, განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა ე. წ. პროიდეალისტური საზოგადოების ფორმირების ნიშნები, რომელშიც უპირატესი მნიშვნელობა უსაფრთხოებას, პრესტიჟს, რეპუტაციას ენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეული ინდივიდის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციას. აღნიშნული ქვეყნები თავიანთ უსაფრთხოებას უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცავენ და ცდილობენ საზოგადოების განვითარების არსებული დონის შენარჩუნება-განვითარებისთვის პლანეტარულ მასშტაბით კეთილსასურველი პირობების შექმნას, რომლისთვისაც აქტიურად იყენებენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებს, უპირატესად არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.
გლობალიზაცია თავისი არსით, არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ ბოროტებას და არც აბსოლუტურ სიკეთეს. მისი დადებითი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის თავისებურებებიდან მთავარია სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოება-განვითარება, რამდენადაც ის ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანების თანამშრომლობის გაღრმავებით გამოიხატება, რაც თავის მხრივ, არა მარტო ცალკეული ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს პროგრესის საწინდარს წარმოადგენს. გლობალიზაციის აღნიშნული თავისებურება, მთლიანად კაცობრიობისათვის, მისი პოზიტიური და პროგრესული მნიშვნელობის ნათელი დამადასტურებელია. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ადამიანის განვითარება წარმოადგენს უპირველეს მიზანს და ამოცანას, რამდენადაც მხოლოდ მაღალგანვითარებულ მსოფლიო საზოგადოებას ძალუძს ზოგიერთი რელიგიური თუ ეროვნული დოგმების გადალახვა, მსოფლიოს, როგორც ყველასათვის ერთიანი სისტემის გაცნობიერება-გათავისება და ზრუნვა მის შემდგომ განვითარებაზე. შესაბამისად, გლობალიზაციის პროცესის პოზიტიურობა, უპირველეს ყოვლისა, პლანეტარული ცივილიზაციის ერთიანობის დაფიქსირებაში პოულობს გამოხატულებას, რომელიც მიუხედავად გარკვეული ნიშნებით სუბცივილიზაციების სხვაობისა და მათი წინააღმდეგობის შესახებ არსებული მოსაზრებისა (ცივილიზაციათა შეჯახება), ისტორიულად კაცობრიობის განვითარების ერთი (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რომელი, რელიგიური თუ ევოლუციურ-დარვინისტული) საწყისიდან გამომდინარეობს. საქმე ისაა, რომ მსოფლიო საფინანსო ბაზარმა, გლობალური ელექტრონული კავშირით ურთიერთდაკავშირებულმა ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, საინვესტიციო და საპენსიო ფონდებმა უფრო მჭიდროდ დაუკავშირეს ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნების ბედი და უფრო რადიკალურად ცვლიან მსოფლიოს, ვიდრე მსოფლიო ისტორიის ნებისმიერი იმპერია, იდეოლოგია, რელიგია, პოლიტიკური მოძრაობა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. ამავე დროს, მსოფლიოში მიმდინარე ყოველმხრივი გლობალიზაციის პირობებში კაცობრიობის წინაშე წარმოიქმნება გლობალური პრობლემები (ეკოლოგიური, ენერგეტიკული, სასურსათო, სოციალური და ა.შ.), რომელთა გადაწყვეტა მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავებას, ყველა ქვეყნისა და ხალხის ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს.
გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია, მაგრამ აუცილებლობას წარმოადგენს მისი განვითარების ფორმებზე, მეთოდებსა და ტემპებზე ზემოქმედება. მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყნის მიერ გლობალიზაციის პოზიტიური შედეგებით სარგებლობა მოითხოვს გლობალიზაციის აღნიშნული პრინციპების გლობალური მასშტაბით სწრაფი ტემპებით ექსპანსიას ანუ კაცობრიობის ისტორიაში მიღწეული განვითარების ყველაზე პროგრესული საფუძვლების მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დამკვიდრებას და მათ შემდგომ ევოლუციას ცალკეული ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ამისათვის კი აუცილებელია:
I. ცალკეული ეროვნული ეკონომიკისა და მთლიანად მსოფლიო მეურნეობის მოდერნიზაცია, რომლის საფუძველი უნდა გახდეს ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით შემუშავებული, მოდერნიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა. თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შექმნილია სახელმწიფოების მიერ და სახელმწიფოებისათვის. ისინი მოწოდებული არიან დაარეგულირონ სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობები და არა იმისათვის, რომ განსაზღვრონ მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი. საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობისაკენ, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში განათლების, მეცნიერების სფეროს უპირატესი დაფინანსების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. ამ უკანასკნელი მიზნის რეალიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპეკულაციური კაპიტალის მოძრაობაზე ე.წ ,,ტობინის გადასახადის“ დაწესება, რაც მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ძალისხმევით არის შესაძლებელი. მიზანშეწონილია მიღებული თანხის სწორედ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში პოსტინდუსტრიული საზოგადოების ფორმირებისთვის გამოყენება, რამდენადაც სწორედ აღნიშნული წარმოადგენს გლობალური ეკონომიკის სტაბილური განვითარების უმთავრეს წანამძღვარს. ამავე დროს, მსოფლიო მეურნეობის შემადგენელ ცალკეულ ეროვნულ ეკონომიკაში ტეკ-ების არარსებობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მოკლებულნი არიან ეროვნული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ატრიბუტებს და შესაბამისად, არ ძალუძთ ამ უკანასკნელის ყველა ფუნქციის სრულყოფილი რეალიზაცია, გლობალური ეკონომიკის შემდგომი განვითარების ინსტიტუციურ საფუძველს ეროვნული ეკონომიკა და ეროვნული სახელმწიფო წარმოადგენს.
II. გლობალური ეკონომიკის შემდგომი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი ნეოლიბერალური და სოციალური საბაზრო მეურნეობის მოდელების გარკვეული სინთეზით წარმართვა, რამდენადაც ნეოლიბერალური გლობალიზაციის ერთ-ერთი უარყოფითი თავისებურების - მსოფლიო მასშტაბით შემოსავლების მკვეთრი დიფერენციაციის, ასევე არსებული სხვა სოციალური პრობლემების სიმწვავის შემცირება სოციალური საბაზრო მეურნეობის გარკვეული პრინციპების გლობალური მასშტაბით დამკვიდრებას შეუძლია. ამრიგად, აუცილებელია შერეული გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკაში არსებული ეროვნული სახელმწიფოს როლის გარკვეული ნაწილი.
III. თანამედროვე ეტაპზე, გლობალური ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარებისათვის ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი, სადაც პოლუსებს წარმოადგენენ ის ქვეყნები თუ ქვეყანათა ჯგუფი, რომლებშიც ფორმირებულია პოსტინდუსტრიული საზოგადოება (აშშ და ევროკავშირი).
გლობალიზაციის პროცესებმა დღის წესრიგში დააყენა კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. რეგიონული ინტეგრაციული დაჯგუფებების როლის ზრდა, გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის ამაღლება, უახლოეს პერსპექტივაში, დასავლეთის პოსტინდუსტრიული ქვეყნების მონაწილეობით ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი, ხოლო ხანგრძლივვადიანი პროგნოზით აზიაში ძლიერი პოსტინდუსტრიული ქვეყნების (იაპონია, სამხრეთ კორეა) და ჩინეთის მონაწილეობით ინტეგრაციული დაჯგუფების ან დაჯგუფებების შექმნის შედეგად მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგი, მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს გლობალური წინააღმდეგობების შესუსტებას.
_____________________
1. Грани глобализации. М. Алпина паблишнер, 2003. с. 31
2. Иноземцев В. Расколотая цевилизация. М., Академия наука, 1999., с. 619
3. Сборник статей. Мегатренды мирового развития, М., Экономика, 2001
4. Мартин Г.П., Шуман Х. Западня глобализации: атака на процветание и демократию, М., Альпина, 2001. Практика глобализации: игры и правила новой эпохи, М., Инфра-М, 2000 г.
5. Сборник статей. Мегатренды мирового развития, М., Экономика, 2001, с. 153
6. ჭითანავა ნ. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ნაწილი 3, თბ. 2001. გვ. 10
7. Мегатренды мирового развития. Сборник статпей. М., Экономика, 2001, с. 8
8. საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ბიულეტენი, 2002, №3, გვ.ю6
9. Данилов А.. К новой парадигме управления мировыми процессами. Иштван Магаш. Мировая экономика конца тысячелетия, Ж. Проблемы теории и практики управления, 2001, №1, №3, Эл. версия на www.ptpu.ru
10. საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ბიულეტენი, 2002, №3, გვ. 9
11. Грани глобализации. М. Алпина паблишнер, 2003. с. 103
12. Внешнеэкономическый тольковый словар. М. Инфра-М, 2000. с. 69
13. World Economic Qutlook, 1997, p, 45
14. Маркс К., Энгелс Ф. Соч., 2-е изд. Т. 4. с. 427-428
15. Практика глобализации: игры и правила новой эпохи. Под. ред. М. Делягина, М., Инфра-М, 2000. с. 158
16. მსოფლიო ეკონომიკა. გ. თოდუას და შ. ვეშაპიძის რედაქციით. თბ. 2001. გვ. 491
![]() |
3 სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განვითარება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
დ. ბუჯიაშვილი
ასკ, ეკონომიკის და მართვის ს/კ ინსტიტუტი
საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას საგარეო ვაჭრობის განვითარება წარმოადგენს.
საგარეო ვაჭრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბალანსი. ამ თვალსაზრისით საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ექსპორტის ისეთი ზრდა, რომელიც უზრუნველყოფს მის მიახლოებას იმპორტთან.
საქართველო აგრარული ქვეყანაა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხის განხილვის დროს აუცილებლად უნდა მოხდეს აგრარული ქვეყნისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინება. სწორედ საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარებაში და განსაკუთრებიით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რაციონალიზაციის საქმეში, მთავარი როლი თანამედროვე აგრარულმა ურთიერთობებმა უნდა ითამაშოს.1.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 1996-2000 წლებში საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, საიდანაც ნათლად ჩანს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკაში.2.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარი ეკომონიკური რეფორმების შედეგად ქვეყნის აგრარული სექტორის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მნიშვნელოვნად შემცირდა დამუშავებული მიწის სავარგულების ფართობი, დაეცა შრომის ნაყოფიერებისა და აგრარული პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები.
საქართველოში განსაკუთრებულად დაეცა ტრადიციული საექსპორტო დარგების წარმოების მაჩვენებლები. თუ შევადარებთ 1990-1997 წლებს, დავინახავთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე ისეთი კულტურების პროდუქციის წარმოება, რომლებიც საქართველოს ტრადიციულ ექსპორტზე გაჰქონდა, მკვეთრადაა შემცირებული: ხილის წარმოება შემცირდა 2,25-ჯერ, ყურძნის 2,14-ჯერ, ციტრუსის 2,9-ჯერ და ჩაის 16,5-ჯერ.
საქართველოში გატარებული აგრარული რეფორმა ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ მოხდა მიწის გლეხებზე უსასყიდლო გადაცემა უვადო სარგებლობაში, შემდგომ კი პრივატიზება. აღსანიშნავია, რომ პრივატიზების შედეგად მიწების დაქუცმაცებამ შეუძლებელი გახადა ,,დიდი“ მექანიზაციის გამოყენება, ხოლო მცირე მექანიზაცია სოფლად არ იყო და არც მისი შესაძენი თანხები გააჩნდათ გლეხებს. აქედან გამომდინარე მკვეთრად გაიზარდა შრომის დანახარჟები ერთეულ პროდუქციაზე გადაანგარიშებით. საბაზრო კონკურენციისა და მოსახლეობის უაღრესად დაბალი მსყიდველობითი უნარის პირობებში კი გლეხი ვერ ახერხებს თავისი პროდუქციის მისთვის მისაღებ ფასებში რეალიზაციას, რაც, თავის მხრივ, არასტაბილურ ვითარებას ქმნის ეკონომიკის აგრარულ სექტორში. აღნიშნულის გამო გლეხებმა დაიწყეს მრავალწლიანი კულტურების მაგივრად ისეთი კულტურების მოშენება, რომლებსაც ბევრი შრომა არ სჭირდება (მაგალითად ხორბალი, სიმინდი, საზამთრო, მზესუმზირა და სხვა).
დღესდღეობით სოფლის მეურნეობაში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშო და დამაფიქრებელია. მიღებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფუჭდება და ადგილზე იკარგება. ამის მიზეზი სხვადასხვაა. ერთ-ერთი მათგანია ადგილობრივ ბაზარზე იმპორტული პროდუქციის დიდი რაოდენობით შემოსვლა და მაღალი კონკურენცია.
ცნობილია, რომ დასავლეთის ქვეყნებში სხვადასხვა საშუალებებით ზღუდავენ იმპორტს. მათ კარგად იციან, რომ ეს გამოიწვევს ფასების ზრდას შიდა ბაზარზე, ვინაიდან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოების მეშვეობით მოხდეს ფასების რეგულირება.
ზოგ ქვეყანაში უფრო საინტერესო გზებსაც მიმართავენ. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში ჭარბმოსავლიანობის დროს, რომ არ მოხდეს ფასების დიდი ვარდნა, სახემწიფო თვითონ ყიდულობს გარკვეულ ფასად პროდუქტებს და ქმნის სტრატეგიულ რეზერვებს, ხოლო როდესაც მოსავლიანობა დაბალია და ხდება ფასების აწევა, მაშინ, პირიქით სახელმწიფო შექმნილი სტრატეგიული რეზერვების ბაზარზე გამოტანით მნიშვნელოვნად ამცირებს ფასებს. ამრიგად, ის ყოველთვის ახერხებს ფასების რეგულირებას. ასე რომ, იმპორტის გზით ფასების დაწევა, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემის მარტივად გადაწყვეტაა, უხეშად კი გაუაზრებელი პოლიტიკაა, ვინაიდან იმპორტული პროდუქციის შეძენით მცირდება ქვეყნის სავალუტო რესურსები, რისი შევსებაც უცხოური კრედიტების ხარჯზე ხდება, ე.ი. იზრდება ქვეყნის ვალი, რომელიც უნდა გადაიხადოს იმავე მეურნემ, რომელსაც დღეს სახელმწიფო არ უქმნის სათანადო პირობებს პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციისათვის.
საქართველოში ჯერ კიდევ არაა სოფლის მეურნეობა საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ეს დიდ პრობლემებს უქმნის ქართველ გლეხობას და მკვეთრად ზრდის მათ ხარჯებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მრავალი მიზეზის და ძირითადად, სუბიექტური ფაქტორების გამო სოფლის მეურნეობის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია.
ქვეყანაში სათანადო ყურადღება არ ექცევა სოფლის მეურნეობის შხამქიმიკატებით, ტექნიკით, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულითა და მასალებით მომარაგებას.
განსაკუთრებით დიდია პროდუქციის რეალიზაციის დროს ტრანსპორტირების ხარჯები. ზედმეტ ხარჯებს აქვს ადგილი ბაზრებზე, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როცა გლეხი იძულებულია თავისი პროდუქცია გადამყიდველებს ბაზრის ფასზე ბევრად იაფად მიჰყიდოს.
აღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები ბევრად ძვირი და ნაკლებ კონკურენტუნარიანია. იკარგება არა მხოლოდ ისეთი ტრადიციული ბაზრები, როგორიცაა რუსეთი და დსთ-ს ქვეყნები, არამედ ადგილობრივი ბაზარიც.3
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეტად აქტუალურია ქვეყნის რეგიონების საექსპორტო პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტიანად გამოყენება. რეგიონის საექსპორტო შესაძლებლობათა და იმპორტზე მოთხოვნილების შესწავლის საფუძველზე, უნდა შემუშავდეს ექსპორტ-იმპორტის პროგრამა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს და ფერმერებს გარეეკონომიკური კავშირების არასასურველი შედეგებისაგან დაიცავს. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ბაზარზე თურქეთის საქონლის ექსპანსია, რომელსაც თან ახლავს სავალალო შედეგები და სრულიად შესაძლებელია მომავალში მან კატასტროფიულ შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყნის სასოფლო სამეურნეო წარმოება.4
საქართველოს საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურაში ყოველთვის დიდი ხვედრითი წილით ხასიათდებოდა სოფლის მეურნეობის სასაქონლო პროდუქცია.
საბჭოთა წყობის პერიოდში საქართველო ამარაგებდა საბჭოთა კავშირის დიდ ნაწილს ისეთი აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით როგორიცაა: ჩაი, ღვინო, ხილი, მცენარეული ზეთები, ციტრუსები, ბოსტნეული, სხვადასხვა სახის კონსერვები და სხვა.
საინტერესოა ანალიზი გაუკეთოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი საექსპორტი პროდუქციის ექსპორტის დინამიკას 1997-2002 წლების მიხედვით. ტრადიციულად საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა ღვინოს, ციტრუსის, ჩაის და ხილის პროდუქცია.
ცხრილი № 1 გვიჩვენებს, რომ 1999 წელს ღვინის ექსპორტმა შეადგინა 14,601 ათასი აშშ დოლარი, რაც ცხადყოფს, რომ წინა 1998 წლის მონაცემთან (15,354 ათასი აშშ დოლარი) შედარებით მოხდა ღვინის ექსპორტის უმნიშვნელო ზრდა 0,753 ათასი აშშ დოლარით. 1999 წელს საქართველოდან მოხდა 1,932 ათასი აშშ დოლარის ციტრუსის ექსპორტირება, რაც 1998 წელთან (5,631 ათასი აშშ დოლარი) შედარებით 3,699 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია. ჩაის ექსპორტი განისაზღვრა 11,394 ათასი აშშ დოლარით, რამაც წინა 1998 წლის მაჩვენებელს (6,918 ათასი აშშ დოლარი) 4,476 ათასი აშშ დოლარით გადააჭარბა. 1999 წელი აგრეთვე ხასიათდებოდა ქვეყნიდან ხილის ექსპორტირების ზრდით წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, კერძოდ 1999 წელს დაფიქსირდა ექსპორტირებული ხილის მოცულობა 16,075 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რაც 5,879 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა 1998 წლის მაჩვენებელს (10,196 ათასი აშშ დოლარი).
ცხრილი № 1
ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, ციტრუსი, ჩაი, ხილი) ექსპორტი საქართველოდან 1998-2002 წლებში.
(ათას აშშ დოლარებში)
პროდუქცია |
1998 წ. |
1999 წ. |
2000 წ. |
2001 წ. |
2002 წ. |
ღვინო |
15,354 |
14,601 |
28,971 |
32,195 |
33,107 |
ციტრუსი |
5,631 |
1,932 |
2,450 |
1,606 |
1,556 |
ჩაი |
6,918 |
11,394 |
6,084 |
5,792 |
4,654 |
ხილი |
10,196 |
16,075 |
19,664 |
10,028 |
7,570 |
ჯამი |
38,099 |
44,002 |
57,169 |
49,621 |
46,887 |
წყარო: საქ. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
2000 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. კერძოდ, თუ 1999 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობა განისაზღვრებოდა 14,601 ათასი აშშ დოლარით, 2000 წელს მან შეადგინა 28,971 ათასი აშშ დოლარი, რაც ცხადყოფს, რომ მოხდა ქვეყნიდან ღვინის ექსპორტის გაორმაგება, ანუ წინა წელთან შედარებით 2000 წელს ღვინის ექსპორტი გაიზარდა 14,370 ათასი აშშ დოლარით. ციტრუსის ექსპორტმა 2000 წელს შეადგინა 2,450 ათასი აშშ დოლარი, რაც წინა 1999 წლის მაჩვენებელთან (1,932 ათასი აშშ დოლარი) შედარებით 0,518 ათასი აშშ დოლარით მეტია. აგრეთვე 2000 წელს დაფიქსირდა ქვეყნიდან ხილის ექსპორტის ზრდა წინა წელთან შედარებით. თუ 2000 წელს ხილის ექსპორტი 19,664 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო 1999 წლისათვის იგი შეადგენდა 16,075 ათას აშშ დოლარს, მაშინ მონაცემთა დაანგარიშებით ნათელია ხდება რომ 2000 წელს წინა წელთან შედარებით ხილის ექსპორტის 3,589 ათასი აშშ დოლარით ზრდა მოხდა. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი ტენდენციებისა, 2000 წელს უარყოფითად ხასიათდებოდა ჩაის პროდუქცის ექსპორტის მაჩვენებლები. კერძოდ 2000 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტმა 6,084 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5,310 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია 1999 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (11,394 ათასი აშშ დოლარი). როგორც ანალიზმა გვიჩვენა, 2000 წელს ჩაის ექსპორტი სხვა ქვეყნებში დაახლოებით 50%-ით შემცირდა. აგრეთვე მნიშვნელოვანი კლება განიცადა ჩაის წარმოების მაჩვენებლებმა, კერძოდ 1999 წელს საქართველოში იწარმოებოდა 60,0 ათასი ტონა ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი, 2000 წელს ჩაის წარმოების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 36,0 ათასი ტონით შემცირდა და 24,0 ათასი ტონა შეადგინა.
2000 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ მიღებულია 8524 ტონა ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიღებული პროდუქციის მხოლოდ 34%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში, ერთი მესამედით შემცირდა 1 კგ. ჩაის ფოთლის ჩაბარების ფასი (16 თეთრიდან 12 თეთრამდე). აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოკრეფილია 2699 ტონა ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 149 ტონით, ანუ 5%-ით ნაკლები.
№1 ცხრილში ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელი წინა წელთან შედარებით ღვინის პროდუქციის ექსპორტის ზრდით ხასიათდებოდა, სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობისას შეიძლება ითქვას, რომ ადგილი ჰქონდა სეროზულ გარღვევას. ღვინის ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში 32,195 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3,224 ათასი აშშ დოლარით მეტია წინა 2000 წლის მაჩვენებელზე (28,971 ათასი აშშ დოლარი). რუსეთის ფედერაცია, ტრადიციულად ქართული ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. 2001 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტის დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა რუსეთი (68,2 პროცენტი), უკრაინა (11,5 პროცენტი), ყაზახეთი (7,1 პროცენტი) და აშშ (5,6 პროცენტი). ზემოთ მოყვანილი მონაცემები ნათელს ხდის, რომ ქართული ღვინის მრეწველობის რუსეთის ღვინის ბაზარზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულება რისკის ქვეშ აყენებს აღნიშნული სექტორის არსებობას, რაც დაუყონებლივი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ამ ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ბაზრების მოძიება და ძველ ბაზრებზე ქართული ექსპორტის წილის გაზრდა უნდა იყოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ღვინის ისეთი ბაზრებზე შეღწევა როგორებიცაა ინგლისი, ჩინეთი, იაპონია, ბალტიის ქვეყნები და ა.შ.
ციტრუსის ექსპორტმა 2001 წელს 1,606 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ცხადყოფს, რომ წინა წლის მონაცემებთან (2,450 ათასი აშშ დოლარი) შედარებით ციტრუსის ექსპორტის 0,844 ათასი აშშ დოლარით კლებას ჰქონდა ადგილი. აგრეთვე უარყოფითად ხასიათდება 2001 წელი ჩაისა და ხილი პროდუქციით ვაჭრობასთან მიმართებაში. კერძოდ 2001 წელს მოხდა ჩაის ექსპორტირება 5,792 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ხილის ექსპორტირება 10,028 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო წინა 2000 წელს ჩაის ექსპორტი განისაზღვრა 6.084 ათასი აშშ დოლარით და ხილის ექსპორტმა შეადგინა 19,664 ათასი აშშ დოლარი. შესაბამისად, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ 2001 წელს, წინა წელთან შედარებით მოხდა ჩაის ექსპორტის კლება 0,292 ათასი აშშ დოლარით, ხოლო ხილის ექსპორტისა 9,636 ათასი აშშ დოლარით.
2002 წელი, წინა წელთან შედარებით საქართველოში სოფლის მეურნეობის ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით განისაზღვრა. თუ გადავხედავთ ცხრილს №1, დავინახავთ, რომ წინა 2001 წლის მაჩვენებლებთან შედარებით დაფიქსირდა ექსპორტის კლება ციტრუსის, ჩაის და ხილის პროდქციასთან მიმართებაში, ხოლო რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, წინა წელთან შედარებით მართალია მოხდა ზრდა, მაგრამ უმნიშვნელო რაოდენობით.
2002 წელს ღვინის ექსპორტმა შეადგინა 33,107 ათასი აშშ დოლარი, რაც 0,912 ათასი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (32,195 ათასი აშშ დოლარი). ციტრუსის ექსპორტი განისაზღვრა 1,556 ათასი აშშ დოლარით, რაც 0,050 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია წინა 2001 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1,606 ათასი აშშ დოლარი). 2002 წელს მოხდა 4,654 ათასი აშშ დოლარის ჩაის და 7,570 ათასი აშშ დოლარის ხილის ექსპორტირება, ხოლო წინა 2001 წელს ეს მაჩვენებელი ჩაისთან მიმართებაში შეადგენდა 5,792 ათასი აშშ დოლარს, ხოლო ხილთან მიმართებაში 10.028 ათასი აშშ დოლარს. მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ წინა წელთან შედარებით მოხდა ჩაის პროდუქციის ექსპორტის 1,138 ათასი აშშ დოლარით შემცირება, ხოლო ხილის პროდუქციის ექსპორტის 2,458 ათასი აშშ დოლარით შემცირება.
დასკვნით ეტაპზე შევეცდებით გავაანალიზოთ ჩვენს მიერ მოყვანილი ოთხივე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების ჯამური მაჩვენებლის ცვლილება 1997-2002 წლების მიხედვით.
როგორც ცხრილი №1-დან ვხედავთ ჩვენს მიერ მოყვანილი ოთხივე პროდუქციის ღირებულების ჯამური მაჩვენებელი 1997-დან 2000 წლამდე ზრდას განიცდის, კეძოდ 1997 წელს იგი შეადგენდა 37,446 ათას აშშ დოლარს, ხოლო 2000 წელს 49,621 ათას აშშ დოლარს, მაშასადამე 2000 წელს 1997 წელთან შედარებით ჩვენს მიერ მოყვანილი ოთხივე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების ჯამური მაჩვენებელი 12,175 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1997-2000 წლებში სოფლის მეურნეობის ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის განვითარება, განვითარების ნელი ტემპისა და რიგი უარყოფითი მაკროეკონომიკური ფაქტორების მიუხედავად (1998 წლის რუსეთის ფინანსური კრიზისი), შეიძლება პროგრესულად დახასიათდეს, ხოლო, რაც შეეხება ბოლო ორი წლის (2001-2002წწ.) განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განვითარებას, ჩვენს მიერ მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ აღნიშნული პერიოდისათვის ადგილი ჰქონდა უკუსვლას. კერძოდ, 2002 წელს ჩვენს მიერ მოყვანილი ოთხივე პროდუქციის ღირებულების ჯამური მაჩვენებელის მოცულობა შეადგენდა 46,887 ათასი აშშ დოლარს, რაც 10,182 აშშ დოლარით ნაკლებია, ვიდრე 2000 წლის მაჩვენებელი (57,169 ათასი აშშ დოლარი). თუ გადავხედავთ ცხრილ №1-ში მოცემული ციტრუსის, ჩაის და ხილის პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ცვლილებას 2000-2002 წლებისათვის, ჩვენ დავინახავთ, რომ სწორედ ამ სამი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ექსპორტირების შემცირების გამო იყო გამოწვეული 2000-2002 წლებში ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის ექსპორტის შემცირება.
იმ შემთხვევაში თუ განვიხილავთ 2000-2002 წლებში თითოეული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის კლების მიზეზებს, დავინახავთ, რომ ხილის პროდუქციის ექსპორტის კლება გამოწვეული იყო რუსეთის მიერ 2000 წელს სავიზო რეჟიმის შემოღებით, რამაც ძალიან გაართულა ქართლში წარმოებული ხილის რუსეთში და ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთში ექსპორტირება. ამასთან ერთად ქვეყანაში გადამამუშავებელი მრეწველობის უმოქმედობის გამო, შეუძლებელია საქართველოში წარმოებული ხილის ადგილზე გადამუშავება, რაც იწვევს წარმოებული ხილის დიდი რაოდენობით ადგილზე გაფუჭებას.
რაც შეეხება ჩაის პროდუქციას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩაი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, თანდათანობით კარგავს როგორც რუსეთის და სხვა საგარეო ბაზრებს, ასევე ქვეყნის ეროვნულ ბაზარსაც. რაგინდ სამწუხაროც არ უნდა იყოს საქართველოს ბაზარს დღესდღეობით ეპატრონება უცხოური, დაბალხარისხიანი, კონტრაბანდული გზებით შემოტანილი ჩაის პროდუქცია, ხოლო ეროვნული ნაწარმო ვერ უწევს კონკურენციას ყოველგვარი გადასახადებისაგან თავის არიდებით შემოტანილ იაფფასიან უცხოურ ნაწარმს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბოლო წლებში ჩაის პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებელიც გაუარესდა.
ციტრუსის ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია რუსეთის მიერ ქართულ ციტრუსზე უარის თქმით, რაც გარკვეულწილად პოლიტიკური მიზეზებითაც არის განპირობებული. დღესდღეობით ციტრუსის დიდი ნაწილი რუსეთში შედის აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დიდი ზიანს აყენებს საქართველოს ბიუჯეტს. ამასთან ერთად, ციტრუსი მალფუჭად პროდუქციას წარმოადგენს, რაც ზრდის დანაკარგებს მისი ტრანსპორტირებისას.
ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ღვინო საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში იყო, არის და მომავალშიც იქნება ყველაზე პრიორიტეტული დარგი. ცხრილი №1-დან ჩანს, რომ 1997-დან 2002 წლამდე ადგილი აქვს ღვინის ექსპორტის პროგრესულ განვითარებას, ანუ ადგილი აქვს ღვინის ექსპორტირების თანდათანობით ზრდას. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაღალია ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების მაჩვენებელი, რაც გარკვეულწილად რისკის ქვეშ აყენებს ღვინის ექსპორტის სტაბილური განვითარების პროცესს. კარგი იქნება თუ ქვეყანა სახელმწიფოებრივ დონეზე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის აშშ-ს, ევროკავშირის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტირებას.
______________________
1. ნ. დარბუაშვილი, სოფლის მეურნეობის პრობლემები საბაზრო ეკონომიკის გარდამავალ პერიოდში, სამეცნიერო შრომათა კრებული, 2001, III (XXVI, 348-358).
2. თ. კუნჭულია, ფისკალური პოლიტიკა და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, სამეცნიერო შრომათა კრებული, 2001, III (XXVI, 88-98).
3. ნ. დარბუაშვილი, სოფლის მეურნეობის პრობლემები საბაზრო ეკონომიკის გარდამავალ პერიოდში, სამეცნიერო შრომათა კრებული, 2001, III (XXVI, 348-358).
4. ვ. ზეიკიძე, აგრარული სფეროს რეგულირების რეგიონული ასპექტები, სამეცნიერო შრომათა კრებული, 2001, III (XXVI, 267-271).
![]() |
4 ნატო - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი |
▲ზევით დაბრუნება |
უსაფრთხოება
ზაზა მეგრელიშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი ნატო-ს სამმართველო
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) უახლესი ისტორიის ყველაზე ძლიერი და თავისი მაშტაბებით უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია. მისი შექმნა გასული საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. 1947-1949 წლებში საერთაშორისო ვითარების დაძაბვამ, ნორვეგიის, საბერძნეთის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისათვის პირდაპირი საფრთხის არსებობამ, ბერლინის ბლოკადამ, სახელმწიფო გადატრიალებამ ჩეხოსლოვაკიაში და კორეის ომმა შეაძრწუნეს ევროპის ქვეყნები. დასავლეთ ევროპა საბჭოთა კავშირის მხრიდან მზარდი საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. 1948 წლის მარტში ბრიუსელში 5-მა დასავლეთევროპულმა ქვეყანამ: ბელგიამ, ნიდერლანდებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლუქსემბურგმა და საფრანგეთმა თავიანთი სურვილის დემონსტრირება მოახდინეს, რაც მდგომარეობდა შემდეგში, - შეექმნათ თავდაცვის საერთო სისტემა, რათა წინ აღდგომოდნენ იდეოლოგიურ და სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეს. ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის საერთო უსაფრთხოების შესახებ შემდგომი მოლაპარაკებები აშშ-სა და კანადასთან დადებითი შედეგებით დასრულდა. დანიამ, ისლანდიამ, იტალიამ, ნორვეგიამ და პორტუგალიამ მიიღეს შემოთავაზება მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პროცესში. შედეგად, 1949 წლის აპრილში ვაშინგტონში თორმეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საერთო უსაფრთხოების შესახებ. 1952 წელს აღნიშნულ შეთანხმებას შეუერთდნენ თურქეთი და საბერძნეთი. 1955წ. ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ხოლო 1982წ. ნატო-ს წევრი გახდა ესპანეთი. დღეისათვის ჩრდილოატლანტიკური კავშირი არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 19 დემოკრატიული სახელმწიფოს ალიანსი, რომლის მიზანია საერთო უსაფრთხოების გარანტირება პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის საშუალებით. ალიანსის მთავარ ამოცანას წევრ სახელმწიფოთა კოლექტიური თავდაცვა წარმოადგენს. ალიანსის საშუალებით დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებმა შეძლეს არა მარტო დამოუკიდებლობის განმტკიცება, არამედ საფუძველი ჩაუყარეს ახალი, უფრო მაღალი ხარისხის სტაბილიზაციას. ნატო-ს მიერ განცხადებული ,,უსაფრთხოების გარანტია“ წევრ სახელმწიფოებისათვის სასიცოცხლო ელექსირს წარმოადგენდა სიმდიდრისა და კეთილდღეობის მისაღწევად. ყოველივე ამან კი, საფუძველი დაუდო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ევროპის ინტეგრაციას. აშშ-ის პრეზიდენტის ტრუმენის აზრით, მარშალის გეგმა და ნატო ,,ერთი კაკლის ორი ლებანია“. პირველი მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომისაგან დასუსტებული ევროპის ფეხზე დაყენებას, ხოლო მეორე, აგრესიის ყოველგვარი ფორმის კოლექტიურ შეკავებას და უსაფრთხო, საიმედო პირობების შექმნას დემოკრატიისა და ეკონომიკური აღმავლობისათვის. შედეგად დაძლეულ იქნა ევროპის შემდგომი დანაწილება და საფუძველი ჩაეყარა ცივი ომის საბოლოო დამთავრებას. 90-იანი წლების დასაწყისში გაუქმდა ვარშავის ხელშეკრულება. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები განთავისუფლდნენ კომუნისტების ბატონობისაგან. შეიცვალა სამხედრო ბალანსი ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ვარშავის შეთანხმების ქვეყნების ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები რიცხოვნებით 3-ჯერ აღემატებოდნენ ნატო-ს ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს. 2-ჯერ სჭარბობდნენ აგრეთვე ოპერატიულ და ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებაშიც. მხოლოდ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები რიცხოვნებით 2-ჯერ აღემატებოდა ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ნატო-ს არსებობა, რადგანაც ტრადიციული საფრთხის არარსებობის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგებოდა შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის განკუთვნილი ინვესტიციებისა და თავდაცვის ხარჯების შემცირება. მართლაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო-ს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ დიდად შეამცირა თავდაცვის ბიუჯეტი, მათგან ზოგიერთმა 25%-ითაც კი. 1992 წლიდან დღემდე დაახლოებით 20%-ით იკლო ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნების დანახარჯებმა სამხედრო სფეროში. 1999წ. დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უილიამ კოენმა გერმანია გააკრიტიკა თავდაცვის სფეროში დაბალი ხარჯების გამო და აღნიშნა, რომ ასეთი დაფინანსება ,,სერიოზულ და გრძელვადიან გავლენას ახდენს არა მარტო გერმანიის პოტენციალზე, არამედ სრულიად ალიანსზე“.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის ზოგიერთ ნაწილში თავი იჩინა არასტაბილურობამ. გამოიკვეთა რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც ხშირად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადადიოდა. ნატო-ს ქვეყნები მიხვდნენ, რომ მათი თავდაცვა და ალიანსის ჩარჩოში მიღწეული კოოპერაცია შემდგომშიც მათი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია იქნებოდა. ერთის მხრივ, რეგიონული კონფლიქტების არსებობამ და მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების აუცილებლობამ, მეორეს მხრივ, სამხედრო სტრუქტურების ახალი ამოცანებით აღჭურვამ, როგორიცაა ,,კრიზისის მენეჯმენტი“ ან მშვიდობის განსამტკიცებლად მიმართული ღონისძიებები, ნატო-ს უბიძგა ახალი ვითარების შესაბამისად შეეცვალა თავისი სტრუქტურები და მოქმედების მანერა. ნატომ კოლექტიური თავდაცვის ნაცადი კავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაში, ცენტრალურ საკითხად ,,კონსესუსი და ფართოდ გაშლილი თანამშრომლობა“ წამოსწია. კონსესუსი, როგორც წესი, ხანგრძლივი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგია, მაგრამ მას ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გააჩნია. პირველი, რომ დაცულია წევრ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, მეორე, - მიღებულ გადაწყვეტილებას წევრ სახელმწიფოთა სრული მხარდაჭერა აქვს და ამავდროულად თითოეულს ავალდებულებს გადაწყვეტილების შესრულებას. 2000წ. 28 სექტემბერს ქ. თბილისში ვიზიტისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლორდმა რობერტსონმა აღნიშნა, რომ ნატო რადიკალურად შეიცვალა, რაც ვლინდება მის თანამშრომლობაში ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან.
1994 წ. ნატომ წამოიწყო ცნობილი ინიციატივა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ეს პროგრამა მხარს უჭერს მონაწილე სახელმწიფოებს შეიარაღებული ძალების რეკონსტრუქციაში და ეხმარება მათ დემოკრატიულ საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დაკავებაში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეული ქვეყნის სპეციფიკურ მოთხოვნებს და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებს სთავაზობს. მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, პროგრამის დიდ ან მცირე ნაწილში მიიღონ მონაწილეობა. 1997 წელს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფრო გაღრმავებულიყო პროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“, ამაღლებულიყო მისი ოპერატიული მხარე და გაფართოებულიყო ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა დაგეგმარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ბატონი პიჩარდ კოენი, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპის ცენტრის სპეციალისტი ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების სფეროში, აღნიშნავს, რომ ნატო-ს, როგორც ორგანიზაციის შემდგომი განვითარება უნდა მდგომარეობდეს ნატო-ს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობებში. ის აღნიშნავს, რომ ,,შესაძლო გაფართოება და უსაფრთხოების სისტემა თანამშრომლობის ბაზაზე, გარკვეულ ჩარჩოებში უნდა თავსდებოდეს, რადგანაც არ არსებობს საფუძველის ჩამყრელი ღირებებულებები და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები“. მიუხედავად ტრანსატლანტიკური კავშირების საფუძველზე მიღწეული მრავალი წარმატებისა, ევროპელები და ამერიკელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ. ნატო-ში ამერიკის წამყვანი როლის გამო გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავენ ევროპის ქვეყნები. სწორედ ამიტომ, ნატო-ს კულუარებში ხშირად გაისმის ხმები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის შესახებ. XXI საუკუნემ ნატო-სა და ევროკავშირს საკმაოდ დაძაბული და რთული სამუშაო გეგმები დაუსახა. მათ პრინციპულ პოზიციებში ხშირია განსხვავებები, მაგრამ საერთო პრიორიტეტად რჩება ,,გაფართოება ინტეგრირებისათვის, ინტეგრირება გაფართოებისათვის და რეფორმა რათა მიღწეულ იქნას ერთიც და მეორეც“. ამ მიმართულებით ცალ-ცალკე არც ერთ ორგანიზაციას არ ძალუძს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ყველა წამოჭრილი თუ მოსალოდნელი პრობლემა. XXI საუკუნეში ნატო-ს სამუშაო დღის წესრიგში შედის ევროპის პოლიტიკა უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროში, და ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ევროკავშირმა მიზნად დაისახა შექმნას სწრაფი რეაგირების ევროპული ძალები. ოფიციალურ დონეზე ამერიკის შეერთებული შტატები დაეთანხმა ევროკავშირის გეგმას, მაგრამ აღნიშნა, რომ მან შესაძლოა ნეგატიური შედეგებიც გამოიწვიოს. კერძოდ: დუბლირება, კავშირების დეზინტეგრაცია და დისკრიმინაცია. იბადება შემდეგი კითხვები: შეურიგდება კი აშშ ნატო-ს სტრუქტურების დუბლირებას? და აღმოჩნდებიან თუ არა ევროპის ზოგიერთი ქვეყნები დისკრიმინირებულ სიტუაციაში? ვინაიდან, საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო ახლო პერსპექტივაში ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ ელის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირისა და აშშ-ის ინტერესების გარკვეულ დაპირისპირებაზე ალაპარაკდა ნატო-ს გენერალური მდივანი ლორდი რობერტსონიც. მან განაცხადა: ,,ამერიკა ყოველთვის გარკვეულ აღშფოთებას ამჟღავნებს, იმიტომ რომ ისინი ამბობენ: ,,თქვენ, ევროპელებო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე“ ხოლო როცა ევროპელები პასუხობენ: ,,კარგი ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას“ ამერიკელები პასუხობენ: ,,როგორ თქვენ მიგვითითებთ, რომ დავბრუნდეთ სახლში?“ რასაკვირველია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მართლაც არსებობს შიდა დაძაბულობა. თუ აშშ ყურადღებით ეკიდება გლობალურ პრობლემებს, ევროკავშირი ევროპის თავდაცვაზე აკეთებს აქცენტს. ჰელსინკის შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებმა ,,ძირითადი მიზნების“ განსახორციელებლად აიღეს ვალდებულებები სამხედრო სფეროში. Eევროკავშირმა 2003 წლისათვის უნდა შეძლოს 60-ათასიანი სამხედრო კორპუსის შექმნა შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურით, მათ შორის 500-მდე თვითმფრინავით და 15 გემით. ეს ახალი საბრძოლო ძალები უზრუნველყოფილი იქნებიან დაზვერვითა და კავშირებით. აგრეთვე შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით. 2000 წლის თებერვალში ქ. სინტრაში (პორტუგალია) ევროკავშირის ქვეყნების 15 თავდაცვის მინისტრის შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა დროებითი სტრუქტურების - პოლიტიკისა და უსაფრთხოების, სამხედრო კომიტეტისა და სამხედრო შტაბის შექმნაზე. ევროკავშირის სამხედრო ძალები მზადყოფნაში უნდა იყვნენ იმ ოპერაციების საწარმოებლად, რომლის წარმოებაზეც აშშ და ნატო შეიკავებს თავს. დღეს ევროკავშირის სამხედრო გეგმებში შედის არა გლობალური, არამედ რეგიონული პრობლემების დარეგულირება. თუმცა ლონდონი ასეთ ფორმულირებას უკეთებს ევროკავშირის მომავალ გეგმებს: ,,ევროკავშირი იმოქმედებს ევროპის შიგნით და გარშემო“, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა შროდერმა 2000 წელს აღნიშნა რომ: ,,მომავალმა ევროპამ უნდა შეძლოს ეფექტურად დაიცვას თავისი ღირებულებები და ინტერესები მთელს მსოფლიოში..... ევროკავშირი უნდა ელტვოდეს ისეთი ევროპის შექმნას, რომელიც მსოფლიო არენაზე ნამდვილი ლიდერის როლს ითამაშებს“. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ამა წლის 16 აპრილს გაიმართა ლუქსემბურგში, გადაწყდა ხელი მოეწეროს ნატო-სთან შეთანხმებას უშიშროების სფეროში. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს ორგანიზაციებს შორის დოკუმენტაციის გაცვლისა და კომუნიკაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის 15 ქვეყნიდან ოთხი (ავსტრია, ფინეთი, ირლანდია და შვედეთი) არ არის ნატო-ს წევრი. დღეს ევროკავშირი ცდილობს ჰქონდეს შესაძლებლობა, რათა დამოუკიდებლად აწარმოოს კოსოვოს ტიპის ომი აშშ-ის თანხმობისა და დახმარების გარეშე. ევროკავშირი 2003 წლის სექტემბრისათვის გეგმავს ნატო-ს მისიის გაგრძელებას მაკედონიაში. სპეციალისტთა გარკვეულ წრეში გაჩნდა მოსაზრება, რომ ევროკავშირის მისწრაფება დამოუკიდებელი მოქმედებისაკენ დაანგრევს აშშ-ის ჰეგემონიას ნატო-ს შიგნით და შედეგად შესაძლოა მივიღოთ ჩრდილოატლანტიკური კავშირის დეზინტეგრაცია.
საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ნატო-ს ქვეყნები საკუთარი შეიარაღებული ძალების და მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ტექნიკის საჰაერო გადასროლებისას თითქმის სრულიად დამოკიდებულნი არიან აშშ-ზე. მათ შეიარაღებაში არ არის ამერიკული თვითმფრინავების C-17 ან C-15 მსგავსი საფრენი აპარატები, მაგრამ შეინიშნება ევროპული ქვეყნების მისწრაფებაც, რათა აღმოიფხვრას გარკვეული ხარვეზები სამხედრო სფეროში. კერძოდ: ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და თურქეთმა მიიღეს გადაწყვეტილება ,,ერბუს ინდასტრის“ წარმოების A-400 MM-ტიპის 200 თვითმფრინავის შეძენაზე. აღნიშნული თვითმფრინავები, რომლებსაც ,,მომავლის დიდ თვითმფრინავებსაც“ ეძახიან შეიარაღებაში 2007 წლისათვის შევლენ. დიდმა ბრიტანეთმა არენდით აიღო C-17 ტიპის 4 თვითმფრინავი, რომლებიც სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში იქნებიან გამოყენებულნი. 1999 წელს გერმანიის ინიციატივას - ევროპის სამხედრო სარდლობის ფორმირება სამხედრო ძალების საჰაერო გადასროლის სრულყოფისათვის, საფრანგეთმა მხარი დაუჭირა. ინიციატივის მიზანია, რომ სამხედრო ძალების საჰაერო გადასროლების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული იქნას სხვადასხვა ქვეყნების სტრატეგიული სატრანსპორტო რესურსები. მაგალითად: სამხედრო-სატრანსპორტო და ჰაერში გამმართველი თვითმფრინავები. დიდი ბრიტანეთი, რათა სრულყოს თავისი სამხედრო პოტენციალი საზღვაო გადაზიდვების სფეროში, 2015 წლისათვის გეგმავს 2 ავიამზიდის აგებას. დაგეგმილია, აგრეთვე, კონტეინერი ხომალდების ,,როლ-ონ“ და ,,როლ-ოფ“-ის რაოდენობის 2-დან 6-მდე გაზრდა. საფრანგეთმა ავიამზიდების რაოდენობა ერთამდე შეამცირა, მაგრამ გეგმავს დიდი რაოდენობით ,,როლ-ონ“ და ,,როლ-ოფ“-ის გემების აგებას. კანადა განაგრძობს წყალქვეშა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და საზღვაო გადაზიდვების პროექტზე მუშაობას, რითაც გათვალისწინებულია მრავალმიზნობრივი გამოყენების გემების მშენებლობა, რომლებიც სხვა დანიშნულებებთან ერთად მოემსახურება სტრატეგიულ სამხედრო გადაზიდვებს. გერმანია ძირითად ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ სტრატეგიულ გადაზიდვებს, არამედ ქმედითი საზღვაო ძალების შექმნასაც, რომლებიც წყალქვეშა გემებით და u-2 ტიპის გემებით მომარაგდებიან. ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობდნენ პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს. სხვა წევრ სახელმწოფოებში კი სამხედრო ძალები ტრადიციული გაწვევებით კომპლექტდებოდა. მაგრამ ბოლო წლებში მოხდა გარკვეული გარდატეხა. 1996 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მიიღო გადაწყვეტილება პროფესიული ფრანგული ჯარის შექმნის შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო სპარსეთის ყურეში მიღებული გამოცდილება. 1996 წელს სწრაფი რეაგირების კონტიგენტის შეყვანამ ბოსნია-ჰერცოგოვინაში საფრანგეთი უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. იგი სრულფასოვანი სამხედრო შენაერთის დასაკომპლექტებლად იძულებული გახდა, რომ კონტიგენტის შერჩევა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებისაგან ეწარმოებინა. დღეს საფრანგეთის შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზებულია. რეფორმის დამთავრება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ნატო-ს წევრი წამყვანი ევროპული სახელმწიფოები სამხედრო პოტენციალის სრულყოფას ესწრაფვიან. თუმცა, ახალი, XXI საუკუნის დასაწყისში წამოჭრილი პრობლემები იმდენად გლობალური ხასიათისაა, რომ მასთან ბრძოლა უდავოდ საერთო ძალისხმევას მოითხოვს. ლორდ რობერტსონი აღნიშნავს: “ერთ ქვეყანას დამოუკიდებლად არცერთი თანამედროვე ოპერაციის წამოწყება არ ძალუძს. თვით სუპერძალასაც ესაჭიროება მოკავშირეები და კოალიციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზებით, საწვავით, საჰაერო სივრცით და შეიარაღებული ძალებით“. ნატო-ს გენერალური მდივანი სუპერძალაში რასაკვირველია აშშ-ს გულისხმობდა და დასძინა კიდეც: ,,აშშ-ს უნდა ჰყავდეს ისეთი პარტნიორები, რომლებიც საგრძნობ წვლილს შეიტანენ ევროატლანტიკური საზოგადოების გამთლიანების საქმისათვის სასარგებლო ოპერაციებში“. წამყვან სპეციალისტთა გარკვეული წრე მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება და ერთმანეთთან უსაფრთხოების სფეროში ღრმა ურთიერთობების წარმოება უფრო აამაღლებს საერთო უსაფრთხოებას და მსოფლიო სტაბილიზაციას. ახალ, შეცვლილ სამყაროში ნატო შესაბამისად ახალ სტრატეგულ გეგმებს სახავს. ახალი გამოწვევები, რომლებიც საერთო უსაფრთხოებას და მსოფლიო საბაზრო წესრიგს ემუქრება ტრანსნაციონალურ შეტევებს მოითხოვს. მსოფლიო წესრიგისათვის ბრძოლაში შეუძლებელია ერთმანეთისაგან გამოარჩიო ტერორიზმი, დანაშაულებრივი ფორმირებები თუ შავი ფულის გარეცხვა. გამორიცხულია, რომ ებრძოლო ერთ საფრთხეს და გამორიცხო სხვები. გლობალური ხასიათის პრობლემაა აგრეთვე ლტოლვილები, ხალხთა მასობრივი გადაადგილება, რომელიც არა მარტო ქვეყნების შიდა უსაფრთხოებას ემუქრება, არამედ ხშირ შემთხვევაში თან სდევს ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაც. აღსანიშნავია მსოფლიო კლიმატის ცვალებადობაც. ზღვის დონის აწევა, რომელიც შეუქცევადი პროცესია (უკანასკნელ ასწლეულში დაახლოებით 35 სმ-ით აიწია), გამოიწვევს 300 მლნ. ადამიანის გადაადგილებას მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ და მრავალ სხვა პრობლემებთან საბრძოლველად ნატო თავისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიული წარსულით მსოფლიო სტაბილიზაციის გარანტად გვევლინება. ნატო-ს უმნიშვნელოვანესი პრინციპი - ,,კონსენსუსის მიღწევა შემდგომი მოქმედებებისათვის“ - ერთობ მომხიბვლელია არაწევრი ქვეყნებისათვის, რაც განაპირობებს ალიანსში გაწევრიანებისაკენ მრავალი ევროპული ქვეყნის მისწრაფებას. მისაბაძია ნატო-ს შიდა ურთიერთობებიც, მაგალითად: საბერძნეთსა და თურქეთს შორის სტრატეგიულ ინტერესთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სიტუაცია არ გადაზრდილა საომარ კონფლიქტში. დაცულია ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების უზენაესი საერთო ინტერესი - ,,საერთო უსაფრთხოება“. საბერძნეთს თუმცა არაფრად არ ეპიტნავებოდა ნატო-ს მიერ საომარი ოპერაციების წარმოება მართლმადიდებელი სერბეთის წინააღმდეგ, მაგრამ კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მაინც დათანხმდა აღნიშნული სამხედრო ოპერაციის დაწყებას. დემოკრატიული პრინციპების ერთგულების მაგალითია ნატო-ს უმნიშვნელოვანესი ორგანო - ,,ჩრდილოატლანტიკური საბჭო“, რომელშიც თითოეულ წევრ-სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლის, ელჩის სახით თავისი ადგილი და ხმა აქვს. საბჭო სულ ცოტა კვირაში ერთხელ, მეტწილად ელჩების დონეზე იკრიბება. შემდეგ იმართება სისტემატიური შეხვედრები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე. შემთხვევისამებრ მონაწილეობენ მთავრობის ხელმძღვანელებიც. არჩევითია ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ პირველი გენერალური მდივნის ყოფილი ბრიტანელი ოფიცრის ესმეის ჩათვლით, ეს თანამდებობა დღემდე მხოლოდ ევროპელებს უკავიათ. გენერალური მდივანი ნატო-ს მთავარი პოლიტიკური ფიგურაა. იგი ხელმძღვანელობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან გაერთიანებებს და მიზანმიმართულად მიყვება წევრ-სახელმწიფოთა შორის კონსენსუსის პრინციპს. დღის წესრიგის ამოცანათა შესრულებაში მას მხარს უჭერს 1700 თანამშრომლისაგან შემდგარი ინტერნაციონალური შტაბები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატო-ს არ ჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები. მისი ძალები ძირითადად ეროვნული შტაბის ხელმძვანელობის კონტროლის ქვეშაა, სანამ ისინი წევრ-ქვეყნების მიერ უზენაესი მისიის ,,მშვიდობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად“ არ გაიგზავნებიან. დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი ურთიერთობები, ორ ორგანიზაციას შორის გეოსტრატეგიული ინტერესების შეჯერება და ერთობლივი სამუშაო გეგმების შემუშავება. 2000 წლის 14-15 დეკემბერს ევროკავშირის ნატო-სთან თანამშრომლობის შესახებ დისკუსიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს: ,,არაფერი არ იქნება შეთანხმებული მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმებული ყველაფერი“. საბოლოოდ კი მიღწეული იქნა შეთანხმება, ნატო-სა და ევროკავშირის კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფისათვის შექმნილიყო მუდმივმოქმედი სტრუქტურა. გლობალური პრობლემების მაშტაბურობიდან გამომდინარე ნატომ მიზნად დაისახა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების გამართვა და ფართო თანამშრომლობის ბაზაზე უსაფრთხოების ახალ საფეხურზე აყვანა. 1997წ. ნატო-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის და უსაფრთხოების სფეროში გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ნატომ დაადასტურა, რომ ის არ აპირებს თავისი პოლიტიკური ფუნქციების გაფართოებას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეუთოს მხარდასაჭერად შეუდგა კრიზისების დარეგულირებას. ნატო და რუსეთი აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე აცხადებენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საერთო უსაფრთხოების სფეროში, წინ აღუდგებიან ევროპის შესაძლო დანაწილებას და ნებისმიერი სახელმწიფოს იზონაციონალიზმს. ხელშეკრულების IV პუნქტში ნატომ აღნიშნა, რომ არ აქვს არც გეგმები და არც მიზეზი განალაგოს ბირთვული იარაღი ახალ წევრ სახელმწიფოებში. აგრეთვე, უნდა დავსძინოთ, რომ რუსეთის ფედერაციის ახალ პოლიტიკურ კონცეფციაში, რომელსაც 2000 წლის 28 ივნისს მოაწერა პრეზიდენტმა პუტინმა ხელი, ხაზგასმულია ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან ურთიერთობების გამოსწორებისა და შემდგომი გაღრმავების სურვილი. რუსეთი აღიარებს ნატო-ს განსაკუთრებულ როლს ევროპის უსაფრთხოებაში. მაგრამ აღნიშნავს, რომ ნატო-ს ამჟამინდელი პოლიტიკური და სამხედრო დებულებები არ ემთხვევა რუსეთის ფედერაციის პრინციპებს უსაფრთხოების სფეროში. უფრო მეტიც, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მას. ეს ძირითადად ეხება ნატო-ს 1999წ. სტრატეგიულ კონცეფციას - არა ვაშინგტონის ხელშეკრულების ზონაში ნატო-ს ძალების გამოყენება არ საჭიროებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მანდატს. აგრეთვე, ნატო-ს გაფართოების მეორე ეტაპი (ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას განსაკუთრებით აღელვებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საკითხი). ბუშის ადმინისტრაციის გაკეთებულმა განცხადებამ ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, მოსკოვი განსაკუთრებულ საგონებელში ჩააგდო (შეშფოთებულია რომ მის ბირთვული ზესახელმწიფოს სტატუსს ჩრდილი მიადგება). 2000წ. 21-23 ნოემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი ლორდ რობერტსონი სამუშაო ვიზიტით ეწვია რუსეთს. ვიზიტის მიზანი ნატო-რუსეთის პარტნიორობის ახალ ეტაპზე აყვანა და ურთიერთობების გაღრმავებისათვის გზების ძიება იყო. რუსეთმა დაადასტურა 1997წ. ნატო-რუსეთის ხელშეკრულების შესაბამისად გააგრძელოს და გააღრმავოს ურთიერთობები ნატო-სთან.
11 სექტემბრის მოვლენებმა, შეიძლება ითქვას ძირეულად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის საფრთხემ აქამდე გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია. ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული თავდასხმა საკუთარ თავზე თავდასხმად აღიქვა. აღნიშნული მოვლენის კვალდაკვალ ამოქმედდა ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლი. 11 სექტემბრის მოვლენებმა სხვა იმპულსი შესძინა ნატო-რუსეთის ურთიერთობებსაც. 3 ოქტომბერს ბრიუსელში და 22 ნოემბერს მოსკოვში შეხვედრებზე რობერტსონმა და პუტინმა განიხილეს ერთობლივი მოქმედების გზები საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 7 ოქტომბერს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს საომარი ოპერაციები ტერორისტულ გაერთიანება ,,ალ-კაედას“ და ,,თალიბანის“ რეჟიმის წინააღმდეგ. აშშ-ზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მეორე შეხვედრაზე 18-19 დეკემბერს, მთავარ საკითხად განიხილებოდა ტერორიზმთან ბრძოლის გზები და მომავალ საფრთხესთან დაკავშირებით სამხედრო პოტენციალის ადაპტაციის აქტუალობა. თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ დამატებითი ღონისძიებები უნდა გატარდეს უფრო მობილური შეიარაღებული ძალების შესაქმნელად. აგრეთვე, საჭიროა რომ ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გავრცელების პრობლემას უფრო ქმედითი ღონისძიებებით აღუდგნენ წინ. თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად განაცხადეს: ,,თუ გვსურს ჩვენი მოქალაქეების დაცვა, საჭიროა დამატებითი რესურსები თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“.
11 სექტემბრის მოვლენებმა და შემდგომი სამხედრო ოპერაციების წარმოებამ ნათელყვეს ცენტრალური აზიის როლი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების საქმეში. იმ ფონზე, რომ განსაკუთრებულად მიმზიდველად გამოიყურება ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, ნატო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონთან ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში. ბოლო რვა წლის განმავლობაში სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში ნატო-ს მიერ გამოყოფილი იქნა 120 გრანტი. 1995 წელს ნატომ მიიწვია ხმელთაშუაზღვის 6 ქვეყანა: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, მაროკო, მავრიტანია და ტუნისი. მისი მიზანია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. ნატო აქტიურ მონაწილეობას იღებს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებაში. 1999 წელს შეიქმნა ევროატლანტიკური კოორდინირების ცენტრი, რომელიც ემსახურება უმალ განსახორციელებელი დახმარებებისა და ღონისძიებების გატარებას. ეს შეეხება ბუნებრივსა და ადამიანების მიერ დანაშაულებრივი გზით გამოწვეულ კატასტროფებს. სწორედ ამგვარ ხასიათს ატარებდა კოსოვოს ომიდან დევნილებისათვის დახმარების გაწევა, უკრაინაში წყლის მოქცევის კატასტროფის მსხვერპლთა მხარდაჭერა, უნგრეთსა და რუმინეთში დატბორილი მხარეებისათვის დახმარების აქციებში მონაწილეობა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატო-ს სამეცნიერო პროგრამა 1958 წლიდან იღებს სათავეს. მასში ყოველწლიურად 13 000-მდე მეცნიერი ღებულობს მონაწილეობას და უკანასკნელ პერიოდში ყოველწლიურად 25 მლნ. დოლარი იხარჯება აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისათვის. დღეს ნატო აღმოსავლეთ ევროპის ცხელ წერტილებში იცავს მშვიდობას და უფრო აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან, უკრაინასთან, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ნატო ,,თანამშრომლობის ბაზაზე უსაფრთხოების“ მაგალითია. ალიანსის 19 ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსაგან გამორჩეულია დემოკრატიული ინსტიტუტების ერთგულებით. რასაკვირველია არის კითხვის ნიშნებიც. მაგალითად: თურქეთისა და ქურთული უმცირესობის, ჩეხეთისა და ბოშების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის პრობლემატური ურთიერთობები. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ნატო-ს ქვეყნებს სხვებთან შედარებით უფლება აქვთ იწოდებოდნენ ინდივიდუალური უსაფრთხოების დამცველებად, რაც თანამშრომლობის ბაზაზე უსაფრთხოების შესაძლო გარანტიაა.
დასასრულს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გავიმეოროთ მიუნხენის 38-ე კონფერენციაზე - ,,უსაფრთხოების პოლიტიკა“ - წარმოთქმული ლორდ რობერტსონის სიტყვები: ,,მერყევ მსოფლიოში ნატო არ არის განსაკუთრებული არჩევანი. ის ტრანსატლანტიკურ შემაკავებელ ძალას განასახიერებს, რომელიც არის ფუნდამეტური გარანტი ევროატლანტიკური სტაბილურობის და უსაფრთხოებისა და ძირითადი პლატფორმა თავდაცვითი თანამშრომლობისა და კოალიციური ოპერაციების წარმოებისა. როგორც ალიანსი, რჩება ისეთივე საქმიანი და ისეთივე დროული 21-ე საუკუნეში, როგორიც იყო ის წინა თაობებისათვის“.
![]() |
5 ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა |
▲ზევით დაბრუნება |
ახლო აღმოსავლეთი
ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტია მოქცეული, რომელსაც სხვანაირად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც უწოდებენ. ამ სახელწოდებიდანაც ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვენლობისაა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება.ეს სრული სიმართლეა. ეს კონფლიქტი ყოველთვის საერთაშორისო საზოგაოდების უპირველეს ყურადღებას იმსახურებდა და დღესაც ასე გრძელდება. ხშირად საერთაშორისო სისტემაში სხვა არანაკლებ სისხლიანი და ტრაგიკული კონფლიქტები, ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების გამო მეორე პლანზე ინაცვლებენ.
ბევრი ამ კონფლიქტს, ისრაელ-არაბეთის კონფლიქტადაც ნათლავს, მაგრამ დღეს ამგვარი ინტერპრეტაცია უკვე არასწორია, რადგან არაბული ქვეყნებისა და ისრაელის ომები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ამჯერად, ისარელის წინააღმდეგ მხოლოდ პალესტინელები იბრძვიან. თუმცა, უმჯობესია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ერთ სტატიაში ამ პრობლემის გაანალიზება ყოვლად წარმოუდგენელია. ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს სტატია რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზოთ.
ყველაფერი 1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დღიდან დაიწყო, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენარული ასამბლეის გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი. გენერალურმა ასამბლეამ 1974 წლის 29 ნოემბერს პალესტინის ტერიტორიაზე ინგლისის მანდატი გააუქმა და ამავე მიწაზე ორი - ებრაული და არაბული სახელმწიფოს შექმნა დაადგინა. ამან პალესტინის ტერიტორიაზე, რომელიც ძირძველი პალესტინელი არაბებით იყო დასახლებული, ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი პოლიტიკური ვითარების ჩამოყალიბებას მისცა დასაბამი. ეს ახალი ვითარება კი არაბულ ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს შექმნას უკავშირდებოდა. არაბული სამყაროსათვის მიუღებელი აღმოჩნდა მათ შორის ებრაული სახელმწიფოს გაჩენა, რამაც, თავის მხრივ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასიათასობით ებრაელის სამშობლოსაკენ დაძვრის ობიექტური პროცესი გამოიწვია. ამასთანავე, არაბული სამყაროს გაღიზიანებასა და ნეგატიურად განწყობაში უდიდესი როლი შეასრულა, ,,ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ მიღებამ, რომლის თანახმადაც ისრაელი ცხადდება არა მხოლოდ ებრაულ, არამედ ,,სიონისტურ სახელმწიფოდ“, ანუ მთელი მსოფლიოს ებრაელთა სახელმწიფოდ. სიონისტური კონცეფცია კი, როგორც ცნობილია, ,,რჩეული ხალხის აღთქმულ ქვეყანაში“ დაბრუნებას ისახავდა მიზნად და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულ ებრაელებს ისრაელისაკენ უწყვეტ ნაკადებად დაძვრას და ისრაელის მიწების ათვისებისკენ მოუწოდებდა. ეს პროცესი კი, რასაკვირველია, პალესტინელი არაბების შევიწროების ფაქტორად იქნა აღქმული და არცთუ უსაფუძვლოდ.
გარდა ამისა, არაბული სამყაროს უკიდურესი აღშფოთება, ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციამ გამოიწვია, სადაც ყველა მუსულმანისათვის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი - ალ-აქსას უდიდესი მეჩეთი მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ წყვეტდა მოლაპარაკებების მცდელობებს არაბულ სახელმწიფოებთან, კონფლიქტი უკვე გარდაუვალი იყო.
1948 წელს, ხუთი არაბული ქვეყნის - ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, სირიისა და ერაყის რეგულარულმა არმიებმა ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს. მათ შეუერთდნენ პალესტინელი არაბები და სამხედრო დაჯგუფებები საუდის არაბეთიდან. ასე დაიწყო პირველი ისრაელ-არაბეთის კონფლიქტი. თხუთმეტთვიანი ბრძოლების შემდეგ, კუნძულ როდოსზე ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რასაც არ შეუერთდა ერაყი. მიღწეული შეთანხმების თანახმად, უნდა დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც, თავის მხრივ, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით უნდა დასრულებულიყო. მოლპარაკებები არ შედგა. ჰაერში კვლავ დენთის სუნი ტრიალებდა.
ისრაელი კარგად გრძნობდა ომის განახლების საშიშროებას და კვლავ აქტიურად განაგრძობდა მოლაპარაკებების განახლების მცდელობას. თელ-ავივი იორდანიის მეფე აბდალასთან საიდუმლო კავშირზე გასვლასაც კი არ ერიდებოდა, რასაც შესაძლოა საკმაოდ დადებითი შედეგიც ქონოდა, რომ არა დანარჩენი არაბული ქვეყნების ზეწოლა იორდანიაზე.
1956 წელს, არაბული ქვეყნების დივერსიული დაჯგუფებების ქმედებებმა ისრაელის ტერიტორიაზე და ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ბლოკადამ ახალი ომის დაწყება გამოიწვია, რომელიც სინაის კამპანიის სახელით არის ცნობილი. ამჯერად იერიშზე უკვე ისრაელი გადავიდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რვა დღის განმავლობაში დაიკავეს ღაზას სექტორი და სინაის ნახევარკუნძული. ისრაელმა სინაის კამპანია მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ეგვიპტემ ტირანას სრუტესა და ეილატის ყურეში გემების თავისუფალი მიმოსვლა შესაძლებელი გახადა და ეგვიპტე-ისრაელის საზღვარზე გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. მიუხედავად ამისა, ტერორისტული აქტები, სნაიპერთა მოქმედებები და სასაზღვრო ინციდენტები ისრაელ-იორდანიას და ისრაელ-სირიას შორის პერმანენტულ ხასიათს ატარებდა.
1967 წლის გაზაფხულზე ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის ახალი ომი დაიწყო. არაბულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ სცადეს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. პირველი სვლა ეგვიპტემ გააკეთა. ოფიციალური კაიროს ბრძანებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სინაის ნახევარკუნძულიდან იქ მდგარი გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი გააძევა და ტეროტორია თავად დაიკავა. გარდა ამისა, ეგვიპტემ განაახლა ტირანის სრუტის ბლოკადა და სამხედრო პაქტები გააფორმა იორდანიასა და სირიასთან. არაბები აცხადებდნენ, რომ მათ მიზანს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება წარმოადგენდა. მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. ამ მომენტისათვის ისრაელის არმია უკვე საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო. ისრაელის არმიამ თავდასხმა თექვსმეტ დღეში მოიგერია, კონტრიერიშზე გადავიდა და თავის კონტროლს დაუქვემდებარა ღაზას სექტორი, სინაის ნახევარკუნძული, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო (იუდეა და სამარია) და გოლანის მაღლობები. ამის მიუხედავად, ისრაელმა სამშვიდობო მოლპარაკების მცდელობა კვლავ განაახლა და არაბულ ქვეყნებს შეთანხმების დადებისაკენ მოუწოდა. თუმცა 1968 წელს სუეცის არხში მომხდარი სამხედრო ინციდენტი, ეგვიპტესა და ისრაელს შორის ნამდვილ ომში გადაიზარდა.
სწორედ ამ დროს სამშვიდობო ასპარეზზე გამოდის მესამე ძალა - ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის სახელმწიფო მდივნის უილიამ როჯერსის შუამავლობით 1970 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მაგრამ დიდი ხნის არსებობა ამ შეთანხმებასაც არ ეწერა.
სამი წლის შემდეგ, 1973 წლის ოქტომბერში ეგვიპტემ და სირიამ ისრაელის წინააღმდეგ ორი ფრონტით დაიწყეს შეტევა. ეს ომი ისტორიაში ,,განკითხვის დღის“ სახელით არის შესული. სამკვირიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევის მოგერიება შეძლეს, ეგვიპტის ფრონტზე გადაკვეთეს სუეცის არხი და ასევე სირიის სიღრმეშიც მოახერხეს შესვლა. ისრაელის არმიას დამასკომდე სულ რაღაც 30 კილომეტრი აშორებდა.
გამწვავებულ ვითარებაში კვლავ აშშ ჩაერია, იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ხელით. 1973 წლის ნოემბერში ჰენრი კისინჯერის ინიციატივით ისრაელისა და ეგვიპტის წარმომადგენლება ხელი მოაწერეს შეთანხებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ძალისხმევით ხელი მოეწერა შეთანხმებას ეგვიპტესა და ისრაელს და ისარელსა და სირიას შორის სამხდერო ძალთა დაშორიშორების თაობაზე.
კონფლიქტის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 1977 წლის 20 ივნისი, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩეულმა მენაჰემ ბეგინმა ქნესეთის წინაშე გამოსვლისას განაცხადა: ,,მე მოვუწოდებ მეფე ჰუსეინს (იორდანია), პრეზიდენტ სადათს (ეგვიპტე) და პრეზიდენტ ასადს (სირია) ჩამობრძადნენ ისრაელში, რათა განვიხილოთ ჭეშმარიტი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები მათ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. ძალზედ ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენს რეგიონში, ებრაელთა და არაბთა სისხლი. მოდით, ზღვარი დავუდოთ სისხლისღვრას და მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას.“
ამ მოწოდებით, კონფლიქტის მოგვარების საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ისრაელის პრემიერის მიმართვას ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი გამოეხმაურა. 1977 წლის ნოემბერში ის თელ-ავივში ჩავიდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და ქნესეთში სიტყვითაც გამოვიდა. ამ გაბედულმა ნაბიჯმა კი, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის შეიარაღებული კონფლქტი საბოლოოდ დაასრულა.
უნდა ითქვას, რომ სწორედ ეგვიპტემ დაუდუ სათავე ისრაელ-არაბეთს შორის კონფლიქტის დასრულებას, როდესაც 1978 წელს აშშ-ში, კემპ-დევიდში ხელი მოეწერა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას.
ყველასათვის ნათელი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი, უკვე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედიოდა.
1978 წლის 4 თებერვალს ანვარ სადათი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, ხოლო უკანა გზაზე კი დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, რუმინეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ვატიკანის ლიდერებსაც შეხვდა. ამგვარად, ისრაელთან კონფლიქტზე ეგვიპტემ საბოლოოდ უარი განაცხადა.
სადათი თვლიდა, რომ შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ აშშ-ის დახმარებით და თეთრ სახლთან აქტიური თანამშრომლობით შეიძლებოდა. ვაშინგტონმაც სიამოვნებით მიიღო ეგვიპტის პრეზიდენტის მზადყოფნა.
1979 წლის 26 მარტს, ვაშინგტონში ,,თეთრი სახლის“ წინ მინდორზე, ეგვიპტის ლიდერმა ანვარ სადათმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბეგინმა ხელი მოაწერეს ,,სამშვიდობო შეთანხმებას“, რომლის თანახმადაც ეგვიპტემ ისრაელთან სრული დიპლომატიური, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები დაამყარა. სანაცვლოდ, ისრაელმა 1982 წლის აპრილის ბოლოსათვის მთლიანად გამოიყვანა თავისი ჯარები სინაის ნახევარკუნძულიდან.
სამწუხაროდ, შეთანხმებაში საუბარიც კი არ ყოფილა სირიის გოლანის მაღლობებიდან, პალესტინური ღაზას სექტორიდან, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან და აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ისრაელის არმიების გამოყვანაზე.
ამრიგად, პალესტინელი ხალხი ისრაელ-ეგვიპტის მოლაპარაკების და მრავალმხრივი შეთანხმების მიღმა დარჩა. ისინი ამ კონფლიქტმა წამგებიან და ურთულეს ვითარებაში ჩააყენა. მათმა კანონიერმა წრამომადგენელმაც კი - პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ ამ ფაქტის სრული იგნორირება მოახდინა. მაქსიმუმი, რასაც კემპ-დევიდის შეთანხმება პალესტინელ ხალხს სთავაზობდა, ისრაელის სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომია იყო. ეს ფაქტობრივად არღვევდა გაერო-ს პირველი რეზოლუციის პირობებს, რომლის თანახმადაც პალესტინის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო (ებრაული და არაბული) უნდა შექმნილიყო.
კონფლიქტიდან ეგვიპტის გამოთიშვის შემდეგ, დღის წესრიგში იორდანიისა და სირიის საკითხი დადგა. ამ მიზნით, 1989 წლის მაისში დაიწყო კემპ-დევიდის შეთანხმების პირობების განახლებისათვის მოლაპარაკებათა პროცესი.
კემპ-დევიდის შეთანხმებას ჩაემატა ოთხი პუნქტი: დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იუდეაში, სამარიასა და ღაზას სექტორში; პირდაპირი სამშვიდობო პროცესის დაწყება ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის; სააერთაშორისო ძალისხემვა პალესტინელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების მიზნით; ეგვიპტესთან კავშირების გამყარება.
იმავე წლის დეკემბერში გაიხსნა მადრიდის კონფერენცია, რომელმაც ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთის პარალელურად მოქმედი არაბულ-ებრაული კომისიები შექმნა. კომისიებს მხარეებს შორის მოლაპარაკებათა წარმართვა დაევალათ. მოლაპარაკებათა მიზანს კი სირიასთან, ლიბანთან და იორდანიასთან სამშვიდობო შეთანხმების დადება წარმოადგენდა.
ამ კომისიათა მუშაობის შედეგად, რომელსაც არაბულ ქვეყნებში ოპოზიციური ჯგუფებისგან არნახული წინააღმდეგობები შეხვდათ, 1993 წლის სექტემბერში ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში დაიდო áპირველი ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და პალესტინის წარმომადგენელებს შორის. შეთანხმება ითვალისწინებდა პალესტინური ავტონომიის შექმნას იერიქონსა და ღაზას სექტორში, პალესტინის ადმინისტრაციისა და პოლიციის ჩამოყალიბებას, რაც პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ბაზაზე უნდა განხორციელებულიყო. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ კვლავ ვაშინგტონში გაფორმდა, როდესაც პრეზიდენტ ბილ კლინტონის შუამავლობით, იასირ არაფატმა და იცხაკ რაბინმა ხელი მოაწერეს საბოლოო სამშვიდობო დეკლარაციას, რომელშიც ოსლოს შეთანხმების პუნქტების შესრულებას ორივე მხარე კისრულობდა.
აღნიშნული შეთანხმება საკმაოდ მომგებიანი იყო ისრაელის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის არჩევნებში გამარჯვებისათვის. ის ამომრჩევლისათვის ასოცირებლი იყო ისეთ ფაქტორთან, როგორიც არის ,,უსაფრთხოება.“ ისრაელის უსაფრთხოება კი, იმ დროს მშვიდობას და პალესტინელებთან სისხლისღვრის შეწყვეტას მოითხოვდა. მაგრამ ისევე როგორც პალესტინას, ისრაელსაც არ აკლია რადიკალურად მოაზროვნე ჯგუფები. იცხაკ რაბინი თელ-ავივში 20 წლის სტუდენტმა იგალ ამირმა გასროლით მოკლა. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ამ მკვლელობამ პალესტინელებთან სამშვიდობო პროცესი ჩაშალა. თუმცა, ისრაელს ამიერიდან უკვე აღარ ემუქრებოდა არაბული სახელმწიფოებიდან შეტევები. იორდანიამ და სირიამ პოზიციები დათმეს. გოლანის მაღლობები სირიას დაუბრუნდა. პალესტინელები კი ისრაელის პირისპირ უკვე მარტონი აღმოჩნდენ. ამიერიდან ეს კონფლიქტი უკვე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სახელს ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლის შეთანხმების მიხედვით, პალეტსინის ავტონომიის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი და ისრაელის მიერ ადრე ტერორისტად აღიარებული იასირ არაფატი ჩაუდგა, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა. აღმოსავლეთ იერუსალიმი კი, ,,განხეთქილების მთარავ ვაშლად“ დარჩა. რაც შეეხება ღაზას სექტორის და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, ეს ტერიტორიები ისრაელის არმიის პერიოდულ კონტროლს ექვემდებარებოდა. საქმე იმაშია, რომ 1993 წლიდან ასპარეზზე ჩნდებიან პალესტინური რადიკალური ორგანიზაციები, რომლებიც ისრაელთან ბრძოლის მთავარ საშუალებად ტერორიზმს განიხილავენ. ეს ორგანიზაციები პალესტინის ტერიტორიაზე - ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირიზე მოქმედებენ. შესაბამისად, ისრაელიც მათ დასათრგუნად პერიოდულად მიმართავს დამსჯელ ოპერაციებს.
აღნიშნული რადიკალური დაჯგუფებები თავად პალესტინელთა შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
90-იან წლებში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ისრაელის სათავეში რადიკალი პოლიტიკოსის ბენიამინ ნეთანიაჰუს (ბიბის) მოსვლამ, რომელმაც თავის წინასაარჩევნო კამპანია ძალისმიერ პლატფორმაზე დააფუძნა. ბიბი პირდაპირ აცხადებდა, რომ პალესტინელების მხრიდან ტერორიზმის შესაჩრებლად ერთადერთი საშუალება სამხედრო ძალაა. Netaniahus ისრაელის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ქნესეთში მისმა მომხრეებმა ის ქვეყნის პრემიერადაც აირჩიეს. მისი მოსვლით, ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში ახალი სისხლიანი ფურცელი ჩნდება. ძალადობამ ძალადობა შვა, რომელიც 2000 წელს პალესტინელთა ინტიფადაშიც გადაიზარდა. ინტიფადას ანუ პალესტინის წინააღმდეგობის მედროშეებად ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები იქცნენ, როგორებიც არიან, ,,ჰამასი“, ,,ისლამური ჯიჰადი“ და ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები.“
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის განხილვა და ანალიზი ამ ჯგუფების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნას ამ ისლამისტური-პალესტინური ჯგუფების მოღვაწეობის შესახებ.
,,ჰამასი“ და ,,ისლამური ჯიჰადი“
,,ჰამასის“ არაბული აქრონიმია: ,,ჰარაქათ ალ-მუქავარმა ალ-ისლამია“, რაც ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას ნიშნავს.
,,ჰამასი“ პალესტინის მუსლიმურ-ფუნდამენატალისტური მოძრაობაა. მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი სოციალური ბაზა და გასამხედროებულ-ტერორისტული ფრთა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე კამიკაძეთა მოქმედებებს გეგმავს და ხელმძღვანელობს. ,,ჰამასი“ პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურის იასირ არაფატის მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. Gგარდა ამისა, ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. ზოგი ერთმანეთში ურევს ,,ჰამასს“ და ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“, რაც სინაიმდვილეს არ შეესაბამება. ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ იასირ არაფატი უდგას სათავში. გარდა ამისა, ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ არ წარმოადგენს ისლამურ-ფუნდამენტალისტური მიმართულების ორგანიზაციას და აქცენტი საერთო, ეროვნულ პრინციპებზე აქვს გაკეთებული. ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“, პალესტინის ადმინისტრაციის ფუნდამენტია. ,,ჰამასი“ კი პალესტინის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებს და არაფატის რეჟიმს კორუფციაში და ისრაელის და აშშ-ის წინაშე პალესტინის ინტერესების დათმობაში ადანაშაულებს.
,,ჰამასის“ იდეოლოგია თანაბრად ითვალისწინებს, როგორც ნაციონალურ ასევე ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმართულებებსაც. ორგანიზაციის ლიდერები და დამფუძნებლები მიზნის მისაღწევად მხოლოდ შეიარაღებულ ბრძოლას და ტერორიზმს განიხილავენ. მათ მიზანს კი, ისრაელის სახელმწიფოს განადურება წარმოადგენს. თუმცა, ამ ბოლო დროს, ,,ჰამასში“ აშკარდ შეიმჩნევა პოზიციების დათმობისა და კომპორიმისებზე წავლის სურვუილი. კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. მისივე თქმით, ,,ჰამასი“ თანახმა იქნება, თუკი ისრაელი მოახდენს პალესტინის დეოპუკაციას. ,,ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ“, აღნიშნა მან. უნდა ითქვას, რომ ეს აშკარა პროგრესია, რადგან მანადმე ,,ჰამასის“ სხვა ლიდერი აბდელ აზიზ ალ-რანტისი აცხადებდა: ,,ჩვენ არ გვჯერა, რომ მტრის გვერდით ცხოვრება შესაძლებელია.“
რაც შეეხება ,,ისლამურ ჯიჰადს“, ის ,,ჰამასისგან“ ცალკე და დამოუკიდებლად მოქმედ ორგანიზაციას წარმოადგენს. ,,ისლამური ჯიჰადი“ უფრო მცირერიცხოვანი დაჯგუფებაა. გარდა ამისა, ,,ჰამასისგან“ განსხვავებით, ,,ისლამური ჯიჰადის“ იდეოლოგია მხოლოდ ისლამური რადიკალიზმია და შესაბამისად მჭიდრო კავშირები გააჩნია ირანთან.
,,ჰამასისგან“ განსხვავებით, ,,ისლამურ ჯიჰადს“ არ გააჩნია სკოლების, საავადმყოფოების ან მეჩეთების ქსელები და მთლიანად ტერორიზმზეა ფოკუსირებული.
,,ისლამური ჯიჰადის“ დამფუძნებელი იყო ფათჰი შიკაკი, რომელიც ისრაელის დაზვერვამ 1995 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლა. ამჯამად, ,,ისლამურ ჯიჰადს“ რამადან შალაჰი მეთაურობს და ის სირიის დედაქალაქ დამასკოში ცხოვრობს.
,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“
ორგანიზაციას ,,ჰამასის“ და ,,ისლამური ჯიჰადის“ მსგავსად დიდი ხნის ისტორია არ გააჩნია. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ 2000 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მჭიდროდ თნამაშრომლობს მოძრაობა ,,ფათჰთან“, რომელსაც თავად იასირ არაფატი უდგას სათავეში. ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა სიაში 2002 წელს შეიყვანა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კამიკაძე ტერორისტის მიერ იერუსალიმში განხორციელებული ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო.
,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ ისლამისტურ მოძრაობას არ მიეკუთვნება. დაჯგუფებამ მოქმედება 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პალესტინურმა ინტიფადამ აიღო სტარტი. ორგანიზაცია ნაციონალისტურ პრინციპებზეა დაფუძნებლი. თუმცა ხშირად, ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები“ მჭიდროდ თანამშრომლობს ,,ჰამასთან“ და ,,ისლამურ ჯიჰადთან“ და მათთან ერთად გეგმავს ამა თუ იმ ტერაქტის განხორციელებას. არსებობს ეჭვი, რომ ,,ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების“ საქმნაობას თავად იასირ არაფატი აკონტროლებს, თუმცა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი ამას კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანხმად არაფატის ბრძანებით ,,ალ-აქსას ბრიგადებმა“ 20 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
![]() |
6 სახალხო დიპლომატიის შესაძლო როლიქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტები
ირინა სიგუა
საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე
ძალზე გაჭიანურებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი გვაიძულებს ახალი გზები ვეძიოთ მისი დარეგულირებისათვის, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებდა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება სრულიად რეალური იყო, თუმცა ომის წამოწყების ინტერესი - ალბათ უფრო დიდი.
ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში არ არის მთავრობის ოფიციალური პოზიციის, მისი ქმედების თუ უმოქმედობის კრიტიკა, იმაზე საუბარი რაც შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო და არ გაკეთდა, არამედ მსურს შევეცადო სხვა კუთხით მივუდგე არსებულ პრობლემას და კონფლიქტის მოგვარების ე. წ. ალტერნატიული გზები განვიხილო, თუ რამდენად რეალური და შედეგიანი შეიძლება იყოს მათი გამოყენება, აგრეთვე გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები იმის შესახებ, ძირითადად რა მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ქვემოთ წარმოდგენილი საშუალებები გულისხმობს არა კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას, არამედ მყარი ნიადაგის მომზადებას, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს კონფლიქტის დარეგულირებაზე.
კონფლიქტი, რომელსაც შეიძლება ეთნიკური ეწოდოს, ხელოვნურად შექმნილ ნიადაგზე განვითარდა და მნიშვნელოვანწილად ინტერესთა კონფლიქტად იქცა. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო პოლიტიკურ თეორიებში გასულ საუკუნეში ყველაზე გავრცელებულ ,,რეალური პოლიტიკის“ (Real-politiks Theory) თეორიას, დავინახავთ, რომ სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობა დიდ გავლენას ახდენს მის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მისადმი სხვა სახელმწიფოების ინტერესსა და დამოკიდებულებაზე. სწორედ ეს იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წარმოშობის და გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი. მისი გაღვივების ინიციატორი რუსეთი იყო. საქართველო დიდი ხანია მისი სტრატეგიული ინტერესების სფეროშია. კარგად გამოიყენა რა პრინციპი ,,დაყავი და იბატონე“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთმა თავისი ძალაუფლება პორველ ეტაპზე შეეცადა აფხაზებზე ფსიქოლოგიური კონტროლით მოეხდინა.
კონფლიქტის წყარო შესაძლოა ადამიანის ბუნებაშია ჩადებული, თუმცა ხშირად არაცნობიერ დონეზე, მანამ სანამ მას ვინმე არ გამოაღვიძებს, მაშინ იგი უკვე საშიშროებას წარმოადგენს გარემოსთვის. ეთნიკური კონფლიქტის შემთხვევაში ეს ,,ვინმე“ შეიძლება დადებითი იდეების მატარებილი იყოს, რომელსაც სუფთა მიზნები ამოძრავებს (მაგალითად შეიძლება 70-80-იანი წლების საქართველოს ეროვნული მოძრაობა ავიღოთ) ან პოლიტიკური და პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მებრძოლი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი. ორივე შემთხვევაში ისეთი გრძნობის გაღვივება, როგორიც თვითმყოფადობის შენარჩუნება და თვითიდენტიფიკაციაა, შესაძლოა ძლიერი აგრესიის გამომწვევ და სერიოზულ მამოძრავებელ ძალად იქცეს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ შემთვევაში, როდესაც საუბარია პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზე, ხდება ხალხის განწყობით მანიპულირება საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ასე მოხდა აფხაზეთის შემთხვევაშიც. რუსეთმა შეგნებულად მოამზადა ნიადაგი და თვითონვე უბიძგა ხელი კონფლიქტის წარმოშობას. საქართველომ კი, თავის დროზე არასათანადოდ შეაფასა არსებული ვითარება, რითაც ხელი შეუწყო კონფლიქტის განვითარებას.
დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების და მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა ქართველებისადმი ძალზე აგრესიულია. გაიზარდა თაობები, რომლებიც კონფლიქტისთვის ფსიქოლოგიურად და მორალურად იყვნენ მომზადებულები. სირთულე იმაშიც გამოიხატება რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კონფლიქტებს საზოგადოების სხვადასხვა დონეებზე - პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ე. წ. მედიატორტა ინტერესთა კონფლიქტებს. პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათი ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად, პრობლემების მოგვარებაც უფრო გართულებულია.
ასევე ცხადი გახდა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ტრადიციულმა საშუალებებმა არ გაამართლა. აუცილებელი გახდა ახალი გზების ძიება, რომელიც დამყარებული იქნება როგორც ოფიციალური ისე არაოფიციალური დიპლომატიური საშუალებების გამოყენებაზე.
ალბათ საინტერესოა მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ აფხაზები რუსეთის ორიენტაციას ამჯობინებენ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. როგორ წარმოუდგენიათ მათ თავისი მომავალი.
რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღინიშნა, უპირველესი გამომწვევი მიზეზი ეროვნული თვითგამორკვევის სურვილზე აგორებული მოძრაობა იყო. რეალურად კი სულ სხვა შედეგი მივიღეთ. თავდაპირველად რუსეთის დაინტერესება და ხელშეწყობა აფხაზებისადმი საკმაოდ დიდი იყო, რადგან მისი უშუალო ინტერესების არეალში შედიოდა. თუმცა დღეს მდგომარეობა შეიცვალა. ცხადია აფხაზეთი სრულიად დამოუკიდებლად არებობას ვერ შეძლებს, მაშინ მან კარგად უნდა გააცნობიეროს რამდენად რეალური და მომგებიანია თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელსაც საკუთარი ეთნიკური პრობლემები გააჩნია და თავად უჭირს მათთან გამკლავება. ღირს კი ისეთ სახელმწიფოსგან მფარველობის მოთხოვნა, რომლისგანაც მის შეამადგენლობაში მყოფი მცირე ერები ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას? თუ აფხაზეთი პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს ძლიერ მეზობელთან? მაშინ საკითხავია ვისგან.
დღეს მსოფლიოში დიდი, გლობალური ომების საშიშროება, რომელის შედეგადაც აფხაზეთი შეიძლება დაზარალდეს ნაკლებადაა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორები. ამ შემთხვევაში აფხაზეთისთვის სერიოზულად საფიქრალია დიდი, მაგრამ ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი, უამრავი საკუთარი პრობლემებით, თუ ასევე სუსტი საქართველო, რომელსაც სწორი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის და ეკონომიკური კურსის გატარების შემთხვევაში განვითარების საკმაოდ ნორმალური პერსპექტივები გააჩნია. (თან იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ასიმილაციის შანსი მცირე სახელმწიფოს შემადგენლობაში ნაკლებია, შესაბამისად, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება ბევრად უფრო ადვილია საქართველოს შემადგენლობაში, ვიდრე რუსეთის).
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს აფხაზებს აღარ გააჩნიათ განსაკუთრებული ილუზიები რუსეთის პოზიციის მიმართ, რომლის სტრატეგიულ ინტერესებს არ წარმოადგენს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასეთი ნაბიჯის გადადგმა რუსეთისთვის საქართველოს საბოლოო დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა. ასევე შექმნიდა პრეცედენტს თავად რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისათვის, პირველ რიგში ჩეჩნებისათვის. მეორეს მხრივ კი, აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება საქრთველოს ფარგლებში დააკარგვინებდა მას გავლენას რეგიონში, რადგან ამ კონფლიქტის საშუალებით რუსეთი საქართველოზე თავის გავლენას ინარჩუნებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემების წარმოქმნისას ყოველთვის გვახსენებს აფხაზეთს. სხვა შემთხვევაში საქართველოს ორიენტაცია შესაძლოა მკაფიოდ პროდასავლური გახდეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მისთვის სრულიად მისაღებია სტატუს კვოს შენარჩუნება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერი გადამწყვეტი ნაბიჯი აფხაზეთის წინაააღმდეგ დესტაბილიზაციას გამოიწვევს ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მის შიდასახელმწიფოებრივ სტაბილურობას. აქედან გამომდინარე, რუსეთის, როგორც მედიატორის როლი კონფლიქტში დიდი ეჭვის ქვეშ დადგა და პრაქტიკულად არანაირი რეალური შედეგი არ გამოიღო. რუსეთი არათუ მედიატორის როლს ასრულებს არსებულ ვითარებაში, არამედ უფრო დესტაბილიზატორის და მდგომარეობის დამძაბავის როლში გვევლინება.
თითქმის უშედეგო გამოდგა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილება კონფლიქტში როგორიცაა გაერო, მის ეგიდით მოქმედი დამკვირვებელთა მისია, ე. წ. საქართველოს მეგობარ სახელმწიფოთა ჯგუფი, დამოუკიდებელ სახლმწიფოთა თანამეგობრობა.
რაც შეეხება გაეროს, მისი უმოქმედობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უშუშროების საბჭოში რუსეთის როლია, რომელიც არ აძლევს საშუალებას ამ ორგანოს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რაც რეალურ დადებით შედეგს გამოიღებდა და წინ გადაგმული ნაბიჯი იქნებოდა კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ რუსეთის და უშიშროების საბჭოს სხვა წევრების ინტრესთა თანხვედრა მოხდეს, რათა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ ორგანიზაციებზე თავდაპირველად დიდ იმედებს ამყარებდა, ახლა კი ეს ორგანიზაციები მხოლოდ კონფლიქტში რუსეთის დომინირებადი როლის ბალანსის და გრძელვადიან პერიოდში კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობის კუთხით განიხილება. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ კონფლიქტის ჩიხში მოქცევა რუსეთის მხრიდან დიდი ძალისხმევის შედეგია.
ახლა როცა რუსეთის ეფექტური შუამდგომლობის ილუზია გაქრა და სხვა ძლიერი მედიატორები (გაერო, ნატო, დსთ) ნაკლებად აქტიურნი არიან, აუცილებელია ქართველებმა და აფხაზებმა თვითონ იფიქრონ თავიანთ ინტერსებზე, კრიტიკულად გააანალიზონ რეალური სიტუაცია, აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულებები და დამოუკიდებლად შეეცადონ კონფლიქტიდან გამოსავალი გზების ძიება, რადგან ,,არც ომი - არც მშვიდობა“-ს მდგომარეობა არც ერთი მხარისთვისაა მისაღები. საქართველოსთვის აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისთვის კი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა მათი ეთნოსის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების რეალური გარანტია იქნება.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაში არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული მიდგომა კონფლიქტის მოგვარებისადმი. იმ დროს, როცა ცენტრალური ხელისუფლება შედარებით რბილ და უშედეგო პოლიტიკას ატარებს, ლტოლვილთა დიდი ნაწილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ჩათვლით ხმამაღლა საუბრობს ძალის გამოყენებაზე, ისეთი მექანიზმების ამოქმედებაზე, როგორიც გაეროს წესდების VII თავშია წარმოდგენილი. ასევე ღიად არის საუბარი ნატო-სთან თანამშრომლობაზე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს აფხაზეთის ძალისმიერი საშუალებებით დაბრუნებას. ყოველივე ეს აფხაზებში შიშს და უნდობლობას იწვევს, რაც თავისთავად მათ ჩვენდამი უარყოფით დამოკიდებულებაში ვლინდება. ასეთ ვითარებაში აუცილებელია არსებული კურსის შეცვლა. ძნელია რაიმე უნივერსალური გზის არჩევა, რადგან ომის შედეგად გამოწვეული აგრესია ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ამიტომ პირველ როგში აუცილებელია, განისაზღვროს, თუ რამდენად არის ორივე მხარე განწყობილი პოზიტიური დიალოგისაკენ, სურთ თუ არა მათ კრიზისის დაძლევა და რამდენად ძლიერია ეს სურვილი.
პირველ რიგში, ალბათ აუცილებელია სიტუაციის ობიექტურად შეფასება, ხალხის რეალური განწყობის გაგება, ურთიერთნდობის აღდგენა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავლის ძიების პროცესში. ძალზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ეფექტურად, მშვიდობიანად და უმცირესი დანაკარგებით გავუმკლავდეთ ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებს. რადგან ნგრევა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ნანგრევებზე ახალი ურთიერთობების შენება. ტკივილი, აგრესია და უნდობლობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია.
საბედნიეროდ ორივე მხარემ უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი კონფლიქტის დარეგულირებასა და მის ტრანსფორმაციაზე. ტრანსფორმაციაში იგულისხმება მხარეების სერიოზული დაინტერესება კონფლიქტის დარეგულირებაში, მის გადაზრდაში მშვიდობის მშენებლობის ფაზაში, რეალური შედეგების მიღწევაში, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. კონფლიქტის დარეგულირებისათვის კი აუცილებელია, ყველა იმ ფაქტორის ღრმად გაანალიზება, რომლებიც არსებულ მდგომარეობაზე ზემოქმედებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს გარკვეული სტრატეგია და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.
ამ შემთხვევაში გასარკვევია კონფლიქტის, აგრესიის გამომწვევი მიზეზები, რაც უპირველეს ყოვლისა ისეთი ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს, როგორიცაა უსაფრთხოება და სხვა ძირეული პრობლემები. მათი მოგვარების შემთხვევაში კონფლიქტის გადაწყვეტა რეალური ხდება. სხვა შემთხვევაში კი, იგი შეიძლება ჩაახშო, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, მაგრამ არა გადაწყვიტო, რადგან სამხედრო ინტერვენცია არ წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციულ საშუალებას. იგი მხოლოდ დროებითი გამოსავალია კონკრეტული სიტუაციიდან. ამ შემთხვევაში, პრობლემა აუცილებლად დარჩება, კიდევ უფრო გაღრმავდება და როდისმე აუცილებლად იჩენს თავს.
ე. წ. ,,მეორე საფეხურის“ ანუ სახალხო დიპლომატია, ჯონ ბარტონის აზრით, სწორედ პრობლემის გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, ამიტომაც ფოკუსირება სწორედ მასზე უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას ადამიანის თანდაყოლილი და უნივერსალური მოთხოვნილებები. აუცილებელია, ყურადღების გამახვილება ცალკეულ ინდივიდებზე და არა ინსტიტუტებზე. მოსახლეობის ინტერესები აღარ აღმოჩნდება ისეთი გადაუწყვეტელი, როგორც პირველი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
სამწუხაროდ, პოლიტიკურ სისტემებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ხორციელდებოდა, ამიტომაც პოლიტიკა ძალადობის, აგრესიის მატარებელი იყო. დიპლომატია რომელიც იარაღით არ იყო გამაგრებული სუსტ დიპლომატიად ითვლებოდა. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხალხის ნდობა პოლიტიკოსებისადმი სულ უფრო მცირდება. ამ შემთხვევაში სახალხო დიპლომატია ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი რეალური და ეფექტური საშუალება ხდება.
დღეს ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ე. წ. ,,მრავალარხიანი დიპლომატია“ (multy-track diplomacy), რომელიც კონფლიქტის მოგვარებაში მრავალი განსხავებული საშუალების გამოყენებას გულისხმობს, მოიცავს რა, როგორც მთავრობის, ასევე პრესის, მეცნიერების და სხვა სფეროების წარმომადგენლების მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, რითაც უფრო კომპლექსური ხდება. რეალობაში იგი წარმოადგენს სისტემურ მიდგომას, რომელიც სამი კონცეფციისგან შედგება, ესენია: კონფლიქტის ტრანსფორმაცია, მშვიდობის მშენებლობა და მრავალარხიანი დიპლომატია. უკანასკნელში იგულისხმება კონფლიქტის მონაწილე მხარეები და გარემო, რომელშიც ადგილი აქვს ცვლილებებს.
სახალხო და მრავალარხიანი დიპლომატიები კი არ გამორიცხავენ, პირიქით ავსებენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ მრავალარხიანი დიპლომატია თავისთავად შეიცავს სახალხოს. თუმცა ორივე ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ჩემის აზრით ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირველ ეტაპზე აქცენტი სახალხო დიპლომატიაზე უნდა გაკეთდეს. როგორც უკვე ვახსენე, ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა, საერთო ინტერესებზე, ღირებულებებზე, პრობლემებზე ორიენტირება, აუცილებელი პირობაა შემდეგში დადებითი შედეგების მიღწევისათვის. ამგვარი დიპლომატიის ეფექტურობისთვის აუცილებელია ხალხმა დაიჯეროს, რომ სამშვიდობო პროცესი აღარ გადაიზრდება კვლავ ომსა და ძალადობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მშვიდობაზე ორიენტირება შეუძლებელი იქნება. ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთო ინტერესებზე, ორივე მხარისათვის მისაღებ მშვიდობაზე და პრობლემების დადებითად გადაწყვეტაზე.
აუცილებელია ძლიერი, მაგრამ ფრთხილი პროპაგანდა ორივე საზოგადოებაში, რათა აღდგეს ნდობა, კეთილგანწყობა, საერთო ინტერესებზე ორიენტირებისა და ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ ინდივიდთან და მცირე ჯგუფებთან მუშაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნას ფსიქოლოგია და დიდი სიბრძნე, რათა მივაღწიოთ რეალურ, მყარ შედეგებს, რადგან ,,ვიღებთ რა ადამიანს ისეთს როგორიც არის, ამით ვხდით მას უარესს; ვიღებთ რა მას ისეთს როგორიც უნდა იყოს, ჩვენ ვაიძულებთ მას გახდეს ისეთი როგორიც უნდა იყოს“ (გოეთე).
სახალხო დიპლომატია ეფექტური რომ იყოს აუცილებელია პოლიტიკური წრეების პოზიციების მკაფიოდ განსაზღვრა, რათა ის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები არ აღმოჩნდეს ამაო საზოგადოების ზოგიერთი წევრისა თუ პოლიტიკოსის უხეში განცხადებების შედეგად.
საყურადღებოა რომ, თვითონ აფხაზები აღნიშნავენ მათ საზოგადოებაში მშვიდობისადმი მოტივაციის გაჩენის აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვნად გართულებულია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ რწმენა საქართველოს მხარის გულწრფელი სურვილისა მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის მოსაგვარებლად. სწორედ ამიტომ არ არის მათი საზოგადოება მზად მნიშვნელოვანი ინიციატივებისათვის. თუნდაც უკვე აქედან ჩანს აფხაზების სურვილი და განწყობა სიტუაციის გამოსასწორებლად. საქართველომ, თავის მხრივ, ყველაფერი უნდა იღონოს, რათა აღადგინოს აფხაზთა ნდობა. (მსურს კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა ფიგურირებდნენ ისეთი ,,ნეიტრალური“ მხარეები როგორიცაა რუსეთი, რადგან მისი მონაწილეობა კვლავ უნდობლობის და დაძაბულობის ფაქტორი იქნება).
აღსანიშნავია, რომ სახალხო დიპლომატია უკვე რეალურად ამოქმედდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფარგლებში. წამოვიდა ინიციატივები სხვადასხვა ჯგუფებიდან, უშუალოდ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობიდან. ამავდროულად, აღნიშნულ პროცესში ნელ-ნელა ერთვებიან ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები. შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალურად ამ კონფლიქტთან დაკავშირებით მუშაობენ. პროცესში ჩაერთნენ საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივ ორგანიზაციებს არსებული პრობლემების მოგვარებაში, უზიარებენ რა მათ თავის გამოცდილებას და აძლევენ კონკრეტულ რეკომენდაცებს. ასეთი თანამშრომლობა დიდი სარგებლობლობის მომტანია ჩვენთვის, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მსგავსი მუშაობის გამოცდილება.
სამოქალაქო ინიციატივები ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ, ეკოლოგიურ, განათლების, ადამიანის უფლებების მონიტორინგის საკითხებს. ასევე სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას. ასეთი ხასიათის შეხვედრები და ღონისძიებები ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას და ჩამოყალიბებული ნეგატიური სტერეოტიპების ნგრევას, ახალი იდეების, მიდგომების ძიებას კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობისათვის. ეს პროცესები, როგორც მოგეხსენებათ, ცოტა გაჭიანურებულია, რადგან ადამიანების ფსიქიკის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ამ მიმართულებით დიდ ძალისხმევას მოითხოვენ. სახალხო დიპლომატიამ მოსახლეობის ყველა ფენები უნდა მოიცვას. სასურველია, ჩაერთოს საზოგადოების ფართო ფენები. აუცილებელია, მკაფიოდ და კონკრეტულად დაფიქსირდეს მათი საერთო ნება, ინტერესები და სურვილები. ერთობლივი ღონისძიებები, შეხვედრები, სემინარები, თუ ურთიერთშეთანხმებული იქნება საერთო სახელმწიფო კურსთან, უფრო დიდი გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და მეტად შედეგიანიც იქნება.
ამგვარი მრავალმხრივი ინიციატივები, რომელთაც შესაძლოა სრულიად განსხვავებული ფორმა და შინაარსი ჰქონდეთ, სწორედ მრავალარხიანი დიპლომატიის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ზემოხსენებული პროცესების გააქტიურება პოლიტიკოსებსაც შეუქმნის დადებით გარემოს ოფიციალურ დონეზე შეთანხმებების და კონკრეტული დადებითი გადაწყვეტილებების მისაღებად.
როდესაც საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზად იქნება პოზიტიური ქმედებისათვის და გააქტიურდება ამ მიმართულებით, იგი გავლენას მოახდენს პოლიტიკოსების პოზიციებზეც, რომლებიც შედეგად უფრო შერბილდება. შედეგად, აფხაზ საზოგადოებას აღარ ექნება აგრესიული პოლიტიკის შიში. ასევე ამ ეტაპზე, როდესაც ურთიერთნდობა გაიზრდება და კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება, ალბათ შესაძლებელია ე. წ. მედიატორების - გაერო-ს, ეუთო-ს, დსთ-ს, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. (იქნება ეს ლტოლვილთა საკითხი, ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხები, სოციალური პროგრამები თუ სხვა).
კონფლიქტის მოგვარების პროცესი, რომელიც დაიწყო, როგორც უკვე ვახსენე, პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე და წარიმართებოდა პოლიტიკოსების მიერ, სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. მის გაჭიანურებას, არაფრის მომტან მოლაპარაკებებს, ურთიერთ ბრალდებებს და მუქარებს უარყოფითი შედეგები მოჰყვა. ამგვარი მდგომარეობის გამოსწორება სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, მისი დიდი ძალისხმევით უნდა მოხდეს. თუ ადრე პოლიტიკოსების გავლენით ხდებოდა პროცესების წარმართვა, ახლა პოზიციები შეიცვალა და მთავარი მოქმედი პირი საზოგადოების თითეული წევრი იქნება. თავის მხრივ კი, ყოველი პოლიტიკური ნაბიჯი განსაკუთრებით შედეგიანი იქნება, თუ საზოგადოება მას დადებითად განწყობილი შეხვდება.
დასასრულს, მინდა მოგახსენოთ, რომ საკითხი რომელიც წარმოგიდგინეთ ძალიან დიდი, სერიოზული და მრავლისმომცველია. იგი მოითხოვს მრავალი კუთხით შესწავლას და ღრმა ანალიზს. მე შევეცადე წარმომედგინა მხოლოდ ზოგიერთი გამომწვევი მიზეზები, გამეანალიზებინა პრობლემის ნაწილი და შემომეთავაზებინა საშუალებები, რომლებიც იმედია ხელს შეუწყობენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მყარ ნიადაგს შექმნიან იმისათვის, რომ აღნიშნულმა პრობლემამ კვლავ არ იჩინოს თავი. ერთადერთი პრობლემა ამ მხრივ ისაა, რომ ეს გზა შედარებით დიდ დროს, ძალისხმევას, და მოთმინებას მოითხოვს ყოველი ჩვენგანისგან, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენს ხელთაა და ჩვენს ინტერესებში.
და ბოლოს, მსურს დავასრულო ალბერტ აინშტაინის სიტყვებით, რომელიც გვირჩევს ,,ნუ დაისახავთ ძალზე მარტივ ამოცანებს, ნუ გამოეკიდებით ადვილად მისაღწევ მიზნებს. ინსტიქტიურად უნდა იგრძნოთ, გონების უდიდესი დაძაბულობით რისი მიღწევაც შეგიძლიათ“.
![]() |
7 სამწუხაროდ, ჩვენი მასა ჯერ კიდევ ბურანშია... |
▲ზევით დაბრუნება |
სტუმარი
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორთან ბატონ ალექსანდრე რონდელთან, რომელიც გვესაუბრება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, მის წინაშე მდგარ პრობლემებსა და პერსპექტივებზე, რუსეთთან ურთიერთობებსა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე. ინტერვიუს უძღვება კახა ოქროჯანაშვილი.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათი წლის შემდეგ, თქვენი აზრით, რამდენად უკეთესი ან უარესი გახდა პოსტსაბჭოთა პატარა ქვეყნების საერთაშორისო მდგომარეობა?
რა თქმა უნდა, უკეთესი გახდა, პირველყოვლისა იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში მეტნაკლებად რაღაცის მსგავსი პოლიტიკური ელიტა იქმნება. ყოველ შემთხვევაში, ბირთვი ამ პოლიტიკური ელიტისა უკვე შექმნილია და გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებაც არის შეძენელი. ამიტომ, თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებში არის ის ხალხი, რომელიც უკვე კარგად ერკვევა საერთაშორისო ვითარებაში, რეგიონულ ვითარებაში, ერკვევიან რა არის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ესმით გრძელვადიანი ამოცანები, თავისათავად იმას ნიშნავს, რომ ვითარება ამ ქვეყნებისა უკეთესია. რაც შეეხება საერთაშორისო სისტემას, მე მგონი, ამ მხრივაც დადებითი ძვრებია, იმიტომ, რომ ჰეგემონი ფაქტობრივად არის ქვეყანა, რომლის განცხადებული ფასეულობები არის დემოკრატიული. ეს ჰეგემონი არ არის იმპერიალისტი (შეერთებული შტატები იმპერიული ძალაა, მაგრამ არა იმპერიალისტური), ამიტომ, არასოდეს ასეთი ხელსაყრელი პირობები პატარა ქვეყნისთვის, რომ გადარჩეს, იარსებოს და განვითარდეს, ისტორიაში აქამდე არ ყოფილა.
თვქენ ახსენეთ, რომ ყალიბდება პოლიტიკური ელიტები პატარა ქვეყნებში, მაგრამ ეტყობა ყველგან ერთნაირად არ ყალიბდება. მე ეს კითხვა ბატონ ლადო პაპავასაც დავუსვი, რომლმაც საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაგვცა, მაგრამ თქვენი თვალთახედვით, თითქმის ერთნაირი სასტარტო პირობების მიუხედავად, რატომ მოხდა ჩვენი მკვეთრი ჩამორჩენა ბალტიის ქვეყნებისაგან.
ჩვენ, ქართველებს ხანდახან გვრცხვენია ან გვეშინია, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ჩვენი ხალხების კულტურაში დიდი სხვაობაა. ბალტიის ქვეყნების კულტურა განსხვავებული, ევროპული კულტურაა, სხვა ფასეულობებზეა აგებული. ეს კულტურა ეყრდნობა კანონმორჩილებას. ჩვენი კულტურა, მართალია, არის ძველი კულტურა და ძალიან განვითარებული, მაგრამ კანონმორჩილებას არ ეყრდნობა. ამიტომ, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესები ჩვენთან უფრო ნელა მიმდინარეობს და გარანტიებიც არ არის იმისა, რომ ეს მოხდება. იქ ეს თითქოს თავისთავად მოხდა. ამიტომ, ჩვენ ნუ შეგვეშინდება და სიმართლე ვთქვათ. ჩვენი კულტურა საკმაოდ ძველია, მაგრამ ჩვენს ხალხში კანონმორჩილება არ არის ის ფასეულობა, ის საყრდენი, რასაც კულტურა უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, კულტურა, რომელიც კანონმორჩილებას არ ეფუძნება, ის ვერ გადარჩება. ამიტომაც არის დიდი სხვაობა. მე ვერ ვიტყოდი, რომ სასტარტო პირობები ერთნაირი გქვონდა. მათი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ყოფითი კულტურა უფრო შეესაბამებოდა და შეესაბამება ახალგაზრდა ქვეყნის შემქმნის ამოცანებს. ჩვენი კი, სამწუხაროდ, არ შეესაბამება. ჩვენთან ხანდახან ეშინიათ ამის პირდაპირ თქმა. ჩვენი მრავალხმიანი საუკეთესო სიმღერა და მუსიკა, ცეკვა თუ ძველი დამწერლობა, ეს არის ფანტასტიკური კულტურა, მაგრამ, მარტო ეს არ ქმნის კულტურას. კულტურას ქმნის სხვა ელემენტებიც, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ გვაკლია, უპირველესყოვლისა კი კანონმორჩილება. ამიტომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ სასტარტო პირობები ერთი და იგივე გვქონდა. ისინი თავიდანვე წინ იყვნენ ჩვენზე და შედეგებმაც არ დააყოვნა.
თქვენ ბოლო წიგნში - ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სსიტემაში“ - ხშირად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს ,,არშემდგარ ქვეყანას“, ,,მუტანტს“, ,,კვაზისახელმწიფოს“ უწოდებთ...
წიგნში მე საქართველოს პირდაპირ არ უწოდებ ამას, მაგრამ ტექსტიდან გამომდინარე, ასე ჩანს. მე, როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, არ მსიმოვნებს, რომ ჩემს ქვეყანას ,,არშემდგარი სახელმწიფო“, ან ,,მუტანტი“ ვუწოდო, მაგრამ როცა ასეა, რა ვქნა? ამიტომაც, ამ საკითხებს ვარჩევ წიგნში, როდესაც ვეხები პოსტსაბჭოურ, ახალი ტიპის ქვეყნებს. ზოგჯერ საქართველოზე პირდაპირ ვამბობ ამას, მაგრამ სხვები რომ ამბობენ, არც ის მსიამოვნებს. ისევ ჯობია, მე ვთქვა. სხვები ამბობენ, მაგრამ ჩვენ, ქართველებს გვეშინია ამის თქმა. როცა რაღაცა გჭირს, ზოგჯერ უმჯობესია, დიაგნოზი შენ თვითონ დაისვა, ვიდრე სხვამ დაგისვას.
ასეთ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ძალზე სუსტია, როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა? რამდენად ინსტიტუციონალიზებულია ეს, თუ ისევ ცალკეულ პიროვნებებზეა დამოკიდებული?
საგარეო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას, ბევრი მარტივი რამ არის გაუგებარი, მაგალითად, შეიძლება თუ არა დაგეგმო საგარეო პოლიტიკა? ეს ხომ ძალიან მარტივი კითხვაა, მაგრამ თეორიიდან ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე მარტივი პასუხი არა აქვს. ასევეა აქაც. ჩვენში კონსტიტუციით პარლამენტია საგარეო პოლიტიკის წარმმართველი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში და არის ისეთი პიროვნება, როგორიცაა შევარდნაძე - ფაქტობრივად ყველაზე გამოცდილი დიპლომატი, ფანტასტიური საგარეო კავშირებით - ეს აუცილებლად უკარნახებდა ამ ქვეყანას, რომ მისი პოლიტიკური ელიტა უნდა ყოფილიყო შევარდნაძის პიროვნებისა და მისი საგარეო პოლიტიკური ხედვის გავლენის ქვეშ. ყოველ ქვეყანაში თავისებურად ხდება ეს. ჩვენ ქვეყანაში კი საგარეო პოლიტიკა შევარდნაძის პრიორიტეტი იყო, თუმცა ჩვენი პარლამენტი ყოველთვის საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა ამაში. ვინაიდან მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ იმ პროცესში, თუ როგორ ხდება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების განსაზღვრა და პოლიტიკის წარმართვა, ვიტყოდი, რომ ეს, საბედნიეროდ, ერთპიროვნულად მაინც არ ხდება, რაც საკმაოდ ნორმალურია ჩვენი ქვეყნისათვის. უნდა ითქვას, რომ ხალხის აზრსაც გარკვეულწილად ითვალისწინებენ. ჩვენ შეიძლება პირდაპირ ვერ დავინახოთ, მაგრამ ეს ასეა. თუმცაღა, სინამდვილეში, ჩვენი მოსახლეობა პრინციპში ემხრობა იმ პრიორიტეტების განსაზღვრას, რომელიც არის და ემხრობა იმ კურსს, რომელიც არჩეულია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. შემდეგ მოდის ე. წ. ,,საგარეო პოლიტიკური ელიტა“, რომელიც მოიცავს ჟურნალისტებს, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს, ვინც პირდაპირ თუ არაპირდაპირ არიან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკასთან, და არასამთავრობო ორგანიზაციებს. საბოლოო ჯამში, საგარეო პოლიტიკური ელიტა არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს და ქმნის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს. ამ ელიტაში პირველ კაცად შედის პრეზიდენტი, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი - რამდენიმე კაცი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული ამაში. მაგრამ სწორედ ეს საგარეო პოლიტიკური ელიტა არის ის, რომელიც ძერწავს ამ შეხედულებებსა თუ იდეოლოგიას. თუმცა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე კაცი წარმართავს საგარეო პოლიტიკას, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებშია მიღებული. ვინაიდან ვიცი, თუ როგორ ხდება ეს, მე ვიტყოდი, რომ საგარეო პოლიტიკის წარმმართველ უწყებათა შორის ყოველდღიური თუ ყოველკვირეული შეხვედრებისას, ხდება საერთო აზრის გამომუშავება. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხდება ხალხისაგან მოწყვეტილად. სინამდვილეში, თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ყოველდღიური დებატები ტელევიზიასა თუ პრესაში არის საგარეო პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელშიც ხანდახან თვითონ ვმონაწილეობთ და ხანდახან გვავიწყდება, რომ აქტიური მონაწილეები ვართ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ შევარდნაძის პიროვნების მნიშვნელობა და წონა, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პროცესში არის ძალიან დიდი, ხანდახან უფრო დიდი, ვიდრე ჩვენი ტიპის პატარა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს შეიძლება შეეფერებოდეს. ბუნებრივია, მისი გამოცდილებისა და პიროვნების, ასევე საქართველოს სპეციფიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ბოლო წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ნათლად გამოიკვეთა, რასაც ვერ ვიტყვით დამოუკიდებლობის ადრეულ წლებზე. რამდენად ნათლად აქვს ჩვენს ხელისუფლებას იგი გათვითცნობიერებული და თუ აქვს, რატომ არ ხდება მისი ოფიციალურად დეკლარირება, ვგულისხმობ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას?
ჯერ ერთი, სიტყვა ,,ხელისუფლებაში“ ვგულისხმობ სულ რამდენიმე კაცს. ზოგიერთი, ჩემის აზრით, ხელისუფლებაში რომ არის, ეს, ცოტა არ იყოს, საჩოთირო საკითხია. მათ რა ხედვა აქვთ და საით იხედებიან, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში, მათი საქმიანობა ამას გვიჩვენებს. ჩვენში სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ არ იყო გამოკვეთილი ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი. ჯერ ერთი, პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ ,,ხორცსაკეპ მანქანაშია“ მოხვედრილი, როგორიც კავკასიაა, ცოტა ძნელია გამოკვეთილი კურსის განცხადება, რადგან შეიძლება ხვალ სულ სხვა რაღაცეები მოხდეს და მას მოუწიოს ისეთი კომპრომისების მიღება, რომელიც მძიმე ასატანი იქნება საზოგადოებრივი აზრისათვის, რომელმაც უკვე გარკვეული განცხადებები გააკეთა ან რაღაც გაითავისა. მეორე, ჩვენი ელიტა არ იყო მზად იმისათვის, რომ გამოემუშავებინა საგარეო პოლიტიკური კურსი. ამას წლები დასჭირდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ არმიის შექმნას, ხანდახან საუკუნეები, ბრძოლები და გამარჯვებები სჭირდება. არმიას სჭირდება ტრადიცია და გამარჯვების ტრადიცია სჭირდება. ამიტომ არსებობენ მებრძოლი და ტრადიციულად სამხედრო ერები და არასამხედრო ერები. ჩვენ, სამწუხაროდ, სამხედრო ერი არა ვართ. თუმცა, ჩვენი ისტორია სულ ბრძოლაა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ არმიის შექმნა ძალიან გაგვიჭირდა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ნათელია, რომ ჩვენი ელიტა და ქვეყნის ხელმძღვანელობა, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან ილტვის დასავლეთისკენ. ეს მის დიპლომატიურ საქმიანობაშიც ჩანს, ბევრ დოკუმენტსა და განცხადებაშიც ჩანს. გარდა ამისა, იმ დასავლური კრედიტებისა და დახმარებების მოცულობა რომ აიღო, ბუნებრივია, დასავლური ორიენტაცია უნდა გქონდეს. 90-იანი წლების შუა წლებიდან გამოიკვეთა ჩვენი ხელმძღვანელობის მცდელობა, რომ რაც შეიძლება შემცირებულიყო რუსეთზე დამოკიდებულება უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში და ეს ხშირად დაახლოებით ერთი და იგივეა. ეს აბსოლუტურად გასაგებია, რადგან პატარა ქვეყნისათვის დიდი ქვეყნის მეზობლობა ხშირად ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან რთულია ამისაგან თავის დაღწევა. თუნდაც კარგი, კეთილისმყოფელი მეზობელი იყოს, მაინც მასზე მთლიანად დამოკიდებული არ უნდა იყო. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლებას არც უნდა უკვირდეს (და პრინციპში არც უკვირს), რომ ცალმხრივი დამოკიდებულება და დაქვემდებარება შევამციროთ და ეს თურქეთთან და დასავლეთთან ურთიერთობით გავაწონასწოროთ. გარდა ამისა, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ორმაგი სტანდარტია და სინამდვილეში, ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოებრიოებისთვის დამანგრეველი მტრული და იმპერიალისტური პოლიტიკაა (ხაზს ვუსვამ, იმპერიალისტური და არა იმპერიული), რაც გვაიძულებს, რომ პროდასავლური კურსი ავირჩიოთ. პროდასავლური კურსი ხადახან არასწორად გამოიყენება. მეც არ მომწონს სიტყვა ,,პროდასავლური“. მე ვიტყოდი, რომ ეს დასავლეთის ქვეყნებზე, დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული კურსია. მინდა ხაზი გავუსვა ამას, რადგან ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილი ნოსტალგიას იჩენს საბჭოთა კავშირის მიმართ. ეს მოკლე ჭკუის ბრალია, რადგან საბჭოთა კავშირი დაინგრა. ის უნიკალური პირობები, რომელშიც საქართველო მონოპოლისტი გახლდათ, რომელიც ,,ძღებოდა“ და ,,სუქდებოდა“ საბჭოთა კავშირის, როგორც დახურული ბაზრის ხარჯზე და ეს სრულებით უნიკალური სახელმწიფო, რომელშიც მოგვეცა რაღაც შეფარდებითი პირობები და სხვებთან შედარებით აბსოლუტური ეკონომკური უპირატესობა გვქონდა (რაც, სხვათა შორის, ვერ შევირგეთ), აღარ განმეორდება. რუსეთი გახსნილია, იქ სულ სხვა ეკონომიკური პირობებია და ამიტომ ისევ ის მეთოდები და ის მომენტები აღარ გამოგვადგება, თუნდაც რომ ისევ კარგად ვიყოთ რუსეთთან. ამიტომ ნურავინ ელის იმას, რომ საქართველო ისევ ისეთ ,,პარაზიტულ“ ცხოვრებას წარმართავს, როგორც ეს ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. ამ სიტყვის ნუ შეგვეშინდება! პარაზიტებად ვიქეცით საბჭოთა კავშირის დროს და ეხლა ვიმკით შედეგებს. თუმცა ბევრი რამე კარგიც იყო, თუნდაც ის, რომ დიდი ქვეყანაში ვიყავით, მეცნიერება განვითარდა, განათლება განვითარდა. ეხლა ჩვენ ეს ყველაფერი ხელიდან გვეცლება და იმ ფორმას ვღებულობთ, რაც რეალობაში უნდა ვიყოთ. ეს ცოტა მძიმე და მწარეა. ჩვენი პოლიტიკური კურსი უფრო გამოკვეთილი გახდა ბოლო წლებში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადდა დოკუმენტი - ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“, რომელიც გავრცელდა 2000 წლს საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში და სადაც პირდაპირ არის დეკლარირებული, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება. ამ დოკუმენტს ხელს არავინ აწერს და ბევრი კითხულობს, თუ რატომ ხდება, რომ ასეთი მოკრძალებული დოკუმენტი მომზადდა და ისიც მხოლოდ 2000 წელს. ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს: ჯერ ერთი, აქამდე ჩვენ ბოლომდე კონსესუსი არ გვქონდა ქვეყანაში, ბოლომდე არ ვიცოდით, რა გვინდოდა და გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არ უნდოდა რუსეთის გაღიზიანება - გაუღიზიანებელი რუსეთი რას გვიშვება და გაღიზიანებული რას გვიზამს?! ბუნებრივია, ცდილობდნენ, რომ საქმე ეკეთებინათ. ამასობაში, ჩვენ ევროპის საბჭოს წევრი გავხდით, ნატო-ს ,,პარტნიორობა თანამშრომლობისათვის“ პროგრამის აქტიური მონაწილე გავხდით, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვა პროგრამებში, რომელიც დასავლეთში ჩვენი ინკორპორირების იმედებს გვინარჩუნებს და ლოგიკურად მიმაჩნია, რომ არ გაკეთებულა დიდი განცხადებები და არ შექმნილა დოკუმენტები. აქვე, შეიძლება კაცმა იკითხოს - თუკი ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია არსებობს, რატომ არა აქვს ეროვნული უსაფრთხოების პრორიტეტები განსაზღვრული და დოკუმენტი მიღებული? ჯერ ერთი, არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ეს არა აქვთ. არ არის აუცილებელი გქონდეს ეროვნული უშიშროების კონცეფცია. ჩვენში ეროვნული უშიშროების კონცეფცია მზადდება. თავისთავად, მასზე მუშაობამ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გამოაჩინა. გამოაჩინა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ბირთვი ხალხისა, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე, აქვს კარგი გამოცდილება, აქვთ ამ საკითხების თანამედროვე გაგება, აქვთ ძალიან კარგი კონტაქტები ეროვნულ უსაფრთხოებაში უცხოელ სპეციალისტებთან, და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი თემი ჩამოყალიბდა საქართველოში, რომელსაც შეუძლია ასეთი დოკუმენტის მომზადება. მაშინ იკითხავთ, თუ რატომ არ არის ეს დოკუმენტი მომზადებული? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამის მომზადების სხდადასხვა ვარიანტებია მომზადებული და ის, ვინც ეს დოკუმენტი უნდა აღიაროს, როგორც საბოლოო ვარიანტი, ისინი აძლევენ აღნიშნული დოკუმნეტის დახვეწის საშუალებას მათ, ვინც ამ დოკუმენტს ამზადებს. იმართება კონსულტაციები ბალტიის ქვეყნებთან, რომლებმაც ამგვარი დოკუმნეტი უკვე მიიღეს, დასავლეთის სხვადასხვა სპეციალისტებთან. ჩემი აზრით, კაცმა რომ ნახოს ის, რაც კი არის გაკეთებული და დაწერილი, საკმაოდ კარგი გამოცდილება, რათა კარგად გავაცნობიეროთ, თუ საით მივდივართ, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და სხვა და სხვა. კონცეფცია ალბათ ძალიან დიდი არ იქნება, მაგრამ მასზე მუშაობამ საკმაოდ განავითარა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში აზროვნება და საგარეო პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი. უფრო და უფრო მეტად არის გამოკვეთილი ჩვენი დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკა. თუმცა, ვიტყოდი, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ამაზე ბევრი არ ,,იყვიროს“. ჩვენ მაინც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საშინელი წნეხის ქვეშ ვართ. თუმცა, პრაღაში ჩვენმა პრეზიდენტმა ეს საქვეყნოდ გაახმოვანა. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას და ალბათ 2005 წელს, როდესაც დასრულდება შევარდნაძის ერა, იქნება კი შემდეგი პრეზიდენტი პროდასავლური? მე მაინც ვფიქრობ, რომ, თუ ქვეყანამ ეროვნული უშიშროების დოკუმენტი მიიღო და უკვე ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან ხელშეკრულებების სახით, არა მგონია, ამგვარი ცვლილებები ა ვიღაცამ მოახდინოს. მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, მას ისეთი ავტორიტეტი და კონტაქტები დასავლეთთან არ ექნება, როგორც შევარდნაძეს აქვს და მისთვის საკმაოდ ძნელი იქნება რუსული დაწოლის გაძლება. საინტერესო ის არის, თუ რა სახის დაწოლა იქნება და თვითონ რუსეთი რა იქნება მაშინ. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთიც ტრანსფორმირებას გადის. ეს დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რა დამოკიდებულება ექნება რუსეთს დასავლეთთან. თბილისიდან რუსეთი უფრო საშიში ჩანს, ვიდრე ეს დასავლეთისთვისაა. დასავლეთისთვის რუსეთი საშიში აღარ არის. როდესაც აშშ ყოველწლიურად იხდის ერთ მილიარდ აშშ დოლარს რუსული ბირთვული იარაღის უსაფრთხო შენახვისათვის, ჩვენი მეზობლის რომელ სიძლიერეზე შეიძლება იყოს საუბარი?
რატომ ხდება, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსში დეკლარირებული მიზნები, ანუ დასავლური ფასეულობების აღაირება, ხშირად ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ვერ ან არ მუშაობს, ხომ არ არის ეს ,,ორ დაფაზე“ თამაშის შებრუნებული ვარიანტი?
ესეც არის, მაგრამ არის მეორე მხარეც. ჩვენი ხალხი ბუნებით ოპტიმისტია, ხანდახან პათოლოგიური ოპტიმისტიც, თუმცა, იამვდროულად ცინიკოსი. ეს ჩვენი დამახასიათებელი ნიშანია: ხუმრობა, ცინიზმი, ნიჰილიზმი, მაგრამ თან ოპორტუნიზმი. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ჩვენი ოფიციალური პირები და იმდროინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ვინც კი მაშინ ქუხდა (მაშინ ყველა ქუხდა), ყველა ამბობდა და ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტიც დარწმუნებული იყო, რომ 3-4 წელიწადში ჩვენ გავხდებოდით შვეიცარია ან ავსტრია. პორტუგალიას ვინ გაბედავდა? როდესაც პუტინმა შარშანწინ აღიარა, რომ რუსეთს კიდევ 15 წელიწადი დასჭირდება, რომ პორტუგალიის დონემდე მივიდეს, ბევრმა ეს მიიღო როგორც ფანტასტიკა. ჩვენ ამდენი ვაჟკაცობა არ გვყოფნის, რომ ეს ვაღიაროთ. ჩვენ ისევ შვეიცარიას ვეპოტინებით. ამიტომ ჩვენი მოსახლეობა მოელოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევა და ჩვენი მარგანეცით, ჩაით და ბორჯომით შევძლებთ ქვეყნის აშენებას. ჩემი კოლეგები, დიდი რანგების პატრონები და ცნობილი ხალხი, ამას ამბობდნენ და როდესაც შენს აზრს გამოთქვამდი, რომ ეს ასე არ არის, მაშინვე კრემლის აგენტობას გაბრალებდნენ. საკითხის დაყენებაც კი სირცხვილი იყო, რადგან არაეროვნულად მიიჩნეოდა. დღეს აღმოჩნდა, რომ დამოუკდებლობა უფრო ძნელი რამ არის, ვიდრე ხალხს ეგონა. გარდა ამისა, ჩვენი დამოუკიდებლობა დაემთხვა ჩვენს დასავლეთის ფასეულობებზე ორიენტაციას და იმ დიდ დახმარებებს, რომელიც ჩვენ დასავლეთისაგან მივიღეთ (რომელიც ძალიან ბევრმა შეირგო). სხვათაშორის, მოლოდინები, რომელიც დასავლეთთან დაკავშირებით ჰქონდათ, აუსრულდათ. უმრავლესობას კი არ აუსრულდა. ამიტომ არის, რომ ხელისუფლება ძალიან დიდ რეკლამირებას უწევს პროდასავლურ ორიენტაციას, მაგრამ მოსახლეობისთვის დასავლეთთან კავშირი ასოცირდება სიღატაკესთან, კორუფციასთან, უსაფრთხოების შეგრძნების დაკარგვასთან და სხვა და სხვა. ამდენად, გასაგებიც არის, რომ ხელისუფლება ცდილობს, არ მოახდინოს ამის მაინცდამაინც დიდი დეკლარირება. ეს არის ორ დაფაზე თამაში. სხვათაშორის, დასავლეთის მთავრობები ძალიან შეწუხებულნი არიან ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ცუდი ხასიათის ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ კლასიკური მაგალითია, რასაც ეხლა მოგახსენებთ. ვერავინ უარყოფს იმას, რომ საქართველომ და თავად რუსეთმაც დამოუკიდებლობა მიიღო შეერთებული შტატების არსებობის და მისი ძლიერების გამო. რომ არა ეს, საბჭოთა კავშირი რა იქნებოდა, კაცმა არ იცის. საქართველოში ვერავინ უარყოფს იმასაც, რომ დღემდე თუ დამოუკიდებლები დავრჩით, ესეც პირველყოვლისა აშშ-ის დამსახურებაა, თუ არა მთლიანად. ის, რომ შიმშილი და კიდევ სხვა ბევრი უბედურება არ იყო, ესეც მათი დამსახურებაა. ეს ყველაფერი მივიღეთ, კარგად შევითვისეთ, მაგრამ ეხლა მაინც აშშ-ის უმადურები ვართ. ჩემი აზრით, ეს უკიდურესი უმადურობა, უკიდურესი უნამუსობა და გარდა ამისა, პოლიტიკური აზროვნების უკიდურესად დაბალი დონეა. შე კაი დედ-მამის შვილო, თუ გინდოდა დამოუკიდებლობა და რუსეთთან ჭიდილი, ეს ქვეყანა გეხმარება და ცოტა მადლიერება მაინც გამოიჩინე მის მიმართ. მართალია, შენმა ხელისუფლებამ ეს დახმარება ისე ეფექტიანად ვერ გამოიყენა და საკუთარ ჯიბეზე უფრო მეტი იფიქრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკმაყოფილო იყო იმ ქვეყნისა, რომელმაც ამდენი გაგიკეთა. ჩვენში ეს მომენტი ჩემთვის ცოტა მძიმე და გაუგებარია და ვიტყოდი, რომ ჩვენი ხალხის კარგ თვისებებზე არ მეტყველებს.
თქვენ ბრძანეთ, რომ თბილისდან რუსეთი უფრო საშიში ჩანსო. მართლაც ხომ არ ხდება ამ თემის მეტისმეტი დრამატიზება და რა შეიძლება ამ მხრივ საქართველომ მოიმოქმედოს?
ერთხელ აიათოლა ხომეინის ჰკითხა ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა: რატომ არის, ამერიკაზე სულ ცუდს რომ ლაპარაკობო? ხომეინიმ უპასუხა: ერთხელ გველი რომ გიკბენს, მერე თოკს რომ დაინახავ ისიც გველი გგონიაო. შესაძლოა, ეს მთლად კარგი მაგალითი არ იყოს, რადგან ჩვენ რუს ხალხთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენი ხალხების ურთიერთობა საუკუნოვანია, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობა, სულ რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კარგი არასოდეს ყოფილა. ცოტა ხნით იყო კარგი, როდესაც რუსეთს საქართველოს ხელში ჩაგდება სჭირდებოდა, რასაც შემდეგ მოჰყვა ძალადობა, აგრესია, დაწოლა და დღესაც ასე გრძელდება. ჩვენი ხალხი კი პირიქით. ასეთი პრორუსულად განწყობილი ხალხი, მე მგონი, მთელს ,,დუნიაზე“ მეორე არ არის. რუსებს მთელს თავის შემოგარენში არავინ ჰყავს უფრო ერთგული. მე მიკვირს კიდეც და ალბათ ჩვენ ჩვენი თავმოყვარეობაც დაჩლუნგებული გვაქვს, რადგან ამდენი ძალმომრეობისა და ყოველდღიური შანტაჟის მიუეხედავად, ისეთი ქვეყანის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ოკუპანტია (ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს და კიდევ რამდენიმეზე ცდილობს, რომ იქაც მსგავსი რამ გააკეთოს), მაინც ნორმალურად განწყობილები ვართ და ვცდილობთ კარგი ვილაპარაკოთ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ უთავმოყვარეობა. მაგრამ რას იზამ, პოლიტიკაში სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენი ხელისუფლება რომ ,,გაიბუტოს“, ამით საქმე არ გაკეთდება, თორემ ,,გაიბუტებოდნენ“. მაგის ოსტატები კი ვართ ქართველები. ჩვენთვის რუსეთის ფაქტორი ძალიან ძლიერი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იყო, არის და ალბათ დიდხანს იქნება სანამ რუსეთი იარსებებს. ჩვენს ინტერესებში შედის ძლიერი, ,,ჯანმრთელი“, დემოკრატიული რუსეთი, თუმცა შეიძლება იკითხო: შეიძლება კი, არსებობდეს ,,ჯანმრთელი“ რუსეთი? რომელ ქვეყანას მოეპყრო რუსეთი თავის სამეზობლოში ისე, როგორც საქართველოს? რომელს გაუბედა ის, არცერთს მოლდოვას გამოკლებით - არცერთს. რატომ? ამ დროს, რუსები ამბობენ, რომ ძალიან გვიყვარხართო, რაც, რა თქმა უნდა, სასაცილოა და უბრალოდ ცინიზმია. რუსეთი ამას აკეთებს, რადგან, პირველყოვლისა, ჩვენ საკვანძო ქვეყანა ვართ. ეს მართლაც ასეა. ხანდახან ზედმეტადაც ვაფასებთ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ თუ კავკასიის კონტროლი გინდა, კონტროლი უნდა გქონდეს საქართველოზე. შემდეგ, თუ თურქეთის ექსპანსია გინდა შეაჩერო და ჩრდილოკავკასიის კონტროლს, შუააზიის ბოლომდე შენარჩუნებას აპირებ, აზერბაიჯანის კონტროლი და დასავლეთისგან მისი იზოლაცია გინდა და ასევე სომხეთთან, შენს უახლოეს მოკავშირესთან ურთიერთობა და მისვლა გინდა, საქართველოს უნდა აკონტროლებდე და ა. შ. გარდა ამისა, რუსეთს ყოველთვის ჰქონდა თბილ ზღვებზე გასვლის და კონტროლის სურვილი და აქედან შუა აღმოსავლეთზე გასვლის სურვილი. აი, ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, პირველხარისხოვანი მომენტებია ყველა ქვეყნისთვის და მითუმეტეს რუსეთისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი და მისი პოლიტიკური კულტურა გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული აზროვნებით არის გამორჩეულად დამძიმებული და არა ეკონომიკური აზროვნებით (ანუ მათ ეკონომიკური კონკურენციის გამოცდილება არა აქვთ, მათ შეუძლიათ მხოლოდ ძალის გამოყენება), ეს ბუნებრივად მოჩანს. გინახავთ სადმე ევროპაში, რომ რომელიმე ქვეყანა მეზობელი ქვეყნის ორ ტერიტორიას აკონტროლებდეს და კიდევ მას ადანაშაულებდეს, აგრესორს უწოდებდეს და ამბობდეს ჩემს მიმართ ცუდად იქცევაო? გამოდის რუსეთის დუმის თავმჯდომარე, გამოდიან მათი კომიტეტების თავმჯდომარეები და ამბობენ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ,,ბედავს“ ანტირუსული პოლიტიკის გატარებას. როგორც ქართველი, მე სიამაყით ვივსები, რომ ,,აი, რას ვბედავთ“, მაგრამ ეს ხომ სასაცილოა? ეს ისინი ბედავენ და კიდეც აღწევენ, თორემ ჩვენ რას ვბედავთ? რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ აშკარაა. ფაქტია, რომ მათ ჩვენი ტერიტორია სჭირდებათ. არა ქართველები, არამედ ჩვენი ტერიტორია! გეტყვით იმასაც, რომ არც აფხაზები და არც ოსები არ სჭირდებათ რუსებს და ეს ტერიტორიები უბრალოდ უნდათ ხელში ძალით და მუქთად ჩაიგდონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ისტორიულად მათი გავლენის სფეროა და მათი მიწაა. პირდაპირ რომ კითხო, გეტყვიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა. შეიძლება ეს ჩვენ პირში არ გვითხრან, მაგრამ სხვებს ეუბნებიან. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ისტორიულად ერთად ვიყავით, ჩვენი გავლენის სფერო იყო და ეხლაც გვაქვს ჩვენი ინტერესებიო. ამას წინათ აქ ზატულინი და მიგრანიანი იყვნენ. მიგრანიანი უფრო ამპარტავანი კაცია. ზატულინი უფრო მოქნილი კაცია და გაქნილიც და მათ პირად საუბარში პირდაპირ გვითხრეს (ტელევიზიაში უფრო სხვა რამ იყო აფიშირებული), რომ ჩვენი ინტერესები ასეთია და ჩვენ შევეცდებით ჩვენი ინტერესები ბოლომდე გავიტანოთო. რაც გაგვდის, იმას ვაკეთებთო და თქვენ ვერსად ვერ წახვალთო, ჩვენი ინტერესები უნდა გაითვალისწინოთო. მაგრამ მათი ინტერესების ოპტიმიზაცია ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, რომელზეც ჩვენ ვერ წავალთ, ამიტომ აქედან გასაგებია, რატომაც არის ჭიდილი. ჭიდილი ,,დავითის და გოლიათისო“ ვერ ვიტყოდი - ის კი არის ,,გოლიათი“, მაგრამ ჩვენ ,,დავითი“ მაინცდამაინც ვერა ვართ, თორემ ,,დავითი“ რომ ვიყოთ, რა გვიჭირს?
ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან რთული. კიდევ უფრო გართულებული იმით, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ და ალბათ, რუსეთი ამდენს იმიტომ ბედავს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენ იმდენად სუსტები ვართ, რომ გაუვა ეს ყველაფერი. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ მრავალეროვნული საზოგადოება ვართ. ჩვენ უფრო სუსტები უნდა ვიყოთ, ვიდრე რომელიმე ჰომოგენური სახელმწიფო, მაგრამ თუ ჩვენთან დემოკრატიული ტრადიციები განვითარდა და მოვახერხეთ სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, მაშინ ყველა ის ეროვნება, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, დაინტერესებული იქნება შეინარჩუნოს ქვეყანა, რომელშიც თვითონ ცხოვრობს და ის, პირიქით, ჩვენი სიმტკიცის გარანტიც იქნება. მთავარია, ჩვენ ვისწავლოთ მათთან თანამშრომლობა და ურთიერთობა. სამწუხაროთ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ.
რამდენად შესაძლებელია ეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ისეთ მრავალრიცხოვან დიასპორებს, როგორიცაა თუნდაც სომხური და აზერბაიჯანული, რომლებიც, შესაბამისად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში ცხოვრობენ. ეს ხომ არ გააძნელებს ამგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას?
მე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გაჭირდეს, მაგრამ ამას ხელს შეუწყობს ის, რაც აქამდე არ ყოფილა - გლობალიზაციის პროცესი - და გარდა ამისა ის, რომ ეკონომიზაციის პროცესი ხდება მსოფლიოში. დღეს ის დრო აღარ არის, როცა ძალისმიერი მეთოდები მოქმედებდნენ. ძველი რეალიზმის პოლიტიკა ნელ-ნელა ქრება. ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ მომკვდარა, მაგრამ ნელ-ნელა კვდება. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ყველა ჩვენს მეზობელს სჭირდება ჰქონდეს გახსნილი საზოგადოება და გახსნილი რეგიონი, რომელშიც ის იქნება თავისუფალი, ისეთივე, როგორც სხვები. კარჩაკეტილობა დღეს შეუძლებელია. ამიტომ, დღეს ყველამ ის ნორმები უნდა მიიღოს, რომელიც უნივერსალური ნორმებია. მე არ ვამბობ, რომ ძლამომრეობა არ იქნება. ძალმომრეობა დარჩება, მითუმეტეს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ის ინერცია აქვს, რომ ეს გაგრძელდება, მაგრამ თუ მართლაც მოვახერხეთ დემოკრატიული ნორმების ჩვენში დანერგვა, ძალიან წინ წავალთ. ამიტომ არის, რომ რუსეთი ყოველთვის ეხმარებოდა არადემოკრატიულ პარტიებს საქართველოში. საინტერესო რამ არის, არა? ქვეყნა, რომლის ხელისუფლებაც კომუნისტურ პარტიას არ ეყრდნობა, აქ ეხმარება ასეთ პარტიებს. ე.ი. ინტერესიც კი არა აქვს, რომ ჩვენ განვვითარდეთ. ჩვენში დემოკრატიაზე ლაპარაკმა ცინიკური ხასიათი მიიღო, მაგრამ, მოდით, ვიყოთ გულწრფელი. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მომავალი არა აქვს, თუ ის დემოკრატიული არ იქნება. საქართველო დაიშლება, თუ ის დემოკრატიული არ იქნება. ვინც ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება არადემოკრატიული სახელმწიფო იყოს, ეს ტყუილია. ჯერ-ჯერობით, იმის გამო, რომ დემოკრატიული პროცესი ვერ გახდა წამყვანი, საქართველო დაშლის პროცესშია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია იყოს საქართველოში. მაშინ საქართველო გახდება სტაბილური და სანდო ქვეყანა, რომელშიაც არაქართველებიც დაიწყებენ ფიქრს, რომ მათ ურჩევნიათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და არა ისეთში, როგორიც დღეს არის. ამასთან, ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ხელისუფლებას. ის, თუ როგორ ხდებოდა მოქალაქეობის ჩაწერაზე დებატები, ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ ბევრი რამ მაინც ვერ გავიგეთ. ის მწარე გაკვეთილები, რაც 90-იანი წლების დასაწყისში მოგვივიდა, მაინც ვერ ვისწავლეთ. სამწუხაროდ, ჩვენი მასა ჯერ კიდევ ბურანშია. კიდევ კარგი, რომ ჩვენ დასავლეთი გვეხმარება და როცა საქმე ცუდად არის, ხელს გვაფარებს - ან გადაუდგებიან ჩვენს მოწინააღმდეგეს, ან ჩვენ რაღაცას გვეტყვიან, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რასაც ვიზამდით, ეს კარგად ვიცით. მოდით ნუ მოვიტყუებთ თავს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. შეიძლება ჩვენ რაღაც გვეშლებოდეს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ისინი ძალიან შორს მიდიან თავიანთ მოთხოვნებში. ჯერ ვერც ჩვენ გავიგეთ, რა მოთხოვნები აქვთ. ჩვენ მხოლოდ დაწოლას და შანტაჟს ვხედავთ. მათ უნდათ, რომ აქ დარჩნენ ბატონებად. ჩვენ ამაზე ვერ წავალთ, რადგან აქ მათი ბატონობა ჩვენი არსებობის შეწყვეტას ნიშნავს. ან უნდა იარსებო დამოუკიდებლად, ან საერთოდ არ უნდა იარსებო.
ჩვენ ვისაუბრეთ მეზობელ ქვეყნებზე, მათთან ურთიერთობებზე და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების განვითარება და რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ მიმართულებით?
ყველაფერი შესაძლებელია, თუ კონფლიქტები გადაწყდება. რა თქმა უნდა, რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყარაბაღის კონფლიქტია, მაგრამ არც აფხაზეთის კონფლიქტი გახლავთ ნაკლები მნიშვნელობის. ჩვენ ყოველთვის რუსეთს ვაბრალებთ ყველაფერს და რუსეთიც ყოველთვის დაცინვით უყურებს ამას. მაინც ვთქვათ ის, რომ რეგიონში ყოველთვის იყო ნოყიერი ნიადაგი იმისათვის, რომ ყოფილიყო დაპირსპირება, დესტაბილიზაცია, ეთნიკური კონფლიქტები და სხვ. მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთმა ეს მაქსიმალურად გამოიყენა. მეტიც, გააღვივა ეს ყველაფერი. ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი გაკეთებულია. ჩვენ ვთქვათ, რომ უმეტესწილად მათი ,,დამსახურებაა“. რა იყო რუსეთის მიზანი? პირველ რიგში, დაემონებინა ეს ქვეყნები და ეჩვენებინათ ჩვენთვის, რომ მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მეორეც, მან სიგნალი მისცა დასავლეთს, რომ ესენი არიან ბარბაროსები, არ შეუძლიათ სახელმწიფოების შექმნა და როგორც კი ჩვენ წავალთ, აქ მოხდება სისხლისღვრაო. ამიტომ, უმჯობესია ისევ ჩვენ ვიყოთ და გვაცალეთო. სინამდვილეში ასეც მოხდა. 90-იანი წლების დასაწყისში, დასავლეთმა, ფაქტობრივად, მწვანე შუქი მისცა რუსეთს. მას დასავლეთი ხელს არ უშლიდა, რომ კავკასიაში თავისი წესრიგი დაემყარებინა. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ რუსეთმა ესეც ვერ მოახერხა. იმდენად დაბეჩავებულია ეს საცოდავი, რომ ესეც ვერ მოახერხა! ამ კონფლიქტებთან ერთად მიიღო თავისი კონფლიქტი ჩეჩნეთში, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენ გადაგვარჩინა, თორემ ის ბოლომდე გამოიყენებდა თავის უპირატესობას. როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ რუსეთი ვერც ამ ,,პოლიციელის“ ფუნქციებს ასრულებს და ამის თავი აღარა აქვს, სწორედ მაშინ დაიწყო ჩარევა. გარდა ამისა, გამოჩნდა კასპიის ნავთობი. ამ ორმა ფაქტორმა გადაწყვიტა ყველაფერი. უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ რუსეთმა რეგიონი საერთოდ არ ,,წაშალა“. ამიტომ ის, რომ მოხდა რეგიონში ურთიერთობების ჩიხში შესვლა, გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელიც რუსეთმა აქ გაატარა. რა თქმა უნდა, შეიძლება წინსვლა, მაგრამ ისეთი რაღაცეებია გაკეთებული და რეგიონსაც იმგვარი ისტორიული თავისებურებები ახასიათებს, რომ ამ ანარქიამ და დესტაბილიზაციამ რეგიონული თანამშრომლობა ჩიხში მოაქცია. მაგრამ დღესაც არის ამის საშუალებები. თუმცა, რეალურად ვერ მოხდება ნამდვილი თანამშრომლობა, სანამ ყარაბაღის და აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა არ მოხდება. ამდენად, რეგიონული თანამშრომლობა საქართველოსთვის მეტად აუცილებელია, რადგან საქართველოს მომავალი ფუნქცია მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტშია განსაზღვრული. სხვაგვარად საქართველო არავის სჭირდება.
აქ ალბათ თანამშრომლობის ახალი ფორმა უნდა მოიძებნოს. ჩვენ გვახსოვს, რომ გამსახურდიას პერიოდში საუბარი იყო საერთო კავკასიური კონფედერაციის მსგავსი ერთეულის შექმნის თაობაზე...
ჩვენ დავინახეთ, რომ კავკასიაში ხალხებს ბევრი რამ არ აკავშირებს. ყოველ შემთხვევაში, ძნელბედობის ჟამს ეს ხალხი ერთად ვერ აღმოჩნდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მხრივ არ უნდა ვიმუშავოთ. ამ მხრივ, მომწონს ნაირა გელაშვილის მცდელობები ,,კავკასიური სახლის“ შექმნის თაობაზე, მომწონს სხვათა ინიციატივები, რადგან თვითონ ეს ფაქტი, რომ ერთ მაგიდას ვუზივართ, ყალიბდება რეგიონული თანამშრომლობის ჯგუფები ყველა ამ ხალხებში, ნელ-ნელა ელიტების აზროვნებაში ფესვს იდგამს იდეა, რომ ამის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებით, ძალიან კარგია. მაგრამ რეალურად ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენმა ქვეყნებმა რაღაცას მიაღწეს ამ კუთხით...
თმის და თვალების ფერის გარდა სხვა რამეც ხომ უნდა გვქონდეს საერთო, რომ რაიმე სერიოზულზე ილაპარაკო?
უნდა გქვონდეს საერთო ინტერესები. როგორც კი ჩვენი ქვეყნები ცოტათი უფრო განვითარდებიან, და ხალხს ეს მოთხოვნილება უკვე გაუჩნდა, იქვე დასჭირდებათ თანამშრომლობა. რეგიონული თანამშრომლობის გარეშე ამ ქვეყნების მომავალი წარმოუდგენელია. ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. მე, ყოველ შემთხვევაში, ვიქრობ, რომ ჩვენს მიმართ ინტერესი არავის ექნება, თუ ეს რეგიონი ერთად არ იქნა. ჩვენ, როგორც ბაზარი, არატევადი ვართ. ჩვენი სამივე რესპუბლიკის მოსახლეობა დიდი ნიუ იორკის მოსახლეობის ტოლიც არ არის და მსყიდველობითი უნარით, ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ ჩამოვრჩებით. ამიტომ, ვის რაში უნდა ვაინტერესებდეთ? მსოფლიოში დღეს მთავარია, რითი ვაჭრობ, რისი მყიდველი და რისი გამყიდველი ხარ. ამიტომ არის, რომ რეგიონული თანამშრომლობა ჩვენთვის აუცილებელია და ეს უკვე ყველას კარგად ესმის. თუმცა, ბევრი რამ ამ მიმართულებით არ კეთდება.
ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ერაყის მოვლენები, ირან-აშშ-ის ურთიერთობების გამწვავება, ცხადია, ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თქვენი პროგნოზი და რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ (დარჩეს თუ არა იგი კოალიციის წევრად), თუ საქმე, ვთქვათ, ირან-აშშ-ის კონფლიქტამდე მივიდა?
ამაზე საუბრისას ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერაყის რეჟიმი ჩვენი ხალხისთვის მაინცადამაინც მისაღები არ იყო. შესაძლოა, სადამ ჰუსეინი მსოფლიოში ვიღაცას გმირად მიაჩნდა, მაგრამ საქართველოში იგი გმირად არავის მიაჩნდა. შენს სამეზობლოში იყოს რეჟიმი, რომელიც მეზობლებს თავს ესხმის და ყველა საერთაშორისო ქცევის ნორმას თელავს, მაინცდამაინც კარგი არ არის. ირანი ცოტა სხვა ქვეყანაა. თან ჩვენ ირანთან ისტორიული ურთიერთობები გვაქვს, ჩვენი კულტურები ძალიან ახლოს დგანან. საქართველოში ძალიან დიდი გავლენაა ირანული კულტურისა. ირანი ცოტა სხვა დონის ქვეყანაა. ამიტომ, ჩვენი პოზიცია უფრო საყურადღებო უნდა იყოს ირანის მიმართ. მე იმასაც ვიტყოდი, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, ალბათ, ირანსა და აშშ-ის ურთიერთობა არ წავა ერაყის სცენარით. მე მგონი, ეს დაძაბულობის პიკი, რომელიც ეხლა არსებობს, ნელ-ნელა შემცირდება. უკვე ჩანს ის, რომ ირანმა მიიღო საერთაშორისო მოთხოვნები, ყურად იღო, რომ ხელი მოაწეროს ბირთვული და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპს, უკვე ძალიან დიდი ძვრებია და ჩემი აზრით, პრინციპში ცოტა უფრო ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდება მასსა და აშშ-ს შორის. რაც შეგვხება ჩვენ, პოლიტიკაში პატარა ქვეყნისათვის ყოველთვის რისკის ფაქტორი არსებობს, თუ რომელ მხარეს აირჩევ. უნდა გამოხვიდე შენი გრძელვადიანი ინტერესებიდან. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ეს არის ყოველთვის ყველაზე დიდი და რთული ხელოვნება ნებისმიერ პოლიტიკაში.
ანუ, სირაქლემის პოლიტიკა არ გამოვა?
სირაქლემის პოლიტიკა არ გამოვა. უნდა იდგე იმ პრინციპების მხარზე, რომელიც შენთვის არის მომგებიანი. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ჩვენი ხალხი ამაში ჯერ-ჯერობით გამოუცდელია. ხშირად, ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენელი ტელევიზიით გამოდის და ზოგადსაკაცობრიო ლოზუნგებს ისვრის. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, კარგია პროგრესულად აზროვნება და სხვა, მაგრამ არსებობს დაუნდობელი ლოგიკა ეროვნული, სახელმწიფო ინტერესებისა. ხანდახან, შენ იძულებული ხარ ისეთ პრინციპებს მიემხრო, რომელიც შენი ერის გადარჩენისათვის არის სასარგებლო და არა იმისათვის, რომ რაღაც ზოგადსაკაცობრიო პრინციპები იყოს დამკივიდრებული. საბედნიეროდ, ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ზუსტად პასუხობს, რადგან ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, მცირერიცხვოვანი ხალხი, ვართ მომხრე იმ ყველა ნორმის, წესისა თუ პრინციპის, რომელიც მსოფლიოშია გაბატონებული. ჩვენ არა ვართ იმპერიალისტური ერი, ჩვენი ინეტერესები არის ლოკალური და ამიტომ, მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულების განმსაზღვრელებსა და არსებული საერთაშორისო მოთხოვნილებებს შორის. არა მგონია, რომ ჩვენ ამ მხრივ რაიმე პრობლემა გვქონდეს. ჩვენ პრობლემა გვაქვს ქვეყნის შიგნით. თუმცაღა არის მომენტები, რომ ქვეყნის შიდა მდგომარეობა ხანდახან საგარეო პოლიტიკაზეც დიდ გავლენას ახდენს.