![]() |
სოციალური პოლიტიკა საქართველოში №4 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დუმბაძე მანანა, ქურციკიძე მაია |
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში |
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“, ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ „ჰორიზონტის“ მიერ „მერსი ქორის (Mercy Corps) და „ქეას“ (Care International) ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ფარგლებში. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. © „ჰორიზონტი“ მესამე სექტორის ფონდი 2003 რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: სანდრო ასათიანი, დავით გუგუშვილი, ხათუნა ჯავახაძე, ლევან მჟავანაძე, მერი ელენე ჩატვინი, ბელა ორჯონიკიძე, ნათელა მოდებაძე. სარედაქციო კოლეგია: ნინო სააკაშვილი ფონდ „ჰორიზონტის“ დირექტორი მერი ელენე ჩატვინი მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში ვანო თავაძე ფონდ „ჰორიზონტის“ სექტორთ შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი სტივენ პაუერი EGCMI დირექტორი ნინო ჟურული კომუნიკაციის უფროსი თანამშრომელი, Care International მარინა ვაშაყმაძე ჟურნალისტთა საერთაშორიოს ცენტრის ასოცირებული დირექტორი მიხეილ მინდაძე ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლებისა და ბავშვთა დაცვის საკითხებში მარინა თაბუკაშვილი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ქალთა პროგრამების მენეჯერი მანანა თურმანიძე საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრი ჩაილდის“ დირექტორი მაია ცუცქირიძე კომუნიკაციის განყოფილების და პროექტის ასისტენტი, „იუნისეფი“ მიხეილ ქანთარია სამეგრელოს რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ირმა ქურდაძე ახალციხის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი კახა ყავრელიშვილი ახალქალაქის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი დავით ვასაძე იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ომარ ბაკურაძე გურიის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ჟურნალში „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ჰორიზონტის“, მერსი ქორის“, „ქეას“ ან USAID-ის თვალსაზრისს. |
![]() |
1 წერილი რედაქტორისაგან |
▲back to top |
მანანა დუმბაძე
ურთიერთობები ეკონომიკის გულია. ეკონომიკა ადამიანთა ურთიერთობების და მათი სოციალური გარემოს ყველაზე ღრმა პლასტებშია განფენილი და უთვალავი არხითაა ერთმანეთთან დაკავშირებული.ჩვენი ჟურნალის მეოთხე გამოშვებაში ძირითადი ყურადღებას იმ ფაქტორზე ვამახვილებთ, რომლებიც ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების, სტაბილური პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური პირობების განვითარებას უშლის ხელს და რომელთა აღმოფხვრაც, საქართველოს მდგრადი განვითარების ერთადრეთი პირობაა.
სტატია „ქალთა ეკონომიკური პირობები საქართველოში“ გვიამბობს იმის შესახებ, თუ რაოდენ მკვეთრად შეცვალა საბაზრო ეკონომიკაზე მოუმზადებელმა, სტიქიურმა გადასვლამ ქალის ბედი საქართველოში. ქალისა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს, უმაღლესი განათლებისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მამაკაცს ტოლს არ უდებდა, დღეს კი, საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ფენას განეკუთვნება.
ჟურნალის ამავე გამოშვებაში გიამბობთ განათლების რეფორმის პროცესში მიმდინარე სიახლეებზე და განსასჯელად გთავაზობთ „სასკოლო სამეურვეო საბჭოების“ პროექტს, რომელსაც საქართველოს ექვს რეგიონში ათი სამოდელო სამეურვეო საბჭოს დასაარსებად ახორციელებენ განათლების სამინისტრო, ფონდი „ჰორიზონტი“, Mercy Corps და Care International.
ჩვენმა კოლეგებმა UNICEF-დან ამ გამოშვებისთვის სპეციალურად შემოგვთავაზეს საქართველოში ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის ამსახველი სტატია. პროგრამის განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ ძვრებს, რაც პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყანაში ეკონმიკური რეფორმების გატარებაზე.
ამ გამოშვებაში ვიწყებთ ბაასს ისეთ საჭირბოროტო საკითხევზეც, როგორიცაა ხანდაზმულობა. ავტორი სტატიისა „მოხუცებულობა - დავიწყებული თემა საქართველოს განვითარების პროგრამებში“, ვანესა თილსთოუნი, მიიჩნევს, რომ საქართველოში მოხუცებულები საზოგადოების ყველაზე მიუსაფართა ფენას მიეკუთვნებიან და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად მრავალი რიტორიკული განხცადებისა მოხუცებულთა მხარდასაჭერად, საქმე წინ არ მიიწევს.
„ხანდაზმულობის პრობლემათა მადრიდის საერთასორისო სამოქმედო გეგმა“, რომელსაც 159-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, პირველი საერთასორისო შეთანხმებაა, რომელიც ცნობს ხანდაზმულთა წვლილსა და პოტენციალს საზოგადოების განვითარების საქმეში და სახელმწიფოთა მთავრობებს ავალებს მოხუცებულების საკითხი თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის და სიღარიბის დაძლევის პროგრამებში შეიტანონ.
ჟურნალის ამ ნომერში ვაქვეყნებთ „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამის“ ფარგლებში რეგიონული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით განხორციელებულ ღონისძიებათა ამსახველ სტატიას გურიის მაგალითზე, ასევე, დედაქალაქსა და რაიონებში თემის მობილიზების მიზნით ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ერთი პროექტის ანგარიშს.
დაბოლოს, გთავაზობთ სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო საკორდინაციო კომიტეტის მიერ შემუშავებულ, სოციალური სამსახურის ეთიკის კოდექსის პრინციპებისა და სტრატეგიების სამუშაო ვიზიტს.
![]() |
2 მდგრადი განვითარება და მისი შეაფერხებელი ფაქტორები |
▲back to top |
მარიამ უბილავა, საქართველოს ეკონომისტთა კავშირი „ეკონომიკა საზოგადოებისთვის“, მდგრადი განვითარების კომიტეტი
მდგრადი განვითარების მიღწევა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცამაა. ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება საქართველოში მდგრადი განვითარების მიმართულებით და რამდენად წარმატებულად, იმ ძირითადი ფაქტორების აღნიშვნაა აუცილებელი, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის სტაბილურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალური განვითარებას და რომელთა აღმოფხვრაც საქართველოს მდგრადი განვითარების წინაპირობაა.
საქართველოში ეს ფაქტორები ერთობ ბევრია, ეთნოკონფლიქტებიდან დაწყებული, ეკონომიკური, სოციალური, ფისკალური და ადმინისტრაციული კრიზისებით დამთავრებული. ამ ეტაპზე, გამოვყოფდით მდგრადი განვითარების ისეთ შემაფერხებელ ფაქტორს, როგორიცაა ჩრდილოვანი ეკონომიკა.
მიუხედავად მთელი რიგი გატარებული ღონისძიებებისა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და მისი თანმდევი მოვლენის, კორუფციის, აღმოფხვრა კვლავ ყველაზე საჭირბოროტო პრობლემად რჩება. არსებული ოფიციალური მონაცემებით, ულანასკნელ წლებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქციის, სულ მცირე, 30-35 პროცენტი ჩრდილოვან სექტორში იწარმოება. ექსპერტული გათვლებით ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში 50-70 პროცენტამდეც აღწევს. იმ მრავალ ფაქტორთაგან, რომლებიც საქართველოში ჩრდილოვან ეკონომიკას განაპირობებენ, აღსანიშნავია: პოსტ-კონფლიქტური ზონების არსებობა და ეკონომიკური საზღვრების დაუცველობა, სუსტი ინსტიტუციური სისტემა, ძველი, საბჭოური მენტალიტეტი, კორუფციასთან საზოგადოების შემგუებლობა და დაბალი საკანონმდებლო დონე.
აღნიშნული ფაქტორების გამო დღემდე ფერხდება ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი ღონისძიებების გატარება. ზემოაღნიშნული აფერხებს ლეგალური ეკონომიკის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს და ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის სოციალურად დაუცველი ფენის უზრუნველყოფას, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის გამოც ქვეყანაში კატასტროფულად აიწია სიღარიბის დონემ.
ამჟამად, ქვეყის მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო მისი ნახევარი - უკიდურეს სიღატაკის ზღვარზე. სიღარიბის დონე ქალაქად უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად, თუმცა სხვა სოციალური მაჩვენებლების მიხედვით (განათლების დონე და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა) ქალაქში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.
განხილული უნდა იქნას, ასევე, ემიგრაციის პრობლემა. უკანასკნელი მონაცემებით ქვეყნიდან გასულია ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი. მიგრაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი ქვეყანასი შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მარალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების სიმცირე და ნაკლებად ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო აიძულებს ადამიანებს. საარსებო სახსრები ქვეყნის გარეთ ეძიონ. ხოლო, ქვეყნიდან ადამიანური კაპიტალის მასობრივმა გადინებამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა სავალალო სოციალურ-ეკონომიკური შედეგი მოგვიტანოს. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება უდავოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პირობების შექმნისათვის. მდგრადი განვითარების მაღალი დონის მისაღწევად საჭიროა სამი მნიშვნელოვანი სფეროს: სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სფეროს ინტეგრირება. გარემოს დაცვის ინტეგრირება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განიხილება როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ეკონომიკურად ეფექტური, სოციალურად სამართლიანი და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები განვითარებისა. ეკონომიკური, სოციალური და გარემოსადაცვითი საკითხების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების დროს ურთულესი პროცესია, რომელიც მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესთა თანხვედრას. სწორედ ამიტომ, დაუბალანსებელი განვითარების შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ამ ფაქტორების ინტეგრირებას საზოგადოების განვითარების დაგეგმვის ყველა ფაზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამჟამად, საქართველოში არსებული სტრატეგიები და გეგმები ნაკლებად ასახავენ ქვეყნის განვითარების საქმეში ინტეგრირებული მიდგომისადმი ლტოლვას. უკანასკნელ წლებში რამდენჯერმე იყო მცდელობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებში ეკონომიკური სოციალური და გარემოსდაცვითი ინტეგრირება მოეხდინათ. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების და კეთილდღეობის ამაღლებისთვის აუცილებელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, რაც შესაძლებელს გახდის სიღარიბის დაძლევისა და თანამედროვე, მსოფლიო თანამეგორბობაში ინტეგრირებული ეფექტიანი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება, მათი თავმოყრა და ურთიერთშეჯერება.
დღეისათვის, ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად უნდა წარმოადგენდეს განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. წარმოების განვითარება დასწევს უმუშევრების დონეს და, შესაბამისად, მოხსნის დასაქმების პრობლემას. ამით შესაძლებელი იქნება ერთიანი მძლავრი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც უნდა გამყარდეს ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის მასშტაბების შემცირებით. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაუმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა; განათლების და დასაქმების მაღალი დონე უზრუნველყოფს სიღარიბის დაძლევას, რაც მომავალში დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე.
არსებული კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის პროცესი უზრუნველყოფს ეკოლოგიური სიტუაციის სტაბილურობას. გარემო პირობების გაუმჯობესებას უნდა მივაღწიოთ ეკონომიკური საქმიანობის ეკოლოგიზაციის ინსისტუციური და სტრუქტურული გარდაქმნების ხარჯზე, რაც მეურნეობრივი ახალი მოდელის დანერგვის უზრუნველყოფის და ეკოლოგიურად ორიენტირებული მეთოდების მართვის ფართოდ გავრცელების საშუალებას მოგვცემს.
![]() |
3 ქალთა ეკონომიკური პრობლემები საქართველოში |
▲back to top |
ნინო შიოშვილი, საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშეწყობის ასოციაცია „ამაგდარი“, პრეზიდენტი
ბოლო ხანებში მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა, მოსახლეობის მასობრივმა გაღატაკებამ კიდევ უფრო გაამწვავა ქალთა მდგომარეობა საქართველოში და თვალნათელი გახდა გენდერული დისბალანსი საზოგადოებაში. საბაზრო ეკონომიკაზე მოუმზადებელმა, სტიქიურმა გადასვლამ მკვეთრად შეცვალა საბჭოურ პერიოდში განსაკუთრებით წარმატებული,უმაღლესი განათლების დონის მხრივ მამაკაცებთან შედარებით აშკარა უპირატესობის მქონე ქალთა ბედი. ქალები მაშინ მაღალი კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, მათი დასაქმების დონე 80 პროცენტს აღწევდა, დღეს ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდეა დასული.
პრივატიზაციითა და რესტრუქტურიზაციით გამოწვეულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს ქვეყანაში ქალთა ტრადიციული დასაქმების სფეროების არეალის შემცირება (როგორც საწარმოო, ასევე არასაწარმოო), რამაც მუშა და ინტელიგენციის წარმომადგენელ ქალთა შრომითი რესურსების უმეტესობა უმუშევარი დატოვა. ქალებმა სამსახურისა და ხელფასის დაკარგვასთან ერთად დაკარგეს მათთან დაკავშირებული სოციალური დახმარებები და შეღავათები. მათ სანაცვლოდ, სოციალური დაცვის სხვა მექანიზმები არ შექმნილა. ამასთან, ქალთა მიერ დედობისა და შრომითი საქმიანობის შეთავსებამ (ჩვეულმა ორმაგმა დატვირთვამ), მძიმე სამუშაო პირობებმა შინ და გარეთ, სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვის შეკვეცამ და ბავშვთა მოვლის შესაძლებლობათა შემცირებამ კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო ქალი და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მას შრომის ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით მეტს აქტიურობენ, მათთვის პროგრესული, შრომის ბაზრის კონიუქტურისთვის შეასაბამის პროფესიაზე გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არავითარი პირობები შექმნილი არ არის. მომუშავე ქალები მამაკაცებისაგან განსხვავებით ნაკლებანაზღაურებად კატეგორიას წარმოადგენენ. უმრავლეს ქალთა ხელფასი, დღემდე, საარსებო ზღვარსაც ვერ აღწევს. ამიტომ, მათი უმრავლესობა დღეს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენის კატეგორიაში აღმოჩნდა. ქალთა კადრების დიდი ნაწილი ოჯახისა და შვილების შესანახად მათთვის შეუფერებელ, არაპრესტიჟულ სამსახურებში მუშაობს, სადაც მაკონტროლებელ ორგანოთა წარმომადგენლებთან უკანონო გარიგებებით (რეგისტრაციის გარეშე) და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სხვადასხვა ბაზრობებზე „უუფლებო მონურ შრომას“ ეწევიან. ქალების ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართვა არსებითად განპირობებულია ქვეყანაში ბიზნესისთვის შექმნილი არახელსაყრელი კლიმატით (შესაბამისი კანონმდებლობის ხშირი შეცვლა და მაკონტროლებელ ორგანოთა საქმიანობის მანკიერი პრაქტიკა), რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. მიუხედავად ქალების მცდელობისა, წარმატებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას მიაღწიონ ბიზნესში. და იმ მრავალი დადებითი თვისების მიუხედავად, რომელიც ქალებს ზოგადად ახასიათებთ: (კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა, პროფესიული განვითერებისკენ სწრაფვა, ცხოვრებისეული ალღო, საოჯახო მეურნეობის გაძღოლის გამოცდილება, ადამიანებთან მუშაობის უნარი და ზნეკეთილობა, რაც ბიზნესში ესოდენ მნიშვნელოვანია), მათი წამოწყება ხშირად ფუჭია. ქალებს აშკარად ესაჭიროება ისეთი ხელშეწყობა, რაც ბიზნესის სწავლაში, სამეურნეო საქმიანობაში საკუთარი უფლებების და მათი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის უნარ-ჩვევების დაუფლებაში (საგადასახადო, ფინანსურ, ეკონპომიკურ და შრომითი ურთიერთობების სფეროებში) გამოიხატება.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული ასპექტები ნაკლებმნიშვნელოვნადაა მიჩნეული. არც სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესშია მათზე ყურადღება გამახვილებული.
საკანონმდებლო შეღავათები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში იქნა მიღებული და შესაბამისობაში მოყვანილი საერთაშორისო კონვენციებთან თითქმის ვერ სრულდება. ასე მაგალითად: „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის“ მიხედვით გათვალისწინებული გარანტიების მიუხედავად, გახშირდა შრომის ბაზარზე ქალთა შრომითი პირობების დარღვევა. მათი პროფესიული უსაფრთხოების დარღვევა; სახელმწიფო სტრუქტურებში ქალთა კადრებს მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ხშირად ამცირებენ. ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად მიუწვდებათ ხელი შეღავათიან კრედიტებსა და უცხოურ ინვესტიციებზე და ასე შემდეგ.
აღმაშფოთებელია მოსამსახურე ქალებზე პროფესიული ძალადობა, მათი შრომითი უფლებების უხეში დარღვევა, რაც ძირითადად, მამაკაცი ხელმძღვანელისგან მომდინარეობს ხოლმე. შრომის ბაზარზე მაღალხარისხიანი შრომის დევალვაცია ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქალი დასაქმებულია არალეგულარული, მისი კვალიფიკაციისთვის შეუფერებელი, არაპრესტიჟული სამუშოთი და მამაკაცთან შედარებით მცირე ხელფასს იღებს. ქალის და მამაკაცის შემოსავლებში აშკარაა უთანასწორობა, რამაც შრომის ანაზღაურებაში სქესობრივი ნიშნით დიფერენციაცია განაპირობა. საშუალოდ, ქალის ხელფასი მამაკაცისას 40 პროცენტით ჩამორჩება, ხოლო შემოსავალი თვითდასაქმების მიხედვით (პრინციპი: ერთნაირი სამუშაო - ერთნაირი ანაზღაურება) - 70 პროცენტით.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მოსახლეობის თითქმის 65 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქალთა სიღატაკე სერიოზულ ტენდენციად იქცა, რაც მზრდი უმუშევრობის გარდა (ქალთა უმუშევრობამ 50-60 პროცენტს მიაღწია) გამოწვეულია სიმბოლური შრომითი ანაზღაურებით, ხელფასებისა და პენსიების მუდმივი დაგვიანებით, გახანგრძლივებული უხელფასო შვებულებებით, სოციალური დახმარების სისტემის მოშლით და სხვა მრავალი ფაქტორით.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებზე დღეს საქართველოში ბევრი საერთასორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ ბევრი სერიოზული დარღვევა აღინიშნება. ქალების დიდი ნაწილი არ იცნობს საკანონმდებლო დოკუმენტაციას და მთავრობის დადგენილებებს ეკონომიკის, შრომისა და დასაქმების, სოციალური დაცვის, საგადასახადო, საჯარო, საკრედიტო, ფინანსურ და სხვა საკითხებში. ასევე, უცნობია მათთვის ქალებისათვის სამთავრობო-მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათები და დახმარების საშუალებები, რაც იმთავითვე ზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებათა გამოყენების შესაძლებლობას და ხელს უშლის სიტუაციის გაუმჯობესებას.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები მიუთითებს იმაზე, რომ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს არა მერტო სახელმწიფო, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდანაც, რადგან, თუ ამ მხრივ ქვეყანაში რაიმე ქმედითი არ გაკეთდა, ქვეყანა შეიძლება სოციალური კრახის წინაშე აღმოჩნდეს.
მწარე რეალობა ქალებს პროსტიტუციასა და ბოროტმოქმედთა სამყაროსაკენ უბიძგებს. ეკონომიკური სიდუხჭირისაგან თვის დასაღწევად არაერთი ქალი მიმართავს არალეგალურ შრომით მიგრაციას, რაც ხშირად მას ტრეფიკინგისა და იძულებითი სქესობრივი თუ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლად აქცევს. უცხოეთში შინამოსამსახურეებად გადახვეწილი ქალები ღირსების გრძნობის დათრგუნვის ფასად შეუფერებელ, დაბალკვალიფიციურ სამუშაოს ეწევიან და ამ გზით ოჯახებს არჩენენ. დღეს ამას საქართველოში ქალის მაღალუნარიანობის, გამართლებას და საქმიანობას ეძახიან.
არალეგალური მიგრაციის გამო ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა ბედი მთელი ქვეყნის საწუხარია. თანაც, ნუ დაგავიწყდება, საერთასორისო ტრეფიკინგის პრაქტიკასა და მისგან გამომდინარე უმძიმესი შედეგების მიხედვით, საქართველოს მესამე კატეგორიის ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. დროა, მწარე სინამდვილეს თვალი გაუსწოროთ და სახელმწიფომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ რეალური, გადამჭრელი ზომები მიიღოს.
ულუკმაპუროდ დარჩენილი შვილების დედებს ვერანაირი საინფორმაციო კამპანია და უცხოეთში გამგზავრების შეზღუდვები ვერ შეაჩერებს. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ისეთი კონკრეტული ქმედებებითაა შესაძლებელი, როგორიცაა, მაგალითად: ტრეფიკინგის პოტენციური რისკის მქონე ქალთა კონტიგენტის დადგენა, მათი პროფესიული გამოცდილებებისა და კვალიფიკაციის ბანკის შექმნა, მათი გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება (ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა).
დღესდღეობით, ამ კუთხით სერიოზულ და ქმედით სამუშაოებს ქალთა პრობლემებზე ორიენტირებული მხოლოდ რამოდენიმე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. და მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციაც. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე , როგორიცაა: ქალთა შრომა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისა და მათი დასაქმების ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო შეღავათიანი კრედიტების მიღების გზებისა და ბიზნესის საფუძვლების სწავლება, სამუშაო ადგილებზე ქალთა ძალადობის, ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად ბრძოლა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ქალთა (და არა მარტო ქალთა) სათემო ორგანიზაციების გაძლიერება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან თნამშრონლობით. ჩვენმა ასოციაციამ სახელმწიფო და საერთაშორიოსო ორგანიზაციებს პროფესიული რეკომენდაციაბი შესთავაზა, „ჩრდილოვანი ანგარიშები“ წარუდგინა გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტს (CEDAW) ნიუ-იორკში 1999 წელს გაეროს სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის ჟენევაში 2002 წელს, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE/ODIHR) ეგიდით გამართულ სემინარს - „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში“ - ვარშავაში 2003 წელს და ა.შ.
სახელმწიფო მმართველობის უსუსურობისა და დასაქმების სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, იმედის მომცემი ტენდენცია მაინც იგრძნობა. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2002 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „რეგისტრირებულ უმუშევართა დასაქმების პროგრამის“ განხორციელების ფაქტი. ამ პროგრამის ფარგლებში ასოციაცია „ამაგდარის“ მონაწილეობით შესაძლებელი გახდა უმუშევარ ქალთა დასაქმება (მცირე ბიზნესში ჩართვით). ეს პროცესი ახლაც გრძელდება და დასაქმების სახელმწიფო სამსახურებში რეგისტრირებულ უმუშევარ ქალებს, რომელთაც ბიზნესის წამოწყება სურთ, შანსს აძლევენ სურვილი რეალობად აქციონ.
![]() |
4 სასკოლო სამეურვეო საბჭოები საქართველოში |
▲back to top |
ხათუნა ჯავახაძე, სამეურვეო საბჭოს პროგრამის მენეჯერი, საქართველოს თემის მობილიზების პროგრამა
საბჭოთა პერიოდის განათლების სისტემა უგულებელყოფდა საზოგადოების ჩართვას საჯარო განათლების პროცესში. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ახალი ზოგადსაგანმანათლებლო ტიპური დებულების თანახმად, სასწავლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო წარმოადგენს მშობლებისაგან ან საზოგადოების სხვა წევრებისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ქმნის მომავალზე ორიენტირებული განათლების ღია სისტემას, რომელიც საზოგადოების აქტიური ჩართვით ხელს შეუწყობს მაღალი დონის სახელმწიფო სკოლების ჩამოყალიბებას.
სამეურვეო საბჭოს პროგრამა არის განათლების სამინისტროს და საქართველოს თემის მობილიზები ინიციატივის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს ექვს რეგიონში ათი სამოდელო-სანიმუშო სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბებაა. ამ მიზნით პროექტის დაწყების პირველ ეტაპზე ჩატარდა სამეურვეო საბჭოს პროგრამის საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს რეგიონების განათლების განყოფილებებისა და სკოლებისათვის. შეხვედრას საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის სოციალური პოლიტიკის რეგიონულმა სამუშაო ჯგუფებმა უმასპინძლეს. პარალელურად, ექვს რეგიონში ათი სასწავლო დაწესებულების შესარჩევად კრიტერიუმები იქნა შემუშავებული. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ განათლების სამინისტრო, ფონდი „ჰორიზონტი“, Mercu Corps და Care international. სკოლების შესარჩევად თითოეული რეგიონის სამ სკოლაში მოკვლევა-შეფასების სამუშაოები (დათვალიერება ადგილზე, კითხვარების შევსება) ჩატარდა. სასწავლო დაწესებულების მონახულება საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი იყო. მოკვლევა-შეფასების შემდეგ რეკომენდაციები მიეცა რეგიონების ისეთ სკოლებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შერჩევის კრიტერიუმებს.
სამეურნეო საბჭოს სამოდელო სკოლებია: დასავლეთი საქართველო - ზემო იმერეთი: ხარაგაულის რაიონი, ბორითის საშუალო სკოლა; ქვემო იმერეთი: ტყიბულის რაიონი, გელათის საშუალო სკოლა; სამტრედიის რაიონი: იანეთის მესხთა დასახლება, ცხრაწლიანი სკოლა; სამეგრელო: სენაკის რაიონი, ზანას საშუალო სკოლა. აღმოსავლეთ საქართველო - ქართლი გორის №6 საშუალო სკოლა; მცხეთის რაიონი: ციხისძირის საშუალო სკოლა; სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის რაიონი, ვალის საშუალო სკოლა. კახეთი: საგარეჯოს რაიონი, თოხლიაურის საშუალო სკოლა; ისანი-სამგორის რაიონი: №106 საშუალო სკოლა.
ათი სასწავლო დაწესებულების შერჩევის შემდეგ თითოეულ მათგანში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს პროგრამის ტრენინგები სკოლის მშობლების, დირექტორების, პედაგოგების და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირებისათვის. სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნენ განათლების სამინისტროს ტიპურ დებულებაში მოცემულ სამეურვეო საბჭოს მიზნებს, არჩევისა და დათხოვნის წესებს, მონიტორინგს, ფუნქციებს, დირექტორთან ურთიერთობებს და ანგარიშვალდებულებებს. შეხვედრის მიზანი იყო არა მარტო სამეურვეო საბჭოს დებულების გაცნობა, არამედ ამ სკოლების მშობელთა მომზადება შემდგომში საბჭოს არჩევნებისათვის. სამუშაო შეხვედრის შემდეგ შეიქმნა „მშობელთა საინიციატივო ჯგუფი“, რომელიც თემს მოამზადებს სამეურვეო საბჭოს 2003 წლის არჩევნებისთვის.
როგორია კარგი სამეურვეო საბჭო?
განათლების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო ტიპური დებულების თანახმად, სასწავლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭო იქმნება შემოსავლების მოზიდვისა და მათი რაციონალური განკარგვის მიზნით. გარდა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისა, საბჭო პასუხისმგებელია ფართო საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს იმის თაობაზე, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს მოსწავლეებმა და რა ზომებია მიღებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. სამეურვეო საბჭო აქტიურად მონაწილეობს სასწავლო დაწესებულების წესდების შექმნაში, ადგენს არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვის პროექტს, იცავს მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებებს, თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა მიღწევებს, მოქმედებს ფინანსური პასუხისმგებლობით, განიხილავს და ამტკიცებს სკოლის მართვის სტრატეგიული და მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმას და მრავალ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეხმარება სკოლის დირექტორსა და პედაგოგიურ საბჭოს, სახელმწიფო პროგრამის ბაზაზე სასკოლო პროგრამა შეიმუშავონ.
რამდენადაც მოსწავლეთა მოსწრების სტანდარტები პრაქტიკულად უნდა ესადაგებოდეს საზოგადოების მოლოდინს და ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რისი ცოდნა და უნარ-ჩვევები იქნება საჭირო მომავალი თაობისათვის, სამეურვეო საბჭომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან, რაიონულ ხელმძღვანელობასთან, მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან... ამ მხრივ, სამუშაო შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულ იქნა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატზე, ვინაიდან, თავის მხრივ, საბჭო ვალდებულებას კისრულობს, ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გრძელვადიან ურთიერთობას სკოლაში და მის გარეთ. კერძოდ საბჭომ შეიძლება ითანამშრომლოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებთან და ორგანიზაციებტან, სხვა სკოლების სამეურვეო საბჭოებთან ინფორმაციების გაცვლისა და სამუშაოს შეფასება-ანალიზის მიზნით. მისასალმებელია, ასევე, საბჭოების თანამშრომლობა ბიზნესის ლიდერებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან.
სამეურვეო საბჭოს აქვს სავსებით ლოიალური და უანგარო დამოკიდებულება სასწავლო დაწესებულების მიმართ. მათ საერთო ინტერესები გაჩნიათ. მეურვეებმა ყოველთვის ღიად უნდა განაცხადონ სკოლისადმი მოვალეობებსა და კერძო ინტერესებს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ და აქტიურად დაუჭირონ მხარი სასწავლო დაწესებულებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.
მეურვეები პროპაგანდას უწევენ სკოლას ოჯახში, მეგობრების წრეში და ფართო საზოგადოებაში, ხელს უწყობენ მასწავლებელთა, მშობელთა და საზოგადოების წევრების საქმიან ურთიერთობებს და იძლევიან სრულ ინფორმაციას განათლების მნიშვნელოვან საკითხებზე.
2002 წლის ოქტომბრიდან სამეურვეო საბჭოს პროგრამას აქტიურად ეხმარებოდა საერთაშორისო კონსულტანტი ჰილარი ლა მონტი, რომელიც განათლების სამინისტროს ადგილობრივ საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციებს აწვდიდა საქართველოში ათი სამოდელო სამეურვეო საბჭოს შექმნის და საბჭოს არჩევნების საკითხებზე.
ვინ შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი?
დებულების თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრები არიან სკოლის მშობლები ან საზოგადოების ის წევრები, რომლებიც მატერიალურ ან ინტელექტუალურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლას. მეურვეები უნდა მოქმედებდნენ ეთიკის ფარგლებში, იყვნენ ინფორმირებულნი, იღებდნენ საღ გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, საკმარის დროს უთმობდნენ თავიანთ ვალდებულებებს. დამუშავებულია სამეურვეო საბჭოს პოზიციის იგნორირება, რეკომენდაციების მიღება ვინმეს ამბიციურობის დასაკმაყოფილებლად, მეურვეთა ჩარევა სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივაში ან სამეურვეო საბჭოს უფუნქციო განყოფილებების შექმნა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ მუშაობს სამეურვეო საბჭო.
როგორ მუშაობს სამეურვეო საბჭო?
შერჩეული სამოდელო სანიმუშო სამეურვეო საბჭოები უნდა გახდნენ სამაგალითო სხვა სასწავლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოებისთვის. მმართველი კომიტეტი აქტიურ დახმარებას გაუწევს მეურვეებს განათლების საკითხებში (ტექნიკური დახმარების ჩათვლით).
ისინი თავის წვლილს შეიტანენ სახელმძღვანელოს - „სასწავლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო“ - შექმნაში, რომელიც სავარაუდოდ 2003 წლის შემოდგომაზე გამოიცემა. სახელმძღვანელოში შევა ძირითადი სამართლებრივი და პრაქტიკული რეკომენდაციები საქართველოს სასკოლო საბჭოების შექმნის თაობაზე (როგორ ირჩევენ საბჭოს, მისი ფუნქცია და მიზნები).
გვჯერა, რომ სწორად შერჩეული სამეურვეო საბჭო, მისი წევრების თვისობრივი მახასიათებლებით, ხარისხიანი შრომით და მიზანდასახულობით მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს საქართველოში სკოლების განვითარებას.
![]() |
5 ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამა საქართველოში |
▲back to top |
მაია ქურციკიძე, UNICEF
ლონდა ესაძე, UNICEF
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების უპირველესი მიზანი ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემის შექმნაა. ამ პროცესში აუცილობლად უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტული სუბიექტები - საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების, პირველ რიგში, ბავშვების სახით - მით უმეტეს, რომ სწორედ ბავშვებმა განიცადეს განსაკუთრებული სიმწვავით გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი კატაკლიზმები.
1990 წლის 2 სექტემბერს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძალაში შესვლამ წარმატებით დაასრულა სამოცდაათწლიანი მცდელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეღიარებინა ბავშვის, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი წევრის სტატუსი, მისი საყოველთაო დაცვის აუცილებლობა. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა, და მათ შორის, საქართველომაც, რომელმაც 1994 წელს მოახდინა გაეროს ამ დოკუმენტის რატიფიცირება, ვალდებულება იკისრეს უზრუნველეყოთ ბავშვის ინტერესების დაცვა და მისი განვითარების ხელშეწყობა. ბავშვთა უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თუმცა, რეალურად, ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ბავშვთა უფლებები თითქმის ყველა სფეროში ირღვევა, და მაინც, ძირითადი პრობლემა ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.
1990 წელს ბავშვებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე მიღებული იქნა დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც მონაწილე სახელმწიფოებს უკვე სრულიად კონკრეტული ათწლიანი ვალდებულებები და სამოქმედო პრიორიტეტები დაუსახა.
2002 წლის 8-10 მაისს ნიუ-იორკში გაიმართა ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი, გაეროს გენერული ასამბლეის საგანგებო სესია, რომელსაც 60 სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სესიაზე მსოფლიოს ლიდერებმა განიხილეს, თუ რა წარმატებით შესრულდა 1990 წელს ბავშვებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე დასახული მიზნები. გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში „ჩვენ, ბავშვები“, რომელიც ეფუძნება 135 ქვეყნის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წარმოადგენს მსოფლიოში ბავშვთა ყოფის სრულ სურათს, ნათქვამია: „მსოფლიომ ვერ შეასრულა 1990 წლის სამიტზე მიღებული ვალდებულებათა უმეტესობა. ამის მიზეზი არა ის, რომ ვალდებულებები გადაჭარბებული ან ტექნიკურად რთული განსახორციელებელი იყო, არამედ ის, რომ ბავშვების სასიკეთოდ არასაკმარისი ინვესტიციები გაკეთდა“.
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიამ 2000 წლის შემდგომი პერიოდისათვის შეიმუშავა ბავშვთა მიმართ ვალდებულებები და XXI საუკუნეზე გათვლილი ახალი სამოქმედო პროგრამა სახელწოდებით: „მსოფლიო ბავშვებისათვის“, რომელიც ოთხი ძირითადი პრიორიტეტით განისაზღვრება. ეს პრიორიტეტებია:
(ა) ახალშობილმა ცხოვრება უნდა დაიწყოს ჯანსაღ გარემოში, ბავშვები უნდა აღიზარდონ ისეთ პირობებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური, გონებრივი და სულიერი სრულყოფა, სოციალური უნარ-ჩვევებისა ინტელექტის განვითარება;
(ბ) ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაღალხარისხიანი, სრული, საბაზისო განათლება;
(გ) ახალგაზრდებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, სრულად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„პროგრესი კაცობრიობის განვითარებაში მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნები ბავშვთა სასარგებლოდ რეალური ინვესტიციების გაკეთებაზე იღებენ ვალდებულებას. იქ, სადაც ბავშვის უფლებები მხოლოდ სიტყვითაა აღიაერებული, ხოლო ინვესტირება მათ სასიკეთოდ მინიმალურია, საზოგადოება ბრძოლას განაგრძობს“. - განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეროლ ბელამმა.
გაეროს სპეციალურმა სესიამ მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდა, 2005 წლისათვის შეემუშავებინათ ბავშვთა დაცვის ერთიანი ეროვნული პროგრამები. გაეროს მითითებაში ხაზგასმული იყო, რომ უპირატესობა ენიჭება დამოუკიდებელი პროგრამების შექმნას და არა მარტო მათ ინტეგრირებას სიღარიბის დაძლევის ეროვნულ პროგრამებში. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2001 წლის 10 მარტით დათარიღებული №189 განკარგულება უკვე ითვალისწინებდა ბავშვთა დახმარების ეროვნული პროგრამის შესამუშავებლად ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნას.
ამ მიზნით 2002 წელს შეიქმნა პროგრამაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც გაეროს ბავშვთა დაცვის მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავად ბავშვებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციით აღიარებული სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელების ხელშეწყობას ბავშვის ადამიანური ღირსების შენარჩუნების ფარგლებში. ბავშვი წარმოდგენილია, როგორც პიროვნება, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
პროგრამაში ექვსი ძირითადი თემატური მიმართულება გამოიკვეთა:
ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება და უსაფრთხო გარემო;
განათლება და ჰარმონიული განვითარება;
სოციალური დაცვა, ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა;
განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა დაცვა;
ფინანსური რესურსების მობილიზება ბავშვთა საკეთილდღეოდ.
პროგრამაში განსაზღვრულია ბავშვთა დახმარების გრძელვადიანი მიზნები (1003 1007 წწ.). ეს გახლავთ სახელმწიფოს პოლიტიკური ნების გამოხატვა ბავშვთა დასახმარებლად და მთავრობის სტრატეგიული განაცხადი მათ კეთილდღეობაზე ზრუნვის შესახებ. თუმცა, პროგრამა საკმაოდ სცილდება დეკლარაციისა და სხვა ანალოგიური საპროგრამო დოკუმენტების ფარგლებს, ამ თვალსაზრისით, იგი უნიკალურია.
პროგრამაში მოცემულია თითოეული თემატური მიმართულების სიტუაციური ანალიზი და განსაზღვრულია პრიორიტეტები, სამოქმედო მიზნები და მათი განხორციელები სტრატეგია. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს პროგრამის მართვის, მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ძირითად პრინციპებს, შეიცავს თითოეული მიმართულების შესაბამის სამოქმედო გეგმას ცხრილის სახით, სადაც ყოველი ღონისძიება წარმოდგენილია შესრულების ვადების, განხორციელების მექანიზმის, შემსრულებელი და პასუხისმგებელი სტრუქტურის, ინდიკატორისა და ფინანსური ღირებულების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმასრულებელი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა. პროგრამის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროცესში თავად ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვა და თანამონაწილეობა იყო. ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პროგრამის ყოველი ნაწილი დეტალურად განიხილა ბავშვთა და ახალგაზრდულ პრობლემებზე ორიენტირებულ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად. ბავშვებისა და ახალგაზრდების სურვილები და მოსაზრებები დეტალურად იქნა ასახული პროგრამის საბოლოო ვარიანტში. ამასთან ერთად, შემუშავდა ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ პროგრამის მონიტორინგის კონკრეტული მექანიზმები.
ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამა დაამტკიცა მთავრობის სხდომამ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს პროგრამას, იგი ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.
პროგრამის განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ ინიციატივებს და მისი ძირითადი მიმართულებების რეალიზაცია დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელეასთან. სწორედ ამიტომ, იგი განხილულ უნდა იქნას საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამის კონტექსტშიც.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროგრამის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მისი წარმატების წინაპირობას წარმოადგენს.
ბუნებრივია, პროგრამის განხორციელება შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს, რაც იოლი საქმე არ არის, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
1997-2002 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების საერთო რაოდენობაში მნიშვნელოვნად შემცირდა სოციალურ დაზღვევასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების წილი. შემცირდა განათლების (5,9-დან 3,6%25-მდე), ჯანდაცვის (5,9-დან 3,6%25-მდე), კულტურის, სპორტის და სხვა (4,6%25-დან 2,7%25-მდე) დაფინანსება. ცხადია, საბავშვო დაწესებულებებისა და საბავშვო პროგრამების დაფინანსების მხრივ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ყოველწლირად, ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი უაღრესად მწირი თანხები (მთელი ხარჯების დაახლოებით ერთი პროცენტი) მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს ბავშვთა განვიტარების თანამედროვე მოთხოვნებს.
ბავშვთა დახმარების პროგრამის დაფინანსების მთავარი წყარო ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტია. მასზე მთელი ღირებულების 64 პროცენტზე მეტი მოდის (წელიწადში საშუალოდ 54 ათასი დოლარი). საქართველოს დღევანდელ ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით აღნიშნული მოცულობის ხარჯების გაწევა არარეალურია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში, დახმარების სახით გარედან შემოსული სახსრები ცენტრალურ ბიუჯეტში აისახება და ცენტრალიზებულად განაწილდება.
ერთი რამ ცხადია, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა განხორციელებისათვის სახელწიფოს მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი. მასთან ერთად აუცილებელია, არსებობდეს სამოქმედო პროგრამა, სრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი ინსტიტუტები და რაც ყველაზე მთავარია, დასახული მიზნებისა და ამოცანების ფინანსური უზრუნველყოფის რეალური წყაროები. ბავშვები ჩვენი ხვალინდელი დღეა და ბავშვთა განვითარების სფეროში ჩადებული ნებისმიერი ინვესტიცია ჩვენი მომავლის შენების საწინდარია.
![]() |
6 მოხუცებულობა: დავიწყებული თემა საქართველოს განვითარების პროგრამებში |
▲back to top |
ვანესა თილსთოუნი, EGCMI, Mercy Corps, პროგრამის დირექტორი
ხანში შესული ადამიანების რიცხვის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები მსოფლიოში მკვეთრად იზრდება. ყოველი მეათე ადამიანი 60 წლისა და მეტისაა, 2050 წლისთვის კი ყოველი მეხუთე 60 წელზე მეტის იქნება1 ამ ზღვარს საქართველომ რახანია მიაღწია. ამაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ემიგრაცია და შობადობის მკვეთრი დაცემა ახდენს. საქართველოს ზოგიერთ სოფელში, მაგალითად, წითელწყაროში, მხოლოდ ხანში შესულები ცხოვრობენ. მათგან ბევრმა დაკარგა კავშირი ნათესავებთან და თავიანთ მიწაზე მარტოობაში ატარებენ ცხოვრების უკანასკნელ წლებს.
მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღეს 66 წელია, ქალებისა -772, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, თუმცა, ხანდაზმულობა არც ისე იოლი საქმე ყოფილა: ბევრი მოხუცებული, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურს შეალია, იძულებულია ისეთი პენსიით იცხოვროს, რომელიც მის საციცოცხლო პრობლემებსაც ვერ აკმაყოფილებს. ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება ის, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მოხუცები საათობით დგანან კუთვნილი პენსიის (რომელსაც, როგორც წესი, არასისტემატურად გასცემენ) რიგში და ქრთამის მიცემასაც არ თაკილობენ მის ასაღებად.
იმისათვის, რომ თავი გაიტანოს, ან ოჯახს მატერიალურად წაეხმაროს, ბევრი მოხუცებული იძულებულია გააგრძელოს მუშაობა ან იმათხოვროს. მძიმე ეკონომიკური სიტუაცია სერიოზულად მოქმედებს მრავალწევრიანი ოჯახების დახმარების სისტემაზე.. სოციალური დაცვის სხვა სისტემა, მაგალითად, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, გაცილებით უკეთ მუშაობს, თუმცა საზოგადოება არც მას ემადლიერება და დღევანდელ რეალობასთან შეუფერებელად მიიჩნევს.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხანდაზმულებისათვის დღეს ფაქტობრივად მიუწვდომელია. ამის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და კომუნიკაციის საშუალების უქონლობაა: „სამი თვის განმავლობაში 60-70 წლის მოხუცებულთა 60 პროცენტზე მეტი, ავადმყოფობის დროს, მატერიალური სახსრების უქონლობის გამო საკონსულტაციოდ ვერ მიდიოდა ან ვერ იძახებდა ექიმს“3
ხანშისესულებს, ხშირად, სოციალურად დაუცველ პირთა ჯგუფთან აიგივებენ, მაგრამ რიტორიკის მიუხედავად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამ ჯგუფის საჭიროებათა მოსაგვარებლად ბევრი არაფერი კეთდება. პენსია - ჩვენი დღევანდელობის გადაუჭრელი პრობლემა - იმის მაგივრად, რომ მოხუცთა სვე-ბედზე ზრუნვის საგანი ყოფილიყო, პოლიტიკოსებმა ქულების დაგროვების წყაროდ აქციეს. საქართველოსთვის გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სტრატეგიის 2003 წლის სამუშაო დოკუმენტში მოხუცებულები პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, თუმცა, ამ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტიდან მოხუცებულების თემა საერთოდ ამოუღიათ. სამაგიეროდ, დაუმატებიათ იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ბავშვების დახმარების მთელი რიგი ახალი სექციები ასევეა საქმე მესამე სექტორშიც: აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ყურადღებას უნარშეზღუდულ პირთა ან ბავშვთა საკითხებზე ამახვილებენ, ხანში შესულთა პრობლემებზე კი ცოტა ვინმე თუ მუშაობს. საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ისეთი ეროვნული ინსტიტუტი ან ასოციაცია, რომელიც ხანშისესულთა გასაჭირის გამო ხმას აიმაღლებდეს.
ხანში შესულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხთა მნიშვნელობაზე ხმამაღლა ლაპარაკი პირველად 1991 წელს დაიწყო ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ გაეროს პირველ ასამბლეაზე. ასამბლეამ მიიღო გაეროს პრინციპები მოხუცებულებთან დაკავშირებით. 1 ოქტომბერი ხანშიშესლთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 1999 წელს ეს პრინციპები მსოფლიო პროპაგანდის საგნად იქცა. ამ წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საზოგადოების გათვითცნობიერების და ადვოკატირების მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა. მიზანი ხანდაზმულობის განვითარების პროგრამაში შეყვანა და „ყველა ასაკისათვის სასურველი საზოგადოების“ შექმნა იყო. ამ ღონისძიებებს საქართველომ ერთგვარად წაუყრუა და მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის 19 აპრილს გამოიცა პრეზიდენტის დეკრეტი, რომელშიც ყურადღება ხანდაზმულთა საერთაშორისო წელზე იყო გამახვილებული და ეროვნული მიზნობრივი პროგრამის - „ხანში შესული თაობა“ დამტკიცებას ითვალისწინებდა, არაფერი გაკეთებულა.
საერთაშორისო წლის შემდეგ, 2002 წლის აპრილში მადრიდში ხანდაზმულთა საკითხებისადმი მიძღვნილი მეორე მსოფლიო ასამბლეა გაიმართა. ასამბლეაზე შეიკრიბნენ მთავრობების, გაეროს სააგენტოების პროფესიული ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეობდნენ თავად ხანდაზმულებიც. განიხილავდნენ ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებს და მომავალ სამოქმედო სტრატეგიებს. ასამბლეას წინ უსწრებდა ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები, ხანდაზმულთა საკითხების ლობირება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, ხანდაზმულ ადამიანებთან კონსულტაციები მსოფლიოს მასშტაბით. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთი ჯგუფის ხელშეწყობით შემუშავებულ იქნა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქსელის დეკლარაცია ხანდაზმულთა შესახებ.
მოხუცებულების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა ასამბლეაზე 159 ქვეყანამ მიიღო. ეს არის პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც აღიარებს საზოგადოების განვითარებაში ხანდაზმული ადამიანების პოტენციურ წვლილს, ასევე მთავრობათა ვალდებულებას, ხანში შესულები ჩართონ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ნებისმიერი პოლიტიკის წარმოების პროცესში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის პროგამებშიც. სამოქმედო გეგმა პოლიტიკის მწარმოებელთა დახმარების პრაქტიკული იარაღია. მისი საშუალებით ადვილია ფოკუსირება იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებიც ხანდაზმულობის კონკრეტულ თუ ზოგად საკითხებს უკავშირდება. იგი მოითხოვს დამოუკიდებლობის, პოლიტიკის და საქმიანობის შეცვლას, რათა ხანდაზმულთა უზარმაზარი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო პირობები შეიქმნას. სამოქმედო გეგმაში განსაკთრებული ყურადღება ხანში შესული ადამიანების განვითარების უფლებასა და განვითარების გლობალურ პროგრამებში მათი ჩართვის საჭიროებაზეა გამახვილებული, ასევე, გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო სააგენტოებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას.
საქართველო ერთ-ერთი იყო იმ სახელმწიფოთაგან, რომელთა მთავრობებმა მონაწილეობა არ მიიღეს მადრიდის ასამბლეაში, თუმცა მას ახლაც შეუძლია შეთანხმების რატიფიცირება და მისი რეკომენდაციების განხორციელება. ასე რომ მოხდეს ამისათვის საჭიროა: ინტენსიური ლობირება, ხანდზმულთა სასარგებლოდ ხმის ამაღლება და ყველა ორგანიზაციისა თუ სამინისტროს წახალისება, რათა ამ უკანასკნელებმა ხანდაზმულობის საკითხი თავიანთ პროგრამებში შეიტანონ. პრობლემის მასშტაბურობისა და საერთო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია მთელი რიგი ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც კეთილდღეობის და ინსტიტუციური ზრუნვის ფარგლებს სცდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ მოხუცებულებს, ოჯახებსა და თემებს, თავად იზრუნონ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. ამას მოჰყვება უკვე არსებული სტრატეგიებისა და სისტემების წინსვლა და არა მათი შეფერხება.
ხანში შესული მოსახლეობა არის რესურსი და არა ტვირთი, მაგრამ უმალ საზოგადოების ტვირთად გადაიქცევა, თუ პოლიტიკა ამ ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენაზე არ იქნება ორიენტირებული, თუ ჯანდაცვისა და შემოსავლის გამომუშავების შესაბამისი საშუალებები და ოჯახისა და თემის დამხმარე სისტემები ხელს არ შეუწყობენ ხანდაზმულებს, სრულად გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები.
დამატებითი ინფორმაცია ხანდაზმულთა საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ იხილეთ ინტერნეტში შემდეგ მისამართებზე:
www. Helpage. Org
www.un.org/ageing
სქოლიო
1.opulation Division, Department of Economic and Social Affairs, United Nations Secretariat
2 Common Country Assessment, United National Development Assistance Framework, Georgia, August 2001
3. Status of Households in Georgia, 2002
![]() |
7 სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი გურიაში მოქალაქეებს ინფორმაციის მოპოვებას უადვილებს |
▲back to top |
ლევან მჟავანაძე, გურიის სოციალური პოლიტიკის
სამუშაო ჯგუფის (სპსჯ) წევრი
რედაქტორის შენიშვნა: საქართველოს შვიდ რეგიონში, რომელიც თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამაშია ჩართული, მოქმედებს ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისგან, არარეგისტრირებული სათემო ორგანიზაციების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი რამდენიმე რეგისტრირებული ასოციაცია. ეს ადგილობრივი კავშირები გაერთიანდნენ, რათა გაუმჯობესებული სოციალური პოლიტიკის ნიადაგზე მდგრადი ცვლილებებისა და განვითარებისათვის შესაძლებლობები და რესურსები შექმნან.
გურიის სოციალური პოლუიტიკის სამუშაო ჯგუფი (სპსჯ), ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც 2002 წლიდან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში - „თემის მობილიზების ინიციატივა“ მონაწილეობს. ეს ჯგუფი 2002 წლის 2 ივლისს დაფუძნდა და სამართლებრივი სტატუსით არარეგისტრირებულ კავშირს წარმოადგენს. გურიის სპსჯ-ის მისია არის მხარეში სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) კამპანიების და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის საშუალებებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა, ქვეყანაში მიმდინარე სოციალური რეფორმების ხელშეწყობა და მათი განხორციელების პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
სოციალური პოლიტიკის საქმეში ცვლილების შესატანად ჯგუფს მიზნად აქვს დასახული: 1) სოციალურ პრობლემებზე (ხანგრძლივი უმუშევრობა, არასრულწლოვანთა დანაშაული, ბავშვების მიმართ ძალადობა) გამოხმაურება; 2) სოციალური საჭიროებებისა და უფლებების დაკმაყოფილება, ასევე, უნარშეზღუდული ბავშვებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 3) ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესება (მომსახურებები ადამიანთა დასაცავად ბავშვობის ასაკში, ავადმყოფობისა და მოხუცებულობის დროს).
მოგეხსენებათ, ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი, უმთავრესად, მთავრობაა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები არანაკლებ იღწვიან ამ მიმართულების პროგრამების მხარდასაჭერად. მათი ფუნქციაა, მთავრობასთან ისეთ სოციალურ პოლიტიკას გაუწიოს ადვოკატირება, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების დაცვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს. სწორედ ეს იყო გურიაში რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე სოციალური პოლიტიკის შემუშავების გამომწვევი მიზეზი.
ვინაიდან ინფორმირების ყველაზე ეფექტურ ფორმად მოსახლეობასთან შეხვედრა მიიჩნია, ჯგუფმა საქმიანობის პირველ ეტაპზე რეგიონში საჯარო შეხვედრების მოწყობა გადაწყვიტა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსახლეობაში განათლების, ჯანმრთელობის და ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკის კუთხით სრული ინფორმაციული ვაკუუმია. მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს ლექციები სპეციალური განათლების რეფორმის აუცილებლობისა და მისი ცალკეული კომპონენტების საკითხება, ასევე, ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე.
გურიის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტიანობას ადევნებს თვალყურს. მოსახლეობისათვის პრობლემების მოგვარება, ჩვეულებრივ, ადგილობრივი საკრებულოების კომპენტეციაა, რადგან საქართველოს ორგანული კანონით ისინი ფლობენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (№929) შესაბამის საკანონმდებლო ბერკეტებს და დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლებაც მათ აქვთ. მათ მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მოქმედებენ საკრებულოს ტერიტორიაზე და პირდაპირ გავლენას ახდენენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებზე. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემდეგ აქტის მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია, მიღებიდან 10 დღის ვადაში ნორმატიული აქტი რეგისტრაციაში გაატაროს და სახელნმწიფო რეესტრში შეიტანოს. ამის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №163-ის (1999 წლის 4 ივნისი) შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნა „საქართველოს იუსტიცის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანიოებთან მუშაობის რეგიონული სამსახურები“ მათი ამოცანაა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების პროექტების მიღების პროცედურისა და მათი შესაბამისობის დადგენა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
გურიაში მოქმედ „ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონულ სამსახურში“ თავმოყრილია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც ადგილობრივ საკრებულოებს 1998 წლის თვითმმართველობის პირველი არჩევნების შემდეგ მიუღიათ. მათ უმეტესობას კანონის ძალა აქვს. გურიის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი შექმნის დღიდანვე აქტიურად თანამშრომლობს ზემოთ აღნიშნულ სამსახურთან, ვინაიდან იგი არის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების გაცნობისა და მოძიების პირველი წყარო. საქმე ისაა, რომ მთელი ეს მასალა გადანაწილებულია მრავალ საქაღალდეში და საჭირო ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთულია.
მოსახლეობის მომსახურების გაადვილების მიზნით, ჩვენმა თანამშრომლებმა შექმნეს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (მონაცემთა ბაზა), რომელიც ინფორმაციის სისტემატიზაციის საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, აუმჯობესებს საჯარო ინფორმაციის მისაღებად მოსული ადამიანების მომსახურების ხარისხს. კერძოდ, მოცემული პროგრამა საშუალებას იძლევა იერარქიული სტრუქტურის სახით დავალაგოთ ოფისის დოკუმენტები MS Word-ის MS Excel-ის, ან თუნდაც, გრაფიკულ BMP ფორმატებში და სწრფად მოვიძიოთ.
დოკუმენტები შეიძლება მოიძებნოს სათაურში არსებული ფრაზის ან მინიჭებული საკვანძო სიტყვების მიხედვით, აგრეთვე, ქვემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით:
ა) ნორმატიული აქტის სახის;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს სახელწოდების;
გ) ნორმატიული აქტის სათაურის;
დ) მიმღების (გამოცემის) თარიღის და ადგილის;
ე) ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის;
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრის;
აღნიშნული კომპიუტერული მონაცემთა ბაზა დავნერგეთ იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების გურიის რეგიონულ სამსახურში, სადაც შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა. აქედან გამომდინარე, საგრძნობლად გამოსწორდა და გაადვილდა საჯარო ინფორმაციის მოპოვების მექანიზმი.
ვფიქრობთ, ზემოთ ნაამბობი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებს შორის ურთიერთსასარგებლო საქმიანობის სამაგალითო პრეცედენტია.
![]() |
8 საქართველოს თემის რესურსები ამოუწურავია |
▲back to top |
ლევან მჟავანაძე, გურიის სოციალური პოლიტიკის
სამუშაო ჯგუფის (სპსჯ) წევრი
გურიაში სათემო - სამეზობლო ორგანიზაციების წარმოშობის პროცესი 1999 წლიდან დაიწყო-პროცესის უპირველესი კატალიზატორი ჰოლანდიური ფონდი NOVIB-ი იყო (საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის პროექტი), რომელმაც ლოკალური პრობლემების გადაჭრისთვის გრანტების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საინიციატივო ჯგუფებს. თითქმის იმავდროულად, ფონდ „ჰორიზონტის“ მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა ჩამოყალიბების პროცესში არსებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს. პირველმა წარმატებამაც არ დაახანა და ჰორიზონტის მიერ სათემო ორგანიზაციებისათვის გამოცხადებულ კონკურსში ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული სოფელ შემოქმედის სათემო კავშირი ბედეკი გახლდათ. ცოცხალმა მაგალითმა გურიაში სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბება-განვითარებაზე დადებითად იმოქმედა და ბევრ სოფელში გამოიკვეთა ადამიანთა ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი თემების მობილიზება და ორგანიზაციებად ჩამოყალიბება მოახერხეს.
2000 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ორგანიზაციამ „CARE international-მა საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) და ფონდ „ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის საინიციატივო ჯგუფთან პარტნიორობით „დასავლეთი საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივის“ პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის პროცესში გურიის მხარეში 34 შეჭირვებული თემი იქნა მობილიზებული. ამჟამად გურიაში 6-მდე სათემო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
გურიაში, თემის მობილიზების პროცესში რამდენიმე ორგანიზაციაა ჩართული, კერძოდ: CARE WGSM თავის პარტნიორებთან საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) და ფონდ „ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის საინიციატივო ჯგუფთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (პროექტი „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“ LDD დაფინანსებულია ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობისათვის ნოვი(ბ) მიერ. პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ასოციაცია „ადამიანი და გარემო“ (CARE-ს პროექტი) და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. თითოეულ ამ ორგანიზაციას მობილიზაციის პროცესისადმი თავისებური განსაკუთრებული მიდგომა აქვს, მაგრამ ჩვენის აზრით, არაა საკმარისი მარტო საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის იმედად ყოფნა, თემი მაშინაა ძლიერი, როდესაც იგი ყოველმხრივ იფართოებს ჰორიზონტს, სწავლობს არა მხოლოდ საკუთარ შეცდომებსა და გამოცდილებაზე, არამედ იძიებს იმასაც, თუ რა გზით ვითარდება საზოგადოება, სხვა თემი, თუნდაც დედამიწის შორეულ კუთხეში. ამ მხრივ ერთობ საინტერესოდ და სასარგებლოდ მიგვაჩნია ინტერნეტის საშუალებით მოძიებული ერთი ინფორმაცია (განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http//ngo. Org. Ru/ngoss/) რომელიც ამ ჟურნალის საშუალებით გვინდა გაგიზიაროთ. იმედი გვაქვს, იგი ხელს შეუწყობს სათემო-სამეზობლო ორგანიზაციებს, გაითავისონ საკუთარი რესუსები.
მრავალკომპონენტიანი პროგრამა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობა“, ორნახევარი წელია კრასნოიარსკის მხარეში და რესპუბლიკა ხაკასიაში ხორციელდება. ანალოგიური პროგრამა 1998/99 წლებში ნოვოსიბირსკის, ტომსკის და ირკუსტკის ოლქების სოფლებსა და ქალაქებში განხორციელდა. ეს სპეციალური ტექნოლოგია დამუშავებულია და ინერგება მესამე სექტორის ინიციატივით და მისი დედააზრი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობაშია.
შემოთავაზებული სოციალური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა პატარ-პატარა ადგილობრივი დაჯგუფებები გარდაიქმნან უფრო მძლავრ სათემო ორგანიზაციად, რომელსაც კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ექნება და დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისაგან, დამოუკიდებლად შეეძლება თემის ტერიტორიაზე არსებული ლოკალური პრობლემები გადაჭრას ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მოცემული ტექნოლოგია ეყრდნობა რეალურად არსებულ მუნიციპალურ რესურსებს, რომლებიც არასაკმარისად გამოიყენება მოცემულ მომენტში და ბაზისად რესურსების მთელ კომპლექსს, კერძოდ, ადგილობრივ სკოლას იყენებს.
ანალოგიური პროგრამები სოროსისა და მოტას ფონდების მხარდაჭერით, რუსეთის გარდა, წარმატებით ხორციელდება უნგრეთსა და ბულგარეთში.
გამოყენებული რესურსები, მონაწილეთა და
შემსრულებელთა სტიმულირება
ყოველ სოფელში და ქალაქის უბანში არის სკოლა, ესაა მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ელემენტად მოიაზრება. თუ სკოლას განვიხილავთ როგორც ადგილობრივი თემის განვითარების ხელშემწყობ პოტენციურ რესურსს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ იგი, როგორც რესურსთა კომპლექსისი, უნიკალურია. კერძოდ:
სკოლა არის შენობა, კრებების თუ შეკრებების ჩასატარებელი ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ ადგილობრივი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიული ერთეულის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, სკოლის მოსწავლეთა მშობლების სოციალური ჯგუფის სახით, საკმაოდ ხშირად ხვდებიან აქ ერთმანეთს და როგორც წესი, საუბრობენ მათი ბავშვების განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების, თავისუფალი დროის გამოყენების და ა.შ. პრობლემებზე. ამასთან ერთად, მათი საუბრის თემა, უფრო ხშირად, ლოკალურ პრობლემებს შეეხება და არა საერთო სახელმწიფოებრივს;
სკოლა არის პროფესიონალთა კოლექტივი, რომელთაც უმაღლესი პედაგოგიური განათლება და სწავლების პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და, რაც მთავარია, მათთვის არც ლიდერობის თვისებაა უცხო, საკმარისია შესაბამისი სიტუაციის პროვოცირება;
სკოლა გარკვეუწილად არის თანამოაზრეთა ადამიანური რესურსი სკოლის მოსწავლეთა და მათ მშობელთა ჯგუფების სახით;
სკოლა არის სხვადასხვა მოწყობილობათა კომპლექსი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია არა მარტო გაკვეთილების დროს, კერძოდ ესენია: სპორტული მოედნები და დარბაზი, შრომის კაბინეტი საკერავი მანქანებით და მარტივი ჩარხებით, სასროლი ტირი, საცურაო აუზი, და ბოლოს, საკმაოდ დიდი ტერიტორია, ეზოს სახით, რომელიც ხშირად ყვავილებითა და ხეებითაა გაშენებული და, სურვილის შემთხვევაში, იოლად შეიძლება მისი გადაკეთება დასავენებელ სკვერად თუ სპორტულ კომპლექსად.
ასე რომ, სკოლა რესურსების შესანიშნავი საწყობია ადგილობრივი თემის და პროფსიონალ ორგანიზატორთა ხელში. ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ადგილობრივმა თემმა გამოიყენოს ეს რესურსები ან რა სარგებელი ექნება ამ „ზედმეტი“ სამუშაოსგან სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ისედაც ადგილობრივ ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული? დღევანდელი მწირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებას საკუთარი ფუნქციების შენარჩუნებისათვის ძალიან სჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მშობლები ხშირად მზად არიან საკუთარი ძალების ფარგლებში, ფინანსურად თუ შრომითი რესურსების სახით დაეხმარონ სკოლას. სკოლისათვის მშობელთა საზოგადოება წამოადგენს მისაწვდომ და უახლოეს რესურსს, სკოლის შენარჩუნების და განვითარების საქმეში.1
დღეისათვის სამოქალაქო პასიურობა და მშობელთა უმრავლესობის უსისტემო მიდგომა წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის სკოლას გამოიყენოს ეს რესურსი. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად საჭიროა სისტემური მიდგომის გამომუშავება, რაც საშუალებას მისცემს სკოლას ორგანიზება გაუკეთოს მშობელთა სოციალურ ჯგუფებს. სკოლამ „თავის გადასარჩენად“ უნდა დაიწყოს მშობელთა სოციალური ჯგუფების გააქტიურებისათვის მიზამიმართული საქმიან ობა. ეს გამოიწვევს ლოკალური სამოქალაქო სტრუქტურების ჩამოყალიბებას. სამწუხაროდ, ჩვენში ამ რესურსების გამოყენება ხშირად უგულებელყოფილია. არადა, სწორედ სკოლას აქვს დღეს იმის შესაძლებლობა, რომ მშობლებთან ერთად ჩამოაყალიბოს პირველი სამეზობლო-სათემო გაერთიანება მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების მხარდასაჭერად. ამ საქმიანობის დაწყებიდანვე სკოლა დამატებით და რაც მთავარია, ლეგალურ არასაბიუჯეთო საფინანსო რესურსებს ღებულობს განათლების ხარისხობრივი დონის ასამაღლებლად. ამ დროს მშობელთა ეგრეთ წოდებული ტრადიციული „საწევროები“ სკოლისათვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების ლეგალურ „სასტარტო კაპიტალად“ იქცევა.
ტექნოლოგიის ძირითადი კომპონენტები
სამოქალაქო აღზრდის მიზნით, სკოლაში სხვადასხვა ფორმით აყალიბებენ მოსწავლეთა თვითმმართველობის რგოლებს. ასეთი მიდგომა მიმართულია იქით, რომ პრაქტიკულად ათვისებული იყოს სამოქალაქო აქტივობის ელემენტები, რომელთა უკმარისობა დღეისათვის რეალურია. ამ პროცესის პარალელურად ხდება მოსწავლეთა სამოქალაქო აღზედა, რათა პედაგოგიურმა კოლექტივმა და სკოლის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მის ტერიტორიულ ერთეულზე სათემო თუ სამეზობლო ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში. სკოლის პრაქტიკაში აღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭიროა პედაგოგიური კოლექტივის გარდაქმნა. დაბოლოს, იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი სამოქალაქო განვითარების ადგილობრივი არეალი, სკოლა ვალდებულია მჭიდრო კავშირი იქონიოს თავისი მოსწავლეების მშობლებთან, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა, მიესალმოს მათ ქველმოქმედებას, მოხალისეობას, ყოველგვარ დადებით საზოგადოებრივ ქმედებას.
სკოლის ბაზაზე არაკომერციული სამეზობლო ორგანიზაციის შექმნა
თემი, ანუ სამეზობლო გაერთიანება არის გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არსებული ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფების გაერთიანება არსებული ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. სათემო-სამეზობლო გაერთიანებებისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედით, შესაძლებელია შევაჩიოთ ორი ტიპის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა: კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი.
ორგანიზაციის შექმნის დაგეგმვა
თავიდან, სკოლის საინიციატივო ფგუფმა აქტიურ მშობლებთან ერთად უნდა შეაფასონ სკოლისა და ადგილობრივი თემის მოთხოვნები (შესაძლებელია ანკეტირების გზით). თუ შფასებამ გამოავლინა, რომ შესაძლებელია ფორმალურად არსებული ურთიერთობების იურიდიულ-სამართლებრივად გაფორმება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, საჭიროა ორგანიზაციის დაფუძნებისათვის მომზადება. ეს პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა;
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება და ამ დოკუმენტაციის გარკვეული რაოდენობის ასლების მომზადება;
სემინარის ჩატარებისათვის დამხმარე სადემონსტრაციო, დასარიგებელი მასალების მომზადება;
კლასების დამრიგებელთათვის და საერთოდ, პედკოლექტივისათვის სემინარის ჩატარება თმაზე - „რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია?“;
სკოლის მშობელთა აქტივობისათვის სემინარის ჩატარება თმაზე - „რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია?“;
კლასებში მშობელთათვის შეხვედრების ჩატარება არასამთავრიობო ორგანიზაციის შესახებ (ატარებენ კლასის ხელმძღვანელები). ამ შხვედრაზე ხდება კლასის ეგრეთ წოდებული „დელეგატი“ მშობლის არჩევა;
მშობელთა მხრიდან შემოსული წინადადებების სისტემატიზაცია და ანალიზი, არსებული გეგმის კორექტიორება;
იურიდიულ სამსახურებთან კონსულტაცია სადამფუძნებლო დოკუმენტების კორექტულობისათვის;
იურიდიულად შესწორებული სადამფუძნებლო დოკუმენტები მომზადება;
საინიციატივო ჯგუფის შეკრება და დამფუძნებელი კრების დაგეგმვა. (ე.წ. „დელეგატებს“ეგზავნემებათ სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები და ინფორმაცია შეხვედრის (კრების) ჩატარების ადგილსა და დროის შესახებ);
დამფუძნებელი კრების ჩატარება, სადაც მოხდება დოკუმენტაციის შინაარსის საბოლოო შეჯერება.
დოკუმენტაციის საბოლოო პაკეტის მომზადება და რეგისტრაცია. ამ ეტაპის გავლია შემდეგ, ფაქტობრივად და უკვე იურიდიულადაც, ჩამოყალიბებულია თანამოაზრეთა აქტივი, რომელიც მართლაც მობილიზებულია კონკრეტული თქმის პრობლემის გადასაჭრელად.
1. რედაქტორის შენიშვნა: ამ მასალასთან ერთად გავეცანით ჩვენი ჟურნალის ამ და სხვა გამოშვებაში გამოქვეყნებულ სტატიებს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმისა და სასკოლო სამეურვეო საბჭოების შესახებ.
![]() |
9 დავიცვათ თემი ტუბერკულოზისგან |
▲back to top |
ბელა ორჯონიკიძე, „ქართული ფუნდამენტი“
დღეს მთელს მსოფლიოში ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ამ დაავადებით შეიძლება დასნეულდეს ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა. ტუბერკულოზი არის ინფექციური სნეულება, რომელსაც ტუბერკულოზის ჯგუფია მიკრობაქტერიები იწვევენ და რომლებიც უხეშად აზიანებენ ფილტვბს. ამის შედეგად ყალიბდება დაავადების ყველაზე გავრცელებული (80%25) ფორმა - ფილტვის ტუბერკულოზი.
ბოლო წლებში საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვია მძიმე პოლიტიკურმა სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, საბაზრო ეკონომიკაზე მკვეთრმა გადასვლამ, სამოქალაქო ომმა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებამ.
2002 წლის აპრილ-ოქტომბერში ორგანიზაცია „ქართული ფუნდამენტი“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან, „ დედა ტერეზას მიმდევრების“ ვარკეთილის ჯგუფის წევრეთან და ადგილობრივი საკაბელო ტელეკომპანია „ოკრიბა TV“ - სთან ერთად თბილისის ვარკეთილის დასახლებაში, კერძოდ, ვარკეთილი III-ში ახორციელებდა პროექტს სახელწოდებით, „თემის დაცვა ტუბერკულოზისაგან“.
პროექტის მიზანი იყო ვარკეთილი III-ის სამოციათასიან მოსახლეობაში ტუბერკულოზის შემთხვევების დროულად გამოვლენა, მოსახლეობის ინფორმირება ტუბერკულოზისათვი დამახასიათებელი სიმპტომების და მისი გავრცელების გზების შესახებ. ავადმყოფების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტს შეეძლო მიეკითხა №5 და №3 ტუბდისპანსერებისათვის, რომლებიც ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამით მუშაობდნენ (უფასო გამოკვლევები და მკურნალობა).
„ქართული ფუნდამენტის“ წარმომადგენლები თვალ-ყურს ადევნებდნენ „დედა ტერეზას“ ჯგუფის მუშაობას, აკონტროლებდნენ თვალსაჩინოებების გავრცელებას, მონაწილეობდნენ ტელეგადაცემის მომზადებაში, აგროვებდნენ ინფორმაციას №5 და №3 ტუბდისპანსერებში და თანამშრომლობდნენ ტუბდისპანსერის მთავარ ექიმთან. პროექტის მუშაობამ დადებითი შდეგი გამოიღო: მოიმატა ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილთა რაოდენობამ და ზემოთ ხსენებულ ტუბდისპანსერებში გაიზარდა დაავადებულთა დენადობა.
ყოველი თვის ბოლო შაბათს, საღამოს, ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით ეთერში გადიოდა ნაწყვეტი გადაცემათა ციკლიდან „თემის დაცვა ტუბერკულოზისგან“. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ტელე-ჟურნალისტები აწარმოებდნენ გამოკითხვას ტუბერკულოზის დაავადების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ძალზ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ტუბერკულოზის დაავადების წარმოშობის მიზეზისა და გავრცელების გზებზე. ტელევიზიით ნაჩვენები იყო სამედიცინო პოპულარული ფილმი თემაზე, რა არის ტუბერკულოზი, პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამის გარდა, ეთერით გავიდა ტელე-გადაცემა - „ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის საკითხები მოზარდთა და ბავშვთა ასაკში“.
№ 5 ტუბდისპანსერის მონაცემები
პროექტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ მოსახლ;ეობა შედარებით შეგნებულად მოეკიდა ტუბერკულოზთან ბრძოლის საქმეს. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წლის 1 იანვრიდან ვარკეთილის რაიონში აღრიცხვიდან მოიხსნა 14 ავადმყოფი, 5 გამოკვლეული პაციენტიდან ფილტვის აქტიური ტუბერკულოზი გამოირიცხა, მათ ჩაუტარდათ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები. მე-5 ტუბდისპანსერის ექიმ-ფტიზიატრმა და პროექტის ხელმძღვანელმა წინ წამოწიეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ავადმყოფთა ფასიანი გამოკვლევები და პრევენცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნის აუცილებლობა როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული ადამიანისათვის. პროექტი საფუძვლიანად იქნა გაშუქებული ადგილობრივ ჟურნალში „ვარკეთილი ჩვენი საცხოვრისი“ (№7, 2002).
ამჟამადპროექტი გრძელდება საეთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორის“ (Mercy Corps) ფინანსური მხარდაჭერით. წინა პროექტისაგან განსხვავებით, იგი მიმდინარეობს ვარკეთილში და ვაზისუბანში ერთდროულად. 41 ათასი კაცით დასახლებულ ვაზისუბანში შეიქმნა სათნოების დების ჯგუფი. „დედა ტერეზას“ ვარკეთილის ჯგუფმა თავისი გამოცდილება ვაზისუბნელ მეზობლებს გაუზიარა.
№ 3 ტუბდისპანსერის მონაცემები
მიმდინარე პროექტის მიზანი ვარკეთილი III-ისა და ვაზისუბნის მოსახლეობისათვის ტუბერკულოზისაგან თავისუფალი ზონის შექმნაა, ამოცანები კი - შემდეგ: ტუბერკულოზთან ბრძოლისათვის ორი სათემო ორგანიზაციის აქტივიზაცია; შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და სპეციალისტების ჩართვა პროქტის მიზნების განსახორციელებლად; ვარკეთილი III-ისა და ვაზისუბნის მოსახლეობის ინფორმირება ტუბერკულოზის გავრცელების საშიშროების შესახებ საშუალო სკოლებში, ბაგა-ბაღებში, სახლმართველობებში, სავაჭრო ობიექტებზე, აფთიაქებში, პოლიკლინიკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში და ასე შემდეგ.
პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, შევიტანოთ კარდინალური ცვლილებები სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის კუთხით. პროექტში დასმული იქნება საკითხი პროფილაქტიკური სამუშაოს გასაუმჯობესებლად, კერძოდ ბავშვების იმუნური სისტემის ასამაღლებლად ტუბერკულოზის დაავადების მიმართ (პედიატრის მიერ გასინჯვა, მანტუ, მასიური გამოკვლევები ბავშვთა დაწესებულებებსა და სკოლებში).
მოცემულ საკითხებზე შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს სოციალური უზრუნველყოფი და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის.
ტუიბერკულოზის შესახებ მიღებული ცოდნა და პროექტის მიხედვით გეგმაზომიერად განხორციელებული ღონისძიებები ვარკეთილი III-სა და ვაზისუბნის თემის იმ წევრებს, რომლებიც ტუბერკულოზით არიან დაავადებულნი, განკურნების სრულ საშუალებას მისცემს, ხოლო გამოცდილება, რომელსაც „სათნოების დების“ ჯგუფი პროექტის განხორციელების დროს დააგროვებს, ისევ თემს მოხმარდება. დები შეძლებენ მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსახლეობას ტუბერკულოზის თაობაზე სწორი ინფორმაცია მიაწოდონ და სასარგებლო კონსულტაციები ჩაუტარონ.
პროფესიონალიზმის ზრდასთან ერთად „სათნოების დები“ თემში ტუბერკულოზთან ბრძოლის მთავარი ძალა გახდება. სისტემატიური მონიტორინგი და სპეციალური ტრენინგი დებს ტუბერკულოზით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობაში დაეხმარება. პროექტის ფარგლებში გამოიცემა საინფორმაციო ბუკლეტები და შეიქმნება პროექტის ძირითადი საქმიანობებისა და შედეგების ამსახველი ფილმი.
პროექტის ავტორებიცა და შემსრულებლებიც ძირითადად ქალები არიან (90%25-ზე მეტი). ქალები გახდნენ ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ბავშვებს ამ ვერაგი სოციალური დაავადებისაგან დაიოცავს და სახელმწიფო სოციალურ პოლიტიკაში ცვლილებებს შეიტანს.
პროექტი ხელს უწყობს თემის მობილიზებას. თემის წევრები მონაწილეობას იღებენ ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ჩართულები არიან პროექტის მონიტორინგში, „დედა ტერეზას“ გამოცდილებაზე დაყრდნობით თემის წევრები და „სათნოების დების“ ჯგუფი გაივლიან სპეციალურ ტრენინგს ტუბერკულოზისა და მისი პროფილაქტიკის შემთხვევებში პირველადი დახმარების თემაზე. პროექტის დამთავრების შემდეგ ისისნი დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას. „ოკრიბა TV”-ის მიერ მომზადდება 5 გადაცემა, რომელშიცგაშუქდება ვაზისუბნის სათემო ჯგუფისა და მოსახლეობის მონაწილეობა პროექტში. დაკომპლექტდება და ვაზისუბნის ტელეარხით გადაიცემა წინა პროექტში მომზადებული სატელევიზიო გადაცემები, რათა ვაზისუბნის მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია პროექტის საქმიანობასა და საჭირო საკონტაქტო მონაცემების თაობაზე, ასევე, ამაღლდეს მოახლეობი ცოდნის დონე ტუბერკულოზის დაავადების შესახებ. პროექტში გათვალისწინებულია, რომ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით თემი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი საკაბელო ტეკლევიზიის შესაბამის პროგრამებში. რეგისტრირებული პაციენტების მდგომარეობის გასაკონტროლებლად პროექტის მუშა ჯგუფი მკურნალობის პერიოდში მონიტორინგს ჩაატარებს და აქედან გამომდინარე, მათ, ვისაც ესაჭიროება, ტუბერკულოზის ცენტრში უფასოდ უმკურნალებენ.
შემაჯამებელი მონაცემები
![]() |
10 სოციალური სამსახურის ეთიკის კოდექსი |
▲back to top |
ნათელა ფარცხალაძე, ფონდი „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“, საექთნო პროგრამის კოორდინატორი
მრავალი პროფესია მოითხოვს, პროფესიასთან შესაბამისი ეთიკური პრინციპების სისტემაში მოყვანასა და საზოგადოებისათვის მის გაცნობას. სხვადასხვა პროფესიების ეთიკის კოდექსების მიზანია, შექმნას პროფესიის შესაბამისი შრომისა და გადაწყვეტილებების მიღების ეთიკის საფუძველი. ამავე დროს, ეთიკის კოდექსით ხელმძღვანელობენ იმ საქმეების განსჯის დროსაც, რომელთა გამო აღიძვრება პროფესიული ეთიკური ნორმების დარღვევის ფორმალური საჩივარი.
განვითარებულ ქვეყნებშიც სოციალური სამსახურის მიასია ამ პროფესიის ეთიკის კოდექსის საძირკველზეა დაფუძნებული. ამერიკის შერთებული შტატების სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაციის (NASW) ეთიკური კოდექსის (დამამტკიცებელი იქნა 1960 წელს) გარდა ცნობილია სხვა კოდექსებიც, მაგალითად, ბრიტანეთის სოციალურმუშაკთა ასოციაციის ეთიკის კოდექსი, სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსი და ა.შ.
ამჯერად გთავაზობთ აშშ სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაციის (NASW) ეთიკის კოდექსის პრინციპებსა და სტანდარტებს.
(NASW) ეთიკის კოდექსის მიზანი
პროფესიული ეთიკა სოციალური სამსახურის საფუძველია. პროფესიული ვალდებულება გულისხმობს, მისი ძირითადი ღირებულებების, ეთიკური პრინციპებისა და სტანდარტების გაერთიანებას და ფორმულირებას. NASW-ის ეთიკის კოდექსი სოციალური მუშაკების მიერ ამ ღირებულებების, პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით მოქცევის წესებს ასახავს. კოდექსი ვრცელდება სოციალური საქმიანობის ყველა მუშაკსა და პრაქტიკანტებზე მისი პროფესიული ფუნქციის, სამუშაო ადგილისა სა იმ სოციუნის მიუხედავად, რომლის მომსახურებაც მას ევალება. NASW-ის ეთიკის კოდექსი შემდეგ ექვს მიზანს ემსახურება:
კოდექსი გამოავლენს იმ ძირითად ღირებულებებს, რომელთა მიხედვითაც სოციალური სამსახურის მისია განისაზღვრება.
კოდექსი აჯამებს ფართო ეთიკურ პრინციპებს, რომელშიც აისახება პროფესიის ძირითადი ღირებულებები და ქმნის სპეციკფიკური ეთიკური სტანდარტების ერთობლიობას - სოციალური სამსახურის სახელმძღვანელოს.
კოდექსი ეხმარება სოციალურ მუშაკებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიული ვალდებულებების შესრულების დროს, კონფლიქტურ სიტუაციასა თუ მერყეობის შემთხვევაში.
კოდექში მოცემულია ის ეთიკური სტანდარტები, რომელთა დაცვაზეც სოციალური სამსახურის მუშაკები მოსახლეობის წინაშე პასუხს აგებენ.
კოდექსი საშუალებას აძლევს სხვა პროფესიის წარმომადგენლებს გაიზიარონ სოციალური სამსახურის მისია, ღირებულებები, პრინციპები და ეთიკური სტანდარტები.
კოდექსში მოცემულია ის სტანდარტები, რომლებითაც სოციალური სამსახური დაადგენს, რამდენად არაეთიკური იყო ამათუ იმ სოციალური მუშაკის საქციელი.
კოდექსის ძირითადი ღირებულებები და
ეთიკური პრინციპები
სოციალური საქმიანობის პროფესიული მისიის საფუძველს წარმოადგენს სოციალურ მუშაკთა მიერ ამ პროფესიის მთელი ისტორიის მანძილზე აღიარებულ ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც ამ პროფესიის განსაკუთრებულ მიზანსა და პერსპექტივას ასახავს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ეთიკური პრინციპები, თავის მხრივ, ეფუძნება იმ ექვს ძირითად ღირებულებას და იდეალს, რომლისკენაც ნებისმიერი სოციალური მუშაკი უნდა ისწრაფოდეს. სოციალური მუშაკის უპირველესი მიზანია გასაჭირში დახმარება გაუწიოს ხალხს და რეაგირება მოახდინოს სოციალურ პრობლემებზე.
სოციალური სამართლიანობა: სოციალური მუშაკი იბრძვის სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
პიროვნების ღირსება და მნიშვნელობა: სოციალური მუშაკი პატივს სცემს პიროვნების თანდაყოლილ ღირსებას და მნიშვნელობას.
ადამიანებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობა: სოციალური მუშაკი აღიარებს ადამიანებს შორის ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას.
ერთობა: სოციალური მუშაკები თავიანთი ქცევით ნდობას იმასხურებენ.
კომპეტენტურობა: სოციალური მუშაკები მოღვაწეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ავითარებენ და ამაღლებენ პროფესიული კვალიფიკაციის დონეს.
ეთიკური სტანდარტები
ეთიკის კოდექსში ჩამოყალიბებული ეთიკური სტანდარტები მისაღები უნდა იყოს ყველა სოციალური მიშაკისათვის. ეს სტანდარტები ითვალისწინებენ: 1) სოციალური მუშაკის ეთიკურ პასუხისმგებლობას კლიენტების მიმართ, 2) სოციალური მუშაკების ეთიკურ პასუხისმგებლობას კოლეგების მიმართ, 3) სოციალური მუშაკების ეთიკურ პასუხისმგებლობას სამუშაო გარემოში, 4) სოციალური მუშაკების, პროფესიულ ეთიკურ პასუხისმგებლობას, 5) სოციალური მუშაკების ეთიკურ პასუხისმგებლობას სოციალური სამსახურის პროფესიის მიმართ და 6) სოციალური მუშაკების ეთიკურ პასუხისმგებლობას ფართო საზოგადოების მიმართ.
ეთიკის კოდექსში განხილული სტანდარტების პირველი კატეგორია, უმთავრესად, სოციალური მუშაკების უპირველეს პასუხისმგებლობებს - კლიენტების კეთილდღეობისათვის ზრუნვას, მათი თვითგამორკვევის ხელშეწყობას, დადებითი პასუხის შესახებ სწორად ინფორმირებულობის, პირადულობისა და კონფიდენციალობის უფლების დაცვას - აერთიანებს. კოდექსში ჩამოყალიბებულია სოციალურ მუშაკთა პროფესიული კომპეტენციის სტანდარტები და კულტურათა მრავალფეროვნების გარემოში მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურების სტანდარტები. ამასთან ერთად, კოდექსში მოცემულია სოციალურ მუშაკთა სახელმძღვანელო რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე მუშაობისას, როგორიცაა: ინტერესთა კონფლიქტები, კლიენტების ისტორიაზე (მათთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე) ხელმისაწვდომობა, გენდერული პრობლემები, გადასახადი მომსახურებისათვის, მომსახურებების შეწყვეტა ან დამთავრება. განსაკუთრებული ადგილი უკავია კოდექსში გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებულ კლიენტებთან მუშაობის სტანდარტებს.
სტანდარტების იმ კატეგორიაში, რომელიც სოციალური მუშაკების კოლეგების მიმართ ეთიკურ პასუხისმგებლობას ეხება, მოცემულია შიდა სამსახურებრივი თანამშრომლობის, კოლეგებთან კამათის, კოლეგების კვალიფიკაციის დაქვეითების და არაკომპეტენტურობის, კოლეგების მხრიდან არაეთიკურ მოქცევის სტანდარტები.
სტანდარტთა იმ კატეგორიაში, რომელშიც სოციალური მუშაკის საკუთარ სამუშაო გარემოში ეთიკურ პასუხისმგებლობებზეა საუბარი, მოცემულია რეკომენდაციები ზედამხედველობის, კონსულტაციების ჩატარების, განათლებისა და წვრთნის, პერსონალის განვითარებისა და უწყვეტი განათლების, სამუშაოს შეფასების, შრომის მენეჯმენტის საკითხებზე სჯა-ბაასის და სხვა მსგავსი საკითხების თაობაზე.
სოციალური მუშაკების პროფესიულ-ეთიკური პასუხისმგებლობის გამსაზღვრელ სტანდარტებში მოცემულია ის ზომები, რომლებიც მიიღება სოციალური მუშაკის არაკომპეტენტურობის, უპატიოსნობისა თუ თაღლითობის შემთხვევაში.
სტანდარტები, რომლებიც ეხება სოციალური მუშაკების ეთიკურ პასუხისმგებლობას სოციალური სამსახურის პროფესიის მიმართ, ასახავენ ამ პროფესიის სრულფასოვნებას და სოციალურ მუშაკებს ავალდებულებენ, იზრუნონ საკუთარი პროფესიონალიზმის მდგრადობასა ადა კვალიფიკაციის ამაღელებაზე. სტანდარტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალური სამსახურის სფეროში კვლევასა და შეფასებას.
უკანასკნელ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან კატეგორიას წარმოადგენს სტანდარტტა ის კრებული, რომელშიც ასახულია სოციალურ მუშაკთა ეთიკური ვალდებულებები ფართო საზოგადოების მიმართ. სოციალური მუშაკი ვალდებულია ხელი შეუწყოს სოციალური კეთილდღეობის დონის ამაღლებას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე, მონაწილეობა მიიღოს სოციალურ და პოლიტიკურ ღონისძიებებში ისე, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ხელმისაწვდომობა რესურსებზე, სამუშაოსა და ნებისმიერი სახის მომსახურებაზე.
NASW-ის ეთიკის კოდექსში განხილული სტანდარტებიდან ზოგიერთი რეალურად განხორციელებადი სახელმძღვანელო პრინციპია, ზოგიც - მისაღწევად სასურველი. თუ რამდენად ერთგულად ხორციელდება თითოეული სტანდარტი, ეს პროფესიული განსჯის საგანია და უნდა გადაწყვიტონ მათ, ვინც პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის საქმეებს იხილავენ.
რამდენადაც საქართველოში ამ მეტად მნიშვნელოვანი პროფესიის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო, გვჯერა, რომ ეთიკის კოდექსში სრულად აისახება ქვეყანაში საზოგადოებისა და მთავრობის მიერ აღიარებული კანონები და საჭიროებები.
რეკომენდაციები ავტორებისათვის
ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ მისია ჩვენს ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის პროპაგანდაა. ჟურნალი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების მიერ სახელმწიფო და ადგილობრივ პოლიტიკაში ცვლილებების ინიცირებას, კერძოდ, შემდეგ სფეროებში: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ბავშვის უფლებები, ინვალიდების, მოხუცებისა და გენდერული პრობლემატიკა, სოციალური სამსახურის განვითარება, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, კანონმდებლობადა ადგილობრივი სათემო ინიციატივები.
გამოსაქვეყნებლად მიიღება ასევე სტატიები საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალური პოლიტიკის მეთოდების, თეორიისა და პრაქტიკის შესახებ.
სტატიებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მოწოდებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჟურნალის პოტენციურ მკითხველთა სპეციფიკა: ჟურნალი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია ადგილობრივი თემებისათვის, რომლებასაც სურთ შეცვალონ სოციალური პოლიტიკა. ჟურნალი უპირატესობას მიანიჭებს ამ პროცესების ასახვას, ასევე, სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსთა გამოცდილებას. ეს სფეროები ზემოთ აღნიშნულის გარდა, შეიძლება იყოს გარემოს დაცვა, მარგიანლური ჯგუფები, სოციალური სამსახური, პოლიტიკასთან დაკავშირებული სოციალური მეცნიერებები და ჯანდაცვა.
სტატიები აწყობილი უნდა იყოს 2 ინტერვალით, 12 ზომა ფონტით, არაუმეტეს - 4 გვერდისა. გთხოვთ, ტექსტი მოგვაწოდოთ როგორც ელექტრონული, ისე ნაბეჭდი სახით. მიიღება ასევე, კარგი ხარისხის დინამიური ფოტოებიც, სტატიაში გადმოცემული ინფორმაციის საილუსტრაციოდ. გამოქვეყნებული მასალები უბრალო, ადვილად აღსაქმელი ენით უნდა იყოს დაწერილი. გამოქვეყნებული მასალის ტექსტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი, ტიტული, საფოსტო მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი. ინფორმაციისათვის ქართულ ენაზე დაგვიკავშირდით მისამართზე: inform@horizonti.org ინგლისურ ენაზე: mechat@horizonti.org.