![]() |
წმინდანისა და ერისკაცის სილუეტი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბენაშვილი გურამ |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სტატია კრებულიდან ხანცთა - სულიერად მშობელი ქართველთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თბილისი 2002 რედაქტორი გურამ ბენაშვილი. ნესტან სულავა. კომპიუტერული უზრუნველყოფა: თინათინ დუგლაძე |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
გურამ ბენაშვილი
ალბათ სრულიად განსაკუთრებული, რაღაც პროვიდენციალურ ჭვრეტას, დაწმენდილსა და გაწონასწორებულ ანალიტიკურ გონსა და გრძნობად-ემოციურ უნივერსალობას თუ შესწევს ძალა და უფლება, გაიაზროს და სხვასაც განაცდევინოს ეროვნული სულიერების ისეთი კოლოსალური პიროვნების ცხოვრება და ღვაწლი, როგორიც გრიგოლ ხანძთელი იყო...
თუმც, ყოველი ცდა, მაინც უკმარისობის შეგრძნებას აღმოაცენებს ჩვენში, რადგან ეს პროფეტული არსისა და დანიშნულების პერსონაჟი ვერაფრით „გუობს“ ლიტერატურისა თუ რელიგიის ისტორიკოსის ანალიტიკურ „საცეცებს“ და როგორც ლოგიკური შედეგი, თითქმის ყოველთვის, მხოლოდ მკრთალ სილუეტად ეცხადება მისკენ თუნდაც განსაკუთრებული ცნობისწადილით მიდრეკილ შთამომავლობას...
ას რომ, ეს მცირე ე.წ. ესსე, ოდენ სილუეტია ქართველი ერის ერთი მარადიული სულიერი თანამგზავრისა, რომლის ხსოვნის წინაშეც უფრო მეტი მოკრძალება მართებს ყოველ ჭეშმარიტ ქართველს... სრულიად საქართველოს...
„ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, „მხიარულად მესტუმრე და გლახაკთ მოღუაწე“, ტაო-კლარჯეთის, ამ გრანდიოზული სულიერი ოაზისის, ლიტერატურული ცხოვრების მეტრი და მასწავლებელი, სულიერი ლიდერი და სიახლეთა დამნერგავი, მეუდაბნოე და საქვეყნო საქმეებით მოცული, კურაპალატთა ცხოვრების წესისა და რიგის წმინდად წარმმართველი - ასეთი შემოგვინახა იგი ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ, უპირველეს ყოვლისა კი გენიალურმა გიორგი მერჩულემ... ის, იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ილიას „აჩრდილში“ ზეცად აღმართული მოხუცის მსგავსად შეეძლო წარმოეთქვა: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“... მისი - ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულის ღვაწლი, უდიდესი მნიშვნელობებით იყო და არის აღბეჭდილი.
ნერსე ერისთავის დიდ ოჯახში აღზრდილმა, უწარჩინებულეს დიდებულთა და მართლმორწმუნეთა შვილმა, სრულიად ყრმამ, ნერსეს ხაზარეთში გადახვეწის შემდეგ, ღრმად გაიცნობიერა მოახლოებული ეროვნული კატასტროფა... ახლოვდებოდა ქართლის სასიცოცხლო ფუნქციისა და დანიშნულების სრული კოლაფსი და მის „ნანგრევებზე არაბთა ემირატის აღმოცენებისა და ხანგრძლივი დამკვიდრების უმძიმესი პროცესი... ეს იყო ქართველთა მომაკვდინებელი აღრევისა და მათივე ლერწამივით რხევის სამწუხარო ჟამი...
გრიგოლ ხანძთელმა ტაო-კლარჯეთს მიაპყრო თვალი, იქით სვლა უკარნახა უფლის ნებამ... იქ განუსაზღვრა ღვთის განგებამ უდიდესი ეროვნული მისიის აღსრულება... არის შემოქმედის სულისკვეთება იმაში, რომ სამხრეთ საქართველოსკენ მისი საკრალური სვლა ქანაანისაკენ ბიბლიური აბრაამის სვლას ემსგავსება... იმეორებს იმას, რამაც გადარჩენის სული უნდა შთაბეროს საბოლოო დაღუპვისათვის განწირულ, უკიდურესად ტანჯულსა და რწმენადაკარგულ ერს... აბრაჰამ - „მრავალთა მამა“ ღვთის რჩეულია და მისი მარადიული დიდება მისსავე შთამომავლობაშია...
ნეტარმა გრიგოლმაც, თავისი ბიბლიური არქეტიპის მსგავსად, ტაო-კლარჯეთი მონასტრებითა და წმიდა მამებით გაამრავლა, ხატებითა და წიგნებით აღავსო, ახალი სიცოცხლითა და რწმენით აღამაღლა... და ყოველივე ამით სრულიად საქართველოს აღორძინებას დაუდო სათავე... მან, როგორც უნივერსალური ჭვრეტით აღბეჭდილმა პერსონამ, გაითვალისწინა არაბთა ხალიფატის რეალური ძალა, მასთან უშუალო დაპირისპირების უპერსპექტივობა და შეიგრძნო, რომ იყო სამწუხარო ჟამი უკანდახევისა, თავის დადრეკისა და მტერთან დუმილისა, რათა მომავალს მოეტანა ნეტარი ჟამი შენებისა და აღმასვლისა, ჟამი სულიერი განახლებისა და პიროვნების რწმენით აღორძინებისა...
გრიგოლისათვის სამხრეთ საქართველო დიდი, სამკვდრო-სასიცოცხლო გამოცდის ასპარეზი იყო, საიდანაც უნდა აედგა ფეხი ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ძლევამოსილ იდეას... სწორედ ტაო-კლარჯეთის განსულიერებით დაიწყო სისხლისაგან დაცლილი და სულით დაშრეტილი ქვეყნის გამოღვიძება.
უმძიმესი იყო პირობები სამონასტრო მშენებლობისა, მაგრამ იმავ დროს აუცილებელიც... ქვეყნის გაერთიანებასა და აღორძინებას უპირველეს ყოვლისა სულიერ-კულტურული საფუძველი რომ სჭირდებოდა - იცოდა დიდმა გრიგოლმა... იცოდნენ მათაც, მოძღვარმა რომ შემოიკრიბა - მრავალრიცხოვანმა ბერმონაზონმა გამრჯე, შრომისმოყვარე, უბიწო, ზნეობით გამორჩეულმა სულიერად განწყობილმა ლაშქარმა... ხანძთის, შატბერდის, გუნათლეს, მერეს მონასტრების აღმართვას ჭეშმარიტად საყოველთაო კულტურული აღმავლობა მოჰყვა, რაშიც გრიგოლის წინაშე მორჩილ დიდგვაროვან ფეოდალთაც მიუძღოდათ წვლილი...
გრიგოლი, კლარჯეთის ეკლესია-მონასტერთა არქიმანდრიტი, უმკაცრეს და მაქსიმალურად მომთხოვნ სჯულმდებლად გვევლინება, და ეს კიდევ ერთი პროვიდენციალური შტრიხია ამ მონუმენტური მოღვაწისა... ვითარცა მოსე წინასწარმეტძველი, ის ქმნის ახალ „ფიცხელ“ წესდებას - „სიბრძნით განსაზღვრებულსა და მეცნიერებით გაბრწყინვებულს“, რაიც ლოგიკური შედეგი იყო იმისა, რომ „სიტყუაჲ მისი შეზავებულ იყო მარილითა მადლისაჲთა“, რომ მან შესანიშნავად იცოდა „საღმრთონი წიგნნი“ და „სიბრძნეცა ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ“...
გრიგოლ ხანძთელმა თავის მოწაფეთა და თანამოაზრეთა - „მეათერთმეტე ჟამის მუშაკთა“ თანადგომით აქცია ტაო-კლარჯეთი საქართველოს რელიგიურ და კულტურულ ცენტრად, რამაც შექმნა წინაპირობა მისი პოლიტიკურ ცენტრად ქცევისა... გრიგოლის მიერ „უდაბნოჲთა შენების“ მიღმა, და ეს ფრიად მნიშვნელოვანია, „ახალი ქართლის“ შექმნა იგულისხმება... შექმნა იმ ქართლისა, რომელსაც გიორგი მერჩულე ამგვარად წარმოგვიდგენს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“...
გრიგოლის ტიტანური ძალთახმევით დგინდება ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სიცოცხლის საფუძველთასაფუძველი: ენა, მამული, სარწმუნოება... შეუძლებელია, ამ წმინდა ტრიადის გარეშე, ზოგადად ერის თავისუფლებისა და მომავლისაკენ სვლის წარმოდგენაც კი...
გრიგოლმა ღვთისმიერი შთაგონებით იზრუნა და იღვაწა არა მხოლოდ ინდივიდუალური სულიერი სიმწიფისათვის, არამედ მთელი ქართველი ერის სულისა და გონების განათლებისათვის... ამის შედეგი გახლდათ ხანძთაში „ჴელითა მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა, საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან“...
მისი განუზომელი სიბრძნით მოირწყო ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი, რადგან სწორედ სიბრძნით მეტყველებასა და მისგან დაძრულ საქმეს შეეძლო ჩაფერფლილ და მტვრადქცეულ „უდაბნოთა“ აღორძინება...
გრიგოლ ხანძთელმა წინასწარ განჭვრიტა ბაგრატიონთა დინასტიის დიდი მომავალი და ჩამოაყალიბა ქართველ მეფეთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა... „დავით წინასწარმეტყველისა და უფლის მიერ ცხებულისა შვილად წოდებული ხელმწიფის“ - აშოტ კურაპალატის წინაშე განაცხადა მან ეს ყოველივე...
უღრმესი ეროვნული ფესვებიდან ამოზრდილმა გრიგოლმა, როგორც ჭეშმარიტმა მამულიშვილმა, ღირსეულად დააფასა და აღამაღლა წინაპართა ღვაწლი და, რაც მთავარია, თავადაც აწ უკვე ახალი ქვეყნის სულიერ წინამძღვრად წარმოჩნდა, გააგრძელა რა დიდი ნერსე ერისთავის ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლის სახელოვანი გზა...
გრიგოლის გონებიდან აღმოცენებულმა იდეამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის განსაზღვრისა და ჩამოყალიბების პროცესებში.
შეუძლებელია გრიგოლის, ვითარცა დიდი მასწავლებლის თუნდაც ოდნავი უგულებელყოფა... უღირსეულეს მოწაფეთა ვრცელი გალერეა ამისი დასტურიცაა და თვალსაჩინო ილუსტრაციაც... და მაინც, უღირსეულესთა შორისაც არიან განსაკუთრებულნი, რომელთაგან ერთ-ერთი, არსენ დიდად წოდებული, ქართლის კათალიკოსად ამაღლდა... ხოლო მეორემ, აწყურის ეპისკოპოსმა ეფრემმა, საქართველოს ეკლესიას მირონის დამზადებისა და კურთხევის უფლება დაუმკვიდრა, რითაც სრულიად საქართველოს ეკლესიური მთლიანობის საფუძველი შექმნა...
უნივერსალური განათლების მქონე გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი წმიდა მამათა და ერისკაცთა ცხოვრებას თანაბრად განეფინება და წინაძღვრობს... იგი ზრუნავს მათ სულიერსა და ზნეობრივ სრულყოფილებაზე „ორსავე სოფელსა შინა“... მართალია, განსაკუთრებული რიდითა და მოკრყალებით მიმართავს ხოლმე კურაპალატებს, აფხაზთა მეფეს, დიდგვაროვან გაბრიელ დაფანჩულს... მაგრამ, როცა მოაწევს უკუღმართი ჟამი, მრისხანებად იქცევა მათ წინაშე... არ ერიდება მათ პირად, თვით უინტიმეს საქმეებში ჩარევასაც კი, რათა ზნეობრივად წმიდანი და შეუბღალავნი ამყოფოს ისინი ერისა და ქვეყნის წინაშე...
ქართული საზოგადოებრივი ისტორიის უვრცესი სივრცეებიდან სამი კოლოსალური ნიშანსვეტი, სამი სრულიად განსაკუთრებული პიროვნება ამოიზიდება... მხოლოდ მათ უწოდა ქართველმა ერმა „ერის მამა“... გრიგოლ ხანძთელი, სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე - აი სახელები ამ წმინდანებისა... უცნაურია, მაგრამ მათ შორის ყველაზე ბედნიერი მაინც გრიგოლ ხანძთელი იყო, რადგან მისი გრანდიოზული კულტურულ-აღმშენებლობითი ღვაწლი და საქმიანობა საბოლოოდ მაინც ბრწყინვალე შედეგებით დაგვირგვინდა - საქართველო გაერთიანდა და საუკუნეთა მანძილზე წარმმართველი როლი შეასრულა კავკასიაში...
განუზომლად დიდია გრიგოლ ხანძთელის დამსახურება ეროვნული სულიერი კულტურის, ქრისტიანული რწმენისა და მსოფლშეგრძნების, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნისა თუ აღორძინების ფუძემდებლურ ისტორიულ პროცესთა განვითარებაში... ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს სულიერმა მოძღვარმა მთელი ერისა და ქვეყნის მომავალი იხსნა და ღირსეულად გადაარჩინა...
ერთ დროს, დიდი ხნის წინათ, ღრმად მოხუცებული გრიგოლ ხანძთელი, საკუთარი ნათელხილვით აღტყინებული, ასე დამშვიდობებია მისთვის მშობლიური შატბერდის მონასტრის სმენადქცეულ წმინდა მამებს, მათი სახით კი საკუთარ ქვეყანასაც: „კეთილად აღორძინდი, შატბერდო, და შეიმკე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ნაყოფი მსხვერპლთა შენთა ჟამად-ჟამად უბიწო შესწირო უფლისა, რამეთუ მე აწ ესერა მშჳდობასა დაგიტევებ შენ და არღარა იხილო პირი ჩემი ჴორციელად, ვიდრე უფლისა დიდებით მოსვლამდე. აწ დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, ხოლო სულითა მარადის შენთანა ვარ შეწევნად შენდა“...
ამ სიტყვების გულწრფელმა განცდამ დაამწუხრა თურმე ირგვლივ ყოველი: „მაშინ მწარითა ცრემლითა ტიროდეს მკჳდრნი შატბერდისანი, სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ ჴორციელად არღარა ხილვად უც მოძღვარი თჳსი“...
ეს იყო IV საუკუნის შუაწელი, ჟამი საქართველოს სხეულზე იარამომრავლებისა და მომავლის მიმქრალი რწმენის კვლავ აღორყინებისა...
იდგა სამშობლოს ბედზე ფიქრით განაწამები მოხუცი და მაცხოვრის მფარველ და შემწყნარებელ ძალასღა იხმობდა მომავლის იმედად...
თუმც, საკუთარი სულის უკვდავებისაც სჯეროდა... ღრმად სწამდა, რომ მომავლისაკენ ტანჯვით მავალ სამშობლოს არასოდეს მოაკლდებოდა მისი უწმინდესი სულის ღვთაებრივი ლოცვა... ლოცვა გადარჩენისა და აღორძინების ვედრებით აღბეჭდილი და ამით ამაღლებული...
ძალზედ ცოტანი არიან ერის ჭეშმარიტ სულიერ მამებად შერაცხულნი... თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთხელ გავიმეორო მათი ნეტარი სახელები...
გრიგოლ ხანძთელი, სულხან-საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აი, ტრიადა, რომელთა ცხოვრებისა და ღვაწლის ფონზე მოკრძალებით თუ იციმციმებენ თვით ჭეშმარიტად კლასიკური აზროვნებითა და ვირტუოზული მხატვრული ხელრთვით გამორჩეული ჩვენი სულიერი წინაპრები...
გრიგოლ ხანძთელი მაინც სათავეა, მაინც საფუძველთ-საფუძველია დიდი ქართული ერისკაცობისა, კოლოსალური ქრისტიანული ძალთახმევით ქვეყნის გადარჩენის დიდი მაგალითისა, ერთ პიროვნებაში დატეული უნივერსალური, რაღაც ზეადამიანური იმპულსებისა და კიდევ მრავალი სათნოებისა და სიქველისა...
ასეთია, უზოგადესი კონტურები ანუ მკრთალი სილუეტი ქართველისა, რომელმაც ერთ, ქვეყნისათვის საბედისწერო დროს, გადაარჩინა და აღორძინების პერსპექტივებით აღბეჭდა მწუხარებისა და უმოქმედობის ძილქუშში ჩაძირული რწმენადაკარგული სამშობლო...
რომელმაც დასაბამი მისცა ეროვნული შემოქმედებითი სულის წარმოუდგენელ მეტამორფოზებსა თუ უნივერსალურ პარადიგმებს... ქართული რენესანსული კულტურის დაბადებასა და გაბრწყინებას მისი აპოთეოზის - რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ სახით...
მართლაც რომ უსაზღვროა ამ მცირე ესსეს პროტაგონისტის როლი და ადგილი ჩვენი ერის ისტორიაში... უსაზღვრო, თუმც ბევრისა და ბევრისათვის ძალზედ ბუნდოვანი და სრულიად უცნობიც კი...
რა სამწუხაროა ერის სულიერი სიღარიბის თუნდაც ეს ერთი უმძიმესი სიმპტომი - გადავიწყება, თუ სულაც არცოდნა შენი უღრმესი და უმძლავრესი სულიერი ფესვებისა...
წარსულისადმი ამ საბედისწერო აპათიამ, ანუ დროთა კავშირის უნუგეშო რღვევამ რაც მოგვიტანა, და რასაც მომავალში მოგვიტანს, ალბათ უკვე აღარცაა ძნელი წარმოსადგენი...
ჩვენი, რაღაც ფატალური, გამძვინვარებული ფერისცვალების, ეროვნული „სამოსელიდან“ თავის დაღწევისა და სხვადქცევის, ანუ ფსევდოცივილიზაციით ნაკარნახევი სრული მუტაციის გულისამრევი პროცესი უკვე მიმდინარეობს და არავინ იცის, რა გზებითა და საშუალებებით შეიძლება მისი „ძლევამოსილი“ ინერციის შეჩერება...
მით უფრო საოცარია, რომ მიუხედავად ამ საერთო სულიერი ქაოსისა, სწორედ დღეს, როცა კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას, მეტ აზრსა და მნიშვნელობას იყენენ ქრისტიანული რწმენის საკრალური ფესვებიდან ამონაზარდი ეროვნული სულისა და ცნობიერების გენიალური შემოქმედნი და უპირველესი ჭირისუფალნი...
ამ უწმინდესთა შორისაა გრიგოლ ხანძთელი... მარადისობას ადევნებული ეს „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“...