![]() |
ანჟამბემანი, როგორც პოეტური ხერხი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დოიაშვილი თეიმურაზ |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
თეიმურაზ დოიაშვილი
ანჟამბემანი არ არის სტილისტიკურად ნეიტრალური მოვლენა. ყოველი ანჟამბემანის მხატვრული დანიშნულების ძიება, რასაკვირველია, გაუმართლებელია, მაგრამ მისი კანონზომიერი გამოყენება სხვადასხვა ფუნქციით უფლებას გვაძლევს ვისაუბროთ გადატანაზე, როგორც პოლიფუნქციურ პოეტურ ხერხზე.
სპეციალურ ლიტერატურაში გადატანის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ. ძირითადია ტაეპობრივი ანჟამბემანი. მიუთითებენ აგრეთვე ცეზურულ ანჟამბემანზე (2, 154; 9, 71), თუმცა ეს აზრი ყველა ლექსმცოდნის მიერ არ არის გაზიარებული (3, 206).
გადატანის ფუნქციურ დანიშნულებაზე მსჯელობისას ჩვენ მივმართავთ მის ძირითად სახეობას - ტაეპობრივ ანჟამბემანს.
გადატანის, როგორც პოეტური ხერხის, დიდი გამომსახველობითი შესაძლებლობანი, კარგა ხანია, შენიშნულია მკვლევართა მიერ (6, 165; 7, 43). მის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს ის სტრუქტურულ-სინტაქსური თავისებურებანი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია.
სალექსო ფრაზა, როგორც ცნობილია, რიტმულ-სინტაქსური მოვლენაა. ლექსის სინტაქსის სპეციფიკას მისი რიტმული ორგანიზაცია განსაზღვრავს, რაც ხაზგასმით აქვთ აღნიშნული ო. ბრიკს, ი. ტინიანოვს, ბ. ტომაშევსკის, ვ. ჟირმუნსკის, ს. ბერნშტეინს, ბ. ეიხენბაუმს და სხვებს. ფრაზის სინტაქსი აიგება არა აზრობრივი, არამედ რიტმული დაყოფის საფუძველზე (10, 328-329). ამ ვითარებას ზუსტად ასახავს ო. ბრიკის ტერმინი „რიტმული სინტაქსი“ (1, 32).
თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ლექსის სინტაქსის ძირითადი ნიშანი ის არის, რომ, პროზისაგან განსხვავებით, სადაც სიტყვათა რიგი, მეტ-ნაკლებად, განსაზღვრულია, სალექსო მეტყველებაში ის ბევრად თავისუფალია. ამას მოითხოვს მეტრული ნორმა, რომლის რეალიზაცია სიტყვათა სტაბილური განლაგების პირობებში, სიტყვათა რიგის ვარიირების გარეშე შეუძლებელია.
სიტყვათა რიგის თავისუფლებასთან ერთად უნდა აღინიშნოს სალექსო მეტყველების მეორე არსებითი თავისებურებაც. თუ პროზაში ფრაზის სინტაქსურ დაყოფაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ფრაზული და ლოგიკური მახვილები, ლექსში, როგორც ბ. ტომაშევსკი აღნიშნავს, „ფრაზული მახვილის უქონლობა ქმნის სიტყვიერ მახვილთა თანასწორუფლებიანობას“; „ლექსი არის მეტყველება ლოგიკური მახვილის გარეშე“ (7, 313).
ამრიგად, სიტყვათა რიგი, ფრაზული და ლოგიკური მახვილები, ე.ი. ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ პროზაში სინტაქსურ დაყოფას, ლექსში არ მოქმედებენ. ლექსში ეს ფუნქცია, ე.ი. სინტაქსური დაყოფის ფუნქცია, უკავშირდება ე.წ. ძლიერ პოზიციებს. „ლექსში სიტყვა ექსპრესიულად წინ წამოიწევს ან იმალება სალექსო ტაეპში თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით“ (4, 57). ასეთ ძლიერ პოზიციებს მიეკუთვნება ტაეპის ბოლო, ნახევარტაეპის ბოლო, შიდარითმა, ცალკე სტრიქონად გამოყოფა. მათ შორის არის ანჟამბემანი, როგორც ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
გადატანა ლექსში ასრულებს იმ დანიშნულებას, რასაც პროზაში - ფრაზული და ლოგიკური მახვილები. ეს არის ძირითადი, სინტაქსური ფუნქცია ანჟამბემანისა, რომელსაც ეფუძნება გადატანის, როგორც პოეტურ-სტილისტური ხერხის, მოქმედება.
გადატანის სტრუქტურული, სინტაქსური ფუნქცია პრაქტიკულად იმაში გამოიხატება, რომ ანჟამბემანი ზემოქმედებს წინადადების სტრუქტურაზე მისი შემადგენელი ელემენტების სინტაქსურ-ინტონაციური იზოლაციის გზით. იგი იწვევს ლექსის დამატებით სინტაგმატურ დაყოფას, ქმნის ახალ სინტაგმათაშორის საზღვრებს წინადადებაში, მელოდიურად აფორმებს სინტაგმებს, აძლიერებს ფრაზულ თუ სინტაგმის მახვილს. ანჟამბემანის სინტაქსური ფუნქცია ქმნის სტრუქტურულ საფუძველს კომუნიკაციური, ექსპრესიული, სემანტიკური თუ სხვა ფუნქციების განსახორციელებლად.
* * *
ცნობილი ფრანგი ესთეტიკოსი ჟან მარი გუიო აღნიშნავს, რომ გადატანის მეშვეობით „ლექსი იტევს მეტ იდეებს, მეტ გრძნობებს, მასში გროვდება, ასე ვთქვათ, მეტი ფარული ემოცია, მეტი ნერვიული ძალა...“ (5, 45).
ეს ნიშნავს, რომ ანჟამბემანს უკავშირდება გარკვეული აზრობრივ-სემანტიკური და გრძნობად-ემოციური შინაარსი.
იმ პოეტთა შემოქმედებაში, რომლებიც ზედმიწევნით გრძნობენ ლექსის ფორმის შესაძლებლობებს, ანჟამბემანი უპირატესად გააზრებული ხერხია, გამოსახვის ეფექტური საშუალებაა. გაუაზრებელი გადატანა, სიტყვათა მექანიკური გათიშვა არამცთუ მხატვრულ ეფექტს იძლევა, არამედ გაუმართავ ფრაზას და დეფექტურ ლექსს ქმნის. ამიტომ პოეზიაში, როგორც ბ. ტომაშევსკი აღნიშნავს, ყოველთვის საჭიროა ანჟამბემანის მოტივირება, გამართლება (8,442). ვ. ჟირმუნსკი გადატანას უწოდებს „მხატვრულად გათვლილ დისონანსს“ (2,157). ამ პოეტური, მხატვრული დატვირთვის გარეშე ანჟამბემანი შემოქმედებითი უმწეობის გამოვლინებად აღიქმება და არა გამოსახვის ძლიერ საშუალებად.
ანჟამბემანის ფუნქციათა სპექტრიდან, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ კომუნიკაციური ფუნქცია, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს ბაზისური, სინტაქსური ფუნქციიდან. პოეტს მისთვის ლოგიკურ-სემანტიკურად მნიშვნელოვანი სიტყვა ან გამოთქმა გააქვს გადატანის პოზიციაში, რის გამოც ხდება მათი განკერძოება, აქცენტირება - ანჟამბემანი წინ წამოსწევს, ინტონაციურად ხაზს უსვამს ამ ლექსიკურ ერთეულებს. ადრესანტი ანუ პოეტი სიტყვის გადატანაში მოქცევით გვატყობინებს, რომ ეს სიტყვა კომუნიკაციის აქტში მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ანჟამბემანის კომუნიკაციური ფუნქცია კონკრეტულ გამოძენებას პოულობს მხატვრულ სახესთან მიმართებაში - გადატანა ინტონაციურად გამოყოფს პოეტურ ხატს, როგორც სალექსო ფრაზის ესთეტიკურ ცენტრს. მაგალითად:
რად დამიჭკნე მე ყვავილი
ყმაწვილობის, ჯერ უშლელი.
(ნ. ბარათაშვილი, „ქეთევან“)
თავისებურია ანჟამბემანის როლი მხატვრული შედარების სტრუქტურასთან მიმართებაში. გადატანა შედარების ორი სტრუქტურული ელემენტიდან („საგანი“, „ხატი“), პოეტის მიზანდასახულობის შესაბამისად, ერთ-ერთის აქცენტირებას ახდენს. მაგალითად:
აელვარდება მეტი სისწრაფით
მზე - ფარშავანგი ზეცის კალთაში.
(ვ. გაფრინდაშვილი, „ორსულ ქალს“)
ჩვენ დავფრინავდით, ვით ვარდის შტოზე
პეპელა - ტუჩის მოსათაფლავად.
(ი. გრიშაშვილი, „უნაბისფერი საღამო“)
გადატანის პირველ შემთხვევაში „საგანია“ გამოყოფილი, მეორე მაგალითში - „ხატი“.
როდესაც სიტყვათა ჯგუფი, რომელშიაც მოქცეულია მხატვრული სახე, ტაეპიდან ტაეპში გადადის, მეტრულ-რიტმულად გამოიყოფა ტაეპის ბოლო სიტყვა, ხოლო სინტაქსურად - გადატანილი სიტყვა ან სიტყვები. იქმნება გამოთქმის „ორმწვერვალიანობა“, ანუ ფრაზაში ჩნდება ორი ლოგიკური მახვილი, რაც ერთდროულად შედარების ორივე სტრუქტურული ელემენტის აქტივიზაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად:
გადნება მზეზე გაფენილ ფიფქად
ლექსების ზვავი, გულს რომ დაგუბდა.
(ტ. ტაბიძე, „ლექსის დაბადება“)
უფრო ხშირია „საგნისა“ და მსგავსების ნიშნის აქცენტირება:
ქარის და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული.
(გ. ტაბიძე, „მერი“)
ზოგჯერ ანჟამბემანი უშუალოდ მსგავსებითი მიმართების აღმნიშვნელ დამხმარე სიტყვას გამოყოფს. ტონის ამაღლება ერთგვარი ინტონაციური გამოხატულებაა იმ შინაგანი მოლოდინისა, რომელიც „ხატის“გამოჩენას უსწრებს წინ:
მაშინ შეგრჩება გალობა, როგორც
ირმის ნახტომით შექმნილი რგოლი.
(ს. ჩიქოვანი, „მეორე მინაწერი“)
თუ შედარებასთან მიმართებაში გადატანის კომუნიკაციური ფუნქცია სტრუქტურის ელემენტთა აქცენტირებაში ვლინდება, უფრო გავრცელებულია სიტყვის გამოყოფა სემანტიკის ხაზგასმის მიზნით. პოეტები ხშირად სარგებლობენ ანჟამბემანის პოტენციური შესაძლებლობებით და ე.წ. ძლიერ პოზიციაში გააქვთ მათთვის აზრობრივად მნიშვნელოვანი ლესიკური ერთეულები. მივმართოთ კონკრეტულ მაგალითს:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა.
(ა. წერეთელი, „განთიადი“)
სიტყვა „რაინდის“ მიზნობრივი გამოყოფა დამოწმებულ სტრიქონებში, ვფიქრობთ, ეჭვს არ ბადებს - ეს სიტყვა ყველაზე უფრო ზუსტი ეპითეტია სამშობლოსათვის თავდადებული გმირისა, რომლის ნათელ ხსოვნასაც ეძღვნება აკაკის შედევრი.
მივმართოთ ილიას ლირიკას:
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინია,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი.
(„დაე, თუნდ მოვკვდე“)
ქვეყნის მსახურების გზით სიკვდილზე ამაღლების ბარათაშვილისეული იდეა, რაც ილიას დამოწმებული სტროფის შინაარსს ქმნის, ხაზგასმულია კონტექსტისათვის აზრობრივ-სემანტიკურად და ემოციურად უმნიშვნელოვანესი სიტყვის - „კვალის“ ანჟამბემანში გატანით.
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ნეორომანტიკული ორიენტაციის პოეტს გრ. აბაშიძეს აქვს ასეთი სტრიქონები:
მაშინ მე ღრუბლად, სეტყვის მომგვრელად,
გადავიქცევი! თავისუფალი
წავალ შორს სადმე - და მშვიდობითა! -
ვეღარ მიხილავს აქ შენი თვალი.
(„ოხ, მარგარიტავ“)
სიტყვა „თავისუფალი“, რომელიც რიტმულ-ინტონაციურად გამოიყოფა, სტროფში სემანტიკურად უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. რომანტიკული გენეზისის მხატვრულ სახეში „თავისუფალი ღრუბელი“ განკერძოებულია ცნება „თავისუფალი“ და ამ გზით აქცენტირებულია თავისუფლებისკენ სწრაფვის მარადიული იდეა. ანჟამბემანისათვის დამახასიათებელი სიტყვის ეს განკერძოება და დაუსრულებლობის ინტონაცია თითქოს მარტოსული ადამიანის მარადიული ხეტიალის ილუზიას ქმნის.
გავიხსენოთ გალაკტიონის იმპრესიონისტული მანერით შესრულებული ლექსის ცნობილი სტრიქონები:
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
(„მამული“)
ბალახზე შიშველი ფეხით გავლა, მიწის სიგრილის ფიზიკური განცდა პოეტის მიერ გაიგივებულია მამულის ფიზიკურ შეგრძნებასთან, რაც სამშობლოს სიყვარულის მაღალ იდეას უინტიმურეს ელფერს აძლევს. იმპრესიონისტული სახის ორიგინალურობა ეფუძნება სენსორული შეგრძნების განპოეტურებას, ამიტომ სრულიად კანონზომიერია, რომ ამ შეგრძნების აღმნიშვნელი სიტყვა „ფეხშიშველა“, როგორც გადმოცემული აზრის ლოგიკურ-ემოციური ცენტრი, გალაკტიონმა გადატანის ხერხით წარმოაჩინა.
ანჟამბემანისათვის უცხო არ არის თემატურად თუ იდეურად მნიშვნელოვანი მომენტების გამახვილება.
საპროგრამო ლექსში „ქართვლის დედას“ ილია ერის სამოქმედო გეგმას გადმოგვიშლის და მის ხორცშესხმაში უდიდეს როლს ქალს, ქართველ დედას აკისრებს. დიდაქტიკურ-რიტორიკულ მიმართვას პოეტი ასე ამთავრებს:
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
როგორც ვხედავთ, გადატანის გამო გათიშულია მსაზღვრელ-საზღვრული „მაღალი დანიშნულება“. ქალთან მიმართებაში ეპითეტ „მაღალის“ წარმოჩენა ანჟამბემანის ხერხით გულისხმობს შინაგან დაპირისპირებას ტრადიციულ თვალსაზრისთან, რომელიც ქალს ოდენ „ქსლის მბეჭველის“ როლს აკუთვნებდა. გადატანა, ფაქტიურად, წინ წამოსწევს ლექსის თემას - ქალის მაღალ დანიშნულებას ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლაში.
ზოგჯერ მხატვრულ ნაწარმოებში ანჟამბემანის მეშვეობით იდეურად ღირებული აზრობრივი ცენტრები გამოიყოფა.
ვაჟა-ფშაველას „ბაკური“ ვაჟკაცობისა და კაცური ღირსების განმადიდებელი ბალადაა. ალყაში მოქცეულმა გმირმა თავისი ხელით დახოცა ცოლ-შვილი და თვითონაც გმირულად შეაკვდა მტერს. ბაკურის პიროვნული ღირსება და მისი სასტიკი ჰუმანიზმით აღბეჭდილი საქციელი - ცოლ-შვილის დახოცვა, ე.ი. ბალადის იდეური ჩანაფიქრისათვის უმნიშვნელოვანესი მომენტები - ანჟამბემანით არის გამოყოფილი:
მე რა ვთქვა? უნდა კაცობა
ბაკურმა დაიკვეხოსა.
„ისევ მე დაგხოცთ!“ - და ცოლ-შვილს
თავები დასჭრა წამზედა.
იდეურ-აზრობრივად უმნიშვნელოვანესი ადგილია გამოყოფილი გადატანის მეშვეობით ილიას „განდეგილშიც“. გავიხსენოთ მწირის ცნობილი პასუხი მწყემსი ქალისადმი, საიდანაც იწყება მისი სულიერი წონასწორობის რღვევა:
ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ასეთი მერგო მე... უბედურსა.
მეტად საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე აკაკის „თორნიკე ერისთავში“. გავიხსენოთ პოემის ცნობილი პასაჟი.
მაგრამ სულმნათსა საქართველოსას,
ღვთისმშობლობა დღეს, ერთი სიზმარი
ენახა: ქვეყნად ჩამოსულიყვნენ
ნინო, ქეთევან და თვით თამარი.
დამოწმებულ სტროფში ანჟამბემანი გამოყოფს სინტაგმას „სიზმარი ენახა“. ერთი შეხედვით, სიტყვა „სიზმარის“ წარმოჩენა თითქოს არაფრით არის გამართლებული, რადგან იგი არ არის სტროფის აზრობრივი ცენტრი. მიუხედავად ამისა, პოეტი მაინც გამოყოფს სიტყვა „სიზმარს“, რადგან მას აკაკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: აქ განხორციელებული დიდი პირობითობა, ანუ სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ პირთა ერთ დროით ლოკალში მოქცევა რეალისტი პოეტის მიერ სიზმრით არის მოტივირებული. ამრიგად, ამ შემთხვევაში სიტყვა „სიზმრის“ აქცენტირება შემოქმედის ესთეტიკური პოზიციის ანარეკლია და იგი გადატანაშია ფიქსირებული.
ამრიგად, ანჟამბემანი ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა ლექსში ე.წ. აქტუალური დაყოფის განსახორციელებლად, რაც გადატანის კომუნიკაციური ფუნქციის არსს ქმნის. ამის საფუძველზე შესაძლებელია აზრობრივად მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყოფა, მათი დაპირისპირება, ნაწარმოების თემატური და იდეურ-შინაარსობრივი ცენტრების აქცენტირება, იშვიათ შემთხვევაში კი - ავტორის კონცეფციის უშუალო რეალიზაცია, მისი ესთეტიკური პოზიციის ასახვაც კი.
* * *
გადატანაში სიტყვის რიტმულ-ინტონაციურ გამოყოფას მხოლოდ კომუნიკაციური ფუნქცია არა აქვს, იგი ექსპრესიულ ხასიათსაც ატარებს. ანჟამბემანი ტაეპის ბოლოში ნაცვლად დაბალი, ჩუმი კადენციისა გაძლიერებულ ინტონირებას, ხმის ამაღლებას იწვევს (მ. გრამონი-2, 158), რაც ბაზისია გადატანის ექსპრესიული ფუნქციის განხორციელებისათვის. ანჟამბემანი გამოიყენება „არამარტო რიტმის მონოტონიის დასარღვევად, არამედ ლექსისათვის მეტი გამომსახველობის მისანიჭებლად“ (8, 44).
ანჟამბემანის ექსპრესიული ფუნქცია მეტყველების გამომსახველობის გაძლიერებაში ვლინდება. იგი ემოციურად შეფერილი მეტყველებით გვიმხელს ავტორის, პოეტის მიმართებას გადმოცემულ ფაქტთან და მოვლენასთან. ზოგიერთი მკვლევარი გადატანას პირდაპირ უკავშირებს შინაგან მღელვარებას, ემოციურობას. მიუთითებენ, რომ ანჟამბემანი ემოციური კვანძია, რომელიც ლექსში უმაღლესი დაძაბულობის წერტილს აღნიშნავს (5, 45).
გადატანის ექსპრესიულობაც, მსგავსად კომუნიკაციური ფუნქციისა, მის სტრუქტურულ საფუძველს - სინტაქსურ ფუნქციას ეფუძნება. გადატანის პოზიციაში მოქცეული სიტყვა განკერძოებულობის, იზოლაციის გამო იტვირთება ექსპრესიული მახვილით, რაც ინტონაციურად ფორმდება - ემოციური საწყისი კომუნიკაციურ-აზრობრივ მომენტთან შედარებით წინა პლანზე წამოიწევს. დავიმოწმოთ ი. ჭავჭავაძის ცნობილი სტრიქონები:
მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
(„მესმის, მესმის“)
ეს ლექსი, გავრცელებული ვერსიით, გამოძახილია იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, თუმცა პოეტის ზოგი თანამედროვე ამ ნაწარმოებს ბატონყმობის გადავარდნას უკავშირებდა. ასეა თუ ისე, „მესმის, მესმის“- გადმოსცემს პოეტის სიხარულს მნიშვნელოვან ისტორიულ თუ სოციალურ ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევითი არაა, რომ ლექსი გადატანით იწყება - დისლოკაციის გზით გათიშულია მსაზღვრელ-საზღვრული -„სანატრელი ხმა“. ავტორის განცდა მხოლოდ სიტყვიერად არ არის გადმოცემული, „სანატრელის“ ინტონაციური გამოყოფით მარტო აზრობრივი აქცენტირება არ ხდება. ანჟამბემანის მეშვეობით გარეგნულ გამოხატულებას პოულობს მეტყველების ემოციური შინაარსიც - მღელვარება, სიხარული და აღტაცება ლირიკული გმირისა.
თუ ლირიკაში განცდის გადმოცემა უშუალოდ ხდება, ეპიკაში, მისი ჟანრული სპეციფიკის გამო, იგი უკან იწევს, ინიღბება. ამიტომაა, რომ ბალადებსა და პოემებში ემოციის ექსპრესიული გამოხატვა ხშირად ანჟამბემანს ეკისრება.
რამდენადაც გადატანა გარეგნული გამოხატვაა სიტყვის მიღმა შეფარული გრძნობადი მდგომარეობისა, ანჟამბემანი გამოდის, როგორც ქვეტექსტის რეალიზაციის საშუალება. როდესაც გამოსახული მოვლენის მიღმა მკითხველი აღმოაჩენს მეორე, დაფარულ, სიღრმისეულ ფენას, ის სწვდება ქვეტექსტს. გადატანაში ეს ქვეტექსტი ექსპრესიულ გამოსახვას პოულობს და გვიჩვენებს ავტორის ან გმირის ემოციურ მიმართებას მოვლენისადმი.
ნ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა“ მეფე ერეკლე და სოლომონ მსაჯული მხოლოდ სხვდასხვა პოლიტიკური ორიენტაციის სახელმწიფო მოღვაწენი კი არ არიან, არამედ ემოციური ბუნებით განსხვავებული პიროვნებანიც. ეს ემოციური განსხვავებულობა სიტყვიერ პლანში ნაკლებად იგრძნობა - ჩვენს წინაშეა ორი განბრძნობილი, ღრმა ანალიტიკური გონებით დაჯილდოვებული ადამიანი, რომლებიც პრინციპულ კამათშიც ინარჩუნებენ წონასწორობას, სიდარბაისლეს, ეტიკეტის გრყძნობას. სამაგიეროდ, მოსაუბრეთა ემოციური განსხვავებულობა, მათი შეფარული შინაგანი მდგომარეობა ექსპრესიულ გამოვლენას გადატანაში პოულობს.
მეფის მსჯელობასა და მეტყველებაში იგრძნობა თავისუფლებისა და აუცილებლობის დიალექტიკაში ღრმად გარკვეული კაცის თავდაჯერებული ტონი, სიტუაციის რეალისტურ ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული რწმენა საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტებისა. სოლომონის არგუმენტაციაც, მართალია, ისტორიულ ანალიზს ეფუძნება, ოღონდ მის ტონს განსაზღვრავს პრობლემისადმი იდეალურ-რომანტიკული მიდგომა, არა მკაცრი რეალიზმი, არამედ - ემოციურობა. სოლომონის ეს ემოციურობა იმდენად სიტყვიერ შინაარსში არ იჩენს თავს, რამდენადაც ხშირ ანჟამბემანში.
მეფე ერეკლე აჯამებს თავის ნაფიქრ-ნააზრევს და მსაჯულს ისტორიულ გადაწყვეტილებას ამცნობს:
მას მსურს, რომ მივსცე მემკვიდრეობა
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა.
ამ სიტყვებს მოსდევს მოულოდნელობისაგან გაოგნებული სოლომონ მსაჯულის ვრცელი ტირადა, რომელიც დასერილია არაერთი გადატანით. არგუმენტირებული მსჯელობის მიღმა ანჟამბემანი გვაგრძნობინებს იმ ემოციურ მღელვარებას, რასაც პოეტი სიტყვიერად „განცვიფრებას“ უწოდებს: „ამის გამგონი ჩვენი მსაჯული // უსმენდა მეფეს განცვიფრებული“.
ახლა მოვუსმინოთ სოლომონს:
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება?
იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა ერთობა სჯულის
არარას არგებს, ოდეს მის შორის
თვისება ერთა სხვადასხვაობდეს...
თუ სოლომონის გამჭრიახი გონება მისი მონოლოგის სიტყვიერ შინაარსში ჩანს, მისი მოგანგაშე გრძნობა იმ გადატანებში აისახება, რომელიც მის მეტყველებას დაძაბულ, მღელვარე ინტონაციას აძლევს.
მიუხედავად სოლომონის არგუმენტებისა, ერეკლე თავის გადაწყვეტილებაში ურყევია, რადგან ქვეყნის ბედზე მასაც ბევრი აქვს ნაფიქრი. „მე ეგ ყოველი არ ვიცი, განა?“-ეკითხება იგი მსაჯულს. სოლომონის განცვიფრება თანდათან აღშფოთებაში გადადის. პოეტი გვაუწყებს, რომ მსაჯულმა „ჰკადრა მეფესა აღშფოთებულმან“:
განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!
სოლომონის სიტყვიერ ტექსტში მცირე მინიშნებაც კი არ არის აღშფოთებისა, აქ მხოლოდ თავისუფლების იდეის დაცვაა. პოეტის მიერ ნახსენები ემოციური რეაქცია - აღშფოთება მხოლოდ ანჟამბემანში აირეკლება, როგორც გამოვლინება პიროვნების შინაგანი მდგომარეობისა.
ამრიგად, გადატანის ექსპრესიული ფუნქცია მეტყველების შინაგანი ვითარების - გრძნობად-ემოციური საწყისის წარმოჩენაში ვლინდება. გადატანის ემოციური შინაარსი ნაწარმოების კონტექსტით განსაზღვრული ფსიქოლოგიური შინაარსის მიხედვით სხვადასხვაგვარია და, როგორც აღნიშნავენ, მოიცავს განცდათა უფართოეს გამას ყოფითი შეფერილობიდან და კომიზმიდან მაღალ ტრაგიზმამდე (5, 48).
* * *
ლექსის სემანტიკის აღიარებული მკვლევარი იური ტინიანოვი აღნიშნავს, რომ ლექსში «საზღვრების ძოველგვარი ხაზგასმა სიტყვების გამოძოფის ძლიერ სემანტიკურ საშუალებას წარმოადგენს“ (9, 63). სრულიად გასაგებია, რომ ამ საშუალებათა შორის იგი გადატანასაც ასახელებს, როგორც მეტრულ საზღვართან დაკავშირებულ სპეციფიკურ მოვლენას.
გადატანის სემანტიკის საკითხი მჭიდრო კავშირშია მეტრული რიგის ერთიანობისა და სიმჭიდროვის ცნებებთან. მეტრისა და სინტაქსის დაპირისპირება ანჟამბემანში, როგორც უკვე ითქვა, იწვევს სალექსო კონსტრუქციაში მოქცეული წინადადების მეორეულ სინტაქსურ დაყოფას. გადატანისას სინტაქსური კავშირები იქმნება ისეთ სიტყვებს შორის, რომლებიც ბუნებრივ ვითარებაში ასეთ კავშირს ვერ დაამყარებდნენ. წარმოიქმნება ახალი სინტაგმები, ახალი აზრობრივი ნიუანსები. ანჟამბემანის მქონე სტრიქონები გართულებული სემანტიკის მატარებელნი არიან.
ი. ჭავჭავაძის ლექსში „გახსოვს, ტურფავ...“ ვკითხულობთ:
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით.
ჩვენს წინაშეა ძლიერი გადატანა, როდესაც ერთმანეთისგან გათიშულია არსებითი სახელი და თანდებულის ფუნქციით გამოყენებული ზმნიზედა („სიყვარულის მეტს“). პირველ ტაეპში მკვეთრად გამოიყოფა ერთადერთი სიტყვა - „სიყვარულის“. მეტრული რიგის (ტაეპის) ერთობა ისეთი ძლიერი ფაქტორია, რომ იგი, მიუხედავად ძახილის ნიშნით ხაზგასმული შიდაპაუზისა, აზრობრივ-სინტაქსურად აკავშირებს პირველი ტაეპის პრაქტიკულად დაუკავშირებელ სიტყვებს, რაც მთელ წინადადებას ახალ აზრობრივ-სემანტიკურ ობერტონებს სძენს:
ნეტავ იმ დროს სიყვარულის,
მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით.
დავიმოწმოთ ერთი ნიმუში ვაჟას „ბახტრიონიდან“:
ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ადგა ღვთიური.
ჩვენთვის უკვე ცნობილი ფაქტორების მოქმედებით ანჟამბემანის შემცველი წინადადება ასეთ აზრობრივ ტრანსფორმაციას გვაძლევს:
ლურჯს ცხენზე იჯდა ლამაზი,
სხივი თავს ადგა ღვთიური.
მაშასადამე, ნაცვლად „ლამაზი სხივისა“ მივიღეთ ახალი სინტაგმა „იჯდა ლამაზი“, რაც ინფორმაციას ახალი სემანტიკური აქცენტებით წარმოადგენს.
მართალია, ახალი სემანტიკური ნიუანსების გაჩენას დამოწმებულ მაგალითებში მეტრული რიგის მთლიანობა და სიმჭიდროვე განაპირობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი წარმოიქმნება ანჟამბემანის არსებობის პირობებში, რომლის გარეშე მეორადი სინტაქსური გადანაწილება არ მოხდებოდა.
გადატანის პოზიცია ძალიან ხელსაყრელია სიტყვაზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად. სიტყვა ამ პოზიციაში განსაკუთრებულ თვისებებს იძენს, რომელიც სემანტიკის სფეროსაც მოიცავს. მივმართოთ მაგალითს:
თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი.
(გ. ტაბიძე, „კაკლის ხე მთაწმინდაზე“)
გადატანაში გათიშულია მსაზღვრელ-საზღვრული - „ბნელი ღამით“: ეპითეტი „ბნელი“ პირველ ტაეპშია დარჩენილი, ხოლო საზღვრული წევრი გადატანილია მეორე ტაეპში. პროზაულ მეტყველებაში სინტაგმა „ბნელი ღამით“ განუყოფელი მთლიანობაა, სადაც ეპითეტი ანუ მსაზღვრელი სიტყვა საზღვრულის თვისების აღმნიშვნელია. ლექსში „ბნელი“ განკერძოებულია საზღვრული სიტყვისაგან. მეტრული პაუზის მოქმედების შედეგად იგი კარგავს განსაზღვრების ფუნქციას, გარკვეული აზრით, დამოუკიდებლობას იძენს. ამის გამო ლექსიკურ ერთეულში „ბნელი“ წინ წამოიწევს მისი ძირითადი ნიშანი, აგრეთვე ძირითად ნიშანთან დაკავშირებული მეორეხარისხოვანი ემოციური ნიშნები, რასაც შეიძლება დაემატოს რიტმული სიმჭიდროვით გაპირობებული კავშირი მეტრული რიგის სხვა წევრებთან და ამ ნიადაგზე წარმოქმნილი ე.წ. მერხევი ნიშნები. ყოველივე ამის გამო, ანჟამბემანით გამოცალკევებული განსაზღვრება „ბნელი“ „ღამის“ ერთ ნიშანს - „სიბნელეს“ კი აღარ გამოხატავს, არამედ გამოდის, როგორც სუბსტანცია „ბნელი“, რომელიც ილუზიური სუბიექტის როლსაც კი კისრულობს: მე („ბნელი“) ღამით მეგობარს ველი. აქტიურდება „ბნელის“ თანმხლები ემოციური ასოციაციები და ახალი სინტაქსური კავშირით („ბნელი...ველი“) წარმოქმნილი აზრობრივი ნიუანსები.
ამრიგად, გადატანის პოზიციაში მოხვედრილი ზედსართავი სახელი გაარსებითების, სუბსტანტიზაციის ნიშნებს ამჟღავნებს, აქტიურდება მისი მეორეხარისხოვანი და მერხევი ნიშნები. ეს ოკაზიონალური სუბსტანტიზაციის მექანიზმი გადატანას ეფუძნება.
ანჟამბემანს შეუძლია ერთი განსაკუთრებული ფუნქციის შესრულება, რაზედაც ჯერ კიდევ ი.ტინიანოვი მიუთითებდა - ეს არის გაქვავებული, წაშლილი მეტაფორის გაცოცხლება (9,67). მეტაფორულ კლიშედ ქცეულ სიტყვაში აღდგება გადარეცხილი ორმაგი მნიშვნელობა, რაც ტროპულობის საფუძველია.
ქართულ და აღმოსავლურ პოეზიაში ფართოდ არის გავრცელებული მეტაფორა „თმები-გველები“. გავიხსენოთ რუსთველი: „გველნი მოშლით მოეკეცნეს...“ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხშირი გამოყენების გამო ეს მეტაფორა იმდენად გაცვდა, რომ არამარტო პროზაში, არამედ ლექსშიც კი ტროპად აღარ აღიქმება. თვისებრივად სხვა ვითარება იქმნება, როდესაც მეტაფორა-კლიშე გადატანის პოზიციაშია. ნ ბარათაშვილი წერს:
შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად -
(„შენნი დალალნი“)
გაიგივებაზე აგებული ტრადიციული მეტაფორული სახე ლექსში ძლიერ პოზიციაშია გატანილი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ანჟამბემანის მოქმედებით ტაეპის ბოლოში მოხვედრილი სიტყვა განკერძოვდება, ერთგვარ დამოუკიდებლობას იძენს, ეს კი სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის აღდგენა-გაცოცხლებას იწვევს. მეორეულ ნიშნებთან ერთად, რაც ტროპის საფუძველია (მსგავსება ფორმის მიხედვით: „დალალი“//„გველი“), წინ წამოიწევს არსებითი ნიშანი, ე.ი. ხდება ორპლანიანობის და, მასთან ერთად, მეტაფორულობის აღდგენა.
სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის სრულ აღდგენას აბრკოლებს ანჟამბემანის გადატანილი ნაწილი „სპეტაკს მკერდზედა“. პირდაპირი მნიშვნელობის გაძლიერების მიუხედავად, შესიტყვება „გველი სპეტაკ მკერდზედ” სიტყვა „გველს“ გადატანით მნიშვნელობას უნარჩუნებს. იქმნება სემანტიკური დაძაბულობა სიტყვის შიგნით, რაც წაშლილი მეტაფორის ინერციული მდგომარეობიდან გამოყვანას, გაცოცხლებას განაპირობებს.
* * *
ჩვენ ვისაუბრეთ ანჟამბემანის ძირითად ფუნქციებზე და ისიც აღვნიშნეთ, რომ მოტივირების გარეშე გადატანა კარგავს მხატვრულ ფუნქციას და ტექნიკურ წუნადაც კი აღიქმება. მაგრამ ამ აზრის აბსოლუტიზაცია არ შეიძლება, არ შეიძლება ყოველი ანჟამბემანის კონკრეტული ფუნქცია ვეძიოთ. მაგალითად, რუსული ლექსის ცნობილი უცხოელი მკვლევარი ბ. უნგებაუნი ა. პუშკინის „ბრინჯაოს მხედრის“ ხშირ გადატანებში რიტმულ ტრიუკებს ხედავს. მართალია, ამ კონკრეტული ნაწარმოების მიმართ ეს მოსაზრება უარყოფილია, მაგრამ ანჟამბემანის არამოტივირებული გამოყენების შესაძლებლობა მაინც არსებობს.
დავაკვირდეთ გ. ტაბიძის ლექსს „ჟღერს აღმართი“:
ბარათაშვილის ჟღერს აღმართი:
ოცნებას მე ვის მოვახმარდი,
თუ არა თბილისს?! ულამაზესს?!
არ მიფიქრია სულ ამაზეც...
აღმართს ცრემლი სდის და ამინდი
კი ბრწყინვალეა, დინამიტი
კლდეებს აფეთქებს. ამავე დროს,
როსმე უვალ გზად, აწ საეროს,
ახალთა მერანთ ჩანს ნავარდი.
ბარათაშვილის ჟღერს აღმართი!
ლექსს, როგორც ვხედავთ, მიჰყვება მკვეთრი ტაეპობრივი და სტროფული ანჟამბემანები, რომელთა ფუნქციის დადგენა ძალიან ძნელია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გალაკტიონი გადატანის ფორმალური ეფექტებით ტკბება, თითქოს მისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს. თუმცა როდესაც ლექსის ისეთ უდიდეს ხელოვანთან გვაქვს საქმე, როგორიც გალაკტიონია, სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ, მიუხედავად ზემოთქმულისა, განსხვავებული აზრიც იბადება. გალაკტიონი ლექსს იწყებს და ამთავრებს სტრიქონით: „ბარათაშვილის „ჟღერს აღმართი“, ამიტომ გაბმული ტაეპობრივი და სტროფული ანჟამბემანებით შექმნილი ინტონაცია შეიძლება აღვიქვათ, როგორც არაორდინარული სახის („ჟღერს აღმართი“) ბგერითი „დასაბუთება“.
ვ. ჟირმუნსკი აღნიშნავს, რომ ანჟამბემანის აზრობრივი გამომსახველობის ფუნქციით გამოძენება გადატანათა საერთო რიცხვის მხოლოდ უმცირეს წილს შეადგენს (2, 159), ამიტომ ანჟამბემანთა დიდი წილი შეიძლება გავიაზროთ, როგორც თავისუფალი ამოსუნთქვა, ერთგვარი „ამოვარდნა“ რიტმის მომაბეზრებელი ერთფეროვნებიდან. ანჟამბემანის მხატვრულ ფუნქციაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „გადატანის მხატვრული მნიშვნელობა თვით მეტრული და სინტაქსური დაყოფის შეუთავსებლობის ფაქტში მდგომარეობს და აღიქმება, როგორც ინდივიდუალური დარღვევა ერთფეროვანი, „ნორმალური“ სინტაქსური კომპოზიციისა“.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. Брик О. Ритмисинтаксис.- „Новый Леф“, 1927, #5. 1. Жирмунский В. М. Теория стиха. Л., 1975. 3. Кватковская А. Поэтический словарь, М., 1966. 4. Ковтунова И. И. Порядок слов в стихе и прозе. - კრებ.: Синтаксис стилистика М., 1958. 6. Тимофеев Л. И. Очорки теории и истории русского стиха, М., Тимофеева Л. И. Слово в стихе М., 1982. 7. Томашевский Б. В. О стихе, Л., 1929 8. Томашевский Б. В. Стилистика и стихосложение, Л., 9. Тынианов Ю. Н. Проблемы стихотворного языка, Л., 1924 10. Эихенбауь Б. М. О поэзии Л., 1969.
Teimuraz Doiashvili
Enjambement - the Poetic Device
Enjambement is not the original element of the poetic structure in the Georgian poetry.
The long history of the rhythmic-syntax harmony of the Georgian verse represents its principle devotion.
Nevertheless, the existence of Enjambement as of the poetic device is a doubtless fact in the national poetry of the last two centuries when it assumed the distinguished communicative, expressive and semantic functions.