The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გაუცხოებისა და მარტომყოფობის პრობლემა კ. გამსახურდიას ნოველების მიხედვით


გაუცხოებისა და მარტომყოფობის პრობლემა კ. გამსახურდიას ნოველების მიხედვით


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შამუგია ცოტნე
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲back to top


ცოტნე შამუგია

ამბობენ, დიდი ადამიანები დიდი მარტოობით არიანო დაღდასმულები. თუმცა, მარტოსულობა და გაუცხოება მხოლოდ მათი პრობლემა არ უნდა იყოს. ეს მოვლენა გარკვეულად ყველა ადამიანში ხდება და მნიშვნელოვან კვალსაც ტოვებს.

ახლა ორიოდ სიტყვით ტერმინთა შესახებ: გაუცხოება და მარტომყოფობა მონათესავე ტერმინებია. თუმცა, მათი საგულდაგულო შესწავლისას აღმოჩნდება, რომ კარდინალური განსხვავებანიც შეინიშნება მათ შორის: გაუცხოება თავის თავში ყოველთვის მოიცავს მარტომყოფობასაც, ეს უკანასკნელი კი - მხოლოდ გარკვეულ ვითარებაში მოიცავს პირველს.

როდესაც ადამიანი მიაღწევს ყოფიერების და ზნეობის უმაღლეს წერტილს, ის მარტო რჩება,მაგრამ ეს მარტომყოფობა არ მოიცავს გაუცხოებას. ამრიგად, ალუდა ქეთელაური მარტომყოფი ადამიანია, ასევეა - გველისმჭამელი მინდიაც.

გაუცხოება, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის აქტუალური იყო ნებისმიერ დროში. თუნდაც, პირველყოფილ საზოგადოებაში იგი ანალოგიურ ზემოქმედებას მოახდენდა პიროვნებაზე. მაგრამ ის, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, ჰეგელმა დაამკვიდრა.

ეს პრობლემა მხატვრული ლიტერატურისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მწერლობა აქტიურად ჩაება ამ მოვლენის ძიებაში. ეს ის დროა, როდესაც ევროპული აზროვნება (მხატვრული თუ ფილოსოფიური) გარკვეულწილად ღრმა კრიზისს განიცდის.

მწერალთა დიდი ნაწილი ექსისტენციალური პრობლემების ძიებით „და-ცა--შვრა“, ამ დროისთვის და შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმო გაუცხოებისა და მარტომყოფობის მხატვრულ ფიქსაციას.

გაუცხოებული ადამიანისთვის უცხო სულაც არაა მოვლენებისადმი ცინიკური (და ნიჰილისტური) დამოკიდებულება. ალბათ - უფრო პირიქით. „რაც უფრო მეტს შევიცნობ ადამიანებს, მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები“ - ამბობს ერთგან ბერნარდ შოუ. ამაზე შორს ცინიზმი ვერ წავა და სწორედ აქაა პრობლემის სათავე: მოგეხსენებათ, ცინიზმი სუსტი ადამიანის იარაღია, გაუცხოებული პიროვნება კი თავს მიუსაფარად და დაუცველად გრძნობს, რის შედეგადაც ის ცინიკოსი ხდება.

ზემოხსენებული ტენდენციები, ცხადია, არც ქართული ლიტერატურისთვის ყოფილა უცხო. მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან ამ პრობლემებს მხატვრულად აანალიზებდნენ კ.გამსახურდია, გრ.რობაქიძე, ლ. ქიაჩელი, ნ. ლორთქიფანიძე და სხვ.

ამ სტატიაში ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხებით კ.გამსახურდიას ნოველებში დასმულ გაუცხოებისა და მარტომყოფობის პრობლემებს, სადაც მწერალი ექსპრესიონისტული ხერხებით ცდილობს გვიჩვენოს საკითხის მასშტაბურობა.

ამ პრობლემებს ეხება მწერალი ნოველაში „მკვდართან შეხვედრა“. მოკლე შინაარსი ასეთია: პერსონაჟი, რომელსაც ვერ მოუძებნია თავისი თავი და მიზანი ცხოვრებისა, მიდის სადღაც, სად თვითონაც არ იცის. არც ის იცის, რატომ მიდის: „მივდივარ ნახევრად ბნელში, სულ წინ, სულ ზევით, არც ანგარიშს ვაძლევ ჩემს თავს, საითკენ, სად?“ ამ ნოველის მიხედვით, როგორც ვხედავთ, მიზნის არქონა ხდება პიროვნების გაუცხოების მთავარი მიზეზი. „ადამიანი ადამიანს ეძებს ტყეში, მე კი არავის ვეძებ, არც არავინ მეძებს.“

ამ დროს ნაწარმოების გმირი დაინახავს თავჩაქინდრულ კაცს, რომელიც საბოლოოდ მკვდარი აღმოჩნდება, ხის ტოტებზე თავჩამომხრჩვალი.

ნოველის ბოლოს კი ასეთი მინორული დასკვნაა: „ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ, დღე და ღამე გამვლელ - გამომვლელს ვეღრიჯებით: „ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!“

პრობლემის სიძლიერეში დასარწმუნებლად მწერალი სხვადასხვა ხერხს მიმართავს: „და ეს ტყეც ჩემთვის სასაფლაოა, სასაფლაოა, სადაც ერთი უპატრონო მკვდარი ჰკიდია ხეზე,“ - ამბობს პერსონაჟი და ამით ხაზს უსვამს, რომ ადამიანი სიცოცხლეში კი არა, სიკვდილშიც მარტოა, მიუსაფარი და დაუცველია.

ამავე ეპითეტს იყენებს მწერალი ნოველაში „ფოტოგრაფი“: „მეშვიდე სართულის ფანჯარა პარიზში“ - (უპატრონო მიცვალებულის თვალივით ღია დარჩენილი).

ზემოხსენებულ ნოველაშიც („ფოტოგრაფი“) არანაკლები სიცხოველითაა გადმოცემული მარტოსულობის, გაუცხოების ტენდენცია. აქ აღწერილია „ქვეყანა, რომელიც სურათის გადაღებად არ ღირს.“

ფოტოგრაფი, რომელიც თვითონაც მარტომყოფობითა და გაუცხოების სენითაა დაღდასმული, დახეტიალობს და ხვდება ადამიანებს, რომელთაც სწორედ ამგვარი პრობლემები სტანჯავთ.

ნაწარმოების დასაწყისში „ფანჯრიდან შავი ფრინველი შემოფარფატდა. თალხი ფლასით შესუდრულ ფოტოგრაფიულ აპარატზე წამოჯდა.“ ამ ეპიზოდმა ედგარ პოს „ყორანი“ - გაგვახსენა. შავი ფრინველი ამ შემთხვევაში აბსტრაქციაა, სიმბოლოა უიმედობისა და შიშისა, რომლითაც სავსეა მთელი ნაწარმოები.

ნოველის ყველა პერსონაჟი დამფრთხალია და ნიჰილისტურადაა მომავლის მიმართ განწყობილი, რაც გაუცხოების ტენდენციას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

საყვარელი ქალის მამა მიცვალებულს ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენება ფოტოგრაფს: „საშინელებაა: ადამიანი ცოცხალი იყვე და თმები მიცვალებულს მიგიგავდეს.“ ძნელია იფიქრო, როგორი თმები აქვს მიცვალებულს, მაგრამ უნდა დავუჯეროთ ფოტოგრაფს. მით უმეტეს, შავი ფრინველიც ადასტურებს, რომ „ფოტოგრაფი ერთადერთი კაცია ამქვეყნად, რომელიც არ სტყუის.“

დეპრესიულ განწყობას აძლიერებს სტელლას (ფოტოგრაფის საყვარელი ქალის) მამის ფრაზა: „ჩვენ ყველანი მიცვალებულებს ვგავართ. - სთქვა მოხუცმა გულცივად. ყვითელი სათვალეები ჩამოიღო.“ მოგეხსენებათ, ყვითელი სევდის ფერია და ავტორმა აქ არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად გამოიყენა იგი.

მხატვრული ნაწარმოები იქმნება არა სიტყვებით, არამედ ამ სიტყვების ორგანიზებით. კ.გამსახურდია სწორედ ამ ხერხის არაჩვეულებრივ გამოყენებას გვთავაზობს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ნაწარმოებში გამოყენებული იდეის სიდიადეში.

გავიხსენოთ ფოტოგრაფის სიტყვები: „ზოგი მიდის, ზოგი მირბის, ზოგი კვდება.“ როგორც ვხედავთ, ინტონაცია არ იცვლება, უფრო მეტიც: არ იცვლება მარცვალთა რაოდენობაც კი (და შესაბამისად - რიტმიც). ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, „სირბილი“ და „სიკვდილი“ სინონიმები იყოს. თითქოს სიკვდილიც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც სიარული ან სირბილი. ინტონაციის მონოტონურობით ავტორმა მიაღწია მიზანს, აღეწერა სრული დეპრესიულობა და უუნარობა, აბსოლუტური ნიჰილიზმი...

ფოტოგრაფი არ არის მიზანთროპი, მაგრამ არც ამგვარ გამოთქმებს ერიდება: „ქვეყანა შემძულდა.“ რა არის ეს, თუ არა გაუცხოების სინდრომი?!.

ფოტოგრაფი კი წიგნის დაწერას აპირებს, წიგნისა, რომელსაც ერქმევა: „ქვეყანა, რომელიც სურათის გადაღებად არ ღირს.“

დასასრულს, ვიტყვით, რომ გაუცხოება და მარტომყოფობა მასშტაბური პრობლემაა და ის დღესაც აქტუალურია (შეიძლება, დღეს - უფრო). შეუძლებელია ამ მცირე ფორმატში ჩაგვეტია მთელი პრობლემა, მაგრამ შევეცადეთ კონტურები მაინც გამოგვეკვეთა და ჩვენი მოკრძალებული აზრი გამოგვეთქვა დიდი მწერლის ორიოდე ნოველასა და მათში ჩადებულ იდეაზე.