![]() |
საჯარო პოლიტიკის ნარკვევი №3 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პატარაია თამარ |
თემატური კატალოგი საჯარო პოლიტიკის ნარკვევები |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
საჯარო პოლიტიკის ნარკვევი მზადდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ექსპერტული შეფასების და ანალიზის ეფექტური მექანიზმების შექმნა.
პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ბუდაპეშტი) მხარდაჭერით.
წინამდებარე ნარკვევი მოამზადა თამარ პატარაიამ.
![]() |
2 ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ბირთვული ელექტროსადგური, სლოვაკეთი
პრობლემის აღწერა
საქართველო ენერგორესურსების დეფიციტს განიცდის. მისი ენერგეტიკული სექტორის გამართული ფუნქციონირება მსოლოდ ენერგომატარებლების იმპორტითაა შესაძლებელი. გასული წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ გაზის მომარაგების სფეროში მონოპოლისტ იმპორტიორზე დამოკიდებულება ვერ უზრუნველყოფს ვერც ელექტროენერგიით ქვეყნის უწყვეტ მომარაგებას და ვერც მოწოდებული გაზის ფასის სტაბილურობას. ამასთან, უახლოეს მომავალში იმპორტირებული გაზის მოცულობა სრულად ვერ და აკმაყოფილებს ქვეყანაში ენერგეტიკულ რესურსებზე გაზრდილ მოთხოვნას. შესაბამისად, ენერგეტიკულ სექტორში გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა არსებული ენერგეტიკული რესურსების მაქსიმალური ათვისება და იმპორტირებული ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაცია. 2007 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ინიციატივით გამოვიდა: ააშენოს თავის ტერიტორიაზე მე-3 თაობის ბირთვული ელექტროსადგური.
ბირთვული ელექტროსადგური,
საფრანგეთი
2007 წლის 13 ივნისს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პირველად გაამჟღავნა ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველო ტერიტორიაზე სამოქალაქო სარგებლობის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის, განიხილოს პროექტის ეკონომიკური და ეკოლოგიური რაციონალურობა, რითაც მიანიშნა, რომ საფრანგეთი თანახმაა შეაფასოს საქართველოში ბირთვეული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 14 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივებზე მოსალაპარაკებლად შეხვდა საფრანგეთის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიის, AREVA-ს აღმასრულებელ დირექტორს.
ქართველი დიპლომატების განცხადებით, ექსპერტების დონეზე უკვე დაწყებულია კონსულტაციები პროექტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით. 2007 წლის 16 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე შეიქმნა ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შემსწავლელი კომისია, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებით და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტდება და მას ენერგეტიკის მინისტრი უხელმძღვანელებს.
რას ნიშნავს ახალი ინიციატივა საქართველოსათვის და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?
1. საქართველო გახდება ელექტროენერგიის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიც. ამით საქართველო დააკმაყოფილებს თავის სტრატეგიულ ინტერესს - გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული და ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტური ნაწილი, უფრო აქტიურად ჩაერთოს რეგიონში ენერგომატარებლების იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის ოპერაციებში.
2. ცნობილი დასავლური კომპანიების პროექტით დაინტერესების შემთხვევაში გაიზრდება დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი საქართველოში სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების პროცესის უზრუნველყოფის მიმართ;
3. თუ ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას სათავეში ჩაუდგებიან მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიები, როგორიცაა ფრანგული კომპანია AREVA და მისი ტრადიციული პარტნიორი, გერმანული SIEMENS, ეს ხელს შეუწყობს პროექტში შესასრულებლად დასავლეთის ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს დასავლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას;
4. არსებითად გაიზრდება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების დონე, რადგან საქართველო შეძლებს, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე საშინაო მოთხოვნილება რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულების გარეშე;
5. საქართველოს სამეცნიერო სივრცე უფრო სწრაფად დაუახლოვდება დასავლეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებს. ახალი შესაძლებლობები მიეცემა ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას, როგორიცაა ბირთვული და თეორიული ფიზიკა, საინჟინრო ტექნოლოგიები, ბირთვული ენერგეტიკის სფერო, ხოლო არაპირდაპირ - ეკოლოგია, ქიმია, მედიცინა;
6. უსაფრთხოების განსაკუთრებული მოთხოვნების გამო ბირთვული ელექტროგენერაციის ობიექტის მართვა რთული და მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ასეთი პროექტის წარმატებით განხორციელებამ შეიძლება სერიოზული წვლილი შეიტანოს ქართული საზოგადოების სამეცნიერო და შრომითი კულტურის ამაღლებაში;
7. ბირთვული ელექტროგენერაციის ობიექტი არ იწვევს ატმოსფეროს დაბინძურებას, რის გამოც ელექტროსადგური საქართველოსათვის არ წარმოქმნის დამატებით პრობლემებს ეკოლოგიური მიმართულებით საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების
ახალი ინიციატივის მიმართება საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან
ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბირთვული ენერგეტიკის სფეროში მუშაობის დაწყებას დაგეგმავს და განახორციელებს საერთაშორისო ნორმებთან სრულ შესაბამისობაში და საერთაშორისო ინსტიტუტების, დასავლეთის საინვესტიციო კაპიტალის მხარდაჭერით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს არ შეუქმნის პოლიტიკურ პრობლემებს საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მიერ ხელმოწერილი არც ერთი მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება თუ თანამშრომლობის დოკუმენტი არ ზღუდავს მის საქმიანობას მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით.
საქართველო მიერთებულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ პროექტის განხორციელებას (ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, ბირთვული ნივთიერებებისა და საწარმოების ფიზიკური დაცვის კონვენცია). 1996 წლიდან საქართველოზე ვრცელდება ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს უშიშროების დაცვის ხელშეკრულება. ეს იმის საწინდარია, რომ საქართველოში ბირთვული ელექტოსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია სრულიად გამჭვირვალე იყოს ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოსათვის და დააკმაყოფილოს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ყველა ნორმა და მოთხოვნა.
პროექტის პოლიტიკური მხარდაჭერის და მისი წარმატებით განხორციელების პერსპექტივას ხელს უწყობს ევროკავშირთან და აშშ-თან საქართველოს თანამშრომლობის არსებული ფორმატები. ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველო და ევროკავშირი ვალდბულებას იღებენ, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ თავიანთი უსაფრთხოების წინაშე არსებულ საერთო რისკებსა და საფრთხეებზე, კერძოდ, ითანამშრომლონ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობისა და შეიარაღების, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტ/იმპორტზე მკაცრი კონტროლის დაწესების სფეროში. მომავალში ევროკავშირი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აპირებს ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის გაძლიერებას, აკრძალული ნივთიერებებით არალეგალური ვაჭრობის შეზღუდვასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას.
ბირთვული ენერგეტიკის და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველო 1997 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს შესაბამის სახელმწიფო დეპარტამენტებთან. აშშ სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში 1997-1998 წწ. საქართველოში ჩამოყალიბდა იმპორტ-ექსპორტის კონტროლის რეჟიმი, რომელიც გულისხმობდა საკანონმდებლო ბაზის შექმნას და მისი იმპლემენტაციისათვის შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტუქრების ჩამოყალიბებას (ტერიტორიის დაცვის და, ზოგადად, რადიაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში). თუმცა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერჯერობით არ გამოუხატავს თავისი პოზიცია საქართველოში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართ.
ექსპერტთა აზრით, საქართველოში დღეს მოქმედი იმპორტ-ექსპორტის რეჟიმი დახვეწას საჭიროებს საერთაშორისო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად. ცვლილებებია გასატარებელი როგორც საკანონმდებლო სფეროში, ასევე აღმასრულებელი სტრუქტურების ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით. კერძოდ, დასახვეწია იმ უწყებათაშორისი სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირება, რომელიც პასუხისმგებელია იმპორტ-ექსპორტის ოპერაციების კონტროლის უზრუნველყოფაზე.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ აძლევს საქართველოს ხელისუფლებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების შესაძლებლობას. მთავრობა ვერ გასცემს ლიცენზიას მე-3 თაობის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რადგან საქართველოს კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ მე-5 მუხლი კრძალავს ბირთვული იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების, რადიაციული ნარჩენებისა და საწვავის ექსპორტს, იმპორტს, ტრანზიტსა და ხელახალ ექსპორტს, მათ შესწავლას, გამოცდასა და საკუთრებაში ქონას; მაღალი გამდიდრებული ნივთიერების დამამზადებელი და 5 მვ-ზე მეტ ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე სიმძლავრის საწარმოს მოქმედებას და მსგავს სიმძლავრეებზე კვლევების წარმოებას, რადიაციული ნივთიერებების იმპორტს მათი შემდგომი დამუშავების, შენახვისა თუ სხვა მიზნებისათვის. ამ კანონის მიხედვით სახელმწიფომ უარი თქვა უახლოეს მომავალში ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების პერსპექტივაზე. შესაბამისად, პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლა.
რა რისკები ახლავს ახალ ინიციატივას?
პოლიტიკური რისკები
არსებობს იმისი შესაძლებლობა, რომ აშშ და ევროკავშირმა თავი შეიკავონ საქართველოში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე; ამგვარი მოქმედების მიზეზი კი შეიძლება გახდეს რუსეთის პოზიცია ან საქართველოში უკონტროლო ტერიტორიების (“გაყინული კონფლიქტების”) არსებობა;
უნდობლობის დამატებითი ფაქტორი შეიძლება გაჩნდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რაკი რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოში დასავლეთის ინტერესების გაძლიერებით, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდით; რუსეთის ეს განწყობა უარყოფითად აისახება კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე;
ბირთვული ელექტროსადგურის ამოქმედებით გაიზრდება ტერორიზმის საფრთხის მიმართ ქვეყანის დაუცველობის დონე;
ბირთვული ელექტროსადგურის დაცვის სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება შიდა და გარე პოლიტიკური რყევებისადმი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის დამატებით საფრთხეს წარმოქმნის (მაგალითად, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, საზღვრების დაცვის სფეროში
პრობლემების არსებობა, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი თუ მეზობელი ტერიტორიებიდან შემოსული უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფების გამოჩენა აქართველოს მოსახლეობას ბირთვული საფრთხის წინაშე რეალურად დააყენებს).
ეკონომიკური რისკები
ბირთვული ელექტროსადგურის მართვის
ცენტრი
მოსალოდნელია, რომ გაჩნდება წინააღმდეგობა სახელმწიფოსა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რაც დაკავშირებული იქნება გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასის ზრდასთან (კომერციულად მომგებიანი პროექტის განხორციელებისათვის ბევრი ხელისშემშლელი წინაპირობა არსებობს: განსხვავებით სხვა ენერგოობიექტებისაგან, ხარჯების ძირითადი ნაწილი აქ კაპიტალურ დანახარჯებზე მოდის, თუმცა ოპერაციული და უშიშროების დაცვის ხარჯები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ენერგოგენერაციის ობიექტზე);
შესაძლებელია ბირთვული საწვავის მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა;
არსებობს ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკი;
სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტის შემთხვევაში პროექტის განხორციელების შეწყვეტის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც არსებობს, თუ ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
რეკომენდაციები
საქართველოში ბირთვული ელექტროსადგურის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალურად უნდა შეფასდეს ზემოთჩამოთვლილი რისკები და განისაზღვროს, თუ რა ღონისძიებებითა და რესურსებით იქნება შესაძლებლი მათზე ადეკვეტური რეაგირება;
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება ნაკლებად არის გათვითცნობიერებული ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში, აუცილებელია, რომ საერთაშორისო ექსპერტებისა და სამთავრობო კომისიის პროექტზე მუშაობის პარალელურად დაიწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესი, გაიმართოს სამოქალაქო დებატები საქართველოში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივების შესახებ ექსპერტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევას საქართველოში ბირთვული ელექტროსადგურის ამოქმედებასთან დაკავშირებით.